გამსახურდია კონსტანტინე
ლირიული ინტერმეცცო
ნაწყვეტი: „მთვარის მოტაცებიდან“
ხომ არ მოგეწყინა, ჩემო მკითხველო?
მეც თავათ მოწყენამ ამაღებინა კალამი ხელში და ვინძლო
ჩემმა მოწყენამ შენი გააქარვოს.
ათასზე მეტი ღამეა ვზივარ, ვზივარ და გითხრობ განთიადიდან
განთიადამდის.
თამაშითა და ბრძოლით ვწერ ჩემი გმირების თამაშისა და
ბრძოლის ამბავს. და ღამეები მიჰქრიან, როგორც ნაბდით დაჭედილი ბედაურები.
სავსებით მარტო ვარ ამ წუთშიაც. მთვარე სამთვარიოში ჩასულა უკვე და მესმის, თუ
როგორ ღუღუნებს ჩემი ბინის ელექტრომრიცხველი – ეს ინდუსტრიის ცისფერი მტრედი.
მესმის, თუ როგორ სუნთქავენ, ლაპარაკობენ და მოძრაობენ
ჩემივე გმირები ჩემში და განვიცდი უმძიმეს ორსულობას შემოქმედებისას.
ვღელავ და ვძრწი მათ მაგივრად. მათ მაგივრად ვფიქრობ და
ვდარდობ, და ღამეები მიჰქრიან, როგორც ნაბდით დაჭედილი
ბედაურები.
ჯერ მეც არ ვიცი, მათ რა მოუვათ. თამარ შარვაშიძე რომელს
შეიყვარებს... არზაყან ზვამბაიას თუ თარაშ ემხვარს?
ან არზაყანის გული ვის მიენდობა? სათნო ძაბულის თუ თამარ
შარვაშიძეს? ტარიელ შარვაშიძე და კაც ზვამბაია როგორ შეეთვისებიან ახალ დროს? ან ის
ბედდამწვარი ლუკაია ლაბახუა როგორ დაასრულებს ცხოვრების ეტლს?
ან გვანჯ აფაქიძე რას მოიმოქმედებს, გვანჯ აფაქიძე – „ქრისტეს ფეხის მკვნეტელი“?
ვზივარ, ამ სტრიქონებს ვწერ, და ღამეები მიჰქრიან, როგორც
ნაბდით დაჭედილი ბედაურები...
მკლავი მომექანცა, მეტკინა წელი, ვზივარ და მაინც ვწერ (ჩემი სული ჩემ სხეულზე უფრო
ძლიერი აღმოჩნდა).
შევდგები. ჩემს ხელნაწერს ვათვალიერებ.
გაოცებული შევსცქერი ბნელი საუკუნოების საშოში უთარიღოდ წარმოშობილ ფანტასტიურ
ჰიეროგლიფებს.
შევსცქერი ქართულ ასოებს და ასე მგონია: მე მათ შორის უნდა ამოვიკითხო-მეთქი ჩემი
გმირების უცნაური ბედი.
ანი – ნამგლისთვის მიუმსგავსებია მიწის მოყვარულ ქართველ ხალხს (ამიტომაც
შეურქმევიათ „გეორგოს“ ძველბერძნებს ჩვენთვის).
ბანი – ყელმოღერილ სურებს, დოქებს და ჭინჭილებს არა
ჰგავს?
განი – ლაგვინებს და ჭურებს (ღვინის მოყვარული ხალხის
მონაგონია უთუოდ).
ღ, ყ, ლ, დ – წათებს, წერაქვებს და ჩაქუჩებს. ეს მელითონეთა
და რვალის ხუროთა მიერ მონაგონია.
ენის, სანის, ხარის, ნარის, ვინის, ფარის, წილის, ჭარის კლერტოები ლეკურებს,
ხმლებს, სატევრებს, წათებს და ხელშუბებს მაგონებს.
აჰა, მოდიან ღეროვანი ასოების ლეგიონები. ისინი ხან ლელივით იკეცებიან, ხანაც
ცხენოსანი ჯარის პიკეტებსავით მოემართებიან ამპარტავნად ზეაღმართულნი.
და ამ ჲ–ს, ჭ-ს, ჯ-ს პაწია მარყუჟები ვაზისადმი სიყვარულის
ანარეკლია (ამ დიონისურ ქვეყანაში წარმოშობილი).
კლერტო რაესი მონადირე ზომის ტრფიალს გამოხატავს, ირმებისა და ჯიხვების რქებისადმი
ტრფიალს.
ეს თავმოდრეკილი დონები, ღანები, ლასები ჩვენს გუთნებს,
აჩეჩებს და კავებს მაგონებს.
ხოლო ინი, ინი პირწავარდნილი ნალია ცხენისა. ვინ იცის,
ეგებ ცხენოსან ერს თან მოეტანოს იგი მესოპოტამიიდან ომითა
და ზათქით წამოსულს. განუსაზღვრელად მახარებს მათი მზერა
და მათი დაწერა და ამიტომაც მოცლილ ბალღსავით ვეთამაშები
ქართულ ასოებს, და განზრახული მაქვს უთუოდ დავწერო ანბანთა ქება მე ხელმეორედ.
სწორედ ამ ასოების მზერისას ხმიანდება
ჩემს გულში სახე, ფერი და მოძრაობა.
და მე მაგონდება ბნელი ღამე ატლანტის ოკეანეზე განცდილი
ოდესღაც.
როცა ჯერ წყნარი იყო, ნამრუდისფერი, არა, ლილისფერი, აჰ,
ლილისფერი კი არა, ნავთგარეულ წყლისა ფერისა. უცებ იელვა
და გაფხრიწა ცა ელვათკრთომამ. ადგნენ ზვირთები, აბიბინდნენ
და აიქოჩრნენ. ნელის ლაშლაშით შემოერტყნენ მყის ჭვინტს გემისას. ისევ დადუმდა
ოკეანე თვალშეუვლები.
ისევ გაუსვა ქარმა ქორის ფრთა და დააწვინა ტალღა ლელივით. ისევ აბორგდნენ,
ახმაურდნენ მალი ტალღები, შემოესიენ,
შეელეწნენ გემის კიდეებს.
და შეუბღვირა ლეგა ზეცამ ზღვას ფერგადასულს; ცა ისევ გასჭრა ელვათა კრთომამ
(ლეკურსა ჰგავდა მარჯვედ მოქნეულს).
არ ვიცი, ღამემ, შემოქნევამ ცეცხლის ლეკურის რა ჩასჩურჩულეს დადუმებულ ზღვას.
აზვავდა ტალღა, მას მეორე გამოეკიდა
და ყველა მხრიდან წამოვიდნენ ლეგიონები და გაიმართა ტრიამელ ზღვაზე თავაწყვეტილი
ტალღათ ჯირითი.
როგორც გაზულუქებული ველური ტახები ტყეში შეჰქმნიან
ნავარდს უცნაურს, ზეახტებიან გახურებულნი და შერჩებიან თამაშის დროს მუხის ტანს
ეშვით, წამოვიდოდნენ ისევ ტალღები,
შეახტებოდნენ გემს გაქანებულს, თავათ ნამცვრევად გადაქცეულნი.
კვლავ მოგვესიენ ბობოქარი ტალღები თქეშით. ზმუოდა ზღვა
და ცას სხეპავდა ელვის ლეკური. ქაოსს გაეხსნა ვეშაპის ხახა და
ურჩხულების ბობოქარის ლეგიონები მოლაშლაშებდნენ მორეკილნი წყალთ უდაბნოდან. აიმღვრა
ცა და ზღვა უფრო აფორიაქდა და ტალღა ტალღას შეაწყდა ბნელში და ურჩხულებად ქცეულნი
ზვირთნი ადგნენ, შეასხეს ტვინი მრუმე ცას.
და ასე.
როცა მე მეგონა, მკლავი შესდგაო, როცა ვფიქრობდი, დამეშრიტა გონების ძალი და
ფანტაზიას ჩემსას ფრთენი შეეკვეცაო,
ენა ქართული – ეს უფსკრული თვალშეუდგამი, ისევ აზღვავდა,
ისევ ადგა ამ ჩემს ცხელ სისხლში და წამოვიდნენ სახეები ტალღების დარად. მერმე
აზვავდა სისხლი ჩემი და მოქანცული, მდორე გონება თითქოს უეცრად დასხეპაო ელვის
ლეკურმა.
მოვსდექ და ისევ შევუტიე ამ უფსკერო ზღვას თვალშეუდგამს
და გახელებულს, და კვლავ მომინდა დავსწერო წვრილად მე ქება დიდებულისა ქართულისა
ენისაჲ.
ისევე ვზივარ განთიადიდან განთიადამდის, და ღამეები მიჰქრიან, როგორც ნაბდით
დაჭედილი ბედაურები...
გარეთ კი ღუღუნებს ელექტრომრიცხველი – ეს ინდუსტრიის ცისფერი მტრედი.