The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ევროპა როგორც მასწავლებელი (EUROPE AS A TEACHER)


ევროპა როგორც მასწავლებელი (EUROPE AS A TEACHER)


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი საქართველო და ევროპა
თარიღი: 2017
აღწერა: Europe in the 19th-Century Georgian Press; Tbilisi, 2017 ევროპა XIX საუკუნის ქართულ პრესაში; თბილისი, 2017 რედაქტორები: გიორგი საბანაძე, ემზარ ჯგერენაია წინასიტყვაობა: გიორგი საბანაძე, ემზარ ჯგერენაია გამოცემაზე მუშაობდნენ: ნინო გედენიძე, ხათუნა დავითური, თეა კენჭოშვილი, ნანა მაჭავარიანი,ლია ქარდავა, დაკაბადონება, შალვა პაპალაშვილი ყდაზე: ზ. ვალიშევსკი. ევროპელი და კავკასიელი. დაცულია შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში. ფოტო: საქართველოს ეროვნული მუზეუმი. პროექტი დაფინანსებულია ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ მიერ. ტექსტისა და კომენტარების ავტორების მიერ გამოხატული შეხედულებები, მოსაზრებები და განაცხადები მხოლოდ მათ ეკუთვნით და არ გამოხატავს ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ მოსაზრებებს. შესაბამისად, ფონდი მასალის შინაარსზე პასუხს არ აგებს. © 2017 Nova Societas ISBN: 978-9941-27-545-6



1 გიორგი საბანაძე, ემზარ ჯგერენაია - ევროპა როგორც მასწავლებელი

▲back to top


ევროპია არის ლამპარი მთელი ქვეყნისა,
განმანათლებელი კაცის გონებისა, მეცნიერება
მოსწავლეთა, სიბრძნე გამგეთა და
სიკეთილე კაცობრიობისა.1

1999 წლის 27 იანვარს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ზურაბ ჟვანიამ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე, რომელზეც მხარი დაუჭირეს საქართველოს ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებას, თქვა: „მე ბედნიერი და ამაყი ვარ იმით, რომ სწორედ ჩვენს თაობას ხვდა წილად პატივი აქ, ევროპის სასახლის ტრიბუნიდან წარმოეთქვა ქართულად ეს რამდენიმე სიტყვა: მე ვარ ქართველი, მაშასადამე, მე ვარ ევროპელი.“2 ამ ფრაზას, რომლის წარმოთქმის „პრივილეგია“3 წილად ზურაბ ჟვანიას ხვდა, ამზადებდნენ მეცხრამეტე საუკუნის ქართველი დამკვირვებლები.

თანამედროვე ქართველები ეჭვის თვალით და კრიტიკულად განიხილავენ ზურაბ ჟვანიას ამ ფრაზას და მას ხშირად, სრულებით არარეფლექსურად უპირისპირებენ კომუნისტურ ეპოქაში ფორმირებული ნაციონალიზმის რიტორიკას, რომლის მთავარი შემადგენელი ევროპეიზაციის ზეგავლენით ნაციონალური იდენტობის („ქართველობის“) დაკარგვის შიშია. ამიტომ სულაც არ არის გასაკვირი, როცა სოციალურ ქსელებში და ყოველდღიურ საუბარში არცთუ იშვიათად მოისმენ ან წაიკითხავ ზურაბ ჟვანიას ცნობილი წინადადების ასეთ ვერსიას: „მე ვარ ქართველი და არავითარი მაშასადამე.“ ამ გამონათქვამს ერთგვარი პოპულარობა და თანამედროვე ქართველების ერთი ნაწილის წინააღმდეგობა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციასთან მხოლოდ იმით უნდა აიხსნას, რომ ისტორიულ ვითარებათა გამო დავიწყებას მიეცა მეცხრამეტე საუკუნემდე და განსაკუთრებით მეცხრამეტე საუკუნის ქართველი მოღვაწეების შრომა ევროპული კულტურის მიღწევების ასათვისებლად.

ის, რომ თაობებს შორის კავშირი გაწყდა და ერთი თაობის მიერ შექმნილი კულტურული მემკვიდრეობა მეორე თაობას არ გადაეცა, არის მიზეზი იმისა, რომ თანამედროვე ქართველს ევროინტეგრაცია და ევროპული ღირებულებების ათვისებისკენ მოწოდება პოლიტიკური კონიუქტურით ნაკარნახევ მტრულ გამონაგონად ეჩვენება. სწორედ თაობებს შორის კავშირის გაწყვეტის გამო მუდამ ბარბაროსებივით ხელახლა გვიხდება „აღმოჩენა“ და გახსენება იმისა, რაც ოდესღაც ჩვენს წინაპრებს შეუქმნიათ. ეს ვითარება კულტურულ მეხსიერებაში წყვეტის შედეგია და იწვევს „ახალი“ იდეებისადმი ქართველების უნდობლობას. არადა „ქართული კულტურის ევროპული CV“4 მეცხრამეტე საუკუნემდე ბევრად ადრე გაჩნდა, ხოლო მეცხრამეტე საუკუნის ინტელექტუალურმა მოძრაობამ ამ CV-ის უზარმაზარი კორპუსი შექმნა. ჩვენი კულტურისთვის დამახასიათებელ თაობათა შორის მეხსიერების ამდაგვარ წყვეტას ისტორიული ვითარება განაპირობებდა:

I. ქართლ-კახეთის სამეფოს და შემდეგ კი ოდესღაც ერთიანი ფეოდალური საქართველოს ცალკეული ფეოდალური ერთეულების რუსეთთან შეერთების, ხოლო 1918-1921 წლის დამოუკიდებელი საქართველოს ბოლშევიკური რუსეთის მიერ ანექსიის შემდეგ ქართულ ისტორიოგრაფიაში პოლიტიკური კონიუქტურის ზეგავლენით ჩამოყალიბდა მოსაზრება, რომ საქართველოს რუსეთთან შეერთება იყო ერთადერთი ალტერნატივა ჩვენი ქვეყნის გადარჩენისათვის. ზემოთქმულის დადასტურებაა ედუარდ შევარდნაძის სიტყვები, რომელიც მან 1983 წელს წარმოსთქვა: „დღეს ვაქებ-ვადიდებთ დიდ, გენიალურ რუს ხალხს, ვადიდებთ მას იმიტომ, რომ სწორედ რუსი ხალხის მეოხებით 200 წლის წინათ ქართველმა ხალხმა თავიდან აიცილა ფიზიკური მოსპობის საფრთხე. რუსი ხალხის მეშვეობით, უცხოელ დამპყრობთა წინააღმდეგ რუსეთის ძლევამოსილი ომების შედეგად ძირითადად აღდგა საქართველოს ისტორიული საზღვრები. რუსი ხალხის მეოხებით დაიწყო ქართველი ერის კონსოლიდაციის ინტენსიური პროცესი, ერისა, რომელიც ეკონომიკური და კულტურული აღორძინების გზას დაადგა. დიდი რუსი ხალხის, რუსეთთან ერთიანობის მეოხებით საქართველო ეზიარა რუსეთის განმათავისუფლებელ მოძრაობას, მისი მეშვეობით კი ევროპულ კულტურას.“5 ედუარდ შევარდნაძის ეს სიტყვები დღეს შეიძლება ირონიის საგანი იყოს, მაგრამ ის ამავე დროს არის ქართველების ტრაგიკული ისტორიის ერთ-ერთი გამოხატულება. მთელი ქართული საბჭოთა ისტორიოგრაფია, რომელიც პოლიტიკურ ცენზურას იყო დაქვემდებარებული, შევარდნაძის ამ სიტყვებს ირეკლავდა. ისტორიისა და ლიტერატურის სასკოლო სახელმძღვანელოები ახლაგზრდა თაობას იმ შეგნებას უნერგავდა, რომ თუ არა რუსეთი, საქართველო გეოგრაფიულად და დემოგრაფიულად არსებობას შეწყვეტდა. კომუნისტურმა სისტემამ და ამ სისტემის გავლენის ქვეშ მოქცეულმა ქართულმა სოციალურმა აზრმა მეცხრამეტე საუკუნის პროევროპულ მემკვიდრეობას, მისი შემდგომი თაობისათვის გადაცემას და განვითარებას საშუალება არ მისცა და ქართველების ევროპისაკენ სწრაფვა ქართული სოციალური აზრისთვის მარგინალურ საკითხად აქცია. ამ ვითარებამ საქართველოს ევროპის მიმართ ნიჰილიზმის გაღვივებას შეუწყო ხელი. პოეტ მუხრან მაჭავარიანის ლექსი „საბა“6 საქართველოს ევროპული გზის მიმართ ამ ნიჰილიზმის ამბივალენტური დადასტურებაა, სადაც საქართველოს ევროპასთან პოლიტიკური ურთიერთობა ევროპისათვის უმნიშვნელო და საქართველოსთვის ილუზორულ პერსპექტივად არის წარმოდგენილი. მეტაფორულად პოეტმა ეს ასე გამოხატა: „საფრანგეთს ვთხოვოთ:/გვიშველისო,/- სასაცილოა!/შენი ვახტანგი/ლუდოვიკოს/ ფეხზე ჰკიდია.“ ამ ლექსში გამოთქმული ევროპის საქართველოსადმი დამოკიდებულების ტოლფას გამონათქვამს თანამედროვე საქართველოშიც გავიგონებთ. დღესაც ხშირად გვესმის ნიჰილისტური ფრაზა „ჩვენთვის დასავლეთი რუსეთს ომს არ დაუწყებს“. დიპლომატიურ ენაზე რუსეთის მიმართ გამოთქმული ევროპელი პოლიტიკოსების ფრაზები, როგორიცაა „შეშფოთებულები ვართ რუსეთის აგრესიული მოქმედებით“, თანამედროვე ქართველს მუხრან მაჭავარიანის ლექსის განწყობისკენ აგზავნის.

II. საქართველოს პირველ რესპუბლიკას (1918-1921) კავშირი არ დაუკარგავს მეცხრამეტე საუკუნის ქართველი ინტელექტუალების ევროპულ იდეებთან. შეიძლება ითქვას, რომ პირველმა რესპუბლიკამ მეცხრამეტე საუკუნეში გამოთქმულ ამ იდეებს პოლიტიკური ხორცი შეასხა და დამოუკიდებელ საქართველოს მიზნად ევროპულ ოჯახში ინტეგრაცია დაუსახა. ამაზე მკაფიოდ მეტყველებს ნოე ჟორდანიას სიტყვები: „და რამდენად უმოწყალო, შეუბრალებელი იყო ბარბაროსული აზიის მხრით ჩვენს ხალხზე თავდასხმა, იმდენათ მასში მაგრად იდგამდა ფესვებს ევროპიული კულტურისადმი მისწრაფება.“7 „მთელი ჩვენი მეცადინეობა მე-16 საუკუნიდან მიმართულია დასავლეთის დაახლოვებისაკენ. ჩვენ იქ ვეძებდით და ვეძებთ წყაროს თავისუფლებისა და კულტურისა და მაშასადამე, ჩვენს შორის არ შეიძლება იყოს შუღლი და მტრობა.“8 „ჩვენ დღეს შეგვიძლიან შევიდეთ ევროპიულ ხალხთა ოჯახში პირდაპირ სრულიად უშუამავლოდ. დღეს ჩვენ უკვე ამ გზაზე ვართ და ჩვენ ჩვენის ნებით არ გადაუხვევთ“.9 „ჩვენი დღევანდელი ცხოვრება და მომავალი გზა-კვალი მჭიდროთ, უშუამავლოთ გადაეჯაჭვა დასავლეთს და ამ კავშირის გაქარწყლება არ ძალუძს არავითარ ძალ-ღონეს. ...მთელმა ევროპამ განურჩევლათ პარტიისა და კლასისა, ერთხმათ გვითხრა: კეთილი იყოს შენი დაბადება, კეთილი იყოს შენი მობრძანება და ჩვენ გვმართებს ეს ერთსულოვანი კურთხევა გავამართლოთ საქმით - გავხდეთ ნამდვილი ევროპიელი. როგორც ხედავთ საქართველოს და რუსეთის გზები აქაც გაიყარენ, ჩვენი გზა მიდის ევროპისაკენ, რუსეთის კი აზიისაკენ.“10

სრული თავდაჯერებულობით შეიძლება ითქვას, რომ პირველი რესპუბლიკის უკიდურესად პროევროპული ღირებულებები მეცხრამეტე საუკუნეში შემუშავებული ფორმულებისა და ნარატივის ლოგიკური გაგრძელებაა. ეს ნარატივი ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის შემდეგაც ბჟუტავს და საერთოდ არსებობას წყვეტს 1930-იანი წლების სტალინური ტერორის შემდეგ. 1937 წლის წითელი ტერორი, თუ მერაბ მამარდაშვილის ცნებას გამოვიყენებთ, შეიძლება განვიხილოთ, როგორც „ანთროპოლოგიური კატასტროფა“11, რომ ლის შედეგი სწორედ მეცხრამეტე საუკუნის მემკვიდრეობის ერთ ნაწილთან, კერძოდ, პროევროპულ, ჰუმანისტურ-ლიბერალურ იდეებთან კავშირის სრული გაწვეტაა. შეიძლება ითქვას, რომ 1937 წლის ტერორის კულტურული და სოციალური შედეგები თანამედროვე ქართულ საზოგადოებაში ჯერ კიდევ საკმარისად არ არის შესწავლილი. სწორედ იოსებ სტალინის მმართველობის წლებში იგება კონცეფცია და ყალიბდება შეხედულება, რომლის კვინტესენციასაც ედუარდ შევარდნაძის 1976 წელს საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის XXV ყრილობაზე წარმოთქმული სიტყვა წარმოადგენს: „ამხანაგებო, საქართველოს მზიურ ქვეყანას უწოდებენ, მაგრამ ჩვენი ჭეშმარიტი მზე აღმოსავლეთიდან კი არა, ჩრდილოეთიდან, რუსეთიდან ამობრწყინდა, ამობრწყინდა ლენინური იდეების მზე, საქართველო სამხრეთის თბილი რესპუბლიკაა, მაგრამ ჭეშმარიტი სითბო ჩვენთან შემოვიდა ჩრდილოეთიდან, დარიალის ხეობიდან. იგი - ლენინური იდეების სითბო - ჩვენთან მოვიდა ისტორიული საქართველოს სამხედრო გზით, რუსეთ-საქართველოს გზით“.12 ეს ასტრონომიული მეტაფორა - „მზე ჩრდილოეთიდან ამოდის“ - და „მზიანი საქართევლო“ - მეტროპოლიის მიერ კოლონიისათვის შერქმეული მეტსახელი - ამავდროულად იმ კულტურული წყვეტის მეტაფორული გამოხატულებაა, რომელმაც მეცხრამეტე საუკუნის ჩვენი პროევროპული მემკვიდრეობა „კულტურულ არაცნობიერში“ გადაასახლა. ამ გადასახლებას სხვაგვარად შეიძლება სრული და თავისუფალი ადამიანის განდევნა და მარტივი ჰომო სოვიეტიკუსის გამოყვანა დავარქვათ. პროკრუსტეს სარეცელზე დაწვენილი სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების პირმშო ჰომო სოვიეტიკუსი „ბრტყელი“ ადამიანი იყო, რომელსაც მხოლოდ ერთი სხეული გააჩნდა - მუშა სხეული; მხოლოდ ერთი იდეოლოგია ჰქონდა - მარქსიზმ-ლენინიზმი. მას არ ჰქონდა ინდივიდუალური მეხსიერება, მისი მეხსიერება მხოლოდ საბჭოთა სახელმწიფოს იდეოლოგიით იყო გაჟღენთილი. შესაძლებელია, სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ თანამედროვე ქართველს ხშირად უჭირს ყოველდღიური ცხოვრების მრავალფეროვნების მიღება და განსხვავებული იდენტობების მატარებელი ადამიანებისათვის საჯარო სივრცეში ადგილის დათმობა.

1937 წელს ადამიანებს წააჭრეს წინა თაობების მემკვიდრეობა და მეხსიერება და ამ მეხსიერების მატარებელი ადამიანების დიდი ნაწილი ფიზიკურად გაანადგურეს. თანამედროვე პოსტსაბჭოთა ადამიანის ცინიზმი და ევრონიჰილიზმი წინა თაობებთან კავშირის გაწყვეტითაა განპირობებული. ამიტომ არის „მეხსიერებაწაჭრილი“ პოსტსაბჭოთა ადამიანისთვის გაუგებარი, დაუჯერებელი, მიუღებელი, ქილიკისა და ირონიის საგანი ჟვანიას სიტყვები „მე ვარ ქართველი, მაშასადამე, მე ვარ ევროპელი.“ თუნდაც ჟვანიას ამ სიტყვების უკან მეცხრამეტე საუკუნის ქრესტომათიული ავტორი ან თუნდაც წმინდანი იდგეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჯერ კიდევ საბჭოთა კონტექსტის ნაწილი ვართ და ჩვენი საბჭოთამდელი კულტურული მემკვიდრეობა ჩვენი თვითობის ნაწილი არ გამხდარა. ჩვენ დავკარგეთ ჩვენივე თავი და ახლა ვცდილობთ მის პოვნას.

საბჭოთა სისტემამ ადამიანებს წააჭრა არა მხოლოდ მეხსიერება და ასტრონომიული წარმოდგენები პოლიტიკური მითოლოგიით შეუცვალა, არამედ სივრცეში მოძრაობა და გადაადგილებაც შეუზღუდა და ის მხოლოდ გარკვეული მიმართულებით წარმართა. საქართველოს, როგორც ზემოთ აღინიშნა, ეს მიმართულება ხმელეთით - საქართველოს სამხედრო გზით - განესაზღვრა, ხოლო ზღვისკენ გახედვა და ზღვით სარგებლობა საერთოდ შეეზღუდა. ამ შეზღუდვის შედეგია ზღვისადმი სრული სიბრმავე, ზღვის იგნორირება, ზღვის ვერდანახვა. არადა, მეცხრამეტე საუკუნის ქართველი დამკვირვებლები ზღვას როგორც ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ალტერნატიულ გზას, სატრანსპორტო საშუალებას განიხილავენ. ისინი იწყებენ მსჯელობას ზღვაზე როგორც ევროპასთან კავშირ-ურთიერთობის საშუალებაზე და კრიტიკულად განიხილავენ ზღვისადმი ქართველების ისტორიულად არსებულ დამოკიდებულებას. „ყველა იმ ხალხებისათვის, რომელნიც ზღვის ნაპირას დგანან, ზღვა დაუფასებელ საუნჯეთ ყოფილა. ადამიანის დაარსებიდამვე შენიშნულია, რომ ყველაზე ადრე ის კაცი და ის ხალხი განათლებულა და გამდიდრებულა, რომელიც ზღვის ნაპირას ცხოვრობდა. სხვათა შორის, ზღვას მიუცია იმათთვის სხვა ხალხებთან მისვლა-მოსვლისა და ვაჭრობის გამართვის სახსარი, - და ეს პირველი საშუალებაა ხალხის წინ მსვლელობისა, განათლებისა.

რაში გამოვიყენეთ, როგორ ვისარგებლეთ ჩვენ შავი ზღვითა? დაუახლოვდით ჩვენ განათლებულ ხალხებს? ჩვენ მოძმე ხალხებთან, ამ ზღვის ნაპირას მცხოვრებლებთან, მაინც თუ გვქონდა მისვლა-მოსვლა და ცნობა? იქნება ის სიმდიდრე მაინც გამოვიყენოთ, რომელიც ზღვაშია? არც ერთი, არც მეორე, არც მესამე. ჩვენს ქვეყანას გარდა, თუ სხვა ხალხი და სხვა საუკეთესო ცხოვრება იყო, ჩვენ ხეირიანათ არც კი ვიცოდით; ჩვენი მეზობლები თუ ჩვენი ძმები იყვნენ და ისინი გამოგვადგებოდნენ გაჭირვების ჟამს, ამაზე ვინ ჰფიქრობდა! შავ ზღვაში თევზის დაჭერა და სხვა ათასი ზღვაში მყოფი ნივთების და ცხოველების გამოყენება ვის მოსდიოდა თავში!“13 ზღვისადმი ეს პრაგმატული დამოკიდებულება იკარგება საბჭოთა ეპოქაში, რადგან ზღვა ხდება პოლიტიკური საზღვარი საბჭოთა კავშირსა და მსოფლიოს სხვა ხალხებს შორის; და საქართველოს, როგორც სსრკ-ის შემადგენელ ერთ-ერთ რესპუბლიკას წართმეული აქვს საგარეო პოლიტიკის წარმართვის ყოველგვარი უფლება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ზღვა, რომელიც შეიძლებოდა კავშირ-ურთიერთობების საშუალება ყოფილიყო, კიდევ ერთხელ კარგავს თავის ფუნქციას. პოსტსაბჭოთა დამოუკიდებელი საქართველოს მთვრობას ორი ამოცანა ჰქონდა: მას ერთდროულად უნდა დაეძლია ცარისტული და ბოლშევიკური რუსეთის მემკვიდრეობა და ამიტომაც სულაც არ არის შემთხვევითი „ვარდების რევოლუციის“ მთავრობის სურვილი, ეს ზღვასთან დაახლოვებით მოეხერხებინა. ამ კოლონიური მემკვიდრეობის დაძლევის მიზნით ვარდების რევოლუციის მთავრობა იწყებს ბათუმისა და მთელი შავი ზღვის სანაპირო ზოლის აქტიურ ათვისებას და ქართულ საზოგადოებას სთავაზობს ახალ პროექტს - ლაზიკას, რომელიც პოსტსაბჭოთა ქართველმა არ გაიზიარა, რადგან პროექტის მნიშვნელობის აღქმაში მას ხელი შეუშალა ცნობიერებიდან ჯერ კიდევ ვერგანდევნილმა ხმელეთის, ანუ რუსეთის, გზის უალტერნატივობის კონცეფციამ.

კრებულის „ევროპა როგორც მასწავლებელი“ მიზანი სწორედ ის არის, რომ მეცხრამეტე საუკუნის ქართველი დამკვირვებლების „დავიწყებული“, საბჭოთა სისტემის მიერ რეპრესირებული პროევროპული მემკვიდრეობის გამოცემით ერთგვარად ხელი შევუწყოთ ამ მეხსიერების თანამედროვე საქართველოს მოქალაქეების თვითცნობიერებაში და შეგნებაში დაბრუნებას.

***

ჩვენი კვლევის საგანი - მეცხრამეტე საუკუნის ქართული პრესა - დისკურსულად უაღრესად მრავალფეროვანია. მასში ჩვენ ვიპოვით უკიდურესად და ზომიერად პროევროპულ, პრორუსულსა თუ ეთნოცენტრისტულ დისკურსებს (ცხადია, მემარჯვენე-მემარცხენე დისკურსების გასწვრივ), მაგრამ ყველაზე თანმიმდევრული, დამაჯერებელი და არგუმენტირებული არის პროექვროპული დისკურსი, რომელიც უფრო ეფექტურია თვითშემეცნების და ქართველების მდგომარეობის შეფასების თვალსაზრისით. სწორედ პროევროპული დისკურსით ხდება საკუთარ თავზე დაკვირვების ინტენსიფიკაცია.

მეცხრამეტე საუკუნის ქართველმა დამკვირვებლებმა ევროპულ ღირებულებებზე, ცხოვრების ევროპულ წესზე, ევროპულ განათლებაზე, ევროპულ სამეურნეო ცხოვრებაზე, ევროპული სახელმწიფოების პოლიტიკურ მოწყობაზე დაკვირვებით შეძლეს ქართველების მსოფლმხედველობრივი, ყოფითი და სხვა სახის პრობლემების იდენტიფიკაცია და მათი გადაჭრის გზების დასახვა. მეცხრამეტე საუკუნის ქართველი დამკვირვებლებისათვის ევროპა წარმოადგენს არა მხოლოდ მასწავლებელს, არამედ ერთგვარ სარკეს, რომელიც საქართველოს და მთელი კაცობრიობის მომავალსაც ირეკლავს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, განვითარების ევროპული მოდელები ქართველ დამკვირვებელს „უნივერსალური მნიშვნელობისა და ვარგისიანობის“14 მქონე მოდელებად მიაჩნია; ამასთან ერთად, ევროპული კულტურის მიღწევების საკუთარი კულტურის მიღწევებთან შედარებით ქართველი დამკვირვებლები იმეცნებენ საკუთარ თავს და განსაზღვრავენ, თუ სად იმყოფებიან ისტორიული განვითარების გზაზე. დღეს, შესაძლოა, არც თუ ისე პოლიტკორექტულია ერთი კულტურა მეორე კულტურასთან შეფასებითად შევადაროთ და ვთქვათ, რომ ერთი მეორეს სჯობს, ერთი უპირატესობს მეორეზე, მაგრამ მეცხრამეტე საუკუნის ქართველი დამკვირვებლები, იშვიათი გამონაკლისის გარდა, აღიარებენ ევროპული კულტურის წინწასულობას და საქართველოს ევროპასთან მიახლოება, ევროპულ კულტურას დამსგავსება სრულებით შესაძლებლად და, მეტიც, გადაუდებელ ამოცანად მიაჩნიათ. ამ შესაძლებლობის საფუძველს ისინი ხედავენ იმაში, რომ (1) საქართველო ყოველთვის იყო ევროპული ცივილიზაციის ნაწილი და (2) ამ ცივილიზაციასთან ჩამოშორება, მასთან კავშირის გაწყვეტა საქართველოს არჩევანი კი არ იყო, არამედ ჩვენი ევროპასთან დაშორება ისტორიულმა და გეოპოლიტიკურმა ვითარებამ განაპირობა. „ვინიცობაა, თუ ჩუენს მამაპაპათ ევროპიელებთან მეზობლობა ექნებოდათ, მაშინ შეიძლება ყუელას დარწმუნება, რომ ქართუელები ავდენის ძვირფასის ნიჭიერებით სავსენი არიან: დიდი განათლება იქნებოდა ჩუენს ქუეყანაში, მაგრამ ვინ აღუდგება წინაგარემოებას? - საშინელს ვეშაპსავით გაწოლილი ოსმალოს სახელმწიფო ჩვენსა და ევროპიის შუა; ის ფანატიზმით გარეტებული ოსმალოს ერი, ჩუენებსღა მოაგონდებოდა ევროპია, რომელსაცა ეხუეოდნენ ოთხსავ კუთხივ, სპარს-ოსმალოები და სრულიად დანთქმას უპირებდნენ, აქ ამისი დაწერა დიახ ადვილი და წასაკითხავად უფრო ადვილი, მაგრამ თუ სრულიად გონებაში წარმოიდგენთ იმ ანბავსა, ზარ დასაცემი საშინელება ყოფილა საქართუელოზე!“15

რა მეთოდებითა და საშუალებებით უნდა მოხდეს ქართული საზოგადოების მოდერნიზაცია, ანუ ევროპულ საზოგადოებასთან მისი დამსგავსება? ერთ-ერთ მნიშვნელოვან სტრატეგიად წარმოდგენილია „წაბაძვა“ და „მითვისება“ (ათვისება). მეცხრამეტე საუკუნის ქართველ დამკვირვებლებს გააზრებული აქვთ, რომ გაევროპელება, მოდერნიზაცია შესაძლებელია მხოლოდ, თანამედროვე ენით რომ ვთქვათ, „დემოკრატიზაციის გარეშე“. ცხადია, ამის მიზეზი ისაა, რომ რუსეთის იმპერიაში ყოველგვარ დემოკრატიზაციას უპირისპირდება ცარიზმი, რომლის პირობებში ევროპეიზაცია უნდა მომხდარიყო შემოვლითი გზით - სამეურნეო, კულტურული და სამეცნიერო მიღწევების ათვისებით. ამიტომ ქართულ მედიაში იმ დროს წარმოებული დისკუსია ევროპულსა და ქართულ გუთანზე, მათი შედარება, შეიძლება დღეს ვინმეს მხოლოდ კონკრეტულ საკითხზე დავად მოეჩვენოს, მაგრამ სინამდვილეში ამის უკან უფრო დიდი ჩანაფიქრი დგას: კონკრეტული ტექნოლოგიის შემოსვლით ღირებულებათა სისტემაში ცვლილების შეტანა და ევროპული სამეცნიერო-კულტურული მიღწევების „წაბაძვით“ ქვეყნის მომავალი პოლიტიკური განვითარების საფუძვლების შექმნა. იმპლიციტურად მოცემული სტრატეგია ასე გამოიყურება: ჯერ ტექნოლოგიებს, ევროპულ მეცნიერებას, ევროპულ სამეურნეო ცხოვრების წესს დავეუფლოთ და ამით შევქმნათ რუსეთის იმპერიის კოლონიაში მყოფი ქვეყნის მომავალი დამოუკიდებლობის საფუძველი. ამიტომ სულაც არ არის გასაკვირი 1905 წელს ბესარიონ ლომინაძის „წამოცდენა“ შვეიცარიაზე საუბრისას: „თუ თავისუფლება ჩვენც მოგვენიჭა, ცხადია, რომ სწავლა-განათლების საქმეში დედამიწაზე უკეთესს წასაბაძ ქვეყანას ვერ ვიპოვნით.“16 ეს გაბედული და რუსეთის იმპერიაში აკრძალული ფრაზა ამდაგვარადაც შეიძლება ინტერპრეტირდეს: ვიდრე დამოუკიდებლები არ გავმხდარვართ, დროით უნდა ვისარგებლოთ და ჯერ ევროპული სამეცნიერო და ტექნოლოგიური მიღწევები უნდა ავითვისოთ და ასე მოვემზადოთ დამოუკიდებლობისათვის. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ მას შემდეგ, რაც მეოცე საუკუნის ბოლოს საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, ხოლო მოგვიანებით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ მოსულმა მთავრობამ ქვეყნის მოდერნიზაცია განიზრახა, პრაქტიკულად მეცხრამეტე საუკუნეში ქართველი დამკვირვებლების მიერ ფორმირებულ სტრატეგიას მიმართა. კერძოდ, მთავარ ამოცანად სახელმწიფოს სწრაფი ტექნოლოგიური, ინფრასტრუქტურული და საგანმანათლებლო მოდერნიზაცია განისაზღვრა, რაც მოარული ფრაზით იყო გამოხატული - „კომპიუტერისა და ინგლისურის“ ცოდნა. ამას უნდა მოჰყოლოდა ევროპასთან დამსგავსების შემდეგი ეტაპი - დემოკრატიზაცია. პარადოქსულად, დამოუკიდებელი ქვეყნის მთავრობა კოლონიალიზმის ეპოქაში შემუშავებულ სტრატეგიას მიმართავდა.

მეცხრამეტე საუკუნის ინტელექტუალური ელიტის სრატეგიაა: დავეუფლოთ ევროპულ ცოდნას შუამავლის გარეშე და ასე მივუახლოვდეთ უმთავრეს მიზანს. უნდა დავემსგავსოთ უშუალოდ ევროპას და არა რუსეთით გაშუალებულ ევროპას: „...ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ჩვენი ახალ-თაობა მარტო „ქვეყნის სანახავად“ არ მიდის ევროპაში. ამ შემთხვევაში ისინი უფრო გონიერი აზრით ხელ-მძღვანელობენ: ისინი მიდიან ევროპიული სწავლა-მეცნიერებისა და ცხოვრების გასაცნობად და შემდეგ ამაების თავის ქვეყანაში დასამკვიდრებლად. ვინ გაამტყუნებს იმათ ამგვარი განზრახვისათვის? ვინ გაბედავს იმის თქმას, რომ დასავლეთი ევროპის ცხოვრების წაბაძვა და იქიდგან პირ-და-პირ მეცნიერების გადმოტანა ათას წილათ უკეთესი არ იქნება ჩვენთვის, ვიდრე სხვა რომელიმე ქვეყნიდამა? განა ყოველთვის ის წყაროს წყალი არ სჯობია, რომელიც პირ-და-პირ მიწიდამ ამოჩუხჩუხებს და განა არ იცით, რომ წყაროდამ მოშორებული წყალი (აქ აშკარად იგულისხმება რუსეთის იმპერიიდან მიღებული ცოდნა. - ე.ჯ., გ.ს.) ხანდისხან ისეთს რამეებს შეითვისებს გზაში, რომ შემდეგ იმის გამოყენება თითქმის შეუძლებელია?“17

მეცხრამეტე საუკუნის ქართული ინტელექტუალური ელიტა ევროპას განიხილავს როგორც მასწავლებელს. მართალია, სიტყვა „მასწავლებელი“ ღიად გამოთქმული არ არის, მაგრამ მრავალი ავტორი ევროპას დაუფარავად ამ სტატუსს ანიჭებს. ასე მაგალითად, 1864 წელს დიმიტრი ყიფიანი წერს: „ყოველივე მზათა გვაქუს ევროპელებისაგან მოფიქრებული, გაკეთებული და საქმეში შემოტანილი. ჩვენ ღა, რომელთაც არასფერზე შრომა არ გაგვიწევიარა, გვრჩება მხოლოთ, რომ ეს მზათ შემოღებული მივითვისოთ ჩვენ სასარგებლოთ. ჩუენ მოგვინდება არც მეასედი იმ შრომისა, რომელიც ევროპიელთ გასწიეს. იმედი მაქვს ყველა დამეთანხმოს ამაზედ, იმიტომ რომ თავდაპირველი მოძებნა, მოპოვება, გაკეთება და გამშუენიერება საგნისა უფრო ძნელია, ვიდრე გაცნობა და მითვისება ამ საგნისა სწავლით“.18 სიტყვა „მითვისება“ აქ დამოწაფებას გულისხმობს, ხოლო დიმიტრი ყიფიანის ამ ციტატაში ევროპას მასწავლებლის სტატუსი აქვს მინიჭებული, მაგრამ ეს არ არის შეურაცხმყოფელი სტატუსი. პირიქით: ათვისება, როგორც ყიფიანი ამბობს „მითვისება“, წარმოდგენილია როგორც მნიშვნელოვანი კულტურული ამოცანა. ეს „მასწავლებლობა“ ეხება ცხოვრების ყველა სფეროს - განათლებას, სოფლის მეურნეობას, ტექნოლოგიას, ეკონომიკასა და ვაჭრობას, ქალთა განათლებას, პოლიტიკურ მოწყობას, ინფრასტრუქტურას და, ზოგადად შეიძლება ითქვას, ყოველდღიურობასა და ცხოვრების წესს.

სრულებით უფლებამოსილი ვართ, დავსვათ კითხვა: რომ არა რუსეთი, გაიკვლევდა თუ არა საქართველო გზას ევროპისაკენ, მოხდებოდა თუ არა მისი ევროპეიზაცია? ცხადია, რუსეთის იმპერიის შემადგნლობაში ყოფნამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს ევროპეიზაციის საქმეში. მეცხრამეტე საუკუნის ქართველ დამკვირვებელს ეს სრულებით გაცნობიერებული აქვს. მაგალითად, 1868 წელს კონსტანტინე მამაცაშვილი წერს: „...ქართველები სრულებით სხვა მდგომარეობაში არიან, ვიდრე დანარჩენნი აღმოსავლეთის ხალხნი: რადგანაც საქართველო აღიარებს ქრისტიანობას და თავისი ბედი და ისტორია რუსეთთან შეაერთა, ამისთვის ეს უფრო ევროპას ეკუთვნის, ვიდრე აზიას“.19 რადგან მეცხრამეტე საუკუნემდელი ქართველი პოლიტიკური მოღვაწეების ევროპული პროექტი დამარცხდა, რუსეთთან შეერთება ამ პოლიტიკური მარცხის ალტერნატივადაა წარმოდგენილი. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ევროპისაკენ გზაზე რუსეთი განიხილება არა როგორც მიზანი, არამედ როგორც საშუალება. რუსეთი ბოლო გაჩერება არ არის. ამ მოსაზრების გამყარება იმითაც არის შესაძლებელი, რომ ქართველები ძალიან ადრე მიხვდნენ, თუ სად მოხვდნენ და რას წარმოადგენდა რუსეთის იმპერია.

რუსეთის იმპერიის შეფასების ერთ-ერთი ნიმუში მოცემულია იაკობ გოგებაშვილის სოხუმის ოლქის მმართველ აპოლონ ვვედენსკისთან დისკუსიაში, რომელიც გაიმართა რუსეთ-თურქეთის (1877-1878) ომის შემდეგ დაცარიელებული აფხაზეთის ახალმოსახლეების ჩასახლების ირგვლივ. მუსლიმ აფახზთა მუჰაჯირობის შემდეგ აფხაზეთი გავერანდა და იაკობ გოგებაშვილმა წამოაყენა აფხაზეთში აფხაზებთან კულტურულად, ცხოვრების წესით ახლოს მდგარი და მსგავს ეკოლოგიურ გარემოში ცხოვრების გამოცდილების მქონე მეგრელების ჩასახლების იდეა. ამას მოჰყვა აფხაზეთის ოლქის მმართველის აპოლონ ვვედენსკის პასუხი, სადაც ის მეგრელებს ჩამორჩენილებად, შესაბამისად, აფხაზეთის ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით გამოუსადეგარ ხალხად მოიხსენიებდა და მოითხოვდა, რომ აფხაზეთში, მისი აზრით, სამეურნეო თვალსაზრისით განვითარებული, რუსეთის სამხრეთში მოსახლე რუსები უნდა ჩასახლებულიყვნენ.20 გოგებაშვილმა ვვედენსკისადმი თავის პასუხში აღნიშნა, რომ რუსი გლეხი ჩამორჩენილია და რუსეთში სოფლის მეურნეობას გერმანელი ახალმოსახლეები ავითარებენ. სოფლის მეურნეობის განვითარების რესურსი და განათლება რუს გლეხს არა აქვს და ამის მიზეზი, გოგებაშვილის აზრით, რუსეთის იმპერიის ინგლისის იმპერიასა და შეერთებულ შტატებთან ღრმა ჩამორჩენილობა იყო. ფაქტორივად, იაკობ გოგებაშვილმა რუსეთს „ჩამორჩენილი იმპერია“ უწოდა. შეიძლება გოგებაშვილისეულ რუსეთის ამგვარ შეფასებაში ერთგვარი „გულდაწყვეტაც“ ამოვიკითხოთ: რომ საქართველოს დამპყრობელშიც არ გაუმართლა და ისტორიამ უდისციპლინო და ჩამორჩენილი იმპერიის ნაწილად ყოფნა მიუსაჯა.

ცხადია, ამგვარი შეფასების შედეგი არის ქართველთა მცდელობა, დაემოწაფონ „პირველწყაროს“ - ევროპას, საიდანაც უნდა მიიღონ განათლება და ვის მაგალითზეც მოაწყონ თავიანთი სამეურნეო ცხოვრება. ეს სრულიად ექსპლიციტურად აქვს გამოთქმული სერგეი მესხს: „ყოველგვარი ცოდნისა, განათლებისა, ცხოვრების გაუმჯობესობისა და წარმატების წყარო ჯერ-ჯერობით დასავლეთი ევროპა არის. ყველა ხალხები, და მათ შორის რუსებიც, ამ წყაროს ეწაფებიან და აქედამ გამოაქვთ ყველაფერი, რაც კი საუკეთესოა, კაცის მანუგეშებელია და წინ წამწევი ამ ხალხების ცხოვრებაში... ვინ გაბედავს იმის თქმას, რომ დასავლეთი ევროპის ცხოვრების წაბაძვა და იქიდგან პირ-და-პირ მეცნიერების გადმოტანა ათას წილათ უკეთესი არ იქნება ჩვენთვის, ვიდრე სხვა რომელიმე ქვეყნიდამა? განა ყოველთვის ის წყაროს წყალი არ სჯობია, რომელიც პირ-და-პირ მიწიდამ ამოჩუხჩუხებს და განა არ იცით, რომ წყაროდამ მოშორებული წყალი ხანდისხან ისეთს რა მეებს შეითვისებს გზაში, რომ შემდეგ იმის გამოყენება თითქმის შეუძლებელია? მაშ მივესალმოთ ამ ახალ მოვლინებას და გზა დაულოცოთ იმ ახალგაზრდებს, რომელნიც მიელტვიან ევროპისაკენ დედანი წყაროს დასაწაფებლად.“21 დაახლოებით ასეთსავე მოსაზრებას გამოთქვამს სიმონ ქვარიანი, რომელიც წერს: „ჩავხედოთ ერთათ ქართველი ერის მკვნესარე სულში, შევიგნოთ მისი ჭრილობანი, შევიგნოთ ჩვენი დღევანდელი ცხოვრება, ჩვენი ეკონომიკა, ჩვენი კულტურა, ჩავუკვირდეთ მსოფლიო ისტორიის კანონებს და ვცნოთ ქართველი ერის მეფარახათ, ჩვენი ეკონომიურ წარმატების დედა-ღერძად ევროპის მეურნეობა და მრეწველობა. ვცნოთ რუსეთისა და ჩვენი სპეციალური სკოლები ჩვენთვის უვარგისათ, ვეცადოთ გავგზავნოთ ბლომათ ჩვენი ნიჭიერი და მომზადებული ყმაწვილები ევროპაში მეურნეობის და სამეურნეო ტეხნიკის შესასწავლათ“.22

მაგრამ სად გადის საზღვარი ევროპასა და არაევროპას შორის? მეცხრამეტე საუკუნის ქართველი დამკვირვებლისთვის ეს საზღვარი პირველ რიგში პოლიტიკური საზღვარია რუსეთის იმპერიასა და ევროპულ სახელმწიფოებს შორის. მაგრამ არსებობს უფრო მნიშვნელოვანი საზღვარი და განსხვავების უფრო მნიშვნელოვანი ინდიკატორი, ვიდრე პოლიტიკური საზღვარია. ასეთი ინდიკატორია, მაგალითად, გზები, სკოლები, განათლება, ინფრასტრუქტურა და მართვა. „...მოგვთხოვეს ბაშფორთები და ნახევარ საათის შემდეგ გაგვისტუმრეს ავსტრიის სტანციაში, რომელიც სამ ვერსტზე იქნება დაშორებული ვოლოჩინსკის სტანციაზე. კონდუკტორების მიხრა-მოხრა და ტანოვანება, ვაგზლის სიმშვენიერე, ვაგონების სიმაღლე და სიფაქიზე - ყველა ეს ცხადათ გვიმტკიცებდა, რომ რუსეთს გამოვეთხოვეთ და უცხო ქვეყნის სამზღვარზე გავედით.“23 სხვათა შორის, საზღვრისადმი ეს დამოკიდებულება მეოცე საუკუნის ბოლომდე არ შეცვლილა. მაგალითისთვის, ცივი ომის პერიოდში „ციმბირი იწყებოდა „ჩეკპოინტ ჩარლისთან“ ბერლინის ცენტრში, აღმოსავლეთ და დასავლეთ ბერლინის საზღვარზე.24

რა ვუყოთ ჩვენს ტრადიციებს? ეს კითხვა ისეთივე აქტუალურია მეცხრამეტე საუკუნეში, როგორც დღეს. განსხვავებით დღევანდელობისაგან მეცხრამეტე საუკუნის ქართველი დამკვირვებლები ბევრად უფრო რაციონალურები არიან და ტრადიციისა და ევროპული მოდერნიზაციის დაპირისპირებაში ამ უკანასკნელის მხარეს დგანან. ტრადიციასა და მოდერნიზაციას, ქართული ცხოვრების და ევროპული ცხოვრების წესის დაპირისპირებაში ავტორები ცდილობენ, ქართული ტრადიცია არ უარყონ, მაგრამ ამ ტრადიციებს კრიტიკულად განიხილავენ და ევროპულთან/რაციონალურთან/მეცნიერულთან კონფლიქტის შემთხვევაში უპირობოდ „გონების“ - ევროპის - მხარეს დგებიან. „...ყოველს შემთხვევაში ადათსა და ჩვეულებას მხოლოდ მაშინ უნდა ვიცავდეთ შეურყევლად და პატივსა ვცემდეთ, როცა არ არის წინააღმდეგი გონებისა და სარგებლობისა. ძველი ადათის დაცვის სასარგებლოთ ხშირად მოჰყავთ, რომ ესა და ეს ადათი რამდენიმე საუკუნეა რაც დაწესებულიაო. მაგრამ ეს საბუთი ხშირად უსაფუძვლოა. ბევრი ამგვარი ადათი და ჩვეულება ადრე ყოფილა კარგი და სასარგებლო და შემდგომ რაკი გარემოება ადგილისა გამოცვლილა, გადაქცეულა უსარგებლოდ და მავნებლად და თუ აქამდის არ შეცვლილა, ამის მიზეზი ის არის, რო ეს შეცვლა ფიქრად არავის მოსვლია.“25

არგუმენტი ამგვარი არჩევანის სასარგებლოდ არის მეცნიერების უპირატესობა ტრადიციაზე. ტრადიცია, მეცხრამეტე საუკუნის ქართველი დამკვირვებლების აზრით, არის ავტომატური და გაუაზრებელი გამეორების და არა რაციონალური აზროვნების შედეგი: „სასუქის ზემოქმედება ძველის ძველთაგანვე ჰქონია ხალხს შემჩნეული. ჩვენმა ხალხმაც იცის ეს, მაგრამ ეს ცოდნა დღესაც, როგორც ძველათ, ბნელია, უანგარიშო, მხოლოთ დაკვირვებაზე დაფუძნებული და ტრადიციით ერთის თაობისაგან მეორისათვის გადმოცემული, განათლებულს ქვეყნებში კი, ცოტათი თუ ბევრათ, დღეს უკვე შეგნებული ნამდვილათ დაფასებული, ანგარიშიანი ცოდნაა. ჩვენ ვიცით მხოლოთ, რომ სასუქი მცენარისათვის კარგია, მარგებელია და მეტი არაფერი. რისთვის, როგორ ან რით არის იგი კარგი, მარგებელი, ჩვენ ეგ არ ვიცით. ამიტომაა, რომ ჩვენ მიწის სასუქათ სხვა არა გვგონია რა სასარგებლო თუ არა „საქონლის პატივი“, რადგან დაკვირვება მხოლოთ ამ მხრივ გვქონია, და ეჭვიც კი არ შეგვპარვია, რომ სხვა რაიმესაც შესძლებიყოს მიწის გასუქება. საქმე თურმე სულ სხვანაირათ ყოფილა...“26

„ყოველი გაუნათლებელი ხალხი საზოგადოთ და მეტადრე ქართველი ყველა ძველებურს მაგრა ეჭიდება. ძველებურს, მამა-პაპეულს, ყოველისფერს თაყვანსა სცემს ისე, როგორც კერპს. მამა-პაპეული საზოგადო წესი, რიგი, ჩვეულება, იარაღები, როგორც სამეურნეო, ისე ყოველი საოჯახო და სახელოსნო იმას მიაჩნია ისეთ განძათ-ქონებათ, რომლის უკეთესი სხვას არავის აქვს და მაშასადამე ყოველი ცვლილება-გაუკეთესება მათი სრულიად ამაოა იმათის აზრით.“27

„ამ სახით სამაგალითო ფერმა რომელშიაც ხვნა-თესვა და სხვა სასოფლო ხელობა არიან დაწყობილნი საუკეთესო რიგზედ, წარმოგვიდგენს თვალსა ხილულს გამოცდილებასა. რაც უნდა ძლიერი იყოს კაცის სიყვარული ძველი წესდებულებისათვის, რაც უნდა ღრმად გაედგას იმაში ძირკვი ცრუ მორწმუნებასა, თუკი თვალით დაინახავს ახალი რიგის უმჯობესობასა, თუკი თავისივე გონებით შაიტყობს, რომ სასარგებლოა ძველი წესის გამოცვლა, მაშინ რაღა დააბრკოლებს მიბაძვაში.“28

მიუხედავად იმისა, რომ მოდერნიზაციას და ევროპეიზაციას მრავალი დაბრკოლებები აქვს გადასალახავი, მეცხრამეტე საუკუნის ქართველი ავტორები ოპტიმისტურად არიან განწყობილნი. ამ ოპტიმიზმის საფუძველს მათ აძლევთ ის, რომ კონკრეტული ტექნოლოგიური და სამეცნიერო სიახლეების შემოსვლა და მათი წარმატება ტრადიციის ინერციით მოქმედ ადამიანს გააკეთებინებს არჩევანს მოდერნიზაციის სასარგებლოდ და მას რაციონალური მსჯელობისა და მოქმედების პროცესში ჩართავს.

ტრადიციულ სოფლის მეურნეობასთან ერთად მოდერნიზაციის მთავარ დაბრკოლებად მეცხრამეტე საუკუნის ქართველ დამკვირვებლებს წარმოუდგებათ ვაჭრობა და ვაჭრობისადმი ქართველების მტრული დამოკიდებულება (რომლის არსებობაც ქართული მხატვრული ლიტერატურული ნარატივებითაც დასტურდება). ზოგადად, როგორც ევროპულ, ქართულ ფეოდალურ სისტემაშიც ვაჭრებისადმი და ვაჭრობისადმი დამოკიდებულება გამომდინარე ქრისტიანული მოძღვრებიდან პრობლემური იყო. ეს დამოკიდებულება საფრანგეთის რევოლუციამ გადალახა. მესამე წოდებამ აღიარებას მიაღწია და ვაჭრობას ჩამოშორდა უარყოფითი კონოტაცია. მაგრამ საფრანგეთის რევოლუციურ იდეებსა და რუსეთის იმპერიას შორის გაჩხერილი პროევროიპელი ქართველი დამკივრებლები მოდერნიზაციის და განვითარების მნიშვნელოვან საშუალებად მიიჩნევენ ვაჭრობისადმი ზიზღის გადალახვას და ამ საქმიანობის გაცივილურობას: „ჯერჯერობით, ვიმეორებ, საჭიროა და საკმარისია მარტო ის არსებითი ცვლილება ვიტვირთოთ ჩვენის შეხედულობისა, რომ ინდოეთის კასტების თვალით კი არა, ევროპიულად ვითვალისწინებდეთ და ვეპყრობოდეთ ვაჭრობას, ღირსეულს პატივს ვცემდეთ მისს ღირსებას, ვცდილობდეთ მისის ნაკლის გასწორებას... ეს ცვლილება მეტად ადვილი ეგონება უმეტესს ნაწილს მკითხვლებისას. ნამდვილად კი მეტისმეტად ძნელია ჩვენის საზოგადოებისათვის, რომელსაც საუკუნოების განმავლობაში დედის რძესთან ერთად შეუთვისებია სულ სხვა შეხედულობა. ჩვენს მოზარდს თაობას ათას ნაირ საგნებს და ცნობებს ასწავლიან. მათი სიუხვე და სიმრავლე პროგრამებში ალაგს როდიღა სტოვებს მოზარდის ზნეობრივის გაწრთვნისათვის. ამიტომაც მამა-პაპური შემცდარი შეხედულობა ჯაფაზე, შრომაზე, აღებ-მიცემობაზე, ვაჭრობაზე, შეუცვლელად გადადის ერთის თაობიდან მეორეში; აგრეთვე შეუცვლელად გადადის ჩვეულ უსაქმოების და მუქთა-მჭამლობის ნატვრა და ქება. ამ დედა-ბოძებზეა დამყარებული თაღი ჩვენის ერის ეკონომიურის უძლურებისა. სანამ ამ დედა-ბოძებს არ შევმუსრავთ, და მათს ადგილზე მკვიდრ საკურთხეველს არ ავაგებთ პატიოსანის შრომის თაყვან-საცემლად, მანამდე ნამდვილის წარმატებისა და განათლების მადლი ჩვენ არ გვეღირსება და არც მოგვიხდება“.29 ვაჭრობისადმი ნეგატიური დამოკიდებულების დასაძლევად ქართველი დამკვირვებელი ქართული საზოგადოებისთვის არცთუ ისე სასიამოვნო წარსულის გახსენებასაც არ ერიდება: „ჩვენგანს ბევრს ისიც ეხსომება, რომ, არა თუ ვაჭრობა და ყიდვა-გაყიდვით თავის რჩენა, თვით საკუთარი მოსავლის გაყიდვა სამარცხვინოდ ითვლებოდა მებატონეებში. სოფლის თავადი ან აზნაური მალვით ჰყიდდა თავისს პურს, ან შეშას, ან ღვინოს, ან სიმინდს. მომაკვდინებელ ცოდვად მიაჩნდათ ეს საქმე იმათ, ვინც შინა-ყმის, მოჯალაბის, მოახლის და გლეხის გაყიდვას არ თაკილობდნენ წინად... პირველად რომ ხმა გავარდა ჩვენში, ერთს დიდ მებატონეს თუთუნი (თამბაქო) გაუყიდნიაო,მთელს საზოგადოებაში მარტო ძრახვა ისმოდა: „შეურცხვა დიდ-კაცობა, მიკიტნის ხელობას შესდგომიაო!“ როცა მოახლეებისა და შინა-ყმების გაყიდვა კანონმა აკრძალა, ჩვენმა მოწინავე წოდებამ მიწა-წყლის გაყიდვას გაუსვა ხელი, და მარტო მაშინ გაიცნო მოსავლის გაყიდვის უმანკოება, როცა თვით ეს მოსავალი იმოდენად შეუმცირდა, რომ თვითონაც საყიდელი გაუხდა.“30

მეცხრამეტე საუკუნის დამკვირვებლები ცხადად ხედავენ, რომ ვაჭრობისადმი დამოკიდებულების შეცვლასთან ერთად უნდა შეიცვალოს თვით ვაჭრობის კულტურაც, რომელსაც სერგეი მესხი ასე ახასიათებს: „თავის გამდიდრებისათვის, ჩვენებური ვაჭარი არაფერს არ დაზოგავს, ყველა სახსარი კარგია, ყველა გამოსადეგათ მიაჩნია. ნათესავის, ტოლ-ამხანაგის, ნაცნობისა და უცნობის მოტყუება - ყველა გამოდგება. მაგარი მაუდის მაგიერად - დამპლის შეტყუილება, კარგი ფქვილის მაგიერად - გაფუჭებულის გასაღება, მანეთში მანეთის სარგებლის აღება, ყველა ეს ვაჭრობათ, კარგ, მოხერხებულ ვაჭრობათ მიაჩნია!“31 ვაჭრობის კულტურა მაინც შეიცვლება, რადგან ისტორიის ლოგიკა მთელი კაცობრიობის გაევროპულობაში მდგომარეობს. აღმოსავლური ქართული ვაჭრობა, რომელიც თაღლითობასა და მომხმარებლის მოტყუებაზეა დაფუძნებული, ევროპული კულტურის ზეგავლენით ტრანსფორმირდება და მომავალი მაინც ევროპულ ვაჭრობას ეკუთვნის: „...მაგრამ ერთს ვიწინასწარმეტყველებ: ამისთანა ვაჭრობას მკვიდრი საფუძველი არა აქვს. ვინც პირველი გამოჩნდება ახლანდელ ჩვენს ვაჭრებზე უფრო გონიერი, მოხერხებული და ცოტათი მაინც უპატიოსნესი ჩვენი წარმოება და ვაჭრობაც, უეჭველია, იმის ხელში ჩავარდება. „მოტყუებითა სოფელი არვისა მოუჭამია“.32 აქ აშკარად იკვეთბა ქართველი ინტეექტუალების მცდელობა დაამკვიდრონ ევროპული ვაჭრობისა და ეკონომიკური საქმიანობის ეთოსი, რომელიც ანგლო-საქსურ ტრადიციაში ცნობილია ცნებით ბუსინესსლიკე ცონდუცტ. თამამად შეიძლება ითქვას, რომ აქ სიტყვა „ვაჭრობა“ ფართო აზრითაც შეიძლება გავიგოთ და ტრადიციული ვაჭრობის კრიტიკაში შეიძლება დავინახოთ ცხოვრების და ადამიანური საქმიანობის ყველა სფეროს კრიტიკა.

თანამედროვე საქართველოშიც ევროპისადმი ნიჰილიზმს კვებავს ჩვენი ტექნოლოგიური ჩამორჩენა და შიში, რომ ჩვენ ვერასდროს გავუთანასწორდებით ევროპას. „ვარდების რევოლუციის“ დროს და რევოლუციის შემდეგი მთავრობისა და პოლიტიკური ლიდერების ერთ-ერთი მთავარი გზავნილი იყო, რომ ჩვენ შეგვიძლია ძალიან სწრაფად დავძლიოთ უფსკრული, რომელიც არსებობს ქართულ პოსტ-საბჭოთა საზოგადოებასა და ევროპულ საზოგადოებას შორის. ამიტომ „ვარდების რევოლუციის“ მთავრობის წარმომადგენლები ხშირად უსვამდნენ ხაზს კონკრეტული პროექტების წარმატებას (მაგალითად, იუსტიციის სახლი, საპატრულო პოლიცია და სხვა) და ამით ცდილობდნენ ქართველების ნიჰილიზმი, პრობლემების ვერდაძლევის შიში გადაელახათ. მეცხრამეტე საუკუნის ქართველ დამკვირვებლებსაც კარგად აქვთ გაცნობიერებული რუსეთის იმპერიის და, შესაბამისად, საქართველოს ჩამორჩენა ევროპულ ცივილიზაციასთან და ამ ჩამორჩენის ნიადაგზე წარმოჩენილი შიშის და ნიჰილიზმის დასაძლევად ხშირად მიმართავენ შვეიცარიის წარმატებულ მაგალითს, რადგან ქართველი დამკვირვებლებისთვის შვეიცარია ლანდშაფტურად, ეთნიკურად და რელიგიურად საქართველოს მსგავსი ქვეყანაა: „რაც ევროპაში ქვეყნებია არც ერთი ისე არ ჰგავს ჩვენს მხარესა, როგორც შვეიცარია, თუ მივხედავთ მდებარეობა და საზოგადოდ ბუნების თვისებასა ისიც აქაურივით მთიანი ადგილია, დაყოფილი ხევებითა და ღელეებითა; იქაც მთის ძირებში ცხელი ადგილებია, სადაც ხეირობს ვაზი და მრავალ გვარი ხეხილი. მრავალგვარი ხალხი, განსხვავებული ერთმანეთისგან ჩამომავლობითა, სახითა, ენითა და ჩვეულებითა. ბუნება თითქო ერთია აქაცა და იქაცა, მაგრამ ხალხის მოქმედებასა, ხელოვნობასა, სარჩოსა არა აქვსთ არაფერი მსგავსება. კლდე კარიანობამ ვერ დაუშალა შვეიცარიას შემოტანა და მიღება ვერცა ერთის იმ განათლების ნაყოფებისა, რომელნიცა აქვსთ სასიქადულოდ ევროპიელებსა. როგორც სხვა ევროპიის მხარეს შვეიცარიასაც აქვს მშვენიერი შოსსები და რკინის გზები იმისთანა ადგილებში სადაც ჩვენში საფეხური გზები ძლივ მოუმსგავსებიათ. უთვალავი ფაბრიკები ამზადებენ ყოველს გვარს ევროპიულ საქონელსა. განათლება, მშვენიერი სამოქალაქო დაწყობილება შვეიცარიისა არ ჩამოუვარდება არც ერთს ევროპიის ქვეყანას. მრთელი შვეიცარიის მიწები ისეა გაკეთებული და ხმარებული, რომ იშვიათად იპოვნის კაცი გამოსაყენ ადგილსა, რომელიც არ აძლევდეს თავის შესაფერ სარგებლობასა. შვეიცარია ჰზრდის სამ მილიონს ხალხსა იმოდენა ადგილში, სადაც ჩვენში ნახევარი მილიონიც ვერ მოთავსებულა. დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენში ამ ქვეყნის მაგალითსა. ჩვენთვის ამიტომ, რომ თუ არავის დაუმტკიცებია სრული და მიუცილებელი უფლება ბუნების თვისებისა კაცის მოქმედებაზედ, უეჭველია მაინც, რომ ამ თვისებასა აქვს დიდი გავლენა მრავალგვარ საქმეზედ, მეტადრე რაც შეეხება მიწის შემუშავებასა და მასზედ დაფუძნებულ კაცის სიმდიდრესა და წარმატებასა. ბევრი ამბობს ჩვენში: ესა და ეს საქმე ამისთანა კლდე კარში არ გამოდგებაო; რაც რა მამ პაპას შემოუღია იმაზე უკეთესს ვერას მოიგონებენო: ამ გვარი ხმაურობისა მაგალითის უცოდნელობითგან წარმოდგება, სადაც არ არის სხვა უფრო უკადრისი მიზეზი. მართალი ის არი მხოლოდ, რომ ზოგ ადგილას ბევრი შრომა უნდა, ზოგან მცირე და თავდაპირველად სასოწარკვეთილება სიზარმაცის ნიშანია. შვეიცარიას ამისთანა კლდე კარშივე დაუდვია საფუძველი განათლებისა და სარჩოობის შემატებისა და თუ ასულა იმისთანა მაღალხარისხზედა, ჩვენ უნდა იმედი გვქონდეს, რომ კლდე კარიანობა არც ჩვენთვის შეიქმნება უძლეველ დაბრკოლებათ.“33 ქართველ დამკვირვებლებს ასევე კარგად ესმით, რატომ მიაღწია შვეიცარიამ წარმატებას სამეურნეოსა და პოლიტიკურ ცხოვრებაში. ეს არის შრომის რაციონალური ორგანიზაცია, დროისადმი პროტესტანტიზმით განპირობებული რაციონალური დამოკიდებულება და მაღალი სოციალაური კაპიტალი, რომელიც აკლია ქართულ კულტურას, მაგრამ რომლის „მითვისება“ ქართველ დამკვირვებლებს გადაუჭრელ ან გადაულახავ ამოცანად არ მიაჩნიათ.

ცხადია, მეცხრამეტე საუკუნის ქართველი დამკვირვებლების პროევროპული განწყობების ფორმირებაზე ასევე დიდ ზეგავლენას ახდენდა რუსული „ზაპადნიკების“ პროდასავლური ინტელექტუალური მოძრაობა, მაგრამ განსხვავებით რუსული „ზაპადნიკობისაგან“ ქართული მედასავლეთეობა და ქართული პროევროპული აზრი პროევროპელობას რუსეთის იმპერიასთან დაშორებისათვის, რუსეთის ჩამორჩენილობის დემონსტრირებისათვის და საკუთარი ნაციონალური იდეის ფორმირებისთვის იყენებდა.

მეცხრამეტე საუკუნის პრესის და ამ პრესაში განხილული პრობლემების გაცნობისას მკითხველს შეიძლება გაუჩნდეს შთაბეჭდილება, რომ საქართველო ერთგვარ მოჯადოებულ წრეზე ტრიალებს. თუ არ ჩავთვლით ქვეყნის მიერ მოპოვებულ პოლიტიკურ დამოუკიდებლობას, დღესაც საქართველოს იგივე პრობლემები აქვს, რომელიც მეცხრამეტე საუკუნის დამკვირვებლებმა გამოკვეთეს. ამ არცთუ მცდარ შთაბეჭდილებას თავისი საფუძველი აქვს. კერძოდ, ეს საფუძველი უნდა ვეძებოთ იმაში, რომ მეცხრამეტე საუკუნეში გაჩენილი ეროვნული იდეა და კულტურული, პოლიტიკური და სოციალური პრობლემების გადაჭრის ხშირად ერთმანეთს დაპირისპირებული იდეების (მემარცხენე, მემარჯვენე, ლიბერალური და კონსერვატული) სპონტანური განვითარება, რაც 1918 წელს უნდა მოჰყოლოდა, საბჭოთა ოკუპაციამ გაყინა, რამაც პროლემების კონსერვაცია განაპირობა. 1991 წელს ჩვენ ეს პრობლემები გავალღვეთ და მათ გადაწყვეტას ერთი საუკუნის დაგვიანებით ვცდილობთ. აქედან არის სწორედ დეჟავიუს ის განცდა, რომელიც მეცხრამეტე საუკუნის მედიის კითხვისას გვიჩნდება. ევროპაზე დაკვირვების მეშვეობით ქართული საზოგადოება მეცხრამეტე საუკუნეში ახდენს ჯერ კიდევ კოლონიადმყოფი საქართველოს სამომავლო ადგილის განსაზღვრას მსოფლიოს პოლიტიკურსა და კულტურულ რუკაზე და ეს ადგილი არის არა ერთმორწმუნე რუსეთი, არამედ ადამიანის ღირსებაზე ორიენტირებული ევროპა. ამიტომ სულაც არ არის გასაკვირი თერგდალეულებიდან მოყოლებული მეცხრამეტე საუკუნის ქართველ ინტელექტუალთა ერთსულოვანი პროდასავლურობა. ჩვენ ვერ შევადარებთ თანამედროვე საზოგადოებისა და მეცხრამეტე საუკუნის საზოგადოების დამოკიდებულებებს ევროპისადმი, თუმცა შეგვიძლია თანამედროვე და მეცხრამეტე საუკუნის მედიების კონტენტის შედარება და აქედან გარკვეული დასკვნის გამოტანა: მეცხრამეტე საუკუნის მედიის კონტენტი ბევრად უფრო პროევროპულია, ვიდრე თანამედროვე საქართველოს მედიის კონტენტი.

_________________

1. ჯამბაკურ-ორბელიანი, ალექსანდრე. 1861. ქართველების ძველი დრო. ცისკარი, ნოემბერი

2. ჟვანია, ზურაბ. 1999. სიტყვა ევროპის საბჭოს გენერალური ასამბლეის 1999 წლის 27 იანვრის სხდომაზე ქ. სტრასბურგში. საქართველოს რესპუბლიკა. 29 იანვარი

3. ზურაბ ჟვანია საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვასა და განმტკიცებას, რასაც, მისი აზრით უზრუნველჰყოფდა საქართველოს ევროპული ინტეგრაცია, მისი თაობის პრივილეგიად მიიჩნევდა. იხ. ჟვანია, ზურაბ, ჩვენი თაობის პრივილეგია: ლექციების კურსი; ზურაბ ჟვანიას სახელ. საქ. საზ. საქმეთა ინ-ტი (I). - მე-2 გამოც. - თბილისი, საარი, 2006

4. ეს ცნება პროფესორმა გია ნოდიამ გამოიყენა რადიოგადაცემაში „ევროპედია“ 2016 წელს

5. შევარდნაძე, ედუარდ. 1983. ამხანაგ ე. ა. შევარდნაძის სიტყვა. კომუნისტი. 30 ოქტომბერი; პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ ედუარდ შევარდნაძის ამ იდეოლოგიურად მოტივირებულ სიტყვაში ცივილიზატორული ფუნქცია აკისრია არა რუსეთს, არამედ ევროპას.

6. მაჭავარიანი, მუხრან. სულხან-საბა ორბელიანი. (თბილისი: პირველი სხივი : თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ლიტერატურული წრის ალმანახი, 1951) 40-41

7. ჟორდანია, ნოე. 1918. საქართველოს სოციალ-დემოკრატიის წერილი საერთაშორისო სოციალისტური ბიუროსადმი მიწერილი. ერთობა. 3 ნოემბერი

8. ჟორდანია, ნოე. 1918. საქართველოს პარლამენტის სადღესასწაულო სხდომა. ერთობა. 4 დეკემბერი

9. ჟორდანია, ნოე. 1918. საქართველოს პარლამენტში საქართველოს დამოუკ. დღესასწაული I ქრისტეშობისთვე. საქართველო. 4 დეკემბერი

10. ჟორდანია, ნოე. 1920. დამოუკიდებელი საქართველო. დღესასწაული. საქართველო. 16 იანვარი

11. Мамардашвили, М. Сознание и цивилизация : Тексты и беседы - Москва : Логос, 2004, გვ. 9

12. შევარდნაძე, ედუარდ. 1976. ედუარდ შევარდნაძის სიტყვა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის XXV ყრილობაზე. კომუნისტი, 27 თებერვალი

13. მესხი, სერგეი. 1874. ქართველი ევროპაში : (ხამი მოგზაურის შენიშვნები და ფიქრები). დროება. 4 იანვარი, 11 იანვარი, 18 იანვარი

14. მესხი, სერგეი. 1874. ქართველი ევროპაში : (ხამი მოგზაურის შენიშვნები და ფიქრები). დროება. 4 იანვარი, 11 იანვარი, 18 იანვარი

15. ჯამბაკურ-ორბელიანი, ალექსანდრე. 1861. ქართველების ძველი დრო. ცისკარი, ნოემბერი

16. ლომინაძე, ბესარიონ. 1905. სახალხო განათლება შვეიცარიაში. ცნობის ფურცელი. 28 ივლისი17. ქვარიანი, სიმონ. 1897. რა გვარი ცოდნა უფრო გვეჭირვება ქართველებს. მეურნე. 15 ივნისი

18. ყიფიანი, დიმიტრი. 1864. ჩვენი ნაცარ ქექიები. ცისკარი. იანვარი

19. მამაცაშვილი, კონსტანტინე. 1868. რამდენიმე ცნობა საქართველოზე: (თარგმანი კონსტანტინე მამაცაშვილის სტატიისა). დროება. 19 ივლისი

20.ი. გოგებაშვისა და ა. ვედენსკის დისკუსია იხილეთ: Гогебашвили, Я.. 1877. Тифлис, 26 сентября. Тифлисский Вестник. 27 სექტემბერი.; Гогебашвили, Я.. 1877. Тифлис, 27 сентября. Тифлисский Вестник. 28 სექტემბერი.; Введенский, А.. 1877. К вопросу о будущей колонизации Абхазии. Кавказ. 15 ოქტომბერი; Гогебашвили, Я., 1877. Тифлис, 5 ноября. Тифлисский Вестник. 6 ნოემბერი; Гогебашвили, Я., 1877. Тифлис, 7 ноября. Тифлисский Вестник. 8 ნოემბერი; Гогебашвили, Я., 1877. Тифлис, 8 ноября. Тифлисский Вестник. 9 ნოემბერი; Гогебашвили, Я., 1877. Тифлис, 9 ноября. Тифлисский Вестник. 10 ნოემბერი; Гогебашвили, Я., 1877. Тифлис, 11 ноября. Тифлисский Вестник. 12 ნოემბერი

21. მესხი, სერგეი. 1872. საქართველო: ახალი მიმართულება ჩვენი ახალ-თაობისა. დროება. 20 ოქტომბერი

22. ქვარიანი, სიმონ. 1897. რა გვარი ცოდნა უფრო გვეჭირვება ქართველებს. მეურნე. 15 ივნისი

23. ცხვედაძე, ნიკო. 1878. მოკლე შენიშვნები სამზღვარგარეთიდამ. ივერია. 10 აგვისტო, 17 აგვისტო, 24 აგვისტო, 31 აგვისტო, 7 სექტემბერი, 5 ოქტომბერი, 19 ოქტომბერი, 26 ოქტომბერი

24. Applebaum, Anne. Iron Curtain. The Crushing of Eastern Europe 1944-1956. (New York: Anchor Books, 2013) p. 413

25. გუთნის დედა. 1863. ხელთ მძღვანელი მიწის მოქმედისა. 15 იანვარი

26. ნანეიშვილი, ალექსანდრე. 1897. სასუქის მოვლა-მომზადება საფრანგეთში. მეურნე. 14 სექტემბერი

27. ჯანდიერი, ვლადიმერ. 1883. წერილი რედაქტორთან. დროება. 18 მაისი

28. სერებრიაკოვი [ოქრომჭედლიშვილი], ივანე. 1862. აშენება ორისა ფერმისა კავკაზიისა მხარესა. გუთნის დედა. 1 იანვარი

29. ნიკოლაძე, ნიკო. 1894. შინაური მიმოხილვა : საქონლის გამზიდავი ვაჭრობა. მოამბე. დეკემბერი

30. იქვე

31. მესხი, სერგეი.1874. ჩვენებური ვაჭრები და ვაჭრობა. დროება. 22 ნოემბერი

32. იქვე

33. გუთნის დედა. 1863. შვეიცარიის ყველის გაკეთება. 15 ივნისი

2 განათლება

▲back to top


2.1 კონსტანტინე მამაცოვი - უფალო რედაკტო!

▲back to top


სამი ნომერი ცისკრის დამატებისა, წოდებული „გუთნის დედად“ მივიღე და დიდის კმაყოფილებით წავიკითხე. ძალიან საჭირო იყო, ევროპიული მამულის მოვლა.

ერთი წელიწადია მე ვსცხოვრობ გორში და როგორც გავიცან გორის უეზდის მამულის მოვლა, აქამომდე სრულებით არა გაკეთებულა რა შესაფერად ადგილის სიმდიდრისა მიწებითა, წყლითა და ტყითა.

ჩუენის სიღარიბის მიზეზი ამ საუკუნოს დაწყებამდისინ იყო ჩვენი მოუსვენებელი ცხოვრება. სამოცი წელიწადი მეტია საქართუელოში მშვიდობა არის, მაგრამ ამ მშვიდობით ჩვენ ვერა ვისარგებლეთ რა უსწავლელობისა გამო.

თუმცა ზოგნი ამბობენ, რომ მიზეზი ჩუენის სიღარიბისა უფულობა არისო, მაგრამ როგორც მე ვსცან, ფულიც ბევრი დახარჯულა ჩუენის მამულის პატრონებისაგან სრულებით უნაყოფოთ; უპირველესად ფულისა კაცისათვინ არის ჰსწავლა. მაგალითად ვხედავთ, რომ ევროპიდგან მოდიან ფრანციელნი, გერმანიელნი ჩვენ მამულში უფულოთ და მოკლეს დროს მდიდრდებიან... გულითა და სულითა გისურვებთ კეთილ წარმატებასა და განვრცელებასა ჰსწავლისა ევროპიულის მამულის მოვლისასა.

თუ ჩემმა სამსახურმა მომცა დრო, დიდის კმაყოფილებით შეგეწევით რაოდენიმე სტატიებითა.

თქუენის გაზეთის „გუთნის დედის“ გულმხურვალეთ წარმატების მსურველი კონსტანტინე მამაცოვი.

ჩყჲბ-სა წელსა, გ-ს ფებერვალსა. გორი.

გუთნის დედა. - თბილისი, 1862 - N4. გვ. 36.

2.2 სერგეი მესხი - ახალი მიმართულება ჩვენი ახალ-თაობისა

▲back to top


რა მიმართულება ჰქონდათ ამ ათი წლის წინათ ჩვენს ახალგაზრდებს? რას სწავლობდნენ ისინი რუსეთის სხვა და სხვა უმაღლესს სასწავლებლებში? რითი შველოდნენ ისინი შემდეგ თავიანთ გამზდელ-სამშობლოს? რა სარგებლობა მოჰქონდათ „განათლებულ ახალგაზრდებს“ ჩვენი ქვეყნისათვის? ეს და ამგვარი კითხვები იმდენჯერ აღძრულა ჩვენს საზოგადოებაში და ლიტერატურაში და იმათი პასუხი იმდენჯერ გარკვევით თქმულა, რომ ეხლა ხელ-ახლათ ამაზე დაწერილებით ლაპარაკი, უეჭველია, მკითხველს თავს მოაბეზრებს. ვიტყვით მხოლოდ იმას, რომ ჩვენი ათი და ოცი წლის წინათ გამოზდილი ყმაწვილ-კაცები მხოლოდ ჩინოვნიკობისთვის იყვნენ მომზადებულნი. თავიდამვე იმათ ისეთი მიმართულება ჰქონდათ მიცემული და შემდეგ სწავლასაც ისეთს იღებდნენ, რომ ან ჩინოვნიკად უნდა შექმნილიყვნენ და ან სულ ტყუილ-უბრალოთ, უსაქმოთ და უმიზნოთ მოეკლათ დრო. ერთს ხეირიან მეოჯახეს, მეურნეობის მცოდნესა, ერთს რომლისამე ნამუშევრის ან სხვა რაიმე საგნის მწარმოებელს ვერ ნახავთ ჩვენთაგანში; იშვიათად ნახავთ ისეთს ახალგაზრდა ნასწავლს, რომელსაც თავის სწავლა რომლისამე კერძო საქმის დაწყებაში გამოეყენებინოს.

მაგრამ, როგორც ზევით ვთქვით, ეს აზრები ძველი და გაცვეთილი აზრებია და ამის გამო ჩვენ ძველ-ახალ თაობას მიმართულებაზე ბევრს ნუ ვილაპარაკებთ.

დღეს ჩვენ გვინდა ვსთქვათ რამდენიმე სიტყვა ერთს მოვლინებაზე, რომელიც, უეჭველია, ჩვენთვის ყველასთვის ძლიერ სასიამოვნო ამბავს უნდა შეადგენდეს. ჩვენ გვინდა ვსთქვათ იმ ლტოლვილებაზე, რომელიც უკანასკნელ თაობის ჩვენმა ახალგაზრდებმა აღმოაჩინეს.

ჩვენი უკანასკნელი ახალ-თაობა ათასის მაგალითით დარწმუნდა, რომ ჩინოვნიკობა არც საკუთარივ იმათა და არც საზოგადთ იმათ სამშობლო ქვეყანას მაგდენ სარგებლობას არ აძლევს და კეთილს არას ჰმატებს. ეს მოსაზრება დიდი ხანია ცხადი და ადვილათ შესამჩნეველი უნდა ჰყოფილიყო ყველა იმათთვის, რომელნიც გონებით დაბრმავებულნი არ იყვნენ და ჩვენ ნასწავლ ჩინოვნიკების ცხოვრებასა და ყოფა-ქცევას ხედავდნენ. მაგრამ ნათქვამია - ჭეშმარიტება სწორი გზით არასოდეს არ მოინახებაო. რაკი ჩვენი ახალ-თაობა ნამდვილათ დარწმუნდა, რომ ეს ძველი გზა ყოველს შემთხვევაში გამოუსადეგარი და ხანდისხან მავნებელი გზა იყო, შეუდგა ახალი გზის მონახვას და ამ ახალი თაობის საქებლათ უნდა ვსთქვათ, რომ ეს ახალი გზა იმათ მალე მონახავს. ეს გზა - დასავლეთი ევროპის გზა არის.

სიკვდილის შემდეგ რომ სინანულს რაიმე მნიშვნელობა ჰქონდეს, ჩვენ ვიტირებდით იმ დაკარგულს დროსა და ახალგაზრდებს, რომელნიც ტყუილ-უბრალოთ ჩაიღუპნენ, სანამ ეს სწორი გზა მოინახებოდა. მაგრამ, რადგანაც სიკვდილის შემდეგ სინანული არაფერში გამოგვადგება, ამის გამო, უბრალო ცრემლებს თავი დავანებოთ და დავხაროდეთ, რომ ჩვენმა უკანასკნელმა ახალ-თაობამ სწორე გზას დაადგა.

ყოველგვარი ცოდნისა, განათლებისა, ცხოვრების გაუმჯობესობისა და წარმატების წყარო ჯერ-ჯერობით დასავლეთი ევროპა არის. ყველა ხალხები, და მათ შორის რუსებიც, ამ წყაროს ეწაფებიან და აქედამ გამოაქვთ ყველაფერი, რაც კი საუკეთესოა, კაცის მანუგეშებელია და წინ წამწევი ამ ხალხების ცხოვრებაში. თავის თავისა და თავის ქვეყნის წინ წაწევა მხოლოდ იმას შეუძლია, ვისაც ევროპის ცხოვრება და მეცნიერება კარგად და ჭეშმარიტად გაუცნია. გაუნათლებელსა და ღარიბ საზოგადოებას მხოლოდ ის კაცი მოუტანს სარგებლობას, რომელიც თვითონ ევროპიულ სწავლა-მეცნიერებაში განვითარებულია და თავის თვალით უნახავს და შეუსწავლია სიღარიბის მომსპობელი და კეთილ-დღეობის მომნიჭებელი სახსრები. სხვა არა იყოს რა, უბრალო დანახვაც განათლებული ხალხების ცხოვრებისა და მეცნიერების ნაყოფისა - არა მცირედ სარგებლობას მოუტანს ისეთის ქვეყნის შვილს, როგორიც ჩვენია. ტყუილა კი არ ამბობენ ჩვენში, როდესაც რომელიმე კაცის ღირსებაზე იტყვიან, რომ „ამ კაცს ქვეყანა უნახავს, განათლებული კაციაო!“ ამ აზრს თავისი საფუძველი აქვს.

მაგრამ ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ჩვენი ახალ-თაობა მარტო „ქვეყნის სანახავად“ არ მიდის ევროპაში. ამ შემთხვევაში ისინი უფრო გონიერი აზრით ხელ-მძღვანელობენ: ისინი მიდიან ევროპიული სწავლა-მეცნიერებისა და ცხოვრების გასაცნობად და შემდეგ ამაების თავის ქვეყანაში დასამკვიდრებლად. ვინ გაამტყუნებს იმათ ამგვარი განზრახვისათვის? ვინ გაბედავს იმის თქმას, რომ დასავლეთი ევროპის ცხოვრების წაბაძვა და იქიდგან პირ-და-პირ მეცნიერების გადმოტანა ათას წილათ უკეთესი არ იქნება ჩვენთვის, ვიდრე სხვა რომელიმე ქვეყნიდამა? განა ყოველთვის ის წყაროს წყალი არ სჯობია, რომელიც პირ-და-პირ მიწიდამ ამოჩუხჩუხებს და განა არ იცით, რომ წყაროდამ მოშორებული წყალი ხანდისხან ისეთს რამეებს შეითვისებს გზაში, რომ შემდეგ იმის გამოყენება თითქმის შეუძლებელია?

მაშ მივესალმოთ ამ ახალ მოვლინებას და გზა დაულოცოთ იმ ახალგაზრდებს, რომელნიც მიელტვიან ევროპისაკენ დედანი წყაროს დასაწაფებლად. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ერთი დასავლეთ ევროპაში გაზდილი ქართველი თავის სწავლითა და სამაგალითო ცხოვრებით უფრო მომეტებულ სარგებლობას შესძენს ჩვენს ღონის-ძიებით საწყალი, მაგრამ ბუნებით მდიდარს საქართველოს, ვიდრემ ხუთი და ათი სხვა ქვეყანაში გამოზრდილი.

ამ საგანს შემდეგში ჩვენ კიდევ დაუბრუნდებით.

დროება. - 1872. - 20 ოქტ. - N41. - გვ. 1.

2.3 დავით მიქელაძე - ლიტერატურა სხვა და სხვა ქვეყანაში

▲back to top


მეველე*

დღეს ჩვენ გვსურს უპასუხოთ ერთ ნაწილს ჩვენის საზოგადოებისას რომელიმე ბრალდებაზედ.

ხშირად გაგვიგონია ჩვენცა, და უთუოდ სხვებსაც, შემდეგი სიტყვები: „რა არი ეგ ქართული ლიტერატურა?

რა მნიშვნელობა აქვს მას ხალხისთვის? განა ჩვენი მწერლობა ეხება უმთავრესს საზოგადოების ნაკლულევანებებს? განა ის ძრავს ჭეშმარიტად საინტერესო და სასარგებლო ხალხისათვის კითხვებს? ირკვევს ის უშიშრად ნამდვილ ჩვენი ცხოვრების სიმცირის მიზეზებს და სხ. და სხ.

აი, ევროპიელი ლიტერატურის არსებობა მე მესმის. იქ ნიჭიერი მწერალი თავის ძლიერი კალმით უხატავს მთავრობას და საზოგადოებას მოქმედების ასპარეზს. იქ ყველა უმთავრესი ცხოვრების შესახები საგნები ჯერ ლიტერატურაში გადაწყდება. იქ გაზეთი ნივთიერი და გონებითი ძალაა. საკმაოა, რომ რომელიმე გავლენიანმა ჟურნალმა ორიოდე სიტყვა დაბეჭდოს, და ჰხედავ ურიცხვი ლეგიონები გაჩნდებიან ერთ წამში, რომელიც საკუთარ ყოფა ცხოვრებას, ცოლშვილს და სიცოცხლესაც არ დაიშურვენ, რომ თავის საყვარელი გაზეთის რჩევისაებრ მოიქცენ.

ამისთანა ლიტერატურას, რასაკვირველია, პატივისცემით უცქერის კაცი. იქ მართლა რომ შეუძლია სთქვას მწერალმა: მე ვსწერ საზოგადოებისათვის და საზოგადოება ვალდებულია ყური დამიგდოს მე! ეს არი მოქმედება! ეს არი თავის შრომის გამოყენება ხალხისთვის! თორემ თქვენი მოღვაწეობა და ფაცა-ფუცი, აბა რა სამნიშვნელოა? „ხმა ღაღადებისა უდაბნოსა შინაო“, რომ იტყვიან, ამას ვამზგავსებ მე თქვენს მწერლობით პროპაგანდას“.

დიაღ, ამ გამამტყუნებელ სიტყვაში ბევრი სინამდვილეა. ჩვენც კარგათ გვესმის და აგვიწონია ის მნიშვნელობა, რომელიც ქართულ ლიტერატურას აქვს ჩვენი ხალხის ცხოვრების გასანათლებლათ. გვესმის ისეც, რატომ არ ვფლობთ მთლად საზოგადოების ტვინსა და გრძნობას. მაგრამ ქართული ანდაზა ამბობს: „როდესაც თავგატეხილი შეგხვდეს, სანამ თავმგამტეხელიც არ ნახო, მანამდის სამართალს ნუ გადასჭრიო“. ჩვენ ურჩევთ ზოგიერთებს ეს ბრძნული ანდაზა სახეში იქონიონ, როდესაც ისინი რომელიმე საქმის განჩინებას აპირებდენ წარმოთქმას.

პირველად, ვიკითხავთ: იციან საფუძვლები ჩვენმა ბრალმდებელებმა, რისთვისაც აქვს გავლენა ევროპიელ საზოგადოებაზე მწერლობას? რისთვის ძრწის უზრუნველობაში მყოფი საზოგადოების ნაწილი რომელიმე მკაცრი და ნიჭიერი მწერლის წინაშე?

ამაზე მოკლე და გასაგები პასუხია. ევროპიელ მწერალს (ყველგან კი არა, რასაკვირველია) აქვს სრული უფლება და საშვალებაც ილაპარაკოს ყოველ საგანზედ, რაც გინდ მოსარიდალი იყოს იგი. იმას შეუძლიან გამოააშკარაოს თვითოეული ბოროტება შეეხება ეს მაღლად მდგომს პირს, თუ მთელს საზოგადოებასაც. იქ მწერალს სავსე აქვს ხელები მომაკვდინებელი ისრებითა. მის აზრს, მის რწმუნებას გზაში ვერ გადაუბოგირდება ვერც ერთი დაბრკოლება. ის თავისუფლათა გრძნობს თავის თავს; რაც უმაღლესს და სამნიშვნელო საგნებზედ არ ლაპარაკობდეს. საზოგადოება გულის ძგერით მოელის მისი საყვარელი მწერლების სიტყვას და დაფასებას ერთს ან მეორე დიდ საქმეზედ. მწერალი ამზადებს საზოგადოების თავს და გულს, როგორ უნდა მიიღოს რომელიმე მოვლინება, რა გზას უნდა დაადგეს და როგორი მოქმედება გამოიჩინოს მან.

ამ ნაირ მდგომარეობაში, ცხადია, რომ ლიტერატურა ერთი უძლიერესს საშუალებათაგანია აზრების მოსაფენად ხალხში. და რისთვის არის იგი ესეთი ყოვლის შემძლებელი“ - იმისთვის, რომ თავისუფლად და უშიშრად ჰქადაგებს.

ეს გარემოება ჰხდის მწერლობას ხალისიანათ, გავლენიანათ და ღირსეულათ თავის დანიშნულებისა.

ეხლა აქედამ ჩვენ ლიტერატურაზედ რომ გადმოვიდეთ რას შევხედავთ?..

ვინ იტყვის, რომ ჩვენ ერთი ზემორე მოხსენებული იარაღთაგანი გვქონდეს საზოგადოების დასაპყრობელად? ვინ გვიბრძანებს, რომ ჩვენ არ ვისარგებლებდით სხვა და სხვა მოვლინებით და არ გამოვხატავდით ჩვენს აზრს, ჩვენს დაფასებას, რომ ზოგიერთი - ჯერ უძლეველი - გარემოებები არ გვაბრკოლებდეს?

რასაკვირველია, ქართულ მწერლობას არ მოეთხოვა არც ევროპიელი ლიტერატურის სიღრმე და სივრცე და არც იმნაირი გავლენა ხალხზედ; მაგრამ არც ჩვენი საზოგადოება ბრძანდება ევროპიელი განათლების ხარისხზედ ასრული. მაშ სადაური საყვედური! სადაური გულძვირობა ვისმესგან?

ვისაც დროში და რა ნაირათ შეუძლიან სასარგებლო შრომა, ისე იმოქმედოს მან. ეს უდაო ჭეშმარიტება - უთუოდ, უნდა ესმოდეს ყველას, ვისაც ცოტაოდენი გაგება აქვს...

დროება. - 1873. - 21 დეკ. - N403. - გვ. 1.

2.4 სხვა მხარესაც მივაქციოთ ყურადღება

▲back to top


ერთ-ერთს ჩვენს მოწინავე წერილში აღვბეჭდეთ ახალთაობის ღვაწლი და დამსახურება ჩვენის ქვეყნის წინაშე. აღვიარეთ, რომ ამ ოცის ოც-და-ათის წლის განმავლობაში საქართველოს ახალ-თაობამ წინ წასწია საზოგადოება, განუმტკიცა მას თვით-ცნობის გრძნობა, დაუსახა იდეალი, ერთის სიტყვით - გააღვიძა იგი, გაუღვიძა და აღუძრა ისეთი სურვილები, რომელნიც კაცის და მთელის ერის აღმამაღლებელნი და ზნეობითი გამამშვენებელნი არიან. აწინდელი გონებრივი მდგომარეობა ჩვენის საზოგადოებისა რომ შევადაროთ იმ მდგომარეობას, რომელშიაც ჩვენ ამ ოც-და-ათის წლის წინად ვიმყოფებოდით - რა თქმა უნდა, დიდს განსხვავებას ვიპოვით. მაგრამ ერთს საყურადრებო ვითარებას ვხედავთ ჩვენს მოქმედებაში საზოგადო ასპარეზზე: მრთელი ჩვენი ყურადღება მიქცეული იყო იმაზე, რომ გაგვევრცელებინა ხალხში ის აზრები, რომელნიც შეადგენენ განათლების საუკეთესო ნაყოფს, გაგვემტკიცებინა ის გრძნობები, რომელნიც სულითა და გულით ამაღლებენ ერს. ასე რომ ჩვენი ღვაწლი და მოქმედება მხოლოდ იმაზედ იყო მიმართული, რომ შეგვძლებოდა ჩვენი გავლენა და ზედ-მოქმედობა დაგვემჩნია ხალხისათვის, საზოგადოებისათვის. ჩვენს მეცადინეობას, საბედნოეროდ, ფუჭად არ ჩაუვლია. მხოლოდ მეორე საშუალება კი უყურადღებოდ დაგვრჩა და დაგვრჩა იმიტომ, რომ მომზადებული პირები არ გვყავდა.

ყოველს ხალხს, ყოველს ერს თავისი განახლება მტკიცედ მეცნიერების შესწავლით, სხვა და სხვა ხალხთა ლიტერატურის, სხვა-და-სხვა ხალხთა ენების მტკიცედ და საფუძვლიანად გაცნობით დაუწყია. რუსეთში დამკვიდრდა ნამდვილი განათლება, დამკვიდრდა მეცნიერება მხოლოდ მაშინ, როცა რუსეთის ახალთაობა ევროპას დაუახლოვდა, მტკიცედ შეითვისა ევროპიული ენები; დღემდისაც ასობით და ათასობით ნახავთ სხვა-და-სხვა ევროპიულ ქვეყნებში რუსეთის ყმაწვილ-კაცობას; ის იქ ითვისებს ენას, მეცნიერებას, რომელიც ბევრად მაღლად სდგას ვიდრე რუსეთში. ამ გვარად მომზადებული რუსეთის ინტელიგენცია აცნობებს ევროპას თავის სამშობლოს და ცდილობს მიაქცევინოს ყურადღება. დღეს ვხედავთ, რომ ევროპიელებმა გამოიცვალეს თავიანთი აზრი შესახებ რუსეთისა, რომლის მცხოვრებნი უწინ თითქმის კაცის-მჭამლებად მიაჩნდათ.

რუსეთის ცხოვრება, პოლიტიკური, საზოგადოებრივი, გონებრივი და ეკონომიური შეიქმნა ევროპიელებისათვის ძლიერ საყურადღებო საგნად; ასე რომ დღითი დღე მდიდრდება სამეცნიერო ევროპიული ლიტერატურა სხვა-და-სხვა გამოკვლევებით შესახებ რუსეთისა; ამითი მდიდრდება მეცნიერება, ამითი სარგებლობს მთელი კაცობრიობა.

ვიმეორებთ, ამ სასიამოვნო მოვლენისათვის რუსეთი მადლობელი უნდა იყოს იმათი, ვინც თავის ქვეყანა გააცნო ევროპას, ვინც შეაყვარა პირველი მეორეს.

ჩვენში, საქართველოში მეცნიერება ორივე ფეხით კოჭლობს. ვინც დღემდე მოქმედობდა, ან მოქმედებს, ჩვენ მხოლოდ ევროპიული აზრების პოპულიარიზატორები არიან. ეს აზრები მეორე ან მესამე ხელიდამ მიუღიათ. კარგად თუ ავად ჩვენ ვიცნობთ ევროპას, მაგრამ ევროპა კი ჩვენ ვერ გვიცნობს, მაშასადამე იმას არ შეუძლია მიაქციოს ის ყურადღება ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ცხოვრებას, რომლის მეცნიერულად შესწავლა აუცილებელ საჭიროებას შეადგენს არა მარტო ჩვენთვის, არამედ საზოგადოდ ცივილიზაციისათვისაც. ეს სამწუხარო ამბავი იმისგან წარმოსდგება, რომ ჩვენ ნამდვილს, ყოველ მხრივს ევროპიულს განათლებას ვართ მოკლებული; ჩვენ არა გვყავს ისეთი კაცები, რომელთაც იცოდენ უცხო ენები, შეეძლოთ ამ ენებზე წერა, შეეძლოთ ჩვენის მწერლობის ნაწარმოების გადათარგმნა, შეეძლოთ სხვა-და-სხვა უცხოეთელ ჟურნალებში და დრო გამოშვებითს გამოცემებში მონაწილეობის მიღება. დღესაც რუსეთის მეცნიერები თავიანთ ნაწარმოებს უცხოელ ჟურნალებში ბეჭდავენ. ამ გზით და ამ სახით ცდილობენ ისინი გააცნონ ევროპა თავიანთ ქვეყანას, ამ ნაირად ცდილობენ იმის პატივის ცემა მოიხვეჭონ. ევროპა ჩვენ ვერ გაგვიცნობს, იქაური მეცნიერება ჩვენს ქვეყანას ჯეროვან ყურადღებას არ მიაქცევს, სანამ ჩვენ თითონ არ ვაჩვენებთ, თუ რა საუნჯის პატრონი ვართ, ვინა ვართ, ან რანი ვიყავით.

ეს შეიძლება მხოლოდ მაშინ, როცა ჩვენში გამრავლდებიან ისეთი პირები, რომელნიც ევროპიულად აღზრდილნი იქმნებიან, უცხოელი ენები ეცოდინებათ, ისე როგორც თავიანთ ღვიძლი ენა. მაშინ, მხოლოდ მაშინ გამოვიწვევთ განათლებულ ქვეყნების ყურადღებას, მაშინ შემუშავდება ჩვენში მეცნიერება, მაშინ დაიჭერს ჩვენი ისტორია, ჩვენი ლიტერატურა ჯეროვან ადგილს სხვა ქვეყნების ისტორიისა და ლიტერატურათა შორის. თვით უცხო ენის მეცნიერები მოჰკიდებენ ხელს იმ საქმეს, რომელსაც დღეს ჩვენ დიდის გაჭირებით ვაჩანჩალებთ.

მაშასადამე უნდა ვეცადოთ, რომ მოზარდ თაობას ნამდვილი ევროპიული განათლება მივსცეთ, უცხო ენების შესწავლა გავავრცელოთ, როგორც მაგალითად ფრანცუზულისა, ნემეცურისა, ინგლისურისა. თუ ჩვენი მოვალეობა ის იყო, რომ ჩვენის გავლენით, მოქმედებით ხალხი, საზოგადოება გაგვეღვიძებინა, მომავალი თავობის მოვალეობა ის უნდა იქმნეს, რომ გააცნოს თავის ქვეყანა ევროპას და ამ სახით ეცადოს, - დანერგოს ნამდვილი მეცნიერება თავის სამშობლოში.

დროება. - 1885. - 21 თებ. - N40. - გვ. 1-2.

2.5 ალექსანდრე ხახანაშვილი - როგორ გავეცნოთ ევროპას

▲back to top


ხახ-შვილი*

ერთი საშუალებათაგანი, გავაცნოთ თავი და ჩვენი წარსული ევროპას, შევიგენით ამ ზაფხულს ჩვენი მოგზაურობის დროს. ჩვენდა სამარცხვინოთ და სამწუხაროთ უნდა აღვიარო, რომ ევროპაში სრულებით არ იცნობს ხალხი ქართველებს. თუ გაუგონიათ, ანუ წაუკითხავთ რამე საქართველოზე, ისევ თითო-ოროლა მეცნიერთ, კაბინეტში ჩასაფრებულებს. გერმანიაში georgien (grusinien)და საფრანგეთში გეორგიენ ვარ-მეთქი რომ ვიტყოდი, ჩემს მობაასეს ხშირათ ამით თავს ვერ გავაცნობდი ხოლმე. თუ ვიტყოდი კიდევ კავკასიიდან, მაშინ კი მიმიხვდებოდენ, თუმცა ჩემს ნაციონალურ ჩამომავლობაზე მაინც გაუგებარ მდგომარეობაში რჩებოდენ. თუ შევადარებთ ჩვენს ამგვარათ დაშორებას ევროპასთან სომხების ბედ-იღბალს, არ შეიძლება არ ითქვას, რომ უკანასკნელნიც ასე დავიწყებულნი იყვენ: იმათ თითქოს სუყველგან იცნობენ, იმათ წარსულზე და აწმყოზე წარმოდგენა აქვთ. არამც თუ კერძო პირები არ იცნობენ ქართველებს, მთელი დაწესებულებაც ვერ აცდენია შეცთომას ჩვენი ერის შესახებ. აი, ერთი მაგალითი: ჟენევაში დავათვალიერეთ ცნობილი მუზეუმი „Arianna“. ამ მუზეუმის ერთს ოთახში შემოკრეფილია სხვა-და სხვა ენაზე საღმთო წერილის წიგნები. ამ წიგნებში შევნიშნეთ ქართულათ აღბეჭდილი „დავითნი“, რომელსაც ქვეშ მოწერილი ჰქონდა: „georgien du nord d'Amerique“. ქართული ასოებით დაბეჭდილი წიგნი მიაწერეს ამერიკის გეორგიას, სადაც ინგლისური ენის მეტი ხმარებაში არც ერთი ენა არ არის! კავკასიის გეორგია, ჟორჟი ვერ გაურჩევიათ ამერიკის გეორგიისგან! ჩვენ დავსტამბეთ ჟენევის ერთს გაზეთში ამის შესახებ წერილი და ორ დღეს შემდეგ რედაქციამ შემატყობინა, რომ მუზეი „Arianna“ მადლობას მიძღვნის შენიშვნისთვის და შეცდომა უკვე გასწორებულ იქნა.

ამ გვარი და ამაზე უარესი შეცდომების ასაცილებლათ და ევროპასთან დასაახლოებათ საჭიროა, რომ ჩვენმა ახალგაზრდობამ მაინც მიაქციოს ყურადღება ამ მდგომარეობას და, მსგავსათ სომხის ყმაწვიკაცებისა, რამდენიმე თვით ან წლობით წავიდენ ხოლმე სწავლის გასაგრძობათ გერმანიაში, ავსტრიაში, შვეიცარიაში, საფრანგეთში და ინგლისში. პირადათ გაცნობა და დაახლოება იქაურ მეცნიერებთან, მწერლებთან და ხალხთან გაფანტავს ცრუ წარმოდგენას საქართველოზე და აუხსნის ნამდვილ სურვილს ქართველი ხალხისას. ამგვარი გაცნობა და მოგზაურობა სასარგებლო იქნება, როგორც მთელი ერისთვის, აგრეთვე კერძო პირისთვისაც, რომელსაც შეეძლება დააკვირდეს სრულებით სხვა მიმართულებას, იქაურ საზოგადო და სამეცნიერო-სალიტერატურო ცხოვრებაში. აქ შეითვისებს ახალ აზრებს, გააფართოებს თვის ცოდნას, შეიძენს უცხო ენების მდიდარ ნაწერებს და ამ იარაღით აღჭურვილი დაბრუნდება სამშობლოში რიგიანათ მომზადებული საზოგადო მოღვაწეობისათვის. ამიტომ სასურველია, რომ იმატოს რიცხვმა ახალგაზრდა ქართველთა საზღვარგარეთ მოსწავლეთა, რომელნიც შეიქნებიან ხიდათ ქართველთა და ევროპელთა შორის.

______________

* ალექსანდრე ხახანაშვილი

კვალი. - 1894. - N43. - გვ. 2.

2.6 ი. კავთელი - ჰამლეტი ქართულს სცენაზედ

▲back to top


ჯაჯანაშვილი*

შექსპირის ტრაგედიის განხილვა

დროთა-ვითარების წყალობით ევროპიდგან გამოტყორცნილმა ცივილიზაციამ ჩვენამდისინაც მოახწია, - კაცობრიობის წაღმა-უკუღმა მიმდინარეობას სამი უცვლელი კანონი აქვს, რომელიც ადრე, თუ გვიან აღსრულებაში მოვა და თავისას არ დაჰკარგავს; იგი იდუმალად მოქმედობს და ჯეროვანი ნაყოფი მოაქვს კაცობრიობისათვის, ის იმოდენად ძრიელია, რომ სუსტს კაცს არ შეუძლიან იმასთან ბრძოლა და თუ კიდეც იკისრა, გაბედა იმასთან ბრძოლა, უეჭველია ფერფლათ აქცევს იმის არსებობას. ეს არის ბუნება თავის ძლიერის კანონებით, იმან აღმოაცენა მშვენიერი სურათი, რომლის სრული მართველი ნიჭიერებით დაჯილდოვებული კაცია. ვინც კი კაცობრიობის ისტორიულად მიმდინარეობას ჩაჰკვირვებია, უეჭველია შეამჩნევდა, რომ წარსული კვდება, აწმყო იბადება და მომავალი ცოცხლდება, ხორციელდება, ეს ბუნებითი კანონია და თუ არ ეს შეუდრეკელი მოვლენა, კაცობრიობა ერთს ნაბიჯსაც ვერ გადასდგავს წინ; თუმცა კი ბევრჯელ ისე ხდება, რომ რამოდენიმე ხნობით ცხოვრების ჩარხი ერთს წერტილზედ ჩერდება სხვა და სხვა მიზეზების გამო, მაგრამ ის კი ყოვლად შეუძლებელია, რომ იმის გრძნობა მოკვდეს კაცის არსებობაში, მხოლოდ დროთა ვითრებას შეუძლიან იმის დაჩაგვრა, მაგრამ სამოუდამოდ კი ვერ მოჰკლავს მასში, რადგანაც ბუნება კაცს კი არ ემორჩილება, ის დაჩვეულია, რომ მას ემორჩილონ და მეტი ნაწილი ეგრეცა ხდება. ზოგჯერ სრულიად სუსტდება იგი და მაშინვე იწყობა კაცობრიობის გონებითი რეგრესიულად მიმდინარეობა, ხან ერთბაშად იღვიძებ და რეგრესი ნეტარს პროგრესად იცვლება, რომელიც გამალებული მიელტვის წინ სრულს განვითარებამდის; სადაც გონებითი განვითარებული საზოგადოებაა, ცხოვრების სიტკბოებაც იქ უნდა ვეძებოთ და სადაც ხალხი გონებით დაცემულია, იქ არ შეუძლიანთ პატიოსნებას ფასი დასდონ, ეს ისეთივე ჭეშმარიტებაა, როგორც დღე ღამეზედ ნათელია. ამის მიზეზი სამი უმთავრესი მოვლენანი არიან, რომელზედაც მთელი კაცობრიობის ბედი და უბედობაა დამოკიდებული: პოლიტიკური, ეკონომიური და სოციალური მდგომარეობიდან მთელის ხალხის და აგრეთვე თვითეულის ინდივიდუმისა.

აი მაგალითად ავიღოთ დასავლეთი ევროპა, ისტორიულად ამ რვა ან ცხრა საუკუნეს წინად, რომელსაც დღეს გონებით განვითარებით პირველი ადგილი უჭირავს მთელს კაცობრიობაში. რას აკეთებდა მთელი თექვსმეტი საუკუნე? - რატომ არ შეეძლო იმისთანავე გენიალური პირნი დაებადნა, როგორნიც მეთექვსმეტე საუკუნემ დაჰბადა? - ამის მიზეზნი ბევრნი არიან, მაგრამ ერთი უმთავრესთაგანი სოციალური მდგომარეობაა, ურომლოთაც ცივილიზაციას წინ წასვლა არ შეუძლიან. ცივილიზაციას ისეთი დამოკიდებულება აქვს სოციალურს მდგომარეობასთან, როგორც მონას თავის ბატონთან; მაგრამ აღკრძალული ხილი უფრო გემრიელია, იგი უფრო მეტს ენერგიას, ძალ-ღონეს და მესხიერებას იდგამს, რომლის საშუალებითაც ადრე, თუ გვიან თავის პირ-დაპირ დანიშნულებას ასრულებს. დიახ, როდესაც დასავლეთს ევროპაში კერპ-თაყვანის მცემლები შეიმუსვრენ, გაიგეს თავიანთი დანიშნულებანი, გადაათვარიელეს წარსული ცხოვრება კაცობრიობისა, მხოლოდ მაშინ გამოიღვიძეს, მოჰკიდეს ხელი ჭეშმარიტებას, აი მაშინ, მხოლოდ მაშინ იცნეს, რა არის ბუნება და იმის კანონები, რომლის შედეგი ყოველთვის ცივილიზაციის აღდგინებაა. მეთექვსმეტე საუკუნე ერთი უკეთესთაგანი ეპოქაა, არამც თუ მარტო დასავლეთ ევროპისათვის, არამედ მთელის კაცობრიობისათვისაც, რადგანაც მაშინდელის ნაყოფიერებით მთელი აწმყო საზოგადოება სარგებლობს და აგრეთვე მომავლისთვისაც დიდი ნუგეშია, ესე იგი, ვიდრემდის ქვეყნიერება არსებობს, მეთექვსმეტე საუკუნეს ეპოქაც იმისთანა მოგზაური იქნება, რომელსაც უფრო დიდს და ფართო ადგილს მისცემენ ვიდრე ჩვენი თანამედროვე დამფასებლები. ეს არის ეპოქა გენიოსის შექსპირისა, რომელმაც თავის ფილოსოფიურის დრამატიულის სწავლით მთელი კაცობრიობა გადაახალისა და ხელ-ახლად დაჰბადა, რომლის ქადაგება ეხება, არამც თუ კაცობრიობის რომელსამე ნაწილს, არამედ მთელს ხმელეთს და კაცობრიობას, მხოლოდ იმან შეძლო სრულიად კაცის ბუნების გამოცნობა, რომელიც მთელმა თექვსმეტმა საუკუნემ ვერ გამოიკვლია ის საიდუმლონი, ურომლოთაც კაცს არ შეუძლიან სთქვას, რომ მეც კაცი ვარ და ქვეყანაზე ვსცხოვრებო. იგი გვიხსნის კაცის გულს, რომლის სიღრმოებაშიაც ყოველივე ბუნებითს გრძნობათ ვკითხულობთ, კაცის ზნეობითს სიმაღლეს, გმირობას, თავისუფალს გრძნობას, ამპარტავნებას, ვნებათა ღელვას, სინდისს, ჭეშმარიტებას, კეთილს და სხვა, - ერთი სიტყვით შენ თვალწინა ხედავ ისეთს პირთ, რომლებსაც შენს გულს უხსნი, მეგობრულად უყურებ და მზადა ხარ სიცოცხლე მოისპო, რომ შენ, მოკლე ჭკუის კაცს, არ შეგიძლიან იმისთანავე გრძნობებით აივსო ცარიელი გული, როგორათაც ისინი არიან სავსენი, - ეს ყოველივე მოვლენანი ჩვენთვის მეცხრამეტე საუკუნეში მხოლოდ ოცნებაა და იქნება მხოლოდ მომავალთ შეიძლონ ამათ სულ-გრძელობას დაუახლოვდენ. ამ გვარნი პირნი თავის დღეში მომავალს არ დაჰკარგავენ. აი მაგალითად ავიღოთ ჰამლეტი, რომელიც მთელ იმის თხზულებებში გმირია; ეს არის მეტად ინტელიგენტნი კაცი, რომელმაც სრულიად იცის თავის თანამედროვე საზოგადოება; ამ პირში ორი უკიდურესობაა: ერთს დროს თქვენ იმას ხედავთ ნაზის გრძნობებით მოცულს, როგორათაც თექვსმეტი წლის უმანკო ქალი, ხან სრულიად ჩულივით იქცევა და ზოგჯერ კი, როგორათაც გმირი, რომელიც ებრძოლება მთელს კაცობრიობას, რომ სრულიად შეუცვალოს დაცემული ცხოვრების მიმდინარეობა, იგი დროთა ვითარების წყალობით გარემოებას ემორჩილება. რომ თავის აზრები განახორციელოს, იგი ირონიულად დასცინის კაცობრიობას, ითმენს იმ დრომდე, ვიდრემდის მოსათმენია და ბოლოს, როდესაც მოთმინების ჯაჭვი წყდება, იჩენს თავის ძალას, ღონეს, გამბედაობას, თავის აზრს ახორციელებს და მოწინააღმდეგეთ სამაგიეროს უხდის, თუმც კი თვითონაც იმის მსხვერპლი ხდება; მაგრამ ის მსხვერპლი წმინდაა, როდესაც საუკუნოდ მნიშვნელობას არა ჰკარგავს მთელს განვითარებულს კაცობრიობაში. დიახ, ჰამლეტი წარმომადგენელია მთელი კაცობრიობისა, როგორც ვილიამ შექსპირი მთელი ფილოსოფიური დრამატული თხზულებებისა მით უფრო შესანიშნავია ფილოსოფიური დრამატიული მეცნიერი ვილიამ შექსპირი, რომ ყოველივე ის ბუნებითი საიდუმლოებანი, რომელსაც ეხლა ჩვენი თანამედროვე მეცნიერნი იკვლევენ ფილოსოფიურს ტრაქტატებში, იმას ცოცხლად და ნათლად ტრაღედიებში აქვს დახატული; რომელს მეცნიერების სფერას აიღებთ, რომ იქ არ იყოს დახატული, მაგალითად: ფსიხოლოგია, ფიზიკა, ანატომია, ანტროპოლოგია, ფილოსოფია, ასტრონომია და სხვა-და-სხვა. ყოველივე მეცნიერების მხარენი მეტად ხელოვნურად არიან დახატულნი. როგორათაც ამ თხზულებებში შეხვდებით ხელოვნურად დახატულს კაცს, რომელიც ყოველივე პატიოსნურის ღირსებებით სავსეა, აგრეთვე იმოდენადვე ხელოვნურად და ცოცხლად გვიხატავს რომელიმე სფერის ზნეობით დაცემულს პირს. რამოდენათაც პირველი შეგიყვარდება და პატივსა სცემ, იმის ტანჯვებით მაცქერალიც იმჭვალები, აგრეთვე იმის ცქერით ჰღელდები, მძულვარებით უყურებ, რომლის მოქმედება სიმდაბლეზე უუმდაბლესია. აი, მაგალითად ჰამლეტი ავიღოთ, რომელშიაც სხვა-და-სხვა თვისებების ტიპნი არიან დახატულნი, რომლების შუაშიაც შურის ძიება იბადება და ერთი მეორეზედ წინააღმდეგად მოქმედობს. რამოდენათაც ჰამლეტი ნამდვილი კაცობრიობის ღირსებებით არის დაჯილდოებული, იმოდენადვე სიმდაბლით იმის ბიძაა (მეფე) სავსე, რომელსაც მოშურნეობა, ვნებათა ღელვა, დიდების მოპოვება თავის ღვიძლს ძმას აწამლვინებს და ამის შემდეგ სამეფო ტახტს პოულობს...

_____________

* ი. კავთელი

თეატრი. - ტფ. - 1885. - N19. - გვ. 177-179

3 ეკონომიკა და ვაჭრობა

▲back to top


3.1 ტფილისი 15 ივლისს

▲back to top


ნაწყვეტი სტატიიდან

18 ივლისს იყო მესამე კრება. ამ კრებაში უ. ქალაქის თავმა კრებას წარუდგინა უ. სიმენსის და იმის ძმების წინადადება, რომელნიც სთხოვენ ტფილისის საზოგადო სამმართველოს მისცეს იმათ ტფილისი გაზით გაანათონ. ამ წინადადებაებში, სხვათა შორის, არის ნათქვამი, რომ ტფილისის საზოგადო სამმართველო შეეკრას იმათ, სიმენს და ძმებს, 50 წლით. თითო გაზის ფარანზე ქალაქმა უნდა აძლიოს 24 მანეთი და ქალაქმა იმათ უნდა მისცეს იჯარით თავისი ნავთის ორმოები, რომელიც ნათლუხის ქვეით იმყოფებიან, იმ ფასათ, რა ფასათაც ეხლა აძლევს ქალაქი იჯარით სხვა პირებს. ხმოვანებმა მოისმინეს ეს წინადადება და უმეტესმა რიცხვმა წარმოსთქვა აზრი, რომ, რადგანაც ეს ქალაქის ახალი და ძნელი საქმეა, ამისთვის გადიდვას გასაჩხრეკათ ოკტომბრის კრების დროს, როდესაც მომატებული ხმოვანები შეიყრებიან და მინამ ამ საქმეს ცოტაოდენს ახლო შეიტყობენ. უ. ქალაქის თავი ამ აზრს არ დასთანხმდა და იმასა ჰსურდა, რომ კრებას გაზის საქმე ეხლავე გაეთავებინა. ამ ორ აზრზე კენჭი ჩამოატარეს და უმრავლესი კენჭი გამოვიდა პირველის თანახმათ - რომ გაზის საქმე ოკტომბრის კრებამდინ გადიდვას.

დროება. - თბილისი, 1867 - N33. - გვ. 1

3.2 სერგეი მესხი - ჩვენებური ვაჭრები და ვაჭრობა

▲back to top


ამ კვირის ორშაბათს თფილისის ოლქის სასამართლოში ერთი ძლიერ საინტერესო და საზოგადო ყურადღების ღირსი საქმე დაიწყო. ჩვენ ვამბობთ იმ საქმეზე, რომელიც თამამშოვის ქარვასლისა და თეატრის დაწვას შეეხება. წინასწარმა გამოძიებამ აღმოაჩინა, რომ ხსენებულს ქარვასლაში ცეცხლი შემთხვევით და გაუფრთხილებლობით არ გაჩენილაო, განზრახვით წაუკიდეს მას ცეცხლიო.

გამოძიებამ დამნაშავეც ამოაჩინა: ვაჭარი ლაზარევი, რომლის დუქანშიაც პირველად გაჩენილა ცეცხლი.

ამ საქმის თაობაზე სამოცდა თოთხმეტი მოწამეა გამოწვეული. ორშაბათს, პროცესის დაწყებაზე, ოლქის სასამართლოს იმდენი ხალხი მიაწყდა, რომ სხდომის გახსნამდი ერთის საათის წინათ სივიწროვისაგან კაცს სული ხდებოდა.

კერძოთ აღებული ეს ფაქტი მაგდენათ ყურადღების ღირსი არ არის, ვსთქვათ, წინასწარი გამოძიებისა და ბრალმდებელი აქტის აზრი გამართლდა; ვსთქვათ, დარწმუნდნენ იმაში, რომ უფ. ლაზარევმა, ხუთმეტი ათასი მანეთის ასაღებად, ოთხი ათასი მანეთის საქონელს ცეცხლი წაუკიდა. ვიმეორებთ, ამ ფაქტს თუ განკერძოებულად ავიღეთ, მაგდენი მნიშვნელობა არ ექნება.

მაგრამ საქმეც ის არის, რომ ეს შემთხვევა კარგათ გვიჩვენებს იმ საზოგადო მდგომარეობას და ვაჭრობის მიმართულებას, რომელიც ამ ჟამად ჩვენში ჰყვავის.

არსად არ მიდის ვაჭრობის საქმე ისე უნორმალოთ, ისე უწესოთ, როგორც ჩვენში. არავინ არ ვაჭრობს და აღებ-მიცემობს იმ ნაირის უზნეო და ცუდი საშუალებით, როგორც ჩვენებური ვაჭარი.

მეცნიერები ამბობენ, რომ ვაჭრობას ყველგან ერთი და იგივე ხასიათი აქვსო; რომ ვაჭრობა თითქმის ყველგან და მუდამ მომეტებულ ნაწილად მოტყუება არისო. „რაც შეგიძლია ძვირად გაასაღე“. ეს არის ვაჭრების სწავლა-ჭეშმარიტებაო.

ევროპიელ, განათლებულ ქვეყნების ვაჭრებზე ამის თქმა ისე თამამად არ შეიძლება, როგორც ჩვენებურებზე.

განათლებული ქვეყნების ვაჭარი თავის დღეში არ მიმართავს ისეთ საშუალებებს, როგორსაც მუდამ დღე ვხედავთ ხოლმე ჩვენში. იმას უფრო სწავლისა, მეცნიერებისა, ჭკუისა და მოხერხების შემწეობით მიჰყავს თავის ვაჭრული საქმე და ანგარიშები. რასაკვირველია, იმის მიზანიც გამდიდრებაა; მაგრამ ამისათვის ყველა სახსარი გამოსადეგათ და სუფთად არ მიაჩნია. წვრილმანი, საძაგელი მოტყუილება ხამი მუშტრისა და გაბრიყვება იმას ჩვეულებათ არა აქვს.

ეს არ ითქმის საზოგადოთ ჩვენებურ ვაჭრებზე.

თავის გამდიდრებისათვის, ჩვენებური ვაჭარი არაფერს არ დაზოგავს, ყველა სახსარი კარგია, ყველა გამოსადეგათ მიაჩნია. ნათესავის, ტოლ-ამხანაგის, ნაცნობისა და უცნობის მოტყუება - ყველა გამოდგება. მაგარი მაუდის მაგიერად - დამპლის შეტყუილება, კარგი ფქვილის მაგიერად - გაფუჭებულის გასაღება, მანეთში მანეთის სარგებლის აღება, ყველა ეს ვაჭრობათ, კარგ, მოხერხებულ ვაჭრობათ მიაჩნია!

რამდენი მაგალითებია ჩვენში, რომ რომელსამე ვაჭარს სადმე მიყრუებულ სოფელში გაჭირებული გლეხი ჩაეგდოს ხელში თუმანი ესესხებინოს და მეორე წელს ორი და სამი თუმნის რამე წაერთმიოს და გაეყიდოს? რამდენი მაგალითებია იმის მზგავსი, რომელიც ამ სამი-ოთხი წლის წინათ მოხდა ქალაქში, როდესაც ერთ ვიღაცა მოხერხებულ კაცს მეორესათვის ათას რვაასი მანეთი მიეცა და სამ წელიწადში ეს ფულები ისე გაიზარდა, რომ 17000 მანეთამდი შეიქნა? ამბობენ, ამ ორ წელიწადში ეს მესამე თუ მეოთხე მაგალითიაო, რომ ვაჭრები თავიანთი მაღაზიებისა და სახლების ცეცხლის წაკიდებას აბრალებენ!

ძალიან კარგათ ვიცი, რომ „მგლის თავზე სახარებას ვკითხულობ“; ვიცი, რომ ჩემი სიტყვა უდაბნოში მღაღადებლის სიტყვაა. მაგრამ... მაგრამ ერთს ვიწინასწარმეტყველებ: ამისთანა ვაჭრობას მკვიდრი საფუძველი არა აქვს. ვინც პირველი გამოჩნდება ახლანდელ ჩვენს ვაჭრებზე უფრო გონიერი, მოხერხებული და ცოტათი მაინც უპატიოსნესი ჩვენი წარმოება და ვაჭრობაც, უეჭველია, იმის ხელში ჩავარდება.

„მოტყუებითა სოფელი არვისა მოუჭამია“

დროება. - ტფ., 1874. - N450. - გვ. 1.

3.3 პურის ვაჭრობა

▲back to top


დიდიხანია რუსეთიდამ დიდ-ძალი პური გააქვთ სამზღვარ გარეთ და ახლა ეს ოციოდ წელიწადია საქართველოდამაც ეზიდებიან. რუსეთში ოდესა და საქართველოში ფოთი არის პურის სავაჭრო ადგილი. პურის მყიდველი წვრილი ვაჭარი კაცები სოფლებში აგროვებდნენ, ჩაჰქონდათ ამ ქალაქებში, იქ სხვა ვაჭარზედ ჰყიდდნენ მომატებულ ფასად; ეს მყიდველი მერე უცხო ქვეყნის კაცს ფრანცუზს, ნემეცს, ვინც იქნებოდა, იმაზე გაჰყიდდა, რასაკვირველია კიდევ მოგებით, ეს უცხო ქვეყნელი ვაჭარი წაიღებდა თავის ქვეყანაში და იქაურ ვაჭარზედ ჰყიდდა, კიდევ რასაკვირველია მოგებით, და ბოლოს ეს უკანასკნელი თვითონ ჰყიდდა მედუქნე ალაფებზე. აბა იანგარიშეთ რამდენი კაცი ერთმანეთზე ჰყიდდა სინამ პურის მამყვანის ხელიდამ ალაფის ხელში გადავიდოდა.

ამ უკანასკნელ წელიწადს რუსეთის ზოგიერთ მამულის პატრონებს პური ოდესსაში აღარ გაუგზავნიათ და არც ვაჭრებისთვის მიუყიდნიათ. სამზღვარ გარეთ პურის მოვაჭრე კანტორებთან მიწერმოწერა გაუმართავთ და ბოლოს სანემეცოს ქალაქში კენიგსბერგში მორიგებულან იმისთანა კაცებთან, რომელნიც პირდაპირ აქაურის მაზანდითა ჰყიდიან.

რასაკვირველია რომ ამ გვარის ვაჭრობით პურის მამყვანი კაცი მეტს მოგებასა ნახავს. ვიდრე ადესსაში მიტანით გაყიდვისაგან. ამისგამო შარშან ერთის უეზდიდამ მარტო ერთ მოვაჭრის სახელზე ორას ორმოცი ათასი ფუთი ხორბალი გავიდა. იწერებიან, რომ ამ გვარი ვაჭრობა კარგ რგებას მისცემს პურის მამყვანსა, რადგანაც ერთის მხრივ ფასი დეედება ხნა-თესვასა, ჭირნახულსა და გლეხ მუშა-კაცსა და მეორეს მხრით რგებაც მეტი დარჩება პურის მომყვანს, რაკი გადარჩება იმ სხვა და სხვა ვაჭრებსა, და ათას ხელში გავლით რაც მოგებაა, ეს მოგება პირდაპირ გამყიდველს შერჩებაო. ეს კი უნდა ვთქვათო, რომ ჯერეთ ამ საქმეს უფრო დიდი მამულის პატრონები და ბევრი პურის მამყვანნი შესდგომიან. რასაკვირველია უფრო უკეთესი იქნებოდა, რომ წვრილმა მამულის პატრონებმა და გლეხ კაცობამაც შეიტყონ თავისი სარგებლობა, ერთმანეთს პირი მისცენ, მოსავალი და ნაჭირნახულევი ერთათ შეაგროვონ და სამზღვარ გარეთ პირდაპირ თავისი საკუთარი კაცები ჰყავდესთ პურის გამყიდველი.

რუსეთში თუ მოახერხეს, აქ ჩვენში რატო არ შეიძლება, რომ პირდაპირ სამზღვარ გარეთ მიწერ-მოწერა გამართონ მამულის მეპატრონეებმა და პირდაპირ გაჰყიდონ პურის გამყიდველ კანტორებზედა. ჩვენში, იმერეთში და ქართლში სოფლებში ინგლიზის პურის გამყიდავი კანტორების კაცები დაიარებიან, სიმინდს, პურს იაფათ ყიდულობენ, ფოთში აგროვებენ. კარგი იქნებოდა, რომ პირველში ჩვენ მებატონეებს ერთმანეთისათვის პირი მიეცათ, სიმინდი და პური რასაც ახლა თითოობით უცხო კაცებზე ჰყიდიან, ერთათ შეეგროვებინათ და ევროპაში კანტორებისათვის ადგილობრივ მაზანდით მიეყიდნათ. თუ კი ჩვენს თუშებში კაცები გამოჩნდნენ და მატყლი პირდაპირ მარსელში მიაქვთ, განა ჩვენი მებატონეები ისე დაეცნენ, რომ თავისი სარგებლობა არ ესმოდეთ. ზოგს შვილები ჰყავთ სამზღვარ გარეთ სასწავლებლათ და შეეძლოთ ამაში დახმარებოდნენ“.

სასოფლო გაზეთი. - ტფ., 1875. - N3. - გვ. 5-6.

3.4 პეტრე უმიკაშვილი - საქართველოს მატიანე

▲back to top


. .*

აგერ ხუთი-ექვსი წელიწადია, რაც ქალაქში გაბრიელ მირზოევმა ქარხანა გამართა ხამის (ამერიკას რო ვეძახით) საკეთებლად. მაშინები ინგლისიდამ დაიბარა და თვით ოსტატებიცა; მუშა ხალხი კი ქალაქისა უნდა ყოფილიყო. იმედი იყო რომ ეს ქარხანა იხეირებდა.

იმედი ამაზე შეგვეძლო დაგვემყარებინა: პირველად, ბამბა აქვე მოდის. თუ კი წაღებ-წამოღებით ინგლისის ხამი ქარხნის პატრონსა მოგებას აძლევს, აქაურს პატრონს ხომ უმეტეს მოგებას მისცემდა, თუნდა რომ ნაკლებათაც გაეყიდნა. მეორედ, ქარხნის მუშა კაცი ქალაქში უფრო იეფია, ვიდრე ინგლისში, მეტადრე თუ მუშა ქალაქის მკვიდრი მცხოვრებელია. ამის მიზეზი სხვათა შორის ერთი შემთხვევაა: მკვიდრი ქალაქის მცხოვრებელი, მოქალაქე თუნდა დაცემულის ოჯახისშვილი იყოს თუ არ ვაჭრობაზე და ხელოსნათ სხვა მუშაობაზე არა დგება; მოსამსახურეთ, ან დღიურ მუშათ დგომას თაკილობს. ტალახის მუშა დღეში ექვსი შაურიდამ ათამდე იღებს; „ტიფლისის მოქალაქე“ მოკვდება, სამშაურათ, მუქთათ ხელოსანს ქარგლათ და შეგირდათ დაუდგება და ამ მუშაობას კი არ იკადრებს. რადგანაც საქსოვი ქარხანა უფ. მირზოევისა სახელოსნოა, საფეიქრო ადგილია, ქალაქის ხალხი არ მოერიდებოდა და ისე იმუშავებდა გულდაჯერებით, როგორც ამოდენა სახელოსნო დუქნებში მუშაობს, თუ კი გულკეთილად და სამართლიანად მოექცეოდნენ. ამ გვარათ ქარხნის პატრონიც ხეირსა ნახავდა და ღარიბი მოქალაქეც რგებასა.

ქარხანა რომ გაიმართა, მაშინვე კარგა ძალი ხალხი მიაწყდა. გამგებელი, ოსტატები და მაშინისტი ინგლისელები იყვნენ. წესი დაიდგა და მუშაობა რიგზე წავიდა. მუშაკაცებს ფეიქრებს თოფზედ დანიშნული ჰქონდათ ორი აბაზიდამ სამამდე. ქსელი კარგი გამოდიოდა სუფთა და სქელი, ასე რომ კარგა იყიდებოდა. ერთი წუნი ის იყო, რომ პირველში ძაფს საღებავი კარგი ვერა ჰქონდა, და ამის გამო, სამი დამწვარი გამოდიოდა. მერე ეს ნაკლულევანებაც შეამსეს.

მაგრამ ჩვენს ვაჭრებს და ფულის პატრონებს ერთი ცუდი ჭირი სჭირთ: ხელქვეითის ნათქვამი ღვთის წყალობაც ღვთის რისხვათ მიეჩნიათ და როცა კაი კაცს იშოვნიან საქმეს გულახდილად არ მიანდობენ და მეტიჩარობით ხელს უშლიან. უმცოდინარე კაცი მაშინის მომართვაში რას გაარიგებს? ამ ქარხნის პატრონი ყველაფერში ერეოდა, ისე რომ ქარხნის გამგებელი და სხვა ოსტატები მობეზრდნენ თურმე ამის დავიდარებასა და მეტიჩრობისაგან. მაგრამ დიდ ხანს ითმინეს, რადგან ხელწერილით შეკრულნი იყვნენ და გასვლასთანავე ურარაოდ უნდა დარჩენილიყვნენ ყარიბად უცხო ქვეყანაში. რადგან თითონ არ გადიოდნენ, ქარხნის პატრონმა ჰკრა პანღური და თითო-თითოდ გაისტუმრა, რასაკვირველია ჯარიმა კა არ შერჩა და გადაიხადა.

ამის შემდეგ გამგებელი და ოსტატი ქარხანას აღარა ჰყოლია, რაც ისწავლეს ქალაქის უსწავლელმა მუშა კაცებმა, იმითა იოლათ მიდიოდა და აბა რა მუშაობა უნდა ყოფილიყო? მაშინას ვთქვათ ორმოცი ცხენის ძალა ჰქონდა, ქარხნის პატრონს სურდა ორმოც-და-ათის ცხენის საქმე გაეკეთებინებინა, ამის გამო ჩარხებს კბილები ჰსცვიოდა, ღერძები ემტვრეოდა და მუშაობა თითო კვირაობითა და თვეობითა ჩერდებოდა, ვიდრე აქაური მჭედლები რასმე მიაკერ-მოაკერებდნენ, ან, ინგლისიდამ, ჩარხია თუ ღერძი მოვიდოდა.

ყველა ხელოსნობაში შეუწყვეტელი ვარჯიში მუშას აოსტატებს და ჰსწვთნის. ქარხნის მუშები უსაქმოთ ულუკმაპუროთ ხომ ვერ დარჩებოდნენ და ქარხნის გაჩერების გამო ხუთას კაცამდე მუშა იძულებულიყო დაშლილიყო და სხვა სამუშაო მოეპოვნა. ხელახლათ გაღების შემდეგ ბევრი ამათგანი არ ბრუნდებოდა და ამიტომ პატრონს ახალი ხამი მუშები უნდა შემოეყვანა. ამით დახელოვნებული მუშა აკლდებოდა.

ამას გარდა ფასიც დაუკლო ფეიქრებსა და ორ-სამ აბაზის მაგიერ თითო თოფის ქსოვისათვის ექვსი შაური და ათი შაური გაუხადა. ამის გამო 1872 წ. საუკეთესო ფეიქრები გამოვიდნენ და რამდენიმე კვირა მუშაობა ნახევრად შემდგარი იყო.

მას შემდეგ ქარხნის მაშინების მოშლამ და ამ ფასების დაკლებამ ისეთი უწესოება ჩამოაგდო ქარხანაში, რომ ქალაქში კიდეც ლაპარაკობდნენ უფ. მირზოევი ჩითახოვზე გაყიდვას აპირებსო, რადგანაც ზიანსა ხედავსო. ეს ამბავი ჯერ-ჯერობით ჭორათ დარჩა. ხოლო აი რა ამბავი მოხდა. შარშან უფ. მირზოევმა ვითომც საქმის გაკეთებისათვის რუსეთიდამ ას ოცი კაცი ქარხანის მუშები მოიყვანა. ერთორი თვის შემდეგ ამათ ასეთი დღე დაადგათ, რომ უკანვე დააპირეს წასვლა და როდესაც უფ. მირზოევმა გზის ხარჯი არ მისცა, უმაღლეს მთავრობას მიჰმართეს და მთავრობამ ეს მუშები თავისის ხარჯით გაისტუმრა და შემდეგ, რასაკვირველია, ქარხნის პატრონს სამაგიერო გადაახდევინა.

ახლა კიდევ ქალაქში ლაპარაკობენ, ამ თვის ნახევრიდამ ქარხანაში მუშაობა შემდგარიაო. იმ მიზეზით, რომ წინათ დაჰპირებიან მუშებს ორ შაურს მოგიმატებთ თითო თოფის ქსოვაზედაო, (უკანასკნელ დროს ხუთი შაური ყოფილა) და ბოლოს კი აღარ მოუმატნიათო.

ამისთანა უთავბოლოთ, უდირექტოროთ, უმეხანიკოთ, მუშის ფასის დაკლებით, რასაკვირველია, ქარხანა დაეცემა. მერე ვიძახით: ჩვენში ვერაფერი ვერა ხეირობსო. ამაზეა ნათქვამი: საქმეს წაახდენს უვიცი ფათერაკს დააბრალებსო.

ჩვენში ერთი ახირებული სურვილი აქვსთ მეტადრე ფულიან ხალხსა. რა საქმესაც ხელს მოჰკიდებენ ერთბაშად და უეცრად გამდიდრება სურთ. ამ ქარხანის უხეიროთ ყოფნაც ამ ახირებულის სურვილის ბრალი უნდა იყოს. პირველ გამართვას და რიგში ჩაგდებას, რასაკვირველია, დიდძალი ფული მოუნდებოდა. ვიდრე კარგა ფეხს არ გაიმაგრებდა ეს ქარხანა იმ დრომდე დიდის მოგების იმედი კაცს არ უნდა ჰქონოდა. სარგებელი და კარგი მოგება მერე შეუდგებოდა. ქარხნის პატრონს უეჭველათ სხვა რიგათა ჰგონებია: თავნი და სარგებელი რაც შეიძლება მალე უნდა ადგესო. თუ ესე არ იყოს მაშ რას უნდა მივაწეროთ, ქარხანის ხელის-მცოდნეთა განდევნა, მუშების ხელფასის დაკლება, რომლისა გამოც ჩვენი ერთათ ერთი ქარხანა დღეს იღუპება.

სასურველი კი იყო, რომ ჩვენში ამ პირველ დაწყობილ საქმეს ფეხი მოეკიდნა, მტკიცეთ თავი შეემაგრებინა ჩვენის ქვეყნის სიმდიდრის აქვე დასატრიალებლათ, აღებ-მიცემის და ხელოსნობის გასაჩაღებლათ და საზოგადოთ ქვეყნის გასამდიდრებლად. იმედი გვქონდა რომ ჩვენს პირველს ფულიან-კაცს გაბრიელ მინაიჩს სხვა ფულის პატრონებიც მიჰბაძავდნენ და სხვა და სხვა ქარხნები გაიმართებოდა, მაგრამ ამის მნახველნი, სხვები უამისოთაც გაუბედავნი ძნელათ თუ ამას იქით რასმეს ამ გვარს გაბედვენ.

___________

* პეტრე უმიკაშვილი

ივერია. - ტფ., 1877. - N13. - გვ. 1-2.

3.5 ქუთაისი, აგვისტოს 1

▲back to top


ნაწყვეტი სტატიიდან

მეტად გაჭირებული მდგომარეობაა დღეს იმერეთში. განგებამ არ გვაკმარა ომიანობა და ყოველ გვარი მწუხარება რაც იქიდან წარმოსდგება - ზედ სხვა უბედურებაც დაუმატა. გვალვის შიში მაინც იმერეთში არაოდეს არ ყოფილა, თუ მთაში არ მოვიდოდა მოსავალი გვალვის მიზეზით, ბარში მაინც საკმაოდ მოვიდოდა, რადგან აქ ბარი ვაკე ადგილები ისეც ნამიანია და ზედ ცის ცვარიც რომ დაეცემოდა, რომელიც ასე უხვად იცის აქ გვალვის დროს მოწმენდილ ღამეებში, წვიმა თითქმის ბევრად საჭირო აღარც კი იყო. მაგრამ ზოგიერთი ძველი კაცების სამდურავის არ იყოს, ცამაც კი აგვარიდა თავისი მოწყალე პირი: ეს ერთი თვეა წვიმა ხომ არ არის და არა; და ცვარი წვეთიც არ ჩამოვარდნილა დამსქდარ, დადაგულ დედამიწაზედ. რაღაც საკვირველის განგების ძალით დღე ყოველთვის მოწმენდილია და ღამე კი ღრუბლიანი; ყოველ დღე როგორც მოსაღამურდება და შავი ზღვიდან წამოიწევიან შავშავი ღრუბლები და კიდის კიდამდის ერთიანად მოჰფენენ ცის კამარას; ატყდება ერთი ჭექა-ქუხილი; - მუშა კაცი წვიმის მოიმედე ხელ-აღპყრობით ღმერთს მადლობასა ჰწირავს, მაგრამ სულ ტყუილი იმედები გამოდის, - ვერც წვიმის ღირსი შევიქენით და ცვარიც ტყუილა უბრალოდ გვეკარგება. მადლობა ღმერთს კიდევ პურის მოსავალი მაინც არ იყო ურიგო, მაგრამ, როგორც მოგეხსენებათ, პური ისე ბევრი არ ითესება იმერეთში. ბევრად უფრო მომატებული ითესება სიმინდი, რომელსაც დღეს ასე დიდი განსაცდელი ადგია წინა.

მკითხველმა უნდა იცოდეს, რომ რაც ინგლისელები ჩვენის ქვეყნიდან სიმინდის გატანას შეუდგნენ, იმის თესვაც ძლიერ გახშირდა, და იმერლებმა ამ უკანასკნელ ათ-თხუთმეტ წელიწადში ცოტა წელი თუ გაიმაგრეს და რამდენიც არის ღონისძიება მოიპოვეს ისევ სიმინდის წყალობით, თორემ სხვა ჩვენის ნაქების „სიმდიდრეებით“ - ხე-ტყითა, მადნეულობითა, თუ სხვა ამ გვარებითა, ჯერ ჯერობით არა გამოვიდა რა, რადგან ჩვენ მეზობელ ქვეყნებს იმათი გატანა და მოხმარება ჯერ ვერ მოუხერხებიათ და უცხო ქვეყნები კი მეტად დაშორებულად გვყვანან...

ივერია. - ტფ., 1877. - N24. - გვ. 5-6.

3.6 X - მეურნის კორრესპონდენცია

▲back to top


საგარეჯო, 10 აპრილს. დიდი მნიშვნელობა აქვს და ჩვენშიაც რომ რაიმე მანქანების ძალით შემოვიდეს იგი, სოფლის წარმოებას მოკლე ხანში დააყენებს წარმატების გზაზედ. საკმაოა თვალ წინ დავიყენოთ ჩვენებური, მოტყუებაზედ და გამოცინცვლაზედ დამყარებული ვაჭრობა და წესიერი აღებ-მიცემობა - და დავრწმუნდებით, რომ წესიერი აღებ-მიცემობა, რომელიც სხვისას ხელს არ ჰკიდებს და მხოლოდ თავისით სარგებლობს, - მაწარმოებლის, ასე ვსთქვათ, იმედია, თავმბადია, წარმოებაში წამაქეზებელია და ხელის შემწყობი, ხოლო უწესო, სხვისი შრომისა და ქონების წარტაცვაზედ და ყალბობაზედ დამყარებული აღებ-მიცემობა-კი - წარმოების ხელის შემშლელია, საქმეში გულის ამაცრუებელი და მაშასადამე ყველა გვარი წარმატების დამაბრკოლებელია წარმოებაში. ეს ყველა ერთმა შემთხვევამ გვათქმევინდა, რომელიც არ შეიძლება არ მოვიყვანოთ აქ, ვითარცა წესიერი აღებ-მიცემობის ნიმუში.

ერთი აქაური მემამულის ღვინო (შარშანდელი მოსავლისა) ერთმა ფრანგმა ფირმამ იყიდა; ეს ფირმა თურმე საქართველოში ყველგან ყიდულობდა ღვინოს საფრანგეთში გასაგზავნად. მსყიდველმა შარშან ღვინობისთვეში ნახა ღვინის ჭაშნიკი, და ღვინის პატრონმა სრული ფასი ჩეკით (ფულის ბარათით) მიიღო სავაჭრო ბანკიდამ. ამასთან პირობა დასდეს, რომ წლევანდელს მარტში მოითხოვდა ფრანგი ნასყიდ ღვინოს, ხოლო გამსყიდველი ვალდებული იყო მსყიდველისაგან გამოგზავნილ ჭურჭელში თვითონ ჩაესხა და თავისგანვე დაქირავებული ურმით გაეგზავნა თბილისში ჩასაბარებლად; ამ ურმის ქირაც, ერთი გზობისა რვა მანეთი, მსყიდველს ღვინის მიღების უმალ უნდა გადაეხადა. სულ მარტში ფრანგმა გამოგზავნა ჭურჭელი (ბოჩკები, წინადვე გამოწყული), ამან გადმოიღო ჭურჭლებში აღთქმული ღვინო და გაუგზავნა მსყიდველს. ასე დაბოლოვდა ამათი აღებ-მიცემობა და ორნივ ძალიან კმაყოფილნი დარჩნენ: გამსყიდველმა თავის ნაწარმოებში ღირებული ფასი უკლებლად და მასთანავე იმ თავითვე მიიღო, ხოლო მსყიდველს დაკვეთილი ღვინო მოთხოვნილებისთანავე უკლებლად და უვნებლად ჩაჰბარდა.

ჩვენ ვაჭრებთან საქმის დაჭერა-კი სულ სხვა სურათს წარმოადგენს და იმის ნიმუშიც არ შეიძლება არ წარმოვიდგინოთ. ჰნახავს სირაჯი ჭაშნიკს და მრავალი ჯანჯლობისა და სხვ., დარიგებული, სირაჯებისაგან დაფოლების შემდეგ რიგდებიან ფასში და ზევით ნათქვამი ღვინისთანას საპალნეს, 32-33 ჩაფიანს, იკვეთავს შვიდ-რვა თუმნად, (ვედროობის ანგარიშით ვედროს მანეთათა და ცხრა შაურად ან მანეთათა და ცამეტ შაურად, ე.ი. ნახევარ ფასად). ამ მცირედს ფასს (კანონიერზედ დიდ საპალნეში) დაუმატეთ, ბეს მიცემის დროს ამოღებული ჭაშნიკი, (ორი-სამი თუნგი, თეთრი ღვინისა ცალკე და წითლისა ცალკე), ღაზლა შემოხვეული ნახევარ ჩაფიანი, ესეც უმეტეს ნაწილად კანონიერზედ რამდენიმე ჭიქით მოზრდილი, მერე ხელ-მრუდობაში გაოსტატებული ამწყველი, რომელიც ყველა ამოღებაზედ ღაზლისა და ქვევრიდგან ოსტატური ამოქნევის შემწეობით სამ-ოთხ ჭიქა ღვინოს მაინც ამოაყოლებს საწყაოს, მერე კიდევ რამდენიმე ჩაფისა ხელიდგან გამოცლა - ეს „ცოცხლების სადღეგრძელოვო“, ეს „მკვდრების შესანდობარიო“, „სახარჯოვო“, „ამომღების გასამრჯელოვო“ და სხვ. და მერე კიდევ სირაჯისა, მისი ამალისა და მეურმეების (ურემზედ ორ-ორი კაცის დახვედრა-დათრობა) და - გამოდის, რომ პატრონი შვიდ ან რვა თუმანს-კი არ იღებს საპალნეში, არამედ ექვს ან შვიდ თუმანზედ ნაკლებს. ახლა საქმე ფულის მიღებაა. უმეტეს ნაწილად ღვინის ჩაბარების დროს არ აძლევს სირაჯი ხვედრს ფულს, არამედ შემდეგ როდისმე და ხშირად მთელი წელიწადი თითო ორ-ორ თუმნობით იხდის, და ამნაირად, როგორც იტყვიან, ღვინის პატრონს ხელში უწყალდება თავის ნაჭირნახულევი.

აი, ამ გვარი აღებ-მიცემობის ხელშია ჩაბღუჯვილი ამ ჟამად ჩვენი ყველა გვარი წარმოება და უმეტესად ღვინის წარმოება, და ამიტომაც ცხადი გასაგებია, თუ რატომ არ შედის ჩვენი მევენახე წარმატებაში და ჩვენს ღვინოებს რატომ რაიმე გაუკეთესება არ ეტყობა. ყველა წარმოების გაუკეთესებას მომეტებული შრომა სჭირდება და ამ შრომას კიდევ მეტი ფული უნდა, რომელიც უთუოდ იმავე წარმოებამ უნდა მისცეს პატრონს. და რაკი ღვინის მეურნეობა ჩვენში იმ გარემოებაშია, აქაურ ღვინის მოვაჭრეთა გადამკიდე, რომ ჯერ ღირებულ ფასადაც ვერ გადის და მერე კიდევ იმ ფასსაც ნაღდად ვერ იღებს, ამიტომაც ჩვენი მევენახეობა ვაი-ნაჩრობით ღონღიალობს და ვენახის პატრონი იმდენს ძლივს ახერხებს, რომ, ასე ვსთქვათ, სახელდახელოდ, ერთ დონეზედ უვლის მას, მხოლოდ იმდენად, რომ მთლად არ გაფუჭდეს, არ ამოვარდეს.

ამას ბევრად უშველის, რომ წესიერი ვაჭრობა შემოვიდეს როგორმე ჩვენში, და ამაზედ ზრუნვა და ფიქრი და რაიმე ღონის-ძიების მოპოვება იმათთვის მიგვინდვია, ვისაც ამ საგნის ცოდნა აქვს და გამოცდილებაც მიუძღვის. ჩვენ-კი ამ ხელად საჭიროდ მიგვაჩნია ჯეროვანი ყურადღება მიეპყრას ღაზლა შემოხვეულ კანონიერზედ უდიდესს საწყაოებსა და დაიდვას, რომ საწყაოებად იხმარებოდნენ მხოლოდ შემოწმებული და ბეჭედ დაკრული ჩაფები, ნახევარ ჩაფები და სხვ.

მეურნე. - 1889. - N14. - გვ. 9-10

3.7 ნიკო ნიკოლაძე - შინაური მიმოხილვა: საქონლის გამზიდავი ვაჭრობა

▲back to top


ღვთის მადლით იმ დღესაც მოვესწარით, როცა ქართულმა მწერლობამ ვაჭობაზედაც უნდა იქონიოს მსჯელობა, რადგანაც ქართველობაში თან-და-თან მრავლდება იმათი რიცხვი, ვინც აღებ-მიცემობის ასპარეზზე მოქმედობს, მის სიმძიმეზე დარდობს და მის გაადვილებასა ცდილობს. იყო დრო - ამ ოცი, ოც და ათი წლის წინად - როცა სათაკილოდ მიაჩნდათ ჩვენში ეს ასპარეზი. ჩვენგანს ბევრს ისიც ეხსომება, რომ, არა თუ ვაჭრობა და ყიდვა-გაყიდვით თავის რჩენა, თვით საკუთარი მოსავლის გაყიდვა სამარცხვინოდ ითვლებოდა მებატონეებში. სოფლის თავადი ან აზნაური მალვით ჰყიდდა თავისს პურს, ან შეშას, ან ღვინოს, ან სიმინდს. მომაკვდინებელ ცოდვად მიაჩნდათ ეს საქმე იმათ, ვინც შინა-ყმის, მოჯალაბის, მოახლის და გლეხის გაყიდვას არ ათაკილობდნენ წინად... პირველად რომ ხმა გავარდა ჩვენში, ერთს დიდ მებატონეს თუთუნი (თამბაქო) გაუყიდნიაო, მთელს საზოგადოებაში მარტო ძრახვა ისმოდა: „შეურცხვა დიდ-კაცობა, მიკიტნის ხელობას შესდგომიაო!“ როცა მოახლეებისა და შინა-ყმების გაყიდვა კანონმა აკრძალა, ჩვენმა მოწინავე წოდებამ მიწა-წყლის გაყიდვას გაუსვა ხელი, და მარტო მაშინ გაიცნო მოსავლის გაყიდვის უმანკოება, როცა თვით ეს მოსავალი იმოდენად შეუმცირდა, რომ თვითონაც საყიდელი გაუხდა. ამ ამაოდ-მორწმუნების და კუდა-ბზიკობის წყალობით, აღებ-მიცემობა ჩვენის ქვეყნისა უცხო ტომის ხელში ჩავარდა: საითკენაც უნდა გაიხედოთ, ჰნახავთ, რომ ვაჭრობა ზოგან ბერძნის ხელშია, ზოგან სომხისა და ზოგან ურიის ხელში. ვაჭრობას მრეწველობა მოსდევს, ორივეს - სიმდიდრე, ფულით მაინც. ამის გამო დღეს ჩვენის საეკონომიო მდგომარეობის ზოგიერთი უმთავრესი საგანი და იარაღი საშოვარი, შესაძენი გვაქვს.

ეს შოვნა და შეძენა ისე ადვილი როდია, როგორც უმეცარს ჰგონია. ხანგრძლივი, გონიერი, წინადვე მოსაზრებული ბრძოლა და მეცადინეობაა საჭირო, არა თუ კერძო ვაჭრებისა, თვით მთელის საზოგადოებისაცა, თუ გსურს ძველი შეცდომა გავისწოროთ და ხელიდან გაშვებული ძალა დავიბრუნოთ. თორემ გაცალკევებულ და ერთმანეთთან მებრძოლ ვაჭრების მუყაითობით ვერ შეირყევა ის სიმაგრე, რომლის აგება და გაძლიერება საუკუნეების განმავლობაში ჩვენს სირეგვნეს უცხოელებისათვის მიუნიჭებია ხელ-შეუშლელად...

ამისათვის ყველაზე უწინ საჭიროა ძველებური აზრი და ფიქრი შევიცვალოთ ვაჭრობის შესახებ. ვიდრე ჩვენის საზოგადოების უმრავლესობას სისხლსა და ხორცში ის რწმენა არ გაუჯდება, რომ საზიზღარი, სამარცხვინო და სათაკილო ქვეყანაზე მარტო უქმობა და მუქთა პურის ჭამაა, მანამდე ნუ გწამთ, ვითომ განათლებისა ანუ წარმატების მირონი მოგვცხობოდეს. ვაჭრობა - შრომა და ისევე პატივსაცემია, როგორც ყოველნაირი შრომა. მართალია, ვაჭრობაში, ხშირად, მატყუვრობა და თაღლითობა ვარჯიშობს, მაგრამ რომელი სხვა ასპარეზია თავისუფალი ამ სენისაგან? როგორც ყველა სხვა ასპარეზზე შეჩვეული ვართ პატიოსანი მოღვაწე უპატიოსნოსაგან გავარჩიოთ ხოლმე, ისე ვაჭრობაშიაც თვით ვაჭრობა კი არა, მისი მომწამვლელი თაღლითობა უნდა ვგმოთ. ეს თაღლითობა უფრო ადვილად მოისპობა მაშინ, როცა დავეჩვევით სხვა-და-სხვა ნაირად მოვეპყროთ მატყუარასა და პატიოსანს ვაჭარს, როცა თვით ვაჭრებს შევაგნებინებთ რიგიანობის ფასსა და სარგებლობას. ამ თვალით უყურებს ვაჭრობას მთელი განათლებული ქვეყანა, ამ საშვალებით შეამცირა და მოსპო მან ვაჭრობაში თაღლითობა და ქურდობა, ამ გზით გაჰხადა მან ვაჭრობა ერის სახეიროდ მოსახმარ ძალად...

ზოგს წრეებში ის აზრიც ტრიალებს, ვითომ ვაჭრობა ქვეყნისათვის უსარგებლო მოქმედება იყოს: თავისთავად ის როდი რას ჰმატებს ქვეყნის ქონებასაო, თვითონ წარმოებაში როდი ურევიაო, მარტო სხვისი ნაწარმოები გადააქვს ერთი ადგილიდან მეორეშიო; ის შუამავალია მწარმოებელსა და მომხმარებელს შუა, და, როგორც შუამავალი, ყოველსავე სავაჭროს აძვირებს. ეს შეხედულობა იმ ჭეშმარიტის აზრის დამახინჯებაა, რომელსაც იდეალად მიაჩნია უსარგებლო, ნამეტანი შუამავლის მოსპობა მწარმოებელსა და მომხმარებელს შუა. იმედია, კაცობრიობის წეს-წყობილობისათვის ისეთი დრო დადგება ოდესმე, როცა ეს ნათელი იდეალი მთლად და სრულებით განხორციელდეს და როცა მწარმოებელსა და მის ნაწარმოების მომხმარებელს შუა, საზოგადოების გარდა, სხვა შუამავალი არავინ იქნება. იმედია-მეთქი. დღეს კი, ჯერ-ჯერობით, და ვინ იცის, როდემდე, საქმის ვითარება ისეთია, რომ უვაჭრობოდ არც წარმოებაა შესაძლებელი. დღეს, ვაჭრობა რომ არ არსებობდეს და არ მოქმედებდეს ჩვენში, ყოველი ადამიანი მარტო იმას მოიწევდა, იმას მოიყვანდა, რის გასაღებაც თვითონ შეეძლებოდა თავისს სახლში ან მეზობლობაში. რაც დღეს ჩვენში პური, ან სიმინდი, ან ღვინო მოგვდის, მისი მეათედიც არ მოიწეოდა მაშინ, რადგანაც გასავალი არ ექნებოდა. მეორე მხრით, რაკი თვითონ მწარმოებელს თავისი მოსავლის გადატან-გადმოტანა, რასაკვირველია, არ შეეძლებოდა, მყიდველისთვის, მომხმარებლებისთვის საქონელი იმდენად გაძვირდებოდა, რომ ხალხი, სანახევროდ, მშიერ-ტიტველი დარჩებოდა. ეს სურათი უქმის ფანტაზიის ნაყოფი არ გეგონოთ: დიდი ხანი როდია მას აქეთ, როცა უმეტესი ნაწილი ჩვენის ქვეყნისა პირიდან წავარდნილი მზგავსება გახლდათ ამ სურათისა, და დღესაც აქა-იქ მოიპოვება კიდევ ზოგიერთი მაზრა - თუნდა სვანეთი, მაგალითად - სადაც ამ მდგომარეობის დანახვა და მისის ავკარგიანობის დაფასება ყველას ადვილად შეუძლია. აი, ვინც ამგვარ მაზრების ეკონომიურ ცხოვრებას დაუკვირდება, ის მალე დარწმუნდება იმ ჭეშმარიტების სიმტკიცეში, რომ ვაჭრობა განუყრელი ძმობილი ყოფილა წარმოებისა. ვაჭრობა ორის გზით ამრავლებს ქვეყნის ქონებას: ერთის მხრით ბაზარსა შოულობს მოსავლისათვის, და მით წარმოების ასპარეზს თან-და-თან აფართოვებს, და მეორეს მხრით - აადვილებს, ააიაფებს ხალხის საჭიროებათა დაკმაყოფილებას. ამიტომაც ხეირიანად წარმოებული ვაჭრობა, თუ შემოქმედი არა, მომქმედი ძალა მაინც არის ერის საეკონომიო ცხოვრებაში, და ისეთი ძალაა, ურომლოსოდაც წარმოება, შემომქმედი შრომა ქვეყნისა აუცილებლად შემცირდებოდა.

„ხეირიანად წარმოებული“ იმიტომა ვთქვი, რომ ჩვენში სიტყვა ვაჭრობა სხვა-და-სვხა ნაირად იხმარება. დღეს უმეტესი ნაწილი იმათი, რომელნიც ჩვენს ქვეყანაში ვაჭრობენ, მარტო იმაში ატარებენ თავიანთ აღებ-მიცემობას, რომ აქედან უცხოეთში ფული მიაქვთ ან ჰგზავნიან, და იქიდან საქონელი მოაქვთ, ჩვენს ხალხში გასასაღებლად. ეს ვაჭრობა ცალმაგია, ცალ-კერძოვანი, და უფრო აუძლურებს, ვიდრე ამდიდრებს ქვეყანას. ნამდვილი, რიგიანად წარმოებული ვაჭრობა ისაა, რომელიც ჩვენის ქვეყნის მოსავალისა და წარმოებისათვის უმჯობესს ბაზარს და გასავალსა სძებნის, და მის მაგიერ ქვეყნისათვის იაფად შოულობს უცხოეთში ყველაფერს, რაც ჩვენს ერს ეჭირვება. უმდაბლესი ხარისხი ვაჭრობისა ის გახლავს, როცა ვაჭარს ვერა გააქვსრა ქვეყნიდან, და ყველაფერი მოაქვს უცხოეთიდან, რასაკვირველია, მამასისხლად. მეორე ნაბიჯი, თუ ხარისხი, მაშინ იბადება, როცა ვაჭრობას უცხოეთიდან მზა-მზარეული საქონელი შემოაქვს, და თავის ქვეყნიდან კი უცხოეთში მარტო ხორაგეული, მარტო უბრალო საქონელი, შეუმუშავებელი ნაწარმოები მიწისა (сырье) გააქვს გასასაღებლად. ამას შემდეგ დგება მესამე პერიოდი ვაჭრობისა: გატანილისა და შემოტანილის თანასწორობა, განწონილება. ბოლოს, როგორც უაღრესი წერტილი ვაჭრობის სიკეთე-ნაყოფიერებისა, არსდება ისეთი მდგომარეობა, როგორშიაც დღეს ინგლისი და საფრანგეთია: ვაჭრობას მზამზარეული საქონელი - მანუფაქტურა, მაშინები და სხვ., და შემოაქვს მარტო ხორაგეულობა... ქვეყნის ეკონომიისათვის ვაჭრობას სხვა-და-სხვა რაოდენობა მოაქვს სარგებლობისა, იმისდა მიხედვით თუ რა ხარისხზე სდგას მისი მოქმედება.

რაღა თქმა უნდა, ჩვენთვისა და ჩვენის მკითხველისათვის ყველაზე უფრო საგულისხმო ჩვენს ვაჭრობაში ის იქნება, და ის უნდა იყოს, თუ რით, როგორ ან რანაირად მოვიახლოვოთ სანატრელი თანასწორობა ჩვენის ქვეყნის სავაჭრო ბალანსისა. რასაკვირველია, ამისათვის, ყველაზე უმეტესად, ჩვენის წარმოების, და განსაკუთრებით მრეწველობის, გაძლიერებაა საჭირო, მაგრამ ამ საქმეში, თუ იმისთანავე არა, არც ბევრად ნაკლები ადგილი უკავია იმასაც, თუ რა იარაღი და საშუალება აქვს ვაჭრობას ჩვენის ხორაგეულ-ნაწარმოების გასაღებისათვის უცხოეთში, რა ფასად, დიდისა, თუ მცირე ხეირით, თუ სრულიად უხეიროდაც ან წაგებით ჰყიდის ის უცხოეთში ჩვენს ხორაგეულობას. რა თქმა უნდა, რაც უფრო ხეირიან ფასად გასაღდება უცხოეთში ჩვენებური საქონელი, მით უმეტესი მოგება დარჩება ჩვენს ქვეყანას, რადგანაც მით უფრო მეტს მოიგებს ჯერ ვაჭარი, და მერე მწარმოებელიც. მაშასადამე, მით უფრო მალე შეგროვდება ქვეყანაში, სხვა-და-სხვა ოჯახებში, სიმდიდრე, კაპიტალი, აუცულებლად საჭირო მრეწველობის დასაარსებლად და თავდაპირველ წასამართველად. - პირიქით, თუ ჩვენი საქონელი უცხოეთში იაფად, წაგებით, გაიყიდა, ვაჭარიც იძულებული იქნება თავი დაანებოს მის გაზიდვას, მწარმოებელსაც გასაღების საღსარი მოესპობა, და მრეწველობის დაარსების იმედი, ხომ, ერთიანად გაქარწყლდება. აქედან ცხადია, რომ, თვით წარმოების ინტერესი მოითხოვს, ქვეყანა თვალ-ყურს ადევნებდეს საქონლის გამზიდავ ვაჭრობის მდგომარეობას, თუ სურს, რომ მისი მოქმედება მართლა სახეირო შეიქმნას ქვეყნისა და ერის ეკონომიისათვის...

იქნება ჯერ ადრეც იყოს ამ საგანზედ ბაასი, ზოგიერთის შეხედულებით. სულ ოთხიოდე-ხუთი წელიწადი თუ იქნება - მეტი არა - მას აქეთ, რაც ჩვენებური კაცი საქონლის გამზიდავ ვაჭრობას შეუდგა. ვაცალოთ, ვნახოთ, რით დაბოლოვდება მისი ცდა, როგორ დატრიალდება მისი ბედი! ჩემის აზრით, ეს შეცდომა იქნება. მეტად დიდი გამბედაობა, მეტად დიდი ვაჟკაცობა გამოიჩინეს იმათ, ვინც ამ უცნობს და საშიშს გზას დაადგნენ. გამბედაობა და ვაჟკაცობა ამ ასპარეზზე ისეთი ხშირი საქონელი როდია, რომ გულგრილად, გულხელ-დაკრეფილი ვუცქეროდეთ შორიდან, აბა, „რა გამოვა რისგან“. ღმერთმა ნუ ქნას, უცაბედი ხიფათი რომ დაემართოს რამე თვით ჩინებულად ნაანგარიშევს და რიგიანად წაყვანილს საქმეს, მისი მარცხი ხომ მთელი ოციოდე წლით დაუხშობს გზასა და საღსარს ყოველს ახალს ცდას და დაწყებას ამ უსაჭიროესს მიმართულებაში! მეორეს მხრით, ნუ თუ საჭირო არ არის ქვეყნისათვის, რომ, რაც შეილება, უმეტესს ნაწილს მისის გონება-წარმატებულ შვილებისასა ნათლად გამოსახული ჰქონდეს თვალ-წინ გზა და სურათი ჩვენის ვაჭრობისა უცხოეთში, რომელიც დღეს ყველასთვის ბნელს ტევრსა ჰგავს? საზოგადოება და მწერლობა გულმოდგინედ რომ იკვლევდეს ამ გზას, რამდენს ხიფათს ააცილებდნენ ჩვენს ქვეყანას, და თვით ვაჭრობასაც, რამდენს გამბედავს კაცს იხსნიდნენ ზარალისგან, რამდენს ფასების დავარდნას, რამდენს „კრიზისს“ აგვაცილებდნენ, ვინ მოსთვლის, ვინ იანგარიშებს!...

გამზიდავი ვაჭრობა (экспорт, вывозъ) ამ უკანასკნელ დრომდე, მარტო უცხოელების ხელში იყო-მეთქი. თავდაპირველად ჩვენის ქვეყნიდან გაჰქონდათ უფრო ბზა და ნიგვზის ხე, გაჰქონდათ განსაკუთრებით ბერძნებს. იშვიათად, ერთმა-ორმა სინჯა ამას წინად ნიგვზის ხის წაღება, საკუთრის ხარჯით, მარსელს, მაგრამ ჩვენებურების ამგვარი ცდა ყველა წაგებით და დამხობით დაბოლოვდა. მოგება თუ ვისმე დარჩა, მარტო იმას ერგო, ვინც ბერძნების ან ინგლისელებისათვის ბზასა და ნიგოზს სჭრიდა. ესენი თავიანთის ხარჯით სჭრიდნენ ხეებს, თავიანთისავე საშვალებით ჩაჰქონდათ საქონელი ზღვის პირას, სადაც ჩააბარებდნენ თუ არა გამზიდველს, იქვე სრულს ფასს იღებდნენ. ვინც კი ამ საქმეში ერია ჩვენთაგანი, ყველა ამბობს, რომ დიდი ხეირი ვნახეთ, მოგებით გამოვედითო. სამწუხაროდ ეხლა მხოლოდ ისა აქვთ, რომ ბზის ტყეები მოისპო ყველგან და ნიგვზის ხეები დაძვირდა: გასავალი კი აქვს ამ საქონელს, მაგრამ თვით საქონელი გაწყდა, ან იმდენად გაძვირდა, რომ მყიდველი ვეღარ ეკარება. ამას შემდეგ გამზიდავი ვაჭრობა შეეხო ჯერ სიმინდს (დასავლეთ საქართველოში) და მერმე ნავთს და შავ ქვას (მარგანეცს). თავდაპირველად ეს ვაჭრობაც უცხოელებს ეჭირათ ხელში. ჩვენებური ვაჭრები ამ საქმეში მარტო იმავე როლს ასრულებდნენ, როგორიც წინად, ბზას გატანაში ჰქონდათ... ფოთში, ყვირილაში, ბათუმში დაარსდა სხვა-და-სხვა უცხოელთა ფირმები, რომელნიც ნაღდ ფულზედ ყიდულობდნენ აქაურის კაცისაგან იქ ჩატანილს სიმინდს, შავ ქვას თუ ნავთს. ეს ფირმები თვითონ გვინიშნავდნენ საქონლის ფასს თუ მაზანდას და ამ მაზანდით ჩვენგან ნაყიდს საქონელს უცხოეთში ჰგზავნიდნენ. არავინ იცოდა კი ნამდვილად, სახელდობრ, სად, ან რა ფასად, ასაღებდნენ თავისს ნამუშტრს. მაზანდას რომ ნიშნავდნენ, გვეუბნებოდნენ: „დღეს მაგ საქონელზე ევროპაში ისეთი მაზანდაა, რომ ამ ფასზე მეტს აქ თქვენ ვერ მოგცემთო“. ამ სახით მიდიოდა საქმე ათიოდ-თხუთმეტის წლის განმავლობაში. ჩვენს კაცს „ხელს აძლევდა“ ამგვარი დამოკიდებულება. იგებდა ხან მეტს, ხან ნაკლებს. როცა უცხოელი ფირმისაგან დანიშნული მაზანდა მისთვის სახეირო აღარ იყო, როდიღა ჰყიდდა თავისს საქონელს. მაგრამ თუმცა ამ მდგომარეობით ყველანი კმაყოფილნი იყვნენ, მჯობნის მჯობნი არ დაილევაო, იმისი არ იყოს, ზოგმა იფიქრა, თვითონ ჩვენ რომ წავიღოთ უცხოეთში ჩვენი საქონელი და აქ კი არა, იქ გავყიდოთ, უფრო მეტს ფასს ავიღებთ, უფრო მეტს მოვიგებთო. უეჭველიაო, ჰფიქრობდნენ ამისთანანი ვინც უცხოეთიდან აქ მოდის, ჩვენგან საქონლის საყიდლად და ჩვენის საქონლის უცხოეთში გასაგზავნად, ის რამეს უნდა იგებდეს თავისის ვაჭრობით, თორემ გიჟი ხომ არაა, მუქთათ იშრომოს, მუქთად იმოდენა ფული დააბანდოსო. ჩვენ რომ ჩვენი საქონელი თვითონვე გავიტანოთ უცხოეთის ბაზარში, უეჭველია, ამ ვაჭრების მოგებაც ჩვენვე დაგვრჩება ჯიბეში: ქვეყნის ფულს უნდა იგებდნენ ისინი ამ ვაჭრობითაო.

საფუძველი ამ მოაზრებისა დიაღაც სწორი და გონიერი იყო. მაგრამ მარტო საფუძველი არ კმარა მთელის სახლისათვის. ჩვენ ერთი მასალა დაგვავიწყდა, რომელსაც დიდი ადგილი უკავია ამ აღებ-მიცემობის საქმეში: სერმია. ჩვენ საქონელი გვქონდა, მაგრამ ის სამუშაო თანხა, оборотный капиталъ-ი გვაკლდა, ურომლისოდაც ყოვლად შეუძლებელია ვაჭრობა, და ურომლისოდაც ვაჭრობა აუცილებლად გაკოტრებით დაბოლოვდება. სერმია ვაჭრობაში დიდს უპირატესობას აძლევს მის პატრონს: გემსაც ნაკლებ ფასად იქირავებს, მუშტარსაც დროზედ იშოვის, მოცდაც შეუძლია, ვიდრე მაზანდა აიწევოდეს, და სხვა და სხვა. ეს ჩვენებურს გამზიდველებს თავდაპირველად როდი ესმოდათ. რაც რამ გააჩნდათ, რის სესხებაც შეეძლოთ, ყველაფერს საქონლად აქცევდნენ, ოღონდ კი მეტი გაეგზავნათ ხომალდით. - გზის ხარჯს კი თავათ საქონელი გაისტუმრებსო; მივა თუ არა მარსელში, გაიყიდება და ფული გაჩნდებაო. როცა ხომალდი მარსელს მივიდოდა, სანამ მყიდველი გამოჩნდებოდა, კაპიტანი დაცლას და გასტუმრებას თხოულობდა. ჩნდებოდა კამისიონერი, რომელიც საქონელს თავის, „სკლადში“ აწყობდა, და კაპიტანს თავისის ფულით ისტუმრებდა. რასაკვირველია, რომ გემის დაცლის და საქონლის დაბინავების ხარჯით მის ჯიბიდან იხარჯებოდა, მის დავთარში ინიშნებოდა. კამისიონერი ამაებს ერთგულად ყურს უგდებდა, რადგანაც მისი მოგებაც ეს იყო. უმთავრესი მისი ცდა და სურვილი ის იყო, რომ საქონელი სამუდამოდ ხელში არ შერჩენოდა, თორემ ამ შემთხვევაში მისი დანახარჯი ყინულზე დაიწერებოდა. ამის შიშით კამისიონერები ასაღებდნენ საქონელს იმის მიუხედველად - სახეირო ფასს იძლევა მყიდველი, თუ საზარალოს საქონლის პატრონისთვისაო. - რაკი საქონლის გამყიდველ კამისიონერს არავითარი ინტერესი არა ჰქონდა ფასის რაოდენობაში, რაკი მაღალი მაზანდა, თუ დაბალი, მისთვის ერთი და იგივე იყო, ის არც კი მეცადინეობდა ფასის და მაზანდის დაცვას, იმდენად მაინც, რამდენადაც უწინდელი უცხოელი გამზიდველი (экспортеръ) ცდილობდა, რომელიც საქონლის პატრონი იყო, და არა მარტო შემნახველი, და რომელსაც მაღალი მაზანდა დიდ მოგებას და დაბალი შესამჩნევ წაგებას უქადდა. ხშირად ხდებოდა ხოლმე, რომ საქონლის მყიდველები, დაინახავდნენ თუ არა, რომ საქონელი ბლომად მოსულა გემებითო, განგებ პირს შეჰკრავდნენ - ნუ ვიყიდით, შევიხვეწიოთ გამყიდველიო, ვისარგებლოთ მისის უფულობითო. განსაკუთრებით ხშირად ემართებოდათ ეს უბედურება ნავთის გამზიდველებს. ამათ ხშირათ დაჰმართნიათ, რომ გემის გასასტუმრებლად ნავთი უცხოეთში ბევრად უფრო იაფად გაეყიდნოთ არა თუ უცხოეთის, თვით ბათუმის მაზანდაზედ. ამ სახით, მოგების მაგიერ ზარალი ჰქონდათ და ქირა-ხარჯს კი თავიანთ ჯიბიდან აყრიდნენ, მარტო იმის გულისათვის, რომ, მოლლა მასრადინასი არ იყოს, სოვდაგრის სახელი დაჰრქმეოდათ...

ეს მაგალითი დიდად საყურადღებოა ვაჭრობის საქმეში. ორგვარი გამზიდავია ქვეყანაზე. ზოგს მუშტარი ჰყავს წინადვე ნაშოვნი და გარიგებული: როცა ამა და ამ საქონელს მომიტან, ამა და ამ ღირსებისა, ამა და ამ რაოდენობას, სამაგიეროდ ამა და ამ ფასს მოგცემო. ამგვარი გამზიდველი, რასაკვირველია, მტკიცე და სანდო ნიადაგზე სდგას. ქირა-ხარჯი იცის რა დაუჯდება, ფასი, რომელსაც მყიდველისაგან აიღებს, წინადვე ნაანგარიშევი აქვს, მაშასადამე, ჩინებულად ესმის, რა ფასად უნდა დაისვას ჩვენში საქონელი, თუ უნდა, რომ ვაჭრობამ და გაზიდვამ ხეირი აჩვენოს. მეორე გვარი გამზიდველი კი სულ სხვანაირ ნიადაგზე აშენებს თავის საქმეს. ის აგროვებს, ჰყიდულობს და ჰგზავნის საქონელს, და თან არც კი იცის, ვის, სად და რა ფასად მიჰყიდის. როგორც პირველ-ნაირი გამზიდველის საქმე ანგარიშზეა დაფუძნებული, ისე მეორე გვარისა - ალალ-ბედობაზედაა დამოკიდებული. შეიძლება, ბედის ჩარხი წაღმა დატრიალდეს, და სანამ საქონელი ზღვაზე მიცურავს, ევროპაში მაზანდამ აიწიოს. გამზიდველი დიდ ფულს მოიგებს მაშინ. მაგრამ ამ ბედის ჩარხს ის ხასიათი სჩვევია, რომ უკუღმაც იცის დატრიალება ხშირად, იმ დალოცვილმა. შეიძლება მაზანდამ, ამაღლების მაგიერ, ძალიან დაიწიოს, და მაშინ მთელის საქონლის ფასმა გემის ქირა-ხარჯი ძლივს გაისტუმროს. სოვდაგარი ყელამდე ვალებში იფლობა. ერთის სიტყვით, ბ-ნ ასიკო ცაგარელის თქმისა არ იყოს, ეს უკანასკნელი სისტემა „რისკის საქმეა“, მაშინ როდესაც პირველი - „ნეპრემენნია“. - რისკის საქმე დიდ ქონებას, დიდ სერმიას, დიდს თაბაუთს თხოულობს, ნაღდს, ყოველთვის „უზურში“ შენახულს, რომ სოვდაგარს გამაგრება შეეძლოს, სანამ ცუდი მაზანდაა ევროპაში. თვით მილიონის პატრონები ვერ ჰბედავენ ამ გზაზე დადგომას, იმდენად საშიში და განუზომელია აქ განსაცდელი. ამას სპეკულაცია ჰქვია, და არა ვაჭრობა. სპეკულაციის წყალობით ქვეყნისათვის საჭირო იარაღი, ვაჭრობა, ანგარიშის ხასიათს ჰკარგავს და ლოთიან თამაშად ხდება.

გამზიდავი ვაჭრობა ჩვენში, ამ უკანასკნელ წლებამდე, უმეტეს ნაწილად მაინც, ანგარიშიანი იყო, რადგანაც რიგიანის და ნამდვილად ფულიანის ფირმების ხელში იმყოფებოდა. ბოლოს და ბოლოს კი უცხოეთიდან ჩამოერია შიგ სპეკულაციის სუნი. რაკი საქონლის გაზიდვა იწყეს კავკასიიდან, ფულიანის ფირმების მეოხებით, მალე ჩვენს ქვეყანას უცხოეთიდან უფულო სპეკულიანტები დაესიენ, რომელთაც აქაიქ მოეხერხებინათ კრედიტის შოვნა და მარტო ნასესხის ფულით მოქმედება შეეძლოთ. ანგარიში, სიფრთხილე რა მათი საქმე იქნებოდა? რა ჰქონდათ, რომ მისი დაკარგვისა ჰშინებოდათ? მოგება შეეძლოთ, წაგებით კი თავისას არაფერს წააგებდნენ, რადგანაც სრულიად არაფერი მოეძევებოდათ. ამის გამოისობით ამ სპეკულიანტებმა გაჰმართეს უცხოეთის სავაჭრო მოედანზედ ლაგამ-წახსნილი ჯირითი ჩვენის ქვეყნის საქონლით. ბევრჯელ ისეთი მცირე ფასი დაუნიშნავთ აქედან გატანილ ნავთზე, სიმინდზე, შავ-ქვაზე, რომელიც ხელს არ აძლევდა ანგარიშით მომქმედ ნამდვილ ვაჭრებს. სპეკულიანტები აგებდნენ ხოლმე დიდძალ ფულს, კოტრდებოდნენ კიდეც, მაგრამ ხელ-ახლავ სხვა ადგილას შოულობდნენ კრედიტს და მეორე თუ მესამე გზით გამოდიოდნენ ასპარეზზე, ისევ საჯირითოდვე, ფასის დასამცირებლად და ნამდვილის ვაჭრის შესაშინებლად თუ განსადევნელად. დიდ ხანს ჩვენი ექსპორტი უცხოეთში ამგვარ მარულას წარმოადგენდა, ნამდვილ კაპიტალისტებსა და სპეკულიანტებს შორის: ხან ერთი მხარე იღალებოდა და დაქანცული სდებდა ძირს ფარ-ხმალსა, ხან მეორე. - ჩვენებურს გამყიდველს კი, ამასობაში, „საქმე უზურში ჰქონდა“. მართალია, მაზანდის დაცემის გამო უცხოეთში, იმას აქ ხან შაურს აკლებდნენ ფუთზე, ხან ორს შაურს, ხან მეტსაც. მაგრამ ის ვერც კი ჰგრძნობდა. ხეირიანად, ამ დანაკლისს, რადგანაც უმცირესი ფასიც კი სახეირო იყო მისთვის. უცხოელ ბრძოლის სიმწარე, და ფასების აღმა-დაღმა ქანაობა საგრძნობელი იყო უფრო იმ უცხოელ ბანკებისათვის, რომელნიც სპეკულიანტებს ფულს ანდობდნენ, ვიდრე ჩვენის მწარმოებლისათვის ან გამყიდვლისათვის.

ამ ყოფაში იყო საქმე, როცა ზოგიერთმა ჩვენებმაც მოინდომეს საქონლის გაზიდვა თვისის ხარჯით და გაბედვით. ეს საქმე, რასაკვირველია, დიდად სასიამოვნოა ჩვენის ქვეყნის თავმოყვარეობისათვის, და - რა ბედიც უნდა ჰხვდეთ პირველ პიონერებს - მეტად სახეირო იქნება, საბოლოოდ, ერის ეკონომიურ მომავლისათვის. მაგრამ მაგ საქმეს ახლო რომ დაუკვირდეს ადამიანი, ჰნახავს, რომ ზოგი გამოუცდელობით, ზოგი საჭიროების აუცილებელ ძალით, კეთილის განზრახვით აღჭურვილი მავნე სპეკულიანტად გადიქცევა ხოლმე ხანდის-ხან... საკუთარისა თუ ნასესხის ან ნაყიდის საქონლის უცხოეთში გაზიდვა მაშინაა სახეირო, ვაჭრისა და ქვეყნისთვის, როცა წინადვე ნავარაუდევი, წინადვე გარიგებული მუშტარი ჰყავს გამზიდველს. იმ სერმიითა და ძალით რომლის შოვნა და ხმარება ჩვენს კაცს შეუძლია, ამ მარტივის საგნის სისრულეში მოყვანაც დიდად პატივსაცემ საქმედ უნდა ჩაითვალოს. ეს ვაჭრობა ანგარიშიანია, თაბაუთიანი, მართალია, მაგრამ „ურისკო“, უხიფათო არც ეს არის. უცხოელ მყიდველს ურიგდება კაცი, ამა და ამ ვადაზედ, უცხოეთის ამა და ამ პორტში ამა და ამ ფასად ამდენი და ამდენი საქონელი ჩაგაბაროო, თუ არა და... და სხვ. - ამგვარ აღებ-მიცემობას სახიფათო, ანუ წინადვე არ დანახული, ბევრი რამ რჩება კიდევ: ვინ იცის, როგორი მოსავალი იქნება, ან რა ტაროსი, ან რა მაზანდა იქნება ჩვენში საქონელზე, ან გადასზიდი ფასი რამდენად აიწევს, ან-და ურემი, თუ ვაგონი, თუ გემი დროზე იშოვება, არ იშოვება, და სხვ. და სხვ. ათასი წარმოუდგენელი შემთხვევაა, რომელსაც ხელის თუ ფასის შეშლა შეუძლია. შეიძლება ნამდვილად სთქვას კაცმა, რომ ამგვარს გაზიდვაში, მთელი ნახევარი თუ არა საქმისა, ერთი მესამედი ხომ მაინც, „რისკის“ უფლებაშია. - მეორე გვარ გაზიდვის დროს კი, როცა კაცი საქონელს ჰგზავნის და მუშტარი კი არა ჰყავს უცხოეთში წინადვე აჩენილი, შინაური „რისკი“ რისკად რჩება, და მას ემატება ახალი და უარესი, სრულებით განუმარტებელი, განუსაზღვრელი რისკი: უცოდინარობა იმისი, თუ რა ფასად გაიყიდება საქონელი, ან როდის გაიყიდება, რა დაჯდება გასაღებამდინ მისი შენახვა უცხოეთში, და სხვ. და სხვ. - ამ მდგომარეობაში საქმის მესამედი და ნახევარი კი აღარაა „რისკის“ სიბნელით მოსილი, მთელი საქმე, ან, სულ მცირედი, სამი მეოთხედი ეშმაკის ძალაშია ჩაგდებული, ისე, რომ კაცის გონიერებას, მუყაითობას და მოხერხებას მასზე თითქმის არავითარი გავლენა არ ექონება... დაურთეთ, ამ ყოფა-მდგომარეობის სიძნელეს, ის გარემოებაც, რომ უცხოეთის მოედანზე ჩვენებურს გამზიდველს არა თუ უცხოელი მდიდარი გამზიდველი ფირმები, უცხოელი სპეკულიანტებიც მოცილედ დახვდებიან, და ადვილად შეგეძლებათ წარმოიდგინოთ მისის გასაჭირის სიდიდე.

გასაკვირველი არავისთვის არ უნდა იყოს, როცა გვესმის ხოლმე იმათგან, ვინც სინჯა ეს გაბედულება, აი ამგვარი დრტვინვა:

- სანამ ჩემს ქერქში ვიყავ და შინაურულად ნაღდს ფულზე ვაძლევდი უცხოელს გამზიდველს ჩემს საქონელს, ორიოდე გროში მოგება ქე მრჩებოდა ყოველ წელიწადს და ჩემი მდგომარეობა, ღვთის მადლით, დღითი-დღე უმჯობესდებოდა. მას აქეთ კი, რაც ჩემდა თავად სოვდაგრობას შევუდექ, თქვენი მტერია, რაც მე გასაჭირი დამადგა. წელიწადი არ გავა ისე, რომ ხუთი თუ ექვსი წლის მონაგები ზედ არ წავადო...

გამბედაობის, ახალი გზის გატკეპნის სამაგიეროდ ეგზომი ზარალი და დასჯა ხეირს როდი დააყრის ქვეყნის აღებ-მიცემობას. თუ ასე იქნა შემდეგაც, ფრთა შეეკვეცება ყოველგვარ ცდას და ვერც ვერასოდეს დაიხსნის ჩვენი ხალხი თავს უცხოეთის ეკონომიურ მონობისაგან. უნდა გავიგოთ, რისგან მოხდა, რით აიხსნება ეს ზარალი, რით შეიძლება მისი თავიდან აცილება, მის მაგიერ ხეირის ნახვა.

უწინ, როცა მყიდველს „სტანციაზე“ ვაბარებდით საქონელს, იმიტომ ვიგებდით ფულს, რომ ამ მოკლე-ვადიან აღებ-მიცემობისათვის საკმაო სამუშაო თანხა, «оборотный капиталъ»-ი გვქონდა ხელში. მართალია, ნაღდად ფული, იქნება, არც მაშინ გაგვაჩნდა, მაგრამ, სამაგიეროდ, საქონელი საყიდი როდი გვქონდა; მისი სტანციამდე ჩასატანი ურემი საკუთარი გვებადა და ხარების რჩენაც შეგვეძლო, სასყიდელის მიღებამდე. ამაებს გარდა მყიდველიც აჩენილი გვყავდა, ან მაზანდა თითქმის ნამდვილი ვიცოდით, შინვე, სანამ საქონელს სახლიდან გავზიდავდით. ამ ვაჭრობას რაც ღონე და საშუალება სჭიროდა, ის გვქონდა; მისი ატანა შეგვეძლო. მაზანდა რომ ერთობ დავარდნილიყო, სრულიად არაფერი გვაიძულებდა მაინც და მაინც გაგვეყიდნა საქონელი წაგებითა, ამის გამო ვიყავით ვაჭრობის მეუფენი, ანარადა, სულ ცოტა რომ ვთქვათ, თანასწორი მაინც ვიყავით მყიდველისა. ერთის სიტყვით, ჩვენის ტვირთის ასაწევი ძალა გვქონდა სწორედ იმოდენი, რამდენსაც მისი სიმძიმე მოითხოვდა, როცა კი ტვირთი დავიმძიმეთ და მოკლევადიან, შინაური ვაჭრობის მაგიერ, გამზიდავს, შორეულს, დიდვადიანს ვაჭრობას შევუდექით, მისდა შესაფერი ძალა წინადვე არ დაგვიმარაგებია, მისის სიმძიმის ამტანი სერმია არ გვივარაუდნია. რაკი ჩემის საქონლის ურმით ზიდვა შემეძლო სტანციამდე, ვიფიქრე, რომ მთელის „პოეზდის“ წინამძღოლობაც შემეძლება-მეთქი ზღვამდე, და მთელის ხომალდისა - უცხოეთამდე. ხარების გაძღოლა ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე ხომალდისა...

ვაჭრობა თითქმის ყველას ალალ-ბედობის საქმედ, ლატარიად, მიაჩნია: იქნება მოვიგოო. ეს დიდი შეცდომა გახლავსთ. ვაჭრობაც იმავე შეუცვლელ და გარდუვალს კანონებს, ბუნების კანონებს, ექვემდებარება, რომელნიც ჰმართვენ ქვეყნის ეკონომიურ და ფიზიკურ ცხოვრებას. ვაჭრობაშიაც ნიადაგი დამოკიდედებულებაა მიზანსა და ძალას შუა. ერთის სიტყვით, ვაჭრობა ყოვლად შეუძლებელია უფულოდ, უსერმიოდ და ამ ფულის თუ სერმიის რაოდენობა წინადვე განსაზღვრულია მეცნიერებაში, ვაჭრობის ხანგრძლივობის მიხედვით. რაც უფრო მალე, რაც უფრო ხშირად და უფრო უეჭვოდ ტრიალებს საქონელი, მით ნაკლები სერმია სჭირია ვაჭრობას. ეს კანონი ყოვლად აუცილებელია ყველასთვის. ჩვენთვის მისი კარგად დახსომება იმიტომ კი არ არის საჭირო, რომ უფულო ხალხი ვაჭრობას ჩამოვაცილოთ ან შევაშინოთ, არა უფრო სხვა, უფრო მაღალ აზრის მისაღწევად. ჩვენმა ინტელიგენციამ, ამ კანონის მიხედვით, ყოველი ღონისძიება უნდა იხმაროს, რომ ღვთის მადლით ჩვენში ახლად დაბადებულ მიმართულებას, ახლად გაღვიძებულ ვაჭრობის სურვილს, ახლად აღორძინებულს გამბედაობას შესაფერი შემწეობა აღმოუჩინოს საკმაო სერმიისა და კრედიტის შოვნით. ეს პირდაპირი მოვალეობაა ჩვენის ინტელიგენციისა, თუ იმას მართლა სურს, რომ ხანგრძლივად ფრთა არ მოეკვეცოს ჩვენის ერის ვაჭრულს ნიჭს და გამბედაობას.

ნუ დავივიწყებთ, რომ ჩვენი კაცი, სავაჭრო ასპარეზზე, სრულიად განკერძოვებულ მდგომარეობაშია. ვაჭრობა უფულოდ, უკრედიტოდ, ყოვლად შეუძლებელია, ის ვაჭრობა კი არა, მაშინ, ტანჯვა და სულის-ხაფვაა. ყოველს ვაჭარს ჩვენში, სომეხია, თუ ურია, თუ ბერძენი, თუ უცხოელი, საკმაო ნდობა და კრედიტი აქვს სახელმწიფო და კერძო ბანკებში. მარტო ქართველ ვაჭარს არც თავისი ბანკი მოეძევება არსად, არც სხვისაში აქვს შესავალი. ყველა რჯულისა და ტომის ვაჭრებს ურთიერთ შორის დამოკიდებულება აქვთ დიდის ხნით გამართული. თავისიანს ყველა მხარს უჭერს, ძალას აძლევს. მარტო ჩვენი ვაჭარია მარტოხელა, თავის საკუთარ ძალაზე მინაბრებული, გასაჭირის დღეს იმას არავინ უშველის, ბედნიერ შემთხვევაში ღონეს არავინ მიაშველებს, ზურგს არ მიჰყუდებს, რომ ის შემთხვევა საუკეთესოდ იქმნას მოხმარებულ-გამოყენებული...

როგორც ნამდვილს და ანგარიშიანს ვაჭრობაში, ისე სპეკულაციებში, ურია, სომეხი, ნემეცი, ინგლისელი, ფრანგი, თავისიანებში იმდენს ფულს იშოვის, რამდენიც დასჭირდება. ჩვენებური გამზიდველი კი, მასთან შედარებით, სრულიად მარტოხელაა, უსაშუალო და ხელგაუმართველი რჩება. ჩვენ ვიცნობთ რამდენსამე გამზიდველს, დიაღ პატიოსანს, დიაღ შემძლეს, თავიანთ საქონლის გამტანთ: ვერსად გროშის ნდობა ვერ შეუძენიათ, თუმცა პატიოსნება მათი განთქმულია და მამულებიც, თუ შეძლებაც დიდი აქვთ. ამასობაში კი უცხო თემის სპეკულიანტს, რომელსაც არც გონება უჭრის ამათზე მეტს, არც ქონება გააჩნია სადმე, ათასი თუმნობით უხსნიან კრედიტს მისი გვარტომისანი, არა თუ უცხოელ ან კერძო ბანკებში, თვით ჩვენს ამა თუ იმ სახელმწიფო საკრედიტო დაწესებულებაში...

ნუ გვგონია, ვითომ ამ მხრით არაფერი შეგვეძლოს. ბევრის მოხერხება შეგვიძლია ჯერ ერთი-ერთმანეთთან დაკავშირებით, ამხანაგობათა შედგენით: საკმაო კაპიტალების შედგენა შეიძლება ჩვენშიაც, სააქციონერო თუ სხვა საურთიერთო კავშირის შემოღებით. ამას გარდა ჩვენს წარმომადგენლობას (ქალაქის საბჭოებს, მარშლებს, მაზრის უფროსებს, გუბერნატორებს და სხვ.) შეუძლია სულ სხვა მიმართულება მისცეს მთავრობის მოღვაწეობას და სახელმწიფო ბანკის ზედმოქმედებას, ვიდრე დღემდე ყოფილა... ოღონდ ისაა საჭირო, რომ ქვეყნის ცხოვრების ამ კერძოობას დავუკვირდეთ, მისი გარემოება შევიგნოთ, და მისის შეცვლის, გაუმჯობესობის ღონისძიება სხვებს გავაგებინოთ. ცდა ბედის მონახევრეაო, ამბობდნენ ძველები. ეხლანდელი მოწინავე ხალხი კი იმას ამტკიცებს, რომ ცდა ბედის მეუფეაო...

რასაკვირველია, ვერავითარი კრედიტი ვერ უშველის - დიდ ხანს - იმისთანა უთავბოლო გაზიდვას, რომელსაც წინადვე აჩენილი მუშტარი და გადაკვეთილი ფასი არა აქვს ნავარეუდევი. კრედიტი სასწაულმოქმედი ძალა კი არ არის, რომ შეუძლებელი რამ შესძლოს, მომაკვდავი გააცოცხლოს, მდინარე უკუღმა ადინოს. კრედიტი მარტო იმას უშველის, ვისაც თავისი ვაჭრობა გონიერად მიჰყავს: ამისთანა ძალას კი ერთი-ასად აქცევს ყოველთვის. მეორეს მხრით, ყოველი კრედიტი ერთნაირად კი არ უხდება ვაჭრობის საქმეს. როგორც ვაჭრობაც არის და ვაჭრობაც. ისე კრედიტიც სხვა-და-სხვა ნაირია. ზოგი ისეთია, რომ ღმერთმა იხსნას მისგან ყველა თავისი დანაბადი. ისევ სულ უფულობა სჯობია, ვიდრე ზოგიერთ ფულიან კაცის ხელში ჩავარდნა, რომელიც ფულის სარგებელს ცალკე გახდევინებს, და თან შენი საქონლის პატრონიც ხდება, გამყიდველიც და ქირით შემნახველიც. ამგვარის კრედიტის სიმძიმე კარგად გამოსცადეს ნავთის გამზიდველებმა. ისინი თავიანთ კამისიონერებისგან ავანსად იღებდნენ მათის საქონლის ფასის სამს-მეოთხედს. გზის ქირა და ყოველი სხვა ხარჯი კამისიონერს უნდაეხადნა. როცა კამისიონერი საქონელს უცხოეთში გაჰყიდიდა, აღებული ფულიდან გამორიცხავდა ჯერ თავისს ფულს, მისის სარგებლითურთ, ყოველნაირ ქირა-ხარჯს და თვისის შრომის „კამისიას“. რაც ამას გადარჩებოდა - თუ კი გადარჩებოდა რამ, - სანახევროდ თუ სამესამედოდ უნდა გაყოფილიყო: ზოგი საქონლის პატრონს ერგებოდა, ზოგი - კამისიონერს. - დიდი ანგარიში ან თავის მტვრევა არ სჭირია კაცს იმის მისახვდომად, თუ რა ძვირად უჯდება ჩვენს კაცს ამგვარი კრედიტი. ავანსად მიღებულს ფულში იხდის ორჯელ-სამჯერ უფრო მეტს სარგებელს, ვიდრე ვაჭრობაშია მიღებული. ეს კიდევ არაფერი. სახიფათო ის არის, რომ ამგვარი მოვალე-კამისიონერი უბრალო კამისიონერზე უფრო ნაკლებ მონდომებული უნდა იყოს საქონლის გასაღებასა. ის სრულიად არაფრით, არას მხრით არ ურევია სავაჭრო „რისკში“. იმას ვაჭრობაში არავითარი ინტერესი არა აქვს. კარგად წავა ვაჭრობა, თუ ავად, მოიგებს, თუ წააგებს საქონლის პატრონი, მალე გაჰყიდის საქონელს, თუ გვიან, მისთვის სულ ერთია. მისის და თანხის და ნახარჯის ღირებული საწინდარი მას ხელში უკავია; ადრე იქნება, თუ გვიან, თავისს დანახარჯს ხომ მაინც აიღებს, ჯეროვანის სარგებლით. ამგვარი კამისიონერი, რომელსაც რისკში წილი არ უდევს, და რომელიც, თან, საქონლის ტრიალით რჩება, მოკავშირე და დამხმარე კი არ არის გამზიდავის ვაჭრობისა, მისი სისხლის მსმელი წურბელაა. მისი მოქმედება ვაჭრობაში თითქმის სრულიად ფარული რჩება საქონლის პატრონისთვის, რომელმაც არც ის იცის, თუ რა ფასად გაიყიდა მისი საქონელი, არც ის, თუ რა დაჯდა მისი გადაზიდვა ან შენახვა... ამაებში ის თავის კამისიონერის ცარიელ სიტყვას უნდა ენდოს, და, ხმა ამოუღებლივ, მის ანგარიშს სახარების სიტყვად უნდა სთვლიდეს, თუმცა, ვინ იცის, რამდენი რამ მოგონილი და ყალბი ციფირი იყოს, შიგ ჩაწერილი!... ის კავშირი, რომელიც შარშან ამ დროს ბაქოში შესდგა ნავთის მექარხნეებისა, პირდაპირ მონაწილეობას იღებს თვისის კამისიონერების მოქმედებაში. მას კანტროლის უფლება სრულიად აქვს მინიჭებული მთავრობისაგან. ამას გარდა მისი კამისიონერები მონაწილენი არიან სავაჭრო რისკისა. მაინც წრევანდელს მათს კრებაზე ბაქოში ბევრი საჩივარი ისმოდა მექარხნეების და საქონლის პატრონთა მხრით: მსხვერპლი შევიქენით კამისიონერებისაო. თუ ასე უჩივიან მთავრობის პირდაპირ მფარველობის ქვეშ მყოფი გამზიდველები, თავიანთ მოძმეებს, მათს რისკში მონაწილეთა, რამდენად უფრო გამწარებული ბღავილი დასჭირდებათ უბრალო მწარმოებლებს, სრულიად გარეშე კამისიონერების ხელში ჩავარდნილთ?...

რაც უნდა იყოს, უტირილოდ, უბღავილოდ, როგორც ბავშვი არ გაიზრდება, არც ვაჭრობა აიდგამს ფეხს იმისთანა მხარეში, რომელშიაც მარტო ეხლა იბადება. ეჭვს გარეშეა, რომ თავდაპირვლად, სანამ სრულწლოვანებას და დავაჟკაცებას ეღირსებოდეს ჩვენი ნორჩი აღებმიცემობა, ბევრჯელ წაჰკრავს ფეხს აქა-იქ, ბევრგან წაიფორხილებს და კიდევ წაიქცევა, ცხვირ-პირს დაიმტვრევს, სისხლს დაიდენს... რა ვქნათ, ეს საზოგადო ბედია ყოველ მოზარდის არსებისა, და ამაებს არ უნდა შევუშინდეთ, ამით ენერგია არ უნდა დავკარგოთ, სულით არ უნდა დავეცეთ. დიაღაც ძვირფასია ჩვენის ქვეყნისთვის ყოველი დამწყები ახალის საქმისა, ყოველი გამტკეპნელი ახალის გზისა. მთელმა ჩვენმა საზოგადოებამ სრული თვისი ღონისძიება იმად უნდა მიჰმართოს, რომ ამ გამბედავ კაცთ დროზე დახმარება აღმოუჩინოს, რომ მათი იშვიათი ძალა არ დაიღუპოს და ქვეყნისათვის უნაყოფოდ არ გაჰქრეს. გონიერ ქვეყნებში თვალისჩინივით უფრთხილდებიან ამგვარ ძალას... მაგრამ თუ, ჩვენის უძლურების და გამოუცდელობის გამოისობით, დროზე მხარი ვერ მივეცით ამისთანა პიონერებს, თუ მათი საქმე გამარჯვებით ვერ დაგვირგვინდა, ნუ ვიფიქრებთ, რომ მათი მარცხი მათგან ნავალ გზის გადამღობველი უნდა შეიქნეს. ყოველთვის ასე გულგრილი, ასე გაუგებარი ხომ არ იქნება ჩვენი ქვეყანა და საზოგადოება. ცხრა მთას იქით როდიღაა ის დრო, როცა შევიგნებთ საეკონომიო წყობილებისა და მდგომარეობის გავლენას ხალხის ზნეობასა და მომავალზე... გავიგებთ, და მუყაითად მოვეპყრობით ყოველს კერძო ძალას, დაწყებას, საქმეს და სიმდიდრეს, რადგანაც საზოგადო ძლიერება ერისა მარტო კერძო ძალის თუ შეძლების შეგროვებით შესდგება...

ამ გრძელის საუბრის შემდეგ დასკვნილი აზრი ის არის, რომ დროა მკვიდრი საფუძველი მიეცეს ჩვენს გამზიდავ ვაჭრობას: ერთის მხრით რიგიან კავშირთა გამართვით მწარმოებელთა შორის, და მეორეთი - ხეირიანის კრედიტის შოვნით გამზიდველებისთვის. ამ საქმეს სრული თავისი ყურადღება უნდა მიაქციოს ჩვენმა წარმომადგენლობამ, ჩვენმამოწინავე თაობამ, ზოგან ურთიერთობის დასაარსებლად ან გასაძლიერებლად, და ზოგან კი მთავრობის მოქმედების ან შემწყობის გამოსაწვეველად. - ამ გზაზე აგრეთვე ბევრი შეუძლიანთ ჩვენს ბანკებს, საადგილ-მამულო და საურთიერთო ნდობისას. იმას კი არ ვამბობ, თავიანთითანხა გამზიდველებს გაუზიარონ ამ ბანკებმა-მეთქი - ღმერთმა მაშოროს! - ამ ბანკების გამგებლებმა თვალ-ყური უნდა ადევნონ ჩვენის აღებ-მიცემობის საქმეს, მისი გარემოება უნდა გაიცნონ, და საზოგადოებას დროზე გზა და კვალი უნდა უჩვენონ, თუ რაგვარ მოხერხდება ჩვენის ცხოვრების ეს კერძოობა წარმატებაში შევიდეს... აქ იმდენი ფული არ არის საჭირო, რამდენიც წინამძღრობა ან მეთაურობაა. ხეირიანის მეთაურობით ადვილად შეიძლება ისეთი გზები გამოიძებნოს, რომლით ფული საკმაოდ მოუვა ჩვენს გამზიდავ ვაჭრობას, მოუვა მეუფედ კი არა, მსახურად ან დამხმარედ...

მაგრამ ყველაზე უწინარეს საჭიროა ჩვენი მოწინავე თაობა მამა-პაპურ შეხედულობას გამოეთხოვოს ვაჭრობასა და საზოგადოდ აღებ-მიცემობაზე. მაღლიდან, ზემოდან კი არ უნდა დასცქეროდეს ამ საქმეს, თითქო უღირსს, ან ქვენახარისხოვანს, არამედ სრულის შეგნებით უნდა რაცხდეს მას ქვეყნის წარმატების ერთ უმთავრეს იარაღად. საკმაოა აი ეს შეხედულობა, ეს დედა-აზრი ჩავიჭდიოთ გონებაში, რომ დანარჩენი ყოველივე თავისთავად მოვიდეს, ვითა მისი ბუნებრივი ნაყოფი. მერმე შევეჩვევით ამ იარაღის მოქმედების დაკვირვებას, გავიცნობთ, რომელი ბურღია შიგ ჟანგით შეჭმული, რომელი თხოულობს გაზეთვას ან გაჩარხვას და ბოლოს დამხმარეც შევიქნებით მისის რიგიანის ტრიალისა. ჯერჯერობით, ვიმეორებ, საჭიროა და საკმარისია მარტო ის არსებითი ცვლილება ვიტვირთოთ ჩვენის შეხედულობისა, რომ ინდოეთის კასტების თვალით კი არა, ევროპიულად ვითვალისწინებდეთ და ვეპყრობოდეთ ვაჭრობას, ღირსეულს პატივს ვცემდეთ მისს ღირსებას, ვცდილობდეთ მისის ნაკლის გასწორებას... ეს ცვლილება მეტად ადვილი ეგონება უმეტესს ნაწილს მკითხველებისას. ნამდვილად კი მეტისმეტად ძნელია ჩვენის საზოგადოებისათვის, რომელსაც საუკუნოების განმავლობაში დედის რძესთან ერთად შეუთვისებია სულ სხვა შეხედულობა. ჩვენს მოზარდს თაობას ათას ნაირ საგნებს და ცნობებს ასწავლიან. მათი სიუხვე და სიმრავლე პროგრამებში ალაგს როდიღა სტოვებს მოზარდის ზნეობრივის გაწრთვნისათვის. ამიტომაც მამა-პაპური შემცდარი შეხედულობა ჯაფაზე, შრომაზე, აღებ-მიცემობაზე, ვაჭრობაზე, შეუცვლელად გადადის ერთის თაობიდან მეორეში; აგრეთვე შეუცვლელად გადადის ჩვეულ უსაქმოების და მუქთა-მჭამლობის ნატვრა და ქება. ამ დედა-ბოძებზეა დამყარებული თაღი ჩვენის ერის ეკონომიურის უძლურებისა. სანამ ამ დედა-ბოძებს არ შევმუსრავთ, და მათს ადგილზე მკვიდრ საკურთხეველს არ ავაგებთ პატიოსანის შრომის თაყვან-საცემლად, მანამდე ნამდვილის წარმატებისა და განათლების მადლი ჩვენ არ გვეღირსება და არც მოგვიხდება“.

მოამბე. - 1894. - NN12. - გვ. 125-142.

3.8 იოსებ ზემბა - სად არის შველა?

▲back to top


თარგმანი . მასხულიასი

(ეკონომიური წერილი)

წინასიტყვაობა

კოოპერაცია, ე.ი. შეერთებულის ძალით საქმის დაწყება და წარმოება საქართველოში თანდათან ფეხს იდგამს და ვითარდება. - სასიხარულოთ ჩვენდა ქუთაისშიაც დაიბადა ერთი ასეთი ამხანაგობა, რომელსაც ეწოდება სახელათ „ნდობაზე დაარსებული პურის მცხობელი ამხანაგობა ი.მ.ჭ. და კომპანია“. ეს ცდა მეტათ სიმპატიურია და პატივ სადები, ამიტომ ჩვენს მოვალეობათ მიგვაჩნია წარვუდგინოთ მკითხველს საქვეყნოთ ახსნილი და განმარტებული მოქმედება და არსებობა „კოოპერაციისა“ და მისი დიადი წარმატება დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებში. - შეიძლება ჩვენს შრომაში შეცდომებიც იქნეს, მაგრამ ჩვენ მაინც ვეცდებით წარვუდგინოთ მკითხველს სწორი და უტყუარი არსებობა-მოქმედობა, „კოოპერაციისა“ დასაბუთებული ციფრებით, რომლებიც ნათლად მოწმობენ უტყუარს მათს მოქმედება-წარმტებას. - აქ ჩვენ უმეტესათ სახეში გვყავს ისინი, ვისაც შეიძლება არა აქვს ეკონომიური თხზულების საშუალებით „კოოპერაციის“ გაცნობა, ხოლო სურვილი დიდი აქვსთ გაიგონ და იცოდენ პირუთვნელი ახსნა მისი გაჩენისა და წარმატებისა. - ჩვენი შრომა მშრომელი ხალხისათვის არის დანიშნული და საყურადღებო, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ზოგიერთი ინტელიგენტებიც სიამოვნებით წაიკითხავენ და გამოიყენებენ მას. - „უოდ პოტეო, ფაციო, ფაციანტ მელიორა პოტენტეს!“

I.

ოვენი ინგლისში და ლაუ საფრანგეთში ჯერ კიდევ ამ საუკუნის დასაწყისში მიხვდენ „ასსოციაციის“, ამხანაგობის შედგენის ძალას თანახმათ ჩვენი დროის პრაქტიკისა. უკანასკნელის სურვილი იყო ყველა მცირე ქარხნების პატრონები ერთათ შეერთებინა და მით გაეჩინა დიდი შეერთებული ძალა. ეს ძალა იმას არ უნდოდა მარტო ერთი რაიმე სამრეწველო საქმისათვის, არამედ მისი მისწრაფება იყო ყოველგან გაეფართოვებინა და აეწია უმაღლეს წერტილამდე სხვადასხვა დარგი მრეწველობისა. - რომ ლაუს იდეას უეჭველი განხორციელება და დიდი მერმითი მოელოდა და შეეძლო საფრანგეთში შესამჩნევი კვალი დაეჩნია მაშინდელის სამწუხარო ეკონომიურის მდგომარეობისათვის, - ეს ცხადია და ყველასათვის სარწმუნო. მაგრამ სამწუხაროთ, უსაზღვრო ნდობის წყალობით თავის აზრსა და მონაგონარზე, როგორც საზოგადოთ ჩვეულნი არიან ყველა დიდი საქმეების მომგონნი და გამავრცელებლები, ლაუმ, განადიდა პრინციპიალური ძალა ასსოციაციისა და ცოტა არ იყოს თავშეუკავებლათ იმოქმედა მის განსახორციელებლათ, რის გამო მისი მშვენიერი იდეა დამარცხდა და მოგეხსენებათ პირველი დამარცხება ყოველთვის, ასე თუ ისე, დიდი ხელის შემშლელია ყოველის კეთილის აზრისა საქმის განსახორციელებლათ და ცხოვრებაში გამოსაყენებლათ.

კაცობრიობის ისტორიაში შენიშნულია ყოველი გვარი ფორმა და ცდა ადამიანის მოქმედებისა თავის ყოფა-ცხოვრების განსაკარგებლათ, რომლის სათითაოთ ჩამოთვლას აქ საჭიროთ არ ვრაცხთ. ჩვენ ვიტყვით მხოლოთ სულ ახალს ცდა და მოქმედებაზე, რომელიც უფრო საინტერესოა და ჩვენ შეგვეხება. ინგლისში ურთიერთშორის დამხმარებელი საზოგადოება (Friendly Societies) მისდევენ მეტათ განსაზღვრულს საგანს, და ერთსა და იმავე დროს ასრულებენ დამხმარებლის, ემერიტალურის და შემნახველ-გამსესხებელ კაცების მოვალეობას და სხ. ამიტომ არ შეიძლება არ აღვიაროთ მათი დანიშნულობა, თუ მხედველობაში მივიღებთ მათსავე მოქმედების სწრაფათ გავრცელებას. - ამ ჟამათ ინგლისში არსებობს 32000 ზემო-აღნიშნულისთანა საზოგადოება, რომლის წევრები ითვლება 5 მილიონამდე, (გარდა ქალებისა და ბავშვებისა) თანხა საზოგადოებისა შეადგენს 200 მილიონ მანეთს, ყოველ წლიური ხარჯი 20 მილიონ მანეთს. უფრო დიდი საგნის მიღწევას ნდომობენ პროფესიონალური მოკავშირენი (თრადე უნიონს), რომლებსაც საგნათ ჰქონდათ დაცვა მუშა ხალხის ინტერესებისა. უდიდესი მნიშვნელობა და გავლენა ნივთიერი მდგომარეობის გასაუმჯობესებლათ და ზნეობის ასამაღლებლათ მცხოვრებლებისა, ჰქონდათ და დღესაც აქვსთ ეგრეთ წოდებული „კოოპერატიულ საზოგადოებათ“, რომელთაც ამჟამათ მთელს ევროპაში და ახალს ქვეყნებში უდიდესი მნიშვნელობა აქვსთ ხალხის ეკონომიურის ცხოვრების გასაუმჯობესებლათ.

უდიდეს და უმაღლეს ტიპათ კოოპერატიული საზოგადოებისა უნდა ჩაითვალოს „საზოგადოება როჩდელის პატიოსან პიონერებისა“ (Society of equitable pioners), რომლის ისტორიას ჩვენ აქ მოკლეთ მოვიყვანთ.

ქალაქს როჩდელში 1844 წ. ირიცხებოდა 20,000 მცხოვრებლები, რომლების რიცხვი დღეს შეადგენს 100 ათას სულს. ეს ქალაქი განთქმული იყო თავისი სხვადასხვა საქსოვი ფაბრიკებით და ქარხნებით. ინგლისის მრეწველობის ისტორიაში აღნიშნულია, რომ 1842 წელი საზოგადოთ მთელის მხრისათვის მეტათ აუტანელი და მძიმე იყო, განსაკუთრებით მომავალ პიონერებისათვის. აი რას მოგვითხრობს იმ აუტანელი დროის შესახებ კარგათ ცნობილი მემატიანე Hyndman: „ყველამ წინა აღუდგა მუშებს, ხალხის გამრავლებამ, სხვადასხვა გვარი მანქანების შემოღებამ, ფასების აწევამ სანოვაგეზე და ქალაქების საშინელ მოცილეობამ; სულ ყველა ამაებმა აღამაღლეს კაპიტალისტები, რომელთაც მადა განდიდებისა ჩაუნერგდათ გულში; ისინი თითქმის უფასოთ იგდებენ ხელში ყოველ გვარ ნაწარმოებს და მიუხედავათ ამისა კიდევ ცდილობენ რამე ნაირათ დაეწიათ შრომის ფასი ბავშვების და ქალების მოწვევით ფაბრიკებში სამუშაოთ. - ქალაქს როჩდელში, ზემო აღნიშნულს ინგლისისათვის სამახსოვრო წელს, მეტათ მცირე და უმნიშვნელო ხელფასი ეძლეოდათ მუშებს; ვაჭრებმაც სანოვაგის ფასი, როგორც მოგახსენეთ, ასწიეს და სულ ტყავი გააძვრეს საბრალო მუშებს. - უკიდურეს მდგომარეობამდე მისულმა და გაღატაკებულმა 40 მუშა-მქსოველებმა განიძრახეს თავის განთავისუფლება სისხლის მწოვარა ფარაონებისაგან და გარდასწყვიტეს დაარსება ამხანაგობისა და საჭირო ფულის მოგროვება სანოვაგის დუქნის გასახსნელათ. ამხანაგობის სურვილი და განზრახვა იყო: ეყიდა და გამოეწერა საჭირო საქონელი პირდაპირ პირველი გამყიდველისაგან და არა ნაყიდის ნაყიდი და აგრეთვე გაეყიდა თავიანთ შორის რაც შეიძლება ნაკლებ ფასებში და ნაღდ ფულზე ყოველ გვარი ნივთები და სანოვაგე. ამ საქმის დასაწყებათ და სისრულეში მოსაყვანათ მუშა-მქსოველებს სჭირდებოდათ 28 გირვანქა სტერლინგი. ეს მცირე ჯამი, რომელიც უდრის რუსულ ქაღალდის 280 მანეთს, ხოლო ოქროს 180 მანეთს, იმათთვის შეადგენდა დიდს შეძლებას. - ნეტა რას იზამდენ ჩვენი მუშები, რომ ისეთს მდგომარეობაში ყოფილიყვნენ, როგორშიდაც როჩდელის მუშა-მქსოველები იყვნენ? ვინ იცის, ეგებ ამათ მიემართათ ვინმე დიდათ შეძლებული პირისათვის და დახმარება ეთხოვათ, რომელიც მოისმენდა თუ არა ყურადღებით მათ თხოვნას შეიძლება რამე სასწაულით კაცთ მოყვარეობის სურვილს გაემსჭვალა მისი გული და მიეცა მუშებისათვის ხელის მოსამართავათ 280 მანეთი, რაიცა იქნებოდა მოწყალება დამამცირებელი და ზნეობის შემლახველი მიმღებისა, ხოლო მიმცემის დამაკმაყოფილებელი. -

როჩდელის მუშებმა მოწყალების მიღება არ ინდომეს, იმათი სურვილი იყო მათი სასიცოცხლო სახსარი თვითონვე ეშოვნათ და მოეპოებიათ ერთმანეთ შორის. ამიტომ მთელი წლის განმავლობაში სამი უფლების მექონე წევრი აგროვებდა ყველა წევრს შორის ორ-ორ პენსს (Pense'a) ე.ი. თითო შაურს ყოველ კვირაში. შეაგროვეს თუ არა ამ რიგათ მუშებმა საჭირო ფული, თხოვნით მიჰმართეს პარლამენტს, რომელმაც თანახმათ საზოგადო კრების განაჩენისა, 24 ოკტომბერს 1844 წლისა, ნება დართო მუშებს დაეარსებიათ „საზოგადოება პატიოსან პიონერებისა“ სავაჭრო სერმიით 28 გირვანქა სტერლინგით. როჩდელის მუშა-მქსოველები მართლა რომ ჭეშმარიტი პიონერები ე.ი. პირველი კაცები იყვნენ, რომლებიც არ შედრკენ და არ შეუშინდენ სიბნელე-სიღატაკეს და ცუდმიდრეკილებას, გარდასწყვიტეს გაეკაფათ და გაეწმინდათ გზა თავიანთთვის და თავიანთ მომხრეთ საკეთილდღეოთ და სასიცოცხლოთ. - როჩდელის პიონერები სწორეთ ისე ებრძოდენ ყოველ გვარ დაბრკოლება-გაჭირვებას და ხელის შემშლელ გარემოებებს, როგორც ამერიკის უტეხსა და უდაბურს ტყეში მებრძოლნი პიონერები. ზოგიერთებს პირველათ სასაცილოთ არ ეყოთ საწყალ ერთი მუჭა მუშების მოქმედება, რომლებმაც გაბედეს შებრძოლება დახავსებულის და დაძველებულის წესებისა და მედგრათ შეებრძოლენ განაჩენს „წერისას“, რომელმაც შებორკა საწყალი მუშა, უნდა სიღატაკეში სული დაალევინოს და გახადოს ყურმოჭრილ ყმათ მევახშე ვაჭრებისა. დიაღ, შეებრძოლენ პიონერები თავიანთს მტრებს და, როგორც ქვემოთ დავინახავთ, კიდეც სძლიეს და დაამხვეს თავდაღმა მათი სისხლის მწოველები. ინგლისელთა ხასიათს სხვა იმისთანა კარგ მხარეებთან, როგორც მაგალითათ ნების ძალა, სიმხნე და დაუღალავობა მათი, აქვსთ კიდევ ერთი უაღრესი თვისება. ეს თვისება არის - არათ ჩაგდება და ზიზღით ყურება სხვათა დაცინვისა, გინდ საერთოსიც, თუ კი ისინი, ვისაც დასცინიან, დარწმუნებულნი არიან, რომ მათი საქმე მართალია და ასასრულებელიც. პიონერებმა იცოდენ, რომ სირაჯხანას პატრონები და გაიძვერა ვაჭარ-ჩარჩები და მევახშეები შეადგენდენ ერთს კავშირს (союзъ) წინააღმდეგ მუშებისა, მათდა დასაჩაგრავათ, აგრეთვე იცოდენ პიონერებმა, რომ კავშირი იგი თანშეზომით ძლიერდებოდა მუშების სიზარმაცით, სისულელით, სიბნელით და სიღატაკით. ასეთი კავშირის წინააღმდეგ შეუძლია მხოლოთ დადგეს კარგათ გაწყობილს და მტკიცე ნიადაგზე დამყარებულს კავშირს, რომელიც წინა აღუდგება საზოგადო უხასიათობას და დამღუპველ ძალას თავისი პატიოსანი და დაუღალავი შრომით და გააკეთილშობილებს უკეთურთ. - პიონერებმა, მათი მტრების მწარე დაცინვას დაუღალავი შრომით უპასუხეს და „სიკეთით სძლიეს მტრებს“. -

ჩვენმა მამაცმა პიონერებმა, პირველათ მორჩილი სადგომი დაიქირავეს სამი წლის ვადით ათ-ათ გირვანქა სტერლინგათ წელიწადში - დუქნის მოსაწყობათ დაიხარჯა თითქმის ნახევარი შეგროვილი თანხა, დანარჩერნი თანხით იყიდეს პურის ფქვილი, კართოფილი, ერბო, შაქარი და სხვა წვრილმანები და გახსნეს დუქანი სავაჭროთ 21 ქრისტეშობისთვეს 1844 წ. - შარშანწინ, 1894 წ. დიდის ამბით იდღესასწაულეს 50 წლის იუბილიონი დუქნის გახსნისა, არა თუ მარტო ინგლისის მუშებმა, არამედ სხვა დანარჩენ დასავლეთ ევროპის სახელმწიფობის მუშებმაც - თავდაპირველათ პიონერები დუქანს აღებდენ მხოლოთ ორჯელ კვირაში და ისიც საღამოობით. 1850 წლიდან დუქანი ყოველ დღე ღია იყო სავაჭროთ, გარდა უქმი დღეებისა. ამხანაგობის საქმე მეტათ კარგათ და სასიამოვნოთ წავიდა, 1867 წლის ანგარიშიდან სჩანს, რომ „საზოგადოებას“ როჩდელში ჰქონია 11 დუქანი სანოვაგისა, სამი მაღაზია ფეხსაცმელებისა განსაკუთრებით მუშათათვის სახმარებელი და ერთი ხელთსაქმარის (мануфактурный) მაღაზია. ყველა შენობა, სადაც კი საქონელი ჰქონდათ დაწყობილი და ვაჭრობა წარმოებდა „საზოგადოების“ საკუთრებას შეადგენდა; ყველა სახლებში თითო ოთახი დათმობილი ჰქონდა წიგნთ საკითხს, ხოლო ერთს იმათგანში მოთავსებული იყო საზოგადო ბიბლიოთეკა, რომელშიდაც შვიდი ათასი სხვადასხვა გვარი სასარგებლო წიგნები იყო, გარდა ამისა იწერდენ 12 ყოველ დღიურს გაზეთს, 55 ყოველ კვირეულ გამოცემას, 21 თვიურ ჟურნალებს და სხ. და სხ. - გარდა ამისა ამხანაგობის ქონება შეადგენდა:

1) ერთი დიდი შენობა, რომელიც ღირდა 10 ათას გირვანქა სტერლინგათ, რაშიდაც მოთავსებული იყო და შენახული ყოველგვარი საქონელი და კანტორა ამხანაგობისა, ბიბლიოთეკა და სამკითხველო მეორე სართულში იყო მოთავსებული, ხოლო მესამე სართულში დიდი დარბაზი საზოგადო კრებისათვის, რომელშიდაც 1500 კაცს შეეძლო კარგათ მოთავსება.

2) ორთქლის წისქვილი, რომელიც 1867 წლის მეორე ნახევარში ატრიალებდა 105 ათას გირვანქა სტერლინგსა და მისცა ამხანაგობას წმინდა მოგება 4200 გირვანქა სტერლინგი ანუ 42 ათასი მანეთი;

3) სართველი ფაბრიკა 50 ათასი მაქოებით და 633 მექანიკური სამუშაო დაზგებით, რომელიც შვიდას მუშას აძლევდა სამუშაოს და აკეთებდა საქონელს 153 ათას გირვანქა სტერლინგის საღირალს;

4) საშენობო განსაგებელი ადგილი (Стройтельное бюро);

5) ქვა ნახშირის მადნები;

6) აბანოები და სხ.და სხ.

იმ დროს, ე.ი. 1867 წ. ამხანაგობის წევრებათ ირიცხებოდა 6246 კაცი, სავაჭრო სერმია აღემატებოდა 100 ათასი გირვანქა სტერლინგს, საქონელი გაყიდულიყო 249 ათასი გირვ. სტერლინგისა, წმინდა მოგება ჰქონიათ 21,931 გირვანქა სტერლინგი, ე.ი. თითო წევრს ხუთ ხუთი გირვანქა სტერლინგი მოგება შეხვედრია.

ასეთი იყო ამხანაგობის საქმე ოცი წლის არსებობის შემდეგ. - ამ ჟამათ ამხანაგობის საქმე და მდგომარეობა, დაწყებული როჩდელის ორმოცი საწყალი მუშების მიერ, შემდეგია: საზოგადოების წევრები ერთ მილიონამდე ირიცხება, ყოველ წლიური აღებ-მიცემობა ადის 36 მილიონ გირვანქა სტერლინგამდე, წმინდა მოგება სამი მილიონი გირვანქა სტერლინგია, ხოლო მუდმივი (постоянный) თანხა 12 მილიონი გირვანქა სტერლინგი. ჰხედავთ რა დიადი და დიდ მშვენიერი შედეგი გვიჩვენა პატიოსანმა და შეგნებულმა შრომამ!!! როჩდელის მუშების მოქმედება და მათ მიერ მოტანილი ნაყოფი ყველასათვის ჭკუის სასწავლებელი და მისაბაძი უნდა იქნეს.

როგორც პარლამენტის ანგარიშიდან სჩანს (1871 წ. აგვისტოში) მარტო ინგლისში, როჩდელის მსგავსი საზოგადოება 769 ყოფილა 250 ათასი წევრებით და ორი მილიონი გირვანქა სტერლინგი თანხით, რომელსაც წმინდა მოგება ჰქონია 550 ათასი გირვანქა სტერლინგი. - ივანობისთვეში 1887 წელს Carlisle-ში შესდგა კონგრესი დელეგატებისა, რომლებიც წარმოგზავნილნი იყვნენ 1409 კოოპერაციული ინგლისისა და შოტლანდიის ამხანაგობის მიერ 911,797 წევრების ნდობით. ის შედეგი, რომელიც წარდგენილი იქმნა ამ კონგრესზე აკვირვებს ადამიანს თავის სიდიადით. ამ საზოგადოებებს 1886 წ. სავაჭრო სერმია ჰქონიათ 33 მილიონი გირვანქა სტერლინგი (330-ოდე მილიონი მანეთი) ეს ფული უდრის მთელი რუსეთის საზღვარ გარეთ ნავაჭრის მეოთხედს, რომელიც 1886 წ. განატანი და შემონატანი საქონლის ვაჭრობით ჰქონია და უდრის 1184 მილიონ მანეთს. წმინდა მოგება საზოგადოებისა 1886 წელს შეადგენდა 3.1/2 მილიონ გირვანქა სტერლინგს ე.ი. 31 მილიონ მანეთს; ეს მოგება სჯობნის წლიურ შემოსავალს ისეთის სახელმწიფოისას, როგორიც არის დანია. უნდა შევნიშნოთ, რომ აქ ბაასი წმინდა მოგებაზე გვაქვს გარეშე ყოველ გვარი ხარჯის გასტუმრებისა, მაშინ როდესაც შემოსავალი რომელიმე სახელმწიფოსი არ ჰკმარა სახელმწიფო ჩარხის დასაბრუნებლათ და იმის ინტერესების დასაცველათ.

ჯერ ჯერობით ამ ფაქტზე შევჩერდებით, შეიძლება რომელიმე ჩვენი მკითხველი ჩააფიქროს ამ დიდათ საიტერესო და ბევრი სიკეთის დამპირე და შემძენმა საკითხმა. - ჩვენ განგებ წარვუდგენთ მკითხველს ციფრებით დამტკიცებულს და დასაბუთებულ საქმის ვითარებას, რომ უფრო დარწმუნდეს და ნდობით შეხედოს საქმეს. - ეს იდეა ვითარდებოდა და იზრდებოდა მზგავსათ მდოგვის მარცვალისა, რომელზედაც მოგვითხრობს წმინდა სახარება. - ყველა პატიოსანს და გონივრულს იდეას ყოველთვის ასეთი შედეგი აქვს, როცა ის იშოვნის და დაეცემა კარგათ შემუშავებულსა და ნოყიერს ნიადაგზე. - პატიოსან პიონერებმა ქალაქის როჩდელისამ ჩვენ მეტათ ნათლათ გვიჩვენეს თუ სად არის შველა.

ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ზოგიერთი მკითხველი გვეტყვის: სად და ან რა ნაირათ შეიძლება ჩვენს ქვეყანაში შემოღება კოოპერაციისა და მიბაძვა როჩდელის პიონერებისა? სადაც გნებავსთ ყოველგან. კავკასია არის ყოველის მხრით ერთი უმდიდრესი კუთხე მთელს ქვეყნიერობაზე, კავკასია სამთო სამრეწველო ქვეყანაცაა და არა მხოლოთ სახნავ-სათესი, როგორც ამას ამტკიცებენ ზოგიერთი პოლიტიკო-ეკონომები. კავკასია ახლო მომავალში შეიძლება საქვეყნო ბაზრათ გახდეს ყოველ გვარ მადნეულობისა, რადგანაც ეს სიმდიდრე აუარებელი ძევს ყოველგან და ყოველ ფეხის გადადგმაზე ამ კურთხეულ მხარეში. როჩდელის პიონერების მაგალითით ჩვენც უნდა ვისარგებლოთ ჩვენშიდაც. უნდა იქნეს დაარსებული კოოპერატიული საზოგადოება, რომელიც ყოველგვარ სიმდიდრეს მიწის გულიდან ამოიღებს და მოიხმარს მისდა საკეთილდღეოთ. - რამდენი ძვირფასი და მდიდარი მადნეულობა აღმოუჩენიათ აქნობამდე საქართველოში და ჯერ ყველა ისინი თითქმის ხელუხლებელია და შეუმუშავებელი. დავაარსებთ თუ არა ჩვენში როჩდელის პიონერების მზგავსს საზოგადოებას, მაშინ უსათუოთ დავიწყებას უნდა მივსცეთ და წესი ავუგოთ „ტყიბულის პიონერებს“, რომელიც ცნობილია ჩვენში სახელწოდებით: „სამთო-სამრეწველო საზოგადოება ნახშირასი“. - არ უნდა დავივიწყოთ, რომ „ნახშირას“ საზოგადოება დაარსებული არის კაპიტალისტური წარმოების ტიპზე, როცა ვერასოდეს ვერ შესძლებს შეჰმატოს რამ ერის სიმდიდრის ჯამს, მითი ხალხს მოუახლოვოს დრო კეთილდღეობისა და შეაძლებინოს მას კაცობრიობის ზოგადი ცივილიზაციის მონაგარით სარგებლობა.

არ უნდა დავივიწყოთ, რომ „ნახშირას“ საზოგადოება შესდგება იმ ხალხის ჯგუფთაგან, რომლებსაც ჯერ კიდევ კარგათ ესმისთ დიდი პრინციპი კოოპერაციისა, ამიტომ არც საკვირველია, თუ იმათ ვერ მიაღწიეს თავიანთ საგანს (ერთბაშათ გამდიდრებას) რის გამო ბევრი იზარალეს და დაჰკარგეს.

აქ ვათავებთ ჩვენ „ნახშირას საზოგადოებაზე“ სჯას და გადავდივართ ქუთაისში ახლად დაბადებულს „პურის მცხობელს საზოგადოებაზე“. ხსენებულ საზოგადოებას სრული იმედი აქვს, რომ მას დიდი მერმისი ექნება, მაგრამ ამით იგი სულაც არ ყოყოჩობს და ბაქიაობს, არამედ იმის სურვილია წყნარათ, გონივრულათ იმოქმედოს და მტკიცე შეურყეველს ნიადაგზე დააყენოს და გააფართოვოს პურის ცხობის საქმე ქუთაისში. - ამხანაგობას გარდაწყვეტილი აქვს უმაღლესი ხარისხის პური აცხოს და რაც შეიძლება ნაკლებ ფასათ მიაწოდოს მუშტარს. - თითო პაის (пай) ფასათ დანიშნულია ხუთი მანეთი, ეს ფული იმდენათ მცირეა და ადვილათ გამოსაღები, რომ დარწმუნებული ვართ არავისათვის გასაჭირი არ იქნება მისი გამოღება პაიების შესაძენათ. როცა საზოგადოებას საკმაოთ ბევრი წევრები ეყოლება, მას შეძლება მიეცემა დაუღალავათ ემსახუროს კეთილს და სასარგებლო საქმეს, რომელიც ადრე მომავალში იმდენს ნაყოფს გამოიღებს, რომ ვერც კი აუვალთ მის მოწევა-მოკრეფას.

დიაღ, ბატონებო, კარგათ გაწყობილი და ერთის სულით და გულით შემდგარი და შეთვისებული ამხანაგობა ყველაფერის შემძლებელია.

მაგალითი თვალწინ გვაქვს: როჩელდის გმირი პიონერები, რომლებიც არა ხალხის ჟლეტით და სისხლის ღვრით იყვნენ გმირებათ წოდებულნი, არამედ პატიოსანი და დაუღალავი შრომით და ენერგიით. თუმცაღა ეს ასეა, მაგრამ ჩვენ მაინც არ გვინდა და არცა გვაქვს უფლება მოვსთხოვოთ ჩვენს მკითხველს უსათუოთ თავი შეიწუხოს და უნდა თუ არ უნდა გახდეს წევრათ „პურის მცხობელ საზოგადოებისა“. ჩვენ მხოლოთ აქ აღვნიშნეთ და ვუჩვენებთ მკითხველს იმ უტყუარს და საგრძნობელ სარგებლობას, რომელსაც ყოველი პაის პატრონი მიიღებს. რადგან ციფრები უფრო სანდოთ და დასაჯერათ ღაღადებენ ჭეშმარიტებას, ამიტომ ჩვენც ციფრებს მივმართავთ. ქუთაისში ირიცხება სულ 30 ათასამდე მცხოვრებლები; - წევრების რიცხვი თავდაპირველათ, რასაკვირველია კანტი კუნტათ დაიწყებს ზრდას, ამიტომ „საზოგადოების“ მუშტრათ ათასი კაცი ჩავაგდოთ. თითო კაცზე ჩვენ დაახლოვებით სამ გირვანქა პურს ჩავაგდებთ დღეში; ათასი კაცი მაშასადამე 3 ათას გირვანქა პურს დახარჯავს დღეში, ხოლო წელიწადში 1,095,00 გირვანქას ანუ 27,375 ფუთ პურს. - სართი (припекъ) თითო ფუთ ფქვილზე ვიანგარიშოთ 10 გირვანქა, მაშასადამე 27,375 ფუთ პურს ჩვენ მივიღებთ 20531 ფუთ ფქვილისაგან. - ფუთ პურს ჩვენ სწორი ანგარიშისათვის ჩავაგდებთ 1 მან. 20 კაპ., მაშასადამე ჩვენ გავყიდით პურს 32,850 მანეთისას. - ფუთ ფქვილსაც აგრეთვე ვიანგარიშებთ 1 მან. 20 კაპ., ამ სახით სჩანს, რომ გამოსაცხობათ დანიშნული ფქვილი ჩვენ დაგვიჯდება 24637 მანეთათ, მაშასადამე ჩვენ მოვიგებთ 8213 მანეთს 60 კაპ., ამ ჯამიდან 20% (1642 მან. 50 კაპ.) უნდა გადიდვას ადმინისტრაციის დასაჯილდოებლათ, - 2% (164 მან. 20 კაპ.) მოსამსახურეებისათვის, - 2% (164 მან. 20 კაპ.) მეპურეებისათვის - (хлебопековъ) 36% (2955 მან. 50 კაპ.) საჭირო ნივთების (инвентарь) შესაძენათ; - 10% (821 მან. 26 კაპ.) შეშის და სხვა წვრიმალის ხარჯვისათვის; - 30% (2463 მან. 80 კაპ.) უნდა დაურიგდეს პაიების პატრონებს იმის მიხედვით, ვისაც რამდენი პაი ექნება შეძენილი. - ვსთქვათ სულ პაიები იყო გაყიდული ორასი, ე.ი. ათასი მანეთისა. მაშინ ერთს ხუთ მანეთიან პაის შეხვდება მოგება 48%.

ეს კიდევ რაა, როცა საზოგადოება დაინახავს „პურის მცხობელი ამხანაგობის“ წარმატებას და სარგებლობას, როცა მთელი ქალაქის მკვიდრნი დაიწყებენ პურის ხარჯვას „ამხანაგობისაგან“, მაშინ უნდა ნახოთ მოგება და მეტი რა გვინდა. როცა საქმე სასურველათ წავა, შემდეგ შესაძლებელი იქნება ბედნიერ წამში დაწყებული საქმე სრულიათ გადიდდეს და გავრცელდეს. - შემდეგ „ამხანაგობას“ შეძლება ექნება ააშენოს თავისი საკუთარი პურის საცხობები, ააშენოს ფქვილის დასაწყობათ და კანტორისათვის სახლი, შეიძინოს ცხენები და საბარგო ოთხ თვლიანი ურმები (повозки), რომელითაც დაატარებს მთელს ქალაქებში სახლ და სახლ პურს გასაყიდლათ. „ამხანაგობას“ შეუძლია აგრეთვე თავისი სამოქმედო მოედანი გააფართოოს და აიღოს საქალაქო საყასბო, და ხორცის სავაჭრო დუქნები და სხ. და სხ.

ჩვენ ერთი გარემოება კიდევ უნდა აღვნიშნოთ აქ, რომელიც დიდათ საჭიროა „პურის მცხობელი ამხანაგობისათვის“: თანხა ამხანაგობისა უნდა შესდგეს სავაჭრო სერმიისგან (оборотный капиталъ) და სათადარიგო (запасный) თანხისაგან, რომელიც შედგება წმინდა და სრული მოგების ნაწილისაგან. - ჩავაგდოთ 10%. სავაჭრო სერმია უნდა იყოს დანიშნული ყოველგვარი სავაჭრო ნივთების და საქონლის შესაძენათ, პურის საცხობების და საკუთარი სახლის ასაშენებლათ, რომელშიდაც მოთავსებული იქნება კანტორა, საწყობი ფქვილისა, წიგნთ საკითხი, ბიბლიოთეკა და კლუბიც. - სათადარიგო თანხა (запасный капиталъ) შეადგენს სრულს კუთვნილებას მთელის ამხანაგობისას და არას გზით არ შეიძლება დაუბრუნდეს წევრებს. ამ ამხანაგობის დახურვამდე (ликвидаций) - (ღმერთმა ნუ ჰქნას რომ ეს მოხდეს). ეს თანხა უნდა ინახებოდეს სახელმწიფო ბანკებში ან ნაღდ ფულით და ან მომგებიანი ქაღალდებით. - ერთი სიტყვით ყოველი რთული საქმე, რაც-კი ამხანაგობას შეეხება და მისი სასარგებლო იქნება, საზოგადო კრებაზე უნდა გადაწყდეს.

ჩვენ სრული იმედი გვაქვს, რომ ქუთაისის მცხოვრებლები თანაგრძნობით მოეპყრობიან ახლათ დაარსებულ „პურის მცხობელ ამხანაგობას“ და შემწეობას აღმოუჩნენ საწევრო ფულის შეტანით. - გარდა ამისა უნდა მოგახსენოთ, რომ კოოპერატიული საზოგადოების დაარსება და შემოღება ყოველგან შესაძლებელია ჩვენში, როგორც ქალაქებში, აგრეთვე დაბებში და სოფლებშიაც, ჩვენ კიდევ უნდა დავსძინოთ აქ, რომ ზემო აღნიშნულ საზოგადოების მზგავსს ამხანაგობას ყოველთვის დიდი გავლენა აქვს ხალხის ეკონომიურს ცხოვრებაზე იმ კუთხეში, სადაც იგი არსებობს, მით რომ აუარებელ ჩარჩებს სილავ შარას სდებს და წესს უგებს, ხოლო თვითონ პატიოსნათ და გონივრულათ მოქმედობს საერთოთ ყველას საკეთილდღეოთ.

შემდეგს წერილში ვეცდებით დაწვრილებით აღვნიშნოთ და წარვუდგინოთ მკითხველს საფრანგეთის კოოპერაციული საზოგადოების მოძრაობა და მათი მოქმედება წარმატება.

მეურნე. - 1897. - N1. - გვ. 1-6

4 სოფლის მეურნეობა და მევენახეობა

▲back to top


4.1 ღვინის დაყენება საქართველოში

▲back to top


ნაწყვეტი სტატიიდან

კახური ღვინო ძველთაგანვე, არა თუ მხოლოდ ნაქებია მრთელს საქართველოში, არამედ ევროპაშიაც შევიდა ქება და ბევრითა ჰსჯობს იმათს სასმელებს. არ დაუწყებთ განკიცხვას არცა ევროპიის გემოსა, არ შეიძლება არა ვსთქუათ, რომ დროება, საჭიროება და ხასიეთი ხშირათა ჰსცვლის გემოს. ამაში არ არის ეჭვი, რომ გამოჩენილი ფალერენსიის ქვეყნის ღვინო ისე არ მოგვცემს ჩვენ კმაყოფილებასა, როგორც ჩუენი კახური ბახუსი. ჩვეულება არის აგრეთვე გემო, ანუ უკეთ ვსთქუათ, გემო არის ზოგჯერ ჩვეულება, თუმცა ესე წარმოსდგება ადგილის მდებარეობითგან და ჰაერისგან. -

- სხუათა ქვეყნის ხალხნი, აქ მოსულნი, არ აქებენ ჩვენს ღვინოს, თუმცა იძახიან, რომ უკეთესის ღვინის გაკეთება შეიძლება კახურის ყურძნისაო, ესე იგი ისეთისა, რომელიცა კმაყოფილ გახდიდეს ამათს გემოვნებას. ეს სრულებით სიმართლით ლაპარაკი არ არის, ამისთვის რომ ყოველი სხუათა ქვეყნის ხალხი აქებს თავის მამულისას, უმეტესათ თუ სარგებლობაც არის რამე თავისის ქვეყნისა. იქნება ამისათვისაც არ მოსწონდეთ, რადგანც შეუჩვეველნი არიან. გამოცდილი და დახელოვნებული ამ გვარ სახლოსნობის საქმეში, ზღვების გაღმითგან ჩუენ ჭკუას ვერ გვასწავლიან. რამდენჯერ შევხვედრივართ ჩუენ სხუათა ქვეყნების ღვინის დამყენებელთა, რომელთაც სისრულით არა ჰქონიათ ცოდნა ამ გვარის საგნისა. იციან რა საკვირველია იმ გვარი, რომელიცა მოუხდება მხოლოდ იმათს მხარეს, და არა ჩუენსას. რომ დავიწყოთ დაყენება ჩვენის ღვინისა იმ წესით, რა წესითაც აყენებენ ევროპაში, ეს ამას ნიშნავს, ავიღოთ ღვინო და თავდაყირა დავაყენოთ. ცხადია, რომ ჩუენის კახურის ყურძნითგან შესაძლებელია დავაყენოთ ევროპიელთზედ უკეთესი ღვინოები, მაგალითად: დავაყენოთ ხერესი, მადერა, სოტერნი, ბურგონისა და სხ. მაგრამ მგონია საჭიროებას არ მოითხოვდეს ბუნებითის შეცვლა რისამე. ჩუენ უნდა გვქონდეს როგორც საკუთარს ხალხს საკუთარი ღვინო, საკუთარის გემოთი, საკუთარის სურნელებით, რომელსაცა გაბედვით შეგვიძლია მივაკრათ დაბეჭდილი ქაღალდი და ვუწოდოთ ნაცვლად მადერა, ხერესი, სოტერნი, - კარდანეხული, ყვარელისა, ბეჟანიანისა, ლაღოდაღისა და სხ.

ჩუენთა ღვინის დამყენებელთა და მომხმარებელთა კარგათ და დარწმუნებით იციან, რომ ჩუენთა ყურძენთა იმისთანა ღირსება აქუსთ, რომ უეჭველად მოგვცემენ ჩინებულს ღვინოს. ჩუენ მხოლოდ გვაკლია ერთი, მკითხავთ: რა? აი რა: შევიტყოთ, გამოვიკითხოთ და გამოვიძიოთ, თუ ვითა აყენებენ ევროპიელნი თავიანთ ნაქებს ღვინოებს? რა შევიტყოთ ეს, შემდგომს ვეცადნეთ, დავაყენოთ ისე ხელოვნებით და მეცადინეობით რომ არცა ბუნება შეუცვალოთ ჩუენს ყურძენს და არცა ისე მოვიქცეთ, რომ რაც არ მოუხდება ისე არ შევუწყოთ ხელი. ჩუენთა კახეთის საყვარელთა მებატონეთა კარგათ იციან, რომ ჩუენი ღვინოები კიდევ ისეთნი არ არიან, როგორც იმედი გვაქუს გამოსავლისაგან. ცხადია, რომ გვაკლია მხოლოდ ხელოვნება, თუ ვითა დავაყენოთ.

უპირველესი ნაკლულევანება ჩუენი მდგომარეობს მასში, რომ აქამომდენ არ ვიცით გადაღება ერთის ჭურჭელითგან მეორეში, რომლისაგანაც წარმოსდგება სიბრწყინვალე და სიწმინდე, რადგანც აქამომდენ არა ვხმარობთ განმანათლებელს საშვალობას. ეს ამისთვის უფრო წარმოსდგება, რომ ჩუენ ძველებურათ იმას ვფიქრობთ მხოლოდ, ღვინო გვქონდეს უხვად და აღარ დავზდევთ ღვინის სიკეთეს.

საქართველოში როგორც ვიცით ყოველთა, ღვინო ინახება ქვევრებში, იმ გვარ ქვევრებში, რომელზედაც სხუათა ქუეყნის ხალხნი ბევრჯელ ჰკვირობდნენ რადგანც არ იღებენ ერთის ქვევრიდგან მეორეში, საიდგანაც წარმოსდგება ღვინის სიბრწყინვალე და სიწმინდე. თუმცა მრავალთა მებატონეთა მოიგონეს ამისთვის სხუა და სხუა გვარი საშუალობა, გარნა მაინც ვერ მისცეს საკმაო კმაყოფილება და მხოლოდ ამით გამოუცვალეს ხასიათიცა და ღირსებაცა თავიანთს ღვინოსა...

ცისკარი. - 1859. - N9. - გვ. 61-71

4.2 რედაქციისგან

▲back to top


სოფლების განმშვენიერება უფრო მომატებულად სასარგებლოა, ვიდრე ქალაქებში ახალის დაწყობილების შემოტანაო“ ასე ჰსწერს განვლილს წლის, აგვისტოს თვეში, ერთს თავის შინაურს, ახლანდელი მფლობელი ფრანციისა; რომელი გონიერი მომაკვდავი არ დაერწმუნება ამ მართალ სიტყვებსა. უმეტესად ხელმწიფის მხრივ, რომელიცა აბნევს რამდენსამე მილიონს ფრანკსა შენობაების დაქცევაზედ და ხელახლად აღშენებაზედ თვის სატახტო ქალაქში. დაბებში თუ სოფლებში შეიკრებენ მომჭირნეობით და დიდის შრომით ადგილ-მამულის მართველნი ადგილის მოსავალსა თავიანთი მხარის დასაკმაყოფილებლად; იქ მომზადდება ხოლმე იმგვარი საქონელი, რომელიცა საჭიროა ვაჭრობისათვის, სოფლებში მზადდებიან სანოვარგენი. მრთელს ხალხში დიდი მნიშვნელობა აქვს ადგილ-მამულის მართვის წარმოებასა. ადგილ-მამულის მართვა არის უპირუელესი და უმთავრესი საგანი კეთილმდგომარეობისათვის მრთელის ხალხისა. ეს არის ის იმედი, რომელიც ყოველი სახელმწიფო მოელის აღყვავებასა.

„ორმოცდა ათი წელიწადია მას აქეთ, როდესაც დასავლეთ ევროპაში მიხვდნენ, რომ მიწის შემუშავების წარმატებისთვის საჭიროა ჰსწავლის საგნები და მრთელი ხალხი ამის მიხედვით უყურებდნენ საქმეს და გამოხატულებას, ანუ როგორც ახლა ანბობენ, გამოცდილებას და ჰსწავლას: ამ სახით მტკიცედ და სიჩქარით მომდინარეობდნენ წარმატების გზაზედ. მაგრამ, იყვნენ იმ გვარნიცა, რომელნიცა პირველად გულგრილად მიზდევდნენ ამ უმთავრესს საგანს, ხოლო სხუანი დაცინებით უყურებდნენ ამ საგნის მიმდევნთა და იძახდნენ, როგორც ახლა ჩუენში ანბობენ, რა საჭირო არის თქვენი წიგნები, როდესაც უწიგნოდაც გამოვდივართო. ჩვენ ამ შემთხვევაში ვგევართ სწორედ იმ ხალხს, რომელნიც მოვიხსენიე ზემოთ და რომელთაცა რა არა სწამდათ ჰსწავლა, შემდგომ მისცეს ჰსწავლასაც ყურადღება, ახლა სწავლით აღყვავებულს მდგომარეობაში იმყოფებიან.

ახლა ჩვენის მხარითა ვსთქუათ, მართლად სწავლასა აქვს მოქმედება რამ ადგილ-მამულის მართვაზე? რასაკვირველია ეს ცხადია, იტყვიან ზოგნი; ჰსწავლა გამოჩნდა ქვეყანაზედ, ხვნისა და თესვის შემდგომსაო. ხვნა და თესვა იყო ჰსწავლის წინეთაო, მაშასადამე უწიგნოთაც, ესე იგი უსწავლელათაც შეგვიძლიან ძველებურად ვმართოთ ჩვენი მამულიო. აკი ხნავდნენ, სთსავდნენ, მკიდნენ, მატყლს აკეთებდნენ, აბრეშუმს და სხუას, მაძღარნიც იყვნენ და ჩაცმულებიც.ცხოვრობდნენ კმაყოფილად და არა ჰკითხავდნენ ჰსწავლას თუ როგორ მოქცეულიყვნენ. მართალია, სრულებით, მართალი! მაგრამ აბა ახლა გავსინჯოთ რვა ასის წლის წინათ სახნავ სათესი მიწის იარაღი, თუ არ დავთახმდეთ, რომ ძუელებურის იარაღის მიხედვით ცდილობდნენ გაეადვილებინათ და შეემსუბუქებინათ იარაღით მუშაკობა. ან რაღა საჭირო არის ახლანდელს დროში ქარის წისქვილის გაკეთება, ადრე რომ არ იყო ამგვარი წისქვილი. ადგილ-მამულის მართვის შესახებ ჰსწავლაზედ დაცინება არა თუ არსებობს მხოლოდ აზიაში, თვითქმის ევროპაშიც. ამ აზრმა დიდი დაბრკოლება მისცა და აძლევს წარმატებას. ამ გვართა ხალხთათვის სრულებით უსარგებლოა თუნდა იწარმოვოს, რასაკვირველია იძულებით.

რომელთაცა აქუსთ ჰსწავლა, წაუკითხავთ ადგილ-მამულის მართვის შესახებ წიგნები, ისინი ცხადად ხედამენ სწავლის უცოდველობას. ყოველგან დაერწმუნებიან გამოცდილებით ამ ჰსწავლის სიმართლეზედ. პირველი ეს არის, ჰსწავლა ანუ მდაბიურადა ვსთქვათ ადგილ-მამულის მართვის შესახებ წიგნი, ან გაზეთი რამ, მსახურებს მებატონეს, ანუ მიწის მხვნელს წინამძღომელად და უნათებს წინ გზას, თუ როგორ და რა სახით მიასწროს სისრულეს.

„გუთნის დედის“ რედაქცია შეძლებისამებრ მოიხმარებს მეცადინეობას მისცეს სარგებლობა მკითხველთა ადგილ-მამულის მართვის შესახებ, დროით და დროით გამოჰკრეფავს სხუა და სხუა შესანიშნავ გაზეთებითგან და წიგნებითგან ადგილ-მამულის მართვის ცნობათა. ამასთანავე გუთნების, ფარცხების და სხუა სამუშავო იარაღების სურათებსა, რომელნიცა მოქმედებაში არიან ევროპაში თვით მცირეს საქონლით, თავის აღწერილობით.

გუთნის დედა. - თბილისი, 1861 - N1. - გვ. 1

4.3 ივანე სერებრიაკოვი - აშენება ორისა ფერმისა კავკაზიისა მხარესა

▲back to top


წარსულმა წელიწამა დაგვიტევა ორი საქმე, რომელთაცა დიდი შემატება უნდა მისცენ ჩვენის მამულისა კეთებასა. ეს არის აშენება ორის ფერმისა, ერთისა ქართლში მუხრანის ახლო, ქსნისა პირზედ, მეორე ქუთაისის ახლო, იმერეთში. პატრონი პირველისა (რომელიც არის წოდებული ელისაბედის ფერმად) არის ღენერალ-ლეიტენანტი კნიაზი ივანე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონი მუხრანსკი. ეს დაერწმუნა, რომ ძველებრივ ჩვენს მამულის კეთების დაწყობილებასა არა აქვს ჯეროვანი სარგებლობა, მოითხოვს მომატებულს შრომასა და ხარჯსა და სამაგიეროს არ აძლევს იმოდენსა, როგორც ევროპაში. მიჰყო მან ხელი ფერმისა აშენებასა ევროპიისა წესზედ. ამა ჰაზრით კნიაზმა მუხრანსკიმ დაიჭირა ჯამაგირითა სწავლული ფრანცუზი აგრონომი, ანუ მიწის მოქმედი. დაიბარა საუკეთესო მაშინები და იარაღები, დაიწყო სოფლებში შენობაები, ერთი სიტყვით დააწესა ყოველივე, რაცა არის საჭირო კარგად-მომართულისა ევროპიულისა ფერმისათვის, ესრეთუე მოიქცა ქუთაისისა ახლოს, მდიდარი მოსკოვისა ვაჭარი ონანოვი, რომელსაც გამგებლად ჰყავს აქაური სწავლული აგრონომი უ. ხატისოვი.

ჩვენ გვსურს აქ რამდენიმე სიტყვით განვმარტოთ, თუ რა მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს ამ ფერმებსა სხვა მამულის მკეთებელთათვის ან თუ რა სარგებლობის მიცემა შეუძლიანთ იმათ ჩვენი ქვეყნის მამულის კეთებისათვის. მას აქეთ რაც მმართებლობა ან კერძო საზოგადოება, ჩვენი თუ უცხო, შესდგომია ზრუნვასა მოყვანისათვის უკეთესს მდგომარეობაში ხვნა-თესვისა და სხვა სასოფლო ხელობისა, გამოჩენილა მრავალი საშუალობა, რომლითაც შეიძლება ამ წადილის ასრულება. ამ ჰაზრითა მოუხმარებიათ და ზოგიერთს ახლაცხმარობენ: განთავისუფლება გარეგანის და შინაგანის ბაჟისგან ყოვლის მიწის გამოსავალისა, გაადვილება მიწისა გასყიდვისა, დარიგება საუკეთესო მაშინებისა და იარაღებისა, დარიგება თესლეულისა, დაჯილდობა საჩინო მამულის მკეთებლისა და სხ. მაგრამ არც ერთი ამა საშვალობითაგანი არა ყოფილა ისე ნამდვილი და უტყუარი, არც ერთს არა ჰქონია იმოდენი სარგებლობა, როგორც სამაგალითო ფერმების აშენებასა. და მართლაც ასე უნდა იყოს, ამისთანა საპრაკტიკო საქმეში, როგორც სასოფლო მამულის მართვა, ვერა რა გვიზამს თვით გამოცდილების, თვით საქმით წვრთნის მაგიერობასა. როცა გვწადიან რო ვასწავლოთ ვისმე რომელიმე ახალი ნაწილი სასოფლო ხელობისა ანუ ვაჩვენოთ უმჯობესობა ერთის იარაღისა მეორეზე, რას მოვიგონებთ ამაზედ უკეთესს, რომ თვალით დავანახოთ და ვაწრთოთ თვით ხელობაში, ვაჩვენოთ იარაღის მოქმედება საქმით, გავაცნოთ სხვა და სხვა დაწყობილობა ისე, რომ თვითონვე შეეძლოს გარჩევა ავისა და კარგისა. ამ სახით სამაგალითო ფერმა რომელშიაც ხვნა-თესვა და სხვა სასოფლო ხელობა არიან დაწყობილნი საუკეთესო რიგზედ, წარმოგვიდგენს თვალსა ხილულს გამოცდილებასა. რაც უნდა ძლიერი იყოს კაცის სიყვარული ძველი წესდებულებისათვის, რაც უნდა ღრმად გაედგას იმაში ძირკვი ცრუ მორწმუნებასა, თუკი თვალით დაინახავს ახალი რიგის უმჯობესობასა, თუკი თავისივე გონებით შაიტყობს, რომ სასარგებლოა ძველი წესის გამოცვლა, მაშინ რაღა დააბრკოლებს მიბაძვაში...

ამ გვარი ფერმები ჩვენში არ ყოფილა აქამომდე და ამით უფრო მეტად უნდა გვიხაროდეს აშენება ფერმებისა ქსნის პირზედ და ქუთაისის ახლო, რომელნიც უნდა შეიქმნან მაგალითად მამულის კეთების აყვავილებისა როგორც ზემოხსენებული სახელმწიფო ფერმები რუსეთში. ყოველი გლეხი, ვისაც კი შეხვდება მუშაობა ამ ფერმებში გამოცდილის აგრონომის ზედამხედველობისა ქვეშე, ისწავლის საქმით ჯეროვანსა ხვნასა, საუკეთესო იარაღების ხმარებასა, კანონიერსა თესვასა და მცენარეთ მოვლასა, ყოველს ამ გვარს ჰსწავლასა მოიხმარებს თავის მამულში. ამათი მნახველი მებატონეცა მოინდომებს შეიტყოს, თუ რა წესით არის მოწყობილი ეს უცხო მომართულება და რა გამოიკითხავს ამასა, აღივსება კეთილშობილის მიბაძვის სურვილითა. თუნდა კიდეც არ მივხედოთ რა სარგებლობაა ამ გვარი მომართულობისაგან სხვა ქვეყნებში, თვით საქმე გვარწმუნებს, რომ ეს ფერმები უთუოდ უნდა შეიქმნან უძლიერეს აღმძვრელად ჩვენი ქვეყნის მამულის კეთების წარმატებისა, ჯერ ძლივ დაფუძნებული იყო ელისაბედის ფერმა, რომ დიდი შემატება მისცა ჩვენს მამულის მაკეთებელთა, განათლებულმა მისმა პატრონმა გამოსცადა ამ ფერმაში სხვა და სხვა გუთნები და ზედ მიადგა იმისთანასა, რომელიც ოთხჯერ აიაფებს მიწის ხვნასა და სავსემ საზოგადო სარგებლობის სურვილითა გამოაცხადა გაზეთში ეს გამოცდილება, მაშინვე ყოველ მხრიდან მოვიდა მამულის კეთების უპრავლენიაში თხოვნა ამ გვარი გუთნებისა, რადგანაც უკეთესობა იმისი ადვილად შესატყობია ყოველთათვის. ჩვენ გვაქვს საკმაო მიზეზი ვიმედეულობდეთ, რომ კნიაზი ივანე მუხრანსკი კვლავაც არ დაზოგავს რომ შაატყობინოს მამულის მკეთებელთა თავისი გამოცდილება და შორს გააწვდინოს სარგებლობა თავის მომართულობისა.

ამ სახით, ფერმები აშენებულნი კერძო პირთაგან და თავიანთ სარგებლობისათვის უნდა შეიქმნას სასარგებლოდ მრთელის საზოგადოებისა. ამასთან უნდა ვსთქვათ რო, კერძო პირთაგან აშენებული ფერმა უფრო ადვილად ასრულებს იმ საქმესა, რომელისათვისაც შენდება სახელმწიფო ფერმა ე. ი. პირველი უფრო მალე ასწავლის ხალხსა ჯეროვანსა მამულის კეთებასა, ვიდრე ბოლონდელი. სახელმწიფო ფერმა დიდხანს არ აჩენს არაფერს მოქმედებასა, ამიტომ რომ მთავრობის მიბაძვა აგრე ადვილად ვერ მოუვა ფიქრში კერძო კაცსა, ის ჰაზრი, რომ მთავრობას აქვს დიდი საშუალობა და შეუძლიან ფანტვა ფულისა. თუნდ არაფერ სარგებლობასაც არ მოელოდებოდეს, პირველში უთუოდ შეაყენებს მრავალსა და ვიდრე შაიტყობენ მართებლობის ნამდვილს განზრახვასა, უნდა უბრალოდ დაიკარგოს დროება. წინააღმდეგ ამისა მოქმედება კერძო ფერმებისა ჩნდება სწრაფად: აქ აღარაფერი იჭვი არ აყენებს მიბაძვასა; ყველას ესმის მაშინვე, რომ ფერმა აშენებულია გამორჩომისათვის, რომ ცვლილება და ახალი დაწყობილება მიღებულნი არიან მხოლოდ იმ მიზეზით, რომ იმათში მეტი გამორჩომაა, ვიდრე ძველ წესში. ეს არის მიზეზი, რომ სხვა ქვეყნებში მაგდენათ არ მოსწონთ სახელმწიფო ფერმები და როდესაც ჰსურთ, რომ გაამრავლონ ხალხში რომელიმე ხელობის სწავლა, მთავრობა აძლევს შემწეობასა კერძო ფერმის პატრონსა, რომელიც კისრულობს შენახვასა და სწავლებასა რამდენიმე მოწაფისასა.

გუთნის დედა. - თბილისი, 1862 - N1. გვ 5.

4.4 კნიაზი ბაგრატიონ-მუხრანსკი - გუთანი შუმანისა

▲back to top


დიდად ვჰმეცადინებდი სოფლისა მუშაობისა საქმე როგორმე მიმეყუანა იმა წესსზედ, როგორიცა მიღებულია ევროპაში და სხვათა ადგილთა. აქამდინ მაბრკოლებდა სამსახური და ეხლა შევუდეგ პირველად გუთანსა. ცნობილია ესე, რომ მძიმე ქართული გუთანი დიდად გვაბრკოლებს მიწისა მუშაობაში და ჯდება ძვირად. კარგად და მარჯვედ მომართულმან გუთანმან უნდა მოსჭრას მიწა თანასწორისა ხაზითა ზევიდან ქვეითამდინ, სადამდინაც კი სახნისი დაჰსწვთება, მერე უნდა მოგლიჯოს ბელტი მიწის-პირად, ასწივოს და გარდააბრუნოს ეს ბელტი ისე, რომ ძირი პირად მოექცეს. ეს გადაბრუნება ბელტისა უნდა ქმნას თვით გუთანმან კარგად მომართულმან და არა გუთნის-დედამ, რომელიცა ყოველთვის დიდისა ძალის დატანებით ცდილობს ბელტისა გადაბრუნებასა, ქართული გუთანი თავისისა გამართულებითა, სახნისითა და საკვეთითა ჰსჭრის მიწასა პირიდამ ირიბად ასე, რომ ხნულში ბევრჯერ რჩება მიწა, რომელსაცა გუთანი ვერ მოხვდა. ეს არის მიზეზი, რომ მოხნულსა ამ გვარად მიწაში მოდის მაღალ-დაბალი ყანა ანუ მოსავალი.

კარგი გუთანი ის არის, რომელიც მოხნავს მიწასა არა ბევრისა უღლებითა. ქართულსა გუთანში უნდა შეებას ამდენი უღელი, რამდენსაც არსად არ შეაბამენ სხვათა ქვეყნებში.

რადგანაცა ქართული გუთანი არის სამძიმო მიწისა მოხვნისათვის, ამისთვის ითხოვდა გონება მოგვეპოვნა ნაცვლად ამა გუთნისა სხვა უფრო მოხერხებული და მარჯვე გუთანი.

მოვალე ვარ მივართუა მადლობა ღენერალ-მაიორსა მ. პ. კოლუბაკინსა, რომელმანცა მომცა გამოსაცდელათ უცხო ქვეყნების გუთნებში ტფილისსა მოტანილები. ამა გუთნებში აღვირჩიე და ვამჯობინე ამერიკისა გუთანი უფ. შუმანისაგან გამართული. ესე გუთანი ჰხნავს ღრმად და ამისთვის არის საუკეთესო შემუშავებისათვის მიწისა ჩვენისა ქვეყნებში.

ამავე გუთნითა გამოსაცდელათ ვახვნევინე მიწა ჩემსა სოფელში დიღომსა, სადაცა დავისწარ ამა სოფლისა გლეხნი. კარგმა მოხნულმან მიწამან მოიყვანა გლეხნი დიდსა განკვირვებასა. ორისა უღლითა ანუ ოთხისა ხარითა შებმულმან გუთანმან შუმანისმა მოხნა ექვს ვერშოკიანისა სიღრმეზედ იმოდენივე მინდორი, რასაც მოხნავს ქართული გუთანი რვა უღლითა შებმული.

რადგანაც მიწა დიღომისა არის ქვიშიანი და უფრო მსუბუქი, ამისთვის გარდავიტანე გუთანი მუხრანსა, სადაც მიწა არის თიხიანი და სახნავად მაგარი. აღმოჩნდა, რომ აქაცა ისე ადვილად მოხნა მიწა ამა გუთანმან, როგორც დიღომში. აქა დამსწრეთა გლეხთა გაუკვირდათ ეს გუთანი და დაუწყეს დაწვლილებით სინჯვა მისისა მომართულობისა და მკითხავდნენ ყოველსა გუთნისა იარაღსა, რაცა რისთვისა არის სახმარი.

ამა მიზეზისათვის მაშინვე ვიყიდე გუთანი შუმანისა და ვსთხოვე უ. კოლუბაკინსა მომიტანინოს ოთხი ამისთანავე გუთანი.

ესრეთისა გვარისა გუთანი დიდად სახმარია ჩვენისა ქვეყნისათვის. რადგანაც ჰხნავს უკეთესად და შრომა მოხვნისა ოთხ ჯერ უფრო ნაკლები ჯდება ქართულსა გუთანზედ. - ფასიცა ამა გუთნისა დიდად ნაკლებია ჩვენსა გუთანზედ. გუთანი შუმანისა, რომელსაცა აქვს ორი საკვეთი და ერთი სახნისი მომატებული, თუ როგორმე გატყდა. ერთი მათგანი ჰფასობს სამ-თუმნად და რვა მანეთად, მაშინ, როდესაც ჩვენი გუთანი ქართული იყიდება ხუთ-თუმანზე მეტად.

რომელთაცა ჰსურთ ნახვა ამა გუთნისა შეუძლიანთ ნახონ ჩემსა მამულში ელისაბედიანში ქსნისა მდინარისა პირზედ, მუხრანსა ახლოს და მე თვით განუმარტებ მათ სიტყვითა და წერილითა გუთნისა მომართულობასა.

ეს გუთანი დიდად და ბევრად უფრო მარჯვეა ჩვენსა ძველებურსა გუთანზედ. დიდად მოსახმარისია და სასარგებლო მეტადრე გლეხთათვის. ჩვენთა გლეხთა იშვიათად აქვსთ თავიანთი გუთანი და არცა ჰყავსთ საკმაო საქონელი, ამისთვის გლეხნი შეიკრიბებიან ერთად, მოიყვანენ თავიაანთა საქონელთა და ერთად შეაბამენ გუთანსა და დიდად უძნელდებათ ერთმანეთთან ამხანაგობა. ბევრჯერ შეიყრება ოცდა ხუთი ამხანაგი და ანეულისა მოხვნასა მოუნდება ორი თვე და დიდად ხშირად მოსდით შფოთი და უთანხმოობა. ბევრ-ჯერ ერთი ამხანაგი ერთისა მომატებულისა სიტყვასა თქმისა, ან ხარისა მომატებულითა დაკვრითა, აღრევს მთელსა ამხანაგობასა და ჰრჩება მეორეს წლამდინ უხნავად მიწა. შუმანის გუთანი იეფი ჩვენსა გუთანზედ და ორითა უღლითა შებმული მოაშორებს ამა შფოთსა და უწესობასა.

შუმანისა გუთანსა აქვს რკინისა საკვეთი და ბელტისა გადასაბრუნებელი ჩუგუნისა, რკინისა ღერძზედ დამაგრებული.

არის კიდევ სხვაცა გუთანი უ. დომბალისა, ევროპიისა გუთნებზედ უფრო მარჯვე და იეფი. ამას ვხმარობდი ჩემსა მამულშიაც; მაგრამ რადგანაცა ამა გუთანსა არა აქვს თავი და ღერძი და მუშაობისა დროსა უჭირდება გუთნის-დედასა მისი მოხმარება ამისთვის; უფრო ვარჩივე და ვამჯობინე გუთანი შუმანისა.

გუთნის დედა. - თბილისი, 1862 - N1. - გვ. 2

4.5 წიგნი ქ. ჟენევითგან

▲back to top


„გუთნის დედის“ გაზეთში განვლილს თვეებში დავბეჭდევით, რომ კავკაზიის მამულის მოვლის გამგებლობამ გაგზავნა ლონდონში აგრონომი უფ. სერებრიაკოვი საქუეყნო ვისტავკაში და სხვათა შორის მიანდო გაეშინჯა ევროპაში მამულის მოვლა როგორ წარმატებაში არის, რომ იმის მიხედვით საქართველოშიაც შემოიტანონ უკეთესად მამულის მოვლა. 22 ივნისს ამ წლისა, ქალაქის ჟენევიდან აი რას იწერება უფ. სერებრიაკოვი: „ფრანციის სამხრეთის მხრივ გავსინჯე დიდის ყურადღებით აბრეშუმის ჭიის შენახვის და გამოხვევის ქარხნები. ამასთანავე გამოვიკითხე შეიძლებოდა თუ არა ჭიის მომლელი და აბრეშუმის ხელოვნების ქალები ჩვენს ტფილისში წამოსულიყვნენ ფასით, რომ იმათგან გვესწავლა ჭიის მოვლა და აბრეშუმის წესიერად გაკეთება. ტფილისში წამოსვლის მსურველნი შეიძლება ვიშოვნოთ, რა საკვირველია ფასით, თუმცა ერიდებიან შორს გზას და ტფილისის ჰავას. ამ მიზეზისა გამო თხოულობენ მეტს ფასსა, იმაზედ რა ფასსაც იღებენ აქ ადგილობრივ. რომელთაც აღვიარეს საქართველოში წამოსვლა სხვებზე ნაკლებ ფასად არიან შემდგომნი:

1. საგანგებო აბრეშუმის ქარხნის გამგებელმა ქალმა ბურნემ მიქო, როგორც კარგად მცოდნე ჭიის აღზრდისა და აბრეშუმის გაკეთებისა, ლიონში მცხოვრები დედაკაცი, რომელიცა თხოულობს წელიწადში სამოცს თუმანს ჯამაგირს გზისა და სმა ჭამის ხარჯის გარდა.

2. ქალი სტელბრანკი, რომელიცა ნამყოფია კიდეცა ტფილისში თავის მამის გრასიურის აბრეშუმის ქარხანაში ავლაბრის ფერმაზედ და რომელიცა თხოულობს ორმოცდა ათს თუმანს ჯამაგირს წელიწადში გზის და საზრდოს ხარჯის გარდა.

გზის ხარჯი ლიონიდგან, ანუ მონტელიმარითგან ტფილისამდინ თვითო სულზედ მეორე კლასის ვაგონში დაჯდება ოც და სამს თუმნამდინ.

ამას გარდა გამოვიკითხე, გამოჩენილის ლიონის მეხანიკის რეკასაგან, თუ რამდენი დაჯდება, რომ გაკეთდეს საქართველოში აბრეშუმის ქარხანა.

თვითო თუჯი ტარაბუა, თავისის კუთვნილებით ღირს - 250 ფრანკათ.

ქარხანა ორმოცდა ათის ტარაბუასგან შემდგარი - 12 500 ფრანკი.

ორთქლის მაშინა ორის ძალით თავისის ქვაბით, მილებით და ტუმბოებოთ - 5 000 ფრანკი.

ყუთებში და ჭილობით შეხვევა საგზაოდ, რომ არ წახდეს - 800 ფრანკი.

გადმოტანა საქართველოში (11 000 კიოლოგრამი) - 8 500 ფრანკი.

სრულებით - 26 500 ფრანკი.

უფ. რეკი თვითან მოდის ტფილისში ქარხნის გასამართავათ უფასოთ, მხოლოთ თხოულობს გზის ხარჯს ორმოცდა ხუთს თუმანსა.

ეს რეკი თვითანვე ამზადებს აბრეშუმის ქარხანას რაც იარაღები ეჭირება.

ფასი თვითეულისა იარაღისა ოთხასს ფრანკზედ მეტი არ არის.

22 ივნისი 1862 წელსა.

. ჟენევა.

გუთნის დედა. - თბილისი, 1862. - N14. - გვ. 1

4.6 ივანე სერებრიაკოვი - ქარის საშუალობით მიწების მორწყუა კავკასიის მხარეზედ

▲back to top


ნაწყვეტი სტატიიდან

თუმცა ორთქლის მაშინები დასავლეთის ევროპაში დიდს ხმარებაშია, მაგრამ მაინც კიდევ სარგებლობენ ქარით, რომლის საშვალობით ამუშავებენ წისქვილებსა და სხვა გვარ ქარხანებსა. თვითან ანგლიაში, სადაცა აქაც ორთქლის მაშინებს უჭირავს პირველი ადგილი ქარხანებში და თვით მიწის ხვნაშიაც შემოუტანიათ, ქარის წისქვილებს ვერ ააცილებს თვალსა სოფელში მავალი კაცი. გოლლანდიაში მრავლის მამულის ხვედრი დამოკიდებულია ქარის წისქვილებზედ, რომლის საშვალობით ათავისუფლებენ წლითგან ჭაობიან ადგილებსა და ხდიან სახნავ სათეს ადგილად. ესევე უპირველესი ალაგი უჭირავს ქარის წისქვილს გერმანიაში. ჩრდილოეთის ამერიკაში ქარის წისქვილები ყოველგან განვრცელებულნი არიან და დიდ ძალს საქმეებს აკეთებინებენ; არათუ შეუძლიან ქარის წისქვილის გაკეთება გაკეთებულს მამულის პატრონს, თვითან საშუალო შეძლებისასაც, ადვილად შეუძლიან გააკეთოს. საბერძნეთის და დარდალენის კიდეები სავსენი არიან ქარის წისქვილებით ისე, რომ მგზავრს სოფელი ეგონება გაშენებული.

ქარის წისქვილის მოხმარება ქარხანებში რასაკვირველია, ისე სარგებლობა არ არის, როგორც წყალის წისქვილი და ორთქლისა მაშინა, მაგრამ არის შემთხვევა, რომლისაც გაკეთება უფრო უკეთესია იეფობისა გამო. მაგალითად, წყლის ამოყვანაში მინდვრებში მოსარწყავათ, ქალაქის სასმელად და სხვა, თუმცა ზოგჯერ უქმად დგას და არა მუშაობს ხოლმე უქარობით ანუ მუშაობს და არა თანასწორეთ, მაგრამ რომელიმე ხანის გამომავლობაში გააკეთებს საქმეს, რომელიცა ჯდება თითქო მუქთად, რადგანაც პირველი აშენების გარდა და მაგდენი საჭირო აღარა აქუსრა.

ჩვენს კავკაზიის მხარეზედ ჩვეულებად არ არის ქარის წისქვილის მომართვა და თუმცა ზოგი ერთმა სოფლელმა რუსმა გააკეთა, მაგრამ უსარგებლოდ გამოუდგა. ზოგჯერ ძრიელმა ქარებმა, ზოგჯერ წაღმა უკუღმა ქარის ბერვამ, დიდი დაბრკოლება მისცა ჩვენს მხარეზედ წისქვილებს, მაგრამ ეს კი უნდა შევნიშნოთ, რომ ისე დაბრკოლებას ვერ მისცემდა აქ წისქვილებს ქარი, თუ წესიერად ყოფილიყვნენ აშენებულნი. ქარის წისქვილები ჩვენში მალოროსიის ჩვეულებაზედ კეთდებოდნენ და ეს მალოროსიული ქარის წისქვილი მხოლოდ მაშინ ივარგებს, როდესაც ქარი საშუალოდ უბერავს, ამის გარდა იმ გვარს წისქვილს ყოველთვის ზედამხედველობა უნდა და თუ ქარი ძრიელ უბერავს, მაშინ უნდა სრულად დადგეს. მაგრამ არ შეიძლება ვსთქვათ, რომ მეხანიკურ ხელოვნებას ამის მეტი ვერა მოეგონებინოს რა და რომ სხვა ქვეყნებშიაც ესევე ნაკლოვანება ჰქონდეს ქარის წისქვილსა. უკანასკნელს დროებაში ბევრმა მსწავლულებმა მიაქცივეს ყურადღება ქარის წისქვილსა და ამ გვარის წისქვილების მოხმარება დიდს წარმატებასაც მიეცნენ. საკმაოა მოვიხსენიოთ, რომ ევროპიის მსწავლულები ამ საქმეს თავს არ ანებებენ და ყველა მიხვდება, რომ საქმე სისრულეში და უკეთესობაში მოდის. წლეულ გაზაფხულზედ პარიჟში, სენატის სახლში გრაფის დომორნის ბრძანებით საქვეყნოდ გამოეტანა ქარის წისქვილის მოდელი (ნიმუში) იმ გვარად მომართული რა ცვლილებისაც უნდა იყოს ქარი, ის თანასწორედ იმუშავებს. ეს მოდელი შეადგინა და მოეგონებინა ლიონის მეხანიკს ბერნარს. ივნისის თვეში გადაიტანეს ბაღეულის ვისტავკაში, სადაც თვითან მე დავესწარ და ვნახე, რომ დიდი ყურადღება მიაქცივეს მსწავლულებმა, ლიტერატორებმა, მამულის მეპატრონეთა. ამას გარდა დიდი ქება ისმოდა მომგონისა.

უფ. ბერნარი თვითანაც იქ იმყოფებოდა და თვითან უხსნიდა ყველას ამ წისქვილის მომართულებასა. მთელი თვე ხალხი ატყდა ზედ და სინჯავდა ამ ახალს მოგონებულს მაშინას. მთელი პარიჟის ჟურნალები და გაზეთები აივსნენ ამ მაშინაზედ აღწერილობით და ქებით. ამასთანავე პარიჟში დაჰქონდათ სია, აგროვებდნენ ფულს ბერნარის წისქვილის ასაშენებლად ბულონის ტყეში, სენის მდინარის კიდეზედ, სადაც იმპერატორის ნაპოლეონის ბრძანებით მოუზომეს ალაგი. ეს ქარის წისქვილი ბერნარისა დაფქვის გარდა, ამოიტანს წყალს სენის მდინარითგან მინდვრების მოსარწყავათ და ამის გარდა ხორბალსაც გალეწავს. როდესაც დაწვრილებით შევიტყე ბერნარის მაშინის საქმე, ვიფიქრე, რომ ჩვენში უფრო ადვილად მოხერხდება,თუკი ფრანციაში, სადაც შეძლებაც შემოსავალიც და მიწის მოსავლის სიუხვე მცირეა, ცდილობენ იმგვარი რამის გაკეთებას, რომელიც იაფად დაჯდებოდეს და სარგებლობას კი მეტს მისცემდეს, ჩვენში უფრო არ უნდა შემოვიტანდეთ, რო უფრო საჭიროება გვაქვს, უმეტესად მინდვრების მორწყვისათვის. საუკეთესო მიწები ჩვენში უწყლობით ჰკარგავენ თავისს ფასს. მტკვარი, ალაზანი, იორი, არაგვი და სხუანი ამაოდ იკარგებიან, მაშინ როდესაც რომ შეიძლებოდა მოხმარება მინდვრების მოსარწყავათ. არხით გატანა ამათი, სამძიმო საქმეა კერძო კაცისთვის, რადგანაც ზოგან ხევი უნდა შეგხვდეს, ზოგან გორაკი; ან თვითან დაბლა მომდინარეობს და მდინარე ზემოთ მდებარეობს. ამ შემთხვევისათვის ძრიელ საჭირონი არიან წყლის ამოსატანი მაშინები, რომელთაცა შეუძლიანთ ადვილათ მინდვრების მორწყვა, მაგრამ რომლის ღონისძიებითა სჯობს მომართვა წყლის ამოსატანის მაშინისა? ჩარხებით, რომელთაცა ამუშავებს წყალი ანუ ცხენი? ვერც საკმაო წყალს მიიღებთ და იაფადაც არ დაჯდება; ან ორთქლის მაშინით, რომელიცა ერთი ათად დაჯდება. ტფილისში გენერალმა ყორღანოვმა გააკეთა ორთქლის წყლის ამოსატანი მაშინა მტკვრის პირზედ და თუმცა მეტად კეთილ სვინდისიანად იქცევა, მაგრამ მაინც ორის დღის მიწის მორწყვა რომ გინდოდეთ წელიწადში ჯდება ორმოცი თუმანი. მაშასადამე ამ ღონისძიებაებით ვერასფერს სარგებლობას ვერ ნახავს მამულის პატრონი, მაშ რა უნდა ვქმნათ, თუ არ ამ უსაზღროსა, უფასოსა ყოველგან მყოფისა ქარის ძალასა, რომელიცა ევროპაში მიღებულია არ შემოვიტანთ და ცოტა ხარჯსაც მოითხოვს და სარგებლობას კი დიდს მოგვცემს.

უფ. ბერნარის შემოღებულმა მაშინამ, რომლის სარგებლობა დამტკიცდება მომავალში, დამარწმუნა, რომ ქარის წისქვილის შემოღება ჩვენში იმ სახით, რა სახითაც არის ფრანციაში, მოგვცემს მეტად დიდ სარგებლობასა. მე ვანბობ ამას ამედეია დიურანის შემოღებულს წისქვილზედ, რომელიცა აგერ ოცი წელიწადია ხმარობენ ფრანციაში და რომელიცა ყველა სხვა წისქვილებზედ უკეთესია. იმას არა აქვს ის ნაკლულევანება, რომელიც აბრკოლებს ჩვენში ქარის წისქვილებსა; როდესაც ქარი მომატებულად ძრიელია, მაშინ ის წისქვილი მოიხმარებს ხოლმე ამ ძრიელის ქარისგან საჭირო ნაწილს და დანარჩენს არ მიიღებს. მაშასადამე წისქვილი ყოველთვის მუშაობაშია და დაყენება წისქვილისა არ არის საჭირო; როცა ქარი გამოიცვლება, თითონვე მოატრიალებს, ასე რომ ღერძებზე ზეთის ცხების მეტი სხვა არაფერი მოვლა უნდა; ზეთის ჭურჭელიც ისეა მომართული, რომ რაკი ერთხელ ჩაასხავ, აავსებ, ზეთი თავის თავად ესმება წვრილ წვრილად, სადაც საჭიროა.

დიურანის წისქვილი ამითი განირჩევა სხვა წისქვილებზედ, რომ იმაში ზემოთი პირი, რომელსაცა ხვდება ქარი მოძრავია და შეიძლება გადაბრუნდეს ღერძის გარშემო, როდესაც ქარი არის ჯეროვანი მაშინ ფრთა პრტყლათ დგას და სრულებით მიიღებს ქარის ძალას; როცა ქარი გაძლიერდება, მაშინ ფრთაც გეზათ დგება თავის თავად და მიიღებს ქარისაგან იმ ძალის ნაწილსა, რაც საჭიროა საშუალო ბრუნებისათვის. ერთის სიტყვით დიდი ქარი ვერ ავნებს და დაყენება ქარიშხალის დროს საჭირო არ არის.

აქ ალაგი არ არის, ვრცლად აღვწერო ამ ქარის წისქვილის მომართულობა; ამ სტატიით მხოლოდ მსურს ჩვენის მამულის პატრონების ყურადღება მივაქციო იმ მაშინაზედ, რომელიცა დიდს სარგებლობას მოგვცემს წყალის ასატანათ მინდვრებისათვის, როგორც რომ არის ფრანციაში, ალჟირში და ეგვიპტეში. ერთს ალაგს, როგორც ვნახე პროვანსში, ამოაქვს ჭაობის წყალი, მეორეში წყალს აძლევს მრთელს ქალაქს (ჟერბრუსში) მესამეში - რწყავს მინდვრებს. ამ გვარი წისქვქვილები მომართულები არიან ფრანციის ოცდა ექვს დეპარტამენტში, იმათი გაშენებულები არიან სრედიზემნის ზღვის და ატლანტიის ოკეანის კიდეები; ყოველგან ძრიელს ქარს უძლებენ. ამ გვარს მაშინას ზოგის მდინარეზედ დადგმულს, ორმოცდა ორს საჟენზედ ააქვს და რწყავს მინდორს ერთის ვერსტის სიგანეზედ.

დიურანის წისქვილს, საშუალოს ზომისას შეუძლიან მორწყოს ასის დღიურიდგან ორას დღიურამდინ და დიდი მხედველობაც არ უნდა, ეს მაშინა შეიძლება გაკეთდეს ჩვენშივე და არ მოუნდება არა რომელისამე ნაწილის გამოწერა უცხო ქვეყანებითგან.

ამის შემდეგ, მე ვერ ვხედავ მიზეზს, თუ რატომ არ უნდა შემოვიტანოთ ჩვენში. ის საჭიროება ჩვენ ყველას გვესმის; ყველას ესმის რომ უმთავრესი საგანია მიწების მორწყვა, ამასთანავე სიიაფე და სარგებლობა.

გუთნის დედა. - თბილისი, 1862 - N24. - გვ. 139

4.7 ი. ხატისიანი - საეკონომიო წლის აღწერა, ანუ ანბავი სასოფლო მამულის კეთების და სხვა ხელობაების მდგომარეობისა კავკასიის მხარეში

▲back to top


პირველი ახალის წლის ნომერი გვინდა დავიწყოთ იმ მდგომარეობის განხილვითა, რომელშიაც იმყოფებოდა ჩვენში წარსულს წელიწადს მამულის კეთება და მასთან დამოკიდებულნი საქმეები. ჩვენ არა გვწადიან რასაკვირველია, დაწვლილებით გავჩხრიკოთ მამა პაპიდგან დარჩომილი წესი მამულის კეთებისა, ან, ვაჩვენოთ თუ რა არის ამ წესში კარგი ან ავი; არც ადგილი არც დრო ჯერ არა გვაქვს ჩვენს ამ გვარის განხილვისათვის. ჩვენი წადილი ის არის, რო ვაჩვენოთ, რა ცვლილება მიეცა ამ საქმეს ანუ რა მოხდა ისეთი ამ საქმის შესახები, რომ შესანიშნავი იყოს ჩვენის მკითხველებისათვის.

უეჭველია და ვერა ვინც უარს ვერ იტყვის, რომ ამ ცოტა ხანში ძრიელ გაიღვიძა ჩვენმა ხალხმა ამ საქმეზედ, და რომ თავის დღეში ისეთი დიდი ყურადღება არა ჰქონია მიწის კეთებასა ჩვენ მხარეში როგორც ახლა. არამც თუ თავადი და აზნაური შეუდგა მამულის მართვის ზრუნვასა, მიწის მუშაობას მიჰყვეს ხელი თვით იმათაც, ვისაც იქამდის [სასვწრისა] და ადლის მეტი არაფერი ხელობა არ მიუკარებიათრა თავის დღეში. ჩვენ შაგვიტყვია ვითომც ამ ათიოდ წლის წინათაც საშინლათ მოდათ შამოსულ-იყოს მამულის კეთება, მეტადრე ახალი რამის შემოტანა, თესლისა, ნერგისა ან მაშინისა, მაგრამ პირუთნელი ისტორია მოგვითხრობს რომ ამ მოდას სხვაგანა ჰქონია საძირკველი და არა თვით ხელობის სარგებლობაში. ჩვენ არ ვაჩვენებთ ამ საძირკველის ადგილსა, რომ ჩვენმა ანბავმა, არ მიიღოს კიცხვისა და ზრახვის კილო; ისკი უნდა ვაღვიაროთ იმათთვის, ვინც ერწმუნება ჩვენ სიტყვასა, რომ ეს საძირკველი ყოფილა ჟამსა და ვითარებაზედ დამოკიდებული, დროებითი, უცხო იმ საქმისა, რომლის სახელიც დაურქმევია და იმიტომაც შერყეულა და დანქმულა, როცა ჟამი და ვითარება გამოცვლილა.

ახლანდელ გაღვიძებას სხვა საფუძველი აქვს და სიხარულით ვაღვიარებთ, რომ ეს საფუძველი არის ნამდვილი, ბუნებითი და ამისთვის შეურყეველი და საუკუნო. დაღისტნის აღება დიდ გადასავლად უნდა შეირიცხოს ჩვენს ისტორიაში. არამც თუ მარტო ხალხს მიეცა მშვიდობიანობა, მიუცილებელი საჭიროება მიწის შემუშავებისათვის, რამთენი კაცი დაბრუნდა თავის სახლში და შეუდგა მამულის საქმესა, რადგანც მოესპო სამხედრო საქმე, რამთენი ხელი და რამდენი თავი მიემატა მიწის მუშაობას შემდგომ შამილის დაჭერისა? ამასთან ისიც უნდა ვთქვათ, რომ ხელისა და თავის გარდა, მიემატა მიწას მესამე უმთავრესი საჭიროება მამულის კეთებისა ფული ანუ თანხა. ფოდრათები დამცირდა რასაკვირველია დაღისტნის აღების შემდეგ, დამცირდა წვრილმანი ვაჭრობაცა. ბევრი ათასი თუმანი გაბმული ამ საქმეში და შემდგომ დაბათილებული, მიიქცა მამულის სასყიდლად და მამულის გასაკეთებლადა. ამასთან უნდა მოვიხსენიოთ, რომ ერთი უმთავრესთა მიზეზთაგანი გაღვიძებისა ის არის კიდევ, რომ ამ ბოლო დროებში ძალიან გამრავლდა ჩვენი აღებ მიცემა ევროპიის ხალხთან. მოსვლა ევროპიელებისა ჩვენ მხარეში და გატანა ჩვენის საქონლისა. თვით გამრავლება ტფილისში ფრანციელების მოდის მაღაზიებისა, რომელიცა პირველის შეხედვით მხოლოდ მფანტველობისა და ბედოვლათობის ნიშანი ჰგონია კაცსა, არის სასარგებლო ჩვენის მიწის გამოსავალისათვის, შეუცვლელი რჯული პოლიტიკის ეკონომიისა გვამხილებს, რომ კაცი ანუ მრთელი ხალხი იქ უფრო რჩეულობს, თავისთვის საჭირო საქონელის სყიდვასა, სადაცა აქვს გასავალი იმის საკუთარს გამოსავალსა. თუ ერთი განსაკუთრებითი დაბრკოლება არ შეხვდება. ესე იგი: მეტის მეტი ბაჟი, ან სიშორე ქვეყნისა. თვით სარგებლობა ევროპაელებისა მოითხოვს, რომ აქ მოტანილის თავიანთ საქონელისათვის გაგზავნონ თავიანთ ქვეყანაში ფულის მაგიერ აქაური გამოსავალი, რადგანაც ამით ერთის მაგიერად ორგზობათ მოიგებენ. მართლათაც ამ ბოლო დროს აქაურმა ევროპაელებმა დაუწყეს ზიდვა ჩვენს გამოსავალსა, ბამბასა, მატყლსა, აბრეშუმსა, წმინდასანთელსა და სხვ. ამას გარდა ბევრმა ევროპაელებმა დაიწყეს მოსვლა მხოლოდ საქონლის გასაზიდავათ მეტადრე იმას შემდეგ როცა ევროპაში გაჩნდა აბრეშუმის ჭიის ავათ მყოფობა. ყველა ამ შემთხვევას ის შეუდგა, რომ ჩვენ მიწის ანუ პირუტყვის გამოსავალს დაედვა ფასი და წაახალისა ხალხი, და რამდენიც ეს აღებმიცემა გამრავლდება, იმთენი ფასიც აიწევს და ხალისიც გამრავლდება. რასაკვირველია, რომ თვით განათლების წარმატებასა, საჭიროების გამრავლებასა და მომავალს ცვლილებასა ბატონყმობის საქმეზედ აქვსთ დიდი მონაწილეობა მამულის კეთების ზრუნვის გამრავლებაში, რომელიც ჩვენ დროში არის მომხდარი უეჭველად და ყველასთვის საცნო საქმე. თავის დღეში არა ყოფილა ამთენი მსურველი ახალის მაშინების ანუ ახალის თესლების დაბარებისა, არც ამთენი მთხოველი სხვა და სხვა ხვნათესის ნაწილებზედ დარიგებისა, არც მომხმარები მამულზედ ამთენის ფულისა. ბოლოს დროს თფილისში და გარეშე აშენდა რამთენიოდე ქარხნები, რომელნიც არ შაარცხვენდნენ თვით ევროპიის მხარესა და გამოჩნდნენ მამულის მკეთებელნი სოფლებშიაც, სადაც მოაწყვეს თავიანთი მამულები მშვენიერს და ანგარიშიან წესზედ. თავის დროს ვეცდებით რომ ვაცნობოთ ჩვენ მკითხველებს დაწვრილებით ეს ქარხნები და მამულები, და იმათი მომმართველებიცა; ახლაკი შეუდგებით ჩვენს მოთხრობას, რომლის საგანი გამოვაცხადეთ ამ სტატიის დასაბამში. მოთხრობა გავყოთ იმთენს ნაწილზედ, რამთენიცა გვაქვს უმთავრესი გამოსავალი მიწისა ანუ პირუტყვისა და ყველა გამოსავალი გავშინჯოთ ცალკ-ცალკე.

ღვინო. წარსული წელიწადი ვერ იყო მარჯვე ვენახებისათვის, მეტადრე კახეთში, სადაცა ავნო ვაზსა ჯერ გვალვამ და მერე დაჟინებულმა წვიმებმა; ამასთანაც სეტყვაც დაემატა გაღმა მხარეში ასე, რომ მოსავალი თითქმის განახევრდა. ნაცარიც გამოჩნდა აქ იქ, თუმცა ადრინდელი ღონეკი ვეღარ გამოიჩინა. სამეგრელოში დარი კარგი დაუდგა ვენახებსა. ეს შვიდი წელიწადია თურმე ნაცარი ისე ახდენს იქ ვენახებსა, რომ არამცთუ ღვინო, ყურძენიცკი არავის დაენახა. წლეულ ნაცარს ძალიან დაუკლია ასე, რომ იმედეულებენ, რომ მალე გაქრება უკანასკნელი კვალი ამ საშინელის სენისა. წლეულ, გვწერს ჩვენი კორრესპოდენტი, პირველად დავინახეთ ზუგდიდის ბაზარში ყურძნით სავსე კალათები და საკულით მაჭარი, შემოტანილი ახლომახლო სოფლებითგან. დიდი ხანი იყო, რაც ოდიშს აღარდაენახა ეს მიუცილებელი საჭიროება იქაურის ხალხისა. რადგანაც სხვა ამბავი არ მოგვსვლია ღვინოზედ ჩვენის კორესპოდენტებისაგან, რამდენიმე სტრიქონი შავწიროთ ამ საქმის მდგომარეობასა. ჩვენ ქვეყანაში, ბევრისაგან შეგვიტყვია, რომ თუ კაცმა კარგად მოიანგარიშოსო რა ხარჯიც უნდება ვენახის კეთებასა კახეთში, ქართლში ან ქვემოქვეყნებში, მაგთენი მოგება აღარა დარჩებაო ვენახისაგან. ღვინოში სირაჯის მეტი მოგება არავისა აქვსო, მართალი ბევრია ამ სიტყვებში და სრულათაც დარწმუნებული ვართ, რომ ღვინის დამყენებელს ანუ მამულის პატრონს არა აქვს ჯეროვანი გამორჩომა არამცთუ მარტო ღვინოში, ანუ სხვა მოსავალში. ფრანციაში ორიდღის ვენახის პატრონი წელიწადში ბევრჯერ ასი თუმნის ღვინოსა ჰყიდის, და თუ კარგათ მოუარა, ცოტა-ცოტა ორმოცდაათი თუმანი წმინდა მოგება რჩება. ჩვენში, როცა დიდი სიძვირე ჩამოვარდა და ღვინო ერთიოთხათ და ხუთათ ისყიდებოდა, მაშინაც მთელ კახეთში სულ სამი კაცი ძლივ ამოაღებინებდა ორიდღის ვენახს ამთენს ფულსა, მიზეზი ამ გვარის განსხვავებისა აი რა არის. ჩვენში ღვინოს ვარგისი ფასი ედება მხოლოდ როცა ან ერთი ან მეორე მხარე დაისეტყვება, ან წახდება გვალვისა და დაჟინებული წვიმებითა. კარგი მოსავლის დროს ღვინოს ფასი სრულებით ეკარგება. ყოველგან სიაუხვეს სიაფე მოსდევს, მაგრამ არსად მოსავლის დროს ისე არ ზარალობენ, მამულის პატრონები, როგორც ჩვენში, ამიტო, რომ ჩვენი ღვინის ბაზარი ჩვენივე ქალაქებია და სიუხვე მაშინვე ცხადდება ამ ბაზარში, რადგანაც ღვინის მომთხოვნელების რიცხვი ისევ ისე რჩება და თვითონ ღვინოკი მატულობს. რა საკვირველია, რო ღვინოს არას დროს არ დაეკარგებოდა ფასი, თვით, დიდ მოსავალშიაცა, თუ სხვაგან სადმე გასავალი ჰქონდეს, როგორც ფრანციისა და სხვა ქვეყნების ღვინოებსა. ამიტომ, პირველი საჭიროება არის ჩვენი მამულის პატრონებისათვის რომ იმათმა ღვინოებმა აქაურ გასავალს გარდა სხვა ბაზრებიც იპოვნონ. თვით ბუნებითი ბაზარი რა საკვირველია რო რუსეთია. რუსეთს წელიწადში მააქვს სხვა ქვეყნებითგან შვიდი მილლიონი მანეთის ღვინო და ყოველ წელიწადს ეს რიცხვი მატულობას. რა სიმდიდრე მიეცემოდა ჩვენ მხარეს, თუ რომ ამ რიცხვის ნახევარი მაინც აქედამ იგზავნებოდეს რუსეთში. აქამდისინ ჩვენი ღვინოები ვერ წასცილებიან სხვა ქვეყნების ღვინოებსა იმ მიზეზით, რო ჩვენი გზა შორია და აქაური ღვინოებიც გზაზედ ხდება. წახდომაზედ ის უნდა ვსთქვათ, რომ ამ თვისებაში ჩვენ ღვინოსა და სხვა ქვეყნების ღვინოს დიდი გარჩევა არ უნდა ჰქონდეთ. სხვა ქვეყნების ღვინოც წახდებოდა უეჭველად, თუ იმასაც იმ გვარად ამგზავრებდნენ, როგორც აქაურ ღვინოებსა. თუ ღვინო არის შორს ქვეყანას გასაგზავნი, ორს და სამს წელიწადს მარნიდამ არ უშვებენ, ერთი სიტყვთ მინამ სრულად არ დადუღდება და არ დაიწმინდება. ბურგონის და ბორდოს ღვინოს აქა ვხედავთ დაწმენდილსა და დაანკარებულსა; თავიანთ ადგილს და ახალ დროს ამ ღვინებსაც სმენ ისე მღვრიესა, როგორიც არის ჩვენი ღვინო. დიდი საქმე არ არის ღვინის დაწმენდა, მაგრამ მაინც ნახვა და სწავლა უნდა. ახლა ჩვენს მართებლობას უნდა კახეთში რომ მარანი გააკეთა, გახადოს ამ საქმის სასწავლებლად და დააწმენდინოს კახური ღვინო, როგორც იწმინდება სხვა ქვეყნების ღვინოები; ამას გარდა ჰსწადიან, დაწმენდილი ღვინო გაგზავნოს მოსკოვში და პეტერბურღში გამოსაცდელად თუ ან როგორ აიტანს გზასა, ან როგორ დაფასდება. ამ გამოცდილებით უნდა გადაწყდეს დიდი და საფასური საქმე ჩვენის მამულის პატრონებისათვის.

ბევრი გვეტყვის, თუკი ორი და სამი წელიწადი მარანში უნდა შეინახებოდეს ღვინო, რა სარგებლობა იქნება ჩვენის მამულის პატრონებისათვის თუნდ ისწავლონ კიდეც ღვინის დაწმენდა ევროპიულ წესზედ და თუნდ დამტკიცდეს, რომ აქაურ ღვინოებსაც შეეძლებათ ჰქონდეთ გასავალი რუსეთშიო? ვის შაუძლიან ორი და სამი წელიწადი გაუსყიდავი შეინახოს ღვინო ჩვენ მხარეში, სადაც თუ ორიოდ თვე ფეხი დააჭირეს სირაჯებმა, სულ ნახევარ ფასად გახდება ღვინოებიო? ამ ანგარიშშიაც ჩვენი ქვეყანა ბევრით არ გაირჩევა სხვა ქვეყნებისაგან. იქითაც ფულის მქონელი მამულის პატრონი იშვიათია; მაგრამ აი როგორა კეთდება საქმე. ვენახის პატრონისაგან ყიდულობენ ფულიანი კაცები ყურძენსა, ტკბილსა, ანუ მაჭარსა, აყენებენ და სწმენდენ თავიანთ მარნებში და ისე გზავნიან გასასყიდათ სხვა ქვეყნებში. ვენახის პატრონი მაშინვე იღებს თავის ფასსა; თანხის პატრონი ინახავს ღვინოსა, რადგანაც ამით ფასი ემატება და დახარჯული ფული სარგებლობს. რაც ღვინო ისმება პარიჟის ქალაქში, რომელშიაც ორი საქართველოს ტოლა ხალხი იქმნება, ნახევარი სულ ყურძნათ შამააქვსთ და შიგვე ქალაქში იწურება და კეთდება ღვინო. ამისი მიზეზი ზოგი რასაკვირველია ის არის, რომ ბაჟი არ მისცენ; მაგრამ ეს წესი იმგვარ შემთხვევაშიაც ბევრჯერ იხმარება, სადაც ბაჟს ვერას გზით ვერ გაექცევა და მიუცილებელი საჭიროა, როცა უნდათ ღვინო შეინახონ. არიან, ამას ვინ იტყვის, ბევრი ვენახის პატრონები, რომელნიც თითონვე ინახავენ რამთენიმე წლით ღვინოებსა, მაგრამ ხშირად ისე რომ ვენახის პატრონი და მკეთებელი სხვა არი და ღვინის დამყენებელი სხვა. ჩვენშიაც არ იქნება, რომ ეს წესი არ შემოვიდეს, როცა ღვინოების ვაჭრობა ავა თავის შესაფერს ხარისხზედ.

გზების დაბრკოლებაზედ ის უნდა ვსთქვათ, რომ მართლად ეს დიდი მავნებელია ჩვენის ღვინოებისათვის და დამშლელი რუსეთში ღვინის გატანისა. მაგრამ ესეც არ უნდა დავივიწყოთ, რომ თუმცა ევროპიის ღვინის შემოტანას ის სიმარჯვე აქვს, რომ გზაზედ იმთენი ხარჯი არ უნდება, მეორეს მხრივ ბაჟიც დიდი აწევს ასე რომ ჩვენი გზის ხარჯს უდრის თუ არ დაემატა კიდეცა. ამასთან გზებიც თან და თან კეთდება ასე, რომ ამ ცოტა ხანში ჩვენი უდიდესი ხარჯი იქნება აქედამ ორპირს ჩატანა და მერე სულ წყალითა და რკინის გზით წავა. ამასთან შავიტყეთ,- რომ მმართებლობას აქვს ჰაზრად გომბორზედ კარგი გზის გახსნა, და თუ ეს გამართლდა, მაშინ კახეთის ღვინოებს ფასი მოემატება თავის ადგილსავე.

მეორე მიზეზი, რომ ვენახს არა აქვს ჩვენში ჯეროვანი სარგებლობა, ის არის, რომ ყურძნიდამ ღვინისა და არყის მეტი სხვა არა ფრის გამორჩომა არ იციან. სხვა ქვეყნებში, თავი როდავანებოთ ათას ფერს ყურძნის წვენითგან შემზადებულს ნივთებსა, თვით ჩენჩოთგან და კურკებითგანაც აქვსთ კარგი გამორჩომა; იქიდამაც აზავებენ სხვა და სხვა გვარ წამლებსა, წიდასა, ზეთსა და ამგვარ ნივთებსა, და ყველას ფულს აღებინებენ, ჩვენს მკითხველებს თავის დროს ვაცნობებთ, თუ როგორ შეზავდება ან ერთი ან მეორე ამ მოხსენებულ ნივთთაგანი, ახლაკი იმას გაუცხადებთ, ამ ცოტა ხანში აქავე გამოჰსცდიან ამეების გაკეთებასა მმართებლობის განკარგულობით. კიდევაც სხვა ბევრი დაბრკოლება აქვსთ ჩვენში მამულის პატრონებსა, დაბრკოლება რომლის ძლევა არ არის შეუძლებელი, ესე იგი დაუდევნელობა ჯეროვანად ვენახების მოვლისა. სირაჯების ამქრობა და სხვა. მაგრამ ამ საქმეებს დიდი განჩხრეკა უნდა, და ჩვენ დაუბრუნდებით სხვა დროს.

გუთნის დედა. - თბილისი, 1863 - N1. - გვ. 3

4.8 ხელთ მძღვანელი მიწის მოქმედისა

▲back to top


ხშირად ჯეროვანს მნიშვნელობას არ აძლევენ სიტყვებსა: ჩვენი მიწა, ჩვენი ადათი და ჩვეულება, ჩვენი საშვალობა. უეჭველია, რომ ჩვენ არ უნდა მივბაძოთ უფიქრელად რაც კი ვნახოთ სხვა ქვეყნებში და იქაური არ უნდა ვირჩიოთ ჩვენებურ წესზედ; ისიც უეჭველია, რომ სხვა ქვეყნის ხალხმა ბევრი სასარგებლო რამ ნახოს და ისწავლოს ჩვენის ხვნა თესვისაგან; მაგრამ ამასთან ჩვენც არ უნდა ვერიდოთ სხვა ქვეყნების წესის გამოცდასა და კარგის საქმის შეგნებასა. დიდათ შესცდება, ვინც იტყვის მაგალითებრ, რომ ჩვენ ვერაფერში მივბაძავთ ღერმანიულს კეთებასაო, ამიტო რომ იმათი რიგი დაწესებულა სხვა გარემოების მიზეზითაო, რომელნიც არიან: მიწის სიცოტავე, მუშის სიუხვე და სიაფე და მიწის გამოსავალის სიძვირეო. ეს გარემოება უნდა გაშინჯოს დაუზარებით და არ დარჩეს უყურადღებოთ მხოლოდ ჩვენის ადათის პატივის ცემისათვის და ყოველს შემთხვევაში ადათსა და ჩვეულებას მხოლოდ მაშინ უნდა ვიცავდეთ შეურყევლად და პატივსა ვცემდეთ, როცა არ არის წინააღმდეგი გონებისა და სარგებლობისა.

ძველი ადათის დაცვის სასარგებლოთ ხშირად მოჰყავთ, რომ ესა და ეს ადათი რამდენიმე საუკუნეა რაც დაწესებულაო. მაგრამ ეს საბუთი ხშირად უსაფუძვლოა. ბევრი ამგვარი ადათი და ჩვეულება ადრე ყოფილა კარგი და სასარგებლო და შემდგომ რაკი გარემოება ადგილისა გამოცვლილა, გადაქცეულა უსარგებლოდ და მავნებლად და თუ აქამდის არ შეცვლილა, ამის მიზეზი ის არის, რო ეს შეცვლა ფიქრად არავის მოსვლია.

ჩვენი გუთანი იმ დროს არის დაწესებული, როცა ორისა და სამი დღის ნახნავი დიდს ოჯახს სრულიად ჰყოფნიდა, რადგანაც გამოსავალი ბევრი იყო. მაშინ ამ გუთნის უხერხოობა მაგთენათ არავის გამოუჩნდებოდა, მაგრამ ამ დროში რაც მოსავალი მიწისა თანდათან კლებულობს და საჭირო ხდება უმეტესი ადგილის მოხვნა, რომ საკმაო მოსავალი აიღოს მხვნელმა, ახლა ამ გუთნის უხერხოობა უფრო თვალსაჩინო გახდა და დიდი შეცთომა იქნებოდა, რომ ამავე გუთანს ვირჩევდეთ მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ჩვენს მამაპაპას ეგ უხმარიაო.

მამულის პატრონობისათვის სწავლის გარდა საჭირო არის წვრთა ანუ მოხმარება სწავლისა თვით საქმეში. ამ წვრთასა ჰქვიან პრაქტიკა. თვით მხვნელ-მთესველმა ამას გარდა უნდა იცოდეს ხერხიანად მოქცევა სხვა და სხვა მოქმედებაში, ესე იგი: ხვნაში, თესვაში, მკაში და სხ. და ეს ხერხი მოიპოება წვრთითა და მიბაძვითა და არა კითხვითა. ეს სამ გვარი ვითარება: სწავლა, პრაქტიკა და ხერხიანობა თვით მუშაობაში შეადგენს სრულს მხვნელ-მთესველსა ანუ აგრონომსა და ერთად არაოდეს არ იქნება შეერთებული ერთ კაცში. დიდი მამულის მამვლელისათვის საჭიროა სწავლა და პრაქტიკა, მუშისათვის - ხერხიანობა მუშაობაში. კითხვა მხვნელ-მთესველობის დარიგებისა ორივეს გამოადგება და ორივესათვის იქნება სასარგებლო.

სწავლა მამულის პატრონობისა, რომელიც გვასწავლის სარფიანად მოსავლის მოყვანასა, არაფრად არა ჰგავს უკადრისს ანგარებასა, ზნეობის წინააღმდეგსა. ეს სწავლა სრულიად უარჰყოფს სხვის შრომით ცხოვრების წადილსა და იმისი პირველი კანონი არის სიტყვა საღმრთო წერილისა: „იცხოვრე ოფლითა შენითა, ანუ რომელსაც არა ჰსურდეს შრომა, ნურცა ჰსჭამდეს. იმისი წადილი არის სრული და სასარგებლო მოხმარება ბუნების ძალისა, ამ გვარად რომ ეს ძალი ღვთისგან მოცემულითა ჩვენთვის ნიჭითა და გონებითა შევქმნათ უფრო კეთილის-საყოფელი კაცისათვის.

გუთნის დედა. - თბილისი, - 1863 - N2. - გვ. 6

4.9 შვეიცარიის ყველის გაკეთება

▲back to top


ნაწყვეტი სტატიიდან

რაც ევროპაში ქვეყნებია არც ერთი ისე არ ჰგავს ჩვენს მხარესა, როგორც შვეიცარია, თუ მივხედავთ მდებიარობა და საზოგადოდ ბუნების თვისებასა ისიც აქაურივით მთიანი ადგილია, დაყოფილი ხევებითა და ღელეებითა; იქაც მთის ძირებში ცხელი ადგილებია, სადაც ხეირობს ვაზი და მრავალ გვარი ხეხილი; მთები, დაბურული ტყეებითა, რომელ ზევითაც გაშლილია ტიტველა სერები გამოსადეგი მხოლოდ საძოვრად; მრავალგვარი ხალხი, განსხვავებული ერთმანეთისგან ჩამომავლობითა, სახითა, ენითა და ჩვეულებითა. ბუნება თითქო ერთია აქაცა და იქაცა, მაგრამ ხალხის მოქმედებასა, ხელოვნობასა, სარჩოსა არა აქვსთ არაფერი მსგავსება. კლდე კარიანობამ ვერ დაუშალა შვეიცარიას შემოტანა და მიღება ვერცა ერთის იმ განათლების ნაყოფებისა, რომელნიცა აქვსთ სასიქადულოდ ევროპიელებსა. როგორც სხვა ევროპიის მხარეს შვეიცარიასაც აქვს მშვენიერი შოსსები და რკინის გზები იმისთანა ადგილებში სადაც ჩვენში საფეხური გზები ძლივ მოუმსგავსებიათ. უთვალავი ფაბრიკები ამზადებენ ყოველს გვარს ევროპიულ საქონელსა. განათლება, მშვენიერი სამოქალაქო დაწყობილება შვეიცარიისა არ ჩამოუვარდება არც ერთს ევროპიის ქვეყანას და მრავალისათვის სამაგალითოა. მრთელი შვეიცარიის მიწები ისეა გაკეთებული და ხმარებული, რომ იშვიათად იპოვნის კაცი გამოსაყენ ადგილსა, რომელიც არ აძლევდეს თავის შესაფერ სარგებლობასა. შვეიცარია ჰზრდის სამ მილიონს ხალხსა იმოდენა ადგილში, სადაც ჩვენში ნახევარი მილიონიც ვერ მოთავსებულა. დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენში ამ ქვეყნის მაგალითსა. ჩვენთვის ამიტომ, რომ თუ არავის დაუმტკიცებია სრული და მიუცილებელი უფლება ბუნების თვისებისა კაცის მოქმედებაზედ, უეჭველია მაინც, რომ ამ თვისებასა აქვს დიდი გავლენა მრავალგვარ საქმეზედ, მეტადრე რაც შეეხება მიწის შემუშავებასა და მასზედ დაფუძნებულ კაცის სიმდიდრესა და წარმატებასა. ბევრი ამბობს ჩვენში: ესა და ეს საქმე ამისთანა კლდე კარში არ გამოდგებაო; რაც რა მამ პაპას შემოუღია იმაზე უკეთესს ვერას მოიგონებენო: ამ გვარი ხმაურობისა მაგალითის უცოდნელობითგან წარმოდგება, სადაც არ არის სხვა უფრო უკადრისი მიზეზი. მართალი ის არი მხოლოდ, რომ ზოგ ადგილას ბევრი შრომა უნდა, ზოგან მცირე და თავდაპირველად სასოწარკვეთილება სიზარმაცის ნიშანია.

შვეიცარიას ამისთანა კლდე კარშივე დაუდვია საფუძველი განათლებისა და სარჩოობის შემატებისა და თუ ასულა იმისთანა მაღალ ხარისხზედა, ჩვენ უნდა იმედი გვქონდეს, რომ კლდე კარიანობა არც ჩვენთვის შეიქმნება უძლეველ დაბრკოლებათ. გუთნისდედის მკითხველებთან ბევრჯელ შეგვხვდება ლაპარაკი შვეიცარიის მდგომარეობაზედ შესახებ ჩვენის საგნისა და იმედი გვაქვს კერძო მაგალითებით დაუმტკიცოთ, რომ იმათი სასოფლო საქმეების წესი ღირსია ყურადღებისა და შესწავლისა ჩვენი მამულის მკეთებელისათვისაც. ერთი ამ მაგალითებთგანი არის იმათი ყველის გაკეთება. ისეთი არავინ იქნება, ვისაც არ ეგემოს შვეიცარიის ყველი. რადგან არამც თუ თბილისში, უეზდის ქალაქებშიაც კი იპოება. თუმცა ეს ყველი ბევრი წილი რუსეთიდამ მოდის და არა შვეიცარიიდან, მაგრამ თავი და პირველი ადგილი, სადაც ის კეთდება არის შვეიცარია და აქედამ არის გატანილი სწავლა იმის კეთებისა. ამ ყველს ხმარობენ მრთელს ევროპაში და სხვაგანაც, სადაც კი განათლება შასულა; მიზეზი ამ გვარის გამრავლებისა, რასაკვირველია უნდა იყოს სიკეთე საქონლისა, თორე იმისთანა ძვირ ფასს არ მისცემდნენ და არც ისე შორ ადგილებში ატარებდნენ. ჩვენში მარტო ამ ყველის მოტანა ჯდება იმთენი, რაც ღირს იქაური კარგი ყველი. ბევრი იტყვის შვეიცარის ყველს ჩვენებური მირჩევნიაო, მაგრამ ამ გვარი ჰსჯა დაამტკიცებს მხოლოდ თავის მიწა წყლის მოყვარებასა და არა პირუთნებელს დაფასებასა. ჩვენის მოწონებით აქაურს საქონლის პატრონს არაფერი ემატება, რომ ფუთს ჩვენგან მოწონებულს ყველს ექვს, შვიდს აბაზზად ძლივა ჰყიდის, მაშინ როდესაც შვეიცარის ყველი ოთხ-ხუთ მანეთად იყიდება. აქაური ყველი კარგია მხოლოდ ხალხში; ვისაც შენახვა უნდა იმთენი მარილი უნდა ახმაროს, ისე დაამლაშოს და ააყროლოს, რომ თუ არა ერთი დიდი ჩვეულება და დაჭირება, მომხმარებელი აღარ იყოს. ზამთრის პირამდი ძლივას სძლებს სუნ დაუცემლად. ამისთანა საქონელი როგორ წავა შორ გზას გასასყიდლად? შვეიცარის ყველი რაკი ერთი დამარილდება ზომიერად, მერე აღარც მარილი უნდა, აღარც წყალი და თუ კარგად შაინახეს, რამდენიმე წელიწადსა ჰსძლებს წაუხდენლად; თან და თან კეთდება კიდეცა. განსხვავება ცხადია და საკმაო, რომ ვაჭრობაში ამას უფრო ჰქონდეს გასავალი, მინამ აქაურსა, რაღა თქმა უნდა რომ სასარგებლო იქნებოდა ჩვენის მამულის პატრონებისთვისაც ცოდნა შვეიცარის ყველის კეთებისა; თვით ამის ფასი ამტკიცებს ამ სარგებლობასა.

შვეიცარის ყველის კეთების ხელი უსწავლიათ ფრანცუზებსა, ნემეცებსა, რუსებსა და აკეთებენ თავიანთ ქვეყნებში. იმათი ადგილები არაფრით არ ჰგავს შვეიცარიასა, სულ ხელოვნებაზედ არის დამოკიდებული და ეს ხელოვნებაც ისე ძნელი არ არი, რომ ჩვენში ვერ ისწავლონ, როგორც დაამტკიცებს შემდეგი. ამ სტატიას გავყობთ ორად; პირველში ავწერთ თვით ყველის კეთებასა, მეორეში უჩვენებთ, თუ იქაური ღარიბი ხალხი როგორა შოულობს ამ თანხასა, რომელიც საჭიროა ქარხნის მოსამართად და ჭურჭლის სასყიდლად.

გუთნის დედა. - თბილისი, - 1863 - N12 - გვ. 4.

4.10 გრენაჟის მოქმედება აბრეშუმის შემუშავებაზედ ნუხში

▲back to top


ახლა დიდი ლაპარაკი არის ნუხის ვაჭარ ხალხში ამაზედ, შეიძლება აბრეშუმის ჭიის თესლეული სამზღვარს გარეთ ხალხზედ გაყიდონ თუ არა? ვისაც კი აქვს ერთი მტკაველი მამული აბრეშუმის ჭიის მოსაყვანათ, დიდის ყურადღებით უგდებს ყურს ამ ახალ ანბავს. ეს როგორ მოხვდა, რომ იმ გვარი ხალხი გამოფხიზლდა ძილისაგან, რომელიც არ ეხსნებოდა ძველ მამაპაპურს ჩვეულებას და რომელიც არასოდეს არ მიდიოდა წარმატებაში?

თუ რომ ყურადღებით მივხედავთ იმას, თუ როგორ გაფაციცებით ყველა ყურს უგდებს ამ ახალ ანბავს, მაშინ შესაძლებელია შევიტყოთ; თუ რისათვის შეიძრა ასე ხალხი. წრევანდელ წელიწადს აბრეშუმს მეტი ფასი ჰქონდა შარშანდელზედ, ეს ყველამ ვიცით, ამის გარდა მამულის მართვის გამგებლობა გაერია ამ აღებ-მიცემობის საქმეში და განიზრახა პოშლინის დაწესება, ვინც თესლეულს გაიტანს აქედან.

ახლანდელს დროში აქ შესდგა ორი პარტია; ერთი სცდილობს დასცეს მეორე. პირველს პარტიასა სურს და ყოვლის მეცადინეობით ცდილობს თესლეული სამძღვარს გარეთ არ გაიშვებოდეს; მეორე პარტიის ფიქრი კი ის არის, რაც შეიძლებოდეს თავისუფალი ვაჭრობა იყოს აბრეშუმისა, თავისუფლათ შეიძლებოდეს გატანა უცხო ქვეყანაშიაც და შეიძლებოდეს საქონლის ადვილათ გასაღება. ყველა აქ თავის სარფას ეძებს და ამასთანავე თავის საკუთარი აზრი აქვს ამ საქმეზედ.

სახალხო ვაჭრობა იმისთანა საქმე არის, რომ ადვილად სჯა იმაზედ არ შეიძლება. ამის გარდა, ისე დასაღუპავი მამულის მართვაში არა არის რა, როგორც საქმის უცოდინრობა და გამოუსადეგობა. ომიანობა და სხვა უბედურება, ისე დასაღუპავი არ არის მამულის მართვაში, როგორც საქმის უცოდინარობა და გამოუცდელობა. აბრეშუმის მოყვანა იმისთანა რამე არის, რომ საჭიროა ამ ხელობის პატრონმა კარგათ და საფუძვლიანათ იცოდეს ეს საქმე. ერთ ერთს ზემოხსენებულ პარტიას რომ მიუდგეს კაცი, ეს საკმაო არ არის, თუ იმას ამ საქმეში ცოდნა და დახელოვნება არა აქვს. ერთს ბრუნდედ დაწყობილობას შეუძლიან ჩაშალოს რამდენსამე წელიწადს სასარგებლო საქმე. აბრეშუმის თესლეულის აღწერა და იმისი გარემოებისა ასე მოკლედ არ შეიძლება, იმას სხვა ფრივ დაწვრილებით განხილვა უნდა. ჩვენ მხოლოდ აქა გვსურს ვსთქვათ თუ რა ღირსება აქვს ამ მხარეზედ გრენაჟსა და საზოგადოდ რა გავლენა აქვსთ უცხო ქვეყნისა ვაჭრებსა.

რა არის გრენაჟი? გრენაჟი არის ახლად შემოტანილი აბრეშუმის საქმეში. ამის შემოღების მიზეზი იყო ჭიის სნეულება. რომელს ქვეყანაშიც არ არის სნეულება იქითგან შემოაქვთ მრთელი და წრფელი თესლი იმ ქვეყანაში სადაც ჭიის სნეულება არის. იმ მრთელს და წრფელ თესლს საგანგებოდ აკეთებენ ხელოვნებით მომზადებულს ალაგზედ, რომელსაცან ჰქვიან გრენერი ანუ გრენაჟი. 1849 წელს ამგვარი თესლის ვაჭრობა შემოვიდა აბრეშუმის შემუშავებაში და პირველი ვაჭრები ამით აღებ-მიცემობდნენ.

გრენაჟი შემოიტანეს ნუხის უეზდში ამ ახლოს ხანში უცხო ევროპიის ქვეყნებითგან, სადაც ჭიის სნეულება გაჩნდა. სადაც სნეულება იყო იქ გრენაჟისაგან დიდი სარგებლობა ჰქონდათ ვაჭრებსა და სადაც მთელი ჭიის თესლი მოიპოვებოდა იქ გასავალი არ ჰქონდა ამ გრენაჟის ვაჭრებს. პირველად გრენერი შემოიტანეს 1836 წელს. აქ უცხო ქვეყნის ვაჭრებმა სარგებლობა ვერა ნახეს რა მაგდენი, რადგანაც უსნეულო მხარე იყო, მაგრამ იმ წლითგან შემოეჩვივნენ და ყოველ წელიწადს დიდი აღებ-მიცემობა აქვთ ევროპიელებს ნუხშია. ის ვაჭრები არა თუ მარტო აბრეშუმს შეეხნენ, რაც რამ თავიანთ ქვეყნებში იშვიათი იყო, ყველას დაუწყეს ვაჭრობა. ახლა ნუხი იმისთანა ქალაქი არის, სადაც მთელი ევროპიის ვაჭრების აღებ-მიცემობის ალაგია. ევროპიის ვაჭრებმა უფრო მეტი ყურადღება მიაქციეს აბრეშუმზედ, რომელსაც ყიდულობენ ბევრს და გააქვთ. ისეთი აღებ-მიცემობა არის ნუხში, რომელიცა ფიქრითაც არ მოუვიდოდათ. უცხო ქვეყნებშიაც ისე მოსწონთ აქაური აბრეშუმი, რომ წარსულს წელიწადს გაიყიდა ნუხში ოცი ათას ფუთამდინ, თესლეული გაიტანეს ათას შვიდას ფუთამდინ. თუ ასე ყოველ წლივ წარმატებაში შევიდა აბრეშუმის აღებ-მიცემობა ამ მხარეზედ, მაშინ ნუხი გამოჩენილი ქალაქი შეიქმნება.

მართალიც არის, მინამ ფრანცუზები მოვიდოდნენ ნუხში აღებ-მიცემისთვის, ნუხის აბრეშუმის მომყვანნი მეტად შეიწროებაში იყვნენ. ასე რომ ცუდი ამინდი დასდგომოდათ მოვლა რომ არ იცოდნენ, მესამედს შემოსავალს ვერ მიიღებდნენ, ამის გარდა გამოჰქონდათ მეიდანში გასასყიდათ და მსყიდველნი კი არსად მოიპოვებოდნენ და თუ შეხვდებოდათ მსყიდველი, მეტად მცირეს ფასათა ჰყიდდნენ. ჩვენ იმ წელიწადებზედ არ ვანბობთ, როდესაც სხვა ქვეყნებში არ მოვიდოდა აბრეშუმი და იმ წელიწადს მიჰქონდათ მხოლოდ ნუხიდგან. ისე წლობით კი, იხვეწებოდნენ ნუხელები და მსყიდველები კი არ მოიპოებოდნენ.

ერთი მიზეზი კიდევ აბრეშუმის ფასის შემცირებისა გლეხ კაცის მდგომარებობა არის, რომელიცა იღებს ვალს საჭიროებისთვის იმ აზრით, რომ მომივა აბრეშუმი, გავყიდი და მივცემო. ვალი ედებათ კიდევ წვრილმან ვაჭრებს, რადგანაც მდიდარი ვაჭრები ცდილობენ ფასი შემცირდეს, დაიკვეთონ ბლომათ და შემდგომში ძვირათ გაყიდონ.

უცხო ქვეყნის ვაჭრებმა ცოდნაც შემოიტანეს ნუხში, მაგრამ აბრეშუმი ისეთს გასავალშია, რომ ფრანცუზები ახალშივე ყიდულობენ, აბრეშუმის პატრონს გასასყიდათ აღარც კი გამოაქვს ბაზარში, ვაჭრები სახლ და სახლ დადიან და იხვეწებიან. წრევანდელს წელიწადს ახალში ოცდა ხუთ მანეთათ ფუთს, ზოგან ოც მანეთათ ყიდულობდნენ. თვრამეტ მანეთზედ დაბლა კი აღარ ჩამოსულა მდარე აბრეშუმის ფასი. მშრალს დროში აბრეშუმის პარკი ერთ ფუთს რომ იწონდეს, ახალში სამ ფუთს ნახევარს აიწონის, მაშასადამე ფასი ერთის ფუთის აბრეშუმისა იყო ექვსი თუმანი და სამი მანეთი. ახალში გაყიდვა ისე სასარგებლოთ მიაჩნიათ მეპატრონეებს, რომ ყოველის ღონის-ძიებით ცდილობენ გაასაღონ.

გუთნის დედა. - თბილისი, - 1863 - N21 - გვ. 2.

4.11 სამაგალითო მარანი კახეთში

▲back to top


აგერ ოთხი წელიწადი მოდის, რაც მთავრობამ დაიწყო შენება კახეთში ევროპიული მარნისა, სარდაფისა და სხვა შენობაებისა, სასწავლებლისათვის, რომლის გამართვა ეწადა, შემდგომში. ამ შენობაებისთვის აარჩია ჩობახური ძველი ნასოფლარი კონდოლის და კისის ხევის შუა, შარაგზის პირზედ, სადაც ადრე იყო ზოგან უხმარი და უსარგებლო ჯაგნარი, ზოგან რიყე და ზოგან მცირე ადგილს სახნავი მიწა. ვისაც დიდი ხანი არ უნახავს ეს უდაბური ადგილი, ახლა რომ გაიაროს, ვგონებთ სიამოვნებით დააკვირვოთ თვალი უცხო წესზედ აშენებულს სახლებსა, მშვენიერი ყვავილებით სავსე ბაღსა და სხვა და სხვა ხეებსა, რომელთაც თავის დღეში არ უნახავთ კახეთის მიწა წყალი. უეჭველია რომ ისიამოვნებს გამვლელი, მაგრამ სხვა თვალით უყურებს ამ შენობაებს გამოცდილი, საქმიანი, გამზნე კახელი, რომელსაც დიდი ხანია შეუტყვია ვინ იცის ვისგან მიზეზი ამ მოწყობილობის დაფუძნებისა და იცის, რა ერთი ფული დაფანტულა შენობაებზედა. სახლები და მარანი აგვიშენეს, ღვინის დაყენება უნდა გასწავლოთ, იტყვის დაცინვითა ჩვენი მეგობარი; „საბრალო კახელებს, ღვინის დაყენებაც დაგვიწყებიაო. იქნება ახალი რამ ჰსწადიანთ გვიჩვენონ სასარგებლო. უეჭველია, უეჭველი; ხვალვე წავალ და შაგირდად მივებარები, და მინამ არ ვისწავლი თავით ბოლომდინ მაგათ საკვირველ ხელოვნებასა, მანამ ხელს არ ვახლებ ჩემს ვენახებსა თუნდ ყურძენიც ზედ ჩამოლპეს და ვაზი ღიჭივით გადაეხლართოს ერთმანეთსა, ბატონო, კახელ კაცს რა ღვინის გაკეთება ესწავლება; სხვა რაღა ვიცით მაგის მეტი; შენ არ მამიკვდე, რომ მაგათ, საიდამაც უნდა იყვნენ მოსულნი, ვერც ჩემსავით ღვინო დააყენონ, ვერც ჩემსავით გაკეთონ ვენახი. ღვინოც კარგი მაქვს, პურიც კარგი მომდის, საქონელიც ჩინებული მყავს. სხვა რასმეში თორე, ამისთანაებში ვერავინ მაჯობებს; რა დაუკარგავთ, რას ეძებენ.“

მძიმეა ჩვენთვის შერყევა კახური ოცნებისა, იმისთვის უფრო, რომ წყარო ამ გვარის სიქადულისა არ არის არც გადარეული და არც გაუტეხელი სიამაყე, არც გამოანგარიშებული შური უმჯობესია; ბევრი მართლაც არი ამ სიტყვებში, და თუ კიცხვა და სიქადული სრულად უსაფუძვლოდ მიგვაჩნია, სხვა არაფერია მიზეზი გარდა იმისა, რომ მკიცხავს კარგა ვერ დაუნახავს და არ გამოუკითხავს დაწვრილებით საქმე, რომელზედაც აცდენს მახვილ სიტყვებსა, დიდის სიხარულით და ხალისით დავეთანხმებით კახელსა, რომ კარგი ღვინოცა აქვს, კარგი პურიცა და საქონელიცა, თუმცა ეს სიკეთე უნდა მიეწეროს უფრო ბუნებასა, მინამ ხელოვნებასა; მაგრა ვინ ეცილება, ვინ გამოსულა დამრღვევი და მძაგებელი იმის მამულის გამოსავალისა, რომ გაუმაგრდეს უზომო დაცინება და სიქადული. თვით ევროპიული მარნის დამფუძნებელიც მტკიცედ არის დარწმუნებული, რომ კახეთმა ჩინებული ღვინოები იცის და კახელებმა საკმაოდ იციან თავიანთი ხელოვნება, დარჩომილი სამკვიდროთ მამა პაპისაგან. ამასაც უარს ვერა ვინა ჰყოფს, რომ თუ კახელები სრულად კმაყოფილნი არიან თავიანთი ვენახების გამოსავლითა, სარფითა, როგორც გემოთი, საჭირო არ არის იმათთვის ამ საქმეში არც მომატებული სწავლა, არც დარიგება. მაშ რიღასთვის აუშენებიათ კახეთში სამაგალითო მარანი, რაღა საჭიროა სასწავლებელი ღვინის კეთებისა იმ ქვეყანაში სადაც დიდით პატარამდინ ყველანი ოსტატებათ გამოდგებიან ამ სასწავლებლისა? სასწავლებელი იმ დროს უნდა გაიმართოს, როცა საჭიროა გავრცელება ხალხში რომლისამე გამოსადეგი, სასარგებლო და ახლის სწავლისა; რა უნდა გააკეთოს კახეთის სასწავლებელმა? რა ახალი სწავლაა კახელებისათვის ღვინის დაყენება და ვენახის მოვლა?

მინამ დავეთანხმებოდეთ ამ გვარ საბუთებსა, შევიტყოთ დარწმუნებით, თუ მართლა კახელები სრულად კმაყოფილნი არიან ღვინის კეთებისგან და არა აქვთ ამ საქმეში არაფერი ნაკლებულება. ძნელი არ არი ამისი შეტყობა. დაელაპარაკეთ, რომელსაც გსურდეთ კახეთის მამულის პატრონსა სოფლის საქმეზედ, მოსავალზედ, გამორჩომაზედ, ცხოვრებაზედ და ყური დაუგდეთ რას იტყვის. პირველი იმისი პასუხი ყოველთვის ჩივილია, რომ ღვინოს ჯეროვანი ფასი არა აქვსო, ქალაქელი სირაჯების ხელში ვართ და იმათ ქეიფზე ჰკიდიაო ჩვენი სარფა და სარგებლობა. ამ საზოგადო საჩივარს მიუცილებლად უნდა ჰქონდეს ნამდვილი და უტყუარი მიზეზი; უეჭველია რომ კახელებს არა აქვს ის შემატება ვენახებისაგან, რომელიც უნდა ჰქონოდათ თუ ღვინის ვაჭრობა ყოფილიყო მიმართული ბუნებითს და ჯეროვან წესზედ. რა უნდა იყოს ამისი მიზეზი? ვინც დაწვრილებით არ იცის საქმე, და მხოლოდ იმას მიიღებს ყურადღებაში რომ ამ ათი წლის წინათ კახეთში ახლანდელის ნახევარი ფასიც არა ჰქონდა ღვინოსა, ის არცკი დაიჯერებს კახელების ჩივილსა და მიაწერს მეტის - მეტ სიხარბესა, მაგრამ უეჭველია, რომ დიდად შესცდება ამ გვარი მსჯელი. კახელების საჩივარს აქვს მართალი და შეურყეველი საფუძველი. ღვინის დაძვირებისაგან ბევრი ვერაფერი ისარგებლეს თვით ღვინის დამყენებლებმა, ამისთვის, რომ იმავე ზომით დაძვირდა სხვა სარჩოცა და ვენახის კეთების ხარჯიც გამრავლდა; ამასთან ღვინის დაძვირებას თავის ადგილას და ქალაქში არა აქვს ჯეროვანი ზომა და შეფარდება; სოფლებში ისე არ აიწია ღვინომ, როგორც ქალაქში. როგორ არ იჩივლოს კახელმა უფასობაზედ მაშინ, როდესაც ხედავს რომ იმის ღვინო თუნგი ათშაურობაზედ გასყიდული იყიდება ქალაქში მანეთად და როდესაც ვერა ფერი საშვალობა ვერ უპოვნია, რომ გამოვიდეს ამ მდგომარეობისაგან. ჩვენის თვალით გვინახავს, რა წინააღმდეგობა შაუძლიან ღვინის პატრონს სირაჯთან და რა ხანს უმაგრდება გადაკვეთილს ფასსა, სირაჯმა სრულად იცის მდგომარეობა ღვინის გამსყიდავისა, იცის რა დროს ვისთან მივიდეს ჭაშნიკის სანახავათ, სად რა წუნი დასდოს ღვინოსა, რა ფასი შეაძლიოს ანუ ხმა ამოუღებლივ დაიწყოს უკან დაბრუნება. სრულიად დარწმუნებულია, რომ ღვინის გამსყიდავი მოუთმენლად ათვალიერებს იმის მოძრაობასა და შიშით ელოდება იმის გადაწყვეტილებასა; დარწმუნებულია, რომ რაც უნდა იყოს ვაჭარს არ გაუშვებს ხელიდგან. ნურავის ეგონება, რომ ამ შემთხვევაში მამულის პატრონების დაუდგრომელობა და სისუსტე იმათ უთანხმობისაგან იყოს წარმომდგარი; ჩვენ შეგვიტყვია რომ საერთო თანხმობაც და პირის მიცემაც წამლად ვერ გამოსდგომია ამ სენსა, ბევრჯელ მთელი სოფლობით შაუკრავთ პირობა, რომ დადებულ ფასს არავინ გადასცილდეს, მაგრამ ბოლოს ისევ გატეხილან დაჭირებისაგან და ადრინდელ ნაძლევ ფასს ქვეითად ჩამოსულან. რა დაჭირება აქვთ მამულის პატრონებსა და რათ ეშურებიან ღვინის გასყიდვასა, ეს ყველამ იცის. თუ პირობამ ერთმანეთში ვერა გარიგა რა, უნდა ვსთქვათ, რომ პირდაპირ ჩატანა ქალაქში და გაყიდვა ღვინისა რომელიც აქვთ ფიქრად ჩვენს მამულის პატრონებსა, თუმცა ასრულება ჯერ არ საითა ჩანს, პირდაპირ გასყიდვაც დარჩება უსარგებლოთ და მოატყუებს ყველას იმედსა. ორში ერთი უნდა ირჩიოს მამულის პატრონმა: ან უნდა ვენახები სხვას ჩააბაროს და თითონ ვაჭრობას შეუდგეს, ან ისევ დარჩეს სოფელში მამულის მოსავლელად და ღვინოები აძლიოს სირაჯსა ახლანდელ რიგზე. ორივე საქმის კისრვა არავის შეუძლიან , და რადგანაც მამულის კეთება უფრო ეთვისება, ისევ სჯობს ვაჭრობას თავი დაანებოს. ვინ იცის სად უფრო მომატებულს ზიანს ნახავს ვენახის დატევებაში, თუ ღვინის გასყიდვაში. საერთო სარდაფის აშენება თბილისში ისივეა, რაც ცალკცალკე დუქნის გამართვა. ჩვენი ქვეყანა ჯერ საიმისოდ არ არის განათლებული, რომ ამ გვარი ანგარიშები ადვილად გასწორდეს და ან არ მოატყუოს მონაწილე ნდობამ, რომელიც საჭიროა საქმეში საერთო სამუშაოთ, ამასთან ყველა ქვეყანაში ღვინის დამყენებელი სხვაა და სირაჯი სხვა. ფრანციაში, სადაც ვენახებს ოთხი და ხუთი ჩვენოტოლა სარგებლობა აქვს, არამც თუ ღვინის დაყენება და ვაჭრობა გაყოფილია სხვა და სხვა პირის შუა, თვით ვენახის მოვლაც და ყურძნის მოყვანაც სხვა განსაკუთრებელი ხელობაა, ასე რომ ყურძნის მომყვანი ანუ ვენახის პატრონი ჰყიდის ყურძენს ღვინის დამყენებელზედ, და ეს ჰყიდის სირაჯებზედ. ერთი სიტყვით თუ გამოცდილმა საქმით პირის შეკვრამ მამულის პატრონებისამ ვერ დასდო ჯეროვანი ფასი კახურ ღვინოებსა, თუ დაპირებული საერთო სარდაფი ქალაქში ზიანის მეტს ვერას გვპირდება მომავალში უეჭველია, რომ ღვინის უფასობის მიზეზი სხვაგან უნდა ვეძებოთ, და მიზეზის შეხედვით წამალიც შეურჩიოთ.

ზემოთ მოვიყვანეთ ყოველთათვის საცნაური ანბავი, რომ მამულის პატრონი ეშურება ღვინის გასყიდვასა, და სირაჯი კი წყნარად აუჩქარებლად ევაჭრება საქონელს და ყოველთვის საქმეს აბოლოებს თავის ნებაზედ. რისგან არი ეს უთანასწორება ორ მხარეს შუა, რათარი ვაჭარი ესე წყნარი და გულგრილი თავის საქმეზედ? მამულის პატრონს ვიცით უჭირს ფული პრიკაზში შესატანათ, ხარჯის მისაცემად, პურის სასყიდლად, თუ სხვა სახლის საჭიროების გასაძღოლად, მაგრამ განა სირაჯისათვისაც ისევ საჭირო არ არი ღვინის სყიდვა, რომ არ მოუცდეს დუქანი, ტყვილი ჯამაგირი არ აძლიოს დახლიდარსა, ან უსარგებლოთ არ დაურჩეს თანხა და ავეჯულება, ან არ გადააჩვიოს მუშტარი? ვინ დააბრალებს უანგარიშობას სირაჯსა; იმას რომ ზურგი მაგარი არა ჰქონდეს, რომ ისევე უჭირდეს ღვინო, როგორც მამულის პატრონს ფული, ისეც ვერ დაიმორჩილებდა ღვინის გამსყიდავსა და ისე მკვიდრად ვერ დადგებოდა თავის სიტყვაზედ. მიზეზი ის არი, რომ უკანასკნელ დროებში ღვინის მოსავალი დამეტდა მუშტარსა; თუ არ ერთი საზოგადო უამინდობა, ვისაც ფული ხელში აქვს ღვინოს ყოველთვის იშოვნის, ღვინის დამყენებელი კი იშვიათი არ არის რომ დარჩეს უმუშტროთ. ყურძნის ავათმყოფობამ და იმისგან წარმოებულმა ღვინის სიძვირემ ათას რვა ას ორმოცდა თოთხმეტში და თხუთმეტში დიდათ გააღვიძა ერთ მხრივ ვენახის პატრონები და მეორე მხრივ ვაჭრები. ვაჭრებმა დაუწყეს ზიდილი ღვინოსა იმ ადგილებიდგან, სადაც ნაცარი პირველში სუსტი იყო კახეთზედ, და საიდამაც ადრე არავის გაეგონა ღვინის ზიდვა; ვენახის პატრონებმა ყოველი ზრუნვა და ცდილობა იმაზედ დასდეს, რომ შეუმატონ ვენახებსა, და აქამდინაც მიზდევენ ამ გზასა. ვენახები მოემატა კახეთშიაც, განჯაშიაც, ბორჩალოშიაც და ქართლშიაც; მოსავალიც უეჭველად უნდა მოჰმატებოდა, რადგანაც ნაცარმა მალე დაკარგა თავისი ძალი და იმისგან დანაკლისი ანგარიშში შემოსატანიც აღარ გახდა, სად უნდა წავიდეს დამეტებული მოსავალი, რა გავლენა უნდა ჰქონდეს ღვინის ფასზედ? ხალხიც რომ მოჰმატებოდა ამ დროის განმავლობაში, მაშინ მომატებული მოსავალი არად გამოჩნდებოდა; მაგრამ ხალხი ისე მალე არა მრავლდება, როგორც გამრავლდება ხოლმე ხელობის ნაწარმოები, როცა ამაზედ მოქმედებს რომელიმე შემთხვევით და უცხო, გარემოება. მოსავლის სიუხვეს სიაფე უნდა შეუდგეს მიუცილებელად, უამისოთაც ჩვენი ქვეყნის გამოსავალი და ხალხი რომ შეგვეფარდებინა სხვა ქვეყნებთან, სადაც მოდის ღვინო, დავინახავდით რომ რაც ჩვენში ერთკაცის თავზედ შეხვდება ღვინო წელიწადში, იმთენი არც ერთ ქვეყანაში არ ისმის. ვენახების გავრცელებამ უკანასკნელ დროში უფრო გაამრავლა ეს ზომა.

ამასთან კახეთს გაუჩნდა ძლიერი მოცილე განჯის უეზდი და ბორჩალო, ვაჭრობას ისეთი ხასიათი აქვს, თუ ერთ გზას მიეჩვია, მერე ძნელადღა დაანებებს თავსა, და იმიტომ ქვემო მხრის ღვინოები კიდევაც მოუწყვეტლად მოდის ქალაქში, დაჩვევაც რომ არ იყოს, სირაჯებისათვის რა სარგებლობაა, რომ ხელი აიღონ განჯის და ბორჩალოს ღვინოებიდამ. ზამთარში და გაზაფხულში ისინიც კარგად იყიდებიან თბილისში; კახურის სახელის დარქმევის მეტი არ უნდათ, რომ თავი მოაწონონ უმეტეს წელს ქალაქის ცხოვრებისას. ბევრი წილი უეჭველია არ დასდევს იმ ნამდვილსა, მაგრამ არა ყოველთათვის შესატყობს გარჩევასა, რომელიც არის კახური და განჯური ღვინოების შუა, ფასის გარჩევა უფრო ადვილი თვალ საჩინარია იმათთვისა, და სიაფეში ყველამ იცის ქვემოური ღვინოები ჰსჯობნის კახურსა, რადგან იქით იაფია სარჩოცა და მუშაცა. ეს იაფი ღვინოები უმაგრებენ ზურგს სირაჯებსა და აძლევენ მიზეზს იმ აუჩქარებლის და წყნარის ვაჭრობისას, რომელიცა სდის მორჩილად ჩვენს მამულის პატრონებსა. აი ნამდვილი მიზეზი ნაკლულევანობისა, რომელზედაც ჩივიან კახური მამულის პატრონები, სიუხვე ღვინისა, გამრავლება ვენახებისა, დამატება საქონლისა მაშინ, როდესაც საქონლის მსყიდველის რიცხვი დარჩომილა უწინდელი, გამოჩენა მოცილეებისა არიან იმისთანა გარემოებანი, რომელთაც მიუცილებლად უნდა დაეცათ უპირველესი გამოსავალი კახეთისა. გამოცვლა ამ გარემოებისა შეუძლებელია, თუ ღვინოს არ მოემატა მუშტარი. რადგანაც ჭკვაში შემოსატანი არ არის, რომ იკლოს როდისმე ღვინის გამოსავალმა და რომელმანმე კახეთის მოცილე მხარეთაგანმა აიღოს ხელი ვენახის კეთებისაგან. შინაგანი მუშტრის მომატება აქ ვერაფერს გაარიგებს; რაც უნდა კარგი შემთხვევა დაესწრას, მაშინაც ხალხი საიმისოდ ვერ გამრავლდება, რომ დაეტყოს რამე ბაზარსა; მაშასადამე ეს მუშტრები უნდა ვეძებოთ გარეთ, როგორც ეძებს და ჰპოულობს ღვინო ფრანციისა, ისპანიისა და ღერმანისა. ჩვენი უპირველესი და ბუნებითი მუშტარი უნდა იყოს რუსეთი. აქეთ მხრივ რო გზა გაეხსნას საქართველოს ღვინოებსა, არამც თუ ახლანდელი სიუხვე მოსავლისა და ამისგან წარმომდგარი დაბრკოლება განქარვდება და გადაიქცევა გამორჩომის წყაროდ, ერთი ათად რომ გამრავლდეს გამოსავალი, მაშინაც არ მოაკლდება მუშტარი. მარტო მოსკოვში და პეტერბურღში თხუთმეტი იმოტელა ხალხი იქნება, რაც თბილისში, რომელიც არის უმთავრესი ბაზარი აქაურის ღვინოებისა, რუსეთში ზიდვა და გასყიდვა აქაური ღვინოებისა ძველადგანვე უნდა მოსვლოდათ ფიქრში ჩვენი ქვეყნის აღებმიცემის კაცებსა; ეს იმისთანა სარფიანი საქმეა, რომ დიდხანს ვერ დარჩებოდა საიდუმლოთ ვერავისთვის მას შემდეგ, რაც საქართველო შეიქმნა ნაწილი რუსის იმპერიისა. მაგრამ ამ სამოცდა სამ წელიწადში საქმე ვერაფრით ვერ წადგა წინა; ახლა როგორც ადრე მიდის წვრილად ღვინოები რუსეთში და რადგანაც გზაზე იმღვრევა და ჰკარგავს სრულად სიკეთესა, ვერავის გაუბედია გამართოს რუსეთში კახური ღვინის დუქანი და დაიწყოს მოუწყეტელი ვაჭრობა, სტავროპოლის იქით ვერ მიდის აქაური ღვინო დიდრონი პარტიებითა, საიდამაც უნდა იყოს გამოსული; ავი და კარგი ერთგვარათ ხდება ასე, რომ ვეღარაც კი იცნობს კაცი: ღვინოა, თუ სხვა გვარი სასმელი, წვრილ წვრილად წაღებულს ღვინოს მოსკოვში და პეტერბურღში ხან ქვიშაში სდგამენ, ხან სარდაფში, ხან სწურავენ ტილოში, რომ რასმე დაემსაგავსოს. შარშან ლონდონში გაგზავნეს კახური თავი ღვინოები ვისტავკაში წარმოსადგენათ, და თუმცა ეს ღვინოები ბუთილკებში იყო ჩასხმული და მოფისული ისე წამხდარიყო ადგილს მისვლამდინა, რომ ფერის მეტი აღარაფერი თვისება არ დარჩენოდა მსგავსი კახური ღვინისა. ამის მცოდნე, ვხედავთ მეორე მხრივ, რომ სხვა ქვეყნის ღვინოები იტანენ შეუცვლელად დიდ გზების გავლასა, და დაყოვნა დიდის ხნისა არამც თუ ახდენს, ბევრათ აკეთებს და უმატებს ფასსა. თბილისში შეგვიძლიან ვიპოვნოდ ფრანციის ღვინო ათის წლის ჩასხმული ბუთილკაში, სრულებით შეუცვლელი და რომელშიაც ვერ ვიპოვნით ერთიბეწვა სიმღვრიესა. ევროპაში იპოება ღვინო დაწურვილი რამდენიმე საუკუნეს უწინ.

გუთნის დედა. - თბილისი, - 1863 - NN14 - გვ. 2

4.12 სამაგალითო მარანი კახეთში

▲back to top


(გაგრძელება)

ვინც კი იცის როგორ აკეთებენ ღვინოს ევროპაში და უნახავს აქაური გაკეთებაცა, იმას არ იქნება არ მოუვიდეს ფიქრად, რომ ზემოთ ჩვენებულის გარჩევის მიზეზი მდგომარებს ღვინის დაყენებაში, და ვენახის მოვლაში. შორს გასაგზავნს და დიდხან შესანახს ღვინოს ევროპაელები აკეთებენ სხვა წესითა, რომელიც არ იციან ჩვენ ქვეყანაში. თუ ჩვენი ხალხი ყოფილიყო საკმაოდ გაღვიძებული და ჰქონოდა ჯეროვანი ზრუნვა თავის სარგებლობაზედ, თვითონვე ეცდებოდა, რომ შეესწავლა ეს წესი და გამოეცადა აქაურ ღვინოებზე: მაგრამ აქამდინ ფიქრათაც არავის მოსვლია ხელის მიყოფა ამ საზოგადო სასარგებლო საქმისათვის, და უეჭველია, კიდევაც ბევრი ხანი გაივლიდა ამის მზრუნველის გამოჩენამდინ, თუ თვით მთავრობას არ ეკისრა ეს ზრუნვა. აი რა საჭიროებისათვის ააშენებინა თავადმა ბარიათინსკიმ სამაგალითო მარანი კახეთში და დააპირა სასწავლებლის გამართვა. მგონია, ცხადად დავამტკიცეთ, რომ ამ სასწავლებელს ექნება საქმე ახალი, გამოსადეგი და სასარგებლო კახელებისათვის. კახელებმა არ იციან ის წესი, რომელიც საჭიროა ვენახის მოვლისათვის და ღვინის დაყენებისათვის, როცა ღვინო უნდათ შორს გასაგზავნათ, ანუ დიდხანს შესანახავათ; ამის წინააღმდეგის თქმა ვერავის შეუძლიან. კახეთის სასწავლებელმა უნდა აჩვენოს ეს წესი, და მაშასადამე უსაფუძვლოა გულგრილობა ანუ კიცხვა ვისგანმე ამ სასწავლებელზედ, უსაფუძვლოა ამასთანავე სურვილი ზოგიერთის მამულის პატრონისა, გაგონილი ჩვენგან; რომ მე მამცენ ეგ მომართულება, მე დავაყენებ კარგ ღვინოებსა, ჩვენ დავარწმუნებთ პატივცემულს მამულს პატრონებსა, რომ თუ მთავრობას სდომებოდა კახურათ ღვინის გაკეთება და საკმარი ყოფილიყო ხელოვნება და გამოცდილება ჩვენის მამულის პატრონებისა, ორ ქვასაც არ დასდებდა ჩობახურში; კახეთის სამაგალითო მარანს აქვს თვით ბრძნული და მადლიანი საფუძველი, და დიდი ლიტონი იქნება ვისაც ამაში დარჩება ეჭვი ზემოთ ნათქვამის შემდეგ.

ჩვენ აქამდინ გავშინჯეთ მხოლოდ ერთი მხარე კახურის მომართულებისა, სახელდობრივ გაკეთება ღვინისა გასაგზავნელად და დიდხანს შესანახად; სხვა ადგილას გავშინჯავთ, რა მნიშვნელობა ექმნება ამ მომართულებას საზოგადოთ ჩვენის უპირველესის ხელობისათვის. კახელებს აქამდინ არა ჰქონიათ არც საჭიროება და არც შემთხვევა, რომ სხვა ქვეყნებში ეტარებინათ გასასყიდათ თავიანთი ღვინო: ამიტომ არცა ჰსცოდნიათ იმ გვარად ღვინის შემზადება. ღვინოს ჰქონია გასავალი ადგილობრივ, და ეს არი მიზეზი, რომ კახეთში დამკვიდრებულა წესი ღვინის კეთებისა, შესაფერი ადგილობრივ დახარჯვისათვის, ანუ ახლო ადგილს გაგზავნისათვის. თუმცა ამგვარის ხმარებისათვის ძალიან კარგად არის შერჩეული კახური ღვინის დაყენება, მაგრამ იმედი მაქვს შემდგომში დავამტკიცოთ, რომ ამ საქმეშიაც არ ავსულვარ უმაღლეს ხარისხში და ჯერ ბევრი დაგვრჩომია სასწავლებელი და დასათვალიერებელი. დასასრულად უნდა ვაცნობოთ ჩვენს მკითხველებსა, რომ წლეულ დასრულდა და ჩაებარა მამულის პატრონობის გამგებლობასა კახური სამაგალითო მარანი თავის შენობაებითა და წლეულვე აპირებენ მიჰყონ ხელი ღვინის კეთებასა ევროპიულ წესზედ.

გუთნის დედა. - თბილისი, - 1863 - N15 - გვ. 1.

4.13 ივანე სულხანოვი - რამდენიმე სიტყვა ანგლიურს რანსომის გუთანზედ

▲back to top


მეორე წელიწადია, რაც შევიძინე უფალის ვალის დეპოდგან გუთანი სახელდობ ანგლიური რანსომისა Y.F.R. მარკით. ეს მოხსენებული გუთანი გამოდგა სამუშაოთ შემდეგი ღირსებისა:

1. გუთანს უნდება ოთხი უღელი ხარ-კამბეჩი, ერთი გუთნის-დედა და მეხრე...

2. თითონ გუთანი მარტივი არის, გამძლე და გამყოლი. აგრეთვე თითვეული მის ნაწილიც გაადვილებს ძნელს და გამო-გვალულს სახნავს.

3. სახნისი აქვს ბრტყელი და მჭრელი, რომელიც ადვილათ გაზდევს მიწაში.

4. გუთნის ფრთა მშვენივრათ სწმენდავს კვალს, თანასწორედ და ერთ მხრივ აწვენს და აბრუნებს მიწას, მაღლობს და დაბლობს თანასწორად ხნამს.

5. გუთნის-დედას შეუძლიან საჩქაროდ და დაუპრკოლებლად მისცეს გუთანს იმ ნაირი მომართულება - რა ნაირათაც უნდა, ისე დააყენოს, რა სიღრმეზედაც სურს, ან თუ რა ველი მოსჭრას განიერი თუ ვიწრო. ველი სრული მიაქვს, ასე რომ თორმეტს ვერშოკამდინ და აგრეთვე სიღრმე კვლისა რვა ვერშოკამდინ მხოლოდ მაშინ, როდესაც ამას სრული ხოდი მიეცემა, ოთხ უღლისათვის მძიმე სატარებელი არის, მარამ თუ სიღრმით ხუთ ვერშოკზედ დადგება და ველი თორმეტ-ვერშოკზედ, მაშინ ზემოთ მოხსენებულს ოთხ უღელზედ მეტი არა შემთხვევისათვის საჭირო არ არის.

კარგი გამართულობა გუთნისა მდგმოიარობს უმეტეს ხელის ფორმაში და გუთნის ხელის მოსაკიდში; ეტყობა, რომ საგულის გულოთ მომზადებულს მასალისაგან არის შედგენილი. ამის გამო თითვეულს მის ნაწილს სიმაგრე აქვს, ასე რომ ქვის დახვედრით ანუ სხვა გვარის დაპრკოლებით არ იგრიხება და არცარა უტყდებარა.

მე უნდა ვსთქვა, რომ ამ ზემოთ მოხსენებულის გუთნით მუშაობა დიდათ სასარგებლო არის, მიხედვის და გვარათ არც ძვირი არის: ეს ღირს 82 მანეთი. ვალის დეპო არის ძველს ავლაბრის ფერმაში - ტფილისში.

დროება - თბილისი, 1867 - N26. - გვ. 4

4.14 თბილისი, ოკტომბრის 13

▲back to top


ჩვენში, მგონია, ბევრმა არ იცის, რომ შვიდმეტ ვერსზე თბილისიდან - სოფ. ლოჭინში არის მეურნეობის საპრაქტიკო ხუტორი, რომელიც შემდეგში, უეჭველია, დიდს სარგებლობას მოუტანს ჩვენს მხარეს. ეს ხუტორი ეკუთვნის ბარონ ა.პ. ნიკოლაის, რომელმაც იჯარით მისცა ისა პრუსსიის ქვეშევრდომს გუსტავ ფივეგსა. „კავკასიის სამეურნეო საზოგადოება“ ჰხედავდა, რომ სახელმწიფო სამაგალითო ბაღებს არ მოჰქონდა ჩვენ მხარესათვის ჯეროვანი სარგებლობა და ამის გამო გამოირჩია ეს ხუტორი ახალი სასარგებლო მცენარეებისა და პირუტყვების მოსაშენებლათ, სამეურნეო იარაღების ხმარების საჩვენებლათ და აგრეთვე იმისთვის რომ აქ ისწავლონ რიგიანათ მეურნეობა ჩვენებურმა ახალგაზდებმა. 1864 წლიდან სამეურნეო საზოგადოება აძლევს ყოველ წელიწადს ხუტორს ფულსა და ამის ნაცვლათ ფივეგი ვალდებულია, თავის მხრით, აძლიოს საზოგადოებას გასასყიდლათ, ან უფასოთ დასარიგებლათ რამდენიმე ათასი ხეხილი, ვაზი და სხვა სასარგებლო ხეები, რომლებსაც ის აშენებს ამ ხუტორში; ამას გარდა ფივეგმა უნდა ასწავლოს მეურნეობა და გამოზარდოს თავის ხარჯით ყმაწვილი კაცები, რომლებიც ხუტორში შესვლას და სწავლას მოისურვებენ. ლოჭინის ხუტორის შაგირდები ოთხი წლის განმავლობაში ასრულებენ სწავლასა; აქ ამ ჟამათ 35 შაგირდია; ამათ რიცხვში 10 რუსია, 11 აქაური ქართლელ-იმერლები და 14 მთიელები.

ამ პირობის დაგვარათ წასრულს სეკტემბერში სამეურნეო საზოგადოების რჩევამ გამოსცადა ხუტორის შაგირდები და აღმოჩნდა, რომ თითქმის ყველა შაგირდებს რიგიანათ შეუძლიათ ასრულება ყანის და ბაღის მუშაობისა; ამას გარდა იციან პირუტყვების მოვლა და, აბრეშუმისა და ღვინის მოყვანა. შაგირდების უმეტესმა ნაწილმა იცის აგრეთვე რუსული წერა-კითხვა და ცოტა ანგარიშიც.

28 სეკტემბრისათვის იყო დანიშნული შაგირდების საერო ეგზამენი ლოჭინში. ჩვენ დავესწარით ამ პირველს ეგზამენზე და დავრწმუნდით, რომ ხუტორში უბრალოთ არ დაუკარგავთ დრო შაგირდებს; ისინი გამოიყვანეს მინდორში და აქ ამუშავეს; ყველამ იცის-რა რიგათ უნდა თესვა მსხვილსა და წვრილს თესლსა, რა რიგათ უნდა დარგოს კაცმა ახალგაზდა და მოზდილი ხეები, როგორი მოვლა სჭირია ვენახსა; აგრეთვე თითქმის ყველა დახელოვნებულია ყველის და ერბოს კეთებაში. - ყველაზე უფრო მიაქცია ჩვენი ყურადღება შაგირდების სისწრაფემ და მარჯვეთ მუშაობამ; ამას დიდათ ჰშველოდა, მგონია, ხშირი გამეორება ფივეგისაგან სიტყვებისა, რომ „დრო - ფულიაო“.

მეურნეობის ეგზამენის შემდეგ შაგირდები წაიყვანეს სადგომში და ზოგიერთებს წააკითხეს და დააწერინეს რუსული და არითმეტიკაც ჰკითხეს. თითქმის ყველა მარჯვეთ ჰკითხულობდა რუსულსა და არითმეტიკაშიაც არ იყვნენ სუსტად. მხოლოთ ზოგიერთმა მეგრელებმა კი უფრო სისუსტე გამოიჩინეს რუსულში.

ეგზამენების შემდეგ თბილისის იერუსალიმის საყდრის მღვდელმა მ. სიმონოვმა წარმოსთქვა მოკლე სიტყვა, რომელშიაც აჩვენა „კავკასიის სამეურნეო საზოგადოების“ კეთილი ზემოქმედება აქაურს მეურნეობაზე და საზოგადოთ მმართებლობის ზრუნვა მხარის კეთილდღეობისათვის. შემდეგ მ. სიმონოვმა უთხრა რამდენიმე თანაგრძნობის სიტყვები თითონ შეგირდებს და მოისურვა, რომ ისინი შეიქნენ სასარგებლო წევრნი საზოგადოებისა და სახელმწიფოსათვის.

უ. სიტოვსკიმ წაიკითხა პროტოკოლი „საზოგადოების“ 27 სეკტ. სხდომისა რომელზედაც გადაეწყვიტათ: ღირს ყოფნა ნასწავლი მუშის წოდებისა ხუთი შაგირდისათვის, რომელთაც ოთხს წელიწადზე მეტი დაჰყვეს ლოჭინის ხუტორში: მათე კალიჩავაძის, გიორგი ბელდზეშევსკის, ფედორე ფუნკის, ივანე ლემონჯის და ჯონდა მიქაძის. ამ ხუთ შაგირდს კარგათ სწავლისა და მეცადინეობისათვის აჩუქეს კიდეც: კალიჩავაძეს და ბელდზეშევსკის ყუთი ბაღის იარაღებით, ფუნკს დურგლის იარაღებით და ლემანჯისა და მიქაძეს ჯიბის ყუთი ბაღის იარაღებითვე; - ამათ გარდა „კავკ. სამ. საზოგადოებამ“ დაურიგა სამეურნეო წიგნები - საჩუქრებით აგრეთვე სხვა ახალ-შემოსულ შაგირდებსაც.

გაზ. „კავკაზი“ ამ ეგზამენების გამო იხსენებს იმ შარშანდელს პროექტს, რომელიც შეადგინა უ. სიტოვსკიმ და რომლითაც უნდა დაარსებულიყო ჩვენში სამეურნეო შკოლა და კომმისიონერობა.*

ამ ნაირ შკოლას და კომმისიონერობას, უეჭველია, ძალიან კეთილი ზემოქმედება ექნება ჩვენს მეურნეობაზე და აქედან ჩვენს ყოფაცხოვრებაზედაც. ღმერთმა ინებოს, რომ ეს საქმე მალე ასრულებულიყოს.

______________

* სამეურნეო კომმისიონერობა იმისთანა დაწესებაა, რომლის საშუალებით მსურველს შეუძლია დააბაროს უცხო-ქვეყნებიდგან სხვა და სხვა შემოღებული იარაღები, გამოსადეგი პროდუქტები, ხეები და თესლები; აგრეთვე შეუძლია მიიღოს ყველა ის ცნობები, რაც საჭიროა ყოველი მეოჯახისათვის.

სასოფლო გაზეთი“ - 1869 - N19. - გვ. 2

4.15 სასოფლო საზოგადოებათა

▲back to top


ჩევნი ოჯახობა და მიწის მუშაობა არ შეეფერება ახლანდელს ჩვენს ცხოვრებას. ხალხი მრავლდება, მიწა ცოტავდება, უწინ რომ ერთ მოსახლეს ჰქონდა, იმდენ მიწაზე ახლა სამი მოსახლე ცხოვრობს; თითო მოსახლეს უწინდელი გლეხის მესამედი ადგილ-მამული ექნება, მეტი არა; მიწის მუშაობა კი როგორც უწინ ყოფილა, ახლაც იმ ნაირია, ჩვენი სოფლელი მეოჯახე უწინაც შვიდ უღელ ხარ-კამბეჩს გაიბამდა თავის მძიმე გუთანში და ახლაცა; როგორ ბარ-ნიჩაბსაც აქამდის ხმარობდა, ახლაც იმისთანას ხმარობს; რაც ძველათ იცოდა, იმაზე უკეთესი მუშაობა არც ახლა იცის. ცხადია, რომ ამისთანა მდგომარეობაში უფრო ცოტა ადგილ-მამულზე, უფრო ცოტა ნამუშევარიც მოუვა. ადგილ-მამული დაცოტავდა, მუშაობას კი არ მომატებია რა, ამისთვის მოსავალიც ბევრათ ნაკლები მოსდით. უწინდელი დროც რომ ავიღოთ, იმ შემთხვევაშიც სარჩო გლეხს აღარ უნდა ჰყოფნიდეს და ამას გარდა ახლა ცხოვრებაც წინანდელზე უფრო ბევრს ითხოვს; რაც უწინ სჭირდებოდა, ახლა ორი იმდენი სჭირდება. აბა ამისთანა მდგომარეობაში რა უნდა იფიქროს ჩვენმა სოფლის მეოჯახემ, რომ როცა სჭირდება, ის საკმაოთ მოიპოვოს?

***

უნდა იფიქროს უკეთესი სახლოსნობის სწავლა, უკეთესი მუშაობა უნდა დაიწყოს. განათლებულს ქვეყნებს რომ თვალი გადავავლოთ, იქ ასეთს სიმრავლეს ვნახავთ ხალხისასა, რომ თითქმის სოფელი სოფელზეა მობმული. ადგილები ისე ცოტა არის იქა, რომ რაც ეხლა ჩვენს ერთ გლეხსა აქვს, იმდენი მიწა-წყალი იქ ხუთ გლეხს არ ექნება; მაგრამ ყოველი იქაური ამ ერთი მუჭა მიწაწყლითაც მდიდარია. დღიურს ადგილზე - იქ იმდენი ნამუშევარი მოდის, რამდენიც ხუთ დღიურზე არ მოვა ჩვენში. რათ არის ეს ესე? - იმიტომ არის, რომ იქ ბევრათ უკეთესი მუშაობა იციან, ვინამც ჩვენში; სამუშაო უკეთესს იარაღსაც ხმარობენ. იქაური გუთანი დღეში ერთი ან ორი უღლითა იმდენს დახნავს, რამდენსაც ჩვენში შვიდუღლიანი გუთანი ხუთს დღეში. მაგრამ ყველაზე უფრო აჯილდოებს იქაურს სოფლელს კაი მუშაობის ცოდნა.

იმათი სიმდიდრის მიზეზი იმათი სწავლაა. ადგილ-მამულის დაძვირებით ჩვენი მდგომარეობა თან და თან უარესდება. ერთი ღონის ძიების მეტი ვერა გამოგვიყვანს რა ამ გაჭირვებულ მდგომარეობისაგან. ჩვენ უნდა დავიწყოთ ისეთი მუშაობა, რომ მუჭისოდენა ადგილზე ჩვენი სამყოფი ნამუშევარი მოვიყვანოთ. ამას უნდა სწავლა. რაც ვიცით იმითი იქნება როგორმე კიდე გავაჯახიროთ ჩვენ ჩვენი ცხოვრება, მაგრამ ჩვენ შვილთა რაღა უყოთ?.. თუ იმათ უკეთესი ცოდნა არ ექნათ, თავს ვეღარ გაიტანენ.

***

მთავრობამ იცოდა ეს ჩვენი მოთხოვნილება და ამის გამო დააწესა უკეთესი ოჯახობისა და მიწის მუშაობის სასწავლებელათ სამეურნეო ხუტორი. ამ ხუტორზე „სასოფლო გაზეთის“ წინა ნომერში დაწვრილებით ვილაპარაკეთ. მაგრამ ახლაც არა უშავს რა ორიოდე სიტყვა კიდევ ვთქვათ ამ ხუტორზე.

***

როგორც ვიცით შვიდმეტ ვერსზე თბილისიდან - სოფ. ლოჭინში არის მეურნეობის საპრაქტიკო ხუტორი, რომელიც ეკუთვნის კერძო პირს და იჯარით აღებული აქვს ნემეცს ფივეგსა. „კავკასიის სამეურნეო საზოგადოებამ“ გამოირჩია ეს ხუტორი ახალი სასარგებლო მცენარეებისა და პირუტყვის მოსაშენებლათ, სამეურნეო იარაღების ხმარების საჩვენებლათ და აგრეთვე იმისთვის რომ აქ ისწავლონ რიგიანათ მეურნეობა ჩვენებურმა ახალგაზდებმა. 1864 წლიდან სამეურნეო საზოგადოება აძლევს ყოველ წელიწადს ხუტორის იჯარით ამღებს - ფივეგს დანიშნულს ფულსა და ამის ნაცვლათ ფივეგი ვალდებულია, თავის მხრით, აძლიოს საზოგადოებას გამოსასყიდლით, ან უფასოთ დასარიგებლათ რამდენიმე ათასი ხეხილი, ვაზი და სხვა სასარგებლო ხეები, რომლებსაც ის აშენებს ამ ხუტორში; ამას გარდა ფიუგემა უნდა ასწავლოს მეურნეობა და გამოზარდოს თავის ხარჯით ახალგაზრდა ყმაწვილი კაცები, რომლებიც ხუტორში შესვლას და სწავლას მოისურვილებენ. ლოჭინის ხუტორის შაგირდები ოთხი წლის განმავლობაში ასრულებენ სწავლასა; აქ ამ ჟამათ ოცდა თხუთმეტი შაგირდია.

ამ პირობისა დაგვარათ წარსულს სეკტემბერში სამეურნეო საზოგადოების რჩევამ გამოსცადა ხუტორის შაგირდები და აღმოჩნდა, რომ თითქმის ყველა შაგირდებს რიგიანათ შეუძლიათ ასრულება ყანის და ბაღის მუშაობისა; ამას გარდა იმათ იციან პირუტყვების მოვლა და აბრეშუმისა და ღვინის მოყვანა. შაგირდების უმეტესმა ნაწილმა იცის აგრეთვე რუსული წერა-კითხვა და ცოტა ანგარიშიცა.

***

ამ სახით მთავრობამ მიაქცია ყურადღება ჩვენს საჭიროებას და გამართა მეურნეობის სასწავლებელი ბაღი; ახლა ჩვენი ვალია ვისარგებლოთ ამ ბაღითა. სოფლის მამასახლისებმა და მოსამართლეებმა უნდა ურჩიონ სოფლელებს, რომ თითო საზოგადოებიდგან ორ-ორ ან სამ-სამი ყმაწვილი ამოარჩიონ და გაგზავნონ ლოჭინის ხუტორში, ან უკეთ ვთქვათ ბაღში. იქ ყმაწვილებს კიდეც ასწავლიან და კიდეც არჩენენ. ამით რამდენიმე წლის შემდეგ გამრავლდება ჩვენ სოფლებში ნასწავლნი კაცები, რომელნიც დაიწყებენ უკეთეს მუშაობას და წინ წაიყვანენ სოფლურ ოჯახობას; იმათ ეცოდინებათ ახალი იარაღების ხმარებაცა.

ლოჭინის ხუტორი ანუ ბაღი პირველი მაგალითია, საცა ჩვენმა სოფლელმა ახალგაზრდობამ საქმით უნდა ისწავლოს უკეთესი მუშაობა და ხელობა, ამასთან მიიღოს ცოტაოდენი განათლებაც; მაგრამ ჩვენი სახელოსნოების ძირიანათ გაუმჯობესობისათვის მარტო ეს არ არის საკმაო; ჩვენ უნდა ვიფიქროთ უკეთესი შკოლის გამართვისათვის. და რადგან ამისთანა შკოლის ქონვა მოითხოვს ბევრს ხარჯს და მარტო მთავრობის ღონისძიება არ იკმარებს, ამისთვის ჩვენი სოფლის ხალხმაც უნდა გამოიდვას თავი; წარმოვიდგინოთ ჩვენი გაჭირვება მომავალს დროისათვის, როცა მიწაც ძალიან დაძვირდება და ჩვენი ახლანდელი მიწის მუშაობაც აღარას გამოგვადგება, და მაშინ უფრო მივხვდებით, რომ კარგი სახლოსნობის სასწავლებელი შკოლა ისე საჭიროა ჩვენი შვილებისთვის, როგორც ჩვენთვის წყალი და პური; მაშ ამის გამართვისათვის სოფლელმა ხალხმაც უნდა შესწიროს ხოლმე ყოველ წლობით იმდენი ფული, რამდენიც შეუძლია. შემდეგ ნომერში ჩვენ დაწვრილებით მოვილაპარაკებთ, როგორ უნდა წაიყვანონ საქმე სოფლელებმა, რომ შკოლის ხარჯით იმათ არა გაუჭირდესთ რა; აქვე ვილაპარაკებთ, რა ნაირი სამეურნეო შკოლაც უნდა გაიმართოს ჩვენში.

სასოფლო გაზეთი“ - 1869, - N21

4.16 ლოჭინის საპრაქტიკო ხუტორი

▲back to top


საცდელი პრაქტიკები ბარონ ნიკოლაის მამულში

იმისთვის რომ მიწის ამუშავების საქმე კარგათ წავიდეს ჩვენში და ნამდვილ გააცნონ ხალხს ახლად შემოღებული სამეურნეო მცენარეების სარგებლობა, აგრეთვე იმისთვის რომ მეურნეობა შეასწავლონ აქაურ ახალგაზდა კაცებს, ექვსი, თუ შვიდი წლის წინეთ დაწესდა სოფ. ლოჭინში - (შვიდმეტ ვერსზე თბილისიდან) საპრაქტიკო ხუტორი ბარონ ნიკოლაის მამულში.

როცა თბილისის „სამეურნეო საზოგადოება“ დარწმუნდა იმაში, რომ სახელმწიფო „სამაგალითო ფერმებს“ არ მოაქვთ მხარესთვის ჯეროვანი სარგებლობა, მაშინ ის შეეკრა ზემოხსენებული ხუტორის იჯარით ამღებს უ. ფივეგს შემდეგი პირობებით:

1) ფივეგმა ამ ფერმაში უნდა ასწავლოს ათი წლის განმავლობაში მეურნეობა აქაურ ყმაწვილ კაცებს და სხვა კავკასიის აქეთა მხრის მცხოვრებლებს, ვინც კი მოისურვებს მასთან შესვლას. სხვა და სხვა შაგირდებს სხვა და სხვა მეურნეობის ნაწილი უნდა ასწავლოს; ზოგს მაგ. რიგიანად ყანის მოვლა, ზოგს - აბრეშუმისა, ზოგს პირუტყვების მოშენება და სხვა, ვისაც რა ჰსურს და რისაც ხალისი აქვს; ასე რომ აქედან გამოსულებმა უნდა ივარგონ კარგ, გონიერ მუშებათ და მეოჯახეებად.

2) ამ ნაირი სწავლის მისაღებად ფივეგის ხუტორში არის ბევრი საშუალება: კარგათ ამუშავებული საყანე ადგილები, საბალახე ადგილები, ხილისა და ყურძნის ბაღები, ხუტორის პირუტყვები, ყველისა და ერბოს მოსამზადებელი სახლი, ღვინის გამოსახდელი მასალები და სხვა.

3) ათი წლის განმავლობაში ფივეგმა უნდა მისცეს სამეურნეო საზოგადოებას გასაყიდლად, ან მუქთად დასარიგებლად 50 ათასი ხილის ხეები; ამათ რიცხვში უნდა ერიოს 10 ათასი ვაშლის ხე და 20 ათასი სხალისა; ძირიანი ვაზები ფივეგმა უნდა მისცეს საზოგადოებას 500 ათასი და კიდევ ისეთი ველური ხეები, რომლებიც წყალს ნაკლებად თხოულობენ.

4) ამის მაგიერ სამეურნეო საზოგადოებამ უნდა აძლიოს ფივეგს ათი წლის განმავლობაში 5 ათასი მანეთი ყოველ წელიწადს, ხუტორში მუშაობის რიგიანად წასაყვანად და შაგირდების სწავლებისათვის; ამას გარდა იმან უნდა მისცეს ფივეგს პირველი ხუთი წლის განმავლობაში 20 ათასი მან., ყოველ წელიწადს არა 6-ათ. მანეთზე მომეტებული.

ოთხი წლის განმავლობაში შაგირდებმა უნდა შეასრულონ იქ სწავლა. აი რა პირობით მიიღებენ შაგირდებს ფივეგის ფერმაში: პირველ წელიწადს მუშა-შაგირდს იმას გარდა, რომ ყველაფერი მზათ ექნება - (საჭმელ-სასმელი, ტანთ-საცმელი, სახლი, სახურავი და სხვა) მისცემენ კიდევ სამოცდაათს მანეთს; მეორე, მესამე და მეოთხე წელიწადებში ათ ათ მანეთს უმატებენ ყოველ წელიწადს, ასე რომ მეოთხე წელიწადს იმას ერგება ასი მანეთი.

შემოსვლის შემდეგ რო ორი წელიწადი გავა; შაგირდს დაითხოვენ, თუ უნდა, ორი თვის ვადით შინ წასასვლელად და ამ დროს ჯამაგირსაც არ გამოურიცხავენ. ყოველს შაგირდს ეძლევა ტანისამოსი, რომელიც ყველასთვის ერთნაირია.

მუშა-შაგირდებს გარდა ხუტორში მიიღებენ შაგირდებად აგრეთვე მცირე წლოვანებსაც: იმათ ჯერ ასწავლიან წერა-კითხვას და მერე ცოტა-ცოტათ მიაჩვევენ ბაღში და მინდორში მუშაობას. ისინი იცხოვრებენ იქ სრულებით უ. ფივეგის ხარჯით.*

________________

* ჩვენ მივაქცევთ ყურადღებას ამ საპრაკტიკო ხუტორზე ჩვენი მეოჯახე მებატონეებისა და გლეხებისას. ჩვენთვის საჭირო არის ხეირიანად ვენახის მოვლა, ყანის ამუშავებს და სხვ. ამ საქმეში ეს ხუტორი ბევრ სარგებლობას მოგვიტანს. - (რედ.)

დროება. - 1869. - 3 ივლისი. - N27. - გვ. 3-4

4.17 ევროპის ოჯახობის სურათი

▲back to top


ჩვენი ქვეყნის შედარებით გერმანიაში მიწის ხელობა ძალიან დაწინაურებულია. ჩვენი გავერანებული და გაფხეკილი სახნავ-სათესი რომ შევადაროთ იმათ სახნავ-სათესს, რომელიც დიდებული ბაღის მგზავსათ გვეჩვენება, მაშინ კიდევ უფრო დიდს განსხვავებას ვნახავთ.

პირველ შეხედვაზე თქვენ გაკვირვებსთ მინდვრების სისუფთავე, იმათი კანონიერათ დაწყობილება, მშვენიერი წესი ხეხილების და მასაზრდოებელი მცენარების ყურისგდებისა. მერე იქვე გაკვირვებსთ დიდი ტანის და მშვენიერათ ნაპატივები შინაური საქონელი, ლამაზათ და გარკვევით აგებული საოჯახო შენობები. როდესაც თვალს მოჰკრავ ყანებში მუშაკებს, გული გაგინათლდება, იმათს გულს მოდგინებას, მომჭირნეობას და გონიერათ მუშაობის ცოდნას რომ უყურებ. ყანები ყოველგან ისე დამუშავებული და გაწმენდილია, რომ შიგ ნემსიც ვერ დაგემალება შეუნიშნავი: მდიდრად გაშლილი მცენარეობა და ბალახბულახის უმყოფობა ნათლად ამტკიცებს ამას.

გერმანიაში მიწას უმუშავებლად არ დააგდებენ. თუ ვაკე ალაგებია, იქ ყოველგან ყანებია გამართული, და ისე მკაფიოდ არის სხვა და სხვა მეოჯახეების სახნავ-სათესი მიწები ერთმანეთში გარჩეული რომ როგორც ხელის გულს ისე განარჩევ რომელი ყანა რომელი მეოჯახის არის. ყოველგან ჰხედავ წვრილს მშვენიერათ გატკეცილს გზებს, რომელნიც ყანებსაც არ ავნებენ და სასიარულოთაც ძალიან მოხერხებულნი არიან. საცა კი ცოტათ უსწორ-მასწორო, ან ჩაღმავებული ალაგებია, ყოველგან რუებია გაყვანილი. ერთი სიტყვით ყოველი ნაბიჯის გადადგმაზე რწმუნდებით, რომ ოდნა ალაგიც არ არის მომჭირნე მეოჯახის უყურადღებო. ყოველიფერი ანგარიშით არის გაკეთებული, ყოველგან ეტყობა, რომ იმ ქვეყნებში სცხოვრობს მიწის ძალიან მოსიყვარულე მეოჯახეები.

***

თუ ადგილის მდებარეობა მთა-გორიანია, ის სულ დაყოფილია დაკიბულ კვლებათ, ოდნა მიწის ნაგლეჯიც არ იპოება იმისთანა, საცა კაცს ხელი მიუწვდებოდეს და შემუშავებული არ იყოს. მთებზე დამუშავებული მიწის კვლები მაღლიდგან ძირს კიბე-კიბეთ ჩამოუყვება. თუ სიბი კლდეა, იმაზედაც უეჭველათ მიწაა დაყრილი და ზედ დათესილი სიმინდი. ან სხვა მიწის ნაყოფის მომცემი მცენარეები, ხეხილი, ვენახის ვაზები და სხვა. პირველ შეხედვაზე კაცებს და, ასე გაშინჯე, ყმაწვილებსაც რომ გოდრებით მიწა ააქვთ წრიაპ კლდეებზე და მთებზე, აკეთებენ ზედ მთის კონწოლებზე წყლის საგუბრებს, რომლითაც რწყვენ თავის საყვარელს მცენარეობას, ამასთანავე მძიმე შრომას მუშაკისას რომ ჰხედავ, გული გიკვდება, მაგრამ რამდენადაც შემაწუხარია გულჩვილი ეს მძიმე შრომის სურათი, იმოდენათ სამხიარულოა, როცა ჰხედავ რომ ამ შრომას მდიდარი ნაყოფი მოაქვს. მაგალითად ყურძნის მოკრეფის დროსთანა სამხიარულო რა იქნება? ზემოხსენებულ მთის ფერდებს, რომელზედაც ასვლა მიუჩვეველ კაცებისთვის საძნელო და საშიშოა, გერმანიის მუშაკი ყიდულობს ძვირათ და სახელმწიფო ხარჯსაც ბევრათ მომეტებულს იხდის იმისთვის; მაგრამ შრომის მოყვარე გერმანიელს ეს ვერ შეაჩერებს ვერც ერთს მინუტას. ეს ფერდები მორწყულია გერმანიელის ოფლით; ისინი ცხადათ ამტკიცებენ იმათ შრომას და დაუძინებელს მოქმედებას.

***

თუ მიწა ქვიშიანია, რომელზედაც თავის თავათ არაფერი ხარობს, ისიც კი გამოუყენებია გერმანიელს მუშას, ჯერ დაუთესია ზედ ეკალფოთოლა ხეები, მაგალითად ნაძვი, ფიჭვი, ურთხველი და სხვა, გაუმაგრებია ეს ფხვნილი ქვიშა, გაუკეთებია ზემოთი მიწის პირი და გაუხდია სამუშაო მიწებათ. რაც უნდა ფრეწიანი, ან ქვიანი ალაგი იყოს, ნემეცი არ იტყვის, რომ ეს უვარგი მქისი მიწა არისო. საცა კი მიწა და ჰაერია, იქ ისინი მცენარესაც გააჩენენ. ჭაობიანი ალაგები გერმანიაში ძალიან ცოტაა და სადაც არის სჭირიან ამ ჭაობში დამპალ მიწა-არეულ მცენარეობას და ხმარობენ წივათ, ან გაჰყავთ რუები და არხები, ან შეიმუშავებენ ისეთნაირათ, რომ სახნავ-სათესი ალაგები გამოდგეს. მოკლეთ რომ ვსქვათ, იქ არ არის ისეთი მივიწყებული ჭაობები, საცა ბაყაყების ზღმურდლით არის გატენილი იქაურობა და ჰაერს ხაშმით სწამლავენ, ისე როგორც არ არის კაცის ხელის მიუწვდენილი წრიაპი მთის ალაგები, რომ ზედ გერმანიელს სამუშაო არ ჰქონდეს გამართული.

***

როდესაც თვალს გადაავლებ გერმანიის ტყეებს ისე დასუფთავებულია, რომ ერთ ქაცვსაც ვერ იპოვი. თანასწორი ტანი და ერთი წლოვანება ხეებისა გულს გაგინათლებს, ისე კარგი სანახავია. როგორც ყანები, შიგ თავის რიგზე და წესზე ყოველიფერი გამართულია, ისე მთელი ტყე უბნებათ არის დაყოფილი; პირველ წელიწადს მოსჭრიან ერთს უბანს; მეორე წელიწადს, მეორე უბანს და ასე რიგობით მიჰყვებიან, სანამ პირველად მოჭრილი ტყის უბანი ისევ არ დასრულდება იმდენათ, რომ ხელ-ახლა მოსაჭრელათ გახდეს. ტყეებშიაც გაყვანილია თავისი არხები და რუები გასაწმენდათ და მოსარწყველათ. ძვირათ მოიძებნება ისეთი ხე, რომელზედაც არ ეტყობოდეს პატრონის ხელი.

საცა ბუნებითი გაშვებული კორდები ან მინდვრებია, იქ ვერანა, უნაყოფო ფრეწებს, ან დამდგარ წყლისაგან გაკეთებულ უნაყოფო ალაგებს ვერ ნახავ. აქაური სათიბები ან მინდვრები არიან ლარივით სწორათ გასულნი, ისეთი დასუფთავებულია, რომ შიგ ჩხირსაც ვერ იპოვნი, მრავალგვარნი რუები როგორც სიდიდით, ისე სხვა და სხვა მხარეზე მიმართულებით არიან შიგ სათიბში გაყვანილნი, ზოგან ამ რუებს საგუბარები აქვს გაკეთებული, თუ საჭირო იქნა წყლის დასაგუბებლათ; ზოგან რუებს დაცემული სადენი აქვს, რომ წყალს ჩქარი დენა ჰქონდეს, ზოგგან რუების კიდეები წაწვენილი ბაგებია, ზოგგან კედლებსავით სწორათ აყუდებულია; ერთი სიტყვით, სად როგორც მოუხდება, ყოველგან ისე მოგვარებულია. ამასთანა კეთებას რასაკვირველია მრავალი შრომა უნდა, მაგრამ მაგიერათ ისიც უნდა ვიკითხოთ, აბა, რამდენჯერ ითიბება ამისთანა სათიბები და რამდენს აუარებელს თივას აგროვებენ იქიდგან. ისეთ წყაროს ვერსად ჰნახავ, რომ მისი საწოლი ფაჩხებით იყოს ამოვსებული და წვიმების დროს ნაპირებზე გადმოდიოდეს, რღვნიდეს მახლობელ ალაგებს და ჭაობებათ აქცევდეს: წყარო თუ ძალიან მიხვეულ-მოხვეულია და ამისგამო ჩქარი დენა არა აქვს, ან წყალი ტყულა უბრალოთ გუბდება, მაშინვე ისე გაასწორებენ იმის კალაპოტს ან საწოლს, რომ ასე გგონია არხი გაუყვანიათო, უწინდელის წყაროს სავალს ვეღარც კი მიაგნებს კაცი. თუ მდინარე თავის მიხვეულ-მოხვეულ დენით არას უშლის მცენარეობას, მაშინ თავს დაანებებენ და არას უშლიან, ამასთანავე ალაგ-ალაგ საგუბრებს გაუკეთებენ, რომ როცა საჭიროა წყალი დაგუბდეს და სხვა დროს კი ჩვეულებრივათ სდიოდეს. თუ ამისთანა რუ სდის ჭალაში მთის ძირათ, მაშინ ყოველ საგუბართან გამართულია წისქვილები, სადღვებაები, პატარა ტყავის საქნელები, ასე გასინჯე, სახერხავები და სხვა; ის კი არა, პატარა წყაროებსაც არ დააყენებენ თავისთვის, იმასაც გაუკვალავენ, იქითკენ, საითაც უფრო სასარგებლო იქნება იმისი დენა ოჯახობისათვის. ამ სახით წყალიც და მიწაც უხვად აჯილდოებს შრომისათვის ნემეცურ სოფლის მუშას. აი სწორეთ აქ არის მიწის მუშა ნამდვილი კაცი, რომლის ხელქვეით და სასარგებლოთ მიცემულია ყოველი ქმნილება.

***

ეხლა თვითონ შინაური ნემეცის მოწყობილობა გავსინჯოთ. ნემეცს ოჯახი და სადგომები მშვენიერათ დასუფთავებულები ააქვს. გარეგანი ჩუქურთმით შემკულობა სახლებს არა აქვთ რა, მაგრამ თითო სახლის მდებარეობას და იმის შინ მორთულობას რომ გონება მივაპყროთ, სწორეთ გაგაკვირვებსთ, ისე მშვენიერი მოსაზრებით არიან აგებულნი.ყოველს ნაწილს შიგნით შენობისას თავის დანიშნულება აქვს. თქვენ იმის ოჯახობაში ვერ ნახავთ, როგორც ჩვენშია ხოლმე, თავგადახდილს ფანჩატურებს, რომელნიც ამტკიცებენ ჩვენებური მეოჯახის უზრუნველობას, თითქოს ამას ამბობდეს, გინდა მქონია, გინდა არა, სულ ერთიაო. ვერსად ვერ ნახავ, საცა არ გინდა დაყრილს ნაკელს, რომელიც სულ უბრალოთ ჰხდება, თუმცა ყველამ იცის, რომ ნაკელი მიწის განმაძრიელებელია და ყოველს და ყოველს მიწის მუშას მხედველობაში უნდა ჰქონდეს რამდენიც შეიძლება ისე მომეტებული მოაგროვოს; ის კი არა გერმანიაში ყოველივე თავის წესზე დაწყობილია, ნაკელი გულს მოდგინებით შეგროვებული და შენახულია, ყოველიფერს ამისთანაებს როგორც ფულს ისე უყურებენ.

სახლების მახლობლად უეჭველათ თქვენ ხვდებით პატარა ბაღჩებს, საყვავილეებს, ან ბოსტნებს, ერთი სიტყვით, ყოველგან სასარგებლო და სასიამოვნო ერთმანეთში შეზავებულია. იმათ შინაურ პირუტყვს რომ შეხედო გული გაგინათლდება; ისინი არიან მშვიდობიანნი, თვინიერნი, მაძღარნი და დიდი სარგებლობის მძლეველნი. პირუტყვის მოყვარულმა ნემეცმა ძალიან კარგათ იცის თავის საქონლის მოვლა, იმის ჩვეულება, რა საკვები უფრო უყვარს, როდის და რითი იყო ავათ, ერთი სიტყვით თავის პირუტყვზე ისეთს გულჩვილობას იჩენს, როგორც ზოგიერთი მამა თავის შვილზე. თითო ძროხამ რომ წელიწადში თოთხმეტი ბათმანი ერბო შემოიტანის, ნემეცი იმას ცუდს შემოსავალს ეძახის. უფრო ხშირად ძროხა თექვსმეტს ბათმანს აძლევს წელიწადში თავის პატრონს და ზოგიერთგან, კიდეც მეტსაც. ამისგამო ორი ან ოთხი თუმანი რომ ძროხამ წელიწადში შემოიტანოს, ამას არაფრათ ჩააგდებენ. აქედგან ცხადათ სჩანს, თუ რამდენი სარგებლობა ეძლევა სახნავსათესს მიწებს და თვითონ ოჯახობასაც ერთი ძროხიდგან.

***

ჩვენებური მეოჯახე არასოდეს არ დაიჯერებს, რომ ვუთხრა, გერმანიაში ისეთი მეოჯახენი არიან, რომელთაც მხოლოდ სამასი დღიური მიწა აქვთ სამუშაოთ და აქედგან წმინდა შემოსავალი ათი ათასი მანეთი აქვთ წელიწადში. უფრო საკვირველი ეს არის, რომ ეს მიწა ქალაქს მახლობლათ არ მდებარეობს და არც ცვდება, როგორც ჩვენში მოხდება ხოლმე, ორი სამი მოსავლის შემდეგ; ის კი არა ნაყოფიერობას თან და თან უფრო მატულობს. იქაური ჰავა რომ ნახო, ასე იტყვი აქ რა უნდა მოვიდესო. ჰავა ისე ცივია, რომ ვენახი ძლივს იზდება და მიწა უმეტესი ნაწილი სულ უნაყოფო ქვიშაა. მაშ რისგან არის ამდენი აურაცხელი შემოსავალი? გერმანიელის ანუ ნემეცის შრომისა და ცოდნისაგან.

***

როდესაც ჩვენს მეოჯახეებს დავუწყებთ ლაპარაკს ჩვენი ოჯახობის უნუგეშო მდგომარეობაზე, სხვათა შორის ისინი იტყვიან, კარგი გზები არა გვაქვს, რომ შეიძლებოდეს ჩვენი ნაწარმოების წასაღებათ შორს ადგილებშიო და ამისთვის შინ, გინდა არ გინდა, იაფ ფასათ ჰყიდიო, ისე რომ ნაწარმოები შრომათ არ ღირსო. მაგას თქმა არ უნდა, რომ კარგი გზების ქონვა და ნაწარმოების ადვილათ გასაღება ოჯახობისათვის მეტი არ შეიძლება ისე დიდი სასარგებლოა, მაგრამ ვითომ განათლებულს ქვეყნებში კი ცოტა წვალება სჭირია ნაწარმოების გასაღებას; ოჯახობის მართვას და ნაწარმოების კარგა გაყიდვას ყოველგან ბევრი გაჭირება მოსდევს. მაგრამ ზოგჯერ როცა ნამუშევარს კარგი ფასი არა აქვს და იმის გაყიდვა ხეირიან ფასათ გასაჭირია, განათლებულ ქვეყანაში მოიგონებენ ისეთს ხელობას, რომ ნაწარმოების გაყიდვა, კარგათ გასაღება, ადვილი შეიქნება; მაგ.: გამართავენ არაყის სახდელ შენობებს, პივოს საკეთებელს, სახამებლის, შაქრის და ერბოს საკეთებელს; ამ შენობებს უნდება მრავალი პური, კარტოფილი, გოგრა, ჭარხალი, სიმინდი და მრავალი სხვა ჭირნახული. ამასთანავე აშენებენ მრავალს საქონელს და ჰკვებენ ჭირნახულის გამონახადით; საქონელს კი ან თვითონ ხმარობენ, ან ჰყიდიან და თუ შორს წაყვანა მოუნდათ, ბევრი რა დაჭირდება, პირუტყვი თვითონ წაიღებს თავის თავს. ამ სახით ნემცის მეოჯახეები თავის კარზედვე ასაღებენ მოწეულ ჭირნახულს იაფ ფასად და ამასთან ის სარგებლობაც აქვთ, რომ იქვე ოჯახობასთან რჩება ყოველი ფერი, სხვაგან არსად მიდის: არც თხლე, არც პურის ჩენჩი და არც გამონახადი არ ხდება ტყულა უბრალოთ. ვითომ ჩვენშიაც რომ ასე მოიქცენ, რა დაგვიშავდება? მე მგონია ქონს, ტყავს და ერბოს ყოველგან კარგი ფასი აქვს. ზემოხსენებული განათლებული ქუეყნის მოვაჭრენი მოვლენ და იყიდიან სხვა რომ არა იყოსრა. მაშ აქაც გზის ბრალი კი არა, თვითონ ჩვენი უთაურობის ბრალითა.

***

იტყვიან კიდევ, ფული არა გვაქვს და ზემოხსენებული ქარხნებისთანა შენობები რითი უნდა გავმართოთო? ფული მიწაზე არსად არ ყრია. ის თვითონ მიწაშია, უნდა იშრომო, მოსთხარო ოფლით და ფული ამოვა. ნამდვილათ ვიცით, რომ ფულის შოვნა გერმანიაში უფრო ძნელია, ვინამ ჩვენში; მაგრამ რომ იცოდეთ, როგორც აფასებენ იქ ყოველს კაპეიკს, რომ მოკვდე, იმას ტყულად არავინ მოგცემს.

აქამდის ჩვენი მებატონეები სამეურნეო საზოგადოებიდან თითქმის უნაყოფოთ იღებდენ ფულებს, ზოგმა კარგა ძალი ფულიც დაკვრისა, მაგრამ გაუმჯობელობა არა ეტყობა რა. გერმანიაში ბევრს არა აქვს ფულები, მაგრამ ერთი-ორი, ან სამი კაცი შეიკრიბებიან, გააკეთებენ საერთოთ რამე ქარხანას და სხვანი, რომელთაც ფულები სულ არა აქვთ, მოუყრიან თავს თავის ჭირნახულს და მიაქვთ მეზობლის ქარხანაში გასასყიდათ. ჩვენ რომ ისე მოვიქცეთ, რა დაგვიშავდება, მაგრამ საუბედუროთ ჩვენ იმდენი ცოდნა არა გვაქვს, რომ რაიმე ქარხანა გავმართოთ და ჩვენი ოჯახობის საქმე ამის გამო არის ასე გაჩერებული.

***

კარგი ფასი არა აქვსო ნამუშევარს ეს რომ ვთქვათ, ცოდვაც არის. სიაფე ყოველთვის ხომ არ ავნებს შემოსავალს. ჩვენ უნდა, ვეცადოთ, რაც შეიძლება მეტი მოსავალი გვექმნეს მიწადგან, მაშინ იაფათაც რომ გავყიდოთ, მაინც კარგი სარგებლობა გვექნება.

საქსონიაში ისეთი სიაფეა ყოველ გვარი ჭირნახულისა, რომ არსად არ არის იმისთანა. მაგალითად დრეზდენში ნახევარ მანეთად ხუთთავიანი სადილი ექნება კაცს. ჩვენში არც ერთ ქალაქში არ მოხერხდება ამისთანა სადილის ჭამა ასე იაფათ, მაგრამ აბა შეხედეთ რანაირი მშვენივრათ არის გაწყობილი მიწის მუშაობა, სწორეთ პირველ ნახვაზე იქაური ოჯახობა აღტაცებაში მოიყვანს კაცს.

რათი მიეცა ამისთანა წარმატებას გერმანიის მეურნეობა? ამის მიზეზი ერთია თვითონ მუშაკების ხასიათი, იმათი გულსმოდგინეობა შრომაში და მოთმინება; მეორეა კარგი მიწის ხელობა და კარგი სამეურნეო იარაღები, რომელნიც საუკუნოებით შეუძენიათ იქაურს მიწის მუშაკებს; მესამეა საზოგადოების კეთილი გავლენა მეურნეობის საქმეზე: იმათ იციან ამხანაგობით საქმის დაწყება და ეს ძალიან ხელს უწყობს ყოველ საქმეს.

სასოფლო გაზეთი. - ტფ., 1871. - N6. - გვ. 3-6.

4.18 გერმანელი მეოჯახის სურათი

▲back to top


განსაკუთრებით შესანიშნავი თვისება მიწის მომუშავე გერმანელისა ანუ ნემეცისა არის შრომის მოყვარება, მოთმინება და მეურნეობის პატივისცემა.

***

გერმანელის ანუ ნემეცის შრომის მოყვარებაზე ბევრის ლაპარაკი საჭირო არის. ამის დასამტკიცებლათ სრულებით საკმაო იქნება, რომ შევხედოთ მთებს დაკიბული და დაკვალული დამუშავებული ნიადაგით გარემოცულებს, ქვიშა ნიადაგებს, რომელზედაც უჯაფოთ თესლი ვერაფერი ვერ გაიდგამდა ფესვს და სადაც ამ ჟამათ მშვენიერი ტყეები და ბუჩქებია გაშენებული, ჭაობებს, რომელნიც სასარგებლო და მდიდარი მცენარეობით არიან შემოსილნი, შეხედეთ მინდვრებს და ყანებს, სათიბებს, გერმანიის ტყეებს და მაშინ შეიტყობთ, რა ღონივრად უმუშავნია იქ კაცს, როგორ უომნია კაცს ბუნების დაბრკოლებასთან, რანაირის გაჭირებით და ჭაპან-წყვეტით დაურჩენია ყოველი წინწაწეული ნაბიჯი მეურნეობის გაუმჯობესობაში. გერმანიაში გამრუდებულის და ოღროჩოღროიანს მიწის სამნებს ვერ ნახავ; ყანებში არ ყრია ისეთი ქვები, რომ სახნისმა პირი ჩაიმტვრიოს, ან ცელს წვერი მოსტყდეს და ან ნამგალს პირი დაუბლაგვოს, თუ სადმე სასუქია მოყრილი, უხეიროთ არ არის ზოგიერთ ალაგას მარტო დაგროვებული, რომ იმის მომეტებული ნაწილი უქმათ ფუჭდებოდეს. ვერსად ვერ ნახავ ვერც პურს, ვერც შვრიას დათესილს, რომ შიგა და შიგ გორვალა, ან სხვა რამე ბალახეული თესლი იყოს გარეული. თვალი გაგინათლდება, როცა ნახავ გერმანიაში სუფთათ მოხნულს ყანას, საცა ხნული ხნულთან, ბელტი ბელტზე ისე წმინდათ და რიგის შეუცვლელათ არის დალაგებული, რომ იფიქრებ გუთნის შემდეგ კაცის ხელს თითო-თითო შეუსწორებიაო. ეს ხნული კი არა, სწორეთ ზოლია გაყოლებული, საცა მიწის მუშა ხელოსანს კაცსავით გულსმოდგინებით ადევნებს თვალს თავის ნაკეცეებს და არ აუჩქარდება, რომ რამე წაახდინოს.

მუშა-კაცი გერმანიაში ასეთია, ახლა ვნახოთ მეოჯახე როგორიღაა. ის ყველაზე ადრე ადგება და გვიან დაწვება, მაგრამ რომ შეხედო ვარდივით ყვავა, ტანმთელათ არის, ღონიერი და მოწიფულია. ამას ხელის გულზე უწერია, რა მდგომარეობაშია ყოველი იმის სამუშაო იარაღი და საქონელი; მთელს თავის სამკვიდრო ადგილს-მამულში ოდნა მიწის ნაგლეჯსაც ვერ იპოვნი, რომლის თვისება და ანგარიში მეოჯახემ არ იცოდეს, იმან იცის როდის რა დათესილა იმაზე, როგორ ყოფილა გასუქებული, ან რა მოსავალი მოიყვანა. სულ ესეები მეოჯახემ დაწვრილებით იცის. არ გეგონოსთ, რომ ვისაც საბოსტნე ალაგის მეტი არა აბადია რა, მარტო იმან იცოდეს თავის ოჯახობის ანბავი, არა იმანაც იმავე გვარათ იცის, რომელსაც ექვსი ათასი დღიური მიწა აქვს საპატრონო.

***

ჩვენებური მეოჯახე ამბობს: „იმისთანა მუშები მოგვეცით, როგორიც გერმანიაში არიან და ჩვენ ვიცით, როგორც წავიყვანოთ, მაშინ ნემეცებზე უკეთესადაც გავაკეთებთ ჩვენს ყანებს, ჩვენი ზარმაცი გლეხით კი რას გააკეთებს კაცი“. ა, ბატონო, მიირთვით დაიქირავეთ ნემეცის მუშები - თქვენ უპასუხებთ. არა, მაგას გარდა, ნემეცური მუშა საქონელიც მოგვეცით, გეტყვისთ კიდეც ჩვენებური მებატონე, იქაური სამუშაო იარაღები, ფული და ასე გასინჯე ჰავასაც კი მოითხოვენ, მაგრა ყველა ესეებიც რომ მისცე, ჩვენი მებატონეების უთავბოლოობის გამო მაინც არა გამოვა რა. სამი-ოთხი წელიწადი რომ გავა, ისევ იმ მდგომარეობაში ჩავარდება, როგორშიაც ყოფილან იმის მამა-პაპანი.

სასოფლო გაზეთი. - ტფ., 1871. - N11. - გვ. 7-8.

4.19 რაზე უნდა მივბაძოთ გერმანელებს მეურნეობაში

▲back to top


გერმანიაში მუშები ძრიელ მომთმენი შრომის მოყვარე და ხვნა-თესვის მიმყოლნი არიან.

რომ ნემეცები საზოგადოთ შრომის მოყვარენი არიან, ამაში ეჭვი არარის. გადავხედოთ იქაურ ბუნებას: იქაურ მთებს, ქვიშიან ადგილებს, ჭაობებს, სადაც ძრიელ ბევრია სხვა-და-სხვა ნაირი სასარგებლო და მდიდარი მცენარეები, იქაურს ტყეებს და მინდვრებს, - და თითოეული ჩვენგანი ცხადათ დაინახავს მას, თუ როგორ უნდა ებრძოლა კაცს სხვა-და-სხვა ბუნებითი მოვლინებებთან, რომ ის წარმატებაში წარსულიყო და თავის მატერიალური მდგომარეობა გაეუმჯობესებინა. ისეთი გაწმენდილია გერმანიაში სახნავი მიწები, როგორც სარკე; თქვენ იქ ვერ ნახავთ ქვებს, რომლებზედაც ჩვენს სამშობლო მხარეში ძრიელ ხშირად მიიფშვნიტებიან ხოლმე გუთნები, ცელები და ნამგლები, რომლებსაც ჩვენებური გუთნის-დედები ხშირათ ფეხს წამოსდებენ ხოლმე. უნდა ნახოთ, რა რიგათ და წესით იხვნებიან იქ მინდვრები, როგორ გადმოდის ბელტი-ბელტზე და როგორ ეწყობიან ერთმანეთზე!.. რომ ნახოთ ხნული, მიწები, გეგონებათ ქსელი და არა მინდვრები. ეს არაფერი, - ახლა თითონ მუშებს დავაკვირდეთ: ჩვენში თუ მათრახით იასაულებივით თავს არ ადგანან და თითო საათში თითო მაინც კარგი არ უსართეს ბეჭებში, ნუ გგონიათ, რომ გააკეთონ რამე; იქ (გერმანიაში) ეს არ არის: იქაური მუშები როგორც კარგი მოხელენი და მხატვრები თავჩაღუნულნი და მართლათ საქმეში ჩანთქულნი დაუბრკოლებლივ ნელ-ნელა, მაგრამ დიდის ხალისით, მუშაობენ. რომ წაუხდეთ რამე, ისინი ამ სამუშაოს პატრონზე უფრო ძრიელ დაღონდებიან. ესეთია გერმანიაში მუშა; ახლა მამულის პატრონებს მივაქციოთ ყურადღება: ისინი ყველაზე ადრე დგებიან, და ყველაზე გვიან წვებიან, მაგრამ ჯანით და სიმრთელით ყოველთვის სჯობიან ჩვენს ლუარსაბ თათქარიძეებს. იმათ წინათვე იციან სამუშაო იარაღის და ცხოვლების მდგომარეობა, იმათ მამულებში ერთი ბეწო ადგილსაც ვერ ნახავთ, რომლის თვისებაც იმათ შესწავლული არა ჰქონდეთ, ესე იგი, იმათ კარგათ და საფუძვლიანათ იციან, რომელ ადგილზე, როდის და რა იყო დათესილი, როგორი მოვლა მოუნდა და როგორ იყო დასაჩუქრებული იმ ადგილებიდგან. შენკი არ გეგონოს, მკითხველო, რომ თითოს მათგანს ორ სამი დღის მამულის მეტი არა ჰქონდეს, არა, თითოეული მათგანი ათასი დღიურის და კიდევ მეტის პატრონი არის.

***

„აბა ჩვენშიაც იყოს იმისთანა მუშა ხალხი, როგორიც გერმანიაში და ნახავთ თუ ჩვენში მინდვრები ნემცების მინდვრებს არ დავამჯობინოთ. - ჩვენ ცუღლუტ გლეხებთან რას გაარიგებ!“ ეს ძრიელ ხშირათ ისმის ჩვენებური დოინჯ შემოყრილი მამულის პატრონებისგან. „ინებეთ, ჩემო ბატონებო - მიუგებს მათ გამოცდილება“ - ინებეთ ნემეცური მუშები და ვნახოთ რასაიქთ და როგორ დაამტკიცებთ, მაგ-თავის გასამართლებლათ მოყვანილს საბუთს - „აბა - აქ კიდევ სხვასაც მოიმიზეზებენ რასმე და გვეტყვიან“ - აბა მოგვეცით ისეთი გუთნები და ცხენები, როგორიც იქ არიან, მოგვეცით იმტოლი ფულები, რომ კარგი საქონლით და შენობეებით მოვეწყოთ და - ერთის სიტყვით - ყველა ნაკლულევანება დავაკმაყოფილოდ და“. ...ვითომ ენაზე ჭავლი მოედოთ თუ? ვინ იცის რას არ მოგთხოვენ? იქაური ჰავის გადმოტანაც არ მოგვთხოვონ, თორემ სხვას ვინღა ჩივის. მაგრამ, გარწმუნებ, მკითხველო, ამ პირობების აღსრულება მართლაც რომ შევიძლოთ, მაინც კიდევ ქართველი თავის უზრუნველობით და მოუხაზირებლობით ვერას გააწყობს. შეიძლება დაიყოს ცოტა-ცოტათ ღოღიალება, მაგრამ რა გამოვიდა, თუ კი ბოლოს არ გაატანს? შეუძლებელია იმან ბოლო რასმე გაატანოს და თუ კიდევ მოუხდა და როგორმე შუაზე არ უშვა ხელიდგან საქმე, მაინც და მაინც ისე წაიყვანს, რომ ორი-სამი წლის შემდეგ სრულებით ვეღარა გაიგოსრა იმ საქმისა. ვინც რამდენათმე დაჰკვირებია ჩვენი ცხოვრების მსვლელობას, ის უეჭველია ბევრს მაგალითს ჰნახავდა ამის დასამტკიცებლათ და იმედი გვაქვს თანახმა იყოს ჩვენთან.

***

არა, სწორეთ, ტყუილი თავის მართლებაა ესა, ათი-ათასობით რო გადმოვრეკოთ ნემცები, მაინც ისინი ყველაფრის გაკეთებას ვერ შეგვეწევიან, ისინი მხოლოდ მუშები რომ გვაკლდეს, იმათ რიცხვს შეავსებენ და საქმეს სრულებით არ შეაჩერებენ, - სხვას ჩვენ ისინი ვერას გვიშველიან. ვითომც ჩვენი ხვნა-თესვა იმათ წინ წასწიონ? - ამაო ფიქრია? ჩვენი სხვნა-თესვის წარმარტება მაშინ, მხოლოდ მაშინ შეეძლებათ, როდესაც საფუძვლიანათ ჩვენი სამშობლოს თვისებეები და სხვა-და-სხვა მოვლინებეები ეცოდინებათ და განმგეობითი უფლება ექნებათ ხელში. უამისოთ იმათ არაფერი არ შეუძლიანთ და, მაშასადამე, ხვნა-თესვაშიაც ვერაფერს ცვლილებას ვერ მოახდენენ. უფრო უნდა გვეშინოდეს, იმათ ცოდვაში არ ჩავდგეთ და ისინიც აქ ჩვენსავით უზრუნველობას არ მიეცნენ და შრომაზე გული არ აიცრუონ. ესეთია ჩვენი ხვედრი, ჩემო საყვარელო მკითხველო!

***

ჯერ უნდა ადრე ადგომა და გვიან დაწოლა ვისწავლოთ, უნდა შევიყვაროთ ხვნა-თესვა ისე როგორც ნემცებს უყვართ, იმავე ნემცებისგან უნდა საფუძვლიანათ ვისწავლოთ მიწის მოვლა, ერთის სიტყვით ჯერ ისეთი შრომის მოყვარენი უნდა გავხდეთ, როგორებიც ნემცები არიან და მაშინ უეჭველია საქმესაც წინ წავწევთ და ფულებსაც ბევრს ვიშოვნით. ჭეშმარიტია ის აზრი, რომ ჩვენი მუშა ხალხი ისეთი საქმის ერთგულები არ არიან, როგორიც გერმანელები. ჩვენებურ მუშებს პატრონი თუ სულ თავს არ ადგას, უეჭველია იცუღლუტებს, ეს იქიდგან წარმოსგება, რომ შრომა სრულებით არ უყვართ.

***

ყველა მამულის მქონე კაცი უნდა იყოს მომთმენი, აუჩქარებელი და გაუტაცებელის ხასიათისა, - ეს ძრიელ საჭირო პირობებია. უეჭველია უნდა იცოდეს მკითხველმა გამოცდილებით, რომ საგნის ყოველ მხრივ გასარჯელათ საჭიროა სულის სიმშვიდე დროების განმავლობა და მოთმინება; ისიც იცის მკითხველმა, რომ სულის სიმშვიდე აუჩქარებლობისაგან და მოთმინებიდგან წარმოსდგება, მაშასადამე, ცხადია, რომ აუჩქარებლობა და მოთმინება ყოველ საქმეში უსაჭიროესი პირობები არიან. მეურნეობა, სადაც კაცს დიდი ბრძოლა უნდა ბუნებითი მოვლინებებთან და სხვა-და-სხვა შემთხვევებთან, დიდს მოფიქრებას და მოსაზრებას თხოულობს. ჩვენ ვიცით, რომ ერთბაშათ არაფერი არ კეთდება, ყველაფერს, ცოტა-თუ-ბევრი, დროება უნდება, მაგალ. მივხედოთ მინდვრებში მცენარეებს, რამდენი თვე გაივლის ხოლმე, მინამ ისინი გაიზრდებიან? ეგრეთვე პირუტყვების გაზდაში რამდენი წელიწადი გადის? თუ გინდ ტყე და ბაღეულობა ავიღოთ - მინამ ისინი გაშენდებიან, რამდენს ჩოხას გასცვეთ, ჩემო მკითხველო? აქედგან ცხადათ სჩანს, რომ მეურნეობის მიმყოლი პირებისგან თითონ საქმე ითხოვს მოთმინებას. ზევით ვსთქვით, რომ ნემცები ძრიელ მომთმენი ხალხია, ამაში ჩვენ არა ვცდებით; კიდეც ეს თვისება აყვავებს ისე გერმანიაში მეურნეობას. ნემეცი მუშაობის დროს თავის დღეში არ აჩქარდება და რომ წაუხდეს რამე ჩვენი ქართველივით კი არ გადირევა და სულის მყოფობას დაჰკარგავს! ის ამას სრულებითაც არაფრათ არ შეიმჩნევს და ყოველგვარს ღონის ძიებას იხმარებს, რომ ისევ გაასწოროს ის საქმე. რაც უნდა მძიმე საქმე იყოს ის იმას თავს არ დაანებებს ვიდრემდის არ შეასრულებს და თუ დარწმუნდა, რომ იმის გაკეთება შეუძლებელია, მაშინ კი რასაკვირველია ის ცუდ უბრალოთ ზედ არ შეაკვდება. გაოცდებით ნემცების ხვნას რომ უყუროთ! თითქო სიცოცხლე ეზარებაო, ნელ-ნელა მისდევს გუთანს, მაგრამ ძრიელ ბევრს და კარგათაც ხნავს; ეს იქიდგან წარმოსდგება, რომ ის სულ გაუწყვეტილ ხნავს, არც თითონ იღალება, არც პირუტყვებს ჰღლის, არც სახნავი იარაღები უფუჭდება და იმათ გასწორებაში დროება არ ეკარგება. თითონ იქაურ ნემცებს უთქვამთ ჩემთვის, რომ ჩვენში არავის შეუძლიან ან ძალიან ააჩქაროს მუშაობის დროს პირუტყვებიო და ან ხელი დააწოსო - ამაზე ჯარიმა არის დადებულიო. განმგეობით საქმეშიაც ესეთივე წყნარი და მოთმინების მქონე ხალხია ნემცები. იმათ ვაჭრობას რომ უყუროთ, გაშტერდებით! ვსთქვათ ახალი რამე ან რისამე იარაღები, ან მაშინა შეხვდა ნემეცს, ის ჯერ კარგათ გასჩხრეკს, მერე გამოჰკითხავს პატრონს სად და ვის აქვს ესეთი იარაღი, ამასაც რომ შეიტყობს, წავა იქ, საითაც გაასწავლიან და იქ დაწვრილებით გამოიკვლევს იმ მაშინის ვითარებას, ზოგი მუშასაც მიიყვანს, რომ შეიტყოს შეუძლიან იმას იმ იარაღის მოხმარება, თუ არა? მერე იყიდის და ვითომ თავის დღეშიღა ინანოს იმის ყიდვა თუ?

***

ქართველი ესეთი არ არის: ის ან სულ უზრუნველობაში ატარებს თავის სიცოცხლეს, ან, თუ მოუხდა როგორმე და მიაქცია რასმე ყურადღება, გატაცებული და მოუთმენელი ხდება. ჯერ არაფრის მოპოებას შეუდგება და თუკი როგორმე შეუდგა, ის ერთბაშად შეალევს თავის ძალას. მაგრამ რა გამოვიდა? თუ ცოტა რამ დამაბრკოლებელი ნახა, მაშინვე ხელს უშვებს. აი, რისგან წარმოსდგება, რომ ერთი ქარხანაც არ არის ქართველების ხელში, ან თუ არის სადმე, უეჭველია ისიც დაცარიელებული იქნება და თითონ პატრონიც ჯიბე ცარიელი დაედინება. ამას სულ მოუთმინობა და სულ წრაფობა გვიშვრება. რამტოლი მაგალითი ყოფილა, რომ ქართველს კაცს თავის მეზობლისთვის თვალი მიუგია, ისაც შესდგომია იმ ჯიშის პირუტყვების გაჩენას, რომლებიც მეზობელსკი ჰყოლია და იმასკი არა, კიდეც გაუჩენია, მაგრამ ან ჭირს ან სხვა რამე შემთხვევას თუ ერთი ბეწო ზიანი მიუცია, მაშინვე მოთმინებითგან გამოსულა და თავისა და ბედის წყევა დაუწყია რათ გავაჩინეო; არამც თუ თითონ აღარ ცდილა იმის ყოლას, სხვისთვისაც დაუშლია იმის გაჩენა. ეს ის მაგალითად მოვიყვანეთ, თორემ ქართველი კაცი ყოველგვარ საქმეში ესეთია. ზოგჯერ თუ წაუხდა რამე იმის მაგიერთად, რომ გაასწოროს წახდენილი, ჯავრობას და ლანძღვა-გინებას მოჰყვება.

სასოფლო გაზეთი. - ტფ. 1871. - N12. - გვ. 3-4.

4.20 რაზე უნდა მივბაძოთ გერმანელებს მეურნეობაში (გაგრძელება)

▲back to top


საზოგადოთ ნემცები და განსაკუთრებით ფერმების მქონენი გონივრული სიფრთხილით ეპყრობიან ყველაფერს. რომ საცდელათ დააკვირდეთ გინდ ღარიბის და გინდ მდიდრის ფერმებს, უხეიროთ ან უგულოთ შემუშავებულს ვერას შეხვდებით; იქ ყველაფერს კარგსაც და ავსაც, დიდსაც და მცირესაც თავის ფასი ადევს. მაგალითაებრ ბაღებში ნახავთ თქვენ მშვენივრათ შემკობილს თალარს (ბესედკას) და შიგ თალარში მშვენიერს საოჯახო სარდაფს, ნახავთ იქ გზებს, რომლებზედაც სეირობის გარდა ცხენებიც კი დაჰყავთ ან რისიმე შესატანათ ან გამოსატანათ, ნახავთ ფონტანებს, რომლებიც მარტო საცქერლათ კი არა ჰყრიან, - არამედ იქიდგან კვლები ძალიან ადვილათ ირწყვიან; იმას ხომ კითხვა აღარ უნდა რამტელ ნაირს ყვავილს, კიტრს, სალათას და სხვა მწვანილეულობას შეხვდებით! ერთის სიტყვით იქ ცუდ-უბრალოთ გაკეთებულს ვერას ჰნახავთ, ყველაფრიდგან სარგებლობა აქვს პატრონს, ამასთანავე ბევრი ბრძოლაც არა სჭირდება იმათ მოვლაზე. საოჯახო სახლებს ხომ ქება აღარ უნდა, როგორ გონივრულათ და დიდის მოსასზრებით არიან აშენებულები! ისინი მდიდრათ შემკულნი არიან, მაგრამ დიდი ეკონომიური მოსაზრება კი სჩანს იმ შენობებში, ვითომ ცეცხლი მოეკიდოს სადმე თუ? ისეთი სიფრთხილით არიან ისეთი აშენებულები, რომ იქ არც ცეცხლის არც სხვისი რისიმე შიშია, შესანიშნავი კიდევ ის არის, რომ ამ სახლების აშენებას ცოტა მუშები უნდება: ორი ან სამი კაცი დასდგამს ასეთს სახლს, რომლის დადგმასაც ჩვენში ათი კაცი ძლივს შეიძლებს. მაშინ როდესაც შესაძლებია იქ ჩალითაც დაიხუროს სახლები, თითქმის სულ ყველა სახლს კრამიტი ჰხურავს. არ გეგონოთ, რომ ისინი კრამიტს მარტო სიმაგრის და სიმშვენისთვის ხმარობდენ, არა, იქ იმასაც არ ივიწყებენ, რომ ცეცხლისგან დამცველს საზოგადოებას ცოტა ხარჯი მისცენ. რაღა ბევრი გავაგრძელოთ: იქ სულ ყველაფერს დიდსაც და მცირესაც, ცუდსაც და კარგსაც პატრონების განსაკუთრებითი ყურადღება აქვსთ მიქცეული და მრავალ გვარს სარგებლობითაც ჰსაჩუქრებენ თავიანთ პატრონებს. ყველაფერს ნივთს თავისი ადგილი აქვს: გუთნის იარაღი ცალკეა, ურმის ცალკე, სხვა და-სხვა ხელის იარაღი და შეშა ცალკე დაწყობილია. ნემცებს ყველაფერი თვალ წინა აქვს, რაც რამ არის იმის ხელთქვეით სულ ყველაფერი ფაქიზათ არის შენახული, ისე რომ არაფერს არც დაჰკარგავს და რომ მოუნდეს რამე არც ბევრს ძებნას მოუნდება და არც არაფერს წვიმა გაუფუჭებს, ამისათვის, რომ იმას ყველაფერი თავის ადგილზე და თვალ წინ აქვს; მაშასადამე მაშინვე შეემჩნევა, რო დაიკარგოს რამე, ან გაფუჭდეს რამე; თითქმის იმასაც კი შეიტყობს როდის ვისგან რა არის გაფუჭებული. მოშლილი სამუშაო იარაღის გასამართავათ თითქმის ყველა სახლობას აქვს სახელოსნო გამართული; ზოგს ადგილებში რამდენსამე სახლობას თავიანთ ხარჯზე მემაშინეც ჰყავთ დაჭერილი იმ პირობით, რომ იმან კვირაში ერთხელ მაინც უნდა დაათვალიეროს მაშინები, თუ ვინიცობაა წამხდარა რამე, უნდა გაასწოროს და ამასთანავე კიდეც უნდა ასწავლოს, სადაც საჭიროება მოითხოვს, რომელს მაშინას როგორ ვინ უნდა მოეპყრას. ვისაც კიდევ მემაშინის ყოლის შეძლება არა აქვს, ის ამისთანა სახელოსნოებში აძლევს თავის იარაღს გასამართავათ. ზოგჯერ აქ ახლებსაც მოიპოვებენ ხოლმე, ერთის სიტყვით ეს პატარა სახელოსნოები სამუშაო იარაღსაც უკეთებენ პატრონს, ფულებსაც აღებინებენ და მრთელ სოფლებსაც დიდს სიკეთეს უშვრებიან. ყველა ფერში ისეთი ანგარიშით მოქმედობენ ნემცები, რომ ზოგჯერ თითქმის სასაცილო ხდება იმათი მოქმედება, მაგრამ რა ქნან, იმათ კარგად იციან, რომ უთუოთ ასე უნდა იმოქმედონ იმისთანა ადგილს, სადაც ყველაფრის შოვნა დიდს შრომას და ცილობას თხოულობს. ნამდვილია, კაცი რასაცდიდს შრომას და ძალას ანდომებს იმისათვის ის ძვირფასია, ჩვენ ვიცით რომ ნემცებს უშრომელათ არა მოსდითრა, მაშასადამე ისინი როგორც უნდა მოიქცნენ ყველაფერი მიეტევებათ.

***

იქამდინ მოანგარიშე ხალხია ნემცები, რომ ძრიელ ხშირათ მოხდება ხოლმე, რომ ორი კარგი მდიდარი ფერმერი ერთს გუთანს იყიდიან საერთოთ და რიგრიგით ხან ერთი ხნავს იმითი, ხან მეორე; ის უფრო ხშირია გერმანიაში, რომ რამდენსამე ოჯახს საერთო სალეწი იარაღები აქვსთ, რომლებსაც ხან ერთი და ხან მეორე ხმარობს. მკას რომ მორჩებიან ნემცები, მინდვრებს ისე კი არ გაუშვებენ, შეაბმენ ერთს გძელს ხის ფოცხში ერთს ცხენს და მოფოცხავენ. ზამთარშიც არა რჩებიან ისინი უსაქმურათ, მაშინ მოამზადებენ ხოლმე ძნის შესაკრავ ულოებს. ჩალასა და თივას რომ მოსთიბვენ 10 ანუ 15 გირვანქობით ერთათ შეჰკრავენხოლმე და ისე აჭმევენ პირუტყვებს: ესეც ძრიელ გონივრულია ამისათვის, რომ ცუდ უბრალოთ არც წაღებაში ფუჭდება რამე და წაღებაც ძრიელ ადვილათ შეიძლება.

ზოგიერთს ეს სულ უბრალო საქმეთ ეჩვენება, მართლაც და უბრალოა, მაგრამ თუ კარგათ დააკვირდება კაცი, მაშინ უეჭველია შეიტყობს, ამ უბრალო საქმეს რა დიდი მნიშვნეულობა აქვს ცხოვრებაში. ეგრე რომ უყუროთ, ჩვენს სიცოცხლეში ყველაფერი უბრალოა, მაშ ავიღოთ ყველაფრიდგან ხელი და გულხელდაკრეფილებმა შევცქიროთ ერთმანეთს... მაგრამ ამას თავი დავანებოთ და ჩვენ ისევე ჩვენს საგანს მოუბრუნდეთ. სოფელში ისეთი კაცის სახლში რომ შეხვიდე, რომელსაც რვა ან ათს ტალერზე მეტი შემოსავალი არა აქვს, განცვიფრდებით: თქვენ ჰნახავთ იქ ისეთს ფაქიზობას, რომ გაგონდებათ ამათ ერთიათიოდე გოგო-ბიჭი უნდა ახლდეთო, მაგრამ იქ მხოლოდ ერთს გოგოს ნახავთ, სხვას არც ლაქიებს და არც შვეიცრებს თქვენ იქ არ შეხვდებით. სადილზე გამოვა მთელი სახლობა უბრალოთ, მაგრამ ძრიელ სუფთათ მორთული და რამდენიც უნდა იყვნენ იმ სახლობაში, მხოლოდ ერთი გოგო ადგათ თავს; სუფრასაც ის გაშლის, საჭმელებიც იმას შეაქვს და გააქვს, კიდეც ალაგებს - ერთის სიტყვით იქ ერთი გოგო აკეთებს იმ საქმეს, რასაც ჩვენებურ მდიდარ სახლობაში ოთხი მაინც მოუნდება. რასაკვირველია, რომ ამისთანა ცხოვრებით კაცი ბევრს ფულსშეიძინებს და აღარ იწუწუნებს ფულები არა მაქვსო.

გერმანიაში ხვნა-თესვის წარმარტებას, როგორც ზევით ვსთქვით, უფრო ის შველის, რომ დიდის სიყვარულით და თავაზით ეკიდებიან ნემცები ამ ხელობას; იმათი საზოგადო აზრით ეს ხელობა ყველა ხელობაზე თავს სდგას და ამისათვის სასწავლებლებში აუცილებლათ უნდა ასწავლონ ყმაწვილებს ეს ხელობა ისე, როგორც სხვა სამეცნიერო საგნებს ასწავლიან, დიდი და პატარა, მდიდარი და ღარიბი საზოგადოთ სულ იმ აზრისანი არიან, რომ ხალხის კეთილ-დღეობა ხვნა-თესვისაგან წარმოსდგება და ამისთვისაც იქ თითქმის ყველა კაცი ღებულობს მონაწილეობს ამ საქმეში. შეგირდები სწავლის შემდეგ უთუოდ უნდა ბაღებში მივიდნენ და იქ აკეთონ რამე. თვითეულ იმათგანს საკუთრივ აქვს დანიშნული რომელიმე ბაღის ნაწილი და იმას უვლის. აქ ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ, რომ ისინი იქ სათამაშოთ კი არ მიდიან, - კიდეც რო არ უნდოდეთ წასვლა, ისინი მოვალენი არიან, რო უთუოთ წავიდნენ, ამისთანა წესდებულებაა გერმანიაში. როგორია მკითხველთა აზრი, როგორი გავლენა უნდა ჰქონდეს ამ წესდებულებას ყმაწვილების ხასიათზე, იმათ ზნეობაზე და სიმართლეზე?.. ეს წესდებულება პატარა ქალებსაც კი ავალებს, რომ ისინი თავიანთ დედებს მოეხმარნენ შინაურ საქმეებში. ამასთანავე ნემცები ისეთი ხალხია, რომ ისინი სარგებლობისთვის არაფერს საქმეს არ ითაკილებენ; მაგალითებრ, ღმერთმა დაიფაროს, რომ ჩვენში ზოგიერთა გლეხებს გარდა, მინდვრებში სასუქის გატანა იკადროს ვინმე, ქალები ხომ თითქმის გლეხსაც არ მიეკარებიან გვერდით (სუნით დაიხრჩობიან) და, სხვებისა რაღა თქმა უნდა, რომ არ იკადრებენ. გერმანიაში ყველანი ამ საქმეში ისეთს მონაწილეობას ღებულობენ, როგორსაც სხვა საქმეებში და უნდა გითხრათ, რომ კარგათ ესმით, როგორი საჭიროა ხვნა-თესვისთვის სასუქის მიწებზე დაყრა. თვითეულმა სახლობის წევრმა პატარობიდგანვე იცის ყველა საოჯახო საქმე და ასე არიან მიჩვეულები, რომ იმათ არც განათლება, არც სიბერე და არც სხვა სამსახური არ დააბრკოლებს შინაური საქმის კეთებისგან; პირველი კმაყოფილებაა მოხუცებულებისთვის ბაღებში დანით ხეების ქერქვა, მორწყვა და თხოვნა ხომ ამათი განსაკუთრებითი ხელობაა!.. ნუ იფიქრებთ, რომ გერმანიაში, თუ ძრიელ დიდმა საჭიროებამ არმოითხოვა, ბაღებს და ბოსტნების მოსავლელათ მუშა დაიჭირონ! თითონ რომელი მუშები სჯობიან? მართალია ამათ მოსავლელათ კარგი მომართული იარაღები აქვთ და ამისგამო ეს საქმე ძრიელ ადვილი შესასრულებელია, მაგრამ მაინც კიდევ ეს ჩვეულება შესანიშნავი და მიბაძვის ღირსია; როდესაც შეიძლება, რომ კაცმა თავის საქმე თითონ გააკეთოს, სხვებს რათ უნდა მისცეს ფასი? ვგონებ ის უფრო უმჯობესი იყოს, რომ რასაც სამუშაოთ სხვას აძლევს, თავის საჭიროებაზე მოიხმაროს. ან არა და თავის საქმე რომ სხვას აკეთებინოს, თითონ რაღა უნდა აკეთოს თავის სიცოცხლეში? მარტო სხვა არა იყოსრა ბევრი ცუდაობით სიცოცხლე მოეწყინება! მუშაობაზე უდიდესი კმაყოფილება ფიქრათაც არ მოუვათ ნემცებს, ამისთვის ყველა თვითონ უვლის თავის ბაღებს და ბოსტნებს. რას არ ნახავთ იმათ ბაღებში! შიგ ბაღის შუა-გულში თქვენ შეხვდებით ფონტანს, რომლიდგანაც წყალს საითაც უნდათ იქით წაიყვანენ და ერთი ბეწო კუნჭულიც არ არის იქ, რომელიც იქიდგან არ ირწყვებოდეს; თუ კიდევ სადმე ვერ მისწვდება, მაშინ სხვა ტყავის ღარსაც მოუმატებენ და ისე მორწყვენ, მხოლოდ იმ ადგილებს, რომლებიც საჭიროებენ მორწყვაში; ვითომც გზები დაასველონ თუ? თავის დღეში ნუ იფიქრებთ, რომ მორწყვის დროს გზებს ერთი ნამი საითმე დაეცეს. სასარგებლო იქნებოდა ამ ღონისძიების მოპოება ჩვენებური ბაღები და ბოსტნებისთვის, რომლების მორწყვაც დიდს შრომას და ძალას თხოულობს და ზოგჯერ მოურწყველობისგან სულ გახმებიან ხოლმე. ჩვენებურს ერთს ვენახს რამდენიმე კაცი მოუნდება ხოლმე მოსარწყავათ მაშინ, როდესაც ამგვარი ფონტნით მორწყვას ერთი კაციც ეყოფა, ამასთანავე უნდა ვსთქვათ, რომ ეს ფონტანი ძვირათ არ ჯდება და ძრიელ დიდხანსაც სძლებს.

გერმანიაში კარგი მამულის მქონეებისთვისაც და საზოგადოთ გამგე პირებისთვისაც დიდი კმაყოფილებაა მუშებთან ყოფნა და მუშაობაში მონაწილეობის მიღება. თუმც ამათ მონაწილეობაც არ შეუძლიან მუშაობას მოუმატოს რამე, მაგრამ სხვების ხალისის გასაღვიძებლათ დიდი მნიშვნეულობა აქვს. ამისათვისაც ყოველთვის ნემეცი თვის საქმეს თავს ადგას: პირუტყვებს აჭმევენ, თუ ძროხებს სწველენ და მინდვრებზე სასუქი გააქვსთ, პატრონი ყოველთვის იქ არის, თუ ან ავათმყოფობამ ან სხვა რამე დიდმა მიზეზმა არ დააბრკოლა. ამგვარი ჩვეულება, ცხადია, ძრიელ კარგი და სასარგებლოა. ჩვენებური გლეხებიც რომ ესე ხედავდნენ მამულის პატრონებს ფრთებს შეისხავენ და უეჭველია კარგათ და მალეც შეასრულებენ თავის საქმეს. ნემეცს ის ხასიათი კი აქვს, რომ ზოგჯერ ცოტა რასმე დიდათ გახდის, მაგრამ ვინ არის უნაკლულევანო? ეს სისუსტე იმას მიეტევება, მით უფრო რომ პატივ-საცემი მიზეზისაგან წარმოსდგება, - ეს წარმოსდგება ცდილობისგან ყველაფერს ცოტა თუ ბევრი სარგებლობა მოატაინოს. უნდა ნახოთ რა აღტაცებით ილაპარაკებს ნემეცი თავის ძველ გუთანზე, რომელიც იმის პაპისაგან არის შეძინებული, ან კიდევ - რომელიმე ხეზე, რომელიცროდისმე ყოფილა ქარისგან გაფუჭებული, მერე გაუკეთებიათ და ეხლა ისევ ნაყოფიერებს! რადგან ნემცები ესე გულწრფელად ეკიდებიან საქმეს, ამისთვის თვით საქმეც უნაყოფოთ არ უშვებს მათ რაც უნდა უბრალო ნივთი რამ იყოს, ნემეცი მაინც კიდევ გამოიყენებს რაშიმე; ავიღოთ, მაგ. პატარა ქაღალდის ნაგლეჯი, ნემეცი ისეთი კაცია, რომ იქიდგანაცკი გააკეთებს რასმე, და მართლაც რათ რამ უნდა გაფუჭდეს სახლობაში, როდესაც ყველაფერის მოხმარება შეიძლება?

თვითეულმა ნემეცმა იცის გამოცდილებით, რომ მეურნეობა მხოლოდ მაშინ წავა წარმატებაში, როდესაც ყველა კაცი თავის საქმეს თითონ აკეთებს. ეს აზრი იმათ ვალდებულათ ხდის, რომ ისინი მშრომელნი იყვნენ და თავიანთ საქმეც კარგათ ესმოდეთ; ამის წინააღმდეგ შემთხვევაში მათ განმგეობაში პიროვანი მონაწილეობა არამც-თუ სარგებლობას არ მოიტანს, არამედ საქმეს უფრო წაახდენს.

მართლაც და რომ დააკვირდეთ იმ სამეურნეო საქმეებსაც, რომელნიც თითონ პატრონის და განმგებლების ზედა-მხედველობის ქვეშ არიან, უეჭველია დიდს განსხვავებას შენიშნავთ იმათში; შეუძლებელია არაფერი აკლდეს იმ მეურნეობას, რომლითაც დაჭერილნი პირნი განაგებენ, თითონ პატრონებს კი ისე მიჰყავთ ყველა სამეურნეო საქმე, რომ როგორც უნდა გასჩხრიკოთ, თქვენ არ შეგიძლიანთ მცირედი რამ ნაკლულევანება შენიშნოთ. ჩვენ ამითი სრულებითაც არ გვინდა იმის თქმა, რომ განმგე პირებთ შორის პატიოსანი კაცები არ მოიპოებოდეს, იმათში ბევრია კეთილ-სინიდისიანი კაცი - ამით მხოლოდ იმას ვამტკიცებთ, რომ მუშები კარგათ და ჩქარათაც აკეთებენ საქმეს უფრო თითონ პატრონების მხედველობის ქვეშ, ვიდრე მაშინ როდესაც განმგებლების ხელქვეითნი არიან და, მაშასადამე, პატრონები პირველ შემთხვევაში უფრო ბევრს სარგებლობას მიიღებენ, ვიდრე მეორეში. ამის დასამტკიცებლათ ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლებოდა, მაგრამ, რადგან ისინი ვინც გერმანიაში არ ყოფილან და არ დაჰკვირვებია, - მხოლოდ ამასკი ვიტყვით დაბეჯითებით, რომ დიდ-დიდი განსხვავებაა იმ მეურნეობის შუა, რომლითაც თითონ პატრონი გამგეობს და იმის შუა, რომლის ზედა მხედველათაც განმგებლები ჰყავსთ დაყენებულები.

არავის კი არ ეგონოს, რომ ჩვენ დაყენებულს გამგებლებს ვკიცხავდეთ, ღმერთმა დაგვიხსნას ამისგან; ამითი ის უნდა ვსთქვათ, რომ თუმც გამგებლებს ყველაფერი მინდობილი აქვთ პატრონებისგან და როგორც უნდა ისე აწარმოებენ საქმეს, მაგრამ მაინც კიდევ ისინი პატრონების ხელქვეითნი არიან და ამისათვის ხშირად მოხდება ხოლმე, რომ ისინი პატრონების ნების დაურთავათ ბევრს კარგს საქმეს ვერ შეუდგებიან ხოლმე, მინამ ისინი პატიოსნებისგან ნებას აიღებენ, საქმე სხვა ნაირ მიმართულებას მიიღებს ხოლმე და, რო დარწმუნდებიან, რომ იმას იმ სარგებლობის მოტანა აღარ შეუძლია, რასაც თავდაპირველში მოელოდნენ, მაშინ იძულებულ არიან ხოლმე თავი დაანებონ იმ საქმეს. აი საიდგანაც იციან ნემცებმა, რომ როდესაც თითონ პატრონი ღებულობს მონაწილეობას თავის საქმეში, მაშინ სარგებლობა გაცილებით ბევრია, ვიდრე მაშინ როდესაც იმათი საქმეები სხვებსა აქვსთ მინდობილი.

აქ კი ისიც უნდა ვსთქვათ, რომ ბევრს შემთხვევაში მამულის მოსავლელად სხვების დაჭერა აუცილებელია; მაგალითებრ, როდესაც მფლობელი სახელმწიფო სამსახურშია, ან კიდევ როდესაც მიწები შორი-შორს არიან დაფანტულები. ამ გვარ შემთხვევებისთვის ზოგი ერთა ადგილებში დაწესებულია ზედამხედველობა, (ინსპექცია). ეს საშუალება მამულების მოსავლელათ ძლიერ გონივრულია. ზედა მხედველების ვალი იმაში მდგომარეობს, რომ იარონ ერთი ადგილიდგან მეორე ადგილზე, შინჯონ მამულები და ერთი რომელიმე მეურნეობის ნაწილი აიღონ და განსაკუთრებით ის აკეთონ. რასაკვირველია მამულების დასაკვირებლათაც თავის დროზე, როგორც საჭიროება მოითხოვს უნდა იარონ. პირველ მისვლაზე ის მისცემს რიგს, როგორ და რა უნდა გააკეთონ, მეორე მისვლაზე გაშინჯავს იმ რიგზეა ყველაფერი გაკეთებული, თუ არა, ყველა იქ მომქმედ პირს მოსთხოვს ყველაფერს საქმეში ანგარიშს და, ყველაფერს რო დაწვრილებით გამოიკვლევს, მერე კიდევ სხვა საქმეებს შეუყენებს თავის ხელქვეით პირებს. სხვათა შორის ზედა-მხედველობაც არის მიზეზი გერმანიაში სასოფლო მეურნეობის ასეთი წარმატებისა, როგორშიაც ეხლაა. ეს წესდებულება მით უფრო სასიამოვნოა, რომ ზედამხედველების ყოლა ძვირათ არ ჯდება; ისინი ძრიელ მცირე შემოსავლის ნაწილსაც სჯერდებიან, შრომის ფასათ ფულათ კიდევ იმათ ჯამაგირი 50-100 ტალერზე მეტი არ აიწევს. სადაც თითონ პატრონები უვლიან თავიანთ მამულებს, ზედა-მხედველების მოვალეობა მხოლოდ ის არის, რომ უწინამძღვრონ მუშებს და ასწავლონ, რა როგორ გააკეთონ; იქ კი სადაც გამგე პირები უჭირავსთ, ზედა-მხედველები წინამძღვრობენ კიდეც და რევიზიასაც უშვრებიან საქმეებს. ეს არაფერი, ბევრს კიდევ სხვა სარგებლობასაც უშვებიან მამულის მქონეებს ზედამხედველები; მაგალ. ვსთქვათ ამ უკანასკნელებმა ფარეხში, თუ სადაც უნდა იყვეს შენიშნეს რამე ნაკლულევანება, ესენი მაშინვე პატრონს შეატყობინებენ და დარიგებას აძლევენ, რა ღონისძიებით შეიძლება იმ ნაკლულევნების მოსპობა. ამ წესდებულობის გამო განმგებლების საქმეთ ისღა რჩება რომ აასრულოს ზედამხედველების განკარგულებანი.

რაც სარგებლობანი ვსთქვით სულ არაფერია იმასთან, რა სარგებლობაც მოაქვს ზედა-მხედველობას ყმაწვილების აღზრდით. ზედა-მხედველებს ყმაწვილები ჰყავთ სასწავლებლათ აყვანილნი, რომლებიდგანაც, რასაკვირველია, ღირსეულს ფასს იღებენ. როდესაც რიგიანათ მოამზადებენ, მაშინ ამ ყმაწვილ კაცებს რომელსამე მამულში თავის მხედველობის ქვეშ დაარჩენენ და ვინიცობაა, განმგებელმა ზედა-მხედველის განკარგულება ვერ აღასრულოეს, მაშინ იმ ყმაწვილ კაცებს მიანდობენ იმის აღსრულებას, უფასოთ, მხოლოდ სახლიკი ან იმისი უნდა იყოს, ვის მამულშიაც დაყენებულები არიან, ან გამგებლისა, საჭმელი კი თავიანთი ნებაა - უნდა მისცემენ უნდა არა, რადგან საჭმლის ფასი ზედა-მხედველებისაგან ეძლევათ იმათ. აი რა სარგებლობა მოაქვსთ ზედა-მხედველებს ამ ყმაწვილების აღზრდით: ის ყმაწვილები გამოდიან მწყემსები, კარგი პრიკაზჩიკები, კარგი მებაღეები და სხვ. და ძრიელ იაფად დგებიან მოჯამაგირეებათ, ანუ სწორეთ ვსთქვათ, თითონ იმათივე სტატიები აყენებენ იმ პირობით, რომ ვთქვათ იმის დაყენებული არ გამოდგა, ამაზე პასუხი უნდა მისცეს დამჭერს. ეს კარგი იმითია, რომ დამჭერიც არხეინათ არის და თითონ დაჭერილიც ცდილობს როგორმე კეთილ-სინდისიერათ აღასრულოს თავისი საქმე, რომ დამყენებლის ყურადღება მიიქციოს და შემდეგში სხვაგანაც შეეძლოს ადგილის შოვნა; ის დარწმუნებულია, რომ რაკი ცუდი კაცობა შეემჩნევა სადმე აღარავინ არსად მიიღებს. მაშასადამე ყოველთვის ეცდება, რომ კარგის ქცევით და საქმეზე ერთგულებით ყველასი ყურადღება მიაქციოს.

სასოფლო გაზეთი. - ტფ. 1871. - N13. - გვ. 5-8.

4.21 ამბები (ამ უკანასკნელ ხანში...)

▲back to top


ამ უკანასკნელ ხანში ენკენისთვე-ღვინობისთვეში კახეთში ვაჩნაძიანთ ახლოს ვლადო ჯანდიერაშვილის ფრანციზული გუთანი უხმარია. მოხვნის დროს გლეხები დასწრებიან და ძალიან მოსწონებიათ, რადგანაც ღრმადაცა ხნავს, ყევარი საქონელი უნდება. ამ გუთანს გრინიონის გუთანს ეძახიან. რამდენიმე წელიწადია კისის-ხევის სახელმწიფო მამული ერთმა ფრანცუზმა აიღო, ოდან დეზირემ, რომელიც ამ გუთანსა ხმარობს. ჩვენი ხალხი ხშირად გაივლ-გამოივლის კისის-ხევისაკენ და არა ვის ყური არ უგდია; ფრანცუზიც უცხო კაცია და აბა რას გააგებინებდა. ისევ ჩვენებურ კაცს მიუტანია ვაჩნაძიანში ეს გუთანი და უჩვენებია. რამდენადაც შეგვიტყვია, ვლადო ჯანდიერაშვილს საფრანგეთში შეუსწავლია მამულის მოვლა და მოწადინებულია ამ საქმეს დაადგესო. ჩვენში ხშირად წადილი და სურვილი უნაყოფოთა რჩება. თუ ამ ახალი გუთნის ან ხვნა გუთნის შემოღება ხალხს მოეწონა და, როგორც შევიტყეთ, იმ გვარის გაკეთებას ანუ დაბარებას აპირობენ, ეს კარგი ნაყოფია. მაინც და მაინც ჯერ ბევრი და ბევრი შრომა მოუნდება სანამ ნამდვილათ საქმე გაიმართებოდეს. იმაზე ძნელი არა არის რა, როგორც ახალის რისამე ხალხში შეტანა, ხშირად ადამიანისმთელი სიცოცხლე უნდება შრომითა და დიდის მოთმინებით სავსე.

სასოფლო გაზეთი. - ტფ., 1875. - N13. - გვ. 1.

4.22 ამბები (კახეთისაკენ სოფელ ვაჩნაძიანში...)

▲back to top


კახეთისაკენ სოფელ ვაჩნაძიანში ხის ქალამნების კეთება შემოუღიათ, თითონ გლეხები აკეთებენო. პირველათ ეს ქალამნები უჩვენებია თავად ვლადო ჯანდიერიშვილს, რომელსაც საფრანგეთიდამ მოუტანია. ეს საფრანგეთის ქალამანი უფრო ყელმოჭრილ წაღასა ჰგავს, წუღასა; შიგნიდამ შეშა გამოთხრილია და გარედამ ძირს ლურსმები აკრავს, რომ მალე არ გაცვდეს და ქუსლიცა აქვს. გლეხებს მოსწონებიათ და ხმარობენო. ჩვენებური ქალამანი ათშაურათ-სამ აბაზათა ღირს და ეს ორ სამშაურათ არც კი ჯდება. ჩვენ გლეხებს კიდევ თავისებურათ გაუკეთებიათ, ზემოთა პირს უფრო ნაკლებს უშვრებიან მარტო ნაპირები აქვს ორი თითის სიმაღლეთ ამოსული და ზევიდან როგორც ქალამანს ტყავი აქვს შესაკველი, ისე ამასაც უკეთებენო. ამგვარათ ეს უფრო ადვილი ამოსაჭრელი იქნება და გაკეთება არ გაუჭირდებათ. იმისთანა ხის ქალამანი მეტადრე ტალახში კარგია და გლეხები ილოცებიან, რა კარგი რამ მოვიპოვეთო.

სასოფლო გაზეთი. - ტფ., 1975. - N14. - გვ. 1.

4.23 ამბები (კახეთში რამდენიმე გლეხი...)

▲back to top


კახეთში რამდენიმე გლეხი ვლადიმირ ჯანდიერიშვილის შემწეობით აპირობს ფრანციზულ გუთნის დაბარებასა, რადგანაც თვალით უნახავთ ამ გუთნის სიკეთე. წინათ მოვიხსენიეთ, რომ ამ გუთნით კარგა დიდი ადგილი მოუხნავს ვლადიმირ ჯანდიერიშვილს ვაჩნაძიანში, შიგ ორი უღელი ხარი ბმია. გლეხობა დიდის სიხარულით და გაკვირვებით უყურებდნენ რომ ორი უღელი შვიდ-რვა უღელ გუთნეულსავითა ხნავდა ისე ღრმათა, როგორც ქართული გუთანი ხნავს. მუშაობის შემდეგ ვისაც ხვნის დროს არ ენახა, ამ გუთნის სანახავათ მიდიოდნენო, აბრუნებდნენ, შინჯავდნენ და ჰკოცნიდნენ, შენი მადლის ჭირიმეო. ამის შემდეგ გლეხკაცებმა მოისურვეს ამგვარი (გრინიონის) გუთნის დაბარება. სიკეთეს კიდევ იმითაც ხედავენ, რომ ხვნის შემდეგ გუთნეულ საქონელიდამ ჯაფისაგან ორი სამი ხარი მაინც იხოცება. ახლა ამ გუთანში შებმული ხარი ერთიც არ მამკვდარა და კარგათ არიანო. აქ მეტი არ იქნება ვთქვათ, რომ პირველათ სანამ სხვა გლეხი ისწავლიდა ამ გუთნის ტარებას, თითონ ჯანდიერიშვილი დასდგომია გუთნის დედათა და პირველ დღეს დილიდამ მოყოლებული საღამომდინ როგორც კარგი გამოცდილი გუთნის-დედა უდგა გუთანსაო. ეს ჩვენში ვგონებ პირველი მაგალითია, რომ თავადიშვილი გუთნის-დედათ გამოსულიყოს კალოს გალეწვაზე თუ გენახებათ.

ამას წინათ ჩვენ მოვიხსენიეთ, რომ კახეთში სოფელ ვაჩნაძიანში ხის ქალამნები შემოუღიათ. ეს ქალამნები ფრანცუზული ქალამანია და იმათთვის უჩვენებია იმავე თავადიშვილს ვლადიმირ ჯანდიერაშვილსა. ეს ქალამნები ისე მოსწონებიათ გლეხებსა და ისე ხმარობენო, რომ ვაჩნაძიანში ორი მკეთებელი გამოჩნდაო. ახლა ამ სოფლის ახლო ორ სოფელში კალაურში და შაშიანშიაც ხმარება დაუწყიათ და აკეთებენო ამისთანა ქალამნებსაო. ამის გასაკეთებელი იარაღი უბრალო იარაღებია. ჯერ უბრალო დანით აკეთებან თურმე და ახლა ჯანდიერაშვილს იარაღებიც გაუკეთებინებია. ხე მუხისა კარგია მაგარია, ალვის ხისაც კარგია და მსუბუქი. სხვა ხესაცა ხმარობენ. ამ ქალამანს საფრანგეთში ფრანცუზები როცა სოფელში არიან, გლეხებიც იცმენ და დიდი კაცებიც. როგორც ეტყობა ჩვენში უეჭველათ სოფლებში მალე შემოვა ამ ქალამნის ხმარება, რადგანაც ეხლავე სამ სოფელში ორიოდ თვეში შემოუღიათ. რასაკვირველია მთა ადგილს ან ტყეში ძნელია ამისი ტარება, მაგრამ სოფელი თუ ვაკეზეა ეს ქალამანი ძალიან ივარგებს. ორი სიკეთე სჭირს, ერთი რომ იაფია და მეორეთ წვიმა ავდარში და ტალახში კაცს ფეხი მშრალად ექნება. ტყეში და მთაზე როცა ასვლა დასჭირდა კაცს, ჩვენებური ქალამანიც შეუძლია იქონიოს და ვაკე სოფელში ყოფნის დროს ხის ქალამანი ეცვას. ჩვენ რამდენმამე ქართლელმა გვთხოვა ეს ხის ქალამანი გვეჩვენებინა; ამ ახლო ხანებში დაგვპირდნენ კახეთითამ გამოგზავნასა და იმედი გვაქვს თხოვნა დავაკმაყოფილოთ.

სასოფლო გაზეთი. - ტფ., 1976. - N2. - გვ. 2-3.

4.24 ვლად. ჯანდიერი - წერილი რედაქტორთან

▲back to top


ყოველი გაუნათლებელი ხალხი საზოგადოთ და მეტადრე ქართველი ყველა ძველებურს მაგრა ეჭიდება. ძველებურს, მამა-პაპეულს, ყოველისფერს თაყვანსა სცემს ისე, როგორც კერპს. მამა-პაპეული საზოგადო წესი, რიგი, ჩვეულება, იარაღები, როგორც სამეურნეო, ისე ყოველი საოჯახო და სახელოსნო იმას მიაჩნია ისეთ განძათ-ქონებათ, რომლის უკეთესი სხვას არავის აქვს და მაშასადამე ყოველი ცვლილება-გაუკეთესება მათი სრულიად ამაო იმათის აზრით.

მოდი დააჯერე ქართველი, რომ იმის გაუთლელი ურემი არ ვარგა, უნდება „ორ უღელა ხარი“ ცარიელს და საპალნიანს სამი-ოთხი უღელა მაშინ, როდესაც იმის მეზობელ ხალხს, ყაზახის თათრებს შემოუღიათ გასუფთავებული ურმები; იგივე საპანეს ისინი ატარებენ უფრო მსუბუქათ უღელი კამბეჩით. ან ფურგონი, რომელსაც ათასობით ხმარობენ განჯის თათრები და ორჯელ მეტს საპალნეს ზიდვენ ოთხი ცხენით.

უთხარით იმას: რადგანაც კალოში ხშირად უნიავობისა გამო მთელი გორები შიგვე რჩება გაუნიავებელი ბევრჯელ ორი-სამი დღის ნალეწი და ავდარი ხშირად აჯეჯილებს ხოლმე, მოდი და შეიძინე იმისთანა სანიავებელი, რომელიც თვით გაანიავებსთქო. ან შეიძინე ჰოვარდის გუთანითქო ნაცვლად იმ გუთნისა, რომელიც იმას, ქრისტეს წინათვე, ღვთის განგებით, თუ რა მოვლენით, ღმერთმა უწყის, მოუგონია ის გუთანი, რომელსაც დღეს იგი ხმარობს და სასოება აქვს მასზედ დადებული.

დღევანდლამდის არავითარი ნაკლულევანება ანუ რაიმე ზარალი იმას ვერა შეუმცნევია-რა იმ გუთნისა. არც იმ ნიშნებს ვხედავთ, რომ ქართველი მეცადინეობდეს მაინც მისს გაუკეთესებას ე.ი. ხვნაში გამსუბუქებას, ხარჯის შემცირებას და სხ. ის იგივე ერთს უძრავ წერტილზე დგას გონება დახშული და თვით კმაყოფილი მამა-პაპეულის ნაშთით. ყოველს ახალს-გაუკეთესებულს სხვისგან, იარაღზედ იმას ყოველთვის ერთი და იგივე პასუხი აქვს დამზადებული: „შე დალოცვილო, ფურგონი, სუფთა ურემი რომ გამიტყდეს, ვის გავაკეთებინო.

გუთანი რომ გამიფუჭდეს ვის მივმართო, ვის შევაკეთებინო“ და სხვ. ეს არის იმათი ერთად-ერთი საბუთი და ამ საბუთის ძალით ისინი მაშინვე იტყვიან: „არა, ბატონო, ესეები ჩვენში არ გამოდგება, ისევ დალოცოს ჩვენი წესი, ადათი, როგორც გვიცხოვრია, ისე უნდა ვიცხოვროთ“. ნეტავი ვიცოდე, განჯის თათრები და სხვ. რომ ფურგონებს და სუფთა-მაგარ ურმებსა ხმარობენ ფულს იგებენ, როცა უტყდებათ, ვის აკეთებინებენ? კახეთში კისის-ხევის ფერმაში ფრანცუზი „დომბალის“ გუთანსა ხმარობს. აგერ ათი წელიწადია, ხელში უჭირავს და ჯერაც არა გასტეხია-რა იმ გუთანს, თითქმის მაგდენიც არა გასცვეთია-რა, თუმცა ძალიანა ხმარობს. რაც ამ ხანში იმ გუთანმა ხარჯი შეუმცირა, მაშასადამე შეჰმატა, ამ შემატებულის ფასით თუნდა ექვს ამისთანა გუთანს კიდევ სხვას იყიდდა იმის პატრონი. ევროპიელი ხელოსანი ისე განვითარდა, რომ იმისაგან გაკეთებული იარაღი, მაგ. გუთნის საკვეთი, ბარი (სახნისი), ფრთე და სხვა ნაწილები ისე მკვიდრათ არიან ნაკეთებნი, რომ რამდენსამე წელიწადს ძალზე მუშაობენ და შეკეთება კი არა სჭირდებათ ძალიან დიდ ხნობამდის. მაშინ როდესაც ქართული გუთნის რკინები ისე რბილია და უნდილათ ნაკეთები, რომ კვირაში ერთხელ თუ არ დააფოლადებინეს, არ დააწკეპინეს, სრულიად ჩლუნგდება და საქონელს სტანჯავს. ხის ნაწილები ხომ დღეში ცხრაჯერ

მოიშლება და ამას, მართალი მოგახსენოთ, ოსტატი გუთნის-დედა „შიგ ნახნახშივე გააკეთებს“, თუმცა ხან-და-ხან მთელი დღეც მოუცდება ხოლმე. ევროპიული გუთნის დედა, წინადვე შინჯავს თავის გუთანს და თუ შეამცნივა რამე დიაღ თითონ კი ვერ შეაკეთებს - ამაში სჯობიან „ქართველი გუთნის დედები“, არამედ წაუღებს ხელოსანს და შიგ ქარხანაში - სამჭედურში ისე მკვიდრათ შეაკეთებინებს, რომ ნახნავში თავის დღეში იმას გუთანი არ მოეშლება, არ გაუტყდება.

ენკენისთვეში უნდა შეჰპირდენ ერთმანერთს ხუთნი: ერთი გუთნის-დედა და ოთხი მეხრე, დაუგრძელონ საყევრები, შეასხდნენ უღლებზე, დასძახონ ოროველა, ხნან ზამთრის პირამდის და ბოლოს იანგარიშონ ალოები (დღიური ნახნავი). ერთს მეხრეს რომელსაც ვთქვათ „ყევარი უბია“ ამ გუთნეულში, ერგება ამ რამდენიმე თვის ხვნაში: თითო ხარსა აქვს 1 დღის ალო, ყევარ ხარს ერგება მაშ - 4 დღის ალო, ერთ მეხრეს, თუ ღამისა (ღამე აძოვებს საქონელს) 4 დღის ალო აქვს და თუ დღის მეხრეა - 3 დღის ალო ერგება. სულ შეადგენს შვიდი დღის ან რვა დღის ნახნავს. მთელი შემოდგომა ერთი კაცი თავის ყევარი (4) ხარით ხნამდა და ერგო რვა დღის ალო. ეს კაცი ამ ხარებით, მანამ გუთანს გამოუშვებენ, ვერც შეშა-ფიჩხს მოუტანს ოჯახს, ვერც ქირაზე წავა და ასე რვა დღის ნახნავის გულისათვის ის მომცდარია სრული ორმოც-დაათი ან სამოცი დღე. და ბოლოს ანგარიშით ნახევარი წლის მოსავალიც არ მოსდის და გაზაფხულზე იმის ცოლ-შვილი რჩება მხლისა და ჭინჭრის სინაბარა. ბევრჯელ ავდრებისაგან დაზვეპილი მიწა ისე ამძიმებს გუთანს (უიმისიდაც ისე მძიმეს) ისე სწყვეტამს მუხლში საქონელს, რომ ფეხის გადადგმის ილაჯი აღარ აქვსთ. ამას დავსძინოთ მეხრეების წირვებში და ქორწილებში ტანტალი და ამის გამო მთელი კვირაობით გუთანი გამოშვებულია ხოლმე. პატარა ბიჭ-ბუჭებს სინაბარას ჰყრია საქონელი და ბოლოს ისიც მოხდება ხოლმე, რომ თოვლს წამააყრის და გუთანს გამალებული შინათკენ გაარბევინებენ. ალოს ვეღარ გამაიყვანენ ხოლმე ესე იგი - ვისაც რამდენი დღიური უნდა ეხნა, მოხნავს და მაშინ იტყვიან ხოლმე „ავჭალელებმა იანგარიშესო და ალოები კი შიგ დარჩათო“.

თუმცა „მეცნიერება კაცს ზნეობით ამაღლებს, ამშვიდებს, დაამშვენებსო“ ამბობს ლათინთ ანდაზა, მაგრამ ჩვენ ქართველები მაინც დიდის კმაყოფილებით ვიძახით ამ სიტყვებს: „მათ გვერდით დინჯათ დადიოდა მამა-პაპური გუთანი განუშორებელ ოროველათი“ და სხვ. ამით თითქოს გვწადიან ვსთქვათ, რომ ჩვენ ისეთი დაწინაურებული ხალხი ვართ, რომ ევროპიელები უკან მოგვჩხავიან და ლამის კიდევ ვერ მოგვეწივნენ. მაგალითი თვალ-წინ გვიდევს, რვა მაისს რომ გუთნების გასინჯვა (ცილობა) - კონკურსი იყო კასპში; იქ ქართულ გუთანთან ყველა ევროპიული გუთნები სტყუოდენ. ქართული გუთანი განიერს ბელტს სჭრიდა და რიგზე კარგათ აწყობდა, არც მიწას ჰყრიდა ნაღარში და ერთი სიტყვით ამ გუთანს ვერა ევროპიული გუთანი ვერ გაუწევს ცილობას გარდა ფრანცუზულის დომბალის გრინიონისაგან გაუკეთესებულ გუთანისა, მაგრამ ესეც კი საეჭვოა. ხუმრობა იქით იყოს და იმ საწყალ მეხრეს რომ ერთი დომბალის ან ჰოვარდის გუთანი ჰქონდეს, რომელშიაც თავის ორ უღელ ხარს შეაბამდა და ისე მსუბუქათ ატარებდა, რომ იმის ხარი ვერც კი გაიგებდა ტვირთს. რვა საეჭვო დღიურის მაგიერათ ის თხუთმეტ-ოცს ან რაოდენსაც ისურვებდა, ხნამდა და ხნამდა საკუთრათ. თავისუფალი დროც ბევრი გადაურჩებოდა - ოჯახსაც ბევრს შეჰმატებდა მგონია, ეს ურიგო არ იქნებოდა; თუმცა ზოგიერთი გლეხნი და უფრო თავადობა, რომელნიც არცა ხნამენ და არცა სთესენ, და სარჩოს ზეცით პოულობენ იმასაც ამბობდნენ ხოლმე: მაგ გუთნით ნახნავის პური ბეღელში ვერ შევაო, როდესაც მე ორ უღლით კახეთში ვხნამდი იმითი და მოულოდნელათ პური კი ჭარბათ მომდიოდა.

რომ ახალს კარგს იარაღს კარგი ხმარება უნდა და ეს მოითხოვს ცოდნას, რომელიც ჩვენ ტეტიას არა აქვს და რომელიც მან უნდა შეისწავლოს თვითვეული ნასწავლ-გამოცდილ მეზობლისაგან ან უკეთ ვსთქვათ: ეს სწავლა უნდა გავრცელდეს სამეურნეო სასწავლებლით, რომელიც დღევნდელამდის ჩვენში არ არსებობს და სასურველი-კია, მალე დაარსონ არა ერთი, არამედ რამდენიმე, ამისი კი მეც თანახმა ვარ.

დროება. - 1883. - 18 მაისი. - N91. - გვ. 2-3.

4.25 ხარკოვის სამეურნეო გამოფენის გამო

▲back to top


ნაწყვეტი სტატიიდან

...ჩვენებური ყველი მანამ ახალია, ახალად დამარილებული - ძალიან კარგია, ნაზი და სუნნელოვანი - შეუძლიან დააკმაყოფილოს ძალიან მოთხოვნილებიანი გემოვნება, მაგრამ თან იმ წესების გამო, რომელსაც ჩვენში ყველის დამარილებისათვის ხმარობენ, ყველი მეტის-მეტად მაგრდება, ძალიან მლაშდება და ჰკარგავს გემოს, სინაზეს და სუნნელოვნებას, - სწორედ იმ ზნე-თვისებას, რომლითაც ევროპის ყველია მდიდარი და ჩვენი ყველისაგან განსხვავებული ამის მიზეზი, რასაკვირველია, ის არ არის, რომ ჩვენი ბუნება, ან ჩვენი საქონელი არ ვარგოდეს, არა, ჩვენში საკმაოდ კარგა ინახავენ საქონელს და ბუნებაც ხელს უწყობს საქონლის მომშენებელს და ყველის მკეთებელს; ჩვენი ყველის ნაკლულევანების მიზეზი მხოლოდ ჩვენს უცოდინარობაში მდგომარეობს, იმაში, რომ იმ წესებს, რომელნიც აძლევენ ყველს გემოს და სინაზეს ჩვენში არა ხმარობენ. გარდა ამისა ჩვენებური ყველი კარგია აქვე, ადგილობრივ, და ძალიან ფუჭდება, თუ სადმე შორს გაიგზავნა. ყველის კეთებამ რომ ჩვენს ქვეყანას მეტი სარგებლობა მოუტანოს, საჭიროა: ყველი მომეტებულად კეთდებოდეს და მეტიც იყიდებოდეს; ამისათვის, რადგანაც ჩვენს ქვეყანას უფრო მეტი ყველის გაკეთება შეუძლიან ვიდრე ადგილობრივ შეიჭმევა, საჭიროა ეს ყველი გასასყიდად სხვა ქვეყნებშიაც გაიგზავნოს.

სამწუხაროდ, როგორც ზევითაცა ვსთქვი, აქაური ყველა ვერ იტანს მოგზაურობას, მალე ხმება და ფუჭდება. ხოლო ესევე ყველი სხვა, უფრო გაუმჯობესებულის წესებით დამარილებული და გამოსული, რაც უნდა დიდი მანძილი გაიაროს, არ დაჰკარგავს თავის ღირსებასა და ფასს.

მთელს ევროპაში განთქმულია ერთ გვარი ყველი, სახელად როკფორი, რომელიც, სხვათა შორის, რუსეთშიაც ძალიან ბევრი ისყიდება და ფუთი 5-6 თუმნად ფასობს. ჩვენში შეიძლება ამ გვარი ყველის კეთება და როგორც ბ. ვერეშჩაგინი ამტკიცებს, ზოგიერთი ჩვენებური ცხვრის ყველი, ადგილობრივისავე წესით მომზადებული, ერთგვარი შენახვისა და გამოყვანის შემდეგ ისეთი ყველი დგება, რომ როკფორსაც არ დაუვარდება.

ასე, პატარა მეცადინეობისა და შრომის შემწეობით, გაუმჯობესებული, წესების დახმარებით შეგვეძლება უფრო მეტი და უკეთესი ყველი ვაკეთოთ, უკეთეს ფასად ვყიდოთ და ამ გვარად ჩვენმა ქვეყანამ ნახოს ის სარგებლობა, რომელიც აქამდის ევროპიელს ქვეყნებსა ჰქონდათ.

მეურნე. - 1888. - N1. - გვ. 2-4. - გაგრძ.: N15. - გვ. 2-4

4.26 ნ. წერეთელი - როგორ უნდა გავრცელდეს ჩვენში წესიერი მეფუტკრეობა

▲back to top


ამას წინად ჩვენი წერილი (N37) ამ კითხვით დავაბოლოვეთ, თუ როგორ უნდა მოვახერხოთ რომ ევროპიელებს მეფუტკრეობის გავრცელებაში მაინც დავემსგავსოთ.

თუმცა ძლიერ სასურველია, რომ მართლა ვგვანდეთ ევროპიელებს არა მარტო მეფუტკრეობით, არამედ ყოველ-გვარი საზოგადო და კერძო საქმეების გაძღოლა-გავრცელებაში, მაგრამ ხომ მოგეხსენებათ ნათქვამი: „თავს ზევით ძალა არ არის“, - რაც არა ვართ, იმად ერთბაშად ქცევა შეუძლებელია, კიდეც რომ გულითა გვსურდეს. განა არა, ჩვენც ადამიანები ვართ, ჭკუა-გონება და ბუნებითი ნიჭი ღმერთს ჩვენთვისაც არა ნაკლები მოუცია ვიდრე ევროპიელებისთვის, განათლებით კი მათ ვერ მივწვდებით, მაგრამ სოფლის მუშა ხალხი, საზოგადოდ რომა ვსთქვათ, იქაც ამ მხრით გვარიანად ჩამოქვეითებულია... თავი და თავი მათნი უპირატესობა ჩვენზედ მდგომარეობს იმაში, რომ ისინი დიდით პატარამდის, ნასწავლთან უსწავლნიც, ასე ვთქვათ, გაწვრთნილ-გაწაფულნი არიან საზოგადოებრივ ცხოვრება-მოღვაწეობაში. ეს უპირატესობა მათთვის მათს პოლიტიკურს ცხოვრებას, მათს ისტორიას უანდერძებია. ერთხელვე თავისი თავის გაძღოლას მიჩვეული ევროპიელი თვითონვე იღწვის თავის ყოფა-ცხოვრების და მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, და ჩვენსავით არ შეჰყურებს სხვას: აცა რას მიწყალობებს და საით გამიძღვებაო.

ჩვენებურ საზოგადო საქმეში ჩვენი იმედი და ნუგეში ჩვენი მეთაურ-წინამძღოლია, ჩვენ თვითონ მასზედ ვართ დამოკიდებული; იქკი საზოგადო საქმეს თითონ საზოგადოება ჰმართავს და მეთაურიც მისგან აღრჩეულს გზას ადგია...

ავიღოთ მაგალითად ჩვენებური კერძო „საზოგადოებანი“, „ამხანაგობანი“. აღირჩევენ თუ არა მათნი წევრნი გამგეობა-მმართველობას, თითონ განზედ გადგებიან და, თითქოს სეირს უყურებენო, შეაცქერდებიან აღრჩეულებს, აბა რა სასწაულთ-მოქმედებას მოახდენენო; თითონ-კი თითსაც აღარ სძრავენ „საზოგადოების“ სასარგებლოდ. წლიურ კრებასაც-კი არ ესწრებიან!.. ასეთს გულ-გრილობას იჩენენ გაუნათლებლებზედ არა-ნაკლებ, თუ არ მეტადაც, თითონ ნასწავლ-განთლებულებიცა.*

ამას შემდეგ როგორღა უნდა იხეირონ ჩვენში სხვა-და-სხვა „ამხანაგობათა“? კერძოდ მეფუტკრეობაზედ რომ ვსთქვათ, როგორ უნდა შევადგინოთ „ამხანაგობა“ მეფუტკრეთა? ან ვინ არიან ჩვენებური მეფუტკრეები, რომ მათ მივმართოთ და ერთმა მეორეს მხარი მივსცეთ?

ჯერ-ჯერობით ჩვენებური მეფუტკრეები არიან უსწავლელი სოფლის გლეხები, რომელთაც ევროპიულ ამხანაგობისა, საზოგადოდ მეურნეობაში და კერძოდ მეფუტკრეობაში, არა გაეგებათ-რა. მეფუტკრეობაში ნამეტნავად ყოველი ხერხი და ცოდნა ფუტკრის მოვლისა ხალხს რაღაც საიდუმლოებად მიაჩნია; იმასაც კი საიდუმლოდ ინახავს, რომ მას ფუტკარი ჰყავს, რომ ის ხეირობს და მას სარგებლობას აძლევს. ეშინიან სინამდვილის გაცხადებისა, რომ ხარბმა თვალმა და არამმა გულმა მოშურნე მეზობლისამ არ „გაუთვალოს“ და არ „გაუღალოს“ მისი საყვარელი ფუტკარი.

აი სწორედ აქ არის საჭირო „ამხანაგობა“ ნასწავლ მეფუტკრეთა, რომ უსწავლელთა თვალ-წინ გაიმართოს სამაგალითო საფუტკრეები, რომ მათ თვალ-და-თვალ დაინახონ, როგორ უნდა ფუტკარს მოვლა-მოშენება, რა-და-რა იარაღები არსებობს მეტისა და უმჯობესი თაფლის მისაღებად. რა გვარი სკა უფრო გამოსადეგია ფუტკრისთვისაც და მისი მომვლელისთვისაც და სხვა-და-სხვა. ვინ და რა ღონისძიებანი უნდა ვიხმაროთ ასეთ საფუტკრეთა დასაარსებლად? ამ კითხვის პასუხად გვახსენდება რუსულ გაზეთებში ამ ერთის თვის წინად მოყვანილი ამბავი, რომ ვარშავაში ათასს კაცს ხუთ-ხუთი თუმანი, სულ ორმოცდა-ათი ათასი (50,000) მანათი გამოუღია იმ მიზნით, რომ ეს ფული დაატრიალონ მეფუტკრეობაში, რომ თითონაც თავის ფულის სარგებელი იღონ და გონივრული მეფუტკრეობაც გაავრცელონ.

ღმერთმა ჩვენც მოგვასწროს ჩვენს ქვეყანაში ისეთს ღონიერს „ამხანაგობას“, რომელსაც დაეარსებინოს ჩვენი ქვეყნის სხვა-და-სხვა კუთხეში წერა-კითხვის შკოლები და მათთან სამაგალითო საფუტკრეები, რომელთაც (საფუტკრეებს) შესძლებოდეს ყოველწლიურ შემოსავლით თითონ შკოლების ხარჯის გაძღოლაცა. ეს მეტისმეტი ნატვრა, შესაძლებელია, ამ ცოტას ხანში რამოდენადმე მაინც შეგვისრულდეს, თუ-კი მანამდის ცოტას მაინც გავირჯებით მეფუტკრეობისათვის. აქ ისევ უნდა ვიკითხოთ; ვინ და როგორ უნდა გაისარჯოს ამ საქმისათვის?..

მართალია, სოფლის მასწავლებელს უიმისოდაც ბევრი საქმე და დავიდარაბა აწევს კისერზედ მაგრამ არა მგონია, რომ სოფლის მასწავლებელს გამოუჩნდეს სხვა „გარეშე“ საქმე ამაზედ უფრო საჭირო ხალხისთვის, სასარგებლო თვითონ მასწავლებლისთვის და შესაფერი მოსწავლეთათვის. პირველი ის, რომ სკოლის საფუტკრის დაარსებას და საზოგადოდ ფუტკრის მოშენებას თავ-და-პირველად დიდი თანხა არ ეჭირვება, - საკმარისია სასწავლო მთავრობამ სკოლას ოცი-ოც-და-ათი მანეთი შესწიროს, რომ ოთხი-ხუთი წლის შემდეგ შკოლას ოცი-ოც-დაათი ძირი სკა ჰყვანდეს; მეორეც, თუ კი მასწავლებელი ფუტკრის მოშენებას ხალისიანად მოჰკიდებს ხელს, მისს თხელ ქისას ცოტაოდენი შემოსავლის წყარო გაუჩნდება ამით; მესამეც, უკანასკნელი მიმართულება სასოფლო სკოლების ბედ-იღბლის გასაუმჯობესებლად პირდაპირ ხელს უწყობს ამ მოსაზრებას, რადგან ახალის მიმართულებით სოფლის სკოლას უფრო პრაქტიკული მიმართულება უნდა მიეცეს, და მეფუტკრეობა ხომ ერთი არა უკანასკნელი წყაროთაგანია, ხალხის ნივთიერად გამაღონიერებელი.

სასურველია მხოლოდ, რომ სოფლის მასწავლებელმა იცოდეს ფუტკრის მოვლა-მოშენება. ამისთვის ურიგო არ იქნება, რომ საოლქო მზრუნველობამ ყურადღება მიაქციოს ამ გარემოებას და მომავალ სოფლის მასწავლებელს, თვით სემინარიებში, შეისწავლონ ეს სასარგებლო ნაწილი მეურნეობისა... მანამდის-კი, დღევანდელს სოფლის მასწავლებლებს, არ გვარგია, რომ ჩვენდამი რწმუნებულ სკოლებს არ მივსცეთ ცოტაოდნად მაინც პრაქტიკული ხასიათი. მოვკიდოთ ხელი მეფუტკრეობას, შევისწავლოთ წიგნებიდან და თითონ ფუტკრის ცხოვრების დაკვირვებით ეს მეტისმეტად გამრთობი და სასარგებლო საქმე. როგორ მოვკიდოთ ხელი? ან გამოიღებს, თუ არა ნაყოფს ჩვენი ცდა? ამაებს პასუხს შემდეგს წერილში ვაცნობებ მკითხველებს, - როდესაც ჩემი ფუტკრის მოკლე „ისტორიას“ მოვახსენებთ.

______________

* სასოფლო ბანკებს „განათლებულ“ მეთაურთა გულგრილობამ მოუღო ბოლო ჩვენში. სადაც-კი ამათ არ უღალატნიათ მუშა ხალხისათვის, იქ საქმე სამაგალითოდ მიდის. (ავტ.)

მეურნე. - 1888. - N44. - გვ. 3-4

4.27 თბილისი, 9 გიორგობისთვე

▲back to top


ქართული გუთნების სიმძიმე და უსწორმასწორო ხვნა, ამ დროში მაინც, დიდ ვარამად ითვლება ჩვენი მიწად-მოქმედებისათვის, და ამიტომ, როდესაც-კი გაუმჯობესებული გუთნების გამოცდა ყოფილა სადმე ჩვენში, ყველა გაგებიან მეურნეს დიდი ყურადღებით უდევნებია თვალ-ყური მათი მუშაობისათვის. ამისთანა გამოცდა ჩვენში ამ რამდენიმე წლის წინ ორჯერ თუ სამჯერ მოხდა: თბილისში, კასპში და ვგონებთ კიდევ განჯისკენაც. ამ გამოცდამ გენეს გუთანს გაუკეთა ბაზირი, რადგან, მართალი უნდა სთქვას კაცმა, ეს გუთანი ყველაზედ უკეთესად შეეფარდა ჩვენს მიწას და ჩვენს ჯიბესაც; გამოცდაში რაკი გაიცნეს, ბევრგან დაიწყეს მუშაობა და ზოგ სოფელში ამ ორიოდე წლის წინ ათამდის გუთანს ჰნახავდით გენესას, მაგრამ რაკი უფუჭდებოდათ იგი სიძველით, ანუ რაიმე ნაწილის წახდენით - სტოვებდნენ სამუდამოდ, და ხელმეორედ მისი შეძენა თითქმის აღარავის უფიქრია. ამ გვარად, მომეტებულთათვის პირველმა გატაცებამ გაიარა და ისევ ჩვენს მამა-პაპის გუთანს მიჰმართეს. მიზეზი ამისი ის იყო, რომ ამ დროის მიწად-მოქმედთათვის უკეთესობით დიდ განსხვავებას არ შეადგენდა გენეს გუთნის მუშაობა ქართული გუთნის მუშაობასთან, და უარესობით-კი ბევრი რამ სჭირდა ისეთი, რომელიც ქართულ გუთანში უფრო საშეღავათოა ჩვენებური მხვნელ-მთესველისათვის. მართალია, გენეს გუთანი ერთი და ორი უღლით ნაკლებს მუშა საქონელს ითხოვს, ბელტს უკეთესად აბრუნებს და ნახნავიც თანაბარი გამოჰყავს, მაგრამ მაგიერად, ქართულზედ ერთი-ორად ძვირია და, როცა უტყდებოდათ, მის გამკეთებელს ადვილად ვერ შოულობდნენ; ქართულ გუთანს მაზედ მეტი ნახნავი გამოჰყავს, უფრო ღრმად უვლის მიწას და ამასთან, კიდევ, ქართული გუთნით უფრო თამამად შეებრძოლება ხოლმე გუთნის-დედა ყველა გვარ ყამირ მიწას. მაინც და მაინც ამით ვერა ქარწყლდებოდა ქართული გუთნის ნაკლულევანება. უსწორ-მასწორო ხვნა, დაუშლელი უშველებელი ბელტები და შვიდი-რვა უღელი საქონლის საჭიროება მაინც დიდ ნაკლულევანებად ეთვლება ქართულ გუთანს, და, რაღა თქმა უნდა, ყველასათვის სასურველია მაზედ უკეთესი სახნავი იარაღის შოვნა. ამიტომაც ადვილი გასაგებია, თუ რა დიდი მოუთმენლობით მოელოდნენ სამეურნეო გამოფენაში გამოგზავნილ ევროპიელ გუთნების გამოცდას, მით უფრო, რომ აქ იყო ყველა გამოჩენილი ევროპიული სისტემის და ქარხნების გუთნები და ამასთანავე გამოცდის ხელ-მძღვანელად ისეთი პირი იყო დანიშნული, რომელიც მთელს რუსეთში სამეურნეო იარაღების მუშაობაში დახელოვნებულ კაცად ითვლება.

გამოფენაზედ მრავალ-გვარი გუთნები გამოსცადეს: მსუბუქებიცა და მძიმეებიც. ერთ-სახნისიანიცა და ბევრ სახნისიანებიც. მსუბუქი გუთნების გამოცდა ბ. ლორთქიფანიძის ნაყანობაში მოხდა (მუშტაიდის გვერდზედ), და მძიმეებისა-კი - გარეთ მინდორში, ყამირ ალაგზედ. მსუბუქი გუთნების შესახებ გამოცდიდამ კაცი მხოლოდ იმ დასკვნას გამოიყვანდა, რომ იგინი ვარგანან მარტო ნაყანობის სახნავად, ან აგრეთვე შემოდგომის ნახნავის გაზაფხულზედ ხელ მეორედ გადასახნავად - ასარევად, ასაფხვიერებლად; გამოდგებიან იგინი აგრეთვე იმისთანა მიწის მოსახნავადაც, რომელიც ბლომა ქვიშანარევია ან კარგად გატეხილი ფხვიერი თვისებისაა. უკეთესები მათში აღმოჩნდნენ: საკკისა, ეკკერტისა, გენესი და ლეინჰიკისა. ამ გუთნებს თუმცა ორი წყვილი ცხენი ან ორი უღელი ხარი ატარებდა, მაინც დაჯერებით იმის თქმა არ შეიძლება, რომ სწორედ ეს ძალა საკმარისი იყოს, რადგან ნახევარ საათის მუშაობას რაც საქონელი შესძლებს, საეჭვოა იმავე საქონელმა მთელი დღის მუშაობა შესძლოს.

ჩვენთვის საყურადღებო უფრო მძიმე გუთნების გამოცდა იყო, რადგან იმით უფრო გავიგებდით ჩვენი ხვნა-თესვის გაჭირებას რა წამალი დაედებოდა. გამოსცადეს სხვათა შორის განთქმული ქარხნების გუთნები: გენესი, რანსომის, ეკკერტისა, შელისა, ესსენ და მახროვსკისა, საკკისა, ვოტკინის სახელმწიფო ქარხნისა და სხვ. გუთნებში ხუთი წყვილი ცხენი ება, თუმცა სჩანდა, რომ ძალა ადგებოდათ და შეღავათით ვერ დადიოდნენ. ხვნით წესიერი ხვნა აქვსთ ამ გუთნებს: ბელტის გადაბრუნება თანასწორი და კვალში სიარული დადგრომილი; ველი მიჰქონდათ ექვსი-რვა ვერშოკის სიგანე და სიღრმით მომეტებული მათგანი 3.5-4.5 ვერშოკ სიღრმეზედ მიდიოდა, და ორიოდე - ხუთ ვერშოკამდის. ვერ გავიგეთ, რატომ მოხდა, რომ რაც სახელი აქვსთ ამ გუთნებს, ნამდვილში ისე არ გამოვიდა: ყველა მათგანს სახელით ექვსი ვერშოკის სიღრმეზედ შეუძლიან ხვნა და ამ გამოცდაზედ-კი ერთი თუ ორი ძლივს წაიყვანეს ხუთ ვერშოკ სიღრმემდის. ევროპიულ გუთნებს სახელი იმითი აქვსთ გათქმული, რომ გუთნის-დედას ბევრი ჯაფა არ მოსდის იმათ ტარებაშიო, რაკი კვალში ჩადგება, - თავის-თავად შეუძლიანო სიარული. მაგრამ ჩვენ ეს ვერა ვნახეთ. ხან-და-ხან, მართალია ესეც იყო, მაგრამ ცოტა მანძილზედ, და მერე კი უფრო უჭირდება გუთნის-დედას საქმეს, ასე რომ მუშაობის ხელმძღვანელი ხან ხელებით დაეჯაჯგურებოდა ხოლმე თავის ნებაზედ მიშვებისაგან გამრუდებულს გუთანს და ხან ხელნებზედ დაეკიდებოდა ან დააჯდებოდა და ძალზედ არყევდა აქეთ-იქით კვალში ჩასაყენებლად. ყველაზედ უკეთესი ამ გუთნებში აღმოჩნდა რანსომის მძიმე გუთანი, რომელიც ბელტს ისე აბრუნებს, რომ განგებ ხელით გადაბრუნებაც არ შეიძლება ისე კარგად, მაგრამ იმის ნაკლი ეს იყო, რომ არ ამტვრევდა ბელტს, - მაგრამ ეს იქნება იმიტომ მოხდა, რომ სველი ადგილი შეჰხვდა ამ გუთანს; აგრეთვე კარგი იყო ვოტკინის სახელმწიფო ქარხნისაგან გაკეთებული რანსომისებური გუთანი. ჩვენ ეს გუთანი ყველაზედ მეტად მოგვეწონა, რადგან სიღრმითაც ყველაზედ ღრმად ეს წავიდა და ბელტსაც გადაბრუნებასთან მეტის-მეტად ამტვრევდა, - მაგრამ ეს იქნება იმიტომ მოხდა, რომ ადგილი კარგი შეჰხვდა და ამას გარდა კარგადაც იყო დაყენებული. სხვა გუთნებმაც არა დააშავესრა, მეტადრე მახროვსკის სამთუმნიანმა გუთანმა, რომელიც სხვებს უკან არ ჩამოურჩა: ოთხი ვერშოკი სიღრმე და შვიდი-რვა ვერშოკი სიგანე იმანაც მოხნა სხვებსავით.

მეურნე. - 1889. - N30. - გვ. 1-4

4.28 ვ. - შაქრიანი წყლის ანუ ჭაჭის ღვინო

▲back to top


ამ ბოლო დროს, როდესაც ვაზის ავადმყოფობათა და სხვა მიზეზების გამო ღვინის რაოდენობა შესამჩნევად შემცირდა და ღვინო ბევრად ნაკლები დგება, ბევრნი საფრანგეთის და, საზოგადოდ, სამზღვარ გარეთის მევენახე-მეღვინენი ზემოდასახელებული მიზეზებისაგან ღვინის დანაკლისს იმით შეისრულებენ ხოლმე, რომ ღვინო-გამონაწური ყურძნიდგან - ჭაჭიდგან, შაქრიანი წყლის შემწეობით ხელ-ახლად, მეორედ აყენებენ ღვინოს. რასაკვირველია, იმ წელიწადს, როდესაც ღვინის მოსავალი კარგი იქნება და ღვინო ბლომად დადგება, მაშინ უფრო საზარალო იქნება მეორე ღვინის დაყენება, რადგან ეს ღვინო უფრო ძვირად დაჯდება, ვიდრე ბუნებრივი და ჩვეულებრივი ღვინო.

სწორედ რომ ვსთქვათ ეს მეორე, ჭაჭის ღვინო უფრო იმიტომ არის სარჩევი, რომ ამის შემწეობით მუშა-ხალხს ღონისძიება მიეცემა რიგიანი სასმელი დალიოს, იმ ღვინოებზედ ბევრად უკეთესი, ვიდრე აქამომდე სვამს - მჟავე და უბრალოდ წყალ-გარეული, ბევრჯერ ქალაქებში ხელოვნურად შეკეთებულს; აგრეთვე, მოუსავლობის დროს ღარიბს მევენახე-მეღვინეს შეეძლება მთლად გაჰყიდოს თავისი ნამდვილი, პირველი ღვინოები და მაინც რიგიანი ღვინო დარჩება სახლში სახმარებლად. აი ამ მიზეზების და მოაზრებათა გამო საფრანგეთში ძალიან ბევრნი აყენებენ ამ მეორე ღვინოს. მხოლოდ იქაც, სამწუხაროდ, ბევრნი ამ საქმეს დაუფიქრებლად და მოუმზადებლად ჰკიდებენ ხელს, ცოდნას და გამოცდილებას არ დაეკითხებიან ხოლმე და ამიტომ მხოლოდ ზოგიერთნი მიახწევენ ხოლმე კარგს ბოლომდის, ხოლო უმეტესნი-კი აგებენ და ამ წაგებას თვით საქმის მოუხერხებლობას და უვარგისობას მიაწერენ ხოლმე. რიგიანი შედეგის მიღებისათვის საჭიროა სიბეჯითე და უეჭველად ზოგი-ერთი წესების დაცვა.

რადგან ჭაჭის ღვინის დაყენების დროს სხვა-და-სხვა წესების ხმარების გამო სხვა-და-სხვა ღირსების და თვისების ღვინოს მიიღებენ ხოლმე. ჩვენ ამ წერილში გვსურს მოვიყვანოთ ერთი გამოცდილი წესი, რომლის ხმარებითაც საუკეთესო შედეგის მიღება შეიძლება.

ცნობილია და კარგა დამტკიცებული, რომ გამონაწურს ყურძენში, ჭაჭაში კიდევ ბლომად მოიპოვებიან ის სასარგებლო და ღვინის დასაყენებლად საჭირო ნივთიერებანი, რომლების გამოცლა ყურძნიდგან დაჭყლეტით ძალიან ძნელია და რომელნიც შაქრიან წყალში დუღილის დროს იხრწნებიან და ამ შაქრიან წყალს ღვინის თვისებას აძლევენ.

ყურძნის წვენი, ე.ი. ის ღვინო, რომელსაც ყურძნის პირველი დაწურვისაგან მივიღებთ ხოლმე, მთლად ვერ ხრწნის და ვერ შეიწოვს ხოლმე სხვა-და-სხვა მარილებს, ტანინს, საღებავ და სხვა ნივთიერებათა, რომელნიც ყურძენში არიან ხოლმე. ყველა ეს ნივთიერებანი საკმაოდ რჩებიან ჭაჭაში. ახალად რომ რაოდენიმე ღვინო მივიღოთ ამ ჭაჭიდგან, საჭიროა იმ ყურძნის წვენის მაგივრად რომელიც პირველად ავიღეთ და ღვინოთ დავაყენეთ, იმოდენავე შაქრიანი წყალი დავასხათ. ფერმენტების ზემოქმედებით შაქარი მოგვცემს ალკოჰოლს და ჭაჭაც სხვა ნაწილებს, რომელნიც ღვინის ნაწილებს შეადგენენ.

ახლა ავსწეროთ თვით ის წესი, რომელიც უნდა ვახმაროთ ჭაჭის ღვინის დაყენებისათვის.

როდესაც ყურძენს დასჭყლეტენ ხოლმე და ღვინოს დასწურვენ, ჭაჭას დაჰქაჯავენ ხოლმე. ეხლა საჭიროა გავიგოთ, როდესაც ჭაჭის ღვინოს აყენებენ, ჭაჭა დაქაჯული უნდა იყოს თუ არა? შეიძლება ისეც და ასეც, მხოლოდ უფრო სარჩევია რომ ჭაჭა საქაჯავში გატარებული არ იყოს. მართალია, ამით ნამდვილს, პირველ ღვინოს ცოტა ნაკლებს მივიღებთ, მაგრამ ის ცოტა ღვინო, რომელიც აქ დაგვაკლდება - ჭაჭაშივე რჩება და მეორე, ჭაჭის ღვინო უფრო უკეთესი გამოდის. ხოლო თუ ჰსურთ მიიღონ პირველი, წმინდა ღვინო, რამდენიც-კი შესაძლებელია, მაშინ, რასაკვირველია, შეუძლიანთ ჭაჭა საქაჯავში გაატარონ; დანარჩენი ჭაჭისაგან მაინც შეიძლება რიგიანი ღვინის მიღება, თუ ეს ჭაჭა მალე, დაუყონებლივ მოვიხმარეთ ღვინის დასაყენებლად.

მეორე ღვინის მისაღებად სამი რამ არის საჭირო: ჭაჭა, წყალი და შაქარი.

ჭაჭა, თუ იგი დაუქაჯავია ბევრს გაფრთხილებას არ ჰსაჭიროებს და სასარგებლოა, რაც შეიძლება მალე შეუდგნენ მეორე ღვინის დაყენებას. ხოლო თუ იგი საქაჯავში იყო გატარებული, უეჭველად უნდა დააჩქარონ, რამწავ დაიწურა, კარგად დაშალონ და იმ-წამსვე ჩაყარონ წინადვე მომზადებულს ჭურჭელში და მალე დაასხან შაქრიანი წყალი. ეს სიჩქარე იმიტომ არის საჭირო, რომ ჰაერის მოქმედების გამო დაჭყლეტილი და გამონაწური ყურძენი არ გაფუჭდეს.

წყალი უნდა კარგი, სასმელი იყოს ე.ი. წმინდა და კარგი გემოსი. ჭის წყალიც გამოსადეგია თუ სასმელია და მლაშე არ არის. წვიმის წყალი ძალიან კარგია.

შაქარი წმინდა უნდა იყოს და უკეთესია ლერწმისა - რაფანადი. შაქრის ფხვნილი არ უნდა იხმარონ, რადგან იგი ღვინოს განსაკუთრებითს და უსიამოვნო გემოს და სუნს აძლევს.

რამდენადაც-კი შესაძლებელია, საჭიროა რომ შაქრიანს წყალში, რომელსაც ჭაჭას ასხამენ, იმოდენავე სიტკბო იყოს, რამოდენიც თვით ყურძნის წვენშია. მაინც და მაინც სასურველია და უკეთესი, რომ შაქარი იმდენი იყოს, რომ ღვინის სიმაგრე 100-ს არ აღემატოს. მაგრამ, როგორ უნდა მოხერხდეს, რომ ღვინო სწორედ ამ სიმაგრისა დავაყენოთ: გამოკვლეულია, რომ 4.25 გირვანქა შაქარი იძლევა 1 ლიტრს ალკოჰოლს, ასე რომ 100 ლიტრზედ, ანუ 6 ვედრაზედ იმდენჯერ უნდა გაიხსნას 4.25 გირვანქა შაქარი, რა სიმაგრის ღვინოს მიღებაც გვსურს; მაგალითად, თუ 100-ის სიმაგრისა გვსურს, ამ რვა ვედრაზედ ათჯერ 4.25 გირვანქა ანუ ერთი ფუთი და 2.5 გირვანქა შაქარი მოგვინდება, თუმცა კი აქ უნდა შევნიშნოთ, რომ ამ ზომითაც სრული 100 მიღება ძნელია და უმეტესად მხოლოდ რამდენადმე აღემატება 90-ს.

ჭაჭაზედ რომ შაქრიან წყალს ასხმენ, რასაკვირველია, წინადვე უნდა იყოს შაქარი წყალში გაშლილი, გახსნილი. ამას გარდა საჭიროა რომ ეს შაქრიანი წყალი ცოტა გამთბარი უნდა იყოს, ასე 25-280.

როდესაც ჭაჭას შაქრიანი წყალი დაესხა, ერთხელ კარგად უნდა აირიოს; ამას გარდა საჭიროა, რომ ჭაჭა სულ ძირში იყოს დალექილი და ამისათვის შეიძლება ზედ ნაჩვრეტებიანი ფიცარი დაეფაროს და ზედაც რამდენიმე წმინდა ქვა დაეწყოს, რომ ამ ფიცრით ჭაჭა ჭურჭლის ძირში დაიკავონ. როდესაც ამ გვარად იქნება საქმე მოწყობილი, ე.ი. როდესაც ჭაჭა არ ტივტივებს და ჭურჭლის ძირში არ არის დალექილი და თავისუფლად ტივტივებს, მაშინ საჭიროა რამდენჯერმე აირიოს, თორე ღვინო, შესაძლებელია, რომ გამჟავდეს და გამწარდეს.

ამ გვარად დაყენებული „ტკბილი“ მალე იწყობს დუღილს. ეს დუღილი ისე მოხდება ხოლმე, ისევე მიმომდინარეობს და ისევე თავდება, როგორც ჩვეულებრივი ღვინის დუღილი. ეს მეორე ღვინო საზოგადოდ დადუღდება ხოლმე ოთხი ექვსი დღის განმავლობაში. რა წამსაც დუღილი შესწყდება, და ეს იმითი შეიტყობა ხოლმე რომ სითბო (ტემპერატურა) კლებულობს და შაქარი მთლად შეიცვლება ალკოჰოლად, მაშინვე ეს ახალი ღვინო უეჭველად გადაღებული უნდა იქმნას მეორე ჭურჭელში.

ამ ღვინოს შეიძლება ცოტა ფერი არ უვარგოდეს, მაგრამ სხვა ღვინო რომ გაურიონ და მეტადრე საფერავისა, მაშინ ფერიც კარგი ექმნება.

ეს შაქრიანი წყლის ღვინოები იმავე თვისებებისანი არიან, როგორც ნამდვილი ღვინოები: სასიამოვნო სასმელები, კარგად ინახებიან, ძველდებიან და თანდათან უკეთდესდებიან და არას დროს მავნე არ არიან ჯანმრთელობისათვის.

მეურნე. - 1890. - N23. - გვ. 1-3

4.29 ა. ინაშვილი - რამდენიმე სიტყვა გუთანზედ

▲back to top


სასოფლო მეურნეობა და მრეწველობა, როგორც ერის ერთი გამაძლიერებელი სახსარი ევროპის და ამერიკის სახელმწიფოებში, თანდათან წარმატებაში შედის, ვითარდება და დროების შესაფერს სახეს იძენს. ჩვენში კი, საქართველოში, როგორც წარსული წლის კავკასიის გამოფენამ პირნათლად გვაჩვენა, ეს წარმოება ძალიან ცოტად იჩენს წარმატების ფხას; ჩვენ აქ, რასაკვირველია დიდ ყურადღებას არ ვაქცევთ იმ მცირედ ნიმუშებს სასოფლო მრეწველობისას, რომელთაც გამოფენაზედ საზოგადოების ყურადღება მიიქციეს და რომელნიც მაინც ქართველთ სიმრავლეობასთან და მეურნეობის მდგომარეობასთან შედარებით უმნიშვნელონი იყვნენ. ჩვენებური გუთანი გვიმტკიცებს, რომ, დროთა მოთხოვნილების მიხედვით, ჩვენი სამეურნეო მრეწველობა სანუგეშოს არას წარმოგვიდგენს და რომ ამას სამწუხაროდ, არა გრძნობენ, თორემ მის გაუმჯობესობაზედ უფრო მეტს იფიქრებდნენ. ამნაირი გუთანი, როგორიც ქართულია ეხლა, სადაც-კი განათლებამ ფეხი მკვიდრად მოიკიდა აღარ სად არის. გუთანი, ეს აუცილებელი იარაღი მხვნელ-მთესელისა და ასე საჭირო ნივთი კაცობრიობის ცხოვრებაში, ჩვენთ მემამულეთათვის, რომელნიც საზოგადოებრივი და ეკონომიური მდგომარეობის გამო მხოლოდ მიწას შესცქერიან, თითქმის უმნიშვნელო რამ საგანი იყოს. დიდათ არ შევცდებით, თუ ვსთქვათ რომ ყველა ჩვენი ქართველი მეურნე გუთნის მუშაობას ჩვეულებრივ უზრუნველად უცქერის და ამ ეკონომიურის მხრით გაჭირებულ დროს გულ-დამშვიდებით და უდარდელად ცხრა უღელა გუთანს ამუშავებს. ქართველს ხელი ვერ აუღია ამ აჩონჩხილ-აკონკილ, წნელებით გახლართულს მამა-პაპეურ ხის გუთანზედ. თუმცა-კი ვერ წარმოგვიდგენია, რომ ამის საჭიროებას არა გრძნობდეს იგი. ღვთის წინაშე, უნდა მადლობით ითქვას, რომ რამდენიმე პირთ ეჭვი შეიტანეს დროთაგან დალოცვილ მამა-პაპეურ გუთნის კარგისობაზედ, და სცადეს, სინჯეს ევროპიელი გუთნები აქაურ მიწის ნიადაგის ხვნაში და დაინახეს კიდეც, რომ ჩვენებური გუთანი მათთან შედარებით უფრო საზარალოა. საფიქრებელია, რომ კიდევ დიდ ხანს გასტანს, ვიდრე ახალი გუთანი დაიჭერდეს ქართული გუთნის ადგილს. ჯერ ეხლაც დარწმუნებულნი არიან ჩვენის გუთნის უპირატესობაზედ რკინის გუთანთან შედარებით. ამათი აზრით ეს გაუმჯობესება მიეწერება მის ადვილ გაკეთებას, იაფ-ფასობას და მითი მუშაობის შეჩვეულობას: გაუტყდება რამე ხის ნაწილი მუშაობაში ყოველ გუთნის-დედას შეუძლიან თავის-თავად ხელეჩოთი ან წალდით ისევ ისე შეაკეთოს, მოეღრიცება როგორმე წვერი სახნის-საკვეთს - შეუძლიან აგრეთვე ყველას მოალბოს ეს ცოტათ ცეცხლზედ და ცულის ყუით როგორმე გაასწოროს და ან თუ რამე დიდი ზარალი მოუვიდა, მაშინ მიჰმართვენ ახლო ქალაქს მყოფიარეთ მჭედლებს და გაასწორებინებენ წახდენილს იარაღსაო. რუსული გუთანი-კი, როგორათაც აქ უწოდებენ საზოგადოთ რკინის გუთნებს, მოითხოვსო მომატებულ ხელოვნობას და ცოდნასაო, ჩვენებური გუთნის-დედა ამისათვის ამას ვერ შეიფერებსო და მცოდნე ადამიანი-კი ისრე ადვილად აქ არ მოიპოვებაო. გარდა ამისა ჩვენებური გუთნის ხვნა, ამათი აზრით, აღარა ფრით ჩამოუდგება ახალ სისტემის გუთნის ხვნას; ესეც უმეტნაკლებოთ იმისივე გვარად მიწის პირს აპობს და ბელტს ბელტზედ აწყობს.

რომ მართლაც, პირველ შეხედულობაზედ ბევრი რამ აზრები ამ მსჯელობიდამ გუთნის შესახებ არა უსაფუძვლოდ წარმოგვიდგება, ამაზედ უარს ვერ ვიტყვი; მაგრამ რაც რომ ამ დროებით შეუძლებელ საგნად რკინის გუთნის შესახებ ჩაითვლება, ის სამუდამო და დამაბრკოლებელ მიზეზად არა სახით არ უნდა ჩაირიცხოს, რადგანაც ამ გვარ დამამძიმებელ მოვლენას პირველშივე იქმნება ძრიელ ძნელად, მაგრამ პატარა ხნის შემდეგ-კი - უეჭველად გაუჩნდება მშველელები - მცოდნე ოსტატები, რომლებიც ადვილად დაიხსნიან და მიეშველებიან რკინის გუთნის ხმარებაში უცოდინარ მეურნეს და პირველში ბევრი რამ დამაბრკოლებელი მიზეზების მიხედვითაც, ამისგან მოტანილი სარგებლობა ბევრად აღემატება ჩვენ გუთნის მოტანილს სარგებლობას. ყველას, ვისაც-კი მცირედ შეუდგენია ელემენტარული კანონები ფიზიკისა და მეხანიკისა, ის ადვილად მიჰხვდება რა დიდი განსხვავება უნდა სუფევდეს ამ ორივე გუთნის მუშაობის მოსანდომელ ძალაში. გუთნის მუშაობაზედ დიდი გავლენა აქვს გუთნის სიმძიმეს, მიწის მიმკვრელობას, ხეხვას და თვითეული ნაწილის მოწყობილობას იმ გვარად, რომ გუთანს მსლოვიარობა არ უძნელდებოდეს ყოველი ესე თვისება რკინის გუთანს წაშორებით სრული აქვს და ამის გამოც გამწევი ძალა რკინის გუთნის მუშაობაში ბევრად შემცირდება, ნახევრდება ის ძალა, რა ძალასაც ჩვენებური გუთანი ითხოვს. იმას არ ვიტყვით რამოდენად რკინის გუთნით მოხნული მიწა სჯობს ჩვენებური გუთნით მოხნულს, მხოლოდ მივაქცევ ყურადღებას ამ მუშაობის ძალის შემცირებაზედ, რომლისაგანაც ეკონომიური სიკეთე მატულობს.

რამდენად რკინის გუთნის შემოღება ჩვენი მხვნელ-მთესველისათვის საჭიროა და სასურველი, ამას ცხადად დავინახავთ, როდესაც ერთისაც და მეორისაც მუშაობას სამეურნეო ეკონომიურის მხრით გავსინჯავთ. ის მიწის სივრცე, რომელსაც ზაფხულის დღეში რვა უღელი და ხუთი კაცი ხნავს, ეთანასწორება 1800 საჟ. - დღიურს, როგორც ჩემს გამოკვლევაზედ ყველამ მაჩვენა. ამ დღიურის ერთხელ მოხვნა, თუ რომ ფასად ვიანგარიშეთ, - გუთნის-დედ ღირს, დროების შეხედულობით, 2 და 3 მანეთამდე, პირველშივე, როცა ასე ვტყობილობთ ფასს დღიურის მოხვნისას, თქვენ აზრს ვერ მოხვალთ, ისე უსწორ-მასწოროდ გეჩვენებათ ეს. 1800 საჟ. მოხვნა 3 მან. სათანხმოა, მაგრამ 8 უღელი საქონლის მუშაობა და ხუთის კაცისა მთელ დღეში 3-4 მანეთად ვერად გეჩვენებათ. მართალიც არის, ერთ კაცს თავისი უღელი ხარით ერთ დღეს სამუშავოდ 80 კაპ. ნაკლებ ვერასოდეს ვერ დაიჭერდა ეხლა 16 სული საქონლისა, 5 კაცისა და გუთნისა თავისი ავეჯით მუშაობა ერთ დღეს 3 მანეთად დიდად გეოცებათ. ცხადია, რომ ამ გვარი მუშაობა ხვნა-თესვის სოფლელთ შორის მხოლოდ ჩვეულებაა, სოფლის რიგია, რომელიც კომერციულ ანგარიშს სრულებითაც არ შეეხება. რამდენათაც ეს წესი ხელს უწყობს შეუძლებელ მხვნელ-მთესველს და აკმაყოფილებს მათ შესაფერ მოთხოვნილებას, სხვა შემთხვევაში როდესაც ვინმე სარჩოს მოსაგებად მეურნეობის საქმეს ხელ მოჰკიდებს, იმდენათვე დამაბრკოლებელია. ამ შემთხვევაში ეს თავისუფალი უნდა იყვეს იმ დამოკიდებულებიდამ, რომელიც სუფევს სოფლელ გლეხთ ურთიერთშორის ხვნა-თესვის საქმეშია და რომელიც ბევრად აფერხებს მეურნეობის წარმატებას, რომ ბევრად თუ ცოტად თავის სურვილისამებრ საქმე ატრიალოს. შესაძლოა თუ არ ამ დროებით ჩვენ შორის ამ უკანასკნელთ მოღვაწეთ აღმოჩენა და გახშირება ამას შემდეგი ანგარიშიდან დავინახავთ...

ჩვენ მხვნელ-მთესველს სრულებით არა აქვს გამოკვლეული თვითეული სამუშავო ძალის შრომა, რომ შედარების გვარად დასდოს მას შესაფერი ფასი. ვინ გაიგონა უღელი ხარის მუშაობა 2 აბაზათ დღეში, ვინ მისცემს დღის მეხრეს, რომელიც ბევრჯელ 12-13 წლის ბავშვია 65 კოპ., ან კიდევ ღირს ჩვენებური გუთნის ქირა 6 აბაზი დღეში! - მაშინ რაღა უნდა ღირდეს თავის თავად ეს, როდესაც 6 აბაზი მოსდის დღიურ მუშაობაში? აი, ჯერ ერთი ეს შრომის ფასობის განუსაზღვრობა, ჩემის აზრით, ბევრად უნდა აფერხებდეს ხელის მოკიდებას სამეურნეო საქმისთვის და ამასაც რომ კიდევ სხვა ნაკლულევანებაც დავუმატოთ, მაშინ რაღა თქმა უნდა, რომ მსურველი, რომელსაც განზრახვა ჰქონიყო თანხა დაეტრიალებინა ხვნა-თესვის საქმეში, სრულებით არ ჩნდება, რადგანაც მოგების მაგიერ, თვალ წინ მხოლოდ დაღუპვის იმედი ეცხადებათ. გარდა ამისა ჩვენებურ გუთანს მოსდევს ერთი კიდევ დიდი ნაკლულოვანება საზიარო საქმეში, - მასში, რომ თვითეული მონაწილე თავის ნების თანახმად ვერ ისარგებლებს დარით. ბევრჯელ იმ დროს მოუხდება ხოლმე რიგობის გამო თესვა და დაფარცხვა, როდესაც ეს სრულებით სასურველი არ არის, მაგრამ რადგანაც რიგში სდგას, უნდა რიგის წესს ემორჩილებოდეს და ნება უნებურად თავის ხვედრი დღით ისარგებლოს. ამისათვის ხშირად შეხვდებით, რომ ყოველ მონაწილეთ ერთნაირი შრომა ერთნაირად არ ეჯილდოვებათ: ზოგს უცდება ნამუშავარი და ზოგს-კი მოსდის.

ყველა ნაკლულევანების შემცირება შეიძლება ახალი სისტემის გუთნით, რომელიც მეურნეს შეძლებას აძლევს უკეთ ისარგებლოს თავის დროებით და ძალითაც. იმისთანა გუთანი რომელიც საკმაოდ კარგად მიუდგებოდეს ჩვენ მიწას და 90 ფუთზედ არა მეტს ძალას მოითხოვდეს გასაწევად, მოინდომებს სამუშაოდ 4 უღელ ხარ-კამეჩებს. ასეთი გუთანი, საშუალოდ მოზდილი, 3 დღის განმავლობაში მიახლოვებით 2 დესეტინას მოხნავს, ანუ 1 დღეში 1600 საჟ. ჩვენებური გუთანი მაშასადამე დღეში - 200 საჟ. მეტს მოხნავს 40 დღის განმავლობაში ასეთი გუთანი მოხნავს მიწის სივრცეს, რომელიც ეთანასწორება ჩვენებურს 35 დღიურს...

რკინის გუთნით მოხვნა ჩვენებური დღიურისა 2 მ. 68 კ. ნაკლებ ღირს, ვიდრე ქართული გუთნით. ამის-გარდა ამ გუთანს კიდევ სხვა სიკეთე აქვს ჩვენი სოფლის კაცისათვის. 4 უღელ საქონელს ძრიელ ადვილად შეინახავს, გამოჰკვებავს, ზამთრობით და დასაყენებელ ადგილსაც თავისთან უშოვნის. ამ 4 უღელ საქონლით და 1 ერთ გუთნით 40 დღის განმავლობაში თავისით, თუ ორი ბავშვიც მიიშველა, შეუძლიან 35 დღიური მიწა მოხნას სხვებთან უზიაროდ, მაშინ როდესაც ამავე ძალით შეამხანაგებული სხვებთან მოხნავდა თავის წილობაზედ მხოლოდ 20 დღისას. ეს 15 დღე, რომელსაც ამ გვარად გებულობს, გლეხ კაცისათვის და აგრეთვე ყოველ მეურნესათვის დიდი შემატებაა, ეს შემატება ფულად რომ გადაიღოთ და დღიური მუშაობა 8 მ. 30 კ. იანაგარიშოთ 124 მ. 50 კ. შეადგენს. გარდა ამისა, ყოველი ორი სული საქონლის მყოლელი და სხვასთან ხვნაში შეამხანაგებული მოხნავს თავის წილობაზედ ორი დღიურის მაგიერ 6-7 დღიურს, რასაც მომეტებული მოსავალი და სიკეთე მოჰყვება. დაცემული და დავალებული გლეხ-კაცი ამ გვარად გაკეთდება და სიღარიბეს სდევნის. თუნდაც რომ ნამუშავარი ადგილები არ გააბევროს: მაინც დანარჩენ დროს შეუძლიან სასარგებლოდ მოიხმაროს: იშოვნოს სხვა გვარს სამუშაოს და ასე მოგებული ფულით ბევრად თუ ცოტად შეეწევა თავის შინაურ მდგომარეობას.

თუ რომ აქამდისინ საქართველოში ამ გვარი შემმატებელი საგანი არ არის შემოღებული და გავრცელებული, ამაში პირველ დამნაშავედ და ბრალდებულად უნდა ვიცნოთ ჩვენი მებატონე-მემამულენი, რომელთაც საგნის მდგომარეობისამებრ სდევთ ყოველ საქმეში წმინდა ვალი ხელმძღვანელობისა და საზოგადო სიკეთის გავრცელებისა ერის შორის; მაგრამ ამ გვარი ხელმძღვანელობით საიმედოთ ჩვენი სამეურნეო საქმე მთლად მოკლებულია. გლეხ-კაცს თუმცა დიდი სურვილი აქვს დროების მოთხოვნილებისამებრ გააუმჯობესოს ყოველი თავისით საქმე, - იმას თავისით ამისათვის ვერ მიუღწევია, გონებაც გაუნათლებლობისა გამო იმდენად ვერ უწევს, რომ გამოუცდელი საქმე უცდელად მარტო გონებით ასწონონ და ცხადად წარმოიდგინონ მისი ავ-კარგიანობა; აგრეთვე ცდასაც თავისით ვერა ჰბედავს, რადგანაც შიშობს, ვაი თუ ამაში შევცდეო, საქმე კარგად ვერ მოვაგვარო და ისიც დავღუპო, რაც ეხლა მომეპოვებაო და ჩემი ოჯახი სრულებით დავაქციო და დავანელოვო. მისთვის 10 თუმნის, გინა 5 თუმნისა დაკარგვა ძრიელ საძნელოა, სამ-ოთხ წელიწადსაც ვერ დაიბრუნებს დანაკარგს და ეს ძრიელ მძიმედ დააწვება მის სახლოსნობას; მაგრამ მებატონე-მემამულესათვის კი ეს არად უნდა ჩაითვალოს რადგანაც მეტი შემძლებელნი არიან. გლეხ-კაცი, შესახებ თავის მდგომარეობისა უცდის, ელის ვინ სხვა რასმეს სცდის, რომ იმის ნაცადს მიბაძოს და ისე ბოლოს ისარგებლოს, მაგრამ სად არის ცდა, სად არის გამბედაობა! - ყველას ამისათვის და ყოველისთვის ზურგი შეუქცევია და სიცოცხლეს უსიცოცხლოდ ატარებს.

მეურნე. - 1890. - N34-35-36. - გვ.3-5

4.30 ნიკო ნიკოლაძე - ჩვენი მეღვინეობის ნაკლი და მომავალი

▲back to top


ღვინო ძვირფას საქონლათ მიტომ გახდა, რომ მისი მომცემი ვაზი მარტო იშვიათ ადგილზე ხარობს, ყურძნის ჭამა კი და ღვინის სმა მთელ დედა-მიწის პირზეა გავრცელებული. საქართველო იმ ბედნიერ მხარეების რიცხვშია, რომელთ ბუნება ვენახის ზრდას და ნაყოფიერებას ხელს უწყობს. აქ ვაზის შენება ნოეს აქეთ-და ალბათ ნოემდინაც - ხალხის ხელობათაა ნაქცევი. ათასი მოდგმის მეოხებამ გააჩინა ჩვენში ვაზის წარჩინებული ჯიშები და საგანგებო ღირსების ღვინოები შეჰქმნა, რომელთა ქება და სახელი ყოველგან მოფენილია. მაგრამ, თუმც იმ იშვიათ ქვეყნებს შორის, სადაც ვაზი ხარობს, საქართველოს საუკეთესო მდებარეობა და ბუნება რგებია, თუმც ქართველებს მევენახეობა სხვებზე უფრო ადრე დაუწყვიათ, და წინაპრული გამოცდილება სხვებზე მეტი მიუძღვისთ, ჩვენი მეღვინეობა, ყველა სხვა ხალხისას ჩამორჩა. ასე გასინჯეთ იმისთანაებისასაც, ვისაც ჰავა, ნიადაგი და ერის წარსული სრულიადაც არ შეფეროდა ამ ხელობას. მთელ საქართველოში ომის წინ ორმოცი ათასი დესიატინა ვენახი ძლივს მოიძეოდა. სამხრეთ რუსეთში კი, სადაც ზამთრობით მიწა ერთი ადლის სიღრმეზე იყინება და ზაფხულში ვაზს არავითარი მთის ქედი არ იცავს მყინვარე ოკეანის სუსხიდან, ნიავ დროს მშვენიერათ მუშავდებოდა 89,979 დეს. ვენახი! პაწია ბოლგირიასაც ჩვენზე მეტი ვენახი გააჩნდა, სახელდობრ 54,928 დესიატინა, რუმინიას - 78,589 დეს. და უნგრეთს - 320,355. ყველა ამ ქვეყნებში - როგორც რუსეთში - ვენახის შენება და ღვინის ყენება ბევრად უფრო ძნელი და სახიფათოა, ვინემ ჩვენში, მარტო მით კი არა, რომ ჩვენ დაცული ვართ ჩრდილოეთის ქარიშხალიდამ: ჩვენში მზე უფრო მხურვალეა, ვაზს უფრო მეტი მზიანი დღე ერგება წელიწადში და სხვ. ეს ყველაფერი, მოგეხსენებათ ღვინოს ღირსებასა და სიმაგრეს უმატებს. მიუხედავათ ყველა ამ უპირატესობისა, სხვა ქვეყნებში, საცა ვენახი ნაძალადევია, მაშინ როცა ჩვენში ვაზი ველურათაც იზრდება, ვენახების რიცხვი, სივრცე და მოსავალი სწრაფათ მატულობს, ისე, რომ სულ მოკლე ხანში მათი რაოდენობა ზოგან ერთი ორად იქცა, ზოგან ქეც გასამკეცდა, ჩვენში კი მათ ზრდა რა ხანია აღარ ეტყობა.

ამ სამწუხარო განსხვავების მიზეზი განსაკუთრებით ისაა, რომ უცხოეთში ღვინო უფრო ადვილათ იგზავნება და საღდება, ვინემ ჩვენში. იქ ღვინის ყენება, მოვლა, შენახვა და ყიდვა ამ საუკუნეში შესამჩნევად გაუმჯობესდა. ღვინო გახდა უცვლელ საქონლათ, რომლის გადაზიდ-გადმოზიდვა უნაკლულოდ სწარმოებს ზამთარ-ზაფხულში, როგორც გრილ, ისე ცხელ ამინდში და რომელიც წლობით ინახება ყოველგვარ გარემოებაში. ამ სიმტკიცეს და თვისებას ღვინო იძენს მარტო მით, რომ მას, გამოწურვის შემდეგ არა ნაკლებ სამი წლის განმავლობისა, ინახავენ ისეთ სარდაფში, სადაც ნიადაგ უცვლელი ტემპერატურა დგას დღე და ღამ, ზამთარ ზაფხულს, არა უმეტეს თორმეტის და არა ნაკლებ ათი გრადუსის სითბოსი. ამგვარ სარდაფში ღვინოს სუფთად ინახავენ დიდრონ ჭურჭლებში (რეზერვუარებში, ან ბოჩკებში), თავის დროზე ერთიდან მეორეში გადასხმით თხლეს გამოსაცვლელათ. უშველებელი ჭურჭელი ანიჭებს ღვინოს ტიპიურ ერთფეროვნებას და ერთგემოვნებას, რომელიც მუდმივ მყიდველს უმრავლებს და გასავალს უფართოებს. რაგინდ დიდი იყოს ჩვენებური ჭური, ის ამნაირი რეზერვუარის და სარდაფის მაგივრობას ვერ იქმს, რადგან ჭური მიწაში უნდა იქნეს ჩაფლული და ტემპერატურა სხვანაირია. განსხვავება სითბოისა ყელსა და ძირს შუა მით უმეტესია, რაც დიდია ჭური; მცირეოდენ განსხვავებასაც ტემპერეტურისას ის შედეგი მოსდევს, რომ ღვინო ჭურში ნიადაგ მოძრაობს, ტრიალობს, ადის და ჩადის, რაც მის მწიფებას ხელს უშლის და ხან კიდეც ჭანგვას აჩქარებს.

ისეთი სარდაფის კეთება, რომელშიაც ტემპერატურა მუდამ ერთი და იგივეა, აუარებელ ხარჯს თხოულობს და ისე ძვირათ ჯდება, რომ მარტო ძლიერ შემძლე მევენახეს, დიდძალი ღვინის პატრონს ხელს-აძლევს მისი შეძენა და პატრონობა. სამი წლის ვადით დიდ-ძალი ღვინის გაუსაღებლათ შენახვა მარტო მილიონერს შეუძლია, და არა საშვალ, მით ნაკლებ წვრილფეხ მევენახეს. თანამედროვე ევროპიული სარდაფი იმოდენა ფული ჯდება, არა თუ აშენების და მოწყობის დროს, თვით ყოველწლიურათაც, მის შესანახავათ და მოსავლელათ, რომ თუ შიგ ასი-ათას ვედროებით არ ინახება ღვინო, მისი პატრონი ზარალის მეტს ვერას ნახავს. იმხელა ქონება ჩვენში აბა ვისა აქვს, რომ სამასი ათასიოდ ვედრო ღვინო სამი წლით ინახოს ძვირფას სარდაფში, მამა-სისხლის ფასად? ამ დროინდელ ევროპიულ ღვინოს და სარდაფს შეეფერება მარტო დიდი მევენახეობა, რომელიც მარტო დიდ მიწათმფლობელობას მისდევს და კაპიტალისტურ მრეწველობას შეადგენს.

ჩვენს საქართველოში, სადაც არც ვრცელი მიწათმფლობელობა არსებობს, არც მსხვილი მევენახეობა, არც დიდი კაპიტალი მოიძიება, სრულიად უიმედოთ ჩაითვლება მეღვინეობის ევროპიულ დონემდე აწევა. საუფლისწულო მამულმა მოახერხა ეს ცდა, რადგანაც მას ამისთვის საკმაო ვენახებიც გააჩნდა და თანხის შოვნაც შეეძლო, ყველამ იცის, რამხელა გასავალი მოემატა ამით საუფლისწულო ღვინოებს და რამოდენათ სახეირო გამოდგა ეს დასაწყისი, მისი მიბაძვა ჯერ ჩვენში არავის უცდია, გარდა ორიოდე პაროდიისა, რომელნიც მხედველობაში მისაღებიც არ არიან. მაგრამ შეცდომა იქნება ვიფიქროთ, თითქო მარტო მეფეებს და მილიონერებს შეეძლოთ მეღვინეობის წესიერათ მოწყობა, ნუ დავივიწყებთ, რომ ერი მეფეებზე და კაპიტალზე ბევრათ უფრო ძლიერია, როცა მას ერთობა და თაოსნობა აბადია. რაც უწინ მარტო ლაფიტების და როტშილდების მონოპოლიას შეადგენდა, დღეს ევროპაში - და თვით აფრიკაშიც - სააქციო საზოგადოების და კოოპერატივის ხელობათ გადაიქცა. სრულიად ადვილათ შეიძლება ჩვენს წვრილ მიწად-მფლობელობის ქვეყანაში, გლეხურ მევენახეობასაც მივცეთ ხელში ის ნაცადი იარაღი, რომელმაც გამარჯვება და ბედნიერება მიანიჭა ევროპიულ მეღვინეობას - სარდაფი, ღვინის შემნახავი მევენახის უზარალოთ და სასარგებლოთ. ამისთვის საკმაოა ისეთი საზოგადოება ან კოოპერატივი დავაარსოთ, რომელიც საშუალებას შეკრებს აიშენოს და მორთოს ამ დროინდელი სარდაფი ისეთ მოდიდო ქალაქში, სადაც შესაძლოა კლდეში გვირაბის შეყვანა. იქ ხარჯი ბევრათ ნაკლები იქნება, რადგანაც მონატეხი ქვა შენობებისთვის გასაღდება. თუ სარდაფი რიგიანათ გაკეთდა და მომარაგდა, სარდაფის პატრონი ადვილათ იშოვის ბანკს, რომელიც თანხას ანდობს და სესხს გასცემს სარდაფში შეტანილ ღვინოზე, იმოდენს, რაც ტკბილი ან მაჭარი ღირს დაყენების დროს იმ მაზრაში. მევენახე თითქო ყიდდეს თავის ტკბილს, ან ყურძენს, ბაზრის ფასებში. სარდაფის პატრონი ღვინოს უვლის სამი წლის განმავლობაში თანამედროვე ტექნიკის და მეცნიერებისამებრ, თავის ხარჯს და ამაგს ღვინოსათვის, აგრეთვე, როგორც მასზე გაცემულ სესხის სარგებელს. სამი წლის შემდეგ სარდაფიდამ გამოდის ტკბილი კი არა, არამედ დამწიფებული ღვინო, რომლის ღირებულება სამჯერ-ოთხჯერ მაინც აღემატება გაცემულ სესხს. სარდაფის პატრონი, ამხანაგობა, ან მისი მოზიარე ბანკი, ან სხვა რომელიმე სავაჭრო თუ სატრანსპორტო საზოგადოება, ასაღებს ამ მშვენიერ ძველ ღვინოს ისეთ ქვეყნებში სადაც მისი ფასი იციან. ეს ფასი ყველას ისტუმრებს: ვაჭარს, ტრანსპორტს, მომვლელს, მსესხებელს და მევენახესაც, რომელსაც შესაფერი წილი მოგებისა ეძლევა ზედმეტად უკვე წინეთ მიღებული სესხისა. ღვინის ღირებულების მომატება, შედეგი მეცნიერულად ღვინის შენახვისა, სარგებლობას აძლევს ამნაირათ მთელ რიგს წარმოებისას, მრეწველობის რამდენიმე დარგს, ესე იგი ამდიდრებს და აძლიერებს მთელ მხარეს.

მარტო სარდაფში შენახულ ღვინოს შეუძლია აიტანოს შორი მგზავრობა. ჩვენებური ისე არსად გაიგზავნება, თუ სპირტით არ მოვნათლეთ. სპირტ-ნარევი ღვინო მარტო ჩვენშივე და რუსეთში საღდებოდა. ომის შემდეგ რუსეთი დიდ ბაზარს მისთვის ვეღარ წარმოადგენს: იმ ჯურის ხალხი, ვისაც იქ ესმოდა „ყურძნის წვენის გემოვნება“, ან გაწყდა, ან გაღატაკდა, დაგვრჩა შინაურობის გარდა, მარტო ევროპის ბაზარი, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, რომელთაც თვითონ ღვინო არ მოჰყავთ, სახელდობრ გერმანია, დანია, შვეცია, ნორვეგია, ამერიკა და სხ. იქ ომამდის და ომის განმავლობაში მეტათ გავრცელებული იყო ფრანგულ ღვინოების ხმარება. აი ჩვენი მეღვინეობის ასპარეზი მომავლისათვის. აქ კი მარტო ისეთი ღვინო გავა, რომელიც სარდაფში ევროპიულათ დაყენებული იქნება. ეს მეტად დიდი და უხვი ბაზარია.

დღეს ჩვენი მევენახე - წვრილი იყოს, გინდ მსხვილი - ვალდებულია იმეცადინოს სხვა და სხვა დარგში: ვენახსაც უნდა უვლიდეს, ღვინოსაც უნდა აყენებდეს და პატრონობდეს, ვაჭრობასაც უნდა აწარმოებდეს, ყველაფერს უფულოდ, უცოდნოთ, მამაპაპურად, შემთხვევისა დაგვარად.

ევროპიული მეღვინეობა და ამხანაგური სარდაფი მას ანთავისუფლებს ყოველი გასაჭირიდამ და სტოვებს მარტო მევენახეთ, რაც მის ძალ-ღონეს, გამოცდილებას, მოდგმას და ჩვეულებას შეეფერება. როგორც მევენახეს, ჩვენს კაცს ტოლი არა ყავს! მას ჩინებული, შეუდარებელი ყურძენი მოჰყავს. ჩამოაცილეთ მას ყველა სხვა დარდი, რომლის მოგერიების იარაღი მას აკლია, მოაწყვეთ რიგიანი ყურძნის ტეხა და წნეხვა, ღვინის ყენება და მოვლა. მისი ზიდვა და ყიდვა, და ნახავთ რომ ამნაირი შრომის განაწილება - წყარო ყოველი წარმოებისა - ისეთივე ფრთებს შეასხამს ჩვენს მევენახეობას როგორიც დღეს იტალიელ, ფრანგულ და ესპანურ მეღვინეობას ამშვენებენ. აი, მაშინ დაიწყებს ჩვენშიაც ზრდას ვენახების რაოდენობა და სივრცე, ამიტომ რომ მევენახეს ბედი გაადვილდება და გაუმჯობესდება და ვაზის მოვლა ჩვენში უფრო მომცემი და მომგები გახდება, ვინემ ყოველი სხვა დარგი მიწათმოქმედებისა და მრეწველობისა. ერთობაშია საიდუმლო ამ ბედნიერებისა.

სახალხო კალენდარი - 1921 ; გვ. 107

5 მოგზაურობა

▲back to top


5.1 პეტრე ნაკაშიძე - სამგზავრო წერილები

▲back to top


წიგნი პირველი

მომილოცე. ძმაო, ცხოვრების გამოცვლა: მე ტურისტი შევიქენი. პოლშადგან ვაპირებ გერმანია გავიარო და პარიჟში მივიდე: აქედგან შუახმელეთის ზღვით იტალიაში შევივლი, ვნახავ სტამბოლს, მერე შავი ზღვით - ჩემს გურიას. - მოვალ ტფილისში, და გეტყვი: chez nous á Paris!.. მაგრამ სანამ მე შენ ამას გეტყვოდე, მინდა ჩემი მიმოგზავრობა შენს „მოამბეს“ ვუამბო, თუ კი მის მოსასმენლად ექნება მას დრო და ადგილი.

27 მარტს სალამაზედ პეტერბურღს მძიმედ თავი დავუკარი და გავსწიე ვარშავის რკინის გზის ვაგზალისკენ; გული რაღაცა სიამოვნებას ჰგრძნობდა, პირი რომ ევროპისკენ დავიჭირე. სანამ ვაგზლამდის მივიდოდი, თვრამეტი მღვდელი შემხვდა გზაში! შენ კარგად იცი, მე ამაოდ მორწმუნე არა ვარ, მაგრამ თვრამეტმა მღვდელმა კი ცოტა დამაფიქრა ... ძლივს ერთი ჩემთვისაც ღმერთმან სიკეთე მოინდომა, ვამბობდი ერთ კაცსავით, და ვაი, თუ ეგეც ჩამემწაროს, მეთქი! ვაგზალი სულ ერთიანად გაჭედილი იყო ჯარით, რომელიც მიდიოდა პოლშაში. ავიღე ბილეთი, და შეველ ვაგონში, ცოტა ხანს შემდეგ იწივლა თავისებურად და კიდეც დაიძრა ჩვენი ვაგონი; ხალხმა პირჯვარი გადიწერა.

ომიანობის მიზეზი იყო, თუ სხვა რასამე ჩემი მეზობლები ისეთი დაღონებულები იყვნენ, თითქოს, მკვდარს აცილებდნენ სასაფლაოზედ, ჩემს მარცხნივ ისხდნენ ხუთიოდე ყმაწვილი კაცები, - ერთორ სიტყვას თუ წარმოსთქმიდნენ რუსულად, თორემ სულ ჩუმად ისხდნენ ერთად კუთხეში. არ შეიძლებოდა კი, იმ ერთ-ორ სიტყვაშიაც არ შეემჩნივა კაცს პოლშური კილო (აკცენტი). უეჭველია, ეგენი პოლშელები არიან, მაგრამ რუსულად რად ლაპარაკობენმეთქი, ჩემ თავს ვკითხავდი ძლიერ გაკვირვებული, პირველი ნახვა იყო ჩემგან, რომ პოლშელები ერთმანეთში თავიანთს ენას არა ხმარობდნენ. მათ მახლობლად ისხდნენ რამდენიმე ჩინოვნიკები სამხედრო თუ სამოქალაქო სამსახურისანი. მთელი მარჯვენა მხარე კი სალდათებს ეჭირათ, და იმათ უშვერ სიტყვებს, ლანძღვას და გინებას არა ჰქონდა ბოლო. უარესი კამპანია აღარ შეიძლებოდა.

დავაპირე ზემოხსენებულ ყმაწვილებთან ლაპარაკი დამეწყო, მაგრამ კარგად რომ მოვიფიქრე - სიჩუმე ვირჩიე: ვინ იცის რა გვარ კაცად მიმიღებენ, მეთქი. ეჭვი და დაუნდობლობა მშვიდობიან დროსაც კი ჩვეულებრივი საქმეა ამ ქვეყანას, აღრეულობაში ხომ რაღა კითხვა უნდა. მე კი ისეთი ხასიათი მჭირს და, ვფიქრობ, სხვებიც ეგრეთივე ზნისა უნდა იყვნენ, - უცნობი კაცის ძრიელ მერიდება, სწორედ ვიტყუვი - მეშინიან.

ფრიად შესაძლებელია, მაგალითად, რომ ვიღაცა გულმტკივნეული უცნობი, რომელსაც უნდა თავის ტკივილისგან მოვერჩინე. შემიყვანდა ვაგზლის ცალკე ოთახში და გამომკითხამდა მამაშვილურად სად ვმსახურობ და სად მივდივარ, - ძლიერ შესაძლებელია რომ მეორე უცნობიც და მესამეც - პატიოსანი და კეთილ მოსურნე ხალხი იყოს, მაგრამ .... ვინ იცის? აბა „ეგ ვინ იცის“ ეგ ეჭვი და კაცზედ არ მინდობა, დაუმდებლობა კაცზედ არის მიზეზი, რომ ჩვენ მუდამ მტრების ბანაკში ვგრძნობთ ჩვენს თავსა და, რასაკვირველია, ვხმარობთ ყოველ ღონისძიებას, ცბიერებას და ათას გვარ ეშმაკობას, რომ არავის გევეთელინოთ. ჩემი ამორჩეული და საყვარელი იარაღი ამ შემთხვევისთვის გახლავს - სიჩუმე. დავჯდები ჩემთვის და ვარ ჩუმად, როგორც ფიჩხული. ყველა ჭკვიანი კაციც აგრე იქცევა. დიდმა საბერძნეთის ფილოსოფოსმა - ზენონმა განგებ მოიკვნიტა ენა, რომ ლაპარაკი არ შეჰსძლებოდა ერთის სიტყვით, - სიჩუმე, ფიჩხულობა დიდი რამ სასარგებლო ნიჭია და ტალანტი არის... მაგრამ ჩემი მკითხველი, ვატყობ, როგორღაც კეთილ-გულობით იღიმება და ფიქრობს: „ბიჭო, შენ სხვა თქვი რამე, თორემ რაც ფიჩხულობას და ენა კენეტიაობას შეეხება, შენი მოძღვარი ჩემი შაგირდი იყოო“.

ბოდიშს ვიხდი, მაგრამ თავსაც ვიმართლებ იმიტომ რომ ის ადგილი, რომელიც მე გამოვიარე რითიმე უნდა ამენიშნა; სხვა შესანიშნავი არა იყო რა, და ჩემი ბრალი არ არის თუ ფიჩხულობაზედ ლაპარაკი ჩამოვარდა. რა კი რომ ლიტვაში შევედით, ჩვენს ვაგონს პოლშელები თან და თან ემატებოდნენ, ასე რომ რამდენიმე ხანს შემდეგ პოლშელმა ელემენტმა ცხადათ აიღო უპირატესობა იმ პატარა სამეფოში, რომელშიაც ერთი მოქალაქეთაგანი იყო შენი უმორჩილესი მონა. გააბეს პოლშურ ენაზედ ლაპარაკი და დავი დარაბა. ჩვენს ვაგონს სიცოცხლე მოემატა, ასე რომ ჩემი მეზობელი - რკინის ფიჩხულიც კი გახალისდა და მოინდომა ჩემთან ლაპარაკი, მაგრამ, რადგან იმან რუსული ენა ძრიელ ცუდად იცოდა და მე ნემეცური - უარესად, მთელი ჩვენი მუსაიფობა იმითი დაიწყო და გათავდა, რომ იმან მკითხა რუსულად: ნემეცურად ხომ არ თამაშობო, და მე ჩემი მწუხარება გამოუცხადე, რომ არა ვთამაშობ. ზემოხსენებული ყმაწვილი კაცებიც აჭიკჭიკდნენ, ახლა კი პოლშურ ენაზედ. ერთმა მათგანმა საათი ამოიღო გასაშინჯავად. მეც გავშინჯე ჩემი. - რამდენი საათია თქვენსაშიო, მკითხა. მე უთხარი რამდენიც იყო; ჩემი საათი ხარკოველია, განაგრძელა ყმაწვილმა კაცმა: და ცოტა წინაობსო. ამაზედ მე ვჰკითხე ცოტა რამ ხარკოვზედ, და ლაპარაკი გაიმართა. გამოდგა, რომ ეგ ყმაწვილი კაცები არიან პოლშელი სტუდენტები, ვინ ხარკოვისა და ვინ მოსკოვის უნივერსტეტებიდგან.

სხვათა შორის ეს გავიგე მისგან, რომ ხარკოვში ერთს სტუდენტს - რუსს საშინლად გეველანძღეთ მასკარადში ჩვენ ქართველები. „ქართველები ბრიყვები არიანო“, წამოროშა თურმე. კარგი, რომ ერთს ამ დროს იქ მყოფს ახალ-გაზდა ქართველს ყური მოეკრა ამ ამბავისათვის და ძრიელ ენერგიულად წამოგვსარჩლებოდა, თორემ ამ გვარი სირცხვილის ჭამა მუქდად ჩაივლიდა. ამან დაუმტკიცა, თურმე ერთი თქვენი მოწონებული პრისტავული სილით სტუდენტს, რომ ის ძრიელ შემცდარა ქართველებზედ. ამაზედ ერთი დავი დარაბა მომხვდარიყო, ჩვენს მოსარჩლეს დაუპირეს თურმე მასკარადიდგან გამოგდება, მაგრამ, შენ არ მომიკვდე, ვერცა თუ გამოიყვანეს, ბევრი ბოდიშიც მოახდევინა თურმე იმავე სტუდენტს. დიდი ლეკი რამ ბიჭი ყოფილა!

ლიტვაში ცხადად გრძნობს კაცი, რომ სამხრეთისკენ არის. აქ თოვლი სრულებით დამდნარიყო და თფილი შუქი ჩამავალ მზისა მხიარულად მოჰფენდა ცოტათა კიდეც ამწვანებულ მინდვრებს და ფაქიზად დამუშავებულ ყანებს. შორს გორიზონტზედ მოჩანდნენ მთები და გაუვალი ტყეები.

„როგორ მოგწონს ჩვენი მამულიო, მკითხავდა ჩემი კომპანიონი: თქვენ კავკასს, რასაკვირველია, არ შეედრება, მაგრამ ამასაც თავისდა გვარი მშვენება აქვსო“.

- ქვეყანა ძრიელ კარგია, ვუპასუხე მე, მაგრამ ხალხი კი საცოდავია, რომ ასეთ უბედურებაში ჩავარდა ამ უკანასკნელ დროს, მეთქი.

- რა უბედურობაშიაო?

- ამდენი სისხლის ღვრა და კაცის ჟლეტა მაშ რაა თუ არ უბედურობა და ღვთის წყრომა!

- ალბათ, ხალხი არა რაცხს მაგას უბედურობად, თუ ასე არა ზოგავს სიცოცხლეს საკუთარის თავისუფლებისათვის, მომიგო იმანა. განა არის ქვეყანაზედ იმისთანა ხალხი ან კაცი, რომელსაც არ ჰსურდეს კეთილი ცხოვრება? ყველას ჰსურს. მაგრამ ხალხიცა არის და ხალხიც. ზოგის სურვილი ისეთივე სუსტია და დამჭკნარი, როგორც თვითონ ხალხია გათელილი და წელ-მოწყვეტილი, ზოგს კი ამოდენად შერჩენია კაცობრიული გრძნობა, რომ მისთვის სიცოცხლე და კეთილ-ცხოვრება გაუყოფელია, ერთი უმეორედ იმისთვის მითამ არც კი ყოფილა, იმისთანა ხალხი კი სულ მუდამა დუღს. ან გულის წადილს აისრულებს, ან არა და იმ წადილსა ზედ შეაკვდება. ამასთანა ხალხს ვერაფრით ვერ შეაყენებს! შიშველის ხელით ზარბაზნებს შოულობს; „ვისაც აქვს ხელები, ამბობენ ინსერგენტები, ჯოხს იშოვნისო, ჯოხით - თოფსა და თოფით - ზარბაზანსაო. ისტორია და კაცობრივობა მარტო ამისთანი ხალხს ყურადღებას აძლევს და მკვდარ ხალხს კი უშვებს „დაფვლად თვისთა მკვდართა“. ვაგონი შედგა და მისმა კონდუკტორის ხმა „ვილნოს“ ხარკოველი სტუდენტი თავის ამხანაგებით აჩქარებით გავიდა გარეთ. „მშვიდობითო, მითხრა მან, როცა მეც კარში გამოველ; თქვენთვის მსურს კეთილი მგზავრობა და ჩემთვის კი სიცოცხლე კეთილ ცხოვრებიანი, ან სიკვდილი ვაჟ-კაცურია“.

- სად მიდიხარ? ვკითხე მე გაკვირვებით.

- „დო ლიასე“. წარმოსთქვა ყმაწვილმა დაბალი ხმით და მსწრაფლ გაქრა ღამის სიბნელეში. მერე გავიგე, რომ „დო ლიასე“ ჩვეულებრივად ნიშნავს ტყეში შესვლას; მაგრამ ახლანდელ დროში კი აღრეულობაში გარევის მნიშვნელობა აქვს თურმე. ძრიელ მებრალებოდა უგუნური ყმაწვილი კაცი, მაგრამ რაღა დროს იყო! საკვირველია, რომ მთავრობა ამისთანა დროს სტუდენტებს პოლშაში წასვლის ნებას აძლევს!

ვაგზალში რომ შეველ, ერთი საშინელი აყალ მაყალი დამხვდა; შუა ზალაში იდგა ურია, რომელსაც შეუბრალებლად სცემდნენ სალდათები და სთოკავდნენ. გამოდგა, რომ ამ ურიას სამასი თოფი წამოეღო პეტერბურღიდგან ინსურგენტებისათვის ვილნოში. ის იყო ფიქრობდა უბედური, - ეს არი გადავრჩიო, და კიდეც სტაცეს ხელი. ურიები მაინც რაღამ გააგიჟა მეთქი, ვფიქრობდი ჩემ თავად.

ვილნოდგან ვარშავამდის ინსურგენტებმა რამოდენჯერმე აგვიხსნეს წინ რელსები, მაგრამ ჩვენი კისრების საბედნიეროდ დროზედ ვტყობულობდით ხოლმე. ჭირს კი მაინც ვერ გადავურჩი, - ლაპის სტანციაში (ვარშავიდგან ასს ვერსტზედ) ვეღარ მოვასწარ შესვლა ჩემს ვაგონში, ისე გამიფრინდა წყეული თვალ წინ. მეტი გზა არ იყო უნდა მომეცადა მთელი 24 საათი. ლაპის სტანცია ერთი იმ უდაბურ ადგილებთაგანია, არ ვიტყვი, არ იყოს ცოტაოდენ სასიამოვნო და, თუ გინდა პოეტიკურიც. მაგრამ ღმერთმა დაიფაროს ოცდა ოთხი საათით იქ დარჩენა! ერთი ადამიანი არ იყო, ხმა გამეცა. კონდუქტორები და მაშინისტები, რომლებიც შეადგენენ ეხლანდელს ჩემს საზოგადოებას - ყველანი პოლშელები იყვნენ და არც რუსული ენა იცოდნენ და ამას გარდა როგორღაც ისე გვერდულადაც მიყურებდნენ, რადგან რუსი ვეგონე, რომ მე თვითონ არ მინდოდა მათთან ლაპარაკი. დიდ ხანს ვიყავ ფიჩხელივით, სანამ ერთი კონდუქტორი რუსი არ გამომიჩდა. ამან შემომჩივლა თავის უკმაყოფილება პოლშაში ცხოვრებაზედ და დიდის სიამოვნებით იგონებდა საქართველოს, სადაც ყოფილიყო რამოდენიმე წლის წინათ, ამაზედ მე განუცხადე ჩემი ქართველ-შვილობა. და, უნდა გენახა რა ნაირად ესიამოვნა მას და იმავე დროს რა ნაირად უკვირდა ჩემი ნახვა, რამდენიმე მინუტში მთელმა საზოგადოებამ გაიგო ჩემი ვინაობა და მაშინ კი სულ სხვა თვალებით დამიწყეს ცქერა. ყურადღებას და პატივის ცემას, რაც შეეძლოთ, არ მაკლებდნენ: მიშოვნეს-ერთი-წმინდა-ოთახი სუფთა ქვეშაგებითა, რომელიც მაშინ ჩემთვის დაუფასებელი ნივთი იყო.

ცუდი ხალხია პოლშელებიო, მეუბნებოდა ჩემი რუსი: ამათთან ბოროტს და დაუმორჩილებელს ხალხს სხვას ვერ ნახავ, - დიდი და პატარა - ყველა ტყეში მიიწევს. რა უჭირდათ, მაგალითად, მაშინისტებს ტყეში წასასვლელი? უფრო ბევრი ნაწილი მათგანი პოლკოვნიკის და ღენერლის ჯამაგირს იღებდა, არა, დაჰკრეს ბატონო ფეხი და სულ ერთიანად ტყეში შეცვივდნენ. მხოლოდ ეს კი არი იმათში საკვირველი, რომ ერთმანეთში დიდი ერთპირიანობა და სიყვარული აქვთ ... აქაური მებატონეები ყველანი მუხანათობენ მთავრობის წინაშე, ცხადად უჭირავთ ინსურგენტების მხარე და აძლევენ შემწეობას, ვისაც როგორ შეუძლია: დაფიცებული მაინც არ იყვნენ! ამბობდა გულ მტკივნეულად ჩემი რუსი: ამას წინეთ ერთს აქაურ მეზობელ შლიახტიჩს თავის საკუთარს სახლში დაემალა რამოდენიმე ინსურგენტები; ჩვენმა კაპიტანმა წაიყვანა ჯარი და დაეცა მას თავს. თვითონ სახლის პატრონი ავად ყოფილიყო, დედა-კაცმა კი უარი უთხრა ინსურგენტების გამოჩენაზედ; ამაზედ ამათ ძალა იხმარეს; ქალმა რევოლვერს ხელი გაისვა. რაღა კითხვა უნდა, სალდათებმა შტიკებით ასწიეს გიჟი დედა-კაცი და არც საკვირველია, თუ ისე გასისხიანდნენ, რომ აღარავინ დაინდეს და სულ ერთიანად ამოსწყვიტეს, ვინც კი სახლში იპოვეს. ყველაზე უფრო გასაოცარი აქაური ღვდლები არიან; რამდენს მათგანს იჭერენ და ემუქრებიან, მაგრამ ისინი თავიანთს მაინც არ იშლიან, - დადიან სოფლიდგან სოფელში და ჰქადაგებენ ომს და თავის უფლებას ... „ჩემი მემუსაიფე მეტად სიტყვის მოყვარული კაცი იყო, და არ ვიცი, რომ არ დამძინებოდა, როდის გაათავებდა თავის არა მკითხე მოამბეობასა“.

მეორეს დღეს დიდის სიამოვნებით გამოვეთხოვე ლაპის სტანციას. ახალი ჩემი კომპანია შესდგებოდა სულ აფიცრებისგან. ის იყო, გადეხადნათ რამდენიმე ომი პოლშელებთან, ერთს მათგანში ბევრი ინსურიგენტები დაეხოცათ, სხვათა შორის, მათი უფროსი - რილსკი, რომელიც იყო აღზრდილი პარიჟის საარტილერიო შკოლაში და რომლის ნიჭს და ვაჟ-კაცობას ძრიელ აქებდნენ. მეორე პარტიის უფროსი - როგოვსკი ტყვეთ შეეპყრათ. ეს ყოფილიყო სულ ყმაწვილი 20 წლის კაცი, მაგრამ ფრიად განვითარებული საომარ ხელოვნებაში (გარიბალდის ადიუტანტობის დროს), ნიჭიანი, ვაჟ-კაცი და ამასთანავე გასაოცარ მშვენიერების პატრონი, „ჩემს დღეში არ მინახავს კაცი ასე სრულად შემკული ყოველივე კეთილის ნიჭითო, ამბობდა ერთი აფიცერი, ცოდვა კია, რომ მაგისთანა კაცმა სახრჩობელაში უნდა გაჰყოს თავიო.“

სისხლი ბევრი იღვრება, გამარჯვება სულ რუსებს რჩებათ; მაგრამ აღრეულობა კი პოლშაში არ კლებულობს. პირველთაგანი მიზეზი ამის ის არის, რომ ინსურგენტების ძალა პატარ-პატარა პარტიებად გაჰფანტულია მთელს მხარეში, რომლის ადგილ მდებარეობა იმათ ძრიელ კარგად იციან და რომლის ვრცელ ტყეებში მდევარს ადვილად ემალებიან, ომს ერიდებიან, თუ არ აუცილებელ შემთხვევაში, როცა წასასვლელი გზა აღარ დაურჩებათ ხოლმე. ხან და ხან თვითონაც დაეცემიან ხოლმე რუსებს, თუ კი თავის საკბილოდ შეხვდნენ სადმე და თუ გამარჯვების იმედია. ამ გვარი ომი ვითომც იმისთვის ამოერჩიათ იმათ, რომ ელიან თურმე მთელი მხარის ადგომას, მეტადრე თოფების შოვნას, რომლის ქონება პოლშაში აკრძალული იყო და რომლის სამაგიეროდ ახლა თითქმის ცულებს და ცელებს ხმარობენ. მაგრამ რაც უნდა მოჰდეს, დარწმუნებული უნდა იყო, რომ პოლშის საქმე წასულია ხელიდგან. რუსების ძალას აუარებულია, და მტრებს დაუსჯელად არ გაუშვებს.

ვარშავის ერთს უკანასკნელსაგან სტანციაში დამხვდა ერთი მშვენიერი პოლშელი ქალი რესტორანის პატრონი. მისს თავისუფალი ლაპარაკს, ყოფა-ქცევას, ყმაწვილური სიმხიარულეს არ შეიძლებოდა არ გეეხალისებინა კაცი. მგზავრობაში ლამაზი ქალის ნახვას სულ სხვა სიამოვნება აქვს, ასე რომ ერთმა ჩვენთან მომგზაურმა აფიცერმა ისე შეტოპა პოლშელი ქალის ეშხში, ცოტა გაწყდა ხელი არ სთხოვა სამუდამოდ. მე თუმც ხელი არ ვსთხოვე, მაგრამ სამაგიეროდ ერთი დიდი სტაქანი პიკა დავლიე მის სადღეგრძელოდ. ვსწუხვარ კი, რომ ქალმა არ იცოდა, თუ რა დიდი სხვერპლი იყო ეგ ჩემგან, რადგან მე პიკო ძრიელ მძულს და თუ არ დიდის ეშხის გამოსაცხადებლად, და ტრფობის აღტაცებისგან ვერც შემიძლიან დავლიო. ამ დროს გარეთგან მოისმა ერთი რაღაც ხმაურობა „დაიჭირეთ, შეუკარით ხელებიო“, ბრძანებდა ვიღაცა, გაველ კარში; ერთი ყმაწვილი თხუთმეტიოდე წლის კაცი ეჭირათ სალდათებს და უკრავდნენ მხრებს. მზისგან დამწვარი, მაგრამ ლამაზი და თამამი სახე, რომელზედაც ეტყობოდა ძლივს შესანიშნავი ღიმილი, და თითქმის კოხტური ტანისამოსი მისი ახირებულად ეწინაამდეგებოდა იმ ყოფას, რომელშიაც იყო ჩავარდნილი ყმაწვილი კაცი. ვინ არის მეთქი, ვიკითხე. ვინ იცის, პაშპორტი არა აქვს და ალბათ ინსურგენტებთაგანი უნდა იყოსო, მითხრა ვიღაცამ. ამაზედ მე ჯიბეებს ხელი გავისვი პაშპორტის მოსაძებნად - სანამ ვიპოვნიდი, მწუხარების ოფლმა დამაყარა შუბლზე.

პაშპორტი! გესმის, ეს რა სიტყვაა, მკითხველო, გესმის მთელი აზრი ამ სიტყვისა? შენი არ ვიცი, და მე კი კარგად მესმის. მე ჯერ სულ პატარა ვიყავ - პანციონერი, როდესაც ხატივით დამქონდა ხოლმე ეგა გულზედ ზევიდან მესამე და მეოთხე ღილებს შუა გარჭობილი, და ახლა, რასაკვირველია, უფრო მესმის მისი ფასი და სარგებლობა, ვინ მოსთვლის, რამდენ ჭირისაგან მე მაგას დაუხსნივარ! მე ვერ წარმომირდგენია, თუ რა საბრალო იქნებოდა ჩვენი ცხოვრება, ღმერთს რომ პაშპორტი არ გაეჩინა! ამბობენ ვითომც ანგლიაში, ამერიკაში, შვეიცარიაში, ბელგიაში, შვეციაში და უკანასკნელ დროს ისპანიაშიც უპაშპორტოდ ცხოვრობდნენ კაცები; მაგრამ მე მაგას არას ოდეს არ დავიჯერებ; უთუოდ აქ რომ ფოკუსი უნდა იყოს, - ხომ მოგეხსნება, თუ რა ფოკუსნიკები არიან ზემო ხსენებული? აბა უპაშპორტოდ ცხოვრება გაგონილა სადმე თუ არ იმ ზემოხსენებულ ურჯოლოების ქვეყნებში?

ძრიელ მებრალებოდა საწყალი უპაშპორტო ტყვე: ის მეტად ყმაწვილი იყო იმ საქმისთვის, რომელსაც მას სწამობდნენ; მაგრამ ესეც კი უნდა თქვას კაცმა, რომ ხალხისგან სულ ყველაფერი მოსალოდნელია. ამას წინათ ერთი ცხრისა თუ ათის წლის ყმაწვილი იდგა ჩემ წინ ვაგონში და დიდის ყურადღებით ჰშინჯავდა გარშემო ტყეებს.

- ტყეში ხომ არ აპირებ წასვლას? ვკითხე.

- დედა არ მიშვებს, მითხრა მან.

- თუნდაც რომ გაგიშვას, განა წახვალ? მეთქი.

- ა იკჟე!* წარმოსთქვა ყმაწვილმა ისეთის სახით, რომ აღარ ვიცოდი რაღა მეთქვა.

ღრმა მწუხარების ფერი ადევს ვარშავას, ქალაქი - დიდიდგან პატარამდის გლოვაშია და შავებში. აქ კაცის სახეზე ღიმილს ვერ დაინახავ; თეატრი და სხვა და სხვა შესაქცევები, რომლის დიდი მოყვარულნი იყვნენ უწინ პოლშელები, ახლა აღარ არსებობენ. ყმაწვილ კაცობა ვარშავაში აღარ მოიძევა; ერთს ორს ახალ გაზდა კაცს თუ შეხვდები სადმე, ისინიც, ისე დამწვარნი არიან მზისგან და ისე ეხვევიან და ჰკოცნიან თავიანთ ნაცნობებს, რომ უფრო ტყიურ სტუმრებს ჰგვანან, ვინამ ვარშაველ მცხოვრებსა.

31 მარტისათვის, ამბობდნენ, ვარშავაში პოლშელები რევოლუციას აპირებენო, და დიდი მზადებაც იყო მთავრობის მხრიდამ, მაგრამ ამისთანა ამბვების დაჯერება ძრიელ ძნელია იმ დროს, როდესაც სავსეა ქალაქი ჯარით და ამას გარდა ზედ თავს დაჰყურებს საშიშარი ციტადელი, რომელსაც რამდენიმე საათში შეუძლია მტვრად წაიღოს მთელი ქალაქი.

ვარშავა.

_____________

* მაშ არა?

საქ. მოამბე. - ტფ., - 1863. - N7. - გვ. 41-50.

5.2 ნიკო ნიკოლაძე - ქვეითათ და რკინის გზაში

▲back to top


მოგზაურის შენიშვნები

...არ მახსოვს, რა ნარიათ ჩავყევი მე ფრანკფურტში მაინის კიდეს იმ ადგილამდი, სადაც უწინ ციხის გალავანი მდინარის ნაპირზე თავდებოდა. იმ ნასადილევს მე ძალიან დაფიქრებული გამოვედი შინიდან; ჩემ თავში იმდენი სამწუხარო აზრები ვარჯიშობდნენ, რომ გზის განგების ფიქრმა ტვინში ადგილის პოვნა ვერ მოახერხა, და მე მივხეტიალობდი პირდაპირ. თავის გასამართლებლათ კი შემიძლია გავიხსენო, რომ ხშირათ მწუხარე აზრებით ავსებულ კაცებს ციხის გალავანზედაც გარდაუბიჯებიათ, და შორს, ძალიან შორს, უშველებელ ბნელ ორმოში, ზოგს კლდეზე და ზოგს როკზე მიუსხამთ ტვინი... ასე შორს მე ბედს ჯერ არ გაუტაცებივარ; მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ხასიათით ამ ბედს მე ვერ ავცილდები.

ძველი ციხის გალავანი ფრანკფურტელებმა დიდი ხანია დააქციეს, რადგანაც ეხლანდელ ზარბაზნებს და ჯარს ძველებური ციხე მაინც ვერ დააკავებდა; გალავნის და ორმოების ადგილზე მშვენიერი ხეები დარგეს, ლამაზი ქუჩები გაიყვანეს, და ეხლა საღამ-საღამოობით თითქმის მთელი ქალაქი თავისი მშვენიერი ქალაქის გარეშემო მშვენიერი ხეების ჩრდილში სეირნობს.

აქა-იქ კუთხეებში დგანან პატარა კარეები - ლამაზი დუქნები, სადაც მოსეირნეს შეუძლია სოდის, ან ზელცერის წყალი დალიოს ყინულით და მურაბის, ან ლიმონის წვენით. ამ დუქნებში ვაჭრობენ ლამაზი, ლაზათიანათ ჩაცმული ქალები და, ვისაც ქეიფი აძლევს, იმას შეუძლია ორიოდე კაპეიკით მურაბის წვენით ყელიც გაიგრილოს და თან მშვენიერ ქალთან მუსაიფით გემოც ჩაიგემრიელოს.

რუსულათ ნათქვამია: ნემეცი იმისთანა მოხერხებული კაცია, რომ მაიმუნი გამოიგონაო. არ ვიცი, მართლა გამოიგონა ნემეცმა მაიმუნი თუ არა, და ფიცს ქვეშ რომ ვინმე მკითხოს, კიდევაც ვიტყვი, - არა მგონია მეთქი; მაგრამ იმაზე კი ძალიან მტკიცეთა ვარ დარწმუნებული, რომ ნემეცი მოხერხებული და ოსტატი კაცია: აბა ჩვენში ვინ მოიაზრებდა სასმელების გამყიდველათ ლამაზი ქალების დაყენებას? აზრი კი ძალიან უბრალო და სასარგებლოა: როცა კაცი ლამაზს ქალს ემუსაიფება, ის ცოტაოდენათაც მაინც აღტაცებულია, იმას უფრო ჩქარა უძგერს გული, სისხლი მუშაობს, და ამ მიზეზით წყურვილიც უფრო სასტიკია. ნახევარ საათში, კაცი ორჯერ-სამჯერ მაინც გარდაკრავს თითო ჭიქა ცივ წყალსა, და რამდენჯერაც ქალი გაუღიმილებს, პასუხის მაგიერათ, აღელვებული, ნარნარი, ნაზი ხმით ევედრება:

- Noch einmal, bitte! (ერთიც კიდევ დამისხით).

მოდი და ნუ აყვავდება ვაჭრობა ამისთანა ვაჭრების ხელში!...

იმ დღეს, როგორც წეღან ვთქვი, მე სულ სხვა ნაირათ ვიყავი აღელვებული და ძალიან გულგრილათ დაუკარი თავი ორიოდე სასმელების გამყიდელებს, როცა იმათ კარვების წინ გავიარე: „ორიოდე“ კი არა, ოციოდე კარავსაც ამ ნაირათვე გავცილდებოდი, რკინის გზის სტვენას რომ უეცრათ არ გავერეტებინე. ჩემს პირდაპირ, ფალავნიდან ასიოდე ნაბიჯზე სტანცია იდგა და, შორიდან მომავალი მაშინა, გამწარებულათ მოჰკივოდა.

მე ძალიან მიყვარს რკინის გზაზე მგზავრობა: გაურყეველათ მიმფრინავ კაცს სიზმარივით ახსენდება დატოვებული ქალაქები, მათში უნაყოფოთ გატარებული დროება... ამ წარმოუდგენელ ფრინვას რაღაცა თვალთ-მაქცური ძალა აქვს. კაცს ჰგონია, რომ იმან უკანასკნელს ქალაქში სამუდამოთ დატოვა ყოველიფერი, რაც კი გულზე აწვა და ტვინს უჭამდა; იმას გგონია, რომ მიფრინავს იმისთანა ალაგისკენ, რომელიც სავსეა ნდობით, ძმობით და ერთობით, სადაც მცხოვრებნი ერთმანეთის ოფლით და შრომით არ ძღებიან და, ერთმანეთის მტრობის მაგიერათ, ცდილობენ ერთი მეორეს დაეხმარონ, ხელი გაუწყონ და სიცოცხლე გაუადვილონ... მართალია, ეს მოლოდინი ძალიან იშვიათათ სრულდება და ახალ ქალაქში კაცი ძალიან ხშირათ ფეხს წაიმტვრევს ხოლმე იმავე უხეირობაებზე, რომელთაც იმას წინანდელი ქალაქი მოაბეზრეს; მაგრამ კაცის ცხოვრება ისე ძნელი და მწარეა, რომ მე არ შემიძლია მადლობით არ მოვიხსენიო რკინის გზა, რომელიც ორიოდე საათის განმავლობაში მაინც გვავიწყებინებს სიცოცხლის სიმწარეს. დიახ, მე ძალიან მიყვარს რკინის გზაზე მოგზაურობა.

რასაკვირველია, რომ მაშინის დასტვენა და ჩემი საათის ამოღება ერთს და იმავე წამში მოხდა, და რაკი საათი ხელახლავ უბეში ჩავიდე, მეორე ჯიბიდან ამოვიღე პატარა ქაღალდი, რომელზედაც რკინის გზის წასვლა-მოსვლის დრო იყო დაბეჭდილი.

ფრანკფურტიდან რვა რკინის გზა მიდის სხვა და სხვა ქალაქებისკენ. მე ვიდექი იმ გზის პირდაპირ, რომელიც მაინის და მერმე რეინის მარჯვენა ნაპირს მიყობა, და ადგილ-ადგილ მშვენიერი „ტაუნუსის“ მთებში შეუხვევს, საიდანაც სჩანან ეს ორი მდინარეები თავიანთი მინდვრებით, ლამაზი ქალაქებით, სოფლებით და დაქცეული საშუალ საუკუნოების ციხეებით. საუბედუროთ, მე საათის სამი ჩარექი კიდევ უნდა მომეცადა შემდგომი მაშინის წასვლის დრომდი.

- ეჰ, ამ სამ ჩარექსაც როგორმე მივპენტამ მეთქი, ვიფიქრე მე და ნელ-ნელა სიარული დავიწყე.

- დღეს აგრე რამ მოგაწყინათ? შორიდამ დამიძახა ერთმა ახალგაზრდა მედუქნე ქალმა, რომელიც ჩვენებურ მედუქნეებს ნაკლებათ ჩამოგავდა.

მე მიუახლოვდი იმის კარავს.

- დღეს კვირაა, მთელი ქვეყანა მხიარულობს, თქვენ კი მომაკვდავი კაცივით მოღუშულხართ. რა დაგემართათ! საყვარელი ხომ არ დაგკარგვიათ, ან სტომაქი ხომ არ გტკივათ?

- ცოტათი რომ კიდევ უფრო მაღლა აგეწიათ, მიხვდებოდით: მე თავი მისკდება.

- ამისთანა სიცხეში ეს ძნელი საქმეა.

- საშინელი ძნელია.

- არა, ხუმრობა გაშვებით, ასე მოწყენილი რათა ხართ? თქვენ, როგორც ვხედავ, ეს ხშირათ გემართებათ და, მე ვერ მიმხვდარვარ რა მიზეზია, რომ თქვენ ხან მეტის მეტი ხუმარა და მხიარული ხართ და ხან - სრულიად დაღონებული.

- მეც ძალიან მიკვირს, რომ თქვენ ხან გძინავთ და ხან გღვიძავთ.

- ეს რა შედარებაა?

- შედარება იქით იყოს, მე ხვალ თქვენ პატრონს ვეტყვი, რომ თქვენ ძალიან ცუდათ ასრულებთ თანამდებობას: აგერ ხუთ მინუტზე მეტია, რაც აქ ვდგავარ, და თქვენ აზრშიც არ მოგსვლიათ რამე დამალევინოთ! ამდენ ხანს ხეირიანი მოვაჭრე ორიოდე სტაქანს მაინც გამოაცლევინებდა მოსეირნეს. გრცხვენოდეთ; თქვენ მუქთათ იღებთ ჯამაგირს, და ის გულდენი (სამი აბაზი), რომელიც თქვენ გეძლევათ დღეში, თუ სააქაოს არა, საიქიოს მაინც წაგმწარდებათ...

- ჩემ ცხონებაზე და წაწყმედაზე ზრუნვისათვის დიდ მადლობას შემოგწირავთ, მაგრამ ამ ზრუნვით თავს ტყუილათ ნუ იწუხებთ: მაღალმა ღმერთმა კი იცის, რომ ერთი გულდენი დღეში სასმელ-საჭმელში და სადგომში ძლივს მყოფნის, და ლაზათიანათ რომ არ ვიყო ჩაცმული, ჩემი პატრონი ხვალვე გამისტუმრებს. ამ გულდენის გულისთვის, მე დილის რვა საათიდან საღამოს ათ, და ხანდის-ხან თერთმეტ საათამდე აქ მოუცილებლად, ტუსაღივით უნდა ვიჯდე...

- ტუსაღების ამბავს, თუ მკითხავთ, მოგახსენებ, რომ ისინი თქვენ მდგომარეობაში რომ დააყენოთ, ათს მაგდენს მოგართმევენ დღეში სამადლობელს...

- მერწმუნეთ, დიდი განსხვავება არ არის ჩვენსა და იმათ შუა!

- ცოტა იმათაც ჰკითხეთ, და მერე მე მიამბეთ.

- ვთქვათ, რომ არის; მაგრამ ჩვენ რა დავაშავეთ იმის ფასი, რომ თითქმის ტუსაღებივით გვჯიან? ტუსაღები ხომ რამეში მაინც დამნაშავენი არიან...

- შეიძლება... მაგრამ მე ზოგი ტუსაღი მინახავს, რომელიც თქვენზე უფრო უმანკო იყო დანაშაულობაში, მაგალითად, თქვენი ბორნე.

- როგორ თუ ბორნე?

- მინამ ის ცოცხალი იყო, იმის სამშობლო ქალაქმა, აი ამ ფრანკფურტმა, ტანჯვის და წვალების მეტი არა აღისრა რა; იმას არც სატუსაღოში ჯდომა დაკლებია და არც სამშობლოდან გაგდება. თქვენ იცით, რომ ის საფრანგეთში მოკვდა. ეხლა კი, როცა იმის ძვლებს განძრევა არ შეუძლია, იმ სახლზე, რომელშიაც ის იქ დაიბადა, ქალაქმა მარმარილოს ქვა მიაჭედა, რომელზედაც აწერია: „ამ სახლში ამა და ამ დღეს დაიბადა ბორნეო“. აქაურ სურათების გამოფენაზე ბორნეს პორტრეთს პირველი ალაგი უჭირავს. ამ ცოტა ხანში რომელიმე მეიდანზე იმისი ძეგლის დაყენებას აპირებენ; თქვენი ქალაქის აწერაში მუდამ მოიხსენებენ: „ამ ქალაქში დაიბადნენ გოტე და ბორნე“. ერთი სიტყვით, ის კაცი, რომელიც დღეს თქვენი თითქმის პირველი დიდებაა, რომლის სახელით თქვენ დილიდან საღამომდი, წამ და უწუმ, ამპარტავნობთ, გვარიანი ხანი იჯდა თქვენ სატუსაღოში და ბოლოს გაგდებული იყო თავისი სამშობლო ქალაქიდან, რომელიც დღეს იმის სახელის ხსენებას თითქმის ქუდმოუხდელათ ვერ ჰბედავს...

- ბორნე!... ბორნე!... მე ძალიან მომწონს და მიყვარს მისი თხზულებაები!...

- მე თავი მისკდება, მოიტა, დამალევინე რამე.

ჩემმა მომუსაიფემ დამისხა ცივი წყალი და შიგ ლიმონის წვენი გაურია.

- ბორნე კეთილი და გმირი კაცი იყო, თქვა იმან დაღონებულათ; ჩვენ სამშობლოს იმან ბევრი სიკეთე უყო, ბევრი უგუნურობა მოსპო, მართალია; მაგრამ, ხელახლად გკითხავთ, ჩვენ რა დავაშავეთ, - რომ ამ ნაირათ ვიტანჯებით?

- თქვენ ის დააშავეთ, ჩემო ქალბატონებო, რომ სურვილი და სწავლა გაკლიათ. ამ ორ თვისებას მოხერხება, ერთობა და გამარჯვება მუდამ თან მოზდევენ. ყვედრება და ტირილი ადვილი საქმეა, მაგრამ თქვენ ვერც ყვედრება და ვერც ხვეწნა გიშველით. ოჰ, თავი, თავი!...

- მაშ, თქვენი აზრით?...

- ჩემი აზრით, ჩემო ლამაზო დანაშაულო, დღეს ძალიან კარგი ტაროსია, და ზოდენსში, ან პრონბერგს ახლა ალბათ მშვენიერი ჰაერია. მე ახლავ ვაპირებ ზოდენს წასვლას; აქედან ქვეითათ პრონბერგს და ღომბურგს, საიდანაც ამაღამ მეორე რკინის გზით დავბრუნდები.

- ნეტავი თქვენ!... თავისუფალი კაცის ბედი სანატრელია: საითკენაც უნდა, იქით მიდის, რაც მოსწონს, იმას შვრება, რასაც ფიქრობს, იმას ამბობს... იმას არც გაჩუმება სჭირია, როცა გული უდუღს, არც ღიმილი და გაცინება - როცა ენაზე კრულვა და საყვედური ადგია... ერთი ნეტავი ორი-სამი თვე მაღირსა, რომ ჩემ ნებაზე ვიყო, ჩემ ქეიფზე ვიარო, ვისთანაც მინდა - ვიმუსაიფო, ვინც მძულს - ზურგი შევაქციო, ვინც მიყვარს - პირდაპირ, ყველას წინ გამოვთქვა „მიყვარს მეთქი“... რა ყოფნაა ჩვენი ცხოვრება?... მე რომ ორ სამ უგუნურ-უზდელებს, რომელნიც აქ ხანდისხან საძაგელ სიტყვებს მეუბნებიან და საძაგლათ მიცინიან, ჩემი ქეიფისამებრ მოვექცე, და აქედან სამუდამოთ ფეხი ამოუდგა, ჩემ პატრონს როგორღა გადაურჩები?...

- ეგეებიც გემართებათ ხოლმე?

- ხანდის ხან. საზოგადოთ კი ყველასთან ხალისიანათ უნდა ვიყოთ... იმას კი არავინ კითხულობს, შესაძლებელია, თუ არა მუდამ ხალისიანობა, წამდაუწუმ ღიმილი... ზოგჯერ იმისთანა კაცს უნდა უცინოდე, რომელიც, ღმერთმა კი იცის, თვალში დასანახავათ მეზიზღება...

- მაგიერ ზოგჯერ იმისთანაებსაც უცინით და ემუსაიფებით, რომელნიც სულ სხვა ნარიათ მიგაჩნიათ გულში; - ეგეც კარგია.

- ჰო, მაგრამ იმასაც ნუ დაივიწყებთ, რომ ამ ნაირ იშვიათი შემთხვევებში საქმე მარტო ღიმილით კი არ თავდება ყოველთვის... როცა ჩვენ ხანდის-ხან ერთი ნამცეცი, მოკლე ბედნიერებით ჩვენი მომბეზრებელ სიცოცხლის გამშვენიერებას ვცდილობთ, ქვეყნის თვალში, კაცს ეს დიდებით მიეთვლება, ჩვენ ქალებს კი - დიდ, უშველებელ დანაშაულობათ, ცოდვათ... უსამართლობა ამაზე მეტი იქნება?... ა?... სიხარულში და სიმწარეში, ბედში და უბედურობაში, ჩვენ ყოველთვის ბედ-შეკრულნი ვართ... ნეტავი თქვენ, ნეტავი თქვენ!...

- თქვენ ძრიელ სცდებით: ნამეტანი შესაბრალებელი არც „ჩემი“ და არც საზოგადოთ „კაცის“ ბედია; მაგრამ ამ საგანზე ლაპარაკი უსარგებლოა. მე მარტო ერთს რასმე გეტყვით ხელ-ახლათ: როცა თქვენ, ქალები მიხვდებით, რომ თქვენი შველა თქვენზეა დამოკიდებული, რომ დამხმარებელი თქვენ თქვენი თავის მეტი არავინ გყავთ, მაშინ თქვენი ბედი სულ სხვა იქნება. მე თავი მომაბეზრა ქალების კვნესამ, და ნუ გეწყინებათ ჩემი სიტყვების სიმწარე: თქვენი ბედი საბრალოა, ამიტომ რომ თქვენ არა იცით რა ჯდომისა, ღიმილისა და ნემსის ხმარების მეტი. თქვენ მუდამ პირდაღებული სჯიხართ და მოელით საქმროს, რომელიც დაგეხმარებათ და გაგაბედნიერებს. რა გამოსადეგი ხართ თქვენ ან იმისთვის და ან თქვენი თავისთვის?... გაჭირვებული კაცის მეტი, თქვენ ვინ ოხერი შეგიყვარებს, ვინ სულელი შეგირთავსთ? მოკლე დროსთვინ, მართალია, თქვენ არავინ გიწუნებს, მაგრამ ვაი იმისთანა შეერთებას. იმ ნაირი რამე ისწავლეთ, რომ თქვენი თავის ხეირიანათ რჩენა, თქვენი თავის მოვლა შეგეძლოსთ; დაანახეთ ხალხს, რომ მარტო სათამაშოთ არა ხართ შექმნილი და ცოტა ხნის სიამოვნების გარდა, სარგებლობის მოტანაც შეგიძლიათ. დაამტკიცეთ, რომ თქვენ არავისი დახმარება და შველა არ გჭირდებათ, რომ თითონ შეგიძლიათ სხვებს დაეხმაროთ. მაშინ ქალი აღარ ეგვანება მოსამსახურეს, რომელსაც პატრონი, თავის მედიდურობით და თავმოწონებით, ლაზათიან ტანისამოსს იცმევს, და ხანდისხან სასიამოვნო სიტყვებსაც აღირსებს... მოინდომეთ, ისწავლეთ, ეცადეთ, ერთმანეთს დაეხმარეთ, და ბედნიერება თქვენ ხელში იქნება...

ჩემი მომუსაიფე დაფიქრებულათ მიყურებდა მე, როცა ამ სიტყვებს ვამბობდი.

- მე მგონია, უთხარი მე ცოტა ხნის შემდეგ, რაკი შევატყე, რომ ის ხმის ამოღებას არ აპირებდა, - მე მგონია, რომ ეხლა თქვენ ჩემზე უფრო მოღუშული ხართ. ქალბატონო, დღეს აგრე რამ მოგაწყინათ? დღეს კვირაა, მთელი ქვეყანა მხიარულობს, თქვენ კი მომაკვდავი კაცივით მოღუშულხართ. რა დაგემართათ? საყვარელი ხომ არ დაგკარგვიათ, ამ სტომაქი ხომ არ გტკივათ?

- მეც თქვენს სიტყვებს გავიმეორებ: მაღლა რომ აგეწიათ, მიხვდებოდით. ცოტათი რომ კიდევ ვიმუსაიფოთ ამ ნაირათ. მგონია მეც თავი სკდომას დამიწყებს.

- ამისთანა სიცხეში ეს ძალიან ძნელი საქმე იქნება, უმეტესად იმისთვის, ვინც ქალაქში რჩება... ნახვამდის!

- როცა ამ ნაირათ იყოთ გაფხიზლებული, გამოიარეთ ხოლმე აქეთკენ.

- მაშ წეღან რაღას მკითხავდით, ეს რა შედარებააო? ნახვამდის, ჩემო მარტა; მეჩქარება, მაშინა არ გამექცეს.

მარტამ ხელი ჩამომართვა და იმ ნაირათ გამომეთხოვა, თითქო უნდოდა ეთქვა: სულელი ხარ, რომ მიდიხარო...

- ეს ჩემი პირველი სისულელე არ არის, ვიფიქრე მე და, იმედი მაქვს, უკანასკნელიც არ იქნება. ბილეთი, რასაკვირველია, მე უცფათ ავიღე და ორი-სამი მინუტის შემდგომ ვაგონში ჩავჯექი.

დაჯდომა, სიგარის ამოღება და მოწევა ჩემთვის ერთი წამის საქმე იყო. რკინის გზაში მე მარტო ყოფნა მიყვარს და, როგორც ადგილს ავირჩევ, მაშინვე უხეირო სიგარას გავირჭობ პირში, კარის ახლო ვჯდები და, ვინც კი ვაგონში თავს შემოჰყოფს ადგილის დასათვალიერებლად და ამოსარჩევათ, ჩემი სიგარის კომლს დაუზოგავათ ვუკმევ ცხვირ-პირში.

ამ საშუალებით მოვიგერიე მე ორიოდე ინგლისელი, იმდენივე ფრანცუზები, ოთხი თუ ხუთი ნემეცი და, იმედი მქონდა, ერთი იმდენიც კიდევ გამესტუმრებია.

ამ დროს კარებზე მომადგა ერთი კაცი, არც ახალგაზრდა და არც ბებერი, არც მაღალი და არც დაბალი, არც სხვილი არც წვრილი, არც წვერიანი არც უწვერო, არც მელოტი და არც თმიანი. იმას თან ახლდა დაბალ დაბალი, სხვილ-სხვილი ქალი, გასივებული პირის სახით, გამობუშტული ღიღაბით; და იმ ქალს თან ახლდა უშველებელი სხვა და სხვა ფეროვანი თმის გოდორი და დაუბოლოებელი აბრეშუმის კაბის კუდი.

მე ერთი თვალის-მოკვრის მეტი არ მჭირდებოდა ამ მოგზაურების გვაროვნობის მისახდომლად; ვინაა ამ ნაირათ გამოუხატავი, ვინ ათრევს გზაში აბრეშუმის კაბებს და ვინ იტვირთავს მთელ გოდორს თმასა ფრანცუზის ქალის მეტი? ეს, როგორც მოვიაზრე, გულზე ელდა მეცა.

ვინ არ იცნობს ფრანცუზის მამაცობას? იმას სიგარის კომლით კი არა, თოფ-ზარბაზნით ვერ შეაშინებს კაცი; მე კი, - ზარბაზანს ვიღა ეძებს! - ერთი ბეწო დამბაჩაც არ მეპოვებოდა ჯიბეში. მამაკაცობა კარგი რამ არის, მაგრამ ამ ნაირ შემთხვევაში, - ღმერთო შეგცოდე! - აღტაცების მაგიერათ, მამაცობა სულ სხვა ნაირ გრძნობას მინერგავს გულში...

მაგრამ მე იმედი მაინც არ დავკარგე, აზრით პირჯვარი გადავისახე და, ჩემი სინიდისის დასამშვიდებლათ, მაინც ვცადე სიგარის ძალა: როგორც კი მოგზაურმა კარებში თავი შემოჰყო, მე, რამდენიც კი შემეძლო, კომლი მივაგება ცხვირში.

რასაკვირველია, რომ სიგარის კომლმა ის უკან ვერ დაჰხია. ფრანცუზებს მაგისთანა კომლი უნახავთ? მაგისთანა კომლი აუდენიათ თვითონ? იმათ დიდი ხანია ცხვირი კომლზე შეჩვეული აქვთ...

ქმარი გმირულად შემოიჭრა ვაგონში და ხელი გააწვდინა თავისი მძიმე მეუღლის ამოსაყვანათ.

მე მშვიდი და წყნარი კაცი ვარ, მაგრამ ამ ნაირი შეუპოვრობა არ მიყვარს; ამის გამო მე გულში ვთქვი: - „ან მე, და ან თქვენ მეთქი!“

როცა ცოლი ვაგონში შემოგორდა და ამ დიდი განსაცდელის გამო მაშინასავით ქუხილს და ხვნეშას ხელი მიჰყო, მე ნაზი ხმით, თითქმის ღიმილით უთხარი.

- ვაი, თუ ჩემი სიგარის კომლმა შეგაწუხოსთ.

უხეირო კაცს ვუძახი მე იმას, ვინც ზარბაზნის მსგავს ვერ მოიფიქრებს, როცა ზარბაზანი უჭირს. რადგან ჩემი მგზავრების გასადენათ ზარბაზანი არა მქონდა, მე ან სხვა რამე უნდა მომეხერხებინა, ან არა და ჩემი თავი უხეირო კაცათ ჩამეთვალა. - კაცი ყოველთვის კაცია, თავის მოყვარეა: - უხეირო კაცათ თავის თავის ჩათვლას გაჭირვებული კაცის მეტი, ვინ არ მოერიდება. მე ვიფიქრე და ბოლოს გავიხსენე, რომ ფრანცუზებს საშინლად სძულთ სამზღვარს გარეთ ფრანცუზების შეხვედრა. რაკი ეს აზრი მომივიდა თავში, მე ვთქვი: თუ ეხლა მე ესენი ფრანცუზული ენის ცოდნის გამოჩენით ვერ გავრეკე, მათი გადენა მიხეილ მთავარანგელოზსაც არ შეეძლება. და ისევ ის ემჯობინება, რომ მე თვითონ ავიბარგო, და ჩემი ადგილი ამათ დაუტოვო მეთქი. ამ აზრით ვუთხარი მე ახალ შემოსულ გოდორიან გოდორს ის სიტყვები, რომელიც წეღან დავწერე.

- Au fait, c'est incommode (მართლა, ეს ძნელია), უთხრა ქმარმა

ცოლს ფრანცუზულათ. ცოლმა ხმა არ ამოიღო, მაგრამ იმ ნაირათ შემომხედა, თითქო უნდოდა თქმა - „კარგი იქნება, რომ სხვა ადგილს მოჰძებნიდეთო“.

- მე ვწუხვარ, ქალბატონო, რომ თქვენი შეწუხების მიზეზი ვარ, მაგრამ მთელ გზაში მარტო ეს ერთი განყოფილებაა, რომელშიაც მოგზაურებს თამბაქოს მოწევის ნება აქვთ, და მე თამბაქოს საშინლად ვეწევი; უთხარი მე ფრანცუზულათ, როცა შევატყე, რომ ამ ენით მოგერიებას მიპირობდნენ და ჩემი გასვლის იმედი ჰქონდათ.

- რა გაეწყობა! ამოიხვნეშა მოგზაურმა და გაიყვანა თავისი ცოლიც.

მაგრამ-რა ნაირი თვალით შემომხედა იმან გასვლის დროს!... მე დარწმუნებული ვარ, იმ დროს ჩემი გამდელი რომ ჩემ გვერდში ყოფილიყო, დაიკივლებდა: „გენაცვალე, თვალი გკრა მაგ შეჩვენებულმაო!“ და ჩუმის ხმით, ბუტბუტით და წრუწუნით „თვალის გამოლოცვას“ დამიწყებდა.

ცოტა ხნის შემდგომ ჩვენ გავფრინდით. სწორეთ რომ ვთქვა, მე აზრით ვიცოდი, რომ მივფრინავდი; ჩემ თვალებს და გრძნობას კი ეგონათ, რომ მე ძლიერ მოსვენებულათ ოთახში ვიჯექი და იმ ოთახის ფანჯრების წინ გაგიჟებულათ მირბოდნენ ხეები, ტელეგრაფის სვეტები, გზის ზედა-მხედველების კარვები, მთები, ტყე და მინდორი...

ზოდენი ერთი პატარა სოფელია, რომელშიაც ხუთასი მცხოვრებიც ძლივს მოიკრიფება; მაგრამ ამ პაწაწინა სოფელში რამდენიმე მჟავე და მწარე წყარო ჩამოდის, და ამ წყაროების გულისთვის აქ ზაფხულში ხუთი, ან ექვსი ათასი კაცი და ქალი მოდის საექიმოთ. ამათთვის დამზადებულია აქ ასიოდე ლამაზ-ლამაზი სახლები, ერთი ამდონი სასტუმროები, პატარა გაზის ქარხანა, საავათმყოფო სახლი, და სხვა და სხვ. ყოველ საღამოს მშვენიერ ბაღში უკრავს მუზიკა; წყაროების გარეშემო გაბერილი სახით დასეირნობენ ავათმყოფები, ცოტათი მოშორებით, ხეების ჩრდილში, ლამაზ-ლამაზს სკამებზე, გამოპრანჭული ქალები სხედან და, დროს მოსაკლავათ, ზოგი გაუთავებელ სტოლისგარდასახურავს ქსოვს, ზოგი პაწაწინა ძაღლს ეთამაშება, ზოგს ხელში წიგნი უჭირავს და უხალისოთ და უგულისყუროთ მის სტრიქონებს თვალს ადევნებს; ყველა კი გამწარებულათ, დაუღალავათ ამთქნარებს. - ამათში ყოველივე ხალხის არისტოკრატიული ოჯახების წევრები ურევიან. ამ საზოგადო მობეზრებას და „საქმიან უსაქმოებას“ გაკვირვებული თვალით დასცქერიან ხეები; მათი ფოთლები კანკალობენ შიშით, რომ ამ ქალების მობეზრება ჩვენც არ გარდაგვედოსო, და მათი კანკალი ხანდისხან შრიალ-შრიალით გარდაეცემა მახლობელ ხეებსა და ბუჩქებს. ქალების ახლო-მახლო დგანან, ან დადიან რამდენიმე ახალგაზრდა კაცები, რომელნიც იმავე საზოგადოებას ეკუთვნიან. მათს ტანისამოსს, გაწყობილებას და მიხრა მოხრას კილს ვერ გამოუძებნის ვერც ერთი მკერვალი ვერც ერთი დალაქი, ან ცეკვის მასწავლებელი, თუნდაც რომ მოდის სურათი ხელში ეჭიროს, და სამი საათის განმავლობაში ცოცხალ კაცს ადარებდეს.

რა სიხარულით დატრიალდებიან ეს ახალგაზრდები, როცა რომელიმე ქალი იმათ საქმეს გაუჩენს! ერთი სტაქანი წყალი რომ მოითხოვოს ვინმე, ხუთი, ექვსი ახალგაზრდა მირბის ზოგი მარჯვნით და ზოგი მარცხნით, და ერთს წამში ხუთი-ექვსი სტაქანი წყალი მოერთმევა ქალს, რომელიც ორიოდე წვეთს მოსვამს და ექვს კაცს მადლობას ეუბნება. ყველა გახარებულია: საქმე გაუჩნდათ, დრო გაატარეს! ვინ იცის, როდის ეღირსებათ კიდევ ამ ნაირი ნეტარება! ცოტა ხნის მერე, ხალახლავ იწყება მთქნარება. ზოგიერთები, დროს გასატარებლათ, სიყვარულზე მუსაიფს იწყებს, - სხვა რაზედ უნდა იმუსაიფონ? მაგრამ ეს მუსაიფიც მალე წყდება: რაც იმათ სიყვარულის ძალა ჰქონდათ, კაი ხანია დახარჯულია, უსაქმოობის მიზეზით, გარდაჭარბებულ სიამოვნებაში; სურვილი გამქრალია და, სიყვარულის სიტყვების მაგიერათ, მათი გულიდან ნამდვილი გრძნობით და გულრწფელობით ამოჰკივის ხმა: „ღმერთო! რა დაუბოლოებული დღეა!“ ამ ხმას მუდამ მოსდებს მთქნარება, და მის გასადენათ კაცი და ქალი, დიდი და პატარა, ნაცნობი და უცნობი ერთ სულათ, ერთ გულათ ჭორიანობს, ტრაბახობს, ცრუობს და მედიდურობს პირში და ზურგს უკან. მაგრამ მთქნარება მაინც გამარჯვებული რჩება, და ჯინის ამოსაყრელათ, ყოველთვის და ყოველგან, სახლში და გარეთ, დღე და ღამე, ჭკუაში და ტანში პირველ ალაგს არავის არ ანებებს.

ორიოდე თვის უსაქმოება და მოსვენება სასიამოვნო და სასარგებლოა საქმეში გართული კაცისთვის. მაგრამ ვინც მუდამ უსაქმოა, ვისაც ჯაფა და მუშაობა ღირსების დამდაბლებელ საქმეთ და ცოდვათ მიაჩნია იმისთვის მოსვენებაც მოსვენებით კი არ არის წვალება და ტანჯვაა.

მე ავიარ ჩავიარე ბაღში და, როცა ამ სურათების ცქერამ მეც მთქნარება დამაწყებინა, შნოიანათ მორთულ სასტუმროში შევედი, სადაც მოსამსახურე ქალი-შვილმა, ჩემ დაუკითხავათ, ერთი სტაქანი რძიანი ყავა, ახალი გაზეთი და ნემეცური ქალის ღიმილი შემომაგება. ჩემის მხრით, მადლობის გვარათ, მეც გაუღიმილე, დეპეშებს თავლი გადავავლე და ყავას მიუჯექი.

გამწარებულ და გამამწარებელ სიცხეში ყავის სმა, საწყენი ამბებით სავსე გაზეთის კითხვა და ლამაზი ქალის ღიმილის ცქერა, როცა კაცს გული არ უღიმილებს და თავი გასკდომას უპირებს, ძალიან დიდი სისულელეა. მე ამას მალე მივხვდი, ყავის გამოცლას აღარ მოუცადე, გაზეთი კუთხეში მივაგდე, გარდავიხადე ერთი შაური და გარეთკენ გავსწიე.

მე არ მომწონს და არ მიყვარს ზოდენი, ამიტომ რომ ეს არც ქალაქია და არც სოფელი. იქ, სამი ოთხი თვის განმავლობაში, არეულ-დარეულათ ცხოვრობენ სხვა და სხვა ქვეყნიდან მოსული კაცები, რომელთაც არაფერი კავშირი და გრძნობა, მობეზრებისა და მთქნარების მეტი, არ აახლოვებს და არ აერთებს, რათ ვარგა ამისთანა საზოგადოება, რა ღირსება აქვთ მის მწევრებს. თუ კი იმათ ერთი სული, ერთი გული და გრძნობა არ უდგიათ, და არც საერთო აზრი და მიზანი, არც საერთო სიყვარული და სიძულვილი აქვთ? ამისთანა საზოგადოება დიდ სასტუმროს გავს, და სასტუმრო აბა ვის უყვარს?...

ამ აზრით მე კრონბერგისკენ გავსწიე. ზოდენიდან კრონბერგამდი ქვეითი კაცი საათ ნახევარს უნდება: მშვენიერი გზა ხან ტყეში და ხან ყანებში, ზოგან ჭალებში და ზოგან მთის მხრისკენ იკლაკნება. ამ გზაზე იმდენი სასიამოვნო და ლამაზი რამეები ხვდება კაცს, რომ საათ ნახევარი თითქმის სრულიად შეუნიშნავათ გარბის.

გზაზე აქა-იქ წყვილ-წყვილათ მიდიოდნენ კრონბერგისკენ ახალგაზრდა და მოხუცებული კაცები და ქალები; ამათ ხშირათ წინ ბავშვები მიუძღოდენ. წყვილები ხან ცოლ-ქმარნი იყვნენ, და ხან „დანიშნულები“. კენტი იმ დღეს, მგონია, ჩემს მეტი არავინ იყო.

„დანიშნულები“ რაკი ვახსენე, უნდა ავხსნა, რომ გერმანიაში, როგორც შვეიცარიაშიაც, ჯვარის დაწერის წინ ორი-სამი წლის განმავლობაში, მომავალი ცოლ-ქმარი ძალიან დაახლოვებულათ არიან ერთმანეთთან: უამისოთ აქ თითქმის არავინ ჯვარს არ იწერს; ახალგაზრდა კაცი იცნობს ძალიან ბევრ ოჯახს, მაშასადამე ძალიან ბევრს გასათხოვარს ქალებსაც. აქაურ ქალებს არ ჰგონიათ, რომ ყმარწვილი კაცი მათი სასტიკი მტერია, და არც ისე წითლდებიან მის საზოგადოებაში, თითქო კაბის ქვეშ მოპარული რამ დამალული ქონდეთ, და დარწმუნებული იყვნენ, რომ ახალგაზრდა კაცს მათი ქურდობა არ გამოპარვია. არა. აქ ახალგაზრდობა ძალიან გულ-რწფელათ და გულ-მხურვალეთ იქცევა ერთმანერთში და ეჭვიანობის, ან შიშის და ოსტატობის მაგიერათ, მათ მიხრა-მოხრაში და ყოფა-ქცევაში პირველი ალაგი ნდობას და პატიოსნებას უკავია...

იმ დღეს „კრონბერგობის“ დღესასწაული იყო თურმე; ახლო-მახლო სოფლებიდან შეკრებილი ხალხით კრონბერგის ქუჩები გატენილი იყო, და წამდაუწუმ კიდევ მოდიოდა დაუთვალავი კაცი და ქალი, ზოგი ქვეითათ და ზოგი ფურგუნებით. თითო სოფლის მცხოვრებლებს ორიდან სამი ფურგუნი გაებათ, და თითოში ოცდა ხუთამდე კაცი და ქალი ისხდენ, ყვავილებით და ფოთლებით შემკულს ტანისამოსში და თავსახურავში. მათი ტანისამოსი ძალიან უბრალო, მაგრამ ამისთანავე ძალიან სუფთაც იყო; კაცებს ტილოსა და ზოგს სხვა და სხვა ფერი ტვინის სერთუკი ეცვათ, და თავზე ზოგს შავი და ზოგს ყვითელი ჩალის ქუდები ეხურათ; ქალების სარფინკის და ჩითის კაბა ძალიან სუფთათ გარეცხილი და გახამებული იყო, როგორც მათი ქმრების და ძმების პერანგებიც. სუფთა, მაგრამ ცოტათი მზისგან გარუჯული პირისახე, მოკლეთ შეკრეჭილი კაცების თმა, ლაზათიანათ დაწნული ქალის კავები, რომელთაც იქა-აქ ყვავილები ჰქონდათ ჩატანებული, მოკლე კაბის ქვეშ ცოტათი მოდიდო ფეხები, კაცი და ქალის მოზდო, ძალუმი ხელები და მაგარი ტანის-აგებულება, - ეს ყოველიფერი ამტკიცებდა, რომ ისინი გერმანიის გლეხი-კაცები იყვნენ. ამ ხალხისთვის კვირა დღე ჩვენებურ აღდგომასავით სახალისოა, რადგანაც იმ დღეს გლეხი კაცები მუშაობას თავს ანებებენ და ახლო-მახლო სოფლებში მიდიან ნაცნობების სანახავად მეგობრებთან, მოსალაპარაკებლათ და ორიოდე ყანწი „პივოს“ საზოგადო ლხინში გადასაკრავათ. თითქმის ყოველი კვირადღე, ზაფხულში, აქ რომელიმე სოფლის დღესასწაულია, ასე რომ ვინც კი ზაფხულში ყველა დღესასწაულებს დაესწრობა, შემოდგომის დამლევს თავისი მაზრის ყველა სოფლები ექნება ნანახი.

როგორც მოსეირნეები, ისე ფურგუნები და ცხენებიც ყვავილებით და წვანილით იყვნენ გაჭედილი. ყოველ ფურგუნზე, ქუჩრის გვერდში, დასობილი იყო დიდი უშველებელი შავი, ოქროს და სისხლის ფერი ფირკლის ბაირაღი: ეს გერმანიის დროშაა; ... ბაირაღებიც კი ვერ გადარჩენოდათ ფოთლებს და ყვავილებს.

ეს სურათი მშვენიერი სანახავი იყო. მე პირ-დაღებული დავიარებოდი ამ უცხო ხალხის შუა და სიამოვნებით უყურებდი მისს სიამოვნებას და ხალისს; მაგრამ, - გამოვტყდები, - თავიდან ვერ მოვიცილე ეს შემაწუხებელი აზრი: „იხალისეთ, ვფიქრობდი მე, იხალისეთ, რამდენიც კი შეგეძლოთ; წარსული კვირის ჯაფა და სევდა გულიდან ამოიხოცეთ, და მომავალი კვირისთვის ღონე და მოთმინება მოიმზადეთ, - თუ შეგიძლიათ...“

ამ ფიქრში ვიყავი მე გართული, როცა უკანიდამ ვიღაცამ მხარზე ხელი დამადვა; მე უცბათ მოვბრუნდი და დავინახე ჩემი სახლის პატრონი, რომელიც თურმე იმავ დილას ფრანკფურტიდან კრონბერგს თავისი ცოლ-შვილით წასულიყო და თან ზოგიერთი ნაცნობებიც წაეყვანა.

- თქვენ აქ რამ მოგიყვანათ? მკითხა იმან, გახარებული გაოცებით.

- მართალი გითხრათ, არც მე ვიცი. დავსეირნობ...

- წავიდეთ, ჩვენ ქალებს დავეწიოთ, შინ ერთათ დავბრუნდეთ, თუ თქვენთვის ეს სასიამოვნოთ დარჩება...

- ბატონი ბრძანდებით.

„ჩვენი ქალები“ - ჩემი სახლის პატრონის ცოლი და ჩვენი მეზობლის ორი ქალი იყვნენ, რომელთაც მესამე ქალი - მათი მეგობარი - წამოჰყოლოდა. ამ სამ ქალს ახლდა ორი იმათგანის დედა, რომელიც ძალიან მხურვალეთ უმტკიცებდა ჩემი სახლის პატრონის ცოლს, რომ უქმრობა ქალისთვის ისე ძნელი საქმეა, როგორც ქვრივობაო.

ამ მუსაიფში მე ხმა არ ამომეღებოდა, ამიტომ რომ მე არც ქალიშვილი და არც ქალი არ ვარ, არც ვყოფილვარ და არც მგონი რომ როდესმე შევიქმნე. ამ მიზეზით მე ორ პატიოსან ქალებს თავი დაუკარ, ხელი ჩამოვართვი და მაშინვე ცოტათი წინ გავსწიე სამი ქალიშვილის მისაწევნათ.

მე გვარიანი ხანია დაუმეგობრდი იმათ ოჯახს, რადგანაც ისინი ჩემ პირდაპირ ცხოვრობენ. საღამ-საღამოობით, როცა ქალიშვილები მაღაზიიდან შინ მოდიან, ჩვენ ხშირათ ვმუსაიფობთ ფანჯრიდან; ამას გარდა ისინი დადიან ჩემი სახლის პატრონის ოჯახში, და ხან მე დავიარები იმათსა.

უმფროს ქალს ახლდა მისი საქმრო, ახალგაზრდა ფრანკფურტელი ვაჭარი, რომელიც ეხლა სამხედრო სამსახურშია ჩარიცხული სალდათათ, და ერთი წელიწადი უნდა იმსახუროს - ჯარში. აქ ყველამ ორი წელიწადი უნდა იმსახუროს, მაგრამ ვინც სამსახურში შესვლის დროს ჩვენებური გიმნაზიის კურსის ეგზამენს დაიჭერს, იმას ერთი წლის სამსახური ეპატიება, რადგანაც სამხედრო სამსახური და შინაური მუშაობის მოცილება უმეტესი ნაწილისთვის ძნელი საქმეა, ყველა სწავლას და ეგზამენის დაჭერას ცდილობს, და ამ ნაირათ ეს კანონი ძლიერ ავრცელებს ხალხში განათლებას.

ეს ახალგაზრდა სალდათი იქნება ოცდა ხუთი, ოცდა ექვსი წლის; მისი საცოლო ოც-ოცდაორი წლისაა. გერმანიაში თითქმის ყველანი ამ ასაკში იწერენ ჯვარს.

ჩემი მეზობლის უფროსი ქალი ძალიან ლამაზია, ან, უფრო სწორეთ რომ ვთქვა, ეშხიანია. ეს ეშხი იმაში მდგომარეობს, რომ მის მშვენიერი, ცეცხლივით ანთებული თვალებიდან სულის და ჭკუის ძალა გამოჟღავის; იმის შემხედავ კაცს ჰგონია, რომ რა დაბრკოლებაც უნდა შეხვდეს ამ ქალს სიცოცხლეში, ის მაინც მამაცურათ, შეუპოვრათ ზედ გადაიარს, და ამ დარდიმანდობის შემდგომ, ამპარტავნობის და მედიდურობის მაგიერათ, მის პირისახეს მარტო სიხარულის და სიცილის სხივი გაამშვენიერებსო. რა სასიამოვნოა ამ ნაირი პირისახის დანახვა მისთვის, ვისაც ქალში და კაცში არაფერი არ სძულს ისე, როგორც ბატკნური უღონოება და მორჩილება, ვისაც უსულო და უცეცხლო თვალები - ქალის იყოს, თუნდა კაცის - ყოველთვის დამშეული, დაღონებული და მომაკვდავი ხბოს თვალებს მოაგონებენ!...

...რა მოქმედება უნდა ჰქონდეს კაცზე იმისთანა ქალს, რომელსაც სული არ უდგია, და არც ჭკუის, არც სხეულის ძალა აქვს! ვინ იცის - რა შეემთხვევა კაცს სიცოცხლეში, რა უბედურებაები დაეხვევა თავზე, რა განსაცდელი მიადგება კარზე! - რა ნაირათ უნდა აიკიდოს იმან კისერზე იმისთანა ქალი, რომელსაც გაჭირვების დღეს, ტვინ ამორთმეული ქათამივით, წრიალის და კაკანის მეტი არა შეეძლება რა?... რა სიცოცხლე ელის იმ კაცს, რომელსაც ერთს უბედურ საღამოს მარტო ყოფნა მოსწყინდება და რომელიც, ამ მიზეზით, პირველ შემხვდარ ქალს სამუდამო სიყვარულის სიტყვას აძლევს, როცა მის გულში სიყვარული კი არა, სისხლის ღელვა მეფობს. ორი სამი დღის სიამოვნების გულისთის რამდენი დაუბოლოებელი, მომბეზრებელი თვე და წელიწადი, რამდენი უსიამოვნება, ტანჯვა და სინანული ეხვევა იმას თავზე?... რა ნაირათ ამძიმებს იმას მისი საბრალო ცოლის საზოგადოება; რა უბედურია თვითონ ცოლიც, რომელიც დილიდან საღამომდი მთქნარების მეტს ვერას ახერხებს და საღამოდამ დილამდი, სანატრელი სიამოვნების მაგიერ, მთქნარებით და მობეზრებით მობეზრებულ ქმარს გულს უკლავს...

დიდი უბედურებაა ჩემთვის და ამ შენიშვნების მკითხველებისთვის ამ ნაირი გადახვევ-გადმოხვევა საგნიდან. მე ვლაპარაკობდი ჩემი მეზობლის ქალზე და, მის გამოხატვის მაგიერათ, მთელი ნახევარი თაბახი ავამსე სულ სხვა ნაირი სურათით. ამას ეხლა რაღა გაეწყობა ჩვენ საგანზე დაბრუნების მეტი?

მე ვთქვი, რომ იმის თვალებში ძალა და სული ჩანდა მეთქი. ეხლა დაუმატებ, რომ ის იმისთანა ქალია, რომელზედაც კაცს შეუძლია თქვას: „აი ამას კი ვერას დააკლებს განსაცდელი, ამასთან კაცს სიცოცხლე არ მობეზრდება; გაჭირვების დღეს ღმერთმა ამისთანა დამხმარი ჩემს კეთილისმყოფს მისცეს“.

გაჭირვების დღე იქით იყოს, მთელს სიცოცხლეში ამისთანა ქალი თავის ქმარს ჯაფის ტვირთს უადვილებს, და სიცოცხლის გამშვენიერებით, სიამოვნებით, ალერსით, ნუგეშით და იმედის მიცემით ქმრის ძალასა და შეძლებას ერთი ათათ ჰხდის... იშვიათათ შეხვდება კაცს ამისთანა ქალები, მისდა საუბედუროთ...

პირისსახეზე და აგებულებაზე რა ვთქვა? ვის მოუვა თავში კითხვა, რა ნაირი ცხვირი, ან ნიკაპი, რა ფერი წარბები, რა სიდიდე ყურები და რა სიგრძე კისერი აქვს ამისთანა ქალს?! ამას კი ვიტყვი, რომ მის მშვენიერ, ცოცხალ თვალებს დაცქერის მაღალი, სუფთა შუბლი, რომელიც შემოკავებულია გიშერივით შავი თმით. ვინც კაცის აგებულებას იცნობს, იმისთვის ეს სამი ნიშანიც საკმაოა დანარჩენი თვისებაების წარმოსადგენათ...

როცა მე ქალებს და ახალგაზრდა სალდათს გაუპირდაპირდი, უფროსმა ქალმა ხელი ჩამომართვა და იმწამსვე გამაცნო თავისი მეგობარი, რომელსაც მე ჯერ არ ვიცნობდი; მერე მე ხელი ჩამოვართვი იმის დას და საქმროს. მუსაიფის გაბმის დრო ჩვენ არ გვქონდა, ამიტომ რომ სანამ ერთმანეთისთვის ორი-სამი სიტყვის თქმა მოვასწარით, ჩვენ მივედით სასტუმროს კარებთან, სადაც იმ დღეს დაუთვალავი ხალხი დიდ მოლხენაში იყო.

გერმანიაში თითქმის ყოველ სოფელში და, რასაკვირველია, ყოველ ქალაქში რამდენიმე ამ ნაირი სასტუმროებია. თვითონ სახლი დიდი არ არის, სულ ოთხი, ან ხუთ ოთახიანი იქნება, მაგრამ ამ სახლს თან აკრავს დიდი ეზო - უკაცრავათ - დიდი ბაღი, რომელშიაც ხეების ჩრდილში დგანან სტოლი და სკამები, ხან სახლში, თუ სახლს დიდი ოთახი აბადია, ხან ბაღში, გამართულია საცეკვაო ადგილი, და მის ახლო მოკავებულია პატარა, ამაღლებული ალაგი მოსაკრავეებისთვის.

აქ საღამობით ცეკვავს ახალგაზრდა ხალხი, რომელსაც შორიდან სიამოვნებით და ხანდისხან, მგონია, შურითაც დაცქერიან მოხუცებული დედ-მამები და ჩემსავით აგორებული, უბინაო კენტები. შესანიშნავი ამ ცეკვაში ის არის, რომ ყოველი დედაკაცი და ქალი ცეკვავს თავის ქმართან, ან საქმროსთან და, ძალიან იშვიათათ, გარეშე პირთან. თითო საათის განმავლობაში წყვილები დარდიმანდულათ და გამწარებულათ ტრიალებენ ისე, რომ კაცს ეგონება - ეს ოხრები ვინმე სულელს უქირავებია იმ პირობით, რომ თითო წვეთ ოფლში მათ შუბლზე თითო მანეთი უნდა აძლიოსო.

რაკი მკითხველმა შეიტყო, - რა აღტაცებით ცეკვავენ აქაური ახალგაზრდები, მე უნდა ავწერო ეხლა „რა ნაირია“ იმათი ცეკვა, ამიტომ რომ ჩვენებურ და აქაურ ცეკვაში დიდი განსხვავებაა: ქალს ხელები კაცის ყელის გარეშემო აქვს შემოხვეული, და კაცს კი, თავის მხრით, ორივე ხელები შემოხვეული აქვს ქალის წელზე, ისე რომ წყვილი მაგრათ ჩახუტებულია ერთმანეთის გულში...

მე ძლიერ კარგათ ვიცი, რომ ამ სურათს ჩვენი მკითხველები არ მოიწონებენ, ხმა მაღლა მაინცა, თუმც მათ გულში რომ ჩახედოს კაცმა, შეატყობს, რომ ცოტათი არ იყოს კი მოსწონთ და, მგონია, კიდევაც ენატრებათ ამ გვარი ცეკვა. ეჰ, მკითხველო, მოდი ხელი გულზე დავიდვათ და გულწრფელათ გამოვტყდეთ, რომ ამ ნაირი ცეკვა მართლა მშვენიერი რამ არის!...

ყოველთვის, როცა ამ ნაირ ცეკვას უყურებ, ან შიგ ურევივარ, (მომიტევებს ჩემი მოძღვარი ამ შეცოდებას), მე მახსენდება ხოლმე თ. რაფ. ერისთავის მშვენიერი ლექსი:

ოდეს ტურფას შეეყარო, ვისთვისც გიძგერს მარად გული,
თუ რომ გიყვარს ჭეშმარიტათ, ასე უნდა სიყვარული:
ხელი წელსა გარდაჰხვიე, ვით რომ სურო ხესთან რგული,
ისე მტკიცედ დაეკონე, ვით ფათალო ჩაწმახვნული!
მაშინ უნდა მშვენიერსა თვალი თვალში გაუყარო,
თავი თავსა, თმა დალალსა, მკერდსა მკერდი დაამყარო,
ტუჩი ტუჩსა შეაწებო, გულით გული გაახარო,

სწორეთ ამ სახით ცეკვავს აქაური ახალგაზრდობა, იმ განსხვავებით,
რომ „ტუჩი ტუჩზე“ და სხვა ამ გვარივე დაახლოვება საშემდეგოთ არის გადადებული - ხანდისხან ორი სამი წლის ვადით...

ზოგიერთი მკითხველები ინატრებენ ამ ნაირ ცეკვაში მთელი სიცოცხლის გატარებას; მე შემიძლია დავარწმუნო ისინი, რომ მთელი სიცოცხლის კი არა, ნახევარი საათის ამ გვარათ ყოფნა ძნელია; ამ მიზეზით, მოცეკვავები ხშირათ ტრიალს თავს ანებებენ და ბაღის ჩრდილში პივოს სმით სისხლს იგრილებენ და თან ხელახლავ საცეკვავათ ძალას იმზადებენ. რა ნაზი მუსაიფია გაბმული მაშინ დაღალული დანიშნულების შუა!... ქალი თავის დანიშნულს მის მდგომარეობას გამოკითხავს, რჩევას აძლევს, თუ როგორ მოიქცეს, სად წავიდეს, ვის რა მიანდოს, ვისგან რა მოითხოვოს, ან ითხოვოს და სხვ. და სხვ. დანიშნული, მაგიერათ, თავის აზრებს ეუბნება, რას აპირებს, რის იმედი აქვს, რას მოელის, და ამ ნაირათ ორივე ახალგაზრდა კაცები სწავლულობენ შემდგომში ოჯახის საქმეების ხეირიანათ გარიგებას.

ამ ნაირ მუსაიფებში ხშირათ ნაზი ღიმილი და ხელის ჩამორთმევა ერევა ახალგაზრდობას; ეს დიდ-ცოდვათ არ უნდა ჩაეთვალოს. ხშირათ სხვა ფერი მუსაიფიც ჩამოვარდება: ორივე მხარე წარსული კვირის ამბავს და გარდასავალს უამბობს ერთმანეთს; ამას თან მოჰყვება ნაცნობებზე აზრის გამოთქმა და, რასაკვირველია, რომ ამ უკანასკნელ საგანს ხშირათ მოსდევს ქალის კისკისი და საქმროს ხარხარი. სიყვარულის აღთქმა, ლოდინის სიძნელეზე ტრთვინვა, იმედის მიცემა, მადლობა; ადგილი რომ არ მეზოგებოდეს, მთელს თაბახს ავავსებდი ამ საგანზე მოლაპარაკებით, ამიტომ რომ სიყვარული ათას ნაირათ გამოთქვამს თავის მწუხარებას და სიხარულს. მაგრამ რა საჭიროა გაგძელება; საკმაო არ იქნება ვთქვა, რომ აქაური დანიშნულები სწორეთ იმ გვარათვე ექცევიან ერთმანეთს, როგორც ჩვენში! - ტყუილია, მკითხველო?..

როცა ჩვენ ამ ნაირ სასტუმროს მივახლოვდით (გერმანიაში და ნემეცურ შვეიცარიაში ამას artenwirthschaft''ს ეძახიან, ეს ნიშნავს „ბაღიან-სასტუმროს“), უფროსმა ქალმა მითხრა, რომ დღეს ჩვენ ცეკვას ვაპირებთ და იმედი გვაქვს, ჩვენ მოლხენაში თქვენც მონაწილეობას მიიღებთო. მე გამოვუტყდი, რომ ცეკვა ძალიან სუსტათ ვიცი და დაუმატე, რომ თავის ტკივილი და უგზო-უკვლოთ ტრიალი ერთათ ძალიან ძნელათ მოთავსდებიან მეთქი.

- ცეკვა ძნელი საქმე არ არის, მიპასუხა იმან და თავის ტკივილი, მგონია, თქვენ იმისთვის მოიგონეთ, რომ გსურთ ძალა დაგატანოთ. თუ ასეა და ვნახოთ, თუ გაბედავთ აბა უარის თქმას.

ჩვენ ვიდექით საცეკვავი ოთახის კარების წინ. მუზიკა ოფფენბახის პოლკას უკრავდა და მოცეკვავები აღტაცებით, გაგიჟებულათ დააფრიალებდენ თავიანთი დანიშნულების კაბებს.

ოფფენბახის მუზიკა იმ ნაირია, რომ მომაკვდავი კაცის სასთუმალთან რომ დაუკრათ, ავათმყოფი ლოგინიდან წამოვარდება და ცეკვას დაიწყებს, ანა და ხელების და ფეხების ნძრევას და ბრახა-ბრუხით მაინც აიკლებს იქაურობას. ამისთანა მუზიკის მოქმედებას რომ დაუმატოთ ასი, ასოცდაათი კაცი და ქალის ერთბაშათ ტრიალი, სიცილი, ხარხარი, და რომ გაიხსენოთ რა ნაირათ გარდამდებია მოლხენა, - როგორც მწუხარებაც - თქვენ ადვილათ მიხვდებით, რომ მე თავის ტკივილი და ცეკვის უცოდინარობაც ისე მალე დამავიწყდა, როგორც ყოველიფერი, რაც მე ჩვენ სასწავლებელში მასწავლეს. და როცა უფროსმა ქალმა კისერზე ხელები მომხვია, მე უარის თქმის მაგიერათ, წელზე ხელი მოვავლე და დანარჩენ საზოგადოებასავით ტრიალი დავიწყე...

...საღამოს ხუთი საათი იქნებოდა, როცა ჩვენ ცეკვას თავი დავანებეთ. მე მადლობა გარდაუხადე სამივე ქალებს, რომელთანაც ვიცეკვე, და ჩვენ ყველამ ერთათ შემოუჯექით იმ სუფრას, სადაც ჩემი სახლის პატრონი თავისი ცოლით და ახალგაზრდა ქალების დედით პივოს სვამდა.

სანამ ჩვენი დაღალული საზოგადოება ხმის ამოღებას ძლივს ახერხებს, სანამ ზოგი პივოს და ზოგი შაქარ-წყალს ნელ-ნელა მიირთმევს და გულამოჯდომილათ ხვნეშის, ჩვენ, მგონია, ცუდს არ ვიზამთ, ჩემო მკითხველო, სხვა რამე საგანზე რომ ვიმუსაიფოთ. ჩემ მგზავრებს ჩვენ კიდევ მივეწევით; ნუ გეშინია, - ვერ გაგვექცევიან.

როცა ქალი თავის სიყვარულს აღარ მალავს და კაცს პირველჯერ პირში ეუბნება „მიყვარხარო“, როცა კაცი რწმუნდება, რომ ეს სიყვარული გულწრფელია, ის თავის საკუთარ თვალებში უცფათ იზრდება და თავის თავი მთელი ქვეყნის დამმორჩილებლათ მიაჩნია. ასეა ეს ქვეყანა: ახალგაზრდობაში, პირველ გამარჯვებას და პირველად მაღალ ქუსლიანი წაღების ჩაცმას კაცზე სრულიად ერთნაირი მოქმედება აქვს.

შემდეგ კი სხვა დრო დგება და, დროს გამოცვლით, ყმარწვილსაც გრძნობა ეცვლება: ახალ ჯვარ დაწერილ კაცს უეცრათ რაღაც ნაირი ნაზობა გაუჯდება ტანში, თითქმის ძვლებშიაც: ის ავათმყოფი კაცივით აზიზობს, სითბოს და ალერსს ეძებს და ბჩხილი რომ წამოტკივდეს, ლოგინში წვება. რა მოუთმენლათ ელის ის საყვარლის ნუგეშსა, მოვლას და ალერს, რა საშინლათ ჰსურს იმას, რომ საყვარელი მუდამ მის სასტუმალთამ იდგეს და მის სურვილს გულით მიხვდებოდეს!... იმ დროს იმას საყვარლის ალერსი მთელი ქვეყნის ფასათ მიაჩნია.

ცოლი კი ცივათ, უგრძნობელათ, უგულისყუროთ ექცევა, თითქო გულში ქმრის ტანჯვა უხაროდეს და მარტო ხალხის თვალისთვის აქცევდეს ყურადღებას.

ცოტა ხნის შემდგომ ცოლი ლოგინათ წვება; მაშინ იმას, როგორც უწინ ქმარს, მთელი მტკაველი სიმაღლე ემატება თავის თვალში; მის ნაზობას, ალერსის და მოვლის სურვილს ბოლო არა აქვს. - ახლა ქმარი, რომელსაც უწინ ცოლის გულგრილობა სულს უხუთავდა, ცოლის აზიზობას უდარდელათ უცქერის, და გულში ამ აზრის მეტი არა აქვს რა: „მე გახლავარ ეს ბიჭიო!“... სასაცილო არ არის ეს! - მაგრამ ნურც იმას დავივიწყებთ, რომ ამ ბრიყვულ უხეირობას ბევრი ბედნიერება მოუკაფავს ძირში და უფრო მეტი უთანხმოება და აყალ-მაყალი აუტეხია ცოლ-ქმარს შუა... სჩანს, რომ კაცის უმეცრებისთვის ღმერთს სამზღვარი არ გაუჩენია.

ჩვენ დანიშნულებს, პივოს სმის დროს, ასე შორს ჯერ არ შეეტოპათ; მაგრამ, რადგანც მათი დაახლოვება დიდი ხნის საქმე არ იყო, ახალგაზრდა კაცი სწორეთ ისე იქცეოდა, თითქო ეს არი მაღალ ქუსლიანი ჩექმები ჩაეცვა და ჯერ კიდევ გამაღლებას ვერ შეჩვეოდა. საბრალო ყმაწვილი, თითქო გაფრენას აპირებდა, როცა თავის საყვარლის პირისახეზე ცოტაოდენ ღიმილს თვალს მოჰკრავდა და წამდაუწუმ ხან წითლდებოდა, ხან თმას ამაყად ისწორებდა, ხან დგებოდა და თავმომწონეთ სუფრის ირგვლივ სეირნობდა... „ეს ძველი ამბავი მუდამ ახალია“ ვიფიქრე მე; „რაკი ერთხელ შეტოპე ამ ტბაში, შენც სხვებისავით ყელამდე ჩაიფლები; შენ სცდები, ჩემო ყმარწვილო ძმაო; ქალის სიყვარულმა ჩვენ დროში კაცი არ უნდა გააპარტავნოს. - თუ შენ ქალს უყვარხარ, ის შენში იმ თვისებაებს კი არ აფასებს, რომელიც შენ თვითონ, შენი ხასიათის ძალით, შეგიძენია და რომლითაც შენ სრული ნება გაქვს თავი მოიწონო. არა კაცში ქალი იმისთანა თვისებაებს ეძებს და აფასებს, რომელიც კაცს მისდა უკითხავად - თვით დაბადებიდან მინიჭებია: ის აფასებს გვაროვნობას - თუ ქალი გაუნათლებელია, შეძლებას - თუ ხარბია, სილამაზეს კი - ყოველ შემთხვევაში. თუ შენ ეს თვისებაები გაქვს, თავის მოწონების მაგიერათ, შენ წინაპარებს მადლობა შესწირე და გულწრფელათ დილა საღამოს ლოცვაში მოიხსენიე ის, ვინც იყო მიზეზი შენი დაბადებისა, და თან იმასაც ნუ დაივიწყებ, ვინც შენ ლამაზ ბიჭათ გამოგაკეთა...“

რაღა თქმა უნდა, რომ მე ჩემ გულში ვფიქრობდი ამ ნაირათ. ახალგაზრდა სალდათისთვის რომ ეს აზრები გამემხილა, ის მოუთმენლათ სიტყვას შემაწყვეტინებდა და მეტყოდა:

- ისინი მაშინ, დამიჯერეთ, ჩემ შნოზე და სილამაზეზე არ ფიქრობდნენ.

- რასაკვირველია, რომ მე იმას უკან ვერ ჩამოუდგებოდი და, რაღა ღონე მექნებოდა, უნდა მეპასუხებია: - მაგრამ არც თქვენ ფიქრობდით მაშინ ამ საგანზე...

ატყდებოდა დავა, ყბედობა, აყალმაყალი და, ვინ იცის, რითი გათავდებოდა. მერწმუნეთ, მკითხველო, მე ძალიან კარგათ ვქენი, ეს აზრები რომ ჩემთვის და თქვენთვის შევინახე.

ეხლა დაუმატოთ, რომ როგორც ეს თავის მოწონება, ეგრეთვე აზიზობაც უსაფუძვლოა. ეს აზრი დაუმტკიცებლათ მოვატოვოთ და დაუბრუნდეთ ჩემ საზოგადოებას.

ჩვენი სუფრის ახლო-მახლო იჯდნენ და მუსაიფობდნენ, სვამდნენ, ან სჭამდენ სხვა და სხვა ნაირი პირები. ერთს სუფრაზე შევნიშნე მე ჩემი ნაცნობი ფრანკფურტელი ბანკირი, რომელსაც სწორეთ იმდენი მილიონი აქვს, რამდენიც თბილისში სახლებია; ის თავისი ცოლით, ვაჟით, ორი მშვენიერი ქალით და ორი თუ სამი მეგობრებით ქეიფს ეწეოდა; მეორე სუფრაზე იჯდა ორი ახალგაზრდა მხატვარი, თავიანთი სამგზავრო იარაღით; მესამეზე - ოთხიოდე პრუსიის ჯარის აფიცრები; მეოთხეზე - ერთი წვრილი ვაჭრის ოჯახეულობა, მეხუთეზე - ათიოდე გლეხი და მუშა კაცი; ორი სუფრა ახალგაზრდა პრიკაზჩიკებით და სტუდენტებით იყო სავსე. ზოგი ნამდვილ ნემეცურ ენაზე ლაპარაკობდა, ზოგი ფრანცუზულზე, ზოგი მდაბიო ხალხის ნემეცურს ხმარობდა, ზოგი ინგლისურსაც; ერთ მოშორებით დადგმულ სტოლიდამ რუსული ხუმრობაები მოისმოდა იქ მყოფი ქალების სილამაზეზე და მათ ცოტაოდენათ შინაგან ღირსებაებზე... ერთი სიტყვით, ამ სასტუმროში იმ დღეს არეულ-დარეული იყო ერთმანეთში გვაროვნობა, შეძლება, ღირსება და ხასიათი. უფრო შესანიშნავი კი ის იყო, რომ ეს უსწორ-მასწორობა აქ არავის არ აკვირებდა, ასე რომ ძალიან ხშირათ ორი და ხან სამი სუფრის შუა გაცხარებული, თავისუფალი მუსაიფი იმართებოდა.

ჩვენ თითქმის მთელი საათი მოუნდით მოსვენებას და ამ საათის განმავლობაში ძალიან იშვიათათ ვიღებდით ხმას.

ბოლოს უმფროსი ქალის დანიშნულმა ხვნეშით და კვნესით გაიხსენა, რომ რვა საათზე ის ფრანკფურტში უნდა დაბრუნდეს და კაზარმაში უფროსებს გამოეცხადოს. რასაკვირველია, ეს ჩვენ ყველას გვეწყინა, ამიტომ რომ ის ძალიან მხიარული და სასიამოვნო მომუსაიფე და შემქცევი იყო ჩვენთვის, და უფრო იმიტომ, რომ მისი წასვლა მშვენიერ ქალს მოაწყენდა. მაგრამ ჩვენ კარგათ ვიცოდით, რომ სამხედრო სამსახური პრუსიაში ხუმრობა არ არის. ცოტა ხნის შემდგომ ჩვენ გავისტუმრეთ ახალგაზრდა სალდათი და დიდი სიმწუხარე და სამძიმარი საგძლათ გავატანეთ; იმის საცოლომ ალბათ მიხვდა, რომ ამისთანა ძნელი და შორი გზისთვის ეს საგძალი არ ეყოფოდა და, გამოთხოვების დროს, ჯაფის ამტანი ძალა ჩაბერა გულში... ასე მე იმიტომ ვფიქრობ, რომ აბა ტუჩს სხვა რა აზრით მიაბეჭდდა ის ტუჩებზე, გამოთხოვების დროს, ახალგაზრდა სალდათს, თუ არა გულში ძალის ჩასაბერავათ?...

წამავალი სალდათი რომ გავაცილეთ, ჩვენ ხელახლავ „ბაღიან სასტუმროში“ დავბრუნდით და იქ, ცოტა ხნის შემდგომ, ვახშამი მოვითხოვეთ. ჩვენი მუსაიფი რაღაც ნაირათ აღერღილი იყო: ორი-სამი სიტყვის მეტს ვერავინ ვერ გამოთქვამდა, თითქო ყველას ენა დაბმული ჰქონდა; როცა მოსამსახურემ ჩვენი არჩივი მოგვიტანა, მუსაიფი სრულიათ შესწყდა, - ეს გასაკვირველიც არ არის: დამშეულ კაცს რა ლაპარაკის თავი აქვს, როცა წინ საჭმელი უდგია? ამ მიზეზით ჩვენ ყველანი გაჩუმებულათ სუფრას შევექცევოდით.

მაგრამ, ჩემო მკითხველო, მე მარტო პირი მქონდა საჭმლით გაკავებული, და არა თვალები და ტვინი. მაშასადამე ვახშმათ როცა ვიჯექი, მე ადვილათ შემეძლო ნაცნობების ცქერა და მათი ყოფაქცევის შენიშვნა.

ეხლა ერთი კიდევ გარდაუხვიოთ ჩვენი საგნიდან - რა ვქნა, ეს ჩემი ჩვეულებაა, და ვინ არ იცის, რომ მოვალეს უფრო ადვილათ გაექცევა კაცი, მინემ ჩვეულებას.

ჩვენი მამაპაპური, ან, უფრო სწორეთ რომ ვსთქვა, დედა-ბებიური ჩვეულება მოითხოვს ქალიდან, რომ საზოგადოებაში იმან, რაც შეიძლება, ნაკლებათ უნდა სჭამოს. ამას უწინ ის მნიშვნელობა ქონდა, რომ ჩვენ, ქალები, ადვილი სარჩენი ვართო, ნუ გეშინიათ, შეგვირთეთ, - ბევრი ხარჯით არ დაგაღარიბებთო. ეხლა კი რაღა მნიშვნელობა აქვს ამ ჩვეულებას, რომ დამკიროს კაცმა, ვერ ვიტყვი და ვერ მივხვდები. ჩვენ დროში ცოლის რჩენის ხარჯი, საჭმელში კი არა, ტანისამოსში და სტუმრობაში გადის: მე ორიოდე იმისთანა ქალებს ვიცნობ, რომ რვა დღეს უსაჭმლოთ დარჩებიან, ოღონდ კი იმათ ახალი კაბა, ან მოსასხამი შეიძინონ, კვირადღეს საყდარში გამოსაფენათ. დღეს ჩვენში ქალის მადა კი არ აშინებს ქმრებს და საქმროებს, არა; მათი შემაშინებელი ქალის კოპწიობა და კეკლუცობაა. ამ აზრით, მე, ხუმრობა გაშვებით, ვურჩევ ჩვენ ქალიშვილებს შიმშილით თავს ნუ იკლავთ და მაგიერათ გათხოვებამდი მაინც მოიკავონ თავი მიმბაძავი და დამღუპავი კოპწიობიდან. ეს საქმროს უფრო ადვილათ აუხვევს თვალს...

ეს აზრები მომივიდა მე თავში, როცა ჩემი მეზობლების მადიან ჭამას უყურებდი; იმათ დარდი არა ჰქონდათ - არავინ შეაშინოს ჩვენმა მადამო, და ჩვენი „ღორმუცელობით“ (როგორც ჩვენში ქალიშვილის მადას ეძახიან) საქმრო არ დავკარგოთო. წვენი, ხორცი, ხილი, სასმელი ისე გასაღდა, რომ სუფრაზე ცარიელი თეფშების, ძვლების და სტაქნების მეტი არა დარჩენილა რა, და ეს სტაქანი და თეფშებიც ისე საფუძვლიანათ იყო გაწმენდილი, რომ მათ გასარეცხათ მოსამსახურეებს, არა მგონია, რომ ბევრი ჯაფა დაჭირდებოდა. ისეც კი უნდა ვთქვა, რომ არც კაცებს დაგვიკლია ხელი სასმელ-საჭმლისათვის: განა შეიძლება, რომ კაცი ქალს უკან ჩამორჩეს?

ცოტა ხნის შემდგომ, ჩვენ გავსწიეთ სასეირნოთ იმ გზით, რომელიც კრონდერბურგიდან ღომბურგს მიდის. ეს გზა ისე ლამაზი და სასიამოვნო არ არის, როგორც ზოდენიდან კრონბერგს, მართალია, მაგრამ არც სრულიად უშნოა: ამას არც ხეები და არც ოღროჩოღროები აკლია, არც ტყე და არც ყანა, ასე რომ აქ სეირნობასაც თავის სიამოვნება აქვს კაცისთვის.

წინ ორი უნცროსი ქალი მიდიოდა და გაცხარებულათ უჩურჩულებდნენ ყურში ერთმანეთს რაღაცა საიდუმლოებს. მათი უსათუოთ გულითადი აღსარების შეწყვეტა მე არ მინდოდა, - ეს ერთი; ამას გარდა ცოდვა იყო საბრალო დანიშნული ქალის მარტო მიტოვება მწუხარებაში, - ეს ორი; მესამეთ - გამოვტყდები, - ეს მშვენიერი და დარდიმანდი ქალი მე უფრო მიმიზიდავდა, ვიდრე წინ მიმავალი მესაიდუმლეები... რაკი ერთხელ გამოვტყდი, გულწრფელობას ხელს არ შეუშვებ და აქვე დაუმატებ, რომ მარტო ამ მესამე მიზეზმა მიმიყვანა მე დანიშნული ქალის გვერდში; ორი პირველი მიზეზი მე ჩემი სინდისის დასამშვიდებლათ მომივიდა თავში, როცა ჩემ მეზობელს კლავი მივართვი და ლაპარაკი დაუწყე. - რა ვქნათ, ამ ნაირია კაცის ბუნება!

ჩვენს უკან ჩემი სახლის პატრონები და ქალიშვილების დედა მოდიოდენ; იმათ მიზდევდა ჩემი სახლის პატრონის ვაჟი - რვა ან ცხრა წლის ბაშვი, რომელიც ჩვენ სირბილ-სირბილით წამოგვეწეოდა, გამოგვეთამაშებოდა ცოტას და მერე შეჩერდებოდა თავის დედმამის მოსაცდელათ. ორი ქალი ისევ თავიანთ საიდუმლოებს უამბობდენ ერთი მეორეს. ჩემი სახლის პატრონები და მათი მგზავრი ხან შინაურ და ხან საზოგადო საქმეებზე მუსაიფობდენ და ხან ჩვენ ორს ხუმრობით მოგვკივოდენ, რომ საბრალო სალდათის წასვლით ამ ნაირათ სარგებლობა ჩვენი მხრით დიდი უსამართლობააო, და თან დასმენას გვპირდებოდენ.

- სირცხვილი არ არის, გვიძახოდენ ისინი, სიყვარულში ამ ნაირი ორგულობა და უპირობა?! რა შეჩვენებული დროა ეხლანდელი დრო! ჩვენ დროში ქალი იმნაირათ იყო ერთგული დანიშნულთან, რომ მის გარდა სხვასთან ცეკვას და სეირნობას კი არა, ლაპარაკსაც არ ფიქრობდა...

- ძალიან დარწმუნებული ხართ, რომ „არა ფიქრობდა“? ვკითხე მე.

- ვერ ბედავდა მაინცა!

- ეს სულ სხვა საქმეა.

- ქმრისთვის კი სულ ერთია და...

- ეს ქმარზე ჰკიდია: კაცია და გუნება.

ჩემი მგზავრი ამ ხუმრობაებს ყურადღებას არ აქცევდა.

- რას გადაგვეკიდენ ამ თქვენი ღალატით, უთხარი მე იმას ხუმრობით, ლამის მართლა გაორგულობის სურვილი მოგვცენ...

- ხუმრობა იქით იყოს, ჩემი აზრით, ღალატის სურვილს, უმეტეს ნაწილათ, კაცის ეჭვიანობა უნდა აძლევდეს ქალს.

- შეიძლება, შეიძლება...

- შეიძლება კი არა, უეჭველია. როცა ცოლსა და ქმარს კავშირათ აზრებისა და ხასიათის ერთობა არა აქვთ, როცა იმათ საერთო არ უძევთ წინ, რასაკვირველია, რომ მათში დაუნდობლობა იქნება. სადაც დაუნდობლობაა, იქ სიყვარულს ალაგი არა აქვს, იქ ქალს ღალატისთვის გაბედვის მეტი არა სჭირია რა.

- თქვენ ძალიან ადრე დაგიწყიათ ამ საგანზე ფიქრობა.

- თქვენ ეს არ მოგწონთ?

- ძალიან მომწონს.

- როგორ არ ვიფიქრო ამ საგანზე, როცა მთელი ჩვენი ბედნიერება და ცხოვრება ამაზედ არის დამოკიდებული?

- მაგნაირ ერთობას თუ ელით, ბევრი წყალი ჩაივლის თქვენ მდინარეში, სანამ თქვენ მაგ ბედნიერებას მოესწრებით.

- ვინ იცის... ვთქვათ მე კიდევაც ვერ მოვესწრო; განა ეს შეუძლებელი საქმეა ჩვენ დროში? ვთქვათ, რომ ეხლა, წრეულს, მერმისს და მის შემდეგ ეს შეუძლებელი საქმე იყოს; ჩვენ სახეში მაინც არ უნდა გვქონდეს ამ ნაირი მიზანი? რაც დღეს ჩვენ შეუძლებლათ მიგვაჩნია, ათი-თუთხმეტი წლის შემდგომ, ნამდვილი და ძლიერ შესაძლებელი საქმე იქმნება. ცოტა რამეა განა ეხლა ესეთი ასრულებული, რაც ოცი წლის წინეთ კაცს მოუფიქრებალი ეგონა? გოტემ ტყუილათ კი არ თქვა, რომ კაცისთვის შეუძლებელი არა არის რაო.

- ამაში მეც გეთანხმებით.

- მაშ რაღათ ამბობთ, რომ ცოლქმარის აზრის და ხასიათის ერთობა შეუძლებელიაო?

- მე ვამბობ - ძნელია მეთქი, თქვენი აზრისა და ხასიათის კაცი ადვილი შესახდომია?

- რასაკვირველია რომ არა: ყოველ კაცსა და ქალს ძალიან იშვიათათ შეხვდება თავის მსგავსი, ან ტოლი კაცი.

- ვთქვათ ეხლა, რომ თქვენ შეგხვდათ თქვენი აზრის და ხასიათის კაცი, მაგრამ გაჭირვებულ მდგომარეობაში; შეირთავთ?

- იმ წამშივე, ამას რაღა კითხვა უნდა.

- მე ამ პასუხს ველოდი თქვენგან. მაგრამ საქმე ხომ მარტო შერთვა არ არის. მერმე?

- მერმე რა! ჩვენ ვიმუშავებთ, ვოშოვით რასმე და ამ ნაირათ ვიცხოვრებთ. მე დიდი ხანია მიჩვეული ვარ ჩემი თავის მოკავებას. მე კანონათ მაქვს: არაფერ ჩვეულებას არ ავიჩენ იმისთანას, რომლის დაკმაყოფილება მუდამ ჩემი საკუთარი შრომით და მოგებით არ შემეძლოს. მე ძალიან ცოტა მჭირია...

- საუბედუროთ ეგრე თითქმის მარტო თქვენ იქცევით, მე იშვიათათ მინახავს მაგნაირი ხასიათი - ეს პირმოთნეობა არ გეგონოთ. იმასაც დაუმატებ, რომ მე დარწმუნებული არა ვარ, გაატანთ ბოლომდე მაგ თქვენი კანონით, თუ ორი სამი წლის შემდგომ დაივიწყებთ იმას. ახალგაზრდა ქალებს - როგორც კაცებსაც - ბევრი ამ ნაირი აზრები აქვთ...

- გავატან ბოლოს თუ არა, ეს არც მე ვიცი. ვეცდები კი ძალიან. მართლა, ხომ ძალიან კარგი კანონია ჩემი კანონი?

- ცოტა მადროეთ, ქების-შესხმას დაგიწერთ, ფრანკფურტის პირველ მაიდანზე ხალხს შევკრებ, შილლერის ძეგლზე შევფორხდები და იქედან ქების შესხმას ხმა მაღლა წავიკითხავ. აი როგორ დავიწყებ: „აქებდით მას ანგელოსთა დასნი მეთქი!“

- იხუმრეთ, რამდენიც გინდოდესთ, მე კიდევ ვიტყვი, რომ ეს ძალიან კარგი და სასარგრბლო კანონია. ვინც ამ კანონს მტკიცეთ ასრულებს, ის მუდამ თავისუფალია...

- ვისაც ძალა აქვს და ხეირიანი გამოსადექი შრომა უსწავლია.

- მაგას რაღა ლაპარაკი უნდა. ყველამ იმისთანა რამე უნდა ისწავლოს, რაც ცხოვერებაში იმას, ან მის მახლობელს გამოადგება. ვინ ოხერი მიაკვდება უსარგებლო და ცხოვრებაში გამოუდეგარ სწავლას?

- ის ოხერი, ვისაც მეტი სწავლის შეძლება არა აქვს...

- ეს ძნელია, ძალიან ძნელი, გამოთქვა წყნარათ ჩემმა მეზობელმა და ჩაფიქრდა.

- ვინც ამ შეუძლებლობას გარდარჩენია, ის ვერ დაეხმარება?

მკითხა იმან ცოტა ხნის შემდგომ.

- რატომ ვერა, თუ სურვილი და მოხერხება აქვს. ამას მისი საკუთარი სარგებლობაც მოითხოვს; რაც უფრო შეძლებული და განათლებულია საზოგადოება, რომელშიაც კაცი ცხოვრობს, მით უფრო მტკიცე, სასიამოვნო და სანატრელია მისი საკუთარი მდგომარეობაც. აქედან ჩანს, რომ მარტო თქვენი კანონი საკმაო არ არის კაცის ბედნიერებისათვის. ხეირიანი კაცი თავისი მახლობლის დამხმარე და ფეხზე დამყენებელი უნდა იყოს. ის მუდამ უნდა აუკეთესებდეს თავისი საზოგადოების ზნეს, აზრსა და ცხოვრებას, უნდა ცდილობდეს, რომ იმის მახლობლებიდან ხეირიანი, შემძლე და პატიოსანი კაცები გამოდიოდენ. მარტო ამნაირი კაცების საზოგადოებაში შესაძლებელი და სანატრელია კაცის სიცოცხლე...

მე შევჩერდი და იქით-აქეთ მოვიხედე. გაცხარებულ ლაპარაკში ჩვენ თურმე ჩქარა გვევლო და შორს ჩამოგვეტოვებინა ჩვენი თანამოგზაურები, ისე რომ ჩვენ წინ ორი ქალიშვილი რო მიდიოდენ, ისენიც დაგვრჩენოდენ და ეხლა იმათი ხმაც აღარ გვესმოდა.

- დავსხდეთ მინდორზე, უთხარი მე ჩემ მომუსაიფეს, და ჩვენებს მოუცადოთ.

- მოცდას კაცი ყოველთვის მოესწრება, მაგრამ, როგორც გინდოდესთ, დავსხდეთ.

ჩვენ გზის ახლო საუკეთესო ხე ამოვარჩიეთ და იმის ძირში დავსხედით.

- რა ნაირი მოქმედება აქვს ცალკე პირზე საზოგადოების უხეირობას და უგუნურებას, თქვენ შეგიძლიათ დაინახოთ ერთი შესანიშნავი შემთხვევიდან, რომელიც მე ეხლა მახსენდება, ჩვენ რომ აქ ტყეში მარტო ვართ:

„შარშან ერთი ახალგაზრდა ქალი წავიდა ერთ პატარა ქალაქში თავის ბიძისა და ბიცოლის სანახავად. იქ გაიცნო იმან ბიძის სახლში იქაური საზოგადოება; სხვა ნაცნობებთ შორის იყო ერთი იქაური ჩინოვნიკი უ. ნ.; ეს კაცი ორმოცი, ორმოცდა ხუთი წლის იქნება; იმის პირის სახეში, ზეთიან თვალებში, გაგლესილ ცხვირპირში თავმოწონების მეტი არა სჩანს რა. იმის მიხრა-მოხრას და სიარულს რომ შეხედოთ, გეგონებათ, რომ ეს კაცი საბუქნაოთ ემზადება და მუხლებს იშინჯავსო; ხელები იმ ნაირათ უჭირავს მუდამ, რომ იფიქრებთ, ეს არის დოინჯებს შემოიყრის და წამოიძახებს: „შემხედეთ, რა დარდიმანდი ვარ!“ როგორც კაცი, იმ ნაირი ხასიათიც: ტრაბახა, შემძრომი და ცრუპენტელა. ერთი სიტყვით, ღმერთს იმისთვის არც შნო და არც ხეირი მიუნიჭებია და, თქვენ კარგათ იცით, რომ, რაც უფრო უშნო და უხეირო კაცია, იმას თავის თავი უფრო დიდათ მიაჩნია. ამ ნაირია სწორეთ უ. ნ.

„მართალია, თქვენ რომ ამისთანა კაცი შეგხვდეთ, ორ სიტყვასაც არ აღირსებთ. მაგრამ პატარა ქალაქში ისიც კაცათ ითვლება. გასაკვირველი არ არის, რომ იმ ახალგაზრდა ქალმა იმას ისე მოექცა, როგორც თქვენ, მაგალითათ, მე მექცევით.

„ეგეც უნდა გითხრათ, რომ ის ქალი იყო გაზდილი ერთს ქალების საშუალს სასწავლებელში. სწავლის დასრულების შემდეგ ის იმავე სასწავლებელში ყმაწვილების ზედამხედველათ იყო რამოდენიმე ხანს. წარმოიდგინეთ ეხლა ამ ნაირი გასათხოვარი ქალი, თქვენსავით თავისუფალ მიხრა-მოხრას დაჩვეული; წარმოიდგინეთ, რომ იმას ცხოვრება მარტო თავის სასწავლებელის ფანჯრიდან უნახავს, წარმოიდგინეთ კიდევ, რომ ეს ქალი გაერია იმნაირ საზოგადოებაში, სადაც ქალი კაცის ხმის გაცემას თითქმის ვერ ბედავს და თქვენ ადვილათ მიხვდებით, რით უნდა გათავებულიყო ამ ქალის მოგზაურობა.

„ნ. უწინაც ხშირათ დაიარებოდა იმ ქალის ბიძის ოჯახში; ეხლა კი, რაკი დაინახა, რომ ახალ მოსული ქალი იმას თავისუფლათ ექცეოდა, თავი უფრო მეტათ მოიწონა, და ყოველ დღე დაიწყო სიარული; იმ ქვეყანაში, რომელშიაც ეს ამბავი მოხდა, ეს ჯვრის დაწერის ნიშანია, და ორი სამი კვირის შემდეგ მთელს ქალაქში ხმა გავარდა, რომ ნ. ამა და ამ ქალზე ჯვარს იწერსო.

„ქალის ბიძამ უთხრა ნ-ს, რომ ამ ნაირი ხმები დადის ქალაქში და, თუ ჩემი ძმის წულის შერთვა არ გინდათ, სჯობია, რომ თქვენ ჩვენთან ცოტათი უფრო იშვიათათ იაროთო, რადგანაც ნაცნობობის ერთბაშათ გაწყვეტა ჩემი ძმის წულის სახელს გატეხსო. ვინ იცის, იქნება ბიძას კიდევაც სურდა ამათი დაგვირგვინება - ეს ღმერთმა და იმან იცის; ჩემს მოთხრობაში ამ საქმეს დიდ მნიშვნელობა არა აქვს.

„ჩემმა ნ-მა რაკი გაიგონა ეს, ერთბაშათ ჩხირი მიატეხა იმ კაცის სახლს, და იმ ნაირათ დაუწყო ქცევა, თითქო მთელი ქალაქისთვის უნდოდა ეჩვენებინა, რომ „განათლებული“ ქალი მივატოვეო. იცით თქვენ „მიტოვებას“ რა მნიშვნელობა აქვს?.. ბიძაც ახირებული კაცია: ადგა და როცა გზაზე შეხვდა, ორიოდე სილა, თუ ჯოხი აჭამა. ამაზე შედგა გამოძიება და ნ-მა ათი თაბახი ქაღალდი გააჭრელა იმ ქალის თავისუფალი ქცევის აწერით. „ის ჩემ პირ წინ იცინოდა, ხუმრობდა, თავისუფლათ ლაპარაკობდა, თავისუფლათ იქცევოდაო; მაშასადამე, ჩემზე აზრი ქონდაო.

„იმ ქვეყანაში ამ ნაირი აზრის გამოთქმას გასათხოვარი ქალისთვის სიკვდილი სჯობია, ამიტომ რომ მისი სახელი ტყდება, და ვისაც სახელი გატეხილი აქვს, თუნდა რომ ყველამ იცოდეს, რომ ის სრულიად უბრალო იყო იმ საქმეში, იმას სიხარული ძნელათ ეღირსება მისს სიცოცხლეში.

„ვისმე რომ ხანჯალი აეღო ხელში და იმ ქალისთვის თითი მოეჭრა, იმ კაცს სასჯელისაგან ვერავინ ვერ დაიხსნიდა. თითის მოჭრა თურმე უფრო ძნელი საქმე ყოფილა, მინემ წყნარი და გაუთავებელი ტანჯვით კაცის მოკვლა.

„ეს ყველა კარგი: ვინ არ იცის, რომ უპატიოსნო კაცები ყოველ საზოგადოებაში ურევიან? საწყენი და გულ-მოსაკლავი ამ საქმეში თვითონ საზოგადოების მოქმედება და ყოფაქცევაა. თქვენ გგონიათ, რომ ამ ამბის შემდეგ უ. ნ.-ს ყველა ნაცნობების სახლის კარები დაეკეტა, რომ არც ერთი პატიოსანი კაცი იმას თავს აღარ უკრავდა, რომ ზოგიერთი პირშიაც ჰკითხავდენ? მართალია, ასე მოიქცეოდა ყოველი განათლებული საზოგადოება. იქ ეს საქმე კი სულ სხვანაირათ გათავდა: უ. ნ. საზოგადოებაში ისევ ისეა მიღებული, როგორც უწინ იყო; არა თუ უბრალო კაცები, „განათლებულებიც“ უწინდელივით მისი მეგობრები არიან; საბრალო ქალი კი თითქმის ყველამ მიატოვა...“

მინემ ამ სიტყვებს ვამბობდი, მე თავი დაღუნული მქონდა და ჯოხით ბალახს და ყვავილებს ვაწვალებდი. ეს ჩემი ჩვეულებაა ყოველთვის, როცა მე ცუდ გუნებაზე ვარ. ამ მიზეზით მე, მოთხრობის დროს, ერთხელაც არ შემიხედავს ჩემი მეზობლის პირისახეზე. მოთხრობა რომ გავათავე, ცოტა ხნის შემდეგ ჩემი თანამოგზაურისკენ თავი მივიბრუნე; იმის პირისახე სრულიათ გამოცვლილიყო: ლამაზს, მუდამ მოწითალო ლოყებზე სიწითლის ლანდიც აღარ ჩანდა; თვალებში სისხლი ამოწოლოდა და გარეთ ცრემლები გამოცვარავდენ; თმა რაღაც ნაირათ აბუძგოდა; ერთი პატარა შავი კავი ყურის წინ გარდმოვარდნოდა და უფრო ფერმკრთალათ აჩენდა მის სრულიათ გათეთრებულ ლოყებსა; გალურჯებული ტუჩები ცოტათი ღიათ ქონდა დარჩენილი; მაგიერათ კბილები იმ ნაირათ მოეჭირა ერთმანეთზე, რომ მე შემეშინდა, არ ჩაიმტვრიოს მეთქი.

მე ხმა ამოუღებლათ თავი ჩავღუნე, და ხელახლავ ჯოხით ბალახის ჩიჩქნა დავიწყე.

- Bei Gott im Himmel! (ზეციერ ღმერთს ვფიცავ), წამოიძახა იმან ბოლოს და წამოდგა ფეხზე, მე არ მეგონა, ამისთანა კაცები თუ კიდევ სადმე იყვნენ ქვეყანაში!...

დროება. - 1869. - 16 აგვ. - N33. - გვ. 1-4; 21 აგვ. - N34. - გვ. 1-3.

5.3 ივანე სულხანიშვილი - აი რას სწერს უფ. ივ. სულხანოვი ქართულს გაზეთს „დროებაში“

▲back to top


16 (28) მკათათვეს. დიდიხანია რაც ვოცნებობდი ევროპის ნახვას და განსაკუთრებით იქაური სოფლური მეურნეობის და სახლოსნობის გაცნობას, მაგრამ დღემდე მე არ მქონდა შემთხვევა აღმესრულებინა ეს ჩემი დიდიხნის ნატვრა. სამზღვარს გარეთ მე გამოვემგზავრე პეტერბურღიდან, საცა დავესწარ სამანუფაქტურო გამოფენაზე და სადაც ახლომახლო შესანიშნავი სახლოსნობა ცოტაოდნათ გავიცან. ამ თავით სამზღვარს გარეთ მე მინდოდა მენახა და გამეცნო მეურნეობის მხრით სამხრეთი ნაწილი საფრანგეთისა, რადგანაც ამ მხარის მდებარეობა, ჰავა და მიწა-ნიადაგი ბევრით ემსგავსება ჩვენი საქართველოისას.

პეტერბურღიდგან გამგზავრების შემდეგ, ჩვენ გავიგეთ, რომ პირ და პირი გზით წასვლა პარიჟში შეუძლებელი საქმეაო, რადგანაც სწორეთ იმ დროს საფრანგეთს გამოეცხადებინა ომი პრუსიისთვის და ამის გამო ორივე მხარეს თავ-თავის სამზღვრებზე ჯარი გამოეყვანათ და რამდონსამე ალაგას რკინის გზებიც წაეხდინათ. ამ მიზეზით გზა ძალიან გაგვიგრძელდა: ვარშავიდგან ავსტრიაზედ მოუარეთ და აქედგან, შვეიცარიით როგორც იყო, პარიჟში მივაწიეთ.

საკუთრივ შვეიცარიაში ჩვენ დავყავით მხოლოდ რამდონიმე დღე იმ აზრით, რომ გვენახა საზოგადოდ იქაური მეურნეობა და განსაკუთრებით აქაური გამოჩენილი ყველის კეთება. განსაკუთრებითი ყურადღება ჩემი მიიქცია ციურიხის მახლობლათ ვენახებმა, რომელნიც აქ უფრო ბლომათ არიან, ვიდრე სხვა შვეიცარიის ადგილებში. აქაური ვენახები სწორეთ იმ სახით არიან შემუშავებულნი, როგორც ჩვენს საქართველოში, მხოლოთ, გამოუცდელი თვალიც შენიშნავს იმას, რომ ვაზები ვენახებში ერთ რიგზედ და ერთს ზომაზედ არიან ნახარები; თვით ვენახებს არა აქვთ შემოვლებული არავითარი ღობე, როგორც ჩვენში. აქაური წესი ვაზების შემუშავებისა თითქმის არაფრით არ განირჩევა და არცა სჯობია იმ წესსა, რომელიც ჩვენშია მიღებული. მხოლოთ ისეთს დაცვას მამულისას, როგორიც აქ ვნახეთ, საქართველო დიდხანს ვერ მოესწრება. ჩვენს მეურნეობაში უღობოთ ყანების და ზვრების გაშვება შეუძლებელი საქმეა. ყურადღების ღირსია, რომ ყოველი უბრალო მეოჯახე მშრომელი ისე აფასებს აქ სხვის შრომას და ჭირნახულს, როგორც თავისას. შრომა და შრომის ნაწარმოები - საკუთრება - საზოგადოთ წარმატებისათვის და კეთილ-დღეობისათვის უნდა იყოს საზოგადოებისგანვე კარგათ დაცული; მაგრამ, სამწუხაროთ, აქამომდე ჩვენში ამ საქმეს ძლიერ სუსტი ყურადღება აქვს მიქცეული. მაგრამ, ვინ იცის, იქნება შემდეგში, როდესაც ჩვენშიაც ისე გავრცელდება განათლება, როგორც აქ, როდესაც ჩვენი უდაბნოები და კლდეები ისე შემუშავდებიან, როგორც აქ, როდესაც აქაურსავით ჩვენშიაც დაიწყებენ ვაგონები გრიალით ცურვას და გოგვას, მაშინ იქნება ჩვენი ქვეყნის კაციც გაუფრთხილდეს და უფრო დააფასოს თავისი და სხვისი შრომა და ნაწარმოები. ვერავინ ვერ დამარწმუნებს, რომ ბუნებითი სიმდიდრით ეს ნაქები შვეიცარია ბევრით სჯობდეს ჩვენს ქვეყანას. ახლა ათასობით მოდიან აქ და მოგზაურობენ, ქაღალდით და კარანდაშით ხელში, განსაკუთრებით ინგლისელები ორივე სქესისა; ისინი აღტაცებაში მოდიან აქაური მთებით და იმათზე მიდგმული პატარა ქოხებით; მაგრამ, მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენშიაც ასე გაადვილებული იყოს მოგზაურობა, როგორც აქ, მაშინ ზოგიერთ ჩვენ ადგილებშიაც (მაგ. იმერეთში და ოსეთში) მოინახებიან ისეთი სურათები, რომლითაც დიახ შეიძლება აღტაცებაში მოვიდეს ყოველი კაცი.

შვეიცარიის სოფლების მეურნეობაში, როგორც ჩვენს ოსეთშიაც, პირველი ადგილი უჭირავს საქონელს. მაგრამ რა განსხვავებაა აქაურის და მანდაურის საქონელს შუა? აი, რა მნიშვნელობა აქვს საქონელზე კარგათ შენახვას და მოვლას. შვეიცარიის ყველი და კარაქი ხომ განთქმულია თითქმის მთელს ქვეყანაში; აქ ორ ნაირ ყველს აკეთებენ: წმინდა, ნაღებ მოუხდელი რძისაგან და მეორე უფრო მდარე ყველი კეთდება ისეთი რძისაგან, რომელსაც ნაღები მოხდილი აქვს; ამ უკანასკნელ ყველს თავის შინაურ მოსახმარათ აკეთებენ.

ციურიხიდგან წავედით ბაზელში, საცა თითქმის მთელი დღე დავრჩით ახლო-მახლო ადგილების დასახედავათ. აქ საზოგადოთ უფრო მომეტებული ნაწილი სახნავ-სათესი ადგილებია; ვენახებიც კი მოინახება. სადილათ ჩვენმა სასტუმროს მასპინძელმა მოიტანა საიდგანღაც ერთი ბოთლი თეთრი ღვინო და თავმოწონებით გვითხრა, რომ ამისთანა ღვინო, უეჭველია, თქვენ დღეში არ დაგილევიათო. ამისთანა დაწმენდილი ღვინო მართლა მე იშვიათათ მინახავს, მაგრამ, როდესაც გემო ვნახე, სწორეთ ჩვენებური კოლონისტების ღვინოს ჩამოგავდა. სტოლზე მსხდომმა სტუმრებმა, რასაკვირველია, ეს ღვინო ძალიან მოიწონეს და ამის შემდეგ ჩვენმა მასპინძელმა კიდევ უფრო მოიწონა თავი. მე მომაგონდა, რომ პეტერბურღის გამოფენიდგან წამომყვა ერთი ბოთლი წითელი ღვინო თ. დავით ჭავჭავაძის ზვრიდგან. წამოვდექი და ამოვიღე ჩემოდნიდგან ჩემი ღვინო. პირველათ ვაჩვენე ერთს მეურნეობის პროფესორს, რომელიც აქვე ისხდა. დალია თუ არა, ენა ჩაიწკლაპუნა და აღტაცებაში მოვიდა; ცოტ-ცოტა ყველას ერგო და ყველამ ერთ ხმით გადაწყვიტა, რომ თქვენებური კახური ღვინო ბევრათ სჯობნებია აქაურ ღვინოსაო.

მეორე დღეს ჩვენ გამოვედით ბაზელიდგან და შიგ საფრანგეთში შევადგით ფეხი. რადგან მკის დრო არის, ხალხი სულ მინდორში იყო და მკიდა. სოფლელი ხალხი აქაც ჩვენებურათ მკის: ნამგლითა და ცელით. ორთქლის სამკელი მაშინები, რადგან ისინი ძვირათ ღირან, მარტო დიდ მემამულეებსა აქვთ თურმე; მაგრამ საფრანგეთში დიდი მემამულეების რიცხვი ძალიან ცოტა არის, ასე რომ მაშინით მკის ნახვას მე ვერ ვეღირსე.

ამ მოგზაურობაში, ერთი თვალის გადავლებით, მე შევნიშნე, რომ საფრანგეთში ბევრგან განსაკუთრებითი ყურადღება ხილის მოშენებისთვის მიუპყრიათ, საცა არ გაიხედავდი, ყველგან ხილის ბაღები და იშვიათათ ვენახები დაგხვდებოდა. მართლაც, წვრილმანი მემამულეებისათვის ამნაირი მეურნეობა ყოველთვის უფრო გამოსადეგია. მაგრამ, უნდა ნახოთ, როგორ უვლის და თავს ევლება საფრანგეთელი გლეხი ერთ ნამცეცა თავის ხილის ბაღსა, ან ვენახს; ყოველი ხილის ხე და ტოტი მიკრულია სარზედ და, თუ ხეები წყობით არიან, მაშინ ლითონის მოაჯირსავით აკეთებენ იმ სიმაღლეზედ, რა სიმაღლისაც თვითონ ხეები არიან. ამნაირათ, თავიდანვე მოვლით, ხეს ეძლევა ის ფორმა და სისწორე, როგორიც მებაღესა ჰსურს. შესანიშნავია აგრეთვე ის გარემოება, რომ აქაურ ვენახებში ვაზების ტოტები სამპირი მეტალის მავთულებით არიან გაკრულნი და გამაგრებულნი რიგზედ დარჭობილ ბოძებზედ.

საზოგადოთ სამეურნეო იარაღები იმ საფრანგეთის ნაწილში, საცა მე მოვგზაურობდი, ძალიან იშვიათათ იპოვება და, საცა ნახავთ, ისიც ინგლისიდან (რამსონ და კამ.) არიან მოტანილი.

სასოფლო გაზეთი. - 1870. - N14. - გვ. 3-4.

5.4 გიორგი ქოჩაკიძე - ფელეტონი: ცივ-ცივი ამბები

▲back to top


ამ უკანასკნელ დროში ისეთი სიცხეები დგას პეტერბურღში, რომ უნებურათ გსურს კაცს სადმე გარდაფრინდე... მართალია ამ უკანასკნელ დროში გაახშირეს პეტერბურღში აეროსტატების აშვება, მაგრამ ძნელი ეს არის, რომ ეს დალოცვილი აეროსტატები საითაც ქარი დაუბერავს იქით მიგაფრენს კაცს და აბა ვის აქვს სურვილი ახლა ბალტიის ზღვაში გაცურებისა. ამბობენ, ვიღაც ტამაშევიჩს გამოუგონია ახალი ელექტრო-მაგნიტული მაშინა, რომლის შემწეობითაც შეიძლება აეროსტატებს მიეცეს ის მიმართულება, რომელიც საჭირო იქნება. ააშენა ღმერთმა, აქობამდი ქვეყანაზე სიარულიც სჭირდა და აწი ფრენაც გაადვილდება. ამ მეცხრამეტე საუკუნეში ისე გახშირდა გამოგონებაები, რომ ნახავთ თუ ჩვენ ივანიკასაც სურვილი არ აუსრულდეს და უჩინ-მაჩინის ქუდი არ გამოიგონონ. მართალია, იქნება იმერლებმა ვერ დაიმსახუროს ეს სახელი; მაგრამ ეს ხომ ცხადია, რომ პირველათ იმერელმა ინატრა. მაგრამ კმარა უჩინ-მაჩინის ქუდზეც ლაპარაკი, ღმერთმა შვიდობა მისცეს ამ პეტერბურღსაც, გავიდეთ აქიდან, იქნება ქალაქს გარეთ მაინც ცოტათი გრილოდეს.

მაგრამ რაკი მოშორდებით პეტერბურღს და მის აგარებს, იმ წამსვე შევხთებით სოფლებს, რომელთაც არ ეტყობა ამ მდიდარი ქალაქის ახლო მდებარეობა. ისევ ის უთავბოლო სოფლური ცხოვრება იხატება თვალ წინ, რომელიც ასე ჩვევია სოფლურ ცხოვრებას. მაგრამ ამისთანა დიდი ქალაქის ახლო მცხოვრებ ხალხს რომ უკეთესი ცხოვრება არ ენახოს, ძნელი საფიქრებელია. მაშ რა მიზეზია, რომ ეს ხალხი ასე ჩამორჩენია თავის მეზობლებს?

მე ვამბობ იმ სოფლებზე, რომელსაც რუსები ჩუხნების სოფლებს ეძახიან. ეს ხალხი ეკუთვნის ფინლანდიელ ხალხს და როდესაც ჩუხნას დაუძახებენ თვითონ არ ესიამოვნება, თითქო გინებათ მიაჩნდეს ეს სახელი.

რა კი თან-და-თან გასცილდებით პეტერბურღს და მიუახლოვდებით ფინლანდიის ძველ სატახტო ქალაქს ჰელსინგფორსს, იმტენი იცვლება სოფლები და თვითონ ხალხიც. აქ თქვენ ძვირათ ნახავთ გძელხალათიან რუსის გლეხს; იმას აცვია ძველი, მაგრამ მოკლე და გაწმენდილი ტანისამოსი, თმაც მოკლეთ და ლაზათიანათ შეუკრეჭია... თუმც მიხვალთ და ჰკითხავთ რამეს, ის სრულებითაც უარს არ არის, თქვენი გულისთვის ხუთიოდე მინუტი მოიცადოს და ხეირიანი პასუხი მოგცეს. თქვენ მაშინვე ატყობთ ფინლანდიელს, რომ ეს სხვა ხალხია და, რაღაც, ბუნებითი პატიოსნება ჩაუნერგავს ღმერთს ამ ხალხისათვის. დედობრივ სქესიდან თქვენ ძვირათ დაინახავთ აქ იმ ფარისევლურ მორცხვობას და ყოველი უცხო კაცისგან ტყეში გაქცევას, როგორც ხშირად იციან ჩვენში სოფლის ქალებმა. ის თქვენთან გამოდის სიამოვნებით, თამამად გელაპარაკებათ და არც მოქცემთ მიზეზს, რომ რამე უკადრისის თქმა გაუბედოთ და თუ გაუბედეთ რამე, მაშინ, უეჭველია საკადრისს პასუხს მიიღებთ. მე თვითონ ვიყავი მოწამე, რომ ერთი ყმაწვილი კაცი, რომელიც მიუახლოვდა ერთ ფანჯარაზე გადმომდგარ ყმაწვილ ქალს და ფინლანდიურ ენაზე ორიოდე სიტყვა უთხრა. ქალმა იმწამსვე შებრუნდა თავის ოთახში და დიდხანს არ დაბრუნებულა. საქმე იმაში მდგომარეობდა თურმე, რომ ამ ყმაწვილს მოწყურებოდა და ამხანაგებს უთხრა: მასწავლეთ ფინლანდიურათ, რძე როგორ ვსთხოვოო; მაგრამ ამხანაგებმა რძის სახელი ასწავლეს და ზედ ყმაწვილი ქალისთვის სათაკილო სიტყვები დაამატეს. ქალი დაბრუნდა და ერთი ხელით სტაქნით რძე გარდმოუწოდინა ყმაწვილს და როდესაც იმან სტაქანი დასცალა, ქალმა მეორე ხელიდან სტაქანი უცფათ შემოატრიალა და მდუღარე წყალი პირში შეასხა. „ის რძე შენი პირველი თხოვნის დასაყმაყოფილებელია და ეს ცხელი წყალი მეორისაო“ - უპასუხა ქალმა და ამ სიტყვით ფანჯარაც ჩაიკეტა. ეს ფაქტი იმტენი შესანიშნავი არ არის, რომ ამაზე ლაპარაკი ღირებულიყოს; მაგრამ აქიდამ შეიძლება შეადგინოს კაცმა, ცოტაოდენათ, ის აზრი, თუ რა ყოფა-ქცევის არიან აქაური დაბალი ხალხის ქალები. საზოგადოთ ფინლანდიელები, ინგლისელების არ იყოს, თავისი ოჯახის ძლიერ მოყვარულნი არიან და იმისი სახელი წმინდა ტაძარივით დაცული აქვს ყოველ ფინლანდიელს; ის პოულობს ნეტარებას თავის პატარა ოჯახში და ამ ნეტარებას არ გაცვლის არავითარ ქვეყნიერ სიმდიდრეში.

შეიძლება აქ ელაპარაკნა კაცს ფინლანდიელ სასოფლო შკოლებზე და დაბალი ხალხის გარემოებაზე უფრო ვრცლათ, ამის მასალას, გარდა დაკვირვებისა, აფიციალურ ცნობებიც აძლევს კაცს; მაგრამ სრულებითაც არ მქონია სახეში ამ ხალხის გავითარების ისტორიას შევდგომოდი, ამისთვის გარდავდივარ ისევ ჰელსინგფორსზე და ვიტყვი ორიოდე სიტყვას იმაზე, რა ჩაბეჭდილება მოახთინა ჩემზე ამ ქალაქმა და აქ მცხოვრებმა. ჰელსინგფორსი არის დიდი ქალაქი; მაგრამ ის არის აშენებული ევროპიელ გემოზე და რაც კი საჭიროა განათლებული

ქალაქისათვის ის არ აკლია. აქ არის უნივერსიტეტი, სასამართლოები, თეატრები, გიმნაზიები, ინსტიტუტები და უკეთეს ქუჩებზე და მაიდნებზე ძეგლებიცა დგას. ეტყობა, რომ ამ ხალხსაც თავისი წარმომადგენელი და გამოჩენილი კაცებიც ყოლია. ქუჩაზე რაღაც სულ სხვანაირი სისუფთავეა და ხალხიც სხვა თავაზიანია. აქ თქვენ ძვირათ შეხვდებით იმისთანა «держи морд» ებს, რომელთაც უნებურათ უტევთ გზას სხვა რუსეთელ ქალაქებში. ბულვარში გადიხართ საღამოს, თქვენ იქ ხედავთ ფინლანდიელ საზოგადოებას, რომელსაც ისევ სხვა ხასიათი ადევს. რაც შეეხება ხალხის ტიპს, იმაზე ეს ითქმის, რომ კაცს უფრო ხშირათ შეხვდებით ლამაზს ვინემ ქალს; ქალები უმეტესნი დაბალი ტანის არიან, ჭრელთვალა და თეთრ თმა-წარბა, ასე რომ ვისაც შავთვალ-წარბიანი ქალები მოსწონს, იმის ყურადღებას ვერ დააკმაყოფილებს ამ მხრით აქაური კეკლუცები. მაგრამ ეს გარემოება არ აწუხებს ფინლანდიელს და ის ძვირათ გასცვლის აქაურ ქალს შავ-თვალ-წარბა ფრანცუჟანკებში.

დიდი ხანია რაც ფინლანდია შამოერთებულია რუსის სახელმწიფოსთან; მაგრამ იმისი შინაგანი წყობილება სულ განსხვავებულია რუსების შინაგანი წყობილებისგან; იმათ თავიდანვე ისე წაუყვანიათ თავიანთი საქმე, რომ თავისი კარგი არ დაუკარგავთ და სხვისი თუ რამე უნახავთ ხეირიანი იმისი მითვისება არ უთაკილებიათ. ამ პატარა ხალხის ხეირს ის ამტკიცებს კიდევ, რომ დიდი ხანია რაც ეს ქვეყანა შვეციას და რუსეთს შორის არის ჩავარდნილი, მაგრამ ამითი იმას თავისი ნაციონალური ხასიათი არ მოუსპია. ისევ იმ თავის ენაზე ლაპარაკობს, სწავლულობს, სასამართლოებში და ოფიციალურ საქმეებშიდაც იმას ხმარობს. როდესაც ფილანდიურ ენაზე სურს კაცს ლაპარაკი, არ შეიძლება არ მოიხსენიოს კაცმა ჰელსინგფორსის უნივერსიტეტი, რომელიც არსებობს 200 წლის მეტს. პირველად აბოს ქალაქში გუსტავ-ადოლფს დაუარსებია გიმნაზია; 1840 წელში ეს გიმნაზია გარდუკეთებიათ უნივერსიტეტათ და შემდექ აბოს დაწვისა გარდმოუტანიათ ჰელსიგფორსში. ამ უნივერსიტეტს ეკუთვნის უკეთესი სახელი ფინლანდიელების. ეს არის სული და ხორცი ფინლანდიელების. ამ უნივერსიტეტს გამოუტანია ფინლანდიელი ენა დავიწყებიდან, შეუკრებია ყოლისფერი, რაც კი ფინლანდიელმა იცის თავის ნაციონალური, იმას გაუზდია ფინლანდიელი საზოგადოება და უჩვენებია იმისათვის თავისი წილი ქვეყნიერების ისტორიაში. ეს უნივერსიტეტია, რომ აძლევს ამ ხალხს იმ ხეირიან ახალგაზდობას, რომელსაც უკავია ეს ქვეყანა წარმატების გზაზე. მართლაც უნდა მისცეს კაცმა სიმართლე აქაურ ახალგაზდობას, ეგენი არიან სეიმში, სუდში, ვაჭრობაში, სამღდელოებაში და ყოვლგან, სადაც კი შრომა და მოძრაობა საჭიროა ხალხისთვის. ამათ მტკიცეთ შეუკრავთ ურთიერთ-შორის მტკიცე კავშირი და საფლავამდი მიზდევენ თავის ქვეყნის კეთილდღეობას. იმათ შორის ძვირათ ნახავთ თქვენ უთავბოლოთ პატრიოტობაზე მყვირალ ყმაწვილ კაცს. მაგრამ იცოდეთ, რომ საქმით ის ნამდვილი პატრიოტია. მუდამ მოყვარულია იმისი, რასაც ფინლანდიის სახელი ჰქვია. თვითონ ფინლანდიელმა გარდმომიშალა ერთი რუსული წიგნი, რომელშიდაც ერთი ფინლანდიური ნაციონალური სიმღერის თარგმანი იყო დაბეჭდილი. ეს სიმღერა ფინლანდიურათ ასე დაიწყება: Värt lang, värt land, värt fosterland… „ჩვენო ქვეყანა, ჩვენო ქვეყანა, ჩვენო სამშობლოვ“. ძვირფასო სიტყვავ! სად არის სხვა მთა, ცამდის აწვდილი, ანუ ხეობა, ანუ კიდე, ზვირთ უკუმქცევი, რომელნიც უფრო უყვარდესთ, ვინემ ჩვენ გვიყვარს, ჩვენი მხარე, ჩრდილოს მდებარე, ჩვენი მამული!“

„ჩვენი ქვეყანა ღარიბია და ღარიბათაც დარჩება იმათთვის, ვისაც ოქრო სწყურის. აქ უცხო ქვეყნელი ამაყად ჩარბის ჩვენს წინ; მაგრამ კი გვიყვარს ეს ქვეყანა. ეს ჭაობიანი, მთა-ზღვა-კლდოვანი ქვეყანა ჩვენთვის ოქროვანი ქვეყანაა“. ...აბა აყურე, თუ ჩვენის სიყვარულისაგან არ აღმოვიდეს - შენი შუქი, შენი ელვარება, შენი სიხარული, შენი იმედი. დაე, ერთი კიდევ გაიხმაუროს ჩვენმა სამამულო სიმღერამ!“

ეს სიმღერაა, რომელიც ისმის მინდორში, სახლში, ბაღში, თეატრში და რომელიც არის პარტრეტი ფინლანდიელი ხალხის პატრიოტობისა. აბა ნახეთ თუ ამ პატარა ხალხს, ამ ორ დიდ სახელმწიფო შუა მყოფს არ შეუნახავს თავისი ნაციონალური ხასიათი. ნუ თუ არ კმარა მაგალითათ იმ მწერლებისთვის, რომელნიც ქადაგობენ, რომ დიდმა პატარა უნდა ჩაყლაპოსო. დასამტკიცებლათ მომყავს აქ ერთი ოფიციალური რუსული ჟურნალის სიტყვები, რომელიც მაგისთანა მქადაგებლებისთვის, მადლობათ კმარა:

„ჩვენ საზოგადოებაში კიდევ იპოვებიან იმისთანა პირნი, რასაკვირველია ნაკლებად გახსნილნი, რომელნიც ცუდის თვალით უყურებენ იმასაც, რომ ჩვენი მმართველობა შეუხებლად სტოვებს ჩვენი თანამემამულე უცხო ტომის ხალხებში იმ ადგილობრივს განსხვავებითს თვისებებს, რომელნიც არ ეწინააღმდეგებიან არც სამართლიანობასა და არც გონიერებას. ძალიან სასურველია, რომ ჩვენში ძირიანად ამოიკვეთებოდეს ეს მტრული აზრები, ეს ბრმა მიდრეკილება, რომელსაც არავითარი გონიერი მიზანი არა აქვს.

1873 წელს 19 ივლისს. პეტერბურღი.

დროება. - 1873. - 3 აგვ. - N30. - გვ. 1-2.

5.5 სერგეი მესხი - ქართველი ევროპაში (ხამი მოგზაურის შენიშვნები და ფიქრები)

▲back to top


ხამი მოგზაურის შენიშვნები და ფიქრები ევროპაში მოგზაურობის შთაბეჭდილებები. დასავლეთ ევროპის ხალხთა ყოფა-ცხოვრება, ქალაქები, მრეწველობა, მეურნეობა და სხვ.

I. წინასიტყვაობის მაგიერ. მას აქეთ, რაც მე პირველად ადამიანისა და ქვეყნიერობის საქმეებსა და ცხოვრებას თვალ-ყურის დევნა დაუწყე, ჩემი მუდმივი სურვილი, დაუწყნარებელი ნატვრა და გულითადი განზრახვა ის იყო, რომ ევროპა, და განსაკუთრებით საფრანგეთი, მენახა. მინდოდა მენახა ის ევროპა, რომლის ცხოვრება, ნამდვილათ რომ განსაჯოს კაცმა, მთელი ქვეყნიერების ცხოვრებას შეადგენს. და ის საფრანგეთი, რომელიც თავის მხრით, საუკეთესო წარმომადგენელია ევროპის ცხოვრებისა. მინდოდა ცოტათი, გაკვრით მაინც, გამეცნო და დამენახა იმ ხალხების ცხოვრება, რომელთაც ბევრნი შენატრიან, რომელთ სხვა და სხვა დაწყობილობასა და წესებს სხვები ჰბაძავენ. ყველა ამაებს სად ვნახავდი თუ არ დასავლეთ ევროპაში და იმის საუკეთესო კუნჭულში - საფრანგეთში!

ამას გარდა ჩემთვის, რომელსაც ბედნიერი გარემოება ნებას მაძლევს, რომ კვირაში ერთხელ რამდენსამე ათასს თუ არა, რამდენსამე ასს კაცს მაინც ერთად ველაპარაკო, ვამბობ, ევროპის ხალხების ნახვა და იმათი ცხოვრების გაცნობა მაინც განსაკუთრებით საჭიროებას შეადგენდა.

„შენ საუკეთესო ცხოვრების გამართვას, ხანგრძლივის ძილიდამ გამოღვიძებას და ტვინისა და ხელების განძრევას უქადაგებ შენს ხალხს, ვფიქრობდი მე ჩემს თავზე. ძალიან კარგი; მაგრამ უნდა იცოდე, რომ ყოველ ახალ სწავლის მქადაგებელის სიტყვას, ყოველ ახალი გზის მაჩვენებელს მხოლოდ მაშინ ექნება დამარწმუნებელი ძალა და ნამდვილი გავლენა, როდესაც თვითონ მქადაგებელი დარწმუნებული და ბეჯითია თავის სწავლაში და თავის აზრების უმჯობესობაში; და ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც იმას თავისი ახალი გზა, ქადაგების საგანი კარგად გამორკვეული და გაცნობილი აქვს! რუსეთის ორიოდე ქალაქისა და თფილის-ქუთაისის ცნობის მეტი შენ არაფერი არ მიგიძღვის წინ, გამოწყვდეულხარ სოლოლაკში და მანდედამ უქადაგებ ქართველებს, რომ ძილს თავი დაანებონ, მიჰყონ ხელი ახალ საქმეებს და ცხოვრებას და წაბაძონ ევროპის ცხოვრებას, იმ ცხოვრებას, რომელიც შენ თითონ არ გინახავს და არ გაგიცვნია! აბა რა ძალა, რა გავლენა უნდა იქნეს შენს სიტყვას, შენს ღაღადებას?!“

ამის შემდგომ თქვენ კარგათ გაიგებთ ჩემ აღტაცებას და მომეტებულის სიხარულისაგან ხტუნვის სურვილს, როდესაც, ზოგიერთი წვრილმანი და სხვილმანი დაბრკოლებების შემდგომ, პირველად გადაწყდა, რომ ჩემს სამზღვარს გარეთ გამგზავრებას აღავითარი დამაბრკოლებელი მიზეზი აღარა აქვს რა.

ერთი პატარა შენიშვნაც, სანამ ჩემ მოგზაურობას შეუდგებოდე: მე მხოლოდ სამი თვის ვადით შემეძლო წავსულიყავ სამზღვარ გარეთ. აქედან ცხადათ დაინახავთ, რომ, ამ მოკლე ხნის განმავლობაში მართლა და ნამდვილ ევროპის გაცნობას მე ვერ მოვახერხებდი. მაშასადამე ამ ჩემი მოგზაურობის აწერილობიდამ ჩემი მკითხველი დაწვრილებით ამბებს და დალაგებით ევროპის ცხოვრების აწერას არ უნდა მოელოდეს. ეს არის მხოლოდ მგზავრის შენიშვნები და ხამი თვალის გადავლება უფრო მომეტებულად პარიჟის ცხოვრებისა.

წამოსვლა. ივლისის 6 იყო და საღამოს ცხრის ნახევარი, როდესაც ჩვენს სახელ-განთქმულ ფოთი-თფილისის რკინის გზაში ჩავჯექი და გამოვემგზავრე თფილისიდამ. სურამის ქედს რომ გადმოვცილდი და ვიგრძენი, რომ თავი ისევ კისერზე მაბია, ღმერთს მადლობა შევსწირე და გადავსწყვიტე, რომ ამ მოგზაურობაში ღმერთს სასიკვდილოთ არ ვყოლივარ გამომეტებული, მეთქი.

ქუთაისში ერთი დღით შევიარე. კენჭის ყრა და ბანკის საქმეზე მოლაპარაკება ის იყო წინა დღეებში გაეთავებიათ. ნაბრძოლარი ველი სასაფლაოსავით მყუდრო და უსიცოცხლო იყო: რაინდები, გაცხარებული ბრძოლისა და თეთრი და შავი ყუმბარების სროლის შემდეგ, თითქმის ყველანი თავთავიანთსა წასულიყვნენ. მაგრამ ვისაც წასვლა ვერ მოესწროთ და ვნახე, იმწამსვე შეატყობდა კაცი: ვინ იყო იმათში გამარჯვებული და ვინ - დამარცხებული. მხნედ მოსიარულე, ყურებ-გაცვეთილ და კუდმოქოცინე ძაღლი, უნდა იცოდეთ, ყოველთვის კმაყოფილია თავის ბედისა, და თუ ძაღლს ყურები აწურული აქვს, კუდი ამოძუებული და ნელ-ნელა, ზოზმანით დაიარება, უეჭველია, იმას რაიმე უბედურება შემთხვევია!...

მეორე დღეს მე ჩავჯექი ფოთში ცეცხლის გემში და გამოვემშვიდობე, დროებით, ჩემს ქვეყანას. რამდენ ნაირი გრძნობა, როგორი ფიქრები აღელვებს კაცს, როდესაც ის თავის სამშობლო მიწას სტოვებს! სიყმაწვილე, მეგობრები, ტანჯვა, სიხარული - ყველაფერი, რაც გამომიცდია, რაც გინახავს და რასაც შენ კაცად შეუქნიხარ, ყველა ერთნაირად გამოგეხატება და წარმოგიდგება თვალის წინ. ყველას ეთხოვები. თვალი და გონება უკან გრჩება, სანამ გემი უკანასკნელად არ დაისტვენს და არ მოგაშორებს ამ სამშობლო მიწას და არ გაგიფანტავს იმის გამოთხოვებისაგან დაბადებულ აზრებს.

მშვიდობით, ჩემო კარგო, ლამაზო სამშობლოვ! მშვიდობით... შენზე უდიდესს, უმდიდრესს, უჭკვიანესს და უმძლავრესს ქვეყანას მე, უეჭველია, ბევრს ვნახავ, მაგრამ შენზე უმშვენიერესს, შენზე უსაყვარლესს და ძვირფასს ქვეყანას ჩემთვის, მე ვერსად ვნახავ! მშვიდობით... ხორცით გშორდები, სულით, გონებით შენთანა ვარ!

II. შავი ზღვა - ოდესსა. მე მოვიბრუნე პირი, ჩემ წინ ფუთფუთებს და ზოზმანობს შავი ზღვა, თვალუწვდენელი, ლურჯათ გარდაშლილი, მშვენიერი...

ახირებული ზედ-მოქმედება აქვს, ზღვას ადამიანზე: კაცს ჰგონია, რომ მთელი ქვეყნიერობა იმისთვის არის გაჩენილი, რომ ის ბატონია დედა-მიწისა და ყველაფერი იმას უნდა ემორჩილებოდეს.

ზღვის დანახვა არწმუნებს კაცს, რომ ის შემცდარია ამ აზრში, რომ იმას ერთობ მაღლა მოაქვს თავი, როგორც ჭინჭველა სპილოსთან, ისე კაცი ზღვასთან. როგორც სპილო ერთის ფეხის განძრევით ათას ჭინჭველას გასრესს, ისე ზღვა ერთის აღელვებით, ერთის დანძრევით ათას კაცს შენთქამს და ათი ათასის ნაშრომს გაანადგურებს.

დიახ, ზღვას გონზე მოჰყავს კაცი. ზღვა აგონებს იმას, რომ, თუმცა შენ უჭკვიანესი ცხოველი ხარ, მაგრამ მაინც ცხოველი ხარ და ერთი უბრალო ქმნილებთაგანი დიდებული ბუნებისაო!

ყველა იმ ხალხებისათვის, რომელნიც ზღვის ნაპირას დგანან, ზღვა დაუფასებელ საუნჯეთ ყოფილა. ადამიანის დაარსებიდამვე შენიშნულია, რომ ყველაზე ადრე ის კაცი და ის ხალხი განათლებულა და გამდიდრებულა, რომელიც ზღვის ნაპირას ცხოვრობდა. სხვათა შორის, ზღვას მიუცია იმათთვის სხვა ხალხებთან მისვლა-მოსვლისა და ვაჭრობის გამართვის სახსარი, - და ეს პირველი საშუალებაა ხალხის წინ მსვლელობისა, განათლებისა.

რაში გამოვიყენეთ, როგორ ვისარგებლეთ ჩვენ შავი ზღვითა? დაუახლოვდით ჩვენ განათლებულ ხალხებს? ჩვენ მოძმე ხალხებთან, ამ ზღვის ნაპირას მცხოვრებლებთან, მაინც თუ გვქონდა მისვლამოსვლა და ცნობა? იქნება ის სიმდიდრე მაინც გამოვიყენოთ, რომელიც ზღვაშია? არც ერთი, არც მეორე, არც მესამე. ჩვენს ქვეყანას გარდა, თუ სხვა ხალხი და სხვა საუკეთესო ცხოვრება იყო, ჩვენ ხეირიანათ არც კი ვიცოდით; ჩვენი მეზობლები თუ ჩვენი ძმები იყვნენ და ისინი გამოგვადგებოდნენ გაჭირვების ჟამს, ამაზე ვინ ჰფიქრობდა! შავ ზღვაში თევზის დაჭერა და სხვა ათასი ზღვაში მყოფი ნივთების და ცხოველების გამოყენება ვის მოსდიოდა თავში!

მაგრამ რას ვამბობ? სხვა რა გამოვიყენეთ ჩვენ? შავ ზღვას გარდა, განა ბუნებას ჩვენთვის სხვა ათასი სიმდიდრისა და კეთილ-დღეობის მომპოვებელი საშუალება არ მოუცია? მაგრამ რომელი ერთით ვისარგებლეთ? უბედური ხალხი ვართ!...

ფოთიდამ დაწყებული თითქმის ქერჩამდი ჩვენი გემი ზღვის ნაპირებს არ შორდება. მოგზაური არათუ დურბინდით, უბრალო, ღვთისაგან გაჩენილი ორი თვალითაც კარგათ ჰხედავს ყველაფერს მარჯვენა მხრით შავი ზღვის ნაპირებზე. თქვენ ხედავთ შაქრის თავებსავით ჩამწკრივებულ პატარ-პატარა და დიდროან მთა-გორაკებს, რომელნიც ზღვას ჩამოსწოლიან; ხედავთ ფართოთ გარდაშლილ, ხე-ტყიან ადგილებსა და მინდვრებს; ალაგ-ალაგ დამტვრეულ და მიყრუებულ ქოხებს. თქვენ გაივლით სოხუმს, ბიჭვინთას, გაგრას, ტუაპსეს, საჭას, მიხაილოვკას (!) და სხვა სოფლებს, რომლებშიაც თუ „ერთ დროს სიცოცხლე არა დუღდა“, როგორიც არის, სიცოცხლე იყო მაინც...

თითქმის ყველა ეს ზღვის ნაპირა ალაგები, ეს ჩერქეზების ნამოსახლარი მიწები ეხლა გაჩერებულია და ზოგი გაყიდული. მომეტებული ნაწილი ამ მიწების ეკუთვნის ვაჭრებს, რიმელთაც აქ კალონიები უნდა გამართონ და ცივილიზაცია უნდა დააფუძნონ. მიხაილოვკის პირდაპირ მე მიჩვენეს ერთი მთა, რომელიც, როგორც მითხრეს, პატკოვსა და ლეონტიევს ეკუთვნის. ერთმა ვიღაცამ ჩემ გვერდით იმახვილა, რომ „ღმერთმანი, „მოსკოვის უწყებებში“ სტატიების წერა და რუსეთის პატარა ხალხების გინება - სასარგებლო საქმე ყოფილაო!“

ზღვა მშვიდობიანი, წყნარი იყო; მხოლოთ სევასტოპოლთან რომ მივაწიეთ, ცოტათი შეგვანძრია და ზოგიერთი მოგზაურები, განსაკუთრებით დედობრივი სქესისა, ცოტა არ იყოს შეგვიწუხა.

მოგზაურებიც სულ წყნარი, მშვიდობიანი ხალხი იყო. მხოლოდ ერთი ოსმალეთის შთამომავლობის ღენერალი შეადგენდა ჩვენში დისგარმონიას; დანარჩენი სულ წვრილი ხალხი ვიყავით. ეს ოსმალეთის შთამომავლობის ღენერალი ყარაბახელი პატრიოტი გამოდგა და მთელი გზა გვარწმუნებდა, რომ ტაშტამური და სხვა ავაზაკები ავაზაკებად ძალათ გახადეს, თორემ ძალიან კარგი ბიჭები იყვნენ, მე იმათ ყველას ვიცნობდიო. ეს აზრი, ღენერლისაგან წარმოთქმული, ძალიან მიეწონა ერთ ქუთაისელ იურისტს და დაუწყო მის ბრწყინვალებას განმარტება იმ სწავლისა, რომ კაცი თავის მოქმედების ბატონი არ არისო; ეს სეჩენოვმა დაამტკიცა ფიზიოლოგიურათაო და სხვ. და სხვ. წარმოიდგინეთ ჩემი გაკვირვება, როდესაც პატარა ხანს შემდეგ მე მომესმა მისი ბრწყინვალების მრისხანე სიტყვები, რომ „ვიღაც სეჩენოვი ყოფილა, იმას კარგი „სეჩენია“ მოუხდებაო!“

ამათ გარდა ჩვენ გემზე მოდიოდენ ხუთი, თუ ექვსი ახლად კურს შესრულებული გიმნაზიელები, რომელნიც მთელი გზა, ფოთიდამ ოდესამდი, თითქმის გაუწყნარებლივ ქაღალდს თამაშობდნენ, სამგზავრო ფულები ერთი ჯიბიდან მეორეში გადადიოდა, სხვათა შორის, ამათ ზოგიერთი ისეთი რამეები ილაპარაკეს, რომელიც სწორედ რომ ძნელად დასაჯერებელია. მაგალითად, ერთმა სთქვა, რომ ერთმა კაცმა ჩემმა ამხანაგმა ცხრა ცხვარი მიართვა უფროსსაო და მხოლოთ იმიტომ მიიღო ატტესტატიო; მეორე ხუთ-ხუთი მანეთს აძლევდა მასწავლებელს თითო უროკშიო, მესამემ ერთ მასწავლებელს სამზღვარ გარეთ თავის ხარჯით წაყვანა დაჰპირდა, მეოთხემ კიდეც წაიყვანა ერთი მასწავლებელი ვენის გამოფენაზეო და სხვ. ამგვარები.

ეს ამბები მე ყველა ჭორებათ მიმაჩნია. ვერ წარმომიდგენია, რომელ კავკაზიის გიმნაზიაში უნდა სუფევდეს ამისთანა წესები და წყობილებანი...

ამ ნაირად მშვიდობით გავიარეთ ჩვენ ექვსი დღის განმავლობაში, ეს თავ-მომაბეზრებელი, მომაწყინარი გზა, რომელსაც სხვაგან ერთ დღეს ან ბევრი დღე ნახევარში გადიან და ბოლოს, როგორც იქნა, ოდესაში მივედით.

ყველა რუსეთის ქალაქებში, პეტერბურღს გარდა, ოდესა უფრო შნოიანი და სუფთაა და ყველაზე უფრო ჰგავს ევროპიელ ქალაქსა. თავის მშვენიერი მდებარეობის წყალობით, ოდესას სამხრეთ რუსეთისათვის, უეჭველია, ისევე მნიშვნელობა მიეცემა, როგორიც ჩრდილოეთ რუსეთისათვის პეტერბურღსა აქვს.

მაგრამ მე არ შეუდგები აქ არც ოდესისა და არც რუსეთის სხვა ქალაქების აწერას, რადგან ჩემი განზრახვა ის არის, რომ ჩემი ევროპაში მოგზაურობა აგიწეროთ.

III. ვენა - ვენის გამოფენა. ოდესიდამ პირ და პირ ვენაში გავსწიე. ვენა იყო პირველი ევროპიელი ქალაქი, რომელიც მე ცოტათი დაახლოებით ვნახე. მე დავიჭირე ერთს მიყრუებულ ქუჩაზე პატარა ოთახი, სამ გულდენათ დღეში, ცოტათი მიველაგ-მოველაგე და იმ წამსვე აბანოში წავედი, რადგან ვოლოჩინსკიდამ ვენამდი ქვა-ნახშირის კომლმა სწორეთ ბუხრის მწმენდელსავით შემმურა. ვისაც ჩვენი დალოცვილი თფილისის აბანოები უნახავს, იმას ეს ჩემი აბანო სწორეთ არაფრათ მოეწონებოდა. შემაგდეს ერთ პატარა ოთახში, სადაც აუზი იდგა, ჩამოუშვეს ამ აუზში ცივი და თფილი წყალი და დამტოვეს. არც ჩვენებური მადნის წყალი, არც ქისა, არც დაზელა, არც ერთი, არც მეორე. „მადლობა ღმერთს, ვიფიქრე მე ჩემ გუნებაში: სხვაში თუ არაფერში, იმაში მაინც ვჯობნებულვართ ჩვენ ამ განათლებულ ევროპიელებს!“ ამისთანა აბანოში დიდ ხანს დარჩენა, რასაკვირველია, არას მიშველიდა: მივედი კანტორაში, სადაც ერთი მოხუცებული, სათვალეებიანი ქალი იჯდა და ისე ჩასცქეროდა თავის დავთარს, თითქო ეს არის უნდა აღმოეჩინა, რომ კუდიანი ვარსკვლავი დაეტაკება დედა-მიწას და ქვეყნიერება დაიღუპებაო. მივეცი, რაც ერგებოდა, გამოვედი, ავიღირე კისერი და დავიწყე უგზო-უკვლოდ ქუჩებზე ხეტიალი. სამი დღის განმავლობაში მე თითქოს მოუსვენრად დავხეტილობდი ვენაში: ისეთი ქუჩები, ისეთი ალაგები ვნახე, რომელიც მგონი ნამდვილ ვენის მცხოვრებელსაც თავის დღეში არ ენახოს. დღემდე ქუჩებში, ნაშუადღევიდამ საღამომდი გამოფენაზე და შემდეგ სხვა გასართობ და დროს გასატარებელ ალაგებში, მაგრამ არავითარი განსაკუთრებული და სასიამოვნოდ მოსაგონებელი შთაბეჭდილება არ დამრჩენია მე ვენაზე, იმის მიტოვების შემდეგ.

ერთი შეხედვით ვენა კარგი ლამაზი ქალაქია: ხუთ-ექვს ეტაჟიანი ლამაზი სახლები, გასაკვირველად სუფთა და ფართო ქუჩები, რომელზედაც აუარებელი ხალხი, ფაეტონები და საცხენო რკინის გზების ომნიბუსები მოუსვენებლად დატრიალობენ, მდიდრულად გამართული მაღაზიები - ძალიან აშნოიანებენ ქალაქს და სიცხოველეს აძლევან. განსაკუთრებით ეხლა, როდესაც გამოფენა არის აქ და რამდენიმე თავის წევრი თითქმის ყველა ქვეყნებს გამოუგზავნიათ, ამ სიცხოველეს სხვა და სხვა ფერობაც ზედ ემატება: რა ქვეყნის ხალხიც გინდათ, იმას შეხვდებით. ყველა ხალხს თავის ჭკუის და ხელობის ნაწარმოები მოუტანია აქ ქვეყნის საჩვენებლად. ბევრიც მხოლოდ იმისთვის მოსულა რადგან იციან, რომ აქ ეხლა თითო ნაგლეჯი მაინც იქნება თითქმის ყველა ხალხებისა და უნდათ, ესენი ყველანი ერთად დაინახონ მაინც არის...

ზემო მოყვანილი სიტყვები, რომ აქედან „არავითარი განსაკუთრებული შთაბეჭდილება არ მიმყვება“ მეთქი, განსაკუთრებით ვენის გამოფენას ეკუთვნის. ყოველი გამოფენა იმ ნაირათ უნდა იყოს გამართული, რომ გამოფენილი საგნების დათვალიერება და გაცნობა არა თუ მარტო მცოდნე კაცებისათვის და სპეციალისტებისათვის, ყველასთვის შესაძლებელი და გაადვილებული იყოს. ყველას ადვილათ უნდა შეეძლოს დანახვა, თუ რომელი ხელობა რომელს ქვეყანაში უფრო წინწაწეულია და რომელი ხალხი უფრო გავარჯიშებულია რომელსამე ხელობაში. ეს არის პირველი და აუცილებელი პირობა ყოველი გამოფენისა და თუ ეს შესრულებული ვერ არის, ამისთანა გამოფენა, იცოდეთ, მაგდენ სარგებლობას ვერ მოუტანს ადამიანის ხელოვნებას.

ამ მხრით არც ერთი გამოფენა, არ ყოფილა ისე კარგათ გაწყობილი, როგორც უკანასკნელი პარიჟის გამოფენა (1867). ერთი დიდი უშველებელი რგვალი შენობა იყო გამართული; ამ რგვალ შენობაში ირგვლივ რამდენიმე წყობა გალერეიები მიდიოდნენ, რომელშიაც თითოში მხოლოთ თითო რომელიმე ხელოვნების ან მეცნიერების საგნები იყო გამოფენილი, ასე რომ აქ ყველა ხალხების ნახელავ საგნებს ნახავდით, მაგრამ მხოლოდ ერთი რომელიმე ხელოვნებისას, მაგ. მეურნეობის. სიგრძით, ერთი კუთხიდამ მეორე კუთხემდი იყვნენ სხვა გალერეიები, რომელნიც ამ რგვალ გალერეიებს სჭირდნენ და რომლებშიაც თითოში მხოლოდ ერთი რომელიმე ხალხის ყოველ გვარ ხელობას ნახავდით. ამ ნაირათ თქვენ შეგეძლოთ გადაგევლოთ თვალი ან ერთი რომელიმე ხელობის ნაწარმოებისათვის და ან ერთი რომელიმე ხალხის სხვა და სხვა ხელოვნებისათვის.

ვენის გამოფენა კი თითქმის სრულიად უსისტემოდ, უთავბოლოთ არის გამართული: გამოფენას ძალიან დიდი ალაგი უჭირავს, მაგრამ ამ ალაგში ხშირათ ერთგვარი საგნები სულ სხვა და სხვა სახლებშია გამოფენილი, ერთი ნაწილი მაშინების, ან მეურნეობის საგნებისა რომ ერთ შენობაშია, მეორე ნაწილი სულ სხვაგან არის; ერთი ხალხის ხელობა ზოგი ერთ ალაგას არის გამოფენილი და ზოგი კი სულ სხვაგან. ასე რომ კაცს ჭკუა დაებნევა, კატალოგი სრულიად ვერ გშველის. მთელი დღე დაიარები, ათვალიერებ და დალაგებით ვერაფერს ვერ ტყობილობ და ვერ ხედავ.

მივედი თუ არა გამოფენაზე, რასაკვირველია, იმწამსვე ჩვენ კავკასიის განყოფილების ძებნა შეუდექი. მაგრამ არ დამიჯერებთ: ორი დღე ვეძიე, სანამ, როგორც იყო, მივაგენი, მაგრამ არც კი ღირდა, ღმერთმანი, იმ ძებნად: მე არაფრის თქმა არ შემიძლია ამ ჩვენი განყოფილების გამოფენაზე, რადგან ისვე საგნებია, რაც შარშანწინ მოსკოვის პოლიტეხნიკურ გამოფენაზე იყო და იმის თქმა, რაც ერთ „დროების“ კორრესპონდენციაში იყო ნათქვამი მართლა რომ ძნელია.

საზოგადოდ გამოფენაზე ორ სიტყვას ვიტყვი და ეს ორი სიტყვაც, საუბედუროთ დაგვიანებული იქნება.

ნემეცებს გამოფენაზე, რასაკვირველია, პირველი და უდიდესი ალაგი უჭირავთ, ლომის ლუკმა აუღიათ. მაგრამ შესანიშნავია, რომ ეს უშველებელი ალაგი, ათას გვარი საგნებით გატენილი, იმის მეოთხედ მაყურებლებსაც არ იზიდავს, რამდენსაც, ვსთქვათ, საფრანგეთის და იტალიის პატარა ალაგები იზიდვენ. არაფერზე არ გაგიჩერდება კაცს თვალი, არაფერი არ მიიპყრობს შენს ყურადღებას, არაფერი შთაბეჭდილება არ გრჩება, თითქმის ყველა ამ გერმანიის განყოფილებაში გამოფენილი საგნები შენ დიდი ხანია გინახავს და გულ-გრილათ მიდიხარ იქით.

ყოველი ხალხის ხელოვნებას თავის განსაკუთრებული ბეჭედი ასვია, თითქოს ხალხს თავის ხასიათი ყოველ საგანზე გამოუხატავსო. აიღეთ, მაგალითად, ნემეცის ნახელავი რამე საგანი: რაც უნდა უბრალო საგანი იყოს, შეადყობთ, რომ იმას დღე და ღამე უფიქრია, უწვალებია, უჭინტვია და, როგორც არის, გაუკეთებია.

მის მაგიერათ დახედეთ საფრანგეთის, იტალიის, პატარა შვეიცარიის და თითქოს ჩინეთისა და იაპონიის განყოფილებებს, - რამდენი ხალხი ასევია, როგორ აღტაცებით უყურებენ წამოწითლებული ანგლიჩანები საფრანგეთის ბრონზის საგნებს და იტალიის პატარ-პატარა ძეგლებს!

რაც შეეხება მათს სილაზათეს, გემოს - ამაში, რასაკვირველია, ფრანცუზის მოხელეს ვერცერთი ქვეყნის მოხელე ვერ შეედრება. მართლა სულ უბრალო რამე ბრონზის თუჯის ან ნიკელის საგნებში შნო სიცოცხლე, ხელოვნება სჩანს, რომ არტისტს უმუშავნია და იმდენი დრო არ მონდომებია, რამდენიც ნიჭი და ხელოვნება. შეხედეთ იტალიის განყოფილების ძეგლებს და სურათებს! რამდენი სიცოცხლე, რამდენი ბუნებითი სიმხურვალე, გრძნობა და ვნება იხატება ყველა ძეგლების და სურათების არა თუ პირის სახეზე, სხეულში და დაყენებაში! იმ ხალხს, რომელსაც ამისთანა ხელოვნების ნიჭი აქვს, თბილი სისხლი, გრძნობა და გული უნდა ჰქონდეს!

რუსეთის განყოფილებანი ყველანი, მართლა, განსაკუთრებით ყურადღებას თოკებსა და ტყავებს აქცევენ და მართლაც მშვენიერად ნახელავი თოკები და ტყავებია...

მაგრამ დავანებოთ თავი ამ უსულო საგნებს და ორიოდე სიტყვა სულიან ქმნილებაზედაც ვსთქვათ - ვენის მაცხოვრებლებზე.

ეხლა ვენა, ამ გამოფენის გამოისობით, როგორც ზევით ვსთქვი, სხვა და სხვა ათას გვარი ხალხით არის ავსებული. ქუჩებში და განსაკუთრებით გამოფენაზე თქვენ ყოველ ნაბიჯზე შეხვდებით ოთხ-კუთხ პირის სახიან ჩინელებს, თვალებ-მილეულ გაყვითლებულ იაპონელებს, მხრებ-აწეულ, მხნედ გამომხედვარე რუსის ღენერალს, რომელიც სტატსკურ ტანისამოსში როგორღაც ვერ გრძნობს თავის თავს კარგათ, პირზე წამოწითლებულ, გრძელ ფეხებიან ინგლისელებს, რომელიც თითქო ჯოხი გადაუყლაპავსო, ისე დაიარება; ცოცხალ, ფაცურა ფრანცუზებს; შავგვრემან, კონსპირატორის თვალებით მცქერალს ესპანიელებს და სხვა ათას, რომლის აწერა შეუძლებელია.

მაგრამ ამ ხალხში თქვენ სტუმარსა და მასპინძელს იმ წამსვე გამოიცნობთ. ვენელი მცხოვრები იგივე გაუთლელი, ფილოსოფიური პირის-სახის, პივოთ გაბერილი და არა სიმპატიური მიხვრა-მოხვრის ნემეცია, როგორც საზოგადოთ. მაგრამ ყველა ეს ნემეცის გამარჩეველი თვისებები ვენელს უფრო დარბილებული და, თუ შეიძლება ასე ვთქვათ, უფრო გატკბილებული აქვს, ვიდრემ მაგ. ბერლინელ ან მიუნხენელ ნემეცს. ერთის სიტყვით, ბერლინელ და ვენელ ნემეცს შუა ისვე განსხვავება არის, რიგორიც ჩვენებურ სემინარიელსა და გიმნაზიელს შუა; თუ შეიძლება, რომ ჩვენებური სემინარიელი თავის ფილოსოფიური გამოხედულობით, წყნარი, ბრძნული მიხვრა-მოხვრით და საზოგადოთ ხასიათის სიმძიმით ბერლინის ნემეცს შეადაროს კაცმა, მაშინ ვენელი ნემეცი თავის ცოტათი უფრო მომეტებულის სიცოცხლით, უფრო მსუბუქი ხასიათით უთუოთ ჩვენებურ გიმნაზიელს შეედარება.

ვენელი ქალების სილამაზე მთელს ქვეყანაში განთქმულია. თუ სწორი პირის-სახის დაწყობილობას, ნაზ, თეთრ-ყირმიზ ცხვირპირს, კარგათ მოყვანილ თვალებს, ლელწამ ტანადობას, თუ ყველა ამას სილამაზე დაერქმევა, მაშინ უეჭველია, ვენელი ქალები ლამაზები ყოფილან. ამბობენ, რომ პარიჟიდამ და სხვა საფრანგეთის ქალაქებიდამ ვენის გამოფენაზე ათი ათასი ქალი (კოკოტკა) მეტი ჩავიდაო, რადგან უცხო ქვეყნელებისაგან იქ კარგ შემოსავალს მოელიანო. მართლაც ხშირათ შეხვდებით იქ მათ. მაგრამ ვენის ქალს და პარიჟელს ერთი შეხედვით გამოიცნობთ: ხშირათ ვენელი ქალი უფრო ლამაზია, უკეთესი ტანადია, მაგრამ იმას არასოდეს არა აქვს ის ლაზათი, ის შნო, ის, „რაღაც მიმზიდველს“ რომ ეძახიან, რომელიც ასე უხვად მიუნიჭებია ბუნებას ფრანცუზის ქალისათვის. ვენელი ქალი და საზოგადოთ ნემეცის ხშირათ კარტინკასავით ლამაზიო, რომ იტყვიან, სწორეთ ისეთია, მაგრამ კარტინკასავითაც სიცოცხლემოკლებული.

რაიცა შეეხება ვენელი ქალების ზნეობას, ამბობენ, რომ ძნელად იპოვება ვენაში ისეთი ქმრიანი ქალი, რომელსაც ერთი „შინაურული მეგობარი“ მაინც არა ჰყვანდესო: ძვირად იპოვება ისეთი ქალიო, რომლის გული მარჯვე დონ-ჟუანს არ დაემორჩილოს და რომელსაც თავის კანონიერი ქმრის შუბლი უკანონო რქებით არ დაემშვენებინოსო...

ესეც თქვენი ნემეცის ქალების „იდეალური“ სიყვარული და „იდეალური“ ზნეობა.

დროება. - 1874. - 4 იანვ. - N405. - გვ. 1-3;

IV. მიუნხენი. მეოთხე დღეს, შუადღეზე, მე გულდაუწყვეტლად გამოვეთხოვე ვენას და იმის გამოფენას. წავედი რკინის გზის სტანციაზე და ავიღე ბილეთი მიუნხენამდე, რადგან ამ პივოს სატახტო ქალაქშიც მინდოდა ერთი დღე დავრჩენილიყავ. მეორეთ რომ დაჰკრა ზარმა. მე ერთი უფრო ცარიელი ვაგონი ამოვარჩიე, დავჯექი, მიველაგ-მოველაგე და დავიწყე აქეთ-იქით თვალების ფეცება. სულ იქით, ვაგონის მეორე კუთხეში, ვიღაც ორი ნემეცი ზიან და, თითქო ნამძინარევი იყვნენ, წელმოწტყვეტილად ლაპარაკობენ. ცოტა ხანს შემდეგ კარები გაიღო და ერთი ჩვენებური სიბერისაგან კბილებ-ჩავარდნილი, ულვაშებ-შეკრეჭილი და წელში მოკაკული სომეხი შემოვიდა, თავის მაუდის კაბაში და შავი ატლასის ახალუხში გამოწყობილი. კიდევ, ცოტა ხანს შემდეგ, გაიღო კარები და ერთმა ახალგაზრდა, ვაშლსავით ლოყებ წამოწითლებულმა, გაფუნთულებულმა ნემეცის ქალმა შემოჰყო თავი და ზედ ჩემ პირდაპირ დაჯდა.

პირ და პირ რომ შევხედე ამ ქალს, იმის თვალებში ამოვიკითხე: როგორი ახალგაზრდა ხარ, არა გრცხვენია, რატომ არ დამელაპარაკებიო!

- ქალო, თქვენ, მგონი, მანდ მზე გაწუხებთ; თუ გნებავთ, აქეთ გადმოჯექით, ადგილი არის, ვუთხარი ჩემი დამტვრეული ენით და მიუთითე ჩემ გვერდით.

- მართალიაო, სთქვა და ბევრი არ უფიქრნია, ადგა და ჩემ გვერდით დაჯდა.

- თქვენ სად მიდიხართ?

- მიუნხენშიო, თამამად და ღიმილით მიპასუხა.

- მეც იქ მივდივარ.

- ყოფილხართ თქვენ მიუნხენში? ქალაქს იცნობთ?

- ჩემ დღეში არა, მაგრამ არა უშავს რა არ დავიკარგები.

- მე კი პირველად მივდივარ იქ და ძალიან მეშინია: მარტო ვარ...

- რისი გეშინიათ, აქ არა ვარ, თუ ნებას მომცემთ, მე ვიქნები თქვენი რაინდი?

- მადლობელი ვარ, მაგრამ...

- მაგრამ რა?

- მეშინია...

- რისი გეშინიათ? და ამის დასამტკიცებლად, რომ მე მგელი არ ვიყავი და იმის შეჭმა არ შემეძლო, მივიწიე ახლოს იმასთან და სრულებით უნებურათ ჩემი მარჯვენა ხელი იმის მარცხენა ხელს დაედვა. ანტონინა ცოტათი შეჰკრთა, მაგრამ ხელი მაინც არ გასწია.

- ზოგიერთი კაცი მგელზე უარესიაო, თვალებში გამოესახა ანტონინას.

მთელი გზა უმტკიცებდი, რომ ის შემცდარია, მაგრამ რადგან ნემეცური ენის დიქსიონერი მალე გამომელია, მე იმ ენით დაუწყე იმას საუბარი, რომელიც მთელი ქვეყნისთვის ერთია.

ბოლოს, როგორც იქნა, ჩვენ მივაწიეთ მიუნხენში, მოვკიდე ხელი ჩემ დამას, ჩამოვიყვანე ვაგონიდამ, ჩავჯექით ჰოტელ ნაციონალ-ის ომნიბუსში და გავსწიეთ. ცოტა ხანს შემდეგ ჩვენ ორი ოთახი დაჭერილი გვქონდა და ოტელიდამ გამოვედით: ანტონინა ვიღაც თავის ნაცნობ ქალთან წავიდა და მე ქალაქში დავიწყე ჩემებურათ ხეტიალი და თვალების ფეცება. დავიარე აქაური პოლიტეხნიკის შკოლა და სურათების გალერეია და ორივესაგან სრულიად კმაყოფილი დავრჩი. ქალაქიც, როგორც ნემეცის სიფაქიზეს ეკადრება, სუფთაა. სწორი ქუჩები, მაღალი, ძველი სახლები, პირზე წამოწითლებული და პივოთ გაბერილი ბავარიელები, - ერთი სიტყვით, ყველაფერი ისეა, როგორც, ნემეცის ქალაქს შეეფერება.

საღამოს, თერთმეტი საათი იქნებოდა, როდესაც მე ჩემ ოტელში დავბრუნდი. დაღალული, მოქანცული ვიყავი და ის იყო ტანისამოსის გახდას შეუდექი და დაწოლას ვემზადებოდი, როდესაც ანტონინას ოთახიდამ რაღაც ხმაური მომესმა.

- ანტონინამ თავის თავი მე ჩამაბარა, მე ვიკისრე იმის მოვლა და უსვინდისობა და გაუზრდელობა იქნება ჩემის მხრით, რომ არ შევიდე და არ დავხედო, თუ რამე საჭიროა, ან თუ მშვიდობით არის, მეთქი, ვიფიქრე და დაურაკუნე კარებზე.

ჯერ ხმა არ ამოიღო მე ვიფიქრე, სწორეთ დაწოლილა მეთქი, და ის იყო უკან დაბრუნებას ვაპირებდი, როდესაც წყნარის ხმით მომესმა:

- Herein! (შემოდითო).

შევაღე ნელა კარები და შევედი. გავიხედ-გამოვიხედე. ანტონინა არსად არა სჩანს. იმ მხრიდამ, სადაც საწოლი იდგა, მომესმა:

- მე ლოგინში ვარ, ძალიან დავიღალე; თუ მგელი არა ხართ, ეხლა გამოგაჩნდებათ, აქ ნუ მომეკარებით, დაჯექით მანდ და ისე ვილაპარაკოთ. სად იყავით რა ნახეთ, სთქვით! ყურ-მოჭრილ მონასავით დავემორჩილე იმის ბრძანებას; ჩამოვსჯექი სტოლთან და ყველაზე პირველად ვკითხე, ხომ კარგათ არის, ხომ არავის გაუბედნია იმის წყნენინება, ან თავის საქმე როგორ გაარიგა. იმან მითხრა, რომ ძალიან კმაყოფილია ამ ოტელისა, კარგათ მემსახურენო, ვახშამიც კარგი მაჭამესო და რაც შეეხება ჩემ საქმეს, ისე კარგათ გავარიგე, რომ მეც არ მოველოდიო.

იმან რომ გაათავა, მერე მე მოვყევი ჩემი იმ დღევანდელი ალიან-ჩალიანი. უთხარი ყველაფერი, სადაც ვიყავი, რაც ვნახე, როგორ კმაყოფილად დავრჩი, რომ პოლიტეხნიკური შკოლა და საზოგადოთ აქაური შკოლები ასე კარგათ არის გამართული, როგორ გამაკვირვა იმ გარემოებამ, რომ ბავარიის მეფის სასახლე ამ სასწავლებელთან შედარებით უბრალო ქოხს გავს მეთქი; მერე ჩვენი ქვეყნის მდგომარეობაზე და ბუნებაზე დავიწყე ლაპარაკი და სხვ. და სხვ. და სხვ. ერთი ნახევარი საათი ვიყბედე ანტონინასთან და მერმე გამოვემშვიდობე და ჩემს ოთახში წავედი.

V. ციურიხი. მეორე დღეს, დილის ცხრა საათი იქნებოდა, როცა შევკარი ბარგი, გავისტუმრე ოტელის პატრონი და გამოვსწიე რკინის გზის სტანციაზე. ათ საათზე ჩვენი მაშინა გაქანებით მიდიოდა შვეიცარიისაკენ. ჩვენებურ ნასადილევს ჩვენ გადავედით ბოდენის ტბაზე.

დაიწყო შვეიცარია. მოწმენდილი, ლაჟვარდი ცა, პატარა გორაკები, ბუჩქებითა და ხეებით ამწვანებულნი, პატარა ღელეები და საზოგადოთ ერთი თვალის გადავლება ამ პატარა და თან დიდებული შვეიცარიისა, მე ჩემ პატარა სამშობლოს კუთხეს - იმერეთს - მომაგონებს...

ბოდენის ტბიდამ ციურიხამდე თითქმის ორი საათის სავალია, რასაკვირველია რკინის გზითა.

აი, გამოჩნდა ციურიხიცა, ეს შვეიცარიის განათლების კუჭი, ეს ზოგიერთისათვის საფრთხო ქალაქი, რომლის სახელსაც ზოგიერთები თითქმის გულ-გრილად ვერც კი გამოსთქვამენ, რომელშიაც მიღებული სწავლა და განათლება ქვეყნის დამღუპველ და დამაქცეველ და კაცობრიობის გამრყვნელ სწავლად და განათლებად მიაჩნიათ! ერთი სიტყვით, ეს არის ციურიხი თავის პოლიტექნიკური შკოლით, რომელიც პარიჟის პოლიტეხნიკური შკოლას შემდეგ თითქმის პირველია ევროპაში, თავის რუსის ახალგაზრდებით გატენილის უნივერსიტეტით, თავის სახელ-განთქმული ფლიუნტერნით, თავის მშვენიერი ტბით, თავის ამაყი და კმაყოფილ მცხოვრებლებით...

ეხლა რომ წარმომიდგება თვალწინ ციურიხი და მის არე-მარე, ახირებული შედარება კია, მაგრამ იმ წამსვე ქუთაისი და იმის არე-მარე მომაგონდება ხოლმე. შეხედეთ ციურიხი ორ ნაწილად არის გაყოფილი, მარჯვენა მხარე მთაზეა გაშენებული; მარცხენა უფრო სწორ ალაგას; შუაში ციურიხს ტბა და ლიმატი ჩაუდის, მარცხენა მხრით ხედავთ გამოჩენილ უტლის მთასა და ალბისს; უკან გაიხედავთ აქ და ალპის მთების შტოებს შეხედავთ. მაგრამ ეს შედარება მხოლოთ ამ გარეგანი მხრით თავდება. როგორც ჩვენს გორაზე წამოჭიმული მაქსიმე გაბაშვილის სახლი ციურიხის ფლიუნტერნზე წამომდგარ პოლიტექნიკურ შკოლას არ ჰგავს, ისე სხვა მხრით ეს შესადარებელი საგნები - ციურიხი და ქუთაისი - არ გვანან ერთმანეთს...

ციურიხი ნემეცური შვეიცარიის უდიდესი ქალაქია. მაგრამ განათლების მისაღები საშუალებებითა და სწავლულებისა და მეცნიერების სიმრავლითა ის მთელს შვეიცარიაში პირველ ქალაქად ითვლება. მართლაც, აქ არის გამოჩენილი პოლიტეხნიკური შკოლა, რომელშიაც ყველა ქვეყნებიდამ მოდიან განათლების მისაღებად. აქ არის მშვენიერად გამართული უნივერსიტეტი, გიმნაზია, უანგარიშო პირველ დასაწყისი შკოლები, ბიბლიოთეკები, მუზეუმები და სხვა, რაც კი განათლების მისაღებ საშუალებად ითვლება. ამასთან თვითონ ქალაქის სიმყუდროება, ცხოვრების სიიაფე და ყოველ მხრივ თავისუფლება, რასაკვირველია, ბევრ ახალგაზრდობას მიიზიდავდა ციურიხში; და მართლაც ასე მოხდა: ჩემს იქ ყოფნის დროს, როგორც მითხრეს, ნახევარზე მეტი სტუდენტები პოლიტეხნიკურს შკოლაში და უნივერსიტეტში სულ უცხო ქვეყნელები იყვნენ; ამათში ასზე მეტი რუსის ქალი და ვაჟი ერია და ხუთმეტამდე ჩვენებურებიც იყვნენ, რომელნიც ზოგნი ემზადებოდნენ უნივერსიტეტში შესვლას და ზოგნი კიდეც დაიარებოდნენ. მაგრამ ამ უკანასკნელ დროს, გამოცემულის მფარველობის ბრძანების გამო ზოგიერთები შინ დაბრუნდნენ და ზოგნი კი სხვა ქალაქებში გადავიდნენ სწავლის გასაგრძელებლად.

ჩემს აქ ყოფნაში რუსის ახალგაზრდობას გაცხარებული ყრილობები და მოლაპარაკება ჰქონდათ იმაზე, თუ, მივდივართ და, რა უყოთ ჩვენს ბიბლიოთეკასაო. რამდენსამე იმათს ყრილობას და ბაასს დავესწარი და დავრწმუნდი, რომ ესენი, ღმერთმანი, ისე საშიშო და ყურადღების ღირსნი არ არიან, როგორც ჰგონიათ და როგორც შორიდან მოეჩვენება კაცს. თვითონ იმათი წითელ-წვერა წინამძღოლი ხომ არასოდეს არ ყოფილა საფრთხილო კაცი და ეხლა ხომ სულ გამოფუტურებულა.

თითონ ციურიხელი შვეიცარიელები რომ მოუთმენარი, უგუებელი და ახირებული ხალხი არ იყოს, ეს რუსები მშვიდობით იცხოვრებდნენ ციურიხში და ისწავლიდნენ. მაგრამ ამ დალოცვილებს შეუდგენიათ თავისთვის მტკიცე კანონები ცხოვრებისა, ყოფა-ქცევისა, ტან-საცმელისა, და ნურავინ ნუ გაბედავს ამ კანონებზე გადასვლასო; ყველამ ისე იცხოვროს, ყველამ ისე ჩაიცვას, ყვალამ ისე იმოქმედოს, როგორც მეო; ერთის, სიტყვით, ჩემგან განსხვავებულს, ჩემს კანონებზე გადასულს მე არაფერს არ მოვითმენო. რუსები კი თავის ხასიათით, თავის ჩვეულებებით, თავის კომბოსტოთი, ერთი სიტყვით, თავის რუსობით მოდიან აქ. აი, ეს არის იმ გარემოების მიზეზი, რომ ციურიხში რუსები როგორღაც ვერ მოთავსდნენ.

დიდის კმაყოფილებით ვამბობ, რომ ჩვენებურები ამ მხრით ძალიან კარგათ იქცევიან აქ. ისინი რაც შეიძლება, სცდილობენ, რომ არც თავის ყოფაქცევით და არც გარეგანი შეხედულობით არ ეცნენ თვალებში მცხოვრებლებს, და ამის გამო ციურიხელებსაც ისინი ძალიან უყვართ და პატივსაც სცემენ ყველა კავკასიელს. ისინი როგორც თავის მოძმეს, თავის მეგობარს, როგორც კარგ კაცს, ისე უყურებენ და სიამოვნებით უმეგობრდებიან, თუ კი თვითონ კავკასიელმა მოინდომა იმათთან დაახლოება. მაგრამ, საუბედუროთ, ეს ძალიან იშვიათი შემთხვევაა: ჩვენები ციურიხში ერთობ განცალკევებული არიან, ერთობ განზე დგანან და თუ შეიძლება ასე ვსთქვათ, ერთობ თფილისურათ ცხოვრობენ.

მაგრამ ყველაზე უფრო სასიამოვნო ის სწავლაში გულს-მოდგინება და სიბეჯითე იყო, რომელიც მე ჩვენებურ ორივე სქესის ახალგაზრდობას შევამჩნიე. ერთი წლის განმავლობაში აქ იმათ იმდენი შეემატებიათ გონების გახსნაში, რამდენსაც ჩვენში, მგონი, ხუთი წლის განმავლობაშიაც ვერ შეიძენდნენ.

ორი კვირა დავრჩი მე შვეიცარიაში და ამ ორი კვირის განმავლობაში იმდენი ვიხეტიალე, რომ ერთს ჩემ მეგობარს ეგონა, რომ მუდამ მოგზაურ და დაუღალავად ყოველ კლდეზე მპორტყავ, ინგლისელად ვაპირებდი გადაქცევას.

ვიყავი შავხაუზენში; ვნახე გამოჩენილი დიდებული რკინის წყალვარდნილი...

ვნახე ლიუცერნი და იმის ერთ კლდეში გამოჭრილი, საფრანგეთის დიდი რევოლიუციის დროს დაღუპული შვეიცარიელების სამახსოვროთ, უშველებელი ლომი.

ვნახე შვეიცარიის სატახტო ქალაქი ბერნი... უკაცრავათ: შვეიცარიაში ტახტი არ არის... ბერნი ის ქალაქია, რომელშიაც იმყოფება მთელი შვეიცარიის კავშირის უმთავრესი მმართველობა.

ვნახე მშვენიერი ოთხი-კანტონის (ურის, უნტენვალდენის, შვიცის და ლიუცერნის) - ტბა, თავის ანკარა წყლითა, თავის ნაპირზე ჩამოწოლილი კლდეებითა და თავის კიდეებზე მერცხლის ბუდესავით მისკუპული სოფლებითა.

ვნახე გრიუტლი და საზოგადოთ ის ადგილები, სადაც 1307 წელს სამმა კანტონის უბრალო მცხოვრებლებმა: ვალტერ ფიურსტმა, ვერნერ შტაფხერმა და არნოლდ-დე მელხტალმა თავის დაჩაგრული მამულის, თავის მშვენიერი მთების, უცხო ტომის ხალხისაგან განთავისუფლებაზე შეჰფიცეს ერთმანეთს და კიდეც შეასრულეს ეს კაცის საუკეთესო მოვალეობა; ვნახე ის ადგილები, რომელიც უკვდავი პოეტის (შილლერის) კალამმა ასე ცხადათ, ასე ცხოვლად გამოხატა თავის „ვილჰელმ ტელში!“

ვნახე შესანიშნავი რიგი კულმის რკინის გზა და არა თუ ვნახე, ავედი კიდეც ამ გზით კულმის მთაზე და იქიდამ, როგორც ხელის გულზედ, ისე დავინახე თითქმის მთაც, ეს მშვენიერი ტბა, ცუგის ტბა, ლიუცერნი, შვიცი, პილატის მთა და ძირს ბევრი მშვენივრად შემუშავებული და ამწვანებული სოფლები და ადგილები.

ვნახე... მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს მკითხველისათვის იმის უბრალო ჩამოთვლას, თუ რაც მე ვნახე შვეიცარიაში და რაც ღირსია ნახვისა! არავითარი. ღმერთს რომ ჩემთვის უფრო ხელოვნური კალამი და აწერის ნიჭი მოეცა, მაშინაც უბრალო აწერით გამოუსახავდი მკითხველს ამ პატარა ქვეყნის მშვენიერებას; და განსაკუთრებით ჩემ მკითხველს, იქნება, ვერც მაშინ გავაკვირვებდი...

შვეიცარიაში რომ დავიარებოდი და იქაურ ბუნებას ვხედავდი, მუდამ ერთი შედარება მიდგა თვალ-წინ: კავკასიისა და შვეიცარიისა.

ბუნებით, ადგილის მდებარეობით, თითქმის ჰავითა და ცხოველ-მცენარეობით კავკასიასა და შვეიცარიას შუა დიდი მსგავსებაა.

ჩვენს ქვეყანას მხოლოდ ერთი აკლია: შვეიცარიის ტბები. გაუჩინეთ თფილისს გვერდით ჟენევის ტბა, ქუთაისს - ციურიხის ტბა, სადმე ზემო-იმერეთში ოთხი კანტონის ტბა წარმოიდგინეთ, და თუ საქართველო შვეიცარიას არ ემგვანება სრულებით თავის ბუნებით, მაშინ რაც გინდათ, ის მითხარით.

მაგრამ ბუნების მსგავსებასთან - რა განსხვავებაა ერთისა და მეორე ქვეყნის განათლებაში, ეკონომიურ და სოციალურ მდგომარეობაში! ერთი ყოვლად აყვავებული, განათლებული, მდიდარი, მხნე - მეორე ღარიბ-ღატაკი, უმეცარი! ერთი ნამდვილი სამოთხე დედა-მიწისა, - მეორე ისეთი კუთხე, რომელსაც მხოლოდ შეეძლო სამოთხედ ყოფილიყო!

ყოველი შვეიცარიელი ყველაზე პირველად თავის მამულის მოყვარულია. მგონი, არც ერთი მეორე ხალხი არ მოიძებნება დედა-მიწაზე რომელსაც ისე უყვარს თავის პატარა, მაგრამ მშვენიერი სამშობლო, როგორც შვეიცარიელს. ის გრძნობს, რომ თავის ქვეყნის ბედნიერება იმის საკუთარი ბედნიერებაა, და სამშობლოს დამცირება იმის დამცირებაა. ამის გამო მართლაც ისე უვლის, ისე უყურებს თავის სამშობლოს, როგორც ნამდვილი შობილი თავის მშობელს. შვეიცარიელი გრძნობს, რომ თავისუფალი წევრია თავის ხალხისა და არა ვისიმე ქვეშევრდომი. ის ამაყობს თავის სამშობლოთი; არავის არ მისცემს იმის დამცირების და შეურაცხყოფის უფლებას; გაჭირების დროს, როდესაც შვეიცარიას რამე შიში მიადგება, მთელი ხალხი, როგორც ერთი კაცი, ისე ადგება ხოლმე და გადიან ბრძოლის ველზე მტრის წინააღმდეგ; ყველა ისე იცავს, ისე უყურებს საზოგადო მამულს, როგორც თავის უძვირფასესს საკუთარს საქმეს; ყველა მზათ არის, მამულს თუ დასჭირდება, არათუ თავის შეძლება და ქონება, თავის თავიც შესწიროს. შვეიცარიის ყველა სახლებზე ორი სიტყვა აწერია დევიზათ: - Liberte et patrie - „მამული და თავისუფლება“ და ამ ორი, ერთმანეთში განუყოფელი საგნისათვის, ისინი არაფერს არ ზოგავენ; ციურიხელსაც ან სხვა რომელიმე ნემეცური კანტონის შვეიცარიელს რომ ჰკითხოთ: „ნემეცი ხომ არა ხართ თქვენო?“ ის წყრომით შემოგიბღვერთ და ამაყათ გეტყვისთ: „უკაცრავად, უფალო, მე შვეიცარიელი გახლავართ!“ აგრეთვე ჟენეველ შვეიცარიელს რომ ფრანცუზობა შესწამოთ, თუმცა ძალიან უყვართ ფრანცუზები, მაგრამ მაინც იმავე სიამაყით გიპასუხებთ, რომ „მე ფრანცუზი კი არა, შვეიცარიელი ვარო!“

აი, ამისთანა ხალხი ცხოვრობს იმ მთა-კლდიან და ტბა-მდინარეებიან პატარა შვეიცარიაში, რომელსაც ბერვის მხრით ევროპის საუკეთესო კუნჭულს ეძახიან, ხალხი ცოცხალი, მხნე, მშრომელი, თავისუფლებისა და სამშობლოს მოყვარე.

გულდაწყვეტილი გამოვეთხოვე მე, ორი კვირის შემდეგ ციურიხს და იქ მყოფ ჩემ თანამემამულეებს და გამოვემგზავრე ჟენევით პარიჟისაკენ.

VI. ჟენევა. ჟენევას პარიჟის ნამტვრევს ეძახიან. „მაშასადამე, ვფიქრობდი მე, ურიგო არ იქნება, სანამ მთელს პარიჟს ერთად ვნახავდე, ჯერ იმის ერთი ნაწილი, ერთი ნამტვრევი ვნახო“.

ორ დღეში ამისთანა ქალაქის გაცნობა და ყველა აქაური შესანიშნავი რამეების ნახვა, რასაკვირველია, ძნელია, მაგრამ რამდენადაც გავიცანი, ეხლა, როდესაც პარიჟი და იმის ცხოვრება ნახული მაქვს, ვრწმუნდები, რომ ზემომოყვანილს შედარებას ზოგიერთი მხრით საფუძველი აქვს: მართლა, გარეგანი ცხოვრების მხრით ჟენევა ძალიან მოჰგავს რომელსამე პარიჟის უბანს. ისვე ხალხით გატენილი ქუჩები, ისვე მცხოვრებლების სიცხოველე და სიმკვირცხლე, ერთის სიტყვით, ისვე ქუჩის ცხოვრება, რომელიც პარიჟში ასე ეცემა კაცს თვალში. ჩემს იქ ყოფნაში ჟენევაში ბრუსვიკის ღერცოგი მოკვდა და რადგანაც ეს ქალაქი ძალიან შეჰყვარებოდა, თავის მდიდარ შეძლებიდამ, სხვათა შორის, 25 მილიონი ფრანკი ამ ქალაქს უანდერძა. უნდა გენახათ, რა ამბავში იყვნენ ჟენეველები! ყველა ამ 25 მილიონზე ლაპარაკობდა, ყველა ჰყვიროდა; გარეშე კაცს ეგონებოდა, რომ ეს ფულები, მთელ ჟენევას კი არა, განსაკუთრებით თითოეულ ჟენეველს უანდერძა იმ ცხონებულმა ბრუსვიკის ღერცოგმაო, ისეთს გაცხარებულ ბაასში, ყვირილში და მილაპარაკებაში იყვნენ. ყველგან ჰკითხულობდნენ და ჩხუბობდნენ, თუ როგორ, რაში უნდა მოვიხმაროთ ეს ფულები? ზოგი ამტკიცებდა ფედერალურ უნივერსიტეტისთვის უნდა დაიხარჯოსი, ზოგი ახალი თეატრის ასაშენებლათ ნიშნავდა და ზოგი ვინ იცის, რისთვის. საუბედუროთ, ახლა ამ ფულებს ბევრი მემკვიდრე და მოდავეები გამოუჩნდა, თორემ ეს 25 მილიონი ფრანკი, რომელიც თითქოს ჟენევის წლიურ შემოსავალს უდრის, უეჭველია, ბევრ კეთილ საქმეში გამოადგებოდა ჟენეველებს.

ზედვე ეტყობა ჟენევას, რომ ეევროპის დედა-მიწაზე ის ყველაზე უთავისუფლესი ქალაქია: რაც ევროპის სხვა და სხვა მხარეებში აკრძალული და დევნილი ან წიგნები ან კაცებია, ყველას აქ შეუფარავს თავი. სხვათა შორის, ეხლა ჟენევა კომუნარებით სავსეა, რომელთაც მომეტებული ნაწილი ძალიან საწყალ მდგომარეობაში არიან. რომელთაც რაიმე ხელობა იცოდნენ, კიდევ როგორც არის გაუწყვიათ სიცოცხლე. ზოგიერთები რაღაც ბროშურებს სწერენ, თვითონვე დააქვთ და გამვლელ-გამომვლელს აჩეჩებენ ხელში - იყიდეო და ამით ძლივს ლუკმა-პურს პოულობენ. იმათ აქ სხვა და სხვა საზოგადოებები გაუმართავთ, საზოგადო სადილები დაუწყვიათ (La marmite sociale) და ამგვარი საშუალებებით დიდის გაჭირებით გამოდიან.

მონბლანის მშვენიერს ხიდზე ამართულია მშვენიერი ძეგლი, რომელიც წარმოადგენს ორ ქალს, ერთმანეთზე გადახვეულს. ეს ძეგლი აშენებულა იმის სახსოვრათ, რომ 1814 წელს ჟენევა და იმის კანტონი შვეიცარიის კავშირს შეუერთდა. ერთ ქალს (შვეიცარიის კავშირს) ჩაუხუტებია გულში მეორე (ჟენევა) იმის ნიშნად, რომ შენ ჩემთან არა გიშავსრაო...

მაგრამ ჟენევის შესანიშნავ რამეებში ყველაზე უფრო ჩემი ყურადღება ჟან-ჟაკ-რუსსოს ძეგლმა მიიქცია. ეს ძეგლი დგას პატარა კუნძულზე, რომელსაც აგრეთვე ჟან-ჟაკ-რუსსოს კუნძული ჰქვია და რომელზედაც ბერგის ხიდიდამ პატარა დაკიდული ხის ხიდი არის გაშენებული. უკვდავი მეთვრამეტე საუკუნის მწერალი დამჯდარია, ხელში უჭირავს კალამი და ქაღალდი და თითქო ერთი იმ თავის შესანიშნავ წიგნს სწერსო, რომელთაც ასე წინ წასწიეს ევროპის ჭკუა-გონება. ჟენევაშივე მოგზაურებს უჩვენებენ ერთს საუკეთესო სასტუმროსთან (Hotel de ville) იმ ადგილს, სადაც 1762 წელს, მაშინდელი ჟენევის მმართველობის გადაწყვეტილებით, დასწვეს ჟან-ჟაკ-რუსსოს საუკეთესო თხზულება „ემილი“, რომელშიაც ის სწერდა, თუ როგორ რყვნის ადამიანის ბუნებას ეხლანდელი ყმაწვილის აღზრდა და როგორი უნდა იყოს ნამდვილი აღზრდაო...

ამით ვათავებ მე, პარიჟამდი, ჩემი ერთი თვალის გადავლებითს მოგზაურობის აწერას და პირ და პირ პარიჟისაკენ მივეშურები.

დროება. - 1874. - 11 იანვ. - N406. - გვ. 1-3;

VII. პარიჟი. პარიჟის პირველ დანახვას, იმის ნიადაგზე პირველი ფეხის დადგმას გამაშტერებელი და ჩამაფიქრებელი ზედმოქმედება აქვს კაცის გონებაზე. თვალი ხედავს ზღაპრის ქალაქივით თვალ-უწვდენელ ქალაქს, დაუბოლოებელ, სწორ ქუჩებს, კოშკებივით ამაღლებულ ექვს და შვიდ ეტაჟიან სახლებს და ამ სახლებს ზევით კიდევ იმათზე უმაღლესს ეკკლესიებს, კოშკებს და ძეგლებს. გული გრძნობს, რომ შენი ფეხი დგას ისეთს ნიადაგზე, რომელზედაც რამდენსამე ასს შთამომავლობას უცხოვრია, უმოქმედნია, რომელზედაც რამდენიმე რევოლუცია მომხდარა; გრძნობ, რომ ყოველი ნაბიჯი ამ ქალაქის მიწისა საფრანგეთის თავისუფლებისათვის დაღვრილ სისხლით არის მორწყული; გრძნობ, რომ შენ ხარ იმ ნიადაგზე, იმ ქალაქში, რომელიც არის ერთსა და იმავე დროს თავი და გული მთელი საფრანგეთისა, სადაც სცემს მაჯა პოლიტიკური და სოციალური ცხოვრებისა; უნებურად წარმოგიდგება თვალ წინ პარიჟის წარსული ცხოვრება, იმის ხალხის ბრძოლა, იმის მუშის თავშეწირულობა, იმის მოწინავე კაცებისა და მეცნიერების გავლენა მთელი ქვეყნის გონებითს ცხოვრებაზე, - და ყველა ეს აზრები ისეთ ნაირათ გაგიტაცებენ, ისეთ ნაირათ შეგიპყრობენ, რომ შტერდები და ძარღვების უნებური ცახცახი მოგდის.

მე არ ვიცი, რა ემართებათ და როგორი გრძნობით შედიან მაჰმადის თაყვანის-მცემლები თავის წმინდა ქალაქს - ქაბაში; მაგრამ მგონია, რომ იმათი გრძნობა ძალიან უნდა გვანდეს აღმოსავლეთიდამ პარიჟში პირველად შემომავალი კაცის გრძნობასა!

ახირებული აზრი გვაქვს შედგენილი ჩვენ ყველას, ვინც ჩვენებური წიგნებით გამოვზრდილვართ, „ეხლანდელ“ პარიჟზე და იმის ცხოვრებაზე. ყოველი მხრით გვესმის ჩვენ მანდ, რომ პარიჟი ისეთი ქალაქიაო,

ისეთი გაგიჟებული ცხოვრება არის იქაო, იმდენ ნაირი გასართველი, დროს დასაკარგავი და მიმზიდველი რამეები იპოვებაო, რომ არა თუ სწავლა, მოსვენებით ცხოვრება და საზოგადოთ გულ-დამჯდარი შრომა იქ შეუძლებელი საქმეაო.

ეს თავიდან ბოლომდე შემცდარი და ცრუ აზრია. რასაკვირველია, დროს დასაკარგავი და გასართველი რამეები, როგორც საზოგადოთ სხვა ქალაქებში, პარიჟშიაც ბლომად მოიპოვება. მაგრამ ვისაც შრომა უნდა, ვინც სწავლის შესაძენად მოსულა, ვისაც მოსვენებული ცხოვრება სჭირია, დარწმუნებული იყოს, რომ, თუ სადმე სხვა ალაგას მონახავს ყველა ამას, პარიჟში მომეტებულს თუ არა, ნაკლებად ვერ ნახავს.

ამ მხრით ერთი გარემოებაა პარიჟში შესანიშნავი: ყველა დროს გასატარებელი ადგილები და სხვა რამები, როგორც მაგალითად: თეატრები, ათასნაირი ბალები, საღამოები, კანცერტების და სხვა ამგვარები პარიჟში ისე ძვირად ღირს, რომ თუ კაცს კარგი საშუალება არა აქვს, იმათ გემოვნებას და იმათში გართვას ძალიან იშვიათად შეიძლება. წინააღმდეგ ამისა, თითქმის ყველა უმაღლესი სასწავლებლები, ყველა ლექციები, ბიბლიოთეკები, წიგნები, გაზეთები და სხვა გონების შემამუშავებელი და გამხსნელი საშუალებანი ან სულ მუქთი და ან ძალიან იაფი არიან, ასე რომ ძალიან ღარიბ კაცსაც შეუძლიან იმითი სარგებლობა, თუ კი, რასაკვირველია, სურვილი ექნება. ვისაც ცუღლუტობა, დროს დაკარგვა და ფულების ფლანგვა უნდა, იმას ეს ყველგან შუძლია და პარიჟში კი, მართლა, ყველაზე უკეთესად და უფრო მალეც...

მე კი ყველაზე უფრო პარიჟში პოლიტიკური ცხოვრება მიმიზიდავს. ჩახედეთ რა ქვეყნის გაზეთებშიაც გნებავთ: რომელი ხალხის პოლიტიკური ცხოვრების აწერას უჭირავს მომეტებული ალაგი? რასაკვირველია, საფრანგეთის და არა გერმანიისას, რომელიც უკანასკნელი ომის შმედეგ მუდამ ტრაბახობს, რომ ევროპაში პირველი ალაგი მე მიჭირავსო.

ეს გარემოება გასაკვირველიც არ არის. თქვენ იცით, რომ ეხლა პარიჟში, ანუ უკეთ ვსთქვათ, ვერსალში, წყდება ისეთი კითხვა, რომელსაც, საფრანგეთის მომავალზე, მის პოლიტიკურ ცხოვრებაზედ დიდი გავლენა ექნება.

საზოგადო ისტორიაში და განსაკუთრებით საფრანგეთის ისტორიაში ერთი ყურადღების ღირსი მოვლენაა შენიშნული: ყოველთვის, რევოლუციის შემდეგ, როდესაც მოქანცული, დაღალული ხალხი რომელსამე ერთ პარტიას მიენდობა და იმას ჩააბარებს თავის ბედის გამგეობას და თავის ქვეყნის მმართველობას, ეს პატარა პარტია, ცოტა ხნის შემდეგ, თითქმის იმნაირათვე იწყებს მოქმედებას, იმნაირათვე ართმევს ხალხს იმ თავისუფლებას, რომლისათვისაც იმან იმდენი სისხლი დაღვარა, როგორც წინანდელი, გარდაგდებული მმართებლობა. ერთი სიტყვით, რევოლუციის შემდეგ, ჯერ-ჯერობით, თითქმის მუდამ რეაკცია, უკან დაბრუნება, ძველი წესების განახლება და ისევ ხალხის შევიწროება იწყება.

რასაკვირველია, ეს კანონი არ არის. იმ დღეს, როდესაც ხალხი თავის ნამდვილ მომხრეებს გაარჩევს პირ-მოთნე და მოღალატე პირებში, იმ დღეს, როდესაც ხალხი, რევოლუციის მოხდენის შემდეგ, თვითონვე დაესაკუთრება თავის საქმეებს, - იმ დღეს ეს თოთქო კანონი მოისპობა და ხალხი იგრძნობს თავის სისხლის ღვრის ნამდვილ სარგებლობას და შედეგს.

მაგრამ ეხლა კი, ჯერ-ჯერობით, ასეა: რევოლუციის შემდეგ, ხალხის ბედი ისევ ხალხის მტრებს, მხოლოდ თავის პიროვნულ სარგებლობაზე მზრუნველებს უვარდებათ ხელში, და იწყება რეაკცია. ასე მოხდა 1793 წლის დიდი რევოლუციის შემდეგ, ასე მოხდა 1830 წლის (ივლისის) რევოლუციის შემდეგ, ასე მოხდა 1848 წლის (თებერვლის) რევოლუციის შემდეგ და ასე ხდება ეხლაც, გერმანიასთან ომის, ნაპოლეონის გადაგდებისა და კომმუნის არეულობის შემდეგ.

ვის ხელშია ეხლა საფრანგეთის ბედი?

იმავე პირების ხელში, რომელთაგან განთავისუფლებას, რომლის გავლენის მოსპობას ასე სცდილობდა საფრანგეთის ხალხი.

რას შვრებით, როგორ იქცევიან ეს პირები?

ეხლანდელი კონსერვატორული უმეტესობა ვერსალის ნაციონალური კრებისა სწორეთ ისე იქცევა, სწორეთ იმ გზაზე დგას, სწორეთ ისე ავიწროებს ხალხის თავისუფლებას, როგორც ადრინდელი, გადაგდებული ნაპოლეონის მმართველობა, ასე რომ მონარხიული გაზეთები და განსაკუთრებით ბონაპარტიული ტაშს უკრავს და აღტაცებით შეჰყურებს ყოველ იმის მოქმედებას.

ჯერ ერთობ ბევრი მოინდომეს: ისეთი წესების, ისეთი მეფობის (შამბორის) განახლება, რომელიც წარსულ საუკუნეში, 1789 წლამდე, არსებობდა საფრანგეთში. მერე რადგანაც, რესპუბლიკური პარტიის წყალობით, ეს ვერ მოახერხეს, ისეთი უმნიშვნელო, უნიჭო და პოლიტიკურ საქმეებში უმეცარი კაცი (მაკ-მაჰონი) დასვეს რესპუბლიკის პრეზიდენტად, რომლის ხელშიაც რაც უნდათ, იმას იზამენ, როგორც უნდათ, ისე იმოქმედებენ და ატრიალებენ და ატრიალებენ საფრანგეთის საქმეებს.

ამათი განზრახვის კვალი ახლავე სჩანს. თუმცა ამ ორი წლისა და ნახევრის განმავლობაში წყნარათ და მშვიდობიანათ ცხოვრებს, მაგრამ ამითი მაინც უმეტესი ნაწილი ამ მშვენიერი ქვეყნისა სამხედრო მდგომარეობაში ჰყავთ და თუ სადმე ფაჩუნი გაიგონეს, ჰყვირიან: არ იქნა, რევოლუციაო!

და ყველა კანონის მიუხედავათ ატუსაღებენ მოქალაქეებს და სპობენ გაზეთებს.

ეხლა ამზადებენ ისეთ კანონს, რომლის ძალით ქალაქების და სოფლების მერები (გამგეობის უფროსები) ხალხისაგან ამორჩეული კი არა, მთავრობისაგან დაყენებული უნდა იქნესო.

ამზადებენ ბეჭდვის შემავიწროებელ კანონებს.

უნდათ ერთ ნაწილს ამომრჩევლებს ყოველი მოქალაქის უძვირფასესი უფლება - დეპუტატის ამორჩევის უფლება - წაართვან და სხვ.

ერთი სიტყვით, ყოველ მათ მოქმედებაში, ყოველ განკარგულებაში ის განზრახვა სჩანს, რომ მათ ჰსურთ, ხალხს ხელები და პირი შეუკრან და სრულ ბატონათ გახდნენ.

VIII. წარმოიდგინეთ ანჩხლი დედამთილის პატრონი პატარძალი, რომელიც დროებით მოშორდა იმის განუწყვეტელ თვალ-ყურის დევნას, იმის სისასტიკესა და მბრძანებლობას და წავიდა სადმე სტუმრად, რომ იქ რამდენიმე დრო მაინც უფრო თავისუფლად, დამოუკიდებლად და კვალში ჩაუდგომელად გაეტარებია. წარმოიდგინეთ ის უსიამოვნო გრძნობა, რომელიც აღიგძვრება ამ საცოდავი პატარძლის გულში, როდესაც ჰხედავს, რომ დედამთილიც უკან გამოსდევნებია იმას და თავის ერთის შეხედვით და ყოფაქცევით აგონებს იმ უსიამოვნებას და სატანჯველს, რომელიც სულს უწუხებდა იმას შინ და რომელსაც გამოექცა.

სწორედ ამგვარ უსიამოვნო მდგომარეობაში ვგრძნობ მეც ჩემ თავს... აქეთ რომ მოვდიოდი, სხვათა შორის, მე ის ნუგეშიც მქონდა, რომ: „აჰა, მადლობა ღმერთს, რამდენიმე თვით მაინც მოვშორდი იმ პირებს, იმ საქმეებს და ინტერესებს, რომელნიც მუდამ გულს მიწყლულებენ, რომელნიც მუდამ ჩემ სიმცირეს და „ჩვენ“ გაჭირვებულ მდგომარეობას მაგონებენ, მეთქი. „ვფიქრობდი: „იმ უცხო, მშვენიერ ქვეყანაში დროებით მაინც შევისვენებ და აღარ დავინახავ სხვა და სხვა ისეთს პირებს და მოვლენებს, რომელთაც მომაკვდინებელი ზედ მოქმედება აქვთ ჩემზე, მეთქი“.

საუბედუროთ, ეს ჩემი განზრახვა არ შემისრულდა.

ჩავჯექი თუ არა ფოთს ხომალდში, გავიხედე და ერთი პ.........ი მომადგა, რომელსაც თფილისში ვიცნობდი და აქ სრულიადაც არ მინდოდა გამოვცნაურებულვიყავ. ჩვეულებრივი „გამარჯობა“ „გაგიმარჯოს“ შემდეგ ის მომიჯდა გვერდით და მკითხა:

- თქვენ საითკენ?

- ვენაში.

- გამოფენაზე?

- გამოფენაზე.

- ძალიან კარგი, მეც იქ მივდივარ, მერე იქიდან აპირებთ სადმე?

- პარიჟში.

- კიდევ უკეთესი: მეც პარიჟში. მაშ ჩვენ თანამოგზაურები ვყოფილვართ. ძალიან კარგია გზაში თანამოგზაურის ყოლაო!... დაიწყო და როგორც მოგეხსენებათ ზოგიერთი ლაპარაკის მოყვარული თანამოგზაურების ამბავი, მოჰყვა წილადობილასა და უკანასკნელი ერთი საათი გაუწყვეტლივ იჭიკჭიკა.

- წავხდი კაკალი კაცი, ვიფიქრე ჩემს გულში. თუ ეს კაცი ვერ მოვიშორე თავიდამ, სულ მამიწამლავს მეთქი ჩემი სამზღვარ გარეთის მოგზაურობის სიამოვნებას.

მე ამოვიღე პატარა საკიდამ რაღაც წიგნი, რომელიც გზაში საკითხავად მქონდა წამოღებული, და თან ნელ-ნელა დაუწყე შლა და თან ჩემ მესაუბრეს შევცქეროდი თვალებში იმნაირი შეხედულობით, რომ იმან ბოლოს, როგორც იყო, გაიგო, რომ მე იმის ლაპარაკის არა მესმოდარა და მსურდა თავიდამ მომეშორებინა. ის იმწამსვე ადგა და ვიღაც მეორე ნაცნობს მიუჯდა გვერდით.

მას აქეთ, ოდესამდი, თუმცა ერთ ხომალდზე ვმოგზაურობდით, მაგრამ ორიოდ-სამიოდ „სახაზინო“ სიტყვას თუ ვესროდით ერთმანეთს. მაგალითად: „როგორ ხართ? ხომალდის რყევამ ხომ არ შეგაწუხათო?“ თორემ სულ ცალ-ცალკე ვიყავით.

ოდესაში, როგორც იყო, დავახწიე იმისაგან თავი: მე გავიპარე ხომალდიდამ ჩუმათ, მარტო დავიჭირე სასტუმროში ნომერი (პირობა მომცა, რომ ოდესაში ერთად დავიჭიროთ ნომერიო და იქიდამაც ერთად ვიმოგზაუროთო) და იქიდამაც უიმისოთ გამოვწიე ვენისაკენ და ვენიდამ პარიჟში. ერთი სიტყვით, დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ კაცის ხილვის ბედნიერება მე ისევ თფილისში მეღირსებოდა და არა სამზღვარ გარეთ.

მაგრამ, აკი გაუწყრა ღმერთი, და პარიჟშიაც არ მომნახა! ერთს საღამოს მე და ერთი ფრანცუზის სტუდენტი Boulevard des Italiens-ზე დავეხეტებოდით და სხვა და სხვა მაღაზიებში მშვენიერი ხელობის გამოფენილ ნივთებს ვათვალიერებდით. უეცრათ უკანიდამ ნაცნობი ხმა მომესმა:

- Сергей Семенович! Здравствуйте! Это вы!

მოვიხედე. ჩემი ნაცნობი პ........ი დგას, გამოჭიმული ევროპიულ ტანისამოსში და დიდის აღტაცებით შემომჩერებია, ჩვენ მხურვალეთ (!) ჩამოვართვით ერთმანეთს ხელი, ერთი ნახევარი საათი ვილაპარაკეთ ჩვენს მოგზაურობაზე. მერე ჩავაბარეთ ერთმანეთს ჩვენი კარტოჩკები და დავშორდით... ჩემ ბედს დავემორჩილე...

ერთხელ მე და ის ერთს სასტუმროში შევედით სადილის საჭმელად. თუმცა ძალიან კი არ მინდოდა რომ ამასთან მევლო, რადგან ამის მოძმეებს აქ, პარიჟში, და საზოგადოდ სამზღვარგარეთ სრულებით სხვა ნაირი სახელი აქვთ დავარდნილი. მაგრამ მეტი გზა არ იყო, უნდა მეჭამა იმასთან ერთად სადილი. ეს სასტუმრო ერთი საუკეთესოთაგანი სასტუმროა აქ და ამიტომ ჩვენ მაგდენათ მოწიწებით არ გვაქცევდნენ ყურადღებას. ეს გარემოება ჩემს პ........ს ძალიან აწუხებდა; იმას არ მოეწონა, რომ მოსამსახურე ბიჭები სხვებზე მომეტებულ ყურადღებას არ აქცევდნენ და ისე ემსახურებოდნენ, როგორც იმის გვერდით მჯდომარე ვიღაც ვაჭარს და ვინ იცის, იქნება, დახლიდარსაც. მაგრამ ხილის მოტანამდი საქმე მშვიდობით მიდიოდა. მხოლოთ ხანდისხან მრისხანეთ გადახედავდა garcon-ს, თითქოს თვალების ბრიალით უნდოდა შიში და კრძალვა ჩაერგო იმის გულში. ბოლოს დესერტი მოგვიტანეს. ის იყო პ........მა გასწია ხელი მტევნის ასაღებად, ამ დროს მოვარდა მეორე ბიჭი, აგვაცალა ხონჩა და ვიღაცა სხვას მიართვა მეორე სტოლზე. პოლკოვნიკი სრულიად გაფითრდა; ამისთანა უზრდელობისაგან გაანჩხლებულმა წამოიწია საჯდომიდამ, გაგიჟებით დაიყვირა: garcon, qu'est que tu fais! და ის იყო რომ მივარდნას უპირებდა, ჩავაფრინდი კალთაში და გავაჩერე.

- აბა, მოდი, და მაგათთანა ხალხს კაცურათ მოექეც! სთქვა გულ-ამომჯდარმა პ........მა. ერთი მითხარით, თქვენი ჭირიმე! ეს სადაური განათლებაა? არაფერი არ მინდა, ნეტავი მაგის თავი ჩვენში მომცა. რათ მინდა სიცოცხლე, ამისთანა საქმე რომ ჩვენში მიქნას! ჩავავლებდი ქოჩორში ხელს და ერთი თუ ორი, ღვთის წყალობა გაქვს, მე მაგას ლაზათიანად შევზელავდი. ხმასაც ვერ ამოიღებდა, და თუ ბუტბუტს დაიწყებდა, ერთ მანეთს კბილებში ვახლიდი და გაჩუმდებოდა. აქ კი რა უნდა ჰქნა კაცმა! აქ „eqalite“ გახლავთ! სადაც ფეხს არ წაჰკრავ ყველას სახეზე liberte, egalite, fraternite აწერია! აი ეს არის მაგათი თავისუფლება, ერთობა და ძმობა, რომ უფროსების პატივის ცემა არ იციან და გაზრდილობა არა აქვთ!

- ეს კიდევ არაფერი, განაგრძო პოლკოვნიკმა: გუშინ ერთს სერჟანტს ვკითხე: ესა და ეს ქუჩა სად არის მეთქი. იმან გადმომხედა თავის თვალებით და დამიწყო ახსნა, რომ ჯერ ასე სწორათ უნდა წახვიდეო, მერე მარცხნივ მოუხვიე, იქიდამ მარჯვნივ გაივლი და ის იქნებაო. როდესაც ამას მიხსნიდა, შენ ხარ ჩემი ბატონი, აიღო თავის მურიანი ხელები და თითქო იმის სწორი ვიყავი, მხარზე დამადო! არა, წარმოიდგინეთ, პირდაპირ აიღო, ბატონო, ხელები და ზედ მხარზე შემაწყო! გაგონილა თქვენი ჭირიმე!...

- კიდევ უკეთესი გითხრათ: იქ, სადაც მუდამ სადილებს ვსჭამთ, ორი მოსამსახურე ბიჭია; ესენი ჯერ ჩვენ გვემსახურებიან, მერე, ყველა თავ საჭმელებს რომ მოგვიტანებენ, ჩვენსავე სტოლზე გაშლიან სუფრას, ამოგვიჯდებიან გვერდით და დაიწყებენ სადილის მირთმევას! რასაკვირველია, მე იმათ მოსვენებას არ ვაძლევ, მუდამ ვყვირი გარცონ, მომიტანე მარილი, ღვინო და სხვა და სხვა, ყოველ წამ ვაგდებ სტოლიდამ, მაგრამ მომიტანენ თუ არა, რასაც ვთხოულობ, ისევ თავის ალაგზე დაბრძანდებიან, თითქო არაფერ შუაში არ იყვნენ!.. მოდი და მოითმინე ამისთანა ცხოვრება! არა, ჩემო ძმაო, მე ამისთანა ხალხში ცხოვრება არ შემიძლია: მე მალე წავალ აქედამ; მაგრამ დაიხსომეთ ჩემი სიტყვა, თუ ამ ფრანცუზებს სიკეთე დაეყაროსთ!

მართლაც რომ ამის შემდგომ პ......ს დიდი ხანია არ დაუყვია პარიჟში. სამი დღით ლონდონში წავიდა და როცა დაბრუნდა, გამოსათხოვრათ შემოვიდა ჩემთან და უკანასკნელათ იმის სიტყვები ის იყო. რომ „გირჩევ, ისევ ჩვენ დალოცვილ ქვეყანაში დაბრუნდი, თორემ აქ, დამიჯერე, კარგს ვერას დაისწავლიო“!

ამ ნაირათ ამან სამი დღე ვენაში დაჰყო, ერთი კვირა პარიჟში, სამი დღეც ლონდონში და ეხლა, შინ რომ დაბრუნდება, უეჭველია, იტყვის, ევროპა დამივლიაო, საფრანგეთის ხალხი ძალიან დაცემულიაო, გერმანია ყველაფერში ათას წილათ უფრო დაწინაურებულია საფრანგეთზეო, ინგლისი მდიდარი ქვეყანააო და სხ.

დროება. -18 იანვ. - N407. - გვ. 1-3.

5.6 ნიკო ცხვედაძე - მოკლე შენიშვნები სამზღვარგარეთიდამ

▲back to top


ქართველი მგზავრი*

(ნაწილი პირევლი)

I

ტფილისიდამ გრაკოვამდინ ევროპიელების ცხოვრების თვალით ნახვა, მათის აზროვნების და მოქმედების გაცნობა, ერთის სიტყვით, მათის ცხოვრების ჩალხის ტრიალის ახლო ცქერა ვის არ სურვებია და არა სსურს ჩვენში? ვის არუფიქრნია მაზე და კიდევაც არ უნუგეშნია თავისა თავი, რომ როდესმე მოესწრობა ამის აღსრულებას? აგრეთვე ვინ არ იცის, რომა როდესაც კაცი უახლოვდება თავის გულის წადილის აღსრულების დროს, მაშინ ის ხდება მოუთმენელი და, ასე გაშინჯეთ, იწყებს დღეების და საათების ანგარიშსაც კი?! სწორეთ ასე მომივიდა მე, როდესაც დაჭეშმარიტებით გადავწყვიტე დასავლეთის ევროპისკენ წამოსვლა. რამდენიც აქ წამოსასვლელი ვადა მიახლოვდებოდა, იმდენი უფრო მოუთმენლობა მაწუხებდა და ჩემს თვალში თითქმის დღე და საათი მატულობდა. ჩემს ამ გვარს მდგომარეობას მოეღო ბოლო და ივნისის ორს, პარასკევ დილით, გამოვედი ვაგზალში, სადამდინაც გამამაცილა ერთმა ჩემმა ნამდვილმა მეგობარმა. ორთქლით მავალი მაშინა მალე დაიძრა თავის ადგილიდამ და ერთი კიდევ დაუქნიეთ თავი ერთიერთმანეთს მე და ჩემმა მეგობარმა, რომლის სახეზედაც ამ ჟამათ ნათლად იყო წაწერილი: „მიხარიან, რომ შენი სურვილის აღსრულების კარის ბჭეში დგეხარ. წადი იმგზავრე; ჩვენის კაცისათვის საჭიროა სხვა ხალხების ბედ-იღბლის ადგილობრივი გაცნობა“.

***

ტფილისიდამ ავსტრიის სამზღვრამდინ შვიდი დღე ვიმგზავრე და ამ ხნის განმავლობაში ვნახე მრავალი სხვა და სხვა სურათები, რომლებიდგანაც მხოლოდ ზოგიერთებს დაუხატავ მკითხველს. აი მირბის რიონის ვაკეში ორთქლით მავალი მაშინა და მიჰყავს სიჩქარით მასზე აკონწლილ ვაგონებში მსხდომნი, რომლებშიაც სხვა და სხვა ჯურის ხალხია; მაგრამ ამათში ძრიელ ერჩევიან მეგრელები და იმერლები. აბა შეხედეთ ერთ ყმაწვილ კაცს, ტანოვანს წვერ-ულვაშით შემოსილს, თავით ფეხამდინ შეიარაღებულს, მომავალს იმ გვარათ, თითქო ამბობსო: „ეჰ, განზე, თორემ გაგაპობ“. აი კიდევ მეორე ტანოვანი, ხანში საკმაოდ შესული, თეთრის გრძელის წვერით დამშვენებული, მავალი იმ გვარათ, თითქოს ეპარება ვისმეო. აი კიდევ მესამე ახმახის ტანის პატრონი, წვერ-მოპარსული, თავ-მოტვლეპილი, მაგრამ დიდის ულვაშით დამშვენებული, მშვენივრად შეიარაღებული, მაღალ ხმით მოლაპარაკე, თითქო უწყრება ვისმეო და კიდევ სხვა მრავალნი, რომელიც ნაკლები არ არის თავისის წარმოსადეგობით აღწერილ პირებზე. ახლა ყური დაუგდოთ ამათ ლაპარაკს; მე თქვენ გითხრათ, ენა წამოუბორძიკდებათ. ამათ ლაპარაკს რომ კაცი უცქერის, ასე ჰგონია, რომ სამჯავრო ყრილობაში ანუ უკეთ ვსთქვათ პარლამენტში ასე დახელოვნებულან ლაპარაკშიაო.

„კი კარგი ქნა უფ. ლოლუამ, რომ თავი დაანება ბანკს. ქვე ის იქ ვერას გააკეთებდა“. „აბა, ეუბნება მეორე, პირი მოგვჭამა, პირი, ამომირჩიეთო, ამოვირჩიეთ და კი არაფერს აკეთებდა“. „ეგ არაფერი, იღებს მონაწილეობას ლაპარაკში - მესამე - მაშინ იქნებოდა ჩვენი დაღუპვა, რომ დირეკტორათ ამოგვერჩია“. „მართალია ქვე“, ამბობს მეოთხე. „ის პატიოსანია მისთვის, ვინც ბლომათ ფულს აძლევს აბა!“ აი მეორე ვაგონებშიაც შეჯგუფულან იმერლები და ბაასობენ. „ბევრ თივას გაჰყიდდი წელს?“ ეკითხება ერთი მეორეს. „ბლომათ, გავყიდე. წისქვილთან ქვე ერთი ნამწეწა ადგილი მქონდა და წრეულამდის ჩემ დღეშიაც არ გამითიბნია. ახლა კი გავთიბე და ორასი რგვალი მანეთი ავიღე, აბა!“ ამ ვაგონშივე ფანჯარასთან ერთი წამოსადეგი იმერელი ქართველს აჩვენებს ხელით. „აბა შეხედეთ - ეს სუ მეკუთვნის. შენი მტერი იყვეს ისე, როგორც აქ ყაზახები არიან“. „ეს კიდევ, როცა რამდენიმე ვერსი გაიარეს. ანნ-ისაა და მისაგან ხომ კეთილი არ იქნება და აქ იქნება“.

***

აი კიდევ სურათი. ორთქლით მავალი გემი შვილდ-ისარივით მოცურავს შავ-ზღვაში. მზე იწვერება და მისი სხივები ზოგიერთ ადგილას წყლის ზემო-პირზე უფრო და უფრო აშუქებს, თითქო უძალიანდება თავის პატრონს და არ უნდა ზღვას მოშორდესო. გემის ახლო-მახლო მოზდილი თევზები თამაშობენ, ხან ახტებიან და ხან ჩახტებიან წყალში; ზოგი მათგანი თითქო ცდილობსო გემს მოეწიოსო, ზოგი კიდევ თითქო მზის სხივებს ესალმებაო. გემის „პალუბაზე“ სხედან სხვა და სხვა მილეთის კაცები და ქალები. ზოგნი ერთ კუნჭულში მოგროვილან და ზოგნი კიდევ მეორე კუნჭულში და თევზების ჭყაპი-ჭყუპს და თამაშობას უცქერიან; ზოგნი კიდევ ცალ-ცალკე ანუ სხედან, ანუ დგანან და ესენიც ანუ ზღვას ჩასცქერიან, ანუ კიდევ აქეთ იქით იცქირებიან; იქნება მთა დავინახოთ რამეო. პალუბის წინა ადგილს დაჭრილების ყურ მგდებელ ქალებს უწევთ გრძელ სკამზე სახადისაგან ახლათ მორჩენილი საშინლათ გამხდარი თითქო სამარიდამ ეს არის ეხლა ამოუღიათო, დოკტორი - ექიმი და ერთის საკვირველის სინაზით და პატივის-ცემით უფრთხილდებიან. ხან ერთი ქალი უზის თავ-ქვეშ და ელაპარაკება და ხან მეორე; ხანდახან კიდევ სამი-ოთხი ერთად ეხვევიან და ღიმილით ელაპარაკებიან. ამ ქალებზე უფრო ხშირათ ელაპარაკება ერთი ქალი, რომელსაც ყველა „დები“, როგორც ერთი ერთმანეთს ეძახიან, უფროსათ ჰსთვლიან და კნეინათ იხსენიებენ.* ამასაც ისე უბრალოთ აცვია, როგორც სხვა „დებს“ ხანდისხან ეს კნეინა გრძელ სკამზე მარტო ზის და წინ უსკუპია ორი მშვენივრათ ბალნით შემოსილი კატა. ეს კატები სომხეთიდამ წამოუყვანია და ისე უფრთხილდება, როგორც თავის შვილებს; ხან ერთს უსვამს ხელს და ხან მეორეს. სხვა ქალებიც არ აკლებენ ამ კატებს ალერსს. ზოგნი დები რომ დოკტორს ეხვევიან, ზოგნი უთუოთ კატების ალერსში არიან. ბევრი მგზავრთაგანი ამათ მოქმედებას შესცქერის პირდაღებული. პალუბის შუაში დასაკეც სკამებზე სხედან ორი ყმაწვილი ქალი და თავიანთ მომავალ მგზავრობაზე ლაპარაკობენ, უმეტესათ ერთი მათგანი, რომელიც მადიანათ გამომეტყველებს თითოეულს სიტყვას. მე ამათ ლაპარაკში მივიღე მონაწილეობა და მივიდგი სკამი მათ ახლო. ბევრი ვილაპარაკეთ - უმეტესად სწავლის მიღებაზე სამზღვარგარეთ. სომხების აწინდელ პოლიტიკურ მდგომარეობასაც შევეხეთ. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, თუ რა სიცოცხლით, რა ენერგიულათ, რა სიამოვნებით ლაპარაკობდა ამ საგანზე მადიანათ მოლაპარაკე ქალი და თავის ლაპარაკი შემდეგის შესანიშნავის სიტყვებით გაათავა: „თუ ჩემის სამშობლოში ოსმალოს სომხეთის ბედი კარგათ დატრიალდა და თავისუფლება ანუ „ავტონომია“ იშოვნა, როგორც სწავლას შევასრულებ სამზღვარ გარეთ, მაშინვე დავბრუნდები უკან და ჩემ სულიერ ძალას მოვახმარებ ჩვენის ხალხის კეთილ-დღეობის წარმატებას“. რას იტყვი ამაზე, ჩემო ძვირფასო მკითხველო? ამას ამბობს ჩვიდმეტი წლის ქალი, - ამას ამბობს ქალი სათუთად და სიმდიდრეში აღზრდილი, - ამას ამბობს შთამომავლობით სომხის ქალი. ეს ქალი აასრულებს ამ მშვენიერ სიტყვებს, თუ არა, ეს ჩემთვის ორივ ერთია. მე აქ ვხედავ მაგალითს მხოლოდ და მაგალითი ანუ საქმე იმაშია, რომ ჩვიდმეტის წლის ქალი თამამად ამბობს, თავს შევსწირავ ჩემს სამშობლოსაო, თუ მან ეხლა თავისუფლება იშოვნაო. მე ამ მაგალითიდამ გამომყავს ის, რომ ჩვენს ძველთაგან ძველთ მეზობლებში მუშაობს თავისუფლების სურვილი, რომ დიდს და პატარას გასჯდომია ძვალში და რბილში იმ გვარის ძალის შოვნის სურვილი, რომელსაც აქვს თვისებათ განაცხოველოს და გააკეთილშობილოს კაცის ბუნება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის სიძუნწე, ის გაუმაძღარობა, რომელსაც ეხლა ჰსწამობენ და ხედავენ სომხებ ვაჭრებში და რომელიც ზოგიერთის ისტორიულის გარემოების ძალდატანებით დაბადებულა ანუ მათ გასჩენია, მალე აღმოიფხვრება მათში, რაკი თავისუფლება გადააფარებს მათ თავის კალთას.

***

აი კიდევ ერთი სურათი. ოდესიდამ ორთქლით მავალი მაშინა მირბის ერთის საშინელის ბუტბუტით და ვაგონებში მსხდომნი კი ბუტბუტს სრულებით ყურს არ უგდებენ. ზოგს მათგანს სთვლემს და საცოდავათ თავს იქნევს, ზოგი ფანჯრიდამ გასცქერია ჭირნახულით სავსე მიწებს; ზოგნი კიდევ ერთი ერთმანეთს ებაასებიან. ერთი მათგანი ძალზეა მოკაკული და სერთუკის ღილები აქვს გახსნილი; მარცხენა ხელიც ჩამობმული აქვს. საწყალს ორ ადგილას აქვს მორტყმული ტყვია. ეს დაჭრილი რომ ლაპარაკობს, პირს სულ ღიმილი მოსდის - თითქო თავის მობაასეს ასე ეუბნებაო: „ხომ ხედავ, რა ნაირათ ვარ დაჭრილი, მაგრამ მაინც სიკვდილმა ვერ დამაკლო რა და აი ჩემ სახლში, სადაც მიმელიან ჩემი პაწაწკინტელა შვილები და მათი ერთგული დედა“. მეორე მხედარს აფიცერს მარჯვენა ხელი აქვს წამხდარი და სულ დაღვრემილი ზის. მესამე აფიცერი თუმცა დაჭრილი არ არის, მაგრამ სახადს ძრიელ შეუბერტყნია; მადაზე ახალი მოსულია და ხელიდამ პურს არ უშვებს. მეოთხე მხედარი კიდევ სულ პალტოშია გახვეული და ლაპარაკს ძრიელ ზარობს. ერთს მგზავრს ანუ პასაჟირს გულმა აღარ მოუსვენა და ჰკითხა პირ-მოცინარე მხედარს: „რაო, ძრიელ ხართ დაჭრილი?“ „ძრიელ. ერთის ადგილიდამ კი ამომაცალეს ტყვია და მეორედამ კი არა. ეხლა პეტერბურღში მივდივარ მოსარჩენათ, მაგრამ ჯერეთ ჩემ სახლობას შეუვლი“. „ხომ ყოჩაღათ მოქმედობდნენ ჩვენები?“ „ყოჩაღათ ვიქნებოდით მაშ არა? თათრები ხომ არა ვართ, რომლებმაც თავი უთუოდ უნდა ამოაფარონ რასმე, თორემ თოფის სროლას ვერ შეიძლებენ. ჩვენები ყოველთვინ პირდაპირ მიდიოდნენ ხოლმე - სრულებით არაფერს ერიდებოდნენ. ხომ წაკითხული გაქვსთ, რა ოინები ჩავიდინეთ პლევნოს ასაღებათ. მართალია, ბევრი მოგვიკლეს; მაგრამ სამჯერ ჩვენი მიხტომა საკვირველი საქმე იყო“. როცა ეს მხედარი ლაპარაკობდა, ვაგონში საშინელი სიჩუმე იყო - სუყველანი განაბულნი ყურს უგდებდნენ ამის ლაპარაკს. „რუმინელები როგორ მოქმედობდნენ?“ ჰკითხა ამ მხედარს მეორე პასაჟირმა - მგზავრმა. „რუმინელები? აი შეარცხვინოთ ღმერთმა!.. თათრებზე უფრო მხდალნი ისინი ყოფილან. გარდა ამისა გაეშმაკებული და ორ პირი ხალხია. ყველაფერს ერთი-ორად გვაძლევდნენ და ცდილობდნენ, როგორმე მოვეტყუებინეთ“. პალტოში გახვეულმა აფიცერმა ერთბაშათ ხმა ამოიღო და ჰსთქვა: „განა რუმინელები პლევნასთან ჩვენზე ნაკლებად მამაცობდნენ? აგრეთვე - განა მეგობრულად არ გვექცეოდნენ ისინი იქამომდე, მინამ ბესსარაბიას მოვითხოვდით? ეს კი მართალია, რომ ეხლა ცუდის თვალით გვიცქერიან და სურთ, რომ ფეხი გადაგვიბრუნდეს“. „სმა-ჭამა როგორი გქონდაო?“ ჰკითხა დაჭრილს აფიცერს მესამე პასაჟირმა. ღიმილით უპასუხა. „ჰოო, რა უშავდა“. პალტოში გახვეულმა კიდევ ამოიღო ხმა და სთქვა: „რა უშავდა კი არა - საძაგელი იყო“. ხშირათ სალდათები ცარიელის მუცლით ომობდნენ და ბევრს მათგანს ჩექმებიც არა ჰქონდა“. ლაპარაკში მიიღეს მონაწილეობა სხვა მხედრებმაც და სახადში ნამყოფმა აფიცერმა დაიწყო ლაპარაკი: „თუ ჩვენმა ჯარმა გაჭირება გამოიარა სადმე, სწორედ მცირე აზიაში გამოიარა. ხომ იცით რა ადგილები აიღო კავკასიის მხედრობამ, რა ნაირათ გაიმარჯვა, რა მამაცობა გამოიჩინა! ხუმრობა საქმეა ყარსის აღება, მუხთარ-ფაშის დამარცხება? გარწმუნებთ, რომ ჩვენი სალდათები ისე მოქმედებდნენ, როგორც ლომები. ვენაცვალე ჩვენ სალდათებს, იმათ გამოგვიხსნეს სირცხვილისაგან, თორემ ან ლორის-მელიქოვს, ან გეიმანს რა შეეძლო? მაგრამ გაჭირება კი ბევრი გამოვიარეთ. ჩვენი სალდათი ხშირათ ცარიელის მუცლით ღვრიდა სისხლს თავის სამშობლოსათვის. ან სად უშოვნიდით საზრდოს? განა სომხებისგან გამოდნება რამე? ურიები ხომ იცით, ურიები, აბა იმათზე უარესები არიან სომხები. ვინ ჰსთქვა, რომ სომხებს ჩვენთან შემოერთება უნდათო? ეს სულ ტყუვილია და იმათ სრულებითაც არა სურთ ჩვენთან შემოერთება. რაც შეეხება იქაურ მოხელეებს, იმათ სრულებით მიუღიათ სომხური თვისება. ამ აფიცერმა ბევრი რამ ილაპარაკა კიდევ, მაგრამ მე ყური ვეღარ უგდე და ფანჯარაში თავი გავყავ. მივეცი თავი ფიქრებს და ერთბაშათ აფიცრების ლაპარაკმა მომაგონა ერთი პოლშელის სიტყვები: „მე თქვენ უნდა გითხრათ, რომ რუსეთის ხალხი ჩვენ პოლშელებს სრულებით ვერ გვიცნობს: ის იცნობს მხოლოდ იმ პოლშელებს, რომლებსაც უხატავს მას მოხელეების ფანტაზია და ხომ იცით მოხელეების ოინები. ამათთვის მღვრიე წყალი ყოველთვის საჭიროა, რომ თევზი უფრო ადვილათ დაიჭირონ“. ეს მომაგონდა, მაშინვე გულში გავივლე - ხომ რუმინელებზე და სომხებზედაც რუსის ხალხი შეადგენს თავის აზრს ომიდგან დაბრუნებულის აფიცრების და სალდათების სიტყვებით, რომლებსაც ჩემის აზრით დიდი მნიშვნელობა არ უნდა მიეცათ, რადგანაც მხედრები ომიანობის დროს თავიანთ სარგებლობის თვალით უცქერიან და სხვის სარგებლობას სრულებით ყურს არ უგდებენ. ამის ფიქრში ვიყავი, რომ ორთქლით მავალმა მაშინამ ერთბაშათ შეჭყივლა და ორი წუთიც არ გამოსულა, რომ შედგა კიდეც. მხედრები გადმოვიდნენ ვაგონიდამ სხვა გზით წასასვლელათ; ჩვენ კი ხუთმეტის წუთის შემდეგ ისევ დაგვძრეს ადგილიდამ და ივნისის 8-ს ხუთშაბათს სამ საათზე ვოლოჩინსკის სტანციას თავი დაუკარით. აქ მოგვთხოვეს ბაშფორთები და ნახევარ საათის შემდეგ გაგვისტუმრეს ავსტრიის სტანციაში, რომელიც სამ ვერსტზე იქნება დაშორებული ვოლოჩინსკის სტანციაზე. კონდუკტორების მიხრა-მოხრა და ტანოვანება, ვაგზლის სიმშვენიერე, ვაგონების სიმაღლე და სიფაქიზე - ყველა ეს ცხადათ გვიმტკიცებდა, რომ რუსეთს გამოვეთხოვეთ და უცხო ქვეყნის სამზღვარზე გავედით. ცოტას ხნის განმავლობაში ჩემოდნები ჯერეთ გვისხურეს ერთნაირის სიმჟავით, რომ რა არი რუსეთიდამ სენი არაფერი შეგვეტანა იმათ ქვეყანაში, და მერე გაგვჩხრიკეს; ბილეთები ვისაც არ ჰქონდა, აყიდვინეს და ისე ჩაგვსხეს ვაგონებში. ჩვენი ჩასხდომა ვაგონებში და კარების ჩაკეტა ერთი იყო. მალე ორთქლით მავალი მაშინა დაიძრა თავის ადგილიდამ და გაიტაცა მასზე მიბმული ეტლები. მე ვამბობ ეტლები, მართლაც თითოეული ვაგონი რომ აიღოთ, წარმოგიდგენთ სწორეთ დიდ ეტლს, რომელშიაც ზიხარ და კარები გარედამ გაქვთ ჩაკეტილი. ნუ იფიქრებთ, რომ ერთის ვაგონიდამ ანუ ეტლიდამ მეორეში გახვიდეთ. ამათ ერთი ერთმანეთში გასავალი არა აქვთ. სასხდომი ადგილები ანუ მდივნები და პატარა ჩემოდნების ანუ ყუთების შესადგამები აქ მშვენიერია. აქ მხოლოდ ის აწუხებს კაცს, რომ ჩაკეტილში ზის და თავის ნებით კარში ვერ გაბძანდება. რასაკვირველია, ნემცებს როცა ეს ვაგონები უკეთებიათ, სახეში ჰქონიათ მარტო თავიანთი თავი და დავიწყებიათ, რომ იმათ ვაგონებში სხვა ქვეყნის კაცებიც იმგზავრებენ, რომლების კუჭებიც შესაძლებელია ისე არ იყვნენ მიჩვეულნი დისციპლინას, როგორც ნემცებისა.

***

ჯერეც ხუთმეტი ვერსიც არ გაგვევლო სამძღვრიდამ ერთმა ჩემ გვერდზე მჯდომმა მგზავრმა წამოიძახა: „ერთი შეხედეთ ამ მიწებს, თუ რა ხელოვნებით არის დახნული და დათესილი“. მაშინვე თავი ფანჯარაში გავყავ და ბეჯითად ყველაფერს შინჯვა დავუწყე, მაგრამ რის გაშინჯვას მოასწრებს კაცი, როდესაც ორთქლით მავალი მაშინა გამალებული მირბის? მაინც კი, მინამ კარგათ არ შებინდდა, კაცის ხელით შემუშავებულ მიწებს თვალი არ მოვაშორე; როცა კი შებინდდა, მივჯექ ეტლის კუნჭულში და მივე თავი თვლემას და ქნევას. მხოლოთ ხანდისხან კი ავდგებოდი ხოლმე, რა არი გამეგო, თუ რომელ სტანციის წინ შედგა მაშინა და რამდენ ხანს იდგება. ჩემმა მეზობლებმაც ძილს მისცეს თავი და ზოგიერთმა მათგანმა დიდი ხვრინვაც ამოუშვეს. მეორე დღეს დილა ადრიან თვალები შევაჭყიტე ორ ჩასუქებულს და პირ-მოპარსულს ნემეცს, რომლებიც ღამეს ჩამოსხდნენ ვაგონში. ერთს მათგანს ძრიელ გულიანათ ეძინა და კარგი ტახისაებრ ხრუტუნებდა. იმის ბედზე, ვაგონში ბუზები არ იყვნენ, თორემ მის დაღებულ-დაღრენილ პირში სწორეთ ლეკურს მორთავდნენ. ამ ტახ-ნემეცს ფეხთ გაეხადნა და თავისი სხვილი ფეხები დაეწყო ერთ რუსის ქალის გვერდზე, რომელიც ტუჩს იწევდა მაღლა, მაგრამ ვერას ხდებოდა. მეორე ნემეცს კიდევ მუცელზე ხელები დაეწყო და გულიანათ სთვლემდა. ამათ ათვალიერებას და ჩათვალიერებას რომ მოვრჩი, მივაჩერდი ჩემს გვერდით მჯდომს, სუსტად აგებულ კაცს. ამის კიკინები ცხადათ მიმტკიცებდენ, რომ ეს იყო ებრაელი. ეს ცქვიტათ იჯდა ვაგონში და თითქო ფთხილობდა არავის ვაწყენინოვო. კარგა ხანს უცქირე მე ამას და მერე ვჰკითხე: „მალე ვიქნებით ლემბერგში?“ „მალე, მალე“, მომიგო სიამოვნებით და მომაყარა კითხვები: „სად მიდიხართ, რისთვის მიდიხართ?“ და სხვა ამ გვარი. რომ როგორმე ამ კითხვებზე პასუხი თავიდამ მომესხლიტნა, მე თვითონ ვკითხე: თქვენ უთუოდ ლემბერგიდამ იქნებით? „დიახ“. მაშ იქ უთუოდ მაღაზია გექნებათ? არა, მე მამულის პატრონი ვარ და მამულის ნაწარმოებით ვცხოვრობ. ჩემი მამული ლემბერგაზე დაახლოვებით არის და ზაფხულობით სულ იქ ვცხოვრობ ზამთრობით კი ლემბერგში. ამ პასუხმა მე გამაკვირვა და ცოტა რა რომ ეჭვშიაც შემიყვანა მისის ვინაობის შესახებ და ამისათვის საჭიროთ დავინახე მეკითხნა ვინაობა. მან თავ-მოწონებით დაასახელა თავისი თავი ებრაელათ და სთქვა: ეხლა გალიციაში და კრაკოვში სხვა დროება არის ჩვენთვის. „ჩვენ ებრაელებს გვაქვს იგივე უფლებები, რა უფლებებიც აქვთ ქრისტიანებს; ამისათვის ჩვენი კაცი ეხლა ცხოვრების ყველა კუნჭულში მოიპოვება“. ამის მშვენიერათ და ფხიანად ლაპარაკმა ნემეცურ ენაზე გამაკვირვა და ვკითხე: სად გისწავლიათ აგრე კარგათ ნემეცური ენა? „სად მისწავლია? ცხოვრებაში და უნივერსიტეტში, პოლშურ ენაზე უფრო კარგათ ვლაპარაკობ და ვსწერ, რადგანაც ჩვენ უნივერსიტეტში ამ ენაზე ასწავლიან მეცნიერებას“. ამ სიტყვებზე ყურები ვცქვიტე და გაკვირვებული სახით შევხედე. „რაო?“ მაშინვე მითხრა ებრაელმა. „ნუ თუ არ გჯერათ, რაც მე გითხარიო?“ სრულებით მჯერა. მე მხოლოდ ისე შემოგხედეთ. ბევრი რამ კიდევ ვილაპარაკეთ მე და დალოცვილმა ებრაელმა, რომელიც ლემბერგის სტანციაში ჩამოხტა. ლემბერგიდამ მოკიდებული მინამ კრაკოვში მივდიოდი, ჩემის თავიდამ არ გამოსულა ებრაელის ლაპარაკი და გონებაში გამოვიხატე სამი ოთხი დღე გამეტარებინა კრაკოვში და აქ სუყველაფერი სანდო კაცებისაგან გამეგო. როგორც გამოვიხატე გონებაში, სწორედ ისეც მოვიქეცი. საღამოს ხუთი საათი იქნებოდა, რომ კრაკოვში თავი ამოვყავი და დავბინავდი „დრეზდენის სასტუმროში“. ამ დროდგანვე შეუდექი ჩემის სურვილის აღსრულებას.

ივერია. - 1878. - 10 აგვ. - N31. - გვ. 7-11

________________

* ნიკო ცხვედაძე

* როგორც ბოლოს შევიტყვე, ეს ადამიანი იყო კნეინა სილკოვისა, რომელმაც მცირე აზიაში თავის მოღვაწეობით დაჭრილების შესახებ დიდი პატივისცემა დაიმსახურა მხედრებთ შორის.

5.6.1 (ნაწილი მეორე)

▲back to top


II

კრაკოვი. 9-13 ივნისს

აბა ერთი ჩვენს ჭკუა-გონებას ძალა დავატანოთ და წარმოვიდგინოთ: შუა ქალაქში ამაღლებული ადგილი, შემორტყმული მაღალის კედლით; გალავნის ზოგიერთ ადგილს თითქმის ჩვენებური კოშკები; შიგნიდამ გალავნის კედლებზე ორი მიშენებული სახლია ჯარისათვის; ამ სახლებზე ახლო საშინელი, ერთი უზარ-მაზარი მაღალი, გრძელი და ვიწრო თლილის ქვით ნაშენი ეკლესია მაღლა აწოწვილ გუმბათით; ამ ეკკლესიაში ანუ სობორში პოლშელების თითქმის ყველა ხელმწიფეების და გამოჩენილის კაცების ერთნაირი მარმარილოს ქვისაგან მშვენივრათ გაკეთებული, გამოთლილი სახეები; ეკკლესიის ქვეშ აკლდამეები; ეკკლესიის საკვირველი ძვირფასი მომართულობა. ციხეს გარეთ ცოტა მოშორებით კიდევ სხვა ძველი სობორო გრძელი, ვიწრო და მაღალი, - წოწოლა გუმბათებით, მაღალის და ვიწრო სანათურებით; შიგ სობოროებში - ეკკლესიებში სვეტები და ვიწრო თაღები; ამ ეკკლესიების გვერდზე ვიწრო ქუჩები და ზედი-ზედ მიტყუპული მაღალი სახლები, სიძველის გამო ცოტა თითქო შემურულები: ადგილ-ადგილ მაღალი უნაყოფო ხეების ბაღები; კიდევ ეკკლესიები თითქმის ოც-და-ათამდინ სულერთნაირათ ნაშენნი; აღმოსავლეთის მხრისკენ ახალი სახლები განიერის ქუჩებით; - ყველა ეს რომ წარმოვიდგინოთ, მაშინ თვალწინ გვექნება კრაკოვის სურათი. ეს ქალაქი ერთ დროს დედა ქალაქი იყო პოლშის სახელმწიფოსი და ამისათვის აქ ჰხედავთ დიდს და მაღალ გოთურის შენობის ეკკლესიებს, ქარხნების ადგილებს და მრავალ შენობებს. გარდა ამისა, კრაკოვი, როგორც მკითხველი ჰხედავს, სრულებით საშუალო საუკუნოების ქალაქია. აქ მყოფობის დროს მგზავრს ჰგონია მეცხრამეტე საუკუნიდამ მეთხუთმეტე საუკუნეში დავიწიეო, მხოლოთ სასტუმროში ბიჭების მიხვრა-მოხვრა და საჭმელები აგონებენ, რომ ის ისევ მეცხრამეტე საუკუნეში ჰსცხოვრობს და უკან ერთი ნაბიჯიც არ გადუდგამს.

ახლა მივუბრუნდეთ კრაკოვის მცხოვრებლების განხილვას. აქ მგზავრს ძრიელ მაგარი აგებულება უნდა ჰქონდეს, რომ სეირნობის დროს სიცილით გულ-ღვიძლი არ ამოაგდებინოს. ქალაქის ძველ ნაწილში ფეხს როგორ გადასგამთ, რომ ურიების ქალებმა დამტვრეულ და დახიჩრებულ ნემეცურ ენაზე არ გითხრან: „რა გინდათ? ჩვენთან იყიდეთ, ჩვენ სულ ყველაფერი გვაქვს და იაფათაც ვყიდით; იქნება პერანგები გინდათ, ანუ დანა, ჩითეულება?“ ერთის სიტყვით, ყველას სახელებს ჩამოჰყუებიან, რაც კი დუქანში ულაგიათ. ამაზე ნაკლები არ არიან ამათი მამები, ძმები და ქმრები. კიკინების ნძრევით და წვერების ცანცარით ესენიც იწვევენ რისამე მოსაყიდავათ გამვლელს და გამომვლელს. მაგრამ უფრო ის არის საცინელი, რომ აქ ხშირათ ხედავთ ცამეტ-თოთხმეტის წლის ებრაელს, რომელსაც ხელში უჭირავს წვრილი ჯოხი, თავზე ახურავს შლაპა - ცილინდრი, ტანზე აცვია მღვდლის კაბის მგზავსი სერთუკი და ისე მიცუნცულებს კიკინების ქნევით. საზოგადოთ აქაური ებრაელები თავიანთ ჩაცმა-დახურვით და პატარა ტანადობით სასაცილონი არიან და ქართველს მგზავრს აკვირვებენ. მართლაც, იმ დროს, როდესაც საქართველოში ებრაელნი წარმოსადეგობით და თამამობით, აგრეთვე ქართულის ენის ცოდნით ნაკლები არ არიან ქართველებზე. აქ ესენი შეადგენენ რაღაც ბაჯაჯღანა და წელში გახრილს ხალხს, თუმცა კი ამ ბოლო დროს დიდი თავისუფლება მიუღიათ. ეჭვი არ არის, რომ ამ გვარი აგებულობა და თვალ-ტანადობა აქაურის ურიებისა არის ცხადი ნიშანი იმისა, რომ აქ უწინ საცოდავებს დიდი გაჭირვება სდგომიათ ქრისტიანებისაგან. ნუ იფიქრებ, მკითხველო, რომ კრაკოვში მარტო ურიები სცხოვრობდნენ, - აქ, როგორც პოლშის სახელმწიფოს ძველ დედა-ქალაქში, პოლშელებიც ბევრნი არიან; მაგრამ, მგონი, ურიების რიცხვი კი უფრო ბევრია, მინამ პოლიაკებისა, როგორც ჩვენ დედა ქალაქში თფილისში სომხების რიცხვი უფრო მეტია, მინამ თვითონ ქართველებისა. ხშირათ სოფლიდამაც ჩამოდიან ხოლმე კრაკოვში დროებით საცხოვრებლათ პოლშელი თავად-აზნაურობა. ჩემს აქ ყოფნაში, ერთ საღამოს საზოგადო ბაღში შემხვდნენ წარმოსადგენი და მდიდრულად მორთულნი ვაჟ-კაცნი. ამათმა ტანისამოსმა მიიპყრა ჩემი ყურადღება. მაუდის კაბები უკან გადაგდებულის სახლებით, ტანზე კაბას ზემოთ შემორტყმული ფარჩის სარტყლები, განიერი შარვლები, აპოიკის მაღალყელიან წაღებში ჩაკეცილები, ხავერდის ერთნაირის ფასონის ქუდები, კაბების ქვეშ ახალუხის მგზავსი ჩასაცმელები ყველა ეს სწორეთ კახელის თავადის შვილის მორთულობას მოგაგონებდა. უნდა გეცქირათ, თუ კიკინიანი ურიები როგორ დასდევდნენ თან და გაკვირვებით უცქეროდნენ ამ წარმოსადეგ კაცებს. რაც შეეხება მაღაზიებს კრაკოვში, მომეტებული ნაწილი ებრაელებისაა, მხოლოთ მცირე ნაწილი კი პოლშელებისაა. როგორც გავიგე, ამ ბოლოს დროს ხელი მიუყვიათ პოლშელებს ვაჭრობისათვის და იმედოვნებენ, რომ მათი რიცხვი ძრიელ გამრავლდება. ნუ იფიქრებ, მკითხველო, რომ კრაკოვი იმ მხრით იყვეს უფრო შესანიშნავი, რა მხრითაც ავწერე. არა, როგორც კრაკოვი და მისი მაზრა, ისე მთელი გალიცია უფრო სხვა მხრით არიან შესანიშნავნი და აი ამათ აღწერას სხვა მხრით შეუდგები ქვემოთ.

III

ავსტრიის სახელმწიფოს სხვა და სხვა კუთხეებში 16 მილიონამდისინ სლავიანების ტომის ხალხნი ცხოვრობენ. გალიციელებს და კრაკოველებს უჭირავთ კარპატის მთების ჩრდილოეთ-დასავლეთი გვერდი და მდინარის ვისლის სათაურის ღელე. ეს მდებიარეობა ნოყიერი მდებიარობაა და კრაკოვის მაზრაში, სხვათა შორის, მარილიც ბევრია. ბოსნიას და ველიჩკას მარილის სიმდიდრით დიდი სახელი აქვთ მთელს ევროპაში.

გალიციელები წარსულსავე საუკუნეში პოლშის ნაწილების ლუკმა-ლუკმა დაფლეთის შემდეგ, ავსტრიის სახელმწიფოს შეუერთეს. რაც შეეხება კრაკოველებს, ამათ 1846-სინ ჰქონიათ პატარა თავისუფალი სახელმწიფო, მაგრამ ამ წელიწადში ბედის ჩარხი უკუღმა დაუტრიალდათ და შემდეგ აქ არეულობისა აიღეს და ესეც სრულებით შეუერთეს ავსტრიას. ამ წელიწადიდამ, როგორც გალიციელების, ისე კრაკოველების ბედი სანატრელი არ იყო; მხოლოდ 1866-დამ ავსტრიის მთავრობა დაადგა მმართველობის გონივრულ გზას და მოხსენებული სლავიანების უფლებაებსაც მოემატა. ამ ჟამად აი როგორია ამ ხალხის მდგომარეობა:

გალიცია და კრაკოვი ერთს საგუბერნატოროს შეადგენენ და უფროსად ჰყავთ იმპერატორისაგან დანიშნული გუბერნატორი. ეს არის ადმინისტრატიული მმართველი და წესიერების დამცველი მოხსენებულს მაზრებში. მისს კანცელარიაში საქმეებს აწარმოებენ პოლშურს ენაზე. თვითონ გუბერნატორთანაც პოლშურ ენაზე შევლენ ხოლმე ქაღალდით, და ამისათვის მხოლოდ პოლშურის ენის მცოდნე ინიშნება გალიციაში და კრაკოვში გუბერნატორათ. რაც შეეხება შინაურის საქმეების განგებას, მმართველობას, ამისათვის არსებობს აქ „ხალხის ყრილობა“ (сеймъ), რომელიც წელიწადში ერთხელ შეჰსდგება ლემბერგში - გალიციის დედა ქალაქში. რაღა ლაპარაკი უნდა, რომ ამ ყრილობაში მხოლოდ პოლშურ ენაზე შეიძლება ბაასი და საგნების, საჭირო საქმის განმარტება-განვითარება. რადგანაც ყრილობა წელიწადში ერთხელ მოხდება ხოლმე და მისს წევრებს არ შეუძლიანთ დიდხანს დარჩნენ ლემბერგში, ამისათვის ყრილობა თავის მხრით ირჩევს კომიტეტს, რომლის თავმჯდომარეს ნიშნავს იმპერატორი გალიციის ანუ კრაკოვის მცხოვრებლებიდგანვე ანუ ყრილობის წევრთაგანვე. ეს კომიტეტი ვალდებულია აღსრულებაში მოიყვანოს ყრილობის გადაწყვეტილებანი და თავის მხრით წარუდგინოს ყრილობას თავისი მოსაზრებანი იმ საგნებზე, რომლებიც წლის განმავლობაში გამოჩნდებიან. აი ეს კომიტეტი და გუბერნატორი განაგებენ გალიციის და კრაკოვის მაზრის საქმეებს. ამათ მიწერ-მოწერა და ბაასი თავიანთ ყრილობაში აქვთ პოლშურ ენაზე. რაც შეეხება რეიხსტაღთან ანუ შინაურის საქმეების მინისტრთან მიწერ-მოწერას, ეს კი ნემეცურ ენაზეა. გარდა ამისა, მთელი მოხელეები დაწყობილი სოფლის მამასახლისიდგან და მსაჯულებიდგან გუბერნატორის თავმოხელეებამდინ და ქალაქების მსაჯულებამდინ - სულ გალიციელები არიან. ბევრმა მათგანმა სრულებით არ იცის ნემეცური ენა. საქმე მარტო ამით არ თავდება. საჭიროა, რომ გალიციას და კრაკოვის მაზრას თავიანთი წარმომადგენლები ჰყვანდეთ ავსტრიის ყრილობაში - „რეიხსტაღში“ რომ რა არი აქ არ იეშმაკონ და მათი მავნებელი საქმეები არ გადაწყვიტონ. ამათ კიდევაც ჰყავთ თავიანთი წარმომადგენლები „რეიხსტაღში“. ამ სამის წლის წინეთ გალიციის და კრაკოვის „სახლის ყრილობა“ თავის წევრთა შორის ირჩევდა ხოლმე ოცდა თორმეტს კაცს და გზავნიდა ვენაში. ეხლა კი სხვა წესია. ეს ოცდათორმეტი კაცი უნდა ამოირჩიოს თვითონ ხალხმა და არა თუ „ყრილობამ“. ეს ახალი წესი არაფრათ ეპიტნავებათ აქაურ სლავიანებს. ერთ განათლებულს კრაკოველს ჰკითხეს, თუ რატომ არ მოსწონთ ახალი წესდებულება შესახებ დეპუტატების ამორჩევისა, როდესაც ეს უფრო საზოგადო კაცობრიულია, მინამ უწინდელი წესი? „ეგ მართალია“ მითხრა ამ განათლებულმა კაცმა, „მაგრამ აი საქმე რაში მდგომარეობს. დიდი ხანი არ არის, რაც ჩვენ ვიშოვნეთ და მოგვანიჭეს ზოგიერთი პოლიტიკური უფლებანი, ამისათვის ჩვენ დეპუტატებათ იმისთანა კაცები გვინდა, რომლებსაც შეეძლოთ ყოველ შემთხვევაში ამ უფლებისა და საზოგადოდ ჩვენის ქვეყნის სარგებლობის დაცვა. ახალ წესდებულებით კი დეპუტატებში ებრაელებიც ბევრნი ერევიან ანუ ჰყვებიან. ჩვენ წინააღმდეგნი არა ვართ ებრაელებისა და ბევრს ამათგან ყოველ გვარს სამსახურში ვირჩევთ; მაგრამ ჩვენის ქვეყნის პოლიტიკური უფლებების და სარგებლობის დაცვის მინდობა გარდაცემა მათთვის გვეჩოთირება და გვაშინებს. აი ამ პოლიტიკურ მოსაზრების გამო არაფრათ გვეპიტნავება ახალი წესდებულება დეპუტატების ამორჩევის შესახებ“.

- სლავიანები ხომ უმრავლესნი ხართ და შეგიძლიანთ ყოველთვის თქვენი კაცები ირჩივოთ დეპუტატებათ, ვუთხარი მე კრაკოველს და აი რა პასუხი მომცა ამაზე.

- ზოგიერთ ადგილებში უმეტესად ქალაქებში, ებრაელების რიცხვი უმრავლესია და ამასთანავეც გაიძვერა ხალხია და ყოველთვის მოახერხებენ თითქმის ბევრი პოლშელებიც მიიმხრონ და თავიანთი კაცები ამოირჩიონ. სრულებით სხვა საქმეა, როცა ხალხის „ყრილობა“ ირჩევს. აქ ურიები ჯერეთ ბევრნი არ არიან და ამასთანავე „აღიტაცია“ როგორც სიტყვიერი, ისე ლიტერატურულიც ღირსეულის კაცების სასარგებლოთ შესაძლებელია.

- თუ აგრე არ მოგწონთ და მავნებელია თქვენთვის ახალი წესდებულება, მაშინ როგორ მოხდა, რომ „რეიხსტაღმა“ ავსტრიის საზოგადო ყრილობამ თქვენი სურვილის წინააღმდეგ მაგგვარი წესდებულება მიიღო იმ დროს, როდესაც მარტო ავსტრიაშიც, რომ ვენგრიელების ქვეყანაც არ ჩავთვალოთ, სლავიანების რიცხვი უფრო ბევრია, მინამ ნემცებისა და, მაშასადამე რეიხსტაღში თქვენი დეპუტატების რიცხვიც ბევრი უნდა იყვეს? ვკითხე კიდევ განათლებულ კრაკოველს.

- მე თვითონ ვგრძნობდი, რომ მაგას მკითხავდით და აი მაგისი სრულებით უბრალო პასუხი, მითხრა მე იმან და განაგრძელა: თქვენ ამბობთ, რომ ავსტრიაში სლავიანების რიცხვი ბევრიაო. ეგ მართალია. წიგნებში ბევრგან წაიკითხავთ, რომ ავსტრო-ვენგრიაში 16 მილიონამდისინ სლავიანი ჰსცხოვრობენ; მაგრამ საქმე იმაშია, რომ ამ სლავიანებში ბევრი იმისთანა სლავიანებიც ურევიან, რომლებშიაც სლავიანური აღარაფერი დარჩენილა. მსწავლულების აზრით შტირიაში და კარინტიაშიც სლავიანები ჰსცხოვრობენ, მაგრამ ახლა რაა იმათში სლავიანური? გარდა ამისა, სადაც სლავიანები ჰსცხოვრობენ, იქ სხვა ჯურის ხალხიც სცხოვრობს და დეპუტატებათ ამათ კაცებსაც ირჩევენ; ასე რომ ხშირათ სლავიანების დედ-მამულიდამ დეპუტატებათ მიბძანდებიან ხოლმე ვენაში ნემცები. ყველა ამას უნდა დაუმატოთ შესანიშნავი ამბავი: როგორც იცით, ჩეხელები დაწინაურებული ხალხია ჩვენ სლავიანობაში და სლავიანების წინამორბედათაც ჰსთვლიან თავიანთ თავს. ამათ ამ ოთხის წლის წინეთ, თუ მეხსიერება არ მღალატობს, ჰსთხოვეს იმპერატორს, რომ მათთვის მიეცა ნება ჰქონოდათ საკუთარი რეიხსტაღი და სამინისტროები, ერთი სიტყვით, იგივე უფლებანი, რა უფლებანიც კი აქვთ ვენგრიელებს. იმპერატორმა არ დააკამყოფილა მათი თხოვნა და ჯიბრზე თავიანთ დეპუტატებს ავსტრიის „რეიხსტაღში“ საზოგადო ყრილობაში აღარ გზავნიან. ნემცებსაც ეგ უნდოდათ, რადგანაც ჩეხელებიდგან დეპუტატები აღარ მოდიან „სახელმწიფო ყრილობაში“, ამისთვის სლავიანების დეპუტატების რიცხვი უფრო კიდევ მცირეა და ნემცებს როგორც ჰსურთ, ისე იქცევიან. აი როცა რეიხსტაღში ლაპარაკი იყო დეპუტატთა ამორჩევის წესდებაზე ჩვენ მხარში, ჩვენი დეპუტატები, რომლების რიცხვი იმ ჟამათ ორმოცდათორმეტი იყო, წინააღმდეგნი გახდნენ, მაგრამ ვერა გააწყეს რა. ან რას გააწყობდნენ?!... ჯერ ხომ ჩეხელებიდგან დეპუტატები არ იყვნენ: ამას გარდა, სხვა სლავიანების დეპუტატების რიცხვიც მაგდენი არაფერი იყო და ამის მიზეზის გამო გამარჯვებულნი დარჩნენ ნემცები და „რეიხსტაღმა“ გამოსცა ზემოხსენებული წესდებულება. ამ ჟამათ „რეიხსტაღში“ ნემცების პარტია ძლიერია და ეს გარემოება ჩვენ სლავიანებს გვეჩოთირება, ჰსთქვა ბოლოს ჩემმა მემუსაიფემ, და ამით გავათავეთ კიდეც ლაპარაკი ერთმანეთთან.

აი ამგვარ პოლიტიკურ გარემოებაში არიან გალიციის და კრაკოვის მაზრის მცხოვრებნი. - ახლა დროა შეუდგეთ მათის განათლების გაცნობას.

***

მეცნიერების და ხალხის განათლების გასავრცელებლად მოხსენებულადგილებში არის ორი უნივერსიტეტი, ერთი კრაკოვში და მეორე ლემბერგში, - სამეცნიერო აკადემია (академiя наукъ) კრაკოვში, რამდენიმე საოსტატო სემინარია - ორი მათგანი თვით კრაკოვში, გიმნაზიები, როგორც ქალებისთვის, ისე ვაჟებისთვის, სამხედრო სასწავლებლები ერთი თვით კრაკოვში, სასულიერო სასწავლებლები და სოფლის სასწავლებლები. სამხედრო გიმნაზიების გარდა, ყველა სასწავლებლებში მეცნიერებას ასწავლიან მარტო პოლშურს ენაზე; არც ერთს საგანს არ ასწავლიან სახელმწიფო ე.ი. ნემეცურ ენაზე. ერთის სიტყვით პოლშური ენა არის საზოგადო ენად მიღებული და ამ ენაზე ავრცელებენ მეცნიერებას და განათლებას. რაც შეეხება ნემეცურს ენას, ამას ერთ-კლასიან სასწავლებლებში სრულებით არ ასწავლიან; მაშასადამე ერთ-კლასიან და ორ-კლასიან სასოფლო სასწავლებლებში ამისი ხსენება სრულებით არ არის. მხოლოდ ამის სწავლას იწყობენ სამ-კლასიან სასწავლებელში, - ანუ მესამე კლასიდამ, - ერთი, სიტყვით იმ კლასიდამ, სადაც ბავშვები სრულებით დახელოვნებულნი არიან თავიანთ ღვიძლის ენის ცოდნაში. ამ ენისათვის კვირაში ხუთ გაკვეთილზე მეტი თითქმის არც ერთს სასწავლებელში არ არის. რაც შეეხება ფრანციულის ენის სწავლას, ამას დიდ კლასებში ასწავლიან და ამის შესასწავლად კვირაში სამი გაკვეთილია დადებული თითქმის ყველა სასწავლებელში, ასე რომ ნემეცურის ენისთვის უფრო ბევრი გაკვეთილებია მიღებული, მინამ ფრანცულის ენისათვის. რადგანაც აქაურს სასწავლებლებს ამ გვარი მოწყობილობა აქვს და ამას ითხოვს თვით პოლიტიკური მდგომარეობაც, ამისთვის მასწავლებლები სულ დიდიდამ პატარამდინ დახელოვნებულნი არიან პოლშურს ენაში. მათი უმეტესი ნაწილი ეკუთვნის სლავიანთა გვარ-ტომობას.

მე არ მსურს, რომ მკითხველს ჭკუა-გონებაში იჭვნეულობა რამ დარჩეს შესახებ ჩემგან ნაამბობისა და ამისათვის დავასახელებ და გაკვრით კიდევაც ავწერ იმ სასწავლებლებს, რომლებიც თვითონ ჩემის თვალით ვნახე და რომლების უფროსებთან ლაპარაკი მქონდა.

ჩემ კრაკოვში მყოფობის დროს, საათის პირველს გავსწიე აქაურის საოსტატო სასწავლებლების გასასინჯავათ და პირ-და-პირ მივედი ჯერეთ კაცების სასწავლებელში. ჩემდა სამწუხაროთ, აქ სწავლას მორჩენოდნენ და შეგირდები თავ-თავიანთ სახლებში მიდიოდნენ. მე მაინც დირეკტორი ვნახე და ვსთხოვე, რომ მას ჩემთვის კლასები ეჩვენებინა. ჩემმა თხოვნამ ეს კაცი ცოტა არ იყოს ჩააფიქრა და რამდენიმე წამის შემდეგ მითხრა: „დიდი სიამოვნებით, მაგრამ ეხლა სწავლა არ არის და ცარიელის კლასების ნახვა რა სასიამოვნო იქმნება თქვენთვის; მაინც წამოდით“. პირველათ შევედით მოსამზადებელ კლასში. უბრალო სტოლებმა, მაგრამ ახალ სისტემაზე გაკეთებულებმა, მშვენიერმა დიდმა, ადვილათ ასაწევ დასაწევმა ფიცარმა, დაკვირვებითის სწავლისათვის სხვა და სხვა სურათებმა, მასწავლებელისათვის კოპწია კათედრამა, კრაკოვის გეგმამ (პლანმა), მთელის კრაკოვის მაზრის და გალიციის დიდმა რუკამა, ყველა ამან მიიპყრა ჩემი ყურადღება და ბოლოს დროს ვკითხე უფ. დირეკტორს: ყველა კლასები ასე გაქვთ მოწყობილი, თუ არა?

- სულ აგრეაო. ჯერეთ ახალათ ვეწყობით და ბევრი რამ კიდევ გვაკლიაო.

სხვა კლასებიც რომ გავშინჯე, შევატყე, რომ უფ. დირეკტორს ეჩქარებოდა სახლში, გაკვრით ვკითხე კიდევ რამდენიმე საგანი, და იმან კითხვაზედ ეს მომიგო: „ეს სასწავლებელი შესდგება სულ რვა კლასიდგან, ოთხი საოსტატო სემინარიაა და ოთხი კიდევ დაბალი კლასებია. ამ ჟამათ აქ სწავლობენ ორასზე მეტი მოწაფენი. მეცნიერებას ვასწავლით პოლშურს ენაზე; ნემეცურს ენას ვიწყობთ მხოლოდ მესამე კლასიდამ.“

ეს პასუხები რომ მივიღე, მადლობა გადავუხადე და გამოვეთხოვე. აქედამ ქალების საოსტატო სემინარიაში გავქანდი. მე თან მომდევდა ერთი ჩემი ნაცნობი რუსი. რომელსაც უჭირდებოდა წარმოდგენა, რომ ავსტრიის სახემწიფოში ამ გვარი წესებია და გზაში ამიხირდა რომ ის დირეკტორი, რომელსაც შენ ელაპარაკებოდი ნემეციაო და ეს ასეც უნდა იყვესო, დირეკტორებად მაინც ნემცები იქმნებიან აქაურს სასწავლებლებშიო.

ეს კაცი რომ ვერაფრით ვერ დავაჯერე, ბოლოს ვუთხარი: აი ეხლა მივალთ ქალების სასწავლებელში და იქ უთუოთ შენთან ვკითხავ იქაურს დირეკტორს და იმისგან შეგვიძლია ნამდვილი შევიტყოთ. ამ ლაპარაკში ვიყავით, რომ ქალების სასწავლებელში მივედით, მაგრამ აი კიდევ უბედურება. აქაც მორჩენილან სწავლას და გასათხოვარი ქალები მხიარულის სახით მღიმარის თვალებით, საამურის ხარხარით, ერთ ხელში წიგნებით და მეორე ხელში შლაპების ჭერით გამოდიან სასწავლებლიდგან. მე მაინც არ დავიშალე და შეველ სასწავლებელის კარიდორში. ერთი ვნახო ქალების წრიდამ გამოქანებული წამოვიდა ჩემსკენ ხანში შესული, მაგრამ ცქრიალა და მალხაზი კაცი და პოლშურად რაღაც დამიძახა. ერთის წამის შემდეგ ეს კაცი ჩემ წინ დაერჭო. ნემეცურს ენაზე პტყელ-პტყელათ აუხსენი ჩვენი განზრახვა და როდესაც ვუთხარი ჩვენი ვინაობაც, ხანში შესულმა კაცმა გამომიცხადა, რომ ის სიამოვნებით აასრულებს ჩვენ თხოვნას და გაგვიძღვა წინ. დაწვრილებით ჯერეთ კლასები გვაჩვენა, მერე ბიბლიოთეკა, ფიზიკური და მინერალოგიური ოთახები, მასწავლებლების საზოგადო მოხდენილი ოთახი, აგრეთვე შეგირდების სათამაშო დიდი ოთახი, ბოლოს სამუზიკო ოთახი. ყველა ეს ძალიან საამური იყო ჩემთვის. სასწავლებელს ნათლად ეტყობოდა, რომ ცდილობენ ჩვენის დროის პედაგოგიის ყველა მოთხოვნილებანი, რამდენათაც შესაძლოა, დააკმაყოფილონ. როდესაც ყველაფერი გადავათვალიერე, მივმართე მარდს და თავის საქმეში დახელოვნებულს დირეკტორს, უფ. იაბლონსკის ზოგიერთის კითხვებით. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, თუ რა სიამოვნებით ყურს მიგდებდა და თითოეულს კითხვაზე რა გარკვეულს პასუხს მაძლევდა. მხოლოდ ერთმა ჩემმა კითხვამ როგორღაც გააოცა, აი ეს კითხვა: ერთი მიბძანეთ - მეცნიერებას ამ თქვენს სასწავლებელში რომელ ენაზე ასწავლით. რაო? მითხრა და კარგა ხანს გაჩუმდა. მაშინ მე იმის პირსახეზე წავიკითხე: რა ვქნა ეს კაცი რას მკითხავს! თუ მე ვერ გავიგე ამისი კითხვა?! რამდენიმე ხნის შემდეგ, მიპასუხა: მე თქვენი კითხვა არ მესმის. გთხოვთ გაიმეოროთ. მე რაც ძალა და ღონე მქონდა, მოვიფიქრე, რიგიანათ დავაწყე ნემეცურ ენაზე სიტყვები და კიდევ განუმეორე ჩემი აზრი. „ეგ რა საკითხავია, მიპასუხა მან, როდესაც თქვენ სინჯავთ პოლშურს საოსტატო სემინარიას. რასაკვირველია პოლშურს ენაზე ვასწავლით ყველაფერს. რაც შეეხება ნემეცურის ენის სწავლას, ამანაც ისევ ჰსთქვა, რაც პირველმა დირეკტორმა. სხვა ჩემს კითხვებზე მივიღე ამ გვარი პასუხები: ექვსი წელიწადია, რაც ეს სემინარია არსებობს და ამ ჟამათ 190 ყმაწვილი ქალი სწავლობს. სულ რვა კლასია; ოთხი მათგანი უფროს კლასებათ ითვლება, ოთხი კიდევ დაბალ კლასებათ. ამ დაბალ კლასებში პირველის კლასის შეგირდები აძლევენ გამოსაცდელს გაკვეთილებს და გამოცდილ მასწავლებლების გაკვეთილებზე დაიარებიან. ყველანი ძრიელ ბეჯითნი არიან და სიამოვნებითაც მიდიან სოფლის მასწავლებლათ. ჩემის ნაცნობის დასაკმაყოფილებლათ, თუმც კი მეთაკილებოდა მეკითხნა, გავბედე და ვკითხე: ვაჟების სამასწავლებლო სემინარიის დირეკტორი ხომ პოლშელია? რასაკვირველია პოლშელია ბუნებითი და იმის გვარი არის ტვორაკ, მამიგო ფიცხლავ დირეკტორმა. ამ დროს ჩემს ნაცნობს შევხედე, რომლის სახეც თითქო ამას ამბობდა: რა ვქნა, ეს სადა ვარ? ბოლოს დიდი გულითადი მადლობა გადავუხადე უფ. დირექტორს და კიდევაც ვთხოვე რჩევა, თუ რომელი სოფლის სასწავლებელი მენახა. იმან მირჩია სიახლოვისა გამო ლობზეს სასწავლებელი, სადაც სადილის შემდეგ თავი ამოვყავი და იქ მასწავლებელს და ერთ გასათხოვარს ქალს ველაპარაკებოდი. დიდი გაჭირებული ლაპარაკი გვქონდა მე და ამ მასწავლებელს, ეს ნემეცურს ჩემზე უხეიროთ ლაპარაკობდა და პოლშურის ენისა კი მე არა ვიცოდი რა. რაც შეეხება ქალს ამან ხომ ერთი სიტყვაც არ იცოდა ნემეცურს ენაზე. მასწავლებელმა ვაი-ვაგლახით ამიხსნა, რომ მე სხვა შკოლის მასწავლებელი ვარო და ამ შკოლის მასწავლებელი კი ეს ეს არის კრაკოვში წავიდაო. ამ ლაპარაკში რომ ვიყავით, გასათხოვარმა ქალმა პოლშურათ რაღაც უთხრა მასწავლებელს; ამან ბოდიში მოითხოვა ჩემთან და ცოტა ხნობით მეორე ოთახში გავიდა. რამ წამს უკან დაბრუნდა, მაშინვე, როგორც იყო, მკითხა ჩემი ვინაობა. სახეზე ნათლად ეტყობოდა, რომ დაერიგებინათ მეორე სახლში, რომ გაეგო თუ ვინა ვარ მე. რასაკვირველია, მე ავუხსენი ჩემი ვინაობა და განზრახვაც. ცოტა-ხნის სიჩუმის შემდეგ, დაწვრილებით გამოვკითხე ამ ყმაწვილს, როგორც სასწავლებლის, ისე მასწავლებლის მდგომარეობა. აი რა შევიტყვე: დიდი ხანი არ არის თურმე, რაც ლობზეს სასწავლებელი არსებობს და ითვლება ერთ კლასიან სასწავლებლათ. მოწაფენი ამ კლასში უნდა დარჩნენ ხოლმე ექვს წელიწადს. ამ ჟამათ აქ სწავლობს 50 მოწაფე, ამათში ოც-და-ათი ვაჟია და ოცი ქალი. სასწავლებელს რამდენიმე განყოფილება აქვს და სასწავლებლათ დანიშნულია: საღმთო სჯული, წერა-კითხვა, პოლშური ენა, არითმეტიკა, სხვა და სხვა ცნობები ბუნების მეტყველებიდამ; შესანიშნავი ისტორიული მოთხრობები უფრო პოლშის ისტორიიდამ; სამშობლო გეოგრაფია და საზოგადო ცნობა მთელის ქვეყნის გეოგრაფიიდამ, გალობა და ხატვა. ყველა ამას ასწავლიან პოლშურს ენაზე. სასწავლებლის სახლი არ არის გვარიანი, თუმცა კი დიდი ოთახია, სკამები სულ უბრალოა და არც ზურგის მისაყუდებლები აქვთ. სამასწავლებლო მასალები გვარიანია; უფრო შესანიშნავია კრაკოვის გეგმა (პლანი) და სამშობლოს რუკა. ასე გასინჯეთ, კარგი მოზდილი „გლობუსიც“ კი აქვს ამ სოფლის სასწავლებელს. მასწავლებელი არის აქ უფ. დომბროვსკი, რომელსაც საოსტატო სემინარია აქვს გათავებული. თურმე ესეც ძრიელ სუსტათ ლაპარაკობს ნემეცურს. ჯამაგირათ აქვს 300 გულდენი. გარდა ამისა, სოფლისაგან აქვს სადგომი სახლი და საკმაოთ შეშა. როგორც გავიგე ჩემი მემუსაიფისაგან ზოგიერთს სოფლებში ორ-სამ კლასიანი სასწავლებლებია და ამ სასწავლებლებს ორ-ორი და სამ-სამი მასწავლებლები ჰყავთ. ძრიელ მინდოდა ერთი ამ სასწავლებელთაგანიც მენახა, მაგრამ ვეღარ მოვახერხე და იძულებული ვიყავი მასწავლებელს და პოლშელს ქალს, რომელიც სულ ჩვენთან ტრიალებდა და ხანდისხან მასწავლებლის შემწეობით საჭირო ცნობებს იძლეოდა, გამოვთხოვებოდი და დავბრუნებულიყავ კრაკოვში.

მე დარწმუნებული ვარ, რომ სამი სასწავლებლის გაკვრით აღწერა უფრო კიდევ ნათლად დაანახვებდა მკითხველს, რომ როგორც კრაკოვში და იმის მაზრაში, ისეც გალიციაში სასწავლებლებს აქვთ სრულებით ნაციონალური ხასიათი და ამ გვარი მათი ხასიათი შეესაბამება მოხსენებულის მაზრების პოლიტიკურ მოწყობილობას.

***

ვინ არ იცის, რომ წარმატება როგორც სასწავლებლების საქმისა, ისე თვით გამგებლობისა, არის დამოკიდებული საზოგადო აზრზე, რომ საზოგადო აზრმა უნდა უჩვენოს როგორც სასწავლებლებს, ისე გამგებლობას - თვით-მმართველობას ჯეროვანი გზა და საგანი. მხოლოდ ეს საზოგადო აზრი იხატება გაზეთ-ჟურნალში ანუ თანამედროვე მწერლობაში. თუ ეს ასეა, მაშ მოვიხსენიოთ, თუ რა გაზეთები გამოდის მოხსენებულ მაზრებში: კრაკოვში: „ხორაპ“, „დიაველ“, „ჩას“; ლემბერგში: „დნევნიკ პოლსკი“, „გაზეტა დივოსკა“, „შჩუტეკ“ და სხვა კიდევ პატარა გაზეთები. აი ამათში იხატება აქაური სლავიანების საზოგადო აზრი. რასაკვირველია, მკითხველი მოელის ჩემგან გარდავცე მას მოკლეთ ის, თუ რა მიმართულებისაა თითოეული ჩემგან დასახელებული გაზეთი, მაგრამ ჩემდა სამწუხაროთ უნდა ვაღვიარო, რომ მე არა მქონდა დრო ეს გაზეთები დაახლოებით გამეცნო. აქ მხოლოთ ის შემიძლიან ვჰსთქვა, რომ ყველა მოხსენებული გაზეთები ფხიზლათ დამცველნი არიან თავიანთ ხალხის უფლებებისა და ცდილობენ ხალხის წარმატებაში წინ წაყვანას.

***

ორიოდე სიტყვა უნდა ვსთქვა ხალხის მუშაკობაზე და ნაწარმოებზედაც. როგორც ზემოთ შევნიშნე, კრაკოვის მაზრას და გალიციას აქვს კარგი გეოგრაფიული მდებარეობა და ნოყიერი მიწა. მცხოვრებლებიც შრომაში არავის ჩამორჩებიან. უწინდელ დროში, როცა აქაურ სლავიანებს ქარი უქროდათ და შეადგენდნენ პოლიტიკურ განსაკუთრებით „ორგანიზმს“ და არავიზე დამოკიდებულ სახემწიფოს, ამათი ყოველგვარი ნაწარმოები: პური, მარილი, საქონელი, აგრეთვე ნაქსოვი და ქარხნებში მომზადებული მაუდი ახლო-მახლო სახემწიფოებში გადიოდა და კარგი ფასიც ჰქონდა. ეხლაც ეძახიან ერთ უშველებელს შენობას კრაკოვში „სუკონიცა“ სადაც მაუდის დიდი ქარხანა ყოფილა. მაგრამ ამ ჟამათ კი მოხსენებული მხარეები სრულებით სხვა სურათებს წარმოგვიდგენს. ის ადგილები, სადაც აუარებელი მარილია, ეკუთვნის ავსტრიის მთავრობას; ხვნა-თესვას იმოდენათ მიზდევენ, რამოდენათაც საჭიროა თვითონ სლავიანებისათვის და ამისათვის მეურნეობას ნამდვილი ვაჭრული ხასიათი არა აქვს. რაც შეეხება ქარხნებს, ამაზე ძალიან უკაცრავათ არიან აქაურები. აქაურ მაღაზიებში თითქმის ვერაფერს ნახავთ კრაკოვისა და გალიციის ქარხნებში შემუშავებულს. ამ ორი წლის წინეთ კრაკოვის დაახლოვებით ორი შაქრის ქარხანა ყოფილა და ეხლა მარტო ერთი-ღაა და ესეც ვაი-ვაგლახით არსებობს. რა არის ამ გვარის მოვლინების მიზეზი? იკითხავს მკითხველი. მეთერთმეტე საუკუნე უბედური საუკუნე იყო პოლშელებისათვის. შინაურმა უწესურობამ გადააჭარბა აქ ყოველს წრეს და ამასთანავე მემიჯნე სახემწიფოებს თვალი ფხიზლათ ეჭირათ რომ რა არი როგორმე ხელში ჩაეგდოთ მათი ქვეყანა და ერთმანეთში გაენაწილებინათ. ეს ასეც მოხდა მოხსენებულ საუკუნეში. ამ დროდგან პოლშელების ყურადღება იყო მიქცეული იმაზე თუ როგორ დაებრუნებინათ თავიანთი პოლიტიკური სიცოცხლე და, რასაკვირველია, იგინი ყოველივე ღონისძიებას ხმარობდნენ ამ საქმეზე. ვიღას აგონდებოდა მუშაობა და ქარხნების განკარგება. ვისაც უჭყაოდა რამე, ეხლა საზოგადო საქმისათვის უნდა მოეხმარებინა. აი როცა ამ მდგომარეობაში იყვნენ მოხსენიებულის მაზრების სლავიანები, ნემეცების ქარხნებმა ძრიელ მოიმატეს და წარმოებამ დიდი ნაბიჯი წასდგა წინ. ნემცების ნაწარმოებმა საზოგადო ბაზარში მთელ გერმანიაში და ახლო-მახლო ადგილებში დაიჭირა უპირატესობა და პოლშელების წარმოება სრულებით დაეცა. დაუმატეთ ამ გარემოებას ისიც, რომ კრაკოვის და გალიციის მცხოვრებლების ნაწარმოები ვერც რუსეთში ჯეროვანს ადგილს დაიჭერდა. ეს ამისთვის, რომ რუსეთის პოლშაში უფრო დარჩა წარმოება და რადგანაც ქარხნები ძველი საქმე არ იყო რუსეთში, ამისთვის პოლშელები წათამამდნენ და უფრო ხელი ჩაავლეს ქარხნებს უკანასკნელ დროს. ამათ ნაწარმოებს, რასაკვირველია, უფრო ბევრი მსყიდველი ეყოლებოდა, მინამ კრაკოველების და გალიციელების ნაწარმოებს. ესენი უბაჟოთ ავრცელებდნენ თავიანთ საქონელს რუსეთში; კრაკოველებს და გალიციელებს კი ამის ნებას არავინ მისცემდა. ყველა ეს მიზეზები მგონი საკმაო იყო, რომ კრაკოვის მაზრაში და გალიციაში წარმოებაზე შენახულიყო წარმოდგენა მხოლოთ ხალხის გონებაში.

რასაკვირველია, უნდა მოველოდეთ, რომ მომავალში საპოლიტიკო განათლებითი მდგომარეობა, რომელშიც ეხლა არიან კრაკოვის მაზრის და გალიციის მცხოვრებნი, დაჰბადავს მათში წარმოებას და გაჰხდის მათ ეკონომიურის მხრითაც თავისუფალ ხალხათ.

***

ამით ვათავებ გაკვრით აღწერას ავსტრიის სლავიანების ერთი ნაწილის მდგომარეობისას და თუ დროება მექნება, იქნება ავსტრიის სხვა სლავიანების მდგომარეობაც გავაცნო ჩემს მკითხველს, ვამბობ ავსტრიის, რომელთანაც თუ ეხლა არა, მომავალში მაინც მოუხდება რუსეთს განხეთქილება და ამ წერტილიდამაც კი საჭიროა სლავიანების მდგომარეობის ცოდნა.

ივერია. - 1878. - 17 აგვ. - N32. - გვ. 2-8

5.6.2 (ნაწილი მესამე)

▲back to top


IV

ფრიდრიხსვალდი 1-4 ივლისის 78 .

ივნისის 25-ს, შაფათს ორ საათზე, მე და ერთი ჩემი ახლათ გაცნობილი ყმაწვილი კაცი, სოფლის სასწავლებლის მომავალი ოსტატი, გამოვედით დრეზდენიდამ ვაკზალში ჯერეთ პირნში და მერე აქედამ სოფელ ფრიდრისხვალდში წამოსასვლელად. როგორც კი ჩავჯექით ვაგონში და ორთქლით მავალი მაშინა დაიძრა თავის ადგილიდამ, მე სულ ყურებათ გადავიქეცი. ფანჯრებიდამ ხან ერთ დათესილ მიწას, გზის მხრით შემკობილ ალუბლის და ბალის ხეებით, გავსცქეროდი და ხენ მეორეს; ხან კიდევ მივაჩერდებოდი ორთქლით მავალი მაშინის გზას და ხეებს, რომლებიც ამ გზაზე განგებ დარგულებია; ხან კიდევ განგებ ვეძებდი თვალით მოუვლელს და თავ-მინებებულს ადგილს, მაგრამ ამ გვარს ადგილს მე ვერსად ვპოვებდი. მე სულ აქეთ-იქით ცქერაში გავატარე დრო პირნამდინ. აქ მოვედით ოთხის ნახევარზე და შეუდექით რისამე შოვნას სოფელში წასასვლელად. აი კიდევაც ვიშოვნეთ დროშკა ერთ ცხენიანი. მე ჩემს ნაცნობს ვუთხარი: ეს ცხენი ისე დაშორებულს სოფელში, როგორც ფრიდრიხსვალდია ვერ წაგვიყვანს; ამასთან ხომ ხედავთ, წვიმაც მოდის. გზაში დიდი ტალახი იქნება. ამაზე აი რა პასუხი მივიღე: „აქ ტალახს რა უნდა; გზები აქ სულ მშვენიერია“. დავემორჩილე ამ კაცის სიტყვებს და ნახევარის საათის შემდეგ გზას გავუდექით. მართლაც გზა მშვენიერება რამ იყო; ამისათვის წვიმას ვერაფერი დაეკლო. ამას გარდა, ეს გზა მგზავრს მშვენიერს სურათს წარმოუდგენს და ქართველს მოაგონებს ტფილისის უკეთესს ქუჩას. ამას აქეთ-იქით სულ ბალის და ალუბლის ხეები აქვს ჩარიგებული.

- ვისია ეს ხეხილები? ვეკითხები ჩემს ნაცნობს.

- გლეხებისაა. ხომ ხედავთ გზის პირებზე დათესილს მიწებს. ვისაც ეს მიწები ეკუთვნიან, ხეხილებიც იმისია“. მიპასუხა იმ ახალგაზდა კაცმა.

- ამ ხეხილს განა ქურდები არ იპარავენ, ან კიდევ საქონელი არ აფუჭებს? ვკითხე კიდევ მე იმას და მივიღე პასუხი:

- „პატრონის გარდა ამ ხეხილებს არავინ ეკარება და რაც შეეხება საქონელს, ამას ხომ ვინ გაატარებს დათესილებში და გზის პირებზე უთავბოლოთ“.

მალე მიეჩვია ჩემი თვალი ასე მშვენივრად მორთულს და გატკეცილს გზას და შორს აქეთ-იქით ცქერა დავიწყე. მანძილი პირნადამ მოკიდებული ფრიდრიხსვალდამდინ მშვენიერს სხვა და სხვა სურათს წარმოგვიდგენდა. ერთის მხრით ხედავდით ბორცვებს - პატარა მაღლობ ადგილებს, შემოსილთ ყანებით, რომლებიც ნიავის წყალობით საამურად იქნევდნენ თავებს, და ამ ბორცვების ძირში ხელით გაჩენილ პატარ-პატარა ტყეს; ხან ხედავდით ბორცვებს, შემოსილს ქოჩორა ქათამისავებ ბუნებითის ტყით და ამათ ძირში მიწებს, რომლებშიაც იდგა ანუ პური, ანუ ქერი, ანუ ფშვრია, ანუ კიდევ კართოფილი და კომბოსტო; მეორეს მხრით ხედავდით ღელეს ორს პატარა მაღლობთ შორის და ამ ღელეს მიზდევდა კოხტა პატარძლის სარტყელისავებ ფიჭვის და სხვა ხეების ტყე. ამ ტყის ბოლოს სჩანდნენ კრამიტით დახურულნი ორ სართულიანი სახლები, რომლებთ შორის ეკკლესია თავისის სიმაღლით და წოწოლა გუმბათით ძრიელ ერჩევა. ამ გვარის სურათების ცქერას და დათვალიერებას ხშირად გვაწყვეტინებს სოფლები, რომლებიც გამწკრივებულები არიან პირნადამ მოკიდებული ფრიდრიხსვალდამდინ. აი მივადექით სოფელს „ზუშენდორფს“ და ჩემს ნაცნობს კი აღარა, პირ-და-პირ კუჩერს ვეკითხები: „ეს რა ქალაქია?“

- ეს ქალაქი კი არ არის - სოფელია“. მეუბნება იგი.

აი კიდევ სოფელი „ზეხიშტა“, რომელიც მშვენივრათ გამოიცქირება. ვფიქრობ ჩემ გულში: ეს კი უთუოდ უნდა ქალაქი იყვეს და კიდევაც ვკითხე კუჩერს, რომელიც ღიმილით მეუბნება: „ეს სულ სოფლებია და თქვენ ქალაქებათ რათ მიგაჩნიათ?“ ჩემ ნაცნობს ახალგაზრდას ღიმილი მოსდის და პასუხს აძლევს: „ისე, უნდა გაგვაბრიყვოს და სოფლები ქალაქებად დაგვარქმევინოს“. თითქო დაიჯერა ამ კუჩერმა და თავისი შოლტისავებ გრძელი მათრახი გაუტკაცუნა ძალზე ჩატრუკებულს, ჩასუქებულს წაბლა ცხენსა, რომელმაც ძუგძუგით გასწია. ასე - სოფლების, მათის არე-მარეების, დათესილის მიწების, ბორცვების და პატარა ღელეების ცქერაში ვიყავი სულ, მინამ ფრიდრიხსვალდში მივდიოდი და ბოლოს დროს მივედი კიდევაც. მოვედი აქ საღამოს შვიდ საათზე და დავბინავდი სასტუმროში. ექვსი დღეა, რაც მე მოხსენებულ სოფელში ვცხოვრობ და ამ ხნის განმავლობაში, როგორც ეს სოფელი, ისე ყველა მახლობლად მყოფი სოფლები თავიანთ მცხოვრებლებითურთ, რამდენათაც შესაძლო იყო, გავიცანი. მინამ ფრიდრიხსვალდის დაწვრილებით და სხვა სოფლების საზოგადო აღწერას შევუდგები, მე მკითხველს უნდა ვუთხრა, რომ ყველა ჩემი ცნობა, რომელსაც ამ წერილში და სხვა წერილებში იქნება მოყვანილი, იქნება დადგენილი - დაფუძნებული იმაზე, რასაც თვითონ ვნახამ და დაჭეშმარიტებით გავიგებ სანდო კაცებისაგან. მე ისეთი სიყვარული მაქვს ჭეშმარიტებისა და პატივისცემა კაცისა, რომ უმჯობესად შევრაცხავ მარჯვენა მოვიჭრა და წყალში გადავუძახო, მინამ განგებ რამ ტყუვილი გამოვურიო ჩემს ნაწერებში. ამისათვის მკითხველთ შეუძლიან ჩემს ნაწერებს სრული რწმუნება აღმოუჩინოს.

ფრიდრიხსვალდი დიდი სოფელი არ არის და მდებარეობს ერთ პატარა ღელეში, რომელსაც ორივე მხრივ უწყვია ცოტა ამაღლებული ადგილები. შუაში კიდევ მიჩხრიალებს პაწაწკინა უჩინარი წყალი. სახლები გამომწკრივებულა ღელეში და მაღლობეებზე. ჯერეთ სახლების ერთი რიგი მიზდევს ღელეს ორივე მხრივ; მერე მეორე რიგი. ამ რიგებთ შორის გაზიდულია დაწკრიალებული ქუჩები, თითქო განგებ, ეს არის ეხლა დაუგვიათო. ეკკლესია სდგას უფრო მაღლობზე და ამ ეკკლესიის დაახლოებით ამავე მაღლობიდამ სასწავლებელი მთელს სოფელს გასცქერის და თითქო მგზავრს ეუბნება: „მე ვარ ამ სოფლის აღმაღორძინებელი და პატრონიო“. თითოეულს სახლს დიდი კარ-მიდამო და საბოსტნე ადგილი უჭირავს და ამისათვის სოფელი გძლად არის გაზიდული. თითოეული სახლი ორ სართულზე ნაკლები არ არის და ზოგიერთს სახლში ხუთმეტამდინ - უფრო მეტი ოთახია. ზოგიერთს სახლს თავის კარ-მიდამოზე, რომელსაც ან ქვითკირის კედელი ავლია, ან კიდევ ერთნაირი ღობე, აქვს დიდი სარაია, სადაც მიწის მუშაობის ყველა იარაღი და საზამთრო შეშა ულაგიათ; აქვე გვერდზე სდგას ქვითკირის, შუაში მშვენიერი სვეტებით, თავლა ცხენებისათვის და ბოსელი კიდევ საქონლისათვის. ყველა სახლები კრამიტით არის დახურული და გალესილი გარედამ კირით, შიგნიდამ გაჯით, ანუ კიდევ სასტუმრო ოთახებს აქვთ გაკრული სხვა და სხვა ფერის ქაღალდი; ყველა სახლებში ფეჩები რკინისაა, მაგრამ მათ მილებს (ტრუბებს) კი ერთნაირი აგურები აქვსთ გარეშემო შემოვლებული. აგრეთვე ყველა სახლები მორთულია მებელით. ამ სოფელში ორი სასტუმროა ორორი სართულიანი. ამავე სოფელში ნახავთ თქვენ დერციკს, მჭედელს და სხვა, სოფლისათვის საჭირო ხელოსან კაცს. მთელი სოფელი თავის შენობებით ისეთ ნაირად მოქმედობს კაცზედ, უმეტესად ქართველს მგზავრზე, რომ მას ჰგონია - ეს სოფელი კი არ არის - სწორედ ქალაქია, თუმცა კი ძრიელ პატარაა.

ფრიდრიხსვალდს უწყვია ახლო-მახლო სხვა და სხვა სოფლები: „ოტტენდორფი“. „ზაიდევიტცი“, „ნენტმანსდორფი“, „გერსდორფი“, „ბორნა“ და სხვა კიდევ სოფლები. ყველა ამ სოფლებს იმ გვარივე შენობები აქვთ, როგორც ფრიდრიხსვალდს და თითოეული მათგანი ზოგიერთ მგზავრს ქალაქად ეჩვენება ხოლმე.

***

აბა ახლა ჩავიხედოთ ფრიდრიხსვალდის ზოგიერთ მოსახლეების ყოფა-ცხოვრებაში. აი ოც-და-ათ წლამდინ მიღწეული ვაჟ-კაცი, მორთული შლაპით, ვიწრო შარვლით, სერთუკით, გახამებული პერანგით და გავაქსულის წაღებით. კვირაა - სახლში დარჩენილა და ფუსფუსებს ხან სარაიაში და ხან თავლაში. შევიდეთ და დავათვალიეროთ ამ გლეხის სახლი. აი დარბაზი (ზალა). აქ სდგას მშვენიერი მდივანი და ამის წინ მრგვალი სტოლი. კედლებთან მწკრივად აწყვია ხმელი-გადაწნული კოხტა სკამები. ერთს კუნჭულში სდგას მოზდილი ფორტოპიანი, მეორე კუნჭულში კიდევ დიდი სტოლი, რომელზედაც გაზეთების ახალი ნომრები აწყვია, აქ ხედავთ ნემეცურის გაზეთების „პირნაერ ანცეიგერ“ და „დრეზდენერს ანცეიგერ“ ნომრებს და სხვა წიგნებსაც. ამ დარბაზში (ზალაში) გლეხი თავისის ახალგაზრდა ცოლით, უმცროსი ძმებით და მოხუცი მამით პურს შეექცევა ხოლმე. აი მეორე ოთახი, სადაც ამისი მუშანი და მოჯამაგირეები პურსა სჭამენ. ამ დარბაზის გვერდზეა და აქ სდგას დასაკეცი მრგვალი სტოლი და რამდენიმე სკამი. აქვე სდგას დიდი „შკაპი“, - რომელიც საჭმელ-სასმელის შესანახავია. ამ ოთახს აკრავს ზედ მშვენიერი, კოხტა სამზარეულო და იქით კიდევ არის მოჯამაგირეების საწოლი ოთახები. ზემო სართულში კიდევ ამ გლეხის და მისის ცოლის საწოლი დიდი ოთახია; სხვა ოთახები კიდევ განაწილებულია სახლობის სხვა წევრთა შორის. რაც შეეხება სარდაფებს, აქ ზოგში გლეხს რძის და ერბოს ჭურჭელი ულაგია, ზოგი რძეს აცივებს, ერთს დიდ ოთახში კიდევ უდგას კარაქის მოსამზადებელი მაშინა და აქ აკეთებინებს კარაქს. გლეხის სახლს არტყია გარშემო ქვითკირის გალავანი; ამ გალავნის კედელს აქვს მიდგმული დიდი ბოსელი ძროხებისათვის და თავლა ცხენებისათვის. ბოსელში აბია ოცი ძროხა და აქვე დგას ერთნაირი მაშინა კართოფილისა და სხვის რისამე დასაკუწავათ და ისე მისაცემათ საქონლისათვის საჭმელად. ამ ბოსელშივე კუნჭულში, ერთნაირი წნულია და ოთხი ძალზე ჩასუქებული ღორი ამწყვდევია* თავლაში კიდევ უბია ოთხი უზარმაზარის ტანის ცხენი; თვითოეულ მათში 600 მარკა ანუ ოც-ოცი თუმანია მიცემული. გალავნის მეორე კედელზე მიშენებულია დიდი სარაია, რომელიც ორ ნაწილათ გაიყოფება. ერთ ნაწილში შეშა და სამუშაკო იარაღი აწყვია, მეორეში კიდევ პურის გასალეწი მაშინა აქვს მოწყობილი. ამ მაშინაშია მიცემული ოცი თუმანი ფული, ჩვენებურათ რომ ვიანგარიშოთ. მაშინის დასატრიალებელი ჩალხი სარაიას გარეთ არის და ამას ორი ცხენი ატრიალებს ხოლმე. ჩალხის ტრიალის დროს მაშინა მოქმედობს და წმინდა ბზეს ცალკე ჰყრის და პურს კიდევ ცალკე. გალავნის გარეთ ჯერეთ კოხტა ბოსტანია, რომელიც სახლზეა მიკრული, ამ ბოსტანში სახლის კედელთან სდგას რამდენიმე ვაზი, რომლების ტოტები კედელზეა აყვანილი და ფანჯრებს აქვს შემორტყმული. გალავნის მეორე მხრივ აწყვია მშვენიერი ნაფუზრები, რომელშიაც სდგას ზოგში თეთრი პური, ზოგში შავი, ზოგში კიდევ ფშრავია და ცხენების საჭმელი ბალახია. ამ ნაფუზრებს არტყია გარშემო სათიბები. ამ სათიბებიდამ მოდის ერთი ახალგაზდა, წითელ-ლოყებიანი ქალი, ხელში რაღაც ბალახი უჭირავს. აცვია სრულებით უბრალოთ, მაგრამ რაც კი აცვია სულ ფაქიზია. ეს გახლავთ გლეხის ცოლი, რომელიც ისე მუშაობს, როგორც თვითონ ქმარი.

როგორც მკითხველი ხედავს, ეს აღწერილი გლეხი გაკეთებული კაცია და მაშ გადავავლოთ თვალი ხელ-ნაკლებ კაცის მდგომარეობას. აი ორ სართულიანი სახლი. ქვემო სართულში სამი ოთახია და სამი კიდევ ზემო სართულშია, ხელ-ნაკლებ გლეხსაც კარგად აქვს მორთული თავისი სახლი. ამასაც კი უდგია დარბაზში მდივანი და უწყვია სკამები; აგრეთვე ამასაც კი მოსდის ერთი გაზეთი, მხოლოდ ამას არ უდგია ზალაში ფორტოპიანო. საწოლი ოთახები ამასაც ფაქიზად აქვს. სახლის წინ უდგია ამასაც რამდენიმე ვაზი, აყვანილი ზემო სართულის ფანჯრებამდინ. რაც შეეხება თავლას, ამას მარტო საქონლის ბოსელი აქვს, სადაც უბია მარტო ორი ძროხა. ესენი არიან ამ გლეხის მხვნელნი და რძე-კარაქის მომცემნი. ამ მეორე გლეხსაც სარაია აქვს გაყოფილი ორათ - ერთში სამუშაო იარაღი ულაგია, მეორეში კიდევ პურის სალეწავი აქვს მოწყობილი. მაგრამ ამას პურის სალეწი მაშინა არა აქვს და ამისათვის ეს ლეწავს ანუ ჰბეგვავს პურის თავ-თავებს თასმებზე მილურსმული კეტებით. სახლის გვერდზე ამასაც აქვს მშვენიერი შემუშავებული ბოსტანი და ბოსტნის იქით უწყვია ნაფუზრები და ცოტაოდენი სათიბები. ეს მეორე გლეხი გახლავთ აქაურების აზრით ღარიბი კაცი; მაგრამ რა ღარიბია? პური აქვს საკმაოდ და კიდევაც ჰყიდის. რძეს და კარაქს არ იკლებს. გარდა ამისა იმ ორ საცოდავ ძროხას თავის ხელით დათლილ ქვებს აზიდვინებს თავის კარების წინ გასაყიდავად და ცხოვრობს ტკბილად და ფაქიზად.

ნუ დაიზარებ, ჩემო მკითხველო, და შემომყევით ერთის მოხუცებულის მეწისქვილის მდგომარეობის დასათვალიერებლადაც. წარმოვიდგინოთ მოხუცებული კაცი, წვერ-ულვაშ მოპარსული, ძალზე სახით დახმაჯული. მოკლე სერთუკით და შავის შარვლით, ლურჯი ჯილეტით და ამ ჯილეტის უბეში საათი, ფლოშტოს მგზავსი ფეხსაცმელით, გახუნებულის ქუდით და მაშინ თვალწინ გვექნება ჩემის მეწისქვილის სურათი. აი ამის უფროსი ქალიც. სადღაც ყოფილა დათესილ მიწებისკენ; მოკლე კაბა აცვია, პერანგი სრულებით წმინდაა და ყელთან უჩანს; ამის ტიტველი ფეხები და კიდევ ზემოდაც ტიტველა წვივები თეთრად გამოიცქირებიან;* თავზე არაფერი ხურამს და თმა მშვენივრათ აქვს გადავარცხნილი; მკლავები კიდევ დაუმკლავებია, თითქო დასაჭიდავათ მომზადებულაო. მკითხველი იტყვის: „ღარიბი კაცი ყოფილა საწყალი მეწისქვილე და უთუოდ სახლში ძრიელ ღარიბად არის მოწყობილიო“. ნუ ჩქარობთ, მკითხველო, და შემოდით ამ მეწისქვილის სახლში, რომელიც წისქვილის ზემო სართულშია. ამის დარბაზი (ზალა): აქ კედელთან სდგას გვარიანი მდივანი და წინ უდგია რგვალი სტოლი, რომელსაც გარშემო ურიგია სამიოდე სკამი; სკამები კიდევ კედლებთან არის გამწკრიებული. რგვალ სტოლზე აწყვია პირნას გაზეთის რამდენიმე ნომერი. ჩვენი მეწისქვილე კითხულობს გაზეთებს და კაცობრიობის ტრიალს თვალყურს ადევნებს. ამან იცის, რომ ბერლინში ყრილობაა და მორიგებაზე ლაპარაკობენ. ამან კარქათ იცის, რომ შარშან წინაპირველათ ძრიელ გაიმარჯვეს თათრებმა და ბოლოს რუსებმა; ამან კარქათ იცის პლევნა სად არის და რა ბიჭობა გამოიჩინა ოსმან-ფაშამა. რას იტყვი ამაზე, მკითხველო? მე ვიცი რასაც იტყვი და ამისათვის ჩვენი საქმე განვაგოთ. მეწისქვილეს ამ ზალის გარდა ორი ოთახიც აქვს და აბა ამის ქალის საწოლს ოთახში შევიხედოთ: აი ტახტი (კროვატი) ფაქიზად ლოგინიც დაგებული; ამ ლოგინს ზედ ახურავს ახალი გარეცხილი საურა და ყველგან რაღაც სიწმინდეა. მეორე ოთახში კიდევ მეწისქვილის და მისი მოხუცებულის ცოლის საწოლია; აქაც ზოგიერთი ბარგეულობა აწყვია, მაგრამ ყველა თავის ალაგას. რა აცხოვრებს ახლა ამ კაცს? ერთი ძროხა ჰყავს და ეს ყოველ თვეში, როგორც ნამდვილად გავიგე, შვიდ კაკალ მანეთს ანუ ოც-და-ერთ მარკის კარაქს აძლევს. ორი მაშკები ღორიც უმწყვდევია და ესენიც როგორც ვიანგარიშე, სამ თუმნამდინ მისცემენ წელიწადში. ამათ გოჭებს ჰყიდის ხოლმე, ზოგს კიდევ ასუქებს, ჰკლამს და ამათ ხორციდამ აკეთებს ძეხვებს გასაყიდავათ. დაუმატეთ ამას ისიც, რომ წისქვილი ამისი არ არის, - ამას იჯარით აქვს აღებული და პატრონს აძლევს ჩვენებური ფული რომ ვიანგარიშო ხუთმეტ თუმანს და რაც წისქვილს შემოუა, სულ მეწისქვილესია. ამ წისქვილში ტრიალებს წყალობის დროს ორი წისქვილის ქვა. გარდა ამისა წისქვილს ეკუთვნის რამდენიმე სახნავი და სათიბი მიწა. აი აქედამ საზდოებს ჩვენი მეწისქვილე. - ერთის სიტყვით რომელი გლეხ-კაცის სახლობასაც კი აიღებთ ფრიდრიხსვალდში ანუ რომელიმე სხვა სოფელში პირნას მაზრაში და ჩააკვირდებით, თქვენ შენიშნავთ ყველა ნაბიჯზე განათლების გავლენას. აქ დედულ-მამულის მქონე გლეხ-კაცი სცხოვრობს სრულებით განათლებულად. აბა ერთი აიღეთ პირველი გლეხის მდგომარეობა და შეადარეთ ჩვენის სოფლის რომელიმე თავადიშვილს, რასაკვირველია დიდის დედულ-მამულის პატრონს, და ნათლად დაინახავთ, რომ ეს გლეხი-კაცი უფრო კარის ბჭეში უდგას განათლებას და დასწაფებია მის მადლს მინამ ჩვენი თავადიშვილი დიდის დედეულ-მამულის პატრონი კოლხიდის ქვეყანაში. აბა მიჩვენეთ თავადიშვილი, რომელიც ისე ბეჯითად ადევნებს თვალს კაცობრიობის ცხოვრების ტრიალს, როგორც საწყალი სხვის მიწაზე მცხოვრები მეწისქვილე - ანუ რომელიც იწერდეს იმდენს სხვა და სხვა გაზეთებს, როგორც პირველად აღწერილი გლეხი. - ანუ რომელი გლეხია ჩვენ სამშობლოში, რომელიც თავისი ნაყოფიერებით არც ერთ ქვეყანას არ ჩამორჩება, რომ ისე წმინდად და კაცურათ სცხოვრებდეს, როგორც ზემოთ აღწერილი გლეხები? განა ჩვენი გლეხები ღარიბები არიან? არა. რამდენი გლეხია საქართველოში, რომლებსაც ხუთას კოდამდინ პური მოსდით და ორას კოკამდინ ღვინო წელიწადში, ორი გუთნის ხარ-კამბეჩი ჰყავს - თითო უღელ კამბეჩში ოც-ოცი თუმანი აქვთ მიცემული, ამათ ნაფუზრებს და ვენახებს ნუღარ იტყვით, მაგრამ მაინც გლეხების ცხოვრება დიდად არ განირჩევა ღარიბის კაცის ცხოვრებისაგან, შინ მოწყობილობა არის უმზგავსი და ყოველ ნაბიჯზე ყურში ჩასძახის მხედველს, რომ პატრონებს განათლება ჯერეთ არ მიჰკარებია და ეკონომიური მოსაზრებისაც არა იციან რა.

_____________

* მკითხველმა უნდა იცოდეს, რომ აქ ძრიელ უფთხილდებიან სათიბებს, ტყეებს და დათესილ მიწებს და ამისათვის საქონელს მინდვრათ არ ატარებენ და სულ ბოსელში ჰყავთ დაბმული შემოდგომის გარდა. ამ დროს კი ცოტა ხნობით მინდვრათ დაუდით საქონელი, მაგრამ დიდის სიფთხილით.

*უნდა შევნიშნოთ აქ, რომ სოფლად ძრიელ გახშირებულია სიარული შიშველი ფეხით. უბრალო დღეებში გასათხოვარი და ქმრიანი ქალები სულ ფეხშიშველები დადიან. ეს კიდევ არაფერი, სასწავლებლებში ძნელად ნახავთ ფეხთ-ჩაცმულ მოსწავლეს; სულ ყველანი ფეხთ-შიშველები დაიარებიან სასოფლო სასწავლებლებში. რასაკვირველია, ეს წარმოსდგება ჩვეულებისაგან და არა სიღარიბისაგან.

ივერია. - 1878. - 24 აგვ. - N33. - გვ. 11-15

5.6.3 ნაწილი მეოთხე

▲back to top


მე ცოტა შორს წავედი და თავ-საგანს თავი დავანებე. მკითხველის ყურადღებას ისევ ფრიდრიხსვალდის მცხოვრებლების აღწერას მივაქცევ. ამ სოფელში, როგორც სხვა სოფლებში, მარტო გლეხები არ სცხოვრობენ. აქ ამათის გონების გამღვიძებელნი და განათლების ფესვების ჩამდგმელნიც სცხოვრობენ. მე ვამბობ მღვდელზე და მასწავლებელზედ თავისის სასწავლებლითურთ. ამათზედ მეტი კი არავინ სცხოვრობს ამ სოფელში. აქ თავადისა და აზნაურის ხსენება არ არის. ჯერეთ ვჰსთქვათ რამდენიმე სიტყვა მღვდელზე მ. კავერშტეინზე. წარმოიდგინეთ ახალ-გაზდა, პირ-მოპარსული და ცოცხალი ვაჟ-კაცი, ცნობის დიდი მოყვარე და თავისის თანამდებობის ბეჯითი აღმასრულებელი - ესე იგი, ყოველს ბედნიერს დღეს მქადაგებელი - და მაშინ ცოტათი მაინც გექნებათ თვალ-წინ ამ მღვდლის სურათი. ამას შეუსრულებია კურსი ლეიფციხის უნივერსიტეტში და ეს განათლებული კაცი სოფელში მღვდელობს. მაგრამ განა შეიძლება აქაურს სოფლებში უნივერსიტეტში კურს შეუსრულებელი მღვდლები გამოდგნენ? არა, და ამისათვისაც ყველა სოფლებში განათლებული მღვდლებია. უნდა გითხრა, მკითხველო, რომ ამ ახალ-გაზდა მღვდელმა თავის ცნობის მოყვარეობით და ბევრის ცოდნით გამაკვირვა. რა წიგნი არ ვნახე ამის მდიდარს ბიბლიოტეკაში? მე თქვენ გითხრათ საქართველოზე არ იცის რა? ამას წაუკითხავს ყველაფერი, რაც კი ამ ბოლო დროს ნემცებს დაუწერიათ საქართველოზე, ამას თავის სტოლზე უძევს ისეთი წიგნიც, სადაც ქართული ბეჭდური ასოებია მოყვანილი. არც რუსეთი გაუშვია უყურადღებოდ. აი ეხლა ჩემს აქ მყოფობაში ეს მღვდელი ჰკითხულობს შემდეგს თხზულებას: „Vom Don zur Donua, von karl Franzof“. ამას დიდი ყურადღება მიუქცევია თხზულების ერთი ადგილისათვის, სადაც ავტორს გამოჰყავს ერთი ციმბირიდამ დაბრუნებული კაცი და ლაპარაკობს, რომ ის მოქმედობს ისე კი არა, როგორც მას სურს, არამედ ისე, როგორც სხვას სურს, და ამისათვის თავის-თავს და თავის ჯურის კაცებს ეძახის: „Die Gezwungenen “ „ძალდატანებულნი“. რაღა თქმა უნდა, რომ ეს მღვდელი წმინდათ უნდა სცხოვრობდეს და კიდევაც სცხოვრობს. ამისი მშვენიერი საეკკლესიო სახლი და ამის მოწყობილობა, სწორედ გითხრათ, საამურია. ამ მღვდელზე ნაკლები აღარ არის სწავლით და ცხოვრებით ოტტონდორფის მღვდელი, მ. შტრაკე.*

***

დროა, რომ ფრიდრიხსვალდის მასწავლებლის და სასწავლებლის მდგომარეობის აღწერას შევუდგეთ. მე წინედ ვსთქვი, რომ სასწავლებელი მაღლობზე დგას, მეთქი. ამ სასწავლებელს არტყია გარშემო სათიბი, რომელშიაც თხლად დგას სხვა და სხვა ხეხილი, უფრო ვაშლი და ალუბალი. წინ კიდევ აქვს პატარა ბაღი, რომელშიაც თურმე ბეჯითად მუშაობს ყოველს დღეს მასწავლებლის ცოლი. თვით სასწავლებელი სამ სართულიანი სახლია. ერთი სართული დედა-მიწაში დგას და შეადგენს სარდაფს: ორი სართული მიწას ზემოდ. შუა სართულში სამი პატარა ოთახია და ერთი დიდი სამასწავლებლო ოთახი. პატარა ოთახების და დიდის ოთახის შუა არის მშვენიერი კარიდორი, თლილის ქვით დაგებული. ამ კარიდორიდამ ასდევს თლილის ქვის კიბე ზემო სართულში, სადაც სცხოვრობს მასწავლებელი. ამას უჭირავს სამი პაწაწკინა და სამი მოზრდილი ოთახი. რაღა თქმა უნდა, რომ ფრიდრიხსვალდის მცხოვრებლების განმანათლებელს კარგად ექნება მოწყობილი თავისი სადგომი და კიდევაც აქვს. ამისი დარბაზის (ზალის) მოწყობილობა სანახავადაც სასიამოვნოა. მე და ჩემი ნაცნობი ყმაწვილი უფ. ლორენცი რა წამს ჩამოვედით ფრიდრიხსვალდში, პირ-და-პირ მასწავლებელთან წავედით დაუკითხავად, (რადგანაც უფ. ლორენცი ნათესავია ამ მასწავლებლის), ავედით კიბეზე და ზალაში თავი შევყავით. მე აქ ვნახე ერთი შესანიშნავი სურათი, რომელიც მკითხველს უნდა გარდავსცე: დარბაზში სკამები და სტოლები სულ ერთს კუნჭულში იყო მიგროვილი და ერთი წაბლის ფერ თმით შემოსილი, მოშავო თვალებიანი, დატკეცილ ლოყებიანი და ტანოვანი გასათხოვარი ქალი ჩამჯდარიყო ძირს; ედგა გვერდზედ პატარა წმინდა „ბოჩკით“ წყალი და რეცხდა თავისის ფაფუკი ხელებით ზალის იატაკს, რადგანაც მეორე დღეს კვირა იყო. რომ დაგვინახა ჩვენ, მარდად წამოხტა, ბოდიში მოითხოვა, რომ არეულობა იყო დარბაზში, სისწრაფით ყველაფერი მიალაგ-მოალაგა და მეორე ოთახში გავიდა. ჩვენთან დარჩა იმისი ცოტათი ხანში შესული დედა. ამ სურათის მნახველს თვალში ნათლად გამოესახა ის აზრი, რომ ევროპიელ ადამიანს, როგორც სიწმინდით ცხოვრება უყვარს, ისე მუშაობაც. ქალი მალე გამოვიდა ისევ ზალაში - თავ გადავარცხნილი და ფეხ-ჩაცმული. ის მე გაკვირვებით მიცქეროდა, როცა გაიგო, თუ რა შორს ქვეყნიდამ ვიყავი და ცდილობდა ლაპარაკში განუწყვეტლივ მონაწილეობა მიეღო. რადგან მასწავლებელი შინ არ იყო, ყავის დალევის შემდეგ, გამოვეთხოვე და ჩემს სადგომში წამოვედი.

ზემოთ ვსთქვი, რომ სასწავლებლის ოთახი შუა სართულშია, მეთქი ეს ოთახი დიდი და მაღალი ოთახია. ფანჯრებიც დიდები აქვს. შიგ ამ ნაირად არის მოწყობილი: შუაში ფანჯრების პირ-და-პირ გარიგებულია მოწაფეების სტოლები. ეს სტოლები დიდის ხნის გაკეთებულია და ამისათვის ცოტა რა რომ უფრო ძველი ფასონისაა. რასაკვირველია, ამათ ზურგის მისაყუდებლები არ აქვთ; ერთნი-ერთმანეთს უწევენ ზურგის მისაყუდებელობას. საწერი და საკითხი ფიცრები კი სრულებით კარგი აქვთ. სასწავლებლის დიდი ფიცარი ანუ დოსკა კედელზეა ჩამოკიდებული. სტოლების წინ სდგას მასწავლებლის კათედრა. კედლების გარშემო ჩამორიგებულია ქუდების და პალტოების ჩამოსაკიდებლები; კედლებზე ყველა ქვეყნის ქარტებია მიკრული და შკაპში ანუ განჯინაში სასწავლებელი წიგნები და სურათები საღმრთო და ბუნებითის ისტორიისა აწყვია. საჭირო ნივთები კი, ყოველ დღეს სახმარი, მასწავლებელს თავის კათედრის უჯრაში უწყვია. ამ სასწავლებელში ამ ჟამად ოთხმოც-და-ათი ყმაწვილია - ორმოც-და-ათი ვაჟი და ორმოცი ქალი; მაგრამ ეს ყმაწვილები მარტო ფრიდრიხსვალდიდამ არ არიან. ამ სოფელზეა მიწერილი ორი სხვა პატარა სოფელი, რომლებშიაც სამასი სული, ანუ ოც-და-ათი (30) კომლი ცხოვრობს; ასე რომ, სამ სოფელში ამ ჟამად ირიცხება 700 სული ადამიანი და ამ რიცხვიდამ სასწავლებელში სწავლობს 90 ყმაწვილი. ჩემის მოკვლევის საქსონიაში ყველგან - ყველა სოფლებში შვიდასი (700) სულიდამ ოთხმოც-და-ათი ყმაწვილი სასწავლებელში დადის - სხვანი კი ზოგნი დედ-მამანი არიან, ზოგნი კიდევ ძმები და დები, რომლებსაც სასწავლებელი გაუთავებიათ, ზოგნი კიდევ უსუსური ბავშვები არიან. ამ რიცხვების მნიშვნელობას უფრო კარგად გაიგებს მკითხველი, თუ წარმოიდგენს, რომ საქართველოში ბევრს სოფელში ათასობით და ორი ათასობით სული ცხოვრობს და ამათში ერთი მოსწავლე ყმაწვილიც არ არის.

ფრიდრიხსვალდის სასწავლებელი შესდგება ორის კლასიდგან, და ერთი მასწავლებელი კი ჰყავს უფ. შრედერი. საზოგადოდ უნდა შევნიშნო, რომ აქ თითქმის ყველგან ორ კლასიანს სასწავლებელში თითო მასწავლებელია. რადგანაც ყმაწვილები ბევრი არიან და არა გზით ერთ ოთახში ვერ დაეტევიან და ამასთანავე კიდევ თითოეული კლასის შეგირდები დაყოფილნი არიან რამდენიმე გუნდათ აქაურს მასწავლებელს, როგორც სხვებსაც, ეს წესი შემოუღია: დილით შვიდ საათიდამ მოკიდებული თორმეტის ნახევრამდინ ასწავლის პირველის, ესე იგი უფროსის კლასის მოწაფეებს, რომლებიც ზოგიერთს საგნებში, ორ-ორ და სამ-სამ გუნდათ არიან დაყოფილნი; ორის ნახევრიდამ კიდევ ხუთის საათის ნახევრამდინ - რასაკვირველია სადილს უკან - მეორე კლასის მოწაფეებს ასწავლის და ესენიც გუნდებათ ჰყავს დაყოფილნი.*

***

სასწავლებლის კედელზე სხვათა შორის არის გაკრული საგნების და გაკვეთილების სია. ამ სიაში შემდეგი საგნებია მოხსენებული: საღმრთო სჯული - ანუ სარწმუნოებათა სწავლა, წერა-კითხვა, ნემცური ენა, დაკვირვებათა სწავლა, ანუ ბუნებითი ისტორია, თვლა ანუ არითმეტიკა, გეოგრაფია სამშობლოსი და მთელის ხმელეთისა, ისტორია, ხატვა, გალობა და ხელ-საქმე ქალებისათვის. მე დავესწარი თითქმის ყველა მოყვანილ საგნების სწავლაში როგორც ამ სასწავლებელში ისე სხვა სოფლების სასწავლებლებში და ასე გასინჯეთ, დრეზდენის ორ გამოჩენილს სამასწავლებლო სემინარიაშიც. მაგრამ დრო ნებას არ მაძლევს წარუდგინო მკითხველებს, რომლებშორის უთუოდ ბევრი მასწავლებელნიც იქნებიან, დაწვრილებითი ანგარიში შესახებ ყველა და ყოველ გვარის გაკვეთილებისა. მე აქ მოვიყვან მხოლოდ ორის საგნის ანგარიშის - ნემეცურის ენისას და არითმეტიკისას.

ივნისის 27-ს, ფრიდრიხსვალდის მასწავლებელმა სადილის შემდეგ ორის ნახევარზედ დაიწყო ნემეცურის ენის სწავლება. ამ საგანში დაბალი კლასი სამ გუნდად ჰყავს გაყოფილი. პირველ გუნდს მიუბრუნდა და დაუძახა: წაიკითხეთ ესა და ეს გვერდი ფუტკარზე. - ამ დროს მეორე გუნდი შეუდგა წერას: Kunst bringt Gunst (ხელოვნებას მოაქვს ანუ მოსდევს თან სიამოვნება). ხოლო მესამე გუნდის მოწაფეები კიდევ - ექვსისა და შვიდის წლის ბავშვები შეუდგნენ: ამ მარცვლების და სიტყვების წერას: mein, deinდა სხვ. - თითოეული მოწაფე ცდილობდა ასოები ლაზათიანად დაეწერა. პირველი გუნდი კი კითხულობდა ფუტკარზე. რამდენიმე წინადადება, ანუ აზრი წაიკითხა ერთმა, რამდენიმე მეორემ და რამდენიმე კიდევ მესამემ; ასე რომ კითხვაში მიიღო მონაწილეობა ყველა მოწაფემ. კითხვა რომ გაათავეს და მასწავლებელი დარწმუნდა, რომ გვარიანად კითხულობენ ყველანი, მისცა მათ სხვა და სხვა კითხვები: რაზეა ლაპარაკი? რა აგებულებისაა ფუტკარი? რაში იჩენს მოფიქრებას? რა არის სტატიის აზრით დედა ფუტკარი? რა მნიშვნელობა აქვს დედა ფუტკარს ფუტკრების საზოგადო საქმეში? ერთის სიტყვით - მასწავლებელმა კითხვებით თითოეული აზრი სტატიისა ნათლად გამოათქმევინა მოწაფეებს და ყველა შემთავრებული და გამოკვლეული აზრი ყველას ერთად გალობით ათქმევინა. ძნელი წარმოსადგენია ის სისწრაფე, ის მიხრა-მოხრა, რა სისწრაფითაც და მიხრა-მოხრით მოქმედობდა ფრიდრიხსვალდის მასწავლებელი. როგორც ცერცვი - ეს პატარა კაცი ისე დახტოდა და სხვა გუნდებსაც ყურს უგდებდა, ხომ არავინ ცუღლუტობსო. დიდი სიჩუმე იყო კლასში, მხოლოდ მოქმედი პირების ხმა ისმოდა. მასწავლებელმა გაათავა მეცადინეობა პირველს გუნდთან, უთხრა ამ გუნდის მოწაფეებს თავიანთი სიტყვით დაეწერათ რაც ილაპარაკეს და წაიკითხეს ფუტკრის შესახებ, და თვითონ სისწრაფით მიუბრუნდა მეორე გუნდსა. ამ გუნდის მოწაფეებს წააკითხა დაწერილი: Kunst bringt Gunst და მისცა კითხვები: რას ვუწოდებთ ხელოვნებას? მითხარით. - წერა, კითხვა, მხატვრობა, გალობა - ყველა ეს არის ხელოვნება თუ არა? დამისახელეთ კიდევ კაცის მოქმედებანი, რომლებსაც შეიძლება ხელოვნება ვუწოდოთ. სიამოვნება რაღა არის? ანუ კიდევ ხალხი? რა სარგებლობა და სიამოვნება მოაქვს ხელოვნებას? მრავალი კიდევ სხვა კითხვები მისცა მოწაფეებს, ალაპარაკა დალაგებით - თითოეული ნათელი აზრი გალობით ათქმევინა ყველას და დაუნიშნა ჯერეთ გადასაწერად და მერე წასაკითხავათ პატარა სტატია „ფრინველის ბუდე“. ბოლოს მიუბრუნდა პაწაწკინა შეგირდებს - მესამე გუნდის მოწაფეებს. სიწრაფით დაუშინჯა ნაწერები, ზოგს მოუწონა, ზოგს დაუწუნა და გაუსწორა, და დაჰკრა ტაში. სუყველანი გასწორდნენ და კლასის ფიცარს დაუწყეს ცქერა. გაიმეორეთ, ეუბნება მასწავლებელი შეგირდებს კკკ-კკკ-კკკ-. ყველამ. თოთოეულმა ცალკე. - აი დავსწერ ამ ხმას - კ. სწერს თვითონ მასწავლებელი და აწერინებს მოწაფეებსაც. ხელმეორედ აწერინებს და ათქმევინებს ხან ერთად ყველას და ხან ცალკე. მოძებნეთ ეგ ასო თქვენს წიგნებში და გამოთქვით კიდეც. მერე მიუბრუნდება ერთნაირად მოწყობილს უჯრას, რომელშიაც უწყვია მოძრავი ბეჭდური ასოები. იღებს კ და ამ უჯრის ზემო პირზე სდებს - ეუბნება მოწაფეებს: დააცქერდით ამ ასოს და შეადარეთ წინანდელს ასოს. ესეც კ არის. დავსწეროთ. - სწერს და აწერინებს! - რასაკვირველია, ასოს თითოეულს ხაზს ცალკე უხსნის და ისე აწერინებს. შეგირდები სწერენ. ამას მიუმატეთ ზოგიერთი ასოები: a,u,i,e და სხვები - თვითონ ამ ასოებს გვერდზე - მოუსომს კ-ეს. წაიკითხეს ჯერეთ ყველამ, მერე ცალ-ცალკე. მოწაფეები ასრულებენ მასწავლებლის სიტყვას. მონახეთ ყველა ეს ასოები თქვენს წიგნებში და წაიკითხედ. - აკითხებს ჯერედ ყველას ერთად, მერე თითოეულს ცალ-ცალკე. ერთის სიტყვით, მასწავლებელი ხმარობს ყოველს ღონისძიებას, რომ შეგირდებმა ასო კ გონებაში კარგად ჩაიბეჭდონ. ამ ასოს შემდეგ გაარჩია ერთი ასოც ლ და დაუნიშნა საწერათ: Raum, Rein და სხვანი. კლასი გათავდა და მასწავლებელმა კიდევ დაჰკრა ტაში. ყველა შეჩერდა. ერთი დაუძახა მასწავლებელმა მოწაფეებს და მათ ხელები წიგნებზე და დოსკებზე დააწყეს; - ორი, ყველამ თავის ნივთი ხელში აიღო; სამი - ამ სიტყვაზე შეგირდებმა თავიანთი ნივთები უჯრებში შეაწყეს. ყველა ამას რომ მორჩა მასწავლებელი, გამოუცხადა მოწაფეებს კარში გამოსულიყვნენ ვისაც სურდა. მსურველი არავინ გამოჩნდა და მასწავლებელმა დაიწყო არითმეტიკის, ანუ თვლის გაკვეთილი. ამან ჩვეულებრივი წესით ამოაღებინა მოწაფეებს დოსკები და არითმეტიკის წიგნები და სისწრაფით ყველა განყოფილებას დაუნიშნა საქმე. პირველს გუნდს მისცა რთული გასაკეთებელი და გამოსაცანი ციფრები; მეორე გუნდს შესათვლელი და გამოსათვლელი რამდენიმე ციფრები; მესამე გუნდს კიდევ დაუნიშნა ხატვა + და ოთხ-კუთხიანისა □ . თავდა-პირველად მიუბრუნდა პირველს გუნდს: აბა წაიკითხეთ, თუ რა უნდა გამოიკვლიოთ. პირველი მაგალითი. - შეგირდები სიტყვით ხსნიან, თუ როგორ უნდა გააკეთონ ეს მაგალითი. მასწავლებელი კი დაფაზე ჰსწერს. ამ ნაირად ყველა მაგალითებზე გადაავლებინა თვალი მასწავლებელმა მოწაფეებს და ბოლოს გამოუცხადა, რომ მათ ეს მაგალითები დაფაზე გაეკეთებინათ და შემდეგ დაფის ერთ გვერდზე დაეწერათ; თვითონ კი მეორე გუნდს მიუბრუნდა და უთხრა: ყველამ ერთად წაიკითხეთ. კითხულობენ მაღალის ხმით წიგნში: 30+10=; 30+20=; 20+30=; 20-50=; 70-20=; 30-10= და სხვ. ამ გვარს რიცხვებს. ახლა თვითოეულმა ცალკე, ეუბნება მასწავლებელი მოწაფეებს. ჯერეთ შენ, ახლა შენ, ახლა შენ და ამგვარად ყველას ავარჯიშებს. ბოლოს აძლევს გამოსაცან, გამოსაკვლევ სხვა რიცხვებს და სამს მაგალითს დასაწერად. თვითონ კი უახლოვდება მესამე გუნდს. ჯერეთ თითებზე აჩვენებს: ორი თითი და ერთი თითი შეადგენს სამს; ერთი თითი და ორი კიდევ სამს. ჯერეთ ყველას ერთად ათქმევინებს, მერე ცალ-ცალკე. ბოლოს ამ რიცხვებს ჰსწერს ანუ ხატავს ჯვრებით და ოთხ-კუთხიანს ხაზებს დაფაზედ და ასე სამის წარმოდგენაში ავარჯიშებს ყმაწვილებს ჯვრების და ოთხ-კუთხიანის ხაზებით; სამს უმატებს კიდევ ერთს ჯვარს და იმავე რიგზე, ამავე შუამავლობით აცნობებს ოთხს რიცხვს, რა შუამავლობითაც შეასწავლა სამი რიცხვი. მერე სისწრაფით უსინჯავს ნამუშავარს პირველის და მეორე გუნდის მოწაფეებს და ბოლოს ყველა მოწაფეეებს ეუბნება: არითმეტიკის კლასი გათავდა. რიგზე მასწავლებლის ბრძანებით, შეგირდები დაფებს და წიგნებს უჯრებში აწყობენ. ხელები მაღლა, ეუბნება მასწავლებელი მოწაფეებს. - ჯერეთ ხელის გულები მაჩვენეთ - მერე ხელის ზემო კანი. მასწავლებელი სისწრაფით უშინჯავს თითებს ვაჟებს და ქალებს, ხომ ხელები დაუბანელი და მელანში ამოსვრილი არავის აქვსო; მერე მივარდება წინათვე მომართულს ჭიანურს (სკრიპკას) და აგალობებს ბავშვებს ჯერეთ პატარა საღმრთო გალობას და მერე „ლორელაი“. ცოტახნის შემდეგ ბავშვები კარში გადიან, მაგრამ ისევ მალე ბრუნდებიან, რომ რა არი მასწავლებელმა შემდეგი გაკვეთილი დაიწყოს.

______________

* მე ამ მ. შტრაკის სახლში ვნახე ათამდის ახალ-გაზდა ხუთმეტისა და თექვსმეტი წლის ქალები, და, რასაკვირველია, ამ გარემოებამ მიიპყრა ჩემი ყურადღება. როგორც შევიტყვე, თურმე საქსონიაში ადათად აქვთ შემძლებელს კაცებს - უფრო ვაჭრებს თავიანთი ქალები, დაბალი კლასების გათავების შემდეგ, მიაბარონ პატიოსანს და ნასწავლს მღვდლებს, უფრო სოფლებში - სიმრთელის გასამაგრებლად და ზნეობითის ხასიათის გასახსნელად. ერთის წლის შემდეგ მათ თავიანთი ქალები უკან მიჰყავთ და აძლევენ დიდ კლასებში სასწავლებლად. მ. შტრაკი თითო ქალის აღზდაში წელიწადში იღებს ოცოც თუმანს და მშვენივრადაც ინახავს.

* ზამთრობით კიდევ სხვა წესია: სწავლას იწყობენ რვა საათიდამ და ათავებენ დიდ კლასში თერთმეტ საათზედ; მეორე კლასში იწყობენ სწავლას პირველის საათიდამ და ათავებენ ოთხის ნახევარზედ; ექვს საათზედ - რასაკვირველია, საღამოს, პირველის კლასის მოწაფეები კიდევ იკრიბებიან და სწავლობენ რვა საათამდინ, სანთელზე ანუ ლამპაზედ.

ივერია. - 1878. - 31 აგვ. - N34. - გვ. 7-11

5.6.4 ნაწილი მეხუთე

▲back to top


თითქმის ყველა აქაურს სასოფლო სასწავლებელში ზემოთ მოყვანილ მეთოდით და სახით ასწავლიან ნემცურს ენას და არითმეტიკას. ყველა მასწავლებელში ხედავთ თავის საქმის მცოდნე კაცს ფიცხლად და მსწრაფლად მოქმედს. სოფლის ოტტენდორფის მასწავლებელი უფ. გემლიხი თავისის მალხაზობით, მიხრა-მოხრით, ცოცხლათ თვალის დევნით ყველაფრისადმი კლასში და გონივრულის კითხვების მოცემით შეგირდებისადმი აკვირვებს კაცს და აფიქრებინებს, თუ კაცის ბუნება რა შრომის ამტანი ყოფილაო. მართლაც, წარმოიდგინეთ აქაურის სოფლის მასწავლებელის მდგომარეობა: შვიდის საათიდამ მოკიდებული თორმეტის ნახევრამდინ უნდა ასწავლოს პირველის კლასის მოწაფეებს და ორის ნახევრიდამ კიდევ ხუთის ნახევრამდინ მეორე კლასის მოწაფეებს. ახლა როგორ? თითქოს ყოველ წამს ის აქეთ-იქით უნდა იცქირებოდეს, რომ შეგირდებმა ცუღლუტობა არ დაიწყონ, ყველას და ყველაფერს უნდა ადევნოს ცოცხლად თვალ-ყური. დაუმატეთ ამას ისიც, რომ ზამთრობით ექვსი საათიდამაც რვა საათამდინ უნდა ასწავლოს უფროსის კლასის მოწაფეებს. ახლა რა ჯილდოს იღებენ მასწავლებლები ამ გვარის შრომისათვის? გარდა იმისა, რომ ამათ გლეხობა პატივს ჰსცემს და სიყვარულით ექცევა, თითოეულს მათგანს, როგორც ზემოთ შევნიშნე ფრიდრიხსვალდის მასწავლებლის შესახებ, აქვს კარგი სადგომი ოთახები, ზოგს მათგანს ექვს ოთახამდინაც აქვს, ზოგს კი სამი, და ორ ოთახზე ნაკლები კი არავის აქვს. ამას გარდა ყველა მასწავლებელს აქვს თავისი პატარა ბაღჩა, მშვენივრად შემკობილი ყვავილებით და საჭირო მწვანეულობით. სასწავლებლის გასათფობათ სოფელი აძლევს მასწავლებელს სამყოფს შეშას. რაც შეეხება მოსამსახურეს, ამის მიცემას სოფელი არა კისრულობს. - ჯამაგირი კიდევ ყველას ერთნაირი არა აქვს, ზოგს მეტი აქვს, ზოგს კიდევ ნაკლები. იმ სასწავლებლის მასწავლებლებს, რომლებიც ეკკლესიისანი არიან „Kirchenschule “, ჩვენებურათ რომ ვიანგარიშოთ აქვთ ორმოც-და-ათი თუმანი ფული, ოც-და-ათი სოფლიდამ და ოცი კიდევ ეკკლესიიდამ იქ მსახურობისათვის. იმ სასწავლებლების მასწავლებლებს, რომლებიც არ ეკუთვნიან ეკკლესიას აქვთ ჯამაგირი ოც-და-ათ თუმანზე ცოტა მეტი და ამ გვარს სასწავლებელში უმეტეს ნაწილად ამწესებენ უცოლო და ყმაწვილს მასწავლებლებს.

მე დარწმუნებული ვარ, რომ მკითხველისათვის სასიამოვნო იქნება გაიგოს, თუ სოფლების მცხოვრებლები როგორ უგროვებენ ერთი ერთმანეთში ჯამაგირებს მასწავლებელსა. თითოეულს სოფელს გადადებული აქვს სახნავი და სათიბი მიწები ტყითა სასწავლებლის სასარგებლოდ ამ მამულს აძლევენ იჯარით კერძო პირებს და აქედამ შემოსულს ფულს აბარებენ სასოფლო ხაზინადარს. ამას გარდა თითოეული მამა, რომლის შვილებიც დაიარებიან სასწავლებელში, ვალდებულია თითო ყმაწვილზე შეიტანოს სასწავლებლის კასის სასარგებლოთ ორ-ორი მანეთი და ექვსი შაური (6 მარკ.) აი აქედამ ჰსდგება მასწავლებლის საჯამაგირო ფული. - ყველა მასწავლებელი ჯამაგირს იღებს სოფლის ხაზინადრისაგან.

***

საჭიროა მოვიხსენიოთ, თუ რა შუამავლობა არსებობს საქსონიაში, რომ რა არის მასწავლებლები განათლებას უკან არ დარჩნენ და მეცნიერების წინა-მსვლელობას მისდიონ. პირნის მაზრის (Bezirhe) სოფლების თითოეულს მასწავლებელს აქვს დაბარებული პედაგოგიური გაზეთი: საქსონიის სამასწავლებლო გაზეთი; „ზაოქშულცაიტუნგ“; ამას გარდა - „პირნაიერ ანცეიგერ“ „გარტენლაუბე“ და გაზეთს „დრეზდენერ ნახრიხტენ“, მაგრამ ამითი არ თავდება საქმე. პირნის მაზრის თითოეულის კუნჭულის სოფლების მასწავლებლებს ორ თვეში ერთხელ მაინც საზოგადო ყრილობა აქვთ ინსპექტორის თანა-დასწრებით და ამ ყრილობაში ისინი ლაპარაკობენ, ბაასობენ სხვა და სხვა პედაგოგიურ საგნებზე; ერთი მათგანი გამოსაცდელად გაკვეთილს ასწავლის, ანუ უკედ ვჰსთქვათ, ხსნის და ამ გაკვეთილზედაც აქვთ სჯა. აი თვითონ მე დავესწარი ერთს ამ გვარს ყრილობაში 10-ს ივლისს (29 ივნის.). შუადღის უკან მე და ფრიდრიხსვალდის მასწავლებელი წავედით ბერგისიბელის პატარა ქალაქში, სადაც ყრილობა უნდა ყოფილიყო. ჩვენ ცოტა დავაგვიანეთ და ყრილობას კიდევაც დაეწყო მოქმედება. ერთი ახალ-გაზდა მასწავლებელი აძლევდა გამოსაცდელად გაკვეთილს, უხსნიდა გეოგრაფიიდამ პირველის კლასის მოწაფეებს. ჩვენის შესვლის დროს ყრილობის ზალაში მასწავლებელი ლაპარაკობდა ევროპიის მთებზე და წყლებზე. ბევრი ხანი არ გამოსულა, რომ ამან ლაპარაკი ანუ სწავლება გაათავა და კარში გავიდა. სხვა მასწავლებლები, რომლებთ რიცხვი თერთმეტი იყო თავიანთ უფროსის გარდა, შეუდგნენ სჯას, თუ როგორ აუხსნა გაკვეთილი მოხსენებულმა მოწაფეებს. ზოგმა დაიწუნა ეს გაკვეთილი და ზოგმა კიდევ მოიწონა. რასაკვირველია - ამის თაობაზე დიდი ბაასი იყო. პირნის მაზრის ინსპექტორმა უფ. ლემანსიმ უფრო მასწავლებლის მხარე დაიჭირა. როცა ამ საგანზე სჯას მორჩნენ, ინსპეკტორმა ღიმილით უთხრა მასწავლებლებს: რასაკვირველია მოამზადებდით პესტალლოცის ცხოვრებას და მის თეორიას. მასწავლებლებმა ამ საგანზე დაიწყეს ლაპარაკი, თვითონ ინსპექტორიც ბევრს ლაპარაკობდა. ჯერეთ ილაპარაკეს პესტალლოცის ცხოვრებაზე და მერე გადავიდნენ იმის თეორიაზე; მაგრამ ამ უკანასკნელზედ ლაპარაკი არ გააგრძელეს. მხოლოდ ისა სთქვეს, თუ რა გააკეთა პესტალლოციმ დაკვირვებითის სწავლისათვის. ამის შემდეგ ინსპექტორმა დაურიგა მასწავლებლებს თხზულებაები, რომლებიც მათ დაეწერათ სხვა და სხვა პედაგოგიურს საგნებზე და დაუნიშნა ახლა სხვა საგნები დასაწერათ, ანუ გასამარტებლად. ბოლოს ჰსთხოვა მასწავლებლებს, რომ შემდეგისათვის მოემზადებინათ კომენიუსის ცხოვრება და მისი თეორია, აგრეთვე თხზულებაებიც დაეწერათ. როცა ყრილობამ გაათავა თავისი მოქმედება, გამოვიდა სეკრეტარი შუა ადგილას და წაიკითხა ოქმი (პროტოკოლი), რომელშიაც ყველაფერი იყო მოხსენებული, რაც კი გააკეთეს ამ ყრილობაში და მეც კი ამ ოქმში ჩამწერეს, რომ ესა და ეს კაცი ტფილისის ქალაქიდამ დაესწრო ჩვენს კრებაშიო. გათავდა ყრილობა და ინსპეკტორი ჩემკენ წამოვიდა. მე და ამ კაცმა ბევრი ვილაპარაკეთ სხვა და სხვა საგანზე; სხვათა შორის მე ამას ვუთხარი ზოგიერთი შენიშვნა პესტალლოცის თეორიის და გეოგრაფიულის გაკვეთილის შესახებ. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, თუ როგორ შეაფუცხუნა ჩემმა შენიშვნამ ეს ინსპეკტორი და ბოდიშის ხდა დაიწყო, რომ გეოგრაფიული გაკვეთილი ვერ იყო ნამდვილი პედაგოგიური, რომ პესტალლოციის თეორიას მხოლოდ ცოტათ შეეხნენ. „მე სწორეთ ეგრე მსურდა მელაპარაკნა დღეს, მითხრა მე იმან, როგორც თქვენ ამბობთ, მაგრამ ძალიან დაგვიანდა და ამისათვის ავჩქარდი“. რამდენიმე ხნის შემდეგ, როცა ლაპარაკის გათავებას ვაპირებდი, მითხრა კიდევ უფ. ინსპეკტორმა: „თქვენ დრეზდენის სამასაწავლებლო სემინარიები დაგითვალიერებიათ და რატომ არ გსურთ პირნას სემინარიაც ნახოთ? გარწმუნებთ, რომ ჩვენი სემინარია თავისის მიმართულებით მოგეწონებათ. აი იქ ნახავთ, თუ რა ყურადღებაა მიქცეული პედაღოღიურ მხარეზე გეოგრაფიის სწავლის დროს? - მე გთხოვთ მნახოთ პირნაში და მე თვითონ წაგიყვანთ სემინარიაში, რომლის დირეკტორი ჩემი დიდი მეგობარია“. მე, რასაკვირველია, დავპირდი ამისი თხოვნა ამესრულებინა და თუ მართლა ავასრულებ, რაღა თქმა უნდა, რომ მკითხველს შევატყობინებ პირნას სემინარიის მდგომარეობას. როცა სრულებით მოვრჩით ლაპარაკს მე და ინსპეკტორი, მე მივუბრუნდი სასწავლებლის ზედამხედველს და ვთხოვე, რომ მას თავისის სასწავლებლის გარემოება ჩემთვინ აეხსნა. აი რა შევიტყვე ამისაგან: ბერგისიბელის ქალაქის სახალხო შკოლა შესდგება ექვსი კლასისაგან და ამ ჟამათ სწავლობს 240 მოწაფე. ამ სასწავლებელს მხოლოდ სამი მასწავლებელი ჰყავს და მისი მოწყობილობა სრულებით ახალია და პედაგოგიური. სასწავლებელს დათვალიერებას და მის ზედა-მხედველთან ლაპარაკს, რომ მოვრჩი, სასტუმროსკენ დავაპირეთ წასვლა მე და ფრიდრიხსვალდის მასწავლებელმა. ინსპექტორმა გამოგვიცხადა, რომ ისიც იმ სასტუმროში მოდის, რადგან იქ ცოლ-შვილი ჰყავს. ათის წუთის შემდეგ ყველანი სასტუმროში ვიყავით და ინსპექტორის ცოლს, ტანოვანს და სახით მოხდენილს ქალს, ველაპარაკებოდი. ამანაც მთხოვა, რომ ესენი პირნაში მენახა. ნახევარ საათის შემდეგ ყველანი ერთი-ერთმანეთს გამოვეთხოვენით და ჩვენს გზაზე წავედით. მე და ფრიდრიხსვალდის მასწავლებელს გზაში წამოგვეწია ორი ახალგაზრდა სოფლის მასწავლებელი. ამათაც ბოდიში მოითხოვეს, რომ ამ ჟამად ისე ვერ მოუხდათ - ისე ვერ წაიყვანეს საქმე ყრილობაში, როგორც უნდოდათ. ამათაც მთხოვეს, რომ მათი სასწავლებლები უთუოდ მენახა, მაგრამ პირობა ვერ მივეცი, რადგანაც მათი სოფლები ცოტა დაშორებულია ფრიდრიხსვალდის სოფელზე. მალე დავშორდით ერთი-ერთმანეთს და მე - ოცის წუთის შემდეგ ჩემს ბინაზე ვიყავი; ფრიდრიხსვალდის მასწავლებელს მადლობა გადავუხადე, რომ მან წამიყვანა ბერგისიბელში და გამაცნო მასწავლებლების კრება.

***

რომ აქაური სოფლელების ცხოვრების და მდგომარეობის სრული სურათი ჰქონდეს თვალწინ მკითხველს, მე უნდა შევეხო კიდევ ცხოვრების ზოგიერთს მხარეებს. ეკკლესიის და სასწავლებელის გარდა, ხალხს სხვა საზოგადო ადგილებიც აქვს, სადაც თავს იყრის ანუ გულის გასართობად, ანუ კიდევ, რომელიმე საქმისათვის. ყველა სოფელში მგზავრი ნახავს კარგად მოწყობილს სასტუმროს. ფრიდრიხსვალდის სოფელი ხომ პატარა სოფელია, მაგრამ აქ ერთი სასტუმროა და მეორე რესტორანი, როგორც ზემოთ შევნიშნე. სასტუმროს იმ დიდს ოთახში, სადაც ბილიარდზე სათამაშოდ იკრიბებიან გლეხები ბედნიერ დღეებში, ჰსდგას მშვენიერი ბილიარდი და მოზრდილი ფორტოპიანო. რაც შეეხება სკამებს და სტოლებს, ყველა ეს ხომ გვარიანია და გვარიანი. სასტუმროს ზემო სართულში კიდევ ერთი საშინელი დიდი დარბაზია (ზალაა), სადაც ზამთრობით ბედნიერ დღეების საღამოებს იკრიბებიან ქალები და კაცები დროს გასატარებლად. გარდა ამისა ამავე სართულში რამდენიმე კარგად მოწყობილი სასტუმრო ოთახია. თვითონ ჩემი ოთახი, სადაც ამ შენიშვნებს ვჰსწერ, ისეა მორთული, რომ ამ გვარ ოთახში ტფილისში უნდა აძლიოს კაცმა მანეთ ნახევარი და მე კი ამ ოთახში ვაძლევ ერთს მარკას - ექვს შაურს; - რაც შეეხება რესტორანს, ეს უფრო უკეთესად არის მორთული. რაღა ლაპარაკი უნდა, რომ იმ გვარ ცხოვრების კაცებს, როგორც აქაურები არიან, სხვა ადგილიც უნდა ჰქონდეთ ზაფხულში დროს გასატარებლად, - და კიდევაც აქვთ. ზაიდევიტცის ღელე მაგგვარ ადგილობას უწევსთ. კვირაობით სხვა და სხვა სოფლებიდამ იკრიბებიან აქ დართული ქალები და ვაჟები. ზოგნი აქ სტოლებს უსხედან და ბაასით შეექცევიან პივას, ზოგი შავს და ზოგი თეთრს. ზოგნი დასეირნობენ და ერთი ერთმანეთთან ლაპარაკში - ახალ-გაზდები კიდევ არშიყობაში არიან, ზოგნი კიდევ მუზიკის მკვრელებს მისჩერებიან და ყურს უგდებენ. არიან იმისთანებიც, რომლებიც თოფის სროლაში ვარჯიშობენ. საქმე იმაშია, რომ მაღალი ხის კინწიროში მიკრულია არწივის სურათი და ეს არწივი აქვთ მიზნათ... ყველა რასაკვირველია, ცდილობს თავი არ შეირცხვინოს და მოარტყას ამ მიზანს. -

ნუ იფიქრებთ, რომ აქ ზაიდევიტცის ღელეში უწესოება რამე მოხდეს. ყველა მშვიდობიანათ ატარებს დროს და ძალზე, რომ მოღამდება, საზოგადოება იშლება.

სხვათა შორის აი ამ გვარს ყრილობეებს სასტუმროებში და იმ გვარ ადგილებში, როგორც ზაიდევიტცის ღელეა, აქვს განმაღვიძებელი, განმამხნევებელი, ქალ-ვაჟების ერთი-ერთმანეთთან დამაახლოვებელი განვლენა სოფლის გლეხთა ცხოვრებაზე.

***

როგორც ხედავს მკითხველი, გლეხები სოფლად ცხოვრობენ და განათლების გზას ადგიან. მაგრამ სოფლად მცხოვრებლების გლეხების გარდა, სხვა გლეხებიც არიან, რომლებსაც დედ-მამული არა აქვთ და დღიურად გამოდიან მუშაობით ქარხნებში და სხვა და სხვა ადგილებში. აი ამითი ყოფა-ცხოვრება ამ ჟამად საძაგელი რამ არის გერმანიის ყველა კუნჭულში. მოვიყვან აქ ზოგიერთის ნემენცების შეხედულებას უმამულო კაცების - მუშების ამ გვარ მდგომარეობის მიზეზებზე და ამით დროებით გამოვეთხოვები მკითხველს.

„საფრანგეთის და გერმანიის ომიანობამ დაღუპა ჩვენი უმამულო კაცები ანუ დღიური მუშანი. ომიანობამდინ რა უშავდათ მათ? მაგრამ ომიანობის შემდეგ ამ უკანასკნელს წელიწადებში ის ხუთი მილიარდი ფრანკი, რომელიც ჩვენ საფრანგეთს გამოვართვით და ერთი-ერთმანეთში გავინაწილეთ, საწამლავათ გაგვიხდა ამ ბოლო დროს. აი საქმე რაში მდგომარეობს: პირველად გერმანიის ყველა სახელმწიფოები შეუდგნენ თოფების კეთებას, ზარბაზნების ჩამოსხმას, სიმაგრეების გაკეთებას და ყველგან დაიწყეს გაცხარებული მუშაობა. მაგრამ აი თოფების კეთებას მორჩნენ, ზარბაზნები ჩამოასხეს, სიმაგრეები დააკეთეს და საფრანგეთის ფულებიც დახარჯეს. ეხლა სამუშაკო საქმე აღარ არის. დაუმატეთ ამას ისიც, რომ საფრანგეთი ჩვენგან აღარაფერს ყიდულობს და სათათრეში კიდევ ჩვენი საქონელი არ გადის, რადგანაც იქ ინგლისს ფეხი მაგრა აქვს ჩამდგარი და მაშინ გაიგებთ ჩვენის ქვეყნის მუშების მდგომარეობას. მუშა ხალხი ბევრია და სამუშაკო საქმე კი ცოტაა. აი ეს არის ჩვენი უმამულო გლეხების - ჩვენის მუშა ხალხის დამღუპველი და დამქცევი. ეხლა ის არის ბედნიერი, ვისაც ცოტა მაინც დედ-მამული აქვს სოფლად.“

ივერია. - 1878. - 7 სექტ. - N35. - გვ. 8-11

5.6.5 ნაწილი მეექვსე

▲back to top


კელნა. 16-18 ივლისს

V

11 ივლისს, საღამოს რვა საათზედ გამოვეთხოვე ლებციხს - საქსონიის განათლების დედა-ბოძს და რკინის გზით გამოვსწიე კელნის ქალაქისკენ. მინამ ძალზე შებინდდებოდა. გზის არე-მარეს თვალს არ ვაშორებდი და ყველგან ერთსა და იმავე სურათს ვხედავდი; ყველგან, ყველა ადგილს კაცის ხელოვნების ნიშნები ღრმად აჩნდა, ცარიელს და შეუმუშავებელს ადგილს კაცი აქ თვალს ვერ მოჰკრავდა. ჩემს სამწუხაროდ ძალზე შებინდებამ შემაწყვეტინა გზის არე-მარის თვალიერება და იძულებული ვიყავი ზურგით მივყუდებულიყავ ვაგონს, ანუ რკინის გზის ეტლსა. ჩემი მეზობლებიც ეგრევე იყვნენ მიყუდებულნი და თითქო სიჩუმის დარღვევას ერიდებოდნენ. დიდი ხანი არ გამოსულა. რომ ესენი მოჰყვნენ თვლემას და თავების ქნევას. მეც მინდოდა ამათებრ ძილისთვის თავი მიმეცა, მაგრამ ფიქრებმა არ მოუშვეს ჩემთან ძილი. ხან ერთი ფიქრი გამოჰტყვრებოდა ჩემს გონებაში და შემიპყრობდა ხან კიდევ მეორე. საკვირველი რამ არის ფიქრების წესი, ფიქრების შობის კანონი. როდესაც ერთს ფიქრს ვყვანდი ხოლმე სრულებით შეპყრობილი, იმ დროს, როგორმე ეს ფიქრი მოედებოდა, ანუ კლანჭს გამოკრავდა, თუ შეიძლება ასე ვსთქვათ, მეორე გონებითს ძაფზე ასხმულს ფიქრებს და ესენი ერთბაშათ ზემოდ ამოხტებოდნენ და შეიპყრობდნენ ჩემს გონებას. პირველი ფიქრი კი მსწრაფლად გაქრებოდა ხოლმე. ახლა რა ჰქონდათ საგნად ამ ჩემს ფიქრებს? რა არა აქვნდათ? ხან საქართველოს მდებიარებას გამომიფენდნენ წინ და თითქმის ასე მეუბნებოდნენ: აბა, შეადარე აქაურს მდებიარებასთან! ხან ამ მდებიარების მცხოვრებლების ბედს მიხატავდნენ - ამიყვანდნენ საქართველოს ხალხის ისტორიულ-ცხოვრების სათაურამდინ და იქიდამ გადმომახედებდნენ, - ხან კიდევ, რომელიმე საქართველოს გამოჩინებულს-ისტორიულს პირს ჩაავლებდნენ ხელს და ამას შემოარტყამდნენ გარეშემო მთელს ეპოხას; - ხან კიდევ უმგზავსებს და მამულის მოღალატეებს გამოიგდებდნენ წინ და მათს მოქმედებას მაგონებდნენ. ამ საგნებიდამ ერთბაშათ რაღაც მანქანების ძალით გადამაფრენდნენ სხვა საგზებზე, რომლებსაც არავითარი კავშირი არა ჰქონდათ პირველს საგნებთან; მაგრამ რაღაც მიზეზისა გამო, ცოტა ხნის შემდეგ, გამოვარდებოდა ფიქრი, რომელიმე ჩემს ნაცნობზე ტფილისში და ფიქრი კიდევ ამ ნაცნობზე გამოიწვევდა სხვა ფიქრებს სხვა ნაცნობებზე და მათ მოქმედებაებზე, მერმე სულ ერთ ფიქრად გარდაიქცეოდა და ეს საზოგადო ფიქრი გაიხდიდა ხოლმე საგნად ჩვენის წინამორბედების მოქმედებაებს - აწინდელს და მომავალს. ჩვენის მოწინავე კაცების ხან კარგს და გულის საამურს მოქმედებაებზე მიაქცევდა ჩემს ყურადღებას, ხან კიდევ მოუფიქრებელს და მავნებელს საქართველოსათვის. ნუ წარმოიდგენთ, რომ მარტო მოხსენებულს საგნებზედ ეტრიალათ ჩემს ფიქრებს. არა, ესენი ხშირად შეეხებოდნენ ხოლმე იმ შთაბეჭდილებასაც, რომელიც მე გამოვცადე მგზავრობის დროს - ხან სრულებით უბრალო შთაბეჭდილებასაც გაიხდიდნენ ხოლმე საგნად. ერთის სიტყვით, ვინ ჩამოთვლის. თუ რამდენ საგანსა და რა და რა ჯურისას შეეხნენ ჩემი მოუსვენარი ფიქრები, მანამ მეც ჩემს მეზობლებისაებრ არ მიმეძინა, მეორე დღეს დილით, ხუთ საათზე, თითქმის ყველას გამოგვეღვიძა და ფანჯრიდამ დავიწყე კიდევ ცქერა. ეხლა ორთქლ-მავალა მიგვარბევინებდა ვესთვალიის მაზრაში და ამ მაზრის არე-მარე, ხნულები, დათესილი მიწები, საძოვრები - ერთის სიტყვით ვესთვალიის მდებიარება და ამისი შემუშავება საქსონიის შემდეგ ვეღარ მომივიდა თვალში. აქ ხშირად ვხედავდი შეუმუშავებელს მიწებს, აგრეთვე უხეიროს და უწმინდურს ბილიკებს მიწებს შორის, დათესილ მიწების გვერდზე საძოვრად გამორეკილს ძროხებს, თხებს, ანუ კიდევ ხარებს. მაგრამ მიწების შემუშავების სიწმინდის ბადლად აქ ვხედავდი რკინეულობის გასაკეთებელს ქარხნებს, ანუ კიდევ ქვა-ნახშირის მადნებს. რამდენიც უფრო და უფრო მივდიოდით დასავლეთისკენ, იმდენი უფრო და უფრო ქარხნების რიცხვი მრავლდებოდა. რეინის მაზრაში რომ გადავედით, აქ ხომ ყველა ნაბიჯზე ვხედავდით ქარხნებს, ბუხრებს და ერთს საშინელს კომლს, ასე რომ ეს კომლი თითქმის სრულებით ჰფარავდა სოფლებს.

ორთქლ-მავალა ისევ ვესთვალიაში იყო, რომ ჩემის ღამის მეზობლები ერთს სტანციაში ჩამოხტნენ და ამათ ბადლად სხვანი შემოსხდნენ ვაგონში. ამ ჩემს ახალს მეზობლებს შორის ერთად-ერთი ახალ-გაზდა ვაჟკაცი იყო. ამისი შავი და ნაზი წვერი, გრუზა თმა, ტანის მოყვანილობა და ცოცხალი მიხრა-მოხრა სწორედ იმერელს მოგაგონებდათ. ეს ყველას ყოველგვარ კითხვაზე ცოცხლად აძლევდა პასუხს და ხელით უჩვენებდა ანუ სოფლებზე. ანუ კიდევ პატარა ქალაქებზე, რომ დიდი ხანი არ არისო, რაც აქ ასეთი ცოცხალი მოქმედება და მოძრაობა დაიწყოვო. რადგანაც ამ ყმაწვილმა-კაცმა შემატყო, რომ მე ყველაზე უფრო ცნობის მოყვარებით ყველას თვალს ვადევნებდი და ვიძიებდი, ჩემკენ გადმოჯდა. ჩვენი მეზობლები თითოეულად სხვა და სხვა სადგურებში (სტანციებში) გადმოვიდნენ და მარტო მე და ეს ყმაწვილი დავრჩით ვაგონში. აქეთ-იქით ცქერა მოგვწყინდა და მოვყევით ლაპარაკს სხვა და სხვა საგნებზე. მალე ლაპარაკმა მოიტანა გერმანიის აწინდელი პოლიტიკური მდგომარეობა და ამ ყმაწვილ-კაცმა გარდმომცა შემდეგი: „ეხლა გერმანიისათვის ცუდი ჟამია; რეაქცია აპირებს ცხოვრების ტრიალს, კლანჭები ჩაავლოს და შეაყენოს, ანუ კიდევ უკან დასწიოს. ორ-ჯელ თოფის სროლამ იმპერატორისადმი გააფუჭა საქმე. ეხლა ვინც არა მგონია სოციალ-დემოკრატებზე ლაპარაკობს და გერმანიის დამღუპლებათ ჰრაცხს. გაზეთებიც ამ გვარ კაცებს ტაშს უკრავენ და მკითხველებს - მუშა ხალხსაც ჩასძახიან ყურში, რომ სოციალ-დემოკრატები უფრო დაგღუპავენ და არამთუ გიშველიან რასმეო. ეს გაზეთები ვინ იცის, რას არ ავრცელებენ სოციალ-დემოკრატებზე. აი ეხლა 30-ს (20) ივლისს „რეიხსტაღის“ გერმანიის საზოგადო ყრილობის წევრთა ამორჩევა იქნება ხალხისაგან და მაშინ გადაწყდება ბედი და უბედურობა გერმანიისა. თუ ლიბკნეხტი და ამისი მომხრეები არ ამოირჩიეს, მაშინ რაღა თქმა უნდა, რომ რეაქციას დარჩება ბურთი და მოედანი, რადგანაც სხვა დასთა მომხრეებია დემოკრატები, ლიბერალები და სხვ. ძალიან ადვილად დაემორჩილებიან ხოლმე „ბრძანებას“. „როდესაც ლეიბციხის უნივერსიტეტის სტუდენტებს შევეხენით ლაპარაკში, ჩემმა მემუსაიფემ აი რა აზრი გამოსთქვა ამ სტუდენტებზე: „ეხლა, ლეიბციხის უნივერსიტეტი ბისმარკის მოხელე კაცებს ამზადებს და არა თავისუფალ მოქალაქეებს. აქედამ ადვილად შეგვიძლიან წარმოვიდგინოთ, თუ რა განვლენა უნდა ჰქონდეთ მომავალში მოხსენებულის უნივერსიტეტის სტუდენტებს საზოგადოებაზე“. აი ამ გვარ ლაპარაკში სულ დაგვავიწყდა გზის არე-მარეს თვარიელება და შეუნიშვნელათ მივედით კელნის სადგურს (სტანციაში), სადაც მე და ეს ყმაწვილი-კაცი გამოვეთხოვეთ ერთი-ერთმანეთს. ათი წუთის შემდეგ მე ვიყავი კელნის მუზეუმის დაახლოებით სასტუმროში და აქ პატარა ოთახში ვბინავდებოდი.

***

კელნის ქალაქი ნახევარ რგოლივით არტყია რეიჰნის მარცხენა ნაპირს, მეორე ნაპირზე კიდევ მდებარეობს დეიტცი, რომელიც კელნის ქალაქთან შეერთებულია ორის ხიდით. ერთი იმ ხიდთაგანი არის რკინისა და დაფუძნებულია თლილის ქვების დიდ ბურჯებზედ, კელნის მხრისაკენ ამ ხიდის ზემო ერთს ბურჯზედ ჰსდგას ახლანდელი იმპერატორის მამის სახსოვარი. ხოლო დეიტცის მხრისკენ ხიდის ზემო მეორე ბურჯზე ჰსდგას თითონ ვილჰელმის სახსოვარი, ხიდი ორათ არის გაყოფილი; ერთს მხარეზე დაიარება ორთქლ-მავალა, მეორე მხარეზე კიდევ ხალხი. საზოგადოდ, ეს ხიდი თავისის სიგრძით და ბურჯებით შესანიშნავი რამ არის. მეორე ხიდი კიდევ ხისაა და ნავებზეა გამართული. კელნის ქალაქს გარშემო არტყია ციხე და რამდნიმე ხელოვნებითი ბორცვი; ციხეს გარეთ ჩრდილოეთისკენ უწყვია ზოოლოგიური და ბოტანიური ბაღები, რომლებიც თავიანთ მომართულობით ნაკლები არ არიან დრეზდენის ზოოლოგიურ და ბოტანიურ, ანუ ცხოველების და მცენარეების ბაღებზე. რაც შეეხება სახლებს და ქუჩებს, ამათი მომატებული ნაწილი ძველი შენობაა და ზედ ასვია საშუალო-საუკუნოების ბეჭედი და ამით კელნა ძრიელ აგონებს კაცს კრაკოვის ქალაქს. ქუჩაში და ყველა სახლში გაყვანილია წყალი და ამისათვის ყველა ნაბიჯზე მგზავრი ხედავს აქ შადრევნებს ქუჩებში, სასტუმროებში და კერძო სახლებში. წყლის პატარ-პატარა ნაკადურები თავისუფლად მიმდინარობენ ქუჩებში და ამით ქალაქს ცუდს სახეს ჰსდებს, რადგანაც ამ ნაკადურებს ყველა სახლობიდამ უმატებენ ნარეცხებს.

კელნის ქალაქის შენობეებთ-შორის ბევრია შესანიშნავი, მუზეუმის სახლს იტყვით, თუ თეათრის შენობას; მაგრამ ყველაზე შესანიშნავია აქ, როგორც თავიანთ არხიტეკტურით ისე სიძველით ორი შენობა: ქალაქის საბჭოს სადგომი „Kath-Haus “ და საბორო „Domkizehe “. ისტორია ამ უკანასკნელის შენობისა სწორედ შესანიშნავია. არხიეპიზკოპოზს ენგლბერტს 1225 წ. განეძრახა დიდი სამაგალითო სობოროს აშენება და შეედგინა კიდევაც გეგმა (პლანი), მაგრამ სიკვდილს აღარ დაეცლია ეს გეგმა აღსრულებაში მოეყვანა; მხოლოდ ამის მეორე მოადგილე კონრადი შესდგომოდა მოხსენებულის ეკკლესიის აშენებას და 14 აგვისტოს 1248 წ. ეკურთხებინათ ეხლანდელის სობოროს საძირკველი; მაგრამ შენობის საქმე სწრაფად არ წასულიყო წინ. მხოლოდ მეთხუთმეტე საუკუნეში უფრო ბეჯითად შესდგომოდნენ შენობის საქმეს და ეს სობორო იმოდენათ აეშენებინათ, რომ თურმე სამღვთო მოქმედებას აღსრულებდნენ. მეთექვსმეტე და მეჩვიდმეტე საუკუნოებში სხვა და სხვა პოლიტიკური მდგომარეობის გამო სრულებით შეეჩერებინათ შენობა. მეთვრამეტე საუკუნეში, როდესაც ფრანციელებმა სხვა ქალაქებთან კელნის ქალაქიც დაიპყრეს 1796 წ. უპატრონობისა გამო სობოროს გვერდის ეკკლესიის ჭერი ჩამოწოლილიყო. ბოლოს მეცხრამეტე საუკუნეში პრუსიის კაროლებს ვილჰელმს III და ვილჰელმს IV გამოეცათ ბრძანება, რომ სობოროს დანარჩენი კედლები დაეცვათ; მხოლოდ 1823 წ. შესდგომოდნენ ეკკლესიის გაახლებას და 4 სექტემბერს 1842 კიდევაც შენობის განგრძელებას. ამ წლიდამ, ე.ი. 1842 წ. ამ ეკკლესიის შენობაზე მოუხმარნიათ ანუ დაუხარჯავთ თოთხმეტ მილიონამდე მარკი. ამ ჟამად მხოლოდ სამრეკლოსღა აკლია ცოტაოდენი დასრულება.

მოხსენებული სობორო ჰსდგას პატარა ბორცვზე, რომელიც რეიჰნის ნაპირზე იქნება მაღალი ექვსის საჟენით. ვარაუდით რომ ვჰსთქვათ. სობოროს ექნება სიგრძით 45 საჟენი, სიგანით 20 საჟენი უფრო მეტიც. სიმაღლით შუა გუმბათამდინ 40 საჟ.; სამრეკლოს სიმაღლე უფრო ბევრია. დავუმატოთ ახლა ამას ისიც, რომ ეკკლესია ჰსდგას ჯვარედინათ და ყველა მხრით, ვინ იცის რამდენი მშვენიერის თლილის ქვით ნაშენი წოწოლა, ზოგი მაღალი და ზოგი დაბალი გუმბათები აქვს. საზოგადოდ კელნის ეკკლესია თავისის სიმაღლით, რამდენიმე მშვენიერის გუმბათით და თლილის ქვის შენობით კაცს შეჰზარავს. ამას გარდა კარისბჭების კედლებზე რამდენიმე ფრანგების ეკკლესიის წმინდანების სახეებია მშვენივრად გამოჭიმული. ერთი სიტყვით, უკეთესი ხელობა გოთურს შენობის „არხიტეკტურისა“ ამ სობოროზეა დასრულებული და ამის მნახველი თავის დღეში არ იტყვის, რომ ვიზანტიის შენობა უკეთესია გოთიურზეო, აი ამ სობოროს ყოველ დღე და ყოველ საათს გარშემო ახვევიან სხვა და სხვა ქვეყნიდამ მოსულები და გაკვირვებით შესცქერიან აქეთ-იქიდამა, ზოგნი კიდევ ვაი-ვაგლახით და დიდის ხვნეშით ადიან საშუალო გუმბათში და აქედამ გასცქერიან კელნის არე-მარეს. მართლაც ამ გუმბათიდამ მშვენივრად ჰსჩანს, როგორც კელნის ყველა კუთხეები, ისე ახლო-მახლო ქალაქები და რეიჰნის ორივე ნაპირი შორს მანძილამდინ. კელნის ქალაქში ამ ჟამად ცხოვრობს 13,000 სული ადამიანი და დეიტცში კიდევ 14,000 სული.

კელნის მცხოვრებლების მომატებული ნაწილი კათოლიკო - სარწმუნოებისაა და ამ სარწმუნოებას მთელს გერმანიაში ისე არსად ჰქონია და აქვს ფესვები გამდგარი, როგორც კელნაში. ეს ქალაქი საშუალო საუკუნოებშივე თავი საბუდარი იყო პაპის მომხრეებისა და უნივერსიტეტიც, რომელიც მაშინ აქ არსებობდა, სრულებით პაპისაგან ნაჩვენებ გზას მისდევდა. მეხუთმეტე საუკუნეში და მეთექვსმეტე საუკუნის პირველს წელიწადებში დიდი ერთგულობა აღმოუჩინეს პაპს, როგორც უნივერსიტეტის პროფესსორებმა, ისე აქაურმა ბერებმა და შეებნენ ახალის მოძღვრობის მომხრეებს. ამათ ებრაელების ლიტერატურის გაქრობაც, ანუ დაწვაც მოინდომეს და კიდევაც ამ საძაგლობას მოახდენდნენ მთელის გერმანიის სამუდამო შესარცხვენლად, რომ იმ დროს არ ეკისრნა ებრაელების ლიტერატურის დაცვა ახალის მიმართულების მომხრეს რეიჰსლინს. რეფორმაციის გავრცელების დროსაც კელნის ქალაქმა თავისის მცხოვრებლებით - ბერებით და პროფესსორებით დიდი წინააღმდეგობა აღმოუჩინა ლიუტერის მომხრეებს და მათი მოძღვრება თავის ახლო არ მიუშვა. აქამომდინ, როგორც ზემოთ შევნიშნე, კელნა კათოლიკო-სარწმუნოების ბუდეა.

რაც შეეხება კელნის ქალაქის სხვა მხარეებს, უნდა შევნიშნოთ, რომ საშუალო საუკუნოებში აქ დიდი ვაჭრობა იყო და მცხოვრებლების მომატებულის ნაწილის მდგომარეობა კარგი იყო: მაგრამ ბოლოს საუკუნოებში, რეფორმაციის გავრცელების შემდეგ გერმანიაში, აქ ვაჭრობა სრულებით დაეცა. ეხლა კი ამ ჩვენ მეცხრამეტე საუკუნეში რეიჰნის წყალში ორთქლ-მავლების გავრცელებამ, რკინის გზის წინ-წასვლამა, აგრეთვე დამშვიდებითმა მოქმედებამ ზოგიერთი ძველი დროთგანვე მდიდართ მცხოვრებლებისამ გაჰხადეს ქალაქი ხელმეორედ რეიჰნის დიდი ვაჭრობის შუა ადგილად და გერმანიის შესანიშნავ ბაზრათ. ამ ჟამად აქ დიდი ვაჭრობაა და შესანიშნავი მაღაზიებიც არის დამართული.

ივერია. - 1878. - 22 სექტ. - N37. - გვ. 10-13

5.6.6 ნაწილი მეშვიდე

▲back to top


ჩემს მყოფობის დროს კელნის ქალაქში, ერთ დილას ივლისის 15 ცეცხლისგემით წავედი კელნიდამ მილხემში და ნახევარ საათის შემდეგ იქ ვიყავი. ეს პატარა ქალაქი მდებარეობს მდ. რეიჰნის მარჯვენა ნაპირზე და ამ ჟამად მცხოვრებლების რიცხვი აქ 17,000 სულამდინ იქნება; მათ შორის 3,000 მაინც მუშა ხალხი უნდა იყვეს. ამ ქალაქში ბევრია სხვა და სხვა ქარხნები და უმეტესი ნაწილი ეკუთვნის ნახევარ - ზავერდის ანუ ზამატის ქარხნებს. აი ამ ქარხანაში მუშაობენ, ლუკმა-პურისათვის, წელებზე ფეხს იდგამენ უმამულო მუშანი. მკითხველისთვის ძნელი წარმოსადგენია ის საცოდაობა, რა საცოდაობაშიაც ესენი არიან. დილით მოკიდებული საღამომდის ოფლში იწურებიან მუშაობით და კვირაში ერთხელ კი ძლივს ეღირსებიან ხოლმე ხორცის ჭამას. ჩაცმა-დახურვას ნუღარ იტყვით. თითქმის ზამთრობით და ზაფხულობით ერთსა და იმავე ტანისამოსში არიან ერთის სიტყვით, როგორც საქსონიაში, ისე რეიჰნის მაზრაში რამდენათაც გლეხი ცხოვრობს კარგად და არის სიფაქიზეში, იმდენად საძაგლათ და ვაი-ვაგლახით ცხოვრობს დღიური მუშა. რომ კარგა შეადაროს მკითხველმა დღიური მუშის ცხოვრება გლეხის ცხოვრებასთან, მე გავაცნობ მას ორის მუშის სახლობას მაინც.

წარმოვიდგინოთ სამ სართულიანი, გარედამ გაულესავი, უმუაჯირო და საშუალო ფანჯრებით სახლი. დავუმატოთ ამას ისიც, რომ ეს სახლი გარედამ ძლიერ ჰგავს სატუსაღოს. აი ეს სახლი დაყოფილია პატარ-პატარა სადგომებათ და ამ სადგომში სცხოვრობენ ნახევარი ხავერდის ანუ ზამარის მქსოველები. აბა ვეწვიოთ რომელიმე მუშის სახლობას. აი პატარა ოთახი და ამ ოთახის ფანჯარასთან აყუყულია ქსოვის მაშინა, ამ მაშინის წინ სდგას ძალზე ჭაღარა-შერეული კაცი და ბეჯითად ჰქსოვს, რადგანაც ამაზეა დამოკიდებული მისი ცხოვრება. სახლის ერთ კუნჭულში სდგას სარეცხის ბოჩკა ანუ კასრი და ნარეცხი ისევ შიგ დგას, სახლის მეორე კუნჭულში; კიდევ რკინის ფეჩი დგას და აქვე ალაგია პატარა ქვაბი და ჭურჭელი: აქვე დაახლოებით სდგას ერთი ძველი სკამი. მუშის ცოლი ჩითის კაბაშია გამოხვეული და პატარა ბავშვი ცარიელ პერანგა უჭირავს ხელში და ნელ-ნელად ხელში არხევს, და ამასთანავე თითქო ეუბნება: „შვილო, ნუ იტირებ ამ უცხო კაცთან, - ლაპარაკი დაგვაცადე, უნდა ჩვენი მწუხარება ამასაც შევატყობინოვო“. ეს დედაკაცი, რასაკვირველია, სულ ერთს ადგილას ტრიალებს, რადგანაც ოთახის სიპატარავე გავლის-გამოვლის ნებას არ აძლევს. - ახლა ამათი საწოლი დავათვარიელოთ. საწოლი ოთახი ხომ უფრო პატარაა და ქვეშ-საგები ძლივს გაუმართავთ; - ზედაც ჭუჭყიანი ლოგინია გაგებული! ამის მეტი არაფერია აქ და კიდევაც რომ ჰქონოდათ რამე, იმის დადგმას ანუ დაწყობას ვერსად მოახერხებდნენ. ბავშვებს სადღა აწვენენ? იკითხავს მკითხველი. ბავშვების საწოლათ აქვთ ერთი პატარა ოთახი ჩარდახში, თუ შეიძლება ოთახათ ჩაითვალოს; და, რასაკვირველია, თუ იქ სიცივის გამო ზამთრობით და სიცხის გამო ზაფხულობით როგორ ისვენებენ ბავშვები. მაგრამ ხომ გაგიგონია: „გაჭირვება მიჩვენეო, მე შენ გაქცევას გიჩვენებო“. ამ სადგომში ჭაღარა შერეული და მწარეთ ჩაფიქრებული მუშა აძლევს რვა მარკას თვეში, ანუ ორს მანეთს და 64 კაპეიკს. მოხსენებულს სადგომში ცხოვრობს სულ ექვსი სული: ცოლი და ქმარი და ოთხი კიდევ ამათი შვილი. როგორც დაწვრილებით შევიტყე თვითონ მუშისაგან, სამუშავოს იღებს კვირაში 10 მარკს, თვეში ორმოც მარკს: ჩვენებურ ფულზე რომ გადავიტანოთ, სულ ეს შეადგენს თვეში 13 მანეთს და 20 კ. აქედამ რომ გამოვთვალოთ სახლის ქირა, დარჩება 10 მან. 56კ. ამ ფულით უნდა გამოჰკვებოს საწყალმა მუშამ თავისი ცოლ-შვილი და კიდევაც უნდა ჩააცვას და დაახუროს. დაუმატეთ ამას ისიც, რომ ამ ფულიდანვე ხარჯიც უნდა გარდაიხადოს და იყიდოს ნევსები. აგრეთვე საჭირო წვრიმალი ნივთებიც მაშინისათვის. ამის შემდეგ ადვილი წარმოსადგენია, თუ რა მიზეზით მოხსენებულ სახლობას კვირაში ერთხელ ძლივს ეღირსება ხოლმე ხორცზე კბილის დადგმა.

აბა ახლა შუა სართულში ავიდეთ და ვეწვიოთ, რომელიმე სხვა მუშის სახლობას. აი კიდევ მუშის სადგომი. სამუშაო ოთხი ცოტა უფრო მოზდილია; აქაც ფანჯარასთან ჰსდგას ქსოვის მაშინა და უდგია წინ პირ-ხმელა კაცი, რომელიც რაღასაც ასწორებს. ერთს კედელთან დგას სარეცხის ვარცლი და ახლათ დარეცხილი თეთრეულობა და ჩითეულობა სკამზე აწყვია; მეორე კედელთან ჰსდგას გრძელი სკამი და ბოლოს უდგია ჩალის სკამი; მესამე კედელთან ფეჩი ჰსდგას და იქიდამ თფილი ჰაერი სცემს კაცს პირის-სახეზე, ამისათვის სახლში ძრიელ ცხელა. მუშის ცოლი ერთს დამტვრეულს შკაპის წინ ჰსდგას და რაღაცას ფუსფუსებს. ამ სამუშაკო ოთახს გვერდზე აკრავს საწოლი ოთახი და ესეც ასე პატარაა, როგორც პირველის მუშის საწოლი ოთახი. აქაც ერთის ლოგინის მეტი არაფერი ჰსდგას. ამ სახლობასაც ბავშვებისათვის საწოლი ოთახი ჩარდახში აქვს. ახლა რამდენი სული ცხოვრობს ამ სადგომში! - ცოლ-ქმარი ხუთის შვილით; მაშასადამე შვიდი სული თავსდება აღწერილს სადგომში. რადგანაც ამ სადგომის სამუშაკო ოთახი ცოტა რაა რომ მოზდილია, ამისათვის პირ-ხმელა მუშა აძლევს ქირას თვეში 11 მარკს, ანუ სამს მანეთს და 75 კაპეიკამდინ. ეს მუშა უფრო ყმაწვილი და მძლავრია. მინამ პირველი მუშა. ამისათვის ამას უფრო შეუძლიან დიდ ხნობით მუშაობა. ამას გარდა ერთი მოსწრებული შვილიც ჰყავს. - თოთხმეტის წლისა, რომელიც ხშირათ ეხმარება მამას და დედას. ამ მიზეზების გამო პირ-ხმელა მუშა კვირაში იღებს 18 მარკამდინ, თვეში 72 მარკს. აქედამ რომ გამოვიდეთ სახლის ქირა, დარჩება ძირს 61 მარკი. დანარჩენს ფულიდამ უნდა გამოვიდეთ კიდევ სახელმწიფო ხარჯი, აგრეთვე წვრიმალი იარაღის ხარჯიც. დანარჩენის ფულით პირ-ხმელა მუშამაც უნდა გამოჰკვებოს თავისი ცოლ-შვილი და კიდევაც ჩააცვას და დაახუროს. „აბა როგორ უნდა ვაცხოვრო ჩემი ცოლ-შვილი ამ ფულით!“ მითხრა მე ამ მუშამ, როდესაც ლაპარაკი დავუწყე მუშების მდგომარეობაზე. „ხომ იცი თქვენ, თუ რა სიძვირეა ეხლა, როგორც საჭმელ-სასმელისა, ისე ჩაცმა-დახურვისა. აბა შემოხედეთ ამ ჩემს შარვალს, თუ როგორ არის დაძველებული. ბარემ ერთი თვეა ვემზადები ვიყიდო, მაგრამ ვერ მომიხერხებია. უნდა გითხრათ, რომ ეს არის შიმშილით არ ვიხოცებით, თორემ სხვა არაფერი ხეირი არ გვაყრია. ახლა ამ სიცხეში მუშაობა, ამ გვარ სოროში სწორეთ ცეცხლია. მაგრამ რასა ვიქ? სად წავიდე? წავიდე სოფლად? მე იქ მამული არა მაქვს და უმამულო კაცს არც იქ აყრია ხეირი. აი ჩემი მდგომარეობა; მაგრამ მე კიდევ რა მიშავს?! ხომ გაიგეთ, რომ კვირაში მაინც 18 მარკამდინ ავიღებ ხოლმე. ვაი კიდევ იმათი ბრალი, რომლებიც 10 მარკზე მეტს ვერ იღებენ და ამისთანეები ჯერეთ აი ამ სახლში რამდენიმე სახლობაა. როდესაც ეს პირ ხმელა კაცი ლაპარაკობდა თავის და თავის მოძმეების მდგომარეობაზე, მისს ხმაში ისმოდა დიდი უკმაყოფილება ახლანდელს მოწყობილებისადმი და თვალებიდამ სულ ცეცხლს აფქვევდა. „როგორ არ უნდა დაეწვას კაცს გული, განაგრძელა მუშამ რამდენიმე ჩემის კითხვის შემდეგი, რომ მე და ჩემი მოძმენი წელებზე ფეხს ვიდგამთ, რომ რა არი, რომელიმე ვაჭარი გავამდიდროთ და ჩვენ კი ჩვენის ცოლ-შვილითურთ ამოვიძროთ სული სიღარიბეში და სისაწყლეში. ახლა ყური დავუგდოთ გაზეთებს. მე თქვენ გითხარით, გული შესტკივათ ჩვენთვის და ჩვენს მდგომარეობაზე დასწერენ რასმეს არა. ესენი ჩვენზე არ ჰფიქრობენ და ვინც კი ცოტათი მაინც ჰფიქრობს ჩვენზე. იმას ტალახში სვრიან და ვინ იცის, თუ რა სახელს არ უწოდებენ. ჩემს კითხვაზე: „განა მუშები თვალს ადევნებთ გაზეთებსა“. მიპასუხა ამ მუშამ: მაშ რას უნდა ვადევნოთ თვალი? რაც უნდა იყვეს ვფიქრობთ: „აი დღეს, აი ხვალ მოწინავე კაცები დაიწყებენ ჩვენზე წერას და ამის გამო გაზეთებს ბეჯითად ყურს ვადევნებთ. მაგრამ ჯერეთ ჩვენი იმედი იმედათ რჩება და ჩვენის დამცველების რიცხვი ძლიერ მცირეა“. ამ მუშას ძლიერ კარგად ახსოვს ლასსალი და ამისი მოქმედება, აგრეთვე კარგად იცის ლიბკნეხტის და ყველა სოციალ-დემოკრატების მიმართულება. ნუ იფიქრებთ, რომ ამ მუშის ცოლი კი ჩუმათ მდგარიყო და ჩვენის ლაპარაკისათვის მარტო ყური ეგდო. არა, ეს თავის ქმარზე ნაკლებ არ ლაპარაკობდა და გულ-ნატკენი ჰსთვლიდა თავის შევიწროვებას. „მამული მქონდეს სოფელში და აქ დავრჩებოდი კი მაშინ? ან ამ სიღარიბეში ვიქნებოდი?! სოფელი რაც უნდა იყვეს სხვა არის; მაგრამ ჩვენი უბედურება ის არის, რომ სოფლათ მამული არა გვაქვს და ვართ დამოკიდებული დღიურს მუშაობაზე“. მეუბნებოდა გულ-დათუთქული დედა-კაცი, როცა მისი ქმარი ლაპარაკს შესწყვეტდა ხოლმე.

თუმცა მსურდა კიდევ მელაპარაკნა ამ ბედისაგან დაჩაგრულს ადამიანებთან, მაგრამ ამათ ოთახში ისე ძრიელ ცხელოდა, რომ კიდევ დარჩენა შეუძლებელი საქმე იყო და იძულებული ვიყავი გამოვთხოვოდი. ამ ორის სახლობის აღწერაც მგონი საკმაო იყვეს მკითხველისათვის რომ იქონიოს სრული წარმოდგენა იმაზე, თუ რა მდგომარეობაში არიან და რას ფიქრობენ ამ გვარს მდგომარეობაზე მუშები რეიჰნის მაზრაში, აგრეთვე თუ რა დიდი განრჩევაა სოფლის გლეხის ცხოვრებაში და დღიურ მუშის ცხოვრებაში. ამას შემიძლიან ისიც დავუმატო მხოლოდ, რომ მე დავიარე რამდენიმე მუშების სახლობა და ყველგან ისივე სურათები ვნახე, რა სურათებიც წარუდგინე მკითხველს ზემო მოხსენებულს სახლობაების შესახებ.

***

15 ივლისვე, ორის ნახევარზე მე გავსწიე მილხეიმის ერთ სახალხო სასწავლებელში და მეოთხე კლასის მასწავლებელს ვთხოვე ნება მოეცა მისის გაკვეთილისათვის ყური მეგდო*. ამან დიდის სიამოვნებით ნება მომცა და პირ-და-პირ შევედი კლასსში. მალე გაკვეთილებიც დაიწყეს. ჩემს დროს მასწავლებელი ჰკითხავდა მოწაფეებს ომის ამბავს საფრანგეთსა და გერმანიის შორის. მასწავლებელის ყველა ჰკითხვაზე მოწაფეები რიგიან პასუხს იძლევოდნენ და მათ ძლიერ ეტყობოდათ პედაგოგიური გაწრთვნა. ამასთანავე, როდესაც მასწავლებელი მოსთხოვდა, რომ ეჩვენებინათ ის ადგილები, სადაც დატაკება მოუხდათ ნემცებს და ფრანცუზებს, მოწაფეები შეუცდომელათ აჩვენებდნენ ხოლმე კარტაზე, რომელიც პრუჟინით იყო ჩამოკიდებული კედლის ახლო. საზოგადოთ უნდა შევნიშნო, რომ ამ კლასსში სტოლები, სკამები და კლასის ყველა საჭირო ნივთები სულ ახალი სისტემისაა. პირველი გაკვეთილი რომ გათავდა, მასწავლებელს ვთხოვე, დაბალს კლასში წავეყვანე და ამან წამიყვანა პირველ კლასში, რომლის მასწავლებელს გარდასცა ჩემი სურვილი. ამ დაბალს კლასში დავრჩი ორ გაკვეთილზე: ერთი გაკვეთილი გალობისა იყო, ხოლო მეორე თვლისა, ანუ არითმეტიკისა. მე არ ვრაცხამ საჭიროთ ავწერო, თუ რა ნაირათ მიჰყავდა მასწვალებელს ეს გაკვეთილები, რადგანაც ამ მასწავლებელს ისეთი მიხრა-მოხრა და პედაგოგიური წესები ჰქონდა და იცვავდა, რა პედაგოგიურს წესებსაც ხმარობენ საქსონიაში - ანუ პირნის მაზრაში და ეს წესები ხომ წინა წერილში ვრცლათ ავწერე. მე მინდა აქ მივაქციო მკითხველის ყურადღება სასწავლებლის სრულებით სხვა მხარეზე. აი საქმე რაში მდგომარეობს. როცა სწავლა გათავდა, მეოთხე კლასის მასწავლებელმა, რომელიც პირველი კლასის კარებში დამხვდა გამოსვლის დროს, მიმიწვია თავის ოთახში, სადაც სხვა მასწავლებლებიც შემოვიდნენ. მე ამათგან აი რა გავიგე სასწავლებლის შესახებ: მილხეიმის სახარებო (своиселическая) სახალხო შკოლა, ანუ სასწავლებელი შესდგება ექვსი კლასისაგან და ამ სასწავლებელში მოწაფეები რჩებიან რვა წელიწადს, - ორს დაბალს კლასში ორ-ორს წელიწადს და სხვა კლასებში კი თითო წელიწადს. ამ ჟამათ მოწაფეების რიცხვი არის სულ 400-მდინ. ამათში მომატებული ნაწილი ვაჟები არიან და მცირე ნაწილი ქალები. ამ სასწავლებელში ექვსი წლის ბავშვებს იღებენ და ასრულებენ კურსს თოთხმეტის ანუ ხუთმეტის წლის მოწაფეები. სასწავლებელი არის მოთავსებული ორს დიდს სახლში, ანუ შენობაში და სასწავლებლის ყოველ-გვარ ხარჯს იხდის ქალაქი: რაც შეეხება მასწავლებლებს ესენი სულ ექვსნი არიან. თითო კლასს თითო მასწავლებელი ჰყავს და ყოველ საგანს ეს ასწავლის. ამ მასწავლებელბთ შორის არ არის დიდ-პატარობა; ესენი მხოლოდ იმით განირჩევიან ერთი-ერთმანეთისაგან, რომ ერთი მასწავლებელი პირველის კლასის მასწავლებელია, მეორე მეორე კლასისა, მესამე მესამე კლასისა... თითოეული მასწავლებელი ვალდებულია იზრუნოს თავის კლასზე და პასუხის მგებელნიც ეს არის საზოგადოების წინ. ამას გარდა, რომ მასწავლებელს არ გაუჭირდეს საგნების სწავლა, დადებულია, რომ ერთი და იგივე მასწავლებელი იყვეს ერთსა და იმავე კლასში და მოწაფეებთან არ გადავიდეს ერთი კლასიდამ მეორე კლასში. რაც შეეხება სასწავლებლის საზოგადო საქმეს, ამას განაგებს მასწავლებლების რჩევა. სასწავლებელის შენობეების პატრონობა კიდევ არის მინდობილი იმ მასწავლებლებზე, რომლებიც ამ შენობაებში ცხოვრობენ. სასწავლებელის ამ გვარ მოწყობილობას დიდი ზნეობითი გავლენა აქვს მასწავლებლებზე, რომლებთ შორის სუფევს ერთობა და მეგობრობა. მე რომ ვკითხე: თქვენგანი ვინ არის უმფროსი, ანუ ზედა-მხედველი, მეთქი, ამათ სიცილათ არ ეყოთ ეს კითხვა და მითხრეს: „განა ბავშვები ვართ, რომ ზედა-მხედველი გვყავდეს. თითოეულს ჩვენგანს კარგად ესმის თავისი საქმე და რაღა საჭიროა აქ ინსპექტორი, ანუ ზედა-მხედველი. „ინსპეკტორობა მასწავლებელს შორის უწინ იყო“, განაგრძელა ერთმა მასწავლებელმა, „და მგონი გერმანიის ზოგიერთს ადგილებში ეხლაც არის. ამ ჩვენს მაზრაში კი დიდი ხანია ეგ იეზუიტური წესი აღმოიფხვრა“.

ასე მოხსენებულს ექვს-კლასიან სასწავლებელს არა ჰყავს ზედა-მხედველი, ანუ მასწავლებლებთ შორის არ არის დიდ-პატარაობა: მაგრამ რომ, რომელიმე მასწავლებელმა არავითარი მთავრობის, ანუ სარწმუნოების წინააღმდეგი აზრი არ გაავრცელოს მოწაფეებს შორის და მინისტრისაგან დამტკიცებული პროგრამმა ყველამ შეასრულოს, მთელს მაზრის სახალხო სასწავლებლებს ჰყავთ მთავრობისაგან განწესებული ინსპეკტორი, ანუ დირეკტორი, როგორც ჩვენში ვეძახით, და ეს ინსპეკტორი ერთხელ, ანუ ორჯელ გაშინჯავს ხოლმე ზემოთ აღწერილს სასწავლებელსაც.

მილხეიმის სახალხო შკოლის მასწავლებლების ნივთიერებითი მდგომარეობა არის გვარიანი. ახალ-გაზდა მასწავლებელს აქვს ჯამაგირათ 400 მანეთზე მეტი და ყოველ სამს წელიწადში ემატება 100 მანეთი. ასე რომ მესამე წელიწადს მასწავლებელს აქვს ჯამაგირათ 500 მან, მეექვსე წელიწადს 600, მეცხრე წელიწადს 700 და სამსახურის მეთოთხმეტე წელიწადს კიდევ 800 მეტი და ეს უკანასკნელი რიცხვი ითვლება მასწავლებლის ნამდვილ ჯამაგირათ; ამის გამო თორმეტის წლის შემდეგ მასწავლებელს აღარ ემატება ჯამაგირი. რაც შეეხება სახლს, ამას არ აძლევს ქალაქი მასწავლებელს: მხოლოდ, თუ სასწავლებლის შენობაში მეტი ოთახებია, მასწავლებლებს შეუძლიანთ ეს ოთახები იქირავონ. აი ეხლა პირველი და მეორე კლასის მასწავლებლები ცხოვრობენ შკოლის შენობაში და თითოეულს მათგანს უჭირავს სამ-სამი მოზდილი ოთახი, შესაფერი სამზარეულოთი და აძლევს ქირას ექვსექვს თუმნამდინ წელიწადში.

ამ გვარი ცნობების გარდმოცემისათვის მასწავლებლებს დიდი მადლობა ვუთხარი და, რადგანაც ცოტა რა რომ მიგვიანდებოდა, გამოვწიე სიჩქარით სტანციისკენ. მე ჩავჯექი ორთქლით მავალ გემში ისევ კელნის ქალაქში წამოსასვლელად და გზაში მთელის დღის ჩემს შთაბეჭდილებებზე ვფიქრობდი.

____________

* მკითხველმა არ უნდა დაივიწყოს, რომ გერმანიაში ყველგან სადილს უკანობითაც არის სწავლა.

ივერია. - 1878. - 5 ოქტ. - N39. - გვ. 8-12

5.6.7 ნაწილი მერვე

▲back to top


VI

ვისბადენი 25 ივლისს

ივლისის 21-ს, დილით ცხრის ნახევარზე ჩავჯექი მე ცეცხლის გემში და გავსწიე მაინციდამ სოფელს ვალუფს. ამ დილით ცა ცოტა რა რომ მოღრუბლული იყო და რეიჰნის წყალს დაჰქროდა ცივი ნიავი. მგზავრები, რომლებიც კი საზაფხულო ტანისამოსში იყვნენ, მობუზულები გასცქეროდნენ რეიჰნის ნაპირებს და დიდი სიჩუმე სუფევდა მათ შორის. მხოლოდ პალუბის ერთს კუთხეში ახალი დაქორწინებული ქალ-ვაჟი მიმსხდარიყვნენ და ხანდის-ხან ნაზის ხმით სიჩუმეს არღვევდნენ. ვაჟი კატასაებ შესცქეროდა ქალს თვალებში და მარჯვენა ხელს მის წელს არ აშორებდა. ამ ახლად დაქორწინებულის ვაჟის მოქმედება იმ გვარი იყო, თითქო ეშინოდა ეს „მერცხალი“ ხელიდამ არ გამიფრინდესო, ანუ კიდევ, ხელიდამ არავინ გამომგლიჯოსო. ქალი კიდევ ხან კოხტა ფეხებზე იცქირებოდა, ხან კიდევ თავის პაწია ხელებს შინჯავდა და თავის სახეზე რაღაც სიამოვნებას ხატავდა.

რეიჰნი მაინციდამ მოკიდებული კალუფამდინ გაშლილია და რამდენსამე კუნძულს ხედავთ აქ არც ნაპირები აქვს მაღალი და ღელეც კარგა განიერია; ამისათვის მგზავრი რეიჰნის ნაპირებზე ვეღარ ხედავს იმ სურათებს, რა სურათებსაც ხედავს ბონიდამ წამოსული, ე.ი. აქ ვეღარ ხედავს მთების კალთებს. მხოლოდ ყურძნის ვაზით შემოსილებს, ვერც მთების ქედებზე ძველს ციხეებს და კოშკებს. აქ უფრო ვაკობია და ყველაფერს ვაკეობა დაჰსჩენია. როცა ცოტათი დავუახლოვდით რეიჰნის მაღალ ნაპირებს, მეგემემ ერთბაშათ დაიძახა: „მგონი თქვენ კალუფში მიდიხართ და აი კალუფიც“. ამის შემდეგ სამი წუთიც არ გასულა, რომ მე ჩავჯექ პატარა ნავში და ამით გავედი მოხსენებულს სოფელში. გასვლის უმალვე სასტუმროში წავედი და აქ მივაბარე ჩემი პატარა ბარგეულობა; მე თვითონ სოფლის სასწავლებლის დასათვარიელებლად წავედი. მასწავლებელი შინ დამხვდა და გამომიცხადა, რომ დღეს მოწაფეები არ მეცადინოობენო და თუ გსურთ მარტო კლასს გაჩვენებთო. მე და ეს ძალზე ხანში შესული მასწავლებელი ავედით შკოლის ზემო სართულში, სადაც ამას კლასი აქვს მომართული. კლასის ოთახი კარგი მოზდილი ოთახია. სტოლები, სკამები, კათედრა, დიდი საწერი ფიცარი - ყველა ეს ახალი ფასონისაა. აგრეთვე ყველა საჭირო ნივთები და წიგნები აქვს ამ სასწავლებელს. როგორც მოხუცებულმა მასწავლებელმა გარდმომცა, კალუფის სასწავლებელი შესდგება სამის კლასისაგან და ამ ჟამად ამ სასწავლებელში ქალი და ვაჟი ას-ოთხმოცამდინ (180). აქ სამი მასწავლებელია და თითოეულ მასწავლებელს თითო კლასი აბარია; აგრეთვე სამივე კლასი ერთს სახლში. თითოეული მასწავლებელი თავის კლასის შენობაში, ანუ სახლში სცხოვრობს და ჯამაგირათ აქვს 500 მანეთზე ცოტა მეტი. ამ ჯამაგირიდამ თვითეულს მასწავლებელს ურიცხავენ სახლის ქირას 20 მანეთს წელიწადში. თითოეულს მასწავლებელს სამს მოზრდილს ოთახზე ნაკლები შესაფერი სამზარეულოთი არ უჭირავს და ამასთანავე სახლის გვერდზე, ანუ წინ აქვს მშვენიერი ბაღჩეულობა, სამივე მასწავლებელს ერთი და იგივე უფლება აქვს; ამათში არ არის დიდ-პატარობა - სამნივე მასწავლებლად იწოდებიან. როგორც ამ სასწავლებელს, ისე ახლო-მახლო სოფლების სხვა სასწავლებლებს შორის, ყურის მგდებლათ ჰყავთ კალუფის სოფლის მღვდელი. აქ უნდა შევნიშნო, რომ ეს სასწავლებელი კათოლიკების, ანუ ფრანგების სასწავლებელია და ამათ სასწავლებლებს ყველგან შორი-ყურის მგდებლათ ჰყავთ მღვდლები.

როცა სასწავლებელი გვარიანად დავათვალიერე და ამის გარემოება დაწვრილებით შევიტყვე, მასწავლებელს გამოვუცხადე ჩემი განზრახვა ზოგიერთის გლეხების ბინადრობა მენახა. ეს განზრახვა დიდად მოეწონა მასწავლებელს და მითხრა: „ის სასტუმრო, რომელშიაც თქვენ დაბინავებულხართ, ეკუთვნის გლეხს და ეს გლეხი ჩვენის მაზრის თავი კაციც არის. თუ კიდევ სხვა სახლობაების ნახვას მოინდომებთ და დღეს მოასწრობო, ამას თვითონ ის გლეხი მოგიხერხებთო“. ამ მასწავლებლის რჩევით მე ისევ სასტუმროში დავბრუნდი. აქ ვიკითხე სასტუმროს პატრონი და იმასთან ერთმა ცქრიალა ქალმა წამიყვანა კარის ბაღში. აქ სასტუმროს პატრონი უფ. გოფმანი ხეივანში დასეირნობდა და ბოლთასა სცემდა; რამ წამს დამინახა, მაშინვე ჩემკენ წამოვიდა ღიმილით. აბა წარმოიდგინე, მკითხველო, მაღალი ტანი, განიერი მხარ-ბეჭი, სქელი კისერი, მოყვანილი, თავ-ჭაღარა-თმით დაფარული, მაღალი შუბლი - ზემოთ ცოტა მოტვლეპილი, დიდრონი თვალები, მოპარსული პირი-სახე, ნიკაპის ქვეშ გამოშვებული ჭაღარა თმა, საზაფხულო შავი სერთუკი, ცის-ფერი შარვალი და თეთრი ჟილეტკა, ახალი გახამებული პერანგი და ზედ შავი ყელ-სახვევი - მთელს პირის სახეზე კმაყოფილება და ამასთანავე დიდ-კაცობა - ვიმეორებ, აბა ყველა ეს წარმოიდგინე, მკითხველო, და მაშინ თვალ-წინ გექნება იმ კაცის სურათი, რომელსაც მე დავუწყე ლაპარაკი. ეს რა მშვენიერი ბაღი გქონიათ?

- „ოო! ყველა მაგას მეუბნება, მითხრა სიამოვნებით.

- მე გარწმუნებთ, რომ მაინცშიაც არსად მინახავს ასე მორთული ბაღი.

- „მაინცშიაც!“ გაიმეორა გაგრძელებით ჩემმა მემუსაიფემ და თამამად სთქვა: „იქ, თუ გნებავთ, ბევრია ბაღეულობა, მაგრამ რომ ასე რეიჰნს გადასცქეროდეს, ის კი მართლაც არ არის იქ“. მართლაც ამ უფ. გოფმანის ბაღი მშვენიერი სანახავი რამ არის. ეს მდებარეობს ზედ რეიჰნის პირზე და ყოველ-გვარის ყვავილებით და სასიამოვნო ფანჩატურებით, ანუ სამუსაიფო ადგილებით შემკობილია. ამას გარდა ყველა სხვა და სხვა ხეხილს და ხეს გარშემო სტოლები არტყია და უდგას კოხტა სკამები დიდი ფარნები ხომ უფრო ამშვენებენ აქაურობას. დაუმატეთ ამას ისიც, რომ აქედამ მცქერალს თვალ-წინ აქვს რეიჰნი და ამისი გაღმა - მარცხენა ნაპირი და ამ ნაპირზე მოკმაზული სოფლები, რომლებიც ნათლად მოჩანან თავიანთ თეთრად გალესილის სახლებით და მაღალ გუმბათებიან ეკლესიებით.

- „თქვენ უნდა მოსულიყავით კვირა დღეს, რომ გენახათ, თუ რა ამბავია ხოლმე აქ - მითხრა კიდევ გადიდკაცებულმა გლეხმა და განაგრძელა: „კვირაობით და საზოგადოდ უქმე დღეებში მაინციდამ და ახლო-მახლო ადგილებიდამ დიდი ხალხი მომაწყდება ხოლმე ამ ბაღის მიზეზით“.

- რასაკვირველია, თქვენს ვაზის ბაღიც გექნებათ - ვკითხე მე იმას.

- „დიახ, მაქვს“.

- მაშ, როგორც ვხედავ, თქვენ მიწის მუშაობასაც მისდევთ.

- „დიახ. ერთის სიტყვით ყველა სოფლიურს საქმეს მივსდევ და უამისობაც არ შეიძლება სოფლათ“.

- მე ძლიერ მსურს გავშინჯო აქაური სოფლიური მოწყობილობა და იმედი მაქვს, თქვენ ყველაფერს მაჩვენებთ.

- „დიდის კმაყოფილებით. აი ეხლა მუშები მიყენია და პურს ვაბეგვინებ, წამოდით სანახავათ.“

გამიძღვა წინ ეს გლეხი და როცა ალაყაფის კარებთან მივედით, ერთბაშათ შედგა და მითხრა: „გთხოვ შებრძანდეთ“. ორნივე შევედით ალაყაფის კარებიდგან სახლის კარ-მიდამოში. ამ კარ-მიდამოს გარეშემო სულ შენობაებია. ერთი სარაია, რომელიც არის გაყოფილი სამ ნაწილათ: ერთს ნაწილში შეშეულობა ალაგია, მეორე ნაწილში ჰყრია საქონლის საჭმელი და აწყვია სამუშავო იარაღი; მესამე ნაწილი კიდევ პურის გასალეწათ არის გადადებული. ამ სარაიას ერთის მხრით ცხენებისთვის თავლა ადგია, მეორე მხრით ბოსელი, რომელშიაც ჩემს დროს სამი უზარ-მაზარა ხარი და ორი კარგი ჯიშიანი ძროხა ება. სარაიის მესამე ნაწილში ამჟამად ეშალა ძნა და ოთხი მოსული კაცი დიდის კეტებით ბეგვავდნენ. უნდა გენახათ, თუ ამ უბედურებს როგორ წურწურით ჩამოსდიოდათ ოფლი პირის-სახეზე.

- ასე რათ აბეგვინებთ ძნას? რატომ მაშინით არ ალეწინებთ? ვკითხე უფ. გოფმანს. „მაშინით!“ გაიმეორა ეს სიტყვა. „ასე რაღა უშავს. არც ასე მიჯდება ძვირათ“.

- ბზე რომ გეკარგებათ!?

- „ამ ჩალა-მულას ხომ საქონელი არა სჭამს. - არც ვაჭმევ; განა ფშვია და თივა ცოტა მაქვს? მიპასუხა ჩემმა მემუსაიფემ და ის კი აღარ მიიღო სახეში, რომ საწყალი მუშები ღვიძლებს იგდებინებდნენ პურის ბეგვით. ბოსელს რომ დავუწყე დათვალიერება, ხელახლად ვჰკითხე უფ. გოფმანს:

- ეს საქონელი რატომ მინდვრათ არა გყავთ, შინ რათ გიბიათ?

- „ამისათვის, რომ ეგ საქონელი მინდვრათ იმდენს არაფერს შესჭამს, რამდენსაც ფეხით ბალახს გამიფუჭებს; ამის გამო უმჯობესად ვრაცხავ შინ ვიყოლიო, ჩვენს სოფელში და ახლო-მახლო სოფლებშიაც ასეთი წესია“,

- საქსონიაშიც ეგ წესია, მხოლოდ ფესთვალიაში კი არა, ვუპასუხე იმას.

- „საქსონიაში ჭკუიანი ხალხი ასხია და ეგ არ არის გასაკვრიველი“. ბრძნულად მიპასუხა ამ გადიდკაცებულმა გლეხმა.

- სახლის არე-მარეს დათვალიერებას რომ მოვრჩი, ვთხოვე მე ამას, რომ სადილის შემდეგ ბაღიც და მარანიც ეჩვენებინა. ეხლა კი ისევ მოკაზმულს ბაღში წავედით. მე იქ სადილი უნდა მეჭამა. მამა-ცხონებულს ცქრიალა ქალს ყველაფერი მოემზადებინა და მალე შევუდექი ჩემის კუჭის თავდარიგსა. ცოტას ხნობით უფ. გოფმანმა თავი დამანება. ცქრიალა ქალს საჭმელები სისწრაფით და რიგზე მოჰქონდა. აი როცა ნედლი თევზი მომიცუნცულა, მე ის შევაჩერე და ვკითხე: თქვენ გოფმანის ქალი იქნებით? - „არა, მოჯამაგირეთ ვდგევარ - ბარე ეს სამი წელიწადია“.

- მაშ სად გყავთ დედ-მამა!

- „მამა არა მყავს და დედა კი მეორე სოფელში სცხოვრობს ბიძასთან“.

- თქვენს ბიძას უთუოდ მამული ექნება?

- „ძრიელ მცირე, მაგრამ როგორც არის გამოდის და თავისთვის კარგად სცხოვრობს“.

- რატომ ბიძასთან არ დამდგარხართ? მოჯამაგირეობას იმასთან ცხოვრება არ გირჩევნიათ?

- „ბარე მირჩევნიან, მაგრამ აკი გითხარით ბიძას მცირე მამული აქვს, მეთქი, და ის მამული მხოლოდ იმის ცოლ-შვილს ჰყოფნის: მე იქ სრულებით მეტი ვიქნებოდი და აბა რა იქნებოდა“. როდესაც ეს ცქრიალა და კოპწია ქალი ამას ლაპარაკობდა, ერთბაშათ ხმა შემოისმა: „მარიამა! მოხედე,“ მაშინვე ეს სხვა სტუმრებისკენ გაქანდა. - დიდი ხანი არ გამოსულა, უფ. გოფმანი მძიმეთ ფეხის გადმოდგმით მოვიდა ისევ ჩემთან.

- „როგორ მოგეწონათ ეს ღვინო?“ მკითხა მე იმან.

- რა უჭირს, - ცოტა თხელი ღვინოა.

- „ოო! თხელია; აბა, მაშ ჩემს მარანში დაგალევინებ ღვინოს და ვნახოთ რას იტყვით“.

რამ წამს სადილს მოვრჩი, მე და გოფმანი ბაღში წავედით და ჯერე ეს ბაღი დავათვალიერე. ჩვენებურათ რომ ვიანგარიშოთ, ეს ბაღი თითქმის ორი დღისა იქნება; მაგრამ ამ ბაღში ვაზის გარდა არაფრისგან არაფერი სდგას. ნუ იფიქრებთ, რომ აქ ხეივნები იყვეს დამართული. არა, თითოეული ვაზი ცალკე სდგას და უდგია მოკლე სარი. თვითონ ვაზიც სრულებით დაბალია და იმ ნაირათ არის გამწკრიებული, რომ ერთი ვაზი მეორე ვაზს არ აჩრდილებს. ამას გარდა, არა თუ ხეხილები არა სდგას ამ ბაღში, ბალახობაც კი არსად არის აქ. მთელი ბაღი გადაბარულია იმ ნაირათ, თითქო ხელით გაუმარგლიათო. რაც შეეხება ამის ღობეს, ეს სრულებით უბრალოა, - წნულის მგზავსი დაბალი ღობე აკრია. აქ ყურძნის მოპარვისა სრულებით არ ჰშინებიათ. ამ ბაღიდამ ჩვენ წავედით მარანში, ანუ სარდაფში, რომელიც არის გოფმანის მესამე ორ-სართულიან სახლის ქვეშ. აქ სამთლით ჩავედით. დიდრონი ბოჭკები ამ მარნის კედლებთან ორ-პირათ არის გამწკრიებული. ზოგიერთს ბოჭკებში ძრიელ ძველი ღვინო სდგას. სულ კუნჭულში ერთი ბოჭკა მაჩვენეს, რომელშიაც თურმე ოცის წლის ღვინოა. ათის წლის ღვინო ხომ ბევრია ამ მარანში. ერთი ბოჭკიდამ სიმფონით სტაქანით ჩამოასხა ღვინო მემარნემ და მომიტანა. მე არა ვარ ღვინის შემტყობი, ღვინის მცოდნე, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ დიდის გემოვნებით დავლიე ნახევარ სტაქანზე მეტი და მსწრაფლად ვიგრძენი ამ ღვინის ძალოვნობა.

- ეს სრულებით სხვა ღვინოა, ვუთხარი მე უფ. გოფმანს, და არა ჰგავს იმ ღვინოს, რომელიც მე, სადილზე მომიტანეს.

- „ეგ ღვინო ათის წლის ღვინოა და თქვენ რომ მოგიტანეს, ის ერთის წლისაა. საზოგადოთ მაგ ღვინოებში დიდი განსხვავებაა. ეგ ღვინო მხოლოდ მაშინ მომაქვს, როცა საგანგებოთ ძველს და კარგს ღვინოს თხოულობენ, - ისე კი ახალ ღვინოს ვხმარობ სასტუმროში“. - მიპასუხა მე იმან.

რაც შეეხება ყურძნის დაწურვას, თურმე ეს კაცი, როგორც აქ სხვებიც, სწურავს საქაჯავით, ანუ „პრესსით“ და დიდის გაფრთხილებით სიმფონის შემწეობით ერთის ბოჭკიდამ გადიღებს ხოლმე სხვა ბოჭკებში. ნუ იფიქრებთ, რომ ღვინის გადაღების დროს ჩააყოლონ რამე ბოჭკაში. სხვა სრულებით არაფერ ხერხს არ ხმარობენ აქ.

სარდაფში გაშინჯვას რომ მოვრჩი, მადლობა ვუთხარი უფ. გოფმანს, რომ ყველა ეს მაჩვენა, და ერთათ წამოვედით ისევ სასტუმროს ბაღში ლაპარაკით. ლაპარაკში ვკითხე მე იმას:

- გუშინ აქაც გექნებოდათ დეპუტატების ამორჩევა და ვინ ამოირჩიეთ?

- „რასაკვირველია, გვქონდა და შულცე-დელიტჩიმ უფრო ბევრი ხმა მიიღო“.

- ლიბკნენტმა? ვჰკითხე მე იმას კიდევ და მინდოდა სულ წამოეყაჭა თავისი აზრი ამ საგანზე.

- „ვინ? ლიბკნენტმა! ცდილობდნენ კი იმის მომხრეები და რაღაც ბარათებს ავრცელებდნენ, მაგრამ ვინ ამოირჩევდა იმას. იცით ვინ არის ის!“ შესდგა ეს კაცი და დოინჯი შემოიყარა. მეგონა ფეხებს დამიტყაპუნებდა, თუ როგორ გავბედე და ლიბკნენტის სახელი ვახსენე. „ეს ის კაცია, რომელსაც სურს, რომ ჩემი ჯიბე (დაიდო ხელი ჯიბეზე) და მუშის ჯიბე ერთი იყვეს და ამას, ერთი მითხარით, ვინ იზამს და ან რა მოსაფიქრებელია. ღმერთმა დაგვიფაროს იმისაგან და იმის მომხრეებისაგან. ჩემს მაზრაში ღვთის მადლით იმას აგრე-რიგათ არავინ თანაუგრძობს“. ეს რომ ასე გაცხარებული ლაპარაკობდა, ჩემს უნებურათ გონებაში მიტრიალებდა ფიქრები: სიმდიდრესაც ძრიელ სცოდნია კაცის გაწუწკება-მეთქი. ეს გლეხი ძრიელ გაკუჭნულა, შეუძენია სიმდიდრე და ფეხებზე ჰკიდია, თუ ამის მოძმეებსა სიღარიბეში სული სძვრებათ; ამას ქარხნის რომელიმე პატრონზე ნაკლებათ არა აქვს გული გაქვავებული. ბაღშიაც მივედით და ცოტა ხნის შემდეგ გამოვეთხოვე გადიდკაცებულ გლეხს უფ. გოფმანს, ავიღე ჩემი პატარა ბარგეულობა და სამს საათზე გავუდექი ფეხით ვისბადენის გზას.

ივერია. - 1878. - 19 ოქტ. - N41. - გვ. 6-9

5.6.8 ნაწილი მეცხრე

▲back to top


21 ივლისს, სამ საათზე ჰაერს დილის სიგრილე აღარა ჰქონდა და ცაც მოწმენდილი იყო. მზეს თავისი სხივები მოფენილი ჰქონდა აქაურ არე-მარეზე და ყველაფერს სიცხის ბეჭედი აჯდა. დილით მე პალტოშიაც მციოდა და ეხლა სერთუკითაც კი მიჭირდებოდა სიარული. პალტო კი მხარზე მქონდა გადაგდებული. ჯერეთ ისევ სოფლიდამ არ გამოვსულიყავი, რომ გზაში შემომხვდა საძნე - „პოვოსკა“, რომელშიაც, წარმოიდგინეთ, ება მხოლოდ ერთად ერთი ახმახი ტანის ხარი და თავისუფლად მოჰქონდა მშვენივრად გაზეპილ გზაზე. ახლა როგორ ება? ჩვენში ხომ უღელს კისერზე უკეთებენ საქონელს და იმ აზრისანი არიან, რომ ხარს იტყვით თუ კამბეჩსა ორივეს ქედში აქვს ძალაო, აქ კი სხვა აზრისანი ყოფილან და ამისთვის მოხსენებულ ხარს ზედ თავზე ჰქონდა გაკეთებული უღელი რქებთან და ამოდენა ძნის „პოვოსკა“ ანუ ურემი მოჰქონდა. საიდამ მოგაქვთ ეგ ძნა? ვკითხე მე პატრონს. „მინდვრიდამ“. განა არ უჭირდება მაგ ერთს ხარს აგრე დადებულის პოღოსკის ზიდვა? რათ გაუჭირდება; ამისთანა გზაზე შეიძლება კაცმა ხელით გააგოროს ეს საძნე „პოვოსკა“. მომიგო მან პასუხად.

როგორც გამოვედი სოფლიდამ, გზის ორივე მხარეზე დამხვდა ვენახების რიგი. ეს ვენახები იმ ნაირათვე იყო შემუშავებული, როგორც გოფმანის ვენახი. აქაც ვერ მოჰკრავდით თვალს რომელსამე ხეხილს, ანუ ხეივანს, ანუ კიდევ შუა ვაზებში მაღლარობას. ამ ვენახების რიგი რომ გათავდა, დაიწყო მერე ხეხილების რიგი, რომლებიც მშვენივრად მისდევენ გზის ორივე ნაპირს. ხეხილების ჩრდილში ნელ-ნელა მივდიოდი და ერთბაშად ერთი ხეხილის ქვეშ ანუ ჩრდილში თვალი შევასწარ ათიოდ მუშას და განვიზრახე იმათთან ლაპარაკი. ექვსიოდ წამის შემდეგ მე იმათ მართლაც ველაპარაკებოდი. უნდა გითხრათ, რომა ამ ათიოდ მუშაში ოთხი დედა-კაცი ერია და დანარჩენი კი კაცები იყვნენ. - ეს ყანა უთუოდ რომელსამე თქვენგანს ეკუთვნის? ვკითხე მე იმათ ლაპარაკში. „არა, სხვისაა და ჩვენ აქ მხოლოდ მუშები ვართ“. ეს დედა-კაცები: „ესენიც მუშები არიან“. ერთმა ხუმარა მუშამ დაატანა: „უამათოთ ჩვენ არსად ვარგივართ“. დედა-კაცებმა ხარხარი დაიწყეს. მაგას რასა სვამთ აგრე ბეჯითად? - „ღვინოს, თუ გნებავთ მიირთვით“, მითხრა მეღვინემ ეს სიტყვა და კიდევაც დიდი ხელადიდამ დამისხა. მე გასაშინჯავათ ჩამოვართვი ღვინით სავსე ჭიქა და სრულებით იმერული ანუ ქართლული თეთრი ღვინო მომაგონა ამ ღვინომა. თქვენ თვითონ იყიდდით ამ ღვინოს! „არა, ამ ყანის პატრონმა გამოგვიგზავნა“ თქვენგანს კი არავის არა აქვს ვენახი, ანუ სახნავი მიწები? „ორის გარდა თითქმის არავის“, და ამ ორზე მიმითითეს. მაშ თქვენ მამულს მოსჭარბებიხართ, რომ აქ იმუშაოთ? ვუთხარი მე ამ ორ მუშას. „ჩვენი მამული ძრიელ მცირეა და სრულებით არ გვყოფნის; ქორფა შვილები კი ბევრი გვახვევია“. ამ ლაპარაკის შემდეგ, მე ავიღე ხელში ცელი და ვუთხარი კიდევ მუშებს საზოგადოდ: რათ ცელავთ, რატომ არ მკით? „ცელვას რა სჯობია? ამ ცელს ისე ავაღებინებ ხოლმე ყანას, რომ ერთ თავთავს არ გავუშვებ ხოლმე ძირს და ნამგალს მაგოდნობა სად შეუძლიან“. მიპასუხა ერთმა მუშამ და კიდევაც გამომართვა ცელი, რომ საქმით დაემტკიცებინა თავის სიტყვა. ეს მუშა შეუდგა ცელვას და მართლაც ცელს მშვენივრად აღებინებდა ხელაურს. აქ უნდა შევნიშნო, რომ თვით ცელიც კარგად იყო მოწყობილი. იმ ალაგს, საცა ცელი მოკაკულია გაკეთებული ჰქონდა საცერის მგზავსი ნახევარ რგოლი და მოშლუჭამდა ხოლმე ყანას ცელვის დროს, ანუ ამაზე მიწვდებოდა ყანა ცელვის დროს. ცოტა ხნის შემდეგ სხვა მუშებმაც წაავლეს ხელი თავიანთ ცელებს და გაჰყვნენ ყანის კვალს, დედა-კაცები კიდევ მოკლე ნამგლებით - უფრო სათისებით შეუდგნენ ხელეურების ერთად მოგროვებას. „ხედავ როგორ ვცელავ, - ერთ თავთავს კი არ ვუშვებთ და,“ დამიძახა ერთმა მუშამა „მშვენივრად,“ მივაძახე და კიდევაც გამოვეთხოვე ავედი ისევ გზაზე. დავუწყე არე-მარეს ცქერა, გაშლილ და მშვენივრად შემუშავებულ მიწებში და ყანებში ბევრგან დავინახე კიდევ მუშები, მაგრამ ის ხრიანცელი, ის კიჟინა, ის მაღალი ხმით ხარხარი რასაც კაცი ხედავს და ესმის საქართველოში მკის დროს, აქ არსად ისმოდა. ყველგან სიჩუმე სუფევდა. გავუდექი ისევ ჩემ გზას და კაი მანძილი რომ გავიარე, შორიდამ დავინახე, რომ ერთი კაცი მიწას ხნავდა და გუთანში ება ორი ზორბა ცხენი მე ამისკენ გავწიე, და როგორც გამოვედი მიწის თავში, ანუ ხნულის თავში, მე კიდეც გამარჯობა დავუძახე. იმან ღიმილით პასუხი მომცა და კიდეც შეაყენა ცხენები. ეს გუთნის-დედა მოყვანილი ტანის ახალ-გაზდა ვაჟ-კაცი იყო და რაღაც პატიოსნება იხატებოდა ამის სახეზე. თქვენ ეგ თქვენი გუთანი უნდა გამაშინჯოთ კარგად. „გაშინჯეთ, თუ კი აგრე საინტერესოა თქვენთვის“ - მიპასუხა და ცხენებს უკან დააწევინა. ეს გუთანი მსუბუქი გუთანი იყო, ერთი შეხედულობით მოაგონებდა კაცს ქართულ გუთანს; სახნავი ცოტა რამ რომ უფრო წვეტიანი ჰქონდა და ხეზე არ იყო წაცმული; ამას კაცი ჭახრაკით ადვილათ მიატრიალ-მოატრიალებდა. საკვეთელაც ისე ახმახი არ ჰქონდა, როგორც ქართულ გუთანს აქვს. თვლებს გარეშემო შემორტყმული ჰქონდა რკინის რგოლი. ორი ცხენი რათ გიბია, განა მძიმეა ეს გუთანი? „არა, ხშირად ერთი ცხენითაც ვხნავ ხოლმე. გუშინ ცოტა მოჭარბებულად ვამუშავე ეს ცხენები და იმისთვის დღეს ვეღარ გავბედე ერთი ცხენით ხვნა“. ხნული რომ გავშინჯე კიდევ მივე კითხვა: ასე მაღლა რათ ხნავთ, განა ამ გუთანს არ შეუძლიან ღრმად მოხსნას? „როგორ არ შეუძლიან, მაგრამ აქ ამაზე ღრმად მოხვნა საჭირო არ არის. აი მიცქირეთ, რა ღრმად მოვახვნევინო“ და კიდევაც მოატრიალა ცხენები მერე სახნავი ძირ დაუშვა ჭახრაკით - ერთის სიტყვით მომართა გუთანი და გააწვინა ცხენებს. მართლაც ღრმათ წააღებინა ხნული; მტკაველ-ნახევარზე კი ხნავდა და მეტი რა უნდოდა. ეხლა კი მჯერა რომ თქვენ გუთანს ღრმად შეუძლიან ხვნა და ახლა ეს მითხარით: რომელი ქვეყნისაა ეს გუთანი? „ეს ნამდვილი ნემეცური გუთანია და არც ძვირია. ამაშია მიცემული სულ ოცი მარკა. საბოსტნე მიწის სახნავი გუთანი ანუ კავი ხომ უფრო იაფია. - თქვენი იქნება ეს გუთანიც და ეს ცხენებიც? „არა,“ ამოოხვრით მითხრა, - „მინდა კი რომ ჩემი იყოს, მაგრამ არ არის ჩემი. მე სხვის მოჯამაგირე ვარ“. დიდი ჯამაგირი გექნებათ? - „მაგდენი არაფერი. თვეში მაძლევს ჩემი აღა სულ 25 მარკას“. კარგია სოფლად ამოგირჩევია მუშაობა. - „ისევ სოფლათ სჯობია, ვიდრე ქალაქ ადგილას ქარხანაში მუშაობა. მე ეხლა აქ ჯამაგირს ცალკე ვიღებ და ამას გარდა სმა ჭამა აღისაა. მე შემიძლიან ცოტაოდენი ფული მოვაგროვო და სადმე მიწა ვიყიდო. ამას კიდევაც მოვახერხებ და ქარხანაში რომ მემუშავნა, მაშინ კი ვერას დროს ვერ მოვახერხებდი“. ამ ახალგაზდა უმამულო გლეხს ნათლად ეტყობოდა როგორც ლაპარაკში, ისე პირისახეზე, რომ ამას ბევრჯელ ძილი გაჰკრთობია ფიქრის გამო თავის მდგომარეობაზე. მე მოვუწონე, რასაკვირველია, ამას განზრახვა და კიდევაც გამოვეთხოვე. ავედი ისევ გზაზე და ნახევარ საათის შემდეგ მე მივედი ერთ სოფელში, სადაც სასტუმროში ხუთმეტ მინუტამდინ დავისვენე და „ნემეცურის სასმელით“ პივით გული გავიგრილე, დასვენების შემდეგ გავუდექი ისევ გზას. როგორც კი გამოველ ქალაქის მგზავსი სოფლიდამ, ამის პირზე დამხვდა დიდი თლილი ქვით ნაშენი სახსოვარი, რომლის გვერდზედაც იყო წარწერილი გვარები და სახელები იმ მხედართა, რომლებიც ომის დროს ნემეცების და ფრანცუზების შორის (1870წ.) დაჭრილობით დახოცილან. მე ამ სახსოვარს დავუწყე ცქერა და ამ ცქერაში რომ გავერთე, ერთბაშათ ხმა შემომესმა: „რას შესცქერიხართ აგრე, არ იცი რა არის?“ მივხედე უკან და შევაჭყიტე თვალები ერთ ლურჯ პერანგიან მოხუცებულ მაღალ კაცს, რომელიც, როგორც ბოლოს შევიტყე თურმე 87 წელიწადია, რაც დედა-მიწის ზურგზე დაიარება. როგორ არ ვიცი „ოო! აბა მაგის ქვეშ მდებარებენ ჩვენი გმირები, რომლებმაც თავი შესწირეს მამულს ომის დროს ფრანცუზებთან (ეს უკანასკნელი სიტყვა ძრიელ კაფიერათ გამოსთქვა). ეგ ამბავიც ვიცი. „რასაკვირველია გეცოდინებათ. წამოდით, თუ თქვენც აქეთ მოდიხართ“ გაიშვირა ჯოხი ვისბადენის გზისკენ. - სწორეთ მეც მანდეთ მოვდივარ - ვუპასუხე მე იმას და ერთათ გავუდექით გზას. 87 წელს, რასაკვირველია, ეს მაღალი ტანის გლეხი კაცი წელში მოეხარა, მაგრამ მაინც ისე მიანაბიჯებდა, რომ ბევრ ყმაწვილ კაცს გაუჭირდებოდა ამას ფეხ-და-ფეხ მიჰყოლოდა. რაღა ლაპარაკი უნდოდა, რომ ამ ახირებულ მოხუცებულ კაცთან სიარული მე ხეირს არ დამაყრიდა, მაგრამ მაინც ვაი-ვაგლახით მივსდევდი. „დიდი ხანია მგზავრობთ ნემეცების ქვეყანაში და ან როდის გამოხვედით ინგლისიდამ?.. მეორე თვეა, რაც გერმანიაში ვმგზავრობ. მაგრამ ინგლისიდამ კი არა ვარ. „მაშ ინგლისელი არა ხართ?“ არა: მაშ საიდამა ხართ? ეს კითხვა რომ მომცა, შედგა და პირდაპირ შემომხედა. „საფრანგეთიდამ ხომ არა ხართ?“ არა. მე რუსეთიდამ ვარ. „ო,ო,ო“. გაგრძელებით და კმაყოფილებით გამოსთქვა. „ეგ სხვა არის, რუსეთიდამაა! რუსეთის ხელმწიფისა დიდი მეგობარია ჩვენი ხელმწიფე ვილჰელმი და დიდი მეგობრობაც გაუწია ოსმალეთთან ომის დროს“. თქვენ საიდამ იცით ეგ? „როგორ თუ საიდამ? გაზეთებიდამ და ეს ყველამ იცის. „აი ეხლა ბერლინში როგორ გათავდა საქმე! ეს სულ ჩვენი ხემწიფის და თქვენი ხემწიფის მეგობრობის წყალობაა. ეს ჩემი თანა მოგზაური იმ ნაირათ ლაპარაკობდა პოლიტიკურ საგნებზე, რომ კაცს ეგონებოდა სადღაც დიპლომატიური მაღალი სასწავლებელი გაუთავებიაო და ამ ჟამად სწორედ მიწერ-მოწერა აქვს დიპლომატებთანა. - თუმცა მინდოდა ეს ახირებული კაცი ბევრი მელაპარაკებინა, მაგრამ ამისმა სიჩქარით სიარულმა გული გამიწვრილა და ვფიქრობდი, თუ როგორ ავსხლეტოდი. ამ ფიქრში რომ ვიყავი, ჩემ ბედზე, ერთი პატარა ბილიკიდამ შარა-გზაზე ამოვიდა ჩვენ პირდაპირ ერთი დარგვალებული და პირ მოპარსული შუა ხნის კაცი, რომელიც ჩემი მემუსაიფეს ნაცნობი გამოჩნდა. ამათ რომ ერთი ერთმანეთს ლაპარაკი დაუწყეს, მე ცოტა-ცოტაობით უკან დავრჩი და ბოლოს ერთ ადგილზე კიდევაც ჩამოვჯექი. მოხუცებულმა, მაგრამ ყოჩაღმა მოსიარულემ შემოიხედა უკან, დამიქნია ხელი, მაგრამ მე ვეღარ გავბედე იმასთან სიარული.

მაღლობზე კარგახან ვიჯექი და როცა საკმაოდ დავისვენე, გავუდექ ისევ გზას და დავეწიე ერთ თოთხმეტის წლის სუფთად ჩაცმულ ყმაწვილს, რომელსაც სოფლიდამ ხილი მოჰქონდა. ამასაც ცოტა რა რომ უჭირდებოდა ფეხით სიარული და ამისათვის ნელ ნელა წავედით. ბოლოს გადავდექით მე და ეს ყმაწვილი მაღლობზე და წინ გაგვეშალა მშვენიერი სურათი: მაღალი ხეების ბაღებიდამა და პარკებიდამა გამოიცქირებოდნენ თეთრად გალესილი მაღალი სახლები და ამათ ზემოდამ დასცქეროდნენ გოტიური შენობის ეკკლესიების გუმბათები; ერთად-ერთი ვიზანტიური შენობის ეკკლესიის ოქროთი დაფერილი გუმბათი. კიდევ ტყიანი ბორცვიდამ ბრწყინავდა და თავის არე-მარეს ამშვენიერებდა.* ზოგიერთი ბორცვების გვერდებზე ანუ მხარეებზე დაბალი აქაურათ შემუშავებული ვაზი შეფენილი იყო და მზის ჩავარდნის დროს მშვენიერ სანახავს წარმოადგენდა. ყველა ამას რგოლივით შემორტყმული ჰქონდა ტყით შემოსილი ბორცვები. ეს გახლდათ ვისბადენი. სადაც ათი წამის შემდეგ ქუჩა-ქუჩა დავდიოდი და ვეძებდი ჩემთვის კარგს და იაფის ფასის ოთახს.

___________________

* ეს მუსსების ეკკლესიაა.

ივერია. - 1878. - 26 ოქტ. - N42. - გვ. 6-8

5.7 ი. ვაჩნაძე - „კვალის“ კორესპონდენციები: ქალ. ვარშავა

▲back to top


შაქრო*

ვარშავის პირველ დანახვაზე თვალწინ წარმომიდგა უცხო სურათი. რუსეთის დიდი ქალაქებისაგან ისე განსხვავდება იგი, რომ ასე მეგონა, სადღაც საზღვარ გარეთ, რომელსამე უცხო ევროპიელ ქალაქში გავჩნდი მეთქი. ჩემი ყურადრება მიიპყრო ქალაქის სამაგალითო სისუფთავემ, რომელსაც ბევრი სხვა ქალაქები დაჰნატრიან ვარშავას. საითაც მიიხედავთ, მთელი ქალაქის ქუჩა-ეზოები და სახლები ისეა დაწმენდილ-დასუფთავებული, რომ დაკარგულ ნემსსაც კი ადვილათ იპოვით ქუჩაში. ყოველ სახლის წინ დილიდან საღამომდის, სულ მუდამ, დგანან მუშები ცოცხებით და ნიჩბებით და წმენდენ იქაურობას; თვით გამვლელ-გამომვლელისაგან გადაყრილ პაპიროზის და სპიჩკის ნამწვებსაც კი ჰკრეფავენ ქუჩებში, თუ კი დაინახეს სადმე. გარდა ქუჩების და ეზოებისა, ყოველ სახლის კედლებსაც ჰრეცხავენ და წმენდენ ყოველ დღე. ქუჩებში ვერსად ვერ შეხვდებით უბრალოთ მაწანწალა და მოხეტიალე ლოთს ანუ მათხოვარს. თითქმის ყველა სახლების და დუქნების კარებებზე აწერია, „მათხოვარობა აკრძალულიაო“: ყველა უბინადრო მათხოვართათვის თავშესაფარი და სასადილოებია გამართული.

პოლონელი ხალხი, როგორც ეტყობა, მეტად ზდილობიანი ყოფილა, მარტო მაღალი საზოგადოება კი არა, არამედ თვით აქაური მუშა ხალხიც კი. ქუჩებში თუ ვინმემ უნებურათ ფეხი წამოგკრათ, უსათუოთ დიდის ზდილობით, რამდენჯერმე, ბოდიშს მოიხდის; სხვა ქალაქებში კი ბევრჯელ ერთი-ერთმანეთს ისე დაეჯახებიან ხოლმე, რომ თავბრუს დაასხამენ და ისე გაივლიან, თითქოს არაფერიაო.

არც ერთ რუსეთის ქალაქში ვერ ჰნახავთ ისე კოხტათ, სუფთათ და მოხდენით მორთულ, სხვა-და-სხვა ახალ მოდაზე ჩაცმულ-დახურულ ხალხს, როგორც აქ. საზოგადოთ ყოველი პოლონელი ქალი ხელსაქმის დიდი მოყვარული ყოფილა: სამაგალითოთ მისდევენ ათას გვარ საქმეს და ჭრა-კერვას: ერთ ქალს ვერ ჰნახავთ, რომ რაიმე ხელსაქმე არ იცოდეს. ქალების ჩასაცმელ-დასახური ისე იაფათ იყიდება აქ, რომ, არა თუ შეძლებულთ, საწყლებსაც კი ადვილათ შეუძლიათ მორთულნი იარონ. საუკეთესო კაბის შეკერვის ხელფასს სამ მანეთს იღებენ აქ ნაქები მკერვალები, სხვა ქალაქებში კი თითო თუმნათაც არა ჰკერავენ უბრალო კაბებს.

მეტად საინტერესოა აქაური „შეუძლებელ ხალხის დამხმარებელ საზოგადოების“ მიერ გამოგონილი ერთი ზომა. ამ საზოგადოებას, გარდა სხვა-და-სხვა კერძო შემოწირულობისა, უმთავრეს შემოსავლის წყაროთ შემდეგი აქვს. ჰყავს დაქირავებული რამდენიმე კაცი: ისინი დადიან მთელ ქალაქში და აგროვებენ ყოველგვარ გამოუსადეგარ და გადასაყრელ საქონელს, მაგალითათ ძველი წიგნებისა და ქაღალდების ნახევებს, ყოველ გვარ ძონძებს და მჩვრებს, შუშების ნამტვრევებს, რკინას, ტყვიას, თუჯს და სხვ. ყველა ამას ჰყიდიან აქაურ ქარხნებში, მაგ. სხვა-და-სხვა ქაღალდების ნაფლეთებს ფუთს 50 კაპ., წიგნების ნახევებს 80 კაპ. და სხვ. აქ ყოველ გროშს ძვირათ აფასებენ.

აქაური მეეტლეები დიდ ვაჟბატონებსა ჰგვანან მოკაზმულობით: ცხენები სულ ინგლისურ მოდაზე მორთულ-მოკაზმულები ჰყავთ. არსად იმდენი ხალხი არ დადის ველოსიპედებით რამდენიც აქ; ველოსიპედით დადიან ექიმები ავათმყოფებთან, ვექილები სასამართლოებში, წერილების და დეპეშების დამტარებლები და სხვ. და სხვ... ზოგს ველოსიპედებისთვის უკან დიდრონი ყუთებიც კი დაუკრავთ და საქონელი, ბარგ-ბარხანა თან დააქვთ, ამ ბოლო დროს ორთქლ-მავალი ეტლებიც გააჩინეს ბევრმა და ისინიც დაჰქრიან. ყველა ამაებს ცხენიანი მეეტლეები ყურებ-ჩამოყრილები შეჰყურებენ.

ერთმა აქაურმა პოლონელმა აი რა მითხრა, საზოგადოთ ქ. ვარშავის შესახებ: - რაც ვარშავაში საუკეთესო შენობებს უყურებთ, ან სააღებ-მიცემო ადგილებს, სულ ურიებისააო. მართლაც შაფათობით აქაურ დუქნებ-ბაზრებში ვერაფერს იშოვით სასყიდელს: თითქმის ყველა დაკეტილია, კვირაობით კი სულ ღიაა; ამით დავრწმუნდი, ვის ხელშიაც ყოფილა აქაური ვაჭრობა.

აქ ერთი ღვინით მოვაჭრეა, გვარათ პ. კაზაზიანცი. თავის ღვინოს სულ კახურს უძახის და განა მარტო კახური სახელის დარქმევას კი კმარობს; ღვინოებისათვის ბოთლებზე დაუწერია, სახელათ „ნინო“ და „თამარი“. გავხსენი რამდენიმე ბოთლი, გავსინჯე და აი ეს „ნინოს“ და „თამარის“ ღვინოები ღირსებით აღმოჩნდა შაქარ-წყალი მოდუღებული და შიგ ცოტა არაყი და ღვინის ფერი გარეული. პატრონი ეფიცება ყველას, კახეთში სულ ასეთი ღვინოები დგებაო. უეჭველია ჩვენებურ ღვინოებს სახელს გაუფუჭებს.

კვალი. - 1897. - N23. - გვ. 446-447.

6 ფემინიზმი

▲back to top


6.1 პეტრე ჩარექოვი - რამდენიმე სიტყვა ქალის აღზრდაზე

▲back to top


ამონარიდები სტატიიდან

ჩვენ შეგვხვდა ცხოვრება მეტად შესანიშვნელს და ბედნიერს დროში. იმ დროში, რომელშიაც კაცის აზრნი და იდეანი სიჩქარით იცვლებიან და განიწმინდებიან ყოველთა საშუალ-საუკუნოების შეცდომილებათაგან და ამით გვაახლოვებენ ჩუენ ჭეშმარიტებისადმი, რომელშიაც მეცნიერება და განათლება იქმონან დიდსა ნაბიჯსა წარმატებისა და განათლებისა გზაზედ, და უკანასკნელ, რომელშიაც იბადებიან და დაბადებისთანავე თხოულობენ დაუყოვნებლივსა გარდაწყვეტასა, მრავალნი სხუა და სხუა გვარნი კითხუანი შესახებელ საზოგადოებით და სახელმწიფოთ ცხოვრებით საგნებთა. ხოლო ამათ რიცხვში პირუელი ადგილი უჭირავს ქალის აღზრდასა, რომ უკეთესად წარმოვადგინო ყოველი პირობა რაც რამ საჭირო არის ქალების აღზრდისათვის. პირუელად უნდა ვსთქვა ორიოდე სიტყუა, თუ რა დანიშნულობა აქუს ქალსა ქვეყანაზედ.

თვით ბუნებამ შექმნა ქალი ყოვლისა წოდებისა და მდგომარეობისა ცხოველ გულად სახლობისა, ოჯახისა და მით უჩუენა მას მისი პირდაპირი დანიშნულება, რათა იცხოვროს და იმოქმედოს კეთილობისა და ბედნიერებისათვის თავისისა ოჯახისა. აქ ქალი გამოჩნდების პირველად საყუარელ მეუღლედ, მეორედ გულმხურვალე დედად, გამზრდელად ახალის შთამომავლობისა, და მესამედ გონიერ სახლის მართველად...

ჩვენს საზოგადოებაზედ არსებობენ მრავალნი ფერად-ფერადნი ჰაზრნი ქალის აღზრდაზედ: ზოგნი ფიქრობენ, რომ აღზრდა ქალისა უნდა შემოისაზღვრებოდეს ცოდნითა მხოლოდ სახლოსნობისა და ხელთ-საქმნარისა. იმათის ჰაზრით ღირსება ქალისა მდგომარეობს მხოლოდ სულიერობაში და გარეთ გაუსვლელობაში, თვით მის-მიერ გაუგებელს აღსრულებაში ყოველთა ეკკლესიურთა წესდებულებათა და რიგთა, მონებრივსა და თითქმის ბრმა მორჩილებაში ყოველთა ბრძანებათა და სურვილთა თავისისა ქმრისა და სხ. ხოლო გონებითი და ზნეობითი გახსნა ქალისა, შეადგენს, იმათის აზრით არა დიდსა საჭიროებასა. სხუანი ვითამც უფრო დაწინავებულნი განათლებულნი - ფიქრობენ, თუ აღზრდა ქალისა მდგომარეობს ამაში, რომ იმას შეეძლოს ბრწყინვალედ გამოჩენა საზოგადოებაში და ანბობდნენ განათლებული ქალიაო. ესე იგი, შეიძლოს ტარტარი ფრანციცულსა ენაზედ, ტურფად მიხვრა-მოხვრა, კეკლუცად ტანცაობა, ალერსიანად შეხვედრა, თავისუფლად ქცევა უცნობთ პირთა და უკეთუ ამაებს დაემატების ცოდნა როგორმე ფორტეპიანის დაკვრისა, მაშინ ის იწოდების სამაგალითო განათლებულ ქალად, ასე რომ ყოველივე მოქმედება და ქცევა იმისნი ღირს არიან მიბაძვისა და გარდაღებისა. ხოლო ზოგნი სხუანი, რიცხვთა შორის რომელთაც ეკუთვნის მწერალი ამ სტრიქონთა; უყურებენ აღზრდასა ქალისასა სხუა რიგის თვალით: იმათის აზრით კანონიერი აღზრდა ქალისა მდგომარეობს პარალელურ გახსნასა შინა სამთა მათ ელემენტთა, რომელთაგანაც შემდგარი არის ბუნება ქალისა, ესე იგი: ფიზიკურთა, ზნეობითთა და გონებითთა ნიჭთა და ძალთა მისთა...

ახლა გავშინჯოთ თუ რაოდნათ აღასრულებენ თვიანთს დანიშნულებასა ჩუენი კავკასიის ქალთ-სასწავლებელნი, ესე იგი: ინსტიტუტნი და ზავედენიები, რაოდნათ უხსნიან გონებითთა და ზნეობითთა ძალთა თვისთა მოსწავლეთა; (ფიზიკური გახსნაი იმათ ფიქრშიაც არ მოზდით) ამისათვის ავიღოთ ერთი ინსტიტუტიდამ, გინა ზავედენიიდამ გამოსული ქალი, და ვნახოთ რას წარმოგვიდგენს. შეხედამთ რა იმას თქუენ, ბატონო მკითხველნო, უსათუოდ იტყვით: „ოხ, რა საუცხოოთ გაზრდილი და განათლებული ქალიაო“ და მართლაც: კოხტა ჩაცმულობა, ტურფად მიხვრა-მოხვრა, ნაზი ქცევა, ჩინებული და წყლიანი ლაპარაკი და ხანდისხან ფორტეპიანის დაკვრის ნიჭიც აძლევს იმას გარეგანსა სახესა ევროპიის ქალისასა, მაგრამ როდესაც შინჯამთ და დაუწყებთ მას ლაპარაკს რომლის ენაზედ რომლის ცოდნა უფრო საჭიროა, იმის ცხოვრებისა და ბედნიერებისათვის სახლზედ, ოჯახობაზედ, შვილებზედ, იმათ აღზრდაზედ, ქმრის სამსახურზედ, მაშინ თქვენ დაშთებით ძლიერ გაკვირვებული იმისის უსაფუძვლო პასუხებითა...

სრულის გონების გახსნისათვის უსაჭიროესად უნდა მიიღოს სრული ენციკლოპედიური განათლება; მხოლოდ ესრეთითა განათლებითა მას შეუძლიან განთავისუფლება იმ მონებიდამ, რომელშიაც არიან ეხლა აზიულის ჩვეულებისაგან, და მაშინ მოიპოვიან თავის სრულს ღირსებას სიმართლესა, პატივს თანასწორ მამაკაცთა, რომელსაც ეხლა სრულებით მოკლებულნი არიან რომელნიც თანასწორობას უსათუოდ ეკუთვნის იმას, და რომელთაცა უწყებულ ხარისხადმდე უკუე სარგებლობენ დღეს ქალნი განათლებულს ევროპიის სახელმწიფოებში. ასე რომ, მე შემიძლიან დაბეჯითებით ვსთქუა: თვისუფლება და განათლება ქალისა უწყებულს სახელმწიფოში მდგომარეობენ ზემოთ აღწერილს პირობებში.

ახლა თვალი გადავავლოთ ქალის მდგომარეობაზედ დასავლეთისა ევროპიაში და მჩრდილოეთისა ამერიკაში, რომელთაცა დიდათ დაიწინაურეს განათლებისა და მეცნიერებისა გზაზედ და ვნახოთ, თუ რა დიდს როლს თამაშობს იქ ქალი. მე არ შემიძლიან სისრულით გამოვსთქვა ის საზოგადო ღრმა პატივისცემა, კეთილ კრძალულება, სამაგალითო და თითქმის გასასტერებელი თავაზიანობა, რომელიც აქუს იქ ქალსა; და უფროსღა ამერიკაში, სადაც მოწყალებითა დიდისა განათლებისა, არ არსებობენ არა ვითარნი სხუა და სხუა გვარნი წოდებანი და შთამომავლობითნი ღირსებანი, - ნეშტნი საშუალ საუკუნეთა შეცდომილებათა და მთავარნი მიზეზნი ჩუენი ესრეთისა დავარდნილის მდგომარეობისა, სადაცა თავისუფლება, ერთ სიმართლევანობა, და თანასწორობა დაგვირგვინებულნი ჰსჯულისაგან, შესულ არიან ჩვეულებასა და ხასიათი ერთობ ხალხთა. ქალი, რომელიც მეტად ზემოქმედებს არა მარტო ჩუენს ნივთიერს, არამედ სულიერს მდგომარეობაზედაც - რომელიცა თავისის სიყვარულიანის ნაწილებით განაბნევს ყოველთა შემთხვეულს ჩუენდამი ჯავრთა და მწუხარებათა და ერთადვე განატკბობს სულიერსა ჩუენსა მყოფობასა, მაშა სადამე, გარეშე ყოვლისა ეჭვისა არის რომ ესე ვითარ არსებას აქუს სრული ზნეობითი სიმართლე ჩუენგან ღრმად პატივისცემისა განუზომელისა თავაზიანობისა და შეუცვლელისა სიყვარულისა.

______________

* ი. ვაჩნაძე

ცისკარი. - 1863. - N2. - გვ. 301-309

6.2 გიორგი წერეთელი - დედა-კაცის აზრი დედა-კაცებზედ

▲back to top


„ახლანდელს დროში დაწინავებულნი პირნი განათლებულს ქვეყნებში ნამდვილათ გრძნობენ, რომ ქალს საზოგადოებაში არა აქვს მინიჭებული თავისი შესაფერი მდგომარეობა. ყოველ სახელმწიფოს სჯულში არის ზოგი იმისთანა კანონები, რომლის გამოთაც დედა-კაცი იჩაგრება და იმდენი თავისუფლება არ მიეცემა, რამდენიც საჭიროა სახელმწიფოს კეთილ მდგომარეობისთვის და შთამომავლობის სასარგებლოთ. ეჭვი არ არის, ამ სიტყვებზედ ჩვენი ქალები წყრომას დაგვიწყებენ. - როგორ თუ შესაფერი მდგომარეობა არა გვაქვსო? დაჩაგვრა კი არა, ჩვენოდენი უფლება და ღირსება არავის არა აქვს. აი წარმოვიდგინოთ, როდესაც ქალი და კაცი ქუჩაში ერთათ დასეირნობენ; დედა-კაცი წინ მიდის და მამა-კაცი კი ბიჭსავით უკან აედევნებაო. ქალები არა ვართ, რომ კაცები, როგორც მეფეს, მოწიწებით ხელზედ გვკოცნიან და ზოგჯერ ჩვენს წინ მუხლსაც მოიყრიან? აბა ერთი მიჩვენე საზოგადოების ყრილობაში, თუ ქალს ყოველთვის კაცზედ უპირველესი ადგილი არ უჭირავს! ვის გაუგონია ამ გვარი ცილის წამებაო! არა, ეგ ტყუილი მოგიგონია, ვიღაც გამოსულხარ და სწერ; მაგ სიტყვებს არაოდეს ჩვენ თავზედ არ მივიღებთ. ჩვენისთანა ბატონები მამა-კაცები არ არიანო, ჩვენ ოჯახებში ბატონებათ ვზივართ და ისინი კი ოფლის წურწურით შრომობენ და ხარჯს გვაძლევენო. - პატივცემულნო მანდილოსანნო, ძლიერ ნუ გაცხარდებით; გული დაიმშვიდეთ და ისე მოისმინეთ ჩემი საუბარი. მე აქ უფრო ერთის გამოჩენილის დედა-კაცის პირით ვლაპარაკობ, რომელსაც არ მოსწონს ქალის ბატონობა ახლანდელს დროში და ამბობს, რომ ამ გვარი ბატონობა დედა-კაცის დამამცირებელი და შეუფერებელი არისო. მაშ ახლა განვაგრძობ ლაპარაკს. დედა-კაცს კანონით აკრძალული აქვს, რომ თავისი ნიჭი და გონიერება საზოგადოების წარსამატებლათ მოიხმაროს. დედა-კაცს არ შეუძლიან საზოგადო საქმისთვის იშრომოს, ისე როგორც მამა-კაცსა; იმას არ შეუძლიან ცხოვრების საშუალობა პატიოსანის გარჯით მოიპოვოს. საზოგადოების ჩვეულება დედა-კაცს ნებას არ აძლევს, რომ თავისი გონება გაანათლოს იმდენათ, რამდენათაც მამა-კაცს შეუძლიან თავისის გონების გახსნა. საზოგადოების წესდებულება უშლის დედა-კაცს, რომ ის სახელმწიფო გამგეობის წევრათ გახდეს; იმას არ შეუძლიან შეიქნეს მასწავლებელი, ექიმი, სამოქალაქო თანამდებობის აღმასრულებელი და სხვა. რადგანაც დედა-კაცს არა ვითარი წყარო თავისუფლათ ცხოვრებისა არა ჰქონია, ამისთვისაც ის გამხდარა სრული მონა მამა-კაცისა. ის პირმოთნეობა, რომელიც ცოლ-ქმრობაში ხშირია ოჯახის გამრყვნელი და ზნეობის დამამცირებელია. ხასიათის შეუთვისებლობით რომ ცოლის გულში უკმაყოფილება აღიძრას, უეჭველათ ქალმა ეს უკმაყოფილება უნდა დაჰფაროს და მუდამ თავის გულს უნდა ასკდებოდეს. ამ ნაირის მდგომარეობისაგან დედა-კაცი ვერას ღონისძიებით თავს ვერ იხსნის. თუ ეს უკმაყოფილება იმან ცხადათ წარმოსთქვა, ვაი იმის მოსწრებას!.. მეტი გზა არ არის, ყოველს ამ ნაირს მდგომარეობაში დედა-კაცი პირმოთნეობით უნდა აღიჭურვოს. აი, ამ გვარმა საზოგადოების სასტიკმა ჩვეულებამ და სჯულმა აღძრა ქალების დრტვინვა და განათლებულის კაცების უკმაყოფილება.

ყოველი ჭკვიანი ქალი და კაცი ევროპისა და ამერიკისა ებრძვის საზოგადო წყობილებას და იმის ჩვეულებას დედა-კაცის მდგომარეობის გაუმჯობესობისათვის. სხვათა დედა-კაცებთა შორის ერთი ფრიად განათლებული ქალი, გრაფინა დორა დისტრია ძალიან უკმაყოფილოა ახლანდელს შეუფერებელს ქალის მდგომარეობაზედ. დორა დისტრია დედა-კაცის მდგომარეობას სხვა და სხვა საზოგადოებაში ისტორიულათ განიხილავს და იმ აზრზედ დამყარდება, რომ უგუნურს კაცის სიმძლავრეს დედა-კაცი მამა-კაცის მონათ გაუხდიაო. აი რას იტყვის ისა: ველურს ხალხში დედა-კაცს პირუტყვსავით ეპყრობიან და ზოგჯერ იმის მდგომარეობაზედაც უფრო სამძიმოა. აქ დედა-კაცი ღმერთებისაგან მოძულებულათ მიაჩნიათ. დედა-კაცს მამა-კაცთან პურის ჭამა არ შეუძლინ; რაც მამა-კაცის საჭმელია, იმას დედა-კაცი ვერ შეეხება, მამა-კაცთან ვერ დაჯდება. რომელს ჭურჭელსაც მამა-კაცი ხმარობს, დედა-კაცი იმ ჭურჭელს ვერ იხმარებს. ის იქ მამა-კაცს ვერას დაამადლებს და მამა-კაცი კი იმაზედ ხშირათ მოიხმარს ხოლმე თავისს ძალას. ამ გვარი დედა-კაცის დამოკიდებულება ძველიდამ აქამომდე მომდინარეობს, მხოლოთ ეს კი არის, რომ ეს დამონავება თან-და-თან სუსტდება. აღმოსავლეთის ქვეყნებში ქალის მდგომარეობა არ არის ისე სასტიკი. დედა-კაცი რომ ველურს ხალხს პირუტყვად მიაჩნია, აღმოსავლეთის ხალხი იმას ისე უყურებს, როგორც თავისს მონას. თუმცა ქალი იქაც ნივთსავით საკუთრებათ მიაჩნიათ, მაგრამ ეს საკუთრება ოჯახის მმართველია და იმას ფასიც აძევს: დედა-კაცს აქ ყიდულობენ. რადგანაც აღმოსავლეთში დედა-კაცი სავაჭრო საქონელია, რომელიც უნდა გაისყიდოს, ამისთვის უეჭველია, ვისაც მომატებული შეძლება აქვს, ის ამ ნაირს ნივთს უფრო ბევრს მოიპოვებს და აი აქედამაც უნდა წარმომდგარ იყო მრავალცოლიანობა. განათლებულს საბერძნეთში და რომში ქალი უფრო პატივცემული იყო. აღმოსავლეთსავით იქ დედა-კაცს არა ყიდდნენ, და არც ითვლებოდა ისა მამა-კაცის მონათ, თუმცა იმავე მამა-კაცის ხელში იყო სრულებით.

ქრისტიანობამ თავისის ღვთიურის აზრებით იმ დროში ძირიცვლილება ვერ მოახდინა დედა-კაცის შესახებ. რომის განათლებას არ შეეძლო, რომ საქრისტიანო აზრებზედ გავლენა არ ჰქონოდა, როდესაც ეს აზრები ხალხში ვრცელდებოდნენ. ამ მიზეზისა გამო ქრისტიანობამ ვერ შეიძლო დედა-კაცის მდგომარეობის გაუმჯობესობა. ამას ჩვენ ახლანდელს დროშიაც ნათლათ ვხედავთ. ჩვენში დედა-კაცი უწინდელათ ბევრს უფლებას არის მოკლებული. ის უწინდელათ არის მამა-კაცის დამოკიდებულების ქვეშ, მაშინ როდესაც ეს დამოკიდებულება იმისთვის სრულიად საჭირო არ არის.

მწერლები, რომელნიც საზოგადო მონებისგან დედა-კაცის განთავისუფლებას ეწინააღმდეგებიან, ორ გვარს საბუთებს წარმოადგენენ. ერთი საბუთი იმას შეიცავს, ვოთომც დედა-კაცს თავისი შესაფერი თავისუფლება ქონდეს მინიჭებული; დედა-კაცის დანიშნულება, იმათის აზრით, ოჯახობა არის და აქ ის სრული თავისუფალიაო. მაგრამ დორას აზრით ოჯახის მოვლის გარდა ქალს კიდევ ბევრი თავისუფალი დრო დარჩება. იმას უნდა ნება მიეცეს, რომ დანაშთენი თავისუფალი დრო საზოგადოების სასარგებლოთ მოიხმაროს, როგორათაც საზოგადოების წევრმა. ერთის სიტყვით, ვისაც ჰგონია, რომ დედა-კაცი მარტო კარგი მეოჯახე უნდა იყოსო, ისინი ძალიან სტყუიან, ამისთვის რომ შეიძლება კაცი კარგი ოჯახის მომვლელი იყოს და ამასთან კარგი ექიმიც, კარგი ვაჭარიც, კარგი ვექილიც, კარგი ისტორიკოსიც, კარგი სახელმწიფო მოხელეც და სხვ. ოჯახობა, როგორც მამა-კაცს, აგრეთვე დედა-კაცს ვერ დაუშლის ისტორიკოსობას და მრავალს სხვა რიგს სამოქალაქო სამსახურსა.

მეორე საბუთი დედა-კაცის წინააღმდეგ ამ აზრს წარმოადგენს, ვითომც იმისი ნიჭიერება და მამა-კაცისა შორის შორს იყოს; მაგრამ ამ გვარი აზრიც დორას ფიქრით სრულიათ უსაფუძვლოა. დორა დისტრია აიღებს ისტორიას და იქ ცხადათ გვიჩვენებს, რომ სწავლაში, პოლიტიკაში და სარწმუნოების სფერაში გამოჩენილნი დედა-კაცები ყოფილან. შესანიშნავია ერთი იტალიელი ქალი, რომელიც სხვათა შორის დედა-კაცის ნიჭიერების დასამტკიცებლათ მოჰყავს დორას. ამ დედაკაცს რქმევია მარიამ გაეტანა აგნეზი. ცხრა წლისა რომ შექნილა იმას დაუწერია ლათინური თხზულება, რომელიც ნათლათ ამტკიცებს, რომ დედა-კაცსაც შეუძლიან ამ გვარი შრომა. თერთმეტის წლისას ამ ქალს ბერძნული ესმოდა და ოცდა ათის წლისა ლათინურიდამ თარგმნიდა ბერძნულათ, იტალიურათ, ფრანცუზულათ და ნემეცურათ, შემდეგ იმან კიდევ ისპანიური და ებრაული ენა ისწავლა. ოცის წლისა იყო მხოლოთ, როდესაც პაპამ ბენეტიკტმა XIV ის მიიწვია პროფესორათ მათემატიკის კათედრაზედ ბოლონის უნივერსიტეტში. ეს პატივცემული ადგილი ამ დედა-კაცმა დაიმსახურა თავისის შესანიშნავის მათემატიკურის თხზულებით, რომელიც იმ დროს სწავლულებში ძალიან ხმა გავარდნილი იყო. ლაურა ბასსიც თითქმის ისე შესანიშნავია ფილოსოფიაში და ფიზიკაში, როგორც აგნეზი. როდესაც პრუსიაში თავისუფლებისთვის ომიანობა მოხდა, მაშინ მრავალმა დედა-კაცმა თავი გამოიჩინა მამულის სიყვარულით და სხვა მოღვაწეობით. სხვა და სხვა სწავლის ნაწილშიაც ბევრი სახელ განთქმული დედა-კაცები არიან, მაგალ. ფილოსოფიაში მარკიზ-დე-შეტელე, ვოლტერის მეგობარი, ეთნოგრაფიაში ანუ ხალხის აღწერაში, გეოგრაფიაში, ფიზიკაში სოფიო ჟერმენი, იდა ფეიფერი და მისი შტრიკლანდი, ასტრონომიაში ზომერვილი და მრავალი სხვ. ეს დედა-კაცები ყოველს საბუთზედ უფრო ნამდვილათ გვიჩვენებენ, თუ რამდენათ უსაფუძვლოა იმ კაცების აზრები, რომელნიც ეწინააღმდეგებიან დედა-კაცის მამა-კაცთან გათანასწორებასა, და ამბობენ, ვითომც მამა-კაცის ნიჭიერება ბევრათ მაღლა იდგეს დედა-კაცის ნიჭიერებაზედ. ახლა ევროპის საზოგადოებაში დაწინავებული პირები უფრო იმ აზრზედ არიან დამყარებულნი, რომ დედა-კაცი განთავისუფლდეს მამა-კაცის ნივთიერებითის დამოკიდებულებისაგან და ის უფლება მიენიჭოს იმათ, რომელიც მამა-კაცს აქვს. რა საკვირველია, ამ გვარი თავისუფლება დედა-კაცს მიანიჭებს ნამდვილს კაცურს ღირსებას და ამასთან იმის დაჩაგრულს მდგომარეობასაც აღადგენს.“

დროება - თბილისი, 1866 - N5. - გვ. 1

6.3 ერთი ამერიკელი ქალის ყოფნა პარიჟში...

▲back to top


ერთი ამერიკელი ქალის ყოფნა პარიჟში. სულ ათი-თხუთმეტი წელიწადი არ იქნება, რაც ჩვენმა ქალებმა გახშირებით შემოიღეს ბაზარში სიარული. ადრე ამ ოცდაათი წლის წინათ თუ ნახავდა კაცი დედაკაცსა იმასაც ხნიანსა ნახავდა, უფრო ან დალალებისაგან (მოსიარულე ვაჭრებისაგან) ყიდულობდნენ, ან ბაზრიდგან საქონელს მოატანინებდნენ შინა და ასე ვაი ვაგლახით უნდა ეყიდნათ რამე. ჯერ ეხლაც მარტო მოსიარულე ქალს ძნელათ ნახავს კაცი, უეჭველათ თან ვინმე ჰყავს. ამისი მიზეზი რასაკვირველია დაუჩვევლობაა, ერთი და ერთი რომ ადათი არა ყოფილა, ამას მისდევენ. მეორე მიზეზიც ის არის, რომ კაცები უმართებულოთ იქცევიან ქალებთან, მეტადრე ყმაწვილი კაცები. ვის არ გაუგონია ქალაქის საყდრების დღეობაების ამბები, რომ ამა და ამ ქალს ესა და ეს უპატიურობა მიაყენესო, ამას და ამას ლეჩაქი მოსჭრეს, ამას შალიო, ამას თმა, ამას უჩქმიტესო და, ვინ იცის რამდენი სირცხვილი და ბიაბურობა არ მიუყენებიათ არა თუ მარტო გასათხოვარი ქალებისთვის, ქმრიანებისთვისაც კი არ დაუკლიათ. ეხლა კიდევ ქალს მარტო სიარული შეუძლიან დღისით, ღამე კი ღმერთმა შეინახოს. აბა გაბედოს ქალმა და ბინდისას ჩვენ განათლებულს და განათებულს ბულვარზე გამოიაროს მარტო, თუ მაშინვე ერთი როტა ყმაწვილი კაცებისა არ დაედევნოს, ან გზა არ შეუკრას, ურცხვი ლაპარაკი არ დაიწყოს და ბოლოს ხელი არ ჩაავლოს. რამდენი წივილ-კივილი და ცემა-ტყეპა ხდება ხოლმე ამ ბულვარზე. აი რა წამხდარი და პირუტყვული ყოფა ქცევისაა ჩვენი ხალხი: ხმის ამომღებსაც კი კაცი არა ნახავს, რომ უპატრონო ქალს გამოესარჩლოს და უსიამოვნება მოაშოროს ხოლმე.

სწორეთ ამგვარივე, უმართებულობაა სხვა და სხვა დიდს ევროპის ქალაქებში. მოხდება ხოლმე, რომ პატიოსანი ოჯახის ქალი ღამე მიდის თავისთვის. დაედევნება რამდენიმე კაცი, ჩაავლებს ხელს და ვინ იცის რას არ ჩაიდენს, რა უპატიურებას არ მიაყენებს, მაგრამ ამ შემთვევაში გამვლელ გამომვლელი ან პოლიციის მოხელე გეერევა, ქალს აშვებინებს და უკან მომდევარებს სამართალში აძლევენ გაუპატიურებისათვის. ამერიკაში სულ სხვაა. იქ ქალი ყოველთვის თავისუფლათ მარტო დადის და ძნელათ მოხდება, რომ კაცისაგან უპატიურება მიადგეს ქალსა. არა თუ ქალაქში მგზავრათაც კი მარტო დაიარებიან გასათხოვარი ქალები. ისეთი ადათია, რომ მანამ ქალი არ დაელაპარაკოს კაცსა, კაცისაგან გამოლაპარაკება ძალიან უმართებულობათა აქვთ მიღებული. ხშირათ იციან თურმე ქალებმა, რომ თუ დაჭირება აქვთ რამე ისეთი, რომ საჭიროა ადამიანი ჰყვანდეთ თანა, ქალი სთხოვს კაცსა, რომ თუ შეიძლებოდეს ამა და ამ ადგილამდინ გამაცილეთო. ამ შემთხვევაშიაც თურმე უმართებულება იქნება, რომ უარი უთხრას კაცმა ქალსა. გააცილებს ადგილამდინ და ისე მოშორდებიან ერთმანეთს როგორც, ჩემო მკითხველო, მე, ამის დამწერი, და შენ, ერთმანერთს არ ვიცნობთ და ერთსა ამბავსა ვკითხულობთ გაზეთში. ამ ამერიკელ ქალს რა გაჭირება შემთხვევია პარიჟში. ზაფხულს პარიჟის გამოფენის სანახავათ მოსულა (ამ ზაფხულს ქვეყნის გამოფენაა პარიჟში, რაც ქვეყნის ზურგზე ქვეყნებია, ყველა ქვეყნებიდამ მიწისა თუ ხის მოსავალი, ან ხელოსნობით რამ არის გაკეთებული, ან ქარხნისა ან ფაბრიკისა ერთის სიტყვით, რაც კაცის ხელსა და გონებას გაუკეთებია და მოუგონია, ყველას ნიმუშები იქარის მოგროვებული და ხალხისთვის სანახავათ გამოფენილია ერთ დიდს შენობაში. ამიტომ ამას გამოფენას ეძახიან. ამ გამოფენას იმიტომა მართავენ, რომ სხვა და სხვა ქვეყნების ხალხმა უფრო ადვილათ ნახოს ყველა ხალხის ნამუშავარი და, რაც საჭიროა, თითონაც მიიღოს. რასაკვირველია, ვისაც ღონის ძიება აქვს, მიდის და ამას გარდა ყველა სახელმწიფოებიდამ მთავრობა რამდენსამე ნასწავლ კაცსა გზავნის ავისა და კარგისა შესატყობლათა. ამ გვარი მთელი ქვეყნის გამოფენა ორ ქალაქში ხდება ხოლმე. ფრანციის ქალაქში: პარიჟში და ანგლიისა - ლონდონში ათ წელიწადში ერთხელ, გამოფენა ლონდონში იქნება 1872-სა წ.) ამ გამოფენის სანახავათ მოსულა ერთი ამერიკელი გასათხოვარი ქალი რაგინდარაების საყიდლათ ხშირათ დადის თურმე ერთ გამოჩენილ მაღაზიაში და ყოველთვის ერთს პრიკაშჩიკს ელაპარაკება ხოლმე. ქალი მშვენიერი იყო და ის პრიკაშჩიკი ზდილი. ბოლოს ერთ დღეს მივიდა იმავე მაღაზიაში დაღვრემილი, საჩქაროთ რაღაც ფარჩა იყიდა და პრიკაშჩიკს უთხრა: „ერთ საათს შემდეგ შინ ვიქნები, ამა და ამ ადგილას ვდგევარ, გაისარჯეთ მოდით და ბიჭსაც ეს ფარჩა მოატაინეთო.“ ამ სიტყვებთან ცივათ თავი დაუკრა და გამოვიდა. პრიკაშჩიკი გაკვირვებული დარჩა, მაგრამ დანიშნულ დროს მივიდა ქალთან. ქალმა საუზმეზე მიიწვია, იმან უარი არ უთხრა. მაგრამ ქალი ისე შეშფოთებული იყო, რომ პრიკაშჩიკი დააფიქრა. ბოლოს უეცრათ ქალმა უთხრა: „ერთი ბძანეთ დაუკვეხრათა, თქვენ შეიძლებთ ქალი დაიცვათ გაუპატიურებისაგან?“ - დიახ შემიძლიან უპასუხა პრიკაშჩიკმა. - „ძალიან კეთილი. თქვენ ხომ თქვენი ოფლითა სცხოვრობთ?“ დიახ ჩემი შრომითა ვჭამ პურსა. „მაშ აი რას მოგახსენებ, მე თითქმის არავინა მყავს ქვეყანაზე და, რაც მაბადია, სულ ჩემია. მოვედი გამოფენისა და პარიჟის სანახავადა. აქ კი დავრწმუნდი, რომ ამ ქალაქში ქალს მცველი უნდა ჰყვანდეს. მე გავბედე და თქვენ ამოგირჩიეთ მცველათა. რაც დროება დაგეკარგებათ ჩემთან ერთათ სიარულისათვის, იმის გადასახადს ფულით გადაგიხდით. ამაზე არა სთქვათ, რა ეს ანგარიშის საქმეა. თანახმა ხართ თუ არა?“ პრიკაშჩიკმა არ იცოდა, რა ეთქვა, ბოლოს დასთანხმდა. - ქალმა უთხრა „მე იმედი მაქვს, რომ ქალის მოარშიყე უკან მდევარის კაცის მასხარობას არ იზამთ. თუ ერთი უმართებულობა შემიმჩნევია, ჩვენი, კანდრახტი დაირღვევა. რომელ დროდამ დავიწყოთ პირობის ასრულება“ - თუნდ ამ საათიდამა, უპასუხა კაცმა და ამ უცნაური შეკრულობის წერილი დასწერეს. პრიკაშჩიკი მართებულათ, ზდილობით და პატიოსნობით თან დასდევდა ქალსა ძმასავითა, ისე რომ ამერიკელი ქალი ძალიან მადლობელი იყო ამისთანა კაცის ამორჩევაზე. ორკვირას შემდეგ დაპირებული ფული გადაუხადა კაცსა და ერთმანერთს მოშორდნენ პატივისცემით და კმაყოფილებით. ქალი გაემგზავრა თავის ქვეყნისაკენ ამერიკაში. თუ ქალსაც თავის თავის შენახვა უნდა, შეინახავს.

დროება - თბილისი, 1867 - N36. - გვ. 4

6.4 პ - ქალი და მისი განათლება

▲back to top


.*

ნაწყვეტი სტატიიდან

ჩვენში დედაკაცი დაჩაგრული და უფლება-მოკლებულია. მისი ძალღონე და მოქმედება ფრთებ-შეკვეცილია. მისი მნიშვნელობაც უნიშანწყლო და უფერულია. ამაში ბრალი ედებათ როგორც თვით ქალებს, ისე უმეტეს ნაწილს საზოგადოებასაც.

რამდენად საზოგადოება დაბლათ სდგას განათლებისა და განვითარების საფეხურზედ, იმდენად დედაკაცის მდგომარეობაც შეზღუდულია და მისი პიროვნებაც შევიწროებული. რამდენადაც საზოგადოება წინ იწევს განვითარების გზაზედ, იმდენად ეცვლება მას აზრი დედაკაცის მდგომარეობასა, მის დანიშნულებასა და უფლებაზედაც.

რადგანაც საზოგადოების განვითარებამ ბევრნაირი გზა განვლო, ზოგი ხალხი უკან ჩამორჩა, ზოგმაც გაუსწრო, ამასთან ერთსა და იმავე ხალხშიც საზოგადოების სხვა და სხვა წევრები განვითარების სხვა და სხვა საფეხურზედ იყვნენ და არიან, ამიტომ დედაკაცის შესახებაც ბევრნაირი აზრი ბატონობდა და ახლაც ბატონობს. ყველა ეს აზრები მოკლეთ შეიძლება ასე გამოვთქვათ:

1. დედაკაცი არის მამაკაცის მონა, მისი მორჩილი ყმა, მისი ყოველივე ბრძანების და სურვილების შემსრულებელი, მისი შვილების აღმზრდელი, ის მუდამ მამაკაცის პატრონობის ქვეშ უნდა იყოს. სანამ გათხოვდებოდეს მისი პატრონია მამა, მერე ქმარი. რომ დაქვრივდეს, მისი უფროსი ვაჟი, ან სხვა უფროსი მამაკაცი ოჯახში ხდება მის პატრონად. ყველა სარგებლობს მისი შრომით, ძალღონით, მისი პიროვნებითაც; თვითონ ის კი ადამიანურ ცხოვრებას, ხმას და უფლებებს მოკლებულია.

2. მართალია, დედაკაცი უნდა ემორჩილებოდეს მამაკაცს, როგორც სუსტი ძლიერს, მაგრამ ის არ უნდა ითვლებოდეს მამაკაცის მონად. ის მამაკაცის ერთგული თანამშრომელია და ამიტომ აღიარებულ უნდა იქმნას მის მეგობრად, ჭირში და ლხინში ამხანაგად. რომ ქალმა უკეთესი და უფრო სასარგებლო ამხანაგობა გასწიოს, ამიტომ მის განათლებაზეც არის საჭირო ზრუნვა. მისი უმაღლესი და წმინდა დანიშნულებაა - შვილების აღზრდა და მოვლა. მისი ვალდებულებაა ოჯახის წვრილმანებზე თავის ტეხა და მზრუნველობა. საზოგადო საქმეებში მას ხმა არა აქვს, და რომც მიეცეს, არაფერში გამოდგება გარდა საქველმოქმედო საქმეებისა. რაიმე პოლიტიკურ უფლებების მინიჭება, ან მამაკაცთან გათანასწორება, შეუძლებელია, რადგანაც ის სუსტი არსებაა, უფლებებს ვერ მოიხმარს და თავის დანიშნულებას და ვალდებულებასაც გზას აუხვევს.

3. დედაკაცი ისეთივე ადამიანია, როგორიც არის მამაკაცი. თუ ის მოჩანს სუსტ არსებად, ეს ისტორიული პირობების და აღზრდის ბრალია. მას უნდა მიენიჭოს იმნაირივე აღზრდა და განათლება, როგორც მამაკაცებს და მიენიჭოს განათლება არა როგორც მამაკაცის თანაშემწეებს, არამედ როგორც იმნაირსავე ადამიანებს, როგორც მამაკაცები არიან. შრომის განაწილებაში მიენიჭოს მას ის სფერა და მოქმედება, რომელიც მას სურს, და სადაც მისი შრომაც უფრო ნაყოფიერი იქნება. პირადათ ის სრული თავისუფალი უნდა იყოს და ჰქონდეს მამაკაცთან შედარებით თანასწორი უფლებები როგორც ოჯახში, ისე საზოგადოებაში და პოლიტიკურ ცხოვრებაშიც. დედაკაცმაც ეს უფლებები უნდა მოიპოვოს და შეინარჩუნოს იმნაირივე ბრძოლით, როგორც ამას მამაკაცები შვრებიან და არ უნდა უცადოს იმ დროს, როდესაც მამაკაცი უთავაზებს მას უფლებებს, როგორც თაიგულის ჩუქებას არის ხოლმე შეჩვეული.

ჩვენში, როგორც ჩამორჩენილ ქვეყანაში, ბევრი პირველი აზრის მომხრე და ცხოვრებაში გამტარებელი მოიპოვება. ჩვენი მოწინავე საზოგადოება უფრო მეორე აზრს ეტრფის და ასრულებს. მესამე აზრი კი მხოლოდ რჩეულთა მისწრაფებას შეადგენს და დიდი-დიდი დრო არის საჭირო, სანამ ის განხორციელდებოდეს.

რა მდგომარეობაში არის ქალთა კითხვა და როგორ უყურებენ დედაკაცის თანასწორობის აღდგენის საქმეს რომელსამე ქვეყანაში, ეს ნათლად სჩანს იქიდან, თუ როგორ არის მოწყობილი ქალთა განათლების საქმე ამ ქვეყანაში.

ამ მხრივ კავკასიას რუსეთის ყველა კუთხეებთან შედარებით (ციმბირის გარდა) უკანასკნელი ადგილი უჭირავს და, თვითონ რუსეთს საერთოდ ამნაირივე უკანასკნელი ადგილი უჭირავს, თუ სხვა განათლებულ ქვეყნებს შევადარებთ. ჩვენში იმ ზომამდე ცოტაა პირველდაწყებითი სკოლა და ისე სუსტათ არის განვითარებული ქალის პირველ დაწყებითი სწავლა, რომ სოფლებში სწავლობს სკოლებში ქალიშვილების მხოლოდ 5%, ესე იგი, ას ქალში 95 სკოლის გარეშე რჩება. ქალთა საშუალო სასწავლებლებიც რიცხვით მცირეა. კავკასიაში ნახევარ მილიონ მცხოვრებლებზე მხოლოდ ერთი ქალთა გიმნაზია უწევს. თითქმის არ არსებობს ქალთა კომერციული და სავაჭრო სასწავლებელი, სხვა და სხვა ტიპის პროფესიონალური, სამეურნეო და სამრეწველო სკოლები. არ არის ქალთა სამხატვრო, მუსიკალური და საზოგადოთ ხელოვნებათა სასწავლებლები (ტფილისის მუსიკალურ და სამხატვრო სასწავლებლებში ქალებს ღებულობენ ვაჟებთან ერთად). უმაღლესი სასწავლებელი არ მოიპოვება მთელს კავკასიაში არც ქალებისათვის და არც ვაჟებისათვის.

კავკასიაზე შორს არ არის წასული თვით რუსეთიც, სადაც ქალთა განათლებას ჯერ კიდევ ბევრი მოწინააღმდეგე და ხელის შემშლელი ჰყავს. მიუხედავად ამ წინააღმდეგობისა ცხოვრებამ მაინც თავისი გაიტანა და ქალთა უმაღლესი განათლების პირველი მერცხლები უკვე გაჩნდნენ. საგანგებოთ ქალთა უნივერსიტეტი ჯერ არ არსებობს რუსეთში და არც ვაჟებისათვის დაარსებულ უნივერსიტეტებში აძლევენ ქალებს შესვლის ნებას, მაგრამ გაჩდენ ეგრედწოდებული ქალთა უმაღლესი კურსები და ინსტიტუტები.

მათი რიცხვი ძლიერ მცირეა და მათი არსებობისათვის დიდი ბრძოლა იყო საჭირო და ახლაც საჭიროა.

პეტერბურგში ქალთა საზოგადო განათლების უხუცესი კურსები არის „სანკტ-პეტერბურგის უმაღლესი ქალთა კურსები“. დაარსებულია 1867 წ. პირველი გამგე იყო აკადემიკოსი ბესტუჟევ-რიუმინი და კურსებიც ერთხანს მის სახელს ატარებდა. ამ ჟამათ იქ ორი განყოფილებაა ისტორიულ-ფილოლოგიური და ფიზიკურ-მათემატიკური. ლექციებს კითხულობენ პროფესორები დაახლოებით იმავე პროგრამებით და მეთოდით, როგორც უნივერსიტეტის შესაფერ ფაკულტეტებზედ. ვისაც კურსებზედ შესვლა სურს უნდა გააგზავნოს თხოვნა დირექტორის სახელზე (ვასილიევის კუნძული, მეათე ლინია, 33) 1 აგვისტომდის შემდეგის დოკუმენტებით: ა) წოდების მოწმობა, ბ) მეტრიკა, გ) გიმნაზიის მეშვიდე დამატებითი კლასების ან შესაფერი სასწავლებლის გათავების მოწმობები, დ) მოწმობა, რომ მთხოვნელს საკმაოდ მოეპოვება შეძლება პეტერბურგში საცხოვრებლად, ე) თავისი ავტობიოგრაფია, ვ) მშობლების ან აპეკუნების, თუ გათხოვილია, ქმრის - ნებართვა, ზ) ორი ფოტოგრაფიული სურათი საკუთარის წარწერით და ი) კეთილ საიმედობის მოწმობა გუბერნატორისაგან, თუ გიმნაზიის გათავების შემდეგ ექვს თვეზე მეტია გასული. რადგანაც კურსებზე დიდი კონკურსია, უპირატესობა ეძლევათ იმათ, ვისაც საშუალო სასწავლებლის გათავების დროს მიუღიათ მედლები, შიფრები და სხ. საჩუქრები. სწავლა იწყება 1 სექტემბრიდან. წლიური გადასახადი სწავლისათვის 100 მან. და პანსიონში საცხოვრებლად 300 მან. პირველი კურსის მსმენელთათვის სავალდებულოა, ან პანსიონში იცხოვრონ და ან მშობლებთან. არა ქრისტიან სარწმუნოების ქალთა მიღება განსაზღვრულია 3 პროცენტით. კერძო ბინაზედ ცხოვრება დიდის ეკონომიის გაწევით ჯდება არა ნაკლებ 30-50 მან. წიგნებზე და კულტურულ გასართობებზე 10 მან. თვეში მაინც საჭიროა ზედმეტათ. კურსები ოთხ წელს შეიძლება დაასრულონ და გათავების შემდეგ შესაფერ მოწმობას ღებულობენ, რომელიც მასწავლებლობის უფლებას აძლევს.

ქალთა პედაგოგიური ინსტიტუტი პეტერბ., (გოროხოვაია, 20). გადაკეთებულია პედაგოგიური კურსებიდან. ამზადებს სპეციალურად მასწავლებლებს. კითხულობენ ისტორიას, ფილოსოფიას, სიტყვიერებას, მათემატიკას, ფიზიკას, პედაგოგიკას, ახალ ენებსა და პრაქტიკულად ითვისებენ სწავლის მეთოდებს. შესვლის პირობები იგივეა, რაც უმაღლესს კურსებზედ. უპირატესობა პეტერბურგელ ქალებს ეძლევათ. პანსიონი არ არსებობს. მხოლოდ მოსწავლე ქალები ცხოვრობენ კერძო ბინებზე ინსტიტუტის ადმინისტრაციის ზედამხედველობის ქვეშ. ნება დაურთველ ბინებზე ან სასტუმროში ცხოვრება აკრძალულია, მოსწავლე ქალები სდებენ ხელწერილს, რომ ინსტიტუტის წესებს მტკიცედ შეასრულებენ. ინსტიტუტი ექვემდებარება იმპერატრიცა მარიამის დაწესებულებებს.

არხეოლოგიური ინსტიტუტი (კუთხე ინჟინერნი და სადოვი ქუჩებისა, N1-4.) ღებულობენ ვაჟებთან ერთად მხოლოდ იმ ქალებს, რომელთაც უმაღლესი კურსები გაუთავებიათ. ასწავლიან არხეოლოგიას, არხეოგრაფიას, ნუმიზმატიკას, და პალეოგრაფიას. ლექციები მხოლოდ საღამოობით არის. სმენა უფასოა.

საზოგადო განათლების კურსები სტოიუნინის გიმნაზიასთან (ვლადიმირსკის მოედანი, 19). კურსებს განსაზღვრული ფაკულტეტის ხასიათი არა აქვს. გასულ წელში კითხულობდნენ მაგალითად, მხოლოდ ფილოსოფიას, უფლების ფილოსოფიას და ზოოლოგიას. ლექციები საღამოობით არის. ფასი კურსისათვის წლიურად 25 მან. ყველასათვის ერთად - 50 მან.

საღამოს კურსები მასწავლებელ ქალთა დამხმარებელ საზოგადოებისა, ლექციები იკითხება რეფორმატების და წმ. პეტრეს სასწავლებლებში. ხასიათი და პირობები იგივე აქვს, როგორც სტოიუნინის კურსებს.

საზოგადო ლექციები ფილოსოფიისა (დაარსდა 1904 წ. კერძო გიმნაზიასთან, გლინკას ქ., 6) ლექციებს საღამოობით კითხულობენ, ფასი თითო კურსზედ 5 მან. ლექტორებად არიან ქალები (უმაღლესი კურსები აქვთ გათავებული) ქალ. ვოლკოვიჩი და ქალ. სტოლიცა.

მოსკოვში არსებობს - მოსკოვის უმაღლესი ქალთა კურსები, დაარსებული 1900 წ. (მერხლიაკოვის ქ., სახლი გირშისა) როგორც პროგრამები ისე ყოველივე პირობები იგივეა, რაც პეტერბურგის ამ ნაირსავე კურსებზედ. (არსებობდა წინეთ გერიეს კურსები ისტორიულ ფილოლოგიურ ფაკულტეტის პროგრამმით და ლიუბინკას კურსები - ბუნების მეტყველების ფაკულტეტის პროგრამმით). 1904 ისტორიულ განყოფილებაზედ კითხულობდენ დამატებით ლექციებს - პოლიტიკურ ეკონომიას და რომაელთა უფლებას. ცხოვრება მოსკოვში დაახლოებით იგივე ღირს, რაც პეტერბურგში.

ყაზანში და კიევში უმაღლესი კურსები სხვა-და-სხვა მიზეზების გამო დაიხურენ და ჯერეთ არ გახსნილან, მხოლოდ ზოგი პროფესსორი გამოაცხადებს ხოლმე საღამოობით არა სისტემატიურ ლექციებს, სადაც ქალებს შეუძლიანთ დაესწრენ. დიდი სურვილი აქვთ ეს საქმე მკვიდრ ნიადაგზე დააყენონ. ქალთა უმაღლესი კურსები გაიხსნა ოდესაში 1903 წ. (პაშკოვსკაიას გიმნაზიასთან). კურსების სრული პროგრამა ჯერ გამორკვეული არ არის, მაგრამ დაახლოვებით იმნაირივე ორგანიზაცია ექნება, როგორც პეტერბურგის კურსებს. გასულ წელში კითხულობდნენ ღვთისმეტყველებას, ისტორიას, სიტყვიერებას, ხელოვნებათა ისტორიას, ახალ ენებს, გეომეტრიას, ასტრონომიას, ალგებრას, მექანიკას და ფიზიკას. წლიური გადასახადია 150 მან. მსმენელის კერძო ცხოვრება აქ შეზღუდული არ არის, როგორც პეტერბურგშია. ცხოვრება შედარებით პეტერბურგთან და მოსკოვთან იაფია. ჰაერიც კავკასიელებისათვის შესაფერია.

ქალთა უმაღლესი სასწავლებლის დაარსების სურვილი იყო სხვაგანაც, მაგ. ხარკოვში, ვარშავაში, იურიევში და სხ. მაგრამ სხვა და სხვა მიზეზების გამო ეს სურვილი ჯერ ვერ განუხორციელებიათ და მხოლოდ არა სისტემატიურის ლექციების კითხვით თავს იკმაყოფილებენ.

ყველა ჩამოთვლილ კურსებზე 2000 მსმენელი იქნება, (რუსეთში 63 მილიონამდეა მდედრობითი სქესი) ე.ი. ერთ მილიონ ქალზე მხოლოდ 15-იოდე ქალი მოდის უმაღლეს კურსებზე მოსწავლე.

ქალთა პროფესიონალური სწავლა რუსეთში კიდევ უფრო ცუდათ არის დაყენებული.

მთელს რუსეთში არსებობს მხოლოდ ერთი მედიკური ინსტიტუტი (პეტერბურგი. არქიელის ქუჩა, 6).

1872 წელს დაარსდა ქალთა საექიმო კურსები, რომელმაც რუსეთის ქალებს დიდი სარგებლობა მოუტანა და თვით რუსეთსაც ბევრი თავგამოდებული მოღვაწე ქალი შესძინა. სამწუხაროთ 1882 წ. ეს კურსები მთავრობამ დახურა. მხოლოდ 15 წლის შემდეგ (1897 წ. სეკდემბერში) შესაძლებელი შეიქნა გახსნილიყო ქალთა მედიკური ინსტიტუტი.

ინსტიტუტი მოთავსებულია საკუთარს შენობაში - პეტროპავლოვსკის საავადმყოფოს გვერდით და გვარიანადაც არის მოწყობილი. ინტერნატი არსებობს 120 ქალისათვის. ინსტიტუტში მიიღებიან არა ნაკლებ ოცისა და არა უმეტეს 35 წლის ქალები (ქალიშვილები და ქმრიანებიც). არა ქრისტიანებიდან ღებულობენ მხოლოდ 5%. თხოვნა და დოკუმენტები ყველაფერი ისევეა საჭირო, როგორც პეტერბურგის უმაღლეს კურსებზე შესასვლელად და იმათ გარდა საჭიროა მოწმობა, რომ მსურველმა ლათინური ენიდან 8 კლასის კურსის ცოდნაში დაიჭირა გამოცდა სავაჟო გიმნაზიაში. სწავლის ფასიც იგივეა. წლიურად 100 მან და პანსიონში 300 მან. თუმცა ინსტიტუტში შესვლის და იქ ცხოვრების პირობები საძნელოა, მაგრამ მსურველთა რიცხვი მაინც იმდენია, რომ იმათგან მხოლოდ 1/6 (ესე იგი 6 ქალში ერთს) ღებულობენ. პეტერბურგშივე არსებობს კომერციული კურსები - საზღვარ გარეთის კორესპონდენტ ქალთა მოსამზადებლად (მოიკა, 56). ღებულობენ გიმნაზიაში კურს დამთავრებულთ. კურსებზე ასწავლიან ევროპიულ ენებს პრაქტიკულად და თეორეტიკულად. კურსები საღამოობით არის. პროგრამმა სამი წლისაა. სწავლის ფასი წლიურად - 100 მან.

უბრალო კომერციულ და ბუხგალტერიის კურსებზე უმეტეს ნაწილად ვაჟებთან ერთად ქალებსაც ღებულობენ.

უმაღლესი სამეურნეო კურსები ქალთათვის დაარსდა 1903 წელს პეტროვორაზუმოვის ინსტიტუტთან (მოსკოვის ახლოს), მაგრამ სამი თვის შემდეგ კურსები დაიხურა. ამ ჟამად არსებობს ქალთა სამეურნეო კურსები სარატოვში მარიინის სამეურნეო სასწავლებელთან. სასწავლებელი ვერ იძლევა დიდ ცოდნას. ფასი წლიურად 25 მან. სამეურნეო ცოდნის გავრცელება ქალთა შორის რუსეთში მხოლოდ ახლა იწყება და ეს საქმე ჯერ კიდევ პროექტების ხანაშია.

მუზიკისა, გალობის, ხატვის, სკულპტურის და საზოგადოთ ხელოვნებათა სასწავლებლების რიცხვი რუსეთში ძლიერ მცირეა. სადაც არის, უმეტეს ნაწილად ვაჟებთან ერთად ქალებსაც ღებულობენ და პრაქტიკამ დაამტკიცა, რომ ქალები მშვენივრად სარგებლობენ ამ წესით და ვაჟებზე არა ნაკლებ მუყაითობას და ნიჭს იჩენენ.

მართალია ბევრი დაბრკოლება ეღობება ქალს წინ, სასწავლებლების რიცხვიც ძლიერ ცოტაა, მაგრამ ის მაინც განათლების გზაზედ წინ მიდის, თუმც კი ძლიერ ნელის ნაბიჯით და ცხოვრებაშიც ახალ ახალ ასპარეზს იკავებს თავის მოქმედებისათვის: სასწავლებლები, საავათმყოფოები, ფოსტა, ტელეგრაფი, ტელეფონი, რკინის გზა, სავაჭრო კანტორები და მაღაზიები, საქველმოქმედო და ლიტერატურული საქმეები და სხვა-და-სხვა ხელოვნების დაწესებულებები ცნობილობენ ქალის შრომის ნაყოფიერებას და დიდათ სარგებლობენ მისი ნიჭით, ცოდნით და მუყაითობით. სამწუხაროდ ჯერ კიდევ შრომის საფასს საზოგადოთ ძალიან მცირეს აძლევენ დედაკაცებს და იმ შემთხვევაშიც ნაკლებს აძლევენ, ვინემ მამაკაცებს, როდესაც ქალის შრომა გაცილებით უფრო სასარგებლო და ნაყოფიერიც არის. მაგ. მასწავლებელი ქალი, რომელსაც გიმნაზიის რვა კლასი გაუთავებიაიღებს საზოგადოთ თავის შრომისათვის გაცილებით ნაკლებს, ვინემ მასწავლებელი ვაჟი, რომელიც შეიძლება, ოთხ კლასზე ზევით არც წასულიყოს. აგრეთვეა საზოგადოთ სხვა ადგილებშიაც. ამასთან ჯერ კიდევ ბევრი დაწესებულების კარები ღია არ არის ქალებისათვის და მათ შრომასაც ბევრგან გასავალი არა აქვს.

ეკონომიური დამოკიდებულება მამაკაცისაგან ხელფეხს უბორკავს დედაკაცს და პირად თავისუფლებასაც უკარგავს. რამდენად ქალი გამოდის ამ ეკონომიურ დამოკიდებულებისაგან, იმდენად ის წინ მიდის თავისუფლების გზაზედ და შესაფერ უფლებებსაც იძენს. ამიტომ ქალის შრომის ასპარეზის გაფართოება დიდ მნიშნელოვანი კითხვაა და ამ საგანს ჯეროვანი ყურადღებაც უნდა მიაქციონ. ქალების შეერთებული და თავ გამოდებითი მოქმედება უსათუოდ თავისას გაიტანს. ისიც უნდა აღვიაროთ, რომ ბევრი მამაკაციც ცდილობს ამ საქმეში ქალებს დახმარება აღმოუჩინონ, ესე იგი, მოეპყრან მათ უფრო სამართლიანად, ვინემ აქამდის ეპყრობოდნენ. მაგ. გასულ წელში - შიდა გუბერნიების ერობებმა აღძრეს შუამდგომლობა, რომ ქალებს ერობის საქმეებში მიენიჭოთ მეტი უფლებები, ვინემ აქამდის ჰქონდათ: ტიხვისისა და გჟატის მაზრების ერობებმა დაადგინეს: მიეცეს ქალებს ნება გადასცენ ხოლმე თავისი ცენზი საერთო კრებაზე დასასწრებლად (თვითონ ქალები დასწრების უფლებას მოკლებულნი არიან) არა მარტო ქმრებს და ახლო ნათესავებს, როგორც აქამდის იყო, არამედ გარეშე პირებსაც. 2) ზვენიგოროდის, ბორისოგლების, ვლადიმირის, ბირის, ყაზანის, სასნოვიცის, ელეცკის და სარატოვის სამაზრო ერობებმა დაადგინეს მიეცეს ქალებს ნება თვითონ დაესწრნენ კრებებს და მონაწილეობა მიიღონ ხმოსნების (ყველა მამაკაცებია) არჩევაში. 3) მოსკოვის მაზრის ერთობამ მოითხოვა, მიენიჭოს ქალებს უფლება დაესწრონ კრებებს, სხვებიც ამოირჩიონ და თვითონაც იქმნენ არჩეული ხმოსნებად. უმაღლესმა მთავრობამ ეს შუამდგომლობანი არ შეიწყნარა, მაგრამ მოსალოდნელია, რომ მომავალში მაინც იძულებული გახდება, შეიწყნაროს. რუსეთის კანონმდებლობა - სისხლის სამართლის, თუ სამოქალაქო საქმეებში - ისე უყურებს და სჯის დედაკაცებს რაიმე დანაშაულობისათვის, როგორც მამაკაცებს - ამ მხრივ შესაძლებელი ყოფილა თანასწორობა და რაც შეეხება კულტურულ ცხოვრების უპირატესობათ და სხვა-და-სხვა უფლებების მინიჭებას, ამაში კი შეუძლებლად მიაჩნიათ თანასწორობა, რადგანაც ჯერ კიდევ სუსტი და მოუმზადებელი არისო.

რომ ეს მოუმზადებლობა და ქალის განუვითარებლობა არ იყოს ხელწამოსაკრავ საგნებად, ქალებმა ყოველივე ღონისძიება უნდა იხმარონ, რომ ღებულობდნენ მამაკაცებზე არა ნაკლებ განათლებას.

რადგანაც რუსეთში ფაქტიურად ეს შეუძლებელია, ქალებმა გულის ფიცარზედ უნდა დაიწერონ, რომ მათი უწმინდესი მისწრაფების დაკმაყოფილება უფრო ადვილად შეიძლება საზღვარ გარეთის ქვეყნებში და იქითკენაც უნდა მიაპყრან თავის ყურადღება.

მართლაც შეგნებულ ქალთა უმეტესი ნაწილი იქითკენ მიილტვის და იქ ღებულობს უმაღლეს სწავლა-განათლებას. სიამოვნებით უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ ბოლო ხანებში ქართველი მანდილოსნებიც გზას იგნებენ საზღვარ-გარეთისაკენ, ამიტომ მეტად არ მიგვაჩნია ორიოდე სიტყვით მოვიხსენიოთ იქაური უმაღლესი სასწავლებლები, სადაც ქალებს შესვლის ნება აქვთ.

დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებში - ოსმალეთი, ბალკანეთის ნახევარ კუნძულის სამეფოები და ავსტრია-უნგრეთი ქალთა განათლების საქმეში რუსეთზე წინ არ არიან. გერმანიაში ქალის უმაღლეს განათლებას მაინცა და მაინც არ ეტრფიან. ვაჟებისათვის იქ 21 უნივერსიტეტია და 30-მდე უმაღლესი სპეციალური სასწავლებელი და განსაკუთრებით ქალებისათვის კი უმაღლესი სასწავლებელი თითქმის არ არსებობს. პრინციპიულად ქალებს ნება ეძლევათ შევიდნენ ზოგიერთ უნივერსიტეტში (ყველა ფაკულტეტზე - გარდა ღვთისმეტყველების ფაკულტეტისა) თავისუფალ მსმენელად. მაგრამ რადგან გერმანიის უნივერსიტეტებს შინაური თვითმმართველობა აქვთ, ამიტომ ქალის მიღება დამოკიდებულია ყოველთვის, თვით პროფესორთა კორპორაციის ნება-რთვაზედ. ზოგიერთ შემთხვევაში კი კორპორაცია უარს ამბობს ხოლმე ქალების და განსაკუთრებით საზღვარ-გარეთის ქალების მიღებაზედ. უფრო თავისუფლად ღებულობენ ქალებს ბონნის, ბერლინის, ვეიდელბერგის და ფრეიბურგის უნივერსიტეტებში.

უფრო სხვანაირად არის დაყენებული ქალთა განათლების საქმე ბელგიაში, შვეიცარიაში და საფრანგეთში.

ბელგიაში ქალებს ღებულობენ ყველა უმაღლეს სასწავლებელში, როგორც უნივერსიტეტებში, ისე სპეციალურ სკოლებში - ლექციებს უკითხავენ ვაჟებთან ერთად. მხოლოდ ქალაქ ლუვენის, რომელიც კლერიკალიზმის ბურჯად ითვლება, უმაღლესი სასწავლებელი ქალებისათვის დაკეტილია.

მანდილოსნები უფრო ეტანებიან ბრიუსელს და ლიეჟს; აქ არის „ბრიუსელის ახალი უნივერსიტეტი“ (Université Nouvelle de Bruxelles) დაარსებული 1894 წელს. წარმოადგენს შვიდს თავისუფალ და ავტონომიურ უმაღლეს ინსტიტუტებს, რომელნიც ერთ დიდ სამეცნირო ფედერაციას წარმოადგენენ. უნივერსიტეტში ოფიციალური პროგრამა არ არსებობს და არც ძველებური ფაკულტეტური განყოფილებებია. სწავლის საქმე ახალ ნიადაგზე არის დაყენებული. მსმენელნი ყოველ ნაბიჯზედ გრძნობენ მეცნიერების სოციალურ და ზნეობრივ მნიშვნელობას. ქალებს ყოველივე განყოფილებებზე აძლევენ დისერტაციის წარდგენის შემდეგ მეცნიერების დოქტორობის ხარისხს.

ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტი (Université libre de Bruxelles) შესდგება 5 ფაკულტეტისაგან. ძალიან სახელ განთქმულია პოლიტიკურ და სოციალურ მეცნიერებათა განყოფილება. ქალებისათვის გიმნაზიის გათავების მოწმობაა საჭირო. თავისუფალი მსმენელები სწავლის ფულს არ იხდიან. მხოლოდ სიაში ჩაწერისათვის ართმევენ 15 ფრანკს, ნამდვილი სტუდენტები კი ამას გარდა იხდიან წლიურად ლექციებისათვის 50 ფრანკამდის. ლიეჟში საუცხოვოდ არის მოწყობილი მედიკური ფაკულტეტი. ცხოვრება ბრიუსელში შედარებით რუსეთის სატახტო ქალაქებთან, ძლიერ იაფია. თვეში საკმარისია 60-70 ფრანკამდის (25-30 მან). ახალ უნივერსიტეტთან რუსის ბიბლიოთეკა და სტუდენტების კასსაც არის დაარსებული, ამნაირივე კასსა ლიეჟშიც არის.

შვეიცარიის ყველა უნივერსიტეტში ღებულობენ ქალებს, როგორც შვეიცარიელებს, ისე საზღვარ გარეთელებსაც. უმაღლესი სასწავლებელი ჟენევაში, ლოზანაში, ბერნში, ნევშატელში და ციურიხში (თითო უნივერსიტეტი მოდის ნახევარ მილიონ ხალხზე - რუსეთში თითო უნივერსიტეტი მოდის 13 მილიონ ხალხზე), თავისუფალ მსმენელად ღებულობენ ყველა მსურველს 18 წელზე არა ნაკლებს და ნამდვილ სტუდენტებად კი მხოლოდ მოწმობებიანს. ეკზამენები სავალდებულო არაა. სტუდენტებს მხოლოდ ის უპირატესობა აქვთ, რომ სამეცნიერო ხარისხის მიღება შეუძლიანთ. ცხოვრება შედარებით რუსეთთან იაფია. 25-35 მან. თვეში საკმარისია. ჟენევაში და ციურიხში რუსის სტუდენტების ბიბლიოთეკა და კასსაც არსებობს, ბერნში კი ჯერ მარტო ბიბლიოთეკაა.

ქართველები უფრო ელტვიან ჟენევას. მათი რიცხვი იქ ისე გამრავლდა, რომ გასულ წელში ქართულ წარმოდგენების გამართვაც დაიწყეს. ქართული ბიბლიოთეკა და კასსაც არსდება.

საფრანგეთში ქალებისათვის ცალკე უმაღლესი სასწავლებლებიც არის და აგრეთვე ღებულობენ ქალებს ზოგს უნივერსიტეტებში ვაჟებთან ერთად.

საუკეთესოდ მოწყობილი სასწავლებლები პარიჟშია. სორბონნის კარები, როგორც ვაჟებისათვის ისე ქალებისათვის განურჩევლად ღიაა. თავისუფალ მსმენელად შესვლისათვის არავითარი დიპლომი საჭირო არა არის. ლექციების მოსმენაც უფასოა, მაგრამ გათავების შემდეგ არც არავითარ მოწმობას იძლევიან. ნამდვილ სტუდენტად მიღებისათვის საჭიროა გიმნაზიის გათავების მოწმობა, რუსული გიმნაზიის ატესტატის გამოსაცდელად ფრანგულ ატესტატზე საჭიროა 125 ფრანკის გადახდა მათემატიკასა და ბუნების მეტყველების ფაკულტეტზე და 75 ფრ. - სიტყვიერების ფაკულტეტზე. სორბონში ყველა ფაკულტეტებია გარდა მედიკურისა და იურიდიულისა. ეს ფაკულტეტები (Ecole de medicine, Ecole de droit) განცალკევებულ სასწავლებლებს შეადგენენ.

უნივერსიტეტში ოთხი ფაკულტეტია 1. Des letres, 2. des sciences, 3. théologie prothestante, 4. ecole superieure de pharmacie 4. უნივერსიტეტთან დიდი კავშირი Ecole des hautes etudes pratiques da museum d histoire naturelle. ქალებს ღებულობენ ყველა განყოფილებაზე, გარდა თეოლოგიისა, რომლის კურსიც მსურველს შეუძლია მოისმინოს სორბონში და ან „College de France-ში“. Ecole de Medecine-ში საზღვარ-გარეთელს ღებულობენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროვინციალურ უნივერსიტეტში მედიკურ ფაკულტეტზე გაუვლია 2 ან 3 კურსი.

College de France-ში ყველას ღებულობენ. არავითარი ატესტატი ან რაიმე დოკუმენტი საჭირო არ არის. სწავლა უფასოა, კურსი ორი წლისაა. იურიდიულ განყოფილებაზე თუმცა ქალებსაც ღებულობენ, მაგრამ გათავების შემდეგ პრაქტიკის ნებას არ აძლევენ, თუ რომელიმე პროფესსორის სპეციალურ კურსზე ჩაეწერებიან გამოცდისათვის არავითარი გადასახადი არ არის დაწესებული.

მედიკური ფაკულტეტები და უმაღლესი საექიმო და საფარმაციო სასწავლებლები საფრანგეთში - 11 ქალაქშია: პარიჟში, მონპელიეში, ნანსში, ბორდოში, ლილში, ტულუზში, ლიონში, მარსელში, რენში, ნანტში და ალჟირში. ამ უკანასკნელ ქალაქში უმაღლესი საექიმო და საფარმაციო სკოლა ქალის მიერ არის დაარსებული. ამათ გარდა 12 მოსამზადებელი საექიმო და საფარმაციო სკოლებია. საზღვარ-გარეთელებს ღებულობენ ყველგან, უფრო სიამოვნებით კი პროვინციალურ უნივერსიტეტებში. დოქტორობის დიპლომის მისაღებად გარდა შესაფერისი გამოცდისა საჭიროა, საშუალო სასწავლებლის გათავების მოწმობის წარდგენაც. სწავლისა, პრაქტიკულ მეცადინეობისა და გამოცდისათვის გადასახადები ერთად რომ ვიანგარიშოთ სულ-გათავებამდე საჭიროა 1400 ფრანკამდის.

კონსერვატორიაში მიღება კონკურსით არის (საზღვარ გარეთიდან მხოლოდ 3% ღებულობენ). 1898 წლიდან ქალებს ღებულობენ ხელოვნებათა აკადემიაშიც (ecole des beaux arts). ხატვისა, სკულპტურისა და არქიტექტურის განყოფილებებში შესაფერ გამოცდის დაჭერაა საჭირო. სამზღვარ გარეთელებმა - ელჩის რეკომენდაცია უნდა წარმოადგინონ.

პარიჟში არის აგრეთვე რუსული უმაღლესი სკოლა სოციალურ მეცნიერებათა (იმავე პროგრამითაა როგორც „Ecole de hauntes etudes so cials“, სასწავლებელს განსაზღვრული ფაკულტეტის ხასიათი არა აქვს. გასულ წელში კითხულობდენ პოლიტიკურ ეკონომიას, სტატისტიკას, ფინანსებს, ეკონომიურ პოლიტიკას, უფლების ენციკლოპედიას, სარწმუნოებათა, საზოგადოს და რუსეთის ისტორიასა, კავკასიის ისტორიას (კითხულობს ბ. თამამშევი), ანთროპოლოგიას, ეთნოგრაფიას, ისტორიას, სიტყვიერებისა და ხელოვნების ისტორიას და ფილოსოფიას. ცალკე ლექციებად წაკითხული იქმნა ძირითადი მოძღვრებანი სამოქალაქო და სისხლის სამართლის უფლებათა, პოლიტიკურ მოძღვრებათა ისტორია და სახელმწიფო უფლება. კურსების მიზანია, მისცეს მსმენელთ პოლიტიკური და სოციალური განათლება და განვითარება, რაც ძლიერ ეჭირვება ახლანდელ რუსის ახალგაზრდობას. ქალები იმნაირსავე პირობებში არიან აქ, როგორც ვაჟები. კურსი ორი ან სამი წლისაა. რუსები საზოგადოთ ძალიან ეტანებიან პარიზს. აქ 18 ათასამდე რუსი ცხოვრობს. კავკასიელი ახალგაზრდობაც უფრო პარიზისკენ მიემგზავრება, ვინემ სხვა ქალაქისაკენ. აქ ორასამდე ქართველი და სომეხი მოსწავლე ახალგაზრდობა მოიძებნება, საკუთარი კასსები, ბიბლიოთეკები და სასადილოებიც დაარსეს. აქ სომხურსა და ქართულს ენაზედ წიგნები და პერიოდული გამოცემებიც იბეჭდება, ცხოვრება იგივე ჯდება, როგორც მაგალითად პეტერბურგში ან მოსკოვში. თვიურად მოსწავლისათვის 100-150 ფრანკი საჭიროა. რაიმე სამუშაოს შოვნა ძნელია და ამის იმედით წასვლა შეუძლებელია.

თითქმის ამნაირადვე არის დაყენებული ქალთა განათლება იტალიაშიც, სადაც ბლომათ შეხვდებით ქალ-პროფესორების რიცხვს. 1890 წ. იტალიის უნივერსიტეტებში (21 უნივერსიტეტია) სტუდენტი ქალები გათანასწორებულ იქმნენ უფლებებში სტუდენტ ვაჟებთან. 1901 წ. ნება დაერთოთ აგრეთვე ქალებს, რომ ზოგიერთ საშუალო სასწავლებლებშიც იარონ ვაჟებთან ერთად.

ჰოლანდიაში, დანიაში და სკანდინავიის სახელმწიფოებში დიდი ხანია შემოიღეს ვაჟების და ქალების ერთად სწავლება როგორც საშუალო ისე უმაღლეს სასწავლებლებში. მეცნიერების წინაშე ყველანი თანასწორნი არიან, მაგრამ ცხოვრებაში აქაც, როგორც ევროპის ყველა სახელმწიფოებში ქალები მოკლებული არიან ზოგიერთ პოლიტიკურ უფლებებს და მათი მოქმედების რაიონიც შეზღუდულია, საავადმყოფოებისა, სკოლების, ფოსტის, ტელეგრაფისა და სავაჭრო დაწესებულებათა გარდა ჯერ ქალებმა ვერსად ვერ მოიკიდეს ფეხი. ყველა სახელმწიფოებს გაუსწრო ამ საქმეში, როგორც ბევრ რამე სხვაში - ინგლისმა და განსაკუთრებით ამერიკამ.

ინგლისში დიდი ხანია შეიგნეს, რომ „დედაკაცების გონებრივ განვითარებაზეა დამოკიდებული მამაკაცების ჭკუა-გონებაც“ და იმნაირივე ყურადღება მიაქციეს ქალების განათლებას, როგორც ვაჟებისას. შექმნეს აუარებელი პირველ-დაწყებითი და საშუალო სკოლები და კოლედჟები, ნება მისცეს რომ ზოგ უნივერსიტეტში ქალებმა ვაჟებთან ერთად ისმინონ ლექციები და აამაღლეს მათი სოციალური მდგომარეობაც. იმ ქვეყანაში, სადაც, პიროვნების სრული თავისუფლებაა გაბატონებული, სადაც უკანონო ძალმომრეობას არავითარი ადგილი არა აქვს, იქ რა თქმა უნდა, ქალიც სხვანაირად უნდა გრძნობდეს თავს. მართლაც ინგლისში, როგორც მამაკაცი გრძნობს თავს - დიდებული ბრიტანიის თავისუფალ მოქალაქეთ, ისე გრძნობს ამას დედაკაციც. კანონმა მისცა ქალებს ნება ლეგალური ბრძოლით მამაკაცებსავით მოიპოვონ თავისი უფლებები და ქალმაც ისარგებლა ამ გარემოებით. შეადგინეს ურიცხვი საზოგადოებები, კლუბები, გამართეს მიტინგები, კონფერანსები, ხელში ჩაიგდეს გაზეთები და მართლაც თავისივე მეცადინეობით აღამაღლეს ქალის მდგომარეობა ოჯახში, დასდვეს მეტი ფასი ქალის შრომას, მოუპოვეს ბევრი ახალი სამოღვაწეო ასპარეზი და შეუდგენ პოლიტიკურ ცხოვრებაშიც მონაწილეობის მიღებას...

ამ მკრთალი ნარკვევიდანაც მკითხველი ნათლად დაინახავს, რომ თვითონ ქალს დიდი შრომის და ბრძოლის გაწევა სჭირია, რომ მისი მდგომარეობა გაუმჯობესდეს.

საჭიროა, რომ ჩვენი ქართველი ქალებიც ჩაუფიქრდენ და ჩაუკვირდენ თავის ახლანდელ ცხოვრებას, იგრძნონ და გაითვალისწინონ თავისი მდგომარეობა, გამოიღვიძონ დიდი ხნის ძილისაგან და ენერგიულად, ერთობით შეუდგნენ ახალის ადამიანური მანდილის მოპოვებას და თავზე დახურვას.

_____________

* ამ ფსევდონიმით წერდნენ: პეტრე სურგულაძე (1877-1931), სამსონ ფირცხალავა (1872-1952), პეტრე უმიკაშვილი (1834-1904)

საქართველოს კალენდარი. - ტფ., 1905. - გვ. 543

7 სხვადასხვა

▲back to top


7.1 ჯ. ორბელიანი - ივერიანელების გალობა, სიმღერა და ღიღინი

▲back to top


ნაწყვეტი სტატიიდან

[...] დიახ კარგი, უთუოთ მაშინ ისე უნდა ყოფილიყვნენ ჩუენი წინაპარნი, რომ გარეშე უცხო თესლების ჩვეულება არა მიეღოთრა იმათ, გარემოებისა გამო, მაგრამ ძნელი ეს არის; თვითქმის ეხლაც ისეა ჩუენი გლეხები, რომელნიცა არავისგან არ სწავლობენ, ახლანდელსა კარგსა არავისას. მაგალითებრ: ჩემს გლეხებს ვკითხე ნემეცების ყოფაქცევა და იმათი ცხოვრება? აი იმათი პასუხი:

- ბატონო, რა კარგნი არიან ნემეცები, და იმათი დაწყობილება ხომ რაღა მოგახსენოთ?

- მერე რატომ არა სწავლობთ იმათ დაწყობილებასა თქვენც, თუ აგრე მოგწონთ? მე ვკითხე.

იმათ ეს ჩემი სიტყვა არ მოეწონათ და უკმაყოფილად მითხრეს. - ეჰ ბატონო, რაც ჩუენს მამაპაპას არ უქნია, ვერც ჩუენ გადავალთ იმათ ჩუეულებასაო.

მაშინდელი დრო სხუა იყო, უთუოთ ისე უნდა ყოფილიყვნენ ჩუენი მამაპაპანი. მაგრამ ახლა ასეთი სინათლე აივლის და ჩამოივლის ქუეყანაზედ, რომ უთუოთ ჩუენც იმას უნდა დაუწყოთ დევნა, იმ ნათელსა დროსა. მადლობა ღმერთსა, ახლა ბევრნი მოვედით გონებაზედ და ახლანდელსა განათლებასა ანუ განვითარებასა მივმართეთ ბევრმა, ბევრმა კეთილშობილებმა, და ნურც მოგვეშლება ეს ფიქრი ნურავის.

წარსულს წელიწადის ცისკარში ჩემს აღწერაში წაიკითხავდით: უწინდელს ჩუენს ბატონყმობას საქართველოში. იმ უწინდელს ჩუენს უმანკოებას, ახლანდელი ევროპიული სრული განათლება ზედ რომ დაერთოს და ერთს ზნეობად გაკეთდეს, მაშინ იტყვიან: აი ზეციური ცხოვრება ქუეყანაზე გადმოვლენილაო, მაშინდელის გარემოების მიხედვით, მართლად შესანიშნავნი არიან ჩუენი წინაპანი, უცხო ქვეყნიერებთან, რომელნიცა სრულიად განსხვავებულნი იყვნენ ყოველს ფერში იმასთან. [...]

ცისკარი - 1861. - N1. - გვ.141-160

7.2 ჯ. ორბელიანი - ქართველების ძველი დრო გადმოსული ახლად

▲back to top


ნაწყვეტი სტატიიდან

ევროპია არის ლამპარი მთელი ქუეყნისა, განმანათლებელი კაცის გონებისა, მეცნიერება მოსწავლეთა, სიბრძნე გამგეთა, და სიკეთილე კაცობრიობისა. იგი ევროპია, არა ეხლა, ვინ იცის რამდენი საუკუნოები, განათლების წარმატებაშია და მოუსვენად ცდილობს მისთვის, მაგრამ დღევანდლამდისინ ღრმა მსწავლულები, თვით ევროპიელნი ამაზედ დაჯერებულნი არიან: ჯერ იმ ხარისხზე არ ასულა განათლება, რომ კაცსა ბოროტება გამოვგლიჯოთ სრულიადაო. საუკუნოს წლებიდგან, ამ საუკუნემდისინ ასეა ევროპია, ამ მოცადინეობის ტანჯვის ზრუნვაში.

ევროპიისაგან უყურადღებოთ დაგდებული საქართველო და საქართუელოსაგან სრულებით უცნობი ევროპია, ხანდისხან მოგზაურნი მოვიდოდენ აქა, აქაურობას აღწერდნენ, ქართუელების ქებას, კაცებისას თუ დედაკაცებისას გამოსცემდნენ წერილებში და მთქმელიკი არავინ არა ჰყვანდათ, ეთქოთ: ვითარნი არიან ევროპიელნი, რომ მათთან მახლობლობა ჰქონდეთ ჩვენებს. მართალია, ევროპიის შემოსული ტატრები უფრო შეიძლებდნენ ამას, რადგან ყოველს სახლში მახლობლობა ჰქონდათ, მაგრამ ისინიც ამის მეტს არას ზრუნვიდნენ, ქართუელები გაეფრანგებინათ.

ვინიცობაა, თუ ჩუენს მამაპაპათ ევროპიელებთან მეზობლობა ექნებოდათ, მაშინ შეიძლება ყუელას დარწმუნება, რომ ქართუელები ავდენის ძვირფასის ნიჭიერებით სავსენი არიან: დიდი განათლება იქნებოდა ჩუენს ქუეყანაში, მაგრამ ვინ აღუდგება წინაგარემოებას? - საშინელს ვეშაპსავით გაწოლილი ოსმალოს სახელმწიფო ჩვენსა და ევროპიის შუა; ის ფანატიზმით გარეტებული ოსმალოს ერი, ჩუენებსღა მოაგონდებოდა ევროპია, რომელსაცა ეხუეოდნენ ოთხსავ კუთხივ, სპარს-ოსმალოები და სრულიად დანთქმას უპირებდნენ, აქ ამისი დაწერა დიახ ადვილი და წასაკითხავად უფრო ადვილი, მაგრამ თუ სრულიად გონებაში წარმოიდგენთ იმ ანბავსა, ზარ დასაცემი საშინელება ყოფილა საქართუელოზე!

ცისკარი - 1861. - N11. - გვ. 211-231

7.3 პეტრე ჩარექოვი - ჟურნალთ ჩამომავლობაზედ ევროპაში

▲back to top


ერთი განსაკუთრებული პირობა ჟურნალის გამოცემისათვის არის პირობა პერიოდიკული, ესე იგი: გამოცემა დროთი დროდმდე. არსებობა ჟურნალებისა იწყების ორნახევრისა საუკუნის წინათ. პირველთა პერიოდიკულთა ევროპისა, ჟურნალთა, იწყეს თავისი მყოფობა მეჩვიდმეტეს საუკუნოში. თითქმის ერთ დროს ანგლიაში, გერმანიაში და გოლანდიაში, და იყვნენ დაწყებულნი ერთისა მიზეზისაგან: სარწმუნოებითთა უთანხმოებათაგან. მეათთუთხმეტე და თვითქმის მეათთექუსმეტე საუკუნეში ევროპიის საზოგადოებანი არ მიზდევნდენ არცა ხალისობდენ საქმეთა გარეგანისა პოლიტიკისას, რომელნიც შეადგენდენ მზრუნველობასა მხოლოდ, ხელმწიფეთა და მინისტრებთა, არა იცოდა რა საზოგადოებამ რაცა მოხდებოდა. გინა წარმოებდა იმათ მეზობლებთა შორის. სარწმუნოებითთა ომებთა, კათოლიკეთა და პროტესტანტ შორის მოუღეს ბოლო ესრედსა უყურადმღებოლობასა შემდგომ „ოცდაათიწლის ომისა“ თვითოეული პირი ხალისობდა, რომ შაეტყო წარმატება თავისის ერთ მესარწმუნების ჯარისა, რომელს სახელმწიფოშიაც უნდა ყოფილიყო ესე უკანასკნელი; დასაკმაყოფილებლად ესრეთისა ახლად განღვიძებულისა ხალისობისა და სურვილისა, ევროპიელთა საზოგადოებაში დაიბადა საჭიროება, რომ გამოცემულ იყვნენ პერიოდიკულად სხუა და სხუა ცნობანი სარწმუნოების და პოლიტიკურთა საგნებთა ზედა. ესე ვითარი გამოცემა შეიქმნა დასაწყისად იმა ჟურნალთა, რომელთა ნაყოფთაგან გემოვნებენ აწ აურაცხველნი მკითხველნი.

ამის შემდგომ დარწმუნებული ვარ, მკითხავს „ცისკრის“ მკითხველი: რომელი იყო პირუელი ჟურნალი ანგლიისა, როგორი ხასიათი აქუნდა და რომელნი არიან პირობანი, რომელნიც შეადგენენ ღირსებათა თვითოეულის ჟურნალისას? ამაზედ მოვახსენებ შემდგომს: ანგლიის, პირუელს ჟურნალსა, გამოცემულს 1622 წელში ეწოდებოდა „თვითოეული კვირის ამბავი“. ის იყო საშუალო ტანისა, რომელიცა გამოდიოდა კვირაში ერთხელ, და რომელშიაცა იბეჭდებოდნენ სხუა და სხუა ცნობანი შესანიშვნელთა შემთხვევათა ანუ მოქმედებათა, მომხდართა ევროპიის სახელმწიფოებში, გარდა ანგლიისა; იმისა გამომცემი იყო ნათანიელ ბათერა, რომელიცა ხშირად განაცხადებდა თავის უმადურობასა იმ განკარგულებაზედ მართებულობისა, რომლითაც აღეკრძალა იმას ბეჭვდაი ყოველთა შინაგანთა ცნობათა. ამ გვარმა აღკრძალულებამა მისცა არა მცირედი საშვალობა, რომლით დაიწყო სხუა წოდებით გამოცემა - ახალის ანბავების ბარათებისა, ესე იგი, ხელთნაწერთა ფურცლებთა (მზგავსთა მოკითხვის წერილთა) რომელნიცა იგზავნებოდნენ დედაქალაქიდგან უაღრესთა პირთა და აზნაურთადმი, და რომელშიაც თავისუფლად აღიწერებოდნენ და განისჯებოდნენ მრავალნი შინაგანნი ცნობანი, წარმოდგენილნი არა იშვიათად მატყუარს და შეცდომის სახეში. რაც შეეხების პირობათა, რომელნიც შეადგენენ ღირსებათა ჟურნალისას, მე ვიტყვი, რომ ის პირობანი არიან მრავალნი და რადგანც აღწერა თვითეულისა წამიყვანს ძრიერ შორს, ამისთვის ვახსენებ რაოდენთამე იმათგანთა, რომელთაც, ჩემის ფიქრით, აქუსთ დიდი ზედმოქმედება იმის ხასიათზედ.

პირუელი პირობა ის არის, რომ ჟურნალსა აქუნდეს მიმართულება თანამედროული, ესე იგი, უნდა იდგეს თანასწორ თავისის საუკუნისა; მეორე, რომ აქუნდეს სასტიკი მიუდგომელობა, ესე იგი თვითეულსა წარმოდგენილსა და განსჯილსა მის მიერ ცნობაში ღირსებათა ანუ ნაკლულევანებათა ზედა ვითარიმე პირისა ანუ ნივთისა, იყვნენ ხელთ მძღუანველ და დამარხულ სასტიკი მიუდგომელობა, სინამდვილე და ჭეშმარიტება; მესამე და უმთავრესი პირობისაგან, არის თავისუფლება და დამოუკიდებლობა ჟურნალისა; მაგრამ ესე უკანასკნელი ეგრეთვე, თავის მხრით, დამოკიდებულია იმა ხარისხისაგან, რომელშიაც სდგას უწყებულს სახელმწიფოში თავისუფლება საბეჭდავისა. აქედგან ცხადათ სჩანს, თუ წყარო, რომლისაგანაც მომდინარეობენ ზემო აღნიშნულნი, და სხუანი უმრავლესნი პირობანი შემადგენელნი ღირსებათა ჟურნალთა, იმყოფების უპირველესად თავისუფლებაში საბეჭდავისა, ხოლო ესე ვითარი თავისუფლება საბეჭდავისა უმრავლესთა სახელმწიფოებში ევროპიისა ეგოდნათ სუსტი და ნაკლულევანია, რომ ვგონებ არ შევცდე, უკეთუ ვსთქუა: არის მოჩვენებითი.

მრთელს ევროპიაში არის მხოლოდ ერთი სახელმწიფო რომელშიაც, ვიტყი თამამად, თავისუფლება საბეჭდავისა მიწევნილ არის თვითქმის ყოვლად სისრულეში, და იმის წყალობითა იქაურნი ჟურნალნი და მრთელი პერიოდიკული ლიტერატურა, სავსენი მრავლითა ზნეობითითა ღირსებითა ყვავილობენ და კუალად აყვავილებენ, აკეთილ დღევანებენ და აბედნიერებენ ყოველთა მხცოვრებთა იმა სახელმწიფოთა, რომელიც არის ანგლია.

რადგანაც სიტყუა ჩამოვარდა თვისუფლებაზედ საბეჭდავისა, ვიტყვი ორ სიტყუას ამაზედ საზოგადოდ: მე არ მეგულვება სახელმწიფო, არათუ ევროპიაში, არამედ არცაღა მრთელს ქვეყანაზედ, სადაცა: სწავლა, ხელოვნება და ვაჭრობა იყვნენ მიწევნილნი იმა უმაღლესს ხარისხზედ თავისისა გახსნილობისა, როგორც რომ ან გლიაში, სადაცა სიმართლენი პიროვნობისა და საკუთრებისა იყვნენ დამარხულნი და დაცულნი ყოველთა უმცირესთ უსამართლოებათაგან და, მაშასადამე, სარგებლობდენ ესრედ ვრცლად უშიშრობისაგან, როგორც რომ ანგლიაში, სადაცა თანხმობა, კეთილ განწყობილება, მადლიერება და ურთიერთობრივი რწმუნება, შორის მმართველობისა და ხალხთა, იყვნენ ეგოდენ დიდნი და ჭეშმარიტნი, როგორც რომ ანგლიაში. უკანასკნელად, სადაცა თავისუფლება სარწმუნოებისა და თავისუფლება სვინდისისა, რომელი არის ნაყოფი ახლანდელისა განათლებისა და სიქადული მეათცხრამეტისა საუკუნისა, იყოს ესრედ პატივცემულ და კეთილად-შეწყნარებულ კანონთაგან, როგორც რომ ანგლიაში. ახლა ესეც ვიკითხოდ: რა არის მიზეზი? - არიან მრავალნი, გარნა რიცხუთა შორის ამა სიმრავლეთა, ვიტყვი სრულის კადნიერებით, პირუელი ადგილი უპყრიესს თავისუფლებასა საბეჭდავისას, იმა საბეჭდავისას, რომელიცა, ერთის მხრით, უზოგველად და შეუპოვნელად განამზებს ყოველთა ვითარცა კარგთა, ეგრეთვე ცუდთაცა მოქმედებათა არა თუ მარტო საშუალ მოსამსახურეთა სასამართლოებში, არამედ თვით მინისტრებთაცა, ხოლო მეორეს მხრით იგი აძლევს სრულსა ნებასა თვითოულსა ანგლიჩანსა, რომ იმან სთქუას და განსაჯოს ყოველი ნივთი თავისებურად, თავისის საკუთარის შეხედვითა, სრულის სითამამით, და იმოქმედოს ისე, როგორც მას ნებავს; მხოლოდ აქ უსაჭიროეს არის დამარხვა მის მიერ ერთისა პირობისა: რათა სიტყუანი და მოქმედებანი იმისნი არ იყვნენ მავნებელნი და საზარალონი სხუათა პირთა, მაშასადამე ერთობ საზოგადოებისაცა, და უკეთუ ესე პირობა ბეჯითად დაცულ და დამარხულ არის, მაშინ თვისუფლებასა ანგლიჩანისას არა აქუს საზღუარი.

3 ნოემბერი, 1862 წელსა.

ლეჩხუმი. . მური

ცისკარი. - 1862. - N12. - გვ. 305-309

7.4 ანტონ ფურცელაძე - წავიდა ის დრო

▲back to top


თავხედი*

(სატირული ოხუნჯობა)

ნაწყვეტი სტატიიდან

მოქმედება 2

(სცენა წარმოადგენს „ცისკრის რედაქციას. სიძველის მქადაგებელნი და უაზრო მწერლები ბაასობენ)

სიძუელის მქადაგებელნი ჩუენ ყოველივე ღონისძიება უნდა მოვიხმაროთ, რომ არას დროს ევროპიის სწავლა და განათლება არ შემოგვეპაროს საქართველოშია. რა გვიჭირს, რომ იმათსავით რაღაცა ჯანაბაებს არ ვიგონებთ! ეგ რაღაცა ჯანაბებს იგონებენ, გონიათ მაგაში ღმერთი ერიოს თუ! - თქუენ არ მომიკუდეთ! აბა, ღმერთი რათ ერევა, თუ ქრისტე გრწამთ, მაგ. რაღაცა ჯანაბური, ტეოგრაფია თუ რაღაცა: შენ რომ მოსკოვს იყვე და მე აქ ისე ველაპარაკებით ერთმანერთსა, თითქო აქა დგანანო. ამისთანა ეშმაკურს საქმეში ღმერთი გაერევა?

უაზრო მწერლები

ოღონდა და არ გაერევა! ბატონო, თუ მაგაში ღმერთი ერიოს, მაშ რატომ წრეულს ჩუენში მოსავალი აღარ მოვიდა, რაც ეგ ბოძები დაურჭეს იქა! ეგ იმიტომ, რომ ის რაღაცა ჯანაბაა რკინის თოკი გაბმული იმაში ერთი რამ ეშმაკის სახე უნდა იჯდეს: მე შევიტყვე, რომ ევროპიელებს ის ქუაბი უპოვნიათ, რომელშიაც სოლომონ ბრძენმა ეშმაკები დაამწყვდია და ახლა იმათთვის პირობა დაუდებინებიათ...

სიძუელის მქადაგებელი

... ჰო, და! ჩუენ ეხლა უნდა ემაგას ვეცადნეთ, რომ ჩუენმა ქართველებმა არ ისწავლონ ე მაგისთანა რამეები. აქამდინ ამიტომა გვწყალობდა ღმერთი, რომ ემაგისთანა ეშმაკობა არა იყორა: მეგობრობაც მტკიცე იყო, ნათესაობაც დაცული იყო, ძმობა და სიყუარულიც სარწმუნო იყო. აი, ემანდერა ევროპაელებს როგორ ღმერთი გაუწყრათ: აღარც ნათესაობის დანდობა, აღარც ერთი, აღარც მეორე... ასე ანბობენ რომ ეგ უგვანოები, ვითომც ბაყაყსა და ლოკოკინასა სჭამდნენ (ყველანი ზიზღით აფურთხებენ) ლფუ!... აბა, ვინც ამათ აჰყუება, რაკითხი უნდა კეთილი არ დაეყრება!...

ერთი უაზრო მწერალთაგანი

მე ეხლა დავწერე ერთი აზრი დასაბეჭდავათ: უცხადებ ყველა ქართველებსა, რომ ეგება საზოგადოთა ვსთხოვოთ მთავარმართებელსა, რომ ეგ ტილიფრაღაები და მაგისთანა მოჯადული საქმეები გადააგდოს ჩუენი საქართველოდამა... ახლა კიდევ ამბობენ, რომ რკინის გზის გაკეთებას აპირებენო, რომელიც შეუბმელად უსაქონლოდ ივლისო. აბა, სადაც ემაგისთანა რაღაც რაღაც რამ შემოვა კეთილი რათ დაგვეყრება; აბა თქუენი ჭირიმეთ თუ ეშმაკის მაქანება არ იყვეს, შეუძლებელია როგორ გაივლის. ჯოჯოხეთს ერთი ნიგუზალიღა აკლდა და ისიც შეუკეთესო: ერთი ეგღა აკლდა და ჩუენს გაურჯელობასა და ყმაწვილი ხალხის გადაბირვასა... ღმერთო, შენ დაგვიფარე ამისთანა განსაცდელისაგან...

სიძუელის მქადაგებელი

ვაჟო, ჩუენი მამაპაპანი ჩუენზედ ჭკვიანები და ჩუენზედ უკეთესები არ იყუნენ, რომ უცხოვრიათ და ლხინითა და ქეიფით დრო გაუტარებიათ!... უნდა ვეცადნეთ რომ წერითაცა და საქმითაცა, ევროპიელებმა არ მიგვიზიდონ, თორემ ჩუენც იმათსავით გარმიანებლები შევიქმნებით...

ცისკარი. - 1862. - N12. - გვ. 287-305

7.5 იოსებ ელიოზოვი - კუკიის ძუელი და ახალი მდგომარეობა

▲back to top


(მოთხრობა)

ნაწყვეტი სტატიიდან

[...] 1819 წელსა, მთავრობის განკარგულებით გარდმოასახლეს საქართუელოში ხუთასი კომლნი ნემენცნი, რომელნი გაჰყვეს ექვს ნაწილად, მათგანნი მართებლობამ დააბინავა 1. ქ. კუკიას. 2. ამ კუკიაზე სამ ვერს მოშორებით ზემო-ხსენებულს დიდ-უბეს, რომელი იზედწოდების (ალექსანდროვსკი). ამ ორთავე დასახლებულთ ნემენცთ დასავლის მხრით უჭირავთ მტკვრის პირი, 3. სოფელ სართიჭლას, 4. ასურეთს, 5. რატევანს და 6. ელისაბედის-პოლის გუბერნიაში.

ამა კუკიას და დიდუბეს დასახლებულთათვის გარემო მცხოვრებნი ანბობდნენ, საბრალო ნემენცნი სასტიკს ჰაერს ვერ გაუძლებენო, მაგრამ ისინი უმეტეს განმრავლდნენ.

პირველად რასაკვირველია იყვნენ უქონელნი გლახაკნი, მაგრამ მალე მოიპოეს ქონება, ამა ნემენცთა მიმოიხედეს, ნახეს გარემო მცხოვრები ქართველნი ხმარობენ ძველებურს დევ-გმირულს, რვა ანუ ათ უღლიანს გუთანსა და ესრეთსავე ურემსა, აგრეთვე ძვირფასს მამულებს კარგად არ უვლიან რომ შემოსავალი ჰქონდეთ, ამისთვის არ მიხედეს იმათ მაგალითსა. იგინი განსხვავდნენ შრომითა და მოწყობილებითა, შეამზადეს ოთხისა ხან ექვსის ცხენით სახვნელი გუთანი, ნაცვლად ჩუენებურის დიდის სახნისისა, გაუკეთეს სახნისი სუბუქი და ბასრი მიწის ღრმად და განივრად მომხვნელი.

რასაკვირველია სარფიანიცა ასე რომ, ამას უნდება ერთი გუთნის-დედა, ცხენების რიგზე მოხმარებისათვის ერთი კაცი ანუ ორი პატარა ბიჭი. დღეში ხნამს ჩუენებური დღე-ნახევრის ოდენსა და ნაცვლად ურმისა გინა ერთ ცხენ შებმულის პოვოსკისა, შეუდგინეს ფურგუნი, ზიდავს ორმოც და ათადიმ ას ორმოც ფუთამდინ. ამაში აბიან ორიდამ ოთხ ცხენამდინ, ესეცა მსწრაფლი მიმომსვლელი, თითქმის ყუელა ნემენცსა აქუს სახლში ყველა იარაღი: ცული, წალდი, დანები, ხერხი, ხელეჩო, ქლიბი, ფარგალი, ჩაქუჩი, არშინი, საჟენი, კალატოზის საზომი ქაფჩა და სხუა. უბრალო პაჩინკას ყოველსავე სახმარისს თვითონ გააკეთებენ და არა რას დახარჯვენ.

აგრეთვე შეუდგნენ კაცნი და ქალნი სამაგალითო შრომას, ამ ორთა კუკიისა და ალექსანდროვსკის სოფლის მცხოვრებთა მტკვრიდამ აღმართზე მაშინით ამოიყვანეს წყალი და გამოატარეს ალექსანდროვსკისა და კუკიის მცხოვრებლების შუა, სასმელად, სარწყავად; შეამკეს მშუენივრად ვენახები სხუა და სხუა ალაგებიდან მოტანილის საუკეთესო ვაზითა და ხეხილითა.

ამ ნემენცების გონიერულმა შრომამ გამოსცა მსუქანი ნაყოფი, პური, ქერი, კარტოფილი, კომბოსტო, ბალახი, თივა, ხილი, ყურძენი, ძროხების რძისაგან შედგენილი ყუელი, ერბო, კარაქი და რძე, აძლევდათ დიდსა სარგებლობასა, თფილისის, სართიჭალას, ასურეთს, რატევანს, არ არის კარგი ღვინის ალაგები, მაგრამ, იმათ მოიპოეს ისეთი ხელოვნება რომ, ისინი ჰყიდიან ყოველთვის კარგად დაყენებულ ღვინოს კარგ ფასად...

ის ადგილები უწინარეს მათის დასახლებისა, იყვნენ თითქო უარგისო გადაგდებულნი, უწყლო, ცუდ ჰაერიანნი, მაგრამ ყოველთა კალონისტთა ყოველს ალაგს ჰაერის წამხდენნი სიმყრალენი განა ჭაობნი გასწმინდეს, ზედ დააშენეს შენობანი და ვენახნი, ხელოვნებით შორიდამ წყლები გამოიყუანეს. წამხდარნი ალაგები დაამგზავსეს სამოთხეს.

გარემო ჩუენნი სოფელთ მცხოვრებნი, შეჰყურებენ გულ გრილად, ამის მეტსა არასა გრძნობენ, თითქო ეს განშუენებული მდგომარეობა მხოლოდ კალონისტებთ ეკუთვნოდეს, ეს ცხადია რო, სხუა მამულები სჯობიან ამ ალაგებსა, მაგალითებრ ქართლისა, ლიახვებზე დაშენებულნი და ერთობ მტკუარს გაღმა გამოღმა თვისის სარწყავის ჰაერით მზგავსნი ედემისა ეგრეთუე თბილისისა გარემო. კახეთი ზემოთი და ქუემოთი სომხითი და სხუა რომლისა თვითეულის ფასი და სამძღუარი მიუწვდომელია.

ცისკარი. - 1871. - N5. - გვ. 358-417.

7.6 ანტონ ფურცელაძე - სასოფლო წერილები

▲back to top


..*

წინა წერილში მოხსენებულთ ჩვენი გაწრიოკების მიზეზთა უნდა დაურთოთ კიდევ ისა, რომ რამდენიც გვიახლოვდება ევროპიული ცივილიზაცია, იმდენი უფრო ჰმოქმედებს ის ჩვენზედ როგორც დამჩაგრავი მოვლინება. თქმა აღარ უნდა, ამ ცივილიზაციისა, რომ კარგი მხარე ჰმოქმედებს ჩვენზედ და შემოდიოდეს ჩვენში იმისი სიკეთე, ჩვენ ის კი ვერ დაგვჩაგრავდა, დიდს წარმატებას მოგვცემდა, რათგან ჩვენი გონების გარემოება არ არის უცხო თავის ფიზიოლოღიური წყობილებით ამ მოვლინებათათვის, მაგრამ გვჩაგრავს ჩვენ ისა, რომ ამ ცივილიზაციისა ჩვენამდის მოდის და ჩვენ გვეცნობა მხოლოდ ცუდი მხარენი, რათგან ცუდი უფრო ადვილი მისაღებია და ამასთან პირველ ჟამად სასიამოვნოცა, ვიდრე კარგი. სხვათა შორის ამ ევროპის ცივილიზაციის ცუდი მხარის მიბაძვამ ჩვენში გააღვიძა მრავალი მოთხოვნილებანი, მეტადრე მაღალს და შუათანა წოდებებში, საიდამაც ედება დაბალ საზოგადოებასაც; მაგრამ ეს მოთხოვნილებანი ვერა ჰკმაყოფილდებიან ჩვენის უშვერებისა და უმეცრებისა გამო. მოთხოვნილებანი თან და თან ჰმატულობენ, და სწავლა ჩვენი არის იმავე გარემოებაში, რაშიაც იყო მამა თარგამოსის დროს. ყველა, რაც ძალი და ღონეა იწევს, რომ დიდ მდიდრაჯულს ცხოვრებაში და კოხტაპრუწაობაში უკან არავის ჩამორჩეს, და საზრდოს შეძენის სახსარი კი არავინ იცის და ვერცარავისაგანა სწავლობს. ამას ყველას მოსდევს მარად ვალები და ცარცვა ადგილ მამულისა. მე დავეჩვიე კალიასკებში თუ სხვა ეკიპაჟებში ჯდომას, ჩაისა და ყავას, ვერცხლის იარაღს და ხავერდისა და ფარჩის ტანისამოსს, ბზისა და კაკლის მებელს ხავერდსა და ზარბაბ გადაკრულს, დიდროვან მრავალ ოთახიან სახლებს, მრავალ მსახურებს და ფრანციცულს პოვრებს და ფრანციცულს საჭმელებს და კი აღარ მამდევს მათდა შესავსებლათ სუკი. მაგრამ უამათოთ ცხოვრება აღარ შემიძლიან, ეს ცხოვრება მაქვს ძვალსა და რბილში გამჯდარი. მამაკლდა ეს ცხოვრება, - გარდა ამისა, რომ თვითონაც აღარ ვარგივარ უამისოთ, - ტოლ-ამხანაგი ხმას აღარ მცემენ, ახლოს აღარ მიკარებენ, მიყურებენ თაკილით, თითქო ერთი რამ ცუდი საქმე ჩამედინოს. ჩემ ქვეით საზოგადოებაც ძაღლათაც არ მაგდებს, თითქო ნიშანს მიგებს, რომ მე აღარ შემიძლიან წინანდელი ცხოვრება, ისიც ამაყათ დამჩხავის თავსა და თაკილით მიყურებს, რომ ამ გარემოებას, როგორც არის დღითი დავაღწიო თავი, უჭერ უჯეროთ, უწესოთ, უცოდვნელად, შეუბრალებლათ მამულებსა და, ვინ ამ მამულებს ჰსაჭიროებენ, იმათა. ამამაქვს ამ მამულებიდამ, რაც შემიძლიან, და სამაგიეროს აღარ უბრუნებ, რათგან არ მესმის, რომ რაც ამოდის მიწიდამ, თუ არ დაუბრუნე, წახდება მამული; ამასთან, თუ მაქვს სადმე ტყე, ვყიდი, ვჩეხავ ყოვლად შეუწყალათ და მოუსაზრებლათ. სადაც უწინ იყო დაბურული და გაუტანებელი ტყეები, დღეს აქ არიან ცარიელი უნაყოფო გატიტვლებული ველები. აი ამგვარათ გვჩაგრავს ჯერობით და ამგვარს მდგომარეობას ჰბადებს ჩვენი მოუსაზრებელი წაბაძვა ევროპის ცივილიზაციის ცუდი მხარისა.

მართლაცა და გადავავლოთ ახლა თვალი, სადამდის მიაღწევინა ამ ჩვენმა გაუგებრობამ ჩვენს ტყეებს. რამდენიც წელიწადი გადის, იმდენი ცხადლივ ატყობს კაცი, რომ ტყეები იქცევიან ცარიელ ველებათ. რამდენიც წელიწადი გადის, იმდენი მცირდებიან წყარო მდინარენი და ნაკადულნი. რამდენიც წელიწადი გადის, იმდენი გვალვა და სხვა სასტიკი ბუნების მოვლინებანი ამრავლებენ მოუსავლობას.

რა არის მიზეზი ამგვარის ტყის უწყლოთ განადგურებისა? გარდა ზევით მოხსენებული ჩვენი გაჭირვებისა და უშვერებისა, უფრო მომეტებული ჩვენი შენობანი. ჩვენებურს შენობაზედ შეშის მტერი და შთამთქმელი ძნელი წარმოსადგენია რამე და სადმე, ქართლი ხომ არის და არის, და კახეთი და იმერეთი კიდევ ერთი ორათა. ქართლში ეს მაინც არის, რომ შენობა ხისა ძვირია, კახეთსა და იმერეთში შენობაებიც სულ ხისაა, რომელიც ჰნთქავს დიდს ძალს ტყეს. ამას დაურთოთ ახლა ისა, რომ არც ქართლსა, არც კახეთსა და არც ლიხს იქითა მხარეს არ არის სრულიად ფეჩი, მაშინ მივხვდებით, რა მიზეზიც არის უწყალოთ ტყის ჩანთქმისა. ჩვენებური შენობა არის უფანჯრო, ერდოიანი, რომლისაგამო ზამთარ ზაფხულ თუ კარი სულ ღია არა გაქვს, ვერას დაინახავ. ბანი, ან ერდო არას დროს ვერ დაიხურება, რათგან კომლს ასასვლელი გზა შეეკვრის და სახლს რამდენიც გინდა კარი გაუღო მაინც შუა ადგილას ვერას დაინახავ. ამის გამო უნდა ნიადაგ ჩაუქრობლივ თითქმის საკირის მსგავსი ცეცხლი გენთოს, რომ მცირეც არის ჰგრძნობდე სითბოს, თორემ სახლი იქცევა საყინულედ, და ისეც არის. დღე და ღამ ამ ჩვენს შენობაებში აგზვნიან საკირეები და იწვის აუარებელი შეშა. თქმა აღარ უნდა, რომ ამ ხალხის გამრავლებასთან, ტყეები იჩეხებიან უწყალოთ, რომელიც ამ ათ ოცს წელიწადს საშოვნელათაც გაჭირდება თვით შენობაებისთვის და უწყლობა და ჰაერის უზომობა ხომ თავისას დაგვმართებს. ამ ტყეებს არა ჰყავს არც მმართველი, რომელიც წესიერათ იცავდეს ამათა და უგდებდეს ყურს მომავლისათვის, არც ჰყავს მზოგველი, რათგან უშვერებისაგამო არ იციან მცხოვრებთა, რა მოსდევს ამ გვარ შეუწყალებლათ ტყის ჩეხვას და მოსპობას. მებატონენი არა ჰზოგვენ იმას, რათგან უჭირთ ცხოვრება, არა აქვთ ფული და არ იციან თვის მოთხოვნილებაების მოვლა, ამის გამო თითო ოროლა გროშათ აჩეხინებენ და ანადგურებინებენ ტყეს. მეორეს მხრივ, რომ არ გააჩეხინონ კიდეც, რა უნდა ჰქნან, როდესაც ჰსაჭიროებს ხალხი შეშას და ვერ იცხოვრებს უშეშოთ?!

რაც მდგომარეებაში ვხედავთ ტყეებს, იმავე მდგომარეებაში არიან სხვა მამულები. გარდა საქონლის პატივისა, ჩვენმა ხალხმა არა ნივთისა არ იცის პატივათ ხმარება. ამისგამო მრავალნი საგანგებო პატივნი, როგორც მაგალითად ადამიანის განავალი, ძვლები, ნაგავი, თხის და ცხვრის ფეინი, ფრინველის ფეინი, ნახადები არყისა თუ ზეთისა თუ სხვისა, დამპალი ჩალა, ბზე, თივა და სხვა ამგვარები იკარგებიან სრულიად ამაოდ წყლებსა, სანაგვეებსა და ამგვარ ადგილებში. არამც თუ ესენი, ბევრგან საქონლის პატივიც იკარგება ამაოთ და მეტადრე იმ ადგილებში, სადაც წვრილი მებატონის ნაყმევები არიან, ამ ნაყმევებს არა აქვთ საკუთარი ნადელები, ჰხნავენ სხვის მამულებში, ამის გამო არცა აქვთ მიზეზი, რომ დააყარონ თავის საქონლის პატივი სხვის მამულს, რომელიც მემრისვე იქნება სხვას დარჩეს მოსახნავათ, ამის გამო იმას უყრია ეს პატივი და უხდება ტყუილათ კარებზედ, რომლითაც პატივი პატივათ ხდება და სოფელს და თვით პატრონებს უყროლებს არემარეს, ახდენს ჰაერს და ამრავლებს სნეულებას. თქმა აღარ უნდა, რომ ამგვარს გარემოებას მოსდევს სრული მიწების მოღლა და კიდეც იღლებიან. სადაც მიწა ამ ერთი ორმოცი წლის წინათ დღიური ოც კოდს იძლეოდა, დღეს აღარ იძლევა ათს კოდს. რაც ხანი გადის, იმდენი ცხადლივ ეტყობა მოსავალს კლება და ხალხი კი თან და თან მრავლდება. ამ უპატიობის გარდა, ჩვენი მიწების გაღარიბებისათვის ისიც საკმაო იქნებოდა, რომ ჩვენი მოსავლისა კარგი წილი გადის სხვა ადგილებში და აღარ უბრუნდება ამ მიწებს. მაგრამ ჩვენ ამასაც არ ვაჯერებთ, და ვაკლებთ იმ პატივსაც, რისაც მიცემა ჩვენ ხელთ არის.

გადაავლეთ ახლა თვალი ჩვენს ხელოსნობას. გარდა ჩვენებური გუთნისა და გუთნის იარაღის გაკეთებისა, ურმისა და ურმის იარაღის გაკეთებისა, ჩვენმა სოფლელებმა არ იციან არავითარი ხელოსნობა. აქამდის იყვნენ ფეიქრები, მღებრები, ჭონები, მეჯარეები და სხვანი. ესენიც აღმოიკვეთნენ. ნიჩბისა, ფიწლისა, არნადებისა, სარცხლებისა, კევრებისა, ცხავებისა, საცრების, ვარცლებისა, კიდობნებისა, კასრებისა, თაბხებისა, ქვევრებისა, რუმბებისა, ტიკებისა, კუპრისა და სხვა ათასი ამგვარი წვრილმანი სოფლის მეორნეობის საჭირო ნივთეულობის მკეთებლები სრულიად არ არიან ჩვენს სოფლებში და ესენი ყველანი ან უნდა შეიძინონ ოსთაგან, ბერძენთაგან, ქალაქ ადგილებში და თითო ოროლა ზემოელ იმერელთ და რაჭველთაგან, სადაც იციან მხოლოდ თითო ოროლა ხელობა. ლიხს იქითა მხარე კიდევ უფრო მწირია ამისთანა ხელოსნობაში გარდა საჩხერისა და რაჭისა. არამთუ ამისთანაებში თვით პირველი უსაჭიროესი არ იციან იქ. მაგალითათ სამეგრელოში არ იციან ერბოს გაკეთება და კარაქის ამოღება, არ იციან არაყის ხდა (თუმცა დიდი ზარალი კი არ არის უარაყობა). იქ რომ ფიცრული სახლი მოუნდეთ უნდა დაიბარონ რაჭველნი ან ზემოელი იმერლები, რომელნიც უფრო დახელოვნებულნი არიან სხვა ჩვენს ხალხს შორის ხელოსნობაში. არამც ესეები, ჩვენმა ხალხმა (გარდა მთის ხალხთა და მეგრელთა არ იციან ჩოხის ქსოვნა და ან უნდა მამასისხლათ ყიდულობდნენ ქალაქ ადგილას, ან ოსთა და სხვა მთის ხალხთაგან. სხვა რიგი იარაღების კეთება, რომელნიც თან და თან გვჭირდებიან ჩვენ, რამდენიც უფრო და უფრო იღვიძებს ჩვენი რომელიმე მოთხოვნილებანი და შემოვა სხვა რიგი ადგილ მამულის მართვა, ხომ სათქმელი არ არის და არცა რა ვინ უცხო ტომთაგანი გვყავს ამისი მკეთებელი და მსწავლებელი.

კაცი, რომელთაც გული შესტკივოდათ ჩვენი ამგვარის მდგომარეებისთვის და რომელთაც ეყურებოდათ ეს ცუდი მხარე ჩვენი მეურნეობისა, დაწყეს ცდა, რომ ჩვენ სოფლებში დაკეთებულიყო სახელოსნო სასწავლებლები, სადაც ჩვენი სოფლის კაცი მომზადებულიყო იმგვარ ხელოსნად, რომ შესძლებოდათ სამეურნეო იარაღისა როგორც კეთება, ისე მართვა და დაკერებაცა, რომ ამაზედ ჩვენს მეურნეობას დაბრკოლება არ მისცემოდა და არ დაგვჯდომოდა იარაღებისა სყიდვა მოტანა მამასისხლათა, რომ ამათის გაჩენით, ზარალი კი არა, სარგებლობა გვენახა. მაგრამ ამგვარმა აზრმა ვერა ჰპოვა თანაგრძნობა ვერც საზოგადოებაში, რომელიც სრულიად მოუხვედრელია ჯერ თავის ნანდვილს სარგებლობაზედ. და ვერც უმაღლეს ადგილას სხვა და სხვა მიზეზისაგამო. ამგვარი აზრი ეკუთვნოდა კოსტანტინე მამაცაშვილს, რომელიც წერითა თუ პირადის ქადაგებით შეჰღაღადებდა საზოგადოებას და მართებლობას, მაგრამ პასუხათ მიიღო განსვენებული „კავკაზის“ რედაქტორის ბაბილიოვის უშვერი და ამაყი სტატია, რომლითაც იხსენიებდა უპატიურათ ამგვართა აზრთა და მოთხოვნილებათა. საზოგადოებამ ყურიც არ გაიბერტყა, თითქო ეს ჩვენ არ შეგვეხებაო.

აი ამგვარს გარემოებასა და მდგომარეებაშია ჩვენი სასოფლო მეურნეობა. ყოველი ეს გარემოებანი თხოულობენ საძირკვლიანათ შეცვლას ჩვენი ცხოვრებისას, თუ გვინდა, რომ ჩვენი მეურნეობა წავიდეს იმ გზაზედ, რომელიც მიანიჭებს ნანდვილს ბედნიერებას ხალხს და ჩაუდგამს სულს ახალის ცხოვრებისას. ჩვენი ეკონომიური და გონებითი მდგომარეება ისეა ერთმანეთზედ გადახლართული, რომ ორივეს ცვლილება ერთათ უნდა დაიწყოს. მართალია, რომ ჩააკვირდე კარგა ამ მოვლინებათა, ამ ჩვენს ცუდს გარემოებაში ბრალი უფრო სხვათა აქვთ, რომელთაც ჩვენთვის პირველადვე უნდა მეეცათ ცოდვნა და ეჩვენებინათ ღონე თავის პატრონობისა. მაგრამ ამაში არც ჩვენა ვართ უნაწილონი. რუსები იტყვიან: дитье неплачеть, мать не разумъеть. თუ ჩვენ არ დავანახვებთ ჩვენს ნაკლებულებას, ჩვენს საჭიროებას, სხვები ამას ძნელათ მიხვდებიან. მართალია, ესეც ძნელი საქმეა ზოგიერთი გარემოებისაგამო, მაგრამ, რაც შეიძლება ის მაინც უნდა გაგვემჟღაპრებინა. მაგრამ ჩვენ არც ამაში მიგვიწვდა გაბედვა და მოხერხება. გარდა ამის ჩვენა გვაქვს ამაში კიდევ ის ბრალი, რომ მეტათ შევეჩვიეთ სხვის ხელის შეცქერას და ამაში მივეცით ნება სხვათა, რომ გვაყურონ როგორც აღუცასა, რომელსაც, რასაც უბრძანებენ, ის უნდა შეასრულოს და ისე უნდა მოიგცეს; რომელსაც არა აქვს გაღვიძებული არავითარი საკუთარი მკვიდრი მოთხოვნილება და მოსაზრული საჭიროება. ხანი გადის და ჩვენ უნდა დავინახოთ, რომ დიდი დაფიქრება და მეცადინეობა გვმართებს, რომ დავიცათ ჩვენი საკუთარი ბუნების ნიშნები, ჩვენი საკუთარი ნიჭი და ჩვენი განსაკუთრებითი ხასიათები. ერთის სიტყვით ჩვენ უნდა დავინახოთ და შევეჩვიოთ იმ აზრსა, რომ ჩვენი თავის პატრონნი ვართ ჩვენა, რომ ჩვენს თავს ჩვენვე ვეცადნეთ, რომ მოუაროთ იმდენათ მაინც, რამდენათაც ამაში გვეხმარებიან ჩვენი გარემოებანი. იქ, სადაც ხალხი არის ნიადაგ სხვების ზრუნვის ქვეშ, და თითონ ყური მიგდებული აქვს თავის საკუთარ საქმეებზედ, იქ ყოველთვის დაცემულა და გაწრიოკებულა ხალხი, სადაც ხალხი თვითონ ყოფილა თავის საქმეების თაოსანი და საქმის მზრუნველი, იქ ხალხი ყოველთვის ყოფილა დაწინაურებული და წარმატებაში.

თქმა აღარ უნდა, რომ მინამ ეს არ შეგვიძლიან, მინამ ეს მაინც უნდა, რომ ჩვენი საჭიროება ვაცნობოთ მათ ვისდამიც ჯერ არს და

მოვთხოვოთ შეგვისრულონ ისა, რაც საჭიროებაა.

ამისგამო სასარგებლოთ სასოფლო მეურნეობის წარმატებისა. იმდენათ მაინც, რამდენათ ეხლანდელს მდგომარეებაში შესაძლებელია, აუცილებელი საჭიროება მოითხოვს, რომ ადმინისტრაცია, ესე იგი, მმართებლობა გაერიოს საქმეში და მოახდინოს რამდენიმე ცვლილება და დაწესება. ეს ცვლილება და წესები ესენი არიან:

1. დაიმართოს სასოფლო სასწავლებლები* და შეძლების დაგვარად ალაგ ალაგ მაინც ისეთები, სადაც ასწავლიდნენ სასოფლო მეურნეობას წიგნით თუ ჩვენებით (თეორიულათ თუ პრაკტიკულათ).

2. დაიმართოს ალაგ ალაგ სამეურნეო სახელოსნო, სადაც აგრეთვე ასწავლიდნენ წიგნს, რომელნიც უხსნიდნენ ამ მხრივ იმათ გონებას.

3. დასაცველად ტყეთა დაიდვას კანონი, რომ ვინც ახლად დაიწყოს შენობა, ჯერ ერთი ესა ყველამ გაიკეთოს სახლი ალიზისა, რომელზედაც არ იხარჯება ტყე და არც სხვაფრივ უნდა დიდი ხარჯი; მეორეც ესა, სახლი იყვეს ფანჯრებიანი, უერდოვო; მესამეც ესა - სახლსა ჰქონდეს ფეჩი, რომელიც იხურებოდეს; მეოთხეც ესა, აღიკრძალოს თონეები, რომელნიც ჰთქმენ მეტათ ბევრ ტყესა, აძლევენ ცხობაში ზარალს კუტებით და აუძლურებენ თვით პურის მცხობელთაც: პური აცხონ ფეჩებშივე. ფეჩებს ჰქონდეს დასახურავები. რასაკვირველია, ვისაც შეძლება აქვს - არ აეკრძალოს ალიზის სახლის მაგივრათ ქვიტკირისა, ოღონდ სახლი ნუ იქნება ხისა, რომელიც მეტად აზარალებს ტყესა. აღიკრძალოს ხის შენობა, გარდა რომელთამე აუცილებელთა საჭიროებათა.

4. დასაცველათვე ტყეთა და მდინარეთა, რათგან ტყის კერძო პატრონნი ვერასოდეს ვერ შეძლებენ წესიერათ ტყის დაცვას სასარგებლოთ თვით ტყისა და მთლათ მხარისა, რომელმაც უნდა იცხოვროს ამ ტყითა და მის ძალითა, ყველა კერძო ტყეები დაიდგას სახასოდ და გადვიდეს ტყეთა სამმართველო უწყებაში. მეპატრონეთა მიეცით ამაში ფასი, რომელიც გამოერთვას მხარეს წვრილ-წვრილად, მხოლოდ მხარეს მიეცეს ნება რომ მუქთათ ახმაროს ტყე შინ სახარჯავათ. მხოლოდ გასასყიდში ერთვას ხარჯი, სასარგებლოთ ტყეთა მმართველობისა.

5. სივიწროვისა გასაფართოვებლათ სოფლებში აღეკრძალოთ სამკურნალო წესით რაც სივრცეა საჭირო, იმ სივრცეზედ მცხოვრებთ ერთმანერთზედ ახლო დგომა და მახლობლათ იმ შენობათა კეთება, რომელნიც ჰვნებენ ხალხის სისაღეს, რომელთაც არა ჰქონდეთ იმდენი მამული, რომ სადგომათ ეყოთ ერთმანთზედ ამ წესით მოშორებითა და არცა ჰქონდეთ შეძლება სხვათაგან ამის შეძენისა, მაშინ მიეცეთ ამათ ან სახელმწიფო და საეკლსიო მამულთაგან, სადაც ეს მამულები არიან; თუ არა და ამგვარ გაჭირვებულთათვის დაიდოს კანონათ, რომ სოფელმა შეიძინოს ერთობრივ სადგომათა ადგილები იმ პირთაგან, რომელთაც ამ სოფელში, ან მახლობლათ აქვთ სხვებზედ მეტი მამული და ამ მამულში სოფელმა მისცეს ამ პატრონთ ერთხელ და ერთხლ ტაქსით სოფელ სოფელ დადებული ფასი. ყველა ამ მამულზედ დამდგარს თავის სადგომი მამულის ფასი გამოერთვას წვრილ წვრილათ, შეძლების დაგვარათ.

6. თუ შეიძლება ერთბაშათ, თუ არადა ცოტ ცოტათი მაინც ეცადნენ, რომ მამულები სოფლებში შეიქნეს საზოგადო სასოფლო საკუთრებათ, როგორც არის ეს რუსთში. მხოლოდ დაყოფის დროს შემუშავებული მამულები დაიყონ შემმუშავებელთა. ვენახები ორმოცდა ათ წლამდის ეჭიროთ გამშენებლებთა და შემდეგ დაიყოს შეფარდებით ვენახის პატრონებს შორის: კარგი ვენახები კარგის შემმუშავებლებს და ცუდი - ცუდი შემმუშავებლებს შორის. ამგვარი ხნიერება და შერჩევით დაყოფა არ დაუკარგავს მუშას ვენახისა და მამულის გაკეთების ხალისსა. ამგვარათ საზოგადოთ მამულების დადება, სხვა სიკეთეთა შორის, უშველის იმ საშინელს სივიწროვესაც, რომელსაც ეხლა ითმენს სოფლის ხალხი.

7. რამდენსამე სოფელზედ დაწესდეს თითო საქონელთა ნასწავლი მკურნალი.

8. გაიმართოს მასწავლებელთა სემენარიები (учительская семинария) სხვა და სხვა საქართველოს ადგილებში, როგორც ამგვართა ექიმთა დასაზრდელი სასწავლებისათვის, ეგრეთვე სხვარიგი სამეურნეო სასწავლებლისათვის.

მართალია, ბევრს ეს მოთხოვნილება და ცვლილება ეჩვენება ახირებულ საქმეთა. მაგრამ ვინც კარგათ დააკვირდება იმ ფაკტთა და გარმოებათა, რომელნიც მე აქ წარმოვადგინე, ყველა დამერწმუნება, რომ ეს ცვლილებანი და დაწესებანი არიან აუცილებელი საჭიროებანი, თუ გვინდა, რომ ჩვენი მეურნეობა, ჩვენი მდგომარეობა სრულს უკანასკნელობას და განწირულებას არ მიეცეს.

ვისაც შეუძლიან შორს გახედვა და დანახვა იმ მოვლინებათა, რომელიც მოსდევს ეხლანდელს მდგომარეებას, ის არამცთუ დაგვეთანხმება ამ ცვლილებათა საჭიროებაში, არამედ ჰპოვებს, რომ უამისოთ ჩვენი საბოლოვო ცუდი სანახავი და უნუგეშო რამ არის.

____________

* ანტონ ფურცელაძე

* აქ კიდევ არ შეგვიძლიან არ მოვიხსენიოთ მეცადინეობა ი. ქრ - ძე მამაცაშვილისა, რომელიც ყოველიც ღონისძიებით ცდილობდა სოფლებში სასწავლებლების დარდგენას და ზოგან კიდეც დაარდგინა გორის უეზდში, მაგრამ ჯერ ერთი ეხა, რაკი არ იყო საკმაო ღონისძიება, ვერ მოვიდა იმ სისრულეში, რომელიც იმასა ჰსურდა მიეცა სასწავლებლებისათვის, და მეორეც ესა, რაკი სხვა და სხვა მიზეზისაგამო მოისპო იმისი განვნენა, ეს დარდგენილი შკოლებიც გაჰქრნენ.

გუთნის დედა. - თბილისი, - 1873 - N17 - გვ. 1.

7.7 გო - თრიალეთიდამ

▲back to top


ნაწყვეტი სტატიიდან

„სეკდემბრის პირველს რიცხვებში სოფელს დარბაზიდან გაქცეულმა ავაზაკმა მეხრალიმ მოიტაცა ყარაფაფახების და ქურთების თანაშემწეობით, რომელნიც რიცხვით იქნებოდნენ 400 კაცამდე, თრიალეთიდამ 600 ცხენამდე, რომელნიც ეკუთვნიდნენ ყაზახებს და ზოგიერთს გარეშე პირებს. მას შემდეგ გავარდა ხმა ხალხში, რომ მეხრალი ამ ცოტას ხანში დაეცემა ნემენცების კალონიას ეკატირინოფელდს (რატევანს) და აიკლებსო. შეშინებულმა ნემენცებმა დაუწყეს გამაგრება კალონიას. გააკეთეს გოდორყურები ქუჩის პირებში, ჩაყარეს ხერგები და ყოველი იქაური მცხოვრები, ვალდებულ ჰყვეს, როდესაც სამრეკლოს ზარი დაიკვრებოდა, მაშინვე ფურგონები გამოეტანათ და ჩაეყენებინათ დანიშნულს ალაგს ქუჩებში და მით შაეკრათ შემოსავალი კალონიაში გზა, დედაკაცობა და წვრილფეხობა უნდა შეყრილიყვნენ ეკკლესიაში. 15 ენკენისთვეს ღამის სამს საათზედ, შეიქნა საშინელი ზარის რეკა; ტკბილად მძინარნი მცხოვრებნი რატევნისანი წამოცვივდნენ დაფეთებულნი თავიანთ საწოლებიდან. დედაკაცები და ყმაწვილები ეცნენ ეკკლესიას, კაცები ფურგონებს და იარაღს. შეიქნა საშინელი ხრიალი ფურგონებისა, ტირილი ბალღებისა და ხმაურობა ხალხისა. ყოველი ჰცდილობდა ბეჯითად აღესრულებინა თავის მოვალეობა, რაც კი ჰქონდა ნაბძანები შულცისგან. ამ არეულობის დროს ერთს დედაკაცს დაეცდინა ფეხი კიბისათვის სიჩქარით, ზემო სართულიდამ ძირამდინ გორვით ჩამოსულიყო და მოსტეხოდა ფეხი და მეორე დედაკაცზედ კიდევ ფურგონს გადაევლო. შემდეგ გავიგეთ ამ ვალ-ვალობის მიზეზი. ერთს განაპირებით კოლონიიდან მდგომს ნემენცს სახლში ცეცხლი გასჩენოდა და რომ ხალხს შეატყობინოს, სამრეკლოს ზარი დაეკრა.

ხუთისა თუ ექვსის დღის შემდეგ, ღამე, - ხელახლად ასტყდა ზარის რეკა, მაშინვე ფურგონები გამოიტანეს ნემენცებმა და ჩახერგეს ქუჩის პირები და ამოუსხდნენ თოფებით ამ სანგრებს, იძახოდნენ: მეხრალი მოდის ჩათახის მხრიდანო. ერთი ნემენცნი ამბობდა: მე ვნახეო ორმოც კაცამდინ იყვნენ თოფ-იარაღიანიო და მგონია ის მოწინავე ჯარი უნდა იყოსო. ამის მიზეზით, რომ გაეგოთ ნემენცებს მეხრალის დიდი ჯარი ჰყავს თუ არა, ამოარჩიეს ჩაფრების ურიადნიკი ფაშა და გაგზავნეს დასაზვერად ქათვანაკჩისაკენ. ფაშა მოახტა ცხენს და გასწია გზა-გზა მაშევრის ჭალაში და რაკი მიახლოებულიყო შეითალნოს ასავალს, ძირიდან შეეხედნა და დაენახა სერზედ, რომ ცხენოსანი გადმოდიან ჭალაში, ამასთანავე უეცრად ფაშას მოესმა საშინელი თქრიალი ცხენოსან ხალხისა, წარმოედგინა რომ მე დაჭერას მიპირებენო, გამოექცია ცხენი, ამის ცხენის ფეხის ხმაზედ ცხენოსანნი გამოჰყოლოდნენ, თან ფაშა გულგახეთქით მოვარდა ნემენცებთან და დაიძახა: მოდიანო! მართლადაც არ გამოსულა ორი თუ სამი წუთი, მოისმა საშინელი ფეხის თქრიალი. ნემენცებმა დიდხანს აღარ უცადეს, დაუშინეს თოფები და სროლა გამართეს. შემდეგ, რა ნახეს, რომ თოფის სროლაზედ პასუხს არავინ აძლევს, შესწყვიტეს სროლა. გათენდა დილა, ნახეს ნაომარს ადგილს ორი მკვდარი ძროხა, თოფით მოკლული. თურმე რა ყოფილა? ნემენცი მომავალებულა ლოქის ტყიდან და დაუნახავს რამდენიმე ცხენოსანი ქაფანაკჩასთან. იგინი ყოფილან თათრის მაყრები, რომელთაც მიჰყოლებიათ თათრის პატარძალი და ეს თათრები მიუღია მოწინარე ჯარად; ფაშას რომ სერზედ ცხენოსანი ჯარი დაენახა, აქლემები ყოფილიყვნენ და აქედამ ფაშა ურიადნიკი რომ გამოქცეულიყო ჭალაზედ ჩამოერბინა. მისდა საუბედუროდ, ჭალაში მდგარიყო ნახირი, რომელშიაც შემოვარდნილიყო ნადირი, გაეფთხო საქონელი და დასდევნებოდა ფაშის ცხენის ფეხის ხმას. ფაშას ჰგონებია მტერმა დამინახაო და მომდევსო. მორბის თურმე რაც შეუძლიან ცხენით ფაშა და მისდევს უკან თქაფა-თქუფით ნახირი. მოვარდა გულგახეთქილი ფაშა კალონიაში და ნახირიც ზედ წამოაწყდა ამოსაფრულს ნემენცებს. ამათ ჰგონებოდათ, არიქა მტერი დაგვეცაო და დაეშინათ თოფები. გამარჯვების ნიშნად ორი მკვდარი ძროხა კი ეპოვნათ მეორეს დილას“.

ივერია. - ტფ., 1877. - N35. - 27 ოქტ. - გვ. 4-5.

7.8 ნიკო ნიკოლაძე - შინაური მიმოხილვა

▲back to top


ამონარიდები სტატიიდან

ქართველობას ამ თვეში სხვა რა შინაური საქმეები ექნება, ან რა სხვა შინაური მიმოხილვისათვის ეცლება, არჩევნების გარდა? არც აქვს, და არც უნდა ჰქონდეს ამაზე უფრო საყურადღებო საგანი თუ საქმე. მართლაც, ამ გაზაფხულზე როგორც ტფილისს, ისე ქუთაისსაც თითქმის ერთ და იმავე დროს ამოსარჩევი გვყვანან ყველა ჩვენი საზოგადო საქმეების და დაწესებულებების მეთაურები: მარშლები, საადგილ-მამულო ბანკის მმართველები და ზედამხედველები, სააზნაურო სკოლების განმგებლები, და სხვ. ამასთანავე ქუთაისში, ბათუმში, ფოთში, გორში და ახალციხეში ქალაქის ხმოსნებიც და მოურავებიც ამოსარჩევნი არიან. ამ გაზაფხულზე ამ არჩევნებით მთელს ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებას და ყველა ჩვენს საზოგადო საქმეებს მიმართულება მიეცემა, სამი ან ოთხი წლის ვადით, ბედისკენ თუ უბედობისკენ, კარგისკენ თუ ავისკენ. ამ მდგომარეობაში დიაღაც საფიქრებელი და საზრუნველიც არის - თუ როგორ უნდა მოიქცეს მამულის ერთგული შვილი, ან რა საქციელს უნდა სთვლიდეს ქვეყნისთვის სასიკეთოდ და რას - სავნებლად და სამარცხვინოდ.

ჩვენს დროში, მთელი კაცობრიობის აზრით, არჩევანი ერის წყობილების და ბედის საძირკველია. ყოველი განათლებული ხალხი უმთავრეს თავის ყურადღებას იმას აქცევს, რომ პატიოსანი და გონიერი კანონები შეადგინოს არჩევნების შესახებ და ყველა თავის არჩევნები წესიერად, გულ-წრფელად და სვინდისიანად მოახდინოს, ამ კანონების გადუხვეველად და გადუხდომელად. სადაც ეს მტკიცედ არაა დაცული, იქ არეულობის, მატყუვრობის და ძალადობის მეტი არაფერი მეფობს საზოგადო და საქვეყნო ცხოვრებაში. მცირედი უკანონობა ან გარყვნილობა არჩევნებში სწორედ იმნაირადვე რევს და შლის ერის საქმეებს და წყობილებას, როგორც საძირკველის გამოთხრა სახლს აზიანებს და კიდეც აქცევს ხოლმე. ამ მიზეზით განათლებულ ქვეყნებში ერთი ნამცეცი მოქრთამვა, ძალადობა ან უკანონობა რომ შეამჩნიონ კენჭის-ყრას, მაშინვე დაარღვევენ არჩევანს და ხელმეორედ ახალს ნიშვნენ. თვითონ საზოგადოების თვალშიაც მიუტევებელ ბიწიერებად, თითქმის მომაკვდინებელ ცოდვად ითვლება რიგიანობის მცირეოდნად შელახვა არჩევნის დროს. რასაკვირველია, ყოველი პატიოსანი კაცი განსაკუთრებით იმას ნატრობს, ცდილობს და ეძებს, რომ ხალხის საკუთარი და თავისუფალი სურვილით იქნეს ამორჩეული, ერის ნების ნამდვილი წარმომადგენელი გახდეს, და არა მატყუვრობით ირქმევდეს ამ სახარბიელო სახელს.

საცა არჩევანს ასე რიგიანად აფასებენ და უფრთხილდებიან, იქ კენჭის-ყრა ან მისგან გამოწვეული პარტიების ბრძოლა საუკეთესო სკოლაა ქვეყნის წარმატებისათვის. იქ ამ ბრძოლის წყალობით თანდათან უმჯობესდება ქვეყნის ზნეობა, და მთელი ხალხი ნელ-ნელა დიდ-ძალ მეცნიერებას თუ გამოცდილებას იძენს საზოგადოებრივ ან პოლიტიკურ საქმეებში. ამასთანავე ერი ცნობილობს თავის მოწინავე პირებს, მეთაურებს, და, რამდენიმე აუცილებელ შეცდომებს შემდეგ, მართლა ხეირიანების ამორჩევას ეჩვევა. იგებს ვინ სად ან რაში არგებს და გამოადგება. მაშინ მისი საზოგადო საქმეებიც წესიერ გზაზე დგება, ღირსეულ კაცებს ჰბარდება. მარტო ამ გზით ხერხდება ამ საქმეების წარმატება და ხალხის კეთილ დღეობის დამყარება.

ჩვენშიაც რომ ამნაირად უყურებდეს ხალხი არჩევნების საქმეს, ბევრად უფრო კარგ მდგომარეობაში ვიქნებოდით დღეს, ვინემ ეხლა ვართ. მართალია, ჯერ-ჯერობით დიდი-რამ არაფერი აქვთ გადასაწყვეტი ან გასარიგებელი ჩვენ-მიერ ამორჩეულ პირებს. რაც კი რამ უმთავრესია ჩვენის ქვეყნის ცხოვრებაში, რასაც კი ნამდვილი გავლენა აქვს ჩვენის ერის ბედზე და მომავალზე, იმას ვერ სწვდება ჩვენში ამორჩეული პირების ასპარეზი. მაგრამ ყოველთვის ხომ ასე არ იქნება, და ყოველგან ხომ სწორედ ასე იყო, რომ ამორჩეულების ასპარეზი თანდათან ფართოვდებოდა, მარტო დაკავებული ასპარეზის გონიერად ხმარებით, გამოყენებით. დიდი-რამ არაფერი გვაქვს ჯერ, მართალია, მაგრამ არც სულ დასაწუნი და შეუმჩნეველია ის, რაცა გვაქვს. უფრო ყურ-საგდები აქ ის არის, რომ ჯერ, რაცა გვაქვს, იმითაც ვერ გვისარგებლნია, და ის ასპარეზიც არ დაგვიმუშავებია, რომელზედაც თავისუფლად ტრიალის ნება და შეძლება გვაქვს. მცირედი ვერ მოვიხმარეთ, დიდს რას მოვუხერხებთ?

...ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს საზოგადო საქმეებს „პატრონები“ რომ ჰყავდეთ, ამისთანა მარცხი როდი დაემართებოდათ. რიგიანი პატრონი, ხომ, თავის საქმეს ისე უვლის, ყოველთვის, რომ არც დროს ჰკარგავს, არც შემთხვევას, და რაც უფრო ხეირიანად ხმარობს ამ დროს, ან რაც უფრო სრულად სარგებლობს შემთხვევით, მით უმჯობესად მიდის მისი საქმე. განათლებულ ქვეყნებში, საცა საზოგადოება თუ ერი თავისი საქმეების მმართველებს თვითონ ირჩევს, ყველას ესმის, რომ პატრონი უნდა უპოვონ და აურჩიონ ამ საქმეებს, ისეთი რიგიანი პატრონი, რომელიც საერო საქმეს სწორედ ისე მოუვლის, თითქო მისი საკუთარი იყოს: დროს დაუკარგველად, შემთხვევის გაუშვებლად. ამისთვისაც იქ, არჩევანი რომ დადგება, საზოგადოება თვითონ ეძებს, თვითონ ჰფიქრობს: ნეტა ამ ალაგზე ვინ იქნება უმჯობესი, უგონიერესი, უპატიოსნესი პატრონი ჩვენი საზოგადო საქმისაო. ეძებს, და არჩევს უმჯობესს. ამიტომაც მიხედეთ, აბა, მის საქმეებს: საცა გინდათ და არ გინდათ, ყველგან რიგიანი კი არა, უწარჩინებულესი მოთავეები უყენიათ, საქმის მცოდნენი, საქმეზე ერთგულნი, მუყაითნი. რაღა გასაკვირველია, რომ იქ საზოგადო თუ საერო საქმე კარგად და ღირესულად მიდიოდეს? უკეთესებს, უმჯობესებს ირჩევენ ყოველთვის საქმის მოთავედ...

ადვილიც არის იქ, კერძო მოკენჭესთვის, მიგნება, თუ ვინ ემჯობინება ამა და ამ ადგილზე. კენჭის-ყრის რამდენიმე კვირის წინათ თვითეული სოფელი თუ უბანი თითო სანდო კაცს გზავნის საერო კრებაზე: ერთად ვარჩიოთ, ვის უყაროთ კენჭიო, ვინ გამოვიყენოთ კანდიდატადო. თვითეული პარტია თავ-თავის კრებას ჰმართავს. კრება მოიწვევს იმ პირებს, ვისაც არჩევის ღირსად სთვლის და მათ შეხედულობას, მათ აზრს, სურვილს თუ განზრახვას ცნობილობს და ადარებს. მაშინ მის წინ შესანიშნავი და ამაღლებული შეტაკება ხდება ხოლმე სხვა-და-სხვა აზრებისა და მიმართულებისა, ის შეტაკება, რომელიც, ფრანგული ანდაზით, ჭეშმარიტებას ჰბადავს. თვითეული მაძიებელი არჩევნისა გამოდის და კრებას თავის შეხედულებას, რწმუნებას, განზრახვას, პროგრამას უხსნის. მთელი მისი წარსული, მაშინ, ამ კრებას წინ ირჩევა და ისინჯება. მერე, როცა ყველასი წარსული საქციელი და მომავალი პროგრამა მკვიდრად გადითვალიერება, კრება სწყვეტს: ერს კანდიდატად ეს პირი წარვუდგინოთო. ამ სახით, კენჭის ყრის დღეს ხალხს წარდგენილი ჰყავს სხვა-და-სხვა მიმართულების კანდიდატები: მოწინავე პარტიის კრება მას თავის კანდიდატს ურდგენს, კონსერვატორების კრება - თავისას, და სხვ. ყველასი ღირსება, წარსული, მიმართულება მტკიცედაა აწონილი და გამოკვლეული. ამ „უმჯობესებიდან“ ხალხი, კენჭის-ყრის დღეს იმას ირჩევს, ვისი აზრი და რწმუნებაც უფრო შეეფერება მეკენჭეების უმრავლესობას. მაგრამ, ვინც უნდა შეიქნეს ამორჩეული, მარცხენა მხრის კანდიდატი, თუ მარჯვენისა, უეჭვო კია, რომ ყოველ შემთხვევაში ღირსეული კაცი იქნება არჩეული, რადგანაც არცერთი პარტია ხალხს ისეთს კანდიდატს არ წარუდგენს, რომელსაც მისი შერცხვენა და სახელის გატეხა შეეძლოს...

ჩვენში არჩევნები სულ სხვაფრივ იმართება. აქ საზოგადოება კი არ ეძებს თავისი საერთო საქმეების პატრონს, მომვლელს და მოთავეს, - ვიგინდარები თვითონ გამოდიან საზოგადოების წინ და თხოულობენ, თუ ყიდულობენ, არჩევნის კენჭებს. აქ პარტიებიც გვყავს, უეჭველია, მაგრამ სულ სხვანაირი, ჩვენებური. აქ საქვეყნოდ, აშკარად, როდი ვინ არდგენს კრებას, არცარავინ „უმჯობესს ეძებს“. აქ გამოხტება, ვინც თავზე ხელ-აღებულია და აღარაფრის მორიდება არა აქვს, და პარტიას „ირდგენს“, სწორედ ისე, ძველს დროში „საშოვნელად“ წამყოლია ამხანაგობის გამოწვევა რომ იცოდნენ. „საშოვარი“ ადგილი ყოფილაო, საზოგადო სამსახურისა, ჩინებული ჯამაგირით, პატივიც დიდი აქვს, თურმე, სახელიც და გავლენაცაო. არიქა, ვიშოვნოთ; მარჯვე ბიჭი ვინცა ხართ, ეხლა გამოჩნდებაო! შეიყრის ასე თავს რამდენიმე ამხანაგი ან მეზობელი, და პლანს დააწყობს: ჩუმად, მალულად, ისე, რომ ვერავინ გაიგოს, მიეპარონ საერო კრებას, კენჭის ყრას, და უცბად შევარდენსავით ფრთა ჰკრან და ბრჭყალი სტაცონ „საშოვარ ადგილს“. კანდიდატს არც წარსული აქვს თვალ-საჩენი, არც არაფერი ღვაწლი მიუძღვის საზოგადოების წინაშე. მისი სახელი, ამ საზოგადოების უმრავლესი ნაწილისთვის, და მთელი მხარისთვის, სრულიად უცნობია. საზოგადოებას და ქვეყანას გაგებაც არა აქვს, თუ რა რწმუნებისა, რა მიმართულებისა, რა პროგრამისაა ეს კანდიდატი. რა მოუქმედნია, რას იზამს, ვინ იცის! განათლებულ ქვეყნებში კანდიდატს საზოგადოების წინ რომ ყოველთვის თავდებები ჰყავს, მისი გამოყვანილი, მისი განზრახვის მცოდნენი. აქ, ჩვენში, ახალ გამოხტომილ კანდიდატებს თავის ნათესაობის მეტი თანამოაზრე და თავდები არავინა ჰყავს. რისი თავდებობა, სადაური პროგრამაო. ისმის ყოველგან ჩვენში; ან წარსული რად უნდა კაცს, ან ღვაწლი, ან გავლენა: მთელი საქმე კენჭში ყოფილაო. კენჭი იშოვნე ბლომად, მეტს ნურას ეძებ, მეტი არაფერი ყოფილა თურმე საჭიროო. კენჭი, კენჭი, მარტო კენჭი. თუ თავის ნებით არ მოვიდეს მეკენჭე, მოიყვანე, მოიქრთამე: თვლაში ყველა ერთნაირად გამოდგება, დიდი და პატარა, გულრწფელი და ნაქირავები, კარგი და ავი...

სამწუხარო აქ მარტო ის როდია, რომ ჩვენი საზოგადო საქმეები ოხრად, უპატრონოდ, გვირჩება, უმთავრესი თვისება ჩვენი არჩევნებისა ის არის, რომ მარტო თანამდებობის პირებს კი არ ვირჩევთ. განათლებულ ქვეყნებში ბანკის მმართველი, მაგალითად, მარტო ბანკის მმართველია, მეტი არაფერი, ამიტომ რომ იქ საზოგადოებას, ერს, ქვეყანას თავ-თავისი ინტერესების გამომთქმელად, დამცველად და მომვლელად ბევრი სხვა დაწესებულება აქვს და წარმომადგენელი ჰყავს. ჩვენში, კი ბანკის მეტი რომ არა გვაბადია-რა, ბანკის მმართველს ათასნაირი ტვირთი ჰმართებს საზოგადოების და ერის წინაშე. განათლებულ ქვეყნებში ბანკის მმართველის არჩევა დიაღაც ადვილი საქმეა: ოღონდ კი ქურდი ან გაიძვერა არ იყოს, და ბანკის ანგარიშები ესმოდეს, - მეტს მისგან არავინ არაფერს თხოულობს. ჩვენში კი ბანკის მმართველი ბანკსაც გონიერად უნდა უვლიდეს, და თან თითქმის ყველა ჩვენი საზოგადო საქმეების მეთაურად ვარგოდეს. ქალაქის თავიც ამგვარ მდგომარეობაშია, მარშალიც. ერთი სიტყვით, ყველა ჩვენს არჩევნებს ბევრად უფრო რთული და მძიმე როლი აქვთ, ვინემ ამნაირივე თანამდებობის პირებს უცხოეთში ან რუსეთში. მარტო ჩვენ თვითონ კი არ ვუცქერით იმათ ამისთანა თვალით, მარტო ქართველობა კი არ შეჰჩერებია იმათ გაზვიადებული იმედით, რუსობაც ასე უყურებს, და თვით მთავრობაც ასე ეპყრობა... იმ მიზეზით, რომ ჩვენს საერო საქმეებს ჯერ საკუთარი წყობა და მართვა არ მიჰნიჭებია, ჩვენი საერო ინტერესების ტვირთი ამ ჟამად ჩვენგან ამორჩეულ პირებს აწევს ზურგზე. მათ ხელშია - ან მათ ხელში უნდა იყოს - ჩვენი წარსულის განძის დაცვა, ჩვენი ეხლანდელი შრომის წინამძღოვრობა, ჩვენს მომავალ ბედზე მზრუნველობა. ამ მძიმე ტვირთს და პასუხი-გებას კაი მაგარი ბეჭი სჭირია. როგორიც მეთაური გვეყოლება არჩეული, ისეთიც მსვლელობა ექნება ჩვენს საერო საქმეს, და ისეთივე პატივი გვეღირსება მეზობლებისა და უცხოელებისგან... უცხოეთის და უცხოელების თვალში ჩვენი წარმომადგენელი მარტო იმით კი არ უნდა ჩანდეს, რომ ჩვენი წარმომადგენელია, თავის თავითაც ცოტათი მაინც ცნობილი უნდა იყოს რითამე, რომ ყველას ესმოდეს: ქართველები ღირსეულ კაცებს ირჩევენ თავიანთი საქმის მოთავედო, გონიერება დევს მათი არჩევნების საძირკვლად, და არა თვალთმაქცობა ან ცრუ-მორწმუნეობაო. ასე თუ არ იქნა, და ვიგინდარები ვირჩიეთ, მათი უძლურება და სისუსტე მალე დაუმტკიცებს მთელ ქვეყანას, რომ ქართველები თავის წარმომადგენლებზე ბევრად უფრო სუსტი და უძლური ყოფილანო...

მოამბე. - 1894. - N5. - გვ. 141-156.

7.9 ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლისა - მოდების ისტორია**

▲back to top


ან. .--სა*

დღე არ გავა, რომ სხვა-და-სხვა ქვეყნის მწერლობამ არ ასტეხოს ბაასი შესახებ მოდებისა, რომ ის არის დამღუპველი ქალების ჯანმრთელობისა და კაცების ჯიბეებისა. მაგრამ მოდა მეფობს ყველგან და საფრანგეთის დედა ქალაქი პარიჟი ნიადაგი კანონმდებელი არის მოდისა.

შარშან თვით მსოფლიო გამოფენაზე ჩიკაგოში გაიმართა ქალების კონგრესი, რომელზედაც დიდი ბაასი ჰქონდათ მოდების გადავარდნაზე. ამათ დაადგინეს კიდეც, თუ რანაირი სადა ტანისამოსი უნდა შემოიღონ ყველა მოდების მოწინააღმდეგეებმა. მაგრამ ამავე დროს, თითქოს განგებ, ამავე მსოფლიო გამოფენაზე გადამატებით ახირებული და უცნაური მოდები იყო გამოფენილი. მეტად ყველას ყურადღებას იზიდავდა საფრანგეთის განყოფილება, აქ მნახველს თვალ წინ წარმოუდგებოდა მთელი ისტორია მოდისა.

ხელოვნურად მორთული თოჯები წარმოადგენდენ ისტორიაში გამოჩენილ ქალებს, რომელთაც ეცვათ ტანისამოსი თავიანთი დროის შესაფერად.

ეს ნახატი წარმოადგენს იმ თოჯებს, ისტორიის შესაფერად მოდაზედ ჩაცმულებს. წმინდა კლოტილდას და დედოფალ ფრედეგონდას, რომელთაც აცვიათ სადა ტანისამოსი ძველებური რომაელებისა. მას მოსდევენ საშუალ საუკუნის ქალები უცნაური თავსახურავებით. მაგრამ ამათი ტანისამოსი ჯერ კიდევ სადაა და კაბების გამოჭრა ერთ გვარია; მერე როდესაც დადგა ხანა ისტორიის განახლებისა და შემოვიდა მოდათ ფარჩა დიბები, თვალ-მარგალიტი, ხავერდები და აბრეშუმეულობა - კაბების გამოჭრამ ყოველგან იწყო შემოღება.

გენრიხ მეოთხის და მის ჩამომავალთა დროს მოდამ უფრო იჩინა თავი, კაბებს დაუწყეს გრძელი კუდების კეთება, თმებს მაღლა იწყობდენ, იტყოდით კოშკი ადგიათ თავზეო.

ოქრომკედით ნაქსოვ კაბებს და ძვისფას თვალმარგალიტს ისე ხარბათ ხმარობდენ, რომ ზოგჯერ თითო ტანისამოსი ქალისა ღირდა მთელ ქონებათ. მართალია რიშელიემ გამოსცა სასტიკი ბრძანება, რომლითაც აღუკრძალა ყველას ძვირფასი ტანისამოსის ჩაცმა, მაგრამ ეს იყო მხოლოდ დროებითი განკარგულება. ლუდოვიკს XV და XVI დროსო ყველანი გადირიენ მოდებზე ქალებმა, იწყეს ადრინდელზე უფრო ძვირფასი ტანისამოსის ჩაცმა, მეტადრე თმებს ახირებულად იკეთებდნენ და თავზე რას არ იწყობდენ.

როდესაც მოხდა საფრანგეთში რევოლუცია, როგორც პოლიტიკურ ცხოვრებაში ისეც მოდებში მოხდა დიდი ცვლილება. გადავარდა ადრინდელი ძვირფასი ტანთჩაცმა, ყველა ცდილობდა სადა ტანისამოსის ჩაცმას, შემოიღეს ძველი რომაული კაბის ნიმუში - გძელი, სადა ტუნიკები. მაგრამ ამ ხანამ დიდ ხანს არ გასტანა; დადგა ნაპოლეონის დრო და დაიწყეს კიდევ მორთვა. მერე, როდესაც შეიცვალა კიდევ მფლობელობა, საფრანგეთს დაუბრუნდენ მეფეები - ბურბონები - მოდებმა ისევ ძველებურად იჩინეს თავი. შემოიღეს უშველებელი კრინოლინები და დიდი ფრთიანი შლაპები ლენტებით.

ამ მოდამაც დიდხანს არ გასტანა - გადავარდა კრინოლინი და შემოიღეს ტურნურები. ამ მოდის გადაჭარბების მნახველი ბევრი ჩვენგანი იყო.

ამ ჩვენ დროს დაიწყეს კიდევ გრძელი კუდებიანი კაბების ხმარება და ფრთიან სახელოებს იკეთებენ. კორსეტი, როგორც ყოველთვის მფლობელობდა, ისევ მფლობელობს.

ვინც კი დააკვირდა ამ ნახატს ყველა ნახავს, რომ ეს ტანისამოსი არა თუ ტანის სიმრთელისთვის არის მავნებელი, თითონ სახმარებლათაც არის უმარჯო, ისე რომ მოდა არა თუ ჯიბისთვის, ჯან-მრთელობისთვისაც საზარალოა. ძნელი წარმოსადგენია, რომ კვლავაც ასე არ იყოს, ამიტომ ყველა გონიერი ადამიანი უნდა მიემხროს იმათ, ვინც წინააღმდეგობას უწევს მტარვალ მოდას და ისეთი ტანისამოსი შემოიღონ, რომელიც არც ჯან-მრთელობისთვის იქნება სავნებელი და არც ჯიბისთვის.

_______________

* ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლისა

** სტატია ილუსტრირებულია

კვალი. - 1894. - N5. - გვ. 10-11.

7.10 თედო სახოკია - პარიზის მსოფლიო გამოფენა და ჩვენი ქვეყანა

▲back to top


მეცხრამეტე საუკუნის აფოთეოზი, გვირგვინი და დიდებაა - მსოფლიო გამოფენა, საფრანგეთის სატახტო ქალაქში მიმდინარე წლის აპრილში გახსნილი რამდენისამე წლის მზადებისა და ლოდინის შემდეგ. მდინარე სენის ერთის მხრით თანხმობის მოედნიდან ელისეს მინდვრის გაყოლებაზე ტროკადერს პარკითურთ, მეორე მხრით - ინვალიდთა მოედანი, სენის ნაპირი და უშველებელი ეგრედ წოდებული მარსის ველი; სულ სივრცით 56 ოთხ-კუთხი ქცევის ადგილი უპყრია ამ გამოფენას. აქ არის გაშენებული დიდთა და მცირეთა სახელმწიფოთა ექსპონატებისათვის უზარ-მაზარი სასახლენი, პავილიონები, რესტორანები, გასართობთათვის აგებული თეატრები და სხ. მათშია გამოფენილი ნიმუშები დიდთა და მცირე ერთა შემოქმედებითის ნიჭისა, მრეწველობისა, მეურნეობისა, მხატვრობისა, ვაჭრობისა, ხუროთმოძღვრებისა, მეცნიერებისა, სწავლა-განათლებისა, ძველის კულტურის ნაშთთა, საშინაო და საგარეო ცხოვრებისა და სხ. და სხ. გამოფენამ დაანახვა ყველას, რანი იყვნენ წინაპარნი, როგორ სცხოვრობდნენ რამდენისამე საუკუნის წინად, რასა სჯერდებოდნენ, რა აზრი ასულდგმულებდათ, რა აკმაყოფილებდათ, რა ღირსება ანუ ნაკლი ჰქონდათ, და რანი არიან დღეს მათნი შთამომავალნი, როგორ გაიმარჯვეს, როგორ წასწიეს წინ კულტურა. აქ ითქვა უკანასკნელი სიტყვა ადამიანის ბედნიერებისა, დღეგრძელობისა, წარმატებისა, მის სულიერ და ხორციელ ძალისა, აქა ხედავთ ნაღვაწსა მარტოოდენ მოძმის და კაცობრიობის დღეგრძელობის სიყვარულითა და აზრით გამსჭვალულთა მეცნიერების ქურუმთა პასტორის და სხვათა, რომელთაც ცალკე სასახლე აქვთ დათმობილი. და ამათსავე გვერდით უშველებელ გრძლად გადაჭიმულ შენობაში გამოფენილია მოდელები უზარმაზარ ჯავშნიან გემების, უზარმაზარივე გველეშაპსავით საზარლად პირაშკმული ზარბაზნებით, ცნობილ მეზარბაზნე შნეიდერის და ამხანაგობის მიერ სისხლის ფრად შეღებილ შენობაში მოთავსებული. ზოგი ამ ზარბაზთაგანი (მაგ. ვაკერ, სონ და მაქსიმის) იწონს თავის მექანიზმიანად 3,126 ფუთს, მისი ყუმბარა - 19 ფუთს და 27 გირვანქას, ყუმბარას გასატენად ტყვია-წამალი 5 ფუთი და 30 გირვანქას უნდება, ერთ წამში 2 ვერსის და 8 მხარის მანძილს მიდის თითო ყუმბარა და ერთ წუთში ზარბაზანი 6-ჯერ იცლება! და ყოველივე ეს გამოგონილია იმავე ადამიანის შვილის გონების მიერ თავისივე მსგავს ადამის შვილის გასაქრობად, გასაქრობად ერთის წამის განმავლობაში იმისა, რაც საუკუნეთა განმავლობაში ადამის შვილმა საშინელის ოფლის წურვითა და ჭაპანწყვეტით შეჰქმნა...

მთელის ქვეყნის წარმომდგენელთ მოუყარა თავი პარიზმა ამ რამდენიმე თვის განმავლობაში. რა ზღვანი და ხმელნი არ გადაალახვინა ხალხს, რომ რამდენისამე კვირაში აჩვენოს, გაუთვალისწინოს ის, რის ნახვასაც სხვა დროს აუარებელი ფული და მთელი წელიწადები დასჭირდებოდა. ვინ გინდათ, აქ რომ არ იყოს! ინგლისელი, ამერიკელი, გერმანელი, რუსი, ავსტრიელი, ჩინელი, ველურები აფრიკისა და სხვადა-სხვა კუნძულებისა. ჰხედავთ ყველას შინაურს ცხოვრებას, სიმდიდრეს, ზნეს, ჩვეულებას.

ამ გამოფენასთან ერთად ამ ზაფხულშივე გაიმართა მეორე გვარი გამოფენა, ანუ მსოფლიო კონგრესები მეცნიერების თითქმის ყოველ დარგის წარმომადგენელთა. ყველა ერი თავის წარმომადგენელის პირით უზიარებდა სხვებს თავისს აზრს, ახალს გამოგონებას, და ამ სახით თითოეულის ჭკუის და გამოცდილების ნაყოფი საერთაშორისო კუთვნილებად ხდებოდა მსოფლიოს საკეთილდღეოდ.

მთავრობამ საფრანგეთისამ არც შრომა დაზოგა და არც ხარჯი, რომ ღირსეულად დახვედროდა ქვეყნის ოთხსავე კუთხიდან მოსულ სტუმრებს, რომ გამოფენა ბრწყინვალე გამოსულიყო. საწადელს ეწია კიდეცა: ყველა კმაყოფილი და მოხიბლული დაბრუნდა ამ მსოფლიო განათლების დედის ნახვითა. ყველამ მისს სატახტო ქალაქში საზრდო უშოვნა თვისს ჭკუას, გონებას და ათასგვარის შთაბეჭდილებით დატვირთული და ნატვრით გამსჭვალული უკან დაბრუნდა.

დიაღ, საჭირო და სასურველი იყო, რომ ამ საერთაშორისო ფერხულში ჩვენი ქვეყანაც ჩაბმულიყო, თავისი თავი, თავისი სულიერი, თუ მატერიალური ავლა-დიდება სხვა ერთათვის ეჩვენებინა და მათი ყურადღება მიექცია. ამ აზრის განხორციელება იკისრა შარშან ტფილისში საგამოფენოდ შემდგარმა კომიტეტმა და ქართველების წარმომადგენლობა მიანდო ბ-ნს რაფიელ ისარლიშვილს.

ვნახოთ, რამდენად ვეწიენით საწადელს, რამდენად არ გაგვიცრუვდა იმედი.

ნუ დავივიწყებთ, რომ მთელი საუკუნეა, რაც გარეშე მტრისა აღარ გვეშინიან, თოფ-იარაღის ხმარება აღარ გვეჭირვება. შეგვეძლო მთელი ეს დრო ჩვენის კულტურულ ზრდისა და მატერიალურ აღორძინებისათვის შეგვეწირნა. შეგვეძლო აღგვეყვავებინა მეურნეობა, მრეწველობა, გაგვემდიდრებინა მწერლობა, რომ ისეთის დიდებულის წარსულის ხალხს, როგორიც ჩვენა ვართ, საპატიო ადგილი გვჭეროდა სხვა ერთა შორის და ეს ჩვენი ზრდა მით უფრო გამოგვეჩინა აქ, ამ განათლებისა და წინსვლის მშვიდობიან შეჯიბრებაზე.

დიაღ, ქართული განყოფილება უნდა გამხდარიყო სარკედ, ნამდვილ მაჩვენებლად ჩვენის ზრდისა. თუ ამ თვალით შევხედავთ გამოფენაზე ჩვენს განყოფილებას, ის აზრი უნდა დავასკვნათ: რომ ჩვენ არცა რა გვქონია წარსულში, არცა-რა გვაქვს აწმყოში და საეჭვოა რამე გვექმნეს მომავალში. აი, ამას გვიჩვენებს ჩვენი განყოფილება. მაგრამ ღმერთმა ნუ ჰქმნას, რომ თამარისა და შოთას სამშობლო ასეთი იყოს! აქ საჭიროდა ვსთვლით მოვაგონოთ მკითხველს, რომ ქართულ განყოფილების ასეთის ძალზე ფერმკრთალობის მიზეზი ბევრ-გვარია...

ჩვენი ექსპონატები შეფარებულია ტროკადეროსთან აგებულ რუსეთის პავილიონში, რომელშიაც მოთავსებულია სამი კოლონია რუსეთისა: ციმბირი, თურქესტანი და კავკასია. საკუთრივ კავკასიას დათმობილი აქვს ერთი ოთახი და ზედ აწერია Salle du Caucase. როგორც ვიცით, კავკასია ერთი ბუნებით უმდიდრესი და უკეკლუცესი ნაწილია რუსეთის იმპერიის კერძოდ და მსოფლიოსი - საზოგადოდ. მაგრამ იმით, რაც ამ ზალაშია გამოფენილი, ის, ვისაც თავის თვალით არ უნახავს კავკასია, ბევრ არაფერ აზრისა იქმნება ამ კუთხის შესახებ. ვისა და ვის მიუღია მონაწილეობა ამ განყოფილებაში“ - ტფილისის მუზეუმის პატრონს ბ-ნს რადეს, ტფილისის სამეურნეო საზოგადოებას, სოხუმის სამეურნეო საცდელის სადგურს, ოქრომჭედელს სერობიანცს, ოქრომჭედელსავე სეიდ-ჰუსეინს და საზოგადოდ ქართველობას, რომელსაც გამგე ეგრედ-წოდებულ ქართულ განყოფილებისა, ანუ „წარმომადგენელი ქართველ მემამულეთა საზოგადოებისა“ „Assotiation des proprietaires georgiens“-ს გვიწოდებს ყველგან.

თურქესტანის განყოფილებიდან კავკასიის ზალაში შეხვალთ თუ არა, მარჯვნივ დაინახავთ კედელზე ჩამოკიდებულს რამდენსამე სპარსულს ხალიჩას, მერე იმათ მიჰყვება ფოტოგრაფიული სურათები კავკასიის მთებისა. სხვა ნივთებთა შორის არეულია ბ-ნის რადეს საეტნოგრაფიო კოლექცია. აქ არის მოდელი ჩვენებურის ურმისა, რომელსაც ყევარი კამეჩი უბია, ზედ ადევს ფოსტა და რუსის მოხელესა და ჩვენებურს ორს მეურმეს მიაქვთ მთიანის გზით. ქვეშ აწერია: Transport postal au mogen des baffles (ფოსტის გადატანა კამეჩების საშუალებით). ყველანი, ვინც კი გაუვლიდნენ, უნებლიედ აცქერდებოდნენ ამ ფოსტის ურემს, როგორც საოცარს რასმე. ევროპიელს აღარც კი ახსოვს ის დრო, როცა ასეთის დინჯისა და ზოზინა ცხოველის საშუალებით ატყობინებდა თავისს ამბავს შორს მყოფ ნაცნობს, და ოღონდაც რომ გაუკვირდებოდა და იტყოდა, ეს რა ხალხი ყოფილა, შენი ჭირიმე, კავკასიაშიო! ახალის ამბის გაგება აქ თურმე არ ეჩქარებათ და კამეჩებს აზიდვინებენ წერილებსაო!... ასეთი საშუალება უწინ, შეიძლება, ყოფილიყო კიდეცა, მაგრამ, მადლობა ღმერთს, ახლა დასავლეთის კავკასია აღმოსავლეთის კავკასიას რკინის გზის წყალობით დღენახევრის განმავლობაში აწვდის ხოლმე თავისს ამბავს. რადდესავე საეთნოგრაფიო კოლექციაშია: ცალულვაშ ჩამოვარდნილი ლეკი, ჩაჩქნიანი ხევსური, ხარაგაულის ჭურჭელი, ქართული საკრავები (ხვნათესვის და საზოგადოდ სამეურნეო იარაღი არსად არ იყო), თუში, რაჭველი მუშა და თეთრად გამოწყობილი ქართველი ქალი. სხვებზე არას ვიტყვით და ეს ორი უკანასკნეკლი კი სწორედ დაცინვა იყო ჩვენი. მუშისათვის ერთი კოკიანი ტიკი წამოუკიდებიათ და ისე მოუკაკვიათ წელში, რომ ცოცხალი კაცი ისე დამდგარი უეჭველად უნდა დაეცეს. კაცს ასე ეგონება, რომ ამ თხის ტყავში ერთი კოკა კი არა 30 კოკა ღვინო უნდა იდგას, რომ მისს სიმძიმეს ასე მოუხრია წელში საწყალი კაცი! ქართველ ქალისათის ჩიხტიკოპი სადღაც მაღლა წამოუკოსებიათ და აბაზიანი ლეჩაქი მოუხვევიათ, მტვრით გასვრილი. კავები ცხენის კუდსავით ჩამოჰშლია... ასე ჩათლახად მორთულ ქალს დიდი რიხით აწერია: Femme georgienne… რადდეს მოსდევს ტფილისის სააბრეშუმო სადგური, რომელსაც გამოუგზავნია ნიმუშები აბრეშუმის ძაფისა, ნაქსოვისა, პარკისა და ფოტოგრაფიული სურათები აბრეშუმის ძაფის ამოღებისა სოფლელების მიერ. მაგრამ ისე მიყრილი და მტვრით დაფარული, რომ დათვალიერებაც კი ეზარება ადამიანსა. ტფილისის სამეურნეო საზოგადოებას წარმოუდგენია შუშებში ჩაყრილი თესლეულობა. სოხუმის სამეურნეო საცდელ სადგურს, რომელსაც სოხუმის ახლო ას-ოცი ქცევა საუკეთესო მიწა აქვს ქალაქისაგან მიცემული, და რომელიც წელიწადში ათი ათასამდე ფულსა ჰხარჯავს, მხოლოდ რამდენისამე ჯურის სიმინდი გამოუგზავნია. სიმინდის ხელი უსადგუროდაც მშვენივრად იციან იქაურებმა, სხვა რამე სიკეთე ჰკითხეთ თორემ. არის კიდევ ტყლაპი და კახურის სახელით მონათლული დაობებული ჩურჩხელა, ვისგანღაც გამოგზავნილი, რამდენიმე ნიმუშები მადნებისა და ეგ არის და ეგ!

ახლა ვნახოთ, ჩვენს „Assotiation des proprietaires georgiens“-ს რა გამოუგზავნია.

ზემოთ ჩამოთვლილ ნივთებთა შორის აქა-იქ ჩაჩხირულია ის ექსპონატები, რასაც ბ-ნი რაფ. ისარლიშვილი „ქართველ მემამულეთა“ სახელით აგროვებდა შარშან ტფილისსა და პროვინციებში. ერთ ალაგას ჩამოკიდებულია ორი ყაბალახი, ზედ აკრავს მწვანე სქელ ქაღალდზე დაბეჭდილი „assotiation“ და სხვ. ამათ გვერდით რამდენიმე ბადისებური შარფებია აბრეშუმისა, ქუთაისის ურიები რიონის რკინის გზის სადგურზე ექვს-შვიდ შაურად რომ ჰყიდიან ხოლმე, იმის გვარისა, სხვა-და-სხვა ფერად შეღებილები. შემდეგ ერთ ყუთში რამდენიმე ტარიანი დანაა. ნუ დაივიწყებთ, რომ ფრანგულად ყველას აწერია: „ქართველ მემამულეთა საზოგადოება“. ერთ შეუმჩნეველ ალაგას პატარა კოლოფში ჩაწყობილია კუხის (ხონს ახლო) სააბრეშუმო ამხანაგობის ნაწარმოებნი. მეორე კოლოფში - ტყიბულის გიშრის კრიალოსნებია. ბოლოს კედელზე ჩამოფენილია ხუთიოდ ნაირი შალი ხონისა. ეს არის ჩვენი შინაური მრეწველობა. ახლა ვნახოთ ნიმუშები ჭირნახულისა.

ერთს კოლოფში ალუფხულია კონა-კონად შეკრული თუთუნი სოფ. ხიდისთავის (გურია) მემამულის ვარლამ გოგიბერიძისა. იმის პირდაპირ თაროებზე დგას ექვსიოდ ბოთლი კახურის ღვინისა. ეს ექვსიოდ ბოთლი წარმოდგენილია „კახეთის“ ამხანაგობისაგან და ტფილისში ოლგის ქუჩაზე მოვაჭრე ნიკ. სესიაშვილისაგან (ვერცხლის მედალი მიიღო). აქ ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ „კახეთის“ ამხანაგობის ღვინოების ოთხი ბოთლი მხოლოდ ამ ბოლო თვეში გამოჩნდა, თორემ მანამდე მთელ ქართველობისაგან მარტო ნ. სესიაშვილის ღვინოები იყო გამოფენილი. სამწუხაროა, რომ „ამხანაგობას“ არ უზრუნია და ფრანგულს ენაზე არ გამოუცია თავისი დაარსების ისტორია, სივრცე იმ რაიონისა, სადაცა ვრცელდება მისი ღვინოები, და სხ. სამწუხაროა, რომ სხვას არავის გამოუგზავნია თავისი ექსპონატი. მით უფრო სამწუხაროა ეს ჩვენის ქვეყნისათვის, რომელიც ღვინის სამშობლოდ ითვლებოდა, რაც თავი ახსოვს. ბრალი არ არის, რომ ვისაც „კრახუნის“ ღვინოს, რაჭულ „ყიფიანთ ღვინოს“, გურულ „ჩხავერს“, მეგრულ „სვანურს“, აფხაზურ „ამილახურს“ ევროპა არ იცნობდეს! ოღონდაც რომ ბრალია, მაგრამ სად არის პატრონი!..

ამნაირადვე მწირია სამადნეულო განყოფილება. რამდენიმე ნიმუში აწყვია ჭიათურის შავი ქვისა მაგიდაზე, ისიც საუკეთესო ღირსების არ არის; დევს აგრეთვე თ. დავით ბარათაშვილის მამულიდან გამოგზავნილი ალგეთის ლიტოგრაფიულის ქვის ფიცარი. იქავე, ადგილოვრივ, ცნობების შეტყობა გამოფენილ ნივთების შესახებ შეუძლებელია, რადგან, როგორცა ვსთქვით, დაბეჭდილი არაფერია. მართალია, ჩვენი წარმომადგენელი აცხადებს, ვისაც რამე ცნობა უნდა, ჩემს ბინაზე მომმართეთო, მაგრამ მოისურვებს კია ყველა ბინაზე სიარულს! დამეთანხმებით, მეტად უხერხულია.

ერთ მხარეზე დაწყობილია ალბომი ქართველთა ტიპებისა, ანუ როინაშვილისეულ ფოტოგრაფიიდან აღებული ორმოციოდე სურათი. ტიპებ შორის ურევია სურათი სცენებისა ჩვენის ცხოვრებიდან (ხატობა), მაგრამ ქვეშ არაფერი უწერია, რომ ევროპიელმა ცნობისმოყვარეობა დაიკმაყოფილოს. ამ ალბომსაც, როგორც სხვა ნივთებს, აწერია: „Assotiation des proprietaires georgiens“ და ფასიც - 200 ფრანკი, ე.ი. შვიდ თუმან ნახევარი ადევს! ვერ გაგვიგია, რად უნდა ღირდეს ასე ძვირად 40 სურათი საკაბინეტო სურათის ზომისა! უზომოდ უნდა უყვარდეს კაცს ჩვენი ქვეყანა და ამასთანავე უზომო ფულიც უნდა ჰქონდეს, რომ ეს ალბომი შეიძინის! თუ გაკვირვება შეგვეძლო ვისიმე, აბა ჩვენის ძველის ხუროთმოღვრების ნაშთთა სურათებითა! და სწორედ ჩვენთა ეკკლესიათა ალბომი არ მოიძევა ჩენს განყოფილებაში. დაუდევრობა და უთავბოლობა მეტი-ღა გნებავთ! აქავეა ჩვენის გრავიორის გრ. ტატიშვილის უკანასკნელი ნამუშავარი ქართულ ხელოვნებიდან. ეს გახლავთ ალბომი ჩუქურთმებისა, გადაღებული გრავიორის მიერ ჩვენის II, XIII და XV საუკ. ეკკლესია-ტაძრებიდან და „ქართული ჩუქურთმის“ სახელით ერთად თავმოყრილი. ფრანგულად აწერია: „L'art decorative au Caucase“ (დეკორატიული ხელოვნება კავკასიაში). ამ ნაშრომს, ფაქიზად და სინიდისიერად შესრულებულს, სამწუხაროდ, ჩვენში სულ რამდენიმე კაცი თუ იცნობს, რადგან, როგორც ვიცით, შემდგენელმა სულ ასიოდე დაჰბეჭდა და გასასყიდად არც კი გადაუცია სადმე. „ქართულ ჩუქურთმას“ გვერდთ უძევს გრ. ტატიშვილისავე მონოგრამები სითვით საკერ ქართულ ანბანისა.

მეტად გვევოცა, როცა ამ მონოგრამათა ყდაზე შემდეგი წარწერა დავინახეთ ფრანგულს ენაზე: „Alphabet georgien“ - (ქართული ანბანი). თუ ვინმემ გადაშალა და დააკვირდა, უეჭველია, კარგს აზრს არ შეადგენდა ჩვენებურის ანბანის შესახებ, ასეთ ჩახლართულ ასოებს რომ დაინახავდა. ფასადაც 10 ფრანკი ანუ თითქმის ოთხი მანეთი აწერია იმას, რაც ჩვენში მანეთად იყიდება. რამდენადაც ვიცით, მყიდველი არავინ გამოსჩენია. არ დაუვიწყნიათ გახუნებულ ყდიან „ვეფხის-ტყაოსნის“ (გ. ქართველიშვილის გამოცემა) გამოფენაც. დევს აგრეთვე ჩვენის პედაგოგის შედგენილი წიგნები - „დედა-ენა“ და „ბუნების კარი“, NN „ცნობის ფურცლისა“, „ივერიისა“, ულაზათო კაზმიანი წიგნაკები წმინდანთა ცხოვრებისა და.. მორჩა ის განყოფილებაც, რომელსაც აწერია „La langue georgienne“ (ქათული ენა). ამასთანავე მორჩა ჩვენებურ ექსპონანტების სიაცა.

აი, რა ავლა-დიდებით წამოვედით ევროპაში, აი, რის პატრონი ვაპირებდით აქაურებთან თავის გამოჩენას და სახელის განთქმას! მგონი საჭიროც აღარ არის იმის თქმა, რომ ყველასაგან შეუმჩნეველი დავრჩით სუფრის ბოლოს გდებული. ახლა უნდა გენახათ ჩვენის განყოფილებისავე გვერდით კოლონიები ინგლისისა და საფრანგეთისა: ცეილონი, კანადა, ველურ დაჰომელთა ქვეყანა, ტუნისი, გვინეა, გვადელუპი, ალჟირისას ხომ ნუ იტყვით! მთელი მათი ცხოვრება, ბუნებრივი სიმდიდრე, სწავლა-განათლება, მრეწველობა, აღებ მიცემა ხელის გულზე ეშლებოდა კაცს. უბრალო წვრილმანი რა არის, ისიც კი არ დაუვიწყნიათ. იქაური ხალხიც კი ჩამოუყვანიათ სურათის სისრულისათვის. ცალკე წიგნებად დაბეჭდილი აღწერა ყოველ კუთხისა, სტატისტიკური ცნობები უეჭველად არის ყოველს განყოფილებაში.

როგორც ხედავს მკითხველი, დიდი შეცდომა იყო ჩვენის მხრით, დიდი უანგარიშობა და წინდაუხედავობა ამ გვარის ექსპონატების იმედით აქეთ წამოსვლა. წინდაწინვე უნდა გვცოდნოდა, რომ რასაც ვსთესავდით, იმასვე მოვიმკიდით. საჭირო იყო, გამოგზავნამდე ექსპონატებისათვის თავი ერთად მოგვეყარა და საერთოდ გადაგვეწყვიტა, იმათის იმედით - ღირდა ევროპაში წამოსვლა თუ არა. არამც თუ ეს არა ვქენით, საქმე ისე დავიწყეთ, რომ თვით ექსპონატები თითო და ორ-ორი თვის შემდეგ მოდიოდა თითო და ორ-ორი, სანამ შეივსებოდა ის ღარიბული კოლექცია, რაც გამოფენაზეა დღეს. ჰო, რაკი ერთად მოვუყრიდით თავს ყველაფერს, დავიჯერო, ერთი არავინ გამოჩნდებოდა ისეთი, რომ ეთქვა: ამით წასვლა არ შეიძლებაო! რაკი მათ წამოუღებლობა გადაწყდებოდა, რაკი ყველასათვის თვალსაჩინო იქნებოდა, რომ ჯერ-ჯერობით აწმყოთი ვერავისი გაკვირვება შეგვეძლო, სხვა საშუალებისთვის უნდა მიგვემართა და ეს საშუალება კიდეც ასე თუ ისე გაჭირებისაგან გვიხსნიდა, გაგვიყვანდა ფონს. მე მოგახსენებთ ჩვენის ძველის მწერლობის და საეკკლესიო და საარქეოლოგო ნაშთთა გამოფენის შესახებ. ეგრედ წოდებულ „პატარა სასახლეში“ გამოფენილია ამ გვარი კოლექციები როგორც კერძო პირთა, ისე მუზეუმთა კუთვნილნი. ჩვენ, მადლობა ღმერთს, ასეთნი ნივთნი არ გვაკლია. თუნდა მარტო „ქართ. შორ. წერა-კითხვის გამავრც.“ საზოგადოებას ეკისრნა ეს საქმე და თავისი კოლექცია დროებით გამოეგზავნა. მეცნიერნი და საზოგადოდ ყველანი, დარწმუნებულნი ვართ, ყურადღებას მოგვაქცევდნენ, ცნობისმოყვარეობა აღეძრებოდათ ჩვენის წარსულის ნახვით და საინტერესოდ გაუხდებოდათ ჩენი გაცნობა, ჩვენი ამბის გაგება.

ამასთანავე უნდა დაგვებეჭდნა ჩვენის ქვეყნის ყოველმხრივი აღწერა, თუ ვრცელი არა, მოკლე მაინც და ხელმისაწვდომ ფასად გაგვეყიდნა ან და სულ მუქთად დაგვერიგებინა, როგორც ბევრი სხვები შვრებოდნენ. მართალია, ამ ჟამად იბეჭდება პარიზში საქართელოს შესახებ წიგნი, მაგრამ გამოფენა ამ ერთ თვეში გათავდება კიდეცა და ამ წიგნს ის მნიშვნელობა არ ექნებოდა, რაც ექნებოდა მაშინ, გამოფენის დროს რომ ყოფილიყო დაბეჭდილი და იქავე ჩვენს განყოფილებასთან გაყიდულ-გავრცელებული.

ჩვენ კი გვიხარიან და ბუკითა და ნაღარით ვაცხადებთ: ჩვენი წარმომადგენელი გამოფენაზე საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ლუბეს წარუდგა, ან კიდევ მილერანსაო. ის კი გვავიწყდება, რომ ამ „წარდგომას“ ენაცვალა და თავს შემოევლო სამასი თუმანი, ტფილისის სათავად-აზნაურო ბანკის მიერ გადადებული, გარდა კერძო პირთა მიერ გაღებულ ფულისა.

ასე იყო თუ ისე, გულის გატეხა არა გვმართებს. თავი იმით უნდა ვინუგეშოთ, რომ ეს პირველი ცდა იყო ჩვენის მხრით. ხომ ვიცით, რომ პირველ ცდას შეცდომა და მარცხიც თან სდევს ხოლმე. თავი იმითი ვინუგეშოთ, რომ თუ კვლავ მოგვეცა შემთხვევა, უფრო დარბაისლურად, უფრო მომზადებულად წარვსდგებით ევროპიელთ წინაშე, რომ არამცთუ ყბად ასაღები არ გავხდეთ, არამედ ყურადღებაც დავიმსახუროთ, პატივი მოვიხვეჭოთ. თავი და თავი - ამ პირველმა მარცხმა ჭკუა მოგვაკრეფინოს, რათა შემდეგში უმეტესის სიფრთხილით გადავსდგათ ხოლმე ფეხი.

მოამბე. - 1900. - N9, განყ. II. - გვ. 24-34.

8 პირთა საძიებელი

▲back to top


ბაგრატიონ მუხრანსკი, ივანე კონსტანტინეს ძე

ბათერა, ნათანიელ

ბარათაშვილი, დავით

ბარიათინსკი

ბასსი, ლაურა

ბელდზეშევსკი, გიორგი

ბენედიკტე XIV

ბერნარი

ბესტუჟევ-რიუმინი

ბისმარკი

ბორნე

ბრუსვიკის ღერცოგი

ბურბონები

ბურნე

გაბაშვილი, მაქსიმე

გაეტანა აგნეზი, მარიამ

გარიბალდი

გეიმანი

გემლიხი

გენრიხ მეოთხე

გო

გოტე

გოფმანი

გრასიური

გუსტავ-ადოლფი

დისტრია, დორა

დიურანი, ამედეა

დე შეტელე

დომბროვსკი

დომორნი

ელიოზოვი

ენგლბერტი, არხიეპიზკოპოზი

ერისთავი, რაფ.

ვ.

ვალი

ვაჩნაძე, ი.

ვერეშჩაგინი, ბ.

ვილჰელმ III

ვილჰელმს IV

ვილჰელმი

ვილჰელმ ტელი

ვოლკოვიჩი

ზემბა, იოსებ

ზომერვილი

იაბლონსკი

ივანიკა

ინაშვილი, ა.

ისარლიშვილი, რაფიელ

კავერშტეინი, მ.

კავთელი, ი.

კაზაზიანცი, პ.

კალიჩავაძე, მათე

კოლუბაკინი, მ.პ.

კომენიუსი

კონრადი

ლაზარევი

ლასსალი

ლაუ

ლაფიტები

ლემანსი

ლემონჯი, ივანე

ლეონტიევი

ლიბკნეხტი (ლიბკნენტი)

ლიუტერი

ლობზე

ლოლუა

ლორენცი

ლორთქიფანიძე, ბ.

ლორის-მელიქოვი

ლუბე

ლუდოვიკო XV

მაკ-მაჰონი

მამაცოვი, კონსტანტინე

მარიამა

მარიამი, იმპერატორი

მარტა

მასხულია, ვ.

მეველე

მელხტალი, არნოლდ-დე

მესხი, სერგეი

მილერანი

მირზოევი, გაბრიელ

მიქაძე, ჯონდა

მიქელაძე, დავით

მუხთარ-ფაში

ნაკაშიძე, პეტრე

ნაპოლეონი

ნიკოლაი, ა.პ.

ნიკოლაძე, ნიკო

ოვენი

ონანოვი

ოსმან-ფაშა

ოფფენბახი

პ........ი

პატკოვი

პაშკოვსკაია

პესტალლოცი

ჟან-ჟაკ-რუსსო

ჟერმენი, სოფიო

რადე

რეიჰსლინი

რილსკი

რიშელიე

როგოვსკი

როტშილდები

სეიდ-ჰუსეინი

სერებრიაკოვი, ივანე

სერობიანცი

სესიაშვილი, ნ.

სეჩენოვი

სილკოვი

სიმენსი

სიმონოვი, მ.

სიტოვსკი

სტელბრანკი

სულხანიშვილი, ივანე

სულხანოვი, ივ.

ტატიშვილი, გრ.

ტაშტამური

ტვორაკი

უ. ნ.

უმიკაშვილი, პეტრე

ფეიფერი, იდა

ფივეგი, გუსტავ

ფიურსტი, ვალტერ

ფრედეგონდა, დედოფალი

ფუნკი, ფედორე

ქართველი მგზავრი

ქართველიშვილი, გ.

ქოჩაკიძე, გიორგი

ყორღანოვი

შაქრო

შექსპირი, ვილიამ

შილლერი

შნეიდერი

შრედერი

შტაფხერი, ვერნერ

შტრაკე, მ.

შტრიკლანდი

შულცე-დელიტჩი

შულცი

ჩითახოვი

ცაგარელი, ასიკო

ცხვედაძე, ნიკო

წერეთელი, გიორგი

წერეთელი, ნ.

წმინდა კლოტილდა

ჭავჭავაძე, დავით

ხატისიანი, ი.

ხატისოვი

ხახ-შვილი

ხახანაშვილი, ალექსანდრე

ჯანდიერაშვილი, ვლადო

ჯანდიერი, ვლად

ჯაჯანაშვილი

X

9 ადგილთა საძიებელი

▲back to top


ავლაბარი

ავსტრია

ავსტრია-უნგრეთი

ავსტრო-ვენგრია

ავჭალა

აზია

ალაზანი

ალბისი

ალგეთი

ალპის მთები

ალჟირი

ალექსანდროვსკი

ამერიკა

ამერიკის გეორგია

ანგლია

არაგვი

ასურეთი

ატლანტიის ოკეანე

აფრიკა

ახალციხე

ბავარია

ბაზელი

ბათუმი

ბალკანეთი

ბალტიის ზღვა

ბაქო

ბელგია

ბერგისიბელი

ბერლინი

ბერნი

ბირი

ბესსარაბია

ბიჭვინთა

ბოდენის ტბა

ბოლგირია

ბოლონი

ბონნი, ბონი

ბორდო

ბორისოგლები

ბორნა

ბორჩალო

ბოსნია

ბრიტანია

ბრიუსელი

ბულონის ტყე

ბურგონი

გაგრა

გალიცია

გალიციის მაზრა

განჯა

გერმანია

გერსდორფი

გვადელუპი

გვინეა

გოლანდია, გოლლანდია

გომბორი

გორი

გორის უეზდი

გრაკოვი

გრიუტლი

გურია

დანია

დასავლეთ ევროპა

დასავლეთ საქართველო

დაღისტანი

დეიტცი

დიდ-უბე

დიღომი

დრეზდენი

ეგვიპტე

ევროპა

ევროპიის მთები

ეკატირინოფელდი

ელეცკი

ელისაბედიანი

ელისაბედის-პოლის გუბერნია

ელისაბედის ფერმა

ელისეს მინდვრები

ვალუფი

ვარშავა

ვასილიევის კუნძული

ვაჩნაძიანთი

ვეიდელბერგი

ველიჩკა

ველურ დაჰომელთა ქვეყანა

ვენა

ვესთვალია

ვიზანტია

ვილნო

ვისბადენი

ვისლა

ვლადიმირი

ვოლოჩინსკი

ზაიდევიტცი

ზაიდევიტცის ღელე

ზემო-იმერეთი

ზეხიშტა

ზვენიგოროდი

ზოდენი

ზუგდიდი

ზუშენდორფი

თანხმობის მოედანი

თრიალეთი

თურქესტანი

იაპონია

იერუსალიმის საყდარი

იმერეთი

ინგლისი

ინდოეთი

ინვალიდთა მოედანი

იორი

ისპანია

იტალია

იურიევი

კავკასია

კავკასიის გეორგია

კალაური

კალუფა

კანადა - 355

კარინტია

კარპატის მთები

კასპი

კახეთი

კელნა

კენიგსბერგი

კიევი

კისის-ხევი

კოლხიდის ქვეყანა

კონდოლი

კრაკოვი

კრაკოვის მაზრა

კრონბერგი

კრონდერბურგი

კუკია

კულმი

კულმის მთა

ლაპი

ლეიფციხი

ლემბერგი

ლეჩხუმი

ლიახვი

ლიეჟი

ლილი

ლიმატი

ლიონი

ლიტვა

ლიუცერნი

ლიუცერნის ტბა

ლოზანა

ლონდონი

ლოქის ტყე

ლუვენი

მარსელი

მარსის ველი

მილხეიმი

მიუნხენი

მიხაილოვკა

მონპელიე

მონტელიმარი

მოსკოვი

მტკვარი

მური

მუხრანი

მცირე აზია

ნათლუხი

ნანსი

ნანტი

ნევშატელი

ნემეცური შვეიცარია

ნენტმანსდორფი

ნუხი

ოდესა, ოდესსა

ოდიში

ოსეთი

ოსმალეთი

ოსმალოს სომხეთი

ოტტენდორფი

პარიზი/პარიჟი

პეტერბურგი, პეტერბურღი

პილატის მთა

პირნა

პირნას მაზრა

პლევნო

პოლშა

პოლშის სახელმწიფო

პრონბერგი

პრუსია, პრუსსია

ჟან-ჟაკ-რუსსოს კუნძული

ჟენევა

ჟენევის ტბა

ჟერბრუსი

რატევანი

რეინი, რეიჰნი

რეინის მაზრა, რეიჰნის მაზრა

რენი

რიონი

რომი

როჩდელი

რუმინია

რუსეთი

რუსეთის პოლშა

საბერძნეთი

საგარეჯო

სამეგრელო

სამხრეთ რუსეთი

სარატოვი

სართიჭალა

სასნოვიცი

საფრანგეთი

საქართველო, საქართუელო

საქსონია

საჭა

სევასტოპოლი

სენა

სვანეთი

სკანდინავია

სომხეთი

სომხითი

სორბონა

სოხუმი

სრედიზემნის ზღვა

სტამბოლი

ტაუნუსის მთები

ტროკადერო

ტუაპსე

ტულუზა

ტუნისი

ტფილისი, თბილისი, თფილისი

ტყიბული

უნგრეთი

უნტენვალდენის ტბა

ურის ტბა

უტლის მთა

ფალერენსია

ფესთვალია

ფინლანდია

ფოთი

ფოთი-თფილისის რკინის გზა

ფრანკფურტი

ფრანცია

ფრეიბურგი

ფრიდრიხსვალდი

ქაბა

ქათვანაკჩი

ქართლი

ქერჩი

ქსანი

ქუთაისი

ღომბურგი

ყაზანი

ყვირილა

შავი-ზღვა

შავხაუზენი

შაშიანი

შვეიცარია

შვეცია

შვიცი

შვიცის ტბა

შოტლანდია

შტირია

ჩათახი

ჩიკაგო

ჩინეთი

ჩობახური

ჩრდილოეთ ამერიკა (მჩრდილოეთისა ამერიკა)

ჩრდილოეთ რუსეთი

ცეილონი

ციმბირი

ციურიხი, ციურიხის ტბა

ცუგის ტბა

ჭიათურა

ხარკოვი

ჰელსინგფორსსი

ჰოლანდია

c

Caucase

g

Georgien

Grusinien