The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


ვახტანგ თულაშვილი - ქშწკგ საზოგადოების დამფუძნებელი წევრი

მიქაბერიძე მაია

ვახტანგ თულაშვილი - ქშწკგ საზოგადოების დამფუძნებელი წევრი

 

ვახტანგ დიმიტრის ძე თულაშვილი იყო ერთ-ერთი იმ პირველთა შორის, რომლებმაც თავიანთი პროფესიული ცოდნითა და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის გრძნობით, ფაქტობრივად, სათავე დაუდეს საქართველოს საქართველოს აღმშენებლობით პროცესს მე-19 საუკუნის 60-იანი წლებიდან. იგი ილია ჭავჭავაძესთან, იაკობ გოგებაშვილთან, ნიკო ცხვედაძესთან, დიმიტრი ყიფიანთან და სხვა ქართველ მოღვაწეებთან ერთად იღვწოდა, შრომობდა, დინჯად ადებდა აგურს აგურზე და ასე ქმნიდა მყარ საფუძველს, რომელზეც მომდევნო თაობებს შეეძლოთ თამამად გაევლოთ თავიანთი გასავლელი გზა.

ვ. თულაშვილი დაიბადა 1834 წლის 6 ნოემბერს სოფელ ზირბითში (თეთრიწყაროს რ-ნი), წარმატებით დაამთავრა კავკასიის სამიჯნო სკოლა (ე.წ. „მეჟევაია შკოლა“), რომელიც ამზადებდა გამმიჯვნელ-მიწის მზომელებს და ტოპოგრაფებს. მშობლების ხელმოკლეობის გამო მას სწავლა აღარ გაუგრძელებია. ნიჭიერი ახალგაზრდა სასწავლებლის ხელმძღვანელებმა მასწავლებლად (კოლეჟსკი ასესორი) მიიწვიეს იმავე სკოლაში. 1869 წელს სამიჯნო სასწავლებელთან ჩამოყალიბდა საკვირაო სკოლა, რომელშიც ვ. თულაშვილი მიხეილ ყიფიანთან ერთად უსასყიდლოდ მუშაობდა.

მასწავლებლად მუშაობის დროს ვ. თულაშვილი უშუალოდ წააწყდა ქართული სახელმძღვანელოების ნაკლებობის პრობლემას. განსაკუთრებით ეს ითქმის მათემატიკაზე. სტამბური წესით დაბეჭდილი სახელმძღვანელოების გამოსვლამდე საქართველოს სახელმწიფო და კერძო სკოლებში იხმარებოდა ხელნაწერის სახით გავრცელებული სახელმძღვანელოები. გ. ნოსოვიჩის, პ. რერგესტისა და პ. პავლოვის წინადადებით მიღებულ იქნა დადგენილება, ქართულ ენაზე გადმოთარგმნილი და გამოცემული ყოფილიყო ფოგელის არითმეტიკა, რომელიც იმ დროს საუკეთესო სახელმძღვანელოდ ითვლებოდა დაწყებით სკოლაში. რადგან მისი გადმოთარგმნა დიდ სიძნელეს წარმოადგენდა ქართულ ენაზე სპეციალური ტერმინების უქონლობის გამო, ამიტომ ვ. თულაშვილმა და მ. ყიფიანმა ფოგელის მიხედვით შეადგინეს არითმეტიკა, რომელიც 1862 წელს თავისი სახსრებით გამოსცა საკვირაო სკოლამ. წინასიტყვაობაში ვკითხულობთ: „ქართულს ენაზედ, ვგონებთ, ეს პირველად იბეჭდება არითმეტიკა, და ამისთვის ხელ-სამძღუანებელი არა გვქონდა რა, რომ იქიდგან ამო- საქართველოს ბიბლიოთეკა N2(75)-2019 16 გვეკრიფა ზოგიერთი ტეხნიკური სიტყუები, რომელნიც იხმარებიან არითმეტიკაში. ყოველი ღონისძიება ვიხმარეთ, რომ გვეპოვნა ისეთი სიტყუები, რომელნიც სრულიად ყოფილ იყუენენ ქართულის ხასიათისანი. მათგან ზოგი ვთარგმნეთ და ზოგი ისე ვიხმარეთ, როგორც რუსულად იხმარებიან“. ამრიგად, 1862 წელს ვ. თულაშვილმა და მ. ყიფიანმა არა მარტო გამოსცეს პირველი ქართული მათემატიკური სახელმძღვანელო, არამედ საკუთარი წვლილიც შეიტანეს ახალი ქართული მათემატიკური ტერმინოლოგიის შექმნის საქმეში.[1]

ვ. თულაშვილის სახელი დაკავშირებულია აგრეთვე საქართველოს პირველი ბეჭდური რუკის გამოცემასთან. მან შეადგინა საქართველოს რუკა სახელწოდებით „კარტა კავკასიის აქეთა მხარისა“, რომელიც იაკობ გოგებაშვილმა 1868 წლის „ბუნების კარის“ პირველ გამოცემას დაურთო. წინასიტყვაობაში იაკობი წერდა: „კარტა ამაზე ვრცელი შეუძლებელი იყო, რადგანაც მეტად ძვირად დაჯდებოდა და წიგნის ფასს გაადიდებდა. ეს მოკლე კარტაც ოცდასამი თუმანი დაჯდა. აქ საჭიროდ ვრაცხთ განვუცხადოთ მადლობა უ. ვახტანგ თულაშვილს, რომელმაც შეადგინა ამ წიგნს დამატებული საქართველოს კარტა“. იგივე რუკა, ოღონდ შესწორებილი სახით, ი. გოგებაშვილმა დაურთო უკვე 1912 წლის გამოცემას. ვ. თულაშვილის მიერ შედგენილი საქართველოს რუკა დაუბეჭდავთ გაზეთ „დროების“ 1869 წლის ერთ-ერთ ნომერთან ერთად და უფასოდ დაურიგებიათ ხელისმომწერთათვის. როგორც ცნობილია, ვახუშტი ბატონიშვილისეული რუკა არის არა ბეჭდური, არამედ ხელნაწერი დოკუმენტი. ამიტომ ვახტანგ თულაშვილის რუკა პირველია საქართველოს გეოგრაფიის ისტორიაში. იგი გახლავთ სტამბური წესითა და მასობრივი ტირაჟით გამოცემული საქართველოს პირველი რუკა.

ვ. თულაშვილი თუმცა სახელმწიფო სამსახურში იდგა, მაგრამ, როგორც ჩანს, თავისი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ნაწილად მაინც საზოგადოებრივ მოღვაწეობას მიიჩნევდა. პედაგოგიური საქმიანობის პარალელურად ვ. თულაშვილი აქვეყნებდა წერილებს ქართულ ჟურნალ-გაზეთებში: „საქართველოს მოამბე“, დროება“, „მოამბე“ და სხვაგან. წერილების ძირითადი თემა და პათოსი ქართული საზოგადოების ბევრ მტკივნეულ საკითხს, მათ შორის, განათლებასა და, ზოგადად, ქართულ კულტურას უკავშირდება. ქვეყნის კულტურულ განვითარებაზე ვ. თულაშვილი მხოლოდ ლაპარაკს არ სჯერდებოდა და მიზნის მისაღწევად პრაქტიკულ ნაბიჯებს დგამდა. გ. წერეთელი იხსენებს გაზეთ „დროების“ დაარსების ამბავს. მისი თქმით, „საქართველოს მოამბის“ დახურვის გარემოებამ „აღუძრა სურვილი ინტელიგენციის ერთ ჯგუფს შესდგომოდნენ ქართული გაზეთის გამოცემას. გაზეთის გამოცემის მიზნით წინასწარ მუშაობაც ჩაუტარებიათ და სტამბის შეძენასაც შესდგომიან. ამ საქმეების ინიციატორობა უკისრიათ ნ. ღოღობერიძეს, ვ. თულაშვილს, დ. ბაქრაძესა და ს. მელიქიშვილს“. მათ ვენაში ჩამოასხმევინეს ახალი ქართული შრიფტი, შემდეგ კი, 1864 წელს, თბილისში გასხნეს ახალი ქართული სტამბა - „სტ. მელიქიშვილისა და ამხ. სტამბა“. იგი გაფორმდა სტ. მელიქიშვილის სახელზე, რაკი დანარჩენები სახელმწიფო სამსახურში იდგნენ.[4]

 

ცალკე თემაა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება. ვ. თულაშვილი ამ საზოგადოების შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი და უშუალო მონაწილე იყო. წერილში „წერა-კითხვის საზოგადოების დაარსება“ იგი იხსენებს იმ წინა წლებს, როდესაც მწიფდებოდა ასეთი ორგანიზაციის დაარსების იდეა და იდგმებოდა პირველი ნაბიჯები: „ჯერ ისევ ადრე, ესე იგი 1870 წლებში, შევიყარენით რამდენიმე ახალგაზრდა კაცი (ზოგი ქალებიც ერივნენ), რომლებსაც ყოველ თვეში შემოჰქონდათ კასსაში თითო მანეთი (ზოგს მეტიც). ამნაირად მოგროვილის ფულით დავაარსეთ სკოლა ს. ხოვლეს, გორის მაზრაში.... რადგანაც ამ ჩვენს პატარა კრებულს სურვილი დიდი ჰქონდა და ღონისძიება იმდენი არა, რომ თავისი სურვილი განეხორციელებინა, ამიტომ დაიბადა აზრი დაგვეარსებინა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება..“. ვ. თულაშვილმა ნ. ცხვედაძესა და ი. გოგებაშვილთან ერთად მიმართა დ. ყიფიანს, რომ ერთობლივად ემუშავათ ამ წესდებაზე. იგი იხსენებდა: „ნ. ყიფიანმა წინაპირველად არ ისურვა მონაწილეობა მიეღო ამ საქმეში, მაგრამ შემდეგ ჩვენი აზრი მოეწონა, დაგვეთანხმა და კვირაში ერთხელ, ხანდისხან ორჯელაც, ვიკრიბებოდით ხოლმე იმის სახლში წესდების შესადგენად.... წესდების შედგენას თითქმის მთელი 1877 წლის ზამთარი და 1878 წ. იანვარი მოუნდა. ვიდრე გავათავებდით მის შედგენას, ზევით მოხსენებულთა გარდა არავის მონაწილეობა არ მიუღია“.[2]

 

ბევრი დაბრკოლებისა და წვალების შემდეგ, 1879 წელს დაარსდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება - ყველაზე ფართომასშტაბიანი კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი მოძრაობა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ვ. თულაშვილი ქშწკგ საზოგადოების დამფუძნებელი წევრი იყო, ხოლო 1904 წლიდან მისი საპატიო წევრიც გახდა. დიდი ხნის განმავლობაში მონაწილეობდა საზოგადოების სარევიზიო კომისიის მუშაობაში. ვახტანგ თულაშვილი სიცოცხლის ბოლომდე ერთგულად ემსახურებოდა ქართული საზოგადოების კულტურული აღორძინებისა და განვითარების საპასუხისმგებლო საქმეს. იგი გარდაიცვალა 1910 წლის 9 დეკემბერს თბილისში.ანტონ ფურცელაძემ „ზურაბ მოენიძის“ ფსევდონიმით ჟურნალ „მნათობში“ (1871 წ.) გამოაქვეყნა პოემა „საპყრობილეს“ ფრაგმენტები. პოემას ახლავს მინაწერი „ვუძღვნი ვახტანგ თულაშვილს“.[3] პოემა, რომელშიც მამა ესაუბრება შვილს ამ ცხოვრების ავ-კარგზე, თავდება შემდეგი სიტყვებით:

„მაგრამა...ერთი ცოდნით შებრძოლვა
და ერთი მაგრად იმის შერყევა
და ეს კედლები, ცოდვით ნაშენნი,
თავისვე თავად თვით დაიშლება“...

როგორც ჩანს, ა. ფურცელაძისა და, ზოგადად ქართული საზოგადოებისათვის, ვახტანგ თულაშვილი ასოცირდებოდა როგორც ცოდვასთან ცოდნით მებრძოლი ადამიანი და ამიტომაც ასე გამოხატა ავტორმა თავისი პატივისცემა ამ დიდი მოღვაწის მიმართ.

ლიტერატურა

1. ბერიძე, ლ., ლაშხი, ა.- მათემატიკური განათლება საქართველოში (1801-1951 წლები): [მონოგრაფია] / თბ; 2009. - 119 გვ.
2. თულაშვილი, ვახტანგ. წერა-კითხვის საზოგადოების დაარსება // საქართველოს კალენდარი. - 1904. - გვ.339-342
3. ფურცელაძე, ანტონ (ზურაბ მოენიძე). პოემიდან „საპყრობილე" : ხმა მეთხუთმეტე. სიმღერა ყრმასა (ვუძღვნი ვახტანგ თულაშვილს) // მნათობი. - 1871. - N5. - გვ.73-83
4. წერეთელი, გ. თხზულებათა სრული კრებული. ტ. 1 - თბ., 1931. - გვ. 406-407ფფ