ილია ერთი დამაარსებელთაგანი იყო წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა, 1886
წლიდან კი — მისი გამგეობის თავმჯდომარე. მე რომ პეტერბურგიდან თბილისში ჩამოვედი,
იმავე წელს საზოგადოების კრებაზე გამგეობის წევრად ამირჩიეს. ილია ამ დროს იშვიათად
ესწრებოდა გამგეობის კრებებს. მას მხოლოდ მაშინ სთხოვდნენ დასწრებოდა კრებას,
როდესაც რაიმე დიდი საქმე წამოიჭრებოდა. ერთი ასეთი საქმე იყო ქუთაისის
სათავად-აზნაურო სკოლის საკითხი. ქუთაისის სკოლა წერა-კითხვის საზოგადოებას
ექვემდებარებოდა. იქ უთანხმოება ჩამოვარდა მასწავლებლებსა და გამგეს შორის. როცა
ქუთაისში პირველად სათავადაზნაურო სკოლა გაიხსნა, მის გამგედ დაინიშნა ალექსი
ბესარიონის-ძე ჭიჭინაძე. მანამდის მას საკუთარი კერძო სასწავლებელი ჰქონდა და
თვალსაჩინო მოღვაწე იყო ქუთაისის ყველა სახოგადო საქმეში. შემდეგ ის გადმოვიდა
თბილისში და გახდა თბილისის სათავად-აზნაურო სკოლის გამგე. მის ადგილას ქუთაისში
დანიშნეს სპირიდონ ჯორჯიკია. პირადად ისიც კარგი მასწავლებელი იყო, მათემატიკოსი,
მაგრამ ტაქტი აკლდა, მასაწვლებელნი წინააღმდეგნი გახდნენ მისი და საჩივარი
გამოგზავნეს. ის იძულებული გახდა გადამდგარიყო თანამდებობიდან. მის ადგილას
წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ დანიშნა ვასო ყიფიანი, მაგრამ როცა
თბილისში კერძო საურთიერთო ბანკი დაარსდა, ვასო გახდა ამ ბანკის დირექტორი,
ქუთაისში მის ადგილას დანიშნეს სიმონ ბესარიონის-ძე ღოღობერიძე, ისტორიის ყოფილი
მასწავლებელი ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიისა. სიმონი კარგი კაცი იყო, ფრიად
განათლებული, მაგრამ დაღლილი იყო ხანგრძლივი სამსახურის გამო, მასწავლებელნი მისი
უკმაყოფილონიც იყვნენ და ისიც გადადგა. შემდეგ ალექსანდრე გარსევანიშვილი დაინიშნა
გამგედ, რომელიც წინათ მასწავლებლობდა თბილისის სათავადაზნაურო სკოლაში ჩემ დროს;
ვერც ეს გამოდგა იქაურ მასწავლებელთათვის მისაღებ კაცად, ამიტომ ისიც გადააყენეს და
იოსებ ოცხელი დაინიშნა გამგედ; ამან კი გამოიჩინა უნარი, ჩამოაგდო წესრიგი და
განაგებდა სკოლას სულ ბოლომდის.
ილიას მოადგილედ წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში ვანო მაჩაბელი იყო და
მისი თავმჯდომარეობით ხდებოდა გამგეობის კრება კვირაში ერთხელ. საზოგადო წლიურ
კრებაზე კი ყოველთვის ილია იყო თავმჯდომარე. აქ მას ზოგჯერ უსაყვედურებდნენ
ზარმაცობას.
ერთხელ მახსოვს ნიკო ხუდადოვის გამოსვლა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების
წლიურ კრებაზე. ნ. ხუდადოვი გორელი სომეხი იყო. ქართველი მოღვაწე, პატიოსანი და
რადიკალური მიმართულების კაცი. ყველა საზოგადო საქმეებში მხურვალე მონაწილეობას
იღებდა. ქალაქის თვითმმართველობის ხმოსანი იყო და კრიჭაში ედგა „სოლოლაკის
პლუტოკრატიას“. ცნობილია მისი გაშენებული ტყე კუკიაში, სასაფლაოს ზემოთ და სხვა.
საზოგადო კრებაზე ნ. ხუდადოვმა რიხიანი ხმით უსაყვედურა ილიას:
— „ილია, სულ ძილი და ძილი არ შეიძლება, არაფერს არ აკეთებ და ჩვენ საზოგადოების
საქმეც ვერ მიდის კარგადო“.
ილიამ უპასუხა: – „მე რომ მძინავს და მძინავს, ეს ყველასაგან ცნობილია, მაგრამ შენ
თუ გღვიძავს და გგონია, ალბათ, ბევრ რამეს აკეთებ, -- ერთი გვაჩვენე რა
გაგიკეთებიაო?“.
გამგეობის კრებაზე ილიას დასწრება იმდენად საჭირო არ იყო, რამდენადაც მისი წასვლა
ადმინისტრატიულ პირებთან, რომელნიც ხშირად ერეოდნენ საზოგადოების საქმეში და ხელს
გვიშლიდნენ. ასეთები იყვნენ სახალხო ინსპექტორები, მზრუნველი, მისი თანაშემწენი,
ექზარხოსი და სხვები. ილია საქმეებით მეტად გადატვირთული იყო და იგი იქ ხშირად ვერ
ახერხებდა ყველა ამ პირებთან სიარულს.
ერთხელ ი. გოგებაშვილმა მიმიწვია კრებაზე, რომელსაც დაესწრო დაახლოებით 30 კაცი. ამ
კრებაზე მან განაცხადა: „ჩვენი საქმეები ძალიან ცუდად მიდის, კაცი არა გვყავს, რომ
სხვადასხვა დაწესებულების წარმომადგენელთან განუწყვეტლივ იაროს ან ჩვენ წაგვყვეს,
რომ მათ ჩვენი ჭირვარამი ავუხსნათ და უსამართლობაზე ხელი ავაღებინოთო. ილია
საქმეებით არის გადატვირთული და მას ასე ხშირად ვერ ვაწუხებთ და თუ კაცი ვერ
ვიშოვეთ, რომელსაც მთავერობა ასე თუ ისე ანგარიშს გაუწევს, ვერაფერს ჯერ
გავხდებითო“.
ვანო მაჩაბელმა ოქვა: „ასეთი კაცი ჩვენ გვყავს, ეს არის თბილისის მაზრის
თავადაზნაურთა წინამძღოლი შაქრო მაღალაშვილი, თუ მას ამოირჩევთ წერა-კითხვის
საზოგადოების თავმჯდომარედ, დიდად გამოგვადგებაო“.
გადასწყვიტეს ის აერჩიათ თავმჯდომარედ. ვ. მაჩაბელს წინდაწინ ამის ნება არ უთხოვია
მაღალაშვილისაგან, რომელიც კარგ განწყობილებაში იყო ილიასთან და ამიტომ შეიძლება
თავმჯდომარეობაზე არ დათანხმებულიყო, მაგრამ ვანო დარწმუნებული იყო, რომ
მაღალაშვილი უარს არ იტყოდა, თუ კი მას ამოირჩევდნენ. დადგა არჩევნის დღე. ილია
თავმჯდომარეობდა. სხვა საქმეები რომ გათავდა, ჯერი მიდგა თავმჯდომარის არჩევაზე.
მაშინ კანდიდატების წინდაწინ დასახელება არ იყო მიღებული, დამსწრეთ ბარათებით უნდა
დაესახელებიათ, ვინ უნდოდათ თავმჯდომარედ. ჩატარდა არჩევნები და შეკრიბეს ბარათები.
ილიამ დაიწყო ბარათების კითხვა. მდივანი წერდა ხმათა ანგაიშს, საბოლოოდ აღმოჩნდა,
რომ ილიამ მეტი ხმა მიიღო, ვიდრე მაღალაშვილმა და, ამგვარად, ისევ ილია დარჩა
თავმჯდომარედ.
ეს პირველი კრება იყო, რომელზედაც საზოგადოების თავმჯდომარედ სხვა კანდიდატი იყო
დასახელებული მის წინააღმდეგ. ილიამ ეს გამოსვლა ვ. მაჩაბელის და გ. წერეთლის
ინტრივად მიიჩნია.
მართლაც დიდი უხერხულობა იყო იმაში, რომ ახალი თავმჯდომარე დასახელებული იყო.
ილიასთან წინასწარ შეუთანხმებლად, რომელსაც ასეთი განსაკუთრებული, განუზომელად დიდი
ღვაწლი მიუძღოდა საზოგადოების წინაშე.
როდესაც ილია აირჩიეს უმაღლესი საბჭოს სათათბიროს წევრად, წერა-კითხვის
საზოგადოების თავმჯდომარეობიდან გადადგა, მის მაგიერ კი გიორგი ყაზბეგი იქნა
არჩეული.
ილია და წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება