The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

Title


Title





ქეთევან ქურდოვანიძე

რას მოგვითხრობს:

იაკობ ხუცესის „წამებაჲ წმიდისა შუშანიკისი დედოფლისაჲ“

იოვანე საბანისძის „წამებაჲ წმიდისა და ნეტარისა ჰაბოჲსი“

გიორგი მერჩულის „ცხორებაჲ წმიდისა გრიგოლ ხანძთელისაჲ“

 

 

თბილისი, 2024

რედაქტორი – ნათია ქურდაძე

კორექტორი – მარი გუნთაიშვილი

დამკაბადონებელი – სოფო ვაშაკიძე

 

 

© ყველა უფლება დაცულია

ISBN: 978-9941-9910-5-9

გამომცემლობა „ქართული“

2024 წ.

შესავალი

ძველი ქართული საისტორიო მწერლობა საკმაოდ მოცულობით ადგილს იკავებს ქართული ენისა და ლიტერატურის სასკოლო პროგრამებში. მოსწავლეებს ხშირად პრობლემები ექმნებათ ძველ ქართულ ენაზე დაწერილი ტექსtების გაგებაში იმისდა მიუხედავად, რომ მათ სქოლიოებში მოცემული აქვთ ცალკეული სიტყვის განმარტება. როგორც საგანმანათლებლო პრაქტიკამ დაადასტურა, სიტყვების განმარტებებისა და კომენტარების დართვა არ არის საკმარისი ტექსტის სრულფასოვნად გაგებისა და გააზრებისთვის, თანაც, კითხვის დროს მუდმივად სქოლიოებში ყურება ფანტავს მკითხველის ყურადღებას და წყვეტს ემოციურ კავშირს ტექსტთან.

ჩვენი მიზანი იყო, შეგვექმნა დამხმარე სახელმძღვანელო ტექსტები ჰაგიოგრაფiული მწერლობის სამი ნიმუშის – იაკობ ხუცესის „შუშანიკის წამების“, იოანე საბანისძის „აბოს წამებისა“ და გიორგი მერჩულის „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების“ მიხედვით, რომლებიც გაუმარტივებდა მკითხველს მასალის გაგებასა და ათვისებას. ტექსტების მოცულობა განვსაზღვრეთ სასკოლო პროგრამის ფარგლებში მოცემული მასალის მიხედვით. ხოლო, ადაპტაციის ნაცვლად, ავირჩიეთ თანამედროვე ენაზე ტექსტების სიტყვა-სიტყვით გადმოტანის მეთოდი, რათა შეგვენარჩუნებინა ავტორთა მიერ ტექსტში დასმული აქცენტები და მხატვრული ელემენტები, რიტმი და დინამიკა.

ვფიქრობთ, მოცემული წიგნი წაადგება არა მხოლოდ სკოლის მოსწავლეებს, არამედ მათაც, ვისაც სურს, გაეცნოს ქართული ჰაგიოგრაფიის ნიმუშებს ლინგვისტური დაბრკოლებების გარეშე, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ დღეს ქართული ემიგრაცია სრულიად მოკლებულია ამ საშუალებას.

1 შუშანიკის წამება

▲ზევით დაბრუნება


იაკობ ხუცესი

შუშანიკის წამება

I. ...და ახლა დანამდვილებით გეტყვით წმინდა და სანატრელი შუშანიკის აღსასრულის ამბავს.

ეს მოხდა სპარსთა მეფობის მერვე წელს, სასახლის კარზე გაემგზავრა ვარსქენ პიტიახში1 არშუშას2 ძე დაბადებიდან ქრისტიანი. მისი დედა და მამაც ქრისტიანები იყვნენ. პიტიახშს ცოლად ჰყავდა სომეხთა მხედართმთავრის, ვარდან მამიკონიანის3 ასული, მამისგან ვარდანად წოდებული, მოფერებით კი – შუშანიკი, ბავშვობიდან ღვთისმოშიში, როგორც ეს უკვე აღვნიშნე. თავისი ქმრის უკეთურობის გამო იგი მუდამ შეფიქრიანებული იყო და ყველას ევედრებოდა, ელოცათ მისთვის, რათა ღმერთს შეეცვალა პიტიახშის უკეთური, უგუნური ბუნება და ქრისტიანობისკენ მოებრუნებინა იგი.

ყოვლად საბრალომ და სამგზის შესაწყალებელმა ვარსქენმა, როგორ თქვას ვინმემ, თუ როგორ უარყო ქრისტეს რწმენა?! ანუ ვინ არ ტიროდეს მისთვის, ვისაც არც ჭირი უნახავს, არც შიში და პატიმრობა განუცდია ქრისტიანობისთვის?!

წარემართა ვარსქენი სპარსეთის მეფის კარზე არა პატივის მისაღებად, არამედ საკუთარ თავს ძღვნად შესწირავდა მას ჭეშმარიტი ღმერთის უარყოფითა და ცეცხლთაყვანისმცემლობის4 მიღებით. უბადრუკი პიტიახში სპარსეთის მეფეს სრული მორჩილების ნიშნად ასულს სთხოვდა ცოლად და ეუბნებოდა:

„ჩემს კანონიერ ცოლსა და შვილებსაც მოვაქცევ შენს რჯულზე, როგორც მე“.

და ამას ამბობდა ისე, რომ შუშანიკისგან დასტური არ ჰქონდა. მაშინ გაიხარა სპარსეთის მეფემ და ბრძანა, მისი ასული ვარსქენისთვის მიეთხოვებინათ.


II. გამოეთხოვა სპარსეთის მეფეს (იგულისხმება პეროზ მეორე) პიტიახში და, როდესაც ქართლის საზღვარს, ჰერეთს5 მიაღწია, განიზრახა, აუწყოს და მიეგებონ აზნაურები, მათი შვილები და მსახურები, რათა მათი მეშვეობით, როგორც ქვეყნის ერთგული, ისე შევიდეს საკუთარ სამფლობელოში. როდესაც დაბა ცურტავში6 მივიდა, პიტიახშმა სადესპანო ცხენით გააგზავნა თავისი მონა.

ვარსქენის გამოგზავნილი კაცი შევიდა შუშანიკთან, ჩვენს დედოფალთან, და მოიკითხა, ხოლო სანატრელმა შუშანიკმა, როგორც წინასწარმეტყველმა, მიუგო:

„თუ ის სულით არ დაცემულა, შენც და ისიც ცოცხლები ხართ; თუ სული წარიწყმიდეთ, შენი მოკითხვა შენვე მოგიბრუნდეს“.

იმ კაცმა ვეღარაფერი ჰკადრა დედოფალს. ხოლო წმინდა შუშანიკი აფიცებდა მას და დაჟინებით ეკითხებოდა. ხოლო იმ კაცმა აღიარა სიმართლე და უთხრა:

„ვარსქენმა უარყო ჭეშმარიტი ღმერთი“.

ეს რომ შუშანიკმა შეიტყო, დავარდა და თავს ძირს ურტყამდა და მწარე ცრემლებით ამბობდა:

„საცოდავია უბადრუკი ვარსქენი, რადგან უარყო ჭეშმარიტი ღმერთი და აღიარა ატროშანი7 და ურჯულოებს შეუერთდა“.

დატოვა დედოფალმა სასახლე და ღვთისმოშიშებით ეკლესიას მიაშურა და თან წაიყვანა სამი ვაჟი და ერთი ასული; შვილები საკურთხევლის წინ დააყენა და ასე ლოცულობდა:

„უფალო ღმერთო, შენი მოცემულნი არიან და შენვე დაიცავი, წმინდა ემბაზისგან8 სულიწმიდის მადლით განათლებულნი. ყოფად ერთ სამწყსოდ ერთისა მწყემსისა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი“.

და როდესაც საღამოს ლოცვა აღესრულა, გამწარებული ეკლესიის მახლობლად მდებარე პატარა სახლში შევიდა, ერთ კუთხეში კედელს მიეყრდნო და მწარედ ატირდა.


III. ამ დროს პიტიახშის კარის ეპისკოპოსი აფოცი იქ არ იყო, რადგან ერთ წმინდა კაცთან იყო წასული რაღაცის საკითხავად. მეც, დედოფლის ხუცესი, ვახლდი ეპისკოპოსს. ამ დროს ჩვენთან შინიდან მოვიდა დიაკვანი, რომელმაც ყოველივე მოგვითხრო – პიტიახშის დაბრუნების ამბავი და დედოფლის საქმეები. დიდი მწუხარებით აღგვავსო ამ ამბავმა, ვტიროდით გამწარებულნი ჩვენი ცოდვების წარმოსაჩენად.

მე ადრე წამოვედი და მივედი იმ დაბას, სადაც შუშანიკი იმყოფებოდა. როდესაც გამწარებული დედოფალი ვიხილე, მასთან ერთად ავტირდი და ვუთხარი ნეტარ შუშანიკს:

„დიდ ღვაწლს შესდგომიხარ, დედოფალო, დაიცავი ქრისტეს სარწმუნოება და მტერს არ მისცე ნება, რომ, როგორც სირსვილამ9, საძოვარი ჰპოვოს შენს სულში“.

ხოლო შუშანიკმა მიპასუხა:

„ხუცეს, დიდი განსაცდელისთვის მზად ვარ“;

მე კი მივუგე:

„მხნედ იყავ, მომთმენი და სულგრძელი“.

მან კი მიპასუხა:

„მხოლოდ ჩემი გადასატანია ეს განსაცდელი“.

მე კი დავძინე:

„შენი ჭირი, ჩვენი ჭირია, შენი სიხარული – ჩვენი სიხარული. შენ მხოლოდ ჩვენი დედოფალი როდი იყავი, არამედ, როგორც შვილებს, ისე გვივლიდი“.

და მე გავანდე სანატრელ შუშანიკს ჩემი სურვილი, საიდუმლოდ:

„ყოველივე მიამბე, რასაც აპირებ, რათა ვიცოდე და აღვწერო შენი ღვაწლი“.

ხოლო მან მკითხა:

„რატომ მეკითხები?“

მე ვკითხე:

„მტკიცედ დგახარ?“

მაშინ კი მიპასუხა:

„ღმერთმა არ ქნას, ვეზიარო ვარსქენის ბოროტ საქმეებსა და ცოდვებს“.

მე კი ვუთხარი:

„ბოროტი გონება აქვს მას და მრავალ ტანჯვასა და განსაცდელს მოგაყენებს“. მან კი მიპასუხა:

„მიჯობს მისი ხელით მოვკვდე, ვიდრე მას შევუერთდე და სული წავიწყმიდო, რადგან მსმენია პავლე მოციქულის10 სიტყვები: „არ დაემონო არც ძმას, არც დას, არამედ განშორდი“.

და მე დავუდასტურე:

„ასეა“.


IV. და როდესაც ვსაუბრობდით, მოვიდა ერთი ვინმე სპარსი, შევიდა დედოფალთან და ტირილით ეუბნებოდა:

„სახლში, სადაც მშვიდობა სუფევდა, უბედურებამ დაისადგურა, სიხარული მწუხარებამ შეცვალა“.

ეს კაცი ვარსქენის თანამზრახველი იყო და ამას ვერაგულად ამბობდა, რადგან ნეტარი შუშანიკის გულის მოგება სურდა. ხოლო წმინდანი მიუხვდა განზრახვას და თავი შორს დაიჭირა.

სამი დღის შემდეგ მოვიდა ვარსქენ პიტიახში, სპარსმა მას ფარულად ამცნო:

„როგორც მაცნობეს, ცოლი განგდგომია და გეტყვი შენ: „მკაცრად ნურაფერს ეტყვი, რადგან ქალებს სათუთი ბუნება აქვთ“.

მეორე დღეს, როგორც კი პიტიახში ადგა, გვიხმო მღვდლები და ჩვენც მივედით, სიხარულით შეგვეგება და გვითხრა:

„ნუ მომერიდებით და ნურც მომიძულებთ“.

ჩვენ კი მივუგეთ:

„თავი დაიღუპე და ჩვენც დაგვღუპე“.

მაშინ კი დაიწყო საუბარი პიტიახშმა:

„რატომ მომექცა ჩემი ცოლი ასე? ახლა წადით და უთხარით: „შენ ჩემი ოჯახი დააქციე და ჩემს სარეცელს ნაცარი გადააყარე, შენი სამყოფელი დაგიტოვებია და სხვაგან წასულხარ“.

ხოლო წმინდა შუშანიკმა თქვა:

„მე არ აღმიმართავს ის ხატი, მე რომ დამემხო. ხოლო მამაშენმა ააშენა ეკლესიები და სამარტვილონი11, შენ კი მამაშენის ღვაწლი წაახდინე და მისი კეთილი საქმეები ბოროტებად აქციე; მამაშენმა წმინდანები შემოიკრიბა, შენ კი უწმინდურები შემოიკრიბე; მან ცისა და ქვეყნის ღმერთი აღიარა და ირწმუნა, შენ კი ჭეშმარიტი ღმერთი უარყავი და ცეცხლს ეთაყვანე. და რამეთუ შენ შემოქმედი შენი უარყავი, ამით მე შეურაცხმყავი და მრავალი ტანჯვაც რომ მომაყენო, არ ვეზიარები შენს საქმეებს“.

ჩვენ ყოველივე ეს გადავეცით პიტიახშს, რომელიც სასტიკად განრისხდა და მრისხანებდა.


V. შემდეგ ვარსქენმა შუშანიკთან გააგზავნა თავისი ძმა ჯოჯიკი, მისი ცოლი, კარის ეპისკოპოსი აფოცი და დააბარა მათ:

„ასე უთხარით, ადექი და დაბრუნდი, თუ გონზე ხარ! თუ არა და ძალით წამოგათრევ“.

როგორც კი მივიდნენ და შევიდნენ დედოფალთან, ბევრს არწმუნებდნენ. მაშინ შუშანიკმა თქვა:

„კაცნო ბრძენნო, კარგად საუბრობთ, მაგრამ ნუთუ გჯერათ, რომ მე მისი ცოლი კიდევ ვიქნები? მეგონა, ჩემს რჯულზე მოვაქცევდი, რათა ღმერთი ჭეშმარიტი ეღიარებინა, და ახლა მე მაიძულებთ ამის გაკეთებას? ამას არ ვიზამ! და შენ ჯოჯიკ, ჩემი მაზლი აღარ ხარ და არც მე – შენი ძმის ცოლი, შენი ცოლიც აღარ არის ჩემი და, რამეთუ მისი მომხრე და მისი საქმეთა თანაზიარნი ხართ“.

ჯოჯიკმა თქვა:

„ვიცი, რომ ვარსქენი მოავლენს მსახურებს და ძალით წაგიყვანს“.

წმინდა შუშანიკმა უპასუხა:

„რომც შემკრას და მათრიოს, მახარებს, რადგან ეს იქნება ჩემი და მისი განშორების საწინდარი“.

როდესაც დედოფლის ეს სიტყვები მოისმინეს, ყველა ტიროდა, თვალცრემლიანი ჯოჯიკი ადგა და გარეთ გავიდა. ხოლო წმინდა შუშანიკმა უთხრა ეპისკოპოსს:

„როგორ ცდილობ ჩემს გადარწმუნებას, მან ხომ ღმერთი ჭეშმარიტი უარყო“.

ხოლო ჯოჯიკი ევედრებოდა და ეტყოდა:

„შენ ჩვენი და ხარ, ნუ წარწყმედ სადედოფლო სასახლეს“.

შუშანიკმა კი უპასუხა:

„ვიცი, რომ და ვარ და ერთად გაზრდილნიც, მაგრამ ამას ვერ ვიზამ, დანაშაული მოხდეს და ამაში თქვენც ბრალი გქონდეთ“.

და მეტად რომ აწუხებდნენ ხვეწნით, ადგა წმინდა და ნეტარი შუშანიკი და თან წაიღო თავისი ევანგელე და ტირილით ამბობდა:

„უფალო ღმერთო, შენ იცი, რომ მე ნამდვილად სიკვდილზე მივდივარ“.

ეს თქვა და წაჰყვა მათ და თან წაიღო თავისი ევანგელე12 და სხვა მოწამეთა წიგნები. როდესაც შუშანიკი სასახლეში დაბრუნდა, არ შესულა თავის სადედოფლო ოთახში, არამედ ერთ პატარა სენაკში დაბინავდა. აღაპყრო ხელები ზეცისკენ წმინდა შუშანიკმა და თქვა:

„უფალო ღმერთო, არც მღვდელთაგან აღმოჩნდა ვინმე ჩემი ქომაგი და არც ერისკაცთაგან მოიძებნა ჩემი გულშემატკივარი ამ სახლში, ყველამ სასიკვდილოდ გადამცა ღვთის მტერ ვარსქენს“.


VI. ორი დღის შემდეგ სასახლეში მოვიდა „მგელ იგი“ ვარსქენი და უთხრა მსახურებს:

„დღეს მე, ჯოჯიკმა და მისმა ცოლმა ერთად უნდა ვივახშმოთ და ნურავის მისცემთ ჩვენთან შემოსვლის უფლებას“.

და როდესაც შებინდდა, უხმეს ჯოჯიკის ცოლს სავახშმოდ, რათა მოეყვანათ წმინდა შუშანიკიც. და როდესაც პურობის დრო მოახლოვდა, ჯოჯიკი და მისი ცოლი შუშანიკთან შევიდნენ, რათა მისთვისაც ეჭმიათ პური, რადგან ამ ხნის განმავლობაში დედოფალს არაფერი ეგემა, და ძალით წაიყვანეს სასახლეში. შუშანიკმა პირი არაფერს დააკარა, ხოლო ჯოჯიკის ცოლმა მას ღვინით სავსე ფიალა მიაწოდა, რათა ეს მაინც შეესვა. განრისხებულმა შუშანიკმა თქვა:

„როდის ყოფილა, რომ ქალსა და კაცს ერთად ეჭამათ პური?!“

დედოფალმა გაიქნია ხელი და ღვინით სავსე თასი სახეში შეალეწა ჯოჯიკის ცოლს, ღვინო კი დაიქცა.

მაშინ დაიწყო ვარსქენმა გინება და შუშანიკის წიხლებით ცემა, შემდეგ კი აიღო ასტამი, სახეში ჩაარტყა და თვალი დაუსივა. იგი უწყალოდ ურტყამდა სახეში მუშტებს და თმით ათრევდა დედოფალს. გამხეცებული ვარსქენი ყვიროდა, როგორც მძვინვარე მხეცი და ცოფიანივით ღრიალებდა. მაშინ მისაშველებლად წამოდგა ჯოჯიკი და იბრძოდნენ მანამ, სანამ მასაც არ მოხვდა, ვარსქენმა მას თავიდან კუბასტი13 მოჰგლიჯა და ძლივს გამოაცალა ჯოჯიკმა ხელიდან ვარსქენს შუშანიკი, ისე, როგორც მგელს – კრავი. მკვდარივით იწვა შუშანიკი მიწაზე, ვარსქენი კი აგინებდა მის გვარ-ჯიშს და ოჯახის მაოხრებელს ეძახდა; ბოლოს ბრძანა, შეეკრათ დედოფალი და ფეხებზე ბორკილი დაედოთ.

როდესაც ვარსქენი ოდნავ დაწყნარდა, მოვიდა სპარსი და ეხვეწებოდა პიტიახშს, ბორკილები აეხსნა წმინდა შუშანიკისთვის. იმდენი ევედრა, რომ ბოლოს ვარსქენმა ბრძანა, ბორკილებისგან გაეთავისუფლებინათ დედოფალი და ერთ პატარა ოთახში შეეყვანათ. კარზე კი საგულდაგულოდ მცველი დაუყენა, რათა მის სანახავად არავინ შესულიყო – არც ქალი და არც კაცი.

 

VII. ცოტა რომ ირიჟრაჟა, ვარსქენმა მსახურს ჰკითხა:

„როგორ გრძნობს თავს ჭრილობების გამო“.

ხოლო მან უპასუხა:

„ვერ გადარჩება“.

მაშინ თავად შევიდა პიტიახში დედოფალთან და გაუკვირდა, როდესაც მისი საზარელი იარები იხილა. ვარსქენმა მსახურს უბრძანა:

„არავინ შევიდეს მის სანახავად“.

თვითონ კი სანადიროდ წავიდა.

ხოლო მე ავდექი და მივედი დედოფალთან და ვუთხარი მცველს:

„მხოლოდ მე შემიშვი, რათა ვიხილო მისი იარები“.

ხოლო მცველმა მითხრა:

„ვაითუ პიტიახშმა გაიგოს და მომკლას“.

და მე ვუთხარი მას:

„უბედურო, მისი გაზრდილი არ ხარ? და კიდეც რომ ამისთვის მოგკლას, რა მოხდება?!“

მაშინ შემიშვა მან ფარულად და, როდესაც შევედი, ვიხილე შუშანიკის სახე დახეთქილი და დასივებული. ხოლო წმინდა შუშანიკმა თქვა:

„ნუ სტირი ჩემთვის, რადგან ეს ღამე სიხარულის დასაწყისად მექცა“.

და მე ვუთხარი წმინდა შუშანიკს:

„მიბრძანე და მოგბან სისხლიან პირს, ნაცრით სავსე თვალებს და წამალს და მალამოს დაგადებ, იქნებ, ამაღამ განიკურნო!“

ხოლო წმინდა შუშანიკმა მითხრა:

„ხუცეს, ამას ნუ იტყვი, რადგან ეს სისხლი ჩემი ცოდვებისგან განმწმენდია“.

მე ძალა დავატანე მას, რათა საჭმელი ეგემა, რომელიც სამოელ და იოანე ეპისკოპოსებს გამოეგზავნათ და რომლებიც ფარულად ზრუნავდნენ და ანუგეშებდნენ დედოფალს. მაშინ მითხრა წმინდა შუშანიკმა:

„არ შემიძლია გემოს გასინჯვა, რადგან ყბა და ზოგი კბილი ჩამტვრეული მაქვს“.

მაშინ ავიღე ცოტაოდენი პური, ღვინოში ჩავალბე და მანაც მცირედი იგემა.

ვჩქარობდი წამოსვლას, მაშინ მითხრა წმინდა შუშანიკმა:

„ხუცეს, გავუგზავნო ვარსქენს მისივე ნაჩუქარი სამკაული? ეგებ, მოითხოვოს, რადგან ამ ცხოვრებაში აღარ დამჭირდება“.

ხოლო მე ვუპასუხე:

„ნუ ჩქარობ, დაიტოვე“.

როდესაც ამაზე ვსაუბრობდით, მოვიდა ვიღაც ჭაბუკი და თქვა:

„იაკობი მანდ არის?“

და მე ვუთხარი როგორღაც:

„რა გინდა?“

და მან მითხრა:

„პიტიახში უხმობს“.

და მე გამიკვირდა, თუ „რატომ მიხმობს ამ დროს“, და სწრაფად გავეშურე მასთან. და მან მითxრა:

„იცოდე, ხუცეს! ჰუნებთან14 საბრძოლველად მივდივარ. და ჩემი სამკაული მას არ დაუტოვო, რადგან ის ჩემი ცოლი აღარ არის, – მოიძებნება ვინმე, ვინც მას მოიხმარს, მიდი და მომართვი ყოველივე“.

ხოლო მე მივედი და ვუთხარი ყოველივე წმინდა შუშანიკს. ხოლო მან გაიხარა და ღმერთს მადლობა შესწირა და სამკაული მომცა და მივართვი პიტიახშს. მან დაათვალიერა და დათვალა ყოველივე და ნახა, რომ არაფერი აკლდა და გაიმეორა:

„მოიძებნება ვინმე, ვინც მოიხდენს ამას“.


VIII. დიდმარხვის დღეებში ნეტარი შუშანიკი წმინდა ეკლესიაში წავიდა და მის მახლობლად პატარა სენაკი მოიძია და იქ განმარტოვდა. სენაკს მცირე სარკმელი ჰქონდა, და ჩარაზა იგი და იყო იქ მარხვით, ლოცვით და ტირილით.

და უთხრა პიტიახშს ერთმა მისმა ახლობელმა:

„ამ წმინდა მარხვაში ნურაფერს ეტყვი მას“.

აღდგომის ორშაბათს პიტიახში ბრძოლიდან დაბრუნდა, ეშმაკი უმღვრევდა გულს. წავიდა იგი ეკლესიაში და ეპისკოპოს აფოცს ეუბნებოდა:

„დამიბრუნე ჩემი ცოლი, რატომ დამაშორე მას?“

და დაიწყო პიტიახშმა უშვერი სიტყვებით გინება და ღმერთის გმობა, ხოლო ერთმა მღვდელმა უთხრა მას:

„უფალო, რატომ იქცევი ასე, ამბობ ამგვარ ბოროტებას, აგინებ ეპისკოპოსსა და რისხვით იხსენიებ წმინდა შუშანიკს?“

ხოლო მან კვერთხი ჩაარტყა მღვდელს ზურგში და ისიც დადუმდა.

ტალახსა და ეკლებში მოათრევდა ვარსქენი შუშანიკს ეკლესიიდან სასახლემდე. დედოფალი მკვდარს ჰგავდა – ადგილ-ადგილ ეკალბარდი დაჰფენოდა. და თვითონ ფეხს დგამდა ეკლებზე, და შუშანიკს სამოსელი და ხორცი მკერდზე წვრილ-წვრილად გადაჰგლეჯოდა.

და ასეთ მდგომარეობაში მოათრიეს იგი სასახლეში. ვარსქენმა მისი შეკვრა და ცემა ბრძანა, ბოროტებდა და ამბობდა:

„აჰა ესე, არ გამოგადგა ეკლესია შენი და არც ქრისტიანები, რომლებიც ზურგს გიმაგრებენ და არც უფალი მათი“.

და როდესაც დედოფალს სამასჯერ დაარტყეს ჯოხი, მას არც კი დაუკვნესია. მაშინღა უთხრა შუშანიკმა ურჯულო ვარსქენს:

„უბედურო, საკუთარი თავი არ დაინდე და ღმერთს განუდექი და მე შემიწყალებ?“

როდესაც იხილა ვარსქენმა, რომ შუშანიკს სათუთი სხეულიდან სისხლი სდიოდა, ბრძანა, მისთვის კისერზე ჯაჭვი დაედოთ. და უბრძანა ერთ სენაკაპანს15, შუშანიკი ციხეში წაეყვანა და ბნელ საპყრობილეში ჩაეგდო, რათა დედოფალი მომკვდარიყო.

 

IX. იმ დროს, როდესაც წმინდა შუშანიკი სასახლიდან გამოჰყავდათ, მის გვერდით ეპისკოპოსის ერთი დიაკვანი იდგა, უნდოდა ეთქვა დიაკვანს: „მტკიცედ იდექ!“ მაგრამ ამ დროს მას თვალი მოჰკრა პიტიახშმა და დიაკვანს აღარ დასცალდა, ესღა უთხრა: „მტკი“ და მხოლოდ დადუმდა და სწრაფად გაეცალა იქაურობას.

მაშინ წამოიყვანეს და მოჰყავდათ წმინდა შუშანიკი ფეხშიშველი და თავდაუბურავი, როგორც ერთი ვინმე მდაბიოთაგანი და ვერავინ ბედავდა მისთვის თავის დაბურვას, რადგან ცხენზე ამხედრებული პიტიახში კვალდაკვალ გაჰყვა მას და აგინებდა უშვერად.

წმინდანს ურიცხვი ადამიანი მიჰყვებოდა. ხალხს ხმა აემაღლებინა – ტიროდა, ღაწვებს იხოკავდა და საცოდავად ცრემლს ღვრიდა წმინდა შუშანიკისთვის. ხოლო წმინდა შუშანიკმა გამოხედა უკან მომავალთ და უთხრა:

„ნუ სტირით, ძმანო ჩემნო და დანო ჩემნო და შვილნო ჩემნო, არამედ ლოცვით მომიხსენიეთ. და ამიერიდან დაგშორდებით თქვენ, რადგან ციხიდან გამოსულს ცოცხალს ვეღარ მიხილავთ“.

და როდესაც ნახა პიტიახშმა ქალისა თუ კაცის, მოხუცისა თუ ახალგაზრდის ვაება და ტირილი, ცხენით დასდევდა და ფანტავდა მათ. როდესაც ციხის ხიდს მიუახლოვდნენ, უთხრა პიტიახშმა წმინდა შუშანიკს:

„შენ ეგღა დაგრჩა ფეხით სავალი, რადგან იქიდან ცოცხალი ვეღარ გამოხვალ, არამედ ოთხი კაცი გამოგიტანს16“.

და როდესაც ციხეში შევიდნენ, დედოფალი ჩრდილოეთით მდებარე ერთ პატარა და ბნელ საკანში დაამწყვდიეს. ჯაჭვი, რომელიც ვარსქენმა კისერზე დაადო, ისევე ედო, რომელიც ურჯულო ვარსქენმა საკუთარი კლიტით დაკეტა. ხოლო წმინდა შუშანიკმა თქვა:

„ეს მახარებს, რადგან აქ დავიტანჯები და აქვე განვისვენებ“.

ხოლო პიტიახშმა უთხრა მას:

„ჰო, ჰო, განისვენე!“

მაშინ დაუყენა ვარსქენმა დედოფალს მცველნი და თანაც გააფრთხილა, შიმშილით მოეკლათ იგი და ასე ეტყოდა მათ:

„გეუბნებით, თუ ვინმე შევა, გინდ მამაკაცი, გინდ დედაკაცი, გაუფრთხილდით საკუთარ თავებს, ცოლ-შვილსა და სახლ-კარს, თორემ რასაც გიზამთ, უდანაშაულო ვიქნები“.

 

X. მაშინ გამოვიდა ციხიდან ვარსქენი და მესამე კვირა დღეს უხმო ერთ მცველსა და ჰკითხა:

„ის საცოდავი აქამდე კიდევ ცოცხალია?“

ხოლო მცველმა უპასუხა:

„მომაკვდავს მეტად ჰგავს, ვიდრე ცოცხალს, უფრო შიმშილით კვდება, რადგან არაფერს ჭამს“.

ხოლო ვარსქენმა თქვა:

„ნუ ნაღვლობ, დაე, მოკვდეს!“

მე ვევედრებოდი მცველს, შევეშვი დედოფალთან, საჩუქარსაც დავპირდი. და მან ძლივს იკისრა ჩემი შეშვება და მითხრა მე:

„როდესაც დაღამდება, მარტო მოდი“.

და როდესაც შემიყვანა მცველმა და ვიხილე იგი, ქრისტეს მცნებისთვის სამსხვერპლოდ გამზადებული კრავი, როგორც ქრისტეს საპატარძლო, ბორკილებითა და ჯაჭვით დამშვენებული, და ვერ მომითმინა გულმა და ავტირდი. ხოლო წმინდა შუშანიკმა მითხრა:

„ამ სიკეთისთვის ტირი, ხუცეს?“

ხოლო მცველმა მითხრა მე:

„ეს რომ მცოდნოდა, არ შემოგიშვებდი“.

ხოლო მე დავიწყე დედოფლის გამხნევება იმ სიტყვებით, რომლებიც ღმერთმა შთამაგონა. და სწრაფად წამოვედი მისგან და სახლში დავბრუნდი.

ხოლო პიტიახში ჩორს წავიდა და მისი ძმა ჯოჯიკი არ შესწრებია იმ ამბავს, რაც წმინდა შუშანიკს შეემთხვა. ჯოჯიკი დაედევნა პიტიახშს და ჰერეთის საზღვართან დაეწია და ევედრებოდა მას, რათა ებრძანა შუშანიკისთვის ბორკილის ახსნა. და რაკი ძალიან შეაწყინა თავი, პიტიახშმა ბრძანა, დედოფლისთვის მხოლოდ ბორკილები და ჯაჭვი აეხსნათ. როდესაც ჯოჯიკი დაბრუნდა, მან მოხსნა შუშანიკს კისერზე დადებული ჯაჭვი, ხოლო ბორკილის ახსნა თავად დედოფალმა არ ინდომა სიკვდილამდე.

ექვსი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც შუშანიკი ციხეში იყო და ღვთაებრივი ცხოვრების წესით ცხოვრობდა: მარხვით, მუდამ სიფხიზლით, ფეხზე დგომით, განუწყვეტელი თაყვანისცემითა და მოუწყენელი წიგნის კითხვით. გააბრწყინა და გაამშვენიერა მთელი ციხე თავისი სულიერი ქნარით.

 

XI. და მას მერე მთელ ქართლს მოედო შუშანიკის საქმეები. და მიჰქონდა ქალსაც და კაცსაც აღთქმული შესაწირავი და ვისაც რა სჭირდებოდა, ეძლეოდა ნეტარი შუშანიკის წმიდა ლოცვით, რასაც მიანიჭებდა მას კაცთმოყვარე ღმერთი: უშვილოებს – შვილი, ავადმყოფებს – კურნება, ბრმებს – თვალის ჩინი.

იყო ერთი სპარსი მოგვი17 ქალი, კეთრით დაავადებული, და მივიდა იგი წმინდა შუშანიკთან. ხოლო დედოფალი ასწავლიდა მას, რათა უარეყო მოგვობა და ქრისტიანად მონათლულიყო. ხოლო ეს ქალი მალევე მოექცა. და იგი ასწავლიდა ქალს და ეუბნებოდა:

„წადი იერუსალიმში და განიწმინდე კეთრისაგან“. ქალმა გულმოდგინედ შეითვისა ყოველივე და ჩვენი უფალის – იესო ქრისტეს სახელით წარემართა იერუსალიმში და განიკურნა ავადმყოფობისგან. და როდესაც უკან დაბრუნდა, მაშინვე მივიდა წმინდა შუშანიკთან მადლობის გადასახდელად და წავიდა გახარებული.

 

XII. ხოლო წმინდა შუშანიკმა, აბრეშუმით ხელსაქმობის მსგავსად, დიდი გულმოდგინებით ხელში აიღო „დავითნი“ და რამდენიმე დღეში ას ორმოცდაათი ფსალმუნი დაისწავლა, რომლებითაც დღედაღამ ზეციურ მეუფეს ცრემლით სათნო გალობას შესწირავდა.

და უთხრეს ნეტარ შუშანიკს:

„შენი შვილები ვარსქენმა მოგვთა სარწმუნოებაზე გადაიყვანა“.

მაშინ დაიწყო დედოფალმა ტირილით უფლის თაყვანისცემა და თავს მიწას ურტყამდა, ამოიოხრა და თქვა:

„გმადლობ შენ, უფალო ღმერთო ჩემო, რადგან ისინი ჩემი კი არა, შენი მოცემულნი იყვნენ. როგორც გენებოს, იყოს ნება შენი, უფალო, მე კი დამიცავი ბოროტი საქმეებისგან“.

და მივედი მე და ვიხილე წმინდა შუშანიკი, ტირილისაგან გამშრალი, გამოფიტული და დაღლილი. და რამეთუ წმინდა ეპისკოპოსს მისთვის გამოეგზავნა საზრდო, ვაიძულე, მცირეოდენი ეგემა და ღმერთს მადლობას ვწირავდი. და თუ აქამდე მისი შვილები დადიოდნენ დედის სანახავად, ახლა, როდესაც უარყვეს ჭეშმარიტი ღმერთი, ვეღარ ბედავდნენ მის ნახვას, ხოლო დედოფალს მათი სახელის გაგონებაც კი სძაგდა.

 

XIII. შემდეგ მოციქულები გამოგზავნა პიტიახშმა და თქვა:

„ჩემს ნებას დაჰყევი და სასახლეში დაბრუნდი. თუ არ მოხვალ, ვირზე შესმულს კარდაკარ ჩამოგატარებ“.

ხოლო წმინდა შუშანიკმა ასე მიუგო:

„უბედურო და უგულო, ხოლო მე თუ კარდაკარ ჩამომატარებ ან ჩორდს წამიყვან, ვინ უწყის, იქნებ რაიმე სიკეთეს გადავეყარო და ამ ბოროტებას განვშორდე“.

გულში ამბობდა პიტიახში იმ სიტყვების გამო, რომლებიც უთხრა შუშანიკმა: „ვინ უწყის, იქნებ, რაიმე კეთილს გადავეყარო“. და ფიქრობდა პიტიახში: „ვინძლო ვინმე მთავართაგანს ეცოლოს“.

და ამის შემდეგ აღარავინ მიუგზავნია. ხოლო წმინდა შუშანიკი საშინელ ტანჯვას ითმენდა, რადგან ღმერთს იყო მინდობილი.

ხოლო პიტიახშმა საკუთარ ძუძუმტეს დაავალა, შუშანიკი სასახლეში დაებრუნებინა. მივიდა კაცი და უთხრა შუშანიკს:

„დამიჯერე და დაბრუნდი სასახლეში და ნუ ააოხრებ საკუთარ სახლს“.

ხოლო შუშანიკმა უთხრა მას:

„გადაეცი მაგ ურჯულოს, რომ „შენ მომკალი და მითხარი: ცოცხალი შენი ფეხით ვეღარ გამოხვალ ამ ციხიდან“. ხოლო თუ მკვდრის გაცოცხლება შეგიძლია, ჯერ დედაშენი აღადგინე, რომელიც ურდს არის დამარხული. თუ ეს არ შეგიძლია, ვერც ჩემს წაყვანას მოახერხებ, რომც წამათრიო“.

და როდესაც პიტიახშს ეს სიტყვები გადასცეს, მან დაადასტურა:

„ნამდვილად ასე ვთქვი“.

და მეორე დღეს ვიღაც შევიდა წმინდა შუშანიკთან და უთხრა: „კეთილად უპასუხე, რადგან ამ გზით უნდა შენი გადმობირება და მას გულში ბოროტი ზრახვა უდევს“.

წმინდა შუშანიკმა უპასუხა მას:

„შენ ღმერთი მძინარე ნუ გგონია, რომელმაც მისცა ადამიანს სიტყვის თქმის ძალა, რადგან იტყვის თავად უფალი:

„მე მიუგო სიტყუაი თქვენ წილ“.

 

XIV. და როდესაც შუშანიკის საპყრობილეში ყოფნიდან მეექვსე წელი სრულდებოდა, გვემისა და დაუღალავი ღვაწლისაგან დასნეულდა იგი, რასაც წინასწარ ვეუბნებოდი:

„დაიტანჯები, რადგან ხორცს დაიმძიმებ, რამეთუ ვერ გაუძლებ და მერე ვეღარ შეძლებ კეთილი საქმის კეთებას ამდენი მარხვითა და მუდამ ფეხზე დგომითა და უძილობით, ფსალმუნებითა და გალობით“.

მან კი ოდნავადაც არ დაისვენა და ჩაიფერფლა.

ხოლო დიდმარხვის დროს, აღდგომის კვირეულში, ერგასის დღეებში, ექვსი წლის განმავლობაში, ღამითაც კი არ ჯდებოდა, არც იძინებდა, არც ჭამდა, ხოლო აღდგომის კვირას ეზიარა ქრისტეს ხორცსა და სისხლს; შემდეგ ცოტაოდენი ფხლის ნახარში იგემა, ხოლო პურისთვის აღდგომამდე პირი არ დაუკარებია.

ციხეში ყოფნის დღიდან სასთუმალზე თავი არ დაუდია, თავქვე აგურს იდებდა, ქვეშაგებლად ერთი ძველი ნაბადი ჰქონდა, ხოლო სხვათა დასანახად სასთუმლის მხარეს ტყავის მოსასხამი ედო, თაყვანსაცემად – ერთი პატარა ბეწვის ტყავის ნაგლეჯი და იქაურობას რწყილი და ტილი ეხვეოდა. ამ ადგილებში ზაფხულობით განსაკუთრებული სიცხეა და ცხელი ქარი იცის. წყალი მავნებელია. აქ მოსახლეობა დაავადებულია, დაშუპებული და გაყვითლებული, დაწინწკლული და დამჭკნარი და დამუნიანებული, დამუწუკებული, პირდასივებული და დღემოკლე; ამ მხარეში მოხუცებული არავინაა. და ასეთ პირობებში ექვსი წელი იყო შუშანიკი ბორკილდადებული და დატყვევებული და ადიდებდა ღმერთს.

 

XV. და ვიდრე საპყრობილეში ყოფნის მეშვიდე წელი დადგებოდა, სამგზის სანატრელ შუშანიკს სხეული დაუწყლულდა და დაუცხრომელი ღვაწლისგან ფეხები დაუსივდა. ჩირქი ამოსდიოდა ადგილ-ადგილ. წყლულები დიდი ჰქონდა და მასზე მატლი ეხვეოდა, რომელიც თავის ხელით აიღო და მიჩვენა და მადლობას სწირავდა უფალს და ამბობდა:

„ხუცეს ნუ გიმძიმს ამის ყურება, რადგან ეს მატლი უდიდესია და არ მოკვდება“.

და როდესაც ვიხილე მატლი, საოცარმა მწუხარებამ შემიპყრო და ვტიროდი. მითხრა შუშანიკმა მკაცრად:

„ხუცეს, რატომ წუხარ? სანამ უკვდავი მატლები შეგჭამენ, უმჯობესი არაა, ამ ცხოვრებაში მოკვდავმა მატლებმა შეგჭამონ“.

და მე მივუგე მას:

„უხეში სამოსის ტარება გეცოტავება სატანჯველად? მატლი რომ გეხვევა ეს გახარებს!“

და ის შემეხვეწა:

„ნურავის ეტყვი, რომ ძაძით ვარ შემოსილი, რადგან ჯერ ადრეა ჩემი უბადრუკი ხორცის დატოვება“.

მას შიგნით ძაძი ემოსა და ამის შესახებ, ჩემ გარდა, არავინ იცოდა, ხოლო ხალხის დასანახად ანტიოქიური უსახელო წამოსასხამი ეცვა.


XVI. როდესაც შეიტყო ჯოჯიკმა, რომ ნეტარი დედოფალი, წმიდა შუშანიკი, სიკვდილის პირას იყო, წავიდა მის სანახავად და თან წაიყვანა ცოლ-შვილი და მონა-მხევალნი. და მივიდა ციხეში სანატრელი მოწამე შუშანიკის სანახავად. და როდესაც მივიდა, ძალით შევიდა და თაყვანი სცა პატიოსან ჯვარსა და მოიკითხა წმინდა შუშანიკი, იქვე დაუჯდა და ეკითხებოდა მის სატკივარზე. ხოლო წმინდა შუშანიკმა უთხრა:

„კარგად ვარ, როგორც ღმერთს სწადია, ხოლო იმ გზას, რომელსაც ყველა გაივლის, მეც შევუდგები“.

ხოლო ჯოჯიკი მაშინვე ადგა, ინანიებდა ყველა უკეთურ საქმეს, რაც ჩაუდენია, და ევედრებოდა წმინდა შუშანიკს და ეტყოდა:

„ქრისტეს პატარძალო და მხევალო, ევედრე ღმერთს, რათა მომიტევოს მრავალი შეცოდებანი ჩემნი“.

ხოლო წმინდა შუშანიკმა უთხრა მას:

„თუ შენ ყრმასავით არაფერი ჩაგიდენია, ღმერთმა მოგიტევოს“.

და ჯოჯიკმა თქვა:

„ამისთვის მოვედი შენთან, რადგან ღმერთს აღარ შევცოდო“.

ხოლო წმინდა შუშანიკმა თქვა:

„თუ ასე მოიქცევი, უკვდავ მექმნე მე მაგ სიტყვებით და ღმერთმა შესძინოს დღეები შენს ცხოვრებას“.

და შემდეგ შეატყო ჯოჯიკმა, რომ შუშანიკი სიკვდილის პირას იყო, და უთხრა:

„გვაკურთხე მე, ჩემი ცოლ-შვილი და მონა-მხევალი, და თუ რამ შეგცოდეთ, როგორც წუთისოფლის მოყვარე ადამიანებმა, მოგვიტევე და ნუ მოიხსენებ ჩვენს ცოდვებს“.

ხოლო წმინდა შუშანიკმა უთხრა ჯოჯიკს და მის ცოლს:

„უგულოდ მომექეცით, რადგან არავინ მოიძებნა კაცთაგან, რომელიც ჩემს ტკივილს გაიზიარებდა, რომელიც დაარწმუნებდა ჩემს ამქვეყნიურ ურჯულო მეუღლეს“.

ხოლო ჯოჯიკმა თქვა:

„ჩვენ, შენ გარეშე, დიდად გავისარჯეთ, მაგრამ ვარსქენმა არცარა შეისმინა, არცარა თქვა“.

მაშინ თქვა წმინდა შუშანიკმა:

„განვისაჯებით უზენაესი მსაჯულის, მეუფეთა მეუფის მიერ მე და ვარსქენ პიტიახში იქ, სადაც არ არის უსამართლობა, სადაც არ არის მამაკაცისა და ქალის გარჩევა, სადაც მე და მან თანასწორი სიტყვა ვთქვათ უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს წინაშე; მიუზღოს მას უფალმა იმისთვის, რომ უდროოდ ნაყოფი ჩემი დაკრიფა და სანთელი ჩემი დაშრიტა და ყვავილი ჩემი დააჭკნო, მშვენიერება ჩემი სიკეთისა დააბნელა და ჩემი დიდება დაამდაბლა. და ღმერთი განგვსჯის ორივეს. ხოლო ახლა ამას ვმადლობ ღმერთს, რამეთუ, ვარსქენისგან მოყენებული ტანჯვის გამო ლხინი ვპოვო და მისგან მოყენებული ტანჯვით განსვენება მოვიპოვო, და მისი უგულობისა და შეუწყნარებლობის წილ, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესგან წყალობა მივიღო“.

ამ სიტყვების გამგონენი ტიროდნენ მწარედ და თქვეს:

„მოგვიტევე ჩვენი შეცოდებანი და გვაკურთხე, წმინდაო მოწამეო და მარტვილო სანატრელო ქრისტე ღმერთისაო“.

ხოლო წმინდა შუშანიკმა თქვა:

„ღმერთმა მოგიტევოთ, რაც ჩაიდინეთ“.

მაშინღა აკურთხა ჯოჯიკი, მისი ცოლ-შვილი, მონა-მხევალი და მისი სახლ-კარი. ასწავლიდა ღმერთისკენ სავალ გზას და ეუბნებოდა:

„ეს წუთისოფელი, როგორც მინდვრის ყვავილი, წარმავალი და ცვალებადია, ვინც დათესა – მოიმკო და ვინც გასცა გლახაკთათვის – დააგროვა და ვინც დაღუპავს საკუთარ თავს, იგი იპოვის ღმერთს, რომელიც განადიდებს მას“.

და გამოისტუმრა ისინი მშვიდობით.


XVII. ჯოჯიკის შემდეგ დედოფალს მთავარეპისკოპოსები – სამოელ და იოანე ეწვივნენ, რომლებიც თანაუგრძნობდნენ და ინაწილებდნენ მის ღვაწლს; მადლობით ისტუმრებდნენ ზეციურ საუფლოში. ასევე მოინახულეს წმინდა შუშანიკი ქართლის დიდებულმა აზნაურებმა, წარჩინებულმა ქალბატონებმა, აზნაურებმა და უაზნოებმა. მათ, ვინc გულმოდგინე თანამოზიარენი იყვნენ დედოფლის საქმეებისა.

ყველა, ეპისკოპოსნიც და აზნაურნიც, ერთს სთხოვდა წმინდანს, რათა მისივე ბრძანებით ფეხებზე დადებული ბორკილი აეხსნათ. ამაზე წმინდა შუშანიკმა თქვა:

„მე რა ღირსი ვარ ამის? მე რისი შემძლე ვარ, ხოლო ყოვლად-სავსება იესომ აგავსოთ თქვენ ყოველივე სიკეთით, რომლებმაც გაიზიარეთ ჩემი ჭირი და ტანჯვა. ხოლო მე, საყვარელნო, ჩემთვის წინასწარგამზადებულ საუკუნო გზას შევუდგები. ჩემი ჭირის სანაცვლოდ ქრისტემ მომმადლოს სიხარული, ამ სატანჯველთა წილ – განსვენება, ამ ტანჯვისა და შეურაცხყოფისთვის მივეახლები მე დაუსრულებელ დიდებასა და პატივს ცათა შინა“.

ციხიდან ყველა თვალცრემლიანი წამოვიდა, ლოცულობდნენ და ღმერთს ადიდებდნენ.


XVIII. და დადგა წმინდა შუშანიკის გარდაცვალების დღეც; უხმო კარის ეპისკოპოს აფოცს და მადლობდა მას თანადგომისთვის. როგორც მამას და გამზრდელს, შემავედრა მე, კაცი ცოდვილი და გლახაკი, და ბრძანებდა, დაესვენებინათ მისი ძვლები იქ, საიდანაც პირველად გამოათრიეს და ამბობდა:

„თუ ღირსი ვარ, როგორც უკანასკნელი, მეთერთმეტე მუშაკი ვენახისა18, იყავით ყველანი კურთხეულნი საუკუნოდ“.

და მადლობას წირავდა ღმერთს და თქვა:

„კურთხეულია უფალი, ღმერთი ჩემი, რამეთუ მშვიდობით დავწვე და დავიძინო“.

და სული ყველას შემწყნარებელ უფალს შეავედრა.

 

XIX. და მაშინ სასწრაფოდ მოიტანა იოანე ეპისკოპოსმა სუდარა დედოფლის წმიდათაწმიდა და პატიოსანი ძვლების შესახვევად. ჩვენ ავიღეთ წმინდანის ცხედარი, მატლებისგან დაჭმული, და განვბანეთ და შევმოსეთ სუდარით. მაშინ კი იოანე და აფოც ეპისკოპოსებმა, როგორც დაუღალავმა ზეციურმა ხარებმა, იქ მყოფებთან ერთად, ფსალმუნებით, ანთებული ლამპრითა და საკმევლის კმევით გამოვიტანეთ მისი წმინდა ძვლები ეკლესიიდან და დავკრძალეთ იმ ადგილას, სადაც წმინდანმა დაიბარა. ის ღამე გავათენეთ და ფსალმუნების კითხვით ვადიდებდით უფალსა ჩვენსა იესო ქრისტეს, რომელიც ყოვლისშემძლეა, გააძლიერებს ქალსაც და კაცსაც და იმათ საკუთარ ძლიერებას მიჰმადლის, რომლებიც ეძიებენ მას წრფელი გულით.

XX. წმინდა შუშანიკის ტანჯვა აპნისის19 თვეს დაიწყო, მერვე თვეს, ოთხშაბათ დღეს; და მეორედ წამება, აღდგომის ზატიკის20 შემდეგ ოთხშაბათ დღეს; შემდგომი წამება 19 მაისს, ხოლო გარდაცვალება 17 ოქტომბერს, სანატრელი კოზმა და დამიანეს ხსენების დღეს. ხუთშაბათ დღეს განვაწესეთ წმინდა შუშანიკის ხსენების დღე, სადიდებლად და საქებრად უფლისა, მამისა და ძისა და წმინდისა სულისა, რომელსაც მოსავს დიდება უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

_____________________

1. ვარსქენ პიტიახში – ქვემო ქართლის მთავარი V საუკუნის მეორე ნახევარში. ის დაუპირისპირდა ვახტანგ გორგასალს, რომელმაც მოაკვლევინა ურჩი პიტიახში, პიტიახში სპარსულად ერისმთავარს ნიშნავს.,

2. არშუშა – ქვემო ქართლის პიტიახში V საუკუნის შუახანებში. უპირისპირდებოდა სპარსელებს.

3. ვარდან მამიკონიანი – იბრძოდა სპარსელების წინააღმდეგ და თავის ვაჟებთან ერთად დაიღუპა სპარსელების წინააღმდეგ მოწყობილი აჯანყების დროს.

4. ცეცხლთაყვანისმცემლობა – ზოროასტრიზმი, ანუ მაზდეანობა, სპარსეთსა და ახლო აღმოსავლეთში გავრცელებული რელიგია.

5. ჰერეთი – ისტორიული მხარე აღმოსავლეთ საქართველოში.,

6 დაბა ცურტავი – საპიტიახშოს ცენტრი, დაბა ქვემო ქართლში, ბოლნისსა და რუსთავს შორის

7. ატროშანი – იგივე მაზდეანობა.

8. ნათლისღებისთვის განკუთვნილი ქვის, ხის ან ლითონის ჭურჭელი.

9. სირსვილა – კანის დაავადება.

10. პავლე მოციქული – იესოს მოწაფე, რომელიც სიცოცხლეში არ შეხვედრია მაცხოვარს. გაქრისტიანებამდე მას ერქვა სავლე და იყო ქრისტიანების სასტიკი მდევნელი. ქრისტიანების დასარბევად დამასკოში მიმავალ სავლეს უფალი გამოეცხადა. ის სამ დღეს გონწართმეული იყო. მასში ახალი ადამიანი დაიბადა და სავლე იქცა პავლედ – ქრისტეს მოციქულად.

11. სამარტვილო – მოწამეთა სახელზე აგებული სამლოცველო

12. ევანგელე – სახარება.

13. კუბასტი – შუბლზე მოსახვევი, რომელზეც რელიგიური ტექსტია წარწერილი, მას ავი თვალისგან დასაცავად ატარებდნენ.

14. ჰუნები – თურქულენოვანი მომთაბარე ტომები.

15. სენაკაპანი – მესაწოლე, საწოლი ოთახის მცველი.

16. ოთხი კაცი გამოგიტანს – იგულისხმება მკვდარს გამოგიტანენ.

17. მოგვი – წარმართი

18. უკანასკნელი, მეთერთმეტე მუშაკი ვენახისა – ეს სიტყვები გამოძახილია მათეს სახარების იგავისა, როდესაც ვენახის პატრონმა განთიადისას და შუაღამისას მოსულ მუშაკებს ერთნაირი გასამრჯელო მისცა. იგავი გვასწავლის, რომ სარწმუნოებას გვიან შემდგარი ადამიანის ღვაწლი უტოლდება ღვთის გზაზე ადრე დამდგართა ღვაწლს.

19. აპნისი – იანვრის ძველქართული სახელწოდება

20. ზატიკი – აღდგომის დღესასწაული. კორნელი კეკელიძის აზრით, ტერმინი ზატიკი ნიშნავს თავისუფალ დღეს, ანუ კვირას.

2 აბოს წამება

▲ზევით დაბრუნება


იოანე საბანისძე

აბოს წამება

წმინდა აბოს ხსენება

ახლა გლოცავთ თქვენ, ქრისტეს სიყვარულით აღსავსე გულით მომისმინეთ, მომაპყარით ყური, უფრო მეტად კი შეცნობის უნარის მქონე გულისყურით მომისმინეთ და შეისმინეთ ჩემი ნათქვამი. მხოლოდ მე კი არ უნდა ვცდილობდე ამ წმინდა მოწამის მარტვილობის მოსმენას, არამედ ეს თქვენთვისაც საჭიროა, რათა ჩემთან ერთად ყველაფერს ჩაუკვირდეთ, რადგან, ვინც ამ ქვეყნის21 განაპირას ვართ, მათ შორის ბევრი, რომელთაც ხუთასი წლის წინათ და უფრო ადრეც წმინდა ნათლისღებით მიუღიათ რჯული, ამ დროის მბრძანებლებმა, არაქრისტიანებმა, აცდუნეს, ჭეშმარიტების გზიდან გადახარეს, ქრისტეს სახარებაში გადმოცემულ ჭეშმარიტებას შეაცოდებინეს. იმ დროიდან დღემდე ქრისტიანთა მოდგმა გადაიბირეს, ზოგი – ძალადობით, ზოგი – მოტყუებით, ზოგი – ბავშვური გამოუცდელობით, ზოგი – ვერაგობით. და ვინც დავრჩით მორწმუნენი, ძალადობით დამონებულნი და გაღატაკებულნი, შეკრულნი ბორკილით, ხარკის ხდით დატანჯულნი და ნაგვემნი, სასტიკად დასჯილნი, შეშინებულნი არიან და ირყევიან, როგორც ლერწამნი ქართაგან ძლიერთა22; არამედ მხოლოდ ქრისტეს სიყვარულითა და შიშით, მამაპაპურ გზაზე სვლით არ განეშორება ადამიანი უფალს.

ასეთ დროს გამოჩნდა ძლიერად წმინდა მოწამე, რომელიც თავიდანვე ჩვენიანი როდი იყო, ჩვენი სარწმუნოების უმეცარი, უცხო სარწმუნოების მიმდევარი მოვიდა და ქრისტიანობა შეიმეცნა.

მორწმუნეთათვის ჭეშმარიტი სარწმუნოება დიდი განძია. ქრისტიანული სარწმუნოება დიდი მოძღვრებაა.

არა მხოლოდ ბერძნებმა მიიღეს ღვთის მიერ ბოძებული რწმენა, არამედ ჩვენც, ქართველებმა, ქრისტიანული სამყაროდან მოშორებით დამკვიდრებულმა ერმა. ქართლის მოსახლეობას აქვს ეს სარწმუნოება და ქართლიც იმ წმინდანების დედად იწოდება, რომელთაგან ზოგი აქაურია და ზოგიც უცხოეთიდან მოსული, დროდადრო ჩვენ შორის გამორჩეული ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მიერ, რომლისა არს დიდება უკუნისამდე, ამინ!

ქართლში შემოსვლა და წმინდა აბოს ნათლისღება

ეს იყო დრო, როდესაც ქართლის ერისთავი, სახელად ნერსე, ადარნესე კურაპალატისა და ერისმთავრის შვილი, იხმო აბდილა ამირა მუმნმა, რომელიც ბაღდადში იმყოფებოდა. ბოროტი ადამიანების დასმენით, მან ნერსე ერისთავი დააპატიმრა და სამი წელი იგი საპყრობილეში იჯდა მანამ, სანამ ღვთის ნებით მოკვდა აბდილა ამირა მუმნი და მის ნაცვლად მისი ვაჟი – მაჰდი გამეფდა. მოწყალე ღმერთმა შთააგონა მაჰდის ნერსეს გათავისუფლება და გამოიყვანა იგი სასტიკი საპყრობილიდან და ისევ ერისმთავრად გამოაგზავნა საკუთარ ქვეყანაში.

ახლა მსურს, ქრისტეს მოყვარენო, სანატრელი მოწამის, აბოს შესახებ მოგითხროთ, რანაირად და როგორ იყო, ანუ საიდან მოვიდა აქ. იგი აბრაამის23 ერთ-ერთი შვილის, ისმაელის24 შთამომავალთაგანი იყო, შობილი სარკინოზთა25 ტომიდან. მისი მშობლები და და-ძმა ამავე ქალაქში – ბაღდადში26 იყვნენ. ჭაბუკი აბო დაახლოებით თვრამეტი, არანაკლებ ჩვიდმეტი წლისა იყო. მან, ნერსე ერისთავთან ერთად, აქეთ (იგულისხმება ქართლი) წამოსვლა მოინდომა და მას მსახურად დაუდგა. ის იყო სურნელოვან ნელსაცხებელთა შემზადების ოსტატი და განსწავლული იყო სარკინოზთა მწიგნობრობაში. მან დატოვა დედა, მამა, ძმები, დები, ნათესავები, ქონება; წამოვიდა აქეთ და დაემგზავრა ნერსეს ქრისტეს სიყვარულის გამო. როდესაც ქართლში ჩავიდა, ცხოვრობდა ნერსეს კარზე და სათნო ხასიათით ყველას შეაყვარა თავი, ამასთანავე, ისწავლა ქართული წერა-კითხვა და გამართული ლაპარაკი და დაიწყო ძველი და ახალი აღთქმის (იგივე ბიბლია) შესწავლა. მრავალ რჯულისმცოდნეს ეკითხებოდა და მათგან სწავლობდა ღვთისმეტყველებას. ასე სრულყო საკუთარი თავი მთელი ქრისტიანული მოძღვრების შეცნობით.

მაშინ მიატოვა მაჰმედის რჯული27 და მამაპაპური ლოცვის წესი და მთელი გულით ქრისტე შეიყვარა. იგი ახდილად ვერ აცხადებდა, რომ ქრისტიანი იყო, ამიტომ ფარულად მარხულობდა და ლოცულობდა ქრისტეზე და ეძებდა უსაფრთხო ადგილს, სადაც მოინათლებოდა, რადგან ქვეყნის დამპყრობლების, სარკინოზების ეშინოდა.

იმ დროს სარკინოზთა ხელისუფლება კვლავ განურისხდა ნერსე ერისთავს. გაიქცა იგი, რადგან სასტიკად ებრძოდნენ სარკინოზები და უფალმა დაიცვა ის (ნერსე) მათგან. და გაიარა მან ოსეთის კარი, რომელსაც დარიალი ეწოდება. მას თან ახლდა სამასამდე მამაკაცი თავისი ხალხიდან და მასთან ერთად იყო სანატრელი აბოც. როდესაც ნერსე ერისთავი ხაზარეთის მეფესთან28 მივიდა, მან შეიფარა ნერსე უცხოობისა და თავისი მტრებისაგან გამოქცევის გამო და მისცა მას და მის თანმხლებთ სამოსი და საკვები.

მაშინ, როდესაც ნახა ნეტარმა აბომ, რომ საშიში აღარაფერია, იჩქარა ქრისტესთან მიახლოება და მოინათლა.

ცოტა ხნის შემდეგ ნერსემ სთხოვა ჩრდილოეთის მეფეს (იგულისხმება ხაზართა მეფე), გაეშვა ისინი აფხაზეთში, რადგან ადრევე გაეგზავნა იქ დედა, ცოლ-შვილი, თავისი ქონება-ჯალაბობა და საერთოდ მთელი ამალა, რადგან ეს ქვეყანა დაცული იყო სარკინოზთაგან. ხოლო ღმერთმა დაამშვიდა ჩრდილოეთის მეფე და მან გაისტუმრა ნერსე უამრავი საჩუქრით და წავიდნენ ისინი სიხარულითა და ღვთის მადლიერებით. როდესაც აფხაზეთში ჩავიდნენ, ამ ქვეყნის მთავარმა29 შეიფარა ნერსე მთელი თავისი ამალით. როდესაც იხილა ნერსემ დედოფალი – თავისი დედა, ცოლ-შვილი, სიხარულით ყველანი ერთად ლოცვით მადლობდნენ ღმერთს მათი ჯანმრთელად და მშვიდობიანად შეკრებისთვის.

მაშინ, როდესაც ეცნობა აფხაზეთის მთავარს ნეტარი აბოს შესახებ, რომ იგი ახლად მონათლულია, მეტად გაიხარა. ნეტარი აბო კიდევ უფრო მადლობდა ღმერთს, რადგან იხილა მან ქვეყანა სავსე ქრისტიანული სარწმუნოებითა და ამ ქვეყანაში ურწმუნო არავინ მკვიდრობდა.

ხოლო ქართლიდან ნერსეს გაქცევის შემდეგ, ღვთის შთაგონებით, მაჰდი ამირა მუმნმა ქართლის ერისმთავრად დაადგინა სტეფანოზი30 გურგენ ერისთავის ძე, ნერსე ერისთავის დისწული. მაშინ გაიხარა ნერსემ, რადგან მის სანათესავოს არ ჩამოერთვა ერისმთავრობის უფლება და ქართლის ამირას (არაბ ხელისუფალს) სთხოვა, საფრთხე აერიდებინა მისთვის და ქართლში მთელი თავისი ამალით თავისუფლად წამოსულიყო.

როდესაც აფხაზეთიდან მოდიოდნენ, ნეტარი აბო იხმო აფხაზეთის მთავარმა და უთხრა:

– ნუ წახვალ ამ ქვეყნიდან, რადგან ქართლი სარკინოზებს უპყრიათ. და მე შენ გამო ვშიშობ. ვაითუ, გადაგიბირონ ქრისტეს სარწმუნოებიდან.

ხოლო ნეტარმა აბომ თქვა:

– მრავალი ოქრო და ვერცხლიც რომ მომცენ, ან კიდევ, მტანჯონ და მგვემონ, ვერ გამინელებენ ჩემი უფლის სიყვარულს და ახლა ნურც შენ დამაბრკოლებ, ღვთისმსახურო, რადგან შევითვისე წმინდა სახარებიდან ჩვენი მაცხოვრის ნათქვამი: „არავინ ანთებს სანთელს კვიმირში (მარცვლეულის საწყაო ჭურჭელი), არამედ სასანთლეზე ამაგრებენ, რათა ყველას უნათებდეს. დაე, ასე ბრწყინავდეს ნათელი თქვენი ადამიანების წინაშე“. და მე რატომღა დავფარო ეს ჭეშმარიტი ნათელი, რომლითაც ქრისტემ განმანათლა?

წამოვიდა ის ქართლში ნერსესთან ერთად, შემოვიდა ქალაქ თბილისში და ცხოვრობდა, როგორც ქრისტიანი. როდესაც იქ მყოფმა სარკინოზებმა, რომლებიც მას ადრე იცნობდნენ, ნახეს, რომ აბო ქრისტიანია, ზოგი საყვედურობდა, ზოგი აგინებდა, ზოგი აშინებდა, ზოგი სდევნიდა, ზოგი მშვიდობიანად შეაგონებდა მას. ხოლო აბო განმტკიცებული იყო რწმენაში და ვერაფერი შეაშინებდა. სამი წლის განმავლობაში მიმოდიოდა ქალაქსა და მის შემოგარენში აბო, როგორც გაცხადებული ქრისტიანი.

წმინდა აბოს წამება

ვინც ხართ ქრისტესა და მოწამეთა მოყვარულნი, მოისმინეთ ჩემგან ამბავი წმინდა მოწამისა და ქრისტესთვის ღვაწლის გამღებისა, რომელსაც სიმამაცისა და დიდი ღვაწლისთვის გვირგვინი მიენიჭა ქრისტესგან.

ამ მოწამისა და კეთილმოღვაწის, აბოს, მარტვილობა ქალაქ თბილისში ამგვარად მოხდა. შეიპყრეს ეს ნეტარი ქრისტეს მოწამე, მიიყვანეს იგი მსაჯულთან, რომელიც ქალაქ თბილისში ამირად იჯდა და ქრისტეს რწმენისთვის საპყრობილეში ჩასვეს. ხოლო რამდენიმე დღის შემდეგ სტეფანოზ ერისთავმა გამოიყვანა აბო საპყრობილიდან და გაათავისუფლა. ხოლო მცირე ხნის შემდეგ კვლავ აბობოქრდნენ დამსმენნი ამ წმინდა ქრისტეს მოწამისა, განრისხებულნი და აბობოქრებულნი, ქრისტიანების მიმართ შურით აღსავსენი. მათ წმინდანის წინააღმდეგ პირი შეკრეს, შევიდნენ მსაჯულთან, რადგან ქალაქ თბილისში სხვა ამირა იყო დანიშნული და უთხრეს მას:

– ამ ქალაქში ერთი ჭაბუკია, რომელიც წარმოშობით სარკინოზი იყო, იმ რჯულით გაზრდილა და უცხოვრია, რომელიც მუჰამედმა, ჩვენმა მოციქულმა, მოგვცა: და ახლა მიუტოვებია ჩვენი რჯული. თავს ქრისტიანად აცხადებს, უშიშრად დადის ქალაქში და ბევრ ჩვენგანს უქადაგებს ქრისტიანობას. აწ ბრძანე მისი შეპყრობა და აწამე და ტანჯე იგი, ვიდრე არ აღიარებს ჩვენი მუჰამედ მოციქულის რჯულს, თუ არა, მოკვდეს იგი, რათა მის სიტყვებს ბევრი სხვაც არ აჰყვეს.

გაიგეს ვიღაც ქრისტიანებმა, რომ აბოს აბეზღებდნენ, სწრაფად მივიდნენ მასთან და არწმუნებდნენ, რომ განრიდებოდა და დამალულიყო.

ხოლო მან (აბომ) უთხრა მათ:

– არა მარტო მზად ვარ ქრისტესთვის სატანჯველად, არამედ სასიკვდილოდაც.

და გამოვიდა იგი სიხარულით და დაუფარავად მიმოდიოდა ქუჩებში.

– ეს რა მესმის შენს შესახებ, რადგან წარმოშობით სარკინოზთა ტომიდან ხარ და დაგიტოვებია მამა-პაპათა რჯული და ქრისტიანებთან შეცდენილხარ?! აწ გაემზადე და ილოცე იმ რჯულით, რომლითაც შენმა მშობლებმა გაგზარდეს.

– ეს სწორად თქვი, რადგან მე წარმოშობით სარკინოზი ვარ. განსწავლული ვიყავი მაჰმადის რჯულით და ვცხოვრობდი ამ სარწმუნოებით მანამ, სანამ უცოდინარი ვიყავი. ახლა კი მივსდევ ჭეშმარიტ, ქრისტეს მიერ ბოძებულ, რწმენას სამებისას – მამისა, ძისა და წმიდისა სულისა. და აწ უცილობლად ქრისტიანი ვარ.

– მიატოვე ეგ გიჟური განზრახვა და თუ რაიმე გაკლია და ამის გამო გამხდარხარ ქრისტიანი, ბევრად მეტ საბოძებელსა და პატივს ახლავე მოგაგებ.

– ოქრო და ვერცხლი შენვე გქონდეს საკუთარი თავის დასაღუპად. მე ადამიანურ პატივს არ ვეშურები, რადგან მაქვს ქრისტეს მიერ ბოძებული საჩუქარი, გვირგვინი ცხოვრებისა და უხრწნელობისა31 და მარადიული პატივი სასუფეველში.

მაშინ ბრძანა მსაჯულმა, აბოსთვის ხელ-ფეხზე რკინის ბორკილი დაედოთ და ასე ჩააგდეს იგი საპყრობილეში. ხოლო ნეტარს უხაროდა და მადლობას სწირავდა უფალს.

საპყრობილეში აბო მარხულობდა, ლოცულობდა და დღედაღამ გალობდა; აკეთებდა კეთილ საქმეებს, ყველაფერი გაყიდა, რაც ებადა, და აპურებდა მასთან ერთად დატყვევებულ მშივრებს და ღარიბ-ღატაკებს. ხოლო ავის მრჩეველნი და გადამბირებლები შევიდნენ მასთან და თითქოს დაყვავებით ეუბნებოდნენ:

– შვილო, თავს ნუ დაიღუპავ, ნურც შენს სიჭაბუკეს გასწირავ ქრისტიანობისთვის, ნურც შენს ძმებსა და ნათესავებს დაშორდები, რათა ცუდი არაფერი მოუწიო საკუთარ თავს და ჩვენც არ დაგვამწუხრო ყველანი.

ზოგი მათგანი აშინებდა მას და ეუბნებოდა:

– რა სარგებლობას მოგიტანს შენ შენი ქრისტე? ან ვინ დაგიხსნას ჩვენი ხელიდან, რადგან ცეცხლი და სატანჯველი უკვე გაგვიმზადებია შენთვის, თუ არ მოუბრუნდები ჩვენს რჯულს.

ხოლო ნეტარი აბო არ უსმენდა მათ, ლოცულობდა და უხმოდ, გონებაში ფსალმუნს ამბობდა.

და რომ ვერ შეარყიეს მართალი აბო, შერცხვენილნი გამოვიდნენ.

აბო საპყრობილეში ცხრა დღე იყო. ყოველდღე მარხულობდა და ღამეს ათევდა განთიადამდე. ხოლო მეცხრე დღეს უთხრა მასთან ერთად დატყვევებულ ქრისტიანებს და სხვებსაც:

– ხვალ იქნება ხორციდან ჩემი გასვლა (გარდაცვალება) და მისვლა ჩემს უფალთან, იესო ქრისტესთან.

რადგან ეს ამბავი ღმერთმა მისთვის მოწამე აბოს თავად ამცნო. და მაშინ გაიხადა ტანსაცმელი აბომ და გაატანა გასაყიდად, რათა უყიდონ მას ასანთებად კელაპტრები და საკმეველი და ყოველივე ძღვნად გააგზავნა ქალაქის ყველა ეკლესიაში, რათა აანთონ ნათლისღების დღესასწაულის წინა ღამეს. ხოლო თვითონ ღამის თევისას ხელში აიღო ორი დიდი სანთელი, დადგა ისინი შუა საპყრობილეში და თვითონ განთიადამდე ფეხზე იდგა, სრულიად დაუჯდომლად, ვიდრე არ დაამთავრა ფსალმუნი და სანთელი ჩაეღვენთა ხელებში, რომლებიც რკინით კისერზე ჰქონდა მიჯაჭვული.

როდესაც მეათე დღე გათენდა, მაცხოვრის ნათლისღების დღესასწაული, რომელიც 6 იანვარს აღინიშნება, და ეს დღე იყო პარასკევი, ნეტარმა თქვა:

– ჩემთვის ეს დღე დიდია, რადგან ორმხრივ გამარჯვებას ვხედავ ჩემი უფლისას, იესო ქრისტესას32, რადგან ამ დღეს უფალი მოსანათლად შევიდა მდინარე იორდანეში. მეც მმართებს, ამ დღეს დავძლიო შიში ხორცისა, რომელიც ჩემი სულის სამოსელია.

მაშინ მოითხოვა წყალი, დაიბანა პირი, იცხო ზეთი და თქვა:

– თავად მენელსაცხებლე ვიყავი, ნელსაცხებლების საუკეთესო დამამზადებელი, ხოლო ეს საცხებელი (ზეთი) ჩემი დაკრძალვის დღისთვისაა. ამიერიდან ამ წუთისოფელში აღარ წავიცხო ნივთიერი ზეთი, არამედ, როგორც „ქება ქებათას“33 ავტორმა, ბრძენმა სოლომონმა, მასწავლა: „შენი ნელსაცხებლის სურნელებისკენ მოვილტვოდე. ქრისტე, რომელმაც აღმავსე სარწმუნოების მარადიული სურნელებით და შენი სიყვარულით, იცი, შენ უფალო, რატომ შეგიყვარე საკუთარ თავზე მეტად“.

და როდესაც ეს თქვა, გააგზავნა წმინდა ეკლესიაში და მოართვეს მას წმინდა საიდუმლო, ხორცი და სისხლი ქრისტესი. და როდესაც ეზიარა, თქვა:

„გმადლობ შენ, უფალო ჩემო და ღმერთო ჩემო, იესო ქრისტევ, რომელმაც საზრდოდ მომეცი მე შენი სიცოცხლის მომნიჭებელი ხორცი და ჩემს გასახარებლად და განსამტკიცებლად – შენი პატიოსანი სისხლი!

და როდესაც ეს თქვა, მაშინვე მოვიდნენ მსაჯულის მსახურები და აბომ მიმართა მასთან ერთად დატუსაღებულ ქრისტიანებს:

– ლოცვებში მომიხსენიეთ, რადგან ამქვეყნად აღარასდროს მნახავთ!

და გამოიყვანეს იგი ხელფეხშებორკილი.

და მიჰყავდათ ის შუა ქალაქში. ქრისტიანები და მისი ნაცნობები, რომლებიც ხედავდნენ მას, ტიროდნენ, ხოლო წმინდა აბომ უთხრა მათ:

– ნუ ტირით ჩემ გამო, არამედ გიხაროდეთ, რადგან ჩემს უფალთან მივდივარ და ლოცვით გამაცილეთ და უფლის მშვიდობამ დაგიცვათ თქვენ!

ხოლო იგი მიდიოდა, როგორც მოგზაური, რომელიც ხედავს საკუთარ სხეულს და თავისი სულით სამგზავროდ გამზადებული, საკუთარ თავს უკითხავდა მეთვრამეტე ფსალმუნს34 და წარუდგინეს იგი მსაჯულს და თქვა მსაჯულმა:

– რა არის ჭაბუკო, რა მოიფიქრე შენ შესახებ?

– მე გადავწყვიტე და ქრისტიანი ვარ!

– არ მიგიტოვებია ეგ შენი სიგიჟე და სისულელე?

– უგუნური და უმეცარი რომ ვყოფილიყავ, არ მეღირსებოდა ქრისტიანად ყოფნა.

– ვერ მიხვდი, რომ შენი სიტყვები სიკვდილს მოგიტანს?

– თუ მოვკვდები, მწამს, რომ ქრისტესთან ვიქნები, ხოლო შენ რას იზამ? რასაც მიპირებ, აღასრულე, რადგან მე ისევე არ მესმის შენი ამაო საუბარი, როგორც მაგ კედელს, რომელსაც მიჰყრდნობიხარ, რადგან მთელი ფიქრით ქრისტესთან ვარ, ზეცაში.

– ამდენი რა სიკეთე გაქვს შენი ქრისტესგან, რომლის გამოც სასიკვდილოდაც არ გებრალება თავი?

– თუ გსურს მისი სიკეთე შეიტყო, ირწმუნე ქრისტე და მოინათლე და მხოლოდ მაშინღა ეღირსები მისი სიტკბოების შეცნობას.

მაშინ განრისხდა ამირა და მისი გარეთ გაყვანა და თავის მოჰკვეთა ბრძანა. ხოლო მსახურებმა ის კარს გარეთ, სასახლის ეზოში, გამოიყვანეს, ხელ-ფეხზე შესხმული ბორკილი აჰყარეს, ხოლო ნეტარმა შემოიხია სამოსელი, რომელიც ეცვა, და გაშიშვლებულმა პირჯვარი გადაისახა და თქვა:

– გმადლობ და გაკურთხებ, შენ, სამებაო წმინდაო, რადგან წმინდა მოწამეთა ღვაწლი მაღირსე.

და რა ეს თქვა, ზურგზე გადაიჯვარედინა ხელები და გაღიმებულმა თამამად შეღაღადა ქრისტეს და მახვილს კისერი მიუშვირა. და მას სამჯერ მოუღერეს მახვილი, რადგან ეგონათ, რომ სიკვდილის შიში მას ქრისტეს რწმენას შეურყევდა. ხოლო წმინდანი დუმილითა და მხნედ ეგებებოდა მახვილს, ვიდრე არ მიაბარა სული უფალს.

და როცა ნახეს ამ წმინდა მოწამის დამბეზღებლებმა, თუ როგორ სძლია აბომ მათ სიგიჟეს მოთმინებით, უფრო მეტად შეშურდათ, შევიდნენ მსაჯულთან და უთხრეს:

– ჩვენ ვიცით, რომ ქრისტიანებს ასეთი ჩვეულება აქვთ. თუ ვინმე თავს მოიკლავს ქრისტესთვის, მოიპარავენ მის გვამს და დამარხვით პატივს მიაგებენ, ხალხში გაავრცელებენ ტყუილს, თითქოს სასწაული და კურნება მოხდა და ამგვარად მრავალი უმეცარი ტყუვდება. აწ ბრძანე, რომ მისი გვამი მოგვცენ, რადგან წავიღოთ, ცეცხლში დავწვათ და გავფანტოთ და მოვსპოთ ქრისტიანული საცდური, რადგან ყველამ დაინახოს, შეშინდეს და ზოგი მათგანი ჩენს რჯულზე გადმოვიდეს; ჩვენიანებს (იგულისხმება არაბები) კი ეშინოდეთ და აღარ მიიღონ ქრისტიანული სარწმუნოება.

ხოლო უთხრა მათ მსაჯულმა:

– წაიღეთ, სადაც გენებოთ, და რაც გინდათ, უქენით!

წმინდა გვამი ქალაქგარეთ გაიტანეს და მიიტანეს იმ ადგილას, რომელსაც საგოდებელი (სასაფლაო) ეწოდება, რადგან იქ არის ამ ქალაქის მცხოვრებთა სასაფლაოები, გადმოიღეს ცხედარი ურმიდან, დადეს მიწაზე, მიიტანეს შეშა, თივა და ნავთი, დაასხეს წმიდა ცხედარს და ცეცხლი წაუკიდეს. წმინდა მოწამის ცხედარი იმ ადგილას დაწვეს, რომელიც ქალაქის ციხის აღმოსავლეთით მდებარეობს და სადილეგო (ციხეების ადგილი) ჰქვია, კლდოვან სანაპიროზე დიდი მდინარისა, რომელიც ქალაქის აღმოსავლეთით მიედინება და მტკვარს უწოდებენ.

იმ ადგილას არცერთი ქრისტიანი არ მიუშვეს, ვიდრე არ დაასრულეს წმინდა მოწამის ცხედრის დაწვა. ხოლო წმინდა მოწამის ძვლები, რომელთა დაწვაც ვერ შეძლეს, ცხვრის ტყავში საგულდაგულოდ გამოკრეს, წაიღეს და ჩაყარეს დიდ მდინარეში (იგულისხმება მტკვარი).49

ამგვარად მოიქცნენ ქრისტეს მტრები. ასე კეთილად იღვაწა ნეტარმა აბომ.

მაშინ ქალაქის (იგულისხმება თბილისი) ქრისტიანმა მოსახლეობამ დათრგუნა ხელისუფალთა შიში და ყველამ იმ ადგილს მიაშუარა, სადაც წმინდა მოწამის ცხედარი დაწვეს. მოხუცებულები მორბოდნენ თავიანთი ყავარჯნებით, კოჭლები ხტოდნენ ირმებივით, ახალგაზრდები მოდიოდნენ ხტუნვა-ხტუნვით, ბავშვები ერთმანეთს ეხეთქებოდნენ. ქალები ჰგავდნენ მენელსაცხებლე დედებს35, რომლებსაც სირბილით მოჰქონდათ ნელსაცხებელი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესთვის შეწირული წმინდანის საფლავზე, ნამდვილად მათი (იგულისხმება მენელსაცხებლე დედები) მსგავსნი იყვნენ, რადგან მირბოდნენ ტირილითა და თან სანთლები და საკმეველი მიჰქონდათ. ყველა გახარებული და ქრისტეს მადლიერი იყო, ისინი იღებდნენ მიწას იმ ადგილიდან. იქ ბევრი დასნეულებული მიჰყავდათ, რომლებიც იმავე დღეს იკურნებოდნენ. ხოლო ყოვლად ძლიერმა ღმერთმა უფრო მეტად გამოავლინა თავისი ძლიერება და დიდება მიანიჭა თავის მოწამეს – სასწაული მოავლინა, რათა ყველამ იცოდეს, რომ აბო წმინდანია.

როდესაც დაღამდა და პირველი საათი დადგა, უფალმა იმ ადგილას ზეციდან მოკაშკაშე ვარსკვლავი მოავლინა, როგორც ანთებული ლამპარი.

ხოლო მეორე ღამეს უმეტესად წყალმა გამოაშუქა გასაოცარი ნათება. ირგვლივ ყველაფერი განათებული იყო – მდინარის კლდოვანი ნაპირები და ხიდი ზევიდან ქვემოთ. ამას მთელი ქალაქი ხედავდა, რათა ყველამ ირწმუნოს, რომ აბო ჭეშმარიტად ღვთის ძის, იესო ქრისტესთვის ეწამა.

ქება წმინდა მოწამე აბოსი

ახლა კი მოდით, ქრისტეს მოწამენო, ვიდღესასწაულოთ ხსენების დღე ახალი მოწამისა36, რომელიც მთელ ჩვენს ქვეყანას ქართლისას ჩვენდა შემწედ მოგვივლინა ქრისტემ და დიდი სიხარულით გავიღოთ გულისა და გონების საგანძური, მხიარულად და ნათლად ქება შევასხათ მის დიდ ღვაწლსა და ვთქვათ:

გიხაროდეს, სანატრელო მოწამეო, უფლისაგან! რადგან შენ ჩვენი მაცხოვრის უკანასკნელი მუშაკი37 ხარ, რომელიც დღისით დაქირავებულ, ადრე ამდგარ მუშაკებს გაუთანასწორდი და მათზე ნაკლები გასამრჯელო არ მიიღე.

ვინ გაქოს ისე, როგორც შეგეფერება? შენი ქება მინდა, ყოვლად საქებო, ქრისტეს მოწამევ, მაგრამ ვერ ვბედავ, რადგან ჩემს გონებას აღემატება შენი სათნოების ქება და ამასთანავე, დადუმებისაც მეშინია, რადგან ქრისტეს მიერ მონიჭებული სიყვარულით შემიყვარე მე, ვიდრე ამქვეყნად იყავი.

ძალიან გვაკვირვებ, წმინდა მოწამეო, რადგან ისმაიტელთა ბატონობის დროს (ავტორი გულისხმობს არაბებსა და სარკინოზებს) დიდებას, შენივე ნებით, ქრისტესთვის თავმდაბლობა არჩიე და ძალადობაზე დამყარებული რწმენა უარყავი და ჭეშმარიტი სარწმუნოება აღიარე და ჯვარცმული სცანი უფლად და ღმერთად.

შენ გამო, წმინდაო მოწამეო, ქრისტეს სიყვარული ჩვენდამი და მისდამი ჩვენი რწმენა კვლავ განახლდა, რადგან უცხოტომელებს შევერიეთ, ქრისტეს რჯულისგან განდგომილებს, წუთისოფლის მოყვარე ხალხს, ტომს, რომელსაც ღვთის ძე არ სწამთ, ჩვენი სარწმუნოების მაგინებლებს, რომელთაგანაც მათი ცხოვრების წესი ვისწავლეთ და, მათი წაბაძვით, ჩვენს სურვილებს ვემონებოდით, თითქოს, ქრისტეს იმედი დავკარგეთ და დაგვავიწყდა მარადიული ცხოვრება.

ქრისტეს მორწმუნენი შენატრიან შენს დიდებულებას, შენს ღვაწლს, შენს შემართებას, შენს ტანჯვას, შენ მიერ ზეციური გვირგვინის მოპოვებას.

როგორ უნდა გაქო, ღვაწლის მტვირთველო, წმინდა მოწამეო? რადგან შენ, ქრისტეს გზაზე ახლახან შემდგარი, მასწავლებლად გვექმენ, სწავლული გულისხმიერება შეჰმატე, რწმენაშერყეულნი რწმენაში განამტკიცე, რწმენაში განმტკიცებულნი კი გაახარე, წარმართებს38 ქრისტეს მსახურება მოანდომე, შენი მოსახსენიებელი დღე დაგვიტოვე, რათა შენი სახელის ყველასათვის საუწყებლად ქადაგად ვიქცეთ.

ახლა კი ყველა ვევედრებით შენს ქრისტესმოყვარეობას: ყველას გვიშუამდგომლე ყოველთა მაცხოვრის წინაშე. შენს მოსახსენებელ ღვთისმსახურებას ვასრულებთ და ვადიდებთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

_______________

21. იგულისხმება ქრისტიანული ქვეყნის განაპირა მხარე.

22. ეს სახარებისეული გამოთქმა გამოხატავს მათ არამყარ პოზიციას.

23. აბრაამი – ებრაელთა მამამთავარი, რომელმაც პირველმა აღიარა ერთი ღმერთი, დატოვა თავისი სამშობლო და აღთქმულ ქვეყანაში, ქანაანში, დასახლდა. იგი, ებრაელთა გარდა, არაბთა წინაპრადაც მოიხსენიება, რადგან მისმა ძემ სათავე დაუდო არაბთა მოდგმას.

24. ისმაელი – აბრაამის ძე, რომელიც მას ეგვიპტელი ქალისგან შეეძინა. აბრაამის მეუღლის – სარას სურვილით, აბრაამმა ისმაილი და მისი დედა ეგვიპტეში გააძევა. ისმაელს მიიჩნევენ არაბი ბედუინების ტომის წინაპრად.

25. სარკინოზი – არაბთა ერთ-ერთი ტომი. მოგვიანებით ასე უწოდებდნენ არაბებსა და მაჰმადიანებს.

26. ბაღდადი – არაბთა სახელმწიფოს დედაქალაქი, ძველ ქართულ ტექსტებში მოიხსენიება ხოლმე, როგორც ბაბილონი.

27. მაჰმედი – მუჰამედი, ისლამის ფუძემდებელი, მუსლიმანური ღმერთის, ალაჰის მოციქული.

28. ხაზარები – ქვემო ვოლგისპირეთსა და ჩრდილოეთ კავკასიაში მობინადრე ხალხი, რომელიც არაბებს კავკასიას ეცილებოდა (VIII საუკუნის შუა ხანებში).

29. იგულისხმება აფხაზეთის მთავარი ლეონ II, რომელმაც VII საუკუნის დასასრულს გააერთიანა მთელი დასავლეთ საქართველო „აფხაზთა სამეფოდ“.

30. სტეფანოზ – ქართლის ერისმთავარი VIII საუკუნის 80-იან წლებში.

31. გვირგვინი ცხოვრებისა და უხრწნელობისა – იგულისხმება მარადიული და უჭკნობი გვირგვინი, რომელიც მიენიჭება ქრისტეს მოწამეს.

32. იმ წელს ნათლისღების დღესასწაული პარასკევს, მაცხოვრის ჯვარზე ვნების დღეს, დაემთხვა.

33. „ქება ქებათა“ – ბიბლიის ერთ-ერთი წიგნი, რომლის ავტორად მიჩნეულია ისრაელის მეფე სოლომონ ბრძენი.

34. ეს ფსალმუნი განკუთვნილია მიცვალებულთათვის.

35. იგულისხმება „მენელსაცხებლე დედანი“ მარიამ მაგდალინელი, მარიამ იაკობისა და სალომე, რომელთაც შეიძინეს ნელსაცხებელი და მიაშურეს ქრისტეს საფლავს. მათ ახარეს მოციქულებს მაცხოვრის აღდგომა.

36. ახალი მოწამე – ქრისტესთვის ყოველი ახალი წამება ახლებური დამოწმებაა მისი ჯვარზე ვნებისა. ახალმოწამე აგრეთვე ნიშნავს, რომ წმინდანი ახლახან ეწამა ქრისტესთვის.

37. იგულისხმება უკანასკნელი, მეთერთმეტე საათის მუშაკი (სახარების იგავის მიხედვით).

38. წარმართობა –კერპთაყვანისმცემლობა.

3 გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება

▲ზევით დაბრუნება


გიორგი მერჩულე

გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება

„ბრძნული საუბარი წმინდა ვერცხლია, ხოლო დუმილი – ოქრო – გამორჩეული“ – ბრძანა სოლომონმა39.

მაგრამ ახლა ჩემი არასრულფასოვნება არ მაძლევს დუმილის საშუალებას, უკეთესია, ღირსეულად გადმოვცე ცხოვრება ღმერთშემოსილი ადამიანების – მამა გრიგოლისა და მისი მოწაფეების – ღვთის მადლითა და შეწევნით. შეძლებისამებრ, ვაუწყო მსმენელს სარწმუნოდ მონათხრობი გრიგოლის მოწაფეთაგან და მოწაფეთა მოწაფეთაგან.

ნეტართა შორის გამობრწყინდა მადლით სავსე, სიბრძნით სრულქმნილი, დიდი მღვდელი და საქმის კარგად განმგებელი, მოღვაწე და დაუსახლებელ ადგილებში მონასტრების აღმშენებელი. ზეცისა კაცი და ქვეყანისა ანგელოზი40 სანატრელი გრიგოლი, სულიერი მამა და წინამძღვარი და აღმშენებელი ხანძთისა და შატბერდისა – ამ ორი დიდებული მონასტრის, რომლებიც სამაგალითოდ ექცათ მეუდაბნოე მამებს ახალ ტაძართა შენებაში.

ეს იყო (გრიგოლი) წარჩინებული და მართლმადიდებელი მშობლების შვილი, აღიზარდა ნერსე ერისთავის სასახლეში ღვთისმოსავი დედოფლის, ნერსეს ცოლის მიერ, რომელსაც ეშვილა იგი, რადგან გრიგოლი მისი ძმისწული იყო.

გრიგოლს განსაკუთრებული ათვისების უნარი ჰქონდა, რადგან სწრაფად დაისწავლა დავითნი41 და ღვთისმსახურების დროს წარმოსათქმელი წმინდა წერილის ახსნა-განმარტება, წაიკითხა ყველაფერი, რაც ქართულ ენაზე იყო, და მრავალ ენაზე შეისწავლა წერა-კითხვა და საღმრთო წიგნები დაიზეპირა (ბიბლია). აგრეთვე ფილოსოფოსთა ნააზრევსაც გაეცნო, რასაც კეთილს მიაკვლევდა ფილოსოფოსთა სწავლებაში, შეითვისებდა, ხოლო ცუდს მოიშორებდა. არაქრისტიანულ სიბრძნეს კი დასცინოდა. მისი სრულყოფილების ამბავი ქვეყანას მოედო.

მადლიანი საუბარი იცოდა. ლაპარაკობდა ბრძნულად და მოზომილად. ზრდასთან ერთად, სათნოებაც ემატებოდა, რადგან არ იყო ქედმაღალი, როგორც ეს ჭაბუკებს სჩვევიათ ხოლმე, არ იყო ნუგბარი საჭმელების მოყვარე და მხოლოდ ღარიბულ საჭმელს იღებდა სხეულის მოსაძლიერებლად ნეტარი გრიგოლი –თავმდაბალი და სულიერ საზრდოს მონატრებული, მშვიდი და გულმოწყალე.

ხოლო იყო წარმოსადეგი, გამხდარი, ტანსრული, სრულიად კეთილი, ჯანმრთელი და უმანკო.

მაშინ მთავრებმა, მისმა აღმზრდელებმა, მშობლებმა და ხალხმა გრიგოლის მღვდლად კურთხევა მოინდომეს და უთხრეს:

– შვილო, ყოველმხრივ კარგო და ქრისტეს ერთგულო მონავ, აჰა, მოვიდა დრო დავით წინასწარმეტყველის ნათქვამის აღსრულებისა, რომელიც ამბობს: „ვინ ავა უფლის მთაზე, ანდა ვინ დადგება მის წმინდა ადგილას? განა ხელითა და გულით წმინდა არა?“42 და ახლა შენ გიპოვა ქრისტემ, უცოდველი და უმწიკვლო, რადგან შენ უნდა ახვიდე უფლის მთაზე და დადგე ამ წმინდა ადგილას უსისხლო მსხვერპლის43 შესაწირად შენი ღირსებისა და ჩვენი სულისა და ხორცის მანუგეშებლად.

მართალია, გრიგოლს მღვდლობისკენ გული მიუწევდა, მაგრამ მაინც შეაშინა მათმა საუბარმა, შეძრწუნდა თავისი ასაკის გამო (რადგან ამ საქმისთვის მეტად ახალგაზრდად მიიჩნევდა თავს) და უთხრა მათ:

– ჩემთვის დიდი პატივია, მაგრამ სასჯელის მეშინია.

მაშინ უპასუხეს ბრძენმა მთავრებმა:

– ქრისტემ სიბრძნით დაგაჯილდოვა და ნუღა გასწევ წინააღმდეგობას, არამედ ქრისტეს სიტყვას დაემორჩილე და ემსახურე მას შენი მღვდლობით.

ხოლო ნეტარი გრიგოლი დაემორჩილა მათ და ღვთის ნებით მღვდლად ეკურთხა.

მაშინ მთავრებმა მისი ეპისკოპოსობაც განიზრახეს.

ხოლო ნეტარმა გრიგოლმა ეს ხორციელ პატივად მიიჩნია, შეწუხდა და თავისი კუთხიდან ფარულად წასვლა გადაწყვიტა ღვთის შთაგონებით, რომელიც მას მამამთავარ აბრაამის44 მსგავსად წინ მიუძღოდა. როგორც აბრაამი განაშორა ღმერთმა თავის ურწმუნო ქვეყანას, ისე გრიგოლი გამოიყვანა მორწმუნე და ღვთისმოსავი ქვეყნიდან იმ მიზნით, რომ უსახურ უდაბნოში გამობრწყინდეს დაუშრეტელი სანთელი, რომელიც მაღალ და ბრწყინვალე სასანთლეზე კაშკაშებს45, მარადიული ზეთით46, რათა საყვირის ხმაზე (ბიბლიაში ანგელოზები ადამიანებს ხშირად საყვირით ამცნობენ ღვთის ნებას. იგულისხმება განკითხვის დღის მაუწყებელი საყვირი) გაუძღვეს სულიერი სრულყოფის მაძიებელ თანამოღვაწეებს.

ქრისტეს მადლის შეწევნით ნახა მოკეთეები: საბა, თავისი დეიდაშვილი, იშხნის მონასტრის მეორედ მაშენებელი და მისი ეპისკოპოსი; თეოდორე ნეძვის მონასტრის აღმშენებელი და მისი წინამძღვარი და ქრისტეფორე, კვირიკეთის მაშენებელი და წინამძღვარი. ეს ოთხი შეაკავშირა სარწმუნოებამ და საღმრთო სიყვარულმა ერთი მიზნით გააერთიანა, როგორც ოთხ სხეულში დამკვიდრებული ერთი სული.

მაშინ სიხარულით დაადგნენ გზას, რომელსაც არ იცნობდნენ, მაგრამ უწყოდნენ, რომ უფალი უძღოდა მათ. პირველად ისინი ოპიზაში47 ჩავიდნენ. აქ ორი წელი მკაცრი სამონაზვნო კანონით ცხოვრობდნენ მამა გრიგოლი და მისი ძმები, როგორც წესად ჰქონდათ იმ დროს ბერებს.

ხოლო მამა გრიგოლს სურდა მარტო დაყუდება, რადგან გაეგონა უდაბნოში მყოფი განდეგილი მამების ანგელოზებრივი ცხოვრების შესახებ (იგულისხმება წმინდა ცხოვრება).

იმ დროს ხანძთაში დაყუდებულიყო განდეგილი ბერი ჰუედიოსი, კაცი მართალი და წმინდა. ამ ნეტარმა ჩვენება იხილა და ხმა ჩაესმა, რომ ამ ადგილებში აშენდება ეკლესია ღვთის კაცის, გრიგოლ მღვდლის მიერ. ასევე ჩვენებით აუწყა ღმერთმა სანატრელ მამა გრიგოლს იმ ბერის (იგულისხმება ჰუედიოსი) სათნოება და ამ ადგილის მიცემა მისთვის.

სულიწმიდის წინამძღვრობით მოვიდა ხანძთას, წმინდა ბერთან, ღვთის სასურველი ჩვენი მამა გრიგოლი, და როდესაც ერთმანეთი ნახეს, ორივემ ძლიერ გაიხარა. მაშინ ნეტარმა ბერმა (ჰუედიოსმა) თქვა:

„წმიდაო ღმრთისაო, ასაკით უმცროსი ხარ, მაგრამ საქმით ჩემზე უფროსი. შენ უნდა იყო მწყემსი48 კეთილი ქრისტიანთა სამწყსოსი და თავად ღვთისგან ხარ წინამძღვრად ცხებული, რომლის წინაშეც უძლურია ეშმაკის ხრიკები, როგორც ობობის ქსელი ქარში.

განთიადისას დაათვალიერებინა (ჰუედიოსმა გრიგოლს) ხანძთის შემოგარენი. გრიგოლს ძალიან მოეწონა ხანძთის სანახები და როდესაც ოპიზაში დაბრუნდა, ახარა თავის სულიერ ძმებს წმინდა ბერის ნახვის ამბავი. მივიდნენ ბერები ხანძთას და მოიკითხეს ის წმინდა ბერი, როგორც ზეცის ანგელოზი49.

მაშინ თქვა ბერმა:

– აღთქმა მიმიცია უფლისთვის, რომ სიკვდილამდე მარტო ვიქნები (იგულისხმება განდეგილობა), ხოლო სულით კვლავ თქვენთან ვარ და ახლა კი დანაპირების შესრულება მმართებს. ნეტარო კაცთა შორის (მიმართავს გრიგოლს), აქვე, მახლობლად, მცირე გამოქვაბულია, წამიყვანეთ იქ შენ და შენმა სულიერმა ძმებმა, რადგან დარჩენილი დღეები იქ დავასრულო. ამის პირობა მომეცით, რომ ჩემს სიკვდილამდე არ მომრავლდებით ამ ადგილას.

გრიგოლმა და მისმა საძმომ ვერ შეჰბედეს შედავება, არამედ მიიყვანეს ბერი გამოქვაბულში და ილოცეს.

გადაკოცნეს ერთმანეთი, დაემშვიდობნენ წმინდანს (ჰუედიოსს) წმინდანნი (ბერები) და ჩამოვიდნენ ღვთის მიერ მონასტრისთვის გამოჩენილ ადგილას.

ერთად ჯვარი გადასწერეს ამ ადგილს და სენაკების ასაშენებლად მიწის დავაკება დაიწყეს. რადაგან კლარჯეთის ყველა კლდეზე უფრო უმტკიცესია ხანძთის კლდე. და დიდი შრომით დაავაკეს ეს ადგილი, რადგან არ გააჩნდათ ცული და წერაქვი, არც სხვა მსგავსი იარაღი, არამედ ოპიზელმა მამებმა მისცეს ყველაფერი, რაც ხელთ ჰქონდათ, დაეხმარნენ ყველა საჭირო ნივთითა და საკვებით, რამეთუ მაშინ იმ მიდამოებში, ოპიზის გარდა, სხვა მონასტერი არ იყო და არც ერისკაცნი იყვნენ მათ სიახლოვეს იმ მხარის ახლად გასაშენებლად, რადგან კლარჯეთსა და ტაოში, შავშეთსა და მთელ შემოგარენში ცოტანი სახლობდნენ ტყეებში ალაგ-ალაგ.

ხოლო ნეტარმა მამამ, გრიგოლმა, პირველად ააშენა ხის ეკლესია, შემდეგ თავისი სამყოფელი და თითო მცირე სენაკი ძმათათვის და ერთი დიდი სენაკი საკუჭნაოდ.

ყოველდღიურად იზრდებოდა ძმობა, ემატებოდა უფალს მეთერთმეტე ჟამის მუშაკები, რომლებიც უთანასწორდებოდნენ ადრინდელ წმინდანებს („განთიადის მუშაკებს“) და ხდებოდნენ წმინდა მოწამეთა ღვაწლის მოზიარენი, როცა განმტკიცდებოდნენ ბერული ღვაწლით წმინდა მოწამეთა მსგავსად და მათზე მეტადაც. რადგან მარტვილნი ერთხელ ეწამნენ ქრისტესთვის, ესენი კი განუწყვეტლივ ეწამებოდნენ ქრისტესთვის. დავით წინასწარმეტყველი ამბობს: „შენთვის მოვწყდებით ყოველდღე“, ხოლო პავლე მოციქული ამბობს: „ყოველდღე ქრისტესთვის მოვკვდები“.

იმ დროისთვის ბერი ჰუედიოსი მეტად მოხუცდა და სიკვდილის პირას იყო. გარდაიცვალა იგი და იქაურობა ნელსურნელებითა და ანგელოზთა გალობით აივსო, რომლებმაც სიხარულით წაიყვანეს ბერი ჰუედიოსი ქრისტეს წინაშე.

მაშინ უფლის ნებით, ქრისტეს მსახურ ძმათა რიცხვი მატულობდა. გრიგოლი ზარმაცს ძმობაში არ იღებდა, არამედ ჯერ გამოსცდიდა ყოველგვარ სასიკეთო საქმეში და, თუ ნახავდა, რომ ძმობაში მოსული ადამიანი წმინდა, მართალი, თავმდაბალი, ყოველგვარი კეთილი საქმისთვის მოწადინებული იყო, სიხარულით მიიღებდა. ამიტომაც მისი ყველა მოწაფე მეტად კეთილშობილი იყო და ითვისებდნენ მის (გრიგოლის) სათნოებას. და ისე ემსგავსებოდნენ თავიანთ მოძღვარს, როგორც მათი მოძღვარი ემსგავსებოდა ქრისტეს, რომელიც ამბობს: „მოწაფისთვის საკმარისია, მოძღვრის მსგავსი თუ იქნება“50. და ასე სათნოებით ცხოვრობდნენ ისინი, ხოლო მატერიალურად მეტად უჭირდათ.

იმ დროს აშოტ კურაპალატის51 კარზე ერთი წარჩინებული კაცი იყო. მას სახელად გაბრიელ დაფანჩული ერქვა. ეს აზნაური ყოველმხრივ სრულყოფილი ადამიანი იყო – მდიდარი, ბრძენი, ტანადი, ყველა საქმეში წარმატებული, მას რწმენის ერთგულებას უქებდნენ.

მას ეკუთვნოდა რამდენიმე სოფელი ნეტარი გრიგოლის სავანის მახლობლად. როდესაც გრიგოლმა თავისი მოწაფეების მატერიალური სიდუხჭირე იხილა, ღვთის ნებით მივიდა გაბრიელ დაფანჩულის სახლში. როდესაც გაბრიელმა გრიგოლის მოსვლა შეიტყო, წინ მიეგება მას და თაყვანი სცა. წმინდანმა ჯვარი გადასახა ყოველივეს და დაჯდა. მაშინ გაბრიელმა უთხრა წმინდა გრიგოლს:

– ღირსო მამაო, ჩვენთან ამქვეყნიური სიმდიდრეა, თქვენთან კი სულიერი სიმდიდრე. ეს ორივე შევუზავოთ ერთმანეთს. თქვენ ამ ცხოვრებაში და სიკვდილის შემდეგაც მონაწილე გაგვხადეთ თქვენი წმინდა ლოცვებისა და ჩვენი ძვლები თქვენს წმინდა ძვლებთან დასვენების ღირსი ჰყავით52. მამაკაცთა სამარხად ხანძთა დანმიწესებია, ქალების სამარხი იყოს, ახლა რომ შენდება, ის მონასტერი.

ხოლო ნეტარმა გრიგოლმა გულმოდგინედ მოიძია და მონახა ადგილი გუნათლეს53 მახლობლად, ჯვარი გადასახა იქაურობას და ააშენა დედათა მონასტერი, რომელსაც ახლა გუნათლის ვანი ჰქვია.

ხოლო გაბრიელ დიდებულმა დიდი ძღვნით გამოუშვა მამა გრიგოლი და მისცა კალატოზები (მშენებლები) და ყოველგვარი საშენი მასალა ქვითკირის ეკლესიის ასაშენებლად. ასე დაბრუნდა გრიგოლი თავის სავანეში და გაიხარეს მისმა მოსწავლეებმა, ღმერთს მადლობა შესწირეს და ლოცავდნენ ბერებს.

ხოლო გრიგოლმა ეკლესიის ადგილი დაავაკა და სანამ ეკლესიის შენებას დაიწყებდა, ეს ლოცვა თვალცრემლიანმა წარმოთქვა:

– შენ უფალო, ამიერიდან აკურთხე ეს ადგილი, შენი წმინდა ეკლესიის სამკვიდრებელი, რათა მე, შენი გლახაკი, ღირსი გავხდე ამ ეკლესიის ბოლომდე აშენებისა დიდი მოწამის, ჯვრის მოიმედე, საამაყო, მამაცი, შენს წმინდა მარტვილთა და მოწამეთა შორის გამორჩეულად სახელგანთქმული წმინდა გიორგის სახელზე, რომლის სხეულიც მახვილით იჭრებოდა, მაგრამ რწმენა ვერ შეურყიეს.

გრიგოლმა ჯვარი გადასწერა წმინდა ეკლესიის ადგილს და დაიწყეს მშენებლობა. წმინდა გიორგის შემწეობით, ნეტარი მამა გრიგოლის ლოცვა-კურთხევით, გაბრიელ დიდებულისა და ყველა მართლმორწმუნე ქრისტიანის მატერიალური დახმარებით წარმატებით დასრულდა ეკლესიის მშენებლობა.

მას შემდეგ უდაბნოში წმინდა მამებმა მონასტრების შენება იწყეს და ასე გამრავლდნენ წმინდა სამების მსახურნი და მარადის მადიდებელნი.

ხოლო სანატრელი და სასწაულმოქმედი დედა ფებრონია სამცხიდან ჩამოვიდა და მერეს მონასტერში დამკვიდრდა. და უსაზღვრო იყო მისი სათნოებით ცხოვრება და სულიერებაზე ზრუნვა.

თანამოაზრეები და მეგობრები იყვნენ ეს ნეტარი ადამიანები: დედა ფებრონია და მამა გრიგოლი.

ამის შემდეგ ღვთისმსახურ მეფეს, აშოტ კურაპალატს აუწყა გაბრიელ ერისმთავარმა სანატრელი მამა გრიგოლის მოღვაწეობის შესახებ და მოუთხრო გრიგოლის მიერ ეკლესია-მონასტრების მშენებლობის შესახებ. შეატყობინა მისი მშობლების დიდგვაროვნება, მოწაფეებისგან რომ ჰქონდა გაგებული. როდესაც ყოველივე შეიტყო კეთილმორწმუნე აშოტ კურაპალატმა, მაშინვე დაწერა წერილი საკუთარი ხელით და ერთი ღირსეული კარისკაცი და გაბრიელ დაფანჩულის ერთ-ერთი მსახურთაგანი გააგზავნა მამა გრიგოლთან. და როდესაც გრიგოლმა კურაპალატის მიპატიჟების წერილი წაიკითხა, პატივისცემით მოწერილი, და ამ კაცებისგან შეიტყო ყოველივე, მაშინვე წავიდა ხელმწიფესთან და, როდესაც სასახლესთან მივიდა, მას შეეგებნენ კურაპალატის შვილები, ხოლო როცა მივიდა მათი სასახლის კართან, თავად კურაპალატი წამოდგა და მიეგება მამა გრიგოლს. დიდი სიმდაბლით მოიკითხეს ერთმანეთი და დასხდნენ, ხოლო კურაპალატმა თქვა:

– შენი პირით ღვთის კურთხევა იყოს ჩვენზე (იგულისხმება: დაგვლოცე ყველა).

და მან თქვა:

– დაგლოცოთ ყველა ქრისტემ და ყველა წმინდანმა, რადგანაც ნამდვილად სამართლიანია ეს ნათქვამი: „ვისაც მთავრობის პატივი აქვს მინიჭებული, ის ღვთის მსგავსია“. რადგან თქვენ, ხელმწიფეებს, ღმერთმა მოგანიჭათ უფლებამოსილება ქვეყნის მართვისა. ვგრძნობთ ღვთის კეთილმოსურნეობას ჩვენდამი შენი მეფობით. უფლის მიერ ცხებული დავით წინასწარმეტყველის შვილად წოდებულო ხელმწიფეო54, ქრისტე ღმერთმა მოგანიჭოს სათნოებანი თავისი, ამიტომაც მოგახსენებ: ამ მხარეებში ხელმწიფება ნუ მოაკლდება შენს შვილებს და მათ შთამომავლობას მარადჟამს, უკუნითი უკუნისამდე.

ხოლო ამის შემდეგ მაცნემ (აშოტ კურაპალატის გაგზავნილმა) წარმოთქვა ხანძთის მიდამოების ქება:

– ეს უდაბნო მზიანია და აქ ყოველმხრივ ზომიერი ჰავაა. აქვეა წყალუხვი წყარო. ეს ადგილები მშვენიერი, გრილი და საამოა, მეტად ტყიანი და საზრდო ყოველგვარი მოიპოვება, რაც კი საერთოდ შეიძლება უდაბნოში იყოს. სახნავ-სათესი და სათიბი მიწები აქ სრულიად არ არის, რადგან აქაურობა ოღროჩოღრო, მოუვლელი და ქვაღორღიანია.

ეს რომ გაიგო კურაპალატმა, ხანძთას შესწირა შატბერდის მიწები სახნავ-სათესად. მაშინ კურაპალატის სამმა ძემ – ადარნესემ, ბაგრატმა და გუ66

არამმა – თითოეულმა მათგანმა შესწირა უხვად ყველაფერი, რაც მონასტერს სჭირდებოდა.

როგორც რაოდენობრივად იზრდებოდა, ისე სულიერად მდიდრდებოდა ძმობა. იმ დროს მოვიდნენ მამა ეპიფანე და მღვდელი მატოი ქართლიდან და დიდი ზენონი სამცხიდან.

ზენონი წარჩინებული კაცის შვილი იყო და ღვთისმოსაობაში იყო აღზრდილი და სიწმინდით ცხოვრობდა. რამეთუ ღვთისმოშიში იყო და მონაზვნობა უნდოდა. და როდესაც მშობლები გარდაეცვალა, მათ მთელი ქონება დაუტოვეს ზენონსა და მის დას, რომელიც ზენონთან ერთად ცხოვრობდა. ზენონს სურდა, მამისეული და დედისეული ქონება დისთვის დაეტოვებინა თავისი სურვილით, თვითონ კი ბერად შემდგარიყო განმარტოებით. და ამას რომ აპირებდა ყმაწვილი, მისი და ეშმაკის მოწადინებით შეაცდინა ერთმა უკეთურმა კაცმა და მთელი ღამით წავიდნენ შავშეთში. ხოლო როდესაც ზენონმა ეს ამბავი შეიტყო, აისხა იარაღი, ცხენზე შეჯდა და მარტო დაედევნა მათ. დიდხანს რომ იარა, გაიფიქრა:

– სახელოვანი ყმაწვილი ვარ და ვისაც მივდევ, არად ჩასაგდებია. რომც დავეწიო და მოვკლა, საცდურია ჩემი სულისთვის, თუ უკან დავბრუნდი გაწბილებული, სირცხვილია. ახლა კი დროა, მონაზნობის აღთქმა აღვუსრულო უფალს.

და განმტკიცდა ნეტარი ზენონი, რადგან ქონების დატოვება სისხლის დათხევის მსგავსია (მსხვერპლის გაღებაა ქრისტიანობისთვის). გადაიწერა პირჯვარი და მერეში დედა ფებრონიასთან წავიდა, რადგან მისი ნათესავი იყო. ღვთის ნებით, იქ იმყოფებოდა მამა გრიგოლი. დედა ფებრონიამ შეავედრა და ჩააბარა უმანკო კრავი (ზენონი) მას, კეთილ მწყემსს (გრიგოლს), რომელმაც წამოიყვანა ზენონი ხანძთაში.

კეთილი მწყემსის – გრიგოლის მოსვლამდე ქრისტეს კრავნი (ბერები) გაბნეულნი იყვნენ მთელ უდაბნოში, ხოლო წმინდა გრიგოლის მოსვლის შემდეგ ცხვრები (ბერები) განმტკიცდნენ და ღვთაებრივი წესრიგი დამყარდა.

ხოლო გრიგოლი გულში ამბობდა:

– მიღებულია, რომ ჩემს ეკლესიაში (მონასტერში) ბრძენთაგან განუკითხველი სამონასტრო წესი დაწესდეს.

ამის გამო გადაწყვიტა ქრისტიანთა საგანძურის, მეორე იერუსალიმის ანუ კონსტანტინოპოლის55, მონახულება, აგრეთვე საბერძნეთის წმინდა ადგილების მოლოცვა. იმ დროისთვის იერუსალიმში მიმავალი ერთი თავისი მეგობარი ნახა და მას სთხოვა საბაწმიდის56 წესდების გადმოწერა და ჩამოტანა; ძმებს ზედამხედველი მიუჩინა, გამოემშვიდობა მათ და აღუთქვა, რომ დაბრუნდებოდა.

გრიგოლმა თან წაიყვანა დეიდაშვილი საბა და ერთი სხვა მოწაფე და წავიდა საბერძნეთში. მივიდა კონსტანტინოპოლში, თაყვანი სცა ძელსა ცხოვრებისას (ქრისტეს ჯვარს), წმინდანთა ნეშტს და სიხარულით მოილოცა წმინდა ადგილები. რადგან მრავალი ენა იცოდა, ასე გაეცნო არაკანონიკურ წიგნებს57. სულიერი წყალობით გახარებული ბერები გამოემართნენ თავიანთ სავანეში.

როდესაც ტაოში მივიდნენ, შეიტყვეს იქ მყოფ კაცთაგან აშოტ კურაპალატის მოკვლის ამბავი58, ასევე ის, რომ მის ნაცვლად გამეფდნენ მისი შვილები. მეტად დასევდიანდნენ ბერები ხელმწიფის სიკვდილის გამო. ხოლო ნეტარი გრიგოლი მწუხარედ ამბობდა:

– ჰოი, მეფეო ჩემო, ძლიერო და დიდებულო, ეკლესიის სიმტკიცეო და ქრისტიანთა დამცველო. საიდან მოგელოდე, აღმოსავლეთიდან თუ დასავლეთიდან, ჩრდილოეთიდან თუ სამხრეთიდან? რადგან ყველაფრის მპყრობელი იყავ და ხელმწიფეებს იმორჩილებდი ბრძოლით, საკვირველი და დიდებული ღვთისმსახური.

როდესაც იშხანს მიუახლოვდნენ, ნეტარ გრიგოლს და წმინდა საბას ეუწყათ, რომ იშხანი ადრინდელივით უნდა განახლდეს საბას მიერ. მათ უფლისგან მისასვლელი გზა ემცნოთ, რადგან იმხანად ეს ადგილი ადამიანებისთვის მიუვალი იყო. როდესაც მივიდნენ იშხანში, მეტად გაუხარდათ ამ დიდებული ადგილის პოვნა, რადგან აქ მრავლად იყო სულიერი და ხორციელი საზრდო. საბას მაშინვე უნდოდა დარჩენა, მაგრამ ნეტარმა გრიგოლმა თქვა:

– ძმაო, ჯერ ჩვენი ძმები მოვინახულოთ, რომლებიც ხანძთაში არიან და ღვთის ნებითა და მათი ლოცვით კვლავ მოხვალ ამ წმინდა ადგილას.

გზად მათ მიუსამძიმრეს კურაპალატის შვილებს და ლოცვით ანუგეშეს ისინი, შემდეგ კი ხანძთის მონასტერში დაბრუნდნენ.

რამდენიმე დღეში გრიგოლმა გაუშვა საბა და თან ორი მოწაფე გააყოლა.

ამ დროს იერუსალიმიდან დაბრუნდა კაცი და საბაწმიდის მონასტრის წესი მოართვა გრიგოლს.

ხოლო ნეტარმა გრიგოლმა დაწერა თავისი ეკლესიისა და მონასტრის წესი – ბრძნულად შედგენილი და ცოდნით განსხივოსნებული და ყველა წმინდა ადგილიდან ამოკრებილი, როგორც დაუშრეტელი სიკეთის საუნჯე.

გრიგოლის მოღვაწეობის დასაწყისში მკაცრი იყო კანონი მოწაფეებისთვის, რადგან მათ სენაკებში იყო პატარა საწოლები და უბრალო ქვეშაგები, თითო ჭურჭელი წყლისთვის, ხოლო სხვა საზრდო არა ჰქონდათ – არც საჭმელი და არც სასმელი. არამედ ერთად ტრაპეზობდნენ (სადილობდნენ), ასე ცხოვრობდნენ. მრავალი მათგანი ღვინოს საერთოდ არ სვამდა, ხოლო ვინც სვამდა, მხოლოდ მცირედს იგემებდა. ბერების სენაკებს საკვამური არ ჰქონდა, რადგან იქ ცეცხლი არასოდეს ინთებოდა და არც ღამით – სანთელი, არამედ ღამით იყო გალობა და დღისით – წიგნის კითხვა და მუდმივი ლოცვა.

ხოლო გრიგოლის პირველ მოწაფეებს – თეოდორესა და ქრისტეფორეს გულში ჰქონდათ საღვთო ბაძვის წადილი მონასტრის აშენებისა. მათ არ გაუმხილეს მამა გრიგოლს თავიანთი განზრახვა და ფარულად წავიდნენ აფხაზეთში და თან რამდენიმე ბერი წაიყვანეს.

როდესაც სამცხეს მივიდნენ, ღვთის ბრძანებით დაიმოწაფეს დიდი აზნაურის, მირიანის ძე, სახელად არსენი. ეს ყმაწვილი ასაკით პატარა იყო, დაახლოებით ექვსი წლისა, და მამის სახლში იზრდებოდა. მირიანის სურვილით, ბერებმა ყმაწვილს მოწესეს (ბერის) სამოსი ჩააცვეს, თვითონ კი აფხაზეთში წავიდნენ. აფხაზეთის მეფემ59 დიდი პატივით მიიღო ბერები.

როდესაც გაიგო ნეტარმა გრიგოლმა თეოდორესა და ქრისტეფორეს წასვლის ამბავი, მეტად შეწუხდა და თან წაიყვანა ოთხი ძმა და წავიდა რჩეული კრავების (იგულისხმება ბერები) საძიებლად მწყემსი კეთილი (გრიგოლი). და როდესაც ქართლის სანახებს მიაღწია, ძმების ძიებაში, ღვთის ნებით, იპოვა ყმაწვილი ეფრემი, ღვთის ღირსი, დაიმოწაფა და ასე უბრძანა:

– აფხაზეთიდან რომ დავბრუნდები, ხანძთაში წაგიყვან.

თვითონ კი აფხაზეთში წავიდა და, როდესაც ხელმწიფის წინაშე წარდგა, მეფე წამოდგა, შეეგება და სიმდაბლით მოიკითხა. ხოლო წმინდანი დიდხანს ლოცავდა მას და აკურთხებდა.

ნეტარმა გრიგოლმა თქვა:

– მეფევ, ღვთისმსახურო და დიდებულო, შენთან მოსულან ჩემი ძმები, წმინდა მამები, და სწორედ ამის გამო მოვედი აქ. ბრძანოს შენმა ხელმწიფებამ და მოვიდნენ ისინი ჩვენთან.

ხოლო მეფეს გაუჭირდა მათი გამოჩენა და თქვა:

– არ მოსულან აქ ასეთი ბერები, რომელთაც ბრძანებს შენი სიწმინდე.

მაშინ ნეტარი გრიგოლი მეფის ნათქვამის გამო განრისხდა და თქვა:

– მეფეო, მომეცი ჩემი ძმები, რომლებიც შენთან არიან.

და რადგან მეფეს სიტყვის თქმა აღარ შეეძლო წმინდანის მიერ სამართლიანი მხილების გამო, ბრძანა ბერების მოყვანა.

და როდესაც ბერებმა იხილეს მამა გრიგოლი, აცრემლებულები დაემხნენ მის ფეხებთან. ხოლო წმინდანმა წამოაყენა ისინი და სიყვარულით ჩაიხუტა და უფალს მადლობდა მათი პოვნისთვის.

მეფემ უთხრა ნეტარ გრიგოლს:

– წმიდაო მამაო, აჰა აღსრულდა ნება შენი, ახლა უფალმა შეასრულოს ჩემი სურვილიც, რადგან მწადია მონასტრის აშენება, ბრძანე და დავათვალიეროთ აფხაზეთის მიდამოები და სადაც შენი სიწმინდე ინებებს, მონასტერიც იმ ადგილას ავაშენოთ.

მოიარეს სამონასტროდ საგულვებელი მიწები და არ მოეწონა გრიგოლს ეს ადგილები. ძალიან შეწუხდა მეფე ამის გამო. მაშინ მამა გრიგოლმა მეფის დაბეჯითებული თხოვნით ააშენა მონასტერი და უწოდა უბეი (უბისი) და მონასტერს მამასახლისად დაუდგინა იერუსალიმიდან ჩამოსული ილარიონი, სათნო მოხუცებული, რადგან ის ხანძთაში წაჰყოლოდა თეოდორესა და ქრისტეფორეს და ჰქონდა მას წმინდა წიგნები და მამა გრიგოლმაც თავისი წიგნები, რომლებიც თან ჰქონდა, დაუტოვა მონასტერს. გაიხარა ხელმწიფემ და უხვად გაიღო მონასტრის ასაშენებლად შეწირულობა.

ხოლო მათი წამოსვლის დროს მეფე დემეტრემ გამოჰკითხა მამა გრიგოლს, როგორი იყო კლარჯეთის უდაბნო. მამა გრიგოლმა უთხრა მას:

– ღმრთისმსახურო მეფეო, ბევრიც რომ ვილაპარაკო, ჩემი გონება ვერ შეძლებს კლარჯეთის უდაბნოს ყველა სიკეთის აღწერას, რადგან აქა სამონაზვნო ცხოვრება აღორძინებულია და უფრო აყვავდება და გაძლიერდება მომავალში. არამედ მრავალიდან მხოლოდ მცირედს ვიტყვი: ბუნებით ერთგვარია ეს უდაბნო, მზიანიც არის და ჰაერიანიც, არც დიდი სიცხე იცის და არც მეტისმეტი სიცივე შეაწუხებს იქ მყოფთ. არ გადასცდება ზღვარს (ზომიერია), მშრალია, ცხელი ქარებისგან დაცული, უმტვერო, მზიანი. კარგი წყალი და ხე-ტყე რამდენიც უნდათ, ბერებს მოუკლებლად აქვთ. ქვიშნარში ურიცხვი ჭალაა და უამრავი საამო წყალი. სიხარული და შვება ღვთისაგან აქვს მიმადლებული ამ ადგილებს და სრულიად მიუვალია საერო პირებისთვის. ერთ მხარეს მთა აკრავს, ხოლო მეორე მხარეს მტკიცე ზღუდესავით ერტყმის შავშეთის დიდ წყალთა (მდინარეთა) ერთად შერთული ნაკადი. მონასტრის მიდამოებში არ არის სათიბი მიწები, არც სახნავ-სათესი, არამედ საზრდოს ვირს აჰკიდებენ და დიდი გაჭირვებით ეზიდებიან. პატარა ვენახი წვალებით ჩაუყრიათ, აგრეთვე – ბაღები. აქ მყოფთ არ ეშინიათ, რომ ურჯულოები და ურწმუნოები რწმენას შეურყევენ. და ასე, სრულიად მშვიდად არიან და ქრისტეს ადიდებენ. ღვთის განგებას ეს წესი აქვს, რომ წმინდა მონასტრები უდაბნოში უნდა ააშენოს უპოვართა (იგულისხმება გლახაკი და მორწმუნე ბერები) ხელით, რომლებიც გათავისუფლდნენ წუთისოფლის ცდუნებებისაგან.

ღმერთმა მორწმუნე მეფეებს მისცა უფლება საეპისკოპოსო ტაძრების აშენებისა და ისინი ქალაქების, სოფლებისა და მთელი ხალხის განმგებლად დაადგინა, რათა სამართლიანად განსჯიდნენ მათ ბრწყინვალე სამოსლით შემკობილნი (ბერ-მონაზვნები), რათა არ მიეჯაჭვოს მათი გონება თვალით ხილულ საგნებს, არამედ მარადიული სიკეთე შეიცნონ. ხოლო სანდო და მართალი ბერები ამქვეყნად არავის ემორჩილებიან, რადგან თავისი ნებით გაერიდნენ ამქვეყნიურ განცხრომას და ირჩიეს ღვთისათვის წუხილი გოდების ადგილას (ბერები ღმერთთან დაახლოებისთვის მწუხარებას ეძლევიან, რაზეც მიანიშნებს მათი შავი სამოსი).

დაემშვიდობნენ ბერები ხელმწიფეს და წამოვიდნენ აფხაზეთიდან და ერთად მოვიდნენ ხანძთას.

იმ პერიოდში ბაგრატ კურაპალატმა ღვთის ნებით, ძმების დასტურითა და ბერძენთა ხელმწიფის ბრძანებით მიიღო კურაპალატობა, თავისი მამის, აშოტ კურაპალატის, სანაცვლოდ, რადგან ხელმწიფის უფლებამოსილება მიენიჭა ზეციდან (ღვთის მიერ).

ხოლო ნეტარი მამა გრიგოლი წარდგა დიდებული ბაგრატ კურაპალატის წინაშე და, წესისამებრ, კურაპალატობის მიღება მიულოცა.

ხოლო წოდების მიღებისთვის აღვლენილი ხოტბა დიდად ესიამოვნა კეთილმორწმუნე კურაპალატს.

წმინდანმა გრიგოლმა თქვა:

– კეთილმსახურო მეფეო, ღვთაებრივი ნათელი უძღვის შენს მეფობას და არაა საჭირო ამის დასანახად სანთლის კაშკაში, მხოლოდ ბრმებისთვისაა ეს საჭირო. გულმოდგინედ ვლოცულობ შენთვის, რათა არ მოგაკლდეს სიკეთე რაიმე მიზეზით. მხოლოდ ამას ვითხოვ შენგან: აშოტ კურაპალატმა ხანძთას სახნავ-სათესად შატბერდის მიწები შესწირა, რომლებიც კარგია მონასტრის ასაშენებლად. თუ მიბრძანებ, ღვთის სადიდებლად და შენ საცხონებლად, ეკლესიას ავაშენებ.

მაშინ სიხარულით ბრძანა ბაგრატ კურაპალატმა მონასტრის აშენება და მისცა გრიგოლს ყოველივე საჭირო მონასტრის ასაგებად. ჯვარი დასწერა გრიგოლმა ამ გამორჩეულ ადგილს და დაიწყეს ეკლესიისა და სენაკების მშენებლობა. ხანძთის მსგავსად, შატბერდიც ღვთის შეწევნით აშენდა და იმ კაცის ლოცვით (იგულისხმება გრიგოლი), რომელმაც შეაერთა ორი უდაბნო (იგულისხმება ხანძთა და შატბერდი), განმტკიცებული და გაერთიანებული ძმური სიყვარულით სამარადჟამოდ.

იმ დროისთვის გრიგოლს გაახსენდა საბა იშხნელი და უამბო კურაპალატს ყოველივე, რაც ადრე მოხდა. ხოლო მეფემ, როგორც კი ეს გაიგო, მეტად გაიხარა და მაშინვე დაწერა წერილი და მიავლინა კეთილმორწმუნე ადამიანები და პატივით უხმო საბას. წარგზავნილები დაბრუნდნენ და აუწყეს კურაპალატს, რომ ღვთისკაცს (საბას) არ სურდა მოსვლა. და უთხრა მამა გრიგოლს კურაპალატმა:

– დაუფიქრებლად მოვიქეცი, შენ რომ არ მიგაწერინე წერილი. მისწერე წესისამებრ!

თვითონ კი დაწერა სხვა წერილი და გრიგოლის წერილთან ერთად გააგზავნა. ხოლო ნეტარი საბა დაემორჩილა კურაპალატის ხელახალ ბრძანებას, უფრო კი – მამა გრიგოლის წერილს.

მოვიდა ეს სასურველი ღვთისკაცი (საბა) მათთან, ვისაც მისი ნახვა სურდა. ხოლო კურაპალატი პატივით მიეგება და მოიკითხა იგი, ხოლო საბამ აკურთხა და დალოცა ხელმწიფე. როდესაც დასხდნენ, კურაპალატმა ჰკითხა მას:

– წესია, ხელმწიფეთა მორჩილება. რატომ არ მოხვედი პირველად ხმობისას, წმინდაო მამაო?

ხოლო საბამ უპასახა:

–დიდებულო მეფეო, შენ ამ მოდგმის მეფე ხარ, ხოლო ქრისტე – ყველასი, ვინც კი შობილა; შენ ამქვეყნიური ხელმწიფე ხარ, ხოლო ქრისტე – ზეცისა და ქვეყნის: შენ წარმავალ დროთა მეფე ხარ, ხოლო ქრისტე – საუკუნო მეუფე და სრულყოფილი არს უცვლელად, მარადიული და უსაწყისოა; მარადიული მეფეა ანგელოზებისა და ადამიანების და შენზე უფრო მისი სმენა გვმართებს, რომელიც ამბობს: „არავის შეუძლია ორი ბატონის მორჩილება“. ახლა კი გრიგოლის, ჩემი ძმისა და მოძღვრის, სიტყვით მოვედი შენ წინაშე.

ხოლო კურაპალატმა თქვა:

– სიმართლეა შენი ნათქვამი, წმინდაო!

ამის შემდეგ კურაპალატი ესტუმრა იშხანს და მას თან ახლდნენ ნეტარი მამები – მამა გრიგოლი და მამა საბა. კურაპალატს მეტად შეუყვარდა ეს ადგილები.

ღვთის ნებით, საბა გახდა ეპისკოპოსი იშხნისა, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში დაქვრივებული იყო (გაუქმებული იყო). ახლა კი განახლდა ღვთისმსახურება და მეორედ აშენდა იშხნის მონასტერი ამ ნეტარის (საბას) წყალობით, ხოლო ღვთისმსახური მეფეები (აშოტის შვილები) მატერიალურად ეხმარებოდნენ მას.

ნეტარი მამა ჩვენი, გრიგოლი, პატივცემული იყო ღვთისგან და ვერავინ ეურჩებოდა მის სიტყვას, მეტადრე კი, ამ დროის ხელმწიფენი. ერთხელ, ერთად იყვნენ დიდებული ძმები (აშოტის შვილები) და ნეტარმა გრიგოლმა დაბეჯითებით უთხრა მათ, რათა მობრძანებულიყვნენ და ენახათ მისი აშენებული მონასტრები და მთელი კლარჯეთის უდაბნო. ხოლო მათ დაიჯერეს გრიგოლის რჩევა, რომელიც წაუძღვა დიდებულებს; პირველად მიიყვანა შატბერდში, რომელიც ძალიან მოეწონათ და შეუყვარდათ მეფეებს, დიდებულებსა და მათ მხლებლებს. როდესაც ხელმწიფენი შატბერდიდან წამოვიდნენ, ნეტარი გრიგოლი მათ წინ მიუძღვოდა. მივიდნენ ჯმერკსა (მონასტერი კლარჯეთში) და ღვთისმშობლის სახელობის მონასტერში, ბერთაში (მონასტერი კლარჯეთში); მოილოცეს წმინდა ადგილები და დიდძალი შესაწირი დაუნაწილეს მონასტრებს. სამივე ხელმწიფემ გაიღო დიდი შესაწირი. შემდეგ ჩავიდნენ ოპიზაში, იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიაში; ამის შემდეგ წავიდნენ ხანძთაში და იხილეს წმინდა გიორგის სახელზე აგებული ეკლესია. კიდევ უფრო გაოცდნენ ხელმწიფენი, როდესაც ნახეს, რომ ნეტარი გრიგოლის მოწაფეები უმკაცრესი ბერმონაზვნური წესით ცხოვრობდნენ, რადგან წმინდა მამები ზეცის ანგელოზებს ჰგავდნენ. იმ დროს მოვიდა ხანძთაში მიძნაძორის მონასტრის წინამძღვარი, დიდი მამა, სანატრელი დავითი (დავით მიძნაძორელი), მონასტრების მაშენებელი და მისი მოწაფეები: ნეტარი ილარიონი წყაროსთავის მამა და მაშენებელი და მამა ზაქარია, ბარეთელთას მაშენებელი.

როდესაც იხილეს ხელისუფალთ მეუდაბნოე მამები, რომლებიც უხორცო არსებებს ჰგავდნენ, მეტად გაიხარეს და თქვეს:

– წმინდა მამებო, როცა გნახეთ, დაგვავიწყდა, რომ მიწაზე ვართ. არამედ გვგონია, რომ ზეცაში, წმინდანების გვერდით ვიმყოფებით.

ხოლო წმინდა მამებმა დიდი ლოცვით განამტკიცეს ისინი:

– ღვთისმსახურო მეფენო, თქვენი გულები ღვთის ხელთაა, რომელმა ჩვენს სულებს ნუგეში სცა თქვენი სიტყვით და თქვენი უხვი შემოწირულობით. ეს იცოდეთ, რომ სულიერად შემართული ლაშქარი მეუდაბნოე მამათა არის მორწმუნე მეფეთა სიმტკიცე და სიძლიერე ბრძოლაში.

ამის შემდეგ წმინდა მამებმა ეპისკოპოსთან მოილაპარაკეს წმინდა გრიგოლის შესახებ, რათა გრიგოლი კლარჯეთის არქიმანდრიტად (მონასტრების წინამძღვრად) დაედგინათ. მრავალი წელიწადი, გარდაცვალებამდე, განაგებდა წმინდა მამა გრიგოლი მათ წესსა და კანონს.

ახლა ადრე ნათქვამს მივუბრუნდეთ. როდესაც გრიგოლმა სახელი გაითქვა, მისი დიდებულების ამბავი გრიგოლის დედის ყურამდეც მივიდა. რამეთუ ის ჯანმრთელი იყო და ასაკოვანი, მან სულიერად გაიხარა და ძალა მოიკრიბა.

იგი გულით იგლოვდა შვილთან განშორებას, მაგრამ გაგონილმა სასიხარულო ამბავმა გააძლიერა. იგი მაშინვე წამოვიდა სახედრით და მას ახლდნენ მსახურები, ქალები და კაცები. მივიდნენ ისინი დედა ფებრონიასთან მერეს მონასტერში. მან სიხარულით მიიღო ისინი და ეს ამბავი სასწრაფოდ წერილით აცნობა გრიგოლს. ხოლო უბიწო ძე (გრიგოლი) მალე მივიდა დედასთან და თაყვანი სცა მას და ქრისტეს სახელით დალოცა და მიესალმა. ხოლო დედა სიხარულით მიეგება შვილს, ეამბორებოდა და ეუბნებოდა:

– შვილო, ჩემო ტკბილო, გნახე, ვისი ნახვაც მსურდა, რადგან შენი ნახვით მომშორდა ყველა ადრინდელი სატკივარი.

ხანგრძლივი და მრავალფეროვანი იყო მათი საუბარი, ხოლო ნეტარმა მამა გრიგოლმა თქვა:

– შემინდე, დედაჩემო, რადგან ჩემი ნებით არ დაგშორებივარ, არამედ ასე ენება უფალს, როგორც მოხდა. შენ ამ წუთიერ ცხოვრებაში დღემდე არაფერი გაკლდა მატერიალურად თუ სულიერად. მმართებს შენზე ზრუნვა ხორციელად და სულიერად უფლის ნებისამებრ, რომელიც ბრძანებს მშობლის პატივისცემის შესახებ. სიბრძნის წიგნში წერია (იგულისხმება არაკანონიკური წიგნი): „შვილო, იზრუნე შენს მშობლებზე ისე, როგორც იზრუნეს მათ შენზე, რადგან მათ გარეშე არც შენ იქნებოდი“.

გრიგოლმა პატივი სცა დედას და აავსო სიკეთით სანატრელი მოხუცებული, რომელმაც პირველად ღმერთი ადიდა, შემდეგ – თავისი ძე და გრიგოლს შეავედრა თანმხლებნი.

მაშინ გრიგოლმა წესისამებრ მოაგვარა დედამისის ცხოვრება.

მოგვიანებით გრიგოლის სანატრელი მშობელი გარდაიცვალა მერეს მონასტერში და მივიდა უფალთან, რომლის სიახლოვეც სწყუროდა.

ხოლო თეოდორე და ქრისტეფორე ფარულად ღამით ხანძთიდან წავიდნენ და რამდენიმე ბერიც თან წაიყვანეს და გაემართნენ ქართლისკენ. მამა გრიგოლმა მოძებნა ისინი და იპოვა. ხოლო მათ შენდობა სთხოვეს მოძღვარს და უთხრეს:

– შეგვინდე, წმინდა მამაო.

ხოლო გრიგოლმა უპასუხა:

– ღვთის ნებით, კეთილი განზრახვა გაქვთ და მაგ ღვაწლის თანამონაწილე მეც გამხადეთ.

და ერთად წავიდნენ სამცხესა და ქართლის უდაბურ მიდამოებში და იპოვეს ორი ადგილი სამონასტროდ და ააშენეს სენაკები. უწოდეს თეოდორეს სავანეს ნეძვი, ხოლო ქრისტეფორესას კვირიკე წმიდა (კვირიკეთი). გრიგოლმა მოწაფეები დაუტოვა მათ.

ხოლო ნეტარი მამა ჩვენი გრიგოლი ორ მონასტერში იმყოფებოდა – ხანძთასა და შატბერდში. მუდამ ამ ორ მონასტერს შორის მიმოდიოდა და ყველა დღესასწაულის წარმართვა კარგად იცოდა. რადგან, რაც ესწავლა, არასოდეს დაავიწყდებოდა; ჰქონდა სასიამოვნო და ტკბილი ხმა, განსაკუთრებული მეხსიერება. რადგან ხანძთაში ახლაც არის სულიწმიდის შთაგონებითა და გრიგოლის ხელით დაწერილი საწელიწადო იადგარი (ეკლესიაში წირვა-ლოცვის დროს მთელი წლის განმავლობაში გამოსაყენებელი კრებული), რომელიც ტკბილხმოვანია. გრიგოლმა არა მარტო ახალი აღთქმის კანონიკური წიგნები და ძველი აღთქმის მრავალი წიგნი იცოდა ზეპირად, არამედ არაკანონიკური წიგნებიც, წმინდა მოძღვართაგან თქმული, რომლებსაც ზეპირად წარმოთქვამდა, რაც ჩვენს ბუნებას აღემატება, რადგან სადაც ღვთის ძალა დაივანებს, აღასრულებს ყოველივეს, რაც აღემატება ადამიანურ ბუნებასა და ცნობიერებას.

ახლა მოვიგონოთ ადრე ნახსენები მარად მოსახსენებელი ღირსი მამები: არსენი და ეფრემი, გრიგოლის მოწაფეები და აღზრდილნი. დიდი ეფრემი აწყურის ეპისკოპოსი გახდა, დიდი არსენი – ქართლის, უფლის კვართის სამკვიდრებლის, მცხეთის კათოლიკოსი შეიქნა და დიდი სიყვარული სუფევდა მათ შორის, რადგან ერთად იყვნენ აღზრდილნი.

ქართლის ეპისკოპოსები მირიან დიდებულს, არსენის მამას, მეტად დაემდურნენ იმ მიზეზით, რომ ეპისკოპოსებთან შეთანხმების გარეშე, ეპისკოპოსთა მცირე ჯგუფის მხარდაჭერით, თავისი ძე, არსენი, კათოლიკოსად დაადგინა.

გუარამ მამფალი60 დიდ მირიანზე გულმოსული იყო, ამიტომაც სასწრაფოდ ბრძანა ეპისკოპოსთა და მეუდაბნოე მამათა შეკრება. ყველანი ჯავახეთში შეიკრიბნენ. მამა გრიგოლი იქ არ იყო. გულით ელოდა ყველა მას, ცალ-ცალკე თათბირობდნენ რჯულის მასწავლებლები და ვერაფერი გადაწყვიტეს. მაშინ ერუშეთის ეპისკოპოსმა თქვა:

– როდესაც მოვა უდაბნოს ვარსკვლავი (გრიგოლი), მაშინ მოგვარდება საქმე.

მაშინვე იხილეს წმინდა გრიგოლი, ვირით მომავალი მამათა შორის, საკვირველი სანახავი, რადგან უბრალო სამოსელი, რომელიც მოხუცებულს ემოსა, ჰგავდა ნათლის სამოსელს, რაღაც ზეგრძნობადს, ხოლო თავზე კუნკული (მონაზვნის თავსაბურავი) ეხურა, როგორც სამეუფო გვირგვინი, შემკობილი ძვირფასი თვლებითა და ფასდაუდებელი მარგალიტებით. და როდესაც იხილეს გრიგოლის ღვთისმიერი დიდებულება, ყველა სიხარულით მიეგება და მის ნათქვამს დაუჯერეს.

ხოლო ნეტარმა გრიგოლმა ფარულად იხმო ნეტარი ეფრემი და უთხრა:

– შვილო, ეპისკოპოსობის პატივს გაფიცებ, ხელს ნუ შეუშლი შენს სულიერ ძმას, არსენს.

ხოლო ეფრემმა თქვა:

– წმინდა მამაო, დაუშვებელია ჩემი ძმების, ეპისკოპოსების, კამათი სიმართლისთვის და მეც შემინდე, რადგან ამიერიდან აღარ ვარ არსენის ცხვარი (სამწყსო) და არც ის არ არის ჩემი მწყემსი (სულიერი წინამძღვარი).

მაშინ წმინდა გრიგოლმა მრისხანედ თქვა:

– თუ ამას იზამ, ეფრემ, მე უარმყავი, როგორც შენი მოძღვარი.

ხოლო ნეტარი ეფრემი თავისი სულიერი მოძღვრის ამ სიტყვების გამო ატირდა და თქვა:

– სასტიკია ეს ნათქვამი, მახვილზე უფრო მჭრელი, იყოს ნება შენი და არა ჩემი. წმინდაო ღმრთისაო!

ხოლო გრიგოლმა თქვა:

– ეფრემ, სანატრელო, გისმინოს უფალმა, რასაც ითხოვ, გულით უმანკოვ და წმინდაო გონებით, შენ იცი, რომ ღმერთს ებრძანებინა არსენის კათოლიკოსობა მისი სრულყოფილების გამო. მისმა მამამ – მირიანმა კი საკიცხავი გახადა ეს საქმე ნაჩქარევი ქცევის გამო.

ამის შემდეგ გუარამ მამფალმა უხმო ყველა სასულიერო პირს და თქვა:

– წმინდა მამებო, ეპისკოპოსებო და მეუდაბნოენო, კარგად მოგეხსენებათ, რომ სარწმუნოების წესი ეწინააღმდეგება კათოლიკოსისა და ეპისკოპოსის ძალმომრეობით დადგენას.

ამ სიტყვების შემდეგ გუარამ მამფალმა მრავალი გამკილავი სიტყვა თქვა და წმინდა მამების პასუხს დაელოდა. ყველას მზერა მიპყრობილი ჰქონდა მამა გრიგოლისა და ეფრემ ეპისკოპოსისკენ. ისინი ერთხანს დუმდნენ.

მაშინ ეპისკოპოსებმა უთხრეს ეფრემს:

– ბრძანე პასუხი, რაც საჭიროა.

ხოლო ეფრემმა თქვა:

– სადაც მამა გრიგოლია, მე ვერ გავბედავ ლაპარაკს.

მაშინ ხელმწიფემ უთხრა ნეტარ გრიგოლს:

– მამაო, ყველა შენგან ელის სამართლიან სიტყვას, რადგან ასაკითა და ღვთის მორჩილებით ყველაზე უფროსი ხარ.

გრიგოლმა თქვა:

–ქრისტეს ჭეშმარიტმა სამწყსოებმა ისმინეთ ამ გლახაკი მოხუცებულის, რადგან გეტყვით, რომ არსენი ღვთის ნებით გახდა კათოლიკოსი, ხოლო მისი მლანძღველნი, რომლებიც არ შეინანებენ, შერცხვენილ იყვნენ და სამუდამოდ ჰრცხვენოდეთ ამქვეყნადაც და სამარადისო სასუფეველშიც.

მაშინ შეძრწუნდა ხელმწიფე, რადგან თავმდაბალი და ღვთისმოშიში იყო, თავმდაბლობამ სძლია, შეუერთდა გრიგოლს და თქვა:

– წმინდაო ღმრთისაო, შემინდე, რადგან დაგაბრკოლე.

ხოლო გრიგოლმა თქვა:

– ყველა ცოდვა ქრისტემ შეგინდოს.

იმ დროს არსენი იქ არ იყო და მას ახარეს ეს ამბავი:

– შენმა მოძღვარმა, მამა გრიგოლმა, დაამტკიცა შენი კათოლიკოსობა.

ხოლო არსენი სიხარულით მადლობას სწირავდა უფალს.

ხოლო ეფრემ ეპისკოპოსმა, მამა გრიგოლის დარიგებისამებრ, კვლავ განაახლა არსენთან ძველებური სიყვარული და ურთიერთობა, რითაც მოკლე ხანში დააწყნარა ძნელად დასაშოშმინებელი შფოთი.

სანატრელი არსენ კათოლიკოსი და ეფრემ ეპისკოპოსი თავიანთი მოძღვრის, მამა გრიგოლის სანახავად დადიოდნენ.

არსენი 27 წელი იყო კათოლიკოსი, ხოლო დიდმა ეფრემმა ბევრი სიკეთე მოუტანა ქვეყანას, რადგან აღმოსავლეთის ქრისტიანული ეკლესიების პატრიარქებს მირონი იერუსალიმიდან მოჰქონდათ, ხოლო ეფრემმა, ქრისტესმიერი კურთხევით, მირონის კურთხევა ქართლში დააწესა61, იერუსალიმის პატრიარქის ნებართვით და დამოწმებით. საქართველოდ ითვლება მთელი ქვეყანა, სადაც ქართულ ენაზე აღესრულება ღვთისმსახურება და ყველა ლოცვა, ხოლო კვირიელეისონ, რაც ნიშნავს: უფალო წყალობა გვიყავ, ანუ უფალო შეგვიწყალე, – ბერძნულად ითქმის.

ნეტარი ეფრემი ორმოც წელს აწყურს ეპისკოპოსობდა და სულიწმიდით შემკული, კაცთაგან ჩუმად ჩადენილ საქმეებს ცხადად ჩადენილივით ამხელდა და სასიკვდილოდ განწირულებს სიტყვით კურნავდა.

ასეთები იყვნენ ღმერთშემოსილი მამა გრიგოლის მოწაფეები.

წმინდა ხელმწიფე აშოტ კურაპალატმა მრავალი ქვეყანა დაიპყრო და ააშენა ციხესიმაგრე არტანუჯი დედოფლის სადგომად და მასთან ერთად ბედნიერად ცხოვრობდა მრავალი წლის განმავლობაში, მაგრამ აცდუნა ეშმაკმა ხელმწიფე და მოიყვანა მან არტანუჯის ციხეში მეძავი. და როდესაც შეიტყო გრიგოლმა ეს სულისგამხრწნელი ამბავი, მეტად შეწუხდა და პირისპირ ამხილა ხელმწიფე. ხოლო კურაპალატმა აღუთქვა გრიგოლს, რომ ცოდვას დააგდებდა და დედაკაცს გააგზავნიდა იქ, საიდანაც მოიყვანა. ვერ შეასრულა დანაპირები ხელმწიფემ, რადგან გულისთქმას დაემონა.

ხოლო ნეტარმა გრიგოლმა მარჯვე დრო შეარჩია. როდესაც კურაპალატი არტანუჯიდან შორს იყო, ერთ დღესაც შატბერდიდან წავიდა და შებინდებისას მივიდა ციხესთან. მან კაცი გაუგზავნა დედაკაცს საჭმლის სათხოვნელად და იქ გაჩერების მიზეზი შეუთვალა. გაიხარა დედაკაცმა და მრავალგვარი საკვები გასცა წმინდანისთვის და მისი მოწაფეებისთვის. როდესაც გათენდა, კვლავ გაუგზავნა კაცი, რათა ქალი გრიგოლის სანახავად მოსულიყო. მაშინ კიდევ უფრო გახარებული დედაკაცი ორ მხევალთან ერთად გრიგოლს ეახლა, რათა ღირსი გამხდარიყო მისგან პირჯვრის გადასახვისა.

გრიგოლმა არ გადასახა ჯვარი, არამედ მოშორებით დაჯდომა უბრძანა. მოძღვრის თვალით ნიშნის მიცემისთანავე მისი მოწაფეებიც განზე გადგნენ, ასევე მოიქცნენ მსახური ქალები, რადგან ყველას მოჰფენოდა წმინდანის შიში, მაშინ უთხრა მას ნეტარმა გრიგოლმა:

– ჰოი, საცოდავო, რატომ ჩამდგარხარ ცოლ-ქმარს შორის, შენი სულის საუკუნოდ დასაღუპად. ამაო მიზეზის გამო დიდი ხელმწიფის მაცდუნებლად ქცეულხარ?!

ხოლო ქალმა ტირილით მიუგო:

– წმინდაო ღმრთისაო, მე ჩემს თავს არ ვეკუთვნი, რადგან კურაპალატს გაგიჟებით ვუყვარვარ და ახლა აღარ ვიცი, რა ვქნა, რადგან შენმა ნათქვამმა მეტად შემაშინა.

ხოლო გრიგოლმა უთხრა:

– შვილო, სრულიად დაემორჩილე ჩემს სიტყვებს და მე გიშუამდგომლებ ქრისტესთან, რათა მან თავად შეგინდოს ცოდვები.

ხოლო ქალმა თქვა:

– წმინდა მამაო, შენს ხელთ ვარ, როგორც უმჯობესია ჩემი სულისთვის, ისე იზრუნე.

მაშინღა გადასწერა გრიგოლმა ქალს ჯვარი და დალოცა და მისცა საკუთარი ფეხსაცმლის ზონარი, რათა წელზე შემოერტყა. ქალმა შემოირტყა სარტყელი. ხოლო გრიგოლმა იგი მერეს მონასტერში დედა ფებრონიას ჩააბარა, რადგან თავიდანვე მის მიყვანას დედა ფებრონიასთან ფიქრობდა.

როგორც კი კურაპალატი არტანუჯში დაბრუნდა, ქალი მოიკითხა. რომ ვერ ნახა და შეიტყო ყოველივე მომხდარი, მეტად შეწუხდა. რადგან ხელმწიფე რაიმე ადამიანური ცდუნებით კი არ იყო ტრფიალების მახეში გაბმული, არამედ ეშმაკის ხრიკებით იყო ძლეული, ამიტომაც თავმოყვარეობა დაივიწყა და მაშინვე მერეს მონასტერში წავიდა. ნეტარმა ფებრონიამ დამალა დედაკაცი. როდესაც ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში კურაპალატმა ილოცა და მიიღო დედა ფებრონიასგან კურთხევა, თქვა:

– იცი, დედაო, რისთვის მოვედი?

ხოლო ფებრონიამ თქვა:

– უფალმა იცის, რისთვისაც ბრძანდები აქ.

ხელმწიფემ თქვა:

– იმიტომ მოვედი, რომ ჩვენი სასახლის საგანძურის მცველი ქალი, რომლის ხელთ იყო მთელი ქონება, მამა გრიგოლს აქ წამოუყვანია, ბევრი განძი დაგვაკლდა, უბრძანე, რომ ერთხელ სასახლეში მოვიდეს და ყველაფერი თვლით ჩაგვაბაროს და შემდეგ ისევ თქვენთან დაბრუნდეს, როგორც უნდოდეს.

ხოლო ფებრონიამ უთხრა მეფეს:

– კაცთა ცოდვების მიზეზთა ძიება კვლავ უფრო დიდი ცდუნებაა.62

როდესაც კურაპალატმა ეს გაიგო, შერცხვა სამართლიანი საყვედურის გამო და კარგა ხანს დადუმდა, როგორც ძლეული, რადგან ხორციელად ძლიერ ხელმწიფეს, სულიერად ძლიერმა ადამიანებმა სძლიეს, საღმრთო შურით აღჭურვილებმა. ხოლო შეწუხებულმა კურაპალატმა გულისტკივილით თქვა:

– ნეტა იმ კაცს, ვინც ცოცხალი აღარ არის!

სწრაფად ადგა ხელმწიფე და წასვლა დააპირა, ხოლო დედა ფებრონია მშვიდად ეპატიჟებოდა, სტუმრად დარჩიო, რადგან არ დაემორჩილა მას.

სასწაულებს აღასრულებდა ქრისტე წმინდა გრიგოლის ხელით, რადგან სხვადასხვა სენით დაავადებულები და უწმინდურ სულთაგან ტანჯულნი, მისი ლოცვითა და ცრემლით იკურნებოდნენ მთხოვნელთა რწმენის ძალის მიხედვით.

ამ წმინდა ბერთა შორის გამოირჩა ერთი ღვარძლიანი დიაკვანი, საჰაკ ამირას მიერ (თბილისის ამირა, რომელიც ებრძოდა კლარჯეთის ბაგრატიონებს) აშოტ კურაპალატთან მოციქულად გამოგზავნილი, რომელმაც ნახა, რომ ანჩის ეპისკოპოსი გარდაცვლილიყო და ამ უკეთურმა ცქირმა აშოტ კურაპალატისაგან ანჩის საყდარი მოითხოვა. და როდესაც ძალით დაიპყრო ანჩი, ბოროტება გაამრავლა.

მისი უზნეობა მხილებულ იქნა კლარჯეთში ადრე დამკვიდრებულ ბერთაგან, განსაკუთრებით კი მამა გრიგოლისგან. ხოლო ამპარტავნებისგან ძლეულმა ცქირმა საღმრთო შიში განაგდო და ფარულად იხმო ანჩელი ერისკაცი, ურცხვი და უნამუსო, მაგარი მშვილდოსანი და აღუთქვა 3 გრივი (დაახლოებით 100კგ.) მარცვლეული, ხუთი თხა და გააგზავნა ხანძთას მამა გრიგოლის მოსაკლავად. მაშინ ჩაუსაფრდა მკვლელი ხანძთის ტყეში გრიგოლს და ხელთ ჰქონდა საბელგადაცმული მშვილდი (გამზადებული მშვილდი).

ამ დროს მამა გრიგოლი თავისი სახნავ-სათესი მიწებიდან მარტო მოდიოდა ხანძთაში და თან ზეპირად ამბობდა ეფრემ ასურელის თქმულთა საკითხავთა, ამას ამბობდა ტირილით, გოდებით, ხოლო სულით ხარობდა, რადგან სულიწმინდის მადლით საღვთო ხილვები ჰქონდა. მაშინ უბადრუკმა მკვლელმა იხილა ზეცით მოვლენილი სასწაული – ცამდე ასული მეტად ბრწყინვალე ნათლის სვეტი იფარავდა გრიგოლს, ხოლო წმინდანს თავზე ჯვარი ედგა, ცისარტყელას მსგავსად, მშვენივრად რომ გამობრწყინდება ხოლმე წვიმის შემდეგ. ასეთი დიდება იხილა მკვლელმა და შიშმა შეიპყრო, რადგან ხელი გაუშეშდა და ზარდაცემული იდო მიწაზე.

უთხრა მას ნეტარმა გრიგოლმა:

– უბედურო, ნაბრძანები შეასრულე იმის, რომელმაც აქ გამოგგზავნა, რადგან შენ ხარ ქრისტიანობის უარმყოფელი, რადგან მცირედი სასყიდლისთვის ბერიკაცის სისხლს ცოდვად იდებ; სამი გრივა ფეტვისა და ხუთი თხის გულისთვის მოხვედი ჩემ მოსაკლავად, უგუნურო?!

მაშინ მკვლელი ტირილით შეევედრა მას:

– შემიწყალე, წმიდაო ღმრთისაო, განწირული შენი მკვლელი და ემსგავსე ქრისტეს, რომელმაც შეუნდო თავის მკვლელებს.

მაშინ წმინდანმა შენდობით ჯვარი გადასახა მას და განკურნა, რადგან ეს კაცი მრავალი ცოდვით იყო გვემული და ასე გაუშვა. ხოლო ამ კაცმა ყოველივე მომხდარი უამბო ცქირს, რომელიც უფრო მეტად აღშფოთდა, ცოდვას ცოდვა დაუმატა და ბევრი ბოროტება უყო მამა გრიგოლს, სხვა წმინდა მამებსა და მორწმუნე ერისკაცებს. ცქირმა შეკრიბა ანჩის მოსახლეობა და ხანძთის მონასტრის დასარბევად გააგზავნა. მზის ამოსვლისას მივიდნენ დამრბევები ხანძთას. მამა გრიგოლმა სთხოვა:

– შვილნო, დრო მოგვეცით მე და ჩემს ძმებს, რათა წმინდა ეკლესიაში შევევედროთ ქრისტეს.

მომხდურებმა შეისმინეს მოხუცის სიტყვა. უფალმა ისმინა ბერების ცრემლიანი ღაღადი. წმინდა ანგელოზისგან ეუწყათ მამებს, რომ მათ ბოროტ მტერს ღვთის სასჯელი ეწია. ხოლო მოვიდა კაცი, რომელმაც უთხრა მომხვდურებს, რომ არ გაებედათ დიდებული ხანძთის დარბევა, რადგან ამ ამბის მსურველი ცქირი უკვე მომკვდარიყო.

მაშინ გაიხარა ანჩელმა ხალხმა.

ნეტარი მამა გრიგოლი – ღვთის ნების სამკვიდრებელი (წმინდანებს უწოდებდნენ ღვთის ნების სამკვიდრებელს, რადგან მათში დავანებული იყო ღვთის ნება) – საკვირველმოქმედი მეტად დაბერდა, 102 წლის შეიქნა, მაგრამ არ შეცვლილა, არც თვალთ დაჰკლებია და ჯანმრთელად იყო. სიკვდილამდე იგი არ დაუძლურებულა. მეტად უყვარდა შრომა, მარტო ლოცვა და მარხვა კი არა, იყო კეთილი მასპინძელი და ღარიბთა შემწე.

გრიგოლი მეტწილად შატბერდში იმყოფებოდა, რადგან თავის მონასტრებში მამასახლისები დაედგინა და ისინი ზრუნავდნენ მათზე და რაც უაღრესად მნიშვნელოვანი საქმე იყო, მხოლოდ იმას აცნობებდნენ ხოლმე გრიგოლს, ღვთის მიერ მონიჭებული სიბრძნის მსგავსად, რომელიც მასთან იყო დავანებული მუდამ, ვიდრე აღსასრულამდე.

გრიგოლი მოხუცებულობის ჟამს შატბერდში იყო. საწუხარი ჰქონდათ ხანძთელ ბერებს, რადგან გაეგოთ, რომ შატბერდში მყოფი მათი სულიერი მამის (გრიგოლის) ამქვეყნიური ცხოვრების დასასრული მოახლოებულიყო. მაშინ ყველა ხანძთაში მცხოვრები ბერი, ვისაც კი სიარული შეეძლო, შეიკრიბა და შატბერდში ჩამოვიდა. გაიხარეს შატბერდის ბერებმა, ხანძთელი ძმები რომ იხილეს, მაგრამ, როგორც კი გაიგეს მათი მისვლის მიზეზი, სიხარული მწუხარებად გადაექცათ, ბერებმა ილოცეს ღვთისმშობლის ეკლესიაში და თაყვანი სცეს წმინდა მამა გრიგოლს, რომელიც მონატრებითა და სიყვარულით ყველას ეამბორა და გულითადად მოიკითხა.

მაშინ ნეტარმა მამა გრიგოლმა უთხრა ყველას:

– შვილებო, ქრისტეს ბრძანებით შევიკრიბეთ დღეს, რათა ერთობისა და სიყვარულის სიმტკიცე მარადიულ რჯულად დავუმკვიდროთ მომავალში მონასტერში მოღვაწე ამ ორ ბერს, უფლის სიტყვის მსგავსად, რომელმაც უთხრა მოციქულებს: „ერთმანეთი თუ გეყვარებათ, ამით შეიტყობს ყველა, რომ ჩემი მოწაფეები ხართ“.

ხალხი, ცრემლმორეული, გარს შემოეხვია გრიგოლს, რომელიც მაღალ ადგილას დადგა წმინდანთა შორის, მადლი შესწირა უფალს და თქვა:

– შენ უფალო, მოწყალებით წამიძეხი ამ მხარეებში, სამ ძმასთან ერთად, კეთილმოღვაწე წმინდანებთან, რომლებიც განუწყვეტლივ გწირავენ უსისხლო მსხვერპლს (სამონაზვნო ღვაწლით). ჩემ მიერ ააღორძინე შენი ნების აღმსრულებელნი, ქრისტე ღმერთო, რადგან ტალანტი სიბრძნისა, სიყრმიდანვე რომ მიბოძე, გავამრავლე შენს მორწმუნეთა შორის.

შემდეგ გრიგოლმა შატბერდს ჯვარი გადასახა და თქვა:

– სიკეთით აღორძინდი, შატბერდო, და მადლით შეიმკე და ღვთის ძალით გაძლიერდი. ახლა გემშვიდობები და ვეღარ მიხილავ ხორციელად, ხოლო სულით მუდამ შენთან ვიქნები.94

შემდეგ გრიგოლმა კლარჯეთის უდაბნოს ყველა ეკლესიას გაუგზავნა კელაპტრები და შეუთვალა ის დღე, როდესაც უნდა აენთოთ ისინი და ელოცათ მისთვის.

მაშინ წმინდა მამებმა უთხრეს გრიგოლს:

წმინდაო ღმრთისაო, სამოთხის სიკეთეთა მომლოდინევ, სიმართლისთვის მშიერო და მწყურვალო და მარადიულ სასუფეველში სულიერი საზრდოს ღირსო, ღარიბთა შემწევ. განუშორებელია შენგან ღვთის მარადიული წყალობა. გიხაროდეს და მხიარული იყავი, რადგან სასუფეველში დიდი საზღაური გელოდება, რადგან შენ, პავლე მოციქულის მსგავსად, კეთილად იღვაწე და ღვთისკენ იარე.

მაშინ გრიგოლმა უთხრა ხანძთის ბერებს:

– შვილებო, რომელი მცნებაც ადრევე გაიგონეთ ჩემგან, თქვენი სულების საცხონებლად დაიცავით და მარად მომიხსენიებდეთ. ახლა კი ამას გეტყვით ქრისტეს ჯვრით, ჩემი ნეშტი დამარხეთ ჩემი სულიერი ძმების გვერდით, რადგან არაფრით ვჯობივარ ჩემს ძმებს, მოპოვებული სათნოებით. ჩემი ხორცი მიწას დაუბრუნდება, ხოლო ჩემს სულს შეიწყნარებს უფალი.

ასე შეავედრა სული უფალს და შეუერთდა ანგელოზთა კრებულს, რადგან ანგელოზები და ადამიანები ერთი ბუნებისანი არიან, ადამიანის სულს აქვს ანგელოზებრივი არსი.

ნეტარი გრიგოლი გარდაიცვალა 102 წლისა, ჩვენი წელთაღრიცხვით 861 წელს. მისი გარდაცვალებიდან 90 წლის შემდეგ დაიწერა ეს თხზულება.

ხანძთის წინამძღვრის, მისი ძმის, იოანეს და ამ წიგნის ავტორის, გიორგი მერჩულეს – ამ სამი ადამიანის გულმოდგინებით დაიწერა ხანძთაში გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება.

_____________________

39. სოლომონი – ებრაელთა მეფე ჩვ. წელთაღრიცხვამდე X საუკუნეში, დავით წინასწარმეტყველის ძე. სწორედ მის სიტყვებს ეხმიანება ეს ფრაზა.

40. ასე ეწოდება გრიგოლს, რადგან იგი თავისი ღვაწლით ზეცას და მიწას აკავშირებს.

41. დავითნი – ფსალმუნთა კრებული, რომლის ავტორად ისრაელის მეფე, დავით წინასწარმეტყველი, მიიჩნევა

42. გრიგოლს შეახსენეს ფსალმუნიდან მუხლები და არწმუნებენ, რომ მას შეშვენის უფლის მთაზე ასვლა. მთა წმინდა ადგილად მიიჩნევა მითოლოგიაში, ბიბლიაში ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა მთას უკავშირდება.

43. უსისხლო მსხვერპლი სისხლის დაუღვრელად ქრისტიანული რწმენისთვის გაღებული მსხვერპლია, რაც გამოიხატება: წუთისოფლის დათმობით, უდაბნოში განმარტოებით, ქონების დატოვებით. ბერ-მონაზვნები, ისევე როგორც მარტვილები, თავიანთი ცხოვრების წესით ქრისტეს ჰბაძავენ. მარტვილთა მსხვერპლი ქრისტიანობისთვის სისხლის დათხევა იყო, ხოლო ბერ-მონაზონთა მსხვერპლი „უსისხლო“. მარტვილი ერთხელ ეწამებოდა ქრისტესთვის, ბერმონაზვნობა კი ქრისტესთვის განუწყვეტელი წამება იყო.

44. აბრაამი – ებრაელთა მამამთავარი

45. იგულისხმება მარადიული სანთელი, სულიერი ნათელი. ნათელი ღვთაებას გამოხატავს. ჰაგიოგრაფიაში წმინდანებს ეწოდებათ ნათელი ქვეყნისა.

46. მარადიული ზეთი სიმბოლოა ღვთაებრივი სიყვარულისა, სულიერი სიფხიზლისა, სულიერი სრულყოფილებისა. ეს სიმბოლო უკავშირდება მათეს სახარების იგავს ათი ქალწულის შესახებ. ხუთმა ბრძენმა ქალწულმა ლამპრებისთვის მოიმარაგა ზეთი (ანუ სიკეთით იღვაწა), ხოლო ხუთმა ბრიყვმა ქალწულმა არ იზრუნა ზეთზე (ანუ სიკეთეს არ ემსახურა). ქალწულებს მიეძინათ. შუაღამეს, როდესაც ქორწილის მაუწყებელი ხმა გაისმა, ხუთი ბრძენი ქალწული მიეგება სიძეს (ქრისტეს) და ისინი ანთებული ლამპრებით შევიდნენ ქორწილში; სულელ ქალწულებს კი დაეხშოთ კარი. ისინი ღვთაებრივი ქორწილისთვის მზად არ აღმოჩნდნენ.

47. ოპიზა – ერთ-ერთი უძველესი ტაძარი კლარჯეთში (VIII ს.) ოპიზურ ქვაზეა გამოკვეთილი აშოტ კურაპალატის პორტრეტი. XII-XIII საუკუნეებში აქ მოღვაწეობენ ოქრომჭედლები ბექა და ბეშქენ ოპიზრები.

48. მწყემსი – მღვდელი. ებრაელები მწყემსობას საპატიო საქმედ მიიჩნევდნენ. მწყემსი კეთილი ქრისტეს სიმბოლური ხატია.

49. გრიგოლისგან განსხვავებით, რომელსაც ნაწარმოების ავტორი უწოდებს – ზეცისა კაცს და ქვეყანისა ანგელოზს, ბერი ხუედიოსი მოიხსენიება როგორც ზეცის ანგელოზი, რადგან იგი მარტოა დაყუდებული.

50. მაცხოვრის ეს სიტყვები გვეუბნება, რომ ბაძვა პიროვნების სრულყოფის ქრისტიანული გზაა.

51. აშოტ I კურაპალატი (მოკლეს 826 წელს) ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა მამამთავარი. ებრძოდა არაბებს. თავის რეზიდენციად აქცია არტანუჯის ციხე. „კურაპალატობა“ იყო საპატიო წოდება ბიზანტიის კარზე.

52. იგულისხმება სამარხი ეკლესიაში. გაბრიელი სთხოვს საგვარეულო სამარხს ეკლესიაში.

53. ადგილი ტაო-კლარჯეთში.

54. ქართულ ლიტერატურასა და საისტორიო წყაროებში აისახა ბაგრატიონთა ღვთაებრივი წარმოშობის იდეა. ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის ქართული ტრადიცია უკავშირდება ბიბლიურ მეფეებს, კერძოდ, დავით წინასწარმეტყველს. ამ სიტყვებით გრიგოლი ამ იდეას აღიარებს.

55. კონსტანტინოპოლი – რომის იმპერიის დედაქალაქი, ხოლო შემდეგ ბიზანტიის იმპერიის დედაქალაქი. დააარსა რომის იმპერატორმა კონსტანტინე I-მა. მას მეორე კონსტანტინოპოლს (სხვა იერუსალიმს) უწოდებდნენ, რადგან ეს ქალაქი ქრისტიანული სარწმუნოების კერა იყო.

56. საბაწმინდის ლავრა ერთ-ერთი უდიდესი სულიერი კულტურის კერა იყო. აქ ქართველებს ჰქონდათ ქართულად წირვა-ლოცვის აღვლენის უფლება.

57. ბიბლიის იმ წიგნებს, რომლებიც არ მიიჩნეოდა კანონიკურად, ეწოდებოდათ დაუბეჭდავი ახალი სჯული.

58. აშოტი მოკლეს მოღალატეებმა.

59. აფხაზეთის მეფე დემეტრე II იღვწოდა ქართლიდან არაბთა განდევნისთვის, საქართველოს გაერთიანებისთვის.

60. აშოტ კურაპალატის ძე

61. ეს იყო მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქართული ეკლესიის დამოუკიდებლობის, ავტოკეფალიის გზაზე.

62. ფებრონია კურაპალატს შეახსენებს დავით წინასწარმეტყველის სიტყვებს. დავითი ღმერთს შესთხოვს, დაიცვას იგი ცდუნებისგან, რათა არ დაიწყოს თავისი ცოდვების გამართლება.