The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი - გ


სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი - გ



სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი

სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი

წიგნი წარმოადგენს ერთ-ერთ პირველ მეცნიერულ ნაშრომს ლიტერატურათმცოდნეობაში. მასში დაწვრილებით არის განხილული ლიტერატურის თეორიისა და ლიტერატურათმცოდნეობის ძირითადი ცნებები და კატეგორიები.

ავტორის ტექსტი ქვეყნდება მცირეოდენი შესწორებებით. საილუსტრაციო მასალად გამოყენებული ავტორისეული ციტატები ზოგან ჩანაცვლებულია სხვა ნიმუშებით

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

1 გავრცობილი ანტითეზისი

▲ზევით დაბრუნება


გავრცობილი ანტითეზისი

ანტითეზისი, რომელშიც დაპირისპირებულია არა ორი, არამედ რამდენიმე საწინააღმდეგო ცნება და სახე.


„ან შენ როგორ ძლებ უწუთისოფლოდ,
მერე, იცი კი, რარიგ ტკბილია,
აქ სიკვდილია, იქ კი სიცოცხლე!
აქ ჭირია და იქ კი ლხინია” - (ილია)

გავრცობილი ანტითეზისის ნიმუშია აგრეთვე ქვევით მოყვანილი მაგალითი:

„დაღამდა. მისწყდა ადამიანის ფეხის ხმა, მისწყდა ადამიანის მორჭმული ხმაურობა, აღარ ისმის მისი დაღლილი ზრუნვისა და წადილის გუგუნი, ქვეყნის ტკივილმა დაიძინა, ადამიანი აღარა სჩანს გარშემო, ვაი, რა ცარიელია ეს სავსე ქვეყანა უადამიანოდ !... არა! წარიღეთ ეს ბნელი და მშვიდობიანი ღამე თავის ძილითა და სიზმრებითა და მომეცით მე ნათელი და მოუსვენარი დღე თავის ტანჯვით, წვალებითა, ბრძოლითა და ვაი–ვაგლახით! ჰოი, ბნელო ღამევ, მეჯავრები შენ მე! შენ რომ არ დაარსებულიყავ ქვეყნისათვის, მე მგონია, რომ ნახევარი უბედურებაც ადამიანისა ქვეყანაზედ არ იქნებოდა. შენთა მოვლენათა დასცეს პირველად თავზარი ადამიანის გონებასა და დააფრთხეს იგი. მას აქეთ შეშინებულსა გზა თავისი ვერ უპოვია, – და აჰა, იბრძვის ადამიანი და დღევანდლამდის ათასში ერთსა თავისი ერთხელ დამფრთხალი გონება ფრთხოლას ვერ გადაუჩვევია. აი, მიზეზი ქვეყნის უბედურებისა. ჰოი, ბნელო ღამევ! მეჯავრები შენ მე. შენ კალთის ქვეშა, ვინ იცის რამდენი გაბოროტებული მტერი ადამიანისა ეხლა თავს იმალავს? ვინ იცის ამ ბნელი ფარდის ქვეშ, რომელიც ეხლა ჩემს თვალს ჩამოაფარე, რამდენი მჭედელი და მტარვალი ქვეყნისა ჭედავს ბორკილთა ადამიანის ბედის შესაჭედად? შენ ხარ ხელის შემწყობი იმ ხელობისა, რომელსაც თვალთმაქცობას ეძახიან და რომელიც ადამიანის დამფრთხალს გონებასა და უბედურებას ბედნიერებად აჩვენებს ხოლმე. შენ ხარ ჟამი და დრო კუდიანების სერობისა, სადაც ისმის სადღეგრძელო სიბნელისა, ჰოი, ბოროტო ღამევ, წარვედ ჩემგან; დღეო ნათელო, მოვედ შენ!...”

იხ. აგრეთვე: ანტითეზისი

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 197

2 გამეორება

▲ზევით დაბრუნება


გამეორება

პოეტური სინტაქსის სახე, რომელშიც ერთი და იგივე სიტყვა ან გამოთქმა მეორდება შთაბეჭდილების გაძლიერების მიზნით.


ამ ხერხით მკითხველის ყურადღება განსაკუთრებით მახვილდება იმ ცნებაზე, რასაც გამეორებული სიტყვა ან წინადადება გამოხატავს

გამეორების ნიმუშები:

„არ გავცვლი სალსა კლდეებსა,
უკვდავებისა ხეზედა,
არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს
სხვა ქვეყნის სამოთხეზედა” - (რ. ერისთავი)

„გათენდა, შეერთდით, შეერთდით, შეერთდით, დროშები, დროშები, დროშები ჩქარა”  - (გ. ტაბიძე)

„როდემდის დამრჩეს ეგ ტკივილი გულში, როდემდის? ოხ, როდემდის, როდემდის?” - (ი. ჭავჭავაძე)

ქვევით მოყვანილ მაგალითში გამეორება ორ დანიშნულებას ემსახურება: იგი აზრსაც აძლიერებს და ლექსის ცალკეულ ეპიზოდებსაც აკავშირებს:

„კიდევაც ვნახავ გაზაფხულს
ყელმოღერებულ იასა,
სიკვდილის სიცოცხლედ მქცეველს,
იმის სიტურფეს ღვთიანსა,
ამწვანებულსა მთა–ბარსა,
დამწყაზრულს, ყვავილიანსა,
კიდევაც ვნახავ, ცა სჭექდეს,
თოვლის წილ წვიმა ცვიოდეს,
ანოყივრებდეს მიწასა,
მდინარეები ხვიოდეს,
აღარვინ იტანჯებოდეს
და აღარცვისა შიოდეს:
სიმართლის გამარჯვებასა
მთაზე არწივი ყიოდეს,
მეც მას ბანს ვეუბნეოდე,
გული აღარა მტკიოდეს!
კიდევაც ვნახავ, – უხვადა
ვარდნი, იანი, ყვაოდნენ,
ნაცარ–მტვრად იყვნენ ქცეულნი,
ვინაც გუშინა ზღვაობდნენ:
შხამის და გესლის მთესველნი
მოისპნენ, არარაობდნენ,
ჩვენი სიკვდილის მსურველნი
ყორნები ვეღარ ჩხაოდნენ!” - (ვაჟა–ფშაველა)

იხ. აგრეთვე: ეპიზოდი, პოეტური სინტაქსი, ტავტოლოგია

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

3 გაპიროვნება

▲ზევით დაბრუნება


გაპიროვნება

ტროპი, რომლითაც უსულო საგანი, ცხოველი ან რაიმე განყენებული მოვლენა გვეხატება როგორც ცოცხალი, გრძნობიერი, გონიერი არსება მასზე ადამიანის რამდენიმე ან მთელი რიგი თვისებების გადატანის საშუალებით.

როდესაც ჩვენ ვამბობთ: „მუხა იგრძნობს ალიონს, „სიზმარმა ფრთები შეისხა”, „არაგვი მორბის”, „დღემ დაიხურა პირბადე” – ეს მეტაფორის ნიმუშებია, რადგან მოვლენის ერთი თვისება გადატანილია მეორე მოვლენაზე, მაგრამ ამავე დროს გაპიროვნებაა, რადგან დასახელებულ ნიმუშებში ადამიანის თვისებები უსულო საგნებზე, ან განყენებულ მოვლენებზეა გადატანილი

არის ისეთი შემთხვევაც, როდესაც უსულო საგანზე, ან განყენებულ ცნებაზე გადატანილია ადამიანის, ან სულიერი საგნის რამდენიმე თვისება:

„ბუნება თვლემდა... ტყე გაყუჩებულიყო, ხეებმა თელას თვალიერება დაუწყეს. უსურვაზი ინაზებოდა, ხეები წყრებოდნენ. ხეების ტოტებმა თახთახი დაიწყეს სიბრაზისგან. მთვარემ ბადესავით გადააფარა ტყეს თავისი სხივები” - (ვაჟა–ფშაველა)

ან კიდევ:

„ყვავილნი ყელგადაგდებით,
დახატულები კალმითა,
მინდიას გაუმარჯოსო,
ერთხმადა სტეხენ ყიჟინსა,
ხეები ფოთლებს არხევენ,
ბუნება იწყებს ბიბინსა,
და მერე სათითაოდა
ყველა მოჰყვება ტიტინსა:
„მე ვარო ამის წამალი”,
სხვა გაიძახის – „იმისა” - (ვაჟა–ფშაველა)

ამ მაგალითებში მრავლადაა მეტაფორული გამონათქვამები. მასში თითოეული ფრაზა მეტაფორას წარმოადგენს, მაგრამ მთლიანობაში ეს ეპიზოდი არის გაპიროვნება, რადგან უსულო საგნებზე გადატანილია ადამიანის დამახასიათებელი მთელი რიგი თვისება, რის შედეგად ბუნება ჩვენ გვეხატება როგორც ცოცხალი არსება

ზოგჯერ გაპიროვნებულია განყენებული მოვლენა: სიცოცხლე, სიყვარული, სევდა, იმედი, სიხარული, თავისუფლება, ოცნება და სხვ. განყენებულ მოვლენათა გაპიროვნების ნიმუშებია:

1. სასოებამ ფრთა გაშალა,
გულსა მკრა და ამაძგერა” - (აკაკი წერეთელი)

2. „სიყვარულო, ძალსა შენსა ვინ არს, რომე არ ჰმონებდეს,
ვინ არს, რომე გულსა ტახტად, ოხვრას ხარკად არა გცემდეს,
ხელმწიფე ხარ თვითმპყრობელი, ტახტი მზა გაქვს, ჰგიებ საცა,
გულები გყავს ქვეშევდომად, ამას მეც ვგრძნობ და თვით სხვაცა”  - (ალ. ჭავჭავაძე)

„საზიზღარი, აუტანელი სევდა, რომელსაც თმის ბალანიც კი იგრძნობს! როგორც ღალატი საყვარელი ადამიანისა ისე იკბინება შიგ გულში, როგორც განწირულობა, ისე ადუნებს ყველაფერს, ღონეს მართმევს... მოდი, მოდი, ჩემო ძველო ოცნებავ, მოდი, მომიალერსე! შემიჯინე ზურგზე და შენი მსუბუქი ფრთებით მატარე ჩემს საყვარელ ქვეყანაში” - (ჭ. ლომთათიძე).

ნოდარ დუმბაძე ნოველაში „ძაღლი” ბაბუის და შვილიშვილის (სპირიდონის და გოგიტას) ძაღლთან დამოკიდებულებით ამ პერსონაჟების უმაღლეს გულკეთილობას ასახიერებს. ძაღლიც გრძნობს მათ მზრუნველობას, მინდობილია მათზე და არა მარტო გრძნობს, ადამიანივით ფიქრობს, აზროვნებს და ამ ხერხით პირუტყვის გაპიროვნების ხარისხი უმაღლეს წერტილს აღწევს

იხ. აგრეთვე: ეპიზოდი, მეტაფორა, ნოველა, ტროპი

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

4 გაჩუმება

▲ზევით დაბრუნება


გაჩუმება

ფიგურა, რომელშიც სათქმელი დამთავრებული არ არის.

შეწყვეტას ის მოვლენა იწვევს, რომ მღელვარების დროს ჩვენ შედარებით სწრაფად ვაზროვნებთ და, სიჩქარის გამო, ვერ ვასწრებთ ფრაზებისა და წინადადებების დამთავრებას. მთელი წინადადების ნაცვლად ჩვენ ვამბობთ მხოლოდ ისეთ სიტყვებს, ან ვწყვეტთ წინადადებას ისეთი სიტყვის წარმოთქმის შემდეგ, რომელსაც აზრის გამოსათქმელად მთავარი მნიშვნელობა აქვს.

ნიმუშები:

1. „წადი ჩემგან შენდობილი,
მაგრამ შორს კი ... და მშვიდობით” - (აკაკი):

2.„თერგდალეულები ჩვენს ქართველ კაცს რაღაც არ ეჭაშნიკება და არ მოსწონს. ამაზე ფრიად საფუძვლიანი საბუთი აქვთ: პირველი, იმიტომ არ მოსწონთ, რომ თერგდალეულები მართლა და თერგდალეულები არიან. მეორე იმიტომ... იმიტომ, რომ მეორედაც თერგდალეულები არიან, მესამე იმიტომ, იმიტომ... იმიტომ, რომ მესამედაც თერგდალეულები არიან“ - (ილია):

3.„– სად ცხოვრობს მამიდათქვენი?!– შეეკითხა დაინტერესებული პლატონი.
– ქვედურეთში. – ქვედურეთში?!– გაკვირვებით განიმეორა პლატონმა.
– ჰო... რამ გაგაკვირვათ? ა?
„იმე... ქვედურეთში მე კიდევ მითხრეს ერთ ქალზე...
– ვინ გითხრა?– გააწყვეტინა სიტყვა არისტომ– ვინ?
– არა.. ისე, ლაპარაკში სიტყვას მოჰყვა, თვარა“...  - (დ. კლდიაშვილი)

სინონიმი: შეწყვეტა

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

5 გმირული სახე

▲ზევით დაბრუნება


გმირული სახე

ადამიანის ისეთი ტიპი, რომელიც თავგანწირულად იბრძვის უდიდეს დაბრკოლებათა წინააღმდეგ მაღალი საზოგადოებრივი იდეალის განსახორციელებლად.

ასეთი სახეა ცოტნე დადიანი, ბიძინა ჩოლოყაშვილი, ბაში–აჩუკი, ლუხუმი, ტარიელ გოლუა, მთისკაცი და სხვ.

იხ. აგრეთვე: ალეგორიული სახე, ტიპი

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

6 გრადაცია

▲ზევით დაბრუნება


გრადაცია

პოეტური სინტაქსის სახე, რომელშიაც გამოყენებულია გამოსახატავი ცნების მნიშვნელობის გამაძლიერებელი სიტყვები.

ძველი საბერძნეთის განთქმული ორატორი დემოსთენე თავის სიტყვაში „გვირგვინის შესახებ” ასეთ გრადაციას მიმართავს: „ეს მე თქვენთვის ათჯერ, ოცჯერ, ასჯერ მითქვამს”

გრადაციის ნიმუშებია:

გასწი, გაფრინდი, ჩემო მერანო, გარდამატარე ბედის სამძღვარი” (ნ. ბარათაშვილი).

„თავისუფლებავ, შენ ხარ კაცთა ნავთსაყუდარი,
შენ ხარ ჩაგრულის, წვალებულის, წმინდა საფარი,
შენ ხარ მშვიდობა და სიმართლე ამა ქვეყნისა,
შენ ხარ აღმზრდელი ღვთაებამდე კაცთ ბუნებისა (ი. ჭავჭავაძე).

სინონიმი: გაძლიერება

იხ. აგრეთვე: პოეტური სინტაქსი

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977