The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი - რ


სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი - რ



სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი

სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი

წიგნი წარმოადგენს ერთ-ერთ პირველ მეცნიერულ ნაშრომს ლიტერატურათმცოდნეობაში. მასში დაწვრილებით არის განხილული ლიტერატურის თეორიისა და ლიტერატურათმცოდნეობის ძირითადი ცნებები და კატეგორიები.

ავტორის ტექსტი ქვეყნდება მცირეოდენი შესწორებებით. საილუსტრაციო მასალად გამოყენებული ავტორისეული ციტატები ზოგან ჩანაცვლებულია სხვა ნიმუშებით

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

1 რაინდული რომანი

▲back to top


რაინდული რომანი

რომანი, რომელიც აღწერს რაინდების თავგადასავალს.

რაინდული რომანის საუკეთესო ნიმუში მოგვცა პორტუგალიელმა მწერალმა ვასკო დე ლობეირიმ (XIV საუკუნე), რომელმაც დაწერა რომანი „ამადის გალილელი”.

იხ. აგრეთვე: რომანი

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

2 რეალიზმი

▲back to top


რეალიზმი

მხატვრული შემეცნების მეთოდი, რომელიც მიზნად ისახავს სინამდვილის ობიექტურად გამოსახვას.

რეალისტ მწერალს „დეტალების სიმართლის გარდა, ტიპური ხასიათების ტიპურ გარემოში გადმოცემის სისწორე” ახასიათებს (ენგელსი). ტიპური ხასიათების ტიპურ გარემოში გამოხატვა არ ზღუდავს რეალიზმს. განვითარების მაღალ საფეხურზე მას შეუძლია დაგვიხატოს ისიც, რაც ასახვის მომენტში სუსტადაა გამოვლინებული, მაგრამ ვითარდება და მომავალში დასრულებული ფორმით მოგვევლინება. რეალისტურ ხელოვნებას არა მხოლოდ შეუძლია ახსნას და დაგვიხატოს სინამდვილე, არამედ ამასთან ერთად მას შეუძლია დაგვიხატოს ცხოვრების მომავალი განვითარების ტენდენცია, შეუძლია დაგვიხატოს მოვლენები არა გაქვავებულ მდგომარეობაში, არამედ წარმოქმნაში, ზრდაში, განვითარებაში.

ხელოვნება საერთოდ რეალურს, ე.ი. სინამდვილეში არსებულს ასახავს. მაგრამ რეალურის ასახვა ჯერ კიდევ არ ნიშნავს რეალისტურად ასახვას. რეალისტური ასახვა იმით განსხვავდება რომანტიკული, ან, კიდევ, ფანტასტიკური ასახვისაგან, რომ იგი გამოსახვის საშუალებად თვით სინამდვილიდან აღებულ მასალას იყენებს. ესაა მთავარი თავისებურება რეალიზმისა, რითაც იგი რომანტიზმის მოწინააღმდეგე მთავარ ლიტერატურულ მეთოდად გვევლინება.

თუ რომანტიზმის წამომადგენლები გვიხატავენ ფანტასტიკურ ამბებს, მათი ოცნების სამყაროს, რეალისტმა მწერლებმა მათი შემოქმედების საგნად გაიხადეს ცხოვრების სინამდვილე. ისინი ყოველგვარ მასალას თავიანთი შემოქმედებისათვის იღებდნენ რეალური ცხოვრებიდან და ცდილობდნენ შეძლებისდაგვარად ურად, სისწორით და დეტალურად აეწერათ ცხოვრების სინამდვილე.

რეალიზმი ლიტერატურაში XIX საუკუნემდეც არსებობდა.

რეალისტური ნაწარმოებებია ჰომეროსის „ილიადა” და „ოდისეა” და ანტიკური ლიტერატურის სხვა ნიმუშები. შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი”, სერვანტესის „დონ–კიხოტი”, შექსპირის ტრაგედიები, მოლიერის კომედიები.

ადრინდელი რეალიზმი სტიქიური იყო და თეორიულად უფრო ზუსტად იგი XIX საუკუნეში ჩამოყალიბდა.

რეალიზმის განვითარებამ დიდი ნაყოფი გამოიღო. ხელოვნების წარმომადგენელნი მიხვდნენ, რომ სინამდვილე მეტად საყურადღებო ყოფილა, რომ ამ სინამდვილეს შესწავლა უნდა, რომ ამ შესწავლით შეიძლება სინამდვილის დაძლევა და მისი სასარგებლოდ გამოყენება. ამრიგად, ერთი მხრივ, განვითარდა დაკვირვების ტენდენცია, ფაქტების შესწავლა და სურვილი, რომ ხელოვნებაც სინამდვილის შესასწავლ იარაღად გამხდარიყო. ხოლო, მეორე მხრივ, ფართო საზოგადოებიდან გამოდიოდნენ მწერლები, რომლებიც „ცის იქით კი არ ეძებდნენ სადგურს ზენაარსს, სამყოფს, რომ დაშთონ აქ ამაოება”, არამედ აკვირდებოდნენ სინამდვილეს, ყოფა–ცხოვრებას და მას თავის შემოქმედებაში რეალისტურად ხატავდნენ.

რეალიზმმა განვითარების სხვადასხვა საფეხურზე სხვადასხვა სახეობა მიიღო.

იხ. აგრეთვე: კლასიციზმი, კომედია, ლიტერატურული მეთოდი, ლიტერატურული მიმართულება, ნატურალიზმი, რომანტიზმი, რეალისტური სახე, ტრაგედია

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

3 რეალისტური სახე

▲back to top


რეალისტური სახე

ისეთი სახე, რომელშიც სინამდვილე მართებულად არის გამოხატული.

ასეთი სახის ნიმუშებია

ლ. არდაზიანის სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი; გ. ერისთავის კომედიების მოქმედი პირები; ი. ჭავჭავაძის ზაქრო,(„კაკო ყაჩაღი”), გაბრო დათიკო („გლახის ნაამბობი”);

გ. წერეთლის ბახვა ფულავა, იერემია წარბა („პირველი ნაბიჯი”);

ლეო ქიაჩელის „გვადი ბიგვა” და სხვ.

იხ. აგრეთვე: რეალიზმი

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

4 რემარკები

▲back to top


რემარკები

დრამატულ ნაწარმოებში, მოქმედ პირთა სიტყვების გარდა, ავტორი იძლევა მითითებას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იყოს სცენა მოწყობილი, რა უნდა ხდებოდეს სცენაზე, ან კულისებში. რა უნდა გააკეთოს ან როგორ იმოქმედოს მსახიობმა, როგორი უნდა იყოს მისი მიმიკა და სხვ. ასეთ მითითებებს რემარკები ეწოდება.

იხ. აგრეთვე: დრამა, მიმიკა

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

5 რეპლიკა

▲back to top


რეპლიკა

მოქმედ პირთა მოკლე სიტყვებს, რომლებისგანაც დიალოგი შედგება, რეპლიკები ეწოდება.

იხ. აგრეთვე: დიალოგი

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

6 რითმა

▲back to top


რითმა

ერთი და იმავე ან დამსგავსებული ბგერების გამეორება ლექსის ტაეპში ან ხანაში.

რითმის საშუალებით უფრო იგრძნობა რიტმული ერთეულის (მაგ. ლექსის სტრიქონის) საზღვარი.

მაგ:

„აღმართ–აღმართ მივდიოდი მე ნელა,
სერზე შევდეგ, ჭმუნვის ალი მენელა” - (აკაკი)

„ჩვენისთანა ბედნიერი ,
განა არის სადმე ერი”– (ილია)

იხ. აგრეთვე: ბოლორითმები, დაქტილური რითმა, ვაჟური რითმა, ზუსტი რითმა, თავრითმები, თეთრი ლექსი, კიბური რითმა, კლაუზულა, კონსონანსი, მაჯამა, მდიდარი რითმა, მუხამბაზი, სტროფი, ტერცინა, ფისტიკაური, ქალური რითმა, შერეული, შინაგანი რითმები, შინაგან–გარეგანი რითმა, ღარიბი რითმა, ჯვარედი რითმები

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

7 რიტმი

▲back to top


რიტმი

თანაზომიერი სამეტყველო ერთეულების მოწესრიგებულ გამეორება.

„რიტმოს” ბერძნულად ნიშნავს თანაზომიერებას, სინატიფეს. თანაზომიერება ანუ რიტმულობა მრავალ მოვლენას ახასიათებს. რიტმულად გამოთქმული აზრი უფრო მკვეთრად იჭრება ადამიანის გონებაში. ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ ხალხურ ანდაზებსა და გამოთქმებსაც კი რიტმი ახასიათებთ. ლიტერატურის თეორიის შესწავლის დროს რიტმი ჩვენ განსაკუთრებით გვაინტერესებს, როგორც ლექსის დამახასიათებელი თვისება.

ლექსის სამეტყველო ერთეულებად ჩვენ შეგვიძლია ავიღოთ მისი სტრიქონები, ანუ ტაეპები.

„ტოკავდა, ტოკავდა,
პატარა ნარგიზი,
პატარა ნარგიზი,
კოხტა და ფაქიზი.” - ( ი. გრიშაშვილი)

თუ დავითვლით მარცვალთა

რაოდენობას ყოველ აქ მოყვანილ სტრიქონში, ასეთ სურათს მივიღებთ:

„ტოკავდა, ტოკავდა,(6)
პატარა ნარგიზი,(6)
პატარა ნარგიზი,(6)
კოხტა და ფაქიზი.(6)

აქ მოყვანილი ლექსის ნაწყვეტი ოთხი ერთეულისაგან – სტრიქონისაგან შედგება. ოთხივე სტრიქონი თანაზომიერია – ერთეულების, ანუ თანაბარმარცვლიანი სიტყვებისა და სიტყვათა ჯგუფების გამეორებას წარმოადგენს. ლექსებში უმთავრესად თანაბარი რაოდენობის მარცვალთა სტრიქონები მეორდება. ქვემოთ მოყვანილ სტრიქონებში ორ–ორჯერ მეორდება სამმარცვლიანი სიტყვები:

„ტოკავდა, ტოკავდა(3+3)
პატარა ნარგიზი(3+3)

როგორც ვხედავთ, თვით სალექსო სტრიქონშიც თანაზომიერი ერთეულები (ამ შემთხვევაში სიტყვები) მეორდება.

ლექსში თანაზომიერი ერთეულების გამეორება არ არის შემთხვევითი, იგი გარკვეული წესით, გარკვეული რიგის მიხედვით მეორდება – ზოგჯერ ერთმანეთს მიჰყვება, ე.ი. განუწყვეტლივ მეორდება თანაბარმარცვლიანი ტაეპები, ზოგჯერ კი პირველი ტაეპის თანაზომიერი ტაეპი მეორდება მესამე სტრიქონში, მეორე ტაეპისა – მეოთხეში და ა. შ.

მაგ:

„როცა დროშა ჩავიბარე,(8)
მე შევფიცე კაცურად,(7)
შენთვის ქარს არ შევუდრკები,(8)
შენთვის ცეცხლში გავცურავ.(7) – (ხ. ბერულავა)

ლექსისათვის თანაზომიერი სამეტყველო ერთეულების მოწესრიგებული გამეორება აუცილებელი თვისებაა.

იხ. აგრეთვე: აშუღური, დაბალი შაირი, თავისუფალი ლექსი, ლექსი, მაღალი შაირი, ტაეპი

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

8 რიტორული შეკითხვა

▲back to top


რიტორული შეკითხვა

შეკითხვა, რომელიც პასუხს არ მოითხოვს, რადგან მისი კითხვითი ფორმა პასუხს თვითონვე გულისხმობს.

ნიმუშები:

1. „მაგრამ, შენ, მეფევ, ვინ მოგცა ნება –
სხვას განუბოძო შენთ ყმათ ცხოვრება?!” – (ნ. ბარათაშვილი)

2. „სუმბულო, სად არს ფეროვნება შენი საამო,
რომლისა მჭვრეტელს არ გააჩნდა დილა, საღამო?” - (ნ. ბარათაშვილი)

3. „ვინა სთქვა, თითქოს პატარა იყოს,
ჩემი სამშობლო, დიდების ღირსი,
ქართლში ვინ ჰპოვა პატარა ციხე,
ვინ მოიგონა სიმცირე მისი?” - (ს. ჩიქოვანი

4. „რად გინდოდა სახელმწიფო ტახტი, თუ დასამიწებელს, საფლავს იშენებდი?... ვის დროშას ვემსახურო? ვინ შევიყვარო, ვისთვის მოვკვდე?” - (ს. ლეონიძის სიტყვიდან)

იხ. აგრეთვე: ფიგურები

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

9 რიტორული მიმართვა

▲back to top


რიტორული მიმართვა

მიმართვა იმ საგნისადმი, ან პირისადმი, რომელსაც გამოხმაურება არ შეუძლია ან რომლის გამოხმაურებაც არ არის სავალდებულო. ასეთია მიმართვა ბუნებისადმი, განყენებული საგნისადმი, მკითხველისადმი, რომელსაც ჩვენ არ ვიცნობთ და სხვ. ნიმუშები:

1. „ზეციურნო ძალნო ... საღრმთო სტუმარი – მეფე ერეკლე გესტუმრათ”- (ს. ლეონიძე)

2. „თავისუფლებავ, შენ ხარ კაცთა ნავთსაყუდარი!” - (ი. ჭავჭავაძე)

3. „მეგობრებო, წინ, წინ გასწით, ნუ შედრკება თქვენი გული”.- (ი. ევდოშვილი)

4. „გადი – გამოდი გუთანო,
ღირღიტავ, ბანი უთხარო,
სახნის–საკვეთო, გაუსვი,
რომ კაჭკაჭს ძირი უთხარო,
ნიშავ, ნიკორას გაუწი,
მაგას მოაბი მხარია,
მეხრევ, გაუკარ შვინდასა,
ცოტა ზარმაცი ხარია” - (რაფ. ერისთავი)

იხ. აგრეთვე: ფიგურები

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

10 რიტორული შეძახება

▲back to top


რიტორული შეძახება

ძახილის წინადადების საშუალებით აზრისა და გრძნობის გამოხატვა.

ნიმუშები: 1. „აგერ უფალი და მისი მონა!” - (ილია) 2. „ძნელი არის მარტოობა სულისა”- (ნ. ბარათაშვილი ) 3. „რაც მოსავალია, მოგვივიდეს” - (აკაკი) იხ. აგრეთვე: ფიგურები

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

11 რკალური რითმა

▲back to top


რკალური რითმა რითმები, რომელშიც სტროფის პირველი ტაეპი მეოთხეს ეთანხმება(ერითმება), ხოლო მეორე მესამეს. მაგ:

„ჰე, მამულო! გრძნობა შენი მოვლისა,
მარად ყველა ჩვენთაგანის ვალია,
სანამ გმირმა შენთვის სული დალია,
სთქვა: „ სამშობლო უპირველეს ყოვლისა!
არ მოშიშარს ქარისა და თოვლისა,
ყოველ ჩვენგანს ურყევ მიზნად ექნება,
მხოლოდ შენთვის თავდადების შეგნება,
მამულს გული!– უპირველეს ყოვლისა!”– (გ. ტაბიძე).

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

12 რომანი

▲back to top


რომანი

ეპოსის ისეთი სახე, რომელშიც მოცემულია მწერლის მიერ გამოგონილ, აღწერილ ან გათვალისწინებულ ადამიანთა ჯგუფისა და მთელი სოციალური წრის მთლიანი ცხოვრების ვრცელი სურათი.

ეს იმას ნიშნავს, რომ რომანი გამოხატავს არა ერთ ეპიზოდს მოქმედი პირის ცხოვრებიდან, როგორც ეს მოთხრობას და, განსაკუთრებით, ნოველას ახასიათებს, არამედ მასში მოცემულია გმირის ცხოვრების ხანგრძლივი პერიოდი. რომანი გვიხატავს არა რომელიმე პიროვნების ცხოვრებას, არამედ გვიხატავს მთელ საზოგადოებას, რომელშიც მხატვრული ნაწარმოების გმირი მოქმედებს. ამის გამო მოქმედ პირთა რაოდენობა რომანში გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე მოთხრობაში და ნოველაში.

რომანში მოქმედი პირები გამოხატული არიან იმ საზოგადოებრივ გარემოსთან ერთად, რომელშიც ისინი მოქმედებენ. ზემოაღნიშნულის გამო, რომანში დიდი ყურადღება ექცევა იმ წრის ზნე–ჩვეულებისა და ყოფა–ცხოვრების გამოხატვას, რომელშიც გმირი მოქმედებს. რომანი, მოთხრობა და ნოველა ერთმანეთთან შეფარდებით განიხილება. მათ ბევრი მონათესავე თვისებები აერთიანებთ. განსხვავება მათ შორის უმთავრესად მოცულობაში გამოიხატება. ყველაზე მცირე მათ შორის ნოველაა. თუ ნოველას გავავრცობთ, მოთხრობას მივიღებთ.

გავრცობილი მოთხრობა უკვე რომანია. ამ მსგავსების ნიადაგზე ხშირია ისეთი შემთხვევა, როდესაც ერთსა და იმავე ნაწარმოებს რომანსაც უწოდებენ და მოთხრობასაც, ან კიდევ, მოთხრობასაც უწოდებენ და ნოველასაც. ეს მაშინ ხდება, როდესაც ამა თუ იმ ნაწარმოებს გარდამავალი ადგილი უკავია მოთხრობასა და რომანს შორის, ან ნოველასა და მოთხრობას შორის.

ზევით დასახელებულ მსგავსებათა გამო რომანის, მოთხრობისა და ნოველის ზუსტი საზღვრების დაწესება მეტისმეტად ძნელდება. უფრო მეტად განსხვავდება ერთმანეთისაგან რომანი და ნოველა. ეს განსხვავება გარეგნულად მათ მოცულობაში მდგომარეობს. თვით მოცულობის განსხვავება კი გამოწვეულია შინაარსის განსხვავებით. რომანი უფრო დიდი მოცულობისაა იმიტომ, რომ უფრო მეტი სიღრმით ასახავს ცხოვრების სინამდვილეს. რომანის მთავარი თემის გაშუქება თემატიკის სიმდიდრეს მოითხოვს. რომანი ვრცლად ასახავს მოქმედ პირთა თავგადასავალს და საზოგადოებრივ ცხოვრებას. ქართულ ლიტერატურაში რომანის ნიმუშად შეგვიძლია მივიჩნიოთ გ. წერეთლის „პირველი ნაბიჯი”. მასში მოცემულია ორი მთავარი გმირის ისტორია.

ერთი მათგანი, ბახვა ფულავა, გლეხური წრიდან წარმოშობილი აღმავალი ბურჟუაზიის წარმომადგენელია. მეორე – იერემია წარბა გადაგვარებული მემამულეთა კლასის წარმომადგენელია.

გ. წერეთელი თავის რომანში გვაძლევს ზემოაღნიშნული ორივე გმირის მთელი ცხოვრების ისტორიას. ამ გმირებთან ერთად ავტორი ვრცლად გვიხატავს იმ საზოგადოებრივ წრეს და პიროვნებებს, რომლებშიაც მისი გმირები მოქმედებენ.

ამ რომანში არამარტო მთავარი გმირები, მეორეხარისხოვანი პერსონაჟებიც კი ტიპური ადამიანები არიან. ტიპურია ვალიდა, პოლკოვნიკი ლებოვი, ესმა და სხვანი. რომანში ავტორმა დააყენა საკითხი იმის შესახებ, თუ რა გზით უნდა წასულიყო საქართველოს ეკონომიური, საზოგადოებრივი და პოლიტიკური განვითარება. მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში ცნობილია რომანის სხვადასხვა ფორმა:სოციალური, ფსიქოლოგიური,ისტორიული,ავანტურული, საყოფაცხოვრებო, რაინდული, სატირული, ფანტასტიკური. ეს კლასიფიკაცია პირობითია.

იშვიათია ისეთი ნაწარმოები, რომლის განსაზღვრა შესაძლებელი იყოს მხოლოდ და მხოლოდ ზემოჩამოთვლილი კლასიფიკაციის ერთ–ერთი სახეობით ან ფორმით: მაგ. რაინდული რომანი იმავე დროს ავანტურული რომანიცაა და საყოფაცხოვრებოც. ზოგჯერ ასეთი რომანი ფანტასტიკურ რომანადაც ითვლება.

სოციალური რომანი იმავე დროს საყოფაცხოვრებო რომანიცაა და შეიძლება ისტორიულიც იყოს.

ვ. ჰიუგოს რომანი „განწირულნი” ისტორიული რომანიცაა და სოციალურიც, რადგან ამ რომანში ავტორი, გვიხატავს რა ფრანგების ცნობილ ბრძოლას ვატერლოოსთან და 1830 წლის რევოლუციას, გვაძლევს ნათელ სურათს ხალხთა სიღატაკის, პროსტიტუციისა და მუშათა კლასის აუტანელი ცხოვრებისას. ნინოშვილის „ჯანყი გურიაში” ისტორიული რომანია, მაგრამ იმავე დროს სოციალურიცაა, რადგან მასში ჩვენი ქვეყნის წარსული გამოყენებულია საზოგადოებრივი ურთიერთობის გამოსახატავად.

ვ. ბარნოვის ისტორიული რომანები („ტრფობა წამებულისა”, „ხაზართა სასძლო”, „მიმქრალი შარავანდედი”) გვიხატავენ ჩვენი ქვეყნის ყოფა–ცხოვრებას წარსულში და, ამდენად, საყოფაცხოვრებოცაა. იხ. აგრეთვე: ავანტურული რომანი, ახალი პოემა, ეპოსი, თემატიკა, ისტორიული რომანი, მოთხრობა, ნოველა, რაინდული რომანი, სატირული რომანი, საყოფაცხოვრებო რომანი, სოციალური რომანი, ფანტასტიკური რომანი, ფსიქოლოგიური რომანი

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

13 რომანტიზმი

▲back to top


რომანტიზმი

რომანტიზმი ისეთი მხატვრული მეთოდია, რომელიც სინამდვილის უშუალოდ ასხვის ნაცვლად გვიხატავს ოცნებით გამოგონილს, არსებულის ნაცვლად სასურველს. მიისწრაფვის ნათელი, ოპტიმალური სახეებით გვაჩვენოს ადამიანის მაღალი დანიშნულება.

რომანტიზმი ლიტერატურაში განსაკუთრებით XVII საუკუნის დასასრულს გაბატონდა. ამ მოვლენას ხელი შეუწყო საფრანგეთის რევოლუციის დამარცხებამ, მსხვილი ბურჟუაზიის გაბატონებამ და იმ უკმაყოფილებამ, რაც ზემოაღნიშნულმა მოვლენებმა გამოიწვიეს მემამულეთა და წვრილბურჟუაზიული წრიდან გამოსულ მწერალთა შორის. რომანტიზმი ფრანგული კლასიციზმის გაბატონებული ლიტერატურული ტრადიციების საწინააღმდეგო მიმართულება იყო. რომანტიკოს მწერლებს შემდეგი ძირითადი თვისებები ახასიათებთ:

პოეტური ფორმის თავისუფლება – პოეტები აღარ ემორჩილებოდნენ კლასიციზმის პოეტური ხელოვნების კანონებს. სუბიექტივიზმი – შემოქმედების მთავარ საფუძვლად ადამიანის პირადი განცდებისა და მხატვრული ფანტაზიის აღიარება. რომანტიკოსი მწერლები განსაკუთრებით დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ადამიანთა და, კერძოდ, საკუთარი გრძნობებისა და განცდების გამოხატვას. მათი გმირები ისე მოქმედებდნენ, როგორც ეს თვით ავტორს უნდოდა. რომანტიკოსების გმირები ავტორთა მაღალი იდეების შესაბამისად მოქმედებდნენ. მხატვრული ნაწარმობის გმირები და შინაარსი რომანტიკოს მწერალთა პირად განწყობილებას უფრო გვიხატავენ.

რომანტიკოს მწერლებს მათი ეპოქის სინამდვილით უკმაყოფილება და მაშინ არსებული საზოგადოებრივ–პოლიტიკური ცხოვრებისადმი შეურიგებლობა ახასიათებდათ. მაგრამ სინამდვილისადმი უკმაყოფილებაც და მის საფუძველზეც წარმოშობილი მიზანიც სხვადასხვა კლასის, ეპოქისა და ერის წარმომადგენელი მწერლისათვის სხვადასხვა იყო: ზოგიერთი მწერალი სინამდვილეს უარყოფდა იმის გამო, რომ არისტოკრატიული კლასის ნაცვლად ახალ ვითარებაში ბურჟუაზიული კლასი გაბატონდა. ასეთი მწერალი მისთვის მიუღებელ აწმყოს წარსულს უპირისპირებდა, ხოტბას ასხამდა წარსულს და, აშკარა თუ ფარული გზით, მკითხველს წარსული ცხოვრების დაბრუნებისაკენ მოუწოდებდა. ასეთი რომანტიზმის გამომხატველი საფრანგეთში შატობრიანი იყო. ასეთი რომანტიზმი რეაქციული რომანტიზმია.

არსებობს აგრეთვე პროგრესული და აქტიური რომანტიზმი. აქტიური რომანტიზმი ისეთი რომანტიზმია, რომლის მიმდევრებიც ზიზღით უცქეროდნენ რა მახინჯი ცხოვრების სინამდვილეს, ბრძოლას უცხადებდნენ მას უკეთესი მომავლის შექმნის მიზნით. ასეთი რომანტიზმის საუკეთესო წარმომადგენელი ინგლისში ჯორჯ ბაირონი იყო, საქართველოში – ნ. ბარათაშვილი.

ზოგიერთ რომანტიკოსს ახასიათებდა აგრეთვე პესიმიზმი (PESIMUS, რაც ლათინურად უცუდესს ნიშნავს). პესიმისტი მწერალი ისეთი მწერალია, რომელიც აწმყოშიც სიმახინჯეს ხედავს და არც მომავლის იმედი აქვს, მომავლისაგან უარესის მომლოდინეა. ასეთ რომანტიკოსად შეცდომით ბაირონი ჰყავდათ წარმოდგენილი. ასევე შეცდომით პესიმისტად თვლიდნენ ნ. ბარათაშვილს, მაგრამ ასეთი დასკვნა უმართებულოა. ბაირონისა და ბარათაშვილის შემოქმედების ძირითადი, წამყვანი ტონი ბედისადმი დაუმორჩილებლობა და ბრძოლისაკენ მგზნებარე მოწოდებაა. ბარათაშვილს აქვს სევდის გრძნობით აღსავსე ლექსებიც. როგორც ,მაგალითად, „ვპოვე ტაძარი”, მაგრამ ეს ლექსი, რომელშიც პოეტის მხოლოდ წუთიერი განწყობილება მოჩანს, შემთხვევითია და არა დამახასიათებელი, რადგან მთელ მის შემოქმედებაში ბედისადმი დაუმორჩილებლობისადმი და საზოგადოებრივი იდეალისათვის სამსახურისაკენ მოწოდება ბატონობს.

პპესიმისტური რომანტიზმის ტიპური წარმომადგენელი იტალიელი პოეტი ჯაკომო ლეოპარდი იყო.

რომანტიზმის სახეობაა აგრეთვე ნეორომანტიზმი, დეკადენსი, სიმბოლიზმი და სხვა მსგავსი მიმართულებები.

რომანტიზმის საუკეთესო წარმომადგენლები იყვნენ: ბაირონი (ინგლისში), გოეთე და შილერი (გერმანიაში), ჰიუგო (საფრანგეთში), პუშკინი და ლერმონტოვი (რუსეთში), ნ. ბარათაშვილი (საქართველოში).

იხ. აგრეთვე: ახალი პოემა, ლიტერატურული მეთოდი, რეალიზმი, სენტიმენტალიზმი

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

14 რომანტიკული სახე

▲back to top


რომანტიკული სახე

ისეთი სახე, რომელიც სინამდვილეში არსებულის ნაცვლად ოცნებით გამოგონილსა და სასურველს გვიხატავს, ან გვიხატავს ისეთ სასურველს, რომელიც გამოსახვის მომენტში ერთეული, გამონაკლისია.

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977