![]() |
უცხოური პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი |
![]() |
1 წინასიტყვაობა |
▲ზევით დაბრუნება |
უცხოური პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი
წინასიტყვაობა
არსებობს უცხოურ პირთა და გეოგრაფიულ სახელთა
გადმოცემის გარკვეული ტრადიცია და მათი მართლწერა ძირითადად მყარია. მაგრამ
ეს არ ნიშნავს, რომ აღარაფერია მოსაგვარებელი. ხშირად გვაქვს ცალკეული
სახელების პარალელური ფორმები. ამას ბევრი მიზეზი აქვს. მაგალითად, ერთი და
იმავე გეოგრაფიული ადგილის ან პიროვნების სახელის ერთი ფორმა შემოსულია
უშუალოდ იმ ენიდან, რომლის კუთვნილებაცაა იგი, მეორე – სხვა ენის (ყველაზე
უფრო ხშირად რუსულის) მეშვეობით; სიტყვა ნასესხებია ან მისი დაწერილობის,
ან გამოთქმის მიხედვით (ვეიმარი – ვაიმარი, კლიბერნი – კლაიბერნი, ებერდინი
– აბერდინი); ზოგჯერ ესა თუ ის სახელი მცდარად იხმარება (ოგაიო – ოჰაიოს
ნაცვლად, ბირმინჰემი – ბირმინგემის ნაცვლად, შტუტჰარტი – შტუტგარტის
მაგივრად, ჰიბრალტარსაც კი შეხვდებით გიბრალტარის ადგილას). სხვადასხვა
პირს სხვადასხვაგვარად გადმოაქვს ქართულად ზოგი სიტყვა (მიუნხენი და
მიუნჰენი, ციურიხი და ციურიჰი, ბრეხტი და ბრეჰტი, კელნი და კიოლნი ან
კოლნი). ეს არც არის გასაკვირი – ითარგმნება დიდძალი ლიტერატურა, საგაზეთო
მასალა. მთარგმნელები ბევრ სიძნელეს აწყდებიან უცხოური საკუთარი სახელების
გადმოღებისას, გვხვდება სიჭრელე მათ ქართულ დაწერილობაში. ხშირად
მთარგმნელებს სხვადასხვა შეხედულება აქვთ ამა თუ იმ სახელის ქართულად
გადმოცემასთან დაკავშირებით.
კარგა ხანია მომწიფებულია უცხოურ საკუთარ სახელთა უნიფიკაციის საკითხი.
უნიფიკაციის საჭიროებამ განსაკუთრებით იჩინა თავი ქართული საბჭოთა
ენციკლოპედიის (ქსე) შემდგენელთა წინაშე. აუცილებელი იყო ენციკლოპედიაში
შესულ სახელთა გადმოცემის მოწესრიგება. შეძლებისდაგვარად ეს გაკეთდა უკვე
გამოცემული „თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმების“ I კრებულისა
(1970 და 1986) და ვ. თოფურიას და ივ. გიგინეიშვილის მიერ შედგენილი
„ქართული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონის“ (1968) მონაცემების მიხედვით,
აგრეთვე ცალკეული ენების სპეციალისტთა აზრის გათვალისწინებით.
უცხოურ საკუთარ სახელთა უნიფიკაციის მიზნით საქართველოს სსრ მინისტრთა
საბჭოს 1970 წლის დადგენილების შესაბამისად შედგენილია „საზღვარგარეთის
ქვეყნების გეოგრაფიულ სახელთა ორთოგრაფიული ლექსიკონი“ (1988) და
წინამდებარე „უცხოურ პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი“. ამ
ლექსიკონებში შესულია საკუთარი სახელები, რომლებიც კი გვხვდება ქართულ
საბჭოთა ენციკლოპედიასა (ტტ. I–II, 1975–1987) და დიდ საბჭოთა
ენციკლოპედიაში (Большая Советская Энциклопедия, III გამოც., ტტ. I–30,
1969–1978).
ლექსიკონი, როგორც სახელწოდებიდანაც ჩანს, ორთოგრაფიულია და ამდენად მისი
ძირითადი დანიშნულებაა უჩვენოს მკითხველს, თუ როგორ იწერება ქართულად ესა
თუ ის უცხოური სახელი. ამავე დროს მოცემულია ძალიან მოკლე განმარტება (ვინ
არის ესა თუ ის პიროვნება) და დაბადება-გარდაცვალების თარიღები1
აინშტაინ-ი (Einstein) ალბერტ – გერმანელი ფიზიკოსი (1879–1955).
თაგორ-ი რაბინდრანათ – ინდოელი მწერალი და მოაზროვნე (1861–1941).
რუზველტ-ი (Roosevelt) ფრანკლინ დელანო – აშშ-ის სახელმწ. მოღვაწე
(1882–1945).
ზოგჯერ ძირითად სახელთან ერთად მოცემულია მისგან მეტ-ნაკლებად
განსხვავებული პარალელური სახელი (სახელები).
იბნ სინა, აბუ ალი იბნ სინა (ლათინიზებული – ავიცენა)...
ზოგჯერ სახელი ცნობილია ორგვარი დაწერილობით (განსხვავება ფონეტიკურია).
ასეთ შემთხვევაში ერთ-ერთს აქვს მინიჭებული უპირატესობა და დეფინიცია
მასთანაა მოცემული, ხოლო მეორესთან მითითებაა:
დირიხლე, იხ. დირიკლე.
ვილსონ-ი, იხ. უილსონი.
* * *
თანხმოვანფუძიან სახელებში სახელობითი ბრუნვის ნიშანი ი გამოყოფილია და
ანბანის რიგში არ შედის. მაგ., ჯერ არის ვილდ-ი, შემდეგ – ვილდგანს-ი,
მაგრამ თუ სიტყვის ბოლოში ი ფუძისეულია (ე.ი. უცხო ენაშივე აქვს იგი
სახელს), რა თქმა უნდა, გამოყოფილი არ არის და ანბანის რიგში ჩათვლილია
(პუჩინი, სკარლატი, დონიცეტი...).
არაბული გვარების არტიკლი ალ- ანბანის რიგში არ ითვლება: ალ-ბირუნი – ბ-ზე
უნდა ვეძებოთ, ალ-კაზვინი – კ-ზე, ალ-მაარი – მ-ზე.
ქალთა უცხოური (ფრანგული, ინგლისური, გერმანული) თანხმოვანფუძიანი სახელები
ქართულში შემოსულია რუსულის გზით (ა დაბოლოებით): ჟანა, ჟანეტა, ანეტა,
მადლენა, ჰენრიეტა (ან გენრიეტა), ალისა, ინეზა და მისთ. მაგრამ ბოლო
ათწლეულებში, როდესაც მხატვრული ლიტერატურა ამა თუ იმ ენიდან უპირატესად
უშუალოდ ითარგმნება, მდგომარეობა შეცვლილია. ასეთი სახელები უკვე გადმოაქვთ
დედნისეულ ფორმასთან მიახლოებით და გვაქვს ჟოზეფინ-ი, ფრანსუაზ-ი,
მადლენ-ი, ჟენევიევ-ი, მარგარეტ-ი, გერტრუდ-ი, ელიზაბეთ-ი, ბრიჟიტ-ი,
რუთ-ი, ლილიან-ი, ნიკოლ-ი, ვივიენ-ი და ა.შ.
კაცისა და ქალის ზოგი ფრანგული სახელის ფუძე საერთოა. განსხვავება
დაბოლოებაშია (და ერთგვარად წარმოთქმაშიც). მაგ., Jean (კაცის სახელი),
Jeanne (ქალისა; ქართულად ორივე გამოითქმის როგორც ჟან. ასევე Simon
(კაცისა), Simone (ქალისა), ქართულად სიმონ; Daniel (კაცისა), Danielle
(ქალისა) – დანიელ; Gabriel (კაცისა), Gabrielle (ქალისა) – გაბრიელ.
ლექსიკონში საკუთარი სახელები შეტანილია ძირითადად იმ რედაქციით, რომლითაც
ისინი შევიდა ქსე-ში.
ქსე-ში შესული საკუთარი სახელების რედაქტირებაში მონაწილეობა მიიღეს ქსე-ის
უფროსმა სამეცნიერო რედაქტორმა კონა გიგინეიშვილმა და სხვადასხვა ენის
სპეციალისტებმა: პროფ. ნიკო ყიასაშვილმა (ინგლისური), დოც. ნუნუ
ქადეიშვილმა (ფრანგული), პროფ. ნოდარ კაკაბაძემ (გერმანული), პროფ. ალექსი
ლეკიაშვილმა და პროფ. ვლადიმერ ახვლედიანმა (არაბული), აკად. სერგი ჯიქიამ
და წამყვანმა მეცნიერ-თანამშრომელმა ცისანა აბულაძემ (თურქული), პროფ.
ჯემშიდ გიუნაშვილმა (სპარსული), დოც. გრიგოლ ნახუცრიშვილმა (ინდური ენები),
უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა ნისან ბაბალიკაშვილმა (ებრაული).
კონსულტაციას გვიწევდნენ: საქ. სსრ მეცნიერებათა აკადემიის
წევრ-კორესპონდენტი გრიგოლ გიორგაძე (ძვ. აღმოსავლეთი), დოც. სტანისლავ
რავიჩი (პოლონური), პროფ. აკაკი ურუშაძე (ახ. ბერძნული).
ლექსიკონის მთელი მასალის პირველადი რედაქცია ეკუთვნით საქართველოს სსრ
მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტს ივანე გიგინეიშვილს,
ენათმეცნიერების ინსტიტუტის წამყვან მეცნიერ-თანამშრომელს მიხეილ ჭაბაშვილს
და უფროს მეცნიერ-თანამშრომელს ალექსანდრე კობახიძეს (1982 წლიდან).
რედაქტირებაზე იმუშავეს აგრეთვე თსუ-ის უფროსმა მასწავლებელმა არიანე
ჭანტურიამ (ინგლისური), დოც. ნუნუ ქადეიშვილმა (ფრანგული), პროფ. ნოდარ
კაკაბაძემ (გერმანული), პროფ. ვლადიმერ ახვლედიანმა (არაბული), პროფ.
ჯემშიდ გიუნაშვილმა (სპარსული); კონსულტაციას გვიწევდნენ პროფ. აკაკი
ურუშაძე (ახ. ბერძნული), ფილოლ. მეცნ. კანდიდატი შალვა გაბესკირია
(თურქული); უცხოენოვან ბგერათა გადმოცემის წესების თაობაზე სასარგებლო
შენიშვნები მოგვცა დოც. შუქია აფრიდონიძემ.
იმ ევროპული ენებიდან შემოსული სახელების მართლწერის დასადგენად, რომელთა
სპეციალისტები არ გვყავდა, ვიყენებდით რუსულ, ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ
ენციკლოპედიებს და ვცდილობდით, შეძლებისდაგვარად ადეკვატურად გადმოგვეცა
ისინი.
რაც შეეხება ჩინურ, იაპონურ, კორეულ და სამხრეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთ და
ცენტრალური აზიის ქვეყნების (პაკისტანი, შრი-ლანკა, ნეპალი, ბირმა,
ტაილანდი, ლაოსი, კამპუჩია, ვიეტნამი, ფილიპინები, ინდონეზია, მონღოლეთი),
აგრეთვე აფრიკის მკვიდრთა ენებიდან შემოღწეულ სახელებს, ისინი გავმართეთ
ძირითადად რუსულის მიხედვით. ისეთ შემთხვევებში, როდესაც ამ სახელებში
გვხვდებოდა ბგერა ჰ, რომელიც რუსულში არ არის, ვეყრდნობოდით უცხოური
ენციკლოპედიების ჩვენებას.
ლექსიკონს საბოლოო რედაქცია გაუკეთეს მ. ჭაბაშვილმა და ა. კობახიძემ.
აწყობილი ტექსტი მთლიანად წაიკითხა და გააკონტროლა ა. ჭანტურიამ.
რედაქტორებს დიდი დახმარება გაუწიეს ქსე-ის სალიტერატურო კონტროლის
რედაქციის უფროსმა სამეცნიერო რედაქტორებმა მზიური დუგლაძემ და მანანა
მაკალათიამ. ინგლისური საკუთარი სახელების დამუშავებაში რედაქტორებს
ეხმარებოდნენ ქსე-ის სამეცნიერო რედაქტორები ელადა ჯაში და რუსუდან
ფოფხაძე.
* * *
ევროპული ენებიდან ნასესხები საკუთარი სახელების ქართული მართლწერა
ემყარება ქვემოთ მოყვანილ წესებს.
________________
1. ჩვენი საუკუნის ზოგი მოღვაწის გარდაცვალების წლის დადგენა ვერ მოხერხდა
(ბოლო მონაცემები აღებული გვაქვს საბჭოთა ენციკლოპედიური ლექსიკონიდან –
Советский Энциклопедический Словарь, 1986).
![]() |
2 ზოგიერთი უცხოენოვანი ბგერისა და ბგერათკომპლექსის გადმოცემა ქართულში |
▲ზევით დაბრუნება |
ზოგიერთი უცხოენოვანი ბგერისა და ბგერათკომპლექსის გადმოცემა ქართულში
გერმანული
aa – აა (და არა: ა): Aachen – აახენ-ი
ä ან ae - ე: Gräbner – გრებნერ-ი, Graebe – გრებე, Güldenstaedt - გიულდენშტედტ-ი.
ch – ხ (და არა: ჰ): Zürich - ციურიხ-ი, Buchenwald – ბუხენვალდ-ი, Bochum –
ბოხუმ-ი.
ch – კ (და არა: ქ): Christoph – კრისტოფ-ი, Christian – კრისტიან-ი.
ck – კ: Dick - დიკ-ი, Becker - ბეკერ-ი.
dt – დტ: Schmidt – შმიდტ-ი, Brandt - ბრანდტ-ი.
ee - ეე (და არა: ე): Bodensee – ბოდენზეე.
ei და ey – აი: Einstein – აინშტაინ-ი, Braunschweig – ბრაუნშვაიგ-ი, Heinrich –
ჰაინრიხ-ი, Beyer – ბაიერ-ი, Weydemeyer – ვაიდემაიერ-ი.
eu – ოი: Bleuler - ბლოილერ-ი, Feuerbach – ფოიერბახ-ი, Eugen – ოიგენ-ი, მაგრამ
(ტრადიციის გამო) Euler – ეილერ-ი.
h - ჰ: Hamburg - ჰამბურგ-ი, Hermann Hesse - ჰერმან ჰესე.
h (არ გამოითქმის):
ა) სიტყვის ბოლოს: Neuloh – ნოილო.
ბ) r-ს შემდეგ: Rhowolt – როვოლტ-ი.
გ) ხმოვნის შემდეგ, როდესაც მას მოსდევს თანხმოვანი: Behling – ბელინგ-ი, Behrendt
– ბერენდტ-ი.
დ) ხმოვნის შემდეგ, როდესაც მას მოსდევს e: Hohenzollern – ჰოენცოლერნ-ი.
ie – ი: Dietrich – დიტრიხ-ი, Griesbach – გრისბახ-ი.
ö და oe – ე (და არა: იო ან ო): Köln – კელნ-ი (და არა: კიოლნ-ი ან კოლნ-ი),
Schönberg – შენბერგ-ი (და არა: შონბერგ-ი), Röntgen – რენტგენ-ი,
Wilamowitz-Moellendorf – ვილამოვიც-მელენდორფ-ი, Ötztaler Alpen – ეცტალის ალპები.
ph – ფ: Philipp – ფილიპ-ი, Gryphius - გრიფიუს-ი.
q – კ (და არა: ქ): Quedenfeldt – კვედენფელდტ-ი (და არა: ქვედენფელდტ-ი).
s (ხმოვნის წინ) – ზ: Sommerfeld - ზომერფელდ-ი, Salzburg - ზალცბურგ-ი,
Saarbrücken - ზაარბრიუკენ-ი.
ss და ß – ს: Lessing – ლესინგ-ი, Fluss ან Fluß – ფლუს-ი.
st - სტ (სიტყვის თავში – შტ): Stephan – შტეფან-ი, Steiner – შტაინერ-ი.
th - თ: Lothar – ლოთარ-ი, Abendroth – აბენდროთ-ი, Thüringen – თიურინგია, მაგრამ
(ტრადიციის გამო) ტ: Thälmann – ტელმან-ი.
tz - ც: Fritz – ფრიც-ი, Moritz – მორიც-ი, Leisewitz – ლაიზევიც-ი.
u – უ: Ludwig – ლუდვიგ-ი, Gluck – გლუკ-ი.
ü – იუ: Büchner – ბიუხნერ-ი, Lübeck – ლიუბეკ-ი.
v (გერმანულ სახელებში) – ფ: Bremerhaven – ბრემერჰაფენ-ი, Vogt – ფოგტ-ი, Vogel –
ფოგელ-ი.
v (უცხო წარმოშობის სახელებში) – ვ: Crivitz - კრივიც-ი.
x – ქს: Axel – აქსელ-ი, Alex – ალექს-ი.
y – ი: Ryck – რიკ-ი.
z – ც: Salzburg – ზალცბურგ-ი, Zimmerwald – ციმერვალდ-ი.
დანიური
ch – კ: Christopher – კრისტოფერ-ი, Christian – კრისტიან-ი (და არა: ქრისტოფერ-ი,
ქრისტიან-ი).
d (ზოგჯერ არ იკითხება): Richard – რიჩარ-ი, Nordskov – ნორსკოვ-ი, Gunhild –
გუნჰილ-ი.
eg – აი: Hegn – ჰაინ-ი.
hj – ი: Hjalf – იალფ-ი.
nd – ნ: Hjortlund – იორტლუნ-ი, Linderstrøm-Lang – ლინერსტრემ-ლანგ-ი.
s – ს: Ågesen – ოგესენ-ი.
sj – შ: Sjaellander – შელანერ-ი.
ø ან ö – ე: Brøndal – ბრენდალ-ი, Ørsted – ერსტედ-ი, Bergstrøm – ბერგსტრემ-ი.
å ან aa – ო: Ålborg – ოლბორგ-ი.
ესპანური
c (e, i, y-ს წინ) – ს: Cesar – სესარ-ი, Andalucia – ანდალუსია, Algeciras –
ალხესირას-ი, Asuncion – ასუნსიონ-ი.
c (a, o, u-ს წინ, თანხმოვნების წინ და სიტყვის ბოლოში) – კ: Jalisco – ხალისკო,
Costa Rica – კოსტა-რიკა, Cuba – კუბა.
ch – ჩ: Echeverria – ეჩევერია, Chinchilla – ჩინჩილია.
g (a, o, u-ს და თანხმოვნების წინ) – გ: Ygnacio – იგნასიო, Guernica – გერნიკა.
g (e, i-ს წინ) – ხ: Angel – ანხელ-ი, Algeciras – ალხესირას-ი, San Jorge –
სან-ხორხე, Lago Argentino – ლაგო-არხენტინო.
gu (e, i-ს წინ) – გ: Guernica – გერნიკა, Miguel – მიგელ-ი, Guillen – გილიენ-ი.
gu – გვ: Guadalajara – გვადალახარა, Guatemala – გვატემალა, Paraguay – პარაგვაი.
h (არ გამოითქმის): Hector – ექტორ-ი, Huelva – უელვა, Halen – ალენ-ი.
გამონაკლისია: Honduras – ჰონდურას-ი, Haiti – ჰაიტ-ი, La Habana – ჰავანა.
j - ხ: Juan – ხუან-ი, Jorge – ხორხე, José – ხოსე, Guadalajara – გვადალახარა,
Jimenes – ხიმენეს-ი.
lla – ლია: Antilla – ანტილია, Sevilla - სევილია, Valladolid - ვალიადოლიდ-ი.
lle – ლიე: Rio Gallegos – რიო-გალიეგოს-ი, Alle – ალიე, Valle del Cauca –
ვალიე-დელ-კაუკა.
llo – ლიო: Hermosillo - ერმოსილიო, Trujillo - ტრუხილიო.
llu – ლიუ: Caballuco – კაბალიუკო.
ña - ნია: Cataluña - კატალონია.
ño – ნიო: Marañon – მარანიონ-ი.
ñu - ნიუ: Bañusca - ბანიუსკა.
que – კე: Enrique – ენრიკე, Siqueiros – სიკეიროს-ი.
qui - კი: Quintana - კინტანა, Quito - კიტო.
s – ს: Santa Rosa – სანტა-როსა, Formosa - ფორმოსა, Rosario - როსარიო.
x – ს: Extremadura - ესტრემადურა.
z – ს: Juan Fernandez – ხუან-ფერნანდეს-ი, Fortaleza – ფორტალესა, Zaragoza -
სარაგოსა, Cádiz - კადის-ი, Guzman – გუსმან-ი.
ინგლისური
a - ა: Aberystwyth - აბერისტუით-ი, Adams - ადამს-ი, Franklin - ფრანკლინ-ი,
Cardiff - კარდიფ-ი.
a – ეი: David – დეივიდ-ი, Davis – დეივის-ი, Graves – გრეივზ-ი.
a - ო: Galsworthy - გოლზუორთი.
a – ე: Birmingham – ბირმინგემ-ი, Jackson – ჯექსონ-ი, Mary – მერ-ი.
ae - ი: Aegis - იჯის-ი, Caesar - სიზარ-ი.
ai და ay – ეი: Clay – კლეი, Medway – მედუეი, Gray – გრეი.
ai - ე: Cairns - კერნზ-ი.
au და aw – ო: Austin – ოსტინ-ი, Pauling – პოლინგ-ი, Shaw – შო.
c (e, i, y-ს წინ) - ს: Cecil - სესილ-ი, Cinderford - სინდერფორდ-ი.
c (სხვა შემთხვევებში) – კ (და არა ქ): Catherine – კათრინ-ი (და არა: ქეთრინ-ი),
Caistor – კეისტორ-ი, Corwen – კორუენ-ი, Atlantic City – ატლანტიკ-სიტი.
ch - ჩ: Chichester - ჩიჩესტერ-ი, Churchill - ჩერჩილ-ი.
ch (ბერძნული და, აგრეთვე, გერმანული წარმოშობის სახელებში) – კ: Christina –
კრისტინა, Christopher – კრისტოფერ-ი (და არა: ქრისტინა, ქრისტოფერ-ი), Ulrich –
ულრიკ-ი.
ck – კ (და არა: ქ): Pocklington - პოკლინგტონ-ი, Cockermouth - კოკერმუთ-ი.
dg – ჯ: Bridgetown – ბრიჯტაუნ-ი.
e - ი: Beresford - ბერისფორდ-ი, Eden - იდენ-ი, Exeter - ექსიტერ-ი.
e – ე: Reston – რესტონ-ი, Manchester – მანჩესტერ-ი.
ea - ი: Beadnell - ბიდნელ-ი, Deanston - დინსტონ-ი, Seaborg - სიბორგ-ი, Dearborn
- დირბორნ-ი.
ea – ეი: Breakspear – ბრეიქსპირ-ი.
ee - ი: Green - გრინ-ი, Lee - ლი, Peekskill - პიქსკილ-ი, Seebom - სიბომ-ი.
ei – ი: O’Neill – ო’ნილ-ი, Keith – კით-ი.
ei – აი: Steinbeck – სტაინბეკ-ი.
eu და ew – იუ: Matthews – მათიუზ-ი, Dewsbury – დიუზბერი.
ew – უ: Andrew – ენდრუ (და არა: ენდრიუ).
ew – უი: Lewis – ლუის-ი.
ey – ი: Sidney – სიდნი.
g (a, o, u-ს წინ და სიტყვის ბოლოში) – გ: Donegal – დონეგოლ-ი, Dolgarog –
დოლგაროგ-ი.
g (e, i, y-ს წინ) – ჯ: George – ჯორჯ-ი, Gerald – ჯერალ-ი, Rogers – როჯერზ-ი.
ზოგჯერ ამ პოზიციაში გამოითქმის როგორც გ: Gertrude – გერტრუდ-ი, Gilbert –
გილბერტ-ი.
gh – გ: Birmingham – ბირმინგემ-ი.
h – ჰ: Hillary – ჰილარი, Hubert – ჰიუბერტ-ი, Harrisson – ჰარისონ-ი.
i – აი: Caroline – კაროლაინ-ი, Whitehead – უაიტჰედ-ი, Dwight – დუაიტ-ი, Brierly
Hill – ბრაიერლი-ჰილ-ი.
i – ი: Brighouse – ბრიგჰაუზ-ი, Littleton – ლიტლტონ-ი.
i – ე: Firth – ფერთ-ი.
k – კ (და არა: ქ): Katherine – კათრინ-ი (და არა: ქეთრინ-ი), Keats – კიტს-ი,
Kevin – კევინ-ი.
o და oa – ოუ: Cope – კოუპ-ი, Sevenoaks – სევენოუქს-ი.
o – ო: Gordon – გორდონ-ი, Rogers – როჯერზ-ი, Coventry – კოვენტრი.
oe – ოუ: Sillitoe – სილიტოუ.
oo – უ: Moor – მურ-ი, Goodman – გუდმენ-ი, Blackpool – ბლაკპულ-ი.
ou და ow – აუ: Grout – გრაუტ-ი, Brownville – ბრაუნვილ-ი, Bower – ბაუერ-ი.
ou – უ: Coupar Angus – კუპარ-ანგუს-ი, Bournemouth – ბორნმუთ-ი.
ou – ა: Douglas – დაგლას-ი.
ow – ოუ: Lowell – ლოუელ-ი.
p – პ (და არა: ფ): Portia – პორშია, Parker – პარკერ-ი.
ph – ფ: Josephine – ჯოზეფინ-ი, Philip – ფილიპ-ი.
qu – კუ (და არა: ქუ): Quine – კუაინ-ი, Quincy – კუინს-ი.
s – ს: Burns – ბერნს-ი, Bakersfield – ბეიკერსფილდ-ი.
s – ზ: James – ჯეიმზ-ი, Charles – ჩარლზ-ი, Brisbane – ბრიზბენ-ი, Graves –
გრეივზ-ი.
s (ზოგჯერ არ გამოითქმის): Long Island – ლონგ-აილენდ-ი.
sh – შ: Shakespeare – შექსპირ-ი.
ss – ს: Furness – ფერნეს-ი.
t – ტ (და არა: თ): Coventry – კოვენტრი, Hubert – ჰიუბერტ-ი.
t (ზოგჯერ არ გამოითქმის): Christmas – კრისმას-ი, Whistler – უისლერ-ი.
tch – ჩ (t არ გამოითქმის): Fletcher – ფლეჩერ-ი, Dutch-Harbour–დაჩ-ჰარბორ-ი.
th – თ: Arthur – ართურ-ი, Elizabeth – ელიზაბეთ-ი, Jonathan – ჯონათან-ი, Macbeth
– მაკბეთ-ი, Catherine – კათრინ-ი, Thornton – თორნტონ-ი, Thackeray – თეკერეი,
Plymouth – პლიმუთ-ი.
th – დ: Sutherland – სადერლენდ-ი.
th – ზ: Rutherford – რეზერფორდ-ი.
th (რამდენიმე სახელში) – ტ: Anthony – ანტონი, Thomas – ტომას-ი, Thames – ტემზა,
Theresa – ტერეზა.
tz – ც: Fitzgerald – ფიცჯერალდ-ი.
u – უ: Arthur – ართურ-ი, Julian – ჯულიან-ი.
u – იუ: Canute – კანიუტ-ი, Hubert – ჰიუბერტ-ი, Dunkerque – დიუნკერკ-ი, Butte –
ბიუტ-ი.
u – ა: Butler – ბატლერ-ი, Russell – რასელ-ი, Sullivan – სალივან-ი, Sumner –
სამნერ-ი.
u – ე: Churchill – ჩერჩილ-ი, Ogburn – ოგბერნ-ი, Burbank – ბერბანკ-ი.
w – უ: William – უილიამ-ი, Wellington – უელინგტონ-ი, Warren – უორენ-ი, Windsor –
უინძორ-ი.
w – ვ: Washington – ვაშინგტონ-ი, Darwin – დარვინ-ი.
x – ქს: Oxford – ოქსფორდ-ი.
x – გზ: Alexander – ალეგზანდერ-ი.
y – აი: Dyson – დაისონ-ი, Argyll – არგაილ-ი, Bryce Canyon – ბრაის-კანიონ-ი.
y – ე: Byrd – ბერდ-ი, Byrne – ბერნ-ი.
z – ზ: Elizabeth – ელიზაბეთ-ი.
იტალიური
c (a, o, u-ს და თანხმოვნების წინ) – კ: Cadore – კადორე, Cursolo – კურსოლო,
Macchi – მაკი.
c (e, i-ს წინ) – ჩ: Cesare – ჩეზარე, Cimarosa – ჩიმაროზა.
cc – კ: Dallapiccola – დალაპიკოლა.
cc – ჩ: Boccaccio – ბოკაჩო, Vespucci – ვესპუჩი, Contucci – კონტუჩი.
ch – კ: Cherubini – კერუბინი, Michele – მიკელე, Schipa – სკიპა, Chiuro – კიურო,
მაგრამ Michelangelo – მიქელანჯელო, Archangelo – არქანჯელო.
cch – კ: Zecchi – ცეკი, Verrocchio – ვეროკიო, Sacchetti – საკეტი.
g (a, o, u-ს და თანხმოვნების წინ) – გ: Guttuso – გუტუზო, Grana – გრანა.
g (e, i-ს წინ) – ჯ: Agira – აჯირა, Germanetto – ჯერმანეტო.
gh – გ: Alighieri – ალიგიერი, Quarenghi – კვარენგი.
gia – ჯა, gio – ჯო: Giacomo – ჯაკომო, Giorgione – ჯორჯონე.
gna – ნია: Agnana – ანიანა.
gno – ნიო: Vignola – ვინიოლა.
gu – გუ: Guasila – გუაზილა, Guerrazi – გუერაც-ი.
gu – გვ: Guarneri – გვარნერი.
i (უმახვილო) – c-ს შემდეგ არ გამოითქმის: Maggio – მაჯო, Riccioli – რიჩოლი.
qu – კვ: Quasimodo – კვაზიმოდო, Quercia – კვერჩა.
s – ს: Secchi – სეკი, Chiusdino – კიუსდინო, De Amicis – დე ამიჩის-ი.
s – ზ: Ysola – იზოლა, Cimarosa – ჩიმაროზა, Smeraldi – ზმერალდი, Della Casa –
დელა კაზა.
sc (a, o, u-ს წინ) – სკ: Bosco – ბოსკო.
sc (e, i-ს წინ) – შ: Scicolone – შიკოლონე, Scisciaro – შიშარო.
z და zz – ც: Zacconi – ცაკონი, Zappa – ცაპა, Bozzole – ბოცოლე.
z და zz – ძ: Mazzini – მაძინი, Lazzari – ლაძარი (ლაცარი), Verzone – ვერძონე.
ნორვეგიული
aa – ო: Vesaas – ვესოს-ი.
au – ეუ: Aursand – ეურსან-ი, Haugesund – ჰეუგესუნ-ი.
g – გ: Sigurd – სიგურდ-ი.
g – ი: Egner – ეინერ-ი.
g (ზოგჯერ არ იკითხება): Gjaerder – იერდერ-ი.
ie – ი: Grieg – გრიგ-ი.
k – კ: Kommandantvold – კომანდანტვულ-ი.
ki და kj – ხი: Kielland – ხიელან-ი, Kjelstadli – ხიელსტადლი.
ld – ლ: Kommandantvold – კომანდანტვულ-ი.
nd – ნ: Øverland – ევერლან-ი.
o – ო: Oslo – ოსლო.
o – უ: Kommandantvold – კომანდანტვულ-ი, Evensmo – ევენსმუ.
sch – სკ: Schou – სკოუ.
sj – შ: Sjøberg – შებერგ-ი.
sk – სკ: Skouen – სკოუენ-ი, Skre – სკრე.
ski, skj – შ, Skien – შიენ-ი, Skjerper – შერპერ-ი, Werenskiold – ვერენშიოლ-ი.
tj – ხ: Tjølling – ხელინგ-ი.
å – ო: Istgård – ისტგორდ-ი.
ø – ე: Bodø – ბუდე, Bømlo – ბემლო, Grønland – გრენლანდია.
პოლონური
ą – ომ: Dąbrowska – დომბროვსკა.
ą – ონ: Katski – კონტსკი.
c (ყველა შემთხვევაში): – ც: Cetner – ცეტნერ-ი, Stobiecki – სტობიეცკი, Solec –
სოლეც-ი.
ch – ხ: Chamiec – ხამიეც-ი.
cz – ჩ: Czerniatowicz – ჩერნიატოვიჩ-ი, Leszczynski – ლეშჩინსკი.
drz - ჯ: Andrzej – ანჯეი.
o – უ: Jelenia Góra – ელენია-გურა.
rz - შ: Przybyszewski – ფშიბიშევსკი.
rz - ჟ: Brzeg – ბჟეგ-ი, Kazimierz – კაზიმიეჟ-ი, Bzytka – ჟიტკა, Bobrzynski –
ბობჟინსკი.
sz - შ: Leszczynski – ლეშჩინსკი, Szymon – შიმონ-ი, Lukasz – ლუკაშ-ი, Szymanowski
– შიმანოვსკი, Warszawa – ვარშავა.
z - ზ: Zbigniew – ზბიგნიევ-ი, Zielona Góra – ზიელონა-გურა.
z - ჟ: Zulawski – ჟულავსკი.
პორტუგალიური
ã – ან: Meã – მეან-ი.
ão – ან: Tristão – ტრისტან-ი, Garção – გარსან-ი, São Paulo – სან-პაულუ.
c (a, o, u-ს და თანხმოვნების წინ, b, d, p, t-ს გარდა) – კ: Cabral – კაბრალ-ი,
Curral – კურალ-ი.
c (e, i-ს წინ) – ს: Celso – სელსუ, Cidadela – სიდადელა.
c (b, d, p, t-ს წინ) არ გამოითქმის: Octavio – ოტავიუ, Victoria – ვიტორია.
e – ე: Hernani – ერნანი, Peneda – პენედა.
g (a, o, u-ს წინ) – გ: Gastăo – გაშტან-ი, Gustavo – გუშტავუ.
g (e, i-ს წინ) – ჟ: Gilberto – ჟილბერტუ, Lagedo – ლაჟედუ.
h (არ იკითხება): Belo Horizonte – ბელუ-ორიზონტი, Hernani – ერნანი.
j – ჟ: Baixo Alentejo – ბაიშუ-ალენტეჟუ, Jorge – ჟორჟი.
lhe – ლიე: Guilherme – გილიერმი.
lho – ლიუ: Fialho – ფიალიუ.
m – მ: Menton – მენტონ-ი, Humberto – უმბერტო.
nha – ნია: Saldanha – სალდანია.
nhu – ნიუ: Garanhuns – გარანიუნშ-ი, Curralinho – კურალინიუ.
o – ო: Orlando – ორლანდუ.
o – უ: Joaquim – ჟუაკინ-ი, Soares – სუარეშ-ი, Ricardo – რიკარდუ, Amado – ამადუ.
õe – ოინ: Simões – სიმოინშ-ი.
qu – კ: Queluz – კელუშ-ი, Joaquim – ჟუაკინ-ი.
s – ს: Sales – სალიშ-ი, Monserrate – მონსერატ-ი.
s (ორ ხმოვანს შორის) – ზ: Aloisio – ალოიზიუ, Trancoso – ტრანკოზუ, Isabel –
იზაბელ-ი.
s – შ (ბრაზილიურ სახელებში – ს): Cristino – კრიშტინუ (ბრაზილ.: კრისტინუ), Vasco
– ვაშკუ (ბრაზილ.: ვასკუ).
s – ჟ (ბრაზილიურ სახელებში – ს): Caldas Novas – კალდაჟ-ნოვას-ი (ბრაზილ.:
კალდას-ნოვას-ი), Três Lagoas – ტრეჟ-ლაგოაშ-ი (ბრაზილ.: ტრეს-ლაგოას-ი).
th – თ: Theo – თეუ, Ruth – რუთ-ი, Catharina – კათარინა.
x – ზ: Exalte – ეზალტი.
x – შ: Xavier – შავიერ-ი, Maximiliano – მაშიმიანუ, Porto Alexandre –
პორტუ-ალეშანდრი.
z – ზ: Ezalte – ეზალტი, Belo Horizonte – ბელუ-ორიზონტი.
z – შ (ბრაზილიურ სახელებში – ს): Luizburgo – ლუიშბურგუ (ბრაზილ.: ლუისბურგუ),
Queluz – კელუშ-ი (ბრაზილ.: კელუს-ი).
რუმინული
ă – ე: Bistriţa-Năsăud – ბისტრიცა-ნესეუდ-ი, Vlahută – ვლაჰუცე, Bacău – ბაკეუ.
c (a, o, u-ს წინ, თანხმოვნების წინ და სიტყვის ბოლოს) – კ: Camil – კამილ-ი,
Nicoleta – ნიკოლეტა.
c (e, i-ს წინ) – ჩ: Cezar – ჩეზარ-ი, Donici – დონიჩ-ი.
ch – კ: Michaela – მიკაელა, Chira – კირა, Costache – კოსტაკე, Nichita – ნიკიტა.
cea და cia – ჩა: Suceava – სუჩავა, Marcian – მარჩან-ი.
ciu – ჩუ: Viniciu – ვინიჩუ.
g (a, o, u-ს წინ, თანხმოვნების წინ და სიტყვის ბოლოს) – გ: Grigore – გრიგორე.
g (e, i-ს წინ) – ჯ: Argeş – არჯეშ-ი, Virginia – ვირჯინია.
gh (e, i-ს წინ) – გ: Gheorghe – გეორგე, Harghita – ჰარგიტა.
h – ჰ: Mihai – მიჰაი.
h (ზოგჯერ არ გამოითქმის): Băile Herculane – ბეილე-ერკულანე.
ii (სიტყვის ბოლოში) – ი: Cocoreştii-Colt – კოკორეშტი-კოლც-ი, Ploeştii – პლოეშტი.
j – ჟ: Cujmir – კუჟმირ-ი, Lugoj – ლუგოჟ-ი, Dolj – დოლჟ-ი.
s – ს: Sanda – სანდა, Constantin – კონსტანტინ-ი.
ş – შ: Argeş – არჯეშ-ი, Braşov – ბრაშოვ-ი, Ploeştii – პლოეშტ-ი.
t – ტ: Timişoara – ტიმიშოარა.
ţ – ც: Bistriţa – ბისტრიცა, Constanţa – კონსტანცა, Jalomiţa – იალომიცა.
th – თ: Theodor – თეოდორ-ი.
z – ზ: Zoe – ზოე, Suzana – სუზანა.
უნგრული
c (e, i, y-ს წინ) – ს: Francis – ფრანსის-ი, Marcel – მარსელ-ი.
ch - შ: Charles – შარლ-ი, Richard – რიშარ-ი.
ch – კ: Christiane – კრისტიან-ი (და არა: ქრისტიან-ი).
d – დ (ფრანგული სახელების ბოლოში ჩვეულებრივ არ გამოითქმის): Fernand – ფერნან-ი,
Gounod – გუნო, Rolland – როლან-ი, Gérard – ჟერარ-ი; მაგრამ: David – დავიდ-ი,
Alfred – ალფრედ-ი, Sand – სანდ-ი.
e – ე (სიტყვის ბოლოში, ზოგჯერ კი სიტყვის შუაშიც არ გამოითქმის, თუ არა აქვს რაიმე
დიაკრიტული ნიშანი): Emile – ემილ-ი, Rabelais – რაბლე; მაგრამ: Littré – ლიტრე.
c (ყველა შემთხვევაში) – ც: Cuca – ცუცა, Vönöck – ვენეცკ-ი.
cs – ჩ: Gyurkovics – დიურკოვიჩ-ი, Békéscsaba – ბეკეშჩაბი, Lukács – ლუკაჩ-ი.
eö – ე: Eötvös – ეტვეშ-ი.
gy – დი: Gyila – დიულა, Gyurkovics – დიურკოვიჩ-ი, Megyer – მედიერ-ი, Nagykörös–
ნადიკერეშ-ი.
Iy – ი: Károly – კაროი, Mihaly – მიჰაი.
ö – ე: Petöfi – პეტეფ-ი, Ottömös – ეტემეშ-ი, Mezöföld – მეზეფელდ-ი.
s და ss – შ: Békés – ბეკეშ-ი, Sopron – შოპრონ-ი, Lajos – ლაიოშ-ი, Kossuth –
კოშუტ-ი.
sz – ს: Szeged – სეგედ-ი, Tisza – ტისა, Laszlo – ლასლო, Szabó – საბო.
th – ტ: Horthy – ჰორტ-ი, Horvath – ჰორვატ-ი, Kossuth – კოშუტ-ი.
ts – ჩ: Derkovits – დერკოვიჩ-ი.
ü – იუ: Balatonfüred – ბალატონფიურედ-ი.
z – ზ: Lázár – ლაზარ-ი, Zoltan – ზოლტან-ი.
zs – ჟ: Jozsef – იოჟეფ-ი, Zsuzsa – ჟუჟა, Nagykanizsa – ნადიკანიჟა.
ფრანგული
ai – და ay – ე: Romaine – რომენ-ი, Du Bellay – დიუბელე, La Fontaine –
ლაფონტენ-ი.
au – ო: Paul – პოლ-ი, Gaulle – გოლ-ი, Daudet – დოდე, Perrault – პერო.
auld და ault – ო: La Rochefoucauld – ლაროშფუკო, Boussingault – ბუსენგო, Perrault
– პერო.
ay – აი: Raymond – რაიმონ-ი.
ay – ეი: Raynal – რეინალ-ი.
c (a, o, u-ს წინ, თანხმოვნების წინ და სიტყვის ბოლოში) – კ: Claude – კლოდ-ი,
Pascal –
პასკალ-ი, Jeanne ďArc – ჟანა დ’არკ-ი.
eau – ო: Bordeau – ბორდო, Rousseau – რუსო, Chateaubriand – შატობრიან-ი,
Beaumarchais – ბომარშე.
ei და ey – ე: Beine – ბენ-ი, Montmirey – მონმირე.
ei და ey – ეი: Reynaud – რეინო.
em - ამ: Montalembert - მონტალამბერ-ი, Sembat - სამბა.
en – ან, ენ: Henri – ანრი, Noulens – ნულანს-ი, Senderans – სანდერან-ი,
ďEntrecasteau – დ’ანტრკასტო.
eu – ე: Eugène – ეჟენ-ი, Babeuf – ბაბეფ-ი, Pasteur – პასტერ-ი, Montesquieu –
მონტესკიე, Richelieu – რიშელიე.
g (a, o, u-ს და თანხმოვნების წინ) – გ: Auguste – ოგიუსტ-ი, Gaston – გასტონ-ი.
g (e,i, y-ს წინ) – ჟ: Germain – ჟერმენ-ი, Georges – ჟორჟ-ი.
g (სიტყვის ბოლოს ჩვეულებრივ არ გამოითქმის): Cherbourg – შერბურ-ი.
geo – ჟო: Geoffroy – ჟოფრუა.
gn (ჩვეულებრივ სიტყვის შუაში ხმოვნის წინ) – ნი: Avignon – ავინიონ-ი, Cognac –
კონიაკ-ი, Du Vigneaud – დიუ ვინიო.
gne (სიტყვის ბოლოში) – ნ: Bretagne – ბრეტან-ი, Boulogne – ბულონ-ი, Bourgogne –
ბურგონ-ი, Charlemagne – შარლემან-ი.
gh – გ: Le Burghet – ლე ბიურგე.
gu (ხმოვნების წინ) – გ: Guy – გი, Péguy – პეგი.
gu (თანხმოვნების წინ და სიტყვის ბოლოს) – გიუ: Gustave – გიუსტავ-ი, Auguste –
ოგიუსტი.
h (ფრანგულში ჩვეულებრივ არ გამოითქმის): Hélène – ელენ-ი, Henri – ანრი, Cahen –
კაენ-ი, Hector – ექტორი; მაგრამ: Hugo – ჰიუგო, Havre – ჰავრ-ი.
iI და iII (ხმოვნის შემდეგ) – ი: Excideuil – ექსიდეი, Aureille – ორეი,
Rambouillet – რამბუიე.
iII (თანხმოვნის შემდეგ) – იი: Guillaume – გიიომ-ი, მაგრამ Grandville –
გრანვილ-ი.
in – ენ: Dullin – დიულენ-ი, Vincent – ვენსან-ი, Rodin – როდენ-ი, Chardin –
შარდენ-ი, Cachin – კაშენ-ი.
j – ჟ: Jules – ჟიულ-ი, Anjou – ანჟუ.
la – ლა: Abelard – აბელარ-ი, Labourbe – ლაბურბ-ი.
lu – ლუ: Lully – ლულ-ი, Eluard – ელუარ-ი, Blume – ბლუმ-ი.
m – მ: Ampère – ამპერ-ი, ďAlambert – დ’ალამბერ-ი.
m – ნ: Comte – კონტ-ი, Amfreville – ანფრევილ-ი.
mb – ნ: Coulomb – კულონ-ი.
oe (œ) oeu (œu) (სიტყვის თავში და ხმოვნის შემდეგ ) – ე: Œrlicon – ერლიკონ-ი,
Œutrange – ეტრანჟ-ი, Sacré-Cœur – საკრე-კერ-ი.
oi – უა: Antoine – ანტუან-ი, Dubois – დიუბუა, Grégoire – გრეგუარ-ი, Loire –
ლუარა, Lavoisier – ლავუაზიე.
ou – უ: Decour – დეკურ-ი, Pompadour – პომპადურ-ი..
ph – ფ: Philippe – ფილიპ-ი, Joseph – ჟოზეფ-ი.
que – კ: Loire-Atlantique – ლუარ-ატლანტიკ-ი.
r – რ (სიტყვის ბოლოში ხან გამოითქმის, ხან – არა:) Renoir – რენუარ-ი, Victor –
ვიქტორ-ი, Berger – ბერჟე, Roger – როჟე, Beranger – ბერანჟე, Granger – გრანჟე.
s (სიტყვის თავში და თანხმოვნის წინ) – ს: Serge – სერჟ-ი, Justine – ჟიუსტინ-ი.
s (ორ ხმოვანს შორის) – ზ: Josephine – ჟოზეფინ-ი.
s (ფრანგული სახელების ბოლოში ჩვეულებრივ არ გამოითქმის): Dumas – დიუმა, Louis –
ლუი, Charles – შარლ-ი, Arles – არლ-ი, Artois – არტუა, მაგრამ: Jaurès –
ჟორეს-ი, Saint-Saëns – სენ-სანს-ი.
s – ს (I, m, n-ის წინ, სიტყვის შუაში, ხშირად არ გამოითქმის): Isle-Jourdain –
ილ-ჟურდენ-ი, Rouget de Lisle – რუჟე დე ლილ-ი, Lebesgue – ლებეგ-ი.
t – ტ: Tristan – ტრისტან-ი, Gautier – გოტიე.
t (სიტყვის ბოლოში ჩვეულებრივ არ გამოითქმის): Belfort – ბელფორ-ი, Goncourt –
გონკურ-ი, Daudet – დოდე, Bleriot – ბლერიო, Duguit – დიუგ-ი; მაგრამ: Brest –
ბრესტ-ი, Marat – მარატ-ი.
th – ტ: Arthur – არტიურ-ი, Barthou – ბარტუ, Thorez – ტორეზ-ი, Thibaud – ტიბო;
მაგრამ: Berthollet – ბერთოლე, Théophile – თეოფილე, Théodor – თეოდორ-ი.
tz (სიტყვის ბოლოში ზოგჯერ არ გამოითქმის): Beaumetz – ბომე.
tz ( სიტყვის ბოლოში ხშირად) – ს: Retz – რეს-ი, Jametz – ჟამეს-ი.
u – იუ: Dumas – დიუმა, Camus – კამიუ, Duvalier – დიუვალიე, Dubois – დიუბუა.
un – ენ: – Lebrun – ლებრენ-ი.
x – ქს: Xavier – ქსავიე, Luxembourg – ლუქსემბურგ-ი.
x – გზ: Saint-Exupéry – სენტ-ეგზიუპერი.
x – ს: Xertigny – სერტინ-ი, Auxerre – ოსერ-ი.
x (სიტყვის ბოლოში არ გამოითქმის): Delacroix – დელაკრუა.
z – ზ: Zola – ზოლა.
z ( ფრანგული სიტყვების ბოლოში ზოგჯერ არ გამოითქმის): Valdonnez – ვალდონე, Odomez
– ოდომე.
შვედური
an – ა: Siegbahn – სიგბან-ი, Svahnström – სვანსტრემ-ი.
ch – კ: Erich – ერიკ-ი.
dj (სიტყვის თავში) – ი: Djurberg – იურბერგ-ი.
gi – იი: Gidlung – იიდლუნგ-ი.
gä – ე: Gällivare – ელივარე, Gärdstam – ერდსტამ-ი.
gö – იე: Götherström – იეთერსტრემ-ი.
gy – იუ: Gyllensten – იულენსტენ-ი.
h – ჰ: Hylander – ჰიულანდერ-ი.
hj – ი: Hjälmaren – იელმარენ-ი, Hjorth – იორთ-ი.
ie – ი: Siegbahn – სიგბან-ი.
k – კ: Kalling – კალინგ-ი.
k – ჩ: Kjellberg – ჩელბერგ-ი.
ი – (ზოგჯერ) უ: Borås – ბუროს-ი, Orebro – ერებრუ, Lo-Johansson – ლუ-იუჰანსონ-ი.
s – ს: Siegbahn – სიგბან-ი.
sk – შ: Skjöld – შელდ-ი.
y – ი: Ylander – ილანდერ-ი.
y (თანხმოვნის შემდეგ) – იუ: Hylander – ჰიულანდერ-ი, Almeby – ელმებიუ, Byskeälv –
ბიუსკეელვ-ი.
å –ო: Boras – ბუროს-ი, Västerås – ვესტეროს-ი, Skellefteå – შელეფტეო.
ä – ე: Älmeby – ელმებიუ, Borlänge – ბურლენგე, Västerås – ვესტეროს-ი.
ö – ე: (და არა: იო): Göteborg – გეტებორგ-ი, Malmö – მალმე, Ångström –
ონგსტრემ-ი.
ჩეხური
c – ც: Ciprova – ციპროვა, Třeblicki – ტრშებლიცკი
č – ჩ: Kabiček – კაბიჩეკ-ი, Poláček – პოლაჩეკ-ი.
ch – ხ: Mudroch – მუდროხ-ი, Pichlik – პიხლიკ-ი.
h – ჰ: Kohout – კოჰოუტ-ი, Hašek – ჰაშეკ-ი, Mahačkova – მაჰაჩკოვა.
r – რ: Ciprova – ციპროვა, Zaruba – ზარუბა.
ř – რჟ: Řada – რჟადა, Řezáč – რჟეზაჩ-ი.
ř – რშ: Třeblicki – ტრშებლიცკი.
s – ს: Kozusky – კოზუსკი.
š – შ: Aleš – ალეშ-ი, Ambruš – ამბრუშ-ი.
z – ზ: Zaruba – ზარუბა, Zazvorka – ზაზვორკა.
ž – ჟ: Žižka – ჟიჟკა, Domažlice – დომაჟლიცე.
ჰოლანდიური
aa – ა: Breebaart – ბრებარტ-ი.
ae – ა: Aerstens – არსტენს-ი, Bogaerts – ბოგარტს-ი.
c (e, i, y-ს წინ) – ს: Arcen – არსენ-ი.
c (ყველა სხვა შემთხვევაში) – კ: Coolen – კოლენ-ი.
ch – ხ: Schildpad – სხილდპად-ი, Schidam – სხიდამ-ი.
ck – კ: Jonckheere – იონკჰერე, Jackijst – იაკეისტ-ი.
ckx – ქს: Amelinckx – ამელინქს-ი, Blockx – ბლოქს-ი.
ee – ე: Breebaart – ბრებარტ-ი, Eeden – ედენ-ი.
eu – ე: Beunke – ბენკე, Beuzemaker – ბეზემაკარ-ი.
eu – ეი: Euve – ეივე.
h– ჰ: Haasse – ჰასე.
ie – ი: Rogier van Weyden – როგირ ვან დერ ვეიდენ-ი.
ij – ეი: Burkij-Bartelink – ბიურკეი-ბარტელინკ-ი, Bevervijk – ბევერვეიკ-ი.
oe – უ: Goes – გუს-ი.
oo–ო: Coolen – კოლენ-ი, Amersfoort – ამერსფორტ-ი
th – თ: Beth – ბეთ-ი.
tius – ციუს: Grotius – გროციუს-ი.
u – იუ: Buntinx – ბიუნტინქს-ი, Hilversum – ჰილვერსიუმ-ი.
ui – ეი: Buiskool – ბეისკოლ-ი, Kruissink – კრეისინკ-ი.
z – ზ: Dozy – დოზ-ი.
* * *
რიგ შემთხვევაში უცხოური საკუთარი სახელების ქართული დაწერილობა და წარმოთქმა
ტრადიციითაა განპირობებული. მაგ; ფრანგ. Paris – პარიზი (და არა პარი), Hugo –
ჰიუგო (და არა: იუგო), Marat – მარატი (და არა: მარა), ინგლ. Darwin – (და არა:
დარუინი), Shakespeare – შექსპირი (და არა: შეიქსპირი ან შეიქსპიარი), Washington –
ვაშინგტონი (და არა: უოშინგტონი) და ა.შ.
უცხო ენებიდან ქართულად გადმოდის: x (cs, ks) – ქს, ps – ფს, ct – ქტ, (და არა: კს,
კტ)2
უცხო წარმოშობის სიტყვებში ასევეა: ქშ, ფშ, ფჩ, ფც (და არა: კშ, პშ, კჩ, პჩ, პც):
ინგლ. Jorkshire – იორქშირ–ი, New Hampshire – ნიუ-ჰემფშირ-ი, პოლონ. Przybyszewski
– ფშიბიშევსკი, Lapczinski – ლაფჩინსკი, kszisztof – ქშიშტოფ-ი, Leipzig –
ლაიფციგ-ი და ა.შ.
განმტკიცებული ტრადიციის მიხედვით დავას აღარ იწვევს ის, რომ სიტყვა (და, კერძოდ,
საკუთარი სახელი), რომელშიც გაორმაგებული თანხმოვანია, ქართულში გადმოდის ერთი
თანხმოვნით: ll – ლ, mm – მ, nn – ნ, rr – რ, tt – ტ და ა.შ.
ფრანგ. Apollinnaire – აპოლინერ-ი, Cézanne – სეზან-ი, Massenet – მასნე, ინგლ.
Sierra-Nevada – სიერა-ნევადა, გერმ. Wassermann – ვასერმან-ი, Zimmerwald –
ციმერვალდ-ი, Lübeck – ლიუბეკ-ი, იტალ. Dallapiccola – დალაპიკოლა და ა.შ.
_______________________
1 აქ მოცემული წესების შესადგენად ვისარგებლეთ სხვადასხვა ლექსიკოგრაფიული წყაროთი
და, კერძოდ, უკანასკნელ წლებში გამოსული ცნობარით: П. С. Гиляревский, Н. А.
Старостин, Иностранные имена и названия в русском тексте, изд. второе, М., 1978,
изд. третье, М. 1985.
გეოგრაფიული და პირთა სახელების ნიმუშები მოყვანილია ერთად, გადმოცემის წესი ყველა
ტიპის სახელებისათვის ერთია.
2 იხ. თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმები. 1. თბ. 1970 და 1986.
![]() |
3 უცხოური პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
აღმ. – აღმოსავლეთი
აშშ – ამერიკის შეერთებული შტატები
ბერძნ. – ბერძნული
გ. – გარდაიცვალა
გდრ – გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა
გერმ. – გერმანული
გვიანდ. – გვიანდელი
გფრ – გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა
დ. – დაიბადა
დაახლ. – დაახლოებით
დან. – დანიური
დას. – დასავლეთი
დასასრ. – დასასრული
დასაწყ. – დასაწყისი
ებრ. – ებრაული
ესპ. – ესპანური
ინგლ. – ინგლისური
იტალ. – იტალიური
იხ. – იხილე
ლათ. – ლათინური
ნამდვ. – ნამდვილი
ნახ. – ნახევარი
პოლიტ. – პოლიტიკური
პოლონ. – პოლონური
პორტუგ. – პორტუგალიური
პროვანს. – პროვანსული
რუმინ. – რუმინული
ს. – საუკუნე
საეკლ. – საეკლესიო
საზ. – საზოგადო
სამხ. – სამხედრო
სამხ. – სამხრეთი
სახელმწ. – სახელმწიფო
სს. – საუკუნეები
ფრანგ. – ფრანგული
ფსევდ. – ფსევდონიმი
ქ. – ქალაქი
შვედ. – შვედური
ჩრდ. – ჩრდილოეთი
ცენტრ. – ცენტრალური
ძვ. – ძველი
ძვ. წ. – ძველი წელთაღრიცხვა