ნიშნიანიძე შოთა
სიზმრადა მაქვს ნახული განძი საქართველოსი
სიზმრადა
მაქვს ნახული განძი საქართველოსი,
ღვთისმშობელი ხახულის, ყინწვისის ანგელოსი..
ვიცი, სიზმრად მინახავს ,ბედისწერა მიტანს -
ღიმილს ჩემთვის ინახავს მცხეთის სეფატია...
ჩუქურთმაში ვაზი ტირის ქარაგმულად,
სიმღერები ლაზის საით დაკარგულა?
შე ლაზურო აფრავ - ჩემო საპერანგე,
ლეგენდად თუ ზღაპრად - საით დამეკარგე?
სიზმარო თუ ზღაპარო, გიცნობ ლაზისტანად,
მაგრამ ვიღამ ახაროს ე მაგ ვაზისთანა?
ანდა ვიღამ გათალოს ე მაგ ანძისთანა?
ჰოი, რა მაცდურია, ზღვაო, შენი სახე,
ჩემი დიოსკურია კარგად შემინახე.
მაგრამ განა გავთავდით, განა წახდა ყისმათი, -
საქარტველო სადამდის? მარად, უკუნისამდის!
მეც მწვავს ძველი ჭრილობა, ძველისძველი გზები..
მაგრამ დედაშვილობას, ნუღა მესიზმრებით...