The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება 25 წლის განმავლობაში (1879—1904)

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ფირცხალავა, სამსონ (კალამი)

წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება 25 წლის განმავლობაში (1879—1904)

ფელეტონი

წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება

25 წლის განმავლობაში (1879—1904)

საზოგადოების დაარსება.

დღეს, 31 მარტს, სწორედ ოც-და ხუთი წელიწადი შესრულდა მას შემდეგ, რაც კავკასიის უმაღლესმა მთავრობამ დაამტკიცა წესდება „კავკასიის სანამესტნიკოს მკვიდრ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ ტფილისის საზოგადოებისა“**. იშვიათი იქმნება ისეთი, წერა-კითხვის მცოდნე ქართველი, რომ არ გაეგონოს ამ საზოგადოების სახელი. ძნელად მოიპოვება ისეთი ქართველი, რომელიც არ აფასებდეს „წ.-კ. საზოგადოებას“, არ უყვარდეს დღეს, დღევანდელ პირობებში განსაკუთრებით, არ უყურებდეს მას, როგორც საუკეთესო ეროვნულ დაწესებულებას. იშვიათი იუბილე იქმნება ჩვენის ქვეყნის ცხოვრებაში ისეთი თვალსაჩინო და საყურადღებო, როგორიც არის წერა-კითხვის საზოგადოების 25 წლის არსებობა. მიუხედავად კერძო თუ საზოგადო დამაბრკოლებელი პირობებისა, საზოგადოება წლიდან წლამდე თანდათან აფართოვებდა თავის მოღვაწეობის ასპარეზს. ტყვილად არ ჩაუვლია მის ამდენიხნის არსებობას, მისი სარგებლობა, მისი ნაყოფიერობა, მის მიერ დაჩენილი კვალი ყოველ ეჭვს გარეშეა. „საზოგადოების“ ხელში 8 სასწავლებელია, 11 ბიბლიოთეკა-სამკითხველო, მის სკოლები — ში სწავლობს 1200-ზე მეტი მოსწავლე; მის ბიბლიოთეკებში 16000-ზე მეტი წიგნია, რომლითაც სარგებლობს 2,300 კაცი, მის სამკითხველოებში ყოველ წლიურად შედის 62,000 მკითხველი., „საზოგადოებას“ აქვს ბიბლიოთეკა-მუზეუმი, სადაც შეკრებილია მრავალი ძვირფასი ქართული ხელნაწერი; „საზოგადოებას“ გამოუცია 68 სხვა-და-სხვა სახელმძღვანელო თუ ისე საკითხავი წიგნი, „საზოგადოება“ ეხმარება ფულით თუ წიგნებით სხვა ბიბლიოთეკებს, სკოლებსა და კერძო პირებს. „საზოგადოებას“ ჰყავს დღეს 1000-ზე მეტი წევრი...

ჩვენ განვიმეორებთ აქ, რასაც ვწერდით ამ ორი წლის წინად- „წერა-კითხვის საზოგადოება ჩვენი საუკეთესო კულტურული დაწესებულებაა. მისი მოქმედების ასპარეზი მეტად საპატიო და ძვირფასია: ეს არის ჩვენი გონებრივი განვითარება, ცოდნის გავრცელება ხალხში, ერის კულტურულად გაღონიერება; ამ „საზოგადოებაში“ არის შეკრებილი და დღესაც იკრიბება ჩვენი წარსული კულტურის ნაშთები, რაც-კი რამ ქართველის უკვდავ სულს შეუქმნია, რაშიაც კი გამოხატულა ჩვენის სულის და გულის მოძრაობა და აღბეჭდილა წიგნებში, მხატვრობაში, მუსიკაში, ხუროთ-მოძღვრებაში, ყველაფერი აქ თავს იყრის და ხელს უწყობს ჩვენის თავის გათვითცნობიერებას. ვინც რა მიმართულების უნდა იყოს, ყველა პატივს სცემს ამ „საზოგადოებას“. მისი განვითარება არის საზოგადო ჩვენი განვითარება დაამდენად მეტი ინტერესი იქმნება ხალხში მისდამი, იმდენად უფრო დაწინაურებული — ვიქნებით. ამ მხრივ სასიხარულო და საიმედო ნიშნებს იძლევა უკანასკნელი წლები“... (ცნობ. ფურც. №1810).

„საზოგადოების“ დაარსების აზრი დაიბადა 1870 წლებში. მაშინ არსებობდა ერთი ახალგაზრდათა მცირე წრე, რომელიც იკრიბებოდა იოსებ მამაცაშვილის სახლში. წრეში იყო სჯა-ბაასი ჩვენი ქვეყნის სხვა-და-სხვა საჭირბოროტო საქმეების შესახებ. უფრო-კი წრეს პირდაპირ ეინტერესებოდა მწერლობა და სწავლა-აღზრდის საქმე. წრის კრებებს ესწრებოდნენ, გარდა იოსებ მამაცაშვილის ოჯახობისა, ნიკ. ცხვედაძე, იაკ. გოგებაშვილი, დიმ. ბაქრაძე, ვახ. თულაშვილი, დიმ. და გიორგი მუსხელაშვილები, კონსტ. და ზაქ. მამაცაშვილები, ილ. წინამძღვარიშვილი. წრე მართავდა ხანდახან სალიტერატურო საღამოებსაც ვ. თულაშვილის სახლში. ამ წრემ განიზრახა პირველი ქართული სკოლის დაარსება ს. ხოვლეში, გორის მაზრაში. ამისთვის წრემ დაადო თავის წევრებს და სხვა პირებსაც თვიური გადასახადი, ამით შეადგინა კასსა და მალე გახსნა კიდეც სკოლა, რომელსაც რამდენისამე წლის განმავლობაში ინახავდა თავის ხარჯით. ხოვლეში იმიტომ გახსნეს სკოლა, რომ იქ იყო გათხოვილი იოს. მამაცაშვილის ერთი ქალი და ეს გარემოება ხელს უწყობდა სკოლის გამართვას. ხოვლეს სკოლა არსებობდა რამდენსამე წელიწადს.

წრის მოქმედებამ და ხოვლეს სკოლის დაარსებამ თავის თავად დაჰბადა მის აზრი, რომ დაარსებულიყო ისეთი დაწესებულება, რომელსაც ექნებოდა მუნ მივი ხასიათი და დაეხმარებოდა სწავლა-განათლების გავრცელებას საქართველოში. რასაკვირვეღია, პირველი საქმე იყო ამ აზრის გავრცელება ქართველ საზოგადოებაში, თანაგრძნობის და ნდობის მოპოება ქართველთა შორის ასეთი დაწესებულება, უეჭველია, უნდა ყოფილიყო იმგვარი „წერაკითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“, როგორიც უკვე არსებობდა რუსეთის რამდენსამე ქაღა ქში. ამ აზრის გასავრცელებლად ყველაზე მეტს მუშაობდნენ და მეცადინეობდნენ ცხვედაძე, იაკ. გოგებაშვილი და ვახ. თუ ლაშვილი. ბევრი წინააღმდეგი იყო „წერა“ კითხვის საზოგადოების“ დაარსებისა: ზოგი ამბობდა, ჯერ ადრეაო; ზოგი კი დასცინოდა საქმის მეთაურებს, გაჩუმდით, თავი დაანებეთ, თორემ კარგი არ მოგივა ო ასე თუ ისე, „საზოგადოების“ დაარსების აზრი თანდათან ვრცელდებოდა. დიდი მნიშვნელობა ჰქონდა დიმ. ყიფიანის დახმარებას, რომელიც ჯერ წინააღმდეგი იყო, მაგრამ საქმეს რომ კარგად ჩაუკვირდა, სულით და გულით მიემხრო საქმის ინიციატორებს.

დადგა 1877 წელი, დაიწყო რუსეთ-ოსმალეთის ომი და რუსეთის მთავრობამ გამოსცა ცალკე მოწოდება ქართველი ერისადმი, რომელშიაც პატივისცემით იხსენიებდა ქართველებს. ამით გამხნევდნენ საქმის მეთავრები და მეტის იმედით და ენერგიით დგნენ „საზოგადოების“ დაარსებას. წინათ თუ აშინებდნენ ზოგიერთები, მთავრობა მოგვცემს ნებას „წერა-კითხვის საზოგადოების“ დაარსებისასო, ახლა ასეთს, შიშს არ ჰქონდა იმდენი საფუძველი. მოპოვებულ იქმნა ხარკოვის „წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგატოების“ წესდება, რომლის მიხედვით უნდა შედგენილიყო ქართული „საზოგადოების“ წესდებაც. წესდების პირველი რედაქცია შეიმუშავეს დ. ყიფიანმა და ნ. ცხვედაძემ, რომლის განსახილველად მოხდა კრება ილ. ჭავჭავაძის სახლში. კრებას, გარდა ზემო დასახელებული პირებისა, დაესწრენ ი. ჭავჭავაძე და ბეს. ღოღობერიძე. კრებამ დაადგინა, რომ შესწორებულიყო - ზოგიერთი მუხლი წესდებისა და ამისათვის აირჩია კომისია: ნ. ცხვედაძე, ი. გოგებაშვილი და ბეს. ღოღობერიძე. კომისიამ უმთავრესი ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას. რომ გარკვევით და ნათლად ყოფილიყო გამოთქმული წესდების მესამე მუხლი, რომლის დღევანდელი რედაქცია ამბობს: „საზოგადოება თავის საგანს მიაღწევს იმით, რომ სახალხო სკოლებში დასაწყის სწავლებას შემოიღებს სამშობლო, ბავშვებისათვის გასაგებ ენაზე“ და სხვა.

წესდების შემუშავებას მოუნდა მთელი წელიწადი. როდესაც წესდება დამზადდა, ახლა საჭირო იყო პროპაგანდა ქართველ დიდ-კაცებში, რომ ხელი მოეწერათ წესდებაზე, როგორც დამფუძნებელ წევრებს, და დახმარება აღმოეჩინათ „საზოგადოების“ წესდების დამტკიცებისათვის. ბოლოს 1878 წლის 30 იანვარს გრ. ორბელიანის სახლში მოხდა დიდი კრება, რომელზედაც მოწვეული იყვნენ ყველანი, ვისაც მონაწილეობა უნდა მიეღოთ „საზოგადოებაში“ როგორც წევრებს. დ. ყიფიანმა წაიკითხა წესდება, რომელიც ყველამ მოიწონა. კრებაზე, სხვათა შორის, დიდი ბაასი იყო იმის მესახებ, თუ რა სახელი უნდა ეწოდებინათ „საზოგადოებისათვის“. გრ. ორბელიანი იმ აზრისა იყო, რომ „საზოგადოებას“ დარქმევოდა ის სახელი, რომელიც აქვს დღეს. ამაზე დ. ყიფიანმა უპასუხა, ეგ სახელი არ იქნება რიგიანი, რადგან მაშინ ჩვენ მოძმე სომხებს არ ექნებათ შიგ წილიო. კრებამ თუმცა დღევანდელი სახელი უწოდა „საზოგადოებას“, მაგრამ ისურვა, რომ სომხებსაც შეეძლოთ „საზოგადოებაში“ მონაწილეობის მიღებაო. ამავე კრებამ დაადგინა: მიენდოს დ. ყიფიანს, ი. ჭავჭავაძეს და ბეს. ღოღობერიძეს, წარუდგინონ მთავრობას წესდება დასამტკიცებლადო.

20 ივნისს, იმავე წელს, ხსენებულია პირებმა წარუდგინეს წესდება კავკასიის ნამესტნიკის მთავარ სამმართველოს. სამმართველომ გადასცა იგი განსახილველად სამოსწავლო ოლქის მზრუნველის საბჭოს, რომელმაც ვრცელი მოხსენება დასწერა „საზოგადოების“ წესდების შესახებ. საბჭო სწერდა: „ყოვლად სიმპატიურია და მოსაწონი საგანი „საზოგადოებისა“, მაგრამ მისის წესდების შემდგენელთ თითქოს არ ჰქონიათ სახეში არსებული კანონ-დებულება, თითქოს „საზოგადოების“ მოქმედება განისაზღვრებოდეს მარტო მისის წესდებით, მაგალითად, წესდებაში არ არის ნაჩვენები, რომ როდესაც „საზოგადოებას“ სკოლის დაარსება უნდა, ამისათვის უნდა აიღოს ჯეროვანი ნებართვა მთავრობისაგან; გარდა ამისა, სწერდა საბჭო: „საზოგადოებას“ რაღაც შეზღუდულობა და კარჩაკეტილობა ეტყობა, რაიც სჩანს მე-9 და მე-14 მუხლებიდან; ყველაზე უფრო კი საბჭო წინააღმდეგი იყო მესამე მუხლის რედაქციისა, რომელიც დიდს ადგილს უთმობს სამშობლო ენას და საჭირო ყურადღებას არ აქცევს რუსულს ენასო, საკმარისი არისო, ამბობდა საბჭო: რომ „საზოგადოება იზრუნებს რუსულის ენის სწავლისათვისო“. 1879 წ. 12 მარტს მთავარმა (ამმართველომ ამ მოხსენების პირი გამოუგზავნა დიმ. ყიფიანს და თავის მხრითაც მოსწერა, "რომ სამმართველო არ ეთანხმება მზრუნველის საბჭოს ახრს მე-9 და მე-14 მუხლების შეცვლის შესახებ, ეს მუხლები შეიძლება დარჩესო, ხოლო სამმართველო თხოულობდა, ზოგიერთი არა არსებითი ცვლილება შეეტანათ წესდებაში დამაარსებელთ, მაგალითად, შეცვლილიყო „საზოგადოების“ სახელი: ნაცვლად „კავკასიის სანამესტნიკოს ქართველ ტომის მკვიდრთა შორის წერაკითხვის გამავრცელებელის ტფილისის საზოგადოებისა“ დაწერილიყო „კავკასიის სანამესტნიკოს ქართველ მკვიდრთა შორის წ. კ. გამავრცელებელი ტფილისის საზოგადოება“.

25-ს იმავე მარტს დ. ყიფიანმა წარუდგინა მთავარ სამმართველოს შესწორებული წესდება, ხოლო მესამე მუხლი დარჩა ხელუხლებლად, რომლის შეცვლა ეწინააღმდეგებოდა სრულიად „საზოგადოების“ დაარსების დედა-აზრს. ამ მუხლის შესახებ და ყიფიანი სწერდა, რომ იგი სრულებით არ სჩაგრავს სახელმწიფო ენას, პირიქით, ამ მუხლის ძალით, „საზოგადოება“ ეცდება რუსულის ენის სწავლება კარგად მიდიოდესო. რასაკვირველია, გარდა ქაღალდისა, „საზოგადოების“ დამფუძნებლები სიტყვიერად, პირადადაც მოელაპარაკნენ სამმართველოს და რამდენისამე დღის შემდეგ წესდება დამტკიცებულ იქმნა, რის შესახებ ტფილისის გუბერნატორმა აცნობა დ. ყიფიანს 14 აპრილს. ერთის თვის შემდეგ, 16 მაისს მოხდა პირველი საზოგადო კრება „საზოგადოებისა“, რომელსაც დაესწრო 45 დამფუძნებელი წევრი. კრებას თავმჯდომარეობდა დ. ყიფიანი (გრ. ორბელიანს სთხოვეს, მაგრამ უარი განაცხადა), რომელმაც მოკლედ გააცნო დამსწრეთ „საზოგადოების“ დაარსების ისტორია. კრებამ ამოირჩია პირველი გამგეობა „საზოგადოებისა“, რომელიც შესდგებოდა შემდეგის პირებისაგან: თავმჯდომარე–დ. ყიფიანი, მისი ამხანაგი—ი. ჭავჭავაძე, წევრნი—ნ. ცხვედაძე, ი. გოგებაშვილი, რათ. ერისთავი და ალ. სარაჯიშვილი*.  დიდის თანაგრძნობით მიეგება ქართველი საზოგადოება „წერა-კითხვის საზოგადოების“ დაარსებას. ყველა ჰგრძნობდა, რომ საძირკველი დაედგა დიდ-მნიშვნელოვან და იშვიათ საქმეს. „ბევრი სასარგებლო და თანაგრძნობის ღირსი კერძო საზოგადოება დაარსებულა ჩვენში,-სწერდა „დროება“ —ამ უკანასკნელ ათი-ხუთმეტი წლის განმავლობაში, მაგრამ არც ერთი არ ყოფილა ისეთის მაღალის მნიშვნელი ბის და მიზნის, როგორიც არის წერა-კითხვის საზოგადოება“. პირველ საზოგადო კრებისათვის „საზოგადოებას“ უკვე ჰქონდა შემოსული წევრთაგან 1700 მანეთამდე, შემოწირულება ტფილისის ბანკისაგან 11000 მ. და ქუთ. ბანკისაგან 3000 მან., გარდა ამისა უკანასკნელმა ბანკმა შემოსწირა კიდევ 8000 მან. იმ პირობით, რომ „საზოგადოებას“ დაეარსებინა ქუთაისში სათავად-აზნაურო სკოლა.

ასე დაარსდა „ქართველთა შორის წერა"კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“, დააარსდა იმ დროს, როდესაც საქართველოში მხოლოდ 113 სახალხო სკოლა იყო (3633 მოსწავლით), 29 —ტფილ. გუბერნიაში და 84 ქუთაისისაში.