![]() |
"წამებაი წმიდისა და ნეტარისა ჰაბოისი |
![]() |
1 იოანე საბანისძე ბიოგრაფია |
▲ზევით დაბრუნება |
VIII საუკუნის ქართველი მწერალი, ჰაგიოგრაფი, ავტორი "აბო
თბილელის წამებისა", რომელშიც აღწერილია არაბი ჭაბუკის აბოს მარტვილობა,
ქრისტიანობისათვის მისი თავდადება. "აბოს წამებას" დიდი საზოგადოებრივი რეზონანსი
ჰქონდა. ქართულმა ეკლესიამ იგი წმინდანად შერაცხა. თხზულებას წამძღვარებული აქვს
სამოელ კათალიკოსის ეპისტოლე და თავისი პასუხი. კათალიკოსის მოკრძალებული ტონი
გვაფიქრებინებს, რომ იოანე საბანისძე საერო პირი უნდა ყოფილიყო. მის თხზულებას დიდი
მნიშვნელობა ჰქონდა არაბთა ბატონობით შევიწროებული და ეროვნული გადაგვარების
საფრთხის წინაშე მდგომი ქართველებისათვის. იოანე საბანისძისათვის დამახასიათებელია
მკაცრად გააზრებული კომპოზიცია, თხრობის ლაღი და ხატოვანი მანერა, ღრმა დრამატიზმი.
თხზულება შესანიშნავი ისტორიული წყაროა VIII საუკუნის ქართლის
პოლიტიკურ-ეკონომიკური ცხოვრების, ეროვნულ-სარწმუნოებრივი იდეალების,
საზოგადოებრივი ყოფის შესასწავლად, ჩვენამდე მოღწეულია X საუკუნის ხელნაწერით. იგი
პირველად გამოსცა მ. საბანიანმა (1882), მეორედ - კ. კეკელიძემ (1935). ნათარგმნია
რუსულად და გერმანულად - შულცეს (1905) და ლათინურად - პეეტერსის მიერ.
წამებაჲ წმიდისა და ნეტარისა მოწამისა ქრისტესისა ჰაბოისი (ავტორი)// ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები წ. 1, V-X სს. . - თბილისი, საქ. მეცნ. აკად. გამ-ბა, 1963. - 348 გვ.
დაბადების თარიღი:
7?
გარდაცვ. თარიღი:
7?
კატეგორია:
მწერალი
ბიოგრაფია
წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 191
ბიბლიოგრაფია
ბიბლიოგრაფია
![]() |
2 წამებაი წმიდისა და ნეტარისა ჰაბოისი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
2.1 შესავალი |
▲ზევით დაბრუნება |
აბოს წამება
(წამებაჲ წმიდისა და ნეტარისა მოწამისა ქრისტჱსისა ჰაბოჲსი,
რომელი იწამა ქართლსა შინა, ქალაქსა ტფილისს, ჴელითა სარკინოზთაჲთა, გამოთქმული
იოვანე, ძისა საბანისი. ბრძანებითა ქრისტჱს მიერ სამოელ ქართლისა კათალიკოზისაჲთა)
შესავალი
მე, სამოელ, ქრისტჱს მიერ ქართლისა კათალიკოზი, უფალსა იოვანეს საბანისძესა, სულიერად შვილსა წმიდისა კათოლიკე ეკლესიისა და საყუარელსა ჩუენსა, ლოცვით უფლისა მიერ მოგიკითხავ; მშჳდობაჲ იყავნ შენ ზედა და ყოველთა სახლისა შენისა ჳრებულთა ქრისტჱს მიერ!
ჩუენ თჳთ უწყით წადიერებაჲ შენი ღმერთის-მსახურებისათჳს და ღმრთივ-მიმადლებული შენი მეცნიერებაჲ საღმრთოთა წიგნთაჲ და გულს-მოდგინებაჲ შენი კეთილთა საქმეთა მოღუაწებისათჳს. შენ თჳთ უწყი სანატრელისა ამის ახლისა მოწამისა ჰაბოჲსი, რომელი დღეთა ამათ ჩუენთა იმარტჳლა მეოხად ქრისტჱს მიმართ ჩუენდა და ყოვლისა ამის სოფლისა ჩუენისა ქართლისათჳს.
მნებავს, რაჲთა დაიწეროს სანატრელისა ამისცა მარტჳლობაჲ, ვითარცა პირველთა მათ ქრისტჱს მოწამეთაჲ, და დაიდვას იგიცა წმიდასა კათოლიკე ეკლესიასა შინა მოსაჴსენებელად ყოველთა, ვინ იყვნენ შემდგომად ჩუენსა.
ამისთჳცა მოვავლინე წიგნი ესე ჩემი ჴელითა ხსართან მღდელისა ჩემისაჲთა.
აწ მიიღე წიგნი ესე ჩემი და ლოცვაჲ ჩემი და ჯუარისა დაწერაჲ ჴელითა ჩემითა და შეწევნითა ღმრთისა მამისა და ძისა და სულისა წმიდისაჲთა, მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაჲთა.
და წმიდათა მოციქულთაჲთა და მოწამეთაჲთა ჴელ-ყავ გამოთქუმად სრულიად ჭეშმარიტად, ვითარ-იგი იყო და ვითარცა შენ თჳთ უწყი, და აღწერე მარტჳლობაჲ წმიდისა მოწამისა ჰაბოჲსი და აღწერილი ჩუენ მოგჳძღუანე, რაჲთა უმეტჱსად ლოცვა ვყოთ შენთჳს. მადლი უფლისა იყავნ შენ ზედა. ამჱნ!
პასუხი წიგნისაჲ იოვანჱს მიერ
მარადის საწადელი და თაყუანის-საცემელი ბრძანებაჲ ღმრთივჴატიოსნისა მამფლისა და უფლისა ჩემისაჲ მოვიღე ჴელითა სიწმიდის მოყუარისა ხსართან მღდელისაჲთა, რომლისათჳსცა აღპყრობითა ჴელთა ჩემთაჲთა მადლი შეწირა უღირსებამან ჩემმან ყოვლად-ძლიერისა და ქველის მოქმედისა ქრისტჱს ღმრთისა ჩუენისა, რომელმან არა დავიწყებულყო სიმდაბლჱ ესე ჩემი ღმრთივ-შეწყნარებულთა წმიდათა ლოცვათა თქუენთა, რომელთაცა - ესე ღირს ვიქმენ მე მიმთხუევად. და უფროჲსღა ვაქებ და ვაკურთხევ მე მოწყალებასა ღმრთისასა, რომელმან დაჰნერგა გულსა მამფლისასა ესე-ვითარისა ამისთჳს ბრძანებად, რომელი სარგებელ და ნაყოფ სულისა და სიქადულ და სიხარულ ჴორცთა მექმნების მე საუკუნოდ მიმართ და სოფელსაცა ამას.
აწ რაჲ მოვაჴსენო უფლებასა თქუენსა? მძიმე არს ჩემდა ორკერძოვე; უკუეთუ ურჩ ვექმნე ბრძანებასა თქუენსა, წერილ არს: „შვილი ურჩი წარსაწყმედელსა მიეცესო“, და თუ ვისწრაფო მორჩილებად, მისთჳსცა იტყჳს: „უდარჱსსა შენსა ნუ გამოეძიებო და უძლიერჱსსა შენსა ნუ განიკითხავო“. ამისთჳს შიშმან და ზრუნვამან შემიპყრა მე და შეშფოთნა გონებაჲ ჩემი და დავეცი და მოვაკლდი მეცნიერებისაგან. არამედ უმჯობჱსად შევრაცხე მორჩილ-ყოფად თავი ჩემი ბრძანებასა უფლისა ჩემისასა, რომლითა კუალად განვძლიერდი და აღვემართე ღმრთის სათნოჲთა წმიდითა ლოცვითა თქუენითა და მარადის ძღუნის მიმპყრობელისა ღმრთისა მარჯუენისა თქუენისა ჯუარისა წერითა ჩემ უღირსსა ზედა და რამეთუ ვისწავეცა ბრძენთა-მთავრისა მის სოლომონის მიერ თქმული, ვითარმედ „ჰბაძევდ ჯინჭველსა, მედგარო, და იქმენ მუშაკ მსგავს მისა“. ვითარცა იგი მან თჳსსა უდიდჱსსა მარცუალსა მას იფქლისასა შებმა-უყვის გულს-მოდგინედ, ვიდრემდის აღიღის და წარიღის საზრდელად თჳსა.
მეცა გულს-მოდგინე ვიქმენ უძლიერჱსსა ჩემსა აღებად და წადიერებაჲ გულისა ჩემისაჲ აღავსო უფალმან, და აღვწერე უღირსისაგან გონებისა ჩემისა შემოკრებული მარტჳლობაჲ, ჭეშმარიტი და უტყუელი, წმიდისა მოწამისაჲ მადლითა და მეოხებითა ნეტარისა ჰაბოჲსითა და მოგიძღუანე უფალსა ჩემსა, რომლისათჳს კუალად ვითხოვ ვედრებით: სათნო-ყავნ უფალმან გულსა თქუენსა და გულსა ყოვლისა ქრისტჱს მოყუ-არისა ერისა მორწმუნისასა, რომელნი აღმოიკითხვიდენ, რაჲთა ზიარ ლოცვათა თქუენთა იქმნეს კუალად და მერმეცა უღირსებაჲ ჩემი.
![]() |
2.2 თავი I |
▲ზევით დაბრუნება |
თავი I
მოჴსენებაჲ წმიდისა ჰაბოჲსი
საყუარელნო მამისანო და მეგობარნო და მონანო ქრისტჱს, ძისა ღმრთისანო, და სამკჳდრებელნო სულისა წმიდისანო! გხედავ თქუენ, ვითარცა ღმრთივ-ცნობილთა და ღმრთისა მცნობელთა, ამისთჳსცა გარქუ თქუენ მონად და მეგობრად ქრისტჱსა. მონად ამის გამო, რამეთუ „პატიოსნითა სისხლითა მისითა სყიდულ ხართ“ თქუენ, ხოლო მეგობრად ამისთჳს, რამეთუ მისნი შექმნულნი ვართ და დაბადებულნი და სიყუარულითა მისითა ნათელ გჳღებიეს.
აწ გლოცავ თქუენ, ქრისტჱს მიმართ სურვიელითა გულითა მომიპყრენით საჩინონი ეგე სასმენელნი თქუენნი და უფროჲს-ღა საცნობელნი ეგე ყურნი გულისა და გონებისა თქუენისანი განჱმარტენით სმენად და მასპინძელ ექმნენით სიტყუათა ამათ ჩემთა, რამეთუ ქრისტჱსთჳს არიან და სანატრელთა მისთა მოწამეთათჳს. შეიწყნარეთ კარავსა გუამისა თქუენისასა და სავანჱ განუმზადეთ.
რამეთუ უფალსა ჰნებავს დამკჳდრებად ასოთა შინა თქუენთა, ვითარცა თქუა წმიდამან მოციქულმან პავლე, მოძღუარმან ეკლესიათამან, ვითარმედ „ტაძარნი ხართ ღმრთისანი და სული წმიდაჲ დამკჳდრებულ არს თქუენ შორის“; და უფალი იტყჳს წინაჲსწარმეტყუელისა მიერ: „მე მოვიდე და დავიმკჳდრო თქუენ შორის“, და წმიდასა შინა სახარებასა იტყჳს, ვითარმედ „სასუფეველი ღმრთისაჲ გულთა შინა თქუენთა არს“. ამისთჳს, საყუარელნო, ნუ გეწყინებინ სმენად სიტყუათა ამათ, რაჲთა არა ცუდად დავშურეთ: მე სიტყჳთა და თქუენ სმენითა, - რაჲთა ერთობით მოგუცეს ჩუენ უფალმან სასყიდელი შრომათა ჩუენთაჲ.
და არა თუ ხოლო ჩემდა მარტოჲსა საძიებელ არს სმენად საწადელი ესე მარტჳლობაჲ წმიდისა ამის მოწამისაჲ, არამედ ყოველთა ჯერ-არს თქუენდაცა დაკჳრვებად ჩემ თანა, რომელნი ესე მეშჳდესა დარსა ზედა ვდგათ, რომლისა ჟამისათჳსცა უფალი იტყჳს, ვითარმედ „მრავალნი სცთებოდიან და მრავალთა აცთუნებდენ“ და მოციქული პავლე მისწერს ტიმოთესა, ვითარმედ „მოვალს ჟამი, ოდეს სიცოცხლისა ამის მოძღურებასა არა თავს-იდებდენ, არამედ გულის-თქუმისაებრ თჳსისა თავით თჳსით შეიკრებდენ მოძღურებასა ქავილითა ყურთაჲთა და ჭეშმარიტებისაგან სასმენელნი გარემიიქცინენ და ზღაპრებსა მიექცენ“, რომელიცა ესე აწ ჟამსა ამას აღესრულების ჩუენ შორის.
რამეთუ რომელნი ესე ვართ ყურესა ამას ქუეყანისასა, სასტიკებისაგან და სივერაგისა, მანქანებითა მით საცთურებისაჲთა, ზედამდგომელთა ამათ ჩუენთა, მფლობელთა ამის ჟამისათა, ზაკულებითა მოძღურებისაჲთა, თჳთ თავით თჳსით შჯულისდებისაჲთა, განდგომილთა ქრისტჱსგან, მრავალნი შეაცთუნნეს და გარდადრიკნეს გზისაგან სიმართლისა და ჭეშმარიტებასა ქრისტჱს სახარებისასა შეეცოდნეს, რომელნი ხუთასის წლისა ჟამთა და უწინარჱს-ღა შჯულდებულ ყოფილ [არიან] წმიდითა მადლითა ნათლის-ღებისაჲთა.
მიერითგან და ვიდრე აქამომდე ნაშობნი ქრისტეანეთანი გარდაგულარძნნეს: რომელნიმე მძლავრებით, რომელნიმე შეტყუვილით, რომელნიმე სიყრმესა შინა უმეცრებით, რომელნიმე მზაკუვარებით. და სხუანი, რომელნი ესე ვართ მორწმუნენი, მძლავრებასა ქუეშე დამონებულ[ნი] და ნაკლულევანებითა და სიგლახაკითა შეკრულნი, ვითარცა რკინითა, ხარკსა ქუეშე მათსა გუემულნი და ქენჯნილნი ძჳრ-ძჳრად ზღვეულნი, შიშითა განილევიან და ირყევიან, ვითარცა ლერწამნი ქართაგან ძლიერთა, არამედ ქრისტჱს სიყუარულითა და შიშითა, ჩუეულებისაებრ მამულისა სლვისა, ჭირთა მოთმინებითა არა განეშორებიან მხოლოდშობილსა ძესა ღმრთისასა.
ესევითარსა ჟამსა შინა გამოჩნდა ახოვნად წმიდაჲ ესე მოწამჱ; არა თუ პირველითგანვე ჩუენგანი იყო, არამედ უმეცარი სარწმუნოებისაგან ჩუენისა, უცხოჲ უცხოჲთა შჯულითა მოვიდა და ქრისტესა, ღმერთსა ჩუენსა, შეემეცნა.
„წმიდათა მათ მარტჳლთა ჴსენებითა ვინმემცა განძღა მარტჳლთმოყუარჱ?” და ერთგულებაჲცა აქუს უფლისა მიმართ, რამეთუ ეტყჳს უფალი წმიდათა მისთა: „რომელმან თქუენ შეგიწყნარნეს, მე შემიწყნარა”; ამისთჳს უფროჲსღა გულსმოდგინედ საღმრთოთა მათთჳს არნ შეკრებაჲ იგი მათი.
რამეთუ სიმტკიცე და სიხარულ ექმნის ჭაბუკთა მოთხრობითა მით სიმჴნჱ იგი ქრისტჱს-მოღუაწეთაჲ და სიქადულ და მხიარულება მოხუცებულთა ჴსენებაჲ იგი ღუაწლისა მის მარტჳლთაჲსაჲ. და საწადელ და სასურველ მღდელთა და ყრმათა მათ მოწაფეთა და შვილთა ეკლესიისათა კრებაჲ იგი დღესასწაულისა მის წმიდათაჲსაჲ. რამეთუ უქცეველ და განუქარვებელ არს შემდგომად ჴორცთა შესხმისა და შეერთებისა ღმრთეებისა იგი ბუნებაჲ, რომლისათჳვს, უკუეთუ შემძლებელ ვიქმნეთ, თითოეულის ამის სახელისათჳს, ჭეშმარიტად უწყებად თქუენდა. გარნა მადლითავე მისითა გაუწყო თქუენ, ქრისტჱს-მოყუარეთა. კარ ეწოდა, რამეთუ თქუა: „მე ვარ კარი ცხოვართაჲ”, რამეთუ ჭეშმარიტად მორწმუნენი მისნი მის გამო, ვითარცა კარსა მას სასუფეველისასა შევალთ. გზა ეწოდა, რამეთუ თქუა: „მე ვარ გზაჲ და ჭეშმარიტებაჲ და ცხორებაჲ”, რამეთუ ზეცად აღმავალთა გუექმნების ჩუენ გზა.
ვერ შემძლებელ ვართ ჩუენ მიწდომად სიმდიდრესა მას სახელისა უფლისასა, არამედ უძლურებისაებრ ჩემისა და გულს-მოდგინებისა თქუენისა ვიწყო თხრობად თქუენდა, საყუარელნო: კარ, გზა, ტარიგ, მწყემს, ლოდ, მარგალიტ, ყუავილ, ანგელოზ, კაც, ღმერთ, ნათელ, ქუეყანა, მარილ, მატლ, მარცუალ მდოგჳს, მზე სიმართლის, ძე მამის უკუდავის და ერთ ღმერთ გარდაუქცეველ და განუქარვებელ და უცვალებელ.
ტარიგ ეწოდა, „რამეთუ ჩუენთჳს დაიკლა” და მარადის ცხოველ არს და ჴორცთა და სისხლთა მისთა ჩუენდა განყოფითა ცხორებასა საუკუნესა მოგუანიჭებს. მწყემს ეწოდა, რამეთუ თქუა: „მე ვარ მწყემსი კეთილი”, ჭეშმარიტად ცხოვარნი შეცთომილნი მოგუაქცინა და მტერი იგი ჩუენი ლომი არგნითა ჯუარისაჲთა მოკლა და მისგან დაჴსნილი იგი გუამი პირველ-შექმნულისაჲ მის ძალითა ღმრთეებისაჲთა კუალად განაცოცხლა და ნაკბენი იგი გესლიანისა მის მგელისაჲ წყლულებითა თჳსითა განკურნა და გესლი იგი მომაკუდინებელი წამლითა მით ღმრთეებისა თჳსისაჲთა განაქარვა და აღასრულა სიტყუაჲ იგი, წინაჲსწარმეტყუელისა მიერ თქუმული, ვითარმედ: „იწყლა იგი ცოდვათა ჩუენთათჳს და წყლულებითა მისითა ჩუენ განვიკურნენით“.
ლოდ საკიდურ ეწოდა წინაჲსწარმეტყუელისა მიერ, რამეთუ ესე არს, რომელი-იგი შეურაცხ და განგდებულ იქმნა მღდელთ-მოძღუართა მათგან და მწიგნობართა ნათესავისა ჰურიათაჲსა იერუსალჱმს, არამედ ესე თავ ყოველთა ცის-კიდეთა იქმნა. მარგალიტ ეწოდა, რამეთუ იგი, ვითარცა მარგალიტი, შორის ორთა მათ ფიცართა, სულისა და ჴორცთაჲსა, ღმრთეებით გამობრწყინდების, რომელსა ღმრთისმოყუარენი იგი ვაჭარნი სასუფეველისანი, ვითარცა ღმერთსა არა შიშუელსა და კაცსა არა ლიტონსა, არამედ ვითარცა ღმერთსა და კაცსა, სარწმუნოებით ეძიებენ და მოიყიდიან მხოლოსა მას მრავალ-სასყიდელსა ყოვლისა სოფლისა წარგებითა და სისხლთა თჳსთაცა დათხევითა.
მარილ ეწოდა, რამეთუ ცოდვითა განრყუნილთა ამათ ჴორცთა ჩუენთა მოგუეახლა და სიმყრალჱ იგი კერპთ-მსახურებისაჲ განგუაშორა და სულნი ჩუენნი სარწმუნოებითა ღმრთის-მსახურებისაჲთა სულნელად შეზავნა. ყუავილ ეწოდა, რამეთუ ძირისაგან იესჱსისა ყუავილად აღმოსცენდა ეკლესიასა წმიდისა ქალწულისა მარიამისგან ჴორციელად, ხოლო სულნელებითა მით ღმრთეებისაჲთა სული იგი მადლისაჲ მოჰფინა ჩუენ ზედა. ანგელოზ ეწოდა, რამეთუ ერქუმის მას წინაჲსწარმეტყუელისა მიერ „დიდისა ზრახვისა ანგელოზი, საკჳრველი”, რომელი მამისა მიერ ჩუენდა მჴსნელად მოვიდა. კაც ეწოდა, რამეთუ თქუა წინაჲსწარმეტყუელმან: „კაცი არს და ვინ იცნას იგი“; ჭეშმარიტად სრული კაცებაჲ შეიმოსა, თჳნიერ ცოდვისა, და ღმრთეებაჲ თჳსი ჩუენ გამოგჳცხადა. ღმერთ ეწოდა, ვითარცა თქუა ნეტარმან იოვანე მახარებელმან, ვითარმედ „ღმერთი იყო სიტყუაჲ იგი და ყოველივე მის მიერ შეიქმნა, რაჲოდენი რაჲ იქმნა“.
ნათელ ეწოდა მის მიერვე, რამეთუ თქუა: „იყო ნათელი ჭეშმარიტი, რომელი განანათლებს ყოველსა კაცსა, მომავალსა სოფლად“. ქუეყანა ეწოდა, ვითარცა თქუა დავით: „ქუეყანამან გამოსცა ნაყოფი თჳისი, მაკურთხენინ ჩუენ ღმერთო, ღმერთო ჩუენო!“ ჭეშმარიტად ქუეყანისა დამბადებელი იგი ქუეყანად მოვიდა და ქუეყანით მიწისაგან შექმნულთა მათგან მიწისა ბუნებისა იგი ჴორცნი, ვითარცა შუენიერი ჯეჯლი, აღმოსცენდა ქუეყანით და ნაყოფად გამოიხუნა წმიდანი თჳსნი მოციქულნი და მოწამენი და მართალნი და დაწყეული იგი ქუეყანაჲ ნაყოფითა კურთხევისაჲთა აღავსო. მარცუალ მდოგჳს ეწოდა, რამეთუ დაიკნინებს თავსა თჳსსა და მოგუემსგავსების ჰასაკსა ჩუენსა, რაჲთა ურნატსა სულისა ჩუენისასა, დაენერგოს და ღრმად ძირნი დაიბნეს და რტოთა მათ ზედა ჯუარისა მისისათა შეგუკრიბნეს და აღმაღლდეს და ჩუენ აღგუამაღლნეს მის თანა.
მატლ ეწოდა, რამეთუ თქუა: „მატლ ვარ და არა კაც“, გამობრწყინვებითა ღმრთეებისაჲთა, ვითარცა სამჭედური მატლსა შინა, ეგრჱთ ჴორცთა შინა თჳსთა და-ფარა და ღმრთეებაჲ იგი თჳსი და უფსკრულთა ამის სოფლისათა შთააგდო და აღმოიქუა, ვითარცა კეთილმან მეთევზურმან, რომლისთჳსცა იტყჳს: „შეიპყრა ვეშაპი იგი სამჭედურითა და განუღო დანდალი ყბასა მისსა და ხარტუკი ცხჳრსა მისსა“, ესე იგი არს ეშმაკი, რომელი შეიპყრა, და შემუსრნა მანქანებანი მისნი, რომლისათჳს წამებს მეფსალმუნჱ დავით: „შენ შეჰმუსრე თავები ვეშაპისაჲ მის“. მზე სიმართლისა ეწოდა, რამეთუ თქუა წინაჲსწარმეტყუელმან: „და გამოგიბრწყინდეს თქუენ, მოშიშთა სახელისა მისისათა, მზჱ იგი სიმართლისაჲ, რომელსა აქუს კურნებაჲ ქუეშე ფრთეთა მისთა“; რამეთუ იგი არს, რომელი ჰფარავს და განატფობს და არარაჲ არს, რომელი დაეფაროს სიცხესა მისსა.
ხოლო ესე არათუ რაჲმე თავით თჳსით განგიმარტე თქუენ, საყუარელნო და ქრისტჱს-მოყუარენო და სწავლის-მოღუაწენო, არამედ წამებითა წიგნთაგან საწინაჲსწარმეტყუელოთა და მოციქულთა ქადაგებისაებრ, - წმიდათა სახარებათა წერილნი და ნეტართა მამათა მოძღუართა მიერ განსაზღვრებული სარწმუნოებაჲ. რამეთუ უეჭუელი სარწმუნოებაჲ საუნჯე დიდ არს მორწმუნეთათჳს, მამაო ზეცათაო, ღმერთო და უფალო ცხოვრების მომცემელო, შენ მიერ მიღებითა მადლისაჲთა, რამეთუ ქრისტეანეთა სარწმუნოებაჲ დიდ მოძღურება არს.
რამეთუ არა ხოლო თუ ბერძენთა სარწმუნოებაჲ ესე ღმრთისამიერი მოიპოვეს, არამედ ჩუენცა, შორიელთა ამათ მკჳდრთა, ვითარცა წამებს უფალი და იტყჳს: „მოვიდოდიან აღმოსავალით და დასავალით და ინაჴიდგმიდენ წიაღთა აბრაჰამისთა, ისაკისათა და იაკობისთა“. აჰა ესერა ქართლისაცა მკჳდრთა აქუს სარწმუნოებაჲ და წოდებულ არს დედად წმიდათა, რომელთამე თჳთ აქა მკჳდრთა და რომელთამე უცხოთა და სხჳთ მოსრულთა ჩუენ შორის ჟამად-ჟამად, მოწამედ გამოჩინებითა ქრისტე იესუჲს მიერ, უფლისა ჩუენისა, რომლისაჲ არს დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე. ამჱნ.
![]() |
2.3 თავი II |
▲ზევით დაბრუნება |
თავი II
ქართლად შემოსლვაჲ და ნათლის-ღებაჲ წმიდისა მოწამისა ჰაბოჲსი
რამეთუ იყო ჟამი, ოდეს ერისმთავარი იგი ქართლისაჲ, სახელით ნერსე, ძჱ ადარნესე კურაპალატისა და ერისმთავარისაჲ, მოწოდებულ იქმნა ქუეყანად ბაბილოვნისა მფლობელისა მისგან მის ჟამისა სარკინოზთაჲსა ამირა მუმნისა აბდილაჲსგან, რომელი იყო ქალაქსა მას დიდსა ბაღდადს, რომელიცა იგი მან აღაშჱნა.
ხოლო შესმენითა ბოროტთა კაცთაჲთა საპყრობილესა შეაგდო მან ნერსე, ერისთავი ქუეყანისა ამის ქართლისაჲ, და პყრობილ იყო იგი მუნ ჟამადმდე სამისა წლისა, ვიდრემდის ბრძანებითა ღმრთისაჲთა მოკუდა აბდილა ამირა მუმნი და დაჯდა მის წილ ძჱ მისი მაჰდი. ხოლო ქველისმოქმედმან ღმერთმან არწმუნა გულსა მაჰდი ამირა მუმნისასა განტევებაჲ ნერსჱსი და გამოიყვანა იგი მწარისა მისგან საპყრობილისა და განუტევა იგი კუალად ერისმთავრობით აქა, ქუეყანადვე თჳსა.
მნებავს აწ, ქრისტჱს-მოყუარენო, ამიერითგან წმიდისა და სანატრელისა მოწამისა ამის ჰაბოისთვის, რაჲთა გაუწყო, ვითარ ანუ რაბამ იყო, ანუ ვინაჲ მოიწია აქა. ესე ნაშობი იყო აბრამეანი, ძეთაგან ისმაელისთა, ტომისაგან სარკინოზთაჲსა, და არა თუ უცხოჲსაგან თესლისა, არცა ხარჭისაგან შობილი, არამედ ყოლადვე არაბიელთა თესლი, მამულად და დედულად, რომლისაჲ მამაჲ მისი და დედაჲ მისი და ძმანი და დანი მისნი იყვნეს მუნვე ქალაქსა მას შინა ბაღდადს ბაბილოვნისასა.
და ესე იყო ყრმა, ჭაბუკ, ვითარ ათრვამეტის წლის, გინა უკნინჱს - აჩჳდმეტის წლის. ამან ინება წარმოსლვაჲ თჳსი აქა ერისმთავრისა მის ნერსჱს თანა და შეეყო იგი მსახურად მისა. და იყო იგი პელოვან, კეთილად შემზავებელ სულნელთა მათ საცხებელთა, და სწავლულ იყო მწიგნობრებითა სარკინოზთაჲთა, ძეთა ისმაელისთა, ძეთა აბრაჰამისთა, ნაშობთა აგარისთა. ხოლო ამიერ ჩუენდა სოფლად გამოსლვაჲ იგი არა თუ თჳთ თავით თჳსით განიზრახა, არამედ ვითარცა იგი უფალმან ჰრქუა ნეტარსა მას აბრაჰამს მასვე ქუეყანასა შინა ქალდეველთასა, ვითარმედ: „გამოვედ ქუეყანისაგან შენისა და ნათესავისაგან შენისა და სახლისაგან მამისა შენისა და მოვედ ქუეყანასა მას, რომელი მე გიჩუენო შენ”; ეგრჱთვე ესე კუალად ნაშობი აბრაჰამისი არა თუ თჳსით გონებით, არამედ წამისყოფითა ღმრთისა მიერითა იწჳა ესეცა და დაუტევა მამა და დედა და ძმანი და ნათესავნი და მონაგებნი და აგარაკები, და, ვითარცა იგი უფალი იტყჳს წმიდასა სახარებასა შინა, წარმოვიდა აქა ნერსჱს თანა მგზავრ ქრისტჱს სიყუარულისათჳს.
და რაჟამს მოვიდა იგი ქართლად, ცხონდებოდა იგი ნერსე ერისთვისა თანა და თჳსითა სათნოებითა იქმნა იგი საყუარელ ყოვლისა ერისა და შესძინა სწავლად ქართულისა მწიგნობრებისა და ზრახვისა ჴსნილად. მაშინ იწყო ზედამიწევნად და სწავლად წმიდათა საღმრთოთა წიგნთა ძუელისა და ახლისა შჯულისათა, რამეთუ უფალი მეცნიერ-ჰყოფდა მას. და მოვიდის იგი წმიდად ეკლესიად და მარადის ისმენნ წმიდათა სახარებათაგან და საკითხავთა მათ საწინაჲსწარმეტყუელოთა და მოციქულთა და მრავალთაგან შჯულის მეცნიერთა იკითხავნ და ისწავებნ. ხოლო რომელთამე რეცათუ ცილობით წინააღუდგებიან, არამედ მიზეზ სწავლისა ექმნებინ მას, და ესრეჱთ სრულ იქმნა იგი ყოვლითა მოძღურებითა, რომელი აქუს წმიდასა კათოლიკე ეკლესიასა ქრისტჱს მერ.
მაშინ უდებყო შჯული იგი მაჰმედისი და წესი იგი მამულისა მის ლოცვისაჲ დაუტევა და შეიყუარა ქრისტე ყოვლითა გულითა და გამოირჩია იგი სიტყჳვთა ამით, ვითარმედ „მითხრეს მე უშჯულოთა ზრახვაჲ, ხოლო არა ეგრე იყო, ვითარ შჯული შენი”. არამედ ვერ განიცხადებდა თავსა თჳსსა სრულიად ქრისტეანედ, ხოლო ფარულად იმარხავნ და ილოცავნ ქრისტჱს მიმართ და ეძიებდა ადგილსა კრძალულსა, სადამცა მოიღო ნათელი ქრისტჱსი, რამეთუ ეშინოდა სოფლისა მპყრობელთა ამათ, ზედამდგომელთა ჩუენთა, სარკინოზთაგან.
და იყო დღეთა მათ შინა კუალად განრისხებაჲ ჴელმწიფეთა მათ სარკინოზთაჲ ნერსე ერისთავსა ზედა, და ივლტოდა იგი, რამეთუ სასტიკად ჰბრძოდეს მას სარკინოზთა ერი; და უფალმან დაიცვა იგი ჴელთაგან მათთა, და განვლო მან კარი იგი ოვსეთისაჲ, რომელსა დარიალან ერქუმის. და რაჟამს განვიდა, იყო მის თანა ერისაგან მისისა ვითარ სამას ოდენ მამაკაც და მათ თანავე იყო სანატრელიცა ესე მონაჲ ქრისტჱსი ჰაბოჲ. ხოლო ნერსე, ვლტოლვილი ქუეყანით თჳსით, შევიდა ქუეყანასა მას ჩრდილოჲსასა, სადაიგი არს სადგური და საბანაკჱ ძეთა მაგოგისთაჲ, რომელ არიან ხაზარნი, კაც ველურ, საშინელ პირითა, მჴეცის ბუნება, სისხლის მჭამელ, რომელთა შჯული არა აქუს, გარნა ღმერთი ხოლო შემოქმედი იციან. და რაჟამს მივიდა ნერსე ერისთავი მეფისა მის ხაზართაჲსა, შეიწყნარა იგი უცხოებისათჳს და ვლტოლვილებისათჳს მტერთა მისთაჲსა და სცა მას და ყოველსა ერსა მისსა საზრდელი და სამოსელი.
მაშინ, ვითარცა იხილა ნეტარმან ჰაბო, რამეთუ განშორებულ არს შიშისაგან და მძლავრებისა სარკინოზთაჲსა, ისწრაფა მან მიახლებად ქრისტჱსა და ნათელიღო სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა ჴელითა პატიოსანთა მღდელთაჲთა; რამეთუ მადლითა სულისა წმიდისაჲთა მრავალ არს ქალაქები და სოფლები ქუეყანასა მას ჩრდილოჲსასა, რომელნი სარწმუნოებითა ქრისტჱსითა ცხონდებიან უზრუნველად. მიერითგან უფროჲსღა სავსჱ მადლითა ქრისტჱსითა ნეტარი ჰაბო შეეყო მარხვასა და ლოცვასა დაუბრკოლებელად.
მაშინ, შემდგომად რავდენისამე ჟამისა, ევედრა ნერსე მეფესა მას ჩრდილოჲსასა, რაყთა განუტეოს იგი მიერ ქუეყანად აფხაზეთისა, რამეთუ პირველადვე წარეგზავნნეს მას დედაჲ და ცოლი და შვილნი და მონაგები და ყოველნი სახლისა მისისანი, რამეთუ კრძალულ იყო ქუეყანაჲ იგი შიშისაგან სარკინოზთაჲსა. ხოლო ღმერთმან მოამშჳდა პირი მეფისა მის ჩრდილოჲსაჲ და განუტევა ნერსე მრავლითა ნიჭითა. და წარემართნეს იგინი სიხარულითა და მადლობითა ღმრთისაჲთა და განვლეს ქუეყანაჲ იგი წარმართთაჲ, რომელთა ყოვლადვე არა იციან ღმერთი, და უშიშად ვიდოდეს დღჱ და ღამჱ სამისა თთჳსა გზასა.
ხოლო ნეტარი ჰაბო ეგოდენთა ამათ დღეთა მგზავრ ილოცვიდა და იმარხვიდა და არა დასცხრებოდა იგი ფსალმუნებითა. და ვითარცა მიიწინეს იგინი ქუეყანად აფხაზეთისა, მთავარმან მის ქუეყანისამან შეიწყნარა ნერსე ყოვლით ერით მისითურთ. ვითარცა იხილა ნერსე დედოფალი, დედაჲ თჳსი, და ცოლი და ძენი თჳსნი, სიხარულითა ყოველნივე აკურთხევდეს ღმერთსა ცოცხლებით და მშჳდობით შეკრებისა მათისათჳს.
მაშინ, ვითარცა ეუწყა მთავარსა მას აფხაზეთისასა ნეტარისა ჰაბოჲსთჳს, რამეთუ ახალ ნათელღებულ არს, განიხარა ფრიად ყოვლით ერით მისითურთ; და მოუწოდეს მას მთავარმან მან და ეპისკოპოსმან და მღდელთა და აკურთხევდეს და ნუგეშინის სცემდეს და უთხრობდეს მას სიტყუათა ცხოვრებისათა და ახარებდეს ქრისტჱ სთჳს, და საუკუნოჲსა მის ცხოვრებისათჳს. ხოლო იგი თავით თჳსით მიუგებდა მათ მადლობით სიტყუათა მათ ჭეშმარიტისა სარწმუნოებისათა, ვიდრემდის უკჳრდაცა მათ და ადიდებდეს ღმერთსა.
ნეტარი ჰაბო უფროჲსღა ჰმადლობდა ღმერთსა, რამეთუ იხილა მან ქუეყანაჲ იგი სავსჱ ქრისტჱს სარწმუნოებითა და არავინ ურწმუნოთაგანი მკჳდრად იპოვების საზღვართა მათთა. რამეთუ საზღვარ მათდა არს ზღუაჲ იგი პონტოჲსაჲ, სამკჳდრებელი ყოვლადვე ქრისტეანეთაჲ, მისაზღვრადმდე ქალდიაჲსა, ტრაპეზუნტიაჲ მუნ არს, საყოფელი იგი აფსარეაჲსაჲ და ნაფსაჲს ნავთსადგური. და არს ქალაქები იგი და ადგილები საბრძანებელად ქრისტჱსმსახურისა იონთა მეფისა, რომელი მოსაყდრე არს დიდსა მას ქალაქსა კონსტანტინეპოლისასა.
ხოლო წმიდამან და ნეტარმან ჰაბო, ვითარცა იხილა კაცთა მის ადგილისათა გარდამეტებული ღმრთისმოყუარებაჲ და ლოცვაჲ ყოვლისა მის ერისაჲ დაუცადებელი, შური საღმრთოჲ აღიღო, რამეთუ მოიჴსენა მან სიტყუაჲ იგი წმიდისა მოციქულისაჲ, ვითარმედ „კეთილ არს ბაძვაჲ კეთილისათჳს მარადის”.
იწყო მანცა დღეთა მათ ზამთრისათა, თთჳსა მის იანვარისასა, აჩჳდმეტსა მის თთჳსასა, ჴსენებასა წმიდისა მამისა ანტონისსა, აღიღო მანცა ფიცხელი იგი შრომაჲ და შორის ქალაქსა, ვითარცა უდაბნოსა ზედა, ეწყვებოდა მტერსა მას ეშმაკსა; და დუმილითა და მარხვითა მოაუძლურებდა იგი ჴორცთა მათ სიჭაბუკისა თკსისათა, „რაჲთა შეუძლოს ყოველთა მათ ისართა ეშმაკისათა განჴურვებულთა დაშრეტად”. მოიჴსენა მან მაცხოვრისა ჩუენისაჲ, ვითარიგი შემდგომად წმიდისა მის ნათლისღებისა უდაბნოდ განსრულმან, მზაკუვარსა მას განმცდელსა სძლო, ეშმაკსა, ლოცვითა მით და მარხვითა წმიდითა ორმეოც დღე.
ეგრეჱთვე ნეტარი ესე ჰაბო არცაღა ერთსა რას სიტყუასა იტყოდა კაცთა შორის, გარნა ღმერთსა ხოლო ჰზრახავნ წმიდასა შინა ლოცვასა თჳსსა. ეგრჱთ განვლო სამ თთუე და დაადგრა მარხვით და დუმილით. ხოლო წმიდათა მათ დღეთა დიდისა მის მარხვისათა, შჳდთა მათ შჳდეულთა კჳრიაკესა და დღესა შაბათსა ხოლო მი-რაჲ-იღის წმიდაჲ იგი საიდუმლოჲ, ჴორცი და სისხლი ქრისტჱსი, მაშინღა ნაკლულევანად მიიღის საზრდელი, ვიდრემდის მიიწია იგი წმიდასა მას დღესა, დიდსა დღესასწაულსა აღვსებასა, აღდგომასა ქრისტჱს ღმრთისა ჩუენისასა; მაშინღა დააცადა ფიცხელი იგი მარხვაჲ და განჴსნა ენაჲცა თჳსი უტყუებისაგან და ადიდებდა ღმერთსა.
ხოლო იყო შემდგომად სივლტოლისა მის ნერსჱსისა ქართლით, წარმოავლინა მაჱდი ამირა მუმნმან ბრძანებითა ღმრთისაჲთა სტეფანოზ, ძჱ გურგენ ერისთვისაჲ, დისწული ნერსჱსი, ნაცვალად დედისძმისა თჳსისა ნერსჱსა, ერისმთავრად ქუეყანასა ამას ქართლისასა. მაშინ მხიარულ იქმნა ნერსე, რამეთუ უფლებაჲ იგი სახლისა მისისაგან არა განაშორა უფალმან. ესეცა წადიერ იქმნა უფროჲსღა გულსმოდგინედ და წარმოავლინნა მოციქულნი და ითხოვა ჴელმწიფეთაგან ამირათა ამის ქუეყანისათა, რაჲთა უშიშჲონ იგი ბოროტისაგან და გამოვიდეს ჴსნილად ყოვლით ერით მისითურთ.
და ვითარცა წარმოემართნეს იგინი ქუეყანით აფხაზეთით, მაშინ ნეტარსა ჰაბოს მიუწოდა მთავარმან მან აფხაზეთისამან და ჰრქუა:
- ნუ განხუალ შენ ამიერ ქუეყანით, რამეთუ ქუეყანაჲ იგი ქართლისაჲ სარკინოზთა უპყრიეს და შენ ხარ ბუნებით სარკინოზ, და არა გიტეონ შენ ქრისტეანობით მათ შორის; და მეშინის მე შენთჳს, ნუუკუე კუალად განგდრიკონ შენ სარწმუნოებისაგან ქრისტჱსისა ნეფსით, გინა უნებლებით, და ესოდენი შრომაჲ შენი წარსწყმიდო.
ხოლო ნეტარმან ჰაბო ჰრქუა:
- სადაღა შემიწყნარა მე ქრისტემან და განმაშორა ჩემგან ბნელი იგი პირველისა მის უმეცრებისა ჩემისაჲ და ღირს მყო მე ნათელსა მას მისსა, არასადა უვარვყო მე სახელი მისი, დაღათუ ბევრეული ოქროჲსაჲ და ვერცხლისაჲ მომცენ მე, გინათუ ტანჯვითა და გუემითა განმიკითხონ მე, ვერ განმაშორონ მე სიყუარულსა უფლისა ჩემისასა.
და აწ შენ ნუ დამაყენებ მე, ღმრთისმსახურო, რამეთუ რაჲ მადლ არს ყოფაჲ ჩემი აქა, სადა არა არს შიში, არცა სიკუდილი ქრისტჱსთჳს? აწ გევედრები, განმიტევე მე, რაჲთა ეუწყოს განცხადებულად ქრისტეანობაჲ ჩემი ქრისტჱსმოძულეთა მათ, რამეთუ მესმა მე წმიდისა სახარებისაგან თქუმული იგი მაცხოვრისა ჩუენისა მიერ, ვითარმედ „არავინ აღანთის სანთელი და შედგის იგი ქუეშე ჴჳმირსა, არამედ ზედა სასანთლესა გადგიან, რაჲთა ჰნათობდეს ყოველთა; ეგრე ბრწყინევდინ ნათელი თქუენი წინაშე კაცთა”. და აწ მე რაჲსათჳს დავფარო ჭეშმარიტი ესე ნათელი, რომლითა განმანათლა მე ქრისტემან? არა მეშინის მე სიკუდილისაგან, რამეთუ მე სასუფეველსა ვეძიებ ქრისტჱსგან.
და ესრჱთ არწმუნა მთავარსა მას და განუტევა.
და გამოვიდა იგი ნერსჱს თანა ქუეყანად ქართლად და შემოვიდა ქალაქსა ტფილისს, და იქცეოდა იგი განცხადებულად ქრისტეანედ. და ვითარცა იხილეს იგი ქრისტეანედ მუნ მყოფთა მათ სარკინოზთა, რომელთა იცოდეს იგი პირველად, რომელნიმე ჰყუედრიდეს, რომელნიმე აგინებდეს, რომელნიმე აშინებდეს, რომელნიმე სდევნიდეს, რომელნიმე მშჳდობისა სიტყჳთა შეაჯერებდეს.
ხოლო იგი განმტკიცებულ იყო ქრისტჱს მიმართ და არავისგან შეძრწუნდებოდა. არამედ სამისა წლისა ჟამთა იქცეოდა ქალაქსა მას შინა და გარემოჲს ყოველსა სოფლებსა განცხადებულად ქრისტეანედ, არამედ „ვერვინ მიყვნა ჴელნი მას ზედა ბოროტებით, რამეთუ არღა მოწევნულ იყო ჟამი მისი”. ხოლო კაცნი ქრისტჱსმოყუარენი, რომელთა იცოდეს ღმრთისა მიმართ სათნოებაჲ მისი, იღუწიდეს მას საზრდელითა და სამოსლითა.
![]() |
2.4 თავი III |
▲ზევით დაბრუნება |
თავი III
წამებაჲ წმიდისა ჰაბოჲსი
რომელნი ხართ ქრისტჱს მოყუარენი და მარტჳლთ მოყუარენი, მიიღეთ ჩემგან სანატრელი ესე სმენაჲ წმიდისა მოწამისა და ქრისტჱს მოღუაწისაჲ, რომელი სიმჴნითა და დიდებითა გჳრგჳნოსან იქმნა ქრისტჱს მიერ. სუფევასა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსსა, წელიწადსა ვნებითგან და მკუდრეთით აღდგომითგან რვაას ოთხმეოც და ექუსსა, მეფობასა კოსტანტინეპოვლის, ქალაქსა მას დიდსა, ქრისტეანეთა ზედა კონსტანტინჱსსა, ძისა ლეონისსა, სარკინოზთა შორის მეფობასა მოსე ამირა-მუმნისასა, ძისა მაჰდისსა, ქართლს შინა კათალიკოზობასა სამოელისსა, ერისმთავრობასა სტეფანოზისსა, ძისა გურგენისსა, დასაბამით გარდასრულთა ექუს ათას სამას ოთხმოც და ცხრასა წელსა, თთუესა იანვარისასა ექუსსა, დღესა პარასკევსა, შევისწავეთ მარტჳლობაჲ წმიდისა და ნეტარისა ამის მოწამისა და კეთილად მოღუაწისა ჰაბოჲსი ქალაქსა ტფილისს.
ხოლო იყო ესრე სახედ: რამეთუ მცირედ უწინარჱს-რე დღეთა ამათ შეიპყრეს ნეტარი ესე მოწამჱ ქრისტჱსი და მიიყვანეს იგი მსაჯულისა მის, რომელ იყო ამირად ქალაქსა ტფილისს, და ქრისტჱს აღსაარებისათჳს შეაყენეს იგი საპყრობილესა, ხოლო შემდგომად რავდენთამე დღეთა გამოითხოვა იგი სტეფანოზ, ერისთავმან ქართლისა-მან, და გამოიყვანა საპყრობილით და განუტევა.
და შემდგომად მცირედთა დღეთა კუალად აღიძრნეს შემასმენელნი წმიდისა ამის მოწამისანი, განრისხებულნი და აღბორგებულნი, სავსენი შურითა ქრისტეანეთაჲთა შეიზრახნეს შეთქუმით წმიდასა მას ზედა და შევიდეს წინაშე მსაჯულისა მის, რამეთუ სხუაჲ მსაჯული ამირაჲ შემოსრულ იყო ქალაქსა ტფილისს, და ჰრქუეს მას: - არს ქალაქსა ამას შინა ჭაბუკი ერთი, რომელი იყო ბუნებით სარკინოზ და განზრდილ და ცხორებულ შჯულითა მით, რომელი მომცა ჩუენ მაჰმედ, მოციქულმან ჩუენმან; და აწ დაუტევებიეს შჯული ესე ჩუენი და იტყჳს თავსა თჳსსა ქრისტეანედ და უშიშად ვალს ქალაქსა შინა და მრავალთა ასწავებს ჩუენგანთა ქრისტეანე-ყოფად. აწ ბრძანე შეპყრობაჲ მისი და შეაგდე იგი სატანჯველსა და გუემასა, ვიდრემდის არა აღიაროს შჯული მაჰმედ მოციქულისა ჩუენისაჲ; უკუეთუ არა, მოკუედინ იგი, რაჲთა არა მობაძავ იქმნენ მისა მრავალნი სიტყჳთა მისითა.
ამას რაჲ შეასმენდეს, ესმა ვიეთმე ქრისტეანეთა კაცთა და მივიდეს მწრაფლ და უთხრეს ნეტარსა ჰაბოს, ვითარმედ:
- აწ ესერა გეძიებენ შენ შეპყრობად, ტანჯვად და გუემად. და შეაჯერებდეს მას, რაჲთამცა მიჱრიდა და დაემალა. ხოლო მან ჰრქუა მათ:
- მე არა ხოლო ტანჯვად განმზადებული ვარ ქრისტჱსთჳს, არამედ სიკუდიდცა. და გამოვიდა იგი სიხარულით და იქცეოდა შორის უბანთა განცხადებულად. მაშინ მოვიდეს მსახურნი იგი მის მსაჯულისანი და შეიპყრეს ნეტარი ჰაბოჲ და შეიყვანეს იგი
წინაშე მსაჯულისა მის.
და ჰრქუა მას მსაჯულმან მან:
- რაჲ არს, რომელი-ესე მესმის შენთჳს, რამეთუ ხარ შენ ნათესავით და ტომით სარკინოზ და დაგიტევებიეს მამული შჯული და ქრისტეანეთა თანა შეცთომილ ხარ? აწ განემზადე და ილოცე შჯულითა მით, რომლითა განგზარდეს მშობელთა შენთა!
ხოლო ნეტარი ჰაბო განძლიერდა ქრიტჱს მიერ და აღივსო სულითა სარწმუნოებისაჲთა და ჰრქუა მსაჯულსა მას ამირასა:
- ეგე კეთილად სთქუ, რამეთუ ვარ მე ბუნებით სარკინოზ, შობილვე მას შინა მამულად და დედულად; განსწავლულ ვიყავ შჯულითა მით მაჰმედისითა და ვცხოვნდებოდე მას შინა, ვიდრე უმეცრებასა შინა ვიყავ. ხოლო ოდეს სათნო-ყო ღმერთმან, რომელმან გამომირჩია მე ძმათა და ნათესავთა შორის ჩემთა და მიჴსნა მე იესუ ქრისტჱს მიერ, ძისა მისისა და ღმრთისა ჩემისა, და გულისჴმა-მიყო მე უმჯობჱსი იგი კეთილი, მაშინ დაუტევე მე პირველი იგი კაცთა ჴელოვნებითა შეთხზული შჯული და ზღაპრობისა სიბრძნითა ღონისძიებული რწმუნებაჲ, და აწ შეუდეგ მე ჭეშმარიტსა ქრისტჱს მიერ მომადლებულსა სარწმუნოებასა სამებისა წმიდისა - მამისა და ძისა და სულისა წმიდისასა - და ამით ნათელ მიღებიეს და ამასცა თავყანის-ვსცემ, რამეთუ ესე არს ღმერთი ჭეშმარიტი, და აწ ქრისტეანე ვარ თჳნიერ ყოვლისა ცილობისა.
ჰრქუა მას მსაჯულმან მან:
- დაუტევე სიცოფისა ეგე განზრახვაჲ და უკუეთუ ნაკლულევანებისა შენისათჳს შედგომილ ხარ ქრისტეანეთა, მე უფროჲსღა ნიჭი და პატივი აწვე მიგცე შენ.
ჰრქუა მას ნეტარმან ჰაბო:
- ოქროჲ და ვეცხლი შენი შენ თანავე იყავნ წარსაწყმედელად თავისა შენისა; მე პატივსა კაცთაგან არა ვეძიებ, რამეთუ მაქუს მე ნიჭი ქრისტჱსმიერი, გჳრგჳნი ცხორებისა და უხრწნელებისაჲ და პატივი საუკუნოჲ ცათა შინა.
მაშინ უბრძანა მსაჯულმან მან ჴელით და ფერჴით შეკრვაჲ მისი ბორკილითა რკინისაჲთა და ეგრეჱთ შთააგდეს იგი საპყრობილესა. ხოლო ნეტარსა მას უხაროდა და ჰმადლობდა უფალსა და იტყოდა:
- გმადლობ შენ, უფალო და მაცხოვარო ღმერთო ჩუენო, იესუ ქრისტე, რამეთუ ღირს მყავ მე განკითხვასა და პყრობილებასა სახელისა შენისათჳს წმიდისა.
და იყო ესე თთუესა დეკენბერსა ოცდა შჳდსა, დღესა სამშაბათსა, ჴსენებასა ქრისტჱს მოციქულისა, პირველდიაკონისა და პირველმოწამისა წმიდისა სტეფანჱსსა.
და იყოფოდა ნეტარი ჰაბოჲ საფყრობილესა შინა მარხვითა და ლოცვითა და ფსალმუნებითა ღამჱ და დღჱ განუსუენებლად და ჰყოფდა იგი ქველის-საქმესა: რამეთუ განყიდა მან ყოველი, რაჲცა აქუნდა მას, და ჰზრდიდა იგი მშიერთა და ნაკლულევანთა მის თანა პყრობილთა მათ. ხოლო ცრუ მოძღუარნი იგი შემასმენელნი შევიდიან მისა და ეტყჳედ რომელნიმე რეცა სიტყჳთა ლიქნისაჲთა:
- შვილო, ნუ განიწირავ თავსა შენსა, ნუცა სიჭაბუკესა შენსა განჱვაჭრი ქრისტეანედ და ნუცა ძმათა და ნათესავთა შენთა განეშორები, რაჲთა არა შეამთხჳო ძჳრი თავსა შენსა და შეგუაწუხნე ჩუენ ყოველნი.
და რომელნიმე მათგანნი აშინებედ მას და ეტყჳედ:
- რაჲ სარგებელ გეყოს შენ ქრისტე იგი შენი, ანუ ვინ გიჴსნეს შენ ჴელთაგან ჩუენთა, რამეთუ ცეცხლი და სატანჯველი აწვე განგჳმზადებიეს შენთჳს არა თუ მოიქცე ჩუენდავე.
ხოლო ნეტარი იგი არა ისმენნ მათსა, არამედ ილოცავნ და უღარღილოდ ფსალმუნებნ გონებითა თჳსითა; და შემდგომად მრავლისა სიტყჳსა მათისა ჰრქუა მათ:
- ჩემდამო ნურას იტყოდეთა, რამეთუ მე, ვითარცა ყრუსა, არა მესმოდა და ვითარცა უტყუმან რაჲ არა აღაღის პირი თჳსი; ვიყავ მე, ვითარცა კაცი უსმი, რომლისა თანა არა არს პირსა მისსა სიტყუაჲ, რამეთუ მე უფალსა ვესავ. განმეშორენით მე, უკეთურნო, და გამოვიძინე მე მცნებანი ღმრთისა ჩემისანი!
და ვითარცა ვერ შეძრეს მართალი იგი, გამოვიდეს მიერ სირცხკლეულნი.
და იყო ნეტარი იგი საპყრობილესა შინა ცხრა დღე, და დღე ყოველ იმარხავნ და ღამის თევით დაადგრის განთიადადმე. ხოლო დღესა მას მეცხრესა ჰრქუა ყოველთა მათ მის თანა პყრობილთა ქრისტეანეთა და სხუათაცა, ვითარმედ:
- ხვალე განსლვაჲ არს ჩემი ჴორცთაგან და მისლვაჲ უფლისა ჩემისა და ღმრთისა იესუ ქრისტჱს თანა.
რამეთუ ესე უფალმან გამოუცხადა თჳსსა მას მოწამესა. და მაშინ განიძარცუა მან სამოსელი თჳსი და განსცა იგი სავაჭროდ, რაჲთა უყიდონ მას სანთელად ჳერეონები და საკუმეველი, და წარსცა ყოველთა მათ ეკლესიათა ქალაქისათა, რაჲთა აღანთონ. და მიავლინა ყოველთა მღდელთა ვედრებით, რაჲთა ლოცვაყონ მისთჳს, რომლითა არა დაბრკოლდეს სარწმუნოებისაგან ქრისტჱსისა და ღირს იქმნეს მოღუაწებასა მას ქრისტჱს მოწამეთასა.
ხოლო მან ღამესა მას წმიდისა მის დღესასწაულისასა, ღამისთევასა მიიხუნა ორნი სანთელნი დიდნი პელთა თჳსთა და დადგა იგი შორის საპყრობილესა და დაადგრა მდგომარჱ ზედა ფერჴთა თჳსთა, ვიდრე განთიადადმდე, ყოლადვე დაუჯდომელად, ვიდრემდე აღასრულნა ფსალმუნნი და სანთელნი დაიწუნეს ჴელთა შინა მისთა, რკინითა შეჭედილთა ზედა ქედსა მისსა; და იტყოდა მდგომარჱ იგი შეუძრველად, ვითარმედ: წინაჲსწარ ვხედევდ უფალსა, წინაშე ჩემსა არს მარადის, რამეთუ მარჯულ ჩემსა არს, რაჲთა არა შევიძრა”.
და რაჟამს განთენა მეათჱ იგი დღჱ დღესასწაულისა მის მაცხოვრისა ნათლისღებისაჲ, რომელ არს თთუესა იანვარსა ექუსსა, იყო დღჱ იგი პარასკევი; და თქუა ნეტარმან მან:
- დიდ არს ჩემდა დღჱ ესე, რამეთუ ვხედავ ორკერძოვე ძლევასა უფლისა ჩემისა იესუ ქრისტჱსსა, რამეთუ დღესასწაულსა ამას შთაჴდა მდინარესა მას იორდანისასა განშიშულებული ნათლის-ღებად და სიღრმესა მას შინა წყალთასა დამალულისა მის ვეშაპისა თავები ძალით ღმერთებისაჲთა შემუსრა.
ჯერ-არს ჩემდაცა დღესა ამას, რაჲთა განვიძარცო შიში ჴორცთა ამათ ჩემთაჲ, რომელნი სამოსელ არიან სულისა ჩემისა, და შთავჴდე, ვითარცა სიღრმესა ზღჳსასა, შორის ქალაქსა ამას და ნათელ ვიღო სისხლითა ჩემითა და ცეცხლითა და სულითა, ვითარცა იქადაგა წინამორბედმან იოვანე, და მერმე კუალად შთავჴდე წყალთაცა და კუალად განვნათლდე, რამეთუ დღეს გარდამოსლვაჲ არს სულისა წმიდისაჲ ყოველთა ზედა წყალთა, რომლითა ნათელ იღებენ ქრისტჱს მორწმუნენი სახედ იორდანისათა მათ მდინარეთა, და განშიშულებითა ჴორცთა ჩემთაჲთა მტერისა მის მზაკუარისა მანქანებანი, რომელ იზრახნა ჩემთჳს, განვბასრნე და დავტკებნნე ფერჴითა ჩემითა შორის ქალაქსა ამას.
და კუალად დღესა ამას პარასკევსა ვნებითა თჳსითა უფალმან ჩემმან იესუ ქრისტემან ჯუარსა მას ზედა განპყრობითა ჴელთა თჳსთაჲთა განაქიქა და თითისა საჩუენებელ-ყო ყოველთა კიდეთა ქუეჲანისათა მტერი იგი ყოვლისა სოფლისაჲ. აწ მეცა თანა მაც, რაჲთა განუჴდე ბრძოლად მტერსა მას ქრისტეანეთასა და ქრისტჱსთჳს დათხევითა სისხლთა ჩემთაჲთა საცინელ და საკიცხელ ვყო იგი ყოველთა ქრისტეანეთა, რამეთუ ჰგონებდა იგი, ვითარმცა შიშითა სიკუდილისაჲთა განმაშორა მე სიყუარულსა უფლისა ჩემისა იესუ ქრისტჱსსა. ხოლო მე საყუედრელ-ვყო განზრახვაჲ იგი მისი და ვსძლო მას ქრისტჱს-მიერითა შეწევნითა და ორ-კერძოჲვე იგი თანანადები უფლისა ჩემისაჲ გარდავიჴადო.
მაშინ მოითხოვა წყალი და დაიბანა პირი თჳსი და იცხო ზეთი თავსა თჳსსა და თქუა:
- მაშინ სადამე ვიყავ თჳთ მენელსაცხებელე, კეთილად შემმზადებელ სულნელთა მათ საცხებელთა, ხოლო ესე საცხებელი დღედ დაფლვისა ჩემისა არს, ამიერითგან არღარა ვიცხო განქარვებადი ესე მწირობისა ჩემისა ზეთი, არამედ, ვითარცა „ქებასა შინა ქებათასა” ბრძენმან სოლომონ მასწავა მე: „სულნელებასა ნელსაცხებელთა შენთასა ვრბიოდი”, ქრისტე, რომელმან აღმავსე მე განუქარვებელითა მით სულნელებითა სარწმუნოებისა და სიყუარულისა შენისაჲთა. იცი შენ, უფალო, რამეთუ შეგიყუარე შენ უფროჲს თავისა ჩემისა!
და ესე რაჲ თქუა, წარავლინნა წმიდად ეკლესიად და მოჰგუარეს მას წმიდაჲ იგი საიდუმლოჲ, ჴორცი და სისხლი ქრისტჱსი.
იყო ჟამი იგი მესამჱ დღისა მის დიდისა დღესასწაულისაჲ, და ვითარცა მოიღო მან ჭეშმარიტი იგი და განმაცხოველებელი საიდუმლოჲ, თქუა:
- გმადლობ შენ, უფალო ჩემო და ღმერთო, იესუ ქრისტე, რომელმან მომეც მე საგზლად ჩემდა ცხოვრების მომანიჭებელი ჴორცი შენი და სიხარულად და განმამტკიცე ბელად ჩემდა პატიოსანი სისხლი შენი! აწ უწყი, რამეთუ არა დამიტევე მე, არამედ ჩემ თანა დადგრომილ ხარ და მე შენ თანა. ამიერითგან არღარა მივიღო სხუაჲ საზრდელი, რომლითა კუალად მშიოდის და არცა სხუაჲ სასუმელი, რომლითა კუალად მწყუროდის, არამედ კმა არს ესე ჩემდა ცხორებად საუკუნოდ.
და ესე ვითარცა თქუა, მყის მოიწინეს მსახურნი იგი მსაჯულისანი, და იჯმნა ყოველთა მათგან პყრობილთა ქრისტეანეთა და ჰრქუა მათ:
- ლოცვასა მომიჴსენეთ მე, რამეთუ არღარა მიხილოთ მე საწუთროსა ამას სოფელსა!
და გამოიყვანეს იგი ეგრჱთვე ბორკილითა ფერჴთა და ჴელთაჲთა; და მიჰყვანდა იგი შორის ქალაქსა და რომელნი ჰხედვიდეს მას ქრისტეანენი და მეცნიერნი მისნი, ცრემლოოდეს მისთჳს. ხოლო წმიდამან ჰაბო ჰრქუა მათ:
- ნუ სტირთ ჩემ ზედა, არამედ გიხაროდენ, რამეთუ მე უფლისა ჩემისა მივალ, ლოცვით წარმგზავნეთ და მშჳდობამან უფლისამან დაგიცვენინ თქუენ!
ხოლო იგი მივიდოდა, ვითარცა ვინ მოგზაურ ექმნის მკუდარსა, ეგრე ხედვიდა თჳსსა მას გუამსა; და სულითა თჳსითა მოგზაურ ქმნული თჳთ იტყოდა ფსალმუნსა ამას ას და მეათრვამეტესა: „ნეტარ არიან უბიწონი გზასა, რომელნი ვლენან რჯულსა უფლისასა”, და საგალობელად მუჴლისა მის თქჳს შემდგომად სიტყუაჲ იგი ნეტარისა მის ავაზაკისაჲ: „მომიჴსენე მე, უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა!”
ესრჱთ მიიწია იგი კარსა მას მსაჯულისა მის ამირისასა; და რაჟამს მიიწია, კადნიერად დასწერა ჯუარი კარსა მას და თჳთცა დაიბეჭდა ჯუარი. და წარადგინეს იგი წინაშე მსაჯულისა მის, და ჰრქუა მას მსაჯულმან:
- რაჲ არს, ჭაბუკო, რაჲ განიზრახე თავისა შენისაჲ?
ხოლო წმიდაჲ მოწამჱ აღივსო სულითა წმიდითა და ჰრქუა მას: - მე განვიზრახე და ქრისტეანე ვარ!
ჰრქუა მას მსაჯულმან მან:
- არა დაგიტევებიეს სიცოფჱ იგი და უგუნურებაჲ შენი? ჰრქუა მას ნეტარმან ჰაბო:
- უკუეთუმცა უმეცრებასა და უგუნურებასა შინა ვიყავ, არამცა ღირს ვიქმენ შედგომად ქრისტჱსა!
ჰრქუა მას მსაჯულმან მან:
- არა გიცნობიესა, რამეთუ სიტყუანი ეგე შენნი მომატყუებელ სიკუდილისა გექმნებიან შენ?
ჰრქუა მას წმიდამან ჰაბო:
- უკუეთუ მოვკუდე, მრწამს მე, რამეთუ ქრისტჱს თანა ვცხონდე, ხოლო შენ რასა განაგრძობ? რაჲ გეგულების ჩემ ზედა, იქმოდე, რამეთუ მე, ვითარცა კედელსა მაგას, რომელსა მიყრდნობილ ხარ, ეგრე არა მესმიან ცუდნი ეგე სიტყუანი შენნი. რამეთუ გონებაჲ ჩემი ქრისტჱს თანა არს ზეცას!
ჰრქუა მას მსაჯულმან მან:
- რაჲ ეგოდენი სიტკბოებაჲ გაქუს ქრისტჱს შენისაგან, რომლითა სიკუდიდცა არა გეწყალის თავი შენი?
ჰრქუა მას წმიდამან ჰაბო:
- უკუეთუ გნებავს ცნობად სიტკბოებაი მისი, შენცა გრწმენინ ქრისტე და ნათელ-იღე მისა მიმართ და მაშინღა ღირს იქმნე ცნობად სიტკბოებისა მისისა!
მაშინ განრისხნა ამირაჲ იგი და უბრძანა განყვანებაჲ მისი გარე და მოკუეთაჲ თავისა მისისაჲ. ხოლო მსახურთა მათ გამოიყვანეს გარეშე კართა, ეზოსა მას ტაძრისასა, და განჰჴსნეს იგი ჴელით და ფერჴით საკრველთა მათგან რკინისათა. ხოლო ნეტარმან მან თავით თჳსით მწრაფლ განხეთქა სამოსელი იგი, რომელ ემოსა, და განშიშულებულმან დაიბეჭდა ჯუარითა პირი და გუამი თჳსი და თქუა:
- გმადლობ და გაკურთხევ შენ, სამებაო წმიდაო, რამეთუ ღირს მყავ მე მიმთხუევად ღუაწლსა მას წმიდათა მოწამეთა შენთასა!
და ესე რაჲ თქუა, უკუნ ისხნა ჴელნი თჳსნი ჯუარის სახედ ზედა ზურგსა თჳსსა და მხიარულითა პირითა და კადნიერითა სულითა ღაღად-ყო ქრისტჱს მიმართ და მოუდრიკა ქედი თჳსი მახჳლსა.
და სცეს მას მახჳლითა სამგზის, რამეთუ ჰგონებდეს, ვითარმედ შიშითა სიკუდილისაჲთა განაშორონ იგი ქრისტესა; ხოლო წმიდაჲ იგი მარტჳლი დუმილით მჴნედ მიითუალვიდა მახჳლსა, ვიდრემდის შეჰვედრა სული თჳსი უფალსა.
და ვითარცა იხილეს ქრისტჱს მბრძოლთა მათ შემასმენელთა წმიდისა მის მოწამისათა, რამეთუ სრულ იქმნა ნეტარი იგი ქრისტჱს მიმართ და ღუაწლი კეთილი მოიღუაწა და სარწმუნოებითა და მოთმინებითა სძლო მათსა მას სიბორგილესა, უფროჲსღა აღივსნეს შურითა და შევიდეს წინაშე მძლავრისა მის და ჰრქუეს:
- ჩუენ ვიცით, რამეთუ ჩუეულებაჲ არს ქრისტეანეთაჲ ესრე სახედ: თუ ვინმე თავი მოიჳლის ქრისტჱს მათისათჳს, მოიპარიან გუამი მისი და პატივს-სციან მას დაფლვითა, ტყუვილითა რეცა თუ სასწაულსა და კურნებასა რასმე განსთქუმედ ერსა შორის, და სამოსელსა და თმასა თავისა მისისასა და ძუალსა მისსა განიყოფედ, რეცა საცოდ სნეულთათჳს, და ამით სახითა მრავალნი უცებნი შეიტყუვნიან.
აწ ბრძანე გუამი მისი მოცემად ჩუენდა, რაჲთა განვიღოთ და დავწუათ იგი ცეცხლითა და განვაქარვოთ იგი და აღვჴოცოთ საცთური ქრისტიანეთაჲ, რაჲთა იხილონ ყოველთა და შეეშინოს და რომელნიმე მათგანნი მოიქცენ ჩუენდა და ჩუენგანთა ეშინოდის და არღარა შეუდგენ სწავლასა ქრისტეანეთასა.
ამას დაღათუ ქრისტეანეთა შურისათჳს იტყოდეს, არამედ ჭეშმარიტსა და მართალსა წამებდესა, ვითარცა იგი არიან ქრისტჱს მოწამენი მკურნალ და მეოხ ყოველთათჳს, რომელნი მიეახლნენ მათ ქრისტჱსმიერითა სიყუარულითა და სარწმუნოებითა. ხოლო ჰრქუა მათ მსაჯულმან:
- წარიღეთ ვიდრეცა გნებავს და ყავთ, ვითარცა თჳთ იცით!
მაშინ გამოვიდეს და აღიღეს ქუეყანით პატიოსანი იგი გუამი მისი და შთადვეს იგი გუალაგსა მას აღსაჳიდებელსა სამოსლით მისითურთ და სისხლი იგი დათხეული მართლისა მის აღმოთხარეს ქუეყანით და რაჲთურთით არარაჲ დაუტევეს ქუეყანასა და იგიცა შთადვეს ჭურჭელსა შინა. და დადვეს წმიდაჲ იგი ურემსა ზედა, მსგავსად მჴნეთა მათ წმიდათა ორმეოცთა, რამეთუ, სადა-იგი მოჰკუეთეს თავი წმიდასა მას მოწამესა, კართა ზედა იყო წმიდისა ეკლესიისათა, რომელი სახელად წმიდათა ორმეოცთა დაფუძნებულ იყო, წესვე იყო, რაჲთა ემსგავსოს იგი ახოვანთა მათ წმიდათა მოწამეთა ორმეოცთა.
და ვითარცა გამოიღეს წმიდაჲ იგი გუამი წმიდისა მის გარეშე ქალაქსა და აღიღეს ადგილსა, რომელსა საგოდებელ ეწოდების, რამეთუ მუნ არს საფლავები კაცთა მის ქალაქისათაჲ, მუნ გარდამოიღეს იგი ურმისა მისგან და დადვეს იგი ქუეყანასა. და მოიღეს შეშაჲ და თივაჲ და ნაფთი და დაასხეს გუამსა მას ზედა წმიდასა და დააგზნეს ცეცხლი, ვიდრემდის დაწუნეს ჴორცნი იგი წმიდისა მოწამისანი ადგილსა მას, რომელ არს აღმოსავლით ციხესა მას ქალაქისასა, რომელსა ჰრქჳან სადილეგო, პირსა ზედა კლდისასა, რომელ არს კბოდჱ, კლდჱ მდინარისა მის დიდისაჲ, რომელი განჰვლის აღმოსავალით ქალაქსა, ესე არს სახელით მტკუარი, ხოლო ადგილსა მას არავის აუფლეს მისლვად ქრისტეანეთაგანსა, ვიდრემდის აღასრულეს დაწუვაჲ იგი ჴორცთა მათ წმიდისა მოწამისათაჲ.
ხოლო ძუალნი იგი წმიდისა მოწამისანი, რომელთა ვერღარა უძლეს დაწუვაჲ, შთაკრიბნეს ტყავსა ცხოვრისასა და შეკრნეს მტკიცედ და მიიხუნეს და შთაყარნეს დიდსა მას მდინარესა, ქუეშე ჴიდსა მას ქალაქისასა, რომელსა ზედა აღმართებულ იყო პატიოსანი ჯუარი ჴიდისაჲ.
და იქმნა წყალი იგი მდინარისაჲ მის წმიდათა მათ ძუალთა სამოსელ გარეშეხუევითა მით და სიღრმჱ იგი წყალთაჲ საფლავ წმიდისა მის მარტჳლისა, რაჲთა არავინ უდებად მიეხოს მათ. ქრისტჱს მბრძოლთა მათ ესრჱთ ყვეს და ესრჱთ ღუაწლი კეთილი მოიღუაწა ნეტარმან მან.
მაშინ იწყო სიმრავლემან ქალაქისამან ქრისტიანეთამან და განაგდეს შიში მძლავრთაჲ მათ და განვიდოდეს ყოველნივე ადგილსა მას, სადაცა დაწუნეს ჴორცნი იგი წმიდისა მოწამისანი. მოხუცებულნი მირბიოდეს კუერთხებითა თჳსითა, მკელობელნი ვლდომით, ვითარცა ირემნი, ჭაბუკნი სრბით, ყრმანი ჴდომით ურთიერთას, დედანი მსგავს იყვნეს წმიდათა მათ მენელსაცხებლეთა, რომელთა სრბით მიაქუნდა სულნელები იგი წმიდასა მას ქრისტჱს ღმრთისა ჩუენისა საფლავსა; ნანდჳლვე იყვნეს ესენიცა მსგავს მათა, რამეთუ რბიოდეს ცრემლითა და მიაქუნდა მათ თანა სანთლები და საკუმეველი ჴელითა თჳსითა. ყოველნივე სიხარულითა და მადლობითა ქრისტჱსითა მივიდოდეს და აღიღებდეს მიწასაცა მის ადგილისასა, და მრავალნი სენთაგან შეპყრობილნი მიჰყვანდეს და მასვე დღესა შინა განიკურნებოდეს. ხოლო ყოვლად ძლიერმან ღმერთმან უფროჲს გამოაჩინა ძალი თჳსი და პატივ-სცა თჳსსა მას მარტჳლსა და აჩუენა სასწაული საკჳრველი, რაჲთა უწყოდიან ყოველთა, რამეთუ ქრისტჱს მოწამე არს.
ვითარცა შემწუხრდა დღჱ იგი და იყო ჟამი პირველი ღამისაჲ მის, გარდამოავლინა უფალმან ადგილსა მას ზედა ვარსკულავი მოტყინარჱ, ვითარცა ლამპარი ცეცხლისაჲ, რომელი მყოვარ-ჟამ დგა ადგილსა მას, სადა დაწუვეს ნეტარი იგი მოწამჱ ქრისტჱსი. და დგა იგი ზე ჰაერთა, ვიდრე სამ ჟამადმდე, გინა უმეტჱს, ღამისა მის, და გამოუტევებდა ბრწყინვალებასა არა თუ ვითარცა ცეცხლი ესე ქუეყანისაჲ, არამედ ვითარცა საშინელებაჲ ელვისაჲ, რომელსა ჰხედვიდეს ყოველნი მოქალაქენი, მსაჯულიცა იგი და ყოველი ერი და მკჳდრნი იგი ქრისტეანეთანი და ყოველნი სარკინოზნი და მწირნი, სხჳთ მოსრულნი; მყოვარ-ჟამ ჰხედვიდეს გუგაჲთა თუალისაჲთა, ვიდრემდის ჰკდემებოდაცა მძლავრთა მათ.
და მი-ვინმე-ვიდეს ხილვად ადგილსა მას მსახურთაგანნი მსაჯულისა მის ამირისანი, რამეთუ ჰგონებდეს, ნუუკუე ქრისტიანეთა აღანთეს სანთელი ადგილსა მას. და ვითარცა მიეახლებოდეს ადგილსა მას, იხილეს, რამეთუ აღმაღლდებოდა ვარსკულავი იგი ზე ჰაერთა, და ვერ მიეახლნეს ადგილსა მას, რამეთუ შეიპყრნა იგინი შიშმან საღმრთომან.
ხოლო კუალად მეორესა ღამესა უმეტჱსღა წყალთა გამოსცეს განსაკჳრვებელი ნათელი; რომელთა-იგი საუცარ ეგონა ქუეყანასა ზედა და ჰაერსა ქუეშე ცეცხლი იგი ზეცისაჲ, უნდა დაფარვად საკჳრველებათა მათ, კუალად წყალთა ვერვე დააყენეს და ვერცა დაშრიტეს ფიცხელთა მათ მფოფინარეთა ღელვათა და სიღრმეთა. სადა-იგი შთაყარნეს ღმრთივ-პატივცემულნი იგი ძუალნი სანატრელისა მის მოწამისანი, ჴიდსა მას ქუეშე, აღმობრწყინდეს ნათელნი სუეტისა მსგავსად, ვითარცა ელვანი, რომელნი კუალად მყოვარ-ჟამ დგეს და განათლებულ იყო გარემოჲს კიდეთა მის მდინარისათა კლდჱ იგი და კბოდენი და ჴიდი იგი, ზჱთგან ვიდრე ქუედმდე, რომელსა ეგრევე ყოველი სიმრავლჱ ქალაქისაჲ ჰხედვიდა, რაჲთა ყოველთა ჰრწმენეს, რამეთუ ჭეშმარიტად იესუ ქრისტჱს, ძისა ღმრთისა, მარტჳლ არს, და გულისხმა-ყონ ყოველთა ქრისტეს მორწმუნეთა და ურწმუნოთა, რამეთუ ჭეშმარიტ არს სიტყუაჲ იგი უფლისაჲ, რომელ თქუა, ვითარმედ: „მე თუ ვინმე მმსახურებდეს, პატივ-სცეს მას მამამან ჩემმან, რომელ არს ცათა შინა“.
უკუეთუ ჴორცთა მათ განჴრწნადთა ესოდენი პატივი აწვე აჩუენა, რავდენ უფროჲს უჴრწნელად აღდგომასა მას მართალთასა დიდებითა და პატივითა გჳრგჳნოსანი იხილონ შორის ანგელოზთა და ჰრცხუენოდის უგუნურად სიბორგილისა მათისათჳს. რომელთა ქრისტე უვარ-ყვეს და წმიდათა მისთა ჰგუემდეს და სდევნიდეს და მოსრვიდეს, ხოლო უფალი შეიწყნარებდა ცათა შინა!
ხოლო აწ, საყუარელნო, ჯერ არს ჩუენდაცა ამიერითგან უმეტჱსად-ღა შეწყნარებად პირველთა მათ სანატრელთა მოწამეთა, რაჲთა ხილულისა ამისგან ახლისა მოწამისა პირველთაჲცა მათი გურწმენეს და ვთქუათ სიტყუაჲ იგი ნეტარისა დავითისი: „პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთაჲ“, რამეთუ მისა შუენის დიდებაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამჱნ!
![]() |
2.5 თავი IV |
▲ზევით დაბრუნება |
თავი IV
ქებაჲ წმიდისა მოწამისა ჰაბოჲსი
აწ მოვედით, ქრისტჱს მორწმუნენო, და ვდღესასწაულობდეთ ჴსენებასა ახლისა ამის წმიდისა მოწამისასა, რომელი ყოველსა ამას სოფელსა ჩუენსა ქართლისასა მეოხად ჩუენდა ქრისტემან მოგუანიჭა, და სიხარულითა მრავლითა განვახუნეთ საუნჯენი გულთა და გონებათა ჩუენთანი და მხიარულითა პირითა და განმარტებულითა ენითა ვაქებდეთ კეთილად მოღუაწებასა მისსა და ვიტყოდით:
გიხაროდენ, სანატრელო მოწამეო, უფლისა მიერ! რამეთუ შენ, უკუანაჲსკნელი ესე მუშაკი მაცხოვრისა ჩუენისაჲ მეათერთმეტისა ჟამისაჲ მდღევართა მათ თანა აღმსთობილთა მიეწიფე და მათ თანა სასყიდელსა მათსა არა დააკლდი!
გიხაროდენ, მოწამეო, უფლისა მიერ! რამეთუ შენ მიემსგავსე უკუანაჲსკნელსა მას მოციქულსა პავლეს მამულთა მათ შჯულთა და მოძღურებათა განგდებითა, და ქრისტჱს, ძისა ღმრთისა, აღსარებითა, მსგავსადვე მისა თავი მოგეკუეთა.
აწ ვინ-მე ღირსად გაქებდეს შენ, ჭეშმარიტად საქებელსა? მნებავს ქებად შენდა, ყოვლად-ქებულო ქრისტჱს მოწამეო, არამედ ვერ ვიკადრებ, რამეთუ უფროჲს გონებისა ჩემისა აღმაღლდა ქებაჲ სათნოებათა შენთაჲ. და კუალად მეშინის მე დადუმებად, რამეთუ სანატრელითა მით ქრისტჱსმიერითა სიყუარულითა შემიყუარე მე, ვიდრე იყავ-ღა სოფელსა ამას შინა ჩუენსა. აწ ნუუკუე დაყენებითა ენისა ჩემისაჲთა ქებასა შენსა დაეყენოს ჩემთჳსცა მოღუაწებაჲ მეოხებისა შენისაჲ ქრისტჱს მიმართ! აწ შენ მიერვე მოღებითა მადლისა მის ქრისტჱსისაჲთა, მსგავსად ძალისა ჩემისა, გაქებდე შენ, შუენიერებითა შემკულო უფლისა მიერ!
შენთჳს ფრიად დამიკჳრდების ჩუენ, წმიდაო მოწამეო, რამეთუ ჟამსა ამას ოდენ მეფობისა ისმაიტელთაჲსა დიდებასა შენ ნეფსით სიმდაბლჱ ქრისტჱსთჳს აღირჩიე და მახჳლითა პყრობილი იგი შჯული განაგდე და ჭეშმარიტი იგი აღიარე და ჯუარცუმულსა მას თავყანის-ეც უფლად და ღმრთად!
ავაზაკსა მას ესწორე სარწმუნოებითა და სამოთხესა განეწესე!
შენ კარი იგი სამოთხისაჲ განაღე ჯუარითა ქრისტჱსითა და მცველთა მათ ქერობინთა ცეცხლის მსგავსთა ვერ განგიკითხეს, ვითარმედ ვინ ხარ!
და რაჲ-ღა-მე ვთქუა უფროჲს, რამეთუ „უფალმან ივნო ჩუენთჳს, უბრალომან ბრალეულთათჳს” დასთხია სისხლი თჳსი უბიწოჲ, ხოლო შენ გარდაიჴადე თანანადები, რამეთუ შენცა დასთხიე სისხლი თჳსი სიყუარულისა მისისათჳს. ამისთჳსცა ძლევისა გჳრგჳნითა შეგამკო შენ და სასუფეველსა მას მამისა მისისასა მკჳდრად გამოგაჩინა!
შენ გამო, წმიდაო მოწამეო, სიყუარული იგი ქრისტჱსი ჩუენდამო და სარწმუნოებაჲ ჩუეუნი მისა მიმართ კუალად განახლდა, რამეთუ აღვერიენით ერსა უცხოსა, შჯულითა განდგომილსა ქრისტჱსგან, ნათესავსა საწუთროჲსა ამის მოყუარესა, თესლსა ურწმუნოსა ძისა ღმრთისასა, სარწმუნოებისა ჩუენისა მაგინებელთა, რომელთაგან ვისწავენით საქმენი მათნი და ვჰმონებდით გულისთქუმასა გულთა ჩუენთასა მიბაძვებითა მათითა, ვითარცა უსასონი ქრისტჱსგან და დამვიწყებელნი საუკუნოჲსა ცხორებისანი. ხოლო აწ შენ მიერ მოგუეახლა ქრისტე და ჩუენ გულისხმა-ვყავთ კუალად შიში მისი და სიყუარული მისი, და მადლსა მისსა ღირს ვიქმნენით და სიყუარულსა მისსა და წყალობასა დღითიდღედ მრავალთა სასწაულთა და კურნებათა ჩუენ შორის გამოჩინებითა!
შენ უგუნურთა მათ შემწირველთა შენთა მახჳლითა და ცეცხლითა უმეტჱს ალისა განგაბრწყინვეს; ვერ გულისხმა-ყვეს უგულისხმოთა მათ სიტყუაჲ იგი უფლისაჲ, ვითარმედ „იყოს ყოველმან, რომელმან მოგწყჳდნეს თქუენ, ჰგონებდეს, ვითარმედ მსხუერპლი შეწირა ღმრთისა”. ჵ უგუნურებაჲ და უმეტჱს უგუნურებაჲ იგი მათი, რამეთუ რომელ იგი პირველ არავინ გიცოდა, ვითარმედ ვინ ხარ, ანუ რომლისა ნათესავისაგან, ანუ რომლისა ერისაგან, ანუ რომლითა შჯულითა სცხონდებოდე, აწ ესერა უნებლებით წარმოგაჩინეს საცნაურად ქრისტჱს აღმსარებელად, და მარტჳლად ყოველთა შეგისწავლეს.
შენ ნათესავთა შენთა უცხო და განგდებულგყვეს, ხოლო ქრისტემან ისმაიტელთა შორის, ვითარცა ვარდი ეკალთაგან, გამოგარჩია და მიგიპყრა თჳსსა მას ეკლესიასა! შენ, ველური ეგე ზეთისხილი, მოგიღო ქრისტემან და მტილსა მას შინა თჳსსა სამკჳდრებელსა ნაყოფად კურთხევისად დაგნერგა, და ნაყოფითა მით სარწმუნოებისა შენისაჲთა ახარა ეკლესიასა, რომელსა შინა იშუებენ ქრისტჱს მორწმუნენი და ჰნატრიან შენსა მას დიდებულებასა, შენსა მას მოღუაწებასა, შენსა მას სიმჴნესა, შენსა მას მარტჳლობასა, შენსა მას გჳრგჳნოსნებასა!
ვითარ-მე გაქებდე შენ, ღუაწლის მძლეო წმიდაო მოწამეო? რამეთუ შენ, ახალი ეგე ქრისტჱს მორწმუნჱ, მოძღუარ ჩუენდა იქმენ, სწავლულნი უფროჲს გულისხმიერ ჰყვენ, შერყეულნი უფროჲს განამტკიცენ, განმტკიცებულნი განამხიარულენ, წარმართნი წადიერ ჰყვენ ქრისტჱს მონებად, საჴსენებლი მარტჳლობისა შენისაჲ ჩუენ დაგჳტევე, სახელისა შენისა მითხრობად ყოველთა ქადაგ ვიქმნენით!
აწ ვევედრებით ყოველნი შენსა ქრისტჱს მოყუარებასა, მეოხმცა ხარ წინაშე მაცხოვრისა ყოველთაჲსა ჩუენ ყოველთათჳს, რომელნი შენ მიერ ითხოვენ წყალობასა ქრისტჱს ღმრთისაგან, რომლისაჲ არს დიდებაჲ და პატივი და ძლიერებაჲ თანა მამით და ყოვლადწმიდით სულითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამჱნ!
![]() |
3 `წამებაი წმიდისა და ნეტარისა ჰაბოისი" შესახებ |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
3.1 თბილელი აბო - ბიბლიოვიკიდან |
▲ზევით დაბრუნება |
წმ. აბო თბილელი - საქართველოში არაბების ბატონობის ჟამს ქართლის მთავარი ნერსე, ადარნასე კურაპალატისა, ბაბილონის მფლობელმა ამირა აბდილა მუმნიმ თავისთან დაიბარა და როცა მთავარი მას ეწვია, ამირა მუმნიმ იგი დაატყვევა.საპყრობილეში ნაგვემ-ნაცემ ნერსე ერისთავს წყლულებს უამებდა და უშუშებდა ჩვიდმეტი წლის არაბი მენელსაცხებლე - აბო. მას ნერსე ერისთავი ხშირად ესაუბრებოდა ქრისტესა და ქრისტეს სჯულის შესახებ. გონიერი ახალგაზრდა არაბი გულდასმით უსმენდა ნერსეს და მალე ალაჰისადმი მოწიწება და სიყვარული ქრისტესადმი სიყვარულმა შეცვალა. სამ წელიწადს იმყოფებოდა ერისმთავარი ნერსე ბაღდადის ტყვეობაში. და როცა ამირა მოკვდა, მისმა ძემ მაჰდიმ გაათავისუფლა და ნებაც დართო, გამგზავრებულიყო სამშობლოში, რომელსაც თან წამოყვა წმიდა აბო. რამდენიმე ხნის შემდეგ სარკინოზნი ისევ აუმხედრდნენ ნერსე ერისთავს და კვლავ მოინდომეს მისი ხელში ჩაგდება ნერსემ თან სამასიოდე კაცი იახლა, მათ შორის აბოც და ჯერ ხაზარეთში, შემდეგ კი აფხაზეთს გაემართნენ, სადაც ნერსეს ცოლ-შვილი ჰყავდა დატოვებული. აფხაზეთის მთავარმა დიდი პატივით მიიღო ქართლის ერისთავი, ხოლო როცა გაიგო, რომ მას თან გაქრისტიანებული არაბი ჭაბუკიც ახლდა, უდიდესი სიხარულით აივსო, მისი და ეპისკოპოსის მოწოდებით მღვდელმსახურებმა მონათლეს და აკურთხეს აბო, ნუგეში სცეს და ყველაფერი იღონეს იმისათვის, რომ იგი მთლიანად ჩაწვდომოდა ქრისტიანული რელიგიის ჭეშმარიტ არსს. რამდენიმე ხნის შემდეგ ამირამ შეიწყნარა ნერსე და ქართლში დაბრუნების ნება დართო, რადგან ამასობაში მის ნაცვლად სტეფანოზი, ნერსეს დისწული დასვა ერის მთავრად. წმიდა აბო ნერსესთან ერთად დაბრუნდა ტფილისს და განცხადებულად შეუდგა ღმრთისმსახურებას. გაიგეს თუ არა სარკინოზებმა მისი გაქრისტიანების ამბავი, ზოგნი მის ლანძღვასა და გინებას შეუდგნენ, ზოგნი ტკბილი სიტყვით შეგონებას, ზოგნი კი ამირასთან დასმენას. ერთხელ დასმენილი წმიდა აბო საპყრობილეში ჩააგდეს, მაგრამ სტეფანოზმა, ქართლის ერისმთავარმა, ხვეწნით გამოაშვებინა. როცა ქართლში ახალი ამირა დაჯდა მსაჯულად, დამსმენელი სარკინონი ხელახლა აღსდგნენ წმ. აბოს წინააღმდეგ. ქრისტიანებმა გაიგეს თუ არა, სარკინოზნი კვლავ მოითხოვენ წმიდა აბოს დასჯასო, ხვეწნა დაუწყეს ჭაბუკს, დამალვოდა განრისხებულ ამირას. წმიდა აბომ კი ასე უპასუხა ქრისტიანებს: - მე არა მარტო ტანჯვადგამზადებულ ვარ ქრისტესათვის, არამედ სიკვდილისთვისაცაო. არ უნდა დავივიწყოთ წმ. აბოს ეს სიტყვები, რომელიც ეხმიანება წმ. მეფე ვახტანგ გორგასლის ანდერძს: „ეძიებდეთ ქრისტესთვის სიკვდილსა“. როდესაც შეპყრობილი ჭაბუკი ამირას წარუდგინეს, მან მრისხანედ მოსთხოვა წმ. აბოს ძველ სარწმუნოებაზე დაბრუნება და როცა უარი მიიღო, მსაჯულის ბრძანებით წმ. აბო ხელფეხშებორკილი ჩააგდეს საპყრობილეში. ცხრა დღის შემდეგ მან მასთან ერთად შეპყრობილ ქრისტიანებს გამოუცხადა, რომ მეორე დღეს განვიდოდა სული მისი ხორცისაგან და წარუდგებოდა უფალს, იესო ქრისტეს. ამის შემდეგ წმ. აბომ ტანსაცმელი განიძარცვა და ქრისტიანებს სთხოვა გაეყიდათ იგი, საფასურით კი სანთელ-საკმეველი ეყიდათ და ქალაქის ეკლესიებისათვის გადაეცათ, რათა ელოცათ მისთვის. წმ. აბოს თხოვნით ქრისტიანებმა წმიდა საიდუმლო - ქრისტეს ხორცი და სისხლი მოჰგვარეს ეკლესიიდან, მიიღო მან იგი და თქვა: - „გმადლობ შენ, უფალო ჩემო და ღმერთო ჩემო, იესუ ქრისტე, რომელმან მომეც მე საგზლად ჩემდა ცხოვრების მომნიჭებელი ხორცი შენი და სიხარულად და განმამტკიცებლად ჩემდა - პატიოსანი სისხლი შენი. აწ. ვუწყი, რამეთუ არა დამიტევო მე, არამედ ჩემ თანა დადგრომილ ხარ და მე შენ თანა“. როცა ამირასთან შეიყვანეს და წმ. აბომ ისევ უარი უთხრა სარკინოზთა სარწმუნოებაზე დაბრუნებაზე, განრისხებულმა ამირამ ბრძანა თავი მოეკვეთათ მისთვის. როცა დამსჯელებმა ტაძრის ეზოში გაიყვანეს და რკინის ბორკილები შეხსნეს, ნეტარმა აბომ პირჯვარი გადაისახა, შემდეგ ჯვარედინად დაიწყო გულზე ხელები და გაღიმებულმა მოუდრიკა მახვილს თავი. სამჯერ დაარტყა მსუბუქად მახვილი ჯალათმა იმ იმედით, რომ გარდაუვალი სიკვდილის შიში აიძულებდა წმ. აბოს ქრისტეს უარყოფას, მაგრამ მოტყუვდა: უდრეკ იყო ნეტარი ბოლო წუთებშიც. წმ. აბოს თავი მოჰკვეთეს 786 წ. 6 (19) იანვარს. ქრისტეს მოძულეებმა აიღეს წმიდა აბოს გვამი, მოთხარეს იქაურობა ისე, რომ სისხლის ნაკვალევიც არსად დარჩენილიყო, ჩადეს გოდორში ყველაფერი ერთად, წაიღეს მტკვრის ნაპირას კბოდეზე და იქ დიდი კოცონი გააჩაღეს. ცეცხლმა ხორცი დაწვა, ძვლები კი დარჩა. უსჯულოებმა ერთად შეკრიბეს ნეტარის ძვლები, ცხვრის ტყავში გაახვიეს, მაგრად შეკრეს და კბოდედან მდინარეში გადააგდეს. დიდი სასწაული კი უფალმა იმავე ღამეს უჩვენა, როცა იმ ადგილას, სადაც თავი მოჰკვეთეს ერთი დიდი მოკაშკაშე ვარსკვლავი გარდამოავლინა, რითაც ქრისტიანნი უზომო სიხარულით აავსო, ქრისტეს მოძულენი კი საღმრთო შიშით. მეორე ღამეს მტკვარი განათდა, ხიდქვეშ სწორედ იქ, სადაც წმინდანის ძვლები ჩაყარეს, ამობრწყინდა დიდი, ნათელი სვეტი, ნათელი როგორც ელვა და არა მარტო მდინარე არამედ კბოდეც, ქრისტიანთათვის აწ უკვე სალოცავი წმინდა ადგილიც, მთლიანად გააბრწყინა. ეს ნათელი, სულიერი ნათელი იყო, რომელმაც ზოგიერთი გადაგვარებული ქართველის და საერთოდ, მთელი ერის სულში ჩამოწოლილი წყვდიადი გაანათა, ამიტომაც ეკლესიამ წმ. აბოს თბილელი და თბილის ქალაქის მფარველი წმიდანი ეწოდა. მისი ცხოვრების აღმწერელი ხუცესი - იოანე საბანისძე გულისტკივილით წერს, რომ ამ დროს ქართველთა დიდი ნაწილი „შიშითა განილევიან და ირყევიან, ვითარცა ლერწამნი ქართაგან ძლიერთა - მრავალნი სცდებოდიან და მრავალთა აცდუნებდნენ.“ წმ. აბოს დანთხეულმა სისხლმა გამოაფხიზლა სულიერი უფსკრულის პირას მისული ქართველობა, რომელთაც დაანახა, თუ როგორ უნდა ეცხოვრათ. იმ ადგილას, სადაც აწამეს წმ. აბო ქართველებმა პატარა სამარტვილე (სალოცავი) ააგეს, რომელიც დროთა განმავლობაში დაიკარგა. ღმერთმა ინება კვლავ გამოჩინება წმ. აბოს ნიშისა, რამეთუ „აბო“ ქართულად თურმე „ღმრთის შვილს“ ნიშნავს და სწორედ ღვთის ნებით აღმოაჩინეს 1994 წ. 23 ნოემბერს წმ. აბოს ნიში და გადაწყვიტეს იქ პატარა ეკლესიის აშენება. მოჭრეს იქ ამოსული ფიჭვი, რათა განეწმიდათ ტერიტორია მომავალი ეკლესიის საძირკვლისათვის. მოხდა კიდევ ერთი უდიდესი სასწაული: ფიჭვის გადანაჭერზე თვალსაჩინოდ გამოკვეთილი ჯვარი იხილა ყველამ. დღეს ამ ადგილზე წმ. აბოს სახელობის პატარა ტაძარი დგას და ფიჭვის ხის გადანაჭერი ჯვრითურთ სწორედ ამ ტაძარში ინახება. |
![]() |
სტატია აღებულია ეროვნული ბიბლიოთეკის მედია ენციკლოპედიიდან - ბიბლიოვიკი
![]() |
3.2 ჰაბო ანუ ფერფლის ლეგენდა |
▲ზევით დაბრუნება |
I
უკან ბიჭი მოსდევდა არაბული კვიცივით.
მაგ ურჯულო
გიაურს,
გაანებე თავი,
ჯანდაბის გზით იაროს!
სად სიკვდილში მისდევ,
რად არჩიე მაჰმადს
წამებული ქრისტე?! ფშატი - ვერცხლისფერ-მოთეთრო
ჩვილყლორტებიანი და ფოთლებიანი ბუჩქი ან დაბალი ხე; გიაური - ურჯულო
(ასე ქრისტიანებს უწოდებდნენ მაჰმადიანები);
ერთი მუჭა მიწა დამარცხებულ
ხალიბთა?!
ხალიბები - ძველი
კოლხური ტომები. იგულისხმება ზოგადად საქართველო;
მეჩეთი -
მაჰმადიანთა სალოცავი, ტაძარი; ხარდანი - ყურძნის, ვაზის ჭიგო, სარი;
II
ახრჩოლებულ ღადარს.
როგორც ჭვარტლის გუნდა.
მტევანი თუ ფერფლი
ეს ღერბები მწუხარების
არაბესკად ესხა
სიმღერას თუ ფრესკას.
არაბესკა - რთული და დახლართული,
აღმოსავლური ორნამენტი
III
სიყრუე და გულქვაობა გადამთიელ ხეპრის, -
ერთი მუჭა ფერფლი...
უკან დარჩა უდაბნო...
და ბაღები
ფშატის,
ლომთა კმინვა... თუთიყუშთა კვიწინი...
ბრუნდებოდა ნერსე ნაჩუქარი ფაშატით,
- რატომ მოსდევ, ბიჭო,
საით მისდევ, უგუნურო,
რად არჩიე უზარმაზარ გამარჯვებულ ხალიფატს
საით, ცოდვის შვილო, შეჩერდი!.. შეჩერდი!..
მაჰმადის მახვილივით ლაპლაპებდა
მეჩეთი...
ფერფლი ესხა,
ჭვარტლი ესხა გადათქერილ ხარდანს
და მზე ჰგავდა ცხენის ფლოქვით
არსად ჩიტი... არც პეპელა...
მხოლოდ კანტიკუნტად
ყვავი გადიყრანტალებდა,
ცხენის ფლოქვით დადაღული
კბილებს კრეჭდა, ქირქილებდა,
ვით სიკვდილის ღერბი.
ქართულ ციხე-ეკლესიას,
რაც არ უნდა დიდი იყოს საქართველოს მსხვერპლი,
იმ ფერფლს, შავ ფერფლს,
სიძულვილის აუწონელ ზღვა ფერფლს
აბოს ფერფლი გადასწონის,
![]() |
3.2.1 ნიშნიანიძე შოთა |
▲ზევით დაბრუნება |