![]() |
სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი - კ |
სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი
წიგნი წარმოადგენს ერთ-ერთ პირველ მეცნიერულ ნაშრომს ლიტერატურათმცოდნეობაში. მასში დაწვრილებით არის განხილული ლიტერატურის თეორიისა და ლიტერატურათმცოდნეობის ძირითადი ცნებები და კატეგორიები.
ავტორის ტექსტი ქვეყნდება მცირეოდენი შესწორებებით. საილუსტრაციო მასალად გამოყენებული ავტორისეული ციტატები ზოგან ჩანაცვლებულია სხვა ნიმუშებით
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
![]() |
1 კაკოფონია |
▲back to top |
კ
კაკოფონია
ბერძნ. „კაკოს”– ცუდი, „ფონოს”– ხმა, ბგერა
კეთილხმოვანების დარღვევა, ცუდხმოვანება
გამოთქმის კეთილხმოვანებას ვნებს რამდენიმე ხმოვნისა ან თანხმოვნის დაჯგუფება. მაგ.
„მკრტიჩიანი ფერმკრთალად გამოიყურება” – ორივე სიტყვაში ხუთ–ხუთი თანხმოვანია დაჯგუფებული, რაც არღვევს კეთილხმოვანებას.
ანტონიმი: ევფონიზმი
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. , სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
![]() |
2 კერძო აღწერა |
▲back to top |
კერძო აღწერა კერძო აღწერას უწოდებენ ისეთ აღწერას, რომელიც გვაძლევს წარმოდგენას ერთ საგანზე, გვიხატავს ერთ მოვლენას.
მაგ. პალიასტომის ტბის აღწერა
ე. ნინოშვილის მოთხრობაში „პალიასტომის ტბა”, ან კიდევ რომელიმე მდინარის, ჩანჩქერის, მთის, მწვერვალის, ქალაქის, ციხის ან რაიმე ნაგებობის აღწერა.
მაგ. ქსნის მტკვრის ციხის აღწერა:
„თბილისიდან, ან ბათუმიდან რკინის გზით მიმავალი ქსნის სადგურს რომ მიუახლოვდებით, თქვენს ყურადღებას უნებლიედ იზიდავს ერთი მეტად მშვენივრად ნაგები ციხე, მაღალს მთაზე ბუმბერაზად წარმომდგარი... მას ქსნის – მტკვრის ციხე ეწოდება. ქსნის მტკვრის ციხე მდებარეობს სრული ნახევარი ვერსის მანძილზედ „ქსნის სადგურიდან”. წარწერა, რომელიც დღევანდლამდე კარგად შენახულა ამ ციხის ჩრდილო კედელში ჩატანებულ ქვაზედ, უწოდებს მას „კონსტანტილაბადს” (ე.ი. კონსტანტინეს ქალაქს). წარწერა გაკეთებულია კვადრატულ არშინიან ქვაზედ და ძირიდან ორის სატენის სიმაღლეზეა კლდეში ჩატანებული ციხის ჩრდილოეთის მხრიდან. სიმაღლე ციხისა იქნება 6–7, ხოლო სიგრძე–სიგანე – ათ–ათი საჟენი. აშენებულია ქვითა და აგურითა, ერთი რიგი რომ ქვაა, მეორე რიგი აგურია. შიგნით, ციხის ირგვლივ მრავალი განყოფილებანია. როგორც ეტყობა საცხოვრებელი ოთახები ყოფილა, ბუხრებით, სარდაფებით და სხვ. შუაში კი პატარა ეზოა ბალახით მოსილი.
ციხე ჯერაც კარგად არის შენახული და მხოლოდ დასავლეთის მხრის კედელი აქვს ჩამოქცეული, მაგრამ ესეც იმიტომ, რომ ნიაღვარს ჩამოურეცხია ამ მხრიდან მთის გვერდობი, ციხეს საძირკველი გამოსთხრია და კედელიც იმიტომ ჩამონგრეულა, – ციხე აგებულია სარკინეთის მთის დასავლეთ კენწეროზე, საიდანაც მშვენივრად მოჩანს მტკვრისა და ქსნის ხეობები ჭალებითა და სოფლებით: მუხრანი, აღაიანი, ქსოვრისი და ოკამი, ქვემო და ზემო ნიჩბისი, ნადირაანთ კარი, ძეგვი და სხვ.”
იხ. აგრეთვე: აღწერა, აღწერითი თხზულება, საერთო აღწერა წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
![]() |
3 კვანძი |
▲back to top |
კვანძი
სიუჟეტში მოცემული მდგომარეობა, როცა ჩნდება და ერთმანეთში ინასკვება მიზანი და
წინააღმდეგობა, წარმოიშობა კონფლიქტი, რაც, თავის მხრივ, დასაბამს აძლევს
მოქმედების შემდგომ განვითარებას.
„სამანიშვილის დედინაცვალში” ბეკინას ოჯახი და მისი ერთ–ერთი წევრი პლატონ
სამანიშვილი მოთხრობის დასაწყისში (პირველი თავის ექსპოზიციურ ნაწილში) კმაყოფილია,
მაგრამ ირღვევა პლატონის მშვიდობა. ჩნდება საფრთხე და და მიზნად იქცევა ამ საფრთხის
თავიდან აცილება. ისკვნება კვანძი:
მის მომზადებას ავტორი იწყებს შემდეგი სიტყვებით: „მაგრამ ბედნიერება, რაგვარიც არ
უნდა იყოს, ვის შერჩენია ბოლომდის...” . ბეკინას უჩნდება „საშინელი სურვილი ცოლის
შერთვისა”. ბეკინას ჯერ აზრი მოუვიდა, „და ეს აზრი, შემდეგ სურვილად გადაქცეული,
ბოლოს აუცილებელ წადილად გადაექცა”. „მღუპავ, მამა? მღუპავ? დანას მიყრი ყელში?...
შვილი რომ გეყოლოს, შვილი... მაშინ? ...დევიღუპე, წმინდად დევიღუპე”
იმისათვის, რომ მამის სურვილიც დააკმაყოფილოს და ოჯახის გამყოფიც არ გაჩნდეს,
პლატონი მიზნად ისახავს სადედინაცვლოდ მონახოს ორნაქმარევი, უშვილო დედაბერი,
რომელსაც ბავშვი არ გაუჩნდება. ასეთი დედაბრის მონახვაც რთულია და, კიდეც რომ
მოინახოს, მაინც არ არის გამორიცხული მისგან შვილის გაჩენა. მიზნებისა და
წინააღმდეგობის ამგვარი ჩვენებით ისკვნება დასახელებული მოთხრობის კვანძი. ოჯახის
მომავალი გამყოფის დაბადების თავიდან აცილება პლატონის მიზანია და ეს მიზანი აძლევს
ბიძგს ამბის განვითარებას მოთხრობაში.
„გოგია უიშვილის” კვანძია გლეხების მიმართ მოხელეთა კატეგორიული განკარგულება –
სამი დღის ვადაში ეგზეკუციის ხარჯისათვის თუმნის გადახდის შესახებ.
გოგიას თუმნის გადახდა არ შეუძლია, ხელისუფლების წარმომადგენლები კი დარბევით
ემუქრებიან. ეს მდგომარეობა დასაბამს აძლევს გოგიასა და ხელისუფლების
წარმომადგენელთა შორის არსებულ წინააღმდეგობათა განვითარებას.
„კაკო ყაჩაღში” კვანძი ის ადგილია, სადაც ბატონი გლეხს უარს ეუბნება შვილის
დაბრუნებაზე.
გ. ერისთავის კომედიაში „გაყრა” მთელი რიგი წინააღმდეგობაა მოქმედ პირთა შორის.
პავლესა და მის ცოლს უნდათ, რომ გაყრის დროს მეტი წილი ირგონ, ანდუყაფარიც ცდილობს,
რომ თავისი წილი პავლეს არ გაატანოს (წინააღმდეგობა ანდუყაფარსა და პავლეს შორის),
ივანეს მიზანია ცოლი სიყვარულის საფუძველზე შეირთოს, მიკირტუმ გასპარიჩი კი ცდილობს
ანგარების საფუძველზე შეართვევინოს მისი ქალიშვილი (წინააღმდეგობა ივანესა და
მიკირტუმას შორის). კომედიის კვანძი „გაყრაში„ თავიდანვე იწყება(ანდუყაფარის
მონოლოგით) და გრძელდება მანამდე, სანამ არ გავეცნობით წინააღმდეგობებს მოქმედ
პირთა მიზნებს შორის.
ე. ნინოშვილის მოთხრობის „ჩვენი ქვეყნის რაინდის” კვანძი ის ადგილია, სადაც
ტარიელის ამხანაგები დესპინესთან საუბრობენ მისი გაცნობისა და რაიმე ხერხით ხელში
ჩაგდების მიზნით და დესპინესაგან მკვახე პასუხს ღებულობენ:
„მკლავაძემ და მისმა ამხანაგებმა, დაინახეს თუ არა ლამაზი ყმაწვილი ქალი, დაიწყეს
მის ახლოს სიარული და ისეთნაირად უჭვრეტდნენ, თითქოს ეს ქალი კი არა, გასაყიდი
საქონელია და ხელიდან არ უნდა გაუშვანო.
რადგან დარბაზში ხალხის სიმრავლის გამო, თბილოდა, ქალმა გაიხადა ტალმა და ახლა
ჩითის კაბაში ნაკვთადმოყვანილი ტანი ლამაზად ეხატებოდა.
ტარიელმა ვეღარ მოაშორა თვალი ამ ქალის სავსე გულ–მკერდს.
ქალი და მისი ამხანაგი კაცი რაღაც საუბარში იყვნენ გართული და ამიტომ ვერ
ამჩნევდნენ ტარიელის და მისი ამხანაგის უსირცხვილო ჭვრეტას.
– ერთი ამის გულმკერდში ჩაკონება მთელ სოფლად ღირს! შენ რას იტყვი, ტარიელ? –
ჰკითხა ამხანაგმა.
ტარიელს სახეზე მოუთმენლობა გამოეხატა.
– ერთი გავიცნოთ მაინც, ვინ არის, – უთხრა პასუხად ამხანაგს და ბოლოს ღიმილით
დაატანა: ეს ვინღა არის, რომ ახლავს მცველი? უშოვნია რაღა კავალერი! მთელ ჯარს
მოშლის, სწორეთ... ძლიერ ამიღელვა სისხლი ამ ქალმა ვიღაც არი.
– მოდი, ერთი გავეცნობი, – უთხრა ტარიელს ამხანაგმა.
– შენ ხომ ამისთანაობა ძალიან გეხერხება, – სიცილით უპასუხა ტარიელმა.
– ასეა, ერთისთვის ხერხი მიუცია ღმერთს, მეორისთვის ღონიერი მკლავი, შენთვის –
მკლავი, ჩემთვის – ხერხი.
– კარგი, ახლა ტრაბახობას თავი დაანებე, თუ შეგიძლია, წადი და გაეცანი – სიცილით
უთხრა ტარიელმა.
ამ სიტყვებით ამხანაგი მოშორდა ტარიელს, მივიდა ლამაზ ქალთან, მიესალმა და
მოურიდებლად ჰკითხა:
– საიდან მობრძანდებით?
– სოფლიდან, – უპასუხა ქალმა.
– რომელი სოფლიდან? ვინ ბრძანდებით?
– რაში გესაჭიროება ამაების გაგება? თუ საქმე გაქვთ ჩვენთან, გვიბრძანეთ.
– არა, ისე.
– ისე? ისე საჭირო არ არის! – ცოტა არ იყოს გესლიანად უპასუხა ქალმა.
– რატომ? ერთმანეთის გაცნობა რას დაგვიშავებს?
– თუ ამაზე მეტი საქმე არა გაქვთ, გთხოვთ, მიბრძანდეთ! – უპასუხა ქალმა, რომელსაც
ისეთი მრისხანება გამოეხატა ამ დროს სახეზე, რომ მოსაუბრე ყმაწვილი კაცი იძულებული
შეიქმნა, მოშორებოდა.
– რა ქენი! ვერ იხერხა მგონია, შენმა ხერხმა? – ჰკითხა ტარიელმა სიცილით ამხანაგს.
– მიუკარებელი ვინმე ყოფილა! ისე მოხარა წარბები, რომ ჩხუბს მიპირებს – მეთქი,
ვიფიქრე. ორი სიტყვის თქმაც არ დამაცალა, ისე შემომიტია, მიბრძანდითო და მომიშორა,–
უპასუხა გულნატკენად ამხანაგმა.
ამ ეპიზოდში ერთმანეთთან იკვეთება ტარიელის მიზანი და დესპინეს წინააღმდეგობა.რომ
არ ყოფილიყო ერთ–ერთი მათგანი, რომ, ვთქვათ, დესპინე წინააღმდეგობის ნაცვლად
სიამოვნებით გასცნობოდა ტარიელს და მის ამხანაგს, მას რომ ტარიელისათვის დაენიშნა
პაემანი, მაშინ შეიძლება ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრებულიყო, აღარ
განვითარდებოდა ამბავი, აღარ იქნებოდა შეჯახება, ბრძოლა, აღარ იქნებოდა სიუჟეტი.
იხ. აგრეთვე: კვანძის გახსნა, კომედია, ექსპოზიცია, ეპიზოდი, ლირიკული
ლექსის კომპოზიცია, მოთხრობა, სიუჟეტი, წინაამბავი
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ.
სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
![]() |
4 კვანძის გახსნა |
▲back to top |
კვანძის გახსნაა
ის ადგილი მხატვრულ ნაწარმოებში, რომელიც გვიხატავს კონფლიქტის დასრულებას და მის
შემდგომ შექმნილ ვითარებას.
„განდეგილში” ბერის შინაგანი ბრძოლა დამთავრდა განდეგილის სიკვდილით. ამ პოემაში
კულმინაციას მაშინვე მოსდევს კვანძის გახსნა. განდეგილმა „ერთი საზარლად შეჰბღავლა
ღმერთსა”(კულმინაცია) „და იქვე სხივქვეშ უტევა სული” (კვანძის გახსნა).
„კაკო ყაჩაღის” კვანძის გახსნა არის ზაქროს მიერ ბატონის მოკვლა და ყაჩაღად
გავარდნა, „ბახტრიონის” – ბახტრიონის ციხის აღება, „პალიასტომის ტბის” – ივანესა და
მისი შვილის დაღუპვა, „სამანიშვილის დედინაცვლის” – ბეკინას ოჯახში მეორე
ვაჟიშვილის დაბადება; „ვეფხისტყაოსნის” კი – ქაჯეთის ციხის აღება.
უფრო ხშირად კვანძის გახსნა თანვე ახლავს კულმინაციას, მაგრამ ზოგჯერ, სხვადასხვა
მიზეზის გამო, კვანძი დაგვიანებით იხსნება. „განდეგილის” კვანძი თუ კულმინაციის
მომენტშივე გაიხსნა, „გოგია უიშვილის” – შედარებით უფრო დაყოვნებულია. „ჩვენი
ქვეყნის რაინდის” კვანძი რამდენიმე თვის შემდეგ იხსნება სპირიდონის მიერ ტარიელის
მოკვლით.
დამახასიათებელია, რომ „გოგია უიშვილში” კვანძი იხსნება გოგიას თვითმკვლელობით,
მაგრამ მარტო ამ ფაქტის დასახელება არ ამოწურავს ამ მოთხრობის კვანძის გახსნის
შინაარსს. „გოგია უიშვილის” კვანძის გახსნაში შევა არა მარტო მოთხრობის ის ადგილი,
სადაც აღწერილია გოგიას თვითმკვლელობა, არამედ ის ადგილებიც, სადაც ავტორი გვაცნობს
გოგიას თვითმკვლელობის შედეგად შექმნილ სიტუაციას: კერძოდ, კვანძის გახსნაში შედის
მარინეს გაგიჟება, მის მიერ ბავშვების მოკვლა და გოგიას ოჯახის გავერანება.
იხ. აგრეთვე: ეპილოგი, კვანძი, კულმინაცია, მოთხრობა, პოემა, ძირითადი ამბავი
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ.
სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
![]() |
5 კიბური რითმა |
▲back to top |
კიბური რითმა
რითმა, რომელიც წარმოადგენს წინა ტაეპის დამამთავრებელი ბგერების შეერთებას მეორე
ტაეპის დასაწყისთან ან პირველი ტაეპის დაბოლოებასთან. მაგ:
„ღამემ მოვერცხლილ ძაფების გროვა,
გადააქსოვა სარკის მწვანე ბროლს,
სარკეს ანათრთოლს დაუახლოვა,
და დაათოვა სურათებს, საწოლს.” – (გ. ტაბიძე)
იხ. აგრეთვე: რითმა, ტაეპი
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ.
სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
![]() |
6 კლასიციზმი |
▲back to top |
კლასიციზმი
XVII-XVIII საუკუნეებში გაბატონებული მიმართულება, რომელთა მიმდევრები ძველი კლასიკოსი მწერლების ნაწერებს უმაღლესი და სრულქმნილი ხელოვნების ნიმუშად თვლიდნენ და ბაძავდნენ მათ.
კლასიკოსს, საერთოდ, ისეთ მწერალს უწოდებენ, რომლის ნაწარმოები სანიმუშო და მიბაძვის ღირსია. ძველი რომისა და საბერძნეთის მწერლები გამოჩენილი მწერლები–კლასიკოსები იყვნენ. ამ მიმართულებას მეორე სახელსაც უწოდებდნენ. იგი დიდხანს იყო ცნობილი „ცრუ კლასიციზმის„ სახელწოდებით.
კლასიციზმი, როგორც ლიტერატურული მიმართულება პირველად განვითარდა XVII საუკუნის ფრანგულ ლიტერატურაში.
ფრანგული კლასიციზმის თეორეტიკოსი და მეთაური ბუალო იყო. მან დაწერა „პოეტური ხელოვნება”. ამ თხზულებაში ბუალომ ჩამოაყალიბა პოეტური ხელოვნების ის კანონები, რომლითაც სარგებლობდნენ მისი სკოლის მწერლები; მათ შორის განსაკუთრებით ცნობილი იყვნენ:
კორნელი, რასინი, მოლიერი და სხვ.
ფრანგული კლასიციზმის წარმომადგენელმა მწერლებმა შეიმუშავეს ლიტერატურის ახალი თეორია, ახალი წესები, რომლებსაც მწერალი უნდა დამორჩილებოდა. ბუალოს მიერ შემუშავებული თეორიის ღირსება უმთავრესად ის იყო, რომ იგი მწერლებისაგან სიმართლის თქმასა და სინამდვილის ასახვას მოითხოვდა. კლასიციზმის მიმდევარმა მწერლებმა მართლაც შესძლეს მათი ეპოქის სინამდვილის ზოგიერთი საინტერესო მხარის ასახვა (როგორც მაგალითი, შეგვიძლია დავასახელოთ მოლიერი, რომელმაც ახალი კომედიის კლასიკური ნიმუშები შექმნა). ამ მხრივ ფრანგული კლასიციზმი რეალიზმის სახეობად გვევლინება. მაგრამ ამ ღირსებასთან ერთად მათ ჰქონდათ გამომუშავებული ისეთი ნორმები, რომლებიც ხელს უშლიდა სინამდვილის ასახვის სიღრმესა და სისწორეს.
კლასიციზმის მიმდევარ მწერალთა ნაწარმოებების მოქმედი პირები თავიდანვე ჩამოყალიბებულ გარკვეულ ხასიათებს განასახიერებდნენ. მაგ. სიძუნწეს, სიუხვეს, სათნოებას და სხვ. ისინი არ უხატავდნენ მკითხველს ადამიანის ბუნებისა და ხასიათის ზრდასა და განვითარებას. მათი ნაწარმოებების მოქმედი პირები რჩეული ადამიანები იყვნენ (მეფეები, სარდლები, დიდი მოხელეები), ხოლო ე.წ. „მდაბიო ხალხის” გამოყვანა მხოლოდ კომედიაში იყო დასაშვები.
სასცენო ნაწარმოებისათვის კლასიციზმის მიმდევრები სავალდებულოდ თვლიდნენ ანტიკური ტრაგედიისათვის დამახასიათებელი სამი ერთიანობის კანონის დაცვას. სამ ერთიანობაში იგულისხმებოდა ადგილის, დროისა და მოქმედების ერთიანობა. დროის ერთიანობა იმაში მდგომარეობდა, რომ პიესაში ნაჩვენები ამბავი ერთი დღე–ღამის განმავლობაში უნდა მომხდარიყო.
ადგილის ერთიანობის კანონი მოითხოვდა, რომ პიესაში მოქმედება მხოლოდ ერთ გარკვეულ ადგილზე წარმოებულიყო. სადაც დაიწყებოდა მოქმედება, იქვე გაგრძელებულიყო და დამთავრებულიყო. მოქმედების ერთიანობის კანონის მიხედვით, მხატვრულ ნაწარმოებში მთავარი მოქმედება არ უნდა დაჩრდილულიყო პარალელური მოქმედებითა და ეპიზოდებით. მასში მხოლოდ მოქმედებათა ერთი კვანძი უნდა ყოფილიყო.
კლასიციზმმა, როგორც ლიტერატურულმა მიმართულებამ, რომელიც დამახასიათებელი იყო ლიტერატურის განვითარების განსაზღვრული საფეხურისათვის, ყველა კულტურულ ქვეყანაში ჰპოვა გამოვლინება. ქართული ლიტერატურის ისტორიაში კლასიციზმი საუკეთესოდ გამოვლინდა XVII-XVIII საუკუნეებში. მართალია, ეს გამოვლინება თავისებური იყო, მაგრამ იგი აერთიანებდა კლასიციზმის ყველა ძირითად თვისებას. ერთი მხრივ, არსებობდა კლასიკური პერიოდი ქართული ლიტერატურისა, რომელსაც
რუსთაველის ბრწყინვალე პოეტური ნიმუში აგვირგვინებდა, მეორე მხრივ, განსაკუთრებით
გურამიშვილის პოეზიის სახით, ქართული კლასიციზმის პერიოდის ლიტერატურა გამოსახვის მთავარ საგნად იღებდა ისტორიული ეპოქის სინამდვილეს (ამიტომ ზოგი მას ნაადრევ რეალიზმსაც უწოდებს).
იხ. აგრეთვე: კომედია, ლიტერატურული მეთოდი, ლიტერატურული მიმართულება, რეალიზმი, სენტიმენტალიზმი, ტრაგედია, ეპიზოდი
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
![]() |
7 კლაუზულა |
▲back to top |
კლაუზულა
სალექსო სტრიქონის დამთავრებული ნაწილი, საიდანაც რითმა იწყება.
კლაუზულა ლათინურად ნიშნავს დასკვნას, დამთავრებას. კლაუზულა ლექსის ტაეპის
უკანასკნელი მახვილიანი მარცვალია. მაგ:
„მონას რად უნდა კრული სიცოცხლე,
რისთვის დაანთოს წმინდა ლამპარი?
სჯობს მონობაში გადიდკაცებულს
თავისუფლების ძებნაში მკვდარი“ – (აკაკი).
მოყვანილ ტაეპში ერთმანეთს ერითმება სიტყვები „ლამპარი–მკვდარი“, უფრო ზუსტად მათი
დაბოლოებანი : არი–არი. ამ შემთხვევაში ბოლოდან მეორე მარცვალი არის კლაუზულა,
რადგან იგი არის რითმის დამწყები მახვილიანი მარცვალი.
იხ. აგრეთვე: რითმა, ტაეპი
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ.
სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
![]() |
8 კომედია |
▲back to top |
კომედია
კომედია ისეთი სასცენო ნაწარმოებია, რომელიც სასაცილო ფორმებში გვიხატავს ადამიანის უარყოფით მხარეებს და რომლის გმირებიც აწარმოებენ ბრძოლას უმნიშვნელო დაბრკოლებებთან.
კომედიის მიზანია, მოქმედი პირის უარყოფითი თვისებების დაცინვის საშუალებით აამაღლოს მაყურებლის ან მკითხველის ზნეობა. დაცინვის გამოწვევისათვის კომედიის ავტორები სასაცილო ფორმებში გვიხატავენ მათი გმირების გარეგნობას(
კაროჟნა – „დარისპანის გასაჭირში”), მათ მეტყველებას(ოსიკო – „დარისპანის გასაჭირში”, კარაპეტ ბუღდანიჩი და მიკირტუმ გასპარიჩი –
გ. ერისთავის, კომედიებში), მათ ყოფა–ქცევას.
წინააღმდეგობის ხარისხით, მოქმედ პირთა ხასიათით და მაყურებელში გამოწვეული შთაბეჭდილებით კომედია სავსებით უპირისპირდება ტრაგედიას.
კომედიის გმირები, ვიწრო ინტერესებით გამსჭვალულნი, ქვენა გრძნობის ადამიანები არიან. მათი მიზანი არ იწვევს მკითხველში ტრაგედიისათვის დამახასიათებელ თანაგრძნობას. კომედიის მოქმედ პირებს, „ბრძოლა” უხდებათ უმნიშვნელო და, ზოგჯერ, მოჩვენებით წინააღმდეგობასთან. კომედია, უმთავრესად, მოქმედ პირთა შერიგებით ან წინააღმდეგობათა გადალახვით მთავრდება (მაგ.„გაყრა”).
არის ისეთი კომედიაც, რომელშიც მნიშვნელოვანი ადგილი აქვს დათმობილი ტრაგიკულ ელემენტს. მაგ.დავით კლდიაშვილის „ირინეს ბედნიერება”. მასში ავტორი დასცინის ტრადიციულ შეხედულებას წოდებრივ უპირატესობაზე (ფილიპე სასიძოდ აბესალომს ირჩევს, როგორც მემამულეს), თუმცა ირინე ვერ უწევს მამას გადამწყვეტ წინააღმდეგობას, უთმობს მას და ცოლად მიყვება აბესალომს, მაგრამ წინააღმდეგობა აბესალომსა და ირინეს შორის გრძელდება. ამით „ირინეს ბედნიერება” გარდამავალ საფეხურად რჩება კომედიასა და დრამას შორის. ამ პიესის ძირითადი ნაწილი – ირინეს გათხოვების საკითხის გადაწყვეტა, მიუხედავად ტრაგიკული ელემენტებისა, კომედიას უახლოვდება, რადგან მოქმედ პირებს შორის არ აღმოჩნდა შეურიგებელი წინააღმდეგობა, მაგრამ კომედიის უკანასკნელი ნაწილი – აბესალომის მიერ ოჯახზე თითქმის ხელის აღება და ირინეს მოსაკლავად ხანჯლის მოქნევა, ისე მწვავედ გვიხატავს მათ ურთიერთობას, რომ მისი გამოხატვა მხოლოდ დრამით შეიძლება; მსგავსი მოვლენის გამო, ზოგჯერ ერთსა და იმავე ნაწარმოებს ზოგი კომედიას უწოდებს და ზოგი დრამას (მაგ.
ბომარშეს „ფიგაროს ქორწინება”).
კომედიაში გმირთა თვით უკიდურესი წინააღმდეგობაც კი სიცილს იწვევს. მაგ. ამოღებული ხმლით კომედიის გმირების ერთმანეთზე გაწევა მუთაქის გაყოფის დროს („გაყრა”). ამ ხერხს
გ. ერისთავი შეგნებულად მიმართავს, რომ ნათლად დაგვიხატოს ქართველი მემამულეების დაწვრილმანება და მეტი საფუძველი მოგვცეს მათი დაცინვისათვის. ამიტომ ეს სცენა კომედიისა მაყურებლებში, შიშისა და თანაგრძნობის ნაცვლად (რაც ტრაგედიაში იგრძნობოდა კონფლიქტის გამწვავებით), ზიზღსა და დაცინვას იწვევს.
ძველი კომედიის გმირები, უმთავრესად, სუსტი ნების მქონე ადამიანებია და მათ წინაშე დაბრკოლებებიც უმნიშვნელოა. თუ კომედიის გმირს წინ ხვდება ჩვეულებრივი ადამიანისათვის მნიშვნელოვანი დაბრკოლება, მაშინ თვით კომედიის პერსონაჟი არის აღჭურვილი ისეთი ძალით, რომ იგივე დაბრკოლება მისთვის მაინც უმნიშვნელოა. მაგ.
შექსპირის კომედიის გმირი პეტრუჩიო („ჭირვეული ცოლის მორჯულება”), რომელსაც ისეთი ნებისყოფა აქვს, რომ მისთვის არავითარ სიძნელეს არ წარმოადგენს თავისი სიანჩხლით ყველა სასიძოსათვის საფრთხობელად მიჩნეული კატარინას გარდაქმნა.
კომედიას არ ახასიათებს გრძელი მონოლოგები; მოქმედება სწრაფად ვითარდება. მოქმედების განვითარება თანდათან ააშკარავებს გმირის უარყოფით მხარეებს და იგი მაყურებლის თვალში უფრო და უფრო სასაცილო ხდება.
იხ. აგრეთვე: დრამა, კვანძი, კლასიციზმი, მონოლოგი, რეალიზმი, ტრაგედია
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
![]() |
9 კომპოზიცია |
▲back to top |
კომპოზიცია
ლათ. KOMPONERE
ნაწარმოების აგებულება, მისი შემადგენელი ნაწილების განლაგება და ურთიერთშეფარდება.
„კომპოზიცია” ლათინურად ნიშნავს აწყობას, აშენებას, შედგენას.
ნებისმიერი ლიტერატურული ნაწარმოები მოითხოვს გარკვეული გეგმით აგებას. სხვაგვარად შეუძლებელია ნაწარმოებმა ემოციური ზეგავლენა მოახდინოს მკითხველზე. საკუთარი სათქმელის ნათლად გამოხატვის მიზნით მწერალი საკუთარ ნაწარმოებს ჰყოფს ცალკეულ ნაწილებად, ალაგებს მათ გარკვეული თანმიმდევრობით, გარკვეული გეგმის მიხედვით და აკავშირებს მათ ერთმანეთთან გარკვეული მიზნით.
ლიტერატურის შესწავლის თვალსაზრისით, კომპოზიცია ლიტერატურული ნაწარმოების ცალკეული ნაწილების დალაგება–დაკავშირებაა მთლიანი მხატვრული ნაწარმოების მისაღებად. მაგრამ მარტო ამ შინაარსით არ იზღუდება კომპოზიციის მნიშვნელობა. ლიტერატურული ნაწარმოების კომპოზიციური ანალიზი ითვალისწინებს მხატვრულ ნაწარმოებში მოთხრობილი მოვლენების მიზეზ–შედეგობრივად დაკავშირებას, მოქმედების განვითარების ცალკეული ეპიზოდების დაჯგუფებას ან გადაჯგუფებას ავტორის მთავარი იდეის შესაბამისად. მოქმედი გმირების დახასიათებას, სიტყვიერი მასალის აგებულების განხილვას და სხვ.
იხ. აგრეთვე: ლირიკული ლექსის კომპოზიცია, ლირიკული გადახვევა, სიუჟეტი
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება,
![]() |
10 კომპონენტი |
▲back to top |
კომპონენტი
მხატვრული ნაწარმოების შემადგენელ ნაწილი.
ნებისმიერი ლიტერატურული ნაწარმოები კომპონენტებისაგან აიგება. რომ ავიღოთ პატარა ლირიკული ლექსი, მაგალითად
ი. ჭავჭავაძის, „გაზაფხული”, ისიც კი გარკვეული კომპონენტებისაგან შედგება. ეს ლექსი შედგება ორი სტროფისაგან (ხანისაგან), სტროფები – ოთხ – ოთხი სტრიქონისაგან, ანუ ტაეპებისაგან, ტაეპები ტერფებისაგან.
ტერფები, ტაეპები, ხანები – ლექსის კომპონენტებია.
ყველაზე დიდი ზომის კომპონენტი – ეპიზოდია, რომელიც დიდი ზომის მხატვრულ ნაწარმოებში არის შესამჩნევი.
იხ. აგრეთვე: ეპიზოდი, ლირიკა, სტროფი, ტაეპი, ტერფი წყარო:
გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება,
![]() |
11 კონსონანსი |
▲back to top |
კონსონანსი
რითმა, რომელშიც მხოლოდ თანხმოვნებია შეთანხმებული.
მაგ:
„გარჯა – გიჯობს;
სიცხე – საცხობს.”
იხ. აგრეთვე: რითმა
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ.
სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
![]() |
12 კონტრასტული სახეები |
▲back to top |
კონტრასტული სახეებიი
ადამიანთა ტიპები, რომლებიც ერთმანეთს უპირისპირდებიან.
გმირი უპირისპირდება ლაჩარს, ძუნწი უხვს, უნებისყოფო მტკიცეს და ა.შ.
იხ. აგრეთვე: სინონიმური სახეები წყარო:
გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
![]() |
13 კულმინაცია |
▲back to top |
კულმინაცია
ლათ. CULMEN
ლიტერატურული ნაწარმოების ის ნაწილი, სადაც მდგომარეობა ყველაზე უფრო დაძაბული
ხდება და წინააღმდეგობა უმაღლეს წერტილს აღწევს (კულმინაცია ლათინურად ნიშნავს
მწვერვალს, გუმბათს).
ლიტერატურული ნაწარმოების კომპოზიციური ანალიზის დროს არც ისე იშვიათად
გაძნელებულია კულმინაციის დასახელება. მაგალითის მოტანისას შეცდომას უშვებენ:
კულმინაციად, ე.ი. წინააღმდეგობის გამწვავების უმაღლეს საფეხურად სახელდება ის
ეპიზოდი, სადაც გამწვავების უმაღლესი საფეხური ჯერ არ გვაქვს და მხოლოდ დასწყისი
ვლინდება.
„განდეგილში” ზოგჯერ კულმინაციის ნიმუშად დასახელებულია ეპიზოდი –„ფეხი წინ წადგა”
მწყემსი ქალის საამბორებლად. ეს შეცდომაა. თავისთავად, „განდეგილის” კულმინაციის
დასახელება ძალიან ადვილია, რადგან ილია ჭავჭავაძემ დაძაბული მდგომარეობის
დაწყებამდე მოგვცა გასაღები კულმინაციის მისაგნებად. პოემის VI თავში ავტორი
გვამცნობს, რომ ღმერთმა შეიწყნარა განდეგილი, კმაყოფილია მისი ერთგულებით და ამ
კმაყოფილებას ავლენს სასწაულით: სენაკში შემოსულ სხივზე ბერი სახარებას დებს და
სხივი მას იჭერს. ბერი კმაყოფილი რჩება, რადგან რწმუნდება, რომ იგი ღვთისაგან
შერისხული არ არის და მისგან გამოვლენილი სასწაულით სიკვდილის შემდეგ მის სულს
სამოთხის ნეტარება ელის, რომ ღმერთს შვიდჯერ ჩადენილი ცოდვის პატიებაც კი შეუძლია,
მით უმეტეს, თუ ადამიანი მას შეინანებს. არც განდეგილის სინანული იმის გამო, რომ
მას ხსნის გზად განდეგილობა ერგო, არც ხორციელი გრძნობის გაღვიძება არ არის
საფუძველი იმის დასადგენად, რომ იგი ღვთისაგან შერისხულია. ამის საბოლოოდ დადგენის
ერთადერთი საფუძველი მხოლოდ სასწაულის შემოწმებაა. შემოწმება იმისა, დაიჭერს თუ არა
სხივი კვლავ სახარებას? გიჟივით გარეთ გავარდნილი ბერი მივარდება ლოცვანს, სხივს
შეუშვირს, სხივი კი ლოცვანს აღარ იჭერს. ეს არის უკვე დადასტურება საშინელი
მოლოდინისა, რომ იგი ღვთისაგან შერისხულია:
„მივარდა ლოცვანს, დააყრდნო სხივზედ,
და, ეჰა, სხივმა არ დაიჭირა!
გაშრა, გაშეშდა ზარდაცემული,
ერთი საშინლად შეჰბღავლა ღმერთსა...”
ეს არის ბერისთვის უმძიმესი მდგომარეობა, ეს არის კულმინაცია.
კულმინაციის გამოყოფის კუთხით ბევრად უფრო რთული მდგომარეობა გვაქვს მთელ რიგ სხვა
ნაწარმოებებში. როდესაც ვცდილობთ დავადგინოთ, მაგალითად, თუ სად არის ე. ნინოშვილის
მოთხრობის „ჩვენი ქვეყნის რაინდის” კულმინაცია, უფრო ხშირად ასეთად მიიჩნევა
მოთხრობის იმ ადგილი, სადაც ტარიელ მკლავაძე ცდილობს კარების ჩამტვრევასა და
თვითნებურად შეჭრას იმ ოთახში, სადაც სპირიდონი და მისი მეუღლე ისვენებენ.
სინამდვილეში კი მოთხრობის ყველაზე უფრო დაძაბული მომენტი ის ეპიზოდია, როდესაც
მეორე დღეს ორივე მხარე (ტარიელიც და სპირიდონიც) ერთიმეორის მოსაკლავად იწევენ.
იხ. აგრეთვე: კვანძის გახსნა, მოთხრობა, ეპიზოდი, სიუჟეტი, შპანუნგი
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977