![]() |
ლიტერატურის იდეა და მიმდინარე ლიტერატურული პროცესის სოციოლოგიური თავისებურებანი |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: ლორთქიფანიძე გიორგი |
თემატური კატალოგი სტატიები სხვადასხვა ჟურნალებიდან |
საავტორო უფლებები: © კონსულთაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC) |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
![]() |
1 ლიტერატურის იდეა და მიმდინარე ლიტერატურული პროცესის სოციოლოგიური თავისებურებანი |
▲ზევით დაბრუნება |
გიორგი ლორთქიფანიძე
ამ ნარკვევის მიზანი არც თანამედროვე ქართული ლიტერატურის ისტორიის სიღრმეებში ჩაძიებაა და არც კონკრეტული ლიტერატურული ტექსტების ანალიზი. ის უფრო ჩვენს ჯერ კიდევ ცოცხალ ლიტერატურულ სამყაროში წარმოქმნილ ე.წ. აქტუალურ სოციო-კულტურულ პრობლემათა გააზრების მცდელობაა. მისი ძირითადი თემა შეიძლება განისაზღვროს კითხვითი ფორმითაც: ლიტერატურული პროცესი პოსტსაბჭოთა საქართველოში - არსებობს თუ არა იგი? რატომ კითხვითი? განა, ერთი შეხედვით, პასუხი ცხადი არაა? რა თქმა უნდა, არსებობს და ვითარდება, ვინაიდან განვლილმა 17-მა წელმა ახალი იმპულსი შესძინა ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში დაფრთიანებულ ლიტერატორებს და, ამას გარდა, სამწერლო ასპარეზზე გამოიყვანა არაერთი ახალი ავტორი. მართლაც, თითქოს, არ გვაკლია თანამედროვე მწერლები, პოეტები, ნაწარმოებები, ბეჭდვითი გამოცემები და ა. შ. მაგრამ ეს სწორედ ისეთი შემთხვევაა, როდესაც დებულების დასასაბუთებლად „ერთი შეხედვა“ საკმარისი არაა, რაღაც სხვა არგუმენტებიცაა საჭირო.
საზოგადოდ, ლიტერატურული პროცესი შეიძლება განვიხილოთ როგორც სამწერლო ასპარეზზე ახალ-ახალი ავტორების გარკვეული დროითი მონაკვეთის განმავლობაში (ჩვენ შემთხვევაში 17 წელი) თანდათანობითი გამოჩენა და მათ შემოქმედებაში რაღაც საერთო კანონზომიერების მოძიება. მაგრამ ამის პარალელურად მსოფლიო ლიტერატურის ისტორია შესაძლებელია ასევე შევადაროთ - დამკვირვებლის თვალთახედვიდან თუ მისი თავისუფალი ნებიდან გამომდინარე - არა პროცესს, ანუ მძლავრ და მეტნაკლებად მდორე დინებას თავისი ფორმით ეროვნული და შინაარსით ზოგადსაკაცობრიო შენაკადებითურთ, არამედ - ტროპიკული ღამის მოწმენდილ ცას, უსასრულო კოსმოსურ სივრცეს, რომელიც ნაირნაირი ზომისა და სიკაშკაშის ვარსკვლავებითაა მოჭედილი.
დროითი მასშტაბებისა და ხელოვნების უზენაესი პრინციპების გათვალისწინებით არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, თუ როგორ და როდის წარმოიშვა ესა თუ ის ვარსკლავი. მთავარია, რომ იგი არსებობს - გინდაც ჰომეროსი ერქვას, გინდაც ,,ილიადა”, თუგინდ კაფკა ერქვას, თუგინდ „პროცესი“. პირობით კოორდინატთა ასეთ სისტემაში ცალკეული ავტორი, როგორც წესი, შესაბამისი თანავარსკვლავედის მთავარი, მშობელი ვარსკვლავის - ალფას - როლში გვევლინება, ხოლო ამავე თანავარსკვლავედის სხვადასხვა სიკაშკაშის დანარჩენი ვარსკვლავები - მისი ნაწარმოებების როლში. ამგვარი ლიტერატურულ-ასტრონომიულ სისტემისთვის მთავარი და ძირითადი მისი ურყევი, უსასრულობისთვის დამახასიათებელი სტაბილურობაა, თავად ე. წ. ლიტერატურული პროცესი კი უბრალოდ დროის თანმდევი მსვლელობაა, სტაბილურობის შენარჩუნებისაკენ სწრაფვა, ახალ-ახალი ვარსკვლავების დროში გაწელილი წარმოქმნა - და სხვა არაფერი. ის ობიექტურად არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს რევოლუციურ ცვლილებებს, მიუხედავად იმისა, თუ რას ფიქრობს ამ საკითხზე თავად ავტორი-სუბიექტი. შეუძლებელია სამყაროს მეტაგალაქტიკური სიმშვიდე შეარყიოს ისტორიული წყვეტის ისეთმა წერტილებმა, როგორიც იყო სპარტაკის აჯანყება, საფრანგეთის რევოლუცია, ოქტომბრის გადატრიალება, „ვარდების რევოლუცია“ და ა. შ. ოკეანესა თუ მძლავრი დინების ზედაპირზე აღშფოთების ეს წვრილი გრიგალები სულაც არ ჩანან, თუმცა ჩვენ ვიცით მათი არსებობის შესახებ. შეგახსენებთ, რომ მათემატიკაც ორი სახის - თვლად და კონტინუუმის - უსასრულობის ტიპს იცნობს. მასთან უხეში ანალოგიით ლიტერატურით აღვსილ კოსმიურ ოკეანეში სწორედ ავტორებისა და ტექსტების თვლად უსასრულობასთან გვაქვს საქმე.
მაგრამ, პრაგმატული ავტორისეული მოსაზრებით, მაინც არ ეგების ზემოთ აღწერილ ლამაზ კოსმიურ სავანეს ეროვნული ლიტერატურული პროცესის ცნება დავუპირისპიროთ - მით უმეტეს, რომ სუბიექტური პლურალისტული თვალთახედვა განსხვავებული მიდგომების თანაარსებობას გულისხმობს. პრაგმატულობა ამ შემთხვევაში გამორიცხავს ნაწარმოების ჭეშმარიტ ღირებულებასთან კომერციულ მიდგომას. საზოგადოდ, ლიტერატურული პროცესის ცნება არათავსებადია კომერციულ ფაქტორთან - დიდი ლიტერატურა შეიძლება წამგებიანი იყოს და არც იყოს. კომერციულად წარმატებული ნაწარმოების ლიტერატურული ღირებულება თავისთავად ფრიად საეჭვო რამ გახლავთ, ხოლო ლიტერატურული პროცესის, როგორც ცნების, თეორიულმა უარყოფამ, ჩვენს ლიტერატურულ (და არა მარტო ლიტერატურულ) სამყაროში დაგროვებული წმინდა პრაქტიკული პრობლემების არაღიარებამდე შეიძლება მიგვიყვანოს. ეს კი სხვადასხვა ავტორების შემოქმედების მიმართ ზედმეტად იდეალური, ქედმაღლური პოზიციის დაკავებას ნიშნავს. ლიტერატურა რომ ინდივიდუალური საქმიანობაა, ამაზე, რასაკვირველია, არავინ დავობს, მაგრამ შემოქმედებითი ინდივიდუალობის შენარჩუნება სულაც არ გულისხმობს გათითოკაცებასა და საერთო საინფორმაციო სივრცის ხელოვნურად დახშობას. ამიტომ, უპრიანია, ისევ ლიტერატურული პროცესის ზემოთ მოყვანილ განსაზღვრას დავუბრუნდეთ, გავაფართოვოთ და გავამდიდროთ მისი არეალი იმ შემოქმედთა გვარ-სახელებით, ვინც მოახერხა და ამ უკანასკნელი 17 (ან ოდნავ მეტი) წლის განმავლობაში საზოგადოებრივი თვალსაწიერის არეში შეაღწია. ამ მხრივაც ერთი თავისებურებაა გასათვალისწინებელი. არ უნდა წარმოვიდგინოთ, თითქოს ჩვენში მიმდინარე ლიტერატურული პროცესი ოდენ ზედაპირული ნიშნებით შემოიფარგლება, ანუ მხოლოდ იმით, რაც სოციალურეკონომიკური წყობის ფორმალური შეცვლის ისტორიული მომენტიდან გამოცემულა ან დაბეჭდილა ფინანსური დამბლის პერმანენტულ სტადიაში მყოფ სულთმობრძავ ლიტერატურულ ჟურნალებსა თუ ავტორების საკუთარი სახსრებით დასტამბულ წიგნებში. სამართლიანობა მოითხოვს, ვივარაუდოთ, რომ ბევრი რამ გამორჩენილია, ჯერაც არაა მისული პოტენციურ მკითხველთან. კულტურული შრის ფსკერი შესაძლებელია მოფენილი იყოს მარგალიტებით, რომლებიც მათი პოვნისა და ამოღების ისტორიულ დროს ელოდებიან - ესეც კონტინუუმის უსასრულობასთან ანალოგია.
ტრივიალურია, ყველამ ვიცით, რომ ლიტერატურული სიახლეებისადმი თვალის მიდევნება წარმოუდგენელია ბეჭდვითი ან ელექტრონული მედიატორის გარეშე, ხოლო, იმისთვის რომ ესა თუ ის ავტორი ან ნაწარმოები - სულ ერთია მისი ლექსი თუ მოთხრობა - ასე ვთქვათ, „შეამჩნიონ“, ნებისმიერ ლიტერატურულ კრიტიკოსს, სერიოზულ მკითხველს, საზოგადოდ, ამ საკითხებით დაინტერესებულ ადამიანს, ხელთ სათანადო მასალები უნდა ეპყრას, მათი თავისუფლად მოპოვების საშუალება გააჩნდეს. რასაკვირველია, რაც უფრო ფართოვდება ცნობადობის წრე, მით უკეთესია თავად შემოქმედისთვის. მათემატიკური თუ იურიდიული სიზუსტით ამ დებულებას ვერ დავამტკიცებ, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ცნობიერად თუ არაცნობიერად, ცნობადობის წრის გაფართოებისკენ, საკუთარი თვითრეალიზაციის ხარისხის ამაღლებისკენ, ალბათ, თითქმის ყველა აქტიურად მომუშავე ლიტერატორი ილტვის, ყოველ შემთხვებაში, პოპულარობაზე თავისით უარს ვერ იტყვის, თუმცა კი, ბუნებით, შეიძლება იმდენად არაპრაგმატული პიროვნება აღმოჩნდეს, რომ თითი თითზე არ დააკაროს რაღაც ,,მდაბალი” ლიტერატურული რეიტინგის მისაღწევად (ზოგი კი, პირიქით, ლამის ყველაფერზეა წამსვლელი პოპულარობის გამო). ჰოდა, ვნახოთ, როგორ იყო და არის ამ მხრივ საქმე ქართულ ლიტერატურაში. მოკლედ მიმოვიხილოთ, თუ რამდენად ხელმისაწვდომი იყო მწერალი მკითხველისთვის ადრე, არცთუ შორეულ წარსულში, და რამდენად ხელმისაწვდომია ამჟამად; რატომ დაკარგა მწერალმა მკითხველი - ფაქტია, რომ მაღაზიები სავსეა შესანიშნავად გამოცემული წიგნებით, მაგრამ მათი ტირაჟი ასჯერადად, ზოგჯერ ათასჯერადად ნაკლებია, ვიდრე იყო მაშინ, როდესაც ხალხი, ასე ვთქვათ, ,,ბნელი იყო”. ეს წარსულზე ნოსტალგია კი არა, ფაქტების აღიარებაა, ხოლო ფაქტებზე თუ თვალი დავხუჭეთ, ვერც მოვლენის არსში გარკვევას შევძლებთ. ყოველივე ზემოთქმული - ტირაჟები, თავისუფლების ხარისხი, მკითხველთან სიახლოვე - ჯერ კიდევ არ შეადგენს ლიტერატურული პროცესის ორგანულ ნაწილს, მაგრამ პირდაპირ თუ არა, ირიბ შეხებაში მაინც არის მასთან.
რეტროსპექტულად გადავხედოთ თუ რა ტიპიური გზა უნდა გაევლო სტანდარტულ ლიტერატორს ოფიციალურ მწერლად ჩამოყალიბებისთვის ე. წ. „უძრაობის” პერიოდში, ანუ ხანაში, როდესაც ქართული ლიტერატურული კონტექსტი ნაკლებად მსოფლიო, კიდევ ნაკლებად ევროპული, უფრო მეტად კი საბჭოთა ლიტერატურული კონტექსტის ერთი ნაწილი იყო. თავისთავად ცხადია, არ ვგულისხმობ ყველასთვის ცნობილ დისიდენტურ შემთხვევებს, ან გადატანილი ტანჯვის შედეგად გენიალობასთან წილნაყარ სამწერლო იმპულსებს (ლევან გოთუათი დაწყებული და გურამ რჩეულიშვილით და ჭაბუა ამირეჯიბით დამთავრებული) - ასეთი ლიტერატურული შემთხვევები, საკმაოდ მრავალრიცხოვანი და ლიტერატურის ისტორიის კუთვნილებად ქცეული დიდ ლიტერატურასთან ერთად, არანაკლებ დიდ და, საზოგადოდ, პოლიტიკურ კონტექსტშიც უნდა განიხილებოდეს, რაც მოცემული ნარკვევის ფარგლებში შეუძლებელია.
სტანდარტულ ლიტერატორში აქ მხოლოდ უზოგადეს საშუალო დამწყებ ქართველ მწერალს ან პოეტს ვგულისხმობ. მას, როგორც წესი, უნდა ჰქონოდა, დამთავრებული რაიმე ჰუმანიტარული (მაგ. ფილოლოგიური) ფაკულტეტი (ეს აუცილებელი არ იყო, თუმცა პირველი ლიტერატურული ნაბიჯების გადადგმაში ოდნავი ნიჭიერებით დაჯილდოვებულ ახალგაზრდას უთუოდ ობიექტურად წაეხმარებოდა - ლიტერატურული წრეები და გაერთიანებანი ხომ ფაკულტეტებთან არსებობდა). ადამიანი შეიძლება გენიოსად იყოს დაბადებული, ამიტომ გენიოსებს თავი დავანებოთ, მაგრამ საშუალოდ ნიჭიერთათვის უმაღლესის დამთავრების შემდეგ ოფიციალურ ლიტერატურაში შესვლის სულ რამდენიმე გზა რჩებოდა - ან ძლიერ, ძირძველ ოჯახში დამკვიდრებული ლიტერატურული ტრადიცია (თითებზე ჩამოსათვლელი შემთხვევები), ან - რომელიმე ლიტერატურულ-გამომცებლობითი კლანის კეთილი ნება, ან - რომელიმე ლიტერატურულ-გეოგრაფიული „საძმოს” გენეტიკური წევრობა, დაბოლოს, - რკინის ნერვები და მათი მოთოკვის თანდაყოლილი უნარი, მოთმენისა და გაძლების გიგანტური მარაგები, პლუს - რედაქციებში დაუზარელად სიარული, მუყაითი შრომა, ნებისყოფა და ა. შ. ისე, ახალგაზრდა კაცი ხელებს თუ არ ჩამოუშვებდა, ადრე თუ გვიან, ალბათ, ეღირსებოდა კიდეც მწერალთა კავშირის წევრის იმდროისთვის საკმაოდ საპატიო წიგნაკს და შესაბამის სოციალურ დაცვას. ლიტერატურულ წარმატებასთან პირდაპირი კავშირი ამას ნაკლებად ჰქონდა, გენიალური ნაწარმოებები და მათი ავტორები კი არავითარ სტანდარტში არც თავსდებოდნენ და არც თავსდებიან - ეს აქ არც იხილება.
ეს აწყობილი, კაფკიანური სისტემა იწყებს ნგრევას გასული საუკუნის 90-იან წლებში და ახალი თაობის პოსტმოდერნული მწერლების „შემოსევასთან” ერთად სინქრონულად სუსტდება, მაგრამ - არა იმდენად მათი შემოტევებისა და გულწრფელი საბრძოლო ჟინის წყალობით, რამდენადაც - შინიგანი კანონზომირების შედეგად.
კაპიტალიზმის ცდუნებებს ბევრმა ჩინოსანმა მწერალმა ვერ გაუძლო. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ახალი თაობის ბევრი ლიტერატორი ანტიკომუნისტური ძვრების შემდეგაც არ იტყოდა უარს ტრადიციულ მწერალთა კავშირის ფარგლებში მოქმედებაზე, ოღონდ იმ პირობით, თუკი რაღაც რეალურ ბერკეტებს ჩაიგდებდა ხელში, მაგრამ ძველი, პოლიტიკურ ინტრიგებსა და მავთულხლართებში გამოწრთობილ-გამობრძმედილი ნომენკლატურული ფუნქციონერები წლების განმავლობაში კავშირის გარეთ ტოვებდნენ, უფრო სწორედ „აყურყუტებდნენ” მათ, რაც კიდევ უფრო ზრდიდა „ახლებში” უკმაყოფილების მუხტს (შესაძლოა, ამ გარემოებამ მეტი როლი ითამაშა მწერალთა კავშირის დისკრედიტაციაში, ვიდრე პოლიტიკურმა და მსოფლმხედველობრივმა უთანხმოებებმა). სავსებით შესაძლებელია, რომ კავშირის შემდგომ ბედზე გადამწყვეტი გავლენა იქონია არა მისმა ისტორიულმა წარსულმა და „ახლების” მზარდმა უკმაყოფილებამ, არამედ - ერთი მუჭა ადამიანების მიერ მისი ქონების პრივატიზაციამ. ეს ფაქტორი, საზოგადოდ, ლიტერატურული პროცესის მიღმა დგას, თუმცა - მისი პარალელურია. ამასთანავე, ქვეყნის დამოუკიდებლობის პირველ წლებში საზოგადოება სხვა სოციოლიტერატურული მოვლენების მომსწრეც ყოფილა: მაგალითისთვის, ვერის ბაღში გამართული წიგნების აუტოდაფეც გამოდგება.
ძველი სამწერლო-საამქრო სისტემის ნგრევა ინერციული პროცესი აღმოჩნდა და დღესაც არ არის ბოლომდე დასრულებული, თუმცა ამჟამინდელი მწერალთა კავშირი საკმარისად ღია და, იმავდროულად, საკმაოდ ეკლექტური სტრუქტურაა, სანახევროდ - კომუნისტური, სანახევროდ - ეროვნული მწერალთა კავშირის ნანგრევებზე აღმოცენებული სუსტი ფილიალი იმ ძველისა.
რაც შეეხება განსახილველ პერიოდში მწერალთა კავშირის მიღმა მიმდინარე ლიტერატურულ პროცესს, აქაც ბევრი გაუგებრობაა. მართლა ნოვატორობად და ჭეშმარიტი შემოქმედებითი თავისუფლების ნიშნად ხომ არ შეიძლება ჩაითვალოს ახალ პოსტსაბჭოური ჩამოსხმის ხელისუფლებასთან დაახლოება და დახურული ლიტჯგუფების, ე. წ. ,,ტუსოვკების” ჩამოყალიბება, რაც შევარდნაძის ხანგრძლივი მმართველობის, ფაქტობრივად, მთელი პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა (თუმცა, „ვარდების რევოლუციის” ექსცესებმა და რევოლუციური ტრიუმვირატის ცნობილმა პერსონალურმა დანაკარგმა ამ „ტუსოვკებისთვის” ადრე მინიჭებული გარკვეული „ჩუმი” პრივილეგიების აყრა გამოიწვია).
ვერც ის ჩაითვლება დიდ წარმატებად, რომ ძველი სისტემის ნგრევის კვალდაკვალ წიგნის გამოცემის ძირითადი სიმძიმე ე. წ. სპონსორებსა თუ მეცენატებს დააწვა კისერზე. ამით შეიცვალა მხატვრისთვის დამკვეთის მიმცემი და არა - თვით დაკვეთის ინსტიტუტი; მწერლის ყბადაღებული თავისუფლება კი, როგორც მოსალოდნელიც იყო, ილუზია აღმოჩნდა და რომ არა გლობალური ტექნოლოგიური გარღვევა, ანუ ინტერნეტის შედარებით თავისუფალ სივრცეში საკუთარი თვითგამოხატვის შესაძლებლობა, მავანი ახალგაზრდა შემოქმედი საკუთარ ტყავზე იგრძნობდა, რომ ფინანსური ბორკილები პოლიტიკურ ბორკილებზე მსუბუქი როდია. მინდა აღვნიშნო, რომ როგორც ავტორებისა და ნაწარმოებების შერჩევის მეტნაკლებად მწყობრი და ობიექტური სისტემის არარსებობა, ისე ამგვარი სისტემის არსებობა (მაგ. მისი საბჭოური ვარიანტის სახით), სულაც არ გახლავთ ლიტერატურული თავისუფლების ნიშანი. არ უნდა მივიჩნიოთ, თითქოს ასეთი სისტემის რაღაც ისეთ პრინციპებზე შექმნა, რომელიც ნაკლებად იქნება დამოკიდებული სპონსორის, მეცენატის, გამომცემელის, ინვესტორის და ა. შ. პირად, სუბიექტურ არჩევანზე, მაინცდამაინც ბოროტების მომასწავებელია. პირიქით, ასეთი სისტემის დემოკრატიულ საფუძვლებზე ჩამოყალიბება დიდი სიკეთე იქნებოდა ლიტერატორებისა და - შესაბამისად - ეროვნული ლიტერატურისთვის, შეამცირებდა ავტორების, როგორც გარედან მოცემული ბიზნესდაკვეთის შემსრულებლების არცთუ ჯანსაღ და ღირსეულ როლს, მოემსახურებოდა მათ რეალურ შემოქმედებით თავისუფლებას. რა თქმა უნდა, სახელმწიფო ბიუროკრატიის ამ საქმეში ჩარევა იმთავითვე შეზღუდული უნდა იყოს და, ალბათ, პრემირების ინსტიტუციისადმი ლოიალური დამოკიდებულებით უნდა შემოიფარგლოს. ის, რაც სახელმწიფო რეგულირებამ ლიტერატურულ პროცესს მოუტანა, შეგვიძლია 30-იანი წლების მწერალთა კავშირის გამგეობათა პლენუმების ოქმებში ამოვიკითხოთ.
რაკიღა ინტერნეტ-სივრცე ვახსენე, უფლება არა მაქვს გვერდი ავუარო საქართველოში ვირტუალური ლიტერატურის არსებობას. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ვისაც კი სარედაქციო მოლოდინი და ნერვიულობა საბჭოთა დროს განუცდია, ის ადვილად ეგუება ქსელური ლიტერატურის ფენომენს - ეს ხომ შემოქმედებითი თავისუფლების თითქმის იდეალური ფორმაა. ქსელი, მართლაც, გვთავაზობს ყოვლისშემძლეობის ხანმოკლე ილუზიას, მაგრამ ჯერჯერობით ეს მაინც მხოლოდ ილუზიაა. ძლიერ გამომცემლობებს ინტერნეტის შიშით გაკოტრება ჯერ არ ემუქრებათ. ამასთან დაკავშირებით ახალი მნიშვნელოვანი კითხვები ჩნდება: არის კი ვირტუალური ლიტერატურა, პრესტიჟის თვალსაზრისით, ტრადიციული „ჰარდ-დისკ” ლიტერატურის ტოლფასი, ან ჩანს კი ამგვარი გათანაბრების ტენდენცია მაინც, თუნდაც - ტრადიციული ლიტერატურის პრესტიჟის შემცირების ფონზე? მარგინალური ლიტერატურის ახალი ტიპი ხომ არ შექმნა დრომ და ეპოქამ? ვრცელდება თუ არა ვირტუალური ლიტერატურის ფენომენზე თვით ლიტერატურული პროცესი?
შეიძლება უცნაურად მოგვეჩვენოს, მაგრამ ამ კითხვებზე პასუხი მიბმულია საკითხზე მწერლის ცენზურასთან და რედაქტურასთან მიმართების საკითხზე. თანაც ეს ორი ცნება - ცენზურა და რედაქტურა - შეძლებისდაგვარად, ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ. ვამბობ შეძლებისდაგვარად-თქო, რადგან მაღალპროფესიული, მაგრამ ბოროტი და მშიშარა რედაქტორი უფრო ადვილად და მოხდენილად ჩაკლავს ნაწარმოებს აკვანში, ვიდრე არცთუ ჭკვიანი სალდაფონი-ცენზორი. არადა, ზოგჯერ ასეთი აღრევის ცდუნებას თვით ლიტერატორიც ვერ უძლებს, რამეთუ, განსაზღვრების თანახმად, ის სუბიექტურია საკუთარი ნაწარმოების ღირსებების მიმართ - ცენზორს აბრალებს იმას, რასაც რედაქტორს, ხოლო - რედაქტორს იმას, რასაც საკუთარ თავს უნდა აბრალებდეს.
ამ ინსტუმენტების მოქმედების მექანიზმებში უკეთ ჩასაწვდომად უნდა გავიხსენოთ, რომ მწერალი - პროზაიკოსი, პოეტი, ზოგჯერ პუბლიცისტი - უპირველეს ყოვლისა, ყვება ამბავს - რეალისტი მწერალი - რეალურს, ცხოვრებიდან „მოპარულს“, ოღონდ, რასაკვირველია, არა - ფოტოგრაფიული სიზუსტით, არამედ - მხატვრული გადამუშავების შედეგად მიღებული სახით; ფანტასტი მწერალი - ფანტასტიკურს, რომელშიც ხშირად ამოიცნობა სწორედ არსებული რეალობა. პოსტმოდერნისტი საკუთარ ენაზე გვაწვდის რაღაც დაჩეხილ, ყოფიერებაში არარსებულ რეალობას, სამაგიეროდ - მისი აზროვნების ცნობიერსა და არაცნობიერში არსებულს და, ამდენად, - არაფანტასტიკურს. ყურადღება მივაქციოთ იმას, რომ სიტყვა „რეალობა“ სამივე შემთხვევაშია გამოყენებული. ამრიგად, სამივეს რეალობასთან რაღაცა დონის შეხება აკავშირებს და სწორედ აქ - თუ რეალობა პოლიტიკურად მიუღებელია - პირველ რიგში საქმეში ერთვება ბატონი ცენზურა. ცენზურის პირველადი დანიშნულება ყველასთვის ცნობილია - ნებისმიერი საშუალებით დაიცვას საზოგადოებრივი სტაბილურობა, თუნდაც ეს სტაბილობა ამაზრზენი, უსამართლო და ძალადობაზე დაფუძნებული იყოს. ეს ერთი მხარეა. მაგრამ მეორე მხარეს არიან სხვანაირი ადამიანები - ჰუმანისტები და არა პაციფისტები, შემოქმედები, რომლებიც შინაგანად ეწინააღმდეგებიან ადამიანში ცხოველური ინსტინქტების აღზევებას, უმეცრების გონიერებასთან გათანაბრებასა და, ბუნებრივია, ვერ რჩებიან გულგრილნი უსამართლობასა და ძალადობაზე დამყარებული სტაბილოურბის მიმართ, ლინგვისტური ხერხებით უპირისპირდებიან მას (მაგ. მაიაკოვსკი).
ასეთი მწერლისა თუ პოეტის თხზულებებში, ასე თუ ისე, ღიად თუ ფარულად, ადრე თუ გვიან, მაინც იმძლავრებს არსებული წეს-წყობილების მიმართ მძაფრი კრიტიკული იმპულსი. კლასიკური ცენზორის ღიად გაცხადებული მიზანია, რომ მოაშთოს ოპონენტის სიმძაფრე, მაქსიმალურად გააუფასუროს მისი გულწრფელი პროტესტი.
მაგრამ ცენზორს სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი და შეგნებული მიზანიც აქვს - სამომავლოდ თვით საეჭვო ავტორის პიროვნული დისკრედიტაცია მოახდინოს, შეუქმნას მას ზერელე, ფუქსავატი, ლამის ყველანაირ კომპრომისზე წამსვლელი, ნებისმიერ გარიგებაზე ხელის მომწერი სუბიექტის სახელი, განაწყოს საზოგადოება მის წინააღმდეგ და ამ ხერხით გადაუკეტოს გზა პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი აქტივობისკენ, იმ შემთხვევაშიც კი, როცა შემოქმედს ასეთ სურვილი არა აქვს. ძლიერნი ამა ქვეყნისა ჟანდარმებს ხომ ხელფასს გარანტიებისთვის უხდიან! ცენზორებს ხშირად თავად მწერლებისგან განსხვავებით შესანიშნავათ ესმით, რომ ნებისმიერი ლიტერატორი საზოგადოებისთვის საინტერესო ფიგურად და, ამდენად, პოლიტიკოსად შეიძლება ჩამოყალიბდეს და, სწორედ ამის გამო, ის მუდმივად კონტროლს უნდა ექვემდებარებოდეს. ცენზურას მრავალგვარი ხრიკი ახასიათებს, ტოტალიტარულ საზოგადოებაში ის უფრი მედგარი და პირდაპირია, წერილობითი საბუთების შექმნასაც კი არ ერიდება ხოლმე; ე. წ. დემოკრატიულში - უფრო შენიღბულად, თითქოსდა კანონიერების ჩარჩოებში მოქმედებს, მაგრამ მისი არსი მაინც უცვლელი რჩება: შემოქმედი უნდა აკონტროლო, რათა მან რაიმე გამოუსწორებელი სისულელე არ ჩაიდინოს.
პრინციპულად განსხვავდება ცენზურისგან რედაქტურა, ვინაიდან იგი თავისუფალია პოლიტიკური დატვირთვისგან და ყურადღებას ტექსტში გაპარულ აზრობრივ შეცდომებსა და სტილურ შეუსაბამობებზე ამახვილებს (განსხვავებით კორექტურისგან, რომელიც ტექსტის წმინდა ორთოგრაფიულ „წმენდას“ უკავშირდება).
აქ ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსია. ვინაიდან რედაქტურა ფორმით ისევ და ისევ პროტოტექსტის ცვლილებაში ვლინდება, პოლიტიკურად ანგაჟირებული რედაქტორები ხშირად მიმართავენ ცენზურას რედაქტირების სახელით, განზრახ ახდენენ ამ ცნებების აღრევას საკუთარი პოლიტიკურ-ბიუროკრატიული მოტივაციიდან გამომდინარე.
უფრო მძიმე და გასაიდუმლოებული მოვლენაა თვითცენზურა. მისი ადგილი სადღაც ცენზურასა და რედაქტურას შორისაა, ის მთლიანად დამოკიდებულია ავტორის თვითშეგნებასა და ბუნებრივ მებრძოლ თვისებებზე. თვითცენზურის გავლენის ხარისხი ტექსტის ხასიათზე გარეშე თვალისთვის ძნელად შესაფასებელია, საბოლოოდ, მხოლოდ ავტორმა იცის, დადებითი გავლენა იქონია მის ტექსტზე თვითცენზურამ თუ - არა.
თვითცენზურა არაერთგვაროვანია. ზოგჯერ ის ავტორის ძლიერ პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული, ზოგჯერ - საზოგადოებაში გავრცელებული სტერეოტიპების მსხვრევის შიშთან, ზოგჯერ - პოლიტიკურ გაუბედაობასთან. მთავარი ისაა, რომ ცენზურისა და რედაქტურისგან განსხვავებით, მისი როგორც ინსტრუმენტის სრული მოშლა შეუძლებელია, ვინაიდან თვით შემოქმედის ფსიქოლოგიურ თავისებურებებზეა დამოკიდებული. ნიშანდობლივია, რომ სამივე ზემოთ აღნიშნული ინსტრუმენტი მიმართულია ტექსტის დახვეწისკენ, მასში ჩაქსოვილი პირველადი სიმართლის შეგნებული დამახინჯების ან, სულაც, დაკარგვის ხარჯზე. ისტორიულად რატომღაც ითვლება, რომ სიმართლესთან თამაში ცეცხლთან თამაშია, ხოლო სიმართლის ენაზე ლაპარაკი, საზოგადოებრივი იარების გულმხურვალე და პირუთვნელი წარმოჩენა, ადამიანური ტკივილის ადექვატურად წარმოდგენა - ნამდვილი ხელოვანის წმიდათაწმიდა მოვალეობაა.
აქ იბადება კითხვა - ნუთუ სიმართლე მართლაც იმდენად სახიფათო კატეგორიაა, რომ მისი მხატვრულ ენაზე თარგმნა, ერთი მხრივ, არღვევს არსებულ სტაბილობას, მეორე მხრივ კი, - მართალი სიტყვის მთქმელის ერთ ჩვეულებრივ სახეს უმალ გმირის ნიღაბს მოარგებს ხოლმე?
პასუხი უცნობია, არადა ეს სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც, ჭადრაკის თამაშის დარად, მუქარა შესრულებაზე ძლიერია ხოლმე. პრაქტიკა აჩვენებს, რომ ზედმეტად რეალისტური, ნატურალიზმთან მიახლოებული, მეთოდების საშუალებით ცხოვრების ლიტერატურულ-მხატვრული ასახვის მაგალითები სულაც არ სარგებლობს ისეთი პოპულარობით, რომელსაც თითქოს უნდა მოველოდეთ ჯანსაღი და სიმართლეზე ორიენტირებული საზოგადოების მხრიდან.
შეიძლება, რასაკვირველია, შევჩივლოთ ერთმანეთს, რომ თვით საზოგადოებაა უვარგისი, ან ადამიანების უმრავლესობაა უმსგავსო და ყოვლისმკადრებელი, ან რომ თვითონაც ასეთები ვართ, მაგრამ ფაქტი ჯიუტია - ცხოვრების რეალისტურ ასახვას მკითხველთა უმრავლესობა გასართობ ლიტერატურას ამჯობინებს. შოუ-ბიზნესის წესების ანალიზს აქ არ შევუდგები, მხოლოდ აღვნიშნავ, რომ სიმართლისადმი თავდადება სულაც არ ყოფილა ხელოვანისთვის წარმატებისა და უკვდავების გარანტია, ან - თუნდაც აუცილებელი და არასაკმარისი მოთხოვნა. ისე, თუ ჩავუფიქრდებით, დავინახავთ, რომ დიდი, აღიარებული კლასიკოსი რეალისტებისთვისაც კი სიმართლის თქმაზე უფრო მნიშვნელოვანი ადამიანის თანაგრძნობაა.
ახლა კი მივუბრუნდეთ ჩვენს მთავარ გმირს, თავად ლიტერატურულ პროცესს. ზემოთქმულიდან ბუნებრივად გამომდინარეობს შემდეგი საკითხი - თუკი სიმართლე და გულწრფელობა ნაწარმოების სიდიადის მაჩვენებელი კი არა, მისი ჭეშმარიტ ხელოვნებასთან ზიარების აუცილებელი პირობაც კი არ ყოფილა - რას უნდა მიენიჭოს უპირატესობა, ესა თუ ის ნაწარმოები ლიტერატურულ პროცესში მონაწილეობის ღირსად რომ ჩაითვალოს? ხოლო, თუ მაინც ჩაითვალა, რეალისტურის იარლიყი უნდა მიეკრას მას თუ - პოსტმოდერნისტულის?
არაა გამორიცხული, რომ საქმე, შესაძლოა, ერთდროულად რეალისტურ და პოსტმოდერნისტულ სიტუაციასთან გვაქვს, ამ ორი თითქოსდა ერთმანეთისგან სრულიად გამიჯნული, ზოგჯერ საპირისპირო და მტრული დინების ერთ ლიტერატურულ ზღვაში გაერთიანებასთან. დიახაც, რეალიზმს აქვს „მისიონერული“ პრეტენზია ჭეშმარიტების ძიებაზე, სულიერებასა და სამართლიანობის გრძნობის უბრალო ადამიანებამდე მიტანაზე. შესაბამისად, რეალისტური ლიტერატურა შეიძლება არ იყოს პათოსური, მაგრამ აუცილებლად ,,მისიონერულია”. ლიტერატურული პოსტმოდერნიზმი, რეალისტურისგან განსხვავებით, ხლეჩს, ანაწევრებს, მაგრამ სულაც არ უარყოფს ჭეშმარიტებას. პოსტმოდერნიზმს უფრო ტექსტში მიმობნეული ჭეშმარიტების მარცვალთა კორიანტელი მიესადაგება, მისთვის სრულიად უცხოა პათოსი. არავითარი პრეტენზია მისიონერობასა და მაღალ სულიერებაზე მას არა აქვს. არავითარი დიდი სიმართლე, არც რეალობის ასახვის მხატვრული ნიჭია მაინცდამაინც აუცილებელი, ვინაიდან პოსტომერნისტული „რეალიზმი“ შესაძლებელია გენიტალიების აღწერად იქცეს - აქ კი თამასა დაბლაა. და მაინც - პოსტმოდერნიზმის ნაკადიც, რეალიზმის მსგავსად, სწორედ იმ სიმართლის ჭაში (თუ ზღვაში) ჩაედინება, რომლის გასწვრივ ხშირად ყრუ კედელია აღმართული და რომლის მადლი მიუწვდომელი ფუფუნებაა ასფალტის პირას შხამიანი სოკოებივით ამოსული ბინძური კაფეტერიუმების იძულებითი კლიენტებისთვის, რომლებიც უსულგულო და ცბიერმა სამყარომ ოდენ არომატიზებული წვენების ამარა დატოვა.
ის, რომ ჩვენ ბოლომდე ვერ ვწირავთ ვერც რეალიზმსა და ვერც პოსტმოდერნიზმს მხოლოდ იმას მიგვანიშნებს, რომ ლიტერატურულ პროცესში ნაწარმოების სრულუფლებიანი „ჩართვისთვის“ ზუსტი, სრულფასოვანი კრიტერიუმები კაცობრიობას არ გააჩნია. საბოლოო განმსჯელად მაინც მისი უდიდებულესობა დრო გვევლინება. მიმდებარე და ირიბ ფაქტორებს - ავტორის სიცოცხლის ხანგრძლივობას, მის ბეჭდვითუნარიანობას, რეიტინგს, პოპულარობას და ა. შ. - ლიტერატურის ისტორიის თვლსაზრისით, არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. იმას, თუ საბოლოოდ რა სიკაშკაშით აინთება მსოფლიო ლიტერატურის კოსმოსურ ოკეანეში ესა თუ ის ვარსკვლავი თუ თანავარსკვლავედი, ისევ და ისევ დრო განსაზღვრავს და არა რაღაც წარმავალი ღირებულებები, ანუ ნაწარმოებმა დროის გამოცდას უნდა გაუძლოს.
რაკიღა ვაღიარებთ, რომ ლიტერატურული პროცესის, ასე ვთქვათ, მონიტორინგი, დროითი კრიტერიუმის შემოტანას მოითხოვს, კიდეც უნდა ვცადოთ ტექსტების დაყოფა სწორედ ამ კრიტერიუმის საფუძველზე.
ამ მხრივ, პრაგმატული თვალსაზრისით, ტექსტები ასეც შეიძლება დაიყოს:
ა) ნაწარმოები (სულ ერთია ეპოსი, რომანი, პოემა, ლექსი თუ მოთხრობა) იმდენად დიდებულია, რომ დროის გამოცდას უპირობოდ უძლებს. საკამათო არაა - ითვლება გენიალურად თუ ეტალონურად;
ბ) ავტორმა მოიპოვა კომერციული წარმატება, ნაწარმოები თავიდან ბევრს მოსწონს, მას რეკლამა გაუწიეს, მაგრამ დროის გამოცდას ვერ უძლებს - კოსმოსურ ოკეანეში რჩება მატერიის, ჩამქრალი ვარსკვლავის, შავი ხვრელის სახით. მომავალში მოიპოვება ვიწრო სპეციალისტებისთვის საინტერესო კულტურულ შრეში;
გ) ნაწარმოებს უჭირს ცენზურულ-რედაქციული ზღუდეების გადალახვა, მაგრამ ბოლოს მაინც გააღწევს ლიტერატურულ სივრცეში. ესე იგი, ვიღაცამ დათმო, ან მოეწონა. თავისთავად ეს ცუდის მომასწავებელი როდია - ნაწარმოებს აქვს ისტორიაში დარჩენის შანსი.
დ) ნაწარმოებში მოიპოვება რაღაც მარცვალი ჭეშმარიტებისა, არც უმარილოა, მაგრამ აშკარადაა გაბერილი პრაგმატულ-პოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე. პროგნოზირება ძნელია, მაგრამ ატეხილი ხმაური ავტორისთვის პრაგმატული წარმატების წინაპირობა შეიძლება გახდეს. ამასთან, ადგილი კოსმოსში მას გარანტირებული არა აქვს.
ე) ნაწარმოები არააბსოლუტური გრაფომანის ხელითაა ნაწერი. მასში შეიძლება აღმოაჩინო ნიჭის გაელვება - ავტორმა კიდევ უნდა სცადოს, იქნებ რამე გამოუვიდეს.
ვ) უკიდურესი გრაფომანიის დიაგნოზი დასმულია და ვერაფერი ეშველება - თუმცა შეიძლება დაიბეჭდოს კიდეც.
ავტორის მიერ ზემოთ შემოთავაზებული დაყოფა, რასაკვირველია, ერთადერთი და განუმეორებელი არ გახლავთ.
მოცემული ნარკვევის ერთ-ერთი ამოცანა ისიც იყო, ლიტერატურასთან დაახლოებულ მკითხველს დედამიწაზე თავი ობლად არ ეგრძნო. დასკვნის სახით კი ადრე თქმულს იმასღა დავუმატებდი, რომ ლიტერატურული პროცესი იარსებებს მანამ, სანამ ადამიანები ერთად ვცნობთ დიდი, არაკომერციული და არაამწუთიერი ლიტერატურის არსებობის უფლებას. ეს ეხება მსოფლიოს და ეს ეხება საქართველოს - მსოფლიოს განუყოფელ და განუმეორებელ ნაწილს.