The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ლუარსაბ ბოცვაძისადმი


ლუარსაბ ბოცვაძისადმი



ლუარსაბ ბოცვაძისადმი

მარტი-აპრილი, [1898 წელი].

ბატონო ლუარსაბ!

დიდი სიამოვნებით ვბეჭდავთ თქვენს წერილს ჟურნალ „ჯეჯილზედა.“ ასეთი მიმოხილვები დიდად და დიდად საჭიროა ჩვენთვის. საბავშვო მწერლობის გაჯანსაღება და მკვიდრ საფუძველზე დამყარება დიდი მნიშვნელობის საქმეა ჩვენი ყმაწვილების გონივრულად აღზრდისათვის. უმორჩილესადა გთხოვთ ნუ მოაკლებთ თქვენს ფხიზელს ყურადღებას ჩვენს საბავშვო მწერლობასა და ხშირად გამოგვიგზავნეთ თქვენი კალმის ნაღვაწი.

დავშთები მუდამ თქვენი პატივისმცემელი

ილია ჭავჭავაძე

წყარო: ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 184, 460-461.

1 საყმაწვილო ნახატებიანი ჟურნალი „ჯეჯილი“,№ 1, 1898 წლისა

▲ზევით დაბრუნება


ბოცვაძე ლუარსაბ

საყმაწვილო ნახატებიანი ჟურნალი „ჯეჯილი“,№ 1, 1898 წლისა

ყველა, ცოტად თუ ბევრად განათლებული ერი, იმის განსაკუთრებულ ზრუნვაშია, რომ მომავალი თაობა კანონიერად აღზრდილ იქმნას ბავშვების სულიერ ძალ-ღონის განვითარების მიხედვით. ამ რთულ საქმეს, როგორიც არის ბავშვების აღზრდა განათლება, ყველგან ხელს უწყობს სამი დაწესებულება —ოჯახი, სკოლა და საბავშვო მწერლობა. ოჯახის გამო რაღა უნდა მოგახსეწოთ, ბევრგან ჩვენებურს ოჯახში ბავშვების აღზრდას მხოლოდ სასმელსაჭმლის ძლევას და დროზედ გამო. კვებას უწოდებენ, რომ სასმელ-საჭმელ მოკლებული ბავშვი არ დაზიანდეს ფიზიკურად, — აღზრდის სხვა ზრუნვას ჩვენ მაშინ უნდა მოველოდეთ, როდესაც ჩვენი დედები, რომელთა ხელშიაც არის უმეტეს ნაწილად ჩვენის მომავალის იმედის ბედნიერება და უბედურებაც, უფრო დაუკვირდებიან თავიანთ მოვალეობას ბავშვების აღზრდის საქმეში.

სკოლებსა და ოჯახებში ბავშვების გონიერად განვითარების საქმეში უპირველესი ადგილი საბავშვო მწერლობას უჭირავს, რომელსაც განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ყველა ყველგან, ვისაც ძვირფასად მიაჩნია მომავალი კეთილგონივრული არსება თავისის ერისა; ამისათვის საჭიროა, რომ ჩვენი ერის გულშემატკივარნი, ჭეშმარიტად განათლებულნი, ყველაფრის დაუზოგველად სცდილობდნენ საბავშვო მწერლობის აყვავების საქმეს ჩვენშიაც. ამ მხრივ ყველაფერი ჩვენ ხელთ არის, მხოლოდ საჭიროა ერთმანეთის დახმარება და, კერძო ინტერესების მიუხედავად, კეთილად წარმართვა საბავშვო მწერლობის საქმისა ჩვენში. სასიამოვნოდ უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენის ერთად-ერთის საბავშვო ჟურნალის გამგენი შეძლებისა დაგვარად, სიტყვით, თუ საქმით, არავითარს ღონისძიებას არ აკლებენ, რომ ამ ჟურნალის საქმე კეთილად წარმართონ. მაგრამ ჩვენის საზოგადოების ზოგიერთა ნაწილში თითქოს საჩივარიც ისმის, ჟურნალის უვარგისობისა გამო. რამდენად მართალია ეს აზრი, ამის განხილვაში არ შევალთ ამ ჟამად, მხოლოდ შევნიშნავთ, რომ ერთადერთი ჟურნალი „ჯეჯილი“, რომელიც ზოგიერთს სკოლებშიაც-კი შემოიღეს სახმარებლად, ღირსია მეტი ყურადღებისა, როგორც განათლებულების, აგრეთვე ჩვენის საზოგადოებისა და მთელის ერის მხრივ. ვფიქრობთ ამ წლიდ გან გამოსულის „ჯეჯილის“ ნომრების გადასინჯვას და განხილვას. საგანი რთულია, მაგრამ ამასთან ფრიად საჭიროც. ვეცდებით სრულიად პირუთვნელად შევეხოთ ამ საგანს, რომლისათვისაც დღემდის საჭირო ყურადღება არავის მიუქცევია. იქნება ჩვენმა სუსტმა შენიშვნებმა სხვებს, უფრო დახელოვნებულებს, მადა აღუძრას და ჩვენს საბავშო მწერლობას შესაფერი ყურადღება მიაქციონ. არც ეს იქნება ურიგო.

წინ გვიძევს პირველი ნომერი ამ წლის ჯეჯილისა“, რომელიც სულ ათის მოთხრობისაგან შესდგება, ორი ნათარგმნია და სხვა ორიგინალური უნდა იყოს. ლექსებ შორის პირველი ადგილი უჭირავს ჩვენის ახალგაზდა საბავშო მწერლის შიო მღვიმელის ლექსს „მერცხალს“, რომელსაც ჩვენი ბავშვები სიამოვნებით წაიკითხავენ და განისმჭვალებიან იმ გრძნობით, რა ცუდია, როცა რომელსამე ცხოველსა თუ ფრინველს აწვალებენ პატარა ცელქი ბავშვები. ეს ვრცელი ლექსი თავდება მშვენივრად და ტრაგიკულად. მცირე ნაკლულევანება ლექსისა ის არის, რომ შესაჩერებელი ნიშნები ყველგან არაა დასმული და არც ეს ტაეპი მიგვაჩნია კანონიერად:

„ორი ლამაზი მერცხალი

სიყრმითვე შემოხვეოდენ (?)

მრავალჯერ გაფრენილიყვნენ (?)

მრავალჯერ ისევ სწვევდენ (?)

მგონია ასე ამბობენ და სწერენ კიდეც: ორი კაცი მოვიდა, ორი მერცხალი მოფრინდა... და სხვა. ეს გრამატიკოსებისთვის მიგვინდვია.

მეორე ლექსი იგავ-არაკი „შეშის მჭრელი და მუხა“ ეზოპიდგან უთარგმნია ბ.ნ. ბ. დავითაშვილს. ლექსს როგორც გარეგნობით, აგრეთვე შინაგანის აზრითაც არა უშავს რა, მხოლოდ ზნეობითი სწავლა ამ იგავ-არაკისა, რომელიც იხატება იმ ტანჯვის ორკეც აუტანლობაში, რომელსაც მოკეთე უშვრება სხვას, პატარა მკითხველისათვის სრულიად მიუწდომელია. ეს უფრო მოზრდილებისთვის არის და „ჯეჯილს“ მოზრდილებიც კითხულობენ.

ორიგინალ მოთხრობათა შორის საუკეთესოა „საახალწლო სურათი“. ჩვენი მწერალი ქალი ეკ. გაბაშვილისა მოგვითხრობს ერთი ღარიბის ხელ-მოკლე გლეხის გრიგოლა ბოტორაშვილის ამბავს, რომლის მთელი ოჯახი გაახარა სანოვაგე-ტკბილეულობით ერთმა შეძლებულმა და ღარიბთათვის გულ-შემატკივარმა კნ. თაფლომ. ამ მოთხრობაში გულკეთილობა კნეინა თაფლოსი და გრიგოლას ცოლი ნინო, რომელიც არამს არაფერს არ გაატარებს ოჯახი ში, კარგი მაგალითია სხვებისათვის. მთელს სტატიაში ჩვენ არ მოგვეწო. ნა მხოლოდ ერთი ადგილი, სადაც პატივცემული მწერალი ქალი მოგვითხრობს მედუქნის საქციელს: „ცუდს, დამპალს. დაზიანებულს ხის ქვეშ აყოლებენ და მყიდველთა შეუნიშნავთ, ათაში ერთს წონაში აპარებდენ“. მართალია ბავშვები ცხოვრებში ამაზედ უარესს უზნეო სცენებსაც ჰხდავენ, მაგრამ კრიტიკულის თვალით გარჩევა რომელისამე საქციელისა ბავშვს არ შეუძლიან, ამიტომ გონიერმა აღმზრდელმა ამისთანა სცენებს უნდა ააშოროს ბავშვები. ბავშვებისათვის საკითხავი მოთხრობებიც მოკლებული უნდა იყოს უზნეო სცენებს. ბავშვს უნდა უჩვენო, რაც კარგია, და მოარიდო ყველაფერს, რასაც-კი შეუძლიან ზნეობრივად ცუდად იმოქმედოს. ჩვენი პატივცემული მწერალი-ქალი ჰხმარობს სიტყვას „აპელსინს“, რომელსაც იმერეთში და მთელს დასავლეთ საქართველოში ფორთოხალს ეძახიან. მგონია ეს უკანასკნელი სჯობ. დეს. ზოგიერთი სიტყვები, მაგალითად „ნუგბარი“, ყველა ბავშვს არ ესმის.

გაუგებარი სიტყვები უფრო ბევრია მეორე წერილში „ობობა“,რომელიც ეკუთვნის ახალგაზდა მწერალს თ. რაზიკაშვილს: მაგ. „ყურმელა“, „კაჩებზე“, „გაგლინდა“ „მაზა“ და სხ. ეს სიტყვები ჩვენი სამშობლოს ყველა კუთხეში არ იხმარება, ამიტომ კარგს ინებებდა „ჯე ჯილის“ რედაქცია ყველგან არ-ხმარებულს და ძნელად გასაგებს სიტყვებს სტრიქონებში და ან სხოლიოში განმარტავდეს, რომ ბავშვს მიეცეს შეძლება, უფროსების დაუხმარებლად, წერილის წაკითხვისა და გაგებისა. „ობობა“-თი ბავშვები გაიცნობენ საზოგადოდ ობობის ცხოვრებას, იმის მოსისხლეობას. დედააზრი ამ მოთხრობისა ის არის, რომ ფეიქარა, მოსისხლე ობობა მისივე მეზობლის შავი ობობასაგან იღუპება, ბოროტება ისჯება. ამგვარს მოთხრობებს, იმისდა მიუხედავად, რომ შიგ მკვლელობაა აწერილი, იშვიათად არ შეხვდებით საბავშვო მწერლობაში.

შემდეგ „ჯეჯილში“ ვკითხულობთ ვრცელს წერილს წმიდა ნინოს შესახებ, მდაბიურად და ადვილად გასაგები ენით დაწერილს ჩვენის პედაგოგის ბინის გ. წყალტუბელის მიერ. წერილს წინ უძღვის წმიდა ნინოს სურათი და სიამოვნებით წაიკითხვენ როგორც პატარები, ისე დიდებიც. არ ვიცით მხოლოდ პატივცემული პედაგოგი ნინოს მამას რად უწოდებს სახელად საბუნნს, ბ-ნ გოგებაშვილის სახელმძღვანელოებში და საბინინის „საქართველოს სამოთხე“-შიაც წმიდა ნინოს მამას ზაბულონს ეძახიან.

იქნება ეს სახელები ერთი და იგივეც იყოს, მაგრამ ბავშვებისათვის-კი არ კარგი ერთისა და იმავე კაცის სახელის არევა.

წმიდა ნინოს მოთხრობას მოსდევს მოთხრობა „შობის ხე“. ეს მოთხრობა ვითომ ორიგინალობს, მაგრამ ჩვენ გვგონია უფრო გადმოკეთებული უნდა იყოს სხვა ხალხის ცხოვრებიდგან. ჩვენში შობის ხეების განმართვა ამ ცოტა ხანში შემოიღეს და ისიც მხოლოდ ქალაქად,სოფლად კი იშვიათია. ამის გამო ის სურათი, რომელსაც წერილის ავტორი აგვიწერს გლეხის დარბაზში (ჩვენში დარბაზებიც ჰქონიათ გლეხებს), ჩვენებურ გლეხის ცხოვრებას ჯერჯერობით დაშორებულია. სხვა მრივ წერილს არა უშავს რა.

„ჯეჯილი“-ს პატარა მკითხველებს ბოტანიკიდან ცნობებს აწვდის ბ-ნი აღნიაშვილი, ამ ნომერში ბ-ნი აღნიაშვილი აცნობს ბავშვებს ორს მცენარეს. ერთს უწოდებს სახელად „ხელიფაფას“ (Timosa), მეორეს „გამარჯობა“-ს (gueritar). აზრი კეთილი და პატიოსანია, მაგრამ ჩვენ გვგონია ნაკლებ სასარგებლო არ იქნებოდა, რომ ბ-ნს აღნიაშვილს ესწავლებინა პატარა ბავშვებისათვის ჯერ ადგილობრივი მცენარეები და შემდეგ ემოგზაურა ამერიკასა და მადაგასკარის კუნძულზედ. ამას გარდა, ბ-ნი აღნიაშვილი „ხელიფაფა“ მცენარის შესახებ ეუბნება ბავშვებს: „ამ მცენარეს გრძნობა აქვს ისეთივე, როგორც ცხოველებს აქვთო“, მაგრამ იქვე დასძენს: „უკაცრავად, იქნება ეს არც ისეთი გრძნობა იყოს, როგორც ცხოველებს აქვთ. ეს არც ჩვენ ვიცით და არც მეცნიერებამაო“. არ ვიცით, ბ-ნმა აღნიაშვილმა იცის თუ არა, მაგრამ რაც შეეხება - მეცნიერებას, ტყუილ ბრალს სდებს „ხელიფაფას“ ანუ მიმოზას ჯურის მცენარეთა განსაკუთრებულ თვისებას მეცნიერება მცენარეთა ძილს უწოდებს: „ всѣ феномены этого рода Линней обозначилъ общимъ именемъ сна ростеній “ (იხ. „მცენარეთა ცხოვრება ლუი ფიგიესი“, გვ. 97). ამას ეთანხმება დეკანდოლიც და ყაზანის უნივერსიტეტის პროფესორი დოგელი, რომელსაც ერთს თავის წიგნაკში კარგად აქვს განმარტებული ეს საგანი. ამისდა მიუხედავად ბ-ნ აღნიაშვილის წერილებს სიამოვნებითა და სასარგებლოდ წაიკითხავენ ბავშვები.

ზემოდ ვთქვით, რომ ჩვენებური ოჯახი ბავშვების კანონიერად აღზრდის ცოდნას მოკლებულიაო. ამ საქმეში პატივცემული „ჯეჯილის“ რედაქცია დიდ დახმარებას აღმოუჩენდა ჩვენებურ ოჯახებს, რომ „ჯეჯილის“ დამატებად ებეჭდა პედაგოგიური წერილებიც. ამას, რასაკვირველია, ხარჯი უნდა და რედაქციამ რა ჰქმნას, თუ ამ მხრივაც ჩვენი საზოგადოება დახმარებას არ აღმოუჩენს ჟურნალის დაკვეთით მაინც.

დასასრულ უნდა აღვნიშნოთ, რომ საზოგადოდ ამ წლის „ჯეჯილის“ პირველი ნომერი რიგიანად არის. შემდეგში, თუ ენის სიფაქიზესიც მიაქცევენ ყურადღებას, ბლომა კორექტურულს შეცდომებსაც აიცილებენ თავიდგან და მისალაც ისე ხელოვნურად და დროის შესაფერისად იქმნა დალაგებული, როგორც პირველ ნომერში, სრული იმედია, რომ „ჯეჯილი“ სასურველს სამსახურს გაუწევს ჩვენს მოზარდს თაობას.