The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


გამოჩენილი პიროვნება და საზოგადო მოღვაწე გრიგოლ გურიელი

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლა

 

ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები №1 (14)

 

გოგოლიშვილი ოთარ

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოლოგიის დეპარტამენტის სრული პროფესორი

გამოჩენილი პიროვნება და საზოგადო მოღვაწე გრიგოლ გურიელი

გამოჩენილი პიროვნებაზოგადო მოღვაწე და თავისი ქვეყნის დიდი პატრიოტი გრიგოლ გურიელი დაიბადა 1812 წელს ოზურგეთში, გურიის მთავართა ოჯახში.

1818 წლამდე, ჯერ კიდევ ოსმალთა ბატონობის დროს, ქობულეთის მაზრის კინტრიშის ხეობაში იზრდებოდა ახლო ნათესავ ჯაშის ოჯახში: `აქ იზრდებოდა ეს ძვირფასი კაცი~-წერდა გაზეთი `ივერია~ და ამიტომაც გამოყვა მას ამ მხარის და მისი მოსახლეობის დიდი სიყვარული [1, 3]. 1818 წლიდან, რუსეთთან გურიის შეერთების შემდეგ, ჭაბუკი გრიგოლი ოზურგეთში დააბრუნეს, ოჯახში შეისწავლა წერაკითხვა და რუსეთის არმიის სამსახურში შევიდა. 60-იან წლებში პოლკოვნიკი გრიგოლ გურიელი გურიის მილიციის უფროსი, რუსეთ-ოსმალეთის სასაზღვრო, ე. წ. საკორდონო ჯარების უფროსია. ამ თანამდებობაზე იყო, როდესაც 1874 წელს იგი ზემო აჭარაში თავის ნათესავ და მეგობარ შერიფ ხიმშიაშვილთან სპეციალური დავალებით გაიგზავნა. მის ამალაში სამოქალაქო ფორმით იყო რუსეთის არმიის გენერალური შტაბის პოლკოვნიკი გიორგი ყაზბეგი, რომელსაც გეოგრაფიული და სხვადასხვა სახის სამხედრო მნიშვნელობის სადაზვერვო ცნობები უნდა შეეკრიბა სამხრეთ საქართველოზე.

ცნობილია, რომ მოგზაურობა წარმატებით დამთავრდა 1874 წლის 24 ივლისს. გიორგი ყაზბეგი რუსეთის სამხედრო მინისტრს სწერდა, რომ დავალების წარმატებით შესრულება მან შეძლო პოლკოვნიკ გრიგოლ გურიელისა და ბათუმში მყოფ რუსეთის კონსულის ჯიუდიჩის დახმარებით: `თავადი გრ. გურიელი მეტად ცნობილია გურიის მოსაზღვრე მთელ მხარეში და შეიძლება ითქვას, ამ პოპულარობის შედეგად ყველგან აღტაცებით ხვდებოდნენ. მისმა ნათესაურმა კავშირმა აჭარის, ლივანისა და შავშეთის გავლენიან ბეგებთან, ისე როგორც ოფიცრის პირადმა, მაღალმა თვისებებმა ჩემთვის ხელმისაწვდომი გახადა ისეთი ცნობები, რო- 284 მელთა მისი დახმარების გარეშე შეუძლებელი იყო ასეთი წარმატებით შეგვესრულებინა ჩვენზე დაკისრებული მოვალეობა~ [2, 45].

1877-1878 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის შემდეგ დედასამშობლოსთან აჭარის დაბრუნების საკითხის მნიშვნელობა საყოველთაოდ ცნობილია. თვით ბრძოლებში აქტიური მონაწილეობისა და დამსახურებისათვის გრიგოლ გურიელმა ორი ორდენი დაიმსახურა. ომის შემდეგ სამხრეთ საქართველოს ტერიტორიაზე შეიქმნა ბათუმის ოლქი. იგი იყოფოდა აჭარის, ართვინისა და ბათუმის ოკრუგებად. ბათუმის ოკრუგის უფროსად დაინიშნა პოლკივნიკი გრიგოლ გურიელი, რომელიც მალე გენერალ-მაიორის ჩინში აამაღლეს. იგი ჩვეული პატიოსნებით, გამოცდილებით და მოსახლეობისადმი კეთილი განწყობით შეუდგა საპატიო და პასუხსაგები მოვალეობის შესრულებას, ეს მაშინ, როცა მხარეში მეტად რთული და დაძაბული ვითარება სუფევდა. საბრძოლო ოპერაციებისა და მოუსავლიანობის შედეგად ქვეყანაში იყო შიმშილობა.

ეს ის დროა, როდესაც ასევე მთელი სისრულით მძვინვარებდა მუჰაჯირობა. ბათუმის ოლქიდან მიედინებოდა თურქეთისაკენ მოსახლეობა. გრიგოლ გურიელი წინ აღუდგა ქართველებისათვის ამ დამღუპველ მოქმედებას. მუჰაჯირობის მასშტაბების გაზრდით ერთნაირად იყო დაინტერესებული როგორც რუსეთის, ასევე ოსმალეთის ხელისუფლება. გრ. გურიელი თავად დადიოდა ბათუმის ოლქის სოფლებში და მოსახლეობას თხოვდა, რომ არ მოესმინათ მატყუარებისათვის და არ მიეტოვებინათ თავიანთი სახლ-კარი. 1879 წლის 18 მარტს იგი სოფელ ფერიაში შეხვდა მოსახლეობას, სადაც მან ხალხს აუხსნა თუ რა საშიშროებასთან იყო დაკავშირებული თავიანთი სამშობლოდან უცხო ქვეყანაში წასვლა. აქვე ის სასტიკად დაუპირისპირდა თურქ ემისარს ვინმე მახმუდ ოღლის, რომელიც ხალხს ეუბნებოდა, რომ `სამოთხეში~ მოხვდებოდნენ თუ თურქეთში წავიდოდნენ. გრიგოლ გურიელმა ამ მახმუდ ოღლის მატყუარა და პროვოკატორი უწოდა და ხალხს უთხრა, რომ ყური არ დაეგდო ამ ნაძირალასათვის. ასეთი შეხვედრები და დაპირისპირებები გრიგოლს ბევრი ჰქონდა. ამის გამო იგი ხშირად ხდებოდა კრიტიკის ობიექტი თვით რუსეთის ხელისუფლების მხრიდანაც კი. ასე მაგალითად, 1879 წლის 27 ოქტომბერს, მას შეხვდა ბათუმის ოლქის პირველი გენერალ-გუბერნატორი კომაროვი და თხოვა, რომ მას (გრიგოლ გურიელს) მთელი ყურადღება დაეთმო ბათუმის ოკრუგის მოწესრიგებისათვის, ომისაგან დაზარალებული მხარის ახლებურად მოწყობისათვის, ხოლო რაც შეეხება მუ- 285 ჰაჯირობას, ეს ადგილობრივი მოსახლეობის სურვილი იყო და ამაში არ შეიძლებოდა მათთვის ხელის შეშლა. გრიგოლ გურიელი არ დაეთანხმა ამ მოსაზრებას და აღნიშნა: `რომ რუსეთის ხელისუფლებამ ხელი კი არ უნდა შეუწყოს, არამედ შეაჩეროს ეს საშინელი მოქმედებაო~. გრიგოლი ხვდებოდა, რომ რუსეთი ყოველმხრივ ხელს უწყობდა მუჰაჯირობის გაზრდას. მისი აზრით, ამას რუსეთი იმიტომ აკეთებდა, რომ ადგილობრივი მოსახლეობისაგან დაცლილ ტერიტორიას დაპატრონებოდა და იქ ჩამოესახლებინა რუსეთის შიდა გუბერნიებიდან ხალხი. ამას იგი ხმამაღლა ამბობდა.

მისი დახმარებით ასობით ოჯახი გადაურჩა გადასახლებას. ხშირი იყო შემთხვევა, როდესაც ოსმალეთში წასასვლელად ბათუმში თავმოყრილ რამდენიმე ჯგუფს გურიელმა სათანადო დახმარება აღმოუჩინა, ტრანსპორტით უზრუნველყო და მშობლიურ კერას დაუბრუნა [3].

რუსეთის ხელისუფლებისათვის გრიგოლ გურიელი მიუღებელი პიროვნება იყო, მაგრამ იმდენად დიდი იყო მისი ავტორიტეტი ადგილობრივ მაჰმადიან მოსახლეობაში, რომ შოვინისტები ვერ ბედავდნენ მის წინააღმდეგ აშკარა გალაშქრებას.

მთელი ქართველი ინტელიგენცია დაირაზმა, რათა აჭარის მოსახლეობას დახმარებოდა. განსაკუთრებით დიდი იყო ამ საქმეში გრიგოლ გურიელის როლი. გაზეთ `გოლოსის~ სპეციალური კორესპონდენტის, კაპიტან ა. ფრენკელის გადმოცემით: `ოკრუგის უფროსის საცხოვრებელი სახლი მუდამ სავსე იყო აჭარის სხვადასხვა სოფლიდან ჩამოსული პირებით. ყოველი მათგანი სათანადო დახმარებას ან რჩევა-დარიგებას ღებულობდა მისგან. ერთი სიტყვით, თავადი გურიელიდან არავინ გამოვიდოდა მატერიალური ან მორალური დახმარების გარეშე. ხალხი მას შეჰყურებდა როგორც მამას, მისი სჯეროდათ და სწამდათ. ამ პოპულარული და ადგილობრივი მაჰმადიანი მოსახლეობისათვის საყვარელი ადამიანის დამსახურება დიდია ხალხისათვის მდგომარეობის შემსუბუქების საქმეში~ [4, 36].

ამიტომ იყო, რომ გურიელმა მთელი ქართველი ხალხის სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა. მას დიდად აფასებდა ილია ჭავჭავაძე. იგი მას პატიოსანს და ერის გულშემატკივარს უწოდებდა.

ბათუმის ოკრუგის უფროსად გრიგოლ გურიელი დარჩა 1880 წლის 13 აპრილამდე. მადლიერმა ხალხმა მას გამოსამშვიდობებელი სადილი გაუმართა. სიტყვებსა და სადღეგრძელოებში მას ქება- 286 დიდებას ასხამდნენ აჭარის მოსახლეობისადმი ესოდენ დიდი ამაგისათვის.

გრიგოლ გურიელის ბათუმიდან წასვლასთან დაკავშირებით გაზეთ `დროების~ კორესპონდენტი კარიჭაშვილი - `კრაზანას~ ფსევდონიმით ცნობილი — წერდა: `გრიგოლ გურიელი ბევრს შრომობდა ჩვენი მხარის ხალხისათვის და დიდი დანაკლისია მისი აქედან წასვლა. მაგრამ მეტი აღარ მოითხოვება მისგან. დროა, რომ მისი ხანგრძლივი შრომა, ახლა, ამ მოხუცებულობაში დასვენებით დააგვირგვინოს. როდესაც გრიგოლი ბათუმიდან მიდიოდა, თან მისტიროდნენ მაჰმადიანი ქართველები~ [5, 2]. მხარეზე შეყვარებული გურიელი წამოსვლის შემდეგ უყურადღებოდ არ ტოვებდა მას: `ქართველები არიან, ცოდონი არიან, რომ ასე უპატრონოდ გვყავს მიტოვებული~ — წერდა იგი. გურიელი მოითხოვდა, რომ მათთვის გაეხსნათ სკოლები და სწავლა-განათლება შეეტანათ მხარეში.

გრიგოლ გურიელი გარდაიცვალა 1893 წელს ოზურგეთში, მისი ნეშტი წმინდა მარიამის ეკლესიას მიაბარეს.

ზაქარია ჭიჭინაძე აღნიშნავს: `1879 წელს გრიგოლ გურიელმა ერთ დღეს დამშეულთ ათი ათასი მანეთი თავისი ფული დაურიგა და მასთან რამდენი კიდევ სხვა ასეთები უქმნია ამ ძვირფას კაცს, ამას თვლა არა აქვს. დიდი შესანიშნავი კაცი იყო ეს გრიგოლ გურიელი, მეტად თავგამოდებული მოსარჩლე ქართველ მაჰმადიანთა ღარიბ-ღატაკ ხალხისა~ [6,15].

დამოწმებული წყაროები და ლიტერატურა:

1. გაზეთი `ივერია~, №16, 1880.

2. გ. ყაზბეგი, სამი თვე თურქეთის საქართველოში, ბათუმი, 1997.

3. საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ისტორიული არქივი, ფ. 457, აღწ. 1, საქ. 231.

4. А. Френкель, Очерк Батуми и Чурук-су, Батуми, 1885.

5. გაზეთი `დროება~, #39, 1881.

6. ზ. ჭიჭინაძე, ისტორია ოსმალეთის ყოფილ მუსლიმან ქართველთა საქართველოში, ბათუმი, 1911.

Otar Gogolishvili

Doctor of Historical Science, Shota Rustaveli Batumi State University, Full Professor

Grigol Gurieli — the Famous Person and Public Figure

Summary

Grigol Gurieli, a well-known person in the Georgian history, took a very active part in a Russian-Turkey war of 1877-1878. After the was Grigol Gurieli was appointed as a governor of the District of Batumi. He played a great part in the movement ageist the deportation of the local Muslim population in Turkey. Grigol Gurieli’ s activity resulted in the fact that a lot of people were not deported in Turkey. As a result, the local population expressed a great respect to Grigol Gurieli. When he resided on 13 April, 1880, the local population organized a very warm farewell.