The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ბრძოლა ეროვნული ღირებულებების პრაქტიკული რეალიზებისათვის საქართველოში მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსა და მეოცე საუკუნის დასაწყისში (ქველმოქმედნი და მეცენატნი)


ბრძოლა ეროვნული ღირებულებების პრაქტიკული რეალიზებისათვის საქართველოში მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსა და მეოცე საუკუნის დასაწყისში (ქველმოქმედნი და მეცენატნი)



საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლა

დურმიშხან ლაშხი

ბრძოლა ეროვნული ღირებულებების პრაქტიკული რეალიზებისათვის საქართველოში მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსა და მეოცე საუკუნის დასაწყისში (ქველმოქმედნი და მეცენატნი)

სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა "საქართველოს ისტორია’’

სადოქტორო ნაშრომი შესრულებულია ისტორიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად

თემის ხელმძღვანელი: სერგო ვარდოსანიძე ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

თბილისი 2016

1 შინაარსი

▲ზევით დაბრუნება


შინაარსი

ანოტაცია

შესავალი

თავი I ცოტა რამ მეცენატობისა და ქველმოქმედების წარსულიდან საქართველოში

§1. ეროვნული მრეწველობის განვითარების ტენდენციები XIXს-ის საქართველოში

თავი II დავით სარაჯიშვილი

§1. დავით სარაჯიშვილის ოჯახი, სწავლის პერიოდი კავშირი ("უღელთან’’)

§2. დავით სარაჯიშვილის სამრეწველო საქმიანობა

§3. დავით სარაჯიშვილის ქველმოქმედება

§4. დავით სარაჯიშვილი მეცენატი

§5. დავით სარაჯიშვილის გარდაცვალება და ანდერძი

§6. წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ დავით სარაჯიშვილის თანხიდან დანიშნულ სტიპენდიატთა სია (1911-1918 წლამდე)

თავი III სტეფანე,ლევან,იაკობ,პეტრე კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილები

§1. ზუბალაშვილების გვარის ისტორია და ძმები ზუბალაშვილების მშობლები

§2. სტეფანე კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილი (მეცენატობა და ქველმოქმედება)

§3. ლევან კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილი

§4. იაკობ და პეტრე კონსტანტინეს ძე სუბალაშვილი

§5. ძმები ზუბალაშვილების სტიპენდიატები 1908-1914 წლებში

თავი IV გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი-ქველმოქმედი და მეცენატი

თავი V იმერეთის ეპისკოპოსი წმინდა გაბრიელ ქიქოძე

§1. იმერეთის ეპისკოპოსი გაბრიელის ბავშვობა, სწავლა და სამღვდელმთავრო მოღვაწეობა 105-130

§2. გაბრიელ ეპისკოპოსის ქველმოქმედება და მეცენატობა

§3. გაბრიელ ეპისკოპოსის მოღვაწეობის ბოლო წლები

§4. გაბრიელ ეპისკოპოსის ანდერძი

თავი VI ეპისკოპოსი ალექსანდრე ოქროპირიძე

§1. ალექსანდრე ოქროპირიძის სწავლის პერიოდი,აფხაზეთსა და გურია-სამეგრელოს ეპარქიაში მოღვაწეობა

§2. ალექსანდრე ოქროპირიძე და ქართული საგალობლები

§3. ალექსანდრე ეპისკოპოსის ქველმოქმედება და მეცენატობა

§4. ალექსანდრე ეპისკოპოსი და ქართული საზოგადოება

§5. ეპისკოპოსი ალექსანდრე ოქროპირიძის გარდაცვალება

თავი VII აკაკი მეთოდეს ძე ხოშტარია

§1. აკაკი ხოშტარიას სამრეწველო საქმიანობა და ქველმოქმედება

დასკვნა

გამოყენებული წყაროები და ლიტერატურა

დანართი

2 ანოტაცია/Resume

▲ზევით დაბრუნება


ანოტაცია

სადოქტორო-სადისერტაციო ნაშრომი "ბრძოლა ეროვნული ღირებულებების პრაქტიკული რეალიზებისათვის საქართველოში მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსა და მეოცე საუკუნის დასაწყისში (ქველმოქმედნი და მეცენატნი),’’ წარმოადგენს ისტორიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად გამიზნულ ნაშრომს.

1801 წლიდან საქართველოში დაიწყო რუსეთის კოლონიური პოლიტიკის განხორციელება, რაც მწვავედ აისახა ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროზე, ქართულ ენასა და კულტურაზე. ქართულმა საზოგადოებამ ხმა აღიმაღლა აღნიშნული პოლიტიკის წინააღმდეგ. ამგვარად ჩვენი მიზანია საზოგადოებას ვაჩვენოთ ქველმოქმედებისა და მეცენატების მოღვაწეობა, რომელიც კოლონიურ პოლიტიკას უპირისპირდებოდა.

ნაშრომში გადმოცემულია დიდი ქველმოქმედების, დავით სარაჯიშვილის, ძმები ზუბალაშვილების, გიორგი ქართველიშვილის, აკაკი ხოშტარიას,ალექსანდრე ოქროპირიძის და იმერეთის ეპისკოპოს გაბრიელ ქიქოძის მოღვაწეობა, ეროვნული ღირებულებების დაცვა განმტკიცებაში. განსაკუთრებით საინტერესოა ნაშრომში გადმოცემული დავით სარაჯიშვილის მიერ 1911 წელს დატოვებული ანდერძის აღსრულების საკითხი, რაც წარმოადგენს ჩვენი კვლევის მთავარ ამოცანას. საარქივო მასალებიდან ირკვევა, რომ 1911 წლიდან 1918 წლამდე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება ნიშნავდა სტიპენდიებს დავით სარაჯიშვილის მიერ დატოვებული თანხიდან. გარკვეულია იმ პირთა სახელები და გვარები, რომლებიც იღებდნენ დავით სარაჯიშვილის და ძმები ზუბალაშვილების დატოვებული თანხიდან სტიპენდიებს. გარდა დავით სარაჯიშვილისა, ახალი საინტერესო ბიოგრაფიული ცნობებია მოძიებული აკაკი ხოშტარიაზე, კერძოდ ხოშტარიას ურთიერთობა ინგლისელ ემისრებთან საქართველოში–უორდროპებთან. საფიქრებელია, რომ აკაკი ხოშტარიამ დავით სარაჯიშვილის სახლი უორდროპებს დაუთმო დროებით საცხოვრებლად.

საინტერესოა აგრეთვე, გიორგი დავითის ძე ქართველიშვილის მოღვაწეობა, რადგანაც მის სახელთანაა დაკავშირებული ქართული კულტურის განსაკუთრებული მფარველობა, რაც გამოიხატებოდა ქართული წიგნების, ჟურნალ-გაზეთების, გამოცემის დაფინანსებაში. ამ მხრივ განსაკუთრებით საინტერესოა შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსნის’’ პირველი ილუსტრირებული ვერსიის დაბეჭვდის დაფინანსება.

ეროვნული ღირებულებების დასაცავად განსაკუთრებით ხმა აღიმაღლა საქართველოს ეკლესიამ და მისმა ისეთმა თვალსაჩინო წარმომადგენლებმა როგორებიც იყვნენ: აფხაზეთის ეპისკოპოსი ალექსანდრე ოქროპირიძე და იმერეთის ეპისკოპოსი გაბრიელ ქიქოძე, რომლებიც ქართველ ერს მოევლინენ არა მარტო როგორც დიდი სასულიერო მოღვაწენი არამედ დიდი ქველმოქმედები და მეცენატები.

სადოქტორო ნაშრომის მთავარ სიახლეს წარმოადგენს წარმოაჩინოს ზემოთ აღნიშნული მღვდელმთავრების განსაკუთრებული დამოკიდებულება ქართველი ახალგაზრდების მიმართ, რათა მათ მიეღოთ სწავლა განათლება. გარდა ამისა სადოქტორო ნაშრომში გადმოცემულია ალექსანდრე ოქროპირიძის დამსახურება ქართული საგალობლების გადარჩენის საქმეში, სწორედ მეუფე ალექსანდრეს ინიციატივით და დაფინანსებით შეიქმნა სპეციალური კომიტეტი კარბელაშვილების მეთაურობით, რომლებსაც ევალებოდათ უძველესი ქართული საგალობლების მოძიება და ნოტებზე გადაღება.

გამოკვლევაში ნათლადაა წარმოდგენილი ქართველი მეცენატებისა და ქველმოქმედების ბრძოლა ეროვნული ღირებულებების დაცვის კუთხით.

Resume

Doctoral thesis on "Fighting for practical realization of national values in Georgia by the end of the nineteenth century and at the beginning of the twentieth century (People of the arts and Philanthropists)" is intended for obtaining the academic degree of a Doctor of Historical Sciences.

Since 1801 Russia has started to carry out its colonial policy in Georgia, that sharply affected almost all fields of our life, including Georgian Language and Culture. Georgian society decided to fight against the mentioned policy. Thus, our aim is show the activities of the People of the arts and Philanthropists opposing colonial policy.

The given thesis shows the activities of great philanthropists David Sarajishvili, Brothers Zubalashvili, Giorgi Kartvelishvili, Akaki Khoshtaria, Aleksandre Okropiridze and Gabriel Kikodze (the Bishop of Imereti) in defending and consolidating national values.

The most interesting issue, given in this thesis is the fulfilment of the last will and testament left by David Sarajishili in 191, that is the main task of our scientific research.

From the data saved in archive, we learn that from 1911 to 1918, The Society of Propagation of Literacy among the Georgians, used to give scholarships from the amount left by David Sarajishvili. Even the names of those receiving scholarships from the money left by David Sarajishvili and Brothers Zubalashvili, are known to the society.

Besides David Sarajishvili, there are some interesting biographical data about Akaki Khoshtaria, namely, his relationship to the English diplomats in Georgia - the Wardrops. It's possible that Akaki Khoshtaria temporarily gave David Sarajishvili's house to the Wardrops.

The activities of Giorgi Kartvelishvili patronymic David are also of great importance as he particularly patronaged the Georgian culture, namely, financing the publication of Georgian books, magazines and newspapers. From this viewpoint, financing the publication of the first illustrated version of "Knight on the Panther's Skin" is particularly interesting.

Georgian church and its representatives like Aleksandre Okropiridze, the Bishop of Abkhazia and Gabriel Kikodze, the Bishop of Imereti, also fought for the protection of national values, who appeared to be not only great religious leaders, but people of the arts and philanthropists as well.

This doctoral thesis is aimed at presenting the particular attitude of the above mentioned clergymen towards the Georgian youth, who did everything to help them to get education. Besides this, the doctoral thesis emphasizes the achievement of Aleksadnre Okropiridze in saving Georgian hymns; Aleksandre Okropiridze was the first who initiated and financed the establishment of a special committee, presided by brothers Karbelashvili, who were charged with the important mission of obtaining the Georgian hymns and copying them to music. The research clearly shows the fight of Georgian philanthropists and people of the arts for the protection of national values

3 თავი V. იმერეთის ეპისკოპოსი წმინდა გაბრიელ ქიქოძე

▲ზევით დაბრუნება


3.1 §1.იმერეთის ეპისკოპოსი გაბრიელის ბავშვობა, სწავლა და სამღვდელმთავრო მოღვაწეობა

▲ზევით დაბრუნება


თავი V

იმერეთის ეპისკოპოსი წმინდა გაბრიელ ქიქოძე

§1.იმერეთის ეპისკოპოსი გაბრიელის ბავშვობა, სწავლა და სამღვდელმთავრო მოღვაწეობა

იმერეთის ეპისკოპოსი გაბრიელი, ერისკაცობაში გერასიმე დაიბადა 1825 წელს სოფელ ბახვში. გაბრიელის მამა იყო გურიის მთავრის მამია გურიელის კარის მოძღვარი, ის ოჯახი სადაც გერასიმე ქიქოძე (გაბრიელი) დაიბადა, მეტად ხელმოკლედ ცხოვრობდა, მელიტონ კელენჯერიძე შემდეგნაირად აღწერს იმ სახლს, სადაც ბავშვობაში იზრდებოდა გაბრიელ ეპისკოპოსი: "დაახლოებით წარმოიდგინეთ იმერული, გინდა გურული ღარიბი გლეხის სადა, ფიცრული, ერთოთახიანი დაბალი სახლი, უფანჯრო, უიატაკო, უჭერო, წინა და უკანა კარით, დერეფნით და ისლით დახურული’’ (კელენჯერიძე, 2006:19).

გაბრიელ ეპისკოპოსს დედა ადრე გარდაეცვალა, იგი გაზარდა მამამ მაქსიმე ქიქოძემ რომელსაც ბევრი შვილები ჰყავდა, გაბრიელი თვისი მშობლების უმცროსი შვილი იყო, მას ჰყავდა ტყუპისცალი, რომელიც ნაადრევად გარდაიცვალა.

გაბრიელ ეპისკოპოსს მეტად მძიმე ბავშვობა ჰქონდა, იგი დედმამიშვილებთან და მამასთან ერთად იმისთვის, რომ მშივრები არ დახოცილიყვნენ ძალიან ხშირად ფიზიკურად მუშაობდა. დეკანოზი მელიტონ კელენჯერიძე იხსენებს გაბრიელ ეპისკოპოსის ნათქვამს თუ როგორ შრომობდა იგი ფიზიკურად: "მამა ძალიან მოხუცებული იყო, მაგრამ ჯერ კიდევ მხნედ იყო, რაკი მნახა ჯამრთელად ვიყავი, ძველებურად დამაწყებინა მუშაობა ყანაში და ბოსტანში, ხან მათოხნინებდა, ხან მამარგლინებდა, ხან რას მაკეთებინებდა და ხან რას’’(კელენჯერიძე ,2006:27).

გაბრიელ ეპისკოპოსის გაჭირვებულ ბავშვობაზე მეტყველებს მისი კიდევ ერთი მოგონება: "ერთხელ აღდგომა დღეს, წირვის შემდეგ საუზმეზედ მიგვიწვია ივანოვის ცოლმა თავის სახლში და იქ პირველად ვნახე და გავიგე ჩაის, პასკისა და კულიჩის გემო, რომლითაც უხვად გაგვიმასპონძლდა თავაზიანი დიასახლისი’’(კელენჯერიძე, 2006:32). მიუხედავად ასეთი გაჭირვებისა გაბრიელ გაბრიელ ეპისკოპოსი ბავშობაში მეტად

ხალისიანი, ცელქი და მოუსვენარი ბავშვი იყო, რაც მას ბოლომდე გაჰყვა, მიუხედავად იმ დიდი ტრაგედიისა რაც მან გადაიტანა.

თავის სიცელქისა და მოუსვენრობის შესახებ მეუფე გაბრიელი იხსენებს: "ერთხელ მამაჩემმა, რომ ცოტათი მაინც დავეწყნარებინე თავისი მოუსვენარი შვილი უბრძანა სახლში ვიღაცას, დაიჭირეთ და მიაკარით სვეტზე თოკითაო. როცა ეს მისი ბრძანება აღასრულეს, საშინლად დავღონდი და დავიწყე, რაც ძალა და ღონე მქონდა, თოკის გლეჯა,რომ დამეღწია თავი იქედან, როცა ამ ცდამ ამაოდ ჩაიარა, დავმშვიდდი, მამას თითქოს სრულიად გადავავიწყდი. გავიდა ასე კარგა ხანი უცებ მესმის მამაჩემის ყვირილი,

"მიშველე ბავშვი კვდება!’’ მე საჩქაროდ ამხსნეს მახსოვს, რომ ამ ფაქტმა გამიელვა მაშინ თავში: "თუკი ასე უყვარდი მამაჩემს, რატომ ასე სასტიკად მსჯისთქო’’(კელენჯერიძე, 2006:31).

1837 წელს მაქსიმე ქიქოძემ თავისი ვაჟები წაიყვანა თბილისის სასულიერო სემინარიაში სადაც ძმებთან ერთად გაბრიელ ეპისკოპოსი დასვეს სასწავლებლად "მცირე განყოფილებაში’’ (ამ პერიოდში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლება მიმდინარეობდა განყოფილებების მიხედვით, "უმცროსი, მცირე და მაღალი განყოფილება’’).

მეუფე გაბრიელმა თბილისის სემინარიაში მიყვანის დროს უკვე იცოდა როგორც ქართული წერა-კითხვა, ასევე რუსული ენაც, რომელიც მას ასწავლა გურიაში ერთ-ერთმა რუსმა სამხედრომ, რომელიც მედავითნეობაში ეხმარებოდა გაბრიელის მამას მსახურების დროს როცა იგი რუსი სამხედროებისთვის წირავდა. ამასთან დაკავშირებით მეუფე გაბრიელი წერს: "მამაჩემის თხოვნით და მისივე ხელმძღვანელობით, ფელთფებელმა დამიწყო სლავური ანბანის, ლოცვების და წერა-კითხვის სწავლება, მაგრამ მაინც და მაინც ძალას არ მატანდა სწავლის დროს. მახსოვს მხოლოდ, ჩემი მასწავლებელი მიაბავდა ძაფს მაგიდაზე და მიბრძანებდა, "სანამ გაკვეთილი არ დაისწავლო არ გაბედო აქედან ფეხის მოცვლაო,’’ მაგრამ ამ ძაფს მალე ვწყვეტდი ხოლმე და გავიქცეოდი სათამაშოდ’’ (კელენჯერიძე, 200:32).

1839 წელს გაბრიელ ეპისკოპოსი გადაიყვანეს სემინარიის "მცირე განყოფილებაში’’ (მანამდე იგი იყო უმცროს განყოფილებაში’’) პირველი ხარისხით.

სასულიერო სემინარიის 1839 წლის №55 ოქმში ვკითხულობთ: " გადაყვანილ არიან თბილისის სასულიერო სემინარიის დაბალ განყოფილებაში, სასულიერო წოდების პირველი ხარისხით, გერასიმე ქიქოძე ყოფაქცევაში 1, ნიჭში 1, საღმრთო რჯულში 1, რუსული გრამატიკაში 1, ოსურ ენაში 1, თათრულში 1, საღმრთო ისტორიაში 1, ბერძნულში

1, გეოგრაფიაში 1, არითმეტიკაში 1’’ (კელენჯერიძე, 2006:35-36). (1-თი ნიშნავდა "5-ს’’ რადგან მაშინდელი განათლების სისტემაში მოსწავლის შეფასება ხდებოდა ზემოდან ქვემოთ)

თბილისის სასულიერო სემინარიაში გაბრიელ ეპისკოპოსი სულ მალე მცირე განყოფილებიდან გადაიყვანეს მაღალ განყოფილებაში, რის გამოც შეიკრიბა სემინარიის პედაგოგიური საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ : "რექტორი, არქიმანდრიტი სერგი, ფლამიანე, ინსპექტორი იღუმენი, პორფილი,მასწავლებელი ფილოსოფიისა პლატონ იოსელიანი, პროფესორი სიტყვიერებისა მაგისტრი კლიმენტი კანევსკი, მასწავლებელი რუსული და ქართული ისტორიისა ალექსი მარსოვი, ეკონომი მღვდელი იოანე ბასხაროვი, თათრულის მასწავლებელი ქსენოფონტოვი, ოსურის მასწავლებელი ესტ ხუნდუხოვი” (კელენჯერიძე, 2006:36).

1841 წელს გაბრიელ ეპისკოპოსი თბილისის სასულიერო სემინარიიდან სასწავლებლად გადადის ფსკოვის სემინარიაში, მისი პედაგოგის ვლ.კანევსკის დახმარებით.

1841 წლის 22 ნოემბერს გაბრიელ ეპისკოპოსმა თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორს მიწერა შემდეგი შინაარსის წერილი: " დიდი ხნიდან მქონდა მე სურვილი შუაგულ რუსეთში მყოფ რომელსამე სემინარიაში შესვლის, რომ მიმეღო განათლება მისივე წყაროდან, მაგრამ აქამდის არ მომეცა მე შემთხვევა შემესრულებინა ეს ჩემი ერთადერთი სურვილი და რადგან ახლა ყოფილი პროფესორი თბილისის სემინარიისა კირილ კანევსკი თანახმა არის წამიყვანოს ჩემი თხოვნით ფსკოვის სემინარიაში, სადაც იგი გადაყვანილია მთავრობის განკარულებით და არც მე მაქვს დაბრკოლება მშობლის მხრით, რომელმაც დამლოცა მე და ნება დამრთო შემთხვევის დროს მოვიყვანო სისრულეში ჩემი სურვილი, ამიტომ უმორჩილესად ვთხოვ სემინარიის მართველობას ინებოს განკარგულება ჩემი გადაყვანის შესახებ თბილისის სემინარიიდან ფსკოვში და მომცეს მე ბილეთი თბილისიდან ფსკოვამდი სამგზავროდ’’ (კელენჯერიძე, 2006:38).

თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორმა საქართველოს ეგზარქოსს ევგენის, მიწერა წერილი რათა ნებართვა მიეცათ გაბრიელ ეპისკოპოსისათვის ფსკოვის სასულიერო სემინარიაში გადასვლაზე ეგზარქოსმა დაამტკიცა გერასიმე ქიქოძის თხოვნა და თბილისის სემინარიას შემდეგი შინაარსის წერილი მიწერა: "განცხადებული ამისა მოწაფე თბილისის სასულიერო სემინარიისა გერასიმე ქიქოძე შემდეგ დათხოვისა მოხსენებული სემინარიიდან სემინარიის გამგეობის მიერ მიდის თბილისიდან გუბერნიის ქალაქ ფსკოვში სწავლის გასაგრძელებლად ფსკოვის სასულიერო სემინარიის უწყებაში, სადაც მოწაფე ქიქოძე გამოცხადების თანავე ვალდებულია წარუდგინოს ეს ბილეთი იქაურ სემინარიის მთავრობას, რის გამოც უ.უ. წინამძღოლნი "ზასტავებძე’’ კეთილ ინებებენ მისცენ ქიქოძეს თავისუფალი მსვლელობა თბილისიდან ფსკოვამდი, დასარწმუნებლად რასზედა მიეცა მას ქიქოძეს ბილეთი ესე თბილისის სემინარიის მართველობიდან ჯეროვანი ხელის მოწერით წევრისა მისისა მიერ და დასხმათა სახელმწიფო ბეჭდისათა 1841 წელი დეკემბრის თექვსმეტსა დღესა’’ (კელენჯერიძე, 2006:39).

ეგზარქოსის თანხმობის შემდეგ გერასიმე ქიქოძე მიემგზავრება ფსკოვის სასულიერო სემინარიაში სწავლის გასაგრძელებლად, სადაც სადაც სწავლობდა 1842-1843 წლებში.

1844 წელს გერასიმე ფსკოვიდან სასწავლებლად გადადის სანკ-პეტერბურგის სასულიერო სემინარიაში, რომელსაც ამთავრებს 1845 წელს და ამავე წლის აგვისტოში სწავლას აგრძელებს სასულიერო აკადემიაში, რომელიც დაამთავრა 1849 წელს.

მეუფე გაბრიელი პეტერბურგში გატარებულ სტუდენტობას მეტად ტკბილად იხსენებს: " აქ ჩემს თავს დიდად ბედნიერად ვგრძნობდი, ერთი იმიტომ, რომ შემეძლო განმეგრძო სწავლა და მეორეც იმიტომ, რომ შემეძლო განმეგრძო სულიერი კავშირი და ჭეშმარიტი მეგობრობა ამხანაგებთან, რომელთა შორის ბევრი ეხლაც დღეგრძელ არიან და იღვწიან თავიანთ სამშობლოს კეთილდღეობისათვის.. ეხლაც სიამოვნებით ვიგონებ იმ დროს, როცა სასულიერო აკადემიის სტუდენტთა ამხანაგობა ერთად მოგროვდებოდა და ნამდვილი ყმაწვილური გატაცებით დაიწყებდნენ იმ ოცნებას თუ რა ყმაწვილურის

თავგანწირვით შევებრძოლებით ქვეყნის ყოველ ჭირსა და ვარამს.ზოგნი სასწავლებლის დასრულებამდეც კი ჰფიქრობდნენ წასულიყვნენ მისიონერებად, თორემ აკადემიის დასრულების შემდეგ ხომ გადაწყვეტილი ჰქონდათ გაფანტულიყვნენ თვალგადაუწვდენელ ჩინეთის იმპერიაში და ქადაგებით დაეხსნათ მისი ოთხასი მილიონიანი მცხოვრები საშინელის უმეცრებისაგან. აზრათ ჰქონდა მოესპოთ იქ მოწამვლა ერისა თრიაქით, რომელიც ბლომათ მიჰქონდათ იქ სხვადასხვა განათლებული ზღვით- მოგზაურ გაიძვერა ვაჭრებს და ავრცელებდნენ მცხოვრებლებში, რათა გაებრუებიათ ჩინელნი და უკეთ ესარგებლათ იმათი სიმდიდრით.’’ (კელენჯერიძე 2006:41)

1849 წელს მას შემდგომ რაც გაბრიელ ქიქოძემ დაასრულა სწავლას ეგზარქოსს მიმართა თხოვნით, რომ იგი დაენიშნათ თბილისის სასულიერო სემინარიაში ინსპექტორად,რაც ეგზარქოსმა დაუკმაყოფილა კიდეც.

მეუფე გაბრიელის მოღვაწეობა თბილისის სასულიერო სემინარიაში მეტად ნაყოფიერი გამოდგა, როგორც ახალგაზრდა პედაგოგისთვის ასევე მისი მოსწავლეებისთვისაც იგი თავს არ ზოგავდა სემინარიისთვის და ახლო ურთიერთობა ჰქონდა სტუდენტებთან : "კეთილი, ჯანსაღი, და ზნეობრივი ცხოვრების საუკეთესო საშუალებათ ის თვლიდა გონებრივი და ფიზიკური შრომის ერთმანეთთან შენაცვლებას, ამ წეს ის თვითონვე მკაცრად იცავდა... მოსწავლეები ბაძავდნენ თავიანთ ინსპექტორს და თვითონაც ხშირად ჭრიდა შეშას, მონაწილეობდა სამეურნეო საქმეში’’ (სხირტლაძე, 1965:174).

1851 წლის 11 დეკემბერს გერასიმე ქიქოძეს ნიშნავენ ფიზიკისა და მათემატიკის პროფესორად და ანდობენ ფიზიკური კაბინეტის მართვას. სწორედ ამ პერიოდში მეუფე გაბრიელმა მოახერხა, რომ შეექმნა და აღეჭურვა ფიზიკის კაბინეტი იმ პერიოდისთვის თანამედროვე აპარატურით.

გაბრიელ ეპისკოპოსს თბილისის სასულიერო სემინარიაში მოღვაწეობა მეტად რთულ პერიოდში მოუხდა, რადგანაც როგორც იაკობ გოგებაშვილს წერს: "სასულიერო სასწავლებელსა და სემინარიაში გამეფებული იყო გამომმყეყეჩებელი ზეპირობა, ზუთხვა, იშვიათად ესმოდა რომელიმე მოსწავლეს მექანიკურად გაზებირებული გაკვეთილების შინაარსი, იშვიათად თუ ვისმეს შეეძლო რამდენადმე მაინც თავისუფლად გამოეთქვა აზრი

რუსულად სემინარიის კურსის დასასრულს თორმეტი და თოთხმეტი წლის სწავლების შემდეგაც კი, სახელმძღვანელოების შინაარსის მექანიკური, უაზრო გაზეპირება, აი ასეთი იყო მაშინ თითქმის მთელი სწავლება’’ (გოგებაშვილი, 1954:40). სწორედ ასეთი

"გამომყეყეჩებელი’’ სწავლების შეცვლას შეეცადა გაბრიელ ეპისკოპოსი თბილისის სასულიერო სემინარიაში.

გაბრიელ ეპისკოპოსის სახელთანაა დაკავშირებული თბილისის სასულიერო სემინარიაში საერო ჟურნალ-გაზეთების გამოწერა,რათა მომხდარიყო სემინარიელების ინტელექტის გაფართოება გაზრდა, გარდა ამისა, გაბრიელ ეპისკოპოსმა მოახერხა, რომ სემინარიას დაეწყო სხვადასხვა მწერლების თხზულებების გამოწერა, ყოველივე ამან გაბრიელ ეპისკოპოსის ავტორიტეტი მეტად გაზარდა სემინარიაში,როგორც პედაგოგების ასევე მოსწავლეთა თვალში.

გაბრიელ ეპისკოპოსის სიყვარულისა და ავტორიტეტის ზრდა განპირობებული იყო არამარტო იმით,რომ მან არაერთი რეფორმა განახორციელა სემინარიაში,არამედ როგორც იაკობ გოგებაშვილი აღნიშნავს: "ქიქოძის პიროვნების გავლენას მეტად შეუწყო ხელი აგრეთვე ერთმა თვისებამ, რაც უაღრესად დიდ კეთილ გავლენას ახდენდა აღსაზრდელთა ზნეობრივ მხარეზე, მისი სიტყვა და საქმე ყოველთვის ერთი იყო, ნამდვილი გულწრფელობა და სამართლიანობა ახასიათებდა ყველა მის ქცევას, მოქმედებას და მთელ მის ცხოვრებას, მის ბაგეს ერთი-არამართალი სიტყვაც არასოდეს წამოცდენია’’ (გოგებაშვილი, 1954:42).

1854 წელს გერასიმე ქიქოძე, მიუხედავად მისი თავგანწირული შრომისა, თბილისის სემინარიის ინსპექტორის თანამდებობიდან გაანთავისუფლეს და დანიშნეს ქალების ინსტიტუტის საღმრთო სჯულის მასწავლებლად. როგორც ჩანს გაბრიელ ეპისკოპოსის მოღვაწეობა მიუღებელი აღმოჩნდა რუსეთის კოლონიური რეჟიმისათვის და ამიტომაც იგი აიძულეს, რომ პირადი თხოვნის საფუძველზე გაენთავისუფლებინათ თბილისის სასულიერო სემინარიიდან, რუსმა ჩინოვნიკებმა ძალიან კარგად იცოდნენ თუ რა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა თბილისის სასულიერო სემინარიას,რადგანაც სწორედ სემინარიაში უნდა აღზრდილიყვნენ ის ახალგაზრდები, რომლებიც შეეცდებოდნენ ეროვნული ღირებულებების დაცვას მომავალში, ეს ყველაფერი მეუფე გაბრიელსაც კარგად ესმოდა და

ამიტომაც იყო,რომ იგი მუხლჩაუხრელად შრომობდა რათა გაეთავისუფლებინა ქართველი ახალგაზრდობა იმ მძიმე მარწუხებისაგან რომელშიაც რუსულმა კოლონიურმა პოლიტიკამ მოაქცია ჩვენი ახალგაზრდობა.

მას შემდეგ რაც გერასიმე ქიქოძე თბილისის სასულიერო სემინარიის ინსპექტორის თანამდებობიდან გაანთავისუფლეს აქტიურად შეუდგა მეცნიერულ მუშაობას მას გარდა თეოლოგიისა და მათემატიკისა მეტად იტაცებდა ფსიქოლოგია.

გაბრიელ ეპისკოპოსის კალამს ეკუთვნის ცნობილი ნაშრომი ფსიქოლოგიაში

"ცდისეული ფსიქოლოგიის’’ შექმნა, რომელიც მეტად პოპულარობით სარგებლობდა არამარტო საქართველოში, არამედ რუსეთშიც.

1849 წელს გერასიმე ქიქოძემ ცოლად შეირთო მღვდელ ნიკოლოზ ვლადიკინის ქალიშვილი, რომელთანაც მას შეეძინა ხუთი შვილი.

1856 წელს გერასიმე ქიქოძეს თავს დაატყდა დიდი უბედურება მას გარდაეცვალა მეუღლე და ხუთი შვილი, რამაც ახალგაზრდა მღვდელზს დიდი სულიერი ტრამვა მიაყენა, ერთი პერიოდში გერასიმე ქიქოძე მღვდლობის დატოვებასაც კი ფიქრობდა, მაგრამ მაშინდელმა ეგზარქოსმა ისიდორემ გადააფიქრებინა აღნიშნული განზრახვა: "შენ ვითარცა გონიერ კაცსა კარგად უნდა გესმოდეს და იცოდე,რა საკვირველება ქმნა შენზედ ღმერთმა იცი შენა, შენი სამშობლო ქვეყანა საქართველო დიდად მოკლებულია კარგ და შეგნებულ ხელმძღვანელ მღვდელ-მთავრებს, რომელნიც არიან და ყოფილან ამ მოკლე დროებაში,ყველანი უსწავლელი და გაუნათლებელნი ყოფილან. რომლის გამო მათ სამწყსოში არავითარი გავლენა არა აქვთ და არ ჰქონდათ. ამით მთელი ხალხი, თუმცა არის ქრისტეს აღმსარებელი, უგუნურებაშია დაფლული, მას უნდა მღვდელმთავარნი და ხელმძღვანელნი რიგიანნი და მცოდნენი, რომლისთვისაც ნათლად სჩანს, გირჩევს შენ უფალი არ ხედავ, რა გიყო უფალმა? ცოლი მოგაშორა, შვილები მოგაშორა და შერაცხა ანგელოზებად და მათ ნაცვლად გაძლევს ქართველთა ერთა, რათა უწინამძღვრო მათ, ასწავო გზა ჭეშმარიტებისა და მიუძღვნა უფალსა ერი იგი განათლებული და განწმენდილი ყოვლისა ბოროტებისაგა’’ (კელენჯერიძე, 2006:67). როგორც აღმოჩნდა ეგზარქოსის ამ დარიგებამ ნაყოფი გამოიღო და 1856 წელს ბერად აღიკვეცა. ბერობის სახელი გაბრიელი ეწოდა.

1858 წლის 5 იანვარს გაბრიელ ქიქოძე აკურთხეს არქიმანდრიტად და ჩააბარეს დავით გარეჯის მონასტერი, იმავე წლის 6 დეკემბერს იგი გორის ეპისკოპოსად აკურთხეს.

გაბრიელ ეპისკოპოს მეტად მძიმე პერიოდში მოუხდა მოღვაწეობა, ეს ის დროა როდესაც საქართველოში არსებობს უმძიმესი ზეწოლა რუსული კოლონიური პოლიტიკისა, მაგალითისათვის საკმარისია გავიხსენოთ ეგზარქოსის მხრიდან არნახული ცენზურა, იმისათვის,რომ გაბრიელ ეპისკოპოსს ექადაგებინა მსახურების შემდეგ აუცილებლად შეთანხმებული უნდა ყოფილიყო ეგზარქოსთან. " გაბრიელი წარადგენდა, ეგზარქოსი წაუშლიდა ბევრს ადგილს, აზრებს უკუღმა გადაატრიალებდა და ისე დაავალებდა თქმას გაბრიელი უმეტეს ნაწილად ჯიუტობდა და ისევ თავისებურად ამბობდა. ნამეტურ მაშინ,თუ ქართულად იყო სათქმელი სიტყვა’’ (კელენჯერიძე, 2006:97). უფრო მეტის თქმა შეიძლება -თბილისის სემინარიის რექტორთან შეთანხმების გარეშე მას არ შეეძლო სტუდენტებთან ქადეგებაც კი.

1860 წლის 2 ივლისს გაბრიელ ეპისკოპოსი გორიდან გადაიყვანეს იმერეთის ეპარქიის წინამძღვრად ( ამ პერიოდში იმერეთის ეპისკოპოსად იყო ექვთიმე წულიკიძე რომელიც 1856 წელს გადააყენეს).

გაბრიელ ეპისკოპოსს იმერეთში მოუხდა მთელი რიგი დაბრკოლებების გადალახვა, განსაკუთრებით მწვავედ იდგა კეთილმოწესე ოქროპირ წერეთლის საკითხი, რომელიც გამოირჩეოდა მლიქვნელობით და გაიძვერობით, როდესაც ოქროპირ წერეთელმა შეიტყო გაბრიელ ეპისკოპოსის ქუთაისში წასვლის ამბავი იგი მას დახვდა სურამში და შემდეგი სიტყვებით მიმართა: "ბატონო, ახლ სამწყსოში თქვენ მრავალი ეკალი და კუროს თავი დაგხვდებათ, მაგრამ იმედია ყველას ძირიანად აღმოფხვრით, როგორც განათლებული პირი, გაბრიელ ეპისკოპოსმა კარგად იცოდა კეთილმოწესის პირფერობის შესახებ და უპასუხა ვგონებ პირველი ეკალი და კუროს თავი შენ უნდა იყო "ბლაღოჩინო!’’ (კელენჯერიძე, 2006:100). ამ სიტყვების შემდეგ ბლაღოჩინი ოქროპირი მეტად განცვიფრებული დარჩა გაბრიელის სიტყვებით, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბლაღოჩინი მეტად გადაემტერა გაბრიელ ეპისკოპოსს და ისეთი სამარცხვინო ცილი დასწამა, როგორიც იყო თ. კანდელაკის ცოლისადმი სიმპათია.

ბლაღოჩინ ოქროპირ წერეთლის ნათქვამი ეკლისა და კუროს თავის დახვედრის შესახებ სიმართლეს შეესაბამებოდა, რადგანაც იმერეთში ჩასულ მეუფე გაბრიელს ეკლესიაში დახვდა ისეთი უწესრიგობა. როგორიც იყო მაგალითად, ტაძარში შესაძლებელი იყო მგალობელი გენახათ მძინარე, ან ხალხი, რომლებიც ეპისკოპოსს სახლიდან ტაძრამდე გალობით მიაცილებდა და სხვ.

გაბრიელ ეპისკოპოსის მართველობამდე, იმერეთის ეპარქიის შესახებ საინტერესო ცნობებს გვაძლევს ბერი გიორგი იოსელიანის მოგონება: " მე ვსწავლობდი ქუთაისის ოთხ- კლასიან სასულიერო სასწავლებელში, იმ დროს, როცა იმერეთის ეპარქიის ეპისკოპოსად იყო გერმანე ეს სწორედ ის დრო იყო, როცა თითქმის ყველა სკოლაში ფიზიკურ დასჯას პირველი ადგილი ეჭირა სწავლა-აღზრდის საქმეში, ეპისკოპოსის სადგომი ისე ახლოს იყო ჩვენი სკოლის ნახევრად დანგრეულ შენობასთან, რომ მღვდელმთავარს და სხვებსაც ძლიერ კარგად ესმოდათ ბროწეულის წკეპლებით ნაცემი ყმაწვილების წივილ-კივილი, მაგრამ ყურადღებას არავინ აქცევდა, რადგან ეს ჩვეულებრივ მოვლენად მიაჩნდათ სკოლის შენობის ქვემო სართულში მოთავსებული იყო ეგრეთწოდებული ბურსი, სადაც ინახავდნენ მღვდლების ობოლ შვილებს. ბურსში სუფევდა გამოუთქმელი სიღარიბე და უსუფთაობა, ამიტომაც ხშირად ჩნდებოდა ყოველ-გვარი გადამდები სნეულება, რომელთა მსხვრპლი ხდებოდნენ გარედან მოსიარულე შეგირდებიც, სწავლა-აღზრდას არავინ ყურადღებას არ აქცევდა და ამიტომაც, რასაკვირველია ძლიერ ცუდ მდგომარეობაში იყო მასწავლებელი კლასში, განსაკუთრებით საღამოს გაკვეთილებზე, გულდაგულ ეძინათ მაგიდაზე დაბჯენილებს და ამ დროს შეგირდები სულგანაბულები ისხდნენ, მანამ ზარის რეკა არ გაისმოდა და გაკვეთილი არ დამთავრდებოდა’’ (კელენჯერიძე, 2006:111).

აი, ასეთ რთული მდგომარეობა იყო იმერეთის სასულიერო სასწავლებელში, იქ სადაც უნდა გაზრდილიყვნენ მომავალი სასულიერო პირები და განათლებული თაობა უნდა გამოსულიყო.

კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობა გახლდათ იმერეთის სასულიერო იერარქიაში ამასთან დაკავშირებით მღვდელი დავით ნემსაძე წერს: " იმერეთის ეპარქიის ეპისკოპოსები სოფრომ (წულუკიძე), გერმანე (გოგოლაშვილი), ექვთიმე (წულუკიძე), დავით მიტროპოლიტი (წერეთელი), იყვნენ ტანად ახოვანნი, ენამჭეველნი, ამათთან ვერ

მიხვიდოდით, თუ ძღვნად არ მიიყვანდი ძროხას ან ცხვარს, დაბარებითაც ხშირად იბარებდნენ მღვდლებს(ძღვნისათვის) არც კურთხევა შეიძლებოდა უძღვნოდ, მღვდელმთავრებს მაგდენი ჯამაგირი არ ჰქონდათ და კრებული მთლად მღვდლების იმედად იყო, უმეტესი ნაწილიდან ანაფორა არ ეცვათ, განირჩეოდნენ ერისკაცთაგან გრძელი წვერით და თმით, თუ ვინმეს განურისხდებოდნენ მღვდელმთავრები თვით პირადად შეხსნიდნენ ქამარს და რა ვადითაც სურდათ გადააყენებდნენ კანტორას არას მოახსენებდნენ ქართული წერა-კითხვა უმრავლესმა სამღვდელოებამ არ იცოდა, ცხოვრობდნენ ეპისკოპოსები დიდებულად, არჩევდნენ მრავალ მათხოვრებს’’(კელენჯერიძე, 2006:114).

მღვდელ დავით ნემსაძის მოგონებიდან ნათლად ჩანს თუ რაოდენ რთული მდგომარეობა იყო იმერეთის ეპარქიაში, ერთ მხარეზე იყვნენ ძველი თაობის სასულიერო პირები, რომლებიც ნებსით თუ უნებლიეთ თავიანთი საქციელით ემსახურებოდნენ რუსეთის კოლონიურ პოლიტიკას საქართველოში და მეორეს მხრივ ახალგაზრდა ერუდირებული ეპისკოპოსი გაბრიელი, რომელიც მთლიანად მიმართული იყო ეროვნული ღირებულებების დაცვისაკენ.

გაბრიელ ეპისკოპოსი თავად იყო მისაბაძი მაგალითი თავისი ცხოვრებით ყველასათვის, იგი გამოირჩეოდა მეტად უბრალოებით, როდესაც ეპისკოპოსს გაბრიელთან რუსი მოხელეები მიდიოდნენ სტუმრად გაკვირვებას ვერ მალავდნენ იმდენად უბრალოდ ცხოვრობდა მეუფე გაბრიელი,მის ოთახში კაცი ვერ ნახავდა ძვირფას ხალიჩებს, ლამაზ მაგიდას, სამაგიეროდ ნახავდა და ერთ ძველ მაგიდას, რომელზეც მუდამ იდო გაჭვარტლული სასანთლე, ჭუჭყიანი საწერი საშუალებები და დამტვრეული სკამები, მეუფე გაბრიელის უბრალოებაზე მეტყველებს მარკოზ სხირტლაძის ერთი მეტად საინტერესო მოგონება(მღვდელი მარკოზ სხირტლაძე იყო გაბრიელ ეპისკოპოსის ნდობით აღჭურვილი პირი) : "მე დავესწარი საბლერისა და სინოდის კანცლერის მდივნის ჩამოსვლას, მათი სადილის მირთმევაზე ძლიერ მეშინოდა, რა ვიცი მაგათი სადილის გაწყობის მეთქი, მოვახსენე ბატონს; ლაქია მოვიხმაროთ ვინმე მეთქი, მაგრამ სრულებითაც ყურადღება არ მომაქცია, მიბრძანა კმარა რაც იცი, რა საჭიროა ბევრი ცრემონია, მე მოვახსენე, მეუფეო, მაგიდის საფრები ძველები გახლავს აქა-იქ ნაჭრებიც კი აკერია და ის

მაინც ვიყიდოთ ახალიმეთქი გამიჯავრდა, შენმა სიცოცხლემ სტოლის საფრებს გიყიდი კი არა, სხვა არაფერი გნებავს კიდეო? წადი, მე რითაც ვცხოვრობ იმით დავხვდები ნუ სწუხარ შენო რაღას ვიქმოდი, როგორც იყო მივართვი სადილი ძველი სტოლსფრებით, ძველი სალფეტკებით, ძველი-დანა ჩანგლებით და ძველი ფრაჟის კოვზებით, მადლობა ღმერთს ჩემი შეხედულებებით კმაყოფილები დარჩნენ და მადლობა უთხრეს ბატონს, როცა წავიდნენ გამობრუნდა და მითხრა, რომ სწუხდი ხომ ყველაფერი კარგად გამოვიდა, არ გვრცხვენია, მადლობაც კი სთქვესო’’ (კელენჯერიძე, 2006:151).

იმერეთის ეპისკოპოსი გაბრიელის პიროვნების შეფასება მეტად საინტერესოდაა შეფასებული ავთანდილ ნიკოლეიშვილის მიერ: "თავისი ეროვნული მოღვაწეობით გაბრიელ ეპისკოპოსი ღირსეული წარმომადგენელია მე-19 საუკუნის ქართული პროგრესული ინტელიგენციისა. იგი თავგამოდებით იღვწოდა ქართველთა ეროვნული თავისთავადობის შენარჩუნებისა და განმტკიცებისათვის, გმობდა და უპირისპირდებოდა რუსი კოლონიზატორების ყოველგვარ ცდას ხელეეპყრყოთ და მოესპოთ ჩვენი ხალხის ისტორიული ფასეულობანი’’ (ნიკოლაიშვილი, 1990:28) . ავთანდილ ნიკოლაიშვილის ეს შეფასება მართლაც, რომ არ არის გადაჭარბებული, რადგანაც გაბრიელ ეპისკოპოსი განეკუთვნებოდა იმ საზოგადო მოღვაწეთა დასს, რომლებიც ცდილობდნენ ეროვნული ღირებულებების გადარჩენას.

1866 წლის 11 აპრილს იმერეთის ეპისკოპოსი გაბრიელი აირჩიეს კავკასიაში მართმადიდებლობის აღმდგენი საზოგადოების წევრად. 1867 წლის 14 მაისს საეგზარქოსოს გადაწყვეტილებით დაჯილდოვებულ იქნა წმინდა ანას პირველი ხარისხის ორდენით.

რუსეთის კოლონიურმა რეჟიმმა ჯერ კიდევ ალექსანდრე ოქროპირიძის აფხაზეთში ყოფნის დროს გეიმანის მეშვეობით შეიმუშავა ვერაგული გეგმა, რომელიც მიზნად ისახავდა აფხაზეთის ეპარქიის გაუქმებას, გეიმანის აზრით, აფხაზეთში საკმარისი იქნებოდა ყოფილიყო ერთი საკეთილმოწესო, რომელსაც სათავეში ჩაუდგებოდა უფროსი ბლაღოჩინი და ეს უნდა ყოფილიყო დეკანოზი დავით მაჭავარიანი.

1868 წლის 20 აპრილს კავკასიის მთიელთა სამართველომ და კავკასიაში მართმადიდებლობის აღმდგენმა საზოგადოებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ "ეთხოვოს ეპისკოპოს გაბრიელს წინასწარ მიმოიხილოს აფხაზეთის სამრევლოები და იქაური სამღვდელოებისა და მრევლის სულიერი თუ მატერიალური სიდუხჭირის თაობაზე ადგილზე ცნობების შეკრების შემდეგ მათ შესახებ აცნობოს საბჭოს მის აღმოსაფხვრელად აუცილებელი ზომების მითითებით’’ (გამახარია, 2007:30)

გაბრიელ ეპისკოპოსმა ზედმიწევნით შეისწავლა აფხაზეთში შექმნილი მდგომარეობა და დასკვნის სახით წარუდგინა თავისი შეხედულებები კავკასიაში მართმადიდებლობის აღმდგენ საზოგადოებას.

ეპისკოპოს გაბრიელის შეხედულებები რადიკალურად განსხვავდებოდა გეიმანის იდეებისაგან, გაბრიელ ეპისკოპოსი მართებულად არ მიიჩნევდა აფხაზეთის ეპარქიის გაუქმებას, თუმცა გეიმანს ერთში ეთანხმებოდა. კერძოდ როდესაც ის; აფხაზეთის სამღვდელოების განათლების დაბალ დონეს აღნიშნავდა. რაც შეეხება აფხაზეთში რუსი სამღვდელოების შესვლის კატეგორიული წინააღმდეგი იყო, რასაც იგი ხსნიდა იმ რთული გეოგრაფიული პირობებით რაც აფხაზეთში იყო, სინამდვილეში გაბრიელ ეპისკოპოსს შესანიშნავად ესმოდა,რომ თუ აფხაზეთში რუსი სამღვდელოება შევიდოდა მოხდებოდა აფხაზი ხალხის გარუსება და ამ საქმეში რუსი სასულიერო წოდება დიდ წვლილს შეიტანდა, მეუფე გაბრიელი კავკასიაში ქრისტიანობის გამავრცელებელ საზოგადოებას სთხოვდა, რომ აფხაზეთში აუცილებელი იყო სასულიერო სასწავლებლის გახსნა, სადაც სწავლება უნდა ყოფილიყო როგორც ქართულ ასევე აფხაზურ ენებზე, ხოლო აფხაზ სამღვდელოპირების განათლება აუცილებლად თბილისის სასულიერო სემინარიაში უნდა მიეღოთ. გარდა ამისა გაბრიელ ეპისკოპოსი აუცილებლად თვლიდა ძველი ეკლესია- მონასტრების აღდგენას და სამრევლო სკოლების გახსნას.

რუსეთის საეგზარქოსომ მოიწონა მეუფე გაბრიელის შეხედულებები აფხაზეთის ეპარქიაში გასატარებლი რეფორმების შესახებ და 1868 წლის 11 ივლისს, მეფის ნაცვალთან შეთანხმებით საქართველოს ეგზარქოსმა შუამდგომლობა წარადგინა უწმინდესი სინოდის წინაშე, ეპისკოპოს გაბრიელის სოხუმის ეპარქიის მმართველად დანიშვნის შესახებ.

1869 წლის 30 მაისის ბრძანებულებით ეპისკოპოსი ალექსანდრე ოქროპირიძე გადაიყვანეს გორის ეპარქიის მართველად, ხოლო აფხაზეთის ეპარქია გაბრიელ ეპისკოპოსს ჩააბარეს.

აფხაზეთის ეპარქიაში განწესებულის შემდეგ გაბრიელ ეპისკოპოსი აქტიურად შეუდგა ეკლესია-მონასტრების განახლება-აღდგენას და სამრევლო სკოლების გახსნას. " აფხაზეთში ახალი სამრევლოების გასახსნელად სესხის სახით გამოიყენა ეპარქიის ეკონომიიდან 38 000 მანეთი, სოხუმის საკათედრო ტაძრის ასაშენებლად დადებული 15 ათასი მანეთი, რაზეც მეფის ნაცვლისა და უწმინდესი სინოდის ნებართვა დასჭირდა’’ (გამახარია, 2007: 62). როგორც ჩანს, გაბრიელ ეპისკოპოსმა მოახერხა მეფისნაცვლისა და წმინდა სინოდისაგან თანხმობის მიღება რაზეც მეტყველებს 1868-1886 წლებში წმინდა გაბრიელის მიერ აფხაზეთში აღდგენილი შემდეგი ეკლესია-მონასტრები: "აბუაყვის, აკაფის, არანდუს, აჭანდარის, ბაღიქითას, ბარღების, მეორე ბედიის, ბიჭვინთის, ბლაბურხევის, გალის, გიორგიევსკაიას, გუდაუთის,გუფის, დაკოპიტის, დრანდის, გურლიფშის, ეშკეტის, ვარძეთის, ზანდრიფშის, თაგილონის, კალდახვარის, კვიტოელის, ვინდლის,მაზოხის, მარინინსკაიას, მერხეულის, მარინინსკაიას, მოქვის, მეგუძირხევის, ანასტასიევსკოეს, ოთხარის, მეორე ოტობაიის, ოჩამჩირის, რეჩხის,მეორე საბერიოს, სოხუმის, ტამიშის, ტყვარჩელის, შუაწყლის,ცხირის, ჯირხვის ეკლესიები, სულ 51 ეკლესია-მონასტერი’’ (გამახარია, 2007: 62).

ამ მასშტაბით ეკლესია-მონასტრების აშენება-განახლებას აფხაზეთისათვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა,რადგანაც ამ ქმედებით საფუძველი ეყრებოდა ქრისტიანობის განმტკიცებას აფხაზ მოსახლეობაში, გარდა ამისა საგანმანათლებლო თვალსაზრისითაც ფასდაუდებელი იყო.

გაბრიელ ეპისკოპოსის აფხაზეთში მოღვაწეობის შესახებ 1871 წლის 9 თებერვალს გაგზავნილ წერილში რუსი მეცნიერი და მოგზაური ა.ნ.მურავიოვი წერს: "ყოვლად უსამღვდელოესო მეუფეო, თუმცა მე პირადად ვერ გიცნობთ თქვენ, მაგრამ, ალბათ, თქვენი მეუფება მიცნობს მე.. მე, ჩემის მხრით, დიდი სიხარულით წავიკითხე "მართმადიდებელ მიმოხილვაში’’ თქვენი მისიონერული მიზნით, მოგზაურობა აფხაზეთში და ამ თქვენი მოგზაურობის წაკითხვამ აღმიძრა სურვილი, რომ წრიულობით გამომეცხადებინა თქვენთვის ის უღრმესი პატივისცემა რომელსაც მე იმ დღიდან თქვენდამი ვგრძნობ, მადლობა ღმერთს, რომ ეს ველური მხარე, რომელიც მე ვნახე 1847 წელში და ბოლოს ეღირსა ისეთი განმანათლებლ, რომელსაც როგორც ადგილობით მკვიდრს უფრო

სინამდვილით ეცოდინება მისი სულიერი საჭიროებანი, ვინემ ყველა იმ მისიონერთ, რომელთაც სრულებით უსარგებლოთ გზავნიდნენ აფხაზეთში გაცოცხლდა ხელახლა ძველი ბიჭვინტა და განახლდება ეკლესია სიმონ კანანელისა, დრანდის მონასტერი და სხვა მრავალი გაოხრებული ეკლესიები. ნეტავი აჭარა და ახალციხის მხარეც, სადაც ადგილობითი ქართველები დიიდს ერთგულებით აღიარებენ მაჰმადის სარწმუნოებასა, ეხლაც კი როცა ეს მხარეები რუსეთის მფლობელობაში იმყოფებიან ეღირსებოდნენ თქვენისთანა მქადაგებლის, როგორსაც ეღირსა აფხაზეთი, რომელიც თქვენდამი რწმუნებულ ეპარქიას არც კი ეკუთვნის’’(გამახარია, 2007:79-80) .

გარდა აფხაზეთისა და იმერეთის ეპარქიისა გაბრიელ ეპისკოპოსი აქტიურად იყო ჩართული საზოგადოებრივ მოღვაწეობაში. იგი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საპატიო წევრი.

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას იაკობ გოგებაშვილმა მიმართა წერილობითი თხოვნით, სადაც იგი ასაბუთებდა გაბრიელ ეპისკოპოსის დიდ ღვაწლს ქართველი ერისადმი და თხოვდა საზოგადოებას, რომ გაბრიელ ეპისკოპოსი აერჩიათ საზოგადოების საპატიო წევრად, (ამ პერიოდში წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარე იყო ილია ჭავჭავაძე) " გაბრიელმა, ეპისკოპოსმა იმერეთისამ, ფრიად დიდი სამსახური გაუწია ხალხის განათლებას საქართველოში.

პირველად: ორ კლასიანი, კეთილმოწყობილი სკოლის დაარსებით გურიაში, სოფელ ბახვში თავისი საკუთარი ხარჯით.

მეორედ: მრავალი სამრევლო სკოლების დაარსებით თავის ეპარქიაში და სხვა ღონისძიებებითაც, რომელთა წყალობით წერა-კითხვა ეხლა ძლიერ გავრცელებულია იმერეთის მხარეში.

მესამე: თავისი ფრიად შესანიშნავი ქადაგებით, ხალხისათვის გასაგები ენით დაწერილნით, რომელნიც ორ ტომად დაიბეჭდნენ რამდენიმე გამოცემად და რომელნიც ინგლისურის ენაზედ კიი თარგმნენ.

და მეოთხე: იმით, რომ თავდაპირველადვე... გაბრიელმა ნამდვილი თანაგრძნობა გამოიჩინა ჩვენს საზოგადოების, წესდებას ხელი მოაწერა, როგორც დამფუძნებელმა წევრმა და იმ თავითვე შემოიტანა 30 თუმანი ფული ხვედრი დამფუძნებელ წევრებისა და ყოველ წლივ შემოაქვს საწევრო ფული” (ნიკოლეიშვილი, 1990:26)

1890 წლის 21 ნოემბერს "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოების საერთო კრებამ გაბრიელ ეპისკოპოსი აირჩია საზოგადოების საპატიო წევრად, რის შესახებაც თავად ილია ჭავჭავაძემ აცნობა, გაბრიელ ეპისკოპოსს: " ქართველთა შორის წერა-კითხვის გამვრცელებელი საზოგადოების საერთო წევრთა კრებამ

21 ნოემბერს 1890 წლის ერთბაშად აღიარა უღრმესის პატივისცემით და გულითადის მადლობით თქვენი მრავალგვარი სამაგალითო მოღვაწეობა საზოგადო და ქართული მწიგნობრობის გავრცელებისათვის საკუთრად და ერთხმადვე, დაადგინა. უმორჩილესად გთხოვთ მიიღოთ ამ "საზოგადოების’’ საპატიო წევრობა, რათა თქვენი ბრწყინვალე სახელი ჩაერთვას მისთა საქმეთა და თქვენმა მონაწილეობამ გაუადვილოს "საზოგადოებას’’ გზა მისაღწევად მისდა დანიშნულებისა.

უმორჩილესად მოგახსენებ რა თქვენს ყოვლად უსამღვდელოესობას ამ განაჩენს "საზოგადოებისა’’ ვალად ვრაცხ ზედ დავძინო, რომ "საზოგადოების’’ გულწრფელი ნატვრაა ინებოთ თქვენ მისი საპატიო წევრობა მის და სასიქადულოდ და თავ-მოსაწონად.’’ (ნიკოლიშვილი 1990:26,27).

ილია ჭავჭავაძის ამ წერილის შემდეგ გაბრიელ ეპისკოპოსმა რედაქციას მისწერა სამადლობელი წერილი სადაც აღნიშნავდა: " უმორჩილესად გთხოვთ, ი.ჭავჭავაძეს, - გადასცეთ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების’’ კრებას,რომ დიდ პატივად და ჯილდოდ ვრაცხ ჩემ თავს მათგან საპატიო წევრად არჩევისა; ამისთვის მზად ვარ მივიღო, ჯეროვანი მონაწილეობა საზოგადოებაში, რომელსაც ამისთანა მოწოდებისათვის შევწირავ უგულითადეს მადლობასა, ხოლო თქვენ ბრწყინვალებას ვსთხოვ მიიღოს ჩემგან უღრმესი და უწრფელესი მადლობა თქვენ წერილში გამოთქმული პატივისცემისათვის. მე არ ვრაცხ ჩემს თავს ღირსად ამ საქმისა, რომელიც ამოვიკითხე თქვენს წერილში და ვგონებ ერთმა მხოლოდ თქვენმა მეგობრულმა განწყობილებამ შეგაგონათ თქვენ ჩემდამი ამოდენი ჩემი ქება’’ (ნიკოლეიშვილი ,1990:27).

1888 წელს საქართველოში ჩამოვიდა რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე III, რომელსაც შეხვდა გაბრიელ ეპისკოპოსი ამ შეხვედრასთან დაკავშირებით ივანე ზურაბიშვილი წერს: "1888 წელს შემოდგომაზე ალექსანდრე III ჩამოვიდა საქართველოში, ჯერ თბილისს მოვიდა, მოიარა კახეთი და ბოლოს ქუთაისს მოვიდა.

აქ სადგურიდგან პირდაპირ სობორში გაემართა, სადაც გაბრიელს პარაკლისი უნდა გადაეხადა ეტლის საბორის კიბესთან გაჩერდა, ხელმწიფემ ამალის თანხლებით აიარა კიბე, შევიდა სობორში,და ამბიონისაკენ გაემართა, როდესაც ეპისკოპოზის ხმა მოესმა:

- შესდექ, რუსეთის ხელმწიფევ ...

ხელმწიფე შეყოყმანდაო, ამბობდნენ დამსწრენი, უნდოდა სვლა განეგრძო, მაგრამ უნებლიედ შედგა კარიბჭეში, სადაც ეპისკოპოზის შემოძახებამ მოასწრო და ცხადის უკმაყოფილებით მოისმინა ეპიზკოპოზის სიტყვა.

-... ეს ქვეყანა უძვირფასესი მარგალიტია შენს გვირგვინში, - უთხრა სხვათაშორის თავის მისალმებაში გაბრიელმა, -და როგორც ასეთი სხვა ყურადღებისა და სხვა ზრუნვის ღირსია, სხვა მოპყრობასა მოითხოვს, ვიდრე ის, რომელსაც ადგილი აქვს...’’(ზურაბიშვილი, 1962:70).

1878-1899 წლებში კავკასიის ოლქის მზრუნველად დაინიშნა იანოვსკი, რომელმაც აქტიურად დაიწყო ქართული ენის წინააღმდეგ ბრძოლა, სწორედ იანოვსკის დროს აქტიურ ფაზაში შევიდა სკოლებიდან და სახელმწიფო მართვის აპარატიდან ქართული ენის განდევნა,მაგრამ სამწუხარო იყო ის,რომ ამ ვანდალური გეგმის მხარდამჭერად არაერთი ქართველი მოგვევლინა, სწორედ ასეთი იყო ქართველი თავადიშვილი მუხრანსკი, რომელიც გამოვიდა იდეით, თითქოს პატარა ერებს არ ჰქონდათ უფლება,რომ ჰქონოდათ მშობლიური ენა და ამ ენაზე აღზრდილიყვნენ თაობები, სწორედ ამ მზაკრული იდეის წინააღმდეგი გამოვიდა გაბრიელ ეპისკოპოსი, მან მრავალი წერილი დაბეჭდა და გამოაქვეყნა პრესაში. უფრო მეტიც, მან გიორგი მუხრან-ბატონს წერილიც მიწერა, სადაც იგი ცდილობდა,რომ ეჩვენებინა გიორგი მუხრანბატონისათვის ის,რომ ქართველებისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო მშობლიური ენის დაცვა.

გაბრიელ ეპისკოპოსი მუხრან-ბატონს წერს: " ენა კაცისათვის და მეტადრე საზოგადოთ ხალხისათვის ის არის,რაც სული ხორცისათვის.’’ სხვა ვისმესთან, არა ისე განათლებულთან და ლოღიკის მცოდნესთან რომ მქონდეს ბაასი აქ, მე ამ სახით ვუპასუხებდი: თუ ენას დიდი მნიშვნელობა აქვს, მით უმეტესად ბნელია და შეუძლებელი

ხალხისათვის მისი მოსპობა, მით უმეტესად უნდა ეცადოს ხალხი მისს შეკეთებას, გავრცელობას,დამარხვას და არა დაკარგვას და აქვე მოვიყვანდი საღმთო წიგნისაგან ამ სიტყვებს: "რა სარგებლი არის შეიძინოს კაცმა სოფელი ყოველი და სული მისი იზღვიოს; ანუ რა მისცეს კაცმა ნაცვლად სულისა მისისა? მაგრამ ვიცი,რომ ამისთანა პასუხი მე შენთან არ გამივა შენ მაშინვე სიტყვას გამიწყვეტ და მიპასუხებ! "თუ კი ბუნებითი წესი და კანონი არის,რომ მცირე ხალხის ენა მოისპოს და დიდი ხალხის გავრცელდეს, რაც გინდა იწუხოს და იზრუნოს პირველმა,ბუნება მის წესზედ ვერ გადავა’’ მართლა,თუ ის აზრი, რომელსაც შენ ამტკიცებ ბროშურაში-ბუნების კანონი არის, უსარგებლო იქნება ყოველი წინააღმდეგი ზრუნვა და ლაპარაკი. ბუნების წესი, ვით თვით ღმერთის წესი, სრულდება ჩვენდა დაუკითხავად. მისთვის სულ ერთია-მოგწონს თუ არა მისი კანონი.მაგრამ რით ამტკიცებ შენ,რომ ის მოვლენა (მცირე ხალხის ენის განქარვება) არის ბუნებითი წესი? ამას შენ ბროშურაში ამტკიცებ მარტო ლოღიკური თეორიით, მართალია ღრმათ მოსაზრებული და ღონივრულად გამოთქმული თეორიით, მაგრამ მაინც თეორიით. ამ შენი თეორიის თავსაკიდური აზრი ეს არის "სახელმწიფო არის და უნდა იყოს ერთი ორგანიზმი,ერთ ორგანიზმს ერთი სული უნდა ჰქონდეს, ენა სულია ორგანიზმისა, მაშასადამე ერთი ენა უნდა იყოს სახელმწიფოში; წინააღმდეგ შემთხვევაში სახელმწიფო არ იქნება მაღალი და მკვიდრი. ეს აზრი თეორეთიკულია, შედარებით ანუ დამსგავსებითი შეიძლება სთქვას კაცმა, რომ სახელმწიფო არის შეერთება მრავალთა განყოფილთა ორგანიზმთა, ესე იგი ადამიანთა. რაც გინდა მჭიდროდ და მაგრათ იყვნენ იგინი შეერთებულნი ასო-ასოდ ერთ ორგანიზმს ვერ შეადგენენ. პრაქტიკა, გამოცდილება ამტკიცებს, თუ არა ამ შენ თეორიას? შენ ჩემზე უკეთ იცი,რომ თეორია გამოცდილებაზე უნდა იყოს დამყარებული, ფაქტებიდან უნდა იყოს გამოყვანილი და არა უკუღმა, ესე იგი ფაქტები თეორიიდან არ გამოიყვანება. მართალია, შენ წიგნში კი მოიყვან რომელთამე ფაქტებთა დასამტკიცებლად შენი თეორიისა, მაგრამ ბროშურაში ფაქტები არ მოგყავს; მხოლოდ ამბობ; ისტორიული განხილვა მეორე ნაწილში იქნებაო. თეორია,რაც გინდა ღრმა და საფუძვლიანი იყოს, ვერასოდეს ვერ ახსნის მრავალ-ფეროვანსა, მრავალ კერძოსა,დაუცხრომელად მოძრავსა, მუდამ ცვალებადსა კაცობრივის ისტორიულ ცხოვრებასა. ახლა გადავალ იმ ფაქტების განხილვაზედა, რომელთა შენ მოიყვან წიგნში. მაგრამ წინაპირველად ჩემი მხრით

მოვიყვან აქ ერთ შესანიშნავს, საზოგადო ფაქტს: დედამიწის ზურგზე, დასაბამიდან ქვეყნისა ვიდრე აქამოდე და ახლაც ჩვენ დროებაში,არ ყოფილა და არ არის ისეთი დიდი სახელმწიფო, რომელსა შინა ყოველნი მცხოვრებნი ლაპარაკობდნენ ერთი ენით: ყოველ დიდ-დიდ სახელმწიფოში ყოველთვის და ყველგან, გარდა ერთი უმთავრესი სამმართველო ენისა, ყოფილან სხვა წვრილ-წვრილნი ენები, გარნა ეს გარემოება არაფერს არ უშლის, ე.ი მარტო ამ გარემოებას სახელმწიფო არსად არ დაურღვევია, არც დასუსტებია. შენს წიგნში მოყვალილი ფაქტები, ჩემი შეხედვით, არ ამტკიცებენ შენი ბროშურის თეორიას, არამედ იმის წინააღმდეგ. შვეიცარიას უჩვენებს და იტყვით,რომ აქ სამი ენა არისო, და ამისთვის აქ ერთი მკვიდრი სახელმწიფო არ არისო. შვეიცარია დიაღ მკვიდრი და მაგარი სახელმწიფო არის, ანუ ფედერაციას და რესპუბლიკას შენ სახელმწიფოდ არ სთვლი? ნუ თუ მარტო მონარხია არის მკვიდრი და მაგარი სახელმწიფო და რესპუბლიკა არა? ვგონებ შვეიცარიისთანა განათლებული, მაგარი ერთობით და თანხმობით სავსე სახელმწიფო არც კი არის ევროპაში.

მართალია, ავტორი, რომელსაც შენ მოიყვან შემდგომ შვეიცარიისა მაგალითად, თითქოს შენს აზრს ამართლებს, ავსტრიაში სამი თესლი, ანუ ენაა, ნემცური, მადიარული, სლავიანური, ერთმანეთში უთანხმოდ და სიძულვილით სცხოვრობენ; მაგრამ აქ ენების განსხვავება არაფერ შუაში არის, არამედ სხვანი ისტორიულნი მიზეზნი და გარემოებანი. ზემოხსენებულნი სამნი თესლნი მახლობელ დროებაში შეადგენდნენ სამთა მძლავრთა სახელმწიფოთა. მერმე ხელოვნებით, და არა ბუნებითის წესით,იქმენ შეერთებულნი ერთ სახელმწიფოს ქვეშ. საუბედუროდ მათთა, მართებულობა სწორი სამართლით არ ეპყრობა ყოველ თესლებს; ნემცები და მადიარები ავიწროვებდნენ ჩეხებს და სხვა სლავიანებთა; ბოლოს ერთმანეთშიც აქვთ შური და ცდილობენ მოიპოვონ უპირატესობა, ამ მიზეზებით და არა ენის განსხვავებით არის ავსტრიაში არეულობა და შფოთი.

ისტორია, მართალია იხსენებს მრავალთა თესლთა და ენებთა, რომელნიც თითქმის განქარდნენ ისტორიულ ასპარეზიდან, მაგრამ რა იყო ამის მიზეზი? ძალადობა, მტრებისაგან შევიწროვება,იძულება, ამოწყვეტა! თუ ამ სახით ენის მოსპობას უწოდებ შენ ისტორიულ კანონად და წესად, მაშინ წინააღმდეგ ვერავინ დაგიმტკიცებს. ამ სახით მოისპო გალების თესლი და ენა, რომელსაც შენ ახსენებ წიგნში. გალები ნახევარი ამოწყვიტეს და დაფანტეს რომაელებმა, ნახევარი ფრანგებმა; მაგრამ ამბობენ, რომ ფრანციაში,ესე იგი ნორმანდიას პროვინციაში ახლაც არიან ნაშთნი მათის თესლისა სველტები,რომელთაც ენაც აქვთ შენახული მათი ძველი. რადგანაც ფრანციას შეეხო სიტყვა, აჰა ერთი შესანიშნავი ჩვენი საგნის ასახსნელად ფაქტი: სუყველანი ამბობენ,რომ ფრანციასთან ერთ-გვაროვანი და ერთ-ენოვანი სახელმწიფო არ არისო ევროპაში; მაგრამ აქაც, სამხრეთის კერძო, ისპაანის საზღვრებთან ახლაც ცხოვრობს ერთი ძველი იბერეთის დანარჩენი ხალხი, სახელად ბასკი, რომელიც ახლაც თავის ძველს ენას ხმარობს,ასე, რომ სასამართლოებში მათ ფრანციული მეთარგმნე უნდებათ, გაშინჯე, რომ ევროპის პირველმა ენამ ვერ მოსპო ბასკების ველური, ძველი ენა, რომელსა ხმარობს ერთი მუჭა ხალხი,ორიათასი წლის განმავლობაში! რასაც შენ ამბობ მეორე ნაწილში შენის ბროშურისა იმაზე, რომ მცირე ხალხისათვის მიუცილებელი საჭიროება და სარგებლობა არისო შეერთება დიდ ხალხთან, მისი ენის სწავლა, მისი ენით მიღება განათლებისა-ეს ყოველი დიაღ პატიოსანი და ჭეშმარიტი, თუ გინდა ბუნების წესი და კანონიც არის ბუნებაში ყოველიფერი სუსტი და მცირე ეძიებს შეერთებას და გაძლიერებას უღონიერესის შემწეობით: სხვა საბუთი და დამტკიცება რომ არ იყოს ამ აზრისა, მარტო ჩვენ ქართველთა მაგალითი და გარემოება ცხადყოფს ამას. ჩვენ შთანთქმულ ვიქნებოდით მაჰმადიანობის სიბნელეში, ამას წინააღმდეგ ვინ იტყვის, გარდა ჭკუით დაბნელებულისა? და თუ მართლა ბუნებას ისეთი წესი და კანონი აქვს, ღვთისაგან მიცემული, რომ მცირე ხალხის ენა და თესლი უთუოდ უნდა შთანთქმულ იქნეს დიდი ხალხისაგან, კურთხეულ არს დიდი და მოწყალე ღმერთი, რომელმან არ დაანება ჩვენი ტომი შთანთქმას თათრებისა და ყიზილბაშებისა, წყეულთა და შეჩვენებულთა. დეე ისევე შთავინთქათ ვრცელ რუსეთის ზღვაში! მაგრამ არ! შეერთება სხვა არის, და შთანთქმა სხვა. ყოველისფერით შეიძლება შეერთდეს მცირე ხალხი დიდთა: სულით, გულით, აზრით, ინტერესებით, მაგრამ მისი ენის მოსპობა არ შეიძლება, და არც არაფერს დააშავებს, ანუ დაუშლის ენა ამ ერთობას. შენ ამბობ, რომ მცირე ხალხი თავის ღარიბ ენის საშუალებით ვერ მიიღებს ცივილისაციასაო.. განა არ შეიძლება, რომ დიდი ხალხის ენით მიიღოს კაცმა სწავლა და განათლება და მისი ენაც არ დაივიწყოს? რა დაგიშალა შენ ქართული ენის ცოდნამ? დიდი განათლება მაინც მიგიღია რუსული, ფრანციული და სხვა ენების საშუალებით, და შენი ენაც არ

დაგიკარგავს. ამ სახითვე იქცევიან ყოველნი პირნი, დიდი განათლების მაძიებელნი, ხალხის ხალხთან ერთობა მარტო ენით არ მოხდება, არც დაბრკოლება; ამას გვიმტკიცებს ისტორია ცხადად. ენაზე უდიდესნი არიან სხვანი კავშირნი, რომელნიც შეაერთებენ უფრო მაგრად ხალხთა და ტომთა: შინაგანი კაცის და ხალხის გრძნობა,აზრი,ხასიათი ენაზე- უდიდესია; ენა არის მხოლოდ გამოთქმული, გარეგანი სახე. თუ სიყვარული, ნდობა,ინტერესების ერთობა არ შეაკავშირებენ კაცს კაცთან, ხალხს ხალხთან, ენა იქ ვერაფერს იქს, და სუყველა ამაზე უდიდესი,გაუწყვეტელი კავშირი ხალხთა შორის, ჩემი აზრით, არის სჯულის აღსარება. თუ ერთი სჯული და აღსარება აქვს ორ შეერთებულ ხალხს, ამაზე უმეტესი კავშირი სხვა აღარ იქნება მათ შორის.

შენი ბროშურის აზრს, თუ უკაცრავად არ ვიქნები ამის თქმით, ის ავნებს,რომ იგი არის გამოთქმული კატეღორიულად, ანუ აკსიომის მზგავსად ე.ი. არა აქვს განსაზღვრება. აქსიომები მარტო მათემატიკაში არიან მისაღებნი, ისტორიაში და ფილოსოფიაში ძნელად მოიპოვებიან ისინი, მართლა, პირველად მცირე ხალხები სხვა და სხვა ნაირი არიან. მათშიც დიდი განსხვავება არის. ჩვენც, ქართველნი და სომეხნი მცირე ხალხნი ვართ ერთი მხრით:;-მეორე მხრით-აფხაზნი,ოსნი, ლეკნი, ვთქვათ, რუსეთში-მორდავა, ჩერემისი და სხვანი-მცირე ხალხნი არიან; მაგრამ ნუ თუ ორივე ამ ღრუპპა ხალხზე ერთი და იგივე ითქმის შესახებ მათი ენისა? მეორე ღრუპპის ენები არიან უკიდურესად მართლა ღარიბნი, მათი ენით არც ერთი განყენებული აზრი არ გამოითქმის; ანბანი და წიგნობრობა მათ არ აქვს, ლიტერატურა მით უმეტესად: თითქმის მამაო ჩვენო ხეირიანად ვერ გადაითარგმნება აფხაზურ ენაზე. ისტორიული თავისი ცნობა მათ არ აქვთ, ერთი სიტყვით, არც ერთი ელემენტი არ აქვს მათ ენას მყოფლობისა, ანუ არსებისა ამისთანა ხალხებზე მარტო,რომ გეთქვა ის აზრი შენი, მაშინ არ გაუძნელდებოდა კიდევ კაცის გონებას მიღება მისი; მაგრამ ქართულის, სომხურის და ამათ მსგავსთა ენათა ზედაც თუ გაავრცელეთ ის აზრი, მაშინ არავინ არ შეიწყნარებს მას, ქართველის და სომხების ენა თუმცა მცირე ხალხის ენები არის, მაგრამ არა ღარიბი; ამ ენებს აქვს მწიგნობრობა, ლიტერატურა,საღმრთო წერილი და მრავალნი წმ.მამათა წერილნი ნათარგმნი; ამ ორ ენაზე ყოველი მეცნიერება და აზრი გამოითქმის; მათ აქვს ორი ათასი წლის მეტი ისტორია; ისინი იყვნენ ოდესმე თვით მდგომარენი სახელმწიფონი, ერთი სიტყვით, აქვთ მათ ყოველნი ელემენტნი არსებობისა

და სიცოცხლისა, ამისთვის მათი განქარვება ძნელად საფიქრებელია, შეუძლებელია. მეორე განსაზღვრება ის უნდა მიგეცა შენი აზრისათვის,რომ შესაძლებელია და მრავალ გზის მომხდარა მცირე ხალხის ენის შეერთება, ანუ უმჯობესად, გადასვლა მისი ერთ გვაროვანის, მაგრამ განსხვავებულის დიდი ხალხის ენასთან; მეგრული ენის ქართულთან და სხვა. მაგრამ ეს იქნება ენის გადაკეთება და გაკეთებაც და არა განქარვება. თავით პოლშური, ბოლღარული,ჩეხური,გალლიჩანური და სხვა. სლავიანების ენები,რომ გადაკეთდნენ რუსულ ენად ესეც გასაკვირველი არ იქნება, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ამისთანა მოვლენაც ძვირად მოხდება. უფრო შესაძლებელია და უფრო ხშირად ამისი წინააღმდეგი მომხდარა, ე.ი.ერთი ძირი დედაენის მრავალ შტოებად განყოფა გარნა ორი, სრულიად სხვა-და-სხვა გვარის ენა შეერთდეს, ანუ მცირე ხალხის სრულიად სხვა გვარის ენა რომ თავისთავად, გარეშე ყოვლის იძულებისა განქარდეს და მისი მაგიერად სრულიად სხვა გვარის ენა რომ მიიღოს, რაც გინდ მცირე იყოს ხალხი, ეს შეუძლებელია. მომეტებული ცენტრალიზაცია როგორც ყველგან მავნებელია, ისე ენებშიაც მომეტებული დეცენტრალიზაციაც არა არის კარგი, მაგრამ ისევ ეს სჯობია პირველს. ე.ი. ცენტრალიზაციას. ამისთვის მე ვგონებ, მავნებელი იქნება ისიც,რომ ენები მცირე ხალხების სულ განქარდეს, და დიდი ხალხების დარჩეს. მესამე განსაზღვრება ის უნდა მიგეცა შენ აზრისთვის, რომ მცირე ხალხში ყოველნი დაწინავებულნი პირნი, თავად-აზნაურები სამღვდელონი. ხშირად ივიწყებენ თავის ენას და დიდი ხალხის ენას მიიღებენ, და არა მთელი ხალხი მისიით ან რა სახით შეიძლება ეს? ავიღოთ ერთი სოფელი, მაგალითებრ, დიღომში ანუ კულაში იმერეთში. აქ გლეხი კაცი და ქალი დაიბადება, სიცოცხლეს ატარებს თავის ოჯახში თავის ენით, ათასში ერთხელ ვერ გაიგონებს სხვა ენასა, რა სახით დაიწყებს ის მის ენას? შკოლებში მოაშლევინებენ მათ ენას? შკოლა სოფლისა ვერასოდეს ვერ იმოქმედებს ისე, რომ თავისი ენა დაივიწყოს. სხვა არის, როდესაც ღიმნაზიაში, აკადემიაში, უნივერსიტეტში ისწავლის კაცი, მაშინ ხშირად დაივიწყებენ თავის ენას; მაგრამ ამისთანა მაღალი სასწავლებელი არასოდეს არ ყოფილა მთელი ხალხისათვის გახსნილი, არამედ ათასში ერთისათვის. მე მგონია, რომ რადგანაც შენ იურისტი ხარ და გონება ყოველთვის გართული გაქვს დიდ-დიდ სამოქალაქო საქმეებში, ამისთვის ნამეტარი ფიცხელი იდეალი შეგიყენებიათ სახელმწიფო მკვიდრობაზე და სიმაგრეზე. ამ შემთხვევაში შენზედაც

ითქმის ის ანდაზა, რომელსა ამბობენ შენებრ ფიცხელ იურისტებზე ქვეყანა თუ დაიქცა, სამართალი ვისთვის იქნება საჭირო. შენ ერთი მხრით ასე ამბობ: სუყველა მცირე ენები განქარდეს, მხოლოდ (ოღონდ) სახელმწიფო გამაგრდესო. მაგრამ საქმე ის არის, რომ ამით სახელმწიფო ვერ გამაგრდება. თუ კიდევ უკაცრავად არ ვიქნები ამის კითხვაზე, წაგიკითხავს თუ არა უცხო ფილოსოფიის დჟონ სტიუარტი მილლის, თხზულება თავისუფლებაზე მესამე ინდივიდუალობა ეს იგი ყოველი საკუთარი განსხვავებული თვისება, ხასიათი საჭირო არის ყოველკაცის (მაშასადამე ხალხისათვის) კეთილ დგომისათვის და ბედნიერებისათვის? ხალხის ინდივიდუალობის უმთავრესი ელემინტი არის ენა. მაშასადამე, ისიც საჭირო არის ხალხის ბედნიერებისათვის. თუ ეს ასე არის, მაშინ ენის გამოცვლა არც მცირე ხალხს არგებს, არც დიდი ხალხისთვის, რომლის ენას მცირე ხალხი მიიღებს, არის სასურველი. მცირე ხალხი, რომ შეერთდება დიდ ხალხთან რაიმე მცირე მაინც თავისი საკუთარი კარგი ელემენტი უნდა შეიტანოს და დაუმატოს დიდ ხალხს, წინააღმდეგ შემთხვევაში დიდ ხალხს უსარგებლო ტვირთი დაედება კისერზე; როგორც,რომ კარგ მუშა, მშრომელს ოჯახს ეშვილოს უღონო ზარმაცი კაცი, არაფერს სარგებლობას არ მისცემს გარდა მისა,რომ ოჯახის ნაოფლარ პურს შესჭამს. მცირე ხალხი, მოკლებული თავის ენასა, იქნება მოკლებული ყოველ ინდივიდუალური ხასიათითა და თვისებითა და უსარგებლო იქნება თავისთვინაც და სხვისთვინაცა, როგორადაც კერძო პირი, არ მექონი პირადი თვითი-მდგომარეობისა, ვერაფერს კეთილს და სასარგებლო საქმეს ვერ იქმს.

ამ ჩვენ ურთიერთ შორის მიწერ-მოწერას ვგონებ შენ არ აძლევ არავითარსა პოლიტიკურ მნიშვნელობასა, ვითარცა მეც არ ვხედავ მას შინა სხვა არაფერს, მხოლოდ ერთ სამეცნიერო ისტორიულ საგანზე ბაასსა. ახლა ისეთი დრო, დადგა, რომ თვით უბრალო მეგობრულ ლაპარაკში ეძიებენ ზოგიერთნი პირნი პოლიტიკურ განძრახვას, ამისთვის დავთვალე საჭიროდ ამისი თქმა. ბოლოს ერთ ბოდიშს კიდევ მოვიხდი. გძელი წიგნით თავი მოგაწყინე; მაგრამ ისეთ საგანზე ვლაპარაკობ, რომელიც შენ გიყვარს და რომელზე ბაასი არ მოგწყინდება. ამისთვის გავბედე გრძელი წიგნის მოწერა.უკაცრავად ვარ აგრეთვე, რომ ცუდი ხელით-ნაწერი არის ეს ჩემი წიგნი’’ (კელენჯერიძე, 2006:131). იმერეთის ეპისკოპოსი გაბრიელის ეს წერილი მრავალმხრივაა საინტერესო, მასში კარგად

ჩანს გაბრიელ ეპისკოპოსის დამოკიდებულება და სიყვარული მშობლიური ენისა და სამშობლოსადმი, გარდა ამისა, აღნიშნული წერილი ნათლად მეტყველებს გაბრიელ ეპისკოპოსის განათლებაზე და იმაზეც, რომ იგი კარგად იცნობს იმდროინდელ მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, ამის დასტურია, მისი საუბარი, ფინეთში, პოლონეთსა, და სხვა ქვეყნებში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და ბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ მეუფე გაბრიელი კატეგორიულად არ ეთანხმება გიორგი მუხრან- ბატონის მოსაზრებისა ქართული ენის გაქრობის შესახებ, იგი თავის წერილში მეტად კორექტულია, წერილში ერთი აბზაციც კი არ მოიძებნება სადაც მეუფე გაბრიელი გიორგი მუხრან-ბატონს არაეთიკურად მიმართავდეს, რაც მეტყველებს გაბრიელ ებისკოპოსის უდაოდ დიდ კაცთმოყვარეობაზე.

ბუნებრივია, გაბრიელ ეპისკოპოსის ასეთი აქტიური ბრძოლა ეროვნული ღირებულებების დასაცავად შეუმჩნეველი არ იქნებოდა მეფის რუსეთისათვის.

რუსეთის ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცოდა, რომ გაბრიელ ეპისკოპოსის წინააღმდეგ ბრძოლა გაუჭირდებოდათ, რადგანაც წმინდა მღვდელმთავარი დიდი სიყვარულითა და ავტორიტეტით სარგებლობდა იმდროინდელ საზოგადოებაში, ამიტომ რუსეთის კოლონიურ რეჟიმს უნდა მოეფიქრებინა ისეთი ცრუ ბრალდებები, რომლებიც გაბრიელ ეპისკოპოსს ავტორიტეტს შეუბღალავდა და, რაც მთავარია, ეს ყველაფერი უნდა გაკეთებულიყო ქრთველი სამღვდელოების ხელით.

რუსეთის ეგზარქოსის ევსევის (ილინსკი) წაქეზებითა და მხარდაჭერით ამხედრდა იმერეთში სამღვდელოების გარკვეული ნაწილი, რომლებიც ყველა ღონეს ხმარობდნენ,რომ გაბრიელ ეპისკოპოსის წინააღმდეგ სხვადასხვა ბრალდებები შეეთხზათ. პირველი პრალდება რაც იმერეთის ეპისკოპოს გაბრიელს წაუყენეს იყო, გელათის მონასტრიდან უძველესი სიწმინდეების გატანა და გაყიდვა რუს კოლექციონერ პრ.უვაროვაზე და ბაბრინსკიზე, საქმე იმდენად გახმაურდა, რომ იმდროინდელი პრესა გადაჭრელებული იყო აღნიშნული საკითხით, არადა საქმე სრულიად სხვაგვარად იყო, როგორც ცნობილია, მეუფე გაბრიელმა ქუთაისის გუბერნატორს და მის მეუღლეს (ლევაშოვი) ნება დართო, რომ გელათის მონასტრიდან წაეღოთ ძველი და ნაკლები ღირებული საეკლესიო ნივთები სამაგიეროდ გელათის მონასტრისათვის გადაეცათ საეკლესიო ხმარებისათვის ახალი ნივთები. მაგრამ გელათის მაშინდელმა წინამძღვარმა ბესარიონ დადიანმა რუს კოლექციონერებს გადასცა უძველესი გელათის სახარება რომელიც მინანქარში იყო გაკეთებული, ამის შესახებ მეუფე გაბრიელმა არაფერი არ იცოდა. " ნაკლებ ღირებული საეკლესიო ნივთების გადარჩევა, მეუფემ გელათის მაშინდელ წინამძღვარს ბესარიონს (დადიანი) მიანდო . ბესარიონ დადიანმა კი, ლევაშოვასა და მის ძმას პანინს გადასცა არა მოძველებული და უარგისი, არამედ ბევრი ისეთი ნივთი, რომელიც შეუფასებელი ღირებულების იყო ამასთან პანინს, ეს ნივთები,ბესარიონმა მეუფე გაბრიელთან შეთანხმების გარეშე მისცა საბაბი ასეთი იყო-თითქოსდა ქველმოქმედი ლევაშოვა და მისი ძმა, ამ ნივთებს განაახლებდნენ და ისე დაუბრუნებდნენ გელათის მონასტერს’’(კიკნაძე, 2009:17). რაც ბუნებრივია, ლევაშოვას არ გაუკეთებია. მართალია, გელათის უძველესი სახარება დააბრუნა, მაგრამ მას მინანქარი მთლიანად მოხსნილი ჰქონდა ყდიდან, რაც გახდა მიზეზი იმისა, რომ გაბრიელ ეპისკოპოსისათვის დაებრალებინათ გელათის სიძველეების გაყიდვა რაშიც მეუფე გაბრიელს არანაირი ბრალი არ მიუძღოდა პირიქით, იმერეთის ეპისკოპოსი სიცოცხლის ბოლომდე წერილს-წერილზე გზავნიდა რუსეთში, რომ გელათის სახარებისთვის მოპარული მინანქარი დაებრუნებინათ, მაგრამ უშედეგოდ.

მეორე ბრალდება, რაც გაბრიელ ეპისკოპოსს წამოუყენეს იყო ის,რომ იმერეთის ეპისკოპოსი თავადებისაგან ინდულგენციებს იღებდა შენდობის ლოცვის წაკითხვაში, ეს ბრალდება იმდენად სწრაფად გავრცელდა, რომ იმდროინდელი საზოგადო მოღვაწეების გარკვეულმა ნაწილმა დაიჯერა კიდეც და მეუფე გაბრიელს გაუწყრნენ. მაგალითად აკაკი წერეთელი იქამდე მივიდა,რომ გაბრიელ ეპისკოპოსის საწინააღმდეგოდ გადაწყვიტა გაზეთ "დროებაში’’ გაეგზავნა წერილი დასაბეჭდათ, მაგრამ დიდმა პოეტმა გონიერება გამოიჩინა და სანამ წერილს გამოაქვეყნებდა მანამ შეხვდა გაბრიელ ეპისკოპოსს, ამ შეხვედრას აკაკი წერეთელი შემდეგნაირად იხსენებს: " გაბრიელის მოწინააღმდეგეები ამბობდნენ, რომ მღვდელ-მთავარი შენდობის წიგნს ჰკითხულობს, ინდულგენციას აძლევდენ და ფულებს იღებსო, დიდხანს არ მეჯერა, მაგრამ ბოლოს, ჩემდა სამწუხაროდ, თვითონვე დავესწარი, როცა შენდობის წიგნს უკითხავდა მსურველებს, წარმოიდგინეთ ჩემი გაოცება და გაგიჟება!.. ამ გარემოებამ ისე მომწყვიტა წელი, რომ ჩემი იდეალი შეიცვალა, შორს გაიტყორცნა და რაც კი ჭორი გამეგონა მის შესახებ სუყველა დავიჯერე.

დავსწერე გასაკიცხი წერილი და ვაპირებდი "დროების’’ რედაქციაში გაგზავნას დასაბეჭდად! მაგრამ იმდენი რიგიანობა კიდევ ვიხმარე, რომ მოვინდომე ჯერ მისთვის მეჩვენებია ის. მის შესახებ სტატია და პირადად გადამეცა ჩემი გულის პასუხები,-ვეახელი ის ჩვეულებრივად ტკბილად დამხვდა, მაგრამ აშფოთებული რომ მნახა, შეწუხდა და მიზეზი გამომკითხა... მე, ბრაზმორეულმა საყვედურებით მივმართე და რასაც ვფიქრობდი დაუფარავად გადავეცი, ისიც სიამოვნებით მიგდებდა ყურს და რომ გავჩუმდი დამშვიდებულად ღიმილით მითხრა : ძალიან მომწონს ეგ შენი აღელვება და მიხარია, რომ საზოგადო საქმის ტრფიალმა, და არა საპირადო რამ, იქამდის მიგიყვანა,რომ მოთმინებიდან გამოგიყვანა და ოჯახის შვილის ზრდილობაც დაგაკარგვინა! ახალგაზრდობა-ახლად ამოღებული ყაჭია, რომელსაც, დახვეწა ეჭირვება და მის დამხვეწიც გამოცდილებაა. ღმერთმა ინებოს, რომ შენ მაგ გრძნობებისათვის ხელი არ შეგეშვას! საზოგადო საქმეების გამო თავგამოდება ზნედ გადაგიქციოს! ეგ აჩქარება თავ- შეუკავებლობა ცოტა წინდაუხედავობა და ამგვარი რამ შეცდომები ქერწლია, რომელსაც დრო გააცლის და გამოცდილება დახვეწავს!... შენ ხანში სწორედ მეც მაგრე ვიყავი, მაგრამ დღეს კი ისე რომ მოვიქცე არ შემშვენის...

შენც კარგად იცი,რომ მე ახლ ჩამოსულობაზე პირველ ხანებში, კრებულისათვის თუ, თუ არა ჩემთვის საწირავსაც არ ვიღებდი და დღეს კი შენდობის წიგნს ვუკითხავ მსურველებს და მათგან მოწოდებულ წვლილსაც ხელის ვკიდებ. რად? იმიტომ,რომ გამოცდილებამ სულ სხვა რამეზე დამარწმუნა, ჯერ ერთი ეს რომ ჩვენს ხალხს ადრითგანვე ჩვეულებად ჰქონია, მღვდელ-მთავრისაგან შენდობის გამოთხოვა რჯულის კანონად ჰქონია გადაქცეული!... როცა შენდობას ითხოვს, ცხადია, რომ ის თავის გულში იხედება. სინანულში ვარდება და ეს კარგია... ამგვარი რამ ადამიანს გულიდან არ უნდა ამოერეცხოს! და რაც შეეხება სასყიდელის აღებას, ეს ის აუცილებელ და საჭირო ძღვნად მიაჩნია ჩვენ ხალხს როგორც ხატის წინ სანთლის ანთება! ამის აკრძალვას ისე მიიღებს, როგორც სანთლის ანთების დაშლას. ახლა პრაქტიკულადაც გავსინჯოთ ეს საქმე, ის თვითო-ოროლა წვლილი, რომელსაც იძლევიან თავის სურვილით ამათ არად დააკლდებათ, ბევრი მათგანი სულ ცუდად დახარჯავს წარა-მარა სადმე დუქანში ლოთობის დროსა და მე-კი ვაგროვებ და საზოგადო დანიშნულებას ვაძლევ, ამგვარად მათი წვლილის შეგროვება და ხარჯვა შემწირველისათვის მადლია და ქვეყნისათვისაც სასარგებლო’’ (წერეთელი, 1961:475,476) ამ განმარტების შემდეგ აკაკი წერეთელს მეუფისათვის შენდობა გამოუთხოვია.

მეუფე გაბრიელის წინააღმდეგ განხორციელებულმა ცილისწამებებმა თავისი შედეგი გამოიღო, გაბრიელ ეპისკოპოსს ჯერ მდივანი ცნობილი პუბლიცისტი ესტატე მჭედლიძე მოუკლეს და შემდეგ მეუფე გაბრიელსაც მიწერეს მუქარის შემცველი წერილი. მდგომარეობა იმდენად დაიძაბა, რომ მეუფე გაბრიელს ურჩევდნენ, რომ ქვეყანა დაეტოვებინა თავად იმერეთის ეპისკოპოსი ერთი პერიოდი ფიქრობდა სამშობლოს დატოვებას, ამის შესახებ თავად მეუფე გაბრიელმა გაზეთ "დროების’’ მეშვეობით აცნობა 1885 წელს ქართულ საზოგადოებას: "ჩემი სურვილის სიმდაბლე იყო, რომ შევშინდი, მაგრამ მთლად ჩემი თავისთვისაც არ შევშინებულვარ მე ერთი ხნიერი კაცი ვარ დიდ ხნის სიცოცხლე მაინც არ მაქვს, მაგრამ რომ მართლა მოვეკალით, რა ჩირქი დაედებოდა მთელ ხალხს, რომელმაც თავისი მოძღვარი ასე სასტიკად გაიმეტა. ამან მაფიქრებინა ჩემი ქვეყნის დატოვება, მაგრამ როგორც ვხედავ, მართლა სწუხს საზოგადოება და არ ჰსურს ჩემი მოშორება, რომ კიდევაც გადაწყვეტილი მქონდეს წასვლა, მაინც აღარ წავალ და ვეცდები გადავიხადო მცირედ მაინც ეს დაუმსახურებელი პატივისცემა’’("დროება,’’ 1885 №141:2). ამ წერილიდან ნათლად ჩანს გაბრიელ ეპისკოპოსის შეუდრეკელი და მებრძოლი ხასიათი, მიუხედავად ასეთი წინააღმდეგობებისა, მეუფე გაბრიელი მაინც ვერ გატეხეს და ვერ ათქმევინეს უარი ეროვნული ღირებულებების სადარაჯოსთან დგომაზე.

3.2 §2. გაბრიელ ეპისკოპოსის ქველმოქმედება და მეცენატობა

▲ზევით დაბრუნება


§2. გაბრიელ ეპისკოპოსის ქველმოქმედება და მეცენატობა

გაბრიელ ეპისკოპოსის ბრძოლა ეროვნული ღირებულებების დასაცავად გამოიხატებოდა მისი ქველმოქმედებით და მეცენატობით, რომელიც მიმართული იყო ქართული კულტურისა და მოსწავლე ახალგაზრდობის დასაცავად, სამართლიანად შენიშნავს პროფესორი ავთანდილ ნიკოლეიშვილი როდესაც წერს: " განსაკუთრებულ მზრუნველობას იჩენდა გაბრიელი ხალხის სწავლა-განათლებისადმი მისი თაოსნობით დასავლეთ საქართველოში ასზე მეტი სამრევლო სკოლა და მრავალი ბიბლიოთეკა  გაიხსნა’’(ნიკოლეიშვილი, 1990:17). უფრო მეტიც 1893 წელს ჟურნალმა "კვალმა’’ გამოაქვეყნა სქატია რომელიც ზუსტად აფასებს გაბრიელ ეპისკოპოსის საქველმოქმედო მოღვაწეობას: "იმერეთში არ დარჩენილა არც ერთი დავრდომილი, რომელსაც არ განეცადოს მისი მოწყალება. არც ერთი კაცთმოყვარული საზოგადო დაწესებულება არ დაარსებულა იმერეთში,რომ გაბრიელი არ შეწეოდეს’’ ("კვალი’’, 1893 №42:2).

როდესაც საუბარია გაბრიელ ეპისკოპოსის ქველმოქმედებასა და მეცენატობაზე აუცილებელია, ყურადღება გავამახვილოთ მის დამოკიდებულებაზე ხელმოკლე სტუდენტების ადმი, ქართული სკოლებისა და ბიბლიოთეკების დაარსებასა და შეჭირვებული ხალხის შემწეობის აღმოჩენაზე.

როგორც უკვე ზემოთ ავღნიშნეთ, მეუფე გაბრიელი განსაკუთრებით დიდ მზრუნველობას იჩენდა გაჭირვებული ოჯახის შვილების სწავლა-აღზრდის საქმეში, მის სამეუფეო რეზიდენციაში ეპისკოპოსის ხარჯით არაერთმა ახალგაზრდამ მიიღო განათლება. გაბრიელ ეპისკოპოსის აღზრდილი გიორგი ახვლედიანი იხსენებს იმ მოსწავლეების სახელებსა და გვარებს, რომლებმაც მეუფე გაბრიელის ხარჯით მიიღეს განათლება: " ილარიონ მგალობლიშვილი, ტიტიკო ქიქოძე, ვასილ ხაინდრავა, ნიკო ახვლედიანი, მეორე ნიკო ახვლედიანი, ლავრენტი ჩიქოვანი,პოლია ახვლედიანი, რაჟდენ თაყაიშვილი, ვლადიმერ ქიქოძე, გერასიმე ქიქოძე, ერასტო ასათიანი, კოწია გელოვანი, ნესტორ ლორთქიფანიძე, გიორგი ახვლედიანი, ნოე ჩხენკელი, ვარდენ ცქიტიშვილი, გიორგი ერისთავი, კალენიკე ჩხაიძე, კოტე ჯაყელი, მურადოვი, რუსი ებრაელის შვილი ნესტორი გაბრიელის ნათლული, ჩხაიძე მაკარი ბერიშვილი. ამთ გარდა ჩემს წინათაც იზრდებოდნენ სხვები’’ (კელენჯერიძე, 2006:154). გიორგი ახვლედიანის ამ მოგონებიდან ჩანს, რომ გაბრიელ ეპისკოპოსის რეზიდენციაში საკმაოდ ბევრი ახალგაზრდა იზრდებოდა და ეწაფებოდა განათლებას, რაც გაბრიელის მხრიდან უდაოდ დიდ ქველმოქმედებად უნდა ჩაითვალოს. აქ საინტერესო არის ის, რომ გიორგი ახვლედიანი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გაბრიელ ეპისკოპოსს მანამდეც (იგულისხმება გიორგი ახვლედიანის სწავლის პერიოდამდე) ჰყავდა ახალგაზრდები თავის რეზიდენციაში, რომლებიც ეპისკოპოსის ხარჯით იღებდნენ განათლებას.

გაბრიელ ეპისკოპოსის ჩანაწერებში მოიძებნება ერთი საინტერესო ხელნაწერი სადაც საუბარია გაბრიელ ეპისკოპოსის საქველმოქმედო საქმიანობა აფხაზეთში, როგორც ამ წყაროდან ირკვევა მეუფე გაბრიელს აფხაზი ახალგაზრდებისათვის სასწავლებლად შეუწირავს 20 მანეთი, მანვე გამოიწერა 300 მანეთად ჯვარი აფხაზეთისათვის, გაჭირვებული აფხაზისათვის გადაუცია 20 მანეთი. (არ ასახელებს ) სოხუმში ანჩაბაძის სასწავლებლად გაგზავნა 40 მანეთი,(არც აქ მიუთითებს ვინ იყო ანჩაბაძე), მეუფე გაბრიელმა აფხაზი დანჩიევის სასწავლებლად გამოყო 10 მანეთი, გაბრიელ ეპისკოპოსმა აფხაზი ბავშვების სწავლაში დახარჯა 685 მანეთი. იმერეთის ეპისკოპოსის ასეთ ქველმოქმედებას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა აფხაზი მოსახლეობისათვის, იმ დროს როდესაც აფხაზეთის მოსახლეობა განიცდიდა რუსეთის კოლონიური პოლიტიკის არნახულ ზეწოლას, რაც იმაში აისახებოდა, რომ აფხაზეთში ახალგაზრდებს სრულიად ურთულებდა სწავლის მიღების შესაძლებლობას, მეუფე გაბრიელის ასეთი მხარდაჭერა მართლაც, რომ დასაფასებელ ფაქტს წარმოადგენს.

1885 წელს ქუთაისის გიმნაზიაში ერთი მეტად ცუდი ფაქტი მოხდა, გიმნაზიიდან გარიცხეს 120 მოსწავლე, რასაც დიდი უკმაყოფილება მოჰყვა იმდროინდელ საზოგადოებაში, ამ ფაქტის შესახებ პრესაც კი აჭრელებული იყო, უკმაყოფილო საზოგადოების სტატიებით, უკმაყოფილო სტუდენტებმა გიმნაზიის შენობის მინებიც კი ჩაამსხვრიეს.

მიუხედავად საზოგადოების ასეთი უკმაყოფილებისა მაინც დაივიწყეს გიმნაზიიდან გარიცხული მოსწავლეები, მაგრამ ქუთაისში იყო ერთი ადამიანი, რომელსაც მოსვენებას არ აძლევდა ახალგაზრდა გიმნაზიელების ბედი.

ქუთაისის გიმნაზიასთან, არსებულ წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში, ნიკოლოზობას მეუფე გაბრიელი, წირავდა ხოლმე, და მართლაც 1885 წლის ნიკოლოზობას გიმნაზიას ესტუმრა იმერეთის ეპისკოპოსი გაბრიელი, წირვის შემდეგ იგი გამოვიდა ამბიონზე და დაიწყო ქადაგება, რომელიც გიმნაზიიდან გარიცხული მოსწავლეების ბედს პირდაპირ ეხებოდა" -ჩემი შვილებო, თქვენ დღეს მოისმინეთ სახარების სიტყვები: ღმერთი, ვინც უყვარს, იმას სჯის...

სახარების ამ სიტყვების შესახებ მინდა გელაპარაკოთ. დღეს თქვენ, ჩემო შვილებო, და უფრო თქვენ, აღმზრდელნო და მასწავლებელნო!

ზარმაცის, გაუგონარის, ცუდის ყოფაქცევის ბავშვის თავიდან მოშორება,დათხოვნა და ხელის დაბანა,-ამაზე ადვილი რა იქნება,-მაგრამ ეს არ არის აღმზრდელის დანიშნულება. მას მეტი მოთმენა სჭირია, ვიდრე რაც გინდა სხვა ხელობის კაცს, და მეტი კიდევ სიყვარული მათდამი, ვინც ხვალინდელ საზოგადოებას წარმოადგენდნენ. უდიდესია მოვალეობა იმათი, ვინც მომავალ თაობის აღმზრდელობას კისრულობს და უმაღლესი აღმზრდელს არ აქვს უფლება სთქვას,რაც შემეძლო ვქენი და მეტი აღარ შემიძლიანო დასაჯეთ, გაუჯავრდით, დატუქსეთ ზარმაცი და გაუგონარი, უფრო კიდევ შეეცადეთ სიყვარულით და მოთმინებით მიუგნოთ მისისა ბუნების კეთილი მხარენი და მისის ნაკლულოვნების მიზეზები...

ერთხელ, ერთი ინგლისური სკოლის გამგემ, მიჰმართა ბავშვებს და ჰკითხა: რა გირჩევნიათ, სკოლიდან დაგითხოვოთ თუ წკეპლა დაგარტყათ სიზარმაცისა და დანაშაულისათვის.

და იცით რა უთხრეს ბავშვებმა, იმ ეშმაკმა ინგლისელმა ბავშვებმა? -გაგვწკეპლეთ, ოღონდ ნუ დაგვითხოვთო, -ერთხმად შესძახეს მათ...

დათხოვნა,თავიდგან მოშორება ამისთვის აღმზრდელობა არ არის საჭირო’’ (ზურაბიშვილი, 1962:69) .

გაბრიელ ეპისკოპოსის ეს სიტყვები და დამოკიდებულება ახალგაზრდა მოსწავლეების მიმართ გასაგებია, მეუფე გაბრიელს ძალიან კარგად ესმოდა, რომ ის მოსწავლე რომელიც არ სწავლობს უნდა იქნეს დათხოვნილი, მაგრამ იმერეთის ეპისკოპოსს იმ პედაგოგებისაგან განსხვავებით ისც ძალიან კარგად ესმოდა,რომ ქართულ საზოგადოებას იმ პერიოდში არ ჰყავდა დასაკარგი ახალგაზრდობა, რომლებიც შემდგომში უნდა დამდგარიყვნენ ეროვნული ღირებულებების დაცვის სადარაჯოზე და ამიტომაც იყო, რომ იგი მოუწოდებდა აღმზრდელებს თუ მასწავლებლებს მეტი წინდახედულება და გონიერება გამოეჩინა.

1890 წელს ქუთაისში მეუფე გაბრიელის ხელმძღვანელობით გაიხსნა ქალთა სასწავლებელი, 1894 წლს კი სასულიერო სემინარია, ეს იმ დროს როდესაც ქართველ ახალგაზრდობას არანაირი საშუალება არ ჰქონდა, რომ სწავლა განათლება მიეღო.

ქუთაისში სასულიერო სემინარიის გახსნასთან დაკავშირებით 1872 წლის გაზეთი "დროება” იუწყებოდა : "უმეცარ სამღვდელოებას რა სარგებლობის მოტანა შეუძლია ხალხისათვის? ამისთვის ახლანდელი იმერეთის ყოვლადსამღვდელო გაბრიელი დიდი ხნითგან და დიდად მონდომებული იყო, რომ ქუთაისში სემინარია გახსნილიყო. მაგრამ საშუალება არ იყო, უმაღლესმა სასულიერო მთავრობამ, რომელთანაც ამაზე მიწერ-მოწერა ჰქონდა ყოვლად სამღვდელოს, შემწეობაზე უარი სთქვა ბოლოს აქაურს ეკლესიას შემოსავალი მოუმატა. წინა წლებში გადავიდა ხაზინის უწყებაში მრთელი ეპარხიის საეკლესიო ადგილ-მამულები, რომლების მაგივრად ხაზინამ უნდა აძლიოს ეკლესიას ყოველ წლობით 26 ათას მანეთამდე. ყოვლად სამღვდელომ დაინახა შესაძლებლად რომ ამ ფულიდან ეპარხიის სხვადასხვა, აუცილებელი საჭიროების დაკმაყოფილების შემდეგ გადიდვას კარგა ძალი სუმა სემინარიისათვის, რომლისთვისაც საჭიროა ყოველ წლობით 26-30 ათას მანეთამდის. ყოვლად სამღვდელომ მიმართა სამღვდელოებას. წელს მან დაიარა მრთელი იმერეთის ეპარხია, ყველა საბლაღოჩინო მაზრებში სამღვდელოების ყრილობაზე ელაპარაკებოდა სემინარიის გახსნის თაობაზე, ითხოვა,რომ სამღვდელოებას თავის მხრით მიეცა შემწეობა და ეხმარა უკანასკნელი საშუალება ამ სასარგებლო საქმის სისრულეში მოყვანისთვის პირველ სექტემბერს, როდესაც დეპუტატებმა სასულიერო სასწავლებელში თავი მოიყარეს და როგორც წინა წლებში, თავ-მჯდომარედ ერთხმად აირჩიეს დეკანოზი ი.გამრეკელოვი, კრებაში მოვიდა ეპისკოპოსი და თან მოიტანა დაწერილი წინადადება, რომელშიც იყო ნათქვამი, რომ სემინარიის და სასწავლებლის შესანახავად საჭიროა წელიწადში ორმოცდაათი ათასი მანეთი მაინც, და რომ სასწავლებელიც არსებობდეს და სემინარიაც გაიხსნას უცილობლად საჭიროა, რომ სამღვდელოებამ მიიღო თავის-თავზე ყოველ წლობით ზემო დანიშნულის მესამედი მაინც. ესეიგი 10 000 მანეთზე მეტი იქვე იყო ნაჩვენები რა და წყაროებიდან შეეძლოთ ამ ფულის შემოტანა’’ ("დროება,’’ 1872 №37:2).

1874 წელს სოფელ ბახვში გაბრიელ ეპისკოპოსმა თავისი ხარჯით დაარსა სკოლა, რასაც ბახვის მოსახლეობისათვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. აღნიშნული სკოლა მთელს გურიაში ერთ-ერთ საუკეთესო სკოლად ითვლებოდა. ამის შესახებ გაზეთი

"დროება’’ 1875 წელს წერდა: " გურიაში ყველა სასოფლო შკოლებზე და მე ვგონებ სხვა უეზდების სასოფლო შკოლებზედაც უფრო დაწინაურებულია ბახვის საზოგადოების სასოფლო შკოლა, რომელიც იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა 1874 წელს დაარსა თავისი ხარჯით. ეს შკოლა კარგი ორეტაჟიანი შენობაა და რიგიანი მასწავლებლებიც ჰყავს, ამ შკოლაში ახლა 138 მოსწავლენი დაიარებიან, რომელსაც ძალიან კარგად და მოსაწონად ასწავლის ახალის მეთოდითა შკოლის მასწავლებელი და მოსწავლენიც ძლიერ ხალისიანად სწავლობენ; მალე მეორე მასწავლებელსაც მიუმატებენ. ამას გარდა ისმის, რომ ეტაჟში ქალების შკოლის გახსნასაც აპირებს სკოლის დამაარსებელი’’ ("დროება,’’ 1875 №34 :2).

გაბრიელ ეპისკოპოსის მიერ ბახვში სკოლის დაარსებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და ეს ფაქტი იმდენად იშვიათი იყო იმდროინდელ საქართველოში, რომ აღტაცებული საზოგადოება მადლიერებასა და სიხარულს გამოხატავდა გაბრიელ ეპისკოპოსის მიმართ ქართულ ჟურნალ-გაზეთებში გამოქვეყნებული სტატიებით.

გაზეთმა "დროებამ’’ ბახვში გახსნილ სკოლას მეორე საინტერესო წერილი მიუძღვნა, სადაც ვკითხულობთ: " შესაძლებელი ყოფილა რიგიანად საქმის წაყვანა ჩვენს ღარიბს, ათასი მხრით შევიწროვებულ შკოლაში თუკი მასწავლებელი ცოტაოდნათ მაინც გამოცდილია და სინდისიანად შრომობს. ჯერ 8 თვეც არ არის რაც ეს შკოლა დაარსებულა და ყმაწვილებს კი იმდენი მოუსწრიათ და შეუთვისებიათ, რომ სასურველია სხვა აქაურ საუკეთესო შკოლებშიც ამდენი მოესწროთ, შკოლის დისწიპლინაც იმდენად გამაგრებულია, რომ საკმაოდ ხდის ერთადერთ მასწავლებელს ას-ოცდათერთმეტი ყმაწვილისაგან შემდგარ შკოლაში. ბახვის შკოლის გახსნაზე დიდი ხანი ზრუნავდა როგორც აქაური სოფლის საზოგადოება, აგრეთვე იმერეთის ეპისკოპოსი, რომლის ხარჯით აშენდა ამ შკოლის სახლი’’ ("დროება,’’ 1875 №80 :2).

1882 წელს გაზეთმა "ივერიამ’’ გამოაქვეყნა მორიგი სამადლობელი წერილი;

"ოზურგეთიდან გვწერენ, რომ იმერეთის ეპისკოპოსის ყოვლადსამღვდელო გაბრიელის ხარჯით, სოფელ ბახვში რამდენიმე წელიწადია რაც გაიხსნა სასოფლო სკოლა, რომლისთვისაც თვით ყოვლად სამღვდელომ ააშენა შენობა, დანიშნა მასწავლებელი და სხვა. ხალხი რასაკვირველია ძალიან მადლობელია ეპისკოპოსისა ამ ქველმოქმედებისთვის რადგან სკოლაზე კაპეიკიც არ ეხარჯებათ’’ ("დროება,’’ 1882 №258:2).

მიუხედავად საზოგადოების ასეთი შეფასებისა მეუფე გაბრიელს სურვილი ჰქონდა,რომ აღნიშნული სასწავლებელი გადაქცეულიყო ორკლასიან ნორმალურ სკოლად და არა ჰქონოდა ორკლაისიანი სასოფლო სასწავლებლის სტატუსი, ამისათვის გაბრიელ ეპისკოპოსს ქუთაისის სათავად-აზნაურო ბანკში შენახული ჰქონდა თორმეტი ათასი მანეთი, სამინისტრომ იმისათვის, რომ გაბრიელის სურვილი აღსრულებულიყო მოითხოვა,რომ აღნიშნული თანხა გადაეტანათ სახელმწიფო ბანკში. ამის შესახებ გაზეთი

"ივერია’’ წერდა :" სოფელ ბახვიდამ გვწერენ, რომ ჩვენებური ორ კლასიანი სასოფლო სასწავლებელი, რომელიც ყოვლად პატივცემულ ეპისკოპოს გაბრიელის მეოხებით არის დაარსებული და იმისავე ხარჯით ინახება დღემდე. სამინისტრომ ორ კლასიან ნორმალურ სასწავლებლათ უნდა გადაკეთდესო. ეპისკოპოსს ამის შესახებ, სადაც ჯერ არს, თხოვნა წარუგზავნია და პასუხად მოსვლია,რომ ის თორმეტი ათასი მანეთი, რომლიც სკოლის სახელობაზე დღეს ქუთაისის სათავად-აზნაურო ბანკში ინახება, სახელმწიფო ბანკში უნდა გადაიტანოთ აი, ამასთანავე სოფელმა უნდა იკისროს შენობის შეკეთება. ეპისკოპოსს ეს ამბავი მაზრის უფროსისათვის უცნობებია სოფლისათვის გამოსაცხადებლად’’ ("ივერია,’’ 1891 №189:2).

1880 წელს გაბრიელ ეპისკოპოსმა ქუთაისში გახსნა მოსამზადებელი სასწავლებელი, რომლის შესახებ თავად აცნობებდა საზოგადოებას გაზეთი "დროების’’ მეშვეობით: "ვინ არ იცის რა მხურვალე სურვილი და მისწრაფება სწავლისა და განათლებისადმი არსებობს ჩვენს ქვეყანაში ერთი მხრით და მეორე მხრით რა დიდი დაბრკოლება აქვთ მშობელთა შვილების გაზრდაში და სწავლაში: ვინ არ ხედავს იმასაც,რომ აწმყო დროში დაარსებულნი სახელმწიფო სასწავლებელნი ვერ აკმაყოფილებენ ყოველთა მოთხოვნილებათა და ვერ შველიან მშობელთ ამ მძიმე და უმთავრეს საქმეში მით უმეტესად სასიამოვნო არის დღევანდელი გახსნა ამ ახალი სასწავლებლისა.

გარდა დღევანდელ საქმეს, ესე იგი ამ ახლის შკოლის დაარსებას თან უვლის ერთი გარემოება, ესე იგი ამ ახლის შკოლის სასიამოვნოთ და შესანიშნავათ მყოფს მას: ეს სასწავლებელი იხსნება სურვილით დაწყებით შრომითა და ხარჯითა კეთილშობილ

საზოგადოების, გარეშე მთავრობის შეწევნისა ამ შკოლის და სხვა ამის მსგავსის შკოლების გახსნა გვაჩვენებს, რომ ჩვენმა საზოგადოებამ გაიღვიძა და დაიწყო თავის-თავის შველა და თავის-თავის მოხმარება, აქამომდე ჩვენ ყველაფერს მოვითხოვთ და მოველოდით მთავრობისაგან და ჩვენც სიმართლით და მადლობით აღვიაროთ, რომ მთავრობაც ცდილობდა, რაც შეეძლო ხალხის განათლებისათვის; გარნა მთავრობა ყოვლის შემძლებელი არ არის მას არ შეუძლია დააკმაყოფილოს ყოველი კაცი და ყოველი კაცის შვილები გაზარდოს. კიდევ გავიმეორებ: მით უმეტესად სასიამოვნოა, რომ თვით საზოგადოებამ გაიღვიძა და დაიწყო თავის თავის შველა’’("დროება,’’ 1880 № 34:4).

გაბრიელ ეპისკოპოსის სახელთანაა დაკავშირებული ქუთაისში ქალთა სასწავლებლის გახსნა, რომლისთვისაც გაბრიელ ეპისკოპოსმა ხუთი ათასი მანეთი გაიღო, და ეგზარქოსს თხოვლით მიმართა,რომ ნებართვა მიეცათ ქალთა სასწავლებლის გახსნაზე, მთავრობისა და სინოდის მსჯელობის შემდეგ გაბრიელ ეპისკოპოსს ნებართვა მისცეს ქუთაისში ქალთა სასწავლებლის გასახსნელად, ამასთან დაკავშირებით 1892 წლის გაზეთი"ივერია’’ იუწყებოდა: " მისი იმპერატორებითის უდიდებულესობისა, რუსეთის თვით-მპყრობელისა, უწმინდესისა და უმართებულესის სინოდისაგან, სინოდის წევრის, საქართველოს ეგზარქოსის, მისის მაღალ ყოვლად უსამღვდელოესობის პალადის, ქართლისა და კახეთის მთავარ-ეპისკოპოსის მიმართ.

მბრძანებისამებრ მისი იმპერატორებითის უდიდებულესობისა, უწმ. და უმართებულესმა სინოდმა მოისმინა ბ-ნ სინოდის ობერპროკურორისაგან წარმოდგენილი 4 მარტის №212-ე სამოსწავლო კომიტეტის ჟურნალი, წარმოდგენილი თქვენის უსამღვდელოესობისაგან, რომელშიაც შუამდგომლობთ: 1) ქუთაისში იმერეთის საქალებო ეპარქიულ სასწავლებლის დაარსებას იმ წესით,რა წესიც არის ნაჩვენები ეპარქიულ საქალებო სასწავლებლის წესდებაში და უწმინდესის სინოდის ბრძანებაში, 14 მაისიდგან 1872 წლის №25-ე, იმ განსხვავებით რომ ამ სასწავლებელში, ადგილობით მოთხოვნილების ძალით, შემოღებული უნდა იქნეს ქართული ენის სწავლება და დაენიშნოს ამ საგნის მასწავლებელს კვირეული ათის გაკვეთილისათვის სასყიდელი, ამასთან თქვენი მეუფება დასძენს, რომ ამ სასწავლებლის მოსათავსებლად დანიშნულია ადგილი, რომელზედაც არის ქვითკირის ეკლესია წმინდა სამების სახელზედ და ორ-სართულიანი ქვის შენობა და

სასწავლებლის შესანახავად მოიპოვება ადგილობითი ეპარქიური საშუალებანი და 2) რათა გამოთხოვილ იქნეს უმაღლესი ნება-რთვა, ეწოდოს ამ სასწავლებლის იმერეთის ეპარქიალური გაბრიელის საქალებო სასწავლებელი, სახსოვარათ იმერეთის ეპისკოპოსის გაბრიელის 30 წლის სამსახურისა იმერეთის ეპარქიაში და თავის საშუალებითგან 5000 მანეთის შეწირვისა გამო ამ სასწავლებლის სასარგებლოდ.

ჰბრძანეს: მივიღეთ რა სახეში რომ სამკლასიან ეპარქიალურ საქალებო სასწავლებლისათვის უკვე არის შენობა ქალაქ ქუთაისში და შესანახავადაც მზად არის ადგილობითი ეპარქიალური საშუალება, უწმინდესმა სინოდმა, სამოსწავლო კომიტეტის დასკვნის მოსმენის შემდეგ, განაწესა: ნება მიცეს თქვენს მეუფებას გამართოს ქალაქ ქუთაისში სამ კლასიანი ეპარქიალური საქალებო სასწავლებელი მოსამზადებელ კლასით თქვენს უსამღვდელოესობის წარმომადგენლობაში მოხსენებულ საფუძველთა ზედა, იმ პირობით კი, რომ არა სავალდებულო საგნებისაგან სრულიად გამორიცხოს მუსიკა,გერმანული და ფრანგული ენები, როგორც სრულებით გამოუსადეგარი მანდაურ სამღვდელოებისათვის და რომ ნაცვლად პედაგოგიისა ასწავლიდნენ მხოლოდ დიდაქტიკას რაისთვისაც თქვენს მეუფებას ჯეროვან განკარგულებათა მოსახდენათ მარტის 21 დღესა 1892 წელსა’’ ("ივერია,’’ 1892 №95:2).

იმერეთის ეპისკოპოს გაბრიელს ჩვევად ჰქონდა, რომ ყოველი ახალი სასწავლო წლის დაწყების წინ ხვდებოდა მოსწავლეებს და მასწავლებლებს, რომელთაც დალოცავდა და დარიგებას აძლევდა, ასე მოხდა 1884 წელს როდესაც იმერეთის ეპისკოპოსი ქუთაისის სემინარიას ესტუმრა: "ჩვენს სასწავლებელში ადრევე, ბრძანა ყოვლად სამღვდელომ კარგად მიდიოდა სწავლის საქმე, მაგრამ ბოლო დროს, სამწუხაროდ ამასვე ვერ ვიტყვით, ამის მიზეზი ყველამ იცით ეხლა იმედია რომ, თუ თქვენ ერთგულათ მოჰკიდებთ საქმეს ხელს, თუ თქვენში იქნება ერთსულოვნება და საქმის ერთგულება, საქმე კიდევ კარგათ წავა, იმედია,რომ აწი,ახალი ზედამხედველის ხელში მშვიდობიანად იმუშავებთ და ერთობა იქნება თქვენში’’ ("მწყემსი,’’ 1884 №19:4).

ექვთიმე თაყაიშვილი იხსენებს თავის პირველ შეხვედრას გაბრიელ ეპისკოპოსთან ქუთაისის სასულიერო სემინარიაში: "პირველათ იგი ახლო ვნახე საღმრთო სჯულის გამოცდის დროს, როდესაც 4 კლასიანი პროგიმნაზიას ვამთავრებდით ქუთაისში, ის

გამოცდაზე დასასწრებად სკოლის ინსპექტორმა იუდინმა და საღმრთო სჯულის მასწავლებელმა მოიწვიეს. მართმადიდებელი შეგირდები 5 ვიყავით: მე, იოსებ დადიანი, შარუხია, გორგასლიძე, და ერთი რუსი (გვარი არ მახსოვს) ყველანი ერთად დაგვაყენეს გაბრიელის წინ. გაბრიელთან იჯდა ინსპექტორი, მაჭავარიანი კი თავზე გვედგა ჯერ გვარები წაიკითხა, ჩემი გვარის შესახებ თქვა "ეს გურულიაო’’ დაგვიწყეს გამოცდა: გვათქმევინეს ლოცვები, გვაამბობინეს საღვთო ისტორიის მოთხრობები: მერე გაბრიელმა გვკითხა, თუ რა სასწაულები მოახდინა იესო ქრისტემ. ჩვენც დაწვრილებით ჩამოვთვალეთ რაც ვიცოდით’’ (თაყაიშვილი ,1968:256).

გაბრიელ ეპისკოპოსი, გარდა საქართველოში მყოფი სტუდენტებისა, დახმარებას უწევდა რუსეთის სხვადასხვა უნივერსიტეტში მყოფ ქართველ სტუდენტებს. 1887 წელს გაზეთი "ივერია’’ საზოგადოებას აუწყებდა: " ხარკოვიდან გვწერენ: აქაური ღარიბი სტუდენტები დიდს მადლობას უძღვნიან ყოვლად სამღვდელო გაბრიელს, ეპისკოპოზს იმერეთისას, ბატონს გიორგი დავითის-ძე ქართველიშვილსა და იულია კალატოზიშვილს დახმარებისთვისაო’’ ("ივერია,’’ 1887 №5:2).

გაბრიელ ეპისკოპოსის სახელთანაა დაკავშირებული არაერთი ქართულაი წიგნის დაფინანსება და გამოცემა როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ გაბრიელ ეპისკოპოსმა დიდი წვლილი შეიტანა ქართული საგალობლების ნოტებზე გადაღების საქმეში, რომელიც დააგვირგვინა ალექსანდრე ოქროპირიძემ იმისთვის, რომ გაბრიელ ეპისკოპოსის მიერ ქართული წიგნების, მშობლიური ენისა და მოსწავლეთა მხარდაჭერის საქმის მნიშვნელობა უფრო ნათელი, რომ გახდეს მოვიყვანთ იაკობ გოგებაშვილის ერთ მეტად საინტერესო მოგონებას: " ყველა შეგნებულმა ქართველმა იცის თუ რა მდიდარი იყო წინა საუკუნეებში სასულიერო ლიტერატურა ჩვენში. მარტო მცხეთის ტაძრის ბიბლიოთეკა იპყრობდა, პლატონ იოსელიანის სიტყვით, შვიდას ტომსა, უმეტეს ნაწილათ სასულიერო შინაარსისა ახლა? ახლა-კი უბრალო კატეხიზმოც არ გვაბადია, თვით მაცხოვრის ცხოვრებასაც ვერ გაიცნობ ვრცლად ქართველი კაცი თავის დედა-ენაზედ და მოკლე უჩებნიკების ამარად ვართ დარჩენილი. ღვთისმეტყველება დოგმატური თუ ზნეობრივი ხომ სანატრელადაც ძნელი გახდა ჩვენს ენაზედა.სასულიერო ყმაწვილობა სემინარიებში მოქცეული იძულებულია ყველა საგანი ისწავლოს უცხო ენაზედ და მოკლებულია შეძლებას

თავისუფალს დროს მაინც იკითხოს ქართულს ენაზედ იგივე საგნები. საერო მწიგნობრობაც ძლიერ ღარიბი გვაქვს. წინა საუკუნეებში მეტაფიზიკიდან დაწყებული ბუნებისმეტყველებამდე ყველა მეცნიერება მოიპოვებოდა ჩვენს ენაზედა, ეხლა-კი მსოფლიო ისტორიას და საზოგადო გეოგრაფიასაც კი დანატრულია ჩვენი ლიტერატურა, რის გამო საერო სასწავლებლების ქართველი მოწაფენი სრულიად მოკლებულნი არიან ღონისძიებას თავის ენაზედ იკითხონ სკოლის გარეთ ისა, რასაც კლასში სწავლობენ მხოლოდ რუსულს ენაზედა. დიდები ხომ კიდევ უარეს მდგომარეობაში ვართ’’ (გოგებაშვილი ,1954:12).

იაკობ გოგებაშვილის ამ მოგონებიდან ძალიან კარგად სჩანს თუ რა რთული მდგომარეობა იყო იმ პერიოდში საქართველოში სწავლა-განათლების მხრივ, ბუნებრივია, ეს მდგომარეობა უარყოფითად აისახებოდა ახალგაზრდების ეროვნულ თვითშეგნებაზე და ამიტომ გაბრიელ ეპისკოპოსის მიერ ქართული წიგნების გამოცემა სტუდენტების სწავლის დაფინანსება და სტიპენდიების დანიშვნა უდაოდ დიდ ნაბიჯად უნდა ჩაითვალოს ქართული ეროვნული ღირებულებების დასაცავად გადადგმულ გზაზე.

გაბრიელ ეპისკოპოსის მოძღვარი იღუმენი გრიგოლ ჩხაიძე იხსენებს ერთ მეტად საინტერესო შემთხვევას: " ერთხელ მიმიხმო ბატონმა და დამავალა წასვლა ბერიძე თერძთან და იმდენი წყვილი საცვალი, (თეთრეული) შემეკერინებინა, რამდენიც ტუსაღი აღმოჩნდებოდა ქუთაისის სატუსაღოსი, მე შევიტყვე ტუსაღთა რიცხვი და იმდენი საცვლები დავამზადე როცა მოვახსენე, რომ მზად იყო ყველაფერი, მაყიდვინა ორი საპალნე, თეთრი პური და საცვლებთან ერთად გამატანა სატუსაღოში, თანაც მიბრძანა, რომ ჩემი ხელით დამერიგებია საცვლები და პური ტუსაღებზე დიდი წვალება გავიარე სატუსაღოში შესვლაზე, ზედამხედველი არ მიშვებდა ყველაფერი გამიჩხრიკეს, როგორც იქნა დამიჯერეს, რომ ეპისკოპოსის გაგზავნილი ვიყავი და შემიშვეს. აუწერელი სიხარული გამეფდა სატუსაღოში საჩუქრის მიღებაზე, შემომესივნენ ტუსაღები და მკოცნიდნენ ხელზე, ჩემი მიტანილი ეგონათ, როცა მე ვარწმუნე, რომ საჩუქარი ჩემგან არ იყო, ჩამაცივდნენ გვითხარი ვინ იყო მათი მწყალობელი, მაგრამ მე გაფრთხილებული ვიყავი არ მეხსენებია მისი სახელი და თხოვნა ვერ დავაკმაყოფილე’’ (კელენჯერიძე, 2006:160-161).

კიდევ უფრო საინტერესოა ერთი რაჭველი გლეხის მოგონება, რომელიც იხსენებს მის ბავშვობაში მომხდარ ფაქტს: " ამ დროს რაჭაში რამდენიმე ეკლესია უნდა ეკურთხებია და პირველად სოფელში მოუხდა მიბრძანება, ეს რომ გაიგო მამაჩემმა ბავშვივით აიჩემა იქ წასვლა ვინათხოვრეთ მეზობლის ხარ-ურემი, ჩავსვით ხვირში სნეული და შევუდექით გზას, სოფელში მივედით წირვა უკვე გაეთავებია დიდებულ მოძღვარს და საყდრის გალავანში მაღლობზე შემდგარი უქადაგებდა ხალხს... ჩვენ მოხერხებულ ალაგზე გავჩერდით მღვდელმთავარმა ადრევე შეგვნიშნა, ურმით რომ მოვედით და ქადაგებას როგორც კი მორჩა, ჩვენსკენ გამოეშურა როცა მოგვიახლოვდა ჩემმა დედ-მამამ ტირილი მორთვეს და მეც ცრემლიან თვალებს ვისრესდი ხელით. ჩვენი ნახვით ყოვლადმოწყალე მღვდელმთავარი მეტად დაღონდა, მაგრამ როდესაც გაიგო ჩვენი გიშერას თავგადასავალი, აგრეთვე მოკანტრახტეების საგმირო საქმენი, მეტად განრისხდა და წამოიძახა "ოჰ! ავაზაკები, ავაზაკები’’? ამ სიტყვების შემდეგ ფიცხელი წერილი მიწერა ეკლესიის აღმშენებელ კომიტეტს რომ საყვარელი გიშერა ჩვენთვის დაებრუნებიათ, აგრეთვე შუთვალა ჩვენი სოფლის მღვდელს: "ცოდვით აშენებულ ეკლესიას მე აღარ ვაკურთხებ და ნუღარც მელითო.’’ ამ ფიცხელი განკარგულების შემდეგ მოგვიბრუნდა მღვდელმთავარი და გვანუგეშა: "ნუ სტირით, თქვე საცოდავებო’’? თქვენი ხარი ისევ თქვენ დაგიბრუნდებათ და არც არავის შეუძლია მისი წართმევა ეკლესიის ფულში, მანამდე კი აი ეს შენ! უთხრა მამაჩემს და თანაც ჩუმად ჩაუდვა ხელში რაღაცა და სხვებთან ერთად გაუდგა გზას.რადგან იმედი მოგვეცა გიშერას დაბრუნებისა ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, აგრეთვე გვიხაროდა ის,რომ მღვდელმთავრის ნაჩუქარი 25 მანეთი ბევრ რასმეში წაგვადგებოდა’’ (კელენჯერიძე, 2006: 161-162).

გაბრიელ ეპისკოპოსისა და ზემოაღნიშნული გლეხის ურთიერთობა ამით არ დასრულებულა,ცნობილია, რომ გაბრიელ ეპისკოპოსს ქონდა ერთი ჩვეულება, წირვის შემდეგ ბავშვებს შეკრიბავდა და ეკითხებოდა ლოცვებს ის ბავშვი რომელიც თავს გამოიჩენდა საჩუქარს აძლევდა ხოლმე, ასე მოხდა როდესაც მეუფე გაბრიელმა ერთ-ერთი წირვის დასრულების შემდეგ შეკრიბა პატარა ბავშვები "მამაო ჩვენოს’’ და "მრწამსის’’ გამოსაკითხად რომელი ბავშვის ნათქვამიც მოეწონებოდა ჯვრებს ჩუქნიდა, ამ შეკრებილ ბავშვებს შორის იყო ზემოაღნიშნული გლეხის შვილი რომელიც მეუფე გაბრიელთან მეორე

შეხვედრას შემდეგნაირად იხსენებს: " პირველ რიგში თავად-აზნაურთა ბავშვები იდგნენ,მე სულ ბოლოდან ვიცქირებოდი, ვხედავდი რაცა ხდებოდა წინა რიგში ზოგს პირჯვარს უწუნებდა, ზოგსაც ლოცვებს, ჯერი მიდგა ჩემზე: "იცი, შვილო, ლოცვები?’’ მკითხა მღვდელმთავარმა ვიცი, მამაო, მიუგე მე და ჩვეულებრივად ჩავარაკრაკე ათი მცნება, "მამაო ჩვენო’’ და "მრწამსი’’ ზედ მივაყოლე. მღვდელმთავარმა თავზე ხელი გადამისვა და მკითხა: "ყოჩაღ, კარგად გცოდია!’’ ამ სიტყვებთან გადმომცა ჯვარი წითელი ლენტით და მკითხა ვისი შვილი ხარ? როცა მოახსენეს ვისი შვილიც ვიყავი რაღაცა მოაგონდა, ღიმილით შემომხედა და მითხრა: "გიშერა როგორ გყავს?’’ მე გამიკვირდა, მარა მაინც პასუხი მივეცი ამ დროს მამაჩემიც მოგვიახლოვდა და მოწიწებით თავი დაუკარი მღვდელმთავარს. მღვდელმთავარმა დაგვიბარა ეკლესიის მახლობლად მცხოვრებ თავადის სახლში ჩვენც მივედით. სადილი მიერთმია და აივანზე დასეირნობდა, როგორც კი დაგვინახა მოგვაძახა: "მოდით ბეჩავებო ახლოს, ნუ მეკრძალებით!’’ შევედით და თავი დაუკარით მიწამდი დაგვაჯინა და უბრძანა სადილის აივანზე მოტანინება ჩვენთვის, რადგან შეგვატო შიმშილი და სისუსტე. ვინემდის სადილს გავათავებდით კრიალოსნით ხელში აქვე დასეირნობდა. ბოლოს მოგვიახლოვდა და უთხრა მამაჩემს: მე მისთვის დაგიბარე, ბეჩავო, რომ კიდევ დაგეხმარო, აგრეთვე, ჩემი სურვილია, რომ ეს ბავშვი გამომიგზავნო ქუთაისში შემოდგომაზე, მე მინდა ჩემს სკოლაში გამოვზარდო, მანამდი აი, გროში, მჭადი უყიდე ბაღნებს!’’ ამ დროს თვალით ანიშნა მსახურს და იმანაც რაღაცა გამოკრული გადმომცა მე.

მადლობა გადავუხადეთ მღვდელმთავარს და წავედით გახარებულები სახლში. მით უფრო, რომ მღვდელმთავრის ნაჩუქარი ორი წყვილი საცვალი და სამი თუმანი ფული ჩვენთვის დიდი დახმარება იყო იმ დროს’’ (კელენჯერიძე, 2006:163).

კაცხის მონასტრის იღუმენი გრიგოლ ჩხაიძე იხსენებს, თუ როგორ ეწეოდა გაბრიელ ეპისკოპოსი გაჭირვებულებს: "დიდ ზამთარში დამარონიებდა შეგირდებს და მცხოვრებლებს შემიტყე ვის უჭირსო, მერე გამატანდა შეშას, ფულს’’ (კელენჯერიძე, 1913:286).

მღვდელი სპირიდონ ჯუღელი იხსენებს, რომ ერთხელ გაბრიელ ეპისკოპოსთან მისულა დიაკვნის ქვრივი, რომელსაც გაბრიელისთვის უთხოვია, რომ ბავშვებისათვის

შემწეობა აღმოეჩინა სწავლაში: "ერთხელ ჩემს საქმეზედ შევედი გაბრიელთან და ამ დროს ვიღაცა დიაკვნის ქვრივი შემოვიდა ტირილით და მოახსენა წვრილი შვილები ვერ ვარჩინე და ორი შვილი კლასიდან უნდა გამოვიყვანო ჯერ უარი უთხრა, მერე ზედამხედველთან დახმარებას დაპირდა. ქალი ეუბნებოდა მანამდი რაღა ვქნა, დღეს საჭმელი რა გვაქვსო და გავიდა ტირილით. გამაგზავნა მომაბრუნებინა დედა-კაცი და სამი თუმანი ჩაუდვა ხელში’’ (კელენჯერიძე, 1913:291).

დეკანოზი გაბრიელ ბერიძე, იხსენებს ერთ მეტად საინტერესო ფაქტს, კერძოდ: თუ როგორ დაეხმარა გაბრიელ ეპისკოპოსი სენაკში სამ გაჭირვებულ დას. როგორც მღვდელი გაბრიელ ბერიძე იხსენებს მეუფე გაბრიელმა ახალსენაკიდან მიიღო წერილი, სადაც ავტორი აღწერდა მისი და მისი დების გაჭირვებულ მდგომარეობას და მეუფე გაბრიელს სთხოვდა დახმარებას. იმერეთის ეპისკოპოს გაბრიელს წერილის მიღებისთანავე გაუგზავნია წერილი ახალ-სენაკის ბოქაულის ახვლედიანისთვის. რომელიც მეუფე გაბრიელის ნათესავი იყო და უთხოვია, რომ მას გაერკვია, თუ ვინ იყო წერილის ავტორი. ახვლედიანმა მეუფე გაბრიელს დეტალურად აცნობა წერილის ავტორის ვინაობა და ეკონომიკური მდგომარეობა, აღმოჩნდა,რომ იმდენად გაჭირვებულები იყვნენ, რომ სახლიც კი არ ჰქონდათ. ახვლედიანის წერილის შემდეგ გაბრიელ ეპისკოპოსმა ბოქაულ იოანე ახვლედიანს მეორედ გაუგზავნა შემდეგი შინაარსის წერილი: "საყვარელო ძმაო იოანა,! გიგზავნი ამასთანავე 100 მანეთს იმ სამთა უბედურთა დებთა შორის მალე გადაეცი, შენც შეეწიე, რაც შეიძლება სახლი მალე შეაკეთონ,რომ ზამთარმა არ მოუსწროს და არ დაეცნენ ორნი მთელნი, რომ არიან. გაფიცებ, რომ არავინ არ შეიტყოს ჩემგან გამოგზავნა ამ ფულისა. იმათაც უთხარი, რომ არავინ არ შეიტყოს, არავის უთხრან და ფულის მიღებისათვის და გადაცემისათვის მომწერა. შენი გაბრიელი ეპისკოპოსი იმერეთისა,1891 წელი 15 ოქტომბერი, შეეწიე მათ, მასალა უყიდე და სხვა’’("ივერია,’’ 1896 №61:4).

გაბრიელ ეპისკოპოსს ქუთაისის ეპარქიაში შექმნილი ჰქონდა სპეციალური კომიტეტები რომლის მთავარ ფუნქციას წარმოადგენდა შეეგროვებინა შეწირულობა რუსეთის სხვადასხვა გუბერნიაში მცხოვრები გაჭირვებული ხალხისათვის.

1891 წლის №18 ჟურნალი "მწყემსი’’ ამასთან დაკავშირებით წერდა: " იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა, თანახმად უწმინდესის სინოდის უკაზისა, განკარგულება მოახდინა,რომ მისი ეპარქიის სხვა-და-სხუა ადგილებში დანიშნულ იქნეს კომიტეტები რუსეთის ზოგიერთი გუბერნიების დამშეულ მკვიდრთა სასარგებლოდ შეწირულებათა შესაკრებელად’’ ("მწყემსი,’’ 1891 №18:12).

გაბრიელ ეპისკოპოსს ქველმოქმედებისა და მეცენატობის შინაარსი ძალიან კარგად ჰქონდა გათვითცნობიერებული, იგი ქველმოქმედების შესახებ წერდა: " მოწყალება უანგარიშო, უსასყიდლო,წრფელი უნდა იყოს და არა პირმოთნეობითი, შესახედავად, განსადიდებლად...” (კიკნაძე, 2009:14). მართლაც მეუფე გაბრიელი მთელი თავისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის დროს ყოველთვის ისე აკეთებდა ქველმოქმედებასა და მეცენატობას, პირუთვნელად და ამით სახელის მოხვეჭისაგან ძალიან შორს იდგა, ამიტომაც გაბრიელ ეპისკოპოსის ბრძოლა ეროვნული ღირებულებების დასაცავად გულწრფელი და სამშობლოს დიდი სიყვარულით ნასაზრდოები იყო.

3.3 §3. გაბრიელ ეპისკოპოსის მოღვაწეობის ბოლო წლები

▲ზევით დაბრუნება


§3. გაბრიელ ეპისკოპოსის მოღვაწეობის ბოლო წლები

გაბრიელ ეპისკოპოსს ჯერ კიდევ პეტერბურგში ყოფნის დროს შეეყარა მეტად მძიმე ავადმყოფობა, რომელმაც მთელი ცხოვრება არ მოასვენა, მართალია, მეუფე გაბრიელი მეტად უფრთხილდებოდა ამ ვერაგ დაავადებას, მაგრამ სიბერეში მეტად გაუმიზეზდა, ამას ისიც დაემატა, რომ ეპისკოპოსს ხშირად სისხლი სდიოდა ცხვირიდან, რამაც მეტად დაასუსტდა.

გაბრიელ ეპისკოპოსის მხლებლები ნერვიულობდნენ მეუფე გაბრიელის სისუსტით, მათ შეძლეს ეპისკოპოსი დაერწმუნებინათ რაჭაში წასვლაზე, რადგანაც ფიქრობდნენ, რომ ჰაერის გამოცვლა მეუფე გაბრიელს უშველიდა. სამწუხაროდ, ვერც რაჭის ჰაერმა უშველა მღვდელმთავარს, რის შემდეგაც წმინდა სინოდს სასწრაფოდ მიწერეს წერილი და ითხოვეს, რომ მეუფე გაბრიელისათვის ორი თვიანი შვებულება მიეცათ, რათა სამკურნალოდ ბორჯომში წასულიყო, წმინდა სინოდმა გაბრიელ ეპისკოპოსს თანხმობა მისცა და იგი გაემგზავრა ბორჯომში, სადაც უკეთ შეიქნა მაგრამ ეპისკოპოსი გაბრიელი ბორჯომში დიდხანს არ გაჩერებულა. მისი დაჟინებული მოთხოვნით წაიყვანეს ქუთაისში. სადაც უფრო დამძიმდა მისი მდგომარეობა. 1896 წლის 19 იანვარს მეუფე გაბრიელს გონება

დაკარგა, ყველა ხვდებოდა იმას ,რომ იმერეთის ეპისკოპოსი გაბრიელი თავისი სიცოცხლის უკანასკნელ დღეებს ითვლიდა და მართლაც 25 იანვარს მისი მაღალ ყოვლადუსამღვდელოესობა გარდაიცვალა და ქართულმა საზოგადოებამ კიდევ ერთი დიდი მამულიშვილი დაკარგა. გაბრიელ ეპისკოპოსის გარდაცვალება დაემთხვა ქუთაისში საშინელ ზამთარს, თოვლი იმდენად დიდი მოვიდა, რომ გადაადგილება ფაქტობრივად შეუძლებელი იყო, ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ გაბრიელ ეპისკოპოსი დაეკრძალათ 10 მარტს რათა ქართულ საზოგადოებას ღირსეული პატივი მიეგო საყვარელი მღვდელმთავრისათვის.

ქუთაისში წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის დაკრძალვის ორგანიზებისათვის შეიქმნა სპეციალური საგანგებო კომიტეტი.

საგანგებო კომიტეტმა შეიმუშავა და განიხილა ყველა ის დეტალი, რომელიც საჭირო იქნებოდა დაკრძალვის დღისთვის: " 1. 10 მარტს დღის 7 საათზე დაიწყება ყველა ეკლესიებზე სამგლოვიარო რეკვა, ხოლო 8 საათზე იქნება გამოსვენება ცხედრისა (საკრებულო ტაძრიდან) პროცესია დაიძვრის რკინიგზის სადგურისაკენ ალექსანდრეს, ნემცის და თბილისის ქუჩით. 2. წინ წავა ფარები, სანთლები, კუბოს თავი, დროშები და დიდი ჯვარი. 3. შემდეგ დეპუტაციები ქუთაისის გუბერნიისა. 4. დეპუტაციები სხვა გუბერნიისა. 5. სხვა სარწმუნოებათა სამღვდელოება. 6. მგალობელთა გუნდი: სათავად- აზნაურო სკოლისა(ახლა რომ ღიმნაზიაა), სამოქალაქო სასწავლებლისა სავაჟო გემნაზიისა, წმინდა ნინოს სასწავლებლისა, სასულიერო სემინარიისა და არქიელის გუნდი. 7. სხვა ქრისტიანთა სასულიერო წოდება. 8. მართმადიდებელი სარწმუნოების სასულიერო წოდება. 9. ცხედარი, ჯვრის სანთლები, სამწერობლები, კვერთხი, ბარტყულა. 10. მიცვალებულის ნათესავები. 11. უმაღლესი წოდება, ინტელიგენცია, ღენერალიტეტი, თავად -აზნაურთა წინამძღოლნი, ქალაქის მოურავები, კერძო დაწესებულებათა უფროსები და მანდილოსნები. 12. სხვა გუბერნიის თავადაზნაურობა. 13. ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურები. ქ.ქუთაისის დაწესებულებათა წარმომადგენელნი მოხელენი, ხმოსნები, მოურავებითურთ. 14. ამქრები მამასახლისით. 15. სოფლების წარმომადგენელნი. 16. დანარჩენი საზოგადოება. 17. მოსწავლენი: ეპარქიის საქალებო სასწავლებლისა, ქალთა უფასო სკოლისა, წმინდა ნინოს სასწავლებლისა, სავაჟო ღიმნაზიისა, პროღიმნაზიისა,

სათავად-აზნაურო სკოლისა სამოქალაქო სასწავლებლისა, სამეურნეო სკოლისა, სასულიერო სემინარიისა და სასწავლებლისა, ტაძრიდან სადგურამდი ორ რიგად. 18. ქუთაისის გარნიზონი ორ რიგად. 19. სადგურიდან ცხედარი ღია მატარებლით, მოწამეთის ბაქანზე მცირე პანაშვიდი. 20. გელათის სადგურიდან პროცესია ისევ ისე იწყობა, როგორც ქუთაისის სადგურამდე. 21. გელათში წირვა და წესი აგება’’ (კელენჯერიძე, 1913:235,236) .

1896 წლის 10 მარტს დილით ადრიანად წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის ნეშთი გამოასვენეს, პროცესიას წინ მიუძღვოდა ეგზარქოსი ვლადიმერი, ეპისკოპოსები: გრიგოლ და ბესარიონ დადიანები, ქუთაისის თავადაზნაურების წინამძღოლი თავადი სოსიკო წერეთელი, ბათუმის ქალაქის თავი ლუარსაბ ასათიანი და სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები.

პროცესია დაიძრა ჯერ მოწამეთას მონასტრისაკენ შემდეგ გელათისაკენ, სადაც წირვა აღესრულა, წესი, მეუფე გაბრიელს აუგო საქართველოს ეგზარქოსმა ვლადიმერმა, რომელმაც შემდეგი სიტყვები წარმოთქვა: "შენთან სამსახური დიდიხანს არ მომიხდა, განსვენებულო თანამოძმეო, ერთს და იმავე სარბიელზე,მაგრამ მოკლე დროის განმავლობაში არ შეიძლებოდა შემენიშნა თუ ყოველივე საქმეს როგორ დაუღალავად აკათებდი, მის მიუხედავად რომ მოხუცი იყავი, შენ თვით პირდაპირ განიცდიდი ყოველივეს და არც ერთი საქმე ისე არ გაგიკეთებია, რომ პირადად არ განგეხილა ბრძნულად, მოუდგომელად არ გადაგეწყვიტა... მაგრამ არა მხოლოდ ერთს თვის ზნეობითს ძალებს სწირავდი შენი სამწყსოს სასარგებლოდ არამედ მასვე სწირავდი ნივთიერ საშუალებასაც, შენ ნამდვილ ბერულებრ სცხოვრობდი, ზომიერად სადა და შენი საშუალების უმეტეს ნაწილს საქველმოქმედო საქმეებს სწირავდი. რომელს კეთილ საქმეშიც ზნეობრივი მონაწილეობა არ მიგიღია და მისთვის მიგიძღვნია საკმაო ნივთიერი შემწეობა?! ნახევარი საუკუნის განმავლობაში თვალყურს ადევნებდი საქართველოში სასულიერო ცხოვრებასა და კარგად შეიგნე მისი ურიცხვნი საჭიროებანი და დაინახე, რომ მის შორის სიღარიბე და შეუწევნელი სიობლე არანაკლებ არიან საგრძნობელნი, ვინემ ყოველს სხვა წოდებაში, და შენის მღვდელმთავრულის მზრუნველობის მეოხებით იმერეთის ეპარქიის სასწავლებელი განიცდიან კეთილმდგომარეობას და კეთილწესიერებას.

ეგზარქოსის ეს სიტყვა 1897 წელს ქართულად ითარგმნა და ქართული საზოგადოება ვრცლად გაეცნო ეგზარქოსის გამოსათხოვარ სიტყვას. ამის სესახებ გაზეთი "ცნობის ფურცელი’’ წერდა: " 26 იანვარს ქაშუეთის ეკლესიაში ყოვლად სამღვდელო გაბრიელის სულის მოსახსენებლად პანაშვიდის შემდეგ დამსწრეთ დაურიგდათ ცალკე დაბეჭდილი სიტყვა მისი მაღალ-ყოვლადსამღვდელოესობის უწმინდესის სინოდის წევრის საქართველოს ეგზარქოსისა,თქმული შარშან გაბრიელის დასაფლავებაზე-ამ მჭერმეტყველურმა და უაღრესის გრძნობით და გულწრფელობით წარმოთქმულმა სიტყვამ თავისს დროზედ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მაყურებელზე. მხოლოდ სამწუხარო ის იყო, რომ უმეტესობას არ შეეძლო ამ სიტყვის გაგება ენის უცოდინარობის გამო, ამიტომ მისი ქართულად თარგმნა და ისიც ცალკე წიგნად მიწოდება საზოგადოებისათვის სწორედ ამ დღის შესაფერი იყო, ამ სიტყვით ქართულ საზოგადოებას შეუძლია ერთხელ მეტად თვალ-წინ დაიყენოს ნეტარი სახე თვისის ძვირფასის მწყემს-მთავრისა, რომელზედაც მისი მაღალ-ყოვლად უსამღვდელოესობის ექსარხოსი ვლადიმერი სამართლიანად ბრძანებს, რომ გაბრიელი იყო: "თვისი სამწყსოსთვის ჭეშმარიტად ხე კეთილი ჩრდილოვან- ფოთლოვანი, მრავალ ნაყოფიერი და კეთილ-ნაყოფიერი:; და აჰა, როდესაც ყოვლად შემუსვრელმან ხელმან სიკვდილისამ მოჰკვეთა ასეთი ხე, ნუ თუ შეუძლიათ მოითმინონ უმწუხაროდ და უცრემლოდ ასეთი დანაკლისი იმით, რომელიც ოც-და-ხუთმეტი წლის განმავლობაში სცხოვრობდნენ ამ ხის ჩრდილ ქვეშ და სჭამდნენ მის მშვენიერის ნაყოფსა?!’’ სიტყვა მშვენიერის ქართულის ენით თარგმნილია ტფილისის სასულიერო სემინარიის მასწავლებლის ილია ფერაძის მიერ, მხოლოდ სამწუხარო ის იყო, რომ ყველას არ გაწვდა ეს წიგნაკი. სასურველია, ხელახლა საკმაოდ დაიბეჭდოს და ნეტარ-ხსენებულის დასაფლავების წლის თავზე დაურიგდეს მლოცველებს’’ ("ცნობის ფურცელი,’’ 1897. №100:2).

ეგზარქოსი ვლადიმირის შემდეგ გამოსათხოვარი სიტყვა წარმოთქვა გელათის მონასტერში ეპისკოპოსმა გრიგოლ დადიანმა: " სიტყვით წმინდაო, საქმით წმინდაო, ცხოვრებით წმინდაო, შენ სიკვდილითაც დაამოწმე შენი კეთილი კაცობა მით, რომელ სხვათა და სხვათა კეთილ საქმეთა შესწირე ყოველი შენი ქონება.

ნეტარ ხარ შენ მოძღვარო, რამეთუ ადგილი განსვენებული მიგელის შენ” (კელენჯერიძე, 1913: 251,252).

გელათის მონასტერში წმინდა მღვდელმთავარ გაბრიელს გარდა სასულიერო წოდების იერარქებისა გამოეთხოვნენ ქართველი საზოგადო მოღვაწენიც, ამ მხრივ განსაკუთრებით საინტერესოა ილია ჭავჭავაძის გამოსათხოვარი სიტყვა: "არ ვიცი ამდენს მშვენივრად თქმულ სიტყვების შემდეგ რა მოგახსენოთ ისეთი,რომ თქვენთვის ახალი იყოს თუნდ ეგეც არ იყოს, ზოგი იმისთანა კაცია, რომ, რაც გინდ ბევრი ისურვოთ, ვერას იტყვით, რადგანაც არაა აქვს რა ღირსი თქმისა და ზოგი იმისთანა,რომ სათქმელი ძღვაა და ან უღონოდ ვგრძნობთ თავსა მის თვალ-გადაუწვდენელს კიდეებს ერთბაშად თვალი გადავაწვდინოდ მთლად ან უკლებლივ,ან არვიცით რომელ მხრიდან დიდებული სანახავია ამისთანაა იგი, რომელსაც დღეს დავტირით.

დიაღ,ბატონებო, დღეს სამუდამოდ ვეთხოვებით იმისთანა დიდ ბუნებოვან კაცს,რომელსაც ღმერთი მოუვლენს ხოლმე ამ ცოდვილს ქვეყანას,რომ ადამიანმა მისის მიხედვით და მაგალითით შესძლოს საკუთარის ზნისა და ხასიათის გაწვრთნა და განმტკიცება. "ნეტავი იმასაო, ამბობს ერთი ძველად-ძველი ბრძენი: ვინც არამც თუ ჩვენთან ყოფნით გვრწუთვნის ჩვენ, არამედ მარტო თავისის სახელის ხსენებითაცაო.’’ აი ჩვენს წინაშე მდებარეა იგი მადლით მოსილი კაცი, რომლის მარტო სახელის ხსენებაც კი გვწურთნის ჩვენ-საკმაოა კაცმა გაიხსენოს მარტო სახელი გაბრიელ ეპისკოპოსისა,რომ გულში მადლი ჩაეფინოს, ვითარცა მზის შუქი.

თვითოეული წამი მისი ცხოვრებისა მოღვრებისა, მაგალითია, ანდერძია ჩვენთვის და ჩვენის ქვეყნისათვის, ერთად კი მთელი მისი ცხოვრება ერთი დიდი სკოლაა მაღალ სათნოებისა და სიყვარულისა, მართლისა და ჭეშმარიტებისა, მადლისა და მოწყალებისა. მე ამაზე ბევრს არას ვიტყვი, რადგანაც ბევრი უკვე ითქვა და ბევრსაც კიდევ იტყვის შთამომავლობა, რომელიც ამ საისტორიო კაცს განიკითხავს თავისის სამართლიანის განკითხვითა.

მე მსურს მხოლოდ აქ აღვნიშნო ერთი იმისთანა მხარე ამ დიდებულ კაცისა,რომელშიაც არის, ჩემის ფიქრით,სხვათა მრავალთა შორის ერთი მისი დიდი მნიშვნელობაც, მე არ ვიცი იმისთანა სხვა კაცი,-საერო თუ სამღვდელო,-რომლის გულშიაც

მომეტებულს მშვიდობას-ყოფითი, მომეტებულის დაძმობით ერთად დაბინავებულიყოს სამოქმედოდ მეცნიერება და სარწმუნოება. განსვენებული ღრმად მიწევნილი მეცნიერი იყო და იმდენადვე ღრმად მორწმუნეცა. აქ არის, ჩემის ფიქრით, მისი აღმატებულობა,მისი მნიშვნელობა არამც თუ მარტო ჩვენთვის, სხვისთვისაც, რადგანაც ბევრსა ჰგონია, რომ მეცნიერება და სარწმუნოება ერთმანეთში მოურიგებელნი და მოუთავსებელნი არიანო. იგია მაგალითი ამ მორიგებისა და მოთავსებისა.’’ (კელენჯერიძე 2006:231-232)

ქართველმა სტუდენტებმა რომლებიც დახმარებას იღებდნენ იმერეთის ეპისკოპოსისაგან პეტერბურგში წმინდა ეპისკოპოსის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს, ამის შესახებ გაზეთი "ივერია’’ წერს: " 10 მარტს, განსვენებულის ეპისკოპოსის გაბრიელის გვამის გელათის მონასტერში გადასვენების და დაკრძალვის დღეს ქართველი სტუდენტების თაოსნობით გარდახდილ იქნა პანაშვიდი სახელმწიფო კანტრალიორის ეკლესიაში, რომელზედაც დაესწრენ ქართველი სტუდენტები. სახელმწიფო კანტრალიორი დ.ტ.ს.ტ.ი ფილიპოვი, პროფესორი ალექსანდრე ცაგარელი, ნ.ი. ნიკოლაძე, თავადი ი. ნაკაშიძე და სხვანი მრავალნი განსვენებული ეპისკოპოსის პატივის მცემელნი.

ამ დღეს პანაშვიდი იყო გადახდილი სასულიერო აკადემიის ეკლესიაში’’("ივერია,’’ 1896 №65:1).

1896 წლის 4 თებერვალს ქალაქ ყარსში გაბრიელ ეპისკოპოსს გადაუხადეს პანაშვიდი, რომელსაც ესწრებოდნენ, როგორც ქართველები ასევე სომხებიც, უფრო მეტიც მღვდელ ზაქარია ლუკიანიშვილის სიტყვის შემდეგ გამოვიდა სომეხი არქიმანდრიტი(გვარად მურადიანი) " თქვენთან ერთად დიდად გულწრფელად ვწუხვარ იმისთანა მღვდელ-მთავარისა და მამულიშვილის დაკარგვას, როგორიც აწ განსვენებული გაბრიელი იყო. ვისურვებ,რომ გიმრავლოთ გაბრიელისთანა მოძღვარნი ყოვლად მოწყალემ’’ ("ივერია,’’1896 №33:1).

1897 წელს გაბრიელ ეპისკოპოსის გარდაცვალების წლისთავზე გურიაში გადაიხადეს პანაშვიდი, რომელიც ყველა სხვაგან გადახდილი პანაშვიდებისაგან იმით განსხვავდებოდა, რომ ღარიბმა და გაჭირვებულმა ხალხმა, იმ ხალხმა რომელთაც მთელი ცხოვრება ეწეოდა მეუფე გაბრიელი მადლიერების ნიშნად მიუძღვნეს ძალიან გულთბილი სიტყვები: " ჩვენი საკითხი მხოლოდ ის არის, თუ ამ პატარა, შევიწროვებულმა ღარიბმა საზოგადოებამ, რითა ვცეთ პატივი ჩვენთვის დაუვიწყარ მღვდელმთავრის სახელს?

ჩვენ არ შეგვიძლია, რადგან საშუალება ხელთ არ გვაქვს, მივყვეთ სხვების მაგალითს და დავაარსოთ რაიმე საზოგადო საქმე მის სახელზედ. აგრეთვე არ შეგვიძლია ყოველ- წლობით დავესწრათ გელათის მონასტერში წირვაზე თუ პანაშვიდზე მის სულის მოსახსენებლად და მუხლი მოვიდრიკოთ მისი წმინდა საფლავის წინაშე, ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია დავიდოთ სავალდებულოთ, რომ ყოველ წლობით შევკრებთ ერთ-ერთს ალაგას და ვილოცოთ რათა უფალმა დააწესოს სული მისი იქ, სადაც არ არის ჭირი, არცა მწუხარება არც ურვა, არცა სულთქმა, არამედ სიხარული და ცხოვრება იგი დაუსრულებელი ’’("ცნობის ფურცელი,’’ 1897 №122:3).

გაბრიელ ეპისკოპოსის გარდაცვალების შემდეგ ქუთაისის სასულიერო სემინარიაში გადაწყდა, რომ დაარსებულიყო ორი სტიპენდია განსვენებული ეპისკოპოსის სახელზე: " სასულიერო მთავრობის ნებართვით შესდგა კომიტეტი განსვენებულის იმერეთის ეპისკოპოსის გაბრიელის სახელზედ. სემინარიაში სტიპენდიის (1 ან 2-ის) დაარსებისათვის, კერძოდ შეწირულობათა საჭირო ფონდის შესაკრებელთა. კომიტეტი მოიწვევს ყოველთა, რომელთაც არა ხოლო სიტყვით, არამედ საქმითაც სურთ დაამტკიცონ, რომ მათ გულში ცხოველ არს ხსოვნა და პატივისცემა ამ დაუვიწყარი მოძღვართ- მოძღვრისადმი, შემოიტანონ თავისი წვლილი ამ წმინდა საქმისათვის. შემოწირულებათა რაოდენობა შემომწირველთა სიითურთ გამოცხადებული იქნება თავ-თავის დროზე ადგილობრივ გაზეთებში’’("ივერია,’’ 1896 №42:1). როგორც ჩანს, გაზეთ ივერიაში გამოქვეყნებულმა ამ სტატიამ თავისი შედეგი გამოიღო და გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სტიპენდიის დასაარსებლად შემოწირულობა შევიდა კომიტეტში.

1896 წლის გაზეთმა "ივერიამ’’ (№52) გამოაქვეყნა იმ პირთა სია, რომლებმაც გაიღეს სასტიპენდიო შემოწირულობა. " ქუთაისის საკათედრო საბორის კრებულთაგან დეკანოზის გაბრიელ ცაგარეიშვილის მიერ 25 მანეთი, მისი მეუღლის ოლიმპიადა თედორეს ასულის მიერ 5 მანეთი, დეკანოზის იოსებ კიკაჩეიშვილის მიერ 10 მანეთი, დეკანოზის იოსებ წელიშვილის მიერ 20 მანეთი. მღვდელი ნესტორ შვანგირაძისაგან 10 მანეთი, არქიდიაკვნის იოსებ შარაბიძისაგან 10 მანეთი,დიაკვნის ტიმოთე მესხისაგან და  ვ.მ. დიაკვნის ისიდორე სვანიძისაგან 5 მანეთი, იპოდიაჩოქის ივლიანე წერეთლისაგან 5 მანეთი, იპოდიაჩოქის მარკოზ სხირტლაძისაგან 15 მანეთი, მედავითნის ონიფანტე ჭიპაშვილისაგან 2 მანეთი, მედავითნის თომა დემეტრაშვილისაგან 2 მანეთი, პონომარის ბესარიონ კუხიანიძისაგან 1 მანეთი, პონომარის ირაკლი კოკელაძისაგან 1 მანეთი, პონომარის იოაკინთე კანდელაკისაგან 1 მანეთი, პონომარის ანდრია ადამიასაგან 1 მანეთი და სობოროს მნათის დიმიტრი ნაიტაკისაგან 4 მანეთი, სულ 120 მანეთი’’("ივერია,’’ 1896.  №52:4).

ქართული საზოგადოება გაბრიელ ეპისკოპოსს ღირსეულად გამოემშვიდობა მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ, არსებობდნენ ისეთი ადამიანები და ორგანიზაციები როგორებიც იყვნენ, ილია ხონელი და გაზეტი "კავკაზი,’’ რომლებიც გაბრიელ ეპისკოპოსის პიროვნებაზე ჩდილის მიყენებას ცდილობდნენ.

ილია ხონელმა (ფსევდონიმი) გაზეთ "კავკაზში’’ გამოაქვეყნა ნეკროლოგი, სადაც იგი გაბრიელ ეპისკოპოსს შემდეგნაირად ახასიათებს: " გაბრიელ ეპისკოპოსი,-პირი ყოვლად განათლებული თავისი დროის შესაფერისად, ჩინებული პედაგოგი გასაოცარი ორატორი, ვერ იყო ადმინისტრატორი... ამისთვის მას აკლდა ის სულის სიმშვიდე, ბუნების თანაბრობა, ის პირუთვნელობა თვისი-თვისა და სხვათადმი, რაიც კაცს სიფრთხილეს აჩვევს... თითქმის შეუძლებლათ მიაჩნდათ მასთან საქმის დაჭერა ძალიან მძიმე ხასიათის გამო. მისი მკაცრი ხასიათი წინააღმდეგობას ვერ იტანდა და ხშირად იქცეოდა ისე, რომ სამართლიანათ ეწეოდა მას სახელი "მებრძოლი ბერისა, ის ყველაზე ეჭვიანობდა, ყველას ერჩოდა, ყველასთან საომარ ფეხზე იდგა’’ (ნიკოლეიშვილი, 1990:23).

ბუნებრივია, დაიბადება კითხვა, იმასთან დაკავშირებით, თუ რა იყო მიზეზი იმისა,რომ ასეთ შესანიშნავ საზოგადო მოღვაწეს რომელიც დღენიადაგ გადამკვდარი იყო ქართული ეროვნული ღირებულებების დაცვა-განმტკიცებას ასე ახასიათებდნენ. გასაგებია ის,რომ რუს მოხელეებს ეწარმოებინათ მეუფე გაბრიელის სახელის ხელყოფა, მაგრამ როდესაც ქართველი ჩადის ამ საშინელ ბარბაროსობას სრულიად გაუგებარია?

იმისათვის, რომ ზემოაღნიშნულ კითხვას პასუხი გაეცეს ვფიქრობთ, საჭიროა გავიხსენოთ ის მძიმე პერიოდი, როდესაც მეუფე გაბრიელს მოუხდა მოღვაწეობა,ეს ის დროა როდესაც სამღვდელოებაში გავრცელებული იყო ანგარება, მექრთამეობა, და ყველა

ის ქმედება რომლებიც არათუ სასულიერო პირს, არამედ რიგითი ქრისტიანსაც კი არ შეშვენოდა. ბუნებრივია, ამას მეუფე გაბრიელი არ შეეგუებოდა და ეს ასეც იყო, გავიხსენოთ მისი საუბარი სამეგრელოს მღვდელმთავარ გრიგოლ დადიანთან (ამ პერიოდში გრიგოლ დადიანის მექრთამეობაზე ლაპარაკობდა მთელი საქართველო), რომელსაც ექვთიმე თაყაიშვილი იხსენებს: " სამეგრელოს ეპისკოპოსს გრიგოლს გაბრიელთან საუბრის დროს არათუ უარყვია მის მიმართ არსებული ბრალდებები, არამედ სწყენია კიდეც, მეც ისეთივე მღვდელმთავარი ვარ როგორც თქვენ და ასეთი ამბავი ჩვენს შორის არ ეგებისო, რაზეც მეუფე გაბრიელს უპასუხია, მართალია მღვდელმთავარი კი ხართ,მაგრამ პავლე მოციქული ამბობს ვამხილოთ ერთმანეთიო’’ (თაყაიშვილი, 1968:135). ამ მოგონებიდან ნათლად ჩანს მიზეზი იმისა, თუ რატომ დაუპირისპირდნენ იმერეთის ეპისკოპოსს არა მარტო სიცოცხლეში არამედ გარდაცვალების შემდეგაც. ბუნებრივია, ადამიანს როდესაც საჯაროდ,ამხელ მას ეს არ მოეწონება.

რაც შეეხება ილია ხონელის წერილს, რომელიც ნეკროლოგის სახით გამოაქვეყნდა გაზეთ "კავკაზში,’’ ნაკარნახები იყო წმინდა ადამიანური სისუსტით, რადგანაც მან იმერეთის ეპისკოპოსს ვერ აპატია აპატია თავის მამასთან დაძაბული ურთიერთობა და ამ ნეკროლოგით სამაგიერო გადაუხადა ნეტარხსენებულს.

ქართული საზოგადოება აქტიურად გამოვიდა გაზეთ "კავკაზისა’’ და ილია ხონელის, წინააღმდეგ განსაკუთრებით გამოირჩეოდა გაზეთი "ივერია” და მისი დამაარსებელი ილია ჭავჭავაძე, რომელმაც ძალიან შინაარსიანი წერილი გამოაქვეყნა: " ვაი, რომ,ჯერ როცა ამისთანა კაცი საფლავში არ ჩაგვისვენებია, როცა მისი წმინდა გვამი თითქოს არც კი გაცივებულა, ჩვენი რუსული გაზეთი "კავკაზი’’ გვიგინებს მიცვალებულსა, მთელის საქართველოს წმინდა ცრემლში ურევს უწმინდურს დორბლს, ილია ხონელისას და ზედ აყრის ჯერ არ გაცივებულს გვამს’’ (ნიკოლეიშვილი, 1990:24).

1896 წლის 8 თებერვალს (№29-ში) გაზეთმა "ივერიამ’’ გამოაქვეყნა სტატია გაბრიელ ეპისკოპოსის გარდაცვალების გამო რუსული ჟურნალ-გაზეთების გულგრილობის შესახებ:

"აწ განსვენებულის ეპისკოპოსის გაბრიელის გარდაცვალების ამბავს ადგილობრივი რუსული გაზეთები მეტად უცნაურად მიეგებნენ. ერთმა გაზეთმა მხოლოდ "ახალ ამბად’’ აუწყა თავის მკითხველთ ეს გარემოება, ნეკროლოგს კი არ ვბეჭდავთ, რადგან გაბრიელის შესახებ წინა წლებშიდაც ვსთქვით ყოვლისფერი; მეორე გაზეთიც თითქმის ასევე მოიქცა; მესამემაც გამოაცხადა-ნეკროლოგი შემდეგისთვის გარდაგვიდვიაო (ნეტავი სრულიადაც არ დაებეჭდათ!) რუსეთის დეპეშათა სააგენტოს ტფილისის აგენტმა ხომ ჩვეულებრივად არ სცნო ქართველთ სავალალო საქმე საყურადღებოდ!... უყურადღებოდ დატოვებას კიდევ თქვენი ჭირი წაუღია. უბედურება ის არის, რომ ცილისწამებასა და უადგილო, უზრდელ, ურიგო, როშვასაც დაუთმო თავისი ფურცლები ერთმა მათგანმა ოფიციალურად "კავკაზმა’’ შესანიშნავის ქართველის დაფასება მიანდო ადამიანს, რომლისთვისაც არ არსებობს არავითარი წმინდათა წმინდა! ამ ვაჟ ბატონმა არ მიაქცია ყურადღება არც დროს, არც ქართველთ საერთო გლოვასა და ჯავრს და წაბილწა რიგიანად დაწყებული თვისი წერილი ბატონი ხონელი ამტკიცებს, რომ განსვენებულს დესპოტური ხასიათი ჰქონდაო, რომ მას არ შეეძლო პირუთვნელად, მიუდგომელად მიპყრობოდა სხვებსაც, რომ მასთან საქმის დაჭერა შეუძლებელი იყოო, წინააღმდეგ აზრს არ ითმენდაო, ყველას ეჭვის თვალით უყურებდა, ყველას ეომებოდა და სხვა და სხვა. ჩვენ რასაკვირველია, პოლემიკაში არ გამოუდგებით ილია ხონელს. ჯერ არ არის ამის დრო ჩვენ გვინდა ავღნიშნოთ მხოლოდ, რა ურიგობაა ამგვარი სიტყვების წამოროშვა და დაუსებუთებლად, აუწონ-დაუწოვნელად მაშინ, როდესაც განსვენებული ჯერ არ დაუსაფლავებიათ, მაშინ როდესაც მთელი ქართველი ერი გულ-წრფელად გლოვს და სწუხს დაუვიწყარის მღვდელმთავრის დაკარგვას!’’ ("ივერია,’’ 1896 №29:3).

იმავე წელს "ივერიამ’’ გამოაქვეყნა მეორე წერილი:"იგი დესპოტურის ბუნებისაც ყოფილა და ამის გამო ისეთი რაღაცეები ჩაუდენია დაერქვაო "მაჩხუბარი, თუ მეომარი ბერმონაზონი’’ არც ეს აკმარა "კავკაზმა’’ ყველას ეჭვის თვალით უყურებდა, ყველას ზედ მიესეოდა თუ გამოეკიდებოდაო, ყველასთან საომარ ფეხზე იდგაო, ესე იგი, ყველას ეჩხუბებოდაო, და სხვანი და სხვანი.

საბუთები, საბუთები!... ბატონო რედაქტორო! ყოველ ამაზე საბუთი გვიჩვენე, საბუთი! უსაბუთოდ ვერ გადაგაქელვებინებთ ამისთანა კაცს, ვერ გაგაუპატიურებინებთ გრძნობას საკუთარის ღირსებისას მთელს საქართველოსას.

ეგ კაცი ჩვენი სახელი იყო და არის, ჩვენი ღირსება იყო, არის და იქნება კიდეც ვიდრე ქვეყანაზე სიტყვა "სამართალი’’ არ გაუქმდება ისე როგორც გაუქმებია იგი თქვენს საყვარელს ილია ხონელს, რომლის პირითაც მოგვდგომიხართ და საყვარელს მკვდარსაც არ გვამარხვინებთ შაუგინებლათ. აქ ან საბუთი ან ბოდიში!... სხავა არა არა დააწყნარებს აღშფოთებულს გულს პატიოსანის კაცისას.

რაც გინდა იფიქროს "კავკაზმა’’ ჩვენ კი არავის არ შევაგინებიებთ იმისთანა კაცს, როგორიც ჩვენდა სასახელოდ და სასიქადულოდ მოგვივლინა ღმერთმა და აწ წაგვართვა და რომელიც მიჩნეულია უკეთეს მღვდელ-მთავრად არამც თუ ჩვენში არამედ ბევრგან სხვაგან” ("ივერია,’’ 1896 №32:1,2).

3.4 §4. გაბრიელ ეპისკოპოსის ანდერძი

▲ზევით დაბრუნება


§4. გაბრიელ ეპისკოპოსის ანდერძი

გაბრიელ ეპისკოპოსმა გარდაცვალებამდე რამდენიმე წლით ადრე დაწერა ანდერძი,სადაც იგი დეტალურად აღწერს თავისი გარდაცვალების შემდეგ ვის რა უნდა გადაეცეს. " ანდერძი ქონებისა და ფულების შესახებ, რაც სიკვდილის შემდეგ დამრჩება არ რაი ჩემი,ყოველივე ღვთისა არს.’’

"წმ.ხატებში ორი, მაცხოვრისა და ღვთისმშობლისა, მოჭედილები, დაიკიდოს ჩემი საფლავის თავზე კედელზე გაუქრობელი ლამპრით, რომელიც ახლაც მათ წინ ანთია, სხვა ხატები, აგრეთვე საეკლესიო წიგნებიც, როგორც სლავიანური, აგრეთვე ქარტული გაგზავნილ იქნას სოფელ ბახვის ეკლესიაში.

ძვირფასი პანაღია, ხელმწიფე იმპერატორის მიერ ბოძებული ჩემზე, აგრეთვე ძვირფასი საარქიმანდრიტო ჯვარი, რომელსაც მე ღვთისმსახურებაზე ვატარებდი, ბრილიანტებით შემკული, შემიწირავს ქუთაისის საკათედრო ტაძრისათვის. მეორე პანაღია, რომელიც უკეთესი იქნება, მიერთვას უპირატეს მღვდელმთავარსს, რომელიც დაესწრება ჩემ წესის აგებაზე, გარდა ფულით შესაფერი დაჯილდოვებისა შრომისათვის. მესამე პანაღია მიერთვას მეორე მღვდელმთავარს, თუ ასეთი დაესწრება მაშინ, ფულით საჩუქართან ერთად: და თუ არ დაესწრება მეორე ეპისკოპოსი, პანაღია გადაეცეს იმავე ქუთაისის საკრებულო ტაძარს,თუ ჩემ შემდეგ დარჩება გვარიანად ახალი ანაფორები და კაბები,ებოძოს ისინი სასულიერო მსახურთ: არქიმანდრიტებს, დეკანოზებს და მთავარდიაკვნებს ფულით საჩუქართან ერთად. დანარჩენ დაბალ წევრებს კრებულისას კი ფულით საჩუქარი დანარჩენი, არა ძვირფასი სხვადასხვა სასწავლებლის ღარიბ მოწაფეებს, მაგრამ, ვგრძნობდი რა, რომ ასეთი დახმარება არის დროებითი და შემთხვევითი, მე ვცდილობდი აგრეთვე შემედგინა თანხა, რათა მისი სარგებელი მუდამ მოხმარებოდა ღარიბებს. აქედან ვუტოვებ ქვემორე აღნიშნულ სასწავლებელს და საქველმოქმედო საზოგადოებას:

1. შენახული ქუთაისის სათავად-აზნაურო საადგილ-მამულო ბანკში 12,200 მანეთი. გირავნობით ფურცლებად ბახვის სასოფლო სკოლის შესანახად, რომელიც დიდი ხანია რაც უკვე ინახება ამ თანხის სარგებლით, ვუტოვებ და ვუანდერძებ იმავე სკოლას საუკუნოდ.

2. საეპარქიო სამზრუნველოს სასულიერო წოდების ღარიბთათვის იმერეთის ეპარქიაში 2,000 მანეთი.

3. ქუთაისის საქალაქო საქველმოქმედო საზოგადოებას ქალაქის ღარიბთათვის 1,500 მანეთი.

4. ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის ღარიბ მოწაფეთათვის 3,000 მანეთი.

5. თბილისის სასულიერო სემინარიას ღარიბ მოწაფეთათვის 3,000 მანეთი.

6. იმერეთის საეპარქიო საქალებო ჩემი სახელობის სკოლას 5,000 მანეთი. შენიშვნა: თუ რაიმე მიზეზის გამო ეს სასწავლებელი არ გაიხსნება, მაშინ ეს 5,000  მანეთი. გადაეცეს ზემორე დასახელებულ საეპარქიო სამზრუნველოს.

7. ქუთაისის უფასო საქალებო სკოლას 2,000 მანეთი.

შენიშვნა: ყველა ზემო აღნიშნული თანხები საუკუნოდ უნდა შენახულ იქნეს ხელუხლებლად პროცენტიან ქაღალდებად და მხოლოდ პროცენტები ხმარდებოდეს თანახმად ამ ანდერძისა.

8. გელათის მონასტერს ვუტოვებ 1000 მანეთს, იმ პირობით,რომ ჩემი სიკვდილის დღეს ძმები სწირავდნენ ჩემთვის მონასტრის ყველა ეკლესიებში და სარგებელი დაურიგდეს ყველა ძმებს.

9. ვუანდერძებ ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის გამგეობას უფლებას ჩემ თხზულებათა გამოცემისას იმ პირობით, რომ სარგებელი გამოცემიდან ხმარდებოდეს ამ სასწავლებლის ღარიბ მოწაფეებს. ჩემის თხზულებათა პირველი გამოცემისათვის კი, ჩემი სიკვდილის შემდეგ, რუსულ და ქართულ ენებზე სურათით ვუანდერძებ იმავე სასწავლებელს 2,500 მანეთი.

ყველა ზემორე მოხსენებული ფულები, გარდა 12,200 მანეთისა გირავნობითი ფურცლებით, რომელიც ინახება ქუთაისის მიხეილის სათავად-აზნაურო საადგილმამულო ბანაკში, ინახება სახელმწიფო ბანკის თბილისის განყოფილებაში სარგებლიან ქაღალდებით 20,000 მანეთი. ამ 20,000 მანეთიდან სარგებელი ჩემ საკუთრებად დარჩება ჩემი სიკვდილის დღემდი....

დაურიგდეს ჩემი სიკვდილის შემდეგ ჩემ მოსამსახურეებს 300 მანეთი საჩუქრად სამსახურში იმ ჯამაგირს ზევით, რაც ერგებათ მათ. ამას გარდა, ჩემი სიკვდილის შედეგაც დარჩებიან ჩემ სახლში, აგრეთვე სხვა გარეშე შეგირდებიც სხვადასხვა სასწავლებლისა, რომელთაც მე ვაძლევდი შემწეობას. თუ შესაძლო იქნება, თუ ზემო აღნიშნულ ხარჯების შემდეგ გადარჩება რამე,ზემორე მოხსენებულ შეგირდებს მიეცეს ერთდროებითი შემწეობა, აგრეთვე ჯამაგირი მიეცეს არქიელის გორის წმ.გიორგის სასწავლებლის მასწავლებელს, თუმცა იმ დროს იგი არ იქნეს უზრუნველ ყოფილი ჯამაგირით სხვა თანხიდან’’ (კელენჯერიძე, 2006:211-212).

1894 წლის 19 ნოემბერს გაბრიელ ეპისკოპოსმა ანდერძის მუხლებში ცვლილება შეიტანა კერძოდ: ბახვის სკოლას უტოვებდა 12,200 მანეთს, მაგრამ ცვლილების შეტანის შემდეგ ბახვის სკოლას, " ს.ბახვის სკოლა თუ დაიკეტოს, მასზე შეწირული ფული გადაეცეს ბახვის ღვთისმშობლის ეკლესიას სამუდამოდ. მასვე გადაეცეს ის 600 მანეთიც, რომელიც შევწირე ბახვის შემნახველ-გამსესხებელ კასსას, თუ ეს კასსა დაიკეტოს , ეკლესიის საჭიროებისათვის, უმთავრესად კი საბრძოლველად უვიცობასთან, სიღარიბესთან და მცხოვრებთ უზნეობასთან-რიგიანი სკოლის საშუალებით, რაც შემიწირავს თბილისის სასულიერო სემინარიისათვის, ის გადაეცეს ახლად დაარსებულ ქუთაისის სასულიერო სემინარიას” (კელენჯერიძე, 2006:211-212).

გაბრიელ ეპისკოპოსს დიდი სურვილი ჰქონდა,რომ ქუთაისის სასულიერო სემინარიისათვის ახალი შენობა აეგო არქიელის გორაზე, სამწუხაროდ მეუფე გაბრიელი ისე გარდაიცვალა,რომ ვერ შეძლო არქიელის გორაზე სემინარიისათვის შენობის აშენება. მაგრამ მან ანდერძში არქიელის გორაზე სემინარიის შენობისათვის დატოვა თანხა. მაგრამ ქალაქის (ქუთაისის) მმართველობამ გადაწყვიტა, რომ სასულიერო სემინარიისათვის შენობა აეშენებინა არა არქიელის გორაზე, არამედ ქალაქის სხვა ადგილზე.

ამ ფაქტთან დაკავშირებით გაზეთი " ცნობის ფურცელი’’ 1902 წელს წერდა: " ქუთაისში სასულიერო სემინარიის დაარსებას დიდი ღვაწლი დასდო, როგორც ვიცით, ნეტარ ხსენებულმა მოძღვარმა გაბრიელ-ეპისკოპოსმა. დიდი წადილი ჰქონდა ამ მოძღვარს იმისა,რომ სემინარია უთუოდ არქიელის გორაზე დაარსებულიყო და წადილის ასასრულებლად თავის მხრით დიდი ნივთიერი საშუალება გადასდო-ოცდაათი ათასი მანეთი შეწირა ამ საქმეს,

გაბრიელ-ეპისკოპოსის გარდაცვალების შემდეგ ქუთაისში სემინარიის დაარსების საქმე,ყველამ ვიცით, დიდად გამწვავდა: ყველა იმას სცდილობდა,რომ სემინარია ამ უბანში მოთავსებულიყო. ბოლოს კი ისე გადასწყვიტა სემინარიის მაშინდელმა მთავრობამ, რომ სემინარიის ასაგებად შეიძინა ქუთაისის მეაფთიაქის ვიტუშინსკის ადგილი პატრონს ფული ერთიანად მისცეს და ამგვარად არქიელის გორა სემინარიისათვის დაწუნებულ იქნა. ამ გარემოებამ ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია ქუთათურებში და გაბრიელ- ეპისკოპოსის მემკვიდრეებმაც გამოუცხადეს მთავრობას, რომ გარდაცვალებულის მღვდელმთავრის სურვილი იყო, უთუოდ არქიელის გორაზე აშენებულიყო სემინარია და მხოლოდ ამ პირობით შესწირა განსვენებულმა ფულიო. უკეთუ განსვენებულის სურვილი არ აღსრულდება, შეწირულობასაც ვერ მოვიღებთ, რადგან ეს წინააღმდეგი იქნება ანდერძისაო.

ეხლა ცნობა მოვიდა ქუთაისში; რომ ვიტუშინსკისაგან შეძენილი ადგილი მთავრობას დაუწუნებია და გასასყიდად დაუნიშნავთ. ხოლო სემინარია ისევ არქიელის გორაზე უნდა ააგონ. ამ ადგილზე სემინარიის აგების მოწინააღმდეგენი ერთ უმთავრესს მიზეზად უწყლობას ასახელებდნენ, დღეს კი არქიელის გორას წყალი ბევრი ექნება რადგან უმთავრესი წყლის აუზი, როგორც ვიცით, იქნება გამართული ამ აუზის კეთებას წყლისაყვანის მახანაგობა შეუდგა კიდეც ("ცნობის ფურცელი,’’ 1902 №1868:2,3).

გაბრიელ ეპისკოპოსის ეს ანდერძი მრავალი კუთხითაა საინტერესო; პირველი რაზედაც მკითხველის ყურადღებას იპყრობს ის არის,რომ ანდერძის ვერცერთ მუხლს ვერ ნახავთ, რომელიც არ ეხებოდეს ქართული ეროვნული ღირებულებების დაცვა-განმტკიცებას და გაჯერებული არ იყოს ქველმოქმედებითა და მეცენატობით, მეორე არის ის, რომ სხვა საზოგადო მოღვაწეების ანდერძებისაგან იმით განსხვავდება, რომ ძალიან კარგად არის მეუფე გაბრიელის მხრიდან გააზრებული ყველა იმ დანატოვარის შინაარსობრივი განკარგვა, რომელიც უნდა მოხმარებოდა ქართული კულტურისა და იდეოლოგიის გავრცელებასა და დაცვას და ბოლოს ეს ანდერძი არის სასულიერო იერარქიის მხრიდან პირველი შემთხვევა, როდესაც მღვდელმთავარი მთელ თავის ქონებას უტოვებს ქართველ ერს. საერო ადამიანების მხრიდან იყო ასეთი შემთხვევები მე19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში, მაგრამ სასულიერო წრიდან ნამდვილად პირველი იყო იმერეთის ეპისკოპოსის ანდერძი გაბრიელ ეპისკოპოსის ღვაწლის სათანადო დაფასება იყო უწმინდესი და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის განჩინება. 1995 წლის 19 სექტემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გაფართოებულ კრებაზე მეუფე გაბრიელი შერაცხეს წმინდანად და წმინდა მღვდელმთავრის სახელი უწოდეს.