დუმბაძე ნოდარ
დიდრო
სხვამ რომ ჩინ-მედლები ჩამოიტანა რუსეთ-იაპონიის ომიდან, ედემიკა ვეშაპიძემ
პორტ-არტურიდან მამალი ათაშანგი ჩამოიტანა, მერე თავის და დაფინო აფხაზავას
ტვინგაწყალებულ ნაყოფს დიდრო დაარქვა და ვითომ აქ არაფერიაო, ისე დაიკრიფა გულზე
ხელი და ისე ათრევია თავი ოთხ მუტრუკს კონცხოულას სასაფლაოზე. ობლად დარჩენილმა
დიდრომ, თავის მხრივ დედა უტირა თავისი დიდი სეხნიის, ფრანგი განმანათლებლის დენი
დიდროს მოძღვრებას ადამიანის თანდაყოლილი ნიჭის შესახებ და სადღაც ორჯერ ორსა და
სამჯერ სამს შორის რომ ღობეა, იმაში გაეკვეხა თავით სამუდამოდ.
– ეუ! დიდროია, პორტ-არტურის შპიონო!
– ეუ! დიდროია, იოამას ნაბიჭვარო! – გაჰკივიან სუფსის ჭალაში გუთურელი ბიჭები და
სიცილით ასკდებიან ერთმანეთს.
– დადექით, თუ ბიჭები ხართ, თქვე შობელგაღლეტილებო. და გიტირებთ დედის სულს! –
ბღავის დიდრო და მოღერებული ქვით დასდევს ჭალაში გაფანტულ ბიჭებს.
– დიდროია ბურძგალა!
– დიდროია ხაბაკა!
– დიდროია ქაფურა! – მიჰკივიან სუფსის ჭალაში ძუნძულით მიმავალ დიდროს გუთურელი
ბიჭები და მერე სამგელიას მორევში იგრილებენ გახურებულ ბეჭებსა და ცხელ ქვიშაზე
სირბილით დაფუფქულ ფეხისგულებს.
ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, დიდროიას მოღერებული ქვა ესროლოს ბავშვებისათვის,
მოიქნევს ხელს, მერე იმ მოქნეულ ხელს შუაგზაზე მოთოკავს, ისე დახედავს იმ რიყის
ქვას, თითქოს ქვა კი არა, მარგალიტი იყოს და სასოებით ჩაიდებს დაკონკილ შარვლის
ჯიბეში.
დიდრო და დიდროსნაირი სახელები ვის გაჰკვირვებია გურიაში. მარტო გუთურში სამამულო
ომამადე 4 ოტელი, 8 ჰამლეტი, 7 შექსპირი, 5 დეზდემონა და 3 ოფელია ცხოვრობდა,
მაგრამ წივილ-კივილითა და ჟივილ-ხივილით არავინ დადევნებია. დიდრო სხვა იყო. დიდრო,
გარდა იმისა რომ დიდრო იყო, კიდევ ბურძალა იყო, ხაბაკა იყო და ქაფურა იყო.
ბურძგალა იმიტომ იყო დიდრო, რომ თმა ჰქონდა ზღარბივით აბურძგნული და, გარდა ამისა,
ნიძლავზე, ხიდან ჩამოგდბეულ წაბლს ბურძგალას შიშველი ფეხით აცლიდა.
ხაბაკა იმიტომ იყო დიდრო, რომ მაგაზე მეტ სიმძიმეს კაცი ვერ წევდა. რამდენჯერ
მინახავს, როგორ მიაცილებდა სამ მანეთად ან მანეთად ორივე მხარზე
ხურჯინებგადაკიდებული და გაძეძგილი კალათებით მკლავებდაწყვეტილი დიდრო სოფლიდან
რაიონულ ცენტრში ვიღაცას. კაცი ან გამოუცდელი ან ხვადაგი უნდა ყოფილიყო, ასეთ დროს
დიდროს რომ მისალმებოდა. მე შენ გეტყვი, არ გაგიჩერდებოდა, ბარგს ჩამოდგამდა,
ჩამოჯდებოდა, დაისვენებდა და ისე გამოგელაპარაკებოდა. დადგებოდა ასე აქლემივით
დატვირთული, კისერწაგრძელებული, თვალებგადმოკარკლული და გაგიბამდა მუსაიფს.
– ვისი ხარ შენ, კი ვერ გიცანი!
– მე ვარ ნოდარი, ქიშვარდის ბადიში!
– აუ, რა კატლეტს მაჭმევდა უფასოდ ბაბუაშენი გუთურის სასადილოში პოვრად რომ
მუშაობდა. საიდან მოდიხარ?
– ქალაქიდან.
– ხომაა მშვიდობა?
– კი.
– რამდენი დღით ჩამოდი?
– ერთი კვირით.
– აუ, რას დამგვანებიხარ, ბიჭო! ერთი კვირა გამოგაკეთებს შენ?
– დიდროია, გამოადგი ფეხი, მაგვიანდება ავტობუსზე! – აჩქარებს ბარგის პატრონი.
– მაცალე, ბიჭო, კაცთან ლაპარაკი. თვარა დაგიყრი ამ ხაბაკს აგერ შარაზე და გადაიხიე
ის შენი სამი მანეთი თავზე! – აფრთხიელბს ბარგის პატრონს, – ლადიკოს ბიჭია,
კალანდაძის, – მაცნობს შემდეგ მე.
– ვიცნობ, დიდრო!
– აუ, რა გაუხარდება მამიდაშენს ახლა შენი დანახვა! გაიგებდი ალბათ, გველმა რომ
უკბინა თამაზის, შენს მამიდაშვილს!
– აქ არ ვიყავი, დიდროია, მაშინ? – გავახსენე დიდროს.
– ისიც გეცოდინება, აბა, ჯარში რომ წაიყვანეს!
– მაგიც ვიცი!
– ყველაფერი თუ იცოდი, რაღას მოდიოდი, ვერ დარჩი ქალაქში? – ეწყინა დიდროს.
– გავბრუნდები, აბა, უკან, რადგან ასეა! – ვეუბნები დიდროს.
– ფეხი არ მოიცვალო აქედან, მივურბენიებ ამ გლახას ამ ხაბაკს ავტობუსამდე და ამ
წუთში აქ გავჩნდები! – მეუბნება დიდრო და ძუნძულით გარბის. მერე უცებ ტრიალდება მე
მეხვეწება: – არ დამიძახო ბიჭო, ახლა, დიდროია ხაბაკაო, და რომ მოვბრუნდები, უფულოდ
წაგიღებ მაგ ჩემოდანს სოფელში. მაინც იქით მაქვს გზაი.
ყელში მობჯენილ ბურთს ძლივს ვაბრუნებ უკან და ღიმილით ვუქნევ თავს დიდროიას. ღიმილს
ვამბობ, თორემ ვაი ასეთ ღიმილს, ერთი ტირილი ქვეყანას მირჩევნია. მერე ჩემოდანს
ვდგამ გზის პირას, ზედ ვჯდები და ძუნძულით მიმავალ დიდროიას ველოდები.
რაც შეეხება ზედმეტ სახელს „ქაფურას“, იგი ამ სამი წლის წინ შეერქვა დიდროს ჩემი
თანდასწრებით.
●
საზაფხულო არდადეგებზე გახლდით ჩასული სოფელში. კვირა დღე იყო. მთელ გუთურელ
ლაზღანდარებს საპარიკმახეროში მოეყარათ თავი და გაფაციცებით ადევნებდნენ თვალყურს
დალაქ ექვთიმე ყვაპუტასა და დიდროს პაექრობას. საპარიკმახეროში რომ შევედი,
პაექრობა კარგა ხნის დაწყებული იყო და ჩემთვის ყურადღება არავის მოიქცევია.
– დიდრო ბატონო, კიდევ ერთი ამოცანა მკითხე და თუ ვერ ამოვხსენი, მთელი თვე უფასოდ
გპარსავ. – ეხვეწებოდა ექვთიმე ყვაპუტა დიდროს (ექვთიმეს – „ყვაპუტას“ მისი მორჩილი
ტანისა და სიმსუქნის გამოე ეძახდნენ. მთელ სოფელში ექვთიმე ერთადერთი კაცი იყო,
რომელიც დიდროს ბატონობით ელაპარაკებოდა. დიდრო, რა თქმა უნდა, დაცინვას ვერ
ხვდებოდა და „ბატონოს“ ღირსეულად იფერებდა).
– კარგი, აბა, თვითონ, ბატონო ექვთიმე, მითხარი მე შენ, ორი ქვეყნის: ამერიკისა და
იაპონიის საზღვარზე მამალი ზის ღობეზე, თავი იქით აქვს – იაპონიის საზღვარზე, და
კუდი აქეთ – ამერიკისკენ. დადვა უცებ მამალმა კვერცხი ზედ შუა საზღვარზე, რომლისაა
კვერცხი – ამერიკისა თუ იაპონიის? – ჰკითხა დიდრომ და პასუხის მოლოდნში თვალები
მოწკურა.
– ამერიკის! – დაიძახა ვითომ გახარებულმა ექვთიმემ.
– რატომ? – ჰკითხა ირონიულად დიდრომ.
– იმიტომ, რომ კუდი ამერიკისკენ აქვს, დიდრო ბატონო! – დაასაბუთა ყვაპუტამ.
– მაგი არაფერს არ ნიშნავს. – ჩაუყარა წყალში ნაშრომი დიდრომ.
– იაპონიისაა კვერცხი! – დაიხია უკან ექვთიმემ. (ეს ცნობილი ამოცანა ლაფსუსია,
ჯერძოდ ის, რომ მამალი კვერცხს არ დებს, დიდროს არ მოსწონს, რადგან მთელმა მსოფლიომ
იცის მისი ამოხსნა. დიდროს სხვა, ახალი, უფრო საინტერესო და მოულოდნელი ფინალი აქვს
მომზადებული).
– ვაი, შენ აბდალა, სადა აქვს ამერიკას და იაპონიას საზღვარი? – ჰკითხა დაცინვით
დიდრომ ექვთიმე ყვაპუტას.
საპარიკმახერო შეაზანზარა სიცილმა.
– შენი ყოფილა, ბატონო დიდრო, ქვეყანა და ესაა. – გაშალა ხელები წაგებულმა
ექვთიმემ. – მაინც სად ისწავლე ეს ამოცანა?..
– სად და, პორტ-არტურში! – ისე თქვა დიდრომ, თითქოს გუშინ დაბრუნებულიყოს იქიდან.
– როდის მოასწარი, დიდრო ბატონო, პორტ-არტურში ყოფნა?
– მე და მამაჩემი სად ვიყავით აბა, ცხრაას ოთხში? – ჰკითხა თავის მხრივ დიდრომ.
– დედაშენი სად იყო მაშინ?
– რა უნდა ველაპარაკო ამ აბდალას, – მოგვიბრუნდა ჩვენ დიდრო. – მამაჩემმა მერე არ
შეირთო დედაჩემი, პორტ-არტურიდან რომ დაბრუნდა?
ყველამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.
– შენ სად იყავი მაშინ, დიდრო ბატონო? – ჩასდია ქვესკნელში ყვაპუტამ.
– სად ვიყავი და, მამაჩემში!?
– მახსოვრობა მაქვსო, ამან უნდა თქვას! – შეაქო ყვაპუტამ და უცებ უზომოდ შეწუხებული
ხმით სთხოვა გახარებულ დიდროს: – დიდრო ბატონო, რაღაც ნასიცხარს გავხარ, აბა, ერთი
ენა გამოყავი გარეთ!
შეშინებულმა დიდრომ ჯერ ჩვენ შემოგვხედა, შემდეგ მორცხვად გამოყო ენის წვერი და
დაელმებულმა დახედა ზედ.
– მაგაზე რა შეგატყო, დიდრო ბატონო, გამოიმეტე მაგი ენა კიდევ ცოტა, შენ კაცო!.. –
უსაყვედურა ექვთიმემ.
დიდრომ თვალები გადმოქაჩა, უზარმაზარი ენა გადმოაგდო ცოფიანი ძაღლივით და სწორედ
მაშინ დაუსვა ექვთიმე ყვაპუტამ იმ ერთ მტკაველზე გადმოგდებულ ენაზე გაქაფული ფუნჯი.
– ეუო! – ამოიგმინა დიდრომ, მაგრამ ქაფით გამოტენილი პირი რომ ვერ დახურა, გულზე
აფარებული ჭუჭყიანი ზეწარი ჩაიბუშტა პირში და ზმუილით გავარდა გარეთ, გავარდა და…
სწორედ იმ დღიდან მიემატა დიდროს კიდევ ერთი ზედმეტი სახელი. სწორედ იმ დღიდან
გახდა დიდრო დიდროია ქაფურა.
– ეუ, დიდროია ქაფურა, შე პორტ-არტურის შპიონო!
– ეუ, დიდროია ქაფურა, შე იოამას ნაბიჭვარო!
– ეუ, დიდროია ქაფურა! – მიჰკივიან იმ დღიდან გეთურელი ბიჭები სუფსის ჭალაში
ძუნძულით მიმავალ დიდროს და ერთმანეთს ასკდებიან სიცილით.
. . . . . . . . . . . .
ამბავი რომელსაც ქვემოთ მოგითხრობთ, შარშან მოხდა. გაზაფხულზე სოფელში ვიყავი სამი
დღით ჩასული, ოდაზე კრამიტის გამოცვლაში უნდა მივხმარებოდი მამიდაჩემს. მაისის თვე
იყო. გაგანია მუშაობის დრო.
ჩაის კრეფის გეგმა არ ჩაგვივარდესო და, რაიონის დაზაფრულ ხელმძღვანელობას
მასწავლებლიან-მოსწავლეებიან, დირექტორიან-დარაჯიან, დალაქიან, მკერავიან,
მრეცხავიან, დახლიდარიან, მწველავიან, მთესველიან, მბარავიან, მთოხნელიანად ყველა
ჩაის პლანტაციაში ჰყავდა გამოყრილი. სერგია ბრიგადირის თხოვნით, იმ დილით მეც
გავედი სამუშაოზე.
ჩაის დუყი ერთ მტკაველზე ალორთქილიყო და კვალს შესეულ თეთრწინსაფრიან და
წითელ-ყვითელ პერანგა გოგო-ბიჭებს ისე აეჭრელებინათ ბარდნალის ფერდობი,
გაგიკვირდებოდათ, გუშინ რომ წვიმა არ იყო, ერთ ღამეში ამდენი ყვავილი მთის ამ
მწვანე კალთაზე რამ ამოაბიბინაო.
ჩაის ძირითადად, რა თქმა უნდა, ქალები და მოსწავლეები კრეფდნენ. მამაკაცები კი ზოგი
მწონავებსა და მზიდავებს ეხმარებოდა, ზოგიც გვერდზე გადგარიყო და თუთუნის კვამლში
გახვეული ქვეყნის ამბებს ყვებოდა. ჩემს მოვალეობას მოკრეფილი ჩაის დავთარში
აღნუსხვა და მისი დახარისხება შეადგენდა. სწორედ ამ საქმით ვიყავი გართული, რომ
ვიღაცამ დაიძახა, – დიდროია ქაფურა მოდისო.
დიდრო ზევიდან ქვევით მოყვებოდა ბარდნალას. ყურებამდე გაღიმებული აქეთ-იქით სალამს
არიგებდა, თან ქვამოღერებული აფრთხილებდა ბავშვებს.
– გამარჯობა თქვენი, ბაღნებო, არ დამიძახოთ ახლა ქაფურაო, თვარა ამ თავდაღმართში
ვერც ერთი ვერ გამასწრებთ.
– დიდროია ბურძგალას გაუმარჯოს!
– რა გითხარით მე თქვენ?! – ცქვიტა ყური დიდრომ.
– ახლა არ თქვი, დიდროია, ქაფურა არ დამიძახოთო? – შეახსენა ვიღაცამ.
– რამ გაყო ქაფურა და ბურძგალა?! – მკაცრად იკითხა დიდრომ.
– აბა, შენ გაგიმარჯოს დიდროია ხაბაკა!
– ა კიდო?! – შედგა დიდრო და იქითკენ გაიხედა, საიდანაც „ხაბაკა“ დაუძახეს.
– აბა, რა ქნან, დიდრო ბატონო, ამ ბაღნებმა, აღარც ბურძგალა, აღარც ხაბაკა და აღარც
ქაფურა თუ რა დაგიძახეს, ყველა ჩემსავით ღვთისნიერი ხომ არ იქნება? – შეაბრალა
ბავშვები დიდროს ექვთიმე ყვაპუტამ.
– მაგას კიდევ პორტ-არტურის შპიონი მიძახონ, ის მირჩევნია, მე ხომ ვიცი, რომ არ ვარ
და… – აირჩია დიდრომ, მერე ჩემთან მოვიდა, მხარზე ხელი დამკრა და მითხრა: –
შემიტანე სიაში, ქიშვარდიეს ბადიშო!
– რომელ სიაში , მკრეფავების, მწონავების, თუ მზიდავების? – ვკითხე დიდროს.
– რომელი ჯობია? – მთხოვა რჩევა დიდრომ.
– მე თუ მკითხავ, ახლა, აგერ, ხის ძირში მხართეძოზე წამოწოლას არაფერი ჯობია,
დიდრო!
– მხართეძოზე სახლშიც კი ვიწექი, აბდალა. ჩამწერე მზიდავებში! – გადაწყვიტა დიდრომ.
ჩავწერე.
– როგორ ჩამწერე? – მკითხა დაეჭვებით.
– დიდრო ედემიკას ძე ვეშაპიძე! – წავუკითხე მე.
– შემახედე!
შევახედე. დიდრომ დიდხანს უყურა სიას, მერე ექვთიმე ყვაპუტას მიუბრუნდა და ჰკითხა:
– დასტურ ასე წერია, ექვთიმა?
– დასტურ!
– არც ბურძგალა, არც ხაბაკა, არც ქაფურა?
– არც ბურძგალა, არც ხაბაკა, არც ქაფურა, დიდრო ბატონო!
– აბა, ამიწიეთ მაგი გოდორი! – ეცა გოდორს გახარებული დიდრო. გოდორი ვეებერთელა იყო
და მძიმე.
– მაგი გოდორი დიდია და მძიმე, დიდრო ბატონო, თან ჩაი სველია, ჯერ ცვრიანი,
გაგიჭირდება, – გააფრთხილა ექვთიმე ყვაპუტამ.
დიდროს გაეღიმა, გვერდით მდგომ ქესკინა მელივას ბიჭს იღლიებზე ხელი შეუცურა,
გოდორზე შეაგდო და – დამიბეკნეო, უთხრა, ქესკინას ბიჭმა გოდორი შუაზე ჩაიყვანა.
– დაუმატეთ! – თქვა დიდრომ.
დაუმატეს.
– კიდე!
კიდევ დაუმატეს. პირთამდე გაივსო გოდორი, გაიძეძგა.-
– ეყოფა, შე მამაძაღლო, ხომ ხედავ, წვენი გაუვიდა! – ჩამოაგდო ექვთიმე ყვაპუტამ
გოდრიდან ქესკინას ბიჭი. დიდრომ გოდორი მოსინჯა, ემსუბუქა.
– ამას კრეფდით მთელი სოფელი? – გვისაყვედურა, – დაადევით მაგი ტომარა ზევიდან!
დაადვეს.
– მეორეც!
– გადელდა! – თქვა ყვაპუტამ.
– ნიძლავი! – თქვა დიდრომ.
– ასი გაპარსვა! – წამოიძახა ყვაპუტამ.
– ექვთიმა, ერთი წლის გაპარსვა მაქვს შენთვის მოგებული დღეში ორჯერ. ახლა შენ
დამენიძლავე, ქიშვარდის ბადიშო, მაგ შარვალზე, – მითხრა დიდრომ და ჩემს ტეხასურ
შარვალს ჩააშტერდა.
– არ მინდა ნიძლავი, დიდრო, ისე მოგცემ.
– ისე რა, შენი მათხოვარი კი არ ვარ! – ეწყინა დიდროს.
– ახლა ნუ გამხდი და შინ რომ მივალ, გამოვიცვლი და მოგართმევ.
დიდრომ ისევ მოსინჯა გოდორი, ოდნავ შეყოყმანდა, მაგრამ უკან აღარ დაიხია.
– ამიწიეთ! – თქვა და გოდრის წინ ჩაიმუხლა. ვიღაცამ ბაწარი მოარბენინა, ის ორი
გატენილი ტომარა ზევიდან დააკრეს ტყვიასავით გაძეძგილ გოდორს და ოთხმა კაცმა დიდი
გაჭირვებით მოჰკიდა ზურგზე დიდროს გოდორი.
– გამაგრდი, დიდროია ხაბაკა! – შეეშველა ვიღაცა.
– არ წახდე, ბურძგალა!
– მიდი, ქაფურა, მიაწექი!
დიდრო დაბარბაცდა, გაუშვი ხელი, თორემ წააგე! – დასჭყივლა ვიღაცამ. დიდრომ
დამდუღრულივით წაართვა ხელი ტუნგოს და ისევ დაბარბაცდა.
– შეეშვი, დიდრო, მაგას და ახლავე ვიხდი შარვალს. – ვთხოვე მე, მაგრამ დიდროს
გაჩერება აღარ შეიძლებოდა. იგი დაიძრა, ჯერ მთვრალი კაცივით ზიგზაგებით გაჰყვა
ბილიკს, მერე ნელ-ნელა გამართა ნაბიჯი, კიდევ, კიდევ და ბოლოს ძალიან მძიმე, ძალიან
დინჯი და ძალიან ნელი ნაბიჯით გაუდგა გზას ჩაის პუნქტისაკენ. ღვედები თითის
დადებაზე ჩაუჯდა მხრებში. კისრის მყესები იმ ღვედებივით დაეჭიმა, შუბლზე ლურჯი
ძარღვი ამოებურცა და თვალები სისხლით აევსო.
– გააჩერე! – ვთხოვე ექვთიმე ყვაპუტას.
– სუფასას გააჩერებ ახლა და მაგას ვერა! – თქვა ექვთიმემ.
– ჩაის პუნქტამდე 250-300 მეტრი იქნებოდა. ხალხი ერთხანს გაშტერებული იდგა, კაცი არ
ჩანდა, მათ წინ ფეხადგმული უზარმაზარი, უფორმო, კლდის ნაგლეჯი თუ რაღაც ორფეხზე
შემდგარი განათხარი გიგანტური ცხოველი მიაბიჯებდა. მერე ბრბო უცებ დაიძრა და იმ
ფეხადგმულ ზღაპრულ მაჯლაჯუნას აედევნა. ბავშვები წინ გავარდნენ.
– მიდი, დიდროია!
– ცოტა და, შენია ნოდარას შარვალი!
– მიდი, მიდი, დიდროია! – ამხნევებდნენ ბავშვები.
– ახლა მაგის საცოდაობა თუ გინდა, უნდა დაუარო თავი და გამარჯობა უნდა უთხრა! –
იხუმრა ვიღაცამ. ხალხმა გულიანად გაიცინა.
– მიდი, დიდრო, ათი ფეხის ნაბიჯი დაგრჩა!
– რვა… შვიდი… ექვსი…