ლორთქიფანიძე ნიკო
ქედუხრელნი
შავთა დროთა შესცვალეს მის გული ანდამატისა. აზნაური მიხეილ ყორაშაძე ცხენმა თოხარიკით აიყვანა სერზე და დაბურულ ტყით
სულშეხუთული, უსაზღვრო სივრცეს მისცა.
მის წინ შეერთებული იყო დადუმებული ზღვა და ფერწასული ცა.
ორი მზე სჩანდა - ერთი მაღლა და მეორე ქვევით; ხმელეთი მიმალულიყო; ორი თეთრი სახლი
და ქოხმახები ლანდებად იდგენ რიყეზე.
მგზავრის ყურადღება ხედმა ვერ მიიქცია. მისი თვალები მიაშტერდენ იალქან აშვებულ
ხომალდს. ხომალდისკენ მიმავალ პატარა ნავში მჯდომ ვაჭარს მიხეილმა ხელსაყრელად
მიჰყიდა დათვის ნაღველი, მელიის ტყავი და გარეული ტახის ორი ქსანი ჯაგარი. როცა
უკან ბრუნდებოდა გახარებული, - არც ბაჟი გადამიხდია, აქ ღამის გათევა არ მომიხდება
და საგზალიც არ შემომაკლდებაო, - ნახევრად ტიტველი სვანი წინ გადაეღობა და
სვანურ-მეგრულ-ქართულით აუხსნა, გოგოს მოგყიდი ძლიერ იაფად, თათრებმა არ წაიყვანეს,
გოგო უძლებად არის, და იმ ურჯულოებს ეშინიათ, ჩვენ არაფერი შეგვყაროსო. მიხეილს ჯერ
გაეცინა, რა მყიდველი მე მნახაო, მაგრამ როცა სვანმა მიუთითა, ხურჯინიდან
თავამოყოფილ ჭადზე, - ის მომეცი და მეტი არაფერი მინდაო, იფიქრა, ერთი ჩემ
მზეხათუნსაც გავახარებო და პატარა გოგო ცხენზე უკან შემოისვა.
- ჩამოხტი, შე კაი კაცო! ორივეს ვერ გწიკავთ ეს ვირის ოდენა ცხენი! - მიაძახა
სვანმა უკვე სწორი ქართულით და სიცილი დააყარა.
ამ სიცილს მიხეილზე მაშინვე არ უმოქმედნია, გოგოს ხურჯინიდან ამოღებული ჭადი
მოუტეხა, თითონაც კარგი ნატეხი ჩაბღუჯა ხელში და გზას არხეინად განაგრძობდა,
მაგრამ, რაც დრო გადიოდა, და მზე იხრებოდა, ჩრდილები გრძელდებოდენ და ვერც
მგზავრებს ხვდებოდენ, ყანებშიაც აღარავინ სჩანდა, ჯერ უმნიშვნელო ფიქრმა გაიტაცა,
შემდეგ სიფრთხილე მოაგონდა და ბოლოს შიშმა შეიპყრო.
მართლაც, რად არ ლაპარაკობდა თავიდანვე სწორ ქართულს ეს სვანი? რად ამტვრევდა
მეგრულს, ქართულს და შიგ კიდევ სვანურს ურევდა? ასე იაფად გოგოს დათმობა რა იყო? ან
ეს დაცინვა რას ნიშნავდა?
ხანჯალი მოიმარჯვა გვერდზე, თოფი ხელში დაიჭირა, წელში გასწორდა და გული მოეცა;
მაგრამ ისევ ფიქრმა დააფრთხო: „თუ ეს გოგო მოიტაცეს, მე რა ყარამანი ვარ?! ასე
გულადად მიმავალს რომ დამინახავს მოთარეშე, არ დამზოგავს და მაშინვე დამბაჩას
მესვრის, ერთს გავუძლო, მეორე დამეცემა, ორს გავუძლო - სამი გაჩნდება. მე შენ
გეტყვი, მშიერი და ოხერი ცოტაა!“ იარაღი მიმალა, „საწყალ კაცად ვეჩვენები, გოგოს
წამართმევენ და მე გადავრჩებიო“. ესეც არ იკმარა; თუ წინათ გოგო შეეცოდა და ცხენზე
შემოისვა, ახლა მიხეილმა გოგოს უბრძანა ქვეითად ეარა, და მუდამ-წამს უძახდა.
- გაიარე, შე წყეულო, რა ფეხები გებმება, წელკავი ხომ არ გჭირსო?
გოგოს არ გადადებია ბატონის შიში, მაგრამ შეატყო, რომ ბატონი თუმცა უყვიროდა -
წამოდიო, მოცდას და შეჩერებას კი არ აპირებდა და სამართლიანად ფრთხილობდა, ამ ტიალ
ბუჩქნარში არ დამტოვოსო; უკანასკნელ ძალას იკრეფდა არ ჩამორჩენოდა, ცხენს კუდში
ჰკიდებდა ხელს, რომ სიარული შეემსუბუქებინა; როცა არაქათი გამოელია, ერთი
წაბანცალდა, გზის დაბალ ხსტეს წამოედვა, გადახტა, წაიქცა და გაგორდა.
- ადე, გოგო, ნუ გეშინია, მივედით, აწი ჩვენეთი იწყება. გაუძალიანდი ერთი
სიზარმაცეს!
გოგოზე მეტყველება აღარ მოქმედებდა; მგლის არჩივი ცხენი ხსტეს დაწვდა და ბალახობა
დაიწყო. რატომღაც ცხენის საქციელი მიხეილს ცუდ ნიშნად მოეჩვენა, აღვირი ჩაჰკრა,
ქუსლი ჰკრა და გასწია. გზიდან გოგოს მიაძახა მხოლოდ:
- ალალი იყოს შენზე ჩემი ზრუნვა და ის ორი მჭადიც!
გოგო ამ ძახილზე ერთხელ კიდევ წამოდგა, უნდოდა ცხენოსანს დადევნებოდა, ფეხი აღარ
დაემორჩილა, წინ აღმართულმა ცაცხვის ჩრდილმა მიიზიდა და მიწვა.
ორიოდე საათის შემდეგ მიხეილს ცხენმა უღალატა - აღმართს მიაბჯინა ფეხები და
ვერავითარმა ქუსლმა, შოლტის რტყმევამ და გინებამ ადგილიდან ვერ დასძრა. მხოლოდ როცა
მიხეილმა რტყმევა მიატოვა და გვერდზე მიჯდა, ცხენი ახლო ბუჩქნარში შევიდა და
ბალახ-ბულახი ოდნავ მობლოშნა, მერმე წამოგორება განიზრახა; აქ კი მიხეილი მივარდა,
უნაგირი მოხსნა, აღვირი აყარა, რომელიც წყევლა-კრულვით მასვე მიარტყა - „მგელსაც
შეუჭამიხარო“. თვითონაც მისაწოლად მოხერხებული ადგილის ძებნა დაიწყო, როცა ორი
ცხენოსანის ფეხის ხმა მოესმა.
- სად დაიკარგა ეგ მამაძაღლი? ნამდვილ გაგვასულელა! - ამბობდა ერთი - ამდენა გზას
მის ჯახრიკაზე ვერ გაივლიდა. სადმე გადიმალა უთუოთ.
- დავბრუნდეთ, რას დაუბრუნდეთ, ორ ჭადში მართლა, გოგო როგორ დავკარგოთ?! იმ
მამაძაღლს ფულიც აქვს, - უპასუხებდა მეორე.
ამ ცხენოსნების ჩამოვლამ მთლად თავზარი დასცა მიხეილს. ახლა ბედსაც ემადლიერებოდა,
გოგოსაც და ცხენსაც, რომ გოგოს ვერაგობამ, ცხენის სიჯიუტემ უეჭველ ტყვეობას
გადაარჩინა - გზაზე რომ ყოფილიყო ეს ორი კაცი, ხომ შეჰკრავდენ და, სტამბოლს თუ არა,
ხულოში მაინც ამოაყოფინებდა თავს.
და მიხეილი უფრო გაშორდა გზას, ტყეში შევიდა და დაჯდა. ძილით ვერ დაიძინა. უცდიდა,
იქნებ მდევრებმა უკან ჩამოიარონო. თვალღია გაატარა ღამე. დილითაც ვერ დაიძრა
ადგილიდან, და მხოლოდ შუადღემ რომ მოაწია, უნაგირს მიაკითხა, ცხენი მოიძებნა და
დიდი სიფრთხილით ისევ დაადგა გზას. ბევრი არ უვლია - როგორც კი სამშვიდობოში იგრძნო
თავი, ისევ ჩამოხტა, ცხენი ბალახზე მიუშვა, და დაღლილი, დაქანცული მიეგდო.
მზეხათუნს ის-ის იყო მილულებოდა, რომ გულამომჯდარი მიხეილი ამაყად შევიდა თავის
პატარა სახლში. ძაღლის მხიარულმა წკმუტუნმა და კარის ჭრიალმა დიასახლისი ვერ
გამოაღვიძეს და მოსულმა ნჟღრევა დაუწყო, მოვედი ხომ ჰხედავ, მაჭამე, ფეხი დამბანე
და დამაწვინეო.
ქალს ჩვეულებრივი წუწუნისათვის არ მიუმართნია, რადგან შორიდან მოსულს მართლაც მოვლა
უნდოდა, და თან ახლად დაბრუნებულის ქცევა ამჟღავნებდა, რომ კარგი ამბები მოეტანა.
იმ ღამეს თუ ბევრი არაფერი უთქვამს მიხეილს, მაგიერად მეორე დღეს განცვიფრება
უნდოდა გამოეწვია თავისი მოხერხებით, ვაჭრობის უნარითა და ვაჟკაცობით, მაგრამ
მზეხათუნი იმ წამს გაფითრდა, როგორც კი გოგოს დაკარგვა გაითვალისწინა:
- შენ ყოველთვის ასე იცი, ჩემი სასიამოვნო თუ რამეა, იმას არ დაეძებ, ხელს არ
გაანძრევ, ეს ტანჯვა და ვაება ამაშოროვო.
მიხეილი გულმხიარული სიმშვიდით უპასუხებდა:
- ქალო, ღმერთს მადლობა უთხარი, ფათერაკს გადავრჩი, მეც მოვედი, ცხენიც მოვიყვანე
და ფარაც მოგიტანე - იმ ცინდლიან ძღაბს რას დაეძებ, სულ ორ ჭადზე გავცვალე - შენი
ჭირი წაუღიაო.
მზეხათუნი დროებით დამშვიდდა, მაგრამ მთელი კვირის განმავლობაში საკმაო იყო მიხეილს
ან წყლიანი დოქის მოწოდება ეთხოვნა, ან პერანგის დაკერება დასჭირებოდა, ან ცხენის
საბალახოდ გაბმა გახსენებოდა და თვითონ წასულიყო, მზეხათუნი თავიდან იწყებდა
თავისებურ ჰანგს „აი ახლა შენი ქმრის წყალობით ადექი და თრაქე წყალი, მზეხათუნ
შუმგულაძის ქალო, თითქო ერთი გოგო გაწყვეტილიყოს ქვეყანაზე!“ „ჰო, გადაყევი ამ
დაშავებულ ჯახრაკას, მზეხათუნ შუმგულაძის ქალო! ვაი შენს დღეს, სად დამეკარგე,
გოგო, შენ მაგიერ ამ გასატყავებელს ჯღიბა უნდა გამოუხილო და ვზიდო მისი ფუნა“.
რამოდენიმე დღის შემდეგ ფერმკრთალი მზეხათუნი, გავარვარებულ თონეს დაემგვანა და
რაღაც ნაზად დაუწყო ქმარს მოპყრობა.
- რა გინდა, მაინც აღარ იტყვი ქალო? - ვეღარ მოითმინა შეხუმრება, ჯლიქვის
გაკვრა-გამოკვრა მიხეილმა.
- რა, შენ გენაცვალოს ჩემი თავი, და მე და ჩვენმა პუპიმ ვითვალეთ გუშინ, ვითვალეთ
და შენ ის გოგო დაგიტოვებია, უეჭველია, ქვაყელიას პირზე... აბა სად იქნებოდა კიდო
მეტი, სად დატოვებდი? შენ რომ მოდი, შუაღამე არ იყო. შენ რო თქვი, შეღამებისას
გამექცაო, ჰო და რა შორი გზაა, შეღამებიდან შუაღამემდე...
მიხეილი მშვიდათ ისმენდა და უნდოდა გაეგო, საითკენ მიჰყავს ცოლს მუსაიფი.
- ასე რომ, შენ ნუ მოუკვდები ჩემს თავს, რომ წახვიდოდე და გაიკითხავდე, ქე ნახავ...
ვინ იცის, იქნება გზის პირად ზის და გიცდის.
მიხეილს შერცხვა გულწრფელად აღეარებინა, რომ არც კი იცის დამფრთხალი რა გზით მოვიდა
და სად დასტოვა გოგო. მაინც არხეინად უპასუხა:
- რას ამბობ, დედაკაცო, გადირიე, აქამდი რა მოაცდევინებდა? ან შიმშილი მოკლავდა
ამდენ ხანს და ან ტურა-მგელი დაგლეჯდა ნეკის ოდენა გოგოს.
- ნუ იტყვი, გენაცვალე, მაგას! ქრისტიან კაცს მგელი რავა შეჭამდა, ან შიმშილით რავა
მოკლავდა სოფელ-ქვეყანა?
- თუ ვინმემ აჭამა, კიდევაც წეიყვანდა შინ...
- რავა წეიყვანდა, შე კაცო, მურვან ყრუობა ხომ არ არის. მიხვალ და ეტყვი ჩემი
გოგოათქო...
- ჰო და მოგართმევენ ხონჩით! მზითევსაც გამოგატანებენ!
- ასე იცი სულ! შენ გეხუმრება და მე ცეცხლი მეკიდება გულზე. რა გიჭირს ერთი
მიიარ-მოიარო, გაიკითხო და გამოიკითხო, მოყვრებსაც ნახავ და გოგოსაც მოიყვან!
- კაი ახლა, კაი! სასაცილოდ ნუ გამხდი სოფელ-ქვეყანაში. არ მეტყვიან, შენ გოგოს ამ
ცხენის წყლის პირად რა უნდოდაო! ალიას და ოსმანას უთხრა, გოგო ვერ დავიჭირე - ხელსა
და თვალს შუა გამექცა-თქო?!
მზეხათუნს გულს მოეცა.
- რავა, შენი ერთი შეწითლებისათვის მზეხათუნ შუმგულაძის ქალი სიკვდილამდის მოახლედ
გინდა გყავდეს?! ან რა სამარცხვინოა პატიოსანმა აზნაურიშვილმა არ იკადრე
ბზღირტლიანი გოგოს დადევნება.
- თუ მაშინ არ ვიკადრე, ახლა რას დაღოღავ და ეძებო, - არ მეტყვიან?!
- ღმერთო კი მომკალი! უყურეთ ერთი ამას! გაქცეულ ყმებს დადიანები და ბაგრატიონები
ეძებენ, შენ რა დაგემართება, ბეჩა! არც შვილი გინდა ჩემთვის, არც ძირი, არც გოგო...
შეიძლება ეს? - ატირდა მზეხათუნი.
- ქალო, შვილი არ გყავს, ჩემი რა ბრალია?!
- არა, ჩემი ბრალია, ამასაც იტყვი შენ, შენი კაი კაცობა რომ ვიცი!
მიხეილი თავიდანვე დარწმუნებული იყო, ცოლის ენას თავს ვერ შემოუვლიდა, ერთხანს
მაინც უძლებდა, მიზეზს მიზეზზე იგონებდა, რომ უსიამო მგზავრობა თავიდან აეცილებია.
ბოლოს იჭვიც შეეპარა, ვინ იცის, იქნებ გოგო მართლა ვიპოვნოვო და განუწყვეტელი
პაექრობის შედეგად ცხენს ლეღვის ნეშო გადაუსვა, უნაგირი შეადგა, საგზლით სავსე
ხურჯინი უნაგირის კეხსა და ბალიშს შუა გადიკიდა, გაჭირვებით ცხენზე შეჯდა და
საძებრად გაემგზავრა.
- ვინაა ეს საცოდავი? ვაი და ვუი მის საცოდავ დედას! - და მოხუცი ქალი უფათურებდა
როგორც კი შეეძლო, წამოაყენა, წელზე ხელი მოხვია და შინ წაიყვანა.
გოგო მთელი დღე ძილად იყო მიგდებული.
ღამით გამოეღვიძა. მის წელზე თავი დაედვა ბიჭს და ეძინა. პირველად არ იცოდა რა
ექნა, შემდეგ წელი თავიდან ფრთხილად გამოაძვრინა, ფეხზე წამოდგა, ნიგუზალს წაედვა
და შეაკივლა.
- რა გინდა, გოგო, რას დაბორიალობ?
გოგომ რაღაც უპასუხა, და თანაც კარი გააღო და მკრთალ სინათლეზე დოქს დაწვდა და
წყალი დიდხანს სვა.
დილას ბიჭმა რომ გაიღვიძა, მის გვერდით მწოლიარე გოგო დაინახა, შერცხვა და
სასწრაფოდ ადგა.
როცა პატარა გოგომ „საიმედოთ სჭამა“, მოხუცებულმა ქალმა ბიჭს უთხრა:
- მაინც არაფერს აკეთებ, მადლია ამ გოგოს შენ მიხედო, შენი სტუმარია, მე წავალ,
ათასი საქმე მაქვს, თორემ მართას იმედი, შენი არ იყოს, ჩემ მტერს მიეცა. ოფოფებს
დასდევს...
- კი, ბიცოლა, კი! სოკოს რომ დაგპირდი, იმასაც მოგიტან.
მუნჯურათ, ერთი და იმავე სიტყვის ათასჯერ განმეორებით გოგო ბიჭი ყველაფერს
აგებინებდა ერთმანეთს.
ბიჭმა გაიგო, რომ გოგოს ძატუ ჰქვია, ვიღაც ბატონს აქ მიუტოვებია.
ბიჭმაც გააგებინა, მე ივანე მქვია, ეს სახლი ჩემია. მამა მექოთნე მყავდა, მომიკვდა,
დედა ნათესავებს შეეკედლა, იქიდან უფრო მოგეხმარებიო და მართლაც მიგზავნის ფქვილს,
ტანისამოსსო.
ძატუმ დიდსავით დიასახლისობას მაშინვე მიჰყო ხელი, თუმცა დიდი მისალაგებელი, ბევრი
საკმაზი შესაწვავ-დასაცხობი არაფერი ჰქონდათ. უმარილო ფხალით, ღერღილიანი ღომითა და
პანტა ვაშლით მაძღრები იყვნენ და მთელ დღეს ნადირობდენ და ლაპარაკობდენ.
ივანემ იშოვა საუკეთესო მსმენელი, ისეთი როგორიც ჯერ არ ყოლოდა.
როგორც თვითონ ივანეს სჯეროდა, ისე იჯერებდა ყველაფერს ძატუ: ცხრათავიანი
გველეშაპი, ნატვრის თვალი, უკვდავების წყარო ივანეს სწამდა, როგორც რაიმე არსებული,
აგერ მთის გადაღმა მყოფი საგანი. ზღაპარი ხომ ნამდვილი ამბავი იყო ნაცნობთა შორის
მომხდარი და ძატუც უდასტურებდა, თითქოს მასაც ენახოს ფასკუნჯი, ოქროს მდებელი ვირი,
მოლაპარაკე მელია და ჯადოსანი დედაბერი.
მაგიერად ნანახსა და განაცადს ივანე ისე მოჰყვებოდა, ისე შეაფერადებდა, რომ თვითონ
განცვიფრებული რჩებოდა და სხვასაც აკვირვებდა. ძატუც იჯერებდა და თან განცვიფრებაში
მოდიოდა.
ერთ დღეს წაიხამსეს თუ არა, ივანემ რაღაც მზადება დაიწყო და უხსნიდა ძატუს.
- ჩვენში დიდი ქალბატონია, როსკანი ჰქვია... სასახლე აქვს, ყველა, რაც გინახავს
სახლები, რომ შეკრიბო, მისი ერთი ოთახი არ გამოვა. თითებზე სულ ვარსკვლავები
უთამაშებს; ცხენი ჰყავს, ერთი კი არა, ათასი, მთას გადაახტებიან... ჰო და იმან
ბრძანა, ვინც თეთრ მიმინოს მომიტანს, ერთ ცხენს ვაჩუქებო. რძლისთვის უნდა -
ტერეზიასთვის - ისეთი ლამაზია, ისეთი, რომ ტყის ქალი ხომ გინახავს, იმას სჯობია. მე
უნდა დავიჭირო უსათუოდ თეთრი მიმინო და ცხენს მომცემენ. შევჯდები და წავალ, ამირანს
მიუყვან...
- ქო!
- იცი ვინ არის ამირანი?
- ვარი... არა, - შეასწორა ძატუმ...
- რომ მოვალ, გეტყვი.
- ერთი მიმინო დავიჭირე, უბრალო მიმინო, მოურავმა წაიყვანა და აი ეს ქუდი მაჩუქა.
ივანემ კედელზე ჩამოკიდებული ქუდი ჩამოიღო და გოგოს დაახურა.
- მიჩუქებია შენთვის.
- მადლი, მადლი.
ბიჭს შეენანა თავისი ქუდი, გოგომ შეატყო და დაბრუნება მოინდომა, მაგრამ ივანემ
ძალით ჩამოაფხატა თავზე, დასტაცა ხელი ბადეს და ღაჟოს და გაიქცა.
გახარებული გოგო ცალფეხზე შემოტრიალდა.
ივანე გვიან დაბრუნდა, თან თევზები და კიბოები მოიტანა, მარა სახე გამოცვლილი
ჰქონდა.
- რა დაგემართა? - ჰკითხა ძატუმ.
ივანე ერთხანს ხმას არ იღებდა. შიში გადაედო.
ივანემ, როგორც იყო, ხმა ამოიღო.
- რომ წავედი, მაშინ მიმინოზე ნადირობა ადრე იყო და ერთი ადგილი ვიცი მდინარეში,
თევზაობა დავიწყე... ა, ეს კიბო და თევზები დავიჭირე, მერე გამოვედი და
ჩაუსაფრდი... ბადე გავშალე, ღაჟოს უფეთქებდი. უცბად რას ნახავ?.. უშველებელმა
არწივმა დაიწყო ჩემს თავზე ცაში სრიალი. ტანში გამბურძგლა. ეს კი ჩამივარდა
ხელში-თქო, ვიფიქრე და უფრო გავშალე ბადე და უფრო ავაფეთქე ღაჟო. მაგრამ ღაჟო
ჯოხიდან გადმოვარდა, და ბალახში უნდოდა შეძრომა. მეც ბადე ხელში გამიშეშდა.
გაგონებით კი გამიგონია, ნახვით კი არ მენახა ასეთი ამბავი. შორს ფრიალო ქვებზე,
სადაც მზე ძალიან აცხუნებდა, აღიმართა ვეებერთელა გველის თავი, რომელიც ქანაობდა,
სისინებდა და უფრო და უფრო ზევით და ზევით მიიწევდა... არწივმა ერთი კიდევ გააკეთა
წრე და შურდულივით დაეცა გველს; გველმა ვერ მოასწრო კბენა და თავდაყირა ღვედივით
ჩამოეკიდა ისევ აღმა მიმფრინავ არწივს, მაგრამ მალე გამოერკვა, მთელი ძალ-ღონე
მოიკრიბა და ნელ-ნელა თავი ზე აწია - უნდოდა ეკბინა არწივისთვის. სწორეთ იმ წამს,
როცა მკერდისთვის უნდა მიეღწია, გველი ტრიალით ქვე წამოვიდა და ქვას დაასკდა...
დავარდნილმა გველმა კიდევ მოასწრო ზე აღმართულიყო; წინანდელი ხერხითვე არწივი
დასწვდა გველის კუდს, აიყვანა ზევით, უფრო მაღლა, ვიდრე პირველად. რადგან გველმა
ისე მკვირცხლად ვერ ასწია თავი, ვერ აიტანა წელი და ვერ მიუახლოვდა არწივს და უშვა
ხელი; გველი მეორეჯერ დავარდა. ახლა უკვე გაქცევა უნდოდა, არწივი როცა თავს დაეცა,
გველმა სინჯა თავი წამოეწია, მაგრამ ვეღარ შესძლო. ახლა არწივი თითქმის დაიკარგა
ცის სიმაღლეში და იქიდან გადმოაგდო ურწმუნო. დავარდნილს სიცოცხლის ნიშან-წყალი აღარ
ჰქონდა, არ იძვროდა. არწივი ნელა დაეშვა, მსხვერპლს დახედა, თამამად ჩაჰკრა
ნისკარტი თავში, წაიღო მძორი და მიიმალა.
თვალებ-გამოპრაწულ ძატუს რაღაც უნდოდა ეთქვა, რომ ვიღაცამ თავზე დააძახა მას:
- რას აშინებ, ამ საწყალ გოგოს, აი შე მეზღაპრია, შენ! თუ ამისთანა ბიჭი ხარ, სადაა
რომ დამპირდი ოფოფს დაგიჭერო?!
- ერთს კი არა, ორს დაგიჭერ, მეიცა პატარა, სული მომათქმევინე ერთი, ხომ გაიგონე რა
ვნახე.
- ნახე, ღმერთი გიშველის შენ ისე! ასე იცი შენ ყველაფრის გაზღაპრება, - გულმოსული
უთხრა ქალმა და წავიდა.
- იცი ვინ არის ის? - მიუბრუნდა ივანე ძატუს, - მართაა, ჩემი ბიძაშვილი. ქმარი
უნდა, და თუ მათ ეზოში რომ ოფოფები დადიან დავიჭირე, უსათუოდ გათხოვდება. რამდენი
ხანია მეხვეწება! უნდა დაუჭირო... შენც მომეხმარე.
მეორე დღეს ივანე და ძატუ შეიფუთნენ გვიმრით, ანწლითა და ტირიფის შტოებით და
შეფუთნილი ბადით ხოხვითა და განსაკუთრებული სტვენით დაუწყეს დევნა მართას ეზოში
მოგოგმანე დედალ-მამალ ოფოფს.
ხოხვა და სტვენა დიდხანს გაგრძელდა, მაგრამ ბოლოს ერთის მაგიერ ორი ოფოფი ერთად
დაიჭირეს სწორედ იმ დროს, როცა მოულოდნელმა სტვენამ ორივე განაცვიფრა და ჯიღა
ისარივით დააყენებინა.
მართას სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა - ამ წელიწადში უეჭველად გავთხოვდებიო. ივანე
დიდხანს ეხვეწა, ორი ოფოფი რად გინდა, ერთი დამიბრუნე ქალბატონის პატარა გოგონას
წაუყვანო - უნდოდა ეთქვა გამონაცვალს მაჩუქებსო და ძატუს ჩავაცმევო, მაგრამ არ
უთქვამს - შერცხვა. ბატონების საჩუქარი მხოლოდ იმედი იყო, მართამ კი ნამდვილათ
გამოუტანა მათ თითო ნაგები ღომი და ერთი პატარა ჯამი ლობიო, რასაც ხარბად დაეწაფა
ორივე, სანამ ბიცოლამ არ დაუძახა:
- ივანე, ბიჭო, მოდი აქ, გოგოც მოიყვანე. ვიღაც კაცი კითხულობს.
და მიხეილმა გზას გადაუხვია, ხის ძირი დაათვალიერა და მინდორს დაადგა. ბილიკს
წააწყდა. მას გაჰყვა და პატარა ეზოს მიადგა. „მასპინძელო, მასპინძელოს“ დაძახება
ვერ მოასწრო, რომ მის წინ პატარა ძაღლთან ერთად გამოჩნდა მოხუცი ქალი, და
გადაძახების შემდეგ მოირბინა გოგო-ბიჭმა.
და ეს გოგო იყო მისი გოგო, ასე იაფად ნაყიდი და ასე ადვილად დაკარგული.
დიასახლისს ბევრი არ გაუჯანჯლებია საქმე, - ეტყობოდა, გოგოს დატოვება მაინცა და
მაინც არ უნდოდა. ოღონდ რაღასაც მოელოდა. და მცირე ყოყმანისა, რაღაც კრიმანჭული
ლაპარაკისა და შევაჭრების შემდეგ მიხეილმა გადასცა სპილენძის ორი პატარა ფარა,
რომელიც ქალმა მაგრად ჩაბღუჯა ხელში. მიხეილმა წყალი მოითხოვა, დალია და ბატონი და
გოგო დაადგენ გზას.
ქალბატონი მზეხათუნის წყალმანკიანი მუცელი გაჭირვებით დაჰქონდათ დასივებულ ფეხებს.
გოგომ არაფერი იცოდა, მოსაზრებაც ვერ ჰქონდა მკვირცხლი, მაგრამ მიტან-მოტანისთვის
ზედგამოჭრილი იყო და ყველაფერზე მკვირცხლად ამბობდა: „ქო პატენი!“ გოგო და
ქალბატონი ერთმანეთს შეეთვისენ: პატარა გოგოს, როგორც ეტყობოდა, მშობლების სახლშიაც
არ ქონდა დიდი პატივი, და მზეხათუნის სუფრის ნარჩენი, და ათასჯერ მიკერილ-მოკერილი
სამოსი სავსებით აკმაყოფილებდა... მზეხათუნმა კი ჯერ ერთი, დიდკაცობაში შესდგა
ფეხი, - მოახლის ყოლა ხომ ყველას არ შეეძლო, - მეორე, სირბილი აღარ სჭირდებოდა.
გავიდა წელი, პირველ წელს მოყვა მეორე და მეოთხე და მათ შეხმატკბილებულ ცხოვრებას
თითქოს ვერაფერი დაარღვევდა, რომ ერთ საღამოს ორჯერ-სამჯერ დაძახებული მზისავარი
(ასე მონათლა დიდის შინაგანი ყოყმანის შემდეგ მზეხათუნმა მეგრელი გოგო ძატუ)
ზანტის, ერთის მხრიდან მეორე მხარეზე გადაქანებული აჯაბაჯათი მიუახლოვდა თავის
ქალბატონს. დაგვიანება, უცნაური სიარული, აჭორფლილი სახე, უეცრად მოხვდა თვალში
მზეხათუნს და თითქოს ელვამ წყვდიადი გაანათაო.
- მიადექი ამ კედელს! - უბრძანა ქალბატონმა, და გოგომაც ბრძანება აასრულა.
- ასე არა... თავი, ქუსლები და ზურგი რომ მიეკრას კედელს... აი ასე - და მზეხათუნი
ხელით მიეხმარა, რომ ბრძანება ზუსტად ასრულებულიყო - ახლა ხელები ასწიე ზევით, რაც
შეგეძლოს, ჰო, გააჩერე ასე, - და ქალბატონმა გვერდიდან გახედა გოგოს მუცელს, დიდი
კვლევა-ძიება არ იყო საჭირო - ყველაფერი ნათლად სჩანდა.
- უი, თვალი კი დამიდგა! რას ვხედავ ამას?! ორსულია, ორსული, დედა ნუ წამიწყდება! -
მზეხათუნს უნდოდა ერთი მიერტყმია, მაგრამ შეჩერდა, ტახტზე დაბრძანდა განაჩენის
გამოტანას შეუდგა.
- ორსულად ხარ ხომ?! - შეეკითხა ქალბატონი.
პასუხი არ იყო საჭირო, საწყალი გოგო ისე კანკალებდა, ისე იკუჭებოდა და სახეს
ხელებით ისე იფარავდა.
- ვისია? - მაგრამ ეს კითხვაც ზედმეტად ეჩვენა მზეხათუნს, - სულწაწყმენდილი ჩემი
ქმრის, აბა ვისი იქნება, - თვითონვე მისცა თავისთავს პასუხი.
- ბატონისაა ხომ? ამოიღე ხმა, შე ეშმაკის ფეხო!.. - მაგრამ ჩვეულებრივი „ქო პატონი“
მაინც ვერ გაიგონა და გაბრაზებული წამოიწია და მიაძახა:
- არ დაგინახოს ჩემმა თვალებმა, გათხარე მიწა და ჩაძვერი შიგ. დამეკარგე აქედან.
პირზე ხელაფარებული ძატუ ზლაზვნით გაშორდა.
- რას ბრძანებ, ქალბატონო?! - თავის მხრით შეეკითხა მიხეილი.
- ჰო, ორსულათაა... ვისი უნდა იყოს ნეტავი?
- იმ ბიჭისაა, აქ რომ დაეთრეოდა წამდაუწუმ.
- ნუ წაიწყმენდ სულს, რას ერჩი იმ საცოდავ ბიჭს, არც დასიზმრებია.
- რავა არ დასიზმრებია! საჩუქრები რომ მოჰქონდა, რა იყო აბა?
- რა საჩუქარია, დედის ნაქონი ორი ღილი და სამი კაკალი თაღლითი!
- აბა დედოფლის ჯიღას ხომ ვერ მოუტანდა? რაც ჰქონდა, ის მოჰქონდა - ხან პანტა
ვაშლი, და ხან მძივი.
ამ ოთხ წელიწადში სულ ოთხჯერ თუ იყო, შე კაი კაცო!
- შე დალოცვილო, ოთხი მოსვლა არ ეყოფა ერთი ზღმურტლიანი ბაღანეის გაკეთებას?!
გელათის მონასტერი ხომ არ არი, წლობით აშენოს კაცმა.
- უი, უი! რას ამბობს ეს უნამუსო?! რავა აყროლდა და ააყროლა ყველაფერი! - შეკივლა
მზეხათუნმა.
- რა გენაღვლება ახლა, მზეხათუნ ჩემო, ერთი გოგო ან ბიჭი რომ შემოგვემატოს. უნდა
გიხაროდეს კიდეც. და, თუ ქალი ხარ, სოფელ-ქვეყანას ნუ შეაწრიალებ - შენც სასაცილო
გახდები და მეც. ისე ჩუმ-ჩუმად ასეთი ამბავი ყველგან ხდება.
მიხეილმა რა თქმა უნდა, იცოდა, რომ თვითონ არაფერ შუაშია. დარწმუნებული იყო რომ
ბავში იმ ბიჭს ეკუთვნის, რომელთანაც თავი შეაფარა ოდესღაც გაქცეულმა ძატუმ და
რომელიც მოდიოდა და ეკურკურებოდა, მაგრამ თავგამოდებით არ უარყოფდა თავის მამობას -
უნდოდა მზეხათუნისათვის დაემტკიცებია, უშვილობა შენი ბრალიაო და ჯერ კიდევ ჭარმაგ
ვაჟკაცად თავი გამოეყვანა.
- უი, უი, ფუი ეშმაკს - დარჩენოდა მხოლოდ წამოეძახნა მზეხათუნს და მარტო შედგომოდა
ამ უბედურობის თავიდან ასაცილებლად საჭირო ზომებს, მაგრამ სანამ დამხმარედ არ
გამოჩნდა მთელი მიდამოს ხან მოწვეული და უფრო ხშირად უწვევი დამრიგებელი ქალბატონი
პუპი, მანამ მზეხათუნმა საქმეს თავი ვერ მოაბა.
მიჯნურობის მხარეს ყველაზე ნაკლებად აქცევდა ყურადღებას მზეხათუნი. ავადმყოფ ქალს
ხვევნა-ალერსი თითქმის ათი წელია აღარც კი აგონდებოდა, მაგრამ არ შეეძლო გულგრილად
ეყურებინა, მის დოვლათს როგორ დაეპატრონებოდა ვიღაც ორ ჭადში გაცვლილი მურტლიანი
გოგო. გაეგდო? და აღარ ყოლოდა მოახლე? ქალბატონი ისე შეეჩვია ქალბატონობას, და ახლა
ამ სიბერის დღეს სადღა შეუძლია ცეხვა, რეცხვა, ბოსტნის გამოხილვა, საქონლის ფუნის
გატანა. არ შეუძლია, სწორედ არ შეუძლია, კმარა, რაც სიყმაწვილეში თავი ჩააკლა, წელი
ჩააწყვიტა ამ უმადურ ოჯახს.
- დავტოვო? - მეათეჯერ ეკითხებოდა თავისთავს მზეხათუნ, - და უყურო ჭვრიტიმალიდან,
როგორ ალერსობენ? არ შემიძლია, არ შემიძლია! რა ვქნა?
ასე ფიქრობდა მზეხათუნი, როცა ჭიშკარში ჩამოვიდა პუპი და ისე დაადგა თავზე, რომ
ფიქრში გართულს არც შეუმჩნევია.
- უი, უკაცრავად გენაცვალე... - დაიწყო ბოდიში მასპინძელმა.
იგივ მხნე, იგივ მღერალი, მოყვარე თავის მიწისა.
გრ. ორბელიანი.
**
სისხამ დილას ჩიტ-ბადითა და ღაჟოთი გამოსული თოთხმეტიოდე წლის ბიჭი მეტად სახტად
დარჩა, როცა ხის ძირში ხელებ-გაშლილი, პირაღმა მწოლარე პატარა გოგო დაინახა; ჯერ
მოერიდა და უკან დაიხია, ცალი თვალი მაინც გადაავლო და შეამჩნია, რომ გოგოს მხოლოდ
მოკლე პერანგი ეცვა, სახე გალურჯებოდა; თუმცა მზის სხივი თვალებში სცემდა, მაინც
ღრმად ეძინა, და ასეთი ვინმე მათ სოფელში არვინ ეგულებოდა. ბიჭი უკანვე დაბრუნდა და
მალე მოიყვანა მოხუცი ქალი, რომელსაც სულ პატარა, ცნობისმოყვარე ნამტირალებ
თვალებიანი ბავში მოჰყვებოდა. მოხუცმა ქალმა ოდნავ შეანჟღრია თუ არა, გოგონას
გამოეღვიძა, წამოჯდა და დაიწყო „ქო პატენი“, რომლის დანარჩენი სიტყვები ვერცერთმა
ვერ გაიგო.
**
ჭიშკრიდან გადმოსული მიხეილი მზეხათუნისა და პუპის გამოანგარიშებაზე არ დამდგარა,
იცოდა, რომ ლაჩრის სახელის თავიდან ასაცილებლად ოსტატურად შესცვალა ბავშის გაქცევის
დრო, ადგილი და მიზეზი. და ახლა, რაც კი გზაზე მიდიოდა, სულ ფიქრობდა, სად დაშორდენ
ერთმანეთს ის და გოგო. თუმცა ადგილი ვერ წარმოედგინა, მაგრამ იმედი უფრო და უფრო
უმტკიცდებოდა, რომ გოგოს ნახავდა. „აი აქ ცხენი წამიფორხილდა“. „აქ ჩვენი კორტოხი
დავინახე და დავმშვიდდი“. „აქ მეძინა“, „აქ იყო ამ დაღმართში, რომ ეს სამგლე (და
სიბოროტით ცხენს ორივე ქუსლი ჰკრა) გამიჩერდა“. „იქ იმ ჩიგვნარში მივიმალე“. „ააა,
მამა ნუ წამიწყდება, აქ იყო ის ძღაბი რომ გამექცა, ა, ის ხე, სადაც გოგო გაგორდა“.
**
- ორსულათაა მზისავარი, - დაიწყო მზეხათუნმა წვრილათ.