![]() |
„ვეფხისტყაოსანი“ და პოსტმოდერნიზმი |
„ვეფხისტყაოსანი“ და პოსტმოდერნიზმი
წიგნში თავმოყრილია ნაშრომები ძველი ქართული ლიტერატურისა და, კერძოდ, რუსთველოლოგიის საკითხებზე; განკუთვნილია სპეციალისტების, პედაგოგების, სტუდენტებისა და ქართული ლიტერატურით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისთვის.
რედაქტორი: რევაზ სირაძე
რეცენზენტები: ნანა გონჯილაშვილი; თამარ ხვედელიანი
თბილისი
2011
სარჩევი
ტოლერანტობის საკითხისათვის „ვეფხისტყაოსანში“
სამი საღვთისმეტყველო სათნოება და „ვეფხისტყაოსანი“
„ვეფხისტყაოსნის“ სახისმეტყველებითი პერსპექტივები „დავითიანში“
„ვეფხისტყაოსანი“ და პოსტმოდერნიზმი
„ვეფხისტყაოსნის“ „ყმა“, „მოყმე“, „ჭაბუკი“
„ვეფხისტყაოსნის“ სადავო ტაეპის შესახებ
აბჯარი საკვირველი
ავთანდილის უცნობი და
ძილია თუ უძილობა
„პატრონსა“ თუ „პატრონთა“?
„მუნვე წვიმს წვიმა ბროლისა...“
რას წერს ნესტან-დარეჯანი?
ახალი რუსთველოლოგიური შრომა
„ვეფხისტყაოსნის“ ორი გამოცემის შესახებ
პირველი განსხვავებული თვალსაზრისი „წმინდა შუშანიკის წამების“ შესახებ
იონა ხელაშვილი და 1832 წლის შეთქმულება დავით კარიჭაშვილი - ძველი ქართული ლიტერატურის მკვლევარი
ყინვა - საწუთროს ამინდი
დამოწმებანი
![]() |
1 დავით კარიჭაშვილის - ძველი ქართული ლიტერატურის მკვლევარი |
▲ზევით დაბრუნება |
XIX-XX საუკუნეთა მიჯნის ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებაში კარგად არის ცნობილი დავით კარიჭაშვილის სახელი. იგი მრავალმხრივი მოღვაწე იყო. მისი ინტერესები ისტორიულ-ფილოლოგიურ მეცნიერებათა ფართო სფეროს მოიცავდა. დავით კარიჭაშვილი ცნობილია როგორც ლიტერატორი, ენათმეცნიერი, ისტორიკოსი, ლექსიკოგრაფი, რედაქტორ-გამომცემელი და პუბლიცისტი. ამჯერად ჩვენი მიზანია წარმოვაჩინოთ იგი, როგორც ძველი ქართული ლიტერატურის მკვლევარი.
დავით კარიჭაშვილი დაიბადა 1862 წელს გორის რაიონის სოფელ ხიდისთავში, სასულიერო
პირის ოჯახში. 1869 წელს შეიყვანეს გორის სასულიერო სასწავლებელში, 1876 წელს
ჩაირიცხა თბილისის სასულიერო სემინარიაში, 1880 წლიდან სწავლას აგრძელებს
პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 1883 წელს მიემგზავრება
ჯერ ჟენევაში, შემდეგ პარიზში და იქაურ უნივერსიტეტებში ისმენს ლექციებს
ლიტერატურაში, ისტორიაში, ენათმეცნიერებასა და ბუნებისმეტყველებაში.
1885 წელს „ივერიასა“ და „დროებაში“ დაიბეჭდა პარიზიდან გამოგზავნილი მისი
რამდენიმე წერილი. იმავე წელს იგი საქართველოში დაბრუნდა.
ჩამოსვლისთანავე დავითი მიიწვიეს თბილისის სათავადაზნაურო სკოლაში ფრანგული ენის
მასწავლებლად, ამავე დროს უკავშირდება „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ
საზოგადოებას“ და მისი აქტიური წევრი ხდება. იგი ამ „საზოგადოების“ მდივანია 1899
წლამდე. 1892 წელს აირჩიეს „საზოგადოების“ გამგეობის წევრად, ხოლო 1918 წელს -
გამგეობის თავმჯდომარედ. 1922 წლიდან იგი „საზოგადოების“ საპატიო თავმჯდომარეა.
35 წელი იღვწოდა დ. კარიჭაშვილი ამ „საზოგადოებაში“. მან შეადგინა კატალოგი „საზოგადოების“
წიგნსაცავისა, რომელიც თავის დროზე მიიჩნევდნენ ამ ფონდის ყველაზე სრულ და სანდო
აღწერილობად (კატალოგი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების
წიგნსაცავისა, ტფ., 1905). „ამ ხელთნაწერს კატალოგში ისეთი ცნობებია, რომელნიც
ნათელს ჰფენენ ჩვენის ძველი დროის ცხოვრებას, ამიტომაც არ შეგვიძლია არ მივულოცოთ
ბ. კარიჭაშვილს გამარჯვება ამ საქმეში“, - წერდა „კატალოგის“ გამოსვლასთან
დაკავშირებით მოსე ჯანაშვილი (ჯანაშვილი 1895: 3).
დ. კარიჭაშვილი მუშაობდა დაუღალავად, თანაც არცთუ ისე სახარბიელო პირობებში.
გარდაიცვალა 65 წლის ასაკში, 1927 წლის 26 ივლისს. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.
მისი შეხედულებანი რიგ ლიტერატურულ საკითხებზე გამოვლინდა ცალკეული ნაშრომების,
წერილებისა და ამა თუ იმ წიგნზე დაწერილი რეცენზიის სახით. მკვლევარი ცდილობდა
ჩასწვდომოდა ძველი ქართული ლიტერატურის სიღრმეებს და მისი ისტორიის სადავო უბნებში
მეტი სინათლე და გარკვეულობა შეეტანა. ამ მხრივ განსაკუთრებით საინტერესოა მისი
რამდენიმე ნაშრომი, მათ შორის „ვინ იყო მობიდან ეპისკოპოზი“, რომელმაც შუქი მოჰფინა
სადავო საკითხს „ქართლის ცხოვრებაში“ ნახსენებ მობიდან ეპისკოპოსის ვინაობის
შესახებ. მეცნიერი თანმიმდევრულმა ძიებამ მიიყვანა იმ დასკვნამდე, რომ მობიდანი
სპარსული წოდებაა ცეცხლთაყვანისმცემელთა ეპისკოპოსისა, რომელიც საქართველოში
იგზავნებოდა სპარსეთიდან და მოღვაწეობდა ქრისტიანული ეკლესიის მსახურთა გვერდით.
რადგან მობიდანი წოდებით უტოლდებოდა ქრისტიან ეპისკოპოსს, მემატიანემ უწოდა მას
უბრალოდ ეპისკოპოსი. შემდეგ იგი მიიჩნიეს ქრისტიან ეპისკოპოსად, რომელიც გარეგნულად
იცავდა მართლმადიდებლობას, სინამდვილეში კი იყო მაზდიანი და ქრისტიანობისთვის
ძირგამომთხრელ მოღვაწეობას ეწეოდა. დავით კარიჭაშვილი მიიჩნევდა, რომ ეს მობიდანი
არის „ქართლის მოქცევაში“ ნახსენები ქართლისა და ჰერეთის ერისთავი გლონოქორი. მისი
პოზიცია ამ საკითხზე გაიზიარეს ივ. ჯავახიშვილმა და ნაწილობრივ კ. კეკელიძემ.
ამომწურავი და დამაჯერებელი პასუხი გასცა დავითმა „კალმასობის“ ანუ „ხუმარსწავლას“
თაობაზე დასმულ საკითხსაც, რომელზეც აზრთა სხვადასხვაობამ იჩინა თავი გასული
საუკუნის ბოლოს. მეცნიერთა აზრი გადაიხარა თხზულების ავტორად იონა ხელაშვილის
აღიარებისაკენ. ამ საკითხისადმი მიძღვნილ წერილში საკუთარი შეხედულების
გაცხადებამდე დ. კარიჭაშვილმა თავდაპირველად მიმოიხილა საკითხის შესწავლის ისტორია,
ხოლო შემდეგ თავისი მეცნიერული ძიების შედეგები გააცნო მკითხველს. მან შეისწავლა
თხზულების ხელნაწერები, ორი სავარაუდო ავტორის ცხოვრება-მოღვაწეობა, ენა, სტილი.
მათი ნაშრომები შეუდარა „კალმასობას“ და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ „კალმასობის“
ავტორი შეიძლება იყოს მხოლოდ იოანე ბატონიშვილი. მოგვიანებით აღმოჩენილმა იონა
ხელაშვილის წერილმა ეს აზრი სავსებით დაადასტურა. „თორმეტი წელიწადია ჰსწერს იოანე
ბატონიშვილი ჩემს სახელსა ზედა, ე.ი. მალაპარაკებს ყოველსავე სწავლასა სულიერსა და
ხორციელსა“, - ამბობს იონა ხელაშვილი წერილში.
1910 და 1914 წლებში ორჯერ გამოიცა წიგნი „ხუცური ანბანი“, რომელშიც ანბანთან ერთად
გამოქვეყნდა ძველი ქართული ლიტერატურის ძეგლი „წამება ცხრათა ყრმათა კოლაელთა“, „ქართული
ქორონიკონი“ და „ქართული ანბანის წარმოება და განვითარება“. ამ უკანასკნელში დავითი
საუბრობს ქართული ანბანის ასომთავრულ, ნუსხურ და მხედრულ სახეობებზე, მათი
განვითარების ისტორიასა და ურთიერთმიმართებაზე. იგი უერთდება მეცნიერთა იმ ჯგუფს,
რომელიც ქართული ანბანის ბერძნულიდან წარმომავლობას ამტკიცებს.
მკვლევარი სარეცენზიო წერილებით გამოეხმაურა ნიკო მარის ნაშრომის „Тексты и
разыскания по армяно-грузинской филологий“, IV და V ტომების გამოსვლას. IV ტომში
მოთავსებულია შავთელის „აბდულმესია“ და ჩახრუხაძის „თამარიანი“. ქართულ ტექსტებს
წინ უძღვის გამომცემლის წინასიტყვაობა და სტატია: „Древнегрузинские одописцы“,
რომელიც ორი ნაწილისაგან შედგება: 1. „Певец Давида Строителя“; 2. „Певец Тамары“.
წერილის დასაწყისში დ. კარიჭაშვილი მსჯელობდა ნ. მარის ფართო ერუდიციაზე. „სწორედ
რომ ამისთანა ცოდნის პატრონი უნდა იყვეს ის კაცი, რომელიც შეუდგება ქართულ-სომხურის
ფილოლოგიის ძიება-გამოკვლევას. მხოლოდ ამისთანა კაცისგან უნდა მოელოდეს ქართული
ფილოლოგია წარმატებასა და განვითარებას“, - წერდა რეცენზენტი (კარიჭაშვილი 1902:
3). იგი ყურადღებას ამახვილებდა ნ. მარის იმ თვალსაზრისზე, რომელიც ქართული ენის
სემიტურ ენებთან ნათესაობასა და სომხურ ენასა და ლიტერატურასთან ურთიერთობას ეხება.
ნ. მარს შეუძლებლად მიაჩნდა ქართული და სომხური მწერლობის ერთიმეორისაგან დაშორებით
შესწავლა (ეს აზრი მისი ნაშრომის ორივე ტომშია გატარებული). წერილში დ. კარიჭაშვილი
იმ სიახლეებსა და მიგნებებზე საუბრობდა, რომელთაც ნ. მარის პუბლიკაციებში ვხვდებით
- მის მეტად საინტერესო ვარაუდებზე თხზულებათა ავტორების შესახებ; ხაზს უსვამდა
ტექსტების დამახინჯებული ადგილების ნ. მარისეულ შესწორებებს, არეულ-დარეული
ნაწილების დალაგებას და ტექსტებს დართული ლექსიკონების მნიშვნელობას (1. არქაულ
სიტყვათა; 2. უცხო სიტყვათა; 3. საკუთარ სახელთა ლექსიკონები). რეცენზენტის აზრით,
მართალია, ნ. მარის შრომა შეცდომებისაგან დაზღვეული არ არის, მაგრამ იგი ქართული
ლიტერატურის ისტორიისათვის მეტად მნიშვნელოვანია.
ნაშრომის „Тексты и разыскания по армяно-0грузинской филологий“ V ტომში
წარმოდგენილია: 1. ორი კრიტიკული წერილი; 2. „წამება ცხრათა ყრმათა კოლაელთა“; 3.
ნაწყვეტი ეზნიკის წერილისა მაშტოცის მიმართ; 4. სია წმინდანთა, რომელნიც, სომხების
რწმენით, მფარველებად ითვლებიან სხვადასხვა ავადმყოფობის დროს; 5. გიორგი
ვართაპეტის შენიშვნა ანტონ კათალიკოზის გადაყენებისა და განდევნის შესახებ; 6.
სალექსიკონო შენიშვნები.
დავითი შეეცადა გამოეკვეთა ნაშრომის ის ასპექტი, რომლითაც იგი ქართულ მწერლობას
უკავშირდება - ისაუბრა ძველი ქართული თხზულების - „წამება ცხრათა ყრმათა კოლაელთა“
- ისტორიულ-ლიტერატურულ მნიშვნელობაზე და ბოლოს, განსხვავებული თვალსაზრისი
გამოთქვა ზოგიერთი სიტყვის განმარტება-წარმომავლობასთან დაკავშირებით.
დ. კარიჭაშვილი ცნობილია როგორც ღვაწლმოსილი რუსთველოლოგი. „ქართველთა შორის
წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ“ ორჯერ, 1903 და 1920 წლებში, გამოსცა „ვეფხისტყაოსანი“,
რომლის რედაქტორობა დავითს დაევალა. პოემას ერთვის წინასიტყვაობა, ლექსიკონი და
შენიშვნები. როგორც ამ გამოცემათა წინასიტყვაობაში, ისე პრესის ფურცლებზე მკაფიოდ
გამოიკვეთა მკვლევრის პოზიცია ამა თუ იმ რუსთველოლოგიური საკითხისადმი.
დ. კარიჭაშვილის გამოუქვეყნებელ ნაშრომთა შორის აღსანიშნავია „წმინდა შუშანიკის
წამება“, რომელსაც საგანგებოდ განვიხილეთ წერილში „პირველი განსხვავებული
თვალსაზრისი „შუშანიკის წამების“ შესახებ“.
როგორც ჩანს, მკვლევარს მიზნად ჰქონდა გამოექვეყნებინა XII-XVIII საუკუნეების
მწერლობის მოკლე მიმოხილვა, რასაც ადასტურებს მის პირად არქივში შემონახული
ხელნაწერი. აქ განხილულ თხზულებებს მეტ-ნაკლებად ახლავს ავტორთა ბიოგრაფიები და წინ
უძღვის ანალიზი იმ ისტორიული ვითარებისა, რომელშიც ესა თუ ის თხზულება შეიქმნა.
XII საუკუნის მწერალთაგან საუბარია სარგის თმოგველზე, შავთელსა და ჩახრუხაძეზე.
მოხმობილია მეცნიერისთვის ცნობილი ყველა ისტორიულ-ბიბლიოგრაფიული ხასიათის მონაცემი
მათზე. საერო მწერლობასთან ერთად მსჯელობა XII საუკუნეში განვითარებულ ფილოსოფიურ,
საღვთისმეტყველო და იურიდიულ ლიტერატურასაც ეხება. მკვლევარმა მოკლედ მიმოიხილა იმ
მამულიშვილთა ღვაწლი, რომელთაც წვლილი შეიტანეს ამ მეცნიერებათა განვითარებაში.
XIII-XVI საუკუნეების მწერლობის განხილვამდე მკვლევარმა აგვიწერა ის ისტორიული
მდგომარეობა, რომელიც ლიტერატურისა და, ზოგადად, კულტურის დაქვეითების მიზეზი გახდა.
„ამ დროის საერო ლიტერატურა, - წერდა იგი, - მოკლებულია საკუთარ დამოუკიდებელ
ხასიათს და შემოქმედებას. ენის მხრითაც ამ დროინდელი ლიტერატურა ბევრად
ჩამოუვარდება კლასიკური ხანის ლიტერატურას“. ამ შესავლის შემდეგ მკვლევარმა
განიხილა „რუსუდანიანი“ (რომელიც მაშინ ჯერ კიდევ არ იყო დაბეჭდილი), პოემა „ალღუზიანი“
და სხვა.
შემდეგ თარგმანების განხილვას ეთმობა ადგილი. საუბარია სპარსულიდან თარგმნილ
ნაწარმოებებზე „სირინოზიანი“, „ლეილა და მეჯნუნი“ და სხვ. გვიანდელი მწერლებიდან
დასახელებულია „ღირსშესანიშნავი მწერალი ქალი მაკრინე“, კახეთის მეფის ერეკლე I-ის
ასული.
მკვლევარი სასულიერო და საისტორიო მწერლობის აღორძინებასაც შეეხო. იგი ორიგინალური
სასულიერო ნაწარმოებების ავტორთა შორის ასახელებდა ნიკოლოზ კათოლიკოსს (XII ს.),
არსენ კათოლიკოსს (XIII ს.) და ევთიმე საყვარელიძეს.
XVII საუკუნის მწერლობის მიმოხილვა მაშინდელი ისტორიული მდგომარეობის ანალიზით
იწყება. გამოკვეთილია კათოლიკე მისიონერების წვლილი საგანმანათლებლო საქმიანობაში.
მეცნიერი ყურადღებას ამახვილებს სულხან-საბა ორბელიანის უდიდეს დამსახურებაზე
ქართველი ერისა და ქართული მწერლობის წინაშე.
ნაშრომის დასასრულ ავტორი ბესიკისა და საიათნოვას შემოქმედებას ეხება. აღნიშნავს
ხალხის იმ დიდ სიყვარულს, რომლითაც ეს პოეტები სარგებლობდნენ.
ხელნაწერი დასრულებული ნაშრომის შთაბეჭდილებას არ ტოვებს და უფრო ერთგვარ მონახაზად
შეიძლება ჩაითვალოს, მაგრამ იგი უდავოდ საინტერესოა, როგორც XII-XVIII საუკუნეების
ქართული მწერლობის ისტორიულ-ფილოლოგიური შეფასების ცდა.
დ. კარიჭაშვილი ეხმაურებოდა ყველა სიახლეს, რომელიც ძველი ქართული ლიტერატურის
ისტორიის კვლევაში იჩენდა თავს. იგი პატივისცემით იმსჭვალებოდა იმ მეცნიერთა მიმართ,
რომელთათვის ქართული ლიტერატურა და ისტორია სერიოზული ძიებისა და ზრუნვის საგანი
იყო. დავითმა საგანგებო წერილები უძღვნა ნიკო მარისა და მარი ბროსეს მოღვაწეობას,
სამაგალითოდ დასახა მათი ფართო განათლება, შრომისმოყვარეობა და დაუშრეტელი ენერგია.
აღსანიშნავია, რომ თითქმის ყველა წერილსა თუ ნეკროლოგში, რომლებიც დავით
კარიჭაშვილის ცხოვრება-მოღვაწეობას მიეძღვნა, ხაზგასმულია კეთილსინდისიერება და
პასუხისმგებლობა, რომლითაც იგი საზოგადოებრივ საქმეს უდგებოდა. სწორედ აქტიურმა
საზოგადოებრივმა ცხოვრებამ მეცნიერულ მოღვაწეობასთან ერთად დავით კარიჭაშვილს
ვალმოხდილ მამულიშვილთა გვერდით დამსახურებული ადგილი დაუმკვიდრა.