The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

აკაკის უცნობი წერილის შესახებ


აკაკის უცნობი წერილის შესახებ


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: ზარდიაშვილი ელისაბედ
თემატური კატალოგი სტატიები სხვადასხვა ჟურნალებიდან
საავტორო უფლებები: © შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება



1 * * *

▲ზევით დაბრუნება


ელისაბედ ზარდიაშვილი

აკაკი წერეთლის უზარმაზარი შემოქმედება კვლავაც მდიდრდება უცნობი თუ მივიწყებული პუბლიკაციებით. პოეტი ყოველთვის ცდილობდა, გამოუქვეყნებელი არ დარჩენოდა რომელიმე თხზულება. იგი ერთ-ერთ წერილში წერდა: „ავტორი რომელიმე თხზულებისა მისთვის კი არ შრომობს და სწერს, რომ ჩემი შრომა სალაროში დაიმალოსო, თუ დასამალავათ უნდოდეს, როდიღა დასწერს!...“ (თსკ, ტ. 11, გვ. 73). არადა, არც ერთ ქართველ მწერალთან არ გვხვდება იმდენი გამოუქვეყნებელი მასალა, რადმენიც აკაკისთან. კ. კეკელიძის ხელნაწერთა ინსტიტუტის აკაკი წერეთლის ფონდზე მუშაობისას მივაკვლიეთ პოეტის უცნობი სტატიების ავტოგრაფებს. ერთ-ერთი მათგანი გახლავთ წერილი ქართველ-სომეხთა ურთიერთობაზე.

აკაკის ყოველთვის აწუხებდა ამ ორი ერის ურთიერთობის საკითხი. პოეტი ერთგან წერს: „ძველად, როგორც ისტორია გვეუბნება, ქართველები და სომხები ყოველთვის ძმურად ხელი-ხელ ჩაკიდებული თანასწორად ეგებებოდენ ჭირსა და ლხინს. დღეს გარემოება იცვალა, ასე აღარ არის, ცოტა რამ ამღვრეული წყალი შემოეპარა ეკონომიურ ნიადაგზედ...“ „ზოგიერთბი სომხიყლაპიას მეძახიანძ-ო, - წერს აკაკი სტატიაში „ჩემი აღსარება“. თითქოს ამის პასუხი იყოს ახლადმიკვლეული უცნობი წერილი: „ათასჯერაც რომ „სომხიყლაპია“ დამიძახონ, მე კი მაინც მივუთითებ იმ უსამართლობისკენ, რომელიც მამვნებლად მიმაჩნია და არა მიტომ, რომ მე სომხები მძულს და მათი „ყლაპია ვარ“. არა!“

ეს საკითხი აკაკის პუბლიცისტიკის საკმაოდ დიდი თემაა, იმდენად დიდი, რომ 1903 წლის სომხური ჟურნალი „მურჭი“ (№ 12) ბეჭდავს ტ. ფირუმიანის მიმოხილვას „პოეტ აკაკი წერეთლის ახალი წერილები სომხების შესახებ“. აქ უკვე ყოველგვარი კომენტარი ზედმეტია.

რას ჩიოდა აკაკი?

მრავალთაგან ერთი ყველაზე მთავარი პრობლემა თბილისის გამგეობის საკითხი იყო. აი, რას წერს პოეტი სტატიაში „თავი თავს უნდა ჰგავდეს“: „დარწმუნებული უნდა იყოს ყველა, რომ ქართველს, გენიოსიც რომ იყოს, მაინც არ ეღირსება თფილისში გამგეობის მოთავობა. მართალია, იშვიათათ ქართველებიც გამოერევიან ხოლმე გამგეობაში წევრებათ, მაგრამ იმათი ხმა ისე იკარგება საზოგადო სომხების უმრავლესობაში, როგორც წმინდა წვეთი ტბაში“.

ზოგიერთს დღესაც ესირცხვილება აკაკის ეს წერილები და ეთნიკური შუღლის გაღვივებად თვლის მათ. მაგრამ, ვფიქრობ, ეს არასწორი შეფასებაა და დროა, ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას.

აბა, წარმოიდგინოს ვინმემ, რომელიმე ქვეყანაში, მაგალითად, საფრანგეთში, პარიზის გამგეობაში არც ერთი ფრანგი რომ არ ყოფილიყო შეყვანილი! ასეთი მდგომარეობა ხშირად იყო თბილისის გამგეობაში. ამას თავისი მიზეზები ჰქონდა. ქალაქის ხელისუფლებაში ფინანსურად ძლიერი პიროვნებები ხვდებოდნენ. რიგით მოსახლეობაში კი ფული უფრო სომხებს ჰქონდათ. სწორედ ამაზეა აკაკის ერთ-ერთი სტატია „კითხვა“, რომელიც 1878 წლის დროების №256-ში დაიბეჭდა. პოეტი კითხულობს: „პეტერბურღში რომ სულ ნემცები იყვნენ და ვარშავაში სულ ურიები, რას იფიქრებენ“-ო?

აკაკის ეს წერილები ეროვნული შუღლის გაღვივება კი არა, ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე დგომა იყო. მით უმეტეს, რომ იგი არც ქართველების უხეირობას სტოვებდა კრიტიკის გარეშე. რომელ შუღლზეა საუბარი, როცა პოეტს უდიდესი მეგობრობა აკავშირებდა სომხური ხელოვნებისა და ლიტერატურის მოღვაწეებთან. ამის მაგალითად მარტო გ. სუნდუკიანცის ხსენებაც კმარა. შუღლის გაღვივებას კი არა, აკაკი ახლადმიკვლეულ უცნობ სტატიაში, როგორც ბევრ სხვა წერილში, სომხებისა და ქართველების მეგობრობას უჭერს მხარს. იგი ორივე ერს შეახსენებს, რომ საერთო მტერი ჰყავს და მათი კინკლაობა დამპყრობლის წისქვილზე წყლის დასხმას ნიშნავს. სტატია უსათაუროა და იგი შინაარსის მიხედვით დავასათაურეთ.

[ათასჯერაც რომ „სომხიყლაპია“ დამიძახონ]

„არიან ჩვენში დღეს ქართველები, რომელნიც მხოლოდ თავისს საკუთარ პირადობაზე ზრუნავენ. საკუჭო რამეებს გადაჰყოლიან და იმდენად კი იჩენენ თავს საზოგადო მოღვაწეობით, რამდენადაც გამოდგება საკუთრად მათთვის. იმათ არც წარსული აგონდებათ თავისს ქვეყნისა და არც მომავალი. „ქვეყანა და ქვეყნის საქმე ფეხებზედ ჰკიდიათ“. ამ ვაჟბატონებმა კარგად იციან, რომ ყოველივე საკუჭო საქმე დღეს სომხების ხელშია და როგორც ფულიან-მდიდრებისგან, მათგან გამოვალს. ჩვენებიც იმათ შეცუცქურებენ და როცა სომხები „არასაკადრის“ საქმეს ჩაიდენენ, მათ ქომაგებადაც კი გამოდიან დაურცხვენლად. ჩვენ კი ღმერთმა აგვაშოროს ეს ხელობა... ათასჯერაც რომ „სომხიყლაპია“ დამიძახონ, მე კი მაინც მივუთითებ იმ უსამართლობისკენ, რომელიც მამვნებლად მიმაჩნია და არა მიტომ, რომ მე სომხები მძულს და მათი „ყლაპია ვარ“. არა! მიტომ, რომ ისინი მიყვარს და მსურს, რომ ჩვენ შორის ისეთივე განწყობილება იყოს, როგორიც წინაპრებს ჰქონდათ. მინდა, რომ ამიერიდან მათთანაც ძმურად ხელი-ხელ ჩაკიდებული ერთი სწორი გზით მივდიოდეთ მომავლისაკენ, თორემ ცბიერება და ერთმანეთის გადაკიდება შორს ვერც ერთს [ვერ] წაგვიყვანს. ჩვენ ქართველები ამოვვარდებით და ამით არც იმათ, სომხებს შეემატებათ რა!.. ორივეს ის მოგვივა, რასაც „ქილილა და დამანა“ თავის ერთ ზღაპარში გვეუბნება: „ორი შევარდენი ერთ მტრედზე ჩხუბობდნენ და მტრედი კი ორივს ორმა გამოსტაცა“.

აკაკი წერეთელი

სტატიის დათარიღება შეიძლება აკაკის წერილით „ჩემი აღსარება“. მასში ნათქვამია: „ზოგიერთები „სომხიყლაპიას“ მეძახიან“.. ახლადმიკვლეულ უცნობ სტატიაში წერია: „ათასჯერაც რომ სომხიყლაპია“ დამიძახონ“.. ე.ი. აკაკის უკვე ეძახდნენ `სომხიყლაპიას“, რის გამოც მან საყვედური გმოთქვა წერილში „ჩემი აღსარება“. ამის შემდეგ დაიწერა ეს უცნობი სტატია. წერილი „ჩემი რაღსარება“ დაიბეჭდა 1911 წელს („თემი“, №8). მიკვლეული სტატია დაწერილი უნდა იყოს 1911-1915 წლებში.

ვფიქრობთ, აღნიშნული წერილი ღირსეულ ადგილს დაიკავებს პოეტის ახალ აკადემიურ გამოცემაში.