![]() |
ედუარდ შევარდნაძე (ტომი XIX, ნაწ. 2) |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
თემატური კატალოგი საქართველოს სახელმწიფო მეთაურები|შევარდნაძე ედუარდ |
თარიღი: 2022 |
აღწერა: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, პარლამენტის სამეცნიერო-საინფორმაციო უზრუნველყოფის განყოფილება. საქართველოს სახელმწიფოს ხელმძღვანელები საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი (1995 წლის ნოემბერი - 2003 წლის ნოემბერი), მიმართვები, ინტერვიუები (1998 წლის ივლისი-დეკემბერი) თბილისი 2022 ISSN 1987-5576 ISBN 978-9941-9777-4-9 UDC (უაკ) 342.518 (479.22) + 929 (479.22) გ-124 სერიის „საქართველოს სახელმწიფოს ხელმძღვანელები“; იდეის ავტორები: ემზარ ჯგერენაია, დორის ფოგლი რედაქტორ-შემდგენლები: ნატო გაბელაია, ემზარ ჯგერენაია შემდგენლები: ნათია ხოტენაშვილი, თინათინ სულუხია დაკაბადონება: შალვა პაპალაშვილი © საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა |
![]() |
1 სრულყოფილებისაკენ, ღვთისკენ სავალი გზა ბატონ ელგუჯა ამაშუკელს |
▲ზევით დაბრუნება |
მილოცვა
ბატონო ელგუჯა,
დაბადების დღეს გილოცავთ, იმ ასაკს, როდესაც იცი, რა უნდა აკეთო, როგორ აკეთო, ვისთვის აკეთო და როდის აკეთო.
ერთი, მეტად მნიშვნელოვანი ეტაპი თქვენი ცხოვრებისა უკვე გავიდა, გავლილია შესანიშნავად და მრავლისმთქმელად.
თქვენ ბედნიერი კაცი ხართ, რადგან თქვენი ქანდაკებანი საქართველოს ლანდშაფტის იმ ორგანულ მშვენებად იქცა, რომელშიც საქართველოს ისტორიაა ასახული და ქართული სულია წარმოჩენილი.
ეს ყოველივე ბევრია, მაგრამ ქართველი ხალხი უფრო მეტს მოელის, უფრო მაღალა და მაღალა ასვლას იმ მარადიულ კიბეზე, რომელსაც სრფულყოფილებისაკენ, ღვთისკენ სავალი გზა ეწოდება.
დიდი ხელოვნება და დიდი ხელოვანი ამის გარეშე არ არსებობს.
გისურვებთ ყოველივე კარგს თქვენ და თქვენს არაჩვეულებრივ ოჯახს.
სიყვარულითა და პატივისცემით,
ედუარდ შევარდნაძე.
სრულყოფილებისაკენ, ღვთისკენ სავალი გზა : მილოცვა ბატონ ელგუჯა ამაშუკელს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1998. - 2 ივლისი. - №164 (2864). - 1 გვ.
![]() |
2 „საქართველოცა და რუმინეთიც მკაფიოდ ხედავენ თავიანთ როლს ახალ ევროპაში“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა
ბატონო პრეზიდენტო,
ბატონებო,
კეთილი იყოს თქვენი პირველი ჩამობრძანება საქართველოში. თქვენი სახით მივესალმები ახალ, ჭეშმარიტად დემოკრატიულ რუმინეთს, მოგესალმებით თქვენ, როგორც ევროპასა და მსოფლიოში ცნობილ პოლიტიკურ მოღვაწეს, გამოჩენილ მეცნიერსა და თქვენი ქვეყნის დიდ პატრიოტს. ბედნიერები ვართ, მასპინძლობის გაწევის საშუალება რომ მოგვეცა მას შემდეგ, რაც შარშან ბუქარესტსა და კონსტანცაში დაუვიწყარი მიღება მოგვიწყვეთ.
რუმინეთში არაერთხელ ვყოფილვარ, ვიყავი მაშინაც, როცა თქვენმა ხალხმა უარყო დიქტატურა და დაადგა რთულ, მაგრამ ერთადერთ სწორ - დემოკრატიული განვითარების გზას. ვიყავი მაშინ, როცა ბუქარესტის ქუჩებში ტანკები და ქვემეხები გრუხუნებდნენ. ჩვენც ასეთი გზა გავიარეთ. თუმცა, კონფლიქტებთან და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებული ტკივილები უფრო ხანგრძლივი აღმოჩნდა. საქართველო შემართულია საბრძოლველად მშვიდობისათვის.
ჩვენ გვიჭირს, მაგრამ ვხედავთ ბრწყინვალე პერსპექტივას, რომლის ერთ-ერთი შემადგენელია ქართულ-რუმინული ურთიერთობა.
ძალზე დიდ იმედებს ვამყარებთ ჩვენს ყოველ შეხვედრაზე, რადგან ისტორიამ განაპირობა მე-20 საუკუნის მიწურულს ჩვენი სტრატეგიული მიზნების თანხვედრა. საქართველოცა და რუმინეთიც მკაფიოდ ხედავენ თავიანთ როლს ახალ ევროპაში. პრეზიდენტ კოსტანესკუსთან გამართულმა საუბრებმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ევრაზიული კომპონენტი მისი ქვეყნისა და მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.
საქართველოცა და რუმინეთიც ევრაზიის სატრანსპორტო დერეფანს მსოფლიოს ეკონომიკურ და უშიშროების სისტემებში ინტეგრაციის უმნიშვნელოვანეს პირობად მიიჩნევენ, ამ მხრივ ბევრი რამ უკვე გაკეთდა.
რეალურად მუშაობს ევროკავშირის ტრასეკას პროექტი - განახლებული „დიდი აბრეშუმის გზის“ უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილი. ჩვენი ორი სახელმწიფო აქტიურად თანამშრომლობს მის ფარგლებში.
მისასალმებელია ერთობლივი საწარმოს შექმნის იდეა, რომელიც ევროპული სტანდარტების სარკინიგზო საბორნე კომპლექსის მშენებლობას დაიწყებს ფოთის ნავსადგურში.
უახლოეს მომავალში იგივე სამუშაოებია გათვალისწინებული ბათუმი-კოსტანცა-სტამბოლი საბორნე გადასასვლელზეც. საზოგადოდ ბათუმი-კოსტანცა-სტამბოლი საბორნე კავშირები ჩვენს განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს, რაზეც მე და პრეზიდენტმა კოსტანესკუმ დღეს ვისაუბრეთ. მით უმეტეს, რომ საქართველო უკვე დაკავშირებულია საბორნე გადასასვლელით უკრაინასა და ბულგარეთთან. განზრახული გვაქვს ანალოგიური ხაზების გაყვანა ნოვოროსიისკისა და თურქეთის ნავსადგურებისაკენ.
მიგვაჩნია, რომ ამგვარი მრავალვარიანტიანი სატრანსპორტო ხაზები განახლებული „დიდი აბრეშუმის გზის“ წარმატებით ფუნქციონირების ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა.
მივესალმები რუმინეთის განზრახვას გაერთიანდეს ევროპულ, მათ შორის უშიშროების სტრუქტურებში, რადგან რუმინელი ხალხი ამაში თავისი სამომავლო სტაბილური განვითარებისა და კეთილდღეობის გარანტიას ხედავს.
საქართველოს ასევე არაერთხელ განუცხადებია, რომ ევროპულ სტრუქტურებში, უპირველეს ყოვლისა ევროკავშირში გაერთიანება, როგორი შორეული მომავლის საქმედაც უნდა ეჩვენებოდეთ დღეს ზოგიერთებს, ჩვენი სახელმწიფოს სტრატეგიული მიზანია. ჩვენ დღითიდღე ვრწმუნდებით, რომ ეს მიზანი სწორად არის განსაზღვრული.
ჩვენ ძალზე მჭიდროდ ვთანამშრომლობთ, მათ შორის, პოლიტიკურ დონეზე, და ნატოს პროგრამის „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ ფარგლებში. ამდენად, საქართველოსა და რუმინეთს ამ მხრივაც ძალზე ბევრი აქვთ საერთო.
საზოგადოდ უნდა ვთქვა, თუ რაოდენ ვაფასებთ ურთიერთობას, რომელიც ჩვენს შორის ჩამოყალიბდა. ეს არის ურთიერთნდობის, გულწრფელი პატივისცემისა და თანამედროვე ევროპულ თუ მსოფლიო მოვლენებზე შეხედულებათა თანხვედრა.
ალბათ, შემთხვევითი არც ის უნდა იყოს, საქართველოსა და რუმინეთის პრეზიდენტებს აღმოსავლეთ-დასავლეთის ინსტიტუტის ევროპელ სახელმწიფო მოღვაწეთა პრემია რომ მიენიჭათ. ვწუხვარ, რომ ვერ დავესწარი იმ შესანიშნავ საღამოს ნიუ-იორკში, რომელზეც ორი პრეზიდენტის ღვაწლი აღნიშნეს.
ამ ბოლო დროს სერიოზული ინსტიტუციური ცვლილებები მოხდა შავი ზღვის რეგიონში. ბისეკის შექმნა და ექვსი წლის მუშაობის შედეგად მისი ორგანიზაციად გარდაქმნა მაგალითია იმისა, თუ როგორ აერთიანებს საერთო მიზნების გაცნობიერება რეგიონის სახელმწიფოებს, რომლებიც სულ ახლო წარსულში ბარიერის სხვადასხვა მხარეს იმყოფებოდნენ.
ჩვენ მივესალმებით შავი ზღვის ორგანიზაციისადმი ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების, აგრეთვე სხვა ქვეყნების მზარდ ყურადღებას, რუსეთის გააქტიურებას ბისეკში. ეს კი, ჩემი აზრით, ჩვენს ორგანიზაციას თანდათანობით დედამიწის ამ უმნიშვნელოვანეს რეგიონში ეკონომიკური კეთილდღეობისა და პოლიტიკური პასუხისმგებლობის სერიოზულ ფაქტორად აქცევს. შემთხვევით არ ვუსვამ ხაზს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას.
იალტის სამიტმა თვალნათლივ წარმოაჩინა საერთოპოლიტიკური პასუხისმგებლობის გაზიარების აუცილებლობა. ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია ნელ-ნელა უახლოვდება იმ ზღვარს, როდესაც რეგიონში მიმდინარე მოვლენების პოლიტიკური შეფასების თავის არიდებას და პოლიტიკურ გადაწყვეტილებათა აუცილებლობის გაუცნობიერებლობას შეუძლია სერიოზულად შეაფერხოს ეკონომიკური პროექტების განხორციელება და, საბოლოოდ, ძირი გამოუთხაროს ორგანიზაციას.
რეგიონის მიმართ კოლექტიური პასუხისმგებლობის, მათ შორის პოლიტიკური პასუხისმგებლობის გარეშე ჩვენი ყველაზე ძლიერი მეგობრების მხარდაჭერაც კი ამაო იქნება.
საერთო პასუხისმგებლობის გრძნობა ის მძლავრი ფაქტორია, რომელსაც ბუნებრივ ეკონომიკურ ინტერესებთან ერთად ახალი ბიძგის მიცემა შეუძლია რეგიონული თანამშრომლობისათვის, რისი პირველი ნიშნებიც გამოიკვეთა იალტაში.
ორი წლის წინათ სწორედ რეგიონული თანამშრომლობის აუცილებლობის გაცნობიერებამ გვიბიძგა კავკასიელ ლიდერებს „მშვიდობიანი კავკასიის“ ინიციატივისაკენ. ეს იდეები უკვე ხორცს ისხამს. დარწმუნებული ვარ „მშვიდობიანი კავკასია“ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს შავი ზღვის რეგიონის განვითარებაში.
ჩვენ მივესალმებით რუმინეთის აქტიურ როლს შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციაში, იალტის სამიტზე პრეზიდენტ კოსტანესკუს მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს, განსაკუთრებით გამოვყოფდი იმ მოსაზრებას, რომელიც ენერგოშემცველების ტრანსპორტირებასა და თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმს ეხებოდა.
დღეს უკვე სავსებით ნათელია, რომ კასპიის ენერგოშემცველების ტრანსპორტირების მრავალი გზა არსებობს და მას შემდეგ, რაც ნავთობის ნაკადები სუფსისა და ბათუმისაკენ წამოვა, აუცილებელი გახდება მათი ზღვით გადაზიდვის ვარიანტის შემუშავებაც.
საქართველოს მიაჩნია, რომ მიზანშეწონილია მილსადენების მრავალვარიანტიანი პრინციპის დაცვა არა მარტო შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპირომდე, არამედ შავი ზღვის გავლითაც ევროპის კონტინენტზე. მხოლოდ ასე თუ შევძლებთ რეგიონის უდიდესი სიმდიდრის ჩაყენებას ურთიერთთანამშრომლობისა და საყოველთაო აყვავების სამსახურში.
რაც შეეხება თავისუფალ ვაჭრობას, საქართველოს მიაჩნია შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის ქვეყნების მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციასთან თანამშრომლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონში თავისუფალ ვაჭრობის რეჟიმის შექმნას.
ბატონო პრეზიდენტო,
ძვირფასო მეგობრებო,
სულ რანდენიმე თვე გავიდა მას შემდეგ, რაც დელეგაციის წევრებს წილად გვხვდა პატივი ვწვეოდით მშვენიერ ბუქარესტს. ალბათ, აქ დამსწრეთაგან არავის გაუკვირდება თუ ვიტყვი, რომ სტუმრობისას ყოველი ჩვენთაგანისათვის ყველაზე ამაღელვებელი წმინდა ანთიმოზ ივერიელის მონასტრის მონახულებისას განცდილი გრძნობა იყო. და არა მარტო იმიტომ, რომ იგი რუმინეთში წმინდანად შერაცხულ საქართველოს დიდი შვილის სახელთან არის დაკავშირებული. ამ გასაოცარ ადგილას ჩვენ კიდევ ერთხელ ვიგრძენით, რომ ქართველი და რუმინელი ხალხების მეგობრობა გაცილებით ადრე დაიწყო და ჩვენი ვალია მომავალი თაობების წინაშე არა მარტო მოვუფრთხილდეთ მას, არამედ განვამტკიცოთ კიდეც წინაპართა დაწყებული საქმე.
ჩვენი ხალხების უძველესი კულტურები დღეს ჭეშმარიტად დამოუკიდებელი სახელმწიფოების მშენებლობაში გვეხმარება. ჩვენ, ისევე როგორც თქვენ, თვალის ჩინივით ვუფრთხილდებით ათასწლეულების განმავლობაში შექმნილ კულტურულ და სულიერ მემკვიდრეობას. ჩვენი ხალხების ეს მემკვიდრეობა თანამედროვე ეპოქაში ჩვენს ორ ქვეყანას შორის განსაკუთრებული ურთიერთობის მშენებლობის საიმედო საფუძველია.
ნება მიბოძეთ, შემოგთავაზოთ პრეზიდენტ კოსტანესკუსა და, მისი სახით, ჩვენი მეგობარი რუმინელი ხალხის, საქართველოსა და რუმინეთს შორის ამ განსაკუთრებული ურთიერთობის სადღეგრძელო.
„საქართველოცა და რუმინეთიც მკაფიოდ ხედავენ თავიანთ როლს ახალ ევროპაში“ : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1998. - 3 ივლისი. - №165 (2865). - 1,2 გვ.
![]() |
3 ედუარდ შევარდნაძე: „შედარებით ხანმოკლე დროში შევძელით განგვეხილა არა მარტო ორმხრივი ურთიერთობის პერსპექტივა, არამედ გლობალური პროექტების რეალიზაციასთან დაკავშირებული საკითხებიც“ |
▲ზევით დაბრუნება |
- საქართველოში დამთავრდა რუმინეთის პრეზიდენტის ემილ კოსტანესკუს ვიზიტი, და გამოთხოვების ჟამს მინდა რამდენიმე სიტყვა ვთქვა, - განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე, - საქართველო და რუმინეთი, ისევე, როგორც სხვა ქვეყნები, რომლებშიც ახლა დემოკრატიული გარდაქმნები მიმდინარეობს, ესწრაფვიან ევროპისა და მთელი მსოფლიოს სახელმწიფოებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას, რათა დაჩქარდეს მათი ქვეყნების ეკონომიკური და სულიერი აღორძინება. ემილ კოსტანესკუ ეწვია აზერბაიჯანს, საქართველოს, ახლა კი მიემგზავრება სომხეთში, და მისი ვიზიტი სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებში ისტორიულ მოვლენად მიმაჩნია.
შედარებით ხანმოკლე დროში შევძელით განგვეხილა არა მარტო ორმხრივი ურთიერთობების პერსპექტივა, არამედ გლობალური პროექტების რეალიზაციასთან დაკავშირებული საკითხებიც. გამოვიტანეთ დასკვნა, რომ ჩვენი სახელმწიფოები ძირითადი ქვეყნები არიან „დიდი აბრეშუმის გზის“ აღორძინების პროექტის განხორციელების პროცესში. ჩვენმა ქვეყნებმა უნდა შეასრულონ კასპიის დიდი ნავთობის ტრანსპორტირების უაღრესად მნიშვნელოვანი მისია, რომელსაც აზერბაიჯანსა და ცენტრალური აზიის სახელმწიფოებში მოიპოვებენ. ეს პროექტები ნაწილობრივ უკვე რეალიზებულია და მოქმედებს. ბედნიერი ვარ, აღვნიშნო, რომ რუმინეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკების პროცესში მთლიანად დაემთხვა ჩვენი პოზიციები აღნიშნული პროექტების მიმართ.
- არ შემიძლია არ აღვნიშნო ის განსაკუთრებით გულითადი, მეგობრული ურთიერთობა, რომელიც ორ პრეზიდენტს შორის მყარდება, - ხაზი გაუსვა საქართველოს სახელმწიფოს მეთაურმა. - მთელი გულწრფელობით მინდა ვთქვა, რომ ემილ კოსტანესკუ არაორდინარული, ორიგინალური, დიდი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწეა. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ იგი მეტად მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ახალი, აყვავებული ევროპის ჩამოყალიბებაში. მან უკვე დაიმსახურა ქართველი ხალხის სიყვარული და პატივისცემა.
საქინფორმი.
ედუარდ შევარდნაძე: „შედარებით ხანმოკლე დროში შევძელით განგვეხილა არა მარტო ორმხრივი ურთიერთობის პერსპექტივა, არამედ გლობალური პროექტების რეალიზაციასთან დაკავშირებული საკითხებიც“ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1998. - 4 ივლისი. - №166 (2866). - 1 გვ.
![]() |
4 „მართვადი ქაოსის“ დაბრუნებას საქართველოში არც პრეზიდენტი დაუშვებს, არც პარლამენტი და არც ხალხი |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
6 ივლისის რადიოინტერვიუ
- გასული კვირის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო საქართველოში რუმინეთის პრეზიდენტის ვიზიტი, რომელიც მოჰყვა თქვენს ამასწინდელ ვიზიტს ბუქარესტში. თანაც საინტერესო და აღსანიშნავია ის, რომ რუმინეთი დაინტერესებულია იმ საერთაშორისო პროექტებით, რომლებშიც საქართველოა ჩართული და ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფუნქციას ასრულებს... - ამ თემაზე საუბრით დაიწყო თავისი ტრადიციული ორშაბათის რადიოინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ:
მართლაც საქართველოსა და რუმინეთს შორის თანამშრომლობის უკვე საკმაოდ მყარი ტრადიცია არსებობს, მე კარგი ურთიერთობა მქონდა ბატონ ილიესკუსთან, რუმინეთის წინა პრეზიდენტთან, ხშირად მახსენდება პირველი შეხვედრები, როდესაც საფუძველს ვუყრიდით ჩვენს ურთიერთობას. ქართველი ხალხი არ დაივიწყებს, რომ რუმინეთმა ერთ-ერთმა პირველმა სცნო საქართველოს დამოუკიდებლობა, თუმცა, მაშინ ჯერ მხოლოდ დე-ფაქტო, მაგრამ მაინც...
ამჟამინდელ კოლეგებთან, ძალიან საინტერესო და ორიგინალურ მოღვაწესთან ემილ კოსტანესკუსთან შეხვედრებმა, მიღწეულმა შეთანხმებებმა კიდევ უფრო განამტკიცა თანამშრომლობის ტრადიცია. რაც შეეხება პოლიტიკურ ასპექტს, ჩვენ მოვილაპარაკეთ, რომ 1999 წელს თბილისსა და ბუქარესტში გაიხსნება ორი ქვეყნის საელჩოები, ხოლო ფოთსა და კონსტანცაში - საკონსულოები. რუმინეთი (ისევე როგორც საქართველო) განსაკუთრებულ ინტერესს იჩენს ევრაზიის ისეთი სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტების განხორციელებისადმი, როგორიც არის ტრასეკა, ინოგეიტი, და, ბოლოს, დიდი აბრეშუმის გზის აღორძინება. შეიძლება ითქვას, საუბრის ძირითადი ნაწილი სწორედ ამ საკითხებს შეეხებოდა და სრულ ურთიერთგაგებასაც მივაღწიეთ: ამ პროექტების განხორციელება სავსებით შეესაბამება ორი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, მაშასადამე, კიდევ ერთი მძლავრი და პერსპექტიული ევროპული, შავიზღვისპირა ქვეყნისა და საქართველოს ინტერესები ემთხვევა ერთმანეთს, რაც სასიხარულო და ნიშანდობლივი ფაქტია.
მოვილაპარაკეთ, აგრეთვე, რომ შევქმნათ მუდმივი კონსულტაციების, ინფორმაციის გაცვლის მექანიზმი.
სხვათა შორის, პრეზიდენტ კოსტანესკუს ვიზიტთან დაკავშირებით განსაკუთრებით აღვნიშნავ იმ ფაქტს, რომ იგი ეწვია სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანას, რაც ძალზე მნიშვნელოვანია „მშვიდობიანი კავკასიის იდეის“ განვითარებისათვის.
ბუნებრივია, ვისაუბრებთ ნავთობის ტრანსპორტირების, ტრანზიტის, საბორნე მიმოსვლის, ტურიზმის, მრეწველობის, მეცნიერების, კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ. საერთოდ, ჩვენი ქვეყნის თანამშრომლობა რუმინეთთან მე საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მიმართულებად მიმაჩნია. პრეზიდენტებმა მოვილაპარაკეთ, რომ ხელი შევუწყოთ ქართველი და რუმინელი კინემატოგრაფისტების, კერძოდ, გიული ჭოხონელიძისა და მისი კოლეგების მიერ დაგეგმილი, უფრო სწორად, ნახევრად გადაღებული ერთობლივი კინოფილმის დამთავრებას, რომელიც ანთიმოზ ივერიელის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ეხება. აი, ასეთია მოკლედ, ძალიან მოკლედ ამ ვიზიტის შედეგები.
- კიდევ ერთი საინტერესო თემა, რომელიც გასულ კვირას გამოიკვეთა. როგორც კი პოლიტიკური ვითარების დაძაბვა შეიმჩნევა საქართველოში, მაშინვე მწვავდება ხოლმე სოციალური თემაც. უფრო სწორად, აცხადებენ, რომ ამ სფეროში არაფერი კეთდება და „სახელმწიფომ საერთოდ აიღო ხელი სოციალურ დაცვაზე“...
- მე, რა თქმა უნდა, მივაქციე ყურადღება ამ ბოლო ხანს გამოკვეთილ ამ ტენდენციას. ამიტომ მიზანშეწონილად მიმაჩნია, დღევანდელ რადიოინტერვიუში ცოტა უფრო ვრცლად და დეტალურად შევეხო სოციალურ პრობლემატიკას. მოდით, ფაქტებზე და ციფრებზე (და არა ემოციებსა და დემაგოგიაზე) დაყრდნობით ვისაუბროთ: რას წარმოადგენს დღეს საქართველოში სოციალური სფერო?
ამას წინათ, ერთ-ერთი პოლიტიკოსი გიორგაძეებისეული კომპარტიიდან (მე ასე ვუწოდებ მას) წერდა: დღეს საქართველოში ისეთი ვითარებაა, რომ, აი, ქართულმა სახელმწიფომ მოქალაქე ბედის ანაბარა მიაგდო, ავადმყოფს, მომაკვდავიც რომ იყოს, ეუბნება: მოკვდი, არ დამენანებიო.
კი, მაგრამ, ელემენტარული ობიექტურობა და სამართლიანობა ხომ გმართებს, როცა ასეთ მტკივნეულ საკითხებზე მსჯელობ? მე გვარს არ ვასახელებ, რადგან წარსულში ძალიან კარგი ურთიერთობა მაკავშირებდა ამ კაცთან, ახლა ყველა მიხვდება ვისზეა საუბარი...
ამგვარი უმძიმესი ბრალდების პასუხად მე იძულებული ვარ, ციფრები დავასახელო და ვთქვა, რამდენი რამ გაკეთდა ჩვენს ქვეყანაში, რომელიც მხოლოდ ახლა იწყებს ფეხზე დადგომას, ეკონომიკის რეფორმირების პროცესში უპოვართა, უმწეოთა და დავრდომილთა დასახმარებლად.
1998 წელს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდისათვის ბიუჯეტით სულ 189 მილიონი ლარი გამოიყო. ომის ინვალიდთა საკითხი თითქმის საბოლოოდ მოგვარდა და ძალიან მოხარული ვარ, რომ მაქვს უფლება თვალი გავუსწორო ჩემს ძველ მეგობრებს, ომის მონაწილეებს, ომის ინვალიდებს, პენსიონერებს. ლტოლვილთა დასახმარებლად საქართველო ყოველწლიურად 70 მილიონზე მეტ ლარს გაიღებს.
მომავალი წლის ბიუჯეტი კიდევ უფრო მეტად იქნება ორიენტირებული სოციალურ სფეროზე.
რა თქმა უნდა, უპირველესად, კიდევ და კიდევ მადლობა უნდა ვუთხრათ ჩვენს უცხოელ მეგობრებს, რომლებსაც ხშირად ვთხოვთ, ხშირად მივმართავთ და ისინიც ეხმაურებიან ჩვენს თხოვნას. მხოლოდ ერთი მაგალითი: სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტროს ცნობით (სხვათა შორის ამ სამინისტრომ სერიოზულად გარდაქმნა თავისი საქმიანობა), ინვალიდთა სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით მან შეიძინა ევროპული სტანდარტების დონის 130-საწოლიანი სტაციონარი (ეს მართლაც თანამედროვე დონის სამკურნალო დაწესებულება იქნება), რომელიც აღჭურვილია თანამედროვე სამედიცინო კომპიუტერული ტექნიკით, ლაბორატორიებით, საპროცედურო კაბინეტებით. კლინიკა უფასოდ, ვიმეორებ, უფასოდ მოემსახურება ინვალიდებს, პირველ რიგში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახის წევრებს.
19 ივნისს ჭიათურაში გაიხსნა ინვალიდთა სამედიცინო რეგიონული ცენტრი (ეს არავის შეუმჩნევია და ამიტომ არავინ არაფერს ამბობს), რომელიც აგრეთვე, უფასოდ მოემსახურება საჩხერე-ჭიათურის რაიონების ინვალიდებს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაჭრილებს, დაღუპულთა ახლობლებს.
მე ამ კონკრეტულ მაგალითებს იმიტომ მოგახსენებთ (ეს ამ ბოლო დღეების ფაქტებია, რომ ჩამოვთვალო, რაც ბოლო ორი წლის განმავლობაში გაკეთდა, ამას, ალბათ, ერთი სპეციალური ინტერვიუ დასჭირდება), რომ სწორედ მათი მეშვეობით არის შესაძლებელი დემაგოგიის გაქარწყლება.
რამდენი რამ გაკეთდა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში იმ დროს, როცა ჩვენ რადიკალური რეფორმები დავიწყეთ ამ სფეროში. 1998 წელის ბიუჯეტით მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისათვის (მარტო ჯანმრთელობის დაცვისათვის) 54 მილიონი ლარია გამოყოფილი. აქ იგულისხმება საერთო ეროვნული პროგრამების დაფინანსება იმუნიზაციის, პრევენციის სფეროში. სწორედ ამ სახელმწიფო პროგრამის დამსახურებაა, რომ თითქმის აღარ არის ინფექციური დაავადებანი, ადამიანები აღარ იღუპებიან ისეთი საშინელი სენით, როგორიც დიფტერიაა (არადა, გახსოვთ, როგორი აფეთქება იყო რამდენიმე წლის წინათ), სახელმწიფო აფინანსებს, აგრეთვე, ბავშვთა და მოზარდთა აცრას, - ყველა დედამ იცის, რა დაავადებაზეა ლაპარაკი, სახელმწიფო აფინანსებს შიდსის, ენდემური დაავადებების, უსაფრთხო სისხლის, სხვა სამედიცინო პროგრამებს.
გარდა ამისა არსებობს მუნიციპალური პროგრამები, 25 მილიონი ლარის ფარგლებში, თუმცა, იგი ყოველთვის არ სრულდება, და მე მოვითხოვ, რომ გუბერნატორებმა გააძლიერონ მუშაობა ამ მიმართულებით, ასევე არსებობს ჩემი სპეციალური დავალება ფინანსთა მინისტრისადმი, რათა უახლოესი ორი თვის განმავლონაში დაიფაროს ყველა დავალიანება ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ხაზით, იგულისხმება ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხები ამ სამინისტროს პროგრამების დასაფინანსებლად.
ცალკეა გათვალისწინებული თანხები შინაგან საქმეთა სამინისტროს სამედიცინო სამსახურისათვის და სამხედრო სამედიცინო სამსახურისათვის - სულ 9 მილიონი ლარი, კიდევ 8,5 მილიონი ლარი ინვალიდთა დეპარტამენტისათვის.
არსებობს სადაზღვევო პროგრამები, რომლებსაც, აგრეთვე, სახელმწიფო აფინანსებს - სულ 38 მილიონი ლარი. ეს გახლავთ ბავშვთა გადარჩენის, ორ წლამდე ბავშვთა ამბულატორიული დახმარების, ბავშვთა სტაციონარული დახმარების, უსაფრთხო მშობიარობისა და ორსულთა დახმარების პროგრამები, ტუბერკულოზის მკურნალობის პროგრამა. ყველაფერი ეს ხდება უფასოდ, სახელმწიფოს ხარჯზე.
სხვა ციფრებსაც დავასახელებ: ამ პროგრამის შესაბამისად, უფასოდ იმკურნალა თითქმის 6 ათასმა, ფსიქიატრიის სფეროში არსებული უფასო მკურნალობის პროგრამით - 16.500 კაცმა. ეს ძალზე მტკივნეული საკითხია: გავიხსენოთ 1991-1992 წლები, 1993-იც, როდესაც ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ასობით კაცი იღუპებოდა შიმშილით. ეს ჩვენთვის უდიდესი ტკივილი იყო, ვინაიდან ქვეყანა, რომელიც სულით ავადმყოფს ვერ უვლის და უფასოდ ვერ მკურნალობს, ნორმალურ სახელმწიფოდ ვერ ჩაითვლება.
ონკოლოგიურ დაავადებათა მკურნალობა მთლიანად უფასოა. 3.500 ავადმყოფმა იმკურნალა და გადის მუდმივ კურსს.
თირკმლის მწვავე და ქრონიკული უკმარისობა, ამ პრობლემის გამო ჩემთან ძალიან ხშირად ყოფილან და მე უძლური და უსუსური ვიყავი, რაღაც დახმარება გამეწია ამ ადამიანებისათვის. მათ შორის იყვნენ ბავშვებიც, ქალებიც და ასე შემდეგ, 1991-1993 წლებში სახელმწიფომ სულ 10 ავადმყოფის მკურნალობა შეძლო უფასოდ - მაშინ მეტი საშუალება მართლაც არ გვქონდა. შარშან რამდენიმე ათეულმა, ზუსტად ვიტყვი - 85 ავადმყოფმა გაიარა აუცილებელი კურსი სახელმწიფოს ხარჯზე - ეს იშვიათი, მაგრამ უმძიმესი დაავადებაა. მილიონ მოსახლეზე 60 ავადმყოფი მოდის.
ავიღოთ ბავშვთა კარდიოქირურგია (ესეც თითქოს ვერავინ ვერ შენიშნა, ისე გაირბინა, როგორც კადრში გაიელვებს ხოლმე რომელიმე ეპიზოდი) - მთლიანად უფასოდ სახელმწიფოს ხარჯზე. 120 ბავშვს გაუკეთდა გულის მანკის ურთულესი ოპერაცია და მე, როგორც პრეზიდენტი, მადლობას ვწირავ ჩვენს ქირურგებს (ცნობილია, რომ საქართველოში შესანიშნავი ქირურგიული სკოლა არსებობდა ათეული წლების მანძილზე და ეს სკოლა არ მოშლილა, კიდევ უფრო მეტად ვითარდება და ეუფლება თანამედროვე ქირურგიის მიღწევებს).
საქართველოს სახელმწიფო მთლიანად უფასოდ მკურნალობს ინფექციურ დაავადებებს.
არსებობს უმწეოთა დახმარების სახელმწიფო სამედიცინო პროგრამა, ათიათასობით ადამიანს დაურიგდა შესაბამისი პოლისები, ანუ, თუ ისინი ავად გახდებიან, რაკი სახსარი არ გააჩნიათ სახელმწიფო უფასოდ უმკურნალებს.
სპეციალურ პროგრამას ვაფინანსებთ - ბიუჯეტიდან მთიანი რაიონებისათვის, მაგალითდ, აჭარის ხულოს რაიონში, ჩემი დავალებით და ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის ბატონ ავთანდილ ჯორბენაძის ძალისხმევით, აშენდა საავადმყოფო, რომლის ბავშვთა განყოფილება უმაღლეს ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება. ასევეა სოფელ სხალთასა და სხვა ადგილებში. ამჟამად ვფიქრობთ, ქედისა და შუახევის რაიონებისათვის დამატებითი დახმარების გამოყოფაზე. სხვა მთიანი რაიონებიდან - მესტია, კოდორის ხეობა, ვეხმარებით ცხინვალის რეგიონის ცალკეულ სოფლებს, და ამ რეგიონში დახმარება კიდევ უფრო გაძლიერდება. მხედველობაში მყავს ქართველებიც, ოსებიც და ყველა, ვინც იქ ცხოვრობს და ვინც ბრუნდება. ამ პროგრამებით სულ უფასოდ განხორციელდა 63 ათასამდე ამბულატორიული მიღება - ეს მხოლოდ მთის რაიონებიში და მხოლოდ 6 თვის განმავლობაში.
უპატრონო ბავშვები - ჩვენი ჯერაც მოუშუშებელი ტკივილი. ასობით ასეთ ბავშვს უკვე უპატრონა სახელმწიფომ. მომავალი წლისათვის ეს პროგრამა ყოვლისმომცველი გახდება. მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ უპატრონო ბავშვებზე მზრუნველობა სწორედ სახელმწიფომ იკისროს.
მოვახერხეთ ჩვილ ბავშვთა სახლის რეკონსტრუქცია, სადაც შესანიშნავი პირობებია.
წელს, 6 თვეში, უფასოდ, სახელმწიფოს ხარჯზე უკვე გაკეთდა თირკმლის გადანერგვის 4 ოპერაცია, ესეც ურთულესი ოპერაციაა, თქვენ ყველას მოგეხსენებათ, ყველაზე განვითარებულ ქვეყნებშიც კი უჭირთ ასეთი ოპერაციების მთლიანად დაფინანსება და ძალიან ძვირი ჯდება.
28 ათასი შაქრიანი დიაბეტით დაავადებული უფასოდ იღებს ინსულინს, მათ შორის დიაბეტიანი ბავშვები - საუკეთესო პრეპარატებს, თუკი რამე არსებობს დედამიწის ზურგზე. მე სად გავქცეულიყავი არ ვიცოდი, როცა ამ სამი-ოთხი წლის წინათ ჩემთან მოდიოდნენ დატანჯული, გაუბედურებული ადამიანები, ოჯახის უფროსები - დედები, მოჰყავდათ ბავშვები და აბსოლუტურად უძლური ვიყავი, დავხმარებოდი მათ.
პრეზიდენტმა გამოსცა ბრძანებულება ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებული ყურადღება ექცევა პატიმართა ჯანმრთელობას (ესეც მტკივნეული საკითხი იყო და ჯერაც რჩება). მზადდება სპეციალური კანონი სიცოცხლის დაცვის შესახებ. ცაგერში აშენდა დედათა და ბავშვთა სახლი, ბათუმში - ბრწყინვალე, შესანიშნავი, უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი სამშობიარო სახლი, რომელიც მოვინახულე, ფოთში - აგრეთვე, ბავშვთა განყოფილება, ესეც მოვინახულე, ზუგდიდში ამოქმედდა რეანიმაციის განყოფილება და მრავალი სხვა. ყველაფერს, რა თქმა უნდა, ვერ ჩამოვთვლი. სულ უფასო სამედიცინო დახმარება გაეწია 2 მილიონ 100 ათას კაცს, ჩვენი მოსახლეობის ლამის ნახევარს.
ახლა მე ვეკითხები ჩვემს ოპონენტებს: ყოველივე ეს არაფერს ნიშნავს? არავითარი ძვრა, არავითარი პროგრესი არ არის? ეს ყოველივე იმის მაჩვენებელია, რომ (როგორც ზემოთ ხსენებული ოპოზიციონერი ბრძანებს) „ქართულმა სახელმწიფომ უპატრონოდ მიაგდო დავრდომილი, უმწეო მოქალაქე და უთხრა, მოკვდი, არ მენანებიო?!“ ასეა სინამდვილეში? ეს ციფრები, ფაქტები და ტენდენციები, მე რომ დავასახელე, არაფერზე არ მეტყველებს? უბრალოდ, ბრმავდებიან ადამიანები, არაფერი სასიკეთოს დანახვა არ უნდათ.
ბოლოს და ბოლოს, ქართველ კაცს უთქვამს: ნამუსიც კარგი საქონელიაო. ნუთუ ესოდენ ძნელი შესამჩნევია, რომ, ყოველ შემთხვევაში, რაც შეგვიძლია ვაკეთებთ ყველაფერს, რაც დღეს ჩვენი ქვეყნის პოტენციალს არ აღემატება, ანუ ვაკეთებთ და კვლავაც გავაკეთებთ შესაძლებლის მაქსიმუმს.
ამავე დროს, მოსახლეობაც უფრო შეგნებულად, მეტი პასუხისმგებლობით ეკიდება საკუთარ ჯანმრთელობას (დღეს მე ამას განსაკუთრებით მინდა გავუსვა ხაზი), აბა, დავაკვირდეთ, ამ თვალსაზრისით როგორი ცხოვრების წესი ჩამოყალიბდა ევროპაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში. იქ მოქალაქე, უწინარესად, თავად ზრუნავს თავის ჯანმრთელობასა და იმაზე, რომ არ გაუარესდეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ეს აზროვნება, ეს მენტალიტეტი ჩვენშიც იკიდებს ფეხს, მძიმედ, მაგრამ მაინც. ჩვენშიც მკვიდრდება ჯანსაღი ცხოვრების წესი, ვითრდება სპორტი, ტურიზმი, და, ვფიქრობ, კიდევ უფრო სწრაფი ტემპით განვი30
თარდება ტურიზმი და ყველა ის სფერო რომელიც, თავის მხრივ, ადამიანის ფიზიკური კულტურის განვითარებას უწყობს ხელს. ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას ყველა ადამიანმა, ყველა მოქალაქემ, უნდა მოჰკიდოს ხელი საკუთარ ჯანმრთელობაზე, უწინარესად, ჩვენ თვითონ უნდა ვზრუნავდეთ. რაც მთავარია, ჯანსაღი ცხოვრების წესის ცხოვრების კანონად გადაქცევა ჩვენი ახალგაზრდობის ღვიძლი საქმეა და ამას წინათ, ახალგაზრდებთან შეხვედრაზე, სწორედ ამაზე ვისაუბრე.
- რასაც თქვენ ახლა ბრძანებთ, ეს მართლაც ძალიან შთამბეჭდავია. ზოგიერთმა თვითონ არ იცის, რა უფლებები აქვს და რის უფლებას აძლევს მას სახელმწიფო. ზოგან, ალბათ, კონკრეტული ექიმი სცოდავს, ამ უფლებების აღსრულებაში უშლის ხელს ავადმყოფს, მაინც, კონკრეტული ადამიანისათვის ყველაფერი იმით იწყება, როცა ექიმი დოლბანდისა და წამლის ფულს სთხოვს. ალბათ, აქედან მოდის ასეთი დამოკიდებულებაც, თორემ, მართლაც გვახსოვს ის დრო, როცა ჯანმრთელობის დაცვაში არაფერი იყო უფასო და ლაპარაკიც კი ზედმეტი იყო იმაზე, რომ რომელიმე დაავადებას სახელმწიფო უფასოდ უმკურნალებდა, რადგან მაშინ უჭირდა მას, ჯანმრთელობის დაცვა ყველაზე ძვირი სიამოვნება და აუცილებელი ატრიბუტია...
- ჩემი აზრით, ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში დაწყებულმა მართლაც რადიკალურმა და გაბედულმა რეფორმებმა უნდა მიგვიყვანოს ექიმის, მკურნალის სრულიად ახალ პროფილამდე, ახალ როლამდე, მისი ადგილის ახლებურად გაგებამდე ჩვენს საზოგადოებაში და მიგვიყვანს კიდეც, დარწმუნებული ვარ, ასე იქნება. ახლა გავდივართ ამ ურთულეს და უძნელეს სკოლას.
- შაბათს თქვენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის წევრებს შეხვდით. პრინციპში, ეს ის თემაა, რომელიც საპრეზიდენტო პროგრამის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, მიმართულება იყო და არის...
- მე შემთხვევით არ მინდა შევახსენო რადიომსმენელს დოსტოევსკის სიტყვები: „სილამაზე იხსნის კაცობრიობას, სილამაზე იხსნის სამყაროს“. საქართველოში ჩემი დაბრუნებისთანავე იშვა და გავრცელდა ამ გამოთქმის პერიფრაზი, რომელიც უფრო ჩვენს ეროვნულ ტკივილს და მისწრაფებას შეესაბამებოდა „გადავარჩინოთ ქართული კულტურა და კულტურა იხსნის საქართველოს“. სხვათა შორის ამ დიდ წამოწყებაში, დიდ ინიციატივაში გარკვეული როლი ვახტანგ გოგუაძემაც შეასრულა, რომელიც მაშინ ჩემი თანამებრძოლი გახლდათ და, ალბათ, თანამოაზრეც, ჩემს სხვა მაშინდელ მეგობრებთან და კოლეგებთან ერთად.
მონდომების მიუხედავად, ეს მოწოდება ვერ განხორციელდებოდა, მისთვის მხარი რომ არ დაეჭირა ქართველ ინტელიგენციას, ჩვენი ერის, მე ასე ვიტყოდი, სულიერ არისტოკრატიას.
მოძრაობა (და ბრძოლაც) ქართული კულტურის გადარჩენისათვის მაშინ დაიწყო, როცა სამოქალაქო ომი მძვინვარებდა, ნგრევის პროცესი აპოგეაში იყო, მაგრამ საბოლოოდ სულიერებამ მაინც გაიმარჯვა, ვინაიდან იგი ყველაფერზე ძლიერია. თუ ადამიანი სულიერად ჯანსაღია, თუ იგი კულტურულ ღირებულებებს ეზიარება, საზოგადოება ჯანსაღია და მორალური პრინციპებით ცხოვრობს.
საბედნიეროდ, ჩვენდა სასიხარულოდ და საამაყოდ, მე ვიტყოდი, რომ ქართული კულტურა მართლაც გადარჩა, ახლა უკვე ვლაპარაკობთ მის აღორძინებასა და განვითარებაზე. ვმსჯელობთ იმაზე, თუ როგორ შევქმნათ პირობები ახალი მწვერვალების მისაღწევად ლიტერატურის, მუსიკალური ხელოვნების, თეატრის, მხატვრობის, არქიტექტურის დარგში და ასე შემდეგ. ქვეყნის დამოუკიდებლობა გვაძლევს საშუალებას დავამყაროთ კავშირი მსოფლიოს უდიდეს კულტურულ ცენტრებთან, რაც თავისთავად დიდი ბედნიერებაა, ვინაიდან თავისთავში ჩაკეტილი კულტურული სისტემა ვერ განვითარდება, ვერ აღორძინდება და საკაცობრიო მნიშვნელობის ღირებულებებს ვერ შექმნის. ამიტომ ის პროგრამა, რომელიც მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება, კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენის შესანიშნავ გარემოპირობებს ქმნის, დარწმუნებული ვარ, მომავალში იგი კიდევ უფრო გაფართოვდება, თუმცა, აქ ჩვენ მხოლოდ უცხოელ ინვესტორთა დახმარების იმედი არა გვაქვს - ბევრი რამ გაკეთდა ისევ და ისევ საქართველოს ბიუჯეტის ხაზით და მომავალში კიდევ უფრო მეტი გაკეთდება, თუნდაც ის რად ღირს, რომ ამ უმძიმეს, ურთულეს წლებში, სიმძიმისა და სიცივის წლებში, არც ერთი თეატრი არ დაიხურა საქართველოში, პირიქით, - ახალი თეატრები გაიხსნა, ზოგი მართლაც ბრწყინვალე შენობებში, ზოგი სარდაფებში და ასე შემდეგ. ამას, ყოველგვარ პირობებში თეატრის ასეთ განვითარებას ხელს უწყობდნენ არა მარტო ხელოვნების ენთუზიასტები, არამედ დიდი მოღვაწეებიც.
აღმავლობის გზაზეა კინემატოგრაფია, მხატვრობა, მწერლობაში ბევრი რამ საინტერესო ხდება. დაიწყო მწერალთა კავშირის საინტერესო რეფორმირების პროცესი, შეიძლება მტკივნეული იყოს, მაგრამ ყველა უნდა ამოვუდგეთ მხარში ჩვენს მწერლობას, რათა ეს რეფორმები ბოლომდე მიიყვანოს. მწერლობის გარეშე კულტურაზე ლაპარაკი ზედმეტია. უახლოეს მომავალში უეჭველად გვექნება საშუალება, ავაღორძინოთ კულტურულ-საგანმანათლებლო ქსელი. აქ ყველაზე სუსტი ადგილია კლუბები, ბიბლიოთეკები, განსაკუთრებით სოფლად, დავეხმაროთ სახელმწიფო არქივს, აღსადგენია ხელნაწერთა ინსტიტუტი და ეს საკითხის მოსაგვარებელია. ქართულ კულტურაზე ზრუნვას სახელმწიფო არ შეწყვეტს, ვინაიდან ეს არის ნება და ერის გადაწყვეტილება. ქართული კულტურა საკაცობრიო მონაპოვარია, მას უფრთხილდება ყველა, ვისაც სჯერა ბრძენი კაცის ის სიტყვები, ზემოთ რომ მოვიყვანე, მაგრამ უპირველესი პასუხისმგებლობა თვით საქართველოს, მის ხელისუფლებას ეკისრება. ჩვენ ამ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ და კვლავაც დავრჩებით იმ მოწოდების ერთგული, რომელმაც სულიერების საფუძველთა შენარჩუნების საშუალება მოგვცა.
ამას წინათ, ახალგაზრდების ჯგუფთან შეხვედრაზე, ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ კულტურის განვითარება, კულტურის ფენომენის, მისი მოვლა-პატრონობა და ამაში ახალგაზრდობის მონაწილეობა იყო. მე ახლა არ შემიძლია არ გავიხსენო სტუდენტური გაზაფხულები, მეორედ და მესამედ რომ იმართება, ეს ჩვენი ახალგაზრდობისა და არა მარტო მისი, არამედ ჩვენი ხალხის საოცარი ზეიმია, აქ არის კულტურაც, აქ არის მეცნიერებაც, აქ არის ნიჭიერებაც ჩვენი ახალგაზრდობისა, ძალიან დიდ იმედებს რომ გვისახავს.
- გასულ კვირას გრძელდებოდა ქართულ-აფხაზური მოლაპარაკება, შეიძლება თუ არა ამ ეტაპზე გარკვეულ პროგრესზე ლაპარაკი?
- ამ საკითხთან დაკავშირებით მინდა მოვახსენო მოსახლეობას, რომ მიმდინარეობს დაძაბული მუშაობა, ეს მუშაობა გრძელდება. თითქმის ყოველდღიურად იკრიბება ეროვნული უშიშროების საბჭო. ჩვენი მთავარი მიზანი, სიტუაციის დრამატიზების მიუხედავად, ორმხრივი დიალოგის განვითარებაა. მივიღეთ გადაწყვეტილება: როგორც უნდა დამთავრდეს მოლაპარაკების პროცესი, ყველაფერი ვიღონოთ, რათა ლტოლვილებს ნორმალური ცხოვრების პირობები შევუქმნათ.
არ შეიძლება ადამიანები, მათ შორის ქალები და ბავშვები ისეთ პირობებში (ლამის ფერმებში, თუნდაც სკოლებში) ცხოვრობდნენ, როგორშიც ამჟამად იმყოფებიან. უკვე გამოიძებნა შესაბამისი თანხები, ამაზე მუშაობას კვლავაც ვაგრძელებთ, 1.700-მდე ბავშვი გალის რაიონიდან უკვე ისვენებს და მკურნალობს ბორჯომის ხეობაში, უახლოეს მომავალში კიდევ 700-800 ბავშვი გაიგზავნება ან სანატორიუმებში, დასასვენებელ სახლებში. და მე კიდევ ერთხელ მინდა მივმართო სამურზაყანოელებს და საერთოდ ყველა ლტოლვილებს საქართველოში: ჩვენო სისხლო და ხორცო, ჩვენო ძვირფასო ადამიანებო, დამოუკიდებელი საქართველო თქვენზე ერთადერთი მზრუნველია და ეს თქვენ შესანიშნავად იცით. რა თქმა უნდა, ჩვენთან ერთად არიან ჩვენი უცხოელი მეგობრები, რომლებიც ასე გვიჭერენ მხარს. თქვენზე ერთადერთი მზრუნველი ჩვენი სახელმწიფო გახლავთ. საქართველო თქვენს გვერდით იქნება ჭირშიც და ლხინშიც. მაგრამ ლხინი მხოლოდ მაშინ გვექნება, როდესაც ყველანი დავბრუნდებით აფხაზეთში, ოღონდ სრული უსაფრთხოების გარანტიით. სხვანაირად ჩვენ არ გვინდა გავწიოთ რისკი და თქვენს სიცოცხლეს კვლავ საფრთხე შეექმნას.
ამჟამად კი ხალხი უნდა დავაბინაოთ და დავაპუროთ, ყოველდღიურად ჩართულია ამ პროცესში სახელმწიფო მინისტრი, ყველა სამინისტრო და უწყება, თითქმის ყველა რეგიონი, მაგრამ მე არ შემიძლია ისევ და ისევ არ გამოვყო სამეგრელო და რამდენიმე სიტყვა არ ვთქვა საერთოდ ამ რეგიონზე, სამეგრელოს ყველა რაიონსა და ყველა ხელმძღვანელზე, განსაკუთრებით კი ბატონ ბონდო ჯიქიაზე - მის ჭეშმარიტ თავდადებაზე, ჭეშმარიტ გმირობაზე, ჭეშმარიტ მამულიშვილობასა და კაცურ-კაცობაზე. მან ეს შეძლო მისთვის დამახასიათებელი კაცთმოყვარეობის, სამშობლოსადმი უსაზღვრო ერთგულების ნიჭით. ათიათასობით ლტოლვილის განთავსება ერთ რაიონში, რომელიც არც ისე დიდი შესაძლებლობის მქონეა და ქალაქში - ეს მართლაც უზარმაზარ მუშაობას მოითხოვდა. ყველამ სათანადო დახმარება გაუწია, მაგრამ, რა თქმა უნდა, მთავარი მოქმედი პირი სწორედ პრეზიდენტის რწმუნებული გახლდათ. მისი დამსახურება და ქვეყნისადმი ერთგულება, ვფიქრობ, განსაკუთრებულად უნდა აღინიშნოს, და მე შევეცდები მოვძებნო ეს გზა.
- თქვენ სოციალური დაცვის საკითხზე საუბრობდით. ხშირად იგივე ისმის ეკონომიკის თემაზე. ამბობენ, რომ ეკონომიკაში სრული სტაგნაციაა, რომ ქვეყანაში არაფერი არ კეთდება და ასე შემდეგ...
- ამ შემთხვევაშიც მე ფაქტებით და ციფრებით ოპერირებას ვარჩევდი. ახლა იძულებული ვარ იმათ გამოხდომებს, იმათ პროვოკაციულ გამოსვლებს ვუპასუხო, ვისაც არაფერი სურს შენიშნოს, ნათელი დაინახოს ამ ქვეყანაზე. რასაც ვიტყვი, იმ ადამიანებისათვის ვიტყვი, ვინც კეთილად არის განწყობილი, რადგან ზოგიერთი უიმედოდაა დაბრმავებული, ყოველ შემთხვევაში, ვინც იმთავითვე ბოროტად არ არის შემართული პირადი ბოღმისა და ამბიციის გამო, რადგან ბოროტგანწყობილს მაინც ვერაფერს შეასმენ ასე იოლად. აბა, სხვაგვარად როგორ შეიძლება ამტკიცებდე, რომ 1992 წლის შემდეგ საქართველოს ეკონომიკაში სასიკეთოდ არაფერი შეცვლილა? ამას სერიოზულად ამტკიცებენ. კი, ბატონო, აკრიტიკე ნაკლოვანებები, ხარვეზები, ჩემზე მეტს, მე მგონი, არავინ ლაპარაკობს ამ ნაკლოვანებებსა და ჩავარდნებზე, ხარვეზებზე, მაგრამ ნაკლს და ხინჯს თუ ხედავ, ზოგი რამ დადებითიც ხომ უნდა შეამჩნიო? თანაც ასეთ ტენდენციურობას სწორედ ისინი იჩენენ, ვინც საბაზრო ეკონომიკის პირობებში თავად, როგორც იტყვიან, შესანიშნავად მოეწყო - ქონება დააგროვა, საწარმოებს, რესტორნებს, სხვადასხვა სამრეწველო, თუ ენერგეტიკულ ობიექტებს ფლობს. ღმერთმა შეარგოთ, თუ კანონიერების ფარგლებში ხდება ყოველივე ეს. მაგრამ ელემენტარული ობიექტურობა, ელემენტარული პატიოსნება ხომ მაინც უნდა გამომჟღავნდეს ამ დისკუსიების დროს?
თუმცა ამაზე უფრო დაწვრილებით სხვა დროს იყოს. ახლა კი თემას დავუბრუნდეთ. გვეუბნებიან საქართველოში არაფერი ვითარდებაო. მაგრამ ხომ ფაქტია, რომ, მაგალითად, საბიუჯეტო შემოსავალი წლიდან წლამდე იზრდება, თანაც ეს რეალური, მყარი ფულია. ეს უკვე, მე მგონი, ყველამ გაიგო და ეს სამყარო ჯანსაღ საფუძველს ეყრდნობა. ჩვენ უარი ვთქვით ემისიაზე და მოვახერხეთ მოგვეთოკა ინფლაცია. 1995 წელს ბიუჯეტის საერთო შემოსავალი 271 მილიონი გახლდათ, 1996 წელს - 505 მილიონი, 1997 წელს კი 739 მილიონი. 1998 წელს დაგეგმილია მილიარდ 33 მილიონი ლარი, 1999 წელს კი ვვარაუდობთ მილიარდ 203 მილიონ ლარს, რაც სავსებით რეალურია. ეს ციფრები არაფერს არ ნიშნავს? მართალია, წელსაც და გაისადაც აქ რაღაც პროცენტი იქნება კიდევ, ალბათ, იმ უცხოური კრედიტებისა, მაგრამ ძირითადი სიმძიმე უკვე ჩვენს ეკონომიკაზე გადადის. რომ არ იყოს წინსვლა, უცხოურ კრედიტებს ვერ მივიღებდით. მე არაერთხელ დამისახელებია ეს ციფრი. უკვე მესამე წელიწადია ჩვენი ეკონომიკის წინსვლის ტემპი 11-12 პროცენტით განისაზღვრება. მართალია, ჩვენ ნულოვანი დონიდან დავიწყეთ, მაგრამ ტემპი მაინც ტემპია და ეს ციფრები იმის გარკვეულ საფუძველს გვაძლევს, რომ ვიფიქროთ და ვივარაუდოთ კიდევ უფრო ძლიერი წინსვლა.
ხშირად გვიყიჟინებენ „დასაქმებისა და მილიონი სამუშაო ადგილის შესახებ“ - აი შეპირდით და რა გააკეთეთო. სხვათა შორის, მე მეუხერხულება, რომ ჩემი შეპირების შესრულებაზე ყოველდღე ვილაპარაკო, მაგრამ, ალბათ, ესეც საჭიროა. როგორც ჩვენი, ასევე უცხოელი ექსპერტების მონაცემებით, დასაქმების სფეროში ასეთი დინამიკაა (მე 1997 წლით ვიწყებ და არა 1995-ით. 1995-დან რომ რომ ვიანგარიშოთ, მაშინ ცოტა სხვა ციფრები გვექნება. შემდეგში, შეჯამების დროს, ამასაც დავასახელებ. 1997 წლის ზაფხულში დასაქმებულთა საერთო რიცხვი მილიონ 200 ათასი იყო, წლის ბოლოსათვის - 2 მილიონ 300 ათასი, ამჟამად - 2 მილიონ 400 ათასია. ზემოთ ხსენებულ ოპონენტებს (პატივცემულ ოპონენტებს) ვთხოვ გაამრავლონ 200 ათასი ხუთზე - რამდენს მიიღებენ? და, საერთოდ ცოტა ანგარიში უნდა ისწავლონ, როცა ასე ხელაღებით წამოკრავენ ხელს ისეთ პრობლემას, როგორიც არის დასაქმების პრობლემა, ეკონომიკის განვითარების პრობლემა.
თავისთავად, იცით, მე მივესალმები ყოველგვარ კრიტიკას, ყოველგვარ შენიშვნებს, მაგრამ რატომ უკლავ, რატომ უქრობ ადამიანებს იმედის ნაპერწკალს, მაშინ, როცა ნამდვილად არის გარკვეული ძვრები, ნამდვილად იცვლება ზოგი რამ სასიკეთოდ. მცირედ, მაგრამ მაინც ხომ იზრდება ხელფასები, პენსიები, შემწეობა, ჯერჯერობით უფრო სწრაფად მატულობს ხელფასი კერძო სექტორში, მაგრამ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა.
მე ერთხელ გავიხსენე ის ძველი, სტალინისდროინდელი, ომისშემდგომი პერიოდი, როცა მან ფულის რეფორმა განახორციელა (ის რეფორმა, ფაქტობრივად, ხალხის გაძარცვა იყო), რის შემდეგაც დაიწყო ხელფასის ყოველწლიური მატება და იგი 10 პროცენტს შეადგენდა ბავშვობის, ახალგაზრდობის წლებიდან მახსოვს როგორი ბედნიერები ვიყავით ყველანი. ჩვენთან ხელფასის ყოველწლიური მატება 20 პროცენტია, ცოტაა? რა თქმა უნდა ცოტაა, მეტია საჭირო, მაგრამ, თუ მეტზე წავალთ, მაშინ უნდა შევეგუოთ იმას, რომ ვალუტა გაუფასურდება, ინფლაცია დაიწყება, ბაზარზე უმართავი პროცესი იქნება და ასე შემდეგ.
აღმავლობის გზაზეა პერსპექტიული მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, მომსახურების სფერო, შემოდის ინვესტიციები, ტრანსპორტი განვითარდა. დავუშვათ, გძულს ხელისუფლება ან პიროვნება, რომელიც ამ ხელისუფლებას განასახიერებს, ან გახრჩობს ამბიცია და ბოღმა, - უბრალო მოქალაქეს რას ერჩი, მას რატომ უკლავ იმედს და რატომ გინდა, რომ ისიც დააბრმავო? რატომ უსპობ საკუთარი ქვეყნის, დამოუკიდებლობის რწმენას, რატომ უნერგავ იმის განცდას, რომ საქართველოს დამოუკიდებლად არსებობა არ შესძლებია. და ჩვენ ხომ ვიცით, საიდან მოდის ეს ყველაფერი, ვის სჭირდება, რომ მოსახლეობაში ასეთი განწყობილება დამკვიდრდეს, დამოუკიდებლობა თუ გვინდოდა (ამ აზრს კვლავ და კვლავ ვიმეორებ), ისიც უნდა გვცოდნოდა, რომ ეს ძალიან ძნელი საქმეა და იმავდროულად დიდი ნიჭი და დიდი ღირსებაცაა და, ამავე დროს, ისიც უნდა გვცოდნოდა, რომ საკუთარი ქვეყანა არ დაგვენგრია. ამას ვიმკით ახლა, მაგრამ დაიწყო აღმასვლა და მაინცდამაინც ახლა უნდათ, რომ ჩაქუჩი ჩაგვარტყან თვში.
სულ რამდენიმე სიტყვით შევეხები გასული კვირის საბიუჯეტო შემოსავალს.
საგადასახადო ინსპექციის მონაცემებით, ივნისში მის მიერ ბიუჯეტში მობილიზებულია 26 მილიონი ლარი, ხოლო მეორე კვარტალში 80 მილიონი ლარი, რაც 16 პროცენტით აღემატება პირველი კვარტალის შემოსავალს. მთლიანად ექვს თვეში კი საგადასახადო ინსპექციის მიერ ბიუჯეტში ჩარიცხულია 148 მილიონი ლარი, რაც 16 პროცენტით სჭარბობს შარშანდელ დონეს. მაგრამ, სამწუხაროდ, შემოსავლის ზრდის მიუხედავად გეგმის შესრულებაში ჩამორჩებიან ქალაქ თბილისის, სამეგრელოს და ზემო სვანეთის საგადასახადო ინსპექციები (სამეგრელოს და ზემო სვანეთი გასაგებია, მაგრამ თბილისში თუ ჩამორჩენაა, ამას გამართლება არა აქვს), ასევე შიდა ქართლის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის მხარეთა საგადასახადო ინსპექციები, რის გამოც ბიუჯეტს 2 მილიონზე მეტი ლარი დააკლდა. ბიუჯეტის შემოსავალის ფორმირებას ართულებს, აგრეთვე, ბიუჯეტთან მთელი რიგი მსხვილი საწარმოების ურთიერთობის გაუარესება. მარტო ივნისში 20-მდე ასეთმა საწარმომ ბიუჯეტს 6,5 მილიონი ლარი დააკლო. ისიც უნდა გითხრათ, რომ მე გაცილებით მეტს მოველოდი და კვლავაც მოველი ჩვენი საგადასახადო ინსპექციის საქმიანობისაგან და მისი ახალი უფროსის ბატონ ნიკოლეიშვილისაგან გაცილებით მეტ ორგანიზატორულ და შემართებულ საქმიანობას მოვითხოვ. გამოცდილება მან უკვე შეიძინა და ახლა დროა, შედეგი უფრო თვალსაჩინო და ხელშესახები იყოს.
საბაჟო სისტემიდან ბიუჯეტში 6 თვეში გადაირიცხა 100 მილიონი ლარი, ანუ შარშანდელ ნახევარ წელთან შედარებით თითქმის 30 პროცენტზე მეტი. გასათვალისწინებელია, რომ შემოსავლის ეს ზრდა მიღწეულია იმპორტის მოცულობის თითქმის 21 პროცენტით ზრდის პირობებში, თუმცა შემოსავლის გეგმა აქაც ვერ შესრულდა. და იცით რაშია საქმე? 21 პროცენტით შემცირდა მას შემდეგ, რაც საქართველოში მოხდა ტერორისტული აქტი. ერთი კვირის შემდეგ ლამის თითქმის შეწყდა გემების შემოსვლა ფოთშიც და ბათუმშიც. ტერორისტებმა იცოდნენ, რას აკეთებდნენ. ყველა უნდა შეეჩვიოს იმ აზრს, რომ, თუ ქვეყანაში სტაბილურობა არ არის, ეს უბედურებას მოუტანს ყველა მოსახლესა და ყველა ოჯახს. ამდენად, ბიუჯეტის კერძოდ, ცენტრალური ბიუჯეტის წლის საგეგმო დავალებათა შესრულების უზრუნველსაყოფად როგორც საგადასახადო, ისე საბაჟო ორგანოებმა ფინანსთა სამინისტროსთან ერთად უნდა შეიმუშაონ საჭირო ღონისძიებათა გეგმა, ჩამორჩენის დაშვება არ შეიძლება. თვის მეორე ნახევარში ვიმსჯელებთ ეკონომიკის ფუნქციონირების ნახევარი წლის შედეგებზე. დაისახება კონკრეტული გზები, გაძლიერდება მომთხოვნელობისა და პასუხისმგებლობის დონე.
- გასულ კვირას კვლავ ყურადღების ცენტრში იყო საკონსტიტუციო ცვლილებათა თემა. რა სტადიაშია ამჟამად კონსულტაციები?
- გუშინ მე შევხვდი მცირე სამუშაო ჯგუფს, რომელიც ამ პრობლემებზე მუშაობს. კონსულტაციები კვლავაც მიმდინარეობს, ძირითადად საპარლამენტო სტრუქტურებთან. მოგეხსენებათ, ეს ძალიან რთული პრობლემაა. ხანდახან მთელ წელს ანდომებენ საკონსტიტუციო შესწორების შეტანას. ეს საკითხი, რა თქმა უნდა, ერთი ხელის დაკვრით არ გადაწყდება. ჩვენ კი, სიმართლე გითხრათ, დრო ბევრი არა გვაქვს. რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოვაგვაროთ იგი. მაგრამ ამან არავითარი გავლენა არ უნდა მოახდინოს სტაბილურობასა და იმაზე, რასაც მივაღწიეთ მართვის ასეთი სისტემის პირობებში. მართვის სისტემა უნდა გაუმჯობესდეს, მაგრამ გადაწყვეტილება ამ სისტემის შესახებ ისეთი იქნება, როგორიც ქვეყნის ერთიანობისა და სტაბილურობის განმტკიცების, სწრაფი განვითარების, რეფორმათა გაგრძელების საქმეს წაადგება. რასაკვირველია, არ უნდა შეირყეს ჩვენი კონსტიტუციის უმთავრესი პრინციპი - ძლიერი პარლამენტი, ძლიერი პრეზიდენტი. მინისტრთა კაბინეტი კი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბერკეტი უნდა იყოს ამ დებულების განსახორციელებლად. ესე იგი, მან ხელი უნდა შეუწყოს პრეზიდენტის ძლიერი ინსტიტუტის განმტკიცებას და, სათანადოდ პარლამენტის ძლიერების განმტკიცებასაც.
სიმბოლური, უძარღვო და უსახური არც პრეზიდენტის ინსტიტუტია საჭირო და არც მინისტრთა კაბინეტი. თავისი არსით საქართველო უნდა დარჩეს საპრეზიდენტო სახელმწიფოდ. მე ასე მესმის ეს. როგორც გითხარით, მინისტრთა კაბინეტი უნდა იყოს ამის დამხმარე სტრუქტურა, დამხმარე ბერკეტი.
გასულ კვირაში დიდი ნავთობის თემა კვლავ რეალურად გამოიკვეთა. თბილისში ჩამოვიდა ნავთობსადენის სამუშაო ჯგუფი, რომელიც პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევის ხელმძღვანელობითა და მისი მითითებით შეიქმნა...
სამუშაო ჯგუფი, რომელიც პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევის დავალებით, ჩვენი მოლაპარაკებისა და შეთანხმებისამებრ გაიმართა.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ უძლიერესი, უმაღლესი რანგის სპეციალისტები, მიღწეული წინასწარი შედეგები პირადად მე სავსებით მაკმაყოფილებს და დადებითად მიმაჩნია.
მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ ადრეული ნავთობის ტრასა შენდება უმაღლესი მსოფლიო სტანდარტების დონეზე, მისი გამტარიანობა გაცილებით მეტი იქნება, ვიდრე ამას თავდაპირველი პროექტი ითვალისწინებდა, ჩემი ანგარიშით, შეიძლება 2-3-ჯერ მეტი. ასევე წარმატებით მთავრდება სუფსის ტერმინალის მშენებლობა. შემოსავალიც დაგეგმილზე გაცილებით, ასევე 2-3-ჯერ მეტი იქნება. მე ახლა არ ვამბობ, რამდენი კაცია დასაქმებული. დასაქმებულთა 75-80 პროცენტი საქართველოს სპეციალისტები არიან.
თუ ადრეული და დიდი ნავთობის ტრანსპორტირების მთელ კომპლექსზე ვილაპარაკებთ, შეიძლება შემდეგი დასკვნები გამოვიტანოთ:
გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ნავთობსადენის პრობლემათა გადაჭრა კონცენტრირებულია პრეზიდენტთან არსებულ კომისიაში, ქმნის საკითხების დაუბრკოლებლად განხილვის, ფულის იოლად შოვნის მაძიებელთა გარეშე გადაწყვეტის გარანტიას. თქვენ იცით, რამდენი პროექტი დაიღუპა იმის გამო, რომ ასეთი ველური დამოკიდებულება არის უცხოური ინვესტიციებისადმი. აი, ეს პროექტები, რომლებზეც ახლა ვლაპარაკობ, აბსოლუტურად დაზღვეულია, არც ერთი კაცი მიტმასნილი არ არის, ყველაფერი კეთდება სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე. პრეზიდენტის მდგომარეობა და მისი ავტორიტეტი ჩვენს დიდ პარტნიორებთან (ეს მართლაც გიგანტი პარტნიორები არიან) წარმატებული მუშაობის პირობა იქნება მომავალშიც.
აქამდე გაწეულმა მუშაობამ, მათ შორის ექსპერტთა ჯგუფის საქმიანობამ დაგვანახვა, რომ ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების საკითხები შესაძლებელია გადაწყდეს ველური კონკურენციის, ავანტიურისტული გეგმებისა და მანიპულაციების თავიდან აცილების პირობებში როგორც ქვეყნებს შორის, ასევე, ქვეყნებს შიგნით, ხოლო მიღებულ გადაწყვეტილებათა სიკეთით მრავალი ქვეყანა, ათობით უმსხვილესი კომპანია და ათეულმილიონობით ადამიანი ისარგებლებს.
ამ შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს უნიკალური მდებარეობის მნიშვნელობა და მისი ხელმძღვანელობის პარტნიორული საიმედობა. ჩვენ კვლავაც დავრჩებით პატიოსან და სიტყვის ადამიანებად ჩვენი პარტნიორების თვალში.
საქართველოზე გამავალი ნავთობისა და გაზის ნაკადი, დიდი აბრეშუმის გზის აღორძინება, ტრასეკას პროექტი, რომელიც ამ გზის შემადგენელი უმთავრესი ელემენტია, ფანტაზიის სფეროდან რეალურ პროექტებად და მნიშვნელოვანწილად, ხორცშესხმულ სინამდვილედ იქცევა უკვე.
ყველაფერი ეს უდიდესი სიკეთის მომტანი იქნება არა მარტო ჩვენი ქვეყნისათვის, არამედ მსოფლიოს მრავალი სახელმწიფოსათვისაც (როგორც ზემოთ ვთქვი).
საუკუნის ამ პროგრამების განხორციელება ჩვენი სამშობლოს აღორძინების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობა გახლავთ.
- თქვენ ხშირად გისაუბრიათ იმაზე, რომ კრიტიკა დემოკრატიული სახელმწიფოს თანმდევი მოვლენაა, და ასევე ხშირად აღგინიშნავთ, რომ სხვადასხვა ხასიათის სენსაციური განცხადებები თუ ცილისწამება მხოლოდ ცალკეულ ადამიანთა გულსატკენად არის გამიზნული...
- ამაზე მე ზემოთ გაკვრით ვილაპარაკე ეკონომიკასა და სოციალურ სფეროებთან დაკავშირებით. მაგრამ თქვენი ამ შეკითხვის პასუხად, ახლა მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ, სამწუხაროდ, ეს ტალღა არ წყდება, არ კლებულობს: ცილისწამება, ვიმეორებ, ცილისწამება და არა კრიტიკა, ჭორების გავრცელება, უბოდიშო, ყოვლად შეუმოწმებელი განცხადებები, ზოგჯერ შეფარული მუქარა, უთავბოლო და უპასუხისმგებლო ვითომ პროგნოზები, რომლებიც მხოლოდ თრგუნავს ადამიანებს, თანაც არა კონკრეტული პიროვნების, ან ხელისუფლების მიმართ, არამედ ქვეყნის მიმართ. რით აღარ იმუქრებიან, რა განცხადებებს აღარ აკეთებენ, რას აღარ კადრულობენ. რა მნიშვნელობა აქვს, ვინ აკეთებს, საიდან და ვისგან მოდის ეს. ქვეყანაში ისეთი ატმოსფერო არ უნდა იყოს, რომელიც იძლევა საშუალებას, ყველაფერი ასეთი ცილისწამების ბურუსში გავახვიოთ.
სიმართლე გითხრათ, ჩემი მოთმინების ფიალაც თანდათან ივსება. თქვენ იცით, ბევრის მოთმენა შემიძლია, მაგრამ, ალბათ, ახლოვდება დრო, როცა რაღაც-რაღაცას წერტილი უნდა დაესვას. და, თუ ეს ნიაღვარი არ შეწყდება, მეც, როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა, უნდა ვთქვა ჩემი სათქმელი და გამოვაქვეყნო ყველა ფაქტი, რომლებიც, ასე თუ ისე, ხელისუფლებისათვის ცნობილია, ტყუილად ჰგონია ზოგიერთს, რომ, თუ მის საზიზღარ ინსინუაციებს პასუხს არ ვცემ, რათა დაძაბულობათა ესკალაციას არ შევუწყო ხელი, - ეს ჩემი სისუსტის გამოვლინებაა.
ამასთანავე, მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს და მოვითხოვ: ყველა ბრალდება-ცილისწამება უნდა იყოს სკრუპულოზურად აღნუსხული და შემოწმებული (არა აქვს მნიშვნელობა, იქნება ეს გაზეთში, ტელევიზიაში, თუ, უბრალოდ, რაღაც მიტინგზე წამოროშილი), ყველა დემოკრატიული პროცედურის დაცვით, რათა საზოგადოებამ ყველაფერი იცოდა.
ძნელი მისახვედრი არ არის, საიდან იმართება ცილისწამებათა, პროვოკაციათა ნიაღვარი და ვინ ცდილობს საქართველოში მართვადი ქაოსის სისტემათა კვლავ ამოქმედებას. მაგრამ ეს ჭირი ჩვენმა ხალხმა უკვე მოიხადა, „მართვადი ქაოსის“ დაბრუნებას საქართველოში არც პრეზიდენტი დაუშვებს, არც პარლამენტი და არც ხალხი, რომელიც ბრძენია და შესანიშნავად ხედავს, ვის რა მოტივაცია აქვს სინამდვილეში, რა ამოძრავებს, - არა სიტყვით, არამედ საქმით.
ზემოთ ქვეყნის ახალ ფუნქციაზე, შემოსავლის ახალ წყაროზე, საქართველოს ახალ ადგილზე ვისაუბრე. ძალიან მოკლედ ვიტყვი - სწორედ ამ პროცესს უნდათ შეუშალონ ხელი, რისთვისაც მნიშვნელოვან გასამრჯელოსაც იღებენ, უფასოდ არაფერი არ კეთდება, ესეც კარგად ვიცით, სად, რომელ ბანკში რამდენი ჩაერიცხათ, შემდეგ რამდენი გამოიტანეს, რამდენი ვის დაურიგეს, ესეც ყველაფერი ცნობილია სახელმწიფოსათვის. მოვა დრო და ყველაფერი მზის სინათლეზე გამოიფინება. ფრთხილად იყავით, ბატონებო!
საქინფორმი.
„მართვადი ქაოსის“ დაბრუნებას საქართველოში არც პრეზიდენტი დაუშვებს, არც პარლამენტი და არც ხალხი : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 6 ივლისის რადიოინტერვიუ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1998. - 7 ივლისი. - №169 (2869). - 1,2,3 გვ.
![]() |
5 მაღალი ზნეობა, პატრიოტიზმი და პროფესიონალიზმია ის ნიშანსვეტები, რომლებითაც უნდა იზომებოდეს ოფიცერთა და გენერალთა ღირებულება, ამ ღირებულებებმა უნდა შექმნან არმიაცა და ქვეყანაც |
▲ზევით დაბრუნება |
11 ივლისს სახელმწიფო კანცელარიაში საქართველოს სამხედრო აკადემიაში კურსდამთავრებულთა პატივსაცემად გაიმართა დარბაზობა. ქვეყნის პრეზიდენტმა - საქართველოს შეიარაღებული ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა ედუარდ შევარდნაძემ მიულოცა სამხედრო აკადემიის კურსდამთავრებულებს ეს ღირსშესანიშნავი დღე და უსურვა მათ შემდგომი წარმატებები სამშობლოსა და ხალხის საკეთილდღეოდ.
- სრულიად საქართველოს სახელით, - მიმართა შეკრებილთ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურმა, - მსურს ყველას მოგილოცოთ გაერთიანებული სამხედრო აკადემიის მეორე გამოშვება, ყველას, მაგრამ განსაკუთრებით თქვენ - აკადემიის კურსდამთავრებულებს, ოფიცრებს, რომლებიც ხვალიდან სამშობლოს უსაფრთხოების სადარაჯოზე დადგებით.
მეცხრამეტე საუკუნეში დიდი ილიას მიერ საკრალურ სამებად ჩამოსხმულ დევიზს, რომელიც არასდროს მოძველებულა და არც დაძველდება - „ენა, მამული, სარწმუნოება“ - აუცილებლად სჭირდებოდა ქვეყანის თავისუფლების, განათლების, სულიერების აღდგენა.
მეოცე საუკუნის, ამ ურთულესი ეპოქის სხვადასხვა ეტაპზე, საქართველოს ღია თუ ფარული მტრების მცდელობის მიუხედავად, შესაძლებელი გახდა განათლების ეროვნული ცენტრის - სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსება, ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა, საქართველოს სახელით, - მიმართა შეკრებილთ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადება და დამოუკიდებელი სახელმწიფოს რეალური მშენებლობა.
„ენა, მამული, სარწმუნოება“ - დიდი ილიას მიერ ჩამოსხმულ სამარადჟამო დევიზს აუცილებლად სჭირდებოდა ქართული არმია და როგორც მისი საფუძველთა საფუძველი - ქართული სამხედრო აკადემია. სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენასთან ერთად, 1993 წელს, იმ სისხლიან და მშიერ წლებში, ჩვენმა ხალხმა შესძლო მოეკლო უკანასკნელი ლუკმა და შეექმნა ესოდენ ძვირადღირებული, მაგრამ აუცილებელი განათლების კერა - თქვენი უმაღლესი სკოლა.
ჩვენი სამშობლო, ქართული კულტურა, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, ტერიტორიული მთლიანობა, სულიერება, ეკონომიკური აღმავლობა და კეთილდღეობა ერთნაირად საჭიროებს ქართული არმიის სიძლიერეს, ქართული სამხედრო აკადემიის მაღალ პროფესიულ დონეს და პირიქით - ქართული ჯარის სიმტკიცისა და სიძლიერისათვის აუცილებელია ტრიადის - „ენა, მამული, სარწმუნოება“ - უკვდავება, რომლის გარანტადაც თავად უნდა იქცეს.
ბაგრატიონთა, ჭავჭავაძეთა, დადიანთა და ორბელიანთა, 300 არაგველთა და 9 ძმა ხერხეულიძის ათასობით და ათასობით ცნობილ თუ უსახელო ჯარისკაცთა სამშობლოში სხვაგვარად არც შეიძლება იყოს. საქართველოსათვის ახალი ხანა დაიწყო, ხანა საქართველოს დამოუკიდებლობისა, ტკივილით, ცრემლით, ეკონომიკური სიდუხჭირით აღსავსე, მაგრამ, ასევე, დიდი რწმენით, მომავლის - აუცილებლად ნათელი მომავლის რწმენით და საკმარისი გახდა ჰორიზონტი - XXI საუკუნის, ქართული ცივილიზაციის რენესანსის კონტურები გამოკვეთილიყო, რომ ისევ, როგორც არაერთხელ ყოფილა ჩვენი ქვეყნის მრავალათასწლოვან ისტორიაში, აიშალნენ შინაური თუ უცხო მტრები, ისევ გამოჩნდნენ საქართველოს ერთიანობასთან შეუთავსებელი მენტალიტეტის მატარებელი ადამიანები, რომლებიც ცალ-ცალკე, ზოგი ალთას, როგორც იტყვიან, ზოგი ბალთას ეწევა საქართველოს. დაიწყეს შეჭირვებულ ადამიანთა მოტყუება - ხედავთ, დამოუკიდებლად არსებობა არ შეგვძლებია, ხედავთ, როგორ გიჭირთ, ეს მავანისა და მავანის ბრალია, ხედავთ, როგორ უკან-უკან მიდის ქვეყანა...
ქვეყანა უკან კი არა, წინ მიდის, მართალია, დიდი ტკივილებით, ცრემლით, მაგრამ მაინც წინ!
ტკივილითა და ცრემლით უპირველესად იმიტომ, რომ ისევ ჩვენში, ისევ ქართველთა რიგებში გამოჩნდნენ მედროვენი, სხვათა და სხვათა სამსახურში მყოფი საქართველოს უბედური შვილები (სხვა სახელს ვერ ვუწოდებ მათ), რომლებიც მთელი ძალისხმევით ცდილობენ ქვეყნის დამუხრუჭებას, მის შეთრევას ახალ საბჭოთა კავშირში და ყველაზე ტრაგიკული ისაა, რომ ქართველ ხალხზე რომ არაფერი ვთქვათ, არც კი ეკითხებიან თვით რუს ხალხს - უნდა კი რუსეთს, რუს ხალხს ახალი საბჭოთა კავშირის შექმნა. უნდა კი ხალხთა ჟანდარმის როლის შესრულება ყველა ჯურის ახლადმოვლენილ რევანშისტთა სასარგებლოდ!
არ გამოვა ბატონებო!
არ გამოვა, რადგან გუშინდელი ცნობიერების ადგილი გუშინაა და არა საქართველოს მომავალში, მის ხვალინდელ დღეში.
ქვეყანა წინ უნდა წავიდეს და მისი წინსვლის ერთ-ერთი გარანტი ქართული არმიის მშენებლობის დასრულება, დაგვირგვინება იქნება.
თქვენ იცით, რომ 27 ივნისს მოსკოვში რუსეთის და საქართველოს წარმომადგენლებმა მოილაპარაკეს საქართველოს საზღვრის გადმოცემის, ე.ი. მისი გაკონტროლების წესისა და ეტაპების შესახებ. 16 ივლისიდან საქართველოს გადმოეცემა ჯერ საზღვაო, შემდგომ კი სახმელეთო საზღვრები, ეს იქნება დიდი მოვლენა ჩვენს ცხოვრებაში და დიდი მოვალეობა, დიდი პასუხისმგებლობა. ჩვენს საზღვარს ჩვენვე გავაკონტროლებთ ზღვაზეც და ხმელეთზეც. ეს არის ჩვენი ეროვნული და სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი. მსურს მადლობა გადავუხადო რუს მესაზღვრეებს, რომლებიც ამ ბოლო წლების განმავლობაში თითქმის უფასოდ, და, მე ვიტყოდი უანგაროდ იცავდნენ ჩვენს საზღვრებს და კეთილსინდისიერად მოიხადეს ვალი, როგორც თავისი ქვეყნის, ასევე ჩვენს წინაშეც.
აკადემიის წლევანდელ გამოშვებაში 12 ოფიცერია, რომელთაც მოუწევთ საქართველოს მესაზღვრის საპატიო მისიის შესრულება.
ერთ წელიწადში საზღვრების გადმოცემის პროცესი დასრულდება და საქართველოს სასაზღვრო ჯარები მთელს პერიმეტრს დამოუკიდებლად გააკონტროლებენ.
განუზომლად გაიზრდება მთლიანად საქართველოს შეიარაღებული ძალების როლი და მნიშვნელობა როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე მთელ რეგიონში. ქართული არმია უნდა გახდეს იმის გარანტი, რომ არც ერთ ქვეყანას საქართველოს მხრიდან არანაირი საფრთხე არ დაემუქრება. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ რუსეთის საზღვრის უსაფრთხოება სამხრეთიდან ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, ისევე, როგორც ჩვენი სამხრეთელი მეზობლების სიმშვიდე ჩრდილოეთიდან.
ჩვენი სამხედრო აკადემიის კურსდამთავრებულთა რიცხვი გასულ წელთან შედარებით მნიშვნელოვნად - 76 კაციდან 110 კაცამდე გაიზარდა. ვფიქრობ, ეს რიცხვი მომავალში მეტი იქნება. ჩვენი კურსანტების გარკვეული რაოდენობა უცხოეთში ეუფლება სამხედრო სპეციალობებს, სამხედრო ხელოვნებას. მადლობელი ვარ ჩვენი მეგობარი ქვეყნებისა, რომლებიც უანგარო დახმარებას გვიწევენ სამხედრო მშენებლობაში.
არ შეიძლება ვთქვათ, რომ საქართველოს არმიაში ყველაფერი წესრიგშია. უამრავი სიძნელეა დაკავშირებული, უწინარესად, შეზღუდულ ფინანსურ შესაძლებლობებთნ, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რასაც ქვეყანა, ხალხი უშურველად გაიღებს თავისი ჯარისკაცებისათვის, დანიშნულების ადგილამდე ყოველთვის არ მიდის.
სამწუხაროდ, მძიმეა ამაზე საუბარი, მაგრამ უნდა ვთქვა, კორუფციამ არმიის რიგებშიც შეაღწია. მარტო საკუთარ კეთილდღეობაზე მზრუნველმა ადამიანებმა ზოგან ჯარისკაციც ჩაუცმელ-დაუხურავი და დაუპურებელი დატოვეს, რისი მოთმენაც დაუშვებელია, დანაშაულია ხალხისა და სახელმწიფოს წინაშე. შეუძლებელია საქართველოს არმიაში „დედოვშინის“ (თქვენ იცით, საიდან მოდის ეს ძველთაგან დამკვიდრებული ტერმინი), კუთხურობის და სხვა ავადმყოფური გამოვლინებების მოთმენა, მიუხედავად იმისა, ჯარისკაცი რომელი კუთხისა თუ ერის წარმომადგენელია, იგი ერთიანი ორგანიზმის ქართული ჯარის ბუნებრივი ნაწილია, ვინაიდან ყველას ერთი მშობელი, ერთი დედა - საქართველო გააჩნია. მშობელი კი ვერანაირი ნიშნით ვერ დაიწყებს თავისი შვილების დახარისხებას.
ქართული ჯარი ყველანაირი სიმახინჯისაგან უნდა გათავისუფლდეს! ჩვენ ეს შეგვიძლია.
ქვეყნის მშენებლობა უნდა გაგრძელდეს, კიდევ უფრო დაჩქარდეს მისი აღმშენებლობის ტემპი.
მისი ტერიტორიული მთლიანობა აღსადგენია და აუცილებლად აღდგება - ამისათვის კი ძლიერი, დისციპლინირებული, კარგად ჩაცმულ-დახურული და შეიარაღებული, გაწვრთნილი არმია აუცილებელი ფაქტორია. ჩვენ კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგების მომხრე ვართ, მაგრამ მშვიდობიან პოლიტიკას მაშინ აქვს ძალა და მაშინ ჭრის, როცა მის უკან დგას ძლიერი არმია და ძლიერი სამხედრო პოტენციალი.
ასეთი არმიის ჩამოყალიბება ჩვენი საერთო საქმეა.
საქართველოს არმიის ოფიცერი აუცილებლად უნდა გამოირჩეოდეს არა მარტო პატრიოტიზმით, თავდადებით და მაღალი პროფესიონალიზმით, არამედ უსუფთავესი ზნეობით - სწორედ ესაა არმიაში ყველა ნეგატიური მოვლენის აღმოფხვრის საუკეთესო და საიმედო გზა.
სწორედ მაღალი ზნეობა, პატრიოტიზმი და პროფესიონალიზმია ის ნიშანსვეტები, რომლებითაც უნდა იზომებოდეს ოფიცერთა და გენერალთა ღირებულება, ამ ღირებულებებში უნდა შექმნან არმიაცა და ქვეყანაც.
ამ ღირებულებებმა უნდა გადაარჩინონ ქვეყანა, ყოველნაირი ავანტიურისტთა გამოხდომებისაგან.
ამ ღირებულებების სამჭედლო უნდა იყოს საქართველოს სამხედრო აკადემია, ისევე როგორც ყველა უმაღლესი სასწავლებელი, სადაც ჩვენი ახალგაზრდობა იზრდება და იწრთობა.
ვფიქრობ, ასეთი მაღალზნეობრივი თვისებების მატარებელია სამხედრო აკადემიის ყველა კურსდამთავრებული და ამიტომაც კიდევ ერთხელ გულწრფელად მსურს მოგილოცოთ ოფიცერთა პირველი სამხრეების მიღება. გისურვებთ დიდ წარმატებებს თქვენს ძალიან მძიმე, მაგრამ უაღრესად საპატიო საქმიანობაში ქვეყნისა და სახელმწიფოს - სრულიად საქართველოს საკეთილდღეოდ, მისი გამარჯვებისათვის.
მადლობა თქვენს აღმზრდელ პედაგოგებს და, რა თქმა უნდა, თქვენს საყვარელ მშობლებს, ახლობლებს, რომლებმაც ასეთი პატრიოტები აჩუქეს სამშობლოს!
მაღალი ზნეობა, პატრიოტიზმი და პროფესიონალიზმია ის ნიშანსვეტები, რომლებითაც უნდა იზომებოდეს ოფიცერთა და გენერალთა ღირებულება, ამ ღირებულებებმა უნდა შექმნან არმიაცა და ქვეყანაც // საქართველოს რესპუბლიკა. - 1998. - 12-13 ივლისი. - №174-175 (2875). - 1,2 გვ.
![]() |
6 „ჩვენი მთავარი, საბოლოო მიზანია მივაღწიოთ კავკასიაში მყარ მშვიდობასა და სტაბილურობას - ამაში კი კავკასიის ყველა ხალხი ერთიანია და არა მარტო კავკასიისა“... |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
13 ივლისის რადიოინტერვიუ
- გასული ეკონომიკური კვირა, შეიძლება ითქვას, ერთი თვალის გადავლებით ასე გამოიყურებოდა: ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერება რუსეთთან, საინტერესო პროექტები თურქეთთან და ევროპის ქვეყნებთან, „საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს ინტეგრირებული მართვის“ პროექტი, რომელიც მთავრობის სხდომაზე განიხილეს... - ჟურნალისტ ნატო ონიანის თხოვნით ამ თემაზე საუბრით დაიწყო თავისი ტრადიციული ორშაბათის რადიოინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ:
- მინდა დღევანდელი საუბარი ეკონომიკის პრობლემებით დავიწყო, უფრო სწორად, ერთგვარი სასიამოვნო ცნობით, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, ყველა მიესალმება. თუნდაც მცირედი იყოს წარმატება, ყველა ჭეშმარიტ პატრიოტსა და თავისი ქვეყნის მოქალაქეს ახარებს ეს და ასეთი საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობაა.
სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა შეაჯამა ქვეყნის მრეწველობის ფუნქციონირების ექვსი თვის შედეგები და წლის დასაწყისიდან პირველად არის მიღწეული სამრეწველო წარმოების ზრდა შარშანდელ შესაბამის, ესე იგი, შარშანდელ იანვარ-ივნისის პერიოდთან შედარებით. მართალია, ზრდის ტემპი ჯერ დიდი არ არის, მაგრამ, რაც მთავარია, გარდატეხა მოხდა, ჩამორჩენა დაძლეულია. დარწმუნებული ვარ წლის ბოლოსათვის წარმოების ზრდის შარშანდელ ტემპსაც გადავაჭარბებთ. მხედველობაში მაქვს ის, რომ ამ ბოლო დროს თანდათანობით იკვეთება ისეთი ტენდენცია, რომელიც მოგვცემს საშუალებას დავიანგარიშოთ ის სტაგნაცია, რომელიც ამ ბოლო ათი წლის განმავლობაში არის დამახასიათებელი საქართველოს მრეწველობისათვის.
ამ მომენტს განსაკუთრებით იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ გახსოვთ, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, სხვადასხვა მიზეზთა გამო, რა სირთულეები შეიქმნა ქვეყნის მრეწველობაში. წარმოების შემცირებაც კი შეინიშნებოდა შარშანდელთნ შედარებით. სხვათა შორის, ეს პრომლემები არ დაგვიმალავს - რადიომსმენელებს უეჭველად ახსოვთ, რომ გულწრფელად, დაუფარავად, შეულამაზებლად ვლაპარაკობდით წარმოქმნილ სირთულეებზე. ეს კი ჩვენი ხელისუფლების პრინციპია: უნდა ვიყოთ გახსნილნი, გულწრფელად ვილაპარაკოთ ნაკლოვანებებზე, პრობლემებზე, - მაშინ წარმატებასაც მეტი ფასი ექნება.
ახლა უფრო კონკრეტულად: ნახევარი წლის შედეგებით, წარმოების ზრდის მაღალი ტემპია მიღწეული სათბობის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ხე-ტყისა და ხის დასამუშავებელი, საშენი მასალების, მსუბუქ და კვების მრეწველობაში, ელექტროენერგეტიკაში, ფერად მეტალურგიაში, მანქანათმშენებლობასა და ლითონდამუშავებაში. შესანიშნავი მაჩვენებლები აქვთ აჭარას, იმერეთს, სამცხე-ჯავახეთს, გურიას, შიდა ქართლის სამრეწველო საწარმოებს. ამასთანავე, მეტს ველით თბილისისა და ქვემო ქართლის საწარმოებისაგან.
წარმოების ზრდა საქართველოში შეუქცევადი პროცესია და იგი უეჭველად გაგრძელდება, ვინაიდავ ჯანსაღ საფუძველს ემყარება.
არანაკლებ სასიამოვნოა ჩვენთვის, რომ წარმატებით ვითარდება ეკონომიკური თანამშრომლობა, როგორც თქვენს შეკითხვაში აღნიშნეთ, რუსეთთან. მინდა გავიხსენო რუსეთის ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის ბატონ სერგეი კირიენკოს ერთი გამონათქვამი, რომ მარტო მეგობრობაზე დამყარებული ბიზნესი შეიძლება მერყევი აღმოჩნდეს, ხოლო ბიზნესზე დამყარებული მეგობრობა მტკიცე და ურყევი იქნებაო. მხედველობაშია სახელმწიფოთა შორის ურთიერთობა. დიახ, სწორედ ასეთ პრინციპს - ერთმანეთისათვის სასარგებლო, ორივე მხარისათვის ხელსაყრელ პრინციპს დაეფუძნება ჩვენი თანამშრომლობა რუსეთთან.
მაგალითად, საიმედო პირი უჩანს რუსეთის სამეცნიერო-საწარმოო საავიაციო ფირმასთნ „ავიატონთნ“ თანამშრომლობას. ამ ფირმამ ტენდერში გაიმარჯვა და მოიპოვა უფლება ფლობდეს ქუთაისის საავიაციო-სარემონტო ქარხნის აქციათა საკონტროლო პაკეტს.
მოხდება მრავალმილიონიანი ინვესტირება, შეიქმნება სამუშაო ადგილები და განახლებული ქარხანა დაიწყებს 4-6-ადგილიანი სამგზავრო თვითმფრინავების სერიულ წარმოებას. როგორც მითხრეს, ბაზარი გარანტირებულია, ასე რომ, ნამდვილად შესანიშნავ საქმეს ჩაუყარეს საფუძველი ქუთაისელმა ავიამშენებლებმა რუს კოლეგებთან ერთად, და იმერეთის მხარის რწმუნებულმა ბატონმა თემურ შაშიაშვილმა.
ამავე დროს არანაკლებ წარმატებით ვითარდება ურთიერთობა თურქეთთან. მაგალითად, ჰოლდინგური კომპანიის „ნუროლის“ საქმიანობა მოიცავს ეკონომიკის მრავალ დარგს (მე მივიღე ამ კომპანიის ხელმძღვანელობა და ამიტომ მოგახსენებთ): ვაჭრობის სფეროს, მანქანათმშენებლობასა და კვების მრეწველობას, მშენებლობას, ტურიზმს, საფინანსო და სადაზღვევო სექტორებს. აღსანიშნავია, რომ კომპანიის გაერთიანებული საბჭოს თავმჯდომარე ბატონი ნურეთინ ჩარმიქლი სხვადასხვა საზოგადოებისა თუ ფონდის აქტიური წევრია და მნიშვნელოვან საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა საერთოდ და, განსაკუთრებით საქართველოში. მისი უშუალო მონაწილეობით და დახმარებით არაერთხელ გამოიგზავნა დიდი მოცულობის ჰუმანიტარული ტვირთი საქართველოში, იგი ხელს უწყობს თურქეთის ბანაკებში ლტოლვილი ბავშვების დასვენებას და სხვა, რა თქმა უნდა, თავისი ხარჯით. როგორც ადრე უკვე აღვნიშნე, თურქეთთან ახლა 100-ზე მეტი ერთობლივი საწარმო გვაქვს, მათ შორის აღსანიშნავია ქსნის მინის ტარის ქარხანა (გარდა სხვა საწარმოებისა, აქ ვთანამშრომლობთ მეტალურგიისა და მთელ რიგ სხვა დარგებში), რომელიც მთლიანად განახლდა, მისი სიმძლავრეები თანამედროვე ტექნოლოგიაზეა აგებული და სრულად დააკმაყოფილებს ღვინო-კონიაკისა და სხვა სასმელების მწარმოებელთა მოთხოვნილებას მაღალი გემოვნებით დამზადებულ ტარაზე. უახლოეს ორ კვირაში გაიმართება ამ ქარხნის პრეზენტაცია.
გახსოვთ, რამდენჯერ გაიძარცვა ეს ქარხანა, განუკითხაობის წლებში ხელიდან ხელში გადადიოდა (მხედველობაში მყავს შეიარაღებული ფორმირებანი, და არა მარტო ისინი) დღეს მიღწეული სტაბილურობის წყალობით იგი აღორძინდა და ხალხის სამსახურში ჩადგა.
იგივე ითქმის ცემენტის მრეწველობაზე, რომელიც ასევე განახლებისა და აღმავლობის გზას ადგას ჩვენი უცხოელი პარტნიორების, მათ შორის თურქების მონაწილეობით.
მთავრობის სხდომაზე განვიხილეთ შავი ზღვის ეკოსისტემის დაცვის ღონისძიებანი. მდგომარეობა ამ სფეროში არასახარბიელოა, ამდენად, აუცილებელია განისაზღვროს ეროვნული სტრატეგია 10-15 წლისათვის ანუ გრძელვადიანი პერსპექტივის გათვალისწინებით.
ამ მიმართულებით პრაქტიკული მუშაობის დაწყების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია მსოფლიო ბანკისა და სხვა დონორების „საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს ინტეგრირებული მართვის“ პროექტის განხორციელება, რომლის საერთო ღირებულება 5 მილიონამდე დოლარია. მაგრამ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია, საჭირო იქნება შევიმუშაოთ შავიზღვისპირა ქვეყნებთან ერთობლივი სამოქმედო პროგრამა. ჩემი აზრით, ხუთი მილიონი დოლარი დასაწყისისათვის სულაც არ არის ცოტა, განსაკუთრებით, როცა ლაპარაკია სანაპირო ზოლის მოვლასა და პატრონობაზე.
განსაკუთრებით მინდა გავუსვა ხაზი იმ სასიკეთო პროცესს, რომელიც სოფლის მეურნეობაში მიმდინარეობს.
მიწათმოსარგებლეთათვის ფინანსური დახმარების გაწევის მიზნით თანამიმდევრულად ხორციელდება ღონისძიებები სოფლად საკრედიტო კავშირების ჩამოყალიბებისათვის. ეს საქმე ჩვენთან ერთად ძალიან საინტერესოდ დაიწყო ევროკავშირმა. ახლა ლაპარაკია მსოფლიო ბანკისა და სოფლის მეურნეობის განვითრების საერთაშორისო ფონდის მიერ უკვე ჩამოყალიბებულ 109 საკრედიტო კავშირებზე, რომლებშიც გაწევრიანებულია 6226 კაცი. მათი საპაიო კაპიტალი 450 ათასამდე ლარს შეადგენს. გარდა ამისა, საკრედიტო კავშირებს გარანტის სახით მიღებული აქვთ 166 ათასი ლარი, ხოლო სესხად - 210 ათასი ლარი. წელს საკრედიტო კავშირები ჩამოყალიბდა აჭარაში. წარმატებით ფუნქციონირებს საკრედიტო კავშირები გურიაში, იმერეთში, კახეთსა და სხვა რეგიონებში. ამ საქმეს დიდი მომავალი აქვს, დადებითი გამოცდილება უნდა განვაზოგადოთ და ფართოდ დავნერგოთ.
საგადასახადო ინსპექციის შეფასებით, განხორციელებულ ღონისძიებათა შედეგად, ივლისის პირველ დეკადაში გაუმჯობესდა ბიუჯეტის კუთვნილი თნხების მობილიზაცია. ოპერატიული მონაცემებით, აღნიშნულ პერიოდში მის მიერ ბიუჯეტში ჩარიცხულია 3,5 მილიონი ლარი, რაც თითქმის ორჯერ აღამატება ივნისის ანალოგიური პერიოდის შემოსავალს. წლის დამდეგიდან საგადასახადო ინსპექციამ ბიუჯეტში ჩარიცხა 152 მილიონი ლარი ანუ შარშანდელ შესაბამის პერიოდთან შედარებით 22 მილიონით მეტი. ეს დონე საკმარისი სრულიადაც არ არის, ამიტომ ფინანსთა სამინისტროს, საგადასახადო ინსპექციას მიეცათ სათანადო დავალებები და სწორედ ამ დავალებათა შესრულებაზე დიდად იქნება დამოკიდებული, რომ ამ მოკლე ხანში პენსიებისა და ხელფასების დაგვიანების პრობლემები გადავწყვიტოთ ისე, როგორც ამას ჩვენი მოსახლეობა მოითხოვს.
საბაჟო დეპარტამენტმა ივლისის პირველ 10 დღეში ბიუჯეტში გადარიცხა 5 მილიონი ლარი, ეს ერთნახევარჯერ აღემატება წინა თვის შესაბამის მაჩვენებელს, სულ წლის დასაწყისიდან საბაჟოს მიერ ბიუჯეტში მობილიზებული სახსრები 105 მილიონ ლარს შეადგენს, ეს კი შარშანდელ ანალოგიურ მოცულობას 28 პროცენტით აღამატება. აქაც ცოტა მეტს მოველოდით, ვიდრე გაკეთდა.
სხვათა შორის, ალბათ, შემდეგ გამოსვლაში, განსაკუთრებით ნახევარი წლის შედეგების შეჯამების დროს, უნდა ვისაუბროთ არასაბიუჯეტო შემოსავალზე. ეს საკმაოდ სერიოზული წყაროა. აქ საჭიროა გაცილებით მეტი, ასე ვთქვათ, ინიციატივიანი მიდგომა და იმ სახსრების მობილიზება, რომელსაც არასაბიუჯეტო შემოსავალი ჰქვია. ეს ცოტა არ არის და ქვეყანას ძალიან სჭირდება.
- გრძელდება კონსულტაციები აზერბაიჯანთნ დიდი ნავთობსადენის მარშრუტის თაობაზე. ამის გარდა, ყაზახეთმა და რუსეთმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლითაც რუსეთმა აღიარა, რომ მართებულია კასპიის ზღვის ეგრეთ წოდებულ „ეროვნულ სექტორებად“ დაყოფა, რაც ტრანსკასპიური გაზსადენის მშენებლობისათვის ქმნის მისი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების შემუშავების პირობებს. როგორც ვიცით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ამისათვის 750 ათასი დოლარი გამოყო. ამასთანავე შარშან თურქეთმა და რუსეთმა ხელი მოაწერეს პროექტს „ცისფერი ნაკადი“ რუსეთიდან თურქეთში ბუნებრივი აირის მიწოდების თაობაზე (იგულისხმება შავი ზღვის ფსკერზე მილსადენის გაყვანა). საქართველოს გაზსადენის სისტემის გამოყენებაც აქტუალურია, თუმცა ექსპერტები რამდენადმე განსხვავებული აზრისანი არიან ამ პროექტთან დაკავშირებით. შეიძლება ითქვას, რომ „ევრაზიის დერეფნის“ ამოქმედება დღეს უკვე რეალობაა და გადამწყვეტ ფაზაშია...
- საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა, დემოკრატიული აღმშენებლობის შეუქცევადი პროცესი ჩვენს ქვეყანას მრავალ სახელმწიფოსთან, სხვადასხვა მასშტაბის ფირმასთან, კომპანიასთან, კონცერნთან თუ ტრანსეროვნულ კორპორაციასთან ხელსაყრელი თანამშრომლობის პირობებს უქმნის.
რაც მთავარია, საქართველო იმკვიდრებს საიმედო პარტნიორის ფუნქციას. სწორედ ამ კონტექსტით უნდა განვიხილოთ საქართველოს მეშვეობით, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის, გეოპოლიტიკური მდებარეობის გამოყენებით, ნავთობის, გაზის, ტვირთზიდვისა და მგზავრთა გადაყვანის პერსპექტივები.
ადრეული ნავთობის დასავლეთის მიმართულების, როგორც მილსადენის, ასევე სუფსის ტერმინალის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება, განუწყვეტლივ იზრდება რკინიგზის მეშვეობით ამერიკის „შევრონ-ოვერსის“ ნავთობის გადაზიდვის მოცულობა, რასაც ბათუმის ნავსადგურის საქმიანობის მკვეთრი გამოცოცხლება მოჰყვა, და, რა თქმა უნდა, რკინიგზას საკმაოდ სერიოზული შემოსავალი მოუტანა. ეს მიმართულება ჩვენი პარტნიორებისათვის კიდევ უფრო მიმზიდველი და მომგებიანი გახდება, როცა ამოქმედდება ხაშურ-ბათუმის მილსადენი. სხვათა შორის, ამაზე ჩვენ ერთი თეთრიც არ დაგვიხარჯავს, „შევრონმა“ თავად დაამუშავა პროექტი და მზად არის დიდი თანხები დააბანდოს ამ 200-კილონეტრიანი მილსადენის აღდგენისათვის, - ეს კი უეჭველად იმაზე მიუთითებს, რომ ამერიკული გიგანტი სულ უფრო მეტ მნიშვნელობასა და ფუნქციას ანიჭებს საქართველოს მარშრუტს, რაც ჩვენთვისაც უაღრესად ხელსაყრელია, ვინაიდან ერთიორად იზრდება ბათუმის ნავსადგურის დატვირთვა. სწრაფად განვითარდება ფოთისა და სუფსის ობიექტები. მათი ცალცალკე წარმოდგენა უკვე თითქმის შეუძლებელია. ეს ერთი ეკონომიკური რეგიონია, ერთიანი, ასე ვთქვათ, რეგიონია სამეგრელოსა და გურიის რაიონებთან ერთად.
მალე გადაწყდება სხვა ნავთობსადენების და გაზსადენების მარშრუტების საკითხიც. თქვენ უკვე ბრძანეთ, რომ მიმდინარეობს გაცხარებული კონსულტაციები ამ თემებზე, მათ შორის დიდ ნავთობსადენთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს და აზერბაიჯანს შორის უკვე დაიწყო. ბათუმისა და ფოთი-სუფსის ეკონომიკურ რეგიონებს დიდი მომავალი აქვთ, თუ, ღვთის წყალობით, დაჩქარდება აფხაზეთის კონფლიქტის გადაწყვეტა, - ასევე დიდი იქნება სოხუმისა და ოჩამჩირის ნავსადგურების დატვირთვა, მათი, რა თქმა უნდა, რეკონსტრუქციისა და განვითრების შემდეგ და ჩვენ ეს გვაინტერესებს უწინარესად იმისათვის, რომ ეს იქ მცხოვრებ მოსახლეობას დიდ სიკეთეს მოუტანს. მომავალში დაგვჭირდება ვიზრუნოთ ანაკლიაზე, შესანიშნავი პერსპექტივა აქვს საქართველოს სანაოსნოს, საბორნე, განსაკუთრებით საბორნე-სარკინიგზო კომუნიკაციებს, აქვე უნდა ვთქვა, რომ საქართველოს სანაოსნოს გაცილებით მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს საქართველოს ხელმძღვანელობამ, როცა საქართველოს ხელმძღვანელობაზე ვლაპარაკობ, მხედველობაში მყავს, რა თქმა უნდა, აჭარის ხელმძღვანელობაც. ჩვენ საერთო ინტერესები გვაქვს, რომ საქართველოს სანაოსნო კიდევ უფრო გაფართოვდეს, გაძლიერდეს და სახელმწიფოს ახალი ფუნქციების შესრულებაში განსაკუთრებული როლი შეასრულოს.
ბათუმი, ფოთი, მომავალში სოხუმი, ოჩამჩირე რუსეთის, უკრაინის, თურქეთის, რუმინეთის, ბულგარეთის ნავსადგურებთან, ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების ნავსადგურებთან, ბალტიის ქვეყნებთან, დუნაისპირა აუზის სახელმწიფოებთან, ატლანტისა და წყნარი ოკეანის საზღვაო და საჰაერო სატრანსპორტო კვანძებთან ერთიან სისტემას შექმნიან. ყოველივე ამას, რა თქმა უნდა, მოჰყვება ტურიზმის ბუმი, შემოსავლის სწრაფი ზრდა, მოქალაქეთა ინტენსიური, მაღალანაზღაურებადი დასაქმება.
დიდი აბრეშუმის გზის აღორძინება, რომლის ერთ-ერთი ინიციატორი საქართველო და მისი პრეზიდენტიცაა, დიდ სიკეთეს მოგვიტანს, ქვეყანას ახალ საარსებო ფუნქციას შესძენს - საქართველო არა უბრალო პარტნიორი, არამედ სტრატეგიული პარტნიორიც გახდება ევროპისა და აზიის ათობით სახელმწიფოსათვის.
თავის დროზე (მე მინდა ეს გავიხსენო ახლა), ახალგაზრდობაში, 60-იანელთა თაობის ბრწყინვალე წარმომადგენლის ნიკო ნიკოლაძის შრომებს ვეცნობოდი, მაკვირვებდა მისი წარმოსახვის უნარი, ბევრი რამ, რასაც იგი ამტკიცებდა, მაშინ ჩემთვის ოცნების, ფანტაზიის საგანი იყო, ყოველ შემთხვევაში, მე ასე წარმომედგინა იმ დროს.
დღევანდელი რეალობა და პერსპექტივა კი ისეთია, რომ იგი ჩვენი დიდი თანამემამულის ნაფიქრ-ნააზრევის ფარგლებშიც ვერ ეტევა. მადლობა მის განათლებულ სულს, - გაბედულ იდეებთან, აზრებთან, გეგმებთან შეჭიდებას რომ გვაზიარა, არა მარტო მე, არამედ ბევრი ჩვენი თანამოქალაქეც.
- თქვენი ნებართვით, ისევ რუსეთის თემას დავუბრუნდები. ახლა ვსაუბრობდით ევრაზიის დერეფნის თაობაზე, რუსეთის როლზე, იმ პროექტებზე, რუსეთთან რომ არის დაკავშირებული. მიუხედავად ამისა, მაინც ვრცელდება ჭორები, რომ ეს დერეფანი, ეს პროექტი, სხვა ქვეყნების, კონკრეტულ შემთხვევაში, რუსეთის იზოლაციას ისახავს მიზნად, რომ თანამშრომლობა კავკასიასა და ცენტრალურ აზიას, ევროპას შორის ზოგიერთი სახელმწიფოს (უწინარესად, რუსეთს გულისხმობენ) ინტერესებს ეწინააღმდეგება. სხვათა შორის, ასეთ გამონათქვამებს არა მარტო პრესაში, არამედ ოფიციოზშიც ხშირად შეხვდებით...
- ამ ტენდენციას, რა თქმა უნდა, მეც მივაქციე ყურადღება, როგორც იტყვიან, არახალია, ძველია ასეთი მასალების გამოქვეყნება. და პირდაპირ უნდა მოგახსენოთ, რომ ეს სრულიად უსაგნოდ და უსაფუძვლოდ მიმაჩნია.
ერთხელ კიდევ გავიმეორებ იმას, რაც არაერთგზის მითქვამს: ევრაზიის დერეფნის, ევრაზიული ხიდის ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტი რუსეთია, რომელიც იყო და რჩება სატრანზიტო გიგანტად. მით უმეტეს, რომ მისი პოტენციალი, კერძოდ კავკასიის რეგიონში, კიდევ უფრო დიდია. აფხაზეთისა და ქართულ-ოსური კონფლიქტების მოწესრიგების შემდეგ რუსეთიდან სამხრეთის მიმართულებით წამოვა უზარმაზარი ტვირთნაკადი. კავკასიის ყველა ქვეყანა თავის ადგილს იპოვის ამ პროცესში. და არა მარტო ტვირთზიდვის, არამედ ადამიანების, როგორც ტურისტების, ასევე სამკურნალოდ გადაყვანისათვის და ასე შემდეგ, ათეულ მილიონობით ადამიანი ამას მიჩვეული იყო და ბევრს ნოსტალგიაც აქვს.
მოგეხსენებათ, რომ ტრასეკას ცნობილ პროექტს უკვე 14 სახელმწიფო შეუერთდა და, რაც უაღრესად მისასალმებელი და საგულისხმოა, ტრასეკას პროექტს შეუერთდა ჩვენი მეზობელი სომხეთიც.
მიმდინარე წელს ჩემი და პრეზიდენტ ალიევის ინიციატივით ბაქოში გაიმართება ტრასეკას მონაწილე ქვეყნების უმაღლესი დონის სამიტი. ეს უდავოდ დიდი მოვლენა გახდება და კეთილისმყოფელ გავლენას მოახდენს სამხრეთ კავკასიაში მრავალმხრივი თანამშრომლობის განვითარებაზე. სულ მალე ყველა ქვეყანა, ყველა ერი დარწმუნდება, რომ ევრაზიის დერეფნის, დიდი აბრეშუმის გზის აღორძინების იდეა კეთილშობილური წამოწყებაა, რომელიც მხოლოდ სიკეთესა და ბედნიერებას მოუტანს ყველა დაინტერესებულ ქვეყანასა და კავკასიაში მცხოვრებ ყველა ერს.
ამდენად ცდა იმისა, რომ რომელიმე ქვეყანა ჩამოაცილონ ამ გეგმების, ამ პროექტის განხორციელებას, ფუჭია და, გარკვეული თვალსაზრისით, ბოროტგანზრახულიც. ჩვენი მთავარი, საბოლოო მიზანია მივაღწიოთ კავკასიაში მყარ მშვიდობასა და სტაბილურობას - ამაში კი კავკასიის ყველა ხალხი ერთიანია, და არა მარტო კავკასიისა. შესაძლოა, აქ გარკვეული გაუთვითცნობიერებლობაც იყოს მიზეზი. მართლაც, ყველას როდი აქვს გაცნობიერებული „მშვიდობიანი კავკასიის“, „კავკასიური ფაქტორის“, „კავკასიური დიალოგის“ „კავკასიური ერთიანობის“ მნიშვნელობა ჩვენს რეგიონში სტაბილური მშვიდობის დასამყარებლად. ქართული პოლიტიკა შესაძლებლის მაქსიმუმს გააკეთებს, რათა ეს პოლიტიკა ყოვლისმომცველი იყოს და იგი ყველამ გაიაზროს სხვა სახელმწიფოებთან ერთად, პირველ ყოვლისა, რა თქმა უნდა, რუსეთთან პარტნიორობაში.
- 27 ივნისს მოსკოვში რუსეთისა და საქართველოს წარმომადგენლებმა მოილაპარაკეს რუსეთის სასაზღვრო ჯარების მიერ ქართული მხარისათვის კონტროლირებადი მონაკვეთის გადმოცემის წესისა და ვადების შესახებ. ხომ არ დაზარალდა რომელიმე მხარე?
- დავიწყოთ საქართველოს უახლოეს წარსულში მცირე ექსკურსით. ყველას კარგად ახსოვს, როგორ გვიკიჟინებდნენ ჩვენი ოპონენტები და მოითხოვდნენ, რომ დაუყოვნებლივ გაგვეყვანა საქართველოდან რუსეთის ჯარები, მათ შორის სასაზღვროც, და არ უნდოდათ გაეგოთ, რომ ამისათვის მაშინ არც რუსეთში და არც საქართველოში ნიადაგი მზად არ იყო (მე როცა ჯარებზე ვლაპარაკობ, მხედველობაში მაქვს ის ბაზები, რომლებიც ჯერჯერობით არსებობს საქართველოში). თქვენ შესანიშნავად მოგეხსენებათ, რომ რუსეთის სასაზღვრო ჯარში ათასობით ოფიცერი და ჯარისკაცი მსახურობდა და მათი ერთი ხელის მოსმით გაყვანა მაშინ თავად რუსეთის ხელისუფლაბას სერიოზული მატერიალური პრობლემის წინაშე დააყენებდა. ამის გარდა, ქართული მხარეც არ იყო მზად საზღვრების დასაცავად - არ არსებობდა სასაზღვრო ჯარი, არ გვქონდა შესაბამისი ტექნიკა, არ გაგვაჩნდა სასაზღვრო კატარღები და კიდევ ბევრი რამ.
ჩვენ მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის რუს მესაზღვრეთათვის, რომლებიც წლების განმავლობაში იცავდნენ საქართველოს საზღვრებს. ახლა უკვე ვითარება შეიცვალა. ქართული სასაზღვრო ჯარი მისხალ-მისხალ შეკრებილი ტექნიკით, ჩვენი უცხოელი პარტნიორების დახმარებთ მიღებული კატარღებით, გემებით უკვე მზად არის დამოუკიდებლად დაიცვას ქვეყნის საზღვრები. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს ჩვენი კუთვნილი ხომალდები, რომლებსაც ბაზა შავ ზღვაში ჰქონდათ, ჩვენთვის ჯერჯერობით არ გადმოუციათ, ჩვენ მაინც შევაგროვეთ სათანადო ტექნიკა და სათანადო სანაოსნო საშუალებები. ამდენად, სრულიად ნორმალურია, რომ მოსკოვში ხელმოწერილია შეთანხმება საზღვრის ეტაპობრივი გადმოცემის შესახებ. ეს ნორმალურია, რადგან ამის დრო დადგა. როგორც იცით, 16 ივლისიდან საქართველოს გადმოეცემა საზღვრის საზღვაო მონაკვეთი, საზღვაო აკვატორია, ეს პროცესი გაგრძელდება და დასრულდება 1999 წლის 10 ივლისს, ესე იგი, ერთი წლის შემდეგ, როცა მთლიანად გადმოგვეცემა საზღვრის მთელი პერიმეტრი.
მე ასევე არ შემიძლია ხაზგასმით არ აღვნიშნო რუსეთის სასაზღვრო ჯარების ახალი სარდლის, გენერალ ბორდიუჟას სწორი პოზიცია, რომელიც, ჩემი აზრით, გამოხატავს რუსეთის უმაღლესი ხელისუფლების დამოუკიდებლობას ჩვენი ქვეყნების ურთიერთობისადმი, ასევე რუსეთის დიპლომატთა სწორ დამოკიდებულებას მოლაპარაკების პროცესში. ჩვენ ამ ადამიანებს ველოდებით სტუმრად საქართველოში და ჩვენ საქმიან კონტაქტებს, საქმიან საუბრებს გავაგრძელებთ.
მე კი, როგორც პრეზიდენტი, ვაცხადებ, რომ საქართველოს მიერ თავისი საზღვრების დამოუკიდებლად გაკონტროლებით, ჩვენ რუსეთის წინაშე ვივალდებულეთ, რომ რუსეთის საზღვრებს სამხრეთიდან საფრთხე არასოდეს დაემუქრება და ამ პირობას შევასრულებთ - ეს დამოუკიდებელი საქართველოს პოზიციაა. ისევე როგორც, არავითარი საფრთხე არ დაემუქრება ჩვენს სამხრეთელ მეზობლებს ჩრდილოეთიდან. მხედველობაში მყავს აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი, ასევე ჩვენი მეზობლები შავი ზღვის სივრცეში. ასე რომ, დაზარალებული მხარე არ იქნება.
არ შეიძლება არსებობდეს ორი აზრი იმაზე, რომ ქვეყანა, რომელიც თავად არ იცავს საკუთარ საზღვრებს, არასრულფასოვანი სახელმწიფოა. ამდენად, ჩვენი მისწრაფება საზღვრების დამოუკიდებლად დაცვისადმი ყველასთვის გასაგები უნდა იყოს.
ამასთან დაუშვებელია, რომ ეს საკითხი კიდევ ერთ „განხეთქილების ვაშლად“ გადაიქცეს ქართულ-აფხაზურ ურთიერთობაში. სოხუმში უნდა გაიგონ, რომ საქართველო მოქმედებს „სახელმწიფოს საზღვრის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციათა საფუძველზე, რომლებიც სავალდებულოა ყველა სახელმწიფოსათვის, რაც, რასაკვირველია, არ გამორიცხავს აფხაზეთის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების გათვალისწინებას საქართველოს სახელმწიფოს საზღვრის დაცვის პროცესში. საკითხი გადაწყდება ეტაპობრივად, ნაკლებმტკივნეულად, მაგრამ მტკიცედ, თანამიმდევრულად და მიზანსწრაფულად. სწორედ ამ მიზანს ისახავდა გენერალ ჩხეიძის ჩასვლა სოხუმში და მისი საქმიანი საუბარი ვლადისლავ არძინბასთნ და სხვა ხელმძღვანელებთან.
კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რა თქმა უნდა, საზღვრის დაცვის საკითხი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. მწამს, ჩვენ დავამტკიცებთ, რომ საქართველოსა და რუსეთს შეუძლიათ შექმნან სტრატეგიული თანამშრომლობის ინტერესების ურთიერთპატივისცემის მისაბაძი პრეცენდენტი და ურთიერთმისაღები მოდელი. საქართველო ყოველმხრივ, ყველა თვალსაზრისით, უმცირეს ნიუანსებშიც გაითვალისწინებს ჩვენი მეზობლების ინეტერესებს, მაგრამ, რა თქმა უნდა, არა საკუთარი სუვერენიტეტის შელახვის ხარჯზე. სახელმწიფოს სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა ჩვენთვის წმიდათაწმიდა და ხელშეუხებელია. მე კიდევ და კიდევ ვიმეორებ ხშირად ამ ფრაზებს, რადგან ბევრ მოქალაქეს (შეიძლება ბევრს არა, ზოგიერთს), ზოგიერთ პოლიტიკოსს ხშირად ავიწყდება ის ელემენტარული ჭეშმარიტება, რომ სწორედ დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტია საქართველოს უდიდესი და უმთავრესი მონაპოვარი ამ ბოლო წლებში.
ვერც ისინი შეგვაშინებენ, დაგვაეჭვებენ, აგვიბნევენ გზა-კვალს, ვინც დღენიადაგ ცდილობს ჩაუნერგოს ერს არასრულფასოვნების კომპლექსი. ესეც ბევრჯერ მითქვამს, მაგრამ იძულებული ვარ, კვლავ გავიმეორო, თითქოს საქართველოს დამოუკიდებლად არსებობა არ შეუძლია და, თუ ვიღაცის ვასალი არ გავხდით, უეჭველად დავიღუპებით და ასე შემდეგ. ეროვნულ ნიჰილიზმში ხელმოცარულ პოლიტიკანთა იდეოლოგიაა. ეროვნულ-სახელმწიფოებრივი პერსპექტივის გარეშე არც ერთი ჩვენგანის არსებობას აზრი არა აქვს. მაშინ რისთვისღა ვცხოვრობთ ამქვეყნად, თუ საქართველო ვასალობისათვის არის განწირული?
მაგრამ სრული სიყალბეა ეს ნიჰილიზმი. საქართველოს, რა თქმა უნდა, ძალუძს სრულფასოვანი, დემოკრატიული სახელმწიფოს დაფუძნება, ტერიტორიის გამთლიანება, რომელსაც საკუთარი, ღირსეული ადგილი ექნება თანამედროვე და მესამე ათასწლეულის მსოფლიოში. ამჟამად ჩვენ „ვდგებით ერთად სხვა ერთა შორის“ - დიდი წინაპრის ეს სიტყვები სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის დევიზად უნდა გავიხადოთ.
- და, ბოლო კითხვა, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ პრინციპში არ შეგიფასებიათ ეს მოვლენა, შეუძლებელია, არ იცოდეთ, რომ გროვდება ხელმოწერები პრეზიდენტის გადაყენების მოთხოვნით. რამდენად სერიოზულად მიგაჩნიათ ყოველივე ეს?
- აუცილებელია გიპასუხოთ? ალბათ, მხედველობაში გაქვთ ის მუშაობა, რომელსაც ახლა ბატონი აკაკი ასათიანი ეწევა. მართალი გითხრათ, სავსებით გულწრფელად თავს ვიკავებდი და არც მინდოდა ამ თემაზე საუბარი, მაგრამ მთლად გაჩუმებაც არ ვარგა. აზრს ვერ ვხედავ ბატონ აკაკი ასათიანის ამ „აზვირთებულ“ საქმიანობაში. პატარა ბავშვმაც კი შესანიშნავად იცის (და თვითონ ბატონმა კაკომაც, იგი საქართველოს კონსტიტუციის შექმნაში მონაწილეობდა), რომ კონსტიტუციის თანახმად საქართველოს პრეზიდენტის გადაყენება არც ხელმოწერებით, არც რეფერენდუმებით და არც არავითარი მანიპულაციებით არ შეიძლება.
ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, რომ ბატონი კაკო ან ვიღაცის კურსს ემსახურება, ან, უბრალოდ, საქმე შემოელია და „ხელმოწერობანას“ თამაშით ერთობა. სხვათა შორის, თუკი ეს უსაქმურობის პრობლემაა, ასეთ უმადურ და ქვეყნის სტაბილურობისათვის ზიანის მომტან „საქმიანობას“ ისევ ხალხური სიბრძნის გახსენება სჯობს - ხალხური სიბრძნე კი ყველამ კარგად იცის, ყველას კარგად ახსოვს, თუ რას და რა საგნებს გულისხმობს უსაქმურობისათვის, უსაქმურთა სამკურნალოდ.
საქინფორმი.
„ჩვენი მთავარი, საბოლოო მიზანია მივაღწიოთ კავკასიაში მყარ მშვიდობასა და სტაბილურობას - ამაში კი კავკასიის ყველა ხალხი ერთიანია და არა მარტო კავკასიისა“... : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 13 ივლისის რადიოინტერვიუ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1998. - 14 ივლისი. - №176 (2876). - 1,2 გვ.
![]() |
7 ერის ნიჭის შემართების და სიწმინდის შესანიშნავი გამომხატველი |
▲ზევით დაბრუნება |
მირზა გელოვანის დაბადების ოთხმოცი წლისთავის გამო
ქართულ მწერლობაში არის მარად ახალგაზრდა სახელები, რომელნიც მუდმივად ჩვენი თანამედროვენი არიან, მუდმივად ახალგაზრდული სიწრფელით, სიწმინდით და ვნებით ავსებენ ჩვენს სულებს.
მირზა გელოვანი სწორედ ამ სახელებს ეკუთვნის.
იგი დიდ ომს შეეწირა.
მისი ხმა ერთხანს თითქოს დაფარა ისტორიის ქარტეხილმა, მაგრამ მისმა პოეზიამ როგორც წყარომ, დაშაშრულ ნიადაგში, მაინც გამოიკვლია ჩვენსკენ გზა და სამშობლოს, ქალისა თუ სიცოცხლის სიყვარულით აავსო ჩვენი გამომშრალი სულები.
მეტად მნიშვნელოვანი იყო ქართულ ცნობიერებაში ის მომენტი, როდესაც ჩვენი ახალგაზრდობა და მისი მესვეურნი მირზა გელოვანს მიუბრუნდნენ, მირზა გელოვანის კამერული პოეზია არჩიეს ნგრევისა და ბრძოლის პოეზიას.
მირზა გელოვანის ლექსები, მისი წერილები საოცარი სითბოთი და სიყვარულით დღესაც ესალბუნება ჩვენს სულს.
იგი მარადიული ახალგაზრდაა, ერის ნიჭის შემართების და სიწმინდის შესანიშნავი გამომხატველი.
ედუარდ შევარდნაძე.
ერის ნიჭის შემართების და სიწმინდის შესანიშნავი გამომხატველი : მირზა გელოვანის დაბადების ოთხმოცი წლისთავის გამო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1998. - 14 ივლისი. - №176 (2876). - 1 გვ.
![]() |
8 თქვენ ღირსეულად ატარებთ ბრწყინვალე მშობლების მემკვიდრის საპატიო ტვირთს ბატონ თენგიზ სუხიშვილს დაბადების სამოცი წლისთავზე |
▲ზევით დაბრუნება |
ბატონო თენგიზ,
ამ ბარათით დაბადების დღე მინდა მოგილოცოთ და გითხრათ არაერთგზის თქმული - თქვენ ღირსეულად ატარებთ ბრწყინვალე მშობლების, ილიკო სუხიშვილის და ნინო რამიშვილის მემკვიდრის საპატიო და მძიმე ტვირთს, სასახელოდ ატარებთ, ლამაზად და მსუბუქად.
თქვენ ამასწინათ თავმდაბლად განაცხადეთ, რომ მხოლოდ დიდი ტრადიციის შენარჩუნების პრეტენზია გაქვთ. მართლაც, ტრადიციის შენარჩუნება დიდი საქმეა, მაგრამ უფრო დიდი, მოგეხსენებათ, ტრადიციის ღირსეულად გაგრძელებაა, ახალი სიტყვის თქმაა.
თქვენ შესანიშნავად აგრძელებთ ამ ტრადიციას, მეტიც, თქვენი შესანიშნავი ანსამბლით შეგიძლიათ არამარტო შეინარჩუნოთ, რაც ქართულ გენიას შეუქმნია ქართული ცეკვის სახით, არამედ გაამდიდროთ კიდეც ქართული ცეკვის საგანძური, ხალხში არსებული ნიმუშების წარმოჩენით, ახალი ცეკვების შექმნით.
ეს იქნება დიდი ილიკო სუხიშვილის ყველაზე დიდი ძეგლი.
სწორედ ამას გისურვებთ და დაბადების დღეს კიდევ ერთხელ გილოცავთ თქვენ, ქალბატონ ნინოს და თქვენს ოჯახს.
სიყვარულით და პატივისცემით,
ედუარდ შევარდნაძე.
თქვენ ღირსეულად ატარებთ ბრწყინვალე მშობლების მემკვიდრის საპატიო ტვირთს : ბატონ თენგიზ სუხიშვილს დაბადების სამოცი წლისთავზე // საქართველოს რესპუბლიკა. - 1998. - 14 ივლისი. - №176 (2876). - 1 გვ.
![]() |
9 ჩვენი მადლობა და სიყვარული |
▲ზევით დაბრუნება |
ორიოდე სიტყვა ნოდარ დუმბაძეზე
ნოდარ დუმბაძეზე საუბარი ჩემთვის თითქოს არ უნდა იყოს ძნელი. ბევრი რამ გვაკავშირებდა. ახლო მეგობრები ვიყავით. ყველაფერი მაქვს წაკითხული, რაც კი მას დაუწერია, ყველაფერი ნანახია, ყველაფერი მოსმენილი, მაგრამ მაინც მიმძიმს ნოდარზე ლაპარაკი, იქნებ სწორედ ამ სიახლოვის გამო.
იგი, ფაქტობრივად, ჩემი მოუშუშებელი ტკივილია, რადგან მისი სიკვდილით თავად ჩემში მოკვდა რაღაც, მეტად მნიშვნელოვანი და შეუცვლელი. ნოდარ დუმბაძე მოკვდა მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად იყო ყოველი ჩვენთაგანისათვის საჭირო ის სიყვარულიანი ირონიით გაჯერებული მისი სიტყვა, რომელიც შეურიგებლობით დაღდასმულ დღევანდელობას ნამდვილად აკლია.
ნოდარ დუმბაძე, ერთი შეხედვით, უბედნიერესი კაცი იყო, ყველასგან აღიარებული და დაფასებული. მაგრამ ბევრმა არ იცის, რა უბედური კაცი იყო იგი, ტრაგიკული, უცხო თვალისაგან დაფარული ტკივილებით სავსე.
იგი იყო ერთ-ერთი იმ მრავალთაგან, ვის ოჯახზეც გადაიარა ისტორიის ქარტეხილებმა, იმ ძნელმა და ტრაგიკულმა წლებმა. ყველაზე დიდი ტრაგედია მაინც ის იყო, რომ მცირეწლოვანი ვაჟიშვილი დაეღუპა... ბევრს წააქცევდა, ან გააბოროტებდა ამდენი ტკივილი, იგი კი მაინც არ გატყდა, არც გაბოროტდა იმიტომ, რომ სიყვარულით იყო სავსე და თავადვე მასაც არაერთხელ წაეშველა სიყვარულიანი ხელები. იგი სიყვარულმა გადაარჩინა.
ამასთან ერთად, თავად ნოდარსაც ჰქონდა საოცარი უნარი - ყველასა და ყველაფერში სიყვარული, სიკეთე და მშვენიერება დაენახა.
და იქნებ სწორედ ამიტომაც მთელი მისი შემოქმედება სიყვარულის აპოლოგიაა. მან სიყვარული ლამის რელიგიად აქცია და ამ თვალსაზრისით, ალბათ, ქართული მწერლობის ყველაზე უკეთესი ტრადიციების გამგრძელებელია.
კომუნისტურ ეპოქასა და ათეისტურ საზოგადოებაში სიყვარულის აღიარება უმაღლეს კატეგორიად, უმაღლეს სიკეთედ, უმაღლეს მშვენიერებად, ყოვლისშემძლე და ადამიანის ამაღლებულ ძალად, ფაქტობრივად ღვთის ძიებად და ღმერთთან მისვლის გზად იქცა.
ნოდარ დუმბაძე აქ ამოდიოდა არა მხოლოდ მწერლური ტრადიციებიდან, არა მხოლოდ ბიბლიურიდან, არამედ საკუთარი ხასიათიდანაც და როგორც ზემოთ ვთქვი, იგი სწორედ ამ სიყვარულმა გადაარჩინა, არ გააბოროტა და შეაქმნევინა ის ნაწარმოებები, რომელნიც ორგანული გაგრძელებაა ქართული კლასიკური მწერლობისა, ამ მწერლობის ქრისტიანული მსოფლმხედველობისა.
რა დასამალია და უტოპიურ კომუნიზმში ნოდარ დუმბაძე იმ მარცვლებს ეძებდა, რომელიც მას სიყვარულის რელიგიასთან მოარიგებდა.
და, იქნებ, ამიტომაც ნოდარ დუმბაძის შემოქმედება თავად იქცა ადამიანთა თანადგომის, ადამიანთა ამაღლების, ადამიანთა გამშვენიერების მნიშვნელოვან წყაროდ.
ნოდარ დუმბაძე ის პიროვნება და ის მწერალი გახლდათ, რომელმაც ღიმილით შეხედა ჩვენს პირქუშ სინამდვილეს და ამ ღიმილით ადამიანებს მკაცრი რეალობის აღქმა გაუადვილა, ცხოვრება გასაძლისი გაუხადა.
აქ მე დიდი ცდუნების წინაშე ვდგავარ ნოდარ დუმბაძის ციტატებით გავამდიდრო ჩემი სიტყვა, მაგრამ რომელი ერთი მოვიხმო, რომელი ერთი მისი გმირი დავასახელო, რომელი ერთი ნაწარმოები დავიმოწმო.
ყველა ზემოთქმულის დასტური ხომ მთელი მისი შემოქმედება და მთელი მისი ცხოვრებაა.
შეიძლება სუბიექტური ვარ, მაგრამ მე მართლა ძალიან მომწონს იგი, როგორც მწერალიც, როგორც მეგობარიც და როგორც მოღვაწეც.
თუმცა, სიტყვა მომწონს აქ არ შეეფერება ნათქვამს.
იგი სამაგალითოა ყოველმხრივ და ჩემში აღტაცებას იწვევს.
არადა, მე აქ ორიგინალური არა ვარ, ჩვენ ყველა ასე ვფიქრობთ.
ვფიქრობდით და ვფიქრობთ ახლაც.
დრომ, მკაცრმა ობიექტურმა მსაჯულმა, არამცთუ რამე შეცვალა, არამედ უფრო გაამყარა ჩვენი შეფასებანი.
ერთი ეგაა, რომ ჩვენ ტკივილამდე გვაკლია იგი, კაცი, რომელიც, სიცოცხლეს სიმღერით გამოეთხოვა.
და რაც დრო გავა, ჩვენ უფრო ხშირად მოვინაკლისებთ ნოდარ დუმბაძეს, კაცსა და მწერალს, რომელმაც თავის დროს ახალი სიტყვა თქვა და მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა საზოგადოებრივ ცნობიერებაზე.
ჩვენ დღეს ვიხსენებთ ნოდარს, ვცდილობთ მისი ლანდი გამოვიხმოთ სულეთიდან, სიტყვებით შევივსოთ ის დანაკლისი, უმისობამ რომ გაგვიჩინა.
იგი აკლია თავის ხალხს, თავის ოჯახს, ჩვენს მწერლობას, ყოველ ჩვენგანს, აკლია ახალ საქართველოს, რომელსაც მან ანდერძად დაუტოვა გიყვარდეს და გწამდეს.
ღმერთმა არც ეს სიყვარული მოუშალოს ქართველ ხალხს და არც ეს რწმენა.
ედუარდ შევარდნაძე.
ჩვენი მადლობა და სიყვარული : ორიოდე სიტყვა ნოდარ დუმბაძეზე // საქართველოს რესპუბლიკა. - 1998. - 15 ივლისი. - №177 (2877). - 1,2 გვ.
![]() |
10 ყოველ ჩვენგანს დაბადებითვე დაჰყვა ვალი დიდი წინაპრებისა და ასევე დიდი მემკვიდრეებისა |
▲ზევით დაბრუნება |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს
თავმჯდომარეს ასლან აბაშიძეს
ჩემო ასლან, დიდი მემედ აბაშიძის მემკვიდრეს, საქართველოს გამოჩენილ პოლიტიკოსს, დაბადების დღეს გილოცავ.
გავა დრო, ჩვენ აღარ ვიქნებით და ჩვენი შთამომავლობა, ალბათ, გაკვირდება დღევანდელი დღეების სირთულით, შეწუხდება ჩვენი გაჭირვებით, აღშფოთდება მოღალატეთა საქციელით, მაგრამ უმთავრესი, რაც აღამაღლებს ყოველ ჩვენგანს მათ თვალში, ქვეყნის ერთიანობისა და ქვეყნის აშენებაში შეტანილი ჩვენი წვლილი იქნება.
დარწმუნებული ვარ, ისინი ამოხსნიან იმ მოვლენას, რომელსაც „ბათუმის ფენომენი“ ჰქვია, რაც არეულ და აჭრილ საქართველოში, ყველაზე ძნელბედობის ჟამს, სიმშვიდისა და სტაბილურობის შენარჩუნებას ნიშნავს, კულტურის განსაკუთრებულ მოფრთხილებას, ზრუნვას ხელოვნების მოღვაწეებზე, მეცნიერებზე, ერის შემოქმედებით-ინტელექტუალურ ელიტაზე.
აჭარას ეთქმოდა თავისი სიტყვა ქვეყნის გადარჩენაში და თქვა კიდეც და აქ შენი პირადი წვლილი, პირადი როლი და პირადი მაგალითი გადამწყვეტი გახდა.
ეს იცის ყველამ და ამას აფასებს ყველა, ვინც ჭეშმარიტი შვილია საქართველოსი.
ბოლოს და ბოლოს, სიტყვიერი ბუქი წყალს მიაქვს, რეალური საქმეები კი რჩება.
რაც უნდა იყოს და რაც უნდა ითქვას, მე ბოლომდე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ წელს, როცა უნდა ვიდღესასწაულოთ დიდი დღე საქართველოს ისტორიაში - აჭარის დედასამშობლოში დაბრუნების დღე, არ მოიძებნება ძალა, ვინც ქვეყნის დაშლას შეძლებს.
ეს დღე სიმბოლიურად აერთიანებს საქართველოსთან დაბრუნების მუდმივ სწრაფვას, ამიტომაც იგი ერის სადღესასწაულო დღედ იქნა გამოცხადებული, „სამშობლოში დაბრუნების“ დღედ.
ერთიანი საქართველო ერთიან სახელმწიფოს ნიშნავს, ერთიან საზღვრებს, ამ საზღვრის ერთიანობით დაცვას, ერთიან ჯარს, ერთიან ტკივილს, ერთიან სიხარულს, ერთიან ჭირს და ერთიან ლხინს, განსაკუთრებით დიდია შენი, როგორც საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორის წვლილი საქართველოს არმიის განმტკიცებასა და მისი პრესტიჟის ამაღლებაში.
ჩემო ასლან, რაკიღა ბედმა გადმოგვხედა და ამ მადლიანი ქვეყნის შვილობა გვარგუნა, ყოველ ჩვენგანს დაბადებით დაჰყვა ვალი დიდი წინაპრებისა და ასევე დიდი მემკვიდრეებისა, ჩვენ მათი ღირსი უნდა ვიყოთ ყოველთვის, ყველა ვითარებაში.
მარტო ჩემი სახელით არ გილოცავ ამ დღეს, მთელი საქართველოს სახელით გილოცავ, იმ საქართველოსი, რომელსაც ხვალინდელი დღის დიდი იმედი აქვს და ყოველი ჩვენგანის თითოეულ ნაბიჯს ყურადღებით ადევნებს თვალს.
გთხოვ ეს შესანიშნავი თარიღი მიულოცო ქალბატონ მაგულის და მთელ შენს ოჯახს.
რა თქმა უნდა, ამ სურვილებს ჩემი მეუღლეც უერთდება.
სიყვარულით და პატივისცემით,
ედუარდ შევარდნაძე.
1998 წლის 20 ივლისი.
ყოველ ჩვენგანს დაბადებითვე დაჰყვა ვალი დიდი წინაპრებისა და ასევე დიდი მემკვიდრეებისა : აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს ასლან აბაშიძეს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1998. - 21 ივლისი. - №183 (2883). - 1 გვ.
![]() |
11 „დამოუკიდებელმა სახელმწიფომ თავად უნდა დაიცვას საკუთარი საზღვრები, რაც გულისხმობს მეზობელი ქვეყნების ინტერესთა სრულ გათვალისწინებას“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
20 ივლისის რადიოინტერვიუ
- თქვენი ხანმოკლე ავადმყოფობის მიუხედავად, გასულ კვირას რამდენიმე საინტერესო შეხვედრა გქონდათ უცხოელ ინვესტორებთან. ჯერ მინდა გამოჯანმრთელება მოგილოცოთ და დავიწყოთ ჩვენი ინტერვიუ, - ჟურნალისტ ნატო ონიანის თხოვნით ამ თემაზე საუბრით დაიწყო თავისი ტრადიციული ორშაბათის რადიონტერვიუ საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ.
- რაც შეეხება ავადმყოფობას, ორდღიანი, „გაჭიანურებული“ ავადმყოფობის შემდეგ მოხარული ვარ, რომ დავბრუნდი და შევეხმიანები ჩემს რადიომსმენელებს.
დღეს, ალბათ, მიზანშეწონილი არ არის დაწვრილებით ვისაუბროთ, როგორც ყოველთვის, ეკონომიკურ პრობლემატიკაზე, რამდენიმე დღის შემდეგ გაიმართება მთავრობის გაფართოებული სხდომა, რომელზეც შევაჯამებთ წლის პირველი ნახევრის შედეგებს. დარწმუნებული ვარ, მომავალი სხდომა მასმედიის ყურადღების ცენტრში მოექცევა. არ გამოვრიცხავ ძალზე მკაცრ და პრინციპულ დასკვნებსაც ზოგიერთი უწყების მუშაობასთან დაკავშირებით, ისევე როგორც ცალკეული რეგიონალური სტრუქტურების მუშაობის გამო. კვლავინდებურად ჩვენი ძირითადი საზრუნავია პენსიებისა და დახმარებების დროულად გაცემის პრობლემა. ამჯერად ძალიან მოკლედ ვიტყვი, რომ ბევრი პრობლემის მიზეზი ისევ და ისევ სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობის დეფიციტია. გადასახადების დიდი ნაწილი კვლავინდებურად იმალება, არ შედის სახელმწიფო ბიუჯეტში, ზოგიერთები კი იმდენად გათავხედდნენ, ამაყად ყელმოღერებულნი პრეზიდენტის თანდასწრებითაც კი აცხადებენ, - „აი, მე არ შემაქვს გადასახადი ბიუჯეტში და ამით გამოვხატავ ჩემს დამოკიდებულებას ამ კოდექსის მიმართ“. საგადასახადო კანონმდებლობას შეიძლება აკრიტიკებდე, შეიძლება არ მოგწონდეს იგი, შეიძლება გასაუმჯობესებელია, მაგრამ სანამ კანონია, კეთილი უნდა ინებოს ყველამ და დაემორჩილოს კანონს - გადაიხადოს გადასახადი, ეს ყველას ეხება და გამგებმა დროულად გაიგოს პრეზიდენტის გაფრთხილება. სხვა შემთხვევაში კანონმაც თავისი სიტყვა უნდა თქვას და იტყვის კიდევაც.
მე მინდა, რომ ნათელი იყოს ყველასათვის, ვის წინაშეც დღეს ეს პრობლემა დგას. გადასახადის ყველა გადამხდელი რომ სახელმწიფოს, ესე იგი, საქართველოს მოქალაქეთა წინაშე ვალს კეთილსინდისიერად იხდიდეს, ელექტროენერგიის დავალიანება რომ არ გვქონდეს და არ გვახრჩობდეს, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, ლაპარაკი იქნებოდა არა მარტო ხელფასებისა და შემწეობის, პენსიების დროულად გაცემაზე, არამედ მათს გაორმაგებაზე, დიახ, გაორმაგებაზე. შემოსავლის 40-45 პროცენტი, როგორც ადრე ვთქვი, დამალულია. პირდაპირ უნდა ითქვას, ასეთი ადამიანები არათუ სახელმწიფოს ძარცვავენ, არამედ იმ ადამიანებსაც, რომლებსაც ლუკმაპურის ფული საძებნი აქვთ. ესე იგი, ჩვენი პრობლემის სათავე ჩვენივე ზოგიერთი მოქალაქე, ზოგიერთი, თუ გნებავთ, მეწარმე და ის ადამიანებია, ამ სფეროში რომ მოღვაწეობენ, სწორედ ამათ შორის უნდა ვეძებოთ იგი. სწორედ ჩვენი საზოგადოების ამ ნაწილისა და მათ მიერ მოსყიდულ მოხელეთა ბედოვლათობაა მთელი უბედურების თავი და თავი. და, ალბათ, ყველა ამ საკითხზე ჩვენ სერიოზულად ვისაუბრებთ, ვიმსჯელებთ და რა თქმა უნდა, დასკვნებსაც გამოვიტანთ. ახლა შედარებით უფრო სასიამოვნო თემა - ევრობანკმა ახლახან მიიღო გადაწყვეტილება საშუალო და მცირე ბიზნესის განვითარებისათვის 7 მილიონი ამერიკული დოლარი კრედიტის გამოყოფის შესახებ. ამაზე ვისაუბრეთ ევრობანკის საფინანსო ინსტიტუტების გუნდის დირექტორთან ბატონ როჯერ ლებესონთან შეხვედრის დროს. ეს ხუთწლიანი კრედიტი „საქართველოს ბანკს“ გამოეყო ორ თანაბარ ტრანშად და მისი ათვისება 2000 წლის ჩათვლით მოხდება. ჩვენში მიმდინარე რეფორმების შედეგების გათვალისწინებით ევრობანკს განზრახული აქვს თანხების გამოყოფა რკინიგზისათვის, ასევე ენგურჰესისა და სხვა სფეროებისათვის. - ვულოცავ „საქართველოს ბანკს“ წარმატებას. იგი ძალიან სოლიდური, ძალიან სერიოზული ბანკია და უდავოდ იმსახურებს ამგვარ საერთაშორისო მხარდაჭერას.
აბრეშუმის გზის აღორძინებისა და ტრასეკას გლობალური პროექტების განხორციელებაში ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის რეალური ხორცშესხმის საკითხებს უკავშირდებოდა კიდევ ორი საერთაშორისო დონის შეხვედრა - აზერბაიჯანის ნავთობის საერთაშორისო საოპერაციო კონსორციუმისა და კომპანია „მობილ ოილ კორპორეიშენის“ ხელმძღვანელობასთნ. განხილული იყო თანამშრომლობის გაღრმავების, კერძოდ, ენერგორესურსების ტრანსპორტირებაში პარტნიორობის განვითარების საკითხი.
აზერბაიჯანის ნავთობის საერთაშორისო საოპერაციო კონსორციუმის პრეზიდენტთან ბატონ ლეგატთან შეხვედრისას ვიმსჯელეთ კასპიის ადრეული ნავთობის ტრანსპორტირებისათვის ბაქო-სუფსის დამაკავშირებელი მილსადენისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობის ვადებთან დაკავშირებული საკითხების შესახენ.
კომპანია „მობილ ოილ კორპორეიშენის“ ხელმძღვანელობა მტკიცე პოზიციას ადგას ენერგორესურსების, კერძოდ, დიდი ნავთობის დასავლეთის მიმართულების მხარდაჭერის საკითხში. მათი აზრით, ეს მეტად ხელსაყრელი და საიმედო ალტერნატიული ვარიანტია. ამიტომ კომპანია დაინტერესებულია, რომ ყაზახეთიდან და აზერბაიჯანიდან მისი კუთვნილი ნავთობის ტრანსპორტირება მოხდეს ამ მარშრუტით. რამდენიც უნდა იხმაურონ ამ დიდი პროექტების მოწინააღმდეგეებმა, ვფიქრობ, ის რაც ჩაფიქრებული გვაქვს არა მარტო ჩვენ, არამედ ჩვენს პარტნიორებსაც იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო უაღრესად დიდი მნიშვნელობის სატრანზიტო ქვეყანა გახდეს, ამას წინ უკვე ვეღარაფერი აღუდგება.
ძალზე სასიხარულოა, რომ განვლილ ნახევარ წელიწადში შენარჩუნებულია მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტენდენცია და მისმა მატებამ თითქმის 9 პროცენტი შეადგინა. ვფიქრობ, წლის ბოლომდე, ალბათ, ეს მონაცემი 10-12 პროცენტით გაიზრდება. როგორც წინა რადიონტერვიუში ვთქვი, დაძლეულია ჩამორჩენა მრეწველობაში და ნახევარი წლის შედეგებით ყველა დარგსა და სექტორში საკმაოდ სერიოზული წარმატებაა.
და, რადგან ეკონომიკის თემას შევეხე, ორიოდე სიტყვით დავამატებდი შემდეგს: ჩემი აზრით, არ უნდა იყოს ინტერესმოკლებული, თუ დღეს რამდენიმე ძირითად პარამეტრს მაინც შევეხები, თუმცა ეს, ალბათ, იმ შემაჯამებელ სხდომაზეც უნდა გავიმეორო.
უწინარესად უნდა ითქვას, რომ წლის პირველ ნახევარში ინფლაცია არათუ არ ყოფილა, არამედ, პირიქით, სამომხმარებლო ფასები, სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, შარშანდელ დეკემბერთან შედარებით 1,3 პროცენტით შემცირდა. უნდა გითხრათ, რომ ასეთი მოვლენა სახელმწიფოთა ცხოვრებაში იშვიათია და თავისთავად ეს მოვლენა უდავოდ მნიშვნელოვანი ფაქტია ჩვენი ქვეყნისა და ყველა ოჯახისათვის. დეფლაციური პროცესები და ეროვნული ვალუტის სტაბილურობა (რითაც ასევე ხასიათდება წლის განვლილი პერიოდი), სხვა ფაქტორებთან ერთად კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს როგორც ეკონომიკური აღმავლობის, ისე მოსახლეობის ცხოვრების დონის მაჩვენებელზე. უნდა აღინიშნოს, რომ საარსებო მინიმუმის საშუალო ეროვნული მაჩვენებელი ივნისში, წინა თვესთან შედარებით 2,5 პროცენტით, ხოლო შარშანდელი ივნისის მაჩვენებელთან შედარებით 5,3 პროცენტით შემცირდა. ვინც ამ ტენდენციებში გარკვეულია და იცის, რას ნიშნავს ეს პროცენტები, დამერწმუნება, რომ ეს ქვეყნის ეკონომიკისა და სოციალური სფეროს გაჯანსაღების დაწყებისათვის ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. მიმდინარეობს განაწილების შედარებითი გათანაბრების პროცესის განმტკიცება (ესეც მნიშვნელოვანი ფაქტორია), რაც აისახება უღარიბესთა წილის შემცირებაში. კერძოდ, მარტო პირველ კვარტალში სიღარიბის დონე ქვეყანაში საშუალოდ 6 პროცენტით შემცირდა, ახლა პროცენტი თავისთავად იმ მოქალაქის მიმართ, რომელსაც უშუალოდ არ შეეხო ეს, ბევრს არაფერს ნიშნავს, მაგრამ აქ ისევ და ისევ გაჯანსაღების ტენდენციაზე არის ლაპარაკი. მე ისიც მინდა ვთქვა, რომ მთელმა რიგმა დარგებმა უბრალოდ, სარეკორდო მონაცემებს მიაღწიეს. მაგალითად, ტვირთზიდვა დიდი ტემპით მატულობს. ბოლო ორი წლის განმავლობაში, შარშანდელთან და წლის ხუთ თვესთან შედარებით, ტვირთზიდვა 24 პროცენტით გაიზარდა და გადაყვანილია 19 პროცენტით მეტი მგზავრი. ტვირთბრუნვის მნიშვნელოვანი ზრდაა მიღწეული რკინიგზაზე - 35 პროცენტი, საავტომობილო ტრანსპორტზე - 16, საჰაერო ტრანსპორტზე - 14 და ასე შემდეგ, საზღვაო ტრანსპორტზე, მაგალითად, (რაც მე განსაკუთრებით მახარებს, მხედველობაში მაქვს საზღვაო ფლოტი, საქართველოს სანაოსნო), ეს მაჩვენებელი თითქმის 9-ჯერ არის გაზრდილი, ესე იგი საქართველოს სანაოსნო ფეხზე დადგა.
საყოველთაო მხარდაჭერა სჭირდება იმ საწარმოებს, რომლებიც ფეხზე დგებიან და აქტიურ საქმიანობას იწყებენ, ხშირად კი პირიქით ხდება. აი, მაგალითად, მეუბნებიან, რომ ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაც, რომელიც, თქვენ იცით, ამ რამდენიმე თვის წინათ ამუშავდა და როგორი დიდი სიხარულით შეხვდა ამას მთელი რეგიონი, გადასახადებს თავის დროზე იხდის და ხანდახან სახელმწიფოს წინსწრებითაც ეხმარება, ჭიათურასაც აძლევს შეკვეთებს და ათასობით ადამიანსაც ასაქმებს, როგორც იტყვიან, ბუზანკალებივით მიესივნენ შემმოწმებლები. შეიძლება მიზეზები უსაფუძვლო არც იყოს, მაგრამ ვაცალოთ საწარმოს ფეხზე დადგომა, წელში გამართვა. სხვანაირად ყველა წამოწყება იმთავითვე გაწყდება წელში და დაიკარგება ის ენთუზიაზმი, ის ინტერესი, რომლითც მეწარმეები თავიანთ საქმეს იწყებენ. მე ამ თემაზე სერიოზული საუბარი მქონდა ბატონ რეზო შავიშვილთან. მჯერა, რომ იგი, როგორც ყოველთვის, საჭირო წესრიგს დაამყარებს ამ საქმეში, რადგან სწორედ მას აქვს დავალებული კოორდინაცია გაუწიოს ამ შემმოწმებელ ორგანიზაციათა საქმიანობას.
- გასულ კვირას საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელმაც მესამე მოსმენით მიიღო კანონი „სახელმწიფო საზღვრის შესახებ“. ეს კანონი ითვალისწინებს, რომ საქართველოს საზღვაო თუ სახმელეთო საზღვარს მხოლოდ ჩვენი ქვეყნის საზღვრის დაცვის დეპარტამენტი დაიცავს. უკვე გასულ კვირაში, 16 ივლისს ფოთში დაიწყო ეს პროცესი - მხედველობაში მაქვს საზღვაო საზღვრის დაცვა. რუსეთის მესაზღვრეები ეტაპობრივად დატოვებენ საქართველოს სახმელეთო საზღვარს, საზღვაო აკვატორიას და ნელ-ნელა, თანდათანობით, როგორც ვთქვით, მას საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები, ჩვენი მესაზღვრეები გააკონტროლებენ. ეს, რა თქმა უნდა, სასიხარულო ფაქტია, მაგრამ ისმის ასეთი კითხვა: ყოველივე ეს ხომ არ გამოიწვევს სიტუაციის დაძაბვას აფხაზეთში? გარკვეული განცხადებები უკვე გაკეთდა.
- სახელმწიფო საზღვრის საკითხი, როგორც ადრე ვთქვი, ქვეყნის სუვერენიტეტის საკითხია. საქართველოს საზღვრებს დაიცავს საქართველოს სასაზღვრო ჯარი. ამით ჩვენი სახელმწიფოებრივი სისტემის ფორმირების ერთი, ფრიად მნიშვნელოვანი ეტაპი დასრულდება.
აუცილებლად უნდა ვუთხრათ რუსეთის მესაზღვრეებს, ამას მოითხოვს სამართლიანობა და ობიექტურობა, რუსეთის ფედერალური სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელობას, საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომლებიც აწარმოებდნენ ამ მოლაპარაკებას და გაგებით მოეკიდნენ საქართველოს სრულიად კანონიერ, კანონზომიერ და ბუნებრივ მოთხოვნას: დამოუკიდებელმა სახელმწიფომ თავად უნდა დაიცვას საკუთარი საზღვრები, რაც გულისხმობს მეზობელი ქვეყნების ინტერესთა სრულ გათვალისწინებას. ვფიქრობ, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა და თანამშრომლობა ამ საკითხში სანიმუშოდ უნდა ჩაითვალოს, ვიმედოვნებ, ასევე განვითარდება თანამშრომლობა სხვა სფეროებშიც.
რაც შეეხება საქართველოს საზღვაო აკვატორიის აფხაზეთის მონაკვეთს, გარკვეული უთანხმოება და გაუგებრობა, რა თქმა უნდა, გამორიცხული არ არის, მაგრამ გადაულახავ პრობლემას ანუ ისეთ საკითხს, რომელზეც შეთანხმება მიუღწეველია, - მე ვერ ვხედავ, და სწორედ ამ მიზნით, რომ რაიმე გართულება არ მომხდარიყო, სოხუმში მივავლინე დეპარტამენტის ხელმძღვანელი გენერალი ჩხეიძე. მოგეხსენებათ, ეს საუბარი გაიმართა და საკმაოდ კონსტრუქციულიც იყო. იგი შეხვდა ვლადისლავ არძინბას, რომელსაც ნათლად განემარტა, რომ საქართველო მოქმედებს საერთაშორისო სამართლის, სახელმწიფოთა შორის საზღვრების შესახებ საერთაშორისო კონვენციათა საფუძველზე, რაც აგრეთვე არ გამორიცხავს აფხაზეთის დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებას და გონივრულ კომპრომისთა ძიებას, საერთო დადებითი, ვიმეორებ, საერთო ტენდენციების ფონზე, რა თქმა უნდა, უწინარესად ვგულისხმობ ლტოლვილების დაბრუნების პროცესს.
კანონი „სახელმწიფო საზღვრის შესახებ“, რომელიც პარლამენტმა გასულ კვირას მიიღო საგანგებო სხდომაზე, დიდი ხნის განმავლობაში მუშავდებოდა. უნდა აღინიშნოს, რომ კანონმდებელი ამ შემთხვევაში არ ჩქარობდა და ამ საქმეს პარლამენტში ბატონი რეზო ადამია უძღვებოდა. მე ამ პოზიციას უდავოდ მივესალმები: კანონი პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო მაშინ, როდესაც საჭირო იყო - არც ადრე და არც გვიან. ნაადრევად, მოუმზადებლად მიღებულ კანონს მხოლოდ ზიანის მოტანა შეეძლო. ამჟამად კი ნამდვილად გვაქვს შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, რათა საზღვარი დამოუკიდებლად დავიცვათ, რა თქმა უნდა, ამ პროცესში ძალიან დიდი იქნება რეგიონების როლი (ეს განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო). ყველა რეგიონის ადგილობრივ მოსახლეობას მიეცემა შესაძლებლობა აქტიური როლი შეასრულოს საზღვრის დაცვაში - ეს სავსებით ბუნებრივად მიმაჩნია, ვინაიდან ჩვენ ვენდობით ჩვენს მოსახლეობას, რომელ რეგიონშიც უნდა ცხოვრობდეს იგი. თუმცა თვით საზღვრის დაცვის პროცესი, რა თქმა უნდა, ცენტრალიზებული იქნება, მაგრამ ადგილობრივ მოსახლეობის ძალიან აქტიური, მე ვიტყოდი, გადამწყვეტი მონაწილეობით. ფაქტობრივად, ჩვენ ამას უკვე ვახორციელებთ. მაგალითად, მესტიაში ძალიან ცოტა მესაზღვრეა თბილისიდან ან სხვა რეგიონებიდან მივლინებული. ძირითადად, საზღვრებს იცავენ სვანები. მათთან გაფორმებულია კონტრაქტი, იღებენ ხელფასს და საზღვარსაც საიმედოდ იცავენ. ასევეა შატილში, ასევეა არხოტში და ასევეა მთელ რიგ სხვა რეგიონებში. ვფიქრობ, შემდეგში ეს მესხეთ-ჯავახეთსაც, აჭარასაც და სხვა რეგიონებსაც შეეხება.
და ბოლოს: საქართველოს საზღვრის დაცვის სისტემა არ იქნება კოპირებული სხვა ქვეყნების ანალოგიური სისტემათაგან. ჩვენ გადმოვიღებთ საუკეთესოს, მაგრამ მთლიანობაში მაინც ორიგინალურ ეროვნულ თავისებურებებსა და ტრადიციებზე დაფუძნებულ კონცეფციას შევიმუშავებთ.
- გასულ კვირას გალის რაიონში მორიგი ტრაგედია დატრიალდა - ნაღმზე 5 მშვიდობიანი ქართველი მოქალაქე აფეთქდა. მანამდე რუსეთის სამშვიდობო ძალების წარმომადგენლები აფეთქდნენ და ამ ფაქტს რუსეთში ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, განსაკუთრებით მასმედიის მხრივ, გაცილებით მეტი, ვიდრე მაისის მოვლენებს, როცა ათასობით ადამიანი ლტოლვილად იქცა და უამრავი დაიღუპა. შეშფოთება გამოთქვა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც ისევე, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს მრავალმა წევრმა... თბილისში კი უცნობმა პირებმა გაეროს წარმომადგენლობის თანამშრომელი მარია მაგდალენა ვევიორსკა მოკლეს...
- ჩემი რეაქცია ამ ტრაგიკული შემთხვევის გამო პირველივე დღეებში გახდა ცნობილი. არა აქვს მნიშვნელობა ვინ ჩაიდინა დანაშაული: იქნება ეს ქართველი, აფხაზი თუ რუსი. ნებისმიერ შემთხვევაში დასაგმობია, დასასჯელია, ვინც უნდა იყოს იგი, ვინც ხელყოფს ადამიანის სიცოცხლეს და მიზნად ისახავს სამშვიდობო პროცესის ჩაშლას. დამნაშავე უნდა მოინახოს და სამაგალითოდ დაისაჯოს, რადაც უნდა დაგვიჯდეს. მე თანავუგრძნობ ყველა დაღუპულის, მათ შორის, სამშვიდობო ძალების წარმომადგენელთა მშობლებსა და ახლობლებს. ის, ვისაც სამშვიდობო პროცესის ჩაშლა სურს, მტრობს ქართველებსაც და აფხაზებსაც. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაშიც უნდა კონფლიქტის პროვოცირება და ამ კონფლიქტის გაღრმავება.
ამ ინციდენტთან დაკავშირებით ტელეფონით ვესაუბრე ვლადისლავ არძინბას და ჩვენ შევთანხმდით, რომ ასეთი ინციდენტების განმეორების შემთხვევაში, გავმართოთ კონსულტაციები ერთობლივი ქართულ-აფხაზური საგამოძიებო ჯგუფების შექმნის თაობაზე, რათა კვალიფიციურად და დროულად გამოვიკვლიოთ მომხდარი ფაქტი, აგრეთვე ერთობლივად ვებრძოლოთ დამნაშავეობას კონფლიქტის ზონაში. სხვათა შორის, ამ თვალსაზრისით შესანიშნავი მაგალითია ქართულ-ოსური თანამშრომლობა ცხინვალის რეგიონში, სადაც ერთობლივი ძალისხმევით მოხერხდა დამნაშავეობის აღმოფხვრა, ფაქტობრივად აღკვეთა და ისეთი ტრაგიკული ექსცესების გამორიცხვა, როგორიც ხშირად ხდებოდა და ხდება აფხაზეთში. სხვათა შორის, ცხინვალის რეგიონში, ოსეთში კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობა იყო - ადამიანების გატაცება, ფულის გამოძალვა, დახვრეტა და სხვა მრავალი. აფხაზურ მხარესთან ურთიერთპატივისცემის საფუძველზე თანამშრომლობის მაგალითად მიმაჩნია რუზგენ გოგოხიას განთავისუფლება. ვსარგებლობ შემთხვევით და ვულოცავ მას ტყვეობიდან დახსნას, ისევე, მადლობის ღირსია ყველა, ვინც საქართველოს პატრიოტი მებრძოლის განთავისუფლებაში შეიტანა წვლილი, ვგულისხმობ იმ აფხაზ მოღვაწეებსაც, რომელთა გადაწყვეტილებაზე იყო დამოკიდებული რუზგენ გოგოხიას ბედი.
ჩემი, ისევე, როგორც საქართველოს ყველა მოქალაქის აღშფოთება გამოიწვია გაეროს მისიის თანამშრომლის ქალბატონ ვევიორსკას მუხანათურმა მკვლელობამ. ამ საქმის დროული გახსნა საქართველოს, მე ასე ვიტყოდი, ჩვენი ეროვნული ღირსების საქმეა. ამდენად, სამართალდამცავმა ორგანოებმა თავიანთი ვალი უნდა მოიხადონ და როგორც მომახსენეს, მათთვის უკვე ბევრი რამაა ცნობილი და მოვითხოვ დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანას. დარწმუნებული ვარ, ისინი ვალში არ დარჩებიან ქვეყნისა და სამშობლოს, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე. ამ საკითხში - ამ დანაშაულის დაგმობასა და დამნაშავის მხილებაშიც ისევე ერთსულოვანი უნდა ვიყოთ, როგორც ჯიხაშკარის ცნობილი მოვლენების დროს ვიყავით ერთიანი, როდესავ გაეროს მეთვალყურეებს შეექმნათ საფრთხე, მაშინ საქართველომ, ასე ვთქვათ, ღირსეულად გაართვა თავი თავის მოვალეობას.
- ამერიკის ნიქსონის სახელობის ფონდმა თქვენ „ერის აღმაშენებლის“ პრემია მოგანიჭათ. ფონდის პრეზიდენტმა საიმსმა თბილისში ვიზიტის დროს, „შევარდნაძის ფენომენზე“ რომ ლაპარაკობდა, დაახლოებით ასეთი რამ თქვა: „იშვიათია კაცობრიობის ისტორიაში ადამიანი, რომელსაც ერთნაირად ჰქონდეს მომადლებული ნგრევისა და შენების ნიჭი. შევარდნაძემ შეძლო არა მარტო უდიდესი წვლილი შეეტანა ტოტალიტარული რეჟიმის დემონტაჟში, არამედ ახალი საქართველოს აღმაშენებლობაც წარმატებით დაეწყო და ამ აღმაშენებლობას ართმევს თავს“.
- სხვათა შორის, თქვენ იცით, რომ ქებასა და დიდებას მე საკმაოდ გულგრილად ვუყურებ, მაგრამ, რადგან საქართველოში საკმაოდ ხშირია პრეზიდენტზე უსამართლო თავდასხმები მისი ღვაწლისა თუ დღევანდელი საქმიანობის გამო, უნდა დავეთანხმო ბატონ საიმსის შეფასებას. სხვა გამოსავალი არა მაქვს... ჩვენმა რადიომსმენელმა იცის, რომ მრავალი ჯილდო თუ პრემია, ლაურეატობა მიუღია თქვენს მონა-მორჩილს ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე ყოფნისას, შემდგომ პერიოდშიც, მაგრამ ჩემი ერის მსახურებისათვის მიღებულ ჯილდოს მაინც სხვა ღირსება და მნიშვნელობა აქვს. ამდენად, იგი განსაკუთრებით სასიხარულო და საამაყოა.
პრეზიდენტმა ნიქსონმა, და მე აქ მინდა ორიოდე სიტყვა ვთქვა ამ პიროვნებაზე, წარუშლელი კვალი დატოვა კაცობრიობის ისტორიაში, მიუხედავად ისეთი ტრაგიკული შემთხვევისა, (უოტერგეიტის საქმე მაქვს მხედველობაში), რომელმაც მას გარკვეული ჩრდილი მიაყენა. თუნდაც იმიტომ, რომ იგი არის მნიშვნელოვანი მოვლენა მსოფლიო ისტორიაში, რომ სწორედ მისი პრეზიდენტობის დროს გამოჩნდა დათბობის პირველი სიმპტომები ზესახელმწიფოთა ურთიერთობაში. გახსოვთ თქვენ ის ხელშეკრულებები, რომელთაც მაშინ ნიქსონმა და ბრეჟნევმა მოაწერეს ხელი. და უნდა ითქვას, რომ ნიქსონს გადამწყვეტი დამსახურება მიუძღვის ამ ისტორიულ მოვლენაში. მე მას რამდენჯერმე შევხვდი როგორც მოსკოვში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში. ვისაუბრეთ საერთაშორისო პოლიტიკის საკითხებზე. იგი უაღრესად საინტერესო, ერუდირებული ადამიანი გახლდათ. ამდენად, დღემდე სიამოვნებით ვიხსენებ ჩვენს შეხვედრებს. სხვათა შორის, როცა მას ბოლოს შევხვდი ნიუ-იორკში, ის იყო სასტუმროში, როცა იგი ჰოსპიტალიდან გამოვიდა, მოვიდა ჩემს სანახავად და დამამახსოვრდა მაშინდელი მისი რჩევა (მაშინ მე გადამდგარი ვიყავი საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტიდან და ლექციების წასაკითხავად გახლდით ამერიკის შეერთებულ შტატებში): მე თქვენ გთვლით ჩემს მეგობრად, მიმაჩნია, რომ თქვენ დიდი მომავალი გაქვთ კვლავაც და არავითარ შემთხვევაში პოლიტიკიდან არ უნდა წახვიდეთ, არავითარ შემთხვევაში პოლიტიკაზე უარი არ უნდა თქვათ. შევეცადე შემესრულებინა მისი თხოვნა, როგორ ვასრულებ, ეს სხვა საკითხია.
ნიქსონის ფონდის პრემია კი, ისევე, როგორც ჩემი შრომითა და გარჯით მოპოვბებული ყველა რეგალია, ყველა ჯილდო ეკითვნის ჩემს ხალხს, რომელსაც მთელი სიცოცხლის განმავლოვაში ვემსახურებოდი და კვლავაც ვემსახურები.
სხვათა შორის, ამას წინათ, ბატონმა პანტელეიმონმა ბრძანა (გვარს არ ვასახელებ, იცის ყველამ, პანტელეიმონით იცნობენ, სახელით იცნობენ მას), რომ შევარდნაძეს ბევრი შემოსავალი აქვს, ლამის მილიონერიაო და მე კიდევ ლამის ლუკმა პური არა მაქვსო და ასე შემდეგ. მინდა ვურჩიო მას - დაწეროს წიგნები. ჩემი შემოსავალია ძირითადად ის წიგნი, რომელის 30 ქვეყანაში გამოიცა და მართლაც საკმაოდ დიდი შემოსავალი იყო. ჩემი შემოსავალი გახლდათ ონასისის პრემია - 250 ათასი დოლარი, რომელიც მე მივიღე, ჩემი შემოსავალი გახლავთ, ასევე, გერმანიაში მიღებული ემანუილ კანტის პრემია - 100 ათასი დოლარი და კიდევ რამდენიმე ასეთი. სხვათა შორის, ამას ყველაფერს აქვს ანგარიში და ყველას შეუძლია შეამოწმოს, რამდენი თანხა შევიტანე სახელმწიფო ბიუჯეტში.
- ბატონი პანტელეიმონი წერს ხოლმე იგორ გიორგაძის ინტერვიუებს, ძალიან ხშირად ქვეყნდება ქართულ გაზეთებშიც. ეტყობა ამდენს ვერ უხდიან, ამიტომ ცოტა გაუჭირდა გენერალს.
- მე მას მაინც ვურჩევ დაწეროს წიგნი, რომელიც 30 ქვეყანაში გამოვა...
- დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს ასლან აბაშიძეს 60 წელი შეუსრულდა, დღეს მისი დაბადების დღეა...
- მე გულწრფელად ვულოცავ ბატონ ასლანს ამ ღირსშესანიშნავ თარიღს, ვულოცავ იუბილეს. საყოველთაოდ ცნობილია (და ეს არაერთგზის აღმინიშნავს) ჩემი დამოკიდებულება იმ უდიდესი ეროვნული ღვაწლისადმი, რომელიც დასდო სრულიად საქართველოს დიდმა მემედ აბაშიძემ, რომლის ძეგლის მშენებლობაც, ფაქტობრივად, უკვე დავიწყეთ დედაქალაქში, ისევე, როგორც დღეს თავად ბატონმა ასლანმა, რომელიც თავისი დიდი წინაპრის ღირსეულ საქმეს აგრძელებს. უფრო ვრცლად ჩემი მოსაზრებანი ამ იუბილესთან დაკავშირებით, გადმოცემულია წერილში, რომელიც იუბილარს გავუგზავნე და იგი, რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ, გამოქვეყნდება პრესაში.
- გასულ კვირას „მზიურ“-ქალაქში ნოდარ დუმბაძის დაბადების დღე აღნიშნეს მისმა მეგობრებმა, მათ შორის, თქვენც იყავით. ალბათ, მნიშვნელოვანი იყო ის, რომ აქ მხოლოდ მისი სულის მოხსენიების დღე არ იყო. აქ „მზიურის“ მომავალზე, მის განვითარებაზე იყო ლაპარაკი, ნოდარ დუმბაძის ერთ-ერთ ოცნებაზე, რაც ქართველი ბავშვებისათვის უნდოდა და ენატრებოდა.
- სხვათა შორის, უნდა ვთქვა, რომ პოლიტიკოსებსაც და მწერლებსაც რაღაც ერთი საერთო მაინც აქვთ, თუმცა, ეს განსხვავებული პროფესიები და განსხვავებული სფეროებია. პოლიტიკოსიცა და მწერალიც ფასდება იმის მიხედვით, თუ რამდენად გაუძლებს დროის გამოცდას. ვერ გეტყვით ახლა, დღევანდელ საქართველოში რამდენი გაუძლებს ამ დროის გამოცდას. იქნებ ვინმეს ბანალურად მოეჩვენოს, მაგრამ ჭეშმარიტებაა, რომ სიკვდილის შემდეგ ნოდარ დუმბაძის ახალი ცხოვრება დაიწყო. მისი ჰუმანიზმი, მისი სრულქმნილი გმირები, რომლებიც სულიერ სიჯანსაღეს, სიკეთეს, სიხასხასეს განასახიერებენ, მისი უზადო იუმორი, საოცრად კეთილი იუმორი, ყოველდღიურად ჩვენთან არის და ცხოვრებას გვიადვილებს. გარდა ამისა, მე არ შემიძლია პირადულს არ შევეხო - იგი ჩემი პირადი მეგობარი იყო და ალბათ, ყველაზე მეტად ამ ქვეყნიდან მისი წასვლა განვიცადე, ჩემთვის ყველაზე დიდი დანაკლისი იგი იყო და განსაკუთრებით მახარებს, მეამაყება, რომ ერმა ნოდარი უკვე აზიარა უკვდავებას. ხოლო „მზიური“, რომლის აღდგენა-განვითარებისათვის მუშაობა ახლა გამოცოცხლდა და რომელსაც მისი ქალიშვილი ჩაუდგება სათავეში, ვფიქრობ, ამ ხელთუქმნელი ძეგლის აშენებას მთელმა ქვეყანამ, ასე ვთქვათ, უნდა შეაშველოს ხელი და შეეწიოს.
- გასულ კვირას კიდევ ერთი, მე ვიტყოდი, გამოკვეთილი და საქართველოში კოლორიტული პიროვნების დაბადების დღე იყო - ბუბა კიკაბიძე 60 წლისა გახდა. სხვათა შორის, დაუჯერებელია, რომ ბუბა კიკაბიძე უკვე 60 წლისაა, მაგრამ ასეა. ეს იუბილე მოსკოვში ძალიან ფართოდ აღინიშნა და იმედია, საქართველოშიც აღინიშნება. გუშინ ტელევიზიით ვუსმენდი მოქალაქეებმა მიულოცეს მას დაბადების დღე და ერთმა ქალბატონმა საოცრად ზუსტად შეაფასა იგი, როგორც საოცრად ქართველი მომღერალი.
- მე მგონი, ბუბას დაბადების მოწმობა აქვს გადასწორებული. არ მჯერა, რომ 60-ისა გახდა. ხოლო, თუ სერიოზულად ვიტყვით, ვახტანგ კიკაბიძე არა მარტო თვალსაჩინო ხელოვანი, შესანიშნავი ბრწყინვალე მომღერალი და მსახიობია, არამედ დიდი პატრიოტი და ღირსეული მოქალაქეც გახლავთ. როგორც იტყვიან, ზედგამოჭრილია ამ ადამიანისათვის ღირსების ორდენი - მან იგი მთელი ცხოვრებითა და შემოქმედებით დაიმსახურა, - ესე იგი, დამოუკიდებელი საქართველოს ორდენი. მოუთმენლად ველი მის შემოქმედებითს, საიუბილეო საღამოს, რომელსაც მინდა უეჭველად დავესწრო, რათა კიდევ ერთხელ დავუდასტურო ჩემი სიყვარული და პატივისცემა ჩვენს ბუბას, ჩვენს ვახტანგ კიკაბიძეს, რომლის შემოქმედებითი მწვერვალი (დარწმუნებული ვარ) ჯერ კიდევ წინ არის. არსებობს კიდევ ერთი წოდება, რომელსაც არც ერთი ოფიციალური სტრუქტურა არ ანიჭებს, მაგრამ რომელსაც განსაკუთრებული ღირსება აქვს. ეს წოდება გახლავთ „თბილისელი“. ბუბა ნამდვილი თბილისელია და მისი თბილისელობა, მე, პირადად გამოვცადე მაშინ, როცა განსაკუთრებით უჭირდა თბილისს, უჭირდა სრულიად საქართველოს.
- და ბოლოს, კიდევ ერთი ნამდვილად სასიხარულო მოვლენა: გუშინ მოსკოვში მსოფლიოს ახალგაზრდული ასპარეზობა გაიმართა და საქართველოს სპორტსმენებმა სერიოზული წარმატება მოიპოვეს - სულ 17 მედალი, აქედან ორი ოქროს, ოთხი ვერცხლისა და 11 ბრინჯაოს მედლები. ეს იმას ნიშნავს, რომ ისეთი დიდი ქვეყნების შემდეგ, როგორიც რუსეთი, უკრაინა, ჩინეთი, პოლონეთი და ბელორუსია, 131 მონაწილე ქვეყანას შორის საქართველომ მეექვსე ადგილი დაიკავა. ჩემი აზრით, ეს ჩვენი ქვეყნის პირველი ასეთი სერიოზული სპორტული წარმატებაა ამ ბოლო პერიოდში...
- საქართველოს სპორტულ წარმატებებს ყველანი მართლაც მოუთმენლად ველოდით და ამ ბოლო დროს, მრავალ ასპარეზზე გამარჯვება გამარჯვებას მოსდევს არა მარტო სპორტული მედლებისათვის. ეს არის პირველი ნიშანი იმისა, რომ ერის ფიზიკური გაჯანსაღება იწყება და მისი სულიერი გაჯანსაღების პროცესი დაიწყო. ეს პროცესი შეუქცევადი ხდება. დარწმუნებული ვიყავი, ქართველი ახალგაზრდები „მცირე ოლიმპიადიდან“ (როგორც მას უწოდებენ) ხელდამშვენებული დაგვიბრუნდებოდნენ, რითაც გაახარებდნენ მშობლებს, მთელ ქვეყანასა და მათ შორის, პრეზიდენტს. ვულოცავ წარმატებას გამარჯვებულთ, ისევე, როგორც მათს მწვრთნელებს, სპორტის დეპარტამენტსა და ოლიმპიურ კომიტეტს, მთელ სპორტულ საზოგადოებას. არ გამოვრიცხავ, თუ ეს მოხერხდება, რომ საქართველოს სპორტული დელეგაცია თბილისში დაბრუნებისთანავე მივიღო. ბედნიერი ვარ, რომ მეც, როგორც პრეზიდენტმა, ყველაფერი გავაკეთე, რაც ჩემზე იყო დამოკიდებული, მათი წარმეტებისათვის და ვფიქრობ, მექნება საშუალება, რამდენიმე გულთბილი, მამაშვილური სიტყვა ვუთხრა მათ, როცა შევხვდები.
საქინფორმი.
„დამოუკიდებელმა სახელმწიფომ თავად უნდა დაიცვას საკუთარი საზღვრები, რაც გულისხმობს მეზობელი ქვეყნების ინტერესთა სრულ გათვალისწინებას“ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1998. - 21 ივლისი. - №183 (2883). - 1,2 გვ.
![]() |
12 „რეალური დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის გადაჭრა პირდაპირ არის დამოკიდებული ქვეყნის საშინაო მდგომარეობაზე“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
გამოსვლა საქართველოს მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე 1998 წლის 24 ივლისს
ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით კანონზომიერია, რომ დღეს და ხვალ მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე განსახილველი საკითხები საზოგადოების განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. როგორც წარმოდგენილი ინფორმაციები, ასევე კამათის მონაწილეთა გამოსვლებიც არ შემოფარგლულა მარტო დღის წესრიგით შემოთავაზებული საკითხებით და ყველამ საჭიროდ მიიჩნია გაწეული მუშაობის ანალიზი საერთო პოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით განეხილა, რაც სავსებით ლოგიკურია. როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, ვალდებული ვარ ჩემი შეხედულებებიც გაგაცნოთ და პასუხი გავცე 2 ძირითად კითხვას:
რა ფაქტორებმა განაპირობეს ის სირთულეები, რომლებმაც მიმდინარე წლის პირველ ნახევარში იჩინა თავი, და, მეორე, მოქმედების რა გეგმას ავირჩევთ სამომავლოდ.
მაგრამ ჯერ ძალიან მოკლედ, კონკრეტულად განსახილველი საკითხის ირგვლივ. როგორ უნდა შევაფასოთ ქვეყანაში მართლწესრიგის განმტკიცების, დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლის და ადამიანის უფლებათა დაცვის მიზნით წლის პირველ ნახევარში გაწეული მუშაობა?
ბატონების ჯამლეთ ბაბილაშვილის, კახა თარგამაძისა და ჯემალ გახოკიძის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციები, აგრეთვე ბატონ მინდია უგრეხელიძის გამოსვლა, ჩადენილი დანაშაულის დინამიკის ანალიზი გვაძლევს უფლებას დავასკვნათ, რომ პრეზიდენტის საპროგრამო გამოსვლაში, ბრძანებულებებში ამ კუთხით ჩამოყალიბებული ამოცანები განუხრელად ხორციელდება. რაც მთავარია, ამ პროცესმა შეუქცევადი ხასიათი მიიღო, რის გამოც გულწრფელი მადლობა მინდა მოგახსენოთ ყველას - პარლამენტს, მთავრობის წევრებს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ხელმძღვანელებს, პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულებს, პრესისა და ტელევიზიის წარმომადგენლებს, მაგრამ მე მაინც განსაკუთრებით გამოვყოფდი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურას, უშიშროების სამინისტროს მუშაკთა, ამ უწყებების ხელმძღვანელთა დამსახურებას რეფორმების განხორციელებისა და ქვეყანაში კრიმინოგენული სიტუაციის მნიშვნელოვანი შენელების საქმეში.
მხოლოდ რამდენიმე ციფრს გავიმეორებ:
მიმდინარე წლის პირველ ნახევარში გამოიკვეთა მძიმე კატეგორიის დანაშაულთა კლების ტენდენცია, სახელდობრ: 17 პროცენტით შემცირდა ადამიანის განზრახ მკვლელობის ცდები, 64 პროცენტით - ადამიანის გატაცების, 16 პროცენტით ყაჩაღობის, სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების ქურდობისა და ძარცვის, 28 პროცენტით - გაფლანგვით ან სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით ან ქონების მითვისების შემთხვევები. თუ გავითვალისწინებთ, როგორი ვითარება და როგორი ტენდენციები იყო წინა წლებში, ვფიქრობ, ამ ეგრეთ წოდებული „შავი წლების“ შემდეგ ეს არც თუ ისე ცუდი მონაპოვარია.
განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს რეგისტრირებულ დანაშაულთა გახსნისათვის გაწეული მუშაობა. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში რეგისტრირებული მძიმე კატეგორიის დანაშაულთა 86 პროცენტი გაიხსნა, 131 განზრახ მკვლელობიდან გახსნილია 111, 157 სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებიდან - 140, 348 ყაჩაღობიდან - 258 და ა.შ. ამიტომაც კანონზომიერია ის სიამაყის გრძნობა, რომლითაც მომხსენებლები, განსაკუთრებით ოპერატიული მუშაკები მოგვახსენებდნენ თავიანთი მუშაობის შესახებ.
მადლობის სიტყვებით მინდა მივმართო შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თბილისის მთავარ სამმართველოს ხელმძღვანელებს, რომლებმაც სერიოზულად მოჰკიდეს ხელი თბილისის მოსახლეობისათვის განსაკუთრებით მწვავე - ავტოსატრანსპორტო საშუალებათა გატაცების პრობლემის გადაჭრას. გამოვლენილია და პასუხისგებაშია მიცემული ავტოგამტაცებელთა ორგანიზებული ჯგუფი, რომელთა შორის პოლიციელებიც აღმოჩნდნენ. ახლა მთავარია გამოძიება სრულყოფილად წარიმართოს და ყველამ აგოს პასუხი კანონის წინაშე.
როდესაც ვაჯამებთ მიმდინარე წლის პირველი ნახევრის შედეგებს, გვერდს ვერ ავუვლით იმ სერიოზულ ხარვეზებსა და ჩავარდნებსაც, რომლებიც სამართალდაცვის ორგანოების მუშაობაში გამოვლინდა. უწინარეს ყოვლისა ესაა 9 თებერვალს თბილისში განხორციელებული ტერორისტული აქტი და ზუგდიდში მძევლების აყვანა. ამ საკითხებზე სპეციალურად იმსჯელა ეროვნულმა უშიშროების საბჭომ. აღნიშნული ფაქტების გამომწვევი მიზეზები გააანალიზეს შესაბამისი უწყებების კოლეგიებმა, მიღებულია ადმინისტრაციული ზომებიც. ამდენად, ამ სერიოზულ ფაქტებსა და მათს გამომწვევ მიზეზებზე დღეს არ ვაპირებ თქვენი ყურადღების მიპყრობას. თუმცა მომხდარმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა შესაბამისი სამსახურების ავტორიტეტს, მათ პროფესიონალურ ღირსებას, საერთოდ, საქართველოს ავტორიტეტს. ყოველივე ამისაგან სათანადო დასკვნები უნდა გამოვიტანოთ. ღმერთმა ნუ ქნას, მაგრამ თუკი მსგავსი რამ კიდევ განმეორდება, ჩვენს უცხოელ კოლეგებს, მეგობრებს, ინვესტორებს, ალბათ, უნდა გამოვეთხოვოთ.
რაც შეეხება ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებული დროებითი და მუდმივი კომისიების მუშაობას.
ეროვნული უშიშროების კონცეფცია ოქტომბერში საყოველთაო განხილვისათვის უნდა გამოვაქვეყნოთ. გთხოვთ, თქვენი წვლილი შეიტანოთ მის შემუშავებაში. ვთხოვ ბატონ ირაკლი მენაღარიშვილს ეროვნული უშიშროების საბჭოს მომავალ სხდომაზე წარმოადგინოს კონცეფციის განხილვისა და საბოლოო ვარიანტის პარლამენტში წარდგენის დაზუსტებული გრაფიკი.
კვლავ მწვავედ დგას მიუსაფარი ბავშვების პრობლემა. შემაშფოთებელი მასშტაბი შეიძინა მცირეწლოვანთა მათხოვრობამ, დამნაშავეობამ, პროსტიტუციამ. თუ ასე გაგრძელდა, ეს ბავშვები მომავლის დაკარგვის საშიშროების წინაშე აღმოჩნდებიან.
მინდა მივმართო ყველას, ვინც მომავალი წლის ბიუჯეტზე მუშაობს. მიუსაფარ, უპატრონო ბავშვებზე ზრუნვა ჩვენი ბიუჯეტის ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა იყოს არა მარტო სიტყვებით, მოწოდებებით და ენთუზიაზმით, არამედ საქმით. სახელმწიფო უნდა იყოს გარანტი იმისა, რომ ამ ბავშვებს მართლაც ეყოლებათ პატრონი და მზრუნველი. აქ ითქვა იმის შესახებ, რომ სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის, განვითარებულ ქვეყნებშიც ვერ ასცდნენ ბავშვების მათხოვრობას. საქართველო სხვაა. ბევრი რამის გამო შეიძლება კრიტიკასაც ვიმსახურებთ, მაგრამ გვაქვს ტრადიციები - ბავშვებისადმი დამოკიდებულება, მომავალ თაობებზე ზრუნვა და მათდამი განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ყველა დროის საქართველოში ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი იყო. ამ ტრადიციას უნდა გავუფრთხილდეთ.
ვიცი რომ არის საინტერესო წინადადებები, იდეები, განსაკუთრებით მივესალმები საკითხის ისეთ გადაწყვეტას, რომელიც ითვალისწინებს მიუსაფარი ბავშვებისათვის ოჯახური გარემოს შექმნას (ეს, სხვათა შორის, ჩემი ინიციატივა გახლავთ), დამოუკიდებელი ცხოვრების დასაწყებად აუცილებელი პირობების უზრუნველყოფას. მითხრეს, რომ გაამართლა ქალაქში შექმნილმა თავშესაფრებმა, რომელსაც საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ბავშვი და გარემო“ ხელმძღვანელობს. ეს არის ნიმუში იმისა, თუ როგორ შეიძლება სახელმწიფო და საზოგადოებრივი სტრუქტურების თანადგომის შემთხვევაში მოკლე დროში და ეფექტიანად მივაღწიოთ სასურველ შედეგს. ასევე საინტერესო წინადადებები აქვს ობოლ და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა ფონდს „მრევლს“. სწორედ ასეთი თანამშრომლობის საფუძველზე პრობლემების გადაჭრის პროგრამა აქვთ შემუშავებული საქართველოს განათლების სამინისტროს, პარლამენტარ ქალთა კლუბს, სხვა სახელმწიფოებრივ თუ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს. მთავრობის უახლოეს სხდომაზე ვიმსჯელებთ პროგრამის პროექტის შესახებ. მას მხარდაჭერა და ფინანსური უზრუნველყოფა სჭირდება.
დღეს თქვენს განსახილველად წარმოდგენილია საქართველოში ნარკომანიისა და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის 1998-2000 წლების პროგრამა. გთხოვთ, ორი კვირის განმავლობაში წარმოადგინოთ თქვენი შენიშვნები იმ ვარაუდით, რომ აგვისტოს დამდეგს დავამტკიცოთ და გამოვაქვეყნოთ იგი პრესაში. ვთხოვ სპეციალური კომისიის თანათავმჯდომარეებს კახა თარგამაძეს და ავთანდილ ჯორბენაძეს სისტემატური კონტროლი დაუწესონ პროგრამის შესრულების მიმდინარეობას.
მინდა გითხრათ, რომ სპეციალისტთა დაკვირვებით და ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით ნარკომანიის გავრცელების ტემპი კლებულობს. აქ მთავარი ის არის, რომ ჩვენი სპეციალური სამსახურები, შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროები ებრძვიან სწორედ ნარკოტიკების გავრცელებას, ნარკობიზნესით დაკავებულ ადამიანებს. დარწმუნებული ვარ, ჩვენ შეგვიძლია, რომ უახლოეს ხანში ნარკომანია, როგორც სენი, ძირითადად დავძლიოთ.
მიმდინარე წლის პირველ ნახევარში გაწეული მუშაობის ანალიზისას განსაკუთრებით მინდა შევეხო მიმდინარე სასამართლო რეფორმას, ურთულეს პროცესს, რომელსაც ჩვენ, ყველამ ერთად, მოვკიდეთ ხელი, განსაკუთრებით პარლამენტართა იმ ჯგუფმა, რომელიც კანონპროექტზე მუშაობდა.
მადლობელი ვარ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ბატონ მინდია უგრეხელიძისა, რომელმაც გამოთქვა სურვილი მონაწილეობა მიეღო მთავრობის სხდომის მუშაობაში და რომელმაც ამომწურავად და დამაჯერებლად მიმოიხილა სასამართლო რეფორმის შუქ-ჩრდილები.
სასამართლო რეფორმა ქვეყნისათვის უდიდესი მნიშვნელობის მოვლენაა. მისი განხორციელება სახელმწიფო პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია, ხოლო მიზანი - ისეთი მართლმსაჯულების ჩამოყალიბება, რომელიც თავისი ობიექტურობითა და კომპეტენტურობით მოიპოვებს საზოგადოების კეთილგანწყობასა და ნდობას. უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლო რეფორმის განხორციელებამ შეუქცევადი ხასიათი შეიძინა, გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები, მაგრამ ჯერ კიდევ დასახვეწია ცალკეული კანონების ამოქმედების მექანიზმები და მათი რეალიზების პრაქტიკული საშუალებანი.
რაც შეეხება სამართლებრივი ინსტიტუტების რეორგანიზაციას, ამ მხრივ წელს მართლაც მნიშვნელოვანი გარდაქმნები განხორციელდა. პირველად საქართველოსა და პოსტსაბჭოთა სივრცეში გაიმართა მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდები. ამ პროცესს ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც რეფორმებისადმი სწრაფვამ და უკეთესი მომავლის რწმენამ გაიმარჯვა. იუსტიციის საბჭოს სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მისმა წევრებმა (თითოეულ მათგანს მადლიერების სიტყვებით მივმართავ) შეძლეს ობიექტურად და მიუკერძოებლად მოეწყოთ გამოცდები, რასაც იზიარებენ მათი ოპონენტებიც და ისინიც კი, ვინც ვერ შეძლო გამოცდების ჩაბარება. მინდა გამოვხატო რწმენა, რომ ასევე ობიექტურად ჩაივლის ოქტომბრისთვის დაგეგმილი გამოცდები. ასეთივე მაღალი შეფასების ღირსია აჭარის იუსტიციის საბჭოს საქმიანობა გამოცდების გამართვის საქმეში.
მე მთლიანად ვიზიარებ აზრს, რომ საქართველოში მიმდინარეობს დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლების ჩამოყალიბების ძალზე მნიშვნელოვენი პროცესი, და მოვუწოდებ ყველა რგოლის ხელმძღვანელს, ადგილობრივი თუ ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს ხელი შეუწყონ ამ პროცესის თანამიმდევრულად წარმართვას. დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში დასრულდა საქმეებისა და დავის კრიმინალური გარჩევის ეპოქა. ყოველი მეტად თუ ნაკლებად მნიშვნელოვანი დავა ამიერიდან მხოლოდ ცივილიზებული გზით, სასამართლო პროცედურის განუხრელი დაცვით ამოიწურება. სწორედ ეს არის ადამიანის უფლებათა დაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი და, ბოლოს და ბოლოს, ეს არის ჩვენი კონსტიტუციის იმპერატიული მოთხოვნაც. სასამართლო უნდა გახდეს პირუთვნელი არბიტრი და სოციალური რეგულატორი საზოგადოებაში. ალბათ, დამეთანხმებით, რომ ამ ფუნქციის უზრუნველყოფა მხოლოდ ისეთ მოსამართლეს შეუძლია, რომელიც მაღალი ავტორიტრეტით და შეუბღალავი რეპუტაციით სარგებლობს. ნამდვილად არ ჩამეთვლება გადაჭარბებად, თუ ვიტყვი, რომ ამ მხრივ ჩვენში ჯერ კიდევ სავალალო მდგომარეობაა.
მე ხშირად ვუსმენ თვალსაჩინო იურისტების გამოსვლებს, თითქმის ყოველდღიურად ვადევნებ თვალყურს სასამართლო რეფორმის მიმდინარეობას და სულ უფრო ვრწმუნდები, რომ ჩვენში თანდათანობით მკვიდრდება სასამართლო ხელისუფლების ის ნიშნები, რომლებიც უკვე კარგა ხანია აპრობირებულია დასავლეთის დემოკრატიულ სახელმწიფოებში. მაგრამ ხშირად იმასაც ვატყობ, რომ ჩვენ მნიშვნელოვანწილად მხოლოდ იდეებს გამოვეკიდებით ხოლმე და აღარც კი გვახსოვს თითოეული მოქალაქის ბედი, მისი ტანჯვა-წამება, გაჯანჯლებული, უთავბოლო სასამართლო პროცესებით რომ არის გამოწვეული. არ მეგულება ამ დარბაზში, და არა მარტო აქ, ადამიანი, რომელიც შეძლებს გულგრილად შეეგუოს იმ აღმაშფოთებელ ფაქტს, როცა მცირეწლოვან ბავშვზე სასტიკი სექსუალური ძალადობის გამო ბრალდებულ პირს სასამართლო ყოველგვარი მოტივაციის გარეშე ათავისუფლებს სასჯელისაგან, შეუძლებელია მშვიდად ადევნო თვალყური მკვლელობის, ყაჩაღობისა და სხვა ჯურის დამნაშავეთა მიერ მოკვარახჭინებულ სასამართლო საქმეებს.
თუკი რაიმე პროგრესული და დემოკრატიული იდეა უნდა გავითავისოთ და დავამკვიდროთ, პირველ რიგში ეს კანონის საყოველთაო პატივისცემა და კონსტიტუციის უზენაესობაა. სასამართლოს სრული ავტონომიურობისა და თავისუფლების იდეებს დაეწაფები, ამისათვის მზად უნდა იყო ფსიქოლოგიურად, სამართლებრივად და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მორალურადაც. წინააღმდეგ შემთხვევაში უდისციპლინობისა და უპასუხისმგებლობის, კონტროლის ყოველგვარი მექანიზმის მოშლის პირობებში შესაძლოა წყალში ჩაგვეყაროს ყველაფერი და სასამართლომაც სამუდამოს დაკარგოს ნდობა. სხვათა შორის, ამ მხრივ უფრო მეტ ინიციატივას, პრინციპულობასა და აქტიურობას ველოდებით იუსტიციის საბჭოსაგან და უზენაესი სასამართლოს მატერიალური უზრუნველყოფის დეპარტამენტისაგან.
სავსებით სამართლიანია მოთხოვნა, რომელიც ბატონმა ვახტანგ რჩეულიშვილმა წამოაყენა - მოხელეს, რომელი ეშელონის წარმომადგენელიც უნდა იყოს, უნდა ჰქონდეს მაღალი ხელფასი. სამწუხაროდ, ამის განხორციელება ჯერჯერობით შეუძლებელია. მაგრამ ჩვენ მოვახერხეთ და დიდი წვალებით გამოვნახეთ სათანადო სახსრები მოსამართლეთა მაღალი ხელფასების დასანიშნად. ეს არის ყველაზე მაღალი ხელფასი ყველა კატეგორიის მოხელეთა შორის. ასეთი უზრუნველყოფის გარეშე, ალბათ, ძალზე ილუზორული იქნება საუბარი იმის შესახებ, რომ მოსამართლე დაიმსახურებს ხალხის ნდობას და ობიექტურ განაჩენს გამოიტანს.
აქვე მოკლედ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გააქტიურების შესახებ.
აქ ორი ურთიერთგამომრიცხავი ფაქტორია გასათვალისწინებელი. სანამ ქვეყანაში ასეთი მასშტაბის კორუფცია მეფობს, სანამ ჩვენი ეკონომიკური პოტენციალის 40-45 პროცენტი გადამალულია, მანამდე შეუძლებელია ვილაპარაკოთ მაღალ ხელფასებზე და სანამ ხელფასებს არ გავზრდით, მანამ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაც რთული და ძნელი იქნება. ამიტომ პირველ ეტაპზე უნდა მივიღოთ თუნდაც ლოკალური ხასიათის გადაწყვეტილებები, მაგრამ მოძრაობა უნდა დაიწყოს, ყველაზე მძიმე უძრაობაა.
ანტიკორუფციული კომისიის შექმნის შესახენ კანონპროექტის ორდღიანმა საპარლამენტო განხილვამ დამარწმუნა პრობლემის ზოგიერთი არსებითი პრინციპისადმი ჩემი დამოკიდებულების განმარტების აუცილებლობაში. ვეცდები შევეხო ზოგიერთ პრინციპულ საკითხს, რომლებიც შეიძლება პოზიციათა გამაერთიანებელ საწყისად იქცეს.
ანტიკორუფციული პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება, რომლის შესახებაც პრეზიდენტის ნება გაცხადდა ჯერ კიდევ 1996 წელს, ვფიქრობ, კამათის საგანს არ უნდა წარმოადგენდეს. მაგრამ ეს მხოლოდ ნების გაცხადებაა და არა კონკრეტული შედეგი.
განსხვავებული დამოკიდებულება უკავშირდება ანტიკორუფციული ბრძოლის საშუალებას - ამ შემთხვევაში კანონპროექტით გათვალისწინებულ საქართველოს პრეზიდენტთან არსებულ კორუფციასთან ბრძოლის სპეციალურ სამსახურს.
თუ ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტი არ არის კორუმპირებული, მაშინ უნდა ვიქონიოთ იმედი, რომ ასეთი მცირერიცხოვანი გარკვეული ინსტრუმენტი იქნება იმისათვის, რომ რეალური ზეგავლენა მოახდინოს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმდინარეობაზე.
ჩვენ შორსა ვართ იმ აზრისაგან, რომ ერთ რომელიმე სტრუქტურას, თუნდაც განუსაზღვრელი უფლებებით აღჭურვილს, შეუძლია კორუფციის აღმოფხვრა. ეს არის კომპლექსურ ღონისძიებათა სისტემა, რომელიც შესაბამისი კანონების მიღებას, ეკონომიკის სფეროს რეფორმებს, სასამართლო რეფორმასა და მთელ რიგ სხვა ღონისძიებებს გულისხმობს. მაგრამ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ხანგრძლივი და დროში განგრძობადი პროცესია. ამავე დროს ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა განსაკუთრებული ზომების მიღების აუცილებლობას გვიკარნახებს. აქედან გამოვდიოდი, როდესაც დავალება მივეცი, რომ სხვა ქვეყნების გამოცდილების საფუძველზე შეემუშავებინათ კანონპროექტი სპეციალური ანტიკორუფციული სამსახურის შესახებ.
აღნიშნული სტრუქტურის არსი ითვალისწინებს შემდეგ რეალობებსა და მეთოდოლოგიურ პრინციპებს:
პირველი - კორუფციის მასშტაბი და ხასიათი საეჭვოს ხდის საქართველოს სახელმწიფოებრივ პერსპექტივას. ვითარება საგანგაშოა. უდავოა, რომ მისი დაძლევა ასევე საგანგებო და არაორდინარულ ღონისძიებებს საჭიროებს.
მეორე - ანტიკორუფციული კომისიის უფლებამოსილებები, სოციალური უზრუნველყოფის დონე და სტატუსი განპირობებულია კორუფციის ობიექტური და სუბიექტური მიზეზების მრავალმხრივი და საფუძვლიანი ანალიზის შედეგებით, იმ ერთგვარად გამოუვალი წრის შექმნით, რომელიც თავის მხრივ ჩვენი უახლესი სოციალურ-პოლიტიკური, ეკონომიკურ-სამართლებრივი და ზნეობრივი განვითარების სპეციფიკურ და თანდაყოლილ შედეგს წარმოადგენს. ამიტომ მივანიჭეთ აღნიშნულ სამსახურს ხელისუფლების სხვა ორგანოთა კანონიერი კონტროლის უფლება კორუფციული სამართალდარღვევების თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის თვალსაზრისით;
მესამე - თავისი ფუნქციური დატვირთვით კომისია არ არის მხოლოდ დამსჯელი ორგანო. მისი საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა კორუფციულ სამართალდარღვევათა ალბათობის შესამცირებლად ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური ხასიათის საკითხთა ანალიზი. მნიშვნელოვანია სამსახურეობრივი მოძიების ინსტიტუტიც, რომელიც არაკრიმინალური ხასიათის კორუფციულ სამართალდარღვევათა აღკვეთის გზით კორუფციული დანაშაულების პრევენციის საშუალებას იძლევა. რაც შეეხება ანტიკორუფციული სამსახურის უფლებას - აწარმოოს ოპერატიულ სამძებრო საქმიანობა, მოკვლევა და წინასწარი გამოძიება, იგი მთლიანად თავსდება კონსტიტუციისა და მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის ახლადმიღებული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა ფარგლებში. მაგრამ ეს იქნება გამონაკლისი. ეს ჯგუფი ვერ შეცვლის ვერც ერთ სამინისტროს. მან მხოლოდ პრინციპული, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საქმეები უნდა გამოიძიოს.
ამასთან მნიშვნელოვანია, რომ სამსახურის ყოველი უფლება შეესიტყვებოდეს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ნორმებს. თუ ამ მხრივ კანონპროექტის ცალკეული ნორმა ერთგვარად ბუნდოვანია, მისი დახვეწა იურიდიული ტექნიკისა და საპარლამემტო დებატების საქმეა და არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქცეს პოლიტიკური სპეკულაციის საფუძვლად.
მართალია, ჩვენს მიერ განსახილველად წარდგენილი კანონპროექტი იძლევა განსაკუთრებული უფლებების მქონე სპეციალური სამსახურის შექმნის საშუალებას, მაგრამ ეს სამსახური სხვა არაფერია, თუ არა პატიოსანი და მიუკერძოებელი კადრებით დაკომპლექტებული სამართალდაცვის ორგანო, რომელსაც დამატებით მინიჭებული აქვს ანალიზისა და დისციპლინური წარმოების უფლება.
ღრმად ვარ დარწმუნებული, თუ ხელფასის საკითხი მოგვარდება, საქართველოს პრეზიდენტი შეძლებს 25-30 აბსოლუტურად პატიოსანი, მოუსყიდველი და თავისი ქვეყნის თავდადებული პატრიოტი შეკრიბოს და გაუძღვეს ამ ბრძოლას ამგვარი მექანიზმის მეშვეობით.
ამ სამსახურის შექმნით კორუფციასთან ბრძოლაში არ იზღუდებიან სხვა სათანადო სტრუქტურები; ამავე დროს კანონპროექტი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის მოთხოვნათა განხორციელების მექანიზმია;
რა თქმა უნდა, შეგნებულად წავედით 25-30 კაცისთვის მაღალი ხელფასის მიცემაზე, რომლის უმთავრესი მიზანია მათთვის კორუფციული მოტივის მაქსიმალურად გამორიცხვა. ცხადია, კორუფციის მიზეზთა მოსპობის ერთ-ერთი უმთავრესი პირობა მთელი საზოგადოებისთვის მაღალი ხელფასის მიცემაა, მაგრამ გამოვდივართ ჩვენი შესაძლებლობებიდან, რომლის ფარგლებში შემოთავაზებული სამსახური დაცული უნდა იყოს ყოველგვარი ცდუნებისაგან, ხოლო სახელმწიფოსა და საზოგადოებას მაქსიმალური მომთხოვნელობისა და მომკითხველობის საშუალება ჰქონდეს.
ფუჭია იმის შიში, რომ ეს ორგანო იქცევა პოლიტიკური ანგარიშსწორების ბერკეტად. სხვათა შორის, თუ მის მიმართ ასეთ ეჭვებს გამოვთქვამთ, მაშინ იგივე შეიძლება ითქვას უშიშროების, შინაგან საქმეთა სამინისტროებზე, დაზვერვის სამსახურზე, რომლებიც ასევე პრეზიდენტს ექვემდებარებიან და მის ნებას ასრულებენ. ამის გარანტიაა მოკვლევის საპროკურორო ზედამხედველობა, წინასწარ გამოძიებაში პროკურატურის ხელმძღვანელობა, დაწყებული სასამართლო რეფორმა. ჩემი უშუალო მითითებით სამსახურის კონტროლის მიზნით შეიქმნა პრეზიდენტის სათათბირო ჯგუფი ხელისუფლების სამივე შტოს, აგრეთვე საზოგადოების, კერძოდ მასმედიის მონაწილეობით. ეს კომპლექსური კონტროლი გულისხმობს ამ სამსახურის გამჭვირვალობის მაქსიმალურ უზრუნველყოფას. მზადა ვართ მივიღოთ ამ თვალსაზრისით ყოველი კონსტრუქციული წინადადება, თუმცა საფიქრებელია, თუ რა იწვევს ოპონენტთა ასეთ მწვავე, ზოგჯერ ყოვლად მიუღებელი ფორმით გალაშქრებას კანონპროექტისა და პრეზიდენტის პოზიციის წინააღმდეგ.
კიდევ ვიმეორებ, ან დავძლევთ კორუფციას, ან საქართველო ვერ განვითარდება როგორც დამოუკიდებელი და დემოკრატიული ქვეყანა. საკითხი ასე დგას. ჩვენი მეგობრები, რომლებიც გვეხმარებიან თანხებით, ტექნიკით და ყველაფრით, პირდაპირ გვეუბნევიან თქვენ შეგიძლიათ გახდეთ სამაგალითო ქვეყანა და მიიღოთ ათჯერ მეტი, ვიდრე დღეს იღებთ.
რაც შეეხება საპარლამენტო კონტროლს, ამგვარი კონტროლი სამსახურის მიმართ სრული მოცულობით განხორციელდება, როგორც სამთავრობო დაწესებულების მიმართ. ამასთან მიზანშეწონილად მიმაჩნია სამსახურის ანგარიშის საპარლამენტო მოსმენა გაიმართოს წელიწადში ერთხელ მაინც.
ვიმედოვნებ, პარლამენტი გაიზიარებს ჩვენს მოსაზრებას და შესაძლებელი გახდება ამ ინსტიტუტის ამოქმედება. ვიმედოვნებ, რომ ამ საკითხის განხილვა პარლამენტში ჯანსაღ ვითარებაში წარიმართება.
ახლა კი ვუბრუნდები ძირითად კითხვას, რომელიც დასაწყისში ჩამოვაყალიბე.
როდესაც მიღწეულის შეფასებაზეა საუბარი, ყოველგვარი ზედმეტი მოკრძალების გარეშე უნდა განვაცხადო: საქართველოს პრეზიდენტმა თავის თანაგუნდელებთან ერთად, თანამოაზრეებთან ერთად შეძლო არაერთი თაობის ნააზრევი და ნაოცნებარი რეალობად ექცია, განესაზღვრა საქართველოს გეოპოლიტიკური ადგილი და ფუნქცია არა მარტო რეგიონში, არამედ მის ფარგლებს გარეთ (მაპატიეთ, თუ ჩემს თავზე ვლაპარაკობ და ჩემს როლს ვუსვამ ხაზს. იძულებული ვარ ასე მოვიქცე). საქართველო თანდათან იქცევა მთელი მსოფლიოსთვის საინტერესო და საჭირო სატრანსპორტო, საკომუნიკაციო დერეფნად, რაც რადიკალურად შეცვლის ქვეყნის ეკონომიკურ დონეს. ამ საუკუნოვანი მიზნის რეალიზაციის ფინიშს ვუახლოვდებით. გზის დასასრულის ლოგიკიდან გამომდინარე, კვლავაც არაერთი სიძნელის გადალახვა მოგვიწევს. მაგრამ ჩვენ უნდა შევძლოთ ამ ეტაპის ღირსეული გავლა. ყველამ ერთად, მთელმა საქართველომ უნდა დავუმტკიცოთ საკუთარ თავსაც და დანარჩენ მსოფლიოსაც, რომელსაც დღეს უკვე ნამდვილად სჭირდება საქართველო, რომ არათუ გადავრჩით უთანასწორო სისხლისმღვრელ ბრძოლაში, არამედ შევძლებთ ვატაროთ სტაბილური, მნიშვნელოვანი გეოეკონომიკური და გეოპოლიტიკური ფუნქციის მქონე სახელმწიფოს სტატუსი.
ბოლო ექვსი თვის მოვლენებში გარკვეული კანონზომიერება უნდა დავინახოთ. ის, რაც 9 თებერვლიდან დაწყებული ჩვენს ქვეყანაში ხდება, არის საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ დაგეგმილი მრავალსვლიანი პროვოკაციის, თუ გნებავთ, კომბინაციური ბრძოლის ნაწილი. ამისათვის ჩვენ მომავალშიც მზად უნდა ვიყოთ. ჩვენ უკვე ბევრი სიძნელე დავძლიეთ, ბევრ რამეს გავუძელით, მაგრამ არც უახლოეს ხანში გვექნება დალაგებული და იოლი ცხოვრება - საჭირო იქნება ბრძოლა. მივადევნოთ თვალი მოვლენათა ლოგიკას. 9 თებერვლის ტერაქტი - საქართველოს პრეზიდენტის ლიკვიდაცია ვერ მოხერხდა. დროის უმცირეს მონაკვეთში, სულ რაღაც 10 დღეში, ამოქმედდა გეგმის მეორე ნაწილი - მძევლების აყვანა და ტერაქტების სერია სამეგრელოში, რასაც სამეგრელოს დანარჩენ საქართველოსთან დაპირისპირება და კიდევ ერთი ძმათამკვლელი ომის გაჩაღება უნდა მოჰყოლოდა. გააზრებული შემხვედრი მოქმედებით ეს საფრთხეც ავიცდინეთ. ამას მოჰყვა უმძიმესი განსაცდელი - გალის ტრაგედია. თუ საქართველო აიცდენდა ფართომასშტაბიან ომში ჩაბმას, ჩვენი სტაბილურობისათვის ბოლო უნდა მოეღო გალიდან ლტოლვილთა უზარმაზარ ნაკადს, რის შედეგადაც შეიქმნებოდა ისეთი ვაკუუმი, რომელიც ხელისუფლებას ფაქტობრივად ქმედუუნაროს გახდიდა - ხელისუფლების სამივე შტო გადაიქცეოდა ანგარიშსწორებისა და ხელჩართული ბრძოლის ასპარეზად, რაც საბოლოო ანგარიშში, ქვეყანას დაუსრულებელი ქაოსის მორევში გადაჩეხავდა. მაგრამ ამ ნაბიჯ-ნაბიჯ გათვლილ მზაკვრულ გეგმაში გამორჩათ მთავარი - საქართველო აღარ არის ის, რაც 4-5 წლის წინ იყო. საქართველოს სახელმწიფოებრივი შენობა უკვე იმდენად მყარია, რომ მისი დანგრევა არ ძალუძს ისეთ მასირებულ შეტევასაც კი, როგორიც ჩვენ ყველამ ერთად 9 თებერვლიდან გადავიტანეთ. ამაში თითოეულ ჩვენგანს, ჩვენს მოსახლეობას ისტორიული დამსახურება მიუძღვის.
ჩვენ გალის დაბრუნების წარუმატებელი ცდა კი არ განვახორციელეთ, არამედ არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ყველა საშინაო თუ საგარეო პოლიტიკური ასპექტის გათვალისწინებით, ერთი მხრივ გადავარჩინეთ გალის რაიონის მოსახლეობა მასობრივ გენოციდს და, მეორეს მხრივ, საქართველოს თავიდან ავაცილეთ ახალი ომი, ახალი სისხლის კალო.
სხვათა შორის, იქ არიან უშიშროების საბჭოს წევრები, მათ შორის, თავდაცვის, უშიშროების, სხვა ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელები, რომლებთანაც ვარჩევდით საკითხს - შეგვიძლია და გვაქვს თუ არა მორალური უფლება, მივიღოთ გადაწყვეტილება ახალი ომის წამოწყების შესახებ. ჩვენ ყველა ერთსულოვანი ვიყავით: ამის გაკეთება შეუძლებელია, რადგან ნიშნავს საქართველოს დაღუპვას და, შეიძლება ითქვას, დამოუკიდებლობაზე უარის თქმას. ამიტომ ვთხოვ გალელებს, ზუგდიდელებს, რომლებმაც უმძიმესი ტკივილი გადაიტანეს, კიდევ ერთხელ გაგვიგონ.
გადაუჭარბებლად, კიდევ ერთხელ უნდა განვაცხადო, რომ საქართველოს წელში გადატეხა თუ ვერ მოხერხდა, ეს უწინარეს ყოვლისა, სამეგრელოს მოსახლეობის დამსახურებაა. სამეგრელომ გაუძლო მრავალთვიან ფსიქოლოგიურ ომს, რადგან მან ყველაზე უკეთ იცის მშვიდობიანი ცხოვრების ფასი. კიდევ ერთხელ მადლობა ყველას, მთელ მოსახლეობას, რაიონების გამგებლებს, სამართალდაცვის ორგანოების ხელმძღვანელებს და, რა თქმა უნდა, მადლობა ბონდო ჯიქიას, რომლის გაწონასწორებულმა და ბრძნულმა მოქმედებამ ბევრად განსაზღვრა ყოველივე ეს. გულდასაწყვეტი ერთია მხოლოდ, რომ ამ ბინძურ, გამოუცხადებელ ომში საქართველოს უბედური შვილებიც მონაწილეობდნენ.
თუ დამეთანხმებით, იმდენად დიდია ბატონი ბონდოს დამსახურება ამ ექსტრემალურ სიტუაციაში, რომ, ვფიქრობ, პრეზიდენტი არ შეცდება, თუ მიიღებს გადაწყვეტილებას მისი ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დაჯილდოების შესახებ.
მადლობას იმსახურებს ყველა გამგებელი, მინისტრი, რომლებიც ამ მძიმე დღეებში გალელებს მხარში ედგნენ, მათ შორის პრეზიდენტის აპარატის თანამშრომლები.
რადგან სამეგრელოზე ვლაპარაკობ, მინდა აღვნიშნო ერთი რამ. ბატონმა ჯამლეთ ბაბილაშვილმა ზოგიერთი სტატიის ციტირება მოახდინა გამოცემებიდან, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში იბეჭდება. მათში არა მარტო სამეგრელოზე, სხვა რეგიონებზეც იყო საუბარი - რომ აგორდება აჭარა, ჯავახეთი და სხვა. მე ძალიან ყურადღებით ვარ ჯავახეთის მიმართ და უნდა გითხრათ, რომ აქაური მოსახლეობა საქართველოს ნამდვილი მოქალაქეები და პატრიოტები არიან. აჭარასთან დაკავშირებით აღარ ვლაპარაკობ ჩვენ ამ შემოდგომაზე გვექნება საშუალება ძალიან ბევრი რამ ვთქვათ მის შესახებ იმასთან დაკავშირევით, რომ სრულდება დედასამშობლოსთნ აჭარის დაბრუნების 120 წელი. ჩვენ ეს თარიღი ღირსეულად უნდა აღვნიშნოთ. მას დაემთხვევა საქართველოს დიდი მოღვაწის მემედ აბაშიძის ძეგლის გახსნა.
ოპოზიცია უნდა ჰყავდეს ხელისუფლებას, მაგრამ არ შეიძლება პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე გერქვას და ოპოზიციაში ჩაუდგე საკუთარ სახელმწიფოს, შენივე მოქმედება შენივე ქვეყნის სახელმწიფოებრივი საფუძვლების მოსარყევად მიმართო, სახელმწიფოს ოპოზიცია სახელმწიფოს მოწინააღმდეგეა. ეს ის ხალხია, ვისაც პოზიცია არასდროს ჰქონია, საკუთარი ამბიციების დასაკმაყოფილებლად სხვისი ნების უტყვი აღმასრულებლები იყვნენ ყოველთვის და დარჩნენ დღესაც. მე კლიშეებისა და იარლიყების მიწებების ტრადიციას არ მივდევ. თავად ხალხია ბრძენი და მან უნდა მიუჩინოს ყველას საკადრისი ადგილი.
რა თქმა უნდა ჟურნალისტს შეუძლია ისარგებლოს კონსტიტუციით მინიჭებული თავისუფლებით. აქვე ვიტყვი, ვიდრე პრეზიდენტი ვარ, ამ მხრივ არავითარ შეზღუდვებს არ დავუშვებ. მაგრამ იგივე კონსტიტუცია ნუთუ ვინმეს ათავისუფლებს ეროვნული, ზნეობრივი და სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან?
ბოლოს და ბოლოს შეიძლება განაწყენებულთა პარტიის წევრადაც იქცე, მაგრამ ზნეობრივად გაუმართლებლად მეჩვენება, როცა პრესის თავისუფლების უფლებით ეროვნულ ინტერესებთან წინააღმდეგობაში მოდიხარ.
ეხ, ალბათ, ჩვენი სახელმწიფოებრივი მოუმწიფებლობის ბრალია. მე არ მინდა დავასახელო გვარი, მაგრამ გული მწყდება, როდესაც პიროვნება, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობას ემსახურებოდა და შეიძლება დღესაც ჰგონია, რომ მას ემსახურება, მსოფლიოში ცნობილ ტერორისტთან ერთად არის ფოტოგრაფირებული და ეს გამოქვეყნებულია პრესაში.
და კიდევ ერთი აზრი მინდა გამოვთქვა. აქ ძალზე საფუძვლიანად ითქვა, რომ ჯერ კიდევ დიდი ძალისხმევაა საჭირო, რათა საბოლოოდ იყოს გარანტირებული საქართველოს ყველაზე დიდი მონაპოვარი - თავისუფლება და დამოუკიდებლობა. ეს სიტყვა ახსენა ბატონმა მერაბ ბერძენიშვილმა. მანვე დღესდღეობით მოძალებული სიძულვილის, ლანძღვა-გინების ფონზე შეგვახსენა ისეთი მარადიული ფასეულობის მნიშვნელობა, როგორიც არის კულტურის ფენომენი, რომელიც თავისთავად გულისხმობს სამშობლოს სიყვარულს, მის ერთგულებასა და მისთვის თავდადებას!
მოდით, გადავხედოთ, რა ხდება ჩვენს ირგვლივ - ვგულისხმობ არა მარტო საქართველოს. რა ხდება თუნდაც ჩვენს დიდ მეზობელთან?
არის თუ არა უწყინარი მოწოდებები საბჭოთა კავშირის აღდგენის შესახებ? მე აქამდე არ მისაუბრია ამ თემაზე, მაგრამ, ვფიქრობ, ახლა უკვე არ მაქვს უფლება გავჩუმდე. ამ მოწოდების წყარო რუსეთშია. იგი თანდათანობით ძლიერდება. იქმნება ჯგუფები, ე.წ. „იაჩეიკები“ რესპუბლიკებში, ძლიერდება მუშაობა ოფიცერთა, მათ შორის გადამდგარ ოფიცერთა შორის, რომლებსაც შეუძლიათ, თუ დასჭირდათ, იარაღი აიღონ ხელში თავიანთი მიზნების მისაღწევად.
უცნაურობა ის არის, რომ რუსეთის ხელისუფლება დღემდე არ გაემიჯნა ამ „დერჟავნიკულ“ პლატფორმებს, არ დაგმო ისინი.
რადგან რუსეთი ვახსენე, მინდა, კვლავ დავადასტურო ჩვენი აბსოლუტური მზადყოფნა ვიცხოვროთ, მეზობლურად, მეგობრულად, თუ გნებავთ ძმურად, მაგრამ ვიცხოვროთ, როგორც ორმა დამოუკიდებელმა სახელმწიფომ, ისე, როგორც განვაცხადეთ ორმა პრეზიდენტმა.
ასეთი ურთიერთობა გამორიცხავს უფროს-უმცროსობას. და თუ მაინც უფროსობაზეა ლაპარაკი, ჩვენ მალე სახელმწიფოებრიობის 3000 წლისთავი უნდა აღვნიშნოთ. არ შეიძლება ურთიერთობა აიგოს ძლიერისა და სუსტის ლოგიკის საფუძველზე.
ახლა - პრაქტიკული მხარე. გაკეთდა ძალიან დიდი საქმე - საქართველოში მოიხსნა საზღვრის პრობლემა, რისთვისაც დიდ მადლობას მოვახსენებ რუსეთის ხელისუფლებას. მოვაწერეთ ხელი დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც ჩვენი საზღვრის ბატონ-პატრონი ჩვენი სასაზღვრო ჯარი და ძალოვანი სტრუქტურები არიან. მადლობელი ვართ, მაგრამ რა ვუყოთ 7-10 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო ტექნიკას, რომლებმაც რუსეთმა საქართველოდან გაიტანა. ეს ჩვენი კუთვნილება იყო. არც ერთი რესპუბლიკიდან რუსეთს სამხედრო ტექნიკა არ გაუტანია. შავი ზღვის ფლოტის განაწილებაში, მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, ჩვენ მონაწილეობას ვერ მივიღებდით. ერთი პატარა კატერიც არ დარჩენილა საქართველოში. დღეს თუ ფლოტი გვაქვს - ეს სხვების, ჩვენი მეგობრების დამსახურებაა.
და კიდევ. რატომ ვაძლევთ თავშესაფარს ქართველ თუ აზერბაიჯანელ ტერორისტებს, ვუქმნით მათ სასათბურე პირობებს, რისთვის ვინახავთ? მსოფლიოში ცნობილი ტერორისტი (არ ვიცი, რა განაჩენს გამოიტანს სასამართლო, მაგრამ დღეს მას „ინტერპოლი“ დაეძებს), რომელიც სულ არ არის ძნელი მოსაძებნი - ყველამ კარგად იცის სად იმყოფება - საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი ხდება. რისთვის ხდება ეს? იქნებ იმისთვის, რომ ის თეთრ ცხენზე თუ თეთრ ტანკზე ამხედრებული შემოვიდეს საქართველოში, როგორც თავის დროზე მე-11 არმია შემოვიდა. ეს არ მოხდება. ეს დრო აღარ დაბრუნდება. ჩვენ გავხდით დამოუკიდებელი და ამ დამოუკიდებლობას არავის და არაფრის გულისთვის არ დავთმობთ.
სხვათა შორის, აქვე მინდა ვთქვა, რომ შემოდგომაზე დანიშნულია დსთ სახელმწიფოთა მეთაურების შეხვედრა და მე გადაწყვეტილი მაქვს იქ ყველა ეს საკითხი დავაყენო.
კონფლიქტთან დაკავშირებით. აქ მოიტანეს ერთ-ერთი ასეთი ციტატაც : „კონფლიქტი აფხაზეთში არ უნდა მოწესრიგდეს, რადგან მისი მოწესრიგება რუსეთის ინტერესებში არ შედის“. მე ვიცი ვინც არის ავტორი და ვინც აფინანსებს ამ გაზეთს, რომელშიც ეს დაიბეჭდა. მე ვერ ვიტყვი, რომ რუსეთი დღეს იმავე პოზიციაზეა, რომელზეც იყო 1992-1993 წლებში, მაგრამ, სამწუხაროდ, შედეგი ჯერჯერობით არ ჩანს.
დსთ აღმასრულებელმა მდივანმა ბორის ბერეზოვსკიმ მინსკში ძალზე საინტერესო რამ განაცხადა. თუ თანამეგობრობამ ვერ შეძლო სისრულეში მოეყვანა აფხაზეთის კონფლიქტთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები, მაშინ მისი არსებობა აზრს კარგავს.
მივესალმები ასეთ პოზიციას. თუ თანამეგობრობას არ შეუძლია ებრძოლოს აგრესიულ სეპარატიზმს, რომელსაც უბედურება და სისხლისღვრა მოაქვს ქვეყნისათვის, მაშინ იგი მართლა ვერ იქნება დღეგრძელი.
ორიოდე სიტყვა იმასთან დაკავშირებით, რაც განსაკუთრებით აინტერესებს საქართველოს მოსახლეობას, უწინარესად, ლტოლვილებს. ცნობილია, რომ კონფლიქტის მოწესრიგების ღონისძიებები რუსეთის შუამავლობით მიმდინარეობს, ორმხრივი კონტაქტები იშვიათობას აღარ წარმოადგენს, მიმდინარეობს ჟენევის პროცესი, სერიოზულად ვემზადებით გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომისათვის და სხვა. ყოველივე ამის გარდა, მინდა გაცნობოთ, რომ შეიქმნა საერთაშორისო ტრიბუნალი. მისი შექმნის მოთხოვნას ჯერ კიდევ 2-3 წლის წინათ აქტიურად ვაყენებდი მეც და ბევრი სხვა გამოჩენილი მოღვაწე და პოლიტიკოსიც. ამ ტრიბუნალის წინაშე წარსდგება ყველა, ვისაც ჩადენილი აქვს დანაშაული კაცობრიობის წინაშე, ისეთი დანაშაული, როგორიცაა ეთნოწმენდა და გენოციდი. მათ უნდა იცოდნენ, რომ პასუხისგება მოუწევთ მსოფლიო სასამართლოს წინაშე.
მინდა ვთხოვო ჩვენს იურისტებს, რომ სამართლიანი შეფასება მიეცეს იმ გამოსვლებს, განცხადებებს, რომელიც საქართველოს ერთიან კომპარტიაში ხდება, შეფასება აუცილებელია, ყოველ შემთხვევაში, იმისა, თუ რატომ მოხდა, რომ ტერორისტი აირჩიეს ცკ-ის წევრად. რომელი კონსტიტუციის ფარგლებში თავსდება ასეთი რამ? ვფიქრობ, ეს ანტიკონსტიტუციური ქმედებაა, რომელიც სათანადოდ უნდა შეფასდეს.
სხვათა შორის, ბატონი პანტელეიმონი მედავება, შევარდნაძე მდიდარი კაციაო, მე ვპასუხობ: შე ოჯახაშენებულო, დაწერე ისეთი წიგნი, რომელიც გამოიცემა მსოფლიოს 30 ქვეყანაში და საკმაოდ კარგი შემოსავალი გექნება, მოიპოვე ემანუილ კანტის პრემია - 250 ათასი დოლარი, ნიქსონის, აღმოსავლეთ-დასავლეთის ცენტრის პრემიები და სხვები. იმოქმედეთ, იმუშავეთ, დაწერეთ, მიიღეთ პრემიები, მე რატომ მედავებით იმას, რაც ჩემი ოფლით, შრომით, ჭკუითა და ცოდნით დამიმსახურებია და ჩემი ინტელექტუალური საკუთრებაა. ესეც იმაზე მიუთითებს, რამდენად პრიმიტიულია ასეთი ხალხის აზროვნება. პრიმიტიულად მოაზროვნე ხალხი კი არ შეიძლება სათავეში ჩაუდგეს სახელმწიფოს. რისი იმედი აქვთ? იქნებ იმის, რომ იქ, იმ დიდ ქვეყანაში მოვლენ ხელისუფლებაში და მერე რეკონსტრუირებული წითელი ხიდით შემოჯლიგინდებიან საქართველოში. ეს არ მოხდება.
ერთიც - ცოტა გაუგებარი ხომ არ არის ზოგიერთი გახმაურებული სასამართლო პროცესის საშიში და ტენდენციური ინტერპრეტაცია მანამ, სანამ განაჩენი გამოტანილი არ არის? მე მგონი, ვერავინ იტყვის, რომ ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელმა გამოხატა თავისი პოზიცია და ეს ვინმეს უკარნახა. მაგრამ ხომ ჩარევაა მორალური რეაბილიტაციის მცდელობა იმ პირებისა, რომელთა უშუალო მოქმედებასთან დაკავშირებულია მშვიდობიანი მოსახლეობის დაწიოკება, ყაჩაღობა, ტოტალური ქაოსი და განუკითხაობა, სოხუმის კედლებთან სამხედრო ბატალიონების მოხსნა, მსგავსი რამ, ნებსით თუ უნებლიეთ არის საკუთარი თავისუფლების საკუთარივე ხელებით შეზღუდვის მცდელობა. საკმარისია აღიდგინოთ ხუთიოდე წლის წინანდელი ჩვენი ყოფა და უთუოდ დამეთანხმებით თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის რეალური საფრთხის არსებობაში.
იმის გათვალისწინებით, რომ იგორ გიორგაძისადმი წაყენებული ბრალდება პრეზიდენტს უკავშირდება, მე ყოველნაირად ვცდილობდი გვერდი ამევლო მის საკმაოდ ხშირ ინტერვიუებში დახვავებული უტიფარი ცილისწამებისათვის. ვიმედოვნებ, რომ სამართალდამცავი ორგანოები კანონის ფარგლებში, კანონის დაცვით გააკეთებენ შესაბამის რეაგირებას.
ნება მიბოძეთ ცოტა ვრცლად შევჩერდე ამ ეტაპზე ქვეყნის პოლიტიკური სტაბილურობის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე.
სამართალდაცვის სტრუქტურების მუშაობის ხასიათი, შინაარსი და, თუ გნებავთ, ეფექტიანობაც მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული ქვეყნის საერთო მდგომარეობაზე, პოლიტიკურ სტაბილურობაზე.
ამიტომ შეუძლებელია უყურადღებოდ დავტოვოთ ის ბოლოდროინდელი პოლიტიკური პროცესები, რომლებიც უშუალო ზეგავლენას ახდენენ უმთავრესი ამოცანის განხორციელებაზე - ქვეყნის მოდერნიზაციაზე, სწორედ პოლიტიკური სტაბილურობა უზრუნველყოფს პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და საზოგადოებრივი ურთიერთობების დემოკრატიულ საწყისებზე განვითარებას. დემოკრატიული არსით პოლიტიკური სტაბილურობა არც პოლიტიკური მონიზმია და არც პოლიტიკური ქაოსი. ესაა საზოგადოების პლურალისტური და, იმავდროულად, მდგრადი განვითარება, რომელშიც პოლიტიკური პროცესების რაციონალური თავისუფლება ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების აღმავალ განვითარებას. ესაა მიზანი! ამ მიზნისაგან ჩვენ ჯერ კიდევ შორსა ვართ, რადგან თავისთავად რთულია პოლიტიკური თავისუფლებისა და სამართლებრივი ფორმების თანაბრად შეთავსება. ეს არის დემოკრატიის სირთულეც და სიკეთეც. ჩვენ ამ გზით მოძრაობა ვარჩიეთ და მისი წარმატებული გავლა დამოკიდებული იქნება გარდამავალი მდგომარეობის დროულ დაძლევაზე.
საქართველოს საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი განვითარების თანამედროვე სპეციფიკიდან გამომდინარე, პოლიტიკურ სტაბილურობის, და მაშასადამე, მოდერნიზაციის უზრუნველმყოფელ ძირითად მეთოდოლოგიურ ამოცანებს შეიძლება მივაკუთვნოთ შემდეგი:
- ტრადიციულისა და უნივერსალურის თანაფარდობის დაცვა.
ესაა გარდამავალ პერიოდში პოლიტიკურ სტაბილურობისა და მოდერნიზაციის განმსაზღვრელი უპირველესი და ურთულესი პრინციპული პირობა.
საკმარისი არაა უნივერსალური ღირებულებებისა და პრიორიტეტების მხოლოდ აღიარება, თუნდაც შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შექმნა. მთავარია მათი დანერგვა-დამკვიდრების დროული და მართებული ტაქტიკა. არცთუ იშვიათად საჭირო ხდება შესაბამისი გარემოსა და ნიადაგის მომზადება; თითქოსდა ერთი შეხედვით მომწიფებული გადაწყვეტილებების შესრულების დახანება.
ქრონოპოლიტიკის არსი ის არის, რომ პოლიტიკური ცვლილებები შევუსაბამოთ საზოგადოებაში მიმდინარე რეალურ ცვლილებებს. ამიტომაც პოლიტიკური ცვლილებების წინმსწრები ტემპის ხელოვნური შეჩერება ზოგჯერ აუცილებელია, რათა ეკონომიკურმა და სოციოკულტურულმა გარემომ მოასწროს ახლის ათვისება და მიმდინარე ცვლილებებზე ადეკვატური რეაგირება. ამას საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე ვამბობ.
ასე რომ არ იყოს, მაშინ ძალზე მარტივი იქნებოდა დემოკრატიზაციაც და პოლიტიკური მართვაც; მაშინ აღარ გვექნებოდა ჩვენი და სხვა პოსტსაბჭოური ქვეყნების მწარე გამოცდილება, როცა ნაჩქარევმა გადაწყვეტილებებმა ვერათუ ვერ პოვეს რეალიზაცია, არამედ უკუშედეგებიც კი გამოიღეს...
ამ ჭეშმარიტების შეხსენება საჭიროდ მივიჩნიე იმდენად, რამდენადაც გახშირდა შემოტევები ხელისუფლების რეფორმატორული ტემპისა და ნების უკმარისობის ბრალდებით ყოველგვარი ფაქტისა და არგუმენტის გარეშე. მე მზად ვარ, ნებისმიერ ოპონენტთან ვიკამათო ამ საკითხებზე და იმედი მაქვს, მოსახლეობა საბოლოოდ გაერკვევა ჭეშმარიტებაში.
ჩვენი მოძრაობის ტემპს კი სწორედ ძველი სისტემიდან ახალზე გადასვლის კანონზომიერებანი განსაზღვრავს. ამ კანონზომიერების დარღვევა შეიცავს დესტაბილიზაციის ყველაზე მეტ შესაძლებლობას, რითაც მართლაც დავკარგავთ არა მარტო ტემპს, არამედ საერთო მოდერნიზაციის უმთავრეს პირობას - პოლიტიკურ განვითარებას.
ფაქტების ამ თანამიმდევრობაში, ალბათ, არ უნდა გინდოდეს რეალობის შეცნობა, რომ საქართველოს პრეზიდენტს ავტოკრატულობის ბრალდება წაუყენო, მით უფრო, რომ, ჩემდა სამწუხაროდ, თითქმის ყოველთვის არსებობდა და ამჟამადაც არსებობს პოლიტიკური დემოკრატიის შეზღუდვისა და ავტოკრატული სისტემის დამკვიდრების ნიადაგი. ჩემი უარი ამ ცდუნებაზე განპირობებულია მხოლოდ დემოკრატიის ერთგულებით. ამდენადვეა რთული ეს არჩევანი და ჩემი ოპონენტებიც, ვფიქრობ, უნდა ინაწილებდნენ იგივე ნარეკლიან გზაზე სიარულის ხვედრს. მხოლოდ ამგვარად შეიძლება პოლიტიკური განვითარების შენარჩუნება და მოდერნიზაცია.
და ბოლოს, ხელისუფლების და განვლილი პერიოდის მეტ-ნაკლებად ობიექტური შეფასება უნდა გამომდინარეობდეს ჩვენი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი არსიდან და სპეციფიკიდან. მისი მეთოდოლოგიური მნიშვნელობა სწორედ რომ ობიექტურობისა და პოლიტიკური რეალიზმის საფუძველია.
- პოლიტიკური სტაბილურობის განმსაზღვრელი შემდეგი ძირითადი ამოცანაა კონფლიქტის დაძლევა.
კლასიკური პარადიგმით კონფლიქტი თავისთავად უკვე დესტაბილიზაციის ფაქტორია. მმართველობის დემოკრატიული სისტემის დანიშნულებაა ამ კონფლიქტთა გამოვლენა და გადაწყვეტა. მაგრამ როცა ლაპარაკია პოლიტიკურ სტაბილურობასთან კონფლიქტების მიმართებაზე, ალბათ, უნდა ვცადოთ კონფლიქტთა დიფერენცირება ხასიათისა და გავრცელების მასშტაბის მიხედვით. ერთია ლოკალური და სიტუაციური კონფლიქტები, რომლებიც სისტემის დესტაბილიზაციის შესაძლებლობას არ შეიცავენ, და მეორეა გლობალური და გრძელვადიანი, დამღუპველი კონფლიქტები.
ჩვენი ქვეყნისათვის კი პოლიტიკური სტაბილურობის აქტუალურობას ის განაპირობებს, რომ მასში არის როგორც გარდამავალი საზოგადოებისათვის დამახასიათებელი შინაგანი, ისე გარედან თავსმოხვეული კონფლიქტები.
ამ უკანასკნელს განეკუთვნება სწორედ ეთნოკონფლიქტები. ვიდრე ისინი ჩვენი საზოგადოების დესტაბილიზაციის საფრთხეს ქმნიან - პოლიტიკური სტაბილურობის დანიშნულება განისაზღვრება იმ ლოკალური მიზნით, რომ შევამციროთ და ავიცილოთ ყველა სხვა დანარჩენი კონფლიქტები.
ამიტომ სავსაბით ბუნებრივია, რომ დღევანდელი საქართველოს მრავალფეროვანი პოლიტიკური სპექტრისათვის, მთელი მოსახლეობისათვის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ყველაზე უფრო აქტუალური საკითხია.
როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა, არ შემიძლია გულწრფელად არ ვაღიარო ამგვარი მიზნობრივი ერთიანობით გამოწვეული აღფრთოვანება და სიამაყე, ამავე დროს გულისტკივილიც უნდა გამოვხატო იმის გამო, რომ საარსებო მნიშვნელობის პრობლემა არცთუ იშვიათად, პოპულიზმის, პოლიტიკური სპეკულაციის, კერძო და პირადი ინტერესების ფარგლებში ექცევა. აღარ მინდა დავწვრილმანდე იმ დაბალი მოქალაქეობრივი კულტურისა და პოლიტიკური მოუმწიფებლობის გამოვლინებაზე. როცა ქვეყნის პრეზიდენტს აფხაზეთის ან სამხრეთ ოსეთის (გნებავთ, სამაჩაბლოს) გაყიდვის ბრალდებასაც უყენებენ. თურმე, ნუ იტყვით, საქართველოს ყველა პოლიტიკურ ძალას მთლიანი საქართველოს მოქალაქეობის სურვილი ამოძრავებს, ედუარდ შევარდნაძეს კი დაქუცმაცებული ქვეყნის პრეზიდენტობა ურჩევნია. თუ რა არის ამგვარი აბსურდის საფუძველი, ქვემოთ მოგახსენებთ. ახლა კი მცირედი განმარტებისათვის:
მაინც მგონია, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის სტრატეგიისა და ტაქტიკის განმასხვავებელი უნდა ვეძებოთ, ერთი მხრივ, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის და, მეორე მხრივ, პოსტსაბჭოური სივრცის (მათ შორის ჩვენი) კონფლიქტების ხასიათის სხვადასხვაგვარ გაგებაში.
პირველ შემთხვევაში ლაპარაკია თავისუფლებისა და ისტორიული შეზღუდულობის თანაფარდობაზე. როგორც წესი, სწორედ ამ თანაფარდობის დარღვევა და გაუთვალისწინებლობა ხდება მცდარი ტაქტიკის უპირველესი მიზეზი.
ვიტყვი მოკლედ: ვინც ქვეყნის დამოუკიდებლობასა და მის წინაშე მდგომ პრობლემათა ხასიათს მხოლოდ საქართველოს ფარგლებში „აქცევს“, შეგნებულად თუ შეუგნებლად მიდის საკითხთა გამარტივებისა და იაფასიანი ეროვნული პოპულიზმის გზით.
პოსტსაბჭოური კონფლიქტების საერთო ხასიათი ის არის, რომ თანმხვედრია დამოუკიდებლობისა და დემოკრატიზაციის გარდამავალი პერიოდისა. პოსტსაბჭოური სივრცე კი მხოლოდ გეოგრაფიული ცნება როდია. იგი, უწინარესად მოდერნიზმის ერთობლივ და კერძო პრობლემათა თანაფარდობის გათვალისწინებას გვაიძულებს. ეს საერთო და გადმოყოლილი სივრცე არის ჩვენი რეალური დამოუკიდებლობის დროში შემზღუდველიც და კონფლიქტთა მიზეზიც. ამ ისტორიულად იძულებითი სივრციდან ერთბაშად გამოსვლა მარტო საკუთარ ნებას აღემატება.
ასე რომ, რეალური ისტორია მხოლოდ ჩვენი არჩევანით არ განისაზღვრება. იგი უმეტესწილად დამოკიდებულია აღნიშნულ სივრცეში მიმდინარე ძალთა ბალანსზე. მაგრამ დღეს ეს ძალები ურთიერთწინააღმდეგობაში ექცევიან იმ უმთავრესი მიზეზის გამო, რომ ცდილობენ საკუთარი ისტორიული არჩევანი თავს მოახვიონ სხვებს.
მეტნაკლებად ამ ვითარებაშია აღნიშნული სივრცის ყველა სუბიექტი. მას თავი ვერ დააღწია თვით რუსეთმაც. მაგრამ პოსტსაბჭოური სივრცის ტრანსფორმირების საერთო ხასიათი გვაიძულებს, ვიმოძრაოთ არსებულ რეალობათა ფარგლებში. რა თქმა უნდა, მასში უკეთაც შეიძლებოდა „გადაადგილება“, მაგრამ წარსული შეცდომების შედეგებს ერთბაშად ვერ მოხსნი.
ამ ჭეშმარიტების შეხსენება საჭიროდ მივიჩნიე იმდენად, რამდენადაც ხშირია შემოტევა ხელისუფლების ნების უკმარობის ბრალდებით.
თუ ნებაში სურვილი გვესმის, მაშინ ვინ უწყის, იქნებ, საქართველოს პრეზიდენტს ყველაზე უფრო მეტად აქვს ამგვარი ნება. მაგრამ დღევანდელ პირობებში რეალისტური პოლიტიკის წარმოება არცთუ იშვიათ შემთხვევაში მოითხოვს საკუთარ სურვილებზე მაღლა დადგომასა და სწორედ რომ ნების იძულებით შეზღუდვას. ყოველი ქვეყნის პრეზიდენტი დგას და იდგება ასეთი იძულების წინაშე, მით უმეტეს საქართველოს პრეზიდენტი, მით უმეტეს დღევანდელ პირობებში. და კიდევ ერთი: მხოლოდ პრეზიდენტის ნებაც თავისთავად საკმარისი არაა, პრეზიდენტის ნება უნდა ეყრდნობოდეს საზოგადოების მზადყოფნას.
ამიტომაც არის, რომ ამ გზაზე წარმატების მიღწევა მხოლოდ ჩვენი მაღალი ეროვნული, სახელმწიფოებრივი და სამოქალაქო ცნობიერებით, ჩვენივე ცხოვრების ცივილიზებული და კანონიერი წესის დამკვიდრებით შეიძლება. ასე რომ რეალური დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის გადაჭრა პირდაპირ არის დამოკიდებული ქვეყნის საშინაო მდგომარეობაზე, მის შინაგან რესურსებსა და თვითორგანიზების უნარზე. სამართლებრივი სახელმწიფო, სამოქალაქო საზოგადოება, კანონის უზენაესობა, პოლიტიკური პლურალიზმი, საბაზრო ეკონომიკა არის ჩვენი პრობლემების გადაჭრის უმთავრესი საშუალება. ეს უნდა ვაქციოთ ძირითად ფრონტად. ამ გზით უნდა მოვიგოთ ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებული მშვიდობიანი ომი (მე ამგვარი ომის მომხრე ვარ და მჯერა, რომ გამოვხატავ დროის მოთხოვნას). გერმანიის, იაპონიის, ჩინეთისა და სხვა სახელმწიფოების უახლესი გამოცდილება ასეთივე სტრატეგიისა და ტაქტიკის მართებულობას მოწმობს.
რაც უფრო გაძლიერდება საქართველო, რაც უფრო სწრაფად დავდგებით ფეხზე ეკონომიკურად, რაც უფრო ჯანსაღი იქნება ჩვენი ფინანსები, რაც უფრო გაძლიერდება ჩვენი არმია, მით უფრო მოახლოვდება ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დღე.
- პოლიტიკური სტაბილურობის შემდეგი ძირითადი ამოცანაა აღმასრულებელი ხელისუფლების განმტკიცება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ განვითარების დღევანდელი ეტაპი საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ ის ძირეული პოლიტიკური პრიორიტეტი, რომელიც იქნება ძლიერი საშინაო პოლიტიკის, და მაშასადამე, ეფექტიანი საგარეო პოლიტიკისა და საერთო სტაბილურობის საფუძველი. ასეთი პრიორიტეტული მიმართულებაა ხელისუფლების აღმასრულებელი ფუნქციის მაქსიმალიზაცია, რაც ამავდროულად სისტემის ოპტიმალური ფუნქციონირების პირობაა. ჩალის ფასი აქვს საუკეთესო საკანონმდებლო ბაზას, თუკი მიღებული გადაწყვეტილებები ვერ პოულობს პრაქტიკულ ხორცშესხმას. თუ კანონ-გადაწყვეტილებები პანაცეად ვაქციეთ, ნებისმიერი სისტემა, მიუხედავად მისი არსისა და „იზმებისა“, განწირულია. სწორედ აღმასრულებელი ფუნქციის გაძლიერების საჭიროებამ განაპირობა კიდეც დებატები შესაძლო საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ. ამ დებატებიდან გამომდინარე ძირეული დასკვნა მდგომარეობს იმაში, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს, ხელისუფლების ბუნების, მისი ხასიათის შეცვლას საზოგადოება იოლად არ მიიღებს, მაშასადამე. ლაპარაკი უნდა იყოს ხელისუფლების ეფექტიანობის ამაღლებაზე, ზრდის უფრო მაღალ ტემპზე, დაგროვებული გამოცდილების ეფექტიანად გამოყენებაზე. ეს კი არსებული საკადრო კორპუსის წინაშე საგანგებო ამოცანებს აყენებს.
მე მგონია, რომ ჩვენ ყველა ერთი აზრის უნდა ვიყოთ. თუ ვატყობთ, რომ ჩვენი ცოდნა, გამოცდილება მოძველდა, ჩვენი ენერგია საკმარისი აღარ არის ამა თუ იმ პრობლემის გადასაწყვეტად, მაშინ საკუთარმა სინდისმა უნდა გვიკარნახოს, რომ დროზე წავიდეთ. მე ყველას მივმართავ, რწმუნებული იქნება, გამგებელი, მინისტრი თუ დეპარტამენტის ხელმძღვანელი. დღეს ყველაფერი დამოკიდებულია აღმასრულებელი ხელისუფლების ეფექტიანობაზე, იმაზე, თუ როგორ გავითვალისწინებთ ქვეყნის ინტერესებს.
აღმასრულებელი ფუნქციის გაძლიერება გულისხმობს სამართლებრივი სახელმწიფოსა და კანონის უზენაესობის დამკვიდრების გზაზე გადადგმულ პოლიტიკურ ნაბიჯს. იგივე შექმნის ადამიანის უფლებათა დაცვის რეალურ საფუძვლებს. მაგრამ ამ პოლიტიკურ ნაბიჯის პრაქტიკული განხორციელება პირდაპირ უკავშირდება ჩვენი ცხოვრების წესის მოწესრიგებას, მაშასადამე, კანონიერების, სამართლდაცვის სტრუქტურებისა და სისტემის მაქსიმალურ ამოქმედებას. არა კანონის გამკაცრება, არამედ მისი აღსრულების გამკაცრება! მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მდგრადობის მიღწევა.
როცა ვლაპარაკობდი პოლიტიკურ სტაბილურობაზე, მხედველობაში მქონდა, უწინარეს ყოვლისა, ქვეყნის პოლიტიკური განვითარების თავისუფალი და ცივილიზებული ფორმების უზრუნველყოფა, როგორც ეკონომიკური აღმავლობაა შეუძლებელი ბაზრის სტიქიის შეზღუდვისა და თავისუფალი კონკურენციის გარეშე, ასევე შეუძლებელია პოლიტიკური განვითარება თავისუფალი კონკურენციის, მაგრამ პოლიტიკური სტაბილურობის გარეშე, ეს იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკური სტაბილურობა უნდა ემსახურებოდეს იმ პოლიტიკურ ძალთა დაწინაურებას, რომლებიც ყველაზე მეტად აკმაყოფილებენ ეპოქისა და, მაშასადამე ამომრჩეველთა ინტერესებს.
შეგახსენებთ, რომ საზოგადოება უახლოვდება დიდ და მრავალეტაპობრივ მარათონს - ადგილობრივ, პარლამენტისა და პრეზიდენტის არჩევნებს.
ამასთან დაკავშირებით - რას ნიშნავს ეგრეთ წოდებული მოძრაობა და ხელმოწერების შეგროვება საქართველოს პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით. ამ რამდენიმე წლის წინათ მე თვითონ გამოვედი და ვთქვი, რომ გადავდექი ჩემს მიერ დაკავებული თანამდებობიდან. ნახევარი თბილისი გამოვიდა, რუსთაველის გამზირზე დაიჩოქა და მე იძულებული გავხდი, უკან წამეღო ჩემი სიტყვები.
ახლა მე დავიწყო სირბილი ქალაქებსა და რაიონებში იმის საჩვენებლად, თუ ვინ არის ედუარდ შევარდნაძის გადადგომის წინააღმდეგი, და გავეჯიბრო იმ ხალხს, ვისაც სხვა საქმე არ აქვს? (სხვათაშორის მე ვურჩიე კიდეც, რა საგანია, რომელიც უსაქმურ კაცს გამოადგება). როგორ მოვიქცეთ? კონსტიტუცია ხომ ამას არ ითვალისწინებს. კონსტიტუციის მიხედვით ხომ არც რეფერენდუმის ჩატარება, არც ხელმოწერების შეგროვება არ ნიშნავს პრეზიდენტის გადადგომას. მე მივმართავ იმ ადამიანებს, დავუშვათ მოაგროვეთ ხელმოწერები, ვთქვათ 100 ათასი, ან მეტი, ან ნაკლები. ზოგი ნამდვილი იქნება, ზოგიც ფალსიფიცირებული... მერე რა იქნება? წამოუყენებთ პრეტენზიას პრეზიდენტს: ამდენმა კაცმა მოითხოვა შენი გადადგომა და უნდა გადადგეო? ვთქვათ, მე ვთქვი, რომ, თუ ჩემს ქვეყანაში ამდენ კაცს არ უნდა შევარდნაძე გადავდგები... რა მოხდება მერე? დღევანდელი პრეზიდენტი არის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური, მასზე დამოკიდებულია ქვეყნის ცხოვრება, სტაბილურობა, განვითარება... რამდენი ხნით შეჩერდება ეს პროცესი?! გარდა ამისა, ხომ დაჭამენ ერთმანეთს!... აქ თქვეს, თუ რამდენი პარტიაა საქართველოში. არ აქვს მნიშვნელობა დიდია თუ პატარა - რაც უფრო პატარაა, მით უფრო დიდი ამბიცია აქვს... ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო დაუბრუნდეს 1991-1993 წლებს...
ბატონებო, თქვენ უმაღლესი განათლების დიპლომები გაქვთ, გაიხსენეთ, რას სწავლობდით უმაღლეს სასწავლებლებში. ყოველ შემთხვევაში, ის კაცი, ვინც ამ მოძრაობას უდგას სათავეში, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ისტორიის სპეციალისტია. საქართველოს ისტორია და მისი გაკვეთილები მაინც წაიკითხეთ.
პირდაპირ მინდა განვაცხადო: ყოველივე ეს დღეს საქართველოს არასტაბილურობის ჭაობში ჩათრევას ნიშნავს. ამის უფლებას არ მოგცემთ. რამდენი ხელმოწერაც უნდა შეაგროვოთ - ათასი თუ ათი ათასი. არც ხალხი მოგცემთ ამის უფლებას და არც საქართველოს პრეზიდენტი გაიქცევა თავისი კაბინეტიდან. და თუ განგებამ ინება, იქნებ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში შევარდნაძესთან გქონდეთ საქმე. დასასრულ მინდა ვთქვა შემდეგი:
დამოუკიდებლობის გზა საქართველოსთვის მართლაც რომ რთული და წინააღმდეგობრივი, ზოგიერთ შემთხვევაში დრამატულიც აღმოჩნდა. განვლილი ათიოდე წელი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი, სულიერი და ყოფითი გარდაქმნის თვალსაზრისით, უაღრესად ტევადი და მრავალფეროვანი ეპოქაა, რომლის პირობებშიც ხორცს ისხამდა ჩვენი სამოქალაქო და ეროვნული მეობა. ამიტომ, იქნებ მცირე ქვეყნის, მაგრამ ძლიერი გენის მსოფლიო ცივილიზაციაში დამკვიდრება სწორედ დიდი ტკივილების გზით უნდა წარმართულიყო.
ალბათ, ასე გვეწერა, ასეთი იყო უზენაესის ნება.
ეს ტვირთი საერთო ძალისხმევით, თანადგომით, შემწყნარებლობითა და მომავლის უშრეტი რწმენით გავინაწილეთ და დამოუკიდებლობის უდიდესი ისტორიული გამოცდილება შევიძინეთ. სწორედ ესაა ჩვენი შემდგომი წინსვლისა და ოპტიმიზმის უპირველესი საშუალება და საფუძველი.
ჩვენ შევძელით პოლიტიკური რომანტიზმის რაციონალურ, პრაგმატიკულ საწყისებზე დაფუძნება და ესეც ჩვენი უდიდესი მონაპოვარია. იგი კონკრეტულ გამოხატულებას პოულობს დამოუკიდებლობისა და დემოკრატიზაციის რეალური და მძლავრი ეკონომიკური, სოციალური, ღირებულებითი და პოლიტიკური წანამძღვრების შექმნით. ეს ის მონაპოვარია, რომელიც ადგილს აღარ უტოვებს არათუ საბჭოური მოდელის, არამედ იაფფასიანი ეროვნულ-პოპულისტური იდეოლოგიის რეკონსტრუქციის შესაძლებლობას.
რა თქმა უნდა, კვლავ გვაწუხებს მრავალი, მათ შორის ქვეყნის სასიცოცხლო მნიშვნელობის პრობლემების დაუძლევლობა, მაგრამ მთავარზე მთავარი - ძირითადი მიმართულებითი მოძრაობა შენარჩუნებულია. ამიტომ ვინც ცდილობს, რომ დემოკრატიის ობიექტური წინააღმდეგობანი, პოლიტიკური პლურალიზმი და ჯერჯერობით გადაუჭრელ პრობლემათა სიმძაფრე გამოიყენოს ისტორიის ჩარხის უკუღმა შეტრიალებისათვის, დესტაბილიზაციისა და ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის, ნებსით თუ უნებლიეთ, იქცევა საერთო მოძრაობის წინაღობად და პოლიტიკურად ჩამორჩენილი მატარებლის მგზავრად. ქვეყანა რთულად, თანდათანობით, მაგრამ მყარად შედის განვითარების იმ ფაზაში, რომელმაც დადებითი პასუხი უნდა გასცეს თანამედროვე ეპოქის გამოწვევას - არის თუ არა საქართველო ცივილიზებული მსოფლიოს თანამგზავრი!
დიახ, საქართველო არის ცივილიზებული მსოფლიოს თანამგზავრი და მისი ღირსეული წევრი.
გმადლობთ.
„რეალური დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის გადაჭრა პირდაპირ არის დამოკიდებული ქვეყნის საშინაო მდგომარეობაზე“ : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის გამოსვლა საქართველოს მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე 1998 წლის 24 ივლისს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 25 ივლისი. - №187 (2887). - 1,2,3 გვ.
![]() |
13 „ქვეყანა შედის განვითარების ახალ ფაზაში, ახალ ეტაპზე კი მთავრობის გარკვეული გადახალისება აუცილებელია“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
27 ივლისის რადიოინტერვიუ
გასულ კვირას გაიმართა მთავრობის ორი გაფართოებული სხდომა, პრინციპში, წინა მსგავსი ანალოგიური სხდომებისგან განსხვავებული. აქ არ იყო მსჯელობა მარტოოდენ კონკრეტულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებზე. იყო სტრატეგიული მნიშვნელობის სახელმწიფო კონცეფციების ერთგვარი განხილვა. სამართალდამცავებთან შეხვედრაზე თქვენ ერთი ფრაზა თქვით: ის, რაც 9 თებერვლიდან მოყოლებული საქართველოში ხდება, დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართული თანამიმდევრული ბრძოლის მაჩვენებელიაო. შემდეგ თქვენ ერთმანეთს დაუკავშირეთ 9 თებერვალს პრეზიდენტის წინააღმდეგ განხორციელებული ტერორისტული აქტი, გაეროს მეთვალყურეთა გატაცება და სამეგრელოში მომხდარი ტერორისტული აქტები, რომლებსაც ომი უნდა მოჰყოლოდა, და გალის ტრაგედია, რასაც ლტოლვილების პოლიტიკური გააქტიურება უნდა გამოეწვია, და ბოლოს ასეთი დასკვნა გამოიტანეთ: საქართველო აღარ არის ის ქვეყანა, როგორიც 4-5 წლის წინათ იყოო... - ჟურნალისტ ნატო ონიანის თხოვნით, ამ თემაზე საუბრით დაიწყო თავისი ტრადიციული ორშაბათის რადიოინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ.
- მთავრობის სხდომა ფართოდ გააშუქა საქართველოს მასმედიამ - როგორც ოფიციოზმა, ასევე დამოუკიდებელმა პრესამ და ტელევიზიამ. და მე ამ მხრივ მხოლოდ მადლობა მეთქმის. ამთავითვე უნდა მოგახსენოთ, რომ ეს იყო ძალზე დროული და მნიშვნელოვანი. მე ვიტყოდი, სახელმწიფოებრივად აუცილებელი ღონისძიება, რომელშიც მინისტრებისა და ადგილობრივ ადმინისტრაციათა ხელმძღვანელების გარდა აქტიურად მონაწილეობდნენ პარლამენტარები, ახალგაზრდები, ახალგაზრდობის ორგანიზაციების, რა თქმა უნდა, ქართველი ინტელიგენციის - ჩვენი სულიერი არისტოკრატიის წარმომადგენლები. დიდი მადლობა მინდა მოვახსენო ჩვენს შესანიშნავ მოქანდაკესა და საზოგადო მოღვაწეს მერაბ ბერძენიშვილს, რომლის ბრწყინვალე ბრძნული გამოსვლა სხდომაზე, ვფიქრობ, მთელი ქართველი ინტელიგენციის გულისთქმას გამოხატავდა.
მართლაც, ჩვენ შევეცადეთ, ეს ყოფილიყო არაორდინარული სხდომა, რომელზეც უნდა მიგვეღო და მივიღეთ კიდეც გადაწყვეტილებები სახელმწიფოებრივი განვითარების ყველა კარდინალური მიმართულებით, ამჯერად, რამდენიმე უმნიშვნელოვანეს თეზისს გავიმეორებ, რომლებიც ახლად შემუშავებული კონცეფციის დედააზრია, უფრო სწორად, ახალი ეტაპისთვის შემუშავებული კონცეფციაა.
უპირველეს ყოვლისა, მე დავეთანხმე ზოგიერთ ჩემს ოპონენტს (რა თქმა უნდა, კონსტრუქციული ოპოზიცია მყავს მხედველობაში და არა ის ხალხი, ვინც მოქმედებს პრინციპით: „რაც უარესი - მით უკეთესი“) იმაში, რომ არ უნდა არსებობდეს წყვეტილობა საგარეო და საშინაო პოლიტიკას შორის თუნდაც ელემენტარულ დონეზე. ჩვენი წარმატებული საგარეო პოლიტიკა საშინაო პოლიტიკის გაგრძელება იყო და არის. მე ამაში ორიგინალური არა ვარ, ეს ჩემი მოგონილი არ გახლავთ, მაგრამ ეს დებულება თავისთავად აბსოლუტურად სწორია, მაგრამ, თუ ამოვავსებთ ამა თუ იმ სფეროში ჯერ კიდევ არსებულ ზოგიერთ ხარვეზს, წარმატება კიდევ უფრო შთამბეჭდავი იქნება. აქ არავითარი პარადოქსი არ არის: ჩვენ გვაქვს სახელმწიფოებრივი კურსი, რომლის საფუძველზეც უკვე ორჯერ მივიღეთ ხალხის მანდატი და ნებისმიერი ტაქტიკური ცვლილება ამ კურსის გაძლიერებას ემსახურება. საშინაო და საგარეო პოლიტიკა კი ერთი მთლიანი პოლიტიკური ფენომენის ორი გამოვლინებაა.
გარდა ამისა, მთავრობის სხდომაზე მე საზოგადოებას შევთავაზე სახელმწიფოებრივი განვითარების ამჟამინდელი ეტაპის ახალი დეფინიცია - ეს არის მოდერნიზაცია. ჩვენ ვახორციელებთ მოდერნიზაციის პროცესს და იმავდროულად ვეყრდნობით ყოველივე საუკეთესოს, ფასეულს, საუკუნეებმა და ათასწლეულებმა რომ დაგვიტოვეს მემკვიდრეობად. როცა მოდერნიზაციაზე ვლაპარაკობ, ვგულისხმობ უწყვეტ პროცესს. თვითგანვითარების მწვერვალებსაც რომ მიაღწევს საქართველოს სახელმწიფო, მოდერნიზაციის პროცესი მაშინაც კი დღის წესრიგში იდგება. სხვათა შორის, სწორედ ასე მესმის მე ტრადიციონალიზმი და, ჩემი ღრმა რწმენით, - ეს ერთადერთი სწორი გაგებაა: ტრადიციონალიზმი ნიშნავს არა წარსულში დაბრუნებას, არამედ მომავლისაკენ სწრაფვას, მუდმივ განვითარებას წარსულ გამოცდილებაზე დაყრდნობით.
სხდომაზე გამოსვლისას ისიც ვთქვი, რომ ამჟამად ჩვენი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი განვითარების გარდამავალ ეტაპზე ვიმყოფებით. ვაფუძნებთ, ვაყალიბებთ ახალ ინსტიტუტებს, უფრო ზუსტად იმ ინსტიტუტებს, რომლებსაც საუკუნეთა განმავლობაში მოკლებული ვიყავით სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის დაკარგვის გამო. ამთავითვე ნათელი რომ იყოს რას ვგულისხმობ, მაგალითისათვის შეგახსენებთ იმ ნაბიჯებს საზღვრის დამოუკიდებელად დაცვასთან დაკავშირებით რომ გადავდგით, აგრეთვე, ეტაპობრივობისა და ევოლუციურობის პრინციპის დაცვით. როგორც მოგახსენეთ, ბევრს მიაჩნდა, რომ 5-6 წლის წინათ უნდა დავმდგარიყავით საზღვარზე, ჩვენვე ვყოფილიყავით ჩვენი საზღვრის ბატონი, მაგრამ მაშინ ეს არ იყო რეალური. ჩვენ დროს დაველოდეთ და როცა ეს შესაძლებელი გახდა, მაშინ ვიკისრეთ ეს ფუნქცია, რა თქმა უნდა, ყოველგვარი გართულების გარეშე.
მაგრამ ამ სახელმწიფოებრივი კონცეფციის საფუძველთა საფუძველი სტაბილურობის დაცვაა. აქ მარტო ხელისუფლების სტაბილურობას როდი ვგულისხმობ - ასე გამარტივებულად არ გაიგოს ვინმემ: ვგულისხმობ საერთო-სახელმწიფოებრივ, საზოგადოებრივ სტაბილურობას. არა სტაგნაციას, არამედ სტაბილურ განვითარებას. ესეც ნიშანდობლივ მომენტად მიმაჩნია: სტაბილურობაში ვგულისხმობთ იმ ტენდენციათა სტაბილურ განვითარებას, კანონზომიერ განვითარებას, რომლებსაც მივაღწიეთ ეკონომიკის სფეროში, საგარეო პოლიტიკაში სახელმწიფოებრივი სტრუქტურების განმტკიცების თვალსაზრისით და ასე შემდეგ. აი, სწორედ ასე მესმის მე სტაბილურობა და, ჩემი აზრით, ეს ერთადერთი სწორი გაგებაა. რა თქმა უნდა, მე ვილაპარაკე იმაზე, რომ ტემპი კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს და მასშტაბი კიდევ უფრო უნდა გაფართოვდეს. სტაბილურობის ალტერნატივა კი ქაოსია. ახლა ელემენტარულ ჭეშმარიტებას მოგახსენებთ, მაგრამ მოდით დავიმახსოვროთ ეს, ყველა მოქალაქემ დაიმახსოვროს: სტაბილურობის ალტერნატივა ქაოსი და ანარქიაა. როდესაც დამანგრეველი პროცესები ხელოვნურად იმართება, ზოგჯერ და ზოგან სტაბილურობის ილუზია იქმნება, რაც სინამდვილეში სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის, აღმშენებლობის საწინააღმდეგო მადესტაბილიზებელ ფაქტორად გამოიყენება.
ამიტომ, რეფორმის შენელება, ამ გზიდან უკანდახევა, გამორიცხულია. არასტაბილურობის, მართვადი ქაოსის თავიდან აცილების ერთადერთი საშუალებაა უწყვეტი სტაბილური განვითარება. უნდა გაგრძელდეს რადიკალური რეფორმა ყველა მიმართულებით, უნდა დაიწყოს იქ, სადაც არ დაწყებულა, უწინარესად სამართლებრივ სფეროში, სასამართლო სისტემაში, საბოლოოდ დაფუძნდეს, ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელი სასამართლო, როგორც რეფორმათა უწყვეტობის გარანტი. და მე ბევრი ვილაპარაკე იმაზე, თუ რას უნდა წარმოადგენდეს ახალი მოსამართლე ახალ საქართველოში. კიდევ უფრო სწრაფად უნდა განვითარდეს რეფორმა ეკონომიკაში. ამჯერად უკვე შეიძლება ლაპარაკი ლიბერალური ეკონომიკური რეფორმის მეორე ეტაპის საბოლოო დასრულებაზე, ქვეყნის ეკონომიკურ სიძლიერეზე. რაც უეჭველად მოგვცემს საშუალებას შევქმნათ პირობები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და ლტოლვილთა დაბრუნების ანუ ჩვენი უმთავრესი ტკივილის, საერთოეროვნული ჭრილობის მოშუშებისთვის. ჩვენ ახლა შეგვიძლია გაცილებით უფრო სწრაფი ტემპით ვიაროთ წინ და რაც შეიძლება უფრო სწრაფი ტემპით მივაღწიოთ სახელმწიფო გაძლიერებას. და სწორედ ძლიერი სახელმწიფო არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და ყველა ტკივილისგან განკურნების გარანტი.
- მთავრობის სხდომებს გუშინ სახელმწიფო მინისტრის ნიკო ლეკიშვილის განცხადება მოჰყვა გადადგომის თობაზე. ამ თემამ, პრინციპში, წინა დღეს მთავრობის გაფართოებულ სხდომაზეც გაიჟღერა, როცა სახელმწიფო მინისტრმა ასეთი რამ თქვა: თუ ჩვენ პრეზიდენტისა და ქვეყნის ერთგული ვართ, უნდა მივცეთ მას საშუალება, თავისუფალი არჩევანის პრინციპით დააკომპლექტოს მთავრობა (დაახლოებით ასე იყო ნათქვამი). გუშინ თქვენ, რამდენადაც ვიცი, დააკმაყოფილეთ მისი თხოვნა. ლაპარაკია იმაზე, რომ ამ გადადგომას შეიძლება მინისტრების მხრივაც მოჰყვეს ანალოგიური მოქმედება. ყოველ შემთხვევაში, სახელმწიფო მინისტრი ამას ვარაუდობდა. რას ნიშნავს ეს ქვეყნისთვის? ვთქვათ, სახელმწიფო კრიზისს, კრიზისის სიმძიმის ცენტრის გადატანას თუ რეფორმების ახალ ტალღას, მით უმეტეს, ისეთ სფეროში, როგორიც საკადრო პოლიტიკაა. ასეა თუ ისე, გუშინ ბატონმა ნიკო ლეკიშვილმა, შეიძლება ითქვას, თანამედროვე ქართული პოლიტიკისათვის მეტად უცხო ნაბიჯი გადადგა...
- ჩემი აზრით, ეს სრულიად ახალი მოვლენაა ქართულ პოლიტიკაში და იგი უკვე იმაზე მიგვანიშნებს, რომ ჩვენთან დემოკრატიული ფასეულობანი, დემოკრატიული ღირებულებანი მარტო ქაღალდზე კი არ არის, არამედ რეალურადაც მოქმედებს.
უპირველეს ყოვლისა, მინდა ამას გავუსვა ხაზი, აუცილებლად, სრული გულწრფელობით უნდა ვთქვა, რომ ბატონ ნიკო ლეკიშვილის მხრივ ეს იყო ჭეშმარიტად ვაჟკაცური და, ვიტყვი, სახელმწიფოებრივი შეგნებით, მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით განმსჭვალული გადაწყვეტილება. მე სიმართლე გითხრათ, მისი გადადგომა არ მომითხოვია. ბატონი ნიკო დიდი ორგანიზატორული ნიჭით და სხვა მრავალი სიკეთით არის დაჯილდოებული და, უდავოდ, ბევრი სასიკეთო საქმეც გააკეთა. ამდენად, ის, რაც მოხდა, არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავიგოთ ისე, თითქოს ჩვენ (ან ვინმეს) კონკრეტულად ბატონი ნიკოს საწინააღმდეგო გვქონდა რაიმე. მის ერთგულებასა და თავდადებაში ეჭვი არამც და არამც არ მეპარებოდა! აქ სხვა მოვლენასთან გვაქვს საქმე და მე მადლობელი ვარ მისი, რომ ეს სრულად გაითვალისწინა: ქვეყანა შედის განვითარების ახალ ფაზაში, ახალ ეტაპზე კი მთავრობის გარკვეული გადახალისება აუცილებელია. შესაძლოა, თვით ბატონ ნიკოს ეს ყველაზე ნაკლებად ეხება, ვინაიდან (ვიმეორებ) მას ურიგოდ არ უმუშავია, მაგრამ კეთილშობილური და ვაჟკაცური ნაბიჯით მართლაც მოგვცა საშუალება შედარებით უმტკივნეულოდ, გართულებისა და დიდი გნიასის გარეშე მიგვეღო საჭირო გადაწყვეტილებამი განახლების პროცესთნ დაკავშირებით. აქვე აღვნიშნავ, რომ ნიკო ლეკიშვილის გადადგომა სრულიადაც არ ნიშნავს მის წასვლას პოლიტიკიდან, მით უმეტეს საზოგადოებრივი ასპარეზიდან, - თუ რა ადგილს დაიკავებს იგი ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში, ვფიქრობ, ეს უახლოეს დღეებში გაირკვევა. ასე რომ, ნიკო ლეკიშვილი რჩება ჩვენს გუნდში, ყოველ შემთხვევაში, მე ასე მინდა და, მე მგონი, მასაც ასე ესმის. და ყველა, ქვეყნისათვის სასიკეთო, სასარგებლო წამოწყებაში შეუძლია ჰქონდეს პრეზიდენტის სრული მხარდაჭერის იმედი.
რაც შეეხება მთლიანად მთავრობას, ველი, რომ მთავრობის თითოეული წევრი მიიღებს ღირსეულ გადაწყვეტილებას, მჯერა, უღირსნი მათ შორის არ არიან, ხოლო ღირსება თანამდებობით არ განისაზღვრება. ბევრი მათგანი, შეიძლება უმრავლესობაც, კვლავ გახდეს განახლებული მთავრობის წევრი. ახლა მიჭირს თქმა, პერსონალებზე ლაპარაკი, სხვები დატოვებენ პოსტს და ახალ კანდიდატებს შევარჩევთ. 15-20 აგვისტომდე საკითხი საბოლოოდ გაირკვევა, რის შემდეგაც, პარლამენტის თანხმობის შემთხვევაში, მუშაობას შეუდგება აღმასრულებელი ხელისუფლების განახლებული გუნდი, რომელსაც პრეზიდენტი დაამტკიცებს.
- როცა ლაპარაკია მთავრობის ახალ ხელმძღვანელზე, სახელმწიფო მინისტრის ახალ კანდიდატურაზე, კულუარებში ასახელებენ, ვთქვათ, ვაჟა ლორთქიფანიძის, ირაკლი მენაღარიშვილის, მიხეილ ჭკუასელის კანდიდატურებს. იმასაც ამბობენ, რომ შეიძლება თქვენ შეითავსოთ ეს თანამდებობა დროებით. ასეა თუ ისე, ვისაც კი ნაცნობი მაინც ჰყავს ხელისუფლების მაღალ ეშელონებში, ყველა ცდილობს მიიღოს პასუხი ამ კითხვაზე, რადგან საზოგადოებას, ბუნებრივია, აინტერესებს ვინ დაიკავებს ამ თანამდებობას და მეც არა მაქვს უფლება, არ დავაკმაყოფილო რადიომსმენელთა და ამ შემთხვევაში, საკუთარი ცნობისმოყვარეობაც და არ გკითხოთ ეს...
- ძალიან დიდი ხათრი მაქვს თქვენი, მაგრამ ვერ გეტყვით, ერთადერთი რასაც გამოვრიცხავ, ეს შეთავსებაა. მე რომ მქონდა რამდენიმე შეთავსება - ზოგი ერთთვიანი, ზოგი ორთვიანი, ზოგი ორკვირიანიც, ასეთი აუცილებლობა უკვე აღარ არსებობს. ერთ რამეში კი მინდა დავარწმუნო საზოგადოება, რომ არჩევანი იქნება მართლაც ღირსეული და, ვფიქრობ, ყველაზე უფრო მოსარგები კანდიდატურა ამ ძალიან მნიშვნელოვანი პოსტისათვის. თანაც, მინდა კიდევ დავიმუხტო, რომ ნურავინ ელის რაღაც რევოლუციას, რევოლუციურ გადატრიალებას, „თავების ჭრას“ - ეს ჩვეულებრივი სახელმწიფოებრივი პროცესია იმ მოთხოვნათა გათვალისწინებით, დრო და ქვეყანა რომ აყენებს ჩვენ წინაშე. რეფორმათა მეორე ეტაპი ნამდვილად მოითხოვს გარკვეულ გადახალისებას, ახლებურ მიდგომებს და, რაც მთავარია, მოქმედების კონკრეტულ პროგრამას. ადამიანს აქვს, იცით, გარკვეული რაღაც ზღვარი, გარკვეული შესაძლებლობა, ზოგმა ამოწურა, ზოგს „მეორე სუნთქვა“ გაეხსნა. ამაში არ უნდა შევცდეთ. თუ ვატყობთ, რომ უკვე დგება ასეთი სტაგნაციის ეტაპი, ასეთი პიროვნება თვითონაც უნდა მივიდეს ამ დასკვნამდე, თუ არადა, ჩვენ უნდა ვუკარნახოთ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე.
საინტერესო იყო ბატონი ზურაბის, ზურაბ ჟვანიას წინადადება 300-დღიანი პროგრამის შემუშავების შესახებ. თუმცა მე ვთქვი ჩემს გამოსვლაში, რომ 300-დღიანი პროგრამა, „პერესტროიკის“ დროიდან დაწყებული რამდენადმე სკეპტიკურ გრძნობებს აღძრავს ჩემში, მაგრამ აქ ამას შეიძლება გამართლება ჰქონდეს. აქვე ვიტყვი: ეს სრულებითაც არ არის რაღაც ანტიკრიზისული პროგრამა, ანტიკრიზისული პროგრამა ჩვენ დამუშავებული გვაქვს, მათ შორის რეფორმების მეორე ეტაპი დამუშავებული და განსაზღვრულია. მაკროეკონომიკური თვალსაზრისით კრიზისი ჩვენ დავძლიეთ და ამჟამად უკვე ვლაპარაკობთ შემდგომი განვითარების პროგრამაზე. მართლაც საინტერესოა ეს წინადადება. არ ვიცი, შეიძლება თუ არა კონკრეტული ვადების განსაზღვრა - 300-დღიანი იქნება ეს პროგრამა, ერთწლიანი თუ 500-დღიანი (თუმცა ეკონომიკური პროგრამის განხორციელების ამგვარი ფორმა მრავალ განვითარებადს, პოსტსაბჭოურ და პოსტსოციალისტურ ქვეყანაში არის აპრობირებული), მაგრამ ერთი რამ ცხადია: პროგრამა ზუსტად უნდა იყოს განსაზღვრული დღეების, თვეების მიხედვით, კონკრეტულად უნდა განისაზღვროს პასუხისმგებელი სუბიექტი. ამა თუ იმ უწყების მონაწილეობის ხარისხი და ასე შემდეგ. ასეთი პროგრამა, რა თქმა უნდა, ახალმა ბირთვმა, ახალმა გუნდმა უნდა შეიმუშაოს. თუმცა მე დღესვე შესაბამის დავალებებს მივცემ სათანადო სამსახურებს და სათანადო სპეციალისტებს, ექსპერტებს, რომლებიც დაიწყებენ მუშაობას. აქ, მაგალითად, შეიძლება იყოს ასეთი საკითხი - ორი თუ სამი თვის განმავლობაში საერთოდ შეიქმნას ქვეყანაში ისეთი რესურსი, ისეთი რეზერვი, რომელიც აღარასოდეს აღარ დააყენებს დღის წესრიგში ხელფასებისა და პენსიების საკითხს. ასეთი რესურსი თუ არ შეიქმნა და ეს თუ ვერ შევძელით გავითვალისწინოთ ჩვენს ბიუჯეტში, მაშინ ყოველთვის მოსალოდნელია ცალკეული გარღვევები. აი, მაგალითად, ცენტრალური ხელისუფლება, ცენტრალური ბიუჯეტი თავიანთ მოვალეობებს პენსიონერებისა და პედაგოგების წინაშე ასე თუ ისე ასრულებენ. სამაგიეროდ, ბევრი რაიონი ვერ ასრულებს იმას, რასაც თვითონ უნდა აკეთებდეს, ესე იგი, ადგილობრივი ბიუჯეტი არ სრულდება. სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს რესურსი იმისათვის, რომ როცა ესა თუ ის რაიონი ჩავარდება, ან სტიქიური უბედურება იქნება ან მოუსავლიანობა და სხვა რამ, ეს დაუცველი ფენები, თუნდაც ის ადამიანები, რომელთა შემოსავალს ძირითადად ხელფასი შეადგენს, დაზღვეული უნდა იყვნენ. ბევრი ასეთი მაგალითის მოყვანა შემიძლია დღეს, როდესაც ქვეყანას უნდა ჰქონდეს გარკვეული რესურსი. მაგალითად, მე კატეგორიულად მოვითხოვ, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იყოს რაღაც საინვესტიციო ფონდი. როგორც ბატონმა მერაბმა თქვა ამას წინათ, ეს შეიძლება იყოს პრეზიდენტთან არსებული სააგენტო. მცირე ბიზნესის განვითარებისათვის, იმისათვის, რომ ადამიანებს, რომელთაც სურთ ხელი მოჰკიდონ საქმეს, ბიზნესს, ანდა უკვე მოჰკიდეს ხელი და სათანადო მასშტაბს ვერ მიაღწიეს, მათ, ასე ვთქვათ, ხელი მოითბონ და სახელმწიფო ამაში უნდა ეხმარებოდეს იმ გარანტიით, რომ ეს ფული მერე დაუბრუნდებათ... ჩვენ, ალბათ, უნდა შევძლოთ ის, რომ უფრო მეტად მივხედოთ მეჩაიეობას, მევენახეობას, მეხილეობას, გადამმუშავებელ მრეწველობას, მეციტრუსეობას, იმ დარგებს, რომლებიც თავის დროზე საქართველოს ძლიერების წყაროს წარმოადგენდა და ეს პოტენციალი მათ ახლაც აქვთ.
რა თქმა უნდა, ახალ ეტაპზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას შეიძენს ბრძოლა (ზოგს შეიძლება ჰგონია, რომ მე ამ თემას ხშირად ვუბრუნდები, მაგრამ დავუბრუნდები მანამ, სანამ საჭირო იქნება), - დაუნდონელი და სასტიკი, უმოწყალო ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ ყველა დონეზე, მისი ყოველგვარი გამოვლინების, ყველა ფორმის აღმოსაფხვრელად ცენტრშიც, ცენტრალურ უწყებებშიც, სამხარეო ადმინისტრაციათა დონეზეც და ადგილებზეც. მე პირდაპირ უნდა ვთქვა, რომ არ იქნება დანდობა, რადგან დროა გონს მოეგოს ყველა, ვინც ასეთ ბინძურ საქმიანობას ეწევა.
კოსმეტიკური ცვლილებებით შემოფარგვლას საზოგადოება არ გვაპატიებს. ქვეყანაში მიმდინარე ცვლილებები იმდენად ძირეულია, რომ ხელისუფლების სისტემაში ნებისმიერი რეორგანიზაციაც, აგრეთვე, სიღრმისეული და ძირეული უნდა იყოს. ესე იგი, მარტო არითმეტიკული გადაჯგუფებით, ვთქვათ, არითმეტიკული ჯამით, აი, ამდენი მინისტრი იყო, ოციდან გაათავისუფლეს, ან გადააყენეს 5, 10 ან 15 მინისტრი, - ამით არაფერი არ შეიცვლება, თუ თვისობრივი ცვლილებები არ მოხდება სისტემებში, დარგებში და მთლიანად ქვეყანაში, და კერძოდ, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით.
ძნელი განსაჭვრეტი და მისახვედრი არ არის, როგორი იქნება დესტრუქციული, ჩასაფრებული და გარეშე მტრის ხელს მიჩვეული ეგრეთ წოდებული „ოპოზიციის“ არგუმენტი: უეჭველად ატეხავენ ისტერიკას - ხელისუფლება კრიზისს განიცდის, ქვეყანა იღუპება, არიქა, გვჭირდება მესია და ასე შემდეგ. სინამდვილეში კი, ეს გარდაქმნა სწორედ ხელისუფლების სიძლიერეზე მეტყველებს. ჩვენ რომ ჩვენს ნაკლოვანებებზე, ჩვენს ჩავარდნებზე, ნეგატიურ მხარეებზე ასე გაბედულად ვლაპარაკობთ, ამის საფუძველს სწორედ ის გვაძლევს, რაც უკვე შევქმენით, რაც უკვე გავაკეთეთ, ესე იგი, ჩვენი სახელმწიფო და მისი გარკვეული სიძლიერე დღეს. ხელისუფლების სისუსტე ის იქნებოდა, მას რომ ვერ გაებედა საჭირო რეორგანიზაციის განხორციელება, შეშინებოდა შესაძლო დესტაბილიზაციისა და პროვოკაციის, და ასე შემდეგ.
ასე რომ, ტყუილად ღელავენ ეს ბატონები, ძირითადი პოზიტიური პროცესები საქართველოში უკვე შეუქცევადი გახდა.
სწორედ ეს მიმაჩნია ჩვენი ხელისუფლების ყველაზე დიდ მიღწევად. ამიტომ ტყუილად, როგორც იტყვიან, აღრჭიალებენ კბილებს ბოროტი ბოღმით, - საქართველო წარსულში აღარ დაბრუნდება, იმ წარსულში, რომელიც ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს თავისი კოშმარული დღეებითა და კოშმარული ღამეებით. იმ წარსულიდან იგი ჩვენ უკვე გამოვიყვანეთ.
- მთავრობის სხდომაზე ძალიან საინტერესოდ გამოვიდა ფინანსთა მინისტრი მიხეილ ჭკუასელი. მან ილაპარაკა საგადასახადო სისტემის სრულყოფაზე, საგადასახადო ამნისტიაზე. შეიძლება ითქვას, რომ მისი პროგრამა ერთგვარი ეკონომიკური გარღვევა იყო.
- ჩემი რეაქცია ამ ძალიან გაბედულ წინადადებებზე საკმაოდ კეთილგანწყობილია. სიმართლე გითხრათ, მე ცოტა უფრო მეტი დრო მქონდა მეფიქრა ამაზე. ამ დილით თვალი შევავლე „ალიონს“ და მივაქციე ყურადღება ამ კამათის, დისკუსიის მონაწილეთა ნეგატიურ დამოკიდებულებას მიხეილ ჭკუასელის წინადადებებისადმი. მან ზოგიერთი მოსაზრებანი ორი-სამი კვირის წინათ გამიზიარა, მერე ისინი მუშაობდნენ ტაბახმელაში უცხოელ სპეციალისტებთან ერთად, თვითონ მუშაობდნენ და ყველა ვარიანტს ამუშავებდნენ. უნდა გითხრათ, რომ აქ ძალიან ბევრი რამ საყურადღებოა, ძალიან გაბედულია, მაგრამ გაბედულების გარეშე რეფორმების ახალი ეტაპი, ალბათ, ვერ დადგება და მაშინ სხვა გზით უნდა ვიაროთ. მოველი, რომ ფინანსთა მინისტრი მათ უფრო კონკრეტულად ჩამოაყალიბებს, შესაბამის, იურიდიულად დახვეწილ ფორმას მოუძებნის, ხოლო ქვეყნისათვის სასიკეთო, თუნდაც ძალზე რადიკალურ გადაწყვეტილებათა მიღებისას პრეზიდენტს უკან არასდროს დაუხევია და არც ახლა დაიხევს. საჭირო იქნება კონსულტაციები გამოცდილ უცხოელ ექსპერტებთან. მათ ჰყავთ ახლა ასეთი ექსპერტები, მაგრამ მე არ გამოვრიცხავ, კიდევ ახალი ჯგუფების ჩამოყვანას განსაკუთრებით ისეთი ქვეყნებიდან, რომლებმაც გაიარეს ის ეტაპი, ჩვენ რომ წინ გვიდევს.
მთავარია ეს ცვლილებები იმ ტენდენციათა განვითრებას უწყობდნენ ხელს, რომელთა თაობაზეც შაბათს ვილაპარაკე: განუხრელად მცირდება ინფლაცია, წელს კი დეფლაციის პროცესიც დაიწყო. ხშირად მედავებიან, რომ დეფლაცია არ არის კარგი მოვლენა და გლეხი იძულებულია თავისი წარმოებული პროდუქტი იაფად გაყიდოს. ეს იმ ადამიანს ჰკითხონ, რა არის კარგი და რა არის ცუდი ვისაც, ვთქვათ, 9, 10 ან 12 ლარი აქვს და რომლისთვისაც სულაც არ არის მეორეხარისხოვანი, ინფლაციას მატების ტენდენცია აქვს თუ კლების ტენდენცია. ამ ეტაპზე ჯერჯერობით მიმაჩნია, რომ ბევრს მივაღწიეთ, მივაღწიეთ შეუძლებელს. იზრდება საგადასახადო შემოსავალი. გუშინ მე მოვიყვანე ეს ციფრები და ყველას ვთხოვ, ჩაიხედოთ ამ ციფრებში. ეს არ არის თითიდან გამოწოვილი ციფრები, ეს სტატისტიკაა, რეალური ცხოვრებაა. თუ საგადასახადო ამნისტია (მე არ მინდა ახლა ყველა დეტალი გავშიფრო, რა არის საგადასახადო ამნისტია) მოგვცემს საშუალებას მოხდეს გადამალული თანხების ლეგალიზება, მე გუშინ ასე ვთქვი, რომ ეს მილიონობით თანხაა. საბანკო სისტემის გარეთ 700 მილიონზე მეტი ლარი ტრიალებს. როგორც გუშინ ვთქვი, ეს თანხა ზოგი ბალიშშია, ზოგი მუთაქაში, ზოგი მევახშეობის გზით ვრცელდება, ზოგიერთს საზღვარგარეთის ბანკებში აქვს საკმაოდ დიდი თნხები გადამალულ გადანახული და ელოდებიან უკეთეს დროს, რომ ეს თანხები თავიანთ ქვეყანაში დააბრუნონ და აქ სერიოზული ბიზნესი წამოიწყონ. ამ თანხების საბანკო ბრუნვაში მოხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია, იმდენად მნიშვნელოვანი, რომ მიჭირს ამის თქმა, მაგრამ ჩვენ მათი წარმომავლობის საკითხების კვლევას არ შევუდგებით. მთავარი ის გახლავთ, თუ რა არის დღევანდელი და სამომავლო საქმისათვის სასარგებლო და ხელსაყრელი. დარწმუნებული ვარ, ამ საკითხებთან დაკავშირებით ფართო დისკუსია გაიშლება, ბევრი რამ დაზუსტდება, ბევრი რამ უფრო სრულყოფილი გახდება. აი, მაგალითად, 700 მილიონიდან, რომელიც დღეს ბანკების გარეთ ბრუნავს, 300-400 ჩვენს ბანკებში რომ მოხვდეს, ეს ხელფასებთან, პენსიებთან, შემწეობებთან დაკავშირებულ ყველა პრობლემას მოხსნის და ძალიან დიდ ბაზას შექმნის საინვესტიციო კლიმატისათვის, საინვესტიციო ფონდებისათვის. ასე რომ, ძალიან ბევრი რამ არის შესასწავლი ამ წინადადებებში. სიმართლე გითხრათ, ძალიან მიხარია, რომ ახალგაზრდა კაცმა სწორედ შემოქმედებითად მოჰკიდა ხელი საქმეს, აიყოლია თავისი კოლეგები, თავისი სპეციალისტები და მათთან ერთად შემოგვთავაზა გაბედული პროგრამა, თუ როგორ ვიმოქმედოთ ახალ ეტაპზე.
- გასულ კვირაში საქართველოს ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე სტროუბ ტელბოტი ეწვია, შემდეგ ამას ბილ კლინტონის წერილი მოჰყვა. ჩვენ გვახსოვს ის პერიოდი, როცა ამერიკის შეერთებული შტატები მაქსიმალურად ეხმარებოდა ქვეყანას ეკონომიკურად, მაგრამ ბოლო პერიოდის ასეთ გააქტიურებულ პოლიტიკურ მხარდაჭერას რით ახსნით? თქვენ მთავრობის სხდომაზე ერთი საინტერესო ფრაზა წარმოთქვით, ჰუმანური მდგომარეობების გარდა, არსებობს ერთი ქვეყნის წმინდა პრაგმატული ინტერესები მეორე ქვეყნის მიმართ...
- სხვათა შორის, თქვენ და რადიომსმენელიც, ალბათ, აქცევთ ყურადღებას, ბატონ კლინტონის წერილი, სატელეფონო საუბრები და ასე შემდეგ, იშვიათი მოვლენა არ არის და ძალიან დიდად ვაფასებ 1993 წლიდან მოყოლებული ჩვენს შორის ჩამოყალიბებულ ურთიერთობას. მე არ მახსოვს რაიმე ძალიან სერიოზული, თუნდაც კრიზისული მოვლენა, ან ძალიან სასიხარულო გარღვევა ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი არ შეხმიანებოდეს.
- ამ შემთხვევაში, გარდა ამ შეხმიანებისა, ეს დაკავშირებული იყო თქვენს ეგრეთ წოდებულ ორდღიან ავადმყოფობასთან, კლინტონმა თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობაც მოიკითხა...
- ესეც ასეა და მათ შორის რაღაც ოჯახური ამბები, ბავშვს რაღაც შეემთხვა... ეს მართლაც უნიკალური მოვლენა იყო და უნიკალური ურთიერთობაა. ამასთანავე მე ძალიან ვამაყობ იმით, რომ საქართველოს და შეერთებული შტატების კონგრესს შორის ჩამოყალიბდა ძალიან საინტერესო ურთიერთობა და კონგრესი ისევე როგორც ადმინისტრაცია, მშვენივრად ხედავს საქართველოს მომავალს, ჭვრეტს ამ მომავალს და, რა თქმა უნდა, არის აქ გარკვეული პრაგმატიზმიც. იმ დიდი კომპანიებისათვის, რომლებიც მუშაობენ საქართველოში, ნავთობის კომპანიებია ეს, მუშაობენ კასპიის ზღვაში, ცენტრალური აზიის ქვეყნებში, მათთვის საქართველო ერთგვარი პარტნიორის მისიას ასრულებს.
ახლა შემიძლია გავიმეორო თვით სტროუბ ტელბოტის სიტყვები - მისი თქმით, „იგი საქართველოში ჩამოვიდა, რათა კიდევ ერთხელ გამოეხატა ამერიკის ადმინისტრაციის მხარდაჭერა საქართველოში მიმდინარე პროცესებისადმი“. ანუ კიდევ ერთხელ მიესალმა დემოკრატიზაციას, სახელმწიფოებრივ აღმშენებლობას, დამოუკიდებლობის განმტკიცებას. ჩვენი ამერიკელი მეგობრები კვლავ ხაზგასმით აღნიშნავენ დიდი აბრეშუმის გზის აღდგენის, ევრაზიის დერეფნის მშენებლობის საჭიროებასა და უდიდეს მნიშვნელობას.
ტელბოტმა დაადასტურა, რომ ამერიკის დახმარება გაგრძელდება და კიდევ უფრო გაიზრდება, ვინაიდან საქართველოც კვლავინდებურად ადგას დემოკრატიის გზას, არ ღალატობს დამოუკიდებლობის უზენაეს პრინციპებს. და პირდაპირ ასე თქვა: ჩვენი დახმარება გაგრძელდება მანამ, სანამ თქვენ ამ პრინციპის ერთგული იქნებით, სანამ თქვენ დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობაზე მუშაობთ, სანამ თქვენ დემოკრატიის განვითარებაზე ზრუნავთ.
ორიოდე სიტყვა მინდა ვთქვა თვით სტროუბ ტელბოტთან დაკავშირებით. იგი ამერიკულ ისტაბლიშმენტში ძალზე გავლენიანი ფიგურაა, არა მარტო შესანიშნავი დიპლომატია, არამედ უაღრესად ერუდირებული ადამიანი, მწერალი, შესანიშნავი პუბლიცისტი და ჟურნალისტია. სხვათა შორის, მის გამოცემულ წიგნში (ძალიან საინტერესო წიგნია, სამწუხაროდ, მკითხველს არა აქვს საშუალება გაეცნოს ამას) დიდი ნაწილი თქვენს მონა-მორჩილს აქვს დათმობილი. ასეთ ადამიანთან შეხვედრა ყოველთვის სასიამოვნოა ჩემთვის.
ზოგიერთი დეტალი კი, რომლებზეც ჩვენ ვისაუბრეთ, ალბათ, ჩანაწერებსა და თვით ჩვენს მეხსიერებაში უნდა დარჩეს.
- ჟენევაში ქართულ-აფხაზური მოლაპარაკების მორიგი რაუნდი გაიმართა გასულ კვირას - გაეროს ეგიდით, რუსეთის შუამავლობითა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ელჩების მონაწილეობით. იყო თუ არა რაიმე სიახლე მხარეთა პოზიციებში?
- მე შევჩერდები ამ თემაზე, რადგან საჭიროდ მიმაჩნია, რამდენიმე სიტყვა ითქვას.
უპირველეს ყოვლისა, გარკვეული კმაყოფილებით უნდა აღვნიშნო, რომ ჟენევის მოლაპარაკების შემდეგ მიღებული დოკუმენტი ამჯერად არ არის (ასე ვთქვათ) ცარიელი: იგი ბევრ მნიშვნელოვან დებულებას შეიცავს და გარკვეულწილად დამაიმედებელიცაა. მოლაპარაკების მონაწილეებმა კვლავ განაცხადეს, რომ მხარს უჭერენ გაეროს როლის გაძლიერებას კონფლიქტის სრულმასშტაბიანი მოწესრიგების მიზნით, დადასტურდა წინა მოლაპარაკების შედეგად შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს უფლება-მოვალეობა (ესეც მნიშვნელოვანია), თუმცა აღინიშნა, რომ ეს მექანიზმი სრული ძალით ჯერ არ ამოქმედებულა, ხოლო ლტოლვილთა დაბრუნების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებანი არ სრულდება, - ესეც აღინიშნა. გამოთქმულია შეშფოთება პრობლემის პოლიტიკური ასპექტის მოუგვარებლობის გამო. საბოლოო დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ აუცილებელია ორმხრივი კონტაქტები და პირდაპირი დიალოგი სხვადასხვა დონეზე. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა წერტილი დაუსვან, შეწყვიტონ კონფლიქტი, რომელმაც ერთმანეთს დააშორა ქართველი და აფხაზი ხალხები, აღადგინონ მშვიდობიანი თანაცხოვრება ურთიერთპატივისცემის საუკუნოვან ტრადიციათა საფუძველზე, გადაწყვიტონ ყველა პრობლემა მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი საშუალებებით. ხაზგასმით არის აღიარებული ლტოლვილთა უფლებები დაბრუნდნენ და იცხოვრონ მშობლიურ სახლებში. აღსანიშნავია ისიც, რომ ამჯერად ჟენევის მოლაპარაკებაში „მეგობარი ქვეყნების“ ელჩები მონაწილეობენ არა ფორმალურად (წინა შეხვედრაში, სხვათა შორის, რამდენადმე უფრო ფორმალური იყო მათი მონაწილეობა), არამედ უშუალოდ განიხილავდნენ ყველა საკითხს, თითოეულ წინადადებას. მადლობელი ვარ, აგრეთვე, რუსეთის დელეგაციისა, რომელმაც უაღრესად კონსტრუქციული როლი შეასრულა, აქვე ვიტყვი: მჯერა, გაეროს უშიშროების საბჭოს მომავალ სხდომაზე რუსეთი მხარს დაუჭერს საქართველოს წინადადებებს, ისევე როგორც უშიშროების საბჭოს სხვა წევრები, მათ შორის, მუდმივი წევრები, ხოლო გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია არ იქნება ფუჭი და არაფრის მომტანი.
მე ყურადღება მივაქციე აფხაზური მხარის განცხადებას, რომ იგი მზად არის დააბრუნოს ის ლტოლვილები, რომლებიც მაისის მოვლენების დროს გახდნენ იძულებული დაეტოვებინათ სამურზაყანო, დაუყოვნებლივ დაიწყოს ეს პროცესი, რა თქმა უნდა, ლტოლვილებს ამჟამად ძალიან უჭირთ. ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ მათს დასახმარებლად. მაგრამ, რაც შეეხება ლტოლვილთა დაბრუნებას გალის რაიონში, საქართველოს ხელისუფლება ამას დაეთანხმება მხოლოდ იმ პირობით, თუ იქნებ მათი უსაფრთხოების ასპროცენტიანი გარანტია. ჩვენ არც ერთ ნაბიჯს არ გადავდგამთ ლტოლვილების გარეშე. თუ ისინი მიიჩნევენ, რომ უსაფრთხოების გარანტიები საკმარისია, დაიწყება მათი მასობრივი დაბრუნება. სანამ ასეთი გარანტია არა გვაქვს, ლტოლვილთა დაბრუნება, ახლახან დატრიალებული ტრაგედიის გათვალისწინებით, უდიდესი უპასუხისმგებლობა იქნებოდა. ესე იგი, კიდევ საჭიროა მუშაობა, ვალდებულებათა დაზუსტება.
ერთხელ კიდევ მინდა შევეხმიანო აფხაზეთიდან ლტოლვილებს, უპირველესად სამურზაყანოელებს, რომლებსაც ყველაზე მეტად უჭირთ ამჟამად. უახლოეს მომავალში ხელისუფლება შესაძლებლის მაქსიმუმს გააკეთებს, ლაპარაკია უახლოეს დღეებზე, რათა გამოვიყვანოთ ისინი ფერმებიდან, სკოლებიდან, ვაგონებიდან, სადაც განთავსებული არიან, და შედარებით უკეთესი საცხოვრებელი პირობები შევუქმნათ. შევეცდებით ისინი განვათავსოთ იმავე რაიონებში, რათა ახლოს იყვნენ სახლებთან და სათანადო პირობების შექმნისთანავე დაუბრუნდნენ მშობლიურ კერებს.
დიახ, ეს არის მაქსიმუმი, რაც ამჟამად ქვეყანას შეუძლია, ალტერნატივა კი მხოლოდ ახალი სისხლისღვრა და ომია.
მივმართავ ისევ და ისევ გაეროს უშიშროების საბჭოს, მის თითოეულ წევრს პერსონალურად. პირადად გენერალურ მდივანს და მე ძალიან მინდა, რომ ეს სიტყვები ბატონმა პეტრე ჩხეიძემ და ბატონმა ირაკლი მენაღარიშვილმა, რომელიც ახლა სპეციალურად ამ დავალებით, ამ მისიით იმყოფება ნიუ-იორკში. გადასცეს თითოეულ დელეგატს, უშიშროების საბჭოს, მის თითოეულ წევრს.
ამჯერად ყოველმიზეზგარეშე უნდა იქნეს მიღებული ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ასახავს რეალურ ვითარებას კონფლიქტის ზონაში და შეიცავს სათანადო შეფასებებს, დასკვნებსა და კატეგორიულ მოთხოვნებს მხარეთა მიმართ. თუნდაც ორივე მხარის მიმართ, მაგრამ ისეთი პრინციპული მოთხოვნებით, როგორიც შეეფერება უშიშროების საბჭოს, რომელსაც ეკისრება პასუხისმგებლობა საერთაშორისო მშვიდობისა და უშიშროებისათვის. გადაწყვეტილება, ასეთი რეზოლუცია პრინციპულად განსხვავებული უნდა იყოს ყველა სხვა თხუთმეტი რეზოლუციისაგან და მან ხელი უნდა შეუწყოს არა მარტო დაპირისპირების შერბილებას, არამედ მხარეებსაც, და მათ უნდა შესძინოს ახალი მოტივაცია, ახალი სტიმული მისცეს მოლაპარაკების გააქტიურებას და წარმატებით დასრულებას. მე, როგორც პრეზიდენტი, ამას მოვითხოვ უკვე 340 ათასი ლტოლვილის სახელით.
- და, ბოლოს, ასეთი შეკითხვა, ერთ-ერთ გაზეთში დაიბეჭდა ახლო წარსულში კარგად ცნობილი მოღვაწის ნააზრევი იმის შესახებ, რომ საქართველო თურმე უნდა შეუერთდეს რაღაც ახალ და კარგ კავშირს, რომელიც საბჭოეთის ტერიტორიაზე შეიქმნება. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც რაღაც პანაცეას ხედავენ საბჭოთა კავშირის აღდგენაში. საბედნიეროდ, ალბათ, ჩვენს მოსახლეობაში შეიძლება არსებობს სხვადასხვა განწყობილება, უამრავი მიმართულება და ამა თუ იმ თემის განსხვავებული პოლიტიკური ხედვა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ამას ძალიან ცოტა მოკავშირე ჰყავს საქართველოში...
- იცით, ამ თემას მე ვერ შევეშვები, ისევე როგორც ვერ შევეშვები კორუფციის თემას. თქვენ იცით, რომ კორუფციას მე ჩვენს ორგანიზმზე ავთვისებიანი სიმსივნე ვუწოდე. არ მინდა ახლა აქ ამ თემას დაწვრილებით შევეხო, მაგრამ ერთი რამ კი მინდა ვთქვა: ამ დალოცვილებს რომ უსმინოს კაცმა, ისეთი შთაბეჭდილება დარჩება, თითქოს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი ყველა ქვეყანა, ყველა პრეზიდენტი უკვე შეთანხმდა აღადგინოს კავშირი და მხოლოდ საქართველო და მისი პრეზიდენტი არიან წინააღმდეგი. სხვათა შორის, ასეთი რაღაც გაისმის, გაჩნდა ახალი არგუმენტი, რომ ჩვენ ისეთი საბჭოთა კავშირი აღვადგინოთ, როგორიც არის, მაგალითად, ევროკავშირი. რა ველოსიპედებს იგონებთ, ჩვენ მივდივართ ევროკავშირისაკენ. რუსეთი ევროკავშირისაკენ მიდის. რუსეთი უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი, ისევე როგორც უკრაინა, ისევე როგორც ბელორუსია და სხვა ქვეყნები, ისევე როგორც საქართველო და კავკასიის სხვა ქვეყნები. ეს სხვა კავშირია, სხვა ურთიერთობა და სხვა პრინციპები და სხვა დამოუკიდებლობა. მე ძალიან კარგად ვიცი, ბატონებო, თქვენ რომელ კავშირზე მიგვანიშნებთ და რომელი კავშირი გაქვთ მხედველობაში. მინდა მათ საყურადღებოდ ვთქვა, რომ პოლიტიკა არც თამაშია და არც ანეგდოტი.
ღმერთმა ნუ ქნას, ასეთი კურსი აიღოს საქართველოს ხელისუფლებამ, ვინაიდან სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: ეს იქნება საქართველოში კიდევ ერთი სამოქალაქო ომის დასაწყისი. პოლიტიკა რეალობის ხელოვნებაა. მეტისმეტ გულუბრყვილობას კი სხვა კვალიფიკაცია ეძლევა. საქართველო დამოუკიდებლობას აღარ დათმობს. მორჩა, დამთავრდა, გამორიცხულია ეს ამბავი, დამთავრდა, ბატონებო, აღარ დაბრუნდება ის, რაც სამუდამოდ ჩაბარდა ისტორიულ წარსულს.
რაც შეეხება იმ ადამიანთა მოქმედებას, ვინც წითელი დროშის ქვეშ დარაზმვასა და საბჭოეთის აღდგენას მოგვიწოდებს (არიან ასეთები, თავის დროზე მე გვარებიც დავასახელე), მათი „საქმიანობა“ იმაზე მეტი დანაშაულია, ვიდრე მე-11 არმიამ ჩაიდინა, ვინაიდან მაშინ სხვა გეოპოლიტიკური ვითარება იყო. დღეს კი სულ სხვა მსოფლიოა. საქართველოს ამჟამად აქვს შანსი, როგორიც არასდროს არ ჰქონია, მოიპოვოს ჭეშმარიტი დამოუკიდებლობა, შეიძინოს გეოპოლიტიკური ფუნქცია. მაშინ არც ევროპას, არც აზიას და არც ამერიკას საქართველოსთვის არ ეცალათ. დღეს ყველამ მოიცალა ჩვენთვის, და ყველა ზრუნავს იმისათვის, რომ საქართველო დემოკრატიული, დამოუკიდებელი სახელმწიფოების იმ დიდ ანსამბლის წევრი იყოს.
და, კიდევ ერთი, არ ვიცი, რამდენად სწორია ეს შეფასება: ის ბოლშევიკები, ცეცხლითა და მახვილით რომ იპყრობდნენ ჯერ რუსეთს, შემდეგ უკრაინას, ცენტრალურ აზიას, კავკასიას, გარკვეულწილად ფანატიკოსები იყვნენ. მათ სჯეროდათ, რომ მსოფლიო რევოლუციისათვის იბრძოდნენ, კაცობრიობას მხსნელად მოევლინენ, იბრძოდნენ მსოფლიო პროლეტარიატის დიქტატურისთვის და სჯეროდათ, რომ სწორედ ეს იყო კაცობრიობის ხსნა.
დიახ, იყო, ისეთი პარტიაც იყო, ისეთი მოძრაობა იყო, მაგრამ დასრულდა ეპოქა. გულწრფელად მეცოდებიან ისინი, ვინც ამას ვერ მიხვდა და კვლავ წარსული ილუზიებით ცხოვრობს. ამ უბედურებს მტრებადაც ვერ მიიჩნევ კაცი, არც ღირს, რომ მტრებად ჩათვალო. იმათ არ ვგულისხმობ, ვინც, ასე ვთქვათ, ბომბებს აფეთქებს, - ესენი კი მხოლოდ სიბრალულს იმსახურებენ.
ინტეგრაციის სიკეთეს მე ვერავინ მასწავლის პროფესორი კი არა, ასგზის პროფესორი რომ იყოს. განვაცხადე კიდეც და გამგები გამიგებდა - დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობას აქვს მომავალი ანუ შემდგომი ინტეგრაციის პერსპექტივა, თუ იგი მოახერხებს პოსტსაბჭოურ სივრცეში ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დაშლამდე (ამას ხაზს ვუსვამ). დიახ, საბჭოთა კავშირის დაშლამდე წარმოშობილი კონფლიქტების მოწესრიგებას (ყოველ შემთხვევაში, თუ პირდაპირ არ წარმოიშვა, საფუძველი უკვე მაშინ ჰქონდა ჩაყრილი და იდეოლოგიურად და, თუ გნებავთ, მსოფლმხედველობრივად ეს ყველაფერი მაშინ იყო მომზადებული), სამართლიანობის აღდგენას. მე, მაგალითად, მიმაჩნია, რომ სწორია ბერეზოვსკი, როცა თქვა (ახლა თუ უკან არ წაიღო ეს სიტყვები), რომ, თუ თანამეგობრობამ აფხაზეთის საკითხი ვერ გადაწყვიტა, ასეთი თანამეგობრობა არავის სჭირდებაო. ახლა ბერეზოვსკიმ კიდეც რომ წაიღოს უკან ეს სიტყვები, მე მაინც გავიმეორებ: თუ თანამეგობრობამ აფხაზეთის საკითხი ვერ გადაწყვიტა, ასეთი თანამეგობრობა არავის სჭირდებაო. ახლა ბერეზოვსკიმ კიდეც რომ წაიღოს უკან ეს სიტყვები, მე მაინც გავიმეორებ: თუ აფხაზეთის საკითხი არ გადაწყდა, ასეთი თანამეგობრობა არავის არ სჭირდება. სამწუხაროდ, ჯერჯერობით მსგავსი არაფერი ხდება - არა მარტო საქართველოში, არამედ სხვა კონფლიქტურ კერებშიც, უმწეო და უმაქნისი თანამეგობრობა კი ინტეგრაციის გაღრმავებაზე პრეტენზიას ვერ განაცხადებს.
საქინფორმი.
„ქვეყანა შედის განვითარების ახალ ფაზაში, ახალ ეტაპზე კი მთავრობის გარკვეული გადახალისება აუცილებელია“ : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 27 ივლისის რადიოინტერვიუ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 28 ივლისი. - №190 (2890). - 1,2 გვ.
![]() |
14 „გამოვედით ქაოსიდან და სახელმწიფოს მშენებლობა შევიყვანეთ ისეთ ფაზაში, როცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის მზარდი დემოკრატიული ქვეყანა“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
სიტყვა საქართველოს მთავრობის გაფართოებულ
სხდომაზე 1998 წლის 25 ივლისს
როგორც ცნობილია, 25 ივლისს გაიმართა საქართველოს მთავრობის გაფართოებული სხდომა, რომელმაც განიხილა 1998 წლის პირველ ნახევარში ეკონომიკის ფუნქციონირებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შედეგები და უახლოესი ამოცანები.
სხდომის მუშაობა შეაჯამა საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ.
იმის საფუძველსა და ძალას, რომ ნაკლოვანებების არ გვეშინოდეს, ვილაპარაკოთ გულახდილად, გულღიად, მთელი მოსახლეობის თანდასწრებით, სახელმწიფოს მეთაურის აზრით, წინსვლის დინამიზმი განაპირობებს.
„ამის შესახებ ვსაუბრობ არა იმიტომ, რომ თვითკმაყოფილების გრძნობა დამეუფლა და თვითკრიტიკის უნარი დავკარგე, არამედ იმიტომ, რომ განგვიმტკიცდა საკუთარი ძალების რწმენა, გამოვედით ქაოსიდან და სახელმწიფოს მშენებლობა შევიყვანეთ იმ ფაზაში, როცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის მზარდი დემოკრატიული ქვეყანა“, - განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება მიაპყრო ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ზოგიერთ ძირითად მახასიათებელს. მან, უწინარეს ყოვლისა, აუდიტორიას შეახსენა ინფლაციასთან დაკავშირებული სიძნელეები, რომლებიც უცხო არ არის თვით განვითარებული ქვეყნის ეკონომიკისათვის.
სწორედ ინფლაციური აფეთქება იყო პირველი ნიშანი იმ დიდი კრიზისისა, რომელმაც ლამის წალეკა უახლოეს წარსულში აღმოსავლეთის აყვავებული ქვეყნები და რომ არ ყოფილიყო დასავლეთის განვითარებული ქვეყნების გრანდიოზული, გიგანტური დახმარება, არავინ იცის რით დამთავრდებოდა ეს მოვლენა.
1994 წელს საქართველოში 8 500 პროცენტიანი ინფლაცია იყო, 1995-ში, რეფორმის დასაწყისში - 57 პროცენტიანი, 1996-ში - 13 პროცენტიანი, 1997-ში - 7,3 პროცენტიანი. 1998 წელს დაიწყო ეგრეთ წოდებული დეფლაცია - 1,3 პროცენტი. ედუარდ შევარდნაძის აზრით დეფლაციის ეს დონე არ აძლევს საკმარის სტიმულს წარმოებას, განსაკუთრებით, პროდუქტების, სურსათის წარმოებას. მაგრამ ის, რომ საქართველოში ყველაზე იაფი პროდუქტი და ბაზარია, მას დასაშვებ და სავსებით ნორმალურ მოვლენად მიაჩნია „იმ პირობებში, როდესაც ჩვენი საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილს მხოლოდ 10-15 ლარი აქვს შემოსავალი, მან უნდა შეძლოს ხელმისაწვდომ ფასებში ის მინიმუმი მაინც იყიდოს, რაც მისი ფიზიკური გადარჩენისათვის არის აუცილებელი“. მომავალში კი სხვა პრინციპები იქნება განმსაზღვრელი. რაც შეეხება საერთოდ ინფლაციურ პროცესს, ის მართვადი უნდა იყოს, რადგან მართვადი ინფლაციის პროცესში შეიძლება შეიქმნას გარკვეული სტიმულები ცალკეული დარგებისათვის, მათ შორის, სურსათის წარმოებისათვის.
საკმაო დინამიზმით ხასიათდება დასაქმების პროცესი. საქართველოში 1994 წელს, თვითდასაქმებულთა ჩათვლით, მილიონ შვიდას ორმოცდაათი კაცი იყო დასაქმებული, 1995 წელს - მილიონ ცხრაასი ათასი, 1996-ში - 2 მილიონი, 1997 წელს - 2 მილიონ ორასი ათასი.
წლიდან წლამდე იზრდება საბიუჯეტო სფეროს მუშაკთა ხელფასები: 1994 წელს ეს მაჩვენებელი 2-3 დოლარს შეადგენდა, 1995-ში - 13,5 ლარს, 1996-ში - 30 ლარს, 1997-ში - 43 ლარს, მიმდინარე წელს, ჯერჯერობით, 60 ლარია საშუალოდ. სხვა მრავალ მონაცემთან ერთად, საქართველოს პრეზიდენტის აზრით, ეს ის საფუძველია, რომელიც უფლებას გვაძლევს, გაბედულად ვილაპარაკოთ საკუთარ ნაკლოვანებებსა და შეცდომებზე და აქტიურად ვეძიოთ საკუთარი რეზერვები იმისათვის, რომ ზრდა უფრო სწრაფი ტემპითა და მასშტაბით წარიმართოს.
სახელმწიფოს მეთაური არ დაეთანხმა სხდომაზე გამოთქმულ ეჭვს იმის თაობაზე, რომ 2002-2003 წლები საქართველოსთვის უძნელესი წლები იქნება. მისი პროგნოზით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას რთულ წლებში აღებული ვალები გადასახდელი აქვს, 2002-2003 წლებისათვის შემოსავლები სამჯერ-ხუთჯერ შეიძლება გაიზარდოს. ამასთან, მსოფლიოში ამ დროისათვის სულ სხვა წესრიგი იქნება და თანამედროვე მსოფლიო ცივილიზაცია არ შეეგუება იმას, რომ არსებობდნენ, ერთის მხრივ, ღატაკი სახელმწიფოები და ხალხები, და, მეორეს მხრივ, უდიდესი სიმდიდრე. ეს მოძრაობა უკვე მიმდინარეობს. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ათეულობით მილიარდი დოლარი გაიღო აზიის ქვეყნების გადასარჩენად, რადგან თუ ის ქვეყნები არ გადარჩებოდა, საფრთხე შეექმნებოდა თვით მის ეკონომიკურ სტაბილურობასაც. დღეს რუსეთს 20 მილიარდ დოლარს აძლევენ. ვინაიდან რუსეთის არასტაბილურობა ნიშნავს ევროპის, და არა მარტო ევროპის, არასტაბილურობას. ასე რომ, იმ წლებში, ედუარდ შევარდნაძის ღრმა რწმენით, ჩვენი შემოსავლებიც სხვა იქნება და მსოფლიოში მდგომარეობაც თამაშის სხვა წესებზე იქნება აგებული.
რაც შეეხება შემოსავლების კონკრეტულ წყაროებს, ისინი დღეს უკვე სრულიად რეალურია ისეთი სფეროებიდან, როგორიც არის, თუნდაც ტვირთბრუნვა. დღეს ამ სფეროში არსებული მონაცემები ორი-სამი წლის წინათ წარმოუდგენელი იყო. ბრუნვის ზრდას კი მოჰყვება შემოსავლების თითქმის ყოველდღიური მატება.
იგივე შეიძლება ითქვას ბანკებიდან შემოსავლების შესახებ. ბანკები სერიოზული გადამხდელები გახდნენ, მაშინ, როცა გუშინ საქართველოში ისინი თითქმის არ არსებობდნენ. ჩამოყალიბდა სერიოზული საბანკო სისტემა. თითქმის ყველა წამყვან ბანკში შემოსულია ევროპის, ამერიკის ბანკები, რაც მნიშვნელოვანი ტენდენცია და მოვლენაა.
იზრდება უცხოეთის სახელმწიფოთა დახმარება, მათ შორის, შეერთებული შტატების, გერმანიის, იაპონიის მხრიდან. ედუარდ შევარდნაძემ განსაკუთრებით აღნიშნა ამ თვალსაზრისით იაპონიის გააქტიურება, რომელსაც, მისი აზრით, სერიოზული ინტერესი გაუჩნდა საქართველოს მიმართ. „დარწმუნებული ვარ, რომ ფოთის ნავსადგურში ისინი დიდ თანხას და ასიგნებებს ჩადებენ, ასევე ბათუმში, მომავალში ანაკლიაში და, თუ ღმერთი ხელს მოგვიმართავს, ოჩამჩირესა და სოხუმშიც. ეს კი ნიშნავს უზარმაზარ შემოსავლებს არა მომავალი საუკუნის შუახანების, არამედ უკვე ამ საუკუნის დასასრულისათვის“. მიაჩნია სახელმწიფოს მეთაურს.
ამასთან, იგი ერთმნიშვნელოვნად აცხადებს, რომ პარტნიორების მხრიდან თანდგომა მთლიანად საქართველოზეა დამოკიდებული. „ჩვენი ბედი ჩვენს ხელთაა. ჩვენ მივიღებთ აუცილებელ მხარდაჭერას ყველა შემთხვევაში, თუ ვივლით დემოკრატიისა და თავისუფლების გზით, რომელიც ავირჩიეთ და რომელიც ყველაზე ძნელი გზა იყო ურთულეს, ნახევრად შიმშილისა და სისხლისღვრის პირობებში“.
ედუარდ შევარდნაძე არ იზიარებს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საქართველოში რეფორმები შეფერხდა. მაგრამ მიაჩნია, რომ ახალ ეტაპზე ამ პროცესისადმი ახლებური მიდგომაა საჭირო. ამ ეტაპზე ბოლომდე უნდა მივიდეს პრივატიზაციის პროცესი. იგი ამჯერად დიდ დარგებს შეეხება, რის გამოც გაუმართლებელი რისკი დაუშვებელია. საქართველოს პრეზიდენტის აზრით, პრივატიზაციის განსახელმწიფოებრიობის პროცესი უნდა შეეხოს ენერგეტიკის სექტორს, კავშირგაბმულობას, რკინიგზის ინფრასტრუქტურას და არა მთლიანად რკინიგზას, ნავსადგურების ნაწილს, მაგრამ მიაჩნია, რომ გარკვეულ ეტაპზე ნავსადგურებზე სახელმწიფომ თავისი გავლენა უნდა შეინარჩუნოს, იგი აქტიურად უჭერს მხარს, აგრეთვე, „თელასის“ პრივატიზაციას.
სახელმწიფოს მეთაური უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს ადგილობრივი მმართველობის არჩევნებს. „მანამ, სანამ თემს, რაიონს, ქალაქს არ ეყოლება პატრონი, რომელიც არა მარტო ადმინისტრატორია, არამედ ბიუჯეტს ადგენს, იბრძვის მისთვის, თითოეულ ლარს ანგარიშობს და აკონტროლებს, არაფერი გამოვა“. მიაჩნია მას და მიმართავს გამგებლებს, ქალაქების ხელმძღვანელებს, რწმუნებულებს, ძალიან სერიოზულად მოეკიდონ არჩევნებისათვის სამზადისს. მით უმეტეს, რომ ლაგოდეხის არჩევნებმა უკვე შეგვძინა სავალალო გამოცდილება. პრეზიდენტის აზრით, არჩევნები ჩვენი ეკონომიკური წინსვლის ძალიან სერიოზული ბერკეტია.
საქართველოს პრეზიდენტმა სერიოზული შენიშვნა მისცა ფინანსთა მინისტრს ხელფასებისა და პენსიების დაგვიანებით გაცემასთან დაკავშირებით. როგორც მან განაცხადა, „ფინანსთა მინისტრის სიტყვა გაუტეხელი უნდა იყოს და მან სახელმწიფოს მეთაური და სახელმწიფო შეცდომაში არ უნდა შეიყვანოს. მე მრცხვენია იმ ადამიანების, რომლებმაც იცოდნენ, რომ 20 ივლისისათვის კუთვნილ ხელფასებსა და პენსიებს მიიღებდნენ... დღეს არ არის ლაპარაკი იმაზე, დაისაჯოს ვინმე თუ არა, მაგრამ ასეთი რამ ჩვენში აღარ უნდა განმეორდეს“.
საქართველოს პრეზიდენტის აზრით, ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ მოსახლეობა კარგად იყოს ინფორმირებული ყველა იმ ღონისძიების მიმდინარეობის თაობაზე, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის აღორძინების მიზნით ხორციელდება, მათ შორის, განსაკუთრებით, აბრეშუმის გზის პერსპექტივების შესახებ. „ეს არის ჩვენი რეგიონის აყვავების გეგმები. მთავარია მოისპოს ნიჰილიზმი, მარტო დღევანდელ დღეზე არ არის საუბარი, ეს საქართველოს მომავალია, მისი დამოუკიდებლობა, ღირსება და მისი ახალი უზარმაზარი ფუნქცია. ასეთი საკითხის განმარტებაში ყველანი ერთსულოვანნი უნდა ვიყოთ, რადგან საქმე ეხება ბათუმის, ფოთის, სუფსის, სამეგრელოს, გურიის, აღმოსავლეთ საქართველოს რაიონების აყვავებას“, მიაჩნია საქართველოს პრეზიდენტს.
მან განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა, აგრეთვე, ბიზნესმენთა მხარდაჭერის განსაკუთრებული ფორმების შემუშავებას. „მე არ მაკლია სურვილი და ნება და არც იმის შეგნება, რომ საქართველოსა და მისი ეკონომიკის მომავალი დამოკიდებულია ბიზნესზე, იმ ადამიანებზე, რომლებმაც თავისი ინტუიციით, ტალანტით, თანდაყოლილი ნიჭით მოჰკიდეს ხელი ამ რთულ საქმეს და საკმაოდ წარმატებით გაართვეს თავი“. ამიტომ „პირდაპირ ვაცხადებ: სადაც კი წავაწყდები, რომ ბიზნესმენის ინტერესი უგულვებელყოფილია, და ის განიცდის უკანონო შევიწროებას, ჩემგან იქნება სასტიკი რეაქცია. მინდა ბიზნესმენებიც დავარწმუნო, რომ ექნებათ სრული სახელმწიფოებრივი მხარდაჭერა“. განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ დღეს საქართველოში ყველაზე საშიში „კლანია“ ის, რომელიც კერძო ბიზნესს ებრძვის, იქნება ეს გამგეობაში, მერიაში, სამინისტროში, პრეზიდენტის აპარატში თუ სხვაგან. ეს არის არა მარტო ბიზნესის მტერი, არამედ საკუთარი ქვეყნისა და ხალხის მტერი და მის მიმართ მიდგომა სწორედ ასეთი უნდა იყოს.
საქართველოს პრეზიდენტის აზრით, საქართველოს ეკონომიკის ყველაზე სუსტი ადგილი მრეწველობის სრული სტაგნაციაა და ამ ფონზე, მისი შეფასებთ, სამინისტრო იმედს ვერ ამართლებს. „ძალიან დიდი იმედი მქონდა, რომ ბატონი თამაზ აგლაძე, კარგი მეცნიერი, კარგი ადამიანი, კარგი ოჯახიშვილი ამ ერთ წელიწადში რაღაცას გააკეთებდა. არაფერი გამოვიდა. ალბათ, უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ თუ აქვს მას პოტენციალი, გამოიყენოს, თუ არადა იყო მეცნიერი და წავა მეცნიერებაში. სამინისტრო, დარგს პატრონი სჭირდება. მრეწველობის გარეშე საქართველოს აღმავლობაზე ლაპარაკი მხოლოდ ფუჭი ოცნება იქნება“. განაცხადა მან.
ამასთან დაკავშირებით, იგი შეეხო უცხოური ინვესტიციებისადმი დამოკიდებულებას და აღნიშნა, რომ საქართველოში შემოსულ ყველა ბიზნესმენსა და ინვესტორს, განსაკუთრებული მოფრთხილება სჭირდება. „მიმაჩნია, რომ არ არსებობს უფრო დიდი მოღალატე, ვიდრე ის პიროვნება, რომელიც დააფრთხობს უცხოელ ინვესტორს“, აცხადებს პრეზიდენტი და მაგალითად მოჰყავს ზეგანის ღვინის ქარხანა და შამპანურის ქარხნის გახმაურებული ამბები, რომლებსაც უკვე მოჰყვა უარყოფითი რეზონანსი უცხოურ პრესაში.
პრეზიდენტის პოზიცია ერთმნიშვნელოვანია: ყოველივე ამას ბოლო უნდა მოეღოს. სწორედ ამ მიზნით არის შექმნილი საინვესტიციო საბჭო, რომ როგორმე ძირითდი პროექტები და კონტრაქტები პრეზიდენტის მხედველობის არეში მოხვდეს. ადრეული ნავთობსადენის მშენებლობას, რომელიც 400-450 მილიონი ჯდება, ედუარდ შევარდნაძე, როგორც თავად განაცხადა, ყოველდღიურად ამოწმებს. „თუ გაგიგონიათ ვინმეს, რომ ვინმე მიეტმასნა, ან რაღაცამ ხელი შეუშალა. მიმდინარეობს იდეალურად და ამან საქართველოს ავტორიტეტი ათჯერ გაზარდა. ახლა ჩვენთნ უკვე თანამშრომლობს ათამდე ამერიკული ნავთობკომპანია, რომლებიც მუშაობენ კასპიის ზღვაში, ყაზახეთში, თურქმენეთში და უკვე საქართველოშიც დაიწყეს ნავთობის ძიება. ბევრი დაინტერესდა და არც ეშინიათ, რადგან იციან, რომ ეს პროცესი უმაღლესი ხელისუფლების კონტროლის ქვეშ არის. როგორც მე ვცდილობ და ჩემი კოლეგები უფრთხილდებიან საქართველოს ავტორიტეტს, თითოეულ ბიზნესმენს თავს დასტრიალებენ, ასე უნდა იყოს მთელი ქვეყანა შემართული და მაშინ ჩვენ ყველანი მდიდრები ვიქნებით. ამ პრობლემას უნდა მივხედოთ“, მიაჩნია სახელმწიფოს მეთაურს.
იგი დადებითად აფასებს ჩრდილოვანი ეკონომიკის შეზღუდვისა და დამალული შემოსავლების ლეგალიზებასთან დაკავშირებით ფინანსთა მინისტრის წინადადებებს და მიაჩნია, რომ უნდა შემუშავდეს მათი განხორციელების რეალური ტექნოლოგია. „მე სულაც არ მაშინებს გამოთქმა „ამნისტია“. თითქოს ეს გზა მიუღებელი უნდა იყოს, რადგან ეს ფული მთლად კანონიერი გზით ნაშოვნი არ არის. ზოგი, ალბათ, მხედრიონისაა, ზოგიც სამხედრო პოლიციის, ზოგი, ალბათ, მოპარულიცაა, მაგრამ ეს ფული ნაშოვნია უკვე და დევს სადღაც, უკეთეს შემთხვევაში, უცხოეთის ბანკებში“, აცხადებს პრეზიდენტი და მოუწოდებს ყველას, დაბრუნდნენ საქართველოში. „მხოლოდ იარაღს ნუ აიღებთ ხელში. ამას არავის ვაპატიებთ. თქვენი ფული ჩამოიტანეთ, გარანტიას გაძლევთ, რომ ბანკებში იქნება სრული უსაფრთხოება, მიხედეთ თქვენს ქვეყანას. თანახმა ვარ წავიდე ამნისტიაზე, მხარი დავუჭირო და პირადად დავდგე გარანტად.
საქართველოს პრეზიდენტი იზიარებს მოსაზრებას, რომ სერიოზული რეფორმა სჭირდება საბაჟო სამსახურს და საგადასახადო ინსპექციას, მაგრამ მიაჩნია, რომ ვერავითარი კომპიუტერული სისტემა, ტექნიკური საშუალებების ვერ გადაწყვეტს ამ პრობლემას, თუ არ მოგვარდება ამ სისტემაში ხელფასის საკითხი. თუ ბიუჯეტი ამას გაითვალისწინებს, ეს იქნება გამოსავალი ქვეყნისათვის და შემოსავლების გაორმაგება უკვე მომავალ წელს.
პრეზიდენტი შეეხო შემოწმების პრობლემას და გაიზიარა მოსაზრება, რომ შემოწმების ფუნქცია უნდა ჰქონდეს მარტო საგადასახადო ინსპექციას ისეთ განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც შეიქმნება სახელმწიფო ინტერესების შელახვის რეალური საფრთხე. ამა თუ იმ ობიექტში შესვლის უფლება მიეცემათ სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებსაც. მხოლოდ უშიშროების საბჭოს სპეციალურ სამსახურთან შეთანხმებით. ეს სამსახური პირდაპირ იქნება დაკავშირებული პრეზიდენტთან და მიაწვდის მას ინფორმაციას ყველა ასეთ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით.
მან მოუწოდა ყველა უწყებას, მათ შორის, საგზაო პოლიციას, კონტროლის პალატას, კანცელარიას, პარლამენტს კარგად დაფიქრდნენ, რაზე მეტყველებს მოსახლეობის გამოკითხვების შედეგად შედგენილი რეიტინგი და გაითვალისწინონ თავიანთ მუშაობაში.
საქართველოს პრეზიდენტმა გაიზიარა ბატონების ზურაბ ჟვანიასა და ნიკო ლეკიშვილის მოსაზრებები იმასთნ დაკავშირებით, რომ საჭიროა სერიოზული ძვრები არამარტო სურვილებისა და კონცეფციების დონეზე - საჭირო არიან ადამიანებიც, რომლებსაც შეუძლიათ რეალურად განახორციელონ ეს ყველაფერი. „ვერ გეტყვით, რომ დღევანდელ მთავრობას რეალურად ამ პრობლემების გადაწყვეტა არ შეუძლია. აქ ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანია. ჩვენ უმძიმესი წლები გავიარეთ ერთად, მაგრამ რამდენიმე მეგობართან შეიძლება მომიწიოს დაცილება. ეს იქნება მეგობრული დაცილება. ვიქნებით ერთ ქალაქში, ჭირსა და ლხინშიც - ერთად. ამით ადამიანების ურთიერთობაში არაფერი არ უნდა იცვლებოდეს... მე მადლობელი ვარ ბატონ ნიკო ლეკიშვილის, რადგან მან სწორედ ეს პრინციპი ჩამოაყალიბა. მან თქვა, რომ ადამიანის ღირსება მარტო თანამდებობაში არ არის, და ჩვენ ყველა უნდა შევეჩვიოთ ამას, მათ შორის, პრეზიდენტიც. დღეს პრეზიდენტი ხარ, ხვალ შეიძლება იყო რომელიმა ფირმის სამეთვალყურო საბჭოს წევრი, ან დაჯდე და წერო, თუ წერა შეგიძლია და კალამი გიჭრის. საკითხის ასე დაყენება ძალიან ღირებული და სწორია, ამიტომაც მინდა მას ძლიერ გულწრფელი, კაცური მადლიერების სიტყვებით მივმართო. შესანიშნავად ვმუშაობთ, შეთანხმებულად, მაგრამ, თუ რაღაც ახალი ტალღა, ახლებური მიდგომებია საჭირო, ალბათ, არც მე უნდა დავიხიო უკან და არც მან. ეს ყველა თქვენგანს ეხება, ყველა მინისტრს და ყველა კოლეგას. არავინ, მე ვფიქრობ, ასეთ პრინციპულ მიდგომაზე უარს არ იტყვის“.
პრეზიდენტის აზრით, ამავე დროს, საჭირო გახდება სტრუქტურული სრულყოფა, რასაც 15-20 დღის მუშაობა აუცილებლად დასჭირდება. მან, აგრეთვე, სხდომის მონაწილეებს გაუზიარა მოსაზრება ახალი სამინისტროს შექმნის შესახებ, რომელიც კონფლიქტების პრობლემით იქნება დაკავებული.
ამავე დროს, მან თხოვნით მიმართა პარლამენტს მხარი დაუჭიროს პრეზიდენტთან არსებული კორუფციასთან ბრძოლის სამსახურის შექმნას. „ეს სამსახური ძალზე საჭიროა. რომ არ ვიყო დარწმუნებული, ასე პრინციპულად არ დავაყენებდი საკითხს. მე ისეთი ტვირთი უნდა ვიკისრო, რომელმაც შეიძლება გაჭყლიტოს ადამიანი, რომელსაც შეიძლება ვერც მოვერიო. მაგრამ უნდა დავიწყოთ ეს მოძრაობა“ - მიაჩნია მას.
მთავრობის გაფართოებული სხდომის ტრიბუნიდან საქართველოს პრეზიდენტმა მიმართა გალელებსა და ყველა ლტოლვილებს: თქვენი დახმარების კურსი გაგრძელდება. ეს იქნება საერთაშორისო დახმარება თუ პრეზიდენტის ფონდი, თუ სხვა საშუალებები, თქვენ დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ მარტონი არ ხართ. რაც, შეგვიძლია, ყველაფერში დაგეხმარებით. დღეს ორსანტიაში მიტინგი გაიმართა. 600-მდე კაცი მონაწილეობდა. იყო მონაცემები, რომ ეს იქნებოდა ხელისუფლების საწინააღმდეგო მიტინგი, იქნებოდა ლოზუნგები, ვიღაცა გადადგეს, დაისაჯოს და სხვა. მიტინგი კი დამთავრდა იმით, რომ მიიღეს წერილი საქართველოს პრეზიდენტის სახელზე: გენდობით, თქვენი იმედი გვაქვს, რომ დაგვაბრუნებთ.
საქართველოს პრეზიდენტი გამოეხმაურა სხდომაზე პოეტ რეზო ამაშუკელის გამოსვლას და განაცხადა, რომ, რაც ეროვნული შერიგების, თანხმობის პლათფორმა ჩამოყალიბდა და ხელისუფლებამ ის თვის ერთ-ერთ პრიორიტეტად გამოაცხადა, „ვიღაც-ვიღაცეებმა თავი აიწყვიტეს. მინდა მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადო: ჩვენ არ ვართ უპრინციპო ხალხი, ჩვენ გვინდა ვითანამშრომლოთ, მაგრამ ვითანამშრომლოთ როგორც თანასწორმა თანასწორთან, ეს უნდა იყოს დისკუსია, ჭეშმარიტების დადგენა და პრინციპულ პლათფორმაზე აგებული ურთიერთობა. პოზიციების დათმობა, მით უმეტეს, სწორი, მართალი პოზიციების დათმობა შეუძლებელია, მაგრამ კომპრომისი გულისხმობს ორმხრივ მოძრაობას. ამ ორმხრივ მოძრაობას მივესალმები, მხოლოდ ასეთ მიდგომას ვუჭერ მხარს“.
დასასრულ საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა სხდომის მონაწილეებს და განაცხადა, რომ არ არსებობს საფუძველი ვილაპარაკოთ ხელისუფლების კრიზისზე. „ზოგიერთს ეს ესიზმრება, ელანდება, მაგრამ როგორც საკუთარ ყურს ვერ დაინახავენ, ისე ვერ მოესწრებიან ხელისუფლების კრიზისს საქართველოში“, ასეთია მისი პრინციპული მოსაზრება.
საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური
- საქინფორმი.
„გამოვედით ქაოსიდან და სახელმწიფოს მშენებლობა შევიყვანეთ ისეთ ფაზაში, როცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის მზარდი დემოკრატიული ქვეყანა“ : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა საქართველოს მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე 1998 წლის 25 ივლისს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 29 ივლისი. - №191 (2891). - 1,2 გვ.
![]() |
15 ჟურნალ „საქართველოს ქალის“ რედაქციას |
▲ზევით დაბრუნება |
ძვირფასო მეგობრებო,
სულითა და გულით მოგესალმებით თქვენი ჟურნალის, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ავტორიტეტული გამოცემის 5 წლის იუბილესთან დაკავშირებით. გულწრფელ სიხარულს მგვრის იმის დანახვა, რომ „საქართველოს ქქალი“ კვლავ თავისი ტრადიციების ერთგული დარჩება, ანუ, მრავალი სიძნელისა და და გაჭირვების მიუხედავად, არ ღალატობს ჟურნალისტიკის მაღალი სტანდარტების მოთხოვნილებებს, გამოირჩევა პროფესიონალიზმითა და ობიექტურობით.
ათეული წლების გნმავლობაში თქვენი ჟურნალის ფურცლებზე აისახებოდა ჩვენი ცხოვრების ყველაზე ფაქიზი მხარე - ქალი და საზოგადოებრივი სამიანობა, ქალი და ოჯახი. თქვენი გულისხმიერება ყოველთვის იზიდავდა მკითხველებს, ამიტომაც არასოდეს გაკლდათ თაყვანისმცემელი და დამფასებელი.
გისურვებთ, ერთგული მკითხველი არც მომავალში მოგკლებოდეთ და, რაც მთავარია, „საქართველოს ქალი“ საქართველოს ყველა ქალისათვის ყოველთვის უსაყვარლესი ჟურნალი იყოს.
პატივისცემით,
ედუარდ შევარდნაძე.
ჟურნალ „საქართველოს ქალის“ რედაქციას // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 31 ივლისი. - №192 (2892).- 6 გვ.
![]() |
16 დღესასწაული, რომელიც ჩვენთან არის |
▲ზევით დაბრუნება |
ბატონ რობერტ სტურუას
ბატონო რობერტ, ჩემო რობიკო,
დაბადების დღეს გილოცავ, სამოცი წელი მართლაც შესანიშნავი თარიღია, რადგან სიჭარმაგეშიც გაქვს ფეხი შედგმული და ახალგაზრდაც ხარ, მოკლედ არეალი მოქმედებისა ძალზე დიდია, ჰორიზონტი - უკიდეგანო.
გილოცავ ამ თარიღს როგორც მეგობარს და როგორც დიდ ხელოვანს, დიდი მიშა თუმანიშვილის იმ ღირსეულ მოწაფეს, რომელიც არასოდეს დარჩენილა შეგირდად და მასწავლებელს იმით უერთგულა, რომ საკუთარი გზა მონახა ხელოვნებაში, საკუთარი სიმაღლეები დაიპყრო.
დღეს შენ მსოფლიოს თეატრალური სამყარო გაღიარებს, მაგრამ თავი და თავი შენი შემოქმედებითი თუ პირადი ცხოვრებისა, მაინც ქართველი ხალხი და საქართველოა, რომლისთვისაც შენ მხოლოდ რეჟისორი კი არა ხარ, არამედ ის პიროვნებაც, რომელმაც დიდი ღვაწლი დასდო ქართული საზოგადოებრივი აზრის განახლებას.
აქვე ისიც მინდა ვთქვა, რომ შენს გამარჯვებებში უდიდესი წვლილია არა მარტო უშუალოდ შენი თანამოაზრეების - მსახიობების, მხატვრების, კომპოზიტორების, თეატრმცოდნეების, არამედ შენი მაყურებლისაც და მათიც, ვინც გაძლევდა საშუალებას გეთქვა შენი სიტყვა.
ასე, რომ შენი დღესასწაული ბევრის დღესასწაულია, ყველა მათი, ვისაც უყვარხარ და ვინც ტაშს გიკრავს.
მათ შორის მე და ჩემი მეუღლეც გვიგულე.
პატივისცემით და სიყვარულით,
ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი, 1998 წლის 30 ივლისი.
დღესასწაული, რომელიც ჩვენთან არის : ბატონ რობერტ სტურუას // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 31 ივლისი. - №193 (2893). - 1 გვ.
![]() |
17 ბიძინა კვერნაძეს დაბადების სამოცდაათ წლისთავზე |
▲ზევით დაბრუნება |
მილოცვა
ბატონო ბიძინა, დღეს საქართველომ დილა თქვენი მელოდიებით გაითენა და მე მინდა მთელ საქართველოსთან ერთად დაბადების სამოცდაათი წელი მოგილოცოთ თხემით ტერფამდე ქართველ კომპოზიტორს, გამორჩეული იუმორით დაჯლდოებულ ადამიანს და შესანიშნავ პედაგოგს, რომელსაც ეს ხანდაზმულობის ასაკი ნამდვილად არ ეტყობა, რადგან ნამდვილად არ ბერდება თქვენი მუსიკა, ნამდვილად არ ბერდება თქვენი იუმორი, ნამდვილად არ ბერდებით თქვენც.
ეტყობა, ეს თქვენი სულის თვისებაა - უბერებლობა.
გწერთ ამ წერილს და თქვენი მელოდია მდევს თან, ეტყობა მთელი დღე გამყვება, როგორც ქართული სულის მშვენიერი გამოძახილი.
თქვენ ის ბედნიერი ხელოვანი ხართ, რომელსაც ხალხი დიდი სიამოვნებითა და დიდი მოლოდინით უსმენს.
არასოდეს გაგეწბილებინოთ ეს მოლოდინი.
ჩემს მეუღლესთან ერთად კიდევ ერთხელ გილოცავთ.
საუკეთესო სურვილებით,
სიყვარულითა და პატივისცემით,
ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი, 1998 წლის 31 ივლისი.
ბიძინა კვერნაძეს დაბადების სამოცდაათ წლისთავზე : მილოცვა // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 4 აგვისტო. - №195-196 (2896). - 1 გვ.
![]() |
18 „რაც უფრო სწრაფად და უმტკივნეულოდ გადაწყდება ლტოლვილთა უსაფრთხო დაბრუნების საკითხი, მათთვის შესაბამისი გარანტიების შექმნით, მით უფრო სწრაფად და წარმატებით განიხილება ყველა ის პრობლემა, რომელთა გადაწყვეტით თვით აფხაზური მხარეა დაინტერესებული“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
3 აგვისტოს რადიოინტერვიუ
- 31 ივლისს ვადა გაუვიდა კონფლიქტის ზონაში რუსეთის სამშვიდობო ძალების მანდატს. 30 ივლისს კი ნიუ-იორკში გაეროს უშიშროების საბჭომ აფხაზეთთან დაკავშირებით მიიღო რეზოლუცია, რომლის მიმართ განსხვავებული პოზიციებია... - ჟურნალისტ ნატო ონიანის თხოვნით, ამ თემაზე საუბრით დაიწყო თავისი ტრადიციული ორშაბათის რადიოინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ.
- მე დავიწყებ უშიშროების საბჭოს მიერ 30 ივლისს მიღებული რეზოლუციის კომენტარით. ეს რეზოლუცია, ჩემი აზრით, იმ სისტემის კიდევ ერთი რგოლი გახდა, რომელსაც 1994 წლიდან ქმნიან ქართული დიპლომატია, პრეზიდენტი, პარლამენტი მეგობარ ქვეყნებთან ერთად ორივე ხალხის საკეთილდღეოდ აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისათვის. სხვათა შორის, „მშვიდობიანი მეთოდი“ სულაც არ გამორიცხავს გარკვეულ ზემოქმედებას სეპარატისტულ რეჟიმზე, ოღონდ საერთაშორისო ორგანიზაციათა (მხედველობაში მაქვს გაეროს უშიშროების საბჭო, ეუთო, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა, რუსეთი და სხვა) მანდატით და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე. ჩვენი პოლიტიკის არსი აგრესიული სეპარატიზმის იზოლირება და მისთვის ყოველგვარი საერთაშორისო-სამართლებრივი პერსპექტივის აღკვეთაა. 1994 წლიდან მოყოლებული, ვინმე თუ თვალს ადევნებს, რა ხდება, ვფიქრობ, ჩვენ თანმიმდევრულად, ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ სწორედ ამ მიზნის მისაღწევად. ამ თვალსაზრისით თუ განვიხილავთ მიღებულ რეზოლუციას, მან ზემოხსენებული პოლიტიკური სისტემა კიდევ უფრო განამტკიცა. ნურავის ეგონება, რომ ეს მხოლოდ თეორიაა, მხოლოდ „ქაღალდებია“, ასე ვთქვათ, და რეალურად არაფერს ნიშნავს. ასე რომ ყოფილიყო, კაცობრიობის ისტორიაში დიპლომატიას საერთოდ დაეკარგებოდა აზრი. დიპლომატიის ხელოვნება და მეცნიერება არც იარსებებდა.
დოკუმენტში დიდი შეშფოთებაა გამოთქმული ზუგდიდისა და გალის რაიონებში შექმნილი დაძაბული და კონფრონტაციული სიტუაციის, აგრეთვე ბრძოლის განახლების საშიშროების გამო. ბუნებრივია, მაისის მოვლენების შემდეგ ამ საშიშროებას განსაკუთრებით აღნიშნავენ და არც ის უნდა უკვირდეს ვინმეს, თუ იმ მოვლენათა გათვალისწინებით რეზოლუციის ტონალობა მთლიანად შეიცვალა, უფრო მკაცრი და უფრო მომთხოვნი გახდა. ვინც ვერ მოასწრო მისი გაცნობა, ვთხოვ, ერთხელ კიდევ ყველამ წაიკითხოს და ნიუანსებში ამოიკითხოს ეს დოკუმენტი. მაგალითად, 1994 წლიდან პირველად რეზოლუციაში გაჩნდა ფორმულირება, რომელიც ფაქტობრივად ეთნოწმენდის აღიარებას ნიშნავს. კერძოდ, დოკუმენტის მე-4 პუნქტით უშიშროების საბჭომ დაგმო (მომყავს ციტატა): „აფხაზთა ძალების მიერ სახლების განზრახ განადგურება იმ აშკარა მოტივით, რომ განედევნათ ხალხი მშობლიური ადგილსამყოფელიდან“ და შეეცვალათ დემოგრაფიული სიტუაცია. გარდა ამისა, რეზოლუცია იმოწმებს ეუთოს ლისაბონის სამიტის გადაწყვეტილებებს (ესეც მნიშვნელოვანია), რომლებშიც აგრეთვე პირდაპირ არის დაგმობილი ქართული მოსახლეობის ეთნოწმენდა (იქ მოცემული იყო პირდაპირი შეფასება ეთნოწმენდის შესახებ). უშიშროების საბჭო ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ მიუღებელია დემოგრაფიული ვითარების ძალადობრივი შეცვლა, გამოთქვამს დიდ შეშფოთებას გალის რაიონიდან ადგილნაცვალ პირთა, ასევე იქ დარჩენილი მოსახლეობის უკიდურესად მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობისა და ასევე იმ ნეგატიური გავლენის გამო, ამასწინანდელმა მოვლენებმა რომ მოახდინა გალის რაიონში საერთაშორისო ჰუმანიტარულ ძალისხმევაზე. უშიშროების საბჭომ მოუწოდა მხარეებს, დაუყოვნებლივ გამოავლინონ საჭირო პოლიტიკური ნება მოლაპარაკების საკვანძო საკითხებზე მნიშვნელოვანი შედეგების მისაღწევად - საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრული პატივისცემით, გაეროს ეგიდით მიმდინარე სამშვიდობო პროცესის ფარგლებში და პირდაპირი დიალოგის მეშვეობით.
ისიც უნდა ითქვას, რომ რეზოლუციაში არის რამდენიმე ფრაზა, რომლებიც გალის რაიონში დივერსიულ აქტებს შეეხება. ამ შეფასებას მხარი დაუჭირა არა მარტო რუსეთმა, არამედ უშიშროების საბჭოს სხვა მუდმივმა წევრებმაც, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მსოფლიო თანამეგობრობა ერთმნიშვნელოვნად გმობს ტერორიზმს მოტივისა და ფორმის განურჩევლად. ამიტომ, როგორი არგუმენტაციაც უნდა ჰქონდეს ჩვენში ვინმეს, მსოფლიო თანამეგობრობის პოზიცია რეალობაა და მას უნდა შევურიგდეთ, ყოველ შემთხვევაში, ანგარიში გავუწიოთ, ამასთან დაკავშირებით, მე კვლავ გავიმეორებ იმას, რაც არაერთგზის მითქვამს: ვგმობ დივერსიისა და ტერორის ყოველგვარ გამოვლინებას, ჩემთვის ეს აბსოლუტურად მიუღებელია, საიდანაც უნდა მოდიოდეს და ვინც უნდა სჩადიოდეს ამ დანაშაულს: აქვე ვიტყვი, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების გადაწვა-განადგურებაც, რა თქმა უნდა, ყველაზე უკიდურესი ტერორია.
ტერორიზმი და დივერსიები არ არის საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკა. ვინც უნდა სჩადიოდეს ამას - ქართველი თუ აფხაზი, იგი მტრობს როგორც ქართველ, ასევე აფხაზ ხალხებს. ამავე დროს, მე კვლავ ვთავაზობ ვლადისლავ არძინბას, სასწრაფოდ შევქმნათ ერთობლივი ოპერატიული ჯგუფები სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთაგან, რათა მომავალში მაინც გამოირიცხოს ამგვარი ექსცესები.
საქართველოს ხელისუფლება პრობლემის მშვიდობიანი და პოლიტიკური გადაწყვეტის მომხრეა, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ცალმხრივი მიდგომა. თუ მეორე მხარე ასეთ კომპრომისს არ ეთანხმება, მაშასადამე, იგი ძალისმიერი მეთოდით მოპოვებულის შენარჩუნებას ცდილობს და ეს სერიოზული განსჯისა და დაფიქრების საგანია. ეს უკვე, ფაქტობრივად, ულტიმატუმია, რომელსაც საქართველოს უყენებენ. ამ გზით ვერც აფხაზური მხარე მიაღწევს შედეგს. რაც უფრო სწრაფად და უმტკივნეულოდ გადაწყდება ლტოლვილთა უსაფრთხო დაბრუნების საკითხი, მათთვის შესაბამისი გარანტიების შექმნით, მით უფრო სწრაფად და წარმატებით განიხილება აფხაზეთის ეკონომიკის რეაბილიტაციის, სასაზღვრო რეჟიმის შერბილების საკითხები ანუ ყველა ის პრობლემა რომელთა გადაწყვეტით თვით აფხაზური მხარეა დაინტერესებული. თქვენ თუ მიაქციეთ ყურადღება, როცა უშიშროების საბჭოს რეზოლუციაში ლტოლვილთა დაბრუნებაზეა ლაპარაკი, იგულისხმება უპირობო დაბრუნება, ესე იგი, ყოველგვარი წინასწარი მოთხოვნებისა და პირობების გარეშე.
გაეროს უშიშროების საბჭომ 1999 წლის 31 იანვრამდე გაუგრძელა მანდატის ვადა გაეროს სამხედრო მეთვალყურეთა მისიას, თუმცა (მიაქციეთ, ალბათ, ამას ყურადღება) იქვე, სხვა დებულებებთან ერთად აღნიშნულია, რომ მანდატი ექვემდებარება საბჭოს მიერ გადახედვას იმ შემთხვევაში, თუკი მიღებული იქნება გადაწყვეტილება კონფლიქტის ზონიდან სამშვიდობო ძალების გაყვანის შესახებ.
როგორც ცნობილია, სამშვიდობო ძალებს 31 ივლისს გაუვიდათ მანდატის ვადა. ამ საკითხთან დაკავშირებით (ვიცი, ბევრს აინტერესებს ჩემი აზრი და უნდა გამოვხატო ეს დამოკიდებულება), პირადად ჩემი აზრი ასეთია: სანამ არ გაირკვევა სამშვიდობო ძალების ჩანაცვლების საკითხი, რაც გულისხმობს, სამშვიდობო ოპერაციის შემდგომ ინტერნაციონალიზაციას, მანამდე რუსეთის სამშვიდობო ძალების გაყვანა მიზანშეწონილად არ მიმაჩნია, ვინაიდან გარკვეულმა ძალებმა შეიძლება კვლავ ჩაითრიონ საქართველო ფართომასშტაბიან ომში. თუმცა, ამ საკითხზე იმსჯელებს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო, ყველა შემთხვევაში მნიშვნელოვანი იქნება გალის მოსახლეობის აზრი. გადაწყვეტილი მაქვს, ვთხოვო ჩვენს სპეციალისტებს, სპეციალურად შეისწავლონ გალის მოსახლეობის დამოკიდებულება და განწყობილება სამშვიდობო ძალების გაყვანასთან დაკავშირებით. როგორც მითხრეს, მაისის მოვლენათა შედეგად დევნილი მოსახლეობის დაბრუნების პროცესი დიწყო, დაიწყო სტიქიურად და არაორგანიზებულად. აფხაზური მხარე ამ პროცესს ჯერჯერობით ხელს არ უშლის, ვინაიდან თავად არის დაინტერესებული, არ განადგურდეს და არ დალპეს სამურზაყანოს უხვი ჭირნახული. საქართველოს ხელისუფლებაც ამას წინ არ აღუდგება, თუმცა კვლავინდებურად მიგვაჩნია, რომ დღევანდელ პირობებში, როდესაც არ არსებობს უსაფრთხოების გარანტია, ლტოლვილთა დაბრუნება ძალიან დიდ რისკთან არის დაკავშირებული. მე არ გამოვრიცხავ, რომ სწორედ ჟენევის შეთანხმებათა საფუძველზე იქნება შესაძლებელი შეიქმნას დაბრუნების გარანტიათა მთელი სისტემა და ეს შეიძლება ძალიან მალე მოხდეს.
რაც შეეხება სამშვიდობო ძალებს, რა თქმა უნდა, ისინი ბოლოს და ბოლოს, ადრე თუ გვიან უეჭველად გავლენ კონფლიქტის ზონიდან. მთავარია, ზუსტად განისაზღვროს დრო და პოლიტიკური მომენტი. ყველაფერს თავისი დრო აქვს და ყველაფრის დრო მოვა.
- გასულ კვირაში საინვესტიციო საბჭოს სხდომა გაიმართა. ინვესტიციათა რაოდენობა საქართველოში ამ ბოლო ხანს მატულობს, თუმცა გარკვეული პრობლემებიც გაჩნდა, რაზეც ძალიან პრინციპულად და დაუფარავად იყო საუბარი ამ სხდომაზე. თქვენ რას გამოყოფდით განსაკუთრებით?
- აქაც გარკვეული დეტალური კომენტარი დამჭირდება ამ საკითხებთან დაკავშირებით და მომავალშიც არაერთხელ დავუბრუნდები ამ პრობლემას.
საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევა 1994 წლიდან მოყოლებული იმას ისახავდა და ისახავს მიზნად, რომ მკაცრი ფულად-საკრედიტო პოლიტიკისა და ინფლაციის შემცირების გზით მივაღწიოთ ქვეყანაში ხელსაყრელი საინვესტიციო ფონის, საინვესტიციო გარემოს შექმნას და, უწინარესად, ქვეყნის სტაბილურობის უზრუნველყოფას. სხვაგვარად ქვეყნის ეკონომიკა, განსაკუთრებით კი მრეწველობა ვერ აღორძინდება, ვერ განვითარდება და ამას ძალიან დიდი დრო დასჭირდება. ნორმალური საინვესტიციო კლიმატი ეკონომიკურ რეფორმათა წარმატების აუცილებელი პირობაა. უნდა მოგახსენოთ, რომ ამ თვალსაზრისით ქვეყანამ ბევრს მიაღწია, რაზეც უკვე მოზიდულ ინვესტიციათა ოდენობაც მეტყველებს. მხოლოდ საინვესტიციო საბჭოს ბოლო სხდომაზე (რამდენიმე სხდომა გაიმართა, მე მხოლოდ ბოლო სხდომის ანალიზს გთავაზობთ) მოყვანილ ციფრებს გამოვაქვეყნებ: მაგალითად, განხორციელების პროცესშია საერთაშორისო განვითარების ასოციაციის კრედიტების პაკეტი 238 მილიონი ამერიკული დოლარის ოდენობით. ეს ეხება 1998-2000 წლებს. ამ ორგანიზაციის მიერ საქართველოსათვის დაგეგმილი კრედიტების საერთო მოცულობა დღეისათვის 373 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს. კრედიტს რომ ვამბობ, ეს პირობითი გამოთქმაა. იგი ფაქტობრივად დახმარების ტოლფასია. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ინვესტიციათა ოდენობა, რომელიც 1996 წელს 22 მილიონ ეკიუს შეადგენდა, 1998 წლის ივლისისათვის თითქმის 80 მილიონ ეკიუმდე გაიზარდა და 22 პროექტს მოიცავს შარშანწინდელი ორი პროექტის ნაცვლად.
მომავალ წელს, ამერიკის შეერთებული შტატების დახმარების მინიმალური ოდენობა, როგორც წინასწარ გვეუბნებიან, 95 მილიონი დოლარით განისაზღვრა, მაშასადამე, რეალურად ეს დახმარება გაცილებით მეტი იქნება, ვიდრე წელს. ევრობანკი მზად არის საკრედიტო ხაზი გაუხსნას კიდევ რამდენიმე ქართულ ბანკს. თითქმის ყველა ქართულ ბანკში, რომლებსაც პერსპექტივა აქვთ, გახსნა მან საკრედიტო ხაზი, და არა იმისათვის, რომ აქ საკონტროლო პაკეტები ჩაიგდოს ხელში, არამედ იმისათვის, რომ ასწავლოს ჩვენს ბანკირებს მუშაობა და მისცეს კრედიტების ის რაოდენობა, რომელიც მათი ფუნქციონირებისათვის არის საჭირო. კრედიტი გამოიყოფა სახელმწიფო გარანტიის გარეშე, - ორიოდე წლის წინათ ამაზე ლაპარაკი და ამაზე ოცნებაც კი შეუძლებელი იყო. შესანიშნავი პროექტები ხორციელდება ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ეგიდით, გრძელდება აგრეთვე მუშაობა სენატორ-რესპუბლიკელის რობერტ დოულის ინიციატივის ხორცშესხმისათვის. თქვენ გახსოვთ, რომ მან თავისი საარჩევნო კამპანიის დაწყების წინ გამოიჩინა ეს ინიციატივა. მისი იდეა ითვალისწინებს თბილისში „კავკასიური ფონდის“ დაფუძნებას. მრავალი საწარმო უკვე ამოქმედდა უცხოური კაპიტალის მეშვეობით. ეს „კავკასიური ფონდი“, რა თქმა უნდა, სამხრეთ კავკასიის სამივე სახელმწიფოს მოემსახურება როგორც სერიოზული საკრედიტო წყარო. იგი რეგიონში პოლიტიკური სტაბილურობის ერთ-ერთი გარანტი იქნება და სტიმულს მისცემს კავკასიაში სტაბილურობის განმტკიცებას.
მე მხოლოდ გაზრდილი, ასე ვთქვათ, მოცულობითაც დიდი ციფრები ჩამოვთვალე, აღარაფერს ვამბობ კერძო ინვესტიციებზე, რომელთა რაოდენობა არანაკლებია, ვიდრე ეს ციფრები, რომლებიც უკვე მოგახსენეთ.
ასე რომ, ინვესტიციების სფერო ჩვენი ყოველდღიური საზრუნავია. ამიტომ არ შევურიგდებით, არაფრის დიდებით არ შევურიგდებით იმ ნეგატიურ, დამანგრეველ ტენდენციას, ბოლო დროს რომ გაჩნდა და საქართველოს საინვესტიციო იმიჯის შელახვა განაპირობა. თქვენ იცით, მოსახლეობისათვის არ დაგვიმალავს, რომ უდიდეს, ყველაზე პრესტიჟულ გაზეთებშიც კი გამოჩნდა ძალზე გულსატკენი, მართალია, ცალკეული, მაგრამ მაინც, პუბლიკაციები იმ სირთულეების შესახებ, რომლებსაც ბიზნესმენები და ინვესტორები აწყდებიან საქართველოში. ისინი წერენ თავიანთ ბიზნესმენებზე, უცხოელ ბიზნესმენებზე, მაგრამ, როცა ამაზე ვლაპარაკობ, ვგულისხმობ საკუთარ ბიზნესმენსაც, რომელიც კიდევ მეტ სირთულეებსა და სიძნელეებს აწყდება.
საქმე ის გახლავთ, რომ სამწუხაროდ, გამოჩნდნენ ადამიანები, რომელთაც ბევრი არაფერი გაეგებათ არც ბიზნესში, არც ინვესტიციებში, მაგრამ როგორც კი დაინახავენ - ამა თუ იმ საწარმოს პატრონი გაუჩნდა, ჩვენი თანამემამულე თუ უცხოელი ინვესტორი, ვინც ფულის გადამხდელია, უმალ იწყებს სირბილს ინსტანციიდან ინსტანციაში, ჩივის, არ ერიდება მუქარას, ითხოვს წილს, რომელიც არ დაუმსახურებია, რომელიც ვითომ ჰქონდა ან არ ჰქონდა. ერთი სიტყვით, საკმარისია ქარხანაში გაჩნდეს სიცოცხლე, ახმაურდეს, და წურბელებით დაესევიან, არ აცლიან არც ამუშავებას და არც წარმოების აწყობას. სამწუხაროდ, ვითარებას კიდევ უფრო ართულებს ის უმძიმესი მდგომარეობა, რომელიც ჩვენი სასამართლო სისტემის ქვედა რგოლებშია შექმნილი. ეს ახლა უკვე აუტანელი ხდება. სწორედ ამ განუკითხაობის, უსინდისობის, მექრთამეობის, ადგილობრივი მმართველობის ორგანოთა წაყრუების, აშკარა კრიმინალთა ძალადობის შედეგია ის, რაც მოხდა, მაგალითად, შამპანურის ქარხანასა და ზეგნის ღვინის ქარხანაში. დარწმუნებული ვარ, დიახ, მტკიცედ დარწმუნებული ვარ, რომ ყოველივე ეს ხდება ცალკეულ მოხელეთა და ხელმძღვანელთა ხელშეწყობით, უფრო მეტიც, მათი დანაშაულებრივი ალიანსით კრიმინალებთან და იმათთან, ვინც ჯერ კიდევ კომუნისტურ ეპოქაში ხელმძღვანელობდა საწარმოებს, და ამიტომ ეს ქარხნები თავიანთ საკუთრებად მიაჩნიათ და ამიტომ არ უნდათ შეუშვან იქ ინვესტორი, რათა მათი (ასე ვთქვათ) არაფორმალური უფლება არ შეილახოს და გავლენა არ შეუმცირდეს. ავიწყდებათ, რომ ყველა ეს საწარმო, რომლებზეც ახლა ლაპარაკია და ბევრია ასეთი, სახელმწიფოს, ხალხის საკუთრება იყო და სახელმწიფოს საქმეა მათი პრივატიზება. მაგალითად, შამპანურის ქარხანა საერთოდ გაჩერებულია, თითქმის გაჩერებულია - ისინი ახლა ალბათ იმდენს უშვებენ, რამდენიც იქ ათ კაცს ეყოფა. ეს ინვესტორი გარკვეულ თანხას იხდის იმისათვის, რომ იყიდოს გარკვეული დროით, ვთქვათ, ეს არის 2 მილიონი დოლარი. გარდა ამისა, მან ვალდებულება იკისრა დაუყოვნებლივ დააბანდოს საწარმოში 10 მილიონი დოლარი მისი ხელახალი ტექნოლოგიური აღჭურვისათვის. ფაქტობრივად, ისე იყო აწყობილი საქმე, რომ სექტემბერში უნდა დაწყებულიყო ქართული შამპანურის კონვეიერული გამოშვება, სამწუხაროდ, მათ მოწყობილობა შემოიტანეს, მაგრამ საქმე ამით დამთავრდა, რადგან დაიწყო ის მოძრაობა, რომლის შესახებაც ზემოთ მოგახსენებდით.
ამ მხრივ ძალიან სერიოზული გადაწყვეტილებებია მისაღები და კანონმდებელმაც თავისი სიტყვა უნდა თქვას. ბოლოს და ბოლოს „ყადაღასაც“ დიდი ჭკუა არ უნდა, ამ „ყადაღებმა“ წაიღო ტვინი, ესე იგი, ერთადერთი, რასაც ახერხებენ ჩვენი საგადასახადო სამსახურის წარმომადგენლები, ის არის, რომ დაადებენ ყადაღას საწარმოს, რომელიც შეიძლება ერთ ან ორ თვეში ამუშავდეს და, ფაქტობრივად, ამით იმთავითვე ახშობენ ცოცხალ და საინტერესო საქმეს. საინვესტიციო საბჭოს სხდომაზე ვთქვი: „ყადაღის“ დადება ყველაზე ადვილია, მაგრამ ვინ დათვალა, ან ვინ დაინტერესდა, რა მოგებას მოუტანდა ქვეყანას, ვთქვათ, იგივე შამპანურის ქარხანა რომ ამუშავებულიყო? სხვათა შორის, შამპანურის ქარხანას გაყიდვის დღიდან „ყადაღა“ აქვს დადებული.
კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რამდენად საშურია სასამართლო რეფორმის შემოღება, რათა ზოგიერთ უნამუსო და მექრთამე მოსამართლეს არ ჰქონდეს საშუალება შეაფერხოს ქვეყნისათვის სასიკეთო პროცესები. ეს იმ მოსამართლეებს ეხება, რომლებმაც კარგად უწყიან, რომ გამოცდას ვერ ჩააბარებენ, ამიტომ ცდილობენ დრო იხელთონ, იანვრამდე როგორმე მოასწრონ „მოგროვება“. რისი მოგროვება - თავად უკეთ იციან, თქვენც, ალბათ, მიხვდებით, რაზეა ლაპარაკი. მჯერა, უმაღლესი სასამართლო, მისი ხელმძღვანელობა ჩვეულ, პრინციპულ და სამართლიან პოზიციას დაიკავებენ ამ პროცესებთან დაკავშირებით. და საერთოდ კი, ალბათ, ეს ჩემი პრეროგატივა არ არის, შეიძლება, მე არც პროფესიონალი ვარ ამ საქმის, რომ რჩევა მივცე უმაღლეს სასამართლოს, და არც უფლება მაქვს, მაგრამ საინვესტიციო კლიმატთან დაკავშირებით არსებული მოვლენები შეიძლება უმაღლესი სასამართლოს პლენუმზეც კი გახდეს მსჯელობის საგანი.
ინვესტორი თუ გაგვექცა, ჩვენ ყველაფერი წყალში გადაგვეყრება. ამიტომ მას ყოველნაირად უნდა ვუწყობდეთ ხელს. იმათ კი, ვინც ცდილობს პატიოსან ბიზნესს მიჩვეულ ადამიანს ეგრეთ წოდებული „შავი ბიზნესი“ და ბიზნესის კრიმინალური გაგება მოახვიოს თავს, კანონის მთელი სიმკაცრით უნდა გავუსწორდეთ და კიდევაც გავუსწორდებით!
ბიზნესმენის საყურადღებოდ მინდა განვაცხადო: ქვეყნის პრეზიდენტი გახლავთ ის გარანტი, რომელიც უზრუნველყოფს თქვენს უსაფრთხოებას, თქვენს წარმატებულ საქმიანობას (რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში). მე თქვენს უფლებებს დავიცავ და ყოველგვარი გაუგებრობის შემთხვევაში მოგიწოდებთ მიმართოთ საინვესტიციო საბჭოს, პირადად პრეზიდენტს იმისათვის, რომ თქვენც წარმატებული საქმიანობა გქონდეთ და საქართველომაც შესაბამისი სარგებელი ნახოს.
- საგადასახადო ამნისტიის თემა, რომელიც მთავრობის სხდომაზე წამოაყენა მიხეილ ჭკუასელმა, გასულ კვირას კვლავ აქტიური მსჯელობის საგანი იყო...
- მე ასე მინდა გიპასუხოთ: უფრო დეტალური პასუხი მქონდა მომზადებული. ალბათ, ბატონ მიხეილის წინადადებებს კიდევ უნდა დაზუსტება, უფრო დაკონკრეტება და უნდა გავარკვიოთ, რომელ სფეროს ეხება ეს. თუ საერთოდ დავალიანების სფეროს ეხება და ამნისტიაზეა ლაპარაკი, მაშინ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რა მოჰყვება შედეგად ამას მომავალში. თუ ლაპარაკია იმ თანხებზე, ამჟამად ბანკების გარეთ რომ ტრიალებს, მიღებული იყო ისინი კანონიერად თუ უკანონოდ, თუ ამ ამნისტიაზეა ლაპარაკი, ჩვენ გვირჩევნია ეს თანხები სადღაც შვეიცარიაში, ან მუთაქასა და ჯიბეში კი არ იყოს, არამედ ბანკებში, და ეს მათთვისაც უკეთესი იქნება და ქვეყნისთვისაც. აქ მე ბატონ მიხეილს, რა თქმა უნდა, ვეთანხმები და უნდა მოვიფიქროთ.
ამ დღეებში მექნება შეხვედრა სპეციალურ სამსახურებთან - საგადასახადო ინსპექციასთან, საბაჟო სამსახურთან და, ალბათ, შევეცდებით, იქ უფრო დეტალურად და კონკრეტულად ჩამოვაყალიბოთ შეთანხმებული მოსაზრებანი.
ამასთანავე, მინდა ზოგიერთი სხვა ელემენტიც აღვნიშნო. საგულისხმოა საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილება სტრუქტურულ გარდაქმნათა გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის სამწლიანი პროგრამის ფარგლებში, 1998 წლისათვის 80 მილიონი დოლარი კრედიტის გამოყოფის თაობაზე. ეს, მნიშვნელოვან ფინანსურ დახმარებასთან ერთად, ჩვენი წინსვლის მსოფლიო დონეზე აღიარების კიდევ ერთი დადასტურება და ეკონომიკური პოლიტიკის სამთავრობო პროგრამის მხარდაჭერის გამოხატულებაა. ამ ნდობას პროგრამით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებით უნდა ვუპასუხოთ.
როგორც მითხრეს, უპრეცედენტო შემთხვევაა, როცა სავალუტო ფონდი გამოყოფს კრედიტს მიუხედავად მთავრობის გადადგომისა, ანუ ისეთ ვითარებაში, როცა ახალი მთავრობა ჯერ კიდევ არ არის დაკომპლექტებული. მე, სხვათა შორის, პრესას გადავხედე და ზოგიერთმა კომენტარმა არათუ გამაკვირვა, არამედ ლამის წონასწორობა დამაკარგვინა, ესე იგი, ვერ მალავენ, ასე ვთქვათ, წყენას იმის გამო, რომ სავალუტო ფონდმა მაინც გამოყო ეს ტრანში და საქართველოს ასეთ დროსაც დაეხმარა. მაგრამ, რა ვუყოთ, ასეთია ზოგიერთების ბუნება და ხასიათი.
საქართველოს გავლით ენერგორესურსების ტრანსპორტირების რეალურ პროექტს გვთავაზობს მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობკომპანია „კონოკო“, რომელიც თავისი მასშტაბით რეგიონისათვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტადაც შეიძლება გადაიქცეს. კომპანიის ხელმძღვანელობასთან და მის პარტნიორთა წარმომადგენლებთან შეხვედრისას განხილული იყო კასპიის რეგიონის თხევადი გაზის ტრანსპორტირების, შენახვის, გადამუშავებისა და მარკეტინგის საკითხები. ქალაქ ბათუმში, გაზის გადამუშავებასთან ერთად, გაუმჯობესდა მისი ხარისხიც, რის შემდეგაც გაზი მიეწოდება თურქეთს, შავი და ხმელთაშუა ზღვების სხვა ქვეყნებს. „კონოკო“ მზად არის ისეთ ენერგეტიკულ პროექტებში მონაწილეობისათვის, როგორიცაა ბაქოდან ბათუმამდე ტრანსკასპიური ბუნებრივი გაზის მილსადენის მშენებლობა, ეს ცოტა უფრო შორეული მომავლის საქმეა, მაგრამ ასეთი პრინციპული თანხმობა მიღებულია და, ვფიქრობ, ამასთან დაკავშირებით ბათუმში ძალიან დიდი სამრეწველო ბაზა შეიქმნება.
ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის განვითარებაში ორი ქვეყნის ინტერესების დამთხვევასა და თანამშრომლობის შემდგომ გააქტიურებაზე იყო საუბარი უზბეკეთის პრემიერ-მინისტრის პირველ მოადგილესთან შეხვედრისას. ჩვენ მართლაცდა განსაკუთრებული ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა ამ ქვეყანასთან. უზბეკური ბამბა უკვე მოდის საქართველოს სატრანზიტო მაგისტრალების გავლით და გადის ევროპის ბაზარზე. წელს უკვე 100 ათას ტონაზე მეტი ბამბაა გადატანილი. ეს მთელი მთებია... არ არის გამორიცხული, რომ, როგორც ჩვენ ვისაუბრეთ, მიმდინარე წელს შეიძლება ნახევარი მილიონი ტონაც კი გადავიტანოთ.
იაპონიაში ქართული ღვინოების ექსპორტს, ასევე ერთობლივი სატრანსპორტო პროექტების შემუშავებას გვთავაზობს იაპონიის მრავალდარგოვანი კომპანია „სირაკავა ჯგუფი“. სხვათა შორის, იაპონელებმა მითხრეს, რომ იაპონიაშიც, ჩინეთშიც და აზიის მრავალ ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ნატურალურ ღვინოებზე, განსაკუთრებით წითელ ღვინოებზე მოთხოვნილება იზრდება. ასე რომ, ჩემი აზრით, საქართველოს მევენახეობას კარგი მომავალი აქვს.
როგორც მოგეხსენებათ, გაიმართა მთავრობის სხდომაც. ალკოჰოლიანი სასმელებისა და თამბაქოს ნაწარმის იმპორტისა და რეალიზაციის აქციზური მარკების შემოსაღებად შესაბამის ცვლილებათა და დამატებათა შეტანა იქნება საჭირო საგადასახადო კოდექსსა და საბაჟო ტარიფისა და გადასახადის შესახებ კანონში. ქვეყნის შიდა ბაზარზე მარკირებას დაქვემდებარებული აღნიშნული აქციზური ნაწარმის აქციზური მარკების გარეშე რეალიზაციის აკრძალვა ამ პროდუქციაზე საბიუჯეტო გადასახადების დროულად და სრულად მობილიზების ქმედითი ფაქტორი გახდება. ამ თემაზე იმიტომ ვლაპარაკობ, რომ იგი ძალიან ბევრ მეწარმეს აწუხებს, და ის ფაქტი, რომ ჩვენ აქციზური მარკების შემოღება დღემდე ვერ მოვახერხეთ სხვადასხვა მიზეზთა გამო, ფაქტობრივად იმას ნიშნავს, რომ უკანონო ვაჭრობას ვეწევით საზღვარგარეთის ქვეყნებთან და, ასე ვთქვათ, კონტრაბანდას ვუხსნით გზას.
სიხარულითა და კმაყოფილებით აღვნიშნავ, რომ მნიშვნელოვნად ვითარდება ეკონომიკური კონტაქტები უცხოეთთან. სულ უკუღმართ და ნეგატიურ მოვლენებზე ხომ არ უნდა ილაპარაკო? შარშან ჩვენ სერიოზული შენიშვნები გვქონდა იმერეთის მხარის მიმართ. იმერეთის 15-მდე საწარმომ საზღვარგარეთ (ძირითადად ამერიკასა და ევროპაში, ვიმეორებ, ამერიკასა და ევროპაში) გადატვირთა წლის პირველ ნახევარში 14 მილიონამდე თანხის პროდუქცია, რაც მხარის საერთო პროდუქციაში 31 პროცენტს შეადგენს, ესე იგი ექსპორტი შეადგენს 31 პროცენტს, ივლისში კი 45 პროცენტს გადააჭარბა, ხოლო საქართველოდან ექსპორტის 32 პროცენტი მოდის იმერეთის მხარეზე. ცნობისათვის მინდა ვთქვა, რომ, სამწუხაროდ, თბილისში ეს 2-ჯერ ნაკლებია. სტაბილურად აუმჯობესებს ექსპორტს ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა. წლის ბოლომდე ამერიკაში, ევროპასა და რუსეთში 100 ათას ტონაზე მეტი სილიკომანგანუმი გაიტანეს. ეს ნიშნავს, რომ საქართველოში მინიმუმ 30-40 მილიონი დოლარი შემოვა.
3 მილიონამდე ლარის პროდუქციას გაიტანს იტალიაში, თურქეთსა და უზბეკეთში ქუთაისის საავტომობილო ქარხანა. წლის ბოლომდე მოსალოდნელია, რომ ქუთაისის საავტომობილო ქარხანაში წარმოებული 50-60-მდე მანქანა (1,5 მილიონის ფარგლებში) გაეგზავნება უზბეკეთს. პირველი პარტია 18 აგვისტოს - კონვეიერიდან პირველი ქართული ავტომობილის ჩამოსვლის დღეს გაიგზავნება, რასაც სულითა და გულით ვულოცავ ქარხნის კოლექტივს და საერთოდ ქუთათურებს.
სტაბილურად განაგრძობენ მუშაობას ელექტრომექანიკური ქარხანა, სატრაქტორო ქარხანა და ზოგიერთი სხვა საწარმო. საერთოდ, მთელ მხარეში იგრძნობა მანქანათმშენებლობასა და სხვა დარგებშიც შესამჩნევი გამოცოცხლება. დიდად ვაფასებ იმასაც, რომ იმერეთში ყოფნის დროს ვნახე მცირე საწარმოები, რომელთა პროდუქცია უცხოეთშიც კარგი ავტორიტეტით სარგებლობს და შესანიშნავი ექსპორტის საგანს წარმოადგენს. ვწუხვარ, რომ, დიდი ძალისხმევის მიუხედავად, კვლავ უმძიმესი სირთულეებია „ჭიათურმანგანუმში“.
თქვენ იცით, როგორც იტყვიან, ბოლო ლარები და ბოლო თეთრები გავიღეთ იმისათვის, რომ ჭიათურაში პრობლემა მოგვეხსნა, ახლა ხალხისათვის, მათ შორის მაღაროელების, პედაგოგებისა და სხვებისათვის ხელფასი მიგვეცა. სამწუხაროდ, ის მოლაპარაკება, რომელიც რუსეთის კომპანია „ინდუსტრიასთან“ დავიწყეთ, ჯერჯერობით არ შეესაბამება და ვერ იცავს სატენდერო პირობებს და აქ ბევრი გაუგებრობაა. ველოდებით, რომ ამ დღეებში კომპანიის წარმომადგენლები ჩამოვლენ და დადებითად ან უარყოფითად გადაწყვეტენ საკითხს. მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ჭიათურას პერსპექტივა არა აქვს. უნდა გითხრათ, რომ ამ ბოლო დროს საკმაოდ დიდია იაპონიისა და ისრაელის ბიზნესმენთა დაინტერესება. სხვათა შორის, ბოლო დღეებში ჭიათურით დაინტერესდნენ საფრანგეთის ფირმა „ტომპსონის“ წარმომადგენლები. ეს ის ფირმაა, მსოფლიო ავტორიტეტი და მსოფლიო წონა რომ აქვს. ასე რომ, უახლოეს დღეებში, მინდა ვაცნობო ჭიათურელებს, ასე თუ ისე გაირკვევა ჭიათურის მომავალი და მე, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით ოპტიმისტურად ვარ განწყობილი.
- გასულ კვირას პარლამენტის ანტიკორუფციული კომისიის სხდომა გაიმართა კავშირგაბმულობისა და ფოსტის მინისტრთან ბატონ ინჯიასთან დაკავშირებით. ეს სხდომა პირდაპირი სატელევიზიო ეთერით გადაიცა და როგორც მოსალოდნელი იყო, ჩვენი საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. პრინციპში, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესშიც ხშირად იბარებენ ხოლმე ბევრ ცნობილ, გამოჩენილ მოღვაწეს, თანამდებობის პირს, თუმცა იქ კორუფციაზე ლაპარაკი იშვიათად არის ხოლმე. საქართველოში მაინც ამის პირველი პრეცედენტი გაჩნდა. თქვენი დამოკიდებულება ამასთან დაკავშირებით...
- მე, სიმართლე გითხრათ, არ მქონდა დრო, თვალყური მედევნებინა, მაგრამ ჩემი ექსპერტები ყველაფერს ინიშნავდნენ, რაც საყურადღებო იყო, და მერე სათანადო ინფორმაცია მომაწოდეს. მიმაჩნია, რომ ჩვენ ბოლოს და ბოლოს უნდა შევეჩვიოთ იმ აზრს, რომ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა საქართველოში და იგი სავსებით თავსდება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კონტექსტში. პროცესი დღეს არ დაწყებულა, დიდი ხანია დაიწყო, ვითარდება და კვლავაც განვითარდება. რაც შეეხება კონკრეტულ ბრალდებებს კავშირგაბმულობისა და ფოსტის მინისტრის ბატონ ფრიდონ ინჯიას მიმართ, ბევრ რამეს, ალბათ, ხელახალი შემოწმება სჭირდება და ეს უნდა გააკეთოს პროკურატურამ, საგამოძიებო ორგანოებმა ბევრი რამ უნდა დაუდასტურონ, და სხვა სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა მიიღონ მონაწილეობა. თუ როგორი იქნება პრეზიდენტის რეაგირება, ამ დღეებში გავარკვევთ, როგორი უნდა იყოს ჩემი რეაგირება იმის გათვალისწინებით, თუ რა ითქვა, როგორ ითქვა და რა შეიძლება ჩაითვალოს დადასტურებულად, რასაც არ სჭირდება სამართალდამცავი ორგანოების ჩარევა. პრეცედენტები არსებობს და ისინი საყოველთაოდ ცნობილია. ცოტა დრო კიდევ დამჭირდება, რათა გავერკვე ყველაფერში და მივიღო სამართლიანი, არაემოციური გადაწყვეტილება, რომელიც სრულად შეესაბამება კონსტიტუციურ მოთხოვნებს. სხვაგვარად პრეზიდენტი ვერ იმოქმედებს.
ძალიან ვწუხვარ, რომ კომისიის ზოგიერთი წევრი თუ დამსწრე დეპუტატი ცდილობდა განხილვისათვის სკანდალური სახე მიეცა, როგორც მითხრეს, ზედმეტად სკანდალური, მოუთმენლად სკანდალურიც კი, მაშინ, როცა კომისიის წევრთა და პარლამენტართა უმრავლესობა განწყობილი იყო მშვიდად, საქმიან ვითარებაში ემსჯელა ფაქტებზე, გარკვეულიყო მათს ნიუანსებში. რა თქმა უნდა, მე არ შემიძლია არ ვთქვა, რომ სწორად არ მიმაჩნია თვით ბატონ ფრიდონ ინჯიას საქციელი, რომელმაც არ ისურვა კომისიის სხდომაში მიეღო მონაწილეობა და მიატოვა ეს სხდომა. ჩემი აზრით, სწორედ ამ გარემოებამ დაძაბა ვითარება. მისი გადაწყვეტილება - დაეტოვებიონა სხდომა - აბსოლუტურად გაუგებარია მისივე ინტერესებიდან გამომდინარე.
და, კიდევ ერთი რამ. მინდა გამოვთქვა სინანული იმ შეცდომების გამო, რომლებზეც კომისიის სხდომაზე იყო ლაპარაკი და რომლებიც უკვე ეჭვს აღარ იწვევს. ფრიდონ ინჯიას, მე სახალხოდ, საჯაროდ ვამბობ, არაერთი საგანგებო, სახელმწიფო მნიშვნელობის დავალება შეუსრულებია, მთავრობის მაღალი შეფასებაც დაუმსახურებია, მათ შორის, პრეზიდენტის შეფასებაც და ძალიან საწყენია, რომ მის მიმართ ხანდახან და, განსაკუთრებით, ამ ბოლო დროს გვიხდება რადიკალური ზომების მიღებაზე საუბარი.
საერთოდ, მინდა ვთქვა, რომ საქართველოში, როგორც არაერთხელ აღმინიშნავს, დაიწყო რეალური ბრძოლა კორუფციასთან და ისევე, როგორც საქართველოს აღმავლობა, მისი ტერიტორიული გამთლიანებაა გარდაუვალი, ასევე შეუქცევადია კორუფციის დამარცხება საქართველოში.
მინდა, მხოლოდ კიდევ ერთხელ მივმართო ქვეყნის მოქალაქეებს, კარგად გავერკვეთ, სად არიან და ვინ არიან ეს კორუმპირებული წურბელები, რა თქმა უნდა, აქ ხელისუფლებამ უნდა თქვას გადამწყვეტი სიტყვა, და სად იწყება, სად არის ნამდვილი ბიზნესი, რომელიც ქვეყნის აყვავების გზად მიმაჩნია, და რომელსაც, როგორც იტყვიან, კორუფცია ახრჩობს. მაგრამ, სანამ ეს მოხდებოდეს - კორუფცია ბიზნესს დაახრჩობდეს, საქართველო დაამარცხებს კორუფციას. მე ეს ღრმად მწამს და ღრმად მჯერა. კვლავ პარლამენტის მხარდაჭერის იმედი მაქვს იმ წინადადებებთან დაკავშირებით, რომლებიც მე წამოვაყენე კორუფციასთან ბრძოლის გაძლიერების თვალსაზრისით.
- განვლილი პოლიტიკური კვირა კვლავ მინისტრების გადადგომასთან დაკავშირებული ციებ-ცხელებითა და მითქმა-მოთქმით გამოირჩეოდა: ვის დატოვებენ, ვის გადააყენებენ, ვინ ვის ადგილს დაიკავებს - ამაზე დღეს გაუთავებელი მსჯელობაა და როგორც ჩვენი მასმედიის, ასევე საზოგადოების მთავარი თემაა. ეს აბსოლუტურად გასაგები და ნორმალური მოვლენა, რა თქმა უნდა, ინტერესის საგანია. როგორ, რა პრინციპით დაკომპლექტდება მინისტრთა კაბინეტი? შეიძლება თუ არა უკვე ამ თემაზე საუბარი?
- თქვენ მოგეხსენებათ, რომ არ არის ლაპარაკი მთავრობის მთლიან განახლებაზე, თუმცა მინისტრების აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაწერა განცხადება გადადგომის შესახებ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემს კოლეგებს, მთავრობის წევრებს შორის, რომლებსაც პოსტის დატოვება მოუწევთ, ბევრი ძალიან პატიოსანი და წესიერია. მაგრამ დრო თავისას შვრება, სხვა მოთხოვნებს აყენებს, და გაგებით შეხვდებიან ამ გადაწყვეტილებას სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. არც ერთი მათგანი, ასე ვთქვათ, არ არის „მოსაკვეთი“, თუ ამ სიტყვის გამოყენება შეიძლება, ყველას ექნება სათანადო სამუშაო მათი ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისად. ამ მხრივ საუკეთესო მაგალითი გვიჩვენა, როგორც მე უკვე რამდენჯერმე ვთქვი, ბატონმა ნიკო ლეკიშვილმა, რომელმაც ასევე იპოვა თავისი ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი პოლიტიკურ ცხოვრებაშიც და საზოგადოებრივ საქმიანობაშიც.
აქვე უნდა შევნიშნო, რომ გადადგომა არ ეხებათ რწმუნებულებს (ერთხელ და სამუდამოდ ეს ყველამ უნდა გაიგოს - ვისზე და რაზეა ლაპარაკი) მერებსა და გამგებლებს. ადგილობრივი მმართველობის სფეროში განახლების პროცესი პერმანენტულად მიმდინარეობს, და ასეც უნდა იყოს. გასულ და მიმდინარე წელს, მაგალითად, 35-მდე მერი და გამგებელი გამოიცვალა, ანუ თითქმის ნახევარი. ხდება მათი მუდმივი ატესტაცია, კვალიფიკაციის ამაღლება, შექმნილია საკადრო კომპიუტერული ბანკი, ანუ საკადრო რეზერვი, რაც ყველაფერთან ერთად, გამჭვირვალობის დამკვიდრებასაც უწყობს ხელს. ფუნქციონირებს ადგილობრივი მმართველობის ხელმძღვანელთა საპრეზიდენტო სკოლა, რომელმაც მარტო მიმდინარე წელს 250-ზე მეტი სათემო, სასოფლო, სადაბო, საქალაქო საკრებულოს გამგებელი მოამზადა. ეს სკოლა ადგილობრივი დემოკრატიის განვითარების ცენტრად გადაიქცევა. ასე რომ, როტაცია ამ სფეროში მუდმივი პროცესია და იგი კვლავ უფრო განვითარდება ადგილობრივი მმართველობის ორგანოთა არჩევნების შემდეგ. მე გუშინ ხელი მოვაწერე მიმართვას საქართველოს მოქალაქეებისადმი, რომელშიც მოვუწოდე თანამემამულეთ აქტიური მონაწილეობა მიიღონ ამ უმნიშვნელოვანეს სახელმწიფოებრივ ღონისძიებაში. ჩემი ბრძანებულებით, როგორც მოგეხსენებათ, არჩევნები 15 ნოემბრისათვის არის დანიშ150
ნული. ამ მოწოდების არსი ის გახლავთ, რომ ავირჩიოთ მართლაც ღირსეულნი, ყველაზე უკეთესი ადმიანები, ყველაზე უფრო სანდონი, ყველაზე უფრო საიმედონი ქალაქებში, სოფლებში, რაიონებში. მჯერა, რომ ჩვენი მოსახლეობა სწორედ ასეთ არჩევანს გააკეთებს.
საქინფორმი.
„რაც უფრო სწრაფად და უმტკივნეულოდ გადაწყდება ლტოლვილთა უსაფრთხო დაბრუნების საკითხი, მათთვის შესაბამისი გარანტიების შექმნით, მით უფრო სწრაფად და წარმატებით განიხილება ყველა ის პრობლემა, რომელთა გადაწყვეტით თვით აფხაზური მხარეა დაინტერესებული“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 4 აგვისტო. - №197 (2897). - 1,2 გვ.
![]() |
19 „დღევანდელ ეტაპზე, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გამართვასა და ქვეყანაში თვითმმართველობის დამკვიდრებაზეა დამოკიდებული სამართლებრივი, დემოკრატიული ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობის ბედი“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს მოქალაქეებს
თანამემამულენო!
1998 წლის 15 ნოემბერს დანიშნულია ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების - სოფლების, თემების, დაბების, ქალაქებისა და რაიონების საკრებულოთა არჩევნები.
თვითმმართველობის დაფუძნება სამართლებრივი, დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის აუცილებელი ელემენტია. თვითმმართველობათა შემოღებით აღდგება გარეშე ძალადობით არაერთგზის შეწყვეტილი დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს ისტორიული განვითარების ლოგიკა - ჭეშმარიტად თავისუფალი სახელმწიფო ეზიარება ევროპული ცივილიზაციის საერთო ღირებულებებს.
ეს ღირებულებანი: თავისუფლება, თანასწორობა, კანონის უზენაესობა - თანამედროვე საქართველოს ისტორიული არჩევანია. იგი საყოველთაოდ გაცხადებულია საქართველოს კონსტიტუციით. დგება ჟამი, როდესაც უნდა მოხდეს კონსტიტუციური პრინციპების რეალური დამკვიდრება ცხოვრებაში. ეს უწყვეტი პროცესია, რომლის განხორციელებისთვის პასუხისმგებლობა უნდა იკისრონ არა მხოლოდ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებმა, არამედ ქვეყნის პოლიტიკურმა ძალებმა, სამოქალაქო საზოგადოების სტრუქტურებმა, ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ. ამგვარი პირობები უნდა უზრუნველყოს დემოკრატიულმა პოლიტიკურმა სისტემამ, ადგილობრივი თვითმმართველობა კი მისი ორგანული ნაწილი გახდება.
ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების ის მოდელი, რომელიც განვითარების დღევანდელ ეტაპზე აირჩია ქვეყანამ, ემყარება ადილობრივი საკითხების მოწესრიგებაში საზოგადოების უპირობო უფლებას და იმავდროულად პასუხისმგებლობის გადანაწილებას მმართველობის და თვითმმართელობის ორგანოებს შორის. ეს განპირობებულია იმით, რომ მოქალაქეთა ბედისთვის, მათი ყოველდღიური ყოფითი პრობლემების მოგვარებისთვის, ადგილობრივ საზოგადოებრივ მომსახურებათა ორგანიზებისთვის, რაც თვითმმართველობის პრეროგატივაა, დღევანდელ პირობებში სახელმწიფო პასუხისმგებლობას ვერ მოიხსნის, თვითმმართველობის დამკვიდრება ერთჯერადი აქტით შეუძლებელია - არჩევნების ჩატარების შემდგომ საჭირო იქნება რეალურად გაიმიჯნოს საკუთრება და კომპეტენციები თვითმმართველობასა და სახელმწიფოს შორის. ამ რთული პროცესის წარმატებით განხორციელებისთვის ერთნაირად არის პასუხისმებელი, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობა, ასევე სახელმწიფოც.
თვითმმართველობის ჩამოყალიბებისას განუზომლად დიდია ქვეყნის პოლიტიკურ ორგანიზაციათა როლი. საარჩევნო სისტემაც ამასვე ადასტურებს: საკრებულოთა ფორმირება ძირითადად პარტიათა წარმომადგენლებისაგან მოხდება. ამიტომაც, მოვუწოდებ პირველ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკურ ორგანიზაციას, განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეკიდონ ამ ისტორიულ, საეტაპო მოვლენას. ადგილობრივი არჩევნები არამც და არამც არ უნდა იქცეს ძალაუფლებისთვის ბრძოლაში პოლიტიკური ანგარიშსწორების, არაკორექტული დაპირისპირების ასპარეზად. ყველას უნდა გვახსოვდეს: არჩევნების თითოეული მონაწილე და ყოველი გამარჯვებული უპირველესად მოსახლეობის წინაშე კისრულობს ადგილობრივი თვითორგანიზაციის განხორციელების უდიდეს და გარკვეული თვალსაზრისით - უნიკალურ პასუხისმგებლობას.
თვითმმართველობა მოქალაქეთა უფლებაა - დამოუკიდებლად მოაგვარონ და გადაწყვიტონ ყველა ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხი. ეს უფლება არჩევნებში მონაწილეობით რეალიზდება, არჩევნების შედეგს კი სწორედ მოქალაქეთა აქტიურობა და პოზიცია განსაზღვრავს. შესაბამისად განისაზღვრება ადგილობრივი საზოგადოების, მისი თითოეული წევრის ბედი. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე რეალურად შეაფასებს ადგოლობრივი თვითმმართველობის ორგანოების პირველი არჩევნების მნიშვნელობას, პასუხისმგებლობის გრძნობით გამოიყენებს საკუთარ უფლებებს და შესაბამის გადაწყვეტილებასაც მიიღებს.
სახელმწიფო ყოველ ღონეს იხმარს არჩევნების სამართლიანად წარმართვისთვის. უზრუნველყოფილი იქნება არჩევნების მონაწილეთა უფლებების დაცვა, მაქსიმალური საზოგადოებრივი წესრიგი. იმავდროულად, არჩევნების სამართლიანად ჩატარება არ წარმოადგენს მხოლოდ ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და ადგილობრივი კომისიების პრობლემას. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ, თითოეულმა ამომრჩეველმა გაითავისოს საკუთარი უფლებები, სწორად გაიაზროს საარჩევნო პროცედურა. ამ თვალსაზრისით და საერთოდ არჩევნების ორგანიზების პროცესში თავისი სიტყვა უნდა თქვან სამოქალაქო საზოგადოების სტრუქტურებმა, განსაკუთრებით საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა.
დღევანდელ ეტაპზე, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გამართვასა და ქვეყანაში თვითმმართველობის დამკვიდრებაზეა დამოკიდებული სამართლებრივი, დემოკრატიული სამართლებრივი, დემოკრატიული ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობის ბედი. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების პირველი არჩევნების გამართვა საზოგადოების განსაკუთრებულ მობილიზაციას მოითხოვს. მოვუწოდებ საქართველოს მოქალაქეებს, ამომრჩევლებს, პოლიტიკურ ორგანიზაციებს, არჩევნების ორგანიზატორებსა და არბიტრებს, არჩევნების ყოველ მონაწილეს, გამოიჩინონ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და სრულად გააცნობიერონ ჩვენს წინაშე მდგარი ისტორიული ამოცანა: საქართველოს, როგორც ჭეშმარიტად დამოუკიდებელი, დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფოს საბოლოოდ დაფუძნება.
ე. შევარდნაძე.
„დღევანდელ ეტაპზე, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გამართვასა და ქვეყანაში თვითმმართველობის დამკვიდრებაზეა დამოკიდებული სამართლებრივი, დემოკრატიული ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობის ბედი“ : საქართველოს მოქალაქეებს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 4 აგვისტო. - №197 (2897). - 1,3 გვ.
![]() |
20 „თქვენ დღეს ჩვენი ერის გამორჩეული პიროვნება ხართ“ |
▲ზევით დაბრუნება |
ქალბატონ ქეთევან თურმანიძეს დაბადების ასი წლისთავზე
ქალბატონო ქეთევან,
როგორც გავიგე, 100 წლის გამხდარხართ, ერთი საუკუნე დაგიმარცხებიათ იმ რამდენიმე საუკუნიდან, რომელთა მანძილზე თურმანიძეების გვარი თავისი უებარი მალამოებით ემსახურებოდა და ემსახურება ქართველ ხალხს.
თქვენი გვარის ისტორია უკვე ქართველი ერის ისტორიის ნაწილად იქცა, იმ ერისა, რომელსაც ევროპულ ცივილიზაციამდე კარგა ხნით ადრე ჰყავდა თავისი ექიმები, ჰქონდა თავისი წამლები და სამედიცინო ხელსაწყოები.
დღეს თქვენ ჩვენი ერის გამორჩეული პიროვნება ხართ, მაგალითი არა მარტო თქვენი მრავალრიცხოვანი ოჯახის წევრთათვის, არამედ მთლიანად საქართველოსთვის, მაგალითი დღეგრძელობისა და სიკეთის ქმნისა.
პატივისცემით,
ე. შევარდნაძე.
„თქვენ დღეს ჩვენი ერის გამორჩეული პიროვნება ხართ“ : ქალბატონ ქეთევან თურმანიძეს დაბადების ასი წლისთავზე // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 11 აგვისტო. - №204 (2904). - 1 გვ.
![]() |
21 „ჩვენ არ მოვერიდეთ განახლებას, ცვლილებებს,რათა უფრო დინამიკური ყოფილიყო რეფორმათა პროცესი და უფრო ქმედითი - მთავრობა, რომელსაც ეკისრება პასუხისმგებლობა რეფორმათა წარმატებით დასრულებისათვის“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
10 აგვისტოს რადიოინტერვიუ
- დღევანდელ ინტერვიუს დაგვიანებით ვიწყებთ, რადგან თქვენ დღეს დილით, 6 საათზე ჩამობრძანდით თბილისში. გუშინ იალტაში უკრაინის პრეზიდენტს კუჩმას დაბადების დღის მისალოცად ეწვიეთ. ამას გარდა, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, გქონდათ სხვა შეხვედრებიც... - ჟურნალისტ ნატო ონიანის თხოვნით, ამ თემაზე საუბრით დაიწყო თავისი ტრადიციული ორშაბათის რადიოინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ.
- როგორც მოგეხსენებათ, იალტაში ამ მოკლე დროის მანძილზე უკვე მეორედ გახლდით. ეს შემთხვევითი არ არის. ვფიქრობ, დამოუკიდებელ და თავისუფალ უკრაინას ყირიმის ნახევარკუნძული, კერძოდ კი, იალტა დიდმნიშვნელოვანი საერთაშორისო ფორუმების გამართვის ცენტრად გამოადგება.
ამჯერად მიზანი შედარებით უფრო ლოკალური გახლდათ. თქვენ მოგეხსენებათ ის განსაკუთრებული ურთიერთობა, რომელიც უკრაინასა და საქართველოს შორის დამყარდა. ორ ქვეყანას შორის ხელმოწერილ დიდ ხელშეკრულებასაც განსაკუთრებული შინაარსი აქვს. კერძოდ, ლაპარაკია არა მარტო კეთილ და საქმიან კავშირებზე, არამედ ურთიერთდახმარების პრინციპებზეც და ასეთი ხელშეკრულება კი ჩვენ მარტო უკრაინასთან გვაქვს დადებული.
მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ განსაკუთრებულია, აგრეთვე ჩემი და პრეზიდენტ კუჩმას ურთიერთობა, რაც ორი ქვეყნის მეგობრობის გარკვეულ საფუძველს წარმოადგენს.
და, აი, პრეზიდენტ ლეონიდ კუჩმას 60 წელი შეუსრულდა. მე ვალდებული ვიყავი დამედასტურებინა მისთვის და მთელი უკრაინისთვის პირადად ჩემი და ჩვენი ხალხის ღრმა პატივისცემა, ერთგულება. ვფიქრობ, ეს მისია არცთუ ურიგოდ შევასრულე.
იუბილეს მონაწილეთა რაოდენობა ძალიან ფართო არ იყო. ალბათ, თავიდანვე ასე იყო ჩაფიქრებული. სხვათა შორის, მეც და ალიევიც, ზოგიერთი სხვაც დაუპატიჟებლად ჩავედით, დეპეშებისა და სატელეფონო საუბრების გარეშე. იალტაში ამ მოვლენასთან დაკავშირებით გახლდნენ პრეზიდენტები: ალიევი, (როგორც გითხარით), კარიმოვი (უზბეკეთი), ურმანისი (ლატვია), ლუჩინსკი (მოლდოვა). ზეიმში მონაწილეობდა რუსეთის წარმომადგენლობითი დელეგაცია, გახლდათ ყოფილი პრემიერი ჩერნომიდრინი, ივანე რიბკინი და ზოგიერთი სხვა, ასევე იყო დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წარმომადგენელთა დელეგაცია, თათრეთის პრეზიდენტი შაიმიევი, ყაზახეთის და ზოგიერთი სხვა სახელმწიფოს პრეზიდენტთა პირადი რწმუნებულები.
რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის, ასეთი ღონისძიება ძირითადად საქმიან შეხვედრებს, ორმხრივ და მრავალმხრივ ურთიერთობათა განვითარების პრობლემებს მიეძღვნა და ბევრი სასარგებლო გადაწყვეტილებაც მივიღეთ.
კიდევ ერთხელ, ახლა უკვე ჩვენი დედაქალაქიდან, აქედან, თბილისიდან მინდა მივესალმო პრეზიდენტ ლეონიდ კუჩმას ჩემი და სრულიად საქართველოს სახელით და მადლობა მოვახსენო რაღაც საოცარი სტუმართმოყვარეობისთვის.
- გასული კვირა საკმაოდ საინტერესო იყო. პარლამენტმა თანხმობა მისცა სახელმწიფო მინისტრისა და რამდენიმე მინისტრის კანდიდატურას, ეს იყო მრეწველობის, განათლების, ქონების მართვის მინისტრები. გუშინ ქალაქის ახალი მერიც დაინიშნა. თუ ამას ამ ცოტა ხნის წინათ დანიშნულ თავდაცვისა და ენერგეტიკის მინისტრებსაც დავუმატებთ, ალბათ, უკვე სერიოზულ ცვლილებებზე შეიძლება ლაპარაკი, მაგრამ, ალბათ, არა საბოლოო ცვლილებებზე. როგორ ფიქრობთ, ეს სერიოზულად შეცვლის თუ არა საერთოდ აღმასრულებელი ხელისუფლების მუშაობის სტილს?
- ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში შეძლებისდაგვარად თვალყურს ვადევნებდი როგორც მთლიანად საზოგადოების, ასევე ცალკეული წრეების, პოლიტიკურ მოღვაწეთა რეაქციას, მათს გამოხმაურებას მიმდინარე პროცესებზე, უმრავლეს შემთხვევაში რეაქცია ნორმალური და, მე ვიტყოდი, ადეკვატური იყო როგორც ხელისუფლების მომხრეთა, ასევე ოპოზიციის მხრივაც, მაგრამ წავაწყდით სხვაგვარ გამოვლინებებსაც. მაგალითად, ზოგიერთმა ყოველივე ეს აღიქვა როგორც ხელისუფლების კრიზისი, ხელისუფლების დამბლა, მისი უუნარობის გამოვლინება. იმასაც კი ამბობდნენ, არიქა, ვიღუპებით, გემი იძირება, თავს ვუშველოთო, და აკეთებდნენ პანიკურ განცხადებებს. ეს ხდებოთა მეგობართა შორისაც და იყო ასეთივე განცხადებები ოპოზიციონერთა შორისაც.
არადა, სინამდვილეში, ის, რაც მოხდა, ჩემი აზრით, სწორედ ხელისუფლების სიძლიერეზე, ქვეყანაში მიღწეულ ხელისუფლების, სახელმწიფოებრივი სისტემის სიმტკიცეზე მეტყველებს. ჩვენ არ შეგვეშინდა და არც მოვერიდეთ განახლებას, ცვლილებებს, რათა უფრო დინამიკური ყოფილიყო რეფორმათა პროცესი და უფრო ქმედითი - მთავრობა, რომელსაც უწინარესად ეკისრება პასუხისმგებლობა რეფორმათა წარმატებით დასრულებისათვის. ამჯერად უკვე, ჩვენ ყველანი ერთად, ახლებიც და ის ძველებიც, რომლებიც შემორჩნენ, რეფორმათა გაღრმავებაზე, მათს დასრულებასა და დაგვირგვინებაზე ვისაუბრებთ და ვიზრუნებთ.
ამდენად, მტერ-მოყვარეთა მღელვარება სრულიად უსაფუძვლოა. არ დაგიმალავთ, ბევრი ჩვენი მეგობარი, კეთილისმსურველიც ღელავდა, მათ შორის საზღვარგარეთიდანაც გვირეკავდნენ, გვეხმიანებოდნენ, წუხდნენ, ყოველნაირ დახმარებას გვთავაზობდნენ, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, თუ რამდენი ჭეშმარიტი მეგობარი და მოყვარე ჰყოლია საქართველოს, რომელნიც არა მარტო საქართველოსადმი სიყვარულისა და პატივისცემის (თუმცა ესეც ძალზე მნიშვნელოვანია), არამედ საკუთარი სისხლხორცეული ინტერესებიდან გამომდინარე ყოველნაირად ცდილობენ მხარი დაუჭირონ სტაბილურობასა და წინსვლას ჩვენს ქვეყანაში.
კვლავ ვიმეორებ: აღმასრულებელი ხელისუფლების, მთავრობის განახლება სრულიად კანონზომიერი და ნორმალური მოვლენაა, რომელიც უკავშირდება არა რაიმე სისტემურ კრიზისს, არამედ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ვიზირების შემდგომი გაჯანსაღების, განმტკიცების ამოცანას. აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ხელმძღვანელობაში ახალი კადრების, განსაკუთრებით ახალგაზრდობის მოზიდვა, ყოველთვის ჩვენი პრიორიტეტი იყო და კვლავაც დარჩება.
ისიც უნდა ითქვას, რომ ის ღირსეული ადამიანები (ხოლო ღირსეულნი დიდი უმრავლესობა იყო), ვინც საკუთარი ნებით დაწერა განცხადება გადადგომის თაობაზე, მათ შორის თვით ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ბატონი ნიკო ლეკიშვილი, - უდავოდ მადლობას იმსახურებენ იმ წვლილისთვის, რომელიც საერთო, დიდ ეროვნულ საქმეში, დამოუკიდებელი, დემოკრატიული, თავისუფალი საქართველოს მშენებლობაში შეიტანეს სხვადასხვა ეტაპზე. თითოეულმა მათგანმა, მე ვიტყოდი, ბევრმა მათგანმა, უმეტესობამ, უნდა იამაყოს და კიდევაც აქვს უფლება იამაყოს იმით, რომ ჩვენი განვითარების ყველაზე კრიზისულ პერიოდებში, სამოქალაქო ომის, ნგრევის, ქაოსის ეპოქაში ხელმძღვანელობდნენ უმნიშვნელოვანეს დარგებს, მიმართულებებს, ბევრი რამ სასარგებლო გააკეთეს და ნიადაგიც შეამზადეს იმისთვის, რომ ახალ ადამიანებს, ახალ ხელმძღვანელებს საქმე წარმატებით გაეგრძლებინათ, უფრო მეტისთვის მიეღწიათ. მეტსაც გეტყვით: აი, ასეთ ეტაპზე, გარდამავალ ეტაპზე, როცა დამოუკიდებელი სახელმწიფოს ფორმირების პროცესი ჯერ კიდევ არ დასრულებულა, ყოველი მინისტრი, ყოველი სახელმწიფო მოღვაწე ისტორიული პიროვნებაა და ისინი დარჩებიან ისტორიაში თავიანთი კეთილი საქმეებით, რა თქმა უნდა, ვისაც ამის საფუძველი აქვს.
კმაყოფილებით უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მცირე, დასანანი გამონაკლისის გარდა, განახლება ყოველგვარი გნიასის, სკანდალის, ტყეში გავარდნის, შანტაჟისა და სხვა უსიამოვნო ექსცესების გარეშე მოხდა. ესეც ნიშანდობლივი ფაქტია. იგი უეჭველად მიუთითებს იმაზე, რომ საქართველო ერთხელ და სამუდამოდ დაადგა სტაბილურობის, აღმავლობის, დემოკრატიული აღმშენებლობის, პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი კულტურის ამაღლების გზას. ამ გზიდან იგი აღარასოდეს გადაუხვევს. ამ დღეებმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ეს პროცესი შეუქცევადია.
რაც შეეხება მოღვაწეებს, რომლებმაც დატოვეს მთავრობა: მათს ღვაწლზე ცოტა მოგვიანებით ვიმსჯელებთ და არ გამორიცხავ ზოგიერთი მათგანის დაჯილდოებას დამსახურების შესაბამისად. ამით კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი იმ გარემოებას, რომ, თუ დატოვეს თანამდებობა, ეს სრულიად არ ნიშნავს, თითქოს ისინი უღირსნი იყვნენ ან თავს ვერ ართმევდნენ დაკისრებულ მოვალეობებს. მაგრამ განახლება (მინდა ამას გავუსვა ხაზი) მუდმივი პროცესია, მუდმივი პროცესი უნდა იყოს. დიდი ილია ბრძანებდა, რომ მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობაა ქვეყნის ხსნის ერთადერთი გზა, უმთავრესი ეროვნული კონცეფცია, მოძრაობასა და განახლებაშია ქვეყნის ძალა, მისი უკვდავება. ასე რომ, სიკეთე, ღვაწლი, დამსახურება არავის არ დაეკარგება. ეს არა მარტო მათთვის ან ზოგადად სამართლიანობის პრინციპის დასაცავად არის საჭირო, არამედ იმ ახალი ადამიანებისთვის, რომლებიც თანამდებობაზე მოვიდნენ, ან მომავალში მოვლენ, და უდიდესი პასუხისმგებლობაც დაეკისრათ. რა ფორმით და როგორც განხორციელდება, ეს სხვა საკითხია, ამაზე კიდევ ვიმსჯელებთ და მივიღებთ გადაწყვეტილებას.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქტიურ საქმიანობას შეუდგა ახალი სახელმწიფო მინისტრი ბატონი ვაჟა ლორთქიფანიძე, რომლის, ასე ვთქვათ, სამსახურებრივი ფუნქციები კიდევ უფრო გაფართოვდება, და რომელზეც, რა თქმა უნდა, დიდ იმედებს ვამყარებ.
სერიოზული ცვლილებები მოხდა დედაქალაქის ხელმძღვანელობაში. ბატონმა ბადრი შოშიტაიშვილმა, რომელმაც უდავოდ ძალიან ბევრი რამ გააკეთა თბილისისთვის, მისი გამოცოცხლების, აღორძინებისა და კეთილმოწყობისთვის, ისევე როგორც ნიკო ლეკიშვილმა, განაპირობა კიდეც დიდწილად ამ საქმიანობით კრიზისის დაძლევა დედაქალაქში. ამჟამად იგი მრეწველობის მინისტრად დაინიშნა. მოგეხსენებათ, ეს ურთულესი და უმნიშვნელოვანესი, ყველაზე სუსტი სფეროა ჯერჯერობით ჩვენთვის, ჩვენი სახელმწიფოებრივი აღმშენებლობისა. მრეწველობა ახალი საქართველოს ეკონომიკის ხერხემალი უნდა გახდეს. მჯერა, რომ ბატონი ბადრი ღირსეულად გაართმევს თავს ამ დიდ მამულიშვილურ, დიახ, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, მამულიშვილურ საქმეს, - ქართული მრეწველობის აღორძინებას, განვითარებას და საერთაშორისო ბაზრებზე გასვლას.
ასევე უმნიშვნელოვანესია თბილისის მერის თანამდებობა. მე მივიღე გადაწყვეტილება, გუშინწინ საღამოს ხელი მოვაწერე განკარგულებას და დედაქალაქის მერობა ივანე ზოდელავას მივანდე. ვფიქრობ, ეს აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილებაა და თბილისის საზოგადოებრიობაც მხარს დამიჭერს, - ვანიკო ზოდელავა (როგორც სიყვარულით უწოდებენ მას) ახალგაზრდა, უდავოდ ნიჭიერი კაცია. ჭეშმარიტი თბილისელია ამ ცნების საუკეთესო გაგებით, შესანიშნავი ოჯახის შვილია, თქვენ იცით, ეს ისტორიული ოჯახია, სათანადო ავტორიტეტითაც სარგებლობს, კერძოდ მეწარმეთა შორისაც და, საერთოდ, ქალაქის მოსახლეობაში.
რამდენიმე ხნის წინათ ვანიკო ზოდელავა ჩემი ბრძანებულებით ფოთის მერად დაინიშნა, სიმართლე გითხრათ, მე მაშინ ჩაფიქრებული მქონდა ეს ცვლილება და მინდოდა მას დამოუკიდებელი მუშაობის სკოლა გაევლო, და მართლაც, საუკეთესო თვისებები გამოავლინა. ერთ-ერთ ინტერვიუში, თუ გახსოვთ, განვაცხადე, რომ ფოთი ვეღარ ვიცანი-მეთქი, როდესაც ვეწვიე ამ ქალაქს ახალი მერის დანიშვნიდან სულ რამდენიმე თვის შემდეგ. იმედი მაქვს, ასეთივე წარმატებით იმუშავებს იგი თბილისშიც, რა თქმა უნდა ისევ და ისევ დედაქალაქის საზოგადოებრიობის მხარდაჭერით. ნოემბერში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნების შემდეგ, თბილისის საკრებულოც მხარში ამოუდგება ახალ მერს.
ამრიგად, მთავრობის განახლების პროცესი ფაქტობრივად დასრულდა. მადლობელი ვარ პარლამენტისა ძირითად საკითხებში მხარდაჭერისათვის. დარჩა კიდევ რამდენიმე პრობლემა თუ შეუვსებელი ვაკანსია, მაგრამ მათაც მშვიდად, აუღელვებლად და სწორად გადავჭრით სახელმწიფოებრივი ინტერესების შესაბამისად.
ამ საკითხზე მსჯელობა მინდა დავამთავრო ერთი განმარტებით: ზოგიერთს ძალიან სურს, როგორც იტყვიან, აბურდოს, გააბუნდოვნოს ის, რაც სავსებით ცხადი და ნათელია. აი, მაგალითად: რა ბედი ეწევათ სხვა მინისტრებს, რომლებმაც დაწერეს განცხადება გადადგომის შესახებ? და არა მარტო მინისტრებს. ეს საკმაოდ მარტივი და, ვიმეორებ, ნათელი საკითხია. პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებაა დააკმაყოფილოს ან არ დააკმაყოფილოს მინისტრის თხოვნა გადადგომის შესახებ. ვისი თხოვნაც არ დავაკმაყოფილე, ვერ გეტყვით, რომ ისინი კარებს ამტვრევენ ახლა, მაკითხავენ, გინდა თუ არა, გამიშვითო. ეს იმაზე მიუთითებს, რომ იქ უფრო მეტად პასუხისმგებლობისა და სოლიდარობის გრძნობა ამოძრავებდათ. რამდენიმე შემთხვევაში, როგორც იცით, მე ეს თხოვნა დავაკმაყოფილე, სხვა შემთხვევაში არ ჩავთვალე საჭიროდ და გადავწყვიტე, მიზანშეწონილად მივიჩნიე, თანამდებობაზე დამეტოვებინა ის მინისტრები, რომლებიც დღემდე ასრულებდნენ ამ მოვალეობას. გადადგომის შესახებ განცხადება ყველამ დაწერა, როგორც გითხარით, გარდა ძალისმიერი მინისტრებისა, ესეც სწორი გადაწყვეტილება იყო, ჩემი აზრით, ქვეყანაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით და პარლამენტის ხელმძღვანელობასთანაც ასე ვიყავით შეთანხმებული. პრეზიდენტს ამ შემთხვევაში ჰქონდა არჩევანის უფლება და მან ეს უფლება გამოიყენა. ამრიგად, პარლამენტის მიერ იმ მინისტრების ხელახალი დამტკიცება (ყველა პროცედურის გავლა, საკომიტეტო მოსმენა, კენჭისყრა და სხვა), რომელთა განცხადება არ დავაკმაყოფილე, ესე იგი, არ დავეთანხმე მათს გადადგომას, საჭირო არ არის. ისინი რჩებიან მინისტრებად იმ მანდატის საფუძველზე, რომელიც მიიღეს პრეზიდენტისა და პარლამენტისგან ჯერ კიდევ 1995 წელს, ზოგმა ცოტა მოგვიანებით, და აგრძელებენ მოღვაწეობას. თუმცა ეს იმას ნიშნავს, რომ, თუ მომავალში ვინმე უხეშ შეცდომას დაუშვებს ან ახალ ამოცანებს ალღოს ვერ აუღებს, ასეთი პიროვნების საკითხის განხილვისას მათს განცხადებებსაც გავისხენებთ და სხვა არგუმენტებსაც მოვძებნით. ან, ბოლოს და ბოლოს, სუფთა ქაღალდიც მოიძებნება და განცხადების ხელახლა დაწერაც შეიძლება. მაგრამ მე კიდევ და კიდევ მინდა განვაცხადოთ, რომ ისინი, ასე ვთქვათ, აშკარად უნდა გრძნობდნენ თავს იმედიანად, მათ აქვთ და კვლავაც ექნებათ მხარდაჭერა მანამ, სანამ იმუშავებენ თავგანწირვით, პატიოსნად და ნამუსიანად.
- გასულ კვირას თქვენ საგადასახადო და საბაჟო სამსახურების ხელმძღვანელებსაც შეხვდით, სხვათა შორის, გავრცელდა ხმები, რომ ამ სამსახურებს გარკვეული საკადრო ცვლილებები ელოდა. საკმაოდ შესაშური (რა თქმა უნდა, იუმორით ვამბობ), ინფორმაცია ჰქონდათ იმის შესახებ, საიდან, ვის და რამდენი წილი მიაქვს, შემდეგ ეს გარკვეულწილად მსჯელობის საგანი გახდა ქალაქში. და ამასთან დაკავშირებით, კიდევ ერთი თემა: ზოგიერთ რაიონში პენსიებისა და ხელფასების გაცემა პრობლემურია. თქვენ საგადასახადო სამსახურის ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე აღნიშნეთ, რომ როცა არ ხდება გადასახადის გადახდევინება და როცა გადასახადი იმალება, საგადასახადო სამსახურში არ შემოდის იმდენი თანხა, რამდენიც საჭიროა, და ამიტომ მოსახლეობა ვერ იღებს პენსიებსა და ხელფასებს...
- ბოლო თვეების გამოცდილებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ფისკალური პოლიტიკა, საბიუჯეტო სფეროში შექმნილი მდგომარეობა მოითხოვს აღმასრულებელი ხელისუფლების და, კერძოდ, პრეზიდენტის, აგრეთვე პარლამენტის ყოველდღიურ, ვიმეორებ, ყოველდღიურ ყურადღებას, და თუ საჭიროა, ჩარევას. ქვეყანას ამ თვალსაზრისით ძალიან სერიოზული რესურსები აქვს. და თუ მაინც არის სირთულეები, პრობლემები (ოღონდ არცთუ დაუძლეველი და კატასტროფული პრობლემები) ბიუჯეტის შესრულებაში, ხელფასებისა და პენსიების დროულ გაცემაში, - ეს ისევ და ისევ იმ საზარელი სენის - კორუფციის გამოვლინებაა, რომელიც აჭკნობს და ანადგურებს ყოველივე პროგრესულს, უდიდესი შრომითა და გარჯით რომ მივაღწიეთ. ამ სიმსივნის, ასე ვთქვათ, მხურვალე შანთით ამოწვის გარეშე ფუჭია მთელი ჩვენი ძალისხმევა. მე, როგორც შემეძლო, ფაქტებით, არგუმენტებით და აბსოლუტური გულახდილობის ვითარებაში ვილაპარაკე იმ ორ შეხვედრაზე, თქვენ რომ ახსენეთ.
რა თქმა უნდა, ყურადღება მოადუნეს საბაჟო და საგადასახადო სამსახურების ხელმძღვანელებმაც, ფინანსთა სამინისტროს ზოგიერთმა წარმომადგენელმა, ადგილობრივმა ხელმძღვანელებმა. არ გაითვალისწინეს პრეზიდენტის კატეგორიული მოთხოვნა კორუფციასთან ბრძოლის გაძლიერების შესახებ. ამიტომ ქვეყანა საკმაოდ დიდ შემოსავალს კარგავს. მე ციფრები დავასახელე. ჩვენს პირობებში ეს ასტრონომიული ციფრებია. ამიტომ შეხვედრებს მებაჟეებთან, საგადასახადო ინსპექციის მუშაკებთან განსაკუთრებულ ყურადღებას ვანიჭებდი. იმთავითვე ნათელი გახდა, რომ რეზერვები საკმაოდ დიდია. რაც მთავარია, მათ შესანიშნავად უწყიან, რომ ორივე სამსახურის ყოველდღიურ საქმიანობას უშუალოდ პრეზიდენტი ადევნებს თვალს. ინფორმაციას ვიღებ ყოველდღიურად. საკმარისი რესურსი აქვს როგორც ერთ, ასევე მეორე სამსახურს. საბაჟო და საგადასახადო სამსახურები (გადაუჭარბებლად ვიტყვი, ადრეც მითქვამს) ჩვენი სახელმწიფოებრიობის ორი ძალიან მნიშვნელოვანი ღერძია, ორი საყრდენია, ამიტომ მხოლოდ კრიტიკით არ უნდა შემოვიფარგლოთ. მათ ხელშეწყობა სჭირდებათ, უნდა შევუქმნათ ძალიან სერიოზული სტიმული ნაყოფიერი მუშაობისთვის. კერძოდ, მატერიალური სტიმულიც - ხელფასი დამოკიდებული უნდა იყოს საქმიანობის ეფექტიანობასა და შემოსავლის დონეზე. იყოს ეს თუნდაც ძალზე მაღალი ხელფასი, მაგრამ ადამიანმა, სახელმწიფო მოხელემ უნდა იცოდეს, რომ, თუ მის შრომაზეა დამოკიდებული სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავალი, სახელმწიფო მისთვის არაფერს არ დაიშურებს, რათა შესაბამისად აუნაზღაუროს ნაყოფიერი, წარმატებული მუშაობა. აქ არანაირ უსამართლობას არ ვხედავ - ბიუჯეტში მეტი შემოსავალი სოციალურ პრობლემათა გადაწყვეტას ნიშნავს, ნიშნავს ქვეყნის სიძლიერეს, კარგად აღჭურვილ და გაწვრთნილ არმიას, ყოველმხრივ უზრუნველყოფილ მასწავლებელს და ასე შემდეგ. მოხელეს, რომელიც ამას შეძლებს, ანაზღაურებაც სათანადო უნდა ჰქონდეს, - იმ ამოცანის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე, რომლის გადაჭრა მან ვერ შეძლო, თუ ვერ შეძლებს, - სხვა საქმეა, მაგრამ მე მჯერა ამ კოლექტივების, მათი ხელმძღვანელების პატრიოტიზმის, გადაუჭარბებლად ვამბობ, ნიჭისა და თავდადების, მათი პროფესიონალიზმის, ამიტომ გადავწყვიტე, გავუგრძელო ნდობის მანდატი ორივე ხელმძღვანელს - როგორც თენგიზ აბულაძეს, ასევე ოლეგ ნიკოლეიშვილს, ოღონდ, რასაკვირველია, არა უსასრულოდ. ყველაფერი დამოკიდებული იქნება მათს პრაქტიკულ საქმიანობაზე.
საერთოდ, უნდა ვთქვა, საგანგაშო და თავშისაცემი არაფერია, არ არსებობს იმის საფუძველი, რომ მივეცეთ სასოწარკვეთილებას, ან დავუჯეროთ პროვოკატორებს, რომელთათვისაც გაჭირვებული ადამიანი მხოლოდ ამბიციათა დაკმაყოფილების საშუალებაა. ჩვენ თვალწინ არანაკლებ და კიდევ უფრო დიდ ფინანსურ სიძნელეებს აწყდებიან უდიდესი ეკონომიკური პოტენციალის ქვეყნები. ზოგიერთ მათგანში მდგომარეობა უკიდურესად დრამატულია, ფინანსურმა კრიზისმა შეაზანზარა მაღალგანვითარებული ეკონომიკის ქვეყნებიც. გავიხსენოთ, რა ხდებოდა წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნებში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, რა სირთულეებია ისეთ უმდიდრეს ქვეყანაში, როგორიც რუსეთია. და რომ არა მსოფლიოს ეკონომიკის ლიდერთა, მათი საფინანსო ინსტიტუტების დროული დახმარება, ალბათ, კატასტროფა გარდაუვალი იქნებოდა მრავალი ქვეყნისთვის. ჩვენ ასეთი საფრთხის წინაშე არ ვდგავართ, თუ კარგად და ორგანიზებულად ვიმუშავებთ. ამჟამად გვაქვს საკმაო სავალუტო რეზერვი, მტკიცედ ვაკონტროლებთ სიტუაციას სამომხმარებლო ბაზარზე, არ არსებობს რამენაირი „ინფლაციული მოლოდინის“ წინაპირობა. ამ სფეროში კრიზისის ობიექტური მიზეზები, როგორც გითხარით, ამჟამად არ არსებობს, ხელისუფლების უმთავრესი დანიშნულებაა გამორიცხოს სუბიექტური ფაქტორები.
ამჟამად ფინანსთა სამინისტრო მუშაობს ახალ პროგრამაზე, რომელიც საშუალებას მოგვცემს მოვიზიდოთ დამატებითი რესურსები, ბანკებში მოვახდინოთ იმ თანხების აკუმულირება, ამჟამად რომ ბრუნავს საბანკო სისტემის გარეთ. არ გამოვრიცხავ ცვლილებებს საგადასახადო კოდექსში, რათა იგი უფრო მოქნილი და შედეგიანი, სასარგებლო გახდეს. საბოლოოდ კი ყველა ამ ცვლილებამ რიგით მოქალაქემდე უნდა მიაღწიოს, შეუძლებელი იქნება ლაპარაკი სახელმწიფო პოლიტიკაზე, თუ პენსიონერმა დროულად არ მიიღო კუთვნილი პენსია, ხოლო მასწავლებელმა - პატიოსნად გამომუშავებული ხელფასი. უნდა გითხრათ ისიც, რომ ფინანსთა მინისტრს ძალიან საინტერესო მოსაზრებანი აქვს, რომლებსაც, მართალია დახვეწა და დაკონკრეტება სჭირდება, მაგრამ ბევრ წინადადებას, განსაკუთრებით პირველ სხდომაზე რომ მოვისმინეთ, ალბათ, პრეზიდენტი და ქვეყანა მხარს დაუჭერენ.
- პრეზიდენტმა ალიევმა რამდენიმე ქვეყნის პრეზიდენტები, მათ შორის თქვენ, ბაქოში მიგიწვიათ ტრასეკას კონფერენციაზე, რომელიც სექტემბრის დამდეგს გაიმართება. ევრაზიის დერეფნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია სატრანსპორტო სისტემა, მისი განვითარება, მათ შორის გზები. საქართველოში უდავოდ შესანიშნავი ძვრებია მიღწეული ამასთან დაკავშირებით და იგრძნობა, რომ ხელისუფლება უკვე იწყებს ზრუნვას სატრანსპორტო კომუნიკაციის განვითარებისთვის.
- უნდა გითხრათ, რომ ბაქოს სამიტის (თუ არ ვცდები, ჯერჯერობით 14 ქვეყნის განაცხადია უკვე უმაღლეს დონეზე წარმომადგენლობისა) ინიციატორი ჰეიდარ ალიევთან ერთად მეც გახლავართ, და ჩემი წერილებიც დაეგზავნა ამ ქვეყნების პრეზიდენტებსა და პრემიერებს. სხვადასხვა მოსაზრებით, ამჯერად მხარი დავუჭირეთ სამიტის ბაქოში გამართვას და მჯერა, რომ ეს საეტაპო მოვლენა გახდება რეგიონისთვის, და არა მარტო მისთვის, არამედ ყველა მონაწილე ქვეყნისთვისაც.
ევრაზიის იდეის განხორციელება გულისხმობს და მოიცავს სატრანსპორტო სისტემის განვითარებასაც საკუთრივ საქართველოში. უფრო მეტიც: გარკვეულწილად, ეს კონცეფცია ჩვენთვის ახალი გზების აშენების, ძველის აღდგენის, ხიდების აგების, გვირაბების გაყვანის, რკინიგზის ამოქმედების, ნაოსნობის განვითარების საშუალებაც არის, რაც ასე ძალიან გვჭირდება. მე გზებიც მაქვს მხედველობაში, ხიდებიც და სხვა, და თქვენ იცით, რა მდგომარეობაშია დღეს მთელი ეს ინფრასტრუქტურა. უკვე დაისახა შესაბამისი პრიორიტეტებიც: საავტომობილო ტრასების გაყვანა, გაფართოება, გაუმჯობესება ფოთის, ბათუმისა და ახალციხის მიმართულებებით, ნინოწმინდა-ახალქალაქის გზის მშენებლობა, რაც ჭეშმარიტად საშვილიშვილო საქმე იქნება, თბილის-გორის ავტომაგისტრალის, ასევე თბილის-ბაქოს, თბილის-ერევნის მაგისტრალების თვისებრივი გაუმჯობესება და განვითარება. ამ პროექტების განხორციელებაში აქტიურად მონაწილეობენ მსოფლიო ბანკი, სხვა ფინანსური ცენტრები. ტრასეკას პროექტის სიკეთეს იგრძნობს თითოეული ჩვენი მოქალაქე, რომელთაც ხშირად უწევთ მოგზაურობა ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში. უნდა გითხრათ, რომ ეს პროექტები, განსაკუთრებით ბაქო-თბილისისა და ბაქო-ერევნისა, განხილულია პრეზიდენტების დონეზე ბატონ ალიევთან, ისევე როგორც სომხეთის პრეზიდენტთან ბატონ ქოჩარიანთან, და ჩვენ საერთო მოქმედების პროგრამა გვაქვს შემუშავებული.
მოქმედებს გზების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციის საპრეზიდენტო პროგრამა (მინდა შევახსენო ეს ჩვენს რადიომსმენელს), რომლის ფარგლებშიც ხორციელდება ქვეყნის საავტომობილო გზების მოვლა-შენახვისა და აღდგენა-განვითარების სამუშაოები. საგზაო დეპარტამენტიც ძალიან აქტიურად მუშაობს. დამთავრების სტადიაშია მდინარე ხრამზე 238 მეტრი სიგრძის სახიდე გადასავლელისა (ეგრეთ წოდებული წითელი ხიდის) და მდინარე ხრამის სატრანსპორტო კვანძის მშენებლობა. ახალქალაქ-ნინოწმინდის დამაკავშირებელი 22-კილომეტრიანი საავტომობილო გზის რეკონსტრუქცია-მშენებლობაზე უკვე მოგახსენეთ, ეს სამუშაოები მიმდინარე წლის დამლევს დამთავრდება და გზის გახსნაში, პრეზენტაციაში პირადად მივიღებ მონაწილეობას. გზების რეკონსტრუირების პროცესში აქტიურად ვთანამშრომლობთ გერმანულ ფირმებთან, განსაკუთრებით საგზაო ინფრასტრუქტურის სფეროში. დიდი მოცულობის სამუშაოები მიმდინარეობს ასევე საქართველოს სამხედრო გზაზე, სამეგრელოსა და სხვა რეგიონებში. მიმდინარე წელს საავტომობილო გზაზე ერთ-ნახევარჯერ მეტი ღირებულების სამუშაოები სრულდება, ვიდრე შარშან, და ორჯერ მეტი, ვიდრე 1996 წელს. ეს კარგი ტენდენციაა, მაგრამ მხოლოდ დასაწყისია, უახლოესი ორი-სამი წლის განმავლობაში გზების შეკეთება-რეკონსტრუქციას 130 მილიონამდე ლარი მოხმარდება. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი თანხაა, რომელიც საპრეზიდენტო პროგრამის შესრულების მყარ საფუძველს შექმნის. სხვათა შორის, ამ პროგრამის შემადგენელი ნაწილია მთიან რაიონებთან ჩვენი კავშირი - გზების მშენებლობა, გზების კეთილმოწყობა. მხედველობაში მაქვს სვანეთი და სხვა მთიანი რაიონები, რომელთაც ეს ძალიან სჭირდებათ.
ასეთია ჩემი კომენტარი ამ საკითხზე.
- ამ თვის დამლევს - 25 აგვისტოს მთელი საქართველო განსაკუთრებულად ელოდება. ეს ის დღეა, როცა დედასამშობლოსთან აჭარის დაბრუნების 120 წლისთავი უნდა იზეიმოს საქართველომ...
- ისევე როგორც სრულიად საქართველო, ამ დღეს მეც სიხარულით ველი. ახლავე შემიძლია სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ დედასამშობლოსთან აჭარის დაბრუნების 120 წლისთავს საქართველო ღირსეულად აღნიშნავს არა მარტო დედაქალაქსა და აჭარაში, არამედ ყველა რაიონში, ყველა რეგიონში.
თავდაპირველად მინდა ვისაუბრო თვით ამ ისტორიული აქტის მნიშვნელობაზე. რა თქმა უნდა, დიდია რუსეთის როლი (ჩვენ აქ სამართლიანი უნდა ვიყოთ და ეს არ უნდა დაგვავიწყდეს), ისევე როგორც აჭარისა და მთელი საქართველოს მოსახლეობისა (ადრე ამაზეც მაინცდამაინც არ ვამახვილებდით ყურადღებას). აჭარის დაბრუნებით საქართველოს მისი განუყოფელი და უძველესი ნაწილი დაუბრუნდა. ამიტომ შემთხვევითი არ არის, რომ მე მხარი დავუჭირე შესანიშნავ იდეას: ეს დღე - 25 აგვისტო გამოცხადდეს „დაბრუნების დღედ“, დაბრუნებისა სამშობლოსგან მოწყვეტილ შვილთა, დაბრუნებისა ეროვნული განძის, დაბრუნებისა ლტოლვილთა მშობლიურ კერასთან, უზომოდ დიდია ეს ცნება, იგი ბევრ კეთილშობილურ სულისკვეთებას დაიტევს, მაგრამ საფუძველთა საფუძველი მაინც დედასამშობლოსთან აჭარის დაბრუნებაა.
მე რუსეთი ვახსენე და ასევე მინდა რამდენიმე სიტყვა ვთქვა თურქეთზე. დიდი ქემალ ათათურქი ამბობდა (გახსოვთ, მეჯლისში გამოსვლის დროს ეს ვახსენე), რომ „თურქეთი დაინტერესებულია აღმოსავლეთით საქართველოს სახით ჰყავდეს სანდო, საიმედო და ძლიერი მეზობელი“. და, სხვათა შორის, მაშინდელმა თურქეთის პროგრესულმა მოღვაწეებმა ძალიან ბევრი გააკეთეს იმისთვის, რომ ჰყოლოდა ასეთი მეზობელი - ძლიერი, სანდო და საიმედო. მე ახლა შემიძლია ვთქვა, რომ თურქეთს ასეთი მეზობელი ჰყავს.
როგორც იცით, არსებობდა სულთნის თურქეთი და არსებობს ქემალ ათათურქის თურქეთი, ამასაც ნუ დავივიწყებთ დედასამშობლოსთან აჭარის დაბრუნების დღეს.
ჩვენ გველის ჭეშმარიტად დიდი ეროვნული დღესასწაული. რაოდენ სიმბოლურია, რომ დედასამშობლოსთან აჭარის დაბრუნების დღე თითქმის ემთხვევა კონსტიტუციის მიღების თარიღს - 24 აგვისტოს.
საზეიმო ღონისძიებები თბილისში დედასამშობლოსთან აჭარის დაბრუნების აღსანიშნავად, ფაქტობრივად, ერთ თვეს გაგრძელდება. სექტემბრის დამლევს გაიხსნება სულმნათი მემედ აბაშიძის ძეგლი, გაიმართება საზეიმო სხდომა, კონცერტი, რომელშიც ჩვენი ქვეყნის საუკეთესო შემოქმედებითი კოლექტივები მიიღებენ მონაწილეობას. გამოიცემა მემედ აბაშიძის თხზულებანი. შესანიშნავად არის შესრულებული ეს წიგნი, გაიმართება მოსწავლეთა რესპუბლიკური სასახლის დღეები აჭარაში, გამოფენები, კონცერტები, შემოქმედებითი საღამოები. თბილისი ელის პატივსაცემ სტუმრებს აჭარიდან, რათა ერთად, შვებითა და სიხარულით ვიზეიმოთ ჩვენი დიდი, საერთო-ეროვნული დღესასწაული. ეს იქნება ჩვენი ურღვევი და ეჭვმიუტანელი, სპეტაკი და წმიდათაწმიდა ერთიანობის ზეიმი.
ვფიქრობ, იქნებიან სტუმრები რუსეთიდან, ასევე ვგულისხმობ, იქნებიან სტუმრები თურქეთიდან, ვისაუბრებთ იმ ახალ ურთიერთობაზე, რომელიც დამოუკიდებელ საქართველოსა და ორ დიდ მეზობელს შორის დამყარდა.
საქინფორმი.
„ჩვენ არ მოვერიდეთ განახლებას, ცვლილებებს, რათა უფრო დინამიკური ყოფილიყო რეფორმათა პროცესი და უფრო ქმედითი - მთავრობა, რომელსაც ეკისრება პასუხისმგებლობა რეფორმათა წარმატებით დასრულებისათვის“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 11 აგვისტო. - №204 (2904). - 1,2 გვ.
![]() |
22 ბატონ გურამ ბათიაშვილს, დაბადების სამოცი წლისთავთან დაკავშირებით |
▲ზევით დაბრუნება |
მილოცვა
ჩემო გურამ, დაბადების სამოცი წლისთავი იმ დიდი იუბილეს კონტექსტში მინდა მოგილოცოთ, რომელსაც სექტემბერში გადავიხდით. რა თქმა უნდა, ებრაელთა საქართველოში დამკვიდრების ოცდაექვსსაუკუნოვანი იუბილე მაქვს მხედველობაში.
ერთ-ერთი კონკრეტული, პიროვნული მაგალითი ამ მართლაც უნიკალური მოვლენისა თავად შენ ხარ - ქართული კულტურის მოღვაწე, ქართველი მწერალი, ებრაული კულტურის თავგამოდებული დესპანი საქართველოში.
ბედნიერი კაცი ხარ - ორი უძველესი სამშობლოს პატრონი, ორ უძველეს კულტურას თანაბრად ნაზიარევი, ორი ხალხის ბოლომდე ერთგული.
ყოველივე ეს ამ ოცდაექვსი საუკუნის მუდმივი თანმდევი იყო და დღეს საგანგებოდ გასააზრებელია, როგორც უნიკალური ფენომენი ქართული და ებრაული ხასიათის გამოვლენისა, როგორც მოდელი ადამიანთა, ერთა, კულტურათა, პიროვნულ თუ ეროვნულ ინტერესთა ურთიერთმორიგებისა და ურთიერთშერწყმისა.
ჩვენ ვთავაზობთ თანამედროვე მსოფლიოს ამ მოდელს.
შენ ამ პროცესის განვითარებაში ღირსეულად ამბობ შენ სიტყვას.
დიდი მადლობა ამისთვის.
ყველაფერს კარგს გისურვებ შენ და შენს ოჯახს.
ე. შევარდნაძე.
ბატონ გურამ ბათიაშვილს, დაბადების სამოცი წლისთავთან დაკავშირებით : მილოცვა // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 18 აგვისტო. - №211 (2911). - 1 გვ.
![]() |
23 „საქართველო თავისუფალი ქვეყანაა, ამ თავისუფლებას ვერავინ წაგვართმევს, ვინაიდან იგი ჩვენი ერის სულიერი მოთხოვნილებაა და ჩვენი საერთო მონაპოვარია“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
17 აგვისტოს რადიოინტერვიუ
- თქვენ ხელი მოაწერეთ ბრძანებულებას „საბიუჯეტო სფეროში დასაქმებულ მუშაკთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების, მოსახლეობის სოციალური დაცვისა და უზრუნველყოფის დამატებით ღონისძიებათა შესახებ“, ანუ, მარტივი ენით რომ ვთქვათ, საბიუჯეტო სფეროში ხელფასები ათი პროცენტით უნდა გაიზარდოს. რასაკვირველია, ეს შემთხვევითი ნაბიჯი არ უნდა იყოს, ამას, ალბათ, თავისი საფუძველი აქვს და ისიც გათვალისწინებულია, თუ რა შედეგები მოჰყვება... - ჟურნალისტ ნატო ონიანის თხოვნით, ამ თემაზე საუბრით დაიწყო თავისი ტრადიციული რადიოინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ:
- ხელფასების რეალური მომატება ჩვენ მაშინვე დავიწყეთ, როგორც კი პირველი ნაბიჯები გადავდგით ლიბერალური ეკონომიკური რეფორმის მიმართულებით, ანუ 1994 წლის შემოდგომიდან. მას შემდეგ ქვეყანაში ყოველწლიურად ხელფასები საშუალოდ 20 პროცენტით მატულობს.
მე მინდა ეს საკითხი უფრო ნათლად განვმარტო: ხელფასების, პენსიებისა და სტიპენდიების ყოველწლიურად, ვიმეორებ, ყოველწლიურად 20-პროცენტიანი მატება ისეთ პირობებში, როდესაც ინფლაცია მაქსიმალურად არის შეზღუდული, ანუ ფასები თითქმის არ იზრდება ძირითად სასურსათო საქონელზე, ისევე, როგორც მომსახურებაზე, როდესაც ეროვნული ვალუტა სტაბილურია, - აი, ამ პირობებში ხელფასების, პენსიების, შემწეობის განუხრელი მატება, თუნდაც დაბალი პროცენტით, როგორც ამას ჩვენ ვაკეთებთ, ქვეყნის პოტენციალის ზრდაზე მიუთითებს.
როგორც იტყვიან, კაპიკი იქნებოდა ასეთი დონით ხელფასების ზრდის ფასი, ინფლაციის ტემპი რომ უსწრებდეს ამ მატებას, ხოლო ეროვნული ვალუტა ყოველდღიურად უფასურდებოდეს, რაც მრავალი ქვეყნისათვის არის დამახასიათებელი. ამ შემთხვევაში, გნებავთ, თუნდაც ასი პროცენტით გაგვეზარდა ხელფასები, ეს წინსვლად მაინც არ ჩაითვლებოდა.
საქართველომ დაძლია ეკონომიკური რეფორმების ყველაზე მტკივნეული ეტაპი, და ჩვენი ხალხის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან ღირსეულად გაართვა თავი, გაუძლო სირთულეებს, ამ ტკივილს, შოკური, როგორც მიღებულია გამოთქმა, შოკური თერაპიის გარდაუვალ სიმწარეს. მწარეა, მტკივნეულია, მაგრამ სხვა გამოსავალი არ იყო იმისათვის, რომ ეკონომიკა სწრაფად გამოგვეყვანა უღრმესი და, თუ გნებავთ, უიმედო ეკონომიკური კრიზისიდან. ასე ჩანდა მაშინ, 1992-93 წლებში, 94-შიც.
ხელფასებისა და შემწეობის ყოველი 20-პროცენტიანი მატება ქვეყნის მიერ წინაგადადგმული ნაბიჯია, თანაც ამ ნაბიჯს ვდგამთ არა ინფლაციურ ჭაობში (როგორც ზემოთ ვთქვი), რომელმაც ყოველ წუთს შეიძლება ჩაგითრიოს, არამედ საბაზრო ეკონომიკის მყარ ნიადაგზე. საქართველო ჯანსაღად ვითარდება, და არა ავადმყოფურად, ხელოვნური ემისიებითა და დოტაციებით. ჩემი აზრით, ყველას ერთნაირი დამოკიდებულება გვაქვს ემისიების მიმართ. ჩვენ, რა თქმა უნდა, ახლა შეგვიძლია 20 პროცენტითაც, 50 და 100 პროცენტითაც გავზარდოთ, მაგრამ ეს ყველაფერი დაკავშირებული იქნება ფულის ბეჭდვასთან და ვალუტის გაუფასურებასთან.
როგორც კი საშუალება უჩნდება ქვეყანას, რასაკვირველია, უმალვე ეხმარება იმ მოქალაქეებს, რომლებსაც უპირველესად სჭირდებათ მხარდაჭერა, - ესენი არიან პენსიონერები, ინვალიდები, მცირეშემოსავლიანი ოჯახები, მარტოხელა დედები. საბედნიეროდ, სახელმწიფოს უკვე შესწევს უნარი ფლობდეს ეკონომიკურ სიტუაციას და განახორციელოს ის პოლიტიკა, რომლის ძირითადი დებულებები ჩამოყალიბებულია პრეზიდენტის პროგრამაში. ხელისუფლებამ პირნათლად შეასრულა თავისი დაპირება - ოქროს მთებსა და რძის მდინარეებს არავის დავპირებივართ, ოღონდ რაც ვთქვით, ის შევასრულეთ, რამდენადაც ეს შესაძლებელია, ცალკეული გამონაკლისების გარდა. ხელფასები არცთუ დიდი ოდენობით, მაგრამ განუხრელად იზრდება, როგორც ვთქვი, 1994 წლიდან მოყოლებული. ვიმეორებ, „არცთუ დიდი ოდენობით“, რადგან მხედველობაში მაქვს აბსოლუტური ოდენობა, აბსოლუტური მოცულობა, თუმცა, თავისთავად, 20-პროცენტიანი მატება ზრდის საკმაოდ მაღალ ტემპად უნდა ჩაითვალოს. კვლავ და კვლავ მივაქცევთ თქვენს ყურადღებას იმ გარემოებას, რომ ეს ტენდენციაა. სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით კი დადებითი ტენდენცია ყველაზე მისასალმებელი და სასიხარულო მოვლენაა. საქართველოს ცხოვრება, კერძოდ, ეკონომიკა, აღსავსეა ამგვარი ტენდენციებით. ამის უარყოფა შეუძლებელია.
ხელფასების მომატება შეეხებათ ბიუჯეტზე მყოფ დაწესებულებებში დასაქმებულ მუშაკებს, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების, პროფესიულ-ტექნიკური და საშუალო სპეციალური სასწავლებლების პედაგოგებს, სასამართლო ხელისუფლების მუშაკებს, თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლებს, უმაღლესი სასწავლებლების, სამეცნიერო ცენტრებისა და დაწესებულებების თანამშრომლებს და ასე შემდეგ.
ბუნებრივია, იზრდება ლტოლვილთა და იძულებით ადგილნაცვალ პირთა შემწეობაც. 10 პროცენტით იზრდება, აგრეთვე, სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების სტიპენდიების ფონდი. 1998 წლის 1 ნოემბრიდან პენსიები მოემატებათ ყველა კატეგორიის არამომუშავე პენსიონერებს, ომებში დაღუპულ მეომართა ქვრივებს, გაიზრდება უმუშევართა შემწეობა და სხვა.
რაც შეეხება კერძო სექტორს, საბიუჯეტო სფეროში ხელფასების მომატება, უეჭველად, ავტომატურად გამოიწვევს ხელფასების გაზრდას ამ სექტორშიც, არადა, კერძო სექტორი საქართველოს ეკონომიკის საფუძველი გახდა. იგი საერთო ეკონომიკური მოცულობის 80 პროცენტზე მეტს შეადგენს, თანაც, საბაზრო ეკონომიკის კანონებიდან გამომდინარე, ხელფასების ზრდა კერძო სექტორში არათუ ათ ან ოც პროცენტს შეადგენს, არამედ გაცილებით მეტიც იქნება. ფაქტობრივად, ასეც იყო ამ ბოლო წლების განმავლობაში. ამ სასიკეთო ტენდენციასაც სტიმულს სახელმწიფო აძლევს, - საბიუჯეტო ორგანიზაციებში ხელფასების მომატებით, თავისთავად, ავტომატურად გადაიჭრება ეს პრობლემაც. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი ასევე სრულად გაითვალისწინებს სოციალურ პრობლემატიკას, გათვალისწინებული იქნება ღონისძიებათა კომპლექსი სიღატაკის აღმოსაფხვრელად, რაც პრობლემათა პრობლემა იქნება მომავალი წლისათვის. კიდევ უფრო გაძლიერდება პენსიონერებისა და უმწეო ადამიანებისათვის ყოველმხრივი ზრუნვა. საბაზრო ეკონომიკა არ ნიშნავს უმწეო ადამიანის ბედის ანაბარა მიტოვებას. ეს კიდევ უფრო რადიკალურად გამოიკვეთება, ბევრი რამ შეიცვლება მედიცინაშიც.
ამავე დროს, დიდი გულისტკივილით უნდა აღვნიშნო, რომ ცენტრალური და ადგილობრივი სტრუქტურების, განსაკუთრებით საგადასახადო, საბაჟო სამსახურების მუშაკთა უყურადღებობის, ხშირ შემთხვევაში უგერგილობის შედეგად, სირთულეები წარმოიშვა ცალკეულ რაიონებში პენსიებისა და ხელფასების გაცემის თვალსაზრისით. ამ მდგომარეობას ვერა და ვერ შევურიგდებით! ოღონდ საჭიროა არა მექანიკურ ღონისძიებათა განხორციელება, ვთქვათ, ცალკეულ ხელმძღვანელთა თანამდებობიდან განთავისუფლება (ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე), რადგან მხოლოდ ამით საქმეს არ ეშველება, არამედ სისტემური ცვლილებები. ჩემი გადაწყვეტილებით, შექმნილია მთავრობის საგანგებო კომისია, რომელიც ამ საკითხებზე მუშაობს, და მე მოვითხოვ, რომ ფინანსთა სამინისტრომ, საგადასახადო, საბაჟო სამსახურებმა, აგრეთვე ყველა სამხარეო, საქალაქო და რაიონულმა ადმინისტრაციამ, სამინისტროებმა უსიტყვოდ მოიხადონ ვალი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტების წინაშე და პირნათლად შეასრულონ ვალდებულება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფო იძულებული იქნება, კვლავაც სერიოზული საკადრო ცვლილებანი განახორციელოს სხვადასხვა რგოლში და სხვადასხვა დონეზე.
ახლა ძალიან მოკლედ ეკონომიკური ვითარების შესახებ. შაბათს მოვინახულე ორი მძლავრი, პერსპექტიული საწარმო და მინდა ჩემი შთაბეჭდილება გაგიზიაროთ.
რეალური და საინტერესო გეგმები აქვს ქსნის მინის ტარის ქარხნის კოლექტივს. ერთ დროს, ამ ქარხნის მშენებლობა ჩემი ინიციატივით დაიწყო. მერე იმდენი რამ მოხდა, რომ ვერ წარმომედგინა, თუ აქ სერიოზული საქმის გაკეთება შეიძლებოდა. ამჟამად ჩვენი პარტნიორია ცნობილი თურქული ფირმა „შიშეჯამი“, რომელსაც საწარმოს აქციების 75 პროცენტი ეკუთვნის. თურქმა მეწარმეებმა ქარხნის ანგარიშზე უკვე გადმორიცხეს 4,5 მილიონამდე ლარი, შემოიტანეს 2,5 მილიონი ლარის მანქანა-დანადგარები, მოწყობილობა, ინვენტარი, ნედლეული და ყოველივე ეს კვლავ უწყვეტ ნაკადად მოდის და მოდის. ამ სახსრებით წელს შესრულდა მთელი რიგი აღდგენითი და სარეკონსტრუქციო სამუშაოები. ფირმა „შიშეჯამი“ დაინტერესებულია კავკასიის რეგიონის ბაზრით. საერთოდ, ამ ბაზრის გაფართოებით, სადაც დღეისათვის საკონსერვო ნაწარმისა და სასმელების მინის ტარზე სულ უფრო დიდი მოთხოვნილებაა. ქსნის მინის ტარის ქარხანას განვითარებულ ტექნოლოგიათა და მენეჯმენტის დანერგვის მეშვეობით ამ ბაზრის მომსახურების კარგი შესაძლებლობანი ექმნება.
რა გადაიტანა, როგორც ზემოთ ვთქვი, ქსნის მინის ტარის ქარხნის კოლექტივმა ოთხმოცდაათიან წლებში, საყოველთაოდ ცნობილია. იგი ხელიდან ხელში გადადიოდა, იძარცვებოდა, იქ თარეშობდნენ დანაშაულებრივი ბანდები. სხვათა შორის, ორი უნიკალური ხაზი გაიტანეს მოსკოვში და, კაცმა არ იცის, ახლა ვის ემსახურება.
უცხოელი ინვესტორების შემოსვლამ და ცენტრალური და ადგილობრივი ხელუფლების გაბედულმა ღონისძიებებმა დასაბამი მისცეს საწარმოს ახალ სიცოცხლეს. აქ უკვე იწარმოება ღვინისა და სხვა სასმელების ბოთლები, ამუშავდება ლუდის ბოთლების გამომშვები ხაზი, საწარმოში მთლიანად 350 კაცია დასაქმებული. და როდესაც ლუდის ბოთლების გამოსაშვები ხაზი გაიხსნება, კიდევ 350 კაცი დასაქმდება.
კარგი პერსპექტივები აქვს „საქართველო-ამერიკის ნავთობგადასამუშავებელი ერთობლივი კომპანიის“ საქმიანობასაც. კომპანიის მიზანია ადგილობრივი ნავთობის გადამუშავება და მიღებული ნავთობპროდუქტების საქართველოში რეალიზაცია. კომპანიამ შეიძინა და სართიჭალის ტერიტორიაზე დაამონტაჟა მინი-ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა, რომლის წლიური მწარმოებლურობა 97 ათასი ტონა ნავთობის გადამუშავებაა. ნავთობის მოპოვების ზრდასთან ერთად უცხოელი ინვესტორები მზად არიან გაზარდონ საწარმოს სიმძლავრეები. იმ შემთხვევაში კი, თუ საწყის ეტაპზე ჩვენში მოპოვებული ნავთობი საკმარისი არ იქნება, არსებული სიმძლავრის დასატვირთავად გამოყენებული იქნება საქართველოში გამავალი აღმოსავლური ნავთობი. აღმოსავლეთ საქართველოში ნავთობის მოპოვება მნიშვნელოვან ფაზაში შევიდა, აქ მოპოვებული „შავი ოქროს“ ადგილზე გადამუშავება კი ხელს შეუწყობს მოპოვების სამუშაოთა დაჩქარებასა და მისი მასშტაბის ზრდას. წლის დამლევისათვის, განსაკუთრებით კი მომავალ წელს, უკვე ლაპარაკი გვექნება საკუთარი ბენზინის, მაზუთისა და დიზელის საგრძნობ მოცულობასა და საკუთარ მარაგზე. ამის ყველა წინაპირობა არსებობს. თქვენ იცით, რომ უცხოეთის რამდენიმე მძლავრი კომპანია მუშაობს საქართველოში. ეს საწარმო, რომელიც ქართულ-ამერიკულის სახელს ატარებს, მხოლოდ დასაწყისია, თუმცა საიმედოა და დიდი მომავალი აქვს. დარწმუნებული ვარ, მომავალში საჭირო გახდება ახალი ბლოკების დამონტაჟება, რაც ადგილზე მოპოვებული ნავთობის გადამუშავების თვითღირებულებას მნიშვნელოვნად ამცირებს, გამორიცხავს სატრანსპორტო ხარჯებს, დადებით გავლენას მოახდენს ექსპორტ-იმპორტის ბალანსის ფორმირებაზე. სხვათა შორის, იქ ამ საქმის ინიციატორებმა და ორგანიზატორებმა უკვე იზრუნეს, რათა თბილსრესისათვის შეიქმნას მაზუთის გარკვეული მარაგი, რომელიც წინათ საკმაოდ ძვირად შემოგვქონდა სხვა ქვეყნებიდან.
ერთხელ კიდევ მინდა შევეხო ქართული „კოკა-კოლას“ წარმოებას, სადაც დასაქმებულია 400-მდე კაცი, რომელთა საშუალო ხელფასი თვეში 250-300 ლარია, ხოლო მთლიანად სადისტრიბუციო ქსელში მუშაობს 6000-მდე კაცი. ამ საწარმოს სულ რაღაც 3 წლის ისტორია აქვს მას შემდეგ, რაც სრული სიმძლავრით დაიწყო მუშაობა. თავისი არსებობის მანძილზე საწარმომ სახელმწიფო ბიუჯეტში შეიტანა 16,5 მილიონი ლარი, აქედან წლევანდელ 7 თვეში - უკვე თითქმის 4 მილიონი ლარი. განვითარდა და გაფართოვდა ადგილობრივი ნედლეულის გამოყენებით გამაგრილებელი სასმელების ინდუსტრია და მასთან დაკავშირებული ბიზნესი. კომპანია „კოკა-კოლას“ ევროპის ჯგუფის პრეზიდენტთან ბატონ უილიამ კეისთან შეხვედრისას აღინიშნა, რომ ეს დადებითი შედეგები განაწყობს კომპანიას გააღრმავოს ჩვენთან, როგორც საიმედო პარტნიორთან, პერსპექტიული ურთიერთობანი. თბილისში დაფუძნდა კომპანიის რეგიონული ოფისი - სამხრეთ ევრაზიის განყოფილება, რომელიც მრავალ ქვეყანას მოემსახურება.
საბიუჯეტო შემოსავლის ფორმირების პროცესს სისტემატური კონტროლი ეწევა. ყოველდღიურად შემოდის ოპერატიული ინფორმაცია სათანადო რეაგირებისათვის. სადღეისოდ მდგომარეობა ასეთია: საგადასახადო ინსპექციამ აგვისტოს განვლილ პერიოდში ბიუჯეტში გადარიცხა 5,2 მილიონი ლარი, რითაც, მისივე შეფასებით, შენარჩუნებულია შემოსავლის ზრდის ივლისში მიღწეული ტემპი, რომელიც შედარებით მაღალი იყო. წლის დამდეგიდან ინსპექციის მიერ ბიუჯეტში მობილიზებულია 185 მილიონი ლარი, ვიმეორებ ამ ციფრს - 185 მილიონი ლარი, იმიტომ, რომ იოლი იყოს შედარება, ანუ შარშანდელზე 10 პროცენტით მეტი. ინსპექციის მიერ გაწეული მუშაობა, რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის, 10-პროცენტიანი ზრდა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის შევსებას ვერ უზრუნველყოფს და, თუ ასე გაგრძელდა, კვლავაც შეიძლება სერიოზული დაბრკოლებანი შეგვექმნას ხელფასებთან და პენსიებთან დაკავშირებით.
საბაჟო დეპარტამენტის ოპერატიული ინფორმაციით, აგვისტოს 14 დღეში ბიუჯეტში გადაირიცხა თითქმის 8 მილიონი ლარი, რაც 300 ათასით აღემატება ივლისის შესაბამის მაჩვენებელს. უნდა გითხრათ, რომ საბაჟო დეპარტამენტი უფრო დინამიკურად და უფრო მასშტაბურად მუშაობს. ამ თანხიდან ცენტრალურ ბიუჯეტში ჩარიცხულია 5 მილიონი ლარი. წლის დასაწყისიდან საბაჟომ ბიუჯეტში გადარიცხა 127 მილიონი ლარი, ანუ შარშანდელზე 24 პროცენტით მეტი. შექმნილი მდგომარეობა ორივე სამსახურს ავალდებულებს ქმედითი ღონისძიებანი განახორციელონ შემოსავლის დროულად ამოღებისათვის, რადგან გაიზრდება მომთხოვნელობა და შემდგომი პასუხისმგებლობაც. ასეთი იყო ჩვენი ეკონომიკური კვირა.
- გარდა ამისა, გაიმართა ეკონომიკური საბჭოს სხდომა, რომელსაც მთავრობის წევრების გარდა, მეცნიერები და ბიზნესმენები ესწრებოდნენ...
- ალბათ, საჭიროა რამდენიმე სიტყვა ითქვას ამის შესახებაც, რადგან ეკონომიკური საბჭოს სხდომა უაღრესად საინტერესო იყო და დისკუსიაც ასევე საქმიანად, სერიოზულად და კომპეტენტურად წარიმართა.
ერთხელ ვთქვი, ახლაც შევახსენებ რადიომსმენელს, რომ ზოგჯერ ისეთი ხალხი მსჯელობს ეკონომიკაზე, ამ საქმისა რომ არაფერი გაეგება, სამაგიეროდ, კაპიკებად „მოიგდო ხელთ ქარხანა“, ფული იშოვა და ახლა ხელისუფლებას ლანძღავს. არიან ასეთები... ნუ დაავიწყდებათ, როგორი პოლიტიკის შედეგად დაადგენენ სერიოზული ბიზნესის გზას.
ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე განვიხილეთ ორი ძირითადი საკითხი. მათგან გამოვყოფდი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში ჩვენი ქვეყნის გაწევრიანების პერსპექტივას. ეს უაღრესად სერიოზული საკითხია. მოვისმინეთ ბატონ მიხეილ უკლებას (ახლა უკვე ქონების მართვის მინისტრის) ინფორმაცია, რომელმაც ცხადყო, რომ საქართველო საკმაოდ მიუახლოვდა იმ სტანდარტს, რომელიც აუცილებელია ამ ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად. ეს მარტო ჩვენი შეფასება არ გეგონოთ - ასეთია იმ ქვეყნების (მხედველობაში მაქვს ამერიკის შეერთებული შტატების, იაპონიის, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების) ექსპერტთა დასკვნა, რომლებთანაც მოლაპარაკებას აწარმოებდა მთავრობის შესაბამისი კომისია ბატონ მიხეილის ხელმძღვანელობით. მათი დასკვნის შესაბამისად, საქართველომ განვითარების ისეთ დონეს მიაღწია, რომ, შესაძლოა, უკვე წლის დამლევს, ან მომავალი წლის დამდეგს გაწევრიანდეს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში. თუ ამას დაემატება ევროსაბჭოს წევრობაც, რა თქმა უნდა, ეს წელი ჩვენთვის ნაყოფიერი და შედეგიანი იქნება.
ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვიტყვი: მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანება, სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით, გაეროში გაწევრიანების ტოლფას მოვლენად მიმაჩნია ჩვენი ქვეყნისათვის, რადგან ამ ორგანიზაციის წევრობა საქართველოს შესძენს არა მარტო ეკონომიკურ პრივილეგიებს (უცხოური ბაზრების გახსნა, განვითარებულ ქვეყნებთან თანასწორუფლებიანი თანამშრომლობა და ასე შემდეგ), არამედ პოლიტიკურ და სახელმწიფოებრივ გარანტიებსაც შეუქმნის. ახლა არ გავშიფრავ, რაზეა ლაპარაკი, მაგრამ შემდეგში, როცა ეს აქტი შედგება, აუცილებელი იქნება მისი აღნიშვნა. მე ვთქვი, რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაა სწორედ „მსოფლიო საბაჟო კავშირი“, და ამას შემთხვევით არ ვამბობ, რომლის წევრი იქნება საქართველოც და სხვა ქვეყნებიც, მათ შორის, რუსეთიც და მრავალი სხვა ქვეყანა. ახლა 132 ქვეყანაა ამ ორგანიზაციაში გაერთიანებული.
მინდა გამოვთქვა იმედი, რომ ბატონი მიხეილ უკლება, როგორც აქამდე, აქტიურად იმუშავებს და თავის კოლეგებთან ერთად ბოლომდე მიიყვანს ამ მამულიშვილურ საქმეს.
მეორე საკითხი - აგრეთვე ძალიან საყურადღებო - გახლდათ პრივატიზებულ და აქციონირებულ საწარმოებში სახელმწიფოს კუთვნილ აქციათა პაკეტის განკარგვის, შესაბამისი დივიდენდების მიღების პრობლემა.
საქართველოში ამჟამად 1160 სააქციო საზოგადოებაა, მათგან მხოლოდ 220 საწარმო ინარჩუნებს სახელმწიფო აქციების საკონტროლო პაკეტს. ეს ძირითადად ენერგეტიკული ობიექტები, სატრანსპორტო, სამშენებლო და სხვა საწარმოებია. დაახლოებით 300 სააქციო საზოგადოებაში სახელმწიფოს კუთვნილ აქციათა პაკეტი 5-დან 50 პროცენტამდეა, მაგრამ, სამწუხაროდ, დივიდენდი, რომელსაც სახელმწიფო იღებს ამ საწარმოებიდან, შეიძლება ითქვას, მიზერულია, უმნიშვნელოა.
აქ მწვავედ დგება მენეჯმენტის, სახელმწიფო ქონების განკარგვის პრობლემა, რაც ამ სამინისტროს ძირითადი ფუნქცია უნდა გახდეს. ესე იგი, არა მარტო ქონების განსახელმწიფოებრიობა, არამედ სახელმწიფოს კუთვნილი დივიდენდის ზრდა. ვერ შევურიგდებით ისეთ ვითარებას, როცა სიმბოლური თანხები შედის საწარმოებიდან სახელმწიფო ბიუჯეტში დივიდენდის სახით. თუ აქ ქონების, აქციათა პაკეტის მართვაში არ არის საქმე და უფრო მეტად მიზანშეწონილია სახელმწიფომ აქციების ეს ნაწილიც გაყიდოს, კერძო მფლობელს გადასცეს, ამაზეც ვიმსჯელოთ და გადაწყვეტილებაც მივიღოთ, თუკი ეს საჭირო იქნება და რეალურ შედეგს მოგვიტანს.
მკვეთრად უნდა განისაზღვროს მრეწველობის სამინისტროს (ამის შესახებ მე ბადრი შოშიტაიშვილს ველაპარაკე, იგი ბევრ რეზერვს ხედავს), ისევე, როგორც სხვა სამინისტროთა ფუნქციები. საჭიროა, აგრეთვე, საკანონმდებლო ბაზის გაძლიერება, ხშირ შემთხვევაში შემოდიან ჩვენთან უცხოური კომპანიები, იწყებენ საქმეს, მაგრამ საკანონმდებლო საყრდენი არ გააჩნიათ. ისინი ენდობიან ქართულ დემოკრატიას, ენდობიან პრეზიდენტის სიტყვას, ავტორიტეტს, მაგრამ ამის ექსპლოატაციაც უსასრულოდ არ შეიძლება. კერძოდ, ლაპარაკია კანონზე ნავთობის, გაზის და ზოგიერთ სხვა პროდუქტთან დაკავშირებით.
- გასული კვირა, ალბათ, იმითაც იყო გამორჩეული, რომ საკმაოდ მძიმე გასახსენებელია ყოველი ჩვენგანისათვის. მაგრამ მაინც... აფხაზეთის მოვლენების დაწყებიდან 14 აგვისტოს შესრულდა 6 წელი. დღესაც მსჯელობენ საზოგადოებაში ომის პერიპეტიებზე. ეს არც არის გასაკვირი. სხვათა შორის, ძალიან საინტერესო მასალები იბეჭდება „საქართველოს რესპუბლიკაში“.
- მე მინდა მივესალმო იმ ფაქტს, რომ ეს მასალები „საქართველოს რესპუბლიკამ“ გამოაქვეყნა და, ვფიქრობ, კვლავაც გამოქვეყნდება. ზოგიერთი მასალა, რომელმაც უკვე იხილა მზის სინათლე, კიდეც უნდა გამეორდეს.
შესაძლოა, ჩემი კომენტარი არც იყოს საჭირო: თითოეულმა მოქალაქემ თვითონ ნახოს, წაიკითხოს, შეაფასოს, ეს სერიოზული გამოკვლევაა, გამოიტანოს დასკვნა იმის შესახებ, შეიძლებოდა თუ არა ომის, ტრაგიკული, სისხლიანი კონფლიქტის თავიდან აცილება, ან თუ ეს შეუძლებელი იყო, რა და როგორ უნდა გაკეთებულიყო, რა მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენს ერთიანობას, ქართველთა ერთობას და სხვა.
როდესაც ისმება კითხვა: შეიძლებოდა თუ არა ომის თავიდან აცილება? მე ვუპასუხებ: რა თქმა უნდა, შეიძლებოდა, (და მე თავიდანვე ვამბობდი, რომ ეს იყო უაზრო ომი), ოღონდ აქვე დავძენ: შეიძლებოდა მხოლოდ ორმხრივი ძალისხმევით, ორივე მხარის გულწრფელი სურვილით. ხოლო ვინ რა მოიგო ამ ომით, ან მომავალში ვინ რას მოიგებს - კიდევ საკითხავია. გამარჯვებული ამ საზარელი სასაკლაოდან არავინ გამოსულა, ვერც გამოვიდოდა და ვერც გამოვა.
სხვა საკითხია (ეს უკვე ჩვენ გვეხება), როგორ ხორციელდებოდა ესა თუ ის გადაწყვეტილება, რა ფორმით, რომელ მომენტში რა სჯობდა, სად რომელი მოქმედება იყო უფრო მიზანშეწონილი.
იმდროინდელ მოვლენებზე მსჯელობისას ნუ დავივიწყებთ, რომ მაშინ საქართველო, ფაქტობრივად, არ იყო სახელმწიფო. საქართველო იყო ტერიტორია, რომელსაც სხვადასხვა შეიარაღებული ფორმირებანი აკონტროლებდნენ. ვცხოვრობდით ანარქიის, ქაოსის, განუკითხაობის ვითარებაში. საომარი კონფლიქტის ასეთი ფორმით წამოწყების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი იყო ის გარემოებაც, რომ არათუ კანონები არ მოქმედებდა, არამედ, - იმდროინდელი სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის ის აუცილებელი განკარგულებებიც, რომელთა აღსრულება აუცილებლი იყო ელემენტარული პოლიტიკური და სახელისუფლებო ტექნოლოგიიდან გამომდინარე. თქვენ გახსოვთ მაშინ სახელმწიფო საბჭოს სახელით გაცემული ის მითითებანი, რომ ჯარები დასახლებულ პუნქტებში არ უნდა შესულიყვნენ, რომ მათ ჰქონდათ ერთადერთი ფუნქცია - გაეცილებინათ მატარებლები, რათა შემწყდარიყო მატარებლების ძარცვა და ასე შემდეგ. დიდად სამწუხაროდ, ეს უკუღმა გაიგო ზოგიერთმა მაშინდელმა სახელმწიფო მოღვაწემ, ბატონმა „მთავარსარდლებმა“ და მოიქცნენ ისე, როგორც არ უნდა მოქცეულიყვნენ და ხელი შეუწყვეს ამ ომის პროვოცირებას.
სწორედ ამ განუკითხაობამ, ავანტიურიზმმა და უდისციპლინობამ, ბრძანებულებათა, განკარგულებათა შეუსრულებლობამ განაპირობა მოვლენათა ასეთი განვითარება.
ჯარების შეყვანა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად საბრძოლო მოქმედებათა დაწყება თუ აუცილებელი იყო, ეს უნდა მომხდარიყო შეთანხმებით, ყველა მომენტისა და ნიუანსის გათვალისწინებით და არა ისე, რომ ვიღაცას ვიღაც „ფაქტის წინაშე დაეყენებინა“, და მართლაც ქვეყანა ფაქტის წინაშე აღმოჩნდა.
ამ თემას მე „არ მოვეშვები“, ვინაიდან ისე მახსოვს თითოეული სიტყვა, თითოეული განკარგულება, თითოეული გამოსვლა სახელმწიფო საბჭოში, თითოეული განცხადება მიტინგზე თუ დახურულ კარს მიღმა, თითოეული სატელეფონო საუბარი, - თითქოს ეს ყოველივე გუშინ იყო, მათ შორის, მაშინდელ ლიდერებთან - ვლადისლავ არძინბასთან, ბაღაფშთან და სხვებთან და სხვებთან.
მაგრამ ახლა მთავარია, ვიფიქროთ ხვალინდელ დღეზე. ისევე, როგორც 1992 წელს, შერიგება და საერთო ენის გამონახვაც ორივე მხარის ამოცანაა, ვინაიდან კონფლიქტის გაგრძელება არავის აძლევს ხელს. ამიტომ აფხაზ ლიდერებთან ერთად უნდა ვიფიქროთ კონფლიქტის მოგვარების ახალ ეტაპზე, ვიმეორებ, ახალ ეტაპზე, მთელი იმ უმძიმესი გამოცდილების გათვალისწინებით, ამ პროცესში რომ დაგროვდა.
შემთხვევითი არ არის, რომ მოლაპარაკებაზე ჩემი პირადი წარმომადგენელი ვაჟა ლორთქიფანიძე (იგი დღემდე მოსკოვში საქმიანობდა) საქართველოს სახელმწიფო მინისტრად დაინიშნა. ეს იმის მანიშნებელია, რომ მოლაპარაკება კონფლიქტის შეწყვეტის შესახებ უნდა მიმდინარეობდეს მოსკოვშიც, ჟენევაშიც, მაგრამ არც თბილისისა და სოხუმის გამორიცხვა შეიძლება ამ რიგიდან და შეიძლება გარკვეული ცენტრის სიმძიმე სწორედ სოხუმსა და თბილისზე გავრცელდეს.
ქართველებსა და აფხაზებს შორის პირდაპირი დიალოგი ორი ერის შერიგების გადამწყვეტი ფაქტორი გახდება.
ეს პრინციპული დებულება ყოველთვის მწამდა და კვლავაც მწამს, გალში დატრიალებული ტრაგედიის მიუხედავად. უბრალოდ, სხვა გზა არ არსებობს. არსებობს სხვა გზა ომისა და ჩვენ კარგად ვიცით, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამას.
მე ვიცი გალელთა და საერთოდ ლტოლვილთა შეხედულება ამ პრობლემასთან დაკავშირებით. აბსოლუტური უმრავლესობა სრულად იზიარებს იმ აზრს, რომ სწორედ ქართულ-აფხაზური დიალოგი უნდა გახდეს კონფლიქტის მოგვარების უმთავრესი ფაქტორი. ამჟამად ბევრს ვმუშაობთ ახალ მიდგომებზე, შერიგების ახალი გზებისა და არხების ძიებაზე. საქართველოს ხელისუფლება, კერძოდ, ქვეყნის პრეზიდენტი, მზად არის ყოველმხრივი, მხოლოდ სასარგებლო და შედეგიანი კონტაქტებისათვის.
ამავე დროს, მოვუწოდებ ყველას, რომელ მხარესაც უნდა მიეკუთვნებოდეს, და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რასაც ახლა ვიტყვი: როგორი მოტივიც უნდა ჰქონდეს, არ დაუშვან, გამორიცხონ, საერთო ძალისხმევით აღკვეთონ ტერორისტული აქტები, დივერსიები, თავდასხმები, ადამიანთა გატაცება. ერთხელ უკვე შევთავაზე, კვლავაც ვთავაზობ ვლადისლავ არძინბას: უფრო აქტიურად ვიმუშაოთ ერთობლივად იმისათვის, რომ აფხაზეთში, უწინარესად, გალის რაიონში, დამყარდეს წესრიგი. ესეც ორმხრივი ამოცანაა, აქაც ერთობლივად უნდა ვიკისროთ პასუხისმგებლობა. სხვაგვარად არაფერი გამოვა და სიტუაცია, სამწუხაროდ, არ გაუმჯობესდება. მე კონკრეტულად შევთავაზე გაერთიანებული, რაღაც საერთო საგამოძიებო, ოპერატიული ჯგუფების შექმნა, რათა ეს უბედურებანი თავიდან ავიცილოთ. სამწუხაროდ, ეს უმართავი ძალებია, რომლებიც არავის ემორჩილებიან.
სტაბილური მშვიდობის მისაღწევად აუცილებელია ლტოლვილთა დაბრუნება, პირველ ეტაპზე - გალის რაიონში. თუ აფხაზური მხარე ამ საკითხში გამოიჩენს კეთილ ნებას, მე მხედველობაში მაქვს, რა თქმა უნდა, უსაფრთხო დაბრუნება, და ეს პროცესი დაჩქარდება ჟენევის ხელშეკრულებათა, სხვა შესაბამის შეთანხმებათა ფარგლებში, ჩვენ ვალში არ დავრჩებით. ამ შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, სწრაფად მივალთ საბოლოო შედეგამდე - ისევ და ისევ ორივე ხალხის საკეთილდღეოდ.
დღეს ამ საკითხთან დაკავშირებით ამ კომენტარით შემოვიფარგლები.
- გასული კვირის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთი მომენტიც იყო, ასე ვთქვათ, „ცხელი სექტემბრის“ თემა, ის, რომ საკმაოდ მძიმე შემოდგომა გველის. ამაზე ლაპარაკობენ ხელისუფლების მომხრენიც, ოპოზიციონერებიც, მოკლედ ყველა, მათ შორის, სამართალდამცავებიც ლაპარაკობენ მოსალოდნელ ახალ ტერორისტულ აქტზე. რამდენად რეალურია ეს ყველაფერი?
- ამ კითხვას შემდეგ პასუხს გავცემ და, ალბათ, კარგია, რომ ასეთი კითხვა დადგა დღის წესრიგში.
არავის უნდა ეპარებოდეს ეჭვი, რომ დღევანდელი საქართველო გახდა სტაბილური სახელმწიფო, რომელიც საკაცობრიო იდეალებს ესწრაფვის. ჩვენი სიძლიერის წყარო სწორედ ეს ორიენტაციაა.
მიუხედავად გარდაუვალი სიძნელეებისა და შეჭირვებისა, რაც ბოლო წლების დრამატულ მოვლენებთან არის დაკავშირებული, ჩვენ უკვე შევედით თავისუფალ სამყაროში, დავდექით „ერთად სხვა ერთა შორის“, რაზეც საუკუნეთა განმავლობაში ოცნებობდა ქართველი კაცი.
ჩვენ თავისუფალი ქვეყანა, თავისუფალი ერი ვართ. ამ თავისუფლების გარანტიაა დემოკრატიული წყობა, დემოკრატული სისტემა, რომელსაც ეფუძნება დღეს ქართული სახელმწიფო.
ყველას გასაგონად ვაცხადებ, შინაურისაც და გარეულისაც (თუმცა ზოგიერთი „შინაური“ რომ გგონია, სინამდვილეში „გარეული“ აღმოჩნდება ხოლმე), საქართველო, ქვეყნის ხელისუფლება, პრეზიდენტი, მთელი ჩვენი საზოგადოება არასდროს დაუშვებენ იმის გამეორებას, იმ კალოს კვლავ დატრიალებას, რომლის ბრუნვამ, არცთუ დიდი ხნის წინათ, აუნაზღაურებელი ზიანი მოგვაყენა.
ნურავინ ოცნებობს ქაოსსა და ანარქიაზე ჩვენს ქვეყანაში. ნურავინ ოცნებობს ვაკუუმზე ხელისუფლებაში, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების პარალიზებაზე (მათ იციან, რომ სწორედ ასეთმა ვაკუუმმა შეიძლება მიიყვანოს ქვეყანა ქაოსამდე და ამიტომაც ირჯებიან).
გეყოფათ ამდენი პროგნოზები და გეყოთ ჭკუაც, რათა საკუთარი გულისთქმა არ გაამჟღავნოთ.
სხვათა შორის, მე არ გამოვრიცხავ, რომ ზოგიერთ ასეთ „წინასწარმეტყველს“, სინამდვილეში, გულმოდგინედ აქვს წაკითხული (წააკითხეს) სცენარი, რომელიც საქართველოში არ არის დაწერილი. ამგვარი „სცენარების“ არსებობას ნამდვილად არ გამოვრიცხავ. სხვა საქმეა, შეძლებენ თუ არა პროვოკატორები და საქართველოს არაკეთილმოსურნენი მათ განხორციელებას.
ვერ შეძლებენ - მთელი სერიოზულობით ვაცხადებ! არ მივცემთ ამის საშუალებას, არ დავანებებთ იმას, რაც ერმა ბრძოლითა და სისხლით მოიპოვა.
არ დავუშვებთ ძალადობას, ადამიანის უფლებათა ხელყოფას.
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საქართველოს პრეზიდენტზე ორჯერ განხორციელებულმა მზაკვრულმა თავდასხმამ დაადასტურა, დაუმტკიცა მსოფლიოს, რომ ვერ გატეხავენ საქართველოს, ვერ შეარყევენ მის სტაბილურობას.
ქვეყანას ახლა ყავის ნალექზე მკითხაობა და ქვეყნის მოძულეთა მიერ დაწერილი სცენარების გულმოდგინედ კითხვა კი არა, ერთგულება, თანამშრომლობა სჭირდება და მე არაერთხელ შევთავაზე ასეთი პლატფორმა ყველა პოლიტიკურ ძალას, რაც სრულებით არ გამორიცხავს აზრთა სხვადასხვაობას, ოპონირებას, კამათს, ოღონდ დემოკრატიული წესისა და სისტემის ფარგლებში.
ერთსაც ვიტყვი: პრეზიდენტზე განხორციელებული თავდასხმები ნათელყოფს: საკუთრივ დემოკრატიული სისტემა საქართველოში იმდენად განმტკიცდა და გაძლიერდა, რომ სახელმწიფოს მეთაურის მოსპობა ხდება აუცილებელი მის დასანგრევად, სხვაგვარად ამ სისტემას ვეღარაფერს დააკლებენ, ასე ვთქვათ, „შიგნიდან ვერ ააფეთქებენ“.
მოხდება თუ არა ახალი ტერორისტული აქტი? მე გარწმუნებთ, რომ ალბათ, - არა, მაგრამ, თუ მოხდება, ისიც უშედეგო იქნება, ვერავითარ შედეგს ვერ მიაღწევენ.
მტრის ჯინაზე კიდევ ვიტყვი - ის რომ ჩვენ სტაბილური და ფეხზე დამდგარი ქვეყანა ვართ ჩვენს საერთო გამარჯვებად მიმაჩნია.
და ვერც გაიხარებს მტერი ჩვენზედა, - როგორც მღეროდნენ ქართველები საუკუნეთა განმავლობაში.
საქართველო თავისუფალი ქვეყანაა, ამ თავისუფლებას ვერავინ წაგვართმევს, ვინაიდან იგი ჩვენი ერის სულიერი მოთხოვნილებაა და ჩვენი საერთო მონაპოვარია.
- და ბოლოს, ერთი ასეთი თემაც. ქართველ მწერალსა და კრიტიკოსს, ადამიანს, რომლის თვალებითაც, ალბათ, ბევრი თობა უყურებდა და უყურებს, კითხულობდა და კითხულობს გალაკტიონს, საზოგადოებაში მართლაც გამორჩეულ, ღირსეულ პიროვნებას რეზი თვარაძეს 70 წელი შეუსრულდა...
- გეთანხმებით, ბატონი რეზი სრულიად გამორჩეული და დამსახურებული პიროვნებაა. მე სულითა და გულით ვულოცავ მას, ჩვენს თვალსაჩინო ლიტერატორს, ქართული სიტყვის დიდოსტატს, თუნდაც ჩემს დიდი ხნის მეგობარს, ბრწყინვალე კრიტიკოსს, ამ საიუბილეო თარიღს.
მართლაც რომ ფასდაუდებელია მისი ღვაწლი ქართული ლიტერატურათმცოდნეობის, საერთოდ ქართული მეცნიერებისა და კულტურის წინაშე. ამ გამოჩენილ ქართველ მეცნიერთან, კრიტიკოსთან, მთარგმნელთან, საზოგადო მოღვაწესთან ხშირად მქონია ურთიერთობა და მიმაჩნია, რომ, როგორც ჟურნალ „ცისკრის“ პასუხისმგებელმა მდივანმა და „ლიტერატურული საქართველოს“ რედაქტორმა, მან მნიშვნელოვანწილად შეუწყო ხელი ქართულ მეცნიერებასა და საზოგადოებრივ აზროვნებაში პრინციპულ სიახლეთა დამკვიდრებას. ყოველთვის სიამოვნებით ვკითხულობ მის წერილებს. სიამოვნებით ვისმენ ბატონი რეზის გამოსვლებს. და იგი, როგორც ზემოთ ვთქვი, მართლაც გამორჩეული და ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პიროვნებაა.
ასეთი ადამიანები, როგორც უნდა უჭირდეთ, არასდროს ტყდებიან, ამდენად, საერთო-ეროვნული მნიშვნელობის იმედსა და ზნეობრივ მაგალითს გვიჩვენებენ.
ვუსურვებ შესანიშნავ მეცნიერსა და შემოქმედს ხანგრძლივ სიცოცხლეს, პირად ბედნიერებას და ახალ წარმატებებს.
საქინფორმი.
„საქართველო თავისუფალი ქვეყანაა, ამ თავისუფლებას ვერავინ წაგვართმევს, ვინაიდან იგი ჩვენი ერის სულიერი მოთხოვნილებაა და ჩვენი საერთო მონაპოვარია“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 18 აგვისტო. - №211 (2911). - 1,2 გვ.
![]() |
24 „წარსულის სევდა“ აწმყოში |
▲ზევით დაბრუნება |
[...]
ბატონო თეიმურაზ! [ჭანტურიშვილი]
მივიღე „წარსულის სევდა“, როგორც შემეძლო (დროის ფაქტორთან დაკავშირებით) ისე გავეცანი, თვალყურს ვადევნებ თქვენს პუბლიკაციებს, მაოცებს თქვენი თანამიმდევრულობა, შემართებულობა, ქვეყნის ჭირ-ვარამის, მისი მომავლის სიღრმისეული წვდომა.
თქვენ არ წუწუნებთ, არავის შურისძიებისაკენ არ მოუწოდებთ, კარგად ხედავთ, რა ძნელი ასაშენებელია დამოუკიდებელი და გამთლიანებული საქართველო.
არ დაგიმალავთ, მეც მიჭირს, მიჭირს მაშინ, როცა უვიცობას, ინტრიგნობას, ავანტიურისტობას, დემაგოგიას და პოპულიზმს უნდა ვებრძოლო, მაგრამ თვალწინ თქვენი და თქვენისთანების მაგალითი მიდგას და ეს მამხნევებს. საბედნიეროდ, არც თუ ცოტანი ვართ.
მთავარი მაინც ისაა, რწმენა არ დავკარგოთ და ხალხსაც მომავლის იმედი არ დავუკარგოთ, თუ დამოუკიდებლობაზე ხელი ჩავიქნიეთ (ამის მსურველი დღეს არც თუ ცოტაა), მაშინ დამთავრდება ყველაფერი და ის არის.
ეს არ მოხდება.
მჯეროდა და მჯერა დამოუკიდებელი საქართველოს მომავლისა.
დრო გადის, დიახ, დრო გადის, მაგრამ წინსვლასაც, აღმშენებლობასაც ხომ თავისი ლოგიკა და კანონზომიერება გააჩნია, რომლის უგულველყოფაც დაღუპვას ნიშნავს.
პატივისცემით,
ედუარდ შევარდნაძე.
„წარსულის სევდა“ აწმყოში // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 20 აგვისტო. - №213 (2913). - 6 გვ.
![]() |
25 ბატონ რევაზ თვარაძეს |
▲ზევით დაბრუნება |
მილოცვა
ჩემო რეზო,
დაბადების 70 წელი მინდა მოგილოცო გამორჩეულ ქართველ კრიტიკოსს, მეცნიერს, მთარგმნელს, საზოგადო მოღვაწეს, კაცს, რომელმაც არა მარტო პირველმა შეაფასა ქართული ლიტერატურის ესა თუ ის მოვლენა, არამედ ყოველმხრივ შეუწყო ხელი ქართულ მწერლობასა და საზოგადოებრივ აზროვნებაში პრინციპულ სიახლეთა დამკვიდრებას.
შენ ჩვენს ახალ ცხოვრებაში აგრძელებ იმ დიდ ქართველთა ტრადიციას, რომელთათვისაც სამშობლოზე, შემოქმედზე და შემოქმედებაზე უმაღლესი არაფერი არ იყო, უბრალოდ, მათ სხვაგვარად არსებობა არ შეეძლოთ. ასეთი ადამიანების ყოფნა ჩვენს გვერდით დიდი ზნეობრივი მაგალითია ერისთვის და დიდი იმედიც.
გილოცავ და გთხოვ ყოველთვის შენს ერთგულ მკითხველად გვიგულო მეც და ჩემი მეუღლეც.
პატივისცემით,
ედუარდ შევარდნაძე.
21.08.1998 წ.
ბატონ რევაზ თვარაძეს : მილოცვა // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 22 აგვისტო. - №215 (2915). - 1 გვ.
![]() |
26 „ტერორიზმი დღევანდელი მსოფლიოს ავთვისებიანი სიმსივნეა და იგი შანთით უნდა ამოიწვას, სანამ მეტასტაზებით მოიცავდეს მთელი პლანეტის ორგანიზმს“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
24 აგვისტოს რადიოინტერვიუ
- დღეს კონსტიტუციის დღეა, 1995 წლის 24 აგვისტოს საქართველოს პარლამენტმა გამოხატა თავისი ნება. 24 აგვისტოს 29 აგვისტო მოჰყვა და, პრინციპულად, მას შემდეგ ჩვენში საკმაოდ ხშირად ლაპარაკობენ იმაზე, რომ მოსალოდნელია რაღაც შემდგომი დესტაბილიზაცია - ამ თემას საკმაოდ აქტიურად აშუქებენ დღესაც. თქვენი აზრით, რამდენად შექმნა კონსტიტუციამ იმის გარანტიები და საფუძველი, რომ ქვეყანამ სტაბილურობა შეინარჩუნოს? - ჟურნალისტ ნატო ონიანის ამ შეკითხვის პასუხად საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ თავის ტრადიციულ რადიოინტერვიუში განაცხადა:
- უპირველეს ყოვლისა, კონსტიტუციის დღეს ვულოცავ სრულიად საქართველოს.
ჩემი აზრით, 1995 წლის 24 აგვისტოს საქართველოს კონსტიტუციის მიღება იყო ყველაზე დიდი გამარჯვება, რომელსაც ჩვენმა, თუ შეიძლება ასე გამოითქვას, პოლიტიკურმა გუნდა მიაღწია 1992 წლიდან. იქნებ, ეს იყო უმნიშვნელოვანესი ნიშანსვეტიც საქართველოს ისტორიაში საერთოდ. ეს კონსტიტუცია ჩვენთვის საამაყო სახელმწიფოებრივი ფენომენია. ჩვენთვის, - ესე იგი არამარტო პოლიტიკოსთათვის, რომელთაც წვლილი შეიტანეს ამ ბრწყინვალე დოკუმენტის - ქვეყნის ძირითადი კანონის შემუშავებაში, არამედ მთელი ჩვენი საზოგადოებისა და მთელი ჩვენი ერისთვისაც.
უაღრესად მნიშვნელოვანია არამარტო კონსტიტუციის შინაარსი, არამედ ისიც, თუ როგორ იყო იგი შემუშავებული და მიღებული.
ბედნიერი ვარ იმით, რომ თვით ყველაზე რადიკალურად განწყობილი ოპოზიციონერებიც, ძალიან მწარედ და ზოგჯერ გულსატკენად რომ გვაკრიტიკებენ, არასოდეს გვდებენ ბრალს, თითქოს კონსტიტუცია ხელისუფლებამ ან მმართველმა ძალამ მოახვია თავს საზოგადოებას, ქვეყანას, თითქოს უგულებელვყავით განსხვავებული აზრი, მაქსიმალურად არ გავითვალისწინეთ ჩვენი პატივცემული ოპონენტების შეხედულებანი და სხვა მრავალი.
ასეთ ბრალდებას ვერავინ წამოგვიყენებს, ვინაიდან ხომ არცთუ ისე დიდი დროა სამი წელი, - ყველას კარგად გვახსოვს, როგორ ვკამათობდით პარლამენტში, როგორი ცხარე დისკუსიები იყო, დაწვრილებით განვიხილავდით თითოეულ სიტყვას, თითოეულ დებულებას. დღეში რამდენიმეჯერ იმართებოდა კონსულტაციები, სამუშაო ჯგუფების შეხვედრები. ზოგჯერ ერთი მუხლის განხილვას, თუნდაც ერთი ფრაზის განხილვას, აზრთა შეჯერებას ნახევარ დღეს, უფრო მეტსაც ვანდომებდით და ბოლოს გავიმარჯვეთ, და ასე გრძელდებოდა მთელი ორი წლის განმავლობაში, დღისით და ღამით და ყველამ ერთად გავიმარჯვეთ - ოპოზიციამაც, უმრავლესობამაც. გაიმარჯვა ქვეყანამ - მან მოიპოვა კონსტიტუცია, ქვეყნის ცხოვრების ძირითადი კანონი!
სხვათა შორის, ყველა ქვეყანა როდი დაიკვეხნის, რომ დღეს მოქმედი კონსტიტუციები ასეთივე დემოკრატიული გზით აქვთ მიღებული. საქართველო ამ მხრივ, მე ვიტყოდი, დემოკრატიული კანონშემოქმედების თვალსაჩინო და სამაგალითო ორიენტირია, საამაყო მაგალითია.
კონსტიტუციამ შექმნა ახალი, დემოკრატიული, დამოუკიდებელი, თავისუფალი საქართველოს სახელმწიფოებრივი საფუძველი, გახდა ჩვენი ეროვნული სახელმწიფოებრიობის იურიდიული ხერხემალი, შექმნა შემდგომი პროგრესისა და განვითარების ყველა საჭირო პირობა. იგი დაეფუძნა ჩვენს მრავალსაუკუნოვან სახელმწიფოებრივ ტრადიციას, იმავდროულად გაითავისა საკაცობრიო დემოკრატიული გამოცდილება, უზრუნველყო ხელისუფლებათა მკაცრი გამიჯვნა, ხალხის ნებაზე დამყარებული წესწყობილება, დააფუძნა დემოკრატიული მმართველობა, თავისუფალ, კერძო ინიციატივაზე მომართული ეკონომიკური სისტემა და, რაც მთავარია, შექმნა საზოგადოებაში ადამიანის უფლებების, ისევე როგორც ეროვნულ უმცირესობათა უფლებების უზენაესობის ურყევი იურიდიული პირობა.
ყველაზე ძირძველი დემოკრატიული ტრადიციის მქონე სახელმწიფოთა სწავლულმა ექსპერტებმა სანიმუშოდ მიიჩნიეს იგი და, რაც ძალზე ნიშანდობლივია, ჩვენი კონსტიტუცია ქაღალდზე კი არ დარჩა, არამედ დღეს განვითარდა სასამართლო რეფორმაში, იურიდიული სისტემის გარდაქმნაში, მთელი ჩვენი სახელმწიფოებრიობის მშენებლობის პროცესში. მაშასადამე, საქართველოს კონსტიტუცია ჯანსაღად შობილი ორგანიზმია (მე ერთხელ უკვე ვიხმარე ეს ფრაზა), იგი ცოცხლობს, ფეთქავს, მოქმედებს, მთლიანობაში უზრუნველყოფს დემოკრატიული სისტემის ცხოველმყოფელობას.
საქართველოს კონსტიტუციამ ააღორძინა პირველი საქართველოს რესპუბლიკის იდეალები და შეძლო მათი ხორცშესხმაც, რითაც დაამტკიცა, რომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, რომელმაც სულ სამი წელი იარსება, სრულებითაც არ ყოფილა „მკვდრად შობილი გაერთიანება“, მკვდრად შობილი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი, როგორც ზოგიერთები ამტკიცებენ. იგი ფიზიკურად გაანადგურეს, მაგრამ იურიდიულად, თუ გნებავთ, სამართლებრივად, სულიერი თვალსაზრისით სწორედ ამ კონსტიტუციაში აღდგა და აღორძინდა.
საქართველოს კოსტიტუციამ ახალი ეპოქა შექმნა ჩვენი მრავალჭირგამოვლილი და ამაყი ქვეყნის ისტორიაში: მან დააფუძნა ქართული დემოკრატია - ჩვენი მართლაც ღირსეული ხალხისა და ღირსეული ერის ყველაზე დიდი მონაპოვარი.
ცნება „ქართული დემოკრატია“, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას. ეს ორი ცნება განუყოფელია, ისინი ერთ მთლიანობას შეადგენენ, ერთად, მხოლოდ ერთად არსებობენ, ერთიანი მოვლენის გამოხატულებას წარმოადგენენ.
და მაინც, კვლავ და კვლავ ვუბრუნდებით იმ საზარელ, მე ასე ვიტყოდი, ეპოქას (და არც არის გასაკვირი, თუ ამას ეპოქას დავარქმევ), როდესაც ვიწყებდით მუშაობას კონსტიტუციაზე. ძნელად თუ მოიძებნება ქვეყანა, რომელიც, ისეთი საშინელი ნგრევის, ომის, სისხლისღვრის, კონფლიქტების შემდეგ, მათი შედეგების მიუხედავად, შეძლებდა ძირითადი კანონის მიღებას დემოკრატიული გზით. მით უმეტეს, პარლამენტში აზრთა სხვადასხვაობისა და გარკვეული დაპირისპირების პირობებში. გახსოვთ, მაშინდელ პარლამენტში საქართველოს 26 პარტია, სულ სხვადასხვა იდეოლოგიის, სხვადასხვა მსოფლმხედველობის მიმდევარი პოლიტიკური ძალები იყვნენ წარმოდგენილი.
კონსტიტუცია (ახლა უკვე თამამად შეიძლება ითქვას) გადაიქცა დიდ საზოგადოებრივ შეთანხმებად და შესანიშნავი როლი შეასრულა სამოქალაქო ომის შედეგების აღმოფხვრის, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეთა შეკავშირების თვალსაზრისით. საქართველოს მოქალაქენი გაერთიანდნენ კონსტიტუციური იდეალების ირგვლივ, რომლებიც ჩვენი ერის, საქართველოში მცხოვრები ყველა ეროვნების ადამიანების კეთილშობილურ სულიერ მისწრაფებათა აპოთეოზად, უმაღლეს გამოვლინებად გადაიქცა.
1995 წლის 24 აგვისტოს უკავშირდება ახალი საქართველოს დაფუძნება, მომავლის საქართველოს შენება. ამ დღიდან იქმნება საქართველოში ჩვენთვის სრულიად ახალი, დემოკრატიული ფენომენი - კონსტიტუციური წყობა, კონსტიტუციური წესწყობილება.
კონსტიტუციამ გადაწყვიტა დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობის არამარტო თეორიული და მსოფლმხედველობრივი საკითხები, არამედ კონსტიტუციური წყობის გარანტირებისათვის საჭირო სახელმწიფო ბერკეტები და მექანიზმებიც შექმნა, ყოველ შემთხვევაში, წინაპირობა ჩამოაყალიბა.
სწორედ კონსტიტუცია არის უმტკიცესი საფუძველი, რომელზე დაყრდნობითაც ვიბრძვით ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. კონსტიტუციამ გაითვალისწინა შესაბამისი იურიდიული სისტემა. იგი საშუალებას გვაძლევს, გავაერთიანოთ ქვეყანა დიალოგის, თანაცხოვრების საერთო ფორმულის გამომუშავების, კომპრომისის, კონსენსუსის და არა ახალი სისხლისღვრისა და ომების გზით.
მინდა, კიდევ ერთხელ უდიდესი მადლიერების გრძნობით მოვიხსენიო ყველა ის პიროვნება, მეცნიერი, პოლიტოლოგი, დეპუტატი თუ საზოგადოებრიობის წარმომადგენელი, რომლებმაც აქტიური მონაწილეობა მიიღეს ამ მართლაც საამაყო და ღირსეული სახელმწიფოებრივი ფენომენის შექმნაში.
ეს დღე - 24 აგვისტო - მრავალი თვალსაზრისით დიდგორის ტოლფასად მიმაჩნია, იქნებ, ვინმეს გადაჭარბებულად მოეჩვენოს, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ. და იქნებ, ღვთის ნებაც იყო, რომ ორივე მოვლენა აგვისტოში დააწყვილა განგებამ. რა თქმა უნდა, საქართველოს კონსტიტუცია, ფაქტობრივად, ამოუწურავი თემაა, მაგრამ რა არის დღეს ყველაზე მთავარი, ყველაზე საგულისხმო ჩვენთვის? ამას მინდა ვუპასუხო.
ამ კითხვას ერთმნიშვნელოვან პასუხს გავცემ. უმთავრესი ამოცანა გახლავთ კონსტიტუციური წყობის დაცვა, ჩვენი კონსტიტუციის დაცვა, მის მონაპოვართა გადარჩენა და განვითარება, ქვეყნის ძირითადი კანონის საფუძველზე სტაბილურობის შემდგომი განმტკიცება და არასტაბილურობის ყოველგვარი ფაქტორის გამორიცხვა, რომელმაც შეიძლება შფოთი და ქაოსი გამოიწვიოს სახელმწიფოში.
ამჟამად საქართველოს ბევრი მოქალაქე შეშფოთებულია ვითომდა მოსალოდნელი არეულობის, შესაძლო დესტაბილიზაციის გამო. ასეთი ხმები, ჭორები და სხვა საკმაოდ აქტიურად ვრცელდება.
რამდენად რეალურია ეს საფრთხე? რამდენად ძლიერი არიან ის დაჯგუფებანი, ძალები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ და, როგორც ჩანს, კვლავაც გააკეთებენ იმისათვის, რომ საფრთხე შეუქმნან ჩვენს ძირითად მონაპოვარს - დემოკრატიულ სახელმწიფოებრიობას, კონსტიტუციური წყობის ნორმალურ, სტაბილურ ფუნქციონირებას.
ეს დაჯგუფებები უკვე აღარ წარმოადგენენ იმ ძალას, რომელიც შეძლებდა საქართველოს დემოკრატიული წესწყობილების დანგრევას. მათ არ გაჰყვება მოსახლეობა, არ გაჰყვებიან თვით ყველაზე გაჭირვებული და დუხჭირი ცხოვრებით გამწარებული ადამიანებიც კი, მათ შორის ლტოლვილები, რადგან ყოველმა მათგანმა შესანიშნავად უწყის: თუ სახელმწიფო არ იქნება ძლიერი, თუ კვლავ გადავეშვებით დაპირისპირების ჭაობში, თუ შევარყევთ კონსტიტუციური წყობის საფუძვლებს, - ვერც ერთ პრობლემას ვერ გადავჭრით, და პირიქით: ძლიერი, შეკავშირებული, კონსოლიდირებული ქართული დემოკრატიული სახელმწიფო გახდება პიროვნულ მისწრაფებათა განხორციელების უმთავრესი გარანტი და საშუალება. მით უფრო სწრაფად გადაწყდება პოლიტიკური, სოციალური თუ ეთნიკური პრობლემები, მით უფრო მალე აღვადგენთ ქვეყნის მთლიანობას და დავბრუნდებით მშობლიურ სახლებში. როცა მე განსაკუთრებით ვუსვამ ხაზს კონსტიტუციური წყობის დაცვის, მისი ურღვეობის საჭიროებას, მინდა იმავდროულად ყველამ - მომხრემაც და მოწინააღმდეგემაც იცოდეს: ეს სიტყვები „დემოკრატობანას მოთამაშის“ ფრაზეოლოგია კი არ გახლავთ, არამედ მტკიცე, ურყევი სახელმწიფოებრივი ნების გამოვლინებაა.
საქართველოში ხშირად გაიგონებ ხოლმე, აი, გვჭირდება „მძიმე ხელი“, „მტკიცე ხელი“ და ასე შემდეგ. ამ საკითხზე აუცილებლად მიმაჩნია გამოვთქვა ჩემი აზრი:
თუ „მძიმე ხელში“ მხოლოდ რომელიმე პიროვნების, ერთი პიროვნების შეუზღუდავი გავლენა იგულისხმება, - ეს მიუღებელია დემოკრატიული, თავისუფალი ქვეყნისათვის. მაგრამ კანონს, კონტიტუციას, საკუთრივ კანონიერებას (როგორც ასეთს) მართლაც მძიმე ხელი უნდა ჰქონდეს. ოღონდ ეს იქნება კანონის ხელი, იმ პიროვნებათა ხელი, რომლებიც კონტიტუციის, ადამიანის უფლებათა სადარაჯოზე დგანან.
მოდით, დავაკვირდეთ ერთ, მართლაც შესანიშნავ ფენომენს - ქართულ შემეცნებაში არსებობს უძველესი ტერმინი „ხელისუფლება“.
მაგრამ ქართველმა კაცმა, ქართულმა გენიამ ერთმანეთისაგან განასხვავა „ხელისუფლება“ და „ძალაუფლება“. ჩემი აზრით, ეს საკაცობრიო მნიშვნელობის მსოფლმხედველობრივი მიგნებაა: მართლაც, ხელისუფლება და ძალაუფლება ერთ მთლიანობას უნდა წარმოადგენდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფოებრიობის კრახი ან სამოქალაქო ომი თუ კრიმინალური ანარქია გარდაუვალია. 1991-1993 წლების საზარელი ეროვნული ტრაგედიის ერთ-ერთი მიზეზი, მათ შორის იმ ხელისუფლების დამხობისა (ავი იყო თუ კარგი, ეს სხვა საკითხია), ისიც იყო, რომ ძალაუფლება დაშორდა ხელისუფლებას. არაკომპეტენტურ ხელისუფლებას ძალაუფლება ადვილად გამოაცალეს ხელიდან, ძალაუფლების გარეშე კი ხელისუფლება სრულიად უმაქნისი და უმწეოა.
ჩვენ ხელისუფლებისა და ძალაუფლების დაშორებას არაფრის დიდებით არ დავუშვებთ. ხელისუფლება, კონსტიტუციის შესაბამისად, ხალხის მანდატით მივიღეთ, შესაბამის ძალაუფლებას კი (კონსტიტუციური წყობის დასაცავად) თვით კონსტიტუციური მექანიზმები ქმნიან. ამიტომ ყველა კანონიერი გზით, ყველა კონსტიტუციური, ლეგალური, დემოკრატიული საშუალებებით, კანონიერი ძალაუფლების მტკიცედ და შეუპოვრად გამოყენებით დავიცავთ ქართული დემოკრატიის მონაპოვარს, დავიცავთ დამოუკიდებლობას, თავისუფლებას, ადამიანის უფლებებს. ერთი ნაბიჯითაც კი არ დავიხევთ უკან ამ მიჯნიდან - უკანონობისაკენ, ანარქიისაკენ, დამოუკიდებლობის დათმობისა თუ ტოტალიტარიზმისაკენ.
მინდა, საქართველოს მოქალაქენი აბსოლუტურად დარწმუნებული იყვნენ: არ დავთმობთ, ვერავინ და ვერანაირი პროვოკაციით ვერ დაგვათმობინებს იმას, რაც უკვე მოვიპოვეთ, რასაც უკვე მივაღწიეთ, რაც ერმა მოიპოვა და ჩვენც უდიდესი პასუხისმგებლობა დაგვაკისრა.
უპირველეს ყოვლისა, ეს ეხება პრეზიდენტს. დიახ, უწინარესად, პრეზიდენტი არ დათმობს თავისუფლებას, ხალხის, პიროვნების თავისუფლებას, დამოუკიდებლობას, დემოკრატიას, ვინაიდან სწორედ პრეზიდენტია ჩვენი ერის, თითოეული პიროვნების ადამიანურ უფლებათა, ქვეყნის დამოუკიდებლობის, ღირსების, დემოკრატიის უმთავრესი გარანტი.
ყველამ უნდა ისწავლოს, გაითავისოს, შეისისხლხორცოს, შეიგნოს, რომ კონსტიტუცია არის ჩვენი ცხოვრების (როგორც საზოგადოებრივი, ასევე პიროვნული ბედნიერებისა და წინსვლის) ძირითადი წყარო. ეს აზრი ბავშვობიდანვე უნდა ჩავუნერგოთ ჩვენს მოქალაქეებს. სკოლის მერხიდან, პირველი თუ მოსამზადებელი კლასიდან უნდა იმეორებდეს, სწავლობდეს ბავშვი კონსტიტუციურ დებულებებს, მათ შორის ფუნდამენტურ პოსტულატებს ქვეყნის დამოუკიდებლობის, ადამიანის უფლებათა უზენაესობის შესახებ. ბავშვობიდანვე უნდა შეისისხლხორცოს მოქალაქემ, რომ კონსტიტუცია უზენაესია, უწმინდესია, ხელშეუხებელია, კონსტიტუციის ერთგულება ქვეყნის ერთგულებაა, კონსტიტუციის ხელყოფა კი სამშობლოს, ქვეყნისა და ხალხის ღალატია.
და ბოლოს, მინდა ისიც ვთქვა, რომ საქართველოს კონსტიტუციამ, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო აღიარებაში. კონსტიტუცია ქვეყნის სახეა, მისი სარკეა. ამ მხრივაც, ცოტა როდი გვაქვს საამაყო - საქართველოს კონსტიტუცია, როგორც მისი შემუშავების მეთოდოლოგიით, ისე შინაარსობრივადაც თანამედროვეობის უაღრესად პროგრესული დოკუმენტია. მან საქართველო მიმდინარე დემოკრატიულ გარდაქმნათა ავანგარდში ჩააყენა საერთოდ. ამდენად, კონსტიტუცია ჩვენი სახელმწიფოს საერთაშორისო წარმატებისა და წინსვლის მნიშვნელოვანი ფაქტორიც გახდა და იგი, ფაქტობრივად, ჩვენს პასპორტს წარმოადგენს საერთაშორისო ასპარეზზე.
კიდევ ერთხელ ვულოცავ ამ დღეს ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს და სრულიად საქართველოს.
- გასულ კვირას სახელმწიფო მინისტრი ვაჟა ლორთქიფანიძე მოსკოვში იმყოფებოდა, და სხვა ყველა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, როგორც ბატონმა ვაჟამ დაბრუნების შემდეგ ბრძანა, მთავარი თემა აფხაზეთის საკითხი იყო. გასულ კვირას ვალერი ჩხეიძე სოხუმს ეწვია. საუბარი კვლავ საზღვაო აკვატორიის დაცვის საკითხებს ეხებოდა...
- მე მინდა ძალიან მოკლედ შევეხო ბატონ ვაჟას ვიზიტს, რადგან მან რამდენიმე პრესკონფერენცია გამართა იქაც, მოსკოვშიც, შეხვდა ჩვენ თანამემამულეებს და საკმაოდ დეტალური ანგარიში ჩააბარა მათ. ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ ეს ვიზიტი, გარდა იმისა, რომ იყო მისი გამოთხოვება რუსეთი დედაქალაქთან, ხელისუფლებასთან, უაღრესად სასარგებლო და საინტერესო გამოდგა. იგი შეხვდა ყველა იმ უწყების ხელმძღვანელებს, მთავრობის ჩათვლით, რომლებიც გარკვეულწილად ჩვენი ინტერესების სფეროშია. უნდა გითხრათ, რომ ეს შეხვედრები ძალიან კონსტრუქციული იყო და მიღწეულ შეთანხმებათა თვალსაზრისით, ძალიან საინტერესო და პერსპექტიულია.
რაც შეეხება ვალერი ჩხეიძის ხშირ ჩასვლას სოხუმში, იქ გამართული მოლაპარაკება სავსებით კანონზომიერ მოვლენად მიმაჩნია. ბოლო შეხვედრა ისევე, როგორც პირველი, აუცილებლი იყო და, ჩემი აზრით, შედეგიანიც. საზღვრების გაკონტროლება, საზღვაო აკვატორიის დაცვა საქართველოს ხელისუფლების სისხლხორცეული ამოცანაა, ქვეყნის სუვერენიტეტის უმთავრესი ნიშანი და უმთავრესი კომპონენტია.
მაგრამ, რაც შეეხება აფხაზეთის აკვატორიას, საზღვრის გაკონტროლების სურვილმა ან წინააღმდეგობამ ახალ კონფლიქტამდე არ უნდა მიგვიყვანოს და არც მიგვიყვანს. დიალოგი განვითარდება მშვიდად და ეტაპობრივად. ბავშვმაც კი იცის, რომ გარე საზღვრების დაცვა ცენტრალური ხელისუფლების უდავო პრეროგატივაა. ამას ყველას საყურადღებოდ ვამბობ. ეს საერთაშორისო სამართლის ელემენტარული ნორმაა და გათვალისწინებულია ყველა საერთაშორისო კონვენციით, გაეროს ფუძემდებლური აქტებით: საზღვრების საკითხს წყვეტენ მხოლოდ სუვერენული სახელმწიფოები - საერთაშორისო სამართლის სუბიექტები.
აქედან გამომდინარე, მივესალმები ვალერი ჩხეიძის ძალისხმევას, დადებით ფაქტორად მიმაჩნია თვით ასეთი შეხვედრები, მით უმეტეს, რომ, რამდენადაც ვიცი, დიალოგმა კონსტრუქციულად ჩაიარა. დარწმუნებული ვარ, ეს დიალოგი მომავალშიც გაგრძელდება.
რაც შეეხება თვით კონფლიქტს, ამჟამად უმთავრესი ამოცანაა ლტოლვილთა ბოლო ტალღის დაბრუნება გალის რაიონში. ამით უნდა დავიწყოთ ნდობის ატმოსფეროს დამკვიდრება ჩვენ შორის. კმაყოფილებით უნდა აღვნიშნოთ, რომ აფხაზთა ხელმძღვანელები, პირადად ვლადისლავ არძინბა, გალის აფხაზური ადმინისტრაცია ლტოლვილთა დაბრუნების არათუ წინააღმდეგია, არამედ ხელს უწყობს კიდეც ამ პროცესს. ეს ამ ბოლო დღეებისა და ბოლო კვირების ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. ვფიქრობ, ამ დღეებში შეიკრიბება საკოორდინაციო საბჭო, რომელიც ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმულის შესაბამისად შეიქმნა. იმედია, ამჯერად ეს შეხვედრა უსაგნო არ იქნება. თუ ეს პროცესი, გალის რაიონში ლტოლვილთა უსაფრთხო, ვიმეორებ, უსაფრთხო დაბრუნებისა, კვლავაც გაგრძელდება, თუ აფხაზური მხარე მათ მიმართ ადამიანურ დამოკიდებულებას გამოიჩენს, ეს იქნება გადამწყვეტი ფაქტორი ჩემი შეხვედრისათვის ვლადისლავ არძინბასთან. არაერთხელ მითქვამს, რომ სიკეთეს - სიკეთითვე ვუპასუხებთ. ხოლო შეხვედრის დროს ბევრი რამის გარკვევა შეიძლება.
- თბილისში აჭარის დღეები, საზეიმო ღონისძიებანი იწყება, რისთვისაც საკმაოდ დიდი ხანია ემზადება დედაქალაქი...
- საქართველოს დედაქალაქში აჭარის დღეების გამართვა დიდ მოვლენად მიმაჩნია, რადგან ასეთი მასშტაბისა და ხანგრძლივობის ღონისძიებათა მთელი ციკლი დამოუკიდებელ საქართველოში ჯერ არ გამართულა. არ იყო ამის პირობები. უფრო დეტალურად ამ პროგრამებზე, დღესასწაულთან დაკავშირებით ჩვენს მიზნებსა და ამოცანებზე სპეციალურ ტელეინტერვიუში ვისაუბრებ, რათა სრულიად საქართველოს, ქართველ საზოგადოებას ჰქონდეს წარმოდგენა იმ ღონისძიებათა მასშტაბზე, რომლებიც დედაქალაქშია დაგეგმილი ამ უახლოესი ორი თვის განმავლობაში. ესე იგი, იქნება ტელეინტერვიუ, რომელსაც რადიომსმენელებიც მოუსმენენ.
- რაც შეეხება გასულ ეკონომიკურ კვირას, ძალიან საინტერესო მომენტები იყო რუსეთში მიმდინარე მოვლენებიდან, ფინანსური არასტაბილურობიდან გამომდინარე, გაჩნდა გარკვეულად შიშის სინდრომი ლარის სიმტკიცესთან, ბიუჯეტთან დაკავშირებით...
- სანამ უშუალოდ ამ საკითხებზე ვილაპარაკებ, მინდა ორიოდე სიტყვა ვთქვა საერთაშორისო სამაშველო სამსახურის კომიტეტის ხელმძღვანელთან ბატონ ჯონ უაითჰედთან შეხვედრის შესახებ.
საუბრისას განვიხილეთ იძულებით ადგილნაცვალ პირთა დახმარების და მათი სოციალურ-ეკონომიკური პირობების გასაუმჯობესებლად მისი გაგრძელების გეგმები. ეს გახლავთ ლტოლვილთათვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა, საყოფაცხოვრებო პირობების შექმნა, მოსწავლეთათვის სასწავლო დახმარების გაწევა, აგრეთვე სასოფლო-სამეურნეო მიკროკრედიტების პროგრამების განხორციელება ლტოლვილთა საკარმიდამო მეურნეობის აღდგენისა და მცირე ბიზნესის განვითარებისათვის, საავადმყოფოების რეაბილიტაციისა და წყალმომარაგების გაუმჯობესებისათვის.
მისასალმებელია საერთაშორისო სამაშველო კომიტეტის გადაწყვეტილება, დახმარება გაგვიწიოს მანამ, ვიდრე არ მოწესრიგდება კონფლიქტები და იარსებებენ ლტოლვილები, ესე იგი, თუ დაბრუნება დაიწყება კონფლიქტის მოგვარებამდე, ეს კორპუსი მზად არის სათანადო დახმარება აღმოუჩინოს მათ ამ პირობებშიც კი.
მოგეხსენებათ, რომ ბიუჯეტით ლტოლვილთათვის გათვალსიწინებული ხარჯები 75 მილიონ ლარს აღწევს, მაგრამ საერთაშორისო დახმარების გარეშე ჩვენი შესაძლებლობები ძალზე შემცირდებოდა.
ახლა, რაც შეეხება საბიუჯეტო პრობლემატიკას, რამაც ერთგვარად გაართულა ხელფასებისა და პენსიების გაცემის პროცესი ცალკეულ რეგიონებში. საზოგადოებამ იცის, რომ პრეზიდენტთან შექმნილია საგანგებო კომისია და იგი უკვე მოქმედებს. პირველი სხდომის შემდეგ კიდევ უფრო განმიმტკიცდა რწმენა: ჩვენ ძალიან ბევრი აუთვისებელი რეზერვი გვაქვს ყველა რაიონსა და ყველა ქალაქში, განსაკუთრებით თბილისსა და სხვა წამყვან ცენტრებში.
კომისია კვირაში ორჯერ შეიკრიბება და მისი მუშაობის შედეგებს უახლოეს მომავალში ყველა ოჯახი იგრძნობს.
ჩვენ უეჭველად შევძლებთ თავიდან ავაცილოთ ქვეყანას ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისის ტალღა, ვიმეორებ, ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისის ტალღა, რომელმაც ბოლო ხანს მრავალ და მრავალ სახელმწიფოს, მათ შორის დიდად განვითარებულ სახელმწიფოებს გადაუარა და ამ ქვეყნების სტაბილურობაც კი საეჭვო გახდა. ძნელი სათქმელია, რა მოხდებოდა ამ სახელმწიფოებში, რომ არა დასავლეთის ფინანსური ინსტიტუტების ფართომასშტაბიანი, მართლაც წინათ წარმოუდგენელი დახმარება. არავინ იცის, როგორ განვითარდებოდა ამ უზარმაზარ სახელმწიფოთა ბედი თუ მდგომარეობა. ჩვენ კი უეჭველად უზრუნველვყოფთ, რომ ეს საერთაშორისო კრიზისი საქართველოს არ შეეხოს. სხვათა შორის, ვერც რუსეთი ასცდა მთელ რიგ სიძნელეებს ამასთან დაკავშირებით და ინექცია, რომელიც მან დასავლეთისაგან, დასავლეთის მსოფლიო საფინანსო ცენტრებისაგან მიიღო, ერთგვარ სულის მოთქმას ნიშნავდა, და მდგომარეობის ერთგვარ სტაბილურობამდე მიიყვანა რუსეთი.
საგანგებო კომისიამ იმსჯელა ლარის მდგომარეობაზე. როგორც აღინიშნა, ზემოხსენებული ქარტეხილების მიუხედავად, ლარი სიმტკიცეს ინარჩუნებს, ხოლო იმ რაიონების მოსახლეობა, სადაც უცხო ქვეყნის ვალუტას უფრო ენდობოდნენ, ვიმეორებ, მათს საყურადღებოდ ვამბობ, ვინც უცხო ქვეყნის ვალუტას უფრო ენდობოდა, ვიდრე ლარს, - ახლა თვალნათლივ ხედავს, რამდენად შეცდა.
ამასთანავე, კომისიამ აღნიშნა, რომ ეროვნულ ვალუტას სერიოზულ ზიანს აყენებს უცხო ქვეყნების ვალუტათა უმართავი ბრუნვა. ამ თვალსაზრისით ბევრი რამ არის მოსაწესრიგებელი და, ალბათ, უმკაცრესი ზომების მიღებასაც ვერ ავცდებით.
ლარი საქართველოში ერთადერთი საგადამხდელო საშუალებაა. ყველა სხვა ვალუტა უნდა იყიდებოდეს მხოლოდ და მხოლოდ ლარის მეშვეობით, ესე იგი, ხდებოდეს მისი გაცვლა, ისევე როგორც ლარი უნდა გამოიყენებოდეს ბინების, ავტომანქანების, აგარაკების, უახლოეს მომავალში მიწის ნაკვეთების შესაძენად და სხვა. ეს ყველამ შეიგნოს, თორემ ძალიან მწარედ დაისჯებიან და შემდეგ მოთქმა-გოდება გვიან იქნება. უნდა მოწესრიგდეს გადამცვლელი პუნქტების მუშაობა და ყველაფერი გაკეთდეს, რათა არც მოქალაქე დაზარალდეს და არც სახელმწიფო. ამ სფეროში წესრიგის დამყარება დიდად წაადგება ქვეყნის ბიუჯეტს. ჩვენ უნდა აღვადგინოთ მუშაობის ის ტრადიცია, რომელიც ეროვნული ვალუტის შემოღებასთან დაკავშირებით ჩამოვაყალიბეთ. სამწუხაროდ, ბევრმა ეს დაივიწყა.
ვაგრძელებთ მუშაობას პენსიებისა და ხელფასების პრობლემათა საბოლოოდ გადაწყვეტისათვის. კვლავ ვიმეორებ: რა თქმა უნდა, ამ პრობლემათა არსებობა შესაბამისი სტრუქტურების უგერგილობის შედეგია. ამავე დროს, გასათვალისწინებელია იმ ბიზნესმენთა თუ მოვაჭრეთა პასუხისმგებლობაც, რომლებიც გადასახადებს უმალავენ სახელმწიფოს. ველი, რომ სათანადო ორგანოები ბოლოს და ბოლოს თავიანთ სიტყვას იტყვიან და ამოქმედდება კანონი. სამწუხაროდ, იგი საკმაოდ რბილია, საკმაოდ ლიბერალურია იმათ მიმართ, ვინც გადასახადებს არ იხდის. ამ პრობლემასაც უნდა დავუბრუნდეთ რაც შეიძლება სწრაფად, როგორც კი პარლამენტი თავის საშემოდგომო სესიებს გაანახლებს.
- მსოფლიოს სახელმწიფოთა მეთაურები საკმაოდ აქტიურად გამოეხმაურნენ ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ფლოტის მიერ განხორციელებულ აქციას. საერთაშორისო ტერორისტთა ბაზებზე საპასუხო დარტყმა, როგორც ახსნეს, საჭირო და აუცილებელი გახდა მას შემდეგ, რაც ტერორისტული აქტების შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაშავდა, მათ შორის, ამერიკის მოქალაქეებიც.
თქვენს განცხადებაში, რომელიც საერთაშორისო მასმედიის ყურადღების ცენტრში მოექცა, აღნიშნეთ, რომ საქართველომ თავად არაერთხელ გამოსცადა რას ნიშნავს საერთაშორისო ტერორიზმი, საერთაშორისო ტერორისტული აქტების სისასტიკე.
- მინდა, კიდევ ერთხელ დავადასტურო: ჩემი რეაქცია, მართლაც, უწინარესად, იმით არის განპირობებული, რომ საქართველომ თავის თავზე გამოსცადა ტერორიზმის დამანგრეველი ძალა. გახსოვთ, ჯერ ტერორიზმი რკინიგზაზე, დიახ, ტერორიზმი, ხიდების, გვირაბების აფეთქება, დივერსიები... ამას მოჰყვა აფხაზეთის ომი და აფხაზეთის ტრაგედია. შემდეგ სახელმწიფო ტერორიზმი საქართველოს წინააღმდეგ, როდესაც თვითმფრინავებიდან იბომბებოდა სოხუმი, სხვა დასახლებული პუნქტები, იმავდროულად, სეპარატისტ აგრესორთა ტერორიზმი. და, ბოლოს, ნურც იმას დავივიწყებთ, რომ საქართველო ის ქვეყანაა, რომლის პრეზიდენტსაც ორჯერ დაესხნენ თავს ტერორისტები ყუმბარმტყორცნებით, ავტომატებით და ა.შ. და რომ არა ღვთის შეწევნა, იმ სულმნათი ჭაბუკების გმირობა, არავინ უწყის, რა დღეში იქნებოდა დღეს საქართველო.
ღმერთმა აშოროს ყველა ჩემს კოლეგას და ნუ გამოაცდევინოს ის, რაც მე, ჩემმა ოჯახმა, ჩემმა ხალხმა, ჩვენმა მოქალაქეებმა განვიცადეთ ტერორისტთა თავდასხმების შედეგად. მე მქონდა მორალური უფლება გამეკეთებინა სწორედ ის განცხადება, რომელიც გავაკეთე.
მე საჭიროდ მივიჩნიე, გამომეხატა ჩემი უკიდურესი აღშფოთება იმ სტრუქტურათა უძლურებისა და უნიათობის გამოც, რომლებიც პასუხისმგებელი არიან პლანეტაზე მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის, სამწუხაროდ, ისინი ჯერჯერობით, უმრავლეს შემთხვევაში, არაფრის მომცემი დეკლარაციებით, რეზოლუციებით იფარგლებიან და თავიანთ მისიას მხოლოდ ფუჭი კონვენციების შედგენაში ხედავენ.
მაგალითად, ჩემთვის გაუგებარია, რატომ არ მოჰყვა შესაბამისი მსოფლიო რეაქცია დიდი არაბული, მაჰმადიანური სახელმწიფოს (ეგვიპტის) პრეზიდენტის ჰოსნი მუბარაქის მოწოდებას ტერორიზმის წინააღმდეგ ძალთა გაერთიანების შესახებ. გახსოვთ, ამ მოწოდებას, მგონი, მარტო საქართველო გამოეხმაურა, არადა, მე მაშინ ასე წარმომედგინა, რომ მთელი მსოფლიო უნდა დამდგარიყო ფეხზე. დარწმუნებული ვარ, ასეთი რეაქცია რომ მოჰყოლოდა პრეზიდენტ მუბარაქის კეთილშობილურ მოწოდებას, ეს ტრაგედია შეიძლება არც მომხდარიყო და არც ასობით ადამიანი დაიღუპებოდა.
ჩემთვის, აგრეთვე, დღემდე გაუგებარია, რატომ ითვლება ჩვეულებრივ მოვლენად ის ფაქტი, რომ საქართველოში რამდენიმე სისხლიანი ტერორისტული აქტის ორგანიზატორები და მონაწილენი სხვა ქვეყანაში პოულობენ თავშესაფარს. რატომ ხდება ისე, რომ საქართველოს და არა მხოლოდ საქართველოს პროტესტი ამ პრობლემის გამო რჩება ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა? განა აუცილებელია ყველა ქვეყანაში განმეორდეს იგივე, ან ყველას წინააღმდეგ გამოიყენონ იგივე მეთოდები?
ვფიქრობ, ეს ის თემაა, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო მსჯელობის საგანი უნდა გახდეს. ეს საკითხი სწორედაც საგანგებო შესწავლასა და საგანგებო ზომების მიღებას მოითხოვს, ვინაიდან იგი მთელი მსოფლიოს მშვიდობასა და სტაბილურობას ემუქრება ისევე, როგორც აგრესიული სეპარატიზმი და სხვა დამღუპველი მოვლენები.
არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, სად ლოცულობ და რომელ ღმერთს ფიცულობ. ტერორისტებს არც ეროვნება გააჩნიათ და არც სარწმუნოება. ტერორიზმი ავთვისებიანი სიმსივნეა დღევანდელი მსოფლიოსათვის და იგი შანთით უნდა ამოიწვას, სანამ მეტასტაზებით მოიცავდეს მთელი პლანეტის ორგანიზმს.
- მსოფლიო ისევ აალაპარაკა რუსეთის მთავრობის მორიგმა კრიზისმა. გუშინ პრეზიდენტმა ელცინმა გამოაცხადა, რომ მთავრობა გადადგა და თანაც პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ჯერჯერობით ჩერნომიდრინს შესთავაზა, რომელმაც თეთრ სახლში დაბრუნება კირიენკოს კრიტიკით დაიწყო...
- ჩემი კომენტარი ამჯერად ძალიან მოკლე იქნება. ჩვენთვის, საქართველოსთვის, ისევე, როგორც მთელი მსოფლიოსათვის ყველაზე მთავარი ის არის, რომ რუსეთმა სტაბილურობა შეინარჩუნოს, სტაბილურობა განამტკიცოს. ამ დიდ ქვეყანაში სტაბილურობა უაღრესად მნიშვნელოვანია, კერძოდ და, განსაკუთრებით, საქართველოსათვის და ჩემი სურვილია, რომ რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილება სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდეს.
საქინფორმი.
„ტერორიზმი დღევანდელი მსოფლიოს ავთვისებიანი სიმსივნეა და იგი შანთით უნდა ამოიწვას, სანამ მეტასტაზებით მოიცავდეს მთელი პლანეტის ორგანიზმს“ : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 24 აგვისტოს რადიოინტერვიუ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 25 აგვისტო. - №217 (2917). - 1,2 გვ.
![]() |
27 ედუარდ შევარდნაძე: „არსებობდა სულთნის თურქეთი და არსებობს ქემალ ათათურქის თურქეთი“ |
▲ზევით დაბრუნება |
120 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მშობლიური აჭარა დედასამშობლოს დაუბრუნდა.
წლების მანძილზე ძირფესვიანად შეიცვალა აჭარის ყოფა-ცხოვრება. ჭეშმარიტ ქართველს, ჩვენი ქვეყნის ნამდვილ პატრიოტს ახარებს ის აღმშენებლობითი პათოსი, რომელიც დღეს, მიუხედავად საქართველოს მძიმე ეკონომიკური ვითარებისა, აჭარაში მის დედაქალაქში სუფევს: კულტურის, მეცნიერების, ხელოვნების აღმავლობა, საზოგადოებრივი ობიექტების, ხიდების თუ სპორტული მოედნების მშენებლობა, ბათუმის ზღვისპირა პარკის, თვალწარმტაცი სანაპიროს, ნავსადგურის მიდამოების კეთილმოწყობა და სხვა, უპირველესად, დაკავშირებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ასლან აბაშიძის სახელთან.
აჭარის დედასამშობლოსთან დაბრუნების 10 წლისთვის დიდი სტიმულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის მიმართულ საერთო სახალხო ძალისხმევაში.
გუშინ სადღესასწაულო ღონისძიებები დაიწყო.
ედუარდ შევარდნაძე: „არსებობდა სულთნის თურქეთი და არსებობს ქემალ ათათურქის თურქეთი“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 25 აგვისტო. - №218 (2918). - 6 გვ.
![]() |
28 განახლებულ, დამოუკიდებელ საქართველოში აბუსერისძე ტბელისა და მემედ აბაშიძის უკვდავი იდეების ხორცშესხმა დაიწყო |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის ტელეინტერვიუ
ინტერვიუს უძღვება კობა იმედაშვილი
- ბატონო ედუარდ, 120 წლის წინათ ბათუმში შევიდა რუსეთ-საქართველოს ჯარი, უფრო სწორად, რუსის ჯარის რიგებში იყვნენ ქართველები, და ამ დღიდან ბათუმი, აჭარა დაუბრუნდა დედასაქართველოს. შემდეგ იყო საზავო ხელშეკრულებანი, მაგრამ ეს ყოველივე მაინც ძალაში დარჩა. ამ მოვლენებს წინ უძღოდა დიდი ქართველების ილია ჭავჭავაძის, გრიგოლ ორბელიანის, დიმიტრი ყიფიანის, აკაკი წერეთლის პროპაგანდა საქართველოს ამ კუთხის სამშობლოში დასაბრუნებლად. შემდეგ ასეთი ფაქტი მოხდა - თბილისში ჩამოსულ აჭარის დეპუტაციას სწორედ ეს დიდი ქართველები დახვდნენ. სამწუხაროდ, მაშინ ილია ჭავჭავაძე პეტერბურგში იყო. თბილისში გაიმართა ნადიმი, რომელსაც ესწრებოდნენ ბეჟანიძე, ხიმშიაშვილები, აბაშიძეები, დაახლოებით 17 კაცი. გრიგოლ ორბელიანი იყო სუფრის თავში.
- ყველა სხვა ღირსებასთან ერთად, განთქმული თამადობით...
- აღწერილია, როგორ ისხდნენ სუფრასთან, ყველა თავის ადგილზე. ითქვა სადღეგრძელოები, რომლებიც მნიშვნელოვნად სცილდებოდა დღევანდელ სადღეგრძელოებს და, პრაქტიკულად, პროგრამული სიტყვები იყო. მაგალითად, გრიგოლ ორბელიანმა მაშინ ბრძანა: „და, აი, გვისმინა ღმერთმანცა და დღეს ჩუენ შორის ვხედავთ დაშორებულთა ძმებთა და მოხარული ვჰმადლობთ ღმერთსა და ვევედრებით, რომ შეერთება ესე ჩვენი იყოს უკუნითი უკუნისამდე შეურყევლად!... და დღეის იქით ჭირშიაც და ლხინშიაც უნდა ვიყუნეთ ჩუენ ერთად, ვითარცა ერთნი დედასაქართველოს შვილნი“.
რა უნდა ყოფილიყო ამ ერთიანობის საფუძველი? - ენა და ერობა, როგორც აკაკი ამბობდა. რა უნდა ყოფილიყო დამაახლოებელი და ერთმანეთისაგან დაშორებული ძმების გამაერთიანებელი და წინსვლის გარანტი? განათლება, - ამბობდა აკაკი. მას კვერს უკრავდა იაკობ გოგებაშვილი. ხოლო ილია ჭავჭავაძე წერდა: „ძმებს ძმურად უნდა დავხვდეთ ყველგან და ყოველიფერში, თუ ჭირში ვუძმეთ, ჭირში მივეშველენით - ჩვენი ერთმანეთის დაურღვეველობის კავშირის გაბმაც უეჭველია. ეს ისმინეთ და გაიგევით ქართველობავ“, მიმართავდა იგი მთელ საქართველოს და აქვე ამბობდა: „ამისათვის ერთი უებარი სახსარია: სწავლა, ცოდნა და მეცნიერება“. ეს ყველაფერი არის საწყისი ჩვენი დღევანდელი ყოფისა და არა მარტო საწყისი, არამედ გაგრძელებაც.
- მიმაჩნია, რომ ის, რაც მოხდა გასულ საუკუნეში, როცა საუკუნეთა განმავლობაში ნაწამები, გატანჯული ხალხი დედასამშობლოს წიაღში დაბრუნდა, იყო ერთ-ერთი მართლაც უნიკალური, ძალზე ღირსშესანიშნავი, ისტორიული მოვლენა. მაგრამ განსაკუთრებით საოცარი არის ის, რომ არა წლების და ათწლეულების, არამედ ასწლეულების განმავლობაში აჭარის მოსახლეობამ შეინარჩუნა ქართული ენა, ქართველობა, ქართული კულტურა, წეს-ჩვეულება, ადათები და სხვ. და დღესაც იგრძნობა, განსაკუთრებით მთიან აჭარაში, თუ საუკუნეთა განმავლობაში რამდენად უფრთხილდებოდა ხალხი, მისი თაობები ქართულ ფენომენს. ნურც ის დაგვავიწყდება, რომ ოსმალთა მაშინდელი იმპერიის ხალხებისგანაც ბევრი რამ გაითავისეს, რაც მათს ტრადიციებს, ინტერესებსა და სულისკვეთებას არ ეწინააღმდეგებოდა და უპასუხებდა.
ახლა, ისტორიის გადასახედიდან რომ განვიხილავთ იმ მოვლენებს, სამართლიანობის პრინციპი მოითხოვს აღინიშნოს, რომ ოსმალთა იმპერიასაც კი არ მიუმართავს აჭარაში მცხოვრები ადამიანების გენოციდის, მათი მოსპობა-განადგურების მეთოდებისთვის ისე, როგორც ეს აფხაზმა სეპარატისტებმა გააკეთეს აფხაზეთში მცხოვრები ქართველების მიმართ გარეშე ძალების პირდაპირი მხარდაჭერით. ესე იგი, დღევანდელი გადასახედიდან ბევრი რამ სულ სხვაგვარად გამოიყურება.
ეს ისტორიული მოვლენა არ უნდა განვიხილოთ როგორც მარტო სულთნისა და იმპერატორის გარიგების შედეგი, თუმცა სახელმწიფოთაშორის შეთანხმება უმთავრესი ფაქტორი გახლდათ. და აქ არ უნდა დაგვავიწყდეს სიკეთისა და მადლიერების სიტყვები რუსეთის დიდი სახელმწიფოს მიმართაც. ამ ისტორიულ მოვლენაში ასევე გადამწყვეტი იყო კავშირი რუსეთის, თურქეთისა და საქართველოს მომდევნო თაობებს შორის, რომლებმაც ხელი შეუწყეს და გარკვეულწილად განაპირობეს კიდეც ამ ისტორიული პროცესის განვითარება, ხელი შეუწყეს ერთიანი საქართველოს ფეხზე დადგომას, თუმცა, რასაკვირველია, რუსეთის იმპერია გულისხმობდა თავისი, ასე ვთქვათ, ტერიტორიის გაფართოებას და გარკვეული ტერიტორიებისა და ხალხების შემოერთებას. ასეა თუ ისე, მათ, ფაქტობრივად, საფუძველი ჩაუყარეს ახალი ურთიერთობის ჩამოყალიბებას რუსეთის, თურქეთისა და საქართველოს სახელმწიფოებს შორის. მე დღევანდელი საქართველო მაქვს მხედველობაში.
დიდი ილია, აკაკი, გოგებაშვილი, გრიგოლ ორბელიანი და სხვა დიდი მოღვაწეები, განსაკუთრებით მათი მოწაფე და მიმდევარი მემედ აბაშიძე და მისი თანამებრძოლები - ეს ის ხალხია, რომლებმაც ადამიანების მეხსიერებაში გააღვიძეს ის ფასდაუდებელი ისტორიული ეტაპები, როცა აჭარას უნიკალური წვლილი შეჰქონდა ქართული კულტურის, სულიერების აღორძინებასა და ფორმირებაში. მე ძალიან არ ჩავუღრმავდები ისტორიას - ამგვარი ფაქტების მოყვანა მრავლად შეიძლება. მაგრამ მიმაჩნია, რომ დღესაც კიდევ სათანადოდ შეუფასებელია ძალიან დიდი და ორიგინალური მოღვაწის აბუსერისძე ტბელის - დიდი მეცნიერის, შესანიშნავი მწერლისა და დიდი მოღვაწის ღვაწლი მე-13 საუკუნის საქართველოს ცხოვრებაში. მე ამას ხაზს იმიტომ ვუსვამ, რომ აჭარას არასდროს დაუკარგავს კავშირი წარსულთან და იმედი მომავლისა. აქვე მინდა დავძინო, რომ ჩემი ბრძანებულებით ახლო მომავალში აღინიშნება იმ გამოჩენილი მოღვაწის დაბადებიდან 800 წლისთავი და მისი ხსოვნის ღირსეული ძეგლიც აღიმართება საქართველოს დედაქალაქში.
როგორ დაუბრუნდა აჭარა თავის დედაკულტურას ისე, რომ ხელი არ ჰკრა სხვა ხალხისაგან შეძენილს, მათ შორის, სარწმუნოებას? ესეც უმნიშვნელოვანესი მოვლენაა და ვინც ეს ფაქტორი არ შეაფასა თავის დროზე, მან საკმაოდ მძიმე პრობლემები შეუქმნა საქართველოს. დღევანდელი აჭარა საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული კუთხეა, რომელმაც ასე ძალუმად დაიწყო მოძრაობა აღორძინებისაკენ. მეცნიერება, კულტურა, მწერლობა, მხატვრობა, მუსიკა - ამ სფეროთა მოღვაწენი დამოუკიდებელი საქართველოს ელიტას მიეკუთვნებიან. ასე დაიწყო განახლებულ, დამოუკიდებელ საქართველოში აბუსერისძე ტბელისა და მემედ აბაშიძის უკვდავი იდეების ხორცშესხმა. ასე აღორძინდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელთა, დიდი მამების ნაფიქრი და ნაოცნებარი.
აბუსერისძე ტბელი ერთ-ერთ თავის სასულიერო ნაწარმოებში მოგვითხრობს ადამიანზე, რომელიც მარტოხელა აშენებს ტაძარს. დღეს კი თითოეული ჩვენგანი, უპირველეს ყოვლისა, თავის სულში უნდა აშენებდეს ტაძარს, ტაძარს უკვდავებისას. თუ ეს ასე იქნება, მაშინ ერთიანი ქვეყნის დიდი ტაძარიც აშენდება.
ახლა ორიოდე სიტყვა მემედ აბაშიძეზე, რომელიც გახდა რა დიდი ილიას, აკაკისა და სხვა დიდ მოღვაწეთა თანამოაზრე და თანამებრძოლი, იქცა ეროვნულ გმირად. მე დავუმატებდი - საქართველოსა და თურქ ხალხს შორის, ქრისტიანებსა და მაჰმადიანებს შორის ახალი ურთიერთობის მშენებლობის წინამძღოლად. ეს არის მემკვიდრეობა, რომელიც საქართველომ არ შეიძლება დაკარგოს. მე მეამაყება, რომ ის, რაზეც ოცნებობდნენ ქართველთა და თურქთა დიდი მოღვაწეები, ხორცს ისხამს, რეალობად იქცევა. რეალობად იქცევა დიდი ათათურქის შესანიშნავი სიტყვები იმის შესახებ, რომ თურქეთის სურვილია ქვეყნის აღმოსავლეთით ჰყავდეს ძლიერი და საიმედო მეზობელი საქართველოს სახელმწიფოს სახით. ჩვენ სუფთა სინდისით შეგვიძლია შევუთვალოთ ჩვენს დიდ წინაპრებს, მათს სულებს შევეხმიანოთ, რომ დღევანდელი თურქეთის პრეზიდენტის სულეიმან დემირელის, თურქი ხალხის, მთელი მსოფლიოს, მათ შორის, რუსეთის ხელშეწყობით, შენდება ასეთი სახელმწიფო - საქართველო, რომლის იდეალია ძმობა, მეგობრობა, თავისუფლება.
მე დღეს გახლდით მემედ აბაშიძის თხზულებათა კრებულის პრეზენტაციაზე და ჩემთვის ეს ბედნიერი წუთები იყო. წიგნი, რომლის შედგენაზეც პროფესორმა გურამ შარაძემ უზარმაზარი, გიგანტური შრომა გასწია, გამოსცა საქართველოს პრეზიდენტის ფონდმა და მე მეამაყება, რომ ამის საშუალება მომეცა.
ჩვენ დღეს საფუძველი ჩავუყარეთ მემედ აბაშიძის ძეგლს საქართველოს დედაქალაქში. ბედნიერი ვარ ასევე, რომ ჩვენს თხოვნას - აეგო დიდი მამულიშვილის ძეგლი თბილისში, დადებითად გამოეხმაურა ჩვენი დიდი თანამედროვე მოღვაწე და პატრიოტი, შესანიშნავი ხელოვანი ელგუჯა ამაშუკელი. დღეიდან იწყება აჭარის დღეები დედაქალაქში. ეს დღეები დამთავრდება ოქტომბრის დასაწყისში, როცა დაიდგმება მემედ აბაშიძის ძეგლი და გაიმართება დიდ ღონისძიებათა დამაგვირგვინებელი გრანდიოზული საღამო. დასასრულ, მინდა მივესალმო აჭარას, მის ყველა მკვიდრს, მივესალმები მემედ აბაშიძის შთამომავალს, დღევანდელი აჭარის ლიდერს ასლან აბაშიძეს, მივესალმები სრულიად საქართველოს, ჩვენს ყველა მოქალაქეს.
თბილისში ამ შესანიშნავი დღეების დამთავრების შემდეგ აჭარაში, ალბათ, უმასპინძლებენ დედაქალაქის ლიტერატურის, ხელოვნების, ინტელიგენციის წარმომადგენლებს და დარწმუნებული ვარ, რომ თბილისსა და აჭარაში გამართული დღეები იქნება საქართველოს ერთიანობისა და მთლიანობის კიდევ ერთი თვალნათელი დადასტურება.
საქართველოს პრეზიდენტის
პრესსამსახური - საქინფორმი.
განახლებულ, დამოუკიდებელ საქართველოში აბუსერისძე ტბელისა და მემედ აბაშიძის უკვდავი იდეების ხორცშესხმა დაიწყო : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის ტელეინტერვიუ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 27 აგვისტო. - №219 (2919). - 1,2 გვ.
![]() |
29 გულითადი მილოცვა ქართველ მეშახტეებს |
▲ზევით დაბრუნება |
30 აგვისტო საქართველოს მეშახტეთა დღეა. ქართველ მეშახტეებს პროფესიული დღესასწაული ქვეყნის ხელისუფლების სახელით მიულოცა საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ. მთავრობის 26 აგვისტოს სხდომაზე საქართველოს სახელმწიფოს მეთაურმა, კერძოდ, აღნიშნა:
„მსურს მივულოცო ტყიბულელებს პროფესიული დღესასწაული და მათ, ისევე როგორც მთელ საქართველოს, ვუსურვო, რომ ეს მეტად საჭირო რეგიონი რაც შეიძლება ადრე გამოვიყვანოთ კრიზისიდან. მწამს, რომ ტყიბულს აქვს მომავალი. ტყიბულის ნახშირი საჭიროა საქართველოსთვის. ამას ადასტურებს ჩვენი ენერგეტიკოსების, ექსპერტების, მეცნიერების შეხედულებები და დასკვნები. ამისთვის საჭიროა მეტი მუშაობა უცხოელ ინვესტორებთან. სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრომ, შესაბამისმა დეპარტამენტმა, ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობის სამინისტრომ მეტი უნდა იზრუნონ იმისთვის, რომ ტყიბულის რეაბილიტაციის პროექტის განხორციელების პერსპექტივაში საბოლოოდ ვიყოთ დარწმუნებულნი. უახლოეს 2-3 თვეში ეს პროექტი ბოლომდე უნდა მივიყვანოთ“.
ედუარდ შევარდნაძის განცხადებით, ხელისუფლება კვლავაც არ დაიშურებს ძალისხმევას როგორც ამ პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის, ასევე მეშახტეთა სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების დროული მოწესრიგებისთვის.
საქართველოს პრეზიდენტის
პრესსამსახური - საქინფორმი.
გულითადი მილოცვა ქართველ მეშახტეებს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 30-31 აგვისტო. - №221-222 (2922). - 1 გვ.
![]() |
30 ამ დღის ნათელით... |
▲ზევით დაბრუნება |
ნათელი დღე უთენდება საქართველოს, პირველი სექტემბერი, - დღე, რომელიც ტრადიციულად სასიამოვნო ფორიაქით ავსებს ჩვენს სულს.
აქ არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, თავად მიდიხარ სასწავლებელში, შვილსა და შვილიშვილს აცილებ თუ სხვებს ულოცავ ამ მშვენიერ გზას.
ეს დღე ყველას აღავსებს ერთობლივი სიხარულით, ერთობლივი საზრუნავით და ერთობლივი იმედით, აერთიანებს ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს, ქართველსა თუ აფხაზს, სომეხსა თუ ოსს, აზერბაიჯანელსა თუ რუსს.
მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ყველას მივესალმები - მასწავლებლებსაც და მშობლებსაც, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, სიყვარულითა და იმედით მივესალმები და მივეფერები იმ თვალანთებულ მოსწავლეებს, რომელნიც ჩვენი ქვეყნის მომავალს განასახიერებენ.
კეთილი ყოფილიყოს მათი ფეხი ცოდნის ტაძარში. განსაკუთრებული სიყვარულით, ნდობითა და სითბოთი მივმართავ ჩვენს სახელოვან სტუდენტობას; მოდის უნიჭიერესი თაობა, რომელმაც უკვე დაადასტურა, რომ ერთგულია დიდ წინაპართა ანდერძისა - სწავლით, შრომით, დაუოკებელი ძიების წყურვილით ასახელოს დედასამშობლო. გულითადი მადლობა პროფესორ-მასწავლებლობას, საქართველოს მეცნიერებს, რომლებსაც თავიანთ უპირველეს მოვალეობად ახალ თაობათა აღზრდა-განათლება, დამოუკიდებელ სახელმწიფოში ცხოვრებისა და მოღვაწეობისათვის მომზადება მიაჩნიათ.
სამწუხაროდ, დიდი ტკივილიც ახლავს ამ დღეს, ბევრი მოსწავლე და სტუდენტი თავის საკუთარ სკოლაში, სასწავლებელში ვერ შეაბიჯებს, ვერც თავის ეზო-კარში შეხვდება პირველ სექტემბერს.
ეს ჩვენი გაუსაძლისი ტკივილია, მეოცე საუკუნისათვის შეუფერებელი არაადამიანობაა, და სიმახინჯე. მე, რა თქმა უნდა, იმედი მაქვს, მესამე ათასწლეულის დადგომამდე კაცობრიობა ჩამოირეცხავს ამ სირცხვილს და მსგავსი ძალადობა ყველგან შესაბამისად აღიკვეთება.
ყველა ბავშვს უნდა ავუსრულოთ წმინდა ოცნება, იცხოვროს თავის სახლში, ისწავლოს თავის სკოლაში, დედაენაზე, არ შიოდეს, არ სწყუროდეს, არ ეშინოდეს.
ჩვენ ვესწრაფით ასეთი ქვეყნის აშენებას და თუმცა, როგორც თავისუფალი საქართველოს მშენებლები, ჯერ კიდევ დაწყებითს კლასებში ვართ, მაინც ბევრი რამ უკვე გავაკეთეთ, რაც უკეთესი მომავლის იმედს გვისახავს.
პირველ სექტემბერს თბილისში, ვაშლიჯვარში, ახალი სკოლის შენობა იხსნება. თითქოს რა არის ამაში საგანგებო, მაგრამ იგია სკოლის პირველი შენობა, რომელიც თავისუფალ საქართველოში ჩვენივე სახსრებით აშენდა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უკვე დავიწყეთ ჩვენი სკოლების, ჩვენი ბაგა-ბაღების, ჩვენი უმაღლესი სასწავლებლების მატერიალური ბაზების პატრონობა. აქ ხომ უამრავი რამ გასაკეთებელია, ასაშენებელია და შესაკეთებელი.
ახალ წელს ბევრი ბავშვი ახალი სახელმძღვანელოთი შეხვდება, მაგრამ აქაც უამრავი საზრუნავია, მე იმედი მაქვს, რომ განათლების სამინისტრო ახალი მინისტრით დროულად გააკეთებენ იმას, რაც უნდა გააკეთონ. ბოლოს და ბოლოს, განათლების რეფორმა, განათლების განახლება, უპირველეს ყოვლისა ხომ სახელმძღვანელოების პრინციპულ განახლებას ნიშნავს. ისევე, როგორც - განსაკუთრებულ ზრუნვას მასწავლებელზე, რომელსაც იგი ნამდვილად იმსახურებს, მასწავლებელზე, რასაც [სიც] ძნელი ცხოვრების მიუხედავად, ბოლომდე ერთგული დარჩა თავისი საქმისა, სკოლისა და მოსწავლისა.
ჩვენ ქედს ვიხრით ჩვენი მასწავლებლების წინაშე. დღეს მათ კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა დიდი მადლობა გმირული ღვაწლისა და უსაზღვრო ჭირთათმენისათვის.
მასწავლებელი ნებისმიერ ცივილიზებულ საზოგადოებაში ცენტრალური, ხელისგულზე სატარებელი მოღვაწეა. მას უდიდესი ეროვნული სახელმწიფოებრივი მისია ეკისრება აღზარდოს მოქალაქე, ქვეყნის ჭეშმარიტი პატრიოტი, ჩაუნერგოს მას კეთილისა და ბოროტის გარჩევის უნარი, განუმტკიცოს რწმენა უმაღლესი საკაცობრიო და ეროვნული იდეალებისა: ერთგულება დამოუკიდებელი ქვეყნისა, შეგნება ჭეშმარიტი მოქალაქისა. ბევრს ჯერ კიდევ არა აქვს გაცნობიერებული, რას ნიშნავს დამოუკიდებელი სახელმწიფო. ალბათ იმიტომ, რომ ჩვენ სხვა საქართველოში დავიბადეთ, გავიზარდეთ და ვმოღვაწეობდით, თუმცა ხშირად ერთგულად და პატიოსნად.
ის პატარები კი, ვინც პირველ სექტემბერს პირველად შეაბიჯებენ სკოლაში, დამოუკიდებელ საქართველოში დაიბადნენ. თავისუფლება მათთვის ჩვეულებრივი, ჰაერივით ბუნებრივი მოვლენა იქნება. მით უფრო მეტია მთელი საზოგადოების, მასწავლებლის, ხელისუფლების პასუხისმგებლობა, რათა ეს უმანკო, წმინდა რწმენა და ოცნება არ გაუცრუვდეთ ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს, რომელთა წილხვედრია 21-ე საუკუნის საქართველო.
დაბოლოს, ეს დღე, პირველი სექტემბერი, კვლავ მინდა ყველას მოგილოცოთ.
ამ დღის ბრწყინვალებით განათებულიყოს თქვენი ცხოვრების ყოველი დღე.
ედუარდ შევარდნაძე.
ამ დღის ნათელით... : 1 სექტემბერი ცოდნის დღეა // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 1 სექტემბერი. - №223 (2923). - 1 გვ.
![]() |
31 „საქართველო გულწრფელად ისწრაფვის ევროპისაკენ, რათა საბოლოოდ შეუერთდეს მას ზნეობრივ და პოლიტიკურ ღირებულებათა საერთო სისტემის საფუძველზე“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
31 აგვისტოს რადიოინტერვიუ
- ხვალ პირველი სექტემბერია, რას ეტყოდით პატარებს, ახალგაზრდებს, რომლებიც მოუთმენლად ელიან პირველ ზარს? - ჟურნალისტ ნატო ონიანის ამ შეკითხვაზე პასუხით დაიწყო საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ თავისი ტრადიციული ორშაბათის რადიოინტერვიუ (პრეზიდენტის მილოცვა ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით ცალკე იბეჭდება).
- გასულ კვირას რამდენიმე საინტერესო შეხვედრა გქონდათ ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან დანიელ ტარშისთან, ესაუბრეთ, აგრეთვე, ამერიკის ელჩს გაეროში ნენსი სოდერბერგს, ცნობილ ამერიკელ სენატორს ლუგარს, აკადემიკოს როალდ საგდეევს. ალბათ, ყველა ამ შეხვედრის საერთო მნიშვნელი იყო ძალისხმევის გააქტიურება მსოფლიოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ სისტემაში საქართველოს ინტეგრირებისათვის. თქვენი აზრით, რამდენად იქნება წარმატებული ეს ძალისხმევა, შევძლებთ თუ არა უახლოეს მომავალში ევროსაბჭოში გაწევრიანებას, შემდგომი თანამშრომლობის გაძლიერებას ევროპულ და ამერიკულ ეკონომიკურ სტრუქტურებთან, რამდენად იძლევა საამისო საფუძველს ეკონომიკურ რეფორმათა მიმდინარეობა და მათი პერსპექტივა?
- დავიწყებ სენატორ ლუგართან შეხვედრით, რომლის დროსაც ყურადღება გავამახვილეთ ორმხრივ და მრავალმხრივ კავშირურთიერთობათა განმტკიცების ეკონომიკურ ასპექტებზეც. ამერიკის სენატმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა წელს საქართველოსათვის 100 მილიონამდე დოლარი დახმარების გამოყოფის საკითხის დადებითად გადაწყვეტაში. ამ ქვეყნის ხელისუფლება ყოველმხრივ უჭერს მხარს სხვადასხვა ორგანიზაციათა თანამშრომლობას საქართველოსთან. მათ შორის არიან ამერიკის ვაჭრობის განვითარების სააგენტო, „ექსიმბანკი“, „ოპიკი“ და სხვა. მათთან ურთიერთობას არსებითი მნიშვნელობა აქვს რეფორმათა პროცესის დაჩქარებისა და ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს შექმნის თვალსაზრისით. დარწმუნებული ვარ, ამერიკელი სენატორები, მათ შორის ბატონი ლუგარი, მომავალშიც გაგვიწევენ დახმარებას.
საქართველოში სტაბილურობა არა მარტო ჩვენი ქვეყნის საშინაო საქმეა, არამედ სხვა სახელმწიფოთა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული ინტერესების შემადგენელი ნაწილიც არის.
ევრაზიის დერეფნის რეალიზაციის ხელშემწყობი კოსმოსური ტელეკომუნიკაციების სისტემის დანერგვის კონკრეტული პროექტი წარმოადგინა კოსმოსურ ტექნოლოგიათა მსოფლიო რანგის სპეციალისტმა, აკადემიკოსმა, როალდ საგდეევმა. ევრაზიის დერეფნის მძლავრი სატრანსპორტო ნაკადების მართვა - რეგულირება შეუძლებელია შესაბამისი უმაღლესი დონის ევრაზიის საკომუნიკაციო დერეფნის გარეშე. ამას კი სატელიტური, ტელე-სატელეფონო და ელექტრონული ფოსტის სისტემების დანერგვა უზრუნველყოფს. შემოთავაზებული სისტემა მოემსახურება აბრეშუმის გზის ქვეყნებს - უკრაინას, აზებაიჯანს, ყაზახეთს, უზბეკეთს, საქართველოს.
უაღრესად საინტერესო იყო შეხვედრა ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან ბატონ დანიელ ტარშისთან, რომელსაც ახლდა საბერძნეთის საკმაოდ მაღალი რანგის დელეგაცია. საუბრის ძირითადი თემა, რა თქმა უნდა, ევროსაბჭოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა გახდა. მოხარული ვარ, რომ სტუმრებმა თავად აღნიშნეს: საქართველოს გარეშე ევროპული ოჯახი, ევროპული გაერთიანება არასრული იქნება, ვინაიდან საქართველო კულტურულად ცივილიზაციური თვალსაზრისით ოდითგანვე ევროპის განუყოფელი ნაწილიაო. ევროსაბჭოს დელეგაციამ აღნიშნა, რომ ბოლო დროს შესანიშნავი პროგრესია მიღწეული დემოკრატიული გარდაქმნის რამდენიმე მიმართულებით. ჩემი მხრივ, დავძინე: შესაძლოა, ზოგი რამ ვერ მოესწრო ამ თვალსაზრისით საქართველოში, მაგრამ ევროპის საბჭოში გაწევრიანება თავისთავად უდიდესი სტიმული იქნება წინსვლის კიდევ უფრო დასაჩქარებლად. მით უმეტეს, რომ ევროსაბჭოს ექსპერტებსა და თავად გენერალურ მდივანს იოტისოდენადაც არ ეპარებათ ეჭვი, რომ საქართველო გულწრფელად ისწრაფვის ევროპისაკენ, რათა საბოლოოდ შეუერთდეს მას ზნეობრივ და პოლიტიკურ ღირებულებათა საერთო სისტემის საფუძველზე.
შეხვედრისას მე გულწრფელად ვთქვი, რომ ევროპის საბჭომ გალში მაისის მოვლენების შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში შენიშნა ის, რაც მხედველობიდან გამორჩათ გაეროს უშიშროების საბჭოში. კერძოდ, საქართველომ ყველაფერი იღონა იმისათვის, რომ თავიდან აეცილებინა ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედება, დიდი სისხლისღვრა, თუმცა ეს ძალიან ძნელი იყო. იმავდროულად, რა თქმა უნდა, არავინ აკნინებს და ვერც დააკნინებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მნიშვნელობას, მის მომავალ პოზიტიურ როლს აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიან მოწესრიგებაში. ქალბატონ სოდერბერგთან შეხვედრისას საგანგებოდ აღვნიშნეთ, რომ გაეროსა და უშიშროების საბჭოს წარმატებული საქმიანობისათვის უდიდესი მნიშვნელობა ექნება სწორედ ამერიკის შეერთებული შტატების, სხვა დიდი სახელმწიფოების აქტიურ პოზიციას. საყოველთაოდ ცნობილია: გაერო უმალვე გადაიქცევა ხოლმე უაღრესად ეფექტიან და წარმატებულ ორგანიზაციად, როგორც კი უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები თანხმობით მოქმედებენ, აქტიურ პოზიციას იკავებენ, ძალისხმევას აერთიანებენ რომელიმე პრობლემის გადასაჭრელად. ამერიკის სიტყვას კი ამ თვალსაზრისით განსაკუთრებული წონა აქვს.
მაგრამ ვერანაირი გარეშე დახმარება და მხარდაჭერა ვერ გვიშველის, თუ შინაგანად არ ვიქნებით მოწესრიგებული და თავად არ გადავწყვეტთ ძირეულ პრობლემებს. ამიტომ ნურავინ გაიკვირვებს, რომ, ზემოთქმულის შემდეგ, მიზანშეწონილად მიმაჩნია რამდენიმე სიტყვა ვთქვა ეკონომიკურ პრობლემატიკაზე. საგადასახადო ინსპექციის ოპერატიული მონაცემებით, 26 აგვისტოსათვის მის მიერ აკრეფილია 18 მილიონ 200 ათასი ლარი, ხოლო წლის დამდეგიდან - 197 მილიონ 100 ათასი ლარი საბიუჯეტო შემოსავალი. ეს დონე, მართალია, 20 მილიონ 800 ათასი ლარით, ანუ 12 პროცენტით აღემატება შარშანდელს, მაგრამ ბიუჯეტის კუთვნილი სახსრების სრულად აკრეფისათვის აშკარად არ არის საკმარისი.
საბაჟო დეპარტამენტის სისტემიდან 28 აგვისტოსათვის სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხულია 16 მილიონ 100 ათასი ლარი, აქედან, ცენტრალურ ბიუჯეტში - 9 მილიონ 700 ათასი ლარი. წლის დასაწყისიდან საბაჟოს მიერ ბიუჯეტში ჩარიცხული შემოსავალი 136 მილიონ ლარს შეადგენს. ეს შარშანდელ შესაბამის მაჩვენებელზე 21 პროცენტით მეტია. მიღწეული ტემპი აქაც დაჩქარებას მოითხოვს.
სამწუხაროდ, ცალკეულ რეგიონებში კვლავ სერიოზული შეფერხებებით მიმდინარეობს ხელფასების, პენსიების, დახმარების გაცემა, რაც, უწინარსად, ისევ და ისევ საგადასახადო სფეროში, მთლიანად საფინანსო სისტემაში არსებული ჩავარდნებით აიხსნება. დადგა დრო გულწრფელად ითქვას, რაოდენ უსიამოვნო მოსასმენიც უნდა იყოს: საქართველოში ძალიან დაბალია საგადამხდელო კულტურა - ელექტროენერგიის გადასახადით დაწყებული და საშემოსავლო და მოგებიდან გადასახადით დამთავრებული. სანამ ეს პრობლემა იარსებებს, რაოდენ „გენიალური“ საგადასახადო კოდექსიც უნდა შევიმუშავოთ, იგი უსარგებლო იქნება. გადაუჭარბებლად ვიტყვი: ათიათასობით ადამიანი, მეწარმე, ბიზნესმენი უმალავს შემოსავალს სახელმწიფოს და არ შეაქვს ბიუჯეტში შესაბამისი თანხები. რა გასაკვირია, თუ სერიოზულ პრობლემებს ვაწყდებით ბიუჯეტის შევსებისას. შესაბამისად, პენსიების, ხელფასების, შემწეობათა დარიგებაც უჭირს სახელმწიფოს. ბოლოს და ბოლოს, სახელმწიფოს აქვს მხოლოდ ის, რასაც ჩვენ ყველანი ვაძლევთ, - არც მეტი, არც ნაკლები.
თუმცა, ამ მდგომარეობას, რა თქმა უნდა, ვერ შევურიგდებით და არც ფარ-ხმალის დაყრას ვაპირებთ. საჭიროა ძირეული, თვისებრივი რეფორმები თვით საგადასახადო სისტემაში, შესაბამისი სამსახურების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფა, თანამშრომელთა მატერიალური სტიმულირება, მაგრამ, მეორე მხრივ, ვერც კანონის გამკაცრებასა და იმ ბიზნესმენთა თუ მეწარმეთა სასტიკად დასჯას ვერ ავცდებით, რომლებიც გადასახადებს უმალავენ სახელმწიფოს. ინფორმაცია სათანადო ორგანოებს საკმარისი ექნებათ და სანამ ვინმე ძალიან მწარედ დასჯილა, ვთხოვ ყველას, სახელმწიფოს კუთვნილი თანხა დროულად შეიტანოს ბიუჯეტში.
რეპრესია და ვინმეს დასჯა ჩვენთვის არც სასიხარულოა და არც თვითმიზანი, ამიტომ უპირატესობას ყველა შემთხვევაში სისტემურ ცვლილებებს ვანიჭებთ, ბოლომდე გვინდა ამოვწუროთ ეს შესაძლებლობა, რათა მივიყვანოთ საგადასახადო სისტემა ისეთ კონდიციამდე, როდესაც იგი იდეალურს მიუახლოვდება და ყველაფერი დამოკიდებული იქნება თავად მეწარმის კეთილსინდისიერებაზე.
ამ საკითხზე შესაბამისი კონსულტაციებისათვის მე საქართველოს ფინანსთა მინისტრი მიხეილ ჭკუასელი ვაშინგტონში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელობასთან მივავლინე. მას აქვს სათანადო მონახაზები, შესაბამისი კონცეფცია, საკმაოდ ორიგინალური და გონივრული წინადადებები, ნოვაციები. მზადდება სერიოზული, კომპლექსური რეფორმა მთლიანად ამ სისტემაში და საერთაშორისო სავალუტო ფონდის უმაღლესი კვალიფიკაციის, გამოცდილ ექსპერტთა რჩევა, მათი რეკომენდაციები დიდად წაგვადგება ამ საქმეში.
ამასთან დაკავშირებით, შეუძლებელია არ აღინიშნოს, რომ გალში განვითარებული მოვლენების, ლტოლვილთა ახალი ტალღის, მათს დასახმარებლად დიდძალი თანხებისა და მატერიალური რესურსების გამოყოფის გამო ძალიან სერიოზული ხარჯების გაწევა მოგვიხდა. მათთვის არაფერი დაგვიშურებია და არც დავიშურებთ, მაგრამ ფინანსური რეზერვები ამოუწურავი არ არის. ამიტომ, სუბიექტურ მიზეზებთან ერთად, დღევანდელ სირთულეებს ობიექტური საფუძველიც აქვს - ესეც პირუთვნელად უნდა ითქვას.
თუმცა უიმედობისათვის არანაირი საფუძველი არ არსებობს, გამოსავალი არის, ჩვენ მას მკაფიოდ ვხედავთ და ვაცნობიერებთ. მთავარია, არ მოვყვეთ იმ ფინანსური კრიზისის ტალღაში, რომელმაც მრავალი ქვეყანა მოიცვა.
- ეს თემაც ძალზე აღელვებს ჩვენს მოქალაქეებს. რუსეთში განსაკუთრებული ძალით იფეთქა ფინანსურმა კრიზისმა. მოახდენს თუ არა იგი ზეგავლენას ლარის სტაბილურობაზე, ჩვენი მოსახლეობის დანაზოგის შენარჩუნებაზე, საბანკო სისტემის სიმყარეზე?
- უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში ამ საკითხს ჩვენ (ვგულისხმობ მთლიანად საქართველოს ხელისუფლებას) განსაკუთრებული გულისყურით ვეკიდებით. გულმოდგინე და კომპეტენტური, კვალიფიციური ანალიზის შედეგად იმ დასკვნამდე მივედით, რომ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, განსაკუთრებით რუსეთში განვითარებული ნეგატიური პროცესები საქართველოს ფინანსურ სისტემაზე ზეგავლენას ვერ მოახდენს. ეს არ არის, იცით, ჩვენი სურვილი ან სუბიექტური გადაწყვეტილება, ეს რეალობაა, რომელიც არსებულ ვითარებას ობიექტურად ასახავს.
ალბათ, გახსოვთ დებატები და დისკუსიები ამ რამდენიმე წლის წინათ, როდესაც პირველ ნაბიჯებს ვდგამდით სახელმწიფოებრივი მშენებლობის გზაზე. მაშინ ზოგიერთები მოითხოვდნენ საქართველოს დატოვებას სამანეთო ზონაში, უფრო ზუსტად, რუსეთის ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების შენარჩუნებას, რუბლის ზონასთან შეერთებას. კიდევ კარგი, ეს კაპიტულანტური იდეა მაშინ არც ხელისუფლებამ გაიზიარა და არც საზოგადოებამ, თორემ ძნელი წარმოსადგენი არ არის, ახლა რა მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა საქართველო არა მარტო ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური თვალსაზრისითაც.
ჩვენ მაშინ სხვა გზა ავირჩიეთ - გაცილებით რთული, მძიმე, მაგრამ ერთადერთი სწორი გზა: შემოვიღეთ ეროვნული ვალუტა, დავაფუძნეთ დამოუკიდებელი ფინანსური სისტემა. სწორედ ამ დამოუკიდებლობამ უზრუნველყო ამჟამად ფინანსური სისტემის სტაბილურობა ისეთ ვითარებაში, როდესაც რუსეთის ფინანსური სისტემა ძირფესვიანად შეირყა. ამჟამად ლარის კურსი მყარია, სტაბილურია, თუმცა, ყოველი შემთხვევისათვის, მაინც ვიღებთ დამატებით ზომებს, რათა ლარი კიდევ უფრო განმტკიცდეს და უეჭველად დამკვიდრდეს საქართველოს ყველა რეგიონში როგორც ერთადერთი საგადამხდელო საშუალება. ეს ერთ-ერთი გზაა საქართველოს მეზობლად განვითარებულ მოვლენათა, ფინანსურ კატასტროფასთან ნეგატიური შედეგების თავიდან აცილებისათვის.
როგორც მოგეხსენებათ, შექმნილია და ფუნქციონირებს მთავრობის საგანგებო კომისია ქვეყნის პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, რომელმაც თვალყური უნდა ადევნოს ქვეყნის გარეთ თუ ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებს, უზრუნველყოს ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება.
აქვე მინდა შევეხო ერთ თემას ჩვენი მოქალაქეების საყურადღებოდ: დღეს საქართველოში ბანკებს გარეთ მიმოქცევაშია 600-700 მილიონი დოლარი, აგრეთვე, დიდი ოდენობით ეროვნული ვალუტა. ჩემი კეთილი რჩევა იქნებოდა ყველა მოქალაქის მიმართ, ვისაც დანაზოგი ან თავისუფალი ფულადი სახსრები აქვს, გამოიყენოს ბანკების შესაძლებლობანი და შეიტანოს თანხა საბანკო სისტემაში. ამჟამად, საბედნიეროდ, უკვე გვაქვს მყარი და სტაბილური საბანკო სისტემა, რომელსაც შეუძლია უზრუნველყოს შესაბამისი დივიდენდების მიღება და სათანადოდ დაიცვას კიდეც თანხა თუნდაც მცირედი ინფლაციისაგან. მოგეხსენებათ, მცირედი ინფლაცია თვით ყველაზე მყარ ვალუტებსაც კი ახასიათებთ. ამდენად, ეს ხელსაყრელია მოქალაქეთათვის და ხელსაყრელია სახელმწიფოსთვისაც. საჭიროა, ფინანსთა სამინისტრომ, ეროვნულმა ბანკმა გააძლიერონ მუშაობა მოსახლეობაში თანხების საბანკო სისტემაში მოსაზიდად, თვით ბანკებშიც (ეს, პირველ რიგში, ეროვნულ ბანკს ეხება) ყველაფერი უნდა იღონონ იმისათვის, რომ მოსახლეობას შეუქმნან ანაბრების განთავსების იდეალური პირობები. ამ შემთხვევაში, ბანკებსაც ექნებათ საშუალება, დღეს ყოვლად გაუმართლებელი, უმაღლესი საპროცენტო განაკვეთებიდან (ვგულისხმობ კრედიტებს) გადავიდნენ ნორმალურ საპროცენტო განაკვეთზე. ამით მოსახლეობაც მოიგებს, საბანკო სისტემაც, და ეკონომიკაც ახალ სტიმულს შეიძენს.
- ზუგდიდში განხორციელებული ტერორისტული აქტის შემდეგ კვლავ ვრცელდება ჭორები, რომ უახლოეს მომავალში ძალისმიერი მინისტრები გათავისუფლდებიან თანამდებობიდან, რომ ხელისუფლება უძლურია იღონოს რაიმე ტერორის შესაჩერებლად და ასე შემდეგ. რამდენად სამართლიანია ეს მოსაზრებანი?
- ზუგდიდის ტრაგიკული, სისხლიანი ინციდენტის შემდეგ, როგორც საერთოდ გვჩვევია, ზოგიერთებმა დაიწყეს განტევების ვაცის ძებნა. რომ, აი, კონკრეტული დამნაშავე, მან ვერ შეძლო, ვერ მოახერხა, უნდა დაისაჯოს, მოიკვეთოს და ასე შემდეგ. ყველასათვის ცნობილია, რომ ჩვენ საკადრო ცვლილებების არ გვეშინოდა და არც გვეშინია. საკმაოდ რადიკალური ნაბიჯებიც გადავდგით ამ მიმართულებით არცთუ ისე დიდი ხნის წინათ, მაგრამ ყველა პროცესს რაციონალური საფუძველი უნდა ჰქონდეს. მხოლოდ პოპულიზმისათვის, მხოლოდ ვიღაცის გულის მოსაგებად არც ერთი ნაბიჯის გადადგმა არ შეიძლება. საკადრო ცვლილებას მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს აზრი, თუ დარწმუნებული ხარ, რომ ახალი კადრი წინამორბედზე უკეთ გაუძღვება საქმეს, იმ ამოცანების გადაწყვეტას, ესოდენ სიმწვავით რომ დგას ჩვენ წინაშე. აქ საქმე მხოლოდ ამა თუ იმ ხელმძღვანელის ერთგულება როდია, მე არც მათს პროფესიონალიზმში მეპარება ეჭვი, ამიტომ არ მივიღე ემოციური გადაწყვეტილება 29 აგვისტოსა და 9 თებერვლის ტერაქტების შემდეგ. დარწმუნებული ვარ, ბატონები ჯემალ გახოკიძე, კახა თარგამაძე, ავთანდილ იოსელიანი, ჯამლეთ ბაბილაშვილი ყველაფერს იღონებენ დამნაშავეთა გამოსავლენად, მათი ადგილსამყოფლის დასადგენად და, როგორც იტყვიან, დღის სინათლეზე გამოსათრევად. თუ, რასაკვირველია, ისინი კვლავ ისეთ ადგილას არ მიიმალნენ, სადაც ჯერჯერობით საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს ხელი არ მიუწვდებათ.
ამრიგად, „ძალისმიერი ხელმძღვანელების მიმართ“ მკაცრ გადაწყვეტილებათა მიღებას არ ვჩქარობ, სიმკაცრესაც მოზომვა და გონიერება უნდა. არ შეიძლება ადამიანი, მინისტრი მუშაობდეს მუდმივი შიშის, მოლოდინის ვითარებაში, რომ მას დღეს თუ არა ხვალ უეჭველად დაითხოვენ სამსახურიდან და ა.შ. ასეთი გნიასი ძალიან ცუდ ზეგავლენას ახდენს იმ სახელმწიფოებრივ სისტემებზე, რომელთაც ყველაზე მეტად სჭირდებათ სტაბილურობა ნორმალურ ფუნქციონირებისათვის. მეტი პატივისცემა და სიფხიზლე, ფაქიზი მიდგომა გვმართებს იმ ადამიანების მიმართაც, რომლებიც საფრთხეში აგდებენ სიცოცხლეს დამნაშავეობისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისას.
ამასთანავე, მე კატეგორიულად არ ვეთანხმები იმ აზრს, თითქოს ტერორისტული აქტები საქართველოში ხელისუფლების სისუსტეზე მეტყველებდეს, რომ, თუ ხელისუფლებას არ ძალუძს მათი პროფილაქტიკა, თავიდან აცილება, იგი სუსტი ხელისუფლებაა და სხვა.
ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა დამთავრდს ასეთი პროვინციული, არაკომპეტენტური აზროვნების ეპოქა საქართველოში! მიმოვიხედოთ, რა ხდება ჩვენს ირგვლივ. რამდენიმე დღის წინათ ჩვენსავით პატარა ისრაელში ანალოგიური ტრაგედია დატრიალდა - ხალხმრავალ ადგილას ტერორისტთა გადამალული ნაღმი აფეთქდა. ამ ქვეყანაში ეს მწარე სინამდვილეა და არცთუ იშვიათია ამგვარი ექსცესები. არადა, ისრაელის სპეცსამსახური (მოსადი), საყოველთაო აღიარებით, ერთ-ერთი უძლიერესია მსოფლიოში, ხოლო ისრაელის სახელმწიფო ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად, ტერორისტული აქტების პროფილაქტიკისათვის ლამის მთელი საქართველოს ბიუჯეტის ტოლ თანხას ხარჯავს ყოველწლიურად. მიუხედავად ამისა, მაინც ვერ ხერხდება ტერორისტული აქტების თავიდან აცილება.
ზოგიერთი არაკომპეტენტური პოლიტიკანი ამაზეც შემედავება: რატომ ადარებთ საქართველოს ისრაელს? კი, მაგრამ, გაუგებარია, რატომ არ უნდა შევადარო? იქნებ ვინმეს ჰგონია, რომ საქართველო ნაკლებად რთულ გეოპოლიტიკურ რეგიონში იმყოფება ან უფრო იოლი სახელმწიფოებრივი პრობლემები აქვს? ამდენად, ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად მთელი საზოგადოების, მთელი ქვეყნის შეკავშირებაა საჭირო, თორემ, თუ ყოველი მძიმე დანაშაულის შემდეგ მინისტრები თანამდებობიდან გავათავისუფლეთ, ამით სწორედ იმას გავაკეთებთ, რაც მტერს უნდა, - შევარყევთ უმნიშვნელოვანეს სახელმწიფოებრივ სტრუქტურათა სტაბილურობას. დარწმუნებული ვარ, ზუგდიდის ტერაქტის ერთ-ერთი მიზანი ესეც იყო, მაგრამ ამ პროვოკაციას არ ავყვებით. ტერორისტები და მათი მხარდამჭერნი კი საკადრის პასუხს უეჭველად მიიღებენ.
- გასულ კვირას თქვენ შეიწყალეთ ნუგზარ მოლოდინაშვილი, მას ეპატია დარჩენილი 3 წელი და 9 თვე. ეს ფაქტი მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა განსაკუთრებული ყურადღების საგანი გახდა და სენსაციად იქნა აღქმული. რამ განაპირობა თქვენი გადაწყვეტილება და მოსალოდნელია თუ არა მსგავსი პრეცენდენტები მომავალში?
- ნუგზარ მოლოდინაშვილის ვადამდე გათავისუფლებაში, ვფიქრობ, განსაკუთრებული არაფერია. საქართველოს პრეზიდენტს კონსტიტუციით მინიჭებული აქვს მსჯავრდადებულთა შეწყალების უფლება. ეს უფლება წარსულშიც ბევრჯერ გამომიყენებია და მომავალშიც ვაპირებ მის გამოყენებას. მხოლოდ ბოლო ორი წლის განმავლობაში პრეზიდენტმა 2500-ზე მეტი მსჯავრდადებული შეიწყალა. მათი აბსოლუტური უმრავლესობა ოჯახებს დაუბრუნდა და პატიოსნად ცხოვრობს.
არაერთხელ მითქვამს: ჩვენ ავირჩიეთ ეროვნული თანხმობის კურსი და ამ კურსს არ გადავუხვევთ. ოპონენტებთან კონსტრუქციული დიალოგი, პლურალიზმი, აზრის თავისუფლება ჩვენი საზოგადოების მამოძრავებელი ძალა უნდა გახდეს.
შერიგებისა და თანხმობის პროცესში დიდი როლი უნდა შეასრულოს საზოგადოებრიობამ, ადამიანის უფლებათა დამცავმა ინსტიტუტებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა.
ნუგზარ მოლოდინაშვილის საკითხის განხილვისას მე მხედველობაში მივიღე საქართველოს სახალხო დამცველის, ბატონ დავით სალარიძისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, ქალბატონ რუსუდან ბერიძის შუამდგომლობა, გავითვალისწინე შეწყალების საკითხთა კომისიის წინადადება და მივიღე გადაწყვეტილება. თუ ეს აქტი წაადგება ნუგზარ მოლოდინაშვილს, მის ოჯახს, ახლობლებს, რათა ყოფილი პატიმარი დაუბრუნდეს საზოგადოებას, დაიწყოს მშვიდი, სრულფასოვანი ცხოვრება, მაშასადამე, კიდევ ერთხელ გაამართლა „შერიგების პოლიტიკამ“, რომელიც წამოვიწყეთ საზოგადოებრიობის მხარდაჭერით და კვლავაც გავაგრძელებთ სხვადასხვა დროს მსჯავრდებულ სხვადასხვა დაჯგუფების წევრთა მიმართ. შერიგება არ ეხება მხოლოდ ეგრეთ წოდებულ „ზვიადისტებს“ თუ მხოლოდ ეგრეთ წოდებულ „მხედრიონელებს“ - იგი საყოველთაო უნდა იყოს და იქნება კიდეც.
საქინფორმი.
„საქართველო გულწრფელად ისწრაფვის ევროპისაკენ, რათა საბოლოოდ შეუერთდეს მას ზნეობრივ და პოლიტიკურ ღირებულებათა საერთო სისტემის საფუძველზე“ : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 31 აგვისტოს რადიოინტერვიუ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 1 სექტემბერი. - №223 (2923). - 1,2 გვ.
![]() |
32 „მეზობელ ქვეყნებში დატრიალებული ვერანაირი ფინანსური ქარიშხალი ლარს ვერაფერს დააკლებს“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
7 სექტემბრის რადიოინტერვიუ
- ჩვენი ინტერვიუს დამთავრებისთანავე, თქვენ მიემგზავრებით ბაქოში, სადაც იწყება „ტრასეკას“ პროექტის მონაწილე ქვეყნების უმაღლესი დონის სამიტი. ამდენად, დღევანდელ რადიოინტერვიუში, ალბათ, უმნიშვნელოვანეს ფაქტებსა და თემებს შევეხებით, მათ შორის, რუსეთში მიმდინარე ეკონომიკური კრიზისის ფონზე ყველა პოსტსაბჭოურ ქვეყანაში გამოწვეულ ერთგვარ ფინანსურ მერყეობას და გუშინ და გუშინწინ საქართველოშიც ამის მცდელობას, რადგან, როგორც ამ სფეროში კარგად გარკვეული პირები აცხადებენ, ეს პროცესი, აშკარად მართვადი იყო... - ჟურნალისტ ნატო ონიანის თხოვნით, ამ თემაზე საუბრით დაიწყო თავისი ტრადიციული ორშაბათის რადიოინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ:
- მინდა ერთხელ კიდევ ვაცნობო ჩვენს მოქალაქეებს: გუშინ საღამოს შეიკრიბა საგანგებო საფინანსო კომისია, რომელიც პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, შეიქმნა უმალვე, როგორც კი ზოგიერთ მეზობელ ქვეყანაში, განსაკუთრებით რუსეთში გამწვავდა ფინანსური კრიზისი. როგორი ფორმისა და მასშტაბისაა ეს კრიზისი, ამაზე არ შევჩერდები, რადგანაც თითქმის ყველა სატელევიზიო პროგრამა გადმოსცემს ინფორმაციას. კომისიაში შედიან ის თანამდებობის პირები, რომელთაც ეკისრებათ პასუხისმგებლობა საქართველოში ფინანსური სტაბილურობისათვის.
დაწვრილებით განხილვისა და ანალიზის შემდეგ ჩვენ იმ დასკვნამდე მივედით, რომ არ არსებობს ამჟამად ლარის კურსის დაცემის არანაირი ეკონომიკური საფუძველი. როგორც ჩანს, უმთავრესია ფსიქოლოგიური ფაქტორი, ვინაიდან, რეალურად საქართველოს ეროვნული ვალუტა საკმაოდ მყარ ეკონომიკურ საფუძველზე დგას. მაგრამ, სამწუხაროდ, გამოჩნდნენ ადამიანები (და არა მარტო ფინანსური სპეკულანტები, არამედ ცალკეული პიროვნებანიც პოლიტიკანთა წრეებიდან), რომლებიც ცდილობენ შექმნან ხელოვნული აჟიოტაჟი. მათს დემაგოგიას ხელისუფლებამ უნდა დაუპირისპიროს არა რიტორიკა ან ასეთივე დემაგოგია, არამედ ეკონომიკური ბერკეტები. ხელოვნურად ატეხილი აურზაური სულ მალე ჩაცხრება, უფრო სწორად, უკვე ჩაცხრა - ამ დილით ნორმალური მდგომარეობაა, საამისოდ კი დაუყოვნებლივ უნდა ამოქმედდეს, როგორც მინიმუმი, სამი ეკონომიკური ფაქტორი: პირველი და უმთავრესი ბიუჯეტის კუთვნილი გადასახადების გადახდაა, ბიუჯეტმა უნდა მიიღოს ის, რაც ეკუთვნის. მე კატეგორიულად მოვითხოვ, რომ ყველა ორგანომ, რომელთაც ევალებათ მკაცრი ღონისძიებების განხორციელება არაგადამხდელთა მიმართ, სწორედ ახლა გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა კანონიერი საშუალება, რათა აკრიფონ გადასახადი და, ბოლოს და ბოლოს, კანონის მთელი სიმკაცრით დასაჯონ ისინი, ვინც გადასახადს უმალავს სახელმწიფოს და ამით პრობლემებს უქმნის ქვეყანას ხელფასების, პენსიებისა და დახმარების გაცემის თვალსაზრისით. შესაბამისი თხოვნით მივმართავ, აგრეთვე, სამხარეო ადმინისტრაციათა ხელმძღვანელობას, გამგებლებს, მერებს, განსაკუთრებით, თბილისის მერს, რომელმაც (აგვისტოს მონაცემებით) გარკვეულწილად უკვე შეძლო გარდატეხის შეტანა სიტუაციაში. ასეთივე შედეგებს მიაღწიეს ბევრმა რაიონმა, ქალაქმა, სამხარეო ხელმძღვანელებმა.
მეორე აუცილებელი და კარდინალური ღონისძიებაა ლარის ერთადერთ საგადასახადო საშუალებად გამოცხადების შესახებ კანონის უთუო შესრულება. სამწუხაროდ, ეს კანონი არ სრულდება, რაც ბევრ უსიამოვნებას იწვევს ხოლმე.
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ნებისმიერი ანგარიშსწორებისას ლარი არის ერთადერთი კანონიერი საგადასახადო საშუალება. სამწუხაროდ, ბოლო ხანს შეიმჩნევა მიმოქცევაში უცხოური ვალუტის ხვედრითი წილის სერიოზული ზრდა. აღურიცხავი უცხოური ვალუტის უკონტროლო ბრუნვა წარმოშობს მთელ რიგ ნეგატიურ მოვლენებს, რომლებიც უკავშირდება ჩრდილოვანი ეკონომიკის ზრდის, სახელმწიფო შემოსავლის დამალვის ფაქტებს, და საერთოდ, ფინანსურ ანარქიას იწვევს. ეს უარყოფითი ტენდენცია უახლოეს მომავალში უნდა აღმოიფხვრას კანონის მთელი სიმკაცრით. არა მარტო სასურსათო საქონელი, არამედ ბინები, ავტომანქანები, აგარაკები, მიწის ნაკვეთები მხოლოდ და მხოლოდ ლარზე უნდა იყიდებოდეს. რაკი შეგონება არ ჭრის, ამის უზრუნველსაყოფად სხვა ღონისძიებანი იქნება საჭირო, მაგრამ ჩვენ უეჭველად მივაღწევთ ლარის სრულ გაბატონებას, დიახ, საბოლოო გაბატონებას საქართველოს ფინანსურ ბაზარზე. მით უმეტეს, რომ ამჟამად, ლარის გარდა, სხვა ვალუტით ოპერირებისათვის არანაირი ეკონომიკური აუცილებლობა არ არსებობს. მეტად საგულისხმოა, რომ ფულის შავ ბაზარზე დიდი რაოდენობით გაჩნდა ყალბი უცხოური ვალუტა. ყველაფერი ეს ისე ერთდროულად მოხდა, თითქოს ფოკუსირებული იყო ერთ მომენტში. მხოლოდ ის მოქალაქენი იქნებიან დაზღვეული სხვადასხვა ბინძურ მაქინაციებში მოხვედრისა და ყალბი ვალუტის შეძენის და გამოყენების შედეგად დაზარალებისაგან, რომლებიც თავიანთ დანაზოგს ბანკებში განათავსებენ. ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ მხოლოდ ბანკი იყოს, ასე ვთქვათ, შუამავალი სახელმწიფოსა და მეანაბრეს შორის. და კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო: სახელმწიფოს მიაჩნია, რომ იგი კისრულობს გარკვეულ ვალდებულებებს ბანკების სტაბილურობისათვის და თუ რომელიმე ბანკს გაუჭირდა, სათანადო დახმარებასაც გაუწევს ხოლმე.
და მესამე: საბანკო სისტემის გარეთ მიმოქცევაში არსებული უცხოური ვალუტისა და ლარის ბანკებში მოზიდვა, გადამცვლელი პუნქტებისა და საბაჟო სამსახურის მუშაობის ყოველმხრივ გააქტიურება - ყველა ამ ღონისძიების განხორციელება მოგვცემს სრულ გარანტიას, რომ მეზობელ ქვეყნებში დატრიალებული ვერანაირი ფინანსური ქარიშხალი ლარს ვერაფერს დააკლებს. ამიტომაც, მე ვთხოვ მოსახლეობას, არ აჰყვეს ჭორებს, რომლებსაც ხშირ შემთხვევაში, სპეციალურად ავრცელებენ, ხოლო ზოგიერთი მოღვაწე, თანამდებობის პირი უფრო მეტად უნდა დაუკვირდეს და მოზომოს განცხადებები, რათა ნებსით თუ უნებლიეთ, არ ავნონ ქვეყანას.
გუშინ, როგორც გითხარით, გვიანობამდე ვმუშაობდით, შემდეგ შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი ბატონ ვაჟა ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით, რომელიც ყოველდღიურად გამოიკვლევს მიმდინარე პროცესებს და მიიღებს შესაბამის ზომებს. ძალიან აქტიურად მუშაობენ ამ დღეებში ეროვნული ბანკი და მისი ახალი პრეზიდენტი, ბატონი ირაკლი მანაგაძე. ალბათ, ბევრმა ტელემაყურებელმა და რადიომსმენელმა მოუსმინა მას წუხელ. ამ დილით მისგან მივიღე ინფორმაცია, რომ ლარის მდგომარეობა სავსებით ნორმალურია. დღეს კიდევ სავალუტო ბირჟაზე, დარწმუნებული ვარ, ეროვნული ბანკი თავის სიტყვას იტყვის.
განსაკუთრებით დამამშვიდებელი და დამაიმედებელი მაინც ის გარემოებაა, რომ საწვავის, ძირითადი სასურსათო პროდუქტების ფასები თითქმის არ შეცვლილა. ზოგიერთი პროდუქტი კიდეც გაიაფდა უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც. ესეც ეკონომიკური სტაბილურობის უაღრესად მნიშვნელოვანი ინდიკატორია. არსებობს სხვა რესურსებიც - ეროვნული ბანკის რეზერვები. ახლა არ ვასახელებ, რამდენზეა ლაპარაკი. ეს საკმაოდ სოლიდური სახსრებია იმისათვის, რომ არ დავუშვათ რაიმე გაუგებრობა ამ სფეროში. საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციებიც კვლავინდებურად მზად არიან დაგვეხმარონ, ვინაიდან ხედავენ, რომ საქართველო არ ცდილობს რთული პრობლემების იოლი და ილუზორული გზებით გადაწყვეტას.
თუ საქმე ისე წარიმართა, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ლაპარაკი ზედმეტია საქართველოში ლარის დევალვაციაზე, ლაპარაკი ზედმეტია რაღაც დიდ ემისიაზე, ვინაიდან ეს გამოიწვევს მხოლოდ და მხოლოდ ინფლაციას. გუშინ და გუშინწინ საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ, თუნდაც მცირე დროით, თუნდაც მიზერულად, მაგრამ მაინც იგრძნო უკვე დავიწყებული ინფლაციის სუსხი და მოგვეცა საშუალება გაგვეხსენებინა, რა საშინელება და უბედურებაა ინფლაცია, როდესაც საქონელი ყოველდღიურად, ყოველსაათობით ძვირდება. ამის დაშვება წამოუდგენელია და ამას არც დავუშვებთ. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ მიკროსკოპული რყევა იყო იმასთან შედარებით, რაც 1992-93 წლებში ხდებოდა, მაგრამ მე მოვუწოდებ ყველა მოქალაქეს, ჩაუფიქრდეს იმას, - რა ელის, თუ მხარს დაუჭერს იმ ძალებს, რომლებიც ჩვენგან მოითხოვენ უარი ვთქვათ მკაცრ ფულად-საკრედიტო პოლიტიკაზე, რომლებსაც სურთ ფულადი ემისიის ანუ ინფლაციის ხელახალი აფეთქება, - არა გუშინდელი, არამედ ასჯერ და ათასჯერ უფრო დიდი მასშტაბით.
რამდენიმე სიტყვა გასული კვირის ძირითად ეკონომიკურ ტენდენციებზე: მთავრობის სხდომაზე განვიხილეთ მიწათსარგებლობაში არსებული საკანონმდებლო ბაზის შემდგომი სრულყოფის საკითხები. დამუშავების პროცესშია კანონპროექტები არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვის, განკარგვისა და განსახელმწიფოებრიობის შესახებ. მათი დროული მიღება მეტად საშური საქმეა სარგებლობასა და საკუთრებაში ამგვარი მიწების გამოყოფის მექანიზმების საბოლოოდ დასაკანონებლად, მიწის ბაზრის ჩამოსაყალიბებლად და ქვეყნის ეკონომიკაში ინვესტიციების მოსაზიდად.
რაკი სასოფლო-სამეურნეო პრობლემატიკას შევეხე, აქვე უნდა ვთქვა: წელს არნახულმა გვალვამ, შეიძლება ითქვას, გადაწვა ქვეყანა. მადლობა ღმერთს, ბოლო დღეებში მოწვიმა, ამიტომ, ყველა, ვისაც კი შესაძლებლობა აქვს, ყველაფრით უნდა დაეხმაროს ჩვენს გლეხკაცს, რომელიც წვიმის შემდეგ უეჭველად გავა, აბსოლუტური უმრავლესობა უკვე გავიდა ველზე, მინდორში, ვენახში საკუთარი და ქვეყნის სარჩოს გადასარჩენად.
რაც შეეხება საბიუჯეტო შემოსავალს: მიცემულ დავალებათა შესრულებისათვის განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, საგადასახადო ინსპექციამ, ბოლო პერიოდში საბიუჯეტო შემოსავლის გარკვეულ ზრდას მიაღწია. თქვენ იცით, ეს საკითხი არაერთხელ განვიხილეთ საგანგებო სხდომაზე და გარკვეული ძვრებიც მოხდა. კერძოდ, აგვისტოს ბოლო კვირაში ინსპექციამ აკრიფა 15 მილიონი ლარი ანუ ფაქტობრივად იმდენივე, რამდენიც თვის პირველ 25 დღეში. ამის შედეგად, განვლილ თვეში მთლიანად ინსპექციამ ბიუჯეტში გადარიცხა 33 მილიონი ლარი, რაც წინა წლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, ყველა თვესთან შედარებით მაღალი მაჩვენებელი, მაშინ როცა ცნობილია, რომ აგვისტო თავისი სამეურნეო, ეკონომიკური თუ ფინანსური საქმიანობით ყველაზე უფრო „მკვდარი“ თვეა. აქედან, ცენტრალურ ბიუჯეტში გადარიცხულია 17 მილიონი ლარი. ეს მონაცემიც წელს საუკეთესოა. აგვისტოს შემოსავლის გათვალისწინებით, წლის დამდეგიდან საგადასახადო ინსპექციამ სულ აკრიფა 213 მილიონი ლარი, ანუ შარშანდელზე 17 პროცენტით მეტი. ინსპექციის უპირველესი ამოცანაა, დააჩქაროს ბოლო ხანს მიღწეული ეს ტემპი, რათა მაქსიმალურად იყოს კომპენსირებული წლის დასაწყისიდან საგეგმო დავალებათა შესრულებაში დაშვებული ჩამორჩენა.
8 თვეში, საბაჟოდან ბიუჯეტში გადაირიცხა 140 მილიონი ლარი ანუ შარშანდელზე 20 პროცენტით მეტი. ამასთან, საგეგმო დავალებათა შესასრულებლად, ბოლო დროს მდგომარეობის გარკვეული გაუმჯობესების მიუხედავად, მუშაობის გააქტიურება აქაც აუცილებელია. მით უმეტეს, რომ აგვისტოში გამოიკვეთა ნავთობპროდუქტებისა და თამბაქოს დაბეგვრის შედეგად მიღწეული შემოსავლის ზრდის დადებითი ტენდენცია, რომელსაც გაღრმავება და გაძლიერება სჭირდება. და კიდევ ერთი: ყველას, განსაკუთრებით ამ ორი სამსახურის საყურადღებოდ მინდა ვთქვა, რომ მხედველობაში მყავს საბაჟო და საგადასახადო სამსახურები. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ მომავალი წლიდან ორივე სამსახურს მაღალეფექტიანი და შედეგიანი საქმიანობის დიდი სტიმულები შევუქმნათ. მხედველობაში მაქვს არა მარტო მორალური, არამედ სერიოზული ფინანსური და მატერიალური სტიმულებიც, რათა მათ მიზნად დაისახონ, მიაღწიონ დიდ ეფექტსა და დიდ შედეგებს თავიანთ საქმიანობაში.
- გასულ კვირას, თქვენ შეხვდით გაეროს ლტოლვილების საქმეთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელს, ბატონ სორენ-იესენ პეტერსენს. საუბარი შეეხო აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან ლტოლვილთა მშობლიურ სახლებში დაბრუნებას. ეს იყო თქვენი შეხვედრის მთავარი თემა...
- მე ადრე არ მქონია საშუალება, გამომეთქვა ჩემი აზრი ამ თემაზე და ახლა უნდა ვთქვა, რომ მართლაც ძნელია გადაჭარბებით შეაფასო გაეროს ამ სამსახურის, მისი საქართველოს განყოფილების ძალისხმევა იძულებით ადგილნაცვალ პირთა დასახმარებლად. რამდენიმე წლის წინათ დაწყებული ეს პროცესი დღესაც გრძელდება, რაც იმით გამოიხატება, რომ დევნილებს ამარაგებენ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებით, საშენი მასალებით, მიმდინარეობს მათთვის საცხოვრებელი სახლების გადაცემა, სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტების აღდგენა და სხვა მრავალი.
ამჟამინდელი მდგომარეობის დეტალური შესწავლის საფუძველზე შედგება დახმარების ახალი პროგრამები. შექმნილი სიტუაციის გამო აუცილებელია გაიზარდოს დახმარების, სარეაბილიტაციო პროგრამების მასშტაბები და შეიქმნას დევნილთა ნორმალური გამოზამთრების პირობები. უმაღლესი კომისარიატის პროექტების მოცულობის გაზრდას შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს სამხრეთ ოსეთში (ცხინვალის ზონაში) დევნილთა დაბრუნების პროცესის დასაჩქარებლად. მით უმეტეს, რომ წელს გაჩნდა ამ პროცესის გაძლიერების რეალური საფუძველი, რასაც დამატებითი ფინანსური სახსრები სჭირდება.
ამასთანავე, კომისარიატის მიერ დასახული სტრატეგიული დახმარების გეგმა ჰუმანიტარული დახმარებიდან უფრო სტაბილური ტიპის დახმარებაზე გადასვლასაც ითვალისწინებს. განხორციელდება დევნილი მოსახლეობის დასაქმების პრობლემის გადაწყვეტის გრძელვადიანი პროექტები და სხვა მრავალი. როგორც სტუმრებმა აღნიშნეს, მათი სამსახური მზად არის, უსაფრთხოების გარანტიის პირობებში, ამ დახმარების გასაწევად.
კიდევ ერთხელ, ჩემი ხალხის სახელით, დიდ მადლობას მოვახსენებ გაეროს ლტოლვილების საქმეთა კომისარიატს ამ ფასდაუდებელი დახმარებისა და თანადგომისათვის.
ნათქვამს მინდა დავძინო, რომ ლტოლვილ მოსახლეობაზე ზრუნვა, დახმარების გაძლიერება, ყველასათვის კარგად ცნობილი პრობლემებისა და იმ სიძნელეების მიუხედავად, დღეს რომ განიცდის ქვეყანა, კვლავაც უფრო დიდი მასშტაბით და უფრო მეტი ეფექტიანობით გაგრძელდება.
- გასულ კვირას, სახელმწიფო მინისტრი ვაჟა ლორთქიფანიძე სოხუმში შეხვდა აფხაზთა ლიდერებს, კერძოდ, არძინბას. რა შეფასებას მისცემდით საკოორდინაციო საბჭოს გასული კვირის სხდომას?
- საერთოდ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომას დადებითად ვაფასებ, რადგან კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ჟენევის პროცესი, რომელზეც ძალიან დიდ იმედებს ვამყარებდით და ვამყარებთ, აქტიურად მიმდინარეობს მეგობარი ქვეყნების ჯგუფის მონაწილეობით. სწორედ ამ პროცესის ფარგლებში უნდა შემუშავდეს აფხაზეთის კონფლიქტის საბოლოო მოწესრიგების კონცეფცია და მიღწეულ იქნეს მოწესრიგება-მოგვარება. ჟენევის პროცესი შეძლებისდაგვარად უნდა დაჩქარდეს. მით უმეტეს, რომ რუსეთის ფინანსური კრიზისის გამო, ამჟამად, აფხაზეთში, შეიძლება ითქვას, უმძიმესი მდგომარეობაა შექმნილი. თქვენ იცით, რომ აფხაზეთი სამანეთო ზონაშია და ყველაფერი, რაც ამ ზონისათვის არის დამახასიათებელი, მკვეთრად გამოიკვეთა აფხაზეთის პირობებში. რა თქმა უნდა, ჩვენ ვწუხვართ, მაგრამ, საუბედუროდ და სამწუხაროდ, მოკლებული ვართ შესაძლებლობას, დახმარება გავუწიოთ იქ დარჩენილ მოსახლეობას - ყველას, იქნებიან ეს აფხაზები თუ ქართველები (რაღაც უმნიშვნელო ნაწილი), რუსები, ებრაელები, სომხები თუ სხვები და სხვები. მაგრამ ეს ეკონომიკური მხარეა. არსებობს კიდევ პოლიტიკური მხარე. გაეროში ამერიკის წარმომადგენელმა, ქალბატონმა სოდერბერგმა ვლადისლავ არძინბასთან შეხვედრისას ბევრი ისეთი, ძალიან საყურადღებო განცხადება გააკეთა, რომლებიც ყველამ უნდა გაითვალისწინოს და გაიცნობიეროს, და, რა თქმა უნდა, უწინარესად, აფხაზთა ლიდერებმა. ჯერჯერობით ამ განცხადებებს ოფიციალურად არ ვაქვეყნებთ, მაგრამ ამერიკის ხელისუფლების პოლიტიკური პოზიცია ჩვენთვის კიდევ უფრო თვალნათელი გახდა. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ „მეგობართა ჯგუფის“ თითოეული წევრი სახელმწიფო, განსაკუთრებით რუსეთი, ძალ-ღონეს არ დაიშურებენ, ქართველთა და აფხაზთა შერიგების პროცესის დასაჩქარებლად. ასეთი შესაძლებლობა, ასეთი პერსპექტივა, ახლა გაცილებით მეტია, ვიდრე ოდესმე ყოფილა.
- დღეს, თბილისში ებრაელთა დამკვიდრების 26-საუკუნოვანი იუბილისადმი მიძღვნილი დღეები იხსნება. თქვენ ახლა აფხაზეთზე საუბრობდით და მახსოვს, ისრაელში თქვენი ვიზიტის დროს, ქართველ ებრაელობას შეხვდით და იქ ბევრი აფხაზეთიდან ლტოლვილი იყო. მათი პირველი კითხვა ასეთი გახლდათ: როდის დავბრუნდებით აფხაზეთშიო, რადგან, ისინიც ამას ისევე ელოდებოდნენ, როგორც დანარჩენი საქართველო ელოდება. რა თქმა უნდა, ვგულისხმობ, იქიდან ლტოლვილებს...
- სხვათა შორის, უნდა გითხრათ, რომ აფხაზეთში ებრაელობა აღარ დარჩა. როდესაც ებრაელების გასვლა დაიწყო საქართველოდან, ყველაზე ნაკლები ქართველი ებრაელი აფხაზეთიდან წავიდა, რადგან იქ ცხოვრების სხვა პირობები იყო მაშინ. სამწუხაროდ, იმ ეთნოწმენდის ორომტრიალს, რომელიც დატრიალდა აფხაზეთში, ბევრი ებრაელი შეეწირა კიდეც და, როგორც წესი, მთლიანად ებრაელობამ დატოვა აფხაზეთი. და ეს ტკივილი უნდა გვახსოვდეს.
რაც შეეხება დღევანდელ დღეს და ამ ღონისძიებებს, ტრასეკას სამიტიდან დაბრუნებისთანავე, აქტიურად ჩავერთვები და მონაწილეობას მივიღებ ამ ბრწყინვალე, ძალიან ორიგინალური დღესასწაულის პროგრამით გათვალისწინებულ თითქმის ყველა ღონისძიებაში ისრაელის პრემიერ-მინისტრთან ბატონ ნეთანიაჰუსთან ერთად, რომელიც ამ დღეებში გვესტუმრება, ძალიან ბევრი გულთბილი სიტყვა მაქვს სათქმელი ჩვენი ძმების - ქართველი ებრაელებისათვის, ისევე, როგორც პატივცემული სტუმრებისათვის ისრაელიდან, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ამჯერად კი, მხოლოდ მივესალმები მათ სიყვარულით: გამარჯობათ, შალომ, ძვირფასო მეგობრებო!
საქინფორმი.
„მეზობელ ქვეყნებში დატრიალებული ვერანაირი ფინანსური ქარიშხალი ლარს ვერაფერს დააკლებს“ : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 7 სექტემბრის რადიოინტერვიუ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 8 სექტემბერი. - №230 (2930). - 1,2 გვ.
![]() |
33 „ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფანი ყველასთვის ღიაა და ყველასთვის მუშაობს“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა ტრასეკას მონაწილე ქვეყნების ბაქოში 1998 წლის 8 სექტემბერს გამართულ სამიტზე
პატივცემულო ბატონო თავმჯდომარე,
პატივცემულო კოლეგებო,
ბატონებო,
თანამშრომლობისა და განვითარების ერთიანი მაგისტრალი ჩვენი საერთო არჩევანია. დღეს ამას დავაფიქსირებთ ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის შესახებ მრავალმხრივ შეთანხმებაში. ტრასეკას პროექტი რეალიზაციის ახალ მძლავრ იმპულსს შეიძენს. განხორციელებისათვის მას ექნება აგრეთვე მონაწილე ქვეყნების მაღალ დონეზე ჩამოყალიბებული სამართლებრივი საფუძველი, და ყოველივე ეს იმის თქმის საშუალებას გვაძლევს, რომ ევრაზიის სივრცეში წარმოიშვა სტაბილურობისა და ინტეგრაციის კიდევ ერთი ცენტრი.
ძნელია ჯეროვნად შეაფასო ამ აქტის მნიშვნელობა, რომელსაც მე ახალი აბრეშუმის გზის შეთანხმებას ვუწოდებ.
ახალი აბრეშუმის გზა რიტორიკა როდია. ეს არის მრავალმხრივი ინტერესების ჰარმონიული შერწყმის, მათი ურთიერთგათვალისწინებისა და თანაბარი პატივისცემის იდეა და სახე. ეს არის ერთი გუნდის სიმბოლო, რომელიც მსოფლიო პრაქტიკიდან განდევნის ეგრეთ წოდებული დიდი თამაშის მტაცებლურ ჩვევებს, და ბოლოს, ეს არის აქტუალური მეხსიერება ხალხთა თანამშრომლობის ისტორიული მაგისტრალისა, რომელიც ვერ შეწყვიტა ომებმა და კონფლიქტებმა.
ნება მიბოძეთ დავიმოწმო ძველი გეოგრაფიული რუკები, - ისინიც მეტად აქტუალურია დღეს. ჩემთვის, მაგალითად, აქტუალურია რუკა, რომელზეც ვხედავ ჩემს ქვეყანას. უზენაესის მიერ ნაბოძები მდებარეობის მეოხებით იგი იყო და კვლავ არის ძირითადი დამაკავშირებელი რგოლი დიდი აბრეშუმის გზაზე. მისი ერთ-ერთი მონაკვეთი აღწევდა კასპიის ზღვის დასავლეთ ნაპირს, კვეთდა მას, და შემდეგ, კავკასიასა და შავ ზღვას, და ბოლოს, ჯეიჰანის გავლით მიემართებოდა შუამდინარეთისაკენ. ამ გზაზე საკვანძო პუნქტი იყო აფშერონი, ის გეოგრაფიული წერტილი, რომელშიც დღეს შეიყარა ჩვენი გზები, და რომელიც ჩვენი მისწრაფებების შეხების წერტილი გახდა.
არც ეს არის რიტორიკა, ეს გახლავთ ფაქტის კონსტატაცია: ბაქომ, აზერბაიჯანმა, მისმა აღიარებულმა ლიდერმა, პრეზიდენტმა ჰეიდარ ალიევმა ყველაფერი იღონეს, ზოგჯერ კი შეუძლებელიც შეძლეს, რათა ბაქოს სამიტი გამართულიყო, ახალი აბრეშუმის გზის შესახებ კი ბაქოს შეთანხმება დადებულიყო.
ეს არის ჩვენი ერთობლივი ინიციატივა და მე, როგორც მისი თანაავტორი, ვამაყობ, რომ ჰეიდარ ალიევთან ერთად შევძელი მიმეღწია მისი რეალიზაციისათვის.
დიდი აბრეშუმის გზის პირველმკვალავებს ათწლეულები დასჭირდათ, რათა აბრეშუმით დატვირთული ქარავნებისათვის გაეკვალათ გზა ჩინეთის ლიანგიდან ხმელთაშუა ზღვის ქალაქებამდე.
მეოთხედი საუკუნე მოანდომა ამ გზაზე მოგზაურობას ევროპელმა მარკო პოლომ.
მინიმალურ ისტორიულ დროში შეძლო ჩვენი ხანის კოლექტიურმა ევროპელმა - ევროკავშირმა - აეღორძინებინა იდეა და აღედგინა ახალი აბრეშუმის გზა ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის პროექტში.
ახლა მაგონდება 1990 წლის სექტემბერი, ვლადივოსტოკი, სადაც საერთაშორისო კონფერენციაზე - „აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი: დიალოგი, უშიშროება, თანამშრომლობა“ - ჩვენ პირველად ჩამოვაყალიბეთ ტრანსევრაზიური მაგისტრალის აღორძინების იდეა. შემდეგ იყო შეხვედრები ევროკავშირის შტაბბინაში, სადაც ეს იდეა პირველად გახდა მსჯელობის საგანი, რის შემდეგაც იგი გადაიყვანეს საექსპერტო-საპროექტო დამუშავების სტადიაში. დღეს კი, ახალი აბრეშუმის გზა, რომელიც აკავშირებს დასავლეთსა და აღმოსავლეთს, ჩრდილოეთსა და სამხრეთს, ევროპასა და აზიას, რეალობად იქცევა.
ალბათ, ჩვეულებრივ თავაზიანობად არ უნდა მივიჩნიოთ მადლიერების გამოხატვა იმათ მიმართ, ვინც სიცოცხლის შანსს გაძლევთ. მერწმუნეთ, არც ეს არის რიტორიკა. რადგან იმდროინდელ ვითარებაში, როცა ისახებოდა ევროპის სატრანსპორტო, ან სხვა ქსელებთან ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოების მიერთების იდეა, ჩვენ გაძლებისა და გადარჩენის სხვა საყრდენი არ გვქონია. არ იყო გამოკვეთილი პერსპექტივა, რომ აღარაფერი ვთქვათ უკვე ჩვენს ადგილზე თანამედროვე მსოფლიოში, რომელიც დაგვეხმარებოდა საჭირო და სასარგებლო გავმხდარიყავით მისთვის.
ევროკომისიისა და ვეროპის ქვეყნების მაღალი რანგის წარმომადგენელთა სახით სულითა და გულით ვუხდი მადლობას ევროკავშირს ახალი აბრეშუმის გზის გაკვალვისათვის.
ძველი გზა კვეთდა ოშს, ხოროგს, კაშგარს, სამარყანდს, ბუხარას, სერახსსა და ცენტრალური აზიის სხვა პუნქტებს, რათა შემდეგ თავის ქსელში ჩაება შავი და კასპიის ზღვების აუზები, კავკასია, გასულიყო ტრაპიზონთან და კურსი აეღო რომისაკენ, აგრეთვე, მოეცვა ბალკანეთის სახელმწიფოები და სხვები. ერთი სიტყვით, იგი მოიცავდა ტრასეკას პროექტის აქ წარმოდგენილ ყველა მონაწილე ქვეყანას.
მივესალმები აქ მყოფ დელეგაციებს და განსაკუთრებულ კმაყოფილებას გამოვხატავ იმის გამო, რომ ჩვენს ფორუმში მონაწილეობს სომხეთის წარმომადგენლობითი დელეგაცია, რაც ჩვენთვის, ყველასთვის, ძალზე სასიკეთო ნიშანია.
ცივი ომის დამთავრების შემდეგ, ბევრი ჩვენი სახელმწიფო ურთულეს პირობებში იწყებდა არსებობას. მკაცრმა ეკონომიკურმა კრიზისმა, საშინაო და სახელმწიფოთაშორისმა კონფლიქტებმა და ამის შედეგად ტრადიციული სატრანსპორტო არტერიების ტრომბოზმა, რომელიც გაამძაფრა ზოგიერთი მონოპოლისტი ქვეყნის მისწრაფებამ კომუნიკაციებისა და ტრანზიტის დარგში ეკარნახათ კაბალური პირობები, გვაიძულა ალტერნატიული გზები გვეძებნა.
ვეძებეთ და ვიპოვეთ. ვიპოვეთ არა მარტო ალტერნატიული გზები, არამედ - და ეს მთავარია - გარკვეული თვალსაზრისით ჩვენი პოლიტიკური და ეკონომიკური დამოუკიდებლობის ღერძიც. შანსი იმისა, რომ გაგვეუმჯობესებინა მისი სასტარტო პირობები და მიგვეღო სხვების თანაბარი განვითარების შესაძლებლობები, მოგვეგვარებინა რეგიონული და სარეგიონთაშორისო თანამშრომლობა, და, რაც მთავარია, მოგვეპოვებინა ევროპისა და მსოფლიოს ბაზრებზე გასვლის საშუალება.
ამასთან დაკავშირებით, ნება მიბოძეთ, კვლავ ძველი რუკა მოვიშველიო. მე მასზე ვხედავ გზის მონაკვეთსაც შავი ზღვიდან აზოვის ზღვამდე, რომელიც შემდეგ მიემართებოდა კასპიის ჩრდილოეთისაკენ, ასტრახანისაკენ... სხვაგვარად რომ ვთქვათ, დიდი აბრეშუმის გზა ყოვლისმომცველი იყო. ასეთად შეიძლება იგი იქცეს დღესაც. სურვილი იყოს და ტრასეკას პროექტში ადგილი ყველას ეყოფა. ამჟამად კონფლიქტებით დახშული მაგისტრალების გახსნა, - მხედველობაში მაქვს აფხაზეთი, - რუსეთს, უზარმაზარი სატრანსპორტო-სატრანზიტო პოტენციალის ქვეყანასაც მისცემს საშუალებას ჩაებას დიდი აბრეშუმის გზის ქსელში.
სამწუხაროა, რომ ესწრაფვიან მსოფლიოს გავლენის სფეროებად დაყოფის იდეოლოგიისა და მათი ძალისმიერი დამკვიდრების დოქტრინების რეანიმაციას. ამავე დროს იმოწმებენ ამერიკის „აბრეშუმის გზის სტრატეგიის“ კანონპროექტს, როგორც, ვიღაცის ოდინდელი ინტერესების სფეროში დასავლეთის შეჭრის მაგალითს. პირადად მე პროექტების, კაპიტალებისა და ტექნოლოგიების შეჭრას ვამჯობინებ მოიერიშე ავიაციებისა და ერთბაში ცეცხლის სისტემების გამოყენებით ექსპანსიებს, რაც საკუთარ თავზე გამოვცადეთ ზოგიერთ ძალზე ცხელ წერტილში.
„ძირითადი მრავალმხრივი შეთანხმება“ - ახალი აბრეშუმის გზის შეთანხმება ღიაა ნებისმიერი სახელმწიფოს შეერთებისათვის, რომლის სატრანსპორტო ქსელს ტექნოლოგიური კავშირი აქვს შეთანხმების მონაწილეთა სატრანსპორტო ქსელებთან. მით უმეტეს, ღიაა იგი რუსეთისთვის, რომელთანაც შეთანხმების მონაწილეთა უმრავლესობას მარტო ტექნოლოგიური ურთიერთობა როდი აკავშირებს.
ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფანი ყველასთვის ღიაა და ყველასთვის მუშაობს. უკვე დღეს იმ ქვეყნების რაოდენობამ, რომელიც ამ გზით ახორციელებს ტვირთზიდვას, ორმოცდაათს მიაღწია. დღევანდელი შეთანხმების ხორცშესხმა გაზრდის ტვირთმზიდველთა რიცხვს და ტვირთის ნაკადის მოცულობებს. არ შემიძლია განსაკუთრებით არ აღვნიშნო და არ მივესალმო დიდი აბრეშუმის გზის თაობაზე იაპონიის მთავრობის პროგრამას, აგრეთვე, იმ ინტერესს, რომელსაც ჩინეთის მთავრობა იჩენს საუკუნის ამ პროექტისადმი. ჩვენ უნდა დავაჩქაროთ და გავაღრმავოთ ეროვნული სატრანსპორტო სისტემების სამართლებრივი და ინსტიტუციური საფუძვლების ჰარმონიზაციის პროცესი. მოვახდინოთ საბაჟო და სატარიფო ნორმების უნიფიცირება, მივუახლოვოთ ისინი საზღვარგარეთის მოწინავე ანალოგებს, უფრო მიმზიდველი, კონკურენტუნარიანი გავხადოთ ისინი. საქმე ეხება იმას, რომ ახალი აბრეშუმის გზა თავისუფალი იყოს ხელოვნური ბარიერებისაგან და მუშაობდეს როგორც ნამდვილად ერთიანი სისტემა თავის მთელ სიგრძეზე ევროპიდან აზიამდე. ჩვენთან, საქართველოში დიდ იმედებს ვამყარებთ ფოთისა და ბათუმის სარკინიგზო-საბორნე ტერმინალებზე, რომელთა დამთავრების შემდეგ დერეფნის ინტეგრაცია ევროპის სატრანსპორტო ქსელში ჩვენთვის ყველასათვის რეალობად იქცევა. მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს, აგრეთვე, გზის ფანტასტიკური შესაძლებლობები ტურიზმის, სამეცნიერო და კულტურული კონტაქტების, უბრალოდ, ადამიანური ურთიერთობის განვითარებაში. სხვათა შორის, ქართველი კინემატოგრაფისტები აპირებენ ფილმის გადაღებას ყოველივე ამის შესახებ. ვფიქრობ, რომ მათი კოლეგებიც მიიღებენ მონაწილეობას ამ მნიშვნელოვან საქმეში.
ჩვენი საერთო გზა გადის ევრაზიის გიგანტურ კონტინენტზე, სადაც მოხდა ბოლო ათწლეულის ყველაზე მნიშვნელოვანი ძვრები, სადაც წარმოიქმნა მეტი წილი ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოები და სადაც თავმოყრილია ყველაზე დიდი მატერიალური და ადამიანის რესურსები, ენერგოშემცველების ყველაზე მნიშვნელოვანი წყაროები და მარაგი. სწორედ ეს კონტინენტი განსაზღვრავს კაცობრიობის ტონუსს ოცდამეერთე საუკუნეში, და ამიტომ აქვს ასეთი მნიშვნელობა იმას, რომ ჩვენი მაგისტრალი მთელი სიმძლავრით ამოქმედდეს და მწვანე შუქი აუნთოს ჩვენი საერთო პროგრესის ლოკომოტივებს.
არ შემიძლია გარკვეული სიამაყით არ აღვნიშნო, რომ ჰეიდარ ალიევთან ერთად, აზერბაიჯანთან ერთად საქართველო დღევანდელი თათბირის, დღევანდელი შეხვედრის ინიციატორია.
გმადლობთ ყურადღებისათვის.
„ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფანი ყველასთვის ღიაა და ყველასთვის მუშაობს“ : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა ტრასეკას მონაწილე ქვეყნების ბაქოში 1998 წლის 8 სექტემბერს გამართულ სამიტზე // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 9 სექტემბერი. - №231 (2931). - 1,2 გვ.
![]() |
34 პროცესი, რომელიც XXI საუკუნისა და ქრისტეს აქეთ მესამე ათასწლეულისკენ მიემართება |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის მისალმება და სიტყვა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე „თბილისი-იერუსალიმი-2“ 1998 წლის 8 სექტემბერს
ბატონებო და ქალბატონებო!
ძვირფასო საზღვარგარეთელო სტუმრებო!
მე მივესალმები საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას „თბილისი-იერუსალიმი-2“, რომელიც ისრაელ-საქართველოს მეგობრობის 2600 წლისთავის ზეიმის პროგრამით იმართება.
ამ კონფერენციაზე მსოფლიოში ცნობილი მეცნიერები განიხილავენ იუდაიზმისა და ქრისტიანობის, თორამცოდნეობისა და ბიბლეისტიკის, საქართველო-ისრაელის ურთიერთობათა მეცნიერულ პრობლემებს და ეს სამეცნიერო ფორუმი კულტურათა დიალოგის შესანიშნავი ნიმუშია.
მე მივესალმები ამ კონფერენციის ორგანიზატორებს: საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას, მასთან არსებულ ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ასოციაციას, რომელსაც დაარსებიდან 10 წელი შეუსრულდა, საქართველოს ებრაელთა ეთნოგრაფიულ მუზეუმს, იერუსალიმის ბენ-ცვის სახელობის აღმოსავლეთის ქვეყნების ისტორიის ინსტიტუტს, ამერიკის ებრაელთა გაერთიანებული კომიტეტის („ჯოინთის“) წარმომადგენლობას კავკასიაში, ყოველთა ქართველთა მსოფლიო კონგრესს, უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან კულტურული კავშირის საქართველოს საზოგადოებას, ამ კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტს და მის თავმჯდომარეს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტს, გამოჩენილ ქართველ მეცნიერს ანდრია აფაქიძეს.
იმედია, რომ საერთაშორისო კონფერენციების „თბილისი-იერუსალიმი“ გამართვის ტრადიცია, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა XX საუკუნეში, XXI საუკუნეშიც გაგრძელდება.
მისალმებასთან ერთად მინდა ორიოდე სიტყვა მოგახსენოთ ქართველთა და ებრაელთა მეგობრობის 26-საუკუნოვან იუბილეზე, საქართველო-ისრაელის ისტორიულ და თანამედროვე ურთიერთობებზე, მომავლის პერსპექტივაზე.
ქართველები მადლობელი ვართ ებრაელი ხალხისა, რომელმაც თავისთვის შექმნა მსოფლიო-ისტორიული მნიშვნელობის რელიგია - იუდაიზმი, ხოლო კაცობრიობას, და, მაშასადამე, ქართველებსაც მისცა მამაღმერთი, იესო ქრისტე, ბიბლია, სახარება და ამით საფუძველი ჩაუყარა მსოფლიო ქრისტიანულ ცივილიზაციას.
„ქართლის ცხოვრება“ იუწყება, რომ ბაბილონის მრისხანე მეფის ნაბუქოდონოსორის დროს, როდესაც ებრაელი მოსახლეობა ტყვედ წაიყვანეს ბაბილონს, - საქართველოში, მცხეთაში, ზანავში დაემკვიდრა ებრაელთა პირველი დიასპორა.
ეს იყო 26 საუკუნის წინათ, ქრისტეს დაბადებამდე 600 წლით ადრე.
ქართველთა და ებრაელთა 26-საუკუნოვანი დღესასწაულის გამართვის იდეა მე დამებადა რამდენიმე წლის წინათ ისრაელში ყოფნის დროს, როცა გავეცანი მსოფლიო ებრაელობის კოშმარული კატასტროფის ამსახველ ექსპონატებს, ისტორიულ საბუთებსა და მასალებს, რომლებიც ებრაელი ერის ჯვარცმას და აპოკალიფსს ასახავდნენ.
ისტორიული გზა - ნაბუქოდონოსორიდან ფაშიზმამდე, ისრაელის სახელმწიფო აღორძინებამდე, რომლის 50-ე წლისთავი წელს მთელ მსოფლიოში აღინიშნა, - იყო ებრაელი ხალხისთვის, - თორას, თალმუდის შემქნელი ხალხისთვის, - გოლგოთისა და ჯვარცმის გზა.
ეს ისტორიის მიზნისა და საზრისის სატანური გაგებისა და ისტორიის ბნელი და ირაციონალური ძალების ზეობის შედეგი იყო.
დღეს 26-საუკუნოვანი მეგობრობის იუბილეს აღნიშნავენ ქართველი და ებრაელი ერები, ბიბლიისა და „ვეფხისტყაოსნის“ შემქმნელი ხალხები, მოსეს, დავითის, სოლომონ ბრძენის, სპინოზას, აინშტაინისა და პეტრე იბერის, რუსთაველის, დავით აღმაშენებლის, თამარის, ილია ჭავჭავაძის ერები.
ებრაულ-ქართულ უნიკალურ ურთიერთობათა ისტორია არ იცნობს ანტისემიტიზმს, დარბევებს, რასაც ადგილი ჰქონდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, პირიქით, საქართველოში ათასწლეულების მანძილზე ეს ურთიერთობა ეფუძნებოდა და ეფუძნება ჰუმანიზმს, ტოლერანტიზმს, კულტურათა დიალოგის, ხალხთა მეგობრობის და ძმობის იდეებს და ჩვენ ვამაყობთ ამით.
ჩვენ დავამტკიცეთ, რომ 26 საუკუნის მანძილზე ასეთი რამ შესაძლებელი ყოფილა! ეს კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთი უნიკალური გამოვლინებაა და, ვფიქრობ, ამ პრობლემის ფართო და ღრმა მეცნიერული კვლევა ბევრს შესძენს საქართველოს ისტორიას, ისრაელის ისტორიას, მსოფლიო ისტორიას, ისტორიის ფილოსოფიას, ეთნოლოგიას, კონფლიქტოლოგიას, სამართლის ისტორიას, სამართლის ფილოსოფიას, პოლიტოლოგიას და მრავალ სხვა მეცნიერებას.
მე მახსენდება მსოფლიო აზროვნების ტიტანის ლევ ტოლსტოის სიტყვები მისი თხზულებიდან: „რა არის ებრაელი?“
„ებრაელი - წმინდა არსებაა, რომელმაც ციდან მუდმივი ცეცხლი მოიპოვა და გაანათა მიწა და მასზე მცხოვრებნი. იგი წყაროა, რომლიდანაც დანარჩენმა ხალხებმა რელიგია და რწმენა აიღო.
ებრაელი - კულტურის პირველაღმომჩენია...
ებრაელი - თავისუფლების პირველაღმომჩენია...
ებრაელი - მოქალაქეობრივი და რელიგიური შემწყნარებლობის სიმბოლოა. „გიყვარდეს უცხოელი, - გვმოძღვრავდა მოსე, - ვინაიდან თავადაც უცხოელი იყავი ეგვიპტის ქვეყანაში“.
შეუძლებელია ისეთი ხალხის მოსპობა, ვინც ვერავითარმა ხოცვა-ჟლეტამ, წამებამ ვერ გაანადგურა; ვერც ცეცხლმა და ინკვიზიციის მახვილმა შეძლო აღეგავა პირისაგან მიწისა, ვინც პირველმა აღიარა ღვთის სიტყვა, ვინაც ასე დიდხანს ინახავდა წინასწარმეტყველებას და გადასცა იგი მთელ კაცობრიობას. ებრაელი უკვდავია, იგი მარადისობის განსახიერებაა“.
ლევ ტოლსტოის ამ სიტყვებში ჭეშმარიტება ღაღადებს.
საქართველოში თორმეტი სინაგოგაა - და ეს რიცხვი თორმეტი მეტად მრავლისმეტყველია ებრაელთა სამოქალაქო და სასულიერო ისტორიისთვის, რადგანაც თორადან და ბიბლიიდან (ძველი აღთქმიდან) ვიცით, რომ ებრაელი ერი იშვა მამამთავარ იაკობის (ანუ ისრაელის, ვის სახელსაც ატარებს დღევანდელი ისრაელის სახელმწიფო) 12 შვილიდან, რომლებმაც 12 ებრაული ტომი შექმნეს. დღეს ეს ისტორიული თორმეტი ტომი ისეთ ძლიერ ერად იქცა ერეც-ისრაელისა და მსოფლიო დიასპორაში, რომ კაცობრიობას აკვირვებს თავისი გენიით, უნიკალური ეროვნული თვისებებით პოლიტიკასა და ეკონომიკაში, მეცნიერების, განათლების, კულტურის, ტექნიკისა და ტექნოლოგიების ყველაზე ურთულეს და უახლეს დარგებში.
თორა მეორედ ითარგმნა ქართულად და ამას წინათ გამოიცა იერუსალიმში.
ვსარგებლობ შემთხვევით და დიდი მადლობა უნდა მოვახსენო თორას ქართულ ენაზე მთარგმნელებს და იერუსალიმში ქართულ ენაზე გამომცემლებს აბრამ მამისთვალოვს, თამარ მამისთვალოვ-კეზერაშვილს, გერშონ ბენორენს (წიწუაშვილს).
ეს ღირსშესანიშნავი ისტორულ-კულტურული მოვლენაა. თორა სჭირდება არა მხოლოდ სინაგოგას და მის მრევლს - ქართველ ებრაელობას, არამედ ყველა ქართველს, რადგანაც ის შეიცავს იმ ციურ სიბრძნეს, რომელიც დედამიწაზე სინაის მთაზე გადასცა მოსეს თავად მამაღმერთმა.
ყველა ქართველმა, ისევე როგორც ყოველმა ებრაელმა, მოსეს ათი მცნება: „არა კაც ჰკლა“, „არა იპარო“, „არა იმრუშო“ და ა.შ. „თორადან“ და „ძველი აღთქმიდან“, სინაის მთიდან მიიღო.
სინაის წმიდა მთასთან ქართველებს გვაკავშირებს არა მხოლოდ თორა და ძველი აღთქმა, არამედ დიდი სამეცნიერო მოღვაწეობაც. სინაის საღვთო ქართული ხელნაწერები ცნობილია მსოფლიო სამეცნიერო წრეებში. განსაკუთრებით დიდია ამ მხრივ საქართველოს, ისრაელის, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიებისა და უნივერსიტეტების, საპატრიარქოს სასულიერო აკადემიის როლი.
ჩვენ, ქართველები და ებრაელები ძმები ვართ, ისეთი ძმობა გვაქვს, როგორსაც გვასწავლის მოსეს რჯული და ქრისტეს მცნება. ეს რჯულიც და ეს მცნებაც - ორივე ისრაელიდან, აღთქმის მიწიდან, ქართველთა ღმერთის მიწიდან მოდის და სანამ ჩვენ ვუერთგულებთ მოსეს რჯულს და ქრისტეს მცნებას, უსათუოდ გავიმარჯვებთ.
მე მსოფლიოს 70-მდე ქვეყანაში ვყოფილვარ, თითქმის ყველგან მინახავს ებრაული სინაგოგები, მაგრამ ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ისრაელის, კერძოდ, იერუსალიმისა და თელ-ავივის სინაგოგებმა, ისრაელის მუზეუმებში წარმოდგენილმა მსოფლიოს 80-ზე მეტი ქვეყნის სინაგოგების არქიტექტურულმა მაკეტებმა.
კარგი იქნება თუ თელ-ავივის მუზეუმებში ქართული სინაგოგის არქიტექტურულ მაკეტსაც ვიხილავთ ამ ზეიმის შემდეგ.
მე მორწმუნე ქრისტიანი ვარ, მაგრამ უდიდესი სიამოვნებით გამოვდივარ იუდაისტურ სინაგოგაში. ტოლერანტიზმი და რელიგიური შემწყნარებლობა დიდმა დავით აღმაშენებელმა გვიანდერძა ქართველებს.
საქართველოს ებრაელობას თავისი გამორჩეული წვლილი შეაქვს საქართველოს სახელმწიფოებრიობის, სოციუმის, მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების, ეკონომიკისა და ფინანსების, დიდი, მცირე და საშუალო ბიზნესის, მენეჯმენტის განვითარებაში.
ჩვენს ისტორიაში იყო მოსეს ბიბლიური გზანი წამებისანი, დავითის მეფობის ჰეროიკა და ძლევამოსილება, სოლომონის სიბრძნე და ქებათა ქების მაღალი პოეზია, ერემიას გოდება, იოანეს აპოკალიფსისი, სინაის მთის ნათება, თორას სასწაული და ბიბლიის ღვთაებრივი სინათლე, ღმერთის უსასრულო ნათელი...
შოთა რუსთაველი „ვეფხისტყაოსანში“ ახსენებს ეზრას, იოსებ ფლავიუსი „იუდეის ომში“ და „ებრაელთა სიძველენში“- ქართველური ტომების ცხოვრებაზეც წერს...
დიდი წვლილი შეაქვს ქართული კულტურის განვითარებაში ქართულენოვან ებრაელ მწერლებს, მეცნიერებს, ხელოვნების მოღვაწეებს.
მე მხოლოდ რამდენიმე მაგალითს დავასახელებ.
ცნობილია გერცელ ბააზოვის „იცკა რიჟინაშვილი“, „ფეთხაინი“, სხვა მნიშვნელოვანი ნაწარმოებები.
მთელი საქართველო შეძრა საქართველოს პარლამენტის წევრის ჯემალ აჯიაშვილის მიერ ქართულად ბრწყინვალედ თარგმნილმა შუა საუკუნეების ებრაულმა პოეზიამ, გაზეთ „მენორას“ და ჟურნალ „თეატრისა და ცხოვრების“ მთავარი რედაქტორის, ცნობილი მწერლის გურამ ბათიაშვილის პიესებმა, მათ შორის პიესამ „ვალი“, რომელიც ქართველ ებრაელთა ისტორიულ სამშობლოში - ისრაელში დაბრუნებას ეძღვნება, მისმა რომანმა „თუ დაგივიწყო იერუშალაიმ“. მეტად პოპულარულია ხალხში მწერალ გიორგი ხუხაშვილის ნაწარმოებები, კომპოზიტორ ჯემალ სეფიაშვილის მუსიკა და სხვა.
საქართველოში გამოდის ებრაული გაზეთი „მენორა“, თელ-ავივში ქართულენოვანი გაზეთი „ალია საქართველოდან“, ქართულენოვანი ჟურნალები „ალიონი“, „დროშა“ და სხვა.
ჩვენი მეგობრობის ფესვები უძველესია და უკვდავია. დიდმა ქართველმა მეცნიერმა, აკადემიკოსმა ს. ყაუხჩიშვილმა შექმნა მრავალტომიანი ნაშრომი „გეორგიკა“. ამას წინათ ისრაელში გერშონ ბენ-ორენმა შექმნა „ებრაული გეორგიკა“. ეს არის ეპოქათა და თაობათა გადაძახილი. „ებრაული გეორგიკა“ - ეს არის ებრაულ ენაზე საქართველოს შესახებ საუკუნეების მანძილზე გამოქვეყნებული ნაწარმოებების ანალიტიკური, მეცნიერული ბიბლიოგრაფია.
აკადემიკოსმა კოტე წერეთელმა შექმნა „ებრაული ენის სახელმძღვანელო“.
ისრაელში, პალესტინაში (იმ მხარეს, დღეს ღაზის სექტორი რომ ეწოდება) V საუკუნეში მოღვაწეობდნენ უდიდესი ქართველი ფილოსოფოსი პეტრე იბერი, მსოფლიო არეოპაგიტიკის მამა და მისი ქართველი მოძღვარი - იოანე ლაზი, იერუსალიმში იყო და არის ქართველთა ორი ისტორიული მონასტერი: ჯვრის მონასტერი, რომელშიც აღმოსავლური რენესანსის ქართველი გენია - შოთა რუსთაველი განისვენებს, და ლაზთა მონასტერი, რომელიც იტალიელმა არქეოლოგმა კორბომ აღმოაჩინა.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი და სხვა სამეცნიერო ცენტრები დიდ მუშაობას ეწევიან ებრაული ენის, ისტორიისა და კულტურის კვლევის დარგში.
ქართული ეროვნული ენციკლოპედია ფართოდ აშუქებს ებრაული ენის, რელიგიისა და ისტორიის საკითხებს.
საქართველოში ფუნქციონირებს ებრაული მუზეუმი, ებრაულ ენას ასწავლიან სკოლებში, კოლეჯებში, ლიცეუმებში, უნივერსიტეტებში.
მას აქეთ, რაც საქართველო დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო გახდა, ისრაელსა და საქართველოს შორის ხელი მოეწერა ბევრ ხელშეკრულებას, დეკლარაციას, შეთანხმებას, მათ შორის ხელშეკრულებებს ინვესტიციების, ტელე-კომუნიკაციების, განათლების, მეცნიერების, კულტურის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და სხვა დარგებში. ბევრი ხელშეკრულება მზადდება ხელმოსაწერად.
1995 წლის ივნისში ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოს მეთაურის ოფიციალური ვიზიტის დროს შევქმენით სამართლებრივი ბაზა ორი სახელმწიფოს ურთიერთობისთვის თანამედროვე ეტაპზე, რომელიც ცხოვრების ყველა სფეროს მოიცავს.
1998 წლის 14 იანვარს ისრაელში ჩემი ვიზიტის დროს იერუსალიმში ხელი მოეწერა საქართველოს პრეზიდენტისა და ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრის ერთობლივ დეკალარაციას ორი სახელმწიფოს ურთიერთობის პრინციპების შესახებ.
დეკლარაციაში დადებითი შეფასება მიეცა 5 წლის მანძილზე პოლიტიკურ, სავაჭრო, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა სფეროებში გაწეულ საქმიანობას.
საქართველოსა და ისრაელში გაიხსნა და ნაყოფიერად ფუნქციონირებენ დიპლომატიური წარმომადგენლობები, საელჩოები.
1998 წელს დაიდო ხელშეკრულება ქ. თბილისსა და ქ. იერუსალიმს შორის თანამშრომლობის შესახებ.
იერუსალიმური დეკლარაციის იდეები პრაქტიკულად ხორციელდება ცხოვრებაში.
დღეს ჩვენ ხელი მოვაწერეთ ახალ, თბილისურ დეკლარაციას. ეს მეტად მნიშვნელოვანი დოკუმენტია ორი ქვეყნის მომავალი ურთიერთობის სრულყოფის თვალსაზრისით.
საქართველო-ისრაელის ურთიერთობა დინამიკურად ვითარდება მრავალ სფეროში, მაგრამ განსაკუთრებით ეკონომიკის, ფინანსების, საგარეო ვაჭრობის, დიდი, საშუალო და მცირე ბიზნესის დარგში.
შემთხვევითი არ იყო, რომ ფილოსოსფოსი კანტი ვაჭრობას, კომერციას, ეკონომიკურ ურთიერთობებს მიიჩნევდა მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშემწყობ ფაქტორად.
ისრაელი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ეკონომიკური პარტნიორია. საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან პირდაპირი ინვესტიციების სახით ისრაელმა საქართველოს ეკონომიკაში ათეულობით მილიონი აშშ დოლარი დააბანდა. ისრაელი საქართველოში დაბანდებულ უცხოურ ინვესტიციათა მოცულობის მიხედვით პირველ ადგილს ინარჩუნებს.
ისრაელთან საქართველოს ურთიერთობების პერსპექტივები დიდია ენერგეტიკაში, ტრანსპორტის დარგში, კავშირგაბმულობის დარგში, მრეწველობის დარგში, სოფლის მეურნეობაში, მსუბუქი მრეწვლობის დარგში, ტურიზმისა და კურორტების დარგში.
არის მთელი რიგი სხვა პროექტები.
ევროკავშირი და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები მუშაობენ ტრასეკას - ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის შესაქმნელად, კავკასია-ევრაზიის საერთო ბაზრის ჩამოსაყალიბებლად, მსოფლიო აბრეშუმის ისტორიული გზის ასაღორძინებლად.
ეს XX-XXI საუკუნეების უდიდესი პროექტებია.
ტრასეკა - აღორძინებული დიდი აბრეშუმის გზა გაივლის საქართველოზე, კავკასია-ევრაზიის საერთო ბაზარი, - რომელიც ყალიბდება ევროპის საერთო ბაზრის მოდელის მიხედვით, - ასევე საქართველოს უშუალო მონაწილეობით ყალიბდება.
ამ სფეროში ამოუწურავია ისრაელ-საქართველოს ურთიერთობათა შესაძლებლობანი.
დიდი წვლილი შეიტანეს იუბილეს მომზადებაში საქართველოსა და ისრაელის მეცნიერებათა აკადემიებმა, თბილისის, იერუსალიმისა და თელ-ავივის უნივერსიტეტებმა, საქართველოსა და ისრაელის ბიზნესმენებმა, მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების მოღვაწეებმა, ახალგაზრდულმა ორგანიზაციებმა, არასამთავრობო სტრუქტურებმა.
თელ-ავივში ნაყოფიერად მუშაობს ისრაელ-საქართველოს მეგობრობის შოთა რუსთაველის სახელობის საზოგადოება.
საჭიროა საქართველოშიც დავაარსოთ საქართველო-ისრაელის მეგობრობის საზოგადოება.
დიდად მახარებს ის გარემოება, რომ გადაწყდა საქართველოში ისრაელის და ისრაელში საქართველოს კულტურის ცენტრების გახსნა, რაც ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის არსებული მდიდარი, მრავალსაუკუნოვანი კულტურული ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას.
„ქართლის ცხოვრების“ თანახმად, თბილისის დამაარსებელი ვახტანგ გორგასალი ყოფილა იერუსალიმში V საუკუნეში.
სიმბოლურია, რომ ქართველი ბაგრატიონები დავით მეფისა და ქრისტეს ნათესავებად თვლიდნენ თავს. 800 წლის წინათ მეფე ლაშა გიორგის სურდა თავისი დედა - საქართველოს ოქროს ხანის ერთ-ერთი უდიდესი მეფე - თამარ მეფე იერუსალიმში დაესაფლავებინა. წინააზიის ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფოს დამაარსებელი, მახვილი მესიისა - დავით აღმაშენებელი იერუსალიმში ქრისტეს საფლავის დასაცავად იღვწოდა ჯვაროსნული ომების დროს...
იერუსალიმში ქართველებმა დააარსეს ჯვრის მონასტერი. დღესაც ამშვენებს მის კედლებს ქართული ასომთავრული წარწერები და ქართული ფრესკები.
სიმბოლურია, რომ იერუსალიმში, ჯვრის მონასტერში მარხია გენიალური შოთა რუსთაველი და ისიც, რომ შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ გაპონისეული ებრაული თარგმანი ზეპირად იცის ბევრმა ებრაელმა.
ამ ფაქტს ხაზი გაესვა იუნესკოს ეგიდით თბილისში გამართულ კონგრესზეც, რომელიც კულტურათა დიალოგისა და ტოლერანტობის თანამედროვე პრობლემებს მიეძღვნა.
ასეთი უნიკალური ისტორია საფუძველს გვაძლევს საქართველო-ისრაელის დღევანდელი ურთიერთობა თანამედროვე ცივილიზაციის უმაღლესი მიღწევების დონეზე განვავითაროთ პოლიტიკისა და ეკონომიკის, მეცნიერებისა და კულტურის, ტექნოლოგიებისა და ტექნიკის, ლიტერატურისა და ხელოვნების და მთელ რიგ სხვა სფეროებში.
ეს ზეიმი იმართება საქართველოს სახელმწიფოებრიობის 3000 წლისთავის პროგრამით, რომელიც 2000 წელს ქრისტეს აქეთ, XX და XXI საუკუნეების მიჯნაზე გაიმართება.
საქართველო ფართოდ აღნიშნავს იესო ქრისტეს დაბადების 2000 წლისთავს XX საუკუნის ბოლო წელს.
დღევანდელი ჩვენი ზეიმი - ერთჯერადი ღონისძიება როდია, ეს არის პროცესი, რომელიც XXI საუკუნისა და ქრისტეს აქეთ მესამე ათსწლეულისკენ მიემართება.
ღრმა პატივისცემით,
ედუარდ შევარდნაძე.
პროცესი, რომელიც XXI საუკუნისა და ქრისტეს აქეთ მესამე ათასწლეულისკენ მიემართება : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის მისალმება და სიტყვა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე „თბილისი-იერუსალიმი-2“ 1998 წლის 8 სექტემბერს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 9 სექტემბერი. - №231 (2931). - 3 გვ.
![]() |
35 საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან არსებულ ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ასოციაციას |
▲ზევით დაბრუნება |
გულითადად მოგილოცავთ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ასოციაციის დაარსებიდან 10 წლისთავს.
სიმბოლურია, რომ თქვენი პირველი იუბილე საქართველოში ებრაელთა დამკვიდრების 2600 წლისთავს დაემთხვა.
ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ასოციაცია ბევრ ცნობილ ქართველ და ებრაელ მეცნიერსა და საზოგადო მოღვაწეს აერთიანებს და მას შესამჩნევი წვლილი შეაქვს საქართველო-ისრაელის კულტურულ ურთიერთობათა განვითარებაში.
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე „იერუსალიმი-თბილისი-2“ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან არსებულ ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ასოციაციის 10 წლისთავს არაერთი მოხსენება ეძღვნება და თვითონ ასოციაციაც არაერთი მოხსენებით წარსდგება კონფერენციის წინაშე.
ვუსურვებ თქვენს ასოციაციას ახალ წარმატებებს, სამეცნიერო აღმოჩენებს, შემოქმედებით მიღწევებს, მომავალში უფრო დიდი წვლილის შეტანას საქართველო-ისრაელის ურთიერთობათა განვითარებასა და ქართველი და ებრაელი ხალხების მეგობრობის განმტკიცებაში.
ედუარდ შევარდნაძე.
1998 წლის 7 სექტემბერი.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან არსებულ ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ასოციაციას // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 10 სექტემბერი. - №232 (2932). - 1 გვ.
![]() |
36 სახალხო დამცველის ინსტიტუტის ახალსახლობაზე დევნილთა და იძულებით ადგილნაცვალ პირთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით საქართველოს პრეზიდენტმა ახალი ინიციატივები წარმოადგინა |
▲ზევით დაბრუნება |
12 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველის - ომბუცმენის აპარატმა ახალსახლობა იზეიმა. თბილისის ძველ უბანში, სოლოლაკში, მაჩაბლის ქუჩის № 11-ში მდებარე შენობაში, რომელთანაც საქართველოს ახალი ისტორიის მრავალი პერიპეტიაა დაკავშირებული, ბინა დაიდო ჩვენი ქვეყნის ადამიანის უფლებათა უზენაესი პრინციპების დამცველმა ინსტიტუტმა.
ახალსახლობის ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე, პარლამენტის თავმჯდომარე ზურაბ ჟვანია, სახელმწიფო მინისტრი ვაჟა ლორთქიფანიძე, ხელისუფლების, ჩვენს ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო ორგანიზაციების, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. საქართველოს სახალხო დამცველმა დავით სალარიძემ მიულოცა ყველას ღირსშესანიშნავი დღე და მადლობა გადაუხადა საქართველოს სახელმწიფოს მეთაურს, მთავრობას, ქვეყნის რეგიონების ხელმძღვანელებს, ბიზნესმენებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, კერძოდ, გაეროს, ეუთოს, დონორ ქვეყნებს ომბუცმენის ოფისის მოწესრიგებაში გაწეული დახმარებისა და ამ ინსტიტუტის ეფექტიანი ფუნქციონირების ყოველმხრივ ხელშეწყობისათვის.
საქართველოში გაეროს მისიის ხელმძღვანელმა მარკო ბორზოტიმ გამოთქვა რწმენა, რომ გაეროს განვითარების პროგრამის მილიონი დოლარის ღირებულების პროექტი, რომლის მიზანია საქართველოს სახალხო დამცველის ინსტიტუტის ტექნიკური დახმარება, თავის როლს შეასრულებს ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრების, ადამიანის უფლებათა საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების დამცველი ორგანიზაციის ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მწერალთა კავშირის, საქართველოს პენ-ცენტრის და სახალხო დამცველის ინსტიტუტის ძალისხმევით ჩამოყალიბდა ომბუცმენის ბეჭდვითი ორგანო - ჟურნალი „ქომაგი“, რომლის მნიშვნელობას პრეზენტაციაზე ხაზი გაუსვა საქართველოს პენ-ცენტრის ხელმძღვანელმა დავით მაღრაძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ სახალხო დამცველის ინსტიტუტის თანამშრომლებს ახალსახლობა მიულოცა და სიტყვით მიმართა.
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა
ადამიანის უფლება-თავისუფლებათა დაცვა ჩვენს სახელმწიფოში, ისევე, როგორც ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში, პრიორიტეტად არის გამოცხადებული. მოგეხსენებათ, 1995 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კონსტიტუცია - ქვეყნის უზენაესი კანონი. კონსტიტუციის მეორე თავი „საქართველოს მოქალაქეობა, ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები“ შეესაბამება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს და ეს დადასტურებულია უცხოელი ექსპერტების მიერ.
საქართველო შეუერთდა ადამიანის უფლება-თავისუფლებათა უმთავრეს დოკუმენტებს: სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პაქტს, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა პაქტს, ქალთა უფლებების კონვენციას, ბავშვის უფლებათა კონვენციას და სხვა მრავალი. ამ დოკუმენტებთან მიერთებით საქართველოს სახელმწიფომ იკისრა ძალიან დიდი პასუხისმგებლობა.
ჩვენი ქვეყანა ინტენსიურად ემზადება ევროპის საბჭოში შესასვლელად. უკვე წელიწადია მოქმედებს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით შექმნილი კომისია, რომელიც ევროპის კონვენციასთან საქართველოს კანონმდებლობის შესატყვისების საკითხებს ამუშავებს.
ერთ-ერთი უმთავრესი ინსტიტუტი, რომელიც საქართველოში ადამიანის უფლება-თავისუფლებათა დაცვას ემსახურება, არის სახალხო დამცველის ინსტიტუტი. საქართველოს კონსტიტუციამ დაამკვიდრა ცივილიზებულ სამყაროში ძალიან გავრცელებული, ხოლო ჩვენთვის სრულიად ახალი - სახალხო დამცველის თანამდებობა.
1998 წლის იანვრიდან სახალხო დამცველის ინსტიტუტმა ფუნქციონირება დაიწყო. ვფიქრობ, რომ ქვეყანამ ეს იგრძნო. შეიქმნა სახალხო დამცველის აპარატი. ახალი ინსტიტუტის შექმნა ყოველთვის დიდ სიძნელეებთან არის დაკავშირებული. საქართველოს პირველმა სახალხო დამცველმა ბატონმა დავით სალარიძემ და მისმა თანამოაზრეებმა შეძლეს ამ სიძნელეების გადალახვა. საქართველოს პრეზიდენტი და პარლამენტი უწევენ და მომავალშიც გაუწევენ მაქსიმალურ დახმარებას ახლადშექმნილ ინსტიტუტს.
სახალხო დამცველის მუშაობაში თანდათან გამოიკვეთა საქართველოს დღევანდელი დღით განპირობებული პრიორიტეტები: სასამართლო სისტემის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ განცხადებებთან მუშაობა, ქვეყანაში გამოცხადებული ეროვნული შერიგების, ეროვნული ერთიანობის პროცესში მონაწილეობა, მეწარმეთა უფლებების დაცვა და სხვა მრავალი.
წელს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიღების 50 წლისთავი აღინიშნება. წლევანდელი წელი ადამიანის უფლებათა წლად არის გამოცხადებული და მთელი საქართველოს მასშტაბით მრავალი საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა და იმართება - სემინარები, დებატები, კონფერენციები. განხორციელდება სხვადასხვა პრაქტიკული ღონისძიებები.
მომზადებულია სახალხო დამცველის აპარატისთვის ტექნიკური დახმარების გაწევის პროექტი, რომელიც განხორციელდება საერთაშორისო ინსტიტუტების, ეუთოს, გაეროს განვითარების პროგრამის მიხედვით, მთელი რიგი დონორი ქვეყნების მონაწილეობით. მინდა აღვნიშნო, რომ სხვადასხვა ქვეყნების საელჩოები საქართველოში, საერთაშორისო ორგანიზაციები, მათი წარმომადგენლობები უდიდეს ყურადღებას იჩენენ სახალხო დამცველის ინსტიტუტის მიმართ და დიდ დახმარებას უწევენ მათ. მსურს, ქვეყნის სახელით მადლობა გადავუხადო მათ.
საქართველოში პრაქტიკულად ყველა სფეროში გრძელდება რეფორმები. ძირეულად განახლდა საკანონმდებლო ბაზა, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო მოთხოვნებს და პრინციპებს, მათ შორის, ადამიანის უფლებათა სფეროში. გარდაქმნის პროცესშია ქვეყნის სასამართლო სისტემა, რომელიც მოწოდებულია დაიცვას პიროვნების ინდივიდუალური უფლებები, მათ შორის სახელმწიფოსთან ურთიერთობაში. სასამართლოს დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა და სამართლიანობა - ადამიანის უფლება-თავისუფლებათა უმთავრესი გარანტია, თუ ჩვენ გვსურს, ვიცხოვროთ ჭეშმარიტად დემოკრატიულ საზოგადოებაში.
მე განსაკუთრებით მივესალმები სახალხო დამცველის სისტემატურ ზრუნვას ლტოლვილთა და იძულებით ადგილნაცვალ პირთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით.
ამ დღეებში ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის ქალბატონ რუსუდან ბერიძის ხელმძღვანელობით შექმნილმა ექსპერტთა ჯგუფმა, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ საგარეო საქმეთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროების, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისიის თანამშრომლები, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, წარმოადგინეს საყურადღებო წინადადებები:
- მიღებულ იქნეს საერთაშორისო აქტი (კონვენცია ან ოქმი), რომლის საფუძველზეც მოხდება დევნილთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა;
- დევნილებმა საერთაშორისო სამართლის საფუძველზე მიიღონ ისეთივე აღიარება და სტატუსი, როგორიც აქვთ ლტოლვილებს გაეროს 1951 წლის კონვენციის მიხედვით: აუცილებელია, რომ დევნილის მიერ მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დატოვებული საკუთრება აღიარებულ იქნეს, როგორც ხელშეუხებელი და ეს უნდა გააკეთოს გაერომ სათანადო დოკუმენტის მიღებით. როცა ამ თემაზე ვსაუბრობ, მხედველობაში მაქვს მიწაც, რომელსაც დევნილები ფლობდნენ.
- საერთაშორისო აქტში უნდა დაფიქსირდეს, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც დევნილი ნებაყოფლობით ბრუნდება მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე კონფლიქტის სრულმასშტაბიან მოწესრიგებამდე, იგი ხდება საერთაშორისო ორგანიზაციის დაცვის სუბიექტი. შეიქმნას მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს მისი სიცოცხლის, თავისუფლებისა და საკუთრების დაცვას ადგილობრივი (ფაქტობრივი) ხელისუფლების ნეგატიური ქმედობისაგან.
- კონფლიქტის რეგიონში ამოქმედდეს საერთაშორისო აქტის სტატუსის მქონე სტრუქტურა, რომელსაც ექნება არა მარტო სამეთვალყურეო, არამედ სამართლებრივი ფუნქციებიც. შეიქმნას ისეთი სტრუქტურაც, რომელიც დევნილთა მიმართ აღასრულებს გაეროს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისრის აღმასრულებელი კომიტეტის დასკვნებს. ეს ფუნქცია, მანდატის გაფართოების შემთხვევაში, შეიძლება შეასრულოს საქართველოში გაეროს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესმა წარმომადგენლობამ.
წინადადების საბოლოო დამუშავების შემდეგ ვაპირებ სპეციალური წერილით მივმართო გაეროს წევრი ქვეყნების ლიდერებს, ხოლო საქართველოს დელეგაცია ამ პრობლემებს მთელი სიმწვავით დააყენებს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე. ვფიქრობ, კარგი იქნებოდა, თუ ამ დელეგაციის შემადგენლობაში აუცილებლად მიიღებდნენ მონაწილეობას ქალბატონი რუსუდან ბერიძე, ბატონი დავით სალარიძე, რომლებიც იქ ამ იდეების განხორციელებისთვის იბრძოლებენ.
დღეს სახალხო დამცველის აპარატი ახალსახლობას აღნიშნავს. მინდა, სახალხო დამცველს და მის თანამოაზრეებს მივულოცო ეს დღე.
ვფიქრობ, სახალხო დამცველის ინსტიტუტი თავის ღირსეულ, მნიშვნელოვან ადგილს დაიმკვიდრებს, ხელს შეუწყობს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას, მჭიდროდ ითანამშრომლებს ადამიანის უფლებათა დაცვის ყველა სახელმწიფო სტრუქტურასთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, პოლიტიკურ ძალებთან, რასაკვირველია, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან.
ჩვენი დიდი სურვილია, სახალხო დამცველის ინსტიტუტმა სრულად გამოიყენოს კონსტიტუციით და კანონით მინიჭებული უფლებამოსილებანი და დემოკრატიული საზოგადოების უმთავრესი ღირებულების - ადამიანის უფლება-თავისუფლებათა დაცვის განხორციელების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტი გახდეს.
მე, როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, აღგითქვამთ ყოველმხრივ მხარდაჭერას, თანადგომას და ამ უმაღლესი იდეალების რეალიზაციისათვის ერთობლივ ბრძოლას.
სახალხო დამცველის ინსტიტუტის ახალსახლობაზე დევნილთა და იძულებით ადგილნაცვალ პირთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით საქართველოს პრეზიდენტმა ახალი ინიციატივები წარმოადგინა // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 13-14 სექტემბერი. - №235-236 (2936). - 1,2 გვ.
![]() |
37 „მხოლოდ საერთო თანხმობის, თანამშრომლობისა და პარტნიორობის სისტემა შეესაბამება ყველა ერისა და სახელმწიფოს, მათ შორის საქართველოს ინტერესებს“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
14 სექტემბრის რადიოინტერვიუ
- დღევანდელ რადიოინტერვიუს დავიწყებთ გასული კვირის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენით, რა თქმა უნდა, არა მარტო ჩვენთვის: ბაქოში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც ტრასეკას პროექტსა და „აბრეშუმის გზის“ აღდგენას მიეძღვნა. როგორც ხაზგასმით აღინიშნა, შევარდნაძე-ალიევის ინიციატივით გამართულმა ფორუმმა ჭეშმარიტად ისტორიული მნიშვნელობა შეიძინა. დღეს უკვე ამაზე ხმამაღლა შეიძლება ლაპარაკი, თუმცაც, სულ რაღაც რამდენიმე წლის წინათ ეს მხოლოდ პროექტი იყო... - ჟურნალისტ ნატო ონიანის თხოვნით, ამ თემაზე საუბრით დაიწყო თავისი ტრადიციული ორშაბათის რადიოინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ:
- გმადლობთ, ამ შეკითხვისათვის. მე სავსებით ვეთანხმები შეფასებას, რომ ეს იყო ისტორიული მოვლენა, ისტორიული მნიშვნელობის სამიტი არა მარტო წარმომადგენლობითი თვალსაზრისით, არა მარტო იმ ინტერესით, ევრაზიის უდიდესმა სახელმწიფოებმა რომ გამოიჩინეს - იაპონიიდან ატლანტიკამდე, - არამედ იქ მიღებული გადაწყვეტილებებითაც. ძალზე დიდ მნიშვნელობას ვანჭებ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში „აბრეშუმის გზის“ თაობაზე შემუშავებული კანონპროექტის განხილვის დაწყებას. ამ საუკუნის პროექტში ამერიკელების ჩართვა სულ სხვა მასშტაბსა და განზომილებას მატებს ამ იდეას. ფაქტობრივად, სამიტზე გაფორმდა კონკრეტული დოკუმენტები და პროექტების სახე მიეცა „ევრაზიის ხიდის“ იდეას. საყოველთაოდ ცნობილია საქართველოს, მისი ხელმძღვანელობის როლი თანამედროვეობის ამ უდიდესი პროექტის შექმნასა და განხორციელებაში.
სხვათა შორის, კარგად მახსოვს, 5-6 წლის წინათ, როდესაც ერთ-ერთ ფორუმზე პირველად ვახსენე ევრაზიის ხიდი, ზოგიერთს სკეპტიკურად ეღიმებოდა, მაგრამ მოვლენების, პროცესების განვითარებამ დაადასტურა, რომ ეს კონცეფცია თავად დრომ, ახალმა ეპოქამ მოიტანა და იგი სავსებით რეალისტურია, ამ პროექტის შედგენასაც, ამ იდეის დაბადებასა და პროექტის რეალიზაციასაც, რა თქმა უნდა, ძირითადად, ბიძგი მისცა სწორედ ცივი ომის დამთავრებამ, ევროპის განთავისუფლებამ და იმ ცვლილებებმა, რომლებიც საბჭოთა კავშირის ბაზაზე ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოების წარმოქმნასთან არის დაკავშირებული.
არ შემიძლია არ აღვნიშნო ის მართლაცდა გიგანტური მუშაობა, რომელიც პრეზიდენტმა ჰეიდარ ალიევმა გასწია ბაქოს კონფერენციის სრულყოფილად მოწყობისათვის. სამიტი მართლაც შესანიშნავად იყო ორგანიზებული და მონაწილეებს ყველა პირობა ჰქონდათ ბოლო წვრილმანებამდეც კი ნაყოფიერი მუშაობისა და ორმხრივი დიალოგისათვის.
რაც შეეხება შეხვედრაზე მიღებულ ძირითად დოკუმენტს, ევროპა-კავკასია-აზიის სატრანპორტო დერეფნის განვითარების საერთაშორისო ტრანსფერის შესახებ მრავალმხრივ შეთანხმებას, - მე მას ვუწოდე „ახალი აბრეშუმის გზის შეთანხმება“.
განსაკუთრებით აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ სამიტისადმი ძალიან დიდი ყურადღება გამოიჩინეს, აგრეთვე, საერთაშორისო ორგანიზაციებმა, გაერომ, ეუთომ, ევროკავშირმა, მათთან ერთად მსოფლიო ბანკმა, ევრობანკმა და მრავალმა სხვა ორგანიზაციამ. რა თქმა უნდა, ევროკავშირი მთავარი მამოძრავებელი ძალა გახლავთ როგორც პროექტის შედგენაში, ისე მის რეალიზაციასა და განხორციელებაში.
ამ მზარდ ინტერესს რეალური საფუძველი შეუქმნა და მძლავრი იმპულსი მიანიჭა სარაჰსის ოთხთა შეთანხმებით გათვალისწინებული თავისუფალი ტრანზიტის რეჟიმის პრინციპების პრაქტიკულმა რეალიზაციამ. მინდა შეგახსენოთ, რომ სარაჰსის ხელშეკრულების ინიციატორი გახლავთ თურქმენეთის პრეზიდენტი საფარმურატ ნიაზოვი. ახალმა მაგისტრალმა კიდევ უფრო გაზარდა სატრანზიტო-სატრანსპორტო ალიანსის მონაწილეთა წრის გაფართოების ეფექტიანობა, ხელსაყრელობა და ხელმისაწვდომობა. მიღებული მრავალმხრივი შეთანხმებაც სწორედ ამას ითვალისწინებს. იგი გზას უხსნის სხვა ქვეყნებსაც ევრაზიის დერეფნის პროექტში ჩასართველად, ქმნის საფუძველს, რომ შესაბამისი პრინციპები გავრცელდეს ყველა სახეობის ტრანსპორტზე, მათ შორის მილსადენებზეც.
„აბრეშუმის გზა“ ყოვლისმომცველია ოთხივე მიმართულებით, ესე იგი, არა მარტო აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ, არამედ სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ და პირიქით. „ევრაზიის პროექტის“ განხორციელება მონაწილე და მოსაზღვრე ქვეყნების ეკონომიკური წინსვლის, პარტნიორული კონტაქტების გაღრმავების, პოლიტიკური სტაბილურობისა და თანხმობის პროცესების რეგულირების მძლავრი ფაქტორი გახდება. მე ძალიან მინდა მჯეროდეს, რომ ადრე თუ გვიან, რუსეთი, ასე ვთქვათ, თავის პოზიციას განსაზღვრავს და ამ პროექტის განხორციელებაში აუცილებლად ჩაერთვება.
ეს კეთილშობილური იდეა უკვე კეთილშობილური პროექტია და, ფაქტობრივად, რეალობაც არის, რომელიც სამართლიანობას ემსახურება და მიზნად ისახავს სიკეთესა და ხალხთა ბედნიერებას, ხელს უწყობს სახელმწიფოთაშორის ურთიერთობას, ტურიზმის განვითარებას, კულტურულ გაცვლას, მეცნიერული კონტრაქტების გაღრმავებასა და სხვა მრავალს, და, სხვათა შორის, კოსმოსში თანამშრომლობასაც.
- გასული კვირა ასევე მართლაც მნიშვნელოვანი და გამორჩეული იყო: მთელმა საქართველომ ზეიმით აღნიშნა ჩვენს ქვეყანაში ებრაელთა დამკვიდრების 26-საუკუნოვანი იუბილე. საოცარი გულწრფელობის ვითარებაში მიმდინარეობდა ეს საიუბილეო დღეები და ნამდვილად უნიკალური იყო ომებითა და კონფლიქტებით დაღლილ მსოფლიოში...
- მე არაერთგზის მითქვამს, რომ სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობა არ აიგება მხოლოდ ურთიერთსიმპათიასა და მეგობრობაზე. ჩვენს პრაგმატულ საუკუნეში კონკრეტული ინტერესიც აუცილებელია, მაგრამ იუბილე, რომელიც სახელმწიფო დონეზე აღინიშნა საქართველოში, მართლაც იმდენად მშვენიერი და მართლაც იმდენად გულწრფელი იყო, რომ ყოველგვარ პოლიტიკურ საზრისს გადასწონიდა.
ეს ზეიმი უპირველესად საქართველოსთვისაა საჭირო და ღირსშესანიშნავი, მაგრამ არა მხოლოდ საქართველოსთვის. მართლაც საკაცობრიო მნიშვნელობა აქვს იმ უნიკალური ფენომენის დემონსტრაციას, რაც ორი ხალხის მრავალსაუკუნოვანი, ათასწლოვანი მშვიდობიანი თანაცხოვრებით გამოიხატა.
ხაზგასმით მინდა აღვნიშნო: ამ თემაზე მუშაობა საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია, ვინაიდან (ისტორიკოსები დამემოწმებიან) საქართველო არასდროს, არც ერთ ეპოქაში არ ყოფილა, და არც არასდროს იქნება, მონოეთნიკური ქვეყანა. ამდენად, მშვიდობიანი თანაცხოვრების გამოცდილება მარად აქტუალურია ჩვენთვისაც და სხვებისთვისაც.
ეროვნული და კონფესიური შემწყნარებლობა (ტოლერანტობა) საქართველოს დამახასიათებელი თვისება იყო ყოველთვის და უნდა იყოს მომავალშიც. თუ სადმე, ოდნავ, ამ პრინციპს გადავუხვიეთ, სისხლისა და უბედურების გარდა, არაფერი მოგვიმკია.
მე საქართველოს უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოთი - დავით აღმაშენებლის ორდენით დავაჯილდოვე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე. თქვენ გახსოვთ, რომ ეს არის პირველი ჯილდო და ბატონი ილია გახლავთ პირველი, ვინც ეს ჯილდო მიიღო. არ ვიცი, იქნება თუ არა მეორე, ან როდის იქნება. ამით გამოვხატე და დავადასტურე ის განსაკუთრებული როლი, რომელიც ქართულმა მართლმადიდებლობამ, ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ და მისმა საჭეთმპყრობელმა შეასრულა საქართველოს ისტორიაში. იმავდროულად, რა თქმა უნდა, შემთხვევითი არ იყო, რომ სწორედ ამ იუბილეს დღეებში ხელი მოვაწერე ბრძანებულებებს საქართველოში სომხური სამოციქულო ეკლესიის ეპარქიის მთავარეპისკოპოსის გევორქის, თბილისის მეჩეთის ახუნდის ალი ალიევის, საქართველოში კათოლიკური ეკლესიის სამოციქულო ადმინისტრატორის მეუფე ჟუზეპე პაზოტის, ლუთერანული ეკლესიის პასტორის გარი აზიკოვისა და მიტროპოლიტ კონსტანტინეს ღირსების ორდენებით დაჯილდოების შესახებ, რითაც სრულიად საქართველოს სახელით გამოვხატე ჩვენი მადლიერება ამ ერთა და კონფესიათა წარმომადგენლების მიერ საქართველოს სულიერ და მატერიალურ აღმშენებლობაში შეტანილი წვლილის გამო.
მრავალფეროვნება ჩვენი ქვეყნის უდიდესი სიმდიდრე და მისი ძლიერების უშრეტი წყაროა. უპირველესად, სწორედ ამით გამოიხატება როგორც ქართველი ერის (საქართველოს უპირველესი დამფუძნებლისა და აღმშენებლის), ისევე საქართველოს მრავალენოვანი ხალხის, საქართველოს ნაციის მაღალი სულიერება.
ბედნიერი ვარ, რომ ქართულ-ებრაული ზეიმის დღეებში კვლავ მოგვეცა ამ შესანიშნავი ფენომენის დემონსტრირების შესაძლებლობა. ბევრი ადამიანი, ისევე როგორც სტუმრები, მართლაც უცრემლოდ ვერ უსმენდა და ვერ უყურებდა იმას, რაც ამ დღეებში ხდებოდა საქართველოში. საქართველოს მრავალი სასიხარულო და საპატიო სტუმარი ეწვია არა მარტო ისრაელიდან, არამედ უამრავი უმაღლესი რანგის სასულიერო პირები ჩამოვიდნენ ამერიკის შეერთებული შტატებიდან, პოლიტიკური მოღვაწეები ინგლისიდან და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან, რომლებმაც თავიანთი ჩამოსვლით არა მარტო ქართველებს, არამედ საქართველოში მცხოვრებ ებრაულ თემსაც, აგრეთვე იმ ებრაელებსაც სცეს პატივი, რომლებიც საქართველში ეზიარნენ წინაპართა რწმენას და შემდეგ დაბრუნდნენ აღთქმულ ქვეყანაში. სხვათა შორის, მინდა ვთქვა, რომ ეს არ უნდა შეწყდეს, პირიქით, როგორც ბატონმა ზურაბ ჟვანიამ თქვა, იქნებ შევქმნათ რაღაც რგოლი - სახელმწიფოებრივი ან არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ხორცს შეასხამს იმ იდეებს, ამ ზეიმის დღეებში რომ გამოითქვა აქ - ქართულ-ებრაული ურთიერთობის გაღრმავების, გაფართოებისა და უფრო საქმიან რელსებზე გადაყვანის თვალსაზრისით. მე მგონი, ამ საქმეს ძალიან დიდი მომავალი აქვს. შემდეგ სხვა ხალხებს დავუბრუნდებით. ალბათ, ასეთი ანალოგი არ არსებობს, ყოველ შემთხვევაში, ასეთი უკონფლიქტო და მეგობრული თანაცხოვრება 26 საუკუნის განმავლობაში თითქმის წარმოუდგენელია.
- სხვადასხვა საკითხისადმი ჩვენი საზოგადოების განსხვავებული დამოკიდებულებისა და განსხვავებული აზრის მიუხედავად, ყველას პოზიცია და აზრი, ალბათ, ერთნაირი იქნება იმასთან დაკავშირებით, რომ გასულ კვირას ფოთის ნავსადგურში ამერიკის მეექვსე ფლოტის სამხედრო ხომალდი შემოვიდა. დანიელ მერფის შეხვედრამ თქვენთან, როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე ასეთ შემთხვევაში, ამგვარი კითხვა დასვა: ხომ არ გამოიწვევს ეს ურთიერთობის დაძაბვას სხვა შავიზღვისპირა სახელმწიფოებთან?
- სხვათა შორის, პრესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ და მე მათი თანდასწრებით ვკითხე ადმირალს: ფოთში სამუდამო ბაზირებას აპირებთ, თუ როგორ არის-მეთქი საქმე?
მე მგონი, ასეთი შეხვედრა და თვით მე-6 ფლოტის სამხედრო ხომალდის მეგობრული ვიზიტი ფოთსა და ბათუმში (საქართველოს ისტორიაში პირველად), ყოველ შემთხვევაში მე, ჩვეულებრივ მოვლენად მიმაჩნია, და მომავალში ეს ასეც უნდა იყოს. სამხედრო ხომალდების ასეთი მეგობრული ვიზიტები მთელ მსოფლიოში ნორმალურად ითვლება და ასევე ნორმალურად აღიქმება, როგორც ერთგვარი მეგობრული დამოკიდებულების გამოხატულება ამა თუ იმ ქვეყნისა და ამა თუ იმ ხალხის მიმართ.
საერთოდ კი, მინდა შევნიშნო: რაც უფრო ადრე განვთავისუფლდებით დაპირისპირებისა და სახელმწიფოთა ინტერესების ძველებური გაგების კომპლექსისაგან, მით უკეთესი იქნება დღევანდელი მსოფლიოსათვის, ისევე როგორც ცალკეული ქვეყნებისთვისაც. მთელ რიგ სახელმწიფოებში აზვირთებულმა ეკონომიკური და ფინანსური პროცესების, კრიზისების ტალღამ ხომ დაგვანახა, რომ თვით გიგანტური პოტენციალის სახელმწიფოებიც კი უძლური არიან მარტო, სხვის დაუხმარებლად და მხარდაჭერის გარეშე გაუმკლავდნენ ასეთ კატაკლიზმებს. მხოლოდ საერთო თანხმობის, თანამშრომლობისა და პარტნიორობის სისტემა შეესაბამება ყველა ერისა და სახელმწიფოს, მათ შორის, საქართველოს ინტერესებს.
თვალსაჩინო წარმატებად მიმაჩნია ის ფაქტი, რომ არსებობს სრული ჰარმონია საქართველოსა და უდიდეს დემოკრატიულ სახელმწიფოთა ეროვნულ, გეოპოლიტიკურ ინტერესებს შორის. და ამის ერთ-ერთი გამოხატულება იყო მე-6 ფლოტის ვიზიტი.
- გასულ კვირას რუსეთში მომხდარმა კატაკლიზმებმა მხოლოდ ორი დღით ლარის კურსის მერყეობა გამოიწვია. 12 სექტემბერს თქვენთან ფინანსური სტაბილურობის საკითხებისადმი მიძღვნილი საგანგებო სხდომაც გაიმართა, საბედნიეროდ, მოხდა ისე, რომ ლარის კურსის მერყეობა მხოლოდ ორი დღით შემოიფარგლა და დღეს ლარი კვლავ სტაბილურია. შეიძლება ეს რაღაც ხმამაღლა ნათქვამი იყოს, მაგრამ საქართველოს ფინანსურმა სისტემამ ამ შემთხვევაში, რომ იტყვიან, გამოცდა წარმატებით ჩააბარა.
- ის, რაც რამდენიმე დღის წინათ მოხდა საქართველოს ფინანსურ ბაზარზე, მეტად ნიშანდობლივი მოვლენაა იმ თვალსაზრისით, რომ, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე მინდა ვთქვა: ქართულმა სახელმწიფოებრიობამ დაადასტურა თავისი სტაბილურობა, მან ძალიან სერიოზულ დარტყმას გაუძლო, რითაც დაამტკიცა, რომ სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისა და სრულყოფის პროცესი საქართველოში შეუქცევადია.
გახსოვთ, ალბათ, რამდენიმე წლის წინათ როგორ აღრჭიალებდნენ კბილებს ბოროტი სიხარულით ჩვენი ქვეყნის ავისმოსურნენი, როგორ სისინებდნენ: „საქართველო ვერ შედგაო როგორც სახელმწიფო“, როგორ დასცინოდნენ ჩვენი ხალხის გულწრფელ სულისკვეთებას, შეექმნა დამოუკიდებელი სახელმწიფო, დამოუკიდებელი ქვეყანა, რა ხერხებითა და მეთოდებით გვინერგავდნენ არასრულფასოვნების კომპლექსს. და ახლაც ბევრი კვლავ სისინებს გარეთაც და შიგნითაც, რომ სადღაც რაღაც მოხდება, სადღაც რაღაც აირევა, საქართველო ისევ არასტაბილური ქვეყანა გახდება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ვფიქრობ, ამ დღეებმა დაადასტურა, რომ ამ ბოროტ ხმებსა და ბოროტ სისინს საფუძველი არა აქვს, ჩვენი ხალხი ამას აღარ აჰყვება იმიტომ, რომ დიდი გაკვეთილი, მწარე გაკვეთილები მივიღეთ. სწორედ ამ დღეებმა დაადასტურა ჩვენი ქვეყნის სტაბილურობა.
რაც შეეხება ლარს, არავითარი პანიკა, ან თუნდაც მეტისმეტი მღელვარება საქართველოს ხელისუფლებაში ეროვნული ვალუტის სიმტკიცესთან დაკავშირებით, არ ყოფილა, ვინაიდან ჩვენ იოტისოდენადაც არ გვეპარებოდა ეჭვი, რომ ლარი შეინარჩუნებდა პოზიციებს. კვლავ ვიმეორებ: საქართველოს ეროვნული ვალუტა იმდენად მყარ საფუძველზე დგას, რომ მისი შერყევა, ფაქტობრივად, შეუძლებელია, ყოველ შემთხვევაში, დღევანდელ ეტაპზე. ბუნებრივია, რომ ამ მტკიცე საფუძვლის შექმნაში უდიდესი დახმარება გაგვიწიეს საერთაშორისო სავალუტო ფონდმა - ეს არის ძირითადი წყარო, მათ მიერ გამოყოფილი გრძელვადიანი კრედიტები, აგრეთვე, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, დასავლეთის სხვა ქვეყნებმა, რომლებიც სავალუტო ფონდის ძირითადი დონორები არიან, შედეგად საქართველომ მიიღო და შეინარჩუნა ეროვნული ვალუტა - დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის საფუძველი, მისი ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანი.
თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ გულხელდაკრეფილი ნამდვილად არ ვყოფილვართ ამ დღეებში. ხელისუფლება აქტიურად ერეოდა პროცესებში, სწავლობდა ვითარებას, გამოჰქონდა დასკვნები, შედეგად კი მომზადებულია პრეზიდენტის ბრძანებულების პროექტი, რომელმაც საერთოდ უნდა გამორიცხოს ამგვარი ექსცესის განმეორების ყოველგვარი შესაძლებლობა. ეს პროექტი უკვე განვიხილეთ საგანგებო საფინანსო კომისიის სხდომაზე და შემდეგ იგი ხელმოწერილი იქნება. პროექტი მოამზადა პრეზიდენტთან არსებულმა ოპერატიულმა შტაბმა ვაჟა ლორთქიფანძის ხელმძღვანელობით, რომელიც ყოველდღიურად აკონტროლებს მდგომარეობას და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს.
განსაკუთრებით მინდა გამოვყო ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ირაკლი მანაგაძის, მთლიანად ეროვნული ბანკის, უმრავლესი კომერციული ბანკების ხელმძღვანელთა თავდადებული მუშაობა. ამბობენ, ფინანსებმა პატრიოტიზმი არ იცისო, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ ბევრმა ბანკირმა ჭეშმარიტი პატრიოტიზმი გამოამჟღავნა. მე თუ მხოლოდ ირაკლი მანაგაძე დავასახელე, ეს იმიტომ, რომ იგი ახალგაზრდა კაცია. თქვენ იცით, ბევრს მიაჩნდა, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტად მისი დანიშვნა სარისკო ნაბიჯია, მაგრამ სწორედ ამ მძიმე გამოცდის დღეებში მან გამოავლინა მაღალი პროფესიონალიზმი და იმის უნარი, რომ მიეღო საჭირო გადაწყვეტილებანი შექმნილი სიტუაციის შესაბამისად.
ამავე დროს, მეორე მხრივ, ისიც უნდა ითქვას, რომ კომერციულ ბანკებსაც შესანიშნავად ესმით: ლარის კურსის სიმტკიცეზე მათი მდგომარეობის სტაბილურობაც არათუ დიდწილად, არამედ მთლიანად არის დამოკიდებული. თუ ლარი აფეთქდება, აფეთქდება ყველა ბანკი, რად უნდა ამას ლაპარაკი. ამდენად, პატრიოტიზმი ამ შემთხვევაში შეერწყა და შეენივთა, როგორც იტყვიან, პრაგმატულ ინტერესს. ხელისუფლების ნიჭი და ოსტატობა კი სწორედ ის არის, რომ რომ არ დაუშვას მათი დაპირისპირება.
შედეგად, ეროვნულმა ბანკმა აამოქმედა მის ხელთ არსებული ფისკალური ბერკეტები და უმალვე ჩააქრო, თუ შეიძლება ასე ითქვას, ხანძრის კერა ფინანსურ სისტემაში. მადლობა მინდა მოვახსენო საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომლებიც არ აჰყვნენ პანიკიორებს და სპეკულანტებს, შეინარჩუნეს სიმშვიდე და ხელისუფლებისადმი სრული ნდობა.
სხვათა შორის, ახლა, მოსალოდნელი კრიზისის ჭექა-ქუხილის გადავლის შემდეგ, მოსახლეობის 83 პროცენტი (გთხოვთ, მიაქციოთ ყურადღება) მხარს უჭერს პრეზიდენტის პოზიციას - არ დაუშვას ფულის მასის დიდი რაოდენობით ემისია, შეიძლება რაღაც პროცენტებზე იყოს ლაპარაკი, მაგრამ დიდი რაოდენობით ეს არ უნდა მოხდეს, არ დაუშვას ლარის გაუფასურება, რადაც უნდა დაუჯდეს, თუნდაც ეს ხელფასებისა და პენსიების დროული დარიგება, მე ასე ვიტყოდი, მოჩვენებითს ინტერესებს ემსახურებოდეს. რადგან, თუ გაუფასურებულ ლარს დაურიგებ, არც ერთი ოჯახისათვის არავითარი ეფექტი არ ექნება.
აქვე სრული კატეგორიულობით მინდა განვაცხადო: უახლოეს მომავალში საგანგებო ზომებს მივიღებთ ბიუჯეტის შესავსებად. ძალიან ბევრი რამ დამოკიდებულია საბაჟო და საგადასახადო სამსახურების ქმედითობაზე. საფინანსო კომისიის სხდომაზე მე მკაცრად გავაკრიტიკე ორივე სამსახურის ხელმძღვანელები, ისევე როგორც მთლიანად ფინანსთა სამინისტრო. თუ უახლოეს მომავალში ვითარება კარდინალურად არ შეიცვლება, რათა საქართველოს უკვე საკუთარი რესურსებიც ჰქონდეს ყოველგვარი მოულოდნელობის თავიდან ასაცილებლად, სასტიკ ზომებს არ მოვერიდები - არავის დავინდობ, ვინაიდან მხოლოდ თავზე ხელის გადასმით ბევრი არაფერი გამოდის.
ისევე როგორც არანაირი ეკონომიკური საფუძველი არ არსებობდა ლარის სტაბილურობის დასარღვევად, ასევე არ არის ობიექტური საფუძველი საიმისოდ, რომ ხელისუფლებამ დროულად ვერ შეძლოს ხელფასებისა და პენსიების დარიგება მთელ რიგ რაიონებში. ასე რომ, ყველა აგებს პასუხს - უბნების, რაიონების, ქალაქების ხელმძღვანელებით დაწყებული და ცენტრალური სამსახურების მესვეურებით დამთავრებული.
საგანგებო სხდომაზე კატეგორიულად მოვითხოვე, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა გადამწყვეტი ზომები მიიღონ ყოველგვარი ფინანსური სპეკულაციის აღსაკვეთად. ერთხელ და სამუდამოდ, თუნდაც უმკაცრესი ზომების მიღებით უნდა აღმოიფხვრას ლარის გარდა სხვა ნებისმიერი ვალუტის გამოყენება საგადამხდელო საშუალებად და, სხვათა შორის, არა მარტო ბაზრობებზე, არამედ უძრავი ქონებისა თუ ავტომობილებისა და მიწის ნაკვეთების ყიდვა-გაყიდვისას. ეს უფრო ძნელია, მაგრამ, თუ მოინდომებენ, ყველა საშუალება აქვთ საიმისოდ, რომ გამოავლინონ ისინი, ვინც დოლარის თუ რუბლის მეშვეობით ყიდის თუ ყიდულობს უამრავ ქონებას, და სხვა.
გარდა ამისა, უნდა მოწესრიგდეს „ვალუტის გადასაცვლელი პუნქტების“ მუშაობაც. ვალუტის გადასაცვლელი პუნქტების მუშაობა, უწინარესად, უნდა შეესაბამებოდეს სახელმწიფო ინტერესებს, და ამავე დროს უნდა შეესაბამებოდეს თითოეული მოქალაქის ინტერესებს. მოქალაქეს, რომელსაც სხვა ქვეყნის ვალუტა აქვს, უნდა შეეძლოს უმტკივნეულოდ, ყოველგვარი ბიუროკრატიზმის, დროის ზედმეტი დახარჯვის გარეშე მივიდეს გადასაცვლელ პუნქტში და ეს ოპერაცია რაც შეიძლება სწრაფად განახორციელოს და საქართველოში მხოლოდ ლარით ივაჭროს. ვერც ერთ ქვეყანაში ვერ ნახავთ ასეთ განუკითხაობას. ლარის დამკვიდრების შემდეგ ჩვენ ბევრი რამ კარგი წამოვიწყეთ და, სამწუხაროდ, ეს წამოწყება შემდეგ ბოლომდე ვერ მივიყვანეთ. აბა სად ხდება ასე - ყოველგვარი საბუთის გარეშე პარკით მიიტანოს ვინმემ (მით უმეტეს უცხო ქვეყნის მოქალაქემ) ფული და გადაცვალოს ეროვნულ ვალუტაზე, სწორედ პარკებით, ჩემოდნებითა და კალათებით დაათრევენ. ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში ფინანსურ ბაზარს მკაცრად აკონტროლებენ და არეგულირებენ. ზოგჯერ არა მარტო ფინანსური, არამედ ადმინისტრაციული მეთოდებითაც. გერმანიაში, ამერიკაში, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში, რომელიც გნებავთ ქვეყანაში, „ველური საფინანსო ბაზრის“ ეპოქა კარგა ხანია წარსულს ჩაბარდა. ამ დონეს ჩვენც ვუახლოვდებით და პრეზიდენტის ბრძანებულებაში ყველა ეს საკითხი მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული. მთავარია, ეს ბრძანებულება შევასრულოთ.
კატეგორიულად მოვითხოვ, რომ საბაჟო სამსახურის ხელმძღვანელებმა, სამართალდამცავმა სტრუქტურებმა აღკვეთონ კონტრაბანდული ბენზინის, კონტრაბანდული ფქვილის, სხვა პროდუქტებისა და პროდუქციის შემოტანა.
მაგალითად, ამ დღეებში ბენზინის შემომტანმა ერთ-ერთმა სუბიექტმა (ალბათ, ბატონი კახა თარგამაძე, შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოქვეყნებენ შესაბამის ცნობას, სადაც გვარიც იქნება, მდგომარეობაც და ყველაფერი) სახელმწიფოს არ გადაუხადა სხვა ქვეყნიდან შემოტანილი ბენზინის აქციზი და დაუმალა 705 ათასზე მეტი ლარი, და ის თანხა, რომელიც სახელმწიფოს ეკუთვნოდა, მიითვისა. მეორე შემთხვევაში - 357 ათასი ლარი. ეს და სხვა მრავალი ფაქტი კრიმინალურმა პოლიციამ გამოავლინა. ამისათვის მე მათ მადლობას ვეუბნები, მაგრამ ეს მხოლოდ ერთეული შემთხვევებია და სინამდვილეში საქართველოში პირდაპირ მოზღვავებულია კონტრაბანდული ნივთები და კონტრაბანდული პროდუქცია. განსაკუთრებით ეხება ეს ფქვილს, განსაკუთრებით ეხება ეს ბენზინს და ზოგიერთ სხვა სახეობის პროდუქციას.
ეს და ამგვარი ფაქტი მარტო მოტყუებას კი არ ნიშნავს, არამედ ქვეყნის ღალატსაც, ფაქტობრივად თუ ვილაპარაკებთ.
რამდენიმე სიტყვა საინვესტიციო პროექტებზე: პრეზიდენთან არსებული უცხოური ინვესტიციების საკონსულტაციო საბჭოს მორიგ სხდომაზე განვიხილეთ მსოფლიო ბანკის მუნიციპალური განვითარებისა და დეცენტრალიზაციის პროექტის შესრულების მიმდინარეობა. მუნიციპალური მმართველობის სრულყოფის ეს მნიშვნელოვანი ოთხწლიანი პროექტი 20 მილიონ დოლარამდე შეღავათიან ინვესტიციებს ითვალისწინებს. თბილისში, ბათუმში, თელავსა და გორში დაწყებულია მუნიციპალური მმართველობის რეფორმების საცდელი პროცესები. შემუშავებულია ფინანსურ-ადმინისტრაციული გეგმები, რომელთა რეალიზებამ უნდა უზრუნველყოს მათი საქმიანობის გაუმჯობესება, შექმნას სათანადო პირობები ინვესტიციების მისაღებად, რაც მნიშვნელოვნად წაადგება ამ მუნიციპალიტეტებში წყალსადენის, კანალიზაციის, გზებისა და ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტების აღდგენა-რეკონსტრუქციას.
უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა დღეისათვის ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს საბჭოს სხდომაზე მოწონებულ წინადადებას საინვესტიციო დავათა გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრის მუშაობაში უფრო აქტიური ჩართვის თაობაზე, რაც უფრო მეტად წარმოგვაჩენს ისეთ ქვეყნად, რომელიც მზად არის უცხოურ ინვესტორებთან ურთიერთობა აწარმოოს საერთაშორისო ნორმებისა და საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით.
- გასულ კვირას მთელი მსოფლიო ადევნებდა თვალს რუსეთში მიმდინარე პროცესებს და, ბოლოს და ბოლოს, ყოველივე ამას, რომ იტყვიან, ლოგიკური წერტილი დაესვა - რუსეთს ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს. სახელმწიფო სათათბირომ დაამტკიცა ევგენი პრიმაკოვის კანდიდატურა. და ისევ ისმება კითხვა: რა გავლენას მოახდენს ეს ფაქტი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე?
- ამ საკითხთან დაკავშირებით რამდენჯერმე გავაკეთე კომენტარი და, ალბათ, გავიმეორებ ზოგიერთ რამეს, კერძოდ, რომ პრეზიდენტმა ელცინმა მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც რუსეთში ამჟამად არსებულ ვითარებას შეესაბამებოდა. ჩემი ღრმა რწმენით, მას სხვა არჩევანი არც ჰქონდა. ანდა, თუ მიიღებდა გადაწყვეტილებას სათათბიროს დაშლის შესახებ, ეს, ალბათ, რუსეთს მიიყვანდა სრულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ კოლაფსამდე. და ეს, სხვათა შორის, თვითონ ელცინმაც დაადასტურა ამ დღეებში თავის გამოსვლაში.
ვფიქრობ, ევგენი პრიმაკოვი, თავის მხრივ, შეეცდება მეტი დინამიზმი შესძინოს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას. მით უმეტეს, რომ მთლიანად რუსეთში, განსაკუთრებით კი ჩრდილოეთ კავკასიაში შექმნილი აფეთქებასაშიში მდგომარეობის გათვალისწინებით, საქართველოს თანამშრომლობა ნამდვილად შეესაბამება რუსეთის ინტერესებს. ასევე დაინტერესებულია ამ ურთიერთობათა განვითარებით ქართული მხარეც. მე მხედველობაში მაქვს მრავალმხრივი ურთიერთობა: ეკონომიკურიც, კულტურული, მეცნიერული და, რა თქმა უნდა, პოლიტიკური.
ევგენი პრიმაკოვს და ახალ საგარეო საქმეთა მინისტრს იგორ ივანოვს შესწევთ უნარი ახლებური მიდგომები ჩამოაყალიბონ თანამეგობრობის სივრცეში კონფლიქტების მოგვარების პრობლემებისადმი. განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, მხედველობაში მაქვს კონფლიქტი აფხაზეთში და ქართულ-ოსური კონფლიქტი, რომელიც ახლა, ასე ვთქვათ, დამთავრების სტადიაშია.
საქინფორმი.
„მხოლოდ საერთო თანხმობის, თანამშრომლობისა და პარტნიორობის სისტემა შეესაბამება ყველა ერისა და სახელმწიფოს, მათ შორის საქართველოს ინტერესებს“ : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 14 სექტემბრის რადიოინტერვიუ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 15 სექტემბერი. - №237 (2937). - 1,2 გვ.
![]() |
38 საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის მისალმება კავკასიის მასობრივი ინფორმაციის საშუალებების შეხვედრა-სემინარის მონაწილეებისადმი |
▲ზევით დაბრუნება |
განუზომელია ჟურნალისტიკის როლი სტაბილურობის დამყარების საქმეში.
საყოველთაოდ აღიარებული ჭეშმარიტებაა, რომ პლურალისტური და დამოუკიდებელი მასმედია ნებისმიერი საზოგადოების არსებობის, მისი ტრანსფორმირების აუცილებელი პირობაა. ის ხელს უნდა უწყობდეს მოთმინებისა და შემწყნარებლობის, განსხვავებული აზრისა და მრავალფეროვნებისადმი პატივისცემის დამკვიდრებას, და, ცხადია, არსებული კონფლიქტების არა მარტო მოგვარებას, არამედ მათ თავიდან აცილებას. სამწუხარდ, ცხოვრება გვიჩვენებს, რომ, არცთუ იშვიათად, პირიქითაც ხდება. მიღწეული არცთუ მყარი დადებითი ტენდენციები, მყიფე მშვიდობა ადვილად ნადგურდება სწორედ მის ირგვლივ შექმნილი არაჯანსაღი ატმოსფეროს დამკვიდრების, ელემენტარულად, არასწორი ინფორმაციის გამო.
სახელმწიფოთა მომავალ, ურთიერთპატივისცემასა და თანასწორუფლებიანობის აღიარებაზე დამყარებულ ურთიერთობებს ალტერნატივა არა აქვს. ის, ვინც ამ ისტორიული განვითარების კანონზომიერების წინააღმდეგ მოქმედებს, განწირულია.
კავკასია ჩვენი საერთო სახლია. ისტორიული ტრადიციების, მისი გეორაფიული პირობებისა და უკანასკნელ ხანს განვითარებული გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ პრობლემათა დაკავშირებული მოვლენების გათვალისწინებით, შეიძლება გადაჭრით ითქვა, რომ აქ მაცხოვრებელი ხალხების გონივრული თანაცხოვრებისა და მეზობლებთან კეთილი ურთიერთობების ადგილად შეიძლება იქცეს.
რეალური ვითარება კი დღეს ძალზედ რთულია. კონფლიქტები დიდად უშლის ხელს რეგიონის ნორმალურ განვითარებას, ერთაშორის თანხმობასა და ეკონომიკურ სტაბილურობას, ინტეგრაციული პროცესების განვითარებას.
სემინარზე განსახილველი საკითხების აქტუალურობა, მონაწილეთა წარმომადგენლობა იძლევა იმის იმედს, რომ ის იქნება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი ექსტრემიზმისა და ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის, მტკიცე საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბების სამართლიანობის, ჰუმანიზმის დამკვიდრების რთულ და საპატიო საქმეში.
გულწრელად მოგესალმებით ყველას, გისურვებთ წარმატებებს.
მჯერა, რომ საქართველოში გატარებული რამდენიმე დღე კიდევ უფრო განამტკიცებს იმ კავშირ-ურთიერთობებს, რომლებსაც საფუძველი ჩვენი ერების საუკეთესო წარმომადგენლებმა ჩაუყარეს.
ედუარდ შევარდნაძე.
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის მისალმება : კავკასიის მასობრივი ინფორმაციის საშუალებების შეხვედრა-სემინარის მონაწილეებისადმი // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 15 სექტემბერი. - №237 (2937). - 1 გვ.
![]() |
39 „ქვეყანაში მიმდინარე რთული მოვლენების მიუხედავად, რადიკალური რეფორმებისა და გარდაქმნების კურსი არ შეიცვლება, პირიქით, კიდევ უფრო მეტი მასშტაბითა და შემართებით განხორციელდება“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
21 სექტემბრის რადიოინტერვიუ
- გასულ კვირას კვლავ ყურადღების ცენტრში იდგა ქვეყნის საბიუჯეტო პრობლემები, გაიმართა საგანგებო საფინანსო კომისიის რამდენიმე სხდომა, სერიოზული ცვლილებები განხორციელდა ფინანსთა სამინისტროში - მხედველობაში მყავს საგადასახადო სამსახურის ახალი ხელმძღვანელი. განიხილება, აგრეთვე, ფინანსთა სამინისტროსაგან საბაჟო და საგადასახადო სამსახურების გამოყოფის საკითხი, რაზეც თქვენც ილაპარაკეთ. ფინანსთა მინისტრი დიდი ანგარიშით წარდგა პარლამენტის წინაშე, რასაც ძალზე მწვავე დებატები მოჰყვა. გარდა ამისა, საქართველოში იმყოფება სავალუტო ფონდის მისია და გრძელდება მუშაობა საქართველოს 1999 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე. ყოველივე ამის ფონზე კვლავ უმთავრეს პრობლემად რჩება ქვეყნის ეროვნული ვალუტის - ლარის სტაბილურობის პრობლემა. ერთი სიტყვით, შეიძლება ასე შეჯამდეს გასული ეკონომიკური კვირა - ძალზე სერიოზული და ძალზე მნიშვნელოვანი პრობლემებია გადასაწყვეტი დროის საკმაოდ მცირე მონაკვეთში... - ჟურნალისტ ნატო ონიანის თხოვნით, ამ თემაზე საუბრით დაიწყო თავისი ტრადიციული ორშაბათის რადიოინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ.
- შეკითხვა ვრცელი იყო, რადგან პრობლემა ურთულესია და, ალბათ, პასუხიც საკმაოდ მოცულობითი იქნება.
ალბათ, ახლა უკვე შეიძლება გარკვეულწილად შევაჯამოთ ის ძალზე დიდი მასშტაბის მუშაობა, ხელისუფლებამ რომ გასწია დაახლოებით აგვისტოს დამლევიდან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის რუსეთში განვითარებული კრიზისული პროცესების თავიდან ასაცილებლად.
ცნობილია, რომ წლის დამდეგიდან, გასული წლის შემოდგომიდან, მრავალი ქვეყანა და მთელი რეგიონები მოიცვა უმწვავესმა ფინანსურმა კრიზისმა. ეკონომიკური გიგანტებიც კი ვერ ასცდნენ კატაკლიზმებს. მნიშვნელოვნად შეირყა იმ სახელმწიფოთა ფინანსური სისტემა, რომლებსაც „მსოფლიო ეკონომიკის აზიურ „დრაკონებს“, „ეკონომიკური სასწაულის შემოქმედთ“ უწოდებდნენ. მხედველობაში მაქვს სამხრეთ კორეა, სინგაპური, მალაიზია, ინდონეზია და მრავალი სხვა. ისინიც კი უძლური აღმოჩნდნენ შეეჩერებინათ დამანგრეველი პროცესები და მხოლოდ საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ზოგადად დასავლეთისა და უპირველესად, რასაკვირველია, მსოფლიო ეკონომიკური ლიდერის - ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებით შეძლეს სტაბილურობის შენარჩუნება. რომ არა ეს დახმარება, არავინ იცის, როგორ განვითარდებოდა მოვლენები იმ ქვეყნებსა და იმ რეგიონებში და მთელ მსოფლიოშიც.
სამწუხაროდ, ფინანსური კრიზისის ტალღა არც რუსეთს ასცდა, რამაც სერიოზული გავლენა მოახდინა (სხვაგვარად არც შეიძლებოდა ყოფილიყო) იმ ქვეყნებზე, რომელთა ეკონომიკა მჭიდროდ არის ინტეგრირებული რუსეთთან, ამ ქვეყნის საბანკო და სამეურნეო სისტემასთან.
რუსეთი დღემდე საქართველოს უპირველეს სავაჭრო-ეკონომიკურ პარტნიორად რჩებოდა, ამიტომ სავსებით რეალური იყო საშიშროება, რომ საქართველოში დაწყებულიყო ფინანსური კრიზისი და გაუფასურებულიყო ლარი, მაგრამ ჩვენ ეს, ღვთის წყალობით, არ დავუშვით.
საზოგადოება უკვე ინფორმირებულია იმ საგანგებო ზომების შესახებ, ხელისუფლებამ რომ განახორციელა ეროვნული ვალუტის სიმტკიცის შესანარჩუნებლად. ეს იყო უმთავრესი ამოცანა, რომელიც იმთავითვე გულისხმობდა აგრეთვე ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნებას და საერთოდ რეფორმათა პროცესის შემდგომ განვითარებას. რეფორმის შეჩერება შეუძლებელი და დაუშვებელია. მისი ძირითადი პირობაა უწყვეტობა, მუდმივი განვითარება.
მიზნად ვისახავდით, აგრეთვე, გადაგვეჭრა ყველა ის პრობლემა, რომლებიც მოსახლეობის ცხოვრების დონის შემდგომ ამაღლებასთან არის დაკავშირებული.
გასათვალისიწინებელია, რომ მთელი ეს კრიზისული პროცესი ჩვენი ქვეყნის მეზობლად განვითარდა იმ დროს, როდესაც საქართველოში ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს 1999 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე, და ეს თავისთავად უფრო ართულებდა ამოცანას, მაგრამ მაინც, უკვე სრული დარწმუნებით შეიძლება ითქვას, დამოუკიდებელი საქართველოს ეკონომიკურმა სისტემამ გაუძლო გარედან თუ შიგნიდან დარტყმას და ჩვენ შევძელით თავიდან აგვეცილებინა დამანგრეველი პროცესები. შევძელით უმთავრესად იმის წყალობით, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკურმა, განსაკუთრებით საბანკო-საფინანსო სისტემამ ძირეული ცვლილება - რეფორმირება განიცადა. ფაქტობრივად, შეიქმნა მყარი საფუძველი, რომელზეც ახალი საქართველოს ეკონომიკურ სისტემას ვაშენებთ.
გარდა ამისა, მოგეხსენებათ, რომ პრეზიდენტთან ჩამოყალიბდა და აქტიურად ფუნქციონირებს საგანგებო საფინანსო კომისია, ხოლო სახელმწიფო მინისტრთან - ოპერატიული შტაბი, რომელიც ყოველდღიურად აანალიზებს ვითარებას, იღებს შესაბამის ადეკვატურ ზომებს. აქვე კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ირაკლი მანაგაძის თავდადებული და გააზრებული მუშაობა. იგი დღე და ღამეს ასწორებს, იღებს უაღრესად კომპეტენტურ, გონივრულ, რაციონალურ გადაწყვეტილებებს და, რაც ყველაზე სასიამოვნოა, აქტიურად, შედეგიანად თანამშრომლობს კომერციული ბანკების ხელმძღვანელებთან. ამ მომენტს განსაკუთრებით ვუსვამ ხაზს, ვინაიდან საბაზრო ეკონომიკის პირობებში ეროვნულ ბანკსა და კომერციულ, კერძო ბანკებს შორის ამგვარი კოლეგიური, ურთიერთპატივისცემასა და აბსულუტურ ნდობაზე დაფუძნებული თანამშრომლობა არა მარტო სასარგებლო, არამედ აუცილებელიც არის.
განხორციელებულ ღონისძიებათა შედეგად, ამჟამად ვითარება საქართველოს ფინანსურ ბაზარზე სტაბილურია. ლარზე მოთხოვნა არათუ შემცირდა, არამედ კიდევ უფრო გაიზარდა. ლარმა ძალზე მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი ფუნქცია შეასრულა და არა მხოლოდ ეკონომიკური თვალსაზრისით. ამჟამად იგი ფუნქციონირებს საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე, იქაც კი, სადაც მას არ ცნობდნენ, და არ ცნობდნენ სხვადასხვა, თქვენთვის კარგად ცნობილ მიზეზთა გამო.
საქართველოს ეროვნული ვალუტის მიმართ ნდობა დღითი დღე იზრდება. ეს სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის პროცესში ძალიან დიდი მონაპოვარია, რომელსაც თვალისჩინივით უნდა გავუფრთხილდეთ.
ზემოთქმულის მიუხედავად, ჩვენ ეიფორიას ვერ მივეცემით. ჯერ კიდევ უაღრესად სერიოზული პრობლემები გვაქვს გადასაჭრელი. უპირველეს ყოვლისა, ბიუჯეტის შემოსავლის შესრულებასთან დაკავშირებით. ეს ძალზე რთული ამოცანაა დღევანდელ პირობებში, მაგრამ მჯერა, რომ ამ პრობლემებზე ხელისუფლების ყველა რგოლის ძალისხმევის კონცენტრირებით, აგრეთვე, მთელი საზოგადოების, უწინარსად, მასმედიის დახმარებით მაინც შევძლებთ ამ მიმართულებით შესამჩნევი პროგრესის მიღწევას.
რა ობიექტური მიზეზებიც უნდა არსებობდეს, შეუძლებელია შევურიდგეთ იმ გარემოებას, რომ ქვეყნის ზოგიერთ რაიონში კვლავინდებურად სერიოზული სირთულეებია პენსიებისა და ხელფასების გაცემასთან დაკავშირებით. იგვიანებს ზოგიერთი სხვა სახეობის დახმარებაც, ზოგჯერ რამდენიმე თვითაც კი. ამჟამად ხელისუფლებისათვის, ისევე როგორც ყველა უწყებისა და ადგილობრივი რგოლის ხელმძღვანელთათვის, არ არსებობს უფრო მნიშვნელოვანი ამოცანა, ვიდრე უმკაცრესი, უსასტიკესი საგადასახადო წესრიგისა და საგადასახადო რეჟიმის დამყარება, არსებული ჩამორჩენის დაძლევა. ალბათ, აქ მხოლოდ თხოვნითა და ხვეწნა-მუდარით ვერაფერს გავხდებით. საჭირო იქნება ძალიან მკაცრი ზომების მიღება იმათ წინააღმდეგ, ვინც გადასახადებს უმალავს ქვეყანას.
სწორედ ამ პრობლემატიკასთან არის დაკავშირებული ის ცვლილებები, საგადასახადო ინსპექციაში რომ განხორციელდა. ინსპექციის უფროსად დაინიშნა ცნობილი ფინანსისტი და ეკონომისტი, გადამხდელთა კავშირის თავმჯდომარე თამაზ მაღლაკელიძე, რომლისგანაც მოვითხოვ დღესვე შეუდგეს მუშაობას სრული დატვირთვით, რათა უახლოეს დღეებში (როგორც თავად დამპირდა) მიაღწიოს შექმნილ სიტუაციაში გარდატეხას ყველა იმ რეზერვის მობილიზებით, რომლებიც ამ სისტემაში ნამდვილად არსებობს. როგორც საგადასახადო ინსპექციის, ასევე საბაჟო სამსახურის მიმართ გაძლიერდება პრეზიდენტის პირადი კურირების ფაქტორი, რაც ძირითადად საგანგებო კომისიის ფარგლებში განხორციელდება.
საგადასახადო ინსპექციის ძალისხმევას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ლარის შემდგომი განმტკიცებისა და ერთადერთ საგადამხდელო საშუალებად მისი საბოლოოდ დამკვიდრებისათვის. ეროვნულ ბანკთან ერთად განხორციელდება ღონისძიებანი არარეგისტრირებული, დადგენილი სტანდარტების შეუსაბამო ვალუტის გადასაცვლელი პუნქტების ლიკვიდაციისათვის. მე ვთხოვ ყველა მოქალაქეს, ვინც ამ გადასაცვლელ პუნქტებში მუშაობს და ამ პუნქტების მომსახურებით სარგებლობს, მიაქციონ ყურადღება ჩემი ინტერვიუს ამ ნაწილს. ესე იგი, ეროვნულ ბაკნთან ერთად განხორციელდება ღონისძიებანი არარეგისტრირებული, დადგენილი სტანდარტების შეუსაბამო ვალუტის გადასაცვლელი პუნქტების ლიკვიდაცია-გაუქმებისათვის. უმეტესწილად, ამ სფეროში ადრე არსებულმა განუკითხაობამ გამოიწვია სწორედ „შავი შაბათ-კვირა“, როგორც უწოდეს ამ მოვლენას ჟურნალისტებმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, უშიშროების სამსახურთან ერთად უსასტიკესი ზომები იქნება მიღებული ქვეყანაში ყალბი ვალუტის შემომტანთა და გამავრცელებელთა მიმართ. სამწუხაროდ, სხვადასხვა არხებით სულ უფრო შემაშფოთებელ ინფორმაციას ვიღებ ამ სფეროში არსებული ვითარების შესახებ. ქვეყანაში ძალიან დიდი რაოდენობით შემოტანილია ყალბი ასდოლარიანი კუპიურები, და ეს ხდება სწორედ იმიტომ, რომ სრული განუკითხაობა სუფევდა ვალუტის გაცვლის სფეროში. მაგრამ ამიერიდან ეს პროცესი საბანკო ჩარჩოებში მოექცევა ისევე, როგორც ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში. საკადრისი უნდა მიეზღოს იმათ, ვისაც ყალბი ვალუტა შემოაქვს, ვინც არღვევს უცხოურ ვალუტაზე ლარის გადაცვლის წესებს. ვისაც აქვს თანხა - უცხოური თუ ჩვენი ვალუტა, და აწყდება გადაცვლის პრობლემას, ჩვენი ბანკები მზად არიან ამისათვის და ყველა მოქალაქე სრულიად უმტკივნეულოდ, დიდი დროის დაუხარჯავად შეიძლება გარანტირებული იყოს ისეთი უსიამოვნო მოვლენებისაგან, როგორც არის, ვთქვათ, ყალბ ვალუტაზე ვაჭრობა და ყალბი ვალუტის მიღება.
ამჯერად საბაჟო სამსახურის ხელმძღვანელობაში ცვლილებები არ განვახორციელეთ. ვიმეორებ, ამჯერად, ბატონ თენგიზ აბულაძეს ჯერ კიდევ აქვს დრო და საშუალება, რათა გამოავლინოს თავისი პოტენციალი (ასეთი პოტენციალი მას აქვს), აამოქმედოს ყველა კანონიერი ბერკეტი ბიუჯეტის შემოსავლის შესრულებისათვის და შესაბამის სამსახურებთან ერთად აღკვეთოს კონტრაბანდა, რომელსაც ძალიან დიდი მასშტაბი მიეცა.
იმასაც ვიტყვი: როგორც მოსალოდნელი იყო, უკვე გაჩნდა სიმპტომები, რომ ცალკეული პოლიტიკანები და ფსევდოოპოზციური დაჯგუფებები (ჭეშმარიტ, ანუ კონსტრუქციულ, ნორმალურ და სერიოზულ პოზიციას, რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ), პოპულისტები, აგრეთვე, ქართული სახელმწიფოებრიობის ავისმოსურნენი (ხშირად არ ვხმარობ სიტყვა „მტრებს“, მაგრამ შეიძლებოდა ეს გამოთქმაც გვეხმარა) აქტიურად ცდილობენ გამოიყენონ ეს დროებითი სირთულეები ქვეყნაში არეულობისა და არასტაბილურობის გამოსაწვევად.
ამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სახელმწიფომ, ქვეყნის ხელისუფლებამ ურთულეს პრობლემებს გაართვეს თავი. თქვენ გახსოვთ ეს - ფასების ლიბერალიზაცია, პურის ფასების ლიბერალიზაცია და მრავალი სხვადასხვა. დარწმუნებლი ვარ, ყველას გვეყოფა ძალა, ენერგია და პასუხისმგებლობა (ხელმძღვანელებსაც და მოქალაქეებსაც, გადამხდელებსაც და მომხმარებლებსაც), არ დავუშვათ კრიზისი საფინანსო და საბანკო სისტემაში. უნდა დავძლიოთ, აუცილებლად უნდა დავძლიოთ ჩამორჩენა და ყველა მოქალაქემ უნდა მიიღოს ის, რაც მას ბიუჯეტის შესაბამისად ეკუთვნის. ამ კონტექსტით ბიუჯეტი შემთხვევით არ მიხსენებია. სახელმწიფო ბიუჯეტი თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის წყაროა. ამდენად, მოვუწოდებ არამარტო რაიონების, ქალაქების, მხარეების ხელმძღვანელებს, არამედ თითოეულ მოქალაქესაც, - გულთან ახლოს მიიტანონ ეს პრობლემები. რაც შეეხება ხელმძღვანელებს, ბიუჯეტის შესრულება იქნება უპირველესი კრიტერიუმი იმისათვის, შეესაბამებიან თუ არა ისინი დაკავებულ თანამდებობას.
გარდა ამისა, დღეს უნდა განვაცხადოთ, რომ ვერ ავცდებით ძალზე სერიოზულ, თუნდაც მტკივნეულ ცვლილებებს საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკაში. სხვათა შორის, ყურადღება მივაქციე იმას, რომ გასულ კვირას პარლამენტში გამართული დებატების დროს, მწვავე კრიტიკის მიუხედავად, საკმაოდ კონსტრუქციული იყო სახალხო პარტიის წარმომადგენლის პროფესორ მიხეილ ჯიბუტის გამოსვლა. ეს კი არ იყო მხოლოდ კრიტიკა - კრიტიკისათვის, არამედ შეიცავდა კონსტრუქციულ წინადადებებს, თუ რა გვიშლის ხელს პრობლემათა დაძლევაში. სწორედ ასე წარმომიდგენია მე, როგორ უნდა მოქმედებდეს ჭეშმარიტი ოპოზიცია და არა გაუთავებელი ისტერიები და ლანძღვა, რასაც, სამწუხაროდ, ხშირად მიმართვს მრავალი პარლამენტარი თუ პოლიტიკოსი. მე არ შემიძლია არ ვთქვა, რომ ძალიან ღირსეულად გაუძლო საკმაოდ რთულ შემოტევებს უმრავლესობამ, მან გამოიჩინა სახელმწიფო ინტერესების დაცვის კარგი უნარი და ამას იგი ნიჭიერად და არგუმენტირებულად აკეთებს. არ შემიძლია არ შევეხო იმასაც, რომ ეროვნულ დემოკრატთა გამოსვლები ყოველთვის სიმწვავითა და სიმძაფრით გამოირჩევა, მაგრამ, როცა საქმე ქვეყნის განვითარების, მისი ყოფნა-არყოფნის ძირეულ პრობლემებს ეხება, მათი ოპონირება დასაშვებ ფარგლებს არ სცილდება და პატრიოტული პრიორიტეტების პრიმატი უდავოდ იგრძნობა. მე ასე შემიძლია ვთქვა ზოგიერთ სხვა პარტიაზეც, მაგრამ არა ყველაზე.
დიახ, საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკაში უახლოეს მომავალში უმკაცრესი და ურთულესი ცვლილებები უნდა განხორციელდეს: უარი უნდა ვთქვათ ეგრეთ წოდებულ „შეღავათებზე“, რომლებიც, სამწუხაროდ, ძალიან ბევრ შემთხვევაში, როგორც იტყვიან, გასაძრომი ნაპრალი ხდება მაფიისათვის და ბიუჯეტი ათეულმილიონობით ლარს კარგავს (რა თქმა უნდა, გამართლებულ შეღავათებს არ ვგულისხმობ). ამ თვალსაზრისით ფინანსთა მინისტრმა პარლამენტის სხდომაზე სერიოზული შენიშვნები გამოთქვა.
საგადასახადო პოლიტიკა უნდა შევუსაბამოთ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მკაცრ, მაგრამ როგორც დრომ დაადასტურა, სავსებით სამართლიან და რაციონალურ რეკომენდაციებს. ცუდი რჩევა მათ ჩვენთვის ჯერ არ მოუციათ, ხოლო როდესაც 1997 და 1998 წლების სახელმწიფო ბიუჯეტის შედგენისას ეს რჩევა უგულებელყოფილი იყო (ნაწილობრივ ეს ჩემი ბრალიც გახლდათ), შედეგი არცთუ სახარბიელო მივიღეთ. არ შემიძლია დღეს განსაკუთრებული მადლიერების სიტყვებით არ მივმართო ამ ორგანიზაციას, მის გენერალურ დირექტორს ბატონ კამდესიუს, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ საქართველო ფინანსური კრიზისის მორევში არ აღმოჩენილიყო. სხვათა შორის, ახლაც მუშაობს აქ სავალუტო ფონდის მისია, რომელთანაც ჩვენ მუდმივი კონტაქტები გვაქვს და ვფიქრობთ, რომ ეს მუშაობა მიიღებს შეთანხმებულ და ქვეყნისათვის სასიკეთო ხასიათს.
თუ ცვლილებები (საგადასახადო კოდექსსა და ბიუჯეტში) ამა თუ იმ სახეობის სასურსათო პროდუქციის ფასების ზრდას გამოიწვევს (გთხოვთ, ამასაც მიაქციოთ ყურადღება, რასაც ახლა ვიტყვი), სახელმწიფოს აქვს შესაბამისი რესურსები, სათანადო რეზერვები ამის კომპენსირებისათვის. მით უმეტეს, რომ საკმაო გამოცდილებაც გვაქვს ამ პრობლემის დასაძლევად: ბოლო წლების განმავლობაში ფასების არც ერთი სერიოზული ცვლილება არ განხორციელებულა სახელმწიფო კომპენსაციის გარეშე.
ბუნებრივია, უმკაცრესი ზომები იქნება მიღებული ურჩი გადამხდელების მიმართ. ყველა, ვინც გადასახადს დაუმალავს სახელმწიფოს, კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს. სხვა საქმეა, რომ ამ თვალსაზრისით არცთუ მკაცრი კანონები გვაქვს, და ეს რამდენადმე გაუგებარია. უფრო პირიქით, კანონმდებლობა ურჩი გადამხდელების წინააღმდეგ საკმაოდ დონდლო და უკბილოა. იმედია, ჩვენი პატივცემული პარლამენტარები (განურჩევლად პოზიცია-ოპოზიციისა) ამ ნაკლს უახლოეს მომავალში გამოასწორებენ და კანონმდებლობას გაამკაცრებენ, საკანონმდებლო ინციატივა კი პრეზიდენტზე იქნება დამოკიდებული და მე ამას არ დავახანებ. სხვა გზა არ არის, ვაინაიდან საქმე ეხება უმაღლეს სახელმწიფოებრივ ინტერესებს.
თუმცა, მე მაინც მინდა ვთხოვო ყველა მეწარმეს, ყველა ბიზნესმენს, თითოეულ მოქალაქეს განიმსჭვალონ სახელმწიფოებრვი შეგნებით და შეასრულონ თავიანთი უპირველესი მოვალეობა. გამდიდრებას არავის უკრძალავენ, როგორც იტყვიან, ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ ქონება, მაგრამ სახელმწიფომ, ესე იგი თითოეულმა მოქალაქემ კუთვნილი შემოსავალი უნდა მიიღოს. მხედველობაში მაქვს ხელფასი, პენსია და სხვა.
იოტისოდენად არ მეპარება ეჭვი, რომ ჩვენ ამ პრობლემებს გადავწყვეტთ, ვინაიდან, ბოლოს და ბოლოს, მათი სირთულე არაფერია იმ პრობლემებთან შედარებით, რომელთა წინაშეც ამ 5-6 ან თუნდაც 4 წლის წინათ ვიდექით.
ქვეყანაში მიმდინარე რთული მოვლენების მიუხედავად, რადიკალური რეფორმებისა და გარდაქმნების კურსი არ შეიცვლება, როგორც ზემოთ ვთქვი, პირიქით, კიდევ უფრო მეტი მასშტაბითა და შემართებით განხორციელდება.
ჩვენს მეზობლად მოვლენათა განვითარებამ დაამტკიცა, რომ ამ კურსს, ესე იგი რეფორმების კურსს ალტერნატივა არ გააჩნია. ხოლო ის ილუზია, თითქოს მდგომარეობის გამოსწორება შესაძლებელია ემისიით, მბრძანებლურ-ადმინისტრაციული სისტემის აღდგენით, ფასების ხელოვნური რეგულირებით და ასე შემდეგ, - ასევე ჩვენ თვალწინ სულ მალე დაიმსხვრევა. ეკონომიკა ბრძანებებს არ ემორჩილება. იგი მხოლოდ ეკონომიკურ კანონებსა და სახელმწიფოებრივ წესრიგს ემორჩილება.
და ბოლოს, ერთ პრინციპულ საკითხს მინდა შევეხო და აქ აუცილებელია საზოგადოებრივი აზრის მხარდაჭერა. მთავრობის სხდომაზე კვლავ განვიხილეთ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის განკარგვის, მართვისა და განსახელმწიფოებრიობის სამართლებრივი საფუძვლების მარეგულირებელი ორი კანონპროექტი. ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული ასეთი მიწის განსახელმწიფოებრიობის შესახებ კანონპროექტში შეტანილია მთავრობის წინა სხდომაზე გამოთქმული შენიშვნები და წინადადებები. აქ, რა თქმა უნდა, საქმე ეხება ქალაქებს, რაიონულ ცენტრებს, დაბებს და ასე შემდეგ. თქვენ იცით, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწები სოფლად პრივატიზებულია და რეფორმა განხორციელდა. საბოლოოდ დაფიქსირდა ფასი, რომელიც უნდა გადაიხადოს მეწარმემ, რათა მიწის მესაკუთრე გახდეს. საფასური დიფერენცირებულია ქალაქების, რაიონებისა და მიწის ადგილმდებარეობის მიხედვით. მინიმალური გადასახადია 10 თეთრი, ვიმეორებ - 10 თეთრი. ყველაზე ძვირი, იშვიათ შემთხვევაში 5 ლარამდეა. წინასწარი გამოანგარიშებით, კანონის ამოქმედების შემთხვევაში, ამ წყაროდან უახლოეს ორ-სამ წელიწადში ბიუჯეტი სავარაუდოდ 90 მილიონ ლარზე მეტ თანხას მიიღებს, და ყველაფერი ეს მოხმარდება მოსახლეობას და იმავე მეწარმეობის განვითარებას. ვიცი, ამ თემაზე ცხარე დისკუსია მიმდინარეობს. მომიტევეთ, მაგრამ მგონია, რომ ზოგიერთს რაღაც იდეაფიქსად ექცა მიწის უსასყიდლოდ გადაცემა, არადა, ლაპარაკია რაღაც მინიმალურ გადასახადზე, რომლის დაფარვა მეწარმეს არ გაუჭირდება. სამაგიეროდ, მიწას ის კაცი საკუთრებაში მიიღებს. ნამდვილი საკუთრება უსასყიდლოდ არ მიიღება, თორემ ხომ გაგიგონიათ ქართული ანდაზა, ქარის მოტანილს, ქარივე წაიღებსო. გარდა ამისა, გაუგებარია, რატომ უნდა დაკარგოს ბიუჯეტმა ათობით მილიონი ლარი შემოსავალი, რომელიც ისევ ქვეყანას, ჩვენი სახელმწიფოებრიობის განმტკიცებასა და მოსახლეობის კეთილდღეობას უნდა მოხმარდეს. იმედი მაქვს, საზოგადოება და მასმედია ამ მეტად პრინციპულ საკითხში ხელისუფლებას მხარს დაუჭერს.
და, თუკი ამ კანონებს მიიღებს პარლამენტი, ამით საბოლოოდ ძალიან კარგ ფონს შექმნის ქვეყანაში მიწის ბაზრის ფორმირებისათვის.
- გასულ კვირას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სესია გაიმართა. დევნილთა რადიკალური ნაწილის ლიდერი (როგორც იგი თავს უწოდებს) კაკუბავა, კვლავ მწვავე განცხადებებს აკეთებს. თანაც, ამ შემთხვევაში, ექსტრემისტულ განცხადებებს და არამარტო ცენტრალურ ხელისუფლებას და აფხაზეთის ლეგიტიმურ ხელისუფლებას, არამედ დევნილთა გარკვეულ ნაწილსაც უპირისპირდება. თითქოს განსაკუთრებით გაზაფხულისა და შემოდგომისთვის დამახასიათებელი მოვლენაა: როცა ლეგიტიმური ხელისუფლება იკრიბება ცალკე და კაკუბავა, როგორც წესი, დევნილთა ყრილობის გამართვით იმუქრება. ისიც უნდა ითქვას, რომ ყრილობაში მონაწილეობის მიღების შესახებ უმაღლესი საბჭოს შესაბამის გადაწყვეტილებამდე, ათობით ორგანიზაციიდან მხოლოდ სამი გამოთქვამდა მონაწილეობის სურვილს...
- როცა სერიოზულ პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, ეს პოლიტიკა კაკუბავაზე ან რომელიმე კონკრეტულ პიროვნებაზე არ დაიყვანება.
დიდი ყურადღებით ვადევნებდი თვალს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სესიას და საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ უმაღლესი საბჭო ნამდვილად გამოხატავს აფხაზეთის ქართველობის, ყველა ეროვნების დევნილთა ინტერესებს. ეს ეხება დამსახურებულ მოღვაწეებს, მეცნიერებს, ინტელიგენციას, მწერლებს, პოეტებს, მებრძოლებს, მშრომელებს საერთოდ, ახალგაზრდობას და ასე შემდეგ. თითქმის ყველა ფენა იყო წარმოდგენილი.
ხანგრძლივი დისკუსიის შემდეგ უმაღლესმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ლტოლვილთა ყრილობის მოწვევის შესახებ. მე ამ გადაწყვეტილებას მივესალმები, მიმაჩნია, რომ კვლავ დადგა დრო ვიმსჯელოთ იმაზე, თუ რისი გაკეთება მოხერხდა განვლილ პერიოდში და რა შეიძლება გაკეთდეს უახლოეს მომავალში, სად იყო ჩავარდნები. შესაძლოა, ყრილობამ კარდინალური საკითხები ვერ მოაგვაროს, მაგრამ ძალიან დიდ როლს შეასრულებს ლტოლვილთა შეკავშირების თვალსაზრისით, რასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ტერიტორული მთლიანობის აღდგენისა და მსოფლიო საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისათვის. მე არ გამოვრიცხავ, რომ ამ ყრილობაზე მოვიწვიოთ საერთაშორისო ორგანიზაციათა ცალკეული წარმომადგენლებიც.
ამდენად, ყრილობის მუშაობაში პირადად უეჭველად მივიღებ მონაწილეობას, მინდა, ეს შევპირდე ლტოლვილებს, ვინაიდან ამ ღონისძიებას ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ.
როგორც ცნობილია, ამ დღეებში თბილისში ჩამოვლენ სერგეი ბაღაფში, აგრეთვე აფხაზეთის ამჟამინდელი ადმინისტრაციის სხვა ხელმძღვანელები, ვლადისლავ არძინბას პირადი წარმომადგენლები. ვიმედოვნებ, ქართულ-აფხაზური დიალოგი ამ მოლაპარაკებათა შედეგად ახალ იმპულსს შეიძენს და კიდევ რამდენიმე ნაბიჯით მივუახლოვდებით საბოლოო შედეგს - შერიგებას, თანაცხოვრების საერთო ფორმულის გამომუშავებას, რის გარეშეც მშვიდი და ბედნიერი ცხოვრება არ ექნებათ არც ქართველებს და არც აფხაზებს. მე მგონი, ამაში ისინიც დარწმუნდებიან და ქართველებიც.
- და კიდევ ერთი შეკითხვა. თქვენ მიიღეთ უკრაინის სასაზღვრო უწყების ხელმძღვანელი და ესაუბრეთ სასაზღვრო თანამშრომლობის საკითხებზე. თითქოს განსაკუთრებული არაფერი მომხდარა იმდენად, რამდენადაც საქართველოსა და უკრაინას დიდი ხანია დადებული აქვთ დიდი ხელშეკრულება ქვეყნებს შორის ურთიერთობის შესახებ და, რამდენადაც მახსოვს, ერთადერთი ქვეყანაა, რომელთანაც დადებულია ხელშეკრულება ურთიერთდახმარების შესახებ. მიუხედავად ამისა, „ნეზავისიმაია გაზეტაში“, რომ იტყვიან, სასწრაფოდ გამოჩნდა ინფორმაცია ზატულინისა და მიგრანიანის ბათუმში ვიზიტის თაობაზე (ამ პოლიტოლოგების, ასე ვთქვათ, დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნისადმი გასაგები და ცნობილია), სადაც ჟურნალისტებთან საუბრისას მათ აშკარად შეურაცხმყოფელი პოზიცია ეკავათ და შეურაცხმყოფელი იყო მათი გამონათქვამები უკრაინის მიმართ სწორედ იმის გამო, რომ ეს ქვეყანა საქართველოს საზღვრის დაცვის დამოუკიდებელი სისტემის ჩამოყალიბებაში ეხმარება.
- ამ ორი ავტორის მიმომხილველობითი, თუ შეიძლება ასე ითქვას, „მარგალიტები“ ძალიან კარგად არის ცნობილი. და მე მინდა განვაცხადო, რომ არ მიმაჩნია ეს გამოსვლები იმის ღირსად (გინდ მოსკოვში, თუნდაც ბათუმში და კიდევ სხვაგან), რომ საქართველოს პრეზიდენტმა დრო დახარჯოს კომენტარებისათვის.
საქინფორმი.
„ქვეყანაში მიმდინარე რთული მოვლენების მიუხედავად, რადიკალური რეფორმებისა და გარდაქმნების კურსი არ შეიცვლება, პირიქით, კიდევ უფრო მეტი მასშტაბითა და შემართებით განხორციელდება“ : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 21 სექტემბრის რადიოინტერვიუ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 22 სექტემბერი. - №244 (2944). - 1,2 გვ.
![]() |
40 საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის განცხადება |
▲ზევით დაბრუნება |
ხუთი წლის წინათ სოხუმის დაცემასთან დაკავშირებით
უწინარეს ყოვლისა, როცა ვიხსენებთ სოხუმს, მისი დაცემის ტრაგიკულ დღეებს და, საერთოდ, აფხაზეთის ტრაგედიას, პატივს მივაგებ ძმათამკვლელ ომში დაღუპულთა ხსოვნას და გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ იმათ ოჯახებს, მშობლებს, ახლობლებს, თანამებრძოლებს, ქართველებსა და აფხაზებს, ყველას.
გარდა ამისა, ხუთი წლის წინათ სოხუმის დაცემასთან დაკავშირებით მსურს ხაზი გავუსვა რამდენიმე დებულებას:
1. აფხაზეთის ომი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებმა, უფრო სწორად, პოლიტიკანებმა გააჩაღეს. დოკუმენტურად, ცოცხალ მოწმეთა მიერ დადასტურებულია, რომ ჯარების გადაადგილების შესახებ გადაწყვეტილება მხოლოდ და მხოლოდ სარკინიგზო მაგისტრალების, სატვირთო ეშელონების დაცვასა და უსაფრთხოებასთან იყო დაკავშირებული. რესპუბლიკის პროკურატურის მრავალწლიანი მუშაობა სწორედ ასეთ დასკვნას გვიკარნახებს. ასეც რომ არ ყოფილიყო სახელმწიფოს უფლება აქვს თავის ტერიტორიაზე გადააადგილოს შეიარაღებული ძალები ისე, როგორც საჭიროდ მიაჩნია.
2. სეპარატისტთა ლიდერების ერთმა ჯგუფმა, ძირითადად უცხოურ ძალებზე, მათ შორის რეგულარული არმიის ნაწილებზე, უცხოელ ბოევიკებზე დაყრდნობით, რომელთა რიცხვი ათასებს შეადგენდა, აფხაზეთში ქართველთა და სხვა ეროვნებათა ადამიანების ეთნოწმენდა განახორციელა. ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ბუდაპეშტისა და ლისაბონის უმაღლესი დონის შეხვედრების დეკლარაციებში პირდაპირ და არაორაზროვნად დადასტურდა აფხაზეთში განხორციელებული ეთნოწმენდა, ვერც გაეროს უშიშროების საბჭო უარყოფს საქართველოს ამ რეგიონში ქართველთა ეთნოწმენდის ფაქტს.
3. ხუთი წელია მიმდინარეობს მოლაპარაკება კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგების თაობაზე. ასეთი მიდგომის პრინციპული საფუძვლები ჩამოყალიბდა ჯერ კიდევ მოსკოვის 1992 წლის 3 სექტემბრის ხელშეკრულებაში. სამწუხაროდ, მავანთა და მავანთა წყალობით, აფხაზებისა და ქართველებისათვის, ჩრდილოეთ კავკასიელთათვის აბსოლუტურად მისაღები ეს ხელშეკრულება ფარატინა ქაღალდად იქცა. არ მინდა ქართველთა თუ აფხაზთა დიპლომატიური გამარჯვების ან დამარცხების შესახებ ვილაპარაკო, მაგრამ, ვიმეორებ, ეს მოსკოვის ხელშერულება გახლდათ ორი ხალხის სამუდამოდ შერიგების რეალური საფუძველი.
სამწუხაროდ, ხელშეკრულების ხელმოწერიდან რამდენიმე დღის შემდეგ, როცა საქართველოს შეიარაღებულმა რაზმებმა უკვე დაიწყეს გაგრის ზონიდან გამოსვლა, დაიწყო ის მუხანათური შეტევა, რომელიც საბედისწერო აღმოჩნდა ამ ომში.
4. მრავალი დოკუმენტი, რომელთაც 3 სექტემბრის შემდეგ მოვაწერეთ ხელი, შინააშლილობით მძიმედ დაავადებული საქართველოს მხრივ რთული კომპრომისებისა და იძულებითი დათმობების შედეგი გახლავთ. ფაქტობრივად, სოხუმის დაცემა დაემთხვა დასავლეთ საქართველოში სამოქალაქო ომის გაჩაღებას. სხვა გზა არ იყო, საერთოდ, ქვეყნის ყოფნა-არყოფნის ბედი სასწორზე იდო.
5. მიუხედავად ამისა, მოლაპარაკებათა პროცესს გარკვეული შედეგი მოჰყვა, უწინარეს ყოვლისა, ეს გახლავთ პირდაპირი დიალოგი ქართველებსა და აფხაზებს შორის. იქნებ შედეგი არცთუ ხელშესახებია, მაგრამ მთავარია: დიალოგი დაიწყო. დღეს, ჩემი ღრმა რწმენით, ორივე ხალხი დარწმუნდა, რომ ჩვენ უერთმანეთოდ არ შეგვიძლია, რომ ქართველთა და აფხაზთა თანაცხოვრება, როგორც ეს მრავალ და მრავალ საუკუნეთა მანძილზე ხდებოდა, ერთადერთი საშუალებაა, რადგან უფსკრულში არ გადავიჩეხოთ, გავიდეთ ცხოვრების დიდ გზაზე და საყოველთაო და სამუდამო მშვიდობისათვის მსოფლიო ცივილიზაციის ბრძოლაში ჩვენი ორი ხალხის სახელიც და ღვაწლიც აღიბეჭდოს. რადგან უშუალო დიალოგის მნიშვნელობას შევეხეთ, საყურადღებოა ამ ბოლო დღეებში ბატონ სერგეი ბაღაფშის მეთაურობით აფხაზეთის ძალიან ავტორიტეტული დელეგაციის ჩამოსვლა თბილისში, აქ გამართული ძალიან საინტერესო და საჭირო საუბრები. ასევე ჩვენი სახელმწიფო მინისტრის ვაჟა ლორთქიფანიძის ვიზიტი ძალისმიერი სტრუქტურების ხელმძღვანელებთან ერთად, რომელმაც, ვფიქრობ, იქ ძალიან მნიშვნელოვანი კვალი დატოვა. მჯერა, რომ ასეთი, არა მარტო მაღალი დონის, არამედ უბრალოდ ადამიანთა შორის, საერთოდ ორ ხალხს შორის კონტაქტები თანდათანობით გაიზრდება, გაძლიერდება და შედეგიანი იქნება.
6. მინდა ხაზი გავუსვა: აფხაზეთიდან დევნილები უნდა დაუბრუნდნენ მშობლიურ კერებს. არ არსებობს ალტერნატივა, არ არსებობს სხვა გზა, რაც უფრო ადრე დავიწყებთ, მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას, რაც უფრო ადრე შევუდგებით ამ პროცესს, მით უკეთესი იქნება ორივე ხლხისათვის. აფხაზეთმა უნდა მიიღოს ყველაზე მაღალი სტატუსი, როგორიც კი ცნობილია მსოფლიო ფედერალიზმის პრაქტიკაში. აფხაზეთი არ უნდა იქცეს ბინძურ პოლიტიკოსთა ხელში საქართველოში მუდმივი ზემოქმედების ბერკეტად. ეს ფუნქცია კარგს არაფერს მოუტანს არც აფხაზეთს და არც საერთოდ საქართველოს. მხოლოდ თანხმობა, მეგობრობა და ნათესაობაა მდგომარეობიდან გამოსვლის ერთადერთი გზა.
7. ალბათ, არავის ეპარება ეჭვი, რომ ჩემთვის უმძიმესი მტკივნეული თემა - აფხაზეთია. არ არსებობს სიკვდილის არც ერთი ფორმა, გარდა ფიზიკურისა, რომელიც მე ოთხმოცდაათიანი წლების დამდეგიდან არ გადამეტანოს.
მიუხედავად ამისა, შორს ვარ შურისძიების, სამაგიეროს გადახდის ცდუნებისაგან, ჩემი ცხოვრების დარჩენილი წლების უმაღლეს მიზნად ქართველთა და აფხაზთა (ისევე როგორც, ქართველთა და ოსთა) შერიგება მიმაჩნია.
იოლი არ იყო ჩემთვის მეთქვა: მზად ვარ ჩავფრინდე სოხუმში და იქ, მთელი რიგი მორალური თუ ფსიქოლოგიური პრობლემების მიუხედავად, ვილაპარაკო ორი ხალხის დღევანდელ და ხვალინდელ ბედზე. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ღრმად ვარ დარწმუნებული: კონფლიქტის მოგვარების, ჩვენი შერიგების გარეშე არ დამთავრდება უკიდურესი დაპირისპირება, მოვლენ ახალი თაობები და, ღმერთმა უწყის, როგორ განსჯიან, როგორ გადაწყვეტილებებს მიიღებენ ისინი. ამიტომაც მივმართავ ქართველებსაც და, რა თქმა უნდა, აფხაზებსაც, აღვადგინოთ ნდობა, მეგობრობა, ნათესაობა, ვიცხოვროთ თანამედროვე ცივილიზებული მსოფლიოს კანონთა შესაბამისად.
8. ამ დღეებში სოხუმში, ალბათ, გამარჯვებას ზეიმობენ. ამ უაზრო ომში, მინდა გულახდილად და პირდაპირ განვაცხადო, ძმათამკვლელ შეტაკებებში არ არიან გამარჯვებულნი და დამარცხებულნი. ძმებო აფხაზებო, განა შეიძლება თავი გამარჯვებულად ჩათვალოს ვინმემ, თუკი ქართველთა გენოციდი და ეთნოწმენდა განხორციელდა? ეს ხომ ის ცოდვაა, რომელსაც კაცობრიობის წინაშე დანაშაული ჰქვია. ნუ დაიჯერებთ, რომ არ მოვა დრო განსჯისა მაღალი ღმერთის, საკუთარი სინდისისა და მსოფლიოს წინაშე.
ამიტომაც გთავაზობთ შეხვედრას, შეხვედრას ვლადისლავ არძინბასთან, სხვა ლიდერებთან, ჩემს ძველ მეგობარ აფხაზებთან, ხანშიშესულებთან და ახალგაზრდებთანაც. მოდით, დავძრათ მკვდარი წერტილიდან ჩვენი ორი ხალხის საბოლოოდ შერიგების საქმე. მე ღრმად მწამს, ომის შედეგები უნდა წარიხოცოს, ახალი ცხოვრება დავიწყოთ და ეს უნდა გავაკეთოთ ჩვენ, ვინც ამ საშინელი ომის დაწყების და მისი მიმდინარეობის მომსწრენი ვართ, მომსწრენი ვართ ათასი უბედურებისა. მე მზად ვარ ვიმოქმედო, ვიმოქმედო ჩემს კოლეგებთან ერთად, და მთელი ჩემი ხალხის მხარდაჭერით მშვიდობისა და თანაცხოვრების დიდებული ტრადიციების აღორძინებისათვის.
9. და კიდევ ერთი იმასთან ერთად, რაც ზემოთ ვთქვი. ჩვენ, ძმებო აფხაზებო, მარტონი არ ვართ. მშვიდობა ჩვენს შორის, კონფლიქტის მოგვარება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ამერიკის შეერთებული შტატების, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, ევროპის უშიშროების სტრუქტურების, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის, აგრეთვე, უკრაინისა და თურქეთის (ამ ბოლო დროს ამ ორი ქვეყნის ინტერესიც გამოიკვეთა) ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად არის აღიარებული. დანგრეულ სახლებს, გზებსა და მაგისტრალებს, გაპარტახებულ სოფლებსა და ქალაქებს აღდგენა უნდა. ჩვენი მეგობრები გულუხვ დახმარებას გვპირდებიან, თუკი გვეყოფა პოლიტიკური ნება, უბრალოდ ადამიანური ნებისყოფა, ჩავაქროთ ხანძრის კერა, რომელიც ჯერ კიდევ ღვივის, ვიცხოვროთ ისე, როგორც ჩვენი დიდი და ბრძენი წინაპრები გვასწავლიდნენ.
ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის განცხადება : ხუთი წლის წინათ სოხუმის დაცემასთან დაკავშირებით // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 29 სექტემბერი. - №251 (2951). - 1,2 გვ.
![]() |
41 „დიდ შერიგებას, ხალხის დაბრუნებას, აფხაზეთის ღირსეული სტატუსის განსაზღვრას ალტერნატივა არ გააჩნია“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
28 სექტემბრის რადიოინტერვიუ
- კვირას, 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის ხუთი წელი შესრულდა. ამ ტრაგიკულ თარიღთან დაკავშირებით თქვენ განცხადება გააკეთეთ... - ჟურნალისტ ნატო ონიანის თხოვნით, ამ თემაზე საუბრით დაიწყო საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ თავისი ტრადიციული ორშაბათის რადიოინტერვიუ.
- მიუხედავად იმისა, რომ ჩემი განცხადება წუხელ სატელევიზიო პროგრამა „მოამბემ“ გადასცა, ალბათ, ყველამ მაინც ვერ მოუსმინა, გაზეთებში კი ხვალ დაიბეჭდება. ამიტომ ჩემს თავს უფლებას მივცემ, გავიმეორო იგი, რადგანაც ზოგიერთ დებულებას მე ძალიან პრინციპულ მნიშვნელობას ვანიჭებ (პრეზიდენტის განცხადებას ამავე გვერდზე ვაქვეყნებთ. - რედ.).
- გუშინდელ განცხადებაში დიდი შერიგების ნოტები ისმის. რამდენად რეალურად მიგაჩნიათ ეს?
- უნდა გითხრათ, მე კიდეც ვუთხარი ვლადისლავ არძინბას, სერგეი ბაღაფშს და სხვებს, რომლებსაც საკმაოდ ხშირად ვხვდები ამ ბოლო დროს, რომ დიდ შერიგებას, ხალხის დაბრუნებას, აფხაზეთის ღირსეული სტატუსის განსაზღვრას ალტერნატივა არ გააჩნია. რაც უფრო ადრე მოხდება ეს, მით უკეთესია. რაც უფრო გვიან, - კიდევ უფრო მეტ უსიამოვნებასა და კიდევ უფრო მეტ ტრაგიკულ მოვლენებთან გვექნება საქმე, როგორც იყო ამ ბოლო დროს გალის რაიონში. ამიტომ მიმაჩნია, რომ, რადგან ჩვენ ვიცით, დარწმუნებული ვართ, რომ სხვა გზა არ არსებობს, უნდა ავირჩიოთ ეს ერთადერთი გზა, გზა შერიგებისა და ვიაროთ ამ გზაზე უფრო სწრაფი ნაბიჯებით, ვიდრე დღემდე.
- გასული ეკონომიკური კვირის და, რა თქმა უნდა, არა მარტო გასულისა, და, ალბათ, საერთოდ საქართველოს ისტორიის ბოლო პერიოდის უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც სწორედ გასულ კვირას გამოცხადდა. კერძოდ, ის, რომ ბაქო-თბილის-ჯეიჰანის მარშრუტი უკვე რეალობად იქცა, ანუ საქართველოში გაივლის არა მარტო პირველადი, არამედ დიდი ნავთობიც, სხვათა შორის, ეს ის თემა იყო, შეგახსენებთ, არცთუ ისე დიდი ხნის წინათ, სულ რაღაც, ფიგურალურად რომ ვთქვათ, გუშინ და გუშინწინ, ქართველ პოლიტიკოსს არ სჯეროდა და არც უნდოდა დაეჯერებინა...
- იყო ასეთი მოვლენა. რაც შეეხება განვლილ კვირას, იგი მნიშვნელოვანი იყო (როგორც თქვენ მიანიშნეთ რადიომსმენელებს) ისტორული „აბრეშუმის გზის“ აღორძინების ფართომასშტაბიანი და გლობალურ პროექტში საქართველოს როლისა და ფუნქციის განმტკიცების თვალსაზრისით. იმიტომ რომ, თავისთავად ამ როლსა ფუნქციაზე უკვე აღარავინ დავობს. წინასწარი შეთანხმება მიღწეულია საქართველოს ტერიტორიის გავლით კასპიის დიდი ნავთობის ტრანსპორტირების საკითხში და დასაბამი მიეცა ამ პროექტის განხორციელებას. აზერბაიჯანის რესპუბლიკისა და საქართველოს წარმომადგენლებს შორის ბაქოში ხელმოწერილი და პარაფირებული მოლაპარაკების ოქმი საქართველოს ტერიტორიაზე გამავალ ძირითად საექსპორტო ნავთობსადენთან დაკავშირებით საფუძვლად დაედება საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის ხელმოსაწერ სამთავრობათშორისო ხელშეკრულებას, რომლის გაფორმებაც, ალბათ, პრეზიდენტების დონეზე მოხდება. არ შემიძლია ეგრეთ წოდებული დასავლეთის მარშრუტების (ადრეული თუ დიდი ნავთობის შესახებ ვამბობ) დაკანონებაში კიდევ ერთხელ არ აღვნიშნო პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევის განსაკუთრებული როლი. ჩვენი მადლიერება მინდა იმით გამოვხატო, რომ ვუსურვო ჩემს ძმასა და ქართველთა დიდ მეგობარს პრეზიდენტის მომავალ არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება. ეჭვი არ მეპარება, რომ ეს ასეც მოხდება.
რაც შეეხება „აბრეშუმის გზის“ იდეას: დღეს უკვე რეალობად ქცეული ამ მიზნისაკენ ჩვენი ქვეყანა წინასწარ გააზრებული გზით, თანამიმდევრულად, ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიოდა. თქვენ გახსოვთ, ალბათ, ჩემი პირველი გამოსვლები საერთაშორისო ფორუმებზე, თუ აქ, ქვეყანაში, როცა ბევრს, ასე ვთქვათ, ირონიული ღიმილი მოეფინებოდა ხოლმე სახეზე. უნდა აღინიშნოს აზერბაიჯანის საერთაშორისო კონსორციუმის გადაწყვეტილება საქართველოს გავლით ადრეული ნავთობის ტრანსპორტირებისათვის მილსადენის მშენებლობის შესახებ. ამ მილსადენისა და სუფსის ტერმინალის მშენებლობის სამუშაოები უკვე დასასრულს უახლოვდება. აღსანიშნავია, ასევე წლეულს ტრაპიზონში საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტების ერთობლივი განცხადება ბაქო-თბილის-ჯეიჰანის დიდი ნავთობის პროექტის განხორციელების თაობაზე. მე რატომღაც დარწმუნებული ვარ, რომ თუკი დიდი ნავთობის მასა, რომელიც ამ მილებმა უნდა გაატაროს, ბევრი იქნება, შეიძლება ერთი მილი არც იყოს საკმარისი. და მაშინ, ალბათ, სუფსა დამატებითს დატვირთვას მიიღებს და, იქნებ, ის ძველი მილიც ამუშავდეს, რომელიც, ფაქტობრივად, ამ პროექტს დაედო საფუძვლად, მაგრამ შემდეგ ახალი მილი აშენდა. ამას ყველაფერს თან ახლდა სპეციალური სამუშაო ჯგუფების, კომისიების ყოველდღიური განუწყვეტელი ძალისხმევა და ბოლოს, ახლახან ბაქოში გამართულმა „ტრასეკას“ სამიტმა ეს რეალობა ერთხელ კიდევ დაადასტურა - საქართველო „აბრეშუმის გზის“ ახალ პროექტში ერთ-ერთი ცენტრალური ქვეყანაა, რომელსაც ნავთობსადენების გატარების სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და პასუხსაგები სრულიად ახალი ფუნქცია ეკისრება.
ამით კიდევ უფრო იზრდება ცენტრალური აზიის ქვეყნების, კასპიისა და რუსეთის გაზსადენების საქართველოს ტერიტორიაზე გავლის შანსიც. „აბრეშუმის გზის“ პროექტში რუსეთის უდიდესი სატრანზიტო პოტენციალის ჩართვა მნიშვნელოვანწილად უკავშირდება აფხაზეთში გამავალი მაგისტრალის ამოქმედებას. ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო საბჭოს ეკონომიკური კომისიის მუშაობის შედეგები ცხადყოფს, რომ პოლიტიკური პროცესების მოწესრიგების სერიოზული ბაზა სწორედ ეკონომიკური თანამშრომლობისა და ეკონომიკური ინტერესების წინა პლანზე წამოწევამ უნდა შექმნას. ამის მნიშვნელობა კი ესმით ყველაზე უფრო საქმიანი წრეების, მათ შორის რუსეთის კერძო სექტორის წარმომადგენლებსა და რუსეთის ბიზნესმენებს;
სააქციო საზოგადოება „რუსეთის ერთიანი ენერგეტიკული ქსელების“ ხელმძღვანელობას სურს შექმნას თანამეგობრობისა და შავი ზღვისპირეთის ქვეყნებში ერთიანი ენერგოქსელი. ამ ჩანაფიქრის განხორციელებასა და საერთოდ ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის მიმართულებებზე იყო მსჯელობა სააქციო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრისას. ქართულ მხარესთან ერთად სააქციო საზოგადოებამ აღადგინა ელექტოგადამცემი ხაზი „კავკასიონი“. სამომავლოდ განზრახული აქვთ პარალელური ელექროგადამცემი ხაზის მშენებლობა შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივ, რაც ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანია (რა თქმა უნდა, იგულისხმება აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების შემდეგ შავი ზღვისპირა ხაზი).
მუშაობა დაასრულა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ. მის შედეგებზე ვისაუბრეთ მისიის ხელმძღვანელთან ბატონ ემანუილ ვან დერ მენსბრუგესთან შეხვედრისას. განვიხილეთ საფინანსო-საბიუჯეტო სფეროში სირთულეების ერთობლივად დაძლევის, საერთოდ ეკონომიკური რეფორმების შემდგომი გაღრმავების ამოცანები და ღონისძიებები, მომავალი წლის ბიუჯეტის ფორმირების ძირითადი მაჩვენებლები და პარამეტრები. ერთობლივი მუშაობა, რა თქმა უნდა, გაგრძელდება. იგი გაგრძელდება ნოემბერში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მორიგი მისიის დროს; ამავე დროს საგულისხმოა ისიც, რომ ჩვენ, ალბათ, უახლოეს დღეებში გავგზავნით საგანგებო დელეგაციას ბატონ ვაჟა ლორთქიფანიძის მონაწილეობით ჩვენს ცნობილ დონორებთან, რომლებიც ამ სავალუტო ფონდის დაფინანსების წყაროს წარმოადგენენ, მათთან შესახვედრად და ზოგიერთი საკითხის მოსაგვარებლად.
გაიმართა, აგრეთვე, შეხვედრა მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორთან ქალბატონ ჯუდი ო კონორთან. ფინანსური სტაბილურობის განმტკიცების ამოცანებთან ერთად ამ შეხვედრის დროსაც ძირითადი თემა ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმები იყო, რომელთა წარმატებულ განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მსოფლიო ბანკის ფინანსურ მხარდაჭერას, მის მიერ დაფინანსებული პროექტების განხორციელებას. ამჟამად ბანკი აფინანსებს (გთხოვთ, მიაქციოთ ყურადღება, როგორ ციფრებთან და როგორ მოცულობებთან გვაქვს საქმე) 373 მილიონი ამერიკული დოლარი საერთო ღირებულების 15 პროექტს, თითქმის ყველა რეგიონს რომ ეხება. ეს პროექტები მოიცავს ყველა სექტორს, რაც მნიშვნელოვნად წაადგება ქვეყნის ეკონომიკური წისვლის პროცესის გაღრმავებას.
გასულ კვირას მთავრობის სხდომაზე შევუდექით 1999 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ წარმოდგენილი კანონპროექტის და მოქმედ საგადასახადო კანონმდებლობაში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ კანონპროექტების განხილვას. წინასწარი განხილვის შედეგად გადამუშავებული ბიუჯეტის პროექტის ძირითადი პარამეტრები, რომლებსაც მხარს უჭერენ საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი, არსებითად ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტის სფეროში ამჟამად არსებულ სირთულეთა დაძლევის ღონისძიებებს. მათს გაანგარიშებას საფუძვლად დაედო ისეთი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების პროგნოზი, როგორიც არის მთლიანი შიდა პროდუქტის 1998 წლის მოსალოდნელ ფაქტობრივ დონესთან შედარებით 8-11 პროცენტის ფარგლებში ზრდა, ინფლაციის წლიური ტემპი არა უმეტეს 5-6 პროცენტის ოდენობით, ამერიკულ დოლართან ლარის გაცვლითი კურსი - 1,35-1,36 მაჩვენებლის დონეზე, შეიძლება იგი 1,40-მდეც გაიზარდოს, მაგრამ ეს საშიში არ არის.
ჩვენი და მთელი ქვეყნის ძირითადი ყურადღება არსებითად გადატანილია შემოსავლის მობილიზაციის კონკრეტული რეზერვების ანალიზსა და იმ ფაქტორების გამოვლენაზე, რომლებმაც უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა წლევანდელი შემოსავლის სრულად მიღებაზე, ხელფასებისა და პენსიების გაცემაზე. ამდენად, მთავრობის სხდომაზე განსახილველი კანონპროექტების პაკეტის მიღება, რის საფუძველზეც უნდა განხორციელდეს ცვლილებანი მოქმედ საგადასახადო კანონმდებლობაში, უაღრესად აქტუალური და სერიოზული საქმეა. ამ ცვლილებებმა ძირითადად უნდა განამტკიცოს არსებული საგადასახადო კანონმდებლობის სრულყოფისათვის გამიზნული ტენდენციები, უზრუნველყოს დადებითი ფისკალური ეფექტების მიღება და ბიუჯეტში მნიშვნელოვანი დამატებითი შემოსავლის ჩარიცხვა. სერიოზული ღონისძიებები უნდა გავითვალისწინოთ სამეწარმეო საქმიანობის ხელშემწყობი გარემოს ფორმირებისა და საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებისათვის, რაშიც, ზემოაღნიშნულთან ერთად, არსებითი წვლილი უნდა შეიტანოს საფინანსო და საგადასახადო სისტემების რეორგანიზაციამ. ამასთან დაკავშირებით მე უკვე რამდენჯერმე ვთქვი, რომ დასახულია და ჩამოყალიბდა მოსაზრებანი ასეთი სერიოზული რეორგანიზაციისათვის. საბოლოო სიტყვა პარლამენტმა უნდა თქვას, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, პარლამენტში ამ წინადადებას მხარს დაუჭერენ.
ბოლო ორ-სამ დღეში კიდევ გვქონდა შესაძლებლობა, უფრო საფუძვლიანად გავცნობოდით წარმოდგენილ კანონპროექტებს, რომელთა დეტალური განხილვა დღეს გაგრძელდება.
მთავრობის სხდომაზე ერთხელ კიდევ ხაზგასმით აღინიშნა და მკაცრი შეფასება მიეცა საბიუჯეტო შემოსავლის მობილიზების საქმეში არსებულ ნაკლოვანებებს.
საგადასახადო ინსპექციის ოპერატიული მონაცემებით, სექტემბრის განვლილ პერიოდში მის მიერ ბიუჯეტში ჩარიცხულია 13 მილიონი ლარი, ხოლო წლის დამდეგიდან - 222 მილიონი ლარი. ამასთანავე, მართალია, ეს 32 მილიონი ლარით აღემატება შარშანდელ შესაბამის მაჩვენებელს, მაგრამ მნიშვნელოვნად ჩამორჩება დადგენილ პარამეტრებს, რის გამოც ფერხდება ბიუჯეტის დაცული მუხლებით გათვალისწინებული ხარჯების დაფინანსება. საგადასახადო სამსახურის წინაშე დგას გეგმის შესრულების მეტად რთული ამოცანები. თქვენ იცით, რომ დაინიშნა ახალი ხელმძღვანელი. ინსპექცია, პრეზიდენტის დავალებით, ამჟამად ამუშავებს სპეციალურ პროგრამას, კერძოდ, არალეგალური ბიზნესის წინააღმდეგ ბრძოლის გასაძლიერებლად. ჩრდილოვანი ეკონომიკის, კორუფციისა და არაჯანსაღი ლობირების არსებული მასშტაბის პირობებში ამ პროგრამის განხორციელებისათვის ინსპექციის ახალ ხელმძღვანელობას მტკიცე სახელმწიფო მხარდაჭერა ექნება.
საბაჟო დეპარტამენტის ოპერატიული მონაცემებით, სექტემბერში მის მიერ ბიუჯეტში მობილიზებულია 13 მილიონამდე ლარი შემოსავალი. წლის დამდეგიდან კი საბაჟომ ბიუჯეტში გადარიცხა 153 მილიონი ლარი, ანუ შარშანდელზე 20 პროცენტით მეტი. აქედან ცენტრალურ ბიუჯეტში საბაჟომ წელს ჩარიცხა 118 მილიონი ლარი. თვის ბოლომდე დარჩენილ სამ დღეში საგადასახადო და საბაჟო სამსახურებმა ყველაფერი უნდა იღონონ საბიუჯეტო შემოსავლის მაქსიმალურად აკრეფისათვის.
და კიდევ ერთი შენიშვნა. ჩვენ უკან დასახევი გზა არა გვაქვს. პენსიებისა და ხელფასების დავალიანებას ბოლო უნდა მოეღოს, სახელმწიფომ, ყველა მოქალაქემ უნდა მიიღოს თავისი წილი ბიუჯეტის შემოსავლიდან. მე ერთხელ უკვე ვთქვი და მინდა კვლავ გავუსვა ხაზი იმ უბრალო ჭეშმარიტებას, რომ ურჩი გადამხდელები, ჩრდილოვან ეკონომიკაში მოკალათებული პიროვნებები ძარცვავენ სახელმწიფოს და ძარცვავენ თითოეულ მოქალაქეს. ამიერიდან (მთელი საქართველოს გასაგონად ვამბობ) ისინი, ვინც თავს არიდებს გადასახადებს, მიეცემიან პასუხისგებაში, გასამართლდებიან, ზოგი მათგანი, ალბათ, კანონის შესაბამისად და კანონის ფარგლებში დაპატიმრებულიც იქნება. სხვა გზა არა გვაქვს, არ შეიძლება მოითხოვდე ნორმალურ ცხოვრებას იმ ქვეყანაში, სადაც სახელმწიფოსა და მოქალაქეთა ძარცვა საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილის ლამის ცხოვრების წესად იქცა.
იგივე ითქმის მოხმარებული ელექტროენერგიის ანაზღაურებაზე. აქ სრული განუკითხაობაა. თუ ასე გაგრძელდა, მძიმე ზამთარი გველოდება, ხოლო, ვინც ენერგეტიკოსებთან პირნათელი იქნება, ელექტროენერგიას შეუფერხებლად მიიღებს. მინდა მოვიყვანო მაგალითი. აი ბატონი ვაჟა ლორთქიფანიძე იყო სომხეთში, სადაც დახარჯული ელექტროენერგიის ანაზღაურება 98 პროცენტს შეადგენს და სწორედ იმიტომ, რომ გადახდის საკითხი ერთხელ და სამუდამოდ მოგვარებულია, პრობლემა აღარ არის. მე მახსოვს, რამდენიმე წლის წინათ იქ თითოეული ოჯახი დღე-ღამეში მხოლოდ ერთი საათით იღებდა ელექტოენერგიას. დღეს, ფაქტობრივად, 24-საათიანი რეჟიმით მუშაობენ.
ჩვენ გვაქვს სათანადო სიმძლავრეები, შესაბამისი წყაროები, და თუკი გადახდის პრობლემა მოგვარდება, გამოზამთრება ნორმალური რეჟიმით ჩაივლის.
- თქვენ ახლა ბატონ ვაჟა ლორთქიფანიძის ვიზიტი ახსენეთ. მართლაც, გასულ კვირას სახელმწიფო მინისტრი ერევანში იმყოფებოდა. ხელმოწერილია რამდენიმე საინტერესო დოკუმენტი. არსებობს ორ ქვეყანას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის პროექტი. მით უფრო აღსანიშნავია სახელმწიფო მინისტრის ვიზიტი, როცა ქვეყანაში უკვე ახალი ხელისუფლებაა.
- როგორც ბატონმა ვაჟა ლორთქიფანიძემ მომახსენა, ვიზიტი მართლაც საინტერესო და შინაარსიანი აღმოჩნდა, საოცრად საქმიან და გულთბილ ვითარებაში ჩაიარა. მე დიდად ვაფასებ ჩვენს უახლოეს მეზობელთან და მეგობარ სახელმწიფოსთან ურთიერთობის ამჟამინდელ დონეს. ყველაზე ნიშანდობლივი და სასიხარულო ის არის, რომ სომხეთი მზადაა (ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია) ბაქოს დეკლარაციის შესაბამისად, აქტიურად ჩაერთოს ტრასეკას პროექტის განხორციელებაში და ეს ნათქვამია კომუნიკეში (თქვენ გახსოვთ, როგორი ეფექტი ჰქონდა სომხეთის პრემიერ-მინისტრის ჩასვლას ბაქოს ფორუმზე), რაც უდავოდ კეთილისმყოფელ ზეგავლენას მოახდენს კავკასიის კონფლიქტების, მათ შორის ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაზე. საერთოდ, კავკასიაში ომები უნდა დამთავრდეს და მჯერა, თუ ეს დიდი პროექტები განვითარდა, კიდევაც დამთავრდება და მშვიდობა დაისადგურებს.
- გასული კვირის ყურადღების ცენტრში მოექცა ის შესწორებანი, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების კანონში შეიტანა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ. კერძოდ, ლაპარაკია იმაზე, რომ რაიონების გამგებლებს აირჩევენ საკრებულოები. პრესაში და არა მარტო პრესაში, ეს სიტუაცია მოინათლა როგორც „კანონების ომი“ თბილისსა და ბათუმს შორის. რამდენად ეთანხმებით ამგვარ შეფასებას?
- არ ვეთანხმები. გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო აჭარის უმაღლესმა საბჭომ (ყოველ შემთხვევაში, მე ჩემს შეხედულებას მინდა გავუსვა ხაზი) არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. ქვეყნის ძირითადი კანონი განსაზღვრავს, რომ მოსახლეობას აქვს უფლება გადაწყვიტოს ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები თვითმმართველობითი ორგანოების მეშვეობით. საქართველოს კონსტიტუცია არ აკონკრეტებს ამ ორგანოთა ფორმირებისა და დაკომპლექტების მექანიზმს.
როგორც მოგეხსენებათ, 15 ნოემბერს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 1073 ერთეულში გაიმართება აღმასრულებელი რგოლის პირდაპირი არჩევნები. გარდამავალ ეტაპზე ქვეყანაში რეალურად არსებული ვითარების გათვალისწინებით, დროებით რაიონების გამგებლებს, აგრეთვე, ყველაზე დიდი ქალაქების მერებს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. არავითარი არადემოკატიული ამაში არ არის. ასეთი პრაქტიკა არსებობს მსოფლიოს მრავალ განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყანაში. მაგრამ ჩვენ იმთავითვე განვაცხადეთ, რომ ეს არის დროებითი ღონისძიება და მივისწრაფით სრული თვითმმართველობისაკენ ანუ, საბოლოო ანგარიშით, მოსახლეობამ რაიონის გამგებელი უნდა აირჩიოს პირდაპირი კენჭისყრით.
ჩემი აზრით, იმას, რასაც აჭარაში აკეთებენ, შეიძლება ჰქონდეს გარკვეული ექსპერიმენტის მნიშვნელობა და მომავალში იგი მაგალითად გამოგვადგეს სხვა რეგიონებისთვისაც.
- და ბოლო კითხვა. თქვენ მონაწილეობა მიიღეთ ყაზბეგობის დღესასწაულში, რომელსაც საკმაოდ დიდი ხნის წინათ ჩაეყარა საფუძველი და ტრადიციადაც იქცა.
- ყაზბეგობა, ალექსანდრე ყაზბგის დაბადების 150 წლისთავის იუბილე სრულიად საქართველოს დღესასწაული გახდა. ჩვენი ერის დიდი შვილის შემოქმედება თავისუფლებისმოყვარე თაობებს ზრდიდა საქართველოში პატრიოტიზმის სულისკვეთებით. და ჩვენ, ალბათ, ყველას, შედარებით უფროს თაობას სკოლის მერხიდან გამოგვყვა საოცარი სიყვარული, მორიდება და განსაკუთრებული პატივისცემა ამ დიდი მწერლისა და მისი გმირების მიმართ.
კანონზომიერია, რომ ამ შესანიშნავ ზეიმში პრეზიდენტმა მიიღო და კიდევაც უნდა მიეღო მონაწილეობა.
საზეიმო ღონისძიებათა შემდეგ გავმართეთ საქმიანი შეხვედრები. მე მივიღე გადაწყვეტილება, ჩვენს რწმუნებულთან, კობა ბუჩუკურთან ერთად შემუშავდეს ხევის რეაბილიტაციის, ეკონომიკური აღორძინების, საქართველოს სამხედრო გზის სრულფასოვანი ფუნქციონირების (ვფიქრობ, გაისად ძირითადად დამთავრდება ამ გზის რეაბილიტაცია), მეცხვარეობის მხარდაჭერის 5-6 წლიანი პროგრამა, რასაც უდიდესი მნიშვნელობა ექნება ჩვენი ქვეყნის ამ ულამაზესი და უმნიშვნელოვანესი კუთხისათვის.
მოხევეებმა უდიდესი გულთბილობა გამოამჟღავნეს. ისე როგორც საქართველოს ნებისმიერი სხვა კუთხის შვილებისათვის, მათთვისაც უპირველესი საზრუნავი სამშობლოს დამოუკიდებლობა და სამშობლოს გაძლიერება, მისი ერთიანობა და მთლიანობაა.
მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა მოვახსენო მოხევეებს განსაკუთრებული გულთბილობის, სტუმართმოყვარეობისა და და ქვეყნის ერთგულებისათვის. და მინდა ხაზი გავუსვა იმასაც, რომ, მართალია, ხევი კი ჰქვია, მაგრამ ხევი - ეს არის ხიდი ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან, ჩვენს ჩრდილოელ მეზობლებთან, ეს არის საქართველოს კარიბჭე და საქართველოს ამ კუთხის შვილები ყოველთვის ღირსეულად იდგნენ ამ კარიბჭის მცველებად და, ვფიქრობ, ახლაც ასევე ღირსეულად ასრულებენ თავიანთ მისიას.
საქინფორმი.
„დიდ შერიგებას, ხალხის დაბრუნებას, აფხაზეთის ღირსეული სტატუსის განსაზღვრას ალტერნატივა არ გააჩნია“ : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 28 სექტემბრის რადიოინტერვიუ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 29 სექტემბერი. - №251 (2951). - 1,2 გვ.
![]() |
42 ჟურნალ „დროშის“ რედაქციასა და მთავარ რედაქტორს ბატონ ჯანსუღ ჩარკვიანს |
▲ზევით დაბრუნება |
ბატონო ჯანსუღ, ნება მიბოძეთ ჟურნალ „დროშის“ კოლექტივს, რომელსაც თქვენ ხელმძღვანელობთ, მივულოცო დაარსების 125 და განახლების 75 წლისთავი. როგორც მოგეხსენებათ, თქვენს ჟურნალს შესანიშნავი წინაპარი ჰყავდა ნიკო ნიკოლაძის დაარსებული „დროშის“ სახით, თქვენ კი - ასევე შესანიშნავი წინამორბედნი ჟურნალის მთავარი რედაქტორის პოსტზე.
გზა ჟურნალისა იყო ძნელი, რთული, წინააღმდეგობრივი, მაგრამ პირველად თავისი არსებობის მანძილზე, თავისუფალი საქართველოს ჟურნალად იგი ბოლო წლებში იქცა. ეს კი სხვა რეალობაა და სხვა პასუხისმგებლობა.
ვუსურვებ თქვენს ჟურნალს ახალი დროის შესაბამისი ყოფილიყოს და ღირსეულად ეტვირთოს ის პასუხისმგებლობა, რომელიც მას დრომ დააკისრა.
თქვენი და ჟურნალის რედაქციის პროფესიონალიზმი და ეროვნული სულისკვეთება, და ის, რაც უკე გაკეთებული გაქვთ, ამის უდაო საწინდარია.
პატივისცემით,
ედუარდ შევარდნაძე.
ჟურნალ „დროშის“ რედაქციასა და მთავარ რედაქტორს ბატონ ჯანსუღ ჩარკვიანს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 1 ოქტომბერი. - №253(2953). - 1 გვ.
![]() |
43 წერაქვში, ჯავახობაზე საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის მიერ წარმოთქმული სიტყვა მიხეილ ჯავახიშვილზე |
▲ზევით დაბრუნება |
როდესაც მიხეილ ჯავახიშვილზე ვფიქრობთ და ვლაპარაკობთ, მხოლოდ მისი დიდებული პროზა არ გვახსენდება.
ვიცით, რომ ოცდაჩვიდმეტში დახვრიტეს, აწამეს, სხეულიც შეუგინეს და სულიც და მისი ხსენებაც კი აკრძალეს, სამუდამოდ დავიწყებისთვის გაწირეს.
სწორედ, ამიტომ ჩემი თაობის ახალგაზრდობას, ვისაც წაკითხული ჰქონდა მიხეილ ჯავახიშვილი, მალვით და დაფარულად ჰქონდა წაკითხული ნათხოვარ და გაცრეცილ წიგნებში...
ჩვენ საფლავიც არ ვიცით მისი.
ოცდაჩვიდმეტი წელი იყო ყველაზე ტიპური და სისხლიანი გამოხატულება ბოლშევიკური წყობის არსისა, მაგრამ ოცდაჩვიდმეტი წელი ოცდაჩვიდმეტ წელს არ დაწყებულა, საქართველოში იგი ბევრად ადრე დაიწყო, იქნებ, ილიას მოკვდინებით, რაშიც გამოიხატა იმ იდეოლოგიის ყველაზე არაადამიანური მხარე - მიზნის მისაღწევად ყველა საშუალების გამოყენებას და ადამიანის, პიროვნების, როგორც ზემაღალი ფასეულობის, აბსოლუტურ უგულებელყოფას რომ გულისხმობდა.
ოცდაჩვიდმეტ წლამდე იყო ოცდაერთი წელიც, ოცდაოთხიც, კოლექტივიზაციის, განკულაკების წლებიც. ოცდაჩვიდმეტის მერეც იყო წლები სისხლიანი და არაადამიანური, მაგრამ ერთმა სიტყვამ - ოცდაჩვიდმეტი - მაინც დაიტია ყოველი ჩვენგანის არა მარტო ტკივილი და შიში, არამედ გაძლების უნარიცა და გამარჯვების იმედიც.
სხვათა შორის, ეს ყოველივე მიხეილ ჯავახიშვილის შემოქმედებაში შესანიშნავად ჩანს. მეტიც, მასში მხოლოდ სურვილი არ ჩანს ბრძოლისა, იგი აქტიურად იბრძვის კიდეც, როცა გვიჩვენებს ახალი მებატონეების ჩამოყალიბების პროცესს, ერის დათრგუნვის არაერთ მცდელობას და ადამიანის დეგრადირებას.
1924 წელს, ქართველი ხალხის ამბოხების სისხლში ჩახშობის წელს იგი წერს მოთხრობას „დამპატიჟე“, რომელიც თავისი ტიპური ახალი გმირით, ოქროპირით, არაფრისმთქმელი ლოზუნგომანიითა და მუქთახორობით დღესაც თანამედროვედ აღიქმება.
ეს დიდი სილის გაწვნა იყო მაშინდელი რეჟიმისათვის და რეალური გაფრთხილებაც, რომელიც ყურად არავინ იღო, და შემდეგ, თანდათან ჩამოყალიბდა ჯავახიშვილისეული ოქროპირების სოციალური და გაბატონებული ფენა.
იმავე პერიოდში მეორე დიდმა, ძალიან დიდმა, უნიკალურმა მოვლენამ - ქართველმა მწერალმა შექმნა ასევე განზოგადებული სახე მედროვისა და პოლიტიკური დემაგოგისა, ყვარყვარესი.
ეს გმირიც საერთოდ სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა, დღესაც ცოცხლობს იგი და ხშირად მაღალ ტრიბუნასაც იკავებს ხოლმე.
და აქ ერთი პარადოქსი იჩენს თავს: თუ ოცდაოთხი წლის აჯანყება ახლა უკვე ისტორიად იქცა, ისევე, როგორც ისტორიად იქცა ამავე წლების უდიდესი მოვლენები, დიდი მწერლის მამხილებელი და გაბედული სიტყვა მხოლოდ ისტორიულ აქტად ვერ აღიქმება, რადგან იგი დღესაც ააშკარავებს იმ სიყალბეს, იმ სიცრუეს, იმ უსამართლობას, რომლიც მარტო მაშინ არ იყო.
ასე იყო „დამპატიჟეშიც“, ასე იყო „ჯაყოს ხიზნებშიც“, ასე იყო სხვა მოთხრობებშიც და რომანებშიც. მან ძალიან ადრე გაიგო ბოლშევიკური მორალის და ბოლშევიკური საფრთხის საიდუმლო და ამით თავადვე გასწირა საკუთარი თავი, ამით ძალიან ბევრს, მომავალ თაობებსაც გაუსწრო.
სხვა საზოგადოებაში ამ საფრთხის წარმოჩენისათვის მას გუნდრუკს უკმევდნენ, ტოტალიტარულ სახელმწიფოში კი იგი ფიზიკურად გააჩუმეს, გაანადგურეს, ისე, რომ მისი საფლავიც არ ვიცით სადაა, მის აჩრდილს არსად განსასვენებელი არ მოეპოვება, მის სულს ერთი სანთლის დასანთებელი ადგილიც არ აქვს. მადლობა თქვენ, რომ ასეთი ადგილი დღეს არსებობს.
დღეს სწორდება ეს უსამართლობა. დღეიდან წერაქვში, მიხეილ ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმის ეზოში მისი სიმბოლური საფლავი იარსებებს, იქნებ, - სიმბოლური საფლავი ბოლშევიკური რეპრესიების ყველა მსხვერპლისა, და მე მინდა დაგარწმუნოთ თქვენც და დავარწმუნო მისი სულიც: ასეთი ძეგლი საქართველოში უნდა ავაგოთ და ავაგებთ კიდეც. ამ რეპრესიებმა ხომ საქართველოს თითქმის ყველა ოჯახის ყოფას დააჩნია თავისი სისხლიანი კვალი.
იქნებ ვინმემ იკითხოს კიდევაც, რატომ დამჭირდა დღეს, როცა საქართველო დამოუკიდებელი და დემოკრატიული სახელმწიფო გახდა, იმ შავი დღეების გახსენება? ეს ყველაფერი ხომ მოხდა და თითქოს ისტორიას ჩაბარდა?
საჭიროა, რადგან ის აჩრდილი, რომლის შესახებაც წერდა ერთი ცნობილი ადამიანი, მისი გვარი ყველამ კარგად იცით, ისევ გამოჩნდა, ისევ დადის, ისევ დაძრწის, მათ შორის, - საქართველოშიც. ეს არის ძალადობისა და უკანონობის აჩრდილი.
მიხეილ ჯავახიშვილის ნათელი ხსოვნა და მისი დიდი შემოქმედება, მილიონთა დაღვრილი სისხლი მოგვიწოდებს სიფხიზლისაკენ, ყველა ჭეშმარიტი პატრიოტის, ქვეყნის თავისუფლებისათვის, პიროვნების ღირსებისათვის მებრძოლთა რიგების შემჭიდროებისაკენ, საქართველოს მოქალაქეთა, ყველა ერისა და ეროვნების მოქალაქეთა ერთიანობისაკენ, სამშობლოს გამთლიანებისა და აღორძინების უმაღლესი იდეალების ხორცშესასხმელად.
მიხეილ ჯავახიშვილის ზემო წერაქვიც აქვეა, აქვე ახლოსაა ის ადგილიც, მამამისის მიერ დაარსებული სოფელი სიონი, სადაც ჯავახიშვილს ახალგაზრდობაში, მისი რუსეთში ყოფნის დროს, ამოუხოცეს ოჯახი.
ეს ტკივილი იმდენად დიდი იყო, რომ მიხეილ ჯავახიშვილი შემდეგ აღარც დაბრუნებია სიონს.
ამ კუთხეში, წერაქვში, იზრდებოდა მეორე ქართველი მოღვაწე, ლექსიკოგრაფი, ჟურნალ „თეატრი და ცხოვრების“ დამაარსებელი და რედაქტორი იოსებ იმედაშვილი, რომელმაც თავის დროზე დააარსა წერაქვის სკოლა.
ახლა იმ სკოლის ნაცვლად წერაქვში ახალი, სრული საშუალო სკოლაა გამართული, რომელსაც შესანიშნავი მწერალი, საზოგადო მოღვაწე ნოდარ წულეისკირი ხელმძღვანელობს. ამ სკოლაში ახლა ოთხმოცამდე ბავშვი სწავლობს, ნაცვლად ექვსისა და კმაყოფილებით მინდა ვთქვა, რომ სკოლის წარმატებაში გარკვეული წვლილი აქვთ შეტანილი ადგილობრივ ხელმძღვანელებს, მარნეულელებს, ჩემი სამსახურის მუშაკებსაც, და (ეს რომ არ ვთქვა, სახლში არ მიმესვლება) ჩემი მეუღლის ხელმძღვანელობით არსებულ საერთაშორისო საზოგადოებას „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“.
ბატონ ნოდარ წულეისკირთან მე დიდი ხნის თანამშრომლობა მაკავშირებს. იგი ჯერ კიდევ ტოტალიტარული რეჟიმის დროს თავგამოდებული ქომაგი იყო ქართული ენისა, ქართული კულტურისა, საქართველოს ინტერესებისა, სულ ახლახან ჩვენი გულთბილი ბარათებით გამოვეხმაურეთ ერთმანეთს და, ვფიქრობ, ეს თანამშრომლობა, ამა თუ იმ მოვლენებზე აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, მხოლოდ საქმეს, მხოლოდ საქართველოს წაადგება.
არ შემიძლია განსაკუთრებით არ გამოვყო ქალბატონი იზა ორჯონიკიძე, ცნობილი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, ჩემი მეგობარი, რომელმაც თავისი სულის ნაწილი ჩადო წერაქვის აღდგენის, აქ სიცოცხლის დამკვიდრების დიდ საქმეში. მე ყველაფერი მახსოვს, ამ დიდი საქმის პირველი დღეებიდან მოყოლებული, და ვამაყობ, რომ გარკვეული პატარა წვლილი მეც მაქვს ამ ისტორიულ საქმეში შეტანილი.
ვულოცავ იმ ბავშვებს, რომლებიც ამ სკოლაში სწავლობენ და რომელთაც ისეთი პედაგოგი ჰყავთ, როგორიც ნოდარ წულეისკირია.
დარწმუნებული ვარ, აქ ბავშვები იზრდებიან საქართველოს დიდი სიყვარულით, იზრდებიან ქართული ენისა და ლიტერატურის, ქართული კულტურის ჭეშმარიტ ქომაგებად და ქვეყნის იმ პატრონებად, რომელნიც არასდროს და არავის მისცემენ უფლებას ოცდაჩვიდმეტი წელი გაიმეორონ.
უდავოდ მისასალმებელი ფაქტია აქ, ამ მხარეში, მიხეილ ჯავახიშვილის მუზეუმის დაარსება. დარწმუნებული ვარ, იგი მხოლოდ ერთი ადამიანის მუზეუმი არ იქნება, არც მხოლოდ მისი დროის მუზეუმი. იგი იქცევა იმ ადგილად, სადაც ამ კუთხის მრავალეროვანი მოსახლეობა შეხვდება ერთმანეთს, განიმსჭვალება ქართული ენისა და ქართული კულტურის, ამდენად, საქართველოს სიყვარულით.
ბოლოს და ბოლოს, ნუ დაგვავიწყდება, მიხეილ ჯავახიშვილმა და იოსებ იმედაშვილმაც ძალიან კარგად იცოდნენ აზერბაიჯანული ენა (ამას, განსაკუთრებით, ჩემი აზერბაიჯანელი მეგობრების გასაგონად ვამბობ), საშუამავლო ენის გარეშე ჰქონდათ ურთიერთობა მეზობელი სოფლების მცხოვრებლებთან, აზერბაიჯანელ მეგობრებთან. ეს დიდი მაგალითია არა მარტო ჩვენთვის, არამედ იმ არაქართველთათვისაც, რომელთაც ჯერჯერობით არ იციან ქართული. ჩვენ დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ და სახელმწიფო ენაც ყველამ უნდა იცოდეს, რათა თანაბრად გამოიყენონ ქვეყნის ცხოვრებაში, ქვეყნის მართვაში მონაწილეობის შანსი.
მე დღეს დავესწარი ძალიან დიდ კრებას, რომელსაც რაიონის წარმომადგენელთა საუკეთესო ნაწილი ესწრებოდა, და ვთქვი: „ძმებო, აზერბაიჯანელებო, მოგიწოდებთ ისწავლოთ სახელმწიფო ენა“. ტაშით დაინგრა დარბაზი. ეს უკვე დამოუკიდებელი ქვეყანაა, ეს უკვე სახელმწიფო ენის სტატუსი და მისი დანიშნულებაა. მადლობელი ვარ სხვა ერების წარმომადგენლების, რომლებიც აქ ცხოვრობენ და თავს ვალდებულად თვლიან, ისწავლონ სახელმწიფო ენა.
და ბოლოს, თუკი სადმე ამ ქვეყნის გარდა რამე არსებობს, თუკი მიხეილ ჯავახიშვილის სული სადმე არის, და მე დარწმუნებული ვარ - არის, მინდა წერაქვი, მინდა ეს მუზეუმი, მისი სიმბოლური საფლავი იქცეს იმ ადგილად, სადაც მას ყველამ უნდა ვუთხრათ: - საქართველო დამოუკიდებელია, დღეს საქართველო მისია და იგი საქართველოსია, როგორც გამარჯვებული ყველა ბოროტ ძალასა და ბოროტ სულზე.
წერაქვში, ჯავახობაზე საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის მიერ წარმოთქმული სიტყვა მიხეილ ჯავახიშვილზე // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 4-5 ოქტომბერი. - №256-257 (2957). - 1,4 გვ.
![]() |
44 „ნებისმიერი ერის სახელმწიფოებრივი კულტურა, უწინარესად, იმით განისაზღვრება, თუ რამდენად აქვს შეგნებული თითოეულ მოქალაქეს საკუთარი ქვეყნისადმი ვალდებულების უპირობოდ და უეჭველად შესრულების აუცილებლობა“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
5 ოქტომბრის რადიოინტერვიუ
გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენებიდან, კერძოდ, ეკონომიკური სფეროდან უნდა გამოვყოთ საქართველოში ევროკომისიის დელეგაციის ხელმძღვანელის დენის ქორბოის შეხვედრა თქვენთან. აგრეთვე, ის, რომ მთავრობამ დაასრულა 1999 წლის ბიუჯეტის განხილვა და უკვე წარუდგინა პარლამენტს. და, ჩვენი ეკონომიკისათვის კიდევ ერთი უმთავრესი მომენტი: გაიმართა ბიუჯეტის შევსების საკითხებისადმი მიძღვნილი საგანგებო თათბირი საგადასახადო დეპარტამენტის ხელმძღვანელთა მონაწილეობით. პრინციპში, ეს ის პრობლემაა - გადახდის პრობლემა, რომელიც ძალიან აწუხებს ჩვენს ეკონომიკას... - ჟურნალისტ ნატო ონიანის თხოვნით, ამ თემაზე საუბრით დაიწყო თავისი ტრადიციული ორშაბათის რადიოინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ:
- განვლილი კვირა მართლაც ძალზე დატვირთული იყო. დავიწყოთ ეკონომიკაში ჩვენი ძირითადი პრიორიტეტით: ბიუჯეტის შევსებითა და გადასახადების აკრეფით, რომელიც ყველა (მათ შორის, არაეკონომიკური) პრობლემის საფუძველთა საფუძველია და დღეს ყველაფრის გასაღებს წარმოადგენს.
საგადასახადო სამსახურის ახალმა უფროსმა თამაზ მაღლაკელიძემ ერთობ ორიგინალური პროგრამა წარმოადგინა მთავრობის სხდომაზე, რომელსაც სრული შემადგენლობით ესწრებოდა ამ სამსახურის მმართველი რგოლი. მისი კონცეფცია ის გახლავთ, რომ კონტროლის სისტემიდან უნდა გადავიდეთ სისტემის კონტროლზე. გათვალისწინებულია უახლესი ტექნოლოგიების, კომპიუტერული აღრიცხვისა და სხვა მეთოდების გამოყენება ძირითადი მიზნის მისაღწევად - გადასახადების აკრეფის გასაუმჯობესებლად და მე მის ამ პრინციპულ შეხედულებებს, რა თქმა უნდა, ვეთანხმები. იყო სხვა საინტერესო წინადადებანიც, მათაც განვიხილავთ, ყურადღებით განვიხილავთ, მაგრამ მაინც სრული კატეგორიულობით უნდა განვაცხადო, რომ ამ სფეროში პოლიტიკის გარკვეული გამკაცრების გარეშე, მძიმე, ზოგჯერ მტკივნეული და უკანონობის წინააღმდეგ სასტიკი ზომების მიუღებლად, მე ხაზს ვუსვამ, მართლაც მკაცრი და სასტიკი ზომების მიუღებლად, ჩვენ წარმატებას ვერ მივაღწევთ.
ამ თემაზე შეიძლებოდა ვრცლად გვესაუბრა, მაგრამ ვინაიდან ინტერვიუს ფორმატი ასე თუ ისე შეზღუდულია, ამჯერად მოკლედ ჩამოვაყალიბებ ძირითად თეზისს: ნებისმიერი ერის სახელმწიფოებრივი კულტურა, უწინარესად, იმით განისაზღვრება, თუ რამდენად აქვს შეგნებული თითოეულ მოქალაქეს საკუთარი ქვეყნისადმი ვალდებულების უპირობოდ და უეჭველად შესრულების აუცილებლობა. იმ ქვეყანაში, სადაც სახელმწიფოებრივი ტრადიცია მკვიდრი და მრავალსაუკუნოვანია, განსაკუთრებული სიმკაცრის გამოჩენა ხელისუფლებას აღარ სჭირდება, ვინაიდან მოქალაქემ იცის, რომ ვალდებულება, სახელმწიფოს წინაშე თავისი მოვალეობა უნდა მოიხადოს.
სამწუხაროდ, ჩვენში სახელმწიფოებრივი შეგნება ჯერ კიდევ მოისუსტებს და სწორედ ამიტომ გვექმნება პრობლემები, თუნდაც ისეთ სფეროში, როგორიც არის გადასახადების აკრეფა. მომიტევეთ, მაგრამ ბევრი ეგრეთ წოდებული ბიზნესმენი (რადგან ნამდვილმა ბიზნესმენმა შესანიშნავად იცის, რომ უწინარესად სახელმწიფოსთან უნდა ითანამშრომლოს), ზოგიერთი ვითომ ბიზნესმენი საქართველოში დღენიადაგ იმას ცდილობს, იმის ფიქრშია, როგორ მოახერხოს შემოსავლის გადამალვა და, ვთქვათ, 10 ლარის ნაცვლად სახელმწიფოს 2 ან 3 ლარი გადაუხადოს, ანდა საერთოდ, აარიდოს თავი ამას. აქვეა საკმაოდ დიდი ჯგუფი კონტრაბანდისტებისა, რომლებიც საერთოდ გვერდს უვლიან ყოველგვარ აღრიცხვასა და ყოველგვარ კონტროლს.
როგორც იტყვიან, მტკნარი დემაგოგიაა, თითქოს ეს გადასახადის მაღალი განაკვეთის ბრალი იყოს, და, აი, თუ გადასახადი ნაკლები იქნება, მაშინ პრობლემაც მოიხსნება. ალბათ, არსებობს რაღაც გარკვეული გადასაწყვეტი საკითხები, მაგრამ ამას ყველაფერს დრო სჭირდება. უნდა ითქვას, რომ გადასახადების ჩვენი სისტემა, გადასახადების დონე, ყოველ შემთხვევაში, ჩვენი რანგის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალურია, ჯერჯერობით ასეა. ჯერ ერთი, ყველას მოსაწონ და ყველასათვის მისაღებ გადასახადის განაკვეთს სახელმწიფო ვერასდროს დააწესებს. არ არსებობს ქვეყანა, სადაც არ მიმდინარეობდეს გაუთავებელი დისკუსია გადასახადთა განაკვეთების თაობაზე. თუმცა, იმის ასობით ფაქტი გვაქვს, რომ გადასახადის დამალვა ხდება არა იმიტომ, თითქოს გადახდა შეუძლებელი იყოს წარმოების შენარჩუნებით, არამედ ელემენტარული სიხარბით. სიხარბე კი მომაკვდინებელი ცოდვაა.
მესმის, რომ, როგორც ქართველი კაცი მოსწრებულად ამბობს, „მგლის თავზე სახარების კითხვას“ აზრი არა აქვს, ამიტომ ისევ და ისევ კატეგორიულად მოვითხოვ, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა - შინაგან საქმეთა სამინისტრომ, უშიშროების სამინისტროს ხელმძღვანელობამ, გენერალურმა პროკურორმა, საბაჟო სამსახურმა, თვით საგადასახადო ინსპექციის ხელმძღვანელობამ, სხვებმა და სხვებმა კანონის ფარგლებში, კანონის შესაბამისად მიიღონ უმკაცრესი ზომები იმათ წინააღმდეგ, ვინც გადასახადს უმალავს ქვეყანას. სხვა შემთხვევაში, თუ მდგომარეობა არ შეიცვალა, ისინი თავად აგებენ პასუხს პრეზიდენტის წინაშე.
ბოლოს და ბოლოს, გადასახადების დამალვა იმას ნიშნავს, რომ საარსებოდ აუცილებელ თანხას ართმევ პენსიონერს, რომელსაც სხვა სარჩო არ გააჩნია და თვიდან თვემდე ელის ამ შემწეობას, უმალავ მასწავლებელს, ჯარისკაცს, უმალავ ყველა იმ ადამიანს, რომელსაც, შესაძლოა, არა აქვს ბიზნესმენობის ნიჭი, „საწყისი კაპიტალი“ და საქმის დასაწყებად აუცილებელი სახსრები, მაგრამ ქვეყნის სრულუფლებიანი მოქალაქეა, არც ერთ ბიზნესმენზე ნაკლები არ არის არანაირი თვალსაზრისით და აქვს უფლება კუთვნილი წილი მოსთხოვოს სახელმწიფოს, იქნება ეს პენსია, ხელფასი თუ სხვადასხვა სახის დახმარება.
აქ უდიდესი მნიშვნელობა აქვს არა მარტო საზოგადოების შეგნებას, სახელმწიფოებრივი კულტურის დონეს, არამედ იმავე სახელმწიფოებრივი სტრუქტურების მდგომარეობასა და სიწმინდეს. არ შემიძლია ძალიან დიდი გულისტკივილითა და გულისწყრომით არ შევნიშნო კვლავ, რომ უბედურება ტრიალებს ჩვენს სასამართლოებში. ასეთი განუკითხაობა ამ სფეროში არასოდეს ყოფილა. ზოგიერთმა მოსამართლემ სასამართლოს დამოუკიდებელობა გაიგო როგორც (პირდაპირ ვიტყვი), რაღაც გამოძალვის, რაღაც დარღვევის, თუნდაც ქრთამის აღების აბსოლუტური თავისუფლება. ამიტომ, ხშირ შემთხვევაში, ის ბიზნესმენები, რომელთაც არ უნდათ გადაიხადონ გადასახადი, იოლად, იაფად გამოდიან სასამართლოებში და ეს ჩვენთვის ახლა ყველაზე დიდი ტკივილია. ყველას, რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ, არიან პატიოსანი ადამიანები, რომლებიც, მჯერა, შეინარჩუნებენ თავიანთ პოსტებს, მაგრამ ამავე დროს მხედველობაში მაქვს, შევთავაზო იუსტიციის საბჭოს, რომ უწინარესად, ბატონ მინდია უგრეხელიძესთან მოთათბირებით, მისი უშუალო მონაწილეობით, რაღაც განსაკუთრებული ზომები მივიღოთ, რათა სასამართლოებში სათანადო წესრიგი დამყარდეს.
ყოველივე ეს ნიშნავს, არა სასამართლო რეფორმის შეჩერებას, არამედ, პირიქით, მის დაჩქარებასა და რადიკალიზაციას. უახლოეს მომავალში პრეზიდენტის ბრძანებულებით დაინიშნება ატესტირებულ მოსამართლეთა პირველი ჯგუფი. ეს პროცესი წარმატებით დასრულდა აჭარაში, სადაც მოსამართლეები უკვე დაინიშნენ (ყოველ შემთხვევაში, ჩვენი თანხმობა აქვთ). თბილისსა და ქუთაისში შეიქმნება სააპელაციო სასამართლოები, კანდიდატურები უკვე შერჩეულია. შევეცდები შევხვდე ყველა კანდიდატს, ყველა მოსამართლეს, გავესაუბრო, მოვისმინო მათი აზრი, თუ რა შეიძლება გაკეთდეს დამატებით პარლამენტის, პრეზიდენტის დონეზე, რათა გავწმინდოთ ეს სისტემა უღირსი ადამიანებისაგან, და რეფორმის აზრიც სწორედ ეს არის. თუმცა, თითო-ოროლა მექრთამე მოსამართლეც კი ისეთ „ნაპრალს“ ქმნის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ათობით მილიონ ლარს კარგავს და ეს თანხა მავანთა ჯიბეებში მიდის, მაშინ როცა მოსახლეობის კეთილდღეობას უნდა ხმარდებოდეს.
და მაინც, ყველაზე დიდი ძალა საზოგადოებრივი აზრია. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა შეიგნოს, რომ გადასახადების, უფრო სწორად შემოსავლის დამალვა, არა მარტო იურიდიული, სისხლის სამართლებრივი, არამედ ზნეობრივი დანაშაულია, ქვეყნის წინაშე ღალატის ტოლფასია. თუ შეიქმნა შესაბამისი საზოგადოებრივი მოტივაცია, მაშინ, დამსახურებული სასჯელი, რომელიც გათავხედებულ არაგადამხდელებს დაედებათ, კიდევ უფრო ქმედითი გახდება.
რა თქმა უნდა, ეს პროცესი უნდა განვითარდეს თვით სამართალდამცავ სისტემაში, საგადასახადო სამსახურში კორუფციის წინააღმდეგ, ასევე შეურიგებელი ბრძოლის, სისტემის თანამშრომელთა მატერიალური წახალისების პარალელურად. საგადასახადო სამსახურის უფროსს მიეცა (ასე ვთქვათ) სრული კარტბლანში. იმედი მაქვს, იგი თავს არ შეირცხვენს და ნდობას გაამართლებს. აქვე უნდა ვთქვა საბაჟო სამსახურზეც, რომელსაც ძალიან დიდი რეზერვები აქვს.
ახლა რაც შეეხება ზოგიერთ სხვა საკითხს. ძალიან მოკლედ. ევროკომისიის დელეგაციის ხელმძღვანელთან დენის ქორბოისთან შეხვედრისას დავრწმუნდი: ევროკავშირი, ისევე როგორც მსოფლიო ბანკი, იგივე სავალუტო ფონდი, მზად არის გამოუყოს საქართველოს მნიშვნელოვანი სახსრები, მაგრამ მხოლოდ იმ პირობით, თუ ჩვენს საბიუჯეტო სფეროში დავამყარებთ წესრიგს და შევძლებთ გადასახადების აკრეფას. არც ერთი ქვეყანა, არც ერთი კავშირი, არც ერთი ბანკი არ დაეხმარება გრძელვადიანი და შეღავათიანი კრედიტით (ანუ თავისი მოქალაქეების ოფლითა და შრომით მოპოვებული ფულით) იმ სახელმწიფოს, რომელსაც კორუფციის ქვეწარმავალი ღრღნის.
არადა, შემუშავებულია (ევროკავშირის ეგიდით) ათეულობით მართლაც შესანიშნავი პროექტი, რომელთა განხორციელება უდიდეს სიკეთეს მოუტანდა საქართველოს. მე წინა ინტერვიუში უკვე ვთქვი, რომ მსოფლიო ბანკმაც გამოყო სხვადასხვა მიზნისათვის 173 მილიონი დოლარი, რათა საქართველოში ფეხზე დადგეს წარმოება, განვითარდეს ბიზნესი და მრავალი სხვა დარგი.
ბიუჯეტზე ვრცლად ალბათ მომდევნო ინტერვიუებში ვისაუბრებთ. ამჯერად მხოლოდ იმას აღვნიშნავ, რომ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ იგი კონსტიტუციის სრული დაცვით 1 ოქტომბრამდე შეიტანა პარლამენტში განსახილველად. წინათ ჩვენ გვქონდა გარკვეული ცოდვები და გასული წლიდან დაწყებული ეს მდგომარეობა გამოსწორდა. სახელმწიფო შემოსავლის ზრდისათვის გათვალისწინებული ღონისძიებანი, მათ შორის, მთავრობის სხდომაზე განხილული მოქმედ საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებანი და დამატებანი, საშუალებას გვაძლევს მომავალ წელს გაგრძელდეს ბიუჯეტის შემოსავლის მატების ჩამოყალიბებული დადებითი ტენდენციები. გარდა ამისა, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავალი წლევანდელთან შედარებით, ერთ-ნახევარჯერ გაიზრდება, რაც უდავოდ დადებითი ტენდენციაა. გათვალისწინებულია აგრეთვე, ფასების მორიგი მოწესრიგება მოსახლეობისათვის ზარალის მიუყენებლად.
მთავრობის სხდომაზე ჯანმრთელობის დაცვის სფეროსთან დაკავშირებით მივიღეთ გადაწყვეტილებათა ძალიან საინტერესო მთელი პაკეტი და ასევე, ამ საკითხებთან ერთად განვიხილეთ, თუ როგორ სრულდება პრეზიდენტის ბრძანებულება თბილისის მეტროპოლიტენის მშენებლობის გადაუდებელ და პერსპექტიულ ღონისძიებათა შესახებ. მინდა აღვნიშნო, რომ სამუშაოები ამ მიმართულებით, წარმატებით და დამტკიცებული გრაფიკის გასწრებით მიმდინარეობს. ძალიან დიდ აქტიურობას იჩენენ ქალაქის მერია, სხვა ხელმძღვანელები. იქმნება შესაძლებლობა, რომ წლის ბოლომდე ვაჟა-ფშაველას პროსპექტზე გაიხსნას მიწისზედა ტრანსპორტის მოძრაობა, თავიდან იქნეს აცილებული ღია მეთოდით მშენებარე გვირაბთან ახლომდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების ავარიასაშიში მდგომარეობა. ამასთან, მიმდინარე სამშენებლო-ტექნოლოგიური პროცესების დროულად დამთავრებისათვის უნდა განხორციელდეს დამატებითი, მათ შორის, ფინანსური უზრუნველყოფის ღონისძიებანი, რაც კიდევაც აისახა პრეზიდენტის ბრძანებულების პროექტში, რომლის მიღებასაც მხარი დაუჭირეს მთავრობის წევრებმა.
- გასული კვირის კიდევ ერთი საინტერესო მოვლენა იყო რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარის გენადი სელეზნიოვის სამდღიანი ვიზიტი თბილისში. რუსეთში მიმდინარე მოვლენების ფონზე ეს მით უფრო საინტერესო და მით უფრო მნიშვნელოვანია. სხვათა შორის, სელეზნიოვმა გარკვეული განცხადებები გააკეთა აფხაზეთთან დაკავშირებითაც.
- ჩვენ ხანგრძლივი საუბარი გქონდა ბატონ გენადი სელეზნიოვთან. კერძოდ, იყო საუბარი, პირისპირ, ერთი-ერთზე. არ დავარქმევდი ამას რაღაც მწვავე დისკუსიას, ვინაიდან იმთავითვე გამოიკვეთა (ასეთ მიდგომას იგი სავსებით დაეთანხმა) მოსაზრება, რომ უნდა განისაზღვროს ჩვენი ურთიერთობის ძირითადი, ფუნდამენტური საკითხი. რა არის ეს საფუძველი?
პირველი: ეს არის არაფორმალური აღიარება იმ ფაქტისა, იმ რეალობისა, რომ ორივე ქვეყანა, რუსეთიც და საქართველოც, ორი ხალხის ნებით იქცნენ დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოებად და ეს პროცესი (ასევე ხალხთა ნებიდან გამომდინარე) აბსოლუტურად შეუქცევადია, რაც, სხვათა შორის, გულისხმობს თანასწორუფლებიან კავშირსა და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობას.
მეორე: აფხაზეთის კონფლიქტი, რომლის მოწესრიგებაში მეტის გაკეთება შეუძლია რუსეთს ისევე, როგორც იმ ორგანიზაციებს, რომლებიც კონფლიქტურ სიტუაციათა გადაწყვეტაზე მუშაობენ.
რაც უფრო სწრაფად დამთავრდება და სამართლიანად გადაწყდება ეს კონფლიქტი, მით უფრო სწრაფად განვითარდება რუსეთ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობა პოლიტიკურ-ეკონომიკურ, სულიერებისა და სხვა სფეროებში.
სამწუხაროდ, ჯერჯერობით ვითარება არცთუ სახარბიელოა. დაუშვებელია ისეთი მიდგომა, როდესაც მაგალითად, „რუსეთ-საქართველოს შორის მეგობრობის ხელშეკრულების“ რატიფიცირებას რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში გარკვეული ძალები საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო ბაზების დაკანონებას უკავშირებენ. მე პრესის თანდასწრებით პირდაპირ განვაცხადე, რომ საკითხებისადმი ასეთი მიდგომა მიუღებელია. გამოდის, ამ ძალებს მხოლოდ იმ ქვეყნებთან სურთ მეგობრობა, სადაც სამხედრო ბაზები დაკანონდება, მაგრამ, ეს ხომ აბსურდია?
არ მოქმედებს აგრეთვე, ხელშეკრულება „თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“, სხვა ფაქტორების გახსენებაც შეიძლებოდა. და განსაკუთრებით ბევრს კარგავს როგორც საქართველო, ასევე რუსეთი, სწორედ იმის გამო, რომ არ მოქმედებს „თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ ხელშეკრულება.
მაგრამ მთავარი მაინც ეს არ არის. ღრმად მწამს: არ არსებობს რუსეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული წინააღმდეგობის რაღაც განსაკუთრებული მიზეზი. არ არსებობს მიზეზი იმისა, რომ ვერ შევძლოთ სრულიად ახალი ურთიერთობის დამყარება, რომელიც სულიერად, კულტურულად, პოლიტიკურად, სახელმწიფოებრივად დააახლოებს ჩვენს ხალხებს. უფრო მეტადაც კი დააახლოებს, ვიდრე გასულ საუკუნეებში, მხოლოდ თავისუფლებისა და სახელმწიფოთა დამოუკიდებლობის პირობებში და ამ პრინციპების პატივისცემის ვითარებაში.
მე გულწრფელად მივულოცე ბატონ გენადი სელეზნიოვს რუსეთში არასტაბილურობის დაძლევის დაწყება, ეს ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია. მართალია, ჯერ კიდევ არის სერიოზული პრობლემები, მაგრამ დადებითი ტენდენციებიც შეინიშნება. პრეზიდენტსა და სათათბიროს შორის მოიძებნა კომპრომისი, რომელიც პრემიერად ევგენი პრიმაკოვის დანიშვნას ნიშნავს, რაც საერთო თანხმობის საწინდარი გახდება. რუსეთში სტაბილურობა ძალზე მნიშვნელოვანია საქართველოსათვის, ისევე, როგორც მრავალი სხვა ქვეყნისთვისაც.
ესეც უნდა ვთქვათ: ჩვენშიც და რუსეთშიც არიან ძალები, მე ვიტყოდი, მტრულად განწყობილი ძალები, პოლიტიკანები და პროვოკატორები, რომლებიც ყოველნაირად მტრობენ, აბრკოლებენ ურთიერთსასარგებლო თანასწორუფლებიან კავშირურთიერთობათა განვითარებას, ჩვენი ქვეყნების შემდგომ გონივრულ დაახლოებას, ვიმეორებ, გონივრულ დაახლოებას. ამ კლანურ-პოლიტიკანურმა დაჯგუფებებმა კი არ უნდა შექმნან პოლიტიკა, არამედ იმ კონსტრუქციულმა ძალებმა, პოლიტიკოსებმა, სახელმწიფო მოღვაწეებმა, რომელთაც შესანიშნავად ესმით, რა მნიშვნელობა აქვს საქართველოსთან თანამშრომლობას რუსეთისათვის და რუსეთთან თანამშრომლობას - საქართველოსათვის.
- გასულ კვირას თბილისს მეორედ ეწვია ნატოს გენერალური მდივანი ხავიერ სოლანა. რასაკვირველია, ამ შეხვედრამ, როგორც მოსალოდნელი იყო, მასმედიისა და საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია. თქვენ როგორ დაახასიათებდით - ამჟამად ნატოსა და საქართველოს ურთიერთობის რა ეტაპზე შეიძლება საუბარი...
- საქართველოს ურთიერთობა ზოგადად დასავლეთთან, კერძოდ, ნატოსთან ისევე ნორმალურად ვითარდება, როგორც მრავალი სხვა ქვეყნისა. თქვენ იცით, რუსეთმა ამ ორგანიზაციასთან განსაკუთრებული ხელშეკრულება გააფორმა, ასევე უკრაინამაც. ჩვენ ჯერჯერობით ინდივიდუალური, ჩვეულებრივი, სტანდარტული შეთანხმებით შემოვიფარგლეთ და ამ დონეზე ვართ.
ნატოსთნ ურთიერთობას ვიყენებთ არა მხოლოდ და არა იმდენად სამხედრო პოტენციალის გაზრდისათვის (ეს ახლა შეუძლებელია), არამედ ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის დასაჩქარებლად. ჩვენთვის, უპირველესად, საინტერესოა ის მიზნები, რომლებსაც ესწრაფვის არა მარტო ნატო, არამედ უფრო ფართო მნიშვნელობასაც ანიჭებს ჩრდილოატლანტიკური კავშირი, ჩრდილოატლანტიკური საბჭო, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელიც ახლა საქართველო გახლავთ და ყოველვე ეს ჩვენ მიგვაჩნია სტაბილურობისა და სუვერენიტეტის პოლიტიკურ გარანტიებად.
ჩრდილოატლანტიკურ კავშირებთან ვმუშაობთ აქტიურად, მე ვიტყოდი, სულ უფრო აქტიურად, რათ გადავარჩინოთ და განვავითაროთ ჩვენი ცხოვრების მრავალი სფერო, მრავალი დარგი, მათ შორის განსაკუთრებით გამოყენებითი და ფუნდამენტური მეცნიერების ზოგიერთი დარგი, ადრე, საბჭოთა კავშირის პირობებში, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს რომ ემსახურებოდნენ, მაგრამ ძალიან საჭირო საქმეს აკეთებდნენ. ამ დარგში მრავალი შესანიშნავი მეცნიერი მოღვაწეობს, მათ ყოველმხრივი დახმარება სჭირდებათ, ეს სიმდიდრე, ეს ინტელექტუალური განძი საქართველომ არ უნდა დაკარგოს და ჩვენ შევძელით დაგვეინტერესებინა ნატოს გრანდიოზული სამეცნიერო ცენტრი იმდენად, რომ ახლა მუშაობს რამდენიმე პროგრამა, შესაბამისი დაფინანსებით, გრანტები, მივლინებები და ასე შემდეგ.
ნატოსთვის საქართველო საინტერესო ქვეყანაა. შემთხვევითი არ არის, რა თქმა უნდა, რომ ხავიერ სოლანამ „ბრწყინვალე იდეა“ უწოდა „ევრაზიის დერეფნის“ კონცეფციას. გარდა ამისა, ნურც იმას დავივიწყებთ, რომ საქართველო უშუალოდ ესაზღვრება ნატოს, - ეს განასხვავებს მას დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი ბევრი ქვეყნისაგან. ამდენად, სავსებით ბუნებრივია, თუ საქართველო ცდილობს ნორმალური, საქმიანი, პარტნიორული ურთიერთობა დაამყაროს და განავითაროს ჩრდილოატლანტიკურ კავშირთან, რომელიც მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს პოლიტიკურ პროცესებს ევროპაში, და მთელ მსოფლიოშიც.
- გასულ კვირას, თქვენ მარნეულს ეწვიეთ და შეხვდით ადგილობრივ მოსახლეობას. იქ და საერთოდ, ქვემო ქართლში, ქართველები, აზერბაიჯანელები და სომხები ნორმალურად თანაარსებობენ და ცხოვრობენ. წერაქვში მიხეილ ჯავახიშვილის ძეგლი გაიხსნა, ესეც სიმბოლური მომენტი იყო, რადგან, თუ ამ პატარა სოფლის არსებობა საქართველოში ვინმემ იცის და ვინმემ იცოდა, უწინარესად იმის გამო, რომ იქ დიდი მიხეილ ჯავახიშვილი დაიბადა...
- ერთ-ერთ ინტერვიუში მე ვთქვი, რომ ერთაშორისი თანხმობის, ტოლერანტობისა და რჯულთშემწყნარებლობის თემა ზეიმებით არ უნდა ამოიწურებოდეს. ეს მუდმივი ცხოვრებისეული თემაა ისევე, როგორც მუდმივია ქართველი და, ვთქვათ, ებრაელი ხალხების თანაცხოვრების შესანიშნავი ფენომენი, აგერ, 26 საუკუნის განმავლობაში.
სახელმწიფო დემოკრატიული უნდა იყოს არა მარტო დეკლარაციებით და არა იმდენად დეკლარაციებით, რამდენადაც საქმით, კონკრეტული პოლიტიკით. ამ დებულების კიდევ ერთი შესანიშნავი მაგალითია მარნეულის რაიონი, სადაც გვერდიგვერდ ცხოვრობენ ქართველები, აზერბაიჯანელები, სომხები. ცხოვრობენ და შრომობენ - ქმნიან საერთო დოვლათს, საფუძველს უყრიან საქართველოს ეკონომიკურ ძლიერებას.
გაიმართა მართლაც შესანიშნავი შეხვედრები და ყველაზე მთავარი, რაც შევნიშნე და რამაც გამახარა, ის არის, რომ მარნეულში ისევე, როგორც სრულიად საქართველოში ყალიბდება და ვითარდება ყველა ეროვნებას შორის საქართველოს მოქალაქის, როგორც სახელმწიფოებრივი და სოციალური ფენომენის ინსტიტუტი. სომხები, აზერბაიჯანელები, ბერძნები, ყველა, ვინც ქვემო ქართლში ცხოვრობს, არიან საქართველოს მოქალაქეები, თანასწორუფლებიანი მოქალქეები ისევე, როგორც ძირძველი ქართველები. ისინი ემსახურებიან თავიანთ სამშობლოს - საქართველოს, სწავლობენ (ეს ასევე მნიშვნელოვანია) სახელმწიფო ენას, ავითარებენ ეკონომიკას და თავიანთი ქვეყნის ჭირსა და ლხინს იზიარებენ. მე არ მინდა ისეთი სურათი დავხატო, რომ იქ პრობლემები არ არის, ბევრს უჭირს, იქაც არის პენსიებისა და ხელფასების პრობლემები, მაგრამ ეს ხალხი მზადაა კვლავ იშრომოს და კვლავ მიიღოს მონაწილეობა დოვლათის შექმნაში.
იმავე დღეს წერაქვში დავესწარით შესანიშნავ, ეროვნული სულისკვეთებით განმსჭვალულ ღონისძიებას. იქ, რა თქმა უნდა, ქართველებთან ერთად იყვნენ აზერბაიჯანელი მოქალაქეებიც. ეს იყო დიდი მიხეილ ჯავახიშვილის ძეგლის გახსნა. სიმბოლურია, რომ ეს ორი ღონისძიება ერთმანეთს დაემთხვა, - სხვათა შორის, მიხეილ ჯავახიშვილის თხზულებებს, რომანებსა და მოთხრობებს, განსაკუთრებით ახასიათებს პატივისცემა იმ მოსახლეობისადმი, მათ შორის, თურქულენოვან ხალხთა წარმომადგენლებისადმი, რომლებიც ქვემო ქართლში ცხოვრობდნენ, ცხოვრობენ და, ალბათ, იცხოვრებენ მომავალშიც ქართველებთან ერთად. სხვათა შორის, ამ ნათქვამს ისიც მინდა დავუმატო, რომ მარტო ძეგლი არ გახსნილა, გაიხსნა მუზეუმი და აქ ქალბატონ იზა ორჯონიკიძის განსაკუთრებული აქტიურობა, განსაკუთრებული როლი უნდა აღინიშნოს. გაჩნდა მიხეილ ჯავახიშვილის სიმბოლური საფლავი, იგი ხომ 37-ში დახვრიტეს და ჩვენ არ ვიცით, სად არის დასაფლავებული. მე წერაქვში დიდი მიხეილის საფლავთან განვაცხადე, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ, აუცილებლად უნდა ავაგოთ ბოლშევიკური რეპრესიების მსხვერპლთა ძეგლი, ავაგოთ, რათა მომავალმა თაობებმა არასდროს აღარ გაიმეორონ იმის მსგავსი შეცდომები, როგორიც წინა თაობებმა დაუშვეს.
რასაკვირველია, მიხეილ ჯავახიშვილის ძეგლის გახსნა უფრო დიდი მასშტაბის მოვლენაა საქართველოსათვის, მისი ნაწარმოებები, დიდი შემოქმედება შესანიშნავი გაკვეთილია სამომავლოდ, მომავალი თაობებისათვის და ყველაფერი ეს მხედველობაში გვაქვს მიღებული.
დიდად გამახარა წერაქვის სკოლამ. აქ ერთ დროს 6 მოსწავლე ირიცხებოდა, ახლა 86 ბავშვია. აქ მასწავლებელთა, აღმზრდელთა შესანიშნავი კოლექტივია, ნამდვილი პატრიოტები, ნამდვილი პროფესიონალები მწერალ ნოდარ წულეისკირის ხელმძღვანელობით. მე მინდა მოვუწოდო ჩემს კოლეგებს, სამინისტროებს, უწყებებს, ასევე რაიონების ხელმძღვანელებსაც, რომ ამ კუთხეს მეტი ყურადღება სჭირდება. ყურადღება თითქოს არ აკლიათ იქ, რწმუნებული ლევან მამალაძე, რაიონის გამგებელი, სხვა ხელმძღვანელები ზრუნავენ, მაგრამ უფრო მეტია საჭირო იმისათვის, რომ ამ წმინდა მიწას, მე ასე ვიტყოდი, წმინდა მიწას, რომ მეტი მზრუნველი გამოუჩნდეს.
- და, ალბათ, ისეთი პატრიოტიზმი, როგორსაც ბატონი ნოდარ წულეისკირი იჩენს, დამეთანხმებით, ასეთი რამ გასულ საუკუნეში თუ მეოცე საუკუნის დამდეგს ჩვენი ინტელიგენციისათვის დამახასიათებელი იყო და არ უკვირდათ, მაგრამ დღევანდელ ფონზე ბატონი ნოდარის ნაბიჯი გამორჩეულია და განსაკუთრებული...
- ვფიქრობ, ბევრი მიმდევარი გამოუჩნდება ბატონ ნოდარს და ეს კარგია.
- და კიდევ ერთი თემა. თქვენ ახლა ბრძანეთ, რომ ბოლშევიკური რეპრესიების მსხვერპლთა მემორიალი უნდა აშენდეს საქართველოში. გენადი სელეზნიოვმა ბრიფინგზე ჟურნალისტებთან საუბრისას გულისწყრომა გამოთქვა იმის გამო, რომ საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გადაწყვიტა, 15 ნოემბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცეს კომუნისტებს. საერთოდ, კომუნისტების თემა გასულ კვირას მეტად საინტერესო იყო, რადგან, ყოველ შემთხვევაში, როგორც თავის თავს უწოდებდა, ეროვნული მოძრაობის ლიდერმა ბატონმა კაკუბავამ ისიც კი განაცხადა, თურმე საქართველოში, ერთადერთი ეროვნული ძალა კომუნისტები ყოფილან. ალბათ, კომენტარი ზედმეტია...
- სიმართლე გითხრათ, მე გენადი სელეზნიოვთან ჟურნალისტების შეხვედრის დროს გავიგე, რომ ასეთი გადაწყვეტილებაა მიღებული, ვინაიდან, როგორც იცით, მთელი დღის განმავლობაში, უკვე მოგახსენეთ, ქვემო ქართლში ვიმყოფებოდი.
რა შემიძლია ვთქვა? სიმართლე გითხრათ, გავვოცდი, როცა გავიგე, რომ ერთიანი კომუნისტური პარტიის ლიდერები რატომღაც ხელისუფლებას ადანაშაულებენ. არადა, ცენტრალური საარჩევნო კომისია სრულიად დამოუკიდებელი ორგანოა, სადაც გაერთიანებულია მრავალი საპარლამენტო თუ პარლამენტსგარეთ დარჩენილი პარტია, ამიტომ პრეზიდენტსა და მის სამსახურებს, ძალიანაც რომ მოენდომებინათ, ასეთ გადაწყვეტილებას, თავს ვერ მოახვევენ საარჩევნო კომისიას, ვინაიდან ხელისუფლებას არა აქვს და არც უნდა ჰქონდეს გადამწყვეტი ხმის უფლება ასეთ კომისიაში. და, სხვათა შორის, თუ ამას შენიშნავენ კომისიის წევრები და კომისიის ძალიან ღრმად პატივცემული ხელმძღვანელები, მთელ ქვეყანაში ცნობილი და დასაფასებელი ადამიანები, ამის უფლებას ჩვენ არ მოგვცემენ, კიდევაც რომ ვიკადროთ.
ამიტომ, ბატონ პანტელეიმონს, თუ ამხანაგ პანტელეიმონს ვურჩევ, სანამ ხელისუფლებისაკენ გაიშვერდეს ხელს და სანამ „წითელი ბრიგადების“ შექმნით დაგვემუქრებოდეს, უფრო გულდადინჯებით, ყურადღებით დააკვირდეს, გააანალიზოს, რა მოხდა, რა გახდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ასეთი გადაწყვეტილების მიღების მიზეზი. ეს პრობლემები მხოლოდ კანონებით რეგულირდება და არა მუქარით, არა ცალკეული დირექტივებითა და მითითებებით.
რაც შეეხება ბორის კაკუბავას. თუ იგი კომუნისტებს შეუერთდა, ვფიქრობ, კომუნისტების დიდი შენაძენი იქნება.
- გუშინ თქვენ რუსთავში ბრძანდებოდით. რუსთავი 50 წლის იუბილეს ზეიმობდა. საზეიმო ვითარებაში დაიხურა თეატრალური ფესტივალი. და, ალბათ, ამ დღისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ გაცხადდა, როცა თქვენ ბრძანეთ, რომ ფაქტობრივად, პასუხისმგებლობას კისრულობთ რუსთაველის თეატრის ბედისათვის, რადგან დღეს თეატრის მდგომარეობა საყოველთაო ყურადღების ცენტრშია და ყველამ იცის, როგორ უჭირს რუსთაველის თეატრს...
- გუშინდელი დღე რუსთავში - ეს იყო ბრწყინვალე დღე, შესანიშნავი დღესასწაული, რომელმაც, მე ვიტყოდი, საერთო-ეროვნული მნიშვნელობა შეიძინა. ძალიან ბევრი რაიონის წარმომადგენლები ესწრებოდნენ და საერთოდ განსაკუთრებული მოვლენა იყო.
რუსთავი კვლავინდებურად ცოცხლობს და ფეთქავს მთელი ქვეყნის საკეთილდღეოდ. ბევრი ქარხანა უკვე მუშაობს, ზოგი ამუშავების პროცესშია ახლა, ასევე დაიწყო საქმიანობა ბევრმა საწარმოო გაერთიანებამ, შენდება ქალაქი, ლამაზდება, მოსახლეობა უკვე გრძნობს გარდაქმნათა სიკეთეს, ყოველ შემთხვევაში, ნაწილობრივ მაინც. რუსთავი მართლაც ინდუსტრიული ქალაქია, საქართველოს ეკონომიკური ძლევამოსილების ერთ-ერთი საყრდენი. ამ ქალაქში, იმავდროულად, კულტურული, საგანმანათლებლო ცხოვრებაც ჩქეფს. მინდა დიდი მადლობა ვუთხრა მხარის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს და ქალაქის მერს, - ის, რასაც მიაღწიეს, მათი ერთობლივი მოქმედების ნაყოფია და მე მოვითხოვ ასევე ერთობლივად, თანხმობით, საქვეყნო ინტერესების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით, განაგრძონ ეს დიდი მამულიშვილური საქმე.
მშვენივრად ჩაიარა თეატრალურმა ფესტივალმა - იგი მართლაც საერთაშორისო მასშტაბის ფესტივალი გახდა რუსთავში. ვფიქრობ, მომავალში კიდევ უფრო მეტ ინტერესს გამოიწვევს და უფრო მეტ კოლექტივებსაც მოიზიდავს. ქალაქს შეემატა რუსთაველის მშვენიერი ძეგლი, მწერალთა სახლი, მხატვართა სახლი, სადაც გამოფენილია დათო ციციშვილის - ამ კოლორიტული პიროვნების, საოცარი თბილისელის მიერ თავის დროზე შეგროვებული ქართველ მხატვართა ნაწარმოებების უმდიდრესი კოლექცია. სამწუხაროდ, ბევრი უნიკალური ნიმუში გაიტაცეს იმ შავ წლებში, და მე დავავალე სამართალდამცავ ორგანოებს, რომ მოიძიონ და აღმოაჩინონ ეს ყველაფერი და დაუბრუნონ მუზეუმს. სხვაც ბევრი რამ გაკეთდა. ვიხილე თანამედროვე საწარმოები, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაყრდნობით იქმნება სავსებით კონკურენტუნარიანი და თანამედროვე დონეზე შესრულებული პროდუქტი და პროდუქცია.
რაც შეეხება ჩემ მიერ რობერტ სტურუას დაჯილდოებას მედლით, რომელიც მას გადავეცი, ჩემთვის დიდ პატივად მიმაჩნია ამ გენიალური შემოქმედის, გენიალური რეჟისორისათვის ასეთი ჯილდოს გადაცემის უფლების მოპოვება. ეს მე ვთქვი, საჯაროდ, სახალხოდ. მე მას და ამ დიდ კოლექტივს, ასევე მთელ საქართველოს შევპირდი, რომ სწორედ პრეზიდენტმა უნდა უხელმძღვანელოს რუსთაველის თეატრის შენობის გამოყვანას ავარიული სიტუაციიდან. ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ რუსთაველის თეატრის შენობას ზიანი მიადგეს, და გამოუსწორებელი ცოდვა ჩავიდინოთ მომავალ თაობათა წინაშე.
- და, ბოლო კითხვა. გასულ კვირას თბილისს აჭარის წარმომადგენლობითი დელეგაცია ეწვია. იმავე დღეს მათ პრესკონფერენცია გამართეს კანცელარიის შენობაში, სადაც მრავალი პრეტენზია გამოითქვა, თუმცა, ძალიან ბევრ მათგანს იქვე, დარბაზში გაეცა პასუხი...
- არ ვიცი, არის თუ არა ეს გამონაკლისი შემთხვევა. აჭარიდან თუ სხვა რეგიონებიდან ხშირად ჩამოდიან, არკვევენ ურთიერთობას, ისევე, როგორც აჭარაში თითქმის ყოველკვირა არიან მინისტრები, ხან ახერხებენ საკითხების გადაწყვეტას, ხან კი ვერა. ეს მუდმივი კონტაქტები, ბუნებრივია, უნდა არსებობდეს და კიდევაც იარსებებს.
რაც შეეხება აჭარის წარმომადგენელთა ჯგუფის ჩამოსვლას, მას შეხვდა სახელმწიფო მინისტრი ვაჟა ლორთქიფანიძე. მე არც ვიცოდი, თუ ასეთი ჯგუფი აპირებდა ჩამოსვლას. ბატონ ვაჟასგან გავიგე, რომ იგი ახლა იღებს ამ ჯგუფს. როგორც სახელმწიფო მინისტრმა მომახსენა, ბევრი საკითხის გარკვევა მოახერხეს, ზოგიერთი დავალება გაიცა ადმინისტრაციის სახელით, კანცელარიის სახელით. როგორც მითხრეს, არის ცალკეული საკითხები, რომელთა გადაწყვეტას აწესრიგებს კანონები და სწორედ კანონების ფარგლებში უნდა მოგვარდეს ეს ყველაფერი. რაც შეეხება პრესკონფერენციას, მის შესახებ ვერაფერს მოგახსენებთ, არც არის სასურველი, პრეზიდენტმა პრესკონფერენციების გარჩევა დაიწყოს (როგორც წესი, თქვენ კარგად იცით, მე ამას არ გავაკეთებ).
მე და ბატონი ასლანი კარგა ხანია არ შევხვედრივართ, ალბათ, უნდა გამოიძებნოს დრო ასეთი შეხვედრისათვის.
და კიდევ ერთი ცნობა სრულიად საქართველოს და აჭარის საყურადღებოდ: ოქტომბრის შუა რიცხვებისათვის, ყოველ შემთხვევაში, 20 ოქტომბრამდე დაგეგმილია დედაქალაში დიდი მემედ აბაშიძის ძეგლის გახსნა. ვფიქრობ, მანამდე ბევრ რამეს გავარკვევთ და ეს იქნება ნამდვილი საერთო-სახალხო დღესასწაული.
საქინფორმი.
„ნებისმიერი ერის სახელმწიფოებრივი კულტურა, უწინარესად, იმით განისაზღვრება, თუ რამდენად აქვს შეგნებული თითოეულ მოქალაქეს საკუთარი ქვეყნისადმი ვალდებულების უპირობოდ და უეჭველად შესრულების აუცილებლობა“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 6 ოქტომბერი. - №258 (2958). - 1,2 გვ.
![]() |
45 საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის მისასალმებელი სიტყვა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სემინარის გახსნაზე |
▲ზევით დაბრუნება |
თბილისი. 1998 წლის 5 ოქტომბერი
ქალბატონო საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარევ, ქალბატონებო და ბატონებო, ძვირფასო სტუმრებო, მეგობრებო,
მოგესალმებით ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის მესამე სემინარის მონაწილეებს, რომლის მიზანია კავკასიაში კონფლიქტების მოგვარება და დემოკრატიის განვითარების ხელშეწყობა. ვენისა და ტაშკენტის შემდეგ ჩვენ სიამოვნებით ვმასპინძლობთ ამ დიდ ღონისძიებას.
საქართველოში ყურადღებით და კმაყოფილებით ადევნებენ თვალს კონფლიქტებისადმი ეუთოსა და მისი საპარლამენტო ასამბლეის მიდგომას და იმ როლს, რომელსაც ასრულებს იგი კავკასიაში ამ კონფლიქტების მოგვარების საქმეში. უდიდეს საერთაშორისო ორგანიზაციათაგან ეუთო ჯერჯერობით პირველი აღმოჩნდა იმათ შორის, და ამას განსაკუთრებით მსურს გავუსვა ხაზი, ვინც საქვეყნოდ, თამამად და, პატიოსნად უწოდა ყველაფერს თავისი სახელი და მთელი მსოფლიოს გასაგონად განაცხადა, რომ საქართველოში მოხდა უდიდესი და უმძიმესი დანაშაული ადამიანურობის წინააღმდეგ, ან, როგორც სხვაგვარად უწოდებენ, კაცობრიობის წინაშე, - მშვიდობიანი მოსახლეობის, უპირველეს ყოვლისა, ქართველთა „ეთნიკური წმენდა“ აფხაზეთში, რაც გამოიხატა მათი მასობრივი ხოცვა-ჟლეტით და მუდმივი საცხოვრებელი ადგილებიდან განდევნით, მათი სახლების დაწვა-განადგურებით (ეს ციტატა გახლავთ ლისაბონისა და ბუდაპეშტის შესაბამისი რეზოლუციებიდან). ბუდაპეშტისა და ლისაბონის სამიტებზე აფხაზეთისა და, საზოგადოდ, კონფლიქტური ზონების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებებით ეუთომ უაღრესად მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მათი პოლიტიკური მოწესრიგების ურთულეს პროცესში. მნიშვნელოვანია ეუთოს მონაწილეობა ქართულ-ოსურ მოლაპარაკებაშიც. იმაში, რომ სულ უფრო მეტ ძალას იკრებს ქართულ-ოსური კონსტრუქციული დიალოგი, ეუთოსა და საქართველოში მისი წარმომადგენლობის დიდი დამსახურებაცაა.
ისიც მსურს მოგახსენოთ, რომ გაჩნდა აფხაზეთში კონფლიქტის მოწესრიგების პირველი იმედისმომცემი ნიშნები - მდგომარეობა კვლავ მძიმეა, მაგრამ მნიშვნელოვანია არა მარტო კონფლიქტის მოწესრიგების ინტერნაციონალიზაციის პროცესი, რაც ამჟამად მიმდინარეობს, არამედ პირდაპირი დიალოგი ქართველებსა და აფხაზებს შორის. ჩვენ საკმაოდ ხშირად ვხვდებით ერთმანეთს და ეს არ არის იოლი შეხვედრები, მაგრამ საერთაშორისო დახმარების პარალელურად, სწორედ ეს არის კონფლიქტის მოწესრიგების ყველაზე უფრო საიმედო გზა.
საქართველოს მომავალი არასოდეს განგვიხილავს ჩვენი უახლოესი გარემოცვისაგან მოწყვეტით. საკუთარ კონფლიქტებზე არანაკლებ გვტკივა ჩვენს მეზობლებს შორის არსებული, ჯერ კიდევ დაუძლეველი დაპირისპირება. ამდენად, მივესალმებით ეუთოს მინსკის ჯგუფის ძალისხმევას ყარაბაღის კონფლიქტის მოწესრიგებაში. მზად ვართ, კვლავაც ყოველმხრივ შევუწყოთ ხელი მისი ეგიდით საქართველოში განლაგებულ მისიას და ამით ჩვენი მოკრძალებული წვლილი შევიტანოთ ამ კონფლიქტის საბოლოო მოწესრიგებაში, არსებული წინააღმდეგობების დაძლევაში. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს ამ თვალსაზრისით უნიკალური მდგომარეობა აქვს. ჩვენ უახლოესი, ძმური ურთიერთობა გვაკავშირებს აზერბაიჯანთან, ჩვენს საიმედო მეზობელთან და მეგობართან. ჩვენ ასევე მრავალსაუკუნოვანი მეგობრული ურთიერთობა გვაკავშირებს სომხეთთან, ჩვენს ძმებთან და, ვფიქრობ, ასეთი უნიკალური მდგომარეობა საშუალებას მოგვცემს ეუთოსთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად დავეხმაროთ ჩვენ ძმებს ამ კონფლიქტების დაძლევაში.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა მნიშვნელოვან თანადგომას გვიწევს დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაში. მათ შორის, ვინც დაგვეხმარა უკანასკნელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებაში, იყო ეუთოც, თქვენი მრავალრიცხოვანი წარმომადგენლობა, სწორედ ამ თანადგომის წყალობით, საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები პატიოსნად და სამართლიანად იქნა მიჩნეული. მომავალი ორი წელი საქართველოში ახალი არჩევნების წლებია. რა თქმა უნდა, ჩვენი დიდი სურვილია, თქვენმა ორგანიზაციამ ასევე აქტიური მონაწილეობა მიიღოს ამ არჩევნებში, მათ შორის ისეთი სახითაც, როგორიცაა მეთვალყურეთა მოვლინება და რაც შეიძლება სასტიკი კონტროლი.
იმაში, რომ თქვენი სემინარის ორგანიზატორების არჩევანი ამჯერად თბილისზე შეჩერდა, ალბათ, გასაკვირი არ უნდა იყოს. გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, რომ დღეს კავკასია მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დინამიკურად განვითარებად რეგიონადაა მიჩნეული. აქეთაა მოპყრობილი უდიდესი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ყურადღება, ვინაიდან მსოფლიომ, განსაკუთრებით ევროპამ, კარგად და ნათლად გააცნობიერა: შავი და კასპიის ზღვისპირეთში სამართლიანი მშვიდობისა და დემოკრატიის პრინციპების დამკვიდრების გარეშე უზარმაზარ ევრაზიულ სივრცეს სტაბილურობა და აყვავება არ უწერია. ეს უკანასკნელი კი სწორედ ის მიზანია, რომლის განსახორციელებლად შეიქმნა ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია.
თუმცა, ისიც კარგად გვესმის, რომ მსოფლიოს ვერც ერთი დიდი სახელმწიფო თუ საერთაშორისო ორგანიზაცია, რაოდენ ავტორიტეტულიც უნდა იყოს იგი, ვერ მოაგვარებს რეგიონულ პრობლემებს, თუკი რეგიონის სახელმწიფოები თავად არ განიმსჭვალებიან ურთიერთთანამშრომლობისა და საერთო პასუხისმგებლობის სულისკვეთებით. ამგვარი საერთო პასუხისმგებლობის გამომუშავებას ხშირად ბიძგს აძლევს საერთო ეკონომიკური თუ პოლიტიკური ინტერესები, რომლებიც, ერთგვარი კატალიზატორის როლს ასრულებენ სახელმწიფოთაშორის ურთიერთობაში. ომისშემდგომი ევროპული ინტეგრაციის ისტორია ამის ყველაზე ნათელი მაგალითია. რატომ არ უნდა გამოვიყენოთ ეს უნიკალური გამოცდილება „ცივი ომის“ დამთავრების შემდგომ ეტაპზე?
ამ მხრივ, ევროპელები ჩვენთვის კარგი მასწავლებლები აღმოჩდნენ, მაგრამ არც ჩვენ გამოვდექით ურიგო და უნიჭო მოსწავლეები. რეგიონის ქვეყნებს, რომელთაგან უმეტესობამ სულ ცოტა ხნის წინათ მოიპოვა დამოუკიდებლობა, სრული უფლება აქვთ განაცხადონ, რომ მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ეუთოს კეთილშობილური მიზნების განხორციელებაში. უკანასკნელ წლებში დასახული რეგიონული თანამშრომლობა, შესაძლოა, გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდეს ევრაზიული სივრცის ამ ნაწილში კონფლიქტების მშვიდობიანი გზებით მოწესრიგების საქმეში. ჩვენი მეგობრების, უწინარესად, ევროკავშირის თანადგომით, შესაძლებელი გახდა იმ გრძელვადიანი მიზნის განსაზღვრა, რომელიც საერთო მისწრაფებით აერთიანებს შავი და კასპიის ზღვების რეგიონების, ანუ ევრაზიის ამ არცთუ სტაბილური სარტყლის პრაქტიკულად ყველა სახელმწიფოს, გონივრული კომპრომისებისა თუ ურთიერთგაგების, პარტნიორობისა და თანამშრომლობის გზით სტაბილურობისა და მშვიდობის პერსპექტივას უსახავს მათ. ვგულისხმობ, „განახლებული დიდი აბრეშუმის გზის“ პროექტს. საქართველო ამ გლობალური პროექტის ერთ-ერთი ინიციატორი იყო და დღეს გვეამაყება, რომ ის ჩვენს თვალწინ ისხამს ხორცს, ამის ნათელი დადასტურება გახლდათ ბაქოს ამასწინანდელი სამიტი, რომელშიც 42 ქვეყნისა თუ საერთაშორისო ორგანიზაციის დელეგაციები მონაწილეობდნენ და რომელზეც 14 (მათ შორის - 13 ეუთოს წევრი) სახელმწიფოს მეთაურმა ხელი მოაწერა დეკლარაციასა და ძირითად მრავალმხრივ შეთანხმებას და ამით მტკიცე საფუძველი ჩაუყარა გრძელვადიან რეგიონულ თანამშრომლობას. ჩვენ, ამ ფორუმის მონაწილეებმა, ბაქოს სამიტს, სავსებით კანონზომიერად, ისტორიული ვუწოდეთ. მჯერა, რომ „ახალი აბრეშუმის გზა“ განვითარდება ატლანტიკიდან იაპონიამდე და უდიდეს სიკეთეს მოუტანს მრავალ ხალხსა და სახელმწიფოს. ამ მნიშვნელოვანი ფორუმის მომზადებასა და გამართვას დიდი ძალისხმევა მოახმარა ჰეიდარ ალიევმა. ყველა დოკუმენტი მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ყველაზე უფრო ღირსშესანიშნავად მიმაჩნია ის, რომ 8 წლის შემდეგ, პირველად, ბაქოში ჩამობრძანდა სომხეთის პრემიერ-მინისტრი. აი, ეს არის სწორედ იმ ჭეშმარიტების დადასტურება, რომ დიდი ეკონომიკური თუ მეცნიერული პროექტები, რომლებზეც ამჟამად თქვენი დახმარებითა და მხარდაჭერით ვმუშაობთ, ერთ-ერთი უპირველესი პირობაა არსებული წინააღმდეგობების დაძლევისა და კონფლიქტების მოწესრიგებისათვის. დარწმუნებული ვარ, გაივლის რამდენიმე წელი და „განახლებული დიდი აბრეშუმის გზის“ პროექტი ეუთოს სივრცეზე იქცევა იმის მაგალითად, თუ როგორ ძალუძს საერთო პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესს ბიძგი მისცეს ხალხთა შორის თანამშრომლობას, ხელი შეუწყოს კონფლიქტების მოწესრიგებასა და მომავალში მათ თავიდან აცილებას.
ქალბატონებო და ბატონებო,
ჩვენ, საქართველოში, იმედით შევყურებთ ეუთოს საქმიანობას და მიგვაჩნია, რომ მისი ძალისხმევა მნიშვნელოვანწილად განაპირობებს მსოფლიოს, ევროპის სახეს XXI საუკუნეში. ნება მიბოძეთ, საქართველოს მთავრობის, ჩემი ხალხის და პირადად ჩემი სახელით გამოვთქვა ღრმა რწმენა, რომ თქვენი სემინარის მუშაობა, რომელმაც ასეთი ავტორიტეტული მოღვაწეები გააერთიანა, დაგვეხმარება ჩვენ ყველას, უფრო უკეთესი გავხადოთ ჩვენი რეგიონი და მთლიანად მსოფლიო.
გისურვებთ წარმატებას, ბედნიერებას და მადლობას მოგახსენებთ თბილისში სტუმრობისათვის.
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის მისასალმებელი სიტყვა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სემინარის გახსნაზე : თბილისი. 1998 წლის 5 ოქტომბერი // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 6 ოქტომბერი. - №258 (2958). - 1,3 გვ.
![]() |
46 თქვენ წარსულს აცოცხლებთ ბილატერალური კონფერენციის მონაწილეებს |
▲ზევით დაბრუნება |
ძვირფასო მეგობრებო,
გულითადად მოგესალმებით ბილატერალური კონფერენციის, შუა საუკუნეების ფილოსოფიის პრობლემებზე საქართველოში პირველი გერმანულ-ქართული კონფერენციის ინიციატორებსა და მონაწილეებს.
გერმანულ და ქართულ კულტურათა საუკეთესო წარმომადგენლები ადამიანთა და ერთა შორის მეგობრობისა და მშვიდობის იდეებს ქადაგებდნენ და დღეს, მწვავე კონფლიქტების ეპოქაში, სწორედ იმ იდეების შესწავლა და წინ წამოწევა სჭირდება მსოფლიოს.
ეს სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც წარსულის შესწავლა მომავლისაკენ გვახედებს და შუა საუკუნეების გერმანული და ქართული კულტურები იმ ჭეშმარიტ საფუძვლად იქცევა, რომელიც ზოგადსაკაცობრიო ფასეულობათა წვდომისა და მათ შესაბამისად ცხოვრების საფუძველს იძლევა.
აქვე, ალბათ, ისიც უნდა ითქვას, რომ თქვენი კონფერენცია გერმანელ და ქართველ ფილოსოფოსთა ტრადიციად ქცეული თანამშრომლობის ორგანული გაგრძელებაა, მეოცე საუკუნის გამოჩენილი ქართველი ფილოსოფოსები დიმიტრი უზნაძე, შალვა ნუცუბიძე, მოსე გოგიბერიძე, კოტე ბაქრაძე და სხვანი ხომ ისეთ მოაზროვნეებთან განისწავლნენ, როგორებიც იყვნენ ვუნდტი, რიკერტი, ჰუსერლი, ჰარტმანი.
ასე რომ, დღევანდელი თქვენი კონფერენცია დროთა კავშირსაც აღადგენს, რომელიც ოთხმოცი წლის წინათ გაწყდა.
სწორედ გაწყვეტილი ტრადიციების აღდგენისა და ახალგაზრდა ქართველ ფილოსოფოსთა განსწავლის გამო დიდი მადლობა მინდა მოვახსენო გერმანელ ფილოსოფოსებს თეო კობუშსა და ბურკჰარდ მოიზიშს, და არა მარტო უკვე გაკეთებულის გამო, არამედ იმ კეთილშობილური სამომავლო გეგმების გამოც, რომლებიც მათ ქართველებთან ერთად აქვთ დასახული.
სიკეთის ქმნა თავადაა დიდი ჯილდო, მაგრამ არანაკლები ჯილდო იქნება ორივე მხარისათვის მაღალი აზრის ის აღმოჩენანი, რომელთაც ასეთი თანამშრომლობა ბადებს.
თქვენ აცოცხლებთ წარსულს.
კიდევ ერთხელ მოგესალმებით, დიდ მეცნიერულ მიღწევებსა და ბედნიერებას გისურვებთ.
ე. შევარდნაძე.
თქვენ წარსულს აცოცხლებთ : ბილატერალური კონფერენციის მონაწილეებს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი. 1998. - 7 ოქტომბერი. №259(2959). - 1 გვ.
![]() |
47 ნოდარ ყიფშიძეს |
▲ზევით დაბრუნება |
მილოცვა
ძვირფასო ნოდარ,
გულითადად გილოცავთ დაბადებიდან 75 და მოღვაწეობის 50 წლის იუბილეს.
შეიძლება ითქვას, რომ ცხოვრების ეს გზა ჩვენ ერთად განვვლეთ. მოღვაწეობის სხვადასხვა სფეროს მიუხედავად, ყოველთვის ჩემს თანამოაზრედ და თანამებრძოლად გთვლიდით და ასე მიმაჩნიხართ დღესაც, რადგან თქვენი მოქალაქეობრივი მრწამსით, თქვენი მოღვაწეობით სწორედ ისეთი ქვეყნის მშენებლობას უწყობდით ხელს, რომლისკენაც დღეს ვისწრაფით.
თითქმის შეუძლებელია ისე იცხოვრო და იღვაწო, ყველა მადლიერი გყავდეს. ეს მხოლოდ გამონაკლისთა ხვედრია. სწორედ ასეთ გამონაკლისად მიმაჩნია ნოდარ ყიფშიძე. მინდა თქვენით მადლიერ ათასობით ადამიანს მეც შევუერთდე და დღეგრძელობა და ჯანმრთელობა გისურვოთ თქვენს ოჯახთან ერთად.
ედუარდ შევარდნაძე.
ნოდარ ყიფშიძეს : მილოცვა // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 9 ოქტომბერი. - №261(2961). - 1 გვ.
![]() |
48 ერთადერთი რამეა ამქვეყნად, რისთვისაც ყველაფრის გაწირვა ღირს - საქართველო |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
სიტყვა მემედ აბაშიძის ძეგლის გახსნაზე
ბატონებო,
დასასრულს მიუახლოვდა თბილისსა და საქართველოს რეგიონებში გამართული „აჭარის დღეები“. გაიმართა სხვადასხვა ღონისძიება, მაგრამ მთავარზე მთავარი, დამეთანხმებით, მაინც დღევანდელი დღეა, რადგან დღეს საქართველოს დედაქალაქში მადლიერი შთამომავლობა ძეგლს უდგამს კაცს, რომელმაც დაასრულა აჭარის დედასამშობლოსთან დაბრუნების ხანგრძლივი და რთული პროცესი. ამ დიდ საქმეში იგი მარტო არ ყოფილა, ჰყავდა თანამებრძოლნიც და წინამორბედნიც და ბედმა მას რომ დააკისრა დიდი მისია, მარტო ბედითა და დროით კი არ იყო ნაკარნახევი, არამედ მისი გამორჩეულობითაც.
დღეს ჩვენ ვუდგამთ ძეგლს კაცს, რომელმაც მეტად რთულ ვითარებაში ზუსტად მოძებნა ის სიტყვები, რომლებიც თქვა არა მარტო დედასამშობლოში აჭარის დაბრუნების პროცესთან დაკავშირებით, არამედ დიდი მეზობლების მისამართითაც და ზუსტად მოძებნა ის ქმედებანი, რომელთაც მის სიტყვებს ისტორიული მნიშვნელობა მიანიჭეს.
მან შესანიშნავად გააგრძელა დიდი ილიასა და მისი თანამებრძოლების გზა სამშობლოსათვის თავდადებისა, რის გამოც, სხვადასხვა დროს და სხვათა და სხვათაგან არაერთგზის რეპრესირებული იქნა.
ბოლოს, სისხლიან ოცდაჩვიდმეტში დახვრიტეს კიდეც იგი, კაცი, რომელიც იღვწოდა საქართველოსთვის, ეწამა საქართველოსთვის.
ასე რომ, დღეს მისთვის ძეგლის დადგმა მარტო ჩვენი მადლიერების გამოხატულება კი არ არის, არამედ ერთგვარი მონანიების ჟესტიც იმ სისტემის ნაცვლად, რომელმაც არა მარტო საქართველოში, არამედ სოციალისტურ სივრცეში სისხლის წვიმები ადინა.
არ შეიძლება უფრო დიდი მკრეხელობის წარმოდგენა, ვიდრე იმ, თუნდაც უმნიშვნელო, ძალების კვლავ პოლიტიკურ არენაზე გამოსვლა, რომლებმაც იმსხვერპლეს მემედ აბაშიძე და მისი თანამებრძოლნი, იმ ძალებისა, რომელნიც კვლავ ძველისაკენ გვექაჩებიან, ფაქტობრივად, საქართველოს თავისუფლებასა და დამოუკიდებელობას ებრძვიან.
„აჭარის დღეებში“ გამოვიდა მემედ აბაშიძის თხზულებათა შესანიშნავი კრებული. მასში ბევრია ჩვენთვის უცნობი. ამ წიგნით მემედ აბაშიძე მეტად მრავალმხრივ მოღვაწედ წარმოდგება და, მართალია, არსებობს სამი შესანიშნავი ნაშრომი მემედ აბაშიძეზე - ბატონ თეიმურაზ კომახიძის, ქალბატონ ნანა გუგუნავასი და ბატონ გურამ შარაძისა, მე დარწმუნებული ვარ, მემედ აბაშიძის ეს წიგნი და მისი მრავალმხრივი მოღვაწეობა კიდევ არაერთი ნაშრომის შთაგონების წყაროდ იქცევა.
კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, რომ, როგორც წიგნის გამოცემაში, ისე ელგუჯა ამაშუკელის ამ შესანიშნავი ძეგლის თბილისში დადგმაში ცოტაოდენი წვლილი მეც მიმიძღვის.
ვალდებულიც ვიყავი ეს გამეკეთებინა - ვალდებული, როგორც ქართველი, როგორც სახელმწიფოს მეთაური და როგორც პოლიტიკოსი, რადგან ჩემთვის მართლაც საპროგრამოა მისი ფრთხილი, ფაქიზი დამოკიდებულება, როგორც ამბობენ, ცენტრისა და რეგიონის, მისი სათაყვანებელი თბილისისა და მისი სათაყვანებელი აჭარის ურთიერთობისადმი.
სხვათა შორის, დიდი სახელმწიფოებრივი ტრადიციების მქონე აწყობილ ქვეყანაშიც კი, სადაც კონსტიტუციითა თუ სხვა საკანონმდებლო აქტებით ყველაფერი ზუსტად არის რეგლამენტირებული, ურთიერთობა ცენტრსა და რეგიონს შორის, არცთუ იშვითად, უპრობლემო არ არის. აქ მე ვერაფერს ვხედავ საგანგაშოს. და თუ ჩვენთან ესა თუ ის პარტია თუ პიროვნება წვრილმანებსაც კი მტკივნეულად აღიქვამს, აქ უფრო საბჭოური მენტალიტეტი მოქმედებს, როდესაც ცენტრი სიტყვაშეუბრუნებლად ბატონობდა რეგიონებზე. ზოგს ახლაც ჰგონია, რომ ცენტრს ენა ვერავინ უნდა შეუბრუნოს, რეგიონი კი ეჭვობს, მჩაგრავენ და თავი უნდა დავიცვაო.
მე არ მაქვს უფლება, ამის შესახებ სწორედ მემედ აბაშიძის ძეგლთან არ ვთქვა. ჩემთვის ასეთი მენტალიტეტი მიუღებელია. უმაღლესი ფასეულობა, რომლითაც უნდა ხელმძღვანელობდეს ცენტრიც და რეგიონიც, ერთიანი და ძლიერი საქართველოა, ის გზაა, რომელიც ყველამ ერთად უნდა განვვლოთ ჩვენი სათაყვანებელი, მრავალტანჯული სამშობლოს დამოუკიდებლობის, გამთლიანებისა და სრული აღორძინება-აყვავებისათვის. როცა არსებობს დიდი მიზანი, ყოველგვარი წვრილმანი, ამბიციური და წუთიერი, მეორე პლანზე გადადის და ყველანი ერთად იმ დიდი შარაგზით ვივლით, უზენაესის მიერ ნაჩვენები ტაძრისკენ რომ მიგვითითებს.
სახელმწიფოს შენება და მისი მართვა მეტად რთული პროცესია და, თუ ჩვენ ამ საქმეს ხელი მოვკიდეთ, მხოლოდ სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან კი არ უნდა შეგვეძლოს დიალოგის გამართვა (ეს ჩვენ ძალიან კარგად ვისწავლეთ), არამედ საკუთარ ქვეყანასთანაც, საკუთარ ხალხთანაც და საკუთარ რეგიონებთანაც, უპირველეს ყოვლისა.
მე ვფიქრობ, ეს პრობლემა ჩვენს სინამდვილეში არ არის რთული გადასაჭრელი, მით უფრო, რომ აჭარას იმ კაცის ღირსეული შთამომავალი ხელმძღვანელობს, ვისაც დღეს ძეგლს ვუდგამთ, და მის გვერდით ის ადამიანებია, რომელნიც დღეს თბილისში ოფიციალურ დელეგაციად არიან წარმოდგენილი. მე ყოველ თქვენგანს მივესალმები, მაგრამ, ნება მომეცით, ცალკე გამოვყო ქალბატონი ნარგიზ აბაშიძე, მემედ აბაშიძის ღირსეული შვილიშვილი.
წლები გავა, ამწამიერი პოლიტიკური ვნებანი დაცხრებიან და თავად ჩვენ და ჩვენი შთამომავლები ხომ - მით უფრო, იქნებ, ღიმილითაც კი აღმოაჩენენ, რომ საერთო ქართულ პრობლემებთან შედარებით, საერთო ეროვნული მიზნების ფონზე ჩვენი პარტიული, ეროვნული თუ ცენტრალურ-რეგიონული ინტერესებით განპირობებული ვნებანი არაფერი ყოფილა, რადგან ერთადერთი რამეა ამქვეყნად, რისთვისაც ყველაფრის გაწირვა ღირს - საქართველო.
სხვათა შორის, ზუსტად იმავე აზრით იყო გამსჭვალული ცხოვრება და ბრძოლა იმ კაცისა, რომელსაც დღეს მადლიერი შთამომავლობა ძეგლს უდგამს.
ყველამ ვიცით, რომ მემედ აბაშიძე „წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ დაარსებულ იმ პირველ ქართულ სკოლაში სწავლობდა, რომლის დაფუძნებაც აჭარის მოწინავე საზოგადოებამ ითხოვა და რომლის დაარსებასაც ილია ჭავჭავაძემ დიდი ენერგია შეალია.
დღეს აჭარა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ქსელით დაფარული კუთხეა ჩვენი სამშობლოსი, უმაღლესი სასწავლებლებით, დრამატული და საოპერო თეატრებით, სამხატვრო გალერეით, მწერალთა ძლიერი ბირთვით, კინოსტუდიით, სამეცნიერო ცენტრითა და მეცნიერთა მნიშვნელოვანი კადრით, შესანიშნავი სპორტსმენებით, დიდი და ძლიერი ინტელიგენციით, ნიჭიერი ბავშვებითა და შესანიშნავი, ბრწყინვალე ახალგაზრდებით.
ყველაფერი ეს საქართველოს მარტო დღევანდელი დღე კი არ არის, არამედ - ხვალინდელიც. ყველაფერი ეს მთლიანი საქართველოს სიამაყეცაა და იმედიც, ისევე, როგორც სიამაყეა და იმედი საქართველოს ყოველი კუთხის წარმატება და მათი სურვილი საქართველოს სიძლიერისა და საქართველოს კულტურაში საკუთარი წვლილის შეტანისა.
ძეგლის გახსნის შემდეგ ჩვენ ოპერისა და ბალეტის თეატრში დავესწრებით ერთობლივ საზეიმო კონცერტს, რომელშიც, რა თქმა უნდა, წამყვანი თემა აჭარის თემა იქნება, მოვუსმენთ და ვნახავთ შესანიშნავ კოლექტივებს, სოლისტებს, ვნახავთ და მოვისმენთ, როგორ თანაბრად ვითარდება ქართული კულტურა ცენტრსა და რეგიონში, და სცენაზე, იქ, სადაც თვალნათლივ ჩანს, რა არის კარგი და რა არის ცუდი, როგორ ქრება ეს დაყოფა, რადგან ჭეშმარიტი ქართული ხელოვნება ერთია და მთლიანია საქართველო, ყოველი ჩვენგანისა და ამ დიდი კაცის ერთადერთი სამშობლო.
ამ დიდმა კაცმა იცოდა ეს ჭეშმარიტება და ამ ჭეშმარიტების შესაბამისად ცხოვრობდა და იბრძოდა.
კეთილი იყოს მისი შემობრძანება დღევანდელ თბილისში, საქართველოს დედაქალაქში.
აქვე მინდა გაუწყოთ, რომ კულტურის, მეცნიერების, საზოგადო მოღვაწეთა დიდი ჯგუფი, რომელსაც საბოლოოდ აჭარის ხელმძღვანელობა წარმოადგენს, დაჯილდოვდება საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით, ორდენებით, მედლებით, სხვა სიმბოლოებით.
დაე, მუდამ აყვავების და აღორძინების გზით ევლოს სრულიად საქართველოს და მის თვალმარგალიტს, ჩვენს მშობლიურ აჭარას.
ერთადერთი რამეა ამქვეყნად, რისთვისაც ყველაფრის გაწირვა ღირს - საქართველო : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა მემედ აბაშიძის ძეგლის გახსნაზე // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 13 ოქტომბერი. - №265 (2965). - 2 გვ.
![]() |
49 „ყველა გზა, ყველა არხი უნდა ავამოქმედოთ, რათა ეს ბოლო წელი იყოს, როცა პრობლემურია ხელფასებისა და პენსიების გაცემა“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
12 ოქტომბრის რადიოინტერვიუ
გასული კვირა, შეიძლება ითქვას, ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენებითა და შეხვედრებით აღინიშნა. გაიხსნა ახალი ხიდი. აზერბაიჯანში პრეზიდენტის არჩევნების წინ იქ თქვენი და ალიევის შეხვედრასა და ერთობლივ გამოსვლას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. რაც შეეხება არჩევნებს, წინასწარი მონაცემებით, ალიევის ბედი, თუ შეიძლება ასე ითქვას, გადაწყვეტილია და იგი უკვე აზერბაიჯანის პრეზიდენტია. თითქმის გადაწყვეტილია საქართველოს ტერიტორიის გავლით დიდი ნავთობის ტრანსპორტირების საკითხიც. მალე გაიმართება შეხვედრა, რომლის დროსაც ხელს მოაწერენ საბოლოო დოკუმენტს, რომლის დეტალები განხილული იყო აზერბაიჯანის ნავთობის სახელმწიფო კომპანიის ვიცე-პრეზიდენტთან ვალეხ ალესკეროვთან შეხვედრისას, რომელიც „ძირითადი ნავთობსადენის მარშრუტის დამდგენ ჯგუფს“ ხელმძღვანელობს. პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნის თანამშრომლობის განვითარებაზე. სწორედ ამაზე იყო საუბარი საპარლამენტო დელეგაციასთან თქვენი შეხვედრისას. საქართველო უკვე ძალიან სერიოზულ სატრანზიტო ფუნქციას ასრულებს ცენტრალური აზიისა და თურქმენეთის ნავთობის ტრანსპორტირების თვალსაზრისით. თუმცა, „კასპიან ტრანსკოს“ ხელმძღვანელებთან თქვენი შეხვედრისას, მათ გარკვეული მორიდებული თხოვნაც გამოთქვეს იმ პრობლემებთან დაკავშირებით, ზოგჯერ რომ აწყდებიან ჩვენი ქვეყნის გავლით ნავთობის ტრანსპორტირების დროს. და, პრინციპში, გუშინდელი მოვლენა - „შევრონის“ წარმომადგენლობის გახსნა საქართველოში... ამ საკითხზე საუბრით დაიწყო, ჟურნალისტ ნატო ონიანის თხოვნით, თავისი ტრადიციული ორშაბათის რადიოინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ.
- იმ საკითხებში, თქვენ რომ ჩამოთვალეთ, რა თქმა უნდა, დომინირებს ნავთობის თემა, რაც სავსებით ბუნებრივია. ნავთობზე, ნავთობსადენებსა და გაზსადენებზე ამდენი საუბარი შეიძლება მხოლოდ იმას აღიზიანებდეს, ვინც საერთოდ არ იცის, რა არის თანამედროვე ეკონომიკა და რას ნიშნავს ენერგიაშემცველებთან დაკავშირებით მოპოვებული ნებისმიერი პრიორიტეტი, ნებისმიერი წარმატება როგორც ეკონომიკურ, ასევე პოლიტიკური თუ გეოპოლიტიკური თვალსაზრისით.
მოძმე აზერბაიჯანთან, სომხეთთან, ისევე როგორც ნებისმიერ მეზობელ ქვეყანასთან თანამშრომლობა საქართველოსათვის, ყველაფერთან ერთად, იმ უნიკალური პოტენციალის გამოყენების შესაძლებლობაა, რომელიც უფალმა გვარგუნა სამხრეთ კავკასიის რეგიონში გეოპოლიტიკური მდებარეობის სახით.
გასულ კვირას მე და ბატონმა ჰეიდარ ალიევმა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ახალი ხიდი გავხსენით. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ამ ხიდის მშენებლობა დააფინანსა ევროკავშირმა, რომელიც ტრასეკას პროექტის, ასე ვთქვათ, მთავარი ავტორი და დამკვეთი გახლავთ. რა თქმა უნდა, ამ ღონისძიებას არა მარტო დიდი პრაქტიკული, არამედ სიმბოლური მნიშვნელობაც ჰქონდა. წითელ ხიდთან ჯერ კიდევ საბჭოთა ეპოქაში იკრიბებოდა სამი რესპუბლიკის ახალგაზრდობა და იმ შეხვედრებში ბევრი რამ სავსებით გულწრფელი იყო. ძველი წითელი ხიდი დარჩება ძეგლად, ჩვენ მას მოვუვლით და იგი უნდა იყოს ძეგლი არა მარტო მე-11 არმიასთან დაკავშირებული მძიმე მოგონებებისა, არამედ ბევრი რამ საინტერესოსი, რაც სამ ხალხს შორის ხდებოდა - აზერბაიჯანელებსა და ქართველებს შორის და სომხეთის მოსახლეობისა და ხელმძღვანელების მონაწილეობითაც. გარდა ამისა, ჩემს მოვალეობად მიმაჩნდა, შეძლებისდაგვარად დამეჭირა მხარი ბატონ ჰეიდარ ალიევისათვის, ოღონდ სათანადო დიპლომატიური ტაქტის დაცვით, მეზობელი ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩაურევლად.
აქვე ვსარგებლობ შემთხვევით და მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო ოფიციალური შედეგები საარჩევნო კომისიას ჯერ არ გამოუქვეყნებია (წინასწარი მონაცემების შესაბამისად კი გამარჯვება ბატონმა ჰეიდარ ალიევმა მოიპოვა), ვულოცავ მას ამ დიდ, ისტორიულ გამარჯვებას, ვუსურვებ წარმატებით ეღვაწოს თავისი ხალხის, აზერბაიჯანისა და მთელი კავკასიის საკეთილდღეოდ. სიმართლე გითხრათ, მე მასაც ვუთხარი ხიდის გახსნის დროს, რომ ეჭვიც არ მეპარებოდა მის დამაჯერებელ გამარჯვებაში და, ღმერთმა ინებოს, ყველა წინასწარმეტყველება ისე ახდეს, როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტს აუხდა. ეს ძალიან დიდი საქმეა კავკასიისათვის, ძალიან დიდი საქმეა აზერბაიჯანისთვის და, ერთხელ კიდევ, გულწრფელად, ძმურად, მეგობრულად ვულოცავ მას და ვულოცავ აზერბაიჯანელ ხალხს.
რაც შეეხება „დიდ ნავთობსა“ და ნავთობსადენს, გადაწყვეტილება მიღების სტადიაშია. შეიძლება ითქვას, მას მხოლოდ საბოლოო შეჯერება და შეთანხმება სჭირდება, დასაზუსტებელია ტექნიკური დეტალები, რასაც ორივე მხარის ექსპერტები და წარმომადგენლები უეჭველად წარმატებით გაართმევენ თავს. პირობები საქართველოსათვის ერთობ მომგებიანია. თუმცა, მათი დაზუსტებისაგან ამჯერად თავს შევიკავებ და სჯობს ყველამ შეიკავოს თავი, სანამ საბოლოო დოკუმენტს არ მოვაწერთ ხელს. გარდა ამისა, ეს საბოლოო დოკუმენტი, თქვენ იცით, არ იქნება ორ ქვეყანას შორის, აქ არის კონსორციუმი, აქ არის თურქეთის მხარე, გარკვეულად მონაწილეობენ ამერიკის შეერთებული შტატები და მრავალი სხვა ქვეყანა.
მეორე მხრივ, ისიც უნდა ითქვას, რომ საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი ნავთობმაგისტრალი, ფაქტობრივად, უკვე ფუნქციონირებს. სუფსაში მთავრდება ტერმინალის მშენებლობა და ბაქო-სუფსის ნავთობსადენის აგება. უახლოეს მომავალში დაიწყება მილსადენის შევსება ნავთობით, ხოლო მომავალი წლის დამდეგს უკვე პირველი ნავთობმზიდი დაიტვირთება და აიღებს გეზს ევროპისაკენ. დარწმუნებული ვარ, განსაკუთრებულ ფუნქციას შეიძენს სწორედ ზღვით ნავთობის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით ჩვენი საზღვაო სანაოსნო, რომლის ტანკერების დიდი ნაწილი შავ ზღვაში იმუშავებს და შეასრულებს ამ მომგებიან, სარფიან და სასარგებლო საქმეს.
საქართველოს პერსპექტივა არც ბაქო-ჯეიჰანის „დიდი ნავთობსადენით“ ამოიწურება, ვინაიდან არსებობს ტრანსკასპიური ნავთობ-გაზსადენების არანაკლებ გრანდიოზული პროექტები, ტრასეკას პროექტი, დიდი აბრეშუმის გზა და სხვა მრავალი, რაზეც მე არაერთხელ მისაუბრია.
თუ ეს ყოველივე განხორციელდა, თუ (როგორც ქართველებს გვჩვევია) უკანასკნელ წუთს არ დაგვისხლტა ფეხი (და, ვფიქრობ, ეს გამორიცხული უნდა იყოს), ამით, შეიძლება ითქვას, საქართველო მრავალსაუკუნოვან ოცნებას აისრულებს და ცივილიზებული მსოფლიოსათვის აუცილებელ ფუნქციას შეიძენს, რაც ჩვენი ქვეყნის გამთლიანების, გაძლიერებისა და შემდგომი განვითარების გარანტია გახდება.
ყოველივე ეს ძალიან დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს ყველას, ყველა დონეზე - თითოეულ ადამიანს, ვინც გადაწყვეტილებას იღებს, და რიგით მოქალაქეებსაც კი. სწორედ ამიტომ მე ძალიან შემაშფოთა „კასპიან ტრანსკოს“ ხელმძღვანელთა მორიდებულმა საყვედურმა, რომ გარკვეულ პრობლემებს აწყდებიან საქართველოს ტერიტორიის გავლით ყაზახეთის, თურქმენეთისა და აზერბაიჯანის, „შევრონ-ოვერსის“ კუთვნილი ნავთობის ტრანსპორტირებისას. დაუშვებელია, რომ ასეთი პარტნიორების თვალში ქვეყნის ავტორიტეტს რაღაც ზიანი მიადგეს. „საიმედო პარტნიორის“ სახელს მართლაც თვალისჩინივით უნდა გავუფრთხილდეთ, - ეს ყველას ეხება: ეს ეხება ფოთსაც, ბათუმსაც, თბილისსაც, რკინიგზასაც და სხვებსაც. უცხოელ პარტნიორებს ხელოვნური პრობლემები არ უნდა შევუქმნათ, ამ პრობლემათა დაძლევაში უნდა ვეხმარებოდეთ, ეს უწინარესად საქართველოს ინტერესებს შეესაბამება.
მით უმეტეს, საჭიროა ასეთი ნდობა უცხოელ პარტნიორთა მხრივ, რაკი თვით საქართველოშიც ვითარდება ნავთობმოპოვება და სულ უფრო აქტიურად შემოდის კაპიტალი ამ სფეროში. შაბათს წინანდალში შეხვდი საქართველოში მოქმედ ნავთობკომპანიათა მესვეურებს. ბევრ მათგანს, მაგალითად, ცნობილი „ფრონტერას“ ხელმძღვანელებს ეჭვი არ ეპარებათ და პირდაპირ აცხადებენ, რომ საქართველოში არის (როგორც მიღებულია ითქვას) „დიდი ნავთობი“ - თავისი მოცულობით, ლაპარაკია ასობით მილიონ ტონაზე. მე ციფრი წინანდალში დავასახელე, მაგრამ ახლა ცოტა უფრო ფრთხილად ვიქცევი, რადგან ჯერ დავიწყოთ მოპოვება და ციფრებზე მერე ვილაპარაკოთ. ამ სიმდიდრის მოძიებას სისტემატური მუშაობა, პარტნიორებთან კონსტრუქციული თანამშრომლობა სჭირდება და არა ხელოვნური პრობლემების შექმნა.
კმაყოფილებით უნდა ვთქვა, რომ ამ მხრივ კახეთში ინვესტორებს, უცხოელ მეწარმეებს ყოველგვარი პირობები აქვთ შექმნილი, სამაგიეროდ, ისინიც დიდად უწყობენ ხელს მხარის და მთელი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას. მათს საწარმოებში დასაქმე325
ბულია ადგილობრივ სპეციალისტთა 90-95 პროცენტი, ეწევიან, აგრეთვე, საქველმოქმედო საქმიანობას, ეხმარებიან ადგილობრივ ხელისუფლებას, მოსახლეობას. მაგრამ ეს მხოლოდ საწყის ეტაპზეა. უნდა გითხრათ, რომ, როგორც სამხარეო ადმინისტრაცია, ასევე რაიონების ხელმძღვანელები - ქალაქ თელავის, ახმეტის, განსაკუთრებით საგარეჯოსა და დედოფლისწყაროსი, ყველაფრის საქმის კურსში არიან, გვერდში უდგანან თავიანთ უცხოელ პარტნიორებს და, ვფიქრობთ, გაისად საქართველო უკვე იგრძნობს ამ „დიდი ნავთობის“ პირველ რეალურ, ხელშესახებ ნიშნებს.
ეს ჩვენთვის, საქართველოს ხელისუფლებისათვის, ადგილობრივ ხელმძღვანელთათვის ყოველდღიური პოლიტიკაა, რომლითაც ქვეყნის მომავალი კეთილდღეობისა და ძლიერების საძირკველი შენდება.
სხვათა შორის, ვაშინგტონში, სადაც საქართველოს მთავრობის დელეგაცია იმყოფებოდა ბატონ ვაჟა ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით, სავალუტო ფონდის ზოგიერთმა ექსპერტმა (როგორც მითხრეს) ასეთი ეჭვი გამოთქვა: დღევანდელი სირთულეები ხომ არ აიძულებს საქართველოს ხელისუფლებას შეცვალოს რეფორმატორული კურსი და პრობლემები გადაწყვიტოს მექანიკური გზით, თუნდაც სამომავლო პერსპექტივათა საზიანოდ და მათს ხარჯზე. როცა სიძნელეებზეა ლაპარაკი, მხედველობაშია ის მოვლენები, რუსეთსა და ზოგიერთ სხვა ქვეყანაში რომ მიმდინარეობს და, ბუნებრივია, ყველაფერი ეს ჩვენზეც ახდენს გავლენას.
ამასთან დაკავშირებით, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ: საქართველომ გაიარა ომებისა და ეკონომიკური ქაოსის უმძიმესი წლები. ჩვენ ავირჩიეთ რეფორმის, რადიკალური გარდაქმნების რთული გზა. მივაღწიეთ პირველ წარმატებებსაც, აღიარებასაც, თუმცა სიძნელეებსაც ვერ ავცდით ისევე, როგორც მრავალი ქვეყანა, რომლებიც სულ ახლახან შეუდგნენ დემოკრატიის მშენებლობას. თვით მსოფლიო გიგანტებსაც კი გაუჭირდათ გონს მოსვლა ფინანსურ მერყეობათა შემდეგ. ჩვენ მაინც ვინარჩუნებთ სტაბილურობას. ამ გზას - რეფორმების, ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური აღორძინების გზას არ გადავუხვევთ.
როდესაც ლაპარაკია ეკონომიკური წინსვლის ერთობლივ ღონისძიებებზე, რასაკვირველია, უწინარესად, იგულისხმება თვით კრიზისულ სიტუაციაში, ან ეკონომიკური აღმავლობის საწყის ეტაპზე მყოფი ქვეყნების ძალისხმევის გააქტიურება და რეფორმატორული კურსის გაღრმავება. ამასთან დაკავშირებით ჩვენმა ქვეყანამ ვაშინგტონში გამართულ შეხვედრებზე კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მზად არის ამისათვის. ეს რომ ლიტონი სიტყვები არ არის, მოწმობს სხვადასხვა საერთაშორისო სტრუქტურისა და საფინანსო ინსტიტუტების, წამყვანი ქვეყნების მიერ ჩვენში მიმდინარე ეკონომიკურ გარდაქმნათა აღიარება, შექმნილი საინვესტიციო კლიმატის დადებითად შეფასება. სწორედ ამიტომ არის, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, ევროკავშირი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და სხვა სტრუქტურები განწყობილი არიან გააღმაონ საქართველოსთან პარტნიორული ურთიერთობანი, შექმნილი ვითარების გათვალისწინებით განახორციელონ ახალი დამატებითი პროგრამები, რომელთა შესამუშავებლადაც ექსპერტები უკვე პრაქტიკულად შეუდგნენ მუშაობას. ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ, ადმინისტრაციამ, კონგრესმა კვლავაც დაგვიდასტურეს გადაწყვეტილება გაისად 100 მილიონი დოლარის გამოყოფის თაობაზე. ეს თანხა რეფორმების შემდგომი დაჩქარების ამოცანების განხორციელებას მოხმარდება.
როგორც უკვე ვთქვი, ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანჭებ პრეზიდენტ კლინტონის გადაწყვეტილებას იმ ქვეყნებისათვის ფინანსური დახმარების გაწევის თაობაზე, რომლებიც რთულ ვითარებაში აღმოჩნდნენ მსოფლიო საფინანსო კრიზისის შედეგად. საბედნიეროდ, ეს კრიზისი ამერიკას არ შეხებია. პირიქით, ამერიკის შეერთებული შტატები კისრულობს პასუხისმგებლობას იმისათვის, რომ დახმარება გაუწიოს მსოფლიოს მრავალ ქვეყანას ამ უმძიმესი კრიზისის დაძლევაში, მათ შორის საქართველოსაც, რომელმაც ეს კრიზისი თავიდან უნდა აიცილოს.
კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას ამ ქვეყანას ყველაფრისათვის, რაც მან საქართველოს გაუკეთა 1992 წლიდან მოყოლებული. მომავალ, 1999 წელს, იმ 100 მილიონი დოლარის გარდა, რომელზეც უკვე მოგახსენეთ, განზრახულია საქართველოში დაარსდეს საინვესტიციო ფონდი საერთოდ სამხრეთ კავკასიაში და განსაკუთრებით საქართველოში, რომელსაც ცნობილი სადაზღვევო კომპანია „ოპიკი“ დააზღვევს. ეს იქნება რამდენიმე ათეული მილიონი დოლარი კაპიტალი. ინვესტიციები დაბანდება საქართველოს მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის პერსპექტიულ დარგებში - ესე იგი იმ დარგებში, რომელთაც, დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში, როცა აღარ არსებობს წინათ ცნობილი ორგანიზაციები „გოსსნაბი“, „გოსპლანი“ და სხვა, ანუ დოტაციას აღარავინ მოგვცემს, განვითარების პერსპექტივა აქვთ და საამისოდ ხელშეწყობაც სჭირდებათ. სწორედ ამისთვის იქმნება შექმნილი კავკასიური, ანუ საქართველოს ფონდი.
და ბოლოს, ჩვენთვის ყველაზე მტკივნეული თემა: ბიუჯეტის შესრულება. მართალია, ოქტომბერში შემოსავლის ზრდის ტემპი შენარჩუნებულია, უფრო მაღალიც არის, კერძოდ, სექტემბრის ამავე პერიოდთან შედარებით 26 პროცენტია მატება, მაგრამ საბიუჯეტო გარღვევა იმდენად დიდია, რომ ეს მაინც წვეთია ზღვაში. ამიტომ საგადასახადო დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელის წინადადებათა გათვალისწინებით, უახლოეს მომავალში მივიღებთ უმკაცრეს, კერძოდ, ორგანიზაციულ ზომებსაც. ამაღამ გაიმართება საგანგებო საფინანსო კომისიის სპეციალური სხდომა. მოვუსმენთ ვაშინგტონიდან დაბრუნებულთ, ერთხელ კიდევ დავიანგარიშებთ მოზიდულ და საკუთარ რესურსებს იმ ვარაუდით, რომ წლის ბოლომდე აღარ იყოს ლაპარაკი ხელფასებისა და პენსიების დავალიანებაზე. მე ვიცი, რამდენად რთულია ასეთი განცხადების გაკეთება, მაგრამ ჩვენ სხვა გზა არა გვაქვს. ყველა გზა, ყველა არხი უნდა ავამოქმედოთ, რათა ეს ბოლო წელი იყოს, როცა პრობლემურია ხელფასებისა და პენსიების გაცემა.
აქვე კიდევ ერთხელ მივმართავ საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვისაც კანონით, ვიმეორებ, კანონით გადასახადის გადახდა ეკისრება: მოიხადეთ თქვენი ვალი სახელმწიფოს, ხალხის, უწინარესად, პენსიონერების, პედაგოგებისა და სხვათა წინაშე. თუ ბიუჯეტს არ შევასრულებთ, ვერც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია ვერ გვიშველის. ეს არის გარედან ყოველგვარი დახმარების აუცილებელი პირობა და ასეთ დახმარებას საკმაოდ გულუხვად შეგვპირდნენ, თუკი ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი შესრულდება. ამიტომაც, როგორც იტყვიან, მთელი ქვეყანა უნდა დადგეს ფეხზე. საქართველო გაუძლებს კრიზისს, რომელიც მრავალ ქვეყანაში მძვინვარებს, თუკი ყველა მოქალაქე მოიხდის ვალს საკუთარი სახელმწიფოსა და საკუთარი ხალხის წინაშე.
- გასულ კვირას თქვენ შეხვდით ევროსაბჭოს მომხსენებელს ტერი დევისს, რომელმაც თქვა, რომ რეკომენდაციას უწევს საქართველოს ევროსაბჭოში გასაწევრიანებლად, თუმცა, რაღაც გარკვეული კონკრეტული საკითხების გადაჭრას ითხოვს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად. როგორ გგონიათ, შეიძლება საქართველო იანვარში ევროსაბჭოში გაწევრიანდეს?
- ევროსაბჭოში გაწევრიანების საკითხის გადაწყვეტამდე, ჩემი აზრით, ბევრი დრო აღარ დარჩა. ლაპარაკია მხოლოდ ვადების განსაზღვრაზე. თუმცა, საქართველომ რამდენიმე მეტად მნიშვნელოვანი პირობა უნდა შეასრულოს, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე რთული, რომ სრული წესრიგი დამყარდეს პენიტენციალურ სისტემაში (რასაც გარკვეული მატერიალური და ფინანსური რესურსები სჭირდება, რომლებითაც ჩვენ ასე ვართ შეზღუდული). არის სხვა პრობლემებიც, რომელთა გადაჭრა ჩვენ შეგვიძლია და უშუალოდ დიდ ფინანსურ დანახარჯებთან არ არის დაკავშირებული, აგრეთვე, ზოგიერთი კანონი, რომელთა პროექტები უკვე მომზადებულია და, ვფიქრობ, ჩვენი პარლამენტი ამას ყველაფერს შეძლებს. ევროსაბჭოში გაწევრიანება საბოლოოდ შეასხამს ხორცს ჩვენი ხალხის სურვილს, დიდ მისწრაფებას, რომ ქვეყანა, დღევანდელი და მომავალი თაობები დაუკავშირდნენ ევროპას, ორიენტირებული იყვნენ ევროპულ და მსოფლიო ღირებულებებზე და, ვფიქრობ, რომ ეს იქნება დიდი ფარი საქართველოს დემოკრატიული, თავისუფალი განვითარებისა და მისი დამოუკიდებლობისათვის.
- გასულ კვირას ბათუმში გაიმართა დევნილთა ერთი ნაწილის, თუ შეიძლება ასე ითქვას, კაკუბავას ჯგუფის შეკრება. ისინი აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ მათ არ მისცა თბილისში შეკრების საშუალება. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს? და, საერთოდ, ზოგიერთმა ოპოზიციურმა პარტიამ ასეთი აზრიც გამოთქვა, რომ ხომ არ გავხადეთ კაკუბავა გმირი? ხელისუფლებას რომ მიეცა საშუალება, თბილისში გამართულიყო ეს შეკრება, იმწამსვე მოხდებოდა კაკუბავას იმიჯის სრული გაცამტვერება იმავე დევნილთა შორის...
- მეც მინდა შეგახსენოთ: საქართველოს კონსტიტუცია აცხადებს, რომ ადამიანებს აქვთ უფლება შეიკრიბონ უიარაღოდ ღია ცის ქვეშ, ან ჭერქვეშ ნებისმიერ დროს, საქართველოს ნებისმიერ კუთხეში.
ვფიქრობ, უსინდისო ტყულია, თითქოს დევნილთა ამ ჯგუფს ვინმემ აუკრძალა თბილისში შეკრება. საქმე ის როდი გახლავთ, ათი კაცია თუ ათასი კაცი. შეკრება შეკრებაა და მათ ეს ყოველთვის შეუძლიათ. მე, როცა დავინტერესდი ამ საკითხით, მომახსენეს: გარდა იმისა, რომ ღია ცის ქვეშ შეეძლოთ შეკრებილიყვნენ სათანადოდ მიჩნეულ ადგილებში, მათ შესთავაზეს შენობა - ეგრეთ წოდებული პროფკავშირების სასახლე, დღევანდელი ოფიცერთა სახლი, 800-ადგილიანი დარბაზით, რომლითაც შეეძლოთ ესარგებლათ სახელმწიფოს ხარჯზე, უფასოდ. თუმცა, ამავე დროს ისიც უნდა ვთქვა, რომ ცუდს ვერაფერს ვხედავ იმაში, რომ ლტოლვილები შეიკრიბონ, ვთქვათ, ბათუმში, ან საქართველოს ნებისმიერ სხვა ქალაქში. ღმერთმა ქნას, მალე სოხუმშიც შევიკრიბოთ, ოღონდ მაშინ ლტოლვილები აღარ ვიქნებით.
რამდენადაც ვიცი, თბილისში ლტოლვილთა სხვადასხვა ორგანიზაციისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ინციატივით მზადდება ლტოლვილთა სრულფასოვანი ყრილობა, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებაც მიიღებს მონაწილეობას.
რაც შეეხება ზღაპრებს ბორის კაკუბავას „გმირობაზე“, ამას ვინც იგონებს, იმის სინდისზე იყოს, არის თუ არა იგი გმირი. სხვათა შორის, ასეთი რამეც მითხრეს, რომ აქამდე მას ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთ გმირად მოჰქონდა თავი, ახლა გარკვეული საზოგადოების წინაშე რომ წარსდგა, მოინანია თავისი ეროვნული მოღვაწეობის დროს ჩადენილი „გმირობანი“ და მიაჩნია, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა არ იყო სწორი და ცუდი ამბავი მოხდა. მეტი აღარ მინდა ვილაპარაკო, რადგან დღევანდელ საქართველოში „გმირები“ ბევრნი არიან, და შორს წავალთ.
- და, ბოლო კითხვა. დღეს თბილისში მემედ აბაშიძის ძეგლი იხსნება. შეიძლება ითქვას, რომ ეს დედაქალაქისათვის უაღრესად მნიშვნელოვან მოვლენად იქცა...
- თქვენ მოგეხსენებათ, რომ დღეს საქართველოს დედაქალაქში მთავრდება აჭარის დღეები, - ასე დავარქვი ამ დიდ ღონისძიებებს, რომლებიც მარტო თბილისში კი არა, სხვაგანაც გაიმართა.
გაიხსნება მემედ აბაშიძის ძეგლი, რომლის ავტორია თანამედროვეობის გამოჩენილი მოქანდაკე ელგუჯა ამაშუკელი. საღამოს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართება შემოქმედებითი კოლექტივების შეხვედრა. თბილისის ღონისძიებებს მე ძმათა ზეიმს დავარქმევდი, ღმერთმა ინებოს, ამ დღეებმაც შეუწყოს ხელი საქართველოს გაძლიერებას, მის გამთლიანებას, ჩვენი დიდი წინაპრების ყველა ოცნების აღსრულებას, მათ შორის იმ ოცნებისა და დანაბარებისა, მემედ აბაშიძესა და მის დიდი თანამოაზრეებს რომ უკავშირდება.
საქინფორმი.
„ყველა გზა, ყველა არხი უნდა ავამოქმედოთ, რათა ეს ბოლო წელი იყოს, როცა პრობლემურია ხელფასებისა და პენსიების გაცემა“ : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 12 ოქტომბრის რადიოინტერვიუ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 13 ოქტომბერი. - №265 (2965). - 1,2 გვ.
![]() |
50 ბატონ ოდისეი დიმიტრიადის |
▲ზევით დაბრუნება |
მილოცვა
ბატონო ოდისეი,
დღეს, ათ ოქტომბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში თქვენ დირიჟორობთ ზაქარია ფალიაშვილის „აბესალომსა და ეთერს“.
ამასწინათ, თქვენს ბათუმში, თქვენი ყრმობის ქალაქში, უდირიჟორეთ იმავე ოპერას.
თქვენ სპეციალურად ჩამობრძანდით საბერძნეთიდან, რომ პირველ საწყისებს დაბრუნებოდით, გაგევლოთ ის გზა, რომლითაც დაიწყეთ.
მე მესმის ოთხმოცდაათი წლის დიდი ხელოვანის ეს ნაბიჯი და იგი ასევე იწვევს აღფრთოვანებას, როგორც ათეული წლების მანძილზე სადირიჟორო პულტთან თქვენი ყოველი დადგომა.
დიდი მადლობა იმისთვის, რომ ხართ, დიდი მადლობა, იმისთვის, რაც გაგიკეთებიათ ქართული ხელოვნებისთვის, როგორც დირიჟორსა და როგორც პედაგოგს, დიდი მადლობა, რომ დღეგრძელობისა და სიყვარულის მაგალითს იძლევით.
სამწუხაროდ, დღეს თბილისში არ ვიქნები, მაგრამ გთხოვთ, თქვენით აღტაცებულ მაყურებელთა შორის მიგულოთ.
პატივისცემით,
ედუარდ შევარდნაძე.
10.X.98.
ბატონ ოდისეი დიმიტრიადის : მილოცვა // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 14 ოქტომბერი. - №266 (2966). - 1 გვ.
![]() |
51 თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის დასავლურ ენათა და კულტურათა სახელმწიფო ინსტიტუტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს |
▲ზევით დაბრუნება |
ნება მიბოძეთ მოგესალმოთ თქვენი ინსტიტუტის დაარსების ორმოცდაათ წლისთავზე. მივესალმო მათ, ვინც ახლა მოღვაწეობს და სწავლობს ინსტიტუტში და მათაც, ვინც შექმნა თუ გაიარა თქვენი ინსტიტუტის შესანიშნავი სკოლა.
ამ საიუბილეო დღეს ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ თავისუფალი საქართველოს რეალობაში ინსტიტუტმა ზუსტად განსაზღვრა თავისი ადგილი და დანიშნულება: დღეს არა მარტო ენების ცოდნამ, არამედ კულტურათა ღრმა ცოდნამ უნდა მოგვაძებნინოს ჩვენი ადგილი მრავალ კულტურათა შორის, მათ კონტექსტში წარმოგვაჩენინოს ქართული სულიერების თვითმყოფადობა და უნიკალურობა.
მხოლოდ ამ გზით შევძლებთ გავხდეთ თანამედროვე სამყაროს სრულუფლებიანი და ღირსეული წევრი და ალბათ, რაც ჩვენთვის მთავარია, ცხოვრების ყველა სფეროში ვიქცეთ დასავლეთის ღირსეულ პარტნიორად.
საქართველო „პატარაა“ მხოლოდ ტერიტორიითა და მოსახლეობის რაოდენობით - კულტურის თვალსაზრისით იგი ჭეშმარიტად დიდი ქვეყანაა და საჭიროა, თანამედროვე სამყარომ აღიქვას და ირწმუნოს ეს ჭეშმარიტება ისეთივე სიცხადით, როგორითაც ჩვენ აღვიქვამთ მას.
მწამს, რომ თქვენი ინსტიტუტი თავისი განახლებული პროფილითა და მიზანდასახულობით ღირსეულ წვლილს შეიტანს ამ დიდი ამოცანის შესრულებაში.
თქვენი ტრადიცია ამის გარანტია, ისევე როგორც ამის გარანტია თქვენი პედაგოგიური კოლექტივი, თქვენი სტუდენტობა.
თქვენ ოცდამეერთე საუკუნისკენ დაჯერებულად მიდიხართ და დარწმუნებული ვარ, ამ გზაზე ბევრი გამარჯვება გელით.
გულითადად მოგესალმებით და წარმატებებს გისურვებთ, ვწუხვარ, რომ თბილისში არ ვარ და თქვენს ზეიმს ვერ ვესწრები.
ედუარდ შევარდნაძე.
თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის დასავლურ ენათა და კულტურათა სახელმწიფო ინსტიტუტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 14 ოქტომბერი. - №268 (2968). - 1 გვ.
![]() |
52 არ მაქვს არავითარი უფლება დავუშვა ქაოსი და ანარქია, რადგანაც მე ვარ მოქალაქე, პრეზიდენტი, ვარ გარანტი ქვეყნის უშიშროებისა და მე და ჩემმა წარმომადგენლებმა უნდა ვიმოქმედოთ ისე, როგორც ამას ითვალისწინებს კონსტიტუცია |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის განცხადება, რომელიც მან 19 ოქტომბერს,
მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა
წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გააკეთა
დღევანდელ ტრადიციულ რადიოინტერვიუში მე, საქართველოს მოქალაქეებთან უნდა მესაუბრა ამ ბოლო დღეების დაძაბული მუშაობის შემდეგ საბიუჯეტო კრიზისის დაძლევის გზებსა და საშუალებებზე. სამწუხაროდ, ინტერვიუ არ შედგა. დაირღვა ტრადიცია და არა მარტო ტრადიცია, დაირღვა საქართველოს ცხოვრების ჩვეული რიტმი, დამახასიათებელი ამ ბოლო წლებისათვის.
დღეს დილით, უფრო სწორად, ღამის 2 საათზე, სენაკის ბრიგადის ერთი ნაწილი შეუერთდა საქართველოში საკმაოდ კარგად ცნობილ აკაკი ელიავას რაზმს. ეს ის აკაკი ელიავაა, რომელმაც სამოქალაქო ომის დროს სენაკი დაიკავა, შემდეგ უნდა გასამართლებულიყო, მაგრამ ჩვენი შერიგების პოლიტიკის გათვალისწინებით, ჩვენ მასთან გარკვეულად ვთანამშრომლობდით.
სამწუხაროდ, მან ამჯერადაც უღალატა სამშობლოს, უღალატა ქვეყანას, კაცური სიტყვა გატეხა, სათავეში ჩაუდგა ამბოხებულთა რაზმს და გაემართა სამტრედიისაკენ.
სამტრედიასთან ამ ჯგუფს დახვდნენ თემურ შაშიაშვილი, სამტრედიის გამგებელი, სხვები, რომლებიც შეეცადნენ შეეჩერებინათ ისინი და იქვე გაემართათ მოლაპარაკება. სამწუხაროდ, ეს არ მოხერხდა. თ. შაშიაშვილი და სხვები მათ ჩასვეს მანქანებში, სამტრედიის გამგებელი - ტანკში, და თან წაიყვანეს. ისინი შევიდნენ ხონში, თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი ქვედანაყოფის ტერიტორიაზე, განათავსეს ტანკები და სხვა ჯავშანტექნიკა. ჩვენი მონაცემებით, მათ ჰყავთ დაახლოებით 10 ტანკი, 2-3 ჯავშანმანქანა და 200-300 ჯარისკაცი, რომლებიც სენაკიდან გამოიყვანეს. დაუყოვნებლივ მივიღეთ გადაწყვეტილება და მოლაპარაკების უფრო მაღალ დონეზე წარმართვისათვის ადგილზე გავაგზავნეთ უშიშროების მინისტრი ჯემალ გახოკიძე. ჩაერთნენ გენერალი უჩაძე, რომელიც ადგილზე იმყოფებოდა, და ზოგიერთი სხვა გენერალიც. რა თქმა უნდა, დაუყოვნებლივ გაიგზავნა თავდაცვის მინისტრი და დაიწყო მოლაპარაკება. მასში უშუალოდ მონაწილეობდნენ ჯემალ გახოკიძე, თემურ შაშიაშვილი, სამტრედიისა და ხონის გამგებლები და ზოგიერთი დეპუტატი, რომლებიც იმ დროს იქ იმყოფებოდნენ.
სამწუხაროდ, მოლაპარაკებამ შედეგი არ გამოღო. მე არაერთხელ მივმართე მათ სპეციალური განცხადებებით, თუ გნებავთ, ულტიმატუმით: დაუყოვნებლივ დაყარეთ იარაღი, დაბრუნდით დისლოკაციის ადგილებში და შემდეგ გავარჩიოთ - ვინც შემთხვევით არის ამ ავანტიურაში ჩათრეული, რა თქმა უნდა, მათ მიმართ სახელმწიფო სულგრძელი იქნება. მოლაპარაკება მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, მაგრამ არავითარი შედეგი არ გამოიღო.
კვლავ ყველას გასაგონად ვიმეორებ კატეგორიულ მოთხოვნას: დაუბრუნდნენ იმ ნაწილებს რომლებშიც ირიცხებიან.
დიდად სამწუხაროდ, ეს მოთხოვნა აბსოლუტურად იგნორირებულია. ამის საპასუხოდ ელიავამ და ნემო ბურჭულაძემ, რომელიც ჩვენ ასევე დავინდეთ, გაავრცელეს რუსეთის ბაზების, რუსეთის სამშვიდობო ძალებისა და ხელისუფლებისათვის განკუთვნილი სპეციალური განცხადება, რომ მათი მიზანია დღევანდელი ხელისუფლების დამხობა და ეგრეთ წოდებული კანონიერი ხელისუფლების აღდგენა. საქართველოს ყველა მოქალაქეს კარგად მოეხსენება, რას ნიშნავს ეს და რა შედეგებამდე მივა ქვეყანა, თუკი ამის მსგავსი რამ დადგება დღის წესრიგში. სამწუხაროდ, ახლახან მაცნობეს, რომ ტანკების კოლონა გამოვიდა ხონის ბატალიონიდან რამდენიმე ასეული ჯარისკაცის თანხლებით და უახლოვდება ქუთაისს. ამჟამად ისინი ავტოქარხნის რაიონის მისადგომებთან იმყოფებიან.
მიმაჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტისა და თავდაცვის მინისტრის მხრიდან ყოვლად გაუმართლებელი უპასუხისმგებლობა იქნებოდა, რომ ჩვენ მძიმე ტექნიკა, ტრანსპორტი, შეიარაღებული ავანტიურისტებითა და ავანტიურისტული გეგ336
მებით, შეგვეშვა საქართველოს მეორე ქალაქში. თქვენ გახსოვთ სამოქალაქო ომის უმძიმესი დღეები. ჩვენ მაშინ ქუთაისი დავიცავით და იქ ერთი ბომბიც არ ჩამოვარდნილა. დღეს, როცა სახელმწიფო სახელმწიფოს ემსგავსება, ამის დაშვება, მით უმეტეს, შეუძლებელია.
მივმართავ, მათ შორის, ბატონ ელიავას, რომელთანაც ადრე, უმძიმეს დღეებში, სატელეფონო საუბრები მქონია, გონს მოეგონ. ეს არის დანაშაული, არა მარტო ერთი ქალაქის, ან ერთი პიროვნების მიმართ, ეს არის დანაშაული საქართველოს სახელმწიფოებრიობის, მისი დამოუკიდებლობისა და თავისუფლების წინააღმდეგ.
ამჟამად ადგილზე იმყოფება თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე, როგორც მთავარსარდლის წარმომადგენელი, რომელსაც აქვს მთავარსარდლის ყველა რწმუნება, რომ იმოქმედოს უმაღლესი სახელმწიფოებრივი ინტერესების შესაბამისად და ქალაქ ქუთაისის მოქალაქეთა უსაფრთხოების გარანტიების გათვალისწინებით.
მე ახლა ქუთაისზე ვლაპარაკობ, მაგრამ გეგმები უფრო შორსმიმავალია. გუშინ უკვე იყო თავდასხმა ზესტაფონის ერთ-ერთ სამხედრო ნაწილზე, ყველაფერი მზადდება იმისათვის, რომ ამ ათეულობით ტანკით შემოჯირითდნენ საქართველოს დედაქალაქში.
მე არ მაქვს უფლება დავუშვა 1992-1993 წლების განმეორება, როდესაც ქვეყანა დაინგრა, ათასობით ადამიანი დაიღუპა, დასახიჩრდა და 300 ათასი ლტოლვილი გაჩნდა. არ მაქვს არავითარი უფლება, დავუშვა ქაოსი და ანარქია, რადგანაც მე ვარ მოქალაქე, პრეზიდენტი, ვარ გარანტი ქვეყნის უშიშროებისა და მე და ჩემმა წარმომადგენლებმა უნდა ვიმოქმედოთ ისე, როგორც ამას ითვალისწინებს კონსტიტუცია. უნდა დავიცვათ კონსტიტუციური წყობა, უნდა დავიცვათ საქართველოს, მათ შორის, ქუთაისის მოქალაქეთა უსაფრთხოება. ჩვენ ამ პასუხისმგებლობას ვერ გავექცევით. არც ერთი ნაბიჯი არ გადაიდგმება კანონის გვერდის ავლით. ყველა მოქმედება, აქამდეც და ამის შემდეგაც, იქნება კონსტიტუციასთან სრულ შესაბამისობაში.
კიდევ ერთხელ მივმართავ ავანტიურისტების ამ ჯგუფს: არაფერი გამოგივათ, მთელი საქართველო ფეხზე დადგება. მიუხედავად იმისა, რომ ბევრს შია, ბევრი პენსიის, ხელფასის გარეშეა, მათ იციან, რომ ყველაფერი ეს მოგვარდება. მთელი საქართველო ფეხზე დადგება და მშვიდობასა და სტაბილურობას არ დათმობს. თუ დავთმეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ერთიანობისა და მთლიანობის პერსპექტივაც საბოლოოდ დაღუპული და ამოწურულია.
თუ ეს ავანტიურა არ შეწყდება, იძულებული ვიქნები, ან ამაღამ, ან ხვალ, მივიღო გადაწყვეტილება, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ. მივიღო გადაწყვეტილება, რომ ფეხზე დადგეს ყველა სამხედრო ნაწილი, ყველა სამხედრო რაზმი და დავიცვათ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სამშობლოს ინტერესები.
ამასთან, ისიც მინდა გაცნობოთ, რომ ჩემთან უკვე რეკავენ სხვადასხვა ქვეყნის ხელმძღვანელები - პრეზიდენტები, პრემიერ-მინისტრები. ახლახან დავამთავრე საუბარი აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ჰეიდარ ალიევთან, რომელიც სრულ სოლიდარობას უცხადებს საქართველოს ხელისუფლებას, ისევე, როგორც სხვები, რომლებიც მესაუბრნენ.
თქვენ ხედავთ, როგორ მტრობენ საქართველოს. 5-6 წელიწადი, როგორც იტყვიან, სისხლი ჩავაქციე იმ საკითხების მოგვარებას, რომლებსაც ჰქვია ნავთობსადენების მშენებლობა საქართველოს ტერიტორიაზე. უზარმაზარმა ამერიკულმა კომპანიამ „ამოკომ“ უკვე გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ ის დროებით წყვეტს ნავთობსადენის მშენებლობას საქართველოს ტერიტორიაზე.
მე არ ვიცი, ვისთან გვაქვს საქმე - საქართველოს მოქალაქეებთან, პატრიოტებთან თუ მტრებთან? ალბათ, მტრებთან. მტერს კი მტრულად უნდა დაელაპარაკო.
ელიავას მიმართ შერიგების ყველა რესურსი ამოვწურეთ, იარაღიც მივეცით, სამხედრო წოდებაც, ნდობა გამოვუცხადეთ და მაინც - ღალატი, მაინც უპირობა. ვფიქრობ, ამის მოთმენა უკვე დაუშვებელია.
ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ არ იყოს მსხვერპლი, არ დაიღვაროს სისხლი. ღამის 2 საათიდან ჩემი, ისევე, როგორც ჩემი კოლეგების უმთავრესი საზრუნავი სწორედ ეს იყო და არის, რომ ქართველმა კვლავ არ დაღვაროს ქართველის სისხლი. გვეყო, რა უბედურებაც უკვე დატრიალდა ამ ცოდვილ მიწაზე. სამწუხაროდ, ჩვენს ცდებს შედეგი, ჯერჯერობით, არ მოჰყვა.
მე მჯერა, ჩვენი არმია, ჩვენი ჯარი შეასრულებს თავის მისიას თავდაცვის მინისტრისა და სხვა გენერლების მეთაურობით. მაგრამ ჯერ კიდევ არ არის გვიან, რომ ელიავა და მისი დაჯგუფება გონს მოეგონ და შეასრულონ ის მოთხოვნა, რომელიც მათ საქართველოს პრეზიდენტმა და უმაღლესმა მთავარსარდალმა წაუყენა.
არ მაქვს არავითარი უფლება დავუშვა ქაოსი და ანარქია, რადგანაც მე ვარ მოქალაქე, პრეზიდენტი, ვარ გარანტი ქვეყნის უშიშროებისა და მე და ჩემმა წარმომადგენლებმა უნდა ვიმოქმედოთ ისე, როგორც ამას ითვალისწინებს კონსტიტუცია : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის განცხადება, რომელიც მან 19 ოქტომბერს, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გააკეთა // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 20 ოქტომბერი. - №271 (2971). - 1,2 გვ.
![]() |
53 კავკასიაში ახლა ის დრო დადგა, როცა მშვიდობა უნდა დავამყაროთ, მშვიდობა უნდა დავამკვიდროთ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა
აკადემიკოს არნოლდ ჩიქობავას დაბადებიდან
100 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო სხდომაზე
1998 წლის 20 ოქტომბერი
ბატონებო,
ნება მიბოძეთ, მოგესალმოთ დიდი ქართველი მეცნიერის არნოლდ ჩიქობავას დაბადების ასი წლისთავთან დაკავშირებით გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმის მონაწილეებს, მივესალმო არნოლდ ჩიქობავას მოსწავლეებს, მივესალმო ყოველ თქვენგანს, მათ შორის, არაკავკასიელ კავკასიელებს, რომელნიც აქ ღირსეულად წარმოადგენთ თქვენი ქვეყნების სამეცნიერო და საზოგადოებრივ აზრს.
რამდენიმე თვის წინათ, გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“ დიდი ქართველი ენათმეცნიერის არნოლდ ჩიქობავას დაბადების დღესთან დაკავშირებით, მე მცირე წერილი გამოვაქვეყნე, სადაც შევეცადე ორიოდე სიტყვა მეთქვა ჩვენი დროის ამ დიდ პიროვნებაზე.
ახლა ეს წერილი დაიბეჭდა რუსულად „სვობოდნაია გრუზიაში“ და ქართულად „ლიტერატურულ საქართველოში“, ასე რომ, ჩემი სათქმელი, ფაქტობრივად, უკვე ვთქვი, მაგრამ რაკიღა დღეს, ამ დარბაზში თავი მოიყარეს არნოლდ ჩიქობავას მოწაფეებმა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, ცნობილმა მეცნიერებმა, გონიერმა და მშვიდობისმოყვარე ხალხმა, მე არ შემიძლია არ მივესალმო მათ და რამდენიმე კითხვა არ დავუსვა მათაც და საკუთარ თავსაც, მთელ ჩვენს საზოგადოებას.
რა ხდება მეოცე საუკუნის მიწურულს მსოფლიოში? რა ხდება შუაგულ ევროპაში? რა ხდება კავკასიაში? რა გადაგვაქვს მეოცე საუკუნიდან ოცდამეერთეში - სიძულვილი, შეურიგებლობა, ადამიანთა ჟლეტვის ვნება თუ სიყვარული, მიმტევებლობა, კაცთმოყვარეობა?
რა ხდება? ნუთუ ჩვენ თვითონ ვიახლოვებთ აპოკალიფსს, ნუთუ ჩვენს ცნობიერებაში იგი უკვე დაიწყო?
აბა სხვაგვარად როგორ და რით უნდა აიხსნას, რომ მსოფლიოში რამდენიმე მილიონი ლტოლვილი დაეხეტება დაკარგული სამშობლოსა და დაკარგული სიმშვიდის ძიებაში?
და კიდევ, თუ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მსოფლიოს დიდ მეცნიერებსა და შემოქმედთ ეყოთ მოქალაქეობრივი გამბედაობა მსოფლიო გაეფრთხილებინათ მოახლოებული საფრთხის შესახებ, ნუთუ დღეს ვერ ვხედავთ ამ საფრთხეს? ნუთუ გამბედაობა არ გვყოფნის წინ აღვუდგეთ აგრესიულობას, თავაწყვეტილ ნაციონალიზმსა და სეპარატიზმს, ეთნიკურ წმენდასა და პოლიტიკურ ტერორს, მატერიალურ თუ სულიერ ფასეულობათა ნგრევას და მოსპობას?
რა მოხდა თავად ჩვენში, ნუთუ შევეჩვიეთ ამ ყველაფერს და ცხვრის მოლოდინით ველოდებით, როდის გამოგვისვამენ ხანჯალს ყელში. იქნებ მერე ვიყვიროთ კიდეც, მაგრამ გვიან იქნება.
მე მინდა ყველა დავფიქრდეთ ამაზე - რა გვჭირს? რა სჭირს დღევანდელ მსოფლიოს, დღევანდელ კავკასიას?
და არ მინდა ამ დაფიქრებაში მტერი სადღაც ჩვენს გარეთ ვეძებოთ, რადგან უპირველესი დამანგრეველი ძალა თავად ჩვენშია. ბოლოსდაბოლოს, არავის არავისთვის არ დაუძალებია იარაღის ხელში აღება და კარის მეზობლის მოკვლა.
ჩვენ ერთმანეთის კარის მეზობლები ვართ, კავკასიელები.
და ისიც ხომ ცნობილია, თუ მეზობლის სახლს ცეცხლი წაეკიდა, უნდა ჩააქრო, თორემ შენი სახლიც დაიწვება.
ეს პრობლემა თავისი სიმწვავითაც და გეოგრაფიითაც სცილდება კავკასიას, მაგრამ ჩვენ, კავკასიელები, კავკასიაში ვცხოვრობთ და თუ თავად ჩვენ არ ვისწავლით ჩვენი კონფლიქტებისა და გაუგებრობების ჩვენივე ხელით მოგვარებას, აქ დანთებული ცეცხლი გვშთანთქავს ჩვენც და მსოფლიოსაც მოედება.
არადა, თითქოს ძნელი არ უნდა იყოს იმის გაცნობიერება, რომ ადამიანმა უნდა იცხოვროს იქ, სადაც მას სურს და როგორც სურს, თუკი მას სხვისთვის ვნება არ მოაქვს, არ შეიძლება ადამიანი გამოაგდო თავისი ბინიდან, სიკვდილის მუქარით განდევნო თავისი ეზო-კარიდან, აიძულო მიატოვოს თავისი წინაპრების საფლავები, აიძულო ისწავლოს სხვათა ენაზე, გაუყალბო ისტორია და დაუმახინჯო მომავალი.
სად არის და რატომ არ ისმის ასეთი უსამართლობით აღშფოთებულ თუნდაც კავკასიელთა ხმა, განა სამართლიანობის საზომი შეიძლება ერთისთვის სხვა იყოს და მეორისთვის სხვა?
თქვენ შესანიშნავად იცით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში მე აფხაზეთი მაქვს მხედველობაში, როდემდე შეიძლება წინ აღვუდგეთ სამშობლოდან გამოდევნილ ქართველთა ინსტიქტურ და ამდენად დაუძლეველ ლტოლვას თავისი სახლ-კარისაკენ?
როდემდე შეიძლება უშედეგოდ ვცდილობდეთ ლტოლვილთა მშვიდობიან დაბრუნებას, მათთვის მშვიდობიანი და უსაფრთხო ცხოვრების უპირობო გარანტიით?
ქართველების დიდი ტრაგედია მარტო ის კი არაა, რომ აფხაზეთიდან გამოდევნეს, არამედ ისიც, რომ იქ იდევნება ქართული კულტურაცა და ქართული ენაც, არნოლდ ჩიქობავას კულტურა, არნოლდ ჩიქობავას ენა, რომლის კვლევასაც, ისევე როგორც სხვა ენებისა, მან მთელი ცხოვრება შეალია. როგორც შემატყობინეს, გალში ქართული სკოლა აღარ არსებობს, ორი სკოლიდან ერთი რუსულია, ხოლო მეორე - აფხაზური, რუსულის გაძლიერებული სწავლებით. ქართულს კი კვირაში მხოლოდ ერთი საათი ეთმობა, სხვა დროს ქართველებს, მოსწავლეებსა და მასწავლებლებსაც ქართულად ლაპარაკი ეკრძალებათ. რა არის ეს, თუ არა ენობრივი გენოციდის, მე სხვა სიტყვას ვერ გამოვიყენებ, გამოვლენა? განა შეიძლება ადამიანს წაართვა ენა - ეროვნული კულტურისა და ეროვნული ცნობიერების ჩამოყალიბების უპირველესი საშუალება?
ჯერ რუსეთის იმპერიაში, შემდეგ კი საბჭოთა სინამდვილეში იყო ასეთი რამ, მაგრამ განა შეიძლება ძველი სისტემის სიმახინჯის დღეს გამეორება?
ვინ აგებს პასუხს აფხაზეთში დარჩენილი ბავშვების ცნობიერების დამახინჯებაზე? ეს ხომ გაგრძელებაა იმ ეთნიკური წმენდისა, რომელმაც სამასი ათასზე მეტი ქართველი გამოდევნა ამ კუთხიდან.
ვინ აგებს პასუხს იმ ბავშვების ცნობიერებაზე, რომელთა მახსოვრობაში დიდი უსამართლობაა დალექილი და მუდმივად ფეთქავს დაუოკებელი სწრაფვა საკუთარ სახლში დაბრუნებისა?
ეს ხომ გაუთავებელი პროცესია, მე ვიტყოდი ფეთქებადი თავისი ლოგიკური შედეგებით?
ნურავის ნუ შეაცდენს ამწამიერი გამარჯვებანი.
ჩვენ კავკასიიდან არსად არ ვაპირებთ წასვლას და ჩვენს ურთიერთობაში არაფერი უნდა იყოს ისეთი, რაც არამარტო ჩვენ, არამედ ჩვენს შთამომავლობასაც სისხლისმღვრელ და დამღუპველ კონფლიქტებში ჩაითრევს. თანამედროვე იარაღი ჩვენ არ გვაძლევს კონფლიქტის გაჩაღების უფლებას, ისევე, როგორც საკონფლიქტო სიტუაციის შექმნის უფლებას.
ოცდამეერთე საუკუნეში კავკასიაში სისხლიანი კონფლიქტი იმას ნიშნავს, რომ კავკასია იყოს, ხოლო კავკასიელები აღარ.
ბოლოსდაბოლოს კავკასია მხოლოდ მთები ხომ არაა.
ჩვენ ერთი ოჯახი ვართ და სად უნდა ითქვას ეს, თუ არა თქვენთან, ძვირფასო მეგობრებო, ძვირფასო სტუმრებო. გწერთ კიდეც ადიღეს რესპუბლიკის პრეზიდენტი ბატონი ასლან ქარიმოვი თავის მისალმებაში (მე დიდი სიამოვნებით ვახდენ ამ სიტყვების ციტირებას): „დიდად სამწუხაროა, რომ საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ კავკასიის ხალხთა მეგობრობასა და თანამშრომლობას უკანასკნელ წლებში ზიანი მიაყენა ერთაშორისმა და სამხედრო კონფლიქტებმა. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენს ხალხებს ეყოფათ ძალა, ნება და სიბრძნე, რომ საერთო კავკასიურ სახლში უზრუნველყონ მშვიდობა და სიმშვიდე, თავიდან აიცილონ ჩვენი მეცნიერებისა და კულტურის მოღვაწეთა და, საერთოდ, ჩვენი რეგიონის ადამიანთა ერთმანეთისაგან გაუცხოება.
ეჭვსგარეშეა, რომ ამ კეთილშობილ მიზნებს ემსახურება კავკასიის დიდი შვილისა, მართლაცდა დიდი შვილისა და დიდი ადამიანის არნოლდ ჩიქობავას ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სიმპოზიუმი“.
სხვათაშორის, როდესაც თავის დროზე არნოლდ ჩიქობავა და ქართული საენათმეცნიერო სკოლა სწავლობდნენ და შთამომავლობას ძვირფას რელიკვიად უნახავდნენ კავკასიურ ენებს, ეს მხოლოდ მეცნიერული ნაბიჯი კი არ იყო, დიდი კაცთმოყვარული ნაბიჯიც გახლდათ. ამ მხრივ არნოლდ ჩიქობავა და მისი სკოლა როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ ბევრს გვეუბნება. დღეს ყოველი ჩვენგანის ძალისხმევა იმისათვის უნდა იყოს მიმართული, რომ ჩატეხილი ხიდები აღვადგინოთ, დაკარგვის პირას მისული ენები და კულტურები ავაღორძინოთ.
ამ მხრივ არნოლდ ჩიქობავას მაგალითი შესასწავლია და მისაბაძი. მაგალითი კაცისა, რომელმაც სიყვარულით მოინადირა კავკასია, რომელმაც „უდიდესი გავლენა მოახდინა ჩრდილოეთ კავკასიის, არამარტო ენათმეცნიერების, არამედ საზოგადოდ მეცნიერებისა და კულტურის განვითარებაზე“. ეს სიტყვები პროფესორ აფთი თიმაევს ეკუთვნის.
ერთხელ უკვე ვთქვი, რომ ყოველივე ამას მან მიაღწია არა მხოლოდ დიდი ცოდნით, განსაკუთრებული, გამორჩეული ნიჭიერებითა და სიყვარულით, არამედ იმ თავისი მოწაფეებითაც, რომელნიც მრავლად ჰყავდა საქართველოსა, ჩრდილოეთ კავკასიასა და სხვა ქვეყნებში. მათ მასწავლებლის პათოსით გააგრძელეს დიდი მოძღვრის საქმე. და მე გულწრფელ მადლობას მოვახსენებ თითოეულ მათგანს ამ დიდი მოღვაწეობისათვის.
მე ვფიქრობ, ახლა, როდესაც არაერთი ტრაგიკული მცდელობაა კავკასიაში დიდი ხანძრის გაჩაღებისა, სწორედ მათ უნდა თქვან თავისი სიტყვა.
არ შემიძლია დიდი კმაყოფილებით არ აღვნიშნო, რომ არნოლდ ჩიქობავას სახელობის პრემია იბერიულ-კავკასიურ ენათმეცნიერებაში შეტანილი წვლილისათვის მიიღო იმ მეცნიერთა დიდმა ჯგუფმა, რომელნიც შესაშური ერთგულებით აგრძელებენ არნოლდ ჩიქობავას, მეცნიერისა და მოქალაქის, დიდ ტრადიციებს. რა ბევრისმთქმელია, რომ მათ შორისაა აკადემიკოსი ქალბატონი ქეთევან ლომთათიძე, ჩვენი დროის დიდი მოღვაწე, რომელსაც დიდი ღვაწლი მიუძღვის აფხაზურ-ადიღეური ენების შესწავლაში და ქალბატონი ლიდა ჭკადუა, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თვალსაჩინო აფხაზი მეცნიერი, რომელსაც მეტად ფასეული ნაშრომები აქვს აფხაზური ენის სისტემისა და ისტორიის საკითხებზე, სამწუხაროდ, ყველას ვერ ჩამოვთვლი.
ასეთი ერთად ყოფნა ბევრს ნიშნავს.
არ შეიძლება არ მივულოცო ეს პრემია ჩვენს უხუცეს ოს მეცნიერს, თანამედროვეობის ერთ-ერთ დიდ მეცნიერს, თავისი ხალხის დიდ პატრიოტს და ქართველთა დიდ მოკეთეს, არნოლდ ჩიქობავას მეგობარს, აკადემიკოს ბატონ ვასილ აბაევს, კავკასიელთა მშვიდობიანი თანაცხოვრების დიდ მოსურნეს.
არ შემიძლია ეს პრემია არ მივულოცო ყველა ლაურეატს, უკლებლივ ყველას.
დღევანდელი თქვენი შეკრება იძლევა დიდ იმედს - ჯერ კიდევ შეიძლება დამღუპველი პროცესების შეჩერება, რა თქმა უნდა, სხვა ხალხებთან ერთად.
ჩვენ უნდა აღვადგინოთ ძველი, დაკარგული კონტაქტები, ჩვენ მზად ვართ საქართველო კვლავ ვაქციოთ კავკასიის არამარტო სამეცნიერო-საგანმანათლებლო და კულტურის ცენტრად, არამედ იმ ქვეყნად, რომლის არსებობა რეგიონში გამორიცხავს სისხლიან კონფლიქტებს, რა თქმა უნდა, სხვა ხალხებთან ერთად.
აქვე ხაზგასმით ისიც უნდა ვთქვა, რომ კავკასიის ქვეყნების ერთმანეთთან მჭიდრო თანამშრომლობა და კავკასიაში უსისხლო ზონის შექმნა, არამც და არამც არ ეწინააღმდეგება მეზობელი ქვეყნების საარსებო ინტერესებს, მეტიც, მშვიდობიანი კავკასია, რომლის იდეაც, აქ, თბილისში, დაიბადა, ალბათ, ერთგვარი გარანტი უნდა იყოს ამ ქვეყნებში მიმდინარე მშვიდობიანი პროცესის შეუქცევადობისა.
ჩვენი საერთო საცხოვრისი კავკასიონია, თავისი ღვთაებრივი სილამაზით, ჩვენი საერთო სიამაყე ზოგადკავკასიური ხასიათია და ზნე-ჩვეულებანი, ჩვენი ძმადნაფიცობა, ჩვენი შეხედულებანი ღირსებაზე, ვაჟკაცობაზე, სინდის-ნამუსზე.
თავის დროზე ითქვა, რომ მეცნიერები დაობენ, თუმცა, იგივე პოლიტიკოსები, მშვიდობასაც ამყარებენ ხოლმე. ისტორიამ, თუნდაც მეოცე საუკუნისამ, იცის ამის მრავალი მაგალითი.
ეტყობა, კავკასიაში ახლა ის დრო დადგა, როცა მშვიდობა უნდა დავამყაროთ, მშვიდობა უნდა დავამკვიდროთ.
ჩვენ, კავკასიელები, ჩვენი თავისუფლებისმოყვარე მითიური გმირივით - კავკასიის მთებზე ვართ მიჯაჭვულნი, მასავით ჩვენც არსად წაგვესვლება, მასავით ცასთანაც ახლოს ვართ და მიწასთანაც და სწორედ ამიტომ ამ მთებს არ შეიძლება სისხლი ეცხოთ.
მადლობას გიხდით ყურადღებისათვის.
[...]
საქინფორმი.
კავკასიაში ახლა ის დრო დადგა, როცა მშვიდობა უნდა დავამყაროთ, მშვიდობა უნდა დავამკვიდროთ : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა აკადემიკოს არნოლდ ჩიქობავას დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო სხდომაზე // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 21 ოქტომბერი. - №272 (2972). - 1,3 გვ.
![]() |
54 თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს |
▲ზევით დაბრუნება |
ნება მიბოძეთ, მოგესალმოთ თქვენი სამხატვრო აკადემიის დაარსების სამოცდათხუთმეტ წლისთავზე, სასწავლებლისა, რომელმაც ბრწყინვალე ხელოვანთა აღზრდით დიდი წვლილი შეიტანა ერის არამარტო ესთეტიკური გემოვნების, არამედ საზოგადოებრივი აზროვნების ფორმირებაშიც.
ეს კი იმ დიდი მოღვაწეების წყალობით გახდა შესაძლებელი, რომელნიც წლების მანძილზე ხელმძღვანელობდნენ სამხატვრო აკადემიას, თავის ცოდნასა და გამოცდილებას გადასცემდნენ ახალგაზრდობას. აკადემიის მესაძირკვლენი ხომ გიორგი ჩუბინაშვილი, დავით კაკაბაძე და სერგო ქობულაძე იყვნენ - მსოფლიო მასშტაბის პიროვნებანი. დღეს მადლიერებით უნდა გავიხსენოთ ისინი და მათთან ერთად აწ გარდასული პროფესორ-მასწავლებელნიც, აქვე მადლიერების სიტყვა მინდა ვუთხრა მათაც, ვინც ყველა გაჭირვების მიუხედავად ახლაც ერთგულად ემსახურებოდა თავის საქმეს და იმ სტუდენტობას, რომელიც ჩვენი ქვეყნის მომავალია. დარწმუნებული ვარ იმ ღვთიურ ნიჭს, რომელიც ყოველ თქვენგანში ფეთქავს, სათუთად მოუვლით და განავითარებთ, რომ ღირსეული მემკვიდრენი იყოთ არამარტო ამ სასწავლებლისა, არამედ დიდი ქართული ხელოვნებისაც.
ქართული სახვითი ხელოვნება რომ ღირსეულად აგრძელებს ტრადიციებს და მხარს უწყობს თანამედროვე მსოფლიოს სიახლეებს, იგი რომ მსოფლიოში აღიარებულია და ევროპისა თუ ამერიკის სამხატვრო გალერეებში აქვს დამკვიდრებული თავისი ადგილი, ამაში წვლილი თქვენი აკადემიის ყველა თაობას მიუძღვის.
დიდი მადლობა ამ ყოველივესთვის და ყოველ თქვენგანს ახალ მხატვრულ აღმოჩენებს ვუსურვებ.
ედუარდ შევარდნაძე.
1998 წლის 22 ოქტომბერი.
თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 24 ოქტომბერი. - №275 (2975). - 1 გვ.
![]() |
55 „საქართველოში სტაბილურობა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის საშინაო საქმე აღარ არის, იგი მჭიდროდ დაუკავშირდა რეგიონული და გლობალური უშიშროების პრობლემას“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
26 ოქტომბრის რადიოინტერვიუ
- გასულ ორშაბათს რადიოინტერვიუ არ შედგა იმ ცნობილ მოვლენათა გამო, შემდგომ სენაკის ამბოხებად რომ მოინათლა. ამის შესახებ, რომ იტყვიან, „ცხელ გულზე“ ბევრი დაიწერა, ბევრი ითქვა, მაგრამ ბევრი კითხვის ნიშანი, რასაკვირველია, მაინც დარჩა. ყოველ შემთხვევაში, ჯერ ბოლომდე არ არის გარკვეული, ამბოხებულთა რა ნაწილმა იცოდა, ან არ იცოდა, თუ ვის და რის წინააღმდეგ მიდიოდნენ. ამაზე თავიდანვე იყო ლაპარაკი, თორემ შემდეგ, ალბათ, ქუთაისის გზას რომ მიუახლოვდნენ, ყველამ იცოდა, რაზე მიდიოდნენ. მით უმეტეს, ალბათ, არც სოციალური მოტივი გამოდგება ამ ამბოხების გასამართლებლად. და მთავარი: რატომ მოხდა ისე, რომ, ვთქვათ, ელიავა შეიწყალეს, აპატიეს, შემოირიგეს, მაგრამ ასეთ პასუხსაგებ პოსტზე აღმოჩნდა და თანაც იმ რეგიონში, სამეგრელოს ვგულისხმობ, რომელმაც ბოლო წლებში დატრიალებული კატაკლიზმები სრულად გადაიტანა. სხვათა შორის, მინდა გითხრათ, რომ ერთმა ზუგდიდელმა პირდაპირ მოგმართათ ტელეეკრანიდან თქვენ - საქართველოს პრეზიდენტს და თქვა: გასაგებია, რომ ადამიანი არ უნდა დახვრიტო, მაგრამ ვინც დასასჯელია, უნდა დაისაჯოს, უნდა დაიჭირო მაინც, თორემ შერიგების პოლიტიკით პრეზიდენტმა შეიძლება ქვეყანა კიდეც დაღუპოსო... - ამ თემაზე საუბრით დაიწყო, ჟურნალისტ ნატო ონიანის თხოვნით, თავისი ტრადიციული ორშაბათის რედიოინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ:
- წინასწარ მინდა განვაცხადო და ბოდიში მოგიხადოთ იმისათვის, რომ წინა ორშაბათს ინტერვიუ არ შედგა. მიზეზები ყველასათვის გასაგებია და არ დავაზუსტებ, თქვენ უკვე ბრძანეთ.
ახლა, არსებითად, რაოდენ პარადოქსულადაც უნდა მოეჩვენოს ვინმეს, გარდამავალ ეტაპზე მყოფი სახელმწიფოსათვის, რომელმაც სისხლიანი კონფლიქტები და სამოქალაქო ომი გაიარა და ეს სულ რამდენიმე წელიწადში, შემდეგ კი რადიკალური პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური რეფორმების გზას დაადგა, ამგვარი მოვლენები, ალბათ, აბსოლუტურად უჩვეულო და მოულოდნელი არ უნდა იყოს.
ის ძალები, ანუ „მარად გუშინდელნი“ (მე ასე ვიტყოდი) უეჭველად შეეცდებოდნენ და კიდევაც შეეცადნენ შეეცვალათ საქართველოს გეზი, დამოუკიდებლობისა და დემოკრატიის სტრატეგიული კურსი, რომელსაც ჩვენ ვადგავართ.
ბუნებრივია, ეს დარტყმა უწინარესად მიმართული იყო იმ ადამიანის წინააღმდეგ, რომელიც ამ კურსის გარანტად ითვლება. ფაქტია, რომ ჩვენ ჯერ კიდევ პოლიტიკის პერსონიფიცირების ეტაპზე ვიმყოფებით. ეს რეალობაა, რომელსაც ერთნაირად ითვალისწინებენ როგორც ჩვენი ქვეყნის მეგობრები, ასევე, ავის მოსურნენი. თუმცა პრეზიდენტი, რა თქმა უნდა, მარტო არ არის. მას ჰყავს მტკიცედ შეკრული გუნდი, ყოველ შემთხვევაში, თანამოაზრეთა გუნდი, რომელმაც 19 ოქტომბერს კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი ერთიანობა და მთლიანობა.
გულწრფელად გეტყვით: შინაგანად მზად ვიყავი ასეთი განსაცდელისათვის. ინტუიცია იშვითად მღალატობს, ამიტომ ვგრძნობდი, რაღაც უნდა მომხდარიყო, რაღაც მწიფდებოდა და, სიმართლე გითხრათ, გარკვეული მითითებებიც მიცემული ჰქონდათ ცალკეულ უწყებებს, ასე ვთქვათ, საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანასთან დაკავშირებით, და ვგრძნობდი არა მარტო ინტუიციით, ინფორმაცია ყოველდღე შემოდის, მაგრამ მე ვფიქრობდი, რომ, ალბათ, რაღაც სერიოზული შეიძლება მოხდეს. საქმე ის გახლავთ, რომ საქართველო თავისი განვითარების ისეთ სტადიაში შევიდა, ისეთ მიჯნას მიუახლოვდა, რომ, თუ ახლა ვეღარ მოახერხებდნენ სიტუაციის აფეთქებას, შემდეგ მრავალი სასიკეთო პროცესი შეუქცევად ხასიათს მიიღებდა. საქართველო საბოლოოდ იმკვიდრებს მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ ფუნქციას, ხდება სრულფასოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფო თავისი თვითმყოფადი მისიით ჩვენს რეგიონში და მის ფარგლებს გარეთაც.
ასეთი გამოხდომები სწორედ იმას ადასტურებს, რომ ჩვენ სწორი გზა ავირჩიეთ და ერთ შესანიშნავ რუს პოეტს დავესესხები (ქართული თარგმანია): „მტრის განრისხების ღრიალში, მესმის დასტური ჩემი სიმართლისა“.
ჩვენი სიმართლე შესანიშნავად ესმის მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას, პატრიოტულ ძალებს. შეიძლება ვიკამათოთ ტაქტიკურ საკითხებზე, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, თუ მართლა გვინდა დამოუკიდებლობა, უნდა შევთანხმდეთ, რომ სტრატეგიული თვალსაზრისით ამ კურსს ალტერნატივა არ გააჩნია. ყველა სხვა გზას დამოუკიდებლობის დაკარგვისაკენ მივყავართ. დამოუკიდებლობის იდეამ კი ისე ღრმად გაიდგა ფესვი ჩვენი ხალხის, თითოეული მოქალაქის გულში, რომ მისი ამოგლეჯა უკვე შეუძლებელია. და ვიღაც-ვიღაცეებმა რამდენიც უნდა „იქადაგონ“ რაღაც ახალ კავშირებსა თუ ძველისაკენ დაბრუნებაზე და სხვა, ყველაფერი ეს მაინც ზღაპრების დონეზეა. საქართველო დამოუკიდებლობაზე უარს აღარასოდეს იტყვის.
სწორედ ამიტომ 19 ოქტომბრის ავანტიურა უკვე რამდენიმე საათში, როგორც იტყვიან, ჩაფლავდა. ერთი მუჭა ავანტიურისტები თავქუდმოგლეჯილი გაიქცნენ. მართალია, შედეგი შეიძლება უფრო მძიმეც ყოფილიყო, შეიძლება თავიდანაც აგვეცილებინა ყოველივე, მავანს სათანადო სიფხიზლე რომ გამოეჩინა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მთელი ეს გეგმა ხუხულასავით დაინგრა. ოხრად დარჩათ დახარჯული მილიონები (და დახარჯულია სერიოზული თანხები), არც ერთმა რეგიონმა, არც ერთმა სოციალურმა ფენამ, არც ერთმა საღად მოაზროვნე ადამიანმა არ დაუჭირა მხარი ამ ავანტიურას. მოსახლეობის რეაქციაზე ცოტა ქვემოთ მოგახსენებთ.
მიუხედავად ამისა, ნურც ის დაგვავიწყდება, რომ დაიღვარა სისხლი, დაიღუპა რამდენიმე კაცი (ეს მონაცემი მე, სამწუხაროდ, გვიან მივიღე, პრესკონფერენციაზე არ მქონდა). ხოლო ის ბოროტი ძალა, რომელმაც ეს შეთქმულება მოაწყო, ბოლომდე არ არის იზოლირებული, იგი მოქმედებს ჩვენს ქვეყანაში და ჩვენი ქვეყნის გარეთაც.
საქართველომ მთელ მსოფლიოს დაუმტკიცა, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვამბობ ამას, რომ იგი უკვე სიცოცხლისუნარიანი, სრულფასოვანი სახელმწიფოა.
ესეც უნდა ვთქვათ: ჩვენ ახლა ვიმკით საერთაშორისო ასპარეზზე მრავალწლიანი ძალისხმევის სასიკეთო შედეგს. 19 ოქტომბერს მსოფლიო თანამეგობრობის, ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის წევრი ქვეყნების, უკრაინის, რუსეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, თურქეთის, ჩრდილოეთ კავკასიის ხალხების რეაქციამ ერთი წუთითაც არ დააყოვნა. თქვენ გახსოვთ პრეზიდენტ კლინტონის სპეციალური განცხადება პრესკონფერენციაზე, როცა იგი პალესტინელებისა და ისრაელის ხელმძღვანელობის მოლაპარაკებას ესწრებოდა. მე დიდად ვაფასებ ჰეიდარ ალიევისა და რობერტ ქოჩარიანის სატელეფონო საუბრებს არა ერთხელ და ორჯერ სოლიდარობის გამოსახატავად. დიდად ვაფასებ ჩრდილოეთ კავკასიის ლიდერების, მათ შორის, ასლან მასხადოვის, ალექსანდრე ძასოხოვისა და სხვების და სხვების თანაგრძნობას. ბუნებრივია, ასევე დიდად ვაფასებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას ამ ფაქტთან დაკავშირებით, ისე როგორც სხვა ქვეყნებისა. მე ამას წინათ ვთქვი, რომ უნდა გაიმართოს სატელეფონო საუბარი თურქეთის პრემიერთან. ასეთი საუბარი მართლაც გაიმართა და მან მაცნობა, რომ მთელი თურქეთი არა მარტო სოლიდარობას უცხადებს საქართველოს, არამედ ძალიან ხელსაყრელ კრედიტებსაც - დაახლოებით 100 მილიონი დოლარის ფარგლებში - გამოყოფენ საქართველოში საგზაო მშენებლობისათვის. მე შემიძლია კიდევ გავაგრძელო, მაგრამ, სამწუხაროდ, დრო დაიხარჯება, ბევრი რამ პრესაში გამოქვეყნდა და მკითხველსა და მსმენელსაც შეუძლია გაეცნოს ამას. ეს რეაქცია ბუნებრივიც იყო და ადეკვატურიც, ვინაიდან საქართველოში სტაბილურობა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის საშინაო საქმე აღარ არის. იგი მჭიდროდ დაუკავშირდა რეგიონულს და, გნებავთ, გლობალური უშიშროების პრობლემას. მხედველობაში მაქვს ცნობილი ევრაზიის დერეფანი, „დიდი აბრეშუმის გზა“, ნავთობსადენები, გაზსადენები და სხვა მრავალი.
საქართველო კიდევ ერთხელ გაუმკლავდა მომხდურს, მე ასე ვიტყოდი, მომხდურს. ვერც ამჯერად გაიხარა მტერმა ჩვენზედა, არც ოდეს გაუხარია და ვერც ოდესმე გაიხარებს. მოვა დრო, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება და ჩვენი ყველაზე დიდი სატკივარიც განიკურნება.
და, კიდევ ერთი. მე სისტემატურად ვსარგებლობ პრეზიდენტის სოციოლოგიური სამსახურის (მისი ხელმძღვანელი გახლავთ ქალბატონი დოდო ყარაულაშვილი) გამოკვლევებით. მხოლოდ რამდენიმე მონაცემს გაგაცნობთ, ვფიქრობ, ეს საინტერესოა. ჯერჯერობით ძირითადი გამოკითხვები მხოლოდ თბილისში მოეწყო. 24 ოქტომბრის გამოკითხვით, ყველა რესპოდენტი ინფორმირებული იყო 19 ოქტომბრის მოვლენის განვითარებისა და მისი შედეგების შესახებ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველამ ყველაფერი იცოდა, რა ხდებოდა, და განსაკუთრებული დამსახურება, რა თქმა უნდა, ტელევიზიას, მის ყველა არხს მიუძღვის. ყველა არხი ჩართული იყო, ყველაფერი, მოვლენების ყველა დეტალი შუქდებოდა და მოსახლეობა საქმის კურსში იყო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. გამოკითხულ თბილისელთა მხოლოდ სამმა პროცენტმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს ამბოხებულებს. თითქმის 90 პროცენტმა ეს მოვლენა უდიდესი აღშფოთებით აღიქვა და დაგმო. 38 პროცენტის აზრით, ჯგუფი მოქმედებდა საქართველოს გარეთ არსებული ძალების დაკვეთით, 23 პროცენტს მიაჩნია, რომ ეს იყო შიდა და გარე ძალების ერთობლივი ალიანსი. 17 პროცენტის აზრით, მოქმედებდა საქართველოს შიდა ძალების დაკვეთით, ამდენივე ფიქრობს, რომ ისინი დამოუკიდებლად მოქმედებდნენ.
თუ გავაანალიზებთ ზოგიერთ ტელეგადაცემას, კერძოდ, მოსკოვის ერთ-ერთი არხის ტელეგადაცემას, რომელმაც კვლავ იგორ გიორგაძეს დაუთმო ტრიბუნა, ზოგიერთი ანალიტიკოსის გამოსვლებს და ასე შემდეგ, ალბათ, ის 38 პროცენტი, რომელსაც მიაჩნია, რომ ეს ჯგუფი საქართველოს გარეთ არსებული ძალების დაკვეთით მოქმედებდა, მთლად უსაფუძვლო არ უნდა იყოს. რესპოდენტთა 73 პროცენტი ინფორმირებულია საქართველოს პრეზიდენტის პრესკონფერენციის შესახებ, რომელიც 19 ოქტომბრის მოვლენების შეფასებას მიეძღვნა. და აქაც ტელევიზიის მადლობელი ვარ იმიტომ, რომ მოსახლეობას მიეცა საშუალება მოესმინა ჩემი შეფასებანი. ამ მოვლენის პრეზიდენტისეულ შეფასებას ეთანხმება გამოკითხულთა 94 პროცენტი. კატეგორიულად არ ეთანხმება 6 პროცენტი. არც ეს არის გასაკვირი.
ძალიან საინტერესოა ელიავას ჯგუფის მოქმედების შესახებ გავრცელებული რამდენიმე ვერსია. რესპოდენტთა დამოკიდებულება ამ ვერსიების მიმართ ასეთია.
ჯგუფი მოქმედებდა სხვა სახელმწიფოს სპეცსამსახურების დავალებით საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობსადენის გავლის ჩაშლის მიზნით, - მიაჩნია 47 პროცენტს. და თუ ეს ასე იყო, მაშინ მოქმედებდა ვიღაცის დაკვეთით. მე არ ვამბობ, რომ მთავრობის დაკვეთაა. არის ჯგუფები, რომლებსაც აინტერესებთ ჩაიშალოს ეს პროექტი - რატომ უნდა გაიაროს ნავთობსადენმა არა მარტო საქართველოს, არამედ სხვა ქვეყნების, მაგალითად, თურქეთის ტერიტორიაზე.
ჯგუფი მოქმედებდა ამჟამინდელი ხელისუფლების დასამხობად და „ზვიადისტთა“ მმართველობის აღსადგენად - 20 პროცენტი;
ჯგუფი მოქმედებდა საბჭოთა კავშირის აღდგენის მიზნით - 14 პროცენტი;
და მერე, სხვათა შორის, ზოგიერთების გამოსვლიდან, ტელე და რადიოინტერვიუებიდან თუ პრესისათვის მიცემული, ასე ვთქვათ, განმარტებებიდან ჩანს, რომ ამ 14 პროცენტს ჰქონდა საფუძველი ასეთნაირად ეფიქრა.
ჯგუფი მოქმედებდა (ასეთიც არის) ამჟამინდელი ხელისუფლების დავალებით - არჩევნების გადადების მიზნით - 11 პროცენტი. რამდენად საფუძვლიანია ეს, თვით ამ ავანტიურის ჩასაშლელად გაანგარიშებულმა ღონისძიებებმა დაადასტურა ის, რომ ამას საფუძველი არ გააჩნია;
ჯგუფი მოქმედებდა ამჟამინდელი ხელისუფლების დავალებით - საგანგებო წესების გამოცხადების მიზნით. ბევრი არ არის, მაგრამ ერთ პროცენტს ეს ვერსიაც დასაშვებად მიაჩნია. საბედნიეროდ, მოხდა ისე, რომ საგანგებო წესები არ გამოვაცხადე და ეს საფუძველიც აღარ არის.
რაც შეეხება ელიავას პიროვნებას, რესპოდენტთა 2 პროცენტის აზრით, იგი „ეროვნული გმირია“, 81 პროცენტის აზრით, „მარიონეტია“ და სხვათა ინტერესებს ემსახურება, 6 პროცენტს მიაჩნია, რომ სპეცსამსახურების ოფიცერია და მათს დავალებას ასრულებს. დანარჩენებს უჭირთ გამოთქვან თავიანთი მოსაზრება.
რესპოდენტთა 64 პროცენტის აზრით, ელიავას ჯგუფის მოქმედება არავითარ ზეგავლენას არ მოახდენს 15 ნოემბრის არჩევნების შედეგებზე, 9 პროცენტი დარწმუნებულია, რომ ზეგავლენას იქონიებს. პირადად ჩემი აზრით, 19 ოქტომბრის მოვლენები არჩევნებზე ვერავითარ ზეგავლენას ვერ მოახდენს.
სხვათა შორის, საინტერესოა, რომ ამ სამსახურის თანამშრომლები არიან რაიონებში. ჯერჯერობით ყველა რაიონიდან არ შემოსულა მასალა, მაგრამ ახლახან შემოვიდაო, მწერს ქალბატონი დოდო, თანამშრომლებისაგან, რომლებიც დუშეთსა და ყაზბეგში იმყოფებიან. ორივე რაიონში 97-98 პროცენტი უდიდესი აღშფოთებით აღიქვამს ყველაფერს, რაც 19 ოქტომბერს მოხდა.
სასურველია, ეს მუშაობა გაგრძელდეს და შეიქმნას ერთიანი დოკუმენტი ქვეყნის ძირითად, მათ შორის, მრავალეროვნულ რაიონებში მოსახლეობის განწყობილების შესახებ.
- ამ სოციოლოგიური გამოკითხვებიდან ჩემთვის ერთი სურათი გახდა ნათელი: ჩვენი მოსახლეობა გაცილებით უკეთ არის პოლიტიკურ სიტუაციებში გარკვეული და ინფორმირებული, ვიდრე, ვთქვათ, ზოგიერთი ძალისმიერი სტრუქტურა, ან ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი. რადგან სურათი საკმაოდ ნათლად დაიხატა: 2 პროცენტს მიაჩნია, რომ ელიავა „ეროვნული გმირია“, 81 პროცენტს, რომ „მარიონეტია“, 6 პროცენტს კი, რომ სპეცსამსახურის აგენტია. მის მიმართ უარყოფითად არის განწყობილი 87 პროცენტი. მაშ, რატომ დაინიშნა ელიავა ასეთ თანამდებობაზე? კიდევ ვიმეორებ, აქ შერიგებასა და პატიებაზე არ არის ლაპარაკი, აქ იმაზეა ლაპარაკი, რომ ადამიანს უმძიმეს რეგიონში - სამეგრელოში, რომელმაც ამდენი გადაიტანა, ასეთ პასუხსაგებ პოსტზე ნიშნავენ. ხომ არ იყო უკვე მოსალოდნელი ის, რომ ასეთი რამ მოხდებოდა და ელიავა ასე წყნარად და შვიდად არ იქნებოდა? ელიავები, სამწუხაროდ, ალბათ, საქართველოში ერთეულები არ არიან...
- სხვათა შორის, მე მოვუსმინე იმ მოქალაქეს (პირველმა არხმა მისცა მას საშუალება, გამოეთქვა თავისი აზრი. თუ არ ვცდები, იგი სენაკელია), რომელმაც თქვა, რომ ამ შერიგებამ თავისი ნაყოფი, ალბათ, არ გამოიღო, და დასასჯელი უნდა დაისაჯოს, და ასე შემდეგ. მაგრამ, იმავე ელიავას თუ სხვების მიმართ, რომლებიც ამ ავანტიურაში აღმოჩნდნენ ჩათრეული, ზოგიერთები მე შევიწყალე, იგივე ასმავა და სხვები, რა თქმა უნდა, პრეზიდენტის შეცდომად შეიძლება ჩაითვალოს ეს შეწყალება, მათთან შერიგება და, მით უმეტეს, თანამდებობაზე - სპეციალურ ნაწილში დატოვება, თუ არ გაითვალისწინებ მაშინდელ კონკრეტულ ვითარებას, როცა ქობალია იბრძოდა, ეს არ იყო 100 და 1000 კაცი, აქ გაცილებით უფრო დიდი მასები იყვნენ ჩაბმული და ჩვენ არ შეგვეძლო არ აგვეღო ეს კურსი, რომელსაც შერიგების კურსი დავარქვით შემდეგ, და ასე ვთქვათ, გამოგვერჩია. თუკი ვინმე დათანხმდებოდა ჩვენთან თანამშრომლობას, ჩვენ მათ ხელს ვუწვდიდით, რათა დიდი მსხვერპლი, დიდი ნგრევა და უბედურება აგვეცილებინა. სამეგრელომ ისედაც ბევრი გადაიტანა. აი, ერთ-ერთი მოტივი, რომლითაც მაშინ ვხელმძღვანელობდით. ეს კაცი, ასე თუ ისე, ბატონ შოთა კვირაიასთან თანამშრომლობდა და გარკვეულ გარანტიებს იძლეოდა, რომ სახელმწიფოს ემსახურებოდა. სხვათა შორის, მას არასოდეს განუცხადებია, რომ იგი შევარდნაძის ერთგულია, მაგრამ ამბობდა, საქართველოს ვემსახურები და ყველა საბრძოლო დავალებას შევასრულებო. სამწუხაროდ, მოღალატენი აღმოჩნდნენ არა მარტო შეწყალებულთა შორის, არამედ სხვა სამხედრო მოსამსახურეთა შორისაც, რომელთა მიმართ შერიგების პოლიტიკა არ განხორციელებულა. ამიტომ შეცდომა არ იყო. შეცდომა ის იყო, რომ, ალბათ, შემდეგ უფრო ფხიზლად უნდა ვყოფილიყავით, თვალყური გვედევნებინა, რამდენად სანდო იყო ეს კაცი და რამდენად სანდოა რეალურ და კონკრეტულ ვითარებასა და პირობებში.
- და კიდევ ერთი მომენტი იყო: ითქვა ისიც, რომ პრეზიდენტს არ ჰქონდა უფლება ნება დაერთო თავდაცვის მინისტრისათვის გამოეყენებინა შეიარაღებული ძალები ამბოხებული სამხედრო ნაწილის წინააღმდეგ...
- მე ასეთნაირად გიპასუხებთ, რომ, ალბათ, იურიდიული ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტიც კი დაასაბუთებს, რომ ამგვარი პრეტენზია თუ ბრალდება აშკარად უსამართლოა, არ მინდა ვთქვა, დემაგოგიურია, შეიძლება შეცდა კაცი, შეიძლება გამოთქვა თავისი მოსაზრება. იმ პირობებში, როდესაც სატანკო ბრიგადა, ვიმეორებ, სატანკო ბრიგადა დაიძრა მჭიდროდ დასახლებული, ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქისაკენ, ერთი რკინიგზის საკვანძო ცენტრი - სამტრედია უკვე გაიარა და დაიძრა ქუთაისისაკენ, როცა ყველაფერს არათუ საათები, არამედ წუთები წყვეტდა და, შესაძლოა, ათასობით კაცის სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა, - პრეზიდენტი ვალდებული იყო ემოქმედა მტკიცედ, დაუყოვნებლივ, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე.
გარდა ამისა, ნუ დავივიწყებთ, რომ ამბოხება მოხდა ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში და თვით შეიარაღებული ძალები, არმია იყვნენ ვალდებული აღედგინათ წესრიგი თავიანთ რიგებში, თავდაცვის სამინისტრო იყო ვალდებული აღედგინა წესრიგი. ვერც შინაგანი ჯარი (ამაზე მიგვანიშნებენ, რომ შეგეძლოთ გამოგეყენებინათ შინაგანი ჯარი და პოლიციაო), ვერც პოლიცია ამ ფუნქციას ვერ შეასრულებდნენ. მე მეტსაც ვიტყვი: პროცესში მათი ჩართვა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებათა დაპირისპირებასაც კი გამოიწვევდა. ესე იგი, თუ სენაკის ბრიგადას დაუპირისპირდებოდა შინაგანი ჯარი, გამორიცხული არ არის, რომ ზოგიერთ სხვა ნაწილში პროვოკატორებს გაევრცელებინათ ხმა, აი, შინაგანი ჯარი თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებს ებრძვისო. ამიტომ აქ სხვა გადაწყვეტილება არ არსებობდა, და ვფიქრობ, აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მივიღე, როცა თავდაცვის მინისტრი ბატონი დავით თევზაძე გავგზავნე ქუთაისში, რათა ემოქმედა და წესრიგი დაემყარებინა არა მარტო ხონის ბატალიონში, არამედ სენაკის ბრიგადაშიც და არ დაეშვა ამ დაჯგუფების დაძვრა ქუთაისისაკენ. და ეს დავალება მან სხვებთან ერთად შესანიშნავად შეასრულა.
მიუხედავად ამისა, რაკი პრეტენზია გამოითქვა, რაკი საქმე ეხება კონსტიტუციას, რომელიც წმიდათაწმიდა და ხელშეუხებელია, მაღალკვალიფიციურმა იურისტებმა საჭიროდ მიიჩნიეს მცირე განმარტება გაეკეთებინათ ამ საკითხთან დაკავშირებით: სავსებით დამაჯერებელი იყო, ჩემი აზრით, ბატონ მიხეილ სააკაშვილის, ქალბატონ ნინო ბურჯანაძის, ბატონ ლადო ჭანტურიას არგუმენტები და ეს ტელევიზიით სათანადოდ გადაიცა და პრესამაც ამ მასალებით ისარგებლა.
ერთგვარ იურიდიულ სირთულეს, ჩემი აზრით, ქმნის ის გარემოება, რომ კონსტიტუციაში (არა მარტო საქართველოს კონსტიტუციაში, არამედ ზოგიერთი სხვა ქვეყნის ძირითად კანონშიც) გასაგები მიზეზების გამო არ არის გათვალისწინებული ამგვარი შემთხვევა, ვინაიდან გამორიცხულია სამხედრო გადატრიალების მცდელობის თუნდაც თეორიული შესაძლებლობის დაფიქსირება. ამაზე კიდევ ფიქრია საჭირო, შეიძლება კონსტიტუციის ზოგიერთი დებულება მომავალში უფრო დაზუსტდეს. თქვენ წარმოიდგინეთ, ერთ-ერთი დებულების მიხედვით პრეზიდენტმა უნდა გამოაცხადოს საგანგებო წესები, შემდეგ უნდა შეიკრიბოს პარლამენტი, პარლამენტმა უნდა დაუდასტუროს მას საგანგებო წესების გამოცხადების შესახებ ბრძანებულება, ესე იგი, დართოს ნება და ამის შემდეგ პრეზიდენტი ყველა ღონისძიებას უთანხმებს პარლამენტს. ჯერ ერთი, ბედი მართლაც საათებში, წუთებში წყდება - ბედი სამტრედიისა, ბედი ქუთაისისა და მე ხომ არ ვიცოდი, რა მასშტაბი ჰქონდა შეთქმულებას. ამიტომ აქ პრეზიდენტს ნერვებმა არ უნდა უმტყუნოს და კონსტიტუცია უნდა გაიგოს ისე, როგორც მისი არსი მეტყველებს და მისი არსი ამტკიცებს.
პრეზიდენტი მოქმედებდა კონსტიტუციის სულისკვეთების, მისი არსის შესაბამისად, თვით კონსტიტუციის, კონსტიტუციური წყობის გადასარჩენად.
უახლოეს მომავალში ეროვნული უშიშროების საბჭო (ესეც მინდა ვაცნობო რადიომსმენელებს) დაწვრილებით იმსჯელებს 19 ოქტომბრის ავანტიურასთან დაკავშირებულ საკითხებზე და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. ეს შეიძლება მოხდეს დღეს, შეიძლება - ხვალ, იმის მიხედვით, თუ რამდენად არიან მზად სათანადო საგამოძიებო სტრუქტურები პირველი მონაკვლევი მასალების ანალიზის გათვალისწინებით მოხსენების გასაკეთებლად.
- სხვათა შორის, გაჩნდა კიდევ ერთი აზრიც: თავიდანვე, როგორც კი დაიწყო ეს მოვლენები და შემდეგ ჩაცხრა, ბევრი მოღვაწის გამოსვლაში იყო ასეთი ფრაზა, რომ საქართველომ, საბედნიეროდ, შეძლო თავიდან აეცილებინა სამოქალაქო ომის საფრთხე. ახლა კიდევ სხვა ტენდენცია ჩანს: რა მოხდა, რატომ უნდა შეგვშინებოდა ერთი ოფიცრისა და ოცი ტანკის, ნუთუ ჩვენ არ შეგვიძლია ამის თავიდან აცილება, რატომ გვეშინია სამოქლაქო ომის, როცა ოცი ტანკი აჯანყდება? ჩემი აზრით, ლოთი ქობალიამ 4 თუ 5 ტანკით დაიწყო ის მოვლენები, რომელთაც მაშინ სამოქალაქო ომის კვალიფიკაცია მიეცა. თითქოს ყველაფერი მეორდება, ისევ გარკვეული ადამიანების დაუსჯელობის მომენტი... მართალია, დღეს ქვეყანა ის აღარ არის, რაც ქობალიასა და მისი მომხრეების სამოქალაქო ომის დროს იყო, მაგრამ ამ ქვეყნის მოწინააღმდეგეთა დაინტერესების დონე არ დაცემულა, უფრო - პირიქით, თქვენ აბსოლუტურად გეთანხმებით, სხვა ქვეყნებსა და მათს ინტერესებზეც არის აქ ლაპარაკი. რა თქმა უნდა, დაინტერესების დონე, შესაბამისად იზრდება. თქვენ რა კვალიფიკაციას მისცემდით ყოველივე ამას? იყო თუ არა რეალური საფრთხე იმისა, რომ თუ ამ ძალებს დროულად ვერ შეაჩერებდნენ, ქვეყანაში სამოქალაქო ომი დაიწყებოდა?
- იცით, რაშია საქმე? თქვენ წარმოიდგინეთ, ჩვენ მზად არა ვართ (მე წეღან გითხარით, რომ გარკვეული სიგნალების საფუძველზე ზომები მიღებული გვქონდა: მობილიზებული იყო ქუთაისის ბრიგადა, საბრძოლოდ გამზადებული იყვნენ სათანადო ძალები - საჩხერის ბატალიონი, ზოგი გორში, თბილისში და ასე შემდეგ), ეს ზომები მიღებული არ არის. და ოცი ტანკი, ხუთი ჯავშნოსანი მანქანა და 400 კაცი შეიჭრა ქუთაისში, რა მოხდებოდა ქუთაისში... ეს ხომ ხოცვა-ჟლეტა იქნებოდა. ქუთაისსა და, ალბათ, სხვა რეგიონებში მოიძებნება გარკვეული ძალა, შეიძლება ეს იყო 1000, ან ხუთი ათასი კაცი საქართველოში, და შეიძლება სხვა სამხედრო ნაწილში კიდევ რაღაც მოხდეს, ამიტომ ასეთი მოვლენების გაუბრალოება დანაშაულია ქვეყნის წინაშე. ვფიქრობ, შემთხვევითი არ არის, რომ ამას ძალიან ღირსეულად გაართვეს თავი საქართველომ, ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა და ჩვენმა სტრუქტურებმა მას შემდეგ, რაც ფაქტი მოხდა და მზად აღმოჩნდნენ იმისათვის, რომ ქვეყანაში არასტაბილურობის ფაზა კვლავ არ დაწყებულიყო.
- მით უმეტეს, ქუთაისში ისეთი საზეიმო განწყობილება იყო ევროპის რეგიონულ ასამბლეაში მიღებასთან დაკავშირებით. თემურ შაშიაშვილი იქ არის მიწვეული და ამ დროს მოუხდა ამბოხებულებთან საუბარი, როგორც თვითონ ამბობს, ძალიან ბევრი აზრი მოისმინა...
- სხვათა შორის, უნდა გითხრათ, რომ თემურ შაშიაშვილის მოქმედება ნამდვილი გმირობის ტოლფასია. როცა მე დავურეკე იმის გასაგებად, თუ როგორი მდგომარეობა და განწყობილება იყო ქუთაისში, მან მითხრა, სამტრედიიდან ზუსტი ცნობები არა მაქვს, მე იქ მიდივარ და მზად ვარ შევხვდე იმ ხალხს და დავიწყო მოლაპარაკებაო. შემდეგ ამ მოლაპარაკების პროცესს შეუერთდნენ ბატონი ჯემალ გახოკიძე, გენერალი უჩაძე და სხვები. უნდა გითხრათ, რომ თემურის საქციელი ნამდვილად გმირული საქციელია და სათანადოდ უნდა დაფასდეს.
რაც შეეხება ევროპის რეგიონული ასამბლეის წევრობას, ჩვენ პირველად ეს აჭარას მივულოცეთ, ახლა იმერეთის გაწევრიანება მოხდება. მე მაშინვე გამოვთქვი სურვილი, თუ გახსოვთ, რომ, ალბათ, საქართველოს სხვა რეგიონებმაც უნდა იფიქრონ ამაზე. ყოველივე ეს სასიკეთო საქმეა, რადგან აქ დაახლოებით, თუ არ ვცდები, 450 რეგიონია გაერთიანებული. ამ ადამიანებთან შეხვედრა, ესენი არიან გუბერნატორები, არჩევითი ორგანოების წარმომადგენლები, ყველაფერი ეს კი ქვეყანას ამდიდრებს.
- ყოველივე იმის მიუხედავად, რაც გასულ კვირას ხდებოდა, მაინც განვლილი ეკონომიკური კვირა ჩვეულებრივი რიტმით გაგრძელდა. რა მოვლენებს გამოყოფდით, იმიტომ რომ, მართალია საბიუჯეტო კრიზისი გრძელდება, ძალიან მძიმედ და ნელა, მაგრამ მაინც დაიწყო პენსიებისა და ხელფასების დარიგება, ვიმეორებ, ძალიან მწირი ოდენობით.
- ამ კითხვას მინდა რამდენადმე ზოგადი პასუხი გავცე. ჩვენი ქვეყნის უნარმა - დაიცვას სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის მონაპოვარი და უცხოელი ინვესტორებისათვის მიცემული გარანტიები, კიდევ უფრო განამტკიცა საქართველოს, როგორც სტაბილური და საიმედო პარტნიორის იმიჯი. ამის ნათელი დასტურია განვლილ კვირაში ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკური ცხოვრების მოვლენები, რომლებიც უშუალოდ უკავშირდებოდა ქვეყნის ახალ სატრანზიტო ფუნქციას.
უნდა აღინიშნოს, რომ მუშაობის ერთდღიანი შეჩერების შემდეგ, ბაქო-სუფსის მილსადენისა და ტერმინალის მშენებლობა სრული ტემპით მიმდინარეობს. მე გუშინაც განვიხილე ეს საკითხები. ფოთში გრძელდება შესაბამისი საზღვაო მოწყობილობის დამონტაჟება. მალე დაიწყება შავი ზღვის ფსკერზე მილსადენის მშენებლობაც. შეიძლება ითქვას, გადაწყვეტილია საქართველოს ტერიტორიის გავლით დიდი ნავთობის ტრანსპორტირების საკითხი. აზერბაიჯანიდან მიღებული გვაქვს ხელშეკრულების პროექტი, რომელსაც უახლოეს დღეებში მოვაწერთ ხელს. მე კიდევ ერთხელ მინდა შევუთვალო ძმური მადლობა ჩემი ხალხის სახელით ჰეიდარ ალიევს, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ სწორედ საქართველო იყოს ენერგიაშემცველების ტრანსპორტირების ძირითადი ქვეყანა, ისევე, როგორც თურქეთის ხელმძღვანელობა, ისევე, როგორც ბალკანეთის ქვეყნები, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი და სხვები და სხვები, ნავთობკომპანიები.
„ტრასეკასა“ და განახლებული „აბრეშუმის გზის“ პროექტებში პარტნიორობის შემდგომი ინტენსიფიკაციის თვალსაზრისით გამოვყოფდი ყაზახეთის წარმომადგენლობითი დელეგაციის ვიზიტს ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ბატონ ნურლან ბალგიმბაევის მეთაურობით. მასთან უშუალო მოლაპარაკებას აწარმოებდა სახელმწიფო მინისტრი ვაჟა ლორთქიფანიძე და მეც ორჯერ შევხვდი. ყაზახეთთან ჩვენს ქვეყანას საკმაოდ ფართო სახელშეკრულებო-სამართლებრივი ბაზა აქვს, რომელიც ამჟამად ხელმოწერილი შეთანხმებების გათვალსწინებით უკვე 61 დოკუმენტს მოიცავს. სამომავლო ურთიერთობათა სტრატეგია, რასაკვირველია, საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობებს, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას უკავშირდება, რამაც, სტუმართა შეფასებით, შეიძლება დიდად შეუწყოს ხელი ყაზახეთის საექსპორტო პოტენციალის გამოყენებას. იგულისხმება ენერგორესურსების, საკუთარი წარმოების ხორბლის, ლითონისა და სხვა ტვირთების გადაზიდვა საქართველოს რკინიგზით ფოთისა და ბათუმის ნავსადგურების გამოყენებით. საკმარისია ითქვას, რომ მხოლოდ თენგიზის საბადოში ნავთობის სავარაუდო მარაგი მილიარდი ტონაა. მალე მიიღება გადაწყვეტილება კასპიის ზღვის ფსკერზე ნავთობსადენისა და გაზსადენის მშენებლობასთან დაკავშირებით, რომელიც შემდეგომ ბაქო-ჯეიჰანის მილსადენს შეუერთდება. 2005 წლისათვის, წინასწარი შეფასებით, ყაზახეთიდან საქართველოს გავლით ნავთობის ექსპორტი 20-ჯერ გაიზრდება. მოგეხსენებათ, რომ პირველი საცდელი პარტიები - ორ მილიონ ტონაზე მეტი ნავთობი გავატარეთ საქართველოს რკინიგზისა და ბათუმის ნავსადგურის მეშვეობით. იგი უკვე გადაიტვირთა დასავლეთის ნავთობის ბაზრებზე და მისი მოცულობა ყოველდღიურად გაიზრდება.
გასულ კვირას საქართველოს უკვე მეორედ ეწვია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორთა საბჭოს დელეგაცია, რომლის წევრებთან გამართულ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა, რომ ევროპის ამ სერიოზული ავტორიტეტული საფინანსო ინსტიტუტის მიერ საქართველოსათვის გაწეულ დახმარებას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა, მით უმეტეს, ევროპა-აზიის სატრანსპორტო დერეფნის მზარდი ფუნქციონირების პირობებში. მოსალოდნელია ამ სატრანსპორტო სისტემის ცალკეული რგოლებისა და ობიექტების განვითარებისათვის დამატებითი ინვესტირება, ფოთში მარცვლეულისა და საკონტეინერო ტერმინალების მშენებლობა, ასევე ზოგიერთი ობიექტის აშენება ბათუმში. ევრობანკი ბაქო-სუფსის ნავთობსადენისა და სუფსის ტერმინალის დაფინანსებისათვის საჭირო თანხის ნახევარს - თითქმის 200 მილიონ ლარს გამოყოფს. ძალზე მნიშვნელოვანია, აგრეთვე, ევრობანკის მონაწილეობა საქართველოს რკინიგზის, ენერგეტიკის სექტორისა და მრავალი სხვა დარგის რეაბილტაციაში.
გაიმართა შეხვედრები უცხოური კერძო კაპიტალის წარმომადგენლებთან. ამაზეც მინდა ვთქვა ორიოდე სიტყვა. უნდა აღინიშნოს, რომ მათი ინტერესი საქართველოს მიმართ დღითი დღე იზრდება. ერთ-ერთი უდიდესი ფრანგული კომპანია „პიერნო რიკარდ გროუპი“ ხელსაყრელად და წარმატებულად მიიჩნევს თანამშრომლობას საქართველო-ჰოლანდიის ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ერთობლივ საწარმო „ჯივისისთან“, და ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაფართოვდება, რაც ხელს შეუწყობს მსოფლიო ბაზარზე ქართული ღვინის გატანასა და ღირსეული ადგილის დამკვიდრებას. ჯერჯერობით ეს ძალიან დიდი გაერთიანება არ არის, მაგრამ აქ უკვე მოასწრეს მარტო მიმდინარე წელს მსოფლიო ბაზარზე გაეტანათ მილიონ-ნახევარი ბოთლი საუკეთესო ქართული ღვინო. ეს მხოლოდ დასაწყისია. სხვათა შორის, ამავე კომპანიამ 700 ჰექტარზე მეტი ვენახი შეიძინა და ამუშავებენ, ასევე საკონტრაქტო კავშირურთიერთობანი დაამყარეს მრავალ მევენახესთან.
ამერიკელი, ბრიტანელი, რუსი და არაბი ბიზნესმენების მონაწილეობით ვიმსჯელეთ მათ მიერ წარმოდგენილი უაღრესად საინტერესო მრავალმილიონიანი საინვესტიციო პროექტების ცალკეულ ასპექტებზე, რომლებიც ითვალისწინებენ საქართველოში საერთაშორისო სატენდერო სააუქციონო სახლის დაფუძნებას, თბილისის ინფრასტრუქტურის განვითარებას, ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის რეაბილიტაციას, ქართული კინოხელოვნების მხარდაჭერას, რუსთაველის თეატრის შენობის გადასარჩენად სპეციალური ფონდის შექმნას. რადგან რუსთაველის თეატრი ვახსენე, მე უკვე განვაცხადე: თავად ვკისრულობ პასუხისმგებლობას რუსთაველის თეატრის შემდგომი ბედისათვის, მაგრამ თუ ამ მამულიშვილურ, საშვილიშვილო საქმეში უცხოელები დაგვეხმარებიან, მით უკეთესი. რუსთაველის თეატრი ხომ მხოლოდ საქართველოს არ ეკუთვნის.
მინდა კიდევ ერთ სასიხარულო ტენდენციას შევეხო. ამთავითვე ვიტყვი, რომ კარგად შეუდგა საქმეს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელი ბატონი ვაჟა შუბლაძე. ამჟამად იგი ინტენსიურად მუშაობს, რათა მსოფლიო ბანკთან ერთად შეიქმნას საქართველოში ტურიზმის განვითარების პროგრამა (უფრო სწორად, ასეთი პროგრამების კონტურები უკვე ჩამოყალიბებულია და ჩვენ დავამტკიცეთ მთავრობის სხდომაზე), რომლის განხორციელებისთვისაც შესაძლოა ასი მილიონი დოლარი ინვესტიციების გამოყოფა. ეს სავსებით რეალურია, მით უმეტეს, თუ გავითვალსწინებთ: დეპარტამენტი აქტიურად თანამშრომლობს ისრაელთან, სადაც უკვე გაიხსნა შესაბამისი წარმომადგენლობა. ჩვენი ქვეყნის მეგობართან, ისრაელის ვიცეპრემიერთან და ტურიზმის მინისტრთან მოშე კაცავისთან შეხვედრისას მიღწეულია შეთანხმება და ისრაელი გარკვეულწილად დაეხმარება საქართველოს პროგრამის ლობირებაში. ეს საუბრები და გარიგებები სწორედ 26-საუკუნოვანი იუბილეს დღეებში მოხდა. ამ ქვეყნის შესაძლებლობანი კი საყოველთაოდ ცნობილია. ყველაზე დამაიმედებელი ის არის, რომ ვაჟა შუბლაძეს აქვს შესაბამისი კონცეფცია და ამ კაცმა კარგად იცის, ნათლად აქვს წარმოდგენილი, რა უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ტურისტული ინდუსტრია აღორძინდეს საქართველოში. ჩემი ანგარიში, რომელიც ემთხვევა უცხოელ ექსპერტთა დასკვნებსაც, ასეთია: 4-5 წლის განმავლობაში საქართველო მილიონ ტურისტს მიიღებს, ხოლო წლიური შემოსავალი მილიარდ დოლარს მიაღწევს, ანუ იმაზე მეტს, ვიდრე ამჟამად მთლიანად ჩვენი ბიუჯეტის მოცულობაა.
გასულ კვირას საგადახადო დეპარტამენტმა დაიწყო დამალული შემოსავლის გამოვლენისა და გადასახადებისგან თავის ამრიდებელთა წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების ღონისძიებათა განხორციელება. გამოვლენილია დიდი ოდენობით აღურიცხავი იმპორტული საქონელი. აქტიურად მუშაობს საგანგებო სამუშაო ჯგუფი ბატონ ვაჟა ლორთქიფანძის ხელმძღვანელობით.
გარკვეულწილად იმატა საგადასახადო სამსახურის მიერ აკრეფილმა საშუალო-დღიურმა შემოსავალმა და თითქმის მილიონ-ნახევარ ლარს მიაღწია, რაც ორნახევარჯერ აღემატება ოქტომბრის პირველი ნახევრის ანალოგიურ მაჩვენებელს. ამან საშუალება მოგვცა ნაწილობრივ, რა თქმა უნდა, ნაწილობრივ დაგვეფარა ხელფასებისა და პენსიების დავალიანება.
თუმცა, მდგომარეობა კვლავ ურთულესია. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ვითარება, რომელიც ამ თვალსაზრისით შეიქმნა ჩვენს ქვეყანაში, მე საბიუჯეტო ტერორად მიმაჩნია და სულაც არ მეშინია, ამ სიტყვას რომ ვხმარობ. დიახ, საბიუჯეტო-საფინანსო ტერორია, როდესაც შემოსავლის ნახევარზე მეტი იმალება, ხოლო პენსიონერები, მასწავლებლები, ჯარისკაცები, პოლიციელები ვერ იღებენ კუთვნილ წილს ბიუჯეტიდან. ეს უფრო მეტი დივერსიაა, ვიდრე ის ავანტიურა, რომელიც 19 ოქტომბერს განხორციელდა, მაგრამ ამას ბოლო მოეღება! ძალიან დიდ იმედს ვამყარებ საგანგებო ანტიკორუფციული სტრუქტურის შექმნის შესახებ კანონპროექტზე. იმედი მაქვს, პარლამენტარები (განურჩევლად პოზიციისა) მხარს დაუჭერენ ამ საკითხში პრეზიდენტს, ვინაიდან ეს ზოგადსახელმწიფოებრივი, ზოგადეროვნული პრობლემაა და მისი გადაწყვეტისას ერთიანი უნდა ვიყოთ.
- გასული კვირა საკმაოდ მძიმედ დაიწყო და თბილისობით დამთავრდა. წლევანდელი თბილისობა პრინციპში მაინც განსახვავებული იყო. საბურთალოელებს, როგორც იქნა, გზა ეღირსათ. თბილისის მოვლენების დროს დაზარალებულთა გარკვეულმა ნაწილმა მართლაც ულამაზესი სახლი მიიღო. როგორი იყო თქვენი ემოციები...
- რა თქმა უნდა, ყველაზე შთამბეჭდავი ჩვენი თანამოქალაქეების, თბილისელების გულწრფელი რეაქცია იყო. დედაქალაში ნამდვილად ბევრი რამ გაკეთდა. თქვენ უკვე ახსენეთ ახლა, რომ მოწესრიგდა ვაჟა-ფშაველას პროსპექტი, ათიათასობით ადამიანმა შვებით ამოისუნთქა და ამის მოწმე მე თავად ვარ, ფეხით დიდი სიამოვნებით გავისეირნე პროსპექტის ბოლომდე. გაზი მიიღეს გლდანის, დიღმისა და სხვა რაიონებმაც. არ შეიძლება არ გაგახაროს, მაგალითად იმ ფაქტმა, რომ გაიხსნა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი დიაბეტიან ბავშვთა ცენტრი. ღმერთმა ყველას აშოროს, მაგრამ იმ ოჯახებისათვის, სადაც დიაბეტით დაავადებული პატარა ჰყავთ, ამას, შეიძლება ითქვას, სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. მოვინახულეთ ფარმაკოლოგიური ქარხანა, რომელიც სულ წელიწად-ნახევარში აშენდა სლოვაკებთან ერთად და უმაღლეს ტექნოლოგიურ მოთხოვნებს შეესაბამება. კმაყოფილი დავრჩი ახალი ლუდის საწარმოს ნახვით. ეს გიგანტი ქარხანაა. უნდა აღინიშნოს ჩვენი ფრანგი პარტნიორებისა და, თუ შეიძლება ასე ითქვას, მათი ქართველი მასპინძლის, ცნობილი და მეტად წარმატებული ბიზნესმენის გოგი თოფაძის ნაყოფიერი მუშაობა. მე ადრე არაერთხელ მითქვამს, რომ გოგი თოფაძემ ის ქარხანა, რომლის მშენებლობა საბჭოთა პერიოდში იყო დაწყებული, გადაარჩინა და ძირითადი დანადგარები შეინარჩუნა, რაც, აგრეთვე, გარკვეული გმირობაა. მთლიანად მის გაერთიანებაში (მიაქციეთ ყურადღება, როგორც თანდათანობით მიდის საქმე წინ ცალკეულ დარგებში, როცა უნარიანი ბიზნესმენენი არიან) მთლიანად 4 ათასზე მეტი კაცია დასაქმებული. ხელფასებიც საკმაოდ მაღალია. ვკითხე თანამშრომლებს და ანაზღაურებაც შთამბეჭდავია.
ასევე შთამბეჭდავი იყო თბილისის ახალი რეგიონული საბაჟო ტერმინალი, რომელიც თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად არის ორგანიზებული, თბილისელებისათვის აშენებული სახლები, რომლებიც მე მოვინახულე, ახალი საფეხბურთო მინი-მოედნები. საქართველოს ყველა რეგიონი იყო წარმოდგნილი ყველა დედაქალაქში. აქ იყვნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ქართლის, კახეთის, სამეგრელოს, სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის, იმერეთის, გურიის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის წარმომადგენლები და ჩვენი სტუმრები - ბაქოს, ერევნის, ჩრდილოეთ ოსეთის დელეგაციები, ძალიან ბევრი სტუმარი იყო რუსეთიდან, უცხოელები დასავლეთის სხვადასხვა ქვეყნიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ასე შემდეგ.
„თბილისობა“, თქვენ გახსოვთ, კომუნისტურ ეპოქაში დაარსდა, მერე გააუქმეს, მაგრამ იგი კვლავ აღდგა. წუხელ, სიმართლე გითხრათ, ფანჯარა ღია მქონდა, რუსთაველის პროსპექტს გავცქეროდი, სანაპირო სავსე იყო, მთელი ახალგაზრდობა წუხელ ქუჩაში იყო გამოსული და ამ ათიათასობით ახალგაზრდის ერთადერთი ამოძახილი, მათი ხმა, რომელსაც შენობები და ფასადები აძლიერებდა, იყო „საქართველო“, „საქართველოს გაუმარჯოს!“. ღმერთმა ამ აზრით და ამ ფიქრით მოუმართოს მათ ხელი, სწავლასა და თავიანთ შესანიშნავ საქმიანობაში, ყოველთვის ყოფილიყვნენ თავიანთი ქვეყნის ასეთი პატრიოტები.
- ინტერვიუს ბოლო კითხვა, ალბათ, ის თემაა, რომელიც საქართველოში ყველას აინტერესებდა, ფეხბურთის გულშემატკივარსაც და არაგულშემატკივარსაც. როგორც იქნა, დასრულდა ეს დისკუსია და ფეხბურთის ფედერაციას პრეზიდენტი ჰყავს. პრინციპში, როგორც პრეზიდენტი და როგორც მოქალაქე, თქვენ ამ თემის მიმართ გულგრილი ვერ იქნებით...
- რა თქმა უნდა. მართლაც იშვიათია საქართველოში ადამიანი, რომელიც გულგრილი იქნებოდა ქართული ფეხბურთის მომავალი ბედის მიმართ. მათ შორის, რა თქმა უნდა, მეც მღელვარებით ვადევნებდი თვალს ყრილობის მუშაობას, ისევე როგორც წინასაყრილობო დისკუსიას.
მაგრამ ყველა დაადასტურებს, რომ, როგორც პრეზიდენტი, ამ საქმეში არ ჩავრეულვარ და არც უნდა ჩავრეულიყავი. გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება ჰქონდა ფეხბურთის ფედერაციის ყრილობას, რომელიც შეიკრიბა და ფედერაციის პრეზიდენტად აირჩია ახალგაზრდა კაცი, საფეხბურთო და სპორტულ წრეებში, და არა მარტო საქართველოში, არამედ საზღვარგარეთის ორგანიზაციებშიც, საკმაოდ ცნობილი მოღვაწე მერაბ ჟორდანია.
მე ტელეფონით ვესაუბრე გუშინ არჩევის შემდეგ ბატონ მერაბს, მივულოცე და ვუთხარი, რომ პრეზიდენტი, ქვეყნის ხელისუფლება, თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში, შესაძლებლობის მაქსიმუმს აკეთებდნენ და კვლავაც გააკეთებენ ჩვენი ეროვნული სიამაყის, ერთ-ერთი უბრწყინვალესი ქართული ფენომენის - ქართული ფეხბურთის განვითარებისათვის. ალბათ, მიზანშეწონილი იქნება ერთობლივად შემუშავდეს ფეხბურთის განვითარების 5-7-წლიანი პროგრამა. ვგულისხმობ, რომ ეს იქნება სახელმწიფო პროგრამა. რესურსების სრული გამოყენებით უფრო მეტად უნდა შევუწყოთ ხელი ამ საქმეში მოსახლეობის, განსაკუთრებით ახალგაზრდობის ენთუზიაზმის გამოვლინებას.
საქინფორმი.
„საქართველოში სტაბილურობა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის საშინაო საქმე აღარ არის, იგი მჭიდროდ დაუკავშირდა რეგიონული და გლობალური უშიშროების პრობლემას“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 27 ოქტომბერი. - №278 (2978). - 1,2 გვ.
![]() |
56 მეგობარი სახელმწიფოს დღესასწაული |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტი ანკარას გაემგზავრა
28 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე ოფიციალური დელეგაციის წევრებთან ერთად ანკარას გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს თურქეთის რესპუბლიკის გამოცხადების 75 წლისთავის აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებაში.
დელეგაციის შემადგენლობაში შედიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ასლან აბაშიძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი, სათბობ-ენერგეტიკის მინისტრი თემურ გიორგაძე, საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის პრეზიდენტი გიორგი ჭანტურია, სხვა ოფიციალური პირები.
საქართველოს სახელმწიფოს მეთაური მონაწილეობას მიიღებს 29 ოქტომბერს ანკარაში დაგეგმილ საიუბილეო ღონისძიებებში. დაგეგმილია ედუარდ შევარდნაძის შეხვედრები თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან სულეიმან დემირელთან, ანკარაში სტუმრად მყოფ სხვა ქვეყნების ლიდერებთან, აშშ ენერგეტიკის მინისტრთან უილიამ რიჩარდსონთან, კასპიის ნავთობის საკითხებში ამერიკის პრეზიდენტის სპეციალურ მრჩეველთან რიჩარდ მორნინგსტართან, სხვა ოფიციალურ პირებთან და საქმიანი წრეების წარმომადგენლებთან.
დაგეგმილია ასევე საქართველოს, აზერბაიჯანის, თურქეთის, ყაზახეთის, თურქმენეთის, უზბეკეთის პრეზიდენტების მიერ კასპიის ენერგორესურსების ძიება-მოპოვება და ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით ანკარის დეკლარაციის ხელმოწერა.
საქართველოს პრეზიდენტი თანმხლებ დელეგაციის წევრებთან ერთად 29 ოქტომბერს დაბრუნდება თბილისს.
საქართველოს პრეზიდენტის
პრესსამსახური - საქინფორმი.
ანკარა (საქინფორმის სპეციალური კორესპონდენტები დევი ბერძენიშვილი, გია აბაშიძე). საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის ვიზიტი თურქეთში 28 ოქტომბერს დაიწყო. ადგილობრივი დროით 16 საათსა და 30 წუთზე, საქართველოს დელეგაციის თვითმფრინავი დაეშვა ანკარის ესენბოდის აეროპორტში.
თვითმფრინავის კიბესთან ედუარდ შევარდნაძეს დახვდნენ თურქეთის პრეზიდენტი სულეიმან დემირელი, დიდი ეროვნული მეჯლისის თავმჯდომარე ჰიქმეთ ჩეთინი, თურქეთის რესპუბლიკის სხვა ხელმძღვანელები.
შეხვედრის საზეიმო ცერემონიის შემდეგ სულეიმან დემირელმა ედუარდ შევარდნაძე მიაცილა ვერტმფრინავთან, რომლითაც საქართველოს სახელმწიფოს მეთაური გაემგზავრა პრეზიდენტის ქალაქგარეთა რეზიდენციაში, იქიდან კი ავტომობილით ჩავიდა ანკარაში. აქ იგი მონაწილეობას მიიღებს თურქეთის რესპუბლიკის 75 წლისთავის დღესასწაულში.
მთავარი ზეიმი 29 ოქტომბერს გაიმართება, მაგრამ უკვე დღეს ქალაქში სადღესასწაულო ვითარება სუფევს. სახლები მორთულია ტრანსპარანტებითა და პლაკატებით. იშვიათია, აივანზე არ ეკიდოს ეროვნული დროშა.
- მე უკვე პირველი წელი როდია, რაც თურქეთში ვარ, მაგრამ კვლავინდებურად მანცვიფრებს ამ ადამიანების ენთუზიაზმი და პატრიოტიზმი, - გვითხრა ანკარაში საქართველოს საელჩოს თანამშრომელმა. - წლევანდელი ზეიმი ყოველი თურქისათვის პირადი დღესასწაულია.
ჩამოსვლის დღეს საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ თურქეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ტელევიზიის პირველი არხით გამოსვლისას მიულოცა თურქეთის მცხოვრებლებს თურქეთის რესპუბლიკის გამოცხადების 75 წლისთავი.
საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა
ძვირფასო მეგობრებო, ძვირფასო ტელემაყურებლებო!
ჩვენ ჩამოვედით, რათა საქართველოს ხალხის სითბო და სიყვარული გამოვხატოთ ამ განსაკუთრებულ ზეიმზე. მე განზრახ არ ვამბობ „თქვენს ზეიმზე“, რამეთუ თურქეთის რესპუბლიკის 75-ე წლისთავი მარტო თქვენი ზეიმი როდია. იგი თურქეთის ყველა კეთილი მეზობლისა თუ მეგობრის ზეიმია, იმათი ზეიმია, ვინც ერთა თავისუფალ და დემოკრატიულ განვითარებაში, სამართლიან მშვიდობაში, თანასწორ პარტნიორობასა და უანგარო მეგობრობაში ხედავს ჩვენი პლანეტის მომავალს.
ჩვენ ჩამოვედით საქართველოდან, რათა განსაკუთრებული პატივი მივაგოთ იმ ადამიანის ხსოვნას, რომელმაც, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, განუმეორებელი წვლილი შეიტანა ჩვენი საუკუნის ისტორიაში და მნიშვნელოვანწილად განსაზღვრა კიდეც 21-ე საუკუნის პლანეტის სახე. ჩვენ პატივს მივაგებთ დიდი მუსტაფა ქემალ ათათურქის სახელს და ბედნიერი ვართ იმით, რომ მისმა იდეებმა ასე დიდებულად შეისხეს ხორცი.
ჩვენ ჩამოვედით, რათა აღვნიშნოთ ის უდიდესი როლი, რომელსაც დღევანდელი თურქეთი ასრულებს მსოფლიოში. გადაუჭარბებლად შემიძლია ვთქვა, რომ დემოკრატიულ ღირებულებათა ერთგული თურქეთი არა მარტო დასავლეთ და ცენტრალური ევროპის, არამედ შავი და კასპიის ზღვისპირეთის, ცენტრალური აზიის მშვიდობიანი და განჭვრეტადი განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გარანტია. ამ ბოლო წლებში თურქეთის რეგიონულმა ინიციატივებმა და, უწინარესად, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციამ, ინტეგრაციის სრულიად ახალ პროცესებს ჩაუყარეს საფუძველი.
ჩვენ განსაკუთრებით მივესალმებით თურქეთის აქტიურ მონაწილეობას „განახლებული დიდი აბრეშუმის გზის პროექტში“, თქვენი ქვეყნის მონაწილეობამ ბაქოს ამასწინანდელ სამიტში კვლავ დაადასტურა, რომ თურქეთის მაქსიმალურად აქტიური ჩართვა ევრაზიულ სივრცეში მიმდინარე ამ უმნიშვნელოვანეს პროცესებში შეესაბამება „დიდი აბრეშუმის გზის“ მონაწილე ქვეყნების სტრატეგიულ ინტერესებს.
სხვათა შორის, ხშირად გამოითქმის, მე თუ მკითხავთ, უსუსური მოსაზრება იმის თაობაზე, თითქოს „განახლებული დიდი აბრეშუმის გზის“ პროექტი ვერ პასუხობს მასზე დაკისრებულ მოთხოვნებს, რომ, მართალია, ის უფრო მოკლეა, მაგრამ უფრო რისკიანი, ვინაიდან გადაკვეთს მრავალ სახელმწიფოს, მათი საბაჟო და სასაზღვრო რეჟიმებით, სეისმურად და კლიმატურად სახიფათო ზონებს, ჩემი წარმოდგენით აღორძინებული დიდი აბრეშუმის გზა ის ღერძია, რომლის გარშემოც შესაძლებელია პროექტში ჩართული მრავალი სახელმწიფოს გაერთიანება საერთო მიზნის ირგვლივ. ესაა - რეგიონულ თანამშრომლობაზე და გრძელვადიან ინტერესებზე დამყარებული სამართლიანი მშვიდობა და საყოველთაო სტაბილურობა. განა დღევანდელი ევროპის მაგალითი ამის საუკეთესო დადასტურება არ არის?
პრეზიდენტმა დემირელმა ბაქოში აღნიშნა, რომ თურქეთი მზადაა ლოკომოტივის როლი შეასრულოს ევრაზიის სუბრეგიონში მიმდინარე ამ დინამიურ პროცესებში. საქართველო მიესალმება ამ განზრახვას და მიაჩნია, რომ თურქეთის როლი არა მარტო შავი და კასპიის ზღვისპირეთსა და ცენტრალურ აზიაში, არამედ საზოგადოდ მსოფლიოში, კიდევ უფრო გაიზრდება.
როდესაც „განახლებულ დიდ აბრეშუმის გზაზე“ ვსაუბრობთ, მხედველობაში გვაქვს, რა თქმა უნდა, ენერგიაშემცველების ტრანზიტიც. ექვსი სახელმწიფოს პრეზიდენტს განზრახული გვაქვს ხელი მოვაწეროთ დოკუმენტს, რომელიც გულისხმობს კასპიის ენერგოშემცველების გატარებას საქართველოსა და თურქეთის გავლით, სუფსისა და ბათუმის ტერმინალებთან ერთად. ეს მარშრუტი ტრანზიტის დასავლეთის ვარიანტის ერთიან სისტემას შექმნის. შორს აღარაა ის დღე, როდესაც ჩვენ კასპიის ზღვის როგორც დასავლეთი, ასევე აღმოსავლეთი საქართველოს ენერგოშემცველებს მსოფლიო ბაზარზე გავიტანთ.
და ბოლოს, არ შემიძლია არ აღვნიშნო მრავალთა შორის ის ძირითადი ფაქტორები, რომლებმაც, ჩვენი აზრით, განაპირობეს თურქეთის დღევანდელი, თვალსაჩინო წარმატებები: პირველი - ესაა დიდი თურქი ხალხი, რომლის შრომისმოყვარეობისა და სიბრძნის წყალობით თურქეთმა ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა ერთა თანამეგობრობაში, მთელ მსოფლიოში.
მეორე გახლავთ ჩვენი დროის გამოჩენილი პოლიტიკური მოღვაწის, დღევანდელი თურქეთის გამოჩენილი ლიდერის, დიდი ათათურქის საქმის ღირსეული გამგრძელებლის, საქართველოს ხალხისა და ჩემი პირადი მეგობრის სულეიმან დემირელის პიროვნება. მისი გამბედაობა, შორსმჭვრეტელობა და გამჭრიახობა რომ არა, ვინ იცის, იქნებ თურქეთისა და ბევრი სხვა ქვეყნის უკეთესი მომავლის იმედს მხოლოდ იმედად დარჩენა ეწერა.
დღეს რომ მუსტაფა ქემალ ათათურქს შეეძლოს წამით მაინც შეავლოს თვალი სათაყვანებელ სამშობლოს, სხვა აღარაფერი ექნებოდა სანატრელი, ვინაიდან ის იხილავდა ძლიერ და აყვავებულ, მეგობრების ჭირისა და ლხინის გამზიარებელ, დემოკრატიის იდეალებისადმი ერთგულ ქვეყანას, რომელიც დღევანდელი მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან სახელმწიფოდ იქცა.
თურქეთს შეუძლია იამაყოს აწმყოთი და თავაწეული შეაბიჯოს მომავალში, მჯერა, რომ ეს მომავალი კიდევ უფრო ღირსეული და ბედნიერი იქნება. ამასვე გისურვებთ მთელი ქართველი ხალხის სახელით და გილოცავთ დიდ დღესასწაულს.
გმადლობთ.
სადღესასწაულო ზეიმში მონაწილეობასთან ერთად, ამჟამინდელი ვიზიტის დროს საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე ანკარაში გამართავს შეხვედრების სერიას, რომელთა მიზანია ენერგოშემცველების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა.
პირველი ასეთი შეხვედრა უკვე ორშაბათს გაიმართა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეციალურ მრჩეველთან კასპიის ნავთობის საკითხებში რიჩარდ მორნინგსტართან. შეხვედრის მონაწილეებმა 29 ოქტომბერს ისტორიული დღე უწოდეს. ამ დღეს ექვსი ქვეყნის - თურქეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, ყაზახეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის პრეზიდენტები ხელს მოაწერენ დეკლარაციას, რომელშიც გამოხატავენ პოლიტიკურ ნებას კასპიის ნავთობის ტრანსპორტირების დასავლეთის მიმართულების, კერძოდ, ბაქო-თბილის-ჯეიჰანის მარშრუტის მხარდასაჭერად.
დასავლეთის მიმართულების მნიშვნელობა ძნელია გადაჭარბებით შეაფასო. საქმე ეხება უკვე არა მარტო კასპიის ზღვის დასავლეთ სანაპიროზე მოპოვებულ ნავთობს, არამედ ცენტრალური აზიის ენერგოშემცველებსაც. ამავე დროს, უკრაინაში, ბალკანეთის ქვეყნებში, დუნაისპირა და ჩრდილოეთ ევროპის სახელმწიფოებში დიდი მოთხოვნაა ენერგოშემცველებზე.
აქედან გამომდინარე, დასავლეთის მიმართულებას შეიძლება ჰქონდეს განშტოებანი, რომლებიც, როგორც აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა დემირელმა ტრასეკას მონაწილე ქვეყნების სამიტზე ბაქოში, კონკურენციას კი არ გაუწევენ, არამედ შეავსებენ ერთმანეთს.
დასავლეთის მიმართულება, როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მარტო ენერგოშემცველების ტრანსპორტირება როდია. პრაქტიკულად ეს ნიშნავს ყოველგვარი ტვირთის - ბამბის, მარცვლეულის, ლითონებისა და სხვათა გადაზიდვას. პროექტის განხორციელება რეგიონში უსაფრთხოების გარანტი გახდება, ახალ სტიმულს მიანიჭებს რეგიონული და რეგიონთაშორისი თანამშრომლობის განვითარებას.
რიჩარდ მორნინგსტარმა ხაზგასმით აღნიშნა, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის მიერ ენერგოშემცველების ტრანსპორტირების დასავლეთის მიმართულების მხარდაჭერას. როგორც მან თქვა, ქართველი ლიდერის პოზიცია დიდი სახელმწიფო მოღვაწის პოზიციაა, რომელსაც შესწევს უნარი გავლენა მოახდინოს პოლიტიკურ კლიმატზე.
28 ოქტომბერს საღამოს ანკარაში ჩამოსული სახელმწიფოთა მეთაურებისა და მათი საგანგებო წარმომადგენლების პატივსაცემად სადილი გამართეს თურქეთის პრეზიდენტმა სულეიმან დემირელმა და მისმა მეუღლემ ნაზმიე დემირელმა.
მეგობარი სახელმწიფოს დღესასწაული : საქართველოს პრეზიდენტი ანკარას გაემგზავრა // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 29 ოქტომბერი. - №280 (2980). - 1,2 გვ.
![]() |
57 აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს |
▲ზევით დაბრუნება |
სამძიმარი
შეწუხებული ვარ ქუთაისში მომხდარი საშინელი ტრაგედიით, რომელსაც ათეული ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს.
ედუარდ შევარდნაძე.
1998 წლის 31 ოქტომბერი.
აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს : სამძიმარი // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 1-2 ნოემბერი. - №283-284 (2984). - 1 გვ.
![]() |
58 ანკარის დეკლარაციას თამამად შეიძლება „ისტორიული“ ვუწოდოთ. მეოცე საუკუნეში მრავალი გრანდიოზული პროექტი დაიგეგმა და განხორციელდა, მაგრამ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და მთლიანად ევრაზიის დერეფნის კონცეფცია, არსებითად, 21-ე საუკუნის პროექტია |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
2 ნოემბრის რადიოინტერვიუ
- დღევანდელ რადიოინტერვიუს, რასაკვირველია, დავიწყებთ განვლილი კვირის უმნიშვნელოვანესი მოვლენით - თურქეთის რესპუბლიკის 75 წლისთავთან დაკავშირებით თქვენ ვიზიტად ბრძანდებოდით თურქეთში. ჩვენთვის და საერთოდ ჩვენი რეგიონისათვის ამავე დროს უაღრესად მნიშვნელოვანია ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის გამო დეკლარაციის ხელმოწერა. როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, ქართული მხარის დაჟინებული მოთხოვნის შედეგად თბილისი აღმოჩნდა ამ დოკუმენტში. საზოგადოდ, ბოლო პერიოდში, კასპიის ენერგოშემცველების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით ძალიან დიდი აჟიოტაჟია შექმნილი და, ალბათ, ამ ფონზე ამ პოლიტიკური ნების დაფიქსირებას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენთვის და, ალბათ, ასევე მნიშვნელოვანი იყო ამერიკელთა პოზიციაც ანკარის დეკლარაციის მიღებისას... - ჟურნალისტ ნატო ონიანის თხოვნით, ამ თემაზე საუბრით დაიწყო თავისი ტრადიციული ორშაბათის რადიოინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ:
- ამ დეკლარაციას თამამად შეიძლება ისტორიული ვუწოდოთ. მეოცე საუკუნეში მრავალი გრანდიოზული პროექტი დაიგეგმა და განხორციელდა, მაგრამ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და მთლიანად ევრაზიის დერეფნის კონცეფცია, არსებითად, 21-ე საუკუნის პროექტია. ანკარის დეკლარაციის ხელმოწერით ფაქტობრივად გადაწყდა ევრაზიის ენერგეტიკული დერეფნის მეშვეობით კასპიის აუზის ენერგეტიკული რესურსების, მათ შორის, აზერბაიჯანის „დიდი ნავთობის“ კასპიიდან ხმელთაშუა ზღვამდე ტრანსპორტირების საკითხი. ხუთი ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტებმა გამოხატეს პოლიტიკური, სახელმწიფოებრივი ნება, რომელსაც ერთმნიშვნელოვნად დაუჭირა მხარი ამერიკის ადმინისტრაციამ და, რა თქმა უნდა, ამერიკის ადმინისტრაციის როლი განსაკუთრებულია.
ასევე უნდა აღვნიშნო და გამოვყო როგორც ადრეული ნავთობის დასავლეთის მიმართულებით, ასევე, დიდი ნავთობის მარშრუტების განსაზღვრაში პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევის განსაკუთრებული როლი.
ამრიგად, „ენერგეტიკული ხიდის“ კონტურები უკვე გამოჩნდა. შესაბამის სამთავრობათშორისო შეთანხმებებს უახლოეს მომავალში მოვაწერთ ხელს, რაც ჩვენს ქვეყანას დიდი მოგებას მოუტანს უწინარესად ენერგეტიკული, ეკონომიკური, ფინანსური და პოლიტიკური თვალსაზრისითაც. რაც მთავარია, საქართველო ხდება „აუცილებელი პარტნიორი“ იმ მძლავრი და ყოვლისშემძლე სახელმწიფოებისათვის, რომლებიც ამ პროექტის განხორციელებაში მონაწილეობენ, და იმ სახელმწიფოებისთვისაც, რომლებიც წარმოადგენენ ბაზარს ენერგოშემცველებისათვის.
არანაკლებ მნიშვნელოვანია თურქეთსა და თურქმენეთს შორის ხელმოწერილი შეთანხმება ტრანსკასპიური მილსადენით თურქეთისათვის 14 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი გაზის მიწოდების შესახებ. შემდგომ რაოდენობა 30 მილიარდამდე გაიზრდება, როგორც ეს პრეზიდენტმა დემირელმა მითხრა, თუ ეს ენერგეტიკული მდინარეც საქართველოზე გაივლის, საბოლოოდ გადაწყდება მრავალი ის პრობლემა, ბოლო დრომდე ესოდენ რომ გვაწუხებდა.
გრძელდება მუშაობა მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს მილმშენებელ კომპანია „ენრონთან“, რომლის პრეზიდენტს მე რამდენჯერმე შევხვდი. ძალზე საინტერესო პერსპექტივა იკვეთება ისევ და ისევ ბუნებრივი გაზის ტრანზიტთან დაკავშირებით. „ენრონის“ წარმომადგენლები უახლოეს მომავალში კვლავ ეწვევიან საქართველოს.
ასე რომ, მრავალწლიან ძალისხმევას თანდათან მოაქვს კონკრეტული შედეგი.
აქვე არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ძალიან საჭირო და საინტერესო იყო კონტაქტები თურქეთის ხელმძღვანელობასთან, კერძოდ, საგანგებო შეხვედრა პრეზიდენტ დემირელთან. ჩვენ კვლავ განვიხილავთ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების, გაფართოების, მათ შორის, ზოგიერთი ისეთი საინტერესო პროექტის დაფინანსებისა და ერთობლივი მშენებლობის პერსპექტივა, როგორიც არის რკინიგზა, ახალი გადასასვლელი, საქართველოს გზების გაფართოება და, მათ შორის, თურქეთში დაპატიმრებული ბავშვების ბედის საკითხი.
- განვლილი კვირის კიდევ ერთი გამორჩეული მოვლენა იყო აფხაზეთიდან დევნილთა ყრილობა. თქვენ იქ აღნიშნეთ, რომ მათ ბევრი სამართლიანი პრეტენზია აქვთ, რომლებიც უნდა გაითვალისწინოს ხელისუფლებამ. სხვათა შორის, ერთი რამ იყო საგულისხმო: დევნილები ძალიან რეალურად უყურებენ აფხაზეთში დაბრუნების პერსპექტივას, ყოველ შემთხვევაში, დევნილთა ის ნაწილი, რომელიც დარბაზში იყო და ამ პრობლემაზე მართლაც რეალურად მსჯელობდა...
- ეს იყო ძალზე საქმიანი შეხვედრა. თუმცა, ასეთ ღონისძიებებს, ბუნებრივია, ყოველთვის თან სდევს ემოციური მუხტი. მაგრამ მეც ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ გამწარებული, გულნატკენი, მრავალჭირგამოვლილი ადამიანები, რომლებმაც მშობლიურ კუთხესთან ერთად ახლობლებიც დაკარგეს, ბევრ პოლიტიკანზე უფრო საღად, დინჯად და, მე ვიტყოდი, საკუთარი სამშობლოსადმი, საქართველოსადმი დიდსულოვნების, უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობით მსჯელობენ. თუ კონცენტრირებულად ვიტყვით, გამოიკვეთა სამი პოზიცია. რა თქმა უნდა, ყველა მათგანს აქვს არსებობის უფლება.
პირველი: გადავწყვიტოთ პრობლემა ძალისმიერი მეთოდებით, და ბევრს მიაჩნია, რომ სხვა გზა არ არსებობს.
მეორე: გადავწყვიტოთ პრობლემა საერთაშორისო თანამეგობრობის, გაეროს თუ სხვა ორგანიზაციების მეშვეობით, მათ შორის ცნობილი მეშვიდე მუხლით - „იძულებით მშვიდობისათვის“;
და, მესამე: ვეძებოთ აფხაზებთან შერიგების, თანაცხოვრების საერთო ფორმულის გამომუშავების გზები და საშუალებები.
ხმა ღვთისა - ხმა ერისაო, ნათქვამია. პირადად მე ყველა ეს ვარიანტი და სხვა ვარიანტებიც ჩემთვის გაანალიზებული მაქვს. რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა ვიღონოთ იმისათვის, რომ, ყოველ შემთხვევაში, გავაძლიეროთ საერთაშორისო ძალისხმევა. კერძოდ, ვიმუშაოთ „იძულებითი მშვიდობისათვის“, ფაქტორზე, მაგრამ ყველაზე რეალურად და გარკვეულწილად მიზანშეწონილადაც მესამე გზა მიმაჩნია: ეს არის გზა შერიგებისა, ურთიერთ374
მიტევებისა, გაერთიანებისა. სხვა გამოსავალი, ალბათ, მაინც არ გვაქვს არც ერთსა და არც მეორე მხარეს. აღსანიშნავია, რომ აფხაზები აქტიურად ეძებენ კონტაქტებს ჩვენთან, ისევე, როგორც ჩვენ გვაინტერესებს მათთან ურთიერთობა. წინა წლებისაგან განსხვავებით, ენთუზიაზმით მოდიან ჩვენთან მოლაპარაკებაზე. მიმდინარეობს დიალოგი და ეს დიალოგი უნდა გაღრმავდეს, კერძოდ, დიალოგი ჩემსა და ვლადისლავ არძინბას შორის. მან უნდა მოიცვას ყველა ფენა, ყველა სოციალური შრე, გაიგოს თითოეულმა ადამიანმა. მაგალითად, ათენის შეხვედრა ძალიან საინტერესო იყო იმიტომ, რომ აქ წარმოდგენილი იყო გაფართოებული შემადგენლობა - იყვნენ მეცნიერებიც, ლტოლვილთა საზოგადოებრიობიდან უკვე ხუთი წარმომადგენელი ესწრებოდა, იყვნენ ისეთებიც, რომლებიც უშუალოდ, ასე ვთქვათ, პოლიტიკურ პროცესთან არ არიან დაკავშირებული, იყვნენ ჟურნალისტები. ეს იმის ძალიან კარგი მაგალითია, თუ როგორ შეიძლება თანდათანობით მარტო კონფლიქტის პოლიტიკური მოგვარების პრობლემა არ იყოს მონოპოლია პოლიტიკოსთა ერთი ვიწრო ჯგუფისათვის. რა თქმა უნდა, ძირითადი სამუშაო პოლიტიკოსებმა უნდა შეასრულონ, მაგრამ, ამასთანავე, დროს არ უნდა ვკარგავდეთ და ხელი შევუწყოთ ადამიანთა შორის ურთიერთობის განვითარებას ისე, როგორც ვაკეთებთ ამას ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების პროცესში.
თბილისში გასულ კვირასაც იმყოფებოდა ვლადისლავ არძინბას პირადი წარმომადგენელი ანრი ჯერგენია. დიდი სამუშაო შეასრულა სახელმწიფო მინისტრმა ვაჟა ლორთქიფანიძემ და უნდა აღინიშნოს, რომ, მე ასე ვიტყოდი, ჩვენ ვუახლოვდებით კონკრეტულ დოკუმენტს. ჯერჯერობით დეტალებზე ლაპარაკი ნაადრევია. ყრილობაზე საყვედური გამოითქვა, რატომ არ გვეუბნებითო. არ ვეუბნებით იმიტომ, რომ ჯერ არ დამთავრებულა მუშაობა. საბოლოოდ უშიშროების საბჭოზე უნდა ვიმსჯელოთ და განვიხილოთ მათ წარმომადგენლებთან ერთად. მაგრამ ის ვარიანტი, რომელიც უკვე ძირითადად შევათანხმეთ, ყველა ადრინდელ პროექტზე აშკარად უკეთესია. მუშაობა გრძელდება. არ გამოვრიცხავ შეხვედრას სოხუმში აფხაზთა ლიდერთან იმ შემთხვევაში, თუ წინასწარ მოვილაპარაკებთ და შეხვედრის შედეგად ხელს მოვაწერთ შეთანხმებას ან ოქმს ლტოლვილთა დაბრუნების შესახებ. ვფიქრობ, შეხვედრისათვის საუკეთესო ადგილი სწორედ სოხუმია, მაგრამ არც სხვა ვარიანტის გამორიცხვა შეიძლება.
მოგეხსენებათ, გასულ კვირას საქართველოში იმყოფებოდა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლობითი დელეგაცია მთავარი კოორდინატორის სტივენ სესტანოვიჩის ხელმძღვანელობით. დელეგაციაში შედიოდნენ თავდაცვის მინისტრის მოადგილე და სხვა მრავალი სახელმწიფო მოღვაწე, რომლებმაც დაადასტურეს: გალის რაიონის ძველი საზღვრების გათვალისწინებით ლტოლვილთა დაბრუნების დაწყებისთანავე ამერიკის ადმინისტრაცია მზად არის გამოყოს 15 მილიონამდე დოლარი გადამწვარი და დაზიანებული სახლების აღსადგენად და ხალხისათვის პირველი მატერიალური დახმარების გასაწევად. რა თქმა უნდა, მომავალში დახმარება გაეწევათ აფხაზეთში დარჩენილ ადამიანებსაც, თუკი დაბრუნების პროცესი გაგრძელდება გალის შემდეგაც. მათ ახლა ძალიან უჭირთ და ეს ჩვენ ისევ გვაღელვებს, როგორც დევნილთა უბედურება.
ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესში რუსეთის როლი და ნურავინ იფიქრებს, რომ, ასე ვთქვათ, შეიძლება ხელაღებით ილაპარაკო რუსეთის როლის შესახებ. ესეც ხაზგასმით აღინიშნა ყრილობაზე, მე ვილაპარაკე ამის შესახებ. ყრილობაზე ბევრი გამომსვლელი ლაპარაკობდა მშვიდობისმყოფელთა უსუსურობისა და გულგრილობის შესახებ, მაგრამ მთლიანობაში ყველა შეთანხმდა, რომ რუსეთს კვლავ რჩება ძალიან სერიოზული შანსი პოზიტიური როლი შეასრულოს ქართველთა და აფხაზთა საბოლოო შერიგებაში. ვფიქრობ, რუსეთი ამით დაინტერესებული უნდა იყოს. თუ არ არის დაინტერესებული, ეს მის ინტერესებს ეწინააღმდეგება.
შერიგების პროცესი ერთჯერადი არ იქნება, და არ შეიძლება მოხდეს ისე, რომ, ვთქვათ, 300 ათასი კაცი დაიძრას და ერთ დღეს ან ერთი, ან რამდენიმე თვის განმავლობაში უეცრად დაბრუნდეს. ამან შეიძლება საშინელი ქაოსი და სრული ანარქია გამოიწვიოს. იგი სწორედ პროცესია, რომელიც მიზანმიმართულად, პერმანენტულად განვითარდება, რათა უახლოეს დროში მოვახერხოთ ამ ჭრილობის მოშუშება ქართველებმაც და აფხაზებმაც. მაგრამ, ორივე მხარემ - როგორც ქართველებმა, ისე აფხაზებმა, უნდა მოვინდომოთ და გულთან მივიტანოთ თითოეული ადამიანის სატკივარი. მაშინ პროცესი დაჩქარდება.
აფხაზეთის პრობლემამ არ უნდა დაგვავიწყოს ქართულ-ოსური შერიგების პროცესიც. სამწუხაროდ, ბორჯომის შეხვედრის შემდეგ ძალიან დიდი დრო დაიკარგა. ამას ჰქონდა ობიექტური მიზეზები, მაგრამ, საბედნიეროდ, მოსახლეობა უსწრებს პოლიტიკოსებს და გვავალდებულებს კიდეც არ შევანელოთ ძალისხმევა. წელს, მაგალითად, რამდენიმე ასეული ოჯახი დაბრუნდა, მოაწესრიგეს სახლები, თანაც, არა მარტო იქ, არამედ საქართველოს ცენტრალურ რაიონებშიც, სადაც თავის დროზე, ჩვენდა დიდად სამწუხაროდ და სამარცხვინოდ, ოსთა ოჯახები გააძევეს, კერძოდ, ბაკურიანის ზონაში, ბორჯომის ხეობაში და სხვაგან. ასეთია ჩემი შეფასებანი ამ ყრილობის შესახებ, რომელმაც ძალიან საინტერესოდ ჩაიარა. უნდა გითხრათ, რომ აქ წარმოდგენილი იყო თითქმის ყველა პარტია, ყველა პოლიტიკური ძალა. ძალიან საინტერესოდ გაისმა ერთი მოწოდება, რომ არ გვინდა დევნილთა ამდენი პარტია, მოდი, გავერთიანდეთ ერთ პარტიად, რომლის ძირითადი მიზანი იქნება აფხაზეთში დაბრუნება. მე არ შემიძლია გამოვცე რაიმე დეკრეტი ამასთან დაკავშირებით, მაგრამ თუ დევნილთა გაერთიანება, თუნდაც ასეთი პოლიტიკური გაერთიანება, მართლაც ასეთი ერთიანი, მძლავრი, მთლიანი შეიქმნება, მე ამას მხოლოდ მივესალმები.
- გასულ კვირას თბილისში დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნების პროკურორთა საკოორდინაციო საბჭოს შეკრება გაიმართა, პირველად თბილისში, რადგან ამ ტიპის შეხვედრები მოსკოვში იმართებოდა ხოლმე. რა მნიშვნელობას ანიჭებთ თავისთავად ამ ფაქტს და მიგაჩნიათ თუ არა, რომ რუსეთის პროკურატურასთან დაკავშირებით ჩვენთვის საინტერესო საკითხების - იქნება ეს გიორგაძის თემა თუ სხვა, - გადაწყვეტას შეუწყობს ხელს?
- თავისთავად მისასალმებელია, რომ ასეთი ღონისძიება გაიმართა თბილისში. რუსეთის გენერალურ პროკურორთან ბატონ იური სკურატოვთან, აგრეთვე, სხვა ქვეყნებიდან მის კოლეგებთან, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის გენერალურ პროკურორთან ბატონ ჯამლეთ ბაბილაშვილთან შეხვედრისას მე ვთქვი, რომ ამ სფეროში თანამშრომლობა აუცილებელი და უაღრესად სასარგებლოა ყველასათვის.
მათ მთხოვეს გამოვიჩინო ინიციატივა, რათა თანამეგობრობის სისტემაში პროკურორთა საკოორდინაციო საბჭოს სათანადო ფუნქცია და შესაბამისი იურიდიული სტატუსი მიენიჭოს. ასეთი ინსტიტუტი ახლა არ არსებობს. ამჟამად ეს საკითხი მუშავდება და ნამდვილად არ გამოვრიცხავ, რომ საქართველო ასეთი ინიციატივით გამოვა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის უახლოეს სხდომაზე, ვინაიდან ეს სავსებით შეესაბამება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. სხვათა შორის, მე მარტო თანამეგობრობის ქვეყნები არა მაქვს მხედველობაში. მაგალითად, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ქვეყნების ურთიერთობაშიც უკვე იგრძნობა ასეთი მოთხოვნა, რომ გავაერთიანოთ ჩვენი ძალები, კერძოდ, ტერორიზმის, ნარკობიზნესის წინააღმდეგ ბრძოლაში. ასე რომ, ეს საერთო ტენდენციაა და არა მარტო თანამეგობრობისათვისაა დამახასიათებელი.
საუბრისას ისიც ხაზგასმით აღვნიშნე, თუ რა მნიშვნელობა აქვს ტერორიზმის წინააღმდეგ ერთობლივ ბრძოლას. განსაკუთრებით ბევრი კითხვა დამებადა რუსეთის გენერალურ პროკურორთან ამ თემაზე მსჯელობის დროს ცნობილ ტერორისტებთან და გარკვეული წრეების მხრივ მათს მფარველობასთან დაკავშირებით.
კვლავინდებურად გვესმის სტანდარტული პასუხი, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა ვერ მიაკვლიეს ტერორისტებს. ისინი კი ამასობაში ინტერვიუს არ იშურებენ მასმედიისათვის და რამის ტელევარსკვლავებად იქცნენ.
- სხვათა შორის, ელიავას ცნობილი „ვოიაჟის“ დროსაც გიორგაძეს ტელეფონით დაუკავშირდა რუსეთის ერთ-ერთი ტელეარხი და მისი ინტერვიუ გადაიცა. ძალიან ძნელია იფიქრო, რომ რუსი ჟურნალისტები უკეთ მუშაობენ, ვიდრე რუსეთის სპეცსამსახურები და პროკურატურა. სკურატოვმა გაუგებარი განცხადება გააკეთა, რომ, აი, როცა ქართული მხარე გვაწვდიდა გიორგაძის ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაციას, ჩვენ ვამოწმებდით და სწორი არ იყოო. ამგვარი რამ თქვა ინტერვიუში...
- ალბათ, უფრო ძლიერი არიან ის ძალები, რომელთაც ხელს არ აძლევთ მიიღონ გადაწყვეტილება გიორგაძის გადმოცემის შესახებ, ვიდრე გენერალური პროკურორი. სამწუხაროდ, ალბათ, ასეა. მე არ ვიცი, ცხოვრობს, ან ცხოვრობდა თუ არა მართლაც ზემოხსენებული ტერორისტი მოსკოვში, მაგრამ ეს საერთაშორისო სკანდალი გარკვეულწილად უკავშირდება იმ საკითხებს, რომლებსაც ჩვენ ვაყენებთ გიორგაძესთან და ტერიროზმში ეჭვმიტანილ სხვა პირებთან დაკავშირებით. სხვათა შორის, რუსეთს არ უნდა შეედავო, როდესაც აქ არსებობს პარტია, რომლის, თუ არ ვცდები, საპატიო თავმჯდომარედ თუ საპატიო მდივნად არჩეულია ტერორისტი გიორგაძე. ასეთი პარტია არსებობს და პროკურატურამ, სამართალდამცავმა ორგანოებმა სათანადო შეფასება უნდა მისცენ ამ ფაქტს და თუ კანონი არ კრძალავს ასეთ რამეს, მაშინ ჩვენ კანონის მიღებაზეც უნდა ვიფიქროთ.
ყველა ქვეყანა უნდა გაუფრთხილდეს თავის ავტორიტეტს. ჩემი ჭკუის დარიგება რუსეთს არ სჭირდება, თვითონაც მიხვდებიან. მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება ისეთ სენს, როგორიც საერთაშორისო ტერორიზმია. თორემ ხვალ კიდევ სხვა სახელმწიფო წამოაყენებს ანალოგიურ ბრალდებას. თუ არ ვცდები, თურქეთმა უკვე ერთი სერიოზული განცხადება გააკეთა ამასთან დაკავშირებით და ჩვენ სრულებითაც არ გვინდა, რომ ჩვენს მეზობელს ისეთი რეპუტაცია ჰქონდეს, რომ იგი ტერორისტებს იფარავს და მალავს.
- გასულ კვირას გაიმართა მთავრობის სხდომა, რომელზეც თქვენ უმკაცრესი შეფასება მიეცით საბაჟო სამსახურის საქმიანობას. ალბათ, უმკაცრესიც კი რბილად ნათქვამია იმ შეფასების მიმართ. ქვეყანაში გრძელდება საბიუჯეტო კრიზისი. კიდევ მნიშვნელოვანი იყო ის, რომ თელასი გაიყიდა ძალიან ძვირად. თავდაპირველად ლაპარაკი იყო 10 მილიონ დოლარზე, გაიყიდა კი 25 მილიონ დოლარად. განვლილი კვირის ეკონომიკური მოვლენებიდან, ალბათ, უნდა გამოვყოთ თქვენი შეხვედრა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტთან...
- რაც შეეხება პროგრამას „გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“ (თქვენ გახსოვთ, ასეთი ბრძანებულება გამოვიდა მოახლოებულ საბიუჯეტო კრიზისთან დაკავშირებით), იგი ითვალისწინებს იმ საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების ოპერატიულ შემუშავებასა და მიღებას, რომლებიც უზრუნველყოფს სწრაფ ფისკალურ ეფექტს. მე არაერთხელ მითქვამს და ახლაც მინდა განვუმარტო რადიომსმენელებს, რომ ფინანსურ სფეროში შექმნილი ეს სიძნელეები და კატაკლიზმები მარტო საქართველოსათვის არ არის დამახასიათებელი. თქვენ იცით, როგორმა გრიგალმა გადაუარა რუსეთს და დღესაც ვერ გამოსულა ამ მდგომარეობიდან, ჩვენდა სამწუხაროდ, და ამან სერიოზულად იმოქმედა საქართველოს ეკონომიკაზე. მე უკვე ვილაპარაკე სამხრეთ კორეის, ინდონეზიის, მალაიზიის შესახებ, და სულ ბოლოს უკიდურეს გასაჭირში აღმოჩნდა ჩვენი პლანეტის ისეთი გიგანტი, როგორიც ბრაზილიაა. რომ არა სასწრაფო, რაღაც საგანგებო, ექსტრემალურ პირობებში გამოძებნილი დახმარება - 30 მილიარდი დოლარის ოდენობით, ქვეყანა შეიძლებოდა მართლაც კატასტროფის წინაშე დამდგარიყო. ასე რომ, საქართველო გამონაკლისი არ არის. გათვალისწინებულია საგადასახადო სფეროში სამართალდარღვევებისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და ეკონომიკური სანქციების გამკაცრება (იმ დოკუმენტით, რომელზეც ზემოთ მოგახსენეთ), აგრეთვე აქციზური მარკების შემოღება, ფასიანი ქაღალდების ბაზრის ჩამოყალიბება და ასე შემდეგ. საგანგებო ზომები იქნება მიღებული სიგარეტისა და ნავთობპროდუქტების სრულად დაბეგვრისათვის, ფიქციური რეექსპორტისა და ტრანზიტის აღსაკვეთად. დაჩქარდება პრივატიზაცია ენერგეტიკის, კავშირგაბმულობის, ტრანსპორტის სფეროებში. და, რაც მთავარია, დაიწყო აღრიცხვის მოწესრიგების პროცესი.
როგორც ცნობილია, მუნიციპალური საწარმო „თელასი“ ტენდერში გამარჯვების საფუძველზე ამერიკელმა ინვესტორებმა (კერძოდ, ძალიან დიდ შესაძლებლობათა მქონე კომპანიამ „ვისი კორპორეიშნელმა“) შეისყიდეს საკმაოდ კარგ ფასად. ამას ხაზს ვუსვამ და მოვუწოდებ ყველას, ვინც ამტკიცებს, თითქოს „თელასი“ მეტისმეტად იაფად გავყიდეთ, გაითვალისწინოს, რა მდგომარეობაშია ამჟამად ეს ორგანიზაცია, რომელსაც 120 მილიონამდე ლარი ვალი აქვს. ვინ არის ამის გადამხდელი და სანამდე შეიძლება ელექტროენერგიის ნისიად მიღება და ხარჯვა?! ინვესტორი ამ ვალის ნაწილსაც ფარავს - 10 მილიონი დოლარის მოცულობით. ამის გათვალისწინებით საერთოდ ლაპარაკია 35 მილიონ დოლარზე. გარდა ამისა, იგი ვალდებულებას კისრულობს, გადახდის შემთხვევაში 24 საათის განმავალობაში დააკმაყოფილოს დედაქალაქის მოთხოვნილება ელექტროენერგიაზე. ჩვენ თანდათან ვუახლოვდებით ისეთ ვითარებას, როდესაც ერთხელ და სამუდამოდ გადაწყდება ელექტროენერგიით მომარაგების პრობლემა, ვინაიდან ყაირათიანი ბიზნესმენი, ახალი მეპატრონე უეჭველად გადაწყვეტს პრობლემას, რომელსაც ვერ მოერია სახელმწიფო, - თითოეულ ოჯახში დაამონტაჟებს მრიცხველს და აღრიცხავს მოხმარებულ ელექტროენერგიას, სხვა გზა, სხვა გამოსავალი შექმნილი ვითარებიდან არ არსებობს. ამავე დროს დანერგავს ახალ ტექნოლოგიებს, რაც უზრუნველყოფს მომჭირნე მოხმარებას. ახლა უზარმაზარი დანაკარგებია და ისეთ მდგომარეობაშია ჩვენი ელექტროგადამცემი და დისტრიბუციის ხაზები, რომ დანაკარგები უბრალოდ ასტრონომიულ ციფრებს აღწევს. ახალი ტექნოლოგიები, ახალი ხაზები და განახლებული დანადგარები - ყველაფერი ეს იძლევა იმის საშუალებას, რომ მოსახლეობამ გაცილებით ნაკლები ელექტროენერგია დახარჯოს და, ამავე დროს, ჩვეულებრივი პირობების შესაბამისი ეფექტი იყოს. უნდა მოვიხმაროთ იმდენი ელექტროენერგია, რამდენის ყიდვის უნარიც გვაქვს. ესეც კანონია, ასეა ყველა ქვეყანაში. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სახელმწიფო მოიხსნის პასუხისმგებლობას (გთხოვთ, ყველამ მიაქციოს ყურადღება, ჩვენ ვფიქრობთ ამაზე) განსაკუთრებით გაჭირვებული, უპოვარი, სოციალურად დაუცველი ფენების მიმართ. და სწორედ სახელმწიფომ უნდა გაუწიოს მათ დახმარება.
კვლავინდებურად რთული ვითარებაა ხელფასებისა და პენსიების დროულად გაცემის თვალსაზრისით. მაგრამ შემოსავლის ბოლოდროინდელმა შესამჩნევმა მატებამ მაინც მოგვცა საშუალება შედარებით შეგვერბილებინა ეს პრობლემა, შეგვექმნა პირობა, თუნდაც „თელასის“ გაყიდვით - 35 მილიონი დოლარი. ესეც და ზოგიერთი სხვა ობიექტის გაყიდვა შემოსავლის ერთ-ერთი წყარო გახდა. ოქტომბერი საგადასახადო ინსპექციისათვის რეკორდულია, დაახლოებითი მონაცემებით (ახლა კიდევ ზუსტდება, ალბათ, ერთ საათში დამირეკავენ), როგორც მითხრეს, შემოსავალი ოქტომბერში 35 მილიონ ლარს აღწევს. შემოსავლის ასეთი მატება ამ ბოლო წლების არც ერთ თვეში არ გვქონია. აშკარაა, რომ საგადასახადო ინსპექციამ, მისმა ახალმა ხელმძღვანელმა თამაზ მაღლაკელიძემ თითქმის შეუძლებელი შეძლეს.
მე ხშირად ბევრი კეთილი სიტყვა მითქვამს საბაჟო სამსახურის შესახებ, მაგრამ, სამწუხაროდ, დიდად სამწუხაროდ, ამ ბოლო დროს, ბოლო 2-3 თვის განმავლობაში, განსაკუთრებით, ოქტომბერში, საბაჟო სამსახური თავის ფუნქციას ვერ ასრულებს. დაუსრულებლად შემოდის კონტრაბანდული საქონელი, განსაკუთრებით ეს ეხება ბენზინს, სიგარეტს, ეხება ქათმის ხორცს, რომელიც საკმაოდ დიდი რაოდენობით შემოდის არა მარტო საქართველოში, არამედ ჩვენი ქვეყნის გავლით ჩვენს მეზობლებთანაც, ეს ეხება ფქვილს, რომლის ლამის მხოლოდ 40 პროცენტია აღრიცხული, დანარჩენი აღურიცხავად შემოდის. სამწუხაროდ, საბაჟო სამსახური ამ პრობლემებს თავს ვერ ართმევს. მე არ გამოვრიცხავ, რომ მოგვიხდება სერიოზული მსჯელობა იმაზე, შეუძლია თუ არა ამ სამსახურის დღევანდელ ხელძღვანელობას თავი გაართვას ამ დიდ პრობლემებს. საბაჟო სამსახურში წესრიგი თუ არ დამყარდა, თუ კვლავაც ასეთი მოცულობით შემოვიდა კონტრაბანდული სქონელი, მაშინ საგადასახადო ინსპექცია მარტო ვერაფერს შეძლებს და ბიუჯეტი კვლავ დიდი პრობლემების წინაშე აღმოჩნდება. საერთოდ, ასეთ სიტუაციებში ყველაზე საშიში პანიკაა, პანიკა მოსახლეობაში, რამაც შეიძლება სერიოზული კრიზისი გამოიწვიოს. ასეთი ადამიანები ჩვენში არიან.
ტყუილად თესენ ზოგიერთები პანიკას - ამ თვალსაზრისით საკმაოდ კარგი პერსპექტივა გამოიკვეთა და პანიკისათვის საფუძველი არ არის. საკმარისია ითქვას, რომ უახლოესი 3-4 თვის განმავლობაში, გარკვეული პირობების შესრულების შემთხვევაში (რომელთაგან მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე შესრულებულიც არის, აქ მხედველობაში მაქვს საგადასახადო კოდექსში შეტანილი შესწორებანი, რომლებიც უკვე მიიღო ჩვენმა პარლამენტმა საკმაოდ ოპერატიულად და რომლებიც რეკომენდებული იყო სავალუტო ფონდის მიერ), საქართველო სავალუტო ფონდისგან, მსოფლიო ბანკისაგან, აგრეთვე ევროკავშირისა და ნიდერლანდის მთავრობის საკრედიტო ხაზით (ეს ფაქტობრივად გრძელვადიანი კრედიტებია), აგრეთვე, საკუთარი დამატებითი რეზერვების მობილიზაციით სულ მიიღებს 120-130 მილიონ ლარს. თუ ამას დავუმატებთ ამერიკის დახმარებას, რაც მომავალი წლისათვის არის გათვალისწინებული, უეჭველია, რესურსები საკმარისი იქნება არა მარტო არსებული დონის შესანარჩუნებლად, დავალიანების დასაფარავად, საბიუჯეტო კრიზისის აღმოსაფხვრელად, არამედ რეფორმების გასაღრმავებლადაც. ფინანსთა მინისტრს ბატონ ჭკუასელს დავავალე ამ დღეებში წარდგეს ტელემაყურებელთა წინაშე და ჩამოაყალიბოს პენსიების, ხელფასებისა და დახმარების დავალიანებათა დაფარვის დეტალური გეგმა, ასე ვთქვათ, კვირების, თვეებისა და კვარტლების მიხედვით. მინდა ერთ რამეში დავარწმუნო მოსახლეობა, რომ ქვეყანას აქვს ის რესურსები, მოსახლეობის წინაშე პირნათელი რომ ვიყოთ, თუმცა, ცოტა დრო დაგვჭირდება.
აქვე მინდა მოვიყვანო ძალზე საინტერესო ციფრები დასაქმებულთა დინამიკის შესახებ. მე ეს საკითხი აქამდე არ წამომიჭრია და სპეციალურად ვთხოვე სტატისტიკის დეპარტამენტს წარმოედგინა მთელი ბოლო წლების დინამიკა დასაქმებასთან დაკავშირებით და სწორედ გუშინ მომაწოდეს ეს მონაცემები. ციფრები შემდეგს მეტყველებს: თუ 1990 წელს (1990 წელს ვიღებ საზომად) ეროვნულ მეურნეობაში დასაქმებული იყო 2 მილიონ 763 ათასი კაცი, 1994 წელს ამ ციფრმა შეადგინა მილიონ 749 ათასი ანუ შემცირდა 26 პროცენტით, მაგრამ 1995 წლიდან დასაქმებულთა რიცხვმა მკვეთრად იმატა და გასულ წელს 2 მილიონ 233 ათასი შეადგინა. მიმდინარე წელს ეს ციფრები კიდევ დაახლოებით 200 ათასით გაიზრდება. ოღონდ ნურც იმას დაივიწყებთ, რომ სამოქალაქო ომისა და ანარქიის გამო უცხოეთში გაემგზავრა და ჯერ კიდევ არ დაბრუნებულა დაახლოებით 200-300 ათასი კვალიფიციური მუშა-მოსამსახურე.
ეს ციფრები საკმაოდ მეტყველია იმ დისკუსიაში სინათლის შესატანად, თუ რა ღონოსძებანი ხორციელდება სამუშაო ადგილების შესაქმნელად, მათ შორის, თვითდასაქმების სწორი ორგანიზაციისა და სტიმულირებისათვის. თვითდასაქმებას ძალიან დიდი პროცენტი უკავია ამ ციფრებში. თვითდასაქმებაში ხომ დაკავებულია ადამიანი, პროდუქციას ქმნის და ოჯახს არჩენს, ყოველ შემთხვევაში, საკუთარ თავს ირჩენს. ამიტომ ამ თვითდასაქმებასაც ძალიან დიდი სახელმწიფოებრივი დახმარება და ხელშეწყობა დასჭირდება, და ასეთი გეგმები ჩვენ გვაქვს.
არ შემიძლია, სულ რამდენიმე სიტყვით არ ვახსენო ის საინტერესო საუბრები, გასულ კვირას რომ მქონდა ერნსტ მიულემანთან. მასთან შეხვედრის შემდეგ ჩემთვის აბსოლუტურად ნათელი გახდა, რომ საქართველო უახლოეს ხანში გაწევრიანდება ევროსაბჭოში. რა თქმა უნდა, ეს დიდი მოვლენა იქნება. ახლა უკვე მხოლოდ დროისა და ზუსტი თარიღის დადგენის საკითხია.
ჩემთვის სასიამოვნო იყო, აგრეთვე, შეხვედრა ქალბატონ ბრუკ შირერთან - ნამდვილად სასიხარულო ფაქტია: ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენი თანამშრომლობა უკვე იმ დონეზე ავიდა, იმდენად ღრმა და ყოვლისმომცველი გახდა, რომ ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა ნაკრძალებისა და დაცულ ტერიტორიათა მოვლა-პატრონობის საქმეში საქართველოსათვის დახმარების სპეციალური პროგრამის მოსამზადებლად. მოგეხსენებათ, ამერიკას უდიდესი გამოცდილება აქვს ამ სფეროში.
- გასულ კვირას თქვენ საქართველოს უშიშროების მინისტრის კანდიდატურა წარუდგინეთ პარლამენტს. შეიძლება თქვას, გამორჩეული ერთსულოვნებით დაამტკიცეს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი გენერალ-მაიორი ვახტანგ ქუთათელაძე.
- თქვენ იცით, რომ მე წარვუდგინე საქართველოს უშიშროების სამინისტროს ხელმძღვანელ ბირთვს ბატონი ვახტანგ ქუთათელაძე და იქ ჩემს სიტყვაში ზოგიერთი მოსაზრება ჩამოვაყალიბე. იმედი მაქვს, რომ ეს სიტყვა გამოქვეყნდება, რადგანაც იქ არის ზოგიერთი ისეთი მომენტი, რომელზეც მოსახლეობას წარმოდგენა უნდა ჰქონდეს. ნაწილობრივ ზოგიერთი რამ, რაც მე ვთქვი, ტელევიზიის მეშვეობით უკვე ცნობილია. ვახტანგ ქუთათელაძე ჭეშმარიტი პროფესიონალი და ერუდირებული პიროვნებაა. მან დიდი სკოლა გაიარა, თუმცა ძალიან მძიმე შრომა დასჭირდება ამ ურთულეს უბანზე წარმატებისათვის. უშიშროების სამსახური ქვეყნის სტაბილურობის ერთ-ერთ ქვაკუთხედად უნდა გადავაქციოთ და ჩემს გამოსვლაში სწორედ ასეთი ამოცანა დავუსახე ამ სამსახურს, ეს სავსებით შესაძლებელია, თუმცა მარტო ბატონი ვახტანგი ამას ვერ შეძლებს. საჭირო იქნება მხარდაჭერა, მათ შორის, ფინანსური და მატერიალური მხარდაჭერაც.
- და, ბოლოს, დღეს თბილისში მნიშვნელოვანი ფორუმი იწყებს მუშოაბას, ეს გახლავთ მსოფლიო ტურისტული ფორუმი - „აბრეშუმის გზა“...
- ეს ღონისძიება მართლაც მასშტაბურია. თბილისში უკვე ჩამოვიდა 30 ქვეყნის 85 დელეგატი, მათ შორის მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის პრეზიდენტი ფრანჩესკო ფრანჯიალი, ტურიზმის მინისტრები, ინვესტორები, ჟურნალისტები და ასე შემდეგ. ფორუმს ეწოდება „აბრეშუმის გზა“. და მე კვლავ მინდა გავიმეორო ის, რაც არაერთგზის მითქვამს: ტურიზმი „აბრეშუმის გზის“ პროექტის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული და მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. სიმართლე გითხრათ, გულგრილად ვერ წარმოვთქვამ სიტყვებს - „აბრეშუმის გზა“. ასე მიმაჩნია, რომ ბოლო წლების ჩემი ცხოვრება ორგანულად არის დაკავშირებული ამ იდეის განხორციელებასთან. და არა მარტო ჩემი, არამედ სხვა ჩემი კოლეგებისაც, მაგრამ მე მაინც განსაკუთრებით ვიყავი დაინტერესებული. სასიხარულოა, რომ დღეს უკვე ფანტაზიისა და ოცნების სფეროდან რეალობად იქცევა ეს უზარმაზარი ხიდი - ამერიკის შეერთებული შტატებით დაწყებული და იაპონიით, ჩინეთით და ასე შემდეგ დამთავრებული.
სასიამოვნოა ისიც, რომ მსოფლიო ფორუმის ფარგლებში 5 ნოემბერს თბილისში გაიმართება დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნების ტურიზმის მინისტრებისა და შესაბამის უწყებათა ხელმძღვანელების საბჭოს სხდომაც.
ყოველივე ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რა რეზერვები, რა შესაძლებლობანი გვაქვს ტურისტული ინდუსტრიის განვითარების თვალსაზრისით. ეს ერთ-ერთი სახელმწიფო პრიორიტეტია. ამდენად, ვფიქრობ, მიზანშეწონილი იქნება პირადად მივიღო მონაწილეობა ფორუმის მუშაობაში და მსოფლიო ტურიზმის ლიდერებს, ამ კეთილშობილური საქმის მესვეურებს გავუზიარო ჩემო მოსაზრებანი „ევრაზიის დერეფნის“ ფარგლებში ტურიზმის განვითარების შესახებ.
მივესალმები ყველას და ვუსურვებ მათ წარმატებულ მუშაობას.
საქინფორმი.
ანკარის დეკლარაციას თამამად შეიძლება „ისტორიული“ ვუწოდოთ. მეოცე საუკუნეში მრავალი გრანდიოზული პროექტი დაიგეგმა და განხორციელდა, მაგრამ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და მთლიანად ევრაზიის დერეფნის კონცეფცია, არსებითად, 21-ე საუკუნის პროექტია // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 3 ნოემბერი. - №285 (2985). - 1,2 გვ.
![]() |
59 პ. ადამიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო სომხურ თეატრს |
▲ზევით დაბრუნება |
მილოცვა
მეგობრებო, როცა საზოგადო თუ პირად სომხურ-ქართულ ურთიერთობებზე მიფიქრია, ხშირად გამხსენებია ერთი გადიდებული ფოტოსურათი, „ხალხთა მეგობრობის მუზეუმის“ ერთ-ერთი გამოსაჩენ კედელს რომ ამშვენებს - ერთმანეთის გვერდით ორი ბიბლიური შესახედაობის ჭარმაგი - სუნდრუკიანი და წერეთელი - ორი მკვიდრი მეგობარი დგას, რომელთა თბილი, მაგრამ სევდიანი გამოხედვიდან თითქოს „ერის წყლულის“ ხილული კვალი გამოკრთის...
ეს იმიტომ მოგახსენეთ, რომ სხვებთან ერთად სწორედ ეს ორი ბუმბერაზი ედგა ეროვნული მოძრაობის სათავეებს და სწორედ ისინი ადევნებდნენ ფხიზლად თვალს ამ მოძრაობის სწორ დინებას.
„შენ სომეხი ხარ და მე ქართველი,
მაგრამ ძმები ვართ ერთმანეთისა“...
აკაკის ასეთი სტრიქონებიც ხომ შემთხვევით არ შეთხზულა! იგი აკი ჩვენი ხალხების ძველთუძველესი თანაცხოვრების გამოხატულებაა!
ჩვენო მეგობრებო, დღესაც ამ შეგნებით ვცხოვრობთ და მომავალშიც ასე ვიცხოვრებთ.
ძვირფასო ადამიანელებო, თქვე კეთილო და ღირსეულო ადამიანებო, გილოცავთ 140 წლის იუბილეს, იუბილეს, რომელსაც დღეს ახალგაზრდული შემოქმედებითი წარმატებით ხვდებით და გისურვებთ, რომ პეტროს ადამიანის სახელობის სახელმწიფო თეატრის მაღალი სახელი საქართველოს დედაქალაქიდან ქვეყნიერების ოთხივე მხარეს გაგეტანოთ.
ედუარდ შევარდნაძე.
პ. ადამიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო სომხურ თეატრს : მილოცვა // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 3 ნოემბერი. - №285 (2985). - 1,2 გვ.
![]() |
60 „საქართველოში ტურიზმის განვითარება ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტული მიმართულებაა, უფრო მეტიც - ტურიზმს საქართველოს მომავალი აყვავების უმტკიცეს საფუძვლად მივიჩნევთ“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
სიტყვა მსოფლიო ტურისტულ ფორუმზე
ბატონო გენერალურო მდივანო,
პატივცემულო ფორუმის მონაწილენო,
ბატონო მინისტრებო, ელჩებო,
პატივცემულო სტუმრებო!
მინდა დავიწყო ჩემი გამოსვლა უძველესი ქართული, კავკასიური ტრადიციის გახსენებით, - საქართველოში სტუმარი ღვთისაა, ანუ ადამიანი, რომელიც სტუმრად ჩამობრძანდება ჩვენს ქვეყანაში, ღვთის მიერ გამოგზავნილად, ღვთის წყალობად აღიქმება. ეს არ გახლავთ მხოლოდ ტრადიციული ქართული ზრდილობის გამოვლინება, - იგი ეროვნული მენტალიტეტის ერთ-ერთი უმთავრესი თვისებაცაა.
ადამიანი, რომელიც ჩამოდის საქართველოში, რათა გაეცნოს ჩვენს ქვეყანას, დაათვალიეროს მისი ღირსშესანიშნაობანი, ეზიაროს მის კულტურას, - ქართველებისათვის ძვირფასი და სასურველი სტუმარია. სტუმარ-მასპინძლობას საქართველოში ათასწლოვანი ისტორია აქვს. იგი მითოლოგიაშიც კი აისახა, - შეიძლება ითქვას, პირველი სტუმრები, ასე ვთქვათ, თანამედროვე ენაზე „ტურისტები“, რომელნიც სიხარულითა და პატივისცემით მიიღეს საქართველოში, ძველ კოლხეთში, - იყვნენ არგონავტები. იმავდროულად, მათი მოგზაურობა შავიზღვისპირეთში პირველი გზაკვლევაა იმ დიდი შარაგზისა, რომლის მხოლოდ მცირე, მაგრამ განუყოფელ მონაკვეთს წარმოადგენდა გზა ხმელთაშუაზღვისპირეთიდან შავიზღვისპირეთამდე. შემდგომში ეს გზა იქცა გრანდიოზულ მაგისტრალად, იმდროინდელი მსოფლიოს უკიდურეს წერტილთა დამაკავშირებელ კოლოსალურ ხიდად, დიდი აბრეშუმის გზად. ეს გზა კაცობრიობის გამაერთიანებელი პირველი საკომუნიკაციო პროექტი იყო, რომელიც წარმატებით განხორციელდა და ფუნქციონირებდა საუკუნეთა განმავლობაში.
აბრეშუმის გზას მრავალი კეთილისმყოფელი და მაცოცხლებელი შტო ჰქონდა. იგი არ იყო სწორხაზოვანი, მისი უნიკალურობაც სწორედ ამაში მდგომარეობს. აბრეშუმის გზა ჰკვეთდა ირანს, სამხრეთ და ჩრდილოეთ კავკასიას, კასპიისა და შავი ზღვის აუზში მდებარე თითქმის ყველა ქვეყანას, უდიდესი და უნიკალურია ამ საკაცობრიო პროექტში ებრაული ფენომენის მნიშვნელობა. ზეთისხილის გზა, რომლის აღორძინებასაც, აგრეთვე, ვესწრაფვით, ამ ფენომენის ერთ-ერთი გამოვლინება გახლავთ.
უდიდესი ტრანსკონტინენტური სავაჭრო-საქარავნო გზა იაპონიას, ჩინეთს აკავშირებდა შავი და ხმელთაშუა ზღვის ნაპირებს, ევროპასა და აზიას. მან ძალზე მნიშვნელოვანი როლი შეასრულა აღმოსავლეთისა და დასავლეთის დაახლოებაში, ქვეყნების ეკონომიკურ ურთიერთობათა განვითარებაში, კულტურათა ურთიერთგაცვლასა და ურთიერთგაზიარებაში მეცნიერულ პროგრესში.
ადამიანები, სხვადასხვა ერთა წარმომადგენლები, ეცნობოდნენ ერთმანეთის რელიგიასა და მსოფლმხედველობას. აქ იყო თავმოყრილი კულტურათა და ტრადიციათა ყველაზე დიდი სპექტრი, დაწყებული შორეული აღმოსავლეთიდან და შუა აზიიდან, წინა აზიის, ახლო აღმოსავლეთისა და ევროპის ჩათვლით. ეს გზა აერთიანებდა ქრისტიანობას, იუდაიზმს, მაჰმადიანობასა და ბუდიზმს.
ამ დიდი გზის ერთ-ერთი განშტოება გადიოდა საქართველოზეც, - მიემართებოდა არალის ზღვისაკენ და კასპიის ზღვის გავლით შემოდიოდა ჩვენს ქვეყანაში, კვეთდა მის ტერიტორიას აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ და საქართველოს უძველესი საპორტო ქალაქ ფაზისიდან (დღევანდელი ფოთი) აღწევდა ბიზანტიასა და რომს. მაშასადამე, საქართველოს იმთავითვე გააჩნდა მნიშვნელოვანი ფუნქცია, რომლის აღდგენას და აღორძინებას ამჟამად ვახორციელებთ ჩვენი მეზობლებისა და მეგობარი ქვეყნების დახმარებით, მათთან თანამშრომლობით.
საყოველთაოდ ცნობილია გრანდიოზული პროექტები, რომელთა შესრულება განსაკუთრებულ, გლობალურ მნიშვნელობას შესძენს სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს. „ევრაზიული დერეფნის“, „ევრაზიული ხიდის“ იდეა „აბრეშუმის გზის“ ახალი მსოფლმხედველობრივი გამოხატულებაა. მან უკვე მოიპოვა საყოველთაო მხარდაჭერა. მართალია, ამჯერად საუბარია უფრო ნავთობსადენებზე, გაზსადენებზე, საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალებზე, ანუ კომუნიკაციის ისეთ საშუალებებზე, რომლებიც არ გააჩნდათ ჩვენს წინაპრებს, მაგრამ თვისებრივად, ეს მაინც აბრეშუმის გზაა, რომელიც აღდგა ახალ პირობებში, ოღონდ ისეთივე კეთილშობილი დანიშნულებითა და მაღალი მისიით, როგორც ძველ ეპოქაში. სწორედ ამ ასპექტებზე იყო საუბარი ბაქოს სამიტზე, სადაც განვიხილეთ არა მარტო „ტრასეკას“ პროექტის განვითარების პერსპექტივები, არამედ აბრეშუმის გზის განვითარების ყველა პრობლემაც. სწორედ, ამიტომ მადლობას ვწირავთ ჩვენს წინაპრებს, იმ უძველესი თაობის ადამიანებს, ევრაზიის მცხოვრებლებს, რომლებმაც პირველად გაკვალეს ეს გზა.
ადამიანური საწყისი, ადამიანური განზომილება ყოველი წამოწყების შინაარსი და საფუძველია, რაოდენ გრანდიოზულიც არ უნდა იყოს აბრეშუმის გზა, მისი შინაარსი ორ ადამიანს შორის ხელის გაწვდენის მანძილზე დაიყვანება. ეს გზა უნდა აღვადგინოთ, უპირველეს ყოვლისა, ადამიანებისათვის, მათი ბედნიერებისა და კეთილდღეობისათვის, სულიერი სამყაროს გასამდიდრებლად, პიროვნების კულტურული და ინტელექტუალური თვალსაწიერის გასაფართოებლად. სწორედ ამიტომ, „აბრეშუმის გზის“ პროექტის განუყოფელ ნაწილად, უფრო მეტიც, მის ერთ-ერთ ყველაზე სასარგებლო, ჰუმანისტურ გამოვლინებად მიგვაჩნია ტურიზმის განვითარება, ამდენად, არ არის შემთხვევითი, რომ ჩვენს კონფერენციას ეწოდება „აბრეშუმის გზა“. ჩვენ ვიხილავთ იმ გლობალური პროექტის ყველაზე კეთილშობილ ასპექტს, რომელიც თითოეული ადამიანის სულიერი სამყაროს გამდიდრებას, ერთა შორის, სახელმწიფოთა შორის დაახლოებასა და კულტურათა, კონფესიათა ჰარმონიულ თანაცხოვრებას შეუწყობს ხელს. ამდენად, დღევანდელ მსოფლიოში გაჩნდა ახალი ტურისტული სივრცე, რომელსაც ახლებურად შეცნობა და გააზრება სჭირდება.
როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა, იმთავითვე უნდა განვაცხადო: საქართველოში ტურიზმის განვითარება ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტული მიმართულებაა, უფრო მეტიც, - ტურიზმს საქართველოს მომავალი აყვავების უმტკიცეს საფუძვლად მივიჩნევთ. ტურიზმი საქართველოს მომავალია, ამდენად ჩვენს ქვეყანაში იქმნება ყველა პირობა, უპირველესად, იურიდიული და საკანონმდებლო თვალსაზრისით, - ტურისტული ინდუსტრიის დაჩქარებული განვითარებისათვის.
ჩვენ მადლიერნი ვართ მაღალი ღმერთის, რომელმაც საქართველოს შესძინა ყველა თვისება, რაც აუცილებელია ტურიზმის განვითარებისათვის, აუცილებელი პირობაა იმ ადამიანთა მოსაზიდად, რომელთაც აინტერესებთ სხვადასხვა ხალხთა უნიკალური კულტურა, სურთ იხილონ ულამაზესი ბუნება, ეზიარონ მრავალსაუკუნოვან, თავისთავად ეთიკურ სისტემებს, რომლებიც დამახასიათებელია ჩვენი ხალხებისათვის. ასე რომ, უფალმა თავისი საკეთებელი უკვე გააკეთა, დარჩა ის, რაც ადამიანებმა უნდა შექმნან. საქართველოს დედაქალაქში, მიწის ერთ მცირე მონაკვეთზე თქვენ იხილავთ მართლმადიდებლურ ეკლესიას, ებრაულ სინაგოგას, მუსლიმანურ მეჩეთს, კათოლიკურ კირხას და ა.შ. ყველა მათგანის მოსანახულებლად სულ რამდენიმე ასეული მეტრის გავლა მოგიწევთ. ჩვენ ვამაყობთ საქართველოსათვის დამახასიათებელი ტოლერანტობით. ეს პირველი და ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი მარგალიტია, რომელიც დაინტერესებულმა ადამიანმა შეიძლება საკუთარი თვალით ნახოს და დარწმუნდეს. სულ ახლახან საქართველოში საზეიმოდ აღინიშნა ებრაული დიასპორის დაფუძნების, ქართველი და ებრაელი ხალხების მეგობრობისა და თანაცხოვრების 26-საუკუნოვანი იუბილე.
საქართველოში აღნუსხულია 5 ათასამდე ისტორიული ძეგლი. ყოველი მათგანი უნიკალურია თავისი ისტორიითა და განსაკუთრებლობით, სულიერი ფუნქციით, რომელიც ჩვენი ხალხის ისტორიაში შევიდა.
განსაცვიფრებელია საქართველოს ბუნებრივი გარემო - ლანდშაფტი, ზღვა, მთა. აქ შეხვდებით ყველა კლიმატს, გარდა ტროპიკულისა. პატარა ქვეყნისათვის უნიკალური მრავალფეროვნება კიდევ უფრო წარმტაცს ხდის მოგზაურობას საქართველოში. ადამიანს შეუძლია იხილოს თოვლით დაფარული ულამაზესი მწვერვალები და უმალვე დაეშვას თბილი, ალერსიანი ზღვისაკენ. საქართველოს სხვადასხვა კუთხეები დიდად განსხვავდება ერთმანეთისაგან როგორც ბუნებრივი პირობებით, ასევე ეთნოგრაფიული თვალსაზრისით. ჩვენს ქვეყანაში, უტრირებულად თუ ვიტყვით, ყოველ 60 კილომეტრში იცვლება ადამიანთა ყოფა, ჩაცმულობა, გარეგნული იერი და თქვენ წარმოიდგინეთ მენტალიტეტიც კი. სვანეთი და კახეთი, აჭარა და თუშეთ-ფშავ-ხევსურეთი, - თავისთავად უნიკალურნი არიან, მაგრამ მთლიანობაში შესანიშნავ ჰარმონიას ქმნიან. საქართველოს ყველა მხარეში თანაბარი და ერთფეროვანია მხოლოდ სტუმრისადმი ღრმა პატივისცემა და მისი მობრძანებით გამოწვეული სიხარული. მაგრამ, განსაკუთრებულ მნიშვნელობას საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ის ანიჭებს, რომ ქვეყანა აქტიურად ერთვება აბრეშუმის გზის დიდი პროექტის განხორციელებაში.
როდესაც 1993 წელს მე გამოვედი ინციატივით აბრეშუმის გზის აღორძინების შესახებ და ხელს ვაწერდით სხვა ქვეყნებთან ერთად ხელშეკრულებას, მაშინ, ალბათ, ძნელად თუ წარმოვიდგენდით, რომ თბილისში ასეთი შეხვედრა შედგებოდა. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა სამარყანდის შეხვედრას, რომელიც უზბეკეთის პრეზიდენტის, ჩემი მეგობრის ბატონი ქარიმოვის ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა, ასევე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა სხვა მრავალ დიდ ღონისძიებას, რომელიც ჩვენ დღევანდელ შეხვედრას წინ უძღოდა.
უნდა გავუსვა ხაზი იმას, რომ აბრეშუმის გზის, ევრაზიის დერეფნის ამოქმედება საშუალებას მოგცემს თითოეულმა ქვეყანამ თავისი ტურისტული შესაძლებლობები დაუკავშიროს, ტურისტული მარშრუტები დაგეგმოს ახალი ტრასებისა და სატრანსპორტო არტერიათა მიმართულების გათვალისწინებით. ეს მოგვცემს საშუალებას, გავაფართოვოთ ტურისტული არეალი, გავაერთიანოთ ამ თვალსაზრისით სხვადასხვა ქვეყნების შესაძლებლობანი, უფრო მიმზიდველი და მრავალფეროვანი გავხადოთ ტურისტული მარშრუტები, შევიმუშაოთ ერთიანი პროგრამა, ერთიანი სტრატეგია და ტაქტიკა ამ დარგში, - გამომდინარე ინტერესთა თანხვედრიდან. მე გამოვდივარ ინციატივით, მომავალ 1999 წელს თბილისში გაიხსნას სპეციალური ტურისტული ოფისი „აბრეშუმის გზა“. ვთავაზობთ დიდი აბრეშუმის გზის პროექტის ყველა მონაწილეს, დააფუძნოს თავის ქვეყანაში ანალოგიური ოფისი. მათი თანამშრომლობა მძლავრი იმპულსი იქნება ტურისტული ინდუსტრიის სწრაფი განვითარებისათვის აბრეშუმის გზაზე.
ერთიანი ტურისტული მარშრუტი აბრეშუმის გზის გაყოლებით, საშუალებას მისცემს ადამიანს ორი-სამი კვირის განმავლობაში გაეცნოს რამდენიმე თვითმყოფად კულტურას, დაათვალიეროს ბუდისტურ, მუსლიმანურ, ებრაულ, ქრისტიანულ რელიგიათა ძეგლები, მოინახულოს ყველა ეს ქვეყანა, რომლებიც ესოდენ განსხვადებიან ერთმანეთისაგან კულტურით, ბუნებრივი პირობებით, არქიტექტურით, წეს-ჩვეულებებით, ეთნოგრაფიული თავისებურებებით, მაგრამ მაინც ერთ მთლიან სისტემას, მე ვიტყოდი, გარკვეული თვალსაზრისით, ერთიან ევრაზიულ ცივილიზაციას ქმნიან.
ბუნებრივია, თითოეული მათგანი ძალისმხმევას არ მოაკლებს საერთო ტურისტული სივრცის შენებას „აბრეშუმის გზის“ პარალელურად. საქართველოში, შეიძლება ითქვას, ამ მხრივ მაქსიმუმი კეთდება და გაკეთდება, რათა შეიქმნას კეთილისმყოფელი გარემო და პირობები ტურიზმის განვითარებისათვის, უპირველეს ყოვლისა, ეკონომიკური თვალსაზრისით.
საქართველომ წარმატებით დაასრულა რადიკალური ლიბერალური რეფორმის პირველი, ყველაზე რთული ეტაპი. საერთაშორისო ექსპერტთა შეფასებით, ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი სახელმწიფოა მთელს პოსტსაბჭოურ სივრცეში. მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა ბოლო წლების განმავლობაში 10-12 პროცენტია ყოველწლიურად. სამრეწველო ზრდის ტემპი 1997 წელს 11 პროცენტი გახლდათ, ინფლაცია მიზერულია, - 1998 წლის ბოლოსთვის იგი სულ 4-5 პროცენტის დონეზე იქნება და დაახლოებით ასეთივე დონეზე დარჩება მომავალ წელსაც. საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა შესანიშნავ პირობებს ქმნის მნიშვნელოვანი ინვესტიციების მოსაზიდად. ქვეყნის კონსტიტუცია უპირობოდ აღიარებს კერძო საკუთრების ხელშეუხებლობას, კანონით დაცულია ინვესტიციათა შეუვალობა, გამორიცხულია ყოველგვარი შესაძლებლობა მათი ხელყოფისა. საქართველოს გეოპოლიტიკურ მდებარეობასთან, ბუნებრივ, ეთნოგრაფიულ და კულტურულ-კონფესიურ მრავალფეროვნებასთან, რეკრეაციულ პოტენციალთან ერთად, კანონმდებლობის პროგრესულობა ქმნის მტკიცე საფუძველს და შესანიშნავ შანსს გვაძლევს, რათა საქართველო აბრეშუმის გზის ტურისტული მიმართულების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს რგოლად იქცეს და ამ მხრივაც მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდროს. საქართველო მდებარეობს ევროპისა და აზიის შესაყარზე, იგი აკავშირებს ერთმანეთთან ორ ზღვას, ორ კონტინენტს, ორ ოკეანეს. მხოლოდ ჩვენს უნარსა და შრომაზეა დამოკიდებული იმ შანსის გამოყენება, რომელიც უფალმა გვიწყალობა.
ოთხმოციანი წლების დასასრულს, ჯერ კიდევ იმ ეპოქაში, როცა გლობალური დაპირისპირება და კონფრონტაცია, სამწუხაროდ, მსოფლიოს დამახასიათებელი უმთავრესი თვისება და მანკი იყო, როცა კედელი ჰყოფდა ბერლინს, ხოლო მსოფლიო უნდობლობისა და დაპირისპირების კედლით იყო გაყოფილი, - ვლადივოსტოკში გამოსვლისას მე ვისაუბრე პერსპექტივებზე, რომელსაც შლის ჩვენს წინაშე მსოფლიოს ევრაზიულ გულანში მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და თანამშრომლობის მართლაც კეთილშობილი და ჰუმანისტური იდეა. ამჟამადაც ვადასტურებ, რომ ეს იდეალია. იდეალი, რომლისკენაც ყველამ უნდა ვისწრაფოთ, რათა მისკენ სწრაფვის პროცესში შევქმნათ შესანიშნავი პირობები თითოეული ადამიანის ბედნიერი, მშვიდობიანი და სრულფასოვანი ცხოვრებისათვის.
გისურვებთ წარმატებებს.
გმადლობთ ყურადღებისათვის.
„საქართველოში ტურიზმის განვითარება ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტული მიმართულებაა, უფრო მეტიც - ტურიზმს საქართველოს მომავალი აყვავების უმტკიცეს საფუძვლად მივიჩნევთ“ : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა მსოფლიო ტურისტულ ფორუმზე // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 4 ნოემბერი. - №286 (2986). - 1,2 გვ.
![]() |
61 ამიერკავკასიის ონკოლოგთა პირველი კონგრესი |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის მიმართვა ამიერკავკასიის სახელმწიფოთა ონკოლოგების პირველი კონგრესის მონაწილეებისადმი
3 ნოემბერს თბილისში გაიხსნა ამიერკავკასიის ონკოლოგთა პირველი კონგრესი, რომლის მუშაობაში მონაწილეობენ სამი მოძმე რესპუბლიკის თვალსაჩინო მეცნიერი მედიკოსები. ისინი ერთმანეთს გაუზიარებენ ბოლო წლებში პრაქტიკული და მეცნიერული ონკოლოგიის მიღწევებს, იმსჯელებენ სიმსივნეთა მკურნალობის თანამედროვე მეთოდებზე, პრიორიტეტულ მიმართულებებზე. კონგრესის თემატიკა აქტუალური და მრავალფეროვანია. მეცნიერ-მედიკოსთა თბილისის ფორუმი ამიერკავკასიის რესპუბლიკების ხალხთა მეგობრობისა და თანამშრომლობის კიდევ ერთი ნათელი ფურცელია.
კონგრესი 6 ნოემბერს დაასრულებს მუშაობას.
საქინფორმი.
ქალბატონებო და ბატონებო,
ღრმად პატივცემულო სტუმრებო,
მოხარული ვარ, მოგესალმოთ ამიერკავკასიის სახელმწიფოთა ონკოლოგების პირველი კონგრესის მონაწილეებს საქართველოს დედაქალაქში. ეს კონგრესი ჩვენი ხალხების სახელოვანი ტრადიციების, მათი ძმობისა და მეგობრობის გაგრძელებაა.
ამიერკავკასიის ონკოლოგთა პირველი ოფიციალური შეხვედრა გაიმართა ჯერ კიდევ 1949 წელს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში, 1951 წელს ესტაფეტა გადაეცათ ქართველ, შემდეგ 1954 წელს კი - სომეხ ონკოლოგებს. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ჩვენი ქვეყნის დედაქალაქი კვლავ მოგესალმებათ მოძმე სახელმწიფოთა გამოჩენილ ონკოლოგებს.
სასიხარულოა, რომ აზერბაიჯანისა და სომხეთის ონკოლოგები დადებითად გამოეხმაურნენ საქართველოს დედაქალაქ თბილისში ონკოლოგთა პირველი კონგრესის მოწყობას.
დარწმუნებული ვართ, რომ ეს კონგრესი თავის წვლილს შეიტანს მშვიდობიანი კავკასიის შექმნაში, რასაც ჩვენს არცთუ მშვიდ დროში, არსებითი მნიშვნელობა აქვს, გარდა ამისა, საზღვარგარეთელი კოლეგების მხარდაჭერის დიდი იმედიც გვაქვს.
ვუსურვებ ამიერკავკასიის სახელმწიფოთა ონკოლოგების პირველი კონგრესის მონაწილეებს დიდ შემოქმედებით წარმატებებს ონკოლოგიური ავადმყოფების პროფილაქტიკის, დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და სოციალური რეაბილიტაციის საქმეში, რათა დროთა განმავლობაში საერთო ძალისხმევით მივაღწიოთ ამ უმძიმესი სნეულების სრულ ლიკვიდაციას, მეგობრობისა და ურთიერთგაგების განმტკიცებას.
კიდევ ერთხელ გისურვებთ წარმატებებს, მეგობრებო, თქვენი კეთილშობილური მისიის შესრულებაში.
ედუარდ შევარდნაძე.
ამიერკავკასიის ონკოლოგთა პირველი კონგრესი : საქართველოს პრეზიდენტის მიმართვა ამიერკავკასიის სახელმწიფოთა ონკოლოგების პირველი კონგრესის მონაწილეებისადმი // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 4 ნოემბერი. - №286 (2986). - 2 გვ.
![]() |
62 ვლადიკავკაზის ქართული საშუალო სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს |
▲ზევით დაბრუნება |
მილოცვა
ჩვენო ძვირფასო თანამემამულენო, ძვირფასო მოსწავლეებო და მასწავლებლებო, გილოცავთ საიუბილეო თარიღს, ვლადიკავკაზის ქართული საშუალო სკოლის 110 წლისთავს. ვულოცავ ყველა იმ ოჯახსა და პიროვნებას, რომლებსაც ამ სკოლასთან უშუალო კავშირი აქვთ.
მოგეხსენებათ, სამყაროში არის არაერთი ქვეყანა, მხარე, ქალაქი თუ გზაჯვარედინიც კი, სადაც თითქოს ბედის განგებით ძირითად ხალხთან ერთად სხვა ერებისა თუ ეროვნებების წარმომადგენლებიც ცხოვრობენ. ოს ხალხთან თანაცხოვრებას ჩვენც ვერავინ გვასწავლის და მერწმუნეთ, რომ ისტორიის ის უახლესი ჯოჯოხეთი, რომლის ცეცხლში ჩვენი ხალხების ჩაყრას აპირებდნენ, თავს მოხვეული იყო; როგორც მანდ, ალანიაში, ქართული სკოლა, ისე ჩვენი ოსური სკოლები წელში გამართულები იდგნენ, დგანან და იდგებიან.
ჩვენი ხალხების ურთიერთობების ხვალინდელი დღე კიდევ უფრო გამობრწყინდება.
მადლიერებით მინდა მოვიხსენიო თქვენი რესპუბლიკა, სადაც აგერ უკვე საუკუნეზე მეტი ხნის ქართული სკოლა არსებობს, მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც თქვენს არსებობას სულს უბერავს.
გილოცავთ!
ედუარდ შევარდნაძე.
1998 წლის 28 ოქტომბერი.
ვლადიკავკაზის ქართული საშუალო სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს : მილოცვა // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 5 ნოემბერი. - №287 (2987). - 1 გვ.
![]() |
63 „თავისთავად არჩევნების ჩატარება უდიდესი წარმატებაა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია არჩევნები გაიმართოს დემოკრატიულად, კანონიერების სრული დაცვით, კონსტიტუციის სრული დაცვით, - საქართველოს იმიჯი, ანუ საერთაშორისო ხატი ჩვენი უდიდესი სიმდიდრეა, რომელსაც თვალისჩინივით უნდა გავუფრთხილდეთ“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
9 ნოემბრის რადიოინტერვიუ
- განვლილი კვირის უმნიშვნელოვანესი და, შეიძლება ითქვას, სენსაციური თემა გახდა საკონსტიტუციო სასამართლოს ცნობილი გადაწყვეტილება, რომელსაც, ერთი მხრივ, გამოცდაჩაუბარებელი მოსამართლეების, ანუ, როგორც მეორე მხარე უწოდებს, „ოროსანი მოსამართლეების“ გააქტიურება მოჰყვა, მეორე მხრივ კი, საზოგადოების აღშფოთება. თუმცა, სამწუხაროდ, ამ ფაქტის ესოდენ გამარტივება, რა თქმა უნდა, არ შეიძლება და არც არავის უცდია. 3 ნოემბრის გადაწყვეტილებას განიხილავენ ბოლო მოვლენების, იგულისხმება ელიავას ამბოხი, მოახლოებული არჩევნები და ასე შემდეგ, კონტექსტით. იმასაც ამბობენ, რომ 3-4 წლით შეფერხდა სასამართლო რეფორმა. რამდენად ეთანხმებით ამ მოსაზრებას? - ჟურნალისტ ნატო ონიანის თხოვნით, ამ კითხვაზე პასუხით დაიწყო თავისი ტრადიციული ორშაბათის რადიოინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ.
- სასამართლო რეფორმა, ისევე როგორც მთლიანად „ქართული რეფორმაცია“ (ასე უწოდეს ჩვენს ქვეყანაში განვითარებულ პროცესებს საქართველოს მეგობრებმა და კეთილმოსურნეებმა), რა თქმა უნდა, შეუქცევადია. განახლების პროცესს ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს - ეს გახლავთ უმთავრესი დებულება, რომელიც ეჭვს არ იწვევს, თუმცა წინააღმდეგობა, მტკივნეული რეაქცია ბუნებრივია და მოულოდნელი არავისთვის არ უნდა იყოს. კაცობრიობის ისტორიამ დაამტკიცა: უმტკივნეულო რეფორმა არასდროს არსად არ განხორციელებულა და არც განხორციელდება. ეს განვითარების კანონია.
ბევრს ავიწყდება, რომ საქართველოში სახელმწიფოებრიობის მშენებლობა ახალი კონსტიტუციის საფუძველზე მიმდინარეობს. შეიცვალა პოლიტიკური წყობა, მმართველობის მთელი სისტემა, ეკონომიკური ბაზისი, შეიქმნა თვისებრივად ახალი სამართლებრივი ბაზა, რომელიც ადამიანთა თანაცხოვრების, საზოგადოებრივ მიმართულებათა ახალ წესს, ახალ სისტემას განსაზღვრავს. ხვალ-ზეგ ადგილობრივ თვითმმართველობათა არჩევნები გაიმართება და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპი დასრულდება.
ფაქტობრივად, ქვეყანაში რამდენიმე წლის განმავლობაში მოხდა ნამდვილი რევოლუციური გარდაქმნა - რევოლუცია ადამიანთა აზროვნებასა და რეალურ ცხოვრებაში.
მე ასევე რევოლუციურს დავარქმევდი ადამიანის უფლებათა, პიროვნების თავისუფლებათა სფეროში მომხდარ ცვლილებებს.
ამ ცვლილებამ, ამ თვისებრივმა გარდაქმნამ, ახალი სახელმწიფოს დაფუძნებამ ნამდვილი უფსკრული წარმოშვა, ყველა თვალსაზრისით, დღევანდელ დემოკრატიულ, დამოუკიდებელ საქართველოსა და წარსულ, ტოტალიტარულ ქვეყანას შორის, რომლის ერთი ნაწილი, ერთი პროვინცია იყო ჩვენი სამშობლო თავისი იმდროინდელი „კონსტიტუციებით“, სასამართლოებრივი სისტემითა და სასამართლოებით.
არის განსხვავება? რა თქმა უნდა, არის! დღევანდელობა მაშინდელისაგან როგორც ცა და დედამიწა ისე განსხვავდება. ამიტომაც ვიყენებ ხშირად სიტყვა „რევოლუციურს“. საკონტიტუციო სასამართლოც ხომ ამ გარდაქმნათა პირმშოა, ახალი კონსტიტუციური წყობის ერთ-ერთი ბურჯია.
ჩემი მიზანი ახლა არ გახლავთ საკონსტიტუციო სასამართლოს განაჩენის გარჩევა და კომენტირება.
მოსამართლისათვის უმაღლესი მსაჯული მისი სინდისი და პროფესიონალიზმია. დაე, დრომ განსაჯოს, შეცდნენ ისინი, თუ საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა, რომელმაც შეშფოთება გამოთქვა ზემოხსენებული განაჩენის გამო. ასევე ერთსულოვანი იყო მასმედია, მთელი პრესა, გარდა ერთი გაზეთისა. საქმე ის გახლავთ, რომ მოსახლეობამ რეალურად დაინახა, რომ რეფორმის შედეგად მართლაც შეიძლება იშვას დამოუკიდებელი, სამართლიანი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულება. ეს, უწინარესად, შეესაბამება სახელმწიფოს ინტერესებს: ასეთი სასამართლო სისტემის გარეშე შეუძლებელია ადამიანის უფლებათა დაცვა, ეკონომიკური თუ სხვა რეფორმების განხორციელება. ჩემი, როგორც ქვეყნის პრეზიდენტისა და მოქალაქის შეშფოთებაც ყველასათვის სავსებით გასაგები უნდა იყოს. ყველაფერი, რაც რეფორმირების კურსს აფერხებს, რაც ყავლგასული წესებისაკენ მიბრუნებას ნიშნავს, რაც ხელს გვიშლის, თუნდაც ნაბიჯ-ნაბიჯ, მაგრამ თანამიმდევრულად ვებრძოლოთ (კანონის მთელი სიმკაცრით) ჩვენი საუკუნის ერთ-ერთ უმძიმეს სენს - კორუფციას, რაც იურისტთა, მათ შორის მოსამართლეთა ჯანსაღი და ერუდირებული ნაწილის აქტიური მოღვაწეობისათვის გზის გადაკეტვას ნიშნავს, - ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია.
არაერთხელ მითქვამს: დემოკრატიულ საზოგადოებაში, მით უმეტეს, როცა საზოგადოება გარდამავალ ეტაპზე იმყოფება, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება იმ ადამიანთა პასუხისმგებლობას, რომელთაც ხელთ უპყრიათ ქვეყნისათვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებათა მიღების სადავეები. ჩვენ, ალბათ, უფრო ფრთხილად უნდა მოვკიდებოდით (და ამიერიდან მაინც უნდა გავითვალისწინოთ) ახალი ინსტიტუტებისათვის უაღრესად ფართო, ხშირად კი განუსაზღვრელ უფლებამოსილებათა მინიჭებას. საკონსტიტუციო სამართალწარმოებაც გარკვეულ კორექტივებს მოითხოვს. როცა საკითხი კანონების კონსტიტუციურობას ეხება, მიღებული გადაწყვეტილებების საკონსტიტუციო სასამართლოშივე გადასინჯვის შესაძლებლობა მაინც უნდა არსებობდეს (როგორც მინიმუმი).
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება თავისთავად მოითხოვს ცვლილებებს სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონსა და ნაწილობრივ საპროცესო კანონმდებლობაშიც.
გარდა ამისა, უნდა დასრულდეს საოლქო სააპელაციო სასამართლოების შექმნა, რაც რეფორმის დიდი მონაპოვარია. გამოცდაჩაბარებულ პირთა რაოდენობა და დონე (მე მათ თითქმის ყველას შევხვდი იუსტიციის საბჭოს წევრებთან ერთად) საშუალებას გვაძლევს, რომ ეს სასამართლო ინსტანციები ახალი მოსამართლეებით დავაკომპლექტოთ.
მინდა შევპირდე საზოგადოებას და საქართველოს მოქალაქეებს, რომ პარლამენტთან თანამშრომლობით, ჩემი თანამებრძოლებისა და თანამოაზრეების თანადგომით, საქართველოს მოქალაქეთა მხარდაჭერით, იმავე საკონსტიტუციო და უმაღლეს სასამართლოსთან ერთად, არ დავუშვებ სასამართლო რეფორმის ჩაშლას, თუნდაც შეფერხებას. ამასთან პრეზიდენტი და პარლამენტიც იმოქმედებენ, რა თქმა უნდა, კანონიერებისა და კონსტიტუციურობის ფარგლებში.
- მომავალ კვირას, საქართველოს ისტორიაში პირველად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება. უკვე საარჩენო კამპანიაც მიმდინარეობს და იგი, ალბათ, გარკვეულ შთაბეჭდილებას ახდენს თქვენზე, ისევე, როგორც ნებისმიერ ტელემაყურებელზე...
- მე ზემოთ გაკვრით შევეხე, მაგრამ კვლავ დავუბრუნდები ამ თემას, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა ჩვენს ცხოვრებაში.
ადგილობრივი არჩევნების მნიშვნელობის შესახებ არაერთხელ გვისაუბრია, და, რაც მთავარია, უკვე მივადექით მიჯნას, როდესაც სიტყვა, კანონი საქმედ უნდა იქცეს.
რა თქმა უნდა, შეძლებისდაგვარად თვალს ვადევნებ ამჟამად მიმდინარე საარჩევნო კამპანიას. სავსებით ბუნებრივია აზრთა სხვადასხვაობა, სავსებით ბუნებრივია დისკუსია, შეხედულებათა სიმრავლე. საქართველოს მასმედია, მათ შორის ოფიციოზი, სახელმწიფო ტელევიზია აქტიურად მონაწილეობენ ამ პროცესში, სამართლიანად და თანაბრად უთმობენ ადგილს ყველა პარტიას, ყველა მოძრაობას.
ჩემი აზრით, წინასაარჩევნო დისკუსია შედარებით, ვამბობ შედარებით, კორექტულად მიმდინარეობს. ყოველ შემთხვევაში, სატელევიზიო გადაცემებიდან მიღებული შთაბეჭდილება ასეთია (შეიძლება მთლად ასე არ არის ადგილებზე): თითქმის არ არის შეურაცხმყოფელი, ცილისმწამებლური გამოსვლები. კრიტიკა და პოლიტიკური პაექრობა არათუ დასაშვები, არამედ აუცილებელიცაა. საქართველოში საარჩევნო პროცესის უმთავრესი მახასიათებელი უნდა იყოს მაღალი პოლიტიკური კულტურა, ეთიკურობა, არაკონფრონტაციულობა, რაც, რა თქმა უნდა, არ გამორიცხავს პოზიციათა დაპირისპირებას.
კიდევ ერთხელ მივმართავ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს: ამ დღეებში ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ თითოეული ჩვენგანის, თითოეული ოჯახის, თითოეული სოფლისა და თითოეული ქალაქისათვის საარსებო მნიშვნელობის საკითხები. საკრებულოები თუ სათემო, სადაბო წარმომადგენლობითი ორგანოები იქნება ადგილობრივი ბიუჯეტის უმთავრესი განმკარგავნი სხვა უფლებებთან ერთად. ამდენად, აქ შეცდომა ყოვლად დაუშვებელია. მჯერა, ადგილობრივი არჩევნების შედეგად ათასობით ღირსეული მოღვაწე, პროფესიონალი გამოვა პოლიტიკურ და სახელმწიფო ასპარეზზე. ვოცნებობ, რომ სწორედ ასეთი ადამიანებით იყოს დაკომპლექტებული ადგილობრივი საკრებულოები.
უაღრესად ფართოა ამ არჩევნების არეალი - არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს საზოგადოების, სოციუმის ყველა ფენა, ყველა შრე. არჩევნები ძალზე მნიშვნელოვანია ერთაშორისი თანხმობის თვალსაზრისითაც. არჩევანს აკეთებენ ქვეყანაში მცხოვრები ეროვნული უმცირესობანი - სომხები, აზერბაიჯანელები, რუსები, უკრაინელები, ბერძნები, ებრაელები, ქურთები და სხვები და სხვები.
და ერთიც: ეს არჩევნები, ისევე, როგორც საქართველოში მიმდინარე სხვა პროცესები, მსოფლიო საზოგადოების ყურადღების არეშია. თავისთავად თვით ამ არჩევნების ჩატარება უდიდესი წარმატებაა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, არჩევნები გაიმართოს დემოკრატიულად, კანონიერების სრული დაცვით, კონსტიტუციის სრული დაცვით, - საქართველოს იმიჯი, ანუ საერთაშორისო ხატი ჩვენი უდიდესი სიმდიდრეა, რომელსაც თვალისჩინივით უნდა გავუფრთხილდეთ.
მე ამას შემთხვევით არ ვამბობ და თქვენ იცით, რატომაც.
უკანასკნელ წლებში დადებითთან ერთად (და მე მინდა ამ თემას, რომელსაც ახლა შევეხები, ყველა მსმენელმა, ყველა ამომრჩეველმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს) უარყოფითი გამოცდილებაც დაგროვდა. დაუშვებელია, დანაშაულია არჩევნები გაიმართოს მორალური და ფსიქოლოგიური ტერორის ვითარებაში. დაუშვებელია, გაიმარჯვოს არა პროგრამამ, არა იდეამ, არამედ ფულმა, მოსყიდვამ და პროვოკაციული გზით მოქმედებამ. თუ ვინმე სადმე ამ გზით მაინც მოიპოვებს წარმატებას, ეს პიროსის გამარჯვება იქნება და ამგვარი აგრესია უკანვე დაუბრუნდება ათმაგად და ასმაგად! აი, ეს სენი, რომელმაც იჩინა თავი წინა არჩევნების დროს ცალკეულ უბნებში და ახლაც, ჩემი მონაცემებით, შესაბამისად არ არის განკურნებული, ამ სენისაგან როგორმე უნდა განვიკურნოთ და გავჯანსაღდეთ. და, რა თქმა უნდა, ჩემი თხოვნა იქნება ყველა მოქალაქისადმი, რაც შეიძლება მეტი აქტიურობა გამოიჩინოს, ყველა მოქალაქის პატრიოტული მოვალეობაა მივიდეს საარჩევნო ყუთებთან და მოიხადოს თავისი ვალი ქვეყნისა და სახელმწიფოს წინაშე.
- გასულ კვირას მთავრობის სხდომაზე ფოთის საზღვაო ნავსადგურის ინსტიტუციური მოწყობის საკითხი განიხილეს. გარდა ამისა, თქვენ მოახდინეთ სამი საკადრო ცვლილება: გაათავისუფლეთ საბაჟო სამსახურის ხელმძღვანელი, მის ადგილზე საგადასახადო სამსახურის ახალი შეფი მაღლაკელიძე დაინიშნა. საგადასახადო სამსახურს კი კონტროლის პალატის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე ჩაუდგა სათავეში. ალბათ ამის მიზეზი საბიუჯეტო კრიზისია, არა? იყო მოსაზრება, რომ ეს ქვეყანას საბიუჯეტო კრიზისის დაძლევაში დაეხმარება. გასულ კვირას გაიმართა მსოფლიო ტურისტული ფორუმი...
- ფოთის ნავსადგურთან დაკავშირებით, ჩვენ უნდა გავარჩიოთ ერთმანეთისაგან პრივატიზაცია და რესტრუქტურიზაცია, ეს სულ სხვადასხვა მოვლენებია. იმ გადაწყვეტილებაში, რომელიც ჩვენ მივიღეთ ფოთის ნავსადგურთან დაკავშირებით, ლაპარაკია ფოთის ნავსადგურის რესტრუქტურიზაციაზე, იმ ვარაუდით, რომ ნავსადგურის ძირითადი ბერკეტები სახელმწიფოს ხელშია, ხოლო ნავმისადგომებს იჯარით ან სხვა ფორმით მართვისათვის აიღებს საოპერაციო კომპანიები, გარკვეული გასამრჯელოს და გარკვეული ინვესტიციების საფასურად. ამ პრინციპით მუშაობს მსოფლიოს ნავსადგურების აბსოლუტური უმრავლესობა, თითქმის ყველა. ეს ნიშნავს ინვესტიციების მოზიდვას, ეს ნიშნავს ნავსადგურის განვითარებას, ტვირთბრუნვის გადიდებას და შემოსავლის რადიკალურ ზრდას. ასეთი გეგმა შემუშავდა. ასეთი სქემა მოვხაზეთ მთავრობის სხდომაზე და უახლოეს ხანებში ისევე გამჭვირვალედ, როგორც სხვა პროცესები, განხორციელდება მთავრობის ეს დადგენილება, რომელზედაც უკვე ვისაუბრე.
იგულისხმება, რომ უმოკლეს ვადაში ამ გზით შევძლებთ მნიშვნელოვანი ინვესტიციების მოზიდვას (მე უკვე დაახლოებით ვიცი, თუ როგორი დიდი და მძლავრი ინვესტორები არიან დაინტერესებული საოპერაციო კომპანიების შექმნით), ბუნებრივია, ნავსადგურის ფუნქციური დანიშნულების დახვეწას, ამუშავდება ახალი სიმძლავრეები და შეიქმნება სამუშაო ადგილები შემოსავალთან ერთად.
რაც შეეხება საგადასახადო და საბაჟო დეპარტამენტებში მიმდინარე ცვლილებებს, ისინი უკავშირდება რეფორმირების პროცესს, რომელიც დაიწყო, უნდა დაჩქარდეს და კიდევ უფრო გაღრმავდეს. მდგომარეობა კვლავინდებურად მძიმეა. მე უკვე გავეცი შესაბამისი მითითებანი, ვთხოვეთ საერთაშორისო ორგანიზაციებს - ერთ სამსახურშიც და მეორე სამსახურშიც მოწვეული არიან უცხოელი სპეციალისტები, რომელთა მონაწილეობითაც უნდა შევქმნათ იმის საიმედო დასაყრდენი, რომ ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი სრულდებოდეს.
ამ დღეებში საქართველოში ჩამოვა სავალუტო ფონდის მისია, საკმაოდ მრავალრიცხოვანი და ძალიან ავტორიტეტული, რომელსაც ხელცარიელი არ უნდა დავხვდეთ. ისინი გვეხმარებიან და კვლავაც დაგვეხმარებიან, მაგრამ ამისათვის აუცილებელია დარწმუნდნენ, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები საქართველოში ქმედითად ფუნქციონირებს და თავიანთ უმთავრეს დანიშნულებას ასრულებს. უახლოესი ორი თვის ბიუჯეტი უეჭველად უნდა შესრულდეს, რათა საკრედიტო ხაზებით გათვალისწინებული დახმარება გაგრძელდეს და გაფართოვდეს, რაც ხელფასებისა და პენსიების გაცემის საწინდარია.
არ შემიძლია კიდევ ერთხელ არ მივმართო თაყვანისცემის სიტყვებით მოთმინებისა და სულგრძელობისათვის საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც კვლავინებურად ვერ მიიღეს შემწეობა, პენსია, ხელფასი.
მინდა დავარწმუნო ყველა, რომ სახელმწიფო ვალში არ დარჩება, იგი უეჭველად მოიხდის ვალს თითოეული მოქალაქის წინაშე.
მსოფლიო ტურისტულ ფორუმზე გამოსვლისას მე დაწვრილებით ვილაპარაკე ჩვენი ქვეყნისათვის ამ პრიორიტეტული დარგის განვითარების პერპექტივებზე.
თავისთავად ეს ფორუმი, მისი გამართვა თბილისში, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ისტორიულ მოვლენად მიმაჩნია. ტურიზმი ევრაზიის დერეფნის იდეის, დიდი აბრეშუმის გზის კონცეფციის ერთ-ერთი ყველაზე კეთილშობილური ასპექტია. ათობით ქვეყნის წარმომადგენლების, მათ შორის მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის გენერალური მდივნის ბატონ ფრანჯიალის ჩამობრძანებამ და ფორუმის მუშაობაში მონაწილეობამ თვალნათლივ დაადასტურა: ისინი არა მარტო კარგად იცნობენ ამ პროექტს, არამედ აღიარებენ კიდეც მის რეალურობასა და პერსპექტიულობას, ამდენად აქტიურადაც მონაწილეობენ იდეის განხორციელებაში. ერთხელ კიდევ აღვნიშნავ, აგრეთვე, ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის როლს ფორუმის სათანადო დონეზე მომზადებასა და გამართვაში. თქვენ იცით, რომ დავამუშავეთ დეპარტამენტის მიერ შემუშავებული 2005 წლამდე ტურიზმის განვითარების კონცეფცია, რომელიც ძალიან საინტერესოა და იმას ნიშნავს, რომ ამ დროის განმავლობაში საქართველოში ჩამობრძანებულ ტურისტთა, სტუმართა რაოდენობა მილიონ, მილიონ-ნახევარს გადააჭარბებს, ხოლო ამ სფეროდან შემოსავალი, დაახლოებითი გამოანგარიშებით, როგორც მინიმუმი მილიარდ დოლარს შეადგენს. სხვათა შორის, მინდა ისიც აღვნიშნო, რომ ჩართულია თითქმის ყველა რაიონი, თითქმის ყველა რეგიონი - აჭარა, კოლხეთის მთელი ზონა, საქართველოს მთიანეთი, ბორჯომის ხეობა, ჩვენი ალპური ზონები და სხვ.
საქართველოს, არაერთგზის მითქვამს, შესანიშნავი ეკონომიკური პერსპექტივა აქვს. შესაბამისად მოქმედებს და ვითარდება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური აზრიც, სათანადო აკადემიური წრეები ყველაფერს აკეთებდნენ და აკეთებენ ეკონომიკური პროგრესის თეორიული ბაზის მოსამზადებლად, თანამედროვე დონის გამოკვლევებით მის უზრუნველსაყოფად. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გულწრფელად მივულოცო ჟურნალ „ეკონომიკის“ რედაქციის კოლექტივს, რედკოლეგიის ყველა წევრს, ეკონომისტთა მთელ საზოგადოებას ჟურნალის დაარსების 80 და მისი განახლების 40 წლისთავი. ნიშანდობლივია, რომ ეს ჟურნალი ეკონომიკური პროფილის ერთადერთი გამოცემა იყო, რომელიც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის პირველსავე წელს დაფუძნდა და აღდგა. იგი ქართული ეკონომიკური აზრის ჭეშმარიტი მემატიანეა და მომავალშიც ხელს შეუწყობს სოციალურ-ეკონომიკურ გარდაქმნებსა და პროგრესს.
ალბათ, საჭიროა, რამდენიმე სიტყვა ვთქვა საქართველოსათვის უმნიშვნელოვანეს დარგში - მეჩაიეობაში არსებული მდგომარეობის შესახებ. 1998 წლის 29 ოქტომბრისათვის ქვეყანაში სულ მოკრეფილია 47 ათასი ტონა ჩაის ფოთოლი, რაც გასულ წელთან შედარებით 12 ათასი ტონით მეტია. გადამუშავების შედეგად მიღებულია 104 ათას ტონაზე მეტი მზა პროდუქცია, რომლის რეალიზაცია ამჟამად მიმდინარეობს და რომელზეც მოთხოვნილება არის.
მიუხედავად იმისა, რომ პროგნოზით ცოტა უფრო მეტს ველოდით, ზრდა თვალნათელია. დარგს აშკარად დაეტყო დახმარება, რომელიც სახელმწიფომ იკისრა. მხედველობაში მაქვს ჩვენ მიერ გამოყოფილი 3 მილიონი ლარი. ეს დახმარება გაგრძელდება, გაძლიერდება და ჩაის მრეწველობა საქართველოში უეჭველად გადარჩება ჩვენი ქვეყნის, მისი რეგიონების სასიკეთოდ და საკეთილდღეოდ.
- და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა. გასულ კვირას საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვალერი ჩხეიძემ პრესკონფერენცია გამართა და ასეთი რამ თქვა: მოსკოვში ხელი მოაწერეს ისტორიულ დოკუმენტს, რომლის თანახმად რუსეთის სასაზღვრო ჯარები 1999 წლის აგვისტომდე ეტაპობრივად დატოვებენ საქართველოს ტერიტორიას, თუმცა გენერალმა ჩხეიძემ ისიც აღნიშნა, რომ ეს სულაც არ ნიშნავს სასაზღვრო სფეროში საქართველოსა და რუსეთს შორის თანამშრომლობის შეწყვეტას...
- ალბათ, გახსოვთ, რამდენიმე თვის წინათ მე გამოვთქვი ჩემი აზრი და აღფრთოვანებით მივესალმე ამ ინიციატივას როგორც მოქალაქე და როგორც ქვეყნის პრეზიდენტი.
ეს ხელშეკრულება სტრატეგიულ საკითხებში ორი მეგობარი სახელმწიფოს თანასწორუფლებიანი თანამშრომლობის ძალიან კარგი და თვალსაჩინო მაგალითია. ჩვენ მადლობელი ვართ რუსი მესაზღვრეებისა, რომლებიც ამ წლების განმავლობაში იცავდნენ საქარველოს საზღვრის ზოგიერთ მონაკვეთს, რადგან ბოლო დრომდე საქართველოს არ ჰქონდა საშუალება თავად ეკისრა ეს ფუნქცია. დღეს კი ჩვენი ქვეყნის მესაზღვრეთა კორპუსს შესწევს უნარი და აქვს შესაძლებლობა თავად დაიცვას სახელმწიფოს საზღვარი საზღვაო აკვატორიის ჩათვლით.
რა თქმა უნდა, რუსეთთან თანამშრომლობა ამით არ ამოიწურება. მე ერთხელ ვთქვი და კვლავაც ვიმეორებ: არავითარი საფრთხე არც ერთი თვალსაზრისით რუსეთის სამხრეთ საზღვრებს საქართველოს ტერიტორიიდან არ დაემუქრება. ჩვენ ამისათვის ვკისრულობთ მთელ პასუხისმგებლობას. ქართველი მესაზღვრეები, საქართველოს მოქალაქეები ჩვენი ქვეყნის საზღვრებს დაიცავენ როგორც თავიანთი ქვეყნის, ასევე მეგობარი ქვეყნების ინტერესთა გათვალისწინებით. მთავარია, ეს ინტერესები ერთმანეთს ემთხვეოდეს.
- გასულ კვირას „ლიტერატურულ საქართველოში“ დაიბეჭდა ძალიან საინტერესო მიმართვა - საზოგადო მოღვაწეთა თხოვნა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქისადმი ცოტნე დადიანის წმინდანად შერაცხვის შესახებ. სხვათა შორის, ეს გაზეთი საკმაოდ ხშირად იჩენს ხოლმე ინიციატივას და ესეც ერთ-ერთი მათგანი იყო...
- რა თქმა უნდა, მე მივაქციე ამას ყურადღება, თუმცა ისიც მინდა აღვნიშნო, რომ, ალბათ, გახსოვთ, რამდენიმე თვის წინათ მე გამოვთქვი ჩემი აზრი და აღფრთოვანებით მივესალმე ინიციატივას ცოტნე დადიანის წმინდანად შერაცხვის თაობაზე, როგორც მოქალაქე და მართლმადიდებელი.
რა თქმა უნდა, გულით გავიხარებ და ვიამაყებ, თუ ქართველთა ეროვნული გმირი, რომელსაც ერმა ღირსეული პატივი მიაგო უმაგალითო თავგანწირვისათვის, წმინდანად შეირაცხება. მაგრამ ეს საკითხი საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის, მისი საჭეთმპყრობლისა და წმინდა სინოდის გადასაწყვეტია. ვერც პრეზიდენტი და ვერცერთი საერო მოღვაწე ამას ვერ განსჯის. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ გულწრფელი სურვილი და აზრი გამოვთქვათ ისევე, როგორც „ლიტერატურულმა საქართველომ“.
- თქვენ ახლა წინასაარჩევნო პერიოდზე საუბრობდით ჩვენს დღევანდელ ინტერვიუში და სწორედ ამ საარჩევნო პერიოდში საქართველოში მუსირებს „პრეზიდენტ შევარდნაძის ნათესავების“ თემა. მე მინდა გაგახსენოთ პრეზიდენტ ნაზარბაევის ცნობილი გამოსვლა, როცა მან თავის ნათესავებს მოუწოდა, უღირსი საქციელით, ან დაშვებული შეცდომებით არ შეეწყოთ ხელი პრეზიდენტის დისკრედიტაციისათვის და ანგარიში გაეწიათ და პატივი ეცათ ქვეყნის პრეზიდენტის ავტორიტეტისათვის. თქვენ ხვდებით, ალბათ, რასაც ვგულისხმობ, ეს არის ნუგზარ შევარდნაძის თემა, ვფიქრობ, არაკრძალული ჩვენი რადიოინტერვიუსათვის...
- რა თქმა უნდა. რადგან ნურსულთან ნაზარბაევი ახსენეთ, მე მინდა გითხრათ, რომ უახლოეს ხანს ყაზახეთში გაიმართება პრეზიდენტის არჩევნები და უნდა ვთქვა, რომ იგი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოღვაწეა, ვისაც მე ვიცნობ დღეს, ჩემს კოლეგებს შორის, ძალიან ინიციატივიანი. მას ეკუთვნის ბევრი მნიშვნელოვანი ინიციატივა, მათ შორის, ევრაზიის ერთიანი სივრცის შექმნის თაობაზე. მინდა ჩემს დიდ მეგობარს წარმატება და დამაჯერებელი გამარჯვება ვუსურვო ამ არჩევნებში.
ახლა, რაც შეეხება აქ წამოჭრილ თემას. აკრძალული თემა ნამდვილად არ არსებობს, ვიმსჯელებთ ყველაფერზე, რაც საზოგადოებას აღელვებს, და თითოეულ კითხვას გავცემთ პასუხს. ასე უნდა იყოს, ასე არის კიდეც და ასე იქნება მომავალში.
კარგად მოგვეხსენება ყველას, რას ნიშნავს „ნათესაობა“ საქართველოში. და მე მინდა პირდაპირ ვთქვა: არავისზე ნაკლებად არ ვცემ პატივს ნათესავებს, მაგრამ ჩემი გრძნობები, ნათესაური ვალდებულებანი და, თუ გნებავთ, გარკვეულწილად, წინაპართა ტრადიციებიდან გამომდინარე ურთიერთობის ნორმები, შეზღუდულია ჩემი, როგორც ქვეყნის პრეზიდენტისა და პოლიტიკოსის კონსტიტუციური პრინციპებითა და მოთხოვნებით.
ჩემი ნათესავები საქართველოს ჩვეულებრივი მოქალაქეები არიან. თუ რაიმე სასიკეთოს აკეთებენ, უნდა დაუფასდეთ, თუ კანონს არღვევენ, - უნდა დაისაჯონ.
ეს ჩემი პრინციპია და სანამ პრეზიდენტი ვარ, მისი ერთგული დავრჩები.
ნუგზარ შევარდნაძის მამა (მინდა ესეც იცოდეს რადიომსმენელმა) იპოკრატე შევარდნაძე, არა მარტო ძმა იყო ჩემი, არამედ აღმზრდელიც. მას კარგად იცნობდა საქართველოს საზოგადოებრიობა როგორც სპეტაკ, მაღალი ზნეობის კაცს.
მაპატიოს მისმა სულმა, თუ მე ვერ ჩავერევი და არ ჩავერევი ნუგზარ შევარდნაძის საქმეში. სხვაგვარად პრეზიდენტი ვერ მოიქცევა, სხვაგვარი ქმედებით ჩემი ძმის ხსოვნას მივაყენებდი ჩრდილს.
მადლობას მოვახსენებ საქართველოს პრესას, ეს საკითხი ასე აქტუალურ პრობლემად რომ წარმოაჩინა.
ყველამ იცოდეს, ჩემმა თანამოაზრემაც და ოპონენტმაც: საქართველოს პრეზიდენტი დემოკრატიის, სამართლიანობის პრინციპების ერთგული იქნება, როგორც ტყვიან, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე.
რაც შეეხება დავას ბერძნულ კომპანიასთან, სასამართლომ, აქაურმა თუ საერთაშორისომ, არ ვიცი, - რა იქნება, ბოლოს და ბოლოს უნდა განსაჯოს და დაადგინოს: ვინ არის მტყუანი და ვინ - მართალი.
ნურავინ ისპეკულირებს იმით, რომ, ვთქვათ, ნუგზარ შევარდნაძე ჩემი ნათესავია, ნურც იმით, რომ, რადგან საქმე საქართველოს პრეზიდენტის გვარს ეხება, შანტაჟითა და მუქარით შეიძლება მიიღოს ის, რაც კანონით და წესით არ ერგება.
ასეთია ჩემი გადაწყვეტილებაც და სამოქმედო პრინციპიც.
- ანუ, პრეზიდენტის ნათესაობა ნუგზარ შევარდნაძისათვის არც თავზე ხელის გადასმას უნდა ნიშნავდეს და არც ზედმეტ ტვირთს...
- სამართლიანობა უნდა არსებობდეს, თუმცა თავისთავად, პრეზიდენტის ნათესაობა პასუხისმგებლობაც არის და ხშირად უსიამოვნო ამბებთანაც დაკავშირებული.
- და ბოლო კითხვა, დღევანდელ ინტერვიუში განსაკუთრებით გამოვყავით არჩევნებისა და სხვა თემები და, ალბათ, ყველაფერი ეს იმასაც უკავშირდება, რომ რუსეთის ტელევიზიამ გუშინ ძებნილი გიორგაძე და მასთან დიდი ინტერვიუ გვაჩვენა. გიორგაძის მოღვაწეობას საქართველოში ასეთი სერიოზული შედეგები რომ არ მოჰყოლოდა, ყველაფერი ეს ანეკდოტს უფრო ჰგავს, რადგან: პროკურატურა ამბობს, ვეძებთო, სკურატოვი აცხადებს, ქართულმა მხარემ რამდენჯერაც შეგვატყობინა მისი ადგილსამყოფელი, არასოდეს არ დამტკიცებულა და ეს ინფორმაცია, თურმე, მცდარი იყო. ამასობაში იგორ გიორგაძე ლამის ტელევარსკვლავად იქცა. მინდა გაგახსენოთ, იგივე ელიავასთან დაკავშირებით გიორგაძე რუსეთის ერთ-ერთი ტელეარხით ექსპერტის როლში გამოვიდა. იქაც პირდაპირი ჩართვა იყო ეთერში...
- როგორც მითხრეს, რუსეთის რომელიღაც არხს (ვერ გეტყვით, რომელი არხია) იგორ გიორგაძესთან ინტერვიუ, ყარაულოვთან საუბარი გადაუცია. ვერ გეტყვით, გიორგაძე როგორია, მაგრამ ყარაულოვი საინტერესო მოსაუბრეა. კარგი იქნებოდა (ეს მხოლოდ სურვილია ჩემი), თუ საქართველოს ტელევიზია მაყურებელს არ მოაკლებს ერთიანი კომუნისტური პარტიის - არ ვიცი, საპატიო წევრია თუ საპატიო თავმჯდომარე, - ამ პიროვნების მოსმენის სიამოვნებას. და, როგორც მას ზოგიერთი ამ პარტიიდან უწინასწარმეტყველებს, საქართველოს მომავალი პრეზიდენტის მოსმენას. თანაც იმაშიც დარწმუნდებით, თუ როგორი „თავგანწირვით“ ეძებენ ჩვენი მეზობელი ქვეყნის სპეცსამსახურები ტერორისტული აქტის ორგანიზატორს.
საქინფორმი.
„თავისთავად არჩევნების ჩატარება უდიდესი წარმატებაა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია არჩევნები გაიმართოს დემოკრატიულად, კანონიერების სრული დაცვით, კონსტიტუციის სრული დაცვით, - საქართველოს იმიჯი, ანუ საერთაშორისო ხატი ჩვენი უდიდესი სიმდიდრეა, რომელსაც თვალისჩინივით უნდა გავუფრთხილდეთ“ : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 9 ნოემბრის რადიოინტერვიუ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 10 ნოემბერი. - №292 (2992). - 1,2 გვ.
![]() |
64 საქართველოს პოლიცია - ქვეყანაში სიმშვიდისა და სტაბილურობის გარანტი |
▲ზევით დაბრუნება |
დემოკრატიული საზოგადოების პოლიციისათვის მუდმივი და უცვლელი ამოცანა უნდა იყოს ადამიანის უფლებათა დაცვა. არსებითად, ამით უნდა ვლინდებოდეს ჩვენი სახელმწიფოებრივი პრინციპები და ახალი ღირებულებები
10 ნოემბერს პოლიციის დღესთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მისი ცალკეული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებს ქვეყნის პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე შეხვდა.
გაწეული მუშაობის შედეგებს, დასახულ ამოცანათა ფართო სპექტრსა და არსებულ ნაკლოვანებათა დაძლევის გზებსა და მიმართულებებს მიაპყრო ყურადღება შინაგან საქმეთა მინისტრმა კახა თარგამაძემ. მინისტრის განცხადებით, პოლიცია აქტიურად მონაწილეობს ქვეყანაში მართლწესრიგისა და კანონიერების განმტკიცების დინამიკურ პროცესში, უფრო ორგანიზებული, მობილური, ბრძოლისუნარიანია და მიუხედავად გარკვეული ძალების მხრიდან წინააღმდეგობისა, კონსტიტუციის პრინციპების დაცვის, სიმშვიდისა და სტაბილურობის გარანტს წარმოადგენს. ეს კი, თავისთავად, საქართველოში სოციალურ-ეკონომიკური, სამართლებრივი რეფორმების ეფექტიანი რეალიზაციის შესაძლებლობას იძლევა.
თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა იოსებ ალავიძემ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა ილია წულუკიძემ, იმერეთის სამხარეო პოლიციის სამმართველოს უფროსმა რუბენ ასანიძემ ილაპარაკეს მათ სტრუქტურებში არსებულ ვითარებაზე, დამნაშავეობის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებზე.
საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწემ ეროვნული უშიშროების საკითხებში, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ნუგზარ საჯაიამ დამსწრეთ გააცნო სახელმწიფოს მეთაურის განკარგულება პოლიციელთა დაჯილდოების შესახებ. შეკრებილთ სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ.
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის გამოსვლა საქართველოს პოლიციის დღისადმი მიძღვნილ შეხვედრაზე
ნება მომეცით, ერთხელ კიდევ მოგილოცოთ სპეციალური წოდებების მონიჭება და ხალხისა და სახელმწიფოს წინაშე თქვენი ღვაწლისა და დამსახურების სამთავრობო ჯილდოებით აღნიშვნა.
მოხარული ვარ, რომ პოლიციის პროფესიულ დღესთან დაკავშირებული ჩვენი შეხვედრა არა მარტო საზეიმო ტრადიციად მკვიდრდება, არამედ საქმიან შინაარსსაც იძენს, რითაც ჩვენი დღევანდელი ღონისძიება გამორჩეულია. ეს განპირობებულია თვით პოლიციის განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი ფუნქციითა და განსაკუთრებული დანიშნულებით, მისი ადგილით ქართულ სახელმწიფოებრიობაში.
ამ განსაკუთრებულობის არსი თანამედროვე საქართველოს კონკრეტული მიზნობრივი ამოცანით - ქვეყნის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფითა და დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობით განისაზღვრება. ამიტომ ეროვნული პოლიციის საქმიანობის განვლილი პერიოდიც, სამომავლო ამოცანებიც და ყოველი მისი კონკრეტული მოქმედებაც აღნიშნული უმთავრესი მიმართულების მიხედვით უნდა ფასდებოდეს.
თუ ამ თვალსაზრისით ვეცდებით ეროვნული პოლიციის შეფასებას მაშინ, ათვლის წერტილი თვით ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის განსაკუთრებული გააქტიურების ეტაპს უნდა დავუკავშიროთ. თამამად შეიძლება თქვას, რომ ცნობილი 9 აპრილი ჩვენი პოლიციის ეროვნული ცნობიერებისა და საკუთარი პოზიციის გაცხადება იყო. ამის შესახებ ცოტას ვლაპარაკობთ, მაგრამ, ვფიქრობ, მეტი ყურადღებაა საჭირო, ვინაიდან, რომ არა ქართული პოლიცია (მართალია, მსხვერპლს ვერ ავცდით 9 აპრილს), ალბათ, სისხლის ტბა კი არა, სისხლის ტბები იქნებოდა რუსთაველის პროსპექტზე, აქედან მოყოლებული ქართული პოლიციის ჩამოყალიბება საქართველოს სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი გარდაქმნის რთული ისტორიის ორგანული ნაწილია.
ამას იმიტომ მოგახსენებთ, რომ, როგორც თითოეული პიროვნების, ისე ნებისმიერი სახელმწიფო სტრუქტურის შეფასებაში არსებითი პრიორიტეტებითა და ღირსებებით უნდა ვხელმძღვანელობდეთ. მხოლოდ ამ შეთხვევაში შეიძლება ობიექტურად შევაფასოთ მიღწეული მიზნები, წარმატებები და ჯერ კიდევ არსებული პრობლემები. ამიტომაც, შორსა ვარ იმ აზრისგან, რომ ამა თუ იმ სახელმწიფო ორგანოს შეფასებისას კონიუნქტურული, ეფექტური, მაგრამ, ფაქტობრივად, საზიანო პრინციპებით ვიხელმძღვანელო. არადა სწორედ ასეთი მცდარი მიდგომა არა მარტო ჩემს გულისტივილს, არამედ, დარწმუნებული ვარ, საერთო საქმის შეფერხებასაც იწვევს; აღარაფერს ვამბობ იმ ადამიანური სისუსტის გამოვლინებებზე, რომელსაც მადლიერების გრძნობის უკმარისობა ჰქვია.
ამ საკითხზე იმიტომ შევჩერდი, რომ აღკვეთა სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ქაოსისა, რომელიც რამდენიმე წელიწადს მძვინვარებდა, პოლიციის უთუო სანიშანსვეტო დამსახურებად მიმაჩნია. იქნებ ზედმეტი იყოს ამის გახსენება, მაგრამ ჩემი მეხსიერებიდან არ ამოიშლება 1992 წლის მარტი, როდესაც მე ჩამოვედი საქართველოში. მაშინ და მომდევნო წლებშიც საქართველო, როგორც ხშირად მითქვამს, ადუღებული კუპრი იყო - სამოქალაქო ომებით, სისხლიანი კონფლიქტებით, შეიარაღებული ბანდების თარეშითა და კონტროლით. იმ დღიდან მოყოლებული, არ მახსოვს არცერთი შემთხვევა, რომ საქართველოს პოლიციას ეღალატოს თავისი ხალხისა და სახელმწიფოსათვის, სახელმწიფოს მეთაურისათვის, ქვეყნის პრეზიდენტისათვის, ამავე დროს, ყველაზე ობიექტურ შემფასებელს - ჩვენს მოსახლეობას კარგად ახსოვს ის საზარელი ყოფაც, რომელსაც თოფიანი ყაჩაღისა და აღვირახსნილი მკვლელის პერიოდად მოვიხსენიებთ.
ამ ფონზე არ შემიძლია უმადურობით, უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, მედროვეობითა და სიბეცით გამოწვეული კიდევ ერთი გულისტკივილი არ მოგახსენოთ. სადაა და რამ შთანთქა ჩვენი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და, თუ გნებავთ, მეხსიერება, როცა გუშინდელ კაცის მკვლელებსა და ტერორისტებს ლამის გმირებად ვაცხადებთ, ხოლო ცალკეულ გადახრათა გაზვიადებით პოლიციას ადამიანის უფლებათა დამთრგუნველად წარმოვადგენთ?!
კრიმინოგენური თვალსაზრისით, ვითარების სტაბილურობის მიღწევა იყო ის უმთავრესი პირობა, რომელმაც დასაბამი მისცა ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს და რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია სწორედ დამოუკიდებლობა და დემოკრატია, დემოკრატიული სახელმწიფოს აშენება, დემოკრატიული გარდაქმნების მონაპოვართა დაცვა. ამიტომაც პოლიციის ამ დამსახურების მუდმივი აღნიშვნა, ხაზგასმა, ჩემმა ოპონენტებმა არ უნდა აღიქვან კონიუნქტურულ ტავტოლოგიად, ხოლო პოლიციამ - უვადო თამასუქად.
დემოკრატიული სისტემა იმდენად დინამიკურია, რომ არ იძლევა ადგილზე მცირედი შეჩერებისა და მიღწეულის გამო თვითკმაყოფილების საშუალებას, ეს მით უფრო ითქმის გარდამავალი პერიოდის რეჟიმზე. ამიტომაც ჩვენ ყველანი ვალდებული ვართ შევინარჩუნოთ ეს რეჟიმი მკაცრი პირობების მიუხედავად, მხედველობაში მაქვს, რა თქმა უნდა, დემოკრატიული სახელმწიფო, დემოკრატიული წყობა, რომლის მშენებლობაც დამამთავრებელ ფაზაში იმყოფება.
თუ ვერ მოვახერხებთ საერთო გარდაქმნათა კვალში სიარულს, იმავდროულად კი განვლილის ობიექტურ შეფასებასა და პრაქტიკული ხასიათის დასკვნების გამოტანას, საჭირო სტრუქტურულ და დროულ თვისებრივ ცვლილებებს, მაშინ წარსულის ვერავითარი დამსახურება ვეღარ აგვარიდებს საერთო პროცესებისაგან ჩამორჩენას.
დღეს ის დროა, როცა საზოგადოების მოთხოვნები ხშირად წინ უსწრებს ჩვენს შესაძლებლობებს. მაგრამ სწორედ აქ და ამ პირობებში გვმართებს პროფესიული პასუხისმგებლობისა და სახელმწიფოებრივი ინტერესების მაქსიმა. დამოუკიდებლობა კეთილდღეობას თავისთავად ვერ შეგვიქმნის. დამოუკიდებლობა მხოლოდ საშუალებაა თითოეული ჩვენგანის, საზოგადოების თითოეული წევრის, მთელი საზოგადოების სრული ამოქმედებისათვის, ჭეშმარიტი ბედნიერებისათვის, თავისუფლებისათვის.
შესაძლოა, ჩემი ეს პათოსი შიშველი ენთუზიაზმისათვის მოწოდებად ჩათვალოთ, მაგრამ არც უმაგისობა იქნება, რადგან ყოველი ადამიანისა და ყოველი ერის ცხოვრებაში ესეც აუცილებელი მომენტია. ასეთსავე პირობებში ქმნიან საკუთარ მომავალს ჩვენი ექიმები, მასწავლებლები, სტუდენტები, მეცნიერები, ბიზნესმენები და სხვა მრავლი პროფესიული ფენის წარმომადგენლები, თქვენი კოლეგები სამართალდამცავ სტრუქტურებსა და ძალოვან უწყებებში. ენთუზიაზმით შექმნეს საყოველთაო კეთილდღეობის საზოგადოება იაპონელებმა, ამერიკელებმა, გერმანელებმა, ფრანგებმა და სხვა დღევანდელმა მოწინავე ქვეყნებმა.
სტაბილურობისა და აღმშენებლობის საშუალება და ენერგია ჩვენმა საზოგადოებამ უკვე მოიკრიბა და ჩვენი პირველივე წარმატებებით აიხსნება ავისმოსურნეთა შემოტევები. ტერორისტული აქტები, თუნდაც ჯიხაშკარის მოვლენები, გალის ტრაგედია, 19 ოქტომბრის შეიარაღებული ავანტიურა. ურთიერთდაპირისპირების, განხეთქილების, კრიმინალური სამყაროს წაქეზების ცდები სწორედ ჩვენი სამყაროს განვითარების შეფერხებას ისახავს მიზნად. ამ მოვლენების ჩამოთვლა, ერთი მხრივ, თითქოს გვაშინებს, მაგრამ, მეორე მხრივ, ძალასა და რწმენას გვმატებს, რადგან დემოკრატიულმა სახელმწიფომ, რომლის აქტიური ფორმირება უკვე მოხდა, გამოავლინა სიცოცხლისუნარიანობა, ბრძოლის უნარი და ძალიან მოკლე დროში ბოლო მოუღო იმ მოვლენებს, რომელთაც შეეძლოთ არასტაბილუობა გამოეწვიათ ქვეყანაში.
ვფიქრობ, ეს მცირედი ჩამონათვალიც კი სავსებით ნათელს ხდის პოლიციის ახალ ფუნქციურ დანიშნულებასა და ამოცანებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალ პრიორიტეტებსა და შინაარსს განსაზღვრავს, აგრეთვე, ქვეყნის უახლოესი გეოპოლიტიკური პერსპექტივა.
არაერთხელ მითქვამს, რომ საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის მნიშვნელობა, გარდა უდიდესი სიკეთისა, შეიცავს გარკვეულ ნეგატიურ პროცესთა შესაძლებლობასაც, რომელთა გათვალისწინება და თავიდან აცილების მექანიზმის შემუშავება აქედანვე აუცილებელი ხდება. ჩვენ უკვე შევეჩვიეთ, რომ საქართველო სატრანზიტო ქვეყანაა, რომ საქართველოზე გაივლის მილიონობით ტონა ტვირთი, რომ საქართველო იქცევა ნავთობსადენებისა და სხვა ენერგოშემცველების ტრანსპორტირების სახელმწიფოდ, რომ საქართველო ერთ-ერთი საკვანძო ქვეყანაა „დიდი აბრეშუმის გზისა“, „ტრასეკას“ პროექტის ერთ-ერთი უმთავრესი კვანძია და ა.შ. ეს ჩვენი სახელმწიფოსა და ხალხის უდიდესი მონაპოვარია და ჩვენი პარტნიორებისა და მეგობრების მხრიდან უდიდესი ნდობის გამოხატულებაა, მაგრამ, მეორე მხრივ, ყოველივე ამას უნდა მოჰყვეს პასუხისმგებლობის ამაღლება თითოეული მოქალაქისა და, რასაკვირველია, თითოეული პოლიციელის მხრიდან. შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამართალდაცვის სხვა სტრუქტურებთან ერთად უნდა განსაზღვროს თავისი ადგილი და როლი ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებაში. ეს მხოლოდ ერთი მხარეა იმ ნეგატიური მოვლენებისა, რომლებიც შეიძლება მოჰყვეს ყველა იმ სიკეთეს, მე რომ ჩამოვთვალე. ჩემი გაანგარიშებით, ამ პროექტების განხორციელების შედეგად საქართველოში უახლოეს წლებში 1-1,5 მილიონი ტურისტი ჩამოვა. ამას აუცილებლად მოჰყვება უარყოფითი მოვლენებიც, მათ შორის, ნარკობიზნესის ბუმი. ეს პრობლემა განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ჩვენთვის, რადგან უკავშირდება ერის მომავალსა და მის საერთაშორისო ავტორიტეტს.
ყველაფერი უნდა ვიღონოთ იმისათვის, რომ საქართველოზე გამავალი გზები არ იქცეს ნარკოტიკების (ისევე, როგორც იარაღის და ა.შ) დერეფნად აზიიდან ევროპაში. ნარკობიზნესის აღკვეთა ჩვენი მომავალი თაობის გადარჩენის პირდაპირი საშუალებაა, და ჩვენ ყოველი ღონე უნდა ვიხმაროთ ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების გადასარჩენად, მით უმეტეს, რომ ამ ამოცანის გადაწყვეტის სრული შესაძლებლობა გვაქვს. არის გამოცდილებაც და არის სათანადო პროფესიონალიზმიც.
დემოკრატიული საზოგადოების პოლიციისათვის მუდმივი და უცვლელი ამოცანა უნდა იყოს ადამიანის უფლებათა დაცვა. არსებითად, ამით უნდა ვლინდებოდეს ჩვენი სახელმწიფოებრივი პრინციპები და ახალი ღირებულებები, ამიტომაც არაა გასაკვირი, რომ ადამიანის უფლებათა ერთგვარ საზომსა და სახეს საზოგადოება სწორედ პოლიციაში ეძებს. თქვენ მუდამ მის თვალწინ ხართ ქუჩაში, მოედნებზე, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე. ამიტომაც მოსახლეობამ შესანიშნავად იცის, როგორ ცხოვრობს და რას აკეთებს ჩვენი პოლიცია. ვიცი, რომ ამ მიმართულებით ძალიან ბევრი რამ კეთდება. უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ქალბატონი რუსუდან ბერიძე დამიდასტურებს, რომ დღევანდელ პოლიციას ამ თვალსაზრისით, ვერ შევადარებთ გუშინდელ და, მით უმეტეს, გუშინწინდელს, ბევრი რამ კეთდება, მაგრამ საჭიროა ცივილიზებული ნორმების კიდევ უფრო ფართო მასშტაბით დამკვიდრება. ასე ვიტყოდი: საქართველოს პოლიცია უნდა იყოს ეტალონი ადამიანის უფლებათა დაცვის რთულ სფეროში. სხვათა შორის, როცა ვლაპარაკობ ადამიანის უფლებებზე, ვგულისხმობ იმ ადამიანებს, რომლებიც დაიჩაგრნენ, დაზარალდნენ, დაშავდნენ. ზოგიერთმა ოჯახის წევრიც კი დაკარგა. აი, მათი უფლებების დაცვა პოლიციის უმთავრესი მიზანი გახლავთ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა რანგის ხელმძღვანელმა, ოცეულის, ქვეგანყოფილების უფროსებით დაწყებული და დეპარტამენტების თავმჯდომარეებითა და სამინისტროს ხელმძღვანელებით დამთავრებული, ყველა ღონე უნდა იხმაროს, რათა აღკვეთოს და არ დაუშვას მოქლაქეთა უკანონო ჩხრეკის, დაკავების, მათი ინტერესებისა და ღირსების შემლახველი არც ერთი ფაქტი, გამოძალვის, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების არც ერთი შემთხვევა. რა თქმა უნდა, პოლიცია, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო აპარატი, ოპერატიული სამსახურები ვერ დარჩებიან გვერდზე იმ მოძრაობისაგან, რომელიც იწყება საქართველოში კორუფციის წინააღმდეგ. საქართველომ არ შეიძლება დაიმკვიდროს კორუმპირებული სახელმწიფოს სახელი. ეს იქნება უდიდესი დანაშაული არა მარტო დღევანდელი, არამედ ჩვენი მომავალი თაობების წინაშე, XXI საუკუნის წინაშე. ის, რაც თქვენთან კეთდება, ძალიან მნიშველოვანი და სერიოზულია, მაგრამ საკმარისი არ არის.
არ შემიძლია თქვენი ყურადღება არ მივაპყრო ერთ, არცთუ უმნიშვნელო ტენდენციას. როგორც წესი, ჩემს სამუშაო დღეს ვიწყებ სადღეღამისო კრების გაცნობით, რომლის ანალიზმა მაჩვენა, რომ ამ ბოლო დროს ცალკეულ რეგიონებში, დედაქალაქშიც კი გახშირდა მკვლელობები ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, ქუჩებში ურთიერთანგარიშსწორება, განსაკუთრებით, ახალგაზრდებს შორის და შავი სამყაროსათვის დამახასიათებელი საქმეების შეიარაღებული გარჩევა, რაც ასე დამახასიათებელი იყო რამდენიმე წლის წინანდელი თბილისისა და ზოგიერთი სხვა რეგიონისათვის და რომლის დაძლევასაც ასობით ჩვენი თანამოქალაქე თუ თქვენი თანამებრძოლი შეეწირა. აქვე ვიტყვი: მათი ხსოვნა უკვდავი უნდა იყოს, მათ ოჯახებზე ზრუნვა მთლიანად პოლიციისა და მთელი საზოგადოების აუცილებელი მოვალეობაა. თუ ახლავე არ ვიზრუნეთ აღნიშნული და სხვა ნეგატიური ტენდენციების აღმოფხვრისათვის, ალბათ, გაგვიჭირდება შემდგომი წინსვლა.
ვფიქრობ, ასევე ყურადსაღებია და განსაკუთრებული ღონისძიებების განხორციელებას საჭიროებს ის, რომ მკვეთრად შევამციროთ ავტოსაგზაო შემთხვევები, რომლებიც არცთუ იშვიათად ადამიანთა სიკვდილიანობითა და ინვალიდობით მთავრდება. ამას შემთხვევით არ მოგახსენებთ. ძალიან სერიოზულად ვადევნებ თვალყურს ტრანსპორტის საშუალებათა დინებას. მახსენდება წინა წლები, როცა რუსთაველის პროსპექტზე მანქანით გავლა არც ისე იოლი საქმე იყო. სატრანსპორტო საშუალებების მოზღვავება თავისთავად დიდი სიკეთე და ქვეყნის წინსვლის ერთ-ერთი პირველი ნიშანია, მაგრამ, ამავე დროს, მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას, რადგან დაუფიქრებელი ნაბიჯი, ანდა პოლიციის ყურადღების მოდუნება აუცილებლად მოიტანს ადამიანთა მსხვერპლს, მათ შორის, არა მარტო ჩვენი მოქალაქეებისა, არამედ უცხოელებისაც, რომლებიც ასე ინტენსიურად მოძრაობენ ჩვენს ავტომაგისტრალებზე.
ამ საზეიმო შეხვედრისათვის, ალბათ, საკმარისი უნდა იყოს ყურადღების ნეგატიურ ფაქტებზე შეჩერება. დაწვრილებითი საუბარი კი იანვარში, მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე გვექნება, სადაც შევაჯამებთ სამართალდამცველი ორგანოების მიერ წლის განმავლობაში გაწეული მუშაობის შედეგებს.
დღევანდელობის უპირველესი ამოცანა კი, როგორც მოგეხსენებათ, ადგილობრივი მმართველობის ორგანოების არჩევნების გამართვაა.
როგორც აქ უკვე აღინიშნა, პოლიციამ ყველაფერი უნდა იღონოს, რათა დემოკრატიზაციის ეს უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური აქტი წარიმართოს მშვიდ, ნორმალურ ვითარებაში, უზრუნველყოფილ იქნეს საზოგადოებრივი წესრიგი და აბსოლუტური უშიშროება ყველა ქალაქში, სოფელსა თუ დაბაში, რათა ყველა მოქალაქეს მიეცეს საშუალება თავისუფლად გამოხატოს საკუთარი ნება. გუშინ, რადიოინტერვიუში, საქართველოს მოსახლეობას მოვუწოდე მიიღოს აქტიური მონაწილეობა არჩევნებში და მოიხადოს თავისი მოქალაქეობრივი ვალი - მივიდეს საარჩევნო ყუთებთან და გამოხატოს თავისი ნება. სწორედ ეს პროცესი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის დემოკრატიული აღმშენებლობისათვის, თავისუფალი უნდა იყოს ისეთი ნეგატიური და დაუშვებელი გამოვლინებებისაგან, როგორიცაა მოსახლეობის მოსყიდვა, მოქრთამვა, შანტაჟი, ძალდატანება და ა.შ. არ არსებობს უფრო მეტი უზნეობა და მეტი დანაშაული საკუთარი ხალხისა და სახელმწიფოს წინაშე, ვიდრე ის, რომ იყიდო ადამიანის ხმა და ამით შენი პოლიტიკური ამბიცია დაიკმაყოფილო. ეს არ ეხება ერთ ან ორ პარტიას, საკმაოდ გავრცელებული სენია და ისჯება კანონით. იმასაც ვფიქრობ, რომ კანონი ამ თვალსაზრისით უნდა გამკაცრდეს, ასეთი ადამიანები სააშკარაოზე უნდა გამოვიყვანოთ.
კარგად მესმის არა მარტო აღნიშნულ ამოცანათა სირთულე, არამედ თქვენი მძიმე სოციალური მდგომარეობაც. ქვეყანაში არსებული ეკონომიკური სიძნელეების გამო რთულდება პოლიციის აღჭურვა არა მარტო თანამედროვე კომპიუტერული საექსპერტო-კრიმინალისტიკური და სხვა სპეციალური ტექნიკით, არამედ პოლიციის ფუნქციონირებისათვის ისეთი აუცილებელი და ელემენტარული საშუალებებით, როგორიცაა ავტოტრანსპორტი, კავშირგაბმულობის საშუალებები და სხვა მრავალი. თუმცა, ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენ შევეცადეთ და შევძელით კიდეც ნაწილობრივ მაინც გადაგვეწყვიტა ეს მწვავე პრობლემები. მაგრამ მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმეა. როგორც სხვა სახელმწიფო სტრუქტურების, ისე პოლიციის თანამშრომლები და ვეტერანები დროულად ვერ იღებენ კუთვნილ ხელფასებსა და პენსიებს. ჩვენ კარგად გვესმის უხელფასო პოლიციელის მდგომარეობა და იგი უახლოეს მომავალში უნდა გამოსწორდეს.
აქვე, არ შემიძლია განსაკუთრებული მადლობა არ მოვახსენო თქვენი სახით პოლიციის მთელ პირად შემადგენლობას იმ მოთმინებისათვის, რომელსაც თქვენ იჩენთ. კვლავ ვიმეორებ: ძალიან ძნელია, საქმე გქონდეს უხელფასო პოლიციელთან, ისევე, როგორც უხელფასო პედაგოგთან, ან სახელმწიფო მოხელესთან. ჩვენ ყველაფერს ვიღონებთ, რათა უახლოეს პერიოდში გადავწყვიტოთ ყველასათვის ესოდენ მტკივნეული პრობლემა. სამწუხაროდ, უნდა გითხრათ, რომ ფინანსური კრიზისის დიდმა ტალღამ მსოფლიოს მრავალ ქვეყანას გადაუარა. ისეთმა ქვეყნებმა, როგორიცაა სამხრეთ კორეა, ინდონეზია, მალაიზია, ჩვენი პლანეტის ერთ-ერთი გიგანტი - ბრაზილია, ვერ გაუძლო იმ გამოცდებს, რომლებიც ამ ეტაპმა მოიტანა და ისინი აღმოჩნდნენ ურთულეს პირობებში, მათ შორის, ხელფასებთან დაკავშირებით. უმძიმესმა ეკონომიკურ-ფინანსურმა კრიზისმა რუსეთში ძალიან დიდი გავლენა მოახდინა საქართველოს ეკონომიკისა და ფინანსების მდგომარეობაზე. მხედველობაშია მისაღები ისიც, რომ რუსეთი ჩვენს მიერ წარმოებული პროდუქციის რეალიზაციის ერთ-ერთი უმთავრესი ბაზარია და სწორედ ამ ბაზარზე მოხდა ის ცვლილებები, რომლებმაც სერიოზული სიძნელეები შეუქმნა საქართველოს.
მიუხედავად აღნიშნული მდგომარეობისა, დარწმუნებული ვარ, პოლიცია თავს გაართმევს მის წინაშე მდგარ საშვილიშვილო ამოცანებს. ამ იმედის საფუძველია თქვენი უდიდესი გამოცდილება და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გრძნობა და ის წარმატებები, რომლებიც თქვენ უკვე მოიპოვეთ კრიმინოგენური აღვირახსნილობის ლიკვიდაციით და 19 ოქტომბრის შეიარაღებული გამოხდომის ლოკალიზაციით დამთავრებული. ოქტომბრის იმ დღეებში პოლიციის თითოეულმა თანამშრომელმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა, სხვა ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებთან ერთად, ყოველი ღონე იხმარეს საზოგადოებრივი სტაბილურობის შესანარჩუნებლად, როგორც დედაქალაქში, ისე მთელ საქართველოშიც.
წარმატების იმედს გვაძლევს, ასევე, შინაგან საქმეთა მინისტრის კახა თარგამაძის თაოსნობით მიმდინარე რეფორმები, რომლებიც მიზნად ისახავს პოლიციის მუშაობის თვისებრივ გარდაქმნას, დისციპლინისა და წესრიგის განმტკიცებას. ცხოვრების მოთხოვნებიდან გამომდინარე, რეფორმირება და გარდაქმნა მუდმივი პროცესი უნდა იყოს. წარმატების უთუო იმედს გვინერგავენ პოლიციის ახალგაზრდა კადრებიც, რომლებიც ძალ-ღონეს არ იშურებენ პროფესიული დონის ამაღლებისათვის, უფროსი თაობის დახმარებით ცოდნისა და განათლების, მოწინავე განათლებისა და ტექნოლოგიების ათვისებისათვის.
რა თქმა უნდა, პოლიციის კადრების მომზადებაში, მათი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, გადამწყვეტი სიტყვა ეკუთვნის შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას. ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ, ასევე, საქართველოს მეგობარი ქვეყნების, ეუთოს, ევროსაბჭოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციათა თანადგომა და დახმარება პოლიციის კვალიფიციური კადრების მომზადებისა და აღზრდის საქმეში.
რადგან კადრებს შევეხე, ერთი სურვილი მინდა გამოვთქვა: ჩვენი პოლიცია თავისი შემადგენლობით უფრო მრავალეროვნული უნდა იყოს. არ შეიძლება პოლიცია, ისევე, როგორც სახელმწიფო აპარატი, მთლიანად არ ასახავდეს ქვეყნის მოსახლეობის ეროვნულ შემადგენლობას. ეს იოლად გადასაწყვეტი საქმე არ არის, სამწუხაროდ, დამაბრკოლებელ ბარიერად ჩნდება სახელმწიფო ენის ცოდნის პრობლემა, მაგრამ, მიმაჩნია, რომ აკადემიაშიც და, შეიძლება, ადგილებზეც უნდა გაიხსნას სპეციალური მოსამზადებელი კურსები იმისათვის, რომ ამ ახალგაზრდებმა ენა ისწავლონ და ჩვენი პოლიცია გახდეს უფრო მრავალეროვნული.
დარწმუნებული ვარ, რომ ქართული პოლიცია სულ მალე შეივსება სამშობლოსა და ხალხის ერთგული, ერუდირებული, მაღალკვალიფიციური, ახალი, XXI საუკუნის კადრებით.
მსურს მოგილოცოთ დღევანდელი დღე - პოლიციის დღე. გისურვოთ ყველას კვლავაც ასე თავდადებით, თავგანწირვით ემსახუროთ ჩვენს სათაყვანებელ სამშობლოს, მის ბედნიერებას, მის დღევანდელ დღეს და მომავალს.
საქართველოს პრეზიდენტის
პრესსამსახური - საქინფორმი.
საქართველოს პოლიცია - ქვეყანაში სიმშვიდისა და სტაბილურობის გარანტი : დემოკრატიული საზოგადოების პოლიციისათვის მუდმივი და უცვლელი ამოცანა უნდა იყოს ადამიანის უფლებათა დაცვა. არსებითად, ამით უნდა ვლინდებოდეს ჩვენი სახელმწიფოებრივი პრინციპები და ახალი ღირებულებები // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 11 ნოემბერი. - №293 (2993). - 1,2 გვ.
![]() |
65 თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებს, კურსდამთავრებულებს |
▲ზევით დაბრუნება |
მილოცვა
ქალბატონებო დ ბატონებო,
უკლებლივ ყველას მინდა მოგილოცოთ საიუბილეო თარიღი, გავიხსენო კონსერვატორიის მესაძირკვლენიც და ისინიც, ვინც მუდამ ცდილობდა თბილისის კონსერვატორია ქართული მუსიკალური სულის გამოხატულებად, ეროვნულ მუსიკალურ ტაძრად ქცეულიყო.
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დაარსებასთან იმდენი შესანიშნავი მოღვაწის სახელია დაკავშირებული, რომ საამაყოდ ესეც ეყოფოდა.
თქვენ ამ მოღვაწეთა ღირსეული მემკვიდრეები ხართ, ხოლო თქვენი სასწავლებელი - შესანიშნავი მაგალითია იმისა, როცა ორი ერის ურთიერთობას უდიდესი სიკეთე მოაქვს.
რუსეთის იმპერიის წიაღში შობილმა ამ უმაღლესმა სასწავლებელმა ქართულ კულტურას აღუზარდა ქართველ მუსიკოსთა მთელი თაობები, რომელთა სახელები ნებისმიერი ქვეყნის მუსიკალური ხელოვნების ისტორიას დაამშვენებდა.
კონსერვატორიის კოლექტივს დღესაც, საოცრად რთულ პირობებსა და გასაჭირში ფასდაუდებელი წვლილი შეაქვს ერის სულიერების, მისი კულტურის გადაჩენაში.
მადლობა მინდა გითხრათ ამ საოცარი ფანატიზმისთვის, ჩვენი კულტურის თავდადებული სიყვარულისათვის.
გისურვებთ და იმედიც მაქვს, რომ თქვენი გაზრდილი მუსიკოსები კვლავაც გასახელებენ, ასახელებენ თავის სასწავლებელს, ასახელებენ საქართველოს.
ედუარდ შევარდნაძე.
თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებს, კურსდამთავრებულებს : მილოცვა // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 15-16 ნოემბერი. №297-298(2998). - 1 გვ.
![]() |
66 „15 ნოემბერს საქართველომ, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ახალ დროში, ახალ ეპოქაში შეაბიჯა: დაფუძნდა ახალი ინსტიტუტი, რომელიც დემოკრატიული სისტემის განუყოფელი ნაწილი უნდა გახდეს“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
16 ნოემბრის რადიოინტერვიუ
- გუშინ საქართველოში პირველად გაიმართა ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები. შეიძლება ითქვას, რომ არჩევნები შედგა. თითქმის ყველა რეგიონში საკმაო რაოდენობის ამომრჩევლები გამოცხადდნენ, - ჟურნალისტ ნატო ონიანის თხოვნით, ამ თემაზე საუბრით დაიწყო თავისი ტრადიციული ორშაბათის რადიოინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ:
- ჩემი აზრით, გუშინ საქართველომ კიდევ ერთი მძლავრი და გაბედული ნაბიჯი გადადგა დემოკრატიული სახელმწიფოებრიობის აღმშენებლობის გზაზე.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თვითმმართველობის ორგანოთა არჩევა-დაფუძნებით დემოკრატიული სისტემა მთლიანად შეივსო, თუ ასე შეიძლება ითქვას, ძირეული რგოლიდან უმაღლეს ეშელონებამდე - სოფლიდან, დაბიდან, თემიდან, ქალაქიდან, რაიონიდან - ქვეყნის პარლამენტამდე და პრეზიდენტმადე.
1995 წლის 5 ნოემბერს ახალი კონსტიტუციის საფუძველზე საქართველოს მოსახლეობამ აიჩია უმაღლესი სახელისუფლებო ორგანოები, მაგრამ ქართული დემოკრატია სრულფასოვანი ვერ იქნებოდა, სანამ დემოკრატიული ინსტიტუტი არ შეაღწევდა თითოეულ სოფელსა თუ თითოეულ დაბაში.
როგორც მომახსენეს, მოსახლეობის აქტიურობა საკმაოდ ნორმალური იყო, მაღალიც, ასე ვიტყოდი, ყოველ შემთხვევაში, ადგილობრივი არჩევნებისათვის, ასე ითვლება ხოლმე. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ლოკალური არჩევნების დროს, როგორც დასავლეთში უწოდებენ, ელექტორატი განსაკუთრებულ აქტიურობას არ იჩენს. ამრიგად, თვით ყველაზე დემოკრატიულ ქვეყანაშიც დაბალი საარჩევნო კვოტა არსებობს. თუმცა გუშინ საქართველოს მოსახლეობამ ამ კვოტას ბევრად გადააჭარბა. ზოგიერთ რეგიონში ამომრჩეველთა აქტიურობა 60 პროცენტსაც აღემატებოდა. თუმცა, რა თქმა უნდა, ყველგან ასე არ იყო.
ამდენად სავსებით კმაყოფილი ვარ. არჩევნებმა ორგანიზებულად ჩაიარა. იყო ცალკეული ინციდენტები, მაგალითად, მარტვილში ერთობ არასასიამოვნო სურათია გარკვეულ მანიპულაციებთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი გაირკვევა. ამ რაიონში არჩევნები არ გამართულა, თუმცა ამ მხრივ ეს რაიონი გამონაკლისია. შეიძლება იყოს კიდევ დაზუსტებული მონაცემებით ერთეული სოფლები ან დაბები. ყველაფერი ეს მოგვიანებით გაირკვევა.
ფაქტობრივად, 15 ნოემბერს საქართველომ, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ახალ დროში, ახალ ეპოქაში შეაბიჯა: დაფუძნდა ახალი ინსტიტუტი, რომელიც დემოკრატიული სისტემის განუყოფელი ნაწილი უნდა გახდეს. ბევრი გვაქვს სამუშაო ცენტრშიც, რეგიონებშიც, რათა ადგილობრივი და ზოგადსახელმწიფოებრივი ინტერესები ჰარმონიულად შეერწყას ერთმანეთს. მათი დაპირისპირება ყოვლად დაუშვებელია და ეს არც მოხდება. ამის გარანტიაა საქართველოს მოქალაქეთა მაღალი სახელმწიფოებრივი შეგნება და იმ მოღვაწეთა პროფესიონალიზმი, პატიოსნება, რომლებიც აწ უკვე თავიანთი სოფლის, დაბის, ქალაქის მოსახლეობის მანდატით აღიჭურვნენ. ცენტრალური ხელისუფლება, რა თქმა უნდა, არ იხსნის პასუხისმგებლობას. დემოკრატია სულაც არ ნიშნავს არაპროფესიონალიზმს პირიქით, დემოკრატიულ სისტემას, შესაბამის სტრუქტურებს მაღალპროფესიული კადრები სჭირდება ცენტრშიც და ადგილებზეც. საქართველოს პრეზიდენტთან არსებობს ადგილობრივი მმართველობის ორგანოთა კადრების კვალიფიკაციის ამაღლებისა და მათი გადამზადების სკოლა, რომელმაც ბევრი შესანიშნავი პროფესიონალი მოამზადა და კვლავაც მოამზადებს, რა თქმა უნდა, არა მარტო მმართველობის, არამედ თვითმმართველობის ორგანოებისთვისაც. ჩვენ ამისათვის უნდა შევიმუშაოთ სპეციალური პროგრამა. არჩევითობა სრულებითაც არ ნიშნავს, რომ მართვის ხელოვნება ადამიანმა არ უნდა ისწავლოს. რაც შეეხება კონკრეტულად არჩევნების შედეგებს, ვფიქრობ, საბოლოო ციფრების დაზუსტებამდე (ამას გარკვეული დრო კიდევ დასჭირდება) დეტალური კომენტარები ნაადრევია. როგორც მითხრეს, მეტწილ რაიონებსა და ქალაქებში, სოფლებში ლიდერობენ „მოქალაქეები“, ამავე დროს, ასე ვთქვათ, „ტრადიციულ“ პარტიებთან ერთად (მე მათ ყველას არ ჩამოვთვლი) ასპარეზზე გამოვიდნენ ახალი პოლიტიკური ძალები: „აღორძინება“, ლეიბორისტები, სოციალისტები. ყველაფერი ეს მისასალმებელია, რადგან საქართველოს სახელმწიფოს ჭეშმარიტ დემოკრატიულობაზე მიუთითებს.
- სხვათა შორის, არჩევნებზე, სხვა ყველაფერთან ერთად, ალბათ, საბიუჯეტო კრიზისმაც იმოქმედა, რადგან იყო ისეთი ფაქტებიც, როცა ამომრჩევლები ამის გამოც გამოთქვამდნენ პროტესტს - იგულისხმება დაურიგებელი ხელფასები და პენსიები. გასულ კვირას საბიუჯეტო კრიზისს ფინანსთა მინისტრი შეეწირა. ახალ კანდიდატურაზე ახლა საკმაოდ ხმამაღლა ლაპარაკობენ. მით უმეტეს, რომ თქვენ ასეთი ფრაზაც გაქვთ ნათქვამი, თუ არ ვცდები, ერთ-ერთ მთავრობის სხდომაზე, რომ ეს სისტემა დიდ ხნით უმეთაუროდ ყოფნას ვერ იტანს და ვერ ითმენს...
- დემოკრატიულ ქვეყანაში მინისტრის გადადგომა რაიმე არაჩვეულებრივი, საგანგებო, მით უმეტეს, ტრაგიკული მოვლენა არ არის და ასე არც უნდა აღიქმებოდეს საზოგადოების მიერ.
აღმასრულებელი ხელისუფლების სხვადასხვა რგოლის ხელმძღვანელები იცვლებიან - ზოგი სხვა თანამდებობაზე გადადის, სხვაგან ცდის თავის შესაძლებლობას. ჩვენ არავის ვიშორებთ თავიდან და ყველას ვაძლევთ საშუალებას გამოამჟღავნოს თავისი ნიჭი და უნარი ამა თუ იმ სფეროში, ოღონდ, თუ მისი სინდისი არ არის შებღალული სხვადასხვა მაქინაციებით.
მიხეილ ჭკუასელის განცხადება გადადგომის თაობაზე მე ვაჟკაცურ ნაბიჯად მიმაჩნია. სხვათა შორის, აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ, რაც უფრო მაღალია საზოგადოების პოლიტიკური კულტურა, მით უფრო უმტკიცნეულოდ, სკანდალებისა და მითქმა-მოთქმის გარეშე წყდება ამგვარი პრობლემები. ეს ზოგადპოლიტიკურ კულტურასაც ეხება და პიროვნულსაც. ახლო წარსულში კი თანამდებობიდან განთავისუფლებას, თუ შეიძლება ასე ითქვას, „ტყეში ყაჩაღად გავარდნა“ მოჰყვებოდა ხოლმე. რა თქმა უნდა, ეს უტრირებაა, მაგრამ ისიც თვალსაჩინოა, რომ პოლიტიკური კულტურის დონე ჩვენს ქვეყანაში განუხრელად მაღლდება, რაც შეუძლებელია არ გვახარებდეს. არანორმალურია ვითარება, როდესაც მთავრობაში რაღაც ცვლილება საერთო-ეროვნულ პრობლემად გადაგვექცევა ხოლმე. ეს ცვლილებები ჩვეულებრივი პროცესია.
მე მადლობელი ვარ მიხეილ ჭკუასელისა იმ შეგნებულობისა და მაღალი პასუხისმგებლობისათვის, რომელიც მან გამოიჩინა. მონდომებას ვერ დავუკარგავთ, -ფინანსთა მინისტრმა ყველაფერი იღონა, რაც შეეძლო, მაგრამ, როდესაც დარწმუნდა, რომ ეს შესაძლებლობანი გარკვეულ ზღვართან ამოიწურა, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით განმსჭვალული არჩევანი გააკეთა. მისი შეხედულება დაემთხვა პრეზიდენტის აზრს და პრეზიდენტის შეფასებასაც.
სახელმწიფოში, რომელიც განუწყვეტლივ ვითარდება და, როგორც იტყვიან „მომართულია“ აღმშენებლობისა და წინსვლისათვის, საკადრო პოლიტიკაც ამის შესაბამისად უნდა იცვლებოდეს. ამა თუ იმ პროფესიონალის ნიჭი და უნარი, შესაძლოა, შეესაბამებოდა გუშინდელ მოთხოვნებს, მაგრამ აღარ შეესაბამება დღევანდელს. მით უმეტეს, რომ, შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, გარდაუვალი და აუცილებელია მთელი ძალების მობილიზება, საგადასახადო, საბანკო, საფინანსო ინსტიტუტების ძირეული და თვისებრივი შეცვლა - შემდგომი მოდერნიზაცია, გადასახადების მოზიდვაში გარდატეხის შეტანა, რათა ხელისუფლებამ მოსახლეობას წარუდგინოს, როგორც ამას წინათ ვთქვი, ხელფასების, პენსიების, შემწეობის დავალიანებათა დაფარვის რეალური გრაფიკი, რომელიც გამოქვეყნდება და კონკრეტული პიროვნებანი იქნებიან ანგარიშვალდებულნი მისი შესრულებისათვის.
დღეს ჩვენი უმთავრესი საზრუნავია ჩვენი ბიუჯეტი, მისი საშემოსავლო ნაწილი, გადასახადების აკრეფა, ხელფასებისა და პენსიების დროული გაცემა. ამჟამად სწორედ ეს არის მთავარი, ასე ვთქვათ, „საჯილდაო ქვა“ არა მარტო ხელისუფლებისათვის, არამედ მთლიანად სახელმწიფოსათვის, სახელმწიფო სტრუქტურებისათვის, რომლებიც, უწყებათა ხელმძღვანელების პარტიული კუთვნილების მიუხედავად, ვალდებული არიან შეასრულონ თავიანთი ფუნქცია. აქ უნდა გამომჟღავნდეს სწორედ ჩვენი სახელმწიფოს სიცოცხლისუნარიანობა. ჩემი აზრით, ამ პროცესში ძალიან აქტიურად უნდა ჩაებან სამართალდამცავი ორგანოები, სხვა გამოსავალი არ არის.
რა თქმა უნდა, არსებობს ობიექტური მიზეზებიც. ისევ და ისევ, საზოგადოების ყურადღებას მივაპყრობ იმ ეკონომიკურ კრიზისს, რომელმაც მსოფლიო მოიცვა. ლაპარაკი აღარ არის მხოლოდ აზიასა და რუსეთზე, ან ბრაზილიაზე, სამხრეთ და ცენტრალური ამერიკის ქვეყნებზე, მაგალითად, მე ასე ვიტყოდი, თვით ისეთ ეკონომიკურ ტიტანშიც კი როგორიც გერმანიაა, ეროვნული ვალუტა ფინანსური ქარიშხლების შედეგად სერიოზულ რყევას განიცდის ხოლმე. არადა, ყველას კარგად მოგვეხსენება: გერმანული მარკა ევროპული ეკონომიკის, ევროპული ფულადი ერთეულის - ახლად შემოღებული ევროს ერთ-ერთი უძლიერესი და უმტკიცესი საყრდენია.
საბედნიეროდ, მსოფლიო საფინანსო ცენტრები, ევროკავშირი, ამერიკული ეკონომიკის ფენომენი უდიდეს შემაკავებელ, მასტაბილიზებელ ფაქტორად იქცა ჩვენი პლანეტისათვის. მე ამას იმიტომ ვამბობობ, რომ დახმარების იმედი აუცილებლად უნდა გქონდეს, ეს დახმარება, ალბათ, იქნება, მაგრამ რაც ჩვენი გასაკეთებელია, - ჩვენვე უნდა გავაკეთოთ. გადასახადებს ჩვენს ნაცვლად, ჩვენს მაგივრად არავინ აკრეფს. კი, ბატონო, შეიძლება დაგვეხმარონ, სპეციალისტებიც გამოგზავნონ, რეკომენდაციები მოგვცენ, გამოცდილებაც გაგვიზიარონ, მაგრამ ძირითადი ტვირთი ქართულმა სახელმწიფომ, მისმა სტრუქტურებმა უნდა იკისრონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეროვნულ სახელმწიფოებრიობაზე ოცნებაც კი ფუჭი გამოდგება. ამიტომ უნდა ვიმოქმედოთ სწრაფად, მიზანმიმართულად, მიზანშეწონილად და გაბედულად.
ფინანსთა მინისტრის პოსტზე კანდიდატურა უკვე განიხილება. ახლა ყველა ფიქრობს, რომ მე გვარს დავასახელებ - არ დავასახელებ. ჩემი აზრით, კოლეგებთან - პარლამენტის თავმჯდომარესთან, სახელმწიფო მინისტრთან მოთათბირების შემდეგ ამ კანდიდატურას წარვუდგენთ პარლამენტს და იმის გათვალსწინებით, რომ დრო არ ითმენს, - არ გამოვრიცხავ საკანონმდებლო ორგანოს საგანგებო სხდომის მოწვევასაც.
- კვლავ ყურადღების ცენტრშია თქვენი მოსალოდნელი შეხვედრა ვლადისლავ არძინბასთან. სხვათა შორის, მისი განცხადებებიც მოწმობს იმას, რომ ეს შეხვედრა არა მხოლოდ საქართველოშია ყურადღების ცენტრში. თქვენ აღნიშნეთ, რომ ვლადისლავ არძინბას შეხვდებით იმ შემთხვევაში, თუკი ეს შეხვედრა შედეგიანი იქნება. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ეს კვირა, მომდევნო ორი კვირა თქვენთვის მეტად დაძაბული იქნება, ვგულისხმობ სამუშაო გრაფიკს. დაგეგმილია მრავალი შეხვედრა და მრავალი მოლაპარაკება. როგორ გგონიათ, ეს შეხვედრა შედეგიანი იქნება?
- მუშაობა ამ შეხვედრის მოსამზადებლად ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს და, მე ასე ვიტყოდი, რომ საკმაოდ კეთილსასურველ ვითარებაში მოლაპარაკების მონაწილეთა შორის. სახელმწიფო მინისტრს თითქმის ყოველდღიურად აქვს კონტაქტი აფხაზურ მხარესთან. სავარაუდოდ შეხვედრა, როგორც ვთქვი, სოხუმში გაიმართება, შეიძლება გაიმართოს ნოემბრის დამლევისათვის. ეს სათანადოდ უნდა დაიგეგმოს და შედგეს, თუ საბოლოოდ დაზუსტდება ის დოკუმენტები, რომელთაც ხელი უნდა მოვაწეროთ. ამჟამად არსებული ვარიანტი უდავოდ მრავალ პროგრესულ ელემენტს შეიცავს. თუ ექსპერტთა დონეზე დაზუსტდა ყველა დეტალი და შესაბამის შეთანხმებებს ან ოქმს ხელი მოვაწერეთ, - ეს ძალიან მნიშვნელოვანი გარღვევა იქნება მთლიანად აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგების თვალსაზრისით. თუმცა პრობლემის საბოლოო გადაწყვეტამდე მაინც დიდი გზა დაგვრჩება გასავლელი, მაგრამ „გზა ნაბიჯებით დაილევა“. ოღონდ ყველას უნდა გვახსოვდეს, - ეს იქნება ორმხრივი კომპრომისი. ცალმხრივ კომპრომისთა და დათმობათა ლიმიტი ამოიწურა. მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან აქტიურ როლს ასრულებს რუსეთი, როგორც შუამავალი. მთელი ეს პროცესი, მოლაპარაკება მიმდინარეობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით, ძალიან აქტიურად მუშაობს ლივიუ ბოტა, თითქმის მუდმივად მოგზაურობს თბილისსა და სოხუმს შორის. განსაკუთრებული კმაყოფილებით უნდა აღვნიშნო ისიც, რომ ძალიან აქტიურობენ ჩვენი მეგობრები - ამერიკის შეერთებული შტატები, საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი და, ასევე, ეუთოს წარმომადგენლები. ასე რომ, თვის დამლევისათვის ბევრი რამ გარკვეული იქნება.
- მოსალოდენლია საქართველოში სომხეთის პრეზიდენტის რობერტ ქოჩარიანის პირველი ოფიციალური ვიზიტი, რასაკვირველია, ჩვენი ურთიერთობის ფონზე მეტად საყურადღებო და მნიშვნელოვანი ფაქტი...
- ეს არის ბატონ რობერტ ქოჩარიანის პირველი ვიზიტი საქართველოში, რასაც მე, რა თქმა უნდა, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ. საყოველთაოდ ცნობილია თანაცხოვრებისა და თანამშრომლობის ის შესანიშნავი ტრადიცია, რომელიც ოდითგანვე აკავშირებდა ქართველ და სომეხ ხალხებს, საქართველოსა და სომხეთს, საერთოდ, კავკასიის ხალხებს.
სომხეთის პრეზიდენტის ვიზიტი ამ თვალსაზრისით კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი მიჯნა იქნება და ხელს შეუწყობს ორი უძველესი, მაღალკულტუროსანი მოძმე ხალხის როგორც შემდგომ დაახლოებას, ასევე მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებას კავკასიაში.
მშვიდობიანი კავკასიის თემა, კავკასიის სტაბილურობის პრობლემა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი იქნება ჩვენი დიალოგის დროს, რომელიც მუდმივი, უწყვეტი და უკვე, შეიძლება ითქვას, საკმაოდ ნაყოფიერია.
- გასულ კვირას საქართველოს ეწვია გენიალური მუსიკოსი მსტისლავ როსტროპოვიჩი, რომელიც თქვენ შეგხვდათ. იგი არა მარტო თანამედროვეობის გამოჩენილი მუსიკოსი, გამორჩეული პიროვნებაა, არამედ ადამიანი, რომელსაც დემოკრატიული რუსეთის ერთ-ერთ სიმბოლოდ მიიჩნევენ...
- სასიხარულოა, რომ საქართველო მასპინძლობს და ღირსეულადაც მასპინძლობს არა მარტო სხვა ქვეყნების ლიდერებს, პრეზიდენტებს, პრემიერ-მინისტრებს, არამედ იმ ადამიანებსაც, რომელთაც თამამად შეიძლება ვუწოდოთ კაცობრიობის სიამაყე, საკაცობრიო სულიერი არისტოკრატია.
მსტისლავ როსტროპოვიჩი არა მარტო დიდი ხელოვანი, არამედ შესანიშნავი საზოგადო მოღვაწეც არის. მე ვამაყობ მასთან ურთიერთობით. იგი განასახიერებს ყოველივე ლამაზს, კეთილშობილს, ამაყსა და ძლიერს, უწინარესად, სულიერად ძლიერს, რაც იმთავითვე იყო და არის რუსეთის მოწინავე საზოგადოების ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისება.
მახსენდება ეგრეთ წოდებული „აგვისტოს პუტჩის“ დღეები, ეს ძალიან საინტერესო სურათი იყო, როდესაც მსტისლავ როსტროპოვიჩი, შეიძლება ითქვას, ხელბარგის გარეშე, ლამის, მგონი, უბილეთოდ გამოფრინდა ამერიკიდან მოსკოვში პირველივე რეისით, უმალვე, როგორც კი შეიტყო სახელმწიფო გადატრიალების საფრთხის შესახებ და მიაშურა რუსეთის თეთრ სახლს, სადაც არა მარტო რუსული დემოკრატიის, არამედ გარკვეული აზრით, ევროპისა და მსოფლიოს ბედიც წყდებოდა.
პუტჩის პირველსავე საღამოს დაიწყო სროლა, მე მივედი „თეთრ სახლში“, ეს ბევრმა ნახა, შემონახულია საინტერესო კადრები. მახსოვს, გამთენიისას ჩამოვიარე კიბეები, ერთ-ერთ დარბაზში დავინახე მსტისლავ როსტროპოვიჩი, რომელსაც სავარძელში მთვლემარეს მკერდზე ჩაძინებული ბავშვი მიეკრა, მარცხენა ხელში კი, უჩვეულობის გამო, უხერხულად კალაშნიკოვის ავტომატი ეკავა. როსტროპოვიჩი და კალაშნიკოვი?!
საქართველოში მსტისლავ როსტროპოვიჩს უმასპინძლეს ქართული კულტურის დიდმა მოღვაწეებმა, კერძოდ, ჯანსუღ კახიძემ, რობერტ სტურუამ, გია ყანჩელმა, რეზო გაბრიაძემ, სხვებმა და სხვებმა, ყველას ვერ ჩამოვთვლი. სხვათა შორის, აქვე დავძენ, რომ მსტისლავ როსტროპოვიჩთან ერთად ვნახე რეზო გაბრიაძის უბრწყინვალესი სპექტაკლი-რეკვიემი „სტალინგრადის ბრძოლა“, რომელმაც ჩემზეც და როსტროპოვიჩზეც წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა.
აქვე სულითა და გულით მივესალმები ჩვენს რეზოს, რეზო გაბრიაძეს, ჩვენს სიამაყეს, დიდ ქართველ ხელოვანს, რომელიც პირველი გამოეხმაურა მოწოდებას და დაბრუნდა სამშობლოში სხვადასხვა სახელმწიფოში რამდენიმე წლის მოგზაურობის შემდეგ.
ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა ქართველი ხელოვანი მაინც და მაინც საქართველოში უნდა მოღვაწეობდეს, - დაე, გაიბრწყინოს ქართულმა ნიჭმა ევროპაში, რუსეთში, ამერიკასა თუ იაპონიაში, როგორც რეზო გაბრიაძის და სხვათა ნიჭმა გაიბრწყინა, მაგრამ „ბუდე“, მე ასე ვიტყოდი, „ბუდე“, თუ შეიძლება ასე ითქვას, ქართველი ხელოვანისა მაინც საქართველო იქნება და ჩვენი ხალხიც, როგორც უნდა გვიჭირდეს, ყველაფერს იღონებს, რათა ქართველ ხელოვანთ ღირსეული პირობები შეუქმნას.
- გასულ კვირას დამთავრდა „საუკუნის პროცესად“ წოდებული ჯაბა იოსელიანისა და „მხედრიონის“ წევრთა სასამართლო პროცესი. ისევ ამოტივტივდა ისეთი თემები, როგორიც არის გია გულუას, გია ჭანტურიას, სულიკო ხაბეიშვილის მკვლელობა, პრეზიდენტზე თავდასხმები - ტერორისტული აქტი...
- ეს ძალიან დელიკატური თემაა ჩემთვის, ჩემი კომენტარისათვის, მაგრამ იმდენად მნიშვნელოვანი მოვლენაა ჩვენს საზოგადოებაში, რომ, ალბათ, საჭიროა რამდენიმე სიტყვა ვთქვა უფრო განყენებულად. ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისათვის, უმთავრესი იყო არა სასჯელის ზომა, არამედ ის, რომ პროცესი გამართულიყო კანონიერების სრული დაცვით. ამდენად, მე თვალყურს ვადევნებდი, რომ განსასჯელთა უფლებები ყოფილიყო დაცული, მათი უსაფრთხოება კი სრულად უზრუნველყოფილი. თვალყურს ვადევნებდი სატელევიზიო გადაცემებს, პრესას, თითქმის ყველა მასალას, ამასთან დაკავშირებით რომ ქვეყნდებოდა.
ბრალდებულთა საქმის გამოძიება ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. სასამართლო კიდევ ერთი წელი იხილავდა საქმეს. ამ ხნის განმავლობაში უკლებლივ ყველა განსასჯელს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის, წითელი ჯვრისა თუ სხვა ჰუმანიტარული ასოციაციის ათობით და ასობით წევრი შეხვდა. სრული თავისუფლება ჰქონდათ პარლამენტის ცალკეულ წევრებს შეხვედროდნენ მომავალ განსასჯელებს.
ყველას ჰქონდა საშუალება დარწმუნებულიყო, რომ გამოძიება კანონის შესაბამისად მოქმედებდა.
სასამართლომ განსასჯელები ზოგიერთი ბრალდების ნაწილში გაამართლა, რაც, ალბათ, მისასალმებელია, ეს კიდევ ადასტურებს გამოძიებისა და განაჩენის ობიექტურობას, ერთ მათგანს სასამართლომდე პატიმრობის ვადა სასჯელის მოხდად ჩაეთვალა, როგორც მე გავეცანი და წავიკითხე და, ფაქტობრივად, განთავისუფლდა. სხვებს საკადრისი მიეზღოთ იმ დანაშაულისათვის, რომელიც დაუმტკიცდათ.
ვფიქრობ, ეს პროცესი გარდატეხას შეიტანს დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლაში და საბოლოოდ დაუსვამს წერტილს იმ სამარცხვინო და იმავდროულად საზარელ მოვლენას, რომელიც მე ერთხელ, თქვენ გახსოვთ, ასე დავახასიათე: „პოლიტიკის კრიმინალიზაცია და კრიმინალთა პოლიტიზაცია“. ეს მოვლენა თუ პროცესი, საქართველოში 1988-89 წლებიდან დაიწყო და მას შედეგად მოჰყვა ანარქია, ქაოსი და ქვეყნის გაჩანაგება. მადლობა ღმერთს, ყველაზე საშინელი წლები განვლილია და საქართველოს დემოკრატიულ სახელმწიფოს შესწევს უნარი დაიცვას საკუთარი მონაპოვარი. ეს ამასწინანდელი ამბოხის ლოკალიზაციისა და ლიკვიდაციის ფონზეც კარგად ჩანს. ეს არის ჩვენი სავიზიტო ბარათი (ესე იგი ის, რომ ჩვენ შეგვიძლია დავიცვათ მონაპოვარი) ევროპულ თუ მსოფლიო თანამეგობრობაში, ქვეყნის აღორძინების უმთავრესი ფაქტორი.
- გასული კვირის ყურადღების ცენტრში იყო რუსი გენერლის მაკაშოვის უმძაფრესი ანტისემიტური განცხადება, რასაც, პრინციპში, როგორც მასმედიის, ისე დემოკრატიულად განწყობილი ძალების ძალიან მძიმე რეაქცია მოჰყვა როგორც რუსეთში, ისე სხვა ქვეყნებშიც...
- მე ძალიან მოკლე კომენტარით შემოვიფარგლები. ქართველი და ებრაელი ხალხების ოცდაექვსსაუკუნოვანი თანაცხოვრება და უნიკალური მეგობრობა - ამ დიდი თარიღის აღნიშვნა ჩვენს ქვეყანაში თავისთავად განსაზღვრავს ჩემს და ჩემი ქვეყნის დამოუკიდებლობას მაკაშოვის ფაშისტური განცხადებისადმი.
ვფიქრობ, პრეზიდენტმა ელცინმაც საკმაოდ გამოკვეთილი და მკაცრი პოზიცია დაიკავა.
ჩვენში, საქართველოში, ასეთი შეურაცხმყოფელი გამოხდომებისათვის ხალხის, სხვა ხალხების, სხვა ერების შეურაცხმყოფელი გამოხდომებისათვის უბრალოდ ასამართლებენ.
საქინფორმი.
„15 ნოემბერს საქართველომ, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ახალ დროში, ახალ ეპოქაში შეაბიჯა: დაფუძნდა ახალი ინსტიტუტი, რომელიც დემოკრატიული სისტემის განუყოფელი ნაწილი უნდა გახდეს“ : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 16 ნოემბრის რადიოინტერვიუ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 17 ნოემბერი. - №299 (2999). - 1,2 გვ.
![]() |
67 საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა |
▲ზევით დაბრუნება |
ბატონო პრეზიდენტო,
ძვირფასო თანამემამულენო!
უპირველეს ყოვლისა, მე ხაზი მინდა გავუსვა ამ შესანიშნავ სიტყვასა და მიმართვას, - თანამემამულენო.
თქვენ საქართველოს მოქალაქეები ხართ, მაშასადამე ხართ ჩვენი თანამემამულენი.
ჩვენი სამშობლო, საქართველო, ეთნიკურად ყოველთვის მრავალფეროვანი იყო, რაც ძალასა და სილამაზეს მატებდა მას. სომეხი ხალხის წარმომადგენლები ათასწლეულების განმავლობაში ცხოვრობდნენ საქართველოში, ისინი აშენებდნენ საქართველოს, ემსახურებოდნენ მას როგორც ერთგული მოქალაქეები და პატრიოტები.
იმავდროულად, ისინი არასდროს წყვეტდნენ კავშირს სომხეთთან, სომხურ კულტურასთან, ერთგულებდნენ მამა-პაპათა რელიგიას, ლოცულობდნენ სომხურ ეკლესიებში, მათი ნიჭი და შრომისმოყვარეობა ეხმარებოდა საქართველოს, რომელსაც სომხეთის დარი ტრაგიკული ისტორია აქვს, აღორძინებულიყო, აღდგენილიყო იავარქმნილი ნანგრევებიდან.
დღეს, როდესაც საქართველო მასპინძლობს საპატიო სტუმარს მოძმე სომხეთიდან, საქართველოს სომეხ მოქალაქეებთან შეხვედრისას, რა თქმა უნდა, ხამს ვისაუბროთ იმ შესანიშნავ ტრადიციაზე, რომელიც ოდითგანვე აკავშირებდა ერთმანეთთან საქართველოსა და სომხეთს, საუკუნეთა და ათასწლეულთა განმავლობაში ასხივოსნებდა ჩვენს გულწრფელ ძმობას, - დამყარებულს ისტორიულ ბედთა გადაჯაჭვულობაზე, ამჟმად კი გვეხმარება ვიპოვოთ სწორი ორიენტირები სახელმწიფო პოლიტიკის გამომუშავებაში.
ვფიქრობ, არ იქნება სწორი, საქართველოში მცხოვრებ სომხურ თემს ვუწოდოთ „დიასპორა“, - სომხები ჩვენი ხალხის, საქართველოს სახელმწიფოს განუყოფელ ნაწილს წარმოადგენენ. სომეხთა ათეულობით თაობა დაიბადა საქართველოში, გულწრფელად იღვაწა საქართველოში და განისვენებს საქართველოში. განა სხვა რა ნიშანი უნდა იყოს დამადასტურებელი ჭეშმარიტი მოქალაქეობისა, სამშობლოს მსახურებისა, სამშობლოსგან, დედა საქართველოსგან განუყოფლობისა - იმ ეპოქაშიც კი, როცა არ არსებობდა „მოქალაქის“ ცნება.
სამაგიეროდ, ყოველთვის არსებობდა ქართველთა და სომეხთა სულიერი ერთობა, ინსტინქტური, მე ვიტყოდი, გრძნეული ურთიერთლტოლვა. ჩვენი ხალხების მთელი ისტორია ერთმანეთის კულტურისა და სულიერების ურთიერთგამდიდრების უამრავ მაგალითს მოიცავს.
მე ვიტყოდი, - ეს ღვთიური ბედისწერაა, უზენაესის განგებაა, - რათა ჩვენმა ხალხებმა ერთად, კეთილმეზობლურად და მეგობრულად იცხოვრონ. და ამ ღვთიურ განგებას, ქართველებიც და სომხებიც თაობიდან თაობამდე ღირსეულად ასრულებდნენ და ასრულებენ.
რეგლამენტი არ მაძლევს საშუალებას, ჩამოვთვალო ქართველი და სომეხი ხალხების ძმობის ბრწყინვალე მაგალითები. მაგრამ ვინაიდან ვსაუბრობთ ჩვენს თანამემამულეთა, საქართველოში დაბადებულ, მცხოვრებ და მოღვაწე სომეხთა თვალსაჩინო წვლილზე სომხურ, ქართულ და მსოფლიო კულტურის საგანძურში, ჩამოვთვლი მხოლოდ თბილისელებს, პოეტებს, მწერლებს, მეცნიერებს, საზოგადო მოღვაწეებს, ყველა იმ ღირსეულ ადამიანს, ვინც ჩვენს საერთო დიდებასა და სიამაყეს წარმოადგენენ, ორივე ქვეყნის კულტურას მატებენ ელვარებას: გაბრიელ სუნდუკიანი და ოვანეს თუმანიანი, ვაჰან ტერიანი, დერენიკ დემირჭიანი, არამ ხაჩატურიანი, ვიქტორ ამბარცუმიანი, ტიგრან პეტროსიანი, სერგო ფარაჯანოვი და მრავალი სხვა.
ჩვენი დედაქალაქი, - თბილისი წარმოუდგენელია გენიალური საიათნოვას სიმღერების გარეშე, წარმოუდგენელია მელიქ-კაზარიანცის სახლის, ექიმისა და მეცნიერის, არამიანცის მიერ დაარსებული, მისი სახელობის საავადმყოფოს გარეშე. უამრავი მაგალითი, თავისებური ძეგლი შეიძლება დასახელდეს თბილისშიც და მთელს საქართველოში, - ჩვენი ძმობის, ისევე როგორც საქართველოში მცხოვრებ ქართველთა და სომეხთა ერთობისა და ერთობლივი ძალისხმევისა, ერთობლივი შრომის და შემოქმედებისა.
დარწმუნებული ვარ, თითოეულ აქ დამსწრეს, სომეხსა თუ ქართველს, თავად შეუძლია გააგრძელოს საუბარი და საკუთარი ცხოვრებიდანაც განაგრძოს ჩვენს ერებს შორის მეგობრობის საუკეთესო მაგალითების მოტანა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართველთა და სომეხთა ერთობისა და ძმობის ურღვეობას.
ეს არის ჩვენი საერთო ისტორია და ტრადიცია, რომელსაც ყველა ჩვენგანი უდიდეს პატივს სცემს. ასევე ტრადიციულია დღევანდელი შეხვედრა, რომელსაც ბატონი რობერტ სედრაკის ძე ქოჩარიანი პირველად ესწრება პრეზიდენტის რანგში, სომხეთის ლიდერის რანგში.
ჩვენ გვახსოვს ისტორია და შესანიშნავი ტრადიცია, მაგრამ უმთავრესი ორივე პრეზიდენტისათვის, ორივე ქვეყნისათვის დღევანდელობა და მომავალია. სომხეთიც და საქართველოც მომავალზე ორიენტირებული, მზარდი ქვეყნებია, რომელთაც მეტად რთული პრობლემების გადალახვა უხდებათ მესამე ათასწლეულის მიჯნაზე.
მაგრამ, რაც მთავარია, ჩვენ ავირჩიეთ დამოუკიდებელი, დემოკრატიული განვითარების გზა. მაშასადამე, უზენაეს ღირებულებად ვაღიარეთ ადამიანი, მოქალაქე, - განურჩევლად მისი ეთნიკური წარმომავლობისა, განურჩევლად ენისა და რელიგიისა.
ეროვნულ უმცირესობათა უფლებების დაცვა ადამიანის უფლებათა განუყოფელი ნაწილია. ადამიანს აქვს უფლება სიცოცხლისა, თავისუფლებისა და ბედნიერებისაკენ სწრაფვისა, - ბრძანებს კაცობრიობის მიერ, სისხლიან ათასწლეულთა შედეგად გამომუშავებული სიბრძნე, მაგრამ შეუძლებელია ბედნიერი იყოს ადამიანი, მოქალაქე, თუ მას არა აქვს უფლება ეზიაროს სამყაროს მშობლიურ ენაზე, დედა ენაზე, ჰქონდეს საშუალება მუდმივად მიმართოს ეროვნულ კულტურას.
დღეს მე და ჩემი კოლეგა, ჩემი მეგობარი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი თქვენ გხვდებით და რასაკვირველია, საუბარიც ჩვენი ქვეყნის სომეხ მოქალაქეთა ცხვრებაზე გვაქვს. თუმცა, დამერწმუნებით, მე როგორც პრეზიდენტს, უმთავრეს ვალდებულებად დამეკისრა საქართველოს ყველა მოქალაქის კეთილდღეობა, მათი უფლებების დაცვა, უზრუნველყოფა.
ყველამ კარგად ვიცით: ამჟამად ძალიან უჭირს საქართველოს, მძიმე მდგომარეობა გვაქვს ბიუჯეტში, სამოქალაქო ომების შემდეგ ქვეყანა ნელ-ნელა იწყებს გამოსვლას კრიზისული ფაზიდან, მაგრამ სახსრები მაინც მეტად მწირია. მიუხედავად ამისა, მაინც გამოვძებნეთ თანხები სომხური სკოლების და თუნდაც 8-9 მოსწავლით დაკომპლექტებული კლასების შესანარჩუნებლად. არ დავზოგეთ და არც დავზოგავთ სახსრებს ბავშვებისათვის, - ანუ ჩვენი ქვეყნის, საქართველოს მომავლისათვის. მეტსაც გეტყვით, - მიუხედავად სირთულეებისა, მოინახა საშუალება და ახალქალაქის რაიონის სოფლებში კარწახში, ბარალეთსა და ხულგუმოში შენდება ახალი სკოლის შენობები.
მე გულწრფელი სიამაყით ვიტყვი, როგორც ქართველი და როგორც პრეზიდენტი: მსოფლიოში არ არსებობს სახელმწიფო, რა თქმა უნდა, სომხეთის გარდა, სადაც სომხურ ენაზე სწავლის ისეთი მწყობრი და მიზნობრივი პროგრამა იყოს შემუშავებული, როგორიც საქართველოშია.
ერთ-ერთ ძალიან განვითარებულ ქვეყანაში ყოფნისას მითხრეს, რომ იქაური სომხური დიასპორა მილიონნახევარზე მეტ ადამიანს ითვლის. მე დავინტერესდი, თუ რამდენი სომხური სკოლაა იმ ქვეყანაში. აღმოჩნდა, რომ მხოლოდ სამი, ისიც კერძო, სომეხი მეცენატების სახსრებით დაარსებული. ჩემმა თანამოსაუბრეებმა არ დამიჯერეს, როდესაც გაიგეს, რომ საქართველოში 136 სომხური სკოლა და 22 სომხური სექტორია, ხოლო მოსწავლეთა რაოდენობა 28 ათასს აღემატება. თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიურ უნივერსიტეტში წლების განმავლობაში წარმატებით მუშაობს სოხური ფილოლოგიის ფაკულტეტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არმენოლოგიის კათედრა, ხოლო ახალციხეში და ნინოწმინდაში ქართული და სომხური უმაღლესი სასწავლებლების ფილიალებია გახსნილი.
სულ ახლახან საქართველოს საზოგადოებამ ფართოდ აღნიშნა ამიერკავკასიაში პირველი და უძველესი თბილისის სომხური დრამატული თეატრის ასორმოცი წლისთავის იუბილე. ეს იყო ზეიმი სომხებისა და ზეიმი ქართველებისა.
უფრო მეტიც, მხოლოდ თბილისში რამდენიმე ხალხური სომხური ანსამბლია. არის ანსამბლები ბათუმში, ახალქალაქში, ხოლო სამცხე-ჯავახეთში ნაყოფიერად მუშაობს 14 რაიონული კულტურის სახლი. საყოველთაოდ ცნობილია ის პოპულარობა და პატივისცემა, რომელიც რესპუბლიკურმა გაზეთმა „ვრასტანმა“ და საქართველოს რადიოს სომხურმა რედაქციამ მოიპოვეს ჩვენს მოსახლეობაში.
საქართველოში, ალბათ, არ არსებობს არცერთი შრომითი კოლექტივი, სადაც ქართველების გვერდიგვერდ წარმატებით არ შრომობენ სომხური თემის წარმომადგენლები, არ არსებობს რაიმე შეღავათი ან საპატიო წოდება, რომელსაც ისინი არ ფლობენ.
დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო არცთუ ისე ხნიერია, ძალიან მოკლე დროის განმავლობაში სახელმწიფო ჯილდოთი წარჩინებულ მოქალაქეთა შორის უამრავი სომეხია. მხოლოდ წელს 30-მდე სომეხი ეროვნების მოქალაქე დაჯილდოვდა სახელმწიფო ორდენებითა და მედლებით, მათ შორის, მწერალი გივი შაჰნაზარი, რომელიც დღეს თავმჯდომარეობს ჩვენს შეხვედრას, სომხური ეპარქიის მოძღვარი საქართველოში გევორქ სერდარიანი, თბილისის სომხური დრამატული თეატრის შემოქმედებითი კოლექტივის წევრები და ჟურნალისტები.
საქართველოს სომხური თემის სამი წარმომადგენელი ღირსეულად მოღვაწეობს საქართველოს პარლამენტში, ვიცი, რომ ცოტაა. შემდეგ არჩევნებზე, თუ ჩვენ მოგვცემთ ხმას, მეტი იქნება, ხუთს კი სახელმწიფო კანცელარიაში, პრეზიდენტის აპარატში საპასუხისმგებლო თანამდებობები უკავია. აღარაფერს ვამბობ ასეულობით და ათასობით ჩვენს სომეხ თანამემამულეზე, რომლებიც საქართველოს საკეთილდღეოდ მუშაობენ სხვადასხვა სამინისტროებსა თუ უწყებებში, მეცნიერებათა აკადემიაში, სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში, უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში, სამართალდამცავ ორგანოებში, ეროვნულ არმიაში, სასაზღვრო ჯარში, - ყველგან, სადაც ახალი, სუვერენული და დემოკრატიული საქართველოს პულსი იგრძნობა.
სულ ცოტა ხნის წინათ ვიყავი სამცხე-ჯავახეთში, სადაც საკმაოდ გულღია და სასარგებლო საუბარი მქონდა ადგილობრივ მოსახლეობასთან. ვიმსჯელეთ ამ მხარის სამომავლო განვითარების მნიშვნელოვან ასპექტებზე. 1996 წელს, ჩემი შეხვედრის დროს, მე დავპირდი მოსახლეობას, რომ მთავრობა მომავალში მეტ ყურადღებას დაუთმობდა რეგიონის პრობლემების მოგვარებას. ვერ ვიტყვი, რომ საქართველოს ძალზე ბევრი მატერიალური შესაძლებლობა გაუჩნდა უკანასკნელ ხანს, მაგრამ ჩვენი მწირი სახელმწიფო ბიუჯეტის და სახსრების მუდმივი დეფიციტის პირობებში, არცთუ ისე ცოტა გაკეთდა. ჩვენ მაინც შევასრულეთ მიცემული სიტყვა.
უწინარესად, ეს ეხება ნინოწმინდა-ახალქალაქის გზის მშენებლობას, - მხოლოდ სახელმწიფო სახსრებით, ყოველგვარი უცხოური ინვესტიციების და კრედიტების გარეშე გადაწყვეტილია მხარის ერთ-ერთი საჭირბოროტო საკითხი - გაყვანილია კუმურდოს წყალსადენი. ამაზე საუკუნეები ოცნებობდა მოსახლეობა.
როგორც თვითონ მხარის მცხოვრებლები ამბობენ, გაცილებით გაუმჯობესდა ელექტროენერგიით მომარაგება. თუმცა, მდგომარეობა კვლავ მძიმეა. დღეს იმის თქმაც კი შეიძლება, რომ ჯავახეთს უფრო უკეთ მიეწოდება ელექტროენერგია, ვიდრე სხვა რაიონებში.
მხარის მოსახლეობა განსაკუთრებულ იმედებს ამყარებს კარწახის საბაჟოს და სასაზღვრო პუნქტის გახსნაზე. საგზაო ხაზის გაყოლებით შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა - სასტუმროების, რესტონების, ბენზინგასამართი პუნქტების და ასევე საბაჟოს საქმიანობიდან გარკვეული შემოსავლის ნაწილით ადგილობრივი ბიუჯეტის შევსება უდავოდ დადებითად იმოქმედებს სამცხე-ჯავახეთში ცხოვრების დონის და კეთილდღეობის გაზრდაზე, უმუშევრობის და დასაქმების პრობლემის გადაწყვეტაზე.
2-3 წელიწადში როგორც შევპირდი იქაურ მოსახლეობას, განხორციელდება ნინოწმინდა-წალკა-თბილისის ავტომაგისტრალის რეკონსტრუქცია, რომელიც არა მარტო შეამცირებს ტრანსპორტის მიმოსვლის ხანგრძლივობას, არამედ დადებითად იმოქმედებს ადგილობრივ ბიუჯეტზეც.
საქართველო და მთლიანად სამხრეთ კავკასია უკვე იქცა გრანდიოზული, ევრაზიული და გლობალური მნიშვნელობის საკომუნიკაციო პროექტთა განხორციელების ასპარეზად, რომელთა აღსრულებაში უკვე ჩაერთო სომხეთის რესპუბლიკა.
მე მივესალმე და ბრძნული გადაწყვეტილება ვუწოდე სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ბატონ არმენ დარბინიანის მონაწილეობას ბაქოს სამიტში „აბრეშუმის დიდი გზა“ სადაც მან მრავალი საყურადღებო წინადადება გამოთქვა, რა თქმა უნდა, პრეზიდენტის თანხმობითა და მისი მითითებებით.
სომხეთი ერთ-ერთი უმთავრესი სავაჭრო პარტნიორია საქართველოსთვის. სასიხარულოა, რომ ბოლო დროს ორივე სახელმწიფოში მიმდინარე რეფორმების წყალობით, პოზიტიური ძვრები დაისახა ეკონომიკაში. ამან საშუალება მოგვცა თანამიმდევრულად გაგვეზარდა ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის და ვაჭრობის ტემპი. მაგრამ ეკონომიკის სფეროში ჯერ კიდევ აუთვისებელი რჩება ჩვენი ქვეყნების უდიდესი სიმძლავრეები და უდიდესი პოტენციალი.
სომხურ-ქართული ურთიერთობის განვითარებაში უდავოდ ახალი ეტაპი იქნება სომხეთის პრეზიდენტის რობერტ ქოჩარიანის ჩამოსვლა საქართველოში. იგი გახლავთ შორსმჭვრეტელი პოლიტიკოსი, რომელმაც არა მარტო სომხეთში, არამედ საერთაშორისო სარბიელზე დიდი პატივისცემა და ავტორიტეტი დაიმსახურა. მათ შორის არის საქართველო და საქართველოს მოსახლეობა.
დარწმუნებული ვარ: მის პოლიტიკურ ნიჭს, ნებას და ინტელექტს ბევრი შეუძლია. უფრო მეტსაც ვიტყვი: მჯერა, რომ პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი, როგორც დიდი სახელმწიფო მოღვაწე და არაორდინალური პიროვნება, შეძლებს იმ პრობლემათა გადაწყვეტას, რომელიც დღეს ბევრს გადაულახავ სიძნელედ მიაჩნია. ჩვენ მზად ვართ ყოველმხრივ შევუწყოთ ხელი ამ კეთილშობილური მიზნის მიღწევას. ვინაიდან ძნელია, წარმოუდგენელია, მშვიდობიან კავკასიასთან დაკავშირებული გლობალური პროექტების განხორციელება მოძმე სომხეთის, მისი პრეზიდენტის გარეშე.
დასასრულ, ნება მიბოძეთ, კიდევ ერთხელ მივესალმო მეგობრულად, ძმურად ყველას, ვინც დღეს ამ დარბაზშია, მეგობრულად, ძმურად მივესალმო ჩვენს ძვირფას სტუმარს, სომხეთის პრეზიდენტს ბატონ რობერტ ქოჩარიანს, მადლობა გითხრათ ყოველ თქვენგანს და თქვენი სახით, საქართველოში მცხოვრებ ყველა სომეხს.
გისურვებთ ბედნიერებას, წარმატებას, წინსვლას, გამარჯვებას, დაე, როგორც საქართველოში ამბობენ, მარადიული მშვიდობა იყოს ჩვენს სულებში, ოჯახებში, სრულიად საქართველოსა და კავკასიაში, მთელს მსოფლიოში.
მინდა ვისარგებლო ისეთი ბედნიერი მოვლენით, როგორიც არის ჩვენი შეხვედრა სომხეთის პრეზიდენტთან და მადლობა გადაგიხადოთ თქვენ, საქართველოს სომეხი ეროვნების ყველა მოქალაქეს, რომლებმაც ასე ერთსულოვნად დამიჭირეთ მხარი როგორც ქვეყნის პრეზიდენტს, მადლობას გიხდით იმისათვის, რომ მხარი დაუჭირეთ პრეზიდენტის არჩევნების დროს ჩემს მიერ დაარსებულ პარტიას ამ დღეებში გამართული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, მადლობას გიხდით შემდგომ არჩევნებში მხარდაჭერისთვისაც.
ნება მიბოძეთ, კიდევ ერთხელ მივესალმო ჩემს ძმას, მეგობარს, ჩვენს საპატიო სტუმარს რობერტ ქოჩარიანს.
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 21 ნოემბერი. - №303 (3003). - 1,2,3 გვ.
![]() |
68 სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესები მალე მოუვლენს ჩვენს საერთო სახლს ასე ნანატრ მშვიდობასა და ურთიერთგაგებას |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა
როგორც ვიუწყებოდით, 20 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ ოფიციალური სადილი გამართა სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის რობერტ ქოჩარიანის პატივსაცემად.
ოფიციალურ სადილზე ედუარდ შევარდნაძემ და რობერტ ქოჩარიანმა სადღეგრძელოები წარმოთქვეს.
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა
ღრმად პატივცემულო ბატონო პრეზიდენტო - ჩემო ძვირფასო მეგობარო,
ჩვენო სომეხო დებო და ძმებო,
ქალბატონებო და ბატონებო,
ჩვენთვის ჭეშმარიტი ბედნიერებაა თქვენი, ახლა უკვე - როგორც სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ჩამობრძანება თბილისში. განგებ არ გიწოდებთ სტუმრებს, რადგან ჩვენს ძმობაზე მეტყველებს თვით ჩვენი ხალხების წარმოშობის ლეგენდა. მე მსურს, რომ დღეს თქვენ თავი იგრძნოთ თქვენს მეორე სახლში, სახლში, რომელშიც ყოველთვის გელიან და რომელსაც არასდროს განურჩევია თქვენი მიწის შვილი თავისი მიწის შვილისგან.
ათასწლეულების მანძილზე ჩვენს ხალხებს, როგორც უახლოეს მეზობლებს, ბევრი რამ ჰქონდათ საერთო. ისტორიის ბორბალმა ბევრჯერ ეჭვქვეშ დააყენა არა თუ ჩვენი სახელმწიფოებრიობა, ჩვენი ხალხების არსებობაც კი. ხანდახან, ჩვენ ბოლომდე ვერ ვაცნობიერებდით, რომ მხოლოდ კავკასიის ქვეყნებისა და ხალხების ერთობას ძალუძს მათთვის დამოუკიდებლობის შენარჩუნება. ვერ ვაცნობიერებდით, რომ ხალხთა ძმობა ყოველთვის თავისთავად როდი გულისხმობს ქვეყნებს შორის საუკეთესო ურთიერთობას. სომხეთის სახელოვანი შვილი ჰოვანეს თუმანიანი, რომელმაც ქართულ მიწაზე ჰპოვა სამუდამო განსასვენები, გვასწავლის, რომ ხშირად ერთი წვეთი თაფლით იწყება სისხლიანი შუღლი და მტრობა ხალხებს შორის. დიდებული წარსულის მქონე ერებს - ქართველებსა და სომხებს - დღეს ხელახლა გვიწევს სახელმწიფოებრიობის შენება და მე უდიდესი სიხარულით ვივსები, როცა ვხედავ, რომ ჩვენ, მეოცე საუკუნის მიწურულის სომეხმა და ქართველმა პოლიტიკოსებმა, კარგად შევისწავლეთ ეს გაკვეთილი.
ჩვენ მოუთმენლად ველოდით თქვენთან შეხვედრას, რადგან სომხეთ-საქართველოს ურთიერთობა მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს პოლიტიკურ კლიმატს ჩვენი თანაარსებობის გარემოში - კავკასიაში, სადაც მშვიდობის დამყარება სტაბილური განვითარებისა და კეთილდღეობის უმთავრესი პირობაა. ეს არის ჩვენი თანაცხოვრების არეალი და მას ჩვენზე უკეთ ვერავინ მიხედავს. ამასთან ერთად, მსოფლიო თანამეგობრობის მიერ კავკასია სულ უფრო ხშირად განიხილება არა მარტო როგორც ევრაზიული სივრცის უმნიშვნელოვანესი შემადგენელი გეოგრაფიული ნაწილი, არამედ როგორც ერთიანი რეგიონი, რომელშიც მშვიდობა, დემოკრატიული ფასეულობებისადმი ერთგულება, საბაზრო ურთიერთობის დამკვიდრება, ადამიანის უფლებების დაცვა შესაძლებელია რეგიონის ყველა სახელმწიფოს გაერთიანებული, შეთანხმებული მოქმედების წყალობით. ამგვარი მიდგომის ნათელი მაგალითი გახლდათ ამიერკავკასიის სახელმწიფოების მიერ პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებაზე ხელმოწერა ევროკავშირთან. ამ, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ევროპული ორგანიზაციის წყალობით, ამიერკავკასია წარსდგა მსოფლიოს წინაშე, როგორც უმნიშვნელოვანესი რეგიონი თავისი შეუცვლელი სატრანსპორტო-საკომუნიკაციო ფუნქციით. ამდენად, ჩვენ ზოგადად კავკასიას არათუ არ უნდა დავუკარგოთ ეს ფუნქცია, არამედ, ამ რეგიონის და ცენტრალური აზიის ინტელექტუალური და ბუნებრივი რესურსების გათვალისწინებით, ევრაზიულიდან მსოფლიო მნიშვნელობა უნდა მივანიჭოთ მას.
ამ მიზნების განხორციელება უკვე მიმდინარეობს. მხედველობაში მაქვს აღორძინებული „დიდი აბრეშუმის გზის“ პროექტი. წელს, მასში მონაწილე თოთხმეტმა სახელმწიფომ ხელი მოაწერა ბაქოს დეკლარაციას და ამით დაასრულა გლობალური პროექტის პირველი ეტაპი - ერთიანი სატრანსპორტო-საკომუნიკაციო სივრცის შექმნა. მიმაჩნია, რომ ბაქოს სამიტში სომხეთის მონაწილეობა განახლებული „დიდი აბრეშუმის გზის“ სივრცეში უმნიშვნელოვანესია წლევანდელ მოვლენებს შორის. როდესაც ამ პროექტზე ვსაუბრობთ, ისიც გასათვალსიწინებელია, რომ ევროპა-კავკასია-აზიის დერეფანი მხოლოდ აღმოსავლეთ-დასავლეთის კი არა, ჩრდილოეთ-სამხრეთის მიმართულებასაც გულისხმობს და ამ მიმართულებით ჩვენ ჩვენს სომეხ მეგობრებზე ნაკლებად დაინტერესებული ნამდვილად არ ვართ.
გამართული მოლაპარაკების დროს ორივე მხარემ დაადასტურა ევროპულ სტრუქტურებთან უფრო აქტიური თანამშრომლობის აუცილებლობა. საქართველოს მიაჩნია, რომ ამ სტრუქტურებში მაქსიმალური ჩართვა ჩვენს ქვეყანას და, საზოგადოდ რეგიონს, სიკეთის მეტს არაფერს მოუტანს, გვახარებს ის, რომ ამავე აზრისა არიან სხვა ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოებიც და, უპირველეს ყოვლისა, რუსეთი, რომელმაც მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ევროკავშირთან, ევროპის საბჭოსთან და ნატოსთან ურთიერთობაში.
ჩვენი ქვეყნები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სივრცეში ორგანიზაციის ისე გარდაქმნას, რომ იგი რეალურად უწყობდეს ხელს თითოეული წევრის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის განმტკიცებას, თვითმყოფადობის შენარჩუნებას, სამეცნიერო-ტექნიკური პარტნიორობის განვითარებას.
როგორც საქართველო, ასევე სომხეთი აქტიურად იღვწიან შავი ზღვისპირა ქვეყნებს შორის ურთიერთობის გააქტიურებისათვის. ამჯერად, საქართველო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის თავმჯდომარეა. ჩვენ ყველაფერს ვიღონებთ, რათა კონსტრუქციული თანამშრომლობის გზით შევასრულოთ ნაკისრი ვალდებულებები. საქართველო და სომხეთი სისხლხორცეულად არიან დაკავშირებული ერთმანეთთან და ჩვენ არც ის გვავიწყდება, რომ საქართველოზე გადის სომხეთისთვის საარსებოდ აუცილებელი სატრანსპორტო-საკომუნიკაციო მაგისტრალები. განახლებული „დიდი აბრეშუმის გზის“ სრულყოფასთან და მასში სომხეთის აქტიურ ჩართვასთან ერთად, როგორც ფოთისა და ბათუმის, ასევე ჩრდილოეთის მიმართულებები კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას შეიძენენ სომხეთში იმპორტისა და სომხური ექსპორტისათვის. საქართველო ყველაფერს აკეთებს და მომავალშიც გააკეთებს, რათა ეს მაგისტრალები ჩვენი მეზობლების კეთილდღეობას ემსახურებოდნენ.
ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით და კვლავაც ვეცდებით საქართველოში მცხოვრებმა სომხებმა არასდროს იგრძნონ თავი მამა-პაპათა სამშობლოსაგან მოწყვეტილად. საქართველო მრავალეროვნული სახელმწიფოა და ასეთად დარჩება მუდამ. ეს ჩვენი სისუსტე კი არა, როგორც ზოგიერთი ფიქრობს, არამედ - ჩვენი საგანძურია. საქართველოს ხალხის მრავალფეროვნება ის მაგალითია, რომელიც ჩვენ შეგვიძლია ნიმუშად მოვუვლინოთ 21-ე საუკუნის მსოფლიოს. ხვალ თქვენ პატივს მიაგებთ დიდი საიათნოვას საფლავს, რომელიც კავკასიის ხალხთა ძმობის უკვდავი სიმბოლოა. დარწმუნებული ვარ, რომ სამხრეთ კავკასიაში უკანასკნელ ხანს მიმდინარე პროცესები, რეგიონის სამ სახელწიფოს შორის ამ ბოლო დროს სხვადასხვა დონეზე მიმდინარე კონსულტაციები, თქვენი, ბატონო პრეზიდენტო, შორსმჭვრეტელობა და გამჭრიახობა; მალე მოუვლენს ჩვენს საერთო სახლს - კავკასიას, ასე ნანატრ მშვიდობასა და ურთიერთგაგებას.
ქალბატონებო და ბატონებო,
საქართველოს სტრატეგიულ, გრძელვადიან ინტერესებს შეესაბამება აყვავებული, სტაბილური, დემოკრატიული სომხეთი, რომელთა ურყევი და უანგარო მეგობრობაც უპასუხებს როგორც ჩვენი ხალხების, ასევე კავკასიისა და მთელი ევრაზიული რეგიონის ინტერესებს. ნება მიბოძეთ, შემოგთავაზოთ პრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანის, ჩვენი სომეხი ძმების, ჩვენი ხალხების საუკუნეების ქარტეხილებში გამოწრთობილი ძმობის სადღეგრძელო.
სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესები მალე მოუვლენს ჩვენს საერთო სახლს ასე ნანატრ მშვიდობასა და ურთიერთგაგებას : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 22-23 ნოემბერი. - №304-305 (3005). - 1,2 გვ.
![]() |
69 საქართველოს პრეზიდენტის განცხადება |
▲ზევით დაბრუნება |
სამძიმარი
გალინა ვასილის ასულ სტაროვოიტოვას დაღუპვამ სულის სიღრმემდე შემძრა. პოლიტიკაში ადამიანის ცხოვრება დღეს უზარმაზარ რისკთან არის დაკავშირებული, მაგრამ შეუძლებელია შეურიგდე ტერორს, მით უფრო, ქალის წინააღმდეგ მიმართულს.
ჩვენ ერთმანეთს ქვეყანაში დემოკრატიული მოძრაობის ჩასახვის დროიდან ვიცნობდით, ხშირად ვხვდებოდით, ვსაუბრობდით, ზოგჯერ ძალიან მძიმე დღეებსა და წუთებში, ვსაუბრობდით დიდხანს და მრავლის შესახებ. მასში მე ვხედავდი მოაზროვნე რუსეთის, მისი დემოკრატიული ინტელიგენციის ერთ-ერთ არაფორმალურ ლიდერს, საოცრად გამბედავ, პირდაპირ, დამოუკიდებელ ადამიანს. გასაოცარი იყო მისი უნარი, დაერწმუნებინა და დაეინტერესებინა, „შეექმნა“ მისი და თავისი იდეალების თანამოაზრენი რუსეთშიც და მის ფარგლებს გარეთაც.
გალინა სტაროვოიტოვას დაღუპვა დიდად სამწუხარო დანაკლისია რუსეთელებისა და რუსეთისათვის, ყველასათვის, ვინც თავისი სამშობლოს უკეთესი მერმისის იმედს მის გარდაქმნას უკავშირებდა. და იმავდროულად ეს კიდევ ერთი გაფრთხილებაა მთელი მსოფლიო თანამეგობრობისათვის იმ საფრთხის თაობაზე, რომელსაც შეიცავს ტერორიზმი. დადგა დრო ტერორისტ მკვლელებთან ერთად პასუხი ვაგებინოთ ყველას, ვინც პირდაპირ თუ ერთბაშად მხარს უჭერს მათ.
გალინა სტაროვოიტოვას ნათესავებსა და ახლობლებს ვთხოვ მიიღონ ჩემი უღრმესი წუხილი და სამძიმარი მისი უდროო და ტრაგიკული აღსასრულის გამო და ქედს ვიხრი მისი ნათელი ხსოვნის წინაშე.
ედუარდ შევარდნაძე.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადება : სამძიმარი // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 22-23 ნოემბერი. - №304-305 (3005). - 3 გვ.
![]() |
70 „ჩვენი ბედი ჩვენს ხელთაა, ჩვენზეა დამოკიდებული საბიუჯეტო კრიზისიდან გამოსვლის პერსპექტივა, ჩვენ ეს შეგვიძლია და ამას უეჭველად მივაღწევთ“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
23 ნოემბრის რადიოინტერვიუ
- განვლილი კვირა კვლავ საბიუჯეტო კრიზისით გამოირჩეოდა. საკმაოდ მძიმედ წარიმართა მოლაპარაკება საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან. ეს არც არის გასაკვირი, რადგან მსოფლიო კრიზისის გამო ფონდმა საკმაოდ გაამკაცრა პოზიციები უკლებლივ ყველა ქვეყნის მიმართ, რომლებსაც იგი კრედიტებით ეხმარება. კვლავ რთული ვითარებაა საგადასახადო შემოსავლის თვალსაზრისით, თუმცა უკვე იგრძნობა გაუმჯობესების ნიშნები. გასულ კვირას თქვენ შეხვდით ქართველ ბიზნესმენებს. ამას გარდა, სახელმწიფო მინისტრის ვაჟა ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით თითქმის ყოველდღიურად იკრიბებოდა საგანგებო საფინანსო კომისია. როგორ შეაფასებდით ამჟამინდელ ვითარებას, მით უმეტეს, რომ მოსახლეობის ერთი ნაწილი უაღრესად მძიმე კრიზისულ მდგომარეობაშია. ქვეყანაში აუტანელი სიტუაცია შეიქმნა იმ დროს, როდესაც წელი უკვე იწურება და პარლამენტმა უნდა იმსჯელოს 1998 წლის ბიუჯეტის შესრულებაზე და 1999 წლის ბიუჯეტზე. არის თუ არა პირველი ძვრები, პირველი შედეგები? - ჟურნალისტ ნატო ონიანის თხოვნით, ამ თემაზე საუბრით დაიწყო თავისი ტრადიციული ორშაბათის რადიოინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ:
- მე ხელფასებით დავიწყებ, ხელფასების, პენსიების გაუცემლობის, ისევე როგორც ზოგადად საბიუჯეტო კრიზისის უმთავრესი მიზეზი, უწინარესად, საკუთარ სახელმწიფოში უნდა ვეძებოთ. მარტო მიმიდნარე წელს გადასახადების, კერძოდ, საბაჟო გადასახადების დამალვისა და აღურიცხაობის გამო ბიუჯეტმა 100 მილიონზე მეტი ლარი დაკარგა, - ეს როგორც მინიმუმი. მხოლოდ ეს თანხა იქნებოდა საკმარისი ხელფასების, პენსიებისა და დახმარების გასაცემად.
საგადასახადო სისტემაში გარღვევამ შეაფერხა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების ადრე დაგეგმილი კრედიტების გამოყოფა. ამასაც ვგულისხმობდით მიმდინარე წლის ბიუჯეტის ფორმირებისას. მათი არგუმენტაცია სავსებით ლოგიკურია და არ უნდა გვიკვირდეს. სახელმწიფომ უწინარესად უნდა გააკეთოს ის, რაც მის შესაძლებლობებს შეესაბამება, რაც მას ევალება როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს. გარეშე დახმარება კი თანმდევი ფაქტორი შეიძლება იყოს. ამ პოზიციაში საწყენი არაფერია. ის ქვეყნები, რომლებიც საერთაშორისო სავალუტო ფონდს აფინანსებენ, უყაირათოდ, უაზროდ არც ერთ ცენტს არ დახარჯავენ. ბოლო წლების განმავლობაში მათ საქართველოს ასობით მილიონი დოლარი გრძელვადიანი კრედიტი გამოუყვეს თითქმის უპროცენტოდ და ათასნაირი სხვა დახმარება გაუწიეს. ეს ფული მათი მოქალაქეების შრომითა და ოფლით არის მოპოვებული. მიუხედავად ამისა, ისინი კრედიტებით ეხმარებიან განვითარებად ქვეყნებს, რათა ხელი შეუწყონ თავისუფალი ეკონომიკის დაფუძნებას. მაგრამ, ბუნებრივია, კრედიტის გამცემი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ეს თანხა ქმედითია და გამოყოფილი თანხები და გაწეული ხარჯები მიზანს აღწევს.
საქართველოში საბიუჯეტო პროცესზე ნეგატიურად იმოქმედა საფინანსო სტრუქტურების არასრულყოფილმა საქმიანობამ, ცალკეული საკვანძო რგოლების სისუსტემ. ბოლომდე ვერ აეწყო საქმე საგადასახადო და საბაჟო სამსახურებში, ვერ მოგვარდა ამ უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტების თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების საკითხი, რამაც დიდწილად განაპირობა კორუფციის კატასტროფული გავრცელება თანამშრომელთა და მასთან დაკავშირებულ, განსაკუთრებით კი ბიზნესით დაკავებულ პირთა შორის.
სამწუხაროდ, საგადასახადო კულტურა, აქედან გამომდინარე, საგადასახადო პრაქტიკა ელემენტარულ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. მარტო დახარჯული ელექტროენერგიის აუნაზღაურებლობის შედეგად სახელმწიფომ ბოლო წლებში 260 მილიონი ლარი დაკარგა. წარმოიდგინეთ, 260 მილიონი ლარი! აქედან დაახლოებით 50 მილიონი ლარი მთლიანად ბიუჯეტში უნდა შესულიყო. დავუმატოთ ეს ციფრი ზემოთ ნახსენებ 100 მილიონს - სწორედ აქ იმალება პრობლემის არსი.
მე, როგორც პრეზიდენტმა, ძალიან დიდი გულისტკივილით უნდა ვაღიარო, რომ ჩვენი სახელმწიფოებრივი კულტურა, სახელმწიფოებრივი მენტალიტეტი, თუნდაც პატრიოტიზმი, დიახაც, სწორედ აქ - სახელმწიფოს კუთვნილი გადასახადების, მოსაკრებლების სფეროში უფრო ვლინდება, ვიდრე სუფრაზე ლამაზი სადღეგრძელოების თქმის დროს. მესმის, ძნელი სათქმელია ეს, ძნელი მოსასმენიც არის, მაგრამ სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ. მეზობელ სომხეთში ჩვენზე ბევრად უფრო უჭირდათ, ახლაც უჭირთ, მაგრამ გასულ კვირას ჩემს კოლეგასთან საუბრების დროს დავრწმუნდი: გადასახადების აკრეფის, შემოსავლის დამალვის პრობლემა იქ თითქმის არ არსებობს. სწორედ ასეთ საკითხებში ვლინდება ხალხის სახელმწიფოებრივი შეგნება, რომელიც თითოეულ მოქალაქეს დედის რძესთან ერთად უნდა ჰქონდეს შესისხლხორცებული.
საქართველოში სუსტია კანონით გათვალისწინებული სანქციები იმათ მიმართ, ვინც თავს არიდებს გადასახადების გადახდას, შემოსავალს უმალავს სახელმწიფოს. ათასობით და ათიათასობით მოქალაქე ქმნის აღურიცხავ, ხშირად კი ფალსიფიცირებულ პროდუქციას, სრული უწესრიგობა და განუკითხაობაა სხვადასხვა ბაზრობებზე, რომლებიც სოკოებივით მომრავლდა მთელ ქვეყანაში. ირღვევა იმპორტირებული პროდუქტების განბაჟების ელემენტარული წესები. საერთოდ იმპორტის აღურიცხაობამ სახელმწიფოებრივად საშიში ხასიათი მიიღო.
ამდენად, არსებითი მნიშვნელობა ენიჭება და აუცილებელია კანონმდებლობის გამკაცრება, საფინანსო ინსტიტუტების, სამართალდამცავი ორგანოების რადიკალური გააქტიურება. სხვაგვარად, საბიუჯეტო კრიზისს თავს ვერ დავაღწევთ.
- ახლა თქვენ სომხეთის მაგალითზე საუბრობდით. გასაგებია, რომ საქართველოში ვინც ამოდენა ფინანსურ ძალას ფლობს, არა აქვს დედის რძესთან შესისხლხორცებული, რომ გადასახადი უნდა გადაიხადოს. იგივე დასავლეთის მაგალითი რომ გავითვალისწინოთ, იქ მკვლელობის გამო შეიძლება ადამიანი ვერ დაიჭირონ და დანაშაული ვერ დაუმტკიცონ, მაგრამ ბიუჯეტში თანხის შეუტანლობის გამო იქ უკვე არავინ არავის არ დაინდობს. ნუთუ არ შეიძლება არსებობდეს ისეთი სახელმწფო მექანიზმები, რომ იმათ, ვისაც ამის შეგნება არა აქვთ, სახელმწიფომ საკადრისად მოჰკითხოს...
- სწორედ ამას მოგახსენებთ. სხვათა შორის, სომხეთში არ არსებობს არც დახარჯული ელექტროენერგიის საფასურის გადახდის პრობლემა. მათ ეს მაშინ გადაწყვიტეს, როცა მართლაც შიმშილობდა მთელი ქვეყანა. ჩვენ კი, ხან გულმოწყალების გამო, ხან იმის გამო, რომ მძიმე წლები გადავიტანეთ, ბევრ რაღაცას შევეგუეთ, დღეს კი ამ დარღვევებთან და კანონიერების გადახრებთან ეს შეგუების პროცესი უკვე უნდა დამთავრდეს.
როცა სირთულეებზე ვლაპარაკობთ, არ შეიძლება ანგარიში არ გავუწიოთ ისეთ ფაქტორებსაც, როგორიც იყო ტერორისტული აქტი ქვეყნის პრეზიდენტის წინააღმდეგ, გალის ტრაგიკული მოვლენები, რაც პირდაპირ თუ არაპირდაპირ სერიოზულ ხარჯებთან აღმოჩნდა დაკავშირებული, აგრეთვე, სამხედრო ავანტიურა დასავლეთ საქართველოში და ზოგიერთი სხვა მომენტი. ბუნებრივია, ყველაფერი ეს მოქმედებს საერთო სტაბილურობაზე, მორალურ და ფსიქოლოგიურ კლიმატზე, საშემსრულებლო დისციპლინაზე, თუნდაც საგადასახადო პოლიტიკის განხორციელებაზე.
მძიმე დარტყმა, უმძიმესი დარტყმა მოგვაყენა რუსეთის ეკონომიკურმა კრიზისმა და ძალიან გულუბრყვილო უნდა იყოს ვინმე, თუ იფიქრებს, რომ ამ ქვეყანაში განვითარებული კრიზისული მოვლენები ჩვენზე არ იმოქმედებს. შეიზღუდა პროდუქციის ექსპორტი, დაირღვა უკვე ჩამოყალიბებული ეკონომიკური კავშირურთიერთობანი როგორც რუსეთთან, ისე სხვა პარტნიორებთან თანამეგობრობის სივრცეში.
უაღრესად ნეგატიური შედეგები მოგვიტანა ეროვნული ვალუტის ერთადერთ საგადამხდელო საშუალებად დამკვიდრებისათვის ღონისძიებების შესუსტებამ. ეროვნული ვალუტისადმი ასეთ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას დაუყოვნებლივ უნდა მოეღოს ბოლო. რაც შეეხება იმ საგანგებო კომისიებს, რომლებზეც თქვენ ბრძანებდით, ერთ-ერთ კომისიას მე ვხელმძღვანელობ, მეორე სამუშაო კომისიას - ბატონი ვაჟა ლორთქიფანიძე, იქ სწორედ ეს საკითხი ერთადერთ საგადამხდელო საშუალებად ეროვნული ვალუტის დამკვიდრების პრობლემებს უნდა მიეძღვნას, და მთელი ყურადღება, ძირითადად, ამ საკითხზე უნდა იყოს კონცენტრირებული.
ყოველივე ამას, რა თქმა უნდა, არ შევურიგდებით. პირდაპირ ვიტყვი: გადასახადების აკრეფის თვალსაზრისით ქვეყანაში დრაკონული ვითარება უნდა შეიქმნას. არ ვიცი, რამდენად სწორია ეს გამოთქმა, მაგრამ თავისი არსით ასე უნდა იყოს. საბიუჯეტო ტერორს, როგორც მე ვუწოდე გადასახადების დამალვას, ვუპასუხებთ სასტიკი აქციებით - კანონის მთელი სიმკაცრით, თვით კანომდებლობის გამკაცრებით.
გასულ კვირას მე შევხვდი ბიზნესმენებს. მათ შორის ბევრი შესანიშნავი მეწარმეა, თავისი ქვეყნის პატრიოტი და მამულიშვილია, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც თავს არიდებენ გადასახადების გადახდას სხვადასხვა საბაბით, სხვადასხვა მაქინაციებით, სხვადასხვა გზებით, მათ შორის, მოსყიდვის საშუალებით და ასე შემდეგ. გაიმართა უმძიმესი საუბარი, რომლიდანაც ყველამ სათანადო დასკვნა უნდა გამოიტანოს. თორემ, თუ ზოგიერთი, როგორც იტყვიან, კისერში ხელს წაგვიჭერს (სხვათა შორის, მე უკვე საბოტაჟის ელემენტებსაც ვატყობ), ხელისუფლება იძულებული გახდება საპასუხო ზომები მიიღოს.
არავის ვაშინებ, მხოლოდ ვაფრთხილებ ზოგიერთს: ცეცხლს ნუ ეთამაშება! გადასახადების დამალვა სისხლის სამართლის დანაშაულია და სამშობლოს ღალატს უდრის.
უახლოეს მომავალში მივიღებთ არაორდინალურ გადაწყვეტილებებს. აქტიურად ვითანამშრომლებთ პარლამენტთან მიმდინარე და მომავალი წლის ბიუჯეტებთან დაკავშირებული პრობლემების გადასაჭრელად. არ გამოვრიცხავ სეკვესტრირების მექანიზმის ამოქმედებას. რაც მთავარია, თუ მიმდინარე წელს ვერ მოვახერხეთ ხელფასებისა და პენსიების დავალიანების მთლიანად დაფარვა და, ალბათ, ვერ მოხერხდება, ეს ნაწილობრივ დაიწყება ყოველ მიზეზგარეშე, იგი უეჭველად დაიფარება მომავალი წლის ბიუჯეტით პირველივე თვეებში და ეს ხარჯები სწორედ საბიუჯეტო კანონით იქნება გათვალისწინებული. არავის არაფერი არ დაეკარგება.
სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს: გარდატეხა უკვე დაიწყო საბაჟო და საგადასახადო სამსახურებში, ახალი კადრების მოსვლის შემდეგ მათ მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს მუშაობა. მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია დიდი შეტევისა უპასუხისმგებლობის, საბიუჯეტო ტერორის და კორუფციის წინააღმდეგ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ჩვენი ბედი ჩვენ ხელთაა, ჩვენზეა დამოკიდებული საბიუჯეტო კრიზისიდან გამოსვლის პერსპექტივა, ჩვენ ეს შეგვიძლია და ამას უეჭველად მივაღწევთ. ამჟამინდელი საბიუჯეტო კრიზისი საქართველოს სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის, დამოუკიდებელობის განმტკიცების კონტექსტით უნდა განიხილებოდეს. ეს არის დღევანდელი ეროვნული მოძრაობა - დროშების ფრიალის დრო დამთავრდა.
არ უნდა შევდრკეთ, გული არ უნდა გავიტეხოთ და დამოუკიდებლობის მშენებლობისას წარმოშობილ სირთულეებს მტკიცედ უნდა შევებათ. საქართველო გამონაკლისი არ არის. დღეს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანას, თვით ეკონომიკურ ტიტანებსაც კი გადაუარა ფინანსური კრიზისის ქარიშხალმა. გავიხსენოთ იაპონია, სამხრეთ კორეა, რომლებიც აყვავებული ქვეყნებია, ინდონეზია - ეს ერთ-ერთი გიგანტია ისევე, როგორც ბრაზილია, და ბოლოს რუსეთი და მრავალი სხვა სახელმწიფო. სამხრეთ ამერიკის მრავალ სხვა ქვეყანაში საბიუჯეტო კრიზისი მძვინვარებს.
ამრიგად, ბევრი რამ ისევ და ისევ ეროვნულ ენერგიაზეა დამოკიდებული. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ხალხი ამ ურთულეს კრიზისულ პერიოდსაც ისევე დასძლევს, როგორც კრიმინალური ანარქია, სამოქალაქო ომი და საყოველთაო ქაოსი დასძლია. რა თქმა უნდა, მე გარკვეულ იმედებს ვამყარებ ახალ ფინანსთა მინისტრზე ბატონ დავით ონოფრიშვილზე, რომელსაც აქვს მაღალი კვალიფიკაცია და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობის სათანადო გამოცდილება, იგი არის დინჯი, მოაზროვნე, კარგი სპეციალისტი და ამავე დროს გავლილი აქვს საპარლამენტო მუშაობის ძალიან კარგი სკოლა.
- განვლილი კვირის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ბატონ რობერტ ქოჩარიანის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში. ხელმოწერილია მნიშვნელოვანი დოკუმენტები, გადაიდგა კიდევ ერთი ნაბიჯი კავკასიის უშიშროების, ორი ერის დაახლოების გზაზე, და მით უმეტეს იმ ფონზე, როცა, ალბათ, ეს ყველას ინტერესებს არ შეესაბამება...
- მოლაპარაკების შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე მე ვთქვი და კვლავ ვიმეორებ: საქართველოს აქვს უნიკალური შანსი - მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ჩვენს მეზობლებთან ერთად.
ორივე მეზობელი ქვეყანა, აზერბაიჯანიც და სომხეთიც, აღიარებს რეგიონული თანამშრომლობის აუცილებლობასა და იმ ფაქტორის მნიშვნელობას, რომ საქართველოს ორივე მათგანთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს.
სომხეთის პრეზიდენტმა განაცხადა: საქართველო არის გზა ევროპისაკენ.
ჩვენთვის სომხეთთან თანამშრომლობა ისევე მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია, როგორც მოძმე აზერბაიჯანთან. სხვათა შორის, აქვე უნდა აღვნიშნო: აზერბაიჯანთან სტრატეგიული თანამშრომლობა, რა თქმა უნდა, არ გამორიცხავს მჭიდრო ურთიერთობას, მჭიდრო თანამშრომლობას ისტორიულად მეგობარ და მეზობელ სომხეთთან. არავისთვის არ იქნება მოულოდნელი, თუ ვიტყვი: ყველა შემთხვევაში საქართველო მოქმედებდა, მოქმედებს და იმოქმედებს უპირველესად, რა თქმა უნდა, საკუთარი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესების შესაბამისად - პარტნიორი ქვეყნების ინტერესების პატივისცემითა და ამის გათვალისწინებით.
რობერტ ქოჩარიანთან საუბარი იყო უაღრესად კონსტრუქციული, პრაგმატული და შედეგიანი. აღსანიშნავია აგრეთვე ის მეგობრული ატმოსფერო, რომელშიც ამ ვიზიტმა ჩაიარა.
- გასულ კვირას განსაკუთრებით რუსეთის მასმედიის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის აღმასრულებელი მდივნის ბორის ბერეზოვსკის სტუმრობა ჩვენს დედაქალაქში. გუშინ თბილისს არძინბას წარმომადგენლები ეწვივნენ. მოლაპარაკების შედეგების კომენტირებისას არც მათ და არც სახელმწიფო მინისტრს ვაჟა ლორთქიფანიძეს თქვენი და არძინბას შეხვედრის თარიღი არ დაუსახელებიათ. გაიმართება თუ არა ეს შეხვედრა, რამდენად შედეგიანად დაიწყო გუშინდელი მოლაპარაკება? ალბათ, უნდა აღინიშნოს ერთი მომენტიც - ეს არის ამ ბოლო პერიოდში აფხაზური მხარის რაღაც გააქტიურება და მათი სურვილი საქართველოს ხელისუფლებასთან უშუალო მოლაპარაკებისა, რასაც პირდაპირ გამოხატავენ...
- ყველა შეხვედრა, თქვენ რომ ჩამოთვალეთ, მნიშვნელოვანი და სასარგებლო იყო. თანამეგობრობის აღმასრულებელი მდივანი კვლავინდებურად ადასტურებს, რომ აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგება მას თვით ამ ორგანიზაციის ქმედუნარიანობის „სასინჯ ქვად“ მიაჩნია. არ არის შემთხვევითი, რომ აფხაზეთის პრობლემატიკა თანამეგობრობის რეფორმირებისა და განვითარების კონტექსტით განვიხილეთ.
რაც შეეხება შეხვედრას სოხუმში, სამწუხაროდ, მისი ორგანიზება ნოემბერში, ალბათ, უკვე ვეღარ მოხერხდება - როგორც წმინდა ორგანიზაციული, ასევე შინაარსობრივი მიზეზების გამო. თუმცა მე კვლავ ვადასტურებ, რომ მზად ვარ ჩავიდე სოხუმში და ხელი მოვაწერო დოკუმენტებს, თუ გვექნება მათი აღსრულების ასპროცენტიანი გარანტია.
ქართველთა და აფხაზთა შერიგების პროცესი უკვე დაიწყო და იგი უეჭველად მიგვიყვანს სასურველ შედეგამდე, ანუ კონფლიქტის მშვიდობიან და სამართლიან მოწესრიგებამდე. სოხუმის შეხვედრა (მე მაინც მჯერა, რომ იგი გაიმართება) არ გახდება პირველი, მაგრამ მაინც ძალზე მძლავრი ნაბიჯი იქნება ამ გზაზე.
გუშინ მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ანრი ჯერგენიასა და საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ვაჟა ლორთქიფანიძის მოლაპარაკება. საუბარი საკმაოდ კონსტრუქციული გამოდგა. მხარეთა პოზიციები სულ უფრო უახლოვდება ერთმანეთს. ამჟამად გრძელდება მუშაობა რამდენიმე პრინციპულ საკითხზე. მთლიანობაში ამ მოლაპარაკებამ კიდევ უფრო დაგვაახლოვა დოკუმენტების საბოლოო შეთანხმებულ ვარიანტთან. ჩვენთვის უმთავრესია ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება, უსაფრთხოების გარანტიები დაბრუნების შემდეგ. ბუნებრივია, აქტიურ კონსულტაციებს ვაწარმოებთ აგრეთვე აფხაზეთის უმაღლეს საბჭოსთან და მინისტრთა საბჭოსთან, ასევე გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან ლივიუ ბოტასა და მეგობარი ქვეყნების ელჩებთან.
აი, ასეთი დაძაბული მუშაობა მიმდინარეობს. რაც შეეხება თარიღს, ეს საკითხი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ დავასრულებთ მუშაობას დოკუმენტზე.
- გუშინ შესრულდა ათი წელი 1998 წლის ნოემბრის ცნობილი აქციის - ნოემბრის შიმშილობიდან, როგორც მას უწოდებენ, რომლის ინციატორი მაშინ გიორგი ჭანტურია იყო. ქართველმა ახალგაზრდებმა, მთელმა საქართველომ მაშინ საბჭოთა კავშირის კონსტიტუციის ანტიდემოკრატიული ცვლილებების წინააღმდეგ გამოთქვა პროტესტი. უნდა შესულიყო მუხლი, რომლის თანახმადაც რესპუბლიკებს საბჭოთა კავშირიდან გამოყოფის უფლება არ ჰქონდათ. მაშინაც კი, იმ პერიოდშიც ეს ძალიან მნიშვნელოვანი დარღვევა იყო, რამდენადაც საბჭოთა კავშირის წინა კონსტიტუციაში ეს არ ყოფილა. გვახსოვს ის სიტუაცია, გვახსოვს საქართველოს ის პროტესტი, ის სულისკვეთება, რომელიც სუფევდა ამ შენობიდან არცთუ ისე შორს. მაშინ ედუარდ შევარდნაძე მოსკოვში იმყოფებოდა...
- ჩემს მეხსიერებაში ნოემბრის მოვლენები ისევე მკაფიოდ აღიბეჭდა (ყოველ შემთხვევაში, როგორც მოსკოვიდან ჩანდა), როგორც 1978 წლის აპრილის საყოველთაო-სახალხო მღელვარება.
ნოემბრის საპროტესტო აქციის კულმინაციის დროს, ესე იგი, ბოლო დღეს, როდესაც ათასობით და ათიათასობით ადამიანი მოითხოვდა საბოლოო პასუხს კითხვაზე: ან ჰო, ან არა, სწორედ ასე იდგა საკითხი: თუ - არა, მაშინ სულ სხვა ზომებს მიმართავდნენ. რესპუბლიკის იმდროინდელი პარტიული ხელმძღვანელი საქართველოში არ იმყოფებოდა, ყოველ შემთხვევაში, იმ ღამეს, როცა გამოსვლებს ასეთი დრამატული ხასიათი ჰქონდა.
მახსოვს, გვიან ღამით დამირეკა ნუგზარ ფოფხაძემ (იგი, ეტყობა, მაშინ მოვალეობას ასრულებდა, მას ჰქონდა მინდობილი პირველი მდივნის მიერ ყოფილიყო პასუხისმგებელი ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობისათვის), რომელიც საშინლად აღელვებული და შეშფოთებული იყო. მან მითხრა, რომ პირველი ხელმძღვანელი ადგილზე არ არის, რომ მოსალოდნელია უმძიმესი შედეგები, ვინაიდან აქციაში ათიათასობით კაცი მონაწილეობს, მითხრა, მთელი რუსთაველის პროსპექტი სავსეაო. მე დაუყოვნებლივ შევადგინე გენერალური მდივნის მიმართვის სქემა, შუაღამისას დავუკავშირდი მიხეილ გორბაჩოვს და ვუთხარი, რომ იგი უბრალოდ ვალდებული იყო მიემართა საქართველოს ახალგაზრდობისა და მთელი მოსახლეობისათვის, რათა თავიდან აგვეცილებინა კატასტროფა. მე და გორბაჩოვმა ტექსტი საბოლოოდ დავაზუსტეთ და ტელეფონით ნუგზარ ფოფხაძეს გადმოვეცი, მე თვითონ ვუკარნახე. მისი ძირითადი არსი ის იყო, რომ მოსახლეობის მოთხოვნა სწორია, მართალია და გათვალისწინებული და დაკმაყოფილებული იქნება.
როგორც მითხრეს, მიმართვა მიტინგზე წაიკითხეს, რამაც განაპირობა ვითარების განმუხტვა. თუმცა ახალგაზრდობის აქციამ მიზანსაც მიაღწია - თქვენ იცით, რომ ის ცვლილებები, რომლებიც შეტანილ იქნა კონსტიტუციაში, რომლებიც უნდა შეეტანათ, უმალვე გაბათილდა და შესაბამისი მუხლი დარჩა იმავე ფორმულირებით, როგორც მანამდე.
ალბათ, ისტორიკოსები მომავალში პირუთვნელად შეისწავლიან საქართველოს უახლესი ისტორიის ამ პერიოდს. შეფასება ამჯერად ჩემი პრეროგატივა არ არის. უდავოა, რომ ნოემბრის აქციამ დიდწილად განსაზღვრა საქართველოში მოვლენათა შემდგომი განვითარება.
- გასულ კვირაში რუსეთის ტელევიზიის თემა კვლავ გიორგაძის თემა იყო. ამჯერად რუსული მასმედიის მართლაც უცნობი წარმომადგენლები გამოჩნდნენ ეკრანზე და, ვიდრე ისინი საქართველოს მომავალ პრეზიდენტზე გვესაუბრებოდნენ, სანქტ-პეტერბურგში მორიგი ამაზრზენი ფაქტი მოხდა - „დემოკრატიჩესკაია როსიას“ ერთ-ერთი ლიდერი და უცნობილესი რუსი პარლამენტარი გალინა სტაროვოიტოვა მოკლეს. როგორც ჩანს, პოლიტიკური ტერორი არ არის მხოლოდ რუსული მასმედიის პრეროგატივა და არც მხოლოდ სხვა ქვეყნისთვის განკუთვნილი ფაქტი. სხვათა შორის, მე გაგახსენებთ ერთ გამონათქვამს, რომელიც ბერეზოვსკის ეკუთვნის. მან თქვა, რუსი სამართალდამცავები უკვე ფაქტობრივად ბანდფორმირებებად იქცნენ და ისინი სხვადასხვა ტერორისტული აქტების დამგეგმავებად და განმხორციელებლებად გვევლინებიანო...
- გალინა სტაროვოიტოვას მკვლელობასთან დაკავშირებით ჩემი მოკლე განცხადება უკვე გამოქვეყნდა. კიდევ ერთხელ მინდა გავიხსენო ის წლები. ეს იყო პერესტროიკის დაწყების წლები, დემოკრატიზაციის გაღრმავებისა და გაფართოების წლები, ჩვენ თანამოაზრენი ვიყავით და შემდგომშიც ჩვენი საქმიანი და მეგობრული ურთიერთობა არ შეწყვეტილა. მაგრამ იმას, რაც მე უკვე ვთქვი, ერთ ფრაზას კიდევ ერთხელ განსაკუთრებით გავუსვამდი ხაზს:
ქვეყანა, სადაც მფარველობენ ტერორისტებს, რომელთა სინდისზეა რამდენიმე ადამიანის, მათ შორის, სრულიად უდანაშაულო, შემთხვევითი ადამიანების სიცოცხლე, უეჭველად თავად ჩაეფლობა ტერორისა და სისხლიანი ანარქიის ჭაობში, ვინაიდან, თუ დასაშვებია პოლიტიკური მოტივებით სახელმწიფო ან საზოგადო მოღვაწეთა, პოლიტიკოსთა მკვლელობის შეკვეთა და შემსრულებელთა აღიარება ლამის „პოლიტიკურ დევნილებად“, მათთვის თავშესაფრის მიცემა, ტელევარსკვლავებად გადაქცევა, - მაშინ ნებისმიერ ბანდიტურ დაჯგუფებას ეძლევა ინდულგენცია, - იმოქმედოს პოლიტიკურ ოპონენტთა წინააღმდეგ ისე, როგორც თავად მიაჩნია საჭიროდ.
დარწმუნებული ვარ, გალინა სტაროვოიტოვა სწორედ ამ კრიმინალური აზროვნებისა და ტერორისტული ქარბორბალას მსხვერპლი გახდა.
- სულ მალე საქართველოს ეწვევა ბულგარეთის პრეზიდენტი პეტრე სტოიანოვი. ერთმორწმუნე ქვეყანასთან ყოველმხრივი ურთიერთობის განვითარებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მით უმეტეს, როცა საუბარია იმ ქვეყანაზე, რომელიც შავი ზღვის აუზში ჩვენი მეზობელია... ჩვენ გვახსოვს თქვენი ორი ვიზიტი ბულგარეთში.
- ეს არის საპასუხო ვიზიტი, როგორც თქვენ ბრძანეთ, კარგად გახსოვთ, თქვენ მონაწილეობდით, საქართველოს სახელმწიფო დელეგაციის სტუმრობა სოფიაში ჩემი ხელმძღვანელობით. მაშინ მოლაპარაკებამ, ერთობლივმა მუშაობამ შესანიშნავი შედეგი მოიტანა და, შეიძლება ითქვას, საქართველომ კიდევ ერთი ფანჯარა გაჭრა ევროპაში მეგობარი, ერთმორწმუნე, ისტორიული ბედით მსგავსი ქვეყნის მეშვეობით.
ამჟამად ჩვენი ამოცანაა კიდევ უფრო განვავითაროთ კონსტრუქციული თანამშრომლობა. სასაუბრო ძალიან ბევრი გვაქვს. მრავალი პროექტი არათუ შემუშავდა, არამედ განხორციელების სტადიაშია. ბულგარეთი აქტიურად მონაწილეობს ტრასეკას პროექტში, დაინტერესებულია ევრაზიის დერეფნის განვითარებით, ესე იგი, აბრეშუმის გზის აღორძინებით, ნავთობის ტრანსპორტირებით და ასე შემდეგ. ეს ერთხელ კიდევ დადასტურდა ბაქოს ისტორიულ სამიტზე.
ამდენად, ჩემი ხალხის სახელით მივესალმები ჩემს მეგობარსა და პარტნიორს, რომელიც პირველად ეწვევა საქართველოს. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ხალხი ტრადიციულად გულთბილად და მეგობრულად შეხვდება მას.
- ჩვენი ინტერვიუს ბოლო კითხვა. დღეს გიორგობაა. დღევანდელი ინტერვიუც ამ მოლოცვით უნდა დაგვეწყო... წმინდა გიორგის თაყვანისცემა საქართველოში ყოველთვის განსაკუთრებული იყო და მინდა მოგილოცოთ ეს დღე, რამდენადაც იგი თქვენი ანგელოზის დღეც არის...
- მე გადავწყვიტე ეს მოლოცვა ბოლოსთვის გადმომეტანა, ზემოთ უფრო მძიმე თემებზე იყო საუბარი.
გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს ვულოცავ თითოეულ ქართველს, სრულიად საქართველოს, მათ შორის ვულოცავ მოძმე ოს ხალხს, რომლისთვისაც წმინდა გიორგი აგრეთვე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და მახლობელია.
წმინდა გიორგის ძალა და სათნოება იფარავს საქართველოს, იგი გვაძლიერებს და განგვიმტკიცებს რწმენას. დღეს, უმოწყალო პრაგმატიზმის ეპოქაში, როცა ვლაპარაკობთ სხვადასხვა ცხოვრებისეულ თუ საზოგადოებრივ პრობლემებზე, თუნდაც საბიუჯეტო კრიზისზე, ფისკალურ პოლიტიკაზე და ასე შემდეგ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ერის სულიერებაა სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ყოფიერების საფუძველთა საფუძველი.
მახსენდება შესანიშნავი ქართველი მოქანდაკის ზურაბ წერეთლის ბრწყინვალე ქანდაკება, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შტაბ-ბინის ეზოში დგას და იგი ქართველი ერის საჩუქარია გაერთიანებული ერების ორგანიზაციისადმი. ამ ძეგლის გახსნაში ვმონაწილეობდით მაშინდელი გენერალური მდივანი პერეს დე კუელიარი, ჯიმ ბეიკერი, მე და სხვა მრავალი პოლიტიკური მოღვაწე.
ამ ქანდაკებაში ნატიფი ექსპრესიით არის გადმოცემული წმინდა გიორგის ძლევამოსილების საიდუმლო - არა ფიზიკური ძალა, არა მატერიალური საწყისი, არამედ სულიერი სიმრთელე და უმტკიცესი რწმენა. სწორედ მათი მეშვეობით, თუნდაც მხოლოდ ნეკა თითით, რომლითაც წმინდა გიორგის შუბი უპყრია, მას ძალუძს განგმიროს თითქოსდა ყოვლისმძლე გველეშაპი.
გილოცავთ გიორგობას, წმინდა გიორგის ძალა მოგვცეს უფალმა.
საქინფორმი.
„ჩვენი ბედი ჩვენს ხელთაა, ჩვენზეა დამოკიდებული საბიუჯეტო კრიზისიდან გამოსვლის პერსპექტივა, ჩვენ ეს შეგვიძლია და ამას უეჭველად მივაღწევთ“ : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 23 ნოემბრის რადიოინტერვიუ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 25 ნოემბერი. - №306 (3006). - 1,2 გვ.
![]() |
71 ქალბატონ ელენე ბათიაშვილს |
▲ზევით დაბრუნება |
მილოცვა
ქალბატონო ელენე,
საოცარ დაბადების დღეს გილოცავთ - ასი წლისთავს.
მე თქვენ გისმინეთ, გიცქირეთ და მინდა გითხრათ, ასი წლის სიმძიმეს ბევრისმთქმელი ღირსებითა და მოხდენილობით ატარებთ.
დიდი მადლობა თქვენი მრავალწლიანი ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის ახალგაზრდობის სწავლისა და აღზრდის საქმეში.
მინდა კარგად ყოფნა გისურვოთ, მინდა არამარტო თქვენმა საგვარეულომ, არამედ მთელმა საქართველომაც მოგბაძოთ, როგორც წელთა სიმრავლეში, ისე ქვეყნისთვის ერთგულად მსახურებაში.
ედუარდ შევარდნაძე.
26.11. 1998 წ.
ქალბატონ ელენე ბათიაშვილს : მილოცვა // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 27 ნოემბერი. - №308 (3008). - 1 გვ.
![]() |
72 „საქართველოს სანიმუშო ურთიერთობა შავი ზღვის უკლებლივ ყველა სახელმწიფოსთან, მათ შორის, ბულგარეთთან, იმის საწინდარია, რომ განახლებული „დიდი აბრეშუმის გზა“ გაამართლებს მასში მონაწილე სახელმწიფოთა იმედებს“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა
როგორც ვიუწყებოდით, 26 ნოემბერს, საღამოს, მთავრობის „კრწანისის“ რეზიდენციაში საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ ოფიციალური სადილი გამართა ბულგარეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის პეტარ სტოიანოვის პატივსაცემად.
სადილზე ედუარდ შევარდნაძემ და პეტარ სტოიანოვმა სადღეგრძელოები წარმოთქვეს.
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა
ბატონო პრეზიდენტო,
ჩვენო ბულგარელო მეგობრებო,
ქალბატონებო და ბატონებო,
კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება საქართველოში. მოგესალმებით ყველას, - მათ, ვინც ადრე ყოფილა საქართველოში და ვინც, თქვენთან ერთად, ბატონო პრეზიდენტო, დღეს პირველად დაადგა ფეხი ქართულ მიწას.
ერთი წელიც არ გასულა მას შემდეგ, რაც თქვენ ესოდენ გულუხვი სტუმართმოყვარეობა აღმოგვიჩინეთ. როდესაც ჩვენი თვითმფრინავი პლოვდივში დაეშვა და ამით დაიწყო ვიზიტი ბულგარეთში, მე მივხვდი, თუ რატომ გსურდათ, ბატონო პრეზიდენტო, ჩვენი მოგზაურობა სწორედ თქვენი მშობლიური ქალაქიდან დაწყებულიყო. ეს იყო სამართლიანი სიამაყის გრძნობა იმ მიღწევებით, რომლებიც უკვე მაშინ ხდებოდა შესამჩნევი არა მარტო ბულგარეთის დედაქალაში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.
საკუთარი სამშობლოთი ჩვენც ვამაყობთ, ისევე, როგორც ჩვენი მეგობრული ურთიერთობით მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა სახელმწიფოსთან. თუკი უკანასკნელი წლების მანძილზე საქართველო და მისი ხალხი ფიზიკურად გადარჩა, ეს ჩვენი მეგობრების დამსახურებაცაა. კრიზისით გამოწვეული უმძიმესი ეტაპი თქვენც გამოიარეთ და, ალბათ, კარგად გამიგებთ, თუ რას ვგულისხმობ.
დღეს დგება დრო, როდესაც ყველაზე უარესი მოგონებებშიღა დარჩა. ჩვენ, ვინც გამოვცადეთ სიდუხჭირე, ვიცით, ურთიერთთანადგომის ფასიც. რეგიონის ქვეყნების ურთიერთთანადგომა და თანამშრომლობა, დღეს ის მთავარია, რის გარეშეც, შავი და კასპიის ზღვისპირეთის ქვეყნები ხელიდან გაუშვებენ ასე ნანატრ შანსს თავიანთი ღირსეული ადგილი დაიმკვიდრონ მსოფლიო თანამეგობრობაში. სწორედ ამიტომ, ჩვენ მივესალმებით რეგიონში ასე გახშირებულ სხვადასხვა, მათ შორის, უმაღლესი დონის კონტაქტებს.
ამ თანამშრომლობის ნაყოფი სულ უფრო მკაფიოდ იკვეთება. განახლებული „დიდი აბრეშუმის გზა“, რომელიც ევროკავშირის ტრასეკას პროექტით დაიწყო, უკვე რეალობად იქცა. მისი განხორციელების პირველი ეტაპის - ერთიანი სატრანსპორტო-საკომუნიკაციო სივრცის ფორმირების ლოგიკურ დასასრულად მიგვაჩნია ისტორიული ბაქოს სამიტი. ამ პროექტის მონაწილე ყველა ქვეყნისა და ლიდერის უდავო წარმატებაა ის, რომ მოხერხდა გეოგრაფიულად საკმაოდ დაცილებული, სხვადასხვა ზღვებსა და კონტინენტებზე განლაგებული სახელმწიფოების გაერთიანება საერთო გრძელვადიანი მიზნის გარშემო. და თუ მაღალგანვითარებული დასავლეთი ევროპისათვის, დღეს ამაში არაფერია განსაკუთრებული, ბულგარეთისა და საქართველოსთვის ეს არა მარტო ეკონომიკური კეთილდღეობის უმნიშვნელოვანესი წყაროა, არამედ მათი ფუნქციაა იმ ახალ მსოფლიო წყობაში, რომელიც „ცივი ომის“ დამთავრების შემდეგ ყალიბდება. საქართველოს სანიმუშო ურთიერთობა შავი ზღვის უკლებლივ ყველა სახელმწიფოსთან და, მათ შორის, ბულგარეთთან, იმის საწინდარია, რომ განახლებული „დიდი აბრეშუმის გზა“ გაამართლებს მასში მონაწილე სახელმწიფოთა იმედებს.
ამ პროექტში საქართველოს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ფოთის, სუფსისა და ბათუმის, ხოლო, მომავალში ოჩამჩირისა და სოხუმის ნავსადგურებისა და ტერმინალების წყალობით, საქართველოში ორივე მიმართულებით გასატარებელი უზარ458
მაზარი რაოდენობის ტვირთის ლომის წილი მოვა. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს არა მარტო დიდი მოგება, არამედ დიდი პასუხისმგებლობაცაა. სტაბილურობა ჩვენს ქვეყანაში განახლებული „დიდი აბრეშუმის გზის“ სტაბილურობას ნიშნავს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა უზრუნველვყოთ ქვეყნის მდგრადი განვითარება. საქართველოში წელს განხორციელებულმა დესტაბილიზაციის არაერთმა უშედეგო მცდელობამ დაადასტურა, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ჩვენი ქვეყანა არასდროს ყოფილა ასე ძლიერი. მათ არც მომავალში უწერიათ წარმატება, ვინაიდან, საქართველოს კურსი სტაბილურობის, დემოკრატიისა და თავისუფალი ბაზრის პრინციპებისადმი ურყევია.
ამით არა მარტო ჩვენ, არამედ მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოებიც არიან დაინტერესებული. ამის დადასტურება გახლდათ ამას წინათ ანკარაში გამართული შეხვედრა და მასზე ხელმოწერილი დეკლარაცია, რომელიც კასპიის ენერგოშემცველების საქართველოს გავლით ტრანსპორტირებას გულისხმობს. ჩვენ არაერთხელ განგვიცხადებია, რომ კასპიის გაზი და ნავთობი უნდა იქცეს არა გათიშულობისა და კონფრონტაციის, არამედ საყოველთაო მოგებისა და, შესაბამისად, საყოველთაო დაინტერესებისა და სტაბილურობის წყაროდ. ეს კი ტრანსპორტირების გზების მრავალვარიანტულობის შემთხვევაშია შესაძლებელი. სულ მალე აზერბაიჯანის ადრეული ნავთობი, რომლის რაოდენობა მოსალოდნელს რამდენჯერმე აღემატება, მიაღწევს სუფსის ტერმინალს და, ვფიქრობ, მთელი ძალით ამოქმედდება შავი ზღვის დასავლეთი სანაპიროს შესაბამისი სიმძლავრეები.
ჩვენს შორის შედგა საფუძვლიანი საუბარი საქართველოს და ბულგარეთის თანამშრომლობაზე საერთაშორისო ორგანიზაციებში. ჩვენ გამოვთქვით მოსაზრება იმის თაობაზე, რომ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის კიდევ უფრო გააქტიურება და მისი მონაწილეობა რეგიონში მიმდინარე გლობალური მასშტაბის პროექტებში, დააჩქარებს ორგანიზაციის მიზნების მიღწევას. ამჟამად საქართველო ორგანიზაციის თავმჯდომარეა და ჩვენ განზრახული გვაქვს, ყველაფერი ვიღონოთ ამ პროცესის დასაჩქარებლად.
საქართველო მიესალმება ბულგარეთის ევროპულ სტრუქტურებში სრულფასოვანი ინტეგრაციისკენ სწრაფვას, ვინაიდან თვითონაც ამ გზას ადგას. გაისად ჩვენ ველით ევროპის საბჭოში გაწევრიანებას, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციასთან გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებათა გაგრძელებას და ევროკავშირთან პოლიტიკური დიალოგის გაღრმავებას, აქტიურად ვმონაწილეობთ და კვლავაც მივიღებთ მონაწილეობას ნატოს პროგრამებში.
ქალბატონებო და ბატონებო,
ჩვენი შეხვედრები სულ უფრო ნაკლებად ცერემონიული ხდება და სულ უფრო მეტად იძენს კეთილ მეგობრებსა და საიმედო პარტნიორებს შორის მუდმივად მიმდინარე საქმიანი კონტაქტების ხასიათს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ შევძელით ბულგარელ და ქართველ ხალხს, ბულგარეთსა და საქართველოს შორის არსებული მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობის პოტენციალის ჯეროვანი ამოქმედება, მნიშვნელოვანწილად, ეს თქვენი დამსახურებაცაა, ბატონო პრეზიდენტო. თქვენმა გამბედაობამ და მიზანდასახულობამ, დემოკრატიული რეფორმებისათვის და ქვეყნის განახლებისათვის მიმართულმა კურსმა პირადად თქვენც და თქვენს ქვეყანასაც უკვე მოგიპოვათ უდიდესი ავტორიტეტი მსოფლიოში. ნება მიბოძეთ, შემოგთავაზოთ პრეზიდენტ სტოიანოვისა და ჩვენი მეგობარი ბულგარელი ხალხის სადღეგრძელო, ჩვენი ქვეყნების მომავლის სადღეგრძელო.
„საქართველოს სანიმუშო ურთიერთობა შავი ზღვის უკლებლივ ყველა სახელმწიფოსთან, მათ შორის, ბულგარეთთან, იმის საწინდარია, რომ განახლებული „დიდი აბრეშუმის გზა“ გაამართლებს მასში მონაწილე სახელმწიფოთა იმედებს“ : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 28 ნოემბერი. - №309 (3009). - 1,2 გვ.
![]() |
73 „მდგომარეობა დაძაბულია, რთულია, მაგრამ სრულებითაც არ არის უიმედო“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
30 ნოემბრის რადიოინტერვიუ
- განვლილი კვირის მთავარი თემა კვლავ ქვეყანაში არსებული საბიუჯეტო კრიზისი იყო ისევე, როგორც საერთოდ ყველა პოსტსაბჭოურ რესპუბლიკაში. მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე თქვენ საკმაოდ მძაფრად და მკაცრად შეაფასეთ მაკონტროლებელი სამსახურების პირველი პირების საქმიანობა და ისიც მოითხოვეთ, რომ ხალხს სიმართლე უთხრან და აუხსნან რატომ არ არის და იქნება თუ არა ხელფასები და პენსიები. ამის პარალელურად, საქართველოს პარლამენტში მსჯელობის საგანი იყო მიმდინარე 1998 და მომავალი 1999 წლის ბიუჯეტები. პარლამენტმა მოითხოვა სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებათა შეტანა დამალული, დაფარული გადასახადების გამო. და კვლავ ერთი ფრაზა მთავრობის სხდომიდან: თქვენ ბრძანეთ, რომ მდგომარეობა ურთულესია, მაგრამ არა უიმედო. ამ სიტუაციაში რისი იმედი შეიძლება ჰქონდეს ქვეყნის ეკონომიკას? - ჟურნალისტ ნატო ონიანის ამ შეკითხვის პასუხად საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ თავის ტრადიციულ ორშაბათის რადიოინტერვიუში განაცხადა:
- საქართველოში საბიუჯეტო კრიზისთან დაკავშირებით ყველა პრობლემა, ამ საკითხის მრავალი ასპექტი, რა თქმა უნდა, დეტალურად განვიხილეთ მთავრობის სხდომაზე. ეს ღონისძიება საკმაოდ ფართოდ გააშუქა მასმედიამ. ვფიქრობ, ჩემს გამოსვლას, ალბათ, მოისმენს დაინტერესებული საზოგადოება, ეს შეიძლება დღეს მოხდეს.
ამჯერად მხოლოდ რამდენიმე კონცეპტუალურ საკითხზე შევაჩერებ რადიომსმენელის ყურადღებას, რათა ერთხელ კიდევ შემოვხაზოთ ძირითად პრობლემათა წრე, რომელთა დაძლევა საბიუჯეტო კრიზისიდან გამოსვლის საწინდარი გახდება.
პირველი: კრიზისი უნდა დავძლიოთ. ძირითადად, საკუთარი რესურსების გამოყენებით, საკუთარი სახელმწიფოებრივ ნაკლოვანებათა, ჩავარდნათა გამოსწორებით.
სამწუხაროდ, დღემდე გადაუჭრელია ის პრობლემები, რომლებმაც თავი იჩინა საგადასახადო სფეროში. უნდა ვაღიაროთ რეალობა: ქართული სახელმწიფო ჯერჯერობით ვერ ასრულებს ამ ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას. ამ ფუნქციის გარეშე კი სახელმწიფო ვერ იარსებებს.
ესეც კონცეპტუალური საკითხია.
კაცობრიობის სახელმწიფოებრივი განვითარების ისტორია ადასტურებს: სახელმწიფოს უმთავრესი ფუნქცია, უძველესი დროიდან, შუმერიდან, ეგვიპტიდან დაწყებული - დღემდე საკუთრივ სახელმწიფოს ფუნქციონირებისათვის საჭირო სახსრების მოზიდვა, ანუ გადასახადების აკრეფა იყო და არის. ეს, რა თქმა უნდა, ერთადერთი ფუნქცია არ ყოფილა და არც არის, მაგრამ უდავოდ, ნებისმიერი სახელმწიფოებრივი ორგანიზაციის ერთ-ერთი უმთავრესი დანიშნულება გახლავთ. სწორედ ეს ფუნქცია აძლევდა სახელმწიფოს საშუალებას, აღესრულებინა ყველა სხვა დანიშნულება.
ამჟამად, გადასახადების აკრეფის თვალსაზრისით, ვითარება საქართველოში კვლავ უაღრესად დაძაბულია, საგანგაშოა. შემოსავლის დიდი ნაწილი იმალება, ძალიან დიდი მოცულობით შემოდის კონტრაბანდა და კონტრაბანდული საქონელი. სხვადასხვა გამოანგარიშებით, 30-40 პროცენტი, თუ მეტი არა, ეს არის დამალული შემოსავალი და გადაუხდელობა.
ეს ის თანხებია, ბიუჯეტში რომ უნდა შედიოდეს და ხმარდებოდეს ხელფასებს (სხვათა შორის, მე აქვე მინდა გავიხსენო ის, რაც ვთქვი მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე, ელექტროენერგიის გადაუხდელობის გამო ამ ბოლო ორი წლის განმავლობაში ბიუჯეტს დააკლდა 50 მილიონი ლარი, ის თანხა, რომელიც საქენერგოსა და ენერგეტიკის სამინისტროს სხვა შემადგენელ კომპონენტებს რომ უნდა გადაეხადათ), ანუ ბიუჯეტის კმაყოფაზე მყოფ მოხელეთა შრომის ანაზღაურებას, აგრეთვე პენსიონერების მიმართ სახელმწიფოს ვალდებულებათა შესრულებას, არმიის, პოლიციის, სასაზღვრო უწყების ნორმალურ ფუნქციონირებას და ასე შემდეგ.
ბოლო 2 წლის განმავლობაში სახელმწიფოს ბიუჯეტში გადაუხდელობისა და დამალული შემოსავლის გამო ასობით მილიონი ლარი დაიკარგა. აქედან 1998 წელს (ეს ციფრიც დავასახელე) - 150 მილიონი ლარი, ესე იგი, სწორედ იმდენი, რაც ახლა გვჭირდება, რათა ყველას, ყველა პენსიონერს, ყველა პედაგოგს, ექიმსა და სახელმწიფო მოხელეს გადავუხადოთ ხელფასი დავალიანების ჩათვლით.
რასაკვირველია, ეს სახელმწიფოს მანკია, სახელმწიფოს პრობლემაა, მაგრამ მისი დაკონკრეტებაც აუცილებელია, რათა დადგინდეს ის სუბიექტი, ის სახელმწიფოებრივი მექანიზმი, რომელ მიზეზთა გამო ვერ ახერხებს ნორმალურად, ქმედითად ფუნქციონირებას თვით სახელმწიფო ორგანიზმი.
რა თქმა უნდა, ეს უწინარესად შეეხება საგადასახადო დეპარტამენტს, საბაჟო სამსახურს, ფინანსთა სამინისტროს, ადგილობრივ ადმინისტრაციას, ძალისმიერ სტრუქტურებს, რომლებიც ვალდებული არიან აღასრულონ კანონი. უფრო სწორი იქნება, ძალისმიერის ნაცვლად თუ ვიტყვით სამართალდამცავ ორგანოებსა და სტრუქტურებს.
მოგეხსენებათ, საკადრო თვალსაზრისით უკვე მიღებულია სათანადო და საკმაოდ მკაცრი გადაწყვეტილებანი. ვინც უნდა შეცვლილიყო, ყველა შეიცვალა, მოვიდა ახალი ხალხი. ეს აუცილებელი იყო, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ მხოლოდ ხელმძღვანელთა პროფესიონალიზმი არ წყვეტს საქმეს. ვიყოთ გულახდილნი: ამ პრობლემაში, დაბალ საგადამხდელო კულტურაში ჩვენი სახელმწიფოს ტრადიციული, თვისებრივი სისუსტე მჟღავნდება. სხვაგვარად შეუძლებელია აიხსნას ის თითქოსდა უცნაური გარემოება, რომ ზოგიერთ პოსტსოციალისტურ ქვეყანაში ანალოგიური პრობლემა თითქმის არ არსებობს. მაგალითად, ასეთია ბალტიისპირეთის, აღმოსავლეთ ევროპის ბევრი ქვეყანა, რომელთაც ეს გადაუხდელობის საკითხი იმდენად არ აწუხებთ.
ეს, რა თქმა უნდა, მძიმე აღიარებაა, მაგრამ იგი სრულებითც არ ნიშნავს, თითქოს ამ სისუსტეს შევურიგდებით, ან მისი დაძლევის გეგმა არ გაგვაჩნია. არავითარ შემთხვევაში! პრობლემას ვაღიარებთ და აუცილებლად დავძლევთ კიდეც სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის პროცესში, ქართული სახელმწიფოს განმტკიცების პარალელურად.
მაგრამ არსებობს ამჟამინდელი მდგომარეობის სხვა კატეგორიის მიზეზებიც. მაგალითდ, ეკონომისტებმა, საერთაშორისო ექსპერტებმა თავიანთ კომპეტენტურ დასკვნებში ყურადღება მიაპყრეს იმ ობიექტურ გარემოებას, რომ 1998 წელს საქართველოს თავს დაატყდა გაუგონარი, შეიძლება ითქვას კატასტროფიული გვალვა. ჩვენ ამაზე ნაკლებად ვსაუბრობთ და ნაკლებად ვლაპარაკობთ, რადგან არ არის იმის საშუალება, რომ მოვახდინოთ ამის კომპენსაცია. წესით, 150-200 მილიონი ლარი დახმარება, ინექცია, თუ მეტი არა, აუცილებელი იყო იმისათვის, რომ გვალვის შედეგები ცალკეულ რაიონებში მაინც დაგვეძლია.
მარცვლეულის მოსავალი თითქმის ორჯერ შემცირდა საქართველოში, შარშან მილიონიან ზღვარს მივუახლოვდით და წელს, ალბათ, იქნებ ნახევარ მილიონს მივაღწიოთ, და ესეც დიდი ვაჟკაცობა იქნება. ბუნებრივია, იმ პირობებში, როდესაც მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მნიშვნელოვანი წილი სწორედ სოფლის მეურნეობაზე მოდიოდა, შეუძლებელი იყო ამ გვალვას გავლენა არ მოეხდინა მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე, კერძოდ, რა თქმა უნდა, ექსპორტზეც - ეს კი თავის მხრივ, სავაჭრო სალდოს გაუარესების ერთ-ერთი ფაქტორი გახდა, რამაც შესაბამისად გამოიწვია დოლარზე მოთხოვნის არაჩვეულებრივი ზრდა და ასე შემდეგ.
გვალვამ დააშრო წყალსაცავები (ამაზეც ძალიან ნაკლებად ვსაუბრობთ, ესეც უნდა იცოდეს მოსახლეობამ), გაგვირთულა ენერგეტიკული სიტუაცია - ესეც სტიქიასთან დაკავშირებული მეორე ფაქტორია. დაიკარგა ათეულ მილიონობით ღირებულების ელექტროენერგიის გამომუშავების წყარო, შესაბამისად ამან გამოიწვია დანაკარგები ბიუჯეტში.
რუსეთის ფინანსურმა კრიზისმა შეამცირა ექსპორტი და გააიაფა იმპორტი. სხვათა შორის, ჩემს გამოსვლაში ვთქვი, რომ ვფიქრობდით, იმ დიდი ინექციის შემდეგ, რომელიც მიიღო რუსეთმა - 18 მილიარდი დოლარი და კიდევ სხვა შემოსავალი, მდგომარეობა უფრო სწრაფად გამოსწორდებოდა და ეს ჩვენამდე ვერ მოაღწევდა. მაგრამ, სამწუხაროდ, იქ ძალიან გაჭიანურდა კრიზისის დაძლევა. ალბათ, ამას ჯერ კიდევ არ უჩანს ბოლო და ჩვენ საგანგებო ზომების მიღება გვჭირდება, რათა როგორმე შევარბილოთ რუსეთის კრიზისის გავლენის ეს უარყოფითი შედეგები. ამას დავუმატოთ ის გარემოებაც, რომ საქართველოს, ბევრი სხვა ქვეყნისაგან განსხვავებით, არ გააჩნია ისეთი რესურსი (ვთქვათ, წიაღისეული სიმდიდრე, ნავთობი, ოქრო და ა.შ.). ყოველ შემთხვევაში, დიდი რაოდენობით, რომლის გამოყენებაც შესაძლებელი იქნებოდა დარღვეული ბალანსის აღსადგენად. ჩვენ რომ ასეთი რესურსი გვქონდეს, უმალვე გავიტანდით მსოფლიო ბაზარზე და აღვიდგენდით წონასწორობას ფინანსურ სისტემაში.
საყოველთაოდ ცნობილია სხვა მიზეზებიც: თებერვლის ტერორისტული აქტი, გალის მოვლენები, სამხედრო ამბოხი დასავლეთ საქართველოში.
ახლა ზოგიერთს ჰგონია, თითქოს ეს მოვლენები მაკროეკონომიკურ თუ მიკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე გავლენას ვერ ახდენს, რაც უდიდესი შეცდომაა. მხოლოდ ერთი მაგალითი: საქართველოს პრეზიდენტზე თავდასხმის მეორე დღესვე ქვეყანაში შემცირდა არა მარტო იმპორტი, არამედ მნიშვნელოვნად იკლო საგადასახადო შემოსავალმაც, გალის ამბების გამო კი (თქვენ დაინტერესდით და დარწმუნდებით), რამდენი გემი შედიოდა ფოთისა და ბათუმის ნავსადგურებში და ამ მოვლენების შემდეგ კი რამდენად შემცირდა ამ გემების შემოსვლა.
იგივე განმეორდა ივნისში (ეს მოვლენები მაქვს მხედველობაში), რამაც დააფრთხო არა მარტო უცხოელი ბიზნესმენები, არამედ საკუთარი ბიზნესმენები და ის ადამიანები, რომლებიც გადასახადს უნდა იხდიდნენ, ეტყობა, სხვა გზას დაადგნენ - უფრო დაგროვების გზას და თავიანთი მცდარი მოქმედებით უდიდეს ზიანს აყენებენ ქვეყანას.
მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ, საბედნიეროდ, ბოლო რამდენიმე წელიწადში, 1994-დან, განსაკუთრებით, 1995 წლიდან, ჩვენ მაინც მოვახერხეთ სახელმწიფოს ძირითადი საყრდენების ფორმირება, ძირითადი კონტურების ფორმირება, ძირითადი მექანიზმების ჩამოყალიბება. სწორედ ამან მოგვცა საშუალება, თავიდან აგვეცილებონა კიდევ უფრო დიდი უბედურება - ახალი სამოქალაქო ომი, ქაოსი ანარქია, თორემ ახლა საბიუჯეტო კრიზისზე კი არ გვექნებოდა საუბარი, არამედ თვით სახელმწიფობრიობის და საზოგადოების ყოფნა-არყოფნაზე, ადამიანთა სიცოცხლის გადარჩენაზე, მასობრივი ტერორისაგან თავის დაცვაზე და ასე შემდეგ. ესე იგი, სახელმწიფომ ძირითადად თავისი თავი, თავისი მონაპოვარი - დემოკრატიული მონაპოვარი, ადამიანები, ადამიანის უფლებები დაიცვა.
რაც შეეხება რუსეთის ფინანსურ კრიზისს, ამაზე უკვე ძალიან ბევრი რამ ითქვა არა მარტო საქართველოში, არამედ თვით რუსეთში და მთელ მსოფლიოში.
ფინანსურ კრიზისი გლობალური ეკონომიკური პრობლემაა. ამდენად, არ არის შემთხვევითი, რომ 11 დეკემბერს საერთაშორისო სავალუტო ფონდი უმაღლეს დონეზე, დონორი სახელმწიფოების მონაწილეობით, სპეციალურად განიხილავს იმ ქვეყნებისათვის სათანადო დახმარების გამოყოფის საკითხს, რომელთა ეკონომიკაზე რუსეთის ფინანსურმა კრიზისმა ნეგატიური ზეგავლენა მოახდინა. მათ შორის ერთ-ერთი პირველი იგულისხმება საქართველო, ჩვენი სახელმწიფო. მე წინასწარ ვერ ვიტყვი, რამდენი იქნება, მაგრამ, ვფიქრობ, რომ დახმარება ძალიან სერიოზული იქნება.
მაგრამ ნურავინ იფიქრებს, თითქოს სავალუტო ფონდი, რომელიც ძალიან მკაცრად გააკრიტიკეს ამერიკის კონგრესში, მიიღებს „მექანიკურ“ გადაწყვეტილებას, ანუ დაეხმარება ყველას, ვინც დაზარალდა.
მთავარი კრიტერიუმი ის იქნება თუ როგორ მოქმედებს ქვეყანა კრიზისულ ვითარებაში, რამდენად ახერხებს იგი თავისი ძირითდი ფუნქციისა და მოვალეობის შესრულებას, ანუ იმ შესაძლებლობების ამოწურვას, თავად რომ აქვთ. სხვათა შორის, როცა მივიღე სავალუტო ფონდის მისია, რომელიც აქ მუშაობდა, მისმა ხელმძღვანელმა მითხრა (თქვენ ეს კარგად მოგეხსენებათ, მაგრამ იძულებული ვარ გავიმეორო) სავალუტო ფონდი ეხმარება იმ ქვეყნებს, რომლებიც უსიტყვოდ ასრულებენ მის რეკომენდაციებს. ვისაც არ სჭირდება დახმარება, მას შეუძლია უგულებელყოს ეს რეკომენდაციები. აი, ეს ელემენტარული ჭეშმარიტებები, ის პოლიტიკა, რომელსაც სავალუტო ფონდი ახორციელებს თითქმის ყველა ქვეყნის მიმართ.
ასეთი პოტენციალი (სწორედ გადასახადების აკრეფის სფეროში) საქართველოს ნამდვილად აქვს და ეს ვაშინგტონში, სავალუტო ფონდის შტაბ-ბინაში შესანიშნავად უწყიან - მათ უმაღლესი კვალიფიკაციის, უდიდესი გამოცდილებისა და ცოდნის მქონე ექსპერტები ჰყავთ. ის, რაც მათ ავუხსენი, ეს ყველაფერი ჩამოწიკწიკებული ჰქონდათ ქაღალდზე, და სათანადო ანალიზით, სათანადო დასკვნებით შეიარაღებული ჩამოვიდნენ აქ.
ამიტომ, რაც ჩვენზეა დამოკიდებული, რაც უნდა შეძლოს თავად ქართულმა სახელმწიფომ, მისმა ფინანსურმა ადმინისტრაციამ, აუცილებლად უნდა გავაკეთოთ. ამ შემთხვევაში ობიექტურ სირთულეებსაც გაითვალისწინებენ. რუსეთის ფინანსურ კრიზისსაც, გვალვასაც, წიაღისეული რესურსების ნაკლებობასაც და უეჭველად დაგვეხმარებიან მნიშვნელოვნად, იმდენად, რომ რამდენიმე თვეში შევავსოთ სავალუტო რეზერვი, დავფაროთ დავალიანება მოსახლეობის წინაშე და გარკვეული გარანტიებიც შევქმნათ სამომავლოდ.
და კიდევ ერთხელ ამ სავალუტო ფონდთან დაკავშირებით. სხვათა შორის, ჩვენ გვაქვს მუდმივი კონტაქტი მსოფლიო ბანკთან, ევროკავშირთან, ევრობანკთან, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ყველას ასეთი პასუხი აქვს: მსოფლიო ბანკი მზად არის, მაგალითად, 20 მილიონი დოლარი გამოყოს თუნდაც დღესვე, ევროკავშირის ხელმძღვანელობის დადგენილება მივიღე - ისინი მზად არიან მილიონი ეკიუ, ესე იგი 22 მილიონი დოლარი გამოყონ და კიდევ რაღაც 8 მილიონზეა ლაპარაკი, ალბათ, გამოვძებნით, ვიცით, რამდენად გიჭირთ, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში, თუ იქნება სავალუტო ფონდის დადებითი დასკვნა. ესე იგი, დახმარების მიღების საშუალება არის და მდგომარეობა გამოსწორდება, თუკი ჩვენ თვითონ აქ, საკუთარ რესურსებს უფრო მოხერხებულად და სერიოზულად ავამუშავებთ.
უნდა მოხდეს გარდატეხა საგადასახადო საქმიანობაში. ჩვენდა დიდად სამწუხაროდ ნოემბერში (გუშინდელი მონაცემებით) ასეთ გარდატეხაზე ლაპარაკი ჯერჯერობით არ შეიძლება. ჩვენ წინ გვაქვს დეკემბერი, რა თქმა უნდა, დრო ძალიან ცოტაა, იანვარიც საგულისხმოა და მთლიანად მომავალი წელი, და ჩვენს პარტნიორებს უნდა დავუმტკიცოთ, რომ საქართველოს შესწევს ძალა და უნარი შეასრულოს თვისი საკუთარი ვალდებულებანი, ის რაც ბიუჯეტით არის გათვალისწინებული.
თუმცა, არც ეს იქნება საკმარისი. მაინც მოგვიწევს მივიღოთ ზოგიერთი რთული და მტკივნეული გადაწყვეტილება. მე ყველაფერს ახლა ვერ ჩამოვთვლი. ამაზე გარკვეულწილად მქონდა საუბარი, ამ დღეებში კიდევ უნდა დავაზუსტოთ, რა არის, რა და467
მატებითი ღონისძიებებია საჭირო იმისათვის, რომ ფისკალური პოლიტიკა ქვეყანაში შედარებით ნორმალურ რელსებზე გადავიყვანოთ.
- სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით, რადგან თქვენ ეს ბრძანეთ ტელეინტერვიუში, მინდოდა მეკითხა, მოგიწევთ თუ არა გარკვეული მძიმე გადაწყვეტილებების მიღება. ესე იგი, გასაგებია გვალვა, გასაგებია რუსეთში მიმდინარე პროცესები, თებერვლის ტერაქტი, გალის მოვლენები და ასე შემდეგ, და ასე შემდეგ, დღევანდელ ინტერვიუში თქვენ რაღაც მინიშნებასავით ბრძანეთ სავალუტო ფონდთან დაკავშირებით. ამ ობიექტური პირობების გარდა არსებობდა ისეთი სიტუაციები, სუბიექტური პირობები, რომლებმაც დღეს ქვეყანაში მიმდინარე საბიუჯეტო კრიზისი გამოიწვია. სწორედ ამიტომ აპირებს ქვეყნის პრეზიდენტი მკაცრი გადაწყვეტილებების მიღებას? მე სწორად გაგიგეთ?
- სავსებით. ის რეკომენდაციები, რომლებიც სავალუტო ფონდმა ჩამოაყალიბა, ქება-დიდება და ხოტბის შესხმა არ არის. იგი მწვავე გადაწყვეტილებების მიღების საჭიროების წინაშე გვაყენებს. ერთ-ერთი ყველაზე მწვავე, სხვათა შორის, რასაც უკვე ვაკეთებთ, ის არის, რომ ჩვენ ახლა ვხარჯავთ ჩვენს სავალუტო რეზერვს, რომელიც იმავე სავალუტო ფონდისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წყალობით გვაქვს. ესე იგი, ის, რაც გაგვაქვს დღეს ფულის ბაზარზე - ვალუტა, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ყოველდღიურად ვაღარიბებთ ჩვენს სავალუტო რეზერვს. ეს უმძიმესი გადაწყვეტილებაა, რომელსაც ჩვენ ვიღებთ ყოველდღიურად და ეროვნული ბანკი მიმართავს ინტერვენციებს, მაგრამ ამის მუდმივად გაგრძელება არ შეიძლება. ამის კომპენსირება მხოლოდ გადასახადების აკრეფით შეიძლება. მაშინ თავისთავად დადგება დღის წესრიგში ინტერვენციების შეწყვეტა ანდა მინიმუმამდე შემცირება. თუ ეს არ მოხდება, მაშინ უფრო მძიმე გადაწყვეტილების მიღება დაგვჭირდება. ამიტომ მე თითქმის ნახევარი წელიწადია, როგორც იტყვიან, გავყივი, რომ უნდა გადავიხადოთ, უნდა გადავიხადოთ ის, რაც სახელმწიფოს ეკუთვნის. ის თუ არ შემოვა, მაშინ მოსახლეობა უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდება. სამაგიეროდ, თუ ამ, მე ვიტყოდი, მსოფლიო ქარტეხილს გაუძლო ქვეყანამ, იგი კიდევ უფრო განამტკიცებს პოზიციებს, ვინაიდან დაადასტურებს თავის სახელმწიფოებრივ ცხოველმყოფელობას და პერსპექტიულობას. ამ გზით კრიზისის ზეგავლენა შემცირდება, რასაც უმალვე იგრძნობს თითოეული ოჯახი, თითოეული მოქალაქე. მე ზემოთ უკვე გითხარით - საკმაოდ დიდი თანხების მიღება შეგვიძლია, თუ ამ რეკომენდაციებს შევასრულებთ.
აუცილებელია, აგრეთვე უმკაცრესი ზომების მიღება ერთადერთ საგადამხდელო საშუალებად ლარის გამოცხადების შესახებ შესაბამისი კანონის სკრუპულოზურად შესრულებისათვის - ფინანსური დაძაბულობის პერიოდში ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ეს დღესაც და დახმარებაც რომ მივიღოთ, მაშინ კიდევ უფრო მეტად მკაცრი რეჟიმი უნდა დავამყაროთ. უნდა გითხრათ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო, მაგალითად, ეროვნულ ბანკთან ერთად ძალიან დიდ ღონისძიებებს ახორციელებს ამ თვალსაზრისით.
კიდევ ერთხელ გამოვთქვამ მადლიერებას პარლამენტის მიმართ, რომელმაც შაბათს საკმაოდ რთული და პასუხსაგები გადაწყვეტილებები მიიღო პრეზიდენტის წინადადებით, მათ შორის შესწორებანი ბიუჯეტში, კერძოდ, ლაპარაკია დეკემბრის ბიუჯეტზე.
შეტანილია სათანადო ცვლილებები (და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია) სისხლისსამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რაც შესაბამის სამსახურებს, უწინარესად, შინაგან საქმეთა სამინისტროს, უშიშროების სამინისტროს, პროკურატურას დიდწილად ხელ-ფეხს უხსნის და აძლევს საშუალებას იმოქმედონ მკაცრად, პრინციპულად კანონის აღსრულებისათვის, დამალული გადასახადების გამოვლენისა და ურჩ გადამხდელთა დასჯისათვის, კანონის დამრღვევთა მიმართ სასტიკი ზომების მისაღებად.
კატეგორიულად მოვითხოვ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა, უშიშროების მინისტრმა, გენერალურმა პროკურორმა, რა თქმა უნდა, უპირველესად კი - საგადასახადო და საბაჟო სამსახურებმა, ფინანსთა მინისტრმა და ასე შემდეგ, ყველაფერი იღონონ, რაც ევალებათ, რათა ამ ნაწილში, მათი პასუხისმგებლობის სფეროში ქვეყანას ტვირთი შეუმსუბუქონ. ამ ფუნქციის შესრულების შესაბამისად დაისმება და განიხილება მათი პოლიტიკური და თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი. უნდა გითხრათ, რომ, როგორც საბაჟო სამსახურში, ასევე საგადასახადო სამსახურში ამ მხრივ დაიწყო მოძრაობა. შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა ქვედანაყოფებმა რამდენიმე ძალიან სერიოზული საქმე აღძრეს. ასევე სერიოზული მონაცემები აქვთ უშიშროების სამინისტროს თანამშრომლებს. მინდა ყველას საყურადღებოდ განვაცხადო, არ მინდა ახლა ვთქვა, რომ ეს იქნება რაღაც რეპრესიები, ეს იქნება ამ ადამიანების დასჯის საჭიროება, რომლებიც ამის ღირსნი არიან და რომლებიც ძარცვავენ საკუთარ სახელმწიფოს, ძარცვავენ გაჭირვებულ პენსიონერებს და იმ ადამიანებს, რომლებსაც თითოეული ლარი ძალიან ძვირად უღირთ.
აქვე მინდა რადიომსმენელებს, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს მტკიცედ განვუცხადო: ხელისუფლება იოტისოდენად არ მოდუნებულა, რაიმე დაბნეულობაზე ლაპარაკი ზედმეტია.
ჩვენ გვაქვს სათანადო გამოცდილება, შეგვწევს ძალაც და უნარიც, რომ ქვეყანა ამ კრიზისიდან გამოვიყვანოთ.
უფრო ზუსტად, არ დავუშვათ მისი ჩათრევა იმ მორევში, რომელმაც მსოფლიო ფინანსური კრიზისის შედეგად შთანთქა, როგორც იტყვიან, ზოგიერთი, ჩვენზე გაცილებით მდიდარი ქვეყანა, იგივე ბრაზილია, იგივე ინდონეზია, სამხრეთი კორეა, სხვები და სხვები, რუსეთზე უკვე ზემოთ ვილაპარაკე.
კვლავინდებურად გვეხმარებიან მეგობრები - საქართველოს კეთილისმსურველნი. სულაც არ შენელებულა უცხოელ ბიზნესმენთა, მეწარმეთა, კომპანიათა აქტიურობა საქართველოში. ეს იმ გარდაქმნების შედეგია, რომელთაც სახელმწიფოებრივი სრულყოფის პროცესში ვახორციელებთ, რაც უაღრესად კარგი ნიშანია. მაგალითად, გასულ კვირას მე ვესაუბრე გერმანელ ენერგეტიკოსებს, რომლებმაც (გერმანიის ერთ-ერთი უდიდესი ფირმაა) პირობა მომცეს, რომ დეკემბრის დამლევისათვის, 20 ან 25 დეკემბრისათვის ამოქმედდება თბილსრესის მე-10 ენერგობლოკი. მისი სიმძლავრე 300 მეგავატია და თქვენ კარგად წარმოგიდგენიათ, რას ნიშნავს, ასეთი სიმძლავრე რომ შეემატოს ჩვენს ენერგეტიკულ ბალანსს. შესაძლოა მისი სრული დატვირთვით ფუნქციონირებას კიდევ დასჭირდეს რამდენიმე კვირა, მაგრამ, სავარაუდოდ, ეს უდიდესი, ფასდაუდებელი შენაძენია ჩვენი ენერგეტიკისათვის.
მით უმეტეს, ზამთრის პირობებში და ორგზის უმეტეს, - გვალვის შედეგად ჰიდროელექტროსადგურების წყალსაცავთა დაშრობის გათვალისწინებით.
უფრო მეტიც, გერმანელმა ბიზნესმენებმა, ენერგეტიკოსებმა პირდაპირ გააკეთეს განცხადება და მომცეს პირობა, რომ დაუყოვნებლივ შეუდგებიან მე-11 ენერგობლოკის. მშენებლობას, რომლის საძირკველი უკვე ჩაყრილია, - ეს კი საქართველოში ენერგოკრიზისის საბოლოო დაძლევას ნიშნავს. ამ ენერგობლოკს შემდგომში თავად მართავენ, ესე იგი, სწრაფად გადაეცემა საექსპლოატაციოდ და სწრაფად მიაღწევს მაქსიმალურ სიმძლავრეს.
ამრიგად, მე კვლავ ვიმეორებ: მდგომარეობა დაძაბულია, რთულია, მაგრამ სრულებითაც არ არის უიმედო.
საქართველო უარეს დღეშიც მრავალგზის ყოფილა.
შორეული წარსულის გახსენება საჭირო არ არის.
გავიხსენოთ, რა მდგომარეობა იყო 3-4-5 წლის წინათ.
ხომ გამოვედით იმ მდგომარეობიდან, დავაღწიეთ თავი ქაოსს, ანარქიას, სამოქალაქო ომს, უკანონო შეიარაღებული ბანდების თარეშს და ასე შემდეგ. მაშასადამე, გვაქვს უნარი, შესაძლებლობა, ვიარსებოთ, როგორც სახელმწიფომ და გადავჭრათ კიდეც ურთულესი სახელმწიფოებრივი პრობლემები, რომლებიც პერიოდულად წამოიჭრებიან ხოლმე.
ამას უნდა შევეგუოთ - საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა, საქართველოს ეკონომიკა უკვე მსოფლიო ეკონომიკის ნაწილია. ჩვენ არა ვართ იზოლირებულნი, ამიტომ კრიზისები შეიძლება მომავალშიც წარმოიშვას, თუ არ ვიქნებით სათანადოდ დაზღვეული სწორედ საკუთარი რესურსების გამოყენების თვალსაზრისით.
მთავარია, არ შევუშინდეთ მათ და გავიხსენოთ ყველაზე ძვირფასი თვისება, რომელიც ერს ყოველთვის ჰქონდა ტრადიციულად, ისტორიულად - სახელმწიფოებრივი შეგნება, მაღალი სახელმწიფოებრივი კულტურა.
მთავარია, შევინარჩუნოთ საზოგადოებრივი თანხმობა და დამოუკიდებლად არსებობის ნება. ესე იგი, არ წარმოიშვას საზოგადოებაში ნიჰილიზმი საკუთარი დამოუკიდებელი სახელმწიფოს მიმართ. ვინც ამ ნიჰილიზმს ნერგავს, ვინც ჩვენს ხალხს შთააგონებს, რომ საქართველოს არ ძალუძს დამოუკიდებლად არსებობა და ვიღაცას უნდა მიეკედლოს, ვიღაცას უნდა მიემხროს, ან ვიღაცის შემადგენლობაში შევიდეს და რომელიღაც ძველ დროს დაუბრუნდეს, ჩემი აზრით, ისინი უბრალოდ ხალხს მტრობენ და მომავალ თაობებს უნგრევენ იმ ხიდს, რომელმაც უნდა შეგვიყვანოს 21-ე საუკუნეში, უფრო ბედნიერ და ნორმალურ ცხოვრებაში.
- ჩვენი მოსახლეობა კარგად ხედავს, რომ არც იმ ქვეყანას აქვს კარგი პირობები და ეკონომიკურ კრიზისს განიცდის, ვისთანაც გაერთიანებას თუ გაწევრიანებას აპირებს გარკვეულ ადამიანთა ჯგუფი. ყველასათვის ცნობილია ვისზეც არის ლაპარაკი...
- მე უკვე გითხარით, იქ დაწყებული კრიზისი ჩვენ რად დაგვიჯდა - ეს მილიონებია.
- შეიძლება სავალუტო ფონდის მიმართ გვქონდეს ან ასეთი, ან ისეთი დამოკიდებულება, რადგან საქართველოში იყო და ახლაც არის გარკვეული წრე ადამიანებისა, რომელთა აზრით, ვთქვათ, ეს რეკომენდაციები არ არის მართებული და ასე შემდეგ. მაშინ, ალბათ, რაღაც სხვა გზას უნდა ვეწიოთ, მაგრამ თუ გვინდა სავალუტო ფონდისაგან მივიღოთ ისეთი დახმარება, რომელიც საქართველოს ჰქონდა და ყველანი კარგად ვხედავდით ამას, ყოველ შემთხვევაში, აქამდე ლარისა და დოლარის შეფარდება ასეთი იყო: ერთი დოლარი - 1 ლარი და 10 თეთრი, შემდეგ დოლარი - 1 ლარი და 20 თეთრი და ასე შემდეგ. აბსოლუტურად ყველამ ვიცით, რა ხდებოდა ქვეყანაში, ჩვენს ეკონომიკაში, როცა ასეთი შეფარდება არსებობდა. ეს ვისი დამსახურებაც იყო, ალბათ, ამასაც ყველა მოქალაქე ჩაუფიქრდა... თუ ბოლომდე ვითამაშებთ სავალუტო ფონდის წესებით, მაშინ დახმარებაც გვექნება. თუ უარს ვამბობთ ამ წესებით თამაშზე, მაშინ არც დახმარების პრეტენზია უნდა გვქონდეს...
- აბსოლუტურად სწორი ბრძანდებით და მე ისიც მინდა გითხრათ, რომ სავალუტო ფონდის წესებით თამაში ნიშნავს მსოფლიოში ამჯერად არსებული წესებით თამაშს, ყველა ქვეყანა, ყველა სახელმწიფო, რომელსაც ასეთი საერთაშორისო დახმარება და საერთაშორისო თანადგომა სჭირდება, სწორედ სავალუტო ფონდის რეკომენდაციებით ხელმძღვანელობს.
- განვლილი კვირის მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ბულგარეთის პრეზიდენტის პეტარ სტოიანოვის ვიზიტი საქართველოში. შავი ზღვისპირა მეზობელი ბულგარეთისა და ჩვენი ერთობლივი პროექტების გარდა, ეს ის ქვეყანაა, რომელიც ტრასეკას პროექტის ძალიან აქტიური მონაწილეა...
- კიდევ ერთხელ მივაპყრობ საზოგადოების ყურადღებას იმ ფაქტს, რომ ის, რაზეც ვსაუბრობდით 1993-1994 წლებში, 1992-შიც, - ვქმნიდით სათანადო პროექტებს, გეგმებს, ვავითარებდით იდეებს, დღეს უკვე რეალობაა, დღეს უკვე ხორცს ისხამს და კონკრეტული შედეგიც მოაქვს. ბულგარეთის პრეზიდენტის პეტარ სტოიანოვის ვიზიტი ჩვენს ქვეყანაში უაღრესად წარმატებული აღმოჩნდა. ასეც იყო მოსალოდნელი, ვინაიდან სრულად დაემთხვა ერთმანეთს ჩვენი ინტერესები, რაც საშუალებას აძლევს ორივე სახელმწიფოს გააერთიანოს ძალისხმევა თავიანთი ხალხების საკეთილდღეოდ.
საქართველო ევრაზიის დერეფნის საკვანძო ქვეყანაა, როგორც არაერთხელ თქმულა, ამ საკომუნიკაციო მარშრუტის განვითარებისათვის კი უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება სწორედ საზღვაო კომუნიკაციებს, საზღვაო მარშრუტებს, რომლებიც ბათუმს, ფოთს, სუფსას აკავშირებენ რუსეთის, უკრაინის, თურქეთის, რუმინეთისა და ბულგარეთის ნავსადგურებთან, აგრეთვე დუნაისპირა ქვეყნებთან. ამ თვალსაზრისით ბულგარეთი, მისი საზღვაო ნავსადგურები კიდევ ერთი ფანჯარაა ევროპაში ქართველი ბიზნესმენებისათვის და, მე ვიტყოდი, მთელი საქართველოსათვის, რომელიც სწრაფად ვითარდება და ახალ-ახალი მაგისტრალები სჭირდება როგორც ხმელეთზე, ასევე ზღვაზეც. სხვათა შორის, მნიშვნელოვანია, რომ უახლოეს თვეებში, ალბათ, თებერვალ-მარტში, შეიძლება ცოტა ადრეც გაიხსნება ბათუმსა და ფოთში სარკინიგზო ბორნები, რომლებიც საქართველოს რკინიგზის ეშელონებით დააკავშირებს შავი ზღვის აუზის ქვეყნებთან. ეს უზარმაზარი მოვლენაა. იქმნება ნავთობის, სხვა ტვირთების გადაზიდვის დიდი პერსპექტივა, რაზეც საუბარი გვქონდა ყაზახეთის, უზბეკეთის, აზერბაიჯანის, სხვებისა და სხვების, ისევე როგორც ევროპის ქვეყნების ხელმძღვანელებთან.
ამას საარსებო მნიშვნელობა აქვს არა მარტო საქართველოსათვის, არამედ ჩვენი მეგობრებისა და პარტნიორებისათვისაც ევროპასა თუ აზიაში, ესე იგი, ამ ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის.
ბატონმა პეტარ სტოიანოვმა, როგორც სახელმწიფო მოღვაწემ, მე არ შემიძლია არ ვთქვა ეს, პოლიტიკოსმა, უაღრესად ერუდირებულმა პიროვნებამ ჩემზეც და, ვფიქრობ, მთელ ქართველ საზოგადოებაზე შესანიშნავი შთაბეჭდილება მოახდინა.
იგი ურყევად ერთგულობს დემოკრატიულ ღირებულობებს ისევე, როგორც თავისი მრავალჭირგამოვლილი და ღირსეული ხალხის, ბულგარელი ხალხის არჩევანს.
მთელ მსოფლიოში ასეთი მეგობრების და პარტნიორების შეძენით ჩვენ საქართველოს ვაძლიერებთ და კვლავაც გავაძლიერებთ.
- გასულ კვირას საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ვაჟა ლორთქიფანიძე მოსკოვში იმყოფებოდა. გაიმართა შეხვედრები რუსეთის ფედერაციის სხვადასხვა ხელმძღვანელებთან. ეს ის აუცილებელი კონტაქტებია, საქართველოს რომ უნდა ჰქონდეს მეზობელ დიდ ქვეყნებთან, და პრინციპულად განსხვავდება იმ ურთიერთობებისაგან, რომელთანაც დაბრუნებისათვის მოგვიწოდებენ საქართველოში გარკვეული პოლიტიკური წრეები.
- მართალია, ბატონმა ვაჟამ ტელევიზიის მეშვეობით საინტერესო ინფორმაცია მიაწოდა საზოგადოებას, მე ძალიან მოკლედ შევაფასებდი ამ ვიზიტის მნიშვნელობას. უნდა მოგახსენოთ, რომ მოსკოვში სტუმრობა უდავოდ შედეგიანი და უდავოდ სასარგებლო იყო.
სახელმწიფო მინისტრი შეხვდა რუსთის პრემიერ-მინისტრს ევგენი პრიმაკოვს. მიაქციეთ ყურადღება, რომ მართლაცდა დიდი დატვირთვის მიუხედავად, ფაქტობრივად პრიმაკოვმა მაინც გამონახა საკმაოდ დიდი დრო, რათა შეხვედროდა ქართველ კოლეგას, - მე ამას დიდად ვაფასებ და მადლობელიც ვარ მისი, და ძალიან სერიოზული საკითხებიც განიხილეს.
ბატონი ვაჟა ესაუბრა აგრეთვე რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრს იგორ ივანოვს, თავდაცვის მინისტრს (ბატონ ვაჟასთან ერთად დავით თევზაძე) - მარშალ სერგეევს, შეხვდა მოსკოვის მერს იური ლუჟკოვს, რომელთანაც ხელი მოაწერა მოსკოვსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მოსკოვი სახელმწიფოა, 10 მილიონი კაცი ცხოვრობს, უნდა გითხრათ, რომ, თუ სადმე რამეს მიაღწიეს - ძალიან დიდ წარმატებას რუსეთის უზარმაზარ სივრცეში, სწორედ რუსეთის დედაქალაქია და აქ უზარმაზარია ბატონი ლუჟკოვის დამსახურება.
განსაკუთრებით აღვნიშნავ იმ გარემოებას, რომ არცთუ უშედეგო იყო კონსულტაციები აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების ახალი გეგმის პირველ ეტაპთან დაკავშირებით - მისასალმებელია რუსეთის ხელმძღვანელობის ყოველმხრივი მზადყოფნა (ყოველ შემთხვევაში, ასე იყო დეკლარირებული ეს შეხვედრების დროს), ხელი შეუწყონ ქართულ-აფხაზური დიალოგის წარმატებას, ესე იგი, აშკარად გამოხატეს, რომ ჩვენ ქართულ-აფხაზური დიალოგის განვითარება გვინდა და უნდა ვიყოთ დამხმარე ძალა, რაც, თავის მხრივ, უეჭველად კეთილისმყოფელ გავლენას მოახდენს რუსეთისა და საქართველოს თანამშრომლობაზე, ინტეგრაციული პროცესების განვითარებასა და ნდობის ატმოსფეროს საბოლოოდ ჩამოყალიბებაზე.
- სხვათა შორის, ჩვენთან სატელევიზიო ინტერვიუში იური ლუჟკოვმა ასეთი ფრაზა თქვა: დღეს საქართველო განსხვავებულ სიტუაციაში იმყოფება, ქვეყანამ განვითარების აბსოლუტურად სხვა გზა აირჩია და ეს თქვენი ნებაა. ეს გასაგებია, მაგრამ ის ურთიერთობა, რომელიც ჩვენ შორის არსებობდა, ამ ურთიერთობაზე, ყოველ შემთხვევაში, რუსეთის დედაქალაქში ჩვენ გული გვწყდება და იმედი გვაქვს, რომ ქართველებისათვის არ არის სულერთი, საკმაოდ საინტერესოა...
- მე, სხვათა შორის, იმ გამოსვლაში, რომელზეც წეღან მოგახსენებდით, ვთქვი, რომ საქართველოს არა აქვს ერთადერთი მიმართულება, ერთადერთი გზა, ჩვენ მრავალვარიანტიანი საგარეო და საშინაო პოლიტიკა გვაქვს, განსაკუთრებით საგარეო, და ჩვენ არ შეიძლება უარი ვთქვათ რუსეთთან ურთიერთობასა და მეგობრობაზე, მაგრამ ეს უნდა იყოს ურთიერთნდობაზე აგებული ნამდვილი მეგობრობა. ვფიქრობ, ამას თანდათანობით მივაღწევთ.
- გუშინ მარტვილში გაიმართა არჩევნები ამჟამად ყოველგვარი ექსცესების გარეშე და, შეიძლება ითქვას, რაც მთავარია, არჩევნები შედგა.
- მე მინდა მივესალმო მარტვილელებს, რომლებიც ურთულეს პირობებში ცხოვრობენ. იქ რამდენიმე თვეა ხელფასები არ მიუღიათ პედაგოდებს, ექიმებს და სხვაბსა და სხვებს. მიუხედავად ამისა, ძალიან მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის დემონსტრირება მოხდა. გუშინ არჩევნებზე მოვიდა იმ ადამიანების 52 პროცენტი, რომლებსაც მონაწილეობა უნდა მიეღოთ. ეს ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელია, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც წინა არჩევნები ჩაიშალა. შედეგები შეიძლება არ იყოს იმდენად საყურადღებო, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანია. მაგალითად, მოქალაქეთა კავშირს ხმა მისცა 35 პროცენტმა. მივესალმები, რომ სახალხო პარტიამ 19 პროცენტი მოიპოვა და ასე სხვა პარტიებმაც. სხვათა შორის, ეს მრავალპარტიულობა ადგილობრივ თვითმმართველობაში, ესე იგი, პოლიტიკური პლურალიზმი, განსხვავებული აზრის არსებობა, ეს უკვე რეალობაა და ძალიან დიდი მონაპოვარი საქართველოსთვის. არჩევნები გაიმართა, აგრეთვე, რამდენიმე სოფელში: დიცში (გორი), ცაიშში (ზუგდიდი), ოკამში (ახალქალაქი), არალში (ადიგენი), ფშაველში (თელავი), ლეძაძამეში (სენაკი) და ასე შემდეგ. ზოგან მოქალაქეებმა გაიმარჯვეს, ზოგან - ეროვნულმა დემოკრატიულმა პარტიამ მოიპოვა წარმატება. ჩემი აზრით, ეს ჩვეულებრივი, ნორმალური მოვლენაა და არავითარი საფუძველი არ არსებობს იმისათვის, რომ ვიღაც დამარცხდა ან ვიღაც გაუბედურდა, ან ვიღაცამ სადავეები დაკარგა.
- და ბოლოს, დღეს 30 ნოემბერია - სახელმწიფო უშიშროების ორგანოთა მუშაკების დღე, რომელიც წელს უკვე მესამედ აღინიშნება...
- უშიშროების სტრუქტურამ ბოლო წლებში მრავალი ქარტეხილი გადაიტანა. სამინისტროს თანამშრომლებს ძალიან უჭირდათ და ახლაც ძალიან უჭირთ. მარტო მატერიალურ გაჭირვებაზე არ არის ლაპარაკი. მე ვიტყოდი, რომ სპეცსამსახური, ზოგადად, ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოს, თუ შეიძლება ასე ითქვას, ყველაზე ფაქიზი ინსტრუმენტია, რომლის გამოყენებას და ფუნქციონირებას უდიდესი პასუხისმგებლობა და სიფრთხილე სჭირდება.
გაჭირვების მიუხედავად, ყველაფერს ვაკეთებდით და ვაკეთებთ, რათა უშიშროების სამინისტრომ წარმატებით შეასრულოს თავისი ძირითადი ფუნქცია - დაიცვას ქვეყნის დამოუკიდებლობა, დემოკრატიული წეს-წყობილება, უზრუნველყოს კონსტიტუციის შეუვალობა, რომლის უმთავრესი პოსტულატი ადამიანის უფლებათა უზენაესობაა. უშიშროების სამინისტროს ამჟამად ხელმძღვანელობს კარგი პროფესიონალი და ერთგული კაცი ბატონი ვახტანგ ქუთათელაძე. დარწმუნებული ვარ, მისი ხელმძღვანელობით ქართული სპეცსამსახური საბოლოოდ გადაიქცევა ცივილიზებულ, ამავდროულად ქმედით სახელმწიფოებრივ სტრუქტურად და დამკვიდრდება საქართველოს სახელმწიფოებრივი სისტემის ერთ-ერთი უაღრესად მნიშვნელოვანი ნაწილი, მნიშვნელოვანი ელემენტი.
მინისტრის წარდგენისას მე შევხვდი სამინისტროს პირად შემადგენლობას. ბევრ პრობლემაზე ვისაუბრეთ, სამომავლო ამოცანებიც დავსახეთ. ხელმძღვანელობამ უკვე წარმოადგინა ახალი დებულება, რომელშიც თვისებრივად შეცვლილი და განახლებულია ზოგიერთი რგოლი. ალბათ შესაბამისი საკადრო ცვლილებებიც განხორციელდება. სულითა და გულით ვულოცავ უშიშროების სამსახურის თანამშრომლებს თავიანთ პროფესიულ დღეს, ვუსურვებ წარმატებებს და გამარჯვებას საქართველოს საკეთილდღეოდ.
და, რა თქმა უნდა, ქედს ვიხრი ამ გმირების წინაშე, რომელთაც თავი გასწირეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში.
საქინფორმი.
„მდგომარეობა დაძაბულია, რთულია, მაგრამ სრულებითაც არ არის უიმედო“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 1 დეკემბერი. - №312 (3012). - 1,2 გვ.
![]() |
74 მხოლოდ ერთ მუშტად შეკრული შეძლებს საქართველო საბიუჯეტო კრიზისის დაძლევას |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის დასკვნითი სიტყვა მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე
1998 წლის 28 ნოემბერს
საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მთავრობის გაფართოებულ სხდომას განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა. ამ არაორდინალური ვითარების გათვალისწინებით, ეს შეხვედრაც, ედუარდ შევარდნაძის შეფასებით, არის არა რიგითი, არამედ საგანგებო, და, თუმცა ცნება „საგანგებო მდგომარეობა“ საქართველოს კონსტიტუციის განსაზღვრებით, ომის გამოცხადებას, შინააშლილობას, შეიარაღებულ გამოსვლებსა და სხვა ანალოგიურ მოვლენებს უკავშირდება, საქართველოს პრეზიდენტის აზრით, „თუ ქვეყანა საბიუჯეტო კრიზისს თავს ვერ დააღწევს, შედეგები არანაკლებ მძიმე იქნება“. ამიტომ, ქვეყანამ ეს მორიგი სერიოზული გამოცდა უნდა დაძლიოს და „თუ დღეს რეალურად მიგვაჩნია, რომ შეიძლება ამ კრიზისის დაძლევა, ეს მხოლოდ იმის წყალობით, რომ სახელმწიფო შეიქმნა და მას აქვს შესაბამისი ბერკეტები, ინსტიტუტები იმისათვის, რომ ქვეყანაში წესრიგი დამყარდეს“.
ედუარდ შევარდნაძის შეფასებით, ასეთი, ერთგვარად გაბედული განცხადების გაკეთების საფუძველს იძლევა 90-იანი წლების დასაწყისიდან განვლილი პერიოდის ანალიზი. „ჩვენ ცარიელ ადგილზე დავიწყეთ სახელმწიფოს მშენებლობა და ავაშენეთ კიდეც“. ეს პერიოდი, როდესაც თითქმის დანგრეული იყო სახალხო მეურნეობა და გაყინული იყო მისი პრაქტიკულად ყველა დარგი, ქვეყნის მეთაური აზრით, არავინ არ უნდა დაივიწყოს. ამ მოკლე ხნის განმავლობაში საქართველომ გადაიტანა სამოქალაქო ომები, შეიარაღებულ ფორმირებათა თარეში, რომელთა შედეგად პრაქტიკულად პარალიზებული იყო მთელი ქვეყანა, რამდენიმე რეგიონის გარდა...
ამ პირობებში 1994 წელს საქართველომ მაინც აიღო რეფორმების კურსი და უკვე ერთ წელიწადში მიიღო ეკონომიკური გა478
მოცოცხლების პირველი ნიშნები. 1996-1997 წლები სერიოზული ეკონომიკური პროგრესის წლებად შეიძლება შეფასდეს. „ეს რეფორმებიც ცარიელ ადგილზე დავიწყეთ ჩვენი ხალხის, მშიერი, მწყურვალი და ნახევრად გაყინული ადამიანების მხარდაჭერით და, ასე თუ ისე, გარკვეულ შედეგს მივაღწიეთ“.
მიმდინარე წელს ბევრი ასეთი მოვლენა მოხდა, რომელმაც სერიოზული გავლენა მოახდინა ქვეყნის არა მარტო მორალურ-ფსიქოლოგიურ და პოლიტიკურ, არამედ ეკონომიკურ კლიმატზეც. ესენია ტერორისტული აქტები პრეზიდენტის წინააღმდეგ და ჯიხაშკარში, მოვლენები გალის რაიონში (მარტო ამ მოვლენასთან დაკავშირებით გაწეულმა პირდაპირმა ხარჯებმა 7 მილიონი, ხოლო არაპირდაპირმა 40-45 მილიონი ლარი შეადგინა). ოქტომბრის სამხედრო ავანტიურა... ყოველივე ამას დაერთო უმძიმესი ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისი რუსეთში, რომლის ასეთ სერიოზულ გავლენას საქართველოს ეკონომიკაზე არავინ ვარაუდობდა. სამწუხაროდ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ რუსეთისთვის გამოყოფილი 18-მილიარდიანი დახმარება, არც სხვა ინექციები აღმოჩნდნენ საკმარისი რუსეთში ეკონომიკური სტაბილურობისათვის და საქართველომაც თავიდან ვერ აიცილა მისი გავლენა. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, ახლო მომავალში ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და დიდი შვიდეულის ინიციატივით გაიმართება შეხვედრა, რომელიც განიხილავს ყოფილი საბჭოთა სივრცის იმ ქვეყნებისათვის დახმარების საკითხს, რომლებიც სერიოზულად დაზარალდნენ რუსეთის კრიზისის შედეგად.
ყოველივე აქედან გამომდინარე, „ჩვენ ერთხელ კიდევ უნდა დავასკვნათ, რომ არ შეიძლება საქართველო ორიენტირებული, კონცენტრირებული იყოს მხოლოდ ერთი ქვეყნის ეკონომიკაზე, მით უმეტეს, როცა იგი ერთიანდება სხვადასხვა ორგანიზაციაში და მიდის არა მარტო დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თნამეგობრობის, არამედ ევროპულ და მსოფლიო სტრუქტურებში ინტეგრაციისაკენ. ეს არის ერთადერთი სწორი გზა. ამიტომაც, როგორც შეგვიძლია ხელი უნდა შევუწყოთ დიდი საერთაშორისო პროექტების რეალიზაციას, რომ საქართველომ იპოვოს თავისი ადგილი და მომავალში მაინც იყოს დაზღვეული ამგვარი აფეთქებებისაგან“. ედუარდ შევარდნაძე, იმათგან განსხვავებით, ვინც ცოტა არ იყოს ირონიულად უყურებს დიდი აბრეშუმის გზის, „ტრასეკას“, საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობების პერსპექტივებს, ამ გეგმებში ქვეყნის მომავლისა და იმის გარანტიას ხედავს, რომ ერთ რომელიმე ქვეყანაში განვითარებული მოვლენები დამღუპველ გავლენას ვეღარ მოახდენს საქართველოზე. ამიტომაც, მიუხედავად იმისა, რომ მდგომარეობა დღეისათვის ძალიან მძიმეა, პრეზიდენტის აზრით, „იმედგაცრუებისა და ტრაგიკული განწყობილებისათვის საფუძველი მაინც არ არსებობს. ამ მხრივ ქვეყნის მიერ არჩეულმა კურსმა, რომლის თანახმად საგარეო თუ ეკონომიკური კურსი მრავალვარიანტულია, გარკვეული შედეგები უკვე მოიტანა“. ამის დასტურია თუნდაც ტრანსპორტის სისტემის გამართული მუშაობა. შეიქმნა იმის წინაპირობები, რომ სულ უფრო გაიზრდება ტვირთბრუნვა და შესაბამისად, შემოსავლები. სულ ახლო წარსულში თითქმის სრულიად დარბეულ და დანგრეულ საქართველოს რკინიგზას ბიუჯეტში დიდი მოცულობის შემოსავლები შეაქვს. ასევე გამოცოცხლების მნიშვნელოვანი სიმპტომებია მშენებლობაშიც, რაც ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა ხვალინდელ დღეზე ზრუნავს. ამის ბევრი მაგალითია თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, სხვა ქალაქებსა და რაიონებში.
ყოველივე ეს შედეგია სწორედ საგარეო-პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობის სფეროში მრავალვარიანტული პოლიტიკისა, რომელიც გულისხმობს მჭიდრო ურთიერთობას უცხოელ პარტნიორებთნ, ჩრდილოელები იქნებიან ისინი, სამხრეთელები, აღმოსავლელები თუ დასავლელები. ეს კურსი, პრეზიდენტის შეფასებით, სწორია და კორექტირებას არ საჭიროებს.
აქვე სახელმწიფოს მეთაურმა საჭიროდ მიიჩნია განემარტა დამოკიდებულება ცალკეული რეგიონების მიმართ და განაცხადა, რომ შეჯიბრი, კონკურენცია ფოთსა და ბათუმს შორის აბსოლუტური უაზრობაა. „საქართველოზე იმდენი ტვირთი იქნება გასატარებელი, რომ ყველა ნავსადგური დაიტვირთება, მათ შორის, ოჩამჩირისა და სოხუმისაც. რა გვაქვს გასაყოფი? რა მნიშვნელობა აქვს ტვირთი ბათუმში შემოვა თუ ფოთში? ეს უნდა აირჩიოს იმან, ვისაც ტვირთი შემოაქვს ან გააქვს. მარტო ნავთობი იქნება იმდენი, რომ მას არც ბათუმის ნავსადგური სიმძლავრე ეყოფა და არც ფოთის. ჩვენი მოწვევის გარეშე ჩამოვიდნენ იაპონელები, რომლებიც მზად არიან პრაქტიკულად ახალი ნავსადგური ააშენონ ფოთთან. ასევე ძალზე სარიოზული ინვესტორები მუშაობენ ბათუმში. ნურავინ წარმოიდგენს, რომ ფოთი პრიორიტეტია ჩვენთვის, ბათუმი კი არა, ბათუმი ისევე გვტკივა, როგორც, რომელიც გნებავთ ქალაქი, სოფელი თუ რომელიმე სხვა ნაწილი ჩვენი სამშობლოსი. აქ არავითარი ეჭვი არ უნდა არსებობდეს. თუ შეცდომას დავუშვებთ, ან რაღაცას ვერ გავითვალისწინებთ, უნდა განვიხილოთ მშვიდ და ნორმალურ ვითრებაში, ისე, როგორც შეეფერება ერთი ქვეყნის მოქალაქეებსა და ხელმძღვანელებს“ - მიაჩნია საქართველოს პრეზიდენტს. მან ისიც შეახსენა შეხვედრის მონაწილეებს, რომ სწორედ მისი ინიციატივით შენდება ბათუმში თხევადი გაზის ქარხანა, რომლის ინვესტორია ამერიკის ერთ-ერთი უძლიერესი ბიზნესმენი. ეს ქარხანა უდიდესი შემოსავლის წყარო იქნება. ასევე, „შევრონთან“ გაფორმდა კონტრაქტი, რომლის თანახმადაც ყაზახეთის ნავთობი საქართველოს რკინიგზით შემოდის ბათუმამდე და აქედან იგზავნება ევროპის ბაზრებზე. მისი რაოდენობა 2-4-ჯერ გაიზრდება.
თითქმის უპრეცენდენტოა პრეზიდენტის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც საბაჟო შემოსავლების 40-45 პროცენტი აჭარაში რჩება. ამ გადაწყვეტილებას, ალბათ, ანალოგი არ მოეძებნება, რადგან მსოფლიოს ყველა ქვეყანაში საბაჟო შემოსავლები მკაცრად ცენტრალიზებულია. ასევე ავტონომიურ რესპუბლიკაში რჩება დამატებითი ღირებულების გადასახადის 30 პროცენტიც. „რაც უფრო აყვავდება ბათუმი და აჭარა, მით უფრო სასახელოა ჩვენთვის. ამ რეგიონში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, იმაზე მეტიც კი, ვიდრე შესაძლებელი იყო. ამიტომ მოვუწოდებ ყველას: მინისტრებს, აჭარის წარმომადგენლებს, რომ შევქმნათ ისეთი ატმოსფერო, რომლის დროსაც მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც შეესაბამება ამა თუ იმ ქალაქისა თუ რეგიონის განვითარებისა და აყვავების და, რაც მთავარია, ჩვენი საერთო სამშობლოს - საქართველოს ინტერესებს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
რაც შეეხება მთავრობის სხდომის მთავარ თემას, სახელმწიფოს მეთურის აზრით, დღეისათვის უპირველესი ამოცანა საბაჟო და საგადასახადო სამსახურების სრულყოფაა. ის მაჩვენებლები, რომლებსაც საბაჟო სისტემამ 2-3 წლის განმავლობაში მიაღწია, ედუარდ შევარდნაძის შეფასებით, უკვე აღარ არის საკმარისი. „საბაჟო სამსახური უნდა კვებავდეს ქვეყანას. ამიტომ მისი სრულყოფა ერთ-ერთი უდიდესი სახელმწიფოებრივი ამოცანაა, რომლის გადასაწყვეტად არაფერს არ უნდა შევუშინდეთ“. როგორც ქვეყნის მეთაურმა განაცხადა, ევროკავშირი მზად არის გამოყოს სათანადო სახსრები, რათა დააფინანსოს საქართველოს საბაჟო სისტემაში უცხოელი სპეციალისტების მუშაობა. ეს პრაქტიკა დაგვეხმარება იმაში, რომ 1-2 წელიწადში მივუახლოვდეთ საერთაშორისო სტანდარტების დონეს. ამ პრაქტიკამ გაამართლა ლიტვაში, ლატვიაში, ევროპის ზოგიერთ სხვა ქვეყანაში, მათ შორის ალბანეთში, რომელიც ომის პირობებშიც კი ერთ-ერთ საჩვენებელ ქვეყნად იქცა საბაჟო შემოსავლების თვალსაზრისით.
ამ გზით უნდა წარიმართოს მუშაობა საგადასახადო სამსახურშიც. „უფრო გაბედულად უნდა მოვიზიდოთ ის ადამიანები, რომელთაც გული შესტკივათ ჩვენს ქვეყანაზე და ამ სფეროში ჩვენზე მეტი იციან“, მიაჩნია ქვეყნის მეთაურს. „მაგრამ როგორი მნიშვნელოვანიც უნდა იყოს უცხოელთ დახმარება და კონსულტაციები, მაინც ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული, მათზე, ვისაც ეს დარგები ჩავაბარეთ“, - აცხადებს იგი და შეახსენებს ამ სისტემათა ხელმძღვანელებს, რომ არავითარი ძვრა არ მოხდება, ყოველგვარი ატესტაციაც ზედმეტი და მხოლოდ ტკივილის მომტანი ღონისძიება იქნება, თუ არ გადაწყდება ანაზღაურების საკითხი. „მეათედ ვიმეორებ და მეთერთმეტედ უკვე პასუხს მოგთხოვთ. შეიმუშავეთ სისტემა და შემოიტანეთ მთავრობის სხდომაზე. პარლამენტი ყველა ამ საკითხში, რომელიც ბიუჯეტის შემოსავლების ზრდასთან არის დაკავშირებული, მხარს გვიჭერს და, დარწმუნებული ვარ, ამ შემთხვევაშიც დაგვიჭერს. საბაჟოსა და საგადასახადო სამსახურების ინსპექტორი ერთ-ერთი ცენტრალური და პრივილიგირებული ფიგურა უნდა იყოს. ის ხელფასს თავისი მუშაობის შედეგის მიხედვით უნდა იღებდეს. მხოლოდ ამ სისტემის ჩამოყალიბების შემდეგ უნდა ჩატარდეს ატესტაცია. ძალიან ძლიერი, მკაცრი, ნამდვილი გამოცდა. ეს სამსახურები ისეთ დონეზე უნდა ავამაღლოთ, რომ გვეამაყებოდეს, როგორც ახალი სისტემის, საბაზრო ეკონომიკის პირდაპირი ნაყოფი. ეს შესაძლებელია და რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავძრათ ადგილიდან ეს პრობლემა“, - მოითხოვა სახელმწიფოს მეთაურმა.
პრეზიდენტის კატეგორიული მოთხოვნაა ასევე, უყურადღებოდ არ რჩებოდეს ისეთი საკითხები, რომლებზეც მკაფიოდ არის პოზიცია ჩამოყალიბებული. კერძოდ, იგი შეახსენებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, აკონტროლოს სიტუაცია საბანკო სისტემაში. ამისათვის ეროვნულ ბანკს საკმარისი უფლებამოსილება და ბერკეტები აქვს.
რა კონკრეტული ღონისძიებები უნდა განხორციელდეს შექმნილი ვითრების გამოსასწორებლად? საქართველოს პრეზიდენტის აზრით, უწინარეს ყოვლისა, საჭიროა მთავრობის საქმიანობის ყოველდღიური კოორდინაცია. საგანგებო მდგომარეობა მოითხოვს, რომ ეს საქმიანობა პრესითა და ტელევიზიით ფართოდ იყოს გაშუქებული. „სრულიადაც არ ვგმობ პროფკავშირების გადაწყვეტილებას მოეწყოთ აქციები. ქვეყნის ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს, რა კეთდება ამ მიმართულებით და არის თუ არა პერსპექტივა იმისა, რომ პრობლემა გადაწყდება“.
ყოველი დღის წესრიგში უნდა იდგეს ურჩ გადამხდელებთან ბრძოლის საკითხი და მასზე განსაკუთრებით აქტიურად უნდა იმუშაონ სამართალდამცავმა ორგანოებმა - შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროებმა, პროკურატურამ. „თუ ეს არის კრიზისი, კრიზისს უნდა ებრძოდეს მთელი სახელმწიფო, ყველა თვისი ბერკეტით, საბიუჯეტო კრიზისს მან განსაკუთრებული ღონისძიება უნდა დაუპირისპიროს. ამას კი მარტო საბაჟო და საგადასახადო სამსახურები ვერ შეძლებენ. ამიტომ დღეს კრიზისის დაძლევის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა ძალოვანების აქტიური მუშაობაა იმ ადამიანთა წინააღმდეგ, რომლებიც უმალავდნენ სახელმწიფოს თავიანთ შემოსავლებს, ანუ პრაქტიკულად ძარცვავენ პენსიონერებს, ინვალიდებს, პედაგოგებს, ექიმებს, საბოლოო ანგარიშით, ქვეყანას. ამ ამოცანის გადასაწყვეტად ყველა ერთ მუშტად უნდა შევიკრათ“. ასეთია პრეზიდენტის პოზიცია.
ასეთივე მნიშვნელოვანი ამოცანაა კანონმდებლობის სრულყოფა, ახალ რეალობათა გათვალისწინებით, გარდაუვალი პროცესია. სახელმწიფოს მეთაური მადლობას უხდის საქართველოს პარლამენტს, რომელმაც მხარი დაუჭირა ცვლილებათა პროექტს კანონის წინაშე ურჩი გადამხდელების პასუხისმგებლობის საკითხებთნ დაკავშირებით და უფრო მეტად გაუხსნა ხელი შესაბამის სამსახურებს მათ წინააღმდეგ საბრძოლველად.
საკანონმდებლო ბაზის სრულყოფაში განსაკუთრებული როლი უნდა შეასრულოს იუსტიციის სამინისტრომ და, უწინარესად ეს მუშაობა უნდა ეხებოდეს იმ სფეროს, რომელიც საგადასახადო, ანუ შემოსავლების აღრიცხვისა და ბიუჯეტის შევსების საკითხებს არეგულირებს. სამინისტროში უნდა შეიქმნას სპეციალური ჯგუფი, რომელიც იმუშავებს კანონების დახვეწაზე და, რეალობიდან გამომდინარე, მიიღებს გადაწყვეტილებას მათი გამკაცრებისა თუ, საჭიროების შემთხვევაში, ლიბერალიზაციის შესახებ.
პრეზიდენტი მთელი კატეგორიულობით ავალებს შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროებს, საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტსა და საბაჟო სამსახურს, მკაცრად დაიცვან პრინციპი - საზღვარი უნდა აკონტროლონ მხოლოდ მესაზღვრეებმა და მებაჟეებმა. არც ერთი სხვა უწყება არ უნდა გაეკაროს საზღვარს. „უნდა დამყარდეს წესრიგი და უნდა დამთავრდეს ლაპარაკი იმაზე, რომ საქართველოს ტერიტორიით ყოველგვარი კონტრაბანდის გატანა-შემოტანა შეიძლება“. მაგალითისათვის პრეზიდენტმა დაასახელა ქათმის ბარკლების, სიგარეტისა და ბენზინის შემოტანაში შექმნილი განუკითხაობა. „თუ ჩვენ ამ რეჟიმს შევეჩვიეთ, საქართველოს პრესტიჟი სასტიკად შეილახება და დამკვიდრდება აზრი, რომ ჩვენთნ ნარკობიზნესს, იარაღის ბიზნესს გზა ხსნილი აქვს“.
პრეზიდენტის შეფასებით, კონტრაბანდისაგან სახელმწიფო გაცილებით უფრო მძიმედ დაზარალდა, ვიდრე ამას არსებული მონაცემები ასახავს. ამაზე მეტყველებს გამოცდილება, რომელიც სიგარეტის ბიზნესთან დაკავშირებით განხორციელებულმა ექსპერიმენტმა მოგვცა. მაშინ, როდესაც დაწესდა ფიქსირებული გადასახადი, ყოველთვიური შემოსავალი ბიუჯეტში 4 მილიონი ლარი იყო, ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ შემოსავალი 1,5-2 მილიონამდე შემცირდა. სახელმწიფოს მეთაურს იმედი აქვს, რომ საგადასახადო სამსახურში ახალი ხელმძღვანელობის მოსვლასთნ ერთად ვითარება შეიცვალება და ამ საქმეში თვისი სიტყვა სამართლდამცავებმაც უნდა თქვან.
„კონტრაბანდული საქონელი საქართველოში არ უნდა შემოვიდეს. ეს ეხება ფოთს, ბათუმს, ახალციხეს, წითელ ხიდს, ყველა გადასასვლელს, რომელიც მეზობელ ქვეყანასთნ გვაკავშირებს, თუნდაც როკის უღელტეხილს, სამხედრო გზას...“, კატეგორიულად მოითხოვს ქვეყნის მეთაური.
ასევე ურთულეს პრობლემად მიაჩნია ედუარდ შევარდნაძეს ადგილობრივ სასამართლოებში შექმნილი განუკითხაობა. იგი ერთმნიშვნელოვნად აღიარებს უზენაესი სასამართლოს კომპეტენტურობასა და პროფესიონალიზმს, მაგრამ ის, რომ ადგილობრივ სასამართლოებში თვეობით არის გაჩერებული საქმეების წარმოება, რომლებმაც სახელმწიფო შემოსავლების საკითხი უნდა გადაწყვიტოს, პრეზიდენტის შეფასებით, მოუთმენელი მოვლენაა. ამ საქმეებში არის ისეთებიც, რომლებშიც საქართველოს უცხოელი პარტნიორები მონაწილეობენ. ამერიკულ პრესაში უკვე რამდენჯერმე დაიწერა ამგვარი მოვლენების შესახებ. ეს ნიშნავს, რომ ყალიბდება აზრი საქართველო ის ქვეყანაა, სადაც ინვესტიციების განხორციელებას აზრი არ აქვს. ამიტომ პრეზიდენტი მოითხოვს ეროვნული უშიშროების საბჭოს, იუსტიციის სამინისტროსა და იუსტიციის საბჭოსაგან, რომ უზენაეს სასამართლოსთან ერთად იმუშაონ და მოძებნონ გზები ამ პრობლემის მოსაგვარებლად. მოსამართლეებს კი აფრთხილებს: „იმას, ვინც მექრთამეა და არასწორ გადაწყვეტილებებს იღებს, სადაც და როგორც უნდა იყოს, მივწვდებით. ჩვენ დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ და შევქმნით ისეთ კანონს, რომელიც წესრიგს დაამყარებს ქვეყანაში“.
რაც შეეხება ცენტრალური ბიუჯეტისადმი დამოკიდებულებას, ის ყველა რეგიონის, რაიონისა და ქალაქის უპირველესი საზრუნავი უნდა იყოს. პრეზიდენტი მოუწოდებს ყველას: „დავიცვათ ცენტრალური ბიუჯეტის ინტერესები, ანუ დავიცვათ საერთო სახელმწიფოებრივი ინტერესები. ამის გარეშე არ იქნება არც ჯარი, არც პოლიცია, არც პროკურატურა და სასამართლო, არ იქნება პენსიები და სტიპენდიები, ვერ განვითარდება მეცნიერება, ვერ იარსებებს ვერც ავტონომიები, ვერც სხვა სახელმწიფოებრივ-ტერიტორიული ერთეულები“. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, სწორედ ცენტრალური ბიუჯეტისადმი დამოკიდებულებაში ვლინდება სახელმწიფოებრივი აზროვნება. ჩვენ მივდივართ ამ გზით, მაგრამ შედეგი ჯერჯერობით მაინც არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს.
„დეცენტრალიზაციის სავსებით სწორმა პოლიტიკამ უნდა მიგვიყვანოს ცენტრალური ხელისუფლების, საერთო სახელმწიფოს გაძლიერებამდე, თუ ამას ამ მიმართულებით არ მივყავართ, მაშასადამე, ის სწორი არ არის, დემოკრატიულია, მაგრამ, ალბათ, ნაჩქარევი“, სახელმწიფოს მეთაური მომხრეა იმისა, რომ გაფართოვდეს რაიონების, ქალაქების, ავტონომიების უფლებები, მაგრამ აუცილებლად იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებები ყველამ უნდა შეასრულოს.
სახელმწიფოს მეთაურმა სხდომის მონაწილეთა ყურადღება მიაპყრო ზოგიერთ სხვა კონკრეტულ საკითხს. კერძოდ, მან მოითხოვა ყველა იმ კრედიტის ბედის გარკვევა, რომლებიც ბოლო ხანებში გასცა სახელმწიფომ. გასარკვევია, აგრეთვე, როგორია სახელმწიფოს წილი სხვადასხვა საწარმოში, რომელთგან ბევრი წამგებიანია, მაგრამ ბევრიც მუშაობს. სად მიდის მათი შემოსავალი და რატომ სახელმწიფო არ იღებს თავის წილს. სახელმწიფოს მეთაურის აზრით, ყველამ თავის უპირველეს მოვალეობად უნდა ჩათვალოს, რომ ანგარიში გაასწოროს სახელმწიფოსთან.
ედუარდ შევარდნაძე დადებით მოვლენად მიიჩნევს „თელასის“ პრივატიზაციას. მისი აზრით, ეს ღონისძიება არ მოსწონთ იმათ, ვინც მოსახლეობისაგან იღებს ფულს და ნახევარზე მეტს ჯიბეში იდებს. ზოგსაც ეშინია, რომ ამერიკული კომპანია არაფერს აპატიებს და ტყავს გააძრობს. პრეზიდენტი აცხადებს, რომ თუ ჩვენი ენერგეტიკა ფეხზე დადგება, სახელმწიფოს საშუალება ექნება, იმ ადამიანებს, რომლებსაც არ შეუძლიათ სინათლის გადასახადის გადახდა, დაეხმაროს, ანუ შეიქმნება დახმარების მუდმივი ინსტიტუტი. „არავის მივცემთ ჩვენი ხალხის დაჩაგვრის უფლებას. მთავარია, შემოსავალი შემოდიოდეს სახელმწიფო სალაროში“.
პრეზიდენტი შეეხო პრესის როლს სახელმწიფოებრივი მშენებლობისა და ქვეყნის წინაშე მდგარი პრობლემების გადაწყვეტის საქმეში. „მივმართავ ყველას, იმის მიუხედავად, თავისუფალია თუ, ეგრეთ წოდებული, ოფიციოზი. თავისუფალი პრესა ვერ იარსებებს იმ ქვეყნებში, რომელსაც არა აქვს მტკიცე და სერიოზული ბიუჯეტი. რადგანაც საბიუჯეტო კრიზისს, როგორც წესი, მოჰყვება სახელმწიფოებრივი კრიზისი და მოვა ის რეჟიმი, რომლის დროსაც თავისუფალი პრესა ვერ იქნება. ამიტომ ყველამ უნდა ვიბრძოლოთ, ერთად შევებრძოლოთ იმ ხალხს, ვინც სახელმწიფოს მტერია და ფაქტობრივად, თქვენი მტერიც. ამოგვიდექით მხარში, რათა ჩვენი სახელმწიფოებრივი მშენებლობა არ შენელდეს და არ შეფერხდეს“.
სერიოზული და მკაცრი ბრძოლის გამოცხადებას მოითხოვს სახელმწიფოს მეთაური ფალსიფიკაციის წინააღმდეგ. უნდა გამკაცრდეს კანონმდებლობა და სათანადო ორგანოებმა სერიოზული ღონისძიებები უნდა განახორციელონ იმისათვის, რომ მას ბოლო მოეღოს.
ასევე დიდი დილემაა ლიცენზიების შესახებ კანონი, რომლის გამოც კარგა ხანია გრძელდება დავა ზოგიერთ სამინისტროსა და უწყებას შორის. პრეზიდენტი მოუწოდებს ყველას: „ავმაღლდეთ უწყებრივ ინტერესებზე და მივიღოთ ისეთი კანონი, რომელიც შეესაბამება ევროპულ თუ მსოფლიო სტანდარტებს და რომელიც უფრო მაღლა იქნება, ვიდრე რომელიც გნებავთ უწყება“.
ასევე დროულად უნდა გადაწყდეს მსხვილ გადამხდელთა საკითხი და დადგინდეს, ვინ შეიძლება ასეთად მივიჩნიოთ. პრეზიდენტის აზრით, ასეთი საწარმოებისა თუ ფირმების საქმიანობაზე პასუხს აგებენ არა მარტო ცენტრალური საგადასახადო სამსახურები, არამედ გამგებლები და ქალაქის მერები. პასუხსაც აგებენ და გარკვეული მოგებაც რჩებათ.
საქართველოს პრეზიდენტი ანარქიასა და ქაოსს უწოდებს ისეთ მდგომარეობას, როდესაც მარტო დედაქალაქში 3 ათასზე მეტი ორგანიზაცია რეგისტრაციის გარეშე ფუნქციონირებს. მისი აზრით, ამ საქმეში სასწრაფოდ და მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა დამყარდეს წესრიგი.
და მაინც, მიუხედავად იმისა, რომ მდგომარეობა ძალიან მძიმეა, სახელმწიფოს მეთაური მას უიმედოდ მაინც არ მიიჩნევს. მისი აზრით, ასეთ სიტუაციაში არსებობს ორი არჩევანი: ერთია, დადო თავი მუთაქაზე და დაელოდო, ვინ როდის და რას მოგიტანს, ანდა როდის წახვალ იმ ქვეყნად. მაგრამ არის მეორეც: ხელი გაანძრიო, იმუშაო, გააკეთო ყველაფერი იმისათვის, რომ ქვეყანაში მდგომარეობა გამოსწორდეს. საქართველოს აქვს შანსი, წლის ბოლომდე დარჩენილ დროში შესაძლებლის მაქსიმუმი გააკეთოს, შეასრულოს საკონტროლო დავალებები, სანაცვლოდ კი მიიღოს სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მძლავრი მხარდაჭერა. ასევე სერიოზულად, დაახლოებით 22 მილიონი დოლარის დახმარებას გვპირდება ევროკავშირი. 11 დეკემბერს, ვაშინგტონში დაგეგმილი შეხვედრა, რომელშიც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთნ ერთად მონაწილეობას მიიღებენ დონორი ქვეყნები, გადაწყვეტს იმ ქვეყნების დახმარების საკითხს, რომლებიც რუსეთის კრიზისის შედეგად დაზარალდნენ. ამ ქვეყანათა შორის საქართველო პირველ ადგილზეა. „თუ ხელს გავანძრევთ და დავუმტკიცებთ ყველას, რომ მუშაობა შეგვიძლია, ამ დახმარებებს მივიღებთ და მომავალი წლის დასაწყისისათვის სერიოზული პრობლემები ხელფასებთან და პენსიებთნ დაკავშირებით, პრაქ487
ტიკულად აღარ გვექნება“. ამიტომაც ქვეყნის პრეზიდენტის მოწოდებაა: „ყველამ მოვინდომოთ, მთელმა ხალხმა, ყველა მოქალაქემ შევუწყოთ ერთმანეთს ხელი და კრიზისიდან გამოვალთ“.
საქინფორმი.
მხოლოდ ერთ მუშტად შეკრული შეძლებს საქართველო საბიუჯეტო კრიზისის დაძლევას : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის დასკვნითი სიტყვა მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე 1998 წლის 28 ნოემბერს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 2 დეკემბერი. - №313 (3013). - 1,3 გვ.
![]() |
75 ენგურჰესის დამპროექტებლებს, მშენებლებს, ესპლუატაციის მუშაკებს, მშენებლობის მონაწილეებს |
▲ზევით დაბრუნება |
მილოცვა
26 ნოემბერი ღირსშესანიშნავი თარიღია ქართული საინჟინრო ხელოვნების ისტორიაში. ოცი წლის წინათ კაშხალის ამოქმედებით მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ წინააღმდეგობებით აღსავსე ურთულესი საინჟინრო პრობლემების გადაწყვეტის გზაზე.
ქვეყანაში გამეფებული ეკონომიკური და პოლიტიკური ქაოსის პირობებში ვერც ენგურჰესი გადაურჩა უმეცრებისა და ბოროტების შემოტევას. მიუხედავად ამისა, მშენებლობის ყველა მონაწილის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მისმა უნიკალურმა ნეგებობებმა ყველანაირ გამოცდას გაუძლეს და დღესაც ანცვიფრებენ ყველას ჩანაფიქრის გრანდიოზულობითა და რაც მთავარია, განხორციელების მაღალი დონით.
ენგურჰესი დღეს ქვეყნის აღორძინების გზაზე თავდადების, ბრძოლისა და უანგარო შრომის სიმბოლოა, ქვეყნის ენერგოსისტემის მდგრადობისა და საიმედოობის გარანტიაა.
ენგურჰესი საქართველოს ენერგეტიკის ხვალინდელი დღეცაა.
ენგურჰესი ამასთან ერთად, მძლავრი ბერკეტია მეზობელი ქვეყნების ენერგოსისტემაში ინტეგრაციისა და პარტნიორული ურთიერთობების გაფართოებისათვის. განსაკუთრებით დიდი ნავთობისა და აბრეშუმის გზის მასშტაბური პროექტების ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით.
მივესალმები საქართველოს ენერგეტიკოსთა მრავალათასიან კოლექტივს, ვულოცავ მათ ქართველი ენერგეტიკის ფლაგმანის - ენგურჰესის 20 წლისთავს.
მჯერა, ქართველი ენერგეტიკოსები კვლავაც არ დაიშურებენ ძალასა და ენერგიას, რათა ღირსეული წვლილი შეიტანონ საქართველოში ენერგეტიკის მამულიშვილურ საქმეში.
ედუარდ შევარდნაძე.
ენგურჰესის დამპროექტებლებს, მშენებლებს, ესპლუატაციის მუშაკებს, მშენებლობის მონაწილეებს : მილოცვა // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 2 დეკემბერი. - №313 (3013). - 1 გვ.
![]() |
76 ედუარდ შევარდნაძემ აღშფოთება გამოხატა ებრაელთა საფლავების შეურაცხყოფის ფაქტის გამო |
▲ზევით დაბრუნება |
2 დეკემბერს, თბილისში ებრაელთა საფლავების შეურაცხყოფის ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ აღშფოთება გამოხატა, როგორც საქართველოსთვის არა თუ სრულიად მიუღებელ, არამედ უცნობი მოვლენისადმი.
„საქართველოს ისტორიას არ ახსოვს ებრაელთა და მათი საფლავების დარბევისა და შეურაცხყოფის ფაქტები. შემთხვევითი არ არის, რომ სწორედ ჩვენმა ხალხმა წლეულს, შემოდგომაზე ქართველთა და ებრაელთა უღრუბლო თანაცხოვრების 26-საუკუნოვანი იუბილე აღნიშნა“, - განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა დაავალა თბილისის მერს სასწრაფოდ მოაწესრიგოს ყველა საფლავი, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას - მიიღონ სასწრაფო ზომები დამნაშავეთა დასადგენად და სამაგალითოდ დასასჯელად.
საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური - საქინფორმი.
ედუარდ შევარდნაძემ აღშფოთება გამოხატა ებრაელთა საფლავების შეურაცხყოფის ფაქტის გამო // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 4 დეკემბერი. - №315 (3015). - 1 გვ.
![]() |
77 „საზოგადოების მხარდაჭერით, საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით უმოკლეს ხანში დავძლევთ საბიუჯეტო კრიზისს, ხოლო ეკონომიკას, წარმოებას ახალი სტიმული მიეცემა, საქართველოს მოქალაქეთა ცხოვრების პირობებიც გაუმჯობესდება“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
7 დეკემბრის რადიოინტერვიუ
- გასულ კვირას საქართველოს ხელისუფლებამ უკვე ფაქტობრივად მიიღო გადაწყვეტილება ლართან დაკავშირებით. ეროვნულმა ბანკმა გამოაცხადა, რომ აღარ გამოაცხადებს ინტერვენციებს და არც ემისია მოხდება. ამის საფუძველზე, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთნ კონსულტაციების შემდეგ დადგინდა, რომ ლარის კურსის მოწესრიგება დაევალა ბაზარს - ამას ბაზარი თვითონ მოაწესრიგებს. ასეთია გადაწყვეტილება და ამ ფაქტის ახსნა. თავისთავად, რასაკვირველია, ამაში ცუდი არაფერია და ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას მხარს უჭერს როგორც მსოფლიო ბანკი, ისე საერთაშორისო სავალუტო ფონდიც. ამას დასავლეთმაც დაუჭირა მხარი. ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება. მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველაფერი ეს მძიმე ტვირთად აწვება მოსახლეობას, რომელსაც აგერ უკვე რამდენიმე თვეა არ მიუღია ხელფასი. მიუხედავად ამისა, პანიკა, რასაც ყველაზე პესიმისტურად განწყობილი ადამიანებიც კი ელოდნენ, საბედნიეროდ, არ არის, მოსახლეობაში არავითრი პანიკა არ შეინიშნება. ერთადერთი, რაც დღეს მოსახლეობას აშინებს, ის არის, რომ ხომ არ გაუფასურდება ლარი - ეროვნული ვალუტა და ხომ არ ეწევა მას კუპონის ბედი... - ჟურნალისტის ნატო ონიანის თხოვნით, ამ თემაზე საუბრით დაიწყო თავისი ტრადიციული ორშაბათის რადიოინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ.
- გმადლობთ შეკითხვისათვის და თანაც უნდა დავძინო, რომ პასუხი რამდენადმე ვრცელი იქნება, რადგან დიდ პრობლემას შევეჭიდეთ. ბოლო ორი-სამი კვირის განმავლობაში ჩვენ არაერთხელ ვესაუბრეთ საქართველოს მოქალაქეებს ქვეყანაში შექმნილი საბიუჯეტო კრიზისის მიზეზებსა და მათი დაძლევის გზებზე.
უპირველეს ყოვლისა, სრული პასუხისმგებლობით უნდა განვაცხადო, რომ ლარის კურსის ლიბერალიზაციის შესახებ გადაწყვეტილება არა თუ არ ნიშნავს რადიკალური ეკონომიკური რეფორმის შეწყვეტას, არამედ პირიქით, - სწორედ ეს არის ამ რეფორმის ერთ-ერთი ყველაზე, მართალია, მძიმე, მაგრამ ამავე დროს ყოვლად აუცილებელი და გარდაუვალი გადაწყვეტილება. მეტსაც ვიტყოდი, სწორედ ეს მოვლენა გახლავთ რეფორმების დამამთავრებელ ფაზაში, გარდაქმნათა მეორე ეტაპზე, ერთ-ერთი უმთავრესი და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი აქცია.
ვიცი, ზოგიერთმა შეიძლება მცდარი ინტერპრეტაციაც გაუკეთოს ჩემს სიტყვებს, მაგრამ წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისით, ეროვნული ვალუტის ლიბერალიზაცია რაციონალური ღონისძიებაა, რომელიც უფრო ხელსაყრელ გარემოს ქმნის ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნისათვის და, რაც მთავარია, ერთგვარ სტიმულს აძლევს წარმოების ზრდას, განსაკუთრებით სასოფლო-სამეურნეო და საექსპორტო პროდუქციის მატებას, სავაჭრო სალდოს გაუმჯობესებას, თუ, რა თქმა უნდა, ჩვენ თვითონ, ხელისუფლება არ დავუშვებთ სერიოზულ შეცდომებს და ყოველმხრივ შევუწყობთ ხელს წარმოების ზრდის სტიმულირებას.
შეიძლება ვინმემ გვკითხოს: თუ ასეა, მაშ რატომ დღემდე არ გადადგითო ეს ნაბიჯი?
- და უფრო მეტიც: იყო ასეთი განცხადებებიც, რომ ჩვენ შევინარჩუნეთ ლარის კურსი, ჩვენთან არ მოხდა ის, რაც მოხდა რუსეთში და ასე შემდეგ?
- ამაზეც გიპასუხებთ. დიახ, დღემდე თავს ვიკავებდით, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ვალუტის ლიბერალიზაცია ეკონომიკური თვალსაზრისით, რაციონალური მოქმედებაა, ჩვენს პირობებში, ასეთ პირობებში, როგორც ამას საქართველოს თავისებურება და დღევანდელი ვითარება გვიკარნახებს, ეს მაინც ძალიან მძიმე გადაწყვეტილებაა სოციალური შედეგების თვალსაზრისით.
ამიტომ საჭიროდ მიგვაჩნია ზუსტი პროგნოზის გაკეთება, რესურსების მოზიდვა, მოსახლეობის სოციალური დაცვის პროგრამის შემუშავება და მხოლოდ ამის შემდეგ - მძიმე, მაგრამ გარდაუვალი გადაწყვეტილების მიღება.
შესაძლოა განმეორება გამოგვივიდეს, მაგრამ კვლავ აღვნიშნავ, რამდენიმე მომენტს, საქართველოში საბიუჯეტო კრიზისი რომ გამოიწვია და კატეგორიულად აუცილებელი გახდა ვალუტის კურსის ლიბერალიზაცია.
ჩვენ ამჟამად უკვე ისეთ ვითარებაში ვიმყოფებით, რომ, რაც უფრო სწრაფად გადავდგამდით ამ ნაბიჯს, მით უფრო ნაკლები იქნებოდა დანაკარგი ქვეყნის ეკონომიკის, კერძოდ მოსახლეობის, უწინარესად სოციალურად დაუცველი ფენებისათვის, მაგრამ ამის გაკეთება უფრო ადრე ნამდვილად არ შეიძლებოდა. ყველაფერი ეს გაანგარიშებულია და, სხვათა შორის, ამაზე დისკუსიები ჩვენ ვიწრო წრეში ჯერ კიდევ აგვისტოში დავიწყეთ, ესე იგი, იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რუსეთში რომ განვითარდა.
შექმნილი ვითარების უპირველესი, თუ შეიძლება ასე ითქვას, „მიზეზთა მიზეზი“ საკუთარ თავში საკუთარი სახელმწიფოს არასრულყოფილებაში უნდა ვეძებოთ. ჩვენ ჯერ კიდევ ვერ მოვახერხეთ და ესოდენ მოკლე დროში, ალბათ, ვერც მოვახერხებდით (ისტორიული მემკვიდრეობის გათვალისწინებით) სრულყოფილი, სრულქმნილი სტრუქტურების ჩამოყალიბებას და მათს გამართულ ფუნქციონირებას.
ავიღოთ თუნდაც საბიუჯეტო შემოსავლის სფერო. მხოლოდ საგადასახადო სისტემის ხაზით მიმდინარე წელს ბიუჯეტმა 100 მილიონი ლარი დაკარგა. ეს ერთ-ერთი მიზეზია იმ საფუძვლიანი გადაწყვეტილებისა, რომელიც ჩვენ მივიღეთ. მოხმარებული ელექტროენერგიის გადაუხდელობის გამო, ბოლო 2-3 წლის განმავლობაში იმათ, ვინც საფასური არ გადაიხადეს, სახელმწიფოს 50 მილიონი ლარის ზარალი მიაყენეს. ასევე მოუწესრიგებელია ახლადშექმნილი საწარმოების, ფირმების, საშუალო და მცირე ორგანიზაციების საქმიანობის კონტროლი, მათი აღრიცხვა. ამას წინათ გაფართოებულ თათბირზე ბატონმა ვანო ზოდელავამ ბრძანა, რომ თბილისში 3 ათასზე მეტი პატარა საწარმოა, შეიძლება ეს იყოს 4, 5, 10-კაციანი, მაგრამ მაინც საწარმოა, პროდუქცია იქმნება. ასეთი სამი ათასზე მეტი საწარმოა აღურიცხავი. ეს ამას ნიშნავს, რომ რადგან აღურიცხავია, არც გადასახადს იხდის და სახელმწიფოსთან არავითარ ანგარიშსწორებას არ აწარმოებს. მე იმის მომხრე ვარ, რომ თუ საჭიროა, რაღაც შეღავათები გავრცელდნენ რომელიღაც ფენაზე, რომელიღაც ჯგუფზე, იმაზე, ვინც ბიზნესს იწყებს, ეს სახელმწიფომ უნდა გააკეთოს და ყველაფერი ოფიციალურ დონეზე უნდა იყოს და არა მალულად. ყოველივე ეს მარტო თბილისს არ ეხება, თბილისში შედარებით უფრო მოწესრიგებულია ეს აღრიცხვა. რაიონებსა და ზოგიერთ სხვა ქალაქში კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაა. უაღრესად დაბალია ქვეყანაში საგადამხდელო კულტურა, უდიდეს ზიანს გვაყენებს კონტრაბანდული პროდუქციის შემოზიდვა და ამანაც მასობრივი ხასიათი მიიღო. ძირითადად კორუმპირებულია საგადასახადო და საბაჟო სამსახურები, რომლებიც ამ ბოლო ხანს სათანადო ღონისძიებებს ახორციელებენ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ წვეთია ზღვაში იმასთან შედარებით, რაც უნდა გაკეთდეს. კორუფციის გამო სახელმწიფომ ბოლო წლებში ასობით მილიონი დოლარი დაკარგა, და ესეც ფაქტია.
ამ სირთულეთა ფონზე გასათვალისწინებელია ისიც, რომ წელს არნახული გვალვის შედეგად ქვეყნის სოფლისმეურნეობის ზარალმა 100 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა. ასეთი გვალვის პირობებში, ხანდახან ისეც ხდება, რომ გვალვის შედეგების ლიკვიდაციისა და დაძლევის საკითხებს დიდი საერთაშორისო ორგანიზაციები სპეციალურად განიხილავენ. სამწუხაროდ, დღევანდელ მსოფლიოში იმდენად ბევრი პრობლემაა, რომ არ მოხერხდა საქართველოში რომ გვალვის შედეგების დაძლევის თაობაზე სპეციალური განხილვის მოწყობა, ხოლო ჰიდროენერგეტიკულ სექტორში შექმნილი სირთულეების გამო ქვეყანას დააკლდა 40 მილიონი ამერიკული დოლარის ღირებულების ელექტროენერგია. არაერთხელ მითქვამს, რომ წყალსაცავები თითქმის დაცლილია, გარდა ენგურისა, და ენგურშიც წყლის დონე დასაშვებზე გაცილებით დაბალია.
ბიუჯეტის დანაკარგების მასშტაბი იმდენად დიდია, რომ საქმეს ვერ უშველა სამთავრობო სტრუქტურების გადახალისებამ, საკადრო განახლებამ. თქვენ იცით, რომ სამთავრობო შემადგენლობის ნახევარზე მეტი გადადგა და ახალი ხალხი მოვიდა, სრულიად გადახალისდა საფინანსო, საგადასახადო და საბაჟო სამსახურთა ხელმძღვანელობა. ამას ჯერჯერობით სასურველი შედეგი არ მოყოლია.
მე შიდასახელმწიფოებრივი მიზეზებით, ჩვენი ნაკლოვანებებით დავიწყე საუბარი, რათა არავინ იფიქროს, თითქოს ხელისუფლება ცდილობდეს მხოლოდ გარეშე ფაქტორებით ახსნას შექმნილი კრიზისი. თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ ამ ფაქტორებმა დიდად განსაზღვრა მდგომარეობის გართულება. საყოველთაოდ ცნობილია, რა პროცესები განვითარდა ჩვენს პლანეტაზე 1997 წლიდან მოყოლებული. კრიზისმა მოიცვა თითქმის მთელი მსოფლიო, მათ შორის ეკონომიკური გიგანტებიც. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში, რომლითაც მან მხარი დაუჭირა საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას ეროვნული ვალუტის ლიბერალიზაციის შესახებ (თუ ვინმეს არ წაუკითხავს, ძალიან ვთხოვ, წაიკითხოს) - ეს მოვლენა ერთმნიშვნელოვნად შეფასდა, როგორც მსოფლიო საფინანსო კრიზისი. ესე იგი, ამერიკის შეერთებული შტატები აღიარებს რომ - არც მეტი, არც ნაკლები - საქმე გვაქვს მსოფლიო საფინანსო კრიზისთან.
ამ ტალღამ, განსაკუთრებით რუსეთში განვითარებულმა მოვლენებმა საქართველომდეც მოაღწია და დაახლოებით სექტემბრისათვის ზარალმა 100 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა. ეს არის პირდაპირი დანაკარგები რუსეთში განვითარებული კრიზისული მოვლენების შედეგად. ფაქტობრივად, ექსპორტი შეჩერდა და საქართველოს იაფფასიანი იმპორტი მოეძალა.
ზემოაღნიშნულმა ფაქტორებმა შეაფერხა ჩვენი ქვეყნისათვის საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ევროკავშირის მიერ ადრე დაგეგმილი ფინანსური დახმარების გამოყოფა. ფინანსური ინექცია შეწყდა, რამაც, ბუნებრივია, სერიოზული გავლენა მოახდინა ეკონომიკურ და ფინანსურ ბალანსზე.
ვიმეორებ, საქართველო, როგორც მსოფლიო ეკონომიკის სუბიექტი და ობიექტი, თავიდან ვერ აიცილებდა ნეგატიურ შედეგებს. თუმცა, რაკი მსოფლიო ფინანსურ კრიზისზე ვლაპარაკობთ, ისიც უნდა ითქვას, რომ ამერიკელ, აგრეთვე გერმანელ და იაპონელ ექსპერტთა მონაცემებით, რომლებიც ახლახან გამოქვეყნდა დასავლეთის პრესაში, მსოფლიო მონეტარული კრიზისი კატასტროფული შედეგებით დამთავრდებოდა მთელი მსოფლიოსათვის, ყველა ქვეყნისათვის, რომ არა ცივი ომის დასრულება, გამალებული შეიარაღების შეწყვეტა, რამაც საშუალება მისცა მსოფლიოს ყველაზე განვითარებულ ქვეყნებს მაინც შეექმნათ მნიშვნელოვანი რესურსი, დაეგროვებინათ რეზერვები - ფინანსურიც და მატერიალურიც, რომლებსაც ახლა იყენებენ არა მარტო საკუთარი ეკონომიკის გადასარჩენად, არამედ სხვა ქვეყნების დასახმარებლადაც. სწორედ ამ რეზერვებიდან ივსება საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკის საკრედიტო რესურსები.
რაც შეეხება ჩვენს ეროვნულ ვალუტას: ობიექტურობა მოითხოვს ითქვას, რომ შეუძლებელია ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბებული კურსის შენარჩუნება წლების განმავლობაში იმავე დონეზე და ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა. მე სწორედ ის რესურსები მაქვს მხედველობაში, იმ განვითარებული ქვეყნებისათვის რომ არის დამახასიათებელი.
აქ უკვე ლაპარაკია არა ეკონომიკურ კურსზე, არამედ ქვეყნის ობიექტურ შესაძლებლობებზე, რესურსებზე, ინფრასტრუქტურაზე, საწარმოო სიმძლავრეთა მორალური და ფიზიკური ცვეთის დონეზე, ტექნოლოგიურ თავისებურებებზე, ტრადიციული ბაზრების დაკარგვაზე და ასე შემდეგ. ამ რიგის გაგრძელება კიდევ შეიძლება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ შევურიგდეთ შექმნილ მდგომარეობას და არაფერი გავაკეთოთ მის შესაცვლელად.
დღემდე კურსის შენარჩუნება ხდებოდა ეროვნული ბანკის რეზერვების ხარჯზე. მე უკვე ვილაპარაკე ამაზე, მაგრამ კვლავ უნდა გავიმეორო. ეს რეზერვი ამოუწურავი არ არის. ეს ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს. მით უმეტეს, რომ იგი თითქმის 100 პროცენტით უცხოური კრედიტებისაგან შედგება. მე ისიც ვთქვი და კვლავ და კვლავ გავიმეორებ რომ არ შეიძლება სახელმწიფოს რაღაც მინიმალურ დონეზე არ ჰქონდეს რეზერვი, ეროვნულ ბანკს გარკვეული რეზერვი არ ჰქონდეს, და ამ რეზერვის მთლიანად დახარჯვა ლამის სახელმწიფოებრივ კატასტროფას უდრის.
აქვე შეგახსენებთ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორს და მაჩვენებელს: მთლიანი შიდა პროდუქტის ბიუჯეტში მოზიდული შესაბამისი წილის ოდენობით საქართველო, დიდად სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა ყოფილ საბჭოთა სივრცეში და მთელ მსოფლიოშიც, ესე იგი ჩვენ საბიუჯეტო კანონის შესაბამისად უნდა ამოვიღოთ ერთობლივი შიდა პროდუქტის 9 პროცენტი. სინამდვილეში, როგორც მინიმუმი, 14 პროცენტს უნდა ვიღებდეთ. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ამ დონეს ვერ მივუახლოვდით. ამას რომ ვახერხებდეთ, მაშინ საბიუჯეტო კრიზისიც არ გვექნებოდა.
ელემენტალური ჭეშმარიტებაა: საბაზრო ეკონომიკის პირობებში სავალუტო კურსის რეგულირება ხდება წარმოების დონით, მთლიანი პროდუქტის მოცულობით, საბიუჯეტო შემოსავლისა და მოსახლეობის მყიდველობითი უნარის თანაფარდობით.
აქედან გამომდინარე, ეგრეთ წოდებული „მცოცავი კურსი“ თვით ყველაზე განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებისთვისაც უჩვეულო მოვლენა არ არის.
გარდა ამისა, ეროვნული ვალუტის კურსის მობილურობა და მოქნილობა ისეთი ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა, წარმოების აღმავლობის ერთგვარი ხელშემწყობი პირობა უნდა გახდეს.
დღემდე საქართველო, ობიექტურად, იმპორტზე ორიენტირებული ქვეყანა იყო. სამწუხაროდ, მარტო ფისკალურმა სტაბილურობამ ვერ გამოიწვია წარმოების ისეთი რადიკალური ზრდა, როგორიც აუცილებელია, თუმცა გარკვეული წლების განმავლობაში ეროვნული ვალუტის ამ სტაბილურობამ ისტორიული როლი შეასრულა ჩვენს ცხოვრებაში ეროვნული ვალუტის დამკვიდრებაში. რასაკვირველია, იდეალური ვარიანტია წარმოების ზრდა მონეტარული სტაბილურობის პირობებში, მაგრამ რაკი ეს არ მოხერხდა, წარმოების სტიმულირებას ლარის კურსის ლიბერალიზაციაც შეუწყობს ხელს.
მდგომარეობას მეტად ამძიმებს ისიც, რომ ბევრ რაიონში გაუცემელია ხელფასები და პენსიები, სხვა სახის სოციალური დახმარების თანხები, ესე იგი, ფონი უაღრესად მძიმეა. ბუნებრივია, ან ფონზე ლარის კურსის ლიბერალიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება კიდევ უფრო მძიმე ხდება, მაგრამ ნუ დავივიწყებთ საერთაშორისო ვითარებას. მართალია, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, ევროკავშირი პრინციპულად მოითხოვდნენ ლარის კურსის ლიბერალიზაციას, მაგრამ, ამავდროულად, მტკიცე გარანტიებსაც გვთავაზობდნენ. ოღონდ იმ პირობით, თუ ჩვენ საკუთარ სახლში დავამყარებთ წესრიგს, მაქსიმალურად ავკრებთ გადასახადებს, ბოლოს მოვუღებთ ბაზარზე კონტრაბანდული საქონლის შემოტანას, გავაძლიერებთ ბრძოლას კორუფციის წინააღმდეგ. ლარის კურსის ლიბერალიზაცია ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნა იყო.
სიტყვამ მოიტანა და არ შემიძლია არ ვთქვა: არ შეესაბამება სიმართლეს, თითქოს საქართველოს პრეზიდენტმა მაინცდამაინც 1998 წელი გამოაცხადა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის წლად. სხვათა შორის, ეს ამას წინათაც ითქვა ერთ-ერთ თათბირზე, მერე პრესაში ხშირად წერენ, რომ აი, შევარდნაძემ 1998 წელი გამოაცხადა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის წლად. ასე არ ხდება. კორუფციის დაძლევას დიდი დემოკრატიული და სახელმწიფოებრივი ტრადიციების ქვეყნებმაც ათწლეულები მოანდომეს. მთავარი სირთულე ის გახლავთ, რომ კორუფციას უნდა ებრძოლო ადამიანის უფლებათა დარღვევის, კანონის დარღვევის გარეშე. საქართველოს ხელისუფლება მტკიცედ იცავს ამ პრინციპს. თორემ, თუ ყველას, ვისზეც ეჭვი გვაქვს ქვეყანას, სახელმწიფოს, სამართალდამცავ ორგანოებს, უმალვე დააპატიმრებენ მხოლოდ ამ ეჭვის საფუძველზე, - ამით პრობლემის გადაწყვეტა გაგვიადვილდებოდა, მაგრამ დაირღვეოდა საქართველოს კონსტიტუციის ფუძემდებლური პრინციპი, უდანაშაულობის პრეზუმპცია. ამდენად, არავის არ უნდა უკვირდეს, თუ 1998 წელი საქართველოს პრეზიდენტმა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის დაწყების წლად გამოაცხადა. ბრძოლა დაიწყო და რეალურადაც, მაგრამ ეს არის დასაწყისი ეტაპი, მანამდე ჩვენ არ გვეცალა ამისათვის, სხვა მოვლენებთან (თქვენ კარგად იცით) უნდა გვებრძოლა: ეს იყო ქაოსი, ეს იყო ანარქია, ეს იყო შეიარაღებული ბანდების თარეში, და ყველაფერი უნდა დაგვეძლია და, ასე ვთქვათ, პირველი ნაბიჯები უნდა გადაგვედგა ქვეყნის აღორძინების გზაზე. ამ ბრძოლის დაწყების ერთ-ერთი ელემენტი ისიც გახლავთ, რომ, ალბათ, ამ 2-3 კვირაში, შეიძლება ცოტა უფრო ადრეც, მე პარლამენტს წარვუდგენ ჩემს წინადადებას პრეზიდენტის ეგიდით სპეციალური ანტიკორუფციული სამსახურის შექმნის შესახებ. როდის მიიღებს პარლამენტი გადაწყვეტილებას, ეს კიდევ საკითხავია, მაგრამ ვფიქრობ, რომ პარლამენტში მხარდაჭერა იქნება. აქვე უნდა ითქვას, რომ საქმეს ართულებს ფინანსური უზრუნველყოფის პრობლემა, საჭირო თანხა კი არც ისე მცირეა, საკმაოდ დიდი თანხაა საჭირო, რომ ასეთი სამსახური შეიქმნას. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა სხვა დღეს არსებული სამსახური აქტიურად ებრძოდა კორუფციას. და მათ უკვე დაიწყეს, ამის შესახებ ორიოდე სიტყვას ვიტყვი.
რა თქმა უნდა, კვლავინდებურად მწვავედ დგას ხელფასებისა და პენსიების დროულად გაცემის საკითხი, მაგრამ არსებობს ამ პრობლემის გადაწყვეტის რეალური რესურსი. მთლიანად უნდა დაიფაროს დეკემბრის ხელფასი როგორც მინიმალური ამოცანა, რომელიც ჩვენ დავსახეთ მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე. შესაბამის სამინისტროებს, უწყებებს მიეცეთ მითითება შეიმუშაონ ღონისძიებათა ნუსხა, რათა მომავალი წლის ბიუჯეტში პირველი კვარტალის დამთავრებისთანავე გათვალისწინებული იყოს ხელფასებისა და პენსიების მატება ლარის კურსის ცვალებადობით გამოწვეული ზარალის მნიშვნელოვანწილად ანაზღაურების შესაბამისად. რაც შეეხება პენსიების და ხელფასების დავალიანების დაფარვას, წლის დასაწყისშივე გამოცხადდება გრაფიკი თითოეული ქალაქისა და თითოეული რაიონისათვის და მოსახლეობა მიიღებს წინა თვეების კუთვნილ ხელფასებსა და პენსიებს, და ეს ხარჯები მომავალი წლის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული. ესე იგი, დაკანონდება ის, რაც უნდა მიიღოს მოსახლეობამ.
ხელისუფლება ყველაფერს იღონებს, რათა არ მოიმატოს პურის ფასმა და ჩვენ ამ დღეებში ამას ვაღწევთ, და ეს პურის ფასის რეგულირების, სახელმწიფოს ჩარევის პროცესი კვლავაც გაგრძელდება. საამისოდ გვაქვს შესაბამისი რეზერვი, უწინარესად, ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებით შექმნილია მარცვლეულის მარაგი.
ახლა კი, რას ველით დონორი ქვეყნებისა და ორგანიზაციებისაგან.
საზოგადოებამ უკვე მიაქცია, ალბათ, ყურადღება, რომ ყველა მიესალმა ჩვენს გადაწყვეტილებას - ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი, ევროპის ცალკეული სახელმწიფოები, მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და ასე შემდეგ.
რაკი საქართველომ ეს ნაბიჯი გადადგა, მსოფლიო ბანკი დეკემბერში გამოყოფს (შეიძლება ციფრები მთლად ზუსტი არ იყოს, რადგან მათ კიდევ უნდა განიხილონ ეს ციფრები, მაგრამ საორიენტაციოდ შეიძლება ვთქვა) 20-25 მილიონ დოლარს, საერთაშორისო სავალუტო ფონდი - მომავალი წლის დასაწყისში კიდევ 40-50 მილიონს, ევროკავშირისაგან მივიღებთ 16 მილიონ ეკიუს, როგორც მინიმუმი. ჩემთან უკვე ჰქონდათ მიწერ-მოწერა ევროკომისიის ხელმძღვანელებს, ანუ 16 მილიონ ეკიუ 22 მილიონ დოლარზე მეტია, ჰოლანდიის მთავრობისაგან გრანტის სახით მივიღებთ 8 მილიონ დოლარს და ასე შემდეგ.
11 დეკემბერს ვაშინგტონში შეიკრიბებიან სავალუტო ფონდის, სხვა საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების დამფუძნებელი ქვეყნების, ეგრეთ წოდებული დონორი ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებიც იმსჯელებენ ექვსი სახელმწიფოს, მათ შორის პირველ რიგში საქართველოსათვის საგანგებო დახმარების გაწევის შესახებ. მე უკვე შევხვდი მთელი რიგი ქვეყნების მეტწილ ელჩებს (დღეს კიდევ მექნება შეხვედრები) და სათანადოდ არგუმენტირებული წერილები გავუგზავნე მათს მთავრობათა მეთაურებს, რათა ეს დახმარება რაც შეიძლება საგრძნობი და ხელშესახები იყოს. მათ შორის არიან ისეთი ქვეყნები, რომლებთანაც ჩვენ ტრადიციული, ჩამოყალიბებული ურთიერთობები გვაქვს და ისინი აქამდეც გვეხმარებოდნენ. გარდა ამისა, უახლოეს მომავალში საქართველო მიიღებს 35 მილიონ დოლარს, თელასის პრივატიზების შედეგად.
პრივატიზების პროცესი გაგრძელდება ენერგეტიკის, კომუნიკაციათა სფეროებში. უცხოური საოპერაციო კომპანიები მართვის უფლებით მიიღებენ ფოთის ნავსადგურის ნავმისადგომთა, არა თვითონ ნავსადგურის ძირითადი მექანიზმის, არამედ ნავმისადგომთა, ნაწილს, რა თქმა უნდა, სათანადო სერიოზული ანაზღაურებით. სწორედ ასეთი პრინციპით მუშაობენ მსოფლიოს უდიდესი ნავსადგურები.
ამჟამად ყველაზე მთავარია ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნება, როგორც მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე ვთქვი, მაგრამ კიდევ და კიდევ უნდა დავუბრუნდეთ ამ საკითხს. სტაბილურ ვითარებაში სწრაფად გავაჯანსაღებთ ფინანსებს, მოიმატებს ხელფასები და პენსიები, რადიკალურად გაიზრდება ინვესტირების ოდენობა, უცხოური ინვესტიციების რაოდენობა.
კიდევ და კიდევ მოვუწოდებ მოსახლეობას, არ დაუჯეროს პანიკის მთესველებს, დემაგოგებს, არ აჰყვეს დესტაბილიზაციისათვის მოწოდებებს, რადგან ამით მხოლოდ გავართულებთ ვითარებას, რეალურად კი ვერაფერს მივიღებთ და ვერაფერს შევქმნით. უახლოეს წლებში, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამუშავდება ის გიგანტური პროექტები, რომლებიც ითვალისწინებენ საქართველოს გეოპოლიტიკურ შესაძლებლობათა სრულ გამოყენებას. „ევრაზიის დერეფნის“, „დიდი აბრეშუმის გზის“, ასევე ნავთობსადენებისა და გაზსადენების იდეა, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე გაივლის, რა თქმა უნდა, არც ფარნავაზს ეკუთვნის, როგორც ერთმა პოლიტიკოსმა თქვა, რომ ფარნავაზს ეკუთვნისო „დიდი აბრეშუმის გზის“ იდეა, არც ნობელს, ამაზეც დაიწერა, როგორც ახლა ზოგიერთი ენაკვიმატობს, რომ ბაქოდან ნავთობსადენის პროექტის იდეა ნობელს ეკუთვნისო, ვითომ ვინმე უარყოფდეს ამას. და ეს იდეა არც მხოლოდ შევარდნაძის კუთვნილებაა. ეს უზარმაზარი მსოფლიო პროექტები, მათ შორის ტრასეკას პროექტი და სხვა, დრომ მოიტანა, ეპოქამ შვა. ჩვენი თაობის მოვალეობა ის გახლავთ, რომ ის განვახორციელოთ და რაც შეიძლება სწრაფად გამოვიყენოთ ქვეყნის სასარგებლოდ.
- მთელი უბედურება, ალბათ, ის არის, რომ უწინარესად იმაზე უნდა ვფიქრობდეთ, რას მივიღებთ ამ პროექტით, რა ექნება საქართველოს, რა ადგილს დაიკავებს და რა ეკონომიკური მოგება ხვდება, და არა ის, ვისი იდეაა.
- სწორედ ეს ანგარიში ეზარებათ და უფრო ქილიკობა ურჩევნიათ, მაგრამ იქილიკონ. ეს დიდი ტრაგედია არ არის.
ამრიგად სტაბილურობაა წარმატების თავიდათავი. მე მივმართე მოსახლეობას, მივმართე, აგრეთვე, ჩვენს მასმედიას, პრესას, ტელევიზიას, გამოიჩინონ მაღალი სახელმწიფოებრივი შეგნება, გამოავლინონ პატრიოტული სულისკვეთება, პასუხისმგებლობა, ხელი შეუწყონ ქვეყანაში სტაბილურობის განმტკიცებას. ეს ღონისძიება ამ დღეებში თუ შედარებით ნორმალურად მიმდინარეობს, პირველ რიგში მათ ვემადლიერები - ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს პრესას, ტელევიზიას და, რა თქმა უნდა, პოლიტიკურ პარტიებს, რომლებმაც ღირსეული სიდინჯე და აუჩქარებლობა გამოამჟღავნეს ამ დღეებში. მესმის, ბევრს აღელვებს საბანკო სისტემის ბედი. ამთავითვე უნდა აღვნიშნო, ხელისუფლება ყველაფერს იღონებს დამოუკიდებელი კომერციული საბანკო სისტემის, მათ შორის იმ ბანკების გასაძლიერებლად, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობენ უცხოელ პარტნიორებთნ. საქართველოში დარჩება იმდენი ბანკი, რამდენიც საჭიროა საბაზრო ეკონომიკის ნორმალური ფუნქციონირებისათვის, და აქ ჩემი შეხედულება აბსოლუტურად ემთხვევა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შეხედულებებს, რომელიც ასევე არის განწყობილი, გაუწიოს მათ საჭირო დახმარება ისევე, როგორც საერთაშორისო საფინანსო ცენტრები არიან განწყობილი დაეხმარონ ბანკებს, რათა არ დაუშვან მათი მასობრივი გაკოტრება. ჩვენ შევეცდებით ყველა ბანკზე, მათ შორის, პატარა ბანკებზეც ვიზრუნოთ, რათა თავიდან ავიცილოთ ბანკების გაღატაკება. ამ მიზნით, არ გამოვრიცხავ ბანკების შერწყმას, და ეს ჩვენთვის უკვე ცნობილი პროცესია - გაერთიანებული ქართული ბანკი ამის საუკეთესო ნიმუშია, და არა მარტო ეს ბანკი, გამსხვილებას ამ ბანკებისას - ეს საბაზრო ეკონომიკისათვის სავსებით ნორმალური პროცესია, და თვით ყველაზე უმაღლესი დონის განვითრებულ ქვეყნებშიც ეს ჩვეულებრივ მოვლენად მიაჩნიათ. ჩვენი უპირველესი საზრუნავია მეანაბრე, რომელმაც ბანკს დანაზოგი ანდო. მოვუწოდებ მათ არ აჩქარდნენ, არ აჰყვნენ ემოციებს და არ მოითხოვონ დაუყოვნებლივ საბანკო ანგარიშზე არსებული თანხა. გაუფრთხილდნენ ბანკს, რომელთანაც თანამშრომლობენ დღეს და ითანამშრომლებენ მომავალშიც. საბანკო სისტემის დანგრევის შემთხვევაში დაზარალდებოდნენ არა მარტო თავად ბანკები, არამედ მეანაბრეებიც. და, სხვათა შორის, არავინ არ უნდა ელოდოს იმას, რომ, თუ დეპოზიტებზე თანხების მოხსნის შედეგად რომელიმე ბანკი დაინგრევა, ამას მერე სახელმწიფო აანაზღაურებს. სახელმწიფოს ამის რესურსი არ გააჩნია, და არც არის ვალდებული. ამიტომ საბანკო სისტემას ყველა უნდა გავუფრთხილდეთ - სახელმწიფოც და ყველა მოქალაქე.
უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორ იმოქმედებენ შექმნილ ვითარებაში შინაგან საქმეთა სამინისტრო, უშიშროების სამინისტრო, პროკურატურა, საერთოდ სამართალდამცავი ორგანოები. მათ უკვე ბევრი რამ გააკეთეს ურჩი გადამხდელების გამოსავლენად, ბიუჯეტის კუთვნილი თანხების ასაკრეფად, რისთვისაც მადლობა ეთქმით, მაგრამ, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ეს მხოლოდ დასაწყისია და გასაკეთებელი გაცილებით მეტია.
მაგალითად, მთლიანად იმ ორგანოთა მოვალეობაა (და ეს მუშაობა, გლობალური შეტევა, თუ შეიძლება ასე ითქვას, ამ დღეებში უნდა დაიწყოს), უზრუნველყონ ერთადერთ საგადამხდელო საშუალებად ლარის აღიარების შესახებ კანონის რეალურად განხორციელება. ეს უდიდესი რეზერვია იმისათვის, რომ ლარის ახალი კურსი, რომელიც ახლა ყალიბდება, ფორმირდება, მართლაც სტაბილური და სანდო იყოს. ამრიგად, ლარი უნდა დარჩეს ჩვენი სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთ უმთავრეს სიმბოლოდ. ყველა თანამდებობის პირმა უნდა გაიცნობიეროს თავისი პასუხისმგებლობა და ყაირათიანად მოეკიდოს სახელმწიფო სახსრების ხარჯვას. ამაზე სერიოზული სჯა-ბაასი იყო მთავრობის სხდომაზე და ჩვენ საგანგებო ღონისძიებებს შევიმუშავებთ სახელმწიფო სტრუქტურის შენახვისათვის გათვალისწინებული სახსრების შესამცირებლად.
დარწმუნებული ვარ, საზოგადოების მხარდაჭერით, საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით უმოკლეს ხანში დავძლევთ საბიუჯეტო კრიზისს, ხოლო ეკონომიკას, წარმოებას ახალი სტიმული მიეცემა, საქართველოს მოქალაქეთა ცხოვრების პირობებიც გაუმჯობესდება.
მე კიდევ და კიდევ გავიმეორებ: ჩვენ უფრო ძნელი წლები გადავიტანეთ, საშინელ ტრაგედიათა, სისხლისღვრის, ყაჩაღობის, სრული ქაოსისა და ანარქიის წლები. ეჭვი არ მეპარება, რომ ეს ბოლო, ასე ვთქვათ, გამოცდაა, რომელიც ახლა უნდა ჩავაბაროთ და ამ მიჯნასაც ჩვენი მოსახლეობა და ხელისუფლება ღირსეულად დაძლევენ.
- 10 დეკემბერს სრულდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიღების 50 წელი. ეს პრობლემა საქართველოსთვის, სადაც ასიათასობით ლტოლვილია, კვლავაც განსაკუთრებით აქტუალურია.
- ამ მართლაც ღირსშესანიშნავ თარიღთან დაკავშირებით გამოქვეყნდება ჩემი სპეციალური მიმართვა. მე რამდენიმე თვის წინათ, მინდა ვთქვა ეს, წერილი გავუგზავნე თითქმის ყველა სახელმწიფოს ლიდერებს, რა თქმა უნდა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციას, ევროპულ სტრუქტურათა ხელმძღვანელებს, რომელშიც აღვნიშნე, რომ ადამიანის უფლებათა ყველაზე დიდი დარღვევა დღევანდელ ვითარებაში - ეს მშობლიური სახლებიდან, მშობლიური კუთხეებიდან მათი განდევნაა. სანამ თუნდაც ერთი დევნილი გვეყოლება საქართველოში, არ გვექნება საშუალება, უფლება ვთქვათ, რომ ჩვენს ქვეყანაში ადამიანის უფლებები დაცულია, და საერთაშორისო თანამეგობრობაც ყველაფერს აკეთებს, ასრულებს ყველა ვალდებულებას, რომელიც „ადამიანის უფლებათა დეკლარაციის“ შესაბამისად იკისრა. ამ საკითხს კვლავ დავუბრუნდებით და ვილაპარაკებთ, ვიბრძოლებთ მანამ, სანამ ეს პრობლემა არ გადაიჭრება.
- 7 დეკემბერს სპიტაკის ტრაგედიის 10 წელი შესრულდა. ჩვენ გვახსოვს ეს მძიმე დღეები, საშინელი მიწისძვრა, რომელმაც ათიათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა...
- სპიტაკის ტრაგედია საკაცობრიო მნიშვნელობის მოვლენა იყო, და არა მარტო ერთი ქვეყნის ტრაგედია, რომელიც უდიდესი გულისტკივილით აღიქვა მთელმა კაცობრიობამ. ვამაყობ, რომ ამ საშინელ დღეებში საქართველომ, ქართველმა ხალხმა, მაშინდელმა ხელმძღვანელობამ ყველაფერი გააკეთა, რაც კი შეეძლო, თანამოძმეთა დასახმარებლად.
სპიტაკის ტრაგედიის 10 წლისთავთან დაკავშირებით სპეციალური მიმართვა გავუგზავნე სომხეთის პრეზიდენტს ბატონ რობერტ ქოჩარიანს და საქართველოს სახელით, ჩვენი ხალხის სახელით კიდევ ერთხელ გამოვხატე გულწრფელი თანაგრძნობა ამ დანაკარგთან დაკავშირებით, ამ ტრაგედიას რომ მოჰყვა.
სხვათა შორის, მინდა გავიხსენო ერთი ეპიზოდი. როცა სომხეთში ეს ტრაგედია დატრიალდა, მე და მიხეილ გორბაჩოვი მაშინ ნიუ-იორკში ვიმყოფებოდით. როგორც მახსოვს, უნდა გამოვფრენილიყავით სამშობლოში და მასთან შეთანხმებით მე შევხვდი იქ მოზღვავებულ მასმედიას. შეძრა, შეაზანზარა მთელი ნიუ-იორკი ამ ცნობამ. პოლიტიკურ და სახელმწიფო მოღვაწეებს და მათი მეშვეობით მთელ მსოფლიოს მივმართე - დახმარებოდნენ სომეხ ხალხს ჭრილობების მოშუშებაში, მომხდარი უბედურების განკურნებაში, ეშველათ სომეხი ხალხისათვის. ეს იყო, სხვათა შორის, პირველი შემთხვევა საბჭოთა კავშირის ისტორიაში, როცა ხელისუფლებამ მწვანე შუქი აუნთო უცხოური დახმარების მიღებას კატასტროფის შედეგების დასაძლევად. მანამდე ასეთი რამ არ მომხდარა და ესეც სენსაცია იყო მაშინ, რომ საბჭოთა კავშირი მართლა იცვლება, ასეთი მიმართვა საბჭოთა ხელმძღვანელების სახელით საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა. მაშინდელმა სახელმწიფომ ძალიან ბევრი რამ გააკეთა, ამას ვერ დავუკარგავთ. მათ შორის ბატონმა რიჟკოვმა, სხვებმაც. მაგრამ საბჭოთა კავშირი მარტო თავისი ძალებით ვერ შეძლებდა ასეთი მძლავრი დახმარება გაეწია სომეხი ხალხისათვის და საერთოდ სომხეთისათვის.
- კვლავ ჩვენს საშინაო პრობლემებს დავუბრუნდეთ. აფხაზეთში თქვენი ჩასვლის თობაზე აზრთა საკმაო სხვადასხვაობაა და, შეიძლება ითქვას, მღელვარებაც არის. მიმდინარეობდა მოლაპარაკება შესაბამისი დოკუმენტების მოსამზადებლად, რომელთა პარაფირებაც სოხუმში უნდა მომხდარიყო. საინტერესოა, რა სტადიაშია დღეს ეს მოლაპარაკება?
- მინდა გითხრათ, რომ ჩასვლა პირველადი არ არის, პირველადია მოლაპარაკება და შედეგი, რას მივაღწევთ ამ მოლაპარაკების პროცესში. რაც შეეხება ჩასვლას, ჩემი გადაწყვეტილება ძალაში რჩება და შევეცდები კიდევაც შევასრული ის, რაც ვთქვი, თუკი მეორე მხარე ამისათვის მზად იქნება. სამწუხაროდ მოლაპარაკების პროცესი შეფერხდა, მაგრამ მისი შეწყვეტა შეუძლებელია და, ჩემი აზრით, გამორიცხულიც არის.
ყველამ კარგად უნდა გავიგოთ: ლტოლვილთა დაბრუნება აფხაზეთში ვინმეს მიერ ნაბოძები წყალობა არ გახლავთ. დევნილთა უფლებების დაცვა, სამართლიანობის აღდგენა, მშობლიურ სახლებში მათი უსაფრთხო დაბრუნება - თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი პრიორიტეტია. მე გულწრფელად მივესალმე ვლადისლავ არძინბას მზადყოფნას გალის რაიონში დევნილთა დაბრუნების შესახებ. მაგრამ არც მას და არც ვინმე სხვას არ უნდა უკვირდეს, თუ ჩვენ ვზრუნავთ ამ გატანჯული ხალხის გარანტირებულ უსაფრთხოებაზე.
თუ გალის მოსახლეობა დაბრუნდება გალის რაიონის ძველ საზღვრებში, მაშინ საქართველოს ხელისუფლება დაეთანხმება ცნობილი ეკონომიკური სანქციების გაუქმებას და ფსოუზე რუსეთ-საქართველოს საზღვრის გახსნას. ასეთია ამ კომპრომისის საფუძველი. მაგრამ აფხაზურ მხარეს მიაჩნია, რომ ეს კომპრომისისათვის საკმარისი არ არის. მან მთელი რიგი დამატებითი მოთხოვნები წამოაყენა. არადა, სწორედ ურთიერთმისაღები კომპრომისის ძიებით უნდა იყოს დაინტერესებული მოლაპარაკების მონაწილე ყველა მხარე, ორივე მხარე და მათ შორის ისინი, ვინც ჩვენ გვეხმარება ამ პროცესში. ცალმხრივ დათმობათა ლიმიტი უკვე დიდი ხანია ამოიწურა.
წარმატებას მივაღწევთ, თუ ჩვენს მოთხოვნებში არ ვიქნებით მეტისმეტად რადიკალები და მაქსიმალისტები. ასეთია ჩემი დამოკიდებულება.
- და, ბოლოს, გასულ კვირას თბილისში ებრაელთა სასაფლაო დაარბიეს. როგორც მოსალოდნელი იყო, ამას, რა თქმა უნდა, ერთმნიშვნელოვნად უარყოფითი დამოკიდებულება მოჰყვა ქვეყანაში. როგორ ფიქრობთ, რა ძალებია დღეს საქართველოში, რომლებიც გარკვეულწილად გენერალ მაკაშოვის როლს ასრულებენ ქვეყანაში. სხვათა შორის, საგულისხმოა, რომ ეს ყველაფერი დაემთხვა იმ სიტუაციას, როცა საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ოფიციალურ ვიზიტად იმყოფებოდა ისრაელში. მოგვიანებით დელეგაცის წევრები პირადი საუბრისას გვიყვებოდნენ, რომ საშინელი იყო ამის მოსმენა განსაკუთრებით მაშინ, როცა ისინი ისრაელში იმყოფებოდნენ და ქვეყნის ხელისუფლებამ დელეგაცია ძალიან დიდი პატივით მიიღო.
- მე კიდევ ერთხელ კატეგორიულად ვგმობ საქართველოსათვის ამ უპრეცენდენტო ვანდალიზმის აქტს. მაგრამ დაგმობა, რა თქმა უნდა. საკმარისი არ არის. სამართალდამცავ ორგანოებს, უშიშროების სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს კატეგორიული დავალება მიეცათ და მათი ღირსების საკითხია, რომ ეს დანაშაული გაიხსნას, დამნაშავე უნდა მოიძებნოს და გასამართლდეს სამაგალითოდ, საჩვენებლად. დარწმუნებული ვარ რომ, მიუხედავად იმისა, რაც მოხდა, ეს ჩრდილს ვერ მიაყენებს ქართველთა და ებრაელთა მეგობრობას, რისი დადასტურებაც გახდა პარლამენტის თავმჯდომარის ბატონ ზურაბ ჟვანიას ძალზე წარმატებული ვიზიტი ისრაელში. ვიზიტისა და გამართული შეხვედრების, მოლაპარაკების წარმატება დიდად განაპირობა ამ უნიკალურმა მოვლენამ - 26-საუკუნოვანმა იუბილემ, რომელიც თბილისში გაიმართა და რომელსაც ესოდენ დიდი მსოფლიო გამოხმაურება მოჰყვა.
ვფიქრობ, ჩვენ მხოლოდ ვიწყებთ ახალ ეპოქაში საქართველოსა და ისრაელს შორის მრავალმხრივი ურთიერთობის განვითარებას.
საქინფორმი.
„საზოგადოების მხარდაჭერით, საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით უმოკლეს ხანში დავძლევთ საბიუჯეტო კრიზისს, ხოლო ეკონომიკას, წარმოებას ახალი სტიმული მიეცემა, საქართველოს მოქალაქეთა ცხოვრების პირობებიც გაუმჯობესდება” : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 7 დეკემბრის რადიოინტერვიუ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 8 დეკემბერი. - №319 (3019). - 1,2 გვ.
![]() |
78 საქართველოს პრეზიდენტის განცხადება |
▲ზევით დაბრუნება |
გია ჭანტურიას ბიუსტის გახსნასთან დაკავშირებით
გია ჭანტურია ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი გმირი იყო. საქართველო, ქართული საზოგადოება ღირსეულ პატივს მიაგებს ამ უნიჭიერესი პოლიტიკოსის, თავდადებული პატრიოტის ხსოვნას. იგი იმ თვალსაჩინო საზოგადო მოღვაწეთაგანია, რომლებმაც ძალზე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ჩვენი სამშობლოს თავისუფლების, ეროვნულ-დემოკრატიულ იდეალთა დამკვიდრებაში. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ქართული დემოკრატია წარმოუდგენელია გია ჭანტურიას როლის გარეშე. ჩემი პირადი ურთიერთობა მასთან ნდობაზე, მეგობრობასა და პარტნიორობაზე იყო აგებული.
დარწმუნებული ვარ: რომ არა ჩვენი ქვეყნის ავისმოსურნეთა, ბოროტი მტრების მზაკვრობა, გია ჭანტურია, მისი ენერგიით, შეუპოვრობით და პრინციპულობით დღესაც გამორჩეულ როლს შეასრულებდა თავისუფალი, დემოკრატიული საქართველოს მშენებლობაში.
სინანულით ვიხრი ქედს ღირსეული მამულიშვილის ნათელი ხსოვნის წინაშე.
ედუარდ შევარდნაძე.
1998 წლის 7 დეკემბერი.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადება : გია ჭანტურიას ბიუსტის გახსნასთან დაკავშირებით // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 8 დეკემბერი. - №319 (3019). - 1 გვ.
![]() |
79 „ჩვენ გვსურს, ვიცხოვროთ ისე და ვაშენოთ თავისუფალი საქართველოს სახელმწიფო ისე, რომ ადამიანის უფლებები არ ირღვეოდეს“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის მიმართვა
ქალბატონებო და ბატონებო!
ორმოცდაათი წლის წინათ მეორე მსოფლიო ომისაგან სისხლდაწრეტილმა ერებმა ადამიანის უფლებათა დეკლარაცია მიიღეს. უაღრესად საჭირო და ლოგიკური დეკლარაცია, რადგან მაშინ ორივე მხრივ, გამარჯვებულისა და დამარცხებულის მხრივ, ადამიანი დაზარალდა. ადამიანი, რომელიც აბსოლუტურად დაუცველი აღმოჩნდა სამხედრო, პოლიტიკური, რელიგიური, ეთნიკური ექსპანსიის პირობებში, ადამიანი, რომელსაც წაართვეს ღვთით ბოძებული სიცოცხლე, ადამიანი, რომელიც დააცილეს ოჯახს, ადამიანი, რომელსაც წაართვეს და დაუნგრიეს სახლ-კარი, ადამიანი, რომელსაც შეულახეს ყველა უფლება, ჩაუკლეს ყველა იმედი.
და, აი, დიდომგადახდილ მსოფლიოში სამართლიანობამ გაიმარჯვა, და სწორედ ადამიანის წინაშე ჩადენილმა დანაშაულობებმა განაპირობა ადამიანის უფლებათა დეკლარაციის და შემდეგ სხვა შესაბამისი საერთაშორისო დოკუმენტების მიღება.
საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფო შეუერთდა ამ საერთაშორისო დოკუმენტებს და შეუფარდა არა მარტო თავისი შინაგანი კანონმდებლობა, არამედ სახელმწიფოს ცხოვრების წესიც. ჩვენ გვსურს ვიცხოვროთ ისე და ვაშენოთ თავისუფალი საქართველოს სახელმწიფო ისე, რომ ადამიანის უფლება არ ირღვეოდეს, თუმცა, გარემოებანი, ამა თუ იმ ტიპის კონფლიქტებში ხშირად ჩვენს სურვილებს მხოლოდ სურვილებად ტოვებს და აქარწყლებს ადამიანის უფლებათა დაცვისათვის ჩვენს ძალისხმევას.
იმ იმპერიის ნანგრევებზე, სადაც ყოველ ნაბიჯზე ილახებოდა ადამიანის უფლებანი, კონფლიქტების და ტერორიზმის ფონზე ძალზე ძნელია ადამიანის უფლებათა დაცვა, მით უმეტეს, როცა უცხოეთის აგენტურა მიზანმიმართულად ახორციელებს საქართველოსა და მისი მოქალაქეებისადმი მტრულ აქციებს, როცა დარღვეულია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, როცა თავისი უძველესი სამშობლოდან გამოდევნილია ასიათასობით ადამიანი, როცა ჯერ კიდევ მტკივნეულ ექოდ ისმის პოლიტიკურ წინააღმდეგობათა სისხლიანი გამოძახილი.
მინდა, მივმართო საერთაშორისო ორგანიზაციებს რომელთაც ევალებათ და შეუძლიათ შესაბამისი რეაგირება მოახდინონ ადამიანის უფლებათა დარღვევებზე: ის, რაც მოხდა და ხდება აფხაზეთში, გენოციდი და ეთნიკური წმენდაა. იგი წლების მანძილზე გრძელდება, როგორც ქართველი, ისე არაქართველი მოსახლეობის მიმართ, იმ აფხაზების მიმართაც, რომელთაც არ სურთ მონაწილეობა მიიღონ ქართველთა წინააღმდეგ ტერორში.
1993 წელს სამას ათას კაცამდე გამოიდევნა აფხაზეთიდან - საქართველოს ამ უძველესი კუთხიდან. დევნილებს იქ დარჩათ ყველაფერი - წინაპართა მიწა, საკუთარი სახლ-კარი და ქონება, ახლობელთა საფლავები, მათი უძველესი წარსულის მოწმე მატერიალური კულტურის ძეგლები... მათი დევნის გზა მოიფინა ბავშვების, ქალების, მოხუცების გვამებით.
ეს შემაძრწუნებელი ტრაგედია XX საუკუნის 90-იან წლებში მოხდა ცივილიზებული სამყაროს თვალწინ, და შენიღბული ცინიზმი დღესაც გრძელდება. დღესაც ხოცავენ, შეურაცხყოფენ, ძარცვავენ. და თუ იმედდაკარგული და სასოწარკვეთამდე მისული ადამიანი ხელში იარაღს აიღებს თავისი ოჯახის, თავისი სახლ-კარისა და თავისი სიცოცხლის დასაცავად, იგი ბანდიტად და ტერორისტად ინათლება, ხოლო იმას, ვინც აწიოკებს ამ ხალხს, მძევლად აჰყავს და დახოცილების გაცემაშიც კი იღებს გამოსასყიდს, პოლიციელი და წესრიგის დამცველი ჰქვია.
როდემდე მოითმენს მსოფლიო ამ ორმაგი სტანდარტის მოქმედებას?
ბოლოს და ბოლოს ადამიანთა უსასრულოდ დაიმედება არ შეიძლება, რადგან სასოწარკვეთა აფეთქებას იწვევს და საქართველოში დაწყებულმა ომმა შეიძლება ჯერ კავკასია, ხოლო შემდეგ მთელი მსოფლიო ჩაითრიოს.
ეს რომ არ მოხდეს, საერთაშორისო ორგანიზაციები ისევე უნდა ჩაერიონ ამ პრობლემების გადაწყვეტაში, როგორც იუგოსლავიაში ჩაერივნენ.
ხუთი წელიწადია, რაც საქართველოში სამას ათასი დევნილი ღამეს ითენებს და დღეს აღამებს თავისი მიუსაფრობის განცდით, და მხოლოდ ღამით, როცა იძინებენ, გაურბიან ამ ბედკრულ სინამდვილეს და სიზმრებში ნახულობენ იძულებით მიტოვებულ თავიანთ სახლ-კარს.
ხუთი წელი გავიდა იმ ტრაგიკული დღეებიდან, მაგრამ, ფაქტობრივად, ღამე არ თენდება და დღე არ ღამდება ისე, რომ ყოველწამიერად არ ილახებოდეს ქართველთა უფლებები - მათი, ვინც ადგილზე დარჩა და მათიც, ვინც დევნილობაშია.
პირველ ნოემბერს მე თბილისში დავესწარი აფხაზეთიდან დევნილთა ყრილობას, იქ მკვეთრად დაისვა საკითხი კულტურული და ენობრივი გენოციდისა, რომელიც ქართველთა წინააღმდეგ ახლა მიმდინარეობს აფხაზეთში.
საყოველთაოდ ცნობილია, რომ ისტორიის მანძილზე ქართველი კაცისათვის კულტურა, ენა და წინაპართა ხსოვნა სიცოცხლის ტოლფასი ცნებები იყო და ეროვნული მეხსიერების უცილობელი კომპონენტები. მათი ხელყოფა ადამიანის არსებობის ხელყოფას და ეროვნულობის ამოძირკვას ნიშნავს.
ადგილზე, აფხაზეთის სკოლებში მიზანმიმართულად იზღუდება მშობლიური, ქართული ენის სწავლება, ზოგან კი საერთოდ იკრძალება. ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ქართველი კაცი აღარ დაბრუნდეს აფხაზეთში - წვავენ სახლებს, ხელყოფენ კულტურის ძეგლებს, იქ ქართველთა ცხოვრების კვალის წასაშლელად.
ერთხელ, მე უკვე მივმართე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს კოფი ანანს ამ წინადადებით და ახლაც ვიმეორებ: როგორც ჩანს, საგანგებოდ უნდა დაისვას საკითხი არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიო მასშტაბითაც დევნილთა უფლებების შესახებ და ხაზი გაესვას იმას, რომ დევნილობის მთელ პერიოდში დევნილის ყველა უფლებასთან ერთად დაცული იქნეს მისი საცხოვრისი, მისი კულტურა წინაპართა საფლავები, მისი საკუთრება, განათლების კერები, და პასუხისმგებლობა ყოველივე ამის დაცვისათვის დაეკისროს იმ ადმინისტრაციებს, რომელიც ამ პერიოდში ადგილზე ახორციელებს ძალაუფლებას.
ბოლოს და ბოლოს, ადამიანი მფლობელია არა მარტო მის მიერ შექმნილი მატერიალური თუ სულიერი სიმდიდრისა, არამედ იმ მემკვიდრეობისა, რომელიც წინაპრებმა დაუტოვეს და არავის აქვს უფლება, წაართვას და გაუნადგუროს ეს მემკვიდრეობა.
ბოლოს და ბოლოს, ყველა ადამიანი თანაბრად არის უფლებამოსილი, განახორციელოს თავისი უფლებანი ყოველთვის და ყველგან, ვინც უნდა იყოს იგი, სადაც უნდა იყოს, რა სქესისაც უნდა იყოს, რა ასაკისაც, რა სარწმუნოებისაც, და, რაც არანაკლებ მთავარია, რა ეთნიკურ ჯგუფსაც უნდა ეკუთვნოდეს იგი - მცირერიცხოვანს თუ შედარებით მრავალრიცხოვანს.
ჩვენ ჩვენს რეალობაში, ჩვენს ქმედებაში ვეყრდნობით იმ ფაქტს, რომ კონკრეტული პიროვნების უფლებათა დარღვევა სცილდება თავისი მძიმე შედეგებით ამ პიროვნების ინტერესებსა და უფლებებს და იქცევა საზოგადოების გარკვეული ნაწილის, ადამიანთა გარკვეული ჯგუფის ინტერესების დარღვევად.
სწორედ ამიტომ ჩვენი საშინაო პოლიტიკის ქვაკუთხედი ყოველი პიროვნების უფლების დაცვა გახდა და მასზე დაყრდნობით - ეროვნული თნხმობის კურსი. ამ ქვაკუთხედზე მიზანმიმართულად შენდება ადამიანის უფლებათა დაცვის მთელი სისტემა, რომელიც გულისხმობს, როგორც ადამიანის სიკვდილით დასჯის აკრძალვას, ისე სახალხო დამცველის ინსტიტუტის შექმნას, სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურების მუშაობას ამ სფეროში, საკონსტიტუციო სასამართლოს არსებობას, სასამართლო რეფორმის განხორციელებას და ა.შ.
დღეს ეს ყველაფერი უკვე გაკეთებულია, მაგრამ როდი ნიშნავს, რომ ამით დასრულდა პროცესი. მინდა ვთქვა, საქართველოში დიდი პროცესია დაწყებული, რომელსაც ადამიანის უფლებათა დაცვა ჰქვია და რომ ეს პროცესი უსასრულო იქნება საქართველოს სახელმწიფოსთვის, როგორც უსასრულოა ამ ქვეყნად ადამიანის არსებობა.
„ჩვენ გვსურს, ვიცხოვროთ ისე და ვაშენოთ თავისუფალი საქართველოს სახელმწიფო ისე, რომ ადამიანის უფლებები არ ირღვეოდეს” : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის მიმართვა // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 10 დეკემბერი. - №321 (3021). - 1,2 გვ.
![]() |
80 მის აღმატებულებას, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ბატონ ჰ. ა. ალიევს |
▲ზევით დაბრუნება |
ძვირფასო ჰეიდარ ალის ძევ,
ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო იმის გაგება, რომ სანგაჩალის ტერმინალის დატვირთვით დაიწყო დასავლეთის მიმართულებით კასპიის ნავთობის ტრანსპორტირების გეგმის განხორციელება. რასაც გულითადად გილოცავთ.
გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ თავისი მნიშვნელობით ჩვენი ხალხებისათვის იგი შეიძლება შევადაროთ საუკუნეზე მეტი ხნის წინანდელ მოვლენას, როცა აზერბაიჯანულმა ნავთობმა პირველად გადაკვეთა საქართველოს საზღვრები.
ჩემი თანამემამულენი მადლიერნი არიან თქვენი იმის გამო, რომ თქვენ იტვირთეთ მძიმე პასუხისმგებლობა და მიიღეთ გმირობის ტოლფასი გადაწყვეტილება, რომელმაც, ეჭვგარეშეა, განსაზღვრა ამიერკავკასიის ყველა ხალხის თანამშრომლობის პერსპექტივა.
კეთილი სიტყვით მინდა მოვიხსენიო აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია, აზერბაიჯანის ნავთობის საერთაშორისო კომპანია, ყველა ისინი, ვინც თავისი დიდი წვლილი შეიტანა ამ ჭეშმარიტად ისტორიული პროექტის განხორციელებაში, რაც უზარმაზარ სიკეთეს მოუტანს როგორც აზერბაიჯანს, ისე საქართველოს. სუფსის კომპლექსის ექსპლოატაციაში შესვლასთან დაკავშირებით, შესაძლებლად მიმაჩნია ჩვენი ქვეყნების სტრუქტურათათვის დაგვევალებინა მოვლენის მასშტაბის შესაბამის ღონისძიებათა მომზადება. ეჭვი არ მეპარება, რომ მრავალი ქვეყანა გამოთქვამს ამ ღონისძიებაში მონაწილეობის ინტერესს, რომელთა გამართვაც რეალურად მესახება მომავალი წლის აპრილის დასაწყისში.
საუკეთესო სურვილებით,
ედუარდ შევარდნაძე.
მის აღმატებულებას, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ბატონ ჰ. ა. ალიევს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 13-14 დეკემბერი. - №323-324 (3024). - 1 გვ.
![]() |
81 „საქართველოში თვითმმართველობის სისტემის დაფუძნება ქართული დემოკრატიის განმტკიცების გზაზე ყველაზე საჭირო და აუცილებელი ნაბიჯი იყო“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
14 დეკემბრის რადიოინტერვიუ
- გუშინ ლარის კურსმა მოულოდნელი ცვლილება განიცადა. ჯიხურებში დოლარი დაახლოებით 1 ლარი და 90, 1 ლარი და 88 თეთრი ღირდა. გასულ კვირას საქართველოს მთავრობამ კიდევ ერთხელ იმსჯელა ლარის შესახებ, გადამხდელთა კავშირმა თავისი პოზიცია გამოხატა მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ. გასულ კვირაშივე პარლამენტში საბიუჯეტო კრიზისზე საუბრობდნენ მინისტრები, მოგვიანებით კი კორუფციისა და გადაუხდელი, დამალული გადასახადების შესახებ - ძალისმიერ სტრუქტურათა ხელმძღვანელები. საერთაშორისო სავალუტო ფონდის დონორებმა ვაშინგტონში მიიღეს გადაწყვეტილება - რეკომენდაცია გაუწიონ საქართველოსათვის ახალი კრედიტების გამოყოფას... - ჟურნალისტის ნატო ონიანის თხოვნით, ამ თემაზე საუბრით დაიწყო თავისი ტრადიციული ორშაბათის რადიოინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ.
- რა თქმა უნდა, ქვეყნის ხელისუფლების მთავარი საზრუნავი ამ დღეებში საფინანსო და სამომხმარებლო ბაზრებში მიმდინარე პროცესებია. არათუ ყოველდღიურად, არამედ დღეში რამდენჯერმე ვამოწმებთ არსებულ ვითარებას.
ლარის კურსის ლიბერალიზაციის პირველ შედეგებზე ვიმსჯელეთ მთავრობის სხდომაზე. როგორც მდგომარეობის ობიექტური ანალიზი ცხადყოფს, შექმნილ რთულ საფინანსო-საბიუჯეტო ფონის მიუხედავად, პროცესი მოსალოდნელზე ნაკლებ მტკივნეულად წარიმართა. საქართველო, როგორც სახელმწიფო, საქართველოს ეკონომიკა, კერძოდ, ეროვნული ვალუტა გაცილებით უფრო სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა, ვიდრე ზოგიერთი ექსპერტი ვარაუდობდა. პარასკევს ამერიკული დოლარის მიმართ ლარის კურსი, წინა დღესთან შედარებით, საგრძნობლად გაუმჯობესდა, შეფარდება გაუმჯობესდა. უნდა გითხრათ, რომ მთელ ამ ოპერატიულ საქმიანობაში ძალიან დიდ როლს ასრულებს ის საგანგებო სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ბატონი ვაჟა ლორთქიფანიძე ხელმძღვანელობს. სამწუხაროდ, ეს ორი დღე იგი პარლამენტში იყო და არ ჰქონდა საშუალება თვალყური ედევნებინა, უშუალოდ ეხელმძღვანელა ამ პროცესისათვის. თუმცა, ალბათ, იქ ყოფნაც საჭირო იყო.
შაბათ-კვირას, როგორც რადიომსმენელებმა იციან, ლარის კურსი, კიდევ 20-25 პუნქტით გაუმჯობესდა.
ნიშანდობლივია ისიც, რომ ლარის ბანკნოტური კურსი ოფიციალურზე ნაკლებია. სტაბილურია მდგომარეობა საბანკო სისტემაში, რაც ამ სფეროში სწორი პოლიტიკის წარმართვისა და მოსახლეობის მხარდაჭერის უშუალო შედეგად უნდა ჩაითვალოს.
სხვათა შორის, აქვე მინდა ვუპასუხო კრიტიკას იმის თობაზე, რომ აი, ხელისუფლებამ დააგვიანა - ლარის ლიბერალიზაცია უფრო ადრე უნდა მოგვეხდინაო.
ამ შეხედულებას კატეგორიულად არ ვეთანხმები. ხშირად ამბობენ, რომ, აი, ჩვენ არ გვესმის, რას ფიქრობს პრეზიდენტი. რა თქმა უნდა, ჩვენ ვფიქრობდით, რომ ეს დადგებოდა დღის წესრიგში. სექტემბრის დამდეგს ჩვენ მივეცით სიგნალი საბანკო სისტემას. შემდეგ თვეებში კი გეგმაზომიერად შევამზადეთ საფინანსო ბაზარი ლარის ლიბერალიზაციისათვის. მაშინ რომ გამოგვეცხადებინა, აი, ორი, სამი თვის შემდეგ მოხდებაო ეს, ერთმანეთს დავჭამდით და ყველაფერს წავლეკავდით, ისეთი მდგომარეობა შეიქმნებოდა. სამი თვის განმავლობაში ეროვნული ბანკი მნიშვნელოვან ინტერვენციებს ახორციელებს ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე, რამაც შექმნა, თუ შეიძლება ასე ითქვას, „ფინანსური ამორტიზატორი“. გარკვეული თანხა კი დაიხარჯა, მაგრამ ამან თავისი როლი შეასრულა შედარებით უმტკივნეულოდ გადასვლასთან დაკავშირებით, ბანკებმა მოასწრეს დოლარების სათანადო რეზერვის შექმნა და სწორედ ამიტომ არ განმეორდა საქართველოში ის კატასტროფა, რომელიც, ვთქვათ, რუსეთის საბანკო სისტემაში მოხდა.
საქართველოს კომერციულ ბანკებს რაიმე სერიოზული საფრთხე აღარ ემუქრება, თუ კვლავაც კანონზომიერად წარვმართავთ მათთან საქმიანობას და დავეხმარებით ისე, როგორც საჭიროა. ამიტომ ნამდვილად შეცდნენ ის მოქალაქეები, რომლებმაც მაინც იჩქარეს და თავიანთი ანაბრები გამოიტანეს ბანკიდან, ვინაიდან ამით დაკარგეს დივიდენდი, ყოველ შემთხვევაში, იმ დივიდენდის დიდი ნაწილი, რომელიც ხელშეკრულებით ეკუთვნოდათ და რომელსაც უეჭველად მიიღებდნენ, თუ არ აჰყვებოდნენ პანიკას.
ვიმეორებ, მასობრივი პანიკა ამ სფეროში არ არის, და ესეც უდავოდ დადებითი მომენტია.
რა თქმა უნდა, ლარის კურსის ლიბერალიზაცია გამოიწვევს ინფლაციურ პროცესებს, ამას ჩვენ შეგუებული უნდა ვიყოთ, მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ, რომ წელს ჩვენ დეფლაციის პირობებში ვიცხოვრეთ, გაისად ინფლაცია, ექსპერტთა მონაცემებით, ალბათ, 8-10 პროცენტის ფარგლებში იქნება შენარჩუნებული. შეიძლება ნაკლებიც იყოს, მე ვგულისხმობ მაქსიმუმს. პირადად მე დარწმუნებული ვარ, რომ უფრო დაბალი იქნება. რასაკვირველია, ჩვენი მოსახლეობისათვის ესეც მტკივნეულია, მაგრამ იმ ვითარებაში, რომელიც სექტემბრის დამდეგისათვის რუსეთის კრიზისის შედეგად შეიქმნა, სხვა გამოსავალი უბრალოდ აღარ იყო.
შეუძლებელია ერთხელ და სამუდამოდ დაფიქსირებული კურსის შენარჩუნება. ეს უკვე ითქვა, მაგრამ კიდევ და კიდევ უნდა გავიმეოროთ. მით უმეტეს ისეთი ქვეყნებისათვის, როგორიც საქართველო და ნებისმიერი სხვა პოსტსაბჭოური სახელმწიფოა. გადაწყვეტილება შეთანხმებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდთან.
ლარის კურსის ლიბერალიზაციას ფონდის განმკარგულებელმა დირექტორის მოადგილემ ბატონმა სუგისაკიმ უაღრესად სწორი, სასარგებლო და პროგრესული უწოდა. ფაქტობრივად ლარის კურსის დევალვაციით საქართველომ გადადგა ამ ბოლო წლებში ყველაზე ძნელი, მაგრამ აუცილებელი ნაბიჯი საბაზრო ეკონომიკური რეფორმების გზაზე და საერთოდ ქვეყნის საბოლოო რეფორმირების გზაზე.
ამიერიდან საქართველოს ეკონომიკამ შეიძინა ახალი თვისობრიობა და თვითრეგულირების ძალზე ქმედითი სისტემა გახდა და, რაც ყველაზე მგრძნობიარე თემას - ყველაზე მნიშვნელოვან სფეროს - ფისკალურ პოლიტიკას შეეხო.
სწორედ ამას ნიშნავს ლიბერალური, ანუ ეგრეთწოდებული „მოძრავი“ კურსი - ასე იქმნება თვითრეგულირების სისტემა, რომლის მეშვეობით ხდება ეკონომიკის გაწონასწორება და (ესეც მნიშვნელოვანია) ისპობა ფინანსური სპეკულაციის ყოველგვარი საფუძველი და შესაძლებლობა.
საქართველო არ არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ვალუტის ლიბერალიზაცია განხორციელდა მსოფლიო ფინანსური კრიზისისაგან თავის დასაცავად და ეკონომიკის გადასარჩენად. მაგრამ მე ვთხოვ ოპონენტებს, რომლებიც ძალზე მწვავედ გვაკრიტიკებდნენ, თუნდაც პარლამენტის ტრიბუნიდან გასულ კვირას, იყვნენ ობიექტურნი. დიახ, ელემენტარულად ობიექტურნი და შეადარონ საქართველოში არსებული ვითარება ზოგიერთი სხვა ქვეყნის მდგომარეობას. მე სწორედ ეს რეფორმა მაქვს მხედველობაში და არა ის, რომ, ვთქვათ, გაუცემელია ხელფასები. ამაზე ცალკე უნდა ვილაპარაკოთ და აქაც არის გამოსავალი.
მოსახლეობისათვის ძალიან მძიმე და მტკივნეულია ის, რაც ჩვენში მოხდა, - ეროვნული ვალუტის კურსი 35 პროცენტით შემცირდა, ვიმეორებ, 35 პროცენტით. მაგრამ, სანამ ხელისუფლების ბრალეულობაზე დავიწყებდეთ საუბარს. გავიხსენოთ, რომ, მაგალითად, რუსეთში (თუმცა ბევრი სხვა ქვეყნის გახსენებაც შეიძლებოდა) ეროვნული ვალუტა გაუფასურდა არა 35, არამედ 400 პროცენტით.
თანაც შევადაროთ სხვა ქვეყნების წიაღისეული სიმდიდრე, ნავთობის, გაზის, ოქროს მარგი და სხვა, ჩვენს რესურსებს. და გადავხედოთ, რა დაემართა მრავალ განვითარებულ, მძლავრ ქვეყანას, და შედარებით, ვიმეორებ, შედარებით, როგორ უმტკივნეულოდ წარიმართა ეს პროცესი საქართველოში. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რაც ზემოთ ვთქვი: ეს არის საქართველოს სახელმწიფო სიცოცხლისუნარიანობისა და თვით ლარის სიცოცხლისუნარიანობის პირველი ნიშანი.
- თანაც იყო ისეთი პროგნოზი, რომ ერთი დოლარი 5-6-8 ლარი გახდებოდა. რაღაც კოშმარულ პროგნოზებს გამოთქვამდნენ...
საშინელი პროგნოზები იყო. აი, ის, რაც მოგახსენეთ: თუ მოსახლეობა არ აჰყვა პანიკას და არ განმეორდება ის, რაც ზოგიერთ ქვეყანაში მოხდა, ეს ორი-სამი თვე იყო მორალური ფსიქოლოგიური მომზადების ძალიან მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, წინასწარი ეტაპი.
ახლა, რადგანაც გაკვრით რუსეთის საკითხს შევეხე, მინდა ვთქვა: დარწმუნებული ვარ, რუსეთი აუცილებლად გამოვა კრიზისული ვითარებიდან, ყოველთვის მჯეროდა და მჯერა ამ დიდი ქვეყნის პოტენციალი, რუსეთი დაძლევს სირთულეებს, რაც კეთილისმყოფელ გავლენას მოახდენს მეზობელი ქვეყნებისა და მთელი მსოფლიოს ეკონომიკაზე და, რა თქმა უნდა, საქართველოს ეკონომიკაზეც. ამით ჩვენ სისხლხორცეულად ვართ დაინტერესებული.
მნიშვნელოვნად დაგვაზარალა გვალვამ (ამაზე უკვე ვილაპარაკეთ) და, რაც არანაკლებ მტკივნეულია, გადასახადების დამალვამ, კორუფციამ, სახელმწიფო მოხელეთა უპასუხისმგებლობამ.
სირთულეების მიუხედავად, ყველა მეწარმე, რომლებიც ამჟამად შეშფოთებული არიან შექმნილი ვითარების გამო, მინდა დავამშვიდო: არაფერს, სახელმწიფო ბიუჯეტში კანონიერი გადასახადის შეტანის გარდა, მათგან არ მოვითხოვთ, მაგრამ კანონიერი გადასახადი, ბიუჯეტის კუთვნილი გადასახადი აუცილებლად უნდა გადავიხადოთ. ეს ყველას ეხება, ყველა მეწარმესა და ყველა ბიზნესმენს. სხვანაირად სახელმწიფო, რომლის პირმშონიც თქვენ ბრძანდებით, ბატონებო, შეიძლება თავზე დაგენგრეთ და მაშინ თქვენი ბიზნესიც დაინგრევა. კარგად იფიქრეთ ამაზე და ერთად გამოვძებნოთ გამოსავალი და ყველამ ერთად შევასრულოთ ის კანონი, რომელსაც საგადასახადო კოდექსი ჰქვია. ამაზე, როგორც იტყვიან, ორი აზრი არ უნდა არსებობდეს.
მოგწონს კანონი თუ არა, იგი უნდა შეასრულო და, თუ სადმე რაიმე არსებობს ისეთი ელემენტები, რომლებიც მიუღებელია ქვეყნის ეკონომიკისა და ბიზნესმენებისათვის, ვიფიქროთ მათს შესწორებებზე სამომავლოდ.
ტყუილია, თითქოს, თუ მეწარმე მთლიანად გადაიხდის ყველა გადასახადს, იგი გაკოტრდება. სხვა საქმეა, რომ ამ შემთხვევაში წმინდა მოგება ნაკლები დარჩება - ვთქვათ, 100 ათასი დოლარის ნაცვლად, შეიძლება დარჩეს 10 ათასი დოლარი. ზოგიერთს მიაჩნია, რომ „ამ ფულად შრომა არ ღირს“ - აი, ამით განსხვავდებიან ისინი თავიანთი ამერიკელი და ევროპელი კოლეგებისაგან, ამგვარი მენტალიტეტი შეუთავსებელია საზოგადო ეკონომიკური პროგრესის, სახელმწიფოებრივი სტრუქტურების განმტკიცების ინტერესებთნ.
ავიღოთ თუნდაც ის, რაც ახლა ხდება ჩვენს სამომხმარებლო ბაზარზე. იმპორტული საქონელი გაძვირდა, მაგრამ ძნელი შესამჩნევი არ არის, რომ გაძვირდა (გარკვეული პროცენტით) ის საქონელიც, რომელიც მთლიანად, ნედლეულთან ერთად, საქართველოში იწარმოება.
მაშასადამე, ზოგიერთმა ჩვენმა მეწარმემ, ნაცვლად იმისა, რომ ესარგებლა იმპორტის გაძვირებით, რათა ბაზარი დაეპყრო, თვითონ გაბატონებულიყო, ბაზარს დაუფლებოდა და ამით მტკიცე გარანტიები შეექმნა სამომავლოდ, - თვითონაც გააძვირა საქონელი სწრაფი მოგების მისაღებად. მაგრამ ბაზარს ასე ადვილად ვერ დაიპყრობ. ბაზრის დაპყრობას სჭირდება გარკვეული რისკი, გარკვეული დანახარჯები, შეიძლება რაღაც სესხიც, კრედიტიც, ყველაფერი, მაგრამ როცა ბაზარზე დამკვიდრდები, შემდეგ გარანტირებული გაქვს დიდი შემოსავალი.
ახლა მე მინდა ვკითხო იმ ჩვენს პატივცემულ ოპონენტებს, რომლებიც წლების განმავლობაში გვიკიჟინებენ. ზოგჯერ ლანძღავდნენ კიდეც ხელისუფლებას იმის გამო, რომ „ჩვენ არ გვსურდა იმპორტულ საქონელზე საბაჟო ტარიფების გაზრდა, რათა ამ გზით დაგვეცვა საკუთარი მწარმოებელი“.
კი, მაგრამ, ბატონებო, ლარის ლიბერალიზაციის შედეგად ხომ გაძვირდა იმპორტი? მერედა, როგორ მოიქცა ჩვენი ზოგიერთი ბიზნესმენი? - ფაქტია, რომ ბაზრის დარეგულირებისათვის კი არ იზრუნა, არამედ თავადაც გააძვირა საქონელი და ამით ფასთა წონასწორობა აღადგინა ახალ დონეზე, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ლარის თავისუფალი კურსი ამ საკითხსაც მოაწესრიგებს სწორედ ზემოთ ნახსენები თვითრეგულირებადი სისტემის მეშვეობით.
აქედან გამომდინარე უეჭველია დასკვნა: ჩვენ რომ მაშინ გაგვეზიარებინა ის წინადადება (ადგილობრივი მეწარმეობის ხელშესაწყობად საბაჟო ტარიფების რადიკალური გაზრდის შესახებ, ზოგიერთ დარგში ეს გავაკეთეთ), ამით, ჯერ ერთი, შევქმნიდით კორუფციის ახალ წყაროს, სამუდამოდ გავაფუჭებდით ურთიერთობას საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან და ვეღარ მივიღებდით კრედიტებს. მიზანს კი მაინც ვერ მივაღწევდით. დარწმუნებული ვარ, ზოგიერთი მეწარმე მაშინაც გამოედევნებოდა სწრაფ, დიდძალ მოგებას, სამამულო „ბაზრის დაბრუნების“ ნაცვლად, და აღდგებოდა ფასთა წონასწორობა ახალ დონეზე.
ეს მაგალითი კარგად გაიცნობიეროს ყველა იმ მეწარმემ თუ მათმა ლობისტმა პარლამენტში, ვინც რთული ეკონომიკური პრობლემების იოლად, ერთი ხელის დაკვრით გადაწყვეტას გვთავაზობს და გვადანაშაულებს კიდეც, თითქოს, აი, მათ უნდათ პრობლემების იოლად გადაწყვეტა, ბიუჯეტის გაორმაგება, საგადასახადო ბაზის გაფართოება, ხელისუფლებას კი, თურმე, ეს არ უნდა. მაგრამ არ არის ეს ასე ადვილი საქმე, ამიტომ ყველას მეტი პასუხისმგებლობისათვის მოგიწოდებთ. მე პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ ვერავინ ვერ დამდებს ბრალს იმაში, რომ მე, როგორც ქვეყნის პრეზიდენტს და თუნდაც პარლამენტს, ჩვენ არ გვაინტერესებს მეწარმეობის, ბიზნესის განვითარება საქართველოში. ათასჯერ მითქვამს, რომ მხოლოდ დიდმასშტაბიანი, ფართომასშტაბიანი ბიზნესი, განსაკუთრებით კერძო ბიზნესი არის ერთადერთი გამოსავალი, რომ ქვეყანა აყვავების გზას დაადგეს. მაგრამ ეს არ შეიძლება მოხდეს განუკითხაობის გზით. არსებობს საერთო თამაშის წესი და, უწინარესად, ეს გახლავთ, რომ შენ აწარმოო და სახელმწიფოს გადაუხადო, რათა სახელმწიფომ საჭიროების შემთხვევაში დაგიცვას და ხელი შეუწყოს შენი წარმოების განვითარებაში.
ახლა რაც შეეხება საბიუჯეტო პრობლემებს, მე სავსებით ვუჭერ მხარს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, იმ კოლექტივს, რომელიც მუშაობს, უშიშროების სამინისტროს, მინისტრს, გენერალურ პროკურორს, რომლებმაც ბოლო დროს უფრო აქტიურად შეუტიეს დანაშაულს ეკონომიკის სფეროში.
აქვე განვმარტავ ზოგიერთთან გასაგონად: პრეზიდენტს ძალისმიერ სტრუქტურათა ხელმძღვანელობისათვის (როგორც ზოგიერთი ამბობს) არ დაუვალებია გადასახადების აკრეფა, ეს სისულელე იქნებოდა.
მათი მოვალეობაა ორგანიზებული და დიდი მასშტაბის ეკონომიკური ხასიათის დანაშაულის გახსნა და დამნაშავეთა დასჯა, კონტრაბანდის აღკვეთა. ვინც ამ დავალებას ვერ შეასრულებს პასუხი მოეთხოვება, რომელ სისტემაშიც უნდა მუშაობდეს იგი. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვუხსნით პასუხისმგებლობას საბაჟო სამსახურს. მას თავისი ფუნქცია აქვს, მაგრამ ასეთ ორგანიზებულ და დიდი მასშტაბის დამნაშავეობასთან ბრძოლაში მათი ძალები საკმარისი არ არის.
გადასახადების დამალვა კი სწორედ სისხლის სამართლის დანაშაულია ყველგან, არა მარტო საქართველოში, არამედ ნებისმიერ ქვეყანაში. და ერთ-ერთი ასეთი დანაშაულია, მკაცრად რომ ისჯება.
ურჩი გადამხდელების წინააღმდეგ საყოველთო - საერთო-სახალხო მოძრაობა დაიწყება, შეიქმნება საზოგადოებრივი აზრი და სათანადო პასუხიც მოეთხოვება იმათ, ვინც დემაგოგიურად აცხადებს ხელისუფლებამ ბიზნესმენების ხარჯზე მოინდომაო ბიუჯეტის შევსება. გაუგებარია, აბა სხვა რის ხარჯზე უნდა შეივსოს ბიუჯეტი, თუ არა მეწარმეობისა და ბიზნესის ხარჯზე.
მეორე მხრივ, საყვედურით უნდა შევნიშნო, რომ ჯერ კიდევ არ არის საკმარისი ძალისხმევა ერთადერთ საგადამხდელო საშუალებად ლარის გამოცხადების თაობაზე კანონის შესრულებისათვის. დღეს ეს ერთ-ერთი ცენტრალური ამოცანაა იმისათვის, რომ კვლავაც და კვლავაც განვამტკიცოთ ლარი, მისი პოზიცია. პოლიცია, უნდა გითხრათ, ბევრს აკეთებს ამ მიმართულებით ეროვნულ ბანკთნ ერთად, მაგრამ, ვიმეორებ, ეს არ არის საკმარისი. ჩემ ხელთ არსებული ინფორმაციით, ხშირია უცხოურ ვალუტაზე ვაჭრობის ფაქტები და ამას ბოლო უნდა მოეღოს.
კატეგორიულად მოვითხოვ: კანონი ამ ნაწილშიც უმკაცრესად უნდა სრულდებოდეს და ყველა, ვინც ნებისმიერ სხვა ვალუტაზე (თუნდაც დოლარზე) ვაჭრობას გაბედავს, მკაცრად უნდა დაისაჯოს.
ეს ისეთი სფეროა, სადაც ადმინისტრაციული ზომების გარეშე ვერაფერს გახდებით. მით უმეტეს, რომ ლარს, როგორც ვხედავთ, სიმტკიცის თვალსაზრისით სასაყვედურო, ყოველ შემთხვევაში, ბევრად ნაკლები აქვს, ვიდრე ზოგიერთ სხვა ვალუტას, და მჯერა, რომ იგი კიდევ უფრო განმტკიცდება და სანდო იქნება.
დარწმუნებული ვარ, მომავალი წელი საქართველოს საფინანსო სისტემის შემდგომ გაჯანსაღებისა და გაძლიერების წელი იქნება. ამის ნიშნები უკვე გამოჩნდა. დღითიდღე იზრდება მოთხოვნა ლარზე, ქვეყანა იწყებს გამოსვლას კრიზისიდან. რა თქმა უნდა, ეს ურთულესი პროცესია, - რამდენიმე დღის წინათ იაპონიას (ეს ძალიან საგულიხმოა, იგი თანამედროვეობისათვის საფინანსო გიგანტია) პრემიერ-მინისტრმა ქვეყანას ამცნო, რომ იაპონია, როგორც გითხარით, ეს ეკონომიკური ტიტანი, ნელ-ნელა მაგრამ მაინც გამოდის კრიზისული ფაზიდან, ოღონდ ამას დრო დასჭირდება. ამას აცხადებს იაპონიის პრემიერი, აღარაფერს ვამბობ რუსეთზე, ბრაზილიაზე, ინდონეზიაზე, სამხრეთ კორეაზე და სხვებზე.
რასაკვირველია, გარკვეული დრო დასჭირდება მსოფლიო ეკონომიკური კატაკლიზმებისა და ჩვენი შინაური ნაკლოვანებების შედეგად შექმნილ სირთულეთა დაძლევას საქართველოშიც, მაგრამ უმთავრესი მაინც ის გახლავთ, რომ ჩვენმა მოსახლეობამ, საქართველოს მოქალაქეებმა საოცარი სიდინჯე და, მე ვიტყოდი, სიბრძნე, მოთმინება გამოიჩინეს ამ ვითარებაში. კიდევ და კიდევ გავიმეორებ: სწორედ მათი მხარდაჭერის შედეგად გადავარჩინეთ საბანკო სისტემა (ანუ შევძელით ის, რაც სხვაგან ვერ შეძლეს), მათივე მხარდაჭერით გამოვასწორებთ ვითარებას ყველა სფეროში - უწინარესად, ხელფასების, პენსიების, დახმარების გაცემის თვალსაზრისით: მთავრდება მუშაობა გრაფიკზე. იგი გამოქვეყნდება და უეჭველად შესრულდება. როგორც პირველი რიგის ამოცანა, მე უკვე ვთქვი და კვლავ ვადასტურებ, რომ დეკემბრის ხელფასი, პენსია, დახმარება, სტიპენდია ყველამ უნდა მიიღოს, ხოლო მომავალი წლის დამდეგისთანავე გამოცხადდეს გრაფიკები, როდის დაიფარება დანარჩენი დავალიანება. სხვათა შორის, ვინც კარგად და გამართულად მუშაობს, იქ ასეთი პრობლემები არ არის. მაგალითდ, თბილისში ქალაქის ბიუჯეტზე მყოფი პენსიონერები, პედაგოგები, სხვები და სხვები სარგოს დროულად იღებენ. ვინც რესპუბლიკურ ბიუჯეტზეა, მაგალითად, უმაღლესი სასწავლებლები, ზოგიერთი თეატრი და სხვა. იქ არის პრობლემები, დანარჩენ მასას თბილისში პრობლემა არა აქვს. ასევეა აჭარაში, ფოთში, ზოგიერთ სხვა ქალაქში. ასე რომ, დავალიანების თანხები შეიძლება არც ისე კატასტროფიულად დიდი იყოს, თუკი ჩვენ გადასახადების აკრეფის პრობლემას მოვაგვარებთ, მაშინ ჩვენი საკუთარი წყაროც და უცხოური დახმარებაც ამის გარანტიას გვაძლევს.
საერთაშორისო თანამეგობრობამ, რომელიც ძალიან დიდი ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოში მიმდინარე პროცესებს, ჩვენი ქვეყნისადმი სრული მხარდაჭერა გამოხატა არა მარტო სიტყვით, არამედ საქმითაც.
სავალუტო ფონდის რეკომენდაციით, უახლოეს მომავალში მივიღებთ მნიშვნელოვან თანხებს მსოფლიო ბანკიდან, გვეხმარება ნიდერლანდიის მთავრობა (ეს ქვეყანა საქართველოს კიდევ ერთი ძლიერი და გავლენიანი მეგობარია) და, ალბათ, ამ ქვეყნისადმი ჩვენი დამოკიდებულება რაღაც განსაკუთრებით უნდა გამოვხატოთ. რა თქმა უნდა, გვეხმარება ამერიკის შეერთებული შტატები, და ამ ბოლო დროს ძალიან ნათლად გამოიკვეთა იაპონიის პოზიცია, მაგალითად, სამედიცინო სფეროში, ენერგეტიკაში, ჩვენი ნავსადგურების რესტრუქტურიზაციაში. მათ რეკონსტრუქციაში ძალიან დიდი დახმარება გაგვიწიეს და ახლაც ვაშინგტონში იაპონელებმა განაცხადეს, რომ ისინი სპეციალურად განიხილავენ საქართველოსათვის ერთდროული სერიოზული დახმარების გამოყოფის საკითხს.
უკვე შეიძლება ითქვას საქართველოს წარმატება გარკვეულწილად გლობალური პოლიტიკური პროცესის ფაქტორადაც კი აღიქმება, ვინაიდან ზოგიერთები, ზოგიერთ ქვეყანაში, ცდილობენ ძველი დისკუსიის რეანიმაციას, - თუ რამდენად ქმედითია საერთოდ ლიბერალური ეკონომიკური სისტემა, ესე იგი, თვით ლიბერალური ეკონომიკური სისტემის ყოფნა-არყოფნის საკითხს აყენებენ დღის წესრიგში. აქედან გამომდინარე, თვით ლიბერალური მსოფლმხედველობაც რამდენად სიცოცხლისუნარიანია. ხომ არ სჯობს ისევ სახელმწიფო რეგულირებას დავუბრუნდეთ? და ასე შემდეგ. თქვენ კარგად იცით, თუ რას ნიშნავს, როგორ ესმით მათ სახელმწიფო რეგულირება, ესე იგი, დავუბრუნდეთ ძველ ტოტალიტარულ სისტემას.
ეს გლობალური დისკუსია, რომელშიც საქართველოს გამოკვეთილი პოზიცია უკავია. ჩვენ ურყევად გვჯერა, რომ ლიბერალურ ეკონომიკურ სისტემას ალტერნატივა არა აქვს, ისევე როგორც თვით ლიბერალურ მსოფლმხედველობას.
საქართველოში უნდა დაფუძნდეს და აუცილებლად დაფუძნდება სახელმწიფო ლიბერალური საბაზრო ეკონომიკური სისტემა. სხვა საქმეა, რომ დღეს, როდესაც სახელმწიფოს ასეთი სისტემის მნიშვნელობას დავასრულებთ, შემდგომ კი, ბატონო, შეიძლება ვარირება სხვადასხვა სოციალური სქემით, სოციალური კონცეფციით, რომელიც თავადაც ლიბერალურ საფუძველს ეყრდნობა ისევე, როგორც ევროპის მეტწილ სახელმწიფოებში, სადაც სოციალისტების, ლეიბორისტებისა და სხვა მემარცხენეების მოსვლა ხელისუფლებაში თვით სისტემის არსს ვერ ცვლის და ვერც შეცვლის ვინაიდან იგი უკვე ჩამოყალიბებულია ერთხელ და სამუდამოდ და ვითარდება ევოლუციურად და არა იმის წყალობით, რომ რომელიღაც პარტია მოვიდა. ასეთი პარტიის მოსვლა ცოტათი აუმჯობესებს ან აუარესებს მდგომარეობას და ძირითადად სოციალურ სფეროზეა ლაპარაკი, მაგრამ თავად სისტემა, საფუძველი ურყევია.
და, ბოლოს, რადგან ლარის კურსი, მთლიანად საფინანსო სისტემის სიჯანსაღე ამჟამად საყოველთაო ყურადღების ცენტრშია, აუცილებლად მიმაჩნია გავაკეთო შემდეგი განცხადება: საქართველოს ხელისუფლება არც კი განიხილავს ემისიის საკითხს. და, სხვათა შორის, მოსახლეობამ ძალიან ნათლად და არაორაზროვნად მომწერა, რომ პრეზიდენტი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დათანხმდეს ემისიას და არ უნდა დაუშვას იგი. ემისია საქართველოში გამორიცხულია, ჩვენ ამას არ დავუშვებთ, ვინაიდან მას დამანგრეველი შედეგები მოჰყვება ქვეყნის ეკონომიკისათვის. მე არ ვამბობ, რომ მარტო ლარი გაუფასურდება, საერთოდ, სახელმწიფოს დიდი დარტყმა მიადგება. ემისია, ფაქტობრივად, ცეცხლზე ნავთის დასხმას ნიშნავს. და კიდევ ერთხელ განვმარტავ: ბევრი ქვეყნის მწარე გამოცდილება, მათ შორის კუპონისდროინდელი საკუთარი გამოცდილებაც გვასწავლის, რომ ემისია დროებით თითქმის გადაწყვეტს რაღაც პრობლემებს საბიუჯეტო სფეროში, მაგრამ სულ მალე ავადმყოფობა ახალი ძალით, ახალი მეტასტაზებით იფეთქებს ხოლმე. როგორც გითხარით, ასეთი გამოცდილება დღეს ბევრ ქვეყანას აქვს. ალბათ, დადგა დრო, სხვის შეცდომებზეც ვისწავლოთ, როგორც ჯერ კიდევ ბისმარკი ამბობდა.
- გასულ კვირას აზერბაიჯანიდან საქართველოსკენ, სუფსისკენ დაიძრა ადრეული ნავთობი და სიმბოლურად ღილაკს თითი ნატიკ ალიევმა და გია ჭანტურიამ დააჭირეს. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ჰეიდარ ალიევმა აზერბაიჯანელი ხალხისა და თავის სახელით თქვენ და ქართველ ხალხს მოგილოცათ ეს მართლაც ძალზე მნიშვნელოვანი დღე საქართველოსთვის არა მარტო ეკონომიკის, არამედ დიდი პოლიტიკის თვალსაზრისითაც...
- ჩემი მხრივ, დიდ მადლობას მოვახსენებ აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ჩემს მეგობარს, ჩვენს საერთო მეგობარს ჰეიდარ ალიევს, მისი სახით მოძმე აზერბაიჯანელ ხალხს, რომელსაც ვულოცავ საუკუნის პროექტის განხორციელების ახალ ფაზაში შესვლას. თქვენ იცით, რა შრომას, და პრინციპული გადაწყვეტილებების, როგორი ნებისყოფის ფასად დაუჯდა ჰეიდარ ალიევს ზოგიერთ სხვა პარტნიორთან ერთად მიიღო ის გადაწყვეტილება, რომ ადრეულ ნავთობს საქართველოზე გაევლო. მე არ მახსოვს ბოლო წლების განმავლობაში უფრო გაბედული მოქმედება, ვიდრე ეს ბატონმა ალიევმა გამოავლინა ჩვენი ქვეყნის, ხალხისა და, ამასთანავე, თავისი ქვეყნის სასარგებლოდ.
სულ მალე პირველი ნავთობმზიდი დაიტვირთება საქართველოს ნავსადგურში და გეზს აიღებს დასავლეთისაკენ, ევროპისაკენ. ეს იქნება განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და მე კვლავ ვადასტურებ ჩემს გადაწყვეტილებას, რომ ამ მოვლენას საქართველო ღირსეულად აღნიშნავს. ამასთან, დღისწესრიგიდან, რა თქმა უნდა, არ მოხსნილა დიდი ნავთობსადენის, ისევე როგორც გაზსადენის მშენებლობის საკითხი. დარწმუნებული ვარ, როგორც ეს ანკარის დეკლარაციიდან გამომდინარეობს, დიდი ნავთობსადენის, ყოველ შემთხვევაში დიდი ნაწილი მაინც საქართველოზე გაივლის. ეს არის დამატებითი შემოსავალი. ბიუჯეტში დამატებითი პირდაპირი შემოსავალი, დამატებითი ხელფასები, დამატებითი სამუშაო ადგილები და მრავალი სხვა სიკეთე.
- დასანანი იყო ერთი მომენტი, როდესაც ადრეული ნავთობსადენის საკითხი წყდებოდა, იყო ისეთი მოსაზრებანი, თითქოს იგი საქართველოს სასარგებლოდ ვერ გადაწყდებოდა, ალბათ, ასე ვერ მოხდებოდა. იყო ასეთი სკეპტიკური დამოკიდებულება. და რაც მოხდა ბოლოს და ბოლოს, ვერ გეტყვით, რომ ყველამ დიდი ოპტიმიზმით აიტაცა. ასეა თუ ისე, გასულ კვირაშივე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განცხადება გაკეთდა ნავთობთან დაკავშირებით. ვგულისხმობ ნურსულთან ნაზარბაევის განცხადებას ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენის გამო...
- სხვათა შორის, თქვენ რომ ბრძანეთ, ზოგიერთი ალმაცერად უყურებდა და სხვა, საქართველო გამონაკლისი არ არის. არიან ასეთი ადამიანები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ რაც უფრო მეტი უარესობა იქნება, მით უკეთესი, რადგან ამ უარესობასა და ამღვრეულ წყალში რაღაცას მოიპოვებს, ან თევზს დაიჭერს, ან რაღაცას მიაღწევს. ყოველ შემთხვევაში, დააგროვებს პოლიტიკურ კაპიტალს რომელიღაც ადამიანთა თვალში. ახლა, რაც შეეხება ყაზახეთის პრეზიდენტის ამ ბოლოდროინდელ განცხადებას.
მე მივესალმები ყაზახეთის პრეზიდენტის მზადყოფნასა და სურვილს, აქტიური მონაწილეობა მიიღოს ბაქო-ჯეიჰანის გრანდიოზული პროექტის განხორციელებაში.
მივაქციოთ ყურადღება, რომ ბატონმა ნურსულთან ნაზარბაევმა ამ თემაზე ილაპარაკა ევრაზიის დერეფნის განვითარების კონტექსტით, დიახ, ევრაზიის დერეფნის განვითარების კონტექსტით (მან იცის ვის საყურადღებოდაც ვამბობ ამას) ევრაზიის დერეფნის განვითარების კონტექსტით. მე მეუბნებიან, რომ აბრეშუმის გზა ფარნავაზმა აღმოაჩინაო და არა შევარდნაძემ, ვითომ მე ავტორობაზე ვაცხადებდე პრეტენზიას. ფარნავაზის დროს კი იყო აბრეშუმის გზა, მაგრამ ამ გზაზე რაღაც 100 თუ 150 აქლემი თუ დაღოღავდა, მაშინ სხვა მასშტაბი იყო. დღეს ლაპარაკია იმაზე, რაზეც ახლა ვსაუბრობთ, ევრაზიის უზარმაზარ გიგანტურ დერეფანზე, რომელიც თანამედროვეობის უდიდესი პროექტია.
რა თქმა უნდა, ნაზარბაევის მხარდაჭერა უაღრესად მნიშვნელოვანია ყველა იმ ქვეყნისათვის, რომლებიც ნავთობსადენის მშენებლობითა და ამოქმედებით არიან დაინტერესებული.
არაერთგზის მითქვამს და დღეს არ შემიძლია განსაკუთრებით არ აღვნიშნო, რომ ყაზახეთი უდიდესი პოტენციალის სახელმწიფოა, რომელსაც ბრწყინვალე მომავალი აქვს, ჰყავს შესანიშნავი, უაღრესად შრომისმოყვარე ხალხი, აქვს ფანტასტიკური წიაღისეული სიმდიდრე, მაგრამ ყაზახეთის ყველაზე დიდი განძი, გადაუჭარბებლად, სავსებით გულწრფელად ვამბობ, მე ვიტყოდი, მისი პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევია, რომელმაც თავისი სამშობლო სტაბილური და სწრაფი განვითარების გზაზე დააყენა, დიდ საერთაშორისო ასპარეზზე გაიყვანა თავისი ბრძნული და შორსმჭვრეტელი პოლიტიკით, ვიმეორებ, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე.
ნურსულთან ნაზარბაევი გახლავთ ავტორი ერთიანი ევრაზიის სივრცის კონკრეტული დოქტრინისა, რომელიც მან ამ ბოლო დროს წამოაყენა და რომელიც ძალზე მნიშვნელოვანი და საყურადღებო დისკუსიების კატალიზატორი გახდა. ძალიან მინდა, რომ ეს სიტყვები მივიდეს ადრესატამდე და მივიდეს ყაზახეთის მოსახლეობამდე.
- გასულ კვირას თბილისის საკრებულოს წევრებმა (მოქალაქეთა კავშირი ამაში არ მონაწილეობდა) თავმჯდომარედ ლეიბორისტი ლადო კახაძე აირჩიეს. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ ლადო კახაძეს უწინარესად იცნობენ როგორც შესანიშნავ ექიმს და არა როგორც, ვთქვათ, რომელიმე ნებისმიერი პარტიის წევრს. ამას უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა. ამბობენ, რომ მოქალაქეთა კავშირი დამარცხდა თბილისის საკრებულოში. უკვე ხმამაღლა ლაპარაკობენ იმაზეც, რომ მოქალაქეთა კავშირის ძლიერების საფუძველი სერიოზულად შეირყა...
- მე კვლავ ვადასტურებ, რომ საქართველოში თვითმმართველობის სისტემის დაფუძნება ქართული დემოკრატიის განმტკიცების გზაზე ყველაზე საჭირო და აუცილებელი ნაბიჯი იყო ამ ბოლო წლების განმავლობაში. ახლა ასეთ რამეს მივაქციოთ ყურადღება: თვით არჩევნების ჩატარება ხელისუფლების, პრეზიდენტის და თუნდაც, როგორც ახლა ხშირად ხმარობენ ამ სიტყვას, „მმართველი პარტიის“ ნების გამოხატულება გახლავთ. ვინ იყო ინიციატორი ამ კანონპროექტისა, რომელიც შევიტანეთ პარლამენტში? ეს გახლდათ პრეზიდენტი, მმართველი პარტიის თავმჯდომარე. ჩვენ ვიყავით სისხლხორცეულად დაინტერესებული, რომ ეს არჩევნები გამართულიყო, რომ ეს არჩევნები ყოფილიყო ჭეშმარიტად თავისუფალი და დემოკრატიული და რომ მოსახლეობას ჰქონოდა უფლება, საშუალება - გამოეხატა თავისი ნება და საკმაოდ აქტიურადაც სხვა ქვეყნებთან შედარებით, ლოკალურ მუნიციპალურ არჩევნებში არ არის ხოლმე მაღალი აქტიურობა.
ამჟამად მიმდინარეობს სხვადასხვა დონეზე თვითმმართველობის, წარმომადგენლობით ორგანოთა რგოლების დაკომპლექტება.
მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქეთა კავშირმა მეტწილ რაიონებში, მთლიანად რესპუბლიკაში გაცილებით მეტი ხმა მიიღო, ვიდრე კონკურენტმა პარტიებმა, ვერაფერს ვხედავ ტრაგიკულს, მით უმეტეს, რაიმე თვალსაზრისით მიუღებელს, რომ ზოგან საბჭოს თავჯდომარეებად ოპოზიციის წარმომადგენლები აირჩიეს. უნდა გითხრათ, რომ წინა არჩევნებში მიცემული ხმების რაოდენობით თუ ვიმსჯელებთ, ახლა ამ არჩევნებში მოქალაქეთა კავშირმა გაცილებით მეტი ხმა მიიღო, ვიდრე პარლამენტის არჩევნების დროს, გაცილებით მეტი, აბსოლუტური რაოდენობა. ასე რომ, არ შეიძლება ლაპარაკი იმაზე, თითქოს „მოქალაქეები“ დამარცხდნენ და ვიღაცა სხვამ გაიმარჯვა. რაც შეეხება რაიონში ხელმძღვანელობის საკითხებს, ეს სხვა საქმეა.
მაგალითად, როგორც პრეზიდენტს, ჩემ მოვალეობად მიმაჩნია (ალბათ ესეც ერთგვარ დემოკრატიულ ტრადიციად უნდა დამკვიდრდეს ჩვენში), ვითანამშრომლოთ იმ პარტიებთან, რომლებისთვისაც სადავო არ არის სახელმწიფოს მიერ აღებული დამოუკიდებლობისა და სამოქალაქო საზოგადოების აშენების კურსი. ეს არის ჩვენი მთავარი საზომი - ვისთვისაც არ არის სადავო საქართველოს დამოუკიდებლობა, მისი სახელმწიფოებრიობა და მისი თვითმყოფადობა, სამოქალაქო საზოგადოების აშენების მისი კურსი. ხოლო იმ პარტიებს, რომელთ პლათფორმის ფორმირება არა ქართულ, არამედ სხვა გარემოში ხდება, ადრე თუ გვიან ცხოვრება გარიყავს, ხალხი გარიყავს და ხალხი მიხვდება, ვინ არის ვინ და ვინ რას წარმოადგენს.
დარწმუნებული ვარ, ყველა საკითხი გაირკვევა, პრეზიდენტის და პრეზიდენტის პარტიაც კეთილმოსურნედ ითანამშრომლებენ სხვა პარტიებთან და ხელისუფლების სხვადასხვა ორგანოში მათს წარმომადგენლებთან. სხვათა შორის „მოქალაქეებშიც“ არის. უმრავლესობაში, ამასწინათ იყო ძალიან მქუხარე სხდომა და ცოტა რამდენადმე პანიკური განწყობილება. პანიკა კი არ შველის საქმეს. პარტიის სიძლიერე ის არის, რომ რთულ სიტუაციაში გამოძებნოს სწორი გამოსავალი, ისწავლოს თანამშრომლობა სხვა პარტიებთან და თუ ერთი პარტია ახერხებს კოალიციის შექმნას, შენც უნდა მოახერხო კოალიციის შექმნა იმ პარტიასთან, რომელიც იმ პლათფორმაზე დგას, რომელსაც მე ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის კურსს ვუწოდებ. აი, ეს არის საჭირო - ალბათ ჩვენს პარტიასაც - „მოქალაქეებსაც“ დასჭირდება უფრო თვითკრიტიკულად შეხედონ მათ მიერ განვლილ გზას, თუმცა, ვიმეორებ, რომ სწორედ „მოქალაქეების“, სწორედ პრეზიდენტის, სხვა პარტიებთან მათი თანამშრომლობის შედეგია ის, რომ გაიმართა ასეთი არჩევნები და ჩვენ კიდევ ერთი დიდი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით დემოკრატიული საზოგადოების ფორმირების გზაზე.
- შაბათს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა დიდი საქველმოქმედო კონცერტი, რომლის დროს შემოწირული თანხა უნდა მოხმარდეს რუსთაველის თეატრის შენობის აღდგენას. სამწუხაროდ, დარბაზი, ფაქტობრივად, ცარიელი იყო და ეს კონცერტის ორგანიზატორებმა არაერთხელ აღნიშნეს. თუმცა, რა თქმა უნდა, იყო მხარდაჭერა ხელოვნების მუშაკებისა, რომლებიც ამ დიდ მარათონში მონაწილეობდნენ და ჟურნალისტთა საკმაოდ დიდი ნაწილისა, რომლებმაც, როგორც შეეძლოთ, დახმარება გაუწიეს თეატრს ამ საღამოს ორგანიზებასა და ტელერადიოგადაცემებში.
- თავისთავად ეს ინიციატივა კეთილშობილურია და მისასალმებელი.
უწინარესად, როგორც სახელმწიფოს მეთაურმა უნდა განვაცხადო, რომ სახელმწიფო, ხელისუფლება ყოველ ღონეს ხმარობდნენ და ხმარობენ, კვლავაც ყველაფერს იღონებენ, რაც კი შესაძლებელია, რომ რუსთაველის თეატრის შენობა შენარჩუნებული იყოს. ქვეყნის პრეზიდენტი პასუხს აგებს მომავალ თაობათა წინაშე ამ საგანძურის დაცვისათვის. ამიტომ მე უკვე შევპირდი ჩემს თანამემამულეთ, რომ ამ ვალდებულებას პირნათლად შევასრულებ. რობერტ სტურუა თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი რეჟისორია, უდიდესი ხელოვანია, მოვლენაა, თუ გნებავთ, ყოველ შემთხვევაში მე ასე მიმაჩნია, თანამედროვე ხელოვნებაში. მაგრამ, როგორი ტრაგიკული სახითაც უნდა გამოუწოდოს, ასე ვთქვათ, ქუდი მოქალაქეებს, მარტო ასეთი გზით შეგროვებული ფულით რუსთაველის თეატრი ვერ გადარჩება. არ არის დღეს საქართველოში იმ რანგის, იმ მასშტაბის ბიზნესმენები და ისეთი შეძლებული მოქალაქეები, რომ ასეთი ფული შეგროვდეს. ეს, ალბათ, უფრო სიმბოლიური მოვლენაა და ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთელი ხალხი თანაუგრძნობს, მონაწილეობს ხელოვნების ძეგლის, და ჩვენი ხელოვნების ერთ-ერთი დიდი კერის გადარჩენაში.
ახლა კი მინდა ზოგიერთი ციფრი დავასახელო: 1997 წელს (ესე იგი შარშან) სახელმწიფო ბიუჯეტიდან რუსთაველის თეატრის შენობის რეკონსტრუქცია-გამაგრებისათვის გამოიყო მილიონი ლარი. მაშინ მეტის საშუალება არ იყო. 1998 წელს პრეზიდენტის ფონდიდან 2 მილიონ 500 ათასი ლარი გამოვყავით, მეტს ვერ აითვისებდნენ მშენებლები, თუმცა, როგორც ჩანს, მე სულაც არ მიმაჩნია, რომ ეს საკმარისია.
მიმდინარე წელს ქალაქის მერიამ კიდევ 300-400 ათასი ლარი გამოყო და ყველაფერი ეს, რა თქმა უნდა, რუსთაველის თეატრის აღდგენისათვის იქნება განკუთვნილი. ამავე დროს, მარტო რუსთაველის თეატრი არ არის საქმე - აქ მთელი კოლექტორი თუ არ გაჯანსაღდა, თუ არ გარემონტდა, სხვაგვარად რუსთაველის თეატრიც დაინგრავა. უნდა გითხრათ, რომ საკმაოდ დიდი თანხები დაიხარჯა თეატრისა და კინოს ინსტიტუტის ჩამონგრეული კედლის აღსადგენად, იქიდან მოსახლეობის დიდი ნაწილის გამოსაყვანად. და ესეც ქალაქის მერიამ და სახელმწიფომ გააკეთეს. მე მიმაჩნია, რომ საჭირო თანხები გათვალისწინებული იქნება მომავალი წლის ბიუჯეტში. შეიძლება ეს ძალიან დიდი თანხა არ იყოს და თუკი პრეზიდენტის ფონდს დარჩება რაღაც ასეთი, რა თქმა უნდა, პრეზიდენტის ფონდიდანაც გარკვეული თანხები რუსთაველის თეატრის აღდგენა-რეკონსტრუქციას მოხმარდება. დარწმუნებული ვარ, რომ ქალაქის მერია სათანადო თანხებს გაითვალისწინებს ქალაქის ბიუჯეტში, ქალაქის მერს ვანო ზოდელავას პირადად დაევალა, რომ ჩემთან ერთად იყოს ამ საქმის კოორდინატორი.
და, ბოლოს რუსთაველის თეატრის შენობა არ დაინგრევა - და ამას ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით, არათუ დაინგრევა, არამედ შეკეთდება, კიდევ უფრო გალამაზდება, რათა კვლავ შეძრას მთელი კულტურული სამყარო ბრწყინვალე სპექტაკლებით. ქართული სახელმწიფოც ისე არ დაქცეულა, რომ ამ მარგალიტის გადარჩენა ვერ შეძლოს.
- გასულ კვირას ტერენტი გრანელის დაბადებიდან 100 წელი იზეიმეს. ეს თარიღი 1997 წელს შესრულდა. ქართველი საზოგადოება ამ თარიღს ფართოდ აღნიშნავს წელს. ლაპარაკია იმ პოეტზე, რომელმაც თვით გალაკტიონის ეპოქაშიც კი მოახერხა საკუთრი და გამორჩეული ადგილი ეპოვა და დაემკვიდრებინა ქართულ ლიტერატურაში.
- დიდი მადლობა ამ კითხვისათვის, რადგან ყველა ადამიანს აქვს ამა თუ იმ პოეტის, ამა თუ იმ მწერლის ახალგაზრდობიდან გამოყოლილი განსაკუთრებული გრძნობა, განსაკუთრებული სიყვარული. ჩემთვის პირადად ერთ-ერთი ასეთი ძალიან საყვარელი პოეტი, რომელიც განსაკუთრებით მიტაცებდა, გახლავთ ტერენტი გრანელი, რომლის დაბადების 100 წელი შესრულდა. მე მიმაჩნია, რომ ტერენტი გრანელი უნიჭიერესი, უბრწყინვალესი პოეტი, სამეგრელოში დაბადებული საქართველოს დიდი შვილია.
მან თავისი კეთილშობილური, ულამაზესი კუთხის სუნთქვა და რომანტიკა შემოიტანა ქართულ პოეზიაში.
ტერენტი გრანელი თავდავიწყებით უყვართ საქართველოში, განსაკუთრებით ახალგაზრდობას, ვინაიდან მთელი მისი პოეზია გაჟღენთილია ახალგაზრდული რომანტიზმითა და სიყვარულით და იგი არასდროს არ ძველდება, არასდროს არ ბერდება.
ვფიქრობთ, ქართველი საზოგადოება, სრულიად საქართველო ღირსეულ პატივს მიაგებენ დიდი ქართული პოეზიის ამ შესანიშნავ წარმომადგენელს.
უნდა ვიფიქროთ, ალბათ, ტერენტი გრანელის ძეგლზე, თუ წელს არა, გაისად, მომავალ წლებში, რომელიც მისი ნატიფი პოეზიისა და ესთეტიკის შესაბამისი იქნება, თხზულებათა კრებულზე და სხვა მრავალზე.
რა თქმა უნდა, ჭეშმარიტი პოეტისათვის უმთავრესი ხელთუქმნელი ძეგლი მისი პოეზიაა. მაგრამ ჩვენი თაობა ვალდებულია, თავის მხრივ, პატივი მიაგოს ქართული სიტყვისა და ქართული კულტურის ერთ-ერთ კორიფეს - ტერენტი გრანელს.
საქინფორმი.
„საქართველოში თვითმმართველობის სისტემის დაფუძნება ქართული დემოკრატიის განმტკიცების გზაზე ყველაზე საჭირო და აუცილებელი ნაბიჯი იყო“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 15 დეკემბერი. - №325 (3025). - 1,2 გვ.
![]() |
82 ედუარდ შევარდნაძე: „არც ერთ სახელმწიფოს, არც ერთ ძალას არ აქვს უფლება უგულებელყოს უშიშროების საბჭოს მოთხოვნები“ |
▲ზევით დაბრუნება |
„გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებათა შეუსრულებლობის ტრაგიკული შედეგები საქართველომ საკუთარ თავზე გამოსცადა. ასი ათსობით ლტოლვილი, ათსობით დახვრეტილი და გაწამებული ადამიანი - ასეთია პლანეტაზე უსაფრთხოების მთავარი გარანტის - უშიშროების საბჭოს მოთხოვნათა იგნორირების შედეგი ერთ პატარა ქვეყანაში. არც ერთ სახელმწიფოს, არც ერთ ძალას არ აქვს უფლება უგულებელყოს უშიშროების საბჭოს მოთხოვნები“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ ერაყში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
საქართველოს პრეზიდენტს მიაჩნია, რომ შექმნილ ექსტრემალურ სიტუაციაში გაეროს უშიშროების საბჭო სასწრაფოდ უნდა შეიკრიბოს და უზრუნველყოს თავის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა უპირობო შესრულება.
საქართველოს პრეზიდენტის
პრესსამსახური - საქინფორმი.
ედუარდ შევარდნაძე: „არც ერთ სახელმწიფოს, არც ერთ ძალას არ აქვს უფლება უგულებელყოს უშიშროების საბჭოს მოთხოვნები“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 18 დეკემბერი. - №328 (3028). - 1 გვ.
![]() |
83 „აფხაზეთის პრობლემა უნდა გადაწყდეს საერთაშორისო სამართლის საფუძველზე, მშვიდობიანად, ორმხრივი კომპრომისების, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და აფხაზი ხალხის უფლებათა პატივისცემის საფუძველზე“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
21 დეკემბრის რადიოინტერვიუ
- გასული კვირა კვლავ ლარის კურსის მერყეობით გამოირჩეოდა. თუმცა, რაღაც გარკვეული კანონზომიერება შეიმჩნეოდა, და თანაც ამ პესიმისტური პროგნოზებისაგან, რომლებიც გამოითქმეოდა, მდგომარეობა, რა თქმა უნდა, ძალიან შორს არის. ლაპარაკი იყო ისევ „თელასის“ პრივატიზებაზე. ალბათ, ეს თბილისში მაინც მოხსნის ელექტროენერგიის დეფიციტის პრობლემას. ეკონომიკური მოვლენებიდან აღსანიშნავი იყო სვერდლოვსკის ოლქის გუბერნატორის როსელის ვიზიტი. საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ, რა თქმა უნდა, საქართველოს გარკვეული ეკონომიკური კავშირურთიერთობანი სხვა ქვეყნებსა და რეგიონებთან მნიშვნელოვანი მომენტია. და მაინც, გასულ კვირას თუ გადავხედავთ, რამდენად შესაძლებელია იმ ურთულესი პრობლემის დაძლევა, რომელსაც საბიუჯეტო კრიზისი ჰქვია, ანუ ხელფასების, პენსიებისა და დახმარების გაცემა... ჟურნალისტის ნატო ონიანის თხოვნით, ამ თემაზე საუბრით დაიწყო თავისი ტრადიციული ორშაბათის რადიოინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ:
- ამჯერად ეკონომიკის თემაზე საუბარს სავალუტო კურსით დავიწყებ, ვინაიდან იგი არსებული ვითრების ძალიან ზუსტი ინდიკატორია.
განვლილ კვირაში ქვეყნის სავალუტო ბაზარზე მომხდარი ცვლილებანი ცხადყოფს, რომ ეროვნული ვალუტის არსებითი გაუფასურების საფრთხე უკვე თავიდან აცილებულია. აღინიშნება ლარის გამყარების ტენდენციაც. თუ კვირის დამდეგს მისი ოფიციალური კურსი ამერიკული დოლარის მიმართ 1,9 ლარს შეადგენდა. კვირის დამლევს ეს მაჩვენებელი 1,86 ლარის დონეზე დაფიქსირდა.
ნიშანდობლივია, რომ ოფიციალურზე მაღალია ლარის ბანკნოტური კურსი. სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, შაბათს იგი 1,75-1,95 ლარის ფარგლებში მერყეობდა. განუხრელად იზრდება მოთხოვნა ლარზე, რის შედეგადაც შესაბამისად კომერციული ბანკები ადიდებენ დოლარის მიწოდებას.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, პირველად სავალუტო ინტერვენციათა შეწყვეტის შემდეგ, გასული კვირას 3 მილიონ 600 ათასი დოლარით შეავსო სავალუტო რეზერვი. ნელა, მაგრამ მაინც დაიწყო ფასების კლება სამომხმარებლო ბაზარზე. თუ ზემოთ აღნიშნულ ტენდენციებს ფისკალურ სფეროში მიღწეული გარდატეხაც განამტკიცებს, შესაძლებელი გახდება სტაბილიზაციის პროცესის დაჩქარება და მაკროეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესება.
მთავრობის სხდომაზე ამ საკითხის განხილვამ გვიჩვენა, რომ გადასახადების აკრეფაშიც დაიწყო ძვრები, თუმცა, ჯერ კიდევ შორსა ვართ იმ რადიკალური ცვლილებებისაგან, რომლებმაც მდგომარეობის განმუხტვა უნდა უზრუნველყონ.
ოპერატიული მონაცემებით, საგადასახადო დეპარტამენტმა თვის დამდეგიდან ბიუჯეტში 8 მილიონ დოლარზე მეტი საგადასახადო ამონაგები შეიტანა, რაც ნოემბრის შესაბამის მაჩვენებელს 2 მილიონი ლარით აღემატება. აქედან, ცენტრალურ ბიუჯეტში, ყოველგვარი ჩათვლების გარეშე (ამას ხაზს ვუსვამ, რადგან ეს ჩათვლები ხშირად ფიქტიურად მიმდინარეობდა) გადარიცხულია 1 მილიონ 500 ათასი ლარი.
საბაჟო დეპარტამენტმა აღნიშნულ პერიოდში ბიუჯეტში გადაირიცხა შვიდ-ნახევარი მილიონი ლარი, რაც ასევე ორი მილიონი ლარით აღემატება წინა თვის ანალოგიურ მაჩვენებელს. საბაჟო სამსახურის შეფასებით, არსებობს ყველა წინაპირობა, რომ შესრულდეს დეკემბრის გეგმა, - ეს გახლავთ 16,5 მილიონი ლარი. ძალზე ნაყოფიერია პოლიციის, ესე იგი მთლიანად შინაგან საქმეთა სამინისტროს და სხვა სამართალდამცავთა მუშაობა. რის შედეგადაც გამოვლენილია ხორბლის ფქვილის, ნავთობპროდუქტების, სურსათის კონტრაბანდის ფაქტები, დარღვევები ჩათვლების დროს და ასე შემდეგ. აღძრულია ათასობით სისხლის სამართლის საქმე, თუმცა, საბიუჯეტო შემოსავლის მიღწეული ტემპი საკმარისად მაინც ვერ ჩაითვლება ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
უნდა გავაძლიეროთ ბრძოლა იმათ წინააღმდეგ, ვინც ყოველნაირად ცდილობს ხელი შეუშალოს საგადასახადო რეჟიმის განმტკიცებასა და გამკაცრებას კანონის შესაბამისად და კანონის ფარგლებში. ზოგიერთის ჭკუა და გონება, სამწუხაროდ, მიმართულია არა იქითკენ, თუ როგორ დაეხმაროს ქვეყანას კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, არამედ უფრო იქეთკენ, თუ რა გზებით, რა ხრიკებით დააძვრენინოს თავი აშკარა თაღლითს პასუხისმგებლობისაგან. ასე საერთოდ არაფერი არ გამოგვივა. ჩემს გაკვირვებას იწვევს, რატომ არ გამოთქვამენ აღშფოთებას ასეთი ფაქტების წინააღმდეგ ისინი, ვინც დღენიადაგ, ასე ვთქვათ, გვიკიჟინებენ, რომ, აი, ქვეყანა წალეკა კორუფციამ, ხელისუფლება არაფერს აკეთებს კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად და ასე შემდეგ, როგორც ჩანს, ეს განცხადებები მხოლოდ პოპულისტური პოზაა, საქმით კი კონკრეტულ კლანთან დაპირისპირება ბევრს არ ეპიტნავება.
ამ ეტაპზე ბიუჯეტის შესავსებად საერთოდ მნიშვნელოვან თანხებს მოველით პრივატიზების შედეგად. მარტო სააქციო საზოგადოების „თელასის“ პრივატიზებით ათობით მილიონ დოლარს მიიღებს. ტენდერში გამარჯვებულ ამერიკულ კომპანია „აესთან“ ხანგრძლივი და ინტენსიური მოლაპარაკების შედეგად გაფორმებულია შესაბამისი კონტრაქტი და მომავალი წლის პირველი დღეებიდანვე კომპანია თავად შეუდგება „თელასის“ მართვას. ჩემთან შეხვედრისას „აესის“ ხელმძღვანელებმა აღნიშნეს, რომ ხელშეკრულების შესრულების ყველა შესაძლებლობა აქვთ. ამრიგად, დედაქალაქი, რა თქმა უნდა, გადახდის შემთხვევაში, 24 საათის განმავლობაში მომარაგდება ხარისხიანი ელექტროენერგიით, რასაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს თბილსრესის 300 მეგავატი სიმძლავრის მეათე ენერგობლოკის ამოქმედებაც. თქვენ იცით, რომ ამ ბლოკს გერმანელები აშენებენ, დაფინანსების წყარო სხვადასხვაა. მათ შორის, გერმანული წყაროც არის და წესით ხვალ-ზეგ ეს მეათე ბლოკი, რომელზეც ძალიან დიდ იმედებს ვამყარებთ, უნდა გადაეცეს საექსპლოატაციოდ.
აქვე უნდა დავძინო, რომ პრეზიდენტის სპეციალური განკარგულებით გათვალისწინებულია სააქციო საზოგადოების „თელასის“ თანამშრომელთა მონაწილეობა პრივატიზების პროცესში და მათი უფლებების გაფართოების დამატებითი ღონისძიებების შემუშავება. აქ ლაპარაკია იმაზე, რომ ამერიკული კომპანია ყიდულობს თელასის 75 პროცენტს, 25 პროცენტი რჩება ქალაქს. ამ 25 პროცენტიდან, არ ვიცი, როგორ შეთანხმდებიან, შეიძლება 3 ან 5 პროცენტის ფარგლებში იყოს „თელასის“ თანამშრომელთა წილი, რომლებმაც ასე თუ ისე, თავიანთი ვალი, ავად თუ კარგად, ამ ხნის განმავლობაში მოიხადეს და სისტემა შეინარჩუნეს.
ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობის სოციალურად დაუცველი ფენების, მათ შორის, ლტოლვილთა ინტერესების დაცვა, ამ პრობლემის გადაწყვეტაში მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ინიციატივას ამ კატეგორიის მოსახლეობისათვის ხუთი მილიონი დოლარის გამოყოფის თობაზე. თქვენ იცით, რომ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ამის შესახებ უკვე გააკეთა განცხადება, ხოლო ჩვენმა საელჩომ ოფიციალური ცნობა გადმოსცა ვაშინგტონიდან. ეს თანხა ძირითადად, რა თქმა უნდა, მოხმარდება ლტოლვილთა და სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის გასათბობ საშუალებათა და საწვავის შეძენას, დახარჯული, ელექტროენერგიის საფასურის გადახდის შემსუბუქებას, ესე იგი, ნაწილი შეიძლება სწორედ ამ თანხით დაიფაროს.
რა თქმა უნდა, განსაკუთრებით საყურადღებოა, საბიუჯეტო დავალიანებათა საკითხი. როგორც ადრე მოგახსენეთ, ამ დღეებში დაიწყება დეკემბრის ხელფასების, პენსიებისა და სხვა სახის სარგოთ გაცემა. გუშინ ბატონ დავით ონოფრიშვილთნ შევამოწმე, რამდენად არის სისტემა ამისათვის მზად. მქონდა საუბარი ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ბატონ ირაკლი მანაგაძესთან და ზოგიერთ სხვა ხელმძღვანელთან. საერთო განწყობილება ისეთია, რომ სწორედ ამ დღეებში და არა საახალწლოდ უნდა მოხდეს თნხების გაცემა. მხედველობაში მაქვს დეკემბრის ხელფასები, პენსიები, სარგოები და სხვა. ეს პროცესი ერთი კვირის განმავლობაში დამთავრდება. ახალი წლიდან ამოქმედდება გრაფიკი სხვა დავალიანებათა დასაფარავად, ოღონდ ისეთი ტექნოლოგიით, რომ ამან არ გამოიწვიოს ინფლაციური აფეთქება. ვფიქრობ, მოსახლეობაც დაინტერესებული უნდა იყოს იმით, რომ ქვეყანაში ინფლაციური გამწვავება, გართულება თავიდან ავიცილოთ.
მე კიდევ ერთხელ მინდა ვურჩიო მოსახლეობას: „ნუ გამოეკიდება დოლარს“. ვინაიდან ახალი დოლარის კურსი უკვე ლიბერალიზებულია და აღარ არსებობს იმის გარანტია, რომ, როდესაც ლარი დასჭირდება დოლარის გაყიდვა უფრო იაფად არ მოუწევს, ვიდრე იყიდა. ამ დღეებმა სწორედ ასეთ დასკვნამდე მიგვიყვანა.
ამიტომ უფრო მეტად ვენდოთ ჩვენს ეროვნულ ვალუტას, რომელმაც საკუთარი სიმტკიცე ნამდვილად დაადასტურა.
ყოველივე ზემოთქმულიდან ერთი მთავარი დასკვნის გამოტანა შეიძლება, ვფიქრობ, რომ ეს დასკვნა ნაჩქარევი არ არის. საქართველომ, როგორც დამოუკიდებელმა, დემოკრატიულმა ქვეყანამ, გაუძლო მსოფლიო საფინანსო კრიზისის შემოტევას, ძირითადი, ყველაზე მძიმე დღეები გავლილია, ახლა კრიზისიდან გამოსვლის დაჩქარებაზე, მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე ყოველდღიურად უნდა ვიზრუნოთ და, რაც მთავარია, ქვეყნის სამრეწველო-სამეურნეო პოტენციალის უფრო სრულყოფილად გამოყენებას მივაღწიოთ. ამ მხრივ, უკვე გაჩნდა პირველი პოსტკრიზისული, ასე ვიტყოდი, პერიოდის გამამხნევებელი სიმპტომები თბილისში, აჭარაში, ქუთაისში. ამ დილით ქალაქ რუსთავის მერი მელაპარაკა და მაცნობა, რომ უახლოეს დღეებში ამუშავდება რუსთავის მრეწველობა. რუსთავმა გაზის მიღება უკვე დაიწყო. ეს მოძრაობა, წარმოების აღმავლობისათვის მოძრაობა სრულიად საქართველოს უნდა მოედოს და ეს უნდა იყოს კრიზისიდან ქვეყნის საბოლოო გამოსვლის უმთავრესი გარანტი.
აქვე მინდა დავძინო, რომ ჩვენ დაგვეხმარნენ, ძალიანაც დაგვეხმარნენ კრიზისის დაძლევაში მსოფლიო სავალუტო ფონდი, განსაკუთრებით მსოფლიო ბანკი, ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, ნიდერლანდი, სერიოზულ მხარდაჭერას გვპირდებიან იაპონია, იტალია, საფრანგეთი, ინგლისი და სხვა სახელმწიფოები.
ნუ დაგვავიწყდება, ეს მხარდაჭერა, უკვე მერამდენედ, იმით არის განპირობებული, რომ ჩვენ დამოუკიდებლობის, დემოკრატიული განვითარების, სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობის გზას დავადექით, გავაძლიერეთ ბრძოლა კორუფციასთან, ყოველ შემთხვევაში, ამის პირველი ნიშნები უკვე ჩანს, და ვფიქრობ, ყველა მოქალაქის აზრს გამოვხატავ, თუ ვიტყვი, რომ არ გადავუხვევთ ამ გზას. ესე იგი, დამოუკიდებლობისა და დემოკრატიული განვითარების გზას, რადგან იგი მიგვიყვანს, ასე ვთქვათ, ნანატრ ტაძრამდე.
გასულ კვირას შეხვედრებიდან გამოვყოფდი სვერდლოვსკის გუბერნატორის, ცნობილი რუსი პოლიტიკოსის ედუარდ როსელის სტუმრობას საქართველოში. მან ძალიან დიდი ინტერესი გამოიჩინა, თვითონ შემოგვთვაზა რამდენიმე უაღრესად პერსპექტიული პროექტი, რომელთა განხორციელება კვლავ გაუხსნის გზას ქართულ პროდუქციას რუსეთის ბაზრებისაკენ. ეს ეხება სამთო-მომპოვებელ მრეწველობას, კერძოდ ჭიათურის მანგანუმს, რკინიგზის ტრანსპორტს, სამედიცინო აპარატურას, სოფლის მეურნეობის პროდუქციას და ასე შემდეგ. არსებობს კარგი შესაძლებლობანი სხვადასხვა სფეროში ერთობლივ საწარმოთა შესაქმნელად, რასაც ყოველმხრივ მივესალმებით და ხელსაც შევუწყობთ. ვფიქრობ, მრეწველობის, საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობათა სამინისტროებმა და ზოგიერთმა სხვა სამინისტრომ ეკონომიკური ბლოკიდან გაცილებით მეტი რამ უნდა გააკეთონ უკვე მიღწეულ შეთანხმებათა შესასრულებლად. საჭიროა ხალხის გაგზავნა, კერძოდ ბიზნესმენთა ჯგუფების მივლინება, რათა იბრძოლონ თითოეული ადგილისათვის რუსეთის ან სხვა ქვეყნების ბაზარზე, რომელთა გარეშე, რა თქმა უნდა, გაგვიჭირდება დღევანდელ სიძნელეთა დაძლევა. და ერთი რამ მინდა კიდევ დავუმატო ნათქვამს: სისულელეა იმის მტკიცება, რომ ვიღაცამ ვიღცას ზურგი შეაქცია, საქართველოს ზურგი შეაქცია. რუსეთი მუდამ იქნება საქართველოს უმნიშვნელოვანესი პარტნიორი და მეგობარი, რა თქმა უნდა, სრული თანასწორობისა და უკეთესი ურთიერთგაგების საფუძველზე. სხვათა შორის, ნამდვილმა ბიზნესმა, კარგი გაგებით, საზღვარი არ იცის და აწესრიგებს კიდეც ქვეყნებს შორის ურთიერთობას.
- კიდევ ერთი ფრიად ღირსშესანიშნავი მომენტი: ყოველგვარი ალიაქოთისა და აქციების გარეშე ნელ-ნელა ხორცს ისხამს ის, რაზეც, ალბათ, ძალიან დიდხანს ოცნებობდნენ ჩვენი საზოგადოების წარმომადგენლები გასულ წლებში, - ვგულისხმობ, რომ ქართველი მესაზღვრეები ნელ-ნელა იკავებენ თავიანთ კუთვნილ ადგილს და იცავენ საქართველოს საზღვრებს, სხვათა შორის, გასული კვირას რუსმა მესაზღვრეებმა საბოლოოდ დასტოვეს სამცხე-ჯავახეთის რეგიონის საზღვრები და იქაც ქართველი მესაზღვრეები აკონტროლებენ საზღვარს. გასული კვირას რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო სამსახურის უძრავი ქონება საქართველოს საზღვრის დაცვის სამსახურს გადაეცა. ეს მოხდა გენერალ ტოცკის ვიზიტის შედეგად, რომელიც გენერალ ჩხეიძესთან ერთად სოხუმში იმყოფებოდა. ისინი შეხვდნენ არძინბას. როგორც სოხუმიდან დაბრუნების შემდეგ განაცხადეს, არძინბას პოზიცია კვლავ საკმაოდ უკომპრომისოა. ჟენევაში განახლდა ქართულ-აფხაზური მოლაპარაკება საქართველოს მეგობარი ქვეყნების მონაწილეობით და ერთი მომენტიც, რომლის გამოც პრეზიდენტის კომენტარი, ალბათ, ძალიან საინტერესო იქნება: აფხაზები აცხადებენ, რომ საქართველო კვლავ აპირებს ძალის გამოყენებას...
- სასაზღვრო საკითხებში ამჟამად რუსეთთან არავითარი გაუგებრობა და უთნხმოება არა გვაქვს. პროცესი მიმდინარეობს ადრე შემუშავებული და შეთანხმებული გეგმის შესაბამისად, ხელშეკრულების ბაზაზე.
1999 წლის საქართველოს ივლისამდე სასაზღვრო ჯარი გააკონტროლებს მთლიანად ჩვენი ქვეყნის სახმელეთო საზღვარის იმ მონაკვეთს, რომელსაც დღემდე რუსი მესაზღვრეები იცავდნენ, - და მადლობა მათ ამისათვის. საქართველო ადასტურებს ერთგულებას ყველა ვალდებულებისადმი, რუსეთსა და სხვა მეზობელი ქვეყნების მიმართ რომ ვიკისრეთ: ჩვენი ქვეყნის ტერიტორია, საქართველოს საზღვრები არ გახდება რაიმე საფრთხის, ხიფათის, ნეგატიური ტენდენციის ან ელემენტის შემცველი ფაქტორი სხვა მეზობელი ქვეყნებისათვის.
ვინაიდან საქართველო სამხრეთიდან ესაზღვრება რუსეთს, ჩვენ ყველაფერს ვიღონებთ, რათა ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს პრობლემები არ შეექმნას.
თავისთავად ის ფაქტი, დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო თავად ხდება საზღვრის ბატონ-პატრონი, მეც ისტორიულ მოვლენად მიმაჩნია. იგი შესაძლებელი გახდა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ყოველმხრივი გაძლიერებისა და სახელმწიფოს შექმნის შედეგად, და ამ სახელმწიფოს განმტკიცების უშუალო შედეგია. რა თქმა უნდა ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენ ძალიან დაგვეხმარნენ ჩვენი უცხოელი მეგობრები სასაზღვრო ჯარის კამპუსის ფორმირებაში, შეიარაღებისა და სასაზღვრო ზოლის მოწყობაში.
ჟენევაში აფხაზურ მხარესთნ მოლაპარაკებაზე თავდაპირველად არსებული დაძაბულობის მიუხედავად, მაინც მოხერხდა ნორმალური ატმოსფეროს შენარჩუნება.
გალის რაიონთნ დაკავშირებული პრობლემების თობაზე მოსალაპარაკებლად დღეს საქართველოს ძალისმიერი სტრუქტურების ხელმძღვანელები და სახელმწიფო მინისტრი ვაჟა ლორთქიფანიძე ერთი დღით გაემგზავრებიან გალში, რათა საბოლოოდ გაირკვეს ორივე მხარის პოზიცია. ჩემი მხრივ, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ არამხოლოდ აფხაზური მხარის საყურადღებოდ, რომ საქართველოს არ განუზრახავს და არ აპირებს ძალის გამოყენებას, ამ ურთულესი პრობლემის ერთი დარტყმით გადასაჭრელად.
ჩვენთვის მიუღებელია, აგრეთვე, ტერორისტთა და დივერსანტთა მხარდაჭერა, ვინაიდან რამდენჯერმე საკუთარ თავზე ვიწვნიეთ, რას ნიშნავს ტერორისტული აქტები და სხვა ავანტურისტული გამოხდომები.
სხვათა შორის, ჩემს ხელთ არსებული ცნობებით, სწორედ გალის რაიონში იმალებიან ის დივერსანტები, ტერორისტები, რომლებიც 9 თებერვლის ტერაქტში მონაწილეობდნენ, და ზოგიერთი სხვა დამნაშავენი. ამიტომაც შევთავაზე რამდენჯერმე ვლადიმერ არძინბას ერთობლივი ღონისძიებების განხორციელება, რათა ვამხილოთ დამნაშავენი - ქართველი იქნება თუ აფხაზი, დამნაშავე დამნაშავეა და ტერორისტებმა არ უნდა იბატონონ არსად, საქართველოს არც ერთ რაიონში, მათ შორის არც აფხაზეთში.
კვლავ ვადასტურებ: აფხაზეთის პრობლემა უნდა გადაწყდეს საერთაშორისო სამართლის საფუძველზე, მშვიდობიანად, ორმხრივი კომპრომისების, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და აფხაზი ხალხის უფლებათა პატივისცემის საფუძველზე.
- გასულ კვირას თქვენ იმყოფებოდით ბათუმში, სადაც გაიხსნა ახალი სარკინიგზო-საბორნე გადასასვლელი. ესწრებოდით ამ ცერემონიას და საკმაოდ მაღალი შეფასება მიეცით მას...
- ბათუმის სარკინიგზო ბორანი დიდი შენაძენია საქართველოსათვის. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ იგი უცხოური კაპიტალის, მნიშვნელოვანი ინვესტიციის მეშვეობით აშენდა. რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს სტაბილურობას აჭარასა და მთელ საქართველოში. რომ არა ეს სტაბილურობა და ჩვენი ქვეყნისადმი ნდობა, ესოდენ მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა. არც ერთი ძლიერი, გავლენიანი ბიზნესმენი არ შემოვა საქართველოს არც ერთ რეგიონში, თუ არ იქნება დარწმუნებული საბოლოო წარმატებაში. საბოლოო წარმატების გარანტია კი ქვეყნის სტაბილურობაა.
ბათუმის საბორნე გადასასვლელი კიდევ უფრო გაზრდის ჩვენი ქვეყნის სატრანსპორტო პოტენციალს. ამ თვალსაზრისით აჭარამ, ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ, მოსახლეობამ დიდი წვლილი შეიტანეს საქართველოსათვის საარსებო მნიშვნელობის ფუნქციის გაძლიერებაში.
მომავალი წლის დამდეგიდანვე ფოთში ამოქმედდება კიდევ ერთი სარკინიგზო ბორანი, რომელიც აიგო ევროკავშირის 16-მილიონიანი კრედიტით, უკრაინასა და საქართველოს ერთობლივი ძალისხმევით.
აი, ასეთი კეთილშობილური საქმეებით, მამულიშვილური ღვაწლით შენდება ევრაზიის დერეფანი, ევრაზიის ხიდი, აბრეშუმის გზა სრულიად საქართველოსა და მისი ერთ-ერთი უმშვენიერესი და უკეთილშობილესი მხარის - აჭარის საკეთილდღეოდ.
კიდევ ერთხელ აღვნიშნავ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობის, განსაკუთრებით ბატონ ასლან აბაშიძის პირად ღვაწლს ამ საქმის წარმატებით დასრულებაში, რაც სრულიად საქართველოს საკეთილდღეოდ გადადგმულ მძლავრ ნაბიჯად გადაიქცევა.
- კიდევ ერთი თემა - გასული კვირის, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი თემა მთელი მსოფლიოს მასმედიისათვის: დაიწყო და დასრულდა ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის ერთობლივი ოპერაცია „უდაბნოს მელა“. კლინტონის გარშემო ატეხილი აურზაურისა და აჟიოტაჟის მიუხედავად, ვგულისხმობ მისი იმპიჩმენტის საკითხს, რომელსაც სენატი იანვარში განიხილავს, ამ ოპერაციას ამერიკელთა, ყოველ შემთხვევაში, მოსახლეობის ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მოჰყვა. გაკეთდა პოლიტიკოსთა მრავალი განცხადება, თქვენი განცხადებაც ერაყთან დაკავშირებით, რომელმაც, აგრეთვე, დიდი გამოხმაურება გამოიწვია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტსა და რუსეთის ოფიციალურ წრეებში, თუმცა, საქართველოში დღეს მაინც სადავოდ მიაჩნიათ: უნდა გამოთქვას თუ არა ქვეყნის პრეზიდენტმა თავისი მოსაზრება და დამოკიდებულება იმ საკითხის გამო, რომელიც უშუალოდ არ ეხება ჩვენს ქვეყანას, თუმცა, ეს ის შემთხვევა იყო, როცა იგი ყველა ქვეყანას ეხება დედამიწის ზურგზე საერთოდ და რატომ არ უნდა ეხებოდეს საქართველოს, - გაუგებარია.
- ჩემო პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით საკმაოდ კარგად არის ცნობილი.
დამოუკიდებელ ქვეყანას საკუთარი ინტერესებიც აქვს და საკუთარი აზრიც ამა თუ იმ გლობალური პრობლემის მიმართ.
მიზანშეწონილად მიმაჩნია კიდევ ერთხელ განვმარტო, ყველას - როგორც მომხრის, ასევე მოწინააღმდეგის გასაგონად.
დიდ პოლიტიკაში, ანუ ნამდვილ პოლიტიკაში, - კონიუნქტურულ მოსაზრებაზე დაფუძნებული პოზიცია მყიფეა და არამდგრადი.
დიდი და ჭეშმარიტი პოლიტიკის საფუძველი ობიექტურობა და სიმართლეა. ყველა ჩვენი გამოსვლა გლობალური მნიშვნელობის მოვლენასთან დაკავშირებით, რომლებშიც საქართველო შეიძლება არც მონაწილეობდეს, სწორედ ჭეშმარიტების, ობიექტურობის, სიმართლის პრინციპებზე არის აგებული. მხოლოდ ასეთი პოზიციით შეიძლება დაიმსახურო პატივისცემა თანამედროვე მსოფლიოში და არა კონიუნქტურით ან უპრინციპობით.
საქართველოს პრეზიდენტის პოზიცია უწინარესად ეყრდნობა ქვეყნის სიღრმისეულ ინტერესებს, მოვლენათა ღრმა ანალიზსა და სამართლიანობის მძაფრ განცდას, რომელიც დამახასიათებელი იყო და არის ჩვენი ხალხისათვის. აგრეთვე, რასაკვირველია, ჩვენი ქვეყნის უმდიდრეს გამოცდილებას როგორც შორეულ, ისე უახლოეს წარსულში.
ბოლოს და ბოლოს, რა იყო ჩემი კომენტარის დედააზრი? ის, რომ, როცა უგულებელყოფილია, ვიმეორებ, როცა უგულებელყოფილია, პლანეტაზე უსაფრთხოების უმთავრესი გარანტის - უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებები, იწყება მეორე ფაქტორის, ძალის ფაქტორის ამოქმედება.
ამიტომაც, ყველა სახელმწიფოს, ყველა ძალას, მათ შორის საქართველოს ინტერესებს შეესაბამება უშიშროების საბჭოს მოთხოვნათა განუხრელი შესრულება. ეს იყო სწორედ ჩემი განცხადების დედააზრი, არსი და, ვფიქრობ, აქ სადავო ბევრი არაფერი არ უნდა იყოს.
საქინფორმი.
„აფხაზეთის პრობლემა უნდა გადაწყდეს საერთაშორისო სამართლის საფუძველზე, მშვიდობიანად, ორმხრივი კომპრომისების, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და აფხაზი ხალხის უფლებათა პატივისცემის საფუძველზე“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 22 დეკემბერი. - №332 (3032). - 1,2 გვ.
![]() |
84 ბატონ ბენიკ სეირანიანს |
▲ზევით დაბრუნება |
მილოცვა
ბატონო ბენიკ, თქვენისთანა ადამიანისათვის 85 წელი სიჭარმაგის ასაკია...
თქვენ ხომ დღესაც აგრძელებთ იმ საქმეს 65 წლის წინათ გაზეთ „ვრასტანის“ რედაქციამ რომ მოგანდოთ.
ადვილი წარმოსადგენი არ არის, ლიტერატურისა და ხელოვნების, საზოგადოდ კულტურის საკითხებს ამ ხნის მანძილზე უცვლელად რომ უძღვებით და ამასთანავე, რედაქცია დღესაც უცვლელ წევრად რომ გაღიარებთ.
თქვენ, თანამდებობათა აღმატებული ცვლა შეგნებულად უარყავით, რადგან ახალგაზრდობიდანვე პროფესიონალი მწერლის რთულსა და საინტერესო გზას გაჰყევით.
რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, „ადგილობრივი მნიშვნელობის“ მწერლის იარლიყი არასოდეს გაგკარებიათ, ამასთანავე თქვენ საქართველოში მცხოვრებ, მაგრამ სრულიად სომეხთა აღიარებულ მწერლად გიცნობდნენ და გიცნობენ.
ერთ-ერთი უპირველესი ხელმძღვანელი ხართ ქართულ-სომხური კეთილმეზობლობისა, კეთილმეგობრობისა.
ჩვენ გვიხარია და გვაღელვებს თქვენი ახალგაზრდული შემართება ნებისმიერ საზოგადოებრივ საქმიანობაში.
ისიც კარგად ვიცით, რომ საქართველოს მწერალთა კავშირში სომხურ სექციას ათეული წლების მანძილზე თავკაცობთ.
ამბობენ, ყოველდღიური შრომა დღეგრძელობის „უკვდავების წყაროაო“.
ეს წყარო არ დაგშრობოდეთ.
დიდხანს გეღვაწოთ.
პატივისცემით,
ედუარდ შევარდნაძე.
1998 წლის 22 დეკემბერი.
ბატონ ბენიკ სეირანიანს : მილოცვა // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 23 დეკემბერი. - №333 (3033). - 2 გვ.
![]() |
85 საახალწლო მილოცვა საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მუშაკებს |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოში მნიშვნელოვან წამოწყებას ჩაეყარა საფუძველი. ამიერიდან ყოველი წლის 23 დეკემბერს აღინიშნება მედიკოსის დღე, რაც უდიდესი მადლიერების გამოხატვაა ყველას მიმართ, ვინც საუკუნეების მანძილზე ქმნიდა და ამკვიდრებდა ეროვნული მედიცინის სახელოვან ტრადიციებს.
მედიკოსთა დღევანდელი თაობა, რომელიც წინაპართაგან შემნილი და ჩვენამდე მოღწეული სამედიცინო მეცნიერული აზროვნების მემკვიდრეა, კვლავაც ყველა ღონეს ხმარობს ეროვნული მედიცინის აღმავლობისა და განვითარებისათვის, საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობისათვის.
საამაყოა, რომ ქართველ მედიკოსთა დღევანდელმა თაობამ საერთაშორისო აღიარება მოუტანა არა მარტო ოდითგან დამკვიდრებულ ეროვნულ მედიცინას, არამედ ფუნდამენტური შრომებით გაამდიდრა თანამედროვე მსოფლიოს სამედიცინო მეცნიერება.
წარმატებებს გისურვებთ ძვირფასო მეგობრებო. მწამს, რომ საქართველოს სამედიცინო საზოგადოება ყველაფერს იღონებს მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის, რადგან მხოლოდ ჯანსაღ ერს შეუძლია ბედნიერი მომავლის შექმნა.
გულითადად ვულოცავ საქართველოს სამედიცინო საზოგადოებას, ქვეყნის მედიკოსთა მრავალრიცხოვან ოჯახს, შობასა და დამდეგ ახალ, 1999 წელს.
ედუარდ შევარდნაძე.
1998 წლის 23 დეკემბერი.
საახალწლო მილოცვა საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მუშაკებს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 26 დეკემბერი. - №334 (3034). - 1 გვ.
![]() |
86 საქართველოს პრეზიდენტი - მსოფლიო მეცხრამეტე სკაუტური ჯამბორის მონაწილეებს |
▲ზევით დაბრუნება |
მისალმება
ბოლო პერიოდში საქართველოში მრავალი ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაცია დაარსდა. მათ შორის აღსანიშნავია საქართველოს სკაუტური მოძრაობის ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნებიდან ხუთ წელიწადს ითვლის და უამრავი საინტერესო იდეისა და წამოწყების ავტორია.
ქართველი სკაუტები, რომელთაც ხელმძღვანელობს ორგანიზაციის პრეზიდენტი ირაკლი თოდუა. შარშან მსოფლიოს სკაუტური მოძრაობის ორგანიზაციაში გაწევრიანდნენ, მათ დააფუძნეს მსოფლიო მოძრაობის ევრაზიის რეგიონალური ორგანიზაცია. ქართველი სკაუტები ფრანგ, ინგლისელ, ამერიკელ, შვეიცარიელ, სომეხ და სხვა ქვეყნის სკაუტებთან ერთდ მასშტაბურ პროგრამებს ახორციელებენ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.
წლეულს, საქართველოს სკაუტური მოძრაობის აჭარის ორგანიზაციის ინიციატივით მომზადდა სოლიდური პროექტი, რომელიც ითვალისწინებს აჭარაში მეწყერით დაზარალებული, უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახებისათვის ბინების შეძენას. პროექტის რეალიზაციას ქართველი სკაუტები ავტორიტეტულ ფრანგულ არასამთავრობო ორგანიზაციასთან „პრემიერ ურჯენსთან“ პარტნიორობით ახორციელებენ.
27 დეკემბერს ქართველი სკაუტების დელეგაცია მე-19 მსოფლიო ჯამბორიზე (სკაუტთა შეკრებაზე) მიემგზავრება. ჩილეს ერთ-ერთ უმშვენიერეს კუთხეში 160 ქვეყნის 30 ათასზე მეტი ახალგაზრდა შეიკრიბება. მათი დევიზია, - „ერთად ვაშენოთ მშვიდობა“.
საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ სპეციალური მისალმების წერილი გაუგზავნა ამ შეკრების მონაწილეებს.
მისალმებაში, კერძოდ, ნათქვამია:
„გულითადად მოგესალმებით მსოფლიო ჯამბორის მონაწილეებსა და სტუმრებს, გისურვებთ წარმატებებს, ხოლო თქვენს ქვეყნებს - მშვიდობასა და აყვავებას.
მივესალმები იმ ფაქტს, რომ ჩვენი ქვეყანა საქართველო აქტიურად ჩაერთო მსოფლიო სკაუტურ მოძრაობაში. იდეები, რომლების საფუძვლად უდევს თქვენს მოძრაობას - მშვიდობა, საერთაშორისო სოლიდარობა, მეგობრობა და ძმობა, ხომ ასე ნაცნობი და ახლობელია ქართველი ხალხისათვის, რომელიც საუკუნეების მანძილზე ესწრაფოდა და ესწრაფვის სწორედ ამ იდეალების დამკვიდრებას საკუთარ ქვეყანაში, კავკასიის რეგიონსა და მსოფლიოში.
ვოცნებობ იმ დროზე, როცა საქართველო თავად გახდება მსოფლიო ახალგაზრდობის ასეთი მასშტაბური საერთაშორისო თავყრილობის მასპინძელი. მაშინ თქვენ საშუალება მოგეცემათ უფრო ახლოს გაიცნოთ ჩვენი ქვეყანა, მისი სტუმართმოყვარე ხალხი, მისი შესანიშნავი ახალგაზრდობა.
როგორც პირველი მსოფლიო სკაუტი, ლორდი ბადენ ჰაუელი ამბობდა, ერთი ნაბიჯი ბედნიერებისაკენ არის იყოთ ჯანმრთელნი და ძლიერნი სიყმაწვილეში, რათა გახდეთ საჭირონი და შეძლოთ ცხოვრებით დატკბობა ხანდაზმულობაში.
მეც გისურვებთ ჯანმრთელობას და სიძლიერეს. გისურვებთ ბედნიერ ჯამბორის. თქვენს გვერდით მიგულეთ იმ საჭირო საქმეში, რომელსაც მშვიდობის შენება ჰქვია“.
საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური -
საქინფორმი.
საქართველოს პრეზიდენტი - მსოფლიო მეცხრამეტე სკაუტური ჯამბორის მონაწილეებს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 26 დეკემბერი. - №336 (3036). - 1,2 გვ.
![]() |
87 „ჩვენი დევიზია - შენება ერთიანი ძალისხმევით, შენება ერთიანობითა და შეკავშირებით“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
28 დეკემბრის რადიოინტერვიუ
- დღეს ჩვენი 1998 წლის ბოლო რადიოინტერვიუა. ამ დროს, როგორც წესი, განვლილი წლის შედეგებზე მსჯელობენ. 1998 წლის მიწურულს, ყველაფერთან ერთად, საუბარს ეკონომიკის თემით დავიწყებთ. ეს წელი კასპიის ნავთობის პროექტის ხორცშესხმის წელი იყო, თან საბიუჯეტო კრიზისის წელიც. თუმცა ლარის კურსი დღეს ისეთი სახიფათო აღარ არის, როგორსაც უწინასწარმეტყველებდნენ. და, მაინც, როგორი იყო 1998 წელი საქართველოს ეკონომიკისათვის? - ჟურნალისტის ნატო ონიანის ამ კითხვის პასუხად საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ თავის ტრადიციულ ორშაბათის რადიოინტერვიუში განაცხადა:
- მართლაც, უკვე ახალი წლის მიჯნაზე ვდგავართ და ნამდვილად მიზანშეწონილია გარკვეულწილად, ზოგადად მაინც, შევაჯამოთ სწორედ ეკონომიკური განვითარების 1998 წლის შედეგი, ვინაიდან ეკონომიკა, ეს არაერთგზის თქმულა, ყველაფრის საფუძველთა საფუძველია.
საყოველთაოდ ცნობილია, რომ მსოფლიო ფინანსური კრიზისის შედეგად, აგრეთვე, ჩვენი საშინაო პრობლემების ზემოქმედებით, ქვეყნის ეკონომიკურ სტაბილურობას 1998 წელს სერიოზული საფრთხე შეექმნა.
უკვე შეგვიძლია დავასკვნათ: რადიკალური ეკონომიკური გარდაქმნებისა და რეფორმების გზაზე დამდგარი ქვეყნისათვის 1998 წელი ძალიან მძიმე გამოცდად იქცა და მაინც ჩვენმა სახელმწიფომ, სხვა ქვეყნებთან შედარებით, ვიმეორებ, შედარებით - განსაკუთრებული დანაკარგების გარეშე გაუძლო ამ განსაცდელს.
მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკის ფუნქციონირება და, საერთოდ, ეკონომიკური პროცესები წელს არაერთგვაროვნად წარიმართა, უსამართლობა და არაობიექტურობა იქნებოდა იმის დაკნინება ან უგულებელყოფა, რისი გაკეთებაც მაინც მოხერხდა უმძიმეს პირობებში.
რეფორმა მხოლოდ აღმასვლა და განუწყვეტელ, ტრიუმფალურ წარმატებათა სერია არ გახლავთ. უკლებლივ ყველა ქვეყანაში, რომლებმაც ეს გზა გაიარეს, რეფორმაციას, კერძოდ, ეკონომიკის სფეროში, თან სდევდა ჩავარდნებიც, ზოგჯერ შეცდომები, ტაქტიკური კომპრომისები სტრატეგიული კურსის გადასარჩენად.
ამჟამად საქართველო უკვე შევიდა პოსტკრიზისულ პერიოდში. ყველაზე მძიმე და საშიში განსაცდელი, ჩემი აზრით, უკვე განვლილია. ქვეყანა უთუოდ დააღწევს თავს საბოლოო კრიზისს და ეკონომიკური გარდაქმნები უფრო თანამიმდევრულად განხორციელდება, და ბოლომდეც მივიყვანთ. ხელისუფლებას ამის სრული რწმენა და რეალური საფუძველი აქვს, რასაც გვიდასტურებს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საფინანსო ინსტიტუტებთან, მეგობარ ქვეყნებთან ურთიერთობათა ახალი ეტაპის განვითარება.
ამის ყველაზე უტყუარი და რეალური ინდიკატორია, აგრეთვე ისიც, რომ მსოფლიოს 40-მდე ქვეყნის იმ კერძო ფირმებსა და კომპანიებს, რომლებსაც დღეს საქართველოში აქვთ დაბანდებული კაპიტალი, კვლავაც ემატებიან ახალ-ახალი ინვესტორები. მოგეხსენებათ, არც ერთი ბიზნესმენი სერიოზული პროგნოზისა და ვითარების შესწავლის გარეშე არ დააბანდებს ინვესტიციებს. ხშირ შემთხვევაში მთელი ინსტიტუტები, ინტელექტუალური ცენტრები მუშაობენ პროგნოზირების საკითხებზე. მაშასადამე, რადგან ინვესტორთა ინტერესი საქართველოს მიმართ კი არ კლებულობს, პირიქით, მატულობს კიდეც, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მათი პროგნოზიც დადებითი და ოპტიმისტურია. თუმცა, რადგან ინვესტორთა საკითხს შევეხე, არ შემიძლია არ ვთქვა ისიც, რომ ჩვენ ხშირად ხელოვნურად ვუქმნით მათ პრობლემებს. ის რაც ახლა ბორჯომში ხდება (თქვენ იცით, რომ ბორჯომის პროექტს მსოფლიო ბანკი და ევრობანკი აფინანსებს), - იქ ისეთი სიძნელეები წარმოიქმნა, რომლებმაც შეიძლება საბოლოოდ დაუკარგოს ამ მხარეს, ბორჯომის წყლის ყოველგვარი პერსპექტივა და, აქედან გამომდინარე, იქ, არათუ მესაკუთრე, არამედ ასობით მომუშავე ადამიანი საერთოდ უმუშევარი დარჩეს. თუ, რა თქმა უნდა, ამაზე შესაბამისი სტრუქტურები, მათ შორის, უზენაესი სასამართლო თავიანთ გადამწყვეტ სიტყვას არ იტყვის.
უმთავრესი ეკონომიკური მაჩვენებლით, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპით საქართველო კვლავინდებურად უსწრებს პოსტსაბჭოური სივრცის მეტ წილ ქვეყნებს, თუმცა შარშანდელთნ შედარებით, წელს, ბუნებრივია, ზრდის ტემპი შემცირდა და, წინასწარი მონაცემებით, რომლებიც კიდევ დაზუსტდება, დაახლოებით 7,5 პროცენტს შეადგენს.
ბევრია ეს თუ ცოტა? რა თქმა უნდა, შარშანდელთნ შედარებით, როცა მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპი 11 პროცენტს აღემატებოდა, ტემპი გარკვეულწილად შენელდა.
მაგრამ თავისთავად 7 ან 8 პროცენტი ზრდის ძალიან მაღალი ტემპია. მაგალითად, მე ახლა მახსენდება, სამხრეთ კორეაში, ეგრეთ წოდებულ „სამხრეთკორეული ეკონომიკური სასწაულის“ პერიოდში, 80-იან წლებში ზრდის ტემპი 9-10 პროცენტი იყო და ეს მართლაც სასწაულად და ფანტასტიკურ მიღწევად ითვლება.
ავიღოთ მეორე, სხვა კატეგორიის მაგალითი - ყველას კარგად მოგვეხსენება, რომ ლიბერალებმა და მონეტარისტებმა მხოლოდ იმიტომ აპატიეს გენერალ ავგუსტო პინოჩეტს რამდენიმეწლიანი დიქტატურა, რომ მან უზრუნველყო ჩილეს ეკონომიკური დონის ამაღლების ყველაზე მაღალი ტემპი ქვეყნის ისტორიაში. მე დავინტერესდი და გაირკვა, რომ საუკეთესო წლებში ზრდის ტემპი ჩილეში 6 პროცენტს არ აღემატებოდა, თანაც, ეს ხდებოდა სამხედრო დიქტატურის პერიოდში.
ახლა შეიძლება ბევრი რამ დაგვაბრალონ, მაგრამ დღევანდელი ხელისუფლება რომ დიქტატორული არ არის ამას ყველა აღიარებს. რომელი გაზეთიც უნდა აიღოთ, მიხვდებით, რომ ეს არ არის დიქტატორულ ქვეყანაში გამოცემული გაზეთი. მიუხედავად ამისა, საქართველოს ეკონომიკა მაინც სწრაფად იზრდება.
ვიცი, ოპონენტები უკვე მზად არიან, ასე ვთქვათ, მთავარი არგუმენტის მოსაყვანად: ზრდის ტემპი მაღალია იმის გამო, რომ ათვლის წერტილი იყო მეტისმეტად დაბალი.
მართლაც, 1989-1993 წლების მოვლენათა შედეგად საქართველოს ეკონომიკა, შეიძლება ითქვას, განადგურდა და გაცამტვერდა. ამდენად, თითქოს, ლოგიკურია ის დებულება, რომ ზრდის ტემპი ამიტომაც არის მაღალი. მაგრამ, თუ ყურადღებით შევისწავლით საქართველოს ამ ბოლო სამი წლის ეკონომიკურ ტენდენციებს, ნებისმიერი ობიექტური დამკვირვებელი იმ დასკვნამდე მივა, რომ ძირითადი მაჩვენებლებით ქვეყანა მაინც განუხრელად უახლოვდება 1987-1988 წლების დონეს, თუმცა განსხვავება კვლავ ძალიან დიდია. ზოგიერთ სფეროში კი, მაგალითად, სოფლის მეურნეობის ცალკეულ დარგებში უკვე ამ დონესაც კი გადავაჭარბეთ. თანაც, აუცილებლად გასათვალისწინებელია უმთავრესი განსხვავება დღევანდელ საქართველოსა და საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას შორის, რომელიც ერთიანი ქვეყნის - საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი რეგიონი იყო, კერძოდ, ეკონომიკური თვალსაზრისითაც.
გარდა ამისა, იმდროინდელ საქართველოს ეკონომიკური სტრუქტურა თვისებრივად განსხვავდება დღევანდელობისაგან. შეიცვალა საკუთრებითი ურთიერთობანი, განხორციელდა ძირფესვიანი, საფუძვლიანი სტრუქტურული გარდაქმნა.
რა თქმა უნდა, საყურადღებოა მეორე უმთავრესი მაჩვენებელი: ვიმეორებ, წარმოების ზრდის ტემპი. პირდაპირ უნდა ითქვას, რომ წარმოების დონე დაახლოებით გასული წლის მაჩვენებლის ტოლია. და ასე იქნება ალბათ, საბოლოო მაჩვენებლებით. რა თქმა უნდა, ეს ძალიან ცუდია, მაგრამ მოდით აქაც ვიყოთ ობიექტურნი: გავიხსენოთ რა დატრიალდა საქართველოში 1998 წელს: არნახული გვალვა, რომლის მსგავსი, მგონი, 100 წელია არ ყოფილა. მსოფლიო ფინანსური კრიზისის უძლიერესი დარტყმა, ტერორისტული აქტი პრეზიდენტის წინააღმდეგ, რაც უმალვე, მეორე დღესვე, როგორც იტყვიან, დაეტყო არა მარტო კონკრეტულად გადასახადებს, არამედ მთლიანად ქვეყნის ეკონომიკურ მაჯისცემას, - ბუნებრივია, ეს არ გახლავთ ჩემი სუბიექტური შეფასება. ეს ფაქტია და ძალზე მრავლისმეტყველი ფაქტიც.
გალის სისხლიანი მოვლენები, ათიათასობით ახალი დევნილი... მიუხედავად ყველაფრისა, ვიმეორებ, წარმოება შენარჩუნებულია დაახლოებით გასული წლის დონეზე. თუმცა, 1996-1997 წლებში წარმოების ზრდის ტემპი 10-12 პროცენტი იყო. ყველა მოვლენა მოქმედებს საერთო განწყობაზე და, რა თქმა უნდა, მოქმედებს ეკონომიკის ფუნქციონირების რეალურ და კონკრეტულ შედეგებზე. აქვე მინდა შევნიშნო (ყველა შეიძლება კარგად ვერ ერკვეოდეს ეკონომიკური ტერმინოლოგიის საკითხებში): არ უნდა აგვერიოს წარმოებისა და შიდა ეროვნული წარმოების ზრდის დონე. ეს სულ სხვადასხვა რამ არის.
კვლავ მივმართოთ რეალობას - ცნობილი სიბრძნეა, რომ ყველაფერი შედარებით აღიქმება: 1998 წელს რუსეთში წარმოების დონე 5 პროცენტით შემცირდა. ანალოგიური მდგომარეობაა უმრავლეს პოსტსაბჭოურ ქვეყანაში.
ახლა კი დავაკვირდეთ, რა ხდება, მაგალითად, ტრანსპორტის სფეროში. რის ხარჯზე არის, რომ შიდა ეროვნული პროდუქტი აქ იზრდება. ეს ყველა სფეროს, ყველა დარგს მოიცავს. მოგეხსენებათ, ჩვენი ქვეყნისათვის ეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი, პრიორიტეტული სფეროა: ეკონომიკურ სიძნელეთა მიუხედავად 1998 წლის 11 თვეში ყველა სახეობის საერთო სარგებლობის ტრანსპორტით გადაზიდულია შარშანდელზე 34 პროცენტით მეტი მოცულობის ტვირთი, ხოლო ტვირთბრუნვის მაჩვენებელი 72 პროცენტით გაიზარდა და წლის დამლევისათვის, ალბათ, დეკემბრის მაჩვენებლები კიდევ უფრო მაღალი იქნება. თანაც არავის ეგონოს, რომ აქ მხოლოდ ტრანსპორტის რომელიმე სეგმენტზე ვსაუბრობდეთ - ეს შეეხება ყველა სახეობის ტრანსპორტს: სარკინიგზო, საავტომობილო, საჰაერო და საზღვაო ტვირთზიდვას. ასე ვიტყვი, რომ ზრდის ტენდენციები შენარჩუნებულია მშენებლობაში, რაც ძალიან დიდი იმედის მომცემია. შენარჩუნებულია ვაჭრობასა და სხვა დარგებში. ვაჭრობაში უაღრესად დამაიმედებელი ტენდენციებია.
და, რაც მთავარია: ფინანსური სტაბილურობა, სექტემბრის დამდეგს ფინანსურ ბაზარზე დესტაბილიზაციის შემდეგ თითქმის ყოველდღიურად იკრიბებოდა საგანგებო საფინანსო კომისია პრეზიდენტის თავმჯდომარეობით. ჩვენ უკვე სექტემბერში ვიცოდით, რომ ლარის კურსის ლიბერალიზაცია აუცილებელი იქნებოდა. ძალიან აქტიურად და წარმატებით იმუშავა სახელმწიფო მინისტრმა ვაჟა ლორთქიფანიძემ სხვა კოლეგებთან ერთად, მაგრამ განსაკუთრებით მინდა გამოვყო ეროვნული ბანკი და მისი პრეზიდენტი ირაკლი მანაგაძე, რომელმაც ქვეყნის ხელმძღვანელობასთან ერთად, მსოფლიო საფინანსო ცენტრებთან მუდმივი კონტაქტით იმთავითვე აბსოლუტურად სწორი სტრატეგია და ტაქტიკა აირჩია ჩვენი ეკონომიკისა და ეროვნული ვალუტისათვის უმძიმეს, შეიძლება ითქვას, სამკვდრო-სასიცოცხლო ვითარებაში.
ქართულმა ლარმა, როგორც იტყვიან, ბეწვის ხიდზე გაიარა ჭკვიანური და ზუსტად გათვლილი პოლიტიკის შედეგად, რომელსაც მთლიანად ხელისუფლების ეკონომიკური გუნდი ახორციელებდა ეროვნულ ბანკთან ერთად (უნდა აღინიშნოს ეკონომიკის სამინისტროს კვალიფიციური რეკომენდაციები და პროგნოზები), მოხერხდა უმძიმესი და ურთულესი ეკონომიკური აქციის - ეროვნული ვალუტის ლიბერალიზაციის (ეგრეთ წოდებული „მოძრავი კურსის“) განხორციელება. ასეთ გადაწყვეტილებას ზოგიერთ ქვეყანაში სამოქალაქო ომიც კი მოჰყოლია, ვინაიდან ეროვნული ვალუტის კურსი ერთბაშად ეცემოდა, მაგრამ საქართველოში ვალუტის ლიბერალიზაციას არათუ არ მოჰყვა ეკონომიკურად დამანგრეველი შედეგი, არამედ უკვე გამოჩნდა ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში გაჯანსაღების, ახალი მძლავრი, პროგრესული ტენდენციების პირველი ნიშნები, რაც უწინარესად სწორედ ლარის ლიბერალიზაციას და უმკაცრესი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის განხორციელებას უკავშირდება.
მე არ გამოვრიცხავ, რომ კვლავ შეიძლება მოხდეს ლარის კურსის გარკვეული მერყეობა, არც თუ დიდი ამპლიტუდით, მე ეს მჯერა. მაგრამ მთლიანობაში ლარის კურსი ეკვილიბრიუმს უახლოვდება და ერთი-ორი თვის განმავლობაში ეს უზუსტესი ინდიკატორი წონასწორობის წერტილს მიაგნებს.
მთავარია გავუფრთხილდეთ ამ უდიდეს სიმდიდრეს, ჩვენი სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საყრდენს, სიმბოლოს - ქართულ ეროვნულ ვალუტას - ლარს. აქვე არ შემიძლია არ აღვნიშნო ის განსაკუთრებული დახმარება, რომელიც გაგვიწიეს მსოფლიოს სავალუტო ფონდმა (ის ცხარე კამათი, ჩვენ რომ გვქონდა მათს წარმომადგენლებთან, იყო ძალიან სერიოზული დახმარებაც), მსოფლიო ბანკმა, ევროკავშირმა პირდაპირი ინექციებით, პირდაპირი დახმარებით, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ, ნიდერლანდის სახელმწიფომ და სხვა მრავალმა ორგანიზაციამ და მრავალმა ქვეყანამ. აქვე არ შემიძლია არ შევნიშნო, რომ რაიმე კატასტროფა არ მომხდარა სამომხმარებლო ბაზარზე. ჩვენ გაცილებით მეტ ზრდას ველოდით და უნდა გითხრათ, რომ ფასები ძირითადად შენარჩუნებულია. ამას დიდად შეუწყო ხელი იმან, რომ პურის ფასი არ შეცვლილა ამ დამატებითი ღონისძიების შედეგად, ჩვენ რომ განვახორციელეთ სწორედ ამერიკული ხორბლის წყალობით, და ზოგიერთი სხვა ღონისძიების შედეგად - პურის ქარხნებზე შეღავათების გავრცელება და სხვა. ასე რომ, ძირითადი პროდუქტებისა და სხვა სამომხმარებლო პროდუქციის, საგნების ფასები, ასე ვთქვათ, შედარებით ნორმალურია. თუმცა მერყეობა ყოველდღიურად იგრძნობა.
საახალწლოდ ჩვენს ბაზრებზე რაღაც გაურკვეველი აფეთქება რომ არ მომხდარიყო, ხელისუფლებამ დამატებითი ღონისძიებანი განახორციელა - ჩემი განკარგულებით შეიქმნა საგანგებო კომისია რეგიონული სამსახურის უფროსის ბატონ ბადრი ხატიძის მეთაურობით. დიდ მადლობას მოვახსენებ რეგიონებს, რწმუნებულებს, გამგებლებს, ყველას, ვინც საკმაოდ დიდი რაოდენობით შემოიტანა პროდუქცია დედაქალაქსა და სამრეწველო ცენტრებში. ამან ფასების გარკვეული სტაბილიზაცია გამოიწვია.
ახლა ნამდვილად არა ვარ განწყობილი, ვინმეს საახალწლოდ გუნება გავუფუჭო მწარე საყვედურით, მაგრამ არ შემიძლია არ ვთქვა, რომ იმ სამსახურებს, რომლებსაც ეს ევალებათ და რომლებსაც მე არაერთგზის, კერძოდ, საჯაროდ დავავალე განსაკუთრებული ყურადღება მიექციათ ამ პრობლემისათვის, სამწუხაროდ, ჯერჯერობით ბევრი არაფერი გაუკეთებიათ პრეზიდენტის დავალებისა და თხოვნის შესასრულებლად.
საქმე ეხება ერთადერთ საგადამხდელო საშუალებად ლარის გამოცხადების თაობაზე კანონის აღსრულებას. არა რაღაც ინიციატივას, არამედ კანონის აღსრულებას.
ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, თბილისსა და სხვა ქალაქებში, არა მარტო ბაზრობებზე, არამედ დიდ მაღაზიებშიც, როგორც იტყვიან, გაცხოველებული ვაჭრობა მიმდინარეობს დოლარებზე, შეიძლება ითქვას, ყველა ნივთი, რომელიც 100 დოლარზე მეტი ღირს, მხოლოდ დოლარზე იყიდება და ზოგიერთი გათავხედებული მოვაჭრე ლარს ხელსაც აღარ ჰკიდებს, თანაც, არც არავისი ეშინია და არც ვინმესი ერიდება.
ჩემთვის გაუგებარია, როგორ და რატომ ურიგდებიან ამ მდგომარეობას ისინი, ვისაც კანონის შესრულება ევალება. არადა, ეს ხომ არც ისე რთული დავალება იყო - საკმარისია რამდენიმე ასეთი გათავხედებული მწარედ დაჯარიმდეს, ეს მასმედიის საშუალებით ეცნობოს საზოგადოებას, რომ სხვები ჭკუას ისწავლიან, კეთილს ინებებენ და ყოველდღიურად ან თუნდაც დღეში რამდენჯერმე გადაიანგარიშებენ საქონლის ფასს ლარებზე რეალური კურსის მიხედვით.
თუ ლარი ქართულმა სახელმწიფომ არ დაიცვა, თუ ჩვენ არ დავიცავით, მას სხვა არავინ დაიცვას. ამიტომ სახელმწიფომ მტკიცედ, ისევე როგორც ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში, სადაც ასეთი კანონი მოქმედებს, უნდა აგრძნობინოს გამყიდველს, სახელმწიფომ უნდა აგრძნობინოს სწორედ, რა ეროვნებისაც უნდა იყოს ეს პიროვნება, საიდანაც უნდა იყოს ჩამოსული, ან საიდანაც უნდა ჰქონდეს ჩამოტანილი ის ტელევიზორი იქნება, ვიდეომაგნიტოფონი თუ სხვა ნებისმიერი ნივთი, რომ ეროვნული ვალუტის უგულებელყოფას არავინ არ აპატიებს. ახალი წლიდან ამ მხრივ განსაკუთრებული რეჟიმი იქნება შემოღებული.
ვიცი, შეიძლება ზოგიერთმა თქვას, თითქოს ეს წვრილმანია და პრეზიდენტი ასეთ საკითხებზე არ უნდა ცდებოდეს, მაგრამ, ჯერ ერთი, ეს არ არის წვრილმანი - აქ ლაპარაკია ეროვნული საფინანსო, სამომხმარებლო ბაზრის უცხო ვალუტით გაჯერებაზე, რაც წვრილმანი კი არა საბედისწერო საკითხია. ეს უცხო ვალუტა ბანკებში უნდა იყოს განთავსებული და მაშინ ეს სახელმწიფოს სიმდიდრე და მოქალაქეთა სიმდიდრეც არის.
გარდა ამისა, პრეზიდენტი მართლაც იძულებულია ილაპარაკოს ასეთ თემებზე, ვინაიდან თქვენ კარგად გახსოვთ, რადიომსმენელებსაც ემახსოვრებათ, ჩვენს ინტერვიუებში 4-ჯერ მაინც შევეხე ამ საკითხს. ვფიქრობ, ამ საკითხში ეროვნულმა ბანკმაც, სამართალდამცავმა ორგანოებმა, ადგილობრივმა ადმინისტრაციებმა სავსებით გარკვეული და პრინციპული პოზიცია უნდა დაიკავონ. ყოველ შემთხვევაში, ახალი წელს მაინც.
და ბოლოს, ალბათ, ამით უნდა დაგვეწყო, ვინაიდან ეს მაინც ყველაზე მტკივნეული საკითხია:
შეპირებისამებრ, ახლა თითქმის ყველგან მიმდინარეობს დეკემბრის პენსიებისა და ხელფასების გაცემის პროცესი. ხელისუფლებისა და მართვის ყველა დონეზე მაქსიმალურად უნდა ვიზრუნოთ, რომ იგი ასევე შეუფერხებლად და დროულად დავასრულოთ. კვლავ და კვლავ ყველაფერი დამოკიდებულია საბიუჯეტო სახსრების მოზიდვასა და გადასახადების აკრეფაზე. მდგომარეობა უმჯობესდება, მაგრამ მხოლოდ მომავალი წლის დამდეგი გვიჩვენებს - ეს თვისებრივი, შინაარსობრივი ტენდენციაა თუ ფისკალური წლის დამლევისათვის დამახასიათებელი მომენტი.
არ შეიძლება ჩვენს რადიომსმენელს არ შევახსენო ისეთი მნიშვნელოვანი ობიექტების მშენებლობის დასრულება, როგორიც არის ბაქო-სუფსის ადრეული ნავთობსადენი, სუფსის მართლაც უნიკალური ტერმინალი და მინდა გითხრათ, რომ ამ ნავთობსადენის ტერმინალის მშენებლობისათვის, საბოლოო ანგარიშით, ნახევარ მილიონზე მეტი დოლარი იყო დაბანდებული და ამ სახსრების დიდი ნაწილი ისევ ჩვენს მოსახლეობას მოხმარდა. არ შემიძლია არ გავიხსენო ბათუმის სარკინიგზო ბორანი, რომელიც ასევე დიდი შენაძენია ჩვენი ქვეყნისათვის, თბილსრესის მეათე ბლოკი, რომლის მშენებლობა მთავრდება. დარწმუნებული ვარ, რომ საახალწლოდ, როგორც მინისტრი და სხვა სპეციალისტები აცხადებენ, ეს ბლოკი ჩაერთვება სისტემაში, მანამდე მეცხრე ბლოკი მოწესრიგდება და, ასე თუ ისე, ენერგეტიკული კრიზისი ამ ორი ბლოკის სრული სიმძლავრით ამოქმედების შემდეგ ძირითადად დაძლეული იქნება.
- გასულ შაბათს, საკრებულოს არჩევნების შემდეგ, თქვენ პირველად შეხვდით მოქალაქეთა კავშირს. გაიმართა დარბაზის სხდომა, რომელსაც თქვენც ესწრებოდით. როგორია თქვენი შთაბეჭდილება?
- შთაბეჭდილება ასეთია: უპირველესად აღსანიშნავია, რომ მოქალაქეთა კავშირი კვლავინდებურად ინარჩუნებს უმთავრეს თვისებას, რომელიც მისთვის, ასე ვთქვათ, თანდაყოლილია: იგი აერთიანებს სხვადასხვა სოციალური ფენის და (ამას განსაკუთრებით ვუსვამ ხაზს) სხვადასხვა თაობის ადამიანებს, რომელთაც სურთ აქტიური მონაწილეობა მიიღონ ახალი, დამოუკიდებელი, დემოკრატიული საქართველოს მშენებლობაში. სხვათა შორის, ბევრი ახალი სახეც დავინახე ამ სათათბიროზე.
სათათბიროს შეკრებას სხვა პარტიათა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ატმოსფერო იყო საქმიანი, თვითკრიტიკული და იმავდროულად ოპტიმისტური.
მოქალაქეთა კავშირის წევრთა სულისკვეთება კი (მე ამაშიც დავრწმუნდი) კვლავ ემყარება განსხვავებული აზრის პატივისცემასა და კოლეგიურობას.
საერთოდ ამ შეხვედრამ კიდევ უფრო განმიმტკიცა რწმენა, რომ კავშირს დიდი პოტენციალი, მძლავრი ინტელექტუალური რესურსი აქვს და ნამდვილად ძალუძს ითანამშრომლოს ყველა სხვა პარტიასთან ქვეყნის დამოუკიდებლობისა და დემოკრატიის განსამტკიცებლად. სწორედ ეს იყო, ასე ვთქვათ, სათათბიროს მუშაობის ძირითადი კურსი.
რამდენადმე ადრე შეიმჩნეოდა თავდაჯერებულობის გარკვეული ელემენტები, მაგრამ ამ ნაკლოვანებათა დაძლევა, ისევე როგორც უფრო მასშტაბური თვითწმენდის პროცესი, ყოველდღიური შიდაპოლიტიკური მუშაობის შედეგად უეჭველად შეიძლება და მოქალაქეთა კავშირი დარჩება ყველაზე ძლიერ, ყველაზე მასობრივ დემოკრატიულ ძალად ჩვენს ქვეყანაში.
ჩვენი დევიზია - შენება ერთიანი ძალისხმევით, შენება ერთიანობითა და შეკავშირებით.
ახლა მხოლოდ ორიოდე სიტყვა ამასთან დაკავშირებით, რომ, აი, მოქალაქეთა კავშირი დამარცხდა, ზოგიერთ საკრებულოში სხვა პარტიათა წარმომადგენლები აირჩიეს და სხვა. ეს ამ რთული პოლიტიკური პროცესისადმი პრიმიტიული მიდგომაა. მოქალაქეთა კავშირის მთავარი მიზანი და, კერძოდ საქართველოს პრეზიდენტის უმთვრესი მიზანი ის იყო, რომ თვითმმართველობის არჩევნები გამართულიყო. არჩევნები გაიმართა და ჩვენი მოქალაქეების საკმაოდ კარგი აქტიურობითაც მუნიციპალური არჩევნების პირობაზე. ამასთანავე, „მოქალაქეებმა“ მიიღეს ყველაზე მეტი რაოდენობის ხმები, იმაზე მეტი, ვიდრე წინა საპარლამენტო არჩევნებში. არ არის ეს დამარცხებული პარტია, ხოლო თუ ცალკეულ ქალაქებსა და რაიონებში, იქ, სადაც „მოქალაქეები“ ვერ ახერხებენ კონტაქტის დამყარებას თავიანთ პარტნიორებთან და ოპოზიციონერებს აირჩევენ საკრებულოს თავმჯდომარედ, ამაში მე არავითარ ტრაგედიას არ ვხედავ. ჩვენ უნდა ვისწავლოთ მუშაობა ყველასთან, მათ შორის, ქალაქის მერი არის პრეზიდენტის დანიშნული და პრეზიდენტი მას გადააყენებს მაშინ, როცა საჭიროდ ჩათვლის, ქალაქის გამგებელსაც ეხება იგივე და ამ გამგებელმა და მერებმა უნდა ისწავლონ საკრებულოსთნ მუშაობა მიუხედავად იმისა, თუ ვინ ზის იქ, ვინ არის - „მოქალაქეთა“ წარმომადგენელი თუ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი. მე მგონი, ჩვენ ეს სკოლა უნდა გავიაროთ.
- კიდევ ერთ საკითხზე, თუ შეიძლება, თქვენი კომენტარი. ამ ბოლო დროს, უკვე მეორედ შეხვდნენ დამოუკიდებელი ტელევიზიებისა და გაზეთების წარმომადგენლები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობას. ბოლო შეხვედრამ, როგორც ამბობენ, კონსტრუქციულად ჩაიარა თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ მათ შორის დაიწყო დიალოგი...
- მე ერთმნიშვნელოვნად მივესალმები ქართული მასმედიის წარმომადგენელთა და სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელთა ინიციატივას ასეთი შეხვედრის გამართვასთნ დაკავშირებით.
მივესალმები დიალოგის დაწყებას და ვისურვებდი, რომ ეს სხვა დარგებშიც ყოფილიყოს, რადგან ამით ერთმანეთს ვამდიდრებთ.
განსაკუთრებით აღვნიშნავ ბატონ კახა თარგამაძის კონსტრუქციულ პოზიციას და მის მზადყოფნას, ითანამშრომლოს ჟურნალისტებთან და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან.
რაც მთავარია, ჟურნალისტებიც და სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელებიც შეთანხმდნენ, რომ ქართული სახელმწიფოებრიობისა და დემოკრატიულ ღირებულებათა დაცვის თვალსაზრისით მათი ურთიერთობა პარტნიორულ პრინციპებსა და თანამშრომლობას ემყარებოდეს.
რა თქმა უნდა, პარტნიორობა ამ კონტექსტით სრულიადაც არ ნიშნავს საკუთარ მოვალეობასა და უფლებამოსილებაზე, თავიანთ საზოგადოებრივ და სახელმწიფოებრივ ფუნქციაზე რაიმე თვალსაზრისით უარის თქმას.
ასეთი შეხვედრები, ასეთი დიალოგი მასმედიისათვისაც სასარგებლო იქნება, მაგრამ არანაკლებ სასარგებლო - პოლიციისათვისაც.
საქართველოში მიმდინარეობს სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის ურთულესი პროცესი. მე ერთხელ ვთქვი, რომ ნანგრევები არ არის საუკეთესო მასალა ახალი შენობის ასაგებად, მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ, ზოგჯერ რა საფუძველზე, რა ტრადიციებზე ვაგებთ ამ შენობას, - მაინც ბევრს მივაღწიეთ.
დამოუკიდებელი პრესა, თავისუფალი მასმედია ამ წარმატების ერთ-ერთი უმთავრესი გამოვლინებაა და, ღმერთმა დაგვიფაროს, იოტისოდენადაც დავაყენოთ ეჭვქვეშ პიროვნების, სიტყვის თავისუფლება, მაგრამ ჩემს ახალგაზრდა კოლეგებს, პატივცემულ ჟურნალისტებს (ჩვენი ჟურნალისტიკა, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდაა მსოფლიოში თავისთავადაც და ჟურნალისტთა ასაკითაც) ვთხოვ გაითვალისწინონ, რომ არ არსებობს თავისუფლება პასუხისმგებლობის გარეშე. ამერიკელები ამბობენ (ეს თქვენ ყველას კარგად მოგეხსენებათ) - ჩემი თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც სხვისი თავისუფლება იწყებაო.
აი, ეს უნდა იყოს უმთავრესი პოსტულატი ჩვენთვის სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის პროცესში.
ამავე დროს, მე მივესალმები პოლიციის ძალისხმევას, ისწავლოს და მიეჩვიოს მუშაობას ახალ პირობებში, როდესაც კანონის დაცვა საარსებო მნიშვნელობის საქმეა, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, რომ კანონის დაცვა ხდებოდეს კანონიერი ხერხებით, ადამიანის უფლებათა უზენაესობის პრინციპების შეუვალობით.
პოლიციელებიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან. მათაც აქვთ უფლებები როგორც მოქალაქეებს, როგორც სახელმწიფო მოხელეებს, აქვთ ძალიან მძიმე, უმძიმესი ვალდებულებანი და უმძიმესი პირობები როგორც სახელმწიფოს წარმომადგენლებს.
საქართველო უნდა გახდეს ევროპული ოჯახის წევრი, ევროპის განუყოფელი ნაწილი. მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ევროპული ინტეგრაცია, უპირველეს ყოვლისა, ევროპულ სამართლებრივ სივრცეში ინტეგრაციას ნიშნავს. პიროვნული და სახელმწიფოებრივი ინტერესების ჰარმონიული შერწყმა ევროპული ტიპის დემოკრატიული სისტემის ნორმალური ფუნქციონირების აუცილებელი და უმთავრესი პირობაა.
ვიმედოვნებთ, ასეთი დიალოგი გაგრძელდება და კიდევ უფრო კონსტრუქციული გახდება. ჩემი მხრივ, უახლოეს მომავალში შევხვდები ქართულ მასმედიას. შეიძლება ეს იყოს ხვალ ან ზეგ, მე არ მინდა, რომ ეს იყოს ჩვეულებრივი პრესკონფერენცია წლის შედეგების დეტალური ანალიზით და ასე შემდეგ, არამედ ჩვენ ერთმანეთს გავუზიაროთ ჩვენი შეხედულებანი, მოსაზრებანი ზოგადად ხელისუფლებასა და მასმედიას შორის თანამშრომლობაზე. შარშან ჩვენ გვქონდა ასეთი შეხვედრა, ეს იყო 2 იანვარს, თუ არ ვცდები. მაგრამ, ჩემი აზრით, სჯობს ეს წლის დამლევს გაიმართოს. თუ მწარე რამ უნდა ვუთხრათ ერთმანეთს, ბარემ ახლა მოვითავოთ და ახალ წელს სხვა შეხვედრები გვექნება.
- და, ბოლოს, მთავრდება სახელმწიფო მოხელეთა ქონებრივი დეკლარაციების შევსება. ალბათ, თქვენ შეავსებთ ამ დეკლარაციას და ჩვენს საზოგადოებას ექნება საშუალება გაეცნოს პრეზიდენტის ქონებრივ დეკლარაციას, მის ქონებრივ მდგომარეობას.
- კარგია, რომ მკითხეთ. მე დეკლარაცია, უნდა მოგახსენოთ, კარგა ხანია შევავსე. სხვათა შორის, თარიღიც აქვს დასმული. თან დავურთე საკმაოდ ვრცელი განმარტებანი პრეზიდენტის ქონებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით. მე მზად ვარ, თქვენი დახმარებით, რა თქმა უნდა, თავად გამოვაქვეყნო მომავალ რადიოინტერვიუში (ეს იქნება პირველი რადიოინტერვიუ 1999 წელს) ჩემი ქონებრივი დეკლარაცია, და, რა თქმა უნდა, შევიტან „იმ ორ ჭაბურღილს“, ყაზახეთში რომ მქონდა, თქვენ გახსოვთ ეს.
ამთავითვე უნდა აღვნიშნო, რომ გამოქვეყნდება არა მარტო გასული წლის ქონებრივი ანგარიში, როგორც ამას კანონი მოითხოვს (ესე იგი კანონი მოითხოვს ერთწლიან ანგარიშს), არა557
მედ მთლიანად იმ შემოსავლის წყაროების შესახებ, მთელი ცხოვრების განმავლობაში რომ მქონდა დღემდე, მათ შორის, როგორც ზემოთ ვთქვი, ქონებრივ მდგომარეობას.
რა თქმა უნდა, ჩემი ინიციატივა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ასე მოიქცეს, მე ვალდებული ვარ, პრეზიდენტი ასე უნდა მოიქცეს. ყველამ უნდა იცოდეს, რა აქვს პრეზიდენტს, რა ქონება, რა სიმდიდრე აქვს. თუ ძალიან ღარიბია, ესეც უნდა იცოდეს, დამალული არაფერი არ უნდა იყოს. თუ სხვებიც მიბაძავენ მის მაგალითს, ხომ კარგია და კარგი.
ახლა ის, რომ მე ჩემი ინიციატივით ვაქვეყნებ ამ დეკლარაციას, უფრო სწორად განმარტებას, რომელსაც დეკლარაციას ვურთავ, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ კანონით დადგენილ ფარგლებში დაინტერესებული პირები არ გაეცნონ პრეზიდენტის მიერ დეკლარაციაში წარმოდგენილ მასალებს. ასე რომ, მე მხოლოდ იმათ ვუმსუბუქებ მდგომარეობას, ვისაც სურვილი აქვს, მივიდეს იმ დაწესებულებაში, რომელსაც ქალბატონი ნუნუ თესიანიკოვა ხელმძღვანელობს და რომელმაც საკმაოდ დამაჯერებლად დაიწყო მუშაობა და გაეცნოს არა მარტო ჩემს დეკლარაციას, არამედ სხვის დეკლარაციასაც.
- 1998 წლის ბოლო ინტერვიუა. წინასწარ გილოცავთ ახალ წელს, მრავალს დაესწარით!
- გმადლობთ!
საქინფორმი.
„ჩვენი დევიზია - შენება ერთიანი ძალისხმევით, შენება ერთიანობითა და შეკავშირებით“ : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 28 დეკემბრის რადიოინტერვიუ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 29 დეკემბერი. - N339 (3039). - 1,2 გვ.
![]() |
88 პირთა საძიებელი |
▲ზევით დაბრუნება |
9 ძმა ხერხეულიძე
ა
აბაევი ვასილ
აბაშიძე გია
აბაშიძე ასლანი
აბაშიძე ნარგიზი
აბაშიძე მემედ
აბულაძე თენგიზი
აგლაძე თამაზი
აინშტაინი
ადამია რეზო
ადამიანი პეტროს
აზიკოვი გარი
ათათურქი მუსტაფა ქემალი
ალავიძე იოსები
ალესკეროვი ვალეხ
ალიევი ალი
ალიევი ნატიკ
ალიევი ჰეიდარი
ასათიანი აკაკი (კაკო)
ასანიძე რუბენ
ასმავა რეზო
ამაშუკელი ელგუჯა
ამაშუკელი რეზო
ამბარცუმიანი ვიქტორი
ანანი კოფი
ანთიმოზ ივერიელი
არძინბა ვლადისლავი
აფაქიძე ანდრია
აჯიაშვილი ჯემალი
ბ
ბააზოვი გერცელი
ბაბილაშვილი ჯამლეთი
ბაგრატიონთა დინასტია
ბათიაშვილი გურამი
ბათიაშვილი ელენე
ბეიკერი ჯიმი
ბალგიმბაევი ნურლან
ბაქრაძე კოტე
ბაღაფში სერგეი
ბენორენი (წიწუაშვილი) გერშონი 7
ბერძენიშვილი დევი
ბერძენიშვილი მერაბი
ბერიძე რუსუდანი
ბერეზოვსკი ბორისი
ბეჟანიძე
ბისმარკი ოტო ფონ
ბურჭულაძე ნემო
ბუჩუკური კობა
ბორდიუჟა ნიკოლაი
ბორზოტი მარკო
ბოტა ლივიუ
გ
გაბრიაძე რეზო
გახოკიძე ჯემალი
გიორგაძე იგორი
გიორგაძე თემური
გიორგაძე პანტელეიმონი
გოგიბერიძე მოსე
გოგიტიძე მაგული
გოგებაშვილი იაკობი
გოგოხია რუზგენ
გოგუაძე ვახტანგი
გორბაჩოვი მიხეილი
გელოვანი მირზა
გენერალი ჩხეიძე
გულუა გია
გუგუნავა ნანა
დ
დადიანი ცოტნე
დადიანთა დინასტია
დავით მეფე
დარბინიანი არმენ
დემირელი სულეიმანი
დემირჭიანი დერენიკ
დიმიტრიადი ოდისეი
დოული რობერტი
დოსტოევსკი ფიოდორ
დუმბაძე ნოდარი
ე
ეზრა
ელიავა აკაკი
ელცინი ბორისი
ვან დერ მენსბრუგე ემანუილი
ვ
ვახტანგ გორგასალი
ვევიორსკა მარია მაგდალენა
ვუნდტი ვილჰელმ
ზ
ზატულინი კონსტანტინე
ზოდელავა ივანე (ვანიკო, ვანო)
თ
თამარ მეფე
თარგამაძე კახა
თევზაძე დავითი
თიმაევი აფთი
თოდუა ირაკლი
თოფაძე გოგი
თესიანიკოვა ნუნუ
თუმანიანი ოვანეს (ჰოვანეს)
თუმანიშვილი მიხეილი (მიშა)
თურმანიძე ქეთევანი
თვარაძე რევაზი (რეზი)
ი
ილია II
იმედაშვილი იოსები
იმედაშვილი კობა
ინჯია ფრიდონი
ივანოვი იგორი
იოანე ლაზი
იოსელიანი ავთანდილი
იოსელიანი ჯაბა
კ
კამდესიუ მიშელ
კანტი იმანუილი (ემანუილი)
კარიმოვი ისლამ
კაზარიანცი მელიქ (აზარიანცი)
კაკაბაძე დავითი
კაკუბავა ბორისი
კაცავი მოშე
კახაძე ლადო
კახიძე ჯანსუღი
კეისი უილიამი
კიკაბიძე ვახტანგი (ბუბა)
კირიენკო სერგეი
კუჩმა ლეონიდ
კობუშსა თეო
კომახიძე თეიმურაზი
კონსტანტინე (მელიქიძე) მიტროპოლიტო
კორბო ვირჯილიო
კლინტონი ბილ
კვერნაძე ბიძინა
კვირაია შოთა
ლ
ლებესონ როჯერი
ლეკიშვილი ნიკოლოზი (ნიკო)
ლუგარი რიჩარდი
ლუჟკოვი იური
ლუჩინსკი პეტრე
ლორთქიფანიძე ვაჟა
ლომთათიძე ქეთევანი
მ
მაკაშოვი ალბერტი
მამალაძე ლევანი
მამამთავარი იაკობი
მამისთვალოვი აბრამი
მამისთვალოვ-კეზერაშვილი თამარი
მანაგაძე ირაკლი
მასხადოვი ასლანი
მაღლაკელიძე თამაზი
მაღრაძე დავითი
მიგრანიანი
მიულემანი ერნსტი
მოიზიში ბურკჰარდ
მოლოდინაშვილი ნუგზარი
მორნინგსტარ რიჩარდი
მოსე
მენაღარიშვილი ირაკლი
მერფი დანიელი
მეფე ლაშა გიორგი
მუბარაქი ჰოსნი
ნ
ნაბუქოდონოსორი
ნაზარბაევი ნურსულთანი
ნიაზოვი საფარმურად
ნიკოლაძე ნიკო
ნიკოლეიშვილი ოლეგი
ნიქსონი რიჩარდი
ნეთანიაჰუ ბენიამინი
ნუცუბიძე შალვა
ო
ოკონორი ჯუდი
ონიანი ნატო
ონოფრიშვილი დავითი
ორბელიანთა დინასტია
ორბელიანი გრიგოლი
ორბელიანი სულხან-საბა
ორჯონიკიძე იზა
პ
პაზოტი ჟუზეპე
პერეს დე კუელიარი ხავიერი
პეტერსენსი სორენ-იესენი
პეტროსიანი ტიგრან
პეტრე იბერი
პინოჩეტი ავგუსტო
პოლო მარკო
პრიმაკოვი ევგენი
ჟ
ჟორდანია მერაბი
ჟვანია ზურაბი
რ
რამიშვილი ნინო
რიბკინი ივანე
რიჩარდსონ უილიამი
რიკერტ ჰაინრიხ
რიჟკოვი ნიკოლოზი
როსელი ედუარდი
როსტროპოვიჩი მსტისლავი
რჩეულიშვილი ვახტანგი
ს
სააკაშვილი მიხეილი
საიათნოვა (არუთიუნ საიათიანი)
საიმსი დიმიტრი
საგდეევი როალდ
სალარიძე დავითი
სარაჯიშვილი ვანო
საჯაია ნუგზარი
სოდერბერგ ნენსი
სოლანა ხავიერი
სოლომონ ბრძენი
სეირანია ბენიკ
სესტანოვიჩი სტივენი
სელეზნიოვი გენადი
სერგეევი იგორი
სერდარიანი გევორქი
სკურატოვი იური
სეფიაშვილი ჯემალი
სუგისაკი
სუნდრუკიანი
სპინოზა ბარუხ
სუხიშვილი ილიკო
სტაროვოიტოვა გალინა
სტურუა რობერტი
სტოიანოვი პეტრე (პეტარ)
ტ
ტარში დანიელი
ტბელი აბუსერისძე
ტელბოტი სტროუბი
ტერიანი ვაჰან
ტერენტი გრანელი
ტოლსტოი ლევ
უ
უაითჰედ ჯონ
ურმანისი კარლის
უკლება მიხეილი
უზნაძე დიმიტრი
უჩაძე ზაური
ფ
ფალიაშვილი ზაქარია
ფარაჯანოვი სერგო
ფლავიუსი იოსები
ფოფხაძე ნუგზარი
ფრანჯიალი ფრანჩესკო
ქ
ქარიმოვი ასლანი
ქობალია ლოთი
ქობულაძე სერგო
ქორბოი დენის
ქოჩარიანი რობერტი
ქუთათელაძე ვახტანგი
ყ
ყანჩელი გია
ყაუხჩიშვილი სიმონი
ყარაულაშვილი დოდო
ყარაულოვი ანდრეი
ყიფიანი დიმიტრი
ყიფშიძე ნოდარი
შ
შაიმიევი მინტიმერ
შავიშვილი რეზო
შარაძე გურამი
შირერ ბრუკი
შაშიაშვილი თემური
შევარდნაძე იპოკრატე
შევარდნაძე ნუგზარი
შოთა რუსთაველი
შოშიტაიშვილი ბადრი
შუბლაძე ვაჟა
ჩ
ჩარკვიანი ჯანსუღი
ჩარმიქლი ნურეთინი
ჩერნომიდრინი ვიქტორი
ჩეთინი ჰიქმეთ
ჩიქობავა არნოლდი
ჩუბინაშვილი გიორგი
ჩხეიძე პეტრე
ჩხეიძე ვალერი
ც
ციციშვილი დათო
ძ
ძასოხოვი ალექსანდრე
წ
წერეთელი აკაკი
წერეთელი კოტე
წულეისკირი ნოდარი
წულუკიძე ილია
წმინდა გიორგი
ჭ
ჭავჭავაძე ილია
ჭანტურია გიორგი (გია)
ჭანტურია ლადო
[ჭანტურიშვილი] თეიმურაზ
ჭკადუა ლიდა
ჭკუასელი მიხეილი
ჭოხონელიძე გიული
ხ
ხაბეიშვილი სულიკო
ხატიძე ბადრი
ხაჩატურიანი არამ
ხიმშიაშვილები
ხუხაშვილი გიორგი
ჯ
ჯავახიშვილი მიხეილი
ჯერგენია ანრი
ჯიბუტი მიხეილი
ჯიქია ბონდო
ჰ
ჰაუელი ბადენ
ჰარტმანი ნიკოლაწ
ჰუსერლი ედმუნდ
![]() |
89 ადგილთა საძიებელი |
▲ზევით დაბრუნება |
ა
ადიგენი
ადიღე
აზერბაიჯანი
აზია
ათენი
ალბანეთი
ალანია
არალის ზღვა
არხოტა
ახალქალაქი
ახალციხე
ახლო აღმოსავლეთი
ახმეტა
აფხაზეთი
აფშერონი
ამერიკის შეერთებული შტატები, ამერიკა, აშშ
ანაკლია
ანკარა
ანკარის ესენბოდის აეროპორტი
აჭარა
ბ
ბაბილონი
ბაკურიანი
ბალტიისპირა ქვეყნები, ბალტიის ქვეყნები
ბარალეთი
ბათუმი
ბაქო
ბელორუსია
ბერლინი
ბიზანტია
ბორჯომი
ბრაზილია
ბუდაპეშტი
ბულგარეთი
ბუხარა
გ
გაგრა
გალი
გერმანია
გოლგოთა
გურია
გლდანი
დ
დედოფლისწყარო
დიდი ბრიტანეთი
დუნაისპირა ქვეყნები
დუშეთი
ე
ეგვიპტე
ერაყი
ერევანი
ევროპა
ვ
ვაშინგტონი
ვენა
ვლადივოსტოკი
ვლადიკავკაზი
ზ
ზანავი
ზესტაფონი
ზუგდიდი
თ
თათრეთი
თელავი
თელ-ავივი
თურქმენეთი
თურქეთი
თუშეთი 389
ი
იალტა
იაპონია
იერუსალიმი
იმერეთი
ინგლისი
ინდონეზია
ირანი
ისრაელი
იტალია
კ
კარწახი
კახეთი
კავკასია
კაშგარი
კოდორის ხეობა
კორეა
კონსტანცა
კუმურდო
ლ
ლაგოდეხი
ლატვია
ლეჩხუმი
ლეძაძამე
ლისაბონი
მ
მალაიზია
მარნეული
მარტვილი
მაჩაბლის ქუჩა
მდინარე ხრამი
მესხეთ-ჯავახეთი
მესტია
მინსკი
მოლდოვა, მოლდოვეთი, მოლდავეთი
მოსკოვი
მთიანეთი
მცხეთა
მცხეთა-მთიანეთი
ნ
ნინოწმინდა
ნიდერლანდი,ნიდერლანდები
ნიუ-იორკი
ნოვოროსიისკი
ო
ორსანტია
ოკამი
ოსეთი
ოში
ოჩამჩირე
პ
პალესტინა
პლოვდივი
პოლონეთი
ჟ
ჟენევა
რ
რაჭა
რაჭა-ლეჩხუმი
რუსეთი
რუსთავი
რუსთაველის პროსპექტი
რუმინეთი
ს
საბერძნეთი
საგარეჯო
სართიჭალა
საფრანგეთი
სამარყანდი
სამეგრელო
სამტრედია
სამცხე-ჯავახეთი
სამხრეთ კორეა
სანგაჩალი
სანქტ-პეტერბურგი
საჩხერე
სენაკი
სერახსი
სინაის მთა
სინგაპური
სიონი
სვანეთი
სვერდლოვსკის ოლქი
სოლოლაკი
სომხეთი
სოხუმი
სოფია
სუფსა
სტამბოლი
სხალთა
ტ
ტაბახმელა
ტაშკენტი
ტყიბული
უ
უზბეკეთი
უკრაინა
ფ
ფაზისი
ფოთი
ფშაველი
ფსოუ
ქ
ქართლი
ქვემო ქართლი
ქუთაისი
ღ
ღაზის სექტორი
ყ
ყაზახეთი
ყაზბეგი
ყარაბაღი
ყირიმი
შ
შავი ზღვა
შატილი
შიდა ქართლი
შვეიცარია
ჩ
ჩილე
ჩინეთი
ჩრდილოეთ ოსეთი
ც
ცაგერი
ცაიში
ცენტრალური აზიის ქვეყნები
ცხინვალი
წ
წერაქვი
წინანდალი
წითელი ხიდი
ჭ
ჭიათურა
ხ
ხაშური
ხევი
ხევსურეთი
ხონი
ხმელთაშუა ზღვა
ხმელთაშუა ზღვის ქვეყნები
ხულგუმო
ხულო
ჯ
ჯვრის მონასტერი
ჯიხაშკარი
![]() |
90 საგნობრივი საძიებელი |
▲ზევით დაბრუნება |
9 აპრილის ტრაგედია
ა
„აბრეშუმის გზა“
„აგვისტოს პუტჩი“
აკაკი ელიავას რაზმი
ამერიკის ებრაელთა გაერთიანებული კომიტეტი „ჯოინთი“
არგონავტები
აფხაზეთის კონფლიქტი
აფხაზეთის უმაღლესი საბჭო
ბ
ბავშვის უფლებათა კონვენცია
ბაქოს დეკლარაცია
ბიბლეისტიკი
ბიბლია
ბისეკი
ბოლშევიკები
გ
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, გაერო
გაეროს 1951 წლის კონვენცია
გოლგოლთის გზა
დ
დსთ
ე
„ევრაზიის ხიდი“
ემანუილ კანტის პრემია
ეთნიკური წმენდა, ეთნოწმენდა
ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა პაქტი
ევრაზიის დერეფანი
ევრობანკი
ევროკავშირი
გ
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, გაერო
გაეროს 1951 წლის კონვენცია
გოლგოლთის გზა
დ
დსთ
ე
„ევრაზიის ხიდი“
ემანუილ კანტის პრემია
ეთნიკური წმენდა, ეთნოწმენდა
ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა პაქტი
ევრაზიის დერეფანი
ევრობანკი
ევროკავშირი
ეუთო
ზ
ზვიადისტები
თ
თორამცოდნეობა
ი
იუდაიზმი
იუნესკო
იმპორტი
ისრაელის სპეცსამსახური (მოსადი)
ლ
ლეიბორისტები
ლისაბონის სამიტი
მ
მეორე მსოფლიო ომი
მსოფლიო ბანკი
მხედრიონი
ნ
ნატო
ნიქსონის პრემია
ო
ონასისის სახელობის პრემია
ოცდაოთხი წლის აჯანყება
ჟ
ჟენევის პროცესი
ს
საგადასახადო ინსპექცია
საერთაშორისო სავალუტო ფონდი
საქართველოს მეცნიერებათა აკადემია
სახარება
სახალხო დამცველის ინსტიტუტი
სამოქალაქო ომი
სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პაქტი
სავალუტო ფონდი
სარახსის ხელშეკრულება, სარაქსის ხელშეკრულება, სარაჰსის ოთხთა შეთანხმება
საპატრიარქოს სასულიერო აკადემია
სოციალისტები
სსრ კავშირი, საბჭოთა კავშირში
ტ
ტერორისტული აქტი
ტრასეკას პროექტი
უ
უოტერგეიტის სკანდალი
ქ
ქალთა უფლებების კონვენცია
ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ასოციაცია
ქართულ-ოსური კონფლიქტი
ქრისტიანობა
ყ
ყარაბაღის კონფლიქტი
შ
შინაგან საქმეთა სამინისტრო
შოთა რუსთაველის სახელობის საზოგადოება
ც
ცივი ომი
ძ
ძველი აღთქმა
წ
წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება
ჯ
ჯვაროსნული ომი
ჯიხაშკარის მოვლენები