..თქვენ, მკვიდრნო ქართლისანო, მოიხსენენით კეთილნი ჩემნი... და სახლსა ჩვენსა ნუ შეურაცხჰყოფთ...
ვახტანგის ანდერძი
მოგეხსენებათ, რა ძნელია პოემის წერა; არა ერთი და ორი გახდა ამ საქმის წერა. ეს, არცთუ ისე იოლი საქმე, - როგორ დავიწყო, სით მივუდგე, მირჩიეთ - რა ვქნა!
დავიწყო ისე, როგორც სხვები იწყებენ ხოლმე, - რატომღაც გული არ მაძლევს ნებას. არადა, უშნოდ რომ მოვედვა ღობეს და ყორეს - ეს შეიძლება?! - რა თქმა უნდა - არ შეიძლება!
რაც არის - არის - გავარდეს ჯანი. თუ გინდა, ლაფი დამასხან თავზე - ესე პოემა იწყება ასე:
ვახტანგმა გადინადირა ქედი მაღალი - ტყიანი; ვერ მოჰკლა ფური, ვერც ხარი; - ვაზირნი რას იტყვიანო! ხელმოცარულმან მეფემან შორით შენიშნა ჭალა. ჩამოხტნენ. ბრძანა - დაჯდომა. ცხენთ დაუყარეს ჩალა. აღმოხდა მწუხრის ვარსკვლავი - მკვდარი გზის მაჩანჩალა. ულაყთა - ლაგამწაყრილთა - შეახრამუნეს ჩალა.
ვახტანგმა წყალი ისურვა, გაიქცნენ: - მოვიტანთო! ვაზირს ეწადა რამ ეთქვა - იჩქითად, სწორედ ამ დროს, მოიჭრა წყალზე წასული - გადასდიოდა ხვითქი. - რა დაგემართა, თქვი ჩქარა! თქვა: - მადროვეთო, ვიტყვი!..
- ვითარცა მოგეხსენებათ, წარვედ მოტანად წყალისად; ვეძებე, მივდექ-მოვდექი, - წყარო ვერ ვპოვე ღარისა.
შევხედე: ღელე დიოდა, - თვალნი გამიხდნენ ფართონი. ვიფიქრე: - ღელეს წავიღებ, - რას მიმიხვდება პატრონი!
გავბრიყვდი, ვიგულმავიწყე ყოვლისმხედველი უფალი. მყისვე ყრანტეში ჩავხოხდი - გავწირე კაბა-ჯუბანი. ღელეს მივადექ... და როცა ჩქერალს შევუდგი ტაგანი, - წყალი გაცხელდა, ადუღდა... შევკრთი, - დამეცა თავზარი.
მუხლზე დავეცი - ავტირდი, ვახშირე პირჯვრის წერანი; არ შემეწია არც ღმერთი, არც მზე, არც წერამწერალი.
დამსაჯეთ! ჩემზედ ახია გზანი უღაღნი ჯანაბის. ახია ჩემზე გაშავდეს ჩემი სახლი და ჯალაბი.
აბრძანდა მეფე. მუნთქვესვე ფეხზე წამოხტა ყველაყა; წყალი - ადუღდა რომელიც - უნდოდა ყველას ენახა.
მივიდნენ - შეცბნენ... მარტოდენ მეფე გალაღდა ნამეტურ; წყლის ღვთაებრივი ნიშატი - იგრძნო, შენიშნა რამეთუ.
ხმას არ იღებდა ხელმწიფე. ვაზირთა შეჰქმნეს ყაყანი; ზოგმა ცას ეჭვით გახედა, ზოგმა გასინჯა ტაგანი...
მეფემ აღაღო ბაგენი და შეწყდა მყის ლაპარაკი. წარმოსთქვა: - იყავნ ქალაქი! და... აღმოცენდა ქალაქი.
* * * * * * *
სიტყვა მეფის, საქმე შენი - შოშიტა და შიოშ... - რაღა გვინდა აწი წყნეთში, ანდა მცხეთაშიო!..
მცხეთით, წყნეთით, თუხარისით; ჩორთით, ოთხით, თოხარიკით - უხალისოდ, თუ ხალისით მოაშურა ხალხმა თბილისს...
ქვამ ქვა იგრძნო. ძელმა - ძელი. ჩაიყარა საძირკველი. დაიბადა თბილისელი. სტუმარს დახვდა მასპინძელი. და... მზე როდესაც მოადგა აღმოსავლეთით თბილისს, - მცხეთას დაეცა თბილისის ვეებერთელა ჩრდილი. |
|
|