ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ბებურიშვილი ლევან
იაკობ გოგებაშვილი, როგორც ლიტერატურის კრიტიკოსი
იაკობ გოგებაშვილს, მხატვრული და პედაგოგიკური ხასიათის თხზულებების გარდა,
ეკუთვნის ძალზე საინტერესო კრიტიკული დაკვირვებები XIX საუკუნის ქართულ კლასიკურ
მწერლობაზე. იაკობის, როგორც კრიტიკოსის, ინტერესის სფეროშია ილია ჭავჭავაძის,
აკაკი წერეთლის, ვაჟა-ფშაველას, ალექსანდრე ყაზბეგის, რაფიელ ერისთავის,
ეკატერინე გაბაშვილის მხატვრული შემოქმედება. თავის კრიტიკულ პუბლიკაციებში
იაკობი გვევლინება როგორც პირუთვნელი შემფასებელი და ანალიტიკოსი, რომელსაც ძალუძს
ნათლად გამოკვეთოს ამა თუ იმ მწერლის შემოქმედების ძირითადი თავისებურებები, მხატვრული ღირსებები და, ამასთანავე, საჭიროების შემთხვევაში ძალზე დელიკატურად
მიუთითოს ნაკლოვანებებზეც.
იაკობის, როგორც დიდი პედაგოგისათვის, ნაწარმოების შეფასებისას წარმმართველი მისი
პედაგოგიკური, დიდაქტიკური ღირებულებაა. უმთავრესად ამ თვალსაზრისით აფასებს
გოგებაშვილი თხზულების ავ-კარგს. მით უფრო მაღლა აყენებს იაკობი იმ მხატვრულ
ქმნილებებს, რომელთაც შეუძლიათ მკითხველზე ზნეობრივ-ემოციური ზემოქმედების
მოხდენა, მისი ესთეტიკური და ეთიკური აღზრდა.
სწორედ პედაგოგიკური ღირებულების ჭრილში განიხილავს იაკობ გოგებაშვილი ილია
ჭავჭავაძის შემოქმედებას. მიუხედავად იმისა, რომ იაკობის მსჯელობა ილიას
შემოქმედებაზე მომეტებულად მაინც ზოგადი ხასიათისაა, მასში სრულყოფილად, მთელი
სისავსითაა შეფასებული ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-საზოგადოებრივი მოღვაწეობის
არსი და მნიშვნელობა ქართველი ხალხისათვის.
ილია ჭავჭავაძის შემოქმედების უდიდეს ეროვნულ ღირებულებას, იაკობის აზრით,
ძირითადად, ორი ფაქტორი განაპირობებს: ერთი მხრივ თავად ილია ჭავჭავაძის მძლავრი
შემოქმედებითი ტალანტი, ხოლო მეორე მხრივ, საქართველოს უმძიმესი პოლიტიკური და
კულტურული მდგომარეობა: „იქნება არც ერთს მსოფლიო გენიოსს არა ჰქონდეს იმოდენა
მნიშვნელობა თავისი ერისათვის, რამოდენიც აქვს ილია ჭავჭავაძეს საქართველოსათვის.
ეს უმაგალითო მნიშვნელობა დამოკიდებულია ერთის მხრივ ილიას განსაკუთრებულს ნიჭზე,
ხოლო მეორე მხრივ ჩვენი ქვეყნის დაცემაზე“ [გოგებაშვილი 1955: 215].
იაკობის აზრით, ქართულ ლიტერატურას უმძიმესი და, ამავდროულად, საპატიო
დანიშნულება აკისრია. როდესაც მტერი ძალზე დახვეწილი მეთოდებით იბრძვის ქართველთა
ეროვნული გადაგვარებისათვის, როდესაც ქვეყანაში მოშლილია პოლიტიკური და კულტურუ
ლი ცენტრები, დასუსტებულია ეკლესია და რელიგიური ცნობიერება, სწორედ მწერლობამ უნდა
იტვირთოს ხალხის სულიერი განმანათლებლის ფუნქცია: „ულმობელმა გარემოებამ ყველა
ჩვენი ქვეყნის ცენტრები მიანგრ-მოანგრია, ეკლესია და სარწმუნოება დააუძლურა, ხალხის
განათლებას და განვითარებას კრიჭა შეუკრა... ერთად ერთი ცენტრი, ერთად ერთი ძალა,
რომელსაც შეუძლიან ამ ხანაში გაუმკლავდეს ამ დამღუპველ ტენდენციას, არის ქართული
ლიტერატურა. მან თავისი პირდაპირი დანიშნულების გარდა უნდა იტვირთოს როლი
სკოლისაც და სარწმუნოებისაც. ამ ლიტერატურაში მეტი მნიშვნელობა აქვთ იმ მწერლების
ქმნილებათა, რომელნიც განირჩევიან განსაკუთრებული აღმზრდელი ხასიათით,
ზედ-მოქმედებით, გავლენით“ [გოგებაშვილი 1955: 215].
ქართველი მწერლის ისტორიულ როლზე საუბრისას იაკობ გოგებაშვილი ღირსსახსოვარ
სიტყვებს წარმოთქვამს: „თუ ქართველი მწერალი მგოსანია, საკმარისი არ არის იგი
გენიალური პოეტი იყოს, – უკიდურესად საჭიროა, რომ ეს გენიალური პოეტი იყოს აგრეთვე
გენიალური მოძღვარი, გენიალური პედაგოგი თავისი ერისათვის“ [გოგებაშვილი 1955:
215]. იაკობის აზრით, ასეთი მწერალი ქართულ სინამდვილეში, უპირველეს ყოვლისა,
სწორედ ილია ჭავჭავაძე გახლავთ.
გოგებაშვილი მიიჩნევს, რომ ილია ჭავჭავაძის თხზულებებში იშვიათი მხატვრული
ოსტატობითაა დამუშავებული მწვავე ეთიკური პრობლემები. ილიას ნაწარმოებთა კითხვა
სულიერად ამაღლებს, აკეთილშობილებს ადამიანს. მისი შემოქმედების უცხოურად თარ
გმნის შემთხვევაში კი, იაკობის ღრმა რწმენით, ილიას სახელი საყოველთაო აღიარებას
მოიპოვებს: „ილიას ქმნილებანი რომ რუსულად უთარგმნონ ლევ ტოლსტოისა, იგი მას
საუკეთესო მსოფლიო გენიოსების რიგში საპატიო ადგილს დაუთმობს“ [გოგებაშვილი 1955:
215].
გოგებაშვილის ინტერესის სფეროში ექცევა ილია ჭავჭავაძის სოციალური შეხედულებები.
იაკობი აღნიშნავს, რომ ილია ჭავჭავაძე მთელი სიცოცხლის განმავლობაში იბრძოდა
ქართველთა ეროვნული ერთიანობისათვის და, აქედან გამომდინარე, სასტიკი მოწინააღმდე
გე იყო კლასობრივი დაპირისპირებისა, რაც სოციალურ ფენათა ერთმანეთისაგან გათიშვას
შეუწყობდა ხელს: „თავადი ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე ყოველთვის შეურიგებელი მტერი
იყო ვიწრო ეგოისტური წოდებრიობისა. ასეთ წოდებრიობას იგი თვლიდა ერთი და იმავე
ხალხის ნაწილებს შორის ანტაგონიზმის, მტრობისა და ბრძოლის წყაროდ, ხოლო ეს ბრძოლა
მიაჩნდა დიდ უბედურებად, განსაკუთრებით ისეთი პატარა დამოკიდებული
ეროვნებისათვის, როგორც ქართველობაა“ [გოგებაშვილი 1955: 182].
ცნობილია, რომ ილიას მოწინააღმდეგეები ავრცელებდნენ არაერთ ჭორს გლეხებისადმი
ილიას უხეში და უპატივცემულო დამოკიდებულების შესახებ. იაკობი აშკარად ამ
შეხედულებას ეხმიანება, როცა აღნიშნავს, რომ ილიას სახით უპირველეს ყოვლისა უბრალო
ხალხმა, გლეხობამ დაკარგა ერთგული გულშემატკივარი.
უმწვავესი წერილით გამოეხმაურა იაკობ გოგებაშვილი ილია ჭავჭავაძის მკვლელობას და
განაცხადა, რომ სულგაყიდული ადამიანების საქციელი იმის სრულიად საწინააღმდეგო
შედეგს გამოიღებდა, რისი მიღწევაც ილიას მკვლელებს სურდათ. მოწამეობრივი აღ
სასრულის შემდეგ ილია ჭავჭავაძის სახელი დიდების შარავანდედით შეიმოსებოდა, ხოლო
მისი ნააზრევის გავლენა საზოგადოებაზე უფრო მეტად გაიზრდებოდა.
1908 წელს ილია ჭავჭავაძის გარდაცვალების დღისადმი მიძღვნილ ლიტერატურულ საღამოზე
იონა მეუნარგიამ წაიკითხა მოხსენება ილიას შემოქმედების შესახებ. სიტყვით
გამოსვლისას მეუნარგია ილია ჭავჭავაძის პიროვნულ თვისებებსაც შეხებია. ფრანგულ
კრიტიკაზე აღზრდილმა მეუნარგიამ, როგორც ჩანს, ზედმეტი სითამამე გამოიჩინა ილიას
პიროვნული ცხოვრების დახასიათებისას. სავარაუდოდ ამ ლექციაზე კრიტიკოსმა ის
ბრძანა, რაც შემდეგ მისსავე წიგნში დაიბეჭდა: „ილია აუჩქარებელი კაცი იყო, დინჯი,
მძიმე. აუჩქარებელი ხშირად ნიშნავს ზარმაცს და ეს თვისება – ზარმაცობა – მაპა
ტიეთ ამ სიტყვის თქმა და ილიას ცილისწამებად არ უნდა მიეთვალოს... ილია
ხელმოჭერილი კაცი იყო, სულ იმას ჩიოდა მეტი აღარა ვართ ამ საქველმოქმედო საღამოების
გამო. უცნობი ქალი ან კაცი რომ მოვიდოდა მასთან, იმას სულ იმის ეშინოდა, ვაითუ ფული
მთხოვოსო...“ (ი. მეუნარგია, ნანახი და გაგონილი ილიას ცხოვრებიდან).
იაკობი მეუნარგიას ლექციას არ დასწრებია, იგი პრესის საშუალებით გაეცნო
მოხსენების შინაარსს. კრიტიკოსის შენიშვნებმა ილიას პიროვნული ბუნების შესახებ
იაკობის განრისხება გამოიწვია.
გოგებაშვილმა, უპირველეს ყოვლისა, აღნიშნა, რომ საჭირო არაა დიდი ადამიანების
პიროვნულ ნაკლოვანებათა საჯაროდ გამომზეურება, რადგანაც ხალხი მათ გამადიდებელი
შუშით უცქერს. ადამიანის ცნობიერებაში გენიოსმა თავისი ღირსებებით უნდა დაიმ
კვიდროს ადგილი და არა ნაკლით. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა, დაიკარგოს ნდობა
იმ იდეალებისადმი, რომლებსაც ეს პიროვნება ქადაგებდა. ამის შემდეგ იაკობი
თანმიმდევრულად აკრიტიკებს მეუნარგიას შეხედულებას ილიას პიროვნულ ნაკლოვანებათა
შესახებ და უტყუარი არგუმენტებით სრულიად აბათილებს მას (იხ. გოგებაშვილი:
1955: 215-217).
იაკობ გოგებაშვილმა ზუსტად განჭვრიტა თუ რა ადგილს დაიკავებდა ილია ჭავჭავაძე
ქართველი ხალხის ისტორიულ მეხსიერებაში:
„დიდება ილიასი მით უფრო იმატებს, რაც უფრო ზედმიწევნით გაიცნობს ქართველობა
ნამდვილს ილიას, შეიგნებს იმის მდიდარს და წმინდა ქართულს ენას, მისს მაღალ აზრებს,
პროგრესულს იდეალებს, მისს დემოკრატიულს მიმართულებას, მის წმინდა ეთიკას სრუ
ლის ადამიანობისას“ [გოგებაშვილი: 1955: 177].
გამორჩეულია იაკობის დამოკიდებულება აკაკი წერეთლის ლიტერატურული მემკვიდრეობის
მიმართ. დიდი პედაგოგის შეფასებით, აკაკი არის ქართული პოეტური სიტყვის დიდოსტატი,
„იალბუზი ქართული პოეზიისა“.
აკაკი წერეთლის შემოქმედებას გოგებაშვილი ადარებს ანკარა წყაროს, რომელშიც
საუცხოოდაა არეკლილი ბუნების მშვენიერება:
„წარმოიდგინე, მკითხველო, მაღალის მთის წიაღიდან გადმოვარდნილი ანკარა წყარო,
რომელიც მუსიკალური შხუილით ძირს ჩადის და აჩენს ვეებერთელა მორევს უწმინდესის
წყლისას. ეს ბროლისებური მორევი შეუდარებელი სარკეა ბუნებისა... ამავე დროს ამ
კამკამა მორევის ძირში ისე ცხადად სჩანს ყველაფერი, რომ თვითეულს კენჭს ადვილად
დასთვლი. სწორედ ამას, ამ საარაკო სიწმინდეს და სიმჭვირვალეს, მოტყუებაში
შეჰყევხარ: შენ ეს მორევი თხელი გგონია. მაგრამ აი ჩაუშვი შიგ ვეებერთელა ჭოლოლკი,
და მან ძირის ნახევრობამდინაც ვერ უწია. მორევი მეტად ღრმა აღმოჩნდა. სწორედ
ამისთანა თვისებისაა ის პოეტური და ლიტერატურული ზღვა, რომელიც შეჰქმნა აკაკის
მაღალმა ნიჭმა“ [გოგებაშვილი: 1955: 225].
იაკობ გოგებაშვილი, როგორც მახვილი თვალის მქონე კრიტიკოსი, მიუთითებს აკაკი
წერეთლის შემოქმედების ერთ უძირითადეს თავისებურებაზე, რომელიც შემდგომში
ლიტერატურათმცოდნეთა საგანგებო კვლევის ობიექტად იქცევა. იაკობი აღნიშნავს, რომ
აკაკი წერეთლის პოეზიის მხატვრული სიცხადის, ფორმობრივი სისადავის მიღმა საკმაოდ
რთული მხატვრული სტრუქტურა, ღრმა შინაარსი იმალება. იაკობ გოგებაშვილს აკაკი
წერეთლის შემოქმედების მთავარ მახასიათებლებად მიაჩნია – სიტყვაკაზმულობა,
გრძნობათა სიფაქიზე და ღრმააზროვნება.
კრიტიკოსი საგანგებო ყურადღებას ამახვილებს აკაკი წერეთლის შემოქმედების
დემოკრატიზმზე, ხალხურობაზე. აკაკი, როგორც სახალხო პოეტი გულგრილი არ არის
სოციალური პრობლემატიკის მიმართ. მის შემოქმედებაში მკაცრადაა მხილებული სოციალური
უსამართლობა. მიუხედავად ამისა, იაკობის მართებული დასკვნით, აკაკისათვის, ისევე
როგორც ილიასათვის, უცხოა მოწოდება კლასობრივი ბრძოლისაკენ. აკაკი იღვწის
ეროვნული ერთიანობისათვის, ამდენად, მისთვის სრულიად მიუღებელია ისეთი ბრძოლა,
რომელიც ამ ერთიანობის პარალიზებას უწყობს ხელს.
ცნობილია, რომ მრავალი ჭორი ვრცელდებოდა ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის
დაძაბული პიროვნული ურთიერთობის შესახებ. იაკობი ამ საკითხსაც გულდასმით
განიხილავს. გოგებაშვილი აღნიშნავს, რომ „დიდს გულს მხოლოდ დიდივე გული იცნობს
სავსებით და ყველაზე მეტად თანაუგრძნობს და უყვარს, ისე დიდის ნიჭის ღირსება
სრულიად ესმის მარტო დიდ-ნიჭიერსა, მარტო ის გრძნობს განსაკუთრებულ ძალას თავისი
ტოლისას, მარტო იგი აფასებს მას ღირსეულად“ [გოგებაშვილი: 1955: 227]. ასეთი
ურთიერთობის მაგალითად გოგებაშვილს გოეთესა და შილერის ურთიერთობა მიაჩნია. როდესაც ზოგიერთი შილერს
გოეთეზე მაღლა აყენებდა, შილერი თავად მიუთითებდა გოეთეს უპირატესობაზე. ამ მხრივ,
იაკობის აზრით, აკაკი შილერს მოგვაგონებს. კრიტიკოსი აღნიშნავს, რომ ილია და
აკაკი ახლო მეგობრები არ ყოფილან, თავიანთი პიროვნული ბუნებიდან და საზოგადოებრივი
მდგომარეობიდან გამომდინარე, მიუხედავად ამისა, მათ შორის დიდ იდეურ
ურთიერთთანადგომასა და პატივისცემას ჰქონდა ადგილი. აკაკის მხრიდან ილიას
ღირსებების აღიარების, მისი საზოგადოებრივ-ლიტერატურული მოღვაწეობის სათანადო
დაფასების მაგალითად იაკობს აკაკის საჯარო სიტყვები მიაჩნია: „წაიკითხეთ
თელავში ნათქვამი სიტყვა აკაკისა, კამათი მისი ილიასთან
„ვეფხვის ტყაოსნის“ შესახებ, ბოლოს მისი სიტყვა ილიას დაკრძალვის დღესა და თქვენ
დიდს სიამოვნებას იგრძნობთ, როდესაც დარწმუნდებით, რომ აკაკი თითქმის
უპირატესობას აძლევს ილიას“ [გოგებაშვილი: 1955: 227].
აკაკი წერეთლის შემოქმედების მასშტაბურობის, მისი პოეტური ტალანტის ყოვლისმომცველი
ძალის ხაზგასასმელად იაკობ გოგებაშვილი იმასაც აღნიშნავს, რომ აკაკი წერეთელმა
თავისი ლიტერატურული სკოლა შექმნა. მისი გავლენა კი ყოველ მეორე პოეტს ეტყობა:
„მსოფლიო ტალანტები, გენიოსები ისეთს ძლიერს და ღრმა შთაბეჭდილებას ახდენდნენ
მკითხველზე, ისე ხიბლავდნენ მათ, რომ ბევრი ხდებოდა მათი მიმბაძველი, მათი
მიმდევარი, აკაკიმ შექმნა თავისი საოცარი გავლენით მთელი სკოლა პოეტებისა. თითქმის
ყველა ჩვენებურს მეორე ხარისხის პოეტს აზის ბეჭედი აკაკისა“ [გოგებაშვილი:
1955: 226].
იაკობ გოგებაშვილი აკაკის პიროვნულ ბუნებაზეც საუბრობს. გოგებაშვილი განარჩევს
შემოქმედთა ორ კატეგორიას: ერთნი, რომელნიც ახერხებენ ჰარმონიულად შეუთავსონ
ერთმანეთს მხატვრული შემოქმედება და პირადი ცხოვრების მატერიალური უზრუნველყოფა
(ასეთები იყვნენ შექსპირი, გოეთე, ილია ჭავჭავაძე), ხოლო მეორენი კი სახარებისეულ
ჩიტებს მოგვაგონებენ, რომლებიც არ ზრუნავენ ხვალინდელ დღეზე და განგებას არიან
მინდობილნი. იაკობის აზრით, შემოქმედთა მეორე კატეგორიას მიეკუთვნება აკაკი
წერეთელი, რომლის პოეტური ბუნებაც ვერ იგუებს პირად, მატერიალურ კეთილდღეობაზე
საგანგებო ზრუნვას. ამიტომაც, გოგებაშვილის შეხედულებით, საზოგადოებამ უნდა იდოს
თავს კულტურის მოღვაწეთა მატერიალური თანადგომა.
იაკობ გოგებაშვილის კრიტიკულ ნააზრევში სამწუხაროდ მხოლოდ რამდენიმე დაკვირვებას
ვხვდებით ვაჟა-ფშაველას პოეზიის
შესახებ. მიუხედავად ამისა, სრულიად ნათელია, რომ იაკობი ვაჟას პოეზიას უმაღლეს
შეფასებას აძლევდა და ღრმად სწამდა, რომ „ილიას, აკაკის და ვაჟა-ფშაველას
უკვდავნი ქმნილებანი ნათელს მოჰფენენ მთელს ქართველობასა“ [გოგებაშვილი: 1955:
218].
საგულისხმოა ის გარემოება, რომ იმ დროს, როდესაც მრავალი ადამიანი ჯერ კიდევ ეჭვის
თვალით უცქერდა ვაჟა-ფშაველას პოეტურ ოსტატობას, იაკობ გოგებაშვილი ვაჟას სრულიად
გაცნობიერებულად და დამსახურებულად ილიასა და აკაკის გვერდით მოიხსენიებს.
აკაკი წერეთლის შემოქმედებაზე საუბრისას იაკობ გოგებაშვილმა სამართლიანად
აღნიშნა, რომ გენიალური მწერალი ღრმად სწვდება მშობელი ერის ეთნოფსიქოლოგიას და
თავის თავში აერთიანებს ერის კულტურულ და ეთიკურ ღირებულებებს. ამ თვალსაზრი
სით, „აკაკი პატარა საქართველოა“, თუმცა იაკობის ღრმა რწმენით:
„ამ დიდებულს სახელს მარტო მას ვერ დავუსაკუთრებთ, რადგანაც, თვით აკაკის
სასიხარულოდ და ჩვენდა სანუგეშოდ, პატარა საქართველონი სხვანიც გვყავს: რუსთველი,
ილია, ნ. ბარათაშვილი, ვაჟა-ფშაველა“ [გოგებაშვილი: 1955: 226].
იაკობმა საგანგებოდ მიუთითა ვაჟა-ფშაველას გამორჩეული შემოქმედებითი ხელწერის
შესახებ. აკაკის ეპიგონებზე საუბრისას გოგებაშვილმა აღნიშნა, რომ სწორედ საკუთარი
პოეტური ტალანტის თვითმყოფადობის გამო დააღწია თავი ვაჟა-ფშაველამ აკაკი წერეთლის
პოეზიის გავლენას. „ასეთი მოხიბლვა შეუძლიან მხოლოდ გენიალურს პოეტურს ნიჭსა,
რომელსაც არ ემორჩილებიან მხოლოდ იმისთანა უთავისებურესი მგოსნები, როგორიც არის
ვაჟა-ფშაველა“ [გოგებაშვილი: 1955: 226].
დიდად იყო მოხიბლული იაკობ გოგებაშვილი ალექსანდრე ყაზბეგის მხატვრული პროზით.
იაკობი აღნიშნავდა, რომ ყაზბეგმა მცირე დროით მონაკვეთში მეტად ნაყოფიერად იღვაწა
ლიტერატურულ ასპარეზზე და „საქართველოს ნამდვილი ჰომიროსის სამსახური გაუწია“
[გოგებაშვილი: 1955: 39]. იაკობი აქ აშკარად გრიგოლ ორბელიანს ეხმიანება, რომელმაც
პირველმა მოიხსენია ალექსანდრე ყაზბეგი
„ქართველთ ჰომიროსად“, რისი საფუძველიც ყაზბეგის შემოქმედების განსაკუთრებული
დრამატიზმი უნდა იყოს.
საბავშვო ლიტერატურული გამოცემის, „ნობათის“, მასალების განხილვისას, იაკობ
გოგებაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია ალ. ყაზბეგის მოთხრობას „მტრედი“.
კრიტიკოსმა მიუთითა ორიგინალურ მხატვრულ გამონაგონზე, ბუნების ოსტატურ აღწერაზე და
იმ ჯანსაღი სიბრალულისა და თანალმობის გრძნობაზე, რომელსაც ყაზბეგის მშვენიერი
მოთხრობა აღძრავს. გარდა ღირსებებისა,
იაკობმა ყურადღება გაამახვილა მოთხრობის ნაკლზეც. გოგებაშვილმა აღნიშნა, რომ
საბავშვო ნაწარმოების ენა უაღრესად სადა, დახვეწილი და, ამავდროულად,
ბავშვისათვის ადვილად აღსაქმელი უნდა იყოს, ყაზბეგის მოთხრობა კი ამ მხრივ
გამართული ვერ არის, „მას აკლია შემუშავება, ენა ბრტყელია და არა ლაკონიური,
აქა-იქ უკანონოც“ [გოგებაშვილი 1954: 18]. კრიტიკოსის აზრით, მოთხრობას ეტყობა,
რომ ნაჩქარევადაა დაწერილი. იაკობი ამის გამო სინანულს გამოთქვამს, რადგან
დარწმუნებულია, რომ ყაზბეგს „ნამდვილი ბელეტრისტული ნიჭი სრულს შეძლებას აძლევს
შემატოს ჩვენს საყმაწვილო ლიტერატურას არა ერთი მშვენიერი და თითქმის უნაკლო
მოთხრობა“ [გოგებაშვილი 1954: 18].
იაკობ გოგებაშვილის ინტერესის სფეროში ექცევა რაფიელ ერისთავის შემოქმედებაც.
კრიტიკოსის თქმით, რაფიელ ერისთავი ნიმუშია დასრულებული, მთლიანი პიროვნებისა,
რომელსაც ნათლად აქვს გამორკვეული საკუთარი მიმართება გარე სამყაროსადმი. პოეტს
გააჩნია ღირებულებათა მყარი სისტემა და მისთვის უცხოა სკეფსისი, მსოფლმხედველობრივი
მერყეობა: „თ. რაფაელი არ არის გამოხრული გონების რეფლექსიითა, რომელიც სენად
სჭირს ახალთაობასა. ესრედ წოდებული უმაღლესი და წყეული კითხვები, როგორც ეტყობა
დიდი ხანია ჩვენს პოეტს დასკვნილი და გადაწყვეტილი აქვს და ესენი მას სრულიად არ
აწუხებენ და არ ართმევენ გონების ყურადღებას და ენერგიას“ [გოგებაშვილი 1955: 272].
იაკობი ამ გარემოების საგანგებო აქცენტირებას იმიტომ ახდენს, რომ, მისი აზრით,
რაფიელ ერისთავი სანიმუშო პიროვნებაა ახალი თაობისათვის, რომელიც მოკლებულია მყარ
მსოფლმხედველობას. ამგვარ ვითარებაში იზრდება ისეთი დასრულებული, ჩამოყალიბებული პიროვნების როლი, რომელის შემოქმედებაც სრულიად გარკვეულ და ცხად
ლიტერატურულ-ზნეობრივ ღირებულებებს ეფუძნება.
იაკობ გოგებაშვილი საუბრობს რაფიელ ერისთავის პოეტური ტალანტის სპეციფიკაზე და
მის დამახასიათებელ რამდენიმე ძირითად ნიშანს გამოყოფს: „თ. რაფაელის ნაწერებს აქვთ
ოთხი დიდი ღირსება: ორიგინალობა, ქართულის ცხოვრების ბეჭედი, წმინდა ქართული ენა
და შესაბამი კილო“ [გოგებაშვილი 1955: 272].
რაფიელ ერისთავის, როგორც პოეტის ერთ-ერთ უდიდეს ღირსებად იაკობს მიაჩნია ხალხური
ენა, რომელიც სრულიად გასაგები და ადვილად აღსაქმელია ჩვეულებრივი მკითხველისათვის
და, ამასთანავე, ინარჩუნებს სტილისტურ დახვეწილობას, არასოდეს გადაიზრდება
ენობრივ ნატურალიზმში.
კრიტიკოსი ხაზს უსვამს რაფიელ ერისთავის პოეტური კილოს თავისებურებას. მისი
შეხედულებით, ამ თვალსაზრისით პოეტი ხალხური შემოქმედების საუკეთესო ტრადიციების
გამგრძელებელია:
„როგორც სიმღერა გალობაში, ისე ლექსებში კილოს პირველი ადგილი უჭირავს. ისე
არაფრით არ იცნობება ნამდვილი პოეტი, როგორც შესაბამი კილოთი... კილო არის ნამდვილი
მარილი პოეზისაა... თ. რაფაელის ლექსები ნამდვილს პოეტურს კილოზედ არიან
დაწერილნი და შეზავებულნი პოეტურის მარილით“ [გოგებაშვილი 1955: 273-274]. არის
შემთხვევები, წერს იაკობი, როდესაც ვკითხულობთ ლექსს, რომელიც შესანიშნავადაა
გამართული ვერსიფიკაციული ტექნიკის თვალსაზრისით, მაგრამ მას არ ძალუძს მკითხველზე
ემოციური ზემოქმედების მოხდენა. ეს იმით არის განპირობებული, რომ იგი მოკლებულია პოეტურ პათოსს. რაფიელ ერისთავის ლექსების უდიდეს ღირსებას კი სწორედ
გამორჩეული, მძლავრი პოეტური პათოსი წარმოადგენს.
რ. ერისთავმა თარგმნა ი. კრილოვის იგავ-არაკები, აგრეთვე გალექსა სულხან-საბა
ორბელიანის იგავები. იაკობ გოგებაშვილი, როგორც დიდაქტიკური ხასიათის ლიტერატურის
პირუთვნელი შემფასებელი, გამოეხმაურა ამ გამოცემას და რამდენიმე საყურადღებო შენიშვნა გამოთქვა. იაკობის მართებული დაკვირვებით, იგავ-არაკის ჟანრის თხზულებათა
ბუნება მოითხოვს ლაკონიზმს, აზრის სხარტად გამოთქმას, განსაკუთრებით ეს შეეხება
ნაწარმოების დასასრულს, რომელშიც თხზულების დედააზრი, მორალური პრინციპია გამოთქმუ
ლი. რ. ერისთავის გალექსილ იგავ-არაკებში კი ეს მოთხოვნა ზოგჯერ დარღვეულია.
კრიტიკოსმა იმასაც გაუსვა ხაზი, რომ ავტორი, ზოგჯერ, უმართებულოდ იყენებს
არქაიზმებს იქ, სადაც ცოცხალი პოეტური მეტყველებაა საჭირო.
მიუხედავად ამ ნაკლოვანებებისა, იაკობის აზრით, რაფიელ ერისთავის გალექსილი
იგავ-არაკები მნიშვნელოვანი შენაძენია, ზოგადად, ქართული და, კერძოდ, საბავშვო
ლიტერატურისათვის.
იაკობ გოგებაშვილის კრიტიკული წერილების გაცნობა გვარწმუნებს, რომ მათი ავტორი
სხვა მრავალ ღირსებასთან ერთად ლიტერატურისმცოდნის ალღოთიც იყო დაჯილდოებული და
ქართული კრიტიკის ისტორიაში მას თავისი ადგილი ეკუთვნის. ლიტერატურა:
გოგებაშვილი 1954: გოგებაშვილი ი., თხზულებანი ათ ტომად, ტ. II, თბილისი, 1954;
გოგებაშვილი 1955: გოგებაშვილი ი., თხზულებანი ათ ტომად, ტ. IV თბილისი, 1955. Levan Beburishvili
Iakob Gogebashvili as a literary critic Summary Iakob Gogebashvili, in addition to his literary and pedagogical works, has very
interesting critical observations on Georgian classical writing of the XIX
century. Iakob as a critic is interested in the artistic works of Ilia Chavchavadze, Akaki Tsereteli, Vazha-Pshavela, Alexander Kazbegi, Raphael Eristavi,
Ekaterine Gabashvili. In his critical publications, Jacob appears as a evaluator
and analyst, who is able to clearly outline the main features of the work of
this or that writer, his artistic merits and, at the same time, if necessary, to
point out the shortcomings very delicately.
For Jacob as a great teacher, the guide in evaluating a work is its pedagogical,
didactic value. Gogebashvili evaluates the good of the works mainly from this
point of view. All the more so Jacob puts those artistic creations that can have a moral-emotional impact on the reader.