![]() |
ზუბალაშვილები ეროვნული მრეწველობისა და მეცენატობის სათავეებთან |
ფეიქრიშვილი ჟუჟუნა
ზუბალაშვილები ეროვნული მრეწველობისა და მეცენატობის სათავეებთან
მრავალფეროვან წყაროებზე დაყრდნობით მონოგრაფიაში მოთხრობილია სახელოვანი ქართველი მამულიშვილების, ცნობილი მრეწველ-კომერსანტებისა და სამაგალითო ქველმოქმედ-მეცენატების კათოლიკე ზუბალაშვილების ერთი შტოს საინტერესო მოღვაწეობის თითქმის სამასწლოვანი ისტორია; ეპოქის შესაბამისად არის წარმოჩენილი ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივი ცხოვრების ზოგადი სურათიც. ნაშრომი ერთხელ კიდევ შეახსენებს მკითხველს, რომ ნიჭიერებასთან ერთად შრომისმოყვარეობა, მშობლიური ქვეყნისა და ხალხის უანგარო მსახურება ღვთით კურთხეული მადლია, რომ ადამიანის სიცოცხლე სხვა არაფერია, „თუ არა საქმე კეთილი...“
რედაქტორი პროფ. მურმან პაპაშვილი
რეცენზენტები: ნანა ახობაძე, პროფ. ნუგზარ ბარდაველიძე
წიგნი გამოიცა ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაციის მხარდაჭერით.
© ჟ. ფეიქრიშვილი, 2011
გამომცემლობა „უნივერსალი“, 2011
თბილისი, 0179, ი. ჭავჭავაძის გამზ. 19, : 22 36 09, 8(99) 17 22 30
E–mail: universal@internet.ge
ISBN 9 789 9 41172748
![]() |
1 შინაარსი |
▲ზევით დაბრუნება |
შინაარსი
რედაქტორისაგან
ეროვნული მრეწველობა და ქართველი კათოლიკენი (რეცენზია)
ავტორის წინათქმა
შესავალი
კათოლიკე ზუბალაშვილების ერთი შტოს გენეალოგია
ზუბალაშვილების გვარის ისტორია (მოკლე მიმოხილვა)
კათოლიკე ზუბალაშვილთა ერთი შტოს პირველი წარმომადგენელნი (XVII-XVIIIსს.)
ზურაბ ზუბალაშვილი
გიორგი ზურაბის ძე ზუბალაშვილი
ივანე ზურაბის ძე ზუბალაშვილი
მიხეილ ივანეს ძე ზუბალაშვილი
ზაქარია მიხეილის ძე ზუბალაშვილი
გიორგი ივანეს ძე ზუბალაშვილი
ნიკოლოზ გიორგის ძე ზუბალაშვილი
იოსებ გიორგის ძე ზუბალაშვილი
სტეფანე ივანეს ძე ზუბალაშვილი
იაკობ ივანეს ძე ზუბალაშვილი
ალექსანდრე იაკობის ძე ზუბალაშვილი
კონსტანტინე იაკობის ძე ზუბალაშვილი
ლევან კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილი
სტეფანე კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილი
პეტრე კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილი.
იაკობ კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილი
დავით ივანეს ძე ზუბალაშვილი
ანტონ დავითის ძე ზუბალაშვილი
ნიკოლოზ დავითის ძე ზუბალაშვილი
დავით ანტონის ძე ზუბალაშვილი
ალექსანდრე ანტონის ძე ზუბალაშვილი
პავლე ანტონის ძე ზუბალაშვილი
ანტონ დავითის ძე ზუბალაშვილი
ანასტასია დავითის ასული ზუბალაშვილი
ზუბალაშვილთა მეცენატობა-ქველმოქმედების ზოგადი ნუსხა
ლიტერატურა და წყაროები
ანოტირებული ბიბილიოგრაფია
დანართი
ავტორის ბოლოთქმა
ფოტოდოკუმენტური მასალა
![]() |
2 რედაქტორისაგან |
▲ზევით დაბრუნება |
რედაქტორისაგან
პატივცემულო მკითხველებო, მოემზადეთ მეტად სასარგებლო და სასიამოვნო წიგნის გასაცნობად. ემერიტუსი პროფესორის ჟუჟუნა ფეიქრიშვილის მიერ შემოთავაზებული ნაშრომი „ზუბალაშვილები ეროვნული მრეწველობისა და მეცენატობის სათავეებთან“ არ შეიცავს ვრცელ „მეცნიერულ“ პასაჟებს, მაგრამ იგი გვამაღლებს ავტორის მეცნიერული გააზრების სიმაღლემდე და ლოგიკური კონსტრუქციით წარმოგვიდგენს გამოჩენილ ქართველ კათოლიკე ზუბალაშვილთა სახელოვანი გვარის ერთი შტოს საქმიანობის ისტორიას.
თანამედროვე წიგნიერი საზოგადოებისათვის ზუბალაშვილთა სამეწარმეო, საქველმოქმედო, კულტურული თუ სხვა საქმიანობის თითქმის სამასწლოვანი ისტორია ნაკლებადაა ცნობილი. წარმოდგენილი ნაშრომი არა მხოლოდ ავსებს ამ ხარვეზს, არამედ ერთბაშად გვამდიდრებს და სასიქადულო მამულიშვილთა ნიჭი, მრავალფეროვანი კეთილი საქმე, მეცენატობა სიამაყის გრძნობითაც გვავსებს. ამ წიგნის მიხედვით სრულიად თამამად შეიძლება ითქვას, რომ ზუბალაშვილებმა პირველებმა დაუდეს სათავე საქართველოში სავაჭრო-სამრეწველო საქმიანობას. ამასთან დაკავშირებით ავტორი მრავალფეროვანი წყაროებისა და ლიტერატურის საფუძველზე ქმნის ერთიან ქსოვილს ამ გვარის წარმომადგენელთა მრავალმხრივი ეკონომიკური, სამრეწველო, კულტურული, საგანმანათლებლო საქმიანობის შესახებ.
ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვამბობ, რომ ნაშრომი შეუნელებელ ყურადღებას იქცევს არა მხოლოდ თემით, არამედ ავტორისეული მიზანდასახულობითა და სტილით. კერძოდ, ამ სასიამოვნო წიგნით ნათლად ჩანს, რომ ქართველ კათოლიკე ზუბალაშვილთა სავაჭრო-სამეწარმეო საქმიანობა მთლიანად ემსახურებოდა ეროვნული ეკონომიკის შექმნა-განვითარებას და მასში რელიგიური აღმსარებლობა არასოდეს არ წარმოადგენდა დამაბრკოლებელ გარემოებას. ჩვენი დროის ეს გამოწვევა - ზუბალაშვილების ერთი შტოს საქმიანობის ისტორიულ ჭრილში გააზრება დიდ პრაქტიკულ დანიშნულებას იძენს. მისი გახსნა ავტორმა მეცნიერული გამოცდილებითა და გულდასმითი ანალიზით წარმატებით განახორციელა. უფრო მეტიც, ქალბატონმა ჟუჟუნა ფეიქრიშვილმა სხვადასხვა დროს, სხვადასხვა გარემოებაში ზუბალაშვილთა ბიოგრაფიული დახასიათებითა და ამის ფონზე მათი მრავალფეროვანი მოღვაწეობის წარმოჩენა-შეფასებით, თანამედროვე სახელდებით რომ ვთქვა, ქართველ ბიზნესმენებს იმისი მაგალითი დაუსახა, თუ რა დიდი როლი ენიჭება ღვაწლს, მეცენატობას, ქველმოქმედებას როგორც ეროვნული ეკონომიკის განვითარებაში, ისე ისტორიული მახსოვრობისათვის. ამ თვალსაზრისით ეს წიგნი გვიმტკიცებს, რომ ისტორიის სამართალი „ურმით დადის“ და ქველმოქმედ, კეთილი საქმის მკეთებელ ბიზნესმენებს ისტორია არ დაივიწყებს.
დაბოლოს, წარმოდგენილი წიგნი საქართველოს სოციალური ისტორიის უკეთ გაგებისათვის მნიშვნელოვანი შენაძენია. იგი სიამაყის გრძნობით გვავსებს ჩვენი წინაპრების ნიჭისა და ევროპელთათვის დამახასიათებელი მიზანდასახულობისა და სხვა თვისებების იდენტობის გამო...
პაპაშვილი მურმან
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
![]() |
3 ეროვნული მრეწველობა და ქართველი კათოლიკენი |
▲ზევით დაბრუნება |
ბარდაველიძე ნუგზარ პროფესორი
ეროვნული მრეწველობა და ქართველი კათოლიკენი
(რეცენზია)
ხშირად გვსმენია ჩვენს თანამემამულეთა მიერ გულისტკივილით გამოთქმული წუხილი იმის შესახებ, რომ ქართველებს მრეწველები არ გვყავდა, რომ მრეწველობა მხოლოდ ჩვენი მეზობელი ეთნოსების ხელში იყო თავმოყრილი... და სხვა ამგვარი სტერეოტიპული ციტატები, რომლებსაც ძირითადად გამოთქვამენ ქართული მრეწველობის ისტორიაში სრულიად გაუცნობიერებელი ადამიანები.
სამწუხაროდ, საბჭოთა ისტორიოგრაფიაც დუმდა ქართველ მრეწველებზე, თითქოს ისინი საერთოდაც არ არსებულიყვნენ, მეტიც: ათეული წლების მანძილზე მავანნი ნერგავდნენ აზრს, რომ თბილისი აშენებულია არაქართველთა მიერ... ამიტომ გასაკვირიც არ არის, რომ საბჭოთა ეპოქაში ჩვენი საზოგადოებისათვის ძირითადად უცნობი იყო საერთოდ ქართველ მრეწველთა, კერძოდ, ზუბალაშვილების დიდი საგვარეულოს წარმომადგენელთა შრომა-საქმიანობა, მათ მიერ აგებული მრავალრიცხოვანი ნაგებობის ისტორია.
საგულისხმოა ისიც, რომ მაშინდელი პოლიტიკური რეჟიმის მოთხოვნის მიხედვით ზუბალაშვილებს სამმაგი ტაბუ ედოთ: პირველი, ცხადია, იმიტომ, რომ მართლაც ძალიან გავლენიანი მრეწველები იყვნენ; მეორეც, იმიტომ, რომ მათი დიდი ოჯახის ზოგი წევრი ემიგრაციაში მოღვაწეობდა; მესამე, იმიტომ, რომ გამორჩეულად მორწმუნეები, ეკლესიის მაშენებლები და თანაც კათოლიკური მრწამსის ქრისტიანები იყვნენ; კომუნისტებს კი ყველა მორწმუნეზე მეტად კათოლიკენი აღიზიანებდათ.
... და იდგა თბილისის ძველ უბნებში არქიტექტურითა და საზოგადოებრივი ფუნქციით გამორჩეული მრავალი ნაგებობა, რომლებიც თბილისის იერსახეს ქმნიდნენ და ახლაც გასული საუკუნის ძეგლებს წარმოადგენენ. როცა ხედავ თბილისის მშვენებად ქცეულ საჯარო დანიშნულების შენობებს, სადაც განთავსებულია მწერალთა კავშირი, ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი, მარჯანიშვილის სახელმწიფო დრამატული თეატრი, ყოფილი იუსტიციის სამინისტრო, უზენაესი სასამართლო და ა. შ. როგორ უნდა დაიჯერო, რომ საუკუნეების მანძილზე საქართველოში მრეწველობა მხოლოდ უცხოთა ხელში იყო.
სიმართლე კი სულ სხვაა: XIX-XX საუკუნეებში რუსული ცარიზმისა და რუსული ბოლშევიზმის ბატონობის დროს კოლონიური ხელისუფლება ცდილობდა მთელი მონდომებით დაემტკიცებინა, რომ ქართველები არასრულფასოვანი ერია და, თუ არა რუსეთის იმპერია, ირანი და ოსმალეთი მთლიანად მოსპობდა საქართველოს; ან: როგორ შეიძლება დამოუკიდებლობაზე იოცნებოს ერმა, თუ მას ეროვნული მრეწველობა არასოდეს არ ჰქონია. ამგვარი მითებით აყალიბებდნენ აზრს ქართველთა სხვაზე დამოკიდებულების შესახებ.
საბედნიეროდ, ის საგანძური (მატერიალური თუ სულიერი), რაც ქართველმა მრეწველებმა საუკუნეების მანძილზე თავიანთი ქვეყნისათვის შექმნეს, და მათი ადამიანური ღვაწლი დაფარული არ დარჩენილა. როგორც კი ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა, თავისი ისტორიის სრულყოფისთვისაც მოიცალა. ცნობილი ქართველი მრეწველების სახელები გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან საჯარო გახდა. როდესაც ეცნობი ქართველ მრეწველთა, კერძოდ კი, ზუბალაშვილთა შესახებ გამოქვეყნებულ მასალებს, მათს ნიჭიერებასა და გაზუბალაშვილები ბედულებასთან ერთად თვალში გხვდება გამორჩეული თვისება და ღირსება საზოგადოების მიმართ ქველმოქმედების გაწევის უსაზღვრო სურვილისა. ეს თვისება მართლაც გამოარჩევს ზუბალაშვილებს მათი თანამედროვე სხვა დანარჩენი მრეწველებისაგან.
სიმდიდრე მხოლოდ მაშინ არის ზნეობრივი, როცა ქველმოქმედება შენი ცხოვრების წესია და როდესაც განურჩევლად ყველას, ვინც კი საჭიროებს თანადგომას, უანგაროდ ეხმარები. მსგავსი მოწყალების აუცილებლობაზე ქრისტიანობა და სხვა რელიგიებიც მოგვიწოდებენ, მაგრამ ამ მოთხოვნათა განსახორციელებლად ყველა როდი ვართ გახსნილები...
თავად დროებამ დააყენა მოთხოვნა, რომ ქართული მრეწველობის სათავეებთან მდგომი ზუბალაშვილების საგვარეულოს ისტორია მომავალი თაობებისათვის შემოენახა, როგორც მისაბაძი მაგალითი მამულიშვილობისა და ჭეშმარიტი ქრისტიანული ქველმოქმედებისა. მართალია, ზუბალაშვილებზე ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე მრავალი სტატია გამოქვეყნდა, მაგრამ, ცხადია, ცალკეულ პუბლიკაციებში შეუძლებელი იქნებოდა ამ გვარის სახელოვან წარმომადგენელთა მთელი ამაგის სრულყოფილი წარმოჩენა.
პროფესორ ჟუჟუნა ფეიქრიშვიის მართლაც უდიდესი მონდომებისა და მკვლევარისათვის დამახასიათებელი დაუღალავი ძიების წყალობით ქართველმა მკითხველმა მიიღო შესანიშნავი საჩუქარი - წიგნი „ზუბალაშვილები ეროვნული მრეწველობისა და მეცენატობის სათავეებთან„. მასში თავმოყრილია კათოლიკე ზუბალაშვილების ერთი შტოს სამსაუკუნოვანი ისტორია. ნაშრომის ავტორი XVIII საუკუნიდან იწყებს ზუბალაშვილთა გვარის სხვადასხვა შტოს ამბავთა თხრობას; სხარტი, ლაკონური ენით აცოცხლებს ამ საგვარეულოს წარმომადგენელთა საქმიანობის მნიშვნელოვან დეტალებს; ეს ყველაფერი ვითარდება ქვეყნის რეალური ყოფის ფონზე. აღნიშვნას იმსახურებს ის ფაქტიც, რომ ავტორი არ ისაზღვრება ზუბალაშვილთა მხოლოდ ცალსახად პოზიტიური, სქემატური პორტრეტის დახატვით, არამედ არსებული ფაქტობრივი მასალის საფუძველზე ცდილობს მკითხველს მიაწოდოს ამ გვარის სხვადასხვა წევრის შეულამაზებელი სურათი (ამ ასპექტით განსაკუთრებით ფასეულია წიგნის ბოლოს დართული ანოტირებული ბიბლიოგრაფია). წიგნი არა მარტო ერთი საგვარეულოს წარმომადგენელთა ცხოვრებას აცოცხლებს, არამედ მთელი ეპოქის სურათსაც აღადგენს და, რაც მთავარია, მკითხველს უბიძგებს ფიქრისაკენ ქველმოქმედების მოთხოვნილების შესახებ.
ცნობილი ჭეშმარიტებაა, რომ საჩუქრის მიღებაზე უფრო მეტად ადამიანს საჩუქრის გაცემა ანიჭებს სიამოვნებას. როცა ეცნობი ერთ წიგნად თავმოყრილ ზუბალაშვილების საგვარეულოს შესახებ შეკრებილ მასალებს, კიდევ ერთხელ ჩნდება რიტორიკული კითხვა: რა უფრო მეტ სიამოვნებას ანიჭებს ადამიანს - ფულის შოვნა, თუ ამ ფულით ქველმოქმედების კეთება? ვინც წარმოდგენილ წიგნს ცალი თვალით მაინც გადახედავს, ვფიქრობ, ყველა დამეთანხმება, რომ ზუბალაშვილებმა თავიანთი ცხოვრებითა და საქმიანობით წარმოგვიდგინეს პასუხი კითხვებზე: თუ რა არის ადამიანის ცხოვრების მთავარი მიზანი, ან ვის რაში უნდა მიჰბაძო.
მართლაც, სადაც კი ცხოვრობდნენ და საქმიანობდნენ ზუბალაშვილები - საქართველოში, რუსეთსა თუ საფრანგეთში, აგრეთვე ბაქოში - ყველგან დატოვეს სახელი გამორჩეული ადამიანისა, რომლისთვისაც ქველმოქმედება ცხოვრების წესია. და როდესაც კითხულობ ქალბატონ ჟუჟუნა ფეიქრიშვილის მონოგრაფიას ზუბალაშვილების დინასტიის შესახებ, გიჩნდება სურვილი, ამ სახელოვანი ქველმოქმედი ადამიანების მსგავსად თესო სიკეთე.
P.S. ქალბატონ ჟ. ფეიქრიშვილის მონდომება იმითაც არის აღნიშვნის ღირსი, რომ ეროვნული მრეწველობის ისტორია ჯეროვნად არ არის შესწავლილი და თეთრი ლაქებითაა მოცული. ზუბალაშვილების მსგავსად სხვა ქართველი მრეწზუბალაშვილები, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა კათოლიკე იყო და ეს ფაქტი სრულიად ობიექტური მიზეზებით არის განპირობებული, ელიან მათი ისტორიების გამოცემას. და ეს კვლევები არც კონფესიური თვალსაზრისით ან სხვა რაიმე მოსაზრებით კი არ არის აუცილებელი, არამედ ისტორიული სინამდვილის დასამტკიცებლად, რომ ქართველები მსგავსად სამხედრო ან კულტურულ-სამეცნიერო სფეროებისა, მრეწველობაშიც ტოლს არ უდებდნენ არავის და, თუ ჩვენმა ქვეყანამ მოაღწია XXI საუკუნემდე, ამაში ქართული მრეწველობის ლომის წილია დავანებული.
![]() |
4 ავტორის წინათქმა |
▲ზევით დაბრუნება |
ავტორის წინათქმა
ქართველი კათოლიკე ზუბალაშვილების სახელოვანი გვარის ერთი შტოს წარმომადგენელთა ცხოვრება-საქმიანობის უფრო ღრმად გაცნობამ ერთხელ კიდევ დაგვარწმუნა ქართული გენის სიძლიერეში და იმაშიც, რომ ყოველი კულტურული ერის წინსვლა-განვითარება წარმოუდგენელია მისი წარსული მემკვიდრეობის გათვალისწინების გარეშე...
და რაოდენ დასანანია, რომ გარკვეული პოლიტიკური თუ სხვა მიზეზების გამო თანამედროვე საზოგადოებამ, განსაკუთრებით, ახალგაზრდობამ, ძალიან ცოტა ან თითქმის არაფერი იცის ამ მართლაც სასიქადულო მამულიშვილების, ჭეშმარიტი ერისკაცების სანიმუშო საქმიანობის, მათი დიდსულოვნებისა და კათილშობილების შესახებ, მაშინ როცა წინა საუკუნეების პროგრესულად მოაზროვნე ქართველი ინტელიგენცია, ვისაც გული შესტკიოდა სამშობლოზე, მოყვასზე, მაღალ შეფასებას აძლევდა ზუბალაშვილთა თაობების ღვაწლს; აღიარებდნენ მათს უდიდეს დამსახურებას ქვეყნისა და ერის წინაშე და ქართველთათვის მისაბაძ მაგალითად მიიჩნევდნენ არა მხოლოდ მათ მიერ გაწეულ ფართომასშტაბიან ქველმოქმედებას, არამედ გააზრებულ, გონივრულ საქმიანობას საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში.
ვფიქრობთ, დღეს კიდევ უფრო სასურველია (და აუცილებელიც!) ზუბალაშვილთა ცხოვრებითაც ჩვენი თანამედროვეობა ახლოს გაეცნოს წარსულ მემკვიდრეობას და ისიც კარგად გაითავისოს, რომ ადამიანმა საქმით, ღირსებით უნდა დაადასტუროს მშობელი ქვეყნისა და ერის სიყვარული, რომელიც არ იზომება არც რელიგიური აღმსარებლობით და არც ყალბი პათეტიკით ქართველობაზე...
სამწუხაროდ, ამ ბოლო ათწლეულში არასასიამოვნო რეალობის წინაშე აღმოვჩნდით: მავანთა და მავანთა პირადი ინტერესებისა თუ „პატარაკაცობის“ გამო ჩვენში ზოგჯერ ერთმანეთს უპირისპირებენ რელიგიურ აღმსარებლობასა და ეროვნულობას. ამიტომ არცთუ იშვიათად ხმამაღლა გაისმის ფრაზები: „მხოლოდ მართლმადიდებელია ქართველი“, „ვინც არ არის მართლმადიდებელი, ის არ არის ქართველი“... გულსატკენია, რომ ასეთმა „უბირმა მორწმუნეებმა“ არ იციან საქართველოს ჭეშმარიტი ისტორია და არც ის, რომ ადრექრისტიანული ხანიდან მოყოლებული საქართველოში კათოლიკე ეკლესია არასოდეს არ ყოფილა ანტიეროვნული; პირიქით, საქვეყნოდაა აღიარებული უცხოელი კათოლიკე მისიონერების უდიდესი ღვაწლი ქართული კულტურის ისტორიაში... და მეორეც, ვის შეუძლია ეჭვი შეიტანოს კათოლიკეების: პეტრე ხარისჭირაშვილის, ივანე გვარამაძის (ვინმე მესხი), მიხეილ თამარაშვილის, ზაქარია ფალიაშვილის, პეტრე მელიქიშვილის, მიხეილ თარხნიშვილის, ზუბალაშვილების, ოცხელების, კოკოჩაშვილების, ყაუხჩიშვილების, ხეჩინაშვილების, თუმანიშვილების, უმიკაშვილების, ბეთანელების, გოკიელების, მიზანდარების, პოლოლიკაშვილების, დები იშხნელებისა და სხვათა ქართველობაში, მათს განსწავლულობაში, ეროვნული საქმეების მსახურებაში, ქვეყნის ჭეშმარიტ სიყვარულში?!
ღმერთმა ამრავლოს ზუბალაშვილთა მსგავსი ქართველები ღრმადმორწმუნე ქრისტიანები, ნიჭიერი, საქმიანი ადამიანები, რომელთა ცხოვრების მთავარი მიზანი იყო პატიოსანი შრომა, რწმენის ერთგულება და უსაზღვრო ქველმოქმედება .
მართალია, ზუბალაშვილების სიცოცხლეშივე ამ გვარის წარმომადგენელთა საქმიანობასა და ქველმოქმედებაზე იბეჭდებოდა ბევრი საინტერესო ინფორმაცია, იწერებოდა ნარკვევები, წიგნები, მაგრამ 1920-იანი წლებიდან ახალი პოლიტიკური რეჟიმის გამო ერთგვარი ტაბუ დაედო საბჭოური პოზიციით „ხალხის მტრებად“ გამოცხადებული ქართველი მსხვილი მრეწველების, ვაჭარ-კომერსანტების, ცნობილი მეცენატების ხსენებას, რამაც, თავის მხრივ, ხელი შეუწყო ზუბალაშვილებისა და მათი მსგავსი ერისკაცების ღვაწლის მივიწყებას საბჭოთა რესპუბლიკის პერიოდის ქართულ სინამდვილეში, ახალი თაობების ქართველთა ცნობიერებაში. გარდა ამისა, ამ გაუმართლებელ ტენდენციას ჩვენს შემთხვევაში ისიც აძლიერებდა, რომ ზუბალაშვილთა გვარის ერთ შტოს, რომელიც წინა საუკუნეებში გამოირჩეოდა მრავალშვილიანობით (მრავალვაჟიანობით), XX საუკუნის დასაწყისისათვის საქართველოში თითქმის აღარ დარჩა მემკვიდრე: ზოგი შეეწირა სისხლიან 1937 წელს, ზოგმა კი რეპრესიების გამო თავი შეაფარა უცხოეთს და იქვე აღესრულა; ამავე მიზეზით, ცხადია, სამშობლოში დაბრუნებას ვეღარ გაბედავდნენ ის ზუბალაშვილები, რომლებიც უცხოეთში ცხოვრობდნენ საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე, რის გამოც ევროპის ქვეყნებში მიმოფანტული ზუბალაშვილთა სახელოვანი გვარის შთამომავლები საბოლოოდ უცნობნი დარჩნენ მშობლიური კუთხისათვის.
და ასეთ პირობებში, ათეული წლების მანძილზე (გასული საუკუნის 90-იან წლებამდე), ბუნებრივია, ბევრი აღარაფერი დაიწერებოდა ფართო მკითხველისათვის ზუბალაშვილთა შესახებ, მაგრამ, საბედნიეროდ, საბჭოთა ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ჩვენშიც გახდა შესაძლებელი საუბარი ე.წ. ტაბუდადებულ თემებზე. ქართული პრესა, ქვეყნის ახალი სოციალურ-ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე, უფრო დაინტერესდა წარსული მემკვიდრეობის თანამედროვეობაში გადმოტანით, მისი დადებითი მომენტების ფართო პოპულარიზაციით და ა.შ. ყოველივე ამან განაპირობა საგანგებო ინტერესი ზუბალაშვილების სახელოვანი თაობების მიმართაც. მათ შესახებ ბოლო ათწლეულებში დაიწერა არაერთი პუბლიკაცია, რომლებიც გაბნეულია დღევანდელი ქართული პრესის ზღვაში (და ამის გამოც მათი თავმოყრა და ერთიანობაში აღქმა დაინტერესებული მკითხველისათვის ერთობ ძნელი გახდა!). აქვე თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ქართველი მსხვილი ვაჭარ-მრეწველებისა თუ მეცენატების შესახებ საბჭოთა პერიოდამდე დაბეჭდილი პუბლიკაციები, უკვე საარქივო მასალად ქცეული, დღეს ნაკლებხელმისაწვდომია ფართო საზოგადოებისათვის, მიზანშეწონილად ჩავთვალეთ ზუბალაშვილებთან დაკავშირებით არსებული წერილობითი მასალა თუ ზეპირი ინფორმაციებიც კი შეგვეკრიბა, შეგვეჯერებინა და ქრონოლოგიური თანამიმდევრობით ერთ წიგნად წარგვედგინა მკითხველისათვის.
ნაშრომი ემყარება სხვადასხვა წყაროს: სპეციალურ წიგნებს, ცალკეულ სამეცნიერო გამოკვლევებს; XIX-XX საუკუნეებისა და თანამედროვე ქართული პერიოდული პრესის მასალებს, თბილისის მუზეუმებში დაცულ საარქივო ინფორმაციებს, ხელნაწერებსა და სხვა სახის დოკუმენტებს (იხ. ლიტერატურის სია). პირველ ყოვლისა, მუშაობაში დიდი სამსახური გაგვიწია ზაქარია ჭიჭინაძის საგაზეთო სტატიებმა თუ წიგნებმა (მოიცავს დაახლოებით 1910 წლებამდე პერიოდს). ასევე უდიდესი მადლიერებით მოვიხსენიებთ ზუბალაშვილთა გვარის უკანასკნელ შთამომავალს, აწ გარდაცვლილ ქალბატონს - ანასტასია დავითის ასულ ზუბალაშვილს, რომელიც თავისი ხანგრძლივი სიცოცხლის მანძილზე შესაშური შემართებით იცავდა სახელოვანი წინაპრების ღირსებას, რუდუნებითა და სიყვარულით აგროვებდა მამა-პაპათა ცხოვრებამოღვაწეობის ამსახველ პუბლიკაციებს ქართული თუ რუსული ჟურნალ-გაზეთებიდან... ზოგიერთ მათგანს ავსებდა და აზუსტებდა კიდეც საკუთარი მოგონებებით (ეს მასალები ამჟამად ინახება თბილისის ღვთისმშობლის ზეცად აღყვანების (ამაღლების) კათოლიკური ეკლესიის არქივში).
მადლობას ვუხდით აგრეთვე ბავშვთა I და ქალაქის I კლინიკური საავადმყოფოების თანამშრომლებს გულისხმიერებისა და თანადგომისათვის, განსაკუთრებით კი ექიმ ნოე ლეჟავას საინტერესო ინფორმაციებისა და სხვა საგულისხმო მასალების მოწოდებისათვის, აგრეთვე, მისი იმ დიდი სურვილისათვის, რომ, ერთი მხრივ, თანამედროვეობამ არ დაივიწყოს სახელოვანი ერისკაცების - ზუბალაშვილების ღვაწლი და, მეორე მხრივ, ჩვენი საზოგადოებაც უფრო ყურადღებით მოეკიდოს ეროვნული ღირსების დაცვას, კრიტიკულად შეხედოს ყალბ ავტორიტეტებს და თავადაც იზრუნოს ჭეშმარიტების აღსადგენად.
ჩვენი წიგნის პერსონაჟები კათოლიკე ზურაბ ზუბალაშვილის (1640-1737 წწ.) შთამომავლები არიან. ამიტომაც ამ შტოს გენეალოგიას ვიწყებთ ზურაბით (პირობითად - პირველი თაობა), მეორე თაობად ვთვლით მის მემკვიდრეს გიორგის (1694-1771 წწ.), რომლის შვილები, შვილიშვილები და შვილთაშვილები აგრძელებენ გვარს, შესაბამისად, ცვლიან თაობებს და თავიანთი საქმიანობით მეტ-ნაკლებად განსხვავებულ კვალს ტოვებენ მშობლიური ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
ცხადია, ერთ წიგნში ყველა მათგანზე (7 თაობის მრავალრიცხოვან წარმომადგენელზე) დაწვრილებით ვერ ვისაუბრებთ. ამჯერად გამოვყოფთ მხოლოდ ისეთებს, რომლებმაც გამორჩეული ნიჭიერებით, განათლება-კულტურით, მოღვაწეობით, ეროვნულ საქმეებზე ზრუნვითა და უდიდესი მეცენატობაქველმოქმედებით თვალსაჩინო ადგილი დაიმკვიდრეს საქართველოს ისტორიაში.
წიგნის დასაწყისში მკითხველი ზოგადად გაეცნობა ზუბალაშვილების გვარის ისტორიის მოკლე მიმოხილვასა და XVII-XVIII საუკუნეებში მცხოვრებ კათოლიკე ზუბალაშვილთა ამ შტოს ზოგიერთ წარმომადგენელს, ნაშრომის ძირითადი ნაწილი კი ეძღვნება მესამე და მომდევნო ოთხი თაობის ზუბალაშვილთა შედარებით ვრცელ დახასიათებას. ამ ნაწილში თხრობას ვიწყებთ ივანე გიორგის ძე ზუბალაშვილით (III თაობა), შემდეგ კი, ცალკეული ქვეთავების მიხედვით, წარმოდგენილია ივანეს თითოეული ვაჟის (და იქვე მათივე მემკვიდრეების) ცხოვრება-საქმიანობა.
პოპულარული ხასიათის გამო ნაშრომის ძირითადი ტექსტი, იშვიათი გამონაკლისის გარდა, არ გადავტვირთეთ დამოწმებული ლიტერატურისა და წყაროების დასახელებით, თუმცა ზოგჯერ მეტი ინფორმაციისათვის გვერდი ვერ ავუარეთ სქოლიოების მნიშვნელობით გამოყენებულ შენიშვნებს.
გარდა ამისა, რომ უფრო სრულყოფილად წარმოგვეჩინა ზუბალაშვილთა ცხოვრება-საქმიანობისა და ქველმოქმედების მრავალფეროვანი ასპექტები, მიზანშეწონილად ჩავთვალეთ,დამოწმებული წყაროების გვერდით ცალკე შეგვეტანა იმდროინდელი პრესის მასალების ანოტირებული ბიბლიოგრაფიაც. წიგნს არა აქვს სისრულის პრეტენზია და ეს ბუნებრივიცაა: ზუბალაშვილებს იმდენად საინტერესო ცხოვრება და მართლაც უსაზღვრო მოწყალების გაღების სურვილი ჰქონიათ, რომ წერილობითი სახით მათი გამოწვლილვითი აღწერა მაშინაც ვერ მოხერხდებოდა, მით უმეტეს, როცა თავად ზუბალაშვილებს არ ახასიათებდათ თავისმოწონება ქველმოქმედების გამო... მიუხედავად ჩვენი დიდი სიფრთხილისა, ვერ ვიქნებით დაზღვეული ზოგიერთი უზუსტობისაგან, თუნდაც იმის გამო, რომ თვითონ წყაროებში ესა თუ ის ფაქტი (მოვლენა) ზოგჯერ სხვადასხვაგვარადაა წარმოდგენილი და საბოლოო სიზუსტის დადგენა გაძნელდა (ამიტომაც ხანდახან ვიშველიებდით პარალელურ ვერსიებსაც).
ალბათ, წიგნში ვერ მოხვდა ზუბალაშვილთა შესახებ არსებული სხვა საგულისხმო ინფორმაციებიც, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ კვლავაც ბევრი დაიწერება ამ ღირსეული მამულიშვილების მოღვაწეობაზე და ახალ-ახალი საინტერესო ფურცლებით შეივსება მათი ცხოვრების მატიანე, რომლის ერთერთ სანდო წყაროდ გვესახება ეს წიგნიც - ადრესატების მიმართ ჩვენი მადლიერებისა და მოკრძალების გამომხატველი.
P.S. მადლობას ვუხდით ყველას, ვინც ხელი შეუწყო ამ წიგნის შექმნასა და გამოცემას.
![]() |
5 ზუბალაშვილი პეტრე კონსტანტინეს ძე |
▲ზევით დაბრუნება |
პეტრე ზუბალაშვილი დაიბადა 1862 წელს თბილისში. ოჯახის ტრადიციის მიხედვით, პირველდაწყებითი განათლება მიიღო შინ დედის ხელმძღვანლობით. სწავლობდა ჯერ თბილისის გიმნაზიაში, შემდეგ −რუსეთში ნოვოროსიისკის უნივერსიტეტში. აქვე მიანიჭეს ინჟინრის ხარისხი.
პეტრე ძირითადად თბილისში ცხოვრობდა. იგი გახლდათ ქართველთა საზოგადოებრივი ცხოვრების ჭეშმარიტი გულშემატკივარი, ძმებთან ერთად აქტიურად მონაწილეობდა საქველმოქმედო ღონისძიებებში, დამოუკიდებლადაც ხშირად გასცემდა უხვ მოწყალებას. ამიტომაც პეტრეს თბილისში კარგად იცნობდნენ, პატივს სცემდნენ და აფასებდნენ, როგორც განათლებულსა და ღირსეულ მამულიშვილს.
თანამედროვეთა გადმოცემით, ბუნებით კეთილშობილ პეტრეზე დიდი კეთილისმყოფელი გავლენა მოუხდენია მის მეუღლეს −მარიამს, სამაგალითო ადამიანს, ღირსეულ მეუღლეს ღირსეულის კაცისა, გულმოწყალე ქომაგს შეუძლოთა (ზ. ჭიჭინაძე).
მარიამის მამა პოლონელი ყოფილა, დედა −ქართველი კათოლიკე, თავად მიხეილ თუმანიშვილის შთამომავალი. მარიამი დაიბადა 1870 წელს ახალციხეში, განათლება მიიღო თბილისის ქალთა ინსტიტუტში.
ზუბალაშვილთა ოჯახში მარიამი თავიდანვე გამოირჩეოდა საუკეთესო თვისებებით, ოჯახის ერთგულებით და, განსაკუთრებით, ღარიბთა თანადგომით. იგი ქმრისაგან მიღებულ თავის წილ თანხასაც მთლიანად ახმარდა გაჭირვებულ ოჯახებს. თავისი ხანმოკლე სიცოცხლე (გარდაიცვალა 33 წლის ასაკში) ღარიბებზე ზრუნვაში გაატარა თურმე („ყველა სალხინო საქმეს განშორებული იყო“): თბილისში დააფუძნა ქარ- თველ ქალთა სამკერვალო ამხანაგობა, მფარველობდა ხელმოკლე ოჯახებს; დაახლოებით 70 ოჯახს უყიდა ძროხა, ზოგს ჩუქნიდა საკერავ მანქანას თუ სხვა ამგვარ ნივთს და ა. შ.
პეტრესა და მარიამს ჰყოლიათ რამდენიმე შვილი: დიმიტრი, კონსტანტინე, ელისაბედი, ანნა, მარია. ვაჟები ევროპაში სწავლობდნენ, ამიტომ მეუღლის გარდაცვალების შემდეგ პეტრეც გაემგზავრა შვილებთნ ევროპაში. ერთხანს ცხოვრობდა ჟენევაშიც, მაგრამ, როცა შვილები საბოლოოდ დამკვიდრდნენ უცხოეთში და დამოუკიდებელი ცხოვრება დაიწყეს, პეტრე დაბრუნდა საქართველოში, სიცოცხლის ბოლო წლები მშობლიურ ქალაქში გაატარა. შეძლებისდაგვარად მაშინაც გამოირჩეოდა კეთილი საქმეებით.…
როგორც აღინიშნა, პეტრე კონსტანტინეს ძე (ძმებთან ერთად) მუდამ ქომაგობდა და ხელს უწყობდა მატერიალურადაც ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში თავჩენილ სიახლეებს, პროგრესულ ნაბიჯებს; დიდად ახარებდა ქართველი ახალგაზრდების სწრაფვა სწავლა-განათლებისაკენ.
ამ ასპექტით ძმები ზუბალაშვილების ქველმოქმედებაში მაინც განსაკუთრებით ფასეული იყო სტუდენტთათვის ყოველწლიურად გაღებული სასტიპენდიო თანხა. ამასთან დაკავ- შირებით მკითხველს გავაცნობთ რამდენიმე ინფორმაციას:
1) წ.კ.გ. საზოგადოებამ ძმ. ზუბალაშვილების სახელობის სტიპენდიები დააარსა 1908 წლის იანვრიდან. ამ დანიშნულებისათვის ძმები საზოგადოების გამგეობას 1912 წლის იანვრამდე წელიწადში აძლევდნენ 6 ათას მანეთს, 1912 წლიდან კიდევ 4 წლის განმავლობაში −5 ათას მანეთს (სულ 1915 წლის ჩათვლით სასტიპენდიოდ გაიღეს 44 ათასი მანეთი).
2) 1908 წელს „წ.კ.გ. საზოგადოების გამგეობამ ზუბალაშვილების სახელობის სტიპენდიები ხმის უმეტესობით დაუნიშნა შემდეგ მოსწავლეებს: ავალიშვილს, ამირეჯიბ შალვას, გოზალიშვილს ალექსანდრეს, დგებუაძეს ალექსანდრეს, შიუკაშვილს თამარს, დადვაძეს პავლეს, ელიავას შალვას, ჯაჯანაშვილს არჩილს, ცინცაძეს იაკობს, ორჯონიკიძეს ვლადიმერს, ფაღავას აკაკის, იმნაიშვილს ნ., იმნაძეს ვარ., მგელა- ძეს ვლასის, მდივანს ს., მირზაშვილს გიორგის, რცხილაძეს ვასილს, ქიქოძეს გერონტის, შურღაიას ლაზარეს“ (გაზ. „ისარი“, 1908, # 6, გვ. 2).
3) „წ.კ.გ. საზოგადოების გამგეობას 1916 წლის დასაწყისში პეტრე ზუბალაშვილმა ოფიციალურად აცნობა: „ძმები ზუბალაშვილები უკანასკნელად გაიღებენ თანხას წლიურს 3 ათას მანეთს იმ აზრით, რომ სტიპენდიები არ მოესპოთ იმ სტუდენტებს, რომელნიც სწავლას ათავებენ არა უგვიანეს 1918 წლისა“.
ღირსსაცნობია ისიც, რომ ძმები ზუბალაშვილების სახელობის სასტიპენდიო თანხის გარდა, პეტრე ფინანსურად ეხმარებოდა აგრეთვე უმაღლესი განათლების მიღების მსურველ სხვა ახალგაზრდებსაც. დავიმოწმებთ მრავალთაგან ერთ შემთხვევას: 1906 წელს კატო მიქელაძე (შემდგომში ცნობილი მწერალი და საზოგადო მოღვაწე) სოფიო ამირეჯიბისა და ალექსანდრე ხახანაშვილის ხელშეწყობით გაემგზავრა შვეიცარიაში სასწავლებლად. მაგრამ 10 თვის შემდეგ, როცა გარდაიცვალა სოფიო ამირეჯიბი, უსახსრობის გამო კატო მიქელაძე იძულებული იყო დაენებებინა სწავლისათვის თავი და დაბრუნებულიყო საქართველოში. სწორედ ამ დროს მხსნელად მოევლინა პეტრე კონსტანტინეს ძე, რომლის შემწეობით (ათას ხუთასი ფრანკი) კატომ შეძლო საფრანგეთში საუნივერსიტეტო კურსის დასრულება (ამგვარი სახის მეცენატობა პეტრეს სხვებისთვისაც ბევრჯერ გაუწევია თურმე).
პეტრე ზუბალაშვილის პიროვნების დასახასიათებლად უნდა მოვიხმოთ ერთი დეტალიც: როცა პირველი მსოფლიო ომი დაიწყო, პეტრემ თბილისის გამგეობას გადასცა მათი ოჯახის კუთვნილი სასტუმრო „ლონდონი“ სამხედრო ლაზარეთისთვის და მის მოსაწყობად გაიღო 20 ათასი მანეთიც (ოქროს კურსით) (იხ. ანოტირებული ბიბლიოგრაფია).
შენიშვნა: წყაროებით ცნობილია, რომ თბილისის ერთ-ერთ უბანში ძველად არსებობდა სამადლო სახლი, რომელიც XVIII საუკუნის დასასრულისათვის გაუქმებული ყოფილა. შემდეგ ეს სახლი გამხდარა ორბელიანების კუთვნილება. ამათგან 1810-იან წლებში უყიდიათ კათოლიკე ზუბალაშვილებს და მოუწყვიათ სასტუმრო „ლონდონის“ სახელწოდებით.
სხვა ვერსიით: სასტუმრო „ლონდონი“ გაიხსნა 1875 წელს. ითვლებოდა ერთ-ერთ საუკეთესო სასტუმროდ რევოლუციამდელ თბილისში. არსებობდა XX საუკუნის პირველი ათწლეულის შუახანებამდე. მდებარეობდა მადათოვის ქუჩაზე, ამჟამად საცხოვრებელი სახლი −ათონელის ქ. 31 (თ. გერსამია).
საგულისხმოა, რომ კონსტანტინეს შვილები სახელოვნად აგრძელებდნენ მამის ცხოვრების გზას −კომერციულ საქმიანობას თუ ქველმოქმედებას; ერთნაირად ზრუნავდნენ ეროვნულ-საზოგადოებრივ წამოწყებებზე, საქველმოქმედო შემოწირულობებსაც თანაბრად გასცემდნენ უშურველად, სწორედ ამის გამო იყო, რომ კონსტანტინეს შვილებს თანამედროვენი ზოგადად მოიხსენიებდნენ „ძმები ზუბალაშვილების“ სახელით, მიუხედავად იმისა, რომ ძმებს ცხოვრება უხდებოდათ სხვადასხვა გარემოში, სხვადასხვა პირობებში, სხვადასხვა დროს.
შენიშვნა: 1910-იანი წლებიდან საქართველოში ცხოვრობდა მხოლოდ პეტრე (ლევანი მოსკოვში იყო, იაკობი −საფრანგეთში, მაგრამ იგი ქველმოქმედებას ეწეოდა ისევ ძმები ზუბალაშვილების სახელით.
კონსტანტინესა და სტეფანეს გარდაცვალების შემდეგ, ლევანმა, პეტრემ და იაკობმა მათი ხსოვნის უკვდავსაყოფად კიდევ უფრო გააფართოვეს ზუბალაშვილთა ქველმოქმედების მასშტაბები. ამ მხრივ განსაკუთრებით გამორჩეულია ბავშვთა საავადმყოფოს, უძლურთა თავშესაფრის (იხ. ზემოთ), სამადლო სასადილოს დაფუძნება და ა. შ.
XX საუკუნის დამდეგს ძმებმა ზუბალაშვილებმა სოლოლაკში, ამაღლების ქუჩის ბოლოს, კოჯრის გზის დასაწყისში, სამათხოვრო სახლის ზემოთ, ააგეს ახალი სახლი, შენობა, რომელსაც ჰქონდა დიდი სასადილო, სახელწოდებით „სამადლო“. იქ თურმე დილიდან საღამომდე მზადდებოდა კერძები („თუხთუხებდა ქვაბები“), უმასპინძლდებოდნენ ყველას უფასოდ. მომსვლელს არავინ ეკითხებოდა −ვინ იყო, საიდან მოვიდა... მას შეეძლო ადგილზე დანაყრების შემდეგ, თუკი აუცილებელი იყო, გემრიელი კერძი სახლშიც წაეღო.
სასადილო „სამადლო“ მოქმედებდა ჩვენში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე (კოჯრის მხრიდან შემოსული წითელი არმიის ჯარისკაცები პირველად შეცვივნულან „სამადლოში“, სადაც იმ დღეს ლობიანი პურები ჰქონიათ გამომცხვარი ღარიბებისათვის. ჯარისკაცებმა ყველაფერს მუსრი გაავლეს თურმე და თან გაიძახოდნენ: ჩვენ ვშიმშილობთ, ქართველები კი შოკოლადიან ბისკვიტს მიირთმევენო). ზუბალაშვილთა წყალობით იგი მართლაც მადლად მიეძღვნებოდა უძლურებსა და გაჭირვებულებს. ვინ მოთვლის, რამდენი მშიერი დააპურა ამ სასადილომ წლების მანძილზე, რამდენისთვის იყო სიცოცხლის შენარჩუნების იმედი, საშუალება და, რაც მთავარია, კეთილი მასპინძელი... 1921 წლიდან კი ზუბალაშვილთა სახელოვანი გვარის უკანასკნელ წარმომადგენელს დავით ანტონის ძეს მთელ თავის ქონებასთან ერთად ჩამოართვეს „სამადლოს“ პატრონობა-მართვის უფლებაც. როგორც ამბობენ, უფასო სასადილომ შეწყვიტა არსებობა, მაგრამ შენობა მალე გადააკეთეს ჩვეულებრივ რესტორნად, რომელსაც სახელწოდება „სამადლო“ ტრადიციის მიხედვით მაინც შერჩა, თუმცა მისი წინაპრის მისია-დანიშნულებასთან საერთო აღარაფერი ჰქონდაო.
შენიშვნა: დღეს ზუბალაშვილთა სასადილოს ადგილზე დგას დაუმთავრებელი, (განსხვავებული ფორმის) სამსართულიანი შენობა, ამ ქუჩის მცხოვრებთა თქმით, წლების მანძილზე უპატრონოდ მიტოვებული. სამაგიეროდ, აქაური უფროსი თაობის მეხსიერებაში ჯერ კიდევ არის შემორჩენილი მოგონებანი თავდაპირველ „სამადლოსა“ და მის კეთილ მეპატრონეებზე.
პეტრე ზუბალაშვილი გახლდათ თბილისის საპატიო მოქალაქე, წ.კ.გ საზოგადოებისა და აგრეთვე ქართული დრამატული საზოგადოების საპატიო წევრი. იგი ჭეშმარიტად ვალმოხდილი წავიდა ამქვეყნიდან. დაკრძალული იყო სოლოლაკში, საგვარეულო სასაფლაოზე, მშობლებისა და ძმის (სტეფანეს) გვერდით.