The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი - თ


სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი - თ



სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი

სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი

წიგნი წარმოადგენს ერთ-ერთ პირველ მეცნიერულ ნაშრომს ლიტერატურათმცოდნეობაში. მასში დაწვრილებით არის განხილული ლიტერატურის თეორიისა და ლიტერატურათმცოდნეობის ძირითადი ცნებები და კატეგორიები.

ავტორის ტექსტი ქვეყნდება მცირეოდენი შესწორებებით. საილუსტრაციო მასალად გამოყენებული ავტორისეული ციტატები ზოგან ჩანაცვლებულია სხვა ნიმუშებით

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

1 თავისუფალი ლექსი

▲back to top


თავისუფალი ლექსი

ლექსი, რომელშიც ტაეპებისათვის სავალდებულო რიტმი დარღვეულია.

ზოგჯერ ტონურ ლექსში დარღვეულია უკანასკნელისათვის სავალდებულო მახვილთა თანაბრობა, სილაბურში – მარცვალთა თანაბრობა და სხვ.

მაგ:

„სიმღერის მინდა მე წამოწყება, (10)
რომ გაიშალოს გამოცოცხლება! (10)
გამოცოცხლება, გამოცოცხლება, (10)
და არა ძილი (5)
დღეს ერთმა შეხვედრამ ილანდა (9)
დილით” (2) – (გ. ტაბიძე).

მოყვანილ ნიმუშში გვხვდება უთანაბრო ზომის ტაეპები. ზოგ მათგანში 10 მარცვალია, ზოგში – 9, ზოგში – 5 და ზოგი ორი მარცვლისაგან შედგება.

იხ. აგრეთვე: რიტმი, ტაეპი, ტონური ლექსთწყობა

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება,

2 თავრითმები

▲back to top


თავრითმები

ლექსის დასაწყისის შემთანხმებელი რითმები

მაგ:

„ახმეტელი ქალი ვიყავ,
ახ, ნეტავი მეო...“ – (ხალხური)

იხ. აგრეთვე: რითმა

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

3 თეთრი ლექსი

▲back to top


თეთრი ლექსიი

ურითმო ლექსი.

მაგ:

„რას მიყურებ აგრე გაკვირვებითა,
ნუთუ სახე არ გინახავს მუშისა,
მკერდი ღია, ოფლით გასვრილ, მტვრიანი,
ფერით რკინა, კისერჩაჟანგებული.
კაცი გულით, დაჩაგრული ბედითა...
სიყრმიდანვე სიღარიბით დევნილი,
ვის სიცოცხლე ტანჯვად გადაქცევია,
შოვნისათვის მხოლოდ ლუკმა–პურისა...” – (გრ. ორბელიანი).

ძველად, ტაეპის დამთავრებისას, თეთრ ადგილს ტოვებდნენ რითმის ჩასაწერად და, თუ იქ შესაფერ რითმებს ვერ ჩაწერდნენ, გასარითმავი ადგილების თეთრად დატოვების გამო, მთელ ლექსს თეთრი ლექსი ეწოდებოდა.

იხ. აგრეთვე: ლექსი, რითმა, ტაეპი

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება,

4 თემა

▲back to top


თემა

საკითხი, მოვლენა, რის შესახებაც არის თხზულებაში ლაპარაკი. („თემა” ბერძნულად სიტყვა–სიტყვით ნიშნავს საკითხს, საგანს, ფუძეს, საძირკველს).

მაგ: აკაკის „ჩონგურში” ლაპარაკია პოეზიის დანიშნულების შესახებ. მაშასადამე, აკაკის „ჩონგურის” თემა პოეზიის დანიშნულებაა. ამავე საკითხის შესახებ ლაპარაკობს ილია ჭავჭავაძე ლექსში „პოეტი” და ამ ლექსის თემაც იგივეა, რაც „ჩონგურის” – პოეზიის დანიშნულება.

თუ ავიღებთ რომელიმე დიდტანიან მხატვრულ ნაწარმოებს და დავაკვირდებით მის შინაარსს, ვნახავთ, რომ მასში მრავალი სხვადასხვა ხასიათის მოვლენაა აღწერილი. მაგ: „კაკო ყაჩაღში” ი. ჭავჭავაძე გვიხატავს საღამოს სურათს, ლაპარაკობს ზაქროს ბავშვობის შესახებ, აგვიწერს ზაქროს მამის გაროზგვას, ზაქროს შეხვედრას კაკოსთან და სხვა, მაგრამ ეს ეპიზოდები მხოლოდ საშუალებაა იმისათვის, რომ ავტორმა უფრო ნათლად დაგვიხატოს პოემის მთავარი საგანი – ბატონყმური ურთიერთობა. შესაბამისად, „კაკო ყაჩაღის“ თემა ბატონყმობაა.

„ვეფხისტყაოსანში” მოთხრობილია ავთანდილისა და თინათინის, ტარიელისა და ნესტან–დარეჯანის, ფრიდონის ამბები, ქაჯეთის ციხის აღება და სხვ მაგრამ ავტორი მათ შესახებ მოგვითხრობს მხოლოდ იმ მიზნით, რათა დაგვიხატოს თავისი აზრი ადამიანთა კავშირის ძალის, ერთობის მნიშვნელობის შესახებ, ე.ი. მთავარი მოვლენა, რის შესახებაც ლაპარაკობს რუსთაველი ზემოჩამოთვლილ „ამბავთა” საშუალებით, – ადამიანთა სოლიდარობის, ხალხთა ერთობის მნიშვნელობაა (ტარიელი, ავთანდილი, ფრიდონი ერთობლივი ძალით აღწევენ მიზანს – ათავისუფლებენ ნესტან–დარეჯანს).

ხშირად თემა ლიტერატურული ნაწარმოების სათაურის სახითაა მოცემული: მაგ, „ბედი ქართლისა”, „სული ობოლი” (ნ. ბარათაშვილი), „რა ვაკეთეთ, რას ვშვრებოდით?” (ი. ჭავჭავაძე), „ჯანყი გურიაში” (ე. ნინოშვილი), „გამზრდელი” (აკაკი წერეთელი), „ეპოქა” (გ. ტაბიძე) და სხვ.

იხ. აგრეთვე: ეპიგრაფი, თემატიკა, იდეა, მხატვრული სტილი, პოემა

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება,, 1977

5 თემატიკა

▲back to top


თემატიკა

მხატვრული ნაწარმოების ცალკეული ნაწილების თემათა ჯგუფი

ერთობის ძალის მნიშვნელობა „ვეფხისტყაოსნის” ძირითადი თემაა, ხოლო როსტევანის გამეფება, ტარიელის ნახვა, ნესტანის გატაცება, ქაჯეთის ციხის აღება და სხვ., ე.ი. პოემის ცალკეულ ნაწილში აღწერილი მოვლენები, რომლებსაც ავტორი გვიხატავს ძირითადი თემის გაშუქების მიზნით, „ვეფხისტყაოსნის” თემატიკაა.

იხ. აგრეთვე: ეპიგრაფი, პოემა, თემა, ლირიკა, სენტიმენტალიზმი

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება,