The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


ბავშვის უფლებათა განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი - ვ

ვადები და მშობლების/წარმომადგენლების მონაწილეობა (Terms and Partisipation of Parents/Representatives) – „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მე-40 მუხლი განმარტავს ბავშვის უფლებას: იყოს ინფორმირებული დაუყონებლივ და უშუალოდ მის წინააღმდეგ არსებული ბრალდებების შესახებ და თუ საჭიროა, მშობლების ან წარმომადგენლის საშუალებით. გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის №10 ზოგადი კომენტარის თანახმად, „დაუყონებლივ“ ნიშნავს, რაც შეიძლება სწრაფად და ეს არის დრო, როდესაც პროკურორი ან მოსამართლე ახორციელებს პირველ საპროცესო მოქმედებებს ბავშვის წინააღმდეგ. ხოლო „უშუალოდ“ ნიშნავს, რომ ბავშვი უნდა იყოს ინფორმირებული პირადად და იმ ენაზე, რომელიც მას ესმის. აღნიშნულში კი, შეიძლება იგულისხმებოდეს ოფიციალური სამართლებრივი ტერმინების ბავშვებისთვის გასაგებ ენაზე გადმოცემა. პასუხისმგებელი ორგანოების ვალდებულებაა უზრუნველყონ, რომ ბავშვმა სრულყოფილად გაიგოს მის მიმართ წაყენებული ყველა ბრალდება. ბავშვისთვის ოფიციალური დოკუმენტის გადაცემა არ არის საკმარისი, როგორც წესი, აუცილებელია სიტყვიერი განმარტება. საუკეთესო შემთხვევაა, როდესაც ბავშვი და მშობლები ან წარმომადგენელი იღებენ ინფორმაციას ისე, რომ წაყენებული ბრალდებები და შესაძლო შედეგები ყველასთვის თანაბრად გასაგებია (ზოგადი კომენტარი №10, პარ. 47-8).

პეკინის წესები (არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ადმინისტრირების შესახებ) განსაზღვრავს, რომ მშობელი ან მეურვე უნდა იყოს უფლებამოსილი, მონაწილეობა მიიღოს პროცედურებში და ასევე შესაძლოა დაესწროს მათ, თუ ეს ბავშვის საუკეთესო ინტერესში შედის.

მშობლისა და მზრუნველის უფლება, მონაწილეობა მიიღს პროცესში, განხილული უნდა იყოს როგორც ზოგადი „ფსიქოლოგიური და ემოციური მხარდაჭერა“. წესების თანახმად, მშობლების ან მეურვის დასწრებამ პროცედურებზე შეიძლება უარყოფითი გავლენაც იქონიოს, მაგალითად, თუ ისინი ამჟღავნებენ მტრულ დამოკიდებულებას ბავშვის მიმართ. ამიტომ მნიშვნელოვანია, უზრუნველყოფილი იყოს მათი ჩამოცილება პროცედურებიდან.

ვირტუალურ გარემოში ბავშვზე სექსუალური ძალადობა (Live online Child Sexual Abuse) - ვირტუალურ გარემოში ბავშვზე სექსუალური ძალადობის პრაქტიკა როგორც ბავშვზე სექსუალური ექსპლოატაციასა და სექსუალური ხასიათის წარმოდგენებთან, ასევე, ბავშვზე სექსუალური ძალადობის ამსახველი მასალის შექმნასთან დაკავშირებით, თანდათან იზრდება. ამგვარი სახის დანაშაულების სათანადო განსაზღვრების არარსებობის პირობებში, სფეროს აკლია ადეკვატური კრიმინალიზაცია. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ვირტუალურ გარემოში ბავშვზე სექსუალური ძალადობა ექცევა ბავშვის სექსუალური ექსპლოატაციისა და სექსუალური ძალადობის მარეგულირებელ დებულებებში, მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ ბავშვის უფლებათა დაცვის ძირითად საერთაშორისო დოკუმენტებში მსგავსი მიდგომა ცალსახად არ არის მითითებული. შესაბამისად, პორნოგრაფიულ წარმოდგენებში ბავშვის გამოყენება და რეკრუტირება, ონლაინ ან კავშირის გარეშე რეჟიმში, აუცილებლად უნდა იყოს „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის (მუხლი 34 (გ)), „ბავშვთა უფლებებისა და კეთილდღეობის შესახებ“ აფრიკის ქარტიის (მუხლი 27 (გ)), შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციის (ჩ182, მუხლი 3 (ბ)) და ლანზაროტეს კონვენციის (მუხლი 21) მიხედვით, სისხლის სამართლის წესით დასჯადი. უფრო მეტიც, მსგავსი ქმედება უნდა მოექცეს „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის დამატებითი ოქმის დეფინიციის - „ბავშვთა პროსტიტუცია“ ფარგლებში: „ბავშვის გამოყენებას სექსუალური ხასიათის ქმედებებში ფულადი ან სხვა სახის ანაზღაურების ფასად“ (მუხლი 2 (ბ)), როდესაც ვირტუალურ გარემოში ბავშვზე სექსუალური ძალადობის ჩაწერა ან დარეგისტრირება ხდება, აღნიშნული მიიჩნევა ბავშვზე სექსუალური ძალადობის ამსახველი მასალის შექმნად და შესაბამისად, ექცევა ბავშვთა პორნოგრაფიასთან დაკავშირებით ყველა ძირითადი საერთაშორისო დოკუმენტის დებულებების ფარგლებში.

ვირტუალურ გარემოში ბავშვზე სექსუალურ ძალადობა ხშირად, ბავშვზე ორმაგ ძალადობას წარმოადგენს. როდესაც პირს აიძულებენ მონაწილეობა მიიღოს სექსუალური ხასიათის წარმოდგენაში, მარტო ან სხვა პირებთან ერთად - აღნიშნული ქმედება უკვე წარმოადგენს სექსუალურ ძალადობას. სექსუალური ხასიათის ქმედება ერთდროულად, ვრცელდება „პირდაპირი გაშუქების“ რეჟიმში საინფორმაციო ტექნოლოგიური საშუალებების მეშვეობით, რომელსაც მნახველი უყურებს დისტანციურად. ხშირად, პირი, რომელიც დისტანციურად უყურებს სექსუალური ხასიათის მასალას, არის სწორედ ამგვარი მასალის დამკვეთი კერძოდ, პირი კარნახობს თუ როგორ უნდა წარიმართოს მოქმედება და შესაძლებელია, რომ აღნიშნულის სანაცვლოდ პირმა გადაიხადოს თანხა. ვირტუალურ გარემოში ბავშვზე სექსუალურ ძალადობას პრაქტიკიდან გამომდინარე, აქვს როგორც კომერციული, აგრეთვე, არაკომერციული ფორმა და არსებობს შემთხვევები, როდესაც ბავშვის სექსუალურ ექსპლოატაციაში ჩართვა ხდება ბიზნესინტერესით.

1989 წლის „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის 34-ე მუხლში აღნიშნულია „ექსპლოატაციის მიზნით ბავშვის გამოყენება პორნოგრაფიასა და პორნოგრაფიულ მასალებში“ ონლაინ და კავშირის გარეშე რეჟიმის სპეციალური მითითების გარეშე.

„ბავშვთა უფლებებისა და კეთილდღეობის შესახებ“ 1999 წლის აფრიკის ქარტიის 34-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ეხება. „პორნოგრაფიასა და პორნოგრაფიულ მასალებში ბავშვების გამოყენებას“. კონვენციის მსგავსად, დოკუმენტი არ აზუსტებს თუ როგორ ხორციელდება შესაბამისი მოქმედებები ონლაინ თუ კავშირის გარეშე რეჟიმში.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 1999 წლის კონვენციის (ჩ182) მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი კრძალავს „ბავშვის გამოყენებას, შეთავაზებას ან დაქირავებას პროსტიტუციაში, პორნოგრაფიული პროდუქციის შექმნისათვის ან პორნოგრაფიული წარმოდგენისათვის“.

ლანზაროტის 2007 წლის კონვენცია განსაზღვრავს ბავშვთა „გამოყენების“ სხვადასხვა ფორმებს და მოითხოვს წევრმა სახელმწიფოებმა კრიმინალიზაცია მოახდინონ პორნოგრაფიულ წარმოდგენებში ბავშვების მონაწილეობასთან დაკავშირებული დანაშაულების, როგორიცაა ბავშვის რეკრუტირება პორნოგრაფიულ წარმოდგენებში მონაწილეობის მისაღებად ან ბავშვის იძულება ჩაერთოს მსგავს წარმოდგენაში; ბავშვის ექსპლოატაციის მიზნით სარგებლის მიღება და ბავშვის მონაწილეობით სექსუალური ხასიათის წარმოდგენაზე განზრახ დასწრება. ევროკავშირის 2011/93 დირექტივა ტერმინში „პორნოგრაფიული წარმოდგენა“ (მუხლი 2 (ე)) მოიცავს საინფორმაციო ტექნოლოგიების საშუალებებით აუდიტორიისთვის ონლაინ რეჟიმში გამოფენას: (ი) ბავშვის, რომელიც ჩართულია რეალურად ან სიმულაციურად სექსუალური ხასიათის მოქმედებაში; ან (იი) სექსუალური მიზნებისთვის ბავშვების სექსუალური ორგანოების.

ვიქტიმიზაცია (Victimisation) - ტერმინი „ვიქტიმიზაცია“ ეხება ქმედებას, რის შედეგადაც სხვა ადამიანი ხდება მსხვერპლი. პიროვნების ამორჩევა ბოროტი ან არასამართლიანი მოპყრობისთვის. ბავშვთა სექსუალური ექსპლოატაცია და სექსუალური ძალადობა წარმოადგენს ვიქტიმიზაციის ფორმას, რა დროსაც ბავშვი ხდება მოძალადის/ექსპლოატატორის მსხვერპლი.