The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

საქართველო: რელიგია, სახელმწიფო, საზოგადოება №10 ბიულეტენი


საქართველო: რელიგია, სახელმწიფო, საზოგადოება №10 ბიულეტენი


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი საქართველო: რელიგია, სახელმწიფო, საზოგადოება
საავტორო უფლებები: © მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი
თარიღი: 2004
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: პრესის მიმოხილვა ნოემბერი, 2004 წ. მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი The Caucasus Institute for Peace, Democracy and Development თბილისი, მერაბ ალექსიძის 1 , მე-11 სართ.1, Merab Alexidze St., 11th floor, Tbilisi, Georgia



1 საერო პრესა

▲ზევით დაბრუნება


ჯორჯიან თაიმსი, 4.11 - 11.11.04
არქიმანდრიტ რაფაელის (კარელინის) ქადაგებები, სტატიები, და საუბრები
სულიერი ენტროპიის შესახებ

თავის წერილიში არქიმანდრიტი ჰუმანიზმის თემასაც ეხება: „ჰუმანიზმის მიზანი ადამიანის ემპირულ მოთხოვნილებათა და უნართა დაკმაყოფილებაა. უმაღლეს ჭეშმარიტებასთან ამის შეერთება შეუძლებელია. ჰუმანიზმი და სიმართლე ერთმანეთთან შეუთავსებელია.“

ჯორჯიან თაიმსი, 4.11 - 11.11.04
მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის მართლმადიდებელი მრევლის კავშირის განცხადება
ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული საიდუმლო გეგმა

მრევლის კავშირი ახალი საიდუმლო გეგმის შესახებ აკეთებს განხადებას. თურმე, მითითების თანახმად, ეკლესიის და მის დამცველთა წინააღმდეგ საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი ამზადებს მთელ რიგ ცილისმწამებლურ გადაცემებს. „კამპანია ეკლესიის ქების ფონზე უნდა წარიმართოს“. განცხადებას თან ერთვის „გადაცემათა ჩამონათვალის პრესრელიზი“. მაგალითად, დაგეგმილ გადაცემათა შორის დასხელებულია შემდეგი შინაარსის გადაცემები: „რას ნიშნავს რელიგიური ექსტრემიზმი? სიწმინდეთა განადგურების კონკრეტული ფაქტები სხვადასხვა ტაძრებში (მესხეთი - კათოლიკური ეკლესია); დაჯგუფებები საპატრიარქოში (ბრძოლა გავლენის მოსაპოვებლად); სულიერი ტრეფიკინგი (ფანატიკოსთა ზეწოლა მრევლზე, იძულებითი ცხოვრება მონასტრებში სოფელ ბევრეთის მაგალითზე); სადამსჯელო რაზმები (დავით აღმაშენებლის საზოგადოება, „ჯვარი“); ეკლესია და დემოკრატია (საეკლესიო პირთა ბიოგრაფიები, ეკლესია და დანაშაულებრივი სამყარო)“ და ა.შ. მრევლის კავშირი მოუწოდებს მასმედიის მუშაკებს, არ მიიღონ მონაწილეობა „ქართველმოძულე მტერთა“ მიერ მართლმადიდებლობის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაში, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ღვთის რისხვით ემუქრება.

24 საათი, 6.11.04.
ნინო ცინცაძე
შეეწიეთ და ღმერთი შეგეწევათ

წერილიში მოყვანილია საქართველოს საგადასახადო ინსპექციის ბრძანებულება №03-1-71 (8.09.94.): „საპატრიარქოს მიერ საკუთარი სახსრებით შექმნილი საწარმოები და ორგანიზაციები, საეკლესიო დანიშნულების პროდუქციის მწარმოებელი საწარმოები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადისაგან, აგრეთვე - სახელმწიფო ბაჟისაგან, სავალუტო და საშემოსავლო გადასახადებისაგან“. ჩამოთვლილია ამ ოგანიზაციების ნუსხა: საპატრიარქოს საფინანსო საბჭო, საგარეო ურთიერთობების განყოფილება, სამრეწველო განყოფილება, ხაშმის ღვინის ქარხანა, ბათუმის ეპარქიის სამეურნეო განყოფილება (ყოფილი ფირმა „კანდელი“). წერილის ავტორი მოგვითხრობს, როგორ ისარგებლეს ამ შეღავათებით დასახელებულმა ორგანიზაციებმა: „1994-95 წლებში სწორედ მათ შემოიტანეს და გაიტანეს რამდენიმე ასეული მილიონის ღირებულების საქონელი (შემოჰქონდათ - სპირტი, ლუდი, ბენზინი, სიგარეტი, კოკა-კოლა, კვერცხი, და ა.შ; გაჰქონდათ - ჯართი და შავი ლითონის ნარჩენები, სილიკომანგანუმი, ალუმინი, კონიაკი და ა.შ.). მოყვანილია ციფრებიც: „1994 წელს ფირმა „კანდელმა“ თურქეთიდან ერთხელ 20 240 აშშ დოლარის ღირებულების, მეორედ - 4 950-ის, მესამედ კი 8 323-ის მხოლოდ სპირტი შემოიტანა. 1995 წელს კი 61 500-ის მხოლოდ სიგარეტი... იმ წლებში საქართველო ლამის „დაახრჩო“ საპატრიარქოსთან არსებული ფირმა „შემწეს“ მიერ შემოტანილმა ლუდმა“... ამ საქმეებს, ავტორის მონაცემებით, სათავეში ედგა საპატრიარქოს საფინანსო საბჭო და საგარეო ეკონომიკური კავშირების განყოფილება, რომელსაც „პარტიარქის რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის კადრი“, თეიმურაზ მათიაშვილი ხელმძღვანელობდა. საპატრიარქოს საფინანსო საბჭოს ახლანდელი მდივანი, დეკანოზი ზაქარია მაჩიტაძე, რომელსაც ავტორმა ამ საკითხებთან დაკავშირებით განმარტება სთხოვა, თვლის, რომ, თუ ეს საქმიანობა კანონით დაშვებული იყო, იგი საპატრიარქოსაც შეიძლება ეწარმოებინა და კატეგორიულად უარყოფს ბოლო წლებში ასეთი ბიზნესის წარმოებას საპატრიარქოს მხრიდან.

24 საათი, 8.11.04
არა არს დაფარული, რომელი არა გაცხადდეს

გაზეთი აქვეყნებს სასულიერო აკადემიის 23 სტუდენტის მიერ ხელმოწერილ წერილს, სადაც ღიადაა საუბარი ეკლესიაში დაგროვილ პრობლემებზე, მათ შორის ბოლო წლებში ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს კარჩაკეტილობაზე, გაძლიერებულ ფუნდამენტალისტურ ტენდენციებსა, სასულიერო პირთა ტოტალურ გაუნათლებლობაზე, კორუფციაზე, სარფიან სეჭვო ბიზნესში ჩართულობაზე (1994-5 წწ. დიდი რაოდენობით სპირტის, სიგარეტის და სხვა პროდუქციის შემოტანაზე საქართველოში საპატრიარქოს მფარველობით) და ა.შ.

24 საათი, 17.11.04
სოფო ბუკია
არა მგონია ჩვენი შეხვედრები უშედეგო იყოს

გუშინ პრეზიდენტი სააკაშვილი დახურულ კარს მირმა შეხვდა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს. შეხვედრის დახურვამდე პრესისათვის გაკეთებულ განცხადებაში იგი სხვა საკითხებთან ერთად რელიგიურ საკითხსაც შეეხო. მისი მესიჯი ასეთი იყო - პრეზიდენტი და პოლიტიკოსები არ უნდა ჩაერიონ ეკლესიის შიგნით მიმდინარე პროცესებში, მედიამ კი ამ პროცესების გაშუქებისას მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, რომ სხვა საკითხებთან ერთად პრეზიდენტს რწმენის თავისუფლების და განსხვავებული აზრის პატივისცემის პრობლემებზე ესაუბრნენ, იმ სიტუაციაზე, რაც სასულიერო სემინარიის სტუდენტების წერილს მოჰყვა, და პრეზიდენტისგან დანაპირი მიიღეს, რომ ეკლესიის ავტონომიასთან ერთად საქართველოში ადამიანის უფლებებიც იქნება დაცული.

24 საათი, 17.11.04
ნინო ცინცაძე
ღია ეკლიესია ღია საზოგადოებისათვის

გაზეთის ცნობით, „24 საათში” გამოქვერნებულმა სასულიერო აკადემიის 23 სტუდენტის წერილმა, სადაც ეკლესიაში დაგროვილ პრობლემებზე ღიად იყო საუბარი, აკადემიის რექტორის მწვავე რეაქცია გამოიწვია - მსგავსი გულახდილიბის განმეორების შემთხვევაში, ის სტუდენტებს აკადემიიდან გარიცხვით დაემუქრა. აკადემიის იმ სტუდენტებმა კი, ვინც „მეამბოხეთა“ პოზიციას არ იზიაერებეს, ეკლესიის კორპორაციული ინტერესების და რექტორატის პოზიციის დასაცავად უფრო მარტივი ხერხი გამოიყენეს - ხელმომწერ სტუდენტებიდან ვიმეს ცალკე რომ ჩაიგდებენ ხელში, უბრალოდ სცემენ. ამ ფაქტებთან დაკავშირებით, 16 ნოემბერს ლიტერატურულ კაფეში შეკრიბა საზოგადოების ის ნაწილი, ვისაც მიუღებლად მიაჩნია ადამიანის დევნა თავისუფალი აზრის გამოხატვისთვის. შეკრებილთა შორის მართლმადიდებელი მღვდელმსახურები - დეკანოზი ბასილ კობახიძე და მღვდელი მიქაელ ასათიანი - იყვნენ.

24 საათი, 18.11.04
მედია-ნიუსი
ბასილ მკალავიშვილის სასამართლო პროცესზე დაზარალებული იეგოვისტი დაიკითხა

თბილისის ვაკე-საბურთალოს სასამართლოში, სადაც განიხილება ბასილ მკალავიშვილის და მისი მრევლის ქვსი წევრის საქმე 17 ნოემბერს დაზარალებულ იეღოველთა ჯგუფის ნაცვლად მხოლოდ ერთი იეღოველი დაიკითხა, რომელმაც ეჭვმიტანილთა მიერ იეღოვას მოწმეთა კუთვნილი წიგნების დაწვის და სახალხო დამცველის ოფისში შევარდნა და საბუთების გატაცების ფაქტები დაადასტურა. დაიკითხნენ ასევე ქალაქის ადმინსტაციული პოლიციეს ყოფილი უფროსი მიხეილ სალაძე და პოლიციის სპეცრაზმის მეთაური თემურ მღებრიშვილი. მათი ჩვენებით, ისინი კედიას ქუჩაზე ეკუმენური ლოცვა ჩაშალეს (მაშინ, როდესაც მკალავიშვილმა და მისმა ხალხმა ბაბტიტური ეკლესია დაარბიეს, და ეს ფაქტი მედიამ ფართოდ გააშუქა - რედ.) წესრიგს იცავდნენ და მკალავიშვილი იქ თვალითაც არ უნახავთ.

„24 საათი, 19.11.04
ნაირა გელაშვილი, მწერალი
მივესალმები იმ ახალგაზრდებს, რომლებმაც არც ისე დაფარული გააცხადეს

ავტორი „სიმართლისთვის დევნილებს“ უწოდებს 23 სასულიერო აკადემიის სტუდენტს, რომელთა წერილი 8 ნოემბრის „24 საათის“ ნომერში გამოქვეყნდა. „ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ ჩვენ შვილებსა და შვილიშვილებს სამშობლოში აღარ დაედგომოდეთ, რომ მართლმადიდებებლური ფანატიზმით გონებადაბნელებულმა მოწაფეებმა, სტუდენტებმა და მათმა მშობლებმა ჩვენს შვილებს სკოლებში თუ უმაღლეს სასწავლებლებში ადამიანად ყოფნის საშუალება აღარ მისცენ, საითაც მიექანება ჩვენი ქვეყანა... პომპეზურ საერო-სასულიერო რიტუალებში გაბრუებულებმა ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება გაურკვეველი სახის ტეოკრატიულ დესპოტიაში გავიღვიძოთ“, - ასკვნის წერილის ავტორი.

24 საათი, 19.11.04
სამხატვრო აკადემიიის სტუდენტური ფორუმის წევრთა მიმართვა სასულიერო აკადემიის სტუდენთა ჯგუფისადმი

სამხატვრო აკადემიის სტუდენტები (სულ 45 ხელმოწერა) თანადგომას უცხადებენ სასულიერო აკადემიის „მეამბოხე“ სტუდენტებს: „გთხოვთ გვიგულეთ თანამოაზრეებათ და თანამებრძოლებათ იქ, სადაც საერთო ღირებულებათა რეალობაში განხორციელება ძალისხმევის გაერთიანებას მოითხოვს.“

ხვალინდელი დღე, 20.11.04
ნინო თარგამაძე
არავითარი რელიგიური რევოლუციაარ იქნება

ეკლესიაში და მის ირგვლივ არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით, რომელიც განსაკუთრებით აკადემიის სტუდენტთა წერილის შემდეგ გამწვავდა, ომბუდსმენის ოფისში არასამთავრობო ორგანიზაციებმა სპეციალური განცხადება მიიღეს. როგორც არნიშნავს წერილის ავტორი, მათი მიდგომა გამსხვავდება პრეზიდეტის პოზიციისაგან - „მაშინ, როდესაც პრეზიდენტი მედიას მოუწოდებს სიფრთხილე გამოიჩინონ ეკლესიაში არსებული სიტუაციის გაშუქებისას და ეკლესიის საქმიანობის საჯაროდ განხილვას მხარს არ უჭერს - არასამთავრიბო ორგანიზაციების აზრით, საპატრიარქომ არსებული პრობლემები ღიად და საჯაროდ უნდა განიხილოს“.

ქრონიკა, 22.11.04
ლევან ცალუღელაშვილი
ვის აწყობს განხეთქილება საქართველოს ეკლესიაში?
„მე რომ სპეცსამსახურების მაღალჩინოსანი ვიყო, აუცილებლად გამოვიყენებდი ეკლესიაში არსებულ ვითარებას საქართველოს სახელმწიფოს შიგნიდან ასაფეთქებლად...“

ავტორი ვრცელ სტსტიას უძღვნის იმის გარკვევას, არსებობს თუ არა რეალურად იმის დამადასტურებელი უტყუარი არგუმენტები, რომ „ქართველ სასულიერო იერარქებს დიდი ხანია საეჭვო კავშირები აქვთ რუსულ სპეცამსახურებთან“. ამის გასარკვევად იგი საპატრიარქოს წარმომადგენლებს, მათ შორის ზურაბ ცხოვრებაძეს, და მათ ოპონენტებს - დეკანოზ ბასილ კობახიძეს, სასულიერო აკადემიის „მეამბოხე“ სტუდენტებს, მწერალ ნაირა გელაშვილს, ღვთისმეტყველ ნოდარ ლადარიას - ესაუბრა. როგორც წერს გაზეთი, „ქრონიკამ“ ვერ მიაკვლია იმ ნივთმტკიცებებს, რომელიც სასულიერო პირთა დანაშაულებრივ ქმედებებსა და საეჭვო კავშირებს დაადასტურებდა“. მიუხედავად ასეთი დასკვნისა, ეტყობა ავტორს რაღაც ეჭვები მაინც დარჩა, რასაც ქვესათაურად გამოტანილი ნოდარ ლადარიას სიტყვები გვაფიქრებინებს.

24 საათი, 22.11.04
ნოდარ ლადარია
მომავალ ორშაბათამდე

ნოდარ ლადარიას ყოველკვირეული მიმოხლვაში მოყვანილია ორი ამონარიდი კათოლიკოს-პატრიარქის საკვირაო ქადაგებიდან, რომლის ასდრესატი უეჭველად სასულიერო აკადემიის ის 23 სტუდენტია, ვინც სპატრიარქო ღიად გააკრიტიკა: 1. „ყველამ იცოდეს, რომ ვინც უხეშად შეეხება ეკლესიას, იგი თავადვე დაინგრევა და დაეცემა.“ 2. „ვინც დღეს ეკლესიის წინაარმდეგ ილაშქრებს, იგი ებრძვის მის სიწმინდეს, ებრძვის ღმერთს. არა და რა შედეგი ექნება ამ ბრძოლას, ჩვენ უკვე ვიცით - ისინი დამარცხდებიან.“

24 საათი, 24.11.04
(ავტორის გარეშე)
კურთხევის დღე

„აღსრულდა. საქართველოს დედაქალაქში, ელიას მთაზე, წმინდა სამების სადიდებელი გვირგვინი დაიდგა“ - ასე იწყება „24 საათის“ ინფორმაცია სამების ტაძრის კურთხევის შესახებ. კურთხევის ცერემონიალს (იგი „ვარდების რევოლუციის“ წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს დაემთხვა - რედ.), რომელიც საგაზეთო ინფორმაციით თუ ვიმსჯელებთ, საზეიმო იერით ბოლო წლებში ჩვენთან ჩატარებულ ყველა ღონისძიებას აღემატებოდა, საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე ესწრებოდნენ. თავის გამოსვლაში პრეზიდენტმა კათოლიკოს-პატრიარქი დიდ ღვაწლზე ისაუბრა, და უწმინდესს თავისთვის ყველაზე „ძვირფასი ადამიანი“ უწოდა, წამოსვლისას კი მუხლი მოიყარა მის წინაშე და ხელზე ეამბორა.

ხვალინდელი დღე, 25.11.04
ნინო ჯაფარიძე
მარადიული მისია ახალ მსოფლიოში

თბილისში სამების ტაძრის კურთხევის ცერემონიალზე “საქართველოს პრეზიდენტს კიდევ ერთხელ მოუწია ერთიანობა დაეფიქსირებინა, ამჯერად - ხელისუფლების და ეკლესიისა. „აღსანიშნავია მისი უწმინდესობის როლი გასული საუკუნის 70-იან წლებში, მან თავის ერში რწმენის გამოღვიძება, ეკლესიისკენ ხალხის მოქცევა და სამონასტრო ცხოვრების აღორძინება მოახერხა,“ - განაცხადა პრეზიდენტმა, თითქოს იმ მითქმა-მოთქმის საპასუხოდ, რომელიც საზოგადოებაში სულ უფრო ხშირად ისმის: რომ ხელისუფლებას ეკლესიის გახლეჩა, მართლმადიდებლური სარწმუნოების შევიწროვება და კათოლიკოს-პატრიარქის ტახტიდან გადაყემება სურს,“ - წერს ავტორი.

2 სასულიერო პრესა *

▲ზევით დაბრუნება


„საპატრიარქოს უწყებანის“ მიერ ოქტომბერში გამოქვეყნებული განცხადების შემდეგ, რომელიც სასულიერო მედიაზე ცენზურის დაწესებას ითვალისწინებდა, მდგომარეობა არ შეცვლილა.

შედარებით ლიბერალური შეფასებებია „საპატრიარქოს უწყებანში“. მაგალითად, იგი აშუქებს 21-22 ოქტომბერს თესალონიკში, მართლმადიდებელ ეკლესიასა და ევროპის სახალხო პარტიასა და ევროპის დემოკრატიული

პარტიის წარმომადგენლებს შორის გამართულ რიგით მერვე დიალოგს, რომელშიც მანწილეობა ქართულმა ეკლესიამაც მიიღო. დელეგაციას ხელმძღვანელობდა ეპისკოპოსი გერასიმე შარაშენიძე, რომელმაც შეხვედრის შემდეგ განაცხადა: „ჩვენ მათ განვუმარტეთ, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ქვეყნის ხელისუფლებასთან ერთად ცდილობს საზოგადოებაში დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრებას და ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის ევროპაში ინტეგრაციის პროცესებს.“ („მართლმადიდებელობა და ევროპული ინტეგრაცია“, „საპატრიარქოს უწყებანი“, №41, 5-11.11.2004).

გაზეთი „კანდელი“ თითქმის მთლიანად წმინდანთა ცხოვრების მიმოხილვითა და ისტორიული ფაქტების გაშუქებით შემოიფარგლა. სხვა გაზეთები, კერძოდ „აცხოვნე სული შენი“ და „მრევლი“ საქართველოში და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საკმაოდ რადიკალურ პოზიციებს ინარჩუნებენ. საინტერესოა, რომ გაზეთმა „აცხოვნე სული შენი“ გამოაქვეყნა კომენტარი ბასილ კობახიძისა და ბექა მინდიაშვილის განცხადებაზე. ამ განცხადების ავტორებმა ეს გაზეთი და „მსგავსი სულისკვეთების ლიტერატურა“, დაახასიათეს „როგორც ექსტრემისტული, პოლიტიზირებული, რუსული ძალებით მართული და ქართულ სინამდვილეში დასავლურ ტენდენციებთან მებრძოლი“ („აცხოვნე სული შენი“, №7 (25), 2004. „მოამბემ ძვირადღირებული რეკლამა უფასოდ გაგვიკეთა“). თავად გაზეთი კი ამტკიცებს, რომ „იგი ცდილობს ღვთის ანდერძისამებრ წეროს სიმართლე, რისთვისაც უფალმა ნეტარებაც კი აღგვითქვა და არსად არ მიუთითებია, რომ ეს სიმართლე დიფერენცირებულია და მორწმუნისთვის რომელიმე თემა ტაბუდადებულია“. (იქვე).

_______________________________

* ყველა განხილული ჟურნალ-გაზეთი, გარდა გაზეთებისა „მრევლი“ და „აცხოვნე სული შენი“, ან საპატრიარქოს ოფიციალური ორგანოა, ან იბეჭდება კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით.

2.1 ეკლესია და კულტურათშორისი დიალოგი

▲ზევით დაბრუნება


პატრიარქი ყოველკვირეულ ქადაგებებში სხვადასხვა კულტურებზე საუბრისას კვლავ იმ პოზიციას აფიქსირებს, რომ დასაშვებია უცხო კულტურისგან „კარგის“ შეთვისება, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საკუთარს არ დავივიწყებთ. ილია მეორე ასევე საუბრობს ფსევდოკულტურაზე, რომელიც შესაძლოა საფრთხეს უქმნიდეს ქართულ ეროვნულ თვითშეგნებას, მაგრამ არ აკონკრეტებს, თუ რა არის ფსევდოკულტურა, და რა შეიძლება ჩაითვალოს ნამდვილ კულტურად: „ამავე დროს, ხშირად, გვთავაზობენ ისეთ კულტურას, რაც სინამდვილეში ფსევდოკულტურაა. ამიტომ თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა დამოუკიდებლად ისწავლოს გარჩევა იმისა, თუ სად არის კულტურა და სად - ფსევდოკულტურა. უნდა შეგვეძლოს იმის განსაზღვრაც, თუ როგორ მოქმედებს ყალბი კულტურა ჩვენს ეროვნულ სიმტკიცესა და ცნობიერებაზე; და რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ განმტკიცდეს ჩვენი ეროვნული თვითშეგნება.“ („საპატრიარქოს უწყებანი“, №41, 5 - 11.11.2004).

ფსევდოკულტურასა და ყალბ თავისუფლებაზე საუბრობს პატრიარქი ლაგოდეხში წარმოთქმულ ქადაგებაზეც და აღნიშნავს, რომ სწორედ მათი “ ... გავლენითაა, რომ დღეს ადამიანებს უკვე ცოდვა ცოდვად აღარ მიაჩნიათ და უარყოფენ 10 მცნებას. თუ სიტუაცია არ გამოსწორდა, ნიშნავს, რომ ჩვენ დაღუპვის გზაზე ვდგავართ. ამიტომაც უნდა ვიცოდეთ, რა ვაკეთოთ.“ („საპატრიარქოს უწყებანი“, №42, 12 - 18.11.2004).

კულტურულ ინტეგრაციასა და ქართველი ერის ჩამოყალიბებაზე საუბრობს მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე თავის მოხსენებაში, რომელიც მან კონფერენციაზე „ეროვნული და სარწმუნოებრივი იდენტობა“ წარმოადგინა. იგი თვლის, რომ საქართველო, ერი-სახელმწიფოდ ჩამოყალიბებისთვის საჭიროებს ერთიან კულტურას, რომელსაც მისი ყველა მოქალაქე, მათ შორის განსხვავებული ეთნიკური ჯგუფის წარმოამდგენლებიც გაიზიარებენ: „ინტეგრაცია არ გულისხმობს იმას, რომ ვთქვათ, მაგალითად, აზერბაიჯანელები ქართველ ეთნიკურ ჯგუფად გადაიქცევიან, არამედ იმას, რომ ისინი შეინარჩუნებენ შიდა ეთნიკურ თავისთავადობას, მაგრამ საქართველოს თანამედროვე ერის ნაწილად იქცევიან ქართული ენის ცოდნით, საქართველოს საკუთარ სახელმწიფოდ აღიარებით.“ („კუტურა და ეროვნული მისია“, „საპატრიარქოს უწყებანი“, №41, 5 - 11.11.2004).

მიტროპოლიტის აზრით ქართველი ერის ჩამოყალიბების პროცესში უმთავრესი მისია ქართულ ენას ეკისრება. აუცილებელია იგი გახდეს ერთადერთი სასაუბრო ენა ქართულ ტელევიზიებში და სკოლებში. აუცილებელია ქართველმა მოქალაქეებმა ურთიერთობის დროს უარყონ რუსული ენა და კულტურა, როგორც იმპერიული და დამპყრობლური: „ყველაფერი რუსული უნდა გამოცხადდეს იმპერიულ-კოლონიურ ნაშთად, რომელიც აფერხებს საქართველოს სხვადასხვა ხალხების ინტეგრაციას.“ (იქვე)

2.2 ეკლესია და ეკუმენიზმი

▲ზევით დაბრუნება


ეკუმენისტური მოძრაობას და რელიგიათშორის დიალოგს სასულიერო პრესაში კვლავ ეჭვის თვალით უყურებენ. მაგალითად, გაზეთი „მრევლი“ აგრძელებს სტატიას „მართლმადიდებელი მონაზვნობა და რელიგიური სინკრეტიზმი“. ვრცელი სტატია, რომელიც მთლიანად ეკუმენისტური მოძრაობის მწვალებლობაში დადანაშაულებას ეძღვნება, ცდილობს დაამტკიცოს, რომ „ქრისტიანთაშორისი და რელიგიათშორისი სინკრეტიზმი შლის მართლმადიდებლობასა და მწვალებლობებს შორის არსებულ საზღვრებს.“ („მრევლი“, №90, 2004). აქვე ნათქვამია, რომ „სახალხო ეკუმენიზმით ხდება ხალხის ფსიქოლოგიური მომზადება, რათა შესაბამის დროს, იერარქიის გადაწყვეტილებების მიუხედავად, მათი გაერთიანება განხორციელდეს.“ სტატიაში ასევე მოყვანილია მამა იუსტინე პოპოვიჩის აზრი, რომელიც „ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს ახასიათებს მწვალებლურ, მაცთუნებელ და ადამიანის გამკერპებელ გაერთიანებად და მასში მართლმადიდებელი ეკლესიის მონაწილეობას მიიჩნევს მონურ დამცირებად.“

ეკუმენიზმის თემას ეხება ბერძნული ჟურნალიდან თარგმნილი მეორე სტატიაც - „მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო კონფერენცია“. მასში მიმოხილულია თესალონიკის უნივერსიტეტში ჩატარებული კონფერენცია თემაზე: „ეკუმენიზმი: წარმოშობა - იმედები - იმედების მსხვრევა“, დასკვნაში კი ნათქვამია: „მართლმადიდებელმა ეკლესიებმა უნდა დაიწყონ ამ ფორმაციიდან (იგულისხმება ეკლესიათა მსოფლიო საბჭო) გამოსვლის გმირობის ტოლფასი მოქმედება“. („მრევლი“,№90, 2004).

2.3 ეკლესია და მის წინააღმდეგ ბრძოლა

▲ზევით დაბრუნება


„საპატრიარქოს უწყებანი“ აქვეყნებს სტატიას „სრულიად საიდუმლოდ“, რომელშიც ბეჭდავს საბჭოთა ხელისუფლების სახელმწიფო უშიშროების სამსახურის მიერ მიღებულ ოქმებსა და დადგენილებებს. ეს ოქმები „ცხადყოფენ ტოტალიტარული ხელისუფლების ჩარევას ეკლესიის საქმეებში“ და ამტკიცებენ, რომ „საეკლესიო განხეთქილებას (სქიზმას) მართლმადიდებელ ეკლესიაში აქტიურად უწყობდა ხელს ბოლშევიკური სპეცსამსახური“ („საპატრიარქოს უყებანი“, №41, 5 - 11.11.2004). სტატიაში მოყვანილი „საიდუმლო მასალებში“ ქართული ეკლესია მოხსენიებული არ არის, მაგრამ გაზეთის რედაქციამ მათი გამოქვეყნება მაინც გადაწყვიტა: „ეკლესიის მტრებისთვის მთავარია განხეთქილება, არეულობა ეკლესიაში, ამიტომ სქიზმისა თუ შფოთის საბაბს მათთვის მნიშვნელობა არა აქვს, მათთვის სულერთია, რა იდეით მოხდება იგი - ლიბერალიზმის, თუ ცრუკონსერვატული ურამართლმადიდებლობის გამო, რაც ეკლესიისთვის ერთნაირად უცხოა. მართლმადიდებლობის მოწინააღმდეგეებს

ხელს აძლევს ის ლოზუნგი, რომელიც უკეთ „იმუშავებს“ და საეკლესიო შფოთში მეტ ხალხს ჩაითრევს.“

ეკლესიის წინააღმდეგ მებრძოლებს ეხება პატრიარქი თავის ყოველკვირეულ ქადაგებაში. მართალია, იგი არ აკონკრეტებს, თუ ვის გულისხმობს მტრად, მაგრამ აღნიშნავს, რომ ისინი აუცილებლად დამარცხდებიან: „...ვინც დღეს ეკლესიის წინააღმდეგ ილაშქრებს, იგი ებრძვის მის სიწმინდეს, ებრძვის ღმერთს. და რა შედეგი ექნება ამ ბრძოლას, ჩვენ უკვე ვიცით, - ისინი აუცილებლად დამარცხდებიან.“ („საპატრიარქოს უწყებანი“, №43, 19 - 26.11.2004).

მოშველიებულია ისტორიკოს ბაბილინა ლომინაძის განმარტბა, თუ რატომ შეიძლება ებრძოდნენ მტრები ეკლესიას: „იმიტომ, რომ ქართული მართლმადიდებელი ეკლესია, ისევე როგორც მკვდრეთით აღმდგარი ლაზარე, მაგალითი იყო სხვათათვის.“ („რატომ ებრძვიან საქართველოს ეკლესიას?“, „საპატრიარქოს უწყებანი“, №43, 19 - 26.11.2004). ან კიდევ: „წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია არის სვეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისა! სწორედ ამიტომ გარკვეული ძალები ცდილობენ შეარყიონ ეს სიმტკიცე, რადგან ხედავენ მასში მათი დამანგრეველი გეგმებისთვის უკანასკნელ წინაღობას.“ („განსაცდელთა ეპოქაში მხოლოდ ეკლესიაა ჩვენი ნავთსაყუდელი“, „აცხოვნე სული შენი“, №7, 2004). ამჯერადაც უშუალოდ მტერი არ/ვერ სახელდება, მაგრამ მითითებულია ის ფაქტორები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუწყოს ანტიქრისტეს გაბატონებას: „შტრიხ-კოდები და ელექტრონული ფული, კომპიუტერული პირადობის მოწმობები და სამგზავრო დოკუმენტები, რომლებიც ადამიანის პირად ცხოვრებას გამჭვირვალეს გახდის“. (იქვე).

ამავე სტატიაში გამოთქმულია აზრი, რომ ამგვარი საშიშროების ფონზე ეკლესიამ აუცილებლად უნდა აღიმაღლოს ხმა და საკუთარი პოზიცია აქტიურად გამოთქვას. მაგალითად კი მოყვანილია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის 2000 წლის 7 მარტის დადგენილება, რომელშიც ნათქვამია: „...მორწმუნეები გრძნობენ ხელისუფალთა მხრიდან ტოტალური კონტროლის საშიშროებას ადამიანის კერძო და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე... ამდენად სინოდი ახსენებს სახელმწიფოს: საერო სამართლის ნორმების თანახმად, კერძოდ კი კონსტიტუციიდან გამომდინარე, ადამიანის კერძო ცხოვრებაზე ინფორმაციის შეგროვება, შენახვა და გამოყენება მისი თანხმობის გარეშე დაუშვებელია.“ („აცხოვნე სული შენი“, №7, 2004).

ამავე თემას აგრძელებს გაზეთში გამოქვეყნებული უცხოეთის ქრონიკა. რუსეთიდან მიღებული სულიერი ძმის წერილზე დაყრდნობით ნათქვამია, რომ რუსეთში უკვე შემოიტანეს „კანქვეშა ჩიპების“ დიდი პარტია. დიდი შესაძლებლობაა, რომ ათონელი ბერის წინასწარმეტყველება ახდეს და „მე-3 მსოფლიო ომი დაიწყოს პუტინის საპრეზიდენტო ვადის გასვლისთანავე, ანუ 2007 წელს, ყოფილი ბიზანტიის იმპერიის ტერიტორიაზე.“ („აცხოვნე სული შენი“, №7, 2004).

2.4 მართლმადიდებლობა და სხვა კონფესიები

▲ზევით დაბრუნება


ნოემბრის გამოცემებში კვლავ გრძელდება იმის მტკიცება, რომ მართლმადიდებლობა (უფრო იშვიათად ამ კონტექსტში მთლიანად ქრისტიანობა მოიხსენიება) ერთადერთი ჭეშმარიტი სარწმუნოებაა: „ქრისტიანობა ერთადერთი რელიგიაა, რომელსაც შეუძლია ობიექტური არგუმენტებით დაამტკიცოს საკუთარი ჭეშმარიტება“ (ჟურნალი „კარიბჭე“,№10, 11.2004, გვ. 36-38).

კვლავ აქტუალურია ქართული ეკლესიისა და თავად ქართველი ერის განსაკუთრებულობის ხაზგასმა. მაგალითად, პატრიარქმა საკმაოდ საინტერესო მოსაზრება გამოთქვა წარმართული საქართველოს შესახებ, კერძოდ, მან განაცხადა, რომ ქრისტიანობის შემოსვლამდე ქართველები ჭეშმარიტ ღმერთს

აღიარებდნენ: „მინდა აღვნიშნო, რომ... ქართლოსი და მცხეთოსი - მცხეთის დამაარსებელი, იყვნენ ჭეშმარიტი ღმერთის მაღიარებლები. ე.ი. სხვის მსგავსად, წარმართები კი არ იყვნენ, არამედ „ჭეშმარიტი ღმერთის მაღიარებლები“. ეს დიდი მადლია ჩვენთვის. მათ შემდეგ კი შემოვიდა წარმართობა... ასე რომ, ჩვენი ძირი იმთავითვე ჭეშმარიტ რწმენასთან იყო ნაზიარები.“ („საპატრიარქოს უწყებანი“, №42, 12 - 18.11.2004).

ამ ფონზე კვლავ მნიშვნელოვანი რჩება არამართლმადიდებელი კონფესიებისგან მომავალი საფრთხის თემა. მაგალითად, ჟურნალი „კარიბჭე“, საკმაოდ ვრცელ სტატიას უძღვნის „ნეოორმოცდაათიანელთა სექტას“. ავტორი, სერგო კერესელიძე ცდილობს დაწვრილებით წარმოადგინოს ამ სექტის მოძღვრება და ის საფრთხე, რომელიც ქართველ მართლმადიდებლებს მათი აქტიური პროზელიტიზმით ემუქრებათ. ამასთანავე, იგი ამჟღავნებს „ნეოორმოცდაათიანელთა“ გეგმას, რომელიც ამერიკელმა მქადაგებელმა ბობ ვაინერმა წარუდგინა ახალგაზრდა მორწმუნეებს 2004 წლის აგვისტოში თბილისში ვიზიტის დროს: „საქართველოს მოსახლეობის 95% ჯოჯოხეთში მიდის და იტანჯება. ისინი არ არიან ჩაწერილნი „სიცოცხლის წიგნში“, თქვენი იმედი აქვს საქართველოს... წადი და მოიპოვე საქართველო ქრისტესთვის... ასობით ათასი ქართველი გელის შენ - ისინი მოგისმენენ და დაგემორჩილებიან.“ ვფიქრობთ, ამ სიტყვებს კომენტარი არ სჭირდება. ჩვენ კი ქართველ მართლმადიდებელ ქრისტიანებს, სიფრთხილე გვმართებს. ყოველმა ჩვენგანმა ცოტა რამ მაინც უნდა იცოდეს იმ სექტების შესახებ, რომლებიც ბოლო დროს შემოვიდნენ ჩვენს ქვეყანაში და აქტიური პროზელიტური საქმიანობა დაიწყეს.“ („წადი და მოიპოვე საქართველო“, „კარიბჭე“,№10, 11.2004, გვ. 30-32).

გაზეთს „აცხოვნე სული შენი“ მიაჩნია, რომ საქართველოში მოქმედი ყველა რელიგიური ორგანიზაციის ლეგალიზება გარდაუვალია: „თავისუფლების ინსტიტუტი პროტექციონერობს ორმოცდაათიანელთა სექტის სახელმწიფო რეგისტრაციის პროცესს. როგორც ჩანს, თანდათან მოხდება ყველა ტრადიციული თუ არატრადიციული რელიგიური ორგანიზაციის ლეგალიზება.“

2.5 ეკლესია და განათლების სისტემის რეფორმა

▲ზევით დაბრუნება


უცვლელი რჩება ეკლესიის დამოკიდებულება განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმის მიმართ: კანონპროქტში წარმოდგენილი პრინციპები მიუღებელია სასულიერო პირებისა და მათი მრევლისათვის. გაზეთი „აცხოვნე სული შენი“ აქვეყნებს საქართველოს განათლების ლიგის საინიციატივო ჯგუფის წერილს პრეზიდენტისადმი: „განათლების სისტემაში სახიფათო რევოლუცია მიმდინარეობს!“. წერილში საუბარია პარლამენტისათვის წარდგენილი განათლების შესახებ კანონპროექტების მანკიერებებზე. წერილის ავტორთათვის მიუღებელია პროგრამული ცვლილებები, რადგანაც ისინი თვლიან, რომ ახალი პროგრამის ხელშეწყობით“: „კარი ღია იქნება მოზარდი თაობის გამრყვნელი და სულის წარმწყმედი სწავლებებისათვის - სქესობრივი განათლებისათვის, ღვთისმგმობი რელიგიებისათვის, ვიწროპარტიულ-ნომენკლატურული ინტერესების შეჭრისათვის... კანონპროექტები ვერ უზრუნველყოფენ ეროვნული ზოგადი და უმაღლესი სკოლის აღორძინებისა და განვითარების მიზნებს... კანონპროექტებით განათლების პრიორიტეტულობა არ არის განსაზღვრული“... კანონპროექტით არ ჩანს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების დაფინანსების საკითხი”. შესაბამისად, კანონპროექტის დაბლოკვასთან ერთად საინიციატივო ჯგუფი მოითხოვს მინისტრის კახა ლომაიას და მისი გუნდის გადადგომას და მესამე-მერვე კლასებში რელიგიის ისტორიის, კულტურისა და მითოლოგიის სწავლების აღდგენას. („აცხოვნე სული შენი“, №7 (25), 2004).

განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება გაზეთი „მრევლიც“, რომელიც ყურადღებას ამახვილებს „სექსოლოგიის“ სწავლების დამღუპველ შედეგებზე: „დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის საბაბით ისევ ცდილობენ, მოუსპონ ჩვენს ბავშვებს საშუალება ისწავლონ წმინდა ხატების მფარველობის ქვეშ; ითხოვენ სკოლებიდან ხატების გატანას და მოსწავლეებს უკრძალავენ სწავლის დაწყების წინ ერთობლივ ლოცვას იმ საბაბით, რომ კლასში შეიძლება იყოს ორი ან სამი არამართლმადიდებელი; ებრძვიან ეროვნულ ცნობიერებას; ქართველ ბავშვებს, რომელთა სულებსაც მრუშობის ცოდვის შხამი ჯერ არ შეხებიათ, სექსოლოგიის გაკვეთილებზე თავს ახვევენ გარყვნილი ცხოვრების წესს...“ („ჰოი, მარიამ, შენზედ მსასოებელი შეუძლებელია დაიღუპოს“, „მრევლი“,№90, 2004).

2.6 ეკლესია და ასტროლოგია

▲ზევით დაბრუნება


ქართული ეკლესია ასტროლოგიას ჯადოქრობად და ცრუ მეცნიერებად მიიჩნევს. დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი მიიჩნევს, რომ, მართალია, ხშირად ასტროლოგების მიერ ნაწინასწარმეტყველები მოვლენები რეალობაში მართლაც ხდება, მაგრამ ეს ხდება იმიტომ, რომ მათ აქვთ „კონტაქტი დაცემულ სულთან“ და ინფორმაციასაც სწორედ მისგან იღებენ: „სატანისთვის მომავლიდანაც არის ცნობილი ზოგიერთი რამ, რაც განსაზღვრული და გარდაუვალი მიზეზების გამო უნდა მოხდეს... აქედან მომდინარეობს ის შედეგი, რომ ზოგჯერ ჰოროსკოპის წინასწარმეტყველებასა და რეალობას შორის დამთხვევა ხდება.“ („რატომ ხდება ასტროლოგიური წინასწარმეტყველებისა და რეალობის დამთხვევა“, „კანდელი“,№44, 5 - 11.11.2004).

2.7 ეკლესია და კოსმეტიკა

▲ზევით დაბრუნება


ქალთა თემას კვლავ ეხმაურება გაზეთი „აცხოვნე სული შენი“. ინტერესის სფერო ამჯერად კოსმეტოლოგიაა, რომელზეც ათონელი ბერი პაისი საუბრობს. მას მრავალი მაგალითი მოჰყავს იმისა, თუ რამდენად ამახინჯებს ქალს ფერუმარილის გამოყენება და კოსმეტიკური ოპერციის გაკეთება. მისთვის მიუღებელია ასევე თმების ქიმიურად დახვევა, სუნამოს გამოყენება და ფრჩხილებზე ლაქის წასმა: „ქალები ქიმიურად იხვევნ თმას და ყალყზე იყენებენ - თითქოს გაუკრახმალებიათო. ან რა სუნი უდით!.. საჭირო რომ ყოფილიყო, ღმერთი წითელი ფრჩხილებით გაგაჩენდა...“ („ათონელი ბერი პაისი თანამედროვე ადამიანის შესახებ“, „აცხოვნე სული შენი“, №7, 2004 წ.).