საქართველოს ბიბლიოთეკა N2(75)-2019
22
თაყნიაშვილი გურამ მრავალმხრივი მოღვაწის ნათელი კვალი - რაფიელ ერისთავი - 195
რაფიელ ერისთავს ქართველი მკითხველი იცნობს როგორც მრავალმხრივ
შემოქმედს. იგი იყო პოეტი, დრამატურგი,
პუბლიცისტი, ეთნოგრაფი, ისტორიკოსი,
ლექსიკოლოგი, მთარგმნელი, გეოგრაფი.
სამწერლო მოღვაწეობა რ. ერისთავმა დაიწყო მე-19 საუკუნის 50-იან წლებში. ,,ცისკრის“ გამოცემამდე წერილებს აქვეყნებდა
,,Кавказь“-ში. მის თანამედროვეთ იგი მიაჩნდათ აკაკი წერეთლისა და ილია ჭავჭავაძის ერთგულ თანამებრძოლად და წინამორბედად. რ. ერისთავმა ერთ-ერთმა პირველმა აიმაღლა ხმა ბატონყმური რეჟიმის
წინააღმდეგ და თავისი გაბედული მოღვაწეობით პირველი გამოესარჩლა საუკუნოობით ჩაგრულ გლეხობას, ახალი თემებითა
და პრობლემებით გაამდიდრა ქართული
ლიტერატურა.
რ. ერისთავი ჯერ სწავლობდა თელავის
სამაზრო სასწავლებელში, შემდეგ შუამთის
შიომღვიმის მონასტერში. შემდეგ სწავლა
გააგრძელა გორში, სადაც დაჰყო ორი წელი.
პირველი ლექსი ჭაბუკმა პოეტმა გამოაქვეყნა ჟურნალ ,,ცისკარში“, 1852 წელს. 1850-იან
წლებში რ. ერისთავი ერთხანს მსახურობდა
თიანეთის თუშ-ფშავ- ხევსურეთის სასამართლოში თარჯიმნად. შემდეგ გადმოდის
თბილისში მეფისნაცვლის კანცელარიაში.
1855 წლიდან რ. ერისთავი გადაჰყავთ ქუთაისში სამხედრო გუბერნატორთან თარჯიმნის თანამდებობაზე. 1857 წლიდან იგი ათი
წლის განმავლობაში მუშაობდა ზუგდიდის
მაზრის უფროსად, შემდეგ ისევ ქუთაისში
გააგრძელა მოღვაწეობა გუბერნიის სამმართველოს განყოფილების უფროსის თანამდებობაზე. 1870-იანი წლებიდან იგი აღარ
ეწევა სახელმწიფოებრივ საქმიანობას და
მთელი ენერგიით მოღვაწეობს ლიტერატურულ სარბიელზე. იმერეთისა და სამეგრელოს მხარეების გლეხთა ცხოვრებაზე
წერილებსა და ნარკვევებს აქვეყნებდა
,,Кавказь“-ში. წერილების თემატიკა შეეხებოდა სოციალურ საკითხებს. რ. ერისთავმა დასავლეთ საქართველოში მოღვაწეობის
პერიოდში შექმნა ლიტერატურულ-პუბლიცისტური წერილების სერია: მხატვრული
ნაწარმოებები ლირიკის, პროზისა და დრამატურგიის დარგებში.
ბატონყმობის წინააღმდეგ რ. ერისთავის მიერ გამოთქმული პროტესტის შესახებ
გარკვევით მიუთითებდა ილია ჭავჭავაძე:
,,რაფიელ ერისთავმა, - წერდა ი. ჭავჭავაძე,
- პირველმა დასძრა სიტყვა ბატონყმობის
წინააღმდეგ, ადამიანური ღირსებისათვის,
მათი უფლებების აღსახსნელად და აღსადგენად“. 1873 წელს რაფიელ ერისთავმა
და ილია ჭავჭვაძემ დაამუშავეს და ცალკე წიგნად გამოსცეს მათ მიერ შეკრებილი
ფოლკლორული მასალა სახელწოდებით
,,გლეხური სიმღერები და ანდაზები“. ამავე
წელს დაიბეჭდა რ. ერისთავის მიერ შედგენილი ,,ლათინურ-რუსულ-ქართული ბოტანიკური ლექსიკონი“, რომელშიც ახსნილია
1000-ზე მეტი სიტყვა. რ. ერისთავმა გალექსა ს. ს. ორბელიანის ,,სიბრძნე-სიცრუიდან“
ამოკრეფილი იგავ-არაკები. 1879 წლიდან რ.
ერისთავი აქტიურად იბრძოდა ქ.შ.წ.კ.გ. საზოგადოების დაარსებისათვის. გამგეობის
პირველსავე სხდომაზე იგი აირჩიეს მოლარედ. აღნიშნული საზოგადოების მუშაობაში მას შეჰქონდა საკუთარი წვლილი. როგორც ,,ივერიის“ 1891 წლის ერთ-ერთი ნომერი
იუწყება, რ. ერისთავს საზოგადოებისათვის
შეუწირავს საკუთარი ბიბლიოთეკა, სადაც
ბევრი ხელნაწერი და მანამდე უცნობი გამოცემები იყო წარმოდგენილი. მათ შორის
აღსანიშნავია რექტორის დავით ალექსიძის ავტობიოგრაფია, რომელიც ჯერ არსად არ იყო გამოქვეყნებული. თვითონ რ.
ერისთავი აცხადებდა, რომ მისი ბიბლიოთეკის ღირებულება შეადგენდა 5 000 მანეთს. ამის შესახებ გაზეთის რედაქციას
სწერს მოსე ჯანაშვილი სოფ. ქისტაურიდან.
1879 წელს თბილისში აღადგინეს პროფესიული ქართული თეატრი. რ. ერისთავი იყო
თეატრალური საზოგადოების წევრი. მისი
სასცენო მოღვაწეობის შესახებ საგანგებოდ აღნიშნავდა აკაკი წერეთელი.
1880-იან წლებში რაფიელ ერისთავმა შექმნა ლირიკული ლექსების ციკლი:
,,დედა ენა“, ,,ზაფხული“, ,,აღდგომა“, ,,სადღეგრძელო“, ,,სამშობლო ხევსურისა“, ,,თინას
მამითადი“, ,,ბერუას ჩივილი“ და სხვა. აღნიშნულ ლექსებში რ. ერისთავი ღრმად
ჩასწვდა ხალხის გულისწადილს. გლეხის
გაჭირვებულ მდგომარეობაზეა დაწერილი
ლექსები: ,,მერცხალი“, ,,რთველი“, ,,ზამთარი“, ,,ჯერ შრომა, მერე ხტომა“, ,,ჩიტი“, ,,ჩემი
ლოცვა“, ,,სესიას ფიქრები“ და სხვა, სადაც
ავტორმა ქების ჰიმნი უმღერა გლეხობას.
საბავშვო ჟურნალ ,,ნობათის“ 1883 წლის
პირველ ნომერში დაბეჭდილია რ. ერისთავის ლექსი ,,მიპატიჟება სასწავლებელში“.
ი. გოგებაშვილი ამ ლექსს ,,ნობათის“ პირველ მარგალიტს უწოდებდა. 1884 წელს რ.
ერისთავმა დაბეჭდა ს. ს. ორბელიანის ლექსიკონი. მან საკუთარი ხელით გადაწერა
ლექსიკონის 2 000-ზე მეტი გვერდი. იგი იყო
ამ გამოცემის რედაქტორი, წინასიტყვაობისა და ს. ს. ორბელიანის მოკლე ბიოგრაფიის
ავტორი.
რაფიელ ერისთავის მრავალმხრივ შემოქმედებას თან სდევს ჰუმანიზმისა და
სიკეთის გამარჯვების უდრეკი სული. მის საზოგადოებრივ ცხოვრებაში დიდი ადგილი
უკავია სოციალური ყოფის მახინჯი მხარეების წარმოჩენას, პატიოსანი შრომისათვის
მებრძოლი ადამიანის უფლებების დაცვას.
რ. ერისთავმა მთიელთა ლიტერატურულ
კილოზე შექმნილი პოეზიის ნიმუშებით ქართულ ლიტერატურაში შემოიტანა საერო
პოეზიის ახალი ნაკადი. დედა ენის სიწმინდის დაცვის იდეა წარმოჩენილია მის არა
ერთ და ორ ლექსში. ენის სიწმინდე და თვითმყოფადობა მას მიაჩნდა ერის ძლიერებისა და დამოუკიდებლობის დაცვის მძლავრ საშუალებად. იგი გაბედულად ეხმაურება პატრიოტულ თემატიკას და ამდიდრებს
მას საკუთარი პოეტური ქმნილებებით. მისი
ლექსი ,,სამშობლო ხევსურისა“ ისეთი პოეტური ქმნილებაა, რომელიც დაბეჭდვისთანავე აიტაცა ქართველმა მკითხველმა და
,,უკვდავების ბინადარი“ გახადა. ლექსი თავისი შინაარსითა და ღრმად პატრიოტული
პათოსით მარადიულ სიცოცხლეზე მეტყველებს. ამაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ
სამამულო ომის დღეებში იგი საბჭოთა ჯარისკაცებს აღაფრთოვანებდა, პატრიოტი
პოეტის ამ ლექსმა დიდი შთაბეჭდილება
იქონია ახალგაზრდა ვაჟა-ფშაველაზე. ლექსი პირველად დაიბეჭდა 1881 წელს ,,ივერიაში“, სექტემბრის ნომერში. იმავე წელს იგი
გადაბეჭდა ,,დროებამ“ (1881, №194). ,,დროების“ რედაქცია ასეთ მინაწერს აკეთებს:
,,ეს ლექსი ისეთი ჩინებული რამ არის, რომ
ვერ მოვითმენთ არ გადმოგვებეჭდა იმ მკითხველებისათვის, რომლებსაც ,,ივერია“
არ მისდით“. ეს ლექსი სიმღერად იქცა. იგი
წარმოადგენს პოეტის პოეტური და პატრიოტული მრწამსის მკაფიო გამოხატულებას.
ლექსი მარადიულად ცოცხლობს თითოეული ქართველის გულში. ამით რ. ერისთავმა ფაქტიურად გამოხატა ქართველი ერის
გულისთქმა: ,,როგორც უფალი, სამშობლოც
ერთია ქვეყანაზედა“.
იაკობ გოგებაშვილი დიდად აფასებდა
რ. ერისთავის შემოქმედებას. თავის სახელმძღვანელოებში ,,დედა ენა“ და ,,ბუნების კარი“ სისტემატურად აქვეყნებდა რ.
ერისთავის პოეტურ ქმნილებებს. ,,დედა ენაში“ შეტანილია მისი ლექსები: ,,ჯერ
შრომა, მერე ხტომა“, ,,დედა ენა“, ,,მევენახის
სიმღერა“ და სხვა ლექსები. ,,ბუნების კარში“ ი. გოგებაშვილმა შეიტანა რ. ერისთავის
ოცამდე ლექსი. მათ შორის: ,,მიპატიჟება
სასწავლებელში“, ,,პურის მოსავალი“, ,,მერცხალი“, ,,ზამთარი“, ,,ბზობა“, ,,აღდგომა“,
,,ზაფხული“, ,,რთველი“, ,,სამშობლო ხევსურისა“, ,,თინას მამითადი“ და სხვები, რომლებსაც ასეთი დიდი გრძნობითა და აღტაცებით კითხულობდნენ და ზეპირად სწავლობდნენ ქართველი ბავშვები.
რაფიელ ერისთავმა ფასდაუდებელი
ამაგი დასდო ქართულ ფილოლოგიასა და
ენათმეცნიერებას. მან დაამუშავა ტერმინოლოგიები ,,არითმეტიკისა და გეომეტრიისა“, ,,ფიზიკისა და ასტრონომიისა“. 1880
წელს მუშაობა დაიწყო ,,ვეფხისტყაოსნის“
გამოცემაზე. რაფიელ ერისთავი, იაკობ გოგებაშვილი და იონა მეუნარგია წერილობით
ატყობინებდნენ ქართველ საზოგადოებას,
რომ ვისაც კი გააჩნდა პოემის ხელნაწერი,
გადმოეგზავნათ წერა-კითხვის საზოგადოებაში. ტექსტის დამდგენმა კომისიამ მუშაობა დაიწყო 1881 წელს. პირველ სხდომაზე
თავმჯდომარე იყო გრიგოლ ორბელიანი.
კომისიის წევრებს დაურიგდათ პოემის 22
ხელნაწერი. რაფიელ ერისთავი 1841 წელს
მ. ბროსეს მიერ გამოცემული ,,ვეფხისტყაოსნიდან“ ხმამაღლა კითხულობდა ტექსტს.
ილია ჭავჭვაძე, გრიგოლ ორბელიანი, ს.
მესხი, იაკობ გოგებაშვილი, პეტრე უმიკაშვილი და სხვები თვალყურს ადევნებდნენ
პოემის ხელნაწერ ტექსტს. 1888 წელს ,,ვეფხისტყაოსნის“ ქართველიშვილისეულ გამოცემას სწორედ ამ კომისიის მიერ დადგენილი ტექსტი დაედო საფუძვლად.
ილია ჭავჭავაძე დიდად აფასებდა
უფროსი თანამებრძოლისა და თანამოკალმის ღვაწლსა და ამაგს, რომელსაც რ.
ერისთავი თავდაუზოგავად ეწეოდა ერის სამსახურში. 1890-იანი წლებიდან რ. ერისთავი მუშაობდა ქართული ენის ცენზორად. ამ
თანამდებობაზე მან იმუშავა შვიდი წლის
განმავლობაში და არაერთი და ორი ეროვნული საქმე დააგვირგვინა წარმატებით.
ამ დროისათვის ,,ივერიის“ გარშემო შემოკრებილი ქართული საზოგადო მოღვაწენი
ილია ჭავჭვაძის მეთავეობით, მეფის მთავრობის საიდუმლო მეთვალყურეობის ქვეშ
იმყოფებოდნენ. მიუხედავად ასეთი წნეხისა, რაფიელ ერისთავი მაინც ახერხებდა
ბრძოლას ქართული ენის სიწმინდის დასაცავად. გამოსცემდა არა მარტო მხატვრულ,
არამედ სამეცნიერო-პოპულარულ ლიტერატურას, რომელსაც მკითხველი საზოგადოება კმაყოფილებით ხვდებოდა. 1895
წელს მთელმა საქართველომ საზეიმოდ
აღნიშნა რ. ერისთავის საზოგადოებრივი
და სამეცნიერო მოღვაწეობის 50 წლისთავის იუბილე. გარდაიცვალა 1901 წელს, დასაფლავებულია ქ. თელავში, ერეკლესეულ
სასახლის ეზოში. რაფიელ ერისთავის თხზულებათა ძირითადი გამოცემები:
1 .ბატონყმობის წინააღმდეგ რ. ერისთა1. მოკლე ქართულ-რუსულ-ლათინური ლექსიკონი:
მცენარეთა, ცხოველთა და ლითონთა სამეფოებეებიდგან.- ტფ., 1884.- 167 გვ.;
2. ფოლკლორულ ეთნოგრაფიული წერილები.- თბ., 1986.- 250 გვ.;
3. შემოკლებული ლათინური, რუსული და ქართული მცენარეთა ლექსიკონი.- თბ., 1873.- 86
გვ.;
4. ასპინძის ომი//ქართული პოემა.- თბ., 1986.- წ.3.- გვ.5-18.
ლიტერატურა რაფიელ ერისთავის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ:
1. აბაშიძე, კ. ეტიუდები.- თბ., 1962.- გვ. 411-418;
2. ასათიანი, გ. თანამდევი სულები.- თბ., 1983.- გვ. 52-53;
3. გაბისონია, თ. რაფიელ ერისთავის დრამატურგია.- თბ., 2006.- გვ. 94;
4. ვართაგავა, ი. კრიტიკული წერილები.- წ.1.- თბ., 1958.- გვ. 174-208;
5. ზანდუკელი, მ. ახალი ქართული ლიტერატურა.- ტ.2.- თბ., 1954.- გვ. 387-402;
6. კოტეტიშვილი, ვ. რჩეული ნაწერები.- წ.1.- თბ., 1965.- გვ. 505-528;
7. რადიანი, შ. რაფიელ ერისთავი.- ტფ.,1933 .- 72 გვ.;
8. ჯადოგნიშვილი, თ. რაფიელ ერისთავი.- თბ., 1986.- 135გვ.