![]() |
სოლიდარობა №6 (15)'07 |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: კაციტაძე თამარ, უოთკინსი რობერტ, მოლაშხია შოთა, გვასალია გიორგი, კოპალეიშვილი ვალერი, თავაძე გიორგი, არქანია ლადო, პატარაია მალხაზ, ფირბარი დიმიტრი, თინიკაშვილი დავით, კომახია მამუკა, საყვარელიძე ფრიდონ, კალანდაძე ნონა, მებაღიშვილი თათია, გაგოშიძე თამარ, დოლიძე ხათუნა, გელაშვილი ნაირა |
თემატური კატალოგი სოლიდარობა |
საავტორო უფლებები: © გაეროს განვითარების პროგრამა, © საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი |
თარიღი: 2007 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: საქართველოს სახალხო დამცველის ყოველთვიური ჟურნალი რედაქტორი: ნინო ცინცაძე სტილის რედაქტორი: ლევან ბრეგაძე დიზაინი: ბესიკ დანელია ფოტო: ლევან ხერხეულიძე დათო ხუციშვილი მარიკა ასათიანი გარეკანზე: გიორგი კილაძის ნახატი რედკოლეგია: სოზარ სუბარი ბექა მინდიაშვილი თამარ შამილი სერგო რატიანი ჟურნალი მომზადებულია სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ. იბეჭდება გაეროს განვითარების პროგრამის და ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. მისამართი: თბილისი, მაჩაბლის 11 თელ: 96 63 27, 92 24 77 www.ombudsman.ge საქართველოს სახალხო დამცველი გაეროს განვითარების პროგრამა ნორვეგიის მთავრობა |
![]() |
1 დროის მოსაკლავად დანერგილი ნოვაციები |
▲ზევით დაბრუნება |
ჩვენი წრე
თამარ კაციტაძე
დაახლოებით ოთხწლიანი ინტერვალის შემდეგ, რამდენიმე დღის წინ სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან რუსთავის №2 საპყრობილის საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში შესვლის სპეციალური ნებართვა მივიღეთ. ოფიციალური ინფორამციით, ამ დაწესებულებაში ცოტა ხნის წინ
კაპიტალური რემონტი ჩატარდა და, საქართველოს სხვა „კოლონიებისგან“ განსხვავებით ის, ფაქტობრივად, ევროსტანდარტების დონეზე მოწყობილ საპატიმროებს გაუტოლდა. მიუხედავად ამისა, ასევე ცოტა ხნის წინ, რუსთავის №2 დაწესებულების პატიმრებმა ომბუდსმენს საპროტესტო წერილი გაუგზავნეს. თავისუფლებააღკვეთილი ადამიანები საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვდნენ.
ყოველივე ამის ფონზე (რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს) „კოლონიაში“ ჩვენი ვიზიტის მიზანი არც ერთი და არც მეორე მიზეზი არ ყოფილა. დაწესებულებას ახლახან დანერგილი ნოვაციების და ნოვატორი პატიმრების სანახავად ვესტუმრეთ.
ოთხი წლის შემდეგ
რუსთავის №2 საპყრობილის საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულებას რომ მიუახლოვდებით, აუცილებლად დაინახავთ ჩანთებით დატვირთულ ადამიანთა გრძელ რიგს, - ესენი პატიმრების ახლობლები არიან. „კოლონიის“ წინ, სადაც არც ხე და არც რაიმე სახის თავშესაფარი არ არსებობს, ყოველდღე - მზეში, თოვლსა თუ წვიმაში, ათობით ადამიანი ცდილობს საჭმელი ან ყოფითი ცხოვრებისთვის საჭირო ნივთები მიაწოდოს თავისუფლებააღკვეთილ ახლობელს. ლოდინით გათანგულები იმასაც ამბობენ, რომ თუმცა რიგში გამთენიისას დგებიან, პატიმრისთვის ამანათის გადაცემას ხშირად საღამოსთვისაც ვერ ახერხებენ და ასე გრძელდება რამდენიმე დღის განამვლობაში.
„საშიშ ზონად“ წოდებულ დაწესებულებაში კი შესვლისთანავე იგრძნობ საკმაოდ გამკაცრებული, უკვე თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი დაცვის სისტემის არსებობას. შენობაში შესვლისას იმაშიც რწმუნდები, რომ რემონტი ამ დაწესებულებაში მართლაც კაპიტალურად ჩატარებულა.
დირექტორის მოადგილე ჩვენთვის სასურველ პატიმრებთან შეხვედრის ორგანიზებას გვპირდება, თუმცა გვაფრთხილებს:
„პატიმრებმა თქვენთან საუბარი თუ არ მოინდომეს, ჩვენ ვერ დაგეხმარებით, - ეს მათ ნება-სურვილზეა დამოკიდებულიო“.
ცოტა ხანის შემდეგ ადმინისტრაციის შენობაშივე გავიცანით მსჯავრდებული მირიან ცხვარაძე, „კოლონიის“ ბიბლიოთეკის ე.წ. დირექტორი, და დაწესებულების კომპიუტერული ცენტრის სულისჩამდგმელები მამა-შვილი ამირან და არჩილ ქადაგიშვილები. ჩვენი მასპინძლობაც სწორედ მათ გადაიბარეს და საკუთარი „სამუშაო ადგილებისაკენ“ გაგვიძღვნენ.
სასჯელაღსრულების დეპარტაენტის სოციალური და განათლების დეპარტამენტის სამსახურის წარმომადგენელმა ბატონ მირიანს ბიბლიოთეკისთვის ერთი კვირის ჟურნალ-გაზეთები გადასცა. მძიმე ტვირთის გამო პირველად ჩვენც ბიბლიოთეკის სანახავად წავედით, რომელიც პატიმრების საცხოვრებელ კორპუსშია.
შენობაში შესვლისთანავე თვალში მოგვხვდა განსხვავება ოთხი წლის წინანდელ ჩამონგრეულ-დაბზარულსა და ახლანდელ შელესილ-შეღებილ კედლებს შორის. დერეფანში გავლისას, კარღია საკნებში ახალი საწოლებიც შევნიშნეთ (სამწუხაროდ, „კოლონიის“ დათვალიერება ან პატიმრებთან გასაუბრება დეპარტამენტის ხელმძღანელობასთან შეთანხმებული არ ყოფილა. ამის გამო მეტის ნახვა ვერ მოვახერხეთ). მიუხედავად კაპიტალური რემონტისა, შენობაში ციხის ტრადიციული, საშინლად მძიმე სუნი დგას, რამაც პატიმრების მიერ სახალხო დამცველის სახელზე გამოგზავნილი წერილი და ის ჰიგიენური პრობლემები გაგვახსენა, რომლებზეც მასში არის საუბარი, თუმცა ამ საკითხს გარკვეული მიზეზების გამო არ შევეხებით.
ბიბლიოთეკა
ქართულ პენიტენციურ სისტემაში ბიბლიოთეკის არსებობა სიახლე ნამდვილად არ არის. ახალი ისაა, რომ, სხვა დაწესებულებების ანალოგიური „სამსახურებისგან“ განსხვავებით, რუსთავის №2 „კოლონიაში“ მირიან ცხვარაძემ „თანამედროვე მენეჯმენტი“ დანერგა, ბიბლიოთეკის ტექნიკური ანუ კომპიუტერული უზრუნველყოფა შეძლო და შედეგმაც არ დააყოვნა. ამიტომაც ითვლება მისი ბიბლიოთეკა ქართულ პენიტენციურ სისიტემაში ნოვატორულად.
„მირიან, ესპანურის სახელმძღვანელოები მოგვიტანეს?“ „მირიან, კროსვორდები შემინახე!“, „ახალი გაზეთი მომეცი!“ -
ასეთი შეძახილებით შეხვდნენ ჟურნალ-გაზეთებით დატვირთულ „ბიბლიოთეკის დირექტორს“ ერთ-ერთი საკნის კარებთან შეგროვილი პატიმრები. ბატონმა მირიანმა „მკითხველებს“ სტუმარ-მასპინძლობის წესები შეახსენა, დალოდება ურჩია და იმ ოთახში შეგვიძღვა, რომლის კარებზეც „ბიბლიოთეკა“ არ წერია.
ტრადიციულ საკანზე გაცილებით პატარა და თეთრად შეღებილი ოთახის ერთი კედელი მთლიანად ხის თაროებით არის დაფარული. ბიბლიოთეკის ეს ნაწილი ძირითადად მხატვრულ ლიტერატურას აქვს დათმობილი. მეორე კედელზე დამაგრებულ ორ თაროზე, ბატონი მირიანის გადაწყვეტილებით, ფილოსოფიური, ფსიქოლოგიური და რელიგური წიგნებია. ერთი თარო სპეციალურად იურიდიული ლიტერატურისთვის არის განკუთვნილი. როგორც „ბიბლიოთეკის დირექტორი“ გვეუბნება, ამ კატეგორიის წიგნები საკნებში არ გაიცემა:
„მსურველს შეუძლია დაჯდეს ბიბლიოთეკაში და აქ წაიკითხოს „სისხლის სამართლის კოდექსი“ ან სხვა კანონი. კანონები თითო ეგზემპლარად გვაქვს, არადა მოთხოვნილება მათზე ძალიან დიდია“.
ბიბლიოთეკაში განსაკუთრებული ადგილი აქვს დათმობილი სასწავლო ლიტერატურას. სწავლას მოწყურებული პატიმრების უმრავლესობა უცხო ენების შესწავლას ცდილობს; იშვიათად, მაგრამ მაინც, ფიზიკით დაინტერესებულებიც გამოერევიან თურმე მათ შორის.
ერთი სიტყვით, ბატონი მირიანის მენეჯმენტის დამსახურებით კოლონიის ბიბლიოთეკაში ყველა ჟანრის თუ დანიშნულების წიგნს ნახავთ.
„ბიბლიოთეკა ნათელი დასტურია იმისა, რომ დეპარტამენტი ითვალისწინებს პატიმრების სურვილს. ჩვენი მუშაობის პროცესი ასე წარიმართება: ჯერ პატიმარში იბადება ამა თუ იმ წიგნის წაკითხვის სურვილი. იგი მოდის ჩემთან და მეუბნება, რა სახის წიგნი სურს. შემდეგ მე მისი ამ თხოვნის შესახებ წერილობით ვაცნობებ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სოციალურ და განათლების სამსახურს. დეპარტამენტი განიხილავს თხოვნას და უმეტეს შემთხვევაში აკმაყოფილებს მას“, - ამბობს მირიან ცხვარაძე, რომლის ბიბლიოთეკაშიც დღეს ზუსტად 1618 წიგნია.
„ბიბლიოთეკა ზონის გახსნის დღიდან არსებობს. თავიდან ასეთი არ იყო. პირველად 09-მ გვაჩუქა წიგნები. მართალია, ნაკლებად კითხვადი ლიტერატურა იყო, მაგრამ, ხომ იცით, „ნაჩუქარ ცხენს კბილები არ გაესინჯება“, ამიტომ მათი მადლობლები ვართ. ბიბლიოთეკის შევსების ერთ-ერთი წყარო თავად პატიმარია, - ანუ შემოუვიდა კაცს ამანათით წიგნი, წაიკითხა, მერე კი გადაწყვიტა, რომ ის წიგნი ბიბლიოთეკას უნდა აჩუქოს, რომ სხვამაც წაიკითხონ. ასეთი წიგნები ფონდის დაახლოებით 15 პროცენტს შეადგენს. წიგნების დიდ ნაწილს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სოციალური სამსახური გვაწვდის. გარკვეული ნაწილი კი საპატრიარქოსა და სახალხო დამცველის აპარატთან არსებული ტოლერანტობის საბჭოს შემოწირულობაა“.
პირობითად „ბიბლიოთეკის დრო“ ანუ ბიბლიოთეკის სამუშაო პერიოდია „ზონის გახსნიდან ზონის დახურვამდე - დილის 11-დან საღამოს 8 საათამდე. კვირაში შვიდი დღე“.
მიუხედავად მიღწევებისა, მირიან ცხვარაძეს მიაჩნია, რომ უმაღლესი კლასის მენეჯმენტს ვერ ახორციელებს:
„მაგრამ ამ პატარა ბიბლიოთეკისთვის რომ იკმაროს, იმდენს კი ვახერხებ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ორი ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული - გეოლოგიური და ეკონომიკური. მხატვრულ ლიტერატურას ნაკლებად ვკითხულობდი, სპეციალური ლიტერატურის კითხვა მიყვარდა, მაგრამ ორგანიზება, მენეჯმენტი, ასეთი რაღაცები ვიცი. ჩემი აზრით, ბიბლიოთეკის და, საერთოდ, ნებისმიერი დაწესებულების დირექტორი არ არის სავალდებულო დიდი სპეციალისტი იყოს. მისთვის საკმარისია საგნის ზოგადი ცოდნა, მაგრამ აუცილებელია ჰქონდეს მენეჯერის ნიჭი და გამოცდილება“, - ეს არის მირიან ცხვარაძის კრედო, თუმცა „ბიბლიოთეკის დირექტორად“ მის მუშაობას სხვა ახსნაც მოეპოვება:
„მე ძველი ბოლშევიკი ვარ, კომუნისტების დროს რაიკომის მდივნად ნამუშევარი. საერთოდ მიმაჩნია, რომ ადამიანი ფუჭად არ უნდა ფლანგავდეს დროს, არც მაშინ, როცა სასჯელს იხდის. თუ რამის გაკეთება შეგიძლია, უნდა აკეთო, ვალდებული ხარ აკეთო. ამ დაწესებულებაში ყოფნა იმითაც არის მძიმე, რომ იმის მოკვლას ვცდილობთ, რისი ყიდვა ფულით არ შეგვიძლია - ჩვენ ვკლავთ დროს. ეს არის ჩვენი ცხოვრების ტრაგიზმი - ის კი არა, რომ ამდენი და ამდენი წელი გვაქვს მოსჯილი, არამედ ის, რომ ჩვენ იძულებულნი ვართ მოვკლათ დრო“.
ექვსი წლით მსჯავრდადებულ მირიან ცხვარაძეს ოთხი წელი უკვე „მოუკლავს“. მართალია, დიდი ხანია „უდოც“ შეეხო, მაგრამ მისი გათავისუფლების საკითხი სასჯელაღსრულების დეპარტამენტში ჯერ არ განიხილება.
„ფილმი „ანა და ხელმწიფე“ ხომ გაქვთ ნანახი, იქ არის გენიალური ფრაზა: „სიამში ყველაფერს თავისი დრო აქვს“, ჩვენთანაც ასეა: თავის დროზე ყველაფერი იქნება, თავისუფლებაც. ისინი, ვისაც რამდენჯერმე მოუხდია სასჯელი, მეუბნებიან, ყველაზე კარგი შეგრძნება ისაა, მაშინ რომ გათავისუფლებენ, როცა არ ელიო“, - თუმცა გამოგვიტყდა, რომ პატიმრობის დარჩენილ დღეებს გამუდმებით ითვლის. წელიწადისა და ათი თვის „მოკვლას“ კი ისევ ბიბლიოთეკარის საქმიანობით გააგრძელებს.
„ბიბლიოთეკაში კიდევ ბევრია გასაკეთებელი, რისთვისაც სოციალური სამსახურის იმედი გვაქვს. პატიმრები უცხო ენების შესასწავლად სპეციალურ წიგნებს გვთხოვენ. დღემდე დეპარტამენტის სახელზე სამი განცხადება მაქვს დაწერილი, პირველი - ჟურნალ-გაზეთებთან დაკავშირებით, მეორე და მესამე წერილით კი წიგნის ფონდის შევსება მოვითხოვე. ახლა მეოთხე განცხადება უნდა დავწერო - კომპიუტერი გვჭირდება. მართალია, წიგნის გატანა-დაბრუნებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას თავიდან სპეციალურ ჟურნალში ვიწერთ, მაგრამ დღის ბოლოს ეს მონაცემი კომპიუტერულ ბაზაში შეგვყავს და არქივს ვქმნით“, - გვეუბნება „კოლონიის“ ნოვატორი ბიბლიოთეკარი.
კოლონიის ბიბლიოთეკის არქივი კომპიუტერის სტანდარტული პროგრამაა, რომელიც მირიან ცხვარაძემ ამირან და არჩილ ქადაგიშვილებთან ერთად შექმნა.
სქემა ასეთია: ცხრილში აღნიშნულია - პატიმარი №1264. წიგნი - 0623. ფაილის გახსნის შემდეგ გაიშიფრება პატიმრის ვინაობა, წიგნის დასახელება და წიგნის გატანის დრო. კოლონიის 800-მდე მსჯავრდებულიდან ბიბლიოთეკით სისტემატურად სარგებლოს 370 პატიმარი.
წიგნზე მოთხოვნილება ე.წ. კრიტშიც არის, თუმცა, იქ არსებული შეზღუდვების გამო, პატიმრებთან ლიტერატურა „ბიბლიოთეკის დირექტორს“ თვითონ მიაქვს.
პატიმართა მოთხოვნების რაოდენობით თუ ვიმსჯელებთ, რუსთავის №2 დაწესებულებაში ყველაზე პოპულარული წიგნებია „საქართველოს ისტორია“ და „პელეს ბიოგრაფია“. ბიბლიოთეკიდან წიგნის გატანის ხანგრძლივობა ერთი თვეა, თუმცა, როგორც „ბიბლიოთეკის დირექტორი“ ამბობს, ამ წესის დარღვევისთვის სანქციები დაწესებული არ აქვს.
„დაგვიანებულ წიგნებს საკნიდან საკანში ვეძებ. დაზიანების შემთხვევაში წიგნებს საკუთარი ძალებით ვარემონტებთ, ძირითადად „სკოჩით“, - ამბობს „ბიბლიოთეკარი“.
რუსთავის №2 დაწესებულების კომპიუტერული სკოლა
„ზონის“ გახსნიდან ცოტა ხანში პატიმრებს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე ბაჩო ახალაია შეგვხვდა. მან საუბრისას თქვა, რომ დაწესებულებაში კომპიუტერების შემოტანას აპირებდნენ. მე და ჩემმა შვილმა ვუთხარით, რომ კომპიუტერის სპეციალისტები ვართ და პატიმრებისთვის კომპიუტერული სკოლის ჩამოყალიბება შეგვეძლო. ცოტა ხანში კომპიუტერები მართლაც გადმოგვცეს“, - ასე იხსენებენ ამირან და არჩილ ქადაგიშვილები კომპიუტერული სკოლის ჯერ იდეის, შემდეგ კი მის რეალურ დაბადებას.
კომპიუტერულ სკოლაში ორი ახალი მაღალი სიხშირის კომპიუტერი „პენტიუმ 4“ აქვთ. უკვე არსებობს კომპიუტერის შესწავლის მსურველთა 150-კაციანი სიაც: შედგენილია სწავლების გეგმა, პროგრამა და განრიგიც. სწავლის მსურველები ჯგუფებად არიან დაყოფილები. მოსწავლეს ორი კვირის განმავლობაში 45-წუთიანი გაკვეთილი ყოველ მეორე დღეს უტარდება. კომპიუტერულ სკოლას უკვე ჰყავს „პირველი კურსდამთავრებულებიც“, მაგრამ საწყის ეტაპზე მიღებული ცოდნა საკმარისი არ არის, ამიტომ მსურველები სწავლის გასაგრძელებლად სხვა ჯგუფებში ერთიანდებიან.
„ყველა ადამიანს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. ზოგმა საერთოდ არ იცის კომპიუტერი, ზოგს სპეციფიკური პროგრამები აინტერესებს. არიან ისეთებიც, რომლებსაც არქიტექტურა აინტერესებთ, ზოგს ენების შესწავლა უნდა, ზოგს ხატვა უყვარს და თავის სამეცადინო დროს კომპიუტერით ხატვას ანდომებს, სპეცეფექტებს სწავლობს“, - ამბობენ მასწავლებლები.
კომპიუტერულ სკოლაში მეცადინეობა დილის 9 საათზე იწყება და მამა-შვილი ქადაგიშვილები ყოველდღიურად რვა გაკვეთილს ატარებენ.
„სკოლა თებერვალში დაარსდა და ამ ხნის განმავლობაში არც ერთი მეცადინეობა არ ჩაგვიგდია. საპატიოდ მხოლოდ გაკვეთილის პაემანის გამო გაცდენა ითვლება“, - გვეუბნება ამირან ქადაგიშვილი, რომელიც მოხარულია, რომ თავისი მოღვაწეობით ადამიანებს კეთილ სამსახურს უწევს.
„ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ აქ მყოფ ახალგაზრდებს დავეხმარები. ზოგი მალე გავა აქედან. ადამიანი, რომელმაც კომპიუტერი იცის, შეიძლება ისეთ საქმეს მოეკიდოს, რომ დანაშაულზე სამუდამოდ აიღოს ხელი. თუმცა აქ ბევრია შემთხვევით მოხვედრილი, კრიმინალზე რომ არც უფიქრია, ისეთი. ზოგი იმიტომ ზის, რომ იარაღი ან ნარკოტიკი ჩაუდეს. ზოგს საერთოდ არ ჩაუდენია დანაშაული და მაინც პატიმარია. ვასწავლი ამ ხალხს და კმაყოფილი ვარ, რადგან ვიცი, რომ კარგ საქმეს ვაკეთებ“, - ამბობს მამა-მასწავლებელი, რომელსაც მიაჩნია, რომ ამ სკოლაში კი არ მუშაობს - „უბრალოდ“ დრო გაჰყავს.
„მე თავისუფალი ადამიანი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ სასჯელს ვიხდი. სივრცეში გადაადგილების შეზღუდვა ჩემს თავისუფლებას ვერას დააკლებს, თუმცა თავიდანვე, ისევე, როგორც სხვა პატიმრები, დღის რეჟიმს მორჩილად ვასრულებ: თავის დროზე ვდგები, თავის დროზე ვიძინებ, ვსეირნობ, ბალანდასაც მივირთმევ და ასე შემდეგ“, - მამის ამ მოსაზრებას შვილი - არჩილ ქადაგიშვილიც კვერს უკრავს, თუმცა, მამისაგან განსხვავებით, მიიჩნევს, რომ კომპიუტერული სკოლა მისთვის სამუშაოა.
„აქაურობას სამსახურს ვეძახი. მუდმივად შემოგვაქვს განახლებები, ნოვაციები“, - ამბობს შვილი-მასწავლებელი. მისი სიტყვით, საქმემ მამა-შვილი უფრო მეტად დაახლოვა. უფრო სწორად, გარეთ, თავისუფლებაში, რაკი სხვადასხვა ადგილას მსახურობდნენ, მამა-შვილი მხოლოდ საახალწლო სუფრაზე ხვდებოდა ერთმანეთს, აქ კი სულ ერთად არიან და ერთმანეთთან სასაუბრო დრო საჭიროზე მეტიც აქვთ.
„სკოლის გარდა ვსაუბრობთ ბავშვებზე, ჩემს შვილებზე და მამაჩემის შვილიშვილებზე. ტელეფონით ოჯახის წევრებთან დაკავშირება პრობლემაა; ხან ერთი ვახერხებთ დარეკვას, ხან მეორე და მერე ოჯახის ამბებს ერთმანეთს ვუყვებით“, - ამბობს არჩილი.
როგორც მამა-შვილი ქადაგიშვილები ამბობენ, ისინი უკანონო პატიმრები არიან, მათ ეკონომიკური დანაშაულებების მთელი „ბუკეტი“ ბრალდებათ, რისთვისაც თერთმეტი წელი აქვთ მისჯილი. რაკი თავიანთი სიმართლე საქართველოში ვერ დაამტკიცეს, ბრძოლას სტრასბურგში, ადამიანის უფლებების დაცვის სასამართლოში, აპირებენ.
თუმცა სტრასბურგამდე ჯერ კიდევ დიდი დროა. ამიტომ მამა-შვილი კომპიუტერულ სკოლაში მუშაობას აგრძელებს და მადლიერიც ბევრი ჰყავთ მოსწავლე-პატიმართა შორის.
„სკოლაში სამი პრობლემა გვაქვს: სკამები გვჭირდება, რადგან, რაც გვქონდა, დაიმტვრა; დენის ხშირი ვარდნის გამო შეიძლება კომპიუტერი გაგვიფუჭდეს და ამიტომ ადმინისტრაციისგან „იუპიესს“ მოვითხოვთ; და კიდევ ერთი - ნორმალური მუშაობისთვის კონდიციონერია საჭირო“, - ამბობს ბატონი არჩილი და იმედი აქვს, რომ დეპარტამენტი ამაშიც დაეხმარება.
„პატიმარი ისეთივე ადამიანია, როგორიც ყველა სხვა, - მასაც სჭირდება სწავლა, კითხვა, წერაც (არა მარტო საჩივრების) და, რაც მთავარია, ყურადღება. მართალია, დღევანდელ სისტემაში სასიკეთო ძვრებს ვხედავ, მაგრამ ვფიქრობ, რომ კიდევ არის რესურსები, რომელთა ამოქმედება შეიძლება. ამასთან, კარგი იქნება, თუ საზოგადოებაშიც შეიცვლება ჩვენდამი დამოკიდებულება: ნუ გვიყურებენ ისე, თითქოს ჩვენ უკვე აღარაფრისთვის აღარ ვვარგოდეთ. გამოვალთ გარეთ და იქნებ გამოვადგეთ კიდეც ქვეყანას. რა იცი, ყველაფერი წინ არის“, - ამ სიტყვებით და უკეთესი მომავლის იმედით გამოგვაცილეს ჩვენმა მასპინძლებმა.
![]() |
2 რევოლუციის შემდეგ მიზნად ყველა სახელმწიფო სააგენტოს ეფექტურად ამოქმედება დავისახეთ |
▲ზევით დაბრუნება |
ინტერვიუ
ინტერვიუ რობერტ უოთკინსთან
ეკა კვესიტაძე
საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი და გაერო-ს მუდმივი კოორდინატორი, რობერტ უოთკინსი, ჟურნალ „სოლიდარობის“ მკითხველს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ და საზოგადოებრივ პროცესებზე მის შეხედულებებს უზიარებს და იმ პროექტებს აცნობს, რომელსაც გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში ახორციელებს.
რომელია ის სფეროები, რომლებშიც გაეროს განვითარების პროგრამა განსაკუთრებით აქტიურად არის ჩართული?
გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში 1993 წლიდან მოქმედებს და ოთხ ძირითად სფეროს მოიცავს: დემოკრატიულ მმართველობას, ეკონომიკურ განვითარებას, ენერგეტიკასა და გარემოს დაცვას, კრიზისების პრევენციასა და კრიზისის შემდგომ რეაბილიტაციას.
დემოკრატიული მმართველობის სფეროში ჩვენ აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების რეფორმათა განხორციელებას ვუწყობთ ხელს. ვეხმარებით საქართველოს მთავრობას მმართველობის სისტემის დეცენტრალიზაციაში, მისი საკვანძო ინსტიტუტების საქმიანობის გაუმჯობესებაში და ა.შ.
თქვენი აზრით, რამდენად ეფექტიანია ეს პროექტები და საბოლოო ჯამში საგრძნობია თუ არა მათი შედეგები?
ჩვენი აქტივობები ძირითადად იქითკენ არის მიმართული, რომ საქართველოს ხელისუფლებას დავეხმაროთ როგორც საკანონმდებლო ბაზის დახვეწასა და გაუმჯობესებაში, ასევე სტრატეგიული განვითარების პოლიტიკის შემუშავებასა და ადამიანური რესურსების მენეჯმენტში. ამ სფეროებში კი, რა თქმა უნდა, ძნელია ეფექტიანობის ზუსტი გაზომვა.
რეკომენდაციებს, რომლებსაც საკანონმდებლო სფეროს გაუმჯობესების კუთხით შეიმუშავებთ, რამდენად ითვალისწინებს საქართველოს ხელისუფლება, ხდება თუ არა მათი დროული იმპლემენტაცია?
ხელისუფლება მზადაა თანამშრომლობისთვის. ეს განსაკუთრებით რევოლუციის შემდეგ იგრძნობა. ჩვენ ვეხმარებით დღევანდელ მთავრობას იმ პრიორიტეტებზე მუშაობაში, რომლებიც მან თავად განსაზღვრა.
მჭიდროდ ვთანამშრომლობთ არასამთავრობო ორგანიზაციებთანაც. სამაგალითოა ჩვენი თანამშრომლობა სახალხო დამცველის ოფისთან.
კონკრეტულად რა დახმარებას უწევთ სახალხო დამცველის ოფისს, რათა მისი საქმიანობა ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში უფრო ნაყოფიერი იყოს?
რევოლუციის შემდეგ მიზნად ყველა სახელმწიფო სააგენტოს ეფექტურად ამოქმედება დავისახეთ. ამ მიზნის მისაღწევად საჭირო იყო თანამშრომლებს ნორმალური, მეტ-ნაკლებად ადეკვატური ხელფასე-ბი ჰქონოდათ. ჩვენ უზრუნველვყავით მაღალჩინოსნებისთვის სახელფასო დანამატის გამოყოფა, რათა სახელმწიფოს საშუალება ჰქონოდა, მაღალკვალიფიციური კადრები მოეზიდა. ეს პროექტი მხოლოდ წელიწადნახევარს გაგრძელდა, მაგრამ ამ დროის განმავლობაში მოვახერხეთ ადმინისტრირება ფუნქციური და ეფექტური გამხდარიყო. ჩვენი წვლილი შევიტანეთ ასევე სახელმწიფო სტრუქტურების ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებაში, სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებაში და ა. შ. ამ მიმართულებით დავეხმარეთ ომბუდსმენის ოფისსაც. ჩვენი ამოცანა იყო, რომ ის გავლენიან სახელმწიფო ინსტიტუტად ჩამოყალიბებულიყო.
თქვენი აზრით რამდენად გავლენიანია დღეს სახალხო დამცველის ინსტიტუტი საქართველოში?
მიმართულება და პოზიცია, რომელიც სახალხო დამცველის ოფისმა აირჩია ადამიანის უფლებათა დასაცავად, ძალიან სწორად არის განსაზღვრული. მართებულად არის ფორმულირებული ის რეკომენდაციებიც, რომლებსაც სახალხო დამცველის ოფისი ხელისუფლებას აძლევს, რათა ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მდგომარეობა გაუმჯობესდეს. ყველა ინდიკატორის მიხედვით ეს ინსტიტუტი გავლენიან სახელმწიფო სააგენტოდ ჩამოყალიბდა.
ადამიანის უფლებების სფეროში რა შეიძლება ჩაითვალოს ხელისუფლების წარმატებად და რა ძირითადი პრობლემებია ჯერ კიდევ გადაუჭრელი, დაუყოვნებლივ რეაგირებას რომ მოითხოვს?
რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით გარკვეული პროგრესი აშკარაა. მაგრამ იმ შედეგების მიღწევას, რომლებიც ჩვენ დავისახეთ მიზნად, საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება, რადგან ასეთი შედეგები ადამიანთა მენტალიტეტის, მათი ცნობიერების ცვლილებასაც მოითხოვს. ეს კი სწრაფად ვერ ხერხდება.
ადამიანის უფლებების სფეროში არსებულ პრობლემებთან მიმართებით ხელისუფლების მენტალიტეტის ცვლილებასაც გულისხმობთ?
რა თქმა უნდა, ამასაც. ვმუშაობთ იმაზე, თუ როგორ უნდა გახდეს ხელისუფლება უფრო მეტად პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებული ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული საკითხების გამო, როგორ უნდა მოხდეს შესაბამისი რეკომენდაციების დანერგვა და მათი მონიტორინგი.
როგორ ფიქრობთ, ამ თვალსაზრისით პროგრესი შეიმჩნევა ხელისუფლებაში?
რასაკვირველია, თუმცა ისევ ვიმეორებ, რომ ხელშესახები შედეგების მიღწევა დიდ დროს მოითხოვს. მაგალითად, ჩვენი ერთ-ერთი პროექტი გენდერულ პოლიტიკას ეხება და ამ საკითხზე პარლამენტთანაც ვთანამშრომლობთ. მაგრამ სუსტმა და ძლიერმა სქესმა რომ ერთნაირი მოპყრობა დაიმსახუროს, ამისთვის, მეტი თუ არა, ის დრო მაინც უნდა გავიდეს, რაც ასპარეზზე კიდევ ერთი ახალი თაობის გამოსვლისთვის არის საჭირო. რა თქმა უნდა, ვერ მოხდება ისე, რომ ჩვენ პროექტს დავასრულებთ და შედეგად საქართველოში ქალების მიმართ უფრო სამართლიან მოპყრობას მივიღებთ. მაგრამ ეს პროექტი, ჩვენი ღრმა რწმენით, ამ გრძელ გზაზე ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია.
ჩვენ შევისწავლეთ ქალების მიმართ განხორციელებული ოჯახური ძალადობის საკითხი. რა თქმა უნდა, მარტო კვლევა ამ პრობლემას ვერ გადაჭრის, მაგრამ პრობლემებისა და მათი გამომწვევი მიზეზების დადგენა უმნიშვნელოვანესი ეტაპია, რომლის შემდეგ მდგომარეობის გაუმჯობესების გზები უნდა გამოინახოს.
ჩვენვე ვაფინანსებთ ეროვნული უმცირესობების პრობლემების კვლევასაც, რომელსაც სახალხო დამცველის ოფისი ახორციელებს. რა თქმა უნდა, კვლევა ამ შემთხვევაშიც ვერ შეცვლის ეთნიკური უმცირესობების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებას. მაგრამ ამ კვლევის შედეგად მიღებული რეკომენდაციები დაეხმარება ხელისუფლებას ეროვნული უმცირესობების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში, რაც ამ სფეროში არსებული პრობლემების მოგვარების წინაპირობაა და ა. შ.
ადამიანის უფლებების სფეროში ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პრობლემა ციხეებში არსებული მდგომარეობაა. თქვენი აზრით, რა კეთდება ამ მიმართულებით? იცვლება თუ არა ხელისუფლების მენტალიტეტი, ხვდებიან თუ არა, რომ პატიმრებსაც ადამიანურად უნდა მოექცე, რომ მათი ძირითადი უფლებები დაცული უნდა იყოს?
ციხეებში არსებული პრობლემები ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად რჩება ამ ხელისუფლებისთვის. ასევე ბევრი პრეტენზია არსებობს ეჭვმიტანილთა დაკავების დროს დაშვებული შეცდომების გამო, იმის გამო, რომ პოლიცია არათანაზომად იყენებს ძალას ეჭვიმიტანილების აყვანისას და ა. შ.
მე ვფიქრობ, რომ პოლიციის სტრუქტურებში ბევრი რამ შეიცვალა, პოლიციის საქმიანობა გაცილებით უფრო გამჭვირვალე გახდა. საგრძნობლად შემცირდა კორუფციაც. ბევრი რამ გაკეთდა, რომ ეს ორგანო პასუხისგებლობის მქონე სამოქალაქო ინსტიტუტად იქცეს. მაგრამ მიღწეული წარმატებების მიუხედავად, კვლავ რჩება პრობლემები და ეს პრობლემები, პირველ ყოვლისა, დაკავებულთა მიმართ მოპყრობაში მდგომარეობს. ამიტომ ეს თემა ერთ-ერთი პრიორიტეტულია სახალხო დამცველისათვის, ისევე როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებისთვისაც.
პატიმართა მდგომარეობა სრულიად მიუღებელია, განსაკუთრებით მათი, ვინც სასამართლოს მოლოდინში წინასწარი დაკავების საკანში იმყოფება. მე პირადად მოვინახულე რამდენიმე ციხე და შოკირებული დავრჩი იქ არსებული ვითარებით.
როცა მე-5 იზოლატორს ვესტუმრე, იქ ამიხსნეს, თუ რა პროგრესი იქნა მიღწეული ამ ბოლო დროს, რომ, მაგალითად, ის საკანი, რომელიც სარდაფში იყო მოწყობილი პატიმართა დასასჯელად, აღარ არსებობს. ეს ინფორმაცია საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმაც დამიდასტურეს. ასე რომ, საპატიმროებში არსებული ბევრი მანკიერი ტრადიცია აღმოიფხვრა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, სრულიად მიუღებელი რჩება პირობები, რომლებშიც პატიმრების უმრავლესობას უწევს ყოფნა. ამ პრობლემას ხელისუფლებაც აცნობიერებს და გარკვეული ნაბიჯები უკვე გადაიდგა. შენდება ახალი ციხეები, რაც მდგომარეობას აუცილებლად გამოასწორებს. მაგალითად, რუსთავის მე-2 საპყრობილეში შეუდარებლად უკეთესი პირობებია, ვიდრე იმავე მე-5 იზოლატორში.
მიუხედავად ერთგვარი წარმატებისა, პროგრესი ტემპი ამ მიმართულებით მაინც ნელია. თქვენი აზრით, რატომ? იმიტომ, რომ ხელისუფლებისთვის ეს თემა პრიორიტეტული არ არის, თუ იმის გამო, რომ ციხეებში პირობების გაუმჯობესება დიდ მატერიალურ სახსრებთან არის დაკავშირებული, რის საშუალებასაც ბიუჯეტი არ იძლევა?
მე ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ორივე ფაქტორის კომბინაციასთან გვაქვს საქმე. ცხადია, პატიმრები იმიტომ არიან ასეთ პირობებში, რომ არ არის სახსრები ახალი ციხეების ასაშენებლად. თუმცა თანდათან სახსრებიც გამოჩნდა, ციხეების მშენებლობა დაწყებულია და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მომავალი წლისთვის საპატიმროებში არსებული გაუსაძლისი პირობები საგრძნობლად შემსუბუქდება. მაგრამ თვით ის ფაქტი, რომ ამდენი ხნის განმავლობაში დასაშვებად მიიჩნეოდა ციხეებში არსებული მდგომარეობა, სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ მენტალიტეტის ცვლილებაც საჭიროა.
ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის საკითხი ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან. როგორ გგონიათ, რამდენად სწორია ამ სფეროში ხელისუფლების მიერ აღებული გეზი და რა ტენდენციები შეინიშნება ამ თვალსაზრისით საზოგადოებაში?
რა თქმა უნდა, ეთნიკური უმცირესობების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულების შეცვლა უმნიშვნელოვანესი რამ არის ამ სფეროში. ხელისუფლებას მართებს ბიძგი და სწორი მიმართულება მისცეს ამ პროცესს. ხელისუფლებამ ისეთი პროექტები უნდა განახორციელოს (და ამას აკეთებს კიდეც), რომლებიც უმცირესობების წინაშე მდგარ პრობლემებს გადაჭრის. მაგალითად, თუ სამცხე-ჯავახეთის რეგიონზე ვისაუბრებთ, რომელიც ძირითადად ეთნიკური უმცირესობებით არის დასახლებული, მიზეზი, რის გამოც ეს რეგიონი მოწყვეტილი იყო დანარჩენი ქვეყნისგან, საგზაო ინფრასტრუქტურის არარსებობაც იყო. სამცხე-ჯავახეთი წლების განმავლობაში ჩამოშორებული იყო ყველა იმ პროცესს, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობდა. დღეს ბევრი რამ კეთდება, გზების რეაბილიტაციის ჩათვლით, რომ ეს რეგიონი წელში გაიმართოს და სრულფასოვნად ჩაერთოს ეკონომიკური განვითარების პროცესებში, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის ინტეგრაციას ქვეყნის მთელ საზოგადოებასთან.
თქვენი აზრით, რამდენად ტოლერანტულია ქართული საზოგადოება ეთნიკური უმცირესობების მიმართ? მაგალითად, მაღალი თანამდებობის დაკავების რა შესაძლებლობა აქვს ჩვენს საზოგადოებაში სხვა ეთნიკური წარმომავლობის ადამიანს?
სანამ ეს უმცირესობები იზოლირებულები იქნებიან და სანამ ისინი ეკონომიკურ სიდუხჭირეში იცხოვრებენ, მანამდე მინიმალური შანსი რჩება საიმისოდ, რომ მათმა წარმომადგენლებმა საზოგადოებაში მაღალი სოციალური სტატუსი მოიპოვონ.
გარდა ამისა, ისიც ძალზე მნიშვნელოვანია, რამდენადაა მზად ქართული საზოგადოება კულტურული თვალსაზრისით, რომ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი მაღალ სახელისუფლო თანამდებობაზე იხილოს. მთავრობაც და გაეროს განვითარების პროგრამაც ბევრს აკეთებს იმისათვის, რომ უმცირესობების წინაშე მდგარი პრობლემები, ეკონომიკური თუ სოციალურ-კულტურული, გადაიჭრას, მაგრამ თუ საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები არ შეიცვალა, მაშინ მნიშვნელოვანი გარდატეხა ამ მიმართულებით არ მოხდება.
მეორე მხრივ, რაც უფრო მეტად იქნებიან ეთნიკური უმცირესობები ჩართულნი საზოგადობრივი ცხოვრების მთავარ დინებებში, მით უფრო გაადვილდება მათი სოციალური პოზიციების გამყარება საზოგადოებაში.
მაგრამ იმისათვის, რომ ეთნიკური უმცირესობების ინტეგრირება მოხდეს ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში, სულ მცირე ქართული ენის ცოდნაა საჭირო, რაც სერიოზული პრობლემაა თითქმის ყველა ეთნიკური უმცირესობისთვის. ეს კი ის ბარიერია, რომელსაც მათ მაგივრად ვერავინ დაძლევს.
რასაკვირველია, ასეა, მაგრამ უნდა არსებობდეს მოტივაცია იმისათვის, რომ ქართული ისწავლონ. როდესაც ისინი ეკონომიკური და პოლიტიკური თვალსაზრისით სრულ იზოლაციაში ცხოვრობდნენ, რა თქმა უნდა, არანაირი ასეთი მოტივაცია არ არსებობდა.
ახლა კი, როცა ამ იზოლაციის დასაძლევად ბევრი რამ გაკეთდა, მოტივაციაც გააჩნდა. თავის მხრივ, ხელისუფლებაც ქმნის პირობებს, რომ ქართულის შესწავლა მათთვის ხელმისაწვდომი გახდეს. მაგრამ ენის სწავლა ორ-სამ დღეში არ ხდება, ამასაც დრო დასჭირდება.
სხვათაშორის, მომავალი საპარლამენტო არჩევნები იქნება კარგი ინდიკატორი იმისა, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს ხელისუფლებას ეთნიკური უმცირესობების მიმართ. ჩვენ ვესაუბრებით მთავრობის წარმომადგენლებს და ვუხსნით - იმისათვის, რომ არჩევნები ნამდვილად დემოკრატიული, თავისუფალი და გამჭვირვალე იყოს, საჭიროა ეთნიკურ უმცირესობებს მაქსიმალური ინფორმაცია ჰქონდეთ იმის შესახებ, თუ რომელი პარტიები იღებენ მონაწილეობას არჩევნებში, ვინ არიან მათი ლიდერები, რა პროგრამა აქვთ და ა.შ. იმის გამო, რომ ეთნიკურ უმცირესობათა უმრავლესობამ არ იცის ქართული, მათ ამ ინფორმაციის მიღება უჭირთ. 2008 წლამდე ისინი ქართულს ისე ვერ ისწავლიან, რომ საარჩევნო პროცესებში აქტიურად ჩაებან. ამიტომ მათ ეს ინფორმაცია მშობლიურ ენაზე უნდა მიეწოდოთ. ეს ასე ხდება ყველა ქვეყანაში. მაგალითად, შვეიცარიაში მოსახლეობა ოთხ ლინგვისტურ ჯგუფადაა გაყოფილი. ამიტომ აუცილებელია, რომ ყველა ოფიციალური, სახელმწიფო დოკუმენტი ოთხივე ენაზე ითარგმნოს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ოთხი ენიდან ერთერთს მოსახლეობის 2 პროცენტზე მეტი არ ფლობს.
![]() |
3 ადამიანის უფლებები და უნივერსალური პასუხისმგებლობა |
▲ზევით დაბრუნება |
Tolerance
დალაი-ლამა XIV, გაეროს საერთაშორისო კონფერენცია „ადამიანის უფლებები“
ვენა, ავსტრია, 1995 წლის 15 ივნისი
მოსახლეობის ზრდის შესაბამისად, ადამიანებსა და მთავრობებს შორის კონტაქტების გაღრმავებასთან ერთად ჩვენი სამყარო სულ უფრო მჭიდრო და ურთიერთდამოკიდებული ხდება. ამ გარემოების გათვალისწინებით, ადამიანების ხალხებისა და ერების უფლებები ერთმანეთთან და მთლიანად პლანეტასთან დამოკიდებულების თავალსაზრისით ახალ გააზრებას საჭიროებს. ორგანიზაციებისა და მთავრობების ეს საერთაშორისო კონფერენცია მსოფლიოში ადამიანების უფლებებისა და თავისუფლების საკითხს ეძღვნება. ეს იმაზე მიუთითებს, რომ სულ უფრო და უფრო ღრმად ვაცნობიერებთ, რომ ერთმანეთზე დამოკიდებულნი ვხდებით.
წარმომავლობის მიუხედავად, ყველანი, უპირველესად, ადამიანები ვართ. ამ თვალსაზრისით არაფრით განვსხვავდებით ერთმანეთისგან; გვაქვს საერთო ადამიანური მოთხოვნილებები და საზრუნავი; მიუხედავად რასისა, რელიგიისა, სქესისა და საზოგადოებრივი სტატუსისა, ყველანი ბედნიერებას ვესწრაფვით და ტანჯვისგან თავის დაღწევას ვცდილობთ. ადამიანს, ისევე როგორც ყველა ცოცხალ არსებას, ბედნიერებისკენ სწრაფვის, სამყაროთი ტკბობისა და თავისუფლების უფლება აქვს. როგორც თავისუფალ პიროვნებებს, ძალგვიძს, უნიკალური ინტელექტის წყალობით ვცადოთ საკუთარი თავისა და სამყაროს შეცნობა, მაგრამ თუ ჩვენი შემოქმედებითი პოტენციალის გამოყენებაში ხელს გვიშლიან, მაშინ ადამიანობის განმსაზღვრელ ერთერთ მნიშვნელოვან თვისებას ვკარგავთ. ადამიანის უფლებების დარღვევის მსხვერპლად, ძალზე ხშირად, ჩვენი საზოგადოების ყველაზე ნიჭიერი, შეუპოვარი და შემოქმედებითად მოაზროვნე წევრები ხდებიან. ამრიგად, ადამიანის უფლებების დარღვევა ხელს უშლის ჩვენი საზოგადოების პოლიტიკურ, სოციალურ, კულტურულ და ეკონომიკურ განვითარებას. შესაბამისად ამ უფლებების და თავისუფლების დაცვა კოლოსალურ მნიშვნელობას იძენს, როგორც ცალკეული ადამიანისთვის, ასევე მთლიანად საზოგადოების განვითარებისთვის.
მწამს, რომ ის ძირითადი ფაქტორი, რის გამოც ერთი ადამიანი მეორეს ტანჯავს, ბედნიერების ჭეშმარიტი მიზეზების არასაკმარისი ცოდნაა. ზოგი ფიქრობს, რომ სხვისი დატანჯვა მის ბედნიერებას შეუწყობს ხელს, მისი პირადი ბედნიერებისთვისაა საჭირო სხვისთვის ტკივილის მიყენება, მაგრამ ეს ხომ აშკარა სიბეცეა. სხვა ადამიანებისთვის ზიანის მიყენებით ნამდვილ ბედნიერებას ვერავინ მიაღწევს. სხვის უბედურებაზე აგებული ბედნიერება ხანმოკლეა. სხვისთვის ტანჯვის მიყენება, მათი სამყაროსა და ბედნიერების დანგრევა წუხილს, შიშსა და საკუთარი თავის მიმართ უნდობლობას იწვევს.
უკეთესი და უფრო ბედნიერი სამყაროს შექმნის გასაღებს სხვა ადამიანების სიყვარული და თანაგრძნობა წარმოადგენს. ეს, რა თქმა უნდა, იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტი უნდა ვიზრუნოთ ჩვენს დებსა და ძმებზე, ვისაც ნაკლებად გაუმართლა. ამ მხრივ, გადამწყვეტი როლი საზოგადოებრივ ორგანიზაციებს ენიჭებათ. თქვენ საზოგადოებას არა მარტო ყველა ადამიანის უფლებების დაცვის აუცილებლობაში არწმუნებთ, არამედ ადამიანის უფლებების დარღვევის მსხვერპლთ უკეთესი მომავლის იმედს უსახავთ.
1973 წლის ევროპაში პირველი ვიზიტის დროს მსოფლიოში ადამიანთა მზარდი ურთიერთდამოკიდებულებისა და უნივერსალური პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარების შესახებ ვისაუბრე. ჩვენ გლობალურ აზროვნებას ვსაჭიროებთ, ვინაიდან ერთი რომელიმე ერის მოქმედება მის მიერ ათვისებული ტერიტორიის საზღვრებიდან შორს აისახება. თანამედროვე მსოფლიოში პრინციპულ მნიშვნელობას იძენს ადამიანის უფლებების ყველასათვის სავალდებულო სტანდარტების მიღება, როგორც ეს აღნიშნულია, ჩაწერილია ადამიანის უფლებათა „უნივერსალურ დეკლარაციაში“ და ადამიანის უფლებათა «საერთაშორისო კონვენციაში». ადამიანის ფუნდამენტური უფლებების პატივისცემა მხოლოდ იდეალად არ უნდა დარჩეს, იგი მტკიცე საფუძვლად უნდა დაედოს ადამიანთა საზოგადოების მშენებლობას.
უფლებები და თავისუფლება პიროვნულ მოვალეობასაც გულისხმობს. გვინდა განვაცხადოთ, რომ მშვიდობიანი ცხოვრებისა და ბედნიერების უფლება სხვებსაც ისევე აქვთ, როგორც ჩვენ. ამით გაჭირვებულების შეწევნით ვალდებულებას ვიღებთ საკუთარ თავზე. ადამიანის ფუნდამენტური უფლებების პატივისცემა მნიშვნელოვანია, როგორც აფრიკისა და აზიის, ისევე ევროპისა და ამერიკის მცოვრებთათვის. ყველა ადამიანი, მიუხედავად კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობისა, იტანჯება, როცა აშინებენ, აპატიმრებენ, ან აწამებენ. ადამიანის უფლებების შესახებ საკითხს ისეთი ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს, რომ ამასთან დაკავშირებით რაიმე განსხვავებული შეხედულება არ არსებობს. ასე რომ, ადამიანის უფლებების პატივისცემის ვალდებულებასთან დაკავშირებით უნდა მივაღწიოთ არა მხოლოდ საყოველთაო შეთანხმებას, არამედ თანხმობას ამ უფლებების განსაზღვრის დროს.
ამას წინათ ზოგიერთმა აზიელმა მმართველმა განაცხადა, რომ ადამიანის უფლებათა «უნივერსალურ დეკლარაციაში» ჩაწერილი უფლებათა ნორმები დასავლეთის მიერაა შემოთავაზებული და კულტურული, ასევე სოციალურ-ეკონომიკური განვითარების განსხვავების გამო არ გამოდგება აზიისა და მესამე ქვეყნების სხვა რეგიონებში. მე ვერ გავიზიარებ ამ შეხედულებას. ასევე მჯერა, რომ ამ თვალსაზრისს ბევრი აზიელიც არ ეთანხმება, ვინაიდან თავად ადამიანის ბუნებაშია ჩადებული თავისუფლების, თანასწორობისა და ღირსებისკენ სწრაფვა. ყველა ადამიანს ერთნაირად ამოძრავებს მათი მიღწევის სურვილი. ვერავითარ წინააღმდეგობას ვერ ვხედავ ეკონომიკური განვითარების აუცილებლობასა და ადამიანის უფლებების პატივისცემის ვალდებულებას შორის. სიმდიდრემ და კულტურულ-რელიგიურმა მრავალფეროვნებამ ყოველ საზოგადოებაში მხოლოდ ხელი უნდა შეუწყოს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვას. ეს მრავალფეროვნება ყველა ადამიანის, როგორც ერთი ზოგადასაკაცობრიო ოჯახის წევრების, გამაერთიანებელ ფუნდამენტურ პრინციპებს გულისხმობს. ტრადიციების განსხვავებით ვერასდროს აიხსნება და გამართლდება ადამიანის უფლებების დარღვევა. სხვა რასის ადამიანების, ქალებისა და საზოგადოების დაბალი ფენების დისკრიმინაცია შესაძლოა ტრადიციას წარმოადგენდეს ზოგიერთ რეგიონში, მაგრამ, თუ ისინი უნივერსალურად აღიარებულ ადამიანის უფლებებს ეწინააღმდეგება, მოქმედების ეს ფორმები წარსულს უნდა ჩაბარდეს. დამყარდეს ყველა ადამიანის თანასწორობის უნივერსალური პრინციპი.
ადამიანის უფლებების უნივერსალურობის აღიარებას უმთავრესად ავტორიტარული და ტოტალიტარული რეჟიმები ეწინააღმდეგებიან. მათი შეხედულებების გაზიარება ყოვლად შეუწყნარებელია. პირიქით, საჭიროა ასეთი რეჟიმების იძულება, რათა პატივი სცენ საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს და განახორციელონ ისინი, საკუთარი ხალხების უფრო არსებითი და გრძელვადიანი ინტერესებიდან გამომდინარე. უკანასკნელ წლებში მომხდარმა დრამატულმა ცვლილებებმა ნათლად წარმოაჩინა ადამიანის უფლებების აღიარებისა და გამარჯვების გარდაუვალობა.
ერები ერთმანეთისა და ჩვენი საერთო პლანეტის მიმართ სულ უფრო მეტ პასუხისმგებლობას იჩენენ. ეს სასიხარულო მოვლენაა იმ ფონზე, როცა ადამიანები ჯერ კიდევ უზარმაზარ ტანჯვას აყენებენ ერთმანეთს, შოვინისტური, რასობრივი, იდეოლოგიური და ისტორიული მოსაზრებიდან გამომდინარე. დაჩაგრულთათვის ახალი იმედები ისახება. ადამიანები ყველგან მზად არიან თანამოძმეების უფლებებისა და თავისუფლების დაცვისათვის.
უხეში ძალა ვერასოდეს ჩაახშობს თავისუფლებისა და ღირსებისადმი ადამიანის მისწრაფებას. აღარ არის საკმარისი ხალხის დამშევა და მათი სისხლის დაღვრა, როგორც ამას კომუნისტები აკეთებდნენ. ადამიანის ბუნების უფრო ღრმა მოთხოვნილებას თავისუფლების ჰაერით სუნთქვა წარმოადგენს. თუმცა ზოგიერთი მთავრობა საკუთარი მოქალაქეების ფუნდამენტურ უფლებებს საშინაო საქმედ განიხილავს. მათ არ სურთ გაიგონ, ყოველი ქვეყნის მცხოვრებთა ბედი საერთო, ზოგადსაკაცობრიო ზრუნვის საგანს წარმოადგენს და მოსაზრებები სუვერენიტეტის შესახებ საკუთარი მოსახლეობის ჩაგვრის საფუძველს არ უნდა ქმნიდეს. ჩვენ, როგორც ადამიანთა გლობალური ოჯახის წევრებს, არა მარტო პროტესტის უფლება გვაქვს, როცა ჩვენი დები და ძმები სისასტიკის მსხვერპლნი ხდებიან, არამედ ვალდებულნი ვართ ყველაფერი გავაკეთოთ მათ დასახმარებლად.
არც თუ დიდი ხნის წინ ერებისა და ხალხების გამყოფი ხელოვნური ბარიერები მოიშალა. ბერლინის კედლის დაცემით ათწლეულების მანძილზე დასავლეთად და აღმოსავლეთად გაყოფილი მსოფლიო წარსულს ჩაბარდა. ჩვენ იმედებითა და მოლოდინით აღსავსე ეპოქაში ვცხოვრობთ, მაგრამ ჯერ კიდევ რჩება უზარმაზარი ნაპრალი, რომელიც კაცობრიობის ოჯახის გულს შუაზე კვეთს. ამ შემთხვევაში ჩრდილოეთისა და სამხრეთის განხეთქილებას ვგულისხმობ. თუ მართლა ვაღიარებთ თანასწორობის პრინციპებს, რომელიც ადამიანის უფლებების კონცეფციის საფუძველს წარმოადგენს, აღარ უნდა დავხუჭოთ თვალი დღევანდელ ეკონომიკურ უთანასწორობაზე. აღარ შეიძლება მხოლოდ განცხადება იმისა, რომ ადამიანები თანასწორუფლებიანები არიან თავიანთი ღირსებით. ეს მოქმედებაში უნდა გამოიხატოს. ჩვენ მსოფლიო რესურსების უფრო სამართლიანი გადანაწილების გზები უნდა გამოვნახოთ.
მთელ მსოფლიოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული თავისუფლების დასაცავად უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი მოძრაობის მოწმენი ვართ. ეს მოძრაობა უფრო ძლევამოსილი უნდა გახდეს ზნეობრივი თვალსაზრისით, რომ მისი ჩახშობა ყველაზე სახელგატეხილმა მათვარობებმა და არმიებმაც კი ვერ შეძლონ. ეს კონფერენცია ამ პრინციპების მიმართ ჩვენს ერთგულებას ადასტურებს. სამართლიანი და ბუნებრივია, როცა ერები, ხალხები და ცალკეული ადამიანები საკუთარი უფლებებისა და თავისუფლების პატივისცემას ითხოვენ, რეპრესიების, რასიზმის ეკონომიკური ექსპლუატაციის აღკვეთისთვის იბრძვიან, სამხედრო ოკუპაციის, კოლონიალიზმის სხვადასხვა ფორმების და გარედან გაბატონების წინააღმდეგ ილაშქრებენ. მთავრობებმა ფუჭი ლაპარაკის ნაცვლად აქტიურად უნდა დაუჭირონ მხარი მსგავს მოთხოვნებს.
მე-20 საუკუნის დასასრულს ვუახლოვდებით და მსოფლიოს ერთიან საზოგადოებად ჩამოყალიბების პროცესი ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს. მოვალენი ვართ, გავერთიანდეთ სერიოზული პრობლემების გადასაჭრელად. ეს პრობლემები უკავშირდება მიგრაციას, ბუნებრივი რესურსების ამოწურვას, ეკოლოგიურ კრიზისს, რაც პლანეტაზე ჩვენს არსებობას უქმნის საფრთხეს. ადამიანის უფლებები, გარესამყაროს დაცვა, სოციალურ-ეკონომიკური თანასწორობა - ყოველივე ეს მჭიდრო ურთიერთკავშირშია. მწამს, რომ დროის მიერ წამოჭრილი პრობლემების დასაძლევად ადამიანებმა საკუთარ თავში უნივერსალური პასუხისმგებლობა უფრო უნდა გააღრმავონ. ყველა ჩვენგანმა უნდა იღვაწოს არა მხოლოდ საკუთარი თავის, საკუთარი ოჯახის, ან საკუთარი ხალხის, არამედ მთელი კაცობრიობის კეთილდღეობისათვის. უნივერსალური პასუხისმგებლობა მთელი მსოფლიოს წინაშე მშვიდობის საფუძველს წარმოადგენს.
თანამშრომლობის საჭიროება მხოლოდ დაახლოვებს კაცობრიობას. მისი დახმარებით გავაცნობიერებთ, რომ ახალი მსოფლიო წესრიგის ყველაზე მტკიცე საფუძველს წარმოადგენს არა უბრალოდ ფართო პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების ჩამოყალიბება, არამედ გულწრფელი სიყვარულის პრაქტიკა და ყოველი ცალკეული ადამიანის თანაგრძნობა. ეს თვისებები ადამიანის ბედნიერების უმთავრესი წყაროა და მათ მიმართ ჩვენი მოთხოვნილება ყოფიერების საძირკველს წარმოადგენს. თანაგრძნობა არის არა იდეალიზმი, არამედ საკუთარი და სხვისი ჭეშმარიტი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების ყველაზე ეფექტური საშუალება. რაც უფრო ურთიერთდამოკიდებულები ვხდებით, მით უფრო ვგრძნობთ სხვათა კეთილდღეობისათვის ზრუნვის საჭიროებას.
მწამს, რომ ერთ-ერთი პრინციპული ფაქტორი, რაც ურთიერთდამოკიდებულების გაცნობიერებაში გვიშლის ხელს, არის მატერიალური პროგრესით მეტისმეტი გატაცება. ჩვენდა უნებურად უმთავრესი თვისებები - თანაგრძნობა, სხვებზე მზრუნველობა, თანამშრომლობისათვის მზადყოფნა უგულებელვყავით. თუ ვიღაცას არ ვიცნობთ, ან რომელიმე ადამიანთან, ან ჯგუფთან რაიმე არ გვაკავშირებს, საერთოდ არ ვაქცევთ მათ გაჭირვებას ყურადღებას. ადამიანთა საზოგადოების განვითარება კი მოითხოვს, რომ ადამიანებმა ერთმანეთს დახმარების ხელი გაუწოდონ.
მწამს, რომ საზოგადოების შეცვლა ცალკეულ ადამიანებს ძალუძთ. თითოეულმა უფრო მეტი უნდა აკეთოს, რათა ჩვენი საერთო ოჯახი სწორი მიმართულებით განვითარდეს. ეს ვალდებულება ყოველმა ჩვენგანმა უნდა იტვირთოს. როგორც ბუდისტი ბერი, საკუთარ თავში თანაგრძნობის განვითა რებას ვცდილობ არა მხოლოდ რელიგიური პრაქტიკის, არამედ ადამიანური თვალსაზრისითაც. ამ ალტრუისტული განწყობილების გასაძლიერებლად ზოგჯერ წარმოვიდგენ, რომ სრულიად მარტო ვდგავარ უზარმაზარი ბრბოს პირისპირ, რომელსაც ყველა დანარჩენი ადამიანი წარმოადგენს და ვეკითხები საკუთარ თავს, ვისი ინტერესები უფრო მნიშვნელოვანია? ჩემთვის სავსებით ცხადი ხდება, რომ როგორი მნიშვნელობაც არ უნდა მივანიჭო საკუთარ თავს, მე მხოლოდ და მხოლოდ ერთი ადამიანი ვარ, მაშინ, როდესაც სხვები უსასრულოდ ბევრნი არიან თავიანთი რაოდენობითა და მნიშვნელობით.
![]() |
4 სტუმრად სამშობლოში |
▲ზევით დაბრუნება |
მრგვალი მაგიდა
მოგონებები მშობილური მხარისა და საკუთარი სახლკარის შესახებ; უამრავი კეთილი ადამიანის მიერ გამოწვდილი დახმარების ხელი, გამამხნევებელი სიტყვა და სურვილები; დაუვიწყარი ამბები გმირი მეომრების, გამყიდველი სარდლებისა და პოლიტიკოსების შესახებ; თვიდან თვემდე საარსებოდ საკმარი 14 ლარის მოლოდინი; სახლში დაბრუნებისა და დროებითი საცხოვრებელი ფართიდან სპეცრაზმისა და ვიდოკამე- რების თანხლებით გამოსახლების „პერსპექტივა“; მშობლიურ მხარეში დაბრუნების შესახებ შეთხზული იმედების ასრულების მოლოდინი; მრავალჯერ მოსმენილი საყვედური „ამდენი იყავით და აქეთ რას გამორბოდით“; - ესაა აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსე- თიდან განდევნილი 300 ათასამდე ჩვენი თანამემამულის ყოველდღიური ფიქრისა და ცხოვრების ნაწილი.
კობა ჩოფლიანი: დღევანდელი მრგვალი მაგიდის თემაა საქართველოს დევნილი მოსახლეობა, მათი სოციალური მდგომარეობა, საყოფაცხოვრებო პრობლემები, განვითარების პერსპექტივები და დევნილებთან დაკავშირებული სხვა საკითხები. მაგრამ ვიდრე ყოველივე ამაზე ვისაუბრებდეთ, საინტერესოა პირადად თქვენთვის ვინ არიან დევნილები, თქვენი დაკვირვებით, როგორ აღიქვამენ მათ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფები და თვითონ დევნილები როგორ აღიქვამენ იმ საზოგადოებას, სადაც მათ ამჟამად უწევთ ცხოვრება?
შოთა მოლაშხია, საქართველოს პარლამენტის წევრი, ტერიტორიული მთლიანობის დროებითი საპარლამენტო კომისიის თვამჯდომარე: დევნილები, პირველ ყოვლისა, სამართლებრივად შეზღუდული ადამიანები არიან, რომლებმაც დაკარგეს ქონება, მათი უფლება დაირღვა, მათ არ აქვთ დაკარგულის შესაბამისი ბინა და მდგომარეობა აქ, სადაც ახლა ცხოვრობენ. არის მეორე ტიპის პრობლემა - ფსიქოლოგიური: ამდენი ხნის განმავლობაში მათზე პრაქტიკულად არავინ ზრუნავდა, არავინ ეუბნებოდათ, როგორ განვითარდებოდა მათი ცხოვრება, სულ მოლოდინში იყვნენ და ამიტომ სასოწარკვეთილნი არიან. უნდა მოხდეს მათი ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია, მათ საქართველოს სრულყოფილ მოქალაქეებად უნდა იგრძნონ თავი. ამ ხალხს განსაკუთრებული მიდგომა და განსაკუთრებული მოპყრობა სჭირდება - მათ ხომ უმძიმესი ტანჯვა გამოიარეს. უშუქობას, უწყლობას, რაც ყველა ჩვენგანის პრობლემა იყო, მათთვის ისიც დაემატა, რომ მთელი ქონება დაკარგეს და ახლა იმედს მაინც ნუღარ დავაკარგვინებთ!
გიორგი გვასალია, საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის დროებითი საპარლამენტო კომისიის აპარატი: რა ღონისძიებების გატარებასაც არ უნდა აპირებდეს სახელმწიფო დევნილთა მდგომარეობის შესამსუბუქებლად, პირველ ყოვლისა ამ ხალხისთვის საყოფაცხოვრებო და სოციალური პირობების გაუმჯობესებაა აუცილებელი. ამ მხრივ რომ მდგომარეობა არასახარბიელოა, იქიდანაც ჩანს, რომ უკვე 14 წელია აქ ცხოვრობენ და მათი საბინაო პრობლემები ჯერ კიდევ გადაუჭრელია.
მალხაზ პატარაია, ადვოკატი: მე თვითონ ვარ აფხაზეთის მკვიდრი, საკუთარ თავზე გამოვცადე მთელი ის უბედურება, ამჟამინდელ ვითარებასაც კარგად ვიცნობ და შემიძლია გითხრათ: დევნილობაში გატარებული ეს თხუთმეტი წელი ძალიან მძიმე იყო ამ ადამიანებისთვის, რაც მარტო საყოფაცხოვრებო საკითხების მოუგვარებლობით როდი იყო გამოწვეული - მათდამი, დევნილთადმი საზოგადების დამოკიდებულებაც პრობლემებით აღსავსე იყო. ამ თხუთმეტი წლის განმავლობაში ეს ხალხი საზოგადოების მარგინალურ, გარიყულ ფენად, გარკვეულწილად ჩაკეტილ საზოგადოებად ჩამოყალიბდა, რადგანაც ვერ დამყარდა ნორმალური ურთიერთობა დევნილ და ადგილობრივ მოსახლეობას შორის. მხედველობაში მაქვს არა ეპიზოდური კონტაქტი, არამედ სრულყოფილი, როგორიც ჩვეულებრივ არსებობს საზოგადოების სხვადასხვა ნაწილებს შორის. ამას თავისი ობიექტური და სუბიექტური მიზეზები აქვს. ჯერ ობიექტურ ფაქტორზე ვთქვათ ორიოდ სიტყვა: დაახლოებით ასეთი დამოკიდებულება იყო ვიეტნამში ნაბრძოლი ჯარისკაცების მიმართ მას შემდეგ, რაც ისინი აშშ-ში დაბრუნდნენ: დიდ ხანს ადგილს ვერ პოულობდნენ და გარიყულნი იყვნენ ამერიკული საზოგადოებისგან. საზოგადოებას არ უყვარს თავისი ტკივილების და მარცხის გახსენება, ჩვენ კი ამ ტკივილის და მარცხის გამხსენებელნი ვართ. სუბიექტური ფაქტორი კი ის გახლავთ, რომ წინა ხელისუფლებას ეშინოდა ხალხის ამ მასის, ამიტომაც ყველა უბედურებას, რაც აფხაზეთში დატრიალდა, ჩვენ გვაბრალებდნენ. ფსიქოლოგიურად ეს ძალიან მძიმედ მოქმედებდა დევნილებზეც და საერთოდ საზოგადოებაზეც. დევნილთა მიმართ ნეგატიური განწყობის ჩამოყალიბებას წინა ხელისუფლებამ შეუწყო ხელი.
ვალერი კოპალეიშვილი, დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის სამდივნოს ხელმძღვანელი: თხუთმეტი წელია დევნილები შინ დაბრუნებას ელიან და ცხოვრების აუტანელ პირობებსაც ამის იმედით უძლებენ. რომ ვერ ბრუნდებიან, ეს ერთი პრობლემაა, მეორე პრობლემა ისაა, რომ ჩვენ მათ მარტო მოლოდინით ვკვებავთ, ინტენსიურად არ ვურთიერთობთ მათთან, ისინიც წამსვლელებად, „სტუმრებად“ გრძნობენ თავს. ეს იწვევს ზუსტად გარიყულობის შეგრძნებას, რაც უკმაყოფილების წყაროა. სოციალური ინტეგრაციის გზები მათთვის ჩაკეტილია. საზოგადოების ნაწილი ბუზღუნებს - „რა სულ დევნილებს უნდა ვეხმარებოდეთ!“. დაბრუნებამდე ამ ხალხს ხომ უნდა შევუქმნათ იმის პირობები, რომ სტუმრად არ იგრძნონ თავი არც თბილისში, არც ქუთაისში, არც ზუგდიდში - არსად. ისინიც ხომ საქართველოს მოქალაქეები არიან, ისევე როგორც ჩვენ - დანარჩენები; ჩვენ ხომ შეგვეძლო გვეცხოვრა აფხაზეთში, ასევე უნდა შეეძლოთ მათაც აქ ცხოვრება - თბილისი მათიც არის, ისევე, როგორც სოხუმია ჩვენიც.
გიორგი თავაძე, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტი: როდესაც დევნილები აქ გამოჩნდნენ, თავიდანვე არასახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ამ ადამიანებში ამოქმედდა თვითგადარჩენის ინსტინქტი და უამრავი გზა და საშუალება მოსინჯეს, ხშირ შემთხვევაში, მოდი, ნუ დავმალავთ, არაკანონიერიც, რომ თავი გადაერჩინათ. ამას ვერ გავამართლებთ, მაგრამ გაგება ამისი, ვფიქრობ, შესაძლებელია.
შოთა მოლაშხია
დღეს ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ხალხი ჩვენი ტკივილია, ამ ხალხს შველა უნდა. უპირველესი და უმთავრესი ის იქნება, რომ დევნილებს შინ დაბრუნების იმედი არ მოვუკლათ, მათი 90%25-ისთვის ეს არის ყველაზე მთავარი. ყველა გაჭირვებას შინ დაბრუნების იმედით უმკლავდებიან.
მალხაზ პატარაია
ლადო არქანია, აფხაზეთის მინისტრთა საბჭო: ნუ დაგვავიწყდება, რომ აფხაზეთიდან დევნილები საქართველოს მოქალაქეები არიან და ისინი იმავე უფლებებით უნდა სარგებლობდნენ, რა უფლებებითაც საქართველოს სხვა მოქალაქეები სარგებლობენ. რა თქმა უნდა, პრობლემა უთვალავია - საბინაოც, საყოფაცხოვრებოც, სოციალური ინტეგრაციაც პრობლემაა მათვის, დასაქმებაც... მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ჩემს თბილისელ ან ქუთაისელ მეგობრებს ოდესმე ეგრძნობინებინოთ, შენ დევნილი ხარ და ამიტომ არასრულფასოვანი მოქალაქე ხარო.
კობა ჩოფლიანი: რა საქმიანობას ეწევა სახელმწიფო და კონკრეტულად თქვენი უწყებები დევნილებთან მიმართებაში, მათი საბინაო, საყოფაცხოვრებო და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით?
შოთა მოლაშხია: ჩვენთვის ამ პრობლემების გადაწყვეტის დროს არ არსებობს წვრილმანი საკითხი, ვინაიდან ტრაგიკული ბედის ადამიანებთან გვაქვს საქმე; ამიტომ ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია, რაც მათ ამჟამინდელ ყოფას შეეხება. გვინდოდა გაგვემარტივებინა რეგისტრაციის, პასპორტიზაციის, ახალშობილთა საბუთების გაფორმების პროცესები. მაგალითად, როდესაც გალში დაიბადებოდა ბავშვი, მისი დაბადების მოწმობის ასაღებად გარკვეული ბარიერების გადალახვა იყო საჭირო. იუსტიციის სამინისტროს მხარდაჭერით საამისო პროცედურები გამარტივდა. ან კიდევ: ამ ხნის განმავლობაში გალის სკოლების პედაგოგთა ხელფასი არ გაიცემოდა; წელს ეს თანხა უკვე ბიუჯეტში ზის და ხელფასიც გაიზრდება. ესეც ჩვენი მონაწილეობით გაკეთდა. თავიდანვე ძალისხმევა იქით მივმართეთ, რომ საერთაშორისო სასამართლოების გამოყენების მექანიზმი აგვემოქმედებინა, რათა დევნილებს ეგრძნოთ, რომ სახელმწიფო გვერდით უდგათ. ერთი მიმართულება ჩვენი მოღვაწეობისა, კერძოდ, დებულების შემუშავება ქონებრივი ზარალის შესახებ, სახელმწიფო პოლიტიკის საკითხად იქცა. თქვენ იცით, შეიქმნა პრეზიდენტის პროგრამა „ჩემი სახლი“. დევნილების საყოფაცხოვრებო პრობლემების მოსაგვარებლად ასეთი რამ გადავწყვიტეთ: 1600-მდე დასახლება არსებობს, სადაც დევნილების 45%25 ცხოვრობს. გამოვყავი სხვადასხვა მიმართულება. უნდა გარკვეულიყო, ამ კომპაქტური ჩასახლებების პრივატიზაცია რაიმე პირობათა დათქმით მოხდა თუ დათქმის გარეშე; თუ დათქმით მოხდა, მაშინ სრულდება თუ არა დათქმის პირობები დევნილებთან მიმართებით; ხოლო თუ დათქმის გარეშე მოხდა და ეს კანონდარღვევაა, შესაძლებელია თუ არა ამ საქმის გამოსწორება. არის სახლები, არც ერთ სტრუქტურას რომ არ ეკუთვნის. გვინდა ეს სახლები შევისწავლოთ და, თუ მართლა არავის ბალანსზე არ ზის, მოხდეს მათი პრივატიზაცია და ისინი დევნილებს გადაეცეს. ვფიქრობთ, სექტემბრისათვის სრული მონაცემები გვექნება ამის თაობაზე და დევნილების 45%25 ეცოდინება, რა პერსპექტივა ელით ამ მხრივ.
მალხაზ პატარაია: ახლა რას ვხედავთ: ხელისუფლების ერთი ნაწილი - თქვენ, სახალხო დამცველი, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო - ერთს აკეთებს, მეორე ნაწილი - ეკონომიკის სამინისტრო, შსს - სხვას.
ვალერი კოპალეიშვილი: გასწორდა ის ბრძანება (იგულისხმება შსს მინისტრის ბრძანება, რომლის ძალითაც გამარტივებულად ხდებოდა დევნილების გამოსახლება).
მალხაზ პატარაია: ბრძანება გასწორდა! ესე იგი, აღმოჩნდა, რომ ის უკანონო ყოფილა და ისინი, ვინც ამ ბრძანების საფუძველზე გამოასახლა ხალხი, სისხლის სამართლებრივი წესით უნდა დაისაჯონ. კანონდარღვევა აშკარაა - არსებობდა ნორმატიული აქტი, რომელიც იუსტიციის სამინისტროს რეესტრში არ იყო რეგისტრირებული, ანუ ძალაში არ იყო შესული და ამ აქტის საფუძველზე გამოასახლეს დევნილები ბინებიდან.
გიორგი თავაძე: შარშან ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ თავისი რესურსებით და საერთაშორისო ორგანიზაციების თანადაფინანსებით 60 კომპაქტურად ჩასახლებული ობიექტის რეაბილიტაცია მოახდინა. თავის ქებაში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ პოლიციასთან ურთიერთობის ძალიან კარგი ფორმა მოვნახეთ, და პოლიციამაც ანგარიში გაგვიწია - არც ჩვენ გვინდა ამ ხალხის ცოდვაში ჩავდგეთ და მოგვეცით რამე ხელჩასაჭიდი, რომ გამოსახლება თავიდან ავაცილოთო. პრაქტიკულად 30-35 გამოსახლება შევაჩერეთ. დიდი შემოტევა იყო პოლიციის მხრიდან - იძულებულნი იყვნენ, ასე მოქცეულიყვნენ, რადგან რეაგირება უნდა მოეხდინათ ე.წ. მუხიანის „არაშენდასთან“ დაკავშირებით. შარშან დევნილთა დეპარტამენტში 28000 წერილი შემოვიდა. დეპარტამენტში დევნილთა საკითხებზე 25 კაცი მუშაობს. ხომ წარმოგიდგენიათ, რა შრომა უწევს თითოეულს! პირდაპირ გეტყვით, დაუფარავად: ყველაფერს ფიზიკურად ვერ ვწვდებით. ერთ თანამშრომელზე წელიწადში 1000 მეტი წერილი მოდის და ყველაზე რეაგირებაა საჭირო! ამას ემატება რამდენიმე ათასი უწყებრივი საშუამავლო წერილი. ახლა ეკონომიკის სამინისტროს რაც შეეხება: გასული წლის განმავლობაში იქ 7-8 წერილი მაინც გავგზავნე ლტოლვილებით დასახლებული ობიექტების ჩამონათვალითა და თხოვნით, რომ ასეთი ობიექტების აუქციონის ან კონკურსის წესით გაყიდვა ჩვენთან შეუთანხმებლად არ მომხდარიყო, ვინაიდან რამდენჯერმე, როცა ამგვარი რამ უჩვენოდ გააკეთეს, ეს ცუდად შემოუბრუნდა სახელმწიფოსაც და ამ ხალხსაც. იგივე ითქმის 2005 წელს გაყიდუ ლი სასტუმრო „ქუთაისის“ გამოც: ვერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება იმიტომ, რომ პრივატიზაცია ხარვეზებით ჩატარდა.
ვალერი კოპალეიშვილი: ჩვენ გვინდა მთავრობამ ეკონომიკის სამინისტროს კომპაქტური ჩასახლების ობიექტების კატეგორიზაცია დაავალოს. ანუ უნდა გაირკვეს, რომელი მათგანი ეკუთვნის სახელმწიფოს, რომელი მათგანი არის სტრატეგიული დანიშნულებისა და შესაძლებელია თუ არა მათი პრივატიზება დევნილების მიერ. ორი თვეა ამაზე ვმუშაობთ, სამოქმედო გეგმა ალბათ მალე დასრულდება, აგვისტოში წარედგინება მთავრობას დასამტკიცებლად. ეს იქნება მთავრობის სამოქმედო პროგრამა, შესასრულებლად სავალდებულო. ახლა ვიკითხოთ, რას აკეთებს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო? რა უნდა გააკეთოს? რეგისტრაციას ატარებს, დახმარებას გასცემს, მაგრამ მას არ შეუძლია საცხოვრებელი ადგილი გამოუძებნოს ლტოლვილ ოჯახს, სადმე დაასახლოს ის, არც ადამიანური და არც ფინანსური რესურსი მას საამისოდ არ მოეპოვება. სხვათა შორის, ისიც უნდა ითქვას, რომ ყველაფრის სამინისტროების დონეზე გადაწყვეტა არც არის მიზანშეწონილი, საჭიროა ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართვა ამ საქმეში.
ლადო არქანია: ჩვენ დევნილთა არც ერთ განცხადებას განუხილავად და უპასუხოდ არ ვტოვებთ. აფხაზეთის მთავრობის ბიუჯეტი მცირეა. ამით კოლექტიურ ცენტრებში პატარა წყალგაყვანილობების მოწყობას ვახერხებთ. გვაქვს ურთიერთობა სხვადასხვა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან და შეძლებისდაგვარად ვეხმარებით მათ.
ვალერი კოპალეიშვილი
გიორგი გვასალია
მალხაზ პატარაია: ასეთი სურათია: რაღაც სეგმენტი ამუშავდა, რაღაც სეგმენტი ისევ ძველებურად უმოქმედოა. სამწუხაროა, რომ ამ მხრივ უკეთესობა არ ჩანს ძალოვან უწყებებსა და ეკონომიკის სამინისტროში. აი ამონაბეჭდი მათი ვებგვერდიდან: აქ აღნიშნულია საპრივატიზაციოდ გამოტანილი ობიექტის კრედიტორული დავალიანება, დებიტორული დავალიანება... ყველაფერი წერია, გარდა იმისა, რომ იქ დევნილები ცხოვრობენ. არ წერია, მათ მიმართ ვინ რა ვალდებულებას კისრულობს. სტრატეგიას ამუშავება და იმპლემენტაცია სჭირდება. კანონი არსებობს, აგერ არის მთავრობის დადგენილება 2005 წლის 12 სექტემბრისა, რომელიც პირდაპირ ავალებს ეკონომიკის სამინისტროს, მინისტრ ჩოგოვაძეს, რომ საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ იმ შენობების პრივატიზაციის დროს, რომლებშიც კომპაქტურად ჩასახლებული დევნილები ცხოვრობენ, გაითვალისწინოს იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა შესახებ კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით დევნილთათვის მინიჭებული სახელმწიფო გარანტიები და მათი გამოყვანა შენობიდან მითითებული ნორმების სრული დაცვით განხორციელდეს. ახალ სტრატეგიაში ახალი არაფერი წერია. ყოვე მინისტრს ხომ ვერ შევძახებთ და შევახსენებთ, კანონში ასე და ასე გიწერია და შეასრულე-თქო! ობიექტების პრივატიზაციის დოკუმენტში დევნილთათვის მიცემულ გარანტიაზეც უნდა ეწეროს რამე. ესენი მეტს კი არაფერს ითხოვენ! როცა იქ გარანტიებზეა ლაპარაკი, ესენიც გულმშვიდად არიან. ვიღაცამ, ან სახელმწიფომ, ან პოტენციურმა მყიდველმა ამ ხალხს გარანტია უნდა მისცეს.
გიორგი თავაძე: ეს ალბათ პრივატიზაციის სამმართველოს გასაკეთებელია, მას ევალება ამ საკითხის მოგვარება. თუმცა მეორე უწყებაც არის ეკონომიკის განვითარების სამინისტროში - სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველო - და მასაც შეუძლია ამ საქმეში წვლილის შეტანა.
კობა ჩოფლიანი: დევნილებისთვის შინ დაბრუნების შემდეგ უმთარესი საზრუნავი საყოფაცხოვრებო, სოციალური და საბინაო პრობლემებია. თქვენ ამ პრობლემების გადაჭრის რა გზას ხედავთ?
გიორგი თავაძე: ამ სიტუაციაში ერთადერთი გამოსავალი ეს უნდა იყოს: საქართველოს ეკონომიკის განვითარების სამინისტრომ მკაცრად უნდა განსაზღვროს დევნილთა კომპაქტური განსახლების ობიექტთა კონკურსით გაყიდვის წესი.
ვალერი კოპალეიშვილი: ეკონომიკის სამინისტროს გასარკვევია, რამდენი ადამიანი ცხოვრობს შენობაში, რა ფართია დაკავებული. ამაზე შეთანხმებულნი ვართ, მაგრამ ეს შეთანხმება ჯერ ნორმატიულ აქტად არ ქცეულა; უნდა იქცეს რაც შეიძლება მალე. ერთ რამესაც მივაქციოთ ყურადღება: ვთქვათ, ობიექტი გასხვისდა, დევნილები დაზარალდნენ და საპროტესტო აქციები მოაწყვეს, როგორც შანდორ პეტეფის ქუჩაზე მოხდა. ვინ დაზარალდა მაშინ საბოლოო ჯამში? სახელმწიფო! მთავრობა იძულებული გახდა მათთვის ფართი მოეძებნა და ამით ვიღაც ინვესტორმა იხეირა.
გიორგი თავაძე: დიახ, გაჭირვებით გამოვძებნეთ ფართი და 25 000 ლარი გავიღეთ მისი რემონტისთვის ბიუჯეტიდან, რემონტამდე კი ბინები დავუქირავეთ.
მალხაზ პატარაია: ეს პრობლემა ვერ მოგვარდება, არ გვაქვს ილუზია, რომ სახელმწიფოს ძალუძს ამ პრობლემის გადაწყვეტა, ეს ძალიან დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ამ პრობლემის გადაწყვეტას მე დევნილების დაბრუნებაში ვხედავ. მაგრამ უნდა შეიცვალოს მათდამი დამოკიდებულება - მეტი ყურადღება, სითბო და მოფერება სჭირდება ამ ხალხს. როგორ შეიძლება ბინიდან გამოასახლო, რადიო, ტელევიზია და გაზეთი გაუუქმო და ქუჩაში საპროტესტოდ გამოიყვანო ეს ნატანჯი ხალხი! დევნილი, დამერწმუნეთ, საკმაო დიდ ხანსაც მოითმენს იმ მდგომარეობას, რა მდგომარეობაშიც ამჟამად არის, ოღონდ დამოკიდებულება, მოპყრობის ფორმა უნდა შეიცვალოს მის მიმართ ხელისუფლების მხრიდან. რეალისტური უნდა იყოს ის გზა, რომელსაც ხელისუფლება უსახავს მათ, თორემ 15 წლის განმავლობაში მრავალგზის გაწბილებული დევნილი თავს აღარ მოიტყუებს, რასაც შეიძლება ძალიან სერიოზული ექსცესები მოჰყვეს. ბოლო დროს მომხდარი ერთ-ერთი გამოსახლების დროს პოლიციას სააღსრულებო ფურცელი ჩააბარეს გამოსახლების შეჩერების შესახებ, მაგრამ დევნილები მაინც გამოასახლეს. როგორც ხელისუფლება მოეპყრობა დევნილებს, ისევე მოეპყრობა მათ საზოგადოებაც.
გიორგი თავაძე: საბინაო პრობლემის გადაწყვეტა, ბატონი მალხაზისა არ იყოს, არც მე მიმაჩნია რეალურად, იმიტომ, რომ... აბა წარმოიდგინეთ, როგორი დასაკმაყოფილებელია ბინებით 300 000 ადამიანი! რა სახსრები გვაქვს საამისოდ? თან ისიც გაითვალისწინეთ, რომ არც ყველა ძირძველი თბილისელი ცხოვრობს დღეს ისე როგორც მას ეკადრება, და ესეც ხომ გამოიწვევს ადგილობრივთა უკმაყოფილებას. სახელმწიფომ დიდ ქალაქებში - თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდში, თელავსა და ზოგიერთ სხვა ქალაქშიც - საამისო რესურსი ამოწურა, ფიზიკურად არ არსებობს შენობები, სადაც დევნილთა შესახლება შეიძლება.
კობა ჩოფლიანი: ოკუპირებულ ტერიტორიებზე დევნილების ქონებრივი უფლებების დასაცავად სახელმწიფო რა პროგრამებს ახორცილებს?
გიორგი თავაძე: მოგახსენებთ, რომ საამისოდ სამინისტრო ახორციელებს პროგრამას „ჩემი სახლი“, რისი უმთავრესი მიზანი ის არის, რომ მომზადდეს დევნილთა ქონებრივი უფლებების დარღვევის დამადასტურებელი საბუთები სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლოში წარსადგენად; მეორე მიზანი, რასაც ეს პროგრამა ემსახურება, ის გახლავთ, რომ, როდესაც ეს ხალხი შინ დაბრუნდება, გვეცოდინება ვინ სად ბრუნდება. გვაქვს კომპიუტერიზებული გეოინჟინრული სისტემები და ყველა იმ ადამიანის უძრავი ქონება, რომელიც თავის მონაცემებს მოგვაწვდის, რუკაზე იქნება დატანილი. მომდევნო ეტაპია ქონების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. ყველა იმ სახლს, რომელიც მიტაცებულია, წითლად წაეწერება: „ოკუპირებულია“ ან „მიტაცებულია“. ყველა მსურველს ექნება შესაძლებლობა ინტერნეტის მეშვეობით გაეცნოს ამ პროგრამას და ნახოს იქ თავისი სახლი.
მალხაზ პატარაია: რაც პრაქტიკულად ბევრს არაფერს ნიშნავს, რადგან ჯერჯერობით აქ ვართ. მაგრამ სამართლებრივად ეს საკუთარი - და არა მარტო საკუთარი - სახელმწიფოსთვის დაკარგული ქონების დასაბრუნებლად მოთხოვნის წარდგენის უფლებას იძლევა, რაც მორალური თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის.
კობა ჩოფლიანი: ის სოციალური დახმარებები, რასაც დევნილებზე გასცემს სახელმწიფო, რამდენად ადეკვატურია და რამდენად აძლევს დევნილს გადარჩენის და ჯანსაღი სიცოცხლის საშუალებას?
გიორგი თავაძე: გვინდოდა საამისოდ გამოყოფილი სახსრები გაზრდილიყო, მაგრამ ვერ მივაღწიეთ ამას. ეს თანხა, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოა, ძალიან ცოტაა, სიმბოლური თანხაა. მაგრამ თუ ადამიანს იმის შესაძლებლობა აქვს, რომ ეს 14 ლარი ყოველთვიურად კი არა, ვთქვათ, წლის ბოლოს ერთიანად გამოიტანოს, ერთ კოხტა საახალწლო სუფრას გააწყობს ამით.
გიორგი თავაძე
ლადო არქანია
ლადო არქანია: უნდა გითხრათ, რომ ამჟამად დევნილთა ერთი ნაწილი უმუშევარია, მათი დასაქმება ჭირს, საყოფაცხოვრებო პირობები მძიმე აქვთ, ისიც გავითვალისწინოთ, რომ ყველაფერი დღითი დღე ძვირდება. მე მყავს დევნილები, რომლებიც თვიდან თვემდე ამ 14 ლარის შემყურე არიან, და რა შეუძლიათ ამ თანხით იყიდონ? ვთქვათ, პური, ჩაი. ეს არის და ეს.
ვალერი კოპალეიშვილი: ეს მარტო დევნილთა პრობლემა როდია. არსებობს სოციალური პროგრამა, რომელსაც „სიღარიბის დაძლევის პროგრამა“ ჰქვია და მას სახელმწიფო ახორციელებს. დევნილს შეუძლია ამ პროგრამაში მიიღოს მონაწილეობა, მაგრამ თუ ასე მოიქცა, მაშინ დახმარებაზე უნდა თქვას უარი, ანუ არჩევანი უნდა მოახდინოს: ან დახმარება, ან პროგრამაში მონაწილეობა. იმის თქმა მინდა, რომ სახელმწიფოს დღეს მეტის შემოთავაზება არ შეუძლია. საერთო მდგომარეობაა ქვეყანაში ამ თვალსაზრისით ძალიან მძიმე. ასე რომ, დევნილთა და მთელი მოსახლეობის პრობლემები აქ ერთმანეთს არის გადაჯაჭვული.
მალხაზ პატარაია: დევნილთა სოციალური დახმარება ადამიანის ღირსეულ ცხოვრებას რომ ვერ უზრუნველყოფს, ეს სავსებით ცხადია. ეს თანხა «სასურსათო კალათის» ღირებულებასთან შედარებით, რა თქმა უნდა, სიმბოლურია. იგი იმდენივე დარჩა, რამდენიც ადრე იყო, ოღონდ ახლა მისი მსყიდველობითუნარიანობა ბევრად დაბალია. მე ისევ დევნილებისადმი დამოკიდებულების საკითხს დავუბუნდები. თბილისელ პენსიონერს თუ გაუზარდეს პენსია 2-3 ლარით, იმ დევნილს რატომ არ გაუზარდეს, რომელიც თბილისში ცხოვრობს და თბილისის საკრებულოს ამომრჩეველია? რატომ გამორჩათ ეს?
კობა ჩოფლიანი: თქვენ როგორ გგონიათ, რატომ გამორჩათ?
მალხაზ პატარაია: იმიტომ, რომ ამაზე არავინ ფიქრობს. ასეთი ფაქტების გამო ვამბობთ, დევნილებისადმი, მათი პრობლემებისადმი დამოკიდებულება, მიდგომა უნდა შეიცვალოს-თქო. ეს ძველი ინერციაა. ხომ თქვა პრეზიდენტმა, «ჩვენ დავალებული ვართ ამ ხალხის წინაშეო». სახელმწიფო მოხელე სახელმწიფოს სახეს წარმოადგენს; როგორ მოექცევა ის დევნილს პასპორტის აღების ან დევნილის ბარათის გამოცვლის დროს თუ მისი სხვა პრობლემების მოგვარებისას, ამის მიხედვით იმსჯელებენ იმაზე, რა დამოკიდებულება აქვს სახელმწიფოს თავისი მოქალაქეების ამ ნაწილის მიმართ. ამიტომ, როდესაც თბილისელ პენსიონერს 3 ლარს უმატებენ, დევნილები არ უნდა დაივიწყონ. მატერიალურად ვერ ვეხმარებით და მორალურად მაინც დავეხმაროთ. დევნილებთან დამოკიდებულების საკითხი რომ უფრო ნათელი გახდეს, კიდევ ერთ ფაქტს მოვიყვან; აფხაზეთის ტელევიზიის, რადიოსა და ინტერნეტ-გვერდის ლიკვიდაციას ეხება საქმე. როცა აფხაზეთის საინფორმაციო საშუალებებს აუქმებ, როგორ გინდათ დევნილი დაარწმუნოთ, რომ სახელმწიფო მასზე ზრუნავს. ის ხომ ხედავს, რომ სანაკოევს აქვს ტელევიზია, აფხაზეთიდან დევნილებს კი იმ ტელევიზიას უუქმებენ, რომელიც თვითონ შექმნა სოხუმში ომის დროს! ვის უშლიდა ხელს აფხაზეთის ტელევიზიის ყოველკვირეული ნახევარსაათიანი გადაცემები? სახელმწიფოს უქმნიდა ეს საფრთხეს? ოპოზიციის რუპორი იყო თუ დიდი ხარჯებს მოითხოვდა? 250 000 ლარი ჯდებოდა ტელევიზია, რადიო და ვებგვერდი ერთად წელიწადში. ის გაზეთი, ის რადიო-ტელევიზია და ვებგვერდი ჩვენს ინტერესებს აკმაყოფილებდა
![]() |
5 ეზიდიზმი |
▲ზევით დაბრუნება |
რელიგიები საქართველოში
დიმიტრი ფირბარი
ეზიდიზმი ტრადიციულ და ნაციონალურ რელიგიათა რიცხვს მიეკუთვნება. ამ რელიგიის მიმდევრები ეზიდებად იწოდებიან და წარმოადგენენ სუბეთნოსს დიდ ქურთულ ეთნიკურ ჯგუფში. მათი სუბეთნოსად ჩამოყალიბება მრავალსაუკუნოვანი დევნით არის განპირობებული.
სხვადასხვა წყაროთა თანახმად, ეზიდების რიცხვი მილიონს აღწევს. მათი ძირითადი ნაწილი თავის ისტორიულ სამშობლოში - სამხრეთ ქურთისტანში (მდებარეობს ერაყის ჩრდილოეთში) დოჰუკის მიდამოებში, შეიხანის ოლქსა და შანგალის მთიან რაიონებში ცხოვრობს. სამხრეთ-დასავლეთ ქურთისტანში (სირიაში) ეზიდები კომპაქტურად ყამიშლისა და ჰასაქას მიდამოებში ცხოვრობენ, მათი სოფლები აფრინის (ალეპო) ოლქშიც არის მიმოფანტული. ჩრდილოეთ ქურთისტანში (თურქეთში) ეზიდებით დასახლებული რაიონები დიარბაქრის, ბატმანის, მარდინის, სერტის, ვერანშაჰარის ოლქებში მდებარეობს.
ეზიდები ცხოვრობენ სომხეთსა და საქართველოშიც. ისინი აქ ვანის ვილაიეთიდან, ბაიაზიდის სანჯაყის, სურმალის მაზრისა და ყარსის ოლქიდან გადმოსახლდნენ. მათი აქ გადმოსახლება ოსმალეთის იმპერიის მუსლიმი მოსახლეობის მიერ ეზიდების დევნამ გამოიწვია.
ლალიშის ტაძარი ერაყის ქურთისტანში
ქურთისტანის ტერიტორიაზე, ადრეული შუა საუკუნეებიდან მოყოლებული XIX საუკუნის ჩათვლით, დამოუკიდებელი (ძირითადად ნახევრად დამოუკიდებელი) ქურთული სამთავროები არსებობდა, რომლებიც დიდ გავლენას ახდენდნენ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ისტორიულ პროცესებზე. XIII-XIV საუკუნეებში ზოგიერთ სამთავროში ძირითადად ეზიდური რელიგიის მიმდევარი ქურთები ცხოვრობდნენ.
ცნობილია, რომ ქურთული ტომები X საუკუნემდე ებრძოდნენ ისლამის გავრცელებას ქურთისტანში. თუმცა ამ პროცესის შეჩერება სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ მოახერხეს და უკვე X საუკუნეში ქურთთა ნაწილმა ისლამი მიიღო.
ქურთი უფლისწული და მემატიანე შარაფ ხან ბიდლისი (XVI ს.) მოწმობს, რომ ჩრდილოეთ ქურთისტანის დიდგვაროვნები - ბოჰტანის, ჰაქარის, ბაჰდინანის, დასნის და ა.შ. მმართველები ეზიდური რელიგიის მიმდევრები იყვნენ. ოსმალთა ხალიფების დროს ეზიდებს და სხვა არამუსლიმ მოსახლეობას ნაკლებად დევნიდნენ, ვიდრე აბასელთა ბაღდადის სახალიფოში. აბასელებმა მიზნად დაისახეს ძველი რელიგიის მიმდევარ ქურთთა გამუსლიმება და სადამსჯელო ექსპედიციები მოაწყვეს მათ წინააღმდეგ. ამ დროისათვის ეზიდთა წინაპრები, რომლებიც დასნებად მოიხსენებიან, დამარცხდნენ. მათ დაკარგეს თავიანთი წმინდა ადგილები, რომლებსაც მუსლიმები და ადგილობრივი ნესტორიანელები დაეპატრონენ.
XII საუკუნეში ეზიდებმა მოახერხეს გაერთიანება შეიხ ადი მუსაფირის მეთაურობით, რომელიც უაღრესად განათლებული პიროვნება იყო და სირიაში ერთ-ერთ ცნობილ ღვთისმეტყველად ითვლებოდა.
ეზიდებმა შეიხ ადი ღმერთის მოგზავნილად და თავიანთ მხსნელად დასახეს და მისი მიმდევრები გახდნენ. შეიხ ადიმ მოახერხა ეზიდთა წმინდა ადგილების, კერძოდ, უძველესი ტაძრის - ლალიშის დაბრუნება. მის გარშემო მრავალი მოსწავლე შეიკრიბა. შეიხ ადი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა და ლალიშში არის დაკრძალული, სადაც ყოველ წელს მრავალი ეზიდი პილიგრიმი ჩადის. ცნობილია, რომ შეიხ ადი ასკეტურ ცხოვრებას ეწეოდა და იგი არ იყო დაოჯახებული. ზოგიერთი მკვლევარის აზრით, შეიხ ადიმ ეზიდიზმში გარკვეული ცვლილებები შეიტანა და მას ეზიდური რელიგიის რეფორმატორს უწოდებენ.
შეიხ ადის შემდეგ ეზიდთა დევნა ისევ განახლდა, რამაც ეზიდების რაოდენობის შემცირება გამოიწვია. საყურადღებოა, რომ ეზიდებს არაბების, თურქებისა და სპარსელების გარდა თვით ახლად გამუსლიმებული ქურთებიც ავიწროვებდნენ.
ეზიდიზმის წარმომავლობა
ეზიდიზმის წარმომავლობისა და ჩამოყალიბების შესახებ ჯერ კიდევ არ არსებობს ერთიანი აზრი მეცნიერებს შორის. ერთმნიშვნელოვანია ის, რომ ეს ერთ-ერთი ძველი აღმოსავლური რელიგიაა, რომლის ფესვები შუამდინარეთის უძველეს კულტებთან კავშირს ამჟღავნებს. ეს რელიგია ერთბაშად არ ჩამოყალიბებულა და მრავალი საუკუნის განმავლობაში საკუთრივ ქურთულ სივრცეში უძველესი ხალხური წარმოდგენების საფუძველზე ვითარდებოდა. როგორც ჩანს, თავდაპირველად ეზიდთა წინაპრები მზეს, მთვარესა და ვარსკვლავებს, აგრეთვე ოთხ ბუნებრივ სტიქიას აღმერთებდნენ. მათ ცეცხლი, წყალი, მიწა და ჰაერი წმინდად მიაჩნდათ.
მრავალი საუკუნის განმავლობაში ეზიდიზმი ვითარდებოდა და საბოლოოდ მონოთეისტურ რელიგიად ჩამოყალიბდა. ეზიდები მიიჩნევენ, რომ მხოლოდ ერთი ღმერთი არსებობს, რომელმაც შექმნა სამყარო და მის გარეშე არაფერი ხდება ქვეყნად. ღმერთი - ხუდე ან იაზდანი (ეზიდი) არის ყველგან და ის ყველაფერშია, ის არის სიყვარული და სინათლე, რომელიც სხვადასხვანაირად ევლინება ადამიანებს. მაგალითად, მზის სითბოსა და სხივებში ეზიდები ღვთის სინათლეს ხედავენ და ამიტომ ლოცვისას მზის მიმართულებით იყურებიან.
ეზიდები ღმერთს და მის ანგელოზებს ეთაყვანებიან და მიიჩნევენ, რომ ანგელოზები ღვთის ნებას აწვდიან მათ. ანგელოზებს სათავეში მალაქ ტავუსი უდგას, რომელიც ღმერთის ნებით მართავს სამყაროს1.
მკვლევართა უმრავლესობა ეზიდიზმსა და ზოროასტრიზმს შორის ბევრ საერთო ელემენტს ხედავს, თუმცა, უნდა ითქვას, რომ ეს ორი რელიგია ფუნდამენტურად განსხვავდება ერთმანეთისგან. საქმე ის არის, რომ ეზიდიზმი ძველი არიული და მესოპოტამიური წარმოდგენების ბაზაზე შეიქმნა. ეზიდიზმის თანახმად, ღმერთი ერთია და ის ყოვლისშემძლეა. კეთილიც და ბოროტიც, ბნელიც და ნათელიც, დღეცა და ღამეც და ა.შ. მისი ნებით არსებობს. ეზიდების რწმენით, ყველაფერი ღვთის ნებით ხდება და არ შეიძლება სიბოროტის ღმერთი ან ღვთაება არსებობდეს, რომელიც სიკეთის ღმერთს წინ აღუდგება. ღმერთმა ეს სამყარო მრავალფეროვანი შექმნა, რათა ადამიანს შეეძლოს კარგისა და ცუდის ერთმანეთისგან გარჩევა. ეს უძველესი წარმოდგენები მითრაიზმში, ზურვანიზმში და შემდეგ ეზიდიზმში გადაიზარდა, რაც ეწინააღმდეგება ზოროასტრიზმს. ზარატუშტრა (ზოროასტრი) ქადაგებდა, რომ არსებობს ნათელი ღვთაება ახურა მაზდა და ბნელი ღვთაება ანხრა მანიუ, რომლებიც ერთმანეთს ებრძვიან. ცნობილია რომ ზოროასტრი წინაპართა ძველ რელიგიას დაუპირისპირდა და ირანის სამხრეთით გადაიხვეწა. აქედან გამომდინარე, ეზიდიზმსა და ზოროასტრიზმს მრავალი საერთო და ურთიერთსაწინააღმდეგო ელემენტი მოეპოვებათ.
ისლამურ ხანაში, როდესაც მათ სასტიკად სდევნიდნენ, ეზიდებმა მაინც მოახერხეს თავიანთი რელიგიის შენარჩუნება. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, XII საუკუნეში შეიხ ადიმ მოახერხა ეზიდთა გაერთიანება, ხოლო მისმა მიმდევრებმა ეზიდური საზოგადოების რეფორმირება მოახდინეს და ისეთი სისტემა შექმნეს, რომელიც სხვადასხვა რეგიონებში დასახლებულ ეზიდებს ერთმანეთთან დააკავშირებდა2.
შეიხ ადი ცნობილი სუფიების თანამოაზრე იყო, რამაც გავლენა მოახდინა მის მიმდევრებზე. ეზიდები სუფიებში თავიანთ მოკავშირეებს ხედავდნენ მათდამი მტრულად განწყობილ ორთოდოქსი მუსლიმების წინააღმდეგ.
ეზიდური საზოგადოების სტრუქტურა
ეზიდები რელიგიურ საზოგადოებას წარმოადგენენ და ეზიდის ყოველდღიური ცხოვრება რელიგიასთან არის დაკავშირებული. უპირველეს ყოვლისა, ეზიდებს ეკრძალებათ სხვა სარწმუნოების ადამიანთან ერთად ოჯახის შექმნა. ეზიდური რელიგიის თანახმად, ეზიდი დედითაც და მამითაც ეზიდი უნდა იყოს.
ეზიდები სამ შტოდ („კასტად“) იყოფიან: შეიხები, ფირები და მურიდები3. ინდურისგან განსხვავებით, ეზიდური „კასტები“ რელიგიის წინაშე თანასწორნი არიან. აქ არ მოქმედებს სოციალურ-ეკონომიკური პრინციპი და ურთიერთობა მხოლოდ სულიერ კავშირებზეა აგებული.
შეიხები და ფირები სასულიერო ფენას წარმოადგენენ, ხოლო მურიდების ძირითადი მასა ერისკაცებს მიეკუთვნება. ერთი კასტიდან მეორეში გადასვლა შეუძლებელია. მურიდებისათვის, რომლებიც ღრმად რელიგიურ ცხოვრებას ეწევიან, არსებობს სხვადასხვა რელიგიური წოდებები: ხლმატქარ, ყავლბეჟ, ქოჩაკ, ფაყირ, ყავალ და ა.შ.
ეზიდური რელიგიის თანახმად ყოველი ეზიდი თავისი შეიხის და ფირის მურიდია ანუ მათი მიმდევარია. ეს აგრეთვე შეიხებსა და ფირებზეც ვრცელდება, რაც იმას გულისხმობს, რომ ისინიც თავიანთი შეიხისა და ფირის მურიდები არიან. უბრალო მურიდებისაგან განსხვავებით, მათ კიდევ თავიანთი მურიდები ჰყავთ. რელიგიის თანახმად ამ სამი შტოს წარმომადგენელთა შორის ქორწინება იკრძალება, ვინაიდან მათ მხოლოდ სულიერი კავშირი უნდა ჰქონდეთ ერთმანეთთან. მათ შორის ქორწინება დისა და ძმის ერთმანეთზე ქორწინების ტოლფასია (ეს შეიძლება შევადაროთ ნათელ-მირონობით დაკავშირებულ ადამიანებს შორის ქორწინების აკრძალვას ქრისტიანობაში).
შეიხები სამ შტოს ქმნიან: ადანი, ყათანი და შამსანი, და ესენიც თავის მხრივ კიდევ მრავალ გვარებად იყოფიან. ამ სამი შტოს წარმომადგენელთა შორისაც იკრძალება ქორწინება.
ფირები მრავალ გვარებად იყოფიან: ფირ ჰასნმამანი, ფირ მაჰმა-რაშანი, ფირ ისებია, ფირ ბარი, ფირ მამშვანი, ფირ ომარხალი, ფირ ხანი და ა.შ. ფირების ზოგიერთ გვართა შორის ქორწინება არ არის ნებადართული, ვინაიდან ზოგ მათგანს მხოლოდ სულიერი კავშირი აქვთ ერთმანეთთან.
ეზიდთა ძირითადი ნაწილი მურიდები არიან და ისინიც მრავალ ტომად და გვარად იყოფიან. მურიდებს მიეკუთვნებიან ასევე ყავალები და ფაყირებისა და ქოჩაკების მნიშვნელოვანი ნაწილი. ყავალები ეზიდური რელიგიის მქადაგებლები არიან, რომლებსაც წელიწადში ერთხელ ეზიდური სოფლების შემოვლა და მათთვის წმინდა ექსტების ახსნა ეკისრებათ.
ფაყირები ნახევრადასკეტურ ცხოვრებას ეწევიან და მისტიკოსებს მიეკუთვნებიან. ფაყირი, მურიდების გარდა, შეიძლება ზოგიერთი შეიხი და ფირიც იყოს.
ქოჩაკები მორწმუნე ეზიდები არიან და ითვლება, რომ ისინი ეზიდებს ანგელოზთა და წმინდანთა ნებას აწვდიან წმინდა ტექსტების საშუალებით.
იეზიდთა ოჯახი
სასულიერო კრება
ეზიდებს მართავს ეზიდთა სასულიერო კრება, სადაც სხვდასხვა თანამდებობა არსებობს. სასულიერო კრების მოსაწვევი ადგილი შეიხანშია (ერაყის ქურთისტანი). შეიხანი და ბაადრი ეზიდთა სამთავროს ადმინისტრაციული ცენტრები იყო. ჯერ კიდევ მე-XX ს. დასასარულს ოსმალეთის სულთანი ეზიდთა ამირას (მირს) მსოფლიოს ეზიდთა მეთაურად აღიარებდა.
ეზიდებს სათავეში მირი (ამირა) უდგას. ვინაიდან ეზიდები რელიგიურ საზოგადოებას წარმოადგენენ, მირი როგორც რელიგიური, ასევე საერო მეთაურიც არის. მას ეზიდთა და მათი წმინდა ადგილების დაცვა ევალება.
ეზიდთა სულიერი მამა არის ახტიარე მარგეჰე (მარგაჰს უხუცესი)4. ისინი ძირითადად შეიხთა ფახრადინის (შამსანის) გვარიდან ირჩევიან და მათი მეორე წოდებაა ბავე შეხ, რაც შეიხთა მამას ნიშნავს. სასულიერო კრებაში ასევე შედიან: ბავე გავანი, პეშიმამი, ბავე ჩავიში, ყავალთა მეთაური, ფაყირები და სხვა მღვდელთმსახურები.
ეზიდთა სასულიერო კრება („დივანა დინ“ ან „ჯვატა რუჰანი“) თავის გადაწყვეტილებას ყავალების მეშვეობით ავრცელებს ეზიდებს შორის. სასულიერო კრების ნებას ფარშევანგის სპილენძის გამოსახულება ადასტურებს, რომელსაც ყავალები წელიწადში ერთხელ ეზიდთა სოფლებში ატარებენ წმინდა ტექსტების გალობის თანხლებით.
წმინდა ტექსტები
ეზიდთა რელიგია წმინდა რელიგიურ ტექსტებს - ყავლებს (სიტყვა) ანუ ღვთაებრივ მეცნიერებას ეფუძნება, რომელთა ავტორიტეტი ურყევია მორწმუნე ეზიდისათვის. ეზიდთა მსოფლმხედველობა, კოსმოგონია, მცნებები, ზნეობრივი კოდექსი, ისტორია და სხვ. ამ ტექსტების მეშვეობით არის წარმოდგენილი. ეს ტექსტები ძირითადად ზეპირად გადაეცემოდა მომდევნო თაობას მცოდნე-ოსტატებისაგან. თუმცა ირკვევა, რომ ისინი წერილობითი ფორმითაც არსებობდნენ, მაგრამ ეზიდებზე ხანგრძლივი თავდასხმების შემდეგ ხელნაწერები განადგურდა და ზეპირად გადმოცემა ტრადიციად იქცა. ამ ტექსტებს არაერთი ავტორი ჰყავს, რომელებიც ეზიდთა წმინდანები არიან. მაგალითად, დარვეშ ყათანი, შეიხ ფახრი, ფირ რაშე ჰაირანი, პესე ჯამი, ჰასად თაური და ა.შ. ესენი ძირითადად შეიხ ადის მოსწავლეები არიან, რომლებმაც მდიდარი პოეტური ხასიათის რელიგიური ლიტერატურა შექმნეს, სადაც შეიხ ადის და სხვა წმინდანთა ცხოვრება არის აღწერილი. მათ აგრეთვე უძველესი ტექსტების რედაქტირება მოახდინეს, რათა ხალხისთვის გასაგები გაეხადათ ისინი. ეზიდური ტექსტები ძირითადად ქურთულად (კურმანჯი) არის შექმნილი.
ეზიდთა წმინდა ტექსტები უძველეს ინფორმაციას გვაწვდიან ქურთი ხალხისა და საერთოდ ძველი მესოპოტამიის მოსახლეობის რელიგიურ წარმოდგენებზე.
გარდა ყავლებისა არსებობდა ორი ცნობილი წიგნი - „მასჰაფა რაშ“ და „ქეთება ჯელვა“ („შავი წიგნი“ და „გამოცხადების წიგნი“), რომელთა დედნები დაკარგულია და ჩვენამდე მხოლოდ მათმა ფრაგმენტებმა მოაღწია. ეზიდთა სასულიერო პირები მათ არ აღიარებენ, ვინაიდან მიაჩნიათ, რომ ეს ფრაგმენტები არ შეიძლება იყოს სანდო. ცნობილია, რომ ეს წიგნები განსაკუთრებული ეზიდური ანბანით ქურთულ ენაზე იყო შესრულებული. არსებობს აგრეთვე არაბულ ენაზე ტყავზე დაწერილი წიგნები „მშურ“, რომლებშიც წმინდანთა ცხოვრება და მათი ხალხთან ურთიერთობა არის აღწერილი. ეს ხელნაწერები ეზიდთა სასულიერო გვარების წარმომადგენლებს ფირებს ეკუთვნის და დღემდე მათ ოჯახებში ინახება. ზემოთ ნახსენები წიგნები XII საუკუნით თარიღდება.
მაშასადემე ეზიდიზმის ძირითად წყაროს ყავლები წარმოადგენენ, სადაც ნათქვამია, რომ ეზიდმა მხოლოდ სიკეთე უნდა დათესოს თავისი ხანმოკლე ცხოვრების განმავლობაში. ეზიდიზმში, როგორც სხვა რელიგიებში, ძირითადი მცნებებია არა კაც კლა, არ იმრუშო, არ იცრუო და ა.შ.
თუ ნახე ვინმე
და სიკეთე გააკეთე
ნუ ჰკითხავ რა რჯულის ხარ
თუ გააკეთე სიკეთე
წყალს გაატანე იგი
და არ დაიკარგება ის ღმერთთან
(ეზიდთა წმინდა ტექსტიდან)
ერთ-ერთი მცნება ის არის, რომ ეზიდმა ყველა გაჭირვებულ ადამიანს, მისი რჯულისა და აღმსარებლობის მიუხედავად, დახმარების ხელი უნდა გაუწოდოს
ეზიდები საქართველოში
ეზიდთა ურთიერთობა სამხრეთ კავკასიასთან გაცილებით უფრო ადრინდელია, ვიდრე ზოგიერთი მკვლევარი ვარაუდობდა. ცნობილია, რომ მრავალი ქურთული ტომი სახლობდა კავკასიაში და გამორიცხული არ არის, რომ მათში ეზიდებიც ყოფილიყვნენ.
მაგალითად, არქივში დაცული ისტორიული დოკუმენტები ამტკიცებენ ქართულ-ეზიდურ თბილ ურთიერთობებს. ცნობილი ფაქტია, რომ ქართლ-კახეთის მეფეს ერეკლე II-ს მიწერ-მოწერა ჰქონდა ეზიდ დიდებულთან ჩობან აღასთან, რომელთან ერთადაც ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ გალაშქრებას აპირებდა, რაც საბოლოოდ სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ განხორციელდა.
გარდა ამისა, ეზიდები ოდითგანვე ვანის ვილაიეთიდან, სურმალიდან და ბაიაზეთიდან სამუშაოდ და სავაჭროდ ჩამოდიან თბილისში.
ეზიდთა პირველი ნაკადი რუსეთის იმპერიაში XIX საუკუნის 20-იან წლებში, რუსეთ-თურქეთის ომის დროს გამოჩნდა. საქართველოში ეზიდების ძირითადი მასა 1918 წლიდან იწყებს შემოსვლას, როდესაც ოსმალეთის იმპერიაში ეზიდური რელიგიის მიმდევარ ქურთებს სდევნიან. ეზიდები იძულებულნი იყვნენ თავიანთი საცხოვრებელი ადგილები მიეტოვებინათ, რადგან მათ წინააღმდეგ რელიგიური დევნა დაიწყეს ოსმალთა იმპერიის მუსლიმებმა, მათ შორის მუსლიმმა ქურთებმაც.
ეზიდები ძირითადად თბილისის ძველ უბნებში დასახლდნენ: სოლოლაკში, ვერაზე, ზემელზე, დიდუბეში, მეიდანზე, ვორონცოვზე და ა.შ. თბილისის გარდა ეზიდების რამდენიმე კომლი დასახლდა კახეთში (თელავში, წნორში, ყვარელში), თიანეთში (ერწოში, სიონში), ოზურგეთში (ნასაკირალში, გურიანთაში) და ბათუმში.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, როდესაც საზღვრების გადალახვა გამარტივდა, ეზიდებს თავიანთი წმინდა ადგილების, კერძოდ ლალიშის (ერაყის ქურთისტანი) მონახულების საშუალება მიეცათ. თუმცა, ამის მიუხედავად,
საქართველოს ეზიდთა ძირითად ნაწილს მაინც ვერ მიუწვდება ხელი თავიანთ ტაძრამდე. დღეისათვის ეზიდებს საქართველოში საკულტო ნაგებობა არ გააჩნიათ და ისინი იძულებულნი არიან ლოცვა და სხვა რელიგიური დღესასწაულები ოჯახებში შეასრულონ.
________________
1. ანგელოზთა სიმბოლოდ ეზიდიზმში ფარშევანგი ითვლება, რომლის სპილენძის გამოსახულება ეზიდთა რელიგიური სიმბოლოა.
2. შეიხ ადი წმინდა ტრიადაში შედის (მალაქ ტავუსი, ეზიდი, შეიხ ადი) და ის მთავარ ანგელოზის გამოვლენად ითვლება.
3. მურიდი მიმდევარს ნიშნავს
4. მარგაჰ - იმ ადგილს ჰქვია სადაც ეზიდთა მთავარი ტაძარი მდებარეობს.
![]() |
6 კალვინიზმი საქართველოში |
▲ზევით დაბრუნება |
რელიგიები საქართველოში
მოამზადა დავით თინიკაშვილმა
კალვინიზმი - ეს არის პროტესტანტიზმის ერთ-ერთი მიმართულება, რომელიც ჩამოყალიბებულ იქნა ფრანგი თეოლოგისა და მქადაგებელის ჟან კოვენის (ლათინიზირებული ფორმით - კალვინუს) მიერ. კალვინისტთა საერთო რაოდენობა დღესდღეობით 35 მილიონია.
აღნიშნული მიმართულება წარმოიშვა 1530-იან წლებში, ქალაქ ჟენევაში. კალვინიზმს აღიარებს შვეიცარიისა და ჰოლანდიის მოსახლეობის უმრავლესობა. ასევე კალვინიზმი საკმაოდ არის გავრცელებული საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში, კანადაში, ავსტრალიასა და სამხრეთ კორეაში.
კალვინიზმში არსებობს რამდენიმე მიმართულება, რომელთა შორისაც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი მორწმუნეთა რაოდენობის მიხედვით რეფორმატორული და პრესვიტერიანული ეკლესიებია.
თუკი მარტინ ლუთერმა მე-16 საუკუნეში პროტესტანტული რეფორმაცია დაიწყო პრინციპით, რომლის მიხედვითაც ეკლესიაში უნდა გაუქმებულიყო ყოველივე ის, რაც ეწინააღმდეგებოდა ბიბლიას, ფრანგი იურისტი, ჟან კალვინი უფრო შორს წავიდა - მან ეკლესიაში გააუქმა ყოველივე ის, რასაც არ ითხოვდა ბიბლია. ამიტომ კალვინის მიხედვით, ეკლესიის რეფორმაცია ხასიათდებოდა რაციონალიზმისაკენ მიდრეკილებითა და ნაწილობრივ მისტიციზმისადმი უნდობლობით.
კალვინიზმის ცენტრალური დოქტრინა, რომლიდანაც რაციონალურად გამომდინარეობს ყველა სხვა, არის ღმერთის სუვერენიტეტი, ანუ ღმერთის უზენაესი ძალაუფლება ყველაფერში. ამგვარი სწავლება წარმოადგენს კალვინიზმის ძირითად განმასხვავებელ ნიშანს სხვა ქრისტიანული ეკლესიებისგან (ასევე კალვინიზმისთვის ნიშანდობლივია სწავლება წინასწარგანსაზღვრულობის შესახებ)“.
რეფორმისტები არიან კონტინენტურ ევროპაში წარმოშობილი კალვინისტური ეკლესიების მემკვიდრეები, განსხვავებით შოტლანდიურ-ინგლისური კალვინისტური ეკლესიების მემკვიდრეებისგან, რომლებიც პრესვიტერიანელებად იწოდებიან. მე-16 საუკუნიდან ევროპულ ქვეყნებში ახალი ქრისტიანული ეკლესიები, რომლებიც რეფორმაციული მოძრაობის შედეგად წარმოიშვნენ, ტრადიციულად რეფორმატორულ ან ევანგელისტურ ეკლესიებად იწოდებიან.
კალვინისტური ეკლესიის სტრუქტურული მოწყობა გულისხმობს ავტონომიურ კონგრეგაციებს, რომლებიც იმართებიან შესაბამისი საბჭოების მიერ. საბჭოს წევრები არიან მრევლის მიერ არჩეული პასტორი, დიაკონი და ერთი უხუცესი. კონგრეგაცია სრულიად თავისუფალია საეკლესიო საკითხების გადაჭრაში. ლუთერისგან განსხვავებით, კალვინი ამტკიცებდა, რომ სახელმწიფო ვალდებულია არა მხოლოდ ითანამშრომლოს ეკლესიასთან საზოგადოების მართვაში, არამედ იგი ასევე უნდა დაემორჩილოს ეკლესიის დადგენილებებს და ამით აღასრულოს ღვთის სამართალი.
კალვინის მიერ წარმოდგენილმა საერო ასკეტიზმის ეთიკურმა იდეალმა, რომელიც გმობდა ფუფუნებისა და პარაზიტიზმის გამოვლინებებს, დიდი როლი შეასრულა კაპიტალიზმის ფორმირებაში. ამასთანავე ბურჟუაზიული წყობის ჩამოყალიბება, ინდივიდუალიზმის იდეალები და სინდისის თავისუფლება სულ უფრო ცხად წინააღმდეგობაში მოდიოდა კალვინის რელიგიურ რიგორიზმთან. ამის გამო მე-17 საუკუნის დასაწყისის ინგლისში კალვინიზმთან უთანხმოებისას წარმოშობა დაიწყო სხვადასხვა მიმდინარეობებმა (ბაპტისტები, კვაკერები, მეთოდისტები და სხვ.), რომლებიც გადაჭრით გამოვიდნენ რჯულშემწყნარებლობის იდეის დასაცავად და სახელმწიფოსგან ეკლესიის სრული გამოყოფა მოითხოვეს. ისტორია გამეორდა ჩრდილოეთ ამერიკაში, სადაც პირველი პრესვიტერიანელ-კოლონიზატორები შეეცადნენ თეოკრატიული რეჟიმის დამყარებას, რამაც აქტიური წინააღმდეგობა გამოიწვია სხვა პროტესტანტული კონფესიების მხრიდან. მე-20 საუკუნიდან კალვინიზმის გავლენა პროტესტანტულ თეოლოგიაზე შესამჩნევად იზრდება.
ევანგელური ეკლესია „ურყევი საფუძვლი“
კალვინისტური ეკლესია საქართველოში წარმოდგენილია ეკლესიის „ურყევი საფუძვლის“ სახით, რომლის მოძღვრებაც შეესაბამება რეფორმაციის ღვთისმეტყველებას.
ეკლესია საქართველოში დაარსდა 1995 წლის ოქტომბერში, ქალაქ ბათუმში. ეკლესიას აქტიური და ახლო საეკლესიო ურთიერთობები აქვს ამერიკის და გერმანიის რეფორმაციულ ეკლესიებთან. საქართველოში, ბათუმის გარდა, აღნიშნული ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფი თემები იკრიბებიან ქობულეთში, ფოთში, ოზურგეთში, ლანჩხუთში.
ეკლესიის უფროსი პასტორია ვარლამ რამიშვილი 1994 წელს მან საეკლესიო ორდინაცია (ხელდასხმა) მიიღო აშშ-ში, ორეგონის შტატში, ქალაქ პორტლენდში. ეკლესია „ურყევი საფუძველი“ აღიარებს მმართველობის შერეულ ეპისკოპალურ-პრესვიტერიანულ მოდელს (არსებული ეპისკოპალურ, პრესვიტერიანულ და კონგრეგაციონალური მოდელებისა); სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თეოკრატიას ეკლესიაში. საეკლესიო წოდებებია: პასტორი, პრესვიტერი (უხუცესი) და დიაკონი. მსახურების დღეა „უფლის დღე“, ანუ კვირა დღე. ძირითადი საეკლესიო დღესასწაულებია იესო ქრისტეს შობა, ვნების პარასკევი, იესო ქრისტეს აღდგომა (პასექი), იესო ქრისტეს ამაღლება, სულთმოფენობა (მეერგასობა) და რეფორმაციის დღე (31 ოქტომბერი).
ეკლესიის ღვთისმსახურება შედგება საერთო ლოცვის, საღვთო წერილის კითხვის, ღვთის სიტყვის ქადაგების, სამოციქულო მრწამსის საერთო აღსარებისა და საერთო საგალობლებისაგან.
პასტორ ვარლამ რამიშვილის აზრით, სახელმწიფო მოწყობა-მმართველობის საუკეთესო ფორმა არის დემოკრატია. მისი რწმენით, აუცილებელია ეკლესიის გამიჯვნა და დამოუკიდებლობა საერო ხელისუფლებისაგან. ასევე „ეკლესიის ვალია ხელისუფალთა და მთავრობათა (ხელისუფალნი ღმერთის მიერ არიან დადგენილნი ჩვენს სასიკეთოდ) მხარდაჭერა ლოცვით, ამასთან, მათდამი მორჩილება სინდისის გამო».
ეკლესიას „ურყევი საფუძველი“ განხორციელებული აქვს მრავალი ჰუმანიტარული აქცია. წლების განმავლობაში ეკლესია თანამშრომლობს აშშ საერთაშორისო ორგანიზაციასთან „სამარიელის ქისა“ („Samaritan's Purse“: www.samaritanspurse.org), რომელიც ახორციელებს საქველმოქმედო მისიას მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც. აგრეთვე ეკლესიის თანამშრომლობა ხორციელდება სხვადასხვა ქრისტიანულ ეკლესიასთან, ებრაული თემის წარმომადგენლებთან.
ეკლესია აქტიურ მონაწილეობას ღებულობს აგრეთვე სხვადასხვა ეკუმენურ შეხვედრებში, რომელსაც ქალაქ ბათუმში კათოლიკური ეკლესია ახორციელებს როგორც სამთავრობო, ისე საეკლესიო დონეებზე. აღნიშნული ეკლესიის მღვდელმსახურებს კათოლიკურ ეკლესიის წარმომადგენლებთან ერთად ჩატარებული აქვთ მრავალი საერთო-საეკლესიო მსახურება.
![]() |
7 მცირერიცხოვანი ერები საქართველოში: ავარიელები |
▲ზევით დაბრუნება |
ეთნოსები საქართველოში
მამუკა კომახია
ჩრდილოეთ კავკასიაში, კერძოდ კი დაღესტანში მცხოვრები ეთნიკური ჯგუფებიდან საქართველოში ძირითადად ცხოვრობენ ავარიელები, ლაკები, ლეზგები. მათ შორის ყველაზე მრავალრიცხოვანნი ავარიელები არიან, რომლებიც კომპაქტურად სახლობენ აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში.
დაღესტანი საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს და მისი სახელწოდება თურქულ-ირანული სიტყვებისაგან შედგება: „დაღ“ თურქულად მთას ნიშნავს, ხოლო „ესთან“ გეოგრაფიული დასახელების ირანული მაწარმოებელია. ეს სახელწოდება XIV საუკუნეში ჩნდება და საბოლოოდ მკვიდრდება XVI საუკუნიდან. ასე რომ, დაღესტანი რეალურად ამართლებს თავის სახელწოდებას - იგი „მთების ქვეყანაა“; ეს პატარა ქვეყანა დიდი ეთნიკური და ენობრივი მრავალფეროვნებით გამოირჩევა.
დაღესტანის მოსახლეობა 2002 წლის აღწერის მონაცემებით 2 576 ათას ადამიანს შეადგენს; ისინი ძირითადად კავკასიურ, თურქულენოვან და ირანულენოვან ხალხებს მიეკუთვნებიან. დაღესტნურ ენებში სამი უმთავრესი ჯგუფი გამოიყოფა: ავარიულ-ანდიურ-დიდოური, ლაკურ-დარგოული და ლეზგიური. სულ ცნობილია 26 დაღესტნური ენა. დაღესტნური ენები იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახს მიუკუთვნება.
დაღესტნურ ენაზე მოლაპარაკეთაგან ხუთ ძირითად ხალხს გამოყოფენ: ავარიელებს, დარგოელებს, ლეზგებს, ლაკებს და თაბასარანელებს. თითოეული დასახელებული ხალხის ირგვლივ კონცეტრირებულია შედარებით მცირე ეთნიკური ჯგუფები, რომლებიც ენით, კულტურითა და ყოფით შედარებით ახლოს დგანან ერთმანეთთან. გარდა ამისა, ცალკე განიხილავენ რუთულებს, აღულებსა და წახებს, რომელთა ენა, ისევე როგორც თაბასარანელებისა, ლეზგიურ ენათა ჯგუფს მიეკუთვნება.
ავარიელები1 (650 ათასი) დაღესტანში მცხოვრებთაგან ყველაზე მრავალრიცხოვანი ხალხია. ავარიული ენა გულისხმობს საკუთრივ ავარიულს, ანდიურსა და დიდოურს. ავარიელები, ანდიელები და დიდოელები ძირითადად მთიანი დაღესტნის დასავლეთ ნაწილში ცხოვრობენ. XX საუკუნის 40-იანი წლებიდან ავარიელების ნაწილი მაღალმთიანი რაიონებიდან ჩამოსახლდა ბარში, ყიზლარის, ხასავიურთისა და ყიზილიურთის რაიონებში. დაღესტნის გარდა, ავარიელები ცხოვრობენ აზერბაიჯანში - ზაქათალასა და ბელაქნის რაიონებში. მათი ახლო მონათესავეები არიან: ანდიელები, ახვახელები, ბოთლიხელები, ღოდობერიელები, ტინდიელები, კარატალები, ჭამალელები, ბაგვალები (ანდიური ქვეჯგუფი), დიდოელები ანუ ცეზები, ბეჟიტელები, ხვარშიელები, ჰინუხელები, ჰუნზიბელები (დიდოური ქვეჯგუფი).
დარგოელებს (356 ათასი) მიეკუთვნებიან საკუთრივ დარგოელები, ხაიდაყელები და კუბაჩელები. დარგოელების ტრადიციული დასახლების ადგილი შუა დაღესტნის მთისა და მთისწინა რაიონებია, ზღვისპირეთის ზოლსა და მდინარე ღაზიყუმუხის აუზს შორის. ისინი ავარიელების შემდეგ დაღესტანში სიდიდით მეორე ეთნიკური ჯგუფია.
ლეზგებს (262 500) მიეკუთვნებიან თვითონ ლეზგები, თაბასარანელები, აღულები, რუთულელები, წახები. ლეზგების ძირითადი საცხოვრებელი ადგილი დაღესტნის სამხრეთ-აღმოსავლეთი რაიონია.
ლეზგიურ ენაზე მოლაპარაკე ხალხთა ჯგუფს მიეკუთვნებიან აგრეთვე ჩრდილოეთ აზერბაიჯანში მცხოვრები მცირერიცხოვანი ხალხები: უდიები, ბუდუხები, კრიწები და ხინალუღები. უდიები ცხოვრობენ საქართველოშიც, ყვარლის რაიონის სოფ. ზინობიანში.
ლაკები (120 ათასი) ცხოვრობენ მთიანი დაღესტნის ცენტრალურ ნაწილში, თაბასარანელები (98 ათასი) კი - დაღესტნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. აღულები (16 500), რუთულები (17 800) და წახები (6 600) ცხოვრობენ დაღესტნის სამხრეთში. რუთულებისა და წახების ნაწილი ცხოვრობს აზერბაიჯანშიც: ზაქათალას, კახისა და ბელაქნის რაიონებში.
დაღესტანში მოსახლე თურქულენოვან მოსახლეობას მიეკუთვნებიან ყუმუხები, აზერბაიჯანელები და ნოღაელები. ყუმუხების (278 600) ისტორიული საცხოვრებელი ადგილი დაღესტნის კასპიისპირა დაბლობი და მისი მიმდებარე მთისწინეთია. ნოღაელები (34 400) ტრადიციულად ნოღაის სტეპებში ცხოვრობენ. მათი საცხოვრებელი ადგილი განაწილებულია დაღესტანს, ჩეჩნეთსა და სტავროპოლის მხარეებს შორის. აზერბაიჯანელები (91 500) ძირითადად ცხოვრობენ დერბენდის, თაბასარანის, რუთულის და ყიზლარის რაიონებში. დაღესტნელი აზერბაიჯანელების უმეტესობა დერბენდის რაიონში უძველესი დროიდან ცხოვრობს, ნაწილი კი ირანიდან გადმოსახლდა XIX საუკუნის მეორე ნახევარში. ადგილობრივ აზერბაიჯანელებს დაღესტანში „თურქებს“ ეძახდნენ, ხოლო ირანიდან გად-მოსახლებულებს - „სპარსელებს“.
თათების (14 800) უმეტესობა დერბენდის რაიონში ცხოვრობს. ისინი იუდაიზმს აღიარებენ და ამის გამო მათ ზოგჯერ მთის ებრალებსაც უწოდებენ. თათური ენა ირანულ ენათა ჯგუფს მიეკუთვნება და ფარსის დიალექტს წარმოადგენს. თათების გარდა დაღესტანში ცხოვრობენ ებრაელებიც.
ჩეჩნები (108 ათასი) ძირითადად ცხოვრობენ ხასავიურთის, ბაბაიურთისა და კაზბეკოვის რაიონებში. ჩრდილოეთ კავკასიაში ბოლო წლებში მიმდინარე ცნობილი მოვლენების გამო ჩეჩნების რაოდენობა დაღესტანში, ჩეჩნეთიდან მათი ემიგრაციის ხარჯზე, ორჯერ გაიზარდა.
რუსები (120 ათასი) დაღესტანში უმეტესად ქალაქებსა და ქალაქის ტიპის დასახლებებში ცხოვრობენ. განსაკუთრებით დიდია მათი რაოდენობა ყიზლარში, მაჰაჩყალასა და კასპიისკში. პირველი რუსული დასახლებები დაღესტანში XVI-XVIII საუკუნეებში დაარსდა. რუს ახალმოსახლეთა შემდეგი დიდი ტალღა XIX საუკუნის შუა ხანებში და ბოლოს XX საუკუნის 30-60-იან წლებში დაიძრა დაღესტნისაკენ. 1990-იან წლებში ჩრდილოეთ კავკასიაში შექმნილი არასტაბილური ვითარების შედეგად დაღესტანი ბევრმა რუსმა დატოვა. რუსების ემიგრაციის ტენდენციები შეინიშნება ჩრდილოეთ კავკასიის სხვა რეგიონებშიც.
შუა საუკუნეებში დაღესტნის ტერიტორია და მოსახლეობა მეზობელ ხალხთა მიერ, მიუხედავად ეთნიკური მრავალფეროვნებისა, ხშირად ერთიან წარმონაქმნად აღიქმებოდა. მაგალითად, ქართველებმა, დაღესტნელების უშუალო მეზობლებმა, განაზოგადეს ერთ-ერთი დაღესტნური ტომის სახელწოდება და მთელ დაღესტანს „ლეკეთს“ უწოდებდნენ, დაღესტანში მცხოვრებ ეთნიკურ ჯგუფებს კი „ლეკებს“. ეს სახელი დღესაც გამოიყენება დაღესტანში მცხოვრები ეთნიკური ჯგუფების აღმნიშვნელ ტერმინად.
საქართველოსა და დაღესტნელ ხალხებს შორის ურთიერთობას ხანგრძლივი ისტორია აქვს. ჯერ კიდევ ქართლის მეფე ფარნავაზი დაღესტნელ ხალხებთან ერთად იბრძოდა დამპყრობლების წინააღმდეგ. საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ კი დაღესტანში ქართველი მისიონერები გამოჩნდნენ. ქართველების მიერ ქრისტიანობის გავრცელების მცდელობად უნდა მივიჩნიოთ X-XI საუკუნეებში აშენებული ქრისტიანული ეკლესია სოფ. დათუნში, ავარიის ყოისუს ხეობაში. ეკლესიას იმ პერიოდის ქართულ ხუროთმოძღვრებასთან აქვს კავშირი. დაღესტანში აღმოჩენილია აგრეთვე ქვის ჯვრები ორენოვანი წარწერებით. ქრისტიანობის გავრცელება დაღესტანში სავარაუდოდ XIV საუკუნეში, თემურ-ლენგის ლაშქრობების დროს, შეწყდა, როდესაც დაღესტნის ისლამიზაცია დასრულდა.
შემდგომ საუკუნეებში საქართველოსა და დაღესტანს შორის ურთიერთობები გართულდა. შედარებითი მშვიდობა კახეთის მეფის ლევანის პერიოდში შეიმჩნეოდა, როდესაც მან საქართველოს ტერიტორიაზე, ფიფინეთში ანუ ჭარში, დაღესტნელი ხალხები ჩამოასახლა. მათი მოვალეობა ზაფხულობით მთებიდან ყინულის ჩამოტანა იყო.
XVII საუკუნიდან იმდენად გახშირდა თავდასხმები საქართველოს ტერიტორიაზე დაღესტნის მხრიდან, რომ ამ მოვლენამ საქართველოში თავისი სახელიც კი შეიძინა - „ლეკიანობა“. დაღესტანიდან საქართველოში განხორციელებულ სამხედრო ექსპედიციებს დაღესტნელი ფეოდალები ხელმძღვანელობდნენ. ერთ-ერთი ასეთი მოლაშქრე კოხტა ბელადი იყო, რომელმაც 1757 და 1759 წლებში ილაშქრა საქართველოში. დარბევისა და გაძარცვის მიზნით მოწყობილმა ამ ლაშქრობებმა დიდი ზიანი მიაყენა აღმოსავლეთ საქართველოს მოსახლეობას. ლაშქრობების დროს იტაცებდნენ ადამიანებსაც, მათ შორის იყო პოეტი დავით გურამიშვილი, რომელიც სოფ. ლამისყანიდან მოიტაცეს და უნცუქკულში წაიყვანეს. მძიმე პირობებში მყოფმა გურამიშვილმა საბოლოოდ გაპარვა მოახერხა და დაღესტნის მთებში ხეტიალის შემდეგ სამშვიდობოს გააღწია.
დაღესტნელი ხალხები, კერძოდ კი ავარიელები, საქართველოში დასახლებას საქართველოს რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შესვლის შემდეგ იწყებენ. მათი ნაწილი სოფ. თივში XIX საუკუნის მეორე ნახევარში ჩამოსახლდა, ნაწილი კი - უფრო მოგვიანებით, 1957 წელს. იმ პერიოდში საკავშირო მინისტრთა საბჭოს დადგენილებით რესპუბლიკის განათლების სამინისტროს ყვარლის რაიონში ჩამოსახლებულ ავარიელთა სასკოლო ასაკის ბავშვების სწავლით უზრუნველყოფაც კი დაევალა. განათლების სამინისტრომ ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად შეისწავლა საქმის ვითარება და მათ საცხოვრებლად ყვარლის რაიონის ოთხი უბანი მიუჩინეს. ეს უბნები 4-8 კილომეტრით იყო დაშორებული ერთმანეთისაგან. ჩატარებული აღრიცხვის შედეგად დადგინდა, რომ ოთხივე უბანში სასკოლო ასაკის 215 ბავშვი ჰყავდათ. ეს ის კონტინგენტია, რომელსაც მშობლიურ ენაზე უნდა ესწავლა, ხოლო უფროსი კლასების მოწაფეებს სწავლა უახლოესი რუსული სკოლების შესაბამის კლასებში უნდა განეგრძოთ.
ჩანთლისყურესა და სარუსოს უბნებში დასახლებულ ავარიელთა 74 ბავშვი ყვარლის რაიონის სოფელ ოქტომბრისა და ახალსოფლის სკოლებში მიაბარეს. აღნიშნული სკოლების დირექტორებს მითითება მიეცათ, რომ სასწრაფოდ შედგომოდნენ ბავშვებთან მუშაობას. პედაგოგები ჩამოსახლებულთაგან შეარჩიეს. ელოდებოდნენ დაღესტნიდან პროგრამებსა და სახელმძღვანელოებს. განათლების სამინისტროს სასწავლო პროცესი ყველა საჭირო სასწავლო ინვენტარით უნდა უზრუნველეყო. მოსწავლეები სკოლებში განათლებას ძირითადად რუსულ ენაზე იღებდნენ. მათმა დიდმა ნაწილმა ქართული წერა-კითხვა პრაქტიკულად არ იცოდა.
საქართველოში ჩამოსახლების შემდეგ ავარიელები მჭიდრო კავშირებს ინარჩუნებდნენ დაღესტანთან, ბელაქნისა და ზაქათალის ავარიელებთან. ყვარლის რაიონში მაცხოვრებელი ავარიელები შაფიიტური მიმდინარეობის სუნიტები არიან. ავარიელები ასრულებენ ზიქრს და მევლუდს. თივში მიცვალებულის დაკრძალვიდან მთელი კვირის განმავლობაში მამაკაცების გარკვეული ჯგუფი გადის ახლადგარდაცვლილის საფლავზე, ასრულებს ზიქრს და კითხულობს მევლუდს. დანარჩენ სამ სოფელში კი სასაფლაოზე სამი დღის განმავლობაში დაიარებიან.
ავარიელების რელიგიურ ცხოვრებაში დიდი ადგილი უკავია წმინდათა კულტს. ისინი ძირითადად დაღესტანში დადიან წმინდა ადგილების მოსახილველად.
ავარიელები იცავენ ნიქაჰს (ავარ. მახარ), მტკიცედ იცავენ წინდაცვეთის წესებს, კლავენ ყურბანს, მაგრამ ამას მასობრივი ხასიათი არა აქვს. 50 წელს გადაცილებულთა 70-80%25 დღეში ხუთჯერ ლოცულობს, ინახავს 30 დღიან მარხვას. მიცვალებულის დაკრძალვა რელიგიური წესების დაცვით ხდება. ავარიელთა სოფლებში მოქმედებს მეჩეთი. ამ სოფლებში არიან მოლები. სასაფლაოებზე არის ქვითკირით ნაშენები სამლოცველოები, რომლებიც 80-იან წლებში ხელისუფლებამ დახურა, თუმცა არალეგალურად ისინი მაინც ფუნქციონირებდნენ.
ჩრდილოკავკასიური ტრადიციის თანახმად, ასაკოვანი მორწმუნეები, მიურიდზიმის პრინციპებიდან გამომდინარე, სოფელში არსებული ყველა მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტაში მონაწილეობენ. საკმაოდ აქტიურია სასულიერო წოდება. მართალია მეჩეთები არაა რეგისტრირებული და ამდენად ისინი მოხეტიალე მოლებად ითვლებიან, მაგრამ სოფლებში დიდი ავტორიტეტით სარგებლობენ.
1990-ანი წლების დამდეგს ქვეყანაში განვითარებული ცნობილი მოვლენების შედეგად ავარიელების ერთმა ნაწილმა ისტორიულ სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა და სახლების გაყიდვა დაიწყო. იმ პერიოდში სახელმწიფოს მხრიდან სახლების შესყიდვაზე დაიხარჯა 4372 ათასი მანეთი და მაშინდელმა პრეფექტმა მათში ადგილობრივი, ძირითადად მრავალშვილიანი, ოჯახები შეასახლა. ავარიელთა დარჩენილი ოჯახებიც გამოთქვამდნენ დაღესტანში დაბრუნების სურვილს და თავიანთი სახლების დაჩქარებულ შესყიდვას მოითხოვდნენ. 1991 წელს ავარიელების დაღესტანში ორგანიზებულად გადასახლების საკითხთა მოსაგვარებლად ჩამოსული იყო დელეგაცია, შეიქმნა სამთავრობო კომისიაც. რუსეთის ფედერაციაში ბორის ელცინის პრეზიდენტობის პერიოდში იყო მცდელობა იმისა, რომ საქართველოს მთიანეთსა და დაღესტანში მცხოვრები ავარიელების გამყოფი სახელმწიფო საზღვარი გამჭვირვალე გაეხადათ, რათა ავარიელებს ისტორიულ სამშობლოში მიმოსვლა გაადვილებოდათ. იმ დროს საზღვარზე გადასვლა განსაკუთრებულ სირთულეებთან არ იყო დაკავშირებული და ავარიელებიც ხშირად კვეთდენ სახელმწიფო საზღვარს თავისი ახლობლებისა თუ წმინდა ადგილების მოსანახულებლად.
საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის აღწერის შედეგების მიხედვით, საქართველოში 1996 ავარიელი ცხოვრობს (1989 წელს - 4230 ცხოვრობდა), 210 ლაკი (1989 წელს - 426), 44 ლეზგი (1989 წელს - 720). მათგან მხოლოდ ავარიელები არიან კომპაქტურად დასახლებულნი. ავარიელების აბსოლუტური უმრავლესობა ყვარლის რაიონის სოფლებში - თივში, ჩანთლისყურეში, სარუსოსა და თხილისწყაროში ცხოვრობს.
1990-იანი წლების შემდეგ შექმნილ ახალ ვითარებასთან ადაპტაციის პრობლემა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისგან სრული იზოლაცია, ავარიელებს ისტორიულ სამშობლოში გადასახლებისკენ უბიძგებს, რაც უახლოეს წლებში საქართველოში მათი რაოდენობის კიდევ უფრო შემცირებას გამოიწვევს.
გამოყენებული ლიტერატურა და წყაროები:
1. გუგუშვილი თ. საქართველოს გარე მიგრაციულ-დემოგრაფიული პრობლემები (1990-1998 წლები), თბილისი, 1998.
2. სანიკიძე გ., ისლამი და მუსლიმები თანამედროვე საქართველოში, აღმოსავლეთ-დასავლეთის ურთიერთობათა კვლევის საერთაშორისო ცენტრი, „ლოგოსი“, თბილისი, 1999.
3. სონღულაშვილი ა. ეროვნულ უმცირესობათა კულტურა საქართველოში, თბილისი, „მეცნიერება“, 2002.
4. ხუციშვილი ნ. დაღესტანი, „კავკასიური სახლი“, თბილისი, 2002.
5. გაზეთი 24 საათი.
6. გაზეთი რეზონანსი.
7. საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი, 8 მაისი, 2007.
8. საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი.
9. Народы Дагестана, Издательство Академии Наук СССР, Москва, 1995.
10. Bobrovnikov V. Muslim Nationalism in the Post-Soviet Caucasus: The Dagestan Case, Caucasian Regional Studies, Volume 4, Issue 1, 1999.
11. Khabal.info, 10 May 2007.
_________________
შენიშვნები:
1. ქართულ ენათმეცნიერებაშიც „ავარიის“ და „ავარიული ენის“ ნაცვლად დამკვიდრებულია „ხუნძეთი“ და „ხუნძური ენა“.
![]() |
8 ლუსტრაცია სამართლიანობის აქტი თუ ადამიანის უფლებების დარღვევის ახალი მეთოდი? |
▲ზევით დაბრუნება |
ადამიანის უფლებები
ფრიდონ საყვარელიძე
ლუსტრაცია (ლათ. lustracio - განწმენდა მსხვერპლშეწირვის გზით) - აღმოსავლეთ ევროპის რიგ ქვეყნებში საპასუხისმგებლო სახელმწიფო თანამდებობის პირებისა და კანდიდატთა შემოწმების განსაკუთრებული პროცედურაა, რომლის მიზანია გამოარკვიოს წარსულში ამ პირების კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობისადმი ან სახელმწიფო უშიშროების სამსახურისადმი კუთვნილება ან გამოამჟღავნოს ფაქტები ამ სამსახურებთან მათი თანამშრომლობის შესახებ. ლუსტრაცია ხორციელდება სპეციალური კანონების საფუძველზე (მათი უმრავლესობა 1990-1993 წლებში მიიღეს), როგორც წესი, სპეციალური ორგანოს მიერ (მაგალითად, უნგრეთში ლუსტრაციას ახორციელებდა პარლამენტის მიერ არჩეული კომიტეტი, რომელიც სამი მოსამართლისგან შედგებოდა). თუ ლუსტრაციის პროცესში დასტურდება ტოტალიტარულ რეჟიმთან თანამშრომლობის ფაქტები, პიროვნებას აქვს არჩევანი თანამდებობის ნებაყოფლობით დატოვებასა (გამომჟღავნებული ფაქტების საიდუმლოდ შენახვის გარანტიით) და თანამდებობის იძულებით დატოვებას შორის (მაკომპრომეტირებელი ინფორმაციის საჯარო გამოქვეყნებით).
სანამ ლუსტრაციის ისტორიასა და კანონმდებლობაზე დავიწყებდეთ საუბარს, ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ ლუსტრაციის დადებითი და უარყოფითი მხარეების შედარებისას დადებითი გაცილებით დამაჯერებელი და არგუმენტირებულია. ლუსტრაცია უპირველეს ყოვლისა ზნეობრივი აქტია, მისი მიზანია მორალური განწმენდა, მორალური კათარზისი, გნებავთ, როგორც პოლონეთში ამბობენ, “მენტალობის ჰიგიენა და დეზინფექცია”.
ამასთან ერთად იმ ფაქტსაც ვერსად გავექცევით, რომ ლუსტრაციული კანონმდებლობა არ არის ყველაზე ჰუმანური კანონმდებლობა მსოფლიოში, რომ ის ხშირად ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს (რაც არ უნდა ვთქვათ, ყოველ ადამიანს აქვს უფლება იყოს უზნეო და უსინდისო და ეს მისი პრობლემაა). აი, სად არის კოლიზია ადამიანის უფლებებსა და ლუსტრაციას შორის. მაგრამ როგორ უნდა დაიცვას ახალგაზრდა სახელმწიფომ ადამიანის უფლებები სამართლებრივი, დემოკრატიული ქვეყნის აშენების გარეშე და როგორ უნდა ააშენოს ასეთი ქვეყანა ძველი კომუნისტური კადრებით? ამის შეუძლებლობა ყველა ახლადმოსულ დემოკრატიულ ხელისუფლებას ესმის და ცდილობს განთავისუფლდეს ძველისა და დრომოჭმულისაგან, ისეთი ადამიანებისაგან, რომელთაც არ შეუძლიათ ფეხი აუწყონ ახალს, ვინაიდან მენტალურად ძველზე არიან მიბმული. აქედან გამომდინარე ცხადი ხდება, რომ თუ ლუსტრაცია მაინცა და მაინც ადამიანის უფლებების დამრღვევი ბოროტებაა, ეს არის „აუცილებელი ბოროტება“, „სახადი“, რომელიც ახალი დემოკრატიის ყველა ქვეყანამ უნდა მოიხადოს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და აუცილებელია ლუსტრაცია იმ ქვეყნებში, სადაც პრობლემა არა მხოლოდ მენტალობაში და ამის გამო ახლის შენების შეუძლებლობაშია, არამედ პირველ ყოვლისა იმაში, რომ აგენტურული ქსელი დღესაც აგრძელებს საქმიანობას (განსხვავებით, მაგალითად, გერმანიისაგან) და ასრულებს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების დავალებებს. მართლაც მარადიულია სახარებისეული სიბრძნე ახალი ღვინის ძველ ტიკებში ჩასხმის მიუღებლობის შესახებ.
ლუსტრაცია შეიძლება განვიხილოთ მორალურ-ეთიკური, პოლიტიკური, პრაგმატული და სამართლებრივი თვალსაზრისით. შესაბამისად, ხედვის კუთხე განსაზღვრავს ლუსტრაციის შეფასების ხარისხსაც - ემოციური და აღტაცებული დამოკიდებულებიდან დაწყებული მშრალ და კრიტიკულ დამოკიდებულებამდე.
ლუსტრაციის მომხრეები მის აუცილებლობას ასაბუთებენ:
კომუნისტური სახელმწიფოების დანაშულებრივი და უკანონო ხასიათით, რის გამოც ყოველგვარი ნებაყოფლობითი თანამშრომლობა კომუნისტურ სახელმწიფო ორგანოებთან დანაშაულის ტოლფასია;
„ახალგაზრდა დემოკრატიის მონაპოვრების დაცვის“ პრაგმატული აუცილებლობით;
ისტორიული პრეცედენტით - კერძოდ იმ კეთილისმყოფელი ზეგავლენით, რომელიც მოახდინა საზოგადოებაზე გერმანიაში დენაციფიკაციისა და იაპონიაში დემილიტარიზაციის ომისშემდგომმა ანალოგიურმა პროცესებმა.
სამართლის მიხედვით ლუსტრაციული კანონები წარმოადგენენ რთულ იურიდიულ კაზუსს, რადგან:
მათ აქვთ უკუქმედება, ანუ აღიარებენ გაკიცხვის შესაძლებლობას იმ დანაშაულისათვის, რომლებიც მიღებული იყო ამ კანონების მიღებამდე;
აღიარებენ გაკიცხვის შესაძლებლობას იმ ქმედებების გამო, რომლებიც თავისთავად არ ითვლება დანაშაულად (მაგალითად, სპეცსამსახურებში მუშაობა).
ვერც ერთმა პოსტკომუნისტურმა რეჟიმმა აღმოსავლეთ ევროპაში ვერ მონახა ლუსტრაციის პრობლემის იოლი გადაწყვეტის გზა, თუმცა საჯარო სამსახურის გაწმენდა ყოფილი აგენტებისაგან ყველა პარტიის და ფართო საზოგადოების მიერ იყო მხარდაჭერილი.
აღმოსავლეთ ევროპის ლუსტრაციული პრაქტიკაც განსხვავებული და წინააღმდეგობრივია. პროკურორებს ყველა ქვეყანაში გაუჭირდათ მტკიცებულებების შეგროვება და მათი ბრალდებულისათვის წარდგენა. ჭარბობდა ისეთი სასამართლო პროცესები, რომლებზეც ყოფილ ფუნქციონერებს ბრალდებას ფინანსური გადაცდომებისა და კორუფციის და არა ტოტალიტარული სისტემის მხეცურ დანაშაულობებში მონაწილეობის გამო უყენებდნენ.
1999 წელს მავზოლეუმის დახურვისა და მისი მკვიდრის ქრისტიანული წესით დაკრძალვის იდეა აღმოსავლეთევროპული ლუსტრაციის რუსული ანალოგია, რომლის თავისებურება ის არის, რომ იგი მხოლოდ ცოცხლებზე არ ვრცელდება. ლუსტრაციის მაგალითია ხრუშჩოვის გამოსვლა პიროვნების კულტის წინააღმდეგ სკკპ XX ყრილობაზე და ა.შ.
ხელისუფლებაში მოსული რევოლუციური რეჟიმები ხშირად იყენებენ ლუსტრაციას პოლიტიკური მოწინააღმდეგეების მიმართ. ის ეიძლება გამოყენებულ იქნას აგრეთვე ხელისუფლების მიერ იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც საფრთხეს უქმნიან არსებულ რეჟიმს (მაგალითად, რადიკალური პარტიების წევრთა მიმართ). ლუსტრაციის ტიპობრივი მაგალითია 1920-1930 წლების საბჭოური „წმენდები“, ლუსტრაციის მაგალითია 1945 წელს გერმანიის დენაციფიკაცია, აგრეთვე იმავე პერიოდის იაპონიის დემილიტარიზაცია. შეიძლება ასევე გავიხსენოთ მაკარტიზმი აშშ-ში. რესპუბლიკელი სენატორი მაკარტი ისტორიაში შევიდა, როგორც სხვადასხვა სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწეების კომუნისტებთან თანამშრომლობის ფართომასშტაბიანი საბრალმდებო კამპანიის წამომწყები. პოლიტიკური ქულების წერისას მაკარტი არ თაკილობდა შეთითხნილი და დაუდასტურებელი ბრალდებების გამოყენებას. „წითლებთან“ ბრძოლა, მასობრივი დევნა და სამუშაოდან დათხოვნები მიმდინარეობდა საყოველთაო ისტერიის ფონზე.
დღეს „ნეომაკარტიზმში“ ევროპაში კომუნისტური რეჟიმების გაკიცხვის პრაქტიკა იგულისხმება, ისევე, როგორც ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ლუსტრაციაში ძირითადად სახელმწიფო მოხელეების წითელი წარსულის გამოაშკარავებას გულისხმობენ.
ქვემოთ შევეხებით სხვადასხვა აღმოსავლეთევროპულ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს, რომლებიც ლუსტრაციასთან იყო დაკავშირებული.
უნგრეთში 1992 წლის ზეტენი-ტაკაჩის კანონის მიხედვით, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრა ყველა იმ პირს, რომლებმაც 1944-1990 წლებში სამშობლოს ღალატი ჩაიდინეს. სურვილის შემთხვევაში სამშობლოს ღალატის ცნების გამოყენება შეიძლებოდა ყველას მიმართ, ვინც იმ დროს საბჭოთა კავშირსა და უნგრეთს შორის თანამშრომლობაში მონაწილეობდა. თუმცა საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ეს კანონი. უნგრეთში ხანგრძლივი საკანონმდებლო ბატალიები დასჭირდათ, სანამ 1994 წელს ლუსტრაციის კანონის ძირითად პუნქტებს ასე ჩამოაყალიბებდნენ:
პარლამენტის წევრები, მინისტრები, პრეზიდენტი, საკონსტიტუციო და ჩვეულებრივი სასამართლოების მოსამართლეები, ზოგიერთი ჟურნალისტი, სახელმწიფო უმაღლესი თანამდებობის პირები ვალდებული არიან გაიარონ ე.წ. „ბიოგრაფიული კონტროლი“. ლუსტრაციას ექვემდებარება შემდეგი სახის საქმიანობა: სახელმწიფო უშიშროების სამსახურებისათვის სასარგებლო ქმედება, ჩადენილი ოფიციალური აგენტის ან ინფორმატორის რანგში; ფაშისტური პარტიის წევრობა.
კანონის მიხედვით, იქმნება სამი მოსამართლისგან შემდგარი კომიტეტი, რომელსაც ენიჭება განსაკუთრებული უფლებამოსილება და იმუნიტეტი. მათ ხელი მიუწვდებათ საიდუმლო დოკუმენტებზე და ევალებათ იმის გარკვევა, თუ ვინ იყო სახელმწიფო პარტიული რეჟიმის აგენტი ან ინფორმატორი. პროცესი მიმდინარეობს საიდუმლოდ, საჯარო მოსმენების და ლუსტრირებული პირების გარეშე. ამ უკანასკნელთ გამოძიების ჩატარების შესახებ მხოლოდ მისი დამთავრების შემდეგ ეცნობებათ. თუ პირებს მაკომპრომეტირებელი წარსული აღმოაჩნდათ, უარი უნდა თქვან დაკავებულ თანამდებობაზე და მათ შესახებ მოპოვებული ინფორმაცია არ გახმაურდება. წინააღმდეგ შემთხვევაში დოკუმენტები უნდა გამოქვეყნდეს. ლუსტრირებულ პირებს შეუძლიათ გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრება. უარი ითქვა სამღვდელოების წარმომადგენლების ლუსტრირებაზე. თვალთვალის მსხვერპლთ ნება მიეცათ ენახათ მათზე შექმნილი დოკუმენტები, მაგრამ მათ არ უმხელდნენ ინფორმატორთა გვარებს.
პოლონეთში ლუსტრაციის შესახებ 1992 წელს ალაპარაკდნენ, როდესაც იმჟამინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა მაცერევიჩმა პრესას კომუნისტურ რეჟიმთან მოთანამშრომლე აგენტების სია მიაწოდა. სიაში აღმოჩნდნენ სახელგანთქმული ადამიანები: პოლონეთის იმჟამინდელი პრეზიდენტი, ნობელის პრემიის ლაურეატი ლეხ ვალენსა; მეტად ავტორიტეტული ანტიკომუნისტი, მეცნიერი და პოლიტიკოსი, უკვე ხანშიშესული ვესლავ კშანოვსკი; ცნობილი ოპოზიციონერები მოჩულსკი და ზამოისკი. ატყდა ხმაურიანი პოლიტიკური სკანდალი. ვალენსა ხანგრძლივი სასამართლო გარჩევის შედეგად სუფთად გამოვიდა ამ საქმიდან ძალიან საიმედო იყო მისი პოლიტიკური რეპუტაცია, კშანოვსკიც გამართლდა, მაგრამ ბევრ ცნობილ ადამიანს პოსტის დატოვება მოუხდა. ამ ამბის შემდეგ ლუსტრაციის პროცედურაზეც დაფიქრდნენ, რათა დაცული ყოფილიყო სპეც-სამსახურებთან თანამშრომლობაში ეჭვმიტანილ პირთა უფლებები. საკუთარი წინადადებები წამოაყენეს პოლონეთის ჰელსინკის კომიტეტის ექსპერტებმა: ვინაიდან საიდუმლო დოსიეების მონაცემები ხშირად ყალბი იყო, ეჭვმიტანილების მიმართ დაცული უნდა ყოფილიყო უდანაშაულობის პრეზუმპცია, მათ უნდა ჰქონოდათ სასამართლოს მეშვეობით თავის დაცვის უფლება. თუმცა 1997 წლის კანონში ეს გარანტიები არ შევიდა. მალე გადადგა პოლონეთის ვიცე-პრემიერი ყოფილი დისიდენტი იანუშ ტომაშევსკი (ძნელი იყო იმის წარმოდგენა, რომ ტომაშევსკი უშიშროებასთან თანამშრომლობდა, თუმცა მისმა პარტიულმა კოლეგებმა ერთადერთი დაუსაბუთებელი დაბეზღების საფუძველზე თავის დაზღვევა გადაწყვიტეს და მას თანამდებობის დატოვება აიძულეს).
საჩვენებელი იყო ამ მხრივ ფინანსთა მინისტრის ზიტა გილოვსკას იძულებითი გადადგომაც 2006 წლისი-ვნისში იმ ბრალდების საფუძველზე, რომ მან დამალა ყოფილი კავშირები საიდუმლო პოლიციასთან.
2007 წლის 7 იანვარს კათედრაზე ასვლის საზეიმო ცერემონიის წინ ვარშავის არქიეპისკოპოსმა სტანისლავ ველგუსმა გააკეთა განცხადება თანამდებობიდან გადადგომის შესახებ, რომელიც დაკმაყოფილდა რომის პაპის ბენედიქტ XVI-ის მიერ. გადადგომის მიზეზი გახდა იმ მასალების პუბლიკაცია, რომლებიც ადასტურებდა იერარქის თანამშრომლობას პოლონეთის სახალხო რესპუბლიკის სპეცსამსახურებთან 1960-1970 წლებში. „ველგუსის კაზუსი“ უამრავ კითხვას ბადებს. რატომ უარყოფდა თავად ველგუსი პირველი სკანდალური პუბლიკაციების გამოქვეყნების შემდეგ თანამშრომლობას პოლონეთის უშიშროების სამსახურებთან? მართალს ამბობს ვატიკანი, როდესაც ირწმუნება, რომ მას არ ჰქონია ასეთი ინფორმაცია? მოახდინა თუ არა ველგუსის ამ გადაწყვეტილებაზე ზეგავლენა პოლონეთის ხელისუფლებამ? ვერსიები ბევრი იყო, ფაქტი კი ის გახლდათ, რომ პოლონეთში ლუსტრაციის ახალი და მკაცრი ტალღა აგორდა.
2007 წლის მარტიდან ძალაში შევიდა სეიმის მიერ მიღებული კანონი, რომლის მიხედვითაც პოლონეთში გამოქვეყნდება კომუნისტური სპეცსამსახურების აგენტთა სიები. კანონის მიხედვით, გაფართოვდება თანამდებობების ჩამონათვალი, რომლის დაკავების წინ აუცილებელი იქნება ე.წ. სალუსტრაციო განცხადების შევსება. სხვებთან ერთად ეს ახლა თვითმმართველობის წარმომადგენლებს, დიპლომატებს, უმაღლესი სასწავლებლების პედაგოგებს, ჟურნალისტებსა და ნოტარიუსებსაც დაევალებათ.
ახალი კანონის მიღებამდე პოლონეთში ლუსტრაციას სალუსტრაციო სასამართლო და საზოგადოებრივი ინტერესების წარმომადგენელთა ინსტიტუტი ატარებდა. სეიმმა გააუქმა ეს ისტიტუტები და ეს საქმე არასამთავრობო ორგანიზაციას - ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტს მიანდო, რომელსაც საიდუმლო პოლიციისა და სხვა სპეცსამსახურების არქივები გადაეცა. ინსტიტუტი შეიქმნა 1998 წელს პოლონეთის ტერიტორიაზე ნაცისტებისა და კომუნისტების მიერ ჩადენილ დანაშაულებათა გამოსაძიებლად. ამ ინსტიტუტის მონაცემებით, შემოწმებას კომუნისტურ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის თაობაზე 400-დან 700 ათასამდე ადამიანი გაივლის. წინა კანონით უკვე ლუსტრაციაგავლილმა მოქალაქეებმა ეს პროცედურა კიდევ ერთხელ, ამჯერად უფრო დეტალურად უნდა გაიარონ. კანონი შეეხება დიპლომატებს, იურისტებს, მუნიციპალური სამსახურების თანამშრომლებს, სახელმწიფო კომპანიების ხელმძღვანელებს, რედაქტორებს, ჟურნალისტებს, სახელმწიფო და კერძო სკოლების დირექტორებს, მეცნიერმუშაკებს, ნოტარიუსებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კანონი არ ეხება სასულიერო პირებს. ე.წ. ლუსტრაციული განცხადება თანამდებობის დაკავებამდე უნდა დაიწეროს. ვინც უარს იტყვის ლუსტრაციის გავლაზე, კარგავს თავისი პროფესიით მუშაობის უფლებას.
ყველა ამ ადამიანმა ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტისაგან უნდა მიიღოს ოფიციალური სერტიფიკატი, რომელშიც იქნება ინფორმაცია იმის შესახებ, თანამშრომლობდა თუ არა ეს პიროვნება სპეცსამსახურებთან. თუ სერტიფიკატში წერია, რომ მისი მფლობელი ოდესღაც საიდუმლო პოლიციის აგენტი იყო, ეს საკმარისი საფუძველია პირის თანამდებობიდან დათხოვნისათვის. კანონი ეხება 1972 წლის 1 აგვისტომდე დაბადებულ მოქალაქეებს.
ამ კანონის მიღება ტყუპი ძმების, კაჩინსკების, დიდ გამარჯვებად შეიძლება ჩათვლილიყო, ვინაიდან მათი წინასაარჩევნო ლოზუნგი სახელისუფლო სტრუქტურებიდან კომუნისტების საბოლოო ამოძირკვა იყო. თუმცა რამდენიმე დღის წინ (უფრო ზუსტად კი 15 ივნისს) პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ლუსტრაციის კანონის დიდი ნაწილი არაკონსტიტუციურად ცნო. სასამართლო განხილვა ოპოზიციური „მემარცხენე ძალების დემოკრატიული კავშირის“ მოთხოვნით დაიწყო.
გერმანიაში 1991 წელს ბუნდესტაგის მიერ „შტაზის“ (აღმოსავლეთ გერმანიის უშიშროების სამსახური - КГВ-ს მიერ შექმნილი ყველაზე ეფექტური ორგანიზაცია აღმოსავლეთ ევროპაში, რომელშიც მუშაობდა 85 ათასი ოფიციალური თანამშრომელი და ნახევარი მილიონი შტატგარეშე ინფორმატორი) შესახებ მიღებული კანონის საფუძველზე ოფიციალურად გაიხსნა მისი არქივები.
საკვლევი ინფორმაციის უზარმაზარი რაოდენობის გამო ლუსტრაციის პროცესი გერმანიაში რამდენიმე წელიწადს გაგრძელდა.
არქიეპისკოპოსმა ველგუსმა ვერც კი მოასწრო კათედრაზე ასვლა, ისე დაემშვიდობა ვარშავის მრევლს.
სხვა სახელმწიფოებში ჩატარებული წმენდებისაგან განსხვავებით, აღმოსავლეთ გერმანელების წმენდა „უცხოებმა“, ანუ დასავლეთგერმანელებმა განახორციელეს. ლუსტრაციასთან დაკავშირებით გამოითქმებოდა სხვადასხვაგვარი შეხედულება, ისიც ითქვა, დამნაშავენი იურიდიული პასუხისმგებლობისაგან გავათავისუფლოთო, რადგანაც ინდივიდუალური ბრალეულობის დამტკიცება ხშირ შემთხვევაში რთული აღმოჩნდა. ამასთან, აუცილებლად მიიჩნეოდა მონანიება და ქრისტიანული მიტევება, გულღია და პატიოსანი დიალოგი ბრალმდებლებსა და ბრალდებულებს შორის. გერმანიის კომუნისტებისაგან გათავისუფლების დრამატიზმს ისიც აძლიერებდა, რომ ეს უფროსი თაობისათვის ეს უკვე მეორე წმენდა იყო დენაციფიკაციის შემდეგ, რომელიც ჩატარდა ნაცისტურ რეჟიმთან თანამშრომლობაში ბრალდებული იურისტების წინააღმდეგ. ყოფილი ლიდერების წინააღმდეგ მიმართული ლუსტრაციული პროცედურები გდრ-ში კომუნისტური რეჟიმის დაცემასა (1989 წლის ნოემბერი) და გერმანიის გაერთიანების (1990 წლის 3 ოქტომბერი) შუალედურ პერიოდში დაიწყო. ყოფილი გდრ-ის ბოლო პრემიერ-მინისტრმა მოდროუმ შეძლო პოლიტიკური აპარატის სამარცხვინო წარსულის დამადასტურებელი დოკუმენტების განადგურების ინიცირება. ბევრი დოკუმენტი დაწვეს, ადვოკატებს უკანონოდ ეუბნებოდნენ უარს უშიშროების არქივებში დაცული ცნობებისა და დოკუმენტების გაცემაზე. უშიშროების თანამშრომლებს შეგნებულად შეჰყავდათ აგენტების სიაში ის ადამიანები, რომლებმაც უარი თქვეს „შტაზისთან“ თანამშრომლობაზე (ეს სიების გამოქვეყნებიდან გარკვეული დროის გავლის შემდეგ გაირკვა, მანამდე კი ხალხმა ამ პუბლიკაციის შედეგად სამსახური დაკარგა). ბერლინის კედლის დაცემიდან რამდენიმე თვეში ხელისუფლების სათავეში მოვიდა კოალიცია, რომელმაც შეაჩერა დუკუმენტების განადგურება და პოლიტიკური ხასიათის სისხლის სამართლის პროცესები წამოიწყო პარტიის ყოფილი ხელმძღვანელის ერიხ ჰონეკერისა და პროფკავშირების ყოფილი ლიდერის ჰარი ტიშის წინააღმდეგ. გერმანიის გაერთიანების შესახებ ხელშეკრულება ძალადაკარგულად თვლიდა პოტ-სდამ-აიხის აკადემიის (საიდუმლო სამსახურის აკადემია) მიერ მინიჭებულ ყველა სამეცნიერო ხარისხს. ყოფილი საიდუმლო სამსახურის კარტოთეკაზე კონტროლის მიზნით შეიქმნა სპეციალური ორგანო - ჰაუკის კომისია (ეს სახელი კომისიას მისი ხელმძღვანელის გვარის მიხედვით დაერქვა). 1991 წელს მიღებული კანონის თანახმად, დაწესდა მსხვერპლთა პირად დოსიეებთან დაშვების წესები, ამასთან უზრუნველყოფილი იყო ინფორმაციის არასანქცირებული გამოყენებისაგან დაცვა. მოხდა დაწესებულებების წმენდა იმ სამოქალაქო პირებისაგან, რომლებსაც კონტაქტი ჰქონდათ ყოფილ საიდუმლო სამსახურებთან.
ამ სტრიქონების ავტორი ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ოდესმე „შტაზის“ არქივში ამოყოფდა თავს (ფოტო გადაღებულია დრეზდენში, 2007 წლის მარტში)
ლუსტრაციის პროცედურა ხორციელდებოდა დასავლეთ-გერმანელი ან უკვე შემოწმებული და თავიდან დანიშნული აღმოსავლეთ-გერმანელი მოსამართლეების მიერ. გაერთიანებული ბერლინის იუსტიციის მინისტრმა შექმნა პროკურატურის სპეციალური ქვეგანყოფილება, რომლის ამოცანას მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ დანაშაულთა გამოძიება წარმოადგენდა. მათ შორის იგულისხმებოდა ისეთი სისხლის სამართლის დანაშაულებიც, როგორიცაა სასაზღვრო რეჟიმის დარღვევა (ეს შეეხო თავდაცვის ნაციონალური საბჭოს ყველა წევრს და ბევრ სამხედრო ჩინოსანს), არჩევნების ფალსიფიკაცია (მიმართული იყო ყველა ქალაქის მერის წინააღმდეგ, აგრეთვე იმ პირთა წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებლები იყვნენ ნაციონალური და ადგილობრივი არჩევნების ჩატარებაზე), კორუფცია, გაფლანგვა, საჯარო ფონდების არამიზნობრივი გამოყენება (ეხებოდა ნაციონალურ და ადგილობრივ ნომენკლატურას).
მმართველი პარტიის ცალკეული პირების მიმართ სისხლის სამართლის დანაშაულთათვის ბრალის წაყენება არც ისე ადვილი აღმოჩნდა.
იურისტთა ნახევარზე მეტმა დაკარგა სამსახური სასამართლოებში, საჯარო სამსახურსა და უნივერსიტეტებში. აღმოსავლეთ-გერმანელმა პროკურორებმა, მოსამართლეებმა და საჯარო მოხელეებმა კი წმენდა გაიარეს, სანამ მათ თავიანთ სამუშაო ადგილებზე დაბრუნების უფლებას მისცემდნენ.
ჩეხეთში 1991 წელს მიიღეს კანონი დეკომუნიზაციის შესახებ, რომლის მიხედვით, ყოფილ კომუნისტურ ნომენკლატურას, სახელმწიფო უშიშროების ორგანოთა თანამშრომლებს და კოლაბორაციონისტებს სამსახურიდან ითხოვდნენ ან აქვეითებდნენ. პირთა სია, რომლებიც კომუნისტურ რეჟიმთან თანამშრომლობდნენ, 140 000 ადამიანს მოიცავდა. მათი შემოწმება 5 წლის განმავლობაში უნდა მომხდარიყო.
პირებს, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შელახვაში, ხუთი წლით აეკრძალათ საპასუხისმგებლო პოსტების დაკავება სახელმწიფო ორგანოებში (ესენი იყვნენ: უშიშროების ორგანოთა მაღალი რანგის ოფიცრები, აგენტები, კომპარტიის ყოფილი ფუნქციონერები). ეს მხოლოდ იმ ადამიანებს ეხებოდა, რომელთა ბრალეულობა დადასტურებული იყო. ბრალდებულებს ჰქონდათ აპელაციის უფლება. ლუსტრაციას ახორციელებდა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შექმნილი სპეციალური კომისია, რომელიც გასცემდა დადებით ან უარყოფითპასუხიან მოწმობას. უარყოფითპასუხიანი მოწმობის მფლობელი ინარჩუნებდა საკუთარ თანამდებობას, დადებითპასუხიანი კი დაუყოვნებლივ ტოვებდა სამსახურს. დეკომუნიზაციის კანონის გარდა ჩეხეთში საიდუმლო პოლიციის არქივების გახსნის შესახებ კანონმდებლობის შექმნაც სცადეს. ივარაუდებოდა, რომ ყველა ადამიანს, რომელსაც უშიშროების სამსახური უთვალთვალებდა, მცირე თანხის გადახდის საფასურად უნდა ჰქონოდა საკუთარი დოსიეს გაცნობის შესაძლებლობა.
გერმანიისაგან განსხვავებით არქივების სრული გახსნა არ იყო გათვალისწინებული - არ ხმაურდებოდა საიდუმლო პოლიციის ოფიცერთა გვარები, ინფორმატორებს ნომრებით აღნიშნავდნენ, დოკუმენტში მოხსენიებულ სხვა პირთა გვარები კი წაშლილი იყო. ამ კანონპროექტის წინააღმდეგ გამოვიდნენ ყოფილი პოლიტპატიმრები და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც არქივების სრულ გახსნას მოითხოვდნენ.
რუმინეთში არ მიუღიათ კანონი ლუსტრაციის შესახებ. ამის მიზეზი ის იყო, რომ ხელისუფლების სათავეში ფაქტობრივად კვლავ კომუნისტები დარჩნენ (მათ შორის - ყოფილი პრეზიდენტი იონა ილიესკუ) და ძალაუფლებას ისევ პოლიტიკური ბიუროკრატია (ყოფილი პარტიული ჩინოვნიკები და „აპარატჩიკები“) ახორციელდებდა. 1990 წელს კომუნისტური პარტია გაუქმდა. 1996 წელს კი ანტიკომუნისტებმა გაიმარჯვეს, მაგრამ არც მათ მიუმართავთ რეპრესიული ღონისძიებებისათვის.
ბულგარეთში 1992 წელს მიიღეს კანონი მეცნიერებისა და განათლების სისტემის დეკომუნიზაციის შესახებ, რომელიც უკრძალავდა კომუნისტური პარტიის ყოფილ აქტივისტებს და კომუნისტური იდეოლოგიის ლექტორებს ხელმძღვანელი თანამდებობების დაკავებას სამეცნიერო დაწესებულებებსა და უმაღლეს სასწავლებლებში. თუმცა მას შემდეგ, რაც პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც კრძალავს საიდუმლო პოლიციის დოსიეში არსებული ინფორმაციის სააშკარაოზე გამოტანას, დეკომუნიზაციის პროცესი მნიშვნელოვნად შეფერხდა. ამ კანონის მიხედვით, საიდუმლო პოლიციის დოსიეში არსებული ინფორმაციის გამავრცელებელს სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, სახელისუფლო ჩინოვნიკისა თუ მასობრივი ინფორმაციის საშუალების თანამშრომლისათვის კი ეს ვადა ორმაგდება.
ბალტიის ქვეყნები
ესტონეთში მიიღეს კანონი არასასამართლო მასობრივი რეპრესიების შესახებ საბჭოთა ესტონეთში 1940-1950 წლებში. ამ კანონით პროკურატურას მასობრივ მკვლელობებსა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ სხვა დანაშაულში მონაწილეთა წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება დაევალა.
ლატვიის 1992 წლის კანონი არჩევნების შესახებ პარლამენტის დეპუტატობის ყველა კანდიდატისგან საბჭოთა ან სხვა სპეცსამსახურებთან მათი თანამშრომლობის წერილობით დადასტურებას ან უარყოფას მოითხოვდა. 1995 წლის კანონი სეიმის არჩევნების შესახებ კრძალავს იმ პირთა არჩევას, რომლებიც კომპარტიის ან კომპარტიის მეგობარი სხვა ორგანიზაციების ფუნქციონერები იყვნენ 1991 წლის 13 იანვრის შემდეგ; ეს ეხებოდა აგრეთვე საბჭოთა უშიშროების სამსახურის მუშაკებსა და აგენტებს.
ლიტვაში მიიღეს კანონი იმ დეპუტატების მანდატების შემოწმების შესახებ, რომელთა მიმართ საბჭოთა ან სხვა ქვეყნების სპეცსამსახურებთან შეგნებული თანამშრომლობის ეჭვი არსებობდა. ამ კანონის მიხედვით, არსებული ეჭვების ან გახმაურებული ფაქტების შესამოწმებლად და გამოსაძიებლად სპეციალური სადეპუტატო კომისია იქმნებოდა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და ეროვნული უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებს იყენებდა.
მაინც რა არის ლუსტრაცია: სამართლიანობის აქტი? ადამიანის უფლებების დარღვევის ახალი მეთოდი? „აუცილებელი ბოროტება“? დასავლეთთან კეკლუცობის თავისებური ფორმა? მორალური კათარზისი? ან იქნებ სხვა რამ? ამის განსჯას მკითხველი თავადაც კარგად მოახერხებს.
![]() |
9 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება |
▲ზევით დაბრუნება |
სამართალი
გოლდერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ
მასალა მოამზადა ნონა კალანდაძემ
1965 წელს, დიდი ბრიტანეთის მოქალაქე, სიდნი ელმერ გოლდერი, მსჯავრდებულ იქნა გაერთიანებულ სამეფოში ძარცვისთვის, რომელსაც თან ახლდა ძალის გამოყენება. მას თხუთმეტი წლით პატიმრობა მიესაჯა. ის სასჯელს იხდიდა პარხურსტის ციხეში უაითის კუნძულზე.
1969 წელს, პარხურსტის ციხეში სერიოზული არეულობა მოხდა. ციხის ოფიცერმა, ლარიდმა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო და შემდეგ დაშავდა კიდეც არეულობის ჩახშობისას, ამოიცნო თავდამსხმელები, მათ შორის გოლდერი.
გოლდერი და ის პირები, რომლებიც ეჭვმიტანილნი იყვნენ არეულობაში მონაწილეობაში, პატიმრების ძირითადი ჯგუფისგან განაცალკევეს. შემდგომ გოლდერი პოლიციის თანამშრომლებმა დაკითხეს. მეორე დაკითხვისას მას შეატყობინეს, რომ იგი ეჭვმიტანილი იყო პოლიციის ოფიცერზე თავდასხმაში და გააფრთხილეს, რომ მის წინააღმდეგ გამოძიების წარმართვის საკითხი გადაწყდებოდა ფაქტებზე დაყრდნობით.
იმავე წელს, მსჯავრდებულმა ჯერ პარლამენტის წევრს, შემდეგ კი უფროს კონსტებლს გაუგზავნა წერილები, რომლებშიც აღწერდა ციხეში მომხდარ არეულობას და იმ უსიამოვნებებს, რომლებსაც ხსენებული არეულობის შედეგად წააწყდა. მიუხედავად ამისა, ციხის მმართველმა შეაჩერა ეს წერილები იმ მოტივით, რომ მსჯავრდებულმა არ დააყენა ეს საკითხი იმ ნებადართული საშუალებებით, რომლებიც მას გააჩნდა ადრე.
შემდგომ, ციხის ერთ-ერთმა ოფიცერმა აღნიშნა, რომ გოლდერი ბუნტის ღამეს მასთან ერთად იმყოფებოდა ტელევიზორის ოთახში იმ პატიმრებთან ერთად, რომლებიც არ მონაწილეობდნენ არეულობაში.
შესაბამისად, მსჯავრდებული სიდნი ელმერი დააბრუნეს თავის საკანში.
იმ პერიოდში ციხის ადმინისტრაცია განიხილავდა სხვადასხვა განცხადებებს და მოამზადა იმ ბრალდებათა სია, რომლებსაც წაუყენებდნენ პატიმრებს, მათ შორის გოლდერს, ციხის დისციპლინის დარღვევისთვის; ამასთან დაკავშირებული ჩანაწერი შეიტანეს გოლდერის პირად საქმეში. საბოლოოდ, მას არავითარი ასეთი ბრალდება არ წაუყენეს და პირად საქმეში შეტანილ ჩანაწერზე გაკეთდა შენიშნვა, რომ ბრალდება არ წაეყენა.
1970 წელს, გოლდერმა პეტიციით მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრს, რათა გადაეყვანათ სხვა ციხეში. ის, ამასთან, ითხოვდა თავის ადვოკატთან მოთათბირებას, რათა აღეძრა სამოქალაქო სარჩელი ცილისწამების კუთხით ციხის ოფიცრის წინააღმდეგ. ის საჭიროდ მიიჩნევდა მისი პირადი საქმის დამოუკიდებლად შესწავლას.
თუმცა, იმავე წელს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ციხის მმართველს დაავალა, ეცნობებინა გოლდერისთვის, რომ მისი პეტიცია ზედმიწევნით იქნა შესწავლილი, მაგრამ მისი სხვა ციხეში გადაყვანა არ იყო აუცილებელი; აგრეთვე, არ გამოიკვეთა საფუძველი პეტიციაში აღნიშნულ სხვა საკითხებზე რაიმე ქმედების განსახორციელებლად.
1972 წელს, გოლდერი ვადაზე ადრე პირობით გაათავისუფლეს.
ქვეყნის შიდა სამართალი
„ციხის შესახებ“ 1952 წლის კანონი არეგულირებს ინგლისში მსჯავრდებულ პირთა კონტაქტს საპატიმრო დაწესებულების გარეთ მყოფ პირებთან.
აღნიშნული კანონის 47-ე თავის პირველი ქვეთავის თანახმად, შინაგან საქმეთა მინისტრს შეუძლია დაადგინოს წესები, რომლებიც ეხება პატიმართა შორის წესრიგის დამყარებას, მართვას, მოპყრობას, დისციპლინასა და იმ პირთა კონტროლს, რომელთა პატიმრობაც აუცილებელია.
შინაგან საქმეთა მინისტრი თავის უფლებამოსილებას ციხის 1964 წლის წესებზე დაყრდნობით ახორციელებდა. აღნიშნული წესები პარლამენტს განსახილველად წარედგინა და მას გააჩნია კანონის ძალა. დებულებები, რომლებიც ეხება პატიმრებსა და საპატიმროს გარეთ მყოფ პირებს შორის ურთიერთობას, განსაზღვრულია ციხის წესების 33-ე, 34-ე და 37-ე მუხლებით. აღნიშნული მუხლებით, მინისტრს შეუძლია დისციპლინისა და მართლწესრიგის დასაცავად ან ნებისმიერი პირის ინტერესებიდან გამომდინარე, დანაშაულის თავიდან აცილების მიზნით, დააწესოს შეზღუდვები, როგორც ზოგადად, ასევე ცალკეულ შემთხვევებში, პატიმარსა და სხვა პირს შორის ნებადართულ ურთიერთობაზე.
იმ გამონაკლისების გარდა, რომლებიც დადგენილია კანონის ან ამ წესების თანახმად, პატიმარს არ უნდა ჰქონდეს ციხის გარეთ ან პატიმრობაში მყოფ ნებისმიერ პირთან ურთიერთობის უფლება მინისტრის ნებართვის გარეშე.
ერთ-ერთი ზემოაღნიშნული წესის თანახმად, მინისტრის ნებართვის გარეშე პატიმარს არ აქვს უფლება, დაუკავშირდეს სხვა პირს სამართლებრივ თუ სხვა საკითხთან მიმართებაში ან ნებისმიერ პირს, გარდა ნათესავისა თუ მეგობრისა. აგრეთვე, სამართალწარმოების დროს, იქნება ეს სამოქალაქო თუ სისხლის სამართალწარმოება, რომლის მონაწილეც პატიმარია, მის იურიდიულ მრჩეველს უნდა გააჩნდეს გონივრული შესაძლებლობა, რათა მიმდინარე სამართალწარმოებასთან დაკავშირებით ესაუბროს პატიმარს ოფიცრის ზედამხედველობის არეში, მოსმენის გარეშე. მინისტრის ნებართვით პატიმრის იურიდიულ მრჩეველს შეუძლია ესაუბროს პატიმარს ნებისმიერ სამართლებრივ თუ სხვა საკითხთან დაკავშირებით ოფიცრის ზედამხედველობის და მოსმენის პირობით.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შეფასება
თავდაპირველად გოლდერმა ადამიანის უფლებათა ევროპულ კომისიას წარუდგინა ორი საჩივარი, რომლებიც ეხებოდა მისი წერილების შეჩერებას და მინისტრის მიერ ადვოკატთან კონსულტაციაზე ნებართვის გაუცემლობას. თუმცა კომისიამ დაუშვებლად ცნო პირველი საჩივარი, რადგან შიდასახელმწიფოებრივი დაცვის ყველა საშუალება არ ყოფილა ამოწურული. ამავდროულად, არსებით განხილვაზე დაუშვა მეორე საჩივარი, რომელიც შეეხებოდა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პუნქტსა და მე-8 მუხლებს.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა კომისიამ აღნიშნა, რომ კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი უზრუნველყოფს სასამართლოზე ხელმისაწვდომობას. ინდივიდუალურად თუ კონვენციის სხვა მუხლებთან ერთად, არ მოიპოვება რაიმე სახის შეზღუდვა პატიმრის უფლებაზე, აღძრას სამართალწარმოება და ამ მიზნით იქონიოს შეუზღუდავი კავშირი ადვოკატთან, ამიტომ ამ საქმეში გაერთიანებული სამეფოს კომპეტენტური ორგანოების მიერ დაწესებული შეზღუდვები შეუსაბამოა მე-6 მუხლის პირველ პუნქტთან, ამასთან, ის ფაქტები, რომლებიც წარმოადგენს მე-6 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევას, ამავე დროს არღვევს მე-8 მუხლს.
კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა ან ნებისმიერი სისხლის სამართლებრივი ბრალდების განსაზღვრისას ყველას აქვს უფლება კანონით შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ გონივრულ ვადაში სამართლიან და საჯარო მოსმენაზე. სასამართლო გადაწყვეტილება ცხადდება საჯაროდ, მაგრამ დემოკრატიულ საზოგადოებაში ზნეობის, საზოგადოებრივი წესრიგის ან ეროვნული უშიშროების ინტერესებიდან გამომდინარე, პრესა და საზოგადოება შეიძლება არ იქნან დაშვებული მთელ სასამართლო განხილვაზე ან მის ნაწილზე, თუ ამას მოითხოვს არასრულწოვანთა ინტერესები ან მხარეთა პირადი ცხოვრების დაცვა ანდა თუ სასამართლოს შეხედულებით ეს სრულიად აუცილებელია, ვინაიდან განსაკუთრებულ გარემოებებში საჯაროობა ზიანს მიაყენებდა მართლმსაჯულების ინტერესებს.
ევროპულმა სასამართლომ გაიხსენა, რომ 1970 წელს, გოლდერმა შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართა თხოვნით, დაერთო მისთვის თავის ადვოკატთან კონსულტაციის ნება ციხის ოფიცერ ლეირდის წინააღმდეგ ცილისწამებისთვის სამოქალაქო სამართალწარმოების აღძვრის მიზნით. მოგვიანებით, მას ამ თხოვნაზე უარი ეთქვა. შესაბამისად, მსჯავრდებულმა გამოააშკარავა თავისი განზრახვა, რომ აპირებდა აღეძრა სამოქალაქო სამართალწარმოება ცილისწამებისთვის და გამოთქვა სურვილი, დაკავშირებოდა თავის ადვოკატს, რაც წარმოადგენდა ჩვეულებრივ ნაბიჯს. ადვოკატთან დაკავშირების აკრძალვით შინაგან საქმეთა მინისტრმა რეალურად ხელი შეუშალა გოლდერს მის მიერ განზრახული საქმის წარმოებაში.
სასამართლოს შეფასებით, მე-6 მუხლის პირველი პუნქტი არ ადგენს სასამართლოსა თუ ტრიბუნალზე ხელმისაწვდომობის უფლებას აშკარა ფრაზებით. ის ნათლად აცხადებს უფლებებს, რომლებიც განსხვავებულია, მაგრამ გამომდინარეობს ერთი საერთო აზრიდან და ერთად აღებული ქმნის ერთ უფლებას, რომელიც სპეციალურად არ არის განსაზღვრული ტერმინის ვიწრო მნიშვნელობით.
ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ტერმინები, ერთიან კონტექსტში აღებული, იძლევა საფუძველს, რომ ზემოაღნიშნული უფლება მასში მოიაზრება. ასევე, პრინციპი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი უნდა იყოს სამოქალაქო სარჩელის წარდგენა მოსამართლისთვის, უთანაბრდება სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ ძირითად პრინციპს. აღნიშნული შეესაბამება საერთაშორისო სამართლის პრინციპს, რომელიც კრძალავს მართლმსაჯულების უარყოფას. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ამ პრინციპების გათვალისწინებით უნდა იქნას განმარტებული. სასამართლოზე ხელმისაწვდომობის უფლება წარმოადგენს მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლების შემადგენელ ნაწილს. ამდენად, ნებისმიერ პირს აქვს უფლება, წარუდგინოს სამოქალაქო უფლებებთან და ვალდებულებებთან დაკავშირებული საჩივარი სასამართლოს ან ტრიბუნალს.
ევროპულმა სასამართლომ განმარტა, გოლდერმა მიმართა რა შინაგან საქმეთა მინისტრს პეტიციით, ნება დაერთო, კონსულტაცია გაემართა ადვოკატთან ლეირდის წინააღმდეგ ცილისწამებისთვის სარჩელის აღძვრის მიზნით, ის ცდილობდა, გაემართლებინა საკუთარი თავი მის წინააღმდეგ ციხის ოფიცრის მიერ წაყენებულ ბრალდებაში, რომელმაც მისთვის არასასურველი შედეგი გამოიღო. ამასთან, შესაბამისი სამართალწარმოება უკავშირდებოდა ციხის ცხოვრებას და სამართალწარმოება მიმართული იქნებოდა ციხის ადმინისტრაციის იმ თანამშრომლის წინააღმდეგ, რომელიც ექვემდებარებოდა შინაგან საქმეთა მინისტრს და სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელებისას ბრალი დასდო განმცხადებელს. ამ დროს, შინაგან საქმეთა მინისტრს არ ჰქონდა უფლება შეეფასებინა გოლდერის მიერ ჩაფიქრებული ღონისძიება კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეს დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ სასამართლოს უნდა გაეკეთებინა.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის მე-8 მუხლის თანახმად, ყველას აქვს უფლება, პატივი სცენ მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას, მის საცხოვრებელსა და მიმოწერას. დაუშვებელია საჯარო ხელისუფლების ჩარევა ამ უფლების განხორციელებაში, გარდა ისეთი ჩარევისა, რომელიც დაშვებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისთვის ან უწესრიგობის თუ დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობის ან ზნეობის თუ სხვა უფლებათა და თავისუფლებათა დაცვისთვის.
ევროპული სასამართლოს შეფასებით, შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ 1970 წლის პეტიციის უარყოფამ უშუალო ზეგავლენა იქონია გოლდერსა და მის ადვოკატს შორის რაიმე სახის კავშირის შესაძლებლობაზე. კორესპონდენციის წარმოებაში ადამიანისთვის დაბრკოლების შექმნა წარმოადგენს კორესპონდენციის პატივისცემის უფლების განხორციელებაში ჩარევის გავრცელებულ ფორმას. მსჯავრდებული პატიმრის მიერ კორესპონდენციის უფლების განხორციელებაში ჩარევის აუცილებლობა შეფასებული უნდა იქნას პატიმრობის ჩვეულებრივი და მიზანშეწონილი მოთხოვნების გათვალისწინებით, მაგალითად, უწესრიგობის ან დანაშაულის თავიდან აცილებისთვის გამართლებულად ჩაითვლება, როდესაც ჩარევა პატიმართან მიმართებაში უფრო ფართოდ განხორციელდება, ვიდრე თავისუფლებაში მყოფ პირთან.
გოლდერის საქმეში შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ ის არ წარმოადგენდა აუცილებლობას დემოკრატიულ საზოგადოებაში, რადგან განმცხადებლის მიმოწერა თავის ადვოკატთან იქნებოდა მოსამზადებელი ეტაპი იმისთვის, რომ აღეძრა სამოქალაქო სამართალწარმოება და განეხორციელებინა უფლება, რომელიც განსაზღვრულია კონვენციის მე-6 მუხლით.
შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ გოლდერის საქმეში ადგილი ჰქონდა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-8 მუხლის დარღვევას. ამასთან, სასამართლოს აზრით, საქმის პირობებიდან გამომდინარე, საჭირო არ იყო განმცხადებლისთვის სამართლიანი დაკმაყოფილების მინიჭება რაიმე სხვა სახით, გარდა კონვენციით გარანტირებული უფლების დარღვევის დადგენისა.
![]() |
10 დისლექსია |
▲ზევით დაბრუნება |
Stigma-free
თათია მებაღიშვილი
არიან ბავშვები, რომლებიც ძალიან გამოირჩევიან თანატოლებისაგან: თავისებურები, ჩაფიქრებულები, ერთი შეხედვით - ზარმაცები და მოუნდომელები, ზოგჯერ აგრესიულები და გარემოსთან შეუთავსებლები. გარემო მათგან დაჟინებით მოითხოვს, რომ „ჩვეულებრივები“, „ნორმალურები“ იყვნენ, მაგრამ მათი განსხვავებულობის მიზეზის ძიებას თუ დავიწყებთ, დავინახავთ, რომ ისინი არც არანორმალურები არიან, არც ჩლუნგები...
დისლექსიის დახასიათება
დისლექსიის საყოველთაოდ მიღებული განსაზღვრება არ არსებობს, თუმცა გარკვეულ დებულებებზე შეთანხმება მიღწეულია: იგი კითხვის უნარის დაქვეითებაა, ხოლო ფართო მნიშვნელობით - სწავლის უნარის დაქვეითება, რომელიც კითხვის, წერის, ზეპირი მეტყველების პრობლემებით ხასიათდება (ტერმინი ბერძნული წარმომავლობისაა: dus - დაზიანებული, lexis - სიტყვა). ამ პრობლემის მქონე ადამიანები ვერ ახერხებენ დაწერილი სიტყვის აღქმას, თუმცა მოსმენილი სიტყვის აღქმა შეუძლიათ. მაგრამ მრავალმა კვლევამ დაადასტურა, რომ დისლექსია მეტყველების, როგორც ასეთის, პრობლემა არ არის. იგი სწავლის უნარის დაქვეითების ყველაზე გავრცელებული ფორმაა: სტატისტიკურად მსოფლიოში სწავლის უნარის დაქვეითების შემთხვევა სკოლის მოსწავლეებში დაახლოებით 15%25-ა, აქედან 7-9%25-ს დისლექსია აქვს. გარდა ამისა, დისლექსია არ არის დაავადება და სწავლის უნარის დაქვეითების სხვა ფორმებისგან იმით გამოირჩევა, რომ ბიოლოგიურად დეტერმინირებული ნიშნები აქვს.
თამარ გაგოშიძე, ნეიროფსიქოლოგი: „აღმოჩნდა, რომ ასეთი ადამიანების ტვინი დაზიანებული კი არ არის, არამედ ცოტათი განსხვავებულია. მათ გამოხატული არ აქვთ ფუნქციური, ანატომიური ასიმეტრია. ჩვენი ტვინი ფიზიოლოგიურადაც ასიმეტრიულია, ანატომიურადაც და ფუნქციონალურადაც. დისლექსია არ არის შეძენილი, შეიძლება ითქვას, რომ იგი თანდაყოლილია. ძალიან ბევრი გამოკვლევა ჩატარდა იმის დასადგენად, არის თუ არა დისლექსია გენეტიკური მოვლენა და ითვლება, რომ იგი უფრო მემკვიდრეობითია; ფიქრობენ, რომ მამაკაც წინაპრებს იმ ადამიანებისა, ვისაც კითხვის უნარი აქვთ დაქვეითებული, მსგავსი პრობლემა ექნებოდათ. ეს მთლად დასაბუთებული შეხედულება არ არის, მაგრამ არსებობს მონაცემები, რომ ბიჭებში დისლექსია 3-4-ჯერ უფრო ხშირია, ვიდრე გოგოებში.“
ზოგი კვლევის თანახმად, იმ ენებში, სადაც მეტი თანხვედრაა ასოებსა და ბგერებს შორის, ადამიანები ნაკლები სიმძაფრით განიცდიან დისლექსიას (ასეთია ხორვატიული, კორეული, იტალიური და ესპანური ენები, განსხვავებით ინგლისურისა და ფრანგულისაგან). გამოიკვლიეს პირველკლასელი ბავშვების კითხვის სიზუსტე და აღმოჩნდა, რომ ინგლისელ ბავშვებს სიზუსტის 40%25 ჰქონდათ, სხვა ევროპულ ენებზე მოსაუბრეებს - 95%25, ხოლო ფრანგებსა და დანიელებს, როგორც არარეგულირებული წარმოთქმის მქონეებს - 75%25. ეს იმას არ ნიშნავს, რომ დისლექსიას ორთოგრაფია იწვევს, მაგრამ ორთოგრაფიულად რთულ ენებში დისლექსია უფრო მკვეთრად ვლინდება.
თამარ გაგოშიძე: „ჩვენ გვაქვს გარკვეული უნარები, რომლებიც კითხვის დაუფლებაში გვეხმარება. აღმოჩნდა, რომ სწორედ ეს უნარები აქვთ დაქვეითებული დისლექსიის მქონეთ სკოლაში შესვლისას. პირველ ყოვლისა მათ სივრცითი ორიენტაცია, მარჯვენა-მარცხენას გარჩევა უჭირთ იმდენად, რომ „ხ“-ს „ბ“-სგან ვერ განასხვავებენ. მეორე მხრივ, იმისათვის, რომ წაიკითხო, უნდა შეგეძლოს, რომ ეს „ხ“ და „ბ“ იმ ბგერის ჟღერადობას დაუკავშირო, რასაც ისინი აღნიშნავენ. მესამე პრობლემაა ხანმოკლე მეტყველებითი მეხსიერება - მეხსიერებაში საკმაო ხანს ვერ აყოვნებენ იმას, რაც აითვისეს“.
მაგრამ დისლექსიის მქონე ბავშვებს სმენაც და მხედველობაც ნორმალური აქვთ. დისლექსია არც დაბალი ინტელექტის ნიშანია. წერა-კითხვის პრობლემის გამო ამ ადამიანებს შეიძლება მაღალი აკადემიური მიღწევები არ ჰქონდეთ, მაგრამ დიდი ნიჭი გამოავლინონ ხატვაში, თეატრალურ ხელოვნებასა თუ მუსიკაში, სპორტში, მექანიკაში, ბიზნესში, დიზაინსა და ინჟინერიაში. „ასეთ ბავშვებს საკმაოდ მაღალი ინტელექტი აქვთ. კითხვის უნარის დაქვეითება გონებრივ ჩამორჩენილობასთან არ არის კავშირში, თუმცა ძალიან ხშირად ასე ფიქრობენ ხოლმე ადამიანები, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება“, - აღნიშნავს თამარ გაგოშიძე. მართლაც, ბავშვს არაფერი ეტყობა, სანამ სკოლაში არ წავა. იქ კი, კითხვის სწავლისას წარმოქმნილი სიძნელეები მათ ბევრ სხვა პრობლემასაც უქმნის:
თამარ გაგოშიძე: „ბავშვები საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაციას ვერ ახერხებენ იქ, სადაც საჭიროა. დისლექსიის გამო იმდენი პრობლემა ჩნდება, რომ თვით დისლექსია, ანუ ის, რომ ბავშვს კითხვა უჭირდა, ამ ფონზე აღარავის ახსოვს; რომ შეეცვალა, აუტანელი გახდა, ამას, ცხადია, ყველა ამჩნევს.“
შორენა მამუკაძე, ნეიროფსიქოლოგი: „ასეთ ბავშვებზე ამბობენ, არ შეუძლიათ და ამიტომ ვერ აკეთებენ იმას, რაც მოეთხოვებათო. სამწუხაროდ, მათ მიმათ აგრესიულნიც არიან ხოლმე. ბავშვები იბნევიან, ვერ ხვდებიან, რა უნდათ მათგან. მშობლებს ჰგონიათ ჯიბრით იქცევა ასე და სასოწარკვეთილნი კითხულობენ, რატომ მიკეთებს ამას ჩემი შვილი, რას მერჩის, რა დავუშავეო! - ამგვარი ტექსტით მოდიან ხოლმე დაბნეული მშობლები ჩვენთან. ბავშვს კი შესაძლოა დიდი სურვილიც აქვს ყველაფერი ისე გააკეთოს, როგორც მისგან მოითხოვენ, უნდა თავი მოაწონოს გარშემომყოფთ, მაგრამ ვერ ახერხებს, რესურსი არ ჰყოფნის. ეს კი დამატებითი მიზეზია საიმისოდ, რომ ბავშვმა არასრულყოფილ ადამიანად იგრძნოს თავი, ვინაიდან, როდესაც ნორმალური ინტელექტი გაქვს, შესანიშნავად ხვდები, რას ნიშნავს კარგად გაკეთებული საქმე და რას ნიშნავს, როცა ისე არ გამოგდის რამე, როგორც საჭიროა. ამის შედეგია დეპრესიული სიმპტომატიკა, აგრესიულობა, ჯერ საკუთარ თავზე ღიზიანდებიან და მერე - გარშემომყოფებზეც, თანდათან აგრესია ყველა მიმართულებით ვითარდება. ყოველივე ამის გამო ბავშვები ასოციალურნი ხდებიან, უცნაურად იქცევიან, რითაც აპროტესტებენ გარემოს არაადეკვატურ მოთხოვნებს მათდამი. მერე და მერე ემოციების სფეროშიც უჩნდებათ პრობლემები, რაც იმას იწვევს, რომ სოციუმს ვეღარ ერგებიან, მიუღებელნი ხდებიან სოციალური გარემოსათვის. ყველა უნარი რომ საუცხოოდ გვქონდეს განვითარებული, თუ ემოციურად გაწონასწორებულნი არა ვართ, საქმეს რიგიანად მაინც ვერ ვაკეთებთ“.
რეაბილიტაცია
მართალია, დისლექსია დაავადება არ არის, მაგრამ მას მიხედვა აუცილებლად სჭირდება. როგორც მარია გუნარსონი აღნიშნავს (შვედი სპეციალისტი, მუშაობს დისლექსიის მქონე ბავშვებთან და ზრდასრულ ადამიანებთანაც), შვედეთის ციხეებში დისლექსიის მქონე ბევი ადამიანი ზის, რაც სწორედ მათ არაადეკვატურ განვითარებას შეიძლება მივაწეროთ. მას მიაჩნია, რომ დისლექსიისაგან გამოწვეული პრობლემების დასაძლევად ხელსაყრელ გარემოს ქმნის წესრიგი, განსაზღვრულობა და დისციპლინა: „მნიშვნელოვანია რეჟიმის დაცვა. შვედეთში დისლექსიის პრობლემა უფრო მწვავედ შეიძლება იმის გამოც დგას, რომ უმუშევრობის მაღალი დონეა, სკოლაში დისციპლინა მოიკოჭლებს... ამ თვალსაზრისით ენაც მნიშვნელობს: ჩვენ არ წარმოვთქვამთ ისე, როგორც ვწერთ. თქვენ, ქართველებს, ამ მხრივ კარგად გაქვთ საქმე.“
შორენა მამუკაძე: „რეაბილიტაცია ინდივიდუალურია, ბავშვზეა ხოლმე დამოკიდებული. ზოგის მდგომარეობა სწრაფად უმჯობესდება, ზოგისა - ნელა და ძნელად. ერთხელ თუ მიაღწიეს წარმატებას, ეს შედეგი მდგრადია. მე მქონდა ერთი საინტერესო შემთხვევა: მყავდა ბავშვი, პაციენტი, რომელსაც რა ტიპის დისლექსიაც შეიძლება არსებობდეს, ყველას სიმპტომი ჰქონდა. ძალიან დიდი შრომის შედეგად - ბავშვიც მონდომებული იყო, მშობელიც არაჩვეულებრივი ჰყავდა, ესმოდა რასთან ჰქონდა საქმე - მივაღწიეთ იმას, რომ ქართულად წერა-კითხვა დავიწყეთ. მაგრამ, შემდეგ წელს მშობელი გვირეკავს, ახლა ინგლისურში გვაქვს პრობლემაო. განვაახლეთ მუშაობა და, თუ პირველად დაახლოებით რვა თვეს მოვუნდით მდგომარეობის გამოსწორებას, მეორედ ორ თვეში ყველაფერი ალაგდა“.
სინამდვილეში დისლექსიისგან განკურნება არ არსებობს - დისლექსია ეს არის ადამიანის მანერა, განსხვავებულად აითვისოს ინფორმაცია. მან შეიძლება ისწავლოს სხვადასხვა სტრატეგიები და გამოიმუშავოს გარკვეული უნარები პრობლემებთან გასამკლავებლად, მაგრამ ინფორმაციის დამუშავების მანერა არ ეცვლება. უბრალოდ, მან სიძნელეების გადალახვა ისწავლა.
თამარ გაგოშიძე: „ჩვენ უკვე ვიცით, რომ კითხვას ესა და ეს უნარები სჭირდება. არსებობს სპეციალური თამაშები, რომელთა საშუალებითაც შეგვიძლია გავარკვიოთ, აქვს ბავშვს ფონოლოგიური ანალიზის უნარი, თუ არა, არჩევს თუ არა ვიზუალურად ობიექტებს, შეუძლია თუ არა სივრცითი ნიშნების ერთმანეთისგან გამოყოფა და განსხვავება. საბავშვო ბაღი იმისთვის არსებობს, რომ იქ ბავშვებს წერის, კითხვისა და ანგარიშისთვის საჭირო უნარ-ჩვევები გამოუმუშაონ და ასე მოამზადონ სკოლისთვის. ბევრმა არ იცის, რომ საბავშვო ბაღს ეს ამოცანა აკისრია. ეს არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი სტრატეგიული დანიშნულების დაწესებულება, სადაც შესაძლებელია ნებისმიერი დარღვევის, ყველაზე ადვილად კი დისლექსიის განვითარების პრევენცია. დღეს გერმანია, აშშ, ინგლისი და საფრანგეთიც კი, რომელიც განათლებისთვის ამ ქვეყნებთან შედარებით ნაკლებ სახსრებს ხარჯავს, სოციალური პროექტების დაფინანსების უდიდეს ნაწილს სწორედ საბავშვო ბაღებისათვის გამოყოფენ. ამით წინასწარ აგვარებენ იმ პრობლემებს, რომელთა ლიკვიდაცია შემდგომ უფრო ძვირი დაუჯდებოდათ.
ამ ბავშვების ხელის შეწყობა, პირველ ყოვლისა, მათი სწორი გაგება და ინტერპრეტაციაა. თუ საბავშვო ბაღში არ ასწავლიან თამაშებს, რომლებიც ბავშვის პრობლემის გამოვლენას უწყობენ ხელს, მერე უკვე, სკოლაში რომ შევა, მასწავლებელმა უნდა იმარჯვოს და რაც მალე ატეხს განგაშს, მით უკეთესი. ოღონდ ის კი არ უნდა იძახოს, ბავშვი გონებრივად ჩამორჩენილიაო, არამედ მშობლებს უნდა განუმარტოს, რომ მას სპეციალისტების დახმარება სჭირდება. ამის მერე იგეგმება ბავშვთან მუშაობის ინდივიდუალური გეგმა, იმიტომ, რომ იგი იმ გეგმით ვერ აითვისებს 33 ქართულ ასოს, რა გეგმითაც ამას მისი კლასელები ახერხებენ. თუ პრობლემა გვიან, მესამე-მეოთხე კლასში გახდა ცნობილი, მისი დაძლევა ბევრად უფრო ძნელია. არ დამავიწყდება ერთი ჩემი პაციენტი, რომელიც უნდა შემემოწმებინა, კითხულობდა თუ ვერა. ქურთუკი ეცვა, ამ ქურთუკში ჩარგო თავი და მითხრა: ოღონდ წიგნი არ დამანახო და ყველაფერს გავაკეთებო.
მართლაც, როდესაც რაღაცის გაკეთება გვიჭირს, მასზე საერთოდ ხელს ვიღებთ, ისე ვართ ტრავმირებული, ბლოკი გვაქვს, - როგორც ასეთ დროს ამბობენ ხოლმე. ამიტომ ჩვენ შევცვალეთ სტრატეგია: იმით ვიწყებთ, რისი გაკეთებაც ბავშვს შეუძლია, მაგალითად, ხატვით. თუ ხატვისას პრობლემა არ გვაქვს, შეგვიძლია ხატვაში ნელ-ნელა ასო-ბგერები ჩავრთოთ, მაგალითად, დავხატოთ სახლი, რომლის თითოეულ ფანჯარაში ესა თუ ის ასო იქნება გამოსახული. ასე ხატვისას წერასაც ვსწავლობთ. თანდათან, ნაბიჯ-ნაბიჯ ვზრდით დატვირთვას. ეს ძალიან ხანგრძლივი პროცესია; გეგმის შედგენაზე ბევრად მეტი დრო იხარჯება, ვიდრე თვითონ ვარჯიშზე. გეგმის შედგენაა მთავარი, თორემ ცოტაოდენი გავარჯიშების შემდეგ უკვე უჩვენოდ, შინ თვითონვე ასრულებენ სავარჯიშოებს.“
შორენა მამუკაძე: „ერთია უნარებთან დაკავშირებული პრობლემები, რაც იმას განაპირობებს, რომ ბავშვს წერა-კითხვა უჭირს, მეორეა ემოციური პრობლემები. ერთიც უნდა მოგვარდეს და მეორეც. „რიგიან ქვეყნებში“ რამდენიმე სპეციალისტი ერთდროულად მუშაობს ბავშვთან, მულტიდისიპლინური გუნდი იკვრება. ნევროპათოლოგი, პედაგოგი, ფსიქოლოგი, მშობელი ერთმანეთთან შეთანხმებულად მოქმედებენ, რადგან ერთ-ერთი ამათგანის არაადეკვატური დამოკიდებულება ბავშვის მიმართ საკმარისია საიმისოდ, რომ ეს პროცესი მთლიანად ჩაიშალოს. რა წარმატებასაც არ უნდა მივაღწიო ბავშვთან მუშაობისას, თუ, ვთქვათ, სკოლაში ისევ „დებილს“ ეძახიან, ყველა გარჯა წყალში ჩამეყრება.
უნდა შედგეს ინდივიდუალური აკადემიური პროგრამა, რომლის მიხედვითაც ბავშვი ნებისმიერ საკლასო აქტივობაში ჩაერთვება, იქნება ეს წერა, კითხვა, ექსკურსია, დასჯა თუ წახალისება. თუმცა სხვებმა არ უნდა იგრძნონ, რომ მისდამი რაღაც განსაკუთრებული დამოკიდებულებაა - იგი უნდა იყოს ჩვეულებრივი, მათი ერთ-ერთი რიგითი კლასელი და არა რაღაც განსაკუთრებული, რომელზეც მასწავლებელიც დაფეთებულია, მშობლებიც. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათთვის შედგენილი აკადემიური გეგმა ჩვეულებრივ აკადემიურ გეგმაში შეერწყას. მოზარდი განიცდის, რომ თავისი თანატოლებივით კარგად არ გამოსდის რაღაც-რაღაცები, ამიტომ საჭიროა მშობელიც ჩავრთოთ ამ პროცესში და ბავშვის მიღწევათა ადეკვატური შეფასება ვასწავლოთ - მან ბავშვის წინაშე უნდა გამოხატოს გახარება იმით, რომ თუნდაც ერთი ნაბიჯით წინ წავიწიეთ. ფსიქოლოგი იმ უნარების გამომუშავებზე მუშაობს, რომლებიც დისლექსიის დასაძლევად არის საჭირო, ემოციურ სფეროსთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს აძლევს მასწავლებლებს. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია ობიექტური დამოკიდებულება ბავშვისადმი; არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მას, ისევე როგორც ნებისმიერ ადამიანს, მარტო სუსტი კი არა, ძლიერი მხარეებიც აქვს. მით უმეტეს, რომ ასეთ ბავშვებს ძალიან კარგი შემოქმედებითი აზროვნება, მშვენიერი მოტორული და ვიზუალური უნარები აქვთ, ისეთი, მის თანატოლებს რომ შეიძლება არც კი დაესიზმროთ. ამიტომ იმის ხაზგასმა, რომ „შენ ეს არ გამოგდის“, არ შეიძლება. თუმცა ყურადღება კი უნდა მიაქცევინო იმაზე, რომ რაღაც არ გამოსდის; ამას ვერ წავუყრუებთ, იმიტომ, რომ თვითონაც გრძნობს: ისეთ სიმარჯვეს ვერ იჩენს, როგორიც მოეთხოვება. მშვიდად უნდა ვუთხრათ: „ეს არ გამოგივიდა და მოდი, ვივარჯიშოთ, შეიძლება გამოგივიდეს, მაგრამ რომც არ გამოგივიდეს, არა უშავს, ადამიანებს ყველაფერი კი არ გამოგვდის!“ ეს ყოველივე განაპირობებს იმას, რომ ბავშვს ადეკვატური დამოკიდებულება უჩნდება საკუთარი შესაძლებლობებისადმი, აღარ ღიზიანდება, აღარ შფოთავს, უმჯობესდება მისი თვითშეფასება, კლებულებს აგრესია სოციუმისადმი და იგი უფრო მისაღები ხდება თანატოლებისთვისაც, მასწავლებლებისთვისაც, შინაურებისთვისაც. ეს მეორეული, ემოციური სფეროს პრობლემები სწორედ ამ გზით დაიძლევა.“
დღეს საქართველოში
შორენა მამუკაძე: „როგორც წესი, მასწავლებლებმა არ იციან, რასთან აქვთ საქმე. უბრალოდ, ხვდებიან, რომ რაღაც ვერ არის რიგზე. ამ ბოლო დროს მასწავლებელი ასეთ შემთხვევებში სულ უფრო ხშირად მიმართავს სკოლის ფსიქოლოგს, რომელსაც ბავშვზე დაკვირვება ევალება, რათა მიახლოებით გამოიცნოს, რასთან გვაქვს საქმე, და დაადგინოს, რომელი დარგის სპეციალისტი უნდა ჩავრთოთ - ფსიქოთერაპევტი, ნეირო-ფსიქოლოგი თუ სხვა ვინმე. თბილისში პედაგოგები მეტ-ნაკლებად ინფორმირებულნი არიან ამის შესახებ, მაგრამ რეგიონებში - სულ არა: ბავშვები დაცინვის, აბუჩად აგდების ობიექტები ხდებიან, არავინ ფიქრობს მათთვის დახმარების აღმოჩენაზე. პირველ ყოვლისა, ინფორმირებულობა უნდა გაიზარდოს - ყველამ უნდა შეიგნოს, რომ ამგვარი ბავშვი არც ჭკუასუსტია, არც ზარმაცი, უბრალოდ, მას სპეციფიკური პრობლემები აქვს, რომელთაც მიხედვა სჭირდება, რათა დაიძლიოს.
ამჟამად ერთ-ერთ სკოლაში, რამიშვილის სახელობის სკოლაში, ვახდენთ ინკლუზიას. ძალიან რთული იყო მასწავლებლებთან მუშაობა: მათ გარკვეული სტერეოტიპები აქვთ ჩამოყალიბებული იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა იმუშაონ ბავშვთან. თავიდან გვეგონა, რომ ახლებური მიდგომის სისწორეში მათი დარწმუნება შეუძლებელი იქნებოდა, მაგრამ სულ ორი-სამი თვეა, რაც ამ პროექტის განხორციელება დავიწყეთ, და დაუჯერებელ შედეგს მივაღწიეთ: ახლა ეს ბავშვები ჩვეულებრივ კლასებში სხედან! ერთი კია, რომ მანამდე მოსამზადებელი სამუშაოები ჩავატარეთ: ეს იყო ტრენინგები, წინასწარი შემზადება მასწავლებლებისა და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, თანატოლებისა, რომელთა კლასშიც ასეთი ბავშვები უნდა შესულიყვნენ. ეს იმიტომ არის საჭირო, რომ ამ პრობლემების მქონე მოზარდები სხვანაირები არიან, არა ისეთები, როგორიც ჩვენ ვართ, და ეს მათ გვერდით მყოფმა ადამიანებმა უნდა გაითვალისწინონ. არის ასეთი მულტფილმი „ნემო“. ნემო უნარშეზღუდული შესაძლებლობების თევზია, ერთი ფარფლი მოკლე აქვს. პატარებს ამ მულტფილმს ვაჩვენებდით, დიდებისთვის კი შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვზე გვქონდა მოთხრობა, რომელსაც მათ ვუკითხავდით და მერე გამოგვქონდა დასკვნა, რომ ჩვენ ყველანი ბევრი რამით ვგავართ ერთმანეთს, მაგრამ ასევე ბევრი რამით განვსხვავდებით კიდეც ერთიმეორისგან, ამიტომ ერთმანეთი ჩვენ-ჩვენი ძლიერი და სუსტი მხარეებით უნდა მივიღოთ. ამან არაჩვეულებრივი შედეგი გამოიღო: როგორც კი ამ ბავშვებს ადეკვატური, მომზადებული გარემო დახვდათ, რაკიღა თანატოლებმა და მასწავლებლებმა ჩვენი რჩევები გაითვალისწინეს, უპრობლემოდ დაიწყო მათი ინკლუზია.
ეს პროცესი სასარგებლოა არა მარტო ამ ბავშვებისათვის, არამედ დანარჩენებისთვისაც, ვინაიდან ისინიც ამ დროს სხვადასხვა ტიპის ადამიანთა მიმღებლობას სწავლობენ. მშობლებს ჰქონდათ პრეტენზიები, ამბობდნენ: „ჩემი შვილის გვერდით ასეთი ბავშვი არ უნდა იყოს, ტრავმას მიაყენებს ჩემს შვილს, არ მინდა ასეთი ბავშვი დაინახოს!“ მაგრამ დავძლიეთ ეს წინააღმდეგობა. ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ის არის, რომ მიმღებლობა ჰქონდეთ მასწავლებლებსაც, ბავშვებსაც და ამ ბავშვების მშობლებსაც. ამის მიღწევა შესაძლებელია, რისი თვალსაჩინო მაგალითიც უკვე გვაქვს.“
დისლექსია ყველა კულტურასა და სოციალურ ჯგუფში გვხვდება. მაგრამ დისლექსიის მქონე ადამიანები არაჩვეულებრივები მხოლოდ მანკიერ გარემოში ჩანან ისეთში, სადაც „სხვანაირი“ მიუღებელია, სადაც ყველა ერთმანეთს უნდა ჰგავდეს, რათა ადამიანის სრულუფლებიანი სტატუსით ისარგებლოს.
გახსოვთ სიმღერა დისნეის მულტფილმიდან „პოკაჰონტასი“?
„You think the only people who are people
Are the people who look and think like you
But if you walk the footsteps of a stranger
You'll learn things you never knew, you never knew“, -
ეს ქართულად ასე იქნება:
„შენ გგონია, მხოლოდ ის ხალხია ხალხი,
ვინც შენნაირად ხედავს და ფიქრობს,
მაგრამ თუ უცხოს ნაბიჯებს აუწყობ ფეხს,
ისეთ რამეებს ისწავლი, რაც აქამდე არ იცოდი“.
![]() |
11 ბავშვზე ორიენტირებული სამედიცინო მომსახურება |
▲ზევით დაბრუნება |
Pro-აქცია
ხათუნა დოლიძე
„თითოეული ბავშვის ცხოვრება დაბადებიდან ინდივიდუალური ტემპით იწყებს განვითარებას. ჩვენი ვალია ეს პროცესი არ დაირღვეს. განვითარების პროცესი უწყვეტია და ამ პროცესში მუდმივი პროგრესი მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, თუ ბავშვზე ზრუნვაც ასევე უწყვეტად და ნორმალურად ხორციელდება“ - ასე დაიწყო ერთ-ერთი გამოსვლა, რომელსაც ბი-ბი-სი გადასცემდა, ცნობილმა ინგლისელმა პედიატრმა და ფსიქოანალიტიკოსმა დ. ვ. ვინიკოტმა. მისი გამოსვლა საავადმყოფოებში მოთავსებულ ბავშვებთან დედების ვიზიტს ეხებოდა. ეს იყო მეოცე საუკუნის 60-იანი წლები.
ეს ის პერიოდია, როდესაც ბავშვებს მშობლის გარეშე საავადმყოფოში დიდი ხნით ათავსებდნენ. ხშირად ბავშვისთვის უცნობი იყო მისი იქ მოხვედრის მიზეზი. ოჯახის წევრებთან განშორება, უცხო სტრესული გარემო და თამაშის შეზღუდული შესაძლებლობები კიდევ უფრო სევდიანს ხდიდა მათ იქ ყოფნას. საგანგაშო გახდა ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობის ზრდა როგორც საავადმყოფოებში, ასევე ოჯახურ პირობებში. მეცნიერებმა დაიწყეს კვლევები, რომლებიც ბავშვის დედასთან დაშორების პრობლემებს შეეხებოდა.
„ექიმს ხელები იმიტომ არ დავუხატე ნემსი რომ არ გაუკეთოს ავადმყოფს“ - 6 წლის ბიჭუნა.
შედეგებმა აჩვენა, რომ ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობა სენსორულ დეპრივაციასა და ადამიანებთან არასაკმარის კონტაქტებთან იყო დაკავშირებული. მოზრდილ ბავშვებში კი ქრონიკული ავადმყოფობით გამოწვეული ხანგრძლივი ჰოსპიტალიზაცია დისტრესს, მარტოობას და სტიმულაციის ნაკლებობას იწვევდა. ამ შრომებმა არსებითი ზეგავლენა იქონია სამედიცინო მომსახურების ჰუმანიზაციის პროცესზე. ბავშვთა საავადმყოფოებში გამოჩდნენ „თამაშის ქალბატონები“ - ასე შეარქვეს საავადმყოფოს ადმინისტრაციის მიერ საგანგებოდ დაქირავებულ პედაგოგებს, თამაშისა და რეკრეაციულ თერაპევტებს. ისინი პაციენტ ბავშვებთან თამაშობდნენ და სწავლაში ეხმარებოდნენ მათ. ამ ქალბატონების მოვალეობა იყო აგრეთვე ექიმებისათვის ბავშვთა ემოციური და ფსიქო-სოციალური მოთხოვნილებების სწავლება. იმ დროს თამაშის პროგრამას ჯერ კიდევ სერიოზულად არ აღიქვამდნენ.
5 წლის გოგონა ჩვეულებრივ ასე ხატავს საკუთარ თავს
1955 წელს ნობელის პრემიის ლაურეატმა ამერიკელმა ექიმმა ფრედ რობინსმა, რომელიც კლივლენდის საავდმყოფოში მუშაობდა, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ამ პროგრამის განვითარებაში. კლივლენდის კლინიკის ტუბერკულოზის განყოფილებაში ბავშვებს მხოლოდ იმის გამო ათავსებდნენ, რომ მშობლების მხრივ დანიშნულების ზუსტად შესრულების იმედი არ ჰქონდათ. მკურნალობა კი კვირაში ერთხელ საინფუზიო ხსნარის გადასხმასა და რენტგენის სურათის გადაღებაში მდგომარეობდა. სხვა მხრივ ჯანმრთელი ბავშვები ხანგრძლივი ჰოსპიტალიზაციით გამოწვეულ სტიმულაციის სერიოზულ ნაკლებობას განიცდიდნენ. და აი, ექიმმა რობინსმა გადაწყვიტა შეეცვალა ამ.განყოფილების ცხოვრება. მცირე გრანტის საშუალებით მან სკოლამდელი ასაკის ბავშვთა აღმზრდელი, ცნობილი პედაგოგი ემა პლანკი დაიქირავა. რობინსის სურვილი იყო ემა პლანკს, კონსულტანტ ექიმთან ერთად, ისეთი პროგრამა შეექმნა, რომელიც ამ ბავშვების სოციალურ, ემოციურ და განათლების მოთხოვნილებებზე იქნებოდა ორიენტირებული. პროგრამა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ საავადმყოფოში სპეციალური განყოფილებაც გაიხსნა, რომელსაც ემა პლანკი შემდგომ 22 წელიწადს ხელმძღვანელობდა. ამ განყოფილებას 60-იანი წლებიდან ბავშვის ცხოვრებისა და განათლების განყოფილება დაერქვა (Child Life and Education Department), ვინაიდან პროგრამამ თამაშზე და რეკრეაციაზე უფრო ფართო ამოცანები მოიცვა: თამაშით თერაპია, ბავშვისთვის მისი დიაგნოზის განმარტება, პროცედურებისთვის მომზადება, პაციენტის ოჯახზე ორიენტირებული მომსახურების უზრუნველყოფა.
ეს ნახატი კი ბრმა ნაწლავის ოპერაციიდან რამდენიმე დღის შემდეგ არის შესრულებული.
კარდიოლოგმა საგულდაგულოდ უნდა შეისწავლოს როგორ მუშაობს ჩემი გული. იგი ჯერ ფონედოსკოპით უსმენს ჩემს გულისცემას.
(საქართველოს ბავშვთა
ჯანმრთელობაზე ზრუნვის ასოციაცია)
იცი როგორ უნდა დაითვალოს ექიმმა რამდენი ჟანგბადია სისხლში? ამას ექიმები სატურაციის გაზომვას უძახიან. სისხლის აღება სულ არ არის საჭირო. ამისათვის თითზე პატარა სტიკერი გიმაგრდება, რომელიც წითლად ანათებს. დაახლოებით ათ დათვლაში აპარატზე ის რიცხვი დაიწერება რამდენი ჟანგბადიც არის შენს სისხლში.
აბა დაითვალე რამდენი ჟანგბადის ბურთულები (02) მახატია შარვალზე და ეს რიცხვი აპარატში ჩაწერე.
(საქართველოს ბავშვთა ჯანმრთელობაზე ზრუნვის ასოციაცია)
თანდათანობით შეიქმნა პროფესიული გაერთიანებები და ორგანიზაციები, რამაც ამ სპეციალობის პროფესიონალიზაციასა და პრაქტიკაში მის დანერგვას ხელი შეუწყო. ეს მოძრაობა განსაკუთრებით 70-80-იან წლებში გაფართოვდა. აკადემიური პროგრამების განვითარებამ, ჰოსპიტლებში ინტერნატურისა და სასერთიფიკატო პროგრამების ჩამოყალიბებამ პროფესიული ზრდის ტემპი დააჩქარა.
ასე შეიქმნა ფსიქო-სოციალური პროგრამა, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკაში პედიატრიული დაწესებულების სტანდარტი გახდა.
სამედიცინო მომსახურების ხარისხის ზრდამ შეამცირა ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობა. ამიტომ ეს პროგრამები პედიატრიული ჯანდაცვის სისტემაში უფრო ფართოდ დაინერგა და ტრადიციული სტაციონარული მომსახურებიდან ამბულატორიულ და სხვა სახის სამედიცინო მომსახურებაზეც გავრცელდა.
ჩრდილოეთ ამერიკაში ამჟამად ფსიქო-სოციალური პროგრამები 4000-ზე მეტ პედიატრიულ დაწესებულებაში არსებობს.
საქართველოში, ჯოენის კარდიოქირურგიულ კლინიკაში, ამ სამკურნალო დაწესებულების დაარსებიდანვე (1996 წლიდან) არსებობს ფსიქოლოგიური სამსახური, რომელიც პაციენტის ჯანმრთელობასა და მკურნალობასთან დაკავშირებული ფსიქო-სოციალური პრობლემების გადაჭრაზეა ორიენტირებული.
ეს სერვისი ჩრდილოამერიკული პედიატრიული დაწესებულების ფსიქო-სოციალური პროგრამის ანალოგიურია. იგი მომსახურების მრავალ ასპექტს მოიცავს. ესენია: ასაკისა და პიროვნული თავისებურებების გათვალისწინებით პაციენტისთვის მისი დიაგნოზისა და მკურნალობისთვის საჭირო სამედიცინო პროცედურების ახსნა-განმარტება, სამკურნალოდ შემზადება, სტრესული პროცესების დროს მხარდაჭერა, ემოციური თანადგომა, თერაპიული თამაშები, განვითარებისა და გარემოს ნორმალიზაციისათვის მნიშვნელოვანი საქმიანობები.
ეს პროგრამა, პირდაპირ თუ არაპირდაპირ, ზრუნავს საავადმყოფოში მოთავსებული ბავშვის კეთილდღეობაზე, მისი მთავარი მიზანი ჯანმრთელობის პრობლემებით და საავადმყოფოს რუტინით გამოწვეული ფსიქოლოგიური გართულებების პრევენცია და სტრესის შემცირებაა.
2007 წელს ჯოენის სამედიცინო ცენტრის ბაზაზე საქართველოს ბავშვთა ჯანმრთელობაზე ზრუნვის ასოციაცია შეიქმნა. ამ ორგანიზაციის ძირითადი ამოცანა პედიატრიულ დაწესებულებებში ბავშვზე ორიენტირებული სამედიცინო მომსახურების განვითარებაა. ეს გულისხმობს პედიატრიულ დაწესებულებებში ასაკობრივი მოთხოვნილებების შესატყვისი გარემოს შექმნას და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ფსიქოლოგიური და სოციალური პრობლემების გადაჭრაზე ორიენტირებული ახლებური მომსახურების დანერგვას.
სწორედ ამ მიზნით ასოციცაციამ, აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, მოიწვია ექსპერტი, პროფესიული საბჭოს „Child Life Council“-ის წევრი ანდრეა მანჯიონე სთენდიში. მისი ვიზიტის დროს მოეწყო ტრენინგები ბავშვთა საავადმყოფოში მომუშავე ფსიქოლოგებისთვის, გაიმართა ამ პროგრამის პრეზენტაცია სამედიცინო წრის წარმომადგენლებისათვის, შედგა მნიშვნელოვანი შეხვედრები იმ პირებთან, რომელთაც შესწევთ ძალა უფრო სრულყოფილი გახადონ პედიატრიული დაწესებულებების მომსახურება საქართველოში.
საავადმყოფო პოტენციურად ინტელექტუალური სტიმულაციის ადგილია. აქ ბავშვებს გარემოს ახალ ასპექტებთან ურთიერთობის შესაძლებლობა ეძლევათ. მაგრამ ხანდახან ამ შესაძლებლობების პრაქტიკულად გამოყენება არ ხდება. მეტიც ეს გამოცდილება ხშირ შემთხვევაში უარყოფითად მოქმედებს ბავშვების ინტელექტუალურ განვითარებაზე.
10 წლის ბიჭუნას ნახატი ჯოენში შემოსვლისას და ოპეერაციის შემდეგ. უმეტეს შემთხვევაში ბავშვს არ უხსნიან მოსალოდნელ პროცედურებს. იგი ცდილობს თავისით მოიპოვოს ეს ინფორმაცია, რომელიც უმრავლეს შემთხვევაში არასრული ან დამახინჯებულია.
ანდრეა მანჯიონე სთენდიში: „კვლევების თანახმად, ბავშვზე ორიენტირებული სამედიცინო მომსახურება პაციენტს როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქოლოგიურ გაჯანსაღებაში ეხმარება, კერძოდ, იზრდება საკუთარ თავში მისი დარწმუნებულობა, უკეთ მიმდინარეობს ექიმთან თანამშრომლობა, პაციენტი დამყოლი ხდება, იოლად უმკლავდება სტრესს, უქრება შფოთიანობა, შიში, ნაკლებია ოპერაციისშემდგომი გართულებები, მცირდება რეაბილიტაციისთვის საჭირო და მედპერსონალის მიერ დახარჯული დრო, კლებულობს სედაციური და ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტების გამოყენების საჭიროებაც. მომავალ ექიმებს, ჩვენი კლინიკის რეზიდენტებს, სულ ვეუბნები: თქვენი უმთავრესი ამოცანაა უმკურნალოთ სხეულს და თავიდან აიცილოთ დაავადება. ჩვენი ამოცანაა ვუმკურნალოთ ბავშვის ფსიქიკას და თავიდან ავაცილოთ მას ფსიქოლოგიური გართულებები. ამრიგად, თქვენი და ჩვენი პრიორიტეტები სხვადასხვაა. როცა თქვენს საქმეს აკეთებთ, იფიქრეთ იმაზე, ზიანს ხომ არ აყენებთ ბავშვის პიროვნებას. იმედი მაქვს ისე დაეუფლებით თქვენს პროფესიას, რომ შეძლებთ ბავშვის სხეულის, გულისა და სულის ერთდროულად განკურნებას“.
![]() |
12 ყურანის ახალი ქართული თარგმანი |
▲ზევით დაბრუნება |
ახალი ამბები
16 ივნისს კულტურულ ურთიერთობათა ცენტრ „კავკასიურ სახლში“ გაიმართა ყურანის ახალი, რიგით მეორე, ქართული თარგმანის პრეზენტაცია (ყურანის პირველი, პეტრე მირიანაშვილის მიერ ფრანგულიდან გადმოღებული ქართული თარგმანი 1906 წელს გამოიცა). მუსლიმთა უპირველესი წიგნის ახალი თარგმანი კავკასიური სახლის ისლამური კულტურის შემსწავლელი ცენტრის ხელმძღვანელმა, თბილისის ივ. ჯავახიშვილის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, გიორგი ლობჟანიძემ არაბული ენიდან შეასრულა.
გიორგი ლობჟანიძე: ყურანის ქართულ ენაზე თარგმნის იდეა სპონტანურად დაიბადა: უნივერსიტეტში მესამე კურსზე ქალბატონ თინა მარგველაშვილის ხელმძღვანელობით გავდიოდი კურსს „ყურანის არაბული“ და როდესაც რამდენიმე სურა წავიკითხე, ძალიან მომხიბლა ტექსტის პოეტურობამ და მისმა მხატვრული სიტყვის ძალმოსილებამ. გადავწყვიტე ყურანის თარგმნა, თუმცა მაშინ, დედნის შთაბეჭდილებიდან გამომდინარე, პოეტურ თარგმანს ვაკეთებდი. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სწავლა თეირანში გავაგრძელე და მივხვდი, რომ იმ ვითარებაში, როდესაც არ გვაქვს ყურანის კარგად კომენტირებული გამოცემა, დიდი ფუფუნება იქნებოდა გვქონოდა პოეტური თარგმანი, და გადავწყვიტე სიტყვასიტყვით თარგმანზე, ანუ ფილოლოგიურ თარგმანზე, მუშაობა დამეწყო. ეს სამუშაო თორმეტ წელზე მეტ ხანს გაგრძელდა.
ვფიქრობ, საზოგადოებას ამ თარგმანთან დაკავშირებით, არაერთგვაროვანი დამოკიდებულება ექნება. თუმცა გულწრფელად და შეიძლება გულუბრყვილოდ მჯერა, რომ ამ ფაქტს, როგორც დიდ კულტუროლოგიურ მოვლენას, ყველა აღიარებს.
თარგმანის მიზანი იყო ხალხს საშუალება მისცემოდა ქართულ ენაზე გასცნობოდა ამ წიგნს. არცერთი რელიგია არ არის საშიში, საშიშია ე.წ. ზეპირი რელიგია, რომელიც რაღაც ადათების სახით ვრცელდება. ხშირად ამა თუ იმ რელიგიას ისეთ რამეს მიაწერენ, რაც მისთვის სრულიად უცხოა. ყურანის ქართული თარგმანი მკითხველ საზოგადოებას სხვაგვარ წარმოდგენას ჩამოუყალიბებს ისლამის შესახებ, ეს კი საქართველოს საშუალებას მისცემს, რომ სწორი ორიენტირები მოინიშნოს მუსლიმურ სამყაროსთან ურთიერთობისას.
ნაირა გელაშვილი, „კავკასიური სახლის“ დირექტორი: უპირველეს ყოვლისა ეს არის ქართული ისლამისტიკისა და ქართული ყურანოლოგიის დიდი შენაძენი, თუმცა ვთვლი, რომ ეს გამოცემაც ძალიან დაგვიანებულია. ევროპულ ქვეყნებში არაჩვეულებრივად განვითარებულია აღმოსავლეთმცოდნეობა, ისლამისტიკა, ყურანოლოგია და ევროპულ ენებზე ყურანის რამდენიმე თარგმანი არსებობს. ეს დარგები, მითუმეტეს, განვითარებული უნდა იყოს ჩვენთან, რადგან მუსლიმურ ქვეყნებს უშუალოდ ვემეზობლებით. გარდა ამისა, აქ სხვა ინტერესიც უნდა იყოს გათვალისწინებული - ქრისტიანი ქართველების გარდა მუსლიმი ქართველებიც არსებობენ, საქართველოშიც და საქართველოს გარეთაც, ასე რომ, შეიძლება ქვეყნად ქართველი მუსლიმი მეტიც კია, ვიდრე ქართველი ქრისტიანი, რაც ჩვენ განსაკუთრებული კულტურული და სამეცნიერო სტრატეგიის შემუშავებისკენ გვიბიძგებს, რადგან აუცილებელია თურქეთში, ირანში, შუა აზიაში ან სხვაგან მცხოვრები ქართველები არ გავიდნენ ჩვენი ენობრივი სივრციდან. ქართველი ხალხის ცნებაც ერთიანი უნდა იყოს, ყველა დიასპორას უნდა მოიცავდეს და ქართველებად არ უნდა მოვიაზრებდეთ მარტო მაინცდამაინც ამჟამინდელ საქართველოში მცხოვრებ ხალხს. ეს თარგმანი იმითაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საინგილოში თუ ჩვენს აჭარაში მცხოვრებ მუსლიმ ქართველებს, აგრეთვე პანკისის ხეობაში მცხოვრებ ქისტებს, რომლებისთვისაც განათლების ენა ქართულია და არა რუსული თუ არაბული, საშუალება ექნებათ ქართულად წაიკითხონ ყურანი.
ყველგან, არა მარტო ქართულ საზოგადოებაში, არამედ მუსლიმებთანაც, სადაც ყურანს არ კითხულობენ და ყურმოკრულ ცნობებს სჯერდებიან მის შესახებ, ჩნდება მცდარი შეხედულებები და ინტერპრეტაციები. სწორედ ყურანის დამახინჯებული გაგებიდან მოდის აგრესია, „საღვთო ომი“. თუნდაც მხოლოდ ამიტომ არის აუცილებელი ამ წიგნის თარგმანის არსებობა.
კულტურულ ურთიერთობათა ცენტრის - „კავკასიური სახლის“ - მოღვაწეობის მთავარი მიზანი სამშვიდობო პოლიტიკაა. სამშვიდობო პოლიტიკა, უპირველეს ყოვლისა, შენი მეზობელი ხალხის ან შენთან მცხოვრები არაქართველების კულტურული მონაპოვარის გაცნობას ნიშნავს, რადგან მხოლოდ ამ შემთხვევაში ხდება ეს ხალხები შენთვის ახლობელი და დასაფასებელი. ამიტომ ვფიქრობ, რომ თარგმანი და, საზოგადოდ, კულტურული ურთიერთობები უფრო მეტად აახლოებს ხალხებს, ვიდრე პოლიტიკა. კულტურული ურთიერთობა სულიერ ერთობას ქმნის.
ოთხი წლის წინ შევიმუშავეთ პროექტი „ისლამური კულტურის შემსწავლელი ცენტრი კავკასიაში“. ეს მრავალწლიანი პროექტი ჩვენმა მეგობარმა, ევროპულმა ფონდმა „ჰორიზონტმა“ დააფინანსა. ეს ფონდი იმითაც ძალიან გამორჩეულია, რომ იგი ჩვენს მთელ საგანმანათლებლო, მთარგმნელობით და კულტურულ პროგრამას აფინანსებს. დღეს ძალინ ძნელია ვინმეს ასეთი ტიპის პროექტები დააფინანსებინო. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში გამოიცა ყურანის აკადემიური თარგმანი, რომელსაც დართული აქვს საკმაოდ ვრცელი სუნიტური და შიიტური კომენტარები. ხორციელდება მეორე პროექტიც - უნდა გამოიცეს მუჰამედის ცხოვრება, რომელიც ძალიან გასაგები და ხელმისაწვდომი იქნება ხალხისთვის. ყურანის ქართული თარგმანის გამოცემა ისტორიული ფაქტია და მუსლიმი ხალხის მიმართ დიდ პატივისცემას გამოხატავს. სწორედ ასეთი პროექტები აახლოებს ხალხებს ერთმანეთთან და, ვფიქრობ, ამ მიმართულებით ისევ გავაგრძელებთ მუშაობას.
რელიგიათმცოდნეთა საერთაშორისო სიმპოზიუმი
საქართველოში უკვე მეორე წელია ტარდება „რელიგიათმცოდნეთა საერთაშორისო სიმპოზიუმი“, რომლის ორგანიზატორი სულხან-საბა ორბელიანის სახელობის თეოლოგიის, ფილოსოფიისა და ისტორიის ინსტიტუტია.
ნუგზარ ბარდაველიძე: შარშან, 17-18 მაისს, პირველად ჩატარდა საერთაშორისო სიმპოზიუმი სახელწოდებით „საქართველო - რელიგია და თანამედროვეობა“. გადავწყვიტეთ ამ სიმპოზიუმის, როგორც ტრადიციის, დამკვიდრება. მეორე სიმპოზიუმი წელს, ისევ მაისში ჩავატარეთ. მონაწილეობის მიღების მსურველთა რიცხვი, წინა წელთან შედარებით, გაცილებით გაიზარდა. პირველი თემატური სიმპოზიუმი 14-15 ივნისს ჩატარდა სახელწოდებით „რელიგიათაშორისი დიალოგი და გლობალიზაციის პრობლემები“. არასამთავრობო ორგანიზაციებიდან და უმაღლესი სასწავლებლების ლექტორთაგან 18 გამომსვლელი შეირჩა, რომელთაც ძალიან საინტერესო მოხსენებები წაიკითხეს. მეორე თემატური სიმპოზიუმი გაისისთვის გაიმართება და ბიოეთიკას მიეძღვნება.
მინდა აღვნიშნო, რომ რელიგიათმცოდნეთა სიმპოზიუმი არ არის რაიმე რელიგიური, რიტუალური სახის შეკრება. წარმოდგენილი მოხსენებები რელიგიის ისტორიის, ფილოსოფიის, რელიგიის სოციოლოგიისა და ფენომენოლოგიის აქტუალურ საკითხებს მიეძღვნა. ეს სამეცნიერო ხასიათის შეკრებაა, რომელშიც უცხოელი მომხსენებლებიც იღებენ მონაწილეობას.
პირველი სიმპოზიუმის მუშაობის პროცესში ჩამოყალიბდა „რელიგიათმცოდნეების კავშირი“. მასში გაერთიანებულნი არიან ის მეცნიერები, რომლებიც თავიანთი მოღვაწეობით, კვლევებით რელიგიათმცოდნეობასთან არიან დაკავშირებულები.
სიმპოზიუმების საქართველოში ჩატარების მიზანი ჩვენში რელიგიათმცოდნეობითი აზრის განვითარებაა. კავშირის წევრებს მიგვაჩნია, რომ მეცნიერი საკვლევ თემაზე მუშაობის დროს არ უნდა გამოხატავდეს რომელიმე კონფესიის ინტერესებს, აუცილებელია, რომ მან ნეიტრალური პოზიცია შეინარჩუნოს.
საორგანიზაციო კომიტეტი ხელს შეუწყობს მსგავსი ღონისძიებების ჩატარებას რეგიონებში, თუ ამის სურვილს რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ან უმაღლესი სასწავლებელი გამოთქვამს. სიმპოზიუმის მასალების კრებულის სახით გამოიცემაც იგეგმება საორგანიზაციო კომიტეტის მიერ.
ეთნიკური უმცირესობები ქართულ საინფორმაციო სივრცეში
არასამთავრობო ორგანიზაციამ „ახალგაზრდული ალტერნატივა“, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციის „სოციალურ მეცნიერებათა ახალგაზრდული ასოციაციის“ ბაზაზე ჩამოყალიბდა, 15 ივნისს სასტუმრო „თორში“ ქართული ელექტრონული მედიის მონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია გამართა, მონიტორინგისა, რომელიც პროექტის „ეროვნულ უმცირესობათა პრობლემები საქართველოში“ (მხარდამჭერი ორგანიზაცია „ფრიდრიხ ებერტის ფონდი“) ფარგლებში განხორციელდა.
ერთთვიანი მედიაკვლევა „ეთნიკური უმცირესობები ქართულ საინფორმაციო სივრცეში“ ოთხ წამყვან ქართულ ტელეარხს მოიცავდა („რუსთავი-2“-ს, „საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს“, „მზესა“ და „იმედს“). კვლევის მიზანი იმის გამოვლენა იყო, რა ადგილი უკავია ტელეპროგრამებში ინფორმაციას ეთნიკური უმცირესობების შესახებ, რა დრო ეთმობა უმცირესობების შესახებ მომზადებულ სიუჟეტებს როგორც საინფორმაციო, ასევე სხვა სახის გადაცემებში, და როგორია წამყვანი არხების დამოკიდებულება საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების, კერძოდ, აზერბაიჯანელი და სომეხი მოსახლეობის მიმართ.
ოთხი წამყვანი ქართული ტელეარხის ერთთვიანი მონიტორინგის განხორციელების შემდეგ მიღებული შედეგები ადასტურებს, რომ საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანული და სომხური ეთნიკური უმცირესობების პრობლემების და ცხოვრების ასახვას ძალიან მცირე ყურადღება ეთმობა. ამის მიზეზად ტელეარხების თანამშრომელთა მიერ შესაბამისი მატერიალური ბაზის უქონლობა, უმცირესობების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა, ამგვარ თემებზე შექმნილი გადაცემების არამომგებიანობა და საზოგადოებაში მათზე მოთხოვნილების არარსებობა სახელდება.
ევროკავშირის დახმარებით კავკასიური ინსტიტუტი სამხრეთ საქართველოს ეთნიკურ უმცირესობებს ეხმარება
მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი იწყებს ახალი პროექტის „დამოუკიდებელი მედია სამოქალაქო ინტეგრაციისათვის“ განხორციელებას. რამდენადაც ლიბერალური დემოკრატიის პრინციპების მატარებელი საზოგადიების ჩამოყალიბებისათვის უმცირესობათა სამოქალაქო ინტეგრაცია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა, კავკასიური ინსტიტუტი ასეთი მიზანდასახულობის პროექტებს დიდი ხანია თანმიმდევრულად ახორციელებს.
ეს პროექტი, რომელსაც ინსტიტუტი სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდთან (საქართველო), სომხეთის საგამომძიებლო ჟურნალისტთა ასოციაციასთან და აზერბაიჯანის ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტთან ერთად ახორციელებს, სამი წლის განმავლობაში 600 000 ევრომდე ღირებულების სამუშაოების ჩატარებას ითვალისწინებს. ამ ხარჯების 80 პროცენტს ევროკავშირი ფარავს.
პროექტიტ გათვალისწინებული მიზნის მისაღწევად სამი ძირითადი მიმართულებით გვაქვს დაგეგმილი აქტივობები. ესენია:
ადგილობრივი ჟურნალისტების პროფესიული დონის ამაღლება;
მათი ჩართვა „კავკასიის ჟურნალისტთა ქსელში“ იქ არსებული რესურსების გამოყენების მიზნით;
უშუალოდ პროექტის მიზანზე ორიენტირებულ პროფესიულ საქმიანობაში ჟურნალისტების ხელშეწყობა.
ჟურნალისტების პროფესიული ზრდისთვის ვგეგმავთ ტრენინგებს, ინტერნეტულ დისკუსიებს ექსპერტების მონაწილეობით, ინტერნეტულ იურიდიულ კონსულტაციებს და ინტერნეტულ ინტერვიუებს როგორც საქართველოს, ასევე სამხრეთ კავკასიის მეზობელი ქვეყნების საზოგადო მოღვაწეებთან.
სამხრეთ კავკასიის ჟურნალისტთა ქსელში ჩვენი სამიზნე ჯგუფის ჩართვისათვის იგეგმება ჟურნალისტთა ადგილობრივი რესურსცენტრების შექმნა ახალციხეში, ახალქალაქში, მარნეულსა და გარდაბანში. ეს ცენტრები აღჭურვილი იქნება თანამედროვე ტექნიკით და ჟურნალისტებისათვის ხელმისაწვდომს გახდის ინტერნეტს, რათა მათ ინტერნეტული საიტის www.caucasusjournalists.net საშუალებით შეძლონ ზემოხსენებულ ქსელში მონაწილეობა და მისი მომსახურებით სარგებლობა სტატიებზე შეკვეთების მიღებიდან დაწყებული, პოლიტიკოსებთან ინტერნეტული ინტერვიუებით დამთავრებული.
ჩვენი მიზანია ამ რესურსცენტრების ბაზაზე, რომელთა მენეჯმენტს ერთ-ერთი პარტნიორი ორგანიზაცია - სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი - განახორციელებს, პროექტის დასრულებისას ადგილობრივ ჟურნალისტთა ავტონომიური ასოციაციები ჩამოყალიბდეს.
პროექტი უმცირესობათა სამოქალაქო ინტეგრაციის თემაზე სხვადასხვა ჟურნალისტური პროდუქციის შექმნაც ითვალისწინებს. ეს იქნება: სამიზნე ჯგუფის პრობლემატიკასთან დაკავშირებული საგაზეთო სტატიები, რომლებსაც სამი ქვეყნის ცნობილი გაზეთების რედაქციათაგან შემდგარი საგაზეთო კონსორციუმი დაუკვეთავს თავიანთ გაზეთებში და ქსელის ინტერნეტულ გვერდზე გამოსაქვეყნებლად; ინტერაქტიული ფორმატის სატელევიზიო პროგრამები ადგილობრივ ჟურნალისტთა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა მონაწილეობით; ინტერნეტული ინტერვიუები, რომელებსაც ადგილობრივი საზოგადოების წარმომადგენლებისაგან აიღებენ თბილისელი, ბაქოელი და ერევნელი ჟურნალისტები.
მიუხედავად იმისა, რომ პროექტის განმავლობაში ბევრი და ურთიერთშემავსებელი აქტივობაა დაგეგმილი, პროექტის შედეგიანობა მაინც იმ თანამშრომლობაზე იქნება დამოკიდებული, რომელიც სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში დაგეგმილ სხვა პროექტებთან უნდა დამყარდეს, იქნება ეს სამოქალაქო საზოგადოების თუ სახელმწიფოს მიერ განსახორციელებელი პროგრამები.
![]() |
13 Summary |
▲ზევით დაბრუნება |
The first heading of the 15th issue of magazine „Solidaroba“ is traditionally „Our Circle“ where we present an article about prisoners who are running a prison's library and computer centre.
In this issue our guest is Mr. Robert D. Watkins, UN Resident Coordinator, and UNDP Resident Representative. He tells us about the UN's projects in Georgia, human rights and democratic development in Georgia.
In the heading „Tolerance“ we present a text „Human Rights and Universal Respon-Sibility“ by Dalai Lama. The topic of our discussion table is Georgian IDP population, their social conditions, problems and developmental perspectives.
In this issue Mr. Dimitri Pirbari presents Yezidizm - one of the oldest and interesting religions. Here you can also get acquainted with the Calvinist church in Georgia. Mr. Mamuka Komakhia tells the readers about culture and contemporary life of the Caucasian nations living in Georgia. In Pridon Sakvarelidze's article you can read about the experiences of post-Communist countries concerning lustration.
Our heading „Law“ presents the short version of the case of ECHR „Golder v. United Kingdom“ which is about the prison disorder.
„Stigma Free“ addresses dyslexia - a condition that impairs reading abilities - and the contemporary methods that can solve this problem.
The readers can also find out about a new project concerning new methods of child care in pediatric institutions.
In our News we present three pieces of information: the Georgian translation of the Koran that was published after years of long and hard work, the international symposium for religious studies held by the Sulkhan-Saba Orbeliani Institute of Theology, Philosophy and History and the new project of Institute of Peace, Democracy and Development -„Independent Media for Civil Integration“.