The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ედუარდ შევარდნაძე (ტომი X)

ედუარდ შევარდნაძე (ტომი X)


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი საქართველოს სახელმწიფო მეთაურები|შევარდნაძე ედუარდ
თარიღი: 2017
აღწერა: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა; პარლამენტის სამეცნიერო-საინფორმაციო უზრუნველყოფის განყოფილება; საქართველოს სახელმწიფოს ხელმძღვანელები საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე – სახელმწოფოს მეთაური (1992 წლის ნოემბერი – 1995 წლის ნოემბერი) მიმართვები, ინტერვიუები თბილისი 2017 UDC (უაკ) 342.511 (479.22) + 929(479.22) ს-323 ე-241 ISSN 1987-5576 ISBN 978-9941-0-9825-3 © საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა სერიის „საქართველოს სახელმწიფოს ხელმძღვანელები“ იდეის ავტორები: პროფ. ემზარ ჯგერენაია დოქ. დორის ფოგლი რედაქტორ-შემდგენელი: ნატო გაბელაია შემდგენლები: თინათინ სულუხია, კუკური კიღურაძე დაკაბადონება: შალვა პაპალაშვილი



1 ***

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ედუარდ შევარდნაძე

საქართველოს სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე

(1992 წლის მარტი - 1992 წლის ოქტომბერი),

საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე

(1992 წლის ოქტომბერი - 1992 წლის ნოემბერი)

საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე -

სახელმწიფოს მეთაური

(1992 წლის ნოემბერი - 1995 წლის ნოემბერი)

საქართველოს პრეზიდენტი

(1995 წლის ნოემბერი - 2003 წლის ნოემბერი)

2 იმედი მაქვს, ახალი წელიწადი კიდევ უფრო განამტკიცებს მშვიდობას, სიყვარულს, აღადგენს სამართლიანობას, გააერთიანებს საქართველოს!

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის - სახელმწიფოს მეთაურის ედუარდ შევარდნაძის საახალწლო მიმართვა საქართველოს მოსახლეობისადმი

გადაიცა საქართველოს ტელევიზიის პირველი არხით 1994 წლის 31 დეკემბერს

ძვირფასო მეგობრებო,
ქალბატონებო და ბატონებო,
თანამემამულენო,

კიდევ რამდენიმე წუთი და ისტორიის კუთვნილება გახდება 1994 წელი. დადგება ქრისტეს დაბადების 1995-ე წელიწადი.

სულითა და გულით გილოცავთ ახალ წელს!

ვუსურვებ საქართველოს ყველა ოჯახს ტკივილების მოშუშებას, ბედნიერებას, სიხარულს, კეთილდღეობას, ხვავსა და ბარაქას, ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას.

დიდი ილია იტყოდა: რა გითხრათ, რით გაგახაროთ?

დღეს მეც ამ დილემის წინაშე ვდგევარ, რა გითხრათ, რით გაგახაროთ ჩემო ძვირფასებო, ძმებო და დებო, შვილებო და შვილიშვილებო, ჩემო სათაყვანებელო ხალხო, ყველა ერის შვილებო, ვინც საქართველოში ცხოვრობთ. აფხაზებო, ოსებო, რუსებო, სომხებო, აზერბაიჯანელებო, ბერძნებო, ებრაელებო, ქურთებო და უკრაინელებო, თქვენ ყველანი ჩემთვის ახლობელი და ღვიძლი ხართ. ჩვენ ყველანი ერთ ბედქვეშა ვართ, ერთ მამაპაპურ კერასთან ვთბებით და ვიყინებით, ერთ საახალწლო სუფრასთან ვსხედვართ, ერთ სიმღერას ვმღერივართ და ერთ სატირალს ვტირით.

მე არა და არ მინდა გავყო ქვეყანა „მომხრეებად“ და „მოწინააღმდეგეებად“. იმ ზღუდისაგან, რომელიც გვთიშავდა, ნანგრევებიღა რჩება, ასე მჯერა, მინდა ასე იყოს, ასე იქნება.

დღეს ლხინიც საერთო გვაქვს და ჭირიც. ერთ ოჯახში მრავალჟამიერი ვერ მრავალჟამიერობს თუ მეორეში „დალაი“ ისმის.

მაგრამ გაუტეხელია ქართველი კაცის უსაზღვროდ კაცთმოყვარე გული და ამაყი ნება, მტკიცეა მისი მამაპაპური ადათი, ზნე, რჯული და ხასიათი. ჩვენ დედის რძესთან ერთად შევითვისეთ შოთასეული სიბრძნე: ჭირსა შიგან გამაგრება ისე უნდა ვით ქვითკირსაო. და მე მწამს, მოვიდა დრო ბოროტსა სძლიოს კეთილმან და ჭირის ნაცვლად ლხინი დაგვეკვებოს ახალ 1995 წელს.

ჩვენ ვაცილებთ 1994 წელს, რომელიც ერთ მნიშვნელოვან მიჯნად დარჩება დამოუკიდებელი, დემოკრატიული საქართველოს მშენებლობის ისტორიაში.

ეს იყო მძიმე და ძნელი, მაგრამ მაინც იმედის მომცემი, საინტერესო წელიწადი.

ეს იყო სისხლისმღვრელი სამოქალაქო ომიდან გამოსვლის, ამ საშინელი ომის დამთავრების და მშვიდობიანი აღმშენებლობის ფაზაში შესვლის წელიწადი.

ბიბლიაში ნათქვამია: არის ჟამი სიძულვილისა და ჟამი სიყვარულისა, ჟამი სიკვდილისა და სიცოცხლისა.

1994 წელი უფრო სიცოცხლის, მშვიდობის დამკვიდრების, სიყვარულის წელიწადი იყო, ვიდრე კაენური სიძულვილისა.

იმედი მაქვს, ახალი წელიწადი კიდევ უფრო გაამტკიცებს მშვიდობას, სიყვარულს, აღადგენს სამართლიანობას, გააერთიანებს საქართველოს. გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი - ჩვენი ცხოვრების არსის გამომხატველი ფორმულა გახდება.

1994 წელი გახლდათ რადიკალური ეკონომიკური რეფორმების და სოციალურ-ეკონომიკური აღმშენებლობის დაწყების, ანტიკრიზისული, ეროვნული ხსნის პროგრამის განხორციელებისათვის თავდადებული ბრძოლის წელიწადი.

ცივილიზებული სამოქალაქო საზოგადოების აქტიური მშენებლობა, სამართლებრივი, დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნა და საბაზრო ეკონომიკის ფორმირება, ქვეყნისა და ერის გამთლიანება, აი, ძირითადი საზრუნავი, რითაც ცხოვრობდა ჩვენი სახელმწიფო 1994 წელს.

ეხლა ყველა ვხედავთ, რომ ეს ურთულესი პრობლემებია და მათ გადაწყვეტას დრო სჭირდება. ამ ბრძოლისა და წინსვლის გზაზე მომავალი წელი 1994-ის ისტორიული მემკვიდრე იქნება.

აწმყოში წარსულის კვალია და მომავლის ფესვები. გავუფრთხილდეთ იმ კვალს და იმ ფესვებს. ის ილიას კვალია, აღმაშენებლის, გორგასლის, რუსთველის კვალია. და ის იმ მომავლის ფესვია, რომელსაც ჩვენი შვილის სახე აქვს და ჩვენი შვილიშვილის ხმა.

1994 წელს ბევრი სიმწარე ვიწვნიეთ, მაგრამ სიკეთის ყლორტებიც დავინახეთ.

1994 წელი იყო საქართველოში დემოკრატიისა და დამოუკიდებლობის ფაქტობრივად გადარჩენის წელი.

გასულმა წელიწადმა ფინანსურ და ეკონომიკურ საკითხებზე გადასვლა მოითხოვა. ეს მძიმე გამოცდაა ყველა ოჯახისა და მოქალაქისათვის. ამავე დროს, ეს იყო გარე სამყაროსთან, განსაკუთრებით მსოფლიოს, ევროპის ეკონომიკურ და ფინანსურ ცენტრებთან ახალი ურთიერთობის მშენებლობის წელიწადი. ეს წარმატებული დასაწყისი და მომავალი მატერიალური კეთილდღეობის სერიოზული ფაქტორი გახლავთ... შარშანდელმა წელიწადმა გარდატეხა შეიტანა უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი ატრიბუტების - შეიარაღებული ძალების, უშიშროების სისტემის, პოლიციის მშენებლობაში.

ბევრი რამ სასიკეთო მოხდა გაეროსთან, სნგ-სთან, შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკურ ალიანსთან, რუსეთთან, აშშსთან, თურქეთთან, დასავლეთისა თუ აღმოსავლეთის, სნგ-ს ქვეყნებთან, ჩვენს უახლოეს მეზობლებთან ურთიერთობაში.

ისტორიაში შევა ევროთათბირის ბუდაპეშტის შეხვედრა და იქ საქართველოს შესახებ მიღებული რეზოლუცია, თანდათან ვიწროვდება მუხრუჭები იზოლაციაში მოყოლილ სეპარატისტთა ირგვლივ.

ამასთან, ჩვენ ყველანი ხელისუფლების ცენტრალური თუ ადგილობრივი რგოლები, ვალში ვართ ხალხის წინაშე, ვერ გაგრძნობინეთ შვება, ვერ შეგიმსუბუქეთ მძიმე ხვედრი, გასაჭირი. ჩვენ ვიცით რა უნდა ვაკეთოთ, მაგრამ ვაი რომ იმდენად მძიმეა მემკვიდრეობა, შეზღუდულია რესურსები და არახელსაყრელია ბევრი შინაგანი და გარეშე ფაქტორი, რომ ხშირად უძლური ხარ იმოქმედო ისე, რომ ეფექტები დღესვე მიიღო.

სასწაულს უდრის ის მოთმინება, რომელსაც ხალხი იჩენს ვით ბიბლიური იობი, ითმენს იგი შიმშილს, სიცივეს, სიძვირეს, მაფიური კლანების ჯერაც აღუკვეთავ თარეშს.

შესანიშნავად მესმის, რომ ყველაფერს თავისი საზღვარი აქვს, მით უმეტეს - მოთმინებას.

უდიდესი მადლიერების სიტყვებით მოგმართავთ თქვენ, ძვირფასო თანამემამულენო, სულგრძელობისა და ღირსეული თავდაჭერისათვის, კრიზისის ობიექტურ სიძნელეთა სწორად აღქმისა და გაგებისათვის. ბევრჯერ შეეცადნენ წონასწორობიდან თქვენ გამოყვანას, ბევრჯერ მოგიწოდებდნენ ქუჩისაკენ, ხელისუფლებაზე ხელის ჩაქნევისაკენ, ხელისუფლებაზე ხელის აღმართვისაკენ, მაგრამ თქვენ იდექით ღირსების, მშვიდობის, მომავლის სადარაჯოზე. მადლობათ.

მადლობელი ვარ იმ პოლიტიკური და საზოგადოებრივი ძალებისა, რომლებიც მხარში გვიდგანან ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის ბრძოლაში. მადლობელი ვარ იმ ოპონენტებისაც, რომლებიც პოლიტიკურ თუ სოციალურ პრობლემათა, მათ შორის ხელისუფლების საკითხის გადაჭრას მხოლოდ პოლიტიკური, დემოკრატიული ფორმებით გვთავაზობენ. მადლობელი ვარ პარლამენტისა, რომელიც ცნობილ წინააღმდეგობათა და დაპირისპირებათა მიუხედავად, ყველაზე კრიტიკულ ეტაპზე ახერხებს ქვეყნის ინტერესების გამოხატვას, თუმცა ეს ხშირად, როგორც იტყვიან, სიცოცხლის ფასად ჯდება. ამ საახალწლო ღამეს მე მოვუწოდებ მთელ საქართველოს, ყველა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ძალებს, ორგანიზაციებს, თანამშრომლობისა და კონსენსუსისაკენ. ერთად ვაშენოთ ახალი, დემოკრატიული და განუყოფელი სამშობლო ჩვენი.

მომავალი 1995 წელი საქართველოს კონსტიტუციის მიღების, ქვეყნის პრეზიდენტისა და პარლამენტის არჩევნების წელიწადია.

დაე, ახალი წელი ის წელიწადი იყოს, როცა ჩვენი ხალხი ახალ დამაჯერებელ გამარჯვებებს მიაღწევს სახელმწიფოებრივ და საზოგადოებრივ აღმშენებლობაში.

მივესალმები და მივულოცავ ახალ წელს ბიზნესმენებს, მეწარმეებს, ფერმერებს, მუშებს, კომერსანტებს, მხვნელ-მთესველებს, ბანკირებს, მესაკუთრე-აქციონერებს, რომელთა რიცხვმაც უკვე წლეულს ნახევარ მილიონს გადააჭარბა, ყველას, ვისი ხელითაც უნდა შეიქმნას ქვეყნის ხვავი და ბარაქა, ვის ხელთაც არის ბიბლიური პური ჩვენი არსობისა.

განსაკუთრებული სათუთი გრძნობებითა და მოკრძალებით მივესალმები სახელოვან ინტელიგენციას, მეცნიერებს, ლიტერატურის, ხელოვნების, კულტურის მოღვაწეებს, ვინც ქმნის ერის სულიერ კულტურას, რომლის ისტორიასაც კაცობრიობის უძველეს ცივილიზაციაში უდგას ძირძველი ფესვები.

ვთხოვ მიიღონ საახალწლო მილოცვა ჩვენმა სახელოვანმა და მშვენიერმა ქალებმა, დედებმა, დებმა, ასულებმა, მეუღლეებმა, დიდედებმა, ვის ამაგსაც ვერასოდეს გადაიხდის ერი და მამული.

ვულოცავ ახალგაზრდობას, ჭაბუკებს, ქალიშვილებს, მოსწავლეებს, სტუდენტობას, ჩვენს ბავშვებს, რომლებზე ფიქრსა და ზრუნვაშიც ათენებენ და აღამებენ უფროსი თაობები და მინდა ვუთხრა მათ - თქვენ იქნებით დემოკრატიული, ძლიერი და ერთიანი საქართველოს ხვალინდელი დღის ბინადარნიც და მისი ბატონ-პატრონებიც, ბედნიერება ნუ მოგეშალოთ.

საუკეთესო საახალწლო სურვილები საქართველოს ეროვნულ არმიას, ჯარისკაცებს, ოფიცრებს, გენერლებს, შინაგანი ჯარის, მესაზღვრეების პირად შემადგენლობას, პოლიციელებს, უშიშროების სამსახურის ყველა თანამშრომელს, ვინც რაინდულად დგას სამშობლოსა და მართლწესრიგის სადარაჯოზე. მინდა დავარწმუნო ჩვენი ხალხი, რომ სხვა სამართალდამცავ სისტემებთან ერთად, თქვენ უზრუნველყოფთ სახელმწიფოს და ყველა მისი მოქალაქის უსაფრთხოებას, მშვიდობას და წესრიგს.

მე მივესალმები, მინდა გადავეხვიო, მიუალერსო და გავამხნევო აფხაზეთსა და ცხინვალში სეპარატისტთა და მათ მფარველთა მიერ ფაქტობრივად ტყვედ და მძევლად აყვანილი თანამებრძოლები. ამ რეგიონებიდან ასიათასობით გამოდევნილი, მინდა იცოდეთ ჩემო გაწამებულო დებო და ძმებო, ახლო არის ხსნა, მალე გათენდება. ახალ წლის ღამეს თქვენზე ფიქრობს თქვენი სამშობლო, თქვენზე ფიქრობს მსოფლიო, გაეროს უშიშროების საბჭო, ევროპა-აზიის 52 ქვეყნის მეთაური, რომლებმაც აფხაზეთში დატრიალებული ტრაგედია ეთნოწმენდად, ანუ კაცობრიობის წინაშე უმძიმეს დანაშაულად გამოაცხადეს. მეოცე საუკუნის მეკობრეებმა უნდა იცოდნენ, რომ ისინი ისტორიის ჩარხს უკუღმა ვეღარ დააბრუნებენ, ღვთისა და კაცობრიობის ნებას წინ ვერ აღუდგებიან. თქვენ დაბრუნდებით, ჩვენ დავბრუნდებით.

ახალ წლის დამდეგს ნუგეში მინდა ვცე სამშობლოსათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა დედებს, მამებს, მეუღლეებს, შვილებს, ყველა ჭირისუფალთ, ერი და სამშობლო არასდროს დაივიწყებს მამულისათვის დაცემულ ვაჟკაცებსა და ქალიშვილებს.

ახალ წელს ვულოცავ ომისა და შრომის ვეტერანებს, პენსიონერებს, თმაჭაღარა ბებიებსა და პაპებს, რომლებსაც ახლა ძალიან უჭირთ, თანადგომასა და ზრუნვას გპირდებით.

მინდა მივესალმო ქრისტეს ეკლესიასა და მის მრევლს, ყველას ვინც ქრისტეს კალენდრით ხვდება 1995 წელს. ქართულმა სახელმწიფომ და ქრისტეს ქართულმა ეკლესიამ ხელიხელჩაკიდებულებმა აღმავლობისა და აყვავების გზით უნდა წაიყვანონ ქართველი ერი.

ამ ღირსშესანიშნავ დღეს მივესალმები საქართველოს ყველა მოქალაქეს, ყველა სტუმარს, დედამიწის ყველა კუთხიდან, განურჩევლად რელიგიური რწმენისა და კონცეფციისა, რასისა და ენისა.

მშვიდობა თქვენდა კეთილი ნების ადამიანებო!

მხურვალე მადლობა მინდა შევუთვალო ყველა ჩვენს მეგობარს საზღვარგარეთ, რომლებმაც გულთან მიიტანეს ჩვენი სატკივარი, გვეხმარებიან, გვამხნევებენ, მხარს გვიჭერენ.

მეგობრებო, იწურება ორი ათასი წელიწადი ახალ წელთა აღრიცხვით. ახლოვდება მესამე ათასწლეულის დასაწყისი. წინ საოცარი მოვლენები და შესანიშნავი მომავალი გველის. მომავალი საუკუნე საღი აზრის ზეიმის, მშვიდობისა და კეთილდღეობის საუკუნე იქნება. სწორედ ამ საუკუნის კარიბჭესთან გვაახლოვებს წელი 1995.

გილოცავთ, მრავალჟამიერ, იდღეგრძელეთ და იბედნიერეთ.

იმედი მაქვს, ახალი წელიწადი კიდევ უფრო განამტკიცებს მშვიდობას, სიყვარულს, აღადგენს სამართლიანობას, გააერთიანებს საქართველოს! // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 4 იანვარი. - 2(1019). - 1 გვ.

3 1995 წელი ეკონომიკის გამოცოცხლების, ეკონომიკური აღმავლობის წელიწადი უნდა გახდეს

▲ზევით დაბრუნება


ედუარდ შევარდნაძის 2 იანვრის რადიოინტერვიუ

[...]

- მინდა დავიწყო ზოგადი ეკონომიკური მიმოხილვით. 1994 წელს ეკონომიკაში, ფინანსებში გამოიკვეთა რამდენიმე ტენდენცია, რომლებიც, უდავოდ, აღნიშვნის ღირსია. სამწუხაროდ, წლის ფინიშზე აღინიშნა გართულება 1995 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცებასთან დაკავშირებით. მიმდინარე წლის ბიუჯეტის პროექტი, რომელიც ქვეყნის დღევანდელ ეკონომიკურ მდგომარეობას ასახავს, რეალური ღირებულებითი პროპორციების ჩამოყალიბებაზე, ინფლაციის შეჩერებასა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სახსრების გამოძებნაზე არის ორიენტირებული. ამის გამო მისი დამტკიცება უახლოეს ხანში აუცილებელია (ჩვენ კი ყოველდღიურად ვაგვიანებთ) ეკონომიკის რეფორმირების კურსის თანამიმდევრული განხორციელების შესაძლებლობათა განსამტკიცებლად. ბიუჯეტის დაუმტკიცებლობა ეკონომიკური კრიზისის გაჭიანურებას ნიშნავს. ეტყობა, სწორედ ეს სურს ზოგიერთ პარლამენტარს და ასე ესმით მათ პარლამენტში თავიანთი საქმიანობის მისია. მიუხედავად ამისა, მჯერა, რომ ამ დღეებში ბიუჯეტი დამტკიცდება.

ჩვენი შესაძლებლობების თანდათანობითს ზრდაზე მიუთითებს 1994 წელს, განსაკუთრებით მის მეორე ნახევარში საქართველოს ეკონომიკაში დაწყებული გარკვეული ცვლილებები. მათგან უწინარესად აღსანიშნავია საკუთარი შემოსავლებისა და საერთაშორისო დახმარების შედეგად უცხოური გრანტების საფუძველზე დაბალანსირებული რესპუბლიკური ბიუჯეტის ფორმირების ტენდენცია. და რაც უფრო თვალსაჩინოა, ეროვნული ბანკის კუპონის კურსის თანამიმდევრულად განმტკიცება, რომელიც კვლავ გაგრძელდება. 1994 წლის 29 დეკემბერს თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე გამართული მორიგი ვაჭრობის დროს კვლავ აღინიშნა კუპონის კურსის შემდგომი განმტკიცება დოლართან და რუსულ რუბლთან შედარებით, კომერციული ბანკების მიერ უცხოური ვალუტის გაყიდვისა და ქართულ კუპონზე მათი მოთხოვნილების ზრდის ტენდენციის გაგრძელება. ეს იმით გამოიხატა, რომ კომერციული ბანკების მიერ გასაყიდად გამოტანილი ვალუტის ოდენობა აღემატებოდა მასზე მოთხოვნას. კომერციული ბანკების მოთხოვნამ დოლარზე შეადგინა 92 ათასი ამერიკული დოლარი, ხოლო მიწოდებამ - 150 ათასი დოლარი. უაღრესად საგულისხმო და მნიშვნელოვანი განსხვავებაა. საბოლოო ანგარიშით კურსი ასეთნაირად ჩამოყალიბდა: 1 ამერიკული დოლარი - 1.280 ათასი კუპონი, რაც 50 ათასი კუპონით ნაკლებია წინა კურსთან შედარებით და 2 მილიონ 420 ათასი კუპონით 1994 წლის 29 სექტემბრის მაჩვენებელზე. ვაჭრობის მოცულობამ შეადგინა 100 ათასი დოლარი. რაც შეეხება რუსულ რუბლს, კომერციული ბანკების მხრივ მიწოდებამ საგრძნობლად გადააჭარბა მოთხოვნას. მარტო „ინდუსტრიაბანკმა“ გასაყიდად გამოიტანა 500 მილიონი რუსული რუბლი, მაშინ როცა თავდაპირველი მოთხოვნა მხოლოდ 44 მილიონ რუსულ რუბლს შეადგენდა. კურსი კვლავ მკვეთრად დაეცა. შეფარდება ასეთია: 1 რუბლი - 320 კუპონი, ანუ წინა ვაჭრობასთან შედარებით კუპონის კურსი 15 პუნქტით განმტკიცდა, 1994 წლის 20 სექტემბერს კი ერთი რუბლი 1000 კუპონით განისაზღვრებოდა. აქაც საკმაოდ მნიშვნელოვანი განსხვავება და ძვრა არის, ბოლო პერიოდში აშკარად ხდება კუპონის მიმართ კომერციული ბანკების ინტერესის ზრდა. და არა მხოლოდ ბანკების, ეს მოსახლეობასაც ეხება. თავად ის ფაქტი, რომ ეროვნულმა ბანკმა შეძლო სავალუტო რეზერვების მეტად უმნიშვნელო ნაწილის გაყიდვა, კუპონის კურსის საგრძნობლად განმტკიცებას ნიშნავს. ეს იმაზე მიუთითებს, რომ გრძელდება საქართველოს ფინანსური სისტემის გაჯანსაღებისა და სტაბილიზაციის პროცესი.

გაცილებით მოკრძალებულია დადებითი ტენდენციები მრეწველობის გამოცოცხლების სფეროში, მაგრამ ზოგიერთი ძვრა აქაც შეინიშნება. კერძოდ, ეს ეხება ეკონომიკური დაქვეითების ტემპის შენელებას. ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, თუ პირველ კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მხოლოდ 39 პროცენტს შეადგენდა, 6 თვეში მან 49 პროცენტს მიაღწია, ხოლო 9 თვეში უკვე 58 პროცენტი იყო. მთლიანად, წლის შედეგების მიხედვით, ამავე სამინისტროს შეფასებით, ამ მაჩვენებლებმა შეიძლება 80-90 პროცენტი შეადგინოს. ამ პროცენტებში გადამწყვეტი როლი განეკუთვნება სოფლის მეურნეობას, სადაც მეტად არახელსაყრელი კლიმატური პირობები და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის უკიდურესად დაბალი დონის მიუხედავად, მთლიანი პროდუქციის მოცულობამ შარშანდელ მაჩვენებელს შეიძლება 3-4 პროცენტით გადააჭარბოს. სხვათა შორის, ვინც თბილისის ბაზრებში დადის, დაინახავდა, რომ ახლა ჩვენი სოფლის მეურნეობა, განსაკუთრებით კერძო სექტორი, კერძო მეურნეობები, დიდი რაოდენობით აწარმოებენ პროდუქტს. მართალია, იგი ძვირია, მაგრამ, როცა სიუხვე იქნება, გაიაფდება. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სამინისტროს მონაცემებით, საშემოდგომო ხვნა უფრო სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, ვიდრე შარშან.

კიდევ და კიდევ მინდა მივესალმო კერძო ინიციატივის გამოვლენას, გამოცოცხლებას, რაც განსაკუთრებით მეცხოველეობაში გამოიკვეთა. კერძო სექტორში 1994 წლის პირველი დეკემბრისათვის მსხვილფეხა რქიანი პირუტყვის სულადობა შარშანდელ მაჩვენებლებთან შედარებით 5500 სულით გაიზარდა და მილიონს მიაღწია. ძროხის სულადობა თითქმის 9 ათასით გაიზარდა: ახლა იგი მოსახლეობაში 435 ათას სულს შეადგენს.

მრეწველობაში გაცილებით რთული ვითარებაა. ნოემბერ-დეკემბერში გაზის მოწოდების შეფერხება რომ არა, აქაც გარკვეული წარმატებები გვექნებოდა, პირველ კვარტალში წარმოება დაეცა 71 პროცენტით, 6 თვეში - 49 პროცენტით, ვფიქრობთ, რომ წლის შედეგებით დაცემის ტემპი კვლავ შემცირდება. უფრო სრულყოფილი შეფასებანი რამდენადმე მოგვიანებით ჩამოყალიბდება.

მიღებული ღონისძიებების შედეგად გაუმჯობესდა პენსიებისა და სხვა დახმარებათა გაცემის ორგანიზაცია - სისტემა. უნდა აღინიშნოს შრომისა და სოციალური დაცვის ახალი მინისტრის და მისი კოლეგების აქტიური, მიზანმიმართული მუშაობა, რამაც გარკვეული შედეგები უკვე მოგვცა.

კვლავ ვიმეორებ, რომ ამ ღონისძიებათა პრაქტიკული რეალიზაცია დამოკიდებულია 1995 წლის ბიუჯეტის დამტკიცებაზე, მაგრამ მათი განხორციელება პარლამენტის დესტრუქციული განწყობის გამო გარკვეულწილად საეჭვო ხდება. მხედველობაში მაქვს პენსიები, დახმარებები და სხვა.

არის პრობლემები მეოთხე კვარტალის ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით. დღეს საბოლოო მონაცემები არა გვაქვს. ჩემი აზრით, ეს ისეთი თემაა, რომელიც სპეციალურ მსჯელობას მოითხოვს.

- წლის ბოლოს ბაკურ გულუა დაინიშნა ვიცე-პრემიერად...

- მეკითხებიან რა ნიშნით მოხდა მისი დანიშვნაო. უნდა ვთქვა, რომ ეს იმ კურსის გაგრძელებაა, რომელიც ავირჩიეთ - ესე იგი აღმასრულებელ ხელისუფლებაში ჭეშმარიტი პროფესიონალებისა და რეფორმატორების ჩაბმა-მოწვევა. ბაკურ გულუას გამოცდილება სასარგებლო იქნება მთავრობისა და საერთოდ ქვეყნისათვის.

1995 წელი, მე ასე მიმაჩნია, ეკონომიკის გამოცოცხლების, ეკონომიკური აღმავლობის წელი უნდა გახდეს. მთელი ჩემი ძალისხმევა სწორედ ამ მიზანს მოხმარდება. დანგრეული და არაეფექტიანი ეკონომიკური ცხოვრების ფონზე ვერც მოსალოდნელი არჩევნები ჩაივლის ნორმალურად. ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტების საბოლოოდ მოგვარებასაც გაგვიჭიანურებს გარკვეული აზრით, შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკა ყველაფერს წყვეტს.

- საახალწლო მიმართვაში აფხაზეთიდან გამოდევნილ თანამემამულეებთან დაკავშირებით თქვენ თქვით, რომ ხსნა ახლოს არის. ხაზგასმით აღნიშნეთ შეიარაღებული ძალების, უშიშროების სამსახურის, პოლიციის საქმიანობა, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში. უფრო ადრე საქმიანობის გააქტიურებისათვის მოუწოდეთ აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს, კიდევ უფრო ადრე იყო ღონისძიებები საზღვრების გამაგრებასთან დაკავშირებით, თუმცა ზოგიერთი რუსი პოლიტიკოსისათვის ჯერაც გაურკვეველია ომობდნენ თუ არა აფხაზები ჩეჩნეთში. ჩვენს მოსახლეობას აქედან რაღაც დასკვნები გამოაქვს. რამდენად საფუძვლიანია ეს დასკვნები?

- ზოგიერთი პოლიტიკოსის იმ განცხადების გამო, რომ აფხაზები არ ომობენ ჩეჩნეთში, მე ვიტყოდი: აფხაზები ომობენ ჩეჩნეთში და თვით აფხაზეთის ტერიტორიაზეც ბევრი ემზადება ამისათვის. ჩვენ ვდარდობთ და ვნანობთ, რომ ჩვენი მოქალაქეები აფხაზების სახით მიდიან საომრად (მათი იქ წასვლა, ყველამ კარგად ვიცით, რასთან არის დაკავშირებული). რუსეთის უშიშროების საბჭოს სახელით ბატონმა ლობოვმა ეს კვლავ დაადასტურა გუშინდელ რადიოინტერვიუში. პაკისტანისა და სხვა ქვეყნების ბატალიონებთან ერთად მან აფხაზური ბატალიონიც ახსენა. მანამდე ბატონმა კონდრატიევმა დაადასტურა, რომ აფხაზეთში შენიშნა რაზმები, რომლებიც წასასვლელად ემზადებიან, ზოგჯერ გზაში არიან ჩეჩნეთის მიმართულებით. ბევრი აფხაზი ბოევიკი დაიღუპა კიდეც, ჩვენ გვაქვს ეს მონაცემები. ზოგიერთი მათგანი ჩამოასვენეს აფხაზეთში.

ამასთან დაკავშირებით მინდა აღვნიშნო ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი: აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს გამოდევნილმა ნაწილმა მუშაობა განაახლა. მათ უკვე გააკეთეს პირველი განცხადებები. ვფიქრობ, რომ, რაც უფრო აქტიურად იმუშავებს უმაღლესი საბჭო (უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ბატონი თამაზ ნადარეიშვილი, დეპუტატთა დიდი ჯგუფი) მით უკეთესია საქმის საბოლოოდ მოწესრიგებისათვის.

კონფლიქტების მშვიდობიანი მოწესრიგების ყველა გზა ჯერჯერობით არ ამოწურულა. მე შევეცდები ამ დღეებში საჯაროდ გამოვაცხადო მშვიდობიანი მოგვარების ჩემეული ხედვა, ჩემი ვარიანტი, ყოველ შემთხვევაში, ზოგიერთი მოსაზრება. ამასთან, ყველამ კარგად უნდა იცოდეს: გენოციდისა და ეთნოწმენდის, როგორც ეს ბუდაპეშტის თათბირზე შეფასდა, შედეგების სალიკვიდაციოდ არსებობს სხვა გზებიც. სახელმწიფო, რომელსაც არ შეუძლია დაიცვას თავისი ტერიტორიული მთლიანობა, სრულფასოვანი სახელმწიფო ვერასოდეს ვერ გახდება.

- მინდა შეგახსენოთ ფრაგმენტი თქვენი საახალწლო მიმართვიდან: 1995 წელი ახალი კონსტიტუციის, პრეზიდენტისა და პარლამენტის არჩევნების წელი უნდა იყოს. კონსტიტუციის თემა, სამწუხაროდ, როგორღაც ნაკლებად აქტუალურია ჩვენს საზოგადოებაში.

- კონსტიტუციის პროექტის შემუშავება გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. ხვალ დილითაც ვიკრიბებით, ვაგრძელებთ განხილვას, დისკუსიას, რომელიც საკმაოდ საინტერესოდ მიმდინარეობს. სარედაქციო ჯგუფი ამზადებს ვარიანტს საკონსტიტუციო კომისიისათვის. მჯერა, რომ ძალიან საინტერესო კონსტიტუციას მივიღებთ. სწორედ კონსტიტუციის მიღება გახდება მომავალი არჩევნების საფუძველი. როგორც კი დამთავრდება მუშაობა კონსტიტუციის პროექტზე, ჩვენ შეიძლება არ დაველოდოთ საბოლოო განხილვას და დავიწყოთ საარჩევნო დებულების შემუშავებაც, ასე რომ, ყველაფერი ეს პარალელურად წარიმართება. ჩემი აზრით, როცა მოვა არჩევნების დრო, ქვეყანა მზად იქნება კონსტიტუციისა და საარჩევნო დებულების მომზადების თვალსაზრისით.

- გასულ კვირას თქვენს ინტერვიუში ილაპარაკეთ ჩეჩენი ლტოლვილების შესახებ. რა ვითარებაშია ეს ხალხი და რას აკეთებს მათთვის საქართველოს ხელისუფლება, რათა როგორმე შევუმსუბუქოთ ის მძიმე ყოფა, რომელშიც აღმოჩნდნენ...

- ჩვენი მონაცემებით, საქართველოში ჩეჩნეთიდან სხვადასხვა გზებითა და არხებით შემოსულია რამდენიმე ასეული ოჯახი - ძირითადად ქალები ბავშვები და მოხუცები. ბევრს ნათესავიც ჰყავს აქ, განსაკუთრებით კახეთში. მე დავავალე მინისტრთა საბჭოს გამოსცეს განკარგულება, აღმოუჩინონ მათ სასწრაფო დახმარება აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან გამოდევნილი ჩვენი დებისა და ძმების თანაბრად. ჩვენ ძალიან გვიჭირს, მართლაც შეზღუდულია ჩვენი რესურსები, მაგრამ ამას მაინც გავაკეთებთ.

მინდა გამოვთქვა რწმენა, რომ მოვლენები ჩეჩნეთში უახლოეს დღეებში დამთავრდება და ამ მიწაზე მშვიდობა, წესრიგი და დემოკრატია დამყარდება.

- და ბოლოს, დღეს 2 იანვარია, ბედობის დღეა, მრავალი ყოფითი თუ სხვა პრობლემების მიუხედავად, ქართველი კაცი მაინც რაღაც კარგსა და კეთილს იმედოვნებს...

- რაც შეეხება დღევანდელ დღეს - ბედობას, მე და თქვენ ნამდვილად ინტერვიუები დაგვებედება, უფრო ფართო გაგებით კი, 1995 წელს დაიწყება საქართველოს აღმავლობა, ესე იგი, დაგვებედება აღმავლობა, გამთლიანება და ერთიანობა.

1995 წელი ეკონომიკის გამოცოცხლების, ეკონომიკური აღმავლობის წელიწადი უნდა გახდეს / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 4 იანვარი. - 2(1019). - 1,2 გვ.

4 „შენ ისე ღრმა ხარ“

▲ზევით დაბრუნება


მე ვიცი გავა წლები, ადამიანებს ბევრი რამ დაავიწყდებათ. თქვენი ლექსი კი ქართველ ხალხთან ერთად მუდამ იცოცხლებს!

პოეტ-აკადემიკოს ანა კალანდაძეს დაბადების დღის აღსანიშნავად მიესალმება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე - საქართველოს მეთაური

ქალბატონო ანა,

არ იფიქროთ, რომ ამ ბარათით ჩემს ოფიციალურ მოვალეობას ვასრულებ.

მე ვსარგებლობ ბედნიერი შემთხვევით, მოგილოცოთ დაბადების დღე და გითხრათ ის, რაც დიდი ხნის ნაფიქრია. გამოვხატო არა მხოლოდ ჩემი აღტაცება თქვენი პოეზიით, არა მარტო სიყვარული პირადად თქვენდამი, არამედ გაოცებაც თქვენი მშვენიერი და კეთილი ტალანტით: მე ყოველთვის მაკვირვებდა, როგორ საოცრად შეგეძლოთ სიტყვაში დაგენახათ ის ფერი და მნიშვნელობა, რომელიც აქამდე უცნობი იყო, როგორ შეგეძლოთ უმცირესსა, უუბრალოესსა და უჩინო რამ ნივთსა, მოვლენასა თუ ადამიანში შეგემჩნიათ ღვთიური ნაპერწკალი და როგორ შეგეძლოთ, ეს ყოველივე ჩვენს საკუთრებად გექციათ.

დიდი მადლობა, რომ თქვენში და თქვენით ცოცხლობს ამაღლებული ქართული სული.

მე ვიცი, გავა წლები, ადამიანებს ბევრი რამ დაავიწყდებათ, თქვენი ლექსი კი ქართველ ხალხთან ერთად მუდამ იცოცხლებს.

„შენ ისე ღრმა ხარ“...

როგორ შეიძლება ასეთი შვილის და ასეთი პოეზიის პატრონი ერი მომავალს იმედით არ შეჰყურებდეს?

კვლავ გილოცავთ და ახალ წელს ყველაფერს კარგს გისურვებთ თქვენცა და თქვენს მკითხველსაც.

პატივისცემით, თქვენი ერთგული და მუდმივი თაყვანისმცემელი ედუარდ შევარდნაძე.

„შენ ისე ღრმა ხარ“... // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 7 იანვარი. - 3(1020). - 1 გვ.

5 „ბიუჯეტის დაუმტკიცებლობა აუცილებლად შეაჩერებს კუპონის კურსის განმტკიცების ტენდენციას, შეასუსტებს წამოწყებული რეფორმების ტემპს.“

▲ზევით დაბრუნება


ედუარდ შევარდნაძის 9 იანვრის რადიოინტერვიუ

- გასული კვირის ეკონომიკური ანალიზის დროს, ალბათ, გასათვალისწინებელი იქნება თქვენი განკარგულება, რომლის თანახმადაც სახელმწიფოს მიერ აღებული კრედიტების სწორი და მიზნობრივი განაწილებისათვის შეიქმნა კომისია რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით. გასულ კვირას თქვენ მიიღეთ გერმანიის კანცლერის ჰელმუტ კოლის წერილი, სადაც სხვა საკითხებთან ერთად ფინანსურ დახმარებაზეც იყო ლაპარაკი. დახმარება და კრედიტი, აქამდეც ბევრი იყო, მაგრამ ზოგჯერ ვერ აღწევდა ადრესატამდე, ან სწორად არ იხარჯებოდა. იქნებ თქვენი განკარგულება უფრო ადრეც იყო საჭირო... - ჟურნალისტ ნატო ონიანის ამ შეკითხვის პასუხად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ - სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ თავის ტრადიციულ რადიოინტერვიუში განაცხადა:

- განკარგულება კრედიტებთან დაკავშირებით პირველი არ არის - ადრეც იყო ასეთი ცდა, კომისია შეიქმნა, რომელიც, პრინციპში, განსაზღვრავდა ამ დარგებსა და მიმართულებებს. საითკენაც უნდა წარმართულიყო სხვადასხვა წყაროებიდან, მათ შორის დასავლეთიდან მიღებული კრედიტები. უნდა გითხრათ, რომ გერმანიიდან მიღებული კრედიტები ჯერ არ განაწილებულა და ეს მხოლოდ ჩვენი მიზეზით როდი ხდება - დაბრკოლებები თავად გერმანიაშიც იყო. 30 მილიონი მარკა, რომელიც ჩემი იქ ვიზიტის დროს გამოიყო, ჯერჯერობით არ არის განაწილებული. იგი უნდა მოხმარდეს სოფლის მეურნეობას და ამიტომაც შეიქმნა სპეციალური კომისია (იგი სხვა კრედიტებზეც იმსჯელებს). ამას წინათ პარლამენტში განვაცხადე, თუ როგორ ნაწილდებოდა და როგორ ითვისებდნენ უცხოეთიდან მიღებულ კრედიტებს ხელისუფლება, სამინისტროები, უწყებები თუ რაიონები, პარლამენტს უნდა წარედგინოს და განიხილონ. იქ, სადაც რაიმე დარღვევაა, დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს.

ტრადიციულად მინდა მოკლე ეკონომიკური მიმოხილვა გავაკეთო: გამოვყოფდი მხოლოდ ორ დეტალს იმისაგან, რასაც შეიძლება სადღეისოდ განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდეს.

პირველი ეს არის მეოთხე კვარტალის ეგრეთ წოდებული უდეფიციტო ბიუჯეტის შესრულება. გახსოვთ, ალბათ, ბევრი არასერიოზულადაც უყურებდა იმას, რომ შეიძლება საქართველომ თუნდაც ერთი კვარტალის უდეფიციტო ბიუჯეტი შეადგინოს. უდეფიციტო ბიუჯეტის დაგეგმვისას ჩვენი და უცხოელი სპეციალისტები გულისხმობდნენ, რომ მისი შესრულება 50 პროცენტის დონეზეც კი უკვე გარკვეული მიღწევაა და საქართველოს ეკონომიკური და ფინანსური ცხოვრების გარკვეულ მოწესრიგებას ნიშნავს. საბოლოო ციფრები და პროცენტები ჯერ არ არის გამოყვანილი, მაგრამ, წინასწარი მონაცემებით, მეორე კვარტალის საშემოსავლო ბიუჯეტი 85-90 პროცენტით შესრულდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში გამოიკვეთა საერთო მოწესრიგების ტენდენცია.

ასევე ჯერჯერობით ვინარჩუნებთ კუპონის განმტკიცების კურსს. წინა ვაჭრობასთან შედარებით გაიზარდა კომერციული ბანკების მოთხოვნა დოლარზე და ამან 394 ათასი დოლარი შეადგინა. შიდასავალუტო ბაზარზე არსებული სავალუტო კურსის გათვალისწინებით ეროვნულმა ბანკმა მიზანშეწონილად მიიჩნია კურსის წინა დონეზე დატოვება და მთლიანად დააბალანსა მოთხოვნა კურსით - 1 ამერიკული დოლარი - მილიონ 280 ათასი კუპონი. ეს პრაქტიკულად წინა კვირას არსებული დონეა. რაც შეეხება რუსულ რუბლს, მასზე კომერციული ბანკების მოთხოვნამ შეადგინა 187 მილიონი რუბლი, ხოლო მათივე მხრიდან მოწოდებამ - 85 მილიონი რუბლი. მოთხოვნის დარჩენილი ნაწილი ეროვნულმა ბანკმა დააკმაყოფილა. ვაჭრობის შედეგად დაფიქსირდა კურსი - 1 რუსული მანეთი - 320 კუპონი, რაც აგრეთვე წინა ვაჭრობის დონეზეა.

უფრო დეტალური ანალიზი უნდა წარმოადგინონ სამინისტროებმა და უწყებებმა. ამასთან დაკავშირებით რესპუბლიკური თათბირისათვის მზადდება ჩემი მოხსენება. არ გამოვრიცხავ, რომ ეს მოხსენება შეიძლება პარლამენტსაც წარვუდგინოთ, - იგი ეხება გასული წლის შედეგებს ყველა მიმართულებით, განსაკუთრებით კი ეკონომიკისა და ფინანსების სფეროში.

- დღეს საქართველოში ორდღიან ოფიციალურ ვიზიტად ჩამოდის უკრაინის პრეზიდენტი ლეონიდ კუჩმა. ბუდაპეშტის სამიტის შემდეგ თუ ყოფილ საბჭოთა კავშირში მიმდინარე მოვლენების ფონზე ამ ვიზიტს, ალბათ, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. და კიდევ: უკრაინა ამას წინათ შეუერთდა ხელშეკრულებას ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ. როგორ შეფასებას მისცემდით ამ ფაქტს?

- ბატონ კუჩმას ჩამოსვლა დიდი მოვლენაა ჩვენი ორი ხალხის ცხოვრებაში. ეს თავისუფალი და დამოუკიდებელი უკრაინის დემოკრატიული გზით არჩეული პრეზიდენტის პირველი ვიზიტია დამოუკიდებელ და დემოკრატიულ საქართველოში, თუმცა ჩვენი ქვეყნების ურთიერთობა საუკუნეებს ითვლის და იგი დღესაც შესანიშნავად ვითარდება. გახსოვთ, რომ კიევში ოფიციალური ვიზიტის დროს ხელი მოვაწერეთ მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების ხელშეკრულებას. ასეთი დასახელებისა და შინაარსის ხელშეკრულება ჩვენ მხოლოდ უკრაინასთან გვაქვს. ესეც თავისთავად იმ არაორდინარულ ურთიერთობაზე მეტყველებს, რომელიც ორ ქვეყანას შორის ისტორიულად არსებობდა და რომელმაც თანამედროვე პირობებშიც ჰპოვა ასახვა. უნდა ვიგულისხმოთ, რომ მოლაპარაკება უაღრესად ავტორიტეტულ, უმაღლესი დონის დელეგაციასთან უმნიშვნელოვანესი იქნება უკრაინისათვისაც და განსაკუთრებით საქართველოსთვის. საქართველო ბატონ კუჩმას შეხვდება როგორც მოძმე დიდი ხალხის, დიდი ერის, დიდი სახელმწიფოს ღირსეულ წინამძღოლსა და წარმომადგენელს.

რაც შეეხება თემას - უკრაინის შეერთება ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებასთან, მე ასეთ შეფასებას მივცემდი: ეს იყო უკრაინის ხელმძღვანელობისა და მისი პრეზიდენტის ძალიან ძნელი და აგრეთვე უაღრესად ბრძნული, გაბედული გადაწყვეტილება, კიდევ ერთი ნაბიჯი ჩვენს პლანეტაზე ბირთვული იარაღის არსენალების არა მარტო შემცირების, არამედ მათი საბოლოო ლიკვიდაციის გზაზე. რისთვისაც მოძრაობაც დაიწყო 80-იანი წლების დამდეგს. უკრაინამ მიიღო უსაფრთხოების უფრო მეტი და საიმედო გარანტიები. მხოლოდ შორსმჭვრეტელ და მამაც პოლიტიკოსებს შეეძლოთ უარი ეთქვათ ბირთვული იარაღის სახელმწიფოს შესაძლო სტატუსზე. იცით, რასაც ნიშნავს ასეთი სტატუსი. ვიმეორებ, საჭირო იყო დიდი გმირობა, მამაცობა და ამავე დროს დიდი შორსმჭვრეტელობა, რომ მიეღოთ ასეთი გადაწყვეტილება. ამით უკრაინამ განიმტკიცა თავისი საერთაშორისო მდგომარეობა, განამტკიცა თავისი გავლენა ევროპაში, მსოფლიოში და თავისი ღირსეული ადგილი დაიკავა როგორც ზესახელმწიფომ.

- და ისევ ეკონომიკის თემა, ამჯერად ბიუჯეტი დღეს იკრიბება საპარლამენტო უმრავლესობა. ამ კვირაში პარლამენტი ისევ განიხილავს ბიუჯეტს. როგორ გგონიათ, ხომ არ არის დაკავშირებული ბიუჯეტის დამტკიცება-არადამტკიცების საკითხი კოალიციური მთავრობის იდეასთან? ეს იდეა ამ ბოლო ხანს საკმაოდ აქტიურად ტრიალებს პარლამენტში. როგორია თქვენი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი?

- თავისთავად ასეთი იდეა რომ არსებობს, დასაგმობი არაფერია. პარლამენტიც იმისთვის არსებობს, რომ ეძებოს უფრო რაციონალური მიდგომები, უკეთესი მთავრობის, უკეთესი ხელისუფლების, მომავალში კი უკეთესი პარლამენტის შექმნის გზები. ჩემი აზრით, დღეს ეს იდეა არარეალურია. თუმცა, თუ პრაქტიკულად ვილაპარაკებთ, რა არის კოალიციური მთავრობა? ეს არის სხვადასხვა პარტიათა წარმომადგენლები. რამდენიმე ასეთ წარმომადგენელს საკმაოდ მნიშვნელოვანი პოსტები უკავია - ორი ვიცე-პრემიერისა, საკონტროლო პალატის, ლტოლვილთა და განსახლების კომიტეტის თავმჯდომარისა და სხვ. დღეს მე მიმაჩნია, რომ მთავრობის შედგენისას, განსაკუთრებით კი ისეთ ეტაპზე, რომელზეც საქართველო იმყოფება, მთავარია არა მთავრობის კოალიციური ხასიათი, არამედ იმათი პროფესიონალიზმი, ვინც მთავრობაშია და ვინც სამინისტროებს უძღვება. თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ მომავალში იმ ადეას შეიძლება კვლავ დავუბრუნდეთ.

რაც შეეხება ამ საკითხის ბიუჯეტთან დაკავშირებას - ეს დაუშვებლად მიმაჩნია. ბიუჯეტის დაუმტკიცებლობა ნიშნავს დროის დაკარგვას, ბიუჯეტის დაუმტკიცებლობა აუცილებლად შეაჩერებს კუპონის კურსის განმტკიცების ტენდენციას (პირველი პატარა სიმპტომი უკვე გამოჩნდა ამ კვირაში), აუცილებლად შეასუსტებს წამოწყებული რეფორმების ტემპს, რეალურად შეამცირებს საშემოსავლო ნაწილზე ზრუნვას. ბევრი რამ, რაც გათვალისწინებულია ბიუჯეტში და ბიუჯეტის ზევითაც, მხედველობაში მაქვს პენსიები, სტიპენდიები, სხვა გასაცემლები, შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. პრაქტიკულად, მოწოდება, რომ არ დავამტკიცოთ ბიუჯეტი, ნიშნავს მოწოდებას ახალი არასტაბილურობისაკენ, განსაკუთრებით ეკონომიკასა და ფინანსებში. მე მგონი, ყოველ პარლამენტარს ეყოფა წინდახედულობა და გამჭრიახობა, რათა არ დაუშვას ასეთი რამ. მომავალ სესიაზე, 11 იანვარს, ბიუჯეტი უნდა დამტკიცდეს და, ვფიქრობ, რომ დამტკიცდება.

- გასულ კვირას თქვენ საქართველოში საქმიანი ვიზიტად მყოფი შვეიცარიის პარლამენტის საგარეო პოლიტიკის განყოფილების თავმჯდომარე, ევროსაბჭოში რუსეთის მიღების საკითხებზე მომხსენებელი ერნესტ მიულემანი შეგხვდათ და საუბარი ჩვენთვის უმნიშვნელოვანეს რამდენიმე თემას შეეხო. კერძოდ, - ევროსაბჭოში საქართველოს მიღებას სტუმრის სტატუსით, შვეიცარიის ელჩის დანიშვნას ამიერკავკასიაში რეზიდენციით თბილისში, შვეიცარიასთან ურთიერთობას ენერგეტიკის, სამხედრო მშენებლობის დარგში, დახმარებას პოლიციის რეფორმის საქმეში და სხვ. თქვენი პასუხი ასეთი იყო: „ჩვენ გვსურს შვეიცარიასთან ურთიერთობა და ვაკაკუნებთ ევროსაბჭოს კარზე. რაც შეეხება ელჩს კავკასიაში, - ეს საშური საქმეა. კავკასია მალე დამშვიდდება და მას დიდი პერსპექტივები აქვს, მათ შორის ეკონომიკაშიც...“ ჯერჯერობით მსოფლიო კავკასიური ომის პერსპექტივებით უფრო არის დაინტერესებული. ალბათ, ამიტომაც მოხდა, რომ დასავლეთი, მძაფრი კრიტიკული განწყობის მიუხედავად, მაინც ელცინის პოლიტიკას უჭერს მხარს, მხედველობაში მაქვს ჩეჩნეთის მოვლენები...

- შვეიცარიასთან თანამშრომლობა და განსაკუთრებით ევროსაბჭოსთან კავშირი ჩვენს საარსებო ინტერესებს შეესაბამება. ევროსაბჭოს შემადგენლობაში ყოფნა, მუშაობა, გამოცდილების შეძენა ძალიან დიდი სკოლაა დემოკრატიული განვითარების გზაზე მყოფი ქვეყნისათვის. ასევე მნიშვნელოვანია შვეიცარიასთან ურთიერთობა, ვთქვათ, დიპლომატიური წარმომადგენლების გაცვლის, ელჩის დონეზე, ასეთი სურვილის გამოთქმას იმ შეხვედრაზე გულწრფელად მივესალმე.

რაც შეეხება ჩეჩნეთთან დაკავშირებულ მოვლენებს. არავის არ უნდა გაუკვირდეს, თუ მე ხშირად ვაკეთებ გარკვეულ კომენტარებს იმის გამო, რაც ამ რეგიონში ხდება, რადგანაც ჩვენ განსაკუთრებით მგრძნობიარენი ვართ გარკვეული და სრულიად გასაგები მიზეზების გამო. ის, რაც ახლა ჩეჩნეთში ხდება, რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს ამის განცხადება, მოულოდნელი არ ყოფილა, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ჩემი განცხადებები სოხუმამდე, სოხუმში ყოფნის დროსაც და მის შემდეგაც აგრესიული სეპარატიზმის საფრთხის შესახებ, დარჩა ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა. ჩეჩნეთის ტრაგედია აფხაზეთში იღებს სათავეს. ვფიქრობ, ყველა საღად მოაზროვნე ანალიტიკოსი მივა ამ დასკვნამდე. უაღრესად დიდია ჩვენი მწუხარება უდანაშაულო ადამიანების დაღუპვის გამო - ჩეჩნები იქნებიან, რუსები თუ სხვა ერის წარმომადგენლები, - ისინი ჩვენი ძმები და მეზობლები არიან. მიუხედავად იმისა, რომ თვითონ გვიჭირს და ვშიმშილობთ, საქართველომ მისცა თავშესაფარი ჩეჩნეთიდან დევნილ ასობით ოჯახს. ჩემი თხოვნის შესაბამისად გუშინ გამოვიდა მინისტრთა კაბინეტის განკარგულება, მათი აფხაზეთიდან სეპარატისტების მიერ გამოდევნილთა თანაბრად უზრუნველყოფის შესახებ. იგულისხმება თანხებითა და შესაბამისი პროდუქტებით უზრუნველყოფა. ამასთან, ერთხელ კიდევ ყველას გასაგონად მინდა განვაცხადო: ვერავინ აუკრძალავს რუსეთს იბრძოლოს (ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით) თავისი სახელმწიფოს განუყოფლობისათვის. ეს დაგვიანებულია და ნაადრევი, ყველა შემთხვევაში რუსეთმა თავისი სახელმწიფოს ერთიანობა უნდა დაიცვას. თუ რუსეთი ადამიანის უფლებათა პატივისცემისა და დემოკრატიული პრინციპების დაცვის პირობებში არ აღკვეთავს სეპარატიზმს, იგი დაიშლება როგორც სახელმწიფო. ეს იქნება იუგოსლავიის ტრაგედიის განმეორება გიგანტური მასშტაბით, რომელშიც ჩათრეული აღმოჩნდებიან ქვეყნები, რომელთა პოლიტიკოსები ორმაგი სტანდარტის პოზიციებიდან აფასებენ მომხდარ მოვლენებს. ერთი სტანდარტი ჩეჩნეთისათვის, მეორე - თავის დროზე, აფხაზეთისათვის. ეს დამაფიქრებელია.

ჩემი პროგნოზი ასეთია: ჩეჩნეთის ეპოპეა უახლოეს დროში უნდა დამთავრდეს. მჯერა, რომ დამთავრდება. ჩეჩნეთშიც აუცილებლად იზეიმებს დემოკრატია (თუ ეს ზედმეტად პომპეზური სიტყვა არ არის). მე პირადად ვიცნობ მრავალ პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწეს, მეცნიერს და სხვებს, რომელთაც შეუძლიათ დიდი წვლილი შემატონ კავკასიაში მშიდობის დამყარებას. ჩეჩნეთის მოვლენების დამთავრება იმას ნიშნავს, რომ თავიდან იქნება აცილებული დიდი კავკასიური ომი, რომლის შესახებაც არ წყდება დისკუსია დასავლეთში. სხვათა შორის, მე მივიღე ბატონ კოტე გაბაშვილის ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ გერმანიაში მრავალ სატელევიზიო გადაცემაში ხშირად იხსენებენ საქართველოს ხელმძღვანელის გაფრთხილებებს ამ საკითხთან დაკავშირებით. რადგან დიდი კავკასიური ომის საფრთხე დაძლეული იქნება, კავკასიაში დადგება კონფლიქტების მოგვარების გადამწყვეტი ეტაპი.

ასეთია ჩემი ხედვა.

„ბიუჯეტის დაუმტკიცებლობა აუცილებლად შეაჩერებს კუპონის კურსის განმტკიცების ტენდენციას, შეასუსტებს წამოწყებული რეფორმების ტემპს.“ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 10 იანვარი. - 4(1021). - 2 გვ.

6 საქართველო-უკრაინა: ორი ქვეყნის მეგობრული ურთიერთობის განვითარების ახალი ეტაპი

▲ზევით დაბრუნება


თავისუფალი და დამოუკიდებელი უკრაინის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი დამოუკიდებელ, თავისუფალ საქართველოში წარმატებით დამთავრდა

ოფიციალური სადილი უკრაინის პრეზიდენტის პატივსაცემად

9 იანვარს საქართველოს სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ ოფიციალური სადილი გაუმართა უკრაინის პრეზიდენტს ლეონიდ კუჩმას. სადილზე ორი სახელმწიფოს ხელმძღვანელებმა სიტყვები წარმოთქვეს.

ედუარდ შევარდნაძის სიტყვა

პატივცემულო ბატონო პრეზიდენტო,
ძვირფასო ლეონიდ დანიელის ძევ!

სრულიად გაუზვიადებლად შეიძლება თქვენს ვიზიტს საქართველოში ისტორიული ეწოდოს თუნდაც იმიტომ, რომ თქვენ სუვერენული უკრაინის სახელმწიფოს პირველი პრეზიდენტი ბრძანდებით, რომელიც ამ ქვეყანას ეწვიეთ. ისტორიამ ისეთნაირად განსაჯა, რომ ჩვენი ხალხები, საუკუნეობრივი მეგობრული ურთიერთობის მიუხედავად, მხოლოდ ამ ცოტა ხნის წინათ შეუდგნენ სრულფასოვან სახელმწიფოთაშორის ურთიერთობათა მშენებლობას. და მაინც ჩვენი დიდი წინაპრების მიერ შექმნილი და ნალოლიავები მეგობრობისა და ურთიერთსიმპათიების უზარმაზარი პოტენციალი გახდა ამ პროცესის დინამიკური განვითარების მტკიცე და ხელშემწყობი საფუძველი. დღეს უკრაინას და საქართველოს ეძლევა შესაძლებლობა ითანამშრომლონ როგორც დამოუკიდებელმა სუვერენულმა სახელმწიფოებმა. ეს იყო ჩვენი ხალხების სანუკვარი სურვილი და ჩვენ ყველაფერი უნდა ვიღონოთ ნამდვილად დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოების შესაქმნელად. ჩვენ ზოგი რამ უკვე შევძელით, კიევსა და თბილისში ფუნქციონირებს საელჩოები, იქმნება სამართლებრივი ბაზა, ხელმოწერილია სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულებები. ჩვენ ვიმედოვნებთ და გვჯერა, რომ თქვენი ვიზიტი ნიშანსვეტი გახდება ჩვენი ხალხების ურთიერთობაში და ახალ მძლავრ სტიმულს მიანიჭებს უკრაინასა და საქართველოს შორის მეგობრული ხიდების მშენებლობის დაჩქარებას.

უკრაინამ უდიდესი წვლილი შეიტანა მსოფლიო ცივილიზაციაში, მეცნიერებასა და კულტურაში. როცა მსოფლიო დემოკრატიული პროცესის განვითარებაში თქვენი ქვეყნის როლზე ვლაპარაკობთ, უწინარესად უნდა აღინიშნოს ფაშიზმზე გამარჯვებაში შეტანილი უდიდესი წვლილი, დღეს, მეორე მსოფლიო ომის დამთავრების ორმოცდაათი წლისთავის წელს, ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ საქართველოს ხალხი ამ ომში თქვენი ხალხის, სხვა ხალხების მხარდამხარ იბრძოდა. ათიათასობით ჩვენი თანამემამულე გმირულად დაიღუპა უკრაინის მიწა-წყალზე.

ნათქვამია მეგობარი ჭირში იცნობაო. შარშანწინ შემოდგომაზე საქართველოს თავს დაატყდა დიდი უბედურება. თავი რომ დაეღწია აფხაზ სეპარატისტთა და დაქირავებულ მკვლელთა ბანდიტური ფორმირებებისაგან, რომლებმაც მშვიდობიანი მოსახლეობის უსასტიკესი ეთნიკური წმენდა მოაწყვეს, ათიათასობით მოხუცი, ქალი და ბავშვი იძულებული იყო მთის ბილიკებით დაეტოვებინა მშობლიური კერები და გადაერჩინა თავი. ბევრი მათგანი სამუდამოდ დარჩა ნაადრევი თოვლით დაფარულ ხეობებში, რადგან ვერ გაუძლო საარტილერიო სროლას, შიმშილს, სიცივეს და აუტანელ გაჭირვებას. მაშინ სვანეთი უბედურების ზონად გამოცხადდა. სამოქალაქო ომით დაუძლურებულმა საქართველომ დახმარება სთხოვა თავის მეგობრებს მთელ მსოფლიოში. უკრაინამ პირველმა გამოუწოდა მას დახმარების ხელი და ვერტმფრენები გამოგზავნა. ჩვენი ხალხი არასოდეს დაივიწყებს უკრაინელ მფრინავებს, რომლებსაც საკუთარი სიცოცხლის რისკით გამოჰყავდათ სასიკვდილოდ განწირული ადამიანები კოდორის ხეობიდან მთის უღელტეხილების გავლით. მათი თავგანწირვისა და გმირობის წყალობით გადარჩა ათასობით სიცოცხლე. განა ეს არ არის იმის დასტური, რომ ჩვენი ხალხების მრავალსაუკუნოვანი ძმობა მარტოოდენ წარსულის მონაპოვარი არ არის.

ჩვენი ქვეყნების ბედში ბევრი რამ არის საერთო, სწორედ ბედმა გვარგუნა რამდენიმე საუკუნის მანძილზე ისტორიის საერთო მორევში გვეტრიალა და როცა ცვლილებათა ტალღამ ნაპირზე გამოგვრიყა, რთული პრობლემების წინაშე დავდექით. ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს სასტარტო პირობები განსაკუთრებით არახელსაყრელი გამოდგა. თავად განსაჯეთ - დამოუკიდებელი განვითარების პირველი სამი წლის განმავლობაში ჩვენმა ქვეყანამ ორი ინსპირირებული ეთნოპოლიტიკური კონფლიქტი გადაიტანა, რომელთა შედეგად 300.000 კაცი გამოდევნილი იყო მშობლიური ადგილებიდან და ლტოლვილად იქცა საკუთარ ქვეყანაში. ქვეყნის სახელმწიფოებრიობასა და ეკონომიკას საკმაოდ დიდი ზარალი მიაყენა პირველი, პოსტკომუნისტური ხელმძღვანელობის არაკომპეტენტურობამ და ერთგვარმა ირაციონალურმა, დესტრუქციულმა მიმართულებამ, რომელიც კომუნიზმთან ბრძოლის ნიღბით ანგრევდა თავის გზაზე ყველაფერს, რის დანგრევაც კი შეიძლებოდა. ჩვენ ფაქტობრივად თავიდან ვიწყებთ სახელმწიფოს მშენებლობას, რასაც უდიდესი ძალისხმევა და თითოეული მოქალაქის თავგანწირვაც კი სჭირდება.

ახლა დღის წესრიგში დგას ორი დიდი პრობლემა - ძირეული ეკონომიკური რეფორმების დამთავრება და სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ეკონომიკური რეფორმები, რომლებსაც გასული წლის გაზაფხულიდან მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციითა და მონაწილეობით ვახორციელებთ, ომით გაწამებული ქვეყნისათვის კიდევ ერთი გამოცდაა, მაგრამ, ჩვენ გვესმის, რომ ამის გარეშე შეუძლებელია საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე აშენებული დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნა. ახლა უკვე შეიძლება ლაპარაკი რეფორმის პირველ დადებით შედეგებზე და ეს ადამიანებს იმედს უსახავს. მე ღრმად მწამს, რომ საქართველოს მოქალაქენი ამ განსაცდელის ჟამს ჩვეულ სიმშვიდეს გამოიჩენენ და შეძლებენ ღირსეულად დაამთავრონ ეს სახელმწიფოსათვის ჭეშმარიტად საარსებო გარდაქმნები.

ორ წელზე მეტი გავიდა აფხაზეთში კონფლიქტის დაწყების მომენტიდან. ასიათასობით სრულიად უდანაშაულო ადამიანი ემსხვერპლა გენოციდსა და ეთნიკურ წმენდას. ათასობით კაცი შეეწირა ერის თვითგამორკვევის იდეით შენიღბული დანაშაულებრივი რეჟიმის ქმედებას, აფხაზეთში, ალბათ, ყველაზე შეუნიღბავი ფორმით გამოავლინა თავისი არსი აგრესიულმა სეპარატიზმმა. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ყველა საერთაშორისო ფორუმზე ჩვენ დაუღალავად, მაგრამ, ვაი რომ, წარუმატებლად ვიმეორებდით - აფხაზეთის ტრაგედია უფრო ფართომასშტაბიან უბედურებათა მარტოოდენ დასაწყისია, რომ აფხაზეთის მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი ჟლეტა და სისხლისღვრა ბუმერანგივით დაუბრუნდებათ ვერაგული ზრახვების ორგანიზატორებსა და შემსრულებლებსო. დღეს ჩვენ კვლავ ვიმეორებთ: აგრესიული სეპარატიზმი დამოკლეს მახვილია იმ სახელმწიფოებისთვისაც, რომლებიც არც კი ეჭვობენ, რომ ასეთი საფრთხე არსებობს. მას ერთად უნდა ვებრძოლოთ, სხვაგვარად იგი გადაიქცევა სნეულებად, რომელიც თავს იჩენს სულ უფრო ვრცელ სივრცეებზე. ეს უმძიმესი დანაშაულობანი ახლანდელმა სეპარატისტულმა რეჟიმმა რომ ჩაიდინა აფხაზეთში, არანაკლებ ტრაგედიად იქცა რუსეთში. ჩვენ ჯერ კიდევ აფხაზური კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის მომხრე ვართ, მაგრამ გაუთავებელი ლაპარაკი მშვიდობაზე უაზრო ხდება, თუ მას არ მოჰყვება გარკვეული კონკრეტული ნაბიჯები, სეპარატისტულმა ხელისუფლებამ, რომლებიც ახლა აფხაზეთში არიან, უნდა იცოდნენ, რომ მათს ავანტიურისტულ მიზნებს ახდენა არ უწერიათ. ჩვენ მოვუწოდებთ სახელმწიფოებს, რომლებიც კონფლიქტის უსწრაფესად გადაწყვეტით არიან დაინტერესებულნი, დაარწმუნონ ისინი ამაში.

რაც შეეხება დამაიმედებელ ცვლილებებს, მე აღვნიშნავდი ამ ბოლო ხანს გამოვლენილ ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგების სიმპტომებს.

ყველა ეს საკითხი აისახა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის თათბირის მონაწილე სახელმწიფოთა ბუდაპეშტის უმაღლესი დონის შეხვედრის საბოლოო დოკუმენტში, რომელშიც, ბოლოს და ბოლოს, საგნებს თავისი სახელი ეწოდათ და იმას, რაც აფხაზეთში მოხდა, ეთნიკური წმენდის შეფასება მიეცა. ამასთანავე, სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურებმა ერთსულოვნად დაუჭირეს მხარი სახელმწიფოს მთავრობის ახალ კურსს, რომლის მიზანია სამართლებრივი და დემოკრატიული ინსტიტუტების აშენება, საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა, ადამიანის ფუძემდებელი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა. ჩვენ დიდად გემადლიერებით თქვენ, ბატონო პრეზიდენტო, რომ სეპარატისტთა დანაშაულებრივი რეჟიმის ესოდენ მკაცრ დაგმობასა და მსოფლიო გაერთიანების მიერ ჩვენი ძალისხმევის ესოდენ მაღალ შეფასებაში მძლავრად გაისმოდა უკრაინის ხმა.

ბოლო წლების მანძილზე მსოფლიოში გრანდიოზული ცვლილებები მოხდა. ამასთან დაკავშირებით ჩვენ არაერთგზის აღგვინიშნავს, რომ ევროპაში უნდა შეიქმნას უშიშროების ახალი სისტემა, რომელიც გაითვალისწინებს ყველა სახელმწიფოს, მათ შორის ყოფილი საბჭოთა კავშირის ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა ინტერესებს, უკრაინამ და საქართველომ დიდმნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულონ ასეთი ერთიანი სისტემის შექმნაში. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამაში ერთმანეთს ემთხვევა ჩვენი ქვეყნების დიდი ხნის ინტერესები. მაგრამ ევროპის უშიშროების ახალი და სამართლიანი სისტემა შეუძლებელია, თუ არ იქნება სტაბილური, დემოკრატიული და ერთიანი რუსეთი. მე ერთხელ კიდევ საქვეყნოდ ვაცხადებ: არავის არა აქვს უფლება აუკრძალოს რუსეთს თავისი ტერიტორიული მთლიანობის დაცვა. თუ რუსეთი არ აღკვეთს სეპარატიზმის გამოვლინებებს, ბუნებრივია, ადამიანის უფლებათა დაცვის პირობებში იგი დაიშლება როგორც სახელმწიფო. ეს იქნება იუგოსლავიის ტრაგედიის განმეორება, მაგრამ გაცილებით დიდი მასშტაბით. ამ ტრაგედიაში ჩაბმული აღმოჩნდებიან ის სახელმწიფოებიც, რომლებიც დღეს, სიტუაციის შეფასებისას, ორმაგი სტანდარტით სარგებლობენ. რუსეთისათვის ამ მძიმე დღეებში მინდა გამოვთქვა ჩემი მწუხარება ჩეჩნეთში ათასობით სრულიად უდანაშაულო ადამიანის დაღუპვის გამო. მე პირადად ვიცნობ ჩეჩნეთის ბევრ პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწეს, რომელთაც ძალუძთ თავიანთი წვლილი შემატონ კავკასიაში მშვიდობის მშენებლობის საქმეს.

სრულიად ევროპის უშიშროების სისტემის შექმნაში დიდმნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულონ რეგიონულმა ორგანიზაციებმა. სადღეისოდ ჩვენი ორი ქვეყნისათვის ეს, უწინარესად, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაა. უკრაინასა და საქართველოს შეუძლიათ და კიდევაც უნდა შეუწყონ ხელი თანამეგობრობის პოტენციალის კიდევ უფრო სრულად გამოვლენას, იმას, რომ რეალური შინაარსით გამდიდრდეს თავად იდეა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობისა, რომელიც უნდა გახდეს ევრაზიის ფართო სივრცეებზე მშვიდობის, სტაბილურობისა და ეკონომიკური აღორძინების ქმედითი ინსტრუმენტი. ჩვენ ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რათა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა გახდეს ნამდვილად საერთაშორისო რეგიონული ორგანიზაცია, რომელიც ხელს შეუწყობს მისი წევრების ნამდვილი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის ფორმირებასა და ჩამოყალიბებას. მხოლოდ ამ საფუძველზე, სრული ნდობისა და ურთიერთპატივისცემის საფუძველზე შეგვიძლია მივაღწიოთ რეალურ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტეგრაციას, სულიერ დაახლოებას. მაგრამ აგრესიული სეპარატიზმი, რომელსაც რეგიონული კონფლიქტების გამჩაღებლები ხელისუფლების დაპყრობისა და საზღვრების გადაკეთებისათვის იყენებენ, საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში სუვერენულ სახელმწიფოთა დაშლას, საფრთხეს უქმნის მთელ, ჯერ კიდევ სუსტ თანამეგობრობას. სამწუხაროდ დიდმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა, მათ შორის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობამ ვერ შეძლეს თავიდან აეცილებინათ და მოეგვარებინათ ასეთი კონფლიქტები. ამან გვაიძულა ამას წინათ ბუდაპეშტში კრიზისისწინა სიტუაციად შეგვეფასებინა მდგომარეობა, რომელშიც ისინი დღეს აღმოჩნდნენ. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ახლანდელ ეტაპზე სამშვიდობო ოპერაციებმა გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულონ ამ კონფლიქტების უსწრაფესად გადაწყვეტაში. რეჟიმებმა, რომლებმაც კაცობრიობის წინააღმდეგ ჩაიდინეს ისეთი დანაშაულობანი, როგორიც ეთნიკური წმენდაა, უნდა იცოდნენ, რომ მსოფლიო გაერთიანება ვერ შეურიგდება იმას, რომ მათი მყისიერი ინტერესების მძევლები გახდნენ მისი გრძელვადიანი სტრატეგიული ინტერესები, რომლებიც გულისხმობს სახელმწიფოთა სტაბილურ და მშვიდობიან განვითარებას, როგორც თითოეული პიროვნების, ასევე საერთოდ ხალხების საყოველთაოდ აღიარებული ფუნდამენტალური უფლებებისა და თავისუფლებების სრულად დაცვის პირობებში. სხვაგვარად საფრთხე შეექმნება დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი ქვეყნების შემდგომ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტეგრაციას თანასწორუფლებიანობის, ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის პრინციპებზე.

საქართველოს და უკრაინას, როგორც შავი ზღვის აუზის ქვეყნებს, აქვთ შესაძლებლობა გახდნენ დამაკავშირებელი რგოლი ევროპასა და აზიას შორის. ჩვენ უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივას, რომელშიც მონაწილეობს უკრაინაც - სახელმწიფო, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს რეგიონისა და მთლიანად ევროპის განვითარებისათვის. წელს საქართველოს შესაძლებლობა მიეცა მასპინძლობა გაეწია ორგანიზაციის სამი ფორუმისათვის, მათ შორის შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების თათბირისათვის, რომელზეც დიდმნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა შემდგომი ურთიერთხელსაყრელი ინტეგრაციის გზაზე. ჩვენ საქართველოში ხშირად ვკამათობთ იმაზე, მაინც რა არის ჩვენი სახელმწიფოს მონაპოვარი. გამოცდის ბოლო, უმძიმესი წლები უფლებას გვაძლევს ვამტკიცებდეთ, რომ საქართველოს ყველაზე დიდი მონაპოვარი მისი ახლო და შორეული მეგობრებია. ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ ჩვენთვის სულიერად და მისწრაფებებით ახლობელ მეგობართა შორის არის უკრაინა - დიდი სახელმწიფო, რომელიც ძირეული დემოკრატიული რეფორმების გზას ადგას. დარწმუნებული ვართ, რომ თავისი ბუნებრივი რესურსების, მაღალი ეკონომიკური და ინტელექტუალური პოტენციალის, ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობისა და, რაც მთავარია, ხალხის შრომისმოყვარეობისა და სიბრძნის წყალობით თქვენი ქვეყანა გახდება მშვიდობისა და სტაბილურობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ევროპასა და მთელ მსოფლიოში. ამ მიმართულებით უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებასთან უკრაინის შეერთება. ეს პოლიტიკური ვაჟკაცობის მაგალითია, ძნელი, მაგრამ გაბედული და ბრძნული გადაწყვეტილებაა, რომელიც ქვეყნის უშიშროების გაცილებით მეტ გარანტიებს იძლევა, ვიდრე ბირთვული ქობინები და მათი მატარებელი თვითმფრინავები.

პატივცემულო ლეონიდ დანიელის ძევ, ნება მიბოძეთ გადღეგრძელოთ თქვენ, ლუდმილა ნიკოლოზის ასული, და გისურვოთ ჯანმრთელობა, დიდხანს სიცოცხლე და გამარჯვებათა სიხარული ამ უაღრესად რთულ, მაგრამ საპატიო გზაზე, და თქვენი სახით მშვიდობა, ბედნიერება და აყვავება ვუსურვო მთელ უკრაინელ ხალხს.

[...]

საქართველო-უკრაინა: ორი ქვეყნის მეგობრული ურთიერთობის განვითარების ახალი ეტაპი. თავისუფალი და დამოუკიდებელი უკრაინის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი დამოუკიდებელ, თავისუფალ საქართველოში წარმატებით დამთავრდა : ოფიციალური სადილი უკრაინის პრეზიდენტის პატივსაცემად // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 12 იანვარი. - 5(1022). - 1 გვ.

7 სახელმწიფოს მეთაურმა ავანტიურა უწოდა ეგრეთ წოდებული „ეროვნულ-განმათავისუფლებელი ფრონტის“ ლიდერების მიერ განხორციელებულ აქციას

▲ზევით დაბრუნება


13 იანვარს ეგრეთ წოდებული „ეროვნულ-განმათავისუფლებელი ფრონტის“ შეიარაღებული ჯგუფი თენგიზ კიტოვანისა და თენგიზ სიგუას ხელმძღვანელობით, გაემგზავრა დასავლეთ საქართველოსაკენ, თითქოსდა აფხაზეთის პრობლემის მოგვარების მიზნით. მათი განცხადებით, ეს აქცია, რომელიც რუსეთის ინტერესებს შეესაბამება, შეთანხმებულია რუსეთის სათანადო ორგანოებთან.

როგორც ცნობილია, ეგრეთ წოდებული „ეროვნულ-განმათავისუფლებელი ფრონტი“ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, უკანონოდ არის გამოცხადებული და ექვემდებარება დაშლას.

უშიშროების სამსახურის ცნობით, 20-მდე „იკარუსი“, რომლებითაც შეიარაღებული ჯგუფი გაემგზავრა დასავლეთ საქართველოსაკენ, აქციის ორგანიზატორების მიერ იარაღის ძალით არის წართმეული.

13 იანვარს, დილით, თბილისის პოლიციის უფროსი გენერალი დემურ მიქაძე შეხვდა თ. კიტოვანსა და თ. სიგუას, რათა განემარტა მათ მიერ დაგეგმილი აქციის უკანონობა. კიტოვანმა მას შეახვედრა ვინმე ფისტუნი, რომელიც, როგორც მან თავისი თავი წარმოადგინა, რუსეთის პრეზიდენტის პირადი საგანგებო წარმომადგენელია და აქვს პრეზიდენტის დავალება. მათ განაცხადეს, რომ აქცია შეთანხმებულია გალში განლაგებულ რუსეთის სამშვიდობო ძალების ხელმძღვანელთან ტიმოშენკოსთან და რომ, ჩეჩნეთის მოვლენებთან დაკავშირებით, ეს რუსეთის ინტერესებს შეესაბამება.

ამ საკითხის გასარკვევად საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის აპარატის ხელმძღვანელი დაუკავშირდა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობას. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ ბატონმა კრასავჩენკომ ოფიციალურად განაცხადა, რომ ეს პროვოკაციაა. ასეთი პიროვნება არ არსებობს და ასეთი უფლებამოსილება არავის მიუღია.

ასევე კატეგორიულად უარყო ზემოთ მოყვანილი ფაქტები რუსეთის სამშვიდობო ძალების სარდალმა გენერალმა ვასილ იაკუშევმა. როგორც მან თქვა, გალში განლაგებულ ბატალიონის უფროსთან ტიმოშენკოსთან არავითარი მოლაპარაკება არ გამართულა. შეთანხმების პირობის დარღვევის შემთხვევაში კი, რომელი მხრიდანაც უნდა იყოს ეს, იგი ინსტრუქციის მიხედვით იმოქმედებს.

რამდენჯერმე დაუკავშირდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვარდიკო ნადიბაიძე. პავლე გრაჩოვმა და გენერალური შტაბის უფროსმა კოლესნიკოვმა აქციას, რომელიც მათი სიტყვით ეწინააღმდეგება აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესს, პროვოკაცია უწოდეს და განაცხადეს, რომ არ დაუშვებენ ამგვარ ქმედებას.

13 იანვარს ამ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს სახელმწიფოს მეთაურთან ედუარდ შევარდნაძესთან საგანგებოდ შეიკრიბნენ ოთარ ფაცაცია, ვახტანგ გოგუაძე, ჯაბა იოსელიანი, ავთანდილ მარგიანი, ნიკოლოზ ლეკიშვილი, ვაჟა ლორთქიფანიძე, ჯამლეტ ბაბილაშვილი, იგორ გიორგაძე, ვარდიკო ნადიბაიძე, ჯემალ მიქელაძე, ავთანდილ იოსელიანი, არჩილ გოგელია, ჯემალ ჭუმბურიძე, თამაზ დუმბაძე, რამაზ საყვარელიძე, ნუგზარ საჯაია, რომლებმაც განიხილეს შექმნილი ვითარება.

იმავე დღეს სახელმწიფოს მეთაური შეხვდა ჟურნალისტებს.

იმას, რაც დღეს მოხდა, - განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა, - ხელმძღვანელობს ბატონი კიტოვანი, რომელსაც ამგვარ წამოწყებათა და ავანტიურათა დიდი გამოცდილება აქვს, და ბატონი სიგუა. მათ ჰგონიათ, ჩავლენ დასავლეთ საქართველოში და გზად ხალხსაც შეაგროვებენ, ისინი არწმუნებენ ხალხს, ყველაფერი ეს რუსეთის სარდლობასთან შეთანხმებულიაო. მათ თან ახლავს რუსი ეროვნების მოქალაქე, ვინმე ფისტუნი - აგენტი და პროვოკატორი, რომელიც თავს რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენლად ასაღებს და ამბობს, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები მხარს დაუჭერენ მათს შესვლას აფხაზეთში. მე და ნადიბაიძეს დღეს გვქონდა საუბარი რუსეთის თავდაცვის მინისტრთან პავლე გრაჩოვთან, გენერალური შტაბის უფროსთან და სხვა მაღალი რანგის სამხედროებთან. დღეს მე თვითონ ვესაუბრე საქართველოში რუსეთის ჯარების ჯგუფის გენერალური შტაბის უფროსს, მათი საერთო განცხადების თანახმად, ეს წმინდა წყლის პროვოკაციაა და ამ თემაზე სამხედროებთან არავითარი მოლაპარაკება არ ყოფილა. რუსეთის ის ძალები, რომლებიც ენგურის ორივე მხარეს არიან განლაგებული, მხოლოდ დავალებულ ფუნქციას შეასრულებენ. ასე, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ პროვოკაციაა.

სხვათა შორის გენერალურმა პროკურორმა და იუსტიციის მინისტრმა მომახსენეს, რომ კიტოვანის მიერ დაარსებული ორგანიზაცია, ანუ „ეროვნულ-განმათავისუფლებელი ფრონტი“, სასამართლომ აკრძალა. დღეს გამოვაცხადე, რომ ეს უკანონო შეიარაღებული ფორმირებაა, და იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ მათ აფხაზეთში არავითარი შესვლა არ აინტერესებთ, რადგან იციან, რომ ეს შეუძლებელია. თუ შესვლაზეა ლაპარაკი, ეს მხოლოდ სახელმწიფო დონეზე უნდა მოხდეს. ყოველივე ეს ამ ფორმირების ორივე ხელმძღვანელისათვის დამახასიათებელი ქმედება და იმის მცდელობაა, რომ ახალი ომის წუმპეში ჩაითრიონ საქართველო. მათ იმედი აქვთ, რომ გზადაგზა ხალხს შეაგროვებენ, დასავლეთ საქართველოში დაბანაკდებიან, იქვე მოძებნიან თანამზრახველებს, კვლავ დაიწყებენ ძარცვასა და ბანდიტობას საკვებისა და ტანსაცმლის მოსაპოვებლად.

ჩემი აზრით, თ. სიგუასა და თ.კიტოვანის მოქმედება მხოლოდ აფხაზ სეპარატისტთა წისქვილზე ასხამს წყალს და ეს იმ პროცესის ჩასაშლელად არის გამიზნული, რომლის საიმედო დასაწყისიც გამოჩნდა ჩრდილოეთ კავკასიაში მიმდინარე ცნობილ მოვლენებთან დაკავშირებით. ისინი ვერ ეგუებიან იმ აზრს, რომ აფხაზეთის პრობლემა შეიძლება მოაგვაროს კანონიერმა ხელისუფლებამ. კვლავ ვიმეორებ, თუ აფხაზეთში რაიმე ღონისძიება უნდა განხორციელდეს, იქნება ეს მშვიდობიანი თუ სამხედრო გზა, მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო დონეზე გადაწყდება.

მათ ამ დილით შევუთვალე, რომ ამგვარი მოქმედება უკანონობაა, თუმცა, გუშინ საღამოს გაავრცელეს ხმები, თითქოს აქცია სახელმწიფოს მეთაურთან ყოფილიყოს შეთანხმებული, ეს აბსოლუტური სიცრუეა.

რა თქმა უნდა, უკანონო მოქმედების წინააღმდეგ მიღებული იქნება ის ზომები, რაც კანონიერმა ხელისუფლებამ უნდა მიიღოს. ამავე დროს, ეს პროვოკაცია შეიძლება ძალზე ძვირად დაუჯდეს აფხაზეთში ჯერ კიდევ შემორჩენილ ქართულ მოსახლეობას. ბუნებრივია, სეპარატისტები თავის მხრივ, მიიღებენ ზომებს და თუკი იქ ვინმე დარჩა, მათ დაატყდებათ თავს მთელი უბედურება.

მინდა განვაცხადო: ისმინონ აფხაზეთშიც, რუსეთშიც და ყველგან - ეს არავითარ კავშირში არ არის ხელისუფლებასთან, ეს წმინდა წყლის ავანტიურაა, გამიზნული იმისათვის, რომ ჩაშალონ აფხაზეთში დაბრუნების პროცესი.

მე უკვე გავეცი ბრძანება, რომ ყველა სამხედრო ფორმირება თავის ადგილზე იყოს, ყველამ თავისი საქმე შეასრულოს, ამავე დროს, გავეცი ბრძანება, რომ პარლამენტი, მინისტრთა კაბინეტი, ტელევიზია და სხვა საარსებო მნიშვნელობის ობიექტები ისე იყოს დაცული, რომ ავანტიურისტთა ყველა ქმედება გამოირიცხოს.

დიდი პანიკის საბაბი არ არსებობს. დარწმუნებული ვარ, ბრძანება შესრულდება და ისინი განიარაღებული იქნებიან. და, საერთოდ, არარეგისტრირებული და არაკანონიერი ფორმირებების თარეშს საქართველოში, ბოლო უნდა მოეღოს. ასეთი დავალება მიეცა თავდაცვის, უშიშროებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს, განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.

როგორც ცნობილი გახდა, რესპუბლიკის პროკურატურამ ამ ფაქტთან დაკავშირებით, უკვე აღძრა სისხლის სამართლის საქმე.

სახელმწიფოს მეთაურმა ავანტიურა უწოდა ეგრეთ წოდებული „ეროვნულ-განმათავისუფლებელი ფრონტის“ ლიდერების მიერ განხორციელებულ აქციას // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 14 იანვარი. - 6(1023). - 1 გვ.

8 „ჩვენ სახელმწიფო წესრიგს დავამყარებთ ხალხის, პარლამენტის უმრავლესობისა და მისი ჯანსაღი ნაწილის მხარდაჭერით“

▲ზევით დაბრუნება


ედუარდ შევარდნაძის 16 იანვრის რადიოინტერვიუ

- გასული კვირის ეკონომიკური მოვლენების შეფასებისას ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება ბიუჯეტი, რომელიც, ბოლოს და ბოლოს, დაამტკიცა პარლამენტმა, აგრეთვე ის ეკონომიკური ხასიათის ხელშეკრულებები, რომლებიც საქართველოს და უკრაინას შორის დაიდო უკრაინის პრეზიდენტის ლეონიდ კუჩმას თბილისში ვიზიტის დროს.

ჟურნალისტ ნატო ონიანის ამ შეკითხვის პასუხად ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა:

- გასული კვირა, შეიძლება ითქვას, განსაკუთრებული იყო მრავალი თვალსაზრისით. 9-10 იანვარს გაიმართა უკრაინის პრეზიდენტის ბატონ კუჩმას ვიზიტი. ამ ვიზიტის დროს განისაზღვრა ის ძირითადი მიმართულებები, რომელთა მიხედვითაც უნდა განვითარდეს ორი ქვეყნის კეთილმეზობლური, მეგობრული ურთიერთობა ერთმანეთის დახმარების პირობებში. ეს იყო უაღრესად საინტერესო საუბრები, დიალოგი როგორც თანამედროვეობის პრობლემის კონცეპტუალური გააზრების თვალსაზრისით, ისე ჩვენი ორი ქვეყნის ურთიერთობის კონკრეტული მიმართულების განსაზღვრის გათვალისწინებითაც. აღსანიშნავია ახალ საბაზრო პრინციპებზე სამეურნეო კავშირურთიერთობათა აღორძინებისათვის ხელმოწერილი ისეთი მეტად მნიშვნელოვანი ეკონომიკური დოკუმენტები, როგორიც არის საქართველოს რესპუბლიკისა და უკრაინის მთავრობის შეთანხმებები თავისუფალი ვაჭრობის, საწარმოო კოოპერაციის, ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის, აგრეთვე ეროვნულ ბანკებს შორის ანგარიშსწორების ორგანიზაციების შესახებ, შეთანხმება 1995 წლისათვის სამთავრობათშორისო დონეზე ურთიერთმისაწოდებელი საქონლის ნუსხის დაზუსტების, კვოტების განსაზღვრის თაობაზე და სხვა მრავალი. როგორც ხედავთ, ეს ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებასთან დაკავშირებული საკითხებია.

ანტიკრიზისული პროგრამის საფუძველზე საშინაო და საგარეო რეფორმატორული ეკონომიკური კურსის პოლიტიკური მხარდაჭერის მეტად სერიოზული აქტი განხორციელდა პარლამენტმა ბიუჯეტის დამტკიცებით, რასაც წინ უძღოდა ხანგრძლივი განხილვა და მწვავე დებატები. უბიუჯეტოდ რეფორმები ვერ განხორციელდება. ბიუჯეტის დამტკიცებამ დასაბამი უნდა მისცეს მომავალ აქტიურ მუშაობას და ქმედითი ღონისძიების ხორცშესხმას ქვეყნის საფინანსო გაჯანსაღებისა და მთელი ეკონომიკის გამოცოცხლების საქმეში. ამ თვალსაზრისით, უპირველეს ამოცანად გვესახება ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი, და უწინარესად, საგადასახადო შემოსავლის გეგმის აუცილებელი რეალიზაცია, რაც ყურადღების ცენტრში აყენებს საგადასახადო სისტემის ეფექტიანობის შემდგომ ამაღლებას.

ადრინდელ ინტერვიუებში უკვე ვილაპარაკე იმაზე, რომ საგადასახადო სისტემა თანდათანობით უკვე მიდის გარკვეულ კონდიციამდე, მაგრამ გასაკეთებელი კვლავაც ბევრია და ამიტომ, დღესაც მინდა მივაპყრო ყურადღება ამ საკითხს. ახალი საგადასახადო სისტემის შემოღების შემდეგ განვლილი პირველი წელიწადი მისი შეფასების შესაძლებლობას იძლევა, მაგრამ უფრო დეტალურად. ალბათ, ამაზე საუბარი განვლილი წლების შედეგების შეჯამებისა და დაზუსტების შემდეგ იქნება შესაძლებელი ითქვას, რომ დამატებითი ღირებულების გადასახადი, აქციზი, მოგების გადასახადი, ქონების გადასახადი, ფიზიკურ პირთა საშემოსავლო გადასახადი - ის ეკონომიური ბერკეტებია, რომლებითაც ცივილიზებული ქვეყნების ეკონომიკა იმართება. ამ გადასახადების მეშვეობით საგადასახადო ინსპექციამ მნიშვნელოვანი თანხების მობილიზაცია შესძლო, ამას ბევრი არც ელოდა, მაგრამ ეს უკვე რეალობაა - მეოთხე კვარტალში ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილში ასეთი გადასახადებიდან შესულია 25 ტრილიონამდე კუპონი. 1995 წლისათვის გათვალისწინებულია საგადასახადო ბაზის გაფართოება, ბუნებრივია, წარმოების ბაზის გაფართოებასთან ერთად, კერძოდ, ეკონომიურად გამართლებული და დროულია მიწის გადასახადის დაწესება, რის ხარჯზეც, 1995 წლის პროგნოზური მონაცემებით 32 ტრილიონი კუპონი შემოსავალი უნდა მივიღოთ, რაც ისევ რაიონებისა და ქალაქების მოსახლეობას მოხმარდება, განსაკუთრებით, მათი სოციალური დაცვის თვალსაზრისით.

პრობლემურ საკითხად რჩება ბიუჯეტებს შორის გადასახადების განაწილება. ეს ძალიან პრინციპული საკითხია, ამჟამად არსებული წესი ვერაფრით ვერ აძლევს სტიმულს მმართველობის ადგილობრივ ორგანოებს გაადიდონ დამატებითი ღირებულების გადასახადითა და აქციზებით დასაბეგრი ბაზა. საქმე ის გახლავთ, რომ დამატებითი ღირებულების გადასახადის მხოლოდ 10 პროცენტი შედის ადგილობრივ ბიუჯეტში, ხოლო აქციზი მთლიანად რესპუბლიკურ ბიუჯეტში ჩაირიცხება, ამავე დროს გაუმართლებელია ისიც, რომ ისეთი სახეობის რესპუბლიკური გადასახადი, როგორიც მოგების გადასახადია, მთლიანად ადგილობრივ ბიუჯეტში შედის, ამიტომ აუცილებლად უნდა გადაწყდეს ადგილობრივ ბიუჯეტებში დამატებითი ღირებულების გადასახადის ანარიცხების გაზრდისა და აქციზის ანარიცხის დაწესების საკითხი, ესე იგი, ადგილობრივი ბიუჯეტი დაინტერესებული უნდა იყოს ამ შემოსავლებით, ისევე, როგორც მოგების ანარიცხის ნაწილის რესპუბლიკურ ბიუჯეტში ჩარიცხვის აუცილებლობით, ეს და საბიუჯეტო მოწყობის სხვა პრობლემები უნდა აისახოს სახელმწიფოს მეთაურის ბრძანებულებაში, რომლის პროექტიც ამჟამად მინისტრთა კაბინეტის ეკონომიკურ ბლოკში განიხილება, მას საბოლოოდ განიხილავს მინისტრთა კაბინეტი და ამ დღეებში, ალბათ, ხელს მოვაწერ.

ახლა ისევ ნაცნობი თემა: 13 იანვარს გაიმართა თბილისის ბანკთაშორისი ბირჟის მორიგი ვაჭრობა, რომელშიც 19 კომერციული ბანკი მონაწილეობდა, ამ ბანკების მოთხოვნამ 422 ათასი ამერიკული დოლარი შეადგინა. ასეთ ვითარებაში ეროვნულმა ბანკმა მიზანშეწონილად მიიჩნია კურსის დაახლოვებით წინა დონეზე დატოვება. 1 დოლარი - 1 მილიონ 260 ათასი კუპონი 5 იანვრის 1 მილიონ 280 ათასი კუპონის ნაცვლად. მაინც არის გარკვეული ძვრა, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს ამ დონეზე გამყარების სწორი ტენდენციაა. კვლავ გრძელდება მოსკოვის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე რუსული რუბლის კურსის დაწევა ამერიკული დოლარის მიმართ, ეს საგანგაშო მოვლენაა, რა თქმა უნდა, პირველ ყოვლისა, რუსეთისათვის. მარტო ბოლოს წინა ვაჭრობაზე რუბლის კურსმა 82 პუნქტით დაიწია, 13 იანვრის მონაცემებით 1 დოლარი 3757 რუბლს უდრიდა, ზემოაღნიშნულმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა საქართველოს შიდა სავალუტო ბაზარზეც, ბუნებრივია, რაც ხდება რუსეთის ბაზარზე, ის გავლენას ახდენს ჩვენზეც. ამჟამად ვალუტის გადასაცვლელ პუნქტებში დოლარის შესყიდვის კურსი 3950-ს, ხოლო გაყიდვისა - 4100 რუბლს შეადგენს. ამავე მიზეზით აიხსნება ის ფაქტიც, რომ კომერციული ბანკები მოსალოდნელი ინფლაციის თავიდან აცილების მიზნით თავს არიდებენ რუსული რუბლის საკორესპონდენტო ანგარიშებზე დატოვებას და უსწრაფესად ახდენენ მათ კონვერტაციას კუპონებად თბილისის ბანკთაშორისი ბირჟის მეშვეობით. ბოლო ვაჭრობაზე კომერციულმა ბანკებმა გასაყიდად გამოიტანეს 125 მილიონი რუბლი. მოთხოვნამ მათივე მხრიდან 37 მილიონი შეადგინა, ეროვნულმა ბანკმა დააბალანსა მოთხოვნა-მიწოდება კურსით: 1 რუბლი - 290 კუპონი, 5 იანვარს იყო 1 რუბლი - 320 კუპონი, აქაც სერიოზული ძვრაა.

ბიუჯეტის დამტკიცებასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი პრობლემა დგას დღის წესრიგში, მათ შორის ისეთი საკითხიც, როგორიც არის ცენტრალური, ანუ რესპუბლიკური ორგანიზაციების, სამეურნეო ორგანიზაციების, სამინისტროების, უწყებებისა და სხვათა ახალი ფუნქციების ჩამოყალიბება, ამ დღეებში გვექნება თათბირი გამგებლებთან, მინისტრებთან და ხელმძღვანელ ბირთვთან. ვფიქრობთ, რომ ეს უნდა იყოს რეფორმების არა მარტო შეფასება. არამედ მათი ახალი ეტაპის განსაზღვრაც 1995 წლისათვის. სერიოზულად წავიწიეთ წინ პრივატიზაციის სფეროში, ახლა ამ საკითხებზე არ შევჩერდები, რამდენადაც ისინი 20-21 იანვარს შეჯამდება რესპუბლიკურ თათბირზე და მაშინ დეტალურად შევეხები პრივატიზაციის მდგომარეობას, იმას, თუ რა სახსრები შემოდის პრივატიზებული ობიექტებიდან, როგორ მუშაობენ ახლა ისინი და, საერთოდ, რა პერსპექტივა ექნება 1995 წელს პრივატიზაციის საქმეს.

უახლოეს თვეებში, როგორც ჩვენს მოქალაქეებს დავპირდით, დაიწყება საქართველოს მოქალაქეებისათვის საპრივატიზაციო ბარათების დარიგება, ეს მნიშვნელოვანი ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური მოვლენა იქნება. რომლის წარმატებით წარმართვაზე დამოკიდებულია მესაკუთრეთა მასობრივი ფენის ჩამოყალიბება და განმტკიცება, ზოგი რამ უკვე დაიწყო და ეს კურსი, როგორც არაერთხელ მითქვამს, შეუქცევადია. ყველა ამ პრობლემას რესპუბლიკური თათბირი შეაჯამებს, და ვთხოვ საქართველოს მოქალაქეებს, ამ თათბირს ყურადღებით მოეკიდონ.

- რუსეთში მიმდინარე მოვლენებს, მხედველობაში მაქვს ჩეჩნეთი, სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკოსები სხვადასხვანაირად აფასებენ. გარკვეულწილად შეფასებაში თითქოს შემოტრიალების მომენტი შეიმჩნევა, სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა, თქვენ არაერთხელ გამოგითქვამთ აზრი და შეგიფასებიათ ჩეჩნეთის მოვლენები. რა შეფასებას მისცემდით ამჟამად ჩეჩნეთში მიმდინარე მოვლენებს?

- მსოფლიოს პოლიტიკოსების ძალიან დიდი ნაწილი საკმაოდ რეალისტურად აფასებს იმას, რაც რუსეთში ხდება, მხედველობაში მყავს, მაგალითად, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი ბატონი კოლი, ასევე სავსებით ზომიერი და ნორმალური პოზიცია დაიკავეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბატონმა კლინტონმა და სხვებმა. ამავე დროს, არ შემიძლია არ ვთქვა, რომ მაოცებს ბევრი დღევანდელი პოლიტიკოსის, იქნება ეს რუსეთში თუ მის ფარგლებს გარეთ, ერთგვარი სიბეცე, ძალადობა, სისხლისღვრა, ადამიანის უფლებების დარღვევა თუ შელახვა, რომ დასაგმობი და მიუღებელია, ეს დღეს ბავშვმაც, პირველი-მეორე კლასის მოსწავლეებმაც კი იციან, ამის აღიარებას დიდი ცოდნა და გამოცდილება არ სჭირდება, მაგრამ, თუ აგრესიული სეპარატიზმი ზეიმობს, იმარჯვებს, და იმარჯვებს იარაღისა და ძალადობის მეშვეობით, მაშინ შეიძლება მარტო ადამიანის უფლებების აღიარებაზე ლაპარაკით შემოვიფარგლოთ? ჩვენ ხომ საკუთარი გამოცდილებით ვიცით, რა არის ეს ყველაფერი, მაშინ როგორღა უნდა იმოქმედოს სახელმწიფომ?

ამ რამდენიმე დღის წინათ ევროპაში ელჩების დონეზე გაიმართა დიდი თათბირი, სადაც გამოითქვა შეშფოთება სწორედ იმის გამო, რომ ირღვევა ადამიანის უფლებები, მაგრამ რა ქნას და როგორ მოიქცეს სახელმწიფო, რომლის დაშლა პრაქტიკულად შეიარაღებულ ფორმირებათა მოქმედებით იწყება.

როგორც იტყვიან, მე ყველაფერი განვიცადე და გადავხარშე. ალმოდებული სოხუმიდან მთელი მსოფლიოს გასაგონად ვამბობდი: ბუმერანგივით დაგიბრუნდებათ-მეთქი ყველაფერი. ასეც მოხდა, ახლაც მივმართავ ბევრ პოლიტიკოსს, რომლებიც, ცოტა არ იყოს, უცნაურ პოზიციას იკავებენ. თუ უფრო შორს არ გაიხედავთ, თუ ხვალინდელი დღის პერსპექტივებით არ იმსჯელებთ, თქვენც, ბატონებო, ბუმერანგივით დაგიბრუნდებათ სხვა ქვეყნების, სხვა სახელმწიფოების საარსებო ინტერესების მარტოოდენ თეორიულ განზომილებათა დონეზე განხილვა, მარტოოდენ ზოგადი მსჯელობანი, ისინი რეალისტურ პოზიციებს არ უნდა მოსწყდნენ. შეგახსენებთ იმ ადამიანის სიტყვებს, რომელიც ძალიან კარგად იცნობს რუსეთს (ვთხოვ ყველას, ამ სიტყვებს ანგარიში გაუწიოს) - დღეს მსოფლიოს ერთიანი, სტაბილური რუსეთი სჭირდება, გაიხედეთ ცოტა უფრო შორს და თქვენ დაინახავთ საკუთარ თავს იმ სარკეში, რომელიც 21-ე საუკუნიდან ამოსულ მზის სხივებს აირეკლავს, ვაი რომ, იმ სარკეში თქვენი პორტრეტი იდეალური ვერ იქნება, ამიტომ მოუწოდებ ყველას, მხოლოდ დღევანდელი დღით ნუ ზომავენ თავიანთ პოზიციას.

და ბოლოს, ახლა რუსეთში და სხვაგანაც ბევრს ლაპარაკობენ იმაზე, თუ როგორ მოხდა დუდაევის შეიარაღება და ვის აძლევდა ეს ხელს. და მთელი სიმწვავით ვსვამ კითხვას - ვინ აძლევდა იარაღს არა მარტო დუდაევს (ეს თავისთავად გასარკვევია), გასარკვევია ისიც, თუ ვინ შეაიარაღა კბილებამდე აფხაზური სეპარატიზმი, ვინ არიან ისინი?

- გასულ კვირას დააკავეს ეროვნულ-განმათავისუფლებელი ფრონტის ლიდერი თენგიზ კიტოვანი და ამ ორგანიზაციის წევრები, რომლებიც მათი თქმით, აფხაზეთის განსათავისუფლებლად მიემართებოდნენ. ბატონმა თენგიზ კიტოვანმა დაკავებისას განაცხადა, რომ ხელისუფლებამ, რომელმაც დაკარგა აფხაზეთი, ხელი შეუშალა მათ აფხაზეთის დაბრუნების პროცესში. თქვენ ამ ფაქტს იმ დღესვე მიეცით პოლიტიკური შეფასება. იყო სხვა შეფასებებიც, მათ შორის ასეთიც: რატომ არ მოხერხდა ამ ორგანიზაციის საქმიანობის დროული აღკვეთა, ხომ არ აძლევდა ხელისუფლებას ხელს ის, რაც მოხდა?

კიდევ ერთი კითხვა: 13 იანვრის მოვლენებს საკმაოდ ხშირად უკავშირებენ ჩეჩნეთში მიმდინარე მოვლენებს. თქვენ რა კავშირს ხედავთ ამ ორ ფაქტს შორის?

- მე, ალბათ, ცოტა გამიგრძელდება ამ თემაზე საუბარი, მაგრამ მინდა რადიომსმენელებს ზოგიერთი რამ შევახსენო.

მინდა გავიხსენო სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 11 აგვისტოს სხდომა, რომელზეც, პრაქტიკულად, გადაწყდა ჯარების გადაადგილება დასავლეთ საქართველოში - სამტრედიიდან ლესელიძემდე. ლაპარაკი იყო იმაზე, რომ რკინიგზა ლესელიძიდან სამტრედიამდე თითქმის დაინგრა, დაიტაცეს საქართველოს, სომხეთის, რუსეთისა და სხვა სახელმწიფოების კუთვნილი მილიარდობით მანეთის ქონება, იტაცებდნენ სახელმწიფო მოღვაწეებს, ამიტომაც რკინიგზების დაცვა დაევალა თავდაცვის სამინისტროს, თავდაცვის მინისტრი კი პირველი ვიცე-პრემიერი მაშინ ბატონი კიტოვანი გახლდათ, რომელსაც ჰქონდა რეალური ძალაუფლება და ხელისუფლება. მისი ყველა ბრძანება უნდა შესრულებულიყო და პრაქტიკულად სრულდებოდა კიდეც უსიტყვოდ.

მინდა ზოგიერთი რამ შევახსენო რადიომსმენელებს, რაც მაშინ ვთქვი სახელმწიფო საბჭოს სხდომაზე: „ტვირთების უსაფრთხო გატარებაზე პასუხისმგებლობას მთლიანად კისრულობს თავდაცვის მინისტრი ერთი-ორი თვით. ყველა შემადგენლობა (მათ შორის სამხედრო ტექნიკით) უნდა იყოს გაცილებული, საჭიროა ლესელიძიდან სამტრედიამდე მოეწყოს 2-3 ბანაკი (გთხოვთ, მიაქციოთ ამას ყურადღება) იმისათვის, რომ გამცილებლების ცვლა მუდმივი და გარანტირებული იყოს. ერთ-ერთი ბანაკი აუცილებლად უნდა იყოს ლესელიძეში. კონტინგენტი უნდა იყოს კარგად შერჩეული, კარგი ანაზღაურებით, კარგი კვებით, მომარაგებით და ა.შ. რკინიგზაზე წესრიგის დამყარებასთან ერთად ეს სტაბილურობის გარანტიაც იქნება. არც ერთი წარმომადგენელი (კიდევ ერთხელ გთხოვთ ყველას, მიაქციოთ ამას ყურადღება), არ შევა ქალაქებში, სოფლებში, ყველა ეს ბანაკი ქალაქიდან იზოლირებული იქნება. ქალაქსა და სოფლებში წესრიგის დაცვა ეხება ადგილობრივ მილიციას, სადაც საჭიროა, თუ მოსახლეობა მოითხოვს, ცენტრიდან მილიციის დამატებითი ძალები შევლენ... ესე იგი, სამხედროებს, თავდაცვის სამინისტროს ამ რაზმებს არავითარი უფლება არ ჰქონდათ შესულიყვნენ დასახლებულ პუნქტებში, მით უმეტეს, ქალაქებში. შემიძლია კიდევ გავაგრძელო - ლაპარაკია ხიდების დაცვის ორგანიზაციასა და სხვა საკითხებზე.

როგორც ცნობილია, შედგა შესაბამისი გეგმა, ყველაფერი შევუთანხმეთ არძინბას იმ პირობით, რომ კიტოვანი - მაშინდელი თავდაცვის მინისტრი - ჩავიდოდა სოხუმში და ამ გეგმას გააცნობდა აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს. ასე ვიყავით შეთანხმებული და ამ აქციას მათთან ერთად განვახორციელებდით. მოხდა ისე, რომ ეშელონები, სამხედრო ნაწილები გადაადგილდა, მათ შორის - მძიმე ტექნიკაც, კიტოვანი კი მთელი სამი დღის განმავლობაში დასავლეთ საქართველოში - სამტრედიაში, ქუთაისსა და წყალტუბოში მოგზაურობდა. მე და ბატონმა ჯაბა იოსელიანმა სამი დღის განმავლობაში ვერ მოვახერხეთ დავკავშირებოდით თავდაცვის მინისტრს, მაშინ, როცა ეშელონები და ტექნიკა უკვე მიემართებოდა აფხაზეთისაკენ და უკვე შევიდა გალის ტერიტორიაზე. ამ დროს მისი ბრძანება უკვე მოქმედებდა, მეწინავე ნაწილები ოჩამჩირეში შევიდნენ. სწორედ ეს სურდათ სეპარატისტებსაც, რომლებმაც ცეცხლი გაუხსნეს ამ ნაწილებს, დაიღვარა სისხლი, ასე დაიწყო ეს საშინელი და უაზრო ომი.

თუ ვის სინდისზეა ახლა ყოველივე ის, რაც მოხდა, რაც დატრიალდა, თვით რადიომსმენელმა გამოიტანოს დასკვნა.

არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ყოველივე ამის განმეორება იქნებოდა საშინელი დანაშაული მთელი ჩვენი ქვეყნისა და მომავლის წინაშე. ამასთან დაკავშირებით, უნდა ითქვას, რომ ის, რაც კვლავ წამოიწყო კიტოვანმა, იყო ახალი, სრული ავანტიურა. რა მიზნები უნდა ჰქონოდა ყოველივე ამას? მე ასე წარმომიდგენია: მან შესანიშნავად იცოდა, რომ ახლა ამ ძალებით, ამ საშუალებებით აფხაზეთში შესვლა გამორიცხული იყო, მით უმეტეს ტყუილია ის, თითქოს რუსეთის ხელმძღვანელობა ეხმარებოდეს, ეგრეთ წოდებული რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელი დაპატიმრებულია. იგი ჩვეულებრივი აფერისტი უნდა იყოს, ვიდრე სერიოზული წარმომადგენელი. სინამდვილეში კი რა იყო მიზეზი? კვლავ თარეში სამეგრელოში, ვითომ არ ეყო სამეგრელოს ის, რაც განიცადა და გადაიტანა: მოძალადეთა და მძარცველთა რაზმების ჩამოყალიბება, ზოგიერთი რაზმი, რომელიც ჯერ კიდევ შემორჩა ტყეებში, უკვე ელოდებოდა კიტოვანის იქ გამოჩენას. ბაზების შექმნა სენაკში, ფოთში, ზუგდიდში... თუ საჭიროდ ჩათვლიდნენ (დარწმუნებული ვარ, ამას გააკეთებდნენ კიდეც) საარსებო არტერიებსაც გადაგვიჭრიდნენ, ვგულისხმობ ფოთიდან მომავალ ტვირთებს და ყველაფერი თავიდან დაიწყებოდა. სხვათა შორის, იგორ გიორგაძემ თქვა, რომ ლაპარაკი იყო სამოქალაქო ომის კერის გაჩაღებაზე.

მეორე ელემენტი: კიტოვანის უკანონო შეიარაღებული ფორმირებების განიარაღება პირველი სერიოზული დარტყმაა, რომელიც მაფიოზურ ბანდებს მიაყენეს, ადვილი მისახვედრია, თუ რას მოიმოქმედებდა ჯერ კიდევ ომის დროს ეს მაფიოზური კლანი, ბენზინის მაფია, კონიაკის თუ შამპანიურისა, ტატიშვილების თუ სხვების - ყოველივე ეს სწორედ დაკავშირებული იყო სწორედ იმ კლანთან და მაფიოზებთან. რეკეტისა და მაფიოზების წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების შესახებ ბრძანებულება - მარტო მოწოდებები კი არა, პროგრამაც იყო მოქმედებისათვის და ეს მოქმედება დაიწყო. გამოძიება ყველაფერს დაადგენს.

მაფიოზებმა და რეკეტიორებმა უნდა შეიგნონ, უნდა დაინახონ, რომ დაიწყო დაუნდობელი ბრძოლა ამ საშინელი მოვლენის წინააღმდეგ.

არის თუ არა რაიმე კავშირი ჩეჩნეთის მოვლენებთან? მე არ მსურს გავუსწრო მოვლენებს, აღვნიშნო, რომ ვიღაცას უნდოდა ასეთი არეულობით ესარგებლა და დესტაბილიზაციის კიდევ ერთი კერა გაეხსნა საქართველოში, ეს კი ფაქტია.

რაც შეეხება ყოველივე ამის აღკვეთას, იგი ჩვეულებრივი გზით მოხდა. პროკურატურამ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ და სხვა ორგანოებმა საკითხი შეიტანეს სასამართლოში და ეს მხოლოდ და მხოლოდ კანონიერი გზით განხორციელდა. როდესაც სასამართლომ ეს ფორმირება უკანონოდ ცნო, როცა უკვე დაიწყო ამ ფორმირების შეიარაღება და გადავიდნენ კანონის ზღვარს, მოქმედება მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო. მანამდე კი კიტოვანი, მისი თანამოაზრენი არაერთხელ იყვნენ გაფრთხილებული, რომ ყოველივე ეს ავანტიურაა, განწირულია ჩასაფუშად და ისინი ამ გზას არ უნდა დადგომოდნენ.

კიდევ ერთი ელემენტი. კიტოვანი და მისი თანამოაზრენი, ვფიქრობ, გარკვეულ იმედებს ამყარებდნენ ბიუჯეტთან დაკავშირებით პარლამენტში ატეხილ აყალმაყალზე. მადლობა ღმერთს, უმრავლესობა, პარლამენტის საღი ნაწილი, მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა. წარმოიდგინეთ, რა შედეგამდე მიგვიყვანდა ლაშქრობა დასავლეთისაკენ სამთავრობო კრიზისის პირობებში. სამთავრობო კრიზისის პირობებში ძალისმიერ სამინისტროების ხელმძღვანელები აღარ იქნებოდნენ მინისტრები, მე მგონია, რომ ყოველივე ეს ერთმანეთთან დაკავშირებული მოვლენებია.

და კიდევ ერთი: მე პარლამენტსა და ხალხს პარლამენტის ტრიბუნიდან მადლობის სიტყვებით მივმართავ ბიუჯეტის დამტკიცებასთან დაკავშირებით. ერთმა პარლამენტარმა შენიშვნა მომცა - ბოროტად ნუ იყენებთ ტრიბუნას და ხშირად ნუ ახდენთ აპელირებას ხალხისა და პარლამენტის სახელით. არა, ჩვენ ყველაფერი სწორად გამოვიანგარიშეთ და ამიტომაც უფრო გაბედულად ვლაპარაკობთ, რომ ჩვენ ახალი სახელმწიფო ვართ, სახელმწიფო წესრიგს ვამყარებთ და დავამყარებთ კიდეც მას ხალხისა და პარლამენტის უმრავლესობის და მისი ჯანსაღი ნაწილის მხარდაჭერით. ამიტომაც, კვლავაც და კვლავაც მივმართავ ჩვენს ხალხსა და პარლამენტის ჯანსაღი ნაწილის მადლიერებისა და მადლობის სიტყვებით.

კიდევ მინდა ვთქვა რადიომსმენელების გასაგონად: ვერავინ და ვერასოდეს ვეღარ შესძლებს წაიყვანოს საქართველო ავანტიურისა და ქაოსის გზით. მადლობას ვუცხადებ ოპერაციის ყველა მონაწილეს, უწინარეს ყოვლისა, უშიშროების სამსახურის სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფებს (ეს ნამდვილად მებრძოლი ქვედანაყოფებია), სამსახურის ხელმძღვანელებს, ძალისმიერ უწყებათა ხელმძღვანელებს, რომლებმაც სახელმწიფოს მეთაურის ბრძანება ბრწყინვალედ შეასრულეს, პრაქტიკულად უმსხვერპლოდ და ძალზე მოკლე ვადაში. ესე იგი მართლა სახელმწიფო ვყოფილვართ.

- გასულ კვირას რუსეთში საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა თქვენი სამსახურის აპარატის ყოფილი ხელმძღვანელი ბატონი ვაჟა ლორთქიფანიძე, ელჩს მრავალი დამატებითი უფლება-მოვალეობა მიენიჭა. ამგვარი რამ საქართველოში პირველად მოხდა. რატომ მაინცდამაინც რუსეთთან მიმართებაში? და კიდევ, გუშინ რუსეთის ტელევიზიით ასეთი შენიშვნა გამოითქვა - სრულდება გრიბოედოვის დაბადების 200 წლისთავი და საქართველოში არავინ არის, რომ მას ერთი ყვავილი მაინც მიუტანოსო...

- მინდა განვმარტო, რომ ჩვენ ყველა ქვეყანაში პასუხისმგებლობით ვარჩევთ ელჩებს. ბატონი კოტე გაბაშვილი - ქალაქის მერი გახლდათ და ახლა იგი გერმანიაშია. ჩემი დიდი ხნის თანაშემწე უშიშროებისა და უსაფრთხოების საკითხებში ბატონი თედო ჯაფარიძე ამერიკის შეერთებულ შტატებშია და ა.შ. მაგრამ რუსეთი მაინც განსაკუთრებული პრობლემაა. მთელი 200 წლის განმავლობაში ამ სახელმწიფოს შემადგენლობაში შევდიოდით, ახლა კი უკვე ცალკე, დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ და ლაპარაკია სრულიად ახალი ურთიერთობის მშენებლობაზე. ახლა ყველაზე ძნელად ასაშენებელი ურთიერთობა სწორედ რუსეთთან არის. ამ ურთიერთობის გარეშე სრულ დამოუკიდებლობასა და სრულ სუვერენიტეტზე ლაპარაკი ძალიან ძნელია. სწორედ აქ არის საჭირო დიდი ნიჭი, დიდი უნარი, დიდი გამოცდილება, მოქნილი გონება, ცოდნა და მრავალი სხვა. რუსეთთან ახალი ურთიერთობის მშენებლობის უაღრესად საპასუხისმგებლო ეტაპზე მოსკოვში ინიშნება სახელმწიფოს მეთაურის და, მე ასე ვიტყოდი, მთელი ჩვენი საზოგადოების ნდობით აღჭურვილი მოღვაწე, რომელსაც ჩვენ ვენდობით, იგი აღჭურვილია იმ უფლებითაც, რომ მოსკოვში, რუსეთში განლაგებულ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნების სტრუქტურებში, დაწესებულებებში იყოს ჩემი პირადი წარმომადგენელი. ასე რომ, ბატონი ვაჟა მიდის იქ დიდი უფლებებით, დიდი პასუხისმგებლობის შეგრძნებით, და მე უაღრესად დიდი იმედი მაქვს, რომ იგი იქ მყოფ სხვა მოღვაწეებთან და, ვიტყოდი, ჩვენს დიდ მეგობრებთან ერთად (ვგულისხმობ რუსეთის მოღვაწეებსა და ამავე დროს ქართულ დიასპორასაც), ყველაფერს იღონებს იმისათვის, რომ ჩვენ რაც შეიძლება სწრაფად განვვლოთ ახალი ურთიერთობის მშენებლობის ეტაპი.

რაც შეეხება გრიბოედოვის იუბილეს, მისი საფლავი საქართველოში არავის დავიწყებია. გრიბოედოვი, ისევე, როგორც რუსეთის დიდი კულტურა - სულიერი თუ პოლიტიკური - მჭიდროდ არის დაკავშირებული საქართველოსთან. XX საუკუნის დამლევსა და XXI საუკუნის დამდეგიდან ორი ხალხის ისტორიაში ახალი ეტაპი იწყება. ეს იქნება ორი საუკუნის ტიტანების - ილია ჭავჭავაძის, ალექსანდრე პუშკინის, აკაკი წერეთლის, მიხეილ ლერმონტოვის, და, რა თქმა უნდა, ალექსანდრე გრიბოედოვის იდეალების ხორცშესხმის ეპოქა.

არ ვიცი, არის კი რომელიმე სხვა ქვეყანაში სხვა ხალხის შვილი ისე აღიარებული და დაფასებული, როგორც გრიბოედოვი საქართველოში. რაც შეეხება იმ მინიშნებას, ვფიქრობ, ქართველი საზოგადოებრიობა დღეს და ხვალ აპირებს მოინახულოს ჩვენი უწმინდესი ადგილი - მთაწმინდა: სადაც განისვენებენ გრიბოედოვი და ჩვენი ხალხის საამაყო ასული ნინო ჭავჭავაძე და ამით მოიხდიან ვალს მათი ხსოვნის წინაშე.

„ჩვენ სახელმწიფო წესრიგს დავამყარებთ ხალხის, პარლამენტის უმრავლესობისა და მისი ჯანსაღი ნაწილის მხარდაჭერით“ / ე. შევარდნაძე; [ჩაიწერა] ნატო ონიანმა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 17 იანვარი. - 7(1024). - 1 გვ.

9 „დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის ინტერესები კანონის დიქტატურას მოითხოვს“

▲ზევით დაბრუნება


ედუარდ შევარდნაძის 23 იანვრის რადიოინტერვიუ

- საუბარს კვლავ ეკონომიკური პრობლემების მიმოხილვით დავიწყებთ, მით უმეტეს, რომ გასულ კვირას გაიმართა თქვენი ოფიციალური ვიზიტი ბულგარეთის რესპუბლიკაში, სადაც მრავალი ხელშეკრულება დაიდო. მათი დიდი ნაწილი სწორედ ეკონომიკური ხასიათისაა.

გასულ კვირას კვლავ გრძელდებოდა ძალიან მძიმე სიტუაცია გაზთან დაკავშირებით. სხვათა შორის, ასეთი ხმებიც გავრცელდა, რომ ხელისუფლებამ სპეციალურად გათიშა გაზი, რათა დიდი რაოდენობით შემოტანილი ნავთის გასაღება მოხდესო... ჟურნალისტ ნატო ონიანის ამ შეკითხვის პასუხად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, - სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ თავის ტრადიციულ რადიოინტერვიუში განაცხადა:

- დღეს ეკონომიკაზე ძალიან დეტალურად არ ვილაპარაკებ, რამდენადაც ეს ბოლო სამი დღე მიეძღვნა შარშანდელი წლის შედეგების შეჯამებას. ერთი დღე მიეძღვნა არმიის მშენებლობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვას, მეორე დღე - წესრიგის პრობლემებსა და მესამე დღე - ეკონომიკისა და ფინანსების სფეროში არსებული ვითარების ანალიზსა და ახალი ამოცანების განსაზღვრას. ვფიქრობ რადიოსა და ტელევიზიის მეშვეობით მოხერხდება ძირითადი ასპექტების გაშუქება. ზოგიერთ საკითხზე მაინც შევჩერდები.

პირველი, გაზთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, გავრცელებული ხმები, რომ ეს გამოწვეულია ნავთის ან ბენზინის გასაღების გამო, ჭორია. გაზის მიწოდებაში დაბრკოლება განპირობებულია იმ სიძნელეებით, რომლებსაც ადრეც წავაწყდით. ახლა რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ზურაბ კერვალიშვილი თურქმენეთშია, უნდა გაფორმდეს ხელშეკრულება წლევანდელი წლის განმავლობაში გაზის მიწოდებაზე, თუმცა ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდეგაც არ არის გამორიცხული სიძნელეები, რადგანაც ეს მხოლოდ თურქმენეთზე არ არის დამოკიდებული. გაზსადენი რამდენიმე ქვეყანაზე გადის, ეს კი ბევრ სიძნელეებთან არის დაკავშირებული. აქ უფრო სხვა, საგრძნობ და მძიმე შედეგებთან გვაქვს საქმე. ეს არის ძალიან დიდი ავარია თბილსრესის ობიექტებზე, ორ წამყვან მე-9 და მე-10 ბლოკებზე. ვფიქრობ, ეს შემთხვევითი ამბავი არ უნდა იყოს. ბევრი სპეციალისტი ფიქრობს, რომ ეს უფრო დივერსიული აქტია, ვიდრე ავარია, იმ ადამიანების ჩაფიქრებული ნამოქნედარია, რომლებსაც ხელს აძლევთ ქვეყანაში არასტაბილურობა. გუშინ უკვე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. ამ ავარიას შეიძლება უფრო მძიმე შედეგები მოჰყვეს, ვიდრე გაზის შეფერხებით მოწოდებას. ახლა უმთავრესი ამოცანა ის არის, რომ ბლოკები, რომლებიც შეიძლება ამოქმედდეს, დროულად გადაეცეს საექსპლოატაციოდ და მოხდეს ჩვენი ენერგორესურსების დაბალანსება. არ გამოვრიცხავ, რომ უფრო აქტიურად გამოვიყენოთ ჩვენი მეზობლების შესაძლებლობანი. იქნებ აზერბაიჯანიდან, ზოგიერთი სხვა ქვეყნებიდან ცოტა მეტი მივიღოთ. ყოველივე ამისათვის ახლა მუშაობენ პრემიერ-მინისტრი, მინისტრთა კაბინეტის შესაბამისი სამსახურები. ასეთია საქმის რეალური ვითარება, საკმაოდ რთული და მძიმე, მაგრამ ჩვენ უნდა დავძლიოთ. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ გაზის მოწოდება რომ აღდგეს (რა თქმა უნდა, აღსდგება სრული მასშტაბით) ჩვენ მაინც საგანგებო ზომები უნდა მივიღოთ, რათა მოწოდებული ენერგოშემცვლელები ძირითადად მრეწველობის ასამუშავებლად გამოვიყენოთ. ყველა ზამთარი ასეთი საშინელი შედეგებით იქნება აღნიშნული, ყოველთვის ვიქნებით ხელგაწვდილი, თუ მრეწველობა არ ამუშავდება, ეკონომიკა არ გამოცოცხლდება. თითქმის ყველა მოქალაქე, სახელმწიფო მოღვაწეებიც, ყველანი ჩვენ, მგონია, ერთნაირადაც ვაზროვნებთ იმ თვალსაზრისით, რომ უმთავრესი მიზანი ეკონომიკის გამოცოცხლებაა. გარკვეულ შედეგებს უკვე მივაღწიეთ. ამის შესახებ გუშინდელ თათბირზე უკვე ითქვა და ეს იმედის მომცემია, განსაკუთრებით მეოთხე კვარტალის შედეგები. თათბირზე მივედით გადაწყვეტილებამდე, რომ წლევანდელი წელიწადი ეკონომიკის სფეროში ნამდვილად გარდატეხის წელიწადი უნდა იყოს - იქნება ეს მრეწველობაში, სოფლის მეურნეობასა თუ სახალხო მეურნეობის სხვა დარგში.

რაც შეეხება განვლილი კვირის ზოგიერთ შედეგებს, მხედველობაში მაქვს მსოფლიოს სამეურნეო კავშირურთიერთობა, ინტეგრირებისათვის ხელსაყრელი გარემოს ჩამოყალიბების საკითხი. გასული კვირა აღინიშნა სახელმწიფოს მეთაურის ბულგარეთში ვიზიტის დროს სამეურნეო-ეკონომიკური ურთიერთობის საკითხებზე შეთანხმებათა მთელი პაკეტის ხელმოწერით. ახლა მთელი სიმკაცრით დგება უკრაინასთან, უფრო ადრე რუსეთთან, ყაზახეთთან, თურქმენეთთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, გერმანიასთან, საფრანგეთთან, თურქეთთან, ირანთან, დასავლეთისა და აღმოსავლეთის ზოგიერთ სხვა ქვეყანასთან უმაღლეს დონეზე მიღწეული შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების პრაქტიკული რეალიზაციის, ეკონომიკური თანამშრომლობის ხელსაყრელი პირობების გამოყენების ამოცანა. შესაძლებლობები კი ძალიან დიდია. განსაკუთრებით საგულისხმოა, რომ უკვე გამოჩნდა მსოფლიო ბანკის, ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის პირველი კრედიტები და ეს თავისთავად დიდ სტიმულს იძლევა იმისათვის, რომ უფრო დიდი მასშტაბით მოვიზიდოთ უცხოელი ინვესტორები. ყოველივე ამას ხელს უწყობს ის სამართლებრივი ბაზა, რომელსაც თანდათანობით ვქმნით, ვაფართოებთ სხვადასხვა ქვეყნებთან, მათ შორის ბულგარეთთან.

საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობაში სახელმწიფოთაშორის ხელშეკრულებების რეალიზაციაში დამოუკიდებელი საქმიანობის, საკუთარი ინიციატივის გამოვლენის საკმაოდ ეფექტიან ღონისძიებად უნდა მივიჩნიოთ ამას წინათ ცეკავშირის მიერ თურქეთიდან შემოტანილი 50 ათასი ტონა ხორბალი. სპეციალურად შევხვდი ცეკავშირის წარმომადგენლებს, არა იმიტომ, რომ რაღაც სასწაული მოხდა, არამედ იმისათვის, რომ ერთგვარი სტიმული მივცე, მხარი დავუჭირო ასეთ ინიციატივას. თუ ყველა იაზროვნებს, ყველა გაბედულად იმოქმედებს და შემოქმედებითად მიუდგება საქმეს, მაშინ მდგომარეობა გაცილებით უკეთესი იქნება. ჯერჯერობით, სამწუხაროდ, ასეთი მაგალითები არც ისე ბევრია. მოვუწოდებ საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობის კომიტეტს, ვაჭრობის, საგარეო საქმეთა სამინისტროებს, საზღვარგარეთის ქვეყნებში სამინისტროების წარმომადგენლებს, მინისტრთა კაბინეტის, სახელმწიფოს მეთაურის შესაბამის ქვედანაყოფებს, რეგიონების ხელმძღვანელებს, უფრო მეტი ყურადღება მიაქციონ სახელმწიფოთაშორისი ეკონომიკური ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების აქტიური გამოყენების საკითხებს.

ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ადგილობრივი ინიციატივის მნიშვნელობა. დიდი შესაძლებლობები აქვს ქალაქებს, რაიონებს. ამის კონკრეტული მაგალითები უკვე ჩანს. შემთხვევითი არ არის, რომ ამ ბოლო დროს ჩვენი დელეგაციის შემადგენლობაში ცალკეული რაიონების, ქალაქების წარმომადგენლები არიან ხოლმე. ბულგარეთში ძალიან თვალსაჩინოდ გამოიკვეთა აჭარის წარმომადგენელი, ქუთაისის მერი

ბატონი შაშიაშვილი, თბილისის ბიზნესმენთა წარმომადგენლები და სხვები.

წარმოების გამოცოცხლებისათვის რომ უწინარესად ადგილობრივი რესურსების გამოძებნასა და გამოყენებას ენიჭება გადამწყვეტი მნიშვნელობა, ისიც მოწმობს, რომ ბოლო წლებში დიდი რაოდენობით დაგროვდა მატყლი. მოვიყვან ერთ კონკრეტულ მაგალითს: ცნობილია, რომ ჩვენთან მეცხვარეობა თითქმის გადაშენების გზაზე დადგა იმის გამო, რომ ძირითად პროდუქტს, რომელსაც მეცხვარეობა იძლეოდა, წლების განმავლობაში არ ვიყენებდით. როცა საქმეს ხელი მოვკიდეთ, გამოჩნდა საკითხის გადაწყვეტის შესაძლებლობა. დაინტერესდნენ სახელმწიფოს კომერციული ბანკები, გაიცა სათანადო კრედიტი. ამ საქმეს ხელი მოჰკიდა მრეწველობის სამინისტრომ. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გვაქვს გადამმუშავებელი, სარეცხი სიმძლავრეები, გვაქვს მაუდის კომბინატი. უახლოესი კვირეების განმავლობაში შეიძლება ბაზარზე გავიტანოთ ის პროდუქცია, რომელიც სჭირდება ადამიანებს, რამაც შეიძლება შემოსავალი მისცეს სახელმწიფოს, და რაც მთავარია, ეს ყველაფერი სიკეთით დაუბრუნდეს მწარმოებელს, მეცხვარეს. ამუშავდა შულავერის ფაბრიკა, თბილისშიც დაიწყო მატყლის რეცხვა, ხვალ-ზეგ მინდა მოვინახულო მაუდის კომბინატი, ზოგიერთი სხვა საწარმო და ვნახო პრაქტიკულად როგორ ხორციელდება ის, რის შესახებაც მიღებულია გადაწყვეტილებები.

ამას ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობ იმდენად, რამდენადაც გამოჩნდა იმ მრეწველთა და მეწარმეთა რეალური ინტერესები, რომლებიც მრეწველობაში, სოფლის მეურნეობაში არიან დასაქმებული. რეალურად დავინახე რომ სააქციო-კომერციული ბანკები, რომლებსაც სათანადო რეზერვები გაუჩნდათ, უკვე გარკვეულ ინტერესს იჩენენ, სად შეიძლება ფულის დაბანდება ისე, რომ სწრაფად მიიღონ სათანადო მოგება. ვფიქრობ, ეს იმის კარგი მაგალითია, რომ შეგვიძლია ჩვენი სიმდიდრე რაციონალურად, სწრაფად გამოვიყენოთ და ასევე სწრაფად მივიღოთ ეფექტი.

ვიმეორებ, როცა საქმეს რეალურად და კონკრეტულად მოვკიდებთ ხელს, არ შეიძლება პროდუქციამ სარგებელი და მოგება არ მოგვიტანოს. ამაზეა აგებული მთელი მსოფლიოს ეკონომიკა. სამწუხაროდ, ჩვენ ახლა ვეძებთ ამ გზებს. თუ აქამდე რატომ არ ვეძებდით, ეს კარგად იცით. საბაზრო ეკონომიკა ამ თვალსაზრისით საოცრად დიდ შესაძლებლობებს ქმნის. ეს ეხება არა მარტო მატყლის, არამედ ხილის წარმოებასაც. გუშინ მოვიყვანე მაგალითები, რომ სამხრეთ საქართველოსა და ქართლის რაიონებში ათასობით და ასიათასობით ტონა ხილი მხოლოდ იმიტომ დალპა, რომ ვერავინ გამოიჩინა ინიციატივა, ვერ გამოიტანა და ვერ გაგზავნა იქ, სადაც ამ პროდუქციის მოთხოვნილებაა. იგივე შეიძლება ითქვას ციტრუსებზე, ჩაისა და სხვა პროდუქტებზე, რასაც ჩვენი სოფლის მეურნეობა აწარმოებს.

რაც შეეხება მატყლს, ამ სფეროში ექსპერიმენტის დონეზე წამოწყებულ საქმეს შეიძლება გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნეს, რათა მომავალში სხვა დარგებშიც ამ საშუალებით შევიტანოთ სიახლეები და ჩვენი შესაძლებლობები გამოვიყენოთ.

როგორც მოგახსენეთ, წლის შედეგებზე, სამეურნეო საქმიანობისა და წესრიგის დამყარების პრობლემებთან დაკავშირებით ჩვენ დეტალური საუბარი გვქონდა. ამიტომ დღეს არ არის აუცილებელი ყველა პრობლემას შევეხოთ. მინდა ჩვენს ტელერადიოპროგრამებს ვთხოვო, ამ სამი დღის განმავლობაში განხილული ძირითადი თემები, საუბრები, ანალიზი და დასკვნები დასაშვები ფორმით მიაწოდონ ყველა რადიომსმენელსა და ტელემაყურებელს.

არაერთხელ მითქვამს, და ამ დღეებშიც იყო საუბარი, რომ გარკვეულ ძვრებს მივაღწიეთ საგადასახადო სისტემის სრულყოფაში. ამან თავისი შედეგები განსაკუთრებით მეოთხე კვარტალში მოგვცა. მთავარი ის არის, რომ ახლა შეგვიძლია ვთქვათ: წლევანდელი წლის ბიუჯეტის შესრულება, რომლის დამტკიცებასაც ჩვენს პარლამენტში აყალმაყალი მოჰყვა, რეალური საქმეა, რადგან შეიქმნა სისტემა, მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც, შესაძლებელია სახელმწიფომ მიიღოს ის, რაც გათვალისწინებულია კანონებით. მხედველობაში მაქვს გადასახადები, სხვადასხვა ამოსაგებლები, ასევე შესაძლებელი ხდება ყველა რაიონმა და ქალაქმა მიიღოს ის, რასაც ჰქვია ადგილობრივი ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილი. გუშინ, მაგალითად, თითქმის სემინარული მუშაობა იყო გამგებლებთან, ქალაქის მერებთან და სხვებთან იმისათვის, რომ ყველამ ერთად ვისწავლოთ და ვიბრძოლოთ ბიუჯეტისათვის, განსაკუთრებით, საშემოსავლო ნაწილის შესრულებისათვის. ისეთი დიდი სისტემა, როგორიც არის საგადასახადო ინსპექცია - საიმედო სისტემაა, ახლა საჭიროა მისი მუშაობის სრულყოფა. რაც შეეხება მეორე მიმართულებას, ეს არის საბაჟო სამსახური, რომლისადმი დამოკიდებულება ჩვენს საზოგადოებაში საკმაოდ ნიჰილისტური იყო, რადგანაც, პრაქტიკულად, ამ სამსახურის შემოსავლები სახელმწიფოს სალაროს მაგივრად, სამწუხაროდ, ვიღაც-ვიღაცეების ჯიბეში მიდიოდა (ვფიქრობ ყველაფერი გაირკვევა). საბაჟო სამსახურის ერთი-ორი თვის მუშაობის შედეგები გვაძლევს იმ დასკვნის გამოტანის საშუალებას, რომ საბაჟო სამსახურსაც უზარმაზარი რეზერვები აქვს იმისათვის, რომ ბიუჯეტმა თავისი შემოსავლები მიიღოს. საბაჟო სისტემაში არის უამრავი აუმოქმედებელი რეზერვი, რომლის შედეგადაც ბიუჯეტში შენატანები საგრძნობლად მოიმატებს, კერძოდ, მხედველობაში მაქვს სახელმწიფოს მეთაურის ბრძანებულება მოქალაქეთა მიერ საქართველოს რესპუბლიკის საზღვარზე ნაღდი ვალუტის გატანის დროებითი წესის შემოღების შესახებ. იცით, რომ დაწყებული იყო გარკვეული შეზღუდვები, პრაქტიკულად ამას არავინ არ იცავდა, მეტი თანხები გადიოდა, მისგან გადასახადებს პრაქტიკულად იღებდნენ, მაგრამ იგი სახელმწიფოს სალაროში არ შედიოდა. სწორედ ამ საკითხის მოგვარებას ეძღვნება ეს ბრძანებულება. ამოქმედდება სხვა მრავალი გადაწყვეტილება და დეკრეტი, რომლებიც სახელმწიფოს მეთაურმა მიიღო. ჩემი და საბაჟო სამსახურის გამოანგარიშებით ყოველწლიურად, მარტო ამ ბრძანებულების საფუძველზე საბაჟომ შეიძლება სახელმწიფოს სასარგებლოდ 5 მილიონი ამერიკული დოლარი ამოიღოს, ამის გარდა დასამტკიცებლად წარდგენილია მინისტრთა კაბინეტის დადგენილების პროექტები ნატურალური გადასახადების შემოღების შესახებ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებიდან უცხოური წარმოების საქონლის საბაჟო გადასახადების დაბეგვრის შესახებ. ფიზიკური პირების კუთვნილი ტვირთების საბაჟო გადასახადებით დაბეგვრის თაობაზე. ექსპერიმენტის სახით სამოქმედოდ შემოღებული იქნება ახალი მექანიზმი - საზღვრის გადაკვეთის მომენტში გადასახადების გადახდის შესახებ და სხვა მრავალი. ახლა უკვე მჯერა, რომ საგადასახადო ინსპექცია და საბაჟო სამსახური წლევანდელი წლის განმავლობაში ძირითადი არტერიები იქნება, რომელთა მეშვეობითაც ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი საიმედო შევსებას მიიღებს.

გასულ კვირას გამართულ თათბირზე მთელი სიმწვავით დაისვა საკითხი გაუთავებელი შემოწმებების შესახებ. ითქვა, რომ საკონტროლო სისტემების პრაქტიკულად ასეთი უმართავი მოქმედება ქვეყანაში, ინტერესს უკარგავს ბიზნესმენებს, სახელმწიფო სექტორს, მეწარმეებს. ასეთი გამოთქმაც კი იხმარება: როგორც კი რომელიმე საწარმოს თავზე ბოლი გამოჩნდება, უმალ, როგორც ფუტკარი თაფლს, კონტროლიორები ისე ესევიანო. შეიძლება ეს ცოტა გადაჭარბებული ნათქვამია, მაგრამ მეწარმეები მოთქვამენ და გმინავენ ამ შემოწმებათა ასეთი უმართავი სისტემის გამო.

ამიტომ, გუშინ მივიღე განკარგულება და გამოვაცხადე, რომ ერთადერთი ორგანიზაცია, რომელიც შეზღუდული არ იქნება შემოწმებების თვალსაზრისით, უნდა იყოს საგადასახადო ინსპექცია. როცა საჭიროდ ჩათვლის, მაშინ უნდა შევიდეს და შეამოწმოს ობიექტი, რომელმაც სახელმწიფო გადასახადი უნდა გადაიხადოს, გადასახადი - სახელმწიფო ბიუჯეტში, დანარჩენი აუცილებელი შემოწმება უნდა იყოს შეთანხმებული ქალაქის მერთან ან რაიონის გამგებელთან. კოორდინაცია ამ დონეზე უნდა მოხდეს. თუ ამ ხალხს არ ვენდობით, მაშინ უნდა მოხსენდეს სახელმწიფოს მეთაურს ან მინისტრთა კაბინეტს და მიღებული იქნება სპეციალური გადაწყვეტილება.

მე ტრადიციულად ვაბარებ ხოლმე ანგარიშს ჩვენს რადიომსმენელებს: 22 იანვარს გაიმართა თბილისის ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟის მორიგი ვაჭრობა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 15 კომერციულმა ბანკმა. დოლარზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა და 30 ათას დოლარს მიაღწია. მაშინ როცა მიწოდება კომერციული ბანკების მხრიდან პრაქტიკულად აღნიშნული არ ყოფილა. მოთხოვნა-მიწოდების ამგვარი შეუსაბამობის მიზეზი ეროვნული ბანკის მოსაზრებით რამდენიმეა: ჯერ ერთი, კუპონის კურსის სისტემატური ზრდის მიუხედავად, მაინც ვერ მოხერხდა მისი მიმოქცევის სრულფასოვან საშუალებად გადაქცევა. ამ მხრივ, ჩვენ პირველი კვარტალის განმავლობაში განსაკუთრებულ ზომებს მივიღებთ. მეორე: საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებით, სახელმწიფოებრივი საჭიროების დასაკმაყოფილებლად ჯერ კიდევ შარშან, წლის დამლევს ეროვნულმა ბანკმა დაუშვა მრავალტრილიონიანი საკრედიტო ემისია, რომლის ძირითადი ნაწილი ბანკთაშორისო ბირჟაზე მოხვდა და ამ უკანასკნელის ბრუნვა კვირაში ერთ მილიონამდე გაიზარდა. და მესამე: საგრძნობლად დაჩქარდა რუსული რუბლის ვარდნა დოლარის მიმართ მოსკოვის ბანკთაშორის ბირჟაზე, რამაც ბოლო ორ კვირაში საშუალოდ 123 მანეთი შეადგინა. ამან სერიოზული გავლენა მოახდინა დოლარის მიმართ კუპონის საბაზრო კურსზე და ეს გასაგებიც არის. ბანკთაშორის ბირჟაზე კუპონის კურსი ამერიკული დოლარის მიმართ უკვე 10 პროცენტით მეტია გადამცვლელი პუნქტების მიერ დაწესებულ კურსზე. ასეთ ვითარებაში კომერციული ბანკები და კლიენტები ცდილობენ, როგორც ამბობენ, გააცოცხლონ ბირჟაზე ნაყიდი დოლარები და მაღალი კურსით გაყიდონ. ალბათ, ესეც გარკვეული კანონზომიერებაა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ეროვნულმა ბანკმა მიზანშეწონილად მიიჩნია შეერთებული შტატების დოლარის მიმართ კუპონის კურსის რამდენადმე შეცვლა - ერთი დოლარი მილიონ 300 ათასი კუპონი (წინა ვაჭრობაზე 1 დოლარი მილიონ 285 ათასი კუპონი იყო). რითაც საგრძნობლად შეამცირა თავდაპირველი მოთხოვნა და დაზოგა სავალუტო მოთხოვნები. ეროვნული ბანკის შეფასებით კუპონის სავალუტო კურსის ამგვარი დაწევა არ უნდა იქნეს მიჩნეული კუპონის კურსის შემდგომი დაცემის სიმპტომად. იგი უფრო შიდასავალუტო ბაზრის კონიუნქტურის კორექტირებასთან არის დაკავშირებული, ვიდრე რაიმე სიღრმისეულ ძვრებთან. ამას ადასტურებს თუნდაც ის ფაქტი, ამავე ვაჭრობაზე კუპონის კურსი რუსული რუბლის მიმართ კვლავ გაიზარდა 5 ერთეულით. ეროვნული ბანკის ჩაურევლად, 22 იანვრის ვაჭრობაზე გაიყიდა 51 მილიონი რუსული რუბლი. ერთმა რუსულმა რუბლმა შეადგინა 281 კუპონი. წინა ვაჭრობაზე ერთი რუბლი 286 კუპონს შეადგენდა. ასე რომ, თავისთავად, ჯერჯერობით კუპონის კურსის განმტკიცება აშკარაა და ასეთი მცირე რყევა ყოველთვის არის მოსალოდნელი. უფრო მტკიცე ეკონომიკის ქვეყნების ბაზრებზე ეს ჩვეულებრივ მოვლენად ითვლება ხოლმე.

- გასულ კვირას სამი თათბირი გაიმართა, რომელთა მუშაობაში თქვენ მონაწილეობდით: მინისტრთა კაბინეტში, გამგებლებთან შეხვედრა და ტრადიციულად ქცეული სამართალდამცავი ორგანოების მუშაკთა თათბირი. ამ უკანასკნელ თათბირთან დაკავშირებით ერთ-ერთმა გაზეთმა დაბეჭდა რეპორტაჟი ასეთი სათაურით „სახელმწიფოს კურსი მტკიცდება“, რამდენად სწორი და ზუსტია ასეთი შეფასება?

- ერთხელ კიდევ გავიმეორებ, რომ ლაპარაკია არსებით დასკვნებზე. ეს კი ის არის, რომ სახელმწიფოს მშენებლობის ისეთ სტადიაში შევედით, როცა უკვე შეგვიძლია რეალურად გავატაროთ ისეთი საზოგადოების შექმნის კურსი, რომელიც უზრუნველყოფს პიროვნებისა და ქვეყნის თავისუფლებას, ადამიანის უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას, კურსი, დასახული ამ მიზნების რეალიზაციისათვის. სწორედ ეს არის მთავარი დასკვნა და მთავარი შედეგი. ჩვენ ბევრი რამ მოვსინჯეთ შარშანდელი წლის განმავლობაში. მუშაობის ყოველთვიური და ყოველკვარტალური შეჯამება წესრიგის, ეკონომიკისა და ფინანსების სფეროებში. ეს იყო საქალაქო და რაიონული რგოლების გარკვეული განმტკიცება, ეს იყო სახელმწიფოს მეთაურის რწმუნებულის ინსტიტუტის დამკვიდრება. უნდა ვთქვა, რომ ეს ინსტიტუტი ამართლებს, განსაკუთრებით ზოგიერთ რეგიონში. გუშინ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ასეთი ინსტიტუტი შემოვიღოთ იმერეთის ძალიან დიდმნიშვნელოვან ზონაში. იმერეთი ეს არის ქუთაისი, ჭიათურა, ტყიბული, ზესტაფონი, სამტრედია, მრავალი სხვა რაიონი და ქალაქი, რომელთა პოტენციალი, შეიძლება ითქვას 10-15 პროცენტით თუა გამოყენებული. იმის გამო, რომ სწორედ ქუთაისის მერმა ბატონმა თემურ შაშიაშვილმა ამ ერთი წლის განმავლობაში განსაკუთრებით გამოავლინა საუკეთესო თვისებები, როგორც შემოქმედმა სახელმწიფო მოღვაწემ, მე მას გამოვუცხადე, რომ შეინარჩუნებს რა ქალაქის მერის თანამდებობას, იგი იქნება სახელმწიფოს მეთაურის წარმომადგენელი იმერეთის ზონაში. მე შევხვდი ამ რაიონების გამგებლებს და ეს გადაწყვეტილება ყველამ არა მარტო გაიზიარა, არამედ ენთუზიაზმითაც მიიღო. კიდევ ერთი რგოლი განმტკიცდება, კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა იმისათვის, რომ წესრიგის არეალი თანდათანობით გაფართოვდეს. ეს არის სამხარეო მოწყობის ექსპერიმენტები. მანამ, სანამ კონსტიტუციაზე დებატებს დავამთავრებთ უკვე საშუალება გვექნება ვილაპარაკოთ რამდენად ეფექტური და პერსპექტიულია ეს ინსტიტუტი და მისი საკონსტიტუციო დებულებად ქცევა.

- რა შედეგები მოჰყვება ოპოზიციის მცდელობას თენგიზ კიტოვანთან დაკავშირებით, ამბობენ, რომ ადრე თუ გვიან მას ხელისუფლება გაათავისუფლებსო.

- მე მეუხერხულება კიდეც ამ თემას რომ დავუბრუნდე. ამის შესახებ ამ დღეებში აზრი უკვე ორჯერ გამოვთქვი. გაუმართლებელი ლიბერალიზმისა და გაუმართლებელი კომპრომისების დრო დამთავრდა. ჩვენ ყველაფერი მოვსინჯეთ, ყველაფერი ვცადეთ. გახსოვთ ცნობილი შეფასება რესპუბლიკის მოედანზე, იქ გამოცხადებული მანიფესტი, რომლის შედეგები მერე საკმაოდ ძვირი დაგვიჯდა, მაგრამ, ხელისუფლებას, ალბათ, ესეც უნდა ესინჯა და ეს ნაბიჯიც გადაედგა. ახლა, დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის ინტერესები კანონის დიქტატურას მოითხოვს. ცალკეული პარლამენტარები, არც ისე დიდი ჯგუფი მოითხოვს კიტოვანის გათავისუფლებას. ვფიქრობ, რომ ეს უპერსპექტივო გზაა, ყოველ შემთხვევაში, ხელისუფლება კანონს არ გადაუხვევს. მოვუწოდებ სოციოლოგიურ სამსახურებს: შეისწავლონ საზოგადოების განწყობილება. ჩვენი საზოგადოების ბევრი, სრულიად ობიექტურად მოაზროვნე წევრი პირდაპირ მეუბნება: თუ თქვენ ახლა კიდევ გადაუხვევთ, თუ დათმობთ, მაშინ ჩვენ საერთოდ დავკარგავთ რწმენას, რომ შეიძლება ქართული სახელმწიფო აშენდესო. განწყობილება ასეთია, შეისწავლონ ეს განწყობილება. მე ვურჩევ იმ პარლამენტარებს, რომლებიც ახლა ზედმეტ გულჩვილობას იჩენენ, ნუ დაუპირისპირდებიან საზოგადოებასა და კანონს. კანონი კანონია და კანონმა უნდა იმოქმედოს. სხვათა შორის იგივე პარლამენტარები ხშირად შემახსენებდნენ, რომ კანონმა უნდა იმოქმედოს და იმუშაოსო. ახლა მე მათ შევახსენებ: კანონმა უნდა იმოქმედოს.

- და ბოლოს, კვლავ დაძაბული ვითარებაა ჩეჩნეთში, გასულ კვირას ერთი საინტერესო ფაქტი მოხდა: ჩვენი ზოგიერთი თანამემამულის საწინააღმდეგო მტკიცების მიუხედავად, თავად არძინბამ გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ ჩეჩნეთში აფხაზები იბრძვიან. ხომ არ გამოიწვევს ჩეჩნეთში მიმდინარე მოვლენები რუსეთის უმაღლეს ეშელონებში მნიშვნელოვან საკადრო ცვლილებებს, პრინციპში, თავდაცვის სამინისტროში, ეს პროცესი უკვე დაიწყო...

- რაც შეეხება რუსეთში საკადრო ცვლილებებს, არ მინდა ამ ძალიან დელიკატურ თემას შევეხო. ეს თვითონ პრეზიდენტ ელცინის გადასაწყვეტია და დარწმუნებული ვარ, ისეთ გადაწყვეტილებებს მიიღებს, რომლებიც რუსეთის, და არა მარტო რუსეთის, ინტერესებს წარმოადგენს.

სხვათა შორის, აფხაზების მონაწილეობა ამ მოვლენებში კვლავაც დაადასტურეს სატელევიზიო გადაცემებში, ჩამოთვლილი იყო ვინ მონაწილეობს, ვინ იბრძვის ბოევიკთა რიგებში, მათ ახალი რაზმიც შეუერთდა ისევ აფხაზეთიდან.

რაც შეეხება თვითონ ჩეჩნეთს, ბევრს არც ამაზე ვილაპარაკებ, ჯერჯერობით მოვლენები ისე ვითარდება, როგორც ვვარაუდობდი, ეს გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, არა იმიტომ, რომ მე ეს განვჭვრიტე, ეს ასე უნდა მომხდარიყო იმ კანონზომიერების მიხედვით, რასთანაც საქმე გვქონდა.

ბევრი პოლიტიკოსი ადასტურებს, რომ ჩეჩნეთისა და აფხაზეთის მოვლენები გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ერთმანეთს. არაერთხელ მითქვამს, რომ ჩეჩნეთის ტრაგედია სათავეს აფხაზეთში იღებს. სწორედ აფხაზეთში დაიწყო ის უბედურება, რომელთანაც ახლა ჩეჩნეთში გვაქვს საქმე. ვიქრობ, ეს პრობლემა ისე გადაწყდება, რომ რუსეთის სახელმწიფოებრიობა, მისი ერთიანობა, მთლიანობა შენარჩუნებული იქნება, რაც თავისთავად საფუძველს გვაძლევს იმისათვის, რომ ჩვენი საკუთარი პრობლემებიც უფრო სამართლიანად და უფრო დინამიკურად გადავწყვიტოთ.

„დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის ინტერესები კანონის დიქტატურას მოითხოვს“ / ედუარდ შევარდნაძე ; [ჩაიწერა]ნატო ონიანმა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 24 იანვარი. - 9(1026). - 1 გვ.

10 „აშკარად გამოიკვეთა ერთგვარი შემობრუნება ეკონომიკური რეფორმებისაკენ, საბაზრო ურთიერთობის დამკვიდრებისაკენ“

▲ზევით დაბრუნება


ედუარდ შევარდნაძის 30 იანვრის რადიოინტერვიუ

- ტრადიციულად, რადიოინტერვიუ კვლავ ეკონომიკური მიმოხილვით უნდა დავიწყოთ. მაგრამ აქვე მინდა გამოვყო რამდენიმე მომენტი: არ განახლებულა გაზის მოწოდება, ვიცით, რომ ამ მხრივ გარკვეული მუშაობა მიმდინარეობს, მაგრამ კრიზისული სიტუაცია ახალ ჭორებს ბადებს. ამბობენ, გაზის შემოტანა ხელოვნურად ჩერდება, რათა თხევადი გაზის გაყიდვა შეძლონო. მეწარმეებთან ერთ-ერთ შეხვედრაზე თქვენ აღნიშნეთ: თხევად გაზს შემოვიტანთ და ვინც შეძლებს - შეიძენს, ვინც ვერა - უგაზოდ დარჩება. და კიდევ ერთი აუცილებელი მომენტი გასული კვირის ეკონომიკური მოვლენების ანალიზის დროს: თქვენ ეწვიეთ მაუდ-კამვოლის კომბინატს, ხელსაწყოთა ქარხანას და ელექტრომანქანათმშენებლობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს. როგორც შემდგომ გამოიკვეთა, იქ არცთუ ისე ცუდი მდგომარეობა დაგხვდათ...

- ვიდრე კონკრეტულ კითხვებზე გიპასუხებდეთ, მინდა ზოგადი მიმოხილვა შევთავაზო რადიომსმენელებს. ჩვენი შარშანდელი სამეურნეო, ეკონომიკური, ფინანსური ცხოვრების უფრო დეტალური ანალიზი ცოტა მოგვიანებით იქნება წარმოდგენილი, მაგრამ ზოგიერთ მომენტზე მაინც შევჩერდები.

იანვრის მეორე ნახევრისათვის ეკონომიკაში რეფორმატული ტენდენციების დამკვიდრების, კრიზისიდან გამოსვლის გზების ძიების პარალელურად, რაც სამრეწველო საწარმოთა ხელმძღვანელებთან სახელმწიფო მეთაურთან შეხვედრის დროს დადასტურდა, მძაფრად გამოიკვეთა ქვეყნის საქმიანი აქტიურობის შემზღუდავი ისეთი ფაქტორი, როგორიც არის არასაიმედო სათბობ-ენერგეტიკული ბაზა. სამწუხაროდ, სიტუაცია ამ მხრივ კიდევ უფრო დაიძაბა. თბილისის თბოელექტროსადგურის მე-9 და მე-10 წამყვან ენერგობლოკებში მომხდარი ავარიის შედეგად განვლილი კვირა ენერგეტიკული ბალანსის მკვეთრი გაუარესებით აღინიშნა, ელექტროენერგიის სადღეღამისო გამომუშავება 35-40 პროცენტით შემცირდა, ასეთ პირობებში დაირღვა რესპუბლიკის მეტი წილი რეგიონების მოსახლეობისათვის საარსებო დანიშნულების ობიექტებისა და საწარმოების ნორმალური ელექტრომომარაგება. უფრო სწორედ, რომელიც დაგეგმილი იყო სათანადო გრაფიკების გათვალისწინებით.

მინისტრთა კაბინეტს მიეცა შესაბამისი დავალება და მან უახლოეს დღეებში უნდა მოახსენოს მოსახლეობას, რა გზებითა და საშუალებებით იქნება კომპენსირებული მომხდარი ავარიის მძიმე შედეგები. არის სხვადასხვა გზები, მათ შორის, ჩვენი მეზობლების ენერგეტიკულ სიმძლავრეთა გამოყენება ამ შემთხვევაში, თუ ჩვენი გაზის ნაწილს მივაწოდებთ, რომელსაც გადაამუშავებენ და შესაბამისად მივიღებთ გამომუშავებულ ელექტროენერგიას. ამ საკითხზე პრინციპული შეთანხმებები არსებობს და, თუ ეს საქმე ბოლომდე მივიყვანეთ, შეიძლება მდგომარეობა არც ისე დრამატული გამოდგეს.

აღსანიშნავია აგრეთვე საქენერგოს ფინანსური მდგომარეობის შემდგომი გაუარესება. მინდა მთელმა მოსახლეობამ იცოდეს - ასე ცხოვრება აღარ შეიძლება. პრაქტიკულად საქენერგოს ანგარიშზე შეწყდა ელექტროენერგიის საფასურის შემოსვლა, რაც ხელს უშლის ხელფასების გაცემას, სარემონტო-პროფილაქტიკურ სამუშაოთა ანაზღაურებას, მასალების შეძენას და სხვ. ამასთანავე მხედველობაშია მისაღები ისიც, წყალდიდობის პერიოდისათვის ჰიდროელექტროსადგურების სათანადოდ მოსამზადებლად სულ ცოტა 350-400 მილიარდი კუპონია საჭირო, ხოლო მე-9 და მე-10 ბლოკების აღდგენას, ალბათ, როგორც მინიმუმი, 2-3 ტრილიონი დასჭირდება. ყველაფერი ეს დახარჯული, გაყიდული ელექტროენერგიის საფასურად უნდა მივიღოთ, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ასე არ ხდება. ჩვენ წინაშე კვლავ და კვლავ დგება გადახდის პრობლემები. ეს ეხება საწარმოებს, რომლებიც მოიხმარენ ელექტროენერგიას, აგრეთვე რაიონებს, ქალაქებს, და, რა თქმა უნდა, მოსახლეობას. ამიტომ, ქალაქებისა და რაიონების ხელმძღვანელებმა, რომელთა ბალანსზე ახლა მთლიანად გადადის ელექტროქსელი, პასუხი უნდა აგონ სახელმწიფოს წინაშე, მე ვიტყოდი, უთავბოლო ხარჯვისათვის.

ენერგეტიკულ კრიზისთან დაკავშირებით, უკვე რამდენჯერმე გამოვთქვი აზრი და ახლაც მინდა გავიმეორო: უნდა დაჩქარდეს ენერგეტიკული სახელმწიფო პროგრამის შედგენა. ეს სამუშაო კარგა ხანია მიმდინარეობს და ახლა იგი გადამწყვეტ ფაზაშია, ამ პროგრამის შემადგენელი ნაწილი იქნება დიდი, საშუალო და მცირე ჰესების მშენებლობის ეტაპობრივი გადაწყვეტა. ეს ათწლიანი პროგრამაა. გამოიკვეთება ეტაპები - უახლოესი 2-3 წელი, შემდგომ 2000 წლამდე და ბოლოს, ორი ათასი წლის დასაწყისი. ასეთი პროგრამა გამოქვეყნდება პრესაში და განხილული იქნება მთავრობის დონეზე. ენერგეტიკული ბაზის მდგომარეობასა და განვითარებაზე მთელი ყურადღების გადატანა საარსებო მნიშვნელობის ამოცანაა. ამაზე მეტყველებს 1994 წლის მაჩვენებლები, რომლებიც პირველადი ინფორმაციის მიღებისა და მისი გადამუშავების სირთულეების მიუხედავად, უკვე შეაჯამა სოციალურ-ეკონომიკური ინფორმაციის კომიტეტმა, ეს მაჩვენებლები, რომლებიც ქვეყნის რთულ სამეურნეო ვითარებას ასახავს, ერთმნიშვნელოვნად ვერ შეფასდება, მართალია, შარშან მთლიანი შიდა პროდუქციის მოცულობა 30 პროცენტით შემცირდა, მაგრამ 1993 წელთან შედარებით შემცირების ტემპი 10 პუნქტით ნაკლებია. გაუმჯობესების ამ ერთგვარი ნიშნის გამოჩენას ხელი შეუწყო სოფლის მეურნეობის გარკვეულმა გამოცოცხლებამ. გვალვების, სათესლე და შესაწამლი მასალების, საწვავის ნაკლებობის მიუხედავად, გლეხობამ მაინც მტკიცედ დაადგა ფეხი მიწას და თავისი სიტყვა უკვე თქვა. წინა წლებთან შედარებთ გაიზარდა გამოთვლითი და მმართველი კომპლექსების, სამკურნალო საშუალებების, ქაღალდის ღვინომასალის წარმოება. მაგრამ, ამავე დროს, 1993 წელთან შედარებით შემცირდა 89 სახეობის უმნიშვნელოვანესი პროდუქციის წარმოება. ამასთანავე, საერთოდ არ გამოუშვიათ უწყვეტი ციკლის მანქანებიდან მიღებული ვარგისი ლითონსხმულის ნამზადი ავტომობილების მისაბმელები, ნახევარმისაბმელები, დაწებებული ფანერი, მერქანბურბუშელის ფილები და სხვა. მე ჩამოვთვალე ის პროდუქცია, რომელსაც ჩვენ ვქმნით და რომელზეც დიდი მოთხოვნილებაა საკუთარ და უცხოეთის ბაზარზე. ამას შემთხვევით არ ვამბობ, იმედი მაქვს, რომ შესაბამისი ხელმძღვანელები ყოველივეს ყურად იღებენ.

სოციალურ სფეროში, დრამატული ვითარების მიუხედავად, განსაკუთრებით ბოლო თვეებში, აშკარად გამოიკვეთა ერთგვარი შემობრუნება ეკონომიკური რეფორმებისაკენ, საბაზრო ურთიერთობის დამკვიდრებისაკენ. სწორედ ამ შემობრუნებას უნდა მოჰყვეს ვითარების ერთგვარი თანდათანობითი, ეტაპობრივი გაუმჯობესება სოციალურ სფეროში. სწრაფად ვითარდება კერძო სექტორი, რომლის საქონელბრუნვა ერთნახევარჯერ გაიზარდა და საერთო მოცულობაში მისმა ხვედრითმა წილმა ოთხი მეხუთედი შეადგინა. ეს უკვე სერიოზული განაცხადია. მესამე კვარტლის ბოლოს და მეოთხე კვარტალში მიღწეულ იქნა რეალური ხელფასების შემცირების ტენდენციის შეჩერება. ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით შეიმჩნევა მოხმარებული კალორიების ოდნავ მატების ტენდენცია. მართალია, ეს მატება საგრძნობი არ არის, მაგრამ მაინც ტენდენცია გამოიკვეთა, მოსახლეობის ცხოვრების დონის მეტ-ნაკლებად ამაღლების საფუძველი უნდა შექმნას ინფლაციის თანდათანობით შეზღუდვამ. სექტემბრიდან დაიწყო კუპონის კურსის განმტკიცება და მასზე მოთხოვნის გაფართოება. ამაზე უკვე აღარავინ დაობს, ახლა მეორე მხარეზე უნდა ვიფიქროთ და დავძლიოთ უარყოფითი შედეგები.

შარშანდელი სამეურნეო წლისთავის მთელი რესპუბლიკის მასშტაბით დამახასიათებელი იყო საფინანსო ვითარების გაჯანსაღების ნიშნები. ფინანსური მდგომარეობის გაჯანსაღებისა და სახელმწიფო შემოსავლის ზრდის ერთ-ერთ ხელისშემშლელ ფაქტორად რჩება ბიუჯეტის კუთვნილი სახსრების ამოღების პრობლემა. სწორედ ამ პრობლემის მოგვარებას ისახავს მიზნად სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 30 დეკემბრის ბრძანებულება ხორბლისა და ფქვილის ცენტრალიზებული სახელმწიფო რესურსების რეალიზაციიდან ამონაგები თანხების ბიუჯეტში ამოღების მდგომარეობის ღონისძიებათა შესახებ. ბრძანებულების შესასრულებლად უკვე გადადგმულია პირველი ნაბიჯები. ასე მაგალითად, მისი პირველი პუნქტის შესაბამისად, ახალი ქართული ბანკის ხელმძღვანელობამ ბიუჯეტის კუთვნილი სახსრების დროული და სრული გადარიცხვის საქმეში არსებული დარღვევებისა და ნაკლოვანებებისათვის თანამდებობიდან გაანთავისუფლა შვიდი პასუხისმგებელი მუშაკი. საკადრო ცვლილებები განახორციელა „საქართველოს ბანკმა“. ასევე განხორციელდა ღონისძიებები აგროსამრეწველო ბანკში, მინდა მივესალმო აქციონერული, კომერციული ბანკების აქტიურობას სახელმწიფო ინტერესებისათვის ბრძოლაში. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ბრძანებულების შესაბამისად საბანკო სისტემაში განხორციელებული ის ღონისძიებანი, რომელიც ითვალისწინებს ფულის მიმოქცევის დაჩქარებას. ამასთან დაკავშირებით უნდა გითხრათ, რომ ჩვენმა ბანკებმა, განსაკუთრებით ეროვნულმა ბანკმა, რეალური და კონკრეტული ნაბიჯები გადადგა. ფულის მიმოქცევის დაჩქარებაზე დიდად იქნება დამოკიდებული ჩვენი ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის შესრულება და ესე იგი, ის ხარჯები, რომლებიც მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას უნდა მოჰყვეს. ჯერჯერობით ისევ ვერ სრულდება ბრძანებულებით გათვალისწინებული მოთხოვნა ელექტროენერგიითა და კავშირგაბმულობის მომსახურებით საბანკო სისტემის უზრუნველყოფის შესახებ. დღეს მინდა განვაცხადო, რომ მინისტრთა კაბინეტმა ეს საკითხი სპეციალურად უნდა განიხილოს, რადგან ამაზე დიდად არის დამოკიდებული ფულის მიმოქცევის ტემპის დაჩქარება.

ეკონომიკის სამინისტროს მოსაზრებით, სახელმწიფოს მეთაურის დონეზე არის გადასაწყვეტი ეკონომიკურ სანქციათა საკითხი. კერძოდ, დღევანდელი კანონმდებლობით ბიუჯეტში შესატანი სახსრების დაგვიანებისათვის (ლაპარაკია ვადაგადაცილებულ, დღეში ორპროცენტიან ჯარიმაზე) მხოლოდ წისქვილკომბინატები ჯარიმდებიან. მაშინ, როცა, გადაუხდელობა მხოლოდ მათი მიზეზით არ არის განპირობებული. ამიტომ ჯარიმები უნდა გავრცელდეს მაღაზიებზე, საბანკო დაწესებულებებსა და პურის ქარხნებზე. მე უკვე დავავალე და ასეთი დამატებითი განკარგულება მოვა.

1994 წლის 26 იანვარს გაიმართა თბილისის ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟის მორიგი ვაჭრობა. მონაწილეობდა 10 კომერციული ბანკი, ეს საკმაოდ კარგი აქტიურობაა. ამჯერად მდგომარეობა არ შეცვლილა. დოლარის მიმართ კუპონის კურსი წინა ვაჭრობის დონეზე დარჩა, ხოლო რუბლის მიმართ ოპერაციათა განსახორციელებლად ეროვნულმა ბანკმა განსაზღვრა ასეთი თანაფარდობა - 1 რუბლი - 297 კუპონი. საქმე ის არის, რომ ბოლო ხანს კუპონის დევალვაციას ხელი შეუწყო რუსული მანეთის დრამატულმა დაცემამ. მოსკოვის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე ამ პროცესმა გლობალური ხასიათი მიიღო, რამაც საქართველოში რუსული რუბლის მიმართ შესაბამისი აჟიოტაჟური ტენდენცია წარმოშვა. ბუნებრივია, ის, რაც რუსეთის ბაზარზე ხდება, ჩვენზეც ახდენს გავლენას. ბოლო ვაჭრობაზე კუპონის დევალვაციის შეჩერება არ ნიშნავს ტენდენციის შეჩერებას. საქმე გვაქვს შიდასავალუტო ბაზრის კონიუნქტურულ რყევასთან, რაც არც ერთი, მეტ-ნაკლებად ნორმალური ქვეყნისათვის, არ არის უცხო. ეროვნული ბანკი მკაცრად აკონტროლებს ამ რყევის ამპლიტუდას და იგი საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებულ ზღვარს არ გადასცილდება. მით უმეტეს, თუკი გადაწყდება სტაბილიზაციის კრედიტების მიღების პრობლემა და სხვა დამატებით საშუალებებსაც მივიღებთ მსოფლიო ბანკისა და სავალუტო ფონდისაგან, ჩვენ გვექნება საშუალება ვმართოთ ეს პროცესი.

და კიდევ ერთ მოვლენაზე: მრეწველობის სამინისტროს მონაცემებით, 27 იანვრისათვის შესყიდული იყო დავალებით გათვალისწინებული 560 ტონიდან 171 ტონა მატყლი, აქედან თბილისის მატყლის გადასამუშავებელმა ფაბრიკამ შეისყიდა 85 ტონა, შულავერის მატყლის გადასამუშავებელმა ფაბრიკამ - 86 ტონა. თბილისის მაუდ-კამვოლის კომბინატში ამ საწარმოებმა შესაბამისად შეიტანეს 50 და 16 ტონა გარეცხილი მატყლი. მე ახლა ერთ მაგალითს მივაპყრობ ყურადღებას, მატყლის დამზადება-გადამუშავების ღონისძიებებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს არა მარტო და არა იმდენად კონკრეტული სამეურნეო ოპერაციის განხორციელებისას, თუმცა თავისთავად ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, წყდება ათასობით ადამიანის დასაქმების პრობლემა, იქმნება პროდუქცია, რომელზეც დიდი მოთხოვნილებაა და საკმაოდ დიდია შემოსავალიც, გაიზრდება ხელფასები და ასე შემდეგ. რაც მთავარია, გათვალისწინებულია გლეხობის დაინტერესება მეცხოველეობის განვითარებით. ამ თვალსაზრისით, უწინარესად, საინტერესოა ის, თუ, როგორ გამოვიყენოთ, როგორ მოვიზიდოთ ეს რესურსები, იგი საინტერესოა რეალურ სამეურნეო ცხოვრებაში ბანკების ჩართვის გამოცდილების შესაძენადაც. მე შევხვდი ბანკირებს, რომლებიც ამ პროცესში მონაწილეობენ და დავრწმუნდი, რომ მათ გაუჩნდათ ინტერესი და გარკვეული გემოვნება, ამიტომ დასასრულ ღონისძიებათა განხორციელება მინისტრთა კაბინეტის, მრეწველობის სამინისტროს, ენერგოსისტემის ყურადღების ცენტრში უნდა იყოს.

ახლა ამ კონკრეტული შეკითხვის გამო, რომელიც მაუდ-კამვოლის კომბინატსა და ხელსაწყოთა ქარხანას შეეხება. ამ საწარმოებმა მართლაც ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს ჩემზე. ხალხი ეძებს, პოულობს გზებს, იმედი არ დაუკარგავს და გარკვეულ შედეგებსაც აღწევს. ხელსაწყოთა ქარხანაში, მაგალითად, პრაქტიკულად მუშაობს 400-ზე მეტი კაცი და ქმნის საკმაოდ კარგ პროდუქციას, რომლის გასაღება მთლად იოლი პრობლემა არ არის, მაგრამ მაინც ახერხებენ ბაზრის პოვნას, 17-18 მილიონამდე საშუალო ხელფასი გამოსდის თითოეულ მუშაკს, თუ ენერგეტიკული ბაზაც ხელს შეუწყობს, დარწმუნებული ვარ, ეს მაჩვენებლები კიდევ უფრო გაიზრდება. ასევე საინტერესო გამოცოცხლებები შეიმჩნევა მაუდ-კამვოლის კომბინატში. ეს ძალიან დიდი ორგანიზაციაა, თანაც საკმაოდ კარგად აღჭურვილი, მანქანა-დანადგარები ჯერ კიდევ არ მოძველებულა, აქ შექმნილ პროდუქციაზე ძალიან დიდი მოთხოვნილებაა, როგორც კი გაჩნდა მატყლი, საწარმოც მაშინვე ამუშავდა და ამოძრავდა. მე შევხვდი ძველ მუშებს და ახალგაზრდობასაც, სპეციალისტებს და დავრწმუნდი, რომ კომბინატს შეუძლია თავისი სიტყვა თქვას საქართველოს ეკონომიკის აღმავლობის საქმეში. ასევე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ელექტრომანქანათმშენებლობის ინსტიტუტმა, მინდელის ინსტიტუტს რომ ეძახიან, და იქ სამეცნიერო-ტექნიკურ გაერთიანებათა პლენუმის მონაწილეებთან შეხვედრამ, რომელსაც ჩვენი ტექნიკური ინტელიგენციის საკმაოდ დიდი წარმომადგენლობა ესწრებოდა - უაღრესად საინტერესო ხალხი, ჩვენი მეცნიერების ლიდერები. გაიმართა არა მარტო საინტერესო, არამედ სასარგებლო აზრთა გაზიარებაც ჩვენი ეკონომიკის დღევანდელ ვითარებასა და მეცნიერების როლსა და ადგილზე ამ საქმეში.

ახლა იმის შესახებ თუ რა არის ჭორი და მართალი გაზთან დაკავშირებით. გაზს იმ რაოდენობით, რომდენსაც ადრე ვიღებდით და ვხმარობდით, ვერ ვიყიდით, მაგრამ გაზის მოწოდებას ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ჩვენი პარტნიორები - თურქმენეთი, ალბათ რუსეთიც გააგრძელებენ. გაზს მივიღებთ, მაგრამ მოვიხმართ იმდენს, რამდენის საფასურსაც გადავიხდით, ვერავის ვერ შევპირდები, რომ მომავალი წლიდან მივიღებთ გაზს ისე, რომ არავის გადასახადი არ ექნება. გადასახადი, რასაკვირველია, უნდა გადავიხადოთ, სხვა გზებსაც ვეძებთ. გაზი ძვირადღირებული სიამოვნებაა, ევროპაში გაზს თითქმის არავინ წვავს იმ მიზნებით, როგორც ჩვენ ვაკეთებთ, რადგან იგი ძალიან ძვირია. მოსახლეობის იმ ნაწილმა, რომელსაც შეუძლია გამოიყენოს თხევადი გაზი, შეიძლება შეიძინოს იგი ბალონებით. როცა არ იყო ბუნებრივი გაზი, მაშინ ჩვენ ყველანი თხევად გაზს ვიყენებდით და საკმაოდ წარმატებითაც. ეს უფრო იაფიც არის, ხელმისაწვდომიც და გარანტირებულიც, მაგრამ, იმ ნაწილისათვის, ვინც ვერ იყიდის, კიდევ სხვა რამეზე უნდა ვიფიქროთ, მაგალითად ელექტროენერგიით მომარაგებაზე, რათა გრაფიკებით მაინც აუცილებლად მიეწოდებოდეს. გაზი, რომელსაც მივიღებთ, უნდა გადამუშავდეს სათანადო სადგურებში და შესაბამისად მოსახლეობას, რომელსაც არა აქვს გაზით სარგებლობის საშუალება უფრო იაფი დაუჯდება ელექტროენერგიის საფასურის გადახდა.

ალბათ ჯობია ვთქვა, რომ ყველაფერი კარგად იქნება, რომ არავინ არ გადაიხდის ფულს, მაგრამ ეს არ მოხდება. აქ გასარკვევია ერთი საკითხი: ჩვენ დავადექით კურსს, რომლის მიხედვითაც ეკონომიკის თანდათანობით გამოცოცხლებასთან, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის შესრულებასთან ერთად გაიზრდება მინიმალური და საშუალო ხელფასები. ასეთი ღონისძიება დაგეგმილია, როგორც უკვე გამოცხადდა, მიმდინარე წლის დასაწყისიდანვე. მიმდინარე წლის პირველი ნახევრის დამთავრების შემდეგ ასევე იქნება საგრძნობი მატება, თუ ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი კარგად შესრულდა და ამ მხრივ მეტი რეზერვები გაგვიჩნდა, არ გამოვრიცხავ, რომ ხელფასების მატება კიდევ უფრო საგრძნობი გახდეს, იგივე მოხდება მრეწველობის ამუშავების შემთხვევაში, ასე რომ, მოსახლეობის გადახდისუნარიანობა რეალურად უნდა გაიზარდოს.

- 25 იანვარს მოსკოვში ტერორისტული აქტი მოხდა, რომლის შედეგადაც დაიღუპა გენერალი პაატა დათუაშვილი და მძიმედ დაიჭრა ყოფილი თავდაცვის მინისტრი, გენერალი გია ყარყარაშვილი. კვლავ მრავალი ვერსია გავრცელდა, მათ შორის ისეთიც, რომ ხელისუფლება თავიდან იცილებს აფხაზეთის პროცესის მოწმეებს, რომ ეს ნიკა კეკელიძის მკვლელობის გაგრძელებაა და სხვა.

- პაატა დათუაშვილის დაღუპვა და გია ყარყარაშვილის დაჭრა, რა თქმა უნდა, ყველამ მძიმედ განვიცადეთ. მინდა განვაცხადო, რომ ყველაფერი კეთდება გიას გადასარჩენად, ვფიქრობ, ეს მოხერხდება. წუხელ ჩამოფრინდა ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი ბატონი ავთანდილ ჯორბენაძე, რომელიც თავზე ედგა დაჭრილს, მოსკოვის საუკეთესო ძალები, მათ შორის ჩვენი თანამემამულეები, ჩართული არიან ამ საქმეში, დღეს მდგომარეობა საკმაოდ საიმედოა.

რაც შეეხება დამნაშავეებს, მათს ვინაობას და ბოროტმოქმედების მოტივს, - ამას ყველაფერს, - მხოლოდ გამოძიება დაადგენს, ყველა ვერსია, რომელსაც მოსკოვისა და თბილისის საინფორმაციო საშუალებები, სხვადასხვა ავტორები ავრცელებენ, საეჭვოა რაიმე სერიოზულ არგუმენტებს ეფუძნებოდეს. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ რუსეთისა და საქართველოს სამართალდამცველთა, ამჯერად უკვე გაერთიანებული ძალისხმევა რეალურს გახდის დამნაშავეთა მოძებნას და დადგენას.

- გასულ კვირას თქვენ შინაგან საქმეთა სამინისტროს კოლექტივს შეხვდით. სხვა საკითხებთან ერთად იქ ტატიშვილების საქმეც ახსენეთ და თქვით, რომ ფაქტობრივად ორივე შემთხვევაში სამართალდამცავი ორგანოების კონკრეტული წარმომადგენლები აგებენ პასუხს, თუ ტატიშვილები უკანონოდ დააკავეს - მაშინაც პასუხს აგებენ და თუ ისინი პატიმრობიდან უკანონოდ გაათავისუფლეს, ამით უფრო მეტად აგებენ პასუხს კონკრეტული პირები. არის თუ არა ეს საქმე თქვენს სპეციალურ კონტროლზე აყვანილი და ხომ არ ფიქრობთ, რომ ამ საკითხის გარკვევამდე კონკრეტულ პირებს უნდა შეუჩერდეთ თანამდებობრივი უფლებამოსილებანი, თუნდაც იმიტომ, რომ ტატიშვილების საქმე არ იყო რიგითი და ჩვეულებრივი საქმე. მათი ასეთი განთავისუფლება ხელისუფლების სერიოზული გამოწვევაა. თუ ხელისუფლებამ ეს ამბავი უმკაცრესი პასუხის გარეშე დატოვა, სამომავლოდ ეს ქვეყანაში კიდევ მეტ სირთულეებს შექმნის.

- წესითა და კანონით სახელმწიფოს მეთაური ასეთ საკითხებში არ უნდა ერეოდეს, რადგან ყოველგვარ ჩარევას შეიძლება არასასურველი შედეგი მოჰყვეს. არის საქმეები, რომელთაც მართლაც პრინციპული მნიშვნელობა აქვთ. ჩემთვის სრულიად მოულოდნელი იყო, რომ ამდენი ხმაურის შემდეგ, რაც სატელევიზიო გადაცემაში ვნახეთ, - ლამის ტანკები, ჯავშნიანი მანქანები, იარაღის მთელი არსენალი, ფალსიფიცირებული სასმელების გამოსაშვები საამქროები და სხვა - რამდენიმე თვის შემდეგ ვიგებთ, ეს ხალხი სასამართლოდან პირდაპირ შინ წავიდაო. სწორედ ამაზე ვილაპარაკე ქალაქის პოლიციასთან შეხვედრისას. დავალებები ამასთან დაკავშირებით მიცემულია. საკითხის შესწავლის შემდეგ ვიმოქმედებთ ისე, როგორც ვთქვით. დამნაშავის მფარველობაც უკანონობაა და დღევანდელ პირობებში განსაკუთრებით დაუშვებელი, უსაფუძვლო პატიმრობა კი კიდევ მეტი ცოდვა და უბედურებაა. ვიმსჯელებთ და შედეგებს მოვახსენებთ საზოგადოებას. არ გამოვრიცხავ, რომ შესაბამისმა უწყებებმა შეიძლება გაერთიანებულ კოლეგიაზე იმსჯელონ ამის შესახებ და მხოლოდ შემდეგ მოხდეს სახელმწიფოს მეთაურსა და საზოგადოებას საბოლოო დასკვნა - რაშია საქმე, რა მოხდა.

- გასულ კვირას სვანეთი ფაქტობრივად, მთავრობის განსაკუთრებული ზრუნვის ზონად გამოცხადდა იქ შექმნილი ურთულესი სიტუაციის გამო. თქვენ კონკრეტულად ვიცე-პრემიერს ბაკურ გულუას დაავალეთ ამ საკითხის მოგვარება. სამართალდაცვის თვალსაზრისითაც ძალიან დიდი პრობლემებია სვანეთში.

- სამართალდამცავი ორგანოების მოქმედების თვალსაზრისით აქ მართლაც აუტანელი პირობები შეიქმნა. სხდომაზე, სადაც ეს საკითხი განვიხილეთ, მე ვთქვი, რომ თითქმის სამი წლის განმავლობაში სვანეთი მოწყვეტილი იყო ბარს სამეგრელოსა და დასავლეთ საქართველოში მიმდინარე პროცესების გამო. მხოლოდ შვეულმფრენებით თუ ვუკავშირდებოდით და გაჭირვებით შეგვქონდა მინიმალური რაოდენობის პროდუქტები. ხალხი გაწამდა, მით უმეტეს, რომ ამდენი ლტოლვილი ამოვიდა, 7-8 ათასი კაცი დაემატა. ახლა კიდევ კრიმინალურმა ელემენტებმა აიკლეს ეს კუთხე. საქმე იქამდეც კი მიდის, რომ ცოდვა-მადლით ნაშოვნი ფქვილის ატანაც კი პრობლემად იქცა, რადგან ტრასაზე ბანდიტები თარეშობენ. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველანი ვალში ვართ ამ კუთხესთან. სხდომაზე დავსახეთ ამოცანებიც და მივიღეთ საგანგებო ხასიათის გადაწყვეტილებები. ასეთივე ვითარება გვქონდა სხვადასხვა რეგიონში, მაგრამ როცა სამართალდამცავმა ორგანოებმა საქმეს ისე მოჰკიდეს ხელი, როგორც საჭიროა, წესრიგი დამყარდა. ვფიქრობ, სვანეთშიც ასე იქნება, მით უმეტეს, რომ ამ კუთხისათვის ასეთი ვითარება არ არის დამახასიათებელი. მახსოვს, ამ 20 წლის წინათ ერთადერთი ძებნილი იყო, გვარიც კი დამამახსოვრდა - აფრასიძე, ტყეში იყო გასული და ეს მთელი საქართველოს უბედურებად მიგვაჩნდა. სვანეთში დანაშაული, როგორც წესი, მთელი წლის განმავლობაში არ ხდებოდა. ამ დღეებში დაიწყება დასახულ ღონისძიებათა განხორციელება. რაც შეეხება საჭირო პროდუქტებით უზრუნველყოფას, ზამთრის პერიოდში და შემდეგაც, ეს ბატონ ბაკურ გულუას დაევალა, ეს საკითხი მთელი მინისტრთა კაბინეტის ყურადღების ცენტრში იქნება. სვანებს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება.

- გასულ კვირას თბილისში ჩამოვიდა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნების საპარლამენტთაშორისო ასამბლეის დელეგაცია. წინა ვიზიტისაგან განსხვავებით, ქართული მხარისა და პირადად თქვენი პოზიცია ძალიან მწვავე და მკაცრი იყო. ამ შეხვედრიდან გამოიკვეთა, რომ აფხაზთა ლიდერები პოზიციას ვერ იცვლიან. რა გამოსავალი რჩება ქართულ მხარეს, როგორც აფხაზები უწოდებენ „მაძღარ დამარცხებულთ“. მათ ისეთი მოდელი შექმნეს, რომ „მშიერ გამარჯვებულს არ შეუძლია მაძღარი დამარცხებულის მიღება“, ბატონმა გუსტოვმა ასე გადმოგვცა მათი ნააზრევი...

- დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური ჯგუფის მისია თავისთავად სასარგებლო იყო, თუნდაც იმიტომ, რომ ისინი მივიდნენ დასკვნამდე - არძინბას საერთოდ არ სურს ლაპარაკი, თუმცა ამ შეხვედრის შემდეგ, მეორე დღეს, არძინბამ განაცხადა ლტოლვილთა დაბრუნების გაჭიანურება ქართული მხარის ბრალიაო. შეიძლება ადამიანმა თავს ყველაფრის უფლება მისცეს, მაგრამ ამ დონის ტყუილი და ცილისწამება არა მარტო შეუფერებელი, არამედ შეურაცხმყოფელიცაა. მათი თეორია - „მშიერი გამარჯვებული“ და „მაძღარი დამარცხებული“ - ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. მისიის წევრები დარწმუნდნენ, რომ არძინბასთან ხალხის მშვიდობიან დაბრუნებაზე ლაპარაკი ძალიან ძნელი და თითქმის შეუძლებელია. სწორედ ასეთი მძიმე შთაბეჭდილებით დაბრუნდნენ ისინი. ამ მხრივ, ჩემი აზრით, დელეგაციის შეხვედრები იქაც და თბილისშიც სასარგებლო იყო. შემდეგი ეტაპი ჟენევის შეხვედრა და რუსეთის ხელმძღვანელობასთან კონტაქტები იქნება.

მე ვაპირებ მონაწილეობა მივიღო თანამეგობრობის სახელმწიფოთა მეთაურების მუშაობაში. ბუნებრივია, იქ მექნება კონტაქტები რუსეთის ხელმძღვანელებთან. თანამეგობრობის სხვა ქვეყნების მეთაურებთან. მანდატი, რომელიც თანამეგობრობამ მიანიჭა აფხაზეთში მყოფ ჯარებს, პრაქტიკულად არ სრულდება უმთავრეს საკითხში - ლტოლვილების უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების თვალსაზრისით. ამ შეხვედრების შემდეგ უფრო რეალურად და კონკრეტულად შეიძლება ლაპარაკი იმაზე, თუ რა უნდა გავაკეთოთ შემდგომ. მანდატი სამშვიდობო ძალებს მიმდინარე წლის მაისის ჩათვლთ აქვთ მინიჭებული. ახლა დღის წესრიგში უკვე მთელი სიმწვავით დადგა საკითხი - რა გავაკეთოთ. ბატონ არძინბას აზრით, ჯარები უნდა იყვნენ იქ, რადგან, პრაქტიკულად ისინი არ უშვებენ ქართველებს და ამით წარმოიქმნა ხელოვნური საზღვარი. მე ეს დაუფარავად განვუცხადე საპარლამენტთაშორისო დელეგაციის წევრებს. ჩემი პოზიცია რუსეთის ხელმძღვანელობამაც იცის. ამიტომ ახლა ეს საკითხი პრინციპულად უნდა გადაწყდეს - საჭიროა თუ არა სამშვიდობო მისია. თუ საჭირო არ არის, მაშინ სხვა კურსი უნდა ავირჩიოთ და მოქმედების სხვა გეგმა უნდა გამოიკვეთოს

- რუსეთმა, ყაზახეთმა და ბელორუსმა ფაქტობრივად ერთიანი საბაჟო სისტემის შექმნა დაიწყეს. როგორი იქნება ჩვენი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით?

- თავისთავად ასეთი სისტემის შექმნას დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლია. ეს ერთ-ერთი უმთავრესი პირობაა შექმნილი პროდუქციის გაზრდისათვის, ყოფილ ბაზრებზე ჩვენი გასვლისათვის, თავისუფალი ვაჭრობისათვის. ბევრ ქვეყანასთან - რუსეთთან, ყაზახეთთან, უკრაინასთან, სხვებთან, ჩვენ ხელი მოვაწერეთ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას. საბაჟო სისტემაში მონაწილეობის გარეშე თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ფარატინა ქაღალდად დარჩება. ახლა ჩვენც ვფიქრობთ ამ საკითხებზე, გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია, მაგრამ პირადად მე მიმაჩნია, რომ ეს ქვეყნისათვის სასარგებლო საქმეა.

„აშკარად გამოიკვეთა ერთგვარი შემობრუნება ეკონომიკური რეფორმებისაკენ, საბაზრო ურთიერთობის დამკვიდრებისაკენ“ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 31 იანვარი. - 12(1028). - 1,2 გვ.

11 ცენტრალური პოლიტიკური ფიგურა

▲ზევით დაბრუნება


როგორც ვიუწყებოდით, ავსტრიულმა გაზეთმა „ნოე კრონენ ცაიტუნგმა“ გამოაქვეყნა ინტერვიუ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურთან - პარლამენტის თავმჯდომარესთან ედუარდ შევარდნაძესთან.

გთავაზობთ ამ ინტერვიუს სრულ ტექსტს:

- პირველი და, შესაძლოა, თქვენთვის ყველაზე მტკივნეული კითხვა: შეიძლება ჩაითვალოს რომ საქართველოსთვის ომით მიყენებული ჭრილობა უკვე ხორცდება?

- მე არ მიმაჩნია, რომ ომების თანამდევი ტრაგედიები და გაჭირვება შეიძლება წაიშალოს ხალხის მეხსიერებაში. ამას ხომ უკან უდგას ადამიანთა სიცოცხლე, დანგრეული კერები, არაერთი თაობის მწარე ხვედრი.

ჭრილობები დროთა განმავლობაში ხორცდება, მაგრამ, დიდად სამწუხაროდ, ნაიარევი რჩება და კიდევ დიდხანს შეგვახსენებს განცდილს. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე გვაქვს შეიარაღებულ დაპირისპირებასთან სახელმწიფოს შიგნით - არსებითად სამოქალაქო ომთან, რომელიც პროვოცირებულია სეპარატისტთა მიერ და რომელმაც ქვეყანა ქაოსში ჩააგდო.

ამჟამად, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, მთელი მსოფლიო თანამეგობრობის აქტიური მხარდაჭერით, რუსეთის სამშვიდობო ძალების მონაწილეობით ჩვენ ყოველგვარ შესაძლო ზომებს ვიღებთ კონფლიქტის პოლიტიკური საშუალებებით მოსაგვარებლად, ასობით ათასი ლტოლვილის უსწრაფესად დაბრუნებისათვის მშობლიურ კერებთან, რათა შემდეგ სერიოზულად შევუდგეთ ომით დანგრეულის აღდგენას, მოვაწესრიგოთ მოსახლეობის ნორმალური ცხოვრება.

ეს რთული პროცესია და დაკავშირებულია ბევრ დანაშთ სუბიექტურ და ობიექტურ ფაქტორთან.

- რუსეთში გაისმის ხმები, რომლებიც წინასწარმეტყველებენ ყოფილი სსრ კავშირის რესპუბლიკების „ახალ შერწყმას“ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის პლატფორმაზე. ამასთან, ამტკიცებენ, რომ ადგილი აქვს არა საბჭოთა კავშირის „აღორძინებას“, არამედ ყველა რესპუბლიკის ინტერესების ლოგიკურ ასახვას. თქვენ როგორღა ხედავთ ამ პროცესს?

- ადრინდელი სახელმწიფო რეჟიმის რეანიმაცია გამორიცხულია. ეს არის უტოპია, პოლიტიკური დემაგოგია. მაგრამ არის მეორე უკიდურესობაც - იზოლაციონიზმი. მსოფლიო მოწყობის თავისებურებანი, საერთაშორისო ურთიერთობათა დინამიკა დღეს ისეთია, რომ ნებისმიერი თუნდაც ყველაზე განვითარებული სახელმწიფოს „ეულად“ არსებობა უპერსპექტივოა. მე მჯერა კონვერგენციის თეორიისა მის ისეთ ასპექტში, რომ თუ კაცობრიობას გადარჩენა უნდა, დაახლოება, თვისობრივად ახალ ადამიანურ თანამეგობრობად შერწყმა გარდაუვალია.

გამოვიყენებ თქვენთვის მახლობელ მაგალითს: ტრადიციულად ნეიტრალური და წარმატების მქონე ავსტრიაც კი დღეს ინტეგრაციის პრობლემის წინაშე დგას. როგორც ვიცი, ევროპულ კავშირთან შეერთებას აქტიურად განიხილავენ ავსტრიის პოლიტიკურ და საქმიან წრეებში ყველა „დადებითის“ და „უარყოფითის“ თვალსაზრისით. გამოითქმის შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ ამან შესაძლოა გამოიწვიოს ფინანსური დამოკიდებულება პარტნიორებზე, უარის თქმა ბევრ ეროვნულ სტანდარტზე, ნეიტრალური სახელმწიფოს გარდაუვალი მონაწილეობა უსაფრთხოების ევროპულ სტრუქტურებში; მეორე მხრივ, - იქნება ეკონომიკის გამოცოცხლების, მუშახელის ბაზრის აქტივიზაციის, „დიდი ევროპის“ ალიანსში ავსტრიის ჩართვის პროცესის დაჩქარების შესაძლებლობანი და ა.შ.

რაც შეეხება დსთ-ს, აქ, ჩემი შეხედულებით, პლუსები სჭარბობს მინუსებს. რა თქმა უნდა, იმ პირობით, თუ დაცული იქნება მიღებული პროგრამა.

ალბათ, უნდა დავაზუსტოთ, რომ ერთიანი ეკონომიკური სივრცის საკითხი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუკავშირდეს სუვერენული ქვეყნების პოლიტიკური სტატუსის საკითხს. ამასთან, სახელმწიფოთაშორისი ურთიერთკავშირის ფორმები შეიძლება განისაზღვროს ორმხრივ საფუძველზე ურთიერთშეთანხმებით. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ ერთიანი ეკონომიკური ბაზრის იდეის განხორციელება ღია საზღვრებით და ნორმალური ვაჭრობისა და ყველა სფეროში პარტნიორობისათის ხელშემწყობი პირობებით, სავსებით შესაძლებელია. მთავარია ყველა წვრილმანი ისე განისაზღვროს, რომ თანამეგობრობამ თითოეულ მის წევრს შეუქმნას განვითარების რეალური პერსპექტივა.

გადაწყვეტილება დსთ-ს ჩარჩოებში ეროვნებათაშორისი ორგანოს - სახელმწიფოთაშორისო ეკონომიკური კომიტეტის შექმნის თაობაზე განსაზღვრავს, რომ ეს ორგანო თავის მარეგულირებელ ფუნქციებს შეასრულებს მხოლოდ იმ მოცულობით, რომელსაც მას ნებაყოფლობით გადასცემენ თანამეგობრობის ქვეყნები.

მე მგონი, რომ ამ ეტაპზე სსრ კავშირის ყოფილ რესპუბლიკებს დაუდგათ ის დრო, როდესაც მათ გონივრულად უნდა შეიცნონ თავიანთი თავი სახელმწიფოებად, რომლებმაც აუცილებლად უნდა შექმნან დემოკრატიული სამოქალაქო საზოგადოება და, პარალელურად, დასახონ გონივრული ინტეგრაციული პოლიტიკა.

- ხედავთ თუ არა იმის საშიშროებას, რომ რუსეთში ხელისუფლებაში შეიძლება მოვიდნენ აგრესიულად განწყობილი და უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები?

- ასეთი საშიშროება შეიძლება წარმოიქმნას, თუ დემოკრატიული განვითარების პროცესი ჩიხში მოექცევა, ხოლო სხვადასხვა ჯურის „პოპულისტები“ მოახერხებენ არსებულ სოციალურ დაძაბულობაზე ითამაშონ. მაგრამ, მე მინდა მჯეროდეს რუსეთის ჯანსაღი ძალებისა, რომლებიც სწორად აფასებენ სიტუაციას და ეძიებენ კონსოლიდაციის გზებს.

- როგორ ეკიდებით საყვედურებს, რომ როცა საგარეო საქმეთა მინისტრი იყავით, თქვენ „გაეცით“ და „გაყიდეთ“ საბჭოთა კავშირის ინტერესები?

- ასეთ „ფორმულირებათა“ ავტორებთან კამათი მე ყოველთვის უაზროდ მიმაჩნდა, ვინაიდან მათ არ ძალუძთ შეიგნონ, რომ ნებისმიერი ტოტალიტალური, ავტოკრატული, იდეოკრატული სისტემის დაშლა ისტორიულად წინასწარ გადაწყვეტილია.

რეფორმატორული იდეა არ შეიძლება იშვას ცალკე აღებული მინისტრის კაბინეტის კედლებში, ჩვენ ერთობლივად უნდა გაგვეაზრებინა მსოფლიოსა და ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური რეალიები. ძალის პოზიციიდან დაპირისპირების დაძაბვა უკვე უმართავი იყო და აუცილებლად გლობალურ აფეთქებამდე მიგვიყვანდა.

- კავკასიას მძიმე ისტორიული მემკვიდრეობა გააჩნია და სავსეა კონფლიქტების ქრონიკით. შესაძლოა ბოლო მოეღოს ძალადობის ამ „ჯოჯოხეთურ“ წრეს?

- ხალხთა თვითგამორკვევის ისტორია საერთოდ რთული და წინააღმდეგობრივია. მით უმეტეს იქ, სადაც ათასწლეულობით გადახლართული იყო ეთნიკური, რელიგიური, ტერიტორიალური და მატერიალური ინტერესები. განსაკუთრებით, ისეთ კონგლომერატში, როგორადაც გარემომცველი მსოფლიო კავკასიას ხედავს.

ყველა ხალხს თავისი - უმეტეს შემთხვევაში სევდიანი „კონფლიქტების ქრონიკა“ აქვს. მე არ ვფიქრობ, რომ კავკასია გამონაკლისად ანდა, როგორც შეკითხვაში ითქვა „ჯოჯოხეთურ წრედ“ მოსჩანს. თუ აქ მაინც არის ისტორიული თავისებურება, რაღაც „კავკასიური“ სპეციფიკა, ის მხოლოდ იმაშია, რომ კავკასია, როგორც პლანეტის ერთ-ერთი „გემრიელი ლუკმა“, ასე ვთქვათ, „მძევლად“ იქცა თავისი გეოპოლიტიკური მდგომარეობისა: „აღმოსავლეთ-დასავლეთ-ჩრდილოეთ-სამხრეთის“ გზების გასაყარი, სავაჭრო, და, რაც მთავარია, ძალისმიერი ინტერესების გზაჯვარედინი, თავისებური ფორპოსტი, სტრატეგიული დასაყრდენი გარემომცველ ძლიერ სახელმწიფოთა დაუსრულებელ და არც თუ მშვიდობიან ქიშპში. აი, სად არის ჩადებული დათრგუნვის და, შესაბამისად წინააღმდეგობის ზამბარა ყველა თანამდევი ისტორიული შედეგით.

ამის დამთავრება მხოლოდ ერთი პირობით შეიძლება - შესაძლებლობა მიეცით კავკასიის ხალხებს სადღეისოდ უკვე ჩამოყალიბებული სუვერენული სახელმწიფოების სახით თვითონ განსაზღვრონ თავიანთი ბედი, არ მოახდინონ მათი პროვოცირება ამ რეგიონში ვიღაცის საგანგებო ინტერესების პოლიტიკური ორაზროვნებით.

- რამდენად წარმატებულია თქვენი ძალისხმევა პოპულარული გახადოთ დემოკრატია საქართველოში?

- ეს ალბათ მე არ უნდა განვსაჯო. მით უმეტეს, რომ სისხლსავსე დემოკრატიამდე ჩვენ კიდევ ხანგრძლივი და რთული გზა გვაქვს გასავლელი.

უკვე ქრესტომატიული გახდა უინსტონ ჩერჩილის გამონათქვამის დამოწმება, რომ დემოკრატია მმართველობის საუკეთესო ფორმა არ არის, მაგრამ უკეთესი კაცობრიობამ დღემდე ვერ მოიგონა. დემოკრატიული განვითარების გზაზე იძულებული ვართ შევურიგდეთ ბევრ დამახინჯებას. ბევრს დემოკრატია ჯერ კიდევ პლებისციტად აქვს წარმოდგენილი. მასებში ძალიან დიდია ცდუნება, რომ დემოკრატია ოლხოკრატიით, ბრბოს ძალაუფლებით შეცვალონ, რაც გარდაუვალ ანარქიას და ქაოსს გამოიწვევს. ეს გაკვეთილი ჩვენ თვითონ ცოტა ხნის წინ დავძლიეთ.

დღეს მსოფლიოში, დემოკრატიულ პრინციპებს, რომელიც ჩადებულია საზოგადოებრივი მოწყობის სხვადასხვა სისტემაში, ბევრი ნაირსახეობა და შეფერილობა ახასიათებს, მაგრამ უფლებისა და თავისუფლების ამ პრინციპებს უნდა შეესაბამებოდეს მოქალაქეთა პირადი პასუხისმგებლობის ზომა საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე. მე ვოცნებობ სწორედ ასეთ დემოკრატიაზე საქართველოში.

- თქვენ იყავით ზესახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ახლა კი ხართ ისეთი სახელმწიფოს მეთაური, რომელიც სიდიდით ავსტრიას შეესაბამება. რამდენად დიდია განსხვავება ამ ორი თანამდებობის ძალაუფლებასა და პასუხისმგებლობას შორის?

- ჩემთვის მთავარი განსხვავება ის არის, რომ ახლა მე ვარ ჩემს სამშობლოში და ვცდილობ ვემსახურო ჩემს ხალხს.

მე არ მიმაჩნია, რომ ხალხის ღირსების დონე, სულიერი მენტალიტეტი რიცხობრივი მაჩვენებლების პირდაპირპროპორციულია.

მე მგონი საქმე ეხება პრინციპულად განსხვავებულ, შეუპირისპირებელ საგნებს. რა თქმა უნდა, მსოფლიოზე პოლიტიკური ზეგავლენა, გარკვეული დონით, სახელმწიფოს შესაძლებლობების ადექვატურია, მაგრამ დღევანდელ საერთაშორისო სივრცეში, რომელიც ძალზე დავიწროვდა, ურთიერთდამოკიდებულება მრავალჯერ გაიზარდა. ერთი „ცხელი წერტილიც“ კი საკმარისია, რომ მთელი მსოფლიო აგიზგიზდეს. ერთობლივი ძალისხმევა კონფლიქტის მოსაგვარებლად, ვთქვათ, ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში, როგორც ბევრ სხვა რეგიონში, მერწმუნეთ, ფილანტროპიული მისწრაფებებით როდი ხორციელდება.

თუ თქვენი შესანიშნავი თანამოქალაქის რობერტ მუზილის ბრძნულ მეტაფორას გამოვიყენებთ, მსოფლიოს უკვე აღარ სურს დაემსგავსოს „თვისების არმქონე ადამიანს“.

ცენტრალური პოლიტიკური ფიგურა / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 4 თებერვალი. - 13(1029). - 3 გვ.

12 ედუარდ შევარდნაძე: სეპარატიზმს ბირთვული იარაღივით შეუძლია მსოფლიოს დაშლა და მოსპობა

▲ზევით დაბრუნება


ასეთი შედარებით დაიწყო საქართველოს სახელმწიფოს მეთაურმა საუბარი ჟურნალისტ იური მოსეშვილთან, რომელმაც „იზვესტიის“ თხოვნით რამდენიმე კითხვა დაუსვა

- ვარაუდი, რომ სეპარატიზმს შეიძლება მოჰყვეს გლობალური კატასტროფა, ამართლებს ნებისმიერ კონტრღონისძიებებს. ამიტომ ხომ არ არის, რუსეთის საზოგადოებრიობისაგან განსხვავებით, რომ საქართველოში ბევრს გამართლებულად მიაჩნია ჩეჩნეთში რუსეთის ხელისუფალთა იძულებითი მოქმედება.

- უფრო სწორი იქნებოდა ასეთი პოზიცია განგვეხილა როგორც დაცვა პრინციპისა, რომლის თანახმად არავის არა აქვს უფლება დაუბრკოლებლად და დაუსჯელად დაანაწილოს სახელმწიფოს ტერიტორია და გადააკეთოს მისი საზღვრები. არავის - და მით უმეტეს მთავრობას - არა აქვს უფლება არ იმოქმედოს ამ საშიშროებასთან დაკავშირებით, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სიცოცხლის მოსპობა და ადამიანთა ბედის გადაკეთება.

რუსეთის საზოგადოებრიობისათვის სეპარატიზმი განყენებული ცნებაა, საქართველოსა და მისი მოქალაქეებისათვის - მომხდარი ფაქტი აქედან გამომდინარე ყველა შედეგით.

- მაგრამ პარადოქსულია ასეთი ლოიალობა ქვეყნის ხელისუფალთადმი, რომლებმაც საკმაოდ შეუწყეს ხელი საქართველოში გავრცელებულ აზრს აფხაზური სეპარატიზმის განუკითხაობისა, რომელსაც მხარი დაუჭირეს აგრეთვე ჩეჩენმა ბოევიკებმა და დუდაევის რეჟიმმა, გამსახურდია რომ შეიფარეს და გროზნო საქართველოს წინააღმდეგ პროვოკაციების ბუდედ აქციეს.

- სამწუხაროდ, რღვევის დროს უხვად ახასიათებს ასეთი პარადოქსები. მაგრამ მე შევეხე პრინციპს, რომელიც უნდა დავიცვათ ყოველთვის და ყველგან იმის მიუხედავად, ეს ეხება თქვენს ქვეყანას თუ სხვას. რაც შეეხება ომის მონაწილეებს, იმ მხარეზე ჩვენს წინააღმდეგ ომობდნენ არა მარტო ჩეჩენი და სხვა ჩრდილოკავკასიელი ბოევიკები, არამედ ბევრი იყო სხვა რუსი მოქალაქეც, რომლებიც დღეს მზად არიან ბრძოლაში ჩაებან თავიანთი გუშინდელი თანამებრძოლი ამხანაგების - აფხაზეთის ჩეჩენი „განმათავისუფლებლების“ წინააღმდეგ. მაგრამ მინდა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი, ახლა, როცა ქედის მეორე მხრიდან საქართველოს მოაწყდა ლტოლვილთა ნაკადი ჩეჩნეთიდან - ისინი შეიფარეს, გულში არ გაუვლიათ შურისგებისა და წყენის გრძნობები.

- და მაინც, რას ნიშნავს, როცა რუსეთის ტერიტორიული მთლიანობისა და სეპარატიზმის საფრთხის შესახებ ლაპარაკობენ ისინი, ვინც საქართველოს უარს ეუბნებოდა ამ პრობლემების არსებობაზე?

- არა, სიტყვით ამას არავინ ამბობდა. ბორის ნიკოლოზის ძე ელცინი მტკიცედ იცავდა ამ პრინციპს. მართალია, მის გარემოცვაშიც იყვნენ ადამიანები, რომლებიც აქეზებდნენ გუდაუთის სეპარატიზმს სიტყვითა და საქმით. უკვე კონფლიქტის წინა სტადიაზე იქ იგზავნებოდა რუსეთის სამთავრობო კრედიტები. ჩემი მონაცემებით, აფხაზეთის სეპარატიზმში დაბანდებული იყო ათობით მილიარდი რუბლი როგორც კერძო, და ცოდვა გატეხილი სჯობს, ისე სახელმწიფო „ინვესტიციები“. და ძლიერ პოლიტიკურ მხარდაჭერასთან ერთად - გაიხსენეთ თუნდაც 1993 წლის სექტემბერში რუსეთის ფედერაციის უზენაესი საბჭოს მიერ დაკავებული პოზიცია - აფხაზეთი რუსეთიდან დღენიადაგ იღებდა სამხედრო-ტექნიკურ მხარდაჭერას.

ყოველივე ეს, ჩემი აზრით, სხვა არა იყო რა, თუ არა სეპარატიზმის წაქეზება, რომელიც ადრე თუ გვიან რუსეთის პრობლემა გახდებოდა.

როცა კონფლიქტებს თქვენი ქვეყნის გარეთ აქტიურად იყენებენ როგორც სხვის ხარჯზე საკუთარი საქმეების მოგვარების შესაძლებლობას, ადრე თუ გვიან ამ ხარჯების გადახდა თქვენც მოგიწევთ, რაც მოხდა კიდეც რუსეთში. არადა, ძალიან ბევრი გაფრთხილება გამოითქვა, რუსეთის ხელმძღვანელებთან საუბრებში განუწყვეტლივ ვიმეორებდი: საქართველოს ნგრევა რუსეთის დეზინტეგრაციის პროლოგია-მეთქი.

- რატომ? ძალდატანება ხომ არ არის მტკიცებაში? ანდა ფერების გამუქება, როგორც ბირთვულ მუხტებთან სეპარატიზმის თქვენეულ შედარებაში?

- არა, სეპარატიზმი გადამდებია. თუ იგი წარმატებით მოიპოვებს ერთ ადგილს, ასე ვთქვათ, წარმატებული ნიმუში გახდება, ეს ჯაჭვური რეაქციის ხასიათს იძენს და თავის ამ თვისებაში იგი სავსებით ემსგავსება მასობრივი მოსპობის იარაღს. მას მწყობრიდან გამოჰყავს მთელი სახელმწიფოები, გიგანტური, რეგიონული და საერთაშორისო სისტემები. არა არის რა ქვეყნის დესტაბილიზაციის იმაზე კარგი საშუალება, ვიდრე იქ სეპარატიზმის მხარდაჭერაა.

ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ურღვევობის პრინციპებისადმი საყოველთაო ერთგულებამ დაიცვა მშვიდობა ომის შემდგომ ევროპაში და ეს თუნდაც ბიპოლარული „ცივი ომის“ პირობებში იყოს. ჩვეულებრივ ამ პრინციპებს უპირისპირებენ უმცირესობათა თვითგამორკვევისა და სამართლის უფლებას. მაგრამ გაბედულება ბევრს როდი ჰყოფნის თქვას, რომ უმცირესობათა თვითგამორკვევის უფლება აბსოლუტური არ არის და თანამედროვე საერთაშორისო-სამართლებრივ ინტერპრეტაციაში იგი განუყოფელია მოვალეობებისაგან არ იმოქმედო ისე, რომ რაიმე ზიანი მიაყენო სახელმწიფოს მთლიანობასა და მის საზღვრებს. როცა უმცირესობათა უფლებებს იცავენ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის თათბირის შესაბამისი დოკუმენტები სპეციალურად გამოჰყოფენ ამ უფლებათა ზღვრებს: მათში „არ შეიძლება იყოს განმარტებული, რომ განხორციელდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიზნებისა და პრინციპების საწინააღმდეგო საქმიანობა და, კერძოდ, სახელმწიფო სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და პოლიტიკური „დამოუკიდებლობის საწინააღმდეგო მოქმედება“. ამიტომაც სულაც არ არის შემთხვევითი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ბუტროს ღალიმ თავის საპროგრამო მოხსენებაში „დღის წესრიგი მსოფლიოსათვის“ გააფრთხილა მსოფლიო გაერთიანება: „თუ თითოეული ეთნიკური, რელიგიური ან ენობრივი ჯგუფი წამოაყენებს საკუთარი სახელმწიფოებრიობის შექმნის პრეტენზიებს, ეს გამოიწვევს მსოფლიოს დაშლის დაუოკებელ პროცესს...“

- და მაინც დავუბრუნდეთ ჩვენს საქმეებს. ჩეჩნეთისა და მის გარშემო წარმოქმნილი მოვლენები გარკვეულწილად ჩრდილს აყენებენ კონფლიქტებს ეგრეთ წოდებულ რუსეთის „ახლო საზღვარგარეთში“, მათ შორის კონფლიქტებს საქართველოში. 1994 წლის 11 დეკემბერს ჩეჩნეთის ფარგლებში რუსეთის ჯარების შეყვანამ შეგვახსენა 1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთში ქართული საჯარისო ნაწილების შეყვანა.

- კატეგორიულად არ ვეთანხმები ასეთი კონტექსტით ტერმინს „ჯარების შეყვანა“. ნებისმიერ სახელმწიფოს, ნებისმიერ ხელისუფლებას უფლება აქვს მიიღოს ყოველგვარი საჭირო ზომები თავისი იურისდიქციის მოქმედების ფარგლებში წესრიგის დასაცავად. მაშინაც კი, და მით უმეტეს, თუ ვინმე მოისურვებს კიდეც იყოს დამოუკიდებელი ამ სახელმწიფოსგან. ერთადერთი სატრანსპორტო მაგისტრალის დასაცავად საკუთარი ტერიტორიის ფარგლებში ჯარების გადაადგილების შესახებ ჩვენი გადაწყვეტილება ნაკარნახევი იყო არა იმდენად უფლებით, რამდენადაც მოვალეობით. რაც უნდა არაპოპულარული იყოს რუსეთში ამგვარი თვალსაზრისი - ვიტყვი: ანალოგიური მოვალეობანი ეკისრებოდა რუსეთის ხელმძღვანელობას ჩეჩნეთთან დაკავშირებით. ისინი დიდი ხანია მომწიფდა, და, მხოლოდ სინანული უნდა გამოვთქვათ პოლიტიკური მეთოდებით „ჩეჩნეთის კვანძის“ გახსნასთან დაკავშირებით დაყოვნების შესახებ. მაგრამ, ნება მიბოძეთ, შეგახსენოთ, რომ ჩვენ დეკრეტი ტრანსპორტზე საგანგებო წესების შემოღების შესახებ, რომელმაც მოითხოვა ჯარების გადაადგილება, ვიწრო წრეში კი არ მივიღეთ, არამედ საქართველოს სახელმწიფო საბჭოს სხდომაზე: ეს არც დაგვიმალავს; მიღებული გადაწყვეტილება ვაცნობეთ ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფალთ და დავთქვით ერთად განგვეხორციელებინა ჩვენს მიერ შეთავაზებული გეგმა.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჯარების არავითარი მასირებული შეყვანა არ ყოფილა და არც შეიძლება ყოფილიყო. ათასშვიდას სამხედროსა და გასამხედროებულ მებრძოლს დაევალა შეექმნათ იქ სამი საგუშაგო დიდ მანძილზე რკინიგზის მონაკვეთზე ლესელიძიდან სამტრედიამდე და უზრუნველეყოთ შემადგენლობების თანხლება.

დავიმოწმებ დოკუმენტს, რომლის გამოქვეყნებაზე დღემდე თავს ვიკავებდი. ეს არის სახელმწიფოს საბჭოს პრეზიდიუმის სხდომაზე ჩემი გამოსვლის ჩანაწერი: „სტაბილურობის უზრუნველყოფა საჭიროა, მაგრამ იმ პირობით, რომ საჯარისო ქვეგანაყოფები იზოლირებული იქნებიან დასახლებული პუნქტებისაგან. ეს ძალები განკუთვნილია მხოლოდ შემადგენლობების, ხიდების, გადასასვლელებისა და ინფრასტრუქტურის დასაცავად. საჭირო არ არის რაიმე რეგიონების გამოყოფა. მხედველობაშია მთელი საქართველო. თუმცა, შეიძლება იყოს სირთულენი აფხაზეთის, ფოთისა და ზუგდიდის რაიონების ტერიტორიაზე. იარაღის გამოყენება შეიძლება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში, თუ დაცვას თავს დაესხმებიან. დასახულმა ზომებმა შეიძლება მოგვცეს სასურველი შედეგები. მთავარია თავიდან ავიცილოთ გაუთვალისწინებელი გართულებები...“ და მაინც „გართულებებმა“ არ დააყოვნეს. პირველსავე რაზმს ცეცხლი დაუშინეს. რა თქმა უნდა, ეს იყო პროვოკაციული გამოხდომა. ამას მოჰყვა პირველი მსხვერპლი, რასაც დეტონატორის მსგავსი მოქმედება მოჰყვა მასებში. მათი რეაქცია გამოიყენა მაშინდელმა თავდაცვის მინისტრმა. დაარღვია რა ბრძანება, მიიღო სოხუმში ჯარების შეყვანის შესახებ უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება, რომელიც არავის არ დაუმტკიცებია.

ექსტრემიზმი და სეპარატიზმი მილიტარისტულ ფაზაში შევიდა. კონფლიქტი, შემდეგ კი სამოქალაქო ომი მოედო რთულ რეგიონს, სადაც ერთმანეთს შეეტაკა ფუნდამენტური გეოპოლიტიკური ინტერესები, ტენდენციები, პრეტენზიები. მიიღო რა ინტერნაციონალიზებული ხასიათი, კონფლიქტი უწინარეს ყოვლისა გარეშე ძალების სასარგებლოდ წარიმართა, და აფხაზი ლიდერები სიტუაციას ხშირად ვერც ფლობდნენ. შეიძლებოდა თუ არა ეს დამთავრებულიყო ვინმეს გამარჯვებით? დღეს როგორც ქართველებისათვის, ისე აფხაზებისათვის ცხადია: ეს ომი მათი საერთო უბედურებაა.

- გამოსავალი სად არის? ეტყობა რუსეთის სამშვიდობო ოპერაცია აფხაზეთში ამოიწურა. და, ალბათ, მშვიდობისმყოფლობა ვერ იქნება იმ ქვეყნის „პროფესია“, რომელსაც არ შეუძლია უზრუნველყოს მშვიდობა საკუთარ ტერიტორიაზე. ნდობა დაკარგეს საერთაშორისო ორგანიზაციებმა. რესპუბლიკაშიც მტკიცდება რწმენა: ძალით წართმეული ძალითვე უნდა დაიბრუნო.

- დიახ, სამწუხაროდ, მართალი ბრძანდებით: აფხაზეთში მშვიდობის მხარდაჭერის ოპერაციამ ისეთი სახით, როგორითაც იგი დღემდე ხორციელდებოდა, ვერ გაამართლა. სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ რუსეთის ხელმძღვანელობას ისევე როგორც მსოფლიო გაერთიანებას, ჯერჯერობით არა აქვთ ეგრეთ წოდებული ახალი თაობის კონფლიქტების ზონებში ადექვატური მოქმედების მკაფიო კონცეფცია. ეს ვარაუდი, ვფიქრობ, ჭეშმარიტებას უახლოვდება, ვიდრე გამოითქმება რაღაც ეჭვები რუსეთის გარკვეული ნეოიმპერიული პრეტენზიების შესახებ. სხვა საქმეა მორიგებათა განხორციელების ფორმა, მეთოდები, ტაქტიკა. ისინი ისეთია, რომ ჩვენი თანამემამულეების ნაწილს უჩნდება სრული უნდობლობა მშვიდობიან გადაწყვეტილებათა, რუსეთის იმ უნარის მიმართ, რომ განახორციელებს მათ. მათი გაგება შეიძლება, მაგრამ ამის აყოლა უგუნურება იქნება. დიდი უმრავლესობა საქართველოში - პარლამენტშიც და მოსახლეობაშიც - გონივრული, აწონ-დაწონილი, ცივილიზებული მიდგომის მომხრეა. მხარს უჭერს კონფლიქტის გადაჭრის პოლიტიკურ მეთოდებს, მაგრამ, ვშიშობ, რომ სიტუაციამ ჩეჩნეთში შეიძლება გაართულოს მოწესრიგების პროცესი. ჩეჩნეთის ტრაგედია ხომ სათავეს აფხაზეთში იღებს. დუდაევმა ხელთ იგდო არა მარტო რუსული იარაღი და თავის სასარგებლოდ ნავთობის წარმოების შესაძლებლობა, არამედ მიიღო სოხუმში ზღვაზე გასასვლელი, რომლის მეშვეობით შეიძლება ყველაფრის შეტანა და გამოტანა. თუმცა საქართველოში დისკუსიის საგანი გახდა ის, რომ არ შესწევთ უნარი ან არ შეუძლიათ შეაჩერონ სეპარატიზმი, მაგრამ რუსეთში ეს არ მომხდარა. ახლა კი, ჩეჩნეთის ამბების შემდეგ, რასაც მწვავედ ეხმაურება თვით რუსეთის საზოგადოებრიობა, შეიძლება კითხვის ქვეშ დადგეს რუსეთის მორალურ-პოლიტიკური უფლება განახორციელოს საშუამავლო-სამშვიდობო ფუნქციები და ეს მეტად სავალალო იქნება არა მარტო რუსეთისათვის. თავის დროზე, რაკი დავრწმუნდით, რომ ვერც ერთი საერთაშორისო მისია საქართველოში თავს ვერ ართმევს თავის ამოცანებს, - იმიტომ რომ მთლიანად არც გაერთიანებული ერების ორგანიზაცია და არც ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის თათბირს არ ეყო ნებისყოფა და უნარი გაეთვალისწინებინათ მსოფლიოს სწრაფი ტრანსფორმაციის შედეგები და შეგუებოდნენ მას - მე დავეთანხმე რუსეთის სამშვიდობო მისიას აფხაზეთში.

- რომელიც, როგორც მოსკოვის ზოგიერთი მასობრივი ინფორმაციის საშუალება ამტკიცებს, იმისათვის იყო საჭირო, რომ აღკვეთილიყო აფხაზ ბოევიკთა შესვლა და იარაღის შეტანა ჩეჩნეთში.

- ვერ გეტყვით, იქნებ ვინმეს აზრით ეს ასეც იყოს. მე კი მგონია, რომ უშიშროება განუყოფელია, ისევე, როგორც ერთია სათანადო ცივილიზებული ქცევის წესები. აფხაზეთში მშვიდობიანი მოქალაქეების დარბევას, ეროვნული ნიშნით რომ ხორციელდებოდა, მათ დეპორტაციას, სამოქალაქო თვითმფრინავების მოსპობას სოხუმში თავის დროზე საზოგადოებრიობის პროტესტები არ მოჰყოლია. არც იმას მოჰყოლია სამართალდაცვითი გამოხმაურება, რომ ხდებოდა ქართველი მოსახლეობის სრული ეთნიკური წმენდა რუსეთის მოქალაქეთა ხელით. არადა საქმე ხომ ეხება ხუთი ათას დახოცილ მშვიდობიან მოქალაქეს, ორმოცი ათას დახეიბრებულს, სამასი ათას კაცს, რომლებიც განდევნილნი არიან საკუთარ ქვეყანაში. ეს დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ დაფიქსირებულია ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ბუდაპეშტის უმაღლესი დონის თათბირის სპეციალურ რეზოლუციაში, რის შესახებაც, სხვათა შორის, რამდენადაც მე ვიცი, რუსეთის საზოგადოებრიობამ არაფერი იცის. ახლა პროტესტს რომ გამოთქვამენ ჩეჩნეთში ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევების გამო, კარგი იქნებოდა სამართალდამცველებს ცოტა ადრე გახსენებოდათ ამ უფლებათა უნივერსალურობა.

ამ კონტექსტით უსაფუძვლოა როცა იმოწმებენ „შეიარაღებულ ხალხსაც“ - არც ერთი ეროვნული სამართალი, მითუმეტეს საერთაშორისო, არ ცნობს და არ აღიარებს ამ ცნებას. „შეიარაღებული შეიძლება იყოს ხალხის ის ნაწილი, რომელსაც ეს კანონით ევალება. ყველა დანარჩენი მისი დამრღვევია. უფლების დაცვა შერჩევით არ შეიძლება, თორემ ახლანდელ შედეგს მივიღებთ: ბოროტება, რომელსაც ვერ ვამხელთ, დაუსჯელად მრავლდება.

- დაბოლოება რაღაც პესიმისტური გამოგვდის. ასეთივე ხომ არ არის პერსპექტივაც?

- იგი დამოკიდებულია ერთმანეთის გაგების, შემხვედრი ნაბიჯების გადადგმის უნარზე. ჯერ კიდევ როდის ითქვა, რომ სტაბილური დემოკრატიული განვითარება რუსეთის მოსაზღვრე დამოუკიდებელ სახელმწიფოებში მისთვის არის ხელსაყრელი. მაგრამ ზოგიერთი პოლიტიკური დაჯგუფება რუსეთის ფედერაციაში ძალიან შეეცადა, რათა შეეფერხებინა ეს პროცესი.

- ამტკიცებენ, რომ ჩეჩნეთისა და მის გარშემო წარმოქმნილი მოვლენები შეიძლება გავლენას მოახდენენ ინტეგრაციის პროცესზე დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ფარგლებში. ასეა ეს?

- ვნახოთ, რას გვიჩვენებს სახელმწიფოთა მეთაურების შეხვედრები ალმა-ათაში. პირადად ვიმედოვნებ, რომ ეს არ მოხდება, რომ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა სხვა ფუნქციებთან ერთად კოლექტიური უშიშროების უზრუნველყოფის ფუნქციასაც განახორციელებს.

ედუარდ შევარდნაძე: სეპარატიზმს ბირთვული იარაღივით შეუძლია მსოფლიოს დაშლა და მოსპობა / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] მოსეშვილი იური // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 7 თებერვალი. - 14(1030). - 1 გვ.

13 „რეფორმების წარმატებული და ინტენსიური განხორციელება მთელი სახელმწიფოს საზრუნავი, უმთავრესი სახელმწიფოებრივი პროგრამა უნდა გახდეს“

▲ზევით დაბრუნება


ედუარდ შევარდნაძის 6 თებერვლის რადიოინტერვიუ

- გასულ კვირას ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩის თედო ჯაფარიძის რწმუნებათა სიგელების გადაცემისას ამერიკის პრეზიდენტმა თქვა, რომ „შეერთებულ შტატები მხარს უჭერს წინსვლას, რომელსაც საქართველომ მიაღწია ეკონომიკური რეფორმების გზაზე. ეს პროცესი ძალზე მძიმეა, თუ გავითვალისწინებთ ომსა და იმ არეულობას, რომელიც გარდაუვალია ძველის დაშლისა და ახლის მშენებლობის დროს. ამის მიუხედავად, თქვენ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეთ.“ იმავე განვლილ კვირას მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე თქვენ წამოაყენეთ წინადადება მიმდინარე რეფორმების სახელმწიფოებრივი უზრუნველყოფის შესახებ. გუშინ თქვენ ეწვიეთ თბილისის სახელმწიფო რაიონულ ელექტროსადგურს. გასული კვირის ეკონომიკური ანალიზის დროს ეს, ალბათ, მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი მომენტებია, - ჟურნალისტ ნატო ონიანის ამ შეკითხვის პასუხად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ - სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა:

- რეფორმები, როგორც აღნიშნა ამერიკის შეერთებულ შტატების პრეზიდენტმა ჩვენს ელჩთან შეხვედრის დროს, ახლა მართლაც აქტიურ ფაზაში შევიდა. მაგრამ დღეს ყურადღებას მივაპყრობ ზოგიერთ ნეგატიურ მხარეს, რომელიც მიმდინარე სამეურნეო და საფინანსო წლის დაწყებას უკავშირდება.

1995 წლის პირველი თვის შედეგები, ჩამოყალიბებული ანტიკრიზისული პროგრამის თანამიმდევრულად განხორციელების საფუძველზე და მაკროეკონომიკურ გარემოსთან სულ უფრო ხელსაყრელი თანამშრომლობის შესაძლებლობათა გაფართოების ფონზე (უკრაინასთან, ბულგარეთთან თანასწორუფლებიანი სამეურნეო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების ხელმოწერის გათვალისწინებით) საკმაოდ რთული აღმოჩნდა ენერგეტიკული სიტუაციის გამწვავებისა და ახალ პირობებში წარმოქმნილ პოტენციურ შესაძლებლობათა არასრულად გამოყენების გამო; პოლიტიკურ ბატალიებში ჩამოყალიბებული სახელმწიფო ბიუჯეტი, რომლის რეალიზაციაზე გადამწყვეტწილად დამოკიდებულია ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების ბედ-იღბალი, მისი შესრულების პირველი შედეგები ცხადყოფს, რომ დღეისათვის საგადასახადო და საბიუჯეტო საქმიანობაში აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისათვის თვითდამშვიდებისა და შესვენების არავითარი საფუძველი არ არსებობს. საქართველოს რესპუბლიკის 1995 წლის ბიუჯეტის საერთო პარამეტრებიდან გამომდინარე, იანვარში ბიუჯეტის შემოსავალი 10 ტრილიონი კუპონით განისაზღვრებოდა. ეროვნული ბანკის ცნობით მიმდინარე წლის იანვარში საბიუჯეტო ანგარიშზე შემოსულია სულ 4,5 ტრილიონი კუპონი. აქედან პურისა და ფქვილის რეალიზაციის შედეგად ბიუჯეტში შევიდა 4,1 ტრილიონი კუპონი. იმავე პერიოდში ბანკის მონაცემებით, ბიუჯეტის გასავალმა 4,5 ტრილიონი კუპონი შეადგინა გეგმით გათვალისწინებული 10,5 ტრილიონი კუპონის ნაცვლად. ესე იგი, საშემოსავლო ნაწილის შეუსრულებლობამ განაპირობა მოსახლეობის სოციალური დაცვის, თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისა და სხვა საარსებო მნიშვნელობის ღონისძიებებისათვის ისედაც უაღრესად შეზღუდული დაფინანსების შეფერხება. ბიუჯეტის შემოსავლის ფორმირებაში წარმოქმნილი სიძნელეები, თავის მხრივ განპირობებულია გადამხდელთა მძიმე ფინანსური მდგომარეობით, საწარმოთა და ორგანიზაციათა ურთიერთდავალიანებით, საბანკო სისტემის გაუმართავი მუშაობით. ძალზე სერიოზულია დაბალი საგადასახადო დისციპლინის გავლენა. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ შესამჩნევია საგადასახადო ინსპექციისა და საბაჟო დეპარტამენტის მცდელობა ამ პრობლემის გადასაჭრელად. ასე მაგალითად, იანვარში საბაჟო ორგანოებში, ბათუმის საბაჟოს მონაცემების გარეშე (სხვათა შორის, რამდენადმე მაკვირვებს, რატომ არ არის მონაცემები ამ საბაჟოდან) უკვე ჩარიცხულია 172 მილიარდი კუპონი, 22 მილიონამდე რუსული რუბლი, 197 ათასი ამერიკული დოლარი, რაც რამდენჯერმე აღემატება შარშანდელ შესაბამის მაჩვენებლებს. ამასთანავე, საერთოდ, წლის დასაწყისში ტრადიციისამებრ აღინიშნება საგადასახადო შემოსავლის ამოღების კლების ტენდენცია. საბაჟო იმიტომ გამოვყავი, რომ ნათლად ჩანს: როცა სტრუქტურა ამოქმედდება და ხალხი დაიწყებს მუშაობას, შედეგიც არის. სამწუხაროდ, ეს მთლიანად ბიუჯეტს არ ეხება.

მომსახურე ბანკების უარყოფითი სადებეტო ნაშთის გამო ანგარიშზე სახსრების არსებობის მიუხედავად, ბიუჯეტის კუთვნილი სახსრები არ ჰქონდათ გადმორიცხული ქუთაისის, ბორჯომის, ზუგდიდის პურპროდუქტების კომბინატებს, მარნეულის პურპროდუქტების კომბინატს ერიცხება ბიუჯეტის დავალიანება 290 მილიარდი კუპონის ოდენობით. თანხების გადაურიცხაობის მთავარი მიზეზი ის არის, რომ ეს თანხები არ არის მიღებული ფქვილის მომხმარებელი ორგანიზაციებიდან. დიდი დავალიანება აქვთ მარნეულის პურის ქარხანას - 38 მილიარდი კუპონი, მარნეულის კოოპერაციული მრეწველობის კომბინატს - 31 მილიარდი, ბოლნისის პურის ქარხანას - 44 მილიარდი, დმანისის პურის ქარხანას - 20 მილიარდი, თეთრიწყაროს პურის ქარხანას - 29 მილიარდი, წალკისას - 29 მილიარდი, რუსთავისას - 97 მილიარდი, თბილსრესს - 49 მილიარდი კუპონი და სხვ. ეს რაიონები შემთხვევით არ დამისახელებია. მე მივმართავ ბატონ ლევან მამალაძეს - ქვემო ქართლის ზონის რწმუნებულს, სხვა რეგიონების რწმუნებულებს: მათ უნდა იცოდნენ, რომ ბიუჯეტი მათი უპირველესი საზრუნავია, რომ ისინი თავიანთ რეგიონებში სახელმწიფოს წარმომადგენლები არიან და სახელმწიფოს ინტერესებისათვის უნდა იბრძოდნენ.

კიდევ მძიმე ვითარებაა გაზის მოხმარების ანაზღაურების მხრივ. ბიუჯეტის წინაშე დიდი დავალიანება აქვს ზოგიერთ სხვა ორგანიზაციასაც, მაგალითად, ბათუმის პურპროდუქტების კომბინატს, რომლის ვალი ტრილიონ 43 მილიარდ კუპონს შეადგენს. ბიუჯეტში თანხები არ ირიცხება თანხების უქონლობის გამო. ახლა ეს საკითხები იმიტომ წამოვჭერი, რომ ისინი მინისტრთა კაბინეტის სპეციალური განხილვის საგანი უნდა გახდეს. მინისტრთა კაბინეტმა უნდა შეძლოს ყოველკვირეულად ადევნოს თვალი ამ პროცესებს. გვყავს მინისტრები, ვიცე-პრემიერები და დროა, სანამ გვიანი არ არის, მათ აგონ პასუხი შექმნილი მდგომარეობისათვის. წელიწადი ახლა დაიწყო და ვფიქრობ, პირველი მაგალითები დამაფიქრებელია.

„საქენერგოს“ ფინანსურ მდგომარეობას ამძიმებს რესპუბლიკის მეტწილ ბანკებში, უწინარესად აგრობანკისა და ინდუსტრიაბანკის სისტემაში შექმნილი კრიზისული ვითარება, როცა სადებეტო ნაშთების არსებობის გამო ელექტროენერგიის რეალიზაციით შემოსული თანხები თვეობით ვერ ირიცხება ანგარიშზე. ასეთი ფაქტები ხდება ზესტაფონში (ეს მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო ბატონ გორგოძეს), ქუთაისში (მივმართავ ბატონ თემურ შაშიაშვილს), მარნეულში (მივმართავ ახალ გამგებელს და ბატონ ლევან მამალაძეს), გორში, გურჯაანში, ახალციხეში, დედოფლისწყაროში. მოვუწოდებ ყველა მერსა და გამგებელს სასწრაფოდ განიხილონ ეს საკითხები. ვიმეორებ, რომ ამას შემთხვევით არ ვასახელებ. შედეგების შეჯამებისას, თუ ზომები არ იქნება მიღებული, მარტო სიტყვებით აღარ შემოვიფარგლებით.

ელექტროენერგიის ასეთი კრიზისის პირობებშიც კი გაცილებით მეტის გაკეთება შეიძლებოდა მსუბუქ მრეწველობაში. დარგის 78 საწარმოდან საერთოდ არ მუშაობდა 50 საწარმოზე მეტი, მათ შორის, გორის ბამბეულის სამკერვალო-საწარმოო გაერთიანება, თბილისის აბრეშუმის გაერთიანება, გაერთიანება „ისანი“ და სხვ. ხე-ტყის მრეწველობის 21 საწარმოდან დიდი შეფერხებით მუშაობს 10 საწარმო, მაშინ როცა, ასე თუ ისე, ხე-ტყის მრეწველობას აქვს ნედლეულის გარკვეული ბაზა. მრავალდარგოვანი მრეწველობის 72 საწარმოდან კი მუშაობდა მხოლოდ 10 საწარმო. კატეგორიულად მოვითხოვ მინისტრის ბატონ კერესელიძის კონკრეტულ მოქმედებას კონკრეტული შედეგებით და არა ზერელე მსჯელობას იმაზე, რომ მრეწველობა ამუშავდება და ასე შემდეგ... როგორც უნდა გვიჭირდეს გამოსავალი უნდა მოიძებნოს, სხვაგვარად ქვეყანას არ ეშველება.

საანალიზო კვირაში - 31 იანვარსა და 2 თებერვალს გაიმართა ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟის მორიგი ვაჭრობა. კომერციული ბანკების მოთხოვნა დოლარზე კვლავ სტაბილურია, რაც მოწმობს, რომ გასული წლის დეკემბერში სახელმწიფო საჭიროებისათვის ეროვნული ბანკიდან დაშვებული საკრედიტო ემისიის გარკვეული ნაწილი ჯერ ისევ მიმოქცევის არხებშია და არ მომხდარა მისი სრული კონვერტაცია უცხოურ ვალუტად. ამ კვირაში ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟის ბრუნვამ თითქმის მილიონი დოლარი შეადგინა. ხოლო ორი კვირის განმავლობაში ვალუტის გადასაცვლელ პუნქტებში კუპონის კურსის ცვლილება უცხოურ ვალუტათა მიმართ უმნიშვნელოა. თანდათანობით ხდება მისი მიახლოვება ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ ოფიციალურ კურსთან. შიდასავალუტო ბაზარზე არსებული კონიუნქტურის შემდგომი ნორმალიზებისა და სტიმულირების შენარჩუნების მიზნით ეროვნულმა ბანკმა უკანასკნელ ორ ვაჭრობაზე მიზანშეწონილად მიიჩნია კურსის წინა დონეზე დატოვება: ერთი ამერიკული დოლარი - 1.300 ათასი კუპონი. ამ კვირაში ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე ეროვნული ბანკის ჩაურევლად ხდებოდა რუსულ რუბლზე გარიგების დადება. გარიგების საერთო მოცულობამ 51 მილიონი რუსული რუბლი შეადგინა. 31 იანვრის ვაჭრობაზე ერთი რუსული რუბლის კურსმა 290 კუპონი, ხოლო 2 თებერვალს 289 კუპონი შეადგინა.

ამ პრობლემების კომპლექსიდან მინდა ერთხელ კიდევ გამოვყო ენერგეტიკა. გუშინ განვიხილეთ თბილსრესის რეკონსტრუქციის, მისი ამ წამყვანი ბლოკების აღდგენის საკითხი, რომლებიც მძიმე ავარიის შედეგად მწყობრიდან გამოვიდა და ეს ძალიან ძვირი დაუჯდა ქვეყანას. ჩვენი ქვეყნის უმთავრესი საზრუნავი ენერგეტიკა უნდა გახდეს და იგი პრაქტიკულად კიდევაც სწორედ ასეთი გახდა. თბილისის სახელმწიფო რაიონული ელექტროსადგური საბაზისო ენერგიის უმთავრესი ბაზაა. ძირითადი ბლოკების აღდგენა და სიმძლავრეების შექმნა რეალური ხდება. ამას ალბათ, რამდენიმე თვე დასჭირდება. ერთი ბლოკი შეიძლება წლის პირველ ნახევარში გადაეცეს საექსპლუატაციოდ, მე-10 ბლოკი კი - სექტემბრისათვის. გუშინ დავსახეთ ასეთი ამოცანა - ვიმუშაოთ ახალი, მე-11 ბლოკის მშენებლობის გასაგრძელებლად. ამ ბლოკის დაკომპლექტებისათვის შემოსულია მოწყობილობის დაახლოებით 60 პროცენტი. შესრულდა დიდი სამშენებლო სამუშაოები იმასთან დაკავშირებით, რომ მოსალოდნელია გამოჩნდეს საფინანსო საშუალებები, დღის წესრიგში მთელი სიმწვავით უნდა დავაყენოთ ახალი ბლოკის მშენებლობის საკითხი. ეს, ალბათ, წლეულს აღარ მოესწრება, მაგრამ მომავალი წლის დასაწყისისათვის შესაძლებელი იქნება მისი საექსპლუატაციოდ გადაცემა. აქ უმწვავესი საკითხი დაფინანსების წყაროებია, თვით მოწყობილობები და დანადგარები არსებობს იმ ორგანიზაციებსა და საწარმოებში, რომლებიც ადრე გვაწვდიდნენ მათ.

დაფინანსების წყაროებთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანია ევრობანკის ის კრედიტი, 118,1 მილიონი დოლარის ოდენობით, რომელიც უკვე ხელმოწერილი და გამოყოფილია. აქედან თბილსრესისათვის გათვალისწინებულია 6-7 მილიონი დოლარი, უწინარესად წყლის გასაწმენდად და სხვა სამუშაოთა შესასრულებლად.

გუშინ ჩვენმა ელჩმა გერმანიაში ბატონმა გაბაშვილმა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ ბატონმა ბაჩიაშვილმა გვაცნობეს, რომ გერმანიის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება სასწრაფო დახმარების სახით გამოგვიყოს 20 მილიონი მარკა გრძელვადიანი კრედიტი თბილისის სახელმწიფო რაიონული ელექტროსადგურის აღსადგენად და წესრიგში მოსაყვანად. ეს ჩვენი გერმანელი მეგობრების კიდევ ერთი დახმარებაა. გარდა ამისა, მათ სოფლის მეურნეობისათვის გამოგვიყვეს 30 მილიონი მარკა, რომელიც ჯერ არ განაწილებულა. ეს დახმარება, რომ იტყვიან შვებაა და ამოსუნთქვის საშუალებას მოგვცემს. ასე რომ, შეიძლება თბილისის ელექტროსადგურში მუშაობა ფართოდ გაიშალოს.

ამასთან მინდა შევეხო ძალიან მნიშვნელოვან ფაქტს. ისეთი გიგანტი სადაზღვევო კომპანია, როგორიც გერმანიის „ჰერმესია“, აქამდე პრაქტიკულად არ აძლევდა გერმანელ ბიზნესმენებს ინვესტირების საშუალებას საქართველოში კაპიტალის დასაბანდებლად იმ არასტაბილური მდგომარეობის გამო, რომელიც ჩვენი ქვეყნისათვის იყო დამახასიათებელი. გუშინწინ ბატონმა გაბაშვილმა მაცნობა „ჰერმესი“ თანახმაა დააზღვიოს, ესე იგი ინვესტირების საშუალება მისცეს გარკვეულ კონკრეტულ პროექტებს, რომლებიც გათვალისწინებული იქნება არა მთლიანად საქართველოს ეკონომიკისათვის, არამედ კონკრეტულად, ვთქვათ, ისეთი ობიექტებისათვის, როგორიც არის ხუდონჰესი ან სხვა რომელიმე პროექტი კვების მრეწველობაში, სოფლის მეურნეობაში და ა.შ. ეს ძალიან დიდი მნიშვნელობის გადაწყვეტილებაა, და თუ გავითვალისწინებთ, რომ გერმანელ ბიზნესმენებს საქართველოსადმი დიდი ინტერესი აქვთ, უნდა ვივარაუდოთ, რომ საქმე გვექნება ინვესტირების დიდ მოდინებასთან. დაზღვევა გადამწყვეტი რგოლია და არც ერთი ბიზნესმენი სადაზღვევო კომპანიის თანხმობისა და სანქციის გარეშე არ დაიწყებს დიდ საქმეს.

ენერგეტიკის განვითარების პროგრამის შედგენა მთავრდება. ასეთი პროგრამის შედგენა დავალებული აქვს ბატონ არველაძეს, მის დიდი პოტენციის მქონე ინსტიტუტს. სხვა შესაბამის სტრუქტურებთან ერთად ისინი ახლა ამთავრებენ ამ სამუშაოს. ვფიქრობ, უახლოეს ხანში გვექნება პროექტი, რომელსაც განიხილავს ხელისუფლება, პრაქტიკულად კი მთელი მოსახლეობაც.

ორიოდე სიტყვა რეფორმასთან დაკავშირებით. მზადდება ბრძანებულება რეფორმების სახელმწიფო უზრუნველყოფის შესახებ. აქ ყველაფერია მხედველობაში მიღებული: მინისტრთა კაბინეტის, პრემიერის, ვიცე-პრემიერების, მინისტრების, სამინისტროების, დეპარტამენტების როლი. მთელი სახელმწიფო სტრუქტურებისა და სახელმწიფო სისტემის მუშაობა იმის მიხედვით შეფასდება, თუ რა ტემპით მიმდინარეობს რეფორმები ამა თუ იმ უწყებაში. თუ სამინისტრო აქტიურად არ უჭერს მხარს რეფორმების განვითარებას, თავად არ არის მათი ორგანიზატორი და ინიციატორი - ასეთი სამინისტრო და მინისტრი საჭირო არ იქნება, ისევე, როგორც გამგებლები, მერები და სხვა. აქამდე ძირითადად ასე ფიქრობდნენ, რომ რეფორმები საქართველოში ორი-სამი კაცის საქმეა. რეფორმების წარმატებული და ინტენსიური განხორციელება მთელი სახელმწიფოს საზრუნავი, უმთავრესი სახელმწიფოებრივი პრობლემა უნდა გახდეს.

- ხვალ საქართველოს პარლამენტი განაგრძობს მუშაობას. პარლამენტს, ფაქტობრივად, ყველაზე პასუხსაგები ფრაზა უდგება - ეს არის წინასაარჩევნო პერიოდი. გასულმა სესიამ მხოლოდ 3 კანონი მიიღო, არადა მისაღები იყო - 43. სავარაუდოა, რომ სესიის ერთ-ერთი ცენტრალური საკითხი იქნება მინისტრთა კაბინეტის საკითხი, აგრეთვე 13 იანვრის აქცია. როგორ ფიქრობთ, ყოველივე ეს ძველი, ჩვეული კალაპოტით წავა თუ ხვალიდან დაიწყება სტრუქტურულ რეორგანიზაციაზე საფუძვლიანი მსჯელობა?

- თუ საპარლამენტო საქმიანობაში რადიკალური შემობრუნება არ მოხდა კანონშემოქმედებისაკენ, ჩვენ კრიზისს თავს ვერ დავაღწევთ. ახლა საკითხი ასე დგას. მე წარვუდგენ პარლამენტს საქართველოს დღევანდელი მდგომარეობის ჩემეულ ხედვას, წარვუდგენ იმ კანონების ნუსხას, ურომლისოდაც რეფორმები და გარდაქმნები ღრმა ჩიხში მოექცევა, მაშინ კი ჩვენ ყველამ პარლამენტთან ერთად უნდა ვაგოთ პასუხი. სხვათა შორის, დღევანდელ ეტაპზე კრიმინოგენული სიტუაციის გაჯანსაღებაც, როცა გარკვეულ ცვლილებებსა და გარდატეხასთან გვაქვს საქმე, მნიშვნელოვანწილად საკანონმდებლო ბაზასთან იქნება დაკავშირებული. ასე რომ, დარჩენილ დროში პარლამენტარები დარწმუნდებიან, თუ რა დიდი სამუშაოა შესასრულებელი. იქნებ პარლამენტს არც კი ეყოს დარჩენილი დრო. შემდეგ იქნება არჩევნები, ახალი პარლამენტი, რომელსაც დიდი დრო დასჭირდება, ვიდრე შეუდგება ახალი კანონების განხილვას და გამოვა ისე, რომ საქართველო ძალიან მძიმე ვითარებაში აღმოჩნდება.

რაც შეეხება სტრუქტურულ ცვლილებას, რომლის პროექტი მინისტრთა კაბინეტმა შემოიტანა, მე მათ ყურადღებით გავეცანი. სამწუხაროდ, მინისტრთა კაბინეტის მიერ ამ დოკუმენტის განხილვაში მონაწილეობა არ მიმიღია. ჩემი შთაბეჭდილება ასეთია: არა მგონია, რომ ამ პროექტმა რაიმე რეალური ზეგავლენა მოახდინოს ქვეყნის მდგომარეობაზე, რადგან ყველაფერი არითმეტიკულ ცვლილებებთან არის გაიგივებული, სტრუქტურათა რაოდენობასთან და არა თვისებრივ გარდაქმნებთან არის ძირითადად დაკავშირებული - თუ რამდენი ვიცე-პრემიერი გვეყოლება, რამდენი შტატი შემცირდება, რამდენი სამინისტრო გაერთიანდება და რამდენი ახალი წარმოიქმნება. ამ საკითხებზე ახლა მსჯელობენ კომისიებში. კიდევ უფრო მეტი დაფიქრებაა საჭირო, გაუაზრებლად ცვლილებებს აზრი არა აქვს. მე ცვლილებების მომხრე ვარ და ჩემს მოსაზრებებში, პარლამენტს რომ წარვუდგენ, იმის შესახებაც იქნება ლაპარაკი, თუ როგორ წარმომიდგენია მინისტრთა კაბინეტის თვისობრივი ცვლილებები.

რაც შეეხება 13 იანვრის მოვლენებს, პარლამენტარები მიიღებენ შესაბამის ინფორმაციას. მთავარი ის არის, რომ სამართალდამცველმა ორგანოებმა მათი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა აკეთონ თავიანთი საქმე. როცა ისინი კანონის ფარგლებში მოქმედებენ, არც პარლამენტი, არც ხელისუფლების რომელიმე სხვა შტო მათ საქმიანობაში, პრაქტიკულად, არ უნდა ერეოდეს.

- თქვენ უკვე გამოთქვით დამოკიდებულება ნურსულთან ნაზარბაევის ინიციატივის მიმართ, რომლის წამოყენებას იგი ალმა-ათაში დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნების ლიდერთა შეხვედრაზე აპირებს. ხომ არ ელით რაიმე პოზიტიურ ცვლილებებს ამასთან დაკავშირებით აფხაზებთან მიმართებაში? ნაზარბაევის ინიციატივა ითვალისწინებს თანამეგობრობის ქვეყნებს შორის მშვიდობისა და თანხმობის განმამტკიცებელი დოკუმენტის ხელმოწერას. თქვენ ორი მომენტი გამოჰყავით - აგრესიული სეპარატიზმისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისადმი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნების ლიდერთა პრინციპული დამოკიდებულების საკითხი...

- ნაზარბაევის წინადადებაში ბევრი რამ არის საინტერესო, თუ ჩემს მიერ გაგზავნილი შესწორება აგრესიული სეპარატიზმის მიმართ თანამეგობრობის დამოკიდებულების შესახებ ვერ იქნება მიღებული, მაშინ ეს, ძირითადად, ზოგადი დეკლარაციების დონეზე დარჩება. ვფიქრობ, თანამეგობრობის ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობის ინტერესებს შეადგენს ის, რომ ვიყოთ მართლაც თანამოაზრენი, ერთიან პოზიციაზე ვიდგეთ აგრესიული სეპარატისტული მოძრაობის წინააღმდეგ. ეს მიმაჩნია ერთ-ერთ ყველაზე მწვავე საკითხად თანამეგობრობისათვის.

- ქალაქში კარგა ხანია ლაპარაკობენ იმის თაობაზე, რომ თბილისის მერი ნიკო ლეკიშვილი უცხოეთის ერთ-ერთ ქვეყანაში ინიშნება ელჩად. რამდენად სწორი და საფუძვლიანია ეს ხმები?

- ეს ჭორია. ხმამ ნიკო ლეკიშვილის უცხოეთის ერთ-ერთ ქვეყანაში ელჩად დანიშნვის შესახებ ჩემამდეც მოაღწია. არ ვიცი, სად წყდება ასეთი საკითხები. ჩვეულებრივი ჩვენებური ჭორია. უნდა გითხრათ, რომ ლაპარაკიც არ ყოფილა ამის თაობაზე. საერთოდ, ელჩობა კარგი საქმეა, მაგრამ ამ შემთხვევაში ხმებს არავითარი საფუძველი არ გააჩნია. ქალაქში ბევრი რამ იცვლება საბაზრო ეკონომიკასთან დაკავშირებით. არის ძვრები უკეთესობისაკენ, რა თქმა უნდა, ქალაქის მერის ინიციატივიან და გაბედულ საქმიანობასთან არის ყოველივე ეს დაკავშირებული. ასეთ დროს რაიმე ცვლილება ქალაქის მერთან დაკავშირებით გაუმართლებელი და დაუშვებელია. ამიტომ ეს საკითხი არც დამდგარა.

- გასულ კვირას თქვენ მარჯანიშვილელთა პრემიერას დაესწარით, მიუხედავად ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური პირობებისა, თეატრი მაინც აგრძელებს თავის საქმეს...

- კარგია, რომ ჩვენს ინტერვიუებში ამ თემას ვეხებით. მე დავესწარი სპექტაკლს „საპოვნელა“. ეს არის შესანიშნავი პიროვნების, მოქალაქისა და მოღვაწის რეზო კლდიაშვილის პირველი პიესა. მე მას ვიცნობ ახალგაზრდული კლუბის პრეზიდენტად ყოფნის დროიდან, მაგრამ თუ იგი ეძებდა თავის ადგილს დრამატურგიაში, არ ვიცოდი. ძალიან გავიხარე, რომ მისი პირველი ნაბიჯი დიდად წარმატებული გამოდგა, შთაბეჭდილება ისეთია, რომ თვით ჩვენი ცხოვრება იწყებს ასახვას მხატვრულ სფეროში. თეატრის სცენაზე ამ ასახვას ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს არის ორმოქმედებიანი, მე მას ასე დავარქმევდი, დრამა კომედიური ხერხებით, რეჟისორის მედეა კუჭუხიძისა და მსახიობთა ბრწყინვალე გააზრებითა და შესრულებით. თეატრი ღრმა მადლიერების გრძნობით დავტოვე, ასეთ პირობებში სპექტაკლის შექმნა მართლაც გმირობის ტოლფასია.

„რეფორმების წარმატებული და ინტენსიური განხორციელება მთელი სახელმწიფოს საზრუნავი, უმთავრესი სახელმწიფოებრივი პროგრამა უნდა გახდეს“ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 7 თებერვალი. - 14(1030). - 1,2 გვ.

14 რეფორმების, ახალი კონსტიტუციის, სახალხო რეფერენდუმის და დემოკრატიული არჩევნების წელი

▲ზევით დაბრუნება


ედუარდ შევერდნაძის ინფორმაცია რესპუბლიკის პარლამენტს

საქართველოს საშინაო და საერთაშორისო მდგომარეობის, კრიზისის დაძლევისა და რეფორმების პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ, 1995 წლის 7 თებერვალი

I. კრიზისი და რეფორმები. მთავარი სტრატეგიული მიზნები 2000 წლამდე

ჩვენ დღეს ღრმა კრიზისისა და კარდინალური რეფორმების ეპოქაში ვცხოვრობთ. ეს ორი ცნება: რეფორმა და კრიზისი განსაზღვრავს ჩვენს დღევანდელ ყოფიერებას, ცნობიერებასა და ფსიქოლოგიას. საქართველო განიცდის დეპრესიას, კრიზისს, მაგრამ მშენებლობის პროცესში მყოფი სახელმწიფო, მისი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება, მუნიციპალური მმართველობის ორგანოები აკონტროლებენ სიტუაციას და გარკვეულ წარმატებებსაც აღწევენ ეროვნული ხსნისა და რეფორმების პროგრამის განხორციელებაში.

რესპუბლიკა იმყოფება მეტად პასუხსაგებ, რთულ, წინააღმდეგობრივ, გარდამავალ ისტორიულ ეტაპზე.

პირველი. მიმდინარეობს საზოგადოების ძირფესვიანი რეფორმა.

ერთი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი წყობილება იცვლება სხვა წყობილებით, ტოტალიტარული სისტემა - დემოკრატიული წყობილებით, ვქმნით ახალ დემოკრატიულ ცივილიზებულ სამოქალაქო საზოგადოებას თავისი სტრუქტურებით. მთავრდება მუშაობა საქართველოს კონსტიტუციის პროექტზე, რომელიც საფუძველი გახდება ახალი, ერთიანი, ძლიერი და დემოკრატიული საზოგადოების და სახელმწიფოს მშენებლობისა.

მეორე. მიმდინარეობს სახელმწიფო სისტემის კარდინალური რეფორმა.

ისტორიული გამოცდილება გვიჩვენებს, რომ სამოქალაქო საზოგადოება შეუძლებელია სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნის გარეშე. ამიტომ ვაშენებთ საქართველოს ისტორიაში ფაქტობრივად პირველ სრულფასოვან დემოკრატიულ სამართლებრივ სახელმწიფოს.

მესამე. ხელისუფლების ერთ-ერთ უმთავრეს სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს რადიკალური ეკონომიკური რეფორმების განხორციელება, თანამედროვე, ცივილიზებული, სოციალურად ორიენტირებული საბაზრო ეკონომიკის შექმნა, საკუთრების მაღალეფექტიანი ფორმების განვითარება.

ეს სამი ძირითადი სტრატეგიული მიზანი ხორციელდებოდა 1994 წელს. ეს ძირითადი ტენდენციები კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს და განვითარდეს 1995 წელს და გასრულდეს 2000 წელს.

მიმდინარე წელს ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა, ისევე როგორც წინა წლებში და მომავალში, - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და შენარჩუნება, რესპუბლიკის სუვერენიტეტის, თავისუფლების, დამოუკიდებლობის დაცვა, დემოკრატიის განმტკიცება, დამოუკიდებელი საშინაო და საგარეო პოლიტიკის, დიდი რეფორმების განხორციელება.

ძირითადი სტრატეგიული მიზნების მისაღწევად მეტ-ნაკლები წარმატებით იბრძვიან პარლამენტი, მინისტრთა კაბინეტი, სახელმწიფოს მეთაური, ადგილობრივი, მუნიციპალური ორგანოები, ხელისუფლების მთელი სისტემა, ჯანსაღი პოლიტიკური ძალები, პრაქტიკულად საზოგადოების უდიდესი ნაწილი, მაგრამ კრიზისს თავი მაინც ვერ დავაღწიეთ.

დღეს ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო პასუხისმგებელია ხელისუფლების ყველა განშტოება, ყველა სტრუქტურა და ქვედანაყოფი - პირველ რიგში საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება, რეფორმების შტაბი, მერიები, გამგებლები, საკრებულოები, ყველა მინისტრი და პარლამენტარი.

ამთავითვე უნდა განვაცხადო: არც ხალხს, არც პირადად მე, როგორც ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტის თავმჯდომარეს, სახელმწიფოს მეთაურს, არც პარლამენტს და მინისტრთა კაბინეტს არ გვაკმაყოფილებს რეფორმების მიმდინარეობის მასშტაბები და ხარისხი, არც ანტიკრიზისული პროგრამის, მაკროეკონომიკური სტაბილიზაციისა და სისტემური ცვლილებების პროგრამის განხორციელების დინამიკა და შედეგები, არც მოსახლეობის სოციალური დაცვის სისტემა და დონე. 1995 წელს და მომდევნო პერიოდში მდგომარეობის მკვეთრად გაუმჯობესების მიზნით საჯაროდ, პარლამენტისა და ხალხის სამსჯავროზე გამოგვაქვს რეფორმებისა და ანტიკრიზისული პროგრამის განხორციელების სტრატეგია და ტაქტიკა.

ამით საფუძველი ეყრება ახალ დემოკრატიულ ტრადიციას: სახელმწიფოს მეთაურის ყოველწლიურ ანგარიშს, მოხსენებას, მიმართვას პარლამენტისა და ხალხისადმი.

II. საშინაო პოლიტიკის ძირითად პრობლემების შესახებ

1. ახალი კონსტიტუცია. (1921 წლის კონსტიტუციის ახალი რედაქცია).

ახალი კონსტიტუციური წყობილება.

ახალი დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფო.

დღეს მოქმედებენ სახელმწიფოებრივი სტრუქტურები: რომლებიც 1992 წლის 6 ნოემბრის „სახელმწიფო ხელისუფლების შესახებ“ კონსტიტუციური კანონის საფუძველზე შეიქმნა. გარდამავალ ეტაპზე მათ ძირითადად გაამართლეს თავისი დანიშნულება, თუმცა შესაძლებლობის მაქსიმუმი ვერ გააკეთეს.

კანონი ხელისუფლების შესახებ, რომელიც გამოხატავს 1921 წლის კონსტიტუციის სულისკვეთებას, დღესაც მოქმედებს, მაგრამ ცხოვრება თავისას მოითხოვს, დღის წესრიგში აყენებს ახალი კონსტიტუციის მიღების საკითხს. დროებითი კანონით წინსვლა შეუძლებელია.

მუშაობს საკონსტიტუციო კომისია, რომლის თავმჯდომარეობა რესპუბლიკის პარლამენტმა მე დამაკისრა. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ახალი კონსტიტუციის პროექტზე მუშაობა დასასრულს უახლოვდება. მალე, საკონსტიტუციო კომისიაში განხილვის შემდეგ, გამოქვეყნდება კონსტიტუციის პროექტი. კონსტიტუციას განიხილავს და დაამტკიცებს პარლამენტი. ეს იქნება ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა.

ახალი კონსტიტუცია მყარ საძირკველს ჩაუყრის დემოკრატიულ სამართლებრივ სახელმწიფოს აღმშენებლობას.

მე უახლოეს მომავალში ცალკე მექნება ამ საკითხზე საკმაოდ ვრცელი მოხსენება. ამიტომ დღეს ახალი კონსტიტუციის პრობლემებზე სატყვას არ გავაგრძელებ, გამოვთქვამ მხოლოდ რამდენიმე მოსაზრებას. პირველი. კონსტიტუციაში გათვალისწინებული იქნება, ერთი მხრივ, ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი, სამართლებრივი განვითარების როგორც ისტორიული, ასევე თანამედროვე თავისებურებები, - მეორე მხრივ, მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების მსოფლიო კონსტიტუციონალიზმის გამოცდილება, საერთაშორისო ექსპერტებისა და ორგანიზაციების რეკომენდაციები.

ქართული კონსტიტუციური დოქტრინის ერთ-ერთი მთავარი ამოსავალი დებულება ის არის, რომ დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფოს, ცივილიზებული სამოქალაქო საზოგადოების, სოციალურად ორიენტირებული საბაზრო ეკონომიკის ფორმირება შესაძლებელი იქნება მხოლოდ და მხოლოდ ძლიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში, ძლიერი საპრეზიდენტო და საპარლამენტო ხელისუფლების ფუნქციონირების პირობებში.

საქართველოს სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის მიზანი დემოკრატიული კონსტიტუციური სახელმწიფოა, სადაც ადამიანის საყოველთაო უფლებები და თავისუფლებები გარანტირებულია.

III. ცივილიზებული, ჰუმანური, სამოქალაქო საზოგადოება

1. პარლამენტისა და პრეზიდენტის მომავალი არჩევნები.

ახალი საარჩევნო კანონი.

ახალი ცენტრალური და ადგილობრივი საარჩევნო კომისიები.

მიმდინარე წელს ახალი კონსტიტუციის მიღებით რესპუბლიკა, როგორც აღვნიშნეთ, მყარ ისტორიულ საფუძველს ჩაუყრის საქართველოს ისტორიაში პირველი სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებას.

დემოკრატიული საქართველო აშენებს სამართლებრივ სახელმწიფოს, სადაც ერთი მხრივ კონსტიტუციურად გამიჯნულია საკანონმდებლო აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება, ხოლო მეორე მხრივ, დემოკრატიის პრინციპების თანახმად ერთმანეთისაგან ასევე გამიჯნული და დამოუკიდებელი არიან სამართლებრივი სახელმწიფო და ღია სამოქალაქო საზოგადოება.

ეს ყველაფერი ემსახურება ადამიანის ფუნდამენტური, საყოველთაოდ აღიარებული უფლებების და თავისუფლებების დაცვასა და რეალიზაციას.

კანონი „სახელმწიფო ხელისუფლების შესახებ“ განვლილი ორი წლის განმავლობაში იყო საზოგადოებისა და ხელისუფლების ნორმალური ურთიერთმიმართების ძირითადი მარეგულირებელი ფაქტორი.

შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე ეტაპზე ქვეყანა კონსტიტუციური წყობილების ფაქტობრივი და იურიდიული ფორმირების საწყის პერიოდშია.

ამ კონსტიტუციურ კანონს, როგორც ვთქვით, მიმდინარე წელს შეცვლის ახალი კონსტიტუცია, საპარლამენტო და საყოველთაო სახალხო განხილვის შედეგად. ახალი კონსტიტუციის საფუძველზე უნდა მოხდეს მიმდინარე წელს პრეზიდენტის, ორპალატიანი პარლამენტის, რეგიონული, ადგილობრივი მუნიციპალური ორგანოების არჩევნები, ახალი მინისტრთა კაბინეტის ფორმირება, კონსტიტუციური და უმაღლესი სასამართლოების ჩამოყალიბება, ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მოწყობა და სხვა უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო ღონისძიებების გატარება.

დღეს მოქმედ საარჩევნო კანონს ბევრი ხელაღებით აკრიტიკებს, თუმცა ავიწყდებათ რა პირობებში შეიქმნა იგი. იმისათვის, რომ წინა არჩევნებში ფართო პოლიტიკური სპექტრი გამოსულიყო პოლიტიკურ ასპარეზზე, არჩევნების დებულებაც და მისი მთელი სისტემაც ამ მიზანს დაექვემდებარა. ფაქტობრივად, პრივილიგირებული პირობები შეიქმნა მრავალი მცირერიცხოვანი და არც თუ ისე გავლენიანი პოლიტიკური პარტიისათვის. ეს აუცილებელი იყო დემოკრატიის განვითარების იმ ეტაპისათვის. ამჟამად კი პოლიტიკაში გამოიკვეთა პოლიტიკურ ძალთა გამსხვილება-გაერთიანების აშკარა ტენდენცია. დემოკრატია ახალ, უფრო მაღალ ეტაპზე ავიდა. ამიტომ, საარჩევნო კანონი შემდგომ დახვეწას საჭიროებს. ვფიქრობ, ახალი საარჩევნო კანონი უნდა მივიღოთ, ახალი ცენტრალური და ადგილობრივი საარჩევნო კომისიები უნდა შევქმნათ.

ეს აუცილებელია ახალი კონსტიტუციის მიღების შემდეგ.

1995 წელი ერთ-ერთი ყველაზე ისტორიული წელიწადი იქნება საქართველოს უახლეს ისტორიაში. ეს იქნება დიდი რეფორმების, კონსტიტუციის, სახალხო რეფერენდუმების, პარლამენტისა და პრეზიდენტის არჩევნების წელიწადი.

IV. საკანონმდებლო ხელისუფლების, პარლამენტის როლი რეფორმებისა და ანტიკრიზისული პროგრამის განხორციელებისათვის ბრძოლაში

დასასრულს უახლოვდება საპარლამენტო მუშაობის სამწლიანი ციკლი. ბუნებრივია, არის სურვილი გადავხედოთ განვლილ გზას, რა გაკეთდა, რა ვერ გაკეთდა, რა უნდა გავაკეთოთ. ჩვენი პარლამენტი, როგორი წინააღმდეგობრივიც არ უნდა იყოს საზოგადოების შეხედულება ამ ინსტიტუტზე, მაინც ჩვენი დიდი დემოკრატიული მონაპოვარია.

საპარლამენტო მუშაობის ძირითადი პრინციპი ანალიზი და კრიტიკაა. ჩვენც კრიტიკულად, ანალიტიკურად უნდა მივუდგეთ პარლამენტის საქმიანობის შეფასებას, მაგრამ არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ, მიუხედავად უმძიმესი კრიზისისა, კრიტიკულ ვითარებაშიც პარლამენტი მაინც სახელმწიფოებრივი ინტერესების სამაღლეზე იყო.

გასული წლის გაზაფხულსა და შემოდგომაზე ჩატარდა პარლამენტის 85 პლენარული სხდომა, მიღებულია 41 კანონი და 180 დადგენილება. ბევრია ეს თუ ცოტა? ცოტა, რადგანაც კანონთა ეს ბლოკი ვერ პასუხობს გარდამავალი პერიოდის, დიდი რეფორმების ყველა აუცილებელ მოთხოვნას, ვერ ავსებს „სამართლებრივ ვაკუუმს“, ვერ ქმნის სათანად სამართლებრივ ბაზას.

ჯერ კიდევ 1994 წლის მაისში პარლამენტისადმი მიმართვაში მივუთითე უახლოეს პერიოდში აუცილებლად განსახილველ კანონპროექტთა შესახებ. პარლამენტმა მიიღო შესაბამისი დადგენილება ამ საკითხზე.

იმ დოკუმენტში მოცემული იყო ახალი ეკონომიკური და სამართლებრივი ურთიერთობების ჩამოყალიბებისათვის აუცილებლად მისაღები 33 კანონპროექტის ნუსხა. სამწუხაროდ, ამ კანონპროექტებიდან დღეისათვის მიღებულია მხოლოდ ერთი - „კანონი მეწარმეობის შესახებ“.

უფრო მეტი, საშემოდგომო სესიის კალენდარული სამუშაო გეგმის შესაბამისად უნდა განხილულიყო 42 კანონპროექტი, რომელთაგანაც მიღებულია მხოლოდ 3 კანონი, გეგმის გარეშე კი - 18 კანონი.

მე პარლამენტისადმი ჩემს მიმართვაში ვამბობდი და ახლაც ვიმეორებ, დღეს ქვეყნის ცხოვრებაში ის პერიოდია, როცა ხელისუფლებამ, ურთულესი პოლიტიკური და სოციალური პრობლემების მოგვარებასთან ერთად, გადაუდებელი ზომები უნდა მიიღოს ახალი ეკონომიკური და სამართლებრივი ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად.

ამასთან, საგულისხმოა, რომ სამართალშემოქმედება აშკარად ჩამორჩება ცხოვრებას, ჩვენი საზოგადოების მოთხოვნებს. სამართლებრივი მოწესრიგების მიღმა დარჩენილია უმნიშვნელოვანესი ქონებრივი და არაქონებრივი, ორგანიზაციული, ხელისუფლებითი ურთიერთობები, რაც არსებით ბარიერს უქმნის ეკონომიკის რეფორმას, ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებისათვის ხელშემწყობი პირობების შექმნას.

პირველ რიგში ლაპარაკია ისეთ კანონებზე, რომელთა გარეშეც წარმოუდგენელია საბაზრო ეკონომიკაზე დაჩქარებული გადასვლის სრულყოფილი განხორციელება.

მთავრობამ პარლამენტში წარმოადგინა სამი სხვადასხვა ციკლის კანონპროექტები, რომელთა განხილვას პარლამენტმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოს. კანონპროექტთა პირველი ციკლი შეეხება უშუალოდ ეკონომიკურ ურთიერთობებს, ამავე ციკლს განეკუთვნება აგრარულ ურთიერთობათა მომწესრიგებელი სამართლებრივი აქტები, რომელთა მიღებას სასიცოცხლო ეკონომიკური და სოციალური მნიშვნელობა აქვს. ასეთია პირველ რიგში კანონი „მიწის საკუთრების შესახებ“ და სხვ.

მისაღებ კანონპროექტთა მეორე ციკლს განეკუთვნება ის კანონპროექტები, რომლებიც შეიცავენ მატერიალურ ურთიერთობებში სამეურნეო სუბიექტების უფლებების დაცვის საპროცესო სამართლებრივ გარანტიებს.

მისაღები აქტების მესამე ციკლს განეკუთვნება ის კანონები, რომლებმაც ქვეყნის მიერ არჩეული დემოკრატიული კურსის შესაბამისად უნდა მოაწესრიგონ ხელისუფლებითი ურთიერთობები. ეს არის „სახელმწიფო სამსახურის“, „სახელმწიფო საიდუმლოების“, პოლიტიკური პარტიების შესახებ“ და მრავალი სხვა კანონპროექტი.

პარლამენტმა თავისი უფლებამოსილების პერიოდში უნდა შეძლოს აგრეთვე კოდიფიცირებული სამართლებრივი აქტების - კოდექსების მიღება. მისაღებია სამოქალაქო სამართლის, სისხლის სამართლის, შრომის სამართლის, სისხლის და სამოქალაქო სამართლის საპროცესო, ადმინისტრაციული სამართლდარღვევათა კოდექსები.

ამ დიდი სამუშაოს გადაუდებელ შესრულებას ჩვენი ქვეყნისათვის ურთულეს პერიოდში ისტორიული მნიშვნელობა აქვს.

მზად ვარ აქტიურად ვითანამშრომლო ყველა კომისიასთან, ფრაქციასთან, ცალკეულ პარლამენტარებთან კანონშემოქმედებითი პროცესის დაჩქარების მიზნით.

საჭიროა პარლამენტმა უახლოეს პერიოდში მკვეთრად გარდაქმნას კანონშემოქმედებითი საქმიანობა.

გვაიმედებს პარლამენტის „საშემოდგომო სემესტრის“ შედეგები. ახალი რეგლამენტის მიღებამ გაცილებით ქმედითი გახადა საპარლამენტო საქმიანობა. მიღებულია კანონები „ეკონომიკური და სოციალური განვითარების ინდიკატორული დაგეგმვის საფუძვლების შესახებ“, „კავშირგაბმულობის შესახებ“, „მეწარმეობის შესახებ“, „მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების შესახებ“ და ა.შ. დამტკიცდა რესპუბლიკის მეოთხე კვარტალის ბიუჯეტი, შემდეგ კი 1995 წლის ბიუჯეტი.

თუმცა მაინც ვერ ამოივსო ის სამართლებრივი ვაკუუმი, რომელიც ხელს უშლის უცხოელ ინვესტორებს უფრო თამამად დააბანდონ კაპიტალი საქართველოს ეკონომიკაში და არ არის მიღებული სხვა მნიშვნელოვანი კანონები. მხედველობაში მაქვს პირველ რიგში კანონი „კორუფციასთან და ეკონომიკურ დამნაშავეობასთან ბრძოლის შესახებ“, „უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შექმნისა და მათში მონაწილეობისათვის პასუხისმგებლობის შესახებ“, „მონოპოლიური საქმიანობისა და კონკურენციის შესახებ“, „ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ“, „ნარკომანიასა და ნარკობიზნესის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ და სხვა.

დიდი რეფორმების სამართლებრივი ბაზით უზრუნველყოფის დარგში განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება ყველა საპარლამენტო კომისიას, მაგრამ პირველ რიგში იურიდიულ კომისიას, ეკონომიკურ საკითხთა კომისიას, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას, აგრარულ კომისიას, მრეწველობის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და კომუნალური მეურნეობის კომისიას და სხვა საპარლამენტო სტრუქტურებს.

უნდა სრულყოფილ იქნეს, ერთი მხრივ, საკანონმდებლო ხელისუფლებისა, პარლამენტისა და აღმასრულებელი ხელისუფლების - მინისტრთა კაბინეტის და, მეორე მხრივ, მუნიციპალური, ადგილობრივი, რეგიონული მართვის ორგანოების საქმიანობის ურთიერთკოორდინაციის სისტემა, სტილი, ფორმები და მეთოდები კრიზისის დაძლევისა და რეფორმების განხორციელების დარგში. საჭიროა პარლამენტის ხელისუფლებისა და მმართველობის ცენტრალურ და ადგილობრივ ორგანოთა რეფორმების კომისიამ უფრო ნაყოფიერად იმუშაოს ამ მიმართულებით.

პარლამენტის მუშაობის გაუმჯობესებაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება მისი აპარატისა და კვლევითი სამსახურების ქმედების ამაღლებას.

საქართველოს პარლამენტთან ორი სამეცნიერო სტრუქტურა არსებობს: საქართველოს პარლამენტის დემოკრატიული აღმშენებლობისა და პოლიტოლოგიის ინსტიტუტი და საპარლამენტო კვლევის ცენტრი. ინსტიტუტთან ფუნქციონირებს სპეციალური ქვედანაყოფი - პარლამენტოლოგიის ცენტრი, რომელიც მსოფლიო საპარლამენტო დემოკრატიის პრობლემების შესწავლით არის დაკავებული.

დასახელებები საკმაოდ შთამბეჭდავია, მაგრამ მათი საქმიანობის კონკრეტულ შედეგებზე მსჯელობა ძნელია, რადგანაც ამ წარმონაქმთა ცალკეული სტრუქტურები არა მარტო პერსონალური შემადგენლობით, არამედ შინაარსობრივადაც შორს ვერ გასცდნენ საბჭოური პერიოდის თეორიული თუ პრაქტიკული საქმიანობის ამოსავალ წერტილებს.

აუცილებლად მიგვაჩნია ამ ცენტრების მოდერნიზება, მათი მაღალი კვალიფიკაციის კადრებით დაკომპლექტება, ახალგაზრდა სპეციალისტების მოზიდვა.

მომავლისათვის, თუ კონსტიტუციურად გადაწყდება ჩვენში ბიპარლამენტარიზმის დამკვიდრება, შესაძლებელი იქნება ზემოაღნიშნული ორი სამეცნიერო ცენტრის ცალ-ცალკე პარლამენტის პალატებისათვის დაქვემდებარება.

უნდა გაუმჯობესდეს საპარლამენტთაშორისო კავშირურთიერთობები, პირველ რიგში დსთ-ს ქვეყნების, ასევე ევროპისა და ამერიკის, შავი ზღვის აუზის სახელმწიფოების, მსოფლიოს პარლამენტარებთან.

საქართველოს პარლამენტი კონსტრუქციულ როლს ასრულებს რესპუბლიკის საშინაო და საგარეო პოლიტიკის შემუშავებაში, სამართლებრივი სახელმწიფოს, სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობაში, ფუნქციონირებს როგორც უზენაესი კანონშემოქმედებითი და საკონტროლო ორგანო.

1995 წელი, როგორც ვთქვი, ახალი პარლამენტის არჩევნების წელიწადია. ეს არჩევნები დიდი კონსტიტუციური და საპარლამენტო რეფორმების განხორციელებას ნიშნავს.

არჩევნებისათვის აქტიურად ემზადებიან პოლიტიკური ძალები, სხვადასხვა სახის მოძრაობები, პოლიტიკური ორგანიზაციები და გაერთიანებები.

ჩვენი უახლოესი ამოცანა, როგორც უკვე ითქვა, ქვეყნის განვითარების დღევანდელი ეტაპის ინტერესების ადექვატური საარჩევნო კანონისა და დებულების შემუშავებაა. კონსტიტუციის პროექტზე მუშაობის დამთავრების შემდეგ დაუყოვნებლივ უნდა შევუდგეთ ამ საქმიანობას.

V. აღმასრულებელი ხელისუფლების - მინისტრთა კაბინეტის როლი კრიზისის დაძლევასა და რეფორმების განხორციელებაში.

ცენტრალურმა აღმასრულებელმა ხელისუფლებამ, მინისტრთა კაბინეტმა სახელმწიფოს მეთაურის ბრძანებულებით შეიმუშავა კრიზისის დაძლევის, ეროვნული ხსნისა და რეფორმების, სტაბილიზაციისა და სისტემური ცვლილებების მაკროეკონომიკური პროგრამა. ბევრი რამ გაკეთდა მისი განხორციელებისათვის, მაგრამ მაინც პირდაპირ უნდა ითქვას, რომ, სამწუხაროდ, მინისტრთა კაბინეტის, სამინისტროებისა და უწყებების, ადგილობრივი, მუნიციპალური ხელისუფლების საქმიანობა, ისევე როგორც პარლამენტის საქმიანობა ამ პროგრამების შესრულებისათვის ჯერჯერობით არადამაკმაყოფილებელია.

საჭიროა ამ სფეროში, და არა მხოლოდ ამ სფეროში, მინისტრთა კაბინეტის და პარლამენტის საქმიანობის უკეთ კოორდინირება.

ანტიკრიზისული პროგრამის განხორციელებისათვის აუცილებელი კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების მომზადების გეგმა შესრულებული არ არის, მიუხედავად სახელმწიფოს მეთაურის ბრძანებულებისა და მინისტრთა კაბინეტის შესაბამისი დადგენილებისა. ამის შედეგად ფერხდება რეფორმები, დროზე არ ყალიბდება სათანადო სამართლებრივი ბაზა.

პარლამენტს დღესაც არა აქვს განხილული და მიღებული მინისტრთა კაბინეტის, იუსტიციის სამინისტროს მიერ 1994 წლის I კვარტალში წარდგენილი კანონპროექტები: „თამასუქის შესახებ“, „ჩეკის შესახებ“, „სავაჭრო პალატის შესახებ“, III კვარტალში წარდგენილი პროექტი: - „ნოტარიატის შესახებ“, IV კვარტალში წარდგენილი პროექტი: - „სახელმწიფო სამახურის შესახებ“, ეს ერთი მხრივ. მეორე მხრივ, თვითონ მინისტრთა კაბინეტი, იუსტიციის სამინისტრო ვალშია პარლამენტის წინაშე: სამთავრობო კომისიას და სამინისტროს არა აქვთ წარმოდგენილი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსის“ პროექტი, დროზე ვერ მოამზადა იუსტიციის სამინისტრომ პროექტი ბრძანებულებისა „სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ და სხვ.

იმავე დროს, უნდა აღინიშნოს, რომ პარლამენტისა და მინისტრთა კაბინეტის, კერძოდ იუსტიციის სამინისტროს ნაყოფიერი თანამშრომლობის ნიმუშია „კანონი მეწარმეთა შესახებ“, „კანონი იჯარის შესახებ“ და სხვ.

ეკონომიკის სამინისტრომ პარლამენტს წარუდგინა კანონპროექტები: „გირავნობის შესახებ“, „მომხმარებელთა დაცვის შესახებ“, „საინვესტიციო საქმიანობის შესახებ“, „კონცესიების შესახებ“, „სახელმწიფო ქონების მართვის უფლებამოსილების გამიჯვნის შესახებ“, მაგრამ პარლამენტს ისინი ჯერაც არა აქვს განხილული.

ამავე დროს ეკონომიკის სამინისტრომ დროზე ვერ წარმოადგინა პარლამენტში კანონპროექტები: „გაკოტრების შესახებ“, „თავისუფალი ეკონომიკური ზონის შესახებ“, „მონოპოლიური საქმიანობისა და კონკურენციის შესახებ“.

ფინანსთა სამინისტრომ დროულად არ დაამუშავა კანონპროექტები „სატრანზიტო გადასახადის შესახებ“, „სააუდიტო საქმიანობის შესახებ“, „ბირჟისა და საბირჟო საქმიანობის შესახებ“, „სავალუტო რეგულირებისა და სავალუტო კონტროლის შესახებ“, „კრედიტების შესახებ“, „სახელმწიფო სუბსიდიების შესახებ“, დროზე არ შემოიტანა პროექტი ცვლილებებისა და დამატებებისა კანონში „ფულად-საკრედიტო რეგულირების შესახებ“. ფინანსთა სამინისტრომ წარმოადგინა, მაგრამ პარლამენტს ჯერ არ მიუღია „კანონი ფასიანი ქაღალდების მიმოქცევისა და საფონდო ბირჟების შესახებ“.

ნაცვლად „კანონისა სახელმწიფო ბირჟის შესახებ“, მიღებულია სამთავრობო დადგენილება.

სოფლის მეურნეობის და კვების მრეწველობის სამინისტრომ, კერძოდ, მიწის რესურსებისა და მიწის კადასტრის დეპარტამენტმა მოამზადა კანონპროექტი „მიწათსარგებლობის საფასურის შესახებ“, მაგრამ პარლამენტმა ის დროზე ვერ განიხილა. კანონის მიღების ნაცვლად გამოიცა სახელმწიფოს მეთაურის ბრძანებულება. პარლამენტმა დააგვიანა მისი განხილვა. დრო კი არ ითმენდა, რეფორმები ფერხდებოდა, ამიტომ ოპერატიულად გამოიცა ბრძანებულება.

გარემოს დაცვის სამინისტრომ პარლამენტში შეიტანა კანონპროექტი „გარემოზე მავნე ზემოქმედების გადასახადის შესახებ“, პარლამენტს ეს კანონი არ მიუღია, სამაგიეროდ სამინისტროს კანონპროექტი „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის გადასახადის შესახებ“, ჯერ არც აქვთ წარდგენილი პარლამენტში, თუმცა ვადა გასული წლის I კვარტალში ამოიწურა.

შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ კანონპროექტი „სამუშაო დროის შესახებ“ შარშანწინ წარმოადგინა, ხოლო კანონპროექტი „საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ შარშან, მაგრამ პარლამენტს ისინი ჯერჯერობით არ მიუღია.

გეოლოგიისა და გეოდეზიის დეპარტამენტმა წელიწადზე მეტია, რაც წარმოადგინა კანონპროექტი „წიაღის შესახებ“. ის დღესაც არ არის მიღებული.

სტანდარტიზაციის, მეტეოროლოგიისა და სერთიფიკაციის დეპარტამენტმა დაამუშავა პროექტი ბრძანებულებისა „ხარისხის შესახებ“, მაგრამ ის დღემდე არ არის მიღებული. ნაცვლად „კანონისა სტანდარტიზაციისა და სერთიფიკაციის შესახებ“ მიღებულია ბრძანებულება.

საგადასახადო ინსპექციამ დააგვიანა „საწარმოთა სახელმწიფო რეგისტრაციისა და სამეწარმეო საქმიანობის რეგისტრაციისათვის გადასახადის შესახებ“, „საბაჟო გადასახადის შესახებ“, „ასიანი ქაღალდებით ოპერაციებზე გადასახადის შესახებ“ კანონპროექტების შემუშავება და პარლამენტში წარდგენა.

პარლამენტმა უნდა დააჩქაროს „საქპატენტის“ მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის „ინტელექტუალური საკუთრების შესახებ“ და დაზღვევის სახელმწიფო კონცერნის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის „დაზღვევის შესახებ“ კანონის მიღება.

პარლამენტს არ მიუღია ჯერაც ეროვნული ბანკის მიერ წარმოდგენილი ცვლილებები და დამატებები კანონში „ეროვნული ბანკის შესახებ“, ხოლო თვით ეროვნულ ბანკს არ წარმოუდგენია ცვლილებები და დამატებები კანონში „ბანკებისა და საბანკო საქმიანობის შესახებ“.

უზენაესმა საარბიტრაჟო სასამართლომ დროზე არ წარმოადგინა პარლამენტში კანონპროექტი „სამედიატორო სასამართლოების შესახებ“ და პროექტი დებულებისა „სამეურნეო დავათა განხილვის შესახებ“.

ბევრი სხვა მაგალითის მოყვანაც შეიძლება. ვფიქრობ, ნათქვამიც საკმარისია. გარდა ამისა მე მექნება ცალკე მოხსენება კანონშემოქმედებითი საქმიანობის შესახებ.

ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ არა გვაქვს სათანადო წესრიგი რეფორმების განხორციელების სახელმწიფოებრივი მექანიზმისა და სამართლებრივი ბაზის შექმნის დარგში.

ასეთი მდგომარეობა ძირითადად პარლამენტისა და მინისტრთა კაბინეტის, სამინისტროებისა და უწყებების საქმიანობის სუსტი კოორდინაციის შედეგია. ჩვენ დღეს ბევრს ვლაპარაკობთ კანონებსა და კანონპროექტებზე, მაგრამ ეს აქცენტი გასაგები უნდა იყოს, ამ კანონების გარეშე ვერც სამართლებრივ სახელმწიფოს ავაშენებთ და ვერც სამოქალაქო საზოგადოებას და საბაზრო ეკონომიკას.

მიღებული იქნა ახალი კანონი მინისტრთა კაბინეტის შესახებ, მოხდა მინისტრთა კაბინეტის არაერთგზის რეორგანიზაცია. მაგრამ, ვფიქრობთ, მაინც ვერ მოხერხდა მინისტრთა კაბინეტის ისეთი სტრუქტურის ჩამოყალიბება, რომელიც მაქსიმალური ეფექტიანობით განახორციელებდა ანტიკრიზისულ ღონისძიებებს და რეფორმების პროგრამას.

სტრუქტურული ცვლილებების შესახებ.

პარლამენტი, სახელმწიფოს მეთაური, ოპოზიცია, ხალხი ხშირად საყვედურობენ მინისტრთა კაბინეტს და არც თუ უსაფუძვლოდ, რომ მთავრობის დადგენილებები ოპერატიულად არ ხორციელდება, რაც, ერთი მხრივ, აფერხებს რეფორმებს, მეორე მხრივ, აძლიერებს კრიზისს და ქმნის სოციალური აფეთქების საშიშროებას. სამწუხაროდ, ეს ნაკლი არა მხოლოდ მინისტრთა კაბინეტს, სამინისტროებს, კომიტეტებს, დეპარტამენტებს, ინსპექციებს, კორპორაციებს, არამედ პარლამენტს, მერიებს, გამგებლებს, რეგიონული და ადგილობრივი მუნიციპალური მართვის სხვა ორგანოებს და სტრუქტურებსაც ახასიათებთ, რაც აუცილებლად უნდა დავძლიოთ მართვის თანამედროვე მეცნიერულად დასაბუთებული მეთოდების, მსოფლიო გამოცდილების გამოყენებით.

მინისტრთა კაბინეტის, სამინისტროებისა და უწყებების კადრებს ხშირად ბრალად უყენებენ დაბალ პროფესიონალიზმს, არაკომპეტენტურობას, სათანადო საქმიანი, მორალური და პოლიტიკური თვისებების უქონლობას, საბაზრო მენტალიტეტის დეფიციტს, სამართლებრივ ნიჰილიზმს, კორუმპირებას, მაფიოზურ სტრუქტურებთან კავშირს და ა.შ.

თითქმის ანალოგიურ ბრალდებებს უყენებენ რიგ პარლამენტარებს, ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს, მათ კადრებს და ა.შ.

ეს, რა თქმა უნდა, ეხება კადრების მხოლოდ გარკვეულ ნაწილს. მათგან ჩვენ უნდა განვთავისუფლდეთ, მაგრამ კადრების ძირითად ბირთვს თავისი საქმიანი, ინტელექტუალური, ზნეობრივი, ადამიანური თვისებების, პროფესიონალიზმის გათვალისწინებით, შეუძლიათ იმუშაონ ახალ პირობებში, შექმნან ხელსაყრელი პირობები ხელმძღვანელთა ახალი გენერაციის მომზადებისა და მათი პრაქტიკული გამოწრთობისათვის.

უმთავრესი საკითხი კადრების მუშაობაში მომთხოვნელობის ამაღლებაა, საშემსრულებლო დისციპლინის განმტკიცება და მათი მოქმედების სფეროში წესრიგის დამყარების უზრუნველყოფაა.

იმავე დროს კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ დემოკრატია ყოვლის მიმტევებლობას და უხერხემლო ლიბერალიზმს არ ნიშნავს, დემოკრატია კანონის დიქტატურაა, კანონის უზენაესობაა.

არსებობს მინისტრთა კაბინეტის, სამინისტროებისა და უწყებების პრობლემის გადაჭრის, მათი სრულყოფისა და რეორგანიზაციის სამი პროექტი. სამი შესაძლო ვარიანტი.

პირველი: მინისტრთა კაბინეტისა და უწყებების უცვლელი სახით დატოვება, მაგრამ არსებული სტრუქტურების საფუძველზე მათი საქმიანობის, კერძოდ რეფორმატული საქმიანობის ეფექტიანობის ძირფესვიანად გაუმჯობესება. მეორე: მინისტრთა კაბინეტის, სამინისტროებისა და უწყებების როგორც ორგანიზაციული სტრუქტურების, ასევე კადრების შემადგენლობის ნაწილობრივი, რაციონალური, ოპტიმალური ცვლილებები. მესამე: მინისტრთა კაბინეტის, სამინისტროებისა და უწყებების სტრუქტურისა და მათი კადრების ძირფესვიანი, კარდინალური შეცვლა, ეს გამოიწვევს ორგანიზაციულ ქაოსს, თანაც ეს მაშინ, როცა რეფორმები კრიზისმა ცაიტნოტში მოაქცია.

ამიტომ მე უპირატესობას ვანიჭებ მეორე, კომპრომისულ ვარიანტს.

პარლამენტს ვთავაზობ ნაწილობრივ, მაგრამ არსებით ცვლილებებს მინისტრთა კაბინეტისა და უწყებების სტრუქტურასა და მათი კადრების შემადგენლობაში. კერძოდ, პირველი: მინისტრთა კაბინეტის, სამინისტროების და უწყებების მუშაკთა საშტატო ერთეულების შემცირებას 1/3-ით და ხელფასების გადიდებას ეტაპობრივად. მეორე: სამინისტროების და უწყებების რიცხოვნობის რაციონალურ და ლოგიკურ, დასაბუთებულ შემცირებას (30-35%25-ით). მესამე: ვიცე-პრემიერთა რაოდენობის განსაზღვრას მინისტრთა კაბინეტის წინაშე მდგომი ამოცანების შესაბამისად და მათი მუშაობის ხარისხობრივ გარდაქმნას და გაუმჯობესებას. მეოთხე: მინისტრთა კაბინეტის აპარატის თვისობრივ გარდაქმნას ძირითადად დასავლური ტიპის მრჩეველთა ინსტიტუტად და მინისტრთა კაბინეტის, სამინისტროების და უწყებების მრჩევლების მოწვევას საკონტაქტო საფუძველზე საზღვარგარეთის ქვეყნებიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და სხვ.

საჭიროა მინისტრთა კაბინეტის აპარატის საქმიანობის ძირფესვიანი გაუმჯობესება. სიახლეები მის მუშაობაში იგრძნობა, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. დრო მოითხოვს მინისტრთა კაბინეტის სტრუქტურისა და ფუნქციების, მუშაობის ფორმების, მეთოდების, სტილის სრულყოფას, კადრების გადახალისებას, მაგრამ, ვიმეორებ, ეს ეხება მინისტრთა კაბინეტის ცალკეულ სტრუქტურებს და არა მთლიანად კაბინეტს. ჩემი აზრით, ახლა დესტრუქციული ნგრევის დრო არ არის. ვფიქრობ, მინისტრთა კაბინეტის სტრუქტურა და წამყვანი კადრები თანდათანობით უნდა შეიცვალოს. მხოლოდ ახალი პარლამენტი შექმნის ახალი ტიპის მინისტრთა კაბინეტს.

შეიძლება უპირატესობა მივანიჭოთ მინისტრთა კაბინეტის სტრუქტურის და პერსონალური შემადგენლობის იმ კურსს, რომელიც პრაქტიკულად უკვე ტარდება ცხოვრებაში. გადაწყვეტილებათა მიღება ამ საკითხებზე უნდა მოხდეს ჩვენი შესაბამისი მზადყოფნის პარალელურად.

VI. სახელმწიფოს მეთაური

მინდა ერთ საკითხზე გულახდილად მოგეთათბიროთ.

დღეს პარლამენტის თავმჯდომარე იმავე დროს სახელმწიფოს მეთაურია. ეს საქართველოს დემოკრატიული სახელმწიფოს აღმშენებლობის გარდამავალი, ექსტრემალური ეტაპის ისტორიული თავისებურებაა, დროებითი მოვლენაა.

ხალხს და პარლამენტს, პოლიტიკურ ძალებს მოეხსენებათ, რომ სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობა დაწესდა ხელისუფლების შესახებ კონსტიტუციური, ორგანული კანონის თანახმად. ის ფაქტი, რომ ხალხის მიერ პირდაპირ, უშუალოდ არჩეული პარლამენტის თავმჯდომარე იმავე დროს სახელმწიფოს მეთაურიც არის, როგორც ცნობილია, გამოწვეული იყო წინა არჩევნებისდროინდელი საგანგებო, ექსტრემალური, საომარი ვითარებით, გარდამავალი ეტაპის თავისებურებითა და სპეციფიკით, კრიზისით, დეპრესიით, ეთნოკონფლიქტებით, ხელისუფლების ვაკუუმით.

ის ფაქტი, რომ პარლამენტის თავმჯდომარე სახელმწიფოს მეთაურია, ხელს უწყობს მიმდინარე ეტაპზე აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებათა უკეთ კოორდინაციას, ხელისუფლების ლეგიტიმურ შესაძლებლობათა მაქსიმალურ კონცენტრაციას სასიცოცხლო მნიშვნელობის სტრატეგიულ მიმართულებებზე, კრიზისის დაძლევას, სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობას, საბაზრო ეკონომიკის ჩამოყალიბებას, მაკროეკონომიკურ სტაბილიზაციას, რეფორმების განხორციელებას. ამას არაფერი საერთო არა აქვს, როგორც ზოგიერთი ცდილობს დაამტკიცოს, ავტოკრატული რეჟიმის ჩამოყალიბებასთან. ასეთი აქციები არც სახელმწიფოს მეთაურის გადადგომას გამოიწვევს და არც ამ პოსტის გაუქმებას. ეს ერთი.

მეორე. ზოგიერთებს მიაჩნიათ, რომ რეფორმების განხორციელება შეუძლებელია დღეს დაუყოვნებლივ საპარლამენტო მმართველობაზე გადასვლის გარეშე და ამიტომ მოითხოვენ სახელმწიფოს მეთაურის ფუნქციების, უფლებამოსილებათა

გადანაწილებას, ძირითადად პარლამენტსა და მინისტრთა კაბინეტს შორის. ამის აუცილებლობას ისინი ვერაფრით ვერ ასაბუთებენ. განცხადება კეთდება დეკლარაციის დონეზე. ესეც მორიგი ქაოსისა და დეზორგანიზაციის გამოწვევის ცდა არის, ან შეცდომა და გაუგებრობაა.

მესამე. სახელმწიფოს მეთაურის ყოველდღიურ საქმიანობას, უფლებამოსილებას აწესრიგებს კონსტიტუციური კანონი და რესპუბლიკური კანონმდებლობა, პარლამენტი და ხალხი და ამდენად ის სავსებით დემოკრატიული და ლეგიტიმურია.

მეოთხე. ისიც ფაქტია, რომ ექსტრემალური სიტუაცია, საგანგებო მდგომარეობა, გარდამავალი პერიოდის სპეციფიკა სახელმწიფოს მეთაურს ხშირად აიძულებს პარლამენტისაგან მოითხოვოს მეტი რწმუნებანი და უფლებამოსილებანი, სამართლებრივი ვაკუუმის ოპერატიულად შესავსებად გამოსცეს ბრძანებულებები, დეკრეტები და სხვა აქტები, აქტიურად განახორციელოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ფუნქციები. ამას, სამწუხაროდ, დესტრუქციული ოპოზიცია ხშირად არასწორად აღიქვამს.

გამიგეთ ადამიანურად, მე პირადი ინტერესები და ამბიციები არ მალაპარაკებს, - ყოველივე ამას მე ვაკეთებ უდიდესი ნერვული, ფსიქოლოგიური დაძაბულობის ხარჯზე, ხოლო საქმისა და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, სრული კანონიერების, ლეგიტიმურობის დემოკრატიის პრინციპების დაცვით. დროა ერთხელ და სამუდამოდ გავაცნობიეროთ ეს მარტივი ჭეშმარიტება. თანაც, ისეთი მდგომარეობა, როგორც ვთქვით, დროებითი მოვლენაა.

მეხუთე. ახალი კონსტიტუცია გამიჯნავს პრეზიდენტის, პარლამენტისა და მინისტრთა კაბინეტის ფუნქციებს.

მომავალი, 1995 წლის არჩევნების შემდეგ ვითარება შეიცვლება. ახალი კონსტიტუციის პროექტი ითვალისწინებს რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტის შემოღებას და პარლამენტის თავმჯდომარის პოსტის გაუქმებას.

ამ გარდამავალ ეტაპზე პარლამენტის თავმჯდომარე, - მე ვიქნები ის, თუ სხვა, - სჯობს იმავე დროს სახელმწიფოს მეთაურის ფუნქციებსაც ასრულებდეს. ასეთი პრაქტიკა მოვლენებზე მოქნილი, დინამიური, ოპერატიული რეაგირების საშუალებას და, მაშასადამე, მეტ ეფექტსაც იძლევა. ეს ჩვენი ნაკლი კი არა, ჩვენი დემოკრატიული წყობილების გარდამავალი პერიოდის თავისებურება და სპეციფიკაა.

სახელმწიფოს მეთაურისათვის მინიჭებული უფლებები გამოყენებულ იქნა ახალი სამოქალაქო ომის გამჩაღებელთა წინააღმდეგ ბრძოლაში ქვეყანაში სტაბილურობის აღდგენისათვის, რიგი საგანგებო ეკონომიკური დეკრეტების გამოცემის მიზნით, რამაც გადამწყვეტი როლი შეასრულა ფართომასშტაბიანი ეკონომიკური რეფორმების დაწყებასა და განვითარებაში, ადგილობრივი მმართვის ორგანოების უფლებათა გაფართოებასთან დაკავშირებულ ღონისძიებებში, რიგი საკადრო საკითხების გადაწყვეტისას.

ამასთან არ შემიძლია არ ვთქვა, რომ თან მდევს საკუთარი მუშაობით, მისი შედეგებით მუდმივი დაუკმაყოფილებლობის გრძნობა. ეს ეხება ჩემი მოვალეობების შესრულებას როგორც პარლამენტის თავმჯდომარის, ასევე სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე. ერთადერთი, რაც მანუგეშებს, ის არის, რომ მიუხედავად ყველასათვის თვალსაჩინო სიძნელეებისა, სიდუხჭირისა, ქვეყანა მაინც მიდის სტაბილურობის, ეკონომიკის გამოცოცხლების, სახელმწიფოს აღმშენებლობის გზით.

VII. ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების საკითხები

პარლამენტის, მინისტრთა კაბინეტის, პირადად ჩემი, როგორც სახელმწიფოს მეთაურის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი გახლავთ საქართველოს სამხედრო პოტენციალის შექმნა, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლება, ეროვნული შეიარაღებული ძალების ფორმირება.

ბუნებრივია, მთავარსარდალს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია.

საქართველოს სახელმწიფოს დღეს გააჩნია თავისი სამხედრო დოქტრინა, თავდაცვის კონცეფცია.

თავდაცვის სამინისტრო, რომელსაც სათავეში ჩაუდგა გამოცდილი გენერალი ვარდიკო ნადიბაიძე, დღითიდღე განამტკიცებს თავის საბრძოლო მზადყოფნას, რეალურად დაიწყო შეიარაღებული ძალების მშენებლობა. სახეზეა პირველი მნიშვნელოვანი შედეგები.

ერთი მხრივ, საქართველოს არმია და ფლოტი სრულყოფენ თავის საქმიანობას დასავლეთის დემოკრატიულ სახელმწიფოთა გამოცდილების საფუძველზე, მეორე მხრივ, საქართველოს მჭიდრო, ნაყოფიერი, ეფექტიანი თანამშრომლობა აქვს დამყარებული, თანასწორუფლებიანი პარტნიორობის საფუძველზე, რუსეთისა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის შეიარაღებულ ძალებთან.

იმავე დროს, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ მეზობელი ქვეყნების - თურქეთის, ირანის, სომხეთის, აზერბაიჯანის, შავი ზღვის აუზის ქვეყნების შეიარაღებული ძალების თანამშრომლობასა და თანამეგობრობას.

თავდაცვის სამინისტროს უშუალოდ მონაწილეობა არ მიუღია კიტოვანის უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებების განიარაღებაში, რომელიც ოპერატიულად და სისხლისღვრის გარეშე განახორციელეს ძირითადად სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, შინაგანმა ჯარებმა, პოლიციამ, პროკურატურამ და სხვა სამართალდამცავმა ორგანოებმა, ახლად მომზადებულმა სპეცდანიშნულების რაზმებმა, მაგრამ ქვეყნის შეიარაღებული ძალები მზად იყვნენ კონსტიტუციის ფარგლებში ემოქმედათ, გარეშე ძალების ჩარევის შემთხვევაში სრული წესრიგის დასამყარებლად.

აქვე მინდა დავძინო, რომ კიტოვანის მორიგი ავანტიურის აღკვეთა, რომლის შედეგები დამანგრეველი იქნებოდა ახალფეხადგმული სახელმწიფოსათვის, მნიშვნელოვანი მოვლენაა ქვეყანაში წესრიგის განსამტკიცებლად მაფიოზური და კორუმპირებული რაზმების თარეშისათვის ბოლოს მოსაღებად.

ამ მოვლენებმა გვაჩვენეს, რომ ჯერ-ერთი, ამაღლდა ძალოვან სამინისტროთა კოორდინირებული მოქმედების კულტურა. მეორე, რომ დემოკრატიული საქართველოს სახელმწიფო უკვე საიმედოდ ჩამოყალიბდა და მის შეიარაღებულ ძალებს, სამართლისდამცავ ორგანოებს შეუძლიათ ერთობლივი მოქმედებით დემოკრატიის, თავისუფლების, ლეგიტიმური ხელისუფლების, კონსტიტუციური წყობის დაცვა ნებისმიერი შეიარაღებული საშინაო და საგარეო ბანდების, ყაჩაღების, სეპარატისტების და ავანტიურისტებისაგან.

დამთავრდა ის დრო, რომ საქართველოში დაუსჯელად პარპაშობდნენ შინა და გარეშე შეიარაღებული ბანდები. იწყება წესრიგისა და კანონის ეპოქა.

ჩვენ ომი არ გვინდა, მაგრა ომისათვის მუდამ მზად უნდა ვიყოთ, რადგანაც, გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, მეტად არასტაბილურ, საშიშ, ფეთქებად კავკასიის რეგიონში ვცხოვრობთ.

ამ ფაქტორმაც განაპირობა ამას წინათ მინისტრთა კაბინეტში მომხდარი ცვლილებები. კერძოდ, სპეციალური სტრუქტურის შექმნა არმიისა და ფლოტის მატერიალურ-ტექნიკური და სასურსათო უზრუნველყოფის დარგში.

ეროვნული არმია და ფლოტი, ძალოვანი სტრუქტურები უნდა გრძნობდნენ პარლამენტის, მინისტრთა კაბინეტის, სახელმწიფოს მეთაურის - უმაღლესი მთავარსარდლის, ადგილობრივი, მუნიციპალური ორგანოების ყოველდღიურ ზრუნვას.

მეტი ყურადღება სჭირდება არმიას, საზღვაო და საჰაერო ფლოტის პირად შემადგენლობას, რიგით მებრძოლებს, ოფიცრებს, გენერალიტეტს, ყველა ქვედანაყოფსა და სტრუქტურას, უკეთ ორგანიზება წვევამდელთა არმიასა და ფლოტში გაწვევას, კომისარიატების მუშაობას. ახლა საქართველოს შეიარაღებული ძალები ყოველდღიურად ახალ და ახალ საბრძოლო და მორალურ თვისებებს შეიძენენ. ამ საშვილიშვილო საქმეში ჩვენ ყველა ჩვენს მეგობარ ქვეყანასთან ვითანამშრომლებთ. ამასთან ერთი რამ ყველამ გავითვალისწინოთ - სრულფასოვანი არმიის შექმნა დღევანდელ ეტაპზე მხოლოდ რუსეთის სახელმწიფოს თანადგომით და მხარდაჭერით არის შესაძლებელი.

საჭიროა თანამედროვე სამხედრო კადრების მომზადება საზღვარგარეთის ქვეყნებში, ეროვნულ სამხედრო აკადემიაში, ამერიკაში, ევროპაში, დსთ-ს ქვეყნებში.

საქართველოს ახალ კონსტიტუციაში ღირსეული ადგილი უნდა დაეთმოს დემოკრატიული საქართველოს ეროვნულ არმიას, საზღვაო და საჰაერო ფლოტს, სასაზღვრო ჯარებს. კიდევ უფრო უნდა ვსრულყოთ სამხედრო დოქტრინა - მსოფლიოს მოწინავე დემოკრატიული და ცივილიზებული ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით.

VIII. აფხაზეთსა და შიდა ქართლში ეთნოპოლიტიკური კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების პროგრამა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვა. საქართველოს სახელმწიფოს იურისდიქციის აღდგენა დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე

საქართველოს პარლამენტი, მინისტრთა კაბინეტი, სახელმწიფოს მეთაური ახორციელებენ კონსენსუსის ეროვნულ და საერთაშორისო პროგრამას, რომლის მიზანია აფხაზეთსა და შიდა ქართლში ეთნოპოლიტიკური კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, დროებით ოკუპირებული ტერიტორიების შემოერთება, საქართველოს ხალხისათვის გენოციდისა და ეთნოწმენდის შედეგად მიყენებული ჭრილობების მოშუშება, ლტოლვილთა და იძულებით ადგილნაცვალ პირთა შინ ღირსეული და უსაფრთხო დაბრუნება, ქართველთა და აფხაზთა, ქართველთა და ოსთა, საქართველოში მცხოვრებ ხალხთა ტრადიციული, ისტორიული მეგობრობის აღდგენა.

როგორც ცნობილია, აფხაზმა სეპარატისტებმა და მათმა უცხოელმა მხარდამჭერებმა განდევნეს და მშობლიურ კერებს მოწყვიტეს აფხაზეთის მოსახლეობის დიდი უმრავლესობა. მთელი მოსახლეობა 550 ათასს შეადგენდა. დღეს ლტოლვილია 350-400 ათასზე მეტი ადამიანი.

განხორციელებულია და გრძელდება ქართველთა გენოციდი და აფხაზთა თვითგენოციდი.

უმძიმესი მდგომარეობა შეიქმნა შიდა ქართლში, ცხინვალის რეგიონში. ახლა მდგომარეობა უკეთესობისაკენ მიდის, მაგრამ დახოცილი და დასახიჩრებულია ათასობით ადამიანი. გადამწვარი, დანგრეული და გაძარცულია ქალაქები და სოფლები.

კონფლიქტის ზონებში ფეხქვეშ არის გათელილი მოქალაქეთა მსოფლიოში საყოველთაოდ აღიარებული უფლებები და ინტერესები, ცივილიზაციის ჰუმანური, საკაცობრიო იდეალების ელემენტარული მოთხოვნები.

აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით ნიუ-იორკში, გაეროსა და რუსეთის მონაწილეობით ჟენევაში, მოსკოვში, სოჭში წარმოებულ მოლაპარაკებათა პროცესში საქართველოს ხელისუფლების მიერ დაკავებულმა კონსტრუქციულმა პოზიციამ მნიშვნელოვნად განამტკიცა საქართველოს მშვიდობისმოყვარე, დემოკრატიის პრინციპების ერთგული სახელმწიფოს იმიჯი.

აღნიშნულ კონტექსტში უნდა იქნეს განხილული ბუდაპეშტში, ევროკავშირის უმაღლესი დონის შეხვედრის შემაჯამებელ დოკუმენტში საქართველოს მიმართ საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა. აფხაზეთისა და სამაჩაბლოს კონფლიქტების მოგვარების და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საქმისათვის საეტაპო მნიშვნელობა აქვს ევროკავშირის დოკუმენტის დებულებას აფხაზი სეპარატისტების მიერ განხორციელებული ეთნიკური წმენდის შესახებ.

გაერომ, უშიშროების საბჭომ, როგორც ცნობილია, საქართველოში ეთნოკონფლიქტების მოსაგვარებლად ათი დოკუმენტი მიიღო, მაგრამ ისინი თითქმის ყველა ქაღალდზე დარჩა. მოვლენებმა დაგვანახვეს, რომ აფხაზეთსა და შიდა ქართლის პრობლემების გადასაწყვეტად აუცილებელია საქართველოს რესპუბლიკის მჭიდრო სტრატეგიული კავშირი რუსეთის ფედერაციასთან, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ ქვეყნებთან, მათთან საქმიანი, მეგობრული ურთიერთობების აღდგენა და განმტკიცება.

ჩვენ საჭიროდ მიგვაჩნია განსაკუთრებული პასუხისმგებლობით და შორსმჭვრეტელობით მოვეკიდოთ საქართველოსა და ჩრდილო კავკასიის ხალხების ტრადიციული მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობების აღდგენასა და განვითარებას კეთილმეზობლობისა და სამართლიანობის საფუძველზე.

ახალი კონსტიტუციის პროექტში განსაკუთრებული ადგილი უნდა დაეთმოს აფხაზეთისა და შიდა ქართლის პრობლემების მოწესრიგებისათვის შესაბამისი სამართლებრივი ბაზის შექმნის საკითხებს.

ამ საკითხების მოგვარებისათვის უფრო მეტი ინიციატივა უნდა გამოიჩინოს ხელისუფლების ყველა სტრუქტურამ.

საჭიროა მეტი ზრუნვა საქართველოში მცხოვრებ ეროვნულ უმცირესობებზე - აფხაზებზე, ოსებზე, რუსებზე, უკრაინელებზე, სომხებზე, აზერბაიჯანელებზე, ებრაელებზე, ბერძნებზე, ქურთებზე, ასირიელებზე, ყველა ეროვნებისა და კონფესიის ადამიანებზე, მათ კულტურაზე. ეს პარლამენტის, მინისტრთა კაბინეტის, სახელმწიფოს მეთაურის, ადგილობრივი, მუნიციპალური ხელისუფლების ამოცანაა. აქ მთავარია არა დეკლარაციები და მოწოდებები, არამედ რეალური ზრუნვა სხვა ეროვნების მოქალაქეებზე. სათანადო კორექტივების შეტანა საკადრო პოლიტიკაში. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ადამიანისა და ეროვნულ უმცირესობათა უფლებები და სტატუსი სამართლებრივად უნდა განსაზღვროს ახალმა კონსტიტუციამ თანამედროვე მსოფლიო კონსტიტუციონალიზმის მიღწევების დონეზე. საქართველომ უნდა აჩვენოს ერთა შორის დამოკიდებულების მაღალი კულტურა.

IX. დემოკრატიული კანონის დიქტატურა ნორმალური კრიმინოგენური სიტუაციის მიღწევა. სამართლებრივი სახელმწიფოს მართლწესრიგი და დისციპლინა

ეთნოკონფლიქტების, საომარი მოქმედების, შიდააშლილობის და უმწვავესი ეკონომიკური კრიზისის პირობებში სისხლის სამართლის დანაშაულმა არნახულ მასშტაბებს მიაღწია. ქვეყანაში თითქმის უმართავი სიტუაცია შეიქმნა და მის სახელმწიფოებრიობას აშკარა საშიშროება დაემუქრა. საჭირო გახდა საგანგებო ზომების მიღება განსაკუთრებით იმ უფლებათა ფარგლებში, რაც სახელმწიფოს მეთაურს მიენიჭა.

დასავლეთ საქართველოში საომარ მოქმედებათა დამთავრებისთანავე დაიწყო მოძრაობა წესრიგისა და სტაბილურობისათვის. სასურველისაგან ძალიან შორს ვართ, მაგრამ პირველი ნაბიჯები საგრძნობია და შედეგიანი.

გამოიცა სახელმწიფოს მეთაურის სპეციალური ყოვლისმომცველი ბრძანებულება. დაისახა და განხორციელდა მთელი რიგი ღონისძიებები, რომლებიც მიზნად ისახავს ქვეყანაში წესრიგისა და კანონიერების აღდგენას, დამნაშავეობის წინააღმდეგ უკომპრომისო და შეურიგებელ ბრძოლას.

1994 წლის განმავლობაში საერთო დანაშაულმა წინა წლებთან შედარებით იკლო - 16 პროცენტით, მძიმე დანაშაულმა - 20 პროცენტით, იკლო ყველა სხვა სახის დანაშაულმა.

1994 წელს დაკავებულია ბოროტმოქმედთა 1200-ზე მეტი ჯგუფი, 3500-მდე დამნაშავე, გახსნილია წინა წლების 700-ზე მეტი დანაშაული.

ამოღებული იქნა მოსახლეობიდან 2000-ზე მეტი ცეცხლსასროლი იარაღი. მათ შორის ავტომატები, პისტოლეტები, შაშხანები, ტყვიამფრქვევები, ყუმბარმტყორცნები, ხელყუმბარები, ფეთქებადი მოწყობილობები, მძიმე ტექნიკა და მრავალი სხვა საბრძოლო საშუალება.

ნარკოტიკების უკანონო შენახვის, გასაღებისა და გამოყენებისათვის აღძრულია 1000-ზე მეტი საქმე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ნარკომანიისა და ნარკობიზნესის წინააღმდეგ მებრძოლ ეროვნულ ბიუროსა და საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ მომზადებულია კანონპროექტი მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ. პარლამენტმა დროულად უნდა განიხილოს ეს საკითხი.

შინაგანი ჯარები (სარდალი გ. თორაძე) ახორციელებენ ნავთობმოპოვების ობიექტებისა და ნავთობსადენების დაცვას. მიღებული ზომების შედეგად საგარეჯოსა და გარდაბნის რაიონებში განადგურებულია 260-მდე ე.წ. ნაცთობსახდელი მოწყობილობა. ნავთობის მასობრივი ქურდობა აღკვეთილი იქნა და ნავთობის მოპოვება დღე-ღამეში რამდენჯერმე გაიზარდა.

1994 წელს გამოვლინდა 900-ზე მეტი დანაშაული ეკონომიკის სფეროში. დამნაშავეთაგან ამოღებულია 234 ათასზე მეტი დოლარი, 50 მილიონზე მეტი რუბლი, 28 ტრილიონამდე კუპონი და სხვა.

ეროვნული ბანკის მიერ გაცემული კრედიტების დიდი ნაწილი გამოყენებული იქნა არამიზნობრივად, მოხდა მათი კონვერტაცია და დამტკიცება, ხოლო გარკვეული პერიოდის შემდეგ ეს თანხები ინფლაციის ხარჯზე დაიფარა (ფაქტობრივად 50-100-ჯერ უფრო მცირე თანხებით), ამასთან აღნიშნული კრედიტების უდიდესი ნაწილი, რომლებიც საზღვარგარეთ იქნა გატანილი, საერთოდ არ დაბრუნებია რესპუბლიკას. ამ განსაკუთრებით საშიშ ეკონომიკურ დანაშაულობათა შესახებ რესპუბლიკის პროკურატურამ და სხვა სამართალდამცავმა ორგანოებმა ამომწურავი ინფორმაცია უნდა მიაწოდონ პარლამენტს, მოსახლეობას.

საქართველოში მასობრივი ხასიათი მიიღო შემოსავლებისა და მოგების დამალვის ფაქტებმა, როგორც სახელმწიფო ისე კერძო სექტორში, რის შედეგადაც დიდძალი თანხები არ შედის სახელმწიფო ბიუჯეტში.

ამ საშიშ ტენდენციებს ყურადღება უნდა მიაქციონ პარლამენტმა და მინისტრთა კაბინეტმა.

ომისა და შიდაარეულობების პროცესში დამნაშავეობამ მიიღო პროფესიონალური და ორგანიზებული ხასიათი, გამოირჩეოდა სისასტიკით. ძალადობა გახდა მომგებიანი ბიზნესი, წინასწარ ხდებოდა მსხვერპლის - მსხვილ მატერიალურ ფასეულობათა მფლობელების, ბანკირების, ვაჭრების, დიდი ბინათმფლობელების, დაპირისპირებული კომერციული სტრუქტურების ლიდერთა შერჩევა. საზოგადოებრივად სულ უფრო საშიშ ფორმებს იძენდა ძალადობრივი დანაშაულობები: აფეთქებები, ტერორისტული აქტები და სხვა. ხორციელდებოდა მკვლელობები „კომერციული დაკვეთით“, „ამ ტენდენციების“, ხალხისა და სახელმწიფოსათვის ამ საშიშ მოვლენათა წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო, მაგრამ გარდატეხა ჯერ კიდევ არ მომხდარა.

გასულ წელს რეგისტრირებულ დანაშაულთა საერთო რაოდენობიდან 5000-ზე მეტი (ანუ 34%25) გაუხსნელი დარჩა. აღმოფხვრილი არ არის დანაშაულის აღრიცხვიდან მიჩქმალვის ანტისახელმწიფოებრივი პრაქტიკა. ამ კუთხით განსაკუთრებით დაზიანებულია ქალაქები: თბილისი, რუსთავი, ხაშური, გარდაბანი, სხვა რაიონები.

საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლასთან დაკავშირებით თავი იჩინა და სისხლის სამართლის კანონმდებლობით დარეგულირებული არ არის ისეთი ქმედებები, როგორიც არის: საბანკო და საფინანსო დარღვევები, მაკლერული მაქინაციები, კაპიტალის „გადაქაჩვა“, ცრუმეწარმეობა და ცრუბანკროტობა, კრედიტების არამიზნობრივი გამოყენება სავალუტო შემოსავლის დამალვა, მსხვილი ბიზნესის ინტერესებით წარმოების ბლოკირება და სხვა, რესურსებისა და სხვა საშუალებათა „გადაქაჩვა“ ჩრდილოვან სტრუქტურებსა და უცხოეთში, ეკონომიკური კონტრაბანდა, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული კაპიტალის ლეგალიზაცია, ხელშეკრულებებით მიღებული თანხების მითვისება და ა.შ. ხშირად უკანონო გამდიდრებისაკენ მიმართულ კრიმინალურ ქმედებებს მეწარმეობრივი ინიციატივისა და კომერციული რისკის სახე ეძლევა.

მაფიათა დანაშაულებრივი საქმიანობა გასცდა საქართველოს საზღვრებს, მას უკვე ანგარიშს უწევენ ზოგიერთ ქვეყანაში.

მიმდინარეობს გამოძიება ექსპრეზიდენტის მომხრეთა მიერ ჩადენილი დანაშაულობებისა და აფხაზეთში ქართველთა მიმართ სეპარატისტების მიერ ჩადენილი გენოციდის ფაქტებზე, აფხაზეთში საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მარცხის გამომწვევი მიზეზების შესახებ, თბილისში მომხდარი ცნობილი ტერორისტული აქტების თაობაზე და სხვა. გია ჭანტურიას მკვლელობა საქართველოს მტრების მცდელობაა უკან დააბრუნონ ქვეყნის განვითარების ჩარხი. ისინი ამას ვერ შეძლებენ.

მიუხედავად მიღებული ზომებისა, კრიმინალური სიტუაციის სიმწვავეს ვერ პასუხობს სასამართლო ორგანოების მიერ გატარებული დასჯითი პრაქტიკა.

გაჩნდა მრავალი ახალი სახის დანაშაული, რომელთა აღკვეთა და დასჯა კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული.

განსაკუთრებული მნიშვნელობის პრობლემად რჩება კანონიერების განმტკიცება საგარეო ეკონომიკური ურთიერთობის სფეროში და ფულად საკრედიტო სისტემაში.

რესპუბლიკის საზღვრებს გარეთ შესაბამისი ანაზღაურების გარეშე გაედინება სტრატეგიული დანიშნულების რესურსები, რაც ხელს უწყობს ინფლაციის პროცესებს, მოსახლეობის უმრავლესობის გაღატაკებას და კრიმინოგენური სიტუაციის უკიდურესობამდე დაძაბვას.

მართლწესრიგისა და კანონიერების განმტკიცებას ქვეყანაში სერიოზულად აბრკოლებს სახელმწიფო დისციპლინის შესუსტება ყველა დონეზე, მმართველობითი აპარატების ხელმძღვანელთა უპასუხისმგებლობა და კანონების იგნორირება, სახელმწიფო მოხელეთა, საკანონმდებლო სტრუქტურების ცალკეულ წარმომადგენელთა უკანონო ბიზნესთან შეკავშირება და სხვა.

საგანგებო ღონისძიებები წესრიგის დასამყარებლად გაგრძელდება, ეს მოძრაობა მიიღებს შეუქცევად ხასიათს, რადგან წესრიგის დამყარება ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური კრიზისიდან გამოსვლის უცილობელი პირობაა.

X. სასამართლო ხელისუფლება

ამ მეტად რთულ ვითარებაში საჭიროა სასამართლო ხელისუფლების განმტკიცება.

სასამართლო ხელისუფლება, როგორც ხელისუფლების მესამე განშტოება, ჩამოყალიბდა და სრულყოფის პროცესშია.

სასამართლო ხელისუფლების ნორმალური ფუნქციონირებისათვის საჭიროა:

პირველი. სათანადო კონსტიტუციური ნორმები, პრინციპები და დებულებანი. მართალია ჯერ არ გვაქვს ახალი კონსტიტუცია, მაგრამ აღდგენილად არის გამოცხადებული საქართველოს 1921 წლის კონსტიტუცია და მოქმედებს კონსტიტუციური კანონი „სახელმწიფო ხელისუფლების შესახებ“, რომელიც ამკვიდრებს სასამართლოს დამოუკიდებელ ხელისუფლებას.

გარდა ამისა, კონსტიტუციის ახალი რედაქცია ითვალისწინებს სასამართლოს დამოუკიდებლობის ისეთ გარანტიებს, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება.

მეორე. ვერც მოქმედი კონსტიტუციური კანონი „სახელმწიფო ხელისუფლების შესახებ“ და ვერც მომავალი კონსტიტუცია ვერ ამოქმედდება სრული დატვირთვით, თუ არ შემუშავდა შესაბამისი კანონები, რომლებიც აზუსტებენ, აკონკრეტებენ და ავითარებენ კონსტიტუციურ დებულებებს.

ეს ეხება როგორც მთელი სახელმწიფო წყობილების, ისე ხელისუფლების სასიცოცხლო ინტერესებს.

გამოიცა სახელმწიფოს მეთაურის 1993 წლის 26 დეკემბრის განკარგულება (№ 216) სამართლებრივი რეფორმის სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ, რომლის ერთ-ერთი ძირითადი დანიშნულებაა იუსტიციის ორგანოებისა და მართლმსაჯულების თვისებრივად ახალი დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიბება. ეს სამუშაო ამჟამად გადამწყვეტ სტადიაში იმყოფება.

მესამე. სასამართლოს საქმიანობის გაუმჯობესებისა და მართლმსაჯულების უკეთ განხორციელებისათვის გამოიცა სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 12 ივლისის № 227 ბრძანებულება „დამნაშავეობასთან ბრძოლის გადაუდებელი ღონისძიებების შესახებ“; 1994 წლის 27 ივლისის № 147 განკარგულება „სამართლებრივი ორგანოებისა და სასამართლოების საქმიანობაში უკანონო ჩარევის ფაქტების აღკვეთის შესახებ“; 1994 წლის 15 დეკემბრის № 288 ბრძანებულება „საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს მუშაობის პირობების გაუმჯობესების ღონისძიებების შესახებ“. საჭიროა ამ დოკუმენტების ეფექტიანად განხორციელება.

მეოთხე. ცივილიზებული მართლმსაჯულების განხორციელებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს საკუთრივ უზენაესი სასამართლოს სახელმძღვანელო დადგენილებებს სისხლის თუ სამოქალაქო სასამართლოს ცალკეული კატეგორიის საქმეებზე.

მიმდინარეობს ისტორიული პროცესი ქართული ეროვნილი კანონმდებლობის შექმნისა.

უზენაესმა სასამართლომ 1994 წელს საბოლოო სახის კანონპროექტებთან ერთად შეიმუშავა და საკანონმდებლო ინიციატივის წესით პარლამენტს წარუდგინა სისხლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 17 შესწორება. საჭიროა ისინი პარლამენტმა გულდასმით განიხილოს.

დღეს მთავარი ამოცანაა ხელისუფლების სამივე განშტოების - პარლამენტის, მინისტრთა კაბინეტისა და უზენაესი სასამართლოს ურთიერთობის მსოფლიო დემოკრატიული ქვეყნების გამოცდილების დონეზე განხორციელება. ამის გარანტი იქნება ახალი კონსტიტუცია და მის საფუძველზე სასამართლო ხელისუფლების სისტემის რეფორმა.

XI. ადგილობრივი, რეგიონული, მუნიციპალური მმართველობის ორგანოების რეფორმა

აუცილებელია ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების რწმუნებათა არა მხოლოდ ურთიერთ გამიჯვნა, არამედ მათი მოქმედების კოორდინაცია ხალხის, დემოკრატიისა და სახელმწიფოს საკეთილდღეოდ.

საქართველოს რესპუბლიკის მმართველობის ადგილობრივი ორგანოების სისტემა საჭიროებს ძირეულ გარდაქმნებს. რეფორმების განხორციელება გულისხმობს მმართველობის ცენტრალიზებული სისტემიდან თვითმმართველობაზე გადასვლას. ამ მიზნით შემუშავებული იქნა სახელმწიფო მმართველობის ადგილობრივი ორგანოების სისტემის რეფორმების პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს რეფორმის განხორციელებას სამ ეტაპად:

პირველი ეტაპი წარმოადგენს ცენტრალიზებული სისტემიდან თვითმმართველობაზე გადასვლის გარდამავალ პერიოდს. მეორე ეტაპი გულისხმობს თვითმმართველობის დამკვიდრებას. ხოლო მესამე ეტაპი - რეფორმის განხორციელებას სახელმწიფოს ტერიტორიული მოწყობის საკითხში.

გარდამავალი პერიოდის საჭიროება განპირობებული იყო ადრე არსებული მმართველობის სტრუქტურების - პრეფექტურების დაშლით გამოწვეული ვაკუუმით. საჭირო იყო დაუყოვნებლივ შექმნილიყო მმართველობის ადგილობრივი ორგანოები, რომლებიც განახორციელებდნენ შესაბამისი ადმინისტრაციულ- ტერიტორიული ერთეულის მართვას.

რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქებში: თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ფოთში შემოღებულ იქნას მერიის ინსტიტუტი და თითოეული ქალაქისათვის ცალ-ცალკე, აგრეთვე რესპუბლიკის სოფლის, დაბის, ადგილობრივი დაქვემდებარების ქალაქებისა და რაიონებისათვის დამტკიცდა მმართველობის ადგილობრივი ორგანოების შესაბამისი დებულებები. განხორციელდა საკრებულოთა შემადგენლობის ნაწილობრივი გადახალისება. სამწუხაროდ, ბევრ რაიონში, შეუძლებელი გახდა საკრებულოთა ამოქმედება.

რეფორმის მეორე ეტაპი გულისხმობს თვითმმართველობის შემოღებას, ანუ მართვის ისეთ სისტემაზე გადასვლას, როცა მოსახლეობა თვითონ აირჩევს მისადმი ანგარიშვალდებულ ორგანოებს. რეფორმის პროგრამა ითვალისწინებს, რომ თვითმმართველობის ორგანოები (როგორც წარმომადგენლობითი, ისე აღმასრულებელი) უნდა იყვნენ კანონით განსაზღვრულ ფარგლებში სრულიად დამოუკიდებელნი და ჰქონდეთ უფლება თვითონ გადაწყვიტონ მათ კომპეტენციაში შემავალი ყველა საკითხი. თვითმმართველობის ორგანოების არჩევითობა და დამოუკიდებლობა არის ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობა მოსახლეობის ადგილობრივ ინტერესებსა და საერთო სახელმწიფო ინტერესებს შორის არსებული დაპირისპირების მოსახსნელად. ამ პრობლემის მოგვარების მეორე, ასევე აუცილებელ პირობას წარმოადგენს სახელმწიფოს სასიცოცხლო ინტერესების დასაცავი მექანიზმის შექმნა სამხარეო ადმინისტრაციათა მეშვეობით.

სამწუხაროდ რეფორმის ამ ეტაპზე გადასვლა დამუხრუჭდა, რადგან პარლამენტის მიერ არ იქნა მიღებული კანონი თვითმმართველობის შესახებ. კანონის მიუღებლობით შეფერხდა რეფორმის მიმდინარეობა. თვითმმართველობის გარეშე შეუძლებელია სრულად ამოქმედდეს სამხარეო ადმინისტრაციის ინსტიტუტი და მით უმეტეს, გადაწყდეს სახელმწიფო და მუნიციპალური საკუთრების გამიჯვნის საკითხი.

რაც შეეხება სამხარეო ადმინისტრაციის ინსტიტუტის შემოღების საკითხს, ამ მხრივ გარკვეული ნაბიჯები იქნა გადადგმული. შემუშავებულია და მოქმედებს მთელ რიგ მხარეთა სახელმწიფო რწმუნებულების დებულებები. ამ დებულებებით ყველა რეგიონში შეიქმნა და ფუნქციონირებს სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, რომელთა ძირითად ფუნქციას შეადგენს საერთო-სახელმწიფო ინტერესების დაცვა. ისიც მინდა დავძინო, რომ ეს წამოწყება, გარკვეული აზრით, ამ ფორმის მმართველობის აპრობირების სახით მიმდინარეობს.

რეფორმის მესამე ეტაპზე გათვალისწინებულია თვითმმართველობის სრულყოფილი სამხარეო ორგანოების შექმნა. რაიონული და საქალაქო მმართველობათა საკითხის გადაწყვეტა. ყველა ეს პრობლემა ურთულესია, ბევრი რამ, როგორც აღვნიშნე, კეთდება ექსპერიმენტის სახით, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას კი აუცილებლად დასჭირდება ფართო დისკუსიები და კონსულტაციები მოქალაქეთა, მეცნიერთა სხვადასხვა ჯგუფებთან.

მმართველობის სფეროში გასატარებელი რეფორმები ძირითადად ასახულია საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის პროექტში.

XII. ეკონომიკური რეფორმებისა და ანტიკრიზისული პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ

საქართველოში უკვე მეექვსე წელია გრძელდება ღრმა ეკონომიკური კრიზისი. 1993 წელს ქვეყნის მთლიანმა ეროვნულმა პროდუქტმა 1988 წლის მოცულობის ერთ მეოთხედზე ნაკლები შეადგინა, ხოლო შარშან უკეთეს შემთხვევაში - წინა წლის დონის 70 პროცენტი. ყველა ოპტიმალური შეფასებებით 1994 წელს მთლიანი ეროვნული პროდუქტი ერთ სულ მცხოვრებზე გაანგარიშებით დაახლოებით 400 აშშ დოლარს აღწევს, 1990 წლის 2200 დოლარის ნაცვლად გაეროს პრაქტიკაში მიღებული პარამეტრის - ადამიანური განვითარების ინდექსის (სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის, განათლების დონისა და მთლიანი ეროვნული პროდუქტების ინტეგრირებული მაჩვენებლის) მიხედვით საქართველოს 1990 წელს მსოფლიოში 49-ე ადგილი ეჭირა, ერთ მცხოვრებზე გაანგარიშებული მთლიანი ეროვნული პროდუქტით კი 72-ე. 1993 წელს შესაბამისი მაჩვენებლები წინასწარი შეფასებით 88-ე და 126-ე ადგილით განისაზღვრა. ეს ყველაფერი მოგვიტანა იმ მასობრივმა ნგრევამ, რომელსაც ადგილი ჰქონდა საქართველოში უკანასკნელ წლებში.

სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ასე მნიშვნელოვნად გაუარესება გამოწვეულია, უწინარეს ყოვლისა, წარმოების სწრაფი დაცემით, პირველ რიგში ენერგეტიკული და სანედლეულო კრიზისით. სსრ კავშირის დაშლის შემდეგ საწარმოო კავშირების მყისიერი გაწყვეტით. აგრეთვე, საქართველოსათვის თავსმოხვეული საომარი მოქმედებებით აფხაზეთსა და შიდა ქართლში, სამოქალაქო ომით, ცენტრალიზებულად მართული მეურნეობის საბაზრო რელსებზე გადასვლის ობიექტური თუ სუბიექტური სიძნელეებით, მთელი რიგი სხვა ფაქტორებით.

ცხადია, ქვეყანა შექმნილი ვითარებიდან გამოსავალს ეძებს. ამგვარი ძიების შედეგი იყო სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 7 თებერვლის № 34 ბრძანებულებით დამტკიცებული ანტიკრიზისული პროგრამა და 1994-1995 წლებისათვის ეკონომიკური და სოციალური განვითარების ძირითადი პარამეტრები. ამ დოკუმენტებმა სათავე დაუდეს ეკონომიკური რეფორმის რადიკალური ღონისძიებების თანამიმდევრულად განხორციელებას.

მდგომარეობა დღეს ძალიან ზოგადად და მოკლედ შეიძლება შემდეგნაირად დახასიათდეს: რესპუბლიკის სამინისტროებისა და უწყებების მიერ მომზადებული ინფორმაციისა და შეფასებების საფუძველზე შეიძლება დავასკვნათ, რომ მიუხედავად უმძიმესი ეკონომიკური კრიზისისა, 1994 წელს რიგ სფეროებში გაჩნდა მდგომარეობის ერთგვარი გამოსწორების, მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის დაწყების პირველი ნიშნები, წინაპირობები. ამის ერთ-ერთი მაჩვენებელია ის ფაქტი, რომ შარშან წლის განმავლობაში მთლიანობაში ნელა, მაგრამ თანდათან სუსტდებოდა წარმოების მოცულობის დაცემის ტენდენცია. კერძოდ, თუ 1994 წლის პირველ კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობამ წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლის მხოლოდ 39 პროცენტი შეადგინა. 9 თვის შედეგების მიხედვით - 53,5 პროცენტი. 1994 წელს რესპუბლიკაში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 1993 წლის დონის ორ მესამედზე მეტი გახდა. ეროვნული შემოსავალი თითქმის 70 პროცენტს გაუტოლდა. ეს არასაკმარისი, მაგრამ მდგომარეობის გარკვეული გაუმჯობესებაა.

ეკონომიკის სამინისტროს წინასწარი საპროგნოზო გაანგარიშების თანახმად უკეთესი პერსპექტივები იკვეთება 1995 წლისათვის. უზრუნველყოფილი იქნება შიდა პროდუქტის ზრდა - 15-18 პროცენტით. ჩემი შეფასებით, ეს შესაძლებლობის მინიმალური ვარიანტია.

ეროვნული პროდუქტის ზრდა მიღწეულია საქართველოს

რესპუბლიკის ანტიკრიზისული პროგრამის შესაბამისად, საფინანსო სისტემის გაჯანსაღების იმ ტენდენციის დონეზე, რომელიც დაისახა „მოსახლეობის სოციალური დაცვის გადაუდებელ ღონისძიებათა, ფასწარმოქმნისა და საფინანსო სისტემის ძირეული რეფორმის დაჩქარების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 29 აგვისტოს № 281 ბრძანებულების შესაბამისად.

უწინარეს ყოვლისა, დარეგულირებული იქნება ელექტროენერგიის, გაზის გადასახადი და ამ საფუძველზე კომუნალური და სატრანსპორტო ტარიფები. ამ გზით უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი დარგების ნორმალური და კონკურენტუნარიანი ფუნქციონირება სახელმწიფო ბიუჯეტიდან დოტაციის მიუღებლად და იმავდროულად გაძლიერდება ენერგორესურსების მომჭირნეობით ხარჯვა.

პარალელურად დაიწყო პურის სარეალიზაციო ფასების ეტაპობრივი მოწესრიგება, უახლოეს ხანში მათი მსოფლიო ბაზრის ფასების დონეზე ლიბერალიზაციის გათვალისწინებით ხელფასის შესაბამისი ზრდის პირობებში.

ენერგიასა და პურზე ფასთასხვაობის საკომპენსაციო თანხები ფასების მოწესრიგებამდე რესპუბლიკის ბიუჯეტის დეფიციტის ნახევარს შეადგენდა. ახლა უდეფიციტო ბიუჯეტზე ვლაპარაკობთ.

მთლიანი ეროვნული და შიდა პროდუქტის წარმოების დაცემის შეჩერების ტენდენციამ ფასების მოწესრიგების ღონისძიებებმა გარკვეული საფუძველი შექმნეს ანტიკრიზისული პროგრამით დასახული საბიუჯეტო პოლიტიკის გაჯანსაღებისათვის. კერძოდ, 1994 წლის IV კვარტლის ბიუჯეტი, რომელიც ეკონომიკური თვალსაზრისით ექსტრემალურ პირობებში ჩამოყალიბდა, ბოლო წლებში პირველად ითვალისწინებდა შემოსავლების და ხარჯების სრულ დაბალანსებას, ეს მაშინ, როცა 9 თვის ბიუჯეტში დეფიციტმა 30 პროცენტს გადააჭარბა. სრული დაბალანსება პრაქტიკულად მაინც ვერ მოხერხდა.

მიუხედავად ამისა, მთავარია ტენდენცია, რომ ბიუჯეტი დგება რეალური ეკონომიკური პროცესების გათვალისწინებით. კერძოდ, ეს პრინციპი განხორციელდა საქართველოს რესპუბლიკის 1995 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტშიც, რომელიც 1995 წელს დაამტკიცა პარლამენტმა, წლის ეკონომიკური პარამეტრების პროგნოზირების ძალზე დიდი სირთულის პირობებში გვესმის, რომ მიღებული ბიუჯეტი მძიმე ტვირთად აწვება ხალხს, მაგრამ ამ ეტაპზე უფრო სრულყოფილი ბიუჯეტის შედგენა შეუძლებელი იყო. ამიტომ იგი, ძირითადად, დამაკმაყოფილებლად უნდა ჩაითვალოს. კერძოდ, დადებით მომენტებად უნდა იყოს მიჩნეული შემოსავლებისა და ხარჯების დაბალანსება, საგადასახადო ბაზის გაფართოება (მიწის გადასახადის შემოღება და სხვა). აგრეთვე ადგილობრივ ბიუჯეტებთან ურთიერთობების საკანონმდებლო საფუძველზე დარეგულირება და ა.შ.

ასეთ პირობებში რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსავლები და ხარჯები 243,8 ტრილიონი კუპონით განისაზღვრა. საკუთარი შემოსავლები 112,5 ტრილიონი კუპონის, ანუ საშემოსავლო ნაწილის 46 პროცენტის დონეზეა, შარშანდელი ფაქტობრივი 40 პროცენტის ნაცვლად. ამასთან, ქვეყნის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ფინანსური რესურსების უკმარისობის პირობებში ბიუჯეტის შემოსავლების სერიოზულ წყაროდ საერთაშორისო საფინანსო-ეკონომიკური ორგანიზაციებისა და საზღვარგარეთის ქვეყნების მთავრობების მიერ გამოყოფილი დახმარებები, გრანტები და სახელმწიფო კრედიტები იქცა. 1995 წლის ბიუჯეტში ეს თანხა 131,3 ტრილიონ კუპონს, ანუ მთლიანი შემოსავლების მოცულობის 53,9 პროცენტს შეადგენს.

შემოსავლების ამგვარად ფორმირებამ განაპირობა რესპუბლიკის სამინისტროების, უწყებების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი საბიუჯეტო განცხადებებისა და მთელი რიგი ღონისძიებების განხორციელებისათვის საბიუჯეტო ასიგნებათა გამოყოფაზე მოთხოვნების მკვეთრი შეზღუდვა და მრავალ მათგანზე უარის თქმა, რადგან საერთაშორისო ორგანიზაციებისა და უცხოეთის ქვეყნების მთავრობების კრედიტების გამოყენება მხოლოდ მოსახლეობის სოციალური დაცვის ღონისძიებებზე შეიძლება. ბიუჯეტში მკვეთრად ლიმიტირებულია ხარჯების ისეთი სახეები, როგორიც არის: თავდაცვის, სამართალდამცავი ორგანოების, სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობითი ორგანოების შენახვისა და სახელმწიფო ვალის მომსახურების ხარჯები. კერძოდ, შეზღუდულია თავდაცვის ხარჯები, შემცირებულია სამართალდამცავი ორგანოების შენახვის ხარჯები - 13,6 პროცენტამდე, ხოლო სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ორგანოების შენახვის ხარჯები - 4,8 პროცენტამდე. ამასთან სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ორგანოების ხარჯები განსაზღვრულია მათი აპარატების რიცხოვნობის 30 პროცენტით შემცირების გათვალისწინებით და სხვ.

დამტკიცებულ ბიუჯეტში საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციების მიხედვით გათვალისწინებულია მოსახლეობის სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებებისათვის საჭირო ასიგნებების თანხა - 50,2 ტრილიონი კუპონი. ამ ღონისძიებების თანახმად განსაზღვრულია 1994 წლის 1 იანვრიდან და 1 ივლისიდან მინიმალური ხელფასის დონის გაზრდა და საბიუჯეტო სფეროს მუშაკთა თანამდებობრივი განაკვეთებისა და სარგოების, პენსიებისა და შემწეობების გადიდება, მაგრამ, თუ გულახდილნი ვიქნებით, ბიუჯეტში ვერ მოხერხდა ამ მინიმალურ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებაც კი, რაც საბიუჯეტო დაფინანსებას წაეყენება ქვეყნის ნორმალური სოციალურ-ეკონომიკური ფუნქციონირებისათვის. უწინარეს ყოვლისა კვლავ უაღრესად შეზღუდული რჩება საბიუჯეტო ორგანიზაციების მუშაკთა შრომის ანაზღაურება, აგრეთვე პენსიები და სხვა სოციალური გასაცემლები. რომ აღარაფერი ვთქვთ ხსენებულ დაწესებულებათა ჩამორჩენილი და გაცვეთილი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარებაზე. ბიუჯეტი ვერ წყვეტს სიღარიბის ზღვარს მიღმა დარჩენილი სოციალური ფენების, ლტოლვილების პრობლემებს. ჩვენი ეკონომიკა ამის შესაძლებლობას ვერ იძლევა.

უნდა ავამოქმედოთ ეროვნული ეკონომიკა და ფინანსები. მხოლოდ კრედიტებითა და ჰუმანიტარული დახმარებით შორს ვერ წავალთ.

ბიუჯეტის ბალანსის გაუმჯობესება მიღწეულ უნდა იქნეს ერთი მხრივ წარმოების მოცულობის გადიდებით, ხოლო, მეორე მხრივ საგადასახადო შემოსავლების უფრო სრული ამოღებით. ამ თვალსაზრისით რეზერვები უეჭველად არის და მათი ამოქმედება წლეულს რეფორმების გაგრძელების ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანად უნდა იქნეს მიჩნეული. კერძოდ, საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან და მსოფლიო ბანკიდან, ევროგაერთიანებიდან გამოყოფილი და მოსალოდნელი სესხების, სხვა საერთაშორისო დახმარებების უმთავრესი ეფექტი საერთო ფინანსური სტაბილიზაცია, რესურსული და ენერგეტიკული მწვავე დეფიციტის შერბილება, წარმოების გამოცოცხლება, ბიზნესის განვითარება უნდა იყოს. ეს კი, თავის მხრივ, დამატებით საგადასახადო წყაროებს წარმოშობს.

ცხადია აღნიშნული წყაროების ჩამოყალიბების მნიშვნელოვანი საფუძველი ეკონომიკის ცალკეულ დარგებში მიმდინარე შესაბამისი ცვლილებებია. ეს ყველაზე გამოკვეთილად სამრეწველო წარმოების მაგალითზე ჩანს. ამ დარგში მიღწეული ძალიან მოკრძალებული, მაგრამ მაინც დადებითი მომენტები, ცხადია, არ იძლევა თვითდამშვიდების საშუალებას. განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ შარშან მრეწველობის რიგ დარგებში კვლავ გრძელდებოდა 1988-1989 წლებში დაწყებული მდგომარეობის გაუარესების ტენდენცია. ამასთან, არც თუ ისე იშვიათად დაცემის ტემპი აღემატება 1993 წლისათვის დაფიქსირებულ ანალოგიურ მაჩვენებელს.

მიუხედავად ამისა, მრეწველობაში მიმდინარე პროცესები, განსაკუთრებით თბილისისა და ქუთაისის საწარმოებში დაწყებული გამოცოცხელბა, რაც ადგილობრივი მმართველობის ორგანოების, თბილისისა და ქუთაისის მერიების აქტიური დახმარების შედეგია, პირდაპირი კავშირების აღდგენა, ენერგეტიკული და სანედლეულო პრობლემის საკუთარი ძალებით მოგვარება, საწარმოთა აქციონირება და პრივატიზაციის დაჩქარება გარკვეულ საფუძველს იძლევა, რომ 1995 წელს ჯერ კიდევ შემორჩენილი საწარმოო პოტენციალი უფრო ეფექტიანად იქნეს გამოყენებული.

საერთო მდგომარეობისა და ეკონომიკის სტაბილურობის თვალსაზრისით, ბევრი რამ არის საყურადღებო აჭარაში.

ეკონომიკის სამინისტროს გაანგარიშებებითა და შეფასებებით რეფორმის განხორციელების, ფინანსური სტაბილიზაციისა და ინფლაციის შენელების პირობებში სავარაუდოა სამრეწველო პროდუქციის მოცულობის 1,5-ჯერ გადიდება.

კიდევ უფრო საიმედო ტენდენციები იკვეთება ეკონომიკის აგრარულ სექტორში, სადაც მატერიალური რესურსების უკიდურესად შეზღუდულობის და საკმაოდ გვალვიანი ამინდის მიუხედავად, შარშან, ჯერ კიდევ საბოლოოდ დასაზუსტებელი მონაცემებით წარმოებულია წინა წლებთან შედარებით 6 პროცენტით მეტი ყურძენი, 2,2-ჯერ მეტი ციტრუსი, 2,7 მეტი ხილი, 33 პროცენტით მეტი მზესუმზირა, 57 პროცენტით მეტი შაქრის ჭარხალი, 8 პროცენტით მეტი კარტოფილი და ა.შ.

წარმოების მთლიანი მოცულობა საბოლოო ანგარიშით არამცთუ აღარ დაცემულა, სავარაუდოა, რომ 2-4 პროცენტით გაიზარდა კიდეც, თუმცა, სამწუხაროდ, აღინიშნა მარცვლეულის და მეცხოველეობის პროდუქტის წარმოების შემცირება, ხოლო ჩაის კრეფა-დამზადება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზე - 60 ათას ტონაზე დაეშვა.

ეკონომიკის სამინისტროს შეფასებებით, 1995 წელს შარშანდელთან შედარებით, მოსალოდნელია სოფლის მეურნეობის პროდუქციის 6-7 პროცენტით გადიდება, აქედან მარცვლეულის წარმოება ნატურალურ გამოხატულებაში შეიძლება გაიზარდოს 1,3-ჯერ, მზესუმზირისა - თითქმის 2-ჯერ, შაქრის ჭარხლისა - 1,8-ჯერ, ყურძნისა - 1,6-ჯერ, ჩაის ფოთლის 2,5-ჯერ და ა.შ.

გაცილებით რთული მდგომარეობა ჩამოყალიბდა გადამამუშავებელი მრეწველობის საწარმოებში. ვერ დაიტვირთა ჩაის, საკონსერვო, ღვინის პირველადი გადამუშავების ბევრი საწარმო, რომ აღარაფერი ითქვას ხორცისა და რძის წარმოების სიმძლავრეებზე. გართულდა მზა პროდუქციის რეალიზაცია, მათ შორის ნატურალური ჩაისა და ღვინისა. მაგრამ ენერგეტიკული, სატრანსპორტო და საკრედიტო პრობლემების მეტ-ნაკლებად დარეგულირების შემთხვევაში, ეკონომიკის სამინისტროს გაანგარიშებით, 1995 წელს კვების მრეწველობის პროდუქციის პოტენციური ზრდა მოსალოდნელია 1,8-ჯერ. ეს ამოცანა უკეთ გადაწყდება თუ დაჩქარდება გადამამუშავებელი საწარმოების პრივატიზაცია და აქციონირება ნედლეულის მწარმოებელთა ფართო მონაწილეობით.

ერთმნიშვნელოვანი არ არის სატრანსპორტო კომპლექსის საქმიანობის შედეგები და პერსპექტივები. 1994 წელი წინა წლებთან შედარებით უკეთესი მაჩვენებლებით დაამთავრა სამგზავრო ტრანსპორტმა. ამავე დროს წარმოების მოცულობისა და ტვირთნაკადების შემცირებისა და რუსეთის ფედერაციასთან სარკინიგზო კავშირის შეწყვეტის გამო სატვირთო გადაზიდვების მოცულობა 1994 წელს, წინა წელიწადთან შედარებით, სარკინიგზო ტრანსპორტზე 48%25-ით, საჰაეროზე - 34 პროცენტით, საზღვაო ტრანსპორტზე - 33 პროცენტით დაეცა, საავტომობილო ტრანსპორტზე - 1,9-ჯერ შემცირდა.

ამავე დროს ტრანსპორტის, განსაკუთრებით რკინიგზის მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და საავტომობილო გზების მდგომარეობა თანდათან უარესდება, რაც ეკონომიკის აღმავლობის შეფერხების მიზეზი შეიძლება გახდეს.

საჭიროა დაიხვეწოს და გადაისინჯოს ტრანსპორტის მართვის არსებული სტრუქტურა ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმების გათვალისწინებით. ადგილობრივი და საერთაშორისო ტარიფების დამუშავებისათვის მიზანშეწონილია შეიქმნას სპეციალური კომერციული სამსახური. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს სამგზავრო ტრანსპორტის ორგანიზაციას, რაც დღეს არსებით გაუმჯობესებას მოითხოვს. ამ მხრივ სავალალო მდგომარეობაა თბილისში, ცუდად მუშაობს მეტროპოლიტენი, ტროლეიბუსების პარკი, სხვა სახის ტრანსპორტი.

განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა მშენებლობაში. შარშან რესპუბლიკური ბიუჯეტიდან მშენებლობის დარგის განვითარებისათვის შესაძლებელი გახდა მხოლოდ 1,6 ტრილიონი კუპონის გამოყოფა, არც სახელმწიფო საწარმოთა და არც კერძო სექტორის საინიციატოვო აქტივობა არ იგრძნობა. მთლიანად რესპუბლიკაში 1994 წელს დაფინანსების ყველა წყაროს ხარჯზე მხოლოდ 27 ტრილიონი კუპონის სამუშაოები შესრულდა, მწყობრში არ ჩამდგარა არც ერთი საწარმოო ობიექტი და სიმძლავრე. პრაქტიკულად შეჩერებულია მიწისძვრითა და სხვა სტიქიური უბედურებებითა და საომარი მოქმედებებით დაზარალებული ობიექტების აღდგენა.

წლეულს მდგომარეობის არსებითი გამოსწორება ამ სფეროში სამწუხაროდ მოსალოდნელი არ არის. კვლავ მეტად უმნიშვნელოა რესპუბლიკური ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები, რომლებიც მარტო ცხინვალის რეგიონში მიმდინარე სამუშაოების მხოლოდ ნაწილობრივი გაგრძელების, თბილისის მეტროპოლიტენის მშენებლობის კონსერვაციას და პარლამენტის შენობის, - რაც სახელმწიფოებრიობის სიმბოლოა, რეკონსტრუქციის გაგრძელებას თუ უზრუნველყოფს. ასეთ პირობებში, ცხადია, ძირითადი სიმძიმე საწარმოთა და ორგანიზაციათა, აგრეთვე, ადგილობრივი ბიუჯეტების სახსრებზე უნდა გადავიდეს. რესპუბლიკის ეკონომიკის გამოცოცხლებისა და მისი პოტენციალის შექმნისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს უცხოური კაპიტალის მოზიდვისათვის ხელსაყრელი ინვესტიციური კლიმატის შექმნას საკმაოდ მძლავრი სამშენებლო პოტენციალის შესანარჩუნებლად უნდა გაძლიერდეს საზღვარგარეთ სამუშაოთა დაკვეთა, მით უმეტეს, რომ რუსეთში, თურქმენეთში, თურქეთსა და ზოგიერთ სხვა ქვეყანაში, ჩვენს შედარებით იაფ სამუშაო ძალაზე, კადრებზე მოთხოვნილება რეალურად არსებობს.

შარშან, როგორც მრეწველობისათვის ისე მთლიანად ეკონომიკისათვის მეტად მძიმე შედეგები ჰქონდა იმ ფაქტს, რომ ელექტროენერგიის გამომუშავება შემცირდა თითქმის ერთი მესამედით, ანუ 3 მლრდ კვტ საათით. ეს თბილისის სრესში რიგი წამყვანი აგრეგატების მწყობრიდან ხანგრძლივი გამოსვლით, ელექტროგადამცემი ხაზების მოუწესრიგებლობით, ზამთრისათვის მზადების შესახებ სახელმწიფოს მეთაურის და მთავრობის მიერ დამტკიცებულ პროგრამათა შეუსრულებლობით აიხსნება. 1995 წლის იანვარში მეტად მძიმე ავარია მოხდა თბილისის სრესში. ამან უაღრესად კრიტიკული ვითარება შექმნა წლევანდელი პროგრამის რეალიზაციისათვის. შექმნილია სამთავრობო კომისია უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის იგორ გიორგაძის მეთაურობით. საქენერგოსა და თელასში წესრიგი უნდა დამყარდეს. მათი მოუქნელი მუშაობა მასების აღშფოთებას იწვევს. იგივე ითქმის საქგაზის შესახებ. მინისტრთა კაბინეტმა გადამწყვეტი ზომები უნდა მიიღოს.

ენერგეტიკული კრიზისის დაძლევა უპირველესი სასიცოცხლო ამოცანა ხდება არა მარტო წარმოების დაცემის შეჩერების, არამედ მთლიანად რეფორმის ბედისათვის.

საქენერგოს საპროგნოზო გაანგარიშებით 1995 წლისათვის შესაძლებელი იყო 7,1 მლრდ კვტ საათი ელექტროენერგიის წარმოება, ანუ 5-6 პროცენტით მეტისა, ვიდრე 1994 წელს. აქედან, თბოსადგურის გამომუშავება განსაზღვრული იყო 2,5 მლრდ კვტ საათის ოდენობით, რაც შარშანდელ დონეს 25 პროცენტით აღემატება. მიუხედავად მომხდარი მეტად მძიმე ავარიისა, საქენერგომ უნდა უზრუნველყოს ამ პროგრამის განხორციელება.

ამ და სხვა ურთულესი ტექნიკური და ეკონომიკური ამოცანების დაძლევის საფუძველს შექმნის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კრედიტის, 18 მლნ. დოლარის ეფექტიანი გამოყენება, საქართველოს ენერგოსისტემის თანამშრომლობის აღდგენა დსთ-ს (ესენგეს) ქვეყნების ენერგოსისტემებთან, საქენერგოს სტრუქტურული რეორგანიზაცია და მისი ცალკეული რგოლების აქციონირება.

დასასრულს უახლოვდება ენერგეტიკის განვითარების სახელმწიფო პროგრამაზე მუშაობა. ლაპარაკია იმაზე, რომ შევადგინოთ და განვახორციელოთ კიდევაც ენერგეტიკული კრიზისის დაძლევის ეტაპობრივი სქემა იმ შესაძლებლობათა გამოყენებით, რაც საკუთრივ საქართველოს გააჩნია და აგრეთვე უცხოური ინვესტორების, საზღვარგარეთელი პარტნიორების აქტიური მონაწილეობის გათვალისწინებით.

რესპუბლიკის ეკონომიკაში შექმნილი მძიმე მდგომარეობა, სხვა მიზეზებთან ერთად, იმითაც არის განპირობებული, რომ მიუხედავად გატარებული რიგი ღონისძიებებისა, ქვეყნის ეკონომიკის მართვის დღევანდელი სტრუქტურა ჯერ კიდევ არ არის მომზადებული საბაზრო ურთიერთობის პირობებში ფუნქციონირებისათვის. იგი ჯერ კიდევ უმთავრესად ორიენტირებულია სახელმწიფო საკუთრების საწარმოების დეცენტრალიზებულ მართვაზე, ფაქტობრივად, შენარჩუნებულია ეკონომიკურად გაუმართლებელი სპეციალიზაცია და დისპროპორციები. არასაკმარისი ტემპებით მიმდინარეობს საბაზრო ურთიერთობების ადექვატური სტრუქტურების ჩამოყალიბება, ზოგან ჭიანურდება პრივატიზაციისა და აქციონირების პროცესი. სამინისტროები ხელს არ უწყობენ მცირე და საშუალო ბიზნესს და ამის გამო ვერ ხერხდება გაწყვეტილი სამეურნეო კავშირების აღდგენა და ახალი ეკონომიკური ურთიერთობების ფორმირება. ვერ ხორციელდება სამეურნეო კომპლექსების რესტრუქტურიზაცია ქვეყნის სტრატეგიული ეკონომიკური ინტერესების შესაბამისად. ამიტომ, იმაზე თუ რამდენად სწორად იქნება განსაზღვრული შესაბამის სამინისტროთა ამოცანები და ფუნქციები, როგორი იქნება მათი ორგანიზაციული სტრუქტურა, მათი უფლებები და მოვალეობები, როგორი იქნება მათი ადგილი და ურთიერთმოქმედება მართვის სხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან და, რაც მთავარია, თვით დარგობრივ კომპლექსებში შემავალ საწარმოებსა და ორგანიზაციებთან და ა.შ. ბევრად არის დამოკიდებული ამ სფეროში რეფორმების გატარებისა და მუშაობის სტაბილიზაციისა და შემდგომი აღმავლობის მიღწევა. როგორც მსოფლიო გამოცდილება გვიჩვენებს, ეს საკითხი სხვადასხვა ქვეყანაში, იმისდა მიხედვით, თუ საბაზრო ეკონომიკის რომელი მოდელია არჩეული თუ ტრადიციულად ჩამოყალიბებული (ამერიკული, იაპონური, ფრანგული, გერმანული, პოლონური, ჩინური და სხვა), გადაწყვეტილია სხვადასხვანაირად.

არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით და რესპუბლიკის სამეურნეო კომპლექსის განვითარების სწორად წარმართვის უზრუნველსაყოფად, დარგობრივი სამინისტროები უნდა განიტვირთონ სამეურნეო ფუნქციებისაგან და, როგორც ეკონომიკის მსხვილი კომპლექსის პროგრამული რეგულირების სამთავრობო სტრუქტურებმა, უნდა განახორციელონ შესაბამის სფეროში საერთო სახელმწიფო პოლიტიკის განმსაზღვრელი, მაკოორდინებელი და საშუამავლო ფუნქციები.

პრაქტიკულად ახლა ყალიბდება არსებულ სამინისტროთა და უწყებათა ახალი როლი საბაზრო ეკონომიკის პირობებში. სამინისტროებმა თვითონ უნდა ეძიონ და მიაგნონ იმ ნიშას, რომელიც მათ სასიცოცხლოდ საჭიროს გახდის ბიზნესისათვის, არსებითი მნიშვნელობა არა აქვს კერძო პირი იქნება მესაკუთრე თუ სახელმწიფო. სამინისტროებისა და უწყებებისათვის არა მარტო პოლიტიკის განსაზღვრა იქნება მთავარი, არამედ ამ ეტაპზე ოპერატიული ამოცანების გადაჭრაში აქტიური მონაწილეობა, მეწარმისათვის აბსოლუტურად ხელსაყრელი გარემოს შექმნა, გზის გაკაფვა ახალი კავშირების, ნედლეულის თუ მასალების ახალი ბაზრებისაკენ.

საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის ყველა ნიუანსის ღრმა მცოდნენი სწორედ სამინისტროებში უნდა მუშაობდნენ.

მიუხედავად მატერიალური წარმოების სფეროში მიღწეული ზოგიერთი ძვრებისა და ეროვნული ბანკის მიერ კუპონის კურსის თანამიმდევრული განმტკიცებისა, რაიმე ცვლილება მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესების სფეროში არ მომხდარა. გასული წლიდან ხელფასების გაყინვის იძულებითი კურსის პოლიტიკის განხორციელებასთან დაკავშირებით, პირიქით, მნიშვნელოვნად გაუარესდა მოსახლეობის, განსაკუთრებით კი საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა და სოციალურად დასაცავ პირთა ცხოვრების პირობები. კერძოდ, დღეისათვის მათი საშუალო თვიური ხელფასი, პენსია და სხვა 4 მლნ კუპონს არ აღემატება და ეს მაშინ, როცა, რომ არაფერი ვთქვათ ოჯახის სხვა წევრებზე და არსებობისათვის აუცილებელ სხვა პროდუქტებსა და მომსახურებაზე, მარტო ერთ პირს მხოლოდ ნორმირებული პურისა და სხვა პროდუქტების (შაქარი, ფქვილი, კარაქი) შესაძენად, ბუნებრივი აირის, ელექტროენერგიისა და კომუნალური მომსახურების საფასურის გადასახდელად და ტრანსპორტით სამსახურში მისასვლელად მინიმუმ 3-4-ჯერ მეტი თანხა მაინც ესაჭიროება, ვიდრე მას ხელფასის სახით ეძლევა. მდგომარეობა აუტანელია.

მოსახლეობის გარკვეულ ფენებს არსებობის შენარჩუნებისათვის უხდებათ ბრძოლა.

მიუხედავად კუპონის შემდგომი განმტკიცებისა, მისი მიმოქცევის არეალის სახელმწიფო ვაჭრობითა და მომსახურებით შეზღუდვის გამო, ბოლო თვეებში, მანეთის გაუფასურებასთან და საქონლის გაძვირებასთან დაკავშირებით, კვლავ გაიზარდა სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველყოფის მინიმუმი.

ერთ სულ მოსახლეს თვეში 31 მლნ კუპონი სჭირდება არსებობის შესანარჩუნებლად. ხელფასით (კომპენსაციებისა და დამატებების გათვალისწინებით) 20 პროცენტიც არ იფარება.

1994 წელს რესპუბლიკაში მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობის დაქვეითებასთან ერთად კიდევ უფრო გაღარიბდა სამომხმარებლო ბაზარი და 1993 წელთან შედარებით თითქმის 2,5-ჯერ შემცირდა საქონელთბრუნვის მოცულობაც. მათ შორის სახელმწიფო ვაჭრობის და ცეკავშირის სისტემაში - 4-5-ჯერ და მეტად. ამ პირობებში მოსახლეობა თავის მოთხოვნილებას ძირითადად კერძო სექტორისა და აგრარული ბაზრის მეშვეობით იკმაყოფილებს. შესაბამისად ამ სექტორში საქონელთბრუნვის მოცულობა 1994 წელს 1993 წელთან შედარებით თითქმის 2-ჯერ და მეტად გაიზარდა, რაც თავისთავად დადებითი მოვლენაა, იგი მოსახლეობის ყველა ფენისათვის ხელმისაწვდომი რომ იყოს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სიღარიბის ზღვარზე დაბლა იმყოფება მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტი.

მოსახლეობის მსყიდველობითი უნარის დაქვეითებამ, სხვა ობიექტურ ფაქტორებთან ერთად, განაპირობა სოციალურ-კულტურული მომსახურების მოცულობების შემცირებაც. განსაკუთრებით მნიშვნელოვნად შემცირდა ჯანმრთელობის დაცვის, სანატორიულ-საკურორტო, კულტურის სფეროების მომსახურების მოცულობები 1994 წელს 1993 წელთან შედარებით დიდად არის შემცირებული ფასიან პოლიკლინიკებში მომსვლელთა რიცხოვნება და ერთი საავადმყოფო საწოლის დატვირთვის მაჩვენებელიც. სამედიცინო დახმარება ძნელად მისაწვდომი ხდება ღარიბი ფენებისათვის.

წლეულს, ფინანსური სტაბილიზაციის პროცესის კვალობაზე, იქმნება, ჯერჯერობით მოკრძალებული, მაგრამ მაინც გარკვეული შესაძლებლობები სოციალური დაცვის გასაძლიერებლად, ახალი სოციალური პოლიტიკის შესამუშავებლად, სოციალური სფეროს დარგების შემდგომი განვითარებისათვის. კერძოდ, 1995 წლისათვის რესპუბლიკურ ბიუჯეტში სოციალური დაცვის ღონისძიებათა განსახორციელებლად გათვალისწინებულია 72 ტრილიონი კუპონი, აქედან საბიუჯეტო სფეროს მუშათა ხელფასების მომატებისათვის 50 ტრილიონამდე კუპონი, ხოლო ლტოლვილთა შემწეობის გაცემისათვის გათვალისწინებულია 16,8 ტრილიონი კუპონი. რესპუბლიკაში საქონელბრუნვის მოცულობა წლეულს 8,3 პროცენტით გაიზრდება.

სოციალურ საკითხთა განსაკუთრებულ წრეს უნდა მივაკუთვნოთ დემოგრაფიისა და გარემოს დაცვის პრობლემები. უკანასკნელ წლებში პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ექსტრემული სიტუაციის ფონზე ჩამოყალიბდა არასასურველი დემოგრაფიული ტენდენციები.

ცალკე უნდა აღინიშნოს უმუშევრობის თაობაზე. ოფიციალურად რეგისტრირებულ უმუშევართა რიცხვი 70 ათას კაცს შეადგენს. საბაზრო პრინციპების დამკვიდრების, საწარმოთა ბანკროტობისა და ლიკვიდაციის კვალობაზე წლეულს უმუშევართა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.

აქედან გამომდინარე, წარმოების დატვირთვა, ახალი სამუშაო ადგილების გახსნა, ბიზნესის ხელშეწყობა სახელმწიფო პოლიტიკის პრეროგატივაა. მინისტრთა კაბინეტმა ამ პრობლემას, უმუშევრობის, დასაქმების რეგულირების საკითხს სპეციალურ ღონისძიებათა მთელი კომპლექსი მიუძღვნა.

ეს სერიოზული სოციალური პრობლემაა.

1994 წელს გამოვლენილია გარემოს დაბინძურების და მცენარეთა საფარის განადგურების 495 ფაქტი. სამინისტრომ და სამართალდამცავმა ორგანოებმა, საზოგადოებრიობამ უფრო გადამჭრელი ზომები უნდა მიიღონ ეკოლოგიური პრობლემების მოსაგვარებლად.

განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს საფინანსო სისტემის გაჯანსაღებისათვის საბიუჯეტო პოლიტიკის სრულყოფის ისეთი გადამწყვეტი პირობა, როგორიც არის საგადასახადო სისტემის ეფექტიანობის ამაღლება. საგადასახადო სისტემის ფორმირებისათვის მიძღვნილი კანონთა პაკეტის რეალურად განხორციელებისა და საგადასახადო პოლიტიკის ქმედითობის ამაღლებისათვის არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა სახელმწიფოს მეთაურის მიერ მიღებულ რიგ გადაწყვეტილებებს. „საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის საქმიანობის სრულყოფის გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“ (განკარგულება № 44 22.02.94 წ.), „რესპუბლიკაში საგადამხდელო დისციპლინის განმტკიცების, ანგარიშსწორების მოწესრიგებისა და ბიუჯეტის შემოსავლების ზრდის კომპლექსურ ღონისძიებათა შესახებ“ (ბრძანებულება № 287 01.09.94 წ.) და სხვ.

ყოველივე ამის შედეგად, არასაკმარისი ტემპით, მაგრამ მაინც შესამჩნევად გაიზარდა საგადასახადო სამსახურის საქმიანობის ეფექტიანობა. კერძოდ, 1994 წლის მე-3 კვარტალში საგადასახადო შემოსავლებმა 10,6 მლრდ კუპონი შეადგინა, რაც გეგმას 284 მლრდ კუპონით, ხოლო წლის პირველი ნახევრის შემოსავლებს 5,7 ტრილიონი კუპონით აჭარბებს.

ამავე დროს მნიშვნელოვანი სირთულეები შეიქმნა პურისა და აირის რეალიზაციიდან გადასახდელების ამოღების საქმეში, რის დასაძლევადაც სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა შედეგები ერთობ მოკრძალებულია. ამიტომ შესაბამისმა სამინისტროებმა და უწყებებმა, ბანკებმა, განსაკუთრებით კი ხელისუფლების ადგილობრივმა ორგანოებმა სათანადო ყურადღება უნდა დაუთმონ „ხორბლისა და ფქვილის ცენტრალიზებული სახელმწიფო რესურსების რეალიზაციიდან ამონაგები თანხების ბიუჯეტში ამოღების მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 30 დეკემბრის № 413 ბრძანებულების განუხრელ შესრულებას. ეს არა მარტო ბიუჯეტის შემოსავლებია, არამედ რესპუბლიკის საერთაშორისო პრესტიჟის საქმეც არის.

საგადასახადო სისტემის სრულყოფასთან ერთად გარკვეული ღონისძიებები განხორციელდა საბაჟო სამსახურის ჩამოყალიბებასა და გაუმჯობესებისათვის.

უნდა აღინიშნოს, რომ საბაჟო სამსახურის საქმიანობა განვლილ პერიოდში ვერ პასუხობდა წაყენებულ მოთხოვნებს, რის გამოც შეიცვალა დეპარტამენტის ხელმძღვანელობა, უახლოეს ხანში დაჩქარდება ნორმატიული დოკუმენტების შემუშავება და განხორციელდება ღონისძიებები ორგანიზაციულ ნაკლოვანებათა აღმოსაფხვრელად. შარშანდელი მეოთხე კვარტალის წინასწარი შედეგები ამის იმედს იძლევა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციების გათვალისწინებით ხორციელდება საბანკო სისტემის რეფორმაც, რომელიც განსაკუთრებული ინტენსივობით მიმდინარეობს „საქართველოს რესპუბლიკაში საბანკო სისტემის სრულყოფის შესახებ“ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 12 აგვისტოს № 253 ბრძანებულებით დასახულ ღონისძიებათა საფუძველზე.

უნდა აღინიშნოს ორიარუსიანი საბანკო სისტემის ჩამოყალიბების მიზნით სახელმწიფოს მეთაურის ბრძანებულებათა შესაბამისად სახელმწიფო კომერციული ბანკების (შემნახველი ბანკი, აგრომრეწვბანკი, ინდუსტრიაბანკი, საქბინსოცბანკი) სააქციო-კომერციულ ბანკებად გარდაქმნის პროცესის დაჩქარება.

დღევანდელ ეტაპზე ძირეულ რეფორმატორულ ღონისძიებად უნდა იქნეს მიჩნეული ეროვნული ბანკის მიერ საკრედიტო ემისიის შეზღუდვა, ხოლო შემდგომ შეწყვეტა, აგრეთვე ფინანსთა სამინისტროს ყველა ანგარიშის გადატანა ეროვნული ბანკის საოპერაციო სამმართველოში ოვერდრაფტის წესით ავტომატური დაკრედიტების პრაქტიკის გაუქმება, ნაღდი ფულის გაცემის შეზღუდვების მოხსნა და სხვ.

მეტად მნიშვნელოვანია ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული ლიმიტებისა და ნორმატივების დაცვაზე კონტროლის გამკაცრება. კერძოდ, ძალზედ გაძლიერდა ბანკების მიერ ლიმიტების, ნორმატივების, კოეფიციენტების დაცვაზე კონტროლი.

გამკაცრდა საანგარიშო დისციპლინა. დარღვევების გამო სავალუტო ლიცენზიები ჩამოერთვა 28 ბანკს, აქტიური ოპერაციების წარმოების უფლება შეუჩერდა 46 კომერციულ ბანკს.

დაწყებულია სერიოზული ძვრები ფულის მიმოქცევის სფეროში, რამაც საბოლოო ანგარიშით ქართული ფულის შემოტანის რეალური პირობები უნდა შექმნას. უახლოეს თვეებში ფულადი რეფორმის გატარებისათვის - მიმოქცევაში ეროვნული ვალუტის - ლარის წარმატებული გამოშვებისათვის პირველ რიგში საჭიროა კუპონის კურსის შემდგომი სტაბილიზაცია, მთელი რიგი კომპლექსური ღონისძიებების გატარება. 1994 წლის ბოლოს საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გამოყო კრედიტი, ე.წ. სტფ-ის პირველი ტრანში. მეორე ტრანშის მიღება, ალბათ მოხდება 1995 წლის გაზაფხულისათვის, რაც კუპონის კურსის შემდგომი გამყარების საშუალებას მოგვცემს და ახალი ფულის, ლარის, შემოღების საფუძველს შექმნის.

ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ეროვნული ბანკის მიერ აქტიური პოლიტიკის განხორციელება სავალუტო ბაზარზე - თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე, რომლის ვაჭრობებიც უკვე ორი თვეა კვირაში ორჯერ ტარდება. ამის შედეგად 20 სექტემბრის შემდეგ 3-ჯერ და მეტად ამაღლდა კუპონის კურსი უცხოური ვალუტის მიმართ.

მაგრამ, ისევ და ისევ ვსვამთ ჩვენი პოლიტიკის მთავარ კითხვას - მოგვცა თუ არა ამან რაიმე ძვრა მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებაში? პასუხი ჯერჯერობით ერთმნიშვნელოვანი არ არის. ეს გამოიწვია იმან, რომ კუპონის გამყარებას არც მისი გამოყენების არეალის გაფართოება გამოუწვევია, არც ფასების ზრდის შეჩერება, თუნდაც იმ საქონელსა და მომსახურებაზე, რომელსაც კუპონი ემსახურება, რადგან ფასები ამ საქონელზე ფორმალურად უცვლელი დარჩა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათზე რეალური ფასი იმ ზომით გაიზარდა, რა ზომითაც გამყარდა კუპონი.

ამ კრიტიკული მდგომარეობიდან გამოსავალი რეალურად ნაპოვნი არა აქვს არც რეფორმების შტაბს, არც ეროვნულ ბანკს, არც მინისტრთა კაბინეტს.

შექმნილი სიტუაცია მიგვანიშნებს იმაზე, რომ მინისტრთა კაბინეტმა, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებმა, ეროვნულმა ბანკმა, ყველა დაინტერესებულმა სტრუქტურამ და უწყებამ საერთაშორისო ექსპერტებთან კონსულტაციებისას, ალბათ, საჭიროა დააზუსტონ ფიქსირებული შემოსავლების სახელმწიფო რეგულირების პოლიტიკის ზოგიერთი ასპექტი, მასში რეფორმის მიმდინარეობის რეალური პროცესის გათვალისწინებით აუცილებელი კორექტივების შეტანის მიზნით.

მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის პერიოდი უსასრულობამდე არ შეიძლება გაგრძელდეს და დღეიდან მაინც 3-4 თვის შემდეგ სასიკეთო ძვრები მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლების საქმეში უნდა გამოიკვეთოს, მოსახლეობის შემოსავლები უნდა გაიზარდოს, ფასებმა ბაზარზე უნდა დაიკლონ, წინააღმდეგ შემთხვევაში რეფორმებს და პოლიტიკას აზრი ეკარგება.

ეკონომიკური რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა სახელმწიფო საკუთრების ტრანსფორმაცია, რომლის პროგრამაც საქართველოში უკანასკნელ ხანს საკმაოდ სწრაფი ტემპით ხორციელდება. პროგრამა რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის მიერ დამტკიცებულ დაახლოებით 7 ათას ობიექტს მოიცავს. მათგან დღეისათვის პრივატიზებულია 2200-ზე მეტი ობიექტი (საპრივატიზაციო ობიექტების საერთო რაოდენობის 30 პროცენტი) და ჩამოყალიბებულია 600-მდე სააქციო საზოგადოება.

ინფლაციის მაღალი დონის, მოსახლეობაში სახსრების სინაკლების, სხვა სოციალ-ეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინებით „პრივატიზაციის პროცესის მოწესრიგებისა და დაჩქარების ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 29 მაისის № 278 ბრძანებულებით შემოღებულ იქნა პრივატიზაციის ახალი ფორმა - საპრივატიზაციო საწარმოების კოლექტივებისათვის პირდაპირი მიყიდვა. ამან არსებითად დააჩქარა საკუთრების ტრანსფორმაციის პროცესი.

პირდაპირი მიყიდვის ფორმით უკვე გაყიდულია ათასამდე ობიექტი.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახელმწიფო საწარმოთა აქციონირების პროცესის დაჩქარება. თუ მანამდე ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, დაფუძნებული და რეგისტრირებული იყო 50-მდე სააქციო საზოგადოება, ზემოხსენებული ბრძანებულების შემდეგ განვლილ პერიოდში დაფუძნდა და რეგისტრაციაში გატარდა 550-მდე ახალი სააქციო საზოგადოება, უახლოეს ხანში კიდევ დაფუძნდება რამდენიმე ათეული სააქციო საზოგადოება.

სახელმწიფო საკუთრების ტრანსფორმაციის პროცესით პრაქტიკულად მოცულია ეკონომიკის ყველა დარგი. პრივატიზებულია 1500-მდე სავაჭრო ობიექტი, 711 საყოფაცხოვრებო მომსახურების, 138 ბენზინგასამართი სადგური და სხვა. სააქციო საზოგადოებები უწინარეს ყოვლის მრეწველობაში იქმნება. 180-ზე მეტი სააქციო საზოგადოება შეიქმნა მრეწველობის სამინისტროს სისტემაში, 170-ზე მეტი - სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სამინისტროს სისტემაში, 40-ზე მეტი - სამშენებლო კომპლექსში, 30 - ტრანსპორტზე და ა.შ. მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა პურპროდუქტების კორპორაციის, საქენერგოს და საქგაზის სისტემაში სტრუქტურული გარდაქმნისა და პრივატიზაციის კონცეფციის ჩამოსაყალიბებლად.

საკუთრების ტრანსფორმაციის მნიშვნელოვანი მიმართულებაა საპრივატიზაციო ბარათების (ვაუჩერების) გამოყენება. უკვე დაბეჭდილია და ეროვნული ბანკის საცავებში ინახება აღნიშნული ბარათები. მიმდინარეობს მოსახლეობის სიების დაზუსტება. დაარსებულია და ლიცენზირებულია 20-მდე სპეციალიზებული (საბარათო) საინვესტიციო ფონდი.

საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმის უმთავრესი დამახასიათებელი ნიშანია საერთაშორისო საბანკო, საფინანსო და სხვა ეკონომიკურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობა. განსაკუთრებით გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და მსოფლიო ბანკთან ურთიერთობას, რამაც მეტად ქმედითი ხასიათი მიიღო. ამ ორგანიზაციათა შტაბბინაში, ვაშინგტონში საქართველოს სახელმწიფო დელეგაციის ვიზიტის შემდეგ.

გაზაფხულიდან მოყოლებული ამ ორგანიზაციათა მისიები პრაქტიკულად განუწყვეტლივ მუშაობენ საქართველოს ხელისუფლებასთან და მთავრობასთან. მათი უშუალო მონაწილეობითა და რეკომენდაციებით მომზადდა ფინანსური სტაბილიზაციის ის ღონისძიებები, რომლებიც საკრედიტო პოლიტიკის გამკაცრების და ფასების მოწესრიგების, ბიუჯეტის დეფიციტის აღმოფხვრის მიმართულებით ხორციელდება.

საერთაშორისო ეკონომიკურ ორგანიზაციებთან შეთანხმებულია მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის და სისტემური ცვლილებების პროგრამის ძირითადი პარამეტრები, რაც საფუძვლად ედება საქართველოსათვის სისტემური ტრანსფორმაციის, სტენდ-ბაის, რეაბილიტაციისა და სხვა სესხების მიღებას.

ამ პროგრამის განხორციელება საბოლოოდ გულისხმობს თვიური ინფლაციის დაყვანას 1 პროცენტამდე, სამთავრობო ოპერაციებისათვის ცენტრალური ბანკის დაფინანსების შეზღუდვას.

ეკონომიკაში სახელმწიფოს როლის განსაზღვრისა და მისი ხელახალი გააზრების მიზნით მთავრობას განზრახული აქვს მოახდინოს სახელმწიფოებრივ სისტემათა ხელახალი სტრუქტურიზაცია. მთავრობამ უნდა ჩაატაროს ღრმა რეფორმა საზოგადოებრივი სექტორისა, რაც მოიცავს: 1. სამთავრობო სექტორის რადიკალურ რეორგანიზაციას; 2. მესაკუთრეობის უფლებების კერძო სექტორისათვის სწრაფად გადაცემას და 3. მტკიცე საბიუჯეტო შეზღუდვის შემოღებით სახელმწიფოს კუთვნილებაში დარჩენილი საწარმოების როლის განსაზღვრას ქვეყნის ეკონომიკაში.

ბაზრის განვითარების ხელშეწყობის მიზნით უნდა განხორციელდეს ჯერ კიდევ რეგულირებადი ფასების სრული ლიბერალიზაცია საკონკურენციო სიტუაციის შესაქმნელად. მომზადდება კანონმდებლობა თავისუფალი ბაზრის მექანიზმების და თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის ასამოქმედებლად.

უნდა დავაჩქაროთ ეკონომიკური რეფორმების განხორციელება, ცივილიზებული საბაზრო ეკონომიკის ფორმირება.

ასეთია მიმდინარე წელს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობის სტრატეგიული მიმართულება.

XIII. პოლიტიკა კულტურის, განათლების, მეცნიერების, ხელოვნების, პრესის, რადიოს, ტელევიზიის სფეროში.

მეტად მწვავედ დგას არა მარტო მატერიალური, არამედ სულიერი ცხოვრების პრობლემებიც. მოგეხსენებათ, ეროვნული კულტურა, ფართო გაგებით, გამოხატავს ერის ჭეშმარიტ რაობას, ინახავს და შთამომავლობას გადასცემს სულიერი წყობის იმ ეროვნულ თავისებურებებს, რომელთა გამოც ეს ერი მიიჩნევს თავს იმ ერად და არა სხვად. ამ თვალსაზრისით, სახელმწიფოებრივი კულტურული სივრცე არანაკლებ დასაცავია ფარული თუ აშკარა კულტურული ექსპანსიისაგან, ვიდრე სახელმწიფოს გეოგრაფიული სივრცე.

დღეს დამოუკიდებელ საქართველოს სახელმწიფოს, რომელსაც გააჩნია დიდი კულტურული პოტენციალი, სამწუხაროდ, ჯერ არ შეუქმნია სრულყოფილი სახელმწიფოებრივი მექანიზმი თავისი კულტურისა და კულტურული სივრცის დასაცავად. ამ მხრივ კანონთა მთელი პაკეტი საქართველოს პარლამენტს ჯერ კიდევ მისაღები აქვს და ამ საკითხის გაჭიანურება ერის სასიცოცხლო ინტერესებს არ შეესაბამება. საჭიროა მიღებული იქნეს კანონი კულტურის შესახებ, კანონი განათლების შესახებ და ა.შ.

პარლამენტმა, მინისტრთა კაბინეტმა, ხელისუფლებამ უნდა განსაზღვრონ თავისი პრიორიტეტული სახელმწიფო ინტერესები კულტურის დარგში. სანამ ჩვენ ზუსტად არ გავაცნობიერებთ ჩვენს სახელმწიფო კულტურულ ინტერესებს, არ მოვხაზავთ ჩვენს კულტურულ სივრცეს, არ გადავდგამთ ნაბიჯებს ამ სივრცის კანონებით დასაცავად და მიზნობრივად არ გამოვუყოფთ შესაბამის თანხებს, კულტურას - ერს დეგრადაციისაგან ვერ ვიხსნით.

უცხოეთში მიდიან მეცნიერები, ხელოვნების მოღვაწეები. ხდება ინტელიგენციის საქართველოდან აქტიური გადინება. ჩვენ, როგორც სახელმწიფო, ვერ ვპატრონობთ შესაბამისად ჩვენს ინტელექტუალურ პოტენციალს. არ გვყოფნის ეროვნული შემოსავალი.

საჭიროა უცხოეთის შესაბამის ორგანიზაციებთან უფრო აქტიური თანამშრომლობა ამ ეტაპზე მათი რესურსების, მათი კაპიტალის უფრო ინტენსიურად მოზიდვის მიზნით. დიდი პოტენციალია ჩადებული ადგილობრივ შემოსავლებში, ბიუჯეტებში. ის ექსპერიმენტები, რომლებიც ქალაქ თბილისის და ქალაქ ქუთაისის მერიათა უფლებების გაფართოებას ითვალისწინებდა, გვიჩვენებენ, რომ ადგილობრივ მმართველობებს რეალურად გაუჩნდათ საშუალება თავის თავზე აიღონ კულტურის ცალკეული ცენტრების, მეცნიერების უნიკალური მიმართულებების დაფინანსების ფუნქცია. ამ მხრივ განხორციელებული აქციები იმედის მომცემია. უაღრესად მისასალმებელია საქართველოს სარკინიგზო დეპარტამენტის ინიციატივა, რომელმაც თავის ბალანსზე აიყვანა მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრის კოლექტივი და ძირითადი ფინანსური და მატერიალური პრობლემები გადაუწყვიტა.

ცნობილია აჭარის, მისი ხელმძღვანელობის კეთილშობილური, მეცენატური დამოკიდებულება ქართული თეატრის, კინოს, ქართული მუსიკის განვითარების პრობლემებისადმი.

ეს გამოცდილება, როგორც მარგალიტები, ისე უნდა შევაგროვოთ, განვაზოგადოთ და წავახალისოთ.

ეფექტიანად უნდა განვახორციელოთ პროგრამა „კულტურა“, მეტი უნდა გააკეთონ ამ თვალსაზრისით პარლამენტის კულტურის კომისიამ, მინისტრთა საბჭომ, კულტურის სამინისტრომ, მუნიციპალურმა ორგანოებმა.

მეტი ყურადღება უნდა ეროვნულ მწერლობას, თეატრს, მუსიკას, კინოს, სახვით ხელოვნებას, არქიტექტურას, დიზაინს, სულიერი კულტურის ყველა სფეროს, მწერალთა, მხატვართა, კომპოზიტორთა, კინემატოგრაფისტთა, თეატრალურ მოღვაწეთა, და სხვა შემოქმედებით კავშირებს, ორგანიზაციებს. საჭიროა საქართველოს კულტურული მიღწევების საერთაშორისო არენაზე უფრო ინტენსიურად გატანა.

თუ პროტექციონისტული პოლიტიკა არ გატარდა განათლების სფეროში, თუ განათლების ძველი სისტემის ნაცვლად ნელ-ნელა, ევოლუციის გზით არ შეიქმნა დამოუკიდებელი საქართველოს განათლების ეროვნული სისტემა, თუ არ შეჩერდა უკვე არსებული ნგრევა - ოცდამეერთე საუკუნეს ჩვენ მეცხრამეტე საუკუნის დონით შევხვდებით.

მეტიც, თუ ქართული სკოლა დაინგრევა, დაინგრევა ჯერ კიდევ აუშენებელი ქართული სახელმწიფოც. ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთი უპირველესი საზრუნავი მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის, სტუდენტებისა და პროფესორებისათვის სწავლის აუცილებელი მინიმალური პირობების შექმნა უნდა იყოს.

სახელმწიფო ხაზინა და ბიუჯეტი უკეთ უნდა აფინანსებდნენ სკოლას, უნივერსიტეტს, კოლეჯს.

უნდა შეიქმნას სამწლიანი პროგრამა „განათლება“, სადაც განათლების ახალი იდეების თანაბრად გათვალისწინებული იქნება საკლასო შენობების წესრიგში მოყვანა, მასწავლებელთა და მოსწავლეთა სოციალური დაცვა.

დღეს უკვე გვაქვს არასახელმწიფო სკოლები და არასახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლები.

გადაუდებლად საჭიროა იქ სახელმწიფო წესრიგის დამყარება.

უნდა რეალურად ამუშავდეს ლიცენზირების, ატესტაციისა და აკრედიტაციების მკაცრი სისტემა. ეს ყოველივე გონივრულ სახელმწიფო კონტროლს უნდა დაექვემდებაროს.

უცხოელთა მიერ საქართველოში უმაღლესი სასწავლებლების გახსნას უნდა მივესალმოთ და ხელი შევუწყოთ, მაგრამ ეს ყოველივე არ უნდა არღვევდეს საქართველოს განათლების ეროვნული სისტემის არსს და პრინციპებს.

უნდა გადაიჭრას სახელმძღვანელოთა გამოცემის პრობლემა, შემუშავდეს მრავალწლიანი პროგრამა „სახელმძღვანელო“, რომელიც გულისხმობს ეროვნული სკოლის სახელმძღვანელოების შექმნასა და გამოცემას საჭირო რაოდენობით.

კულტურა, განათლების სისტემა არის სახელმწიფოს ინტერესთა ის სფერო, სადაც ჩადებული თითოეული კაპიკი უდიდესი მოგებით უბრუნდება ქვეყანას.

დღემდე არაფერი ეშველა პროფესიული განათლების სისტემის ორგანიზებას. წლების მანძილზე შექმნილი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა პროფესიული განათლებისა ფაქტიურად ნადგურდება, პედაგოგიური კადრები იქსაქსება. რეალური ნაბიჯები ყოველივე ამის გადასარჩენად არ ჩანს.

პარლამენტის მეცნიერებისა და განათლების კომისიამ, მინისტრთა კაბინეტმა, განათლების სამინისტრომ, მუნიციპალურმა ორგანოებმა ყველაფერი უნდა იღონონ ქართული ეროვნული განათლების სისტემის რეფორმისა და განვითარებისათვის. განათლების სისტემის რეფორმის პროექტის დამუშავება უნდა დაჩქარდეს და უახლოეს დროში წარედგინოს ჩვენს საზოგადოებას.

მსოფლიოში ცნობილია საქართველოს მეცნიერების მიღწევები, მაგრამ ბოლო დროს უსახსრობამ, კავშირების დაუფიქრებელმა და ხელოვნურმა წყვეტამ, სახელმწიფო დაკვეთების მკვეთრმა შემცირებამ, ეთნოკონფლიქტებმა არა მარტო შეაჩერა ქართული მეცნიერების განვითარება, არამედ საშიშროების წინაშე დააყენა მისი არსებობაც.

სწორედ საქართველოს სამეცნიერო კადრების გადარჩენას ემსახურება სახელმწიფოს მეთაურის ბრძანებულება საქართველოს ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის შესახებ. ამ მიმართულებით მუშაობა კვლავაც უნდა გაგრძელდეს.

ანალოგიური ბრძანებულება მზადდება ე.წ. საუწყებო სამეცნიერო ცენტრებისათვის დახმარების, ამ სფეროში არსებული დიდი მეცნიერული პოტენციალის უკეთ გამოყენების მიზნით. რა თქმა უნდა ეს დოკუმენტები პასუხს ვერ გასცემენ ყველა მტკივნეულ საკითხს, მაგრამ ბევრი რამის მოგვარება ჩვენი შეზღუდული შესაძლებლობების ფარგლებშიც შეიძლება.

მნიშვნელოვნად მიმაჩნია აჭარასა და თელავში მეცნიერებათა აკადემიის ცენტრების გახსნა. დაგეგმილია ასეთი ცენტრების გახსნა სხვა კუთხეებშიც, უახლოეს დროში - ზუგდიდში, ახალციხეში, რუსთავში.

უნდა დავეხმაროთ დარგობრივ აკადემიებს, უნივერსიტეტებს, კოლეჯებს, ყველა სასწავლებელს, ყველა ეროვნულ სამეცნიერო ცენტრს.

უკეთ უნდა ამოქმედდეს სახელმწიფო პროგრამები „მეცნიერება“, „თანამედროვე ტექნოლოგიები“ და სხვა.

მეცნიერებისა და ტექნოლოგიების კომიტეტმა შეადგინა უკანასკნელ წლებში დამთავრებული პერსპექტიული სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ნუსხა, რომელთა დანერგვა მიზანშეწონილია წარმოებაში. საჭიროა უცხოელი ინვესტორების დაინტერესება ამ მეცნიერული გამოკვლევებით, პროექტებით, იდეებით. დიდი მნიშვნელობა ენიჭება საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობას. საქმიანი ურთიერთობა დამყარდა ევროკავშირთან, რასაც მოჰყვა 1994 წლის დასაწყისიდან „ტასისის“ პროგრამით გათვალისწინებული პროექტის „საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის“ შემუშავება კონსორციუმ „სეედ-კანტორ“-ისა და საქართველოს მაღალკვალიფიციურ ექსპერტ-ენერგეტიკოსთა ჯგუფის მონაწილეობით.

აღნიშვნის ღირსია შავი ზღვის კრიზისული მდგომარეობიდან გამოყვანის სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრამა, რომელიც განსახილველად წარედგინა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს. პარალელურად მიმდინარეობს შავი ზღვის მინერალური და ბიოლოგიური რესურსების ეკოლოგიურად უსაფრთხო მოპოვებისა და ათვისების კომპლექსური სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრამის დამუშავება.

1993-1994 წლებში კომიტეტი კოორდინაციას უწევდა საქართველოს მონაწილეობას ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ პროგრამებში. ეს პროგრამები მიზნად ისახავენ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებთან ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროგრამების დაფინანსებას. საქართველო გაწევრიანდა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციაში და გაეროს ევროპის ეკონომიკურ კომისიაში.

ყოველივე ზემოხსენებულთან დაკავშირებით მეცნიერებისა და ტექნოლოგიების კომიტეტი, მეცნიერებათა აკადემია საჭიროებენ პარლამენტისა და მინისტრთა კაბინეტის სერიოზულ მხარდაჭერას, კერძოდ, სახელმწიფო დარგობრივი პროგრამების დაფინანსების მსოფლიო და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკებისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ კრედიტების გამოყოფისა და ადგილობრივი თუ უცხოური ინვესტიციების მოზიდვისა და რეალიზაციის საქმეში.

საჭიროა რესპუბლიკაში პოლიგრაფიისა და საგამომცემლო საქმის ახლებური გააზრება. ოფიციალური მონაცემებით წიგნების, ჟურნალ-გაზეთების გამოცემისა და ტირაჟის მიხედვით 1994 წლის შედეგებით, 1989 წლის 25 პროცენტის დონეზე ვიმყოფებით.

დღეს ლიტერატურას და მეცნიერებას უჭირს.

ხელოვნების მოღვაწეები, მწერლები და მეცნიერები სამწუხაროდ შიმშილობენ.

იქნებ მიზანშეწონილი იყოს, გვეფიქრა მეცნიერების, კულტურის მოღვაწეთა დახმარების ფონდის შექმნაზე, რაშიც დარწმუნებული ვარ მონაწილეობას მიიღებენ ის საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც ჰუმანური დახმარების პრობლემებით არიან დაკავებული.

დღეს მკითხველს ხელი აღარ მიუწვდება წიგნზე. მძიმე მდგომარეობაა მუზეუმებში.

განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს დემოკრატიული საქართველოს პრესა, რადიო, ტელევიზია, მასობრივი კომუნიკაციის საშუალებები, მსოფლიოს საინფორმაციო სამსახური. მათ შემთხვევით არ უწოდებენ „მეოთხე ხელისუფლებას“. ისინი წარმოადგენენ პოლიტიკის, საზოგადოებრივი აზრის, პოზიტიური გაგებით - იდეოლოგიის (დემოკრატიული საზოგადოების იდეოლოგიის), - პლურალისტული, ღია სამოქალაქო საზოგადოების, სამართლებრივი სახელმწიფოს, საბაზრო ეკონომიკის ეპოქის თავისუფალ იდეათა და შეხედულებათა ცხოვრებაში დამნერგავ მძლავრ სულიერ, კულტურულ იარაღს, თავისუფალ პიროვნებათა და თავისუფლად მოაზროვნე მასების აღზრდისა და მათი ცივილიზებული მსოფლმხედველობის ფორმირების საშუალებას. დღეს საქართველოში იურიდიულად და ფაქტობრივად არსებობს თავისუფალი პრესა, რადიო, ტელევიზია.

ეს დიდი მიღწევაა. სახელმწიფო კვლავაც ყოველმხრივ - მორალურად, სამართლებრივად, მატერიალურად უნდა დაეხმაროს მათ. ცივილიზებული საზოგადოება წარმოუდგენელია თავისუფალი პრესის გარეშე.

საჭიროა პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომისიამ, კულტურის კომისიამ, მინისტრთა კაბინეტმა, განათლების სამინისტრომ, კულტურის სამინისტრომ, ადგილობრივი მმართველობის ორგანოებმა, ბიზნესმენებმა, ბანკირებმა, ქართული კულტურის ხსნის კომიტეტმა, საერთაშორისო და ეროვნულმა ფონდებმა, მეცენატებმა, სპონსორებმა, ფართო საზოგადოებრიობამ საერთო ძალისხმევით იხსნან, ხელი შეუწყონ ქართული კულტურის, მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების, პრესის, რადიოს, ტელევიზიის განვითარებას.

ჯანმრთელობის დაცვის სისტემის სრულყოფა მრავალმხრივი სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემაა. კრიზისის შედეგები, რომელსაც ჯანმრთელობის დაცვის სისტემა განიცდის, მომავალ თაობებზე აისახება.

გასული წლის მარტში ჩამოყალიბდა და საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტს წარედგინა ჯანდაცვის რეორგანიზაციის კონცეპტუალური საფუძვლები. მიმდინარე ეტაპზე სამამულო და უცხოური ექსპერტების ერთობლივი მუშაობით შეიქმნა დარგის რეორგანიზაციის მრავალეტაპიანი პროგრამა.

გამოცემულ იქნა სახელმწიფოს მეთაურის ბრძანებულება ჯანმრთელობის დაცვის სისტემის რეორგანიზაციის პირველი ეტაპის სამუშაოების შესრულების უზრუნველყოფის შესახებ.

ამჟამად სრულდება სამუშაოები ჯანდაცვის მართვის რეგიონალური ცენტრების შესაქმნელად. იწყება სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაცია და ლიცენზირება, მათი გადაყვანა სამეურნეო ანგარიშიანი ურთიერთობის საწყისებზე, მუშავდება სამედიცინო დაწესებულებათა პრივატიზაციის სახელმწიფო პროგრამის პროექტი. ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო კარგ მაგალითს იძლევა სისტემური რეფორმებისა და გარდაქმნების საკითხებში.

მაგრამ, როგორი მასშტაბებით და ტემპებითაც უნდა განვითარდეს სამედიცინო რეფორმა, ერთი მოთხოვნა აუცილებელი იქნება - სამედიცინო მომსახურება ხელმისაწვდომი უნდა დარჩეს სოციალურად დაუცველი ფენებისათვისაც. ასეთია ამოცანა.

პარლამენტმა, ჯანმრთელობის დაცვის კომისიამ, მინისტრთა კაბინეტმა, ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრომ, ადგილობრივმა მუნიციპალურმა ორგანოებმა, ეკონომიკის სახელმწიფო და კერძო სექტორმა ყველაფერი უნდა იღონონ საქართველოში თანამედროვე, ცივილიზებული ჯანმრთელობის დაცვის სისტემის შესაქმნელად, სახელმწიფო პროგრამების - „ჯანმრთელობა“, „სადაზღვევო მედიცინა“ და სხვ. ეფექტიანად განხორციელებისათვის.

საქართველო კურორტების, ტურიზმისა და სპორტის მსოფლიოში აღიარებული ქვეყანაა. საჭიროა სახელმწიფო პროგრამების „კურორტები“, „ტურიზმი“, „სპორტი“ და სხვ. ეფექტიანი რეალიზაცია, უცხოელ ინვესტორთა მოწვევა.

პარლამენტმა, სპორტისა და ტურიზმის კომისიამ, მინისტრთა კაბინეტმა, სპორტის დეპარტამენტმა, ტურიზმის დეპარტამენტმა, ადგილობრივი რეგიონული მართვის ორგანოებმა, სახელმწიფო და კერძო ბიზნესმა ყველაფერი უნდა გააკეთონ საქართველოში საერთაშორისო და ადგილობრივი მნიშვნელობის კურორტების, ტურიზმისა და სპორტის განვითარებისათვის.

XIV. საგარეო პოლიტიკა

1. საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ძირითადი პრობლემები

საგარეო ეკონომიკური საქმიანობა უფრო ინტენსიურად უნდა წარიმართოს შემდეგი სამი ძირითადი მიმართულებით:

პირველი. საჭიროა აქტიური საინვესტიციო პოლიტიკის გატარება (დარგობრივი საინვესტიციო პროექტების მომზადება, უცხოელ ინვესტორთა მოძიება, საინვესტიციო სახსრების ეფექტიანი ათვისება, ინვესტიციების რეგულირება და ამ სფეროში სახელმწიფო ინტერესების დაცვა). ამ მიმართულებით ჯერჯერობით სუსტად ვმუშაობთ.

მეორე. აუცილებელია ეფექტიანი საგარეო ვაჭრობის განვითარება. მხედველობაში მაქვს ექსპორტ-იმპორტის საინფორმაციო სისტემის შექმნა, მსოფლიო ბაზრის კონიუნქტურისა და ფასების შესწავლა და რესპუბლიკის სავაჭრო და სამრეწველო ორგანიზაციებისათვის მაღალკვალიფიციური რეკომენდაციების მომზადება, საქართველოს შიდა ბაზრის რაოდენობრივი და ხარისხობრივი გაუმჯობესება, ექსპორტ-იმპორტის დაბალანსება და მისი ანალიზი, ექსპორტ-იმპორტის რეგულირება და კონტროლი, საგარეო ვაჭრობის საერთაშორისო წესების დაცვა, სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე სწრაფი და ქმედითი ზეგავლენის მოხდენა და სხვა.

მესამე. გადაუდებელი საქმეა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საზღვარგარეთის ქვეყნებთან ურთიერთობათა განვითარება და გაღრმავება, დონორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების მიერ გამოყოფილი ტექნიკური, ჰუმანიტარული, ფინანსური დახმარების ეფექტიანი კოორდინაცია და ათვისება.

აუცილებელია საზღვარგარეთის ქვეყნებთან ეკონომიკური, სავაჭრო, სამეცნიერო-ტექნიკური თუ სხვა სახის ურთიერთობების მაქსიმალურად გაფართოება და გაღრმავება.

საქმიანობის ყველა მიმართულება უშუალოდ უნდა იყოს გამიზნული კერძო სექტორის ხელშეწყობასა და განვითარებაზე.

უკვე შექმნილია დსთ-ს თანამეგობრობის სახელმწიფოების საგარეო-ეკონომიკურ უწყებათა საბჭო. მას დიდი ფუნქციები აკისრია დსთ-ს ქვეყნებში საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისა და კოორდინირების საქმეში. საჭიროა ამ საბჭოსთან ეფექტიანი ურთიერთობა.

საქართველოს რესპუბლიკის საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობათა კომიტეტი წარმართავს და კოორდინირებას უწევს საგარეო-ეკონომიკურ საქმიანობას, ახორციელებს ერთიან საგარეო-ეკონომიკურ პოლიტიკას, შესამჩნევ საქმიანობას ეწევა დარგობრივი პროექტებისა და ინვესტიციების, საგარეო ვაჭრობის, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის, იურიდიული და სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლობების მუშაობის კოორდინირების საქმეში. ერთ-ერთ სტრუქტურულ ერთეულად ფუნქციონირებს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ სახელმწიფოებთან ეკონომიკური ურთიერთობის განყოფილება.

კომიტეტი არის საქართველოს მთავრობის ოფიციალური აგენტი ევროგაერთიანებაში.

შექმნილია და ფუნქციონირებს საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკურ წარმომადგენელთა ინსტიტუტი მსოფლიოს 24 ქვეყანაში. მიგვაჩნია, რომ ამ ინსტიტუტმა შესაბამისი სამართლებრივი ბაზის შექმნის შემდეგ შეიძლება მეტად მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს როგორც საგარეო ვაჭრობის, ისე უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მხრივ.

ერთ-ერთ მთავარ ამოცანას დღეს წარმოადგენს საერთაშორისო ეკონომიკურ და რეგიონულ ორგანიზაციებთან კავშირის დამყარება და თანამშრომლობის გაფართოება. ხელმოწერილი იქნა პირველი სამთავრობო ხელშეკრულება (საფეიქრო ნაწარმით ვაჭრობის შესახებ) საქართველოსა და ევროკავშირში შემავალ 12 ქვეყანას შორის. მზადდება მრავლისმომცველი ხელშეკრულება პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ ევროპის კავშირის, მის წევრ ქვეყნებსა და საქართველოს რესპუბლიკას შორის, რომელიც უახლოეს პერიოდში იქნება ხელმოწერილი. ფართო ურთიერთობა არის დამყარებული რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპულ ბანკთან, აქტიური სამუშაობები მიმდინარეობს გაეროს დაქვემდებარებაში მყოფ ეკონომიკურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაფართოების და გაღრმავების მიმართულებით.

საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობათა კომიტეტში, საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1993 წლის 18 დეკემბრის № 262 ბრძანებულების შესაბამისად შემუშავებულ იქნა კრიზისის დაძლევისა და სტაბილიზაციის დარგობრივი პროგრმა - „საგარეო პოლიტიკა: ეკონომიკური ასპექტები“, რომელიც მოწონებულია რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის და სხვადასხვა სამინისტროების მიერ. საჭიროა ამ პროგრამის უსათუოდ განხორციელება.

დასრულდა ერთობლივი მუშაობა და რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორთა საბჭოზე გასული წლის აგვისტოში დამტკიცდა ე.წ. „ევროპული ბანკის სტრატეგია საქართველოსათვის“. მეტად ნაყოფიერი გამოდგა მუშაობა მსოფლიო ბანკთან.

ჩამოყალიბდა თურქეთ-საქართველოს ერთობლივი კომპანია, რომელშიც საქართველოს მხრიდან შევიდნენ წამყვანი საწარმოო და სავაჭრო კომპანიები, ხოლო თურქეთის მხრიდან - ტრაბზონის, რიზეს და სამსუნის უმსხვილესი მეწარმეები და სავაჭრო ფირმები.

საზღვარგარეთის ქვეყნებთან საინვესტიციო თანამშრომლობის სფეროში პრიორიტეტულ მიმართულებებად მიგვაჩნია: ენერგოუზრუნველყოფა, მოსახლეობის კვების პროდუქტებით დაკმაყოფილება, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობაში „ვიწრო ადგილების“ ლიკვიდაცია, საექსპორტო პროდუქციის წარმოების გაზრდა და სხვ.

დიდ ეფექტს მოგვცემს ენერგეტიკის დარგში თბილისის, ენგურის და რიონის ჰიდროელექტროსადგურების ტექნიკური გადაიარაღების პროექტების განხორციელება, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კრედიტის გამოყოფა. ეფექტიანად უნდა ვიმუშაოთ ამ მიმართულებით.

ევროკავშირის კომისიის ტექნიკური დახმარების პროგრამის ფარგლებში ფრანგი და ქართველი სპეციალისტების მონაწილეობით მუშავდება საქართველოს ენერგეტიკის განვითარების პროგრამა.

რესპუბლიკის აგროსამრეწველო კომპლექსის განვითარებაზე მიმართულია გერმანული და ჩინური სახელმწიფო კრედიტები. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კრედიტი 30 მლნ. გერმანული მარკის ოდენობით მთლიანად მოხმარდება სოფლის მეურნეობის და კვების მრეწველობის კერძო საქტორს.

საქართველოს რესპუბლიკის და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობებს შორის დადებული ხელშეკრულების შესაბამისად ხელმოწერილია საკონტაქტო ხელშეკრულება ჩინური წარმოების მცირეგაბარიტიანი ტრაქტორების „სინტაი-180“-ის შესყიდვის შესახებ. ჩინეთის საგარეო სავაჭრო კომპანიამ უკვე დაიწყო მინიტრაქტორების მიწოდება რესპუბლიკაში. ამჟამად მიმდინარეობს წინასწარი მოლაპარაკება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან მცირე ჰესებისათვის შესაბამისი მოწყობილობების შეძენის თაობაზე. შემოთავაზებულია ჩინური წარმოების მცირე ჰესების სხვადასხვა სიმძლავრის აგრეგატები. დაგეგმილი გვაქვს ევრობანკთან განვიხილოთ რესპუბლიკის ერთი რეგიონის (კახეთი) მაგალითზე მცირე ჰესების მშენებლობის პროექტის დაფინანსების საკითხი.

პირდაპირი ინვესტირების განსახორციელებლად დაიდო ხელშეკრულებები „საქნავთობსა“ და ფირმებს - „ტიპიკენსა“ და ავსტრალიურ „კროპფუდს“ შორის, აგრეთვე ნაყარი წიდების გადამმუშავებელი კომპლექსის მშენებლობის თაობაზე რუსთავის მეტალურგიულ ქარხანასა და თურქულ ფირმას „სოტუოს“ შორის.

საზღვარგარეთელი პარტნიორების მოძიებაში დახმარების აღმოსაჩენად ყალიბდება თანამშრომლობა აშშ-ს ვაჭრობის სამინისტროს კომერციულ ინფორმაციულ სამსახურთან, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო ვაჭრობის ინფორმაციის ბიუროსთან, თურქეთის საგარეო ეკონომიკური კავშირების გამგეობასთან, „დოიჩბანკის“ წარმომადგენლობასთან საქართველოში და სხვა. ამ უკანასკნელთან ერთად მუშავდება საკითხი ლითონური მანგანუმისა და კალიუმის პერმანგანატის ახალი საწარმოო სიმძლავრეების შესაქმნელად და ხაშურის მინის ტარის ქარხნის საჩამოსხმო ხაზებისათვის საჭირო საკრედიტო რესურსების გამოყოფის შესახებ და სხვა.

ევროკავშირის ტექნიკური დახმარების სამსახურის ექსპერტები რესპუბლიკის სპეციალისტთა მონაწილეობით, შეუდგნენ ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის რეგიონული პროგრამის შემუშავებას. პროგრამა შედგება სავაჭრო, საზღვაო, სარკინიგზო, საავტომობილო გზებისა და სხვა საკომუნიკაციო კავშირების განვითარების 23 პროექტისაგან, პირველი ეტაპის 5 პროექტისათვის უკვე გამოიყო 4,7 მილიონი ეკიუ.

პროექტების შემუშავების პარალელურად წინა პლანზე წამოიწია მათი განხორციელებისათვის საჭირო დაფინანსების საზღვარგარეთული წყაროების მონახვისა და ინვესტორების დაინტერესების საკითხებმა.

პირველი პრაქტიკული ნაბიჯი ამ მიმართულებით გადაიდგა. გასული წლის აპრილში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის სანკტ-პეტერბურგში გამართულ წლიურ სხდომაზე, განხილული იქნა ფოთის პორტის რეკონსტრუქციის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება და მისი განხორციელებისათვის შესაბამისი კრედიტების გამოყოფის საკითხი. ბანკის ექსპერტები შეუდგნენ ამ საკითხის საფუძვლიან შესწავლას.

ამჟამად უცხოელი სპეციალისტების დახმარებით, საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობათა კომიტეტის ხელშეწყობით, დეპარტამენტი „საქნახშირი“ ამზადებს ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებას ნახშირზე მომუშავე 200 მეგავატი სიმძლავრის თბოელექტროსადგურის ასაშენებლად, ტყიბულის ქვანახშირისა და ჭიათურის მანგანუმის მადნების რაციონალური გამოყენების მიზნით.

მეტად აქტუალურია მადნეულის ოქროს შემცველი კვარციტების გადამუშავების პრობლემა. მასთან დაკავშირებით ჩატარდა მოლაპარაკება ავსტრალიურ ფირმა „კროპვუდთან“ და ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ერთობლივი წარმოების შექმნის თაობაზე.

საზღვარგარეთული ინვესტიციების რაციონალურად გამოყენების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ისეთი პრიორიტეტული ობიექტები და მიმართულებები, როგორიცაა თბილისის აეროპორტის რეკონსტრუქცია, რესპუბლიკის ტერიტორიაზე გამავალი ნავთობსადენისა და გაზსადენის მშენებლობა, საქართველოს საზღვაო ფლოტის განვითარება და სხვა. ამ საკითხებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმონ მინისტრთა კაბინეტმა, საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობათა კომიტეტმა, დაინტერესებულმა უწყებებმა.

განხორციელდა თურქეთის 50 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის კრედიტის განაწილების და პროექტების ექსპერტიზის სამუშაოები. ამ კრედიტის ფარგლებში სრულდება რადიო და სატელეფონო კომუნიკაციების რეკონსტრუქციებისა და გაფართოების, რუსთავის ცემენტის ქარხნის ეკოლოგიური უსაფრთხოების, სასმელი წყლების ჩამოსხმის პროექტები და სხვა.

საჭიროა მეტი კონტროლი მიღებული დადგენილებების განხორციელებაზე.

უცხოური ინვესტიციების მოზიდვა და მათი გამოყენება უნდა მოხდეს რესპუბლიკის ეკონომიკის განვითარების პრიორიტეტული მიმართულებების შესაბამისი პროგრამების დაფინანსების მიზნით. ვფიქრობთ, სწორად მოიქცა საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობათა კომიტეტი, როცა ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად შეიმუშავა აღნიშნული პრიორიტეტული მიმართულებები და პროგრამები. ისინი დაამტკიცა რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტმა.

რესპუბლიკაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვისა და საინვესტიციო საქმიანობის გაძლიერებისა და ერთიანი სტრატეგიის ჩამოყალიბების მიზნით მინისტრთა კაბინეტმა მიიღო დადგენილება „საზღვარგარეთის ინვესტიციების მოზიდვის და გამოყენების დამატებითი ღონისძიებების შესახებ“ საჭიროა მისი უფრო ეფექტიანი განხორციელება.

მინისტრთა კაბინეტის დადგენილებით დამტკიცდა რესპუბლიკის ეკონომიკის განვითარების პრიორიტეტული მიმართულებები და იმ საინვესტიციო პროექტების ნუსხა, რომელთა ინვესტირება უნდა მოხდეს პირველ რიგში.

საჭიროა ინვესტირების სფეროში სათანადო კანონპროექტების და საკანონმდებლო აქტების შემუშავება, მკაცრი კონტროლის დაწესება საქართველოსათვის გამოყოფილი საზღვარგარეთული კრედიტების მიზნობრივ განაწილებაზე, დასაქონლებასა და კონკრეტული ხელშეკრულებებით საქონლის მიწოდებაზე და სხვა.

მიღებული კრედიტებიდან და ჰუმანიტარული დახმარებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია:

პირველი. ევროკავშირის კრედიტი 70 მილიონი ეკიუ, გამოიყო 1992 წელს, საქართველოში შემოვიდა 200 ათასი ტონა ხორბალი, 4,2 ათასი ტონა საქონლის ხორცი, 45 ათასი ტონა შაქარი, 111 ათასი ტონა ფქვილი, 0,3 ათასი ტონა საფუარი, 3 ათასი ტონა მარგარინი, 6,2 მლნ. ლიტრი მზესუმზირას ზეთი, 3,5 ათასი ტონა მშრალი რძის ფხვნილი, 2,4 მლნ. დოლარის ღირებულების მედიკამენტები და სხვ.

მეორე. ევროკავშირის კრედიტი 10 მილიონი ეკიუ (1993 წ.) შემოვიდა: 85 ათასი ტონა ხორბალი, 0,1 ათასი ტონა საფუარი, 350 ათასი დოლარის ღირებულების მედიკამენტები.

მესამე. ევროკავშირის კრედიტი 40 მილიონი ეკიუ (1993 წ.) შემოვიდა: 210 ათასი ტონა ხორბალი, 60 ათასი ტონა ფქვილი, 0,3 ათასი ტონა საფუარი.

ორიოდე სიტყვა ჰუმანიტარული დახმარების შესახებ. 1993 წელს მივიღეთ ამერიკის შეერთებული შტატებიდან 405 ათასი ტონა ხორბალი, გერმანიიდან 20 ათასი ტონა ფქვილი და 20 ათასი ტონა შაქარი, იაპონიიდან - 5 ათასი ტონა ნავთი. 1994 წელს - აშშ-დან 100 ათასი ტონა ხორბალი და ა.შ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დახმარება, რომელსაც საქართველო ამერიკის შეერთებული შტატებიდან ღებულობს, ამ დახმარების ყოველწლიური მოცულობა 100 მილიონ დოლარს შეადგენს. მომავალშიც უნდა ველოდოთ, რომ საქართველოსათვის დახმარების კურსი გაგრძელდება. ამასთან, მხედველობაში უნდა ვიქონიოთ, რომ, როგორც ამერიკის, ისე სხვა ქვეყნების დახმარება უფრო მეტად მიმართული იქნება განვითარების სფეროსაკენ, თანდათან შემცირდება ჰუმანიტარული დახმარების მოცულობები, გაიზრდება განვითარების პროცესში მათი მონაწილეობა. სამწუხაროდ, ჰუმანიტარული დახმარება ხშირად ვერ აღწევს იმ ფენებამდე, ვისაც ის პირველ რიგში ეკუთვნის. ამ სახის დახმარებათა საქმეში არსებული ნაკლოვანებების დასაძლევად შეიქმნა ერთიანი რესპუბლიკური სისტემა. დაგროვდა გარკვეული გამოცდილება. ეხლა სავსებით რეალურია სრული წესრიგის დამყარება ჩვენი ხალხისათვის ამ უაღრესად მნიშვნელოვან სფეროში.

ძირფესვიანად უნდა გაუმჯობესდეს ექსპორტ-იმპორტის სამსახური წარმოება ორიენტირებული უნდა იყოს არა მარტო საკუთარი ბაზრის დაკმაყოფილებაზე, არამედ უცხოური ბაზრის სტანდარტებზე. უნდა ვისწავლოთ მსოფლიო და რეგიონულ ბაზარზე გასვლის და იქ დამკვიდრების ხელოვნება. უნდა გამოვუშვათ მსოფლიო ბაზარზე კონკურენტუნარიანი პროდუქცია, უნდა შევისწავლოთ მსოფლიო და რეგიონული ბაზრების კონიუნქტურა.

უკეთ უნდა განხორციელდეს საქართველოს ექსპორტ-იმპორტის სახელმწიფოებრივი რეგულირება, საექსპორტო და საიმპორტო პროდუქციის ლიცენზირების მეშვეობით.

მინისტრთა კაბინეტმა, პარლამენტმა, სახელმწიფოს მეთაურმა უნდა უზრუნველყოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობათა კომიტეტისა და ვაჭრობისა და მატერიალური რესურსების სამინისტროს საქმიანობის სწორი, რაციონალური, სრულყოფილი კოორდინაცია და საჭირო შემთხვევაში მიზანშეწონილი რესტრუქტურიზაცია.

საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობებში აქტიურად მონაწილეობს საგარეო საქმეთა სამინისტრო საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობათა კომიტეტთან ერთად.

ბოლო ორი წლის მანძილზე საგარეო საქმეთა სამინისტრო ბოლო ორი წლის მანძილზე საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით სულ ხელმოწერილია 757 საერთაშორისო დოკუმენტი, აქედან უკრაინასთან - 21, აზერბაიჯანთან - 25, გერმანიასთან - 9, პოლონეთთან - 4, თურქეთთან - 11, თურქმენეთთან - 23, ჩინეთთან - 29, ყაზახეთთან - 22, დიდ ბრიტანეთთან - 4, აშშ-თან - 5, ირანთან - 18, რუსეთთან - 37, სომხეთთან - 22, ესპანეთთან - 2 და ა.შ. ხელშეკრულებათა უმრავლესობა - 151, ეხება ეკონომიკურ საკითხებს და მოიცავს სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო, საბანკო, საბაჟო, საინვესტიციო და სხვა სფეროებს.

პარლამენტს საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობათა კომიტეტმა აპრობირებისათვის გადასცა „უცხოური ინვესტიციების დაცვის“ კანონის პროექტი, მზადდება „ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების კანონის“ პროექტი. ორივე დოკუმენტში სრულად არის გათვალისწინებული ამ დარგებში საერთაშორისო საქმიანობის გამოცდილება და სავარაუდოა, რომ ამ კანონთა მიღება მძლავრ ბიძგს მისცემს როგორც უცხოური ინვესტიციების ზრდას, ისევე სავაჭრო-ეკონომიკური სფეროს გამოცოცხლებას.

ორმხრივი ურთიერთობების ინტენსიფიკაციის გარდა მიმდინარეობს მუშაობა საერთაშორისო ეკონომიკურ და სოციალურ ორგანიზაციებში ინტეგრაციისათვის. დღეისათვის საქართველო მრავალი საერთაშორისო ეკონომიკური და სოციალური ორგანიზაციის წევრია, მათ შორის: საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკის ჯგუფის (რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი, განვითარების საერთაშორისო ორგანიზაცია და მრავალმხრივი ინვესტიციების საგარანტიო სააგენტო), გაეროს სამრეწველო განვითარების ორგანიზაციის, გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის, მსოფლიო საფოსტო კავშირის, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის, ელექტროკავშირგაბმულობის საერთაშორისო კავშირის და სხვა. სათანადო დოკუმენტები წარმოვუდგინეთ და დამკვირვებლის სტატუსი მივიღეთ ისეთ ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციებში, როგორიცაა ვაჭრობისა და ტარიფების საერთო შეთანხმება (გატი) და კვებისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (ფაო) და სხვა.

საქართველოს გაწევრიანება სხვადასხვა ეკონომიკურ ორგანიზაციებში კვლავ გრძელდება.

ეკონომიკური კრიზისიდან თავის დაღწევის მნიშვნელოვან ფაქტორად მიგვაჩნია ის, რომ საქართველოს განვითარებადი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა, რაც მისთვის მეტი ქმედითი დახმარების გაწევას გულისხმობს.

მსოფლიო ეკონომიკურ სისტემაში საქართველოს ეფექტიანი ჩართვის მძლავრ ინსტრუმენტად შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ბისეკი) აქტიური მონაწილეობა უნდა იქცეს. ამ თემაზე ბევრი ითქვა, განსაკუთრებით წევრ სახელმწიფოთა საგარეო საქმეთა მინისტრების თბილისის თათბირზე.

ბისეკის სტრუქტურა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წინადადებით (ჩვენი მძიმე ენერგოკრიზისიდან გამომდინარე), ერთი სამუშაო ჯგუფით გაიზარდა, რომელიც ენერგეტიკის დარგში თანამშრომლობის პრობლემებზე იმუშავებს. თბილისის შეხვედრა მეტად კონსტრუქციული გამოდგა, ვინაიდან წევრი სახელმწიფოები აქ საბოლოოდ შეთანხმდნენ და ხელი მოაწერეს ბისეკის ბანკის შექმნის ხელშეკრულებას.

საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობებში თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საგარეო საქმეთა სამინისტროს და ეს გასაგებია, რადგანაც საგარეო ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობანი დიდად არის დამოკიდებული დიპლომატიურ წარმატებებზე, მსოფლიოს საერთაშორისო პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობაზე.

XV. საგარეო პოლიტიკა, ძირითადი დიპლომატიური ასპექტები

დღეისათვის საქართველოს რესპუბლიკა აღიარა მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა ქვეყანამ. ორმხრივი ურთიერთობები დამყარდა მსოფლიოს 90 სახელმწიფოსთან. გრძელდება მუშაობა დანარჩენ სახელმწიფოებთან ურთიერთობის დასამყარებლად.

22 სახელმწიფოსთან შექმნილია სამართლებრივი ბაზა ორმხრივ სახელმწიფოებრივ ურთიერთობათა განვითარებისათვის სხვადასხვა დარგებში.

პარლამენტი, მინისტრთა კაბინეტი, სახელმწიფოს მეთაური, საგარეო საქმეთა სამინისტრო განსაზღვრავენ და ახორციელებენ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს, საგარეო პოლიტიკურ კონცეფციას.

საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე ყოველთვის დიდ გავლენას ახდენდა და მომავალშიც მოახდენს მეზობელი დიდი სახელმწიფოების ან სამხედრო-პოლიტიკური დაჯგუფებების გრძელვადიანი თუ მოკლევადიანი ინტერესები და პოლიტიკური კურსი.

საქართველოს გეოპოლიტიკური მდგომარეობა - ის არის ერთგვარი „ხიდი“ გეოპოლიტიკურ „დასავლეთსა და აღმოსავლეთს“, „ჩრდილოეთსა და სამხრეთს“ შორის - უცვლელი რჩება და ამდენად მომავალში, საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტებისა და კურსის შემუშავებისას თუ განხორციელების დროს უნდა გათვალისწინებულ იქნას საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული და დღეს არსებული რეალობა.

აქედან გამომდინარე, საქართველოს საგარეო პოლიტიკა მაქსიმალურად გაწონასწორებული უნდა იყოს და ითვალისწინებდეს იმ ფაქტორებს, რომელთა ერთობლიობა განსაზღვრავს მის გეოპოლიტიკურ მდგომარეობას.

ცნება „გაწონასწორებული“, მინდა სწორად გამიგოთ, გულისხმობს იმას, რომ საქართველო ისევე, როგორც ყოფილი საბჭოთა კავშირის თითქმის ყველა ქვეყნა, რუსეთის ჩათვლით, მიისწრაფვის ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრირებისაკენ. ეს ჩვენი სტრატეგიული მიზანია. ეს ერთი. მეორე მხრივ, ეს პროცესი ფრთხილად უნდა ხორციელდებოდეს და არ უნდა დაირღვეს წონასწორობა მეზობლებთან ურთიერთობაში, იმ დიფერენცირებულ მიდგომათა გათვალისწინებით, რომლებიც საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში ჩვენი მეზობლების გეოპოლიტიკური მდგომარეობით და მნიშვნელობით არის განპირობებული.

ამასთან, მხედველობაშია მისაღები ისიც, რომ დასავლეთიც არ არის ჯერჯერობით მზად, რომ საქართველო სრულუფლებიან პარტნიორად და მოკავშირედ აღიაროს. ვიმეორებ, ეს ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველა ქვეყნისათვის დამახასიათებელი მოვლენაა.

ამდენად დასავლეთზე სტრატეგიული ორიენტაციის პარალელურად აუცილებელია განვითარდეს მრავალმხრივი თანასწორუფლებიანი ურთიერთობები დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობასთან, - პირველ რიგში, ჩვენს უშუალო მეზობლებთან, რუსეთთან, უკრაინასთან, სომხეთთან, აზერბაიჯანთან, ცენტრალური აზიის რესპუბლიკებთან. ვინაიდან რუსეთი მომავალშიც შეინარჩუნებს ერთ-ერთი გეოპოლიტიკური „ძალის ცენტრის“ სტატუსს, საქართველოს ინტერესებში იქნება, თუ იგი წარმატებით მოახერხებს ბალანსირებას, ინტერესთა შეხამებას. ჩემი ვარაუდი ასეთია: ევროპულ პროცესებში რუსეთის ინტეგრირება იმაზე უფრო სწრაფად წარიმართება, ვიდრე ბევრს ჰგონია; საქმე ის არის, რომ ევროპის, ასევე რუსეთის სასიცოცხლო ინტერესებშია იმ ბარიერების რაც შეიძლება სწრაფი მოშლა, რომლებიც ევროპის და მთელი მსოფლიოს ორ დაპირისპირებულ ბანაკად ფორმირებამ გამოიწვია. ეს დააჩქარებს საერთო პროგრესს, შექმნის უკეთეს გარემოს რუსეთის სახელმწიფოს სტაბილურობისა და დემოკრატიული გზით განვითარებისათვის. რუსეთთან ახალი ურთიერთობების მშენებლობა დღევანდელ და მომავალ თაობათა ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავია. ისტორიული გამოცდილების მოშველიება და ახალ რეალობათა გათვალისწინება რუსეთ-საქართველოს დღევანდელი და მომავალი კავშირების საფუძველია.

საქართველოს გაწევრიანება დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში, როგორც მსოფლიო პრესა წერდა, პრაქტიკულად „დიდი მსოფლიო პოლიტიკის თანხმობით“ მოხდა. თვით აშშ-ს ამჟამინდელმა ადმინისტრაციამ და მსოფლიოს წამყვანმა სახელმწიფოებმა დადებითად შეაფასეს ეს აქცია, რადგანაც, ერთი მხრივ, ეს არ ემუქრება ჩვენს დამოუკიდებლობას და დემოკრატიას, და მეორე მხრივ, ეს სავსებით მისაღებია მსოფლიოს ყველა ქვეყნისათვის, მათი ეროვნული და გეოპოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, ისევე, როგორც საქართველოსათვის.

რუსეთის ფედერაციაში დაინიშნა ახალი ელჩი, ბატონი ვაჟა ლორთქიფანიძე, რომელსაც შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის განვითარების თანამედროვე ეტაპზე.

დსთ-ს ქვეყნებთან ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას განაგებს ახლად დანიშნული ვიცე-პრემიერი ბაკურ გულუა. იმედი გვაქვს, გატარდება ეფექტიანი რეალისტური პოლიტიკა დსთ-ს სახელმწიფოებთან.

დიდი იმედების მომცემია ჩვენი ურთიერთობა უკრაინასთან. ამ კავშირების განსაკუთრებულობას ხაზს უსვამს თვით „დიდი ხელშეკრულების“ დასახელებაც.

პრეზიდენტ კუჩმას უაღრესად შედეგიანმა ვიზიტმა დაადასტურა ორი ქვეყნის თანამშრომლობაში დიდი და ჯერ კიდევ გამოუყენებელი პოტენციალის არსებობა.

ასეთ ვითარებაში მყოფი საქართველოსათვის აქტიური რეგიონული პოლიტიკა უეჭველად უნდა დარჩეს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებში. ქვეყანას მსოფლიოს „დიდ პოლიტიკაში“ ჩართვა მხოლოდ აქტიური რეგიონული პოლიტიკის გატარებით შეუძლია.

დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ჩვენი აზრით, მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებთან ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას. მხედველობაში გვაქვს მჭიდრო ეკონომიკური და კულტურული სამეცნიერო კავშირები ჩვენს უახლოეს მეზობელთან თურქეთთან; ეს თანამშრომლობა მეზობლური სითბოთი და ურთიერთგაგებით გამოირჩევა.

ასევე ბევრი გაკეთდა ეკონომიკური და სხვა კავშირების განვითარებისათვის ირანთან, ჩინეთთან, არაბულ სამყაროსთან. დიდ მნიშვნელობას იძენს ჩვენი განსაკუთრებული ურთიერთობა გერმანიასთან, საფრანგეთთან, დასავლეთის თითქმის ყველა ქვეყანასთან. იმედის მომცემია ამ დღეებში ჩემი ვიზიტი ინგლისში, დიდი პოტენციალია ჩადებული საქართველოსა და ისრაელს შორის ურთიერთობაში.

მიგვაჩნია, რომ მომავალში ჩვენი კავშირების განვითარებას ლათინური ამერიკის, აფრიკის, აზიისა და ავსტრალია-ოკეანიის ჯერ კიდევ „აუთვისებელ“ სივრცესთან ასევე კარგი პერსპექტივა გააჩნია.

შემდგომ სრულყოფას მოითხოვს საქართველოს რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკური კონცეფცია, საგარეო პოლიტიკის დიპლომატიური და ეკონომიკური ასპექტები. ამ კონცეფციას გააჩნია თავისი მუდმივი და ცვლადი, სტრუქტურული და ტაქტიკური პარამეტრები. დინამიურად იცვლება სამყარო, იცვლება მსოფლიო პოლიტიკა. საჭიროა სათანადო კორექტირების შეტანა კონცეპტუალურ და მისგან გამომდინარე დოკუმენტებში, საქართველოს საგარეო პოლიტიკაში.

საერთაშორისო პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საფინანსო ორგანიზაციებთან საქართველოს რესპუბლიკის ურთიერთობები და მათი განვითარების პერსპექტივები ყოველდღე უნდა იდგეს მინისტრთა კაბინეტის, საგარეო საქმეთა სამინისტროს, საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობათა კომიტეტის, ეკონომიკის, ფინანსთა სამინისტროს, ეროვნული ბანკის ყურადღების ცენტრში.

საჭიროა შავი ზღვის ქვეყნების ალიანსში საქართველოს თანამშრომლობის შემდგომი აქტივიზაცია.

მეტად აქტუალურია და პერსპექტიული საკითხი საქართველოს და ხმელთაშუა ზღვის სახელმწიფოთა შორის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ.

უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ჯერ კიდევ სრულად ვერ ვიყენებთ შესაძლებლობებს, რომელიც რეალურად არსებობს თანამშრომლობაში ჩვენს უახლოეს მეგობარ და მოძმე სახელმწიფოებთან - აზერბაიჯანთან და სომხეთთან, კონფლიქტების ეტაპი დამთავრდება და ამიერკავკასიის სამი სახელმწიფოს თანამეგობრობა განვითარების ახალ ფაზაში შევა.

აუცილებელია ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონში საქართველოს პოლიტიკის კიდევ უფრო გააქტიურება. რა თქმა უნდა, რუსეთ-საქართველოს თანამშრომლობის და ურთიერთგაგების კიდევ უფრო გაღრმავების ფონზე „კავკასიური დიალოგის“ იდეა არ მომკვდარა, მას გამოცოცხლება სჭირდება. სწორედ ასე აღვიქვი ჩრდილო ოსეთის პრეზიდენტის ბატონ გალაზოვის ამასწინდელი გამოსვლა. აუცილებელია ამ რეგიონის ხალხებთან და სახელმწიფოებთან კეთილმეზობლური დიფერენცირებული ურთიერთობა, დასაკონკრეტებელია ურთიერთობათა სფეროები. საჭიროა მეტი კონკრეტული საქმეები. უკეთ უნდა გავითვალისწინოთ ჩეჩნეთში მომხდარი მოვლენების შედეგები. ჩეჩნეთში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით ჩვენ დავიკავეთ ის პოზიცია, რომელიც რეალისტურია და პერსპექტიულია როგორც საქართველოს, ასევე მთელი რეგიონის ინტერესების გათვალისწინებით, როგორც სადღეისოდ, ასევე სამომავლოდ.

გამოიკვეთა საქართველოს საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტები გაერო-ში, ჩამოყალიბებულია გაერო-ში საქართველოს მიზნები და მათი მიღწევის გზები, სხვადასხვა ქვეყნების მისიებთან მუშაობის პროგრამა.

უნდა ამაღლდეს ოფიციალური სახელმწიფო ვიზიტების როლი და პრაქტიკული მნიშვნელობა კონკრეტულ სახელმწიფოებთან საქართველოს ურთიერთობის შემდგომი განვითარების მიზნით.

საქართველოს სრული სუვერენიტეტის განმტკიცებისათვის უდიდესი როლი ეკისრება საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობაში აქტიურ მონაწილეობას, ვინაიდან თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემას სწორედ ისინი განსაზღვრავენ უკვე ტრადიციული, ჩამოყალიბებული სტრუქტურების სახით.

ეკონომიკური და სოციალური დარგის საერთაშორისო ორგანიზაციებში ჩვენი ჩართვის შესახებ ზემოთ ითქვა, ამჯერად მოკლედ შევეხებით საქართველოს მონაწილეობას პოლიტიკური ხასიათის საერთაშორისო ორგანიზაციებში.

ამ მხრივ სერიოზული ნაბიჯები უკვე გადაიდგა, გავწევრიანდით გაერო-სა და მის სპეციალიზებულ ორგანიზაციებში, ევროკავშირისა და ჩრდილოატლანტიკური თანამშრომლობის საბჭოში, რაც ჩვენი ქვეყნის ინტერესების უკეთ დაცვის რეალურ საშუალებებს იძლევა.

პარლამენტის, სახელმწიფოს მეთაურის, მინისტრთა კაბინეტის, საგარეო საქმეთა სამინისტროს და გაერო-ში ჩვენი მუდმივი წარმომადგენლობის მუშაობაზე მეტყველებს 10 რეზოლუცია, რომელიც გაერო-ს უშიშროების საბჭომ მიიღო აფხაზეთის კონფლიქტთან დაკავშირებით.

ბუდაპეშტის ისტორიული ფორუმის ყველა 53-მა მონაწილე სახელმწიფომ დაგმო აფხაზეთის სეპარატისტ ლიდერთა მოქმედება ე.წ. „აფხაზეთის დამოუკიდებლობის“ გამოცხადების თაობაზე და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და მისი საზღვრების ურღვევობის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.

მე მათ მადლობა მინდა მოვახსენო საქართველოს ხელისუფლების და ხალხის სახელით.

და მაინც შეიძლება და, ალბათ, საჭიროც არის ლაპარაკი გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციათა მხრიდან უფრო

ქმედითი პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობაზე არა მარტო აფხაზეთის კონფლიქტთან, არამედ სხვა ეთნოპოლიტიკურ კონფლიქტებთან დაკავშირებით. მაგრამ პრაქტიკა აჩვენებს, რომ ასეთი ქმედითი, სწრაფად შედეგის მომტან მოქმედებათა წარმოება გაეროს ყოველთვის არ ძალუძს.

მიუხედავად გაეროს მხარდაჭერის დეკლარაციული ხასიათისა, მიგვაჩნია, რომ მას დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს და საბოლოო ჯამში გადამწყვეტ როლს შეასრულებს აფხაზეთის პრობლემის სასურველ მოგვარებაში.

თუმცა აქვე დავძენთ, რომ ბევრი რამ იქნება დამოკიდებული ისევ და ისევ რუსეთის პოზიციაზე, რომელიც ჩეჩნეთში ომისა და მასში ჩეჩნეთის მხარეზე აფხაზეთის სამხედრო ფორმირებათა მონაწილეობის ფონზე აშკარად ჩვენთვის სასარგებლოდ უნდა გამოიკვეთოს.

ბოლო პერიოდში გამოჩნდა ჩვენთვის სრულიად უცნობი, მაგრამ დამაიმედებელი პერსპექტივა ჩრდილოატლანტიკური თანამშრომლობის საბჭოს შექმნით, რომელმაც იკისრა ახლად შექმნილ სახელმწიფოებთან მჭიდრო კავშირში ევროპაში დემოკრატიისაკენ სწრაფვის, სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებისა და სტაბილურობის გარანტის ფუნქციები.

გასული წლის მარტში ხელი მოვაწერეთ ნატოს პროგრამის „თანამშრომლობა მშვიდობისათვის“ ძირითად დოკუმენტს, ე.წ. საპრეზენტაციო დოკუმენტზე მუშაობის დამთავრების შემდეგ ხელი მოეწერება ნატო-სა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის პროგრამას.

საქმიანი კონტაქტები გვაქვს ევროპის კავშირთან, მის ცალკეულ სტრუქტურებთან, ევროპის საბჭოსთან და ევროპარლამენტთან. უკვე რეალობაა ევროკავშირის კომისიასთან მუდმივი კონტაქტების გზით ჩვენი რესპუბლიკის პრიორიტეტული ეკონომიკური ინტერესების დაცვა.

დღეს საქართველოში მოქმედებს უცხოეთის 11 სახელმწიფოს საელჩო და 40-მდე საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლობა. საქართველოს საელჩოები გახსნილია 9 სახელმწიფოში, აქედან ჩვენი საელჩოები საფრანგეთსა და აშშ-ში რამდენიმე ქვეყანას მოიცავენ. ფუნქციონირებენ საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობები გაერო-ში, აგრეთვე ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

საქართველოს საკონსულოები გაიხსნა მოსკოვში, კიევში, ალმა-ათაში, ვენაში, ბრიუსელში, ბონში, ტრაბზონში, ანკარაში, ვაშინგტონსა და პარიზში, საკონსულო კონვენციები დაიდო თურქეთთან, საბერძნეთთან, რუსეთთან, ჩინეთთან და კვიპროსთან.

მიმდინარეობს მუშაობა კონვენციებზე გერმანიასთან, ავსტრიასთან, უკრაინასთან, პოლონეთთან, მოლდოვასთან, მაროკოსთან, მსოფლიოს მრავალ სხვა ქვეყანასთან.

მნიშვნელოვან სამუშაოს ასრულებს იუნესკოს საქართველოს ეროვნული კომისია. მისი საქმიანობის შედეგად იუნესკო საქართველოში დააფინანსებს პროექტს ეკოლოგიის, ენერგეტიკის, განათლებისა და სპორტის დარგში, ხელი მოეწერა კონტრაქტს ინფორმატიკის განვითარების თაობაზე. საქართველოს ისტორიულ-არქიტექტორული ძეგლები - მცხეთის კომპლექსი, გელათისა და ბაგრატის ტაძრები მსოფლიოს საგანძურის სიაში იქნა შეტანილი.

დღეს მთავარია პარლამენტმა, მინისტრთა კაბინეტმა არ დაუშვან საგარეო და საშინაო პოლიტიკის გათიშვა, ისინი ერთი მთელის ორი ნაწილია. მათი წარმატების გარანტიაა მათი ორგანული, შინაგანი ლოგიკური მთლიანობა და ერთიანობა.

ასეთია, ძირითადად და მოკლედ ჩვენი საშინაო და საგარეო პოლიტიკის მთავარი ასპექტები, საკვანძო საკითხები და ის ამოცანები, რომლებიც უნდა გადავწყვიტოთ. 1995 წელი რეფორმების, პრეზიდენტისა და პარლამენტის დემოკრატიული არჩევნების, ახალი კონსტიტუციის მიღების ისტორიული წელია. ის მნიშვნელოვან ნიშანსვეტად შევა საქართველოს უახლეს ისტორიაში.

გისურვებთ წარმატებებს თქვენს საქმიანობაში ერისა და სამშობლოს საკეთილდღეოდ!

რეფორმების, ახალი კონსტიტუციის, სახალხო რეფერენდუმის და დემოკრატიული არჩევნების წელი : ე. შევარდნაძის ინფორმაცია რესპუბლიკის პარლამენტს საქართველოს საშინაო და საერთაშორისო მდგომარეობის, კრიზისის დაძლევისა და რეფორმების პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ, 1995 წლის 7 თებერვალი // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 11 თებერვალი. - 16(1032). - 1,2,3,4 გვ.

15 „სახელმწიფოს სტრუქტურების - ცენტრალური, ადგილობრივი, საშუალო რგოლების, ყველას უმთავრესი საზრუნავი დღეს რეფორმაა!“

▲ზევით დაბრუნება


ედუარდ შევარდნაძის 13 თებერვლის რადიოინტერვიუ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ - სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ თავისი ტრადიციული რადიოინტერვიუ ჟურნალისტ ნატო ონიანის შეკითხვის პასუხად, როგორც უკვე დამკვიდრდა, ეკონომიკური მიმოხილვით დაიწყო:

- გასული კვირა ქვეყნის საარსებო ინტერესებისათვის მნიშვნელოვანი ისეთი მოვლენებით აღინიშნა, როგორიც არის თანამეგობრობის სახელმწიფოთა მეთაურების ალმათის შეხვედრა, აქ მიღებული და ხელმოწერილი დოკუმენტები, მათ შორის ანტისეპარატისტული მიმართულებისა, ერთიანი ეკონომიკური სივრცის რეალურად ამოქმედებისათვის საჭირო საბაჟო კანონმდებლობის საფუძვლები; პარლამენტის მუშაობის განახლებისთანავე ეკონომიკური ხასიათის რამდენიმე სერიოზული აქტის პირველი წაკითხვით მოწონება (ამასაც უაღრესად დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ); რესპუბლიკაში ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკური და საქმიანი წრეების უაღრესად გავლენიანი პირების ვიზიტი, რომელთა მიზანიც საქართველოში რეფორმების განხორციელების შესწავლა და შემდგომი ხელშეწყობაა. საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრებისათვის საეტაპო მნიშვნელობა აქვს რეფორმატორული ტენდენციების გაანალიზებას პარლამენტისადმი სახელმწიფოს მეთაურის ინფორმაციაში საქართველოს საშინაო და საერთაშორისო მდგომარეობის, კრიზისის დაძლევისა და რეფორმების პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ. ეს ინფორმაცია გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“ გამოქვეყნდა. აღნიშნულ ტენდენციათა ეფექტიან წარმართვას ქმედით მექანიზმს უქმნის სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 8 თებერვლის ბრძანებულება „რადიკალური ეკონომიკური რეფორმის კურსის სახელმწიფოებრივი უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“. ეს, შეიძლება ითქვას, ახალ ეტაპს მოასწავებს რეფორმების განხორციელებისათვის ბრძოლაში. ლაპარაკია იმაზე, რომ ყველა სახელმწიფო სტრუქტურის - ცენტრალური, ადგილობრივი და საშუალო რგოლების, ყველაზე უმთავრესი საზრუნავი დღეს რეფორმაა. მათი მუშაობის შედეგები და, საერთოდ, საჭირო არიან ისინი თუ არა, იმის მიხედვით შეფასდება, რამდენად ახერხებენ თავიანთი ადგილის პოვნას რეფორმებისათვის ბრძოლაში. ამ ბრძანებულების შესაბამისად გადაწყვეტილია შეიქმნას რეფორმების მიმდინარეობის ხელშემწყობი ჯგუფები როგორც ჰორიზონტალურ, ისევე ვერტიკალურ რგოლებში, ამაღლდეს მათი სტატუსი და განისაზღვროს კონკრეტული ფუნქციები. ანტიკრიზისული პროგრამის რეალიზაციაში ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების უფლებებისა და პასუხისმგებლობის გაძლიერება, რასაც ბრძანებულება ითვალისწინებს, უთუოდ რეფორმის ეფექტიანი წარმართვის გარანტი უნდა გახდეს (ამ პროცესის ყოველი მხარისა და მომენტის უკუგების გაუმჯობესებით, სახელმწიფოს ბიუჯეტის შემოსავლის ფორმირებით დაწყებული და მოსახლეობის სოციალური დაცვის ღონისძიებებით დამთავრებული).

საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს ცნობით, 1995 წლის 8 თებერვლისათვის რესპუბლიკის ბიუჯეტის შემოსავლის ანგარიშზე ეროვნულ ბანკში ჩარიცხული იყო სულ 11 ტრილიონ-ნახევარი კუპონი, საიდანაც 8 ტრილიონი კუპონი საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან მიღებული სისტემური ტრანსფორმაციის კრედიტის საფუძველზე საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის მიერ გამოყოფილი სესხია. ეს ნიშნავს, რომ თვით ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის საკუთარი სახსრებით ფორმირება ძალიან მძიმედ მიმდინარეობს. ეს სესხი რომ არა, ჩვენ, პრაქტიკულად, ხელფასს ვერ გავცემდით. 10 თებერვლისათვის რესპუბლიკის ბიუჯეტიდან გაწეულია დაახლოებით 11 ტრილიონი კუპონის ხარჯები. ესეც, როგორც ვთქვი, ძირითადად ამ კრედიტის მეშვეობით. აქედან 2 ტრილიონ-ნახევარი კუპონი არ წარმოადგენდა ბიუჯეტის გეგმით გათვალისწინებულ გასავალს, იგი გადაერიცხა „საქგაზის“ დეპარტამენტს თურქმენეთის ვალის დასაფარავად, ეს თანხა „საქგაზის“ დეპარტამენტს მიეცა სესხის სახით, რომელიც მან მიმდინარე წლის ივლისამდე უნდა დააბრუნოს. გაზის დავალიანების გარდა, გაწეული ხარჯები, ანუ 8 ტრილიონი კუპონი, რომელიც დანახარჯების საგეგმო მოცულობის დასაფინანსებლად წარიმართა, ამ მოცულობის 65 პროცენტს შეადგენს. ამდენად რესპუბლიკის ბიუჯეტის დავალიანება 1995 წელს საბიუჯეტო სფეროს ორგანიზაციათა მიმართ სადღეისოდ უკვე ოთხ ტრილიონ-ნახევარ კუპონს აღწევს. ეს ვითარება სერიოზულ შეშფოთებას იწვევს და ჩვენ ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რათა უკვე თებერვალში მდგომარეობა გამოსწორდეს.

შექმნილ ვითარებაში გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს საგადასახადო სისტემის შესაძლებლობათა სრულად გამოყენება, რაც ჯერ-ჯერობით ვერ ხერხდება. რა თქმა უნდა, ძალზე სერიოზულია პროდუქციის წარმოებასა და რეალიზაციაში შექმნილ შეფერხებათა გავლენაც. მინისტრთა კაბინეტი ყოველდღიურად უნდა განიხილავდეს ეკონომიკისა და ფინანსების მდგომარეობას მიმდინარე რეფორმების ფონზე და იღებდეს ეკონომიკის გაჯანსაღების ოპერატიულ გადამწყვეტ ღონისძიებებს. ამ რეჟიმით უნდა ამუშავდეს მინისტრთა კაბინეტი და ყველა სახელმწიფო სტრუქტურა.

იანვარში შემოსავლის მოცულობა ძალზე მცირე იყო, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში - სულ 204 მილიარდი კუპონი, ტყიბულში - სულ ორი მილიარდ-ნახევარი, თუმცა ტყიბულელებს ვერაფერში ვერ შეედავები, რადგან ჩვენ ვერ მივხედეთ ამ კუთხეს ისე, როგორც საჭიროა. ასევე მძიმე მდგომარეობაა ჭიათურაში - ოთხ მილიარდ-ნახევარი კუპონი, წყალტუბოში - 2,8 მილიარდი კუპონი. მძიმე ვითარებაა ადიგენში, ქარელსა და ზოგიერთ სხვა რაიონშიც.

საქართველოს რესპუბლიკის კონტროლის პალატამ წარმოადგინა მოხსენებითი ბარათი ჰუმანური დახმარების, კრედიტებითა და ტრანზიტებით შეძენილი ხორბლისა და ფქვილის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხების ბიუჯეტში ჩარიცხვის მდგომარეობის შესახებ. გამოვლინდა სერიოზული ფაქტები და დარღვევები, რომლებიც ადგილობრივი მმართველობის ორგანოების, სამინისტროებისა და უწყებების მსჯელობის საგანი უნდა გახდეს. მოვითხოვ, რომ მინისტრებმა, კომიტეტებმა, გამგებლებმა და მერებმა უახლოეს ერთ კვირაში ეს დოკუმენტი - შემოწმების შედეგები განიხილონ და გადამწყვეტი ზომები მიიღონ გამოვლენილ ნაკლოვანებათა აღმოსაფხვრელად.

„საქგაზის“ დეპარტამენტის ცნობით, საანალიზო კვირაში რესპუბლიკის ბიუჯეტში საერთოდ არ შემოსულა გაზის რეალიზაციის თანხა. პირდაპირ უნდა ვთქვა გაზის დეპარტამენტის ხელმძღვანელების საყურადღებოდ: ეს დეპარტამენტი ან უნდა დავშალოთ, ანდა მათ უნდა გარდაქმნან მუშაობა. ასე ცხოვრება და მუშაობა აღარ შეიძლება.

1995 წლის 9 თებერვლისათვის რეალიზებული ბუნებრივი გაზის დებიტორული დავალიანების საერთო თანხა შეადგენს 108 ტრილიონ კუპონს, აქედან დავალიანების ძირითადი ნაწილი - 62 ტრილიონი კუპონი ერიცხება „საქენერგოს“, 10 ტრილიონი კუპონი - გაერთიანება „აზოტს“, 8 ტრილიონი - მეტალურგიულ ქარხანას, 21 ტრილიონი კუპონი - მოსახლეობას. „საქენერგოს“ მონაცემებით, სისტემის დებიტორულმა დავალიანებამ 98 ტრილიონი კუპონი, ხოლო კრედიტორულმა დავალიანებამ 100 ტრილიონი კუპონი შეადგინა. ქალაქის მერიისა და „თელასის“ გარკვეული აქტიურობის მიუხედავად, ქალაქ თბილისის დავალიანება მატულობს და პირველი თებერვლისათვის 25 ტრილიონ კუპონს აღემატებოდა. ჩემი აზრით, ქალაქის მესვეურები ამას სერიოზულად უნდა ჩაუფიქრდნენ. ქუთაისის დავალიანება შეადგენს 7 ტრილიონ კუპონს, აჭარისა - ოთხ ტრილიონ-ნახევარს, ზუგდიდის - ორ ტრილიონ-ნახევარს, მცხეთისა - 5,3 ტრილიონს, გარდაბნის - 5,7 ტრილიონს, ასევეა რუსთავში და სხვაგან. თუ ვიანგარიშებთ, რა რაოდენობისა და ღირებულების პროდუქციას ქმნიან, გამოდის, რომ ათჯერ მეტს ხარჯავენ, ვიდრე აწარმოებენ. ეს ეხება თბილისსაც, ქუთაისსაც, აჭარასაც და საერთოდ ყველა რაიონს.

მოსახლეობას, როგორც შეუძლია, ისე იხდის გაზის საფასურს, მოსახლეობასაც დიდი დავალიანება აქვს, მაგრამ მთავარი ეს არ არის, მთავარია საწარმო-გაერთიანებები, ქალაქები და რაიონები, რომლებიც ძალიან დიდი რაოდენობით ხარჯავენ გაზს, წარმოებას კი ვერ ამუშავებენ. როგორც ზემოთ ვთქვი, საგანგებო ზომების მიღებაა საჭირო მთავრობის დონეზე. ვფიქრობ, მინისტრთა კაბინეტმა სერიოზულად უნდა გარდაქმნას მუშაობა ამ მიმართულებით. ყოველდღიური მუშაობა და ყოველდღიური გადაწყვეტილების მიღებაა საჭირო და საგანგებო მდგომარეობის შექმნა, რათა აღიკვეთოს უთავბოლობა გაზისა და ელექტროენერგიის ხარჯვაში.

საგადასახადო ინსპექციის აზრით, ბიუჯეტში თანხების მობილიზაცია მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება საგადასახადო სისტემის შემდგომი სრულყოფის საფუძველზე. აუცილებელია მოწესრიგდეს ერთიანი საგადასახადო შეღავათების სისტემა. აქ ძალიან ბევრი რამ არის მოსაგვარებელი. ველოდები, რომ უახლოეს დღეებში საგადასახადო ინსპექციის ხელმძღვანელი ბატონი სალარიძე წარმოადგენს თავის მოსაზრებებს იმ ახალი ეტაპის შესახებ, რომელიც საგადასახადო ინსპექციამ უნდა გაიაროს, რათა საშემოსავლო ნაწილის შესრულების გარანტი გახდეს. ვაცხადებ, რომ, რაც შეიძლება ოპერატიულად განვიხილავ ამ მოსაზრებებს და, თუ საჭირო იქნება, მივიღებთ განკარგულებას ან ბრძანებულებას, ანდა სამთავრობო გადაწყვეტილებას.

დასაჩქარებელია, ბრძანებულებით გათვალისწინებულ მთელ რიგ ღონისძიებათა განხორციელება. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს მაკროეკონომიკური სტაბილიზაციისა და სისტემური ცვლილებებისათვის, რომელთა პარამეტრები საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკისაგან კრედიტებისა და დახმარების მიღების უმნიშვნელოვანესი პირობაა. კერძოდ, თუ ბრძანებულების ერთ-ერთი მუხლის შესაბამისად, ვიმსჯელებთ, გარკვეული ღონისძიებებია განხორციელებული ჯანმრთელობის დაცვის სისტემის რეფორმირებისათვის. მიღებულია სახელმწიფოს მეთაურის ბრძანებულება (იგი გამოქვეყნდა პრესაში) ამ სისტემის რეორგანიზაციის შესახებ და პრაქტიკულად დაიწყო საკმაოდ იმედისმომცემი მოძრაობა. ამას წინათ, მივიღე საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენელთა ჯგუფი 10-12 კაცი, რომლებიც ძალიან დიდი წარმოდგენის არიან ჩვენი სპეციალისტების მიერ შემუშავებულ პროექტებზე. რახან არსებობს კარგი და საინტერესო პროექტი, გაჩნდა პერსპექტივებიც. ახლა მსოფლიო ბანკი, მაგალითად, თანახმაა მონაწილეობა მიიღოს ამ პროგრამის დაფინანსებაში, ასევე თანახმანი არიან სავალუტო ფონდი და სხვა საფინანსო ორგანიზაციებიც. ამიტომ, ძალიან ბევრს ნიშნავს ის, რომ დროულად შეიქმნას რეფორმების პროგრამა, რომელიც აუცილებელია ამ ეტაპისათვის.

არ ჩქარობენ განათლების სისტემაში. მე მესმის, რომ ეს სისტემა უაღრესად რთული და ფაქიზი მექანიზმია, მაგრამ, ჩემი აზრით, ქუთაისისა და ფოთის ექსპერიმენტებმა, აჭარასა და ზოგიერთ სხვა რეგიონში მიმდინარე საინტერესო მოვლენებმა, შესაძლოა, მიგვიყვანოს განათლების სისტემის რეორგანიზაციისა და რეფორმის რესპუბლიკურ სქემამდე. ამ დღეებში მე შევხვდი ბატონ კვაჭანტირაძეს და ამ დარგის ზოგიერთ წარმომადგენელს, ასეთი კონსულტაციები გაგრძელდება და ვიქრობ, უახლოეს ხანში მივაღწევთ იმ დონეს, როცა მზად ვიქნებით განათლების სისტემის რეფორმის ძირითადი კონტურების განსაზღვრისათვის.

ასევე დასაჩქარებელია ის მოთხოვნა, რომელიც მიწის პრივატიზაციის სახელმწიფო პროგრამის შედგენას ითვალისწინებს. ამ პროგრამის შესაბამისად დასრულდება სასოფლო-სამეურნეო მიწების განაწილება, განხორციელდება სახელმწიფო და კოლექტიური მეურნეობის მიწების პრივატიზაცია და სხვ. არ არის შესრულებული ამ ბრძანებულების ის მოთხოვნაც, რომელიც ითვალისწინებს გაკოტრების შესახებ კანონპროექტის წარმოდგენას, შემოწმების დროისათვის იგი არ იყო წარმოდგენილი პარლამენტში, თუმცა მუშაობა დაწყებულია და შესაბამისმა სტრუქტურებმა იგი უნდა დაამთავრონ.

მიმდინარე კვირაში გაიმართა ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟის მორიგი ვაჭრობა. კონვერციული ბანკების მოთხოვნა ამერიკულ დოლარზე კვლავ სტაბილურია. რაც იმით აიხსნება, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ უკანასკნელ რეკომენდაციებში მოცემული კუპონის სახსრებისა და სავალუტო რეზერვების ხარჯვის ყოველთვიური რაოდენობრივი ორიენტირების დაცვის მიზნით, 1995 წლის თებერვლის დამლევს დაუშვა საკრედიტო ემისია, რომლის ძირითადი ნაწილის კონვერტაცია ამერიკულ დოლარებში ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე ხდება. ამ კვირაში ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟის ბრუნვამ მილიონ-ნახევარი დოლარი შეადგინა. ასეთ ვითარებაში, სავალუტო ბაზარზე არსებული კონიუნქტურის გათვალისწინებით, ეროვნულმა ბანკმა მიზანშეწონილად მიიჩნია კუპონის კურსის წინა დონეზე დატოვება. დღეს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით ერთი დოლარი კვლავ მილიონ 300 ათასი კუპონი ღირს და იგი ამჟამად 9-10 პროცენტით ჩამორჩება სავალუტო ბაზარზე მოქმედი კუპონებით დოლარის შესყიდვის კურსს. დოლართან კუპონის შეფარდებამ საკმაოდ სტაბილური ხასიათი მიიღო.

მიმდინარე კვირაში სულ სხვაგვარად წარიმართა ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე რუბლით ვაჭრობა. 7 თებერვლის ვაჭრობაზე კომერციული ბანკების მიწოდება შესამჩნევად აღემატებოდა მათივე მოთხოვნას რუსულ რუბლზე, რასაც შედეგად რუბლის კურსის მკვეთრი დაწევა მოჰყვა, მაგრამ ეროვნულმა ბანკმა მნიშვნელოვანი კონვერსიული სხვაობის თავიდან აცილების მიზნით დააბალანსა მიწოდება ერთი რუბლი - 270 კუპონი.

უაღრესად ნაყოფიერი იყო ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა მუშაობა. ისინი შეხვდნენ თითქმის ყველა წამყვანი სტრუქტურის ხელმძღვანელებს. მიიღეს სრული ინფორმაცია საქართველოში რეფორმების მიმდინარეობის შესახებ, რა დაგვრჩა კიდევ პორტფელში, რა მიმართულებით ვემზადებით რეფორმების გასაღრმავებლად. მათზე საკმაოდ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ბრძანებულებამ სახელმწიფოებრივი უზრუნველყოფის შესახებ. დელეგაციის წევრებმა ბევრი საინტერესო მოსაზრება გამოთქვეს და, როგორც მათ განაცხადეს, საკმაოდ დიდი შთაბეჭდილებით წავიდნენ საქართველოდან.

მინდა ერთ საკითხს შევეხო: ეს არის მოსახლეობის ჩვენი საზოგადოებრიობის ობიექტური ინფორმირების პრობლემა. შორს ვარ იმ აზრისაგან, რომ შევქმნათ იდეოლოგიური, ინფორმაციული ცენტრები, შემოვიღოთ რკინის რეჟიმი პრესისა და ტელევიზიის მუშაობაში. ისინი თავისუფალი უნდა იყვნენ, მაგრამ არა უპასუხისმგებლო. ამერიკის დელეგაციის თბილისში ყოფნის დროს ითქვა, რომ 500 ათასი ტონა ხორბლიდან, რომელიც საქართველომ მიიღო, სოფლის მოსახლეობისათვის გათვალისწინებული იყო 30 პროცენტი. სინამდვილეში სოფელმა მიიღო 10 პროცენტი. ეს სწორია, რადგან შემოტანილი ხორბლის ძირითადი ნაწილი ქალაქებს მოხმარდა. ამერიკელებს მხედველობაში აქვთ ამერიკული ხორბალი, ჩვენ კი ხორბალს ვიღებთ არა მარტო ამერიკიდან, არამედ ევროგაერთიანებიდანაც. სოფლის მოსახლეობას გარკვეულწილად შევუვსეთ დანაკლისი და 15-20 პროცენტამდე ავიყვანეთ. მაგრამ მაინც, ძირითადად, შემოსული ხორბალი ქალაქებს მოხმარდა. ეს ბუნებრივიცაა, სხვაგვარად არც შეიძლებოდა - ქალაქელებს ხომ არსებობის სხვა არავითარი წყარო არა აქვთ.

ინფორმაციის საშუალებებით, კერძოდ, ტელევიზიით კი გადაიცა, რომ 500 ათასი ტონიდან, რომელიც ამერიკამ საქართველოს გამოუყო, მთლიანად მოსახლეობას მოხმარდა მხოლოდ ათი პროცენტი. ამ სენსაციურმა ცნობამ მრავალი ქვეყანა მოიარა. 2-3 საათის განმავლობაში ევროპაშიც და რუსეთშიც იგი რამდენიმე პროგრამამ გადასცა. შემდეგ ვიღაცა მიხვდა, რომ საქმე ასე არ ყოფილა, როგორც ამბობენ. მოგვიანებით საკმაოდ მიჩუმათებული შესწორებაც გადაიცა, ასე კი არ ყოფილა, არამედ საქმე სხვა მოვლენასთან გვაქვსო. მაგრამ შესწორებას ვიღა უგდებს ყურს? ის ინფორმაცია, რომელიც სხვადასხვა არხებით დაუბრუნდა საქართველოს, მუშაობდა და ახლაც მუშაობს. გუშინაც დამირეკეს, რაშია საქმე, მართლა ასეა თუ არა, მოსახლეობამდე მხოლოდ ათი პროცენტი აღწევსო? გუშინ ვეღარ დავმალე ჩემი აღშფოთება და კიდევაც ვუთხარი ბატონ არჩილ გოგელიას, ისედაც გაწამებულ ხალხს ზედმეტად რატომ უნდა ვანერვიულებდეთ-მეთქი: ხედავთ, თურმე რა ხდება? მხოლოდ ათი პროცენტი, დანარჩენი კი კაცმა არ იცის სად მიდის, ესე იგი ვიღაცა ითვისებს. ალბათ, არის ფაქტებიც, მაგრამ ასეთი უსამართლობა, არაობიექტურობა და ტყუილი, ჩემი აზრით, სასტიკად უნდა დაისაჯოს.

რადგან სიტყვამ მოიტანა (ესეც ვუთხარი ბატონ არჩილ გოგელიას), გუშინწინდელ საღამოს ტელემიმოხილვაში (გვარს არ დავასახელებ, ვინც არის, თავად გაერკვევიან) მივაქციე ყურადღება ასეთ ფრაზას: მარტო ბატონი თენგიზ კიტოვანი არ უნდა იქცეს „განტევების ვაცად“. რა ფრაზაა ეს? რას ნიშნავს იგი? რატომ არის ლაპარაკი მარტო კიტოვანზე, როცა მასთან ერთად ათობით მოქალაქეა დაკავებული და სამართალში მიცემული, მათ შორის, ვინმე მანაგაძე. ასეთები ბევრია, არიან ბანდიტები და მკვლელობისათვის ძებნილებიც კიტოვანის ჯგუფში. ვინმე მანაგაძე სამხედრო ფორმაში ბრძანდებოდა და ჰქონდა შესაფერისი პირადობის მოწმობა, რომელშიც აღნიშნულია, რომ იგი აფხაზეთის ვეტერანთა კავშირის თავმჯდომარეა. არავითარი თავმჯდომარე იგი არ ყოფილა და ახლა უკვე გარკვეულია, რომ მონაწილეობდა ძარცვა-ყაჩაღობაში და ჩვეულებრივი რეციდივისტია. ეს კაცი კიტოვანის გვერდით იყო. ან კიდევ მეორე, ვინმე თამარაშვილი, რომელიც ამ რაზმში პოლკოვნიკის სამხრეებით იყო. გაირკვა, რომ ესეც ჩვეულებრივი ყაჩაღია, რომელსაც ქუთაისში რამდენიმე ბინა გაუძარცვია, რამდენიმე ყაჩაღობაში მონაწილეობდა, და მან ეს აღიარა. მხილებულია ბანდიტების და ყაჩაღების ოცკაციანი ჯგუფი. რა გამოდის, მარტო კიტოვანი ყოფილა „განტევების ვაცი“? ეს ხალხი ხომ მასთან ერთად მონაწილეობდა. რამდენიმე ათეული კაცი უკვე სამართალშია მიცემული. მე მგონი, როცა ტელევიზიაში ასეთ კომენტარს აკეთებენ, მაშინ ესეც უნდა დააყოლონ, რომ პრაქტიკულად უკანონო შეიარაღებულ ფორმირებათა ლიკვიდაციისა და აღკვეთის წინააღმდეგ არიან, თუ მათ უკან ტიტულოვანი ხალხი დგას. სხვა შემთხვევებში ასეთი აღშფოთება და ასეთი გადაკრულ-გადმოკრული ფრაზები არ ყოფილა. ამას წინათ მე ვთქვი, რომ 2800 უკანონო ფორმირება და შეიარაღებული რაზმია იზოლირებული გასული წლის განმავლობაში, რასაც არ გამოუწვევია ცრემლები და ასეთი სინანული. ამ შემთხვევაში კი, მიუხედავად იმისა, რომ 500 შეიარაღებულ კაცი იყო თავიანთი გატაცებული, ნაძარცვი ავტომანქანებითა და პროდუქტებით - თურმე კეთილშობილი ხალხი ყოფილა. ყოველივე ამაზე ასეთი გაცხარებით იმიტომ ვლაპარაკობ, რომ დღეს დადგა საკითხი, ყველამ სწორი, ზუსტი და ობიექტური ინფორმაცია მივაწოდოთ მოსახლეობას. ვიმეორებ, პრესისა და ტელევიზიის თავისუფლება გულისხმობს პასუხისმგებლობას მოსახლეობისა და საზოგადოების წინაშე.

ახლა მთელი სიმწვავით დგას მოვლენათა ობიექტურად გაშუქების პრობლემა. ისიც უნდა ვთქვა, რომ ზოგიერთი გაზეთი აჭრელებულია ათასგვარი ჭორებით, ტყუილებით. ცილისწამებით, ვფიქრობ, აქ თავისი სიტყვა უნდა თქვას პროკურატურამაც და იუსტიციის სამინისტრომაც. რადგან ზოგიერთი გაზეთის ასეთი სახე და მოქმედება ეწინააღმდეგება კანონს პრესის შესახებ, ყველამ უნდა თქვას თავისი სათქმელი!

ასევე თვითკრიტიკულად უნდა ვთქვა, რომ სახელმწიფოს მეთაურის პრესსამსახურიც ვერ დგას თავის სიმაღლეზე და დროულად არ რეაგირებს, როცა ეს აუცილებელია. ყველა ელოდება სახელმწიფოს მეთაურის მითითებას ცალკეული, კონკრეტული ფაქტისა თუ ფრაზის გამო, და მხოლოდ ამის შემდეგ შესაძლებელია მოიწვიონ პრესკონფერენცია და მისცენ განმარტება. ასეთივე სერიოზული შენიშვნები მაქვს მინისტრთა კაბინეტის და ყველა უწყების პრესსამსახურების მიმართაც, შესაბამისად უნდა დავეხმაროთ მოსახლეობას, რომ მიიღოს რაც შეიძლება სწორი ინფორმაცია.

- სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში ხდება ისე, რომ ჟურნალისტის უფლებები არანაირად არ არის დაცული. მას არა აქვს პირად უსაფრთხოების ელემენტარული გარანტიები. საქართველოში გვაქვს ამის არაერთი ფაქტი. ორი უკიდურესობაა. ჟურნალისტებს კლავენ ან სცემენ. და მეორე, ჟურნალისტს აქვს ყველაფრის წერის უფლება და ამისათვის მას პასუხს არავინ სთხოვს. ორივე მხარე ერთნაირად მოსავლელია. არსებობს პრესის კანონი, რომელიც არც ჟურნალისტის წინააღმდეგ და არც მის სასარგებლოდ, ფაქტობრივად, დღეს არ მოქმედებს. ეს კანონი არ მუშაობს. არ მახსენდება არც ერთი ფაქტი რომელიმე ჟურნალისტისთვის მიეყენებინოთ შეურაცხყოფა და შემდგომ მისი უფლებები ვინმეს დიდად დაეცვას, ან პირიქით, რომელიმე გაზეთს ან გადაცემას ცილისმწამებლური რამ გაევრცელებინოს, და შემდეგ მათ პასუხი ეგოთ ამისათვის. მაგალითად, ინგლისში ასეთი რამ ხდება: თუ ადამიანზე წერენ ცილისწამებას და იგი ამას სასამართლოში დაგიმტკიცებს, მაშინ ის გაზეთი უზარმაზარ თანხას იხდის. საქართველოში, სამწუხაროდ, არა მარტო ჟურნალისტიკაშია აყვანილი უმაღლეს დონეზე უპასუხისმგებლობის მომენტი...

- გეთანხმებით. ისევე როგორც ყველა სფეროში მომუშავე ადამიანებს, ჟურნალისტებსაც დღეს ცხოვრებისა და მუშაობის უმძიმესი პირობები აქვთ. პრაქტიკულად ეს ხალხი უხელფასოდ მუშაობს. ბევრი მათგანის წინაშე მე ქედს ვიხრი, ისინი მართლაც გმირები არიან. იგივე ტელევიზიის ძირითადი კოლექტივი, ყველა მისი წევრი ჯოჯოხეთურ პირობებში მუშაობს. მაგრამ ამავე დროს, ეს არავის არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისაგან. ჟურნალისტიკა ფაქიზი სფეროა, როგორც ვთქვი, გავრცელდა ინფორმაცია იმ ათი პროცენტის შესახებ და მთელი მსოფლიო მოიარა. ახლა დაარწმუნე ამერიკის შეერთებულ შტატებში ის ხალხი, რომელიც თავად იკლებს და ჩვენ გვაძლევს, რომ აქ მართლა ბარბაროსები და მხეცები არ არიან, და ეს მართლა ყაჩაღების სახელმწიფო არ არის. ვერ დაარწმუნებ, რადგან მიიღო ინფორმაცია, რომ მხოლოდ ათი პროცენტი ხმარდება მოსახლეობას, დანარჩენი კი სადღაც გაურკვეველი მიმართულებით მიდის. ეს უაღრესად საპასუხისმგებლო ამბავია. ვიმეორებ, გვესმის ყველას გაჭირვება, მაგრამ გაჭირვება არ ათავისუფლებს ადამიანს პასუხისმგებლობისაგან.

- გასულ კვირას, 9-10 თებერვალს, ალმათში დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნების მეთაურებისა და მთავრობათა თავმჯდომარეების შეხვედრა გაიმართა. თქვენ პრესკონფერენციაზე ვრცლად ილაპარაკეთ ამის შესახებ, როგორ შეაფასებდით ამ შეხვედრის შედეგებს ჟენევის მორიგი უშედეგო მოლაპარაკების ფონზე, თუნდაც იმ განცხადებების ფონზე, რომლებსაც არძინბა აკეთებს. ვიცით, რომ ალმათის სამიტის დროს გაიმართა თქვენი პირისპირ შეხვედრა პრეზიდენტ ელცინთან, ასევე პრეზიდენტებთან კუჩმასთან, ნაზარბაევთან, ალიევთან...

- ჟენევის მოლაპარაკება მთლად უნაყოფო არ ყოფილა, გარკვეული შედეგები, პროგრესი და წინსვლა ძალიან მნიშვნელოვანი არა, მაგრამ მაინც არის, თუმცა დოკუმენტს ხელი ვერ მოაწერეს, მაგრამ არის ნაბიჯები, რომლებიც ამჟამად გადაიდგა ჟენევაში, ვფიქრობ, მოწესრიგებისა და მოგვარების, ლტოლვილების დაბრუნების პროცესი უნდა დაჩქარდეს.

პრეზიდენტ ელცინთან უაღრესად საინტერესო საუბარი მქონდა, ჩვენ ბევრ რაიმეზე შევთანხმდით. შევთანხმდით იმაზე, რომ საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლება ყველაფერს იღონებენ მოწესრიგების პროცესის დასაჩქარებლად, რომ ეს ორივე სახელმწიფოს სისხლ-ხორცეულ ინტერესს წარმოადგენს.

ჩემი აზრით ალმათის შეხვედრის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შედეგია აგრესიული სეპარატიზმის შეფასება. ხელმოწერილ დოკუმენტში აგრესიული სეპარატიზმის შესახებ ითქვა, რომ თანამეგობრობის ქვეყნები მიიღებენ ზომებს სეპარატიზმის, ნაციონალიზმის, შოვინიზმისა და ფაშიზმის გამოვლინებათა აღსაკვეთად. თანამეგობრობის ქვეყნები უკვე სიტყვა ფაშიზმსაც აღარ ერიდებიან, რადგან ზოგიერთ რეგიონში უკვე რეალურად გაჩნდა ეს მოვლენა. სახელმწიფოები კისრულობენ ვალდებულებას (ეს ძალიან ყურადსაღები ფრაზებია), მხარი არ დაუჭირონ სეპარატისტულ მოძრაობებს, თანამეგობრობის ქვეყნებში მხარი არ დაუჭირონ სეპარატისტულ რეჟიმებს (ეს კარგად გაიგონ აფხაზეთში) თუკი ისინი აღმოცენდებიან, არ დაამყარებენ მათთან პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სხვა კავშირებს (ეს, სხვათა შორის, უწინარესად რუსეთის ვალდებულებაა, რომ მხარი არ დაუჭიროს იმ რეჟიმს, რომელიც გუდაუთაში აღმოცენდა), არ დაუშვებენ ასეთი რეჟიმების მიერ მათი ტერიტორიების, მათი კომუნიკაციების გამოყენებას, არ გაუწევენ ეკონომიკურ, ფინანსურ და სხვა დახმარებას. ეს პრაქტიკულად სეპარატისტებისა და სეპარატიზმის იზოლირებას ნიშნავს. აქვე მინდა ვთქვა ისიც, რომ ორ წელიწადზე მეტია იბრძვის საქართველო ყველა მასშტაბით, ყველა არენაზე, რათა საერთაშორისო დონეზე გამოკვეთილიყო დამოკიდებულება სეპარატიზმისადმი. როგორც ხედავთ, კიდევ ერთი ხელშესახები შედეგი მიღწეულია და თანამეგობრობამ, როგორც საერთაშორისო რეგიონულმა ორგანიზაციამ, თავისი სიტყვა თქვა.

ახლა მიმაჩნია, რომ აფხაზეთში დარჩენილებმა, უწინარესად სეპარატისტული რეჟიმის მეთაურებმა შესაბამისი დასკვნა უნდა გამოიტანონ. ჩვენ კვლავ გვინდა მოლაპარაკება, კვლავ მშვიდობიანი გზით მივდივართ, მაგრამ მივდივართ იმ გზით, რომელიც შეესაბამება საქართველოს ერთიანი სახელმწიფოებრიობის ინტერესებს, ქართველებისა და აფხაზების ინტერესებს.

მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ ეს საუბარი წამოვიწყეთ ჰელსინკის შეხვედრაზე, იგი საკმაოდ კონკრეტულად და მწვავედ გაგრძელდა გაეროს 47-ე სესიაზე. ერთი მთავარი დებულება, რომელიც მაშინ წამოვაყენე, გულისხმობდა მთელი მსოფლიოს ყურადღების შემობრუნებას აგრესიული სეპარატიზმისადმი და სეპარატიზმის მიმართ. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. შემდეგ იყო სხვა შეხვედრები, გაეროსა და უშიშროების საბჭოში ჩემი გამოსვლა. იქაც მთელი სიმწვავით დავაყენე ეს საკითხი. ბუდაპეშტის შეხვედრაზე საქართველო იყო თითქმის ერთადერთი, რომელმაც მთელი სიმწვავით დააყენა აგრესიული სეპარატიზმის აღკვეთის აუცილებლობის საკითხი. ამ ორი წლის განმავლობაში მრავალ პოლიტიკოსს, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებსაც ვხვდებოდი და ბევრს ენაც კი ეჩლიქებოდა სიტყვა „სეპარატიზმის“ წარმოთქმისას. ვერ გაიაზრეს რა ხდება, რა არის ეს, რამდენად საშიშია საფრთხე თანამედროვე მსოფლიოსათვის. მადლობა ღმერთს, რომ ახლა დაიწყეს ფიქრი და არა მარტო ფიქრი, არამედ დოკუმენტებიც კი იქმნება. მე მადლობელი ვარ, რომ ისეთ საკმაოდ ცნობილ პოლიტიკოსს, როგორც ბატონი ბრუნერია, ახლა უკვე მიაჩნია, რომ სეპარატიზმი მხარდაჭერას ვერ მიიღებს გაეროსა და უშიშროების საბჭოში.

- დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა გარკვეულ ფორმას იღებს. როგორც ყველა თანამეგობრობაში, აქაც ხდება და მომავალშიც მოხდება გარკვეული უფლებების დელეგირება, ინტეგრაციის პროცესი ალბათ ისევ გაგრძელდება. რუსეთი, როგორც ალმათის სამიტზე ითქვა, ერთი წელიწადი კიდევ იქნება თანამეგობრობის თავმჯდომარე. ამან ბევრი ჭორი და საფიქრალი გააჩინა...

- რუსეთის თავმჯდომარეობა რომ კვლავ ერთი წლით გაგრძელდება, აქ არაფერი უცნაურობა არ არის. თვითონ რუსეთის პრეზიდენტი ითხოვდა ახლა სხვა ქვეყანა გამოსულიყო თავმჯდომარის როლში. ვიმეორებ, ეს მისი თხოვნა იყო. მაგრამ შეიქმნა ისეთი ვითარება, რომ რუსეთის თავმჯდომარეობა უნდა გაგრძელებულიყო. შემდეგ ალბათ ანბანის წესით წავა. მანამდე, ვფიქრობ, კავკასიაში დავმშვიდდებით და დავწყნარდებით.

მე ვთქვი, რომ თანამეგობრობა თანდათან იძენს იმ კონტურებს, რომლებიც საერთაშორისო რეგიონული ორგანიზაციებისათვის არის დამახასიათებელი. იგი, როგორც საერთაშორისო ორგანიზაცია, თანამეგობრობის ქვეყნების ყველა მოქალაქემ უნდა აღიაროს. აღიარებენ კი მაშინ, როცა რეალურად იგრძნობენ უკეთესობას ყველა სფეროში და ყველა მიმართულებით. თანამეგობრობას აქვს მომავალი, თუკი იგი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა სუვერენიტეტის, ეკონომიკური აღმავლობის, ამ ქვეყნების მეცნიერებისა და კულტურის განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი გარანტი იქნება. ეს სავსებით რეალური პერსპექტივაა.

„სახელმწიფოს სტრუქტურების - ცენტრალური, ადგილობრივი, საშუალო რგოლების, ყველას უმთავრესი საზრუნავი დღეს რეფორმაა!“ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 14 თებერვალი. - 17(1033). - 1, 2 გვ.

16 ცივი ომის დამთავრების შემდგომი ხანა: ახალი რეალიები!

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის - სახელმწიფოს მეთაურის ედუარდ შევარდნაძის გამოსვლა ლონდონის საერთაშორისო ურთიერთობის სამეფო ინსტიტუტში 1995 წლის 16 თებერვალს

ქალბატონებო და ბატონებო!

რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ერთხელ ამ ქალაქში თეატრში არ შემიშვეს. მიზეზი უბრალო იყო: დემონსტრანტების ჯგუფმა არ დაიჯერა მაშინდელი საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის მიზანსწრაფვის გულწრფელობა. ლონდონის პოლიციამ კი მოინდომა, მაგრამ მე რატომღაც სურვილი გამიქრა და თეატრში შესვლაზე ჩემი ნებით ავიღე ხელი.

საზოგადოებრივი აზრი ყოველთვის სწორია, მაშინაც კი, როცა იგი მოვლენებს ჩამორჩება.

კარგი სპექტაკლი ლონდონში არც თუ ცუდი ჯილდო იქნებოდა პოლიტბიუროს წევრისათვის, რომელმაც კიდეც თქვა და კიდეც განუდგა „ბრეჟნევის დოქტრინას“, რომლის სახელთანაც დაკავშირებულია ავღანეთიდან, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპიდან საბჭოთა ჯარების გამოყვანა, საგარეო პოლიტიკის დეიდეოლოგიზაცია, დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის გლობალური კონფრონტაციის დაძლევა. საზოგადოებრივი აზრი დიდი შორსმჭვრეტელობით არ გამოირჩევა, თუმცა, მაშინაც კი გარდაქმნის პოლიტიკაში აშკარად შეიძლებოდა მომავალი ეპოქალური ცვლილებების ჩანასახის დანახვა.

იმ დღეს ნამდვილად დავიმსახურე ლონდონის თეატრის ბილეთი. საზოგადოებრივი აზრი ვალში დამრჩა.

ვშიშობ ანალოგიური ანგარიშის წარდგენა დღესაც შეიძლება დემოკრატიული მსოფლიოს სტრატეგებისთვის, რადგანაც მათი აზროვნება საზოგადოებრივ აზრზე უფრო მეტად აღმოჩნდა მოკლებული უნარს განეჭვრიტა ბიპოლარული მსოფლიოსა და მისი მსხვრევის შედეგები: აღმოსავლეთ ევროპაში ხავერდოვანი და არც მთლად ხავერდოვანი რევოლუციები, გერმანიის გაერთიანება, ევროპის გათიშულობის დაძლევა, საბჭოთა კავშირის დაშლა, და ბოლოს, ახალ საშიშროებათა აღმოცენებაც კი, რომლებიც პოტენციურად არანაკლებ დამანგრეველია, ვიდრე ისინი, რომელთა თავიდან აცილებაც ჩვენ შევძელით.

დარწმუნებული ვარ, მკითხავენ, რას ფიქრობთ ცივი ომის დამთავრებაზეო. ვიდრე კითხვას ვუპასუხებდე, ჯერ მინდა დავსვა შეკითხვა: რატომ აღმოჩნდა მსოფლიო აზროვნება მსოფლიო თანამეგობრობის, პირველ რიგში კი დასავლეთის მოწინავე ქვეყნების სახით ესოდენ უძლური მსოფლიოს სწრაფი, საბოლოოდ კი უმართავი ტრანსფორმაციის წინაშე?

1991 წელს ჰენრი კისინჯერმა პირად საუბარში მითხრა - შვიდი ათწლეულის განმავლობაში საბჭოთა კავშირი ნომერ პირველ მტრად გვესახებოდა, დამეთანხმეთ, რომ ყველა საფუძველი გვქონდა, გვშინებოდა საბჭოთა მუქარისა, მაგრამ ახლა, როცა იგი აშკარად მიდის სცენიდან - არც კმაყოფილებას განვიცდით და არც სიხარულს. დიახ, მიზნები, რომლებსაც ვისახავდით, მიღწეულია, მაგრამ ჩვენ მიერვე დაგებულ მახეში გავებით და აღმოვჩნდით იმ სამყაროში, რომლისთვისაც არ ვიყავით მზად.

ეს განგაშის სიგნალი იყო, მაგრამ იგი ძალიან გვიან ჩართეს. ერთობ ძლიერი იყო იმ გამარჯვებით თრობა, რომელიც, როგორც დასავლეთში თვლიდნენ, „ცივ ომში“ მიაღწიეს. თუმცა, თუკი ეს გამარჯვება იყო, ეს იყო უდავოდ პიროსის გამარჯვება. ხოლო რაც შეეხება ჩემ აზრს, მთლად დარწმუნებული არა ვარ, რომ „ცივი ომი“ შეიძლება საბოლოოდ დასრულებულად ჩაითვალოს.

და თუ იგი მართლა დამთავრდა, მაშინ, მით უმეტეს უნდა დავფიქრებულიყავით ომისშემდგომი მსოფლიოს მოწყობაზე. ახლა კი ჩვენ უფლება გვაქვს ვამტკიცოთ, რომ საუკუნის ამ ყველაზე ხანგრძლივმა ომმა, რომელიც კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სისხლისმღვრელი - მეორე მსოფლიო ომის მერე დაიწყო, არ გვიბიძგა ჩვენი შორეული წინაპრების გამოცდილებისა და მაგალითისათვის მიგვემართა.

ანტიჰიტლერული კოალიციის ლიდერთა „დიდ სამეულს“ ერთმანეთს აშორებდა თითქოსდა გადაულახავი წინააღმდეგობები, მაგრამ მათ შეძლეს, ამ წინააღმდეგობებზე მაღლა დამდგარიყვნენ არა მარტო ფაშისტური გერმანიისა და მისი მოკავშირეების დამარცხების ორგანიზაციის პროცესში, არამედ მსოფლიოს ომისშემდგომი მოწყობის ეტაპზეც, როგორადაც უნდა მივიჩნიოთ მათი გადაწყვეტილება, ომის დამთავრებამ და მშვიდობამ მოუმზადებლებს არ მოუსწროთ. ისინი მზად იყვნენ ამისათვის, პირველ რიგში ისეთი აზროვნებისა და მოქმედებისათვის, რომლებიც საუკეთესოდ ჩამოაყალიბა უინსტონ ჩერჩილმა, როცა მოინდომა დაენახა მსოფლიო თანამეგობრობაში ქმედითი ძალა და არა მირაჟი. დასავლელი მოკავშირეები მზად აღმოჩნდნენ დემოკრატიისათვის ბევრი გაეღოთ. ეს „მარშალის გეგმამ“ დაადასტურა, რომელმაც არა მარტო ნანგრევებიდან აღადგინა დასავლეთ ევროპა, არამედ შეუნარჩუნა მის ხალხებს სივრცე თავისუფალი განვითარებისათვის.

მიზნებითა და მასშტაბებით არაფერი მსგავსი არ გაკეთებულა საიმისოდ, რომ განეჭვრიტათ გამარჯვება „ცივ ომზე“, ტოტალიტარიზმის ბატონობისაგან რომ გაათავისუფლა ხალხები. თავისი მასშტაბითა და მნიშვნელობით მეორე მსოფლიო ომის დამთავრების სადარმა მოვლენამ ვერ პოვა ასახვა პოსტკონფრონტაციული მსოფლიოს პირობებში მსოფლიო გაერთიანების ადეკვატური მოქმედების სტრატეგიაში. გლობალური დაპირისპირების დამთავრებაზე კოლოსალური თანხები რომ დაზოგა ცივილიზებულმა სამყარომ ვერ გაიმეტა საჭირო ინვესტიციები რუსეთსა და სხვა ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოებში დემოკრატიისა და თავისუფლების მხარდასაჭერად, როგორც ერთმა რუსმა დემოკრატმა აღნიშნა, იმძლავრა კონკურენტის დამარცხებით გამოწვეული სიხარულით გადარეული დახლიდარის ფსიქოლოგიამ. ბიპოლარული მსოფლიოსა და ტოტალიტალური რეჟიმების მსხვრევით, ხავერდოვანი რევოლუციებისა და ბერლინის კედლის დანგრევით გამოწვეული ეიფორია უფრო ძლიერი აღმოჩნდა უშიშროების იმ მოდუნებულ ინსტიქტებსა და საღ მოსაზრებებზე, რომლებიც მოითხოვდნენ საზღაურს მშვიდობისათვის, რათა იგი არ გადაიქცეს თავის საპირისპირო მოვლენად. შედეგად ცივილიზებულმა სამყარომ ვერ შეძლო განეხორციელებინა ძალების გლობალური მობილიზაცია ახალი საფრთხის თავიდან ასაცილებლად. მეორე მსოფლიო ომის დროს დასავლელი მოკავშირეებისაგან განსხვავებით, ვერ შეძლო ვიწროეროვნულ ეგოისტურ ინტერესებზე მაღლა დადგომა.

ამის შედეგად მიიღო ომი ყოფილ იუგოსლავიაში და მოვლენათა საშიში განვითარება დედამიწის ერთ მეექვსედ ნაწილში - ყოფილ საბჭოთა კავშირში. ახალი საფრთხის წარმოშობა, რომლის საერთო დესტრუქციული ძალა სავსებით შეიძლება შევუდაროთ ბირთვულ არმაგედონს, რომლის საშიშროებაც, ბარემ ამასაც ვიტყვი, სულაც არ ჩაბარებია წარსულს.

შედეგად მივიღეთ დასავლური დემოკრატიის ღირებულებათა არა მსოფლიო, როგორც ნავარაუდევი იყო, გამარჯვება, არამედ ცალკეულ ქვეყნებში და ქვეყნების შიგნით წვრილი ნაციონალისტური დიქტატურების თარეში, რომლებიც საკუთარი მიზნებისათვის იყენებენ პატარა ხალხების ეთნიკური დაჩაგრულობის კომპლექსებს. აქ მაგალითად გამოგვადგებოდა ისეთი პროფაშისტური რეჟიმები, როგორიც არის - არძინბასი, რომლის სინდისზეც ქართველთა ეთნოწმენდა და გენოციდია, დუდაევისა და მრავალი სხვა.

ამის შედეგად იქმნება ტოტალიტარიზმის რევანშის სავსებით რეალური საფრთხე. ტოტალიტარიზმისა, რომელიც მზად არის გამართოს ბრძოლა და მოიპოვოს გამარჯვება სწორედ იმ ტერიტორიაზე, სადაც მან, როგორც გულუბრყვილოდ ფიქრობენ დასავლეთში, საბოლოოდ განიცადა მარცხი.

ამის შედეგად დედამიწაზე ღრმავდება უფსკრული სიმდიდრესა და სიღატაკეს, აყვავებასა და დეპრესიას შორის; დაისახა ზოგიერთებისათვის ეკონომიკის პროგრესი, ზოგიერთებისათვის კი რეგრესი - უფსკრული, რომელმაც შეიძლება შთანთქას როგორც ერთი - აყვავებული, ისე მეორე, გაღატაკებული სამყარო.

ამ აშკარად პიროსის, აშკარად მოჩვენებითი გამარჯვების შედეგებს მივაკუთვნებდი, აგრეთვე, ლიბერალურ-დემოკრატიული მსოფლმხედველობის ნამდვილ კრიზისს, რომელიც სხვა შემთხვევებში წარმოგვიდგება როგორც თავისუფლებისა და დემოკრატიის მთავარი იდეების კრახი.

თქვენ არ დაგიმსახურებიათ თქვენი ბილეთი თეატრში! - შეიძლება მითხრან, რადგან მთელი თქვენი საქმიანობა სწორედ ასეთ შედეგებს ისახავდა მიზნად, ამასთან, გლობალურ და საერთაშორისო საფრთხესთან ერთად თქვენი ქვეყნის ტრაგიკულ გამოცდილებასაც ვხედავთ.

ნამდვილად, ვუპასუხებ მე: საქართველოს დანაწევრებაც, აფხაზეთში ჩემი თანამემამულეების ეთნიკური წმენდაც, ასიათასობით თანამოქალაქის განდევნა მშობლიური ადგილებიდან, მოვლენათა განუჭვრეტელობისა და გაუთვალისწინებლობის გამო, ხელოვნურად მოგონილი სასჯელის ყველაზე დამაჯერებელი დასაბუთებაა. უბედურება კი ის არის, რომ ჩემთვის და არა მხოლოდ ჩემთვის შესაძლებელი სწრაფი ცვლილებების ჩემმა და არა მხოლოდ ჩემმა ხედვამ შესაბამისი გამოძახილი ვერ პოვა ვერც ამა ქვეყნის ძლიერთა და ვერც საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან.

ამასთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიო პოლიტიკის ბრწყინვალებასა და უსუსურობას შორის თანაფარდობა სულაც არ იცვლება ამ პირველის სასარგებლოდ. ჩვენ აშკარად გვაკლია ხარისხოვანი საშენი მასალა ახალი დროის ისეთი ინსტიტუტების შესაქმნელად, რომლებიც ადეკვატურ პასუხს გასცემენ თანამედროვეობის გლობალურ მოთხოვნებს.

დისკუსიები ამ თემაშიც ჭიანურდება ნახევარი საუკუნის წინანდელ დისკუსიებთან შედარებით, როგორც, მაგალითად, იალტაში, სადაც სტალინი დაბეჯითებით მოითხოვდა განსაკუთრებულ სტატუსს ზესახელმწიფოებისათვის, ხოლო ჩერჩილი, იცავდა რა პატარა ქვეყნებს, ასე გამოხატავდა თავის მოსაზრებას: არწივმა ხელი არ უნდა შეუშალოს ჩიტუნებს იჭიკჭიკონ და არც უნდა წუხდეს იმაზე, რომ ისინი მღერიან.

ჩემთვის უცხოა სტალინური ორნითოლოგიისადმი ნოსტალგია. არ ვეთანხმები ჩემს თანამემამულეს და სოლიდარობას ვუცხადებ თქვენსას. მით უმეტეს, რომ სწორედ იმ პატარა ქვეყანას წარმოვადგენ, რომელსაც წარსულშიც და შემდეგაც კორტნიდა ორთავიანი არწივი. მაგრამ დღეს მხოლოდ ჩვენ როდი გვემუქრებიან, და არა მარტო დიდი მტაცებელი ფრინველები, პატარა ფრთოსანნიც ერთიანდებიან დიდ გუნდებად და გვიტევენ ალფრედ ხიჩკოკის ფრინველთა სისასტიკით.

ეზოპეს თუ არ მოვიშველიებთ და ყველაფერს თავის სახელს დავარქმევთ, მაშინ ბიპოლარული მსოფლიოს ნგრევის პირობებში ჩვენ საქმე გვაქვს ახალი თაობის არატრადიციულ აგრესიასთან და კონფლიქტებთან, რომლებშიც აგრესიული საწყისი მაინცდამაინც „ძლიერისა“ და „სუსტის“ სახით აღარ გვევლინება. ახლა, დიდი თუ პატარა სახელმწიფოების დაშლის და დაქუცმაცების პერიოდში, დამანგრეველი პროცესების ინსპირირება უმცირესობათა აგრესიული აქტიურობის მეშვეობით ხდება. ეროვნული დამოუკიდებლობისა და ერთა თვითგამორკვევის უფლების წმინდა დროშებით ხდება მასობრივი მოსპობის საშუალებათა ხელში ჩაგდება და გამოყენება, მყარდება ეთნოდიქტატურები, რომლებიც შემდგომ სპობენ და დევნიან „მტრულ ეთნოსს“, იტაცებენ და ინაწილებენ მის საკუთრებას. ასეთი აგრესია და კონფლიქტები მაგნიტივით იზიდავენ სხვადასხვა ჯურის მრავალრიცხოვან დაქირავებულებსა და მოხალისეებს პოლიტიკური, ეთნიკური თუ კონფესიონალური ნიშნით. „სუსტთა ფენომენალური ძალა“ ვლინდება დიდი სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების შანტაჟითა და მათთვის „თამაშის თავიანთი წესების“ თავსმოხვევით. ეთნოპოლიტიკური უკმაყოფილებისა და მოთხოვნების საფარქვეშ, როგორც წესი, კრიმინალურ-პრაგმატული ინტერესები იმალება, ყალიბდება იარაღით, მძევლებით მოვაჭრეთა განშტოებული ერთაშორისი და საერთაშორისო კარტელები, ხდება პოლიტიკის კრიმინალიზაცია და დამნაშავე სამყაროს პოლიტიზაცია.

ემუქრებიან რა იმ ქვეყნების მთლიანობისა და საზღვრების ურღვევობას, სადაც ჩაღდება ახალი აგრესია და კონფლიქტები, ისინი, ამავე დროს იმ სახელმწიფოების სტაბილურობასაც უქმნიან საგრძნობ საფრთხეს, რომლებიც ყველაფრის მიუხედავად, ცდილობენ გამოიყენონ ისინი ექსპანსიისა და „ცივი ომის“ შემდეგ დაკარგული გავლენის სფეროების აღსადგენად.

ეს ყველაფერი საკმაოდ აბსტრაქტულად ჟღერს, ვიდრე შენი თვალით არ ნახავ იმას, რაც მე ვნახე, არ ნახავ ერთი წლის ბავშვს, რომელსაც ცოცხლად გააძრეს ტყავი, არ ნახავ მთის უღელტეხილებზე ლტოლვილთა გაყინულ სხეულებს... ეს აფხაზეთის სურათებია. გაშმაგებული აგრესიული სეპარატიზმის ეს კოშმარი და საშინელება გიტლერელთა მხეცობასა და ბარბაროსობას არ ჩამოუვარდება.

მაშინ შენ თავს ეუბნები: თუ დამოუკიდებლობისა და თვითგამორკვევის უფლების მოპოვებისათვის საზღაური ეს არის, მაშინ იგი ადამიანის აზროვნების ყოველგვარ საზღვარს სცილდება. მაშინ იფიქრებ, რომ ან ეს უფლებებია აბსურდული, ან ჩვენი წარმოდგენა მათზე.

თუ თქვენ თვალწინ საუკუნის დამლევის დიდი და პატარა ფიურერები ურცხვად და თავხედურად იყენებენ თავიანთი ინტერესებისათვის ეროვნული დამოუკიდებლობის იდეას, აწყობენ ეთნიკურ წმენდას და დეპორტაციებს, ანგრევენ ქალაქებსა და მთელ ქვეყნებსაც კი, მაშინ როგორ შეუძლიათ ლიბერალებსა და დემოკრატებს, არ შეეწინააღმდეგონ მათ სისხლიან იდეებს?

თუ სახელმწიფოს ტერიტორიალური მთლიანობა ლიტონი სიტყვაა, მაშ რაღა ვუყოთ ადამიანის სიცოცხლის ხელშეუხებლობას?

გნებავთ რუსეთის და გნებავთ დასავლეთის ლიბერალურ-დემოკრატიული საზოგადოებრიობა არათუ ვალში აღმოჩნდა, არამედ მცდარი წარმოდგენების მონადაც კი იქცა, რომლებმაც აიძულა თვალი დახუჭოს „ახალი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობების“ გმირების მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულზე. უფრო მეტიც, გაამართლოს და დაიცვას ისინი, როგორც ამას პატივცემული ინგლისელი ავტორი პატივცემულ ინგლისურ გაზეთში აკეთებს, როცა კითხულობს: „არის თუ არა აფხაზეთი საქართველოს ნაწილი? თუ ჩვენმა საგარეო საქმეთა მინისტრებმა კვლავაც უნდა ამტკიცონ ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ოდესღაც ეს ასე თქვა სტალინმა და მოსკოვი ამას იმეორებს“?

ძნელი წარმოსადგენია დაგლას ჰერდი სტალინის მემკვიდრედ, მაგრამ კიდევ უფრო ძნელია არ გაიღიმო, როცა წაიკითხავ, რომ არა ისტორიულად განუყოფელი ნაწილია აფხაზეთი საქართველოსი, არამედ მან, იოსებ სტალინმა, მოაქცია იგი მის ფარგლებში.

მესმის, რომ პოლიტიკური დეტექტივი და ჯაშუშური რომანი იწერება მკაცრი ინტელექტუალური სქემის მიხედვით, მაგრამ იგი საკმაოდ მოქნილი უნდა იყოს, რომ გაუძლოს უმეცრების ან ვიღაცის მიერ თავსმოხვეული წარმოდგენების სიმძიმეს.

არ ვაპირებ ლექცია წავიკითხო ჩემი ქვეყნის სამიათასწლოვანი ისტორიის შესახებ. ინგლისში არიან მისი შესანიშნავი მცოდნეები, რომლებსაც ალბათ, შეუძლიათ ახსნან, რომ საქართველო თავისი ადგილმდებარეობითა და ისტორიით კავკასიის ყველაზე მგრძნობიარე სიმია. და თუ ვინმეს, - იტყოდნენ ისინი, - უნდოდა ან უნდა კავკასია თავის ჭკუაზე ატაროს, ამისათვის უნდა დაჭიმოს ან მოუშვას, ანდა საერთოდ გაწყვიტოს სიმი - საქართველო, რაც არაერთხელ გაუკეთებიათ წარსულში და კვლავ გააკეთეს ცოტა ხნის წინათ, ის ეთნოსები რომ გამოიყენეს ამისათვის, რომლებთანაც ღმერთმა სამუდამოდ გადაგვაჯაჭვა. თვითგამორკვევის იდეა არ უნდა იქცეს ნაჯახად საუკუნის დამლევის ახლად მოვლენილი მესიების ხელში, არც როზგად - მენტორ ლიბერალების ხელში. გაროზგვა თითქოსდა გაუქმდა, მაგრამ ასე ჯერ კიდევ ბევრი ქვეყანა ისჯება, და მას, ვინც ამას აკეთებს, აღარც კი ახსოვს, რომ დარაბებს მიღმა საუკუნის დასასრულია. დიახ, საუკუნე მთავრდება, საუკუნე ყველაზე დამანგრეველი მეტაიდეებისა და ზეიდეების, რომლებსაც ბოლო ათწლეულების მანძილზე ყოველთვის წინ აღუდგებოდა ხოლმე ჰუმანურ ღირებულებათა ფილოსოფია თავისი ცენტრალური ღირებულებით - ადამიანის სიცოცხლით. გამოდის, რომ ჩვენ მზად ვართ ესეც შევწიროთ მსხვერპლად ჩვენს წარმოდგენებსა და შეცდომებს, როგორც ამას ჩვენამდე აკეთებდნენ სხვადასხვა იდეოლოგიების ფანატიკოსი მომხრეები. ვფიქრობ, ასე გამოდის, რომ მათი სახით იდეური მტერი რომ დაკარგა, დემოკრატიული შეგნება დაიბნა, ახალ პირობებში მთავარი საფრთხე ვერ შენიშნა და საბოლოოდ აირია.

ყველანი, ვინც „ცივი ომის“ სუსხიდან მოვედით, - ჯაშუშები, დიპლომატები, გენერლები, პოლიტიკოსები - მოვალენი ვართ ეროზიისაგან დავიცვათ ღირებულებათა ტრადიციული სისტემები, მათ შორის თვითგამორკვევის იდეაც. უფრო მეტად კი, პირველ რიგში ჩვენ, პოლიტიკოსებს, გვჭირდება იდეის თვითგამორკვევა. ჩვენ გვჭირდება მისი თავისუფლება და გუშინდელ დღეზე წარმოდგენებისაგან გათავისუფლება.

ჩვენ იდეების თავისუფლებას რომ მოვიპოვებთ, მივხვდებით და დავინახავთ, რომ გარე სამყარომ გაგვასწრო თავისი გარდაქმნებით, რომ ამ სამყაროში, მაგალითად, პირველმა ხელისუფლებამ დიდი ხანია მეოთხეს დაუთმო პირველობა, და ახლა, ადგილი რომ გაუცვალა მას, იძულებულია თავისი გადაწყვეტილებანი მის ბრძანებებს დაუმორჩილოს. რომ ამ ხელისუფლების დიქტატურა, ტელედიქტატურა, მილიონებს რომ აძრწუნებს მასობრივი ძალადობის სცენებით, გვაიძულებს მივიღოთ მხოლოდ ჰუმანიტარული გადაწყვეტილებები პოლიტიკური გადაწყვეტილებების საზიანოდ, რომ ომები, აგრესია, კონფლიქტები მხოლოდ იმდენედ არსებობს თქვენთვის, რამდენადაც ელექტრონულ საინფორმაციო საშუალებებს შეუძლიათ იგი მოიტანოს თქვენამდე. მაგალითად, ჩეჩნეთის საშინელებები თქვენამდე მოდის, აფხაზეთის კოშმარები კი, სადაც ადგილობრივმა სეპარატიზმმა გაცილებით დიდი ბოროტება ჩაიდინა - არა. თქვენი პროტესტი ჩეჩნეთში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო განაპირობა ტელეკამერამ. ამავე ტელეკამერამ თითქოსდა გაგანთავისუფლათ აუცილებლობისაგან პროტესტი გამოთქვათ ჩვენი საუკუნის ნამდვილი ეთნოინკვიზიციის წინააღმდეგ, რომელიც აფხაზეთში მძვინვარებს, საიდანაც ტერორითა და დაშინებით გამოძევებული იქნა 300 ათასი ჩემი თანამემამულე. ყველაფერი ძალიან მარტივია, ტელეკამერა აღმოჩნდა ჩეჩნეთში, აფხაზეთში კი არა! იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში იმუშავა „ფუკიდიდეს კანონმა“: „ძლიერნი აკეთებენ იმას, რაც სურთ, სუსტები კი იტანჯებიან, როგორც შეშვენით“. ჩეჩნეთის ტრაგედია ხომ აფხაზეთში დაიწყო, რომელიც აგრესიულმა სეპარატიზმმა და პოსტკომუნისტურმა იმპერიალისტურმა ძალებმა თავისი ჩანაფიქრების პოლიგონად და საცდელ ქვად აქცია.

ამ ქვისათვის დასავლეთის საზოგადოებრიობას ფეხი არ წამოუკრავს - იგი უბრალოდ არ აღმოჩნდა მის ტელეეკრანზე.

საკუთარი თავისადმი პატიოსანი, მკაცრი მიდგომა თვალს აგვიხელს არა მხოლოდ იმაზე, რომ პოლიტიკურმა გონმა მთლიანად ამოწურა თავისი რესურსები, რომ მას აღარ შესწევს უნარი პასუხი გასცეს თანამედროვეობის ყველაზე მწვავე საკითხებს, რომ კაცობრიობისათვის პერსპექტიული იდეების შემუშავებაში ჭეშმარიტად ავტორიტეტული ლიდერების სიუხვეს არ განვიცდით, არამედ იმაზეც, რომ, რაც ვინძლო ყველაზე სამწუხაროა, გამოილია ადამიანების სიკეთის, ბოროტებით აღშფოთებისა და მასთან ბრძოლის მზადყოფნის მსოფლიო მარაგი.

ხდება ან უკვე მოხდა ძალადობასთან, კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულთან შეჩვევა, რაც უცხო იყო მეორე მსოფლიო ომის მომსწრეთა სინდისისა და სულისათვის. სამოციანი წლების „გაბრაზებული ახალგაზრდების“ თაობის კაცი კითხულობს, ნუთუ სამუდამოდ დავკარგეთ უნარი განრისხებულებმა უკან მოვიხედოთ? ნუთუ საუკუნის ყველაზე დიდ ბოროტებაზე გამარჯვების 50-ე წელიწადს ვერ ვიპოვით იმ უამრავ ახალ ბოროტებაზე გამარჯვების გზებს, რომლებიც ამ გადასახედიდან ქვეყნების გამმიჯნავი კედლების აღდგენასა და „ცივი ომის“ ხელახლა დაწყებას გვპირდებიან?

ნეგატივიზმი და გულგატეხილობა პატივისცემას არასოდეს იმსახურებდნენ. ტრადიციული ისტორიული ოპტიმიზმით რომ ვილაპარაკო, უნდა ვთქვა, რომ ყველაფერი იქნება ო, ქეი, რომ შევძლებთ ყველა პრობლემის გადაწყვეტას, პოსტკონფრონტაციული მსოფლიოს ყველაზე რაციონალურ სქემას შევქმნით, შევიმუშავებთ ევროპული უსაფრთხოების ახალ სისტემას, რომელიც თავისი ნებისმიერი კონფიგურაციითა და შემადგენლობით გამოეხმაურება აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის სახელმწიფოთა წუხილს და რუსეთის სამართლიან შეშფოთებას, შევძლებთ ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ, ისე როგორც სპარსეთის ყურეში კრიზისის დროს, როცა კუვეიტში ერაყის შეჭრას აგრესია დავარქვით, რასაც ვერ ვხედავთ ახლა, როცა სეპარატიზმს - სეპარატიზმს არ ვარქმევთ, ხოლო გენოციდს - გენოციდს, წინ აღვუდგებით ქვეყნების დაშლის ეპიდემიას, რომლის შედეგებიც მსოფლიოს ყველა ახლანდელ საშინელებაზე უარესი შეიძლება იყოს. მივიღებთ ამისათვის ყველა საჭირო, სწრაფ, გადამწყვეტ ზომას, არ მივაქცევთ ყურადღებას ხარჯებს, კრიტიკას, კრიტიკას, რომელსაც მხოლოდ დღევანდელი დღე აწუხებს. გვეყოფა სითამამე, რომ არ შევცვალოთ სამშვიდობო ოპერაციები აგრესორის დაშოშმინებით, შელახული უფლებების სამართლიანი აღდგენა კი საერთაშორისო მეთვალყურეობის ნეიტრალიზმით. განვუდგებით სურვილს ყველაფერი უცვლელად დავტოვოთ იმის გამო, რომ არ გვსურს ან არ შეგვიძლია ვაღიაროთ, რომ მშვიდობის შენარჩუნების ტრადიციულმა მეთოდებმა დაკარგეს ქმედითობა და საჭიროებენ იმგვარ მოდერნიზაციას, რომელიც გაითვალისწინებდა სამართლებრივი რეგულირების ახალ სისტემებს, საგანგებო და კრიზისულ სიტუაციებში სწრაფი რეაგირების აუცილებლობას, ხოლო თუ საჭირო გახდა - საპოლიციო ზომებს. ვაიძულებთ საერთაშორისო ბიუროკრატიას რეალურად აქციოს მსოფლიო სტრუქტურები მშვიდობიანი და სტაბილური განვითარების გარანტად.

ძალიან მინდა ახლავე შეგვეძლოს ვუპასუხოთ ჩვენი დროის ყველა საჭირბოროტო შეკითხვას, დისკუსიიდან მოქმედებაზე გადავიდეთ, დაღლილობა ენერგიით შევცვალოთ, აპათია - აღმასვლით, გულგატეხილობა - ოპტიმიზმით, დაქსაქსულობა - ერთიანობით. მაგრამ, რამეთუ ყველაფერ ამას ჯერჯერობით ვერ მივაღწევთ, მოდით კაცურად მაინც ვუთხრათ ერთმანეთს სიმართლე, მხოლოდ სიმართლე და არაფერი სიმართლის გარდა.

ე. შევარდნაძე

ცივი ომის დამთავრების შემდგომი ხანა: ახალი რეალიები! : საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის - სახელმწიფოს მეთაურის ედუარდ შევარდნაძის გამოსვლა ლონდონის საერთაშორისო ურთიერთობის სამეფო ინსტიტუტში 1995 წლის 16 თებერვალს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 23 თებერვალი. - 20(1036). - 1,2 გვ

17 „მსოფლიო, თუ შეიძლება ასე ითქვას, აგრესიული ხდება სეპარატიზმის მიმართ, რამდენადაც იგი ემუქრება ყველა ქვეყნის კეთილდღეობას“

▲ზევით დაბრუნება


ედუარდ შევარდნაძის 20 თებერვლის რადიოინტერვიუ

სახელმწიფოს მეთაურის ედუარდ შევარდნაძის ტრადიციული რადიოინტერვიუ დიდ ბრიტანეთში ოფიციალური ვიზიტის შეფასებით დაიწყო.

- გასულ კვირას შემდგარ სახელმწიფოს მეთაურის ვიზიტს დიდ ბრიტანეთში პოლიტიკურ ასპექტებთან ერთად არსებითი მნიშვნელობა აქვს საქართველოს ეკონომიკის, მსოფლიოს სამეურნეო კავშირებში ინტეგრაციის პროცესის დაჩქარებისათვის. საქართველოს სახელმწიფოს მეთაურმა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა მეგობრობის და თანამშრომლობის დეკლარაციასთან ერთად ხელი მოაწერეს შეთანხმებას კაპიტალდაბანდებათა, ინვესტიციების დაცვის თაობაზე. იმავდროულად, ინგლისური და სხვა ქვეყნების კაპიტალისათვის.

ხელსაყრელ ინვესტიციურ ვითარებას შეუწყობენ ხელს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში, ინგლისის ბანკში, ბრიტანეთის მრეწველობის კონფედერაციაში გამართული შეხვედრები. დიდი ბრიტანეთის ვალდებულებაა განახორციელოს საქართველოში საბაზრო ეკონომიკასა და დემოკრატიულ ინსტიტუტებზე გადასვლის დახმარების პროგრამა „ნოუ ჰაუს“ ფონდის ხაზით. როგორც პრემიერმა განაცხდა, ეს დახმარება უახლოეს 2-3 წელიწადში გაორმაგდება და გასამკეცდება.

ძალზე მნიშვნელოვანია საქართველოსათვის დახმარების პროგრამების რეალიზაციისათვის სახელმწიფოს მეთაურის შეხვედრა ბრიუსელში ევროკავშირის ხელმძღვანელობასა და მთელ ამ სტრუქტურებთან, რომლებიც პრაქტიკულად ამზადებენ წინადადებებს ჰუმანიტარული დახმარებისა და კრედიტების გამოყოფის შესახებ.

ამასთან, გრძელდება ვაშინგტონში სახელმწიფოს მეთაურის მიერ დაწყებული დიალოგი და იქ მიღებულ შეთანხმებათა რეალიზაცია, ამ შეთანხმებათა მნიშვნელობის დამადასტურებელია, ჩვენში რეფორმატორული პროცესების საერთაშორისო აღიარების კიდევ ერთი ეტაპია თემურ ბასილიას ხელმძღვანელობით საქართველოს სამთავრობო დელეგაციის მოლაპარაკება მსოფლიოს ბანკის მიერ სარეაბილიტაციო კრედიტის გამოყოფის თაობაზე, რაც წინასწარი მონაცემებით წარმატებით დამთავრდა. ადრე განზრახული 60 მილიონი დოლარის ნაცვლად შეიძლება 75 მილიონი დოლარი გამოიყოს.

ამ მოვლენებს, უწინარესად, პრაქტიკული მნიშვნელობა ენიჭება ენერგეტიკული კრიზისის დაძლევისათვის. საანალიზო კვირაში ამ სფეროში ვითარება კვლავ საკმაოდ რთული იყო. რესპუბლიკაში ელექტროენერგიის საშუალო სადღეღამისო მოხმარებამ 20 მილიონი კილოვატსაათი შეადგინა. ეს არცთუ ცოტაა, მაგრამ ეტყობა მოხმარების თვალსაზრისით ბევრი რამ უნდა გადაიხედოს. მოხმარების ზრდა იფარებოდა აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის მოწოდებით და ჩვენი მეგობრები ამ მხრივ ხელს გვიწყობენ. გრძელდებოდა ელექტროენერგიის მოწოდება თურქეთიდან 140 მეგავატის ფარგლებში, უწინარესად, ამას მოიხმარს აჭარა. გახსოვთ, ბატონი დემირელის ვიზიტის დროს შევთანხმდით იმაზე, რომ საქართველო სწორედ ამ რაოდენობით მიიღებდა ელექტროენერგიას თურქეთიდან. სამწუხაროდ, ჩვენი ხაზები არ არის მზად თურქეთიდან მეტი ელექტროენერგიის მისაღებად, მაგრამ 140 მეგავატის ფარგლებში მიღება შესაძლებელია და ეს ხდება კიდეც. იმედი მაქვს, რომ ამით აჭარის მიმდებარე რაიონებიც აუცილებლად ისარგებლებენ. ასევე ვღებულობთ ელექტროენერგიის გარკვეულ რაოდენობას რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარიდან. ესეც ძალიან სერიოზული დახმარებაა. რამდენადმე მოიმატა აგრეთვე თბილსრესისა და ენგურჰესის გამომუშავებამ. ამჟამად ელექტროსისტემას შესაძლებლობა აქვს განავითაროს სიმძლავრე 800 მეგავატის ოდენობით. ეს უკვე შედარებით ნორმალურია და იძლევა კარგ სტიმულს იმისათვის, რომ მრეწველობა ამოქმედდეს.

თბილისის ენერგობლოკების რემონტის დაჩქარება სავსებით შესაძლებელია, გერმანიისა და ევრობანკის საგანგებო დახმარებამ დაფინანსების პრობლემები მოგვიხსნა. კიდევ ერთხელ მინდა მადლობის სიტყვებით მივმართო გერმანიის მთავრობას და ასევე ევრობანკს, რომელმაც მოგვცა საშუალება გამოყოფილი 18 მილიონი დოლარიდან ნაწილი მოვახმართ ამ ბლოკების რემონტს.

კვლავ არასახარბიელოა საქენერგოს ფინანსური მდგომარეობა. თუ ეს არ გამოსწორდება, მაშინ ქვეყანა ენერგეტიკული კრიზისიდან ვერ გამოვა - ეს ყველამ უნდა გაიგოს. დებიტორულმა დავალიანებამ 98 ტრილიონ კუპონს გადააჭარბა ეს ლამის ნახევარი ბიუჯეტია, მინისტრთა კაბინეტის მიერ მიღებული ზომები ვერავითარ შემთხვევაში ვერავის ვერ დააკმაყოფილებს. საჭიროა მთელი ამ საქმიანობის ძირეული გარდაქმნა. ბუნებრივ გაზზე დებიტორული დავალიანება შეადგენს 112 ტრილიონ კუპონს. ასე ცხოვრება ნამდვილად არ შეიძლება. ისევ და ისევ ეს მისამართი მინისტრთა კაბინეტისკენ, შესაბამისი სტრუქტურების, დეპარტამენტებისა და სხვებისაკენ მიდის, რომლებმაც უნდა მოიფიქრონ და იპოვონ გზები იმისათვის, რომ ამ უბედურებას, ასე ვიტყოდი, ბოლო მოუღონ.

ქვეყნის ენერგორესურსებით უზრუნველყოფის პრობლემათა შორის წინა პლანზე იწევს საგაზაფხულო სამუშაოებისათვის საწვავის შემოზიდვა. საერთოდ, უნდა ვთქვა, რომ ახლა ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი უნდა იყოს საგაზაფხულო სამუშაოების დაჩქარებული ტემპით განხორციელება, ამისათვის პირობების შექმნა. საგაზაფხულო სამუშაოებისათვის მზადების კოორდინაციას უხელმძღვანელებს ვიცე-პრემიერი ბაკურ გულუა, რომელმაც ამ პრობლემის მოგვარებას საქმის ცოდნით მოჰკიდა ხელი. ყველა მხარში უნდა ამოუდგეს მას და იმ თანამდებობის პირებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან სახელმწიფოსა და ხალხის წინაშე.

მინდა გავაფრთხილო ყველა რაიონი და ქალაქი, ყველა რაიონის გამგებლები, მერები, მხარეებში ჩემი რწმუნებულები: თქვენ მიიღეთ ყველა საჭირო უფლება (თუ საჭიროა, მზად ვარ კიდევ განვიხილო ეს საკითხი და გავაფართოვო უფლებები იმისათვის, რომ მაქსიმალურად ავტონომიურად მართოთ რეგიონები. ეს, უპირველესად, საგაზაფხულო სამუშაოების წარმატებით განხორციელებაში უნდა გამოიხატოს. უნდა შევეჩვიოთ იმაზე ფიქრს (და არა მარტო ფიქრს, ეს რეალობა იქნება), რომ უცხოური დახმარება არ შეიძლება იყოს უსასრულო, დაუმთავრებელი და გაუთავებელი. ყველა რაიონმა და ქალაქმა საკუთარი სასურსათო პროგრამა შეადგინოს და იბრძოლოს მის შესასრულებლად. სხვა გამოსავალი არ არის. ასე უნდა ფიქრობდეს თითოეული მოქალაქე, ვისაც როგორ შეუძლია.

სანამ არის ამის საშუალება, სანამ მთლიანად არ დამთავრებულა მიწების პრივატიზაცია, ჩვენ მზადა ვართ დამატებით გამოვუყოთ მიწის ნაკვეთები თბილისელებს, სხვა ქალაქების მცხოვრებთ. მოვუწოდებ ყველა მოქალაქეს იფიქროს, იზრუნოს იმისათვის, რომ მართლაც საკუთარი ბალანსი ჰქონდეს. ამით ჩვენი ცხოვრება შედარებით უფრო გაიოლდება

ეკონომიკური დაქვეითების შეჩერებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სოფლის მეურნეობასთან ერთად მრეწველობის გამოცოცხლების ღონისძიებათა განხორციელებას. უკვე ცნობილი სამუშაოები - შალის მრეწველობის საწარმოების ადგილობრივი გაურეცხავი მატყლით უზრუნველყოფის შესახებ - გრძელდება, მაგრამ, სამწუხაროდ, საკმაოდ ნელი ტემპით მუშაობენ თბილისისა და შულავერის მატყლის გადამამუშავებელი ფაბრიკები. ამ სამი ობიექტის ამუშავებაც დიდი საქმეა. მათ დღეისათვის შეისყიდეს 250 ტონამდე გაურეცხავი მატყლი. აქედან მაუდ-კამვოლის კომბინატს მიეწოდა 113 ტონა. მისი დამზადებული პროდუქციის საფუძველზე ამუშავდა შალის მრეწველობის სამკერვალო ფაბრიკები „ნინი“ და „ამირანი“. მრეწველობის სამინისტროს ცნობით, მატყლის დამზადების კამპანიაში შედარებით აქტიურად მონაწილეობენ დედოფლისწყაროსა და დუშეთის გამგეობები. მადლობა მინდა გადავუხადო ამ რაიონების გამგებლებს, მთელ მოსახლეობას აქტიური მუშაობისათვის. სამწუხაროდ, იგივეს ვერ ვიტყვი ყაზბეგის, ნინოწმინდის, ახალციხისა და ახალქალაქის რაიონებზე. დაბრკოლებებია კახეთის ზოგიერთ სხვა რაიონში.

მოვითხოვ, რომ ამ წამოწყებისათვის პასუხისმგებელმა ბატონმა თემურ ბასილიამ, მინისტრმა კერესელიძემ, ყველა გამგებლებმა შეასრულონ ნაკისრი ვალდებულება, მათ შორის, დროული ანგარიშსწორება დამფინანსებელ-დამკრედიტებელ ბანკთან, სხვა შემთხვევაში ეს ღონისძიება ძვირად დაუჯდება ბანკს, შეიძლება იგი გაკოტრებამდე მიიყვანოს და სამომავლო საქმეებსაც დიდ ზიანს მიაყენებს. ეს ერთგვარი ექსპერიმენტია, რომლის საფუძველზე მომავალში უნდა ვიმუშაოთ გლეხობასთან და იგი მრეწველობას დავუკავშიროთ.

რაც შეეხება სხვა დარგებს, სამინისტროების ინფორმაციით, არსებული მძიმე ვითარების მიუხედავად, რიგი საწარმოები თავს ართმევენ საწარმოო პროგრამებს. მაგალითად, იანვარში თბილისის გამომთვლელი მანქანების ქარხანამ 5 მილიარდის ნაცვლად 23 მილიარდი კუპონის პროდუქცია გამოუშვა. უკვე გაჩნდა საიმედო ტენდენციები. თბილისის საწარმოო გაერთიანება „ელექტროაპარატმა“ 50 მილიარდის ნაცვლად 64 მილიარდი კუპონის პროდუქცია შექმნა. „თბილხელსაწყომ“, სადაც ამას წინათ გახლდით, 15 მილიარდის ნაცვლად 18,5 მილიარდი კუპონის პროდუქცია გამოუშვა. თბილისის ქარხანა „ელექტროიზოლიტმა“ 10 მილიარდის ნაცვლად 12 მილიარდისა და ასე შემდეგ. ამ ჩამონათვალის გაგრძელება კიდევ შეიძლება. მინდა მადლობის სიტყვებით მივმართო ამ კოლექტივებს, რაიონებსა და ამ კოლექტივების ხელმძღვანელებს, რომლებიც ახერხებენ გამოიყენონ სამრეწველო პოტენციალი მოქალაქეთა და ქვეყნის საკეთილდღეოდ.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ აუცილებელია მრეწველობის ელექტროენერგიით გარკვეულ დონეზე სტაბილიზაცია (ეს ბატონ გამყრელიძის საყურადღებოდ), რისთვისაც საჭიროა დამთავრდეს ხელშეკრულებების გაფორმება დეპარტამენტ საქენერგოსა და მრეწველობის საწარმოებს შორის. სწორედ ამ კონტრაქტებმა უნდა არეგულირონ ურთიერთობა საქენერგოს, ელექტრომომწოდებელ დარგსა და მრეწველობას შორის. ვინც დაარღვევს პირობას, მან პასუხი უნდა აგოს არა სასამართლოში, არამედ ფულით, უნდა დაუფაროს ის ზარალი, რომელსაც ისინი ერთმანეთს აყენებენ.

აღნიშნულის გარდა, მინისტრთა კაბინეტისაგან მოვითხოვ დაჩქარდეს ისეთი საკითხების გადაწყვეტა, როგორიც არის ბიუჯეტის წინაშე საწარმოთა დავალიანებებზე ორ პროცენტიანი ყოველწლიური საურავის გადასინჯვა (ეს საკითხი ერთი თვის წინათ იდგა დღის წესრიგში, მაგრამ ჯერჯერობით პასუხი ამაზე არ არის), ელექტროენერგიაზე, ბუნებრივ გაზზე, წყალზე ფასების მოწესრიგება, თურქმენეთში სახელმწიფო შეკვეთით გადატვირთული პროდუქციის ანაზღაურება და სხვა. ეს პრობლემები დაუსრულებლად ჭიანურდება და მოვითხოვ, რომ ისინი დროულად გადაწყდეს.

სოფლის მეურნეობის, მრეწველობისა და ეკონომიკის სხვა დარგების მუშაობის გააქტიურებაზე დიდად არის დამოკიდებული 1995 წლის რესპუბლიკის ბიუჯეტის შესრულება, რაც, სამწუხაროდ, ჯერჯერობით დაბალი მაჩვენებლებით ხასიათდება. ფინანსთა სამინისტროს ცნობით წლის განვლილ პერიოდში შემოსავლების სახით პროგნოზური რაოდენობის მეათედზე ცოტა მეტია შემოსული. ამ პირობებში, როგორც არაერთხელ ითქვა, გადამწყვეტი როლი ეკუთვნის სახელმწიფოს საგადასახადო ინსპექციას. ამ თემას იმიტომ ვეხები, რომ საშემოსავლო ნაწილის შეუსრულებლად ლაპარაკი ზედმეტია ხელფასების მომატებაზე, თუნდაც ხელფასების, პენსიების გაცემაზე, საერთოდ ყოველგვარ კეთილდღეობაზე. საგადასახადო ინსპექციის ცნობით, ოპერატიული სამმართველოს ძალებით შემოწმდა 98 იურიდიული და ფიზიკური პირის საფინანსო-სამეურნეო საქმიანობა და სახელმწიფო ბიუჯეტთან ანგარიშსწორების მდგომარეობა. განხორციელებული ღონისძიებების შედეგად დამატებით დარიცხულია და ბიუჯეტის სასარგებლოდ შემოვიდა თითქმის ერთი ტრილიონი კუპონი. რატომ უნდა სჭირდებოდეს დამატებით დარიცხვები? მივმართავ თითოეულ გამგებელს, რომ ყველა ამ ფაქტში დაინახონ უპასუხისმგებლობა საკუთარი ხალხისა და სახელმწიფოს წინაშე. აღსანიშნავია ინსპექციის მუშაობა ზესტაფონში, სადაც ბიუჯეტის სასარგებლოდ შემოსულია 712 მილიარდი კუპონი, პრაქტიკულად, ეს გადამალული იყო. „ინდუსტრიაბანკისა“ და „ბინსოცბანკის“ ზესტაფონის განყოფილებაში დარიცხული და ამოღებულია 41 მილიარდი კუპონი, თელავის მექანიკურ ქარხანაში ბიუჯეტის სასარგებლოდ დამატებით დარიცხულია 160 მილიარდი კუპონი და ასე შემდეგ. საანალიზო კვირაში ქალაქ თბილისის საგადასახადო ორგანოებმა შეამოწმეს 54 ორგანიზაცია. ამ ორგანიზაციებში სხვადასხვა დარღვევებისათვის ბიუჯეტის სასარგებლოდ დამატებით დარიცხულმა თანხებმა 77 მილიარდი კუპონი შეადგინა.

ვფიქრობ, რომ უნდა დაისვას (მივმართავ რესპუბლიკის გენერალურ პროკურორსა და სხვებსაც) პასუხისმგებლობის საკითხი. იქ, სადაც ლაპარაკია დამალვაზე, ანტისახელმწიფოებრივ მოქმედებაზე საფინანსო სფეროში, ადამიანებმა პასუხი უნდა აგონ კანონისა და სამართლის წინაშე.

ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის შესრულებასთან დაკავშირებით მინისტრთა კაბინეტი, ვიცე-პრემიერები, მინისტრები, განსაკუთრებით კი ფინანსთა სამინისტრო, საბანკო სისტემები, საგადასახადო ინსპექცია უნდა მუშაობდნენ საგანგებო რეჟიმში. ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის შესრულების მდგომარეობას ორი თვის შედეგების მიხედვით, ვფიქრობ, ჩემს დონეზე განვიხილავ. არავის არ ვაშინებ, მაგრამ მიღებული ზომები ძალიან მკაცრი იქნება. სახელმწიფოს მშენებლობის ჩვენი უნარი სწორედ ამ სფეროში განისაზღვრება, რამდენად გერგილიანად მოვახერხებთ, უპირველესად, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის შესრულებას.

ასევე კორექტივი უნდა შევიტანო საკონტროლო პალატის საქმიანობაში. მათ მიაჩნიათ, რომ მათი მთავარი პასუხისმგებლობა სახელმწიფოს წინაშე ის არის, თუ როგორ იხარჯება საგასავლო ნაწილი. არავითარ ხარჯვაზე ლაპარაკი არ იქნება, თუ არ შესრულდა საშემოსავლო ნაწილი. ამიტომ საკონტროლო პალატამაც მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს ამ საქმეს.

საანალიზო კვირაში გაიმართა ბანკთაშორის სავალუტო ბირჟის მორიგი ვაჭრობები. კომერციული ბანკები ამერიკული დოლარების მყიდველთა კვლავ აქტიურ როლში გვევლინებოდნენ. მოწოდება მათი მხრიდან არ დაფიქსირებულა. მოთხოვნის სტაბილურობა იმით აიხსნება, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბოლო რეკომენდაციებში გათვალისწინებული რაოდენობრივი ორიენტირების თანახმად ეროვნულმა ბანკმა წლეულს, თებერვალში, დაუშვა საკრედიტო ემისია, რომლის ძირითადი ნაწილის კონვერტაცია დოლარებში ბანკთაშორისო სავალუტო ბირჟაზე ხდება. ამ უკანასკნელის ბრუნვამ ბოლო ორ ვაჭრობაზე მილიონ 180 ათასი დოლარი შეადგინა. საანალიზო კვირაში ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში რამდენადმე დაიწია კუპონებით ამერიკული დოლარისა და რუსული რუბლის შესყიდვის კურსმა. ასეთ ვითარებაში ეროვნულმა ბანკმა ამ კვირაში გამართულ ვაჭრობებზე მიზანშეწონილად მიიჩნია კუპონის კურსის წინა დონეზე დატოვება: 1 დოლარი - მილიონ 100 ათასი კუპონი. ასევე დარჩა უცვლელი კუპონის კურსი რუსული რუბლის მიმართაც. განვლილ კვირაში კომერციული ბანკების მოთხოვნამ რუსულ რუბლზე შეადგინა 32 მილიონი. ამ უკანასკნელთა გაყიდვის სურვილი არც ერთ კომერციულ ბანკს არ გამოუთქვამს. მათ გაყიდვისაგან ასევე თავი შეიკავა ეროვნულმა ბანკმაც. მოქმედი წესების თანახმად მიწოდების უქონლობის პირობებში რუსულ რუბლებზე გარიგება არ დადებულა. ოფიციალური კურსით 1 რუსული რუბლი კვლავ 302 კუპონი ღირს.

ასეთია ზოგადი მიმოხილვა ზოგიერთ საკითხში კონკრეტული ვითარებისა, რაც დამახასიათებელია ჩვენი ეკონომიკისა და ფინანსებისათვის ამ ერთი კვირის განმავლობაში.

- ეკონომიკური თვალსაზრისით ვიზიტი დიდ ბრიტანეთში ყველაზე საინტერესო იყო, რადგან შეხვედრების 90%25 ეკონომიკური ხასიათის იყო. პოლიტიკურ ნაწილში, იმ დეკლარაციის გარდა, რომელიც ორ ქვეყანას შორის დაიდო, ცალკე თემად შეიძლება გამოიყოს თქვენი გამოსვლა საერთაშორისო ურთიერთობის ლონდონის სამეფო ინსტიტუტში. ამ გამოსვლას ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა არა მარტო ინგლისურ პრესაში. გამოსვლის შემდეგ თქვენთან შეხვედრაზე მოსული საგარეო საქმეთა მინისტრი, ენერგეტიკის მინისტრი თუ სხვები თავიანთ საუბარს იწყებდნენ სიტყვებით, რომ „თქვენი გამოსვლა ჩეთემჰაუზში“... და შემდეგ მიმდინარეობდა ანალიზი და მათი დამოკიდებულება ამ გამოსვლისადმი.

ცივი ომის შემდეგდროინდელ მსოფლიოზე - გაცილებით ადრე დაიწყეთ საუბარი. ოთხმოცდაათიან წლებში - ეს იყო გაეროში, ჰელსინკში, ვაშინგტონში, ამერიკის პრესკლუბში, ბუდაპეშტში, ალმათში გამოსვლები, როგორ მიგაჩნიათ, რამდენად საკმარისია ის ტემპები, რითაც ამ თემის წამოწევა ხდება. ალმათში მიღებული დოკუმენტისა და იმ პუნქტის მნიშვნელობა, რომელიც ქართული მხარის შესწორებით შევიდა, გასაგებია. ნაკლებად გასაკვირია, რადგან ეს საბჭოთა ქვეყნების და მათ ძალიან კარგად ესმით, თუ რას ნიშნავს სეპარატიზმი, მისი შედეგები ყველამ ვნახეთ. რამდენად ესმით ეს იქ, სადაც უწინარესად უნდა ესმოდეთ, ანუ იმ ქვეყნებში, რომლებიც დღეს უზრუნველყოფილი არიან და მიაჩნიათ, რომ მათ ეს საფრთხე არ ემუქრებათ...

- ცივი ომის შემდგომი პერიოდის ჩვენეული ანალიზი პრინციპში სწორია. თქვენ უკვე ჩამოთვალეთ ის დიდი მასშტაბის სამიტები, სადაც საქართველოს დელეგაციას ჰქონდა საშუალება ამ საკითხებზე გამოეთქვა თავისი შეხედულება. რაც უფრო დრო გადის, მკაცრ ფორმას იღებს ჩვენეული ხედვა და ანალიზი. როგორც გითხარით, შეფასებები მკაცრია, მაგრამ სამართლიანი, როცა ანალიზი და დასკვნები ობიექტურია, მე ასე ვიტყოდი, მეცნიერულია, მსოფლიო საზოგადოებრიობა ამას სწორად აღიქვამს. რადგან დღეს ლაპარაკი მარტო იმაზე კი არ არის, რომ თითოეული სახელმწიფო დემოკრატიული იყოს, არამედ დემოკრატიულ საწყისებზე უნდა იყოს აგებული სახელმწიფოთა შორის ურთიერთობა და საერთაშორისო ცხოვრება. სწორედ ეს იძლევა იმის საშუალებას, რომ თქვა სიმართლე, მათ შორის მწარე სიმართლეც. კერძოდ, აგრესიული სეპარატიზმის მიმართ (მე ამას ახლა გამოვყოფდი სხვა თემებისაგან) დამოკიდებულება თანდათან შეიცვალა და კიდევ უფრო შეიცვლება. მსოფლიო, თუ შეიძლება ასე ითქვას, აგრესიული ხდება სეპარატიზმის მიმართ, რამდენადაც ეს მოვლენა პრაქტიკულად ყველა ქვეყნის კეთილდღეობას ემუქრება. მსოფლიო ამაში დარწმუნდა ევროპის, აზიისა თუ ჩვენი მაგალითით. ინგლისისთვისაც ეს მოვლენა უცხო არ არის, ისე როგორც სხვა ქვეყნებისათვის, იმავე რუსეთისათვის. როგორც იტყვიან, ლამის საფუძვლები შეარყია ამ მოვლენამ, რომელიც ახლა დაკავშირებულია ჩეჩნეთთან. კიდევ კარგი, რომ რუსეთი გამოერკვა და იგი საგანგებო ზომებს იღებს სეპარატიზმის წინააღმდეგ ბრძოლის გასაძლიერებლად, რუსეთის სახელმწიფოებრიობის განსამტკიცებლად და გასაძლიერებლად. მინდა ვთქვა, რომ საქართველოში (თუ ამას რაიმე მნიშვნელობა აქვს) ძალიან აქტიურად ვუჭერთ მხარს ყველაფერს, რასაც დღეს რუსეთი აკეთებს ერთიანობის, მთლიანობის, ტერიტორიული განუყოფლობის უზრუნველსაყოფად. რაც უფრო მეტი დრო გავა, მით უფრო შევიწროვდება რკალი სეპარატისტების ირგვლივ. ეს, რაღა თქმა უნდა, უწინარესად აფხაზურ სეპარატიზმს ეხება. რაც უფრო ადრე მიხვდებიან გუდაუთის ლიდერები მათი პოლიტიკის დამღუპველობას თვით აფხაზი ხალხის მიმართ, მით უკეთესია მათთვისაც და ჩვენთვისაც.

გაბედულად შეიძლება ითქვას, რომ საქართველომ დაიკავა თავისი ადგილი მსოფლიო, ევროპულ პოლიტიკაში, მისი ხმა ისმის, მისი აზრი, როგორც იტყვიან, მოქმედებს და ეს უდავოდ დიდი მონაპოვარია.

- გასულ კვირას თქვენ მიიღეთ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის წერილი, რომელშიც ასეთი სიტყვებია: აფხაზეთში არსებული ხელისუფლება იზოლაციაშია, და მას არავინ სცნობს. უშიშროების საბჭო ერთსულოვნად უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. - თქვენ საინტერესო შეხვედრები გქონდათ ალმათში, ბრიტანეთშიც მრავალჯერ წამოჭრეს ეს საკითხი. იქ ითქვა ერთ-ერთი საინტერესო ფრაზა: სეპარატიზმი თქვენი უბედურება კი არ არის, ეს მოვლენა თქვენს გარეთაც არსებობს, თქვენ ამის ერთი სამწუხარო მაგალითი ხართო. ხომ არ ნიშნავს ეს, რომ აფხაზეთის პრობლემა ახალ სტადიაში შედის? თუ გადაწყვეტილებები, განცხადებები ისევ განცხადებებად დარჩება?

- ჯერ ერთი, მინდა მადლობა შევუთვალო პრეზიდენტ კლინტონს (მე მოვძებნი ამის ფორმას) კიდევ ერთხელ ასეთი აქტიური მხარდაჭერისა და თანადგომისათვის. საქართველო არ იყო განებივრებული ასეთი წერილებით, მიმართვებით, აქტიური მხარდაჭერით, ყოველმხრივი აღიარებით და ვფიქრობ ესეც ჩვენი დიდი მონაპოვარია.

მეორე: როგორც ზემოთ აღვნიშნე, რკალი სეპარატისტების ირგვლივ თანდათანობით ვიწროვდება. ფრთხილად და წინდახედულად უნდა იყვნენ აფხაზეთში, თორემ ეს რკალი შეიძლება მარყუჟად გადაიქცეს. ამას მთელი გულახდილობით მათ გასაგონად ვლაპარაკობ. ეს არ არის დაშინება, ეს არის მოვლენათა განვითარების ლოგიკა. ასე განვითარდება მოვლენები და ეს მათ უნდა გაიგონ და დაიჯერონ. ნუ დაკარგავენ რეალობის გრძნობას, რაც შეიძლება ჩქარა გადაერთონ დიალოგისა და მოქმედების კონსტრუქციულ ტალღაზე. მხოლოდ ასეთ პოლიტიკას აქვს მომავალი. სეპარატიზმი ვეღარ ისუნთქებს თავისუფლად და ჟანგბადის არტერიები გადაეკეტება. ეს უნდა იყოს შედეგი იმისა, რაც ბოლო დროს სეპარატიზმისადმი დამოკიდებულებაში იგრძნობა.

- ბოლო კვირაში შეიმჩნეოდა სამართალდამცავი ორგანოების, განსაკუთრებით, პოლიციის გააქტიურება. გასულ კვირას რამდენიმე ოპერაცია განხორციელდა. ხვალ პარლამენტი იწყებს მუშაობას. ამ ორ თითქოსდა ერთმანეთთან დაუკავშირებელ თემებს იმიტომ ვაერთიანებთ, რომ იმავე ბრიტანეთში ერთ-ერთი მთავარი თემა იყო კრიმინალური ფონის შედარებით გაუმჯობესება (ამას ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ) და საკანონმდებლო ბაზის უქონლობა. ფაქტობრივად, მეწარმეთა კონფედერაციასთან შეხვედრაზე თქვენ ძალიან კონკრეტულ კითხვებს გისვამდნენ იმის შესახებ, თუ როგორ ჟღერს ამა თუ იმ კანონში ესა და ეს პუნქტი. მაშინ როცა ჩვენ ეკონომიკური კანონი ქაღალდზეც კი არა გვაქვს.

- ჩემი ინფორმაცია პარლამენტისადმი იმავე დროს იყო მიმართვა იმის შესახებ, რომ დაჩქარდეს კანონშემოქმედებითი პროცესი, კანონების მიღების პროცესი, ახლა ეს უმთავრესი ამოცანაა. იმავე ინგლისში, ევროპულ ბანკში, თუ ევროკავშირში, ბრიუსელში სადაც ჩვენ შევჩერდით და ვისაუბრეთ, არ აინტერესებთ ზოგადი საუბრები, რომ ჩვენ რეფორმატორები ვართ, რომ ჩვენ რეფორმების მომხრე ვართ. ევროპული ბანკის პრეზიდენტმა გამოთქვა სიხარული იმის გამო, რომ ჩვენს საუბარს ჰქონდა სრულიად კონკრეტული ხასიათი, კონკრეტული ინფორმაცია - რა არის კონკრეტულად, კონკრეტულ დარგებში ეს რეფორმები და როგორ გვესმის მათი საბოლოო შედეგი. ასევე იყო ამ საქმიან წრეებთან შეხვედრებში, რომლებთანაც გვქონდა კონტაქტები კონკრეტულობა, მოძრაობა შეფერხდება, შეჩერდება, ჩაიშლება რეფორმები თუ არ იქნება საკანონმდებლო ბაზა, სწორედ საკანონმდებლო ბაზის შექმნით უნდა შევიდეს ჩვენი დღევანდელი პარლამენტი (ვგულისხმობ ჩემს თავსაც) საქართველოს ისტორიაში. საკანონმდებლო ბაზა ახალი სახელმწიფოსათვის - კონსტიტუციის ჩათვლით, მისი ეკონომიკური და საზოგადოებრივ-პოლიტიკური სფეროებისათვის, რეფორმებისათვის ყველა მიმართულებით, არა მარტო ეკონომიკაში, არამედ ჯანმრთელობაში, განათლებაში, ყველა სფეროში. მინდა მჯეროდეს, რომ პარლამენტი ამას შეძლებს და მეორეხარისხოვანი, წვრილმანი საკითხებიდან, გაუთავებელი განცხადებებიდან და რეპლიკებიდან ჩვენ გადავალთ სერიოზულ კანონშემოქმედებით მუშაობაზე. სავსებით სწორად შენიშნეს ინგლისშიც და ბრიუსელშიც, თუ რა არის დღეს ჩვენი ამოცანა.

ერთი დეტალი მინდა გამოვყო: ევრობანკში, ევროკავშირში და არა მარტო იქ, სქელი საქაღალდეებით იყვნენ მოსული, ხანდახან არც კი გჯერა, რომ საქართველოზეა შედგენილი ამხელა საქაღალდე, მაშინ, როცა ჩვენ აქ საერთოდ უქაღალდებოდ ვსხედვართ (ჩემს თავზე ამას ვერ ვიტყვი, რადგან მე მართლა ვზივარ და ვაკონსპექტებ ყველაფერს, სერიოზულად ვემზადები, არიან ზოგიერთი გამონაკლისებიც). ხანდახან ისეთი შთაბეჭდილებაც კი გრჩება, რომ სწორედ კონკრეტულობის ანალიზის თვალსაზრისით მათ უკეთესად იციან, რა ხდება ჩვენთან, ვიდრე ზოგიერთმა ჩვენმა წარმომადგენელმა. ალბათ, ესეც არ უნდა გვიკვირდეს, რადგან ჩვენი ხალხი არ არის მიჩვეული ასეთ აზროვნებას და მუშაობის ასეთ სტილს. ვფიქრობ, ეს ვიზიტი ბევრის მხრივ გაკვეთილია ჩვენი კადრებისათვის. ახლა ჩვენ მათ მივაჩნივართ ნორმალურ პარტნიორებად, საქმის მცოდნე ხალხად, რომლებთანაც შეიძლება საქმე დაიჭირო, სწორედ პარტნიორული თანამშრომლობა განავითარო.

- დედაქალაქში საკმაოდ ბევრი რამ იცვლება, ბევრი სიახლეებია. მინდა გკითხოთ თბილისში სუპერმარკეტის გახსნასთან დაკავშირებით, რომელიც თქვენ დაათვალიერეთ...

- მე მიმაჩნია, რომ რაც გუშინ ვნახე, ძირითადად ორი ობიექტი, ეს პირველი მერცხლებია, თუმცა დედაქალაქში სხვაც არის. ყველაფერი უმაღლეს დონეზეა შესრულებული, რამაც ძალიან დიდი სიხარული მომანიჭა. იმის გამო, რომ პროდუქტები და პროდუქცია ახლა ძალიან ძვირია, ზოგიერთს მიაჩნია, რომ ეს სამუზეუმო გამოფენას უფრო ჰგავს, ვიდრე მაღაზიას. ავიწყდებათ, რომ ახალი საქმე ასე იწყება. როცა ამ რანგის ობიექტები მრავალი იქნება, კონკურენციის კანონი თავის საქმეს გააკეთებს. დღეს მიუწვდომელი - ხვალ ხელმისაწვდომი გახდება. მხედველობაში მაქვს ფასები. ამასთან, ისიც გავითვალისწინოთ, რომ ეკონომიკის გამოცოცხლების პარალელურად გაიზრდება მოსახლეობის მსყიდველუნარიანობაც. მაგალითად, როცა თბილისში 2-3 პურის კერძო საცხობი იყო ამბობდნენ, ვინ იყიდის პურს, იგი ძვირიაო. ახლა 70 ტონა პური ცხვება - ეს არის თურქული, იტალიური ან სხვა პური, ურომლებოდაც დედაქალაქის ნორმალური ცხოვრების წარმოდგენა ძნელია. ბუნებრივია, ყველა ქვეყანაში ასე იწყებდნენ და ჩვენთანაც ეხლა ეს პროცესი დაიწყო. უახლოეს ხანებში, როგორც ბატონმა ნიკო ლეკიშვილმა მითხრა, 100 ტონა სიმძლავრეზე აიყვანენ. მათ შემოაქვთ სხვადასხვა ქვეყნებიდან ფქვილი და ჰყიდიან ჩვენს დედაქალაქში. ეს სხვაგანაც დაიწყო - დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში. შემდეგ დაიწყება გაიაფების დრო, მაგრამ იმ დონეზე, რომ ეს მისაღები იყოს მეწარმისათვისაც და მყიდველისათვისაც. ეს პროცესი წარიმართება. ამიტომ პირველი იმედისმომცემი ყლორტები, რაც ახლა გაჩნდა, მისასალმებელია. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ გულით გამახარა უცხოელი და ქართველი ბიზნესმენების პარტნიორობის კონკრეტულმა შედეგმა და კონკრეტულმა მაგალითმა.

ისიც უნდა ვთქვა, რომ დედაქალაქში მეტი უნდა შევნიშნოთ, კერძოდ, წესრიგის დაცვის დარგში. წინათ ყველაფერი სამინისტროს ეკითხებოდა, ახლა დედაქალაქი ახორციელებს წესრიგის დასამყარებლად აუცილებელ ღონისძიებებს.

გუშინ ძალიან დიდი შთაბეჭდილება დატოვა ქუთაისელებზე გადაცემამ. საქართველოში ერთადერთი ოაზისი აღარ არის - არის ქუთაისი. თავის დროზე აჭარაზე ვლაპარაკობდით, ბევრი რამ საინტერესო ხდება ფოთში. ასეა ბევრ სხვადასხვა რეგიონში, ზუგდიდი ის აღარ არის, რაც იყო, ესეც უნდა შევნიშნოთ. მე ადრე ხობზე, აბაშაზე ვილაპარაკე. ზოგიერთი ძალიან საინტერესო ცვლილებები დაიწყო რუსთავში, სხვა რეგიონებში და ეს ყველაფერი უნდა შევნიშნოთ, რადგან ადამიანი იმედითა და იმედიანი საქმეებით ცხოვრობს.

„მსოფლიო, თუ შეიძლება ასე ითქვას, აგრესიული ხდება სეპარატიზმის მიმართ, რამდენადაც იგი ემუქრება ყველა ქვეყნის კეთილდღეობას“ : რადიოინტერვიუ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 23 თებერვალი. - 20(1036). - 1,2 გვ.

18 „კუპონის რევალვაციის პროცესი საკმაოდ ოპტიმისტურ საფუძველს გვაძლევს“

▲ზევით დაბრუნება


ედუარდ შევარდნაძის 27 თებერვლის რადიოინტერვიუ

თავისი ტრადიციული რადიოინტერვიუ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ - სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ გასული კვირის ეკონომიკური ანალიზით, საქართველო-ინგლისის ერთობლივი ნავთობმომპოვებელი კომპანიის მონახულების შედეგად მიღებული შთაბეჭდილებებით დაიწყო.

- სუფსის ნავთობთან დაკავშირებით, მგონია, რომ ჯერჯერობით, ნაადრევია ამ საქმის დიდი რეკლამა, თუმცა დასაწყისი იმედისმომცემია. ყოველგვარი მონაცემები არსებობს, რომ საქმე გვაქვს სერიოზულ საბადოსთან და ეფექტიც შეიძლება სწრაფად მივიღოთ. ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა შეხვედრამ ოზურგეთში. მიუხედავად იმ დიდი გაჭირვებისა, რომელიც ამ კუთხემ გადაიტანა (და პრაქტიკულად ახლაც რთულ პირობებში ცხოვრობს), მაინც სულგრძელი ადამიანები არიან იქ და იმედის თვალით შეჰყურებენ მომავალს. ვფიქრობ, რომ ახალგაზრდა მოღვაწის მიხეილ ჭკუასელის რეგიონში სახელმწიფოს მეთაურის რწმუნებულად დანიშვნაც იმედისმომცემია და, როგორც შევატყვე და გავიგე, გურულები დიდი ენთუზიაზმით შეხვდნენ ამ აქციას.

დღეისათვის შეიძლება ითქვას 1995 წლის განვლილ ორ თვეში დიდი ბრიტანეთის, უკრაინის, ბულგარეთის, ევროკავშირის, ევრობანკის უმაღლეს ხელმძღვანელებთან შეხვედრებისა და მოლაპარაკებების, ასევე ალმათში სახელმწიფოს მეთაურთა სამიტის შედეგად მიღებული დოკუმენტებისა და ხელშეკრულებების, აგრეთვე საქართველოს სარეაბილიტაციო კრედიტის გამოყოფის შესახებ მსოფლიო ბანკთან შეთანხმების მიღწევის ფონზე, კიდევ უფრო ცხადი გახდა ჩვენს ქვეყანაში ერთი წლის წინათ მიღებული ანტიკრიზისული პროგრამის კურსის რეალობა და რადიკალური რეფორმის განხორციელების ახალი ეტაპის პირობების მომწიფება.

ამ ბოლო თვეების განმავლობაში ხელმოწერილ კიდევ ორ ბრძანებულებას გამოვყოფდი. პირველი - ეს არის რეფორმების სახელმწიფოებრივი უზრუნველყოფის თაობაზე, რომელმაც განსაზღვრა სახელმწიფოს აპარატის პასუხისმგებლობა სწორედ რეფორმების მიმდინარეობისათვის. სახელმწიფო სტრუქტურების შეფასებისას ჩვენთვის ის იქნება მთავარი, თუ როგორ მიმდინარეობს რეფორმები და როგორია მისი პრაქტიკული შედეგი, და ეს იქნება არა ზოგადი პასუხისმგებლობა, არამედ სავსებით პერსონალური - თითოეული მოხელის ჩათვლით.

მეორე - სახელმწიფო მეთაურის 1995 წლის 2 თებერვლის ბრძანებულება ეროვნული ვალუტის შემოღების სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ. სადაც აღნიშნულია, რომ ბოლო დროს ქვეყანაში გამოკვეთილია სტაბილურობა, ეკომონიკაში მნიშვნელოვანი პოზიტიური ძვრები, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერა, საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესება, სრულფასოვანი ეროვნული ვალუტის - ლარის შემოღება რეალურ შესაძლებლობას ქმნის (ამის შესახებ საუბარი დიდ ბრიტანეთშიც გვქონდა), ჩვენ ახლა სწორედ ამ ეტაპს მივუახლოვდით. ეროვნული ვალუტის შემოღება უდიდესი და გადამწყვეტი მნიშვნელობის პოლიტიკური და ეკონომიკური აქცია იქნება, რომლისთვისაც ჯერ დიდი პასუხისმგებლობით უნდა მოვემზადოთ და საბოლოო გადაწყვეტილება შემდეგ მივიღოთ. ჩვენ არ ვჩქარობდით, ვიდრე არ გამოიკვეთა დადებითი ტენდენციები ფინანსებსა და ეკონომიკაში, მანამდე ამის გაკეთება არ შეიძლებოდა.

ამასთანავე, მკაცრი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის განხორციელების შედეგად კუპონის რევალვაციის პროცესი საკმაოდ ოპტიმისტურ საფუძველს გვაძლევს. ეს ერთი კვირის ან თვის დაკვირვების შედეგი როდია - სექტემბრიდან დაწყებული პროცესი საკმაოდ მყარად მიმდინარეობს.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში შიდა სავალუტო ბაზარზე მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. საკმაოდ აიწია კუპონის კურსმა დოლარის მიმართ. ამის მიზეზად შეიძლება რამდენიმე ფაქტორი დავასახელოთ. პირველი: საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოყოფილი სისტემატური ტრანსფორმაციის სესხის პირველი ტრანშისა და ეროვნული ბანკის სხვა სარეზერვო წყაროების გამოყენებით მოხდა მიმდინარე თვის დასაწყისში საბიუჯეტო ხარჯების დასაფინანსებლად კრედიტის სახით მიმოქცევაში დაშვებული კუპონური სახსრების სრული ნეიტრალიზაცია.

მეორე ფაქტორი: გენერალური ლიცენზიის მქონე ბანკებმა დაიწყეს უცხოეთის ბანკებში მათ მიერ გახსნილი საკორესპონდენტო ანგარიშებიდან დიდი რაოდენობის ნაღდი დოლარების ინკასირება თბილისში. სახსრების ეს დინება საქართველოსაკენ გამაჯანსაღებელი ტენდენციის ერთი მთავარი დამადასტურებელი ნიშანია. შედეგმა არ დააყოვნა, ნაღდი ვალუტის ინექციამ შიდა სავალუტო ბაზარზე იმპულსური ასახვა ჰპოვა სავალუტო კურსში. დღეისათვის სავალუტო ბაზარზე ამერიკული დოლარის შესყიდვის კურსი მხოლოდ 7-7,5 პროცენტით, ხოლო გაყიდვის კურსი მხოლოდ 9-9,5 პროცენტით აღემატება ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ ოფიციალურ კურსს. თუ გავიხსენებთ სავალუტო კურსის დინამიკას შარშანდელ სექტემბრამდე, შევამჩნევთ, რომ სავალუტო ბაზარის ბანკნოტური კურსი ხშირად 40-60 პროცენტით აღემატებოდა ოფიციალურ კურსს.

მესამე: მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ ბანკს დოლარის მიმართ კუპონის საბირჟო კურსის შემდგომი აწევის რეალური შესაძლებლობა აქვს, კურსი უკვე ერთი თვეა უცვლელი რჩება. ამის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ ეროვნული ბანკი ყოველნაირად ცდილობს კიდევ უფრო მიუახლოოს ოფიციალური კურსი შიდა სავალუტო ბაზარზე ჩამოყალიბებულ ბანკნოტურ კურსს და ამ გზით მოახდინოს სავალუტო კურსის უნიფიცირება.

შეიძლება მითხრან, რა საჭიროა ამ საკითხის ასეთი დეტალიზაციაო. მაგრამ ამას შეგნებულად ვაკეთებ, რათა თითოეულ ჩვენგანს წარმოდგენა ჰქონდეს ამაზე. ამ მონაცემებში პრაქტიკულად აისახება მთელი ჩვენი ცხოვრება, ამიტომ ყველამ ერთად განათლება უნდა მივიღოთ ამ სფეროში, რადგან იგი ახალი ეტაპია, საბაზრო ეკონომიკის ქვეყნის ახალი ცხოვრების დამახასიათებელი თვისება.

საანალიზო კვირაში სავალუტო ბირჟის ბრუნვა მილიონ 95 ათასი დოლარით განისაზღვრა. ამასთან, ბანკთაშორისი ბირჟის 25 თებერვლის ვაჭრობაზე კომერციული ბანკების მოთხოვნა წინა ვაჭრობასთან შედარებით თითქმის 2,5-ჯერ შემცირდა და მან 298 ათასი დოლარი შეადგინა. ასევე შედარებით შემცირდა ვაჭრობაში მონაწილეობის მსურველი კომერციული ბანკების რიცხვიც, ესეც საგულისხმოა. სავალუტო ბაზრის ბანკნოტურ და ოფიციალურ კურსთან დაახლოვებამ მინიმუმამდე დაიყვანა კომერციული ბანკების, როგორც დოლარის აქტიურ შემსყიდველთა სპეკულაციის მიზნით ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟის ვაჭრობაში მონაწილეობა. ასეთი ტენდენცია ბანკებს მიუთითებს, რომ მათ ვიწრო, კონიუნქტურული ბიზნესის ნაცვლად რეალურ, ცივილიზებულ საბანკო პრინციპებზე ორიენტირებული ბიზნესის წარმოებას მიჰყონ ხელი, ესე იგი, მობრუნდნენ წარმოებისაკენ. გუშინ ძალიან საინტერესო შეხვედრა მქონდა. „ინდუსტრიაბანკის“ პრეზიდენტმა ბატონმა მაღლაკელიძემ მითხრა, რომ უკვე დააბანდა სახსრები რუსეთის ერთ-ერთ წარმოებაში, რომელიც რამდენიმე თვეში წელში გაიმართა და ბანკი უკვე საკმაოდ დიდი პროცენტებით იბრუნებს ამ საქმეში დაბანდებულ სახსრებს. აი აქეთკენ უნდა შემობრუნდნენ ჩვენი ბანკები.

დოლარის გამყიდველად 21 თებერვლის ვაჭრობაზე მხოლოდ ერთი, 23 თებერვალს კი ორი კომერციული ბანკი მოგვევლინა. ორივე შემთხვევაში არსებული სხვაობა მთლიანად დააბალანსა ეროვნულმა ბანკმა შემდეგი კურსით 1 დოლარი - 1 მილიონ 800 ათასი კუპონი. საქართველოს ეროვნული ბანკი აღარ ერევა ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე რუსული რუბლით ვაჭრობაში. ჩემი აზრით, ესეც უაღრესად საგულისხმო მოვლენაა. იგი შემდგომშიც არ შეუშლის ხელს რუბლის კურსის დაწევას კუპონის მიმართ და, რომც შეუშალოს ხელი, ალბათ, მაინც ვერ შეძლებს ამას მანამ, სანამ თვით რუსეთში არ გაჯანსაღდება ვითარება. სამშაბათს კომერციული ბანკების მოთხოვნამ 40 მილიონი რუსული რუბლი შეადგინა. მოთხოვნა მთლიანად კომერციულმა ბანკებმა დააბალანსეს - კურსი წინა დონეზე დარჩა: ერთი რუსული რუბლი 302 კუპონი. ხუთშაბათს 23 თებერვალს ბანკთაშორის ბირჟაზე გამართულ ვაჭრობაზე კომერციულმა ბანკებმა გასაყიდად 37 მილიონი რუსული რუბლი გამოიტანეს. საწყის კურსზე მოთხოვნამ მოწოდების მხოლოდ ნახევარი შეადგინა, რამაც რუსული რუბლის კურსის სწრაფი დაცემა განაპირობა. მხოლოდ მაშინ, როცა რუსული რუბლის კურსმა 260 ნიშნულს მიაღწია, კომერციულმა ბანკებმა გადაწყვიტეს სხვაობის შესყიდვა. დაფიქსირდა კურსი: 1 რუსული რუბლი 260 კუპონი (დაიწია 42 კუპონით).

23 თებერვლის ვაჭრობის შედეგები კიდევ ერთხელ გვაფიქრებინებს, რომ თანდათანობით მცირდება რუბლის მიმოქცევის არეალი. ის, რასაც ჩვენ ადმინისტრაციული მეთოდების გამოყენებით გვთავაზობდნენ, თავისთავად ხდება - ბაზარი თანდათანობით არეგულირებს, ჩვენ კი ვარეგულირებთ ეკონომიკური და ფინანსური მეთოდებით. კომერციული ბანკები დღეისათვის ამჯობინებენ რუსულ რუბლთან შედარებით მეტი კუპონური სახსრები ჰქონდეთ, რადგან ხედავენ, რომ რუბლი გაცილებით უფრო ინფლაციურია, ვიდრე ქართული კუპონი. უფრო მეტიც, ამ უკანასკნელის კურსი დღითიდღე მტკიცდება რუბლის მიმართ. აღსანიშნავია, რომ კუპონის რევალვაციისათვის ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტებს არ იყენებს. რუსული რუბლი თვითონვე ნელ-ნელა მიექანება ქვევით. ეროვნული ბანკის აზრით, უკვე მრავალი ეკონომიკური პირობა არსებობს იმისათვის, რომ კუპონი სრულფასოვან საგადამხდელო საშუალებად იქცეს, საჭიროა მხოლოდ ადექვატური სამართლებრივი ბაზის შექმნა. ვფიქრობ, ეროვნული ვალუტის შემოღება ყველა ამ საკითხს საბოლოოდ გასცემს პასუხს და პრობლემასაც წერტილი დაესმება.

ამგვარ ტენდენციებთან ერთად კვლავ ძალზე დაძაბულად მიმდინარეობს 1995 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის შესრულება, საგადასახადო ინსპექციის ცნობით, მის მიერ კონტროლირებადი გადასახადების სახით ბიუჯეტზე მობილიზებულია 18,3 ტრილიონი კუპონი. აქედან თებერვლის პირველ ნახევარში 8,7 ტრილიონი, ანუ 80 პროცენტით მეტი ვიდრე მთლიანად იანვარში.

შარშანდელ მეტად დაბალ დონესთან შედარებით საკმაოდ მნიშვნელოვანი ზრდა აღინიშნება საბაჟო დეპარტამენტის მიერ მობილიზებულ შემოსავლებში. მართლაც დიდია განსხვავება შარშანდელთან შედარებით. შემდეგ გამოსვლაში სასურველი იქნება დავასახელოთ კონკრეტული ციფრები თუ ეს ტენდენცია კვლავაც გაგრძელდება.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ბიუჯეტის ანგარიშზე 1995 წელს სულ შესულია მხოლოდ 10,5 ტრილიონი კუპონი, ანუ გეგმის 41 პროცენტი. ბიუჯეტმა ვერ მიიღო 15 ტრილიონი კუპონი. ისეთი საგადასახადო შემოსავლებიდან, როგორიც არის დამატებითი ღირებულების გადასახადი, აქციზი, ნატურით მიღებული ნავთობპროდუქტებიდან ფიქსირებული გადასახადი და საბაჟო გადასახადი, ბიუჯეტში უნდა ჩარიცხულიყო 5,7 ტრილიონი კუპონი, ფაქტობრივად კი ჩაირიცხა 2 ტრილიონამდე კუპონი, ანუ გეგმის 38 პროცენტი. ამის ძირითადი მიზეზი პროგნოზურ გათვლებთან შედარებით პროდუქციის რეალიზაციის მეტად დაბალი დონეა. 7 ათასი ტონა ჩაის მზა პროდუქციის რეალიზაციის ბიუჯეტი დამატებითი ღირებულებისა და აქციზის სახით მიიღებდა სამ ტრილიონზე მეტ კუპონს. ანალოგიურად დიდი ოდენობით დაგროვდა ღვინომასალები, კონიაკი და სხვა პროდუქცია, რომელიც დამატებითი ღირებულების გადასახადითა და აქციზებით იბეგრება. საქართველოსათვის დაუჯერებელია, რომ განვლილ პერიოდში ბიუჯეტმა ღვინის მრეწველობიდან მხოლოდ 55 მილიარდი კუპონი მიიღო. ამას ჩაუფიქრდნენ ის სამინისტროები, უწყებები და რეგიონები, რომლებიც ყურადღებას უნდა აქცევდნენ ამ საქმეს.

არსებული მონაცემებით, ბიუჯეტის წინაშე დიდი დავალიანება აქვთ საწარმოებსა და ორგანიზაციებს: თბილისში 2,5 ტრილიონი კუპონი, 6 ტრილიონზე მეტი (მივმართავ ბატონებს არეშიძეს, ქაშაკაშვილს, არჯევანიძეს და სხვებს. ეს არ არის ნორმალური მდგომარეობა. ვფიქრობ, რომ ამ თვეში მათ უკვე უნდა თქვან თავიანთი სიტყვა), ქუთაისში - 722 მილიარდი, სამტრედიაში - 150 მილიარდი, ზესტაფონში - 700 მილიარდი, თერჯოლაში - 170 მილიარდი, ფოთში - 430 მილიარდი, გარდაბანში - 1,5 ტრილიონი კუპონი და ა.შ.

როგორც საგადასახადო ინსპექციის მიერ მოკვლეული მასალები ცხადყოფს, საწარმოები და ორგანიზაციები ბიუჯეტს უმალავენ მნიშვნელოვან თანხებს, რის გამოც, საბოლოო ანგარიშით, თვითონვე ირთულებენ საკუთარ ფინანსურ მდგომარეობას, რადგან სანქციებისა და საურავების სახით დარიცხული თანხები გაცილებით მეტია, ვიდრე საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადი. ამ გადასახადების დამალვასთან დაკავშირებით მინდა ვთხოვო იუსტიციის მინისტრს ბატონ თედო ნინიძეს მოიფიქროს, რა დამატებითი ღონისძიებები იქნება საჭირო სამართლებრივი თვალსაზრისით.

გასულ კვირას საგადასახადო ორგანოების მიერ შემოწმებულ 144 საწარმოსა და ორგანიზაციაში სხვადასხვაგვარი დარღვევებისათვის ბიუჯეტის სასარგებლოდ დამატებით გადასახადად დაკისრებულმა თანხამ ნახევარ ტრილიონზე მეტი კუპონი შეადგინა. ცალკეული იურიდიული და ფიზიკური პირების საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის შემოწმების შედეგად ასევე დამალული აღმოჩნდა 188 მილიარდი კუპონი შემოსავალი.

კვლავ პრობლემად რჩება ფქვილისა და პურის რეალიზაციის შედეგად ფიქსირებული გადასახადის ამოღება. 1995 წლის 23 თებერვლამდე ბიუჯეტში არ ჩარიცხულა 4,5 ტრილიონი კუპონი, თუმცა იგი მოსახლეობას უკვე გადახდილი აქვს. ამაზე, ალბათ, სპეციალურად უნდა ვიმსჯელოთ. ჩემი აზრით, დეპარტამენტი, ბატონი ბურჯანაძე ყველაფერს არ აკეთებენ იმისათვის, რომ ეს პრობლემები მოხსნან და საჭირო ზომები მიიღონ. ეს ეხება სხვა საფინანსო და საბანკო ორგანიზაციებსაც.

ფინანსთა სამინისტრომ, საგადასახადო ინსპექციამ, ეკონომიკის სამინისტრომ, ეროვნულმა ბანკმა და მთლიანად მინისტრთა კაბინეტმა, სახელმწიფოს მეთაურის არაერთი დავალებისა და მითითების მიუხედავად, ვერ მოახერხეს ამ გადასახადების ამოღების ქმედითი სისტემის შექმნა. აღნიშნულ პრობლემებს სათანადო ყურადღებას არ უთმობენ ქალაქების მერიები და რაიონების გამგეობები. დღემდე არ სრულდება ბრძანებულება ხორბლისა და ფქვილის ცენტრალური სახელმწიფო რესურსების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხების სახელმწიფო ბიუჯეტში ამოღების მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ. ვერ გადაწყდა პურპროდუქტების წარმოებისა და ვაჭრობის რგოლებში წინასწარი გადახდის მექანიზმის დანერგვა და ამ მიზნით კორპორაციისათვის საწყისი საბრუნავი კაპიტალის - 3,5 ტრილიონი კუპონის გამოყოფა. არადა, ეს შეიძლება გამოსავალი იყოს. ჩემი წინადადება ასეთია: თუ მისაღებია - მივიღოთ, თუ არა, მაშინ სხვა რაიმე არის მოსაფიქრებელი. ამ მდგომარეობის გაგრძელება შეუძლებელია.

რადიომსმენელმა შეიძლება გვკითხოს: გამოსვლებში დიდ ყურადღებას უთმობთ გადასახადებს, მოითხოვთ გადასახადის გადახდას, ჩვენს მდგომარეობას კი არ ითვალისწინებთო. ვიცი რა მდგომარეობაშიც არის დაახლოებით 400 ათასზე მეტი მოქალაქე, რომელთა ცხოვრების დონე მინიმუმის ზღვარსაც ვერ აღწევს. არიან ისეთებიც, რომლებიც კიდევ უფრო მძიმე და რთულ პირობებში ცხოვრობენ. მაგრამ ერთი რამ არის გასათვალისწინებელი, თუ დაირღვა ორგანული კავშირი ამ სფეროებს შორის, რომლებსაც წარმოება, გადასახადი და ბიუჯეტი ეწოდება, თუ არ შესრულდა ამ კომპლექსის პირველი ნაწილი - წარმოება და გადასახადი, ბუნებრივია არ შესრულდება ბიუჯეტიც. ერთხელ და სამუდამოდ უნდა შევიგნოთ ყველამ, რომ ბიუჯეტი არის იმ აუცილებელი მინიმალური კეთილდღეობის წყარო, რომლიდანაც შეიძლება ადამიანებმა მიიღონ ხელფასი, გაიზარდოს ხელფასი და პენსიები და ის დანახარჯები, რაც მოქალაქეთა პირობების გაუმჯობესებას ითვალისწინებს. ახლა, როგორც იტყვიან, ყველაფერი ბიუჯეტს ებჯინება. ამიტომ, ვამახვილებ ჩემს გამოსვლაში ძირითად ყურადღებას ამ უმნიშვნელოვანესი წყაროს შევსების პრობლემებზე.

საანალიზო კვირის მანძილზე კვლავ რთული მდგომერეობა იყო ენერგეტიკის სფეროში. ელექტროენერგიის სადღეღამისო მოხმარებამ რესპუბლიკაში 20 მილიონი კილოვატსაათი შეადგინა. ელექტროენერგიის გამომუშავების და მოხმარების ეს დონე არც ისე დაბალი და ცოტაა. განაწილების მკაცრი და სწორი კულტურის პირობებში ამუშავდება მრეწველობაც, შემუშავდება მოსახლეობისათვის მიწოდების გრაფიკიც, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს კულტურა და დისციპლინა, ჯერჯერობით, ვერ ჩამოყალიბდა.

გუშინწინ სახელმწიფოს მეთაურთან გამართულ საგანგებო სხდომაზე ვიმსჯელეთ ამ საკითხებზე და, ვფიქრობ, გარკვეულ ძვრებს უნდა მივაღწიოთ. დღის წესრიგში არის ზოგიერთი სტრუქტურული ცვლილებანი. გადაწყვეტილებებს უახლოეს დღეებში მივიღებთ.

ორიოდე სიტყვა საგაზაფხულო სამუშაოებთან დაკავშირებით. გამოვყოფდი საწვავის შემოზიდვის პრობლემას. მინისტრთა კაბინეტმა სერიოზულად იმუშავა, კერძოდ, ბატონმა ბაკურ გულუამ თავის კონტროლს დაუქვემდებარა ეს საკითხი და ერთგვარი გარკვეული ძვრებიც არის. კახეთში, მაგალითად, დღეისათვის 700 ტონაზე მეტი დიზელის საწვავია შეტანილი. მინისტრთა კაბინეტში ახლა ასევე საგანგებო ზომებს იღებენ სათესლე მასალის მომარაგების პრობლემასთან დაკავშირებით. გაიმართება რეგიონული თათბირები მეჩაიობისა და მეციტრუსეობის საკითხებზე. დღის წესრიგშია ამ დარგებისადმი საბაზრო ეკონომიკის პროცესების შესაბამის მიდგომათა განსაზღვრა. ასეთი ოპერატიული თათბირები აუცილებელია. მოვუწოდებ მინისტრთა კაბინეტსა და სხვა შესაბამის უწყებებს, დროულად მიიღონ გადაწყვეტილებები, რადგან დრო გადის, სეზონი ახლოვდება და ასეთ ვითარებაში დიდხანს ყოფნა აღარ შეიძლება. იგივე უნდა ითქვას სხვა დარგების მიმართაც.

ერთგვარი ძვრები შეიმჩნევა განსაკუთრებით მანქანათმშენებლობაში, რომლის ოცმა საწარმომ იანვარში 50 მილიარდი კუპონის სასაქონლო პროდუქცია გამოიმუშავა. რა თქმა უნდა, ეს ძალიან ცოტაა, მაგრამ მაინც გარკვეულ გამოცოცხლებაზე მეტყველებს. ამ მხრივ ძალიან იმედისმომცემია ისეთი ქარხნების საქმიანობა, როგორიც არის გაზის აპარატურის ქარხანა, „საქაგრომანქანა“, საცდელ-ექსპერიმენტული ქარხანა, მექანიკური ქარხანა და ზოგიერთი სხვა.

ცუდად არ მიდის მატყლის შესყიდვისა და გადამუშავების საქმე, რომელიც, როგორც იტყვიან, დაიძრა მკვდარი წერტილიდან. უკვე შესყიდულია 300 ტონამდე მატყლი, რის შემდეგ ამუშავდა ორი მატყლის სარეცხი ფაბრიკა, მაუდ-კამვოლის კომბინატი და სამკერვალო ფაბრიკები. ეს ყველაფერი საკუთარი რესურსების ხარჯზე ხდება და ამიტომაც აღვნიშნავ თითქმის ყველა გამოსვლაში.

- ჩვენი გაჭირვებული თუ უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობისათვის ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ შედეგის მიხედვით მაინც ძნელად აღსაქმელია.

- ლაპარაკი იმაზე, რომ ჩვენ შევძლებთ მოსახლეობის პირობების გაუმჯობესებას ბიუჯეტის გარეშე და მისი გვერდის ავლით, ეს მხოლოდ ილუზიებია. რადაც უნდა დაგვიჯდეს, მთელი ჩვენი სახელმწიფო და საზოგადოებრივი სტრუქტურები, კერძო თუ სახელმწიფო ბიზნესი შემართული უნდა იყოს იმისათვის, რომ ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილები შესრულდეს. ეს იმის შესაძლებლობას მოგვცემს, რომ წლის პირველი ნახევრის დასასრულს, მას შემდეგ, რაც ეროვნული ვალუტა შემოვა, ვიფიქროთ ხელფასის გაორმაგებაზეც კი, ყოველ შემთხვევაში 50-60 პროცენტით გადიდებაზე.

მინდა ორიოდე სიტყვით შევეხო ეგრეთ წოდებულ გაკოტრებულ ბანკებს. თუ ფორმალურად ვიმსჯელებთ, სახელმწიფო არავითარ პასუხს არ აგებს - არის კერძო ბანკი, კარძო წარმონაქმნები, არის მოსახლეობის ურთიერთობა მათთან. გაკოტრდა ბანკი, პასუხი აგოს იმან, ვინც ხელშეკრულება გააფორმა მოქალაქეებთან.

მაგრამ, ჩვენ ამას ასე არ ვუდგებით. თითქმის ყოველდღიურად მიმდინარეობს ამ საკითხებზე მსჯელობა. ვეძებთ გზებს, შეიქმნა სპეციალური სამთავრობო კომისია ბატონ თემურ ბასილიას ხელმძღვანელობით, შეიქმნა სპეციალური სამთავრობო სტრუქტურა დეპარტამენტის დონეზე. შესაბამისად დაინიშნება ხელმძღვანელიც.

ვეძებთ სხვა გზებსაც, თუ რით დავეხმაროთ მოტყუებულ მოქალაქეებს. მთავრობამ გაითვალისწინა მათი მდგომარეობა და 1994 წლის ნოემბერში მიიღო დადგენილება, რომლითაც ადგილობრივ ორგანოებს, ფინანსთა სამინისტროსთან და ეროვნულ ბანკთან ერთად დაავალა განახორციელონ საგანგებო ზომები, რათა ასეთი ახალი ბანკები და ორგანიზაციები აღარ აღმოცენდეს. გარდა ამისა, არის კიდევ ზოგიერთი რამ, რის შესახებაც დღეს არ იყო საჭირო ლაპარაკი. ვფიქრობთ, რომ ვაუჩერების გაცემასთან დაკავშირებით შესაძლებელია მოვახერხოთ ამ კატეგორიის მოსახლეობისათვის გარკვეული შეღავათის მიცემა.

მინდა დავარწმუნო ყველა რისი გაკეთებაც შეიძლება, ყველაფერს შევეცდებით, რათა ამ უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდნილ ადამიანებს, დახმარების ხელი გავუწოდოთ. როგორ მოხდება ეს პრაქტიკულად, რით გამოიხატება რეალურად - ამას კიდევ სამი-ოთხი დღის მუშაობა დასჭირდება და მინისტრთა კაბინეტი გამოაცხადებს.

- გასული კვირის მეტად აქტუალური, სენსაციური თემა იყო ამჯერად აჭარის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მიერ საქართველოს უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელისადმი წაყენებული მორიგი ბრალდება. ბატონი იგორ გიორგაძე ბრალდებას უარყოფს. თქვენ თბილისში შეხვდით აჭარის საზოგადოებრიობის წარმომადგენლებს, სავარაუდოა, რომ ესაუბრეთ ბატონ გიორგაძესა და ბატონ აბაშიძეს. როგორ განმარტავდით შექმნილ საკმაოდ პიკანტურ სიტუაციას? რა ხდება - ცენტრალური ხელისუფლება გეგმავს ტერორისტულ აქტებს თუ გიორგაძე არ ემორჩილება ცენტრალურ ხელისუფლებას?

- მინდა გულახდილად ვუთხრა ყველას, უწინარესად აჭარის მოსახლეობას, მოქალაქეებს, რომ დღეს ამ თემაზე (ტერორისტული აქტის დაგეგმვაზე) საუბარიც კი აბსურდულად მიმაჩნია. წინათ, სამოქალაქო ომის დროს, ზოგი რამ მართლაც შემაშფოთებელი ხდებოდა. ახლა, როცა ვიძიებთ კიტოვანის საქმეს, აღმოჩნდა დოკუმენტები, რომლებიც მართლაც იძლევა საფუძველს განვაცხადოთ, რომ იმ პერიოდში, როცა საქართველოში სამოქალაქო ომი მძვინვარებდა, იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც ამოძრავებდათ აზრი მოეხდინათ რაღაცა პროცესის პროვოცირება. ამ ეტაპზე კი რაიმე ლაპარაკი იმის შესახებ, რომ ხელისუფლება ტერორისტულ აქტებს გეგმავს, გავიმეორებ, აბსურდია. დღეს უშიშროების სისტემის შექმნა (ჯერ კიდევ არ არის ეს სამსახური სრულად ჩამოყალიბებული, ჯერ კიდევ ბევრი საკითხი არის მოსაგვარებელი) მიზნად ისახავს წინათ არსებულ უმსგავსობათა, ტერორიზმის, როგორც მოვლენის, აღმოფხვრას. თვით ეს სისტემა ერთ-ერთი უმთავრესი ინსტრუმენტია იმისათვის, რომ ჩვენი ცხოვრებიდან გამოირიცხოს ტერორიზმი. ამასთან დაკავშირებით, უშიშროების სისტემაში შეიქმნა შესაბამისი სტრუქტურები, რომლებსაც უკვე კავშირი აქვთ სხვადასხვა სახელმწიფოსთან, იზიარებენ გამოცდილებას, ტექნიკურად აღიჭურვნენ, ასე რომ, ამ თვალსაზრისით დიდი მუშაობა მიმდინარეობს.

არ არსებობს არავითარი საფუძველი ეჭვებისთვისაც კი. მინდა ეს მოისმინონ აჭარაში. ეტყობა პროვოკატორები საკმაოდმოხერხებულად მოქმედებენ ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც. როგორი შესაშური ენთუზიაზმით აიტაცებენ ხოლმე სხვადასხვა ქვეყნის საინფორმაციო საშუალებები ყოველგვარ ჭორსა და მონაგონს. ჭორების შეთხზვის ოსტატები რომ ბევრი გვყავს, კარგად მოგეხსენებათ. განა შეიძლება ლაპარაკი იმაზე, რომ დღეს ნორმალური ადამიანები საქართველოს ხელისუფლებაში ისწრაფვოდნენ არასტაბილურობისაკენ აჭარაში, ან რომელიმე სხვა რეგიონში. ჩვენ გადამკვდარი ვართ იმაზე, რომ დედაქალაქში წესრიგი დამყარდეს. ქუთაისში, მაგალითად, წესრიგი დამყარდა, ეს გვეამაყება და გვესახელება. ვცდილობთ კახეთში წესრიგი იყოს, ქვემო ქართლში დაიწყო უზარმაზარი ღონისძიებები, სვანები შეწუხდნენ, რომ მათ თავის დროზე ვერ მივხედეთ და ახლა იქ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად 1200-ზე მეტი კაცი მუშაობს. სამეგრელოში, ღმერთის წყალობით გაცილებით უკეთესი ვითარებაა. არის ხელისუფლებაში ადამიანი, რომელიც ფიქრობს არასტაბილურობის კერის შექმნაზე? ეს მაშინ, როცა ქვეყანაში წესრიგის დამყარება, ჩვენი, თუ შეიძლება ასე ითქვას, გენერალური ხაზია, რადგან ამაზე იქნება დამოკიდებული ინვესტიციები, კრედიტები და მომავალში საქართველოს კეთილდღეობა და ერთიანობა.

ერთხელ კიდევ ვაცხადებ საჯაროდ, აჭარის მოქალაქეებს, მათ შორის ბატონ ასლანსაც, შეუძლიათ იმუშაონ და იღვაწონ მშვიდად. ვიმეორებ, არ არსებობს არავითარი საფუძველი შეშფოთებისა და განგაშისათვის. აჭარის, ისევე როგორც საქართველოს რომელიც გნებავთ სხვა რეგიონის მიმართ მტრობა - საქართველოს მტრობაა. საქართველოს მტრებს ავანტიურისტებს როგორც ვექცევით, ვფიქრობ, ამის მაგალითები უკვე გვაქვს.

- გასულ კვირას თქვენთან გამართულ თათბირზე, სხვა საკითხებთან ერთად, განხილული იყო ფაშიზმზე გამარჯვების 50 წლისთავის აღნიშვნასთან დაკავშირებული საკითხიც. ამ თარიღს ყველა ქვეყანა აღნიშნავს, მათ შორის გერმანია, გასაგებია, რომ მძიმე ეკონომიკური ვითარების გამო, ჩვენს ვეტერანებს სათანადო დახმარებას ვერ ვუწევთ. თათბირზე გამოიკვეთა აზრი, რომ ყველაზე მეტად ამ ადამიანებს აწუხებთ, თუ შეიძლება ითქვას, მათი მორალური რეაბილიტაციის პრობლემა. სხვათა შორის რეპლიკებს - რატომ ომობდით, ვინ გეხვეწებოდათო, აფხაზეთში ნაომარი ბიჭების მიმართაც გაიგონებთ... მარტივი ჭეშმარიტებაა, რომ ჯარისკაცი ყოველთვის მართალია, იგი ბრძანებას ასრულებს...

- იმ შეხვედრაზე ვთქვი, რომ ფაშიზმის განადგურება უმნიშვნელოვანესი ეტაპია ცივილიზაციის, დემოკრატიის განვითარების ისტორიაში. ქართველი ხალხის მონაწილეობა ფაშიზმზე გამარჯვებაში უნდა განვიხილოთ, როგორც ცივილიზაციის, დემოკრატიის განვითარების ისტორიაში შეტანილი უნიკალური წვლილი. რაც შეეძლო მცირერიცხოვან ხალხს გაეკეთებინა იმაზე მეტი გააკეთა. ამიტომაც მიმაჩნია, რომ ეს არის უნიკალური წვლილი. მხედველობაში მყავს 300 ათასი გმირულად დაღუპული ჩვენი თანამოქალაქე - ქართველები, სომხები, აფხაზები, ოსები, რუსები, აზერბაიჯანელები, ებრაელები და სხვები, რომლებიც გმირულად დაეცნენ, მხედველობაში მყავს სამამულო ომის 700 ათასამდე მონაწილე. დაწყებული რიგითი მელიტონ ქანთარიათი, რომელმაც ეგოროვთან ერთად, დროშა აღმართა რაიხსტაგზე და უმაღლესი მთავარსარდლით დამთავრებული. ესეც საქართველოს წვლილია. ამიტომაც მიმაჩნია, რომ ეს თარიღი უნდა აღინიშნოს ღირსეულად იმ წვლილის შესაბამისად, რომელიც შევიტანეთ.

რაც შეეხება სხვა ომებში მონაწილეებს, მათ შორის აფხაზეთში, სხვა რეგიონში, მიმაჩნია, რომ ყოველგვარი დაპირისპირება უზნეობა და ყოვლად მიუღებელია. ჩვენ განსაკუთრებით უნდა ვიზრუნოთ მათთვის, ვინც საქართველოსათვის, ქვეყნისა და სახელმწიფოსათვის იბრძოდა. ის ადამიანები, რომლებიც სამამულო ომში მონაწილეობდნენ, იბრძოდნენ საქართველოსათვის და ზოგადსაკაცობრიო იდეალებისათვის. ის ბიჭები, რომლებიც იბრძოდნენ აფხაზეთში, იბრძოდნენ საქართველოსათვის და ასევე ზოგადსაკაცობრიო იდეალებისათვის. ასე რომ სახელმწიფოს ზრუნვა ყველას მიმართ საერთო-სახალხო უნდა იყოს.

- გასულ კვირას ჩვენმა პარლამენტმა საკმაოდ დიდხანს იმსჯელა ზურაბ სამუშიას შესახებ. უშიშროების სამსახურმა, სხვა სამართალდამცავმა ორგანოებმა, განაცხადეს, რომ არ იციან სად არის იგი, მისი ადგილსამყოფელი არც ოჯახმა იცის.

- ზურაბ სამუშიას ვიცნობ, შევხვედრივარ, როგორც იტყვიან, საქმეში, ბრძოლებში. ხმაური მის შესახებ საკმაოდ უსაფუძვლოდ მიმაჩნია და მაგონებს „აურზაურს არაფრის გამო“. დარწმუნებული ვარ, რომ ზურაბი დაწერს და იტყვის თავის სათქმელს და საქმეც ამით ამოიწურება. ბიჭებში, რომლებიც შედიოდნენ იმ რაზმში, კიტოვანი რომ აკოწიწებდა, იყვნენ დამნაშავეები, რეციდივისტები, ქურდები, მკვლელები, მაგრამ იყვნენ უპატიოსნესი ბიჭებიც, უპატიოსნესი ადამიანებიც. მათ მართლა დაიჯერეს, რომ აფხაზეთის გასანთავისუფლებლად მიდიოდნენ. რა თქმა უნდა, ეს ხალხი უნდა გამოიკვეთოს და მათ პასუხი არ უნდა აგონ კანონის გარეშე.

- დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია სასამართლო პროცესმა ჩიქოვანის ქუჩაზე მომხდარ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით, მხედველობაში მაქვს გელბახიანის, დოკვაძის, დომუხოვსკისა და სხვათა პროცესი, რომელიც დასასრულს უახლოვდება. ბევრს ლაპარაკობენ სასჯელთან დაკავშირებით. არის საზოგადოების ნაწილი, რომელიც, საერთოდ სიკვდილით დასჯას ეთანხმება ზოგადად, როგორც მოვლენას და კონკრეტულად ამ პიროვნებათა დასჯის მომხრეა. არის საზოგადოების ასევე დიდი ნაწილი, რომელიც სიკვდილით დასჯას არ იღებს და კონკრეტულად ამ პიროვნებათა დასჯის წინააღმდეგია.

- ამ საქმესთან დაკავშირებით ვიცი, რომ მიმდინარეობს მთელი კამპანია, გროვდება ხელმოწერები და სხვა, აკრძალვით ვერავის ვერ ავუკრძალავ მოაწერს თუ არა ხელს ამა თუ იმ დოკუმენტს. ეს მისი უფლება და საქმეა. ჩემი აზრით, ასეთი რამ მაინც ყოვლად ზედმეტია. მინდა ყველამ დაიმახსოვროს სასამართლო აბსოლუტურად დამოუკიდებელია. მასზე ზეგავლენას ვერც განცხადება მოახდენს და ვერც ვერავითარი სატელეფონო ზარი, სასამართლო მომავალშიც კიდევ უფრო დამოუკიდებელი იქნება. მხოლოდ კანონი, ფაქტები და მოსამართლის სინდისი არის განმსაზღვრელი იმისა, რასაც განაჩენი ჰქვია. ვიმეორებ - ფაქტები, მტკიცებანი, კანონი და მოსამართლის სინდისი. ეს გადაწყვეტს იმ ადამიანების ბედს, რომლებიც დღეს საბრალდებლო სკამზე სხედან.

რაც შეეხება სიკვდილით დასჯას, ნორმალური ადამიანი არ შეიძლება იყოს სიკვდილით დასჯის მომხრე. ეს არის იძულება, საზოგადოება იძულებულია დატოვოს ძალაში ეს სასჯელი მანამ, სანამ სხვა გზებითა და საშუალებებით ვერ უზრუნველყოფს მოქალაქის სიცოცხლის სრული გარანტიების შექმნას.

სხვათა შორის, ეს საკონსტიტუციო საკითხია. ახალ კონსტიტუციაზე მუშაობისას ჩვენ ამაზე ბევრს ვფიქრობთ და ვლაპარაკობთ. შეიძლება ეს ერთ-ერთი ისეთი საკითხი იყოს, რომელიც საერთო-სახალხო რეფერენდუმზე გავიდეს. როგორ იქნება მომავალში, ცხოვრება გვაჩვენებს. ჯერჯერობით ეს კანონი ძალაშია და მოქმედებს.

რადიოინტერვიუს უძღვებოდა ჟურნალისტი
ნატო ონიანი.

„კუპონის რევალვაციის პროცესი საკმაოდ ოპტიმისტურ საფუძველს გვაძლევს“ : 27 თებერვლის რადიოინტერვიუ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 28 თებერვალი. - 22(1038). - 1,2 გვ.

19 „მზად ვარ ბოლომდე ვიბრძოლო სახელმწიფოებრივი აღმშენებლობისა და სტაბილურობისათვის“

▲ზევით დაბრუნება


ედუარდ შევარდნაძის 6 მარტის რადიოინტერვიუ

- ქვეყნის რაიმე ეკონომიკურ გაჯანსაღებაზე ლაპარაკი ზედმეტი იქნება, თუ არ მივაღწიეთ კრიმინოგენური სიტუაციის გაჯანსაღებას. ამ მხრივ ქვემო ქართლის რეგიონებში სახელმწიფოს მეთაურის რწმუნებულის ლევან მამალაძის მცდელობას გარკვეული ექსცესები მოჰყვა რუსთავში. ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული აქცია - ასე შეაფასეს ეს მოვლენა რუსთავში. ალბათ, გასული ეკონომიკური კვირის შეფასებისას ეს ფაქტიც გათვალისწინებული იქნება. - ჟურნალისტ ნატო ონიანის ამ კითხვის პასუხად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ - სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ თავის ტრადიციულ რადიოინტერვიუში განაცხადა:

- ორიოდე სიტყვით შევეხები გასული კვირის ეკონომიკურ ცხოვრებას, რადგანაც ამ ერთი კვირის წინათ ჩვენ საკმაოდ დეტალურად ვისაუბრეთ ამ თემაზე. ვფიქრობ, ბევრი რამის განმეორება ახლა საჭირო აღარ არის. გაზაფხულის საწყის კვირაში ეკონომიკური ცხოვრების მოვლენებიდან უნდა გამოვყო შარშანდელი წლის შედეგებისა და უახლოესი პერიოდის ამოცანებისადმი მიძღვნილი მინისტრთა კაბინეტის საგანგებო სხდომა. აქ განისაზღვრა რესპუბლიკური და ადგილობრივი მმართველობის საქმიანობის პრიორიტეტები სამეურნეო და სოციალურ სფეროში. წინა პლანზე იწევს მოსახლეობის სოციალური დაცვის გაძლიერება. ამ მომენტს შემთხვევით არ ვუსვამ ხაზს, რადგან ახლა უკვე გამოჩნდა უმნიშვნელო, მაგრამ მაინც გარკვეული რეზერვი იმისათვის, რომ დღის წესრიგში დავაყენოთ დაუცველი ფენებისათვის დახმარების გაძლიერების საკითხი. ასევე განისაზღვრა წლის პირველი ნახევრისათვის ხელფასის ერთნახევარჯერ მაინც გადიდება. მასობრივი პრივატიზაციისა და აქციონირების დაჩქარება, ვაუჩერიზაციის განხორციელება, რის თაობაზეც გამოქვეყნდება ჩემი სპეციალური ბრძანებულება. ამ სხდომაზე დაისახა ადგილობრივი რესურსებისა და თანამეგობრობის სხვა სახელმწიფოებთან ხელსაყრელი ეკონომიკური თანამშრომლობის საფუძველზე წარმოების სულ ცოტა 10-15 პროცენტით გადიდების ამოცანა. თითქოს მთლად ბუნებრივად არ ჟღერს, რომ ეკონომიკური კრიზისით მოცულმა ქვეყანამ ერთბაშად, ერთი წლის განმავლობაში შეიძლება გააკეთოს ასეთი ნახტომი. მაგრამ, ჩემი ვარაუდით, იმ პოტენციალის გათვალისწინებით, რომელიც გვაქვს, ენერგეტიკული კრიზისის გაგრძელების პირობებშიც კი სავსებით შესაძლებელია წარმოების მოცულობისა და ეროვნული პროდუქციის წარმოების 10-15 პროცენტით გადიდება. ამავე დროს ხაზგასმით აღინიშნა, რომ ქვეყნის ნორმალური ფუნქციონირებისათვის უპირველეს ამოცანად რჩება ენერგეტიკული კრიზისის შერბილება და შემდგომში ამ პრობლემის დაძლევა. მინდა დავადასტურო ისიც, რომ ერთგვარი ჯანსაღი ტენდენციები, რომლებიც გასული წლის სექტემბრიდან დაისახა ფინანსების სფეროში ჩვენი გარდამავალი ვალუტის განმტკიცების თვალსაზრისით გრძელდება და ამას თავისი დადებითი შედეგებიც მოჰყვება. ახლა ჩვენს პარტნიორებთან ერთად (მხედველობაში მყავს მსოფლიო ბანკისა და სავალუტო ფონდის, აგრეთვე ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო და რეგიონული ფინანსური ორგანიზაციების წარმომადგენლები) ვმუშაობთ, რათა რაციონალურად, გეგმაზომიერად და ეფექტიანად გამოვიყენოთ მსოფლიოს ფინანსური ორგანიზაციების მიერ გამოყოფილი კრედიტები. როცა ამ სახსრების რეალიზაცია დაიწყება ვფიქრობ, მოსახლეობა იგრძნობს, რომ შევდივართ ეკონომიკური სტაბილურობის ახალ ფაზაში.

რაც შეეხება რუსთავის ინციდენტს, იგი ერთი წლის წინათ რომ მომხდარიყო, შესაძლოა, არავის არ გაჰკვირვებოდა და ძალიან იოლადაც მოხერხებულიყო შერიგების პროცესის წარმართვა შედარებით უმტკივნეულოდ და განსაკუთრებით მწვავე რეაგირების გარეშე გაგვეტარებინა იგი. როგორც ვამბობთ თვალსა და ხელს შუა, მაგრამ დღეს ეს უკვე შეუძლებელია, რადგან საქართველო სხვა გზას დაადგა. მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ და მრავალმა ორგანიზაციამ აღიარა, რომ ჩვენში დაიწყო სტაბილიზაციის პროცესი, რომ ქვეყანა სტაბილური ხდება, ვფიქრობ, ვინც არ უნდა იდგეს დესტრუქციული მოვლენის უკან, ჩემი საკუთარი შვილიც რომ იყოს, მაინც ჩემი საკუთარი აზრი უნდა გამოვთქვა. რუსთავის ინციდენტის შესახებ უკვე მქონდა ლაპარაკი თვით რუსთავში და აქაც, მაგრამ ზოგიერთი რამ კიდევ უნდა გამოიკვეთოს, ამის გამართლება, რაც მოხდა, შეუძლებელია და ამას ვერც ერთი საღად მოაზროვნე ადამიანი ვერ შეძლებს. ასეთი მოვლენების შეფასებისას, არც პირადი სიმპათიებით შეიძლება ვიხელმძღვანელოთ და არც პირადი ანტიპათიებით. ეს იყო იარაღის გამოყენებით ძალადობა ხელისუფლების წინააღმდეგ. ლონდონში გამოსვლისას მე ვიხმარე გამოთქმა - კრიმინალთა პოლიტიზირება და პოლიტიკის კრიმინალიზაცია. ეს მხოლოდ სხვა ქვეყნების მისამართით არ ყოფილა ნათქვამი. ჩემი აზრით საქართველოშიც (შეიძლება ითქვას საქართველო ამის კლასიკური მაგალითია) საბჭოთა კავშირის დაშლის საწყისი ეტაპიდანვე, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის არსებობის დროს სწორედ ასეთ მოვლენასთან გვქონდა საქმე. მიღებული ზომების შედეგად იარაღიანთა თარეში თანდათანობით აღიკვეთა (მხედველობაში მაქვს ის, რომ ომის დამთავრების შემდეგ მოკლე დროში გაკეთდა საქართველოში). მრავალი ფორმირება დაიშალა (მე მათ აღარ დავასახელებ), მრავალიც იზოლირებულია. ბოლო ერთი წლის განმავლობაში პოლიციისა და სხვა სამართალდამცავი ორგანოების მიერ იზოლირებულია 2.800-მდე ჯგუფი. ქვეყანა სტაბილურობის გზას დაადგა. ეს, როგორც გითხარით, უკვე აღიარებულია და არა მარტო ჩვენ მიერ. წესრიგის განმტკიცების კურსს პირველი შედეგები უკვე მოჰყვა. დაიწყო ეკონომიკის გამოცოცხლება, ფინანსების გაჯანსაღება, კრიმინალური სამყაროს წინააღმდეგ შეტევა გრძელდება და კვლავაც გაგრძელდება. ასეთი ღონისძიება განხორციელდა ამ რამდენიმე დღის წინათ წითელი ხიდის რაიონში, რომელიც აზერბაიჯანიდან, ცენტრალური აზიიდან, ირანიდან თურქეთისა და დასავლეთის ქვეყნებისაკენ მომავალი ცენტრალური მაგისტრალია. ასეთი ღონისძიება განხორციელდა აგრეთვე მარნეულში, ტრასებზე. ეს ღონისძიებები ჩემი დავალების შესასრულებლად ლევან მამალაძის უშუალო ხელმძღვანელობითა და მონაწილეობით ბრწყინვალედ განახორციელეს შინაგან საქმეთა და უშიშროების ორგანოებმა. გამოყენებული იყო სპეციალური განაყოფი, რომლის დათვალიერება თავის დროზე მოხდა, მაშინ ბევრი კითხულობდა, ასეთი რაზმი რა საჭიროაო. საჭიროა! მინდა ვისარგებლო ამ შემთხვევით და მადლობა გამოვუცხადო ამ ოპერაციის მონაწილეებს. ოპერაცია ტრასებზე წესრიგის დასამყარებლად გრძელდება. გუშინ ტელევიზიით ითქვა, რომ ბატონ ჯემალ მიქელაძის მეთაურობით ახლა ორი ათასზე მეტი პოლიციელი მუშაობს, რათა განამტკიცონ ეს პირველი ღონისძიებები. რეგიონის მთელი მოსახლეობა მიესალმება ამ აქციებს. მინდა გამოვყო მარნეულის რაიონის ახალი ხელმძღვანელობის მუშაობა, რის შედეგადაც სახელმწიფო სალაროში მილიონობით რუსული რუბლი, დიდი რაოდენობით დოლარი და მილიარდობით კუპონი შემოვიდა. მაშინ როცა თვეებისა და წლების მანძილზე პრაქტიკულად არაფერი შემოდიოდა.

(აი ერთ-ერთი მაგალითი მარტო ერთი დღის განმავლობაში ბაზრიდან 10 მილიონი რუსული რუბლი შემოვიდა). დარწმუნებული ვარ ეს თანხები (მხედველობაში მაქვს შემოსავლები არა მარტო ბაზრიდან, არამედ მთლიანად ტრასიდან) კიდევ უფრო გაიზრდება და საკმაოდ დიდი რაოდენობის დოლარებში იქნება გამოხატული. ეს ყველაფერი შეიარაღებული ბანდიტების ჯიბეში მიდიოდა. უხეში გაანგარიშებით მარტო წითელ ხიდთან ყოველდღიურად ისინი ითვისებდნენ (უფრო სწორად ძარცვავდნენ) 5 მილიონ რუსულ რუბლს. გუშინდელი და დღევანდელი ღონისძიებანი დაადასტურებენ, თუ რა თანხა შეიძლება შემოვიდეს ამ ტრასიდან.

მარნეულში აღმოაჩინეს და ჩამორთმეულია (ამაზე ილაპარაკა რუსთავში გამგებელმა ბატონმა ობოლაძემ, მისი გამოსვლა განსაკუთრებული სიმწვავითა და საქმიანი ხასიათით გამოირჩეოდა) უკანონოდ გადამალული იარაღი. რა უნდა საფოსტო განყოფილებაში (ვითომ ვიღაცის შტაბ-ბინაში) იარაღს, ასაფეთქებელ მასალებს, ტყვიამფრქვევებს და ასე შემდეგ.

გამოხდომა რუსთავში მწვავე რეაქცია გახლდათ. ლაპარაკია იმაზე, რომ შესაბამის ორგანოებს უნდა ჩამოერთვათ უკანონოდ შენახული იარაღი და ეს კიდეც გააკეთეს (არავითარი შტაბ-ბინა იქ არ ყოფილა).

მინდა უცხოელ ბიზნესმენთა და ბანკირთა გასაგონად ვთქვა: ეს დესტრუქციული ძალების ბოლო გაბრძოლებაა. სახელმწიფო წესრიგი მყარდება, ეს პროცესები შეუქცევადია და საქართველო თქვენი ღირსეული პარტნიორი იქნება.

ვინც ეს გამოხდომა მოაწყო, მას არ უნდა, რომ საქართველოში ნავთობსადენი და გაზსადენი გავიდეს, მას არ უნდა, რომ საქართველო სატრანზიტო ქვეყნად გადაიქცეს. ეს ხომ ბოლოს და ბოლოს, გარკვეული დროის შემდეგ, მილიონობით დოლარს შემოიტანს ჩვენი სახელმწიფოს სალაროში და ხალხის, ქვეყნის კეთილდღეობას მოხმარდება. სწორედ ამის წინააღმდეგ ილაშქრებენ, უნდათ თუ არ უნდათ ეს, ესმით თუ არ ესმით. ფაქტობრივად, ეს ასეა.

ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა რუსთაველთა, მთელი რეგიონის წარმომადგენელთა - ქართველების, რუსების, აზერბაიჯანელების, სომხების ერთსულოვნებამ. ყველა ერთხმად უჭერს მხარს ხელისუფლების ღონისძიებებს წესრიგის განსამტკიცებლად. ნურავის ნუ ჰგონია, რომ დესტრუქციულ ძალებს მხარს დაუჭერენ - ეს გამორიცხულია.

აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიება დაიწყო. მიმდინარეობს მუშაობა შესაბამის დოკუმენტებზე. რომლებმაც გარკვეულწილად უნდა მოაწესრიგოს მაშველთა კორპუსის საქმიანობა.

ამ დღეებში ბევრი რამ ითქვა, ალბათ, ბევრიც დაიწერება. ველოდები, რომ თავიანთ სიტყვას იტყვიან ინტელიგენციის ის წარმომადგენლებიც, რომლებიც „მხედრიონის“, მაშველთა კორპუსის მეგობრებად ითვლებოდნენ. მეც ასეთად ვთვლიდი ჩემს თავს და დღესაც მიმაჩნია, რომ გულგრილი ვერ ვიქნები ამ ბიჭების მიმართ. მაგრამ, ამავე დროს, სამართლიანიც უნდა ვიყო. ჩემი აზრით, ისეთი იმედისმომცემი ახალგაზრდა მოღვაწე, როგორიც დათო მაღრაძეა და რომელიც თავს მხედრიონელად თვლის, უნდა გამოვიდეს საჯაროდ და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება ამ ფაქტისადმი. ძნელია? რა თქმა უნდა, ძნელია, მაგრამ ასე უნდა მოიქცეს. ვფიქრობ, რომ ჩემი დიდი მეგობრების შვილი ლაშა თაბუკაშვილიც გამოვა და საჯაროდ გამოთქვამს თავის აზრს ამ გამოხდომის შესახებ, ასევე მოიქცევიან სხვებიც, თუ მათ ამ ბიჭებისათვის სიკეთე სურთ, საჯაროდ, სახალხოდ, ტელევიზიისა და გაზეთის მეშვეობით უნდა თქვან სიმართლე, რას იწონებენ და რას - არა. ეს ყოველ მიზეზგარეშე უნდა მოხდეს. ვფიქრობ, ასევე მთელი საზოგადოებრიობაც იტყვის თავის სათქმელს. აქ სასჯელზე, ერთი ან ორი კაცის თუ ჯგუფის დაპატიმრებაზე არ არის საქმე, მთავარია ფაქტისადმი დამოკიდებულება. ადრე ხომ ასე არ ვაყენებდით საკითხს - უფრო რთული, ძნელი პრობლემები იყო გადასაწყვეტი, დასაშლელი იყო მტრულად განწყობილი ფორმირებები (ისინი იზოლაციაში მოჰყვნენ). მაგრამ ახლა, როცა ქვეყანაში მართლაც გაჯანსაღდა ვითარება, მთელი საზოგადოება უნდა დაირაზმოს იმისათვის, რომ ეს, როგორც იტყვიან, ბოლო გამოხდომა იყოს, ამის მსგავსი არაფერი აღარ განმეორდეს.

უშუალოდ დამნაშავეთა დასჯასთან ერთად ახლა მთავარია ჩამოყალიბდეს საზოგადოებრივი აზრი, თუ ეს ძალიან გაცვეთილი არ არის, საჭიროა ზარების შემოკვრა ყველას გასაგონად. საზოგადოება, ხალხი მსგავსს აღარავის აღარ აპატიებს.

რაც შეეხება ჩემს პოზიციას, მზად ვარ ბოლომდე ვიბრძოლო სახელმწიფოებრივი აღმშენებლობისა და სტაბილურობისათვის, ქვეყნის გაერთიანებისა და გაძლიერებისათვის. გაძლიერებაზე როცა ვლაპარაკობ, ვგულისხმობ რეგულარულ არმიას, მის ქვედანაყოფებს, პოლიციის, უშიშროების სამსახურს, პროკურატურის იმ სტრუქტურებს, რომლებმაც უნდა დაიცვან სახელმწიფო და ხალხი, ვგულისხმობ თუნდაც მაშველ კორპუსს თავის ფორმებსა და ჩარჩოებში და არა შეიარაღებულ თარეშს.

რუსთავის გამოხდომის შესახებ, თუნდაც ეს ჩემს ერთგულ ხალხთან იყოს დაკავშირებული (და მე ვიცი ჩემი ერთგულები არიან), უნდა ვთქვა, რომ იგი ანტისახელმწიფოებრივი, ავანტიურისტული მოქმედებაა. ვიცი ეწყინებათ, ეტკინებათ, მაგრამ ახლა სხვა სიტყვებს ვერ ვპოულობ.

- გასულ კვირას კიდევ ერთი ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა თბილისში, საკუთარ კაბინეტში მოკლეს დედაქალაქის პოლიციის სამმართველოს უფროსის პირველი მოადგილე კორნელი ჩალაძე, როგორ გგონიათ, ხომ არ მოახდენს ეს გავლენას თვით პოლიციის ბრძოლისუნარიანობაზე, რადგან ერთია, როცა პოლიციის უფროსის პირველ მოადგილეს კლავენ, მაგრამ განსაკუთრებით საშინელებაა, როცა ეს მის სამუშაო კაბინეტში ხდება. ამას რაღაც სხვა შეფერილობა აქვს.

- კორნელი ჩალაძეს მე ვიცნობ როგორც მებრძოლს, ქვეყნისათვის თავგანწირულ ჯარისკაცს. ასეთი მახსოვს მე იგი აფხაზეთიდან, დასავლეთ საქართველოში სამოქალაქო ომის დღეებიდან. მას სიცოცხლისათვის სარისკო არა ერთი დავალება შეუსრულებია და ასევე გმირულად მუშაობდა დედაქალაქში. მკვლელობის მოტივი დადგინდება, ყველაფერი გაირკვევა, მკვლელი პოლიციის თანამშრომელია, ახალგაზრდა კაცი.

მინდა ერთხელ კიდევ ხაზგასმით აღვნიშნო, თუ რა მნიშვნელობა აქვს ქალაქის პოლიციის გაბედულ შეტევას კრიმინალურ დაჯგუფებათა წინააღმდეგ. ბოლო ორი-სამი კვირის განმავლობაში ქალაქის პოლიციამ თითქმის შეუძლებელი შეძლო. მხარდასაჭერია შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობის, ქალაქის მერიის, კერძოდ, ბატონ ნიკო ლეკიშვილის, ქალაქ თბილისის რაიონების გამგებლების, ყოველმხრივი და ყოველდღიური დახმარება, რომელსაც ისინი დედაქალაქის პოლიციის გარნიზონს უწევენ. გამოვყოფდი ქალაქის პოლიციის ხელმძღვანელის ბატონ დემურ მიქაძის გაბედულ და მიზანმიმართულ მუშაობას. მინდა გამოვთქვა რწმენა, რომ დედაქალაქის პოლიციის მიერ პრინციპულად დაწყებული ბრძოლა კიდევ უფრო მიზანმიმართული და შეუპოვარი გახდება. დამნაშავენი, ვისი მფარველობითაც უნდა სარგებლობდნენ (ვიცი, რომ ზარები გაისმა - ეს ახალგაზრდა გაათავისუფლეთ, ის კაცი გაუშვითო და ასე შემდეგ) წარდგებიან კანონისა და სამართლის წინაშე. თუ ამას არ გავაკეთებთ, მაშინ მთელი გაწეული მუშაობა წყალში ჩაიყრება. მჯერა, რომ ქალაქის პროკურორი, ასევე გაბედული და უაღრესად მაღალკვალიფიციური მოღვაწე, რესპუბლიკის პროკურატურაც, გენერალური პროკურორი მხარს დაუჭერენ პოლიციას დედაქალაქში წესრიგის დამყარებისათვის ამ საშვილიშვილო ბრძოლაში და ეს იქნება უდიდესი პატივისცემა კორნელი ჩალაძის ხსოვნისადმი.

- თქვენ უკვე გამოხატეთ დამოკიდებულება ცნობილი რუსი ჟურნალისტის ვლადისლავ ლისტევის მკვლელობისადმი. ერთი მომენტი იყო ამ პროცესში საყურადღებო: რამდენჯერმე ითქვა, რომ თუკი დემოკრატია ხალხის კვლასა და ქაოსს გულისხმობს, მაშინ ეს დემოკრატია არავის არ სჭირდებაო. თქვენი აზრით, რა არის, ეს ტენდენცია - ტოტალიტარიზმისადმი რაღაც ნოსტალგია, თუ რაღაც უფრო ცუდისათვის მზადება? რატომ გვაჩვევენ მეთოდურად იმ აზრს, რომ, თუკი პოსტსაბჭოთა ქვეყნებში რაიმე ცუდი მოხდება, ეს დემოკრატიის ბრალია, რომ თურმე დემოკრატია გულისხმობს ანარქიასა და ქაოსს...

- მინდა შევახსენო რადიომსმენელს, რომ არც ერთი დემოკრატიული სახელმწიფოს ფორმირება არ მომხდარა სერიოზული კატაკლიზმებისა და მძიმე ექსცესების გარეშე. დემოკრატიის კლასიკურ ქვეყნებშიც კი, რომლებიც სამოქალაქო ომებისა და დიდი სოციალური ხანძრების შემდეგ ბოლოს და ბოლოს დაადგნენ ამ გზას, იგი ეკლიანი და მძიმე იყო. გამოსავალი დემოკრატიაზე უარის თქმა კი არ არის, არამედ დემოკრატიული ინსტიტუტების, დემოკრატიული ცხოვრების წესის ეფექტიანი და გარანტირებული დაცვაა. დემოკრატიული სახელმწიფო უნდა იყოს ძლიერი, უნდა შეეძლოს დემოკრატიის მონაპოვართა დაცვა. თუ ამას ვერ შეძლებს, მაშინ ჩნდება ნოსტალგიაც... საქართველოშიც, რუსეთშიც, სხვა ქვეყნებშიც, ყოფილ ტოტალიტალურ სივრცეში არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ იქითკენ წაიყვანონ ქვეყანა.

ახლა საქართველოში დემოკრატიული სახელმწიფოებრიობის მშენებლობისა და განმტკიცების პროცესი მიმდინარეობს. მე შემთხვევით არ მითქვამს, რომ სახელმწიფოებმა, განსაკუთრებით თანამეგობრობის წევრებმა, უნდა გააერთიანონ თავიანთი შესაძლებლობები ტერორის, ტერორისტების, მაფიოზების (რომლებიც არ ცნობენ საზღვრებს და პრაქტიკულად ერთიანდებიან როგორც ტერორისტული ორგანიზაციები) წინააღმდეგ ბრძოლაში.

თანამეგობრობის ქვეყნების ძალების გაერთიანება ტერორისტების, ტერორიზმის, მაფიოზური კლანების წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვანი გარანტია იქნება დემოკრატიულ სახელმწიფოთა გადასარჩენად.

„მზად ვარ ბოლომდე ვიბრძოლო სახელმწიფოებრივი აღმშენებლობისა და სტაბილურობისათვის“ : ე. შევარდნაძის 6 მარტის რადიოინტერვიუ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 7 მარტი. - 24(1040). - 1, 2 გვ.

20 მეოცე საუკუნის დასასრულამდე გადასაწყვეტი პრობლემა

▲ზევით დაბრუნება


25 წელი შესრულდა მას შემდეგ რაც ძალაში შევიდა ხელშეკრულება ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ.

ამ უნიკალური მნიშვნელობის დოკუმენტმა, რომელიც ბირთვული და არაბირთვული სახელმწიფოების ურთიერთვალდებულებებს განსაზღვრავს, ჭეშმარიტად ისტორიული როლი შეასრულა ცივი ომის პერიოდში კაცობრიობის ბირთვული კატასტროფისაგან გადარჩენაში. დღეს, როდესაც მსოფლიო თავისუფლდება ბირთვული დაპირისპირების კოშმარისაგან და კაცობრიობა საყოველთაოდ აღიარებული დემოკრატიული იდეალების დამკვიდრების მიზნით ახალი გზით განვითარებას იწყებს, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ არის მოხსნილი დღის წესრიგიდან მშვიდობისა და სტაბილურობის მყარი გარანტიების შექმნის საკითხი. ფსევდონაციონალისტური განწყობილებებით ნასაზრდოები აგრესიული სეპარატისტული ძალები იარაღით ცდილობენ საკუთარი დესტრუქციული მიზნების მიღწევას და ეთნო-პოლიტიკური სისხლიანი კონფლიქტების პროვოცირებით სერიოზულ საფრთხეს უქმნიან მშვიდობას ცალკეულ სახელმწიფოებში და, საერთოდ, ჩვენს პლანეტაზე. ასეთ ვითარებაში ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის რეჟიმის მთელი სიმკაცრით დაცვა ყველაზე პრიორიტეტულ ამოცანათა რიგში დგება.

საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულების უცვლელად და უვადო გაგრძელებას, რაც უმნიშვნელოვანესი პირობაა მისი საბოლოოდ აკრძალვის გზაზე.

მე ამ პოზიციას ვიცავდი ყოველთვის და დღესაც მიმაჩნია, რომ ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობა, გამოცდის შეწყვეტა და მისი საბოლოოდ აკრძალვის პრობლემა მეოცე საუკუნის დასასრულამდე უნდა გადაწყდეს.

ედუარდ შევარდნაძე.

მეოცე საუკუნის დასასრულამდე გადასაწყვეტი პრობლემა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 7 მარტი. - 24(1040). - 2 გვ.

21 „ჩვენ უნდა გავიხსენოთ და ავამოქმედოთ საკაცობრიო პრობლემათა ერთობლივი გადაწყვეტის გამოცდილება“

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის - სახელმწიფოს მეთაურის ედუარდ შევარდნაძის გამოსვლა სოციალური განვითარების საკითხებზე გაერთიანებული ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოთა უმაღლესი დონის შეხვედრაზე

პატივცემულო თავმჯდომარევ,
პატივცემულო გენერალურო მდივანო,
ძვირფასო კოლეგებო,

5 წლის წინათ მე აქ საბჭოთა კავშირ-ამერიკის უმაღლესი დონის შეხვედრიდან ჩამოვფრინდი. ვაშინგტონში შევთანხმდით ატომური და ქიმიური არსენალების ლიკვიდაციაზე. კოპენჰაგენში პოლიტიკის ადამიანური განზომილების ახალი მასშტაბი უნდა განგვესაზღვრა. პირდაპირი კავშირი არსებობდა მასობრივი მოსპობის საშუალებათა ლიკვიდაციასა და ადამიანურობის ახალ განზომილებებს შორის.

ჩემთვის პირადად, დანიის დედაქალაქზე გამავალი ეს გზა გარდაქმნის გეზის გაგრძელება იყო. დღეს, გარდაქმნის დაწყებიდან 10 წლისთავზე, ორკეც ბედნიერი ვარ, რომ წარმოვადგენ აქ ჩემს ქვეყანას და, ამავე დროს - ჩვენი საუკუნის ამ ყველაზე მნიშვნელოვანი რევოლუციის პიონერებსაც.

გარდაქმნა უშუალოდ არის დაკავშირებული ჩვენი შეხვედრის ძირითად თემასთან, სწორედ გარდაქმნამ დაუდო ზღვარი „ცივ ომს“ და პიროვნებაზე ტოტალიტალური სახელმწიფოს ბატონობას, დაუბრუნა ხალხებს მათი ბუნებრივი უფლებები და საკუთარი ბედის არჩევის თავისუფლება. იგი აცხადებდა და ისწრაფოდა კიდეც საკაცობრიო ღირებულებათა პრაქტიკაში დამკვიდრებისაკენ, იმ უბრალო წანამძღვრიდან გამომდინარე, რომ დასმულ პრობლემათა სოლიდარულ გადაწყვეტილებას კაცობრიობა მხოლოდ კოორდინატთა ერთიან სისტემაზე დაყრდნობით შეძლებს.

ზოგიერთი დღევანდელი მცდელობა, რომ სადავოდ აქციონ და დააკნინონ გარდაქმნის მნიშვნელობა, ან მიაგდონ ისტორიული არქივის ყველაზე უფრო ბნელ კუნჭულში, მარტო უმადურობა კი არ არის, არამედ დანაშაულიც. გარდაქმნის ფილოსოფიის უარყოფით ჩვენ თითქოსდა უარს ვამბობთ იმ საერთო კრიტერიუმებსა და ორიენტირებზე, ურომლისოდაც განვითარების ვერანაირი კონცეფცია ვერ განხორციელდება. აქ, კოპენჰაგენში, მართებული იქნებოდა იმის შეხსენება, რომ სწორედ გარდაქმნის პოლიტიკამ განსაზღვრა იმის პროგნოზირების პირობები, რომ შესაძლებელი გახდებოდა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა და განვითარებადი სამყაროს სოციალურ განვითარებაში სამხედრო ბიუჯეტების რეინვესტიციები.

შემდგომ არაერთხელ მიფიქრია, რომ ყოველივე ეს სამართლიანი იქნებოდა ჩემი სამშობლოს - საქართველოს მიმართ, მან ხომ ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებთან ერთად ძალზე დიდი საზღაური გაიღო ტოტალიტარიზმის საფრთხისაგან მსოფლიოს განთავისუფლებისათვის. როცა ცნობილი კედელი დაინგრა, მე მოვუწოდე შემოეხედათ კედლის იქეთა მხარეს, რათა ყველანი მისი ნანგრევების ქვეშ არ მოვყოლოდით. განთავისუფლებულ ხალხებს კედლის ნამსხვრევებზე გაემართათ ცეკვა-თამაში, მთავრობები ერთმანეთს ულოცავდნენ „ცივ ომში“ გამარჯვებას, ამ დროს კი, არაკონფრონტაციული სამყაროს ომისშემდგომი მოწყობის ერთიანი სტრატეგიის უქონლობის პირობებში, მრავალმა ახალმა საფრთხემ იჩინა თავი.

მზარდი ეკონომიკური კრიზისი, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა არსებობასაც კი; ეთნოდიქტატურათა თარეში, აგრესიისა და კონფლიქტების პროვოცირებას რომ ახდენს; ადამიანის ცხოვრების უფრო მზარდი ნაკადები; დამნაშავეობის ზრდა, კონტროლს რომ უწესებს მთელ ქვეყნებსა და რეგიონებს; ხალხთა დაუცველობა მასობრივი უმუშევრობისა და დაავადებებისაგან; ჯანმრთელობის დაცვისა და განათლების სისტემების მოშლა; ახალი „მასების ჯანყი“, როგორც ორტეგა ი. გასეტმა უწოდა მას ფაშიზმის ევროპული ტრიუმფის წინ.

ახალი ეპოქის ყველა ეს საფრთხე აუფასურებს შეიარაღების მიღწეულ კონტროლსა და პოლიტიკაში ადამიანური განზომილების დამკვიდრებით მოპოვებულ წარმატებებს. ამ გზამ, რომელმაც ხუთი წლის წინათ, კოპენჰაგენში მიგვიყვანა, გაგრძელება ვეღარ პოვა. აგრესიულმა სეპარატიზმმა და ექსტრემისტულმა ნაციონალიზმმა გადაქელეს ადამიანური განზომილებათა ახალი სტანდარტები. მე გთხოვთ, სწორედ ამ საფრთხეთა ჭრილში განიხილოთ სოციალური განვითარების პრობლემები. თქვენთვის ცნობილია, ყველა ეს საფრთხე როგორ დაატყდა თავს ჩემს ქვეყანას. ისტორიული, ლეგენდარული კოლხეთის მნიშვნელოვანი ნაწილი სეპარატისტებმა დროებით მოგლიჯეს საქართველოს. მათ არა მარტო მიითვისეს „ოქროს საწმისი“, არამედ მოაწყვეს მოსახლეობის უმეტესი ნაწილის გენოციდი და ეთნიკური წმენდა. 300 ათასი ადამიანი ლტოლვილად იქცა. ათასობით დახვრეტილია, ნაწამებია და დასახიჩრებული.

შემაძრწუნებელია შიდა კონფლიქტების სოციალური შედეგები. საკმარისია ითქვას, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საერთო ეროვნული პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 2500 დოლარიდან 360 დოლარამდე დაეცა. ჩემთვის გასაგებია, ბატონო გენერალურო მდივანო, თქვენი მოწოდება, განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს სოციალურ სამართლიანობას, და თქვენ სწორი ბრძანდებით, ოღონდ, დავძენ, რომ სანამ არ აღმდგარა პოლიტიკური სამართლიანობა, ფუჭია ფიქრი სოციალურ სამართლიანობაზე. სანამ ათასები თავს მოტყუებულად გრძნობენ იმის გამო, რომ ამაოდ ელოდნენ ძლიერთა ამა ქვეყნისათა და საერთაშორისო ორგანიზაციების რეალურ დახმარებას, სახელმწიფოთა ნგრევა და დანაწევრება ჩვენი ცხოვრების განუყრელი თანამგზავრი იქნება.

არადა მჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ ამ დამანგრეველი პროცესის შეჩერებას.

როგორც ჩანს, ჩვენ ვუახლოვდებით ეტაპს, როცა გაეროს, ევროპული სტრუქტურების, საქართველოს მეგობარი სახელმწიფოების, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის, უწინარეს ყოვლისა რუსეთის ძალისხმევა ბოლოს და ბოლოს გამოიღებს დიდი ხნის ნანატრ ნაყოფს საქართველოს იმ შიდა კონფლიქტების მოგვარებაში, რომლებიც გარეშე ძალთაგან ხელდაუსხმელად როდი დაიწყო...

აგრესიული სეპარატიზმი მხოლოდ ჩვენი პრობლემა არ არის. მარტო საქართველოში როდი მძვინვარებენ შიდა კონფლიქტები. სოციალურ-ეკონომიკური პროგრესი იმ სახელმწიფოს ფარგლებშია შესაძლებელი, რომლის სუვერენიტეტი, მთლიანობა და საზღვრები საიმედოდ არის დაცული.

რაც შეეხება ეკონომიკას, სპეციფიკურ ენაზე ყოფილი სსრ კავშირის ქვეყნები გარდამავალი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოთა ჯგუფს არიან მიკუთვნებული. არადა, მათ ისეთი პოტენციალი აქვთ, რომელიც ძალიან მალე შეიძლება ამოქმედდეს, მის აღსადგენად გაცილებით ნაკლები სახსრები და დრო იქნება საჭირო, ვიდრე განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკისათვის. მოგვეხმარეთ სწრაფად დავდგეთ ფეხზე და ჩვენ თვითონ გავხდებით სხვების დონორები.

ქალბატონებო და ბატონებო,

მსოფლიო წააგავს სარკეს ჰანს ქრისტიან ანდერსენის ზღაპრიდან. როცა სარკეს ხელს გაუშვებენ, იგი იმტვრევა და მიმოიფანტება ნამსხვრევებად, რომლებიც გვაყენებენ ჭრილობებს, გვაავადებენ ამნეზიით და გვაიძულებენ ხანგრძლივი ტანჯვით გადავიხადოთ მეხსიერების ხანმოკლეობის, გულმავიწყობის საფასური.

ჩვენ უნდა გავიხსენოთ და ავამოქმედოთ საკაცობრიო პრობლემათა ერთობლივი გადაწყვეტილების გამოცდილება. ამის გაკეთება ყველაზე მართებულია ფაშიზმზე გამარჯვების 50 წლისთავისა და გაეროს ნახევარსაუკუნოვანი არსებობის იუბილეს წელს. გზა, რომელიც მე ჩემთვის განვსაზღვრე, როგორც კოპენჰაგენზე გამავალი, უნდა გაგრძელდეს!

„ჩვენ უნდა გავიხსენოთ და ავამოქმედოთ საკაცობრიო პრობლემათა ერთობლივი გადაწყვეტის გამოცდილება“ : საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის - სახელმწიფოს მეთაურის ე. შევარდნაძის გამოსვლა სოციალური განვითარების საკითხებზე გაერთიანებული ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოთა უმაღლესი დონის შეხვედრაზე // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 15 მარტი. - 27(1043). - 1 გვ.

22 „საქართველოსათვის იქმნება უაღრესად ხელსაყრელი გარემო და იგი დღეს მართლაც უნიკალურია“

▲ზევით დაბრუნება


ედუარდ შევარდნაძის 13 მარტის რადიოინტერვიუ

- გასული კვირის მიმოხილვას თქვენ ჩვეულებისამებრ,ეკონომიკური ანალიზით იწყებთ. ამ თემას ალბათ კოპენჰაგენის სამიტი უკავშირდება. დღეს დილით საქართველოს დელეგაცია დაბრუნდა კოპენჰაგენიდან, სადაც გაეროს ეგიდით გაიმართა სოციალური საკითხებისადმი მიძღვნილი უმაღლესი დონის შეხვედრა. იგი მით უფრო საინტერესოა ჩვენი ქვეყნისათვის, რამდენადაც ბევრმა პრეზიდენტმა თუ პრემიერ-მინისტრმა თავიანთ გამოსვლებში სოციალური განვითარება დაუკავშირა პოლიტიკურ თემას, კონფლიქტების, ტერიტორიული მთლიანობის თემას, ისევე როგორც ეს თქვენს გამოსვლაში იყო... - ჟურნალისტ ნატო ონიანის ამ შეკითხვის პასუხად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ - სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ თავის ტრადიციულ რადიოინტერვიუში განაცხადა:

- მინდა ვუღალატო ტრადიციას და შემოგთავაზოთ მოკლე ეკონომიკური მიმოხილვა, იმ მოვლენების ანალიზი, რომლებიც ასე თუ ისე ეკონომიკასთან არის დაკავშირებული. უწინარესად აღსანიშნავია ჩვენი დელეგაციის მონაწილეობა კოპენჰაგენის სამიტში, რომელიც სოციალური განვითარების პრობლემებს მიეძღვნა. ეს საქართველოში რეფორმებისა და დემოკრატიული განვითარების პროცესის მხარდასაჭერად საერთაშორისო თანამეგობრობის საქმიანობის გააქტიურების კიდევ ერთი საფეხურია. რადიკალური რეფორმების ბედისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოს მეთაურის მიერ ბატონ შადმან ვალავის მეთაურობთ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის მიღებისას მაკროეკონომიკური სტაბილიზაციისა და სისტემური გარდაქმნის პროგრამის რეალიზაციის მიმდინარეობის გაანალიზებას. და არა მარტო სახელმწიფოს მეთაურის დონეზე, საუბრები გაიმართა აგრეთვე პრემიერ-მინისტრებთან, ვიცე-პრემიერებთან, სამინისტროთა ხელმძღვანელებთან და სხვებთან. ეს ძალიან საჭირო შეხვედრები იყო.

ქვეყანაში ეკონომიკური ვითარების გაჯანსაღებას სერიოზული სტიმული უნდა მისცეს მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე ბიუჯეტის ფორმირების პრობლემატური საკითხების უაღრესად მწვავე და პრინციპულმა განხილვამ, ამ საარსებო მნიშვნელობის ამოცანის უზრუნველსაყოფად სახელმწიფოს მეთაურის მითითების შესაბამისად, გადაწყდა საგანგებო ღონისძიებების განხორციელება და აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა რგოლში პასუხისმგებლობის გაძლიერება. ამის თაობაზე უახლოეს დღეებში მიღებული იქნება სახელმწიფოს მეთაურის ბრძანებულება. ამგვარ ღონისძიებათა აუცილებლობას წლის განვლილ პერიოდში ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ფორმირებაში შექმნილი ვითარება განაპირობებს. მინდა მოკლედ შევეხო ბიუჯეტის პრობლემებს. მოვითხოვ, რომ ეს საკითხი კვლავაც იყოს მინისტრთა კაბინეტის, მინისტრების, შესაბამისი უწყებების ყურადღების ცენტრში. მობილიზებული უნდა იყოს საზოგადოებრივი აზრიც.

მომთხოვნელობის გამკაცრების შედეგად თებერვალში საგადასახადო ინსპექციის მიერ კონტროლირებად შემოსავალთა სახით ბიუჯეტში მობილიზებული იყო 14,5 ტრილიონი კუპონი, ესე იგი თითქმის 10 ტრილიონი კუპონით, ანუ ორჯერ მეტი, ვიდრე იანვარში.

სულ კი ორ თვეში 18,3 ტრილიონი კუპონი არის მობილიზებული. დამატებითი ღირებულების გადასახადის სახით თებერვალში ბიუჯეტში შევიდა 2,5 ტრილიონი კუპონი, ანუ სამ-ნახევარჯერ მეტი, ვიდრე იანვარში. იგივე ითქმის აქციზებზეც, (თუმცა მისი მაჩვენებელი დაბალია), რომელიც ორ-ნახევარჯერ გაიზარდა. ნავთობპროდუქტების რეალიზაციის შედეგად ფიქსირებულმა გადასახადმა შესაბამისად 332 მილიარდი კუპონი ანუ თითქმის ორჯერ მეტი შეადგინა. ჩვენი შეფასებით, ჩვენ მხოლოდ იმის მესამედს ვიღებთ, რის მიღებაც ნავთობპროდუქტებზე ფიქსირებული გადასახადიდან შეგვიძლია.

გარკვეული ძვრები შეინიშნება ხორბლისა და ფქვილის რეალიზაციის შედეგად ფიქსირებული გადასახადის მიღების საქმეშიც, თუმცა მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე ძალიან ბევრი საყვედური გამოითქვა შესაბამისი ორგანიზაციების მიმართ. ჯერ კიდევ ძალიან შორსა ვართ ამ სფეროში წესრიგისაგან.

ამავე დროს უნდა ითქვას, რომ საერთოდ 1995 წლის ბიუჯეტის შესრულება ბოლო ორი თვის მანძილზე მეტად დაძაბულად მიმდინარეობს. თუ ასე გაგრძელდა, ჩვენ კიდევ უფრო სერიოზულ პრობლემებს წავაწყდებით ხელფასის გაცემაში, პენსიებით მოქალაქეების უზრუნველყოფაში, ვერ გავწევთ ბიუჯეტით გათვალისწინებულ ხარჯებს. ამ მიმართულებით საჭიროა მინისტრთა კაბინეტის ყურადღების სრული მობილიზაცია, რის შესახებაც ვილაპარაკე კაბინეტის სხდომაზე. ვთხოვ უწინარესად პრემიერ-მინისტრს ოთარ ფაცაციას, აგრეთვე თემურ ბასილიას, ბაკურ გულუასა და სხვებს სასწრაფოდ გაერკვნენ ამ საკითხებში და მიიღონ ისეთი გადაწყვეტილება, როგორიც აუცილებელია ვითარების გამოსასწორებლად. საშემოსავლო ნაწილის შეუსრულებლობის გამო იქმნება სირთულეები ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯების დაფინანსებაში. ამიტომ მიმაჩნია, რომ მარტში სერიოზული გარდატეხა უნდა მოხდეს და, როგორც იტყვიან, ყველა სახელმწიფო სტრუქტურა ფეხზე უნდა დადგეს, რათა მოგვარდეს ისეთი პრობლემები, როგორიც არის ხელფასების, სტიპენდიების გაცემა, სასურსათო პროდუქტების, მედიკამენტების შეძენა, საელჩოების შენახვა, მოსახლეობის სოციალური დაცვის ხარჯების ანაზღაურება და, განსაკუთრებით, ლტოლვილთა საკითხი, და ყველაფერი ეს უნდა მოხდეს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის შესრულების ბაზაზე.

თუ ჩვენ ჯერჯერობით მაინც ვახერხებთ ბალანსირებას, ეს იმის შედეგია, რომ ვსარგებლობთ მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი კრედიტით, რომლითაც ვავსებთ ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილში არსებულ დანაკლისს.

მინდა გავიმეორო ის საყვედური, რომელიც მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე გამოვთქვი, ზოგიერთ რაიონს, ქალაქს არც კი განუხილავთ 1995 წლის ბიუჯეტი - ეს ანომალიად მიმაჩნია და პირდაპირ საჯაროდ, სახალხოდ უნდა განვაცხადო, რომ თუ ზოგიერთი ადგილობრივი ხელმძღვანელის ბიუჯეტისადმი ასეთი დამოკიდებულება გაგრძელდება, ჩვენ იძულებული ვიქნებით განვთავისუფლდეთ მათგან. მე უკვე მოვიყვანე მაგალითები, თუ რა შეიცვალა თბილისში, ქუთაისსა და ზოგიერთ სხვა რაიონში, ბიუჯეტისაკენ შემობრუნების შედეგად. რესპუბლიკა თავისას იღებს, ამ ქალაქებსა და რაიონებს კი ძალიან დიდი შესაძლებლობანი მიეცათ, გაუჩნდათ მთელი რიგი სფეროების დაფინანსების წყაროები. თუმცა, არის ისეთი ფაქტებიც, როცა ზოგიერთ რაიონში მეტი ყურადღება ეთმობა იმ საგადასახადო შემოსავლებს, რომლებიც ადგილებზე რჩება. რაც შეეხება რესპუბლიკურ ბიუჯეტში გადასარიცხ სახსრებს, აქ უფრო მეტ გულგრილობას ვაწყდებით. ჩემი აზრით, ამის მოთმენა აღარ შეიძლება, ამიტომ, ამ საკითხების მინისტრთა კაბინეტის ყოველდღიურ სხდომებზე განხილვისას, ჩვენ იძულებული ვიქნებით, მოვიწვიოთ გამგებლები, ქალაქის მერები და მოვთხოვოთ მათ, კონკრეტული პასუხები.

როგორი ვითარებაა შიდასავალუტო ბაზარზე? გრძელდება კუპონის რევალვაციის პროცესი, რაც, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს ბანკთაშორისი ბირჟის ვაჭრობებზე. სამშაბათს გამართულ ვაჭრობაზე კომერციული ბანკების მიერ დოლარების მიწოდებამ გადააჭარბა მათივე მოთხოვნას. ამან, თავის მხრივ, კუპონის კურსის ძალიან მცირე, მაგრამ მაინც აწევა განაპირობა, ვაჭრობის შედეგად, აღინიშნა შემდეგი კურსი. ერთი ამერიკული დოლარი - მილიონ 299 ათასი კუპონი. 7 მარტს გამართულ ვაჭრობაზე კომერციული ბანკების მიერ რუბლის მიწოდებამ მნიშვნელოვან ზღვარს - 240 მილიონს მიაღწია. ამ ვითარებას საქართველოში რუბლის მიმართ კუპონის კურსის აწევის პარალელურად, წინ უსწრებდა ასევე რუბლის მიმართ შიდა ბაზარზე განვითარებული ინფლაციური პროცესი. საწყის კურსზე კომერციული ბანკების მოთხოვნამ 25 მილიონი რუსული რუბლი შეადგინა. ამის შედეგად, ეს უკანასკნელი 50 პუნქტით დაეცა. ამ ზღვარზეც აგრძელებდნენ კომერციული ბანკები რუსული რუბლის გაყიდვას. ეროვნული ბანკი იძულებული გახდა, საკმაოდ დიდი სხვაობის კორექტირების მიზნით, შეესყიდა რუსული რუბლები. დაფიქსირდა კურსი: 1 რუბლი - 280 კუპონი. ყოველივე ეს, ერთხელ კიდევ მიგვანიშნებს, რომ ბანკთაშორისი ბირჟა საკმაოდ რეალურად ასახავს სავალუტო ბაზარზე არსებულ კონიუნქტურას.

ვითარება ენერგეტიკაში მძიმეა. საშუალო მოხმარებამ 20 მილიონი კილოვატსაათი შეადგინა. მიუხედავად იმისა, რომ ეს მაღალი მაჩვენებელი არ არის, ქვეყნის სამრეწველო პოტენციალის ამოქმედება, ჩემი აზრით, მაინც შესაძლებელია, თუკი იქნება ენერგეტიკოსებისა და მრეწველების შეთანხმებული და კარგად ორგანიზებული მუშაობა. ვაფრთხილებ შესაბამის ორივე უწყებას, რომ ველოდები (განსაკუთრებით გაზაფხულის წყალუხვობის დაწყებასთან დაკავშირებით) ენერგიის გამომუშავების გაზრდას, რისი რეალური პერსპექტივაც არსებობს და ამის შედეგად, მარტში მრეწველობაში უკვე სერიოზული გარდატეხის მოწმენი უნდა გავხდეთ.

უმძიმეს პრობლემად რჩება ელექტროენერგიისა და გაზის მოხმარების გადასახადები. თუ ასე გაგრძელდა, ქალაქები და რაიონები ვერ შეძლებენ გარდატეხის შეტანას ელექტროენერგიისა და გაზის დანახარჯების ანაზღაურების საქმეში და ჩვენ კატასტროფის წინაშე აღმოვჩნდებით. უცხოეთის ეკონომიკური და ფინანსური ცენტრებიდან ყოველგვარ სესხებსა და გრანტებზე ლაპარაკი ზედმეტია, თუ საკუთარ შესაძლებლობებს ვერ გამოვიყენებთ. რასაც მოვიხმართ, ის უნდა ავანაზღაუროთ.

მისასალმებელია, რომ მრეწველობის ცალკეულ დარგებში მარტის პირველ დეკადაში უკვე გამოჩნდა ერთგვარი გამოცოცხლების სიმპტომები. მაგალითად, ხის დამამუშავებელ მრეწველობაში, ბევრი საწარმო უკვე ამოქმედდა.

ახლა - კოპენჰაგენთან დაკავშირებით. დანიის სამიტი უპრეცენდენტოა მონაწილეთა რიცხვითა და რანგების გათვალისწინებით. ეს უკვე თავისთავად მიგვანიშნებს დღევანდელი მსოფლიოსათვის სოციალური პრობლემების სიმწვავეს. ესე იგი, დღევანდელმა მსოფლიომ, კაცობრიობამ შეიგნო, რომ სოციალური პრობლემები უმწვავესია და სწორედ ამიტომაც, თითქმის ყველა სახელმწიფო, გარდა იშვიათი გამონაკლისისა, წარმოდგენილი იყო სამიტზე (მათ შორის დიდი უმრავლესობა უმაღლეს დონეზე - პრეზიდენტების, პრემიერ-მინისტრების, სახელმწიფოთა მეთაურების, ზოგიერთი ქვეყანა - მინისტრების დონეზე). ის ფაქტი, რომ სოციალური პრობლემის სიმწვავეს აღიარებენ, როგორც განვითარებადი, ისე მაღალგანვითარებული ქვეყნების ლიდერები, აგრეთვე, გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნები, მეტყველებს იმაზე, რომ მსოფლიო საზოგადოებრივი აზრი თანდათანობით ისეთნაირად ყალიბდება, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ დიდ გარდატეხას მივაღწევთ სიღატაკის, შიმშილის, ეკონომიკურ სიდუხჭირესთან დაკავშირებული სხვა პრობლემების დაძლევაში.

დეტალებზე არ შევჩერდები, რადგან წუხელ, თვითმფრინავში, თქვენთან და ჟურნალისტთა ჯგუფთან შეხვედრისას, საკმაოდ ვრცელი ინფორმაცია მოგაწოდეთ, მინდა ვთხოვო საქართველოს რადიოს ისარგებლოს წუხელ წარმოდგენილი მასალით.

პოლიტიკისა და ეკონომიკის ურთიერთკავშირი, განსაკუთრებით კონფლიქტებთან დაკავშირებული პრობლემები საკმაოდ მწვავედ გაშუქდა კოპენჰაგენის შეხვედრაზე. გაბედულად შეიძლება ითქვას: საქართველოსათვის იქმნება უაღრესად ხელსაყრელი გარემო, რომელიც დღეს მართლაც უნიკალურია. ჩვენი შინაგანი ტკივილების, კონფლიქტების მოგვარების, აგრეთვე ეკონომიკური სიდუხჭირიდან ქვეყნის გამოყვანის თვალსაზრისით, ძალიან საიმედო და რეალური პერსპექტივები დამესახა იმ დიალოგის ფონზე, რომელიც კოპენჰაგენში გაიმართა უმაღლესი დონის შეხვედრის პროცესში.

- გასულ კვირას შიდა ქართლში დაინიშნა სახელმწიფოს მეთაურის რწმუნებული ბატონი ბადრი ხატიძე - ახალგაზრდა კაცი, რომელსაც სრულიად ახალ სიტუაციაში მოუხდება მუშაობა. თქვენ ბრძანდებოდით გორში, ეწვიეთ ბამბეულის კომბინატს, სტალინის სახლ-მუზეუმს, იქ განლაგებულ სამხედრო ნაწილს...

- შიდა ქართლში ბადრი ხატიძის დანიშვნამ საზოგადოებრივი აზრის გარკვეული დაინტერესება გამოიწვია. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს სავსებით კანონზომიერია. იგი იმ მიწის მკვიდრია, იქაურია, მაღალი კულტურის, კარგად აღზრდილი ახალგაზრდაა, პრინციპული და მომთხოვნი მოღვაწეა. ვფიქრობ, რეგიონი მალე იგრძნობს იმ ინსტიტუტის, იმ სტრუქტურის დიდ პოტენციალს, რომელსაც ბატონი ბადრი გაუძღვება. მსიამოვნებს, რომ მხარეში შემავალი რაიონების წარმომადგენლები დიდი ენთუზიაზმით და მოწონებით შეხვდნენ ამ ახალგაზრდა კაცის დაწინაურებას.

გორის ბამბეულის კომბინატის დიდ შესაძლებლობებზე უკვე ვილაპარაკე. ამ დღეებში გამოვცემ განკარგულებას, რომლის მიზანია ამ უდიდესი საწარმოს პოტენციალის სასწრაფოდ ამოქმედება. გორის კომბინატი თუ ამუშავდა, და იგი ყოველმიზეზგარეშე უნდა ამუშავდეს, მასთან ერთად ამუშავდება თითქმის 14 სამკერვალო ფაბრიკა. ეს უამრავი სამუშაო ადგილი და უზარმაზარი შემოსავალია, რაც ასე გვაკლია.

ძალიან მოკლე ვიზიტი გვქონდა სამხედრო ნაწილში - გორის სასწავლო ცენტრში. ეს ერთ-ერთი კარგი სამხედრო ქვეგანაყოფია. ჩემზე კარგი შთაბეჭდილება დატოვეს ამ ქვეგანაყოფის მეთაურმა, მისმა თანაშემწეებმა, სხვა მეთაურებმა, რომლებიც საქმეს საკმაოდ კარგად და წარმატებით უძღვებიან.

რაც შეეხება სტალინის მუზეუმის მონახულებას, ვიცი, ამან ჩვენი საზოგადოების ცხოველი ინტერესი გამოიწვია. მოკლედ მინდა გამოვთქვა ჩემი რეაქცია ამ საკითხებთან დაკავშირებით. ლაპარაკი არაა სახელმწიფოს მეთაურის მსოფლმხედველობასა თუ პრინციპულ პოზიციებში ცვლილებებზე, არამედ - ისტორიულ სამართლიანობაზე, სტალინის როლის ობიექტურ შეფასებაზე, მისი ფენომენის მეცნიერულ შესწავლაზე. სწორედ ამაზე იყო საუბარი სახლ-მუზეუმში. მოვიდა დრო, რომ ეს თემა, დილეტანტთა „პრივილეგიური საკუთრებიდან“ მეცნიერული კვლევის საგნად იქცეს, მე მართლაც მიმაჩნია, რომ ბევრი რამ, რაც იწერება, იბეჭდება, გამოიცემა, საკმაოდ „დილეტანტურ“ დონეზეა და ერთობ სუბიექტურია. თუ ფაშიზმზე გამარჯვება უნიკალური წვლილია ცივილიზაციის განვითარებაში, როგორ შეიძლება გვერდი აუარო ამ გამარჯვების უმთავრეს ორგანიზატორსა და უმთავრეს მოქმედ პირს?! ამიტომაც, ბუნებრივია, რომ სტალინის პიროვნებისადმი ინტერესი თანდათან იზრდება, მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება მიუხედავად იმისა, როგორი მიუღებელი უნდა იყოს ის დიქტატორული მეთოდები, რომლებითაც განთქმულია სტალინის მოღვაწეობის თითქმის ყველა ეტაპი. უნდა გავარჩიოთ ერთმანეთისაგან ის, რაც მიუღებელია, და ის დამსახურება, რომელიც ამ პიროვნებას მიუძღვის კაცობრიობის წინაშე, უწინარესად, ფაშიზმზე გამარჯვებაში.

- თქვენ ვეტერანებთან შეხვედრისას აღნიშნეთ, რომ უნდა შეიქმნას კვლევითი ცენტრი, რომელიც შეისწავლის სტალინის მოღვაწეობის ურთულეს ეპოქას და სტალინის პიროვნებას, ასევე აღნიშნეთ, რომ ფაშიზმზე გამარჯვების საიუბილეო თარიღის მოახლოების დღეებში მუზეუმს ძალიან ბევრი მნახველი ეყოლებათ. წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისით, ამას უზარმაზარი მოგების მოტანა შეუძლია, გორში ჩასულ უამრავ სტუმარს დასჭირდება სასტუმრო, მომსახურება. ეს იქნება ქალაქის ბიუჯეტში შემოსული თანხა. ამას უფრო დანიაში ნანახი მალაპარაკებს. ქვეყანას დიდი მოგება მისცა ამდენი დელეგაციის მომსახურებამ.

- რა თქმა უნდა. ეჭვი არ მეპარება, რომ მიმდინარე წელს და მომავალში კიდევ მეტად გაიზრდება ექსკურსანტების, ტურისტების რიცხვი. ეს შეიძლება ასიათასობით ადამიანი იყოს, რაც თავისთავად უზარმაზარი შემოსავალია. თქვენ მართალი ხართ, დანია მოგებული დარჩა: ამდენი დელეგაციის ჩამოსვლა თავისი უამრავი ექსპერტებით, დამხმარე პერსონალით, ტრანსპორტით, სასტუმროებით მომსახურება და სხვა... სახელმწიფოები ძალისხმევას არ იშურებენ ასეთი ფორუმების გამართვის მოსაპოვებლად. ფედერიკო მაიორთან შეხვედრის დროს ჩვენ შევთანხმდით, რომ ერთი ასეთი მნიშვნელოვანი ფორუმი შეიძლება თბილისშიც გაიმართოს. ეს იქნება მსოფლიოს ინტელექტუალების შეხვედრა, რომლის თემა იქნება ინტელექტუალთა დიალოგი კულტურათა როლის შესახებ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში, მით უმეტეს, რომ მიმდინარე წელი გამოცხადებულია ტოლერანტობის წლად. ამ შეხვედრას ძირითადად დააფინანსებენ იუნესკოს და სხვადასხვა ფონდები. ბევრი მარწმუნებს, რომ საბოლოო ანგარიშით ესეც შემოსავლიანი საქმე იქნება საქართველოსათვის.

- გასულ კვირას საქართველოს ეწვივნენ რუსეთის სასაზღვრო ჯარების ფედერალური სამსახურის უფროსი ნიკოლაევი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე პასტუხოვი. პრესკონფერენციაზე გაკეთდა საინტერესო განცხადება იმის შესახებ, რომ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენები უკვე განიხილება არა როგორც ქართულ-აფხაზური კონფლიქტი, არამედ, როგორც ერთიანი ქვეყნის შიგნით მიმდინარე კონფლიქტი.

- გენერალი ნიკოლაევი და ბორის პასტუხოვი სერიოზულიმისიით ჩამოვიდნენ. უახლოეს დღეებში სხვა ვიზიტებიც არის მოსალოდნელი. სწორედ ამ უახლოესმა დღეებმა შეიძლება გასცეს პასუხი ბევრ კითხვას. კონფლიქტების ის დახასიათება, რომელიც კოპენჰაგენში გავაკეთე, ვფიქრობ, სწორია და ემთხვევა იმას, რაზეც ლაპარაკი მქონდა ნიკოლაევთან საუბრისას. ეს მართლაც შიდაკონფლიქტებია, ქვეყნის შინაური პრობლემებია, რა თქმა უნდა, ეს არ გამორიცხავს, პირიქით, გულისხმობს კიდეც გარე სამყაროს მონაწილეობას ამ კონფლიქტების რაც შეიძლება სწრაფად მოგვარებაში. ამით იმის თქმა კი არ მინდა, რომ შიდაკონფლიქტები მარტო შინაური მიზეზების გამო აღმოცენდა. მე აღვნიშნე, რომ ისინი გარეშე ძალების აქტიური ხელშეწყობითაც იყო გამოწვეული. ჩვენც და რუსეთიც ვაღიარებთ, რომ ეს არის კონფლიქტები ერთი სახელმწიფოს შიგნით, რაც ერთხელ კიდევ უსვამს ხაზს ქვეყნის განუყოფლობას, ტერიტორიულ მთლიანობას. მინდა კიდევ და კიდევ აღვნიშნო, რომ გენერალ ნიკოლაევის ჩამოსვლა და ჩვენი დიალოგი სასარგებლო იყო.

„საქართველოსათვის იქმნება უაღრესად ხელსაყრელი გარემო და იგი დღეს მართლაც უნიკალურია“ : რადიოინტერვიუ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 15 მარტი. - 27(1043). - 1,2 გვ.

23 „ჩვენ მხოლოდ იმ შემთხვევაში შევძლებთ ბედნიერი და დემოკრატიული ქვეყნის აშენებას, თუ საქართველო აქ მცხოვრები ყველა ერისა და ეროვნების მოქალაქეთა ნამდვილი სამშობლო გახდება“

▲ზევით დაბრუნება


ედუარდ შევარდნაძის 20 მარტის რადიოინტერვიუ

- გასული კვირის ეკონომიკური შედეგების ანალიზისას, ალბათ, გათვალისწინებულია ის მომენტი, რომ დაახლოებით ორ კვირაში ქვეყანაში დაიწყება ვაუჩერიზაციის პროცესი. ამასთანავე საინტერესო იქნება თქვენი შთაბეჭდილებები ამ ცოტა ხნის წინათ თქვენთან გამართულ ბანკირების შეხვედრასთან დაკავშირებით. დაახლოებით ერთი წლის წინათ თქვენი ბრძანების თანახმად, მოხდა ოთხი სახელმწიფო ბანკის განსახელმწიფოებრიობა. ახლა ეს ბანკები - „ახალი ქართული ბანკი“, „ექსიმბანკი“, „აგრობანკი“ და „ბინსოცბანკი“ აბსოლუტურად განსხვავებულ ატმოსფეროში საქმიანობენ. აფინანსებენ მნიშვნელოვან პროექტებს, ეძებენ პარტნიორებს და ფიქრობენ სერიოზულ ბიზნესზე... - ჟურნალისტ ნატო ონიანის ამ შეკითხვის პასუხად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ - სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ თავის ტრადიციულ რადიოინტერვიუში განაცხადა:

- შევეცდები შემოგთავაზოთ ერთი კვირის განმავლობაში მომხდარ ძირითად მოვლენათა მოკლე მიმოხილვა. გასული კვირა საკმაოდ დატვირთული იყო. კიდევ უფრო გამოიკვეთა ის პოზიტიური ფონი და ერთგვარი სასიკეთო სიმპტომები, რომლებმაც საფუძველი უნდა ჩაუყარონ ქვეყნის ეკონომიკურ აღორძინებას.

საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, დიდი გულისყურით გააანალიზეს კოპენჰაგენის სამიტის შედეგები (ჩვენ კიდევ და კიდევ უნდა დავუბრუნდეთ იქ მიღებულ დოკუმენტებს) ამ სამიტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მთელი მსოფლიოს პროგრესული ძალების პოზიცია - ყოველგვარი გარდაქმნები, ყოველგვარი რეფორმა მიმდინარეობს თითოეული ადამიანის, პლანეტის ყოველი მოქალაქის, ხალხებისა და ქვეყნების სასიკეთოდ. ამასთან აუცილებელია სათანადო პოლიტიკური კლიმატის დამკვიდრება, აგრესიული სეპარატიზმის ალაგმვა (ეს უკვე აღიარებულ პრობლემად იქცა), მშვიდობიანი გზით სადავო საკითხების გადაწყვეტა. თუ ამას დაემატება გონივრულად წარმართული რეფორმები, თანდათანობით აღმოიფხვრება ის პრობლემებიც, რომლებიც დღეს ასე აღელვებს მსოფლიოს, - მასობრივი შიმშილობა, სიღატაკე, ომები, სოციალური კატაკლიზმები.

სერიოზული სოციალური პრობლემები დგას დღეს საქართველოს წინაშე, მათი გადაწყვეტა პირდაპირ უკავშირდება ეკონომიკური რეფორმების წარმატებას, მათს ტემპსა და მასშტაბს, სწორად წარმართვას. გასულ კვირას მუშაობა დაამთავრა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ, რომლის ამოცანა სწორედ მიკროეკონომიკური სტაბილიზაციისა და სისტემური გარდაქმნების, ანუ ანტიკრიზისული პროგრამის რეალიზაციის გაანალიზება იყო. სასიამოვნოა, რომ მისიამ პრინციპულად მოიწონა ბოლო დროს საქართველოს სინამდვილეში, მის ეკონომიკაში მიმდინარე პოზიტიური ძვრები, განსაკუთრებით კუპონის განმტკიცებისა და ბიუჯეტის ფორმირების მიზნით გაწეული მუშაობა, პრივატიზაციის ტემპის დაჩქარება და სხვა. თუმცა არის სერიოზული შენიშვნებიც, რომლებსაც მოგახსენებთ.

რადიკალური ეკონომიკური რეფორმის მომდევნო ეტაპებზე მეტი ყურადღება დაეთმობა სოციალურ პრობლემებს. კერძოდ, საქართველოს ეკისრება პასუხისმგებლობა და მოვალეობა ხელი შეუწყოს მოქალაქის მესაკუთრედ გადაქცევის პროცესის დაჩქარებას (რათა თითოეულმა მოქალაქემ იპოვოს ადგილი ეკონომიკურ აღმშენებლობაში) და ყველა მოქალაქეს შეუქმნას ისეთი პირობები, რომ ისინი თავიანთი შრომით შეძლებენ ადამიანურად ცხოვრებას. ამ გზაზე მალე გადაიდგმება რეალური ნაბიჯი, მხედველობაში მაქვს სწორედ მესაკუთრეობის პრობლემა.

გამოვიდა სახელმწიფოს მეთაურის ბრძანებულება მასობრივი ვაუჩერიზაციის შესახებ. დაიბეჭდა ვაუჩერები და მალე თითოეული მოქალაქე, საქართველოს ყველა მცხოვრები მიიღებს თავის წილს სახელმწიფოს ქონებიდან. რა თქმა უნდა, არსებობს სხვადასხვა თვალსაზრისი ვაუჩერიზაციის ჩვენეული მოდელის თაობაზე, მაგრამ პირადად ჩემი აზრით, სწორედ ასეთი გზით განხორციელებული ვაუჩერიზაცია შეუწყობს ხელს მოქალაქეთა მესაკუთრეებად ჩამოყალიბებას (საკუთრება კი წარმოებისათვის უზარმაზარი სტიმულია). აგრეთვე საფონდო ბაზრის ფორმირებას პოზიტიურ იმპულსებს მიანიჭებს რეფორმას, ეკონომიკური აღორძინების პროცესს.

უნდა აღვნიშნოთ, რომ მოქალაქეებმა ძალიან ცოტა რამ იციან ამ პროცესისა და თვით ვაუჩერების შესახებ. ამასთან დაკავშირებით მინდა დავუსახო ამოცანა მინისტრთა კაბინეტს, შესაბამის სამინისტროებსა და უწყებებს, ვთხოვო ტელერადიოკორპორაციას, რომ ყოველდღიურად განმარტოს, მოაწყოს გადაცემები იმის შესახებ, თუ რა არის ვაუჩერი, რას აძლევს იგი რეალურად მოქალაქეებს, როგორ მიიღონ მათ მონაწილეობა ამ პროცესში.

ცივილიზებულ ეკონომიკას ცივილიზებული საბანკო სისტემა სჭირდება. საბანკო რეფორმის მიმართულებითრეალურად უკვე ბევრი რამ გაკეთდა. თავის დროზე ამას დიდი დავა და კამათი მოჰყვა, მაგრამ, ვფიქრობ, ჩვენი კურსი სწორია, დამთავრდა სახელმწიფო კომერციული ბანკების აქციონირება, გამოიკვეთა ახალგაზრდა, განათლებულ, პროფესიონალ ბანკირთა ძალიან საინტერესო ჯგუფი. მათ მართლაც რეალური ცვლილებები განახორციელეს ამ სფეროში. და, აი, გაჩნდა ახალი ტენდენციაც, ეს არის ბანკებისა და ბანკირების მისწრაფება გაერთიანებისა და გამსხვილებისაკენ. კერძოდ ეს ეხება „ექსიმბანკს“, რომლის ხალმძღვანელი ძალიან საინტერესო მუშაობას შეუდგა, „ახალ ქართულ ბანკს“ - ყოფილ შემნახველ ბანკს, „ინდუსტრიაბანკს“. მათი ხელმძღვალელები, პრეზიდენტები - ბატონები სიორიძე, ჩხარტიშვილი, მაღლაკელიძე და სხვები დიდი ენთუზიაზმითა და საქმის ცოდნით შეუდგნენ საქმიანობას და ეძებენ გზებს, რათა დაიკავონ ის ადგილი, რომელიც აუცილებელია საბაზრო ეკონომიკისათვის. ეს მისწრაფება გაერთიანებისა და გამსხვილებისაკენ უაღრესად ნიშანდობლივი მოვლენაა. ჩემი აზრით, ეს არის ჩვენი რეფორმის ახალი ეტაპი. დიდი და სერიოზული ინვესტიციების შემოსვლა მსხვილი, თანამედროვე ტიპის ისეთი ბანკების გარეშე, რომლებიც უცხოელ პარტნიორებს ღირსეულ კომპანიონობას გაუწევენ, შეუძლებელია. რა თქმა უნდა, იარსებებს პატარა ბანკებიც, რომლებსაც თავისი როლი და ადგილი ექნებათ საბანკო სტრუქტურაში. მაგრამ პატარა ბანკების არსებობას გადარჩენის გარანტად სწორედ მსხვილი ბანკები სჭირდებათ, რომლებსაც, ერთგვარი პარტნიორობის გაწევაც შეუძლიათ მათთვის.

რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულება კვლავაც დაძაბულად მიმდინარეობს. განსაკუთრებით დიდი სირთულეებია შექმნილი შემოსავლის დავალებათა შესრულებაში, რაც თავის მხრივ აფერხებს ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრების დაფინანსებას. ფაქტობრივად, 1995 წლის 16 მარტისათვის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსავალმა საქართველოს რესპუბლიკის ეროვნულ ბანკში გახსნილ ანგარიშებზე სულ 26 ტრილიონი კუპონი შეადგინა, საიდანაც გრანტების სახით მიღებული შემოსავალი 9 ტრილიონი კუპონია, ხოლო კრედიტების სახით, სახელმწიფოს მეთაურის შესაბამისი ბრძანებულებითა და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებით ბიუჯეტმა მიიღო 12 ტრილიონი კუპონი რესპუბლიკისათვის გამოყოფილი სისტემური ტრანსფორმაციის ხარჯზე. აღნიშნულ შემოსავალთა გამოკლებით რესპუბლიკურ ბიუჯეტში საგადასახადო და (გთხოვთ ამას მიაქციოთ ყურადღება) არასაგადასახადო შემოსავალის სახით სულ მიღებულია 5 ტრილიონი კუპონი, ანუ გათვალისწინებული პროგნოზის 37 პროცენტი, რაც კვლავ მოწმობს სახელმწიფო შემოსავლის მობილიზაციის საქმეში არსებულ რთულ სიტუაციასა და ზოგიერთი სახელმწიფო სტრუქტურის უსუსურობას. ამის შესახებ იყო ლაპარაკი მინისტრთა კაბინეტის გაფართოებულ სხდომაზე, მაგრამ ჯერჯერობით ლაპარაკი ლაპარაკად დარჩა.

შექმნილი სიტუაცია კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს, რომ რესპუბლიკის საგადასახადო, საბაჟო, საბანკო ორგანოებმა, დავუმატებდი, სამართალდამცავმა ორგანოებმა, საჭიროა კიდევ უფრო გააძლიერონ ძალისხმევა ბიუჯეტის შემოსავალთა მობილიზაციის გაუმჯობესებისათვის. აღნიშნული ვითარება იმით არის განპირობებული, რომ რესპუბლიკის საწარმოთა და სამეურნეო ორგანიზაციათა მნიშვნელოვანი ნაწილი ჯერ კიდევ არ მუშაობს, მრავალი მათგანი სამუშაოებს ასრულებს მცირე დატვირთვით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს იმ ფაქტს, რომ ბიუჯეტის შემოსავალს დიდი რაოდენობით აკლდება სახსრები გადამხდელთა მიერ დაგვიანებით ან ნაწილობრივი ჩარიცხვის, ანდა მომსახურე ბანკებში ამ სახსრების დაყოვნების გამო. ყველა ვიცე-პრემიერის, რომლებიც შესაბამის დარგებს ხელმძღვანელობენ, ყურადღებას მივაპყრობ ამას და მოვითხოვ მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ იმ დარგებს, საიდანაც სახელმწიფომ ბიუჯეტთან დაკავშირებული სახსრები უნდა მიიღოს. ასევე გაცილებით ეფექტიანად შეიძლება ვიზრუნოთ მრეწველობის პოტენციალის გამოყენებისათვის. მოვუწოდებ მინისტრებს და მოვითხოვ, რომ ეს პოტენციალი რაც შეიძლება სწრაფად აამოქმედონ.

გასულ კვირას შიდასავალუტო ბაზარზე კვლავ დადებითი სიმპტომები შეინიშნებოდა. ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე ეროვნული ბანკი ახორციელებდა ინტერვენციებს. როგორც ვამბობთ, შეერთებული შტატების დოლარებით. ამ უკანასკნელის ბრუნვა 955 ათასი დოლარით განისაზღვრა. ბოლო ორ ვაჭრობაზე ვალუტის მყიდველებად ძირითადად ყოფილი სახელმწიფო კომერციული ბანკები მოგვევლინენ, რომლებიც უმთავრესად საბიუჯეტო ორგანიზაციებს უწევენ მომსახურებას. ეს ერთხელ კიდევ მიგვანიშნებს იმაზე, რომ კომერციული ბანკები სპეკულაციის მიზნით თითქმის აღარ მონაწილეობენ ბანკთაშორისო ბირჟაზე გამართულ ვაჭრობაში. ესეც საინტერესო ტენდენციაა. სტაბილიზაციის შენარჩუნების მიზნით კურსი წინა დონეზე რჩება: 1 დოლარი - მილიონ 300 ათასი კუპონი. ამ კვირაში რუსულ რუბლზე გარიგების საერთო მოცულობამ 80 მილიონი რუბლი შეადგინა. ეროვნულ ბანკს ვაჭრობაში მონაწილეობა არ მიუღია. სამშაბათს აღინიშნა ასეთი კურსი: 1 რუსული რუბლი - 275 კუპონი, ასე რომ დადებითი ტენდენცია ძალაში რჩება.

კვლავ შეუწყნარებელი, სერიოზული ნაკლოვანებანია ელექტროენერგიის გამომუშავებაში, განაწილებასა და მოხმარების ანაზღაურებაში, დარგში ჯერ კიდევ არ იგრძნობა სერიოზული ძვრები, ბატონ კერვალიშვილის, ბატონ გამყრელიძისა და მთელი კოლექტივის ყურადღებას მივაპყრობ იმას, რომ ასე მუშაობა აღარ შეიძლება. რეზერვები და რესურსები არსებობს, უცხოური კრედიტების საკითხი არსებითად გადაწყვეტილია, უნდა დაჩქარდეს აღდგენითი სამუშაოები, რათა სისტემაში წესრიგი დამყარდეს.

ორიოდე სიტყვა საგაზაფხულო სამუშაოებთან დაკავშირებით: ქვეყანა შეზღუდული რესურსების მიუხედავად (ბევრი რამ, რაც სოფლის მოსახლეობას შევპირდით, ვერ მივეცით), გამოსავალი მაინც უნდა მოიძებნოს. საქართველოში მიწის დაუმუშავებლად დატოვება დანაშაულია. განსაკუთრებული ყურადღება მინდა მივაპყრო ადგილობრივ ინიციატივას. გუშინ ბათუმში ვნახე თავისუფალი სავაჭრო ზონის პირველი ელემენტები და ამან ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. აქ ადამიანები დიდი მონდომებითა და ინიციატივით მუშაობენ. სულ რაღაც ორიოდე თვის წინათ მიიღეს თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის უფლება და უკვე მოქმედებენ. რეალური და კონკრეტული შედეგები აშკარაა.

სამწუხაროდ, ბევრი ისევ ცენტრის შემყურეა. ზოგიერთი გამგებელი და მინისტრი რაიონული და საქალაქო ბიუჯეტის შედგენაზეც კი არ ფიქრობენ. ასე შორს ვერ წავალთ. მინდა ჩვენი ახალი ინსტიტუტის - რწმუნებულების, ასევე გამგებლების განსაკუთრებული ყურადღება მივაპყრო იმას, რომ მათი უპირველესი მოვალეობა შემოსავლის ნაწილში სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებაა. ეს წარმოადგენს რეგიონების და ქალაქების ინტერესს. ასევე მთელი სახელმწიფოს ინტერესს.

- გუშინ აჭარაში თქვენი მოულოდნელი გამგზავრება მხოლოდ თავისუფალი სავაჭრო ზონის მონახულებასთან იყო დაკავშირებული?

- ეს, ალბათ, მთლად მოულოდნელი არ ყოფილა. საერთოდ, საკუთარ ქვეყანაში მოგზაურობა რომელ რეგიონებშიც უნდა იყოს ჩასვლა, მოულოდნელი არ უნდა იყოს. აჭარის შთაბეჭდილებებზე მე წუხელ ვესაუბრე ტელერადიო ჟურნალისტებს. ამ საუბარს ზოგიერთი გაზეთის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. საუბარი გვიან ღამით გაიმართა ბათუმში. ალბათ, ისინი გამოიყენებენ ჩემსა და ასლან აბაშიძის გამოსვლებს.

მინდა ვთქვა, რომ აჭარაში, როგორც ადრეც აღმინიშნავს, მიზანდასახული, მიზანმიმართული აღმშენებლობა მიმდინარეობს. ეს ერთი ჩასვლის შედეგად გამოტანილი დასკვნა როდია. თავისუფალ სავაჭრო ზონაზე უკვე ვილაპარაკე და ძალიან მიხარია, რომ ეს საქმე დაიძრა, მას დიდი მომავალი აქვს. ბათუმის კეთილმოწყობისათვის დიდი მასშტაბის სამუშაოები ხორციელდება. ფართოვდება ბათუმის განთქმული პარკი, რომელსაც 50 ჰექტარამდე უნიკალური ტერიტორია შეემატა. ყველაფერი ეს სულ რამდენიმე თვეში მოხდა. პრაქტიკულად ძალიან ძნელი წარმოსადგენია ჩვენს დროში ამ მასშტაბის სამუშაოს შესრულება. ყველაფერი ეს ხვალინდელ ბათუმზე, მე ვიტყოდი, ერთ-ერთ საერთაშორისო სანავსადგურო ქალაქსა და ტერიტორიულ ცენტრზე ზრუნვად მიმაჩნია. ასე მესახება ბათუმი, ისევე როგორც ზოგიერთი ჩვენი სხვა ქალაქი.

დიდად გამახარა ვერდის ოპერის „აიდას“ ბრწყინვალე დადგმამ (ბატონი გიგა ლორთქიფანიძეა მისი დამდგმელი), შესანიშნავმა შემსრულებლებმა და საერთოდ შესრულების უმაღლესმა დონემ.

ხანდახან ლაპარაკობენ გაუგებრობის ელემენტებზე და ასე შემდეგ. გაუგებრობის ელემენტები არის, მაგრამ სახელმწიფოს მეთაურის ინსტიტუტი იმიტომ არსებობს, რომ გაუგებრობანი სერიოზულ ნეგატიურ მოვლენებად არ იქცეს, გასარკვევი დროზე გაირკვეს. ამ მხრივაც ეს შეხვედრები და საუბრები ძალიან სასარგებლოდ მიმაჩნია.

- უმძიმესი ვითარებაა შექმნილი გალის რაიონის ტერიტორიაზე. ლტოლვილები უკვე მერამდენედ მართავენ მიტინგებს, განსაკუთრებით ზუგდიდში. შექმნილ ვითარებაში, ძირითადად ბრალს სდებენ სამშვიდობო ძალების სარდალს იაკუშევს. ისინი აცხადებენ, რომ ამ პროცესში მხოლოდ და მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებენ როგორც რუსეთის სამშვიდობო ძალები, ისე იქ განლაგებული გაეროს ძალები, რომლებსაც სწორედ მშვიდობის დაცვა ევალებათ. გაუგებარი ვითარებაა იმ მხრივ, რომ რუსეთის ბოლოდროინდელ ვალდებულებებს, რასაც ისინი ხმამაღლა აცხადებენ, ეს არანაირად არ შეესაბამება...

- მოსახლეობის უკმაყოფილება და პროტესტი სამართლიანია. რუსეთის ხელმძღვანელობის მიერ აღებულ კურსსა (მინდა მივაპყრო თქვენი ყურადღება) და სამშვიდობო ძალების სარდლობის პრაქტიკულ საქმიანობას შორის სერიოზული წინააღმდეგობებია. გალში მომხდარი მოვლენები - ადამიანების დახვრეტა (ამის შესახებ გუშინ გავაკეთე განცხადება, რომელიც გადაეცა მსოფლიოს ბევრ საინფორმაციო ცენტრს და იგი უკვე გამოიყენეს), მოსახლეობის დარბევა შევაფასე როგორც გენოციდის და ეთნოწმენდის გაგრძელება. ვთქვი ისიც, რომ ადამიანთა მოთმინება უსაზღვრო არ არის და უსაზღვრო არ არის საერთაშორისო ორგანიზაციის, თანამეგობრობის ქვეყნებისა და რუსეთის ხელმძღვანელების მოთმინება. რაც გალში მოხდა, პირდაპირი პროვოკაციაა, რომელიც გამიზნულია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში ბზარის გასაჩენად. სეპარატისტებს ამის იმედი აქვთ. ორთავე ქვეყნის ხელმძღვანელობას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი დროულად მოვაგვაროთ კონფლიქტები საქართველოში, რადგანაც ეს სწორედ ორივე ქვეყნის ინტერესებს შეესაბამება. ვფიქრობ, ჩვენს მიზანს მივაღწევთ.

- გასულ კვირას საქართველოს მოქალაქეთა კავშირმა საქართველოში მცხოვრები არაქართველი მოსახლეობის პირველი სერიოზული ფორუმი გამართა. სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ ჩვენი უახლესი ისტორიის გარკვეულ პერიოდში დაინგრა ის ბალანსი, დაიკარგა ის გეზი, ის ხაზი, რასაც ქართველი ადამიანი ყოველთვის ატარებდა სხვა ერებთან ურთიერთობაში - შემწყნარებლური, ტოლერანტული, მეგობრული დამოკიდებულება. რასაკვირველია, ეს არ იყო ცალმხრივი მოვლენა. ხშირად იყო პროვოკაციები მეორე მხრიდანაც, მაგრამ, თქვენი განცხადებით, რადგან ჩვენ რაოდენობრივად უფრო დიდი ერი ვართ, ალბათ, ძირითადი წილი პასუხისმგებლობისა ჩვენ უნდა ვიკისროთ...

- მიმაჩნია, რომ ეს ფორუმი საქართველოში ერთაშორის, ხალხთაშორის, სხვადასხვა ეროვნების მოქალაქეთა შორის ახალი ურთიერთობის მშენებლობის დაწყებას ნიშნავს. ჩვენ მხოლოდ იმ შემთხვევაში შევძლებთ ბედნიერი და დემოკრატიული ქვეყნის აშენებას, თუ საქართველო აქ მცხოვრები ყველა ერისა და ეროვნების მოქალაქეთა ნამდვილი სამშობლო გახდება. სწორედ ეს აზრი გასდევდა წითელ ზოლად ყველა გამოსვლას. ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობა, ადამიანთა უფლებების დაცვა, სახელმწიფოს მართვაში მონაწილეობა, ერთიანობასა და მთლიანობაზე ზრუნვა, - აი, ის ძირითადი მოტივი, რომლითაც ხელმძღვანელობდნენ გამომსვლელები და საერთოდ ფორუმის ყველა მონაწილე. ეს სწორედ ის არის, რაც ჩვენ გვაძლევს სერიოზულ საფუძველს იმისათვის, რომ უახლოეს დროში გადავლახოთ ის ნაკლოვანებები და მანკიერებანი, რაც დამახასიათებელი იყო ბოლო წლებისათვის.

- დღეს თბილისში უნდა ჩამოვიდეს რუსეთის თავდაცვის მინისტრი პავლე გრაჩოვი. მისი ვიზიტი დაკავშირებულია კონკრეტული საკითხების გადაწყვეტასთან?

- ჯერ ერთი, მინდა მივესალმო საქართველოში ბატონ გრაჩოვის ჩამოსვლას - რუსეთის თავდაცვის მინისტრის ვიზიტის შესახებ ჯერ კიდევ ალმათში ჩემი და ბატონ ელცინის შეხვედრისას შევთანხმდით. განსახილველი საკითხების სფერო მრავალფეროვანია. მათ შორის არის ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობის პრინციპები, გამოცდილების გაზიარება, სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ პერსპექტიული საუბარი. რა თქმა უნდა ყურადღების ცენტრში იქნება კონფლიქტების მოწესრიგება. ბატონი გრაჩოვი სრულიად იზიარებს რუსეთის პრეზიდენტის პოზიციას ქართულ-აფხაზური, ქართულ-ოსური კონფლიქტების სწრაფად მოგვარების შესახებ და რუსეთის როლისა და პასუხისმგებლობის შესახებ. ვფიქრობ, ეს შეხვედრა უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება. ჩვენი ხალხიც სწორედ ამას მოელის, რომ შედეგები მნიშვნელოვანი იქნება და იმედები არ გაუცრუვდება.

- ამ ბოლო დროს საკმაოდ დაძაბული ვითარებაა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში, მათ შორის ყაზახეთში, სადაც პრეზიდენტმა ნაზარბაევმა დაითხოვა პარლამენტი. ამასთან დაკავშირებით რამდენიმე დეპუტატმა შიმშილობა გამოაცხადა. ბელარუსის პრეზიდენტი ლუკაშენკო პირდაპირ მოუწოდებს პარლამენტს: თუ გსურთ მოსახლეობის რაღაც სიმპათიები მაინც შეინარჩუნოთ, თავადვე მიიღეთ გადაწყვეტილება და გააკეთეთ განცხადება პარლამენტის დათხოვნის თაობაზეო. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ პარლამენტარიზმი, როგორც ფორმა, ჯერჯერობით, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ვერ ამართლებს...

- ჩემი აზრით პრეზიდენტ ნაზარბაევს რაიმე განსაკუთრებული პრობლემები ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით არ შექმნია (არ ვიცი, როგორ იქნება ბელარუსში). ჩემი ინფორმაციით, მოსახლეობამ სავსებით ნორმალურად მიიღო პრეზიდენტ ნაზარბაევის ეს გადაწყვეტილება. რაკი ეს ასეა, სიმართლე გითხრათ, კომენტარებიც ზედმეტად მიმაჩნია. ალბათ, საჭიროა ახალი არჩევნები და იგი უფრო სამართლიან შედეგებამდე მიიყვანს.

„ჩვენ მხოლოდ იმ შემთხვევაში შევძლებთ ბედნიერი და დემოკრატიული ქვეყნის აშენებას, თუ საქართველო აქ მცხოვრები ყველა ერისა და ეროვნების მოქალაქეთა ნამდვილი სამშობლო გახდება“ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ონიანი ნ. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 22 მარტი. - 30(1046). - 1,2 გვ.

24 ედუარდ შევარდნაძე: „საქართველო აყვავებული ქვეყანა იქნება!“

▲ზევით დაბრუნება


გასულ შაბათსა და კვირას თბილისში გაიმართა საქართველოს მოქალაქეთა კავშირის ფორუმი, რომელიც მიეძღვნა ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში რესპუბლიკაში მცხოვრებ ეროვნულ უმცირესობათა მონაწილეობის საკითხებს.

როგორც ფორუმზე გამოსულმა მოქალაქეთა კავშირის გენერალურმა მდივანმა ზურაბ ჟვანიამ აღნიშნა, რესპუბლიკაში სხვადასხვა ეროვნების მოსახლეობის არსებობა მოწმობს ჩვენი სახელმწიფოს არა სისუსტეს, არამედ ძალას. ეს დიდი სიმდიდრეა და მას სრულად უნდა ვიყენებდეთ. იმისათვის, რომ ამოქმედდეს ეს დიდი პოტენციალი, ითქვა ფორუმზე, საჭიროა მივიღოთ კანონი ეროვნულ უმცირესობათა შესახებ. საქართველო ჩვენი სამშობლოა და მზად ვართ ვემსახუროთ მის ჩამოყალიბებას, როგორც დამოუკიდებელი და სუვერენული დემოკრატიული სახელმწიფოსი, აღნიშნეს გამოსულმა სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლებმა.

ფორუმზე გამოვიდა საქართველოს მოქალაქეთა კავშირის თავმჯდომარე, სახელმწიფოს მეთაური ედუარდ შევარდნაძე. მან აღნიშნა, რომ ფორუმი არაორდინარული მოვლენაა და ყოველივე იმის გათვალისწინებით, რაც ჩვენს ქვეყანაში მოხდა ბოლო წლების მანძილზე, იგი შეიძლება საეტაპო მოვლენად ჩაითვალოს. აქ, თქვა ედუარდ შევარდნაძემ, შეიკრიბნენ საქართველოში მცხოვრები თითქმის ყველა ხალხის, ძირითადად, როგორც ამბობენ ხოლმე, ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლები. არ მომწონს ეს სიტყვა - ეროვნული უმცირესობა, მაგრამ საერთაშორისო მასშტაბით დამკვიდრდა ეს სტანდარტი და რადგანაც ახლა ნამდვილად დგას ამოცანა - დავიცვათ სახელმწიფოში მცხოვრები სხვადასხვა ეროვნებათა ადამიანები, ჩვენ უნდა შევურიგდეთ ამ ტერმინს, თუმცა მე სულაც არ მიმაჩნია, რომ არსებობენ პატარა ხალხები, დიდი ხალხები და ა.შ. ვფიქრობ, რომ თითოეული ხალხი თავისებურად დიდია, მათ შორის ყველაზე მცირერიცხოვანიც. განვლილი ისტორიული გზისა და იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენს წინაპრებს შეჰქონდათ თავიანთი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი წვლილი, მე ვიტყოდი, განუმეორებელი წვლილი მსოფლიო ცივილიზაციის განვითარებაში, ჩვენ ყველანი დიდი ხალხები ვართ. ამიტომ შემთხვევით არ მითქვამს, რომ ჩვენი დღევანდელი შეხვედრა უთუოდ არის საეტაპო მოვლენა.

რატომ ვუსვამ ხაზს ახლანდელი შეხვედრის მნიშვნელობას? 1989 წლიდან მოყოლებული, განსაკუთრებით დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ჩვენდა დიდად სამწუხაროდ, საქართველოს რესპუბლიკაში პროცესებმა ჰიპერტროფიული ხასიათი შეიძინეს. დღეს ძნელია ყველაფრის გახსენება, რაც უკანასკნელი წლების მანძილზე ხდებოდა. ეს არის ქართულ-ოსური კონფლიქტი... საქმე მარტო კონფლიქტი, მარტო მისი გამომწვევი მიზეზები და მოტივები როდია, მოუნანიებლად არ მოხდება თვითგანწმენდა, ვერ აღვადგენთ, ვერ ავაშენებთ სამართლიან საზოგადოებას, სახელმწიფოს.

უნდა ვაღიაროთ, რომ აქ, თბილისში, და არა მარტო თბილისში, ბორჯომის ხეობაში, ბევრ სხვა ქალაქსა და რაიონში იდევნებოდნენ ადამიანები. ახლა მრცხვენია იმაზე ლაპარაკი, რა ხდებოდა, როცა ოსებს ხსნიდნენ სამუშაოდან, აძევებდნენ ბინებიდან. ეს სირცხვილია, რომელიც არც მე მასვენებს და არც თქვენ, საქართველოს მოქალაქეს. ვერ ვიტყვი, რომ მეორე მხარეს ყველა აბსოლუტურად სუფთა, ანგელოზი იყო. იქაც იყვნენ ადამიანები, რომლებიც ხელს უწყობდნენ მომხდარს, მაგრამ ჩვენ, წინანდელი და დღევანდელი ხელმძღვანელებიც, მთლიანად საზოგადოებაც ვერ გავიმართლებთ თავს მომხდარისათვის. მადლობას მოვახსენებ საქართველოს აზერბაიჯანული მოსახლეობის წარმომადგენელს, რომელიც დღეს აქ გამოვიდა და, მე ვიტყოდი, დიდსულოვნად მოიქცა, როცა არ დაასახელა ფაქტები, რომლებიც დმანისის რაიონში იყო, საიდანაც ათობით, ასობით, ათასობით ადამიანი მხოლოდ იმიტომ განდევნეს, რომ ისინი აზერბაიჯანელები იყვნენ. სამწუხაროდ, ანალოგიური რამ ხდებოდა ზოგიერთ სხვა ეროვნებათა მოქალაქის მიმართაც. გული მტკივა, როცა ამბობენ, რომ რუსები საქართველოს ტოვებენო. მართალია, პროფესორმა ბოგომოლოვმა აღნიშნა, რომ ეს მასობრივ ხასიათს არ ატარებს. მადლობა ღმერთს, რომ ეს ასეა. გული მეტკინა, როცა თბილისის საავიაციო ქარხანას ვეწვიე და იქ ვეღარ ვნახე ჩემი ძველი მეგობრები, ძველი ნაცნობები, რომლებთან ერთადაც ვქმნიდით შესანიშნავ თვითმფრინავს. გული მეტკინა, როცა ვეწვიე ფოთის გემთშემკეთებელ ქარხანას და შევიტყვე, რომ ყველაზე კვალიფიციურ მუშათა და მათ შთამომავალთა დაახლოებით 50-60 პროცენტს დაუტოვებია ეს ქალაქი. გული მტკივა, როცა ვხედავ, რომ ბევრმა სომეხმა, განსაკუთრებით ინტელიგენციის წარმომადგენელმა დატოვა თბილისი. იგივე შემიძლია ვთქვა ჩემი მეგობრების, ებრაული, ბერძნული და სხვა ეროვნების ჩვენი თანამოქალაქეების მიმართაც.

რატომ შევეხე ამ მტკივნეულ პრობლემას? საკუთარი გამოცდილებით ვიცი, რა არის გენოციდი, რა არის უსამართლო დამოკიდებულება ხალხისადმი. ეს აფხაზეთში მოხდა. იქ კი მართლაც საქმე გვაქვს ნამდვილ გენოციდთან, ბარბაროსობასთან. სწორედ ასე უწოდეს და მიეცა კიდეც ასეთი კვალიფიკაცია - ეთნიკური წმენდა არა მარტო ქართველთა მიმართ, არამედ თვით აფხაზთა მიმართაც. ჩემი მეგობარი, ცნობილი საზოგადო და სახელმწიფო მოღვაწე, ეროვნებით სომეხი, მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, უმაღლესი საბჭოს დეპუტატი მარტო იმიტომ დახვრიტეს, რომ იგი სიმართლეს ამბობდა, მან ხმა აღიმაღლა ფაშიზმის წინააღმდეგ, მოფაშისტო სეპარატიზმის წინააღმდეგ. ახლა არ მინდა დავასახელო იმ აფხაზთა გვარები, რომლებიც დახვრიტეს, არც ზოგიერთი სხვა ეროვნების წარმომადგენლებისა, რომ აღარაფერი ვთქვათ ქართველებზე - ეს ათიათასობით ადამიანია. ამ სამარცხვინო მოვლენას, ჩვენი ქალაქის ისტორიაში ბოლო უნდა მოეღოს, დიახ, ბოლო უნდა მოეღოს! ჩვენ დავბრუნდებით აფხაზეთში, ჩვენ დავბრუნდებით სამხრეთ ოსეთში, ყველანი - ქართველებიც, ოსებიც, აფხაზებიც, ბერძნებიც, სომხებიც და ებრაელებიც. დავბრუნდებით როგორც თანამედროვე დემოკრატიული საქართველოს - ერთიანი, განუყოფელი, მთლიანი საქართველოს სრულფასოვანი, სრულუფლებიანი მოქალაქენი.

მრცხვენია, როცა ახლა შემახსენებენ ხოლმე ლოზუნგს „საქართველო მხოლოდ ქართველებისათვის“. მარტო ფაშისტები თუ იხელმძღვანელებდნენ ასეთი ლოზუნგით. ამიტომაც შემთხვევით როდი ვუწოდე იმ რეჟიმს, რომელზეც თქვენ სრული წარმოდგენა გაქვთ, პროვინციული ფაშიზმის რეჟიმი. ეს სამარცხვინო ლაქაა ჩვენს სინდისზე და ჩვენი ხალხის ისტორიაში. მადლობა ღმერთს, რომ ეს დამთავრდა.

რატომ არის საჭირო კანონი ეროვნულ უმცირესობათა შესახებ? იქნებ, თხუთმეტი-ოცი წლის შემდეგ გავიხსენოთ ეს კანონი და ვთქვათ - რა დროში გვიცხოვრია! იმისათვის, რომ დაგვეცვა ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელი მოქალაქენი, კანონი უნდა მიგვეღო, დღეს ეს იმიტომ გვჭირდება, რომ დემოკრატიული სახელმწიფოს ყველა მოქალაქეს ჰქონდეს სახელმწიფოს მტკიცე გარანტიები უშიშროების თვალსაზრისით, უფლებათა - განათლების უფლების, საკუთრების, მკურნალობის, სამსახურში დაწინაურების, და ბევრი სხვა უფლების, პოლიტიკური უფლების უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ყოველ ღონეს ვიხმართ, რათა ახლანდელმა პარლამენტმა უახლოეს დროში მიიღოს ასეთი კანონი. ვიზრუნებთ, რათა კონსტიტუცია, რომლის პროექტზეც ახლა ვმუშაობთ, უპასუხებდეს, უფრო სწორად შეესაბამებოდეს უმაღლეს ევროპულ, მსოფლიო სტანდარტებს ყველა მოქალაქის ქართველის, რუსის, სომეხის, აზერბაიჯანელის, ებრაელის, ქურთის, ასირიელის, ყველას ინტერესების დაცვის გათვალისწინებით. ჩვენ შევქმნით ასეთ კონსტიტუციას! მისი ძირითადი კონტურები უკვე იკვეთება. ამ კონსტიტუციის საფუძველზე ჩამოყალიბდება ფედერალიზმის პრინციპები. რათა ახლანდელმა ავტონომიებმაც იპოვონ თავიანთი ადგილი, ჰქონდეთ გარანტიები, ყველა საჭირო უფლება, დაიცვან ამ რეგიონების ყველა მოქალაქე. მე მხარს ვუჭერ ქვეყნის სამხარეო მოწყობას. ბევრი მედავება, ზოგიერთი ისტორიკოსი შემახსენებს ჩვენი სახელმწიფოს განვითარების ფეოდალურ ეტაპს, მაგრამ ვფიქრობ, რომ თუ წიგნიერად შევქმნით კონსტიტუციას, თუ ავაშენებთ სახელმწიფოს, რომელსაც ექნება ძლიერი ცენტრი, ასევე ძლიერი პერიფერიები, ჩვენ უზრუნველვყოფთ სახელმწიფოს ერთიანობას, მთლიანობას.

მე ვეთანხმები იმ ორატორებს, რომლებმაც განაცხადეს, რომ საჭიროა შეიქმნას ძლიერი საპრეზიდენტო ხელისუფლება, სხვაგვარად არ შეიძლება, უახლოეს 10-15 წელიწადში, ან იქნებ მეტ ხანსაც საქართველოს დასჭირდება ძლიერი ხელისუფლება. მნიშვნელობა არა აქვს იმას, ვის აირჩევენ. ეს სხვა საკითხია. ვფიქრობ, ჩვენ ყველანი დავბრძენდით და არ შევცდებით არჩევანში, ავირჩევთ ღირსეულ პრეზიდენტს, რომელიც რეალურად იქნება თითოეული მოქალაქის თავისუფლების, დემოკრატიული წყობილების გარანტი, სახელმწიფოს განუყოფლობის დემოკრატიული გარანტი. მაგრამ მე ძლიერი პარლამენტის მომხრე ვარ. ჯერჯერობით იკვეთება ორპალატიანი სისტემა, ყოველ შემთხვევაში, კონსტიტუციის პირველ ვარიანტში სწორედ ასეთი სისტემაა ნავარაუდევი - რესპუბლიკის სენატი და საბჭო. ასეთი მიდგომა, ასეთი პრინციპი შესაძლებლობას მოგვცემს უზენაეს საკანონმდებლო ორგანოებში გვყავდეს ყველა რეგიონის საქართველოში მცხოვრები ყველა ერისა და ეროვნების წარმომადგენლები. ჩვენი შეცდომაა, გაუთვალისწინებელი რამ მოხდა, რომ ახლანდელ პარლამენტში სხვა ერებისა და სხვა ხალხების სულ ერთეული წარმომადგენლები არიან. ეს როდი გვამშვენებს ჩვენ, ეს არ შეესაბამება საქართველოში მოსახლე ყველა ხალხის კეთილმოსურნეობის, შემრიგებლობის, მეგობრობისა და ძმობის საუკუნოვან ტრადიციებს. ჯერ კიდევ დავით აღმაშენებლის დროს, მანამდე და მის შემდეგაც ქართველები, სომხები, აზერბაიჯანელები, ებრაელები და სხვა ხალხები კარგად ერკვეოდნენ, როგორ უნდა ეცხოვრათ ერთ სახელმწიფოში. უნდა ვუფრთხილდებოდეთ ამ დიდ ტრადიციებს არამარტო სიტყვით და არა მხოლოდ სიტყვით. ასეთმა პრინციპმა უნდა გაიმარჯვოს.

ვიცი, რომ ზოგი გამაკრიტიკებს დღევანდელი გამოსვლისათვის, მაგრამ ეს არის ჩემი კრედო, ჩემი რწმენა, და არა მარტო ჩემი, ეს არის ხელმძღვანელი პრინციპი იმ ორგანიზაციისა, რომლის ინიციატივითაც შევიკრიბეთ დღეს. შემთხვევითი როდია, რომ წამოიჭრა საკითხი, თუ რა სახელი მიგვეცა ამ ორგანიზაციისათვის. საბოლოოდ ჩვენ განვაცხადეთ, რომ უპირატესობას ვანიჭებთ მოქალაქეს, არა ამ სიტყვის საბჭოური გაგებით, არამედ ახალი დემოკრატიული საქართველოს მოქალაქეს, მოქალაქეს - ყველა ხალხებისა და ეროვნებათა წარმომადგენელს.

რამდენიმე სიტყვა იმის შესახებ, თუ როგორ ვიცხოვრებთ შემდგომში. მიმაჩნია, რომ უახლოესი მომავალი, 1995 წელი გახდება გარდამტეხი ჩვენი სამშობლოს გაერთიანების თვალსაზრისით, ამ უკანასკნელ დღეებში მქონდა ძალზე მნიშვნელოვანი შეხვედრები, როგორც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან, ისე უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი ქვეყნების ხელმძღვანელებთან, გაიმართა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ბორის ელცინის პირად წარმომადგენლებთან. ამ დღეებში, ასევე მნიშვნელოვანი ვიზიტით გვეწვევა რუსეთის თავდაცვის მინისტრი, ჩამოვლენ სხვა წარმომადგენლები. პირდაპირ ვიტყვი, რომ ძალზე ბევრი რამ და თითქმის ყველაფერი დამოკიდებულია რუსეთზე, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაზე. ახლა ჩვენ გვაქვს ასეთი მხარდაჭერა, რუსეთის ხელმძღვანელობას მიაჩნია, რომ დადგა დრო, როცა საჭიროა მიიღონ ის გადაწყვეტილებანი, რომლებიც უზრუნველყოფენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. რუსეთის ხელმძღვანელობა დარწმუნდა იმაში, რომ მხოლოდ ერთიანი, მთლიანი და ძლიერი საქართველოს სახელმწიფო შეესაბამება მის ეროვნულ ინტერესებს, რუსეთის სახელმწიფო ინტერესებს. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ძალზე აქტიურად მუშაობს რუსეთის როგორც სახელმწიფო სათათბიროსთან, ისე დეპუტატებთან, ფედერაციის საბჭოსთან. და არა მარტო რუსეთის, არამედ თანამეგობრობის ყველა ქვეყნის შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან. დარწმუნებული ვარ, მიმდინარე წელს შევძლებთ ძირითადში გადავჭრათ ის პრობლემები,რომლებიც ასე აღელვებს ყველა ჩვენგანს. ეს - პირველი.

მეორე - რა მოვუხერხოთ ეკონომიკას? ძალზე ცუდად ვცხოვრობთ და ისევ უნდა გაესვას ხაზი თქვენს დიდსულოვნებას ხელმძღვანელობის შეცდომათა და ნაკლოვანებათა მიტევების უნარს. ვფიქრობ, რომ მიმდინარე წელი ამ ნაწილშიც ეკონომიკის გამოცოცხლების, ეკონომიკური აქტიურობისა და ეკონომიკური და ფინანსური მაჩვენებლების გაუმჯობესების ნაწილშიც იქნება გარდამტეხი. უკვე გამოჩნდა ნორმალური ეკონომიკური ცხოვრების პირველი ნიშნები, განმტკიცდა კუპონის კურსი, თუმცა, ვიცი, რომ კუპონის მიმართ განსაკუთრებული სიმპათიით არ ხართ გამსჭვალული. შარშან სექტემბრამდე, ანუ რეფორმათა პროცესის განხორციელებისათვის გამიზნული ჩვენი აქტიური აქციების დაწყებამდე, ინფლაციის პროცესი შეადგენდა 69 პროცენტს - კატასტროფიულ მაჩვენებელს, ალბათ, ყველაზე მაღალს მსოფლიოში. ახლა შედარებით ნორმალურ დონეზეა - 8 პროცენტის ფარგლებში. კუპონი ჯერ კიდევ არ არის ფულის ნიშანი, ჩვენ მივდივართ ეროვნული ვალუტისაკენ. ვფიქრობ, რომ მიმდინარე წლის პირველი ნახევრის დამლევისათვის ფინანსურ-ეკონომიკური ვითარება საშუალებას მოგვცემს გადავიდეთ მყარ, ეროვნულ ვალუტაზე, რომელიც გახდება ფულის მიმოქცევის ძირითადი საშუალება.

ამუშავდნენ საწარმოები, თანდათანობით, ნაბიჯ-ნაბიჯ რესპუბლიკა გამოდის ენერგეტიკული კრიზისიდან. მართალია, ეს ჯერ კიდევ არ იგრძნობა ბინებში, ქუჩებში, მაგრამ ზოგიერთი საწარმო უკვე მუშაობს თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ზოგიერთ სხვა ქალაქში, თვით ჭიათურაში, ტყიბულშიც კი, სადაც წლების განმავლობაში მოცდენილი იყო საწარმოები, ზესტაფონში, რუსთავში... ვფიქრობ, რომ მიმდინარე წელი საშუალებას მოგვცემს ეკონომიკის, ფინანსების გამოცოცხლების, გაჯანსაღების ეს პირველი ნიშნები გადავაქციოთ მყარ ტენდენციად. ამ შემთხვევაში, მომავალი წლიდან სახელმწიფოს, ალბათ, ექნება რეზერვები და რესურსები გარანტიებისათვის - ყოველ შემთხვევაში, სოციალურად დაუცველი ადამიანებისათვის, გარანტიები გააუმჯობესოს ექიმების, პროფესორ-მასწავლებელთა და სხვათა მდგომარეობა, იზრუნოს არმიის, პოლიციის, უშიშროების ორგანოებისა და სხვა სტრუქტურების, საზოგადოებრივი და სახელმწიფო ორგანიზაციების უკეთ უზრუნველყოფისათვის. ახლა ხორციელდება საგანგებო ღონისძიებანი გლეხობის დასახმარებლად. ადამიანებს სურთ მუშაობა და მუშაობენ კიდეც. თუ ჩვენ შევძლებთ, დავეხმაროთ გლეხობას მათ მიერ შექმნილი პროდუქციის რეალიზაციაში, ვფიქრობ, რომ უფრო გაგვიადვილდება ცხოვრება, როგორც ქალაქში, ისე სოფლად.

არ მსურს, ვინმემ განსაკუთრებული ოპტიმიზმი დამწამოს. სიძნელეები კიდევ გვექნება, არც ისე იოლი საქმეა, ბოლო მოვუღოთ კრიზისს, მაგრამ არსებობს კიდევ ერთი გარემოება, რომლის შესახებაც უნდა იცოდეთ, ეს არის ჩვენს ირგვლივ არსებული გარემო. სამწუხაროდ, რამდენიმე წლის წინათ აღმოვჩნდით სრულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ იზოლაციაში, გავწყვიტეთ ყველა ის ეკონომიკური კავშირურთიერთობა, რომლებიც ათწლეულებისა და საუკუნეების განმავლობაში მყარდებოდა საქართველოსა და რუსეთს, უკრაინას, სომხეთს, აზერბაიჯანსა და სხვა ქვეყნებს შორის, ახლა ამ საქმეში ბევრი რამ უკვე გაკეთდა. ძალზე სერიოზულად გვეხმარებიან ჩვენი მეგობრები დასავლეთის ქვეყნებიდან, მეზობლები. ამ ცოტა ხნის წინათ კოპენჰაგენში თავისი დონითა და შემადგენლობით უპრეცენდენტო ფორუმი შეიკრიბა. წარმოდგენილი იყო დაახლოებით 200 სახელმწიფო, აქედან 130-140 სახელმწიფოთა მეთაურების - პრეზიდენტების, პრემიერ-მინისტრებისა და სხვათა დონეზე. ჩვენ მოვითათბირეთ, რომ შევძლებთ გავათანაბროთ მდიდარი და ღარიბი ქვეყნების ცხოვრების დონე - მდიდრები უნდა ეხმარებოდნენ ღარიბებს. ეს უკვე მკვიდრდება როგორც კანონი და არა მარტო დაუწერელი, ფორუმზე მიიღეს და ხელი მოაწერეს შესაბამის დოკუმენტებს. ვალდებულებებს კისრულობენ საერთაშორისო საფინანსო ცენტრები და ის სახელმწიფოები, რომლებიც დონორები არიან. ასე რომ, მართალია, ვითარება ძნელი და რთულია, მაგრამ უიმედო როდია.

საქართველოში მცხოვრები ყველა ხალხების მხარდაჭერის, მეგობრობისა და სოლიდარობის წყალობით, ჩვენ მივაღწევთ ეკონომიკის რეალურ აღდგენას, საქართველოს რეალურ აყვავებას, ნუ გაიკვირვებთ, დიახ, საქართველო გახდება აყვავებული ქვეყანა. ჩვენ ავაშენებთ სამართლიან, დემოკრატიულ სახელმწიფოს.

ედუარდ შევარდნაძე: „საქართველო აყვავებული ქვეყანა იქნება!“ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 23 მარტი. - 31(1047). - 1 გვ.

25 რუსეთთან განსაკუთრებული ურთიერთობის დამყარება ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის და მისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის წინაპირობაა

▲ზევით დაბრუნება


როგორც ცნობილია, 22 მარტს თბილისში ვიზიტად მყოფმა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრმა პავლე გრაჩოვმა და საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ვარდიკო ნადიბაიძემ პარაფირება მოახდინეს საქართველო-რუსეთს შორის სამხედრო თანამშრომლობის ხელშეკრულებისა, რომელიც ითვალისწინებს რუსეთის სამხედრო ბაზების 25 წლის ვადით განლაგებას საქართველოს ტერიტორიაზე. ამ ფაქტს საქართველოს პარლამენტმა არაერთმნიშვნელოვანი შეფასება მისცა.

ამასთან დაკავშირებით 23 მარტს საქართველოს ტელევიზიამ გადასცა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის - სახელმწიფოს მეთაურის ედუარდ შევარდნაძის ტელეინტერვიუ, რომელსაც ჟურნალისტი მამუკა არეშიძე უძღვებოდა.

- 1993 წლის მარტში საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება იმის თაობაზე, რომ 1995 წლის ბოლომდე რუსეთის ჯარს უნდა დაეტოვებინა საქართველოს ტერიტორია. ამ გადაწყვეტილების შესრულებას ეჭვის ქვეშ აყენებს 22 მარტს ხელმოწერილი დოკუმენტი. იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ შალვა ნათელაშვილმა პარლამენტის სხდომაზე აღნიშნა კიდეც, რომ მოქმედი კანონმდებლობით უცხო ქვეყნის ჯარის ყოფნა საქართველოს ტერიტორიაზე არ შეიძლება. რამდენად კანონიერი იყო ნადიბაიძის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი და რა კომენტარს გაუკეთებდით ამ ფაქტს?

- მე ყველა მონაცემი არ მაქვს, თუ რაზე ლაპარაკობდნენ 22 მარტის სხდომაზე პარლამენტარები, მაგრამ ძირითადად მაინც საქმის კურსში ვარ. მე მგონი, აქ არსებითზე უნდა ვილაპარაკოთ. რა შეიცვალა მას შემდეგ, რაც პარლამენტმა მიიღო თქვენს მიერ დასახელებული დადგენილება და როგორ უნდა გავიგოთ ბატონი ნათელაშვილის განმარტება. თუ არ ვცდები, მისი განმარტება ასეთი იყო: მანამ, სანამ პარლამენტში არ იქნება რატიფიცირებული ახლადხელმოწერილი ხელშეკრულება, მანამდე ეს კანონის დარღვევად შეიძლება ჩაითვალოს.

ახლა არსებითად. მას შემდეგ, რაც პარლამენტმა ზემოთხსენებული გადაწყვეტილება მიიღო, საქართველო შევიდა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში, საქართველო დაუკავშირდა თანამეგობრობის ქვეყნების კოლექტიური უსაფრთხოების და უშიშროების ორგანიზაციას, შეუერთდა მის პრინციპებს (არსებობს რამდენიმე ხელშეკრულება, რომლებიც განსაზღვრავს კოლექტიური უსაფრთხოების პრინციპებს). მას შემდეგ იყო რუსეთ-საქართველოს შეთანხმება ჩვენი საზღვრების ერთობლივი დაცვის თაობაზე - ეს არავისთვის საიდუმლო არ ყოფილა, გაკეთდა საჯაროდ, სახალხოდ. ესე იგი, პრაქტიკულად, თანამეგობრობაში შესვლით არსებითად შეიცვალა ის გარემო, რომელშიც ჩვენ მანამდე ვცხოვრობდით. ამას უნდა დავუმატოთ 1994 წლის 3 თებერვალი, რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში და ის დიდი ხელშეკრულება, (და არა მარტო იგი), რომლის შესახებაც ჩვენ ასე დიდხანს ვლაპარაკობდით. ეს იყო ხელშეკრულება მეგობრობის, თანამშრომლობის და კეთილმეზობლობის შესახებ. თქვენ გახსოვთ ის საუბარიც, რომელიც გაიმართა ჩემსა და ელცინს შორის, მათ შორის საჯარო გამოსვლებიც, როცა ჩვენ ვლაპარაკობდით სტრატეგიულ მოკავშირეობაზე, საქართველოსა და რუსეთის სტრატეგიული ინტერესების დამთხვევაზე და საქართველოსა და რუსეთის სტრატეგიულ თანამშრომლობაზე. მხედველობაში გვქონდა ეკონომიკაც, ჩვენი ცხოვრების ყველა სფერო. მაგრამ, რა თქმა უნდა, მხედველობაში გვქონდა თანამშრომლობა სამხედრო სფეროში.

მე ახლაც მიმაჩნია, რომ ეს იყო ერთადერთი გზა, რომელიც ჩვენ მაშინ განვსაზღვრეთ (როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში შესვლა, ასევე რუსეთთან დიდი ხელშეკრულების გაფორმება) იმისათვის, რომ შეგვექმნა წინაპირობა ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლისათვის და ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად.

გახსოვთ, რომ ამას მოჰყვა თანამეგობრობის ქვეყნების გადაწყვეტილება სამშვიდობო მისიის თაობაზე - აფხაზეთში სამშვიდობო ჯარების შეყვანაზე. მეორე საკითხია, რამდენად ეფექტიანია ან არაეფექტიანია იგი. მაგრამ ამ შემთხვევაში მე ვლაპარაკობ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის წინაპირობაზე.

ერთია, რომ ნადიბაიძეს ან შევარდნაძეს ხელი მოეწერა ხელშეკრულებაზე სამხედრო ბაზების შესახებ და ამით დამთავრებულიყო ყველაფერი (რა თქმა უნდა ეს იქნებოდა უხეში დარღვევა), მაგრამ სხვაა, როდესაც მხედველობაშია მიღებული, რომ ხელშეკრულება ძალაში შევა მას შემდეგ, რაც რატიფიცირებას მოახდენს პარლამენტი. ესე იგი, საბოლოო სიტყვა პარლამენტს ეკუთვნის. გასათვალისწინებელია აგრეთვე ყველა ის ძირეული ცვლილებები, რომლებიც მოხდა საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობაში.

ეს არის ჩვენი ხედვა იმ პერსპექტივისა, რომელიც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განსამტკიცებლად, შეიარაღებული ძალების შესაქმნელად და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად არის აუცილებელი, როგორც გარდაუვალი ფაქტორი. ეს არის ხედვა შევარდნაძის, პრემიერის, ნადიბაიძის და სხვების, ვინც ამ მოლაპარაკებაში მონაწილეობდა. როგორც გითხარით, საბოლოო სიტყვა პარლამენტს ეკუთვნის. თუ პარლამენტი არ მოახდენს რატიფიცირებას - ეს ყველაფერი ქაღალდზე დარჩენილი შრომის ნაკვალევი აღმოჩნდება, სხვა არაფერი.

ჩვენი საუბარი რაც შეიძლება უფრო კონკრეტული უნდა იყოს. მიმაჩნია, რომ ამ დოკუმენტით გათვალისწინებული ზოგიერთი დებულება უნდა იცოდეს ტელემაყურებელმა. შემდეგში დოკუმენტი უნდა გამოქვეყნდეს კიდეც. უნდა მოეწყოს საჯარო განხილვაც. აქვე მინდა ვუპასუხო ოპონენტებს, თუ რატომ არ წარვადგინეთ იგი წინასწარი განხილვისათვის პარლამენტში. პარლამენტში ბევრს ლაპარაკობენ ფუნქციების გამიჯვნაზე. ბევრს არ ესმის თუ როგორ უნდა ხდებოდეს ეს. მოთხოვნა, რომ დოკუმენტი წინასწარ ყოფილიყო განხილული, სწორედ რომ ფუნქციების აღრევაა. სიმართლე გითხრათ, მე წინასწარ კიდეც ვეთათბირე გოგუაძეს, მინდოდა ჩემთან მომეწვია ფრაქციათა ხელმძღვანელები, ზოგიერთი პარტიის წარმომადგენლები, რომელთაც რადიკალურად განსხვავებული პოზიციები აქვთ თანამეგობრობის საკითხებში, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში და ა.შ. მაგრამ შემდეგ მივედი დასკვნამდე (და კიდეც ვუთხარი ბატონ ვახტანგს), რომ, ალბათ, ეს არ იყო სასურველი, რადგანაც პარლამენტს უნდა ჰქონდეს დრო განსჯისათვის. ჩვენ მოვახდინეთ ხელშეკრულების პარაფირება, რუსეთს აქვს საშუალება დაიწყოს მუშაობა, მოქმედება ამ ხელშეკრულების შესასრულებლად. პარლამენტს უნდა დარჩეს დრო იმისათვის, რომ დარწმუნდეს, რამდენად გულწრფელია ის ქვეყანა, რომელიც წარმოადგენს მეორე მხარეს ამ ხელშეკრულებაში და რომელსაც გარკვეული ვალდებულებები აქვს აღებული საქართველოს წინაშე. ესე იგი, აქ აღმასრულებელი ხელისუფლება, მინისტრი, მთავარსარდალი და სახელმწიფოს მეთაური იღებენ თავის თავზე პასუხისმგებლობას. რაც შეეხება საბოლოო სიტყვას, ეს შეიძლება იყოს ერთი, ორი ან სამი თვის შემდეგ (მოვლენების განვითარების გათვალისწინებით) იგი პარლამენტმა უნდა თქვას. ამიტომ მე მიმაჩნია, რომ არავითარი ცოდვა არ ჩაგვიდენია. ჩვენ ვმოქმედებდით და ვმუშაობდით უფლებების ფარგლებში. მე ღრმად მჯერა, რომ ის დებულებები, რომლებიც ჩაწერილია შესავალ ნაწილში, პრეამბულაში, რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ორივე მხარის ძირითად ინტერესებს შეესაბამება. ჩვენ სავსებით გულწრფელად ჩავწერეთ, რომ ეს ხელშეკრულება შეესაბამება, როგორც რუსეთის, ასევე საქართველოს ინტერესებს. აქ არის ინტერესების ბალანსი. კერძოდ, გამოიკვეთა სამხედრო მშენებლობის საკითხებში ეტაპობრივი თანამშრომლობის განვითარება ორ ქვეყანას შორის. აქვე მინდა ვთქვა, თუ ვინმეს ჰგონია, რომ რუსეთის ინტერესების გაუთვალისწინებლად საქართველოს შეუძლია შექმნას შეიარაღებული ძალები - მხედველობაში მაქვს არმია, შინაგანი ჯარები, თუნდაც პოლიცია - გამორიცხულია. მხოლოდ რუსეთთან თანამშრომლობის პირობებში და მისი ინტერესების გათვალისწინებით შესაძლებელია ჩვენ შევქმნათ არმია.

- სხვა ქვეყანას ხომ არ შემოუთავაზებია დახმარება არმიის შექმნაში?

- არც ერთ ქვეყანას. თქვენ იცით, რომ მე მსოფლიო შემოვიარე, მაგრამ ჩვენ ერთი გახვრეტილი ავტომატი ვერ მივიღეთ და ვერც მივიღებთ.

საქართველო უნდა არსებობდეს როგორც სახელმწიფო, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, მას უნდა ჰყავდეს თავისი შეიარაღებული ძალები. შეიარაღებული ძალები კი ტექნიკის, იარაღის, საბრძოლო მასალის გარეშე (რომელსაც ჩვენ არ ვაწარმოებთ, გარდა ერთი თვითმფრინავისა) წარმოუდგენელია.

შემდეგი კომპონენტი: როცა ამ დოკუმენტს ხელს ვაწერთ, ჩვენ ვხელმძღვანელობთ ორივე სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დაცვის აუცილებლობით (გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება). საქართველო რუსეთის ტერიტორიულ მთლიანობას, მართალია, ვერ დაიცავს, მაგრამ რუსეთი გარკვეულ პასუხისმგებლობას კისრულობს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე და არა მარტო დღეს. ჩვენმა ოპონენტებმა კარგად უნდა იფიქრონ, რა შეიძლება მოხდეს ხვალ, ხუთი, ათი წლის შემდეგ ამ მდუღარე რეგიონში. მე მხედველობაში არა მაქვს დღევანდელი მდგომარეობა. დღეს ჩვენ იდეალური ურთიერთობა გვაქვს თურქეთთან, სომხეთთან, აზერბაიჯანთან, ირანთან, უკრაინასთან და სხვებთან, მაგრამ ამ ქვეყნების იქით ხომ არის კიდევ ძალები. ამიტომ, ძალიან რთულია დღეს პროგნოზირება, თუ რა მოხდება. უნდა ვილაპარაკოთ, ალბათ, უსაფრთხოების გარანტიებზე, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვის გარანტიებზე. ჩვენ ასევე შევთანხმდით იმაში, რომ რუსეთის ჯარების საქართველოში დისლოცირების საბაზო პრინციპი ყველაზე უკეთ შეესაბამება ორივე სახელმწიფოს უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობის ინტერესებს და საერთოდ, კავკასიაში სტაბილურობის ინტერესებს.

რა თქმა უნდა, მე ვიცოდი, რომ ხელმოწერის აქტს მოჰყვებოდა გარკვეული ვნებათაღელვა. არც არაფერი არის გასაკვირი. ეს არ არის ისეთი პროცედურა ან ისეთი აქტი, მას აღფრთოვანებით შეხვდეს მოსახლეობა. სამხედრო ბაზებსა და სხვა ქვეყნის ჯარების ყოფნას საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე არც ერთი ქვეყანა არ მიესალმება. თუმცა ევროპა კატეგორიული წინააღმდეგი წავიდა ამერიკის ჯარების გაყვანისა და შეინარჩუნეს ამერიკის შეიარაღებული ძალები ევროპის კონტინენტზე, მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო საფრთხე აღარ არსებობდა. ვიმეორებ, მე სხვა გამოსავალს ვერ ვხედავდი და ვერც ახლა ვხედავ იმისათვის, რომ შევქმნათ შეიარაღებული ძალები, გვქონდეს შესაბამისი ტექნიკა, სათანადო შეიარაღება და ამავე დროს გარანტიები ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისა.

მინდა შეგახსენოთ ერთი რამ: ჩვენ გამოვხატეთ ჩვენი განსაკუთრებული პოზიცია, რომელიც დაერთო ამ ხელშეკრულებას. განსაკუთრებული პოზიცია კი მდგომარეობს შემდეგში: საქართველოს მხარეს ამ დოკუმენტზე სახელმწიფოს მეთაურის ხელმოწერა და მისი რატიფიკაცია შესაძლებლად მიაჩნია იმ შემთხვევაში, თუ აღსდგება საქართველოს იურისდიქცია მთელ მის ტერიტორიაზე. აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების მშენებლობაში რუსეთის ფედერაციის კონკრეტული ვალდებულებების განსაზღვრის პირობებში.

ესე იგი, სახელმწიფოს მეთაური ხელშეკრულებას ხელს მოაწერს იმ შემთხვევაში, თუ აღსდგება ჩვენი იურისდიქცია აფხაზეთზე, ცხინვალის რეგიონზე და იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი კონკრეტულად ჩამოაყალიბებს თავის ვალდებულებებს. როგორია ეს ვალდებულებები, დაახლოებით ვიცით, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა ჩამოყალიბდეს ეტაპების, თვეების, წლების მიხედვით და ჩვენ უნდა გვქონდეს გარანტია, რომ ამის შედეგად შევქმნით არმიას, შესაბამისად იქნება გარანტირებული შეიარაღებული ძალები.

კიდევ ერთი ელემენტი ამ განსაკუთრებული პოზიციისა: ჩვენ აუცილებელ პირობად მივიჩნევთ, რომ კვოტების გადანაწილებისას ტექნიკა და შეიარაღება, რომელიც არ ეკუთვნის საქართველოს და არ ეკუთვნის რუსეთს და რომელიც ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ შეთანხმების პირობებში ექვემდებარება განადგურებას, უნდა განადგურდეს, თქვენ მიხვდებით რა ტექნიკაზე, შეიარაღებაზეა ლაპარაკი. შეიძლება თუ არა უფრო კატეგორიული და უფრო პრინციპული პოზიციის ჩამოყალიბება ამ ხელშეკრულების მიმართ? აქ თითქოს დაზღვევის ყველა მექანიზმი არის გათვალისწინებული, მაგრამ როგორც მე გითხარით, საბოლოო სიტყვა ეკუთვნის პარლამენტს.

- რუსეთის დღევანდელმა ხელისუფლებამ რამდენჯერმე, რბილად რომ ვთქვათ, შეცდომაში შეიყვანა საქართველოს ხელისუფლება. რა გარანტიები არსებობს იმისა, რომ ამ შემთხვევაშიც არ განმეორდება ის, რაც არაერთხელ მომხდარა. აქ ხაზი მინდა გავუსვა ერთ საფრთხეს - პავლე გრაჩოვი, რომელიც ოდიოზური ფიგურაა რუსეთის ელიტარულ წრეებში, ჟურნალისტების ლანძღვა-გინების ყოველდღიურ საგნად იქცა, ის ადამიანია, რომელმაც ჩვენს მიმართ რამდენჯერმე დაუშვა არაკორექტული სვლები. რა გარანტიები გვაქვს, რომ რუსეთის ხელისუფლება ამ ხელშეკრულებას შეასრულებს იმ ფორმით, რომელიც თქვენ მოითხოვეთ?

- მიმაჩნია, რომ ხელშეკრულების შესრულება უნდა დაიწყოს მანამ, სანამ მას სახელმწიფოს მეთაურები მოაწერენ ხელს. თუ არ დაიწყო შესრულება - საქართველოს იურისდიქციის აღდგენა მთელ მის ტერიტორიაზე, მაშინ ამ ხელშეკრულებას ხელს არ მოვაწერ და საქართველო არავითარ ვალდებულებას არ იკისრებს. რა თქმა უნდა, მაშინ რუსეთის შეიარაღებული ძალები, რომლებიც - საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებიან, გავლენ.

დოკუმენტში სწორედ ეს მომენტებია გამოკვეთილი: - აღდგეს იურისდიქცია საქართველოსი, დაიწყოს ხალხის დაბრუნება, ჩამოვყალიბდეთ როგორი იქნება სტატუსი აფხაზეთისა საქართველოს სახელმწიფოში და ამავე დროს განისაზღვროს რუსეთის ვალდებულება იარაღისა და ტექნიკის მოწოდების დარგში. სწორედ აქ არის ინტერესების ბალანსი. ჩვენ დაინტერესებული ვართ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენით რუსეთის დახმარებით, მისი მეშვეობით არმიის შექმნით, რუსეთი კი დაინტერესებულია იმით, რომ დარჩეს საქართველოში და ეს მის სახელმწიფოებრივ და ეროვნულ ინტერესებს წარმოადგენს. ასეთი დამთხვევა გვაძლევს საშუალებას ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ხელშეკრულება შესრულდება. თუმცა დარღვევის ფაქტები იმ შემთხვევაშიც კი ხდება, როცა ზესახელმწიფოები აწერენ ხელს ხელშეკრულებას.

- იურისდიქცია რომ ყოფილიყო აღდგენილი ამ ორ ტერიტორიაზე, რაც თქვენ ბრძანეთ, დადგებოდა თუ არა საერთოდ დღის წესრიგში ეს დოკუმენტი?

- უკვე გავუსვი ხაზი და მინდა გავიმეორო, რომ სხვა ქვეყნის ჯარის ყოფნა შენს ტერიტორიაზე არ არის ისეთი მოვლენა, რომელიც აღფრთოვანებას და სიხარულს იწვევდეს. აქ არის აუცილებლობაც, იძულებაც (ჩვენ იძულებული ვართ წავიდეთ ამაზე), ამავე დროს აქ არის ფიქრი მომავალზეც.

რატომ ოცდახუთი წელი? ჯერ ერთი, უნდა ვიფიქროთ, რა იქნება ხუთი-ათი წლის შემდეგ. იმ პირობებში, რომელშიც დღეს ვართ, ჩვენ დიდხანს ვერ ვიქნებით, მაშინ სამ-ოთხ წელიწადში უნდა გავიდნენ აქედან. ეს, სიმართლე გითხრათ, იმ სირთულის გათვალისწინებით, რაც დამახასიათებელია ჩვენი რეგიონისათვის, ჩვენს ინტერესებს არ წარმოადგენს. თუ უნდა დარჩნენ, მაშინ მარტო ერთი შენობა რომ ააშენონ - საქართველოს პირობებში ამას შვიდი-რვა წელი უნდა, აღარ ვლაპარაკობ მთელ ინფრასტრუქტურაზე, თუკი ჩვენ გვენდნენ, თუკი ჩვენ ვენდობით, მაშინ ოცდახუთი წელი არ უნდა გვაშინებდეს. მე ამაზე დიდი ხნის ნაფიქრი მაქვს და გარკვეული ანალიზის მერე მივედი იმ დასკვნამდე, რომ თუ ყველაფერი ნორმალურად განვითარდა, ინტეგრაციული პროცესები ევროპაში და მსოფლიოში ისეთნაირად წავა, რომ რუსეთი თვით გახდება ყველაზე აქტიური მომხრე ევროპული ინტეგრირებისა, ნატოსა და რუსეთის შეიარაღებული ძალების ინტეგრირებისა. მაშინ 25 წელი აღარ იქნება საჭირო, მაშინ სულ სხვა პირობები იქნება გარანტირებული. მაგრამ მე, როგორც იტყვიან, მინდა წინ გავიხედო, დავიზღვიოთ თავი და გვქონდეს რაღაც გარანტია იმისა, აღარ განმეორდება ის, რაც მოხდა, ყოველ შემთხვევაში, გვქონდეს გარანტია, რომ რუსეთის საზღვრიდან ჩვენ დაცული ვართ. ასეთი სამართლებრივი ბაზა რომ ყოფილიყო, არ დავკარგავდით იმას, რაც დავკარგეთ. ამიტომ მიმაჩნია, რომ თუ შეიცვლება პირობები - ხელშეკრულების ვადის შემოკლება და მისი დენონსირება არავითარი პრობლემა არ იქნება.

- თუ იყო მოლაპარაკების დროს საუბარი, რომ ბაზებში ფული გადაიხადონ? რამდენი ბაზა იქნება?

- ოთხი. ეს ის ბაზებია, რომლებიც უკვე არსებობს: გუდაუთის ბაზა (თავისთავად გუდაუთის ბაზაზე რომ ჩვენ ხელს ვაწერთ, გესმით, ეს რასაც ნიშნავს), ბათუმის, ახალქალაქის და ვაზიანის.

რაც შეეხება ანაზღაურებას, როცა დავიწყეთ ამ საკითხების განხილვა ჯერ კიდევ პრეზიდენტ ელცინის ვიზიტის დროს, ჩვენ შევთანხმდით, რომ გარკვეული კომპენსაცია საქართველომ უნდა მიიღოს. ეს შეიძლება გამოხატული იყოს ხორბალში, თანხებში, ტანკებში, ეტაპობრივად, როგორც ჩავწერეთ, საბრძოლო მასალებში. ყველაფერი ხომ ფულია. მე არ ვიცი, როდის მივიღებთ, ამაზე ლაპარაკი ნაადრევია, მაგრამ ერთი ტანკი სამი თუ ოთხი მილიარდი მანეთი ღირს, რომ ვიანგარიშოთ, რა სჭირდება საქართველოს შეიარაღებულ ძალებს - მე მგონი, ჩვენ ვალში დავრჩებით. არმიის შექმნა, ჯარის შექმნა შეუძლია მხოლოდ ძლიერ სახელმწიფოს. ჩვენ ეს უნდა შევძლოთ რუსეთის დახმარებით. არავის საწყენად არ ვამბობ: ვერც ერთი მეზობელი, ვერც ერთი ჩვენი მეგობარი ამ საქმეში ვერ დაგვეხმარება. დაგვეხმარებიან ხუთი-შვიდი კაცის მომზადებაში, მაგრამ რეალურად - იარაღით, საბრძოლო მასალებით და ა.შ. ვერავინ ვერ დაგვეხმარება.

რაც შეეხება ანაზღაურების სხვა ფორმებს. თუ ჩვენ მოვახერხეთ და შესრულდა ის, რაც ჩემი ხელით არის ჩაწერილი - იურისდიქციის აღდგენა - ამას განა ფასი გააჩნია? თუ ჩვენ მოვახერხეთ სისხლისღვრისა და უბედურების გარეშე, მე მგონია შერცხვებათ იმათ, ვინც დღეს დილიდან უცენზურო სიტყვების კორიანტელი დააყენა პარლამენტში, ნაცვლად იმისა, რომ ყველაფერს გონების თვალით შეხედონ, აწონ-დაწონონ და მერე გამოთქვან აზრი.

გარდა ამისა, სადამდე შეიძლება ვიყოთ მოწყალების იმედით. უკვე გვეუბნებიან ჩვენი ამერიკელი მეგობრები, რომლებმაც უზარმაზარი დახმარება გაგვიწიეს, მეგობრები ევროპის გაერთიანებიდან: ამ წელს, კიდევ რამდენიმე თვეს დაგეხმარებით, მაგრამ მერე თქვენი თავი თქვენვე უნდა შეინახოთ, ინვესტიციები შეიძლება მოგცეთ, მაგრამ ხორბალი, სხვა პროდუქტები თქვენ უნდა იშოვოთო. სად უნდა ვიშოვოთ? რუსეთის პრემიერ-მინისტრს აქვს მიღებული პერსონალურიდავალება და როცა იგი ჩამოვა (თუმცა მისი ვიზიტი ცოტა გაჭიანურდა - ესეც ალბათ ჩვენს მიერ განხილულ საკითხებთან, მათ პრინციპულ გადაწყვეტასთან არის დაკავშირებული) უნდა განვიხილოთ მარცვლის, ცხიმეულის და სხვა პრობლემები, რათა, რაღაც რაოდენობა მივიღოთ, შიმშილსა და მუდმივ სიცივეს როგორმე თავი დავაღწიოთ.

- ეს ხელშეკრულება იქონიებს თუ არა რაიმე გავლენას ნავთობსადენების ჩვენს ტერიტორიაზე გავლაზე?

- თუ ნავთობსადენმა უნდა გაიაროს კავკასიაზე (ვფიქრობ, ნავთობსადენი თურქეთის ტერიტორიას ვერ ასცდება), მაშინ გაივლის ან საქართველოზე, ან სომხეთზე. ორივე ქვეყანა ერთნაირ პირობებშია. სომხებმა უფრო ადრე გადაწყვიტეს ბაზების საკითხი. ახლა ლაპარაკობენ, რატომ წაბაძეთ სომხებსო. არ წავბაძეთ, ჩვენ ჩვენი ინტერესები გვაქვს.

ერთ-ერთი პრეტენდენტი, რომ ნავთობი გაატაროს თავის ტერიტორიაზე, არის რუსეთი. ამ საკითხის განხილვაში ჩვენ გამოვედით არა როგორც ოპონენტი, არამედ როგორც სტრატეგიულ თანამშრომლობაში ერთნაირად მოაზროვნე პარტნიორები. ვფიქრობ, რომ ჩვენ მივუახლოვდით ამ საკითხის გადაწყვეტას.

- თქვენი აზრით, როგორ შეხედავს ამ ნაბიჯს დასავლეთი?

- რაც შეეხება ბაზების ამბავს, ალბათ, აპლოდისმენტებს არ მივიღებთ, მაგრამ დასავლეთი ყოველთვის გვეუბნეოდა: რუსეთის გარეშე თქვენ ვერ შეძლებთ, რუსეთის გარეშე თქვენ გაგიჭირდებათ. ბატონ ბჟეზინსკის ვერავინ დასწამებს ბრალს იმაში, რომ იგი რუსეთის გულშემატკივარია, მაგრამ როდესაც ჩვენ დავსხედით მაგიდასთან და საათნახევრის განმავლობაში შედგა დიდი საუბარი, სერიოზული მიმოხილვა იმისა, რაც ჩვენს პლანეტაზე ხდება, იგი მივიდა დასკვნამდე და საჯაროდაც გამოაცხადა: რუსეთთან უნდა მოაგვაროთ თქვენი ურთიერთობები, რუსეთთან უნდა ითანამშრომლოთ იმ დოზით, რა დოზითაც ეს თქვენთვის არის საჭირო. ბჟეზინსკიმ ეს განაცხადა იმიტომ, რომ მან იცის - იმას, რაც შეიძლება დღეს რუსეთისაგან მივიღოთ, შეერთებული შტატებისაგან დღეს ვერ მივიღებთ, ვერც ვთხოვთ.

- თქვენ ახსენეთ ბჟეზინსკი - ცნობილი პოლიტიკური მოღვაწე, გარდა ამისა, თქვენ გაქვთ ურთიერთობა სხვა დიდ პოლიტიკოსებთან - ბეიკერთან, შულცთან სხვებთან. ადამიანი, რომელსაც ნაცნობების ასე ფართო წრე ჰყავს და მაღალ პოლიტიკური მოღვაწეებს შეხვედრია, აეროპორტში ხვდება და შემდეგ აცილებს გრაჩოვს. ამან გარკვეული გაღიზიანება გამოიწვია. რამ განაპირობა თქვენი ეს ნაბიჯი?

- ეს ცოტა გაუბრალოებული მიდგომაა. ჯერ ერთი გრაჩოვი არის თავდაცვის მინისტრი და რუსეთის პრეზიდენტის პირდაპირი წარმომადგენელი. იგი ჩამოვიდა პრეზიდენტის პირდაპირი დავალებით. გრაჩოვი შეიძლება ათ წელიწადს იყოს მინისტრი. შეიძლება მეტიც. სანამ მინისტრია - ის არის პრეზიდენტ ელცინის მიერ დანიშნული პიროვნება. და მე გამოვხატე დამოკიდებულება პრეზიდენტ ელცინის და რუსეთის მიმართ.

მეორე: მე ძალიან შორსა ვარ იმ პოზიციისაგან, რომ ერთხელ ადამიანთან იკამათონ, ან მის მიმართ იხმარო მწარე ფრაზა და მერე ამგვარი ქმედების ტყვეობაში აღმოჩნდე, ეს არ შეიძლება. რაც მე ბატონ შულცთან მიკამათია (და არა მარტო კამათი, ძალიან მწვავე გამოთქმები და უმკაცრესი შეფასებებიც ყოფილა) გინდა ბატონ ბეიკერთან და სხვებთან, მაგრამ რა - ამან არ მომცა საშუალება შემდეგ მეთანამშრომლა ამ ხალხთან და მიგვეღწია იმისათვის, რის წარმოდგენაც ადამიანებს არ შეეძლოთ? მე არ გამოვრიცხავ, რომ ბატონ გრაჩოვთან სწორედ ასეთი ურთიერთობაა.

სტალინი, როგორც პიროვნება, როგორც მოღვაწე არ არის ჩემთვის მაგალითი, მაგრამ იგი დიდი ფიგურა იყო და საღად აზროვნებდა. მან ერთ-ერთი სახელმწიფოს იმ რანგის სახელმწიფო მოღვაწე გააცილა მოსკოვის ვაგზალზე, რომელიც არ უნდა გაეცილებია, საერთოდ არავის არ აცილებდა. იმ მომენტისათვის საარსებო მნიშვნელობა ჰქონდა საკითხს - გახსნიდა თუ არა იაპონია შორეულ აღმოსავლეთში ფრონტს. და იმ კაცმა ჩათვალა საჭიროდ გაეკეთებინა ეს ჟესტი, რომელიც შეიძლება გადამწყვეტი არა, მაგრამ ქვეყნის მიმართ, მომენტის მიმართ კლასიკურად იყო ამორჩეული. მე არ ვედრები ახლა მას, არც გრაჩოვის შეხვედრა-გაცილება ყოფილა ამგვარად გამიზნული, მაგრამ მე მაინც მიმაჩნია, რომ ჩვენ ადამიანებად ვრჩებით. თუ ვლაპარაკობთ რუსეთთან სტრატეგიულ მოკავშირეობაზე, თუ გვინდა ნდობის ვითარება და ატმოსფერო შეგვექმნას - ადამიანური ურთიერთობით უნდა ვაშენოთ იგი. მე შემიძლია დავჯდე ისეთ მოღვაწეებთანაც, რომლებიც 24 საათის განმავლობაში მლანძღავენ, ვისაუბროთ, ვიკამათოთ, თუ კი ეს ქვეყნის ინტერესებს წაადგება. ასე რომ, მე არ ვღებულობ ამ ბრალდებას. რა ვალდებული ვიყავი ჯეიმს ბეიკერს დავხვედროდი? სახელმწიფოს მეთაური არ უნდა დახვდეს ყოფილ სახელმწიფო მდივანს. მაგრამ მე დავხვდი, ლამის ოფიციალურად დავხვდი. ჩემი მხრივ ეს იმის დადასტურებაა, რომ ადამიანურობის ფაქტორი დღევანდელ პოლიტიკაში არის ერთ-ერთი ქვაკუთხედი სახელმწიფოთა შორის ურთიერთობისა.

- ხშირად ამბობთ ხოლმე, რომ 1995 წელი არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის წელი. რას ემყარება თქვენი ეს განცხადება?

- ტერიტორიული მთლიანობის ერთ-ერთ განმაპირობებელ ფაქტორად ამ ხელშეკრულებას თუ ხელმოწერას ვგულისხმობდი.

პირდაპირ ვთქვათ: ორწელიწადნახევარია ჩვენ არც ერთი ორგანიზაცია არ დაგვიტოვებია, უშიშროების საბჭოს ათი რეზოლუციაა მიღებული, გამოგზავნილია 120 მეთვალყურე, რომლებიც შესანიშნავად არიან მზეზე გარუჯული... ეს ყველაფერი იყო. ერთადერთი ძალა, რომელსაც შეუძლია დაგვეხმაროს და უზრუნველყოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა - ეს არის რუსეთი. თუ იგი არ მოისურვებს და ჩათვლის, რომ ეს მის ინტერესებს არ შეესაბამება, ეს სხვა საკითხია. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთის ხელმძღვანელობამ თავის პირობებში, დაინახა, რა არის მოქმედი სეპარატიზმი, სხვა გზა არ არსებობს, ჩვენთან ერთად აქტიურად ითანამშრომლებენ იმისათვის, რომ საქართველო იყოს ერთიანი, მთლიანი, რუსეთის მიმართ კეთილად განწყობილი და, როგორც იტყვიან, მისი სტრატეგიული მოკავშირე. თუ ეს ასე მოხდება და ასე უნდა მოხდეს წესით, მაშინ ვფიქრობ, რომ 1995 წელი მართლაც გადამწყვეტი უნდა იყოს.

- მიუხედავად გარკვეული წარუმატებლობისა, როგორ შეძელით რუსეთის თქვენსკენ შემობრუნება? მიაღწიეთ რუსეთთან მიმართებაში იმას, რაც თქვენ გქონდათ ჩაფიქრებული?

- ვფიქრობ, რომ ჩვენ ბევრს მივაღწიეთ. ყოველ შემთხვევაში, ამისათვის საფუძველი შეიქმნა. თუ გახსოვთ, ჩემი ჩამოსვლიდან ცოტა ხნის შემდეგ ვთქვი, რომ რუსეთთან ჩვენ განსაკუთრებული ურთიერთობა უნდა დავამყაროთ, განსაკუთრებული ურთიერთობა უნდა ავაშენოთ, მტკივნეულად, ათასი მარცხისა და უბედურების გავლის შემდეგ მაინც მივდიოდით და მივდივართ ამ გზით, განსაკუთრებული ურთიერთობის აშენების გზით. მე მინდა გაითვალისწინოთ, რომ ეს არ ნიშნავს ჩვენს მიერ თურქეთის, ირანის, მით უმეტეს, ჩვენი დიდი მეგობრის შეერთებული შტატების, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, საფრანგეთის და სხვების უგულებელყოფას. მაგრამ რუსეთი იმდენად დიდი მეზობელია და იმდენად დიდი ინტერესებია გადახლართული, რომ უნდა ვილაპარაკოთ მართლაც განსაკუთრებულ ურთიერთობაზე. რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობის ხელშეკრულება განსაკუთრებული ნაბიჯია, არაორდინარული, გაბედული. განსაკუთრებულია ბოლო ხელშეკრულებაც. ასეთ ხელშეკრულებას შეიძლება ხელი მოაწერონ მხოლოდ იმ ქვეყნებმა, რომლებიც ერთმანეთს ენდობიან ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ამ ნდობის დემონსტრირება, გამოვლინება უნდა მომხდარიყო. ვფიქრობ, რომ ეს გაკეთდა.

და კიდევ! მინდა ყურადღება მიაქციოთ ალმათის შეხვედრას. ეს იყო ძალიან სერიოზული შეხვედრა, რომელზეც საქართველოს ფორმულა სეპარატიზმის საფრთხის შესახებ ერთხმად გავიდა და ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერი რუსეთი იყო. ყველა ქვეყანა უნდა გაერთიანდეს იმისათვის, რომ ვებრძოლოთ სეპარატიზმს. ხოლო თუ სეპარატისტული რეჟიმი მაინც დამყარდა რომელიმე კუთხეში, რომელიმე რეგიონში, ყველამ ვიკისრეთ ვალდებულება, მათ შორის რუსეთმაც (ეს შევახსენე რუსეთის წარმომადგენლებს), რომ არავითარი - არც პოლიტიკური, არც ეკონომიკური ურთიერთობა არ დავამყაროთ ასეთ რეჟიმთან, ამავე დროს, არ უნდა მიეცეს მას საშუალება ისარგებლოს კომუნიკაციებით - სარკინიგზო, საავტომობილო გზებით, ავიაციით, ზღვით, კავშირგაბმულობით, ყველაფერი დახურული უნდა იყოს. ვფიქრობ, მოვიდა დრო, როცა რუსეთმა ეს უნდა გააკეთოს და გააკეთებს კიდეც.

- პარლამენტის სხდომაზე განსაკუთრებულად აგრესიული დამოკიდებულება იყო ამ დოკუმენტისადმი. ობიექტურად უნდა გითხრათ, რომ ეს არ იყო საკვირველი. მაგრამ მოხდა ისე, რომ ის ხალხი, ვინც თქვენ აქტიურად გიჭერდათ მხარს ან ბოლომდე საქმის კურსში არ იყო ან კონსტრუქციულად ვერაფერი თქვა. ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ ედუარდ შევარდნაძე ცალკეა, პარლამენტი - ცალკე. ერთი პროზაული შეკითხვა მაქვს: ხვალ მიხვალთ თუ არა პარლამენტის სხდომაზე, გექნებათ თუ არა თანამშრომლობა პარლამენტთან ამ საკითხთან დაკავშირებით?

- ალბათ, პრობლემურია ხვალ ჩემი მისვლა პარლამენტის სხდომაზე. რაც გავაკეთე, ეს ჩემი უფლებაა. მთავარი უფლება დარჩა პარლამენტს - მოხდება რატიფიცირება თუ არა, ეს პარლამენტის საქმეა. არავითარი შეურაცხყოფა პარლამენტისათვის არ მიმიყენებია. რატომ არ გავმართე წინასწარი კონსულტაციები? ეს იყო შეგნებული, გამიზნული ნაბიჯი იმისათვის, რომ საბოლოო სიტყვა პარლამენტისა ყოფილიყო რეზერვში იმ შემთხვევაში, თუ ვინმეს ჩვენი მოტყუება ან ღალატი აქვს გულში ჩადებული. აი ეს იყო ჩაფიქრებული.

რაც შეეხება პარლამენტის დღევანდელ სხდომას, მიმაჩნია, რომ ისეთ პარლამენტში, სადაც არა თუ ემოციები, არამედ შეურაცხმყოფელი სიტყვების, ფრაზების კორიანტელი ტრიალებს, მე ვერ შევალ სანამ პარლამენტი არ დამშვიდდება, სანამ თვითონ არ გაერკვევიან, მე არ შემიძლია შევიდე.

ბატონმა ნოდარ ნათაძემ განაცხადა, რომ ეს არის ავანტიურიზმი საქართველოს სიცოცხლის ხარჯზე. ეს კიდევ კულტურის მაღალი დონეა იმასთან შედარებით, რაც სხვებმა (წერეთელზე, რომელიც განთქმულია სიტყვების შერჩევის უნარით, აღარ ვლაპარაკობ) იკადრეს. აი ბატონი ბერძენიშვილის სიტყვები: „ოცდამეერთე საუკუნეში ასეთი კურსით საქართველო იქნება მშიერი, მწყურვალი ქვეყანა, და მე ძალიან მწყინს, რომ პრიმიტივი ხელმძღვანელობს საქართველოს“. მე თავს არ ვიცავ, არც იმას ვამბობ, რომ რაღაც ფენომენი ვარ, მაგრამ ვინ არის პრიმიტივი, ამას კიდევ გარკვევა უნდა. პარლამენტი ფეხზე უნდა დამდგარიყო, როცა ბერძენიშვილმა თქვა: „მაშინ, როცა სამშობლოს გვართმევენ, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი მინისტრთა საბჭოს რწმუნებულის როლს ასრულებს“. ჩემს შეურაცხყოფას მე კიდევ ვაპატიებ, მაგრამ როგორ უნდა შეუთავსო ასეთ პარლამენტს შენი პოზიცია, როცა მიმაჩნია და ათასჯერ მითქვამ, რომ კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე არის სიმბოლო ერის ერთიანობისა, მთლიანობისა, ერის სულიერი მამა. ბერძენიშვილი კი ამბობს, რომ კათალიკოს-პატრიარქი მინისტრთა საბჭოს რწმუნებულია. ამას, სხვათა შორის, კომუნისტებიც არ კადრულობდნენ. ხშირად არ ვუპასუხებ ხოლმე ქალბატონ ლუიზას, მაგრამ რას ნიშნავს მისი ნათქვამი, ნახევარ საქართველოს გამოვიყვან ქუჩაშიო?! გამოიყვანონ, ვინ უშლით. აბა, ხვალ ჩავიდე და ვეხვეწო, ქალბატონო ლუიზა, ძალიან გთხოვთ, ნახევარ საქართველოს ნუ გამოიყვან ქუჩაში, გამოიყვანე ერთი მეოთხედი... ეს არ არის საპარლამენტო საუბარი და საპარლამენტო დონე?

დილით სხდომა გინებით დაიწყო (ვახტანგ გოგუაძეს რკინის ნერვები აქვს). დარბაზში ტრიალებს უწმაწური სიტყვების, დედის გინების კორიანტელი. ხვალ ჩავიდე და ავყვე ამ აურზაურს და ანარქიას? ამიტომ მე, რაც სათქმელი იყო, დღეს ვთქვი. მზად ვარ კიდევ გამოვიდე და ველაპარაკო ხალხს. გავიდეთ რეფერენდუმზე. ხვალ რომ იქ მივიდე, ვიცი, საკითხი ასე დაისმება: ან პარლამენტი, ან სხვა რაღაც. მე ეს არ მინდა. მე მინდა, რომ პარლამენტმა იმუშაოს ბოლომდე და ჩვენ ვითანამშრომლოთ. მაგრამ დამშვიდდნენ, დაწყნარდნენ და ვილაპარაკოთ, როგორც შეეფერება კულტურულ, განათლებულ ხალხს და არა ქუჩური მიტინგებისა და დემონსტრაციების დონეზე.

ეს იმდენად საპასუხისმგებლო საკითხია, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს ვთხოვ - გაერკვეს მასში. სწორედ ხალხმა უნდა გამოთქვას თავისი აზრი.

რუსეთთან განსაკუთრებული ურთიერთობის დამყარება ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის და მისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის წინაპირობაა / ედუარდ შევარდნაძე ; [ჩაიწერა] მამუკა არეშიძემ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 25 მარტი. - 32(1048). - 1,3 გვ.

26 „მხოლოდ აღმშენებლის და შემოქმედის ხვედრია აღიარებისა და დიდების კვარცხლბეკი“

▲ზევით დაბრუნება


ვიქტორ გოცირიძის ხსოვნას

გარდაიცვალა ცნობილი მშენებელი ვიქტორ გოცირიძე. ამასთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფოს მეთაურმა ე. შევარდნაძემ განაცხადა:

კოლექტიურ წერილს, რომელიც ვიქტორ გოცირიძის ხსოვნას ეძღვნება, მინდა დავამატო რამდენიმე სიტყვა ჩემი პირადი დამოკიდებულებისა ბატონი ვიქტორისა და მისი ღვაწლისადმი. ეს მით უფრო აუცილებლად მიმაჩნია ნგრევისა და გაპარტახების იმ სტიქიის ფონზე, რამაც მოიცვა საქართველო ბოლო ათწლეულის განმავლობაში. ეს დამანგრეველი ძალები ჯერ კიდევ არენაზე არიან, ჯერ კიდევ შესწევთ უნარი უბიძგონ ქვეყანას ახალი ქაოსისია და განუკითხაობისაკენ.

ნგრევის ოსტატთა საპირისპიროდ, ვიქტორ გოცირიძე უფალმა შენების ღვთიური ნიჭით დააჯილდოვა. მე არ მეგულება მეორე ისეთი პიროვნება, რომელსაც ამდენი რამ აეშენებინის და შეექმნას თანამედროვეობისა და მომავალი თაობებისათვის. შემიძლია გაუთავებლად ვილაპარაკო და ვწერო მის შესახებ, რადგან დაწყებული ორმოცდაათიანი წლებიდან ვიყავი მოწმე, ხანდახან მონაწილეც, მისი მოღვაწეობისა თითქმის ყველა უბანზე. არის კი საქართველოში ქალაქი. ან რაიონი სადაც მას თავისი კვალი არ დაეტოვებინოს?

შეუძებელია ყველაფრის ჩამოთვლა, რაც მან შექმნა. დედაქალაქის მეტროპოლიტენი მისი შრომის გვირგვინია, მაგრამ განა დაივიწყებენ თაობები ბატონ ვიქტორის მიერ აგებულ სანაპიროებს, უნიკალურ მოედნებს, გვირაბებს, გზებს, საცხოვრებელ სახლებს, სხვა დაწესებულების შენობებს? ვერც კი დაიჯერებ, რომ ყველაფერი ეს მან - ერთმა ადამიანმა, დიდმა ორგანიზატორმა, პროფესიონალმა და ჭეშმარიტმა პატრიოტმა მოასწრო.

ბატონი ვიქტორის ხსოვნა, ქვეყნისა და ხალხისათვის მის მიერ დანატოვარი საქართველოს ყველა მოქალაქეს შეახსენებს: დიდი ხანია დადგა დრო ომი, ნამდვილი ომი გავუცხადოთ ნგრევას და ქაოსს, იმ ძალებს, რომელსაც დესტრუქციულს ვუწოდებთ; დიდი ხანია დადგა დრო აღმშენებლობისა, შექმნისა. ეს სიტყვები, უწინარესად, ჩვენი ახალგაზრდობისადმია მიმართული. მხოლოდ აღმშენებლობის და შემოქმედის ხვედრია აღიარებისა და დიდების კვარცხლბეკი.

ე. შევარდნაძე.
1995 წლის 24 მარტი.

„მხოლოდ აღმშენებლის და შემოქმედის ხვედრია აღიარებისა და დიდების კვარცხლბეკი“ : ვიქტორ გოცირიძის ხსოვნას // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 28 მარტი. - 33(1049). - 1 გვ.

27 „გამთლიანების პრობლემა ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხია“

▲ზევით დაბრუნება


ედუარდ შევარდნაძის 27 მარტის რადიოინტერვიუ

- გასული კვირის უმთავრესი პოლიტიკური მოვლენა იყო საქართველოში რუსეთის სამხედრო ბაზების განლაგების შესახებ ხელშეკრულების პარაფირება. რუსეთის თავდაცვის მინისტრის გრაჩოვის ვიზიტს საქართველოში, ისევე როგორც ხსენებულ დოკუმენტს, არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. გასულ კვირასვე ტელეინტერვიუში თქვენ ბევრ კითხვას გაეცით პასუხი, და მაინც, რა იყო ეს - იძულება თუ არსებული რეალობიდან გამომდინარე ნაბიჯი? რა გაითვალისწინა და რა ვერა ხელისუფლებამ ამ კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე? - ჟურნალისტ ნატო ონიანის ამ შეკითხვის პასუხად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ - სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ თავის ტრადიციულ რადიოინტერვიუში განაცხადა:

- ტრადიციისამებრ მე მაინც რამდენიმე სიტყვას ვიტყვი ეკონომიკასთან დაკავშირებით.

გასული კვირის განმავლობაში გრძელდებოდა ეკონომიკაში ადრე დასახულ ტენდენციათა გამოკვეთის პროცესია. ჩვენი ყურადღება ჯერ კიდევ რთულ და გადაუჭრელ, მაგრამ საარსებო მნიშვნელობის პრობლემებზე იყო კონცენტრირებული, კერძოდ, ეს გახლდათ კუპონის კურსის განვითარება, მუშაობა ლარის შემოღებისათვის პირობების მოსამზადებლად, ბიუჯეტის შემოსავლის, ჰუმანური დახმარებითა და გრანტებით მიღებული ხორბლის რეალიზაციიდან ამონაგები თანხის ბიუჯეტში ოპერატიულად ჩარიცხვის საკითხები, მასობრივი ვაუჩერიზაციის ორგანიზაციული მხარის უზრუნველყოფა, სხვა მაკროეკონომიკური პრობლემების ფონზე სწორეთ აღნიშნული ამოცანების გადაწყვეტას ენიჭება საარსებო მნიშვნელობა. თუ ამას საგაზაფხულო სამუშაოების ორგანიზებულად წარმართვის ამოცანასაც დავუმატებთ, მივიღებთ იმ საკითხების მთელ სპექტრს, რომლებითაც ვიყავით დაკავებული გასულ კვირაში და რომლებზეც უახლოეს დღეებში იმუშავებენ მთავრობა და სახელმწიფოს მეთაურის ყველა სტრუქტურა, აპარატი და სხვა.

ამ კომპლექსებიდან მე მაინც გამოვყოფდი ვაუჩერების პრობლემას. მოგეხსენებათ, რომ ამასთან დაკავშირებით ხელი მოვაწერე ბრძანებულებას, ეს ჩვენს ცხოვრებაში უაღრესად მნიშვნელოვანი ეტაპია მესაკუთრის რანგში საქართველოს ყველა მოქალაქის აყვანისა და სახელმწიფო საკუთრების განაწილების თვალსაზრისით. ამ მნიშვნელოვან ეტაპთან დაკავშირებით ტელევიზიამ უკვე დაიწყო მუშაობა და ეს უნდა გაგრძელდეს როგორც ყოველდღიური გაკვეთილი. მოსახლეობამ კარგად უნდა გაიგოს თუ რას ნიშნავს ვაუჩერიზაცია და რის მიღება შეიძლება, თუკი ჩვენ საქმის ცოდნით და პრობლემების ღრმად შესწავლით მივუდგებით ამ საკითხს.

ამას გარდა, ნიშანდობლივია ბანკების გამსხვილება-გაერთიანების ერთგვარი ტენდენცია. მე შევხვდი ბანკების პრეზიდენტებს. სხვათა შორის, ერთ-ერთ გაზეთში დაიწერა, საბანკო რეფორმა ჯერ არ დაწყებულაო. ეს სწორი არ არის. საბანკო რეფორმის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი სწორედ ის არის, რასაც ბანკების აქციონირება ჰქვია. ეს პროცესი დაიწყო და ახლა ერთ-ერთი, გამოკვეთილი ტენდენცია ზოგიერთი ბანკის გამსხვილებაა, ესეც ჩვეულებრივი ამბავია. ზოგი შეიძლება გამსხვილდეს, ზოგი შემდგომში შეიძლება კიდეც გაკოტრდეს, მაგრამ პრინციპში საბანკო რეფორმა დაწყებულია. მე შესაბამის სტრუქტურებს დავავალე, რომ ამასთან დაკავშირებით რაც შეიძლება სწრაფად მოამზადონ სახელმწიფოს დამოკიდებულების განმსაზღვრელი დოკუმენტები.

ეკონომიკის პრობლემებზე ძალიან დეტალურად არ შევჩერდები, რადგან აპრილის პირველ ნახევარში შეჯამდება ქვეყნის ეკონომიკური ცხოვრების პირველი კვარტალის შედეგები. მაშინ საშუალება მოგვეცემა უფრო დეტალურად და ყურადღებით განვიხილოთ ეს საკითხები.

ის კურსი, რომელზეც ჩვენ არაერთხელ გვილაპარაკია - კუპონის განმტკიცება და სხვა - შენარჩუნებულია, ბოლო მონაცემები ასეთია: ერთი ამერიკული დოლარი - 1.800.000 კუპონი. სამწუხაროდ, გრძელდება რუსული რუბლის გაუფასურება როგორც მოსკოვის, ასევე თბილისის შიდა ბაზრებზე. ბოლო მონაცემებით, ხუთშაბათს კომერციული ბანკების მოთხოვნა რუბლზე სჭარბობდა მიწოდებას. შეფარდება ასეთია: ერთი რუბლი - 265 კუპონი.

ამით შემოვფარგლავდი ეკონომიკის მიმოხილვას.

რაც შეეხება რუსეთის თავდაცვის მინისტრის ბატონი გრაჩოვის ჩამოსვლას და ვიზიტის შედეგებს, საკითხი შემდეგნაირად დგას - გაერთიანდება თუ ვერა საქართველო. ჩემი აზრით გაერთიანების პრობლემა ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხია. დაშლილი ქვეყანა მუდმივ, დაუმთავრებელ ქაოსს მოასწავებს. საქართველოში, ეტყობა, ზოგიერთი ასეთ პერსპექტივას ამჯობინებს - არ ვიცი, შეგნებულად, თუ იმის გამო, რომ ყველაფერი ვერ გაიგეს და ვერ გადახარშეს. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ბევრს ურჩევნია მართლაც ქაოსისა და არასტაბილურობის პირობებში ცხოვრობდნენ. სიმართლე გითხრათ, არც მიკვირს ზოგიერთი მოქალაქის ასეთი განწყობილება. ხომ გახსოვთ სოხუმის ტრაგედია. განა ქართველი კაცი არ იძლეოდა განკარგულებებს დაკავებული პოზიციიდან მოხსნისა და სოხუმის დატოვების შესახებ? განა ამ განკარგულებებისა და ბრძანებების საფუძველზე არ მოიხსნენ ბატალიონები სოხუმიდან, იმ პოზიციებიდან, სადაც ისინი ჩვენთან ერთად უნდა დარჩენილიყვნენ?

ახლა მეორე მხარე თუ კაცი ვერ ხედავს, ღმერთმა ხომ იცის, რამდენი გზა და ვარიანტი მოისინჯა, მხედველობაში მაქვს ქვეყნის ერთიანობის, მთლიანობის აღდგენის შესაძლებლობა. პირდაპირ უნდა გითხრათ, რომ ისტერიული ღრიანცელით ქვეყანას ვერ გადაარჩენ. საქართველოს ისტორიის ბოლო ათწლეული მართლაც დრამატულია და მე კიდეც აღვნიშნე ეს ერთ-ერთ გამოსვლაში. იყო შცდომები ან, როგორც ერთმა პარლამენტარმა ბრძანა, შეცდომათა კორიანტელი? რა თქმა უნდა, იყო და სამწუხაროდ, ეს მარტოოდენ ბოლო წლების დამახასიათებელი არ ყოფილა. იგი უფრო ადრე დაიწყო. ჯერ კიდევ ტოტალიტარული რეჟიმის წიაღში. ამაზე ათასჯერ ყოფილა ლაპარაკი და არც არავის სჭირდება შეხსენება. ეს ხელისუფლებამაც კარგად იცის.

ბაზების შესახებ გადაწყვეტილება ნაკარნახევია თანამედროვე მკაცრი რეალობით. განპირობებულია წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე ფიქრით. რეალობა კი ის არის, რომ რუსეთის გარეშე ჩვენი სამშობლოს გაერთიანება დღეს შეუძლებელია. თუ ვინმეს სხვა რაიმე ვარიანტი აქვს, გვითხრას. ის ვარიანტი, რომელზეც ლაპარაკია - გავიდნენ და მერე გავერთიანდეთო - არარეალურია. მე ვიცი, ძალიან კარგად ვხედავ, რა მოჰყვება ამას, ეს ვარიანტებიც გათვლილია. შეესაბამება თუ არა რუსეთის ინტერესებს ის, რომ საქართველოში დარჩნენ რუსეთის შეიარაღებული ძალები? რა თქმა უნდა, შეესაბამება მაგრამ თუკი რუსეთის შეიარაღებული ძალების ბაზები საქართველოს გაერთიანების გარანტიას ნიშნავს, თუკი გაერთიანებას მოგვიტანს, მაშინ ეს ხომ ჩვენს ინტერესებსაც შეესაბამება.

გრაჩოვის ვიზიტი შეიძლება უმნიშვნელოვანეს ეტაპად იქცეს, თუკი ყველაფერი ისე განვითარდება, როგორც მოვილაპარაკეთ. იგი ხომ მარტო თავის სახელით არ ლაპარაკობდა, იგი აქ ჩამოვიდა როგორც რუსეთის პრეზიდენტის, ქვეყნის ხელისუფლების სრულუფლებიანი წარმომადგენელი სწორედ რუსეთის პრეზიდენტის სახელით აწარმოებდა გრაჩოვი დიალოგს თბილისშიც და სოჭშიც.

უნდა გითხრათ, რომ სოჭის შეხვედრები უაღრესად მნიშვნელოვანი იყო. იქნებ ამ საკითხს რამდენიმე დღის შემდეგ დავუბრუნდეთ, რადგან იქ მიღწეული შედეგები უნდა მოხსენდეს რუსეთის ხელმძღვანელობას, შემდეგ ჩვენ ერთად უნდა განვიხილოთ და, ვფიქრობ, ამის მერე შეიძლება შედეგები მსჯელობის საგნად ვაქციოთ.

როგორც გითხარით, თუ ყველაფერი ისე განვითარდება, როგორც დიალოგი წარიმართა, საქმე ცუდად არ წავა. ვიმეორებ, ლაპარაკია ქვეყნის გაერთიანების პერსპექტივაზე, დაკარგულ ტერიტორიათა დაბრუნებაზე, ქვეყანაში ნამდვილი მშვიდობიანი აღმშენებლობის პირობების შექმნასა და ამ პირობების გარანტიებზე. ნუთუ ამ პერსპექტივამ უკარნახა საპარლამენტო ოპოზიციის ერთ ნაწილს, როგორც იტყვიან, ქორებივით დასცხრომოდნენ თავს მინისტრებს, რომლებიც სწორედ ასეთ საგანგებო დავალებით იმყოფებოდნენ მივლინებით სოჭში და ჩემი სახელითა და დავალებით მონაწილეობდნენ დიალოგში. რა უფრო მნიშვნელოვანია - საპარლამენტო დებატები მთელი დღის განმავლობაში, თუ რეალური საქმის კეთება გახლეჩილი სახელმწიფოს გაერთიანებისათვის? მე საკითხს ასე ვუდგები. ვიცი რომ გამადიდებელი მინით გაიცხრილება პარაფირებული ხელშეკრულების ყველა ფრაზა. ეს შეიძლება მოხდეს ხვალაც, მომავალ კვირაშიც, მაგრამ სანამ ეს მოხდებოდეს, სანამ მიკროფონებთან გამოხვიდოდეთ (მოგმართავთ ჩემს ოპონენტებს), ერთხელ კიდევ შეგახსენებთ, რომ ხელშეკრულების პარაფირება არ არის პარლამენტის კომპეტენცია. თქვენ შეგიძლიათ მოახდინოთ ან არ მოახდინოთ ხელშეკრულების რატიფიკაცია. ეს არის პარლამენტის საქმე, რომელსაც ეკუთვნის საბოლოო სიტყვა. ხოლო რაც შეეხება ხელშეკრულების მომზადებას, პარაფირებას და მეორე ეტაპს - ხელშეკრულებაზე სახელმწიფოს მეთაურის მიერ ხელის მოწერას, - ეს სხვა ფუნქციაა და ამ ფუნქციას აღმასრულებელი ხელისუფლება და სახელმწიფოს მეთაური ასრულებენ. ამის შემდეგ უნდა წარედგინოს ტექსტი პარლამენტს განსახილველად და დაიწყოს დებატები პარლამენტში. ასეთი წესი არსებობს ყოველ ქვეყანაში და, ალბათ, ჩვენც ამ წესს უნდა დავემორჩილოთ.

ამავე დროს ყველას გთხოვთ გაითვალისწინოთ ის წინაპირობა, რომელიც საქართველოს მხარემ წამოაყენა ამ ხელშეკრულების პარაფირებისას. უკვე ვთქვი, მაგრამ იძულებული ვარ კიდევ გავიმეორო: სახელმწიფოს მეთაური ამ ხელშეკრულებას ხელს მოაწერს და წარადგენს სარატიფიკაციოდ, თუ აღდგება ქვეყნის იურისდიქცია მთელ მის ტერიტორიაზე, თუ განისაზღვრება საქართველოს არმიის მშენებლობაში რუსეთის მონაწილეობის კონკრეტული განზომილებანი (მხედველობაში მაქვს, რით უნდა გამოიხატოს ეს მონაწილეობა), მისი კონკრეტული ვალდებულებანი წლებისა და ეტაპების მიხედვით. უნდა გითხრათ, რომ ასეთ მოთხოვნას - საქართველოს დელეგაციისა და სახელმწიფოს მეთაურის ასეთ განსაკუთრებულ პოზიციას - ბატონი გრაჩოვი სრული გაგებით შეხვდა. მაშ რატომ გვინდა შევაფერხოთ პროცესი, რომელიც ასე თუ ისე დაიწყო და რომელზეც დიდად იქნება დამოკიდებული საქართველოს აწმყო და მისი მომავალი. ღმერთმა დამიფაროს, სულაც არ მინდა გავკიცხო ისინი, ვინც გულწრფელად გამოთქვამს ეჭვებს, შიშს, და ასე შემდეგ. მათ ამის უფლება და საფუძველი აქვთ, მაგრამ ამავე დროს (მინდა ცოტათი მაინც წავეხმარო მათ) იმსჯელონ რეალურად იმ გზებისა და იმ ალტერნატივების შესახებ, რომლებიც პრაქტიკულად არ არსებობს, ესე იგი, ვიმსჯელოთ რეალურად შექმნილი ვითარების შესახებ.

- თუ ყველაფერი ისე განვითარდა, თუ ისევ დაარღვია პირობა რუსეთმა...

- გაეროს უშიშროების საბჭომ (მასზე უფრო მაღალი ორგანო უსაფრთხოების გარანტიების თვალსაზრისით არ არსებობს) ათი რეზოლუცია მიიღო, მაგრამ რომ არ შესრულდა? ესე იგი, არ უნდა მიეღო ის რეზოლუციები?

ვიმეორებ, რომ ეს ბოლო შანსია იმისათვის, რომ აღდგეს მთლიანობა და გადარჩეს ქვეყანა.

გვჯერა ეს თუ არა? მე მჯერა: რომ არ მჯეროდეს, რა თქმა უნდა, ბატონი ნადიბაიძე ჩემი ნებართვისა და დავალების გარეშე ხელს არ მოაწერდა ამ ხელშეკრულებას და არ მოხდებოდა მისი პარაფირება. კიდევ ვიმეორებ, რომ ამ ეტაპზე საქართველოს მთლიანობის აღდგენაზე ლაპარაკი არარეალურია რუსეთის გადამწყვეტი როლის გარეშე.

- პარლამენტის სხდომაზე ითქვა, რომ შეიძლება დაიკარგოს დასავლეთის მხარდაჭერა, რომ ამ ხელშეკრულების დადების შემთხვევაში საქართველოს ტერიტორიაზე არ გაივლის ნავთობ-გაზსადენი და ასე შემდეგ. იყო ლაპარაკი თურქეთთან ურთიერთობის გაუარესებაზეც. ეს საინტერესო მომენტია იმდენად, რამდენადაც თურქეთი ჩვენი უშუალო და დიდი მეზობელია. თქვენ გრაჩოვის ვიზიტის შემდეგ შეხვდით თურქეთის ელჩს საქართველოში ბატონ ოქიაიუზს. შეინიშნება თუ არა რაიმე გაუარესება თურქეთთან ჩვენს ურთიერთობაში?

- როგორც ზემოთ მოგახსენეთ, საქართველომ და პირადად მე, როგორც შემეძლო, ყველა არსებული გზა მოვსინჯეთ. ჩვენი სახელმწიფოებრივი პოლიტიკისათვის უმაღლესი პრიორიტეტი (თუ შეიძლება ამას პრიორიტეტი დავარქვათ, უნდა მოიძებნოს უფრო მნიშვნელოვანი სიტყვა) სახელმწიფოს გამთლიანება, ქვეყნის მოქალაქეთა უფლებების დაცვა, ამ უფლებების რეალური გარანტიები და რეალური გარანტირება გახლავთ. პრიორიტეტებს შორის დავასახელებ აფხაზებისა და ოსების მიმართ ნაკისრ ვალდებულებებს. ეს ცოტა მოგვიანებით მოხდება, მაგრამ ეს იქნება (მე ამას მნიშვნელობას ვანიჭებ, რომ სწორედ დღეს ითქვას) ღირსეული, მსოფლიო სტანდარტების გათვალისწინებით მიღებული გადაწყვეტილება. ჩვენს მეგობრებსაც ხომ ის უნდათ, რომ იხილონ გაერთიანებული, გამთლიანებული, დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელ მოქალაქეთა უფლებების რეალური გარანტია. მე არაერთხელ მითქვამს, რომ ჩვენს უახლოეს დიდ მეზობელთან - თურქეთთან შესანიშნავი კავშირ-ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. ამის დასტურია ორჯერ პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში, რამდენჯერმე ჩვენი ჩასვლა თურქეთში, თურქეთ-საქართველოს ურთიერთობა, თუ შეიძლება ასე ითქვას, მოქალაქეთა კუთვნილებად და საკუთრებად ქცევა. თქვენ იცით, თუ რა სწრაფად ვითარდება ჩვენი ურთიერთობა, თურქეთისათვის, ისევე როგორც ჩვენი დიდი მეგობრებისათვის მთელ მსოფლიოში, სწორედ ისეთი საქართველო არის საჭირო და სასურველი, რომელზეც ზემოთ მოგახსენეთ, - ესე იგი, სტაბილური ქვეყანა, გახლეჩილ და დანგრეულ საქართველოს მრავალი ტკივილის მიყენება შეუძლია ბევრი ქვეყნისათვის. ვფიქრობ, სწორედ ეს რეალობა გაიზიარეს რუსეთის ხელმძღვანელობამ და პრეზიდენტმა ელცინმა, როცა ჩვენი შინაური კონფლიქტების მოწესრიგების თავიანთი პლატფორმა შემოგვთავაზეს და რომლის თაობაზეც ბატონი გრაჩოვი, მანამდე კი ბატონი ნიკოლაევი იყვნენ ჩამოსულნი როგორც პრეზიდენტის წარმომადგენლები.

სტაბილური ქვეყანა კიდევ უფრო განამტკიცებს კავშირ-ურთიერთობას მსოფლიოს ყველა სახელმწიფოსთან. არასტაბილურ და ქაოსში მყოფ სახელმწიფოს, უნდა გითხრათ, ყველა გაურბის: თუ საქართველო სტაბილური არ გახდა, ჩვენ ვერ მივაღწევთ იმას, რის გაკეთებაც აუცილებელია - ვერ გავერთიანდებით და ქვეყანა კვლავ ქაოსურ მდგომარეობაში აღმოჩნდება. ჩვენ ყველა მიგვატოვებს, როგორი კარგი მეგობრებიც უნდა იყვნენ დასავლეთსა თუ აღმოსავლეთში. ამიტომ, ვიმეორებ, რომ სტაბილურობა, ქვეყნის გამთლიანება, სახელმწიფოს მშენებლობის დემოკრატიული კურსის გაგრძელებაა, იმის გარანტია, რომ ჩვენი მეგობრების რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება. იმ ქვეყნებთან მეგობრობა კი, რომლებთანაც იგი უკვე ჩამოყალიბდა და ყალიბდება, კიდევ უფრო განმტკიცდება.

- გასული კვირის მოვლენებიდან, ალბათ, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ტრაგიკული ფაქტი, რომელსაც ცნობილი მკურნალის ბატონ ნოდარ ბოხუას სიცოცხლე შეეწირა. ქალაქის პოლიციის ხელმძღვანელი კვლავ ტელეფონის ზარზე ლაპარაკობს, თუმცა, ვინ რეკავს, არ ზუსტდება. ერთი სიტყვით, გასასამართლებელი საბუთი ყველას აქვს, გამოუძიებელ დანაშაულთა რიცხვი კი მატულობს...

- ალბათ, არ არსებობს საქართველოში მოქალაქე, რომლის გულისტკივილიც არ გამოეწვიოს ბატონ ნოდარ ბოხუას დაღუპვას. რა თქმა უნდა, მეც მიმაჩნია, რომ ეს დიდი დანაკლისია ჩვენი საზოგადოებისათვის. მე მას ახალგაზრდობის წლებიდან ვიცნობ, მისი მოღვაწეობის დასაწყისის სათავეებთან ვიდექი, როგორც შემეძლო ვეხმარებოდი. იგი მართლაც უნიჭიერესი ექიმი, მკურნალი და მეცნიერი, საუკეთესო სპეციალისტი, დიდი მოქალაქე და ნამდვილი მებრძოლი პატრიოტი იყო. შემთხვევითი არ არის მისი დაჯილდოება პირველი ხარისხის ვახტანგ გორგასლის ორდენით. მე მახსოვს, პირადად მინახავს, როგორ გმირულად იბრძოდა იგი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის.

მთელი პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ ახლა წინა პერიოდისაგან განსხვავებით, ამ სტრუქტურებს, რომლებმაც უნდა აღკვეთონ მსგავსი ბარბაროსული დანაშაულობანი და დაამყარონ წესრიგი, როგორც დედაქალაქში, ასევე მთელ საქართველოში, ყველა საშუალება, შესაბამისი ძალები და უფლებები აქვთ. სულ რაღაც 6-7 თვის განმავლობაში, ძალისმიერ სტრუქტურათა ფორმორებისა და პოლიციის რეალურად შექმნისათვის გიგანტური სამუშაო გაკეთდა. ახლა დადგა დრო, როცა უნდა მოვითხოვოთ იდეალური წესრიგის დამყარება ყველასაგან, ქალაქებსა და სოფლებში.

რაღაც ძალებზე მინიშნება და იმის მოშველიება, თითქოს უძლური ვიყოთ, მოტივად არ მიმაჩნია. რამდენჯერმე ჩემს ბრძანებებში, განკარგულებებში, აღინიშნა, საჯაროდაც ვთქვი, რომ ვინც უნდა დარეკოს (ლაპარაკია დამნაშავის გაშვებაზე), პირდაპირ უნდა უთხრათ: მიმართეთ სახელმწიფოს მეთაურს, თუ იგი თანახმა იქნება, - კი, ბატონო. ჯერ ასეთი შემთხვევა არ ყოფილა. ამიტომ, ეს მოტივები ყოვლად გაუმართლებლად მიმაჩნია, თუ ვინმე ამას სერიოზულად ამბობს, მე მხარს ვერ დავუჭერ. პოლიციას, კერძოდ, და ყველა ორგანოს საზოგადოდ, ექნება მხარდაჭერა, მაგრამ უაღრესად მკაცრი იქნება მოთხოვნაც საზოგადოების მხრივ.

- ზეგ დიდი ფეხბურთის დღეა...

- დიდი ფეხბურთი, ისევე, როგორც, სხვა დიდი ღონისძიებანი ქვეყანაში, ერთგვარი სასიკეთო ტენდენციის ერთ-ერთი გამოხატულებაა. თქვენ იცით რაოდენ სასტიკი მოთხოვნებია. თუ ქვეყანა არ უპასუხებს საერთაშორისო მოთხოვნებს, ასეთი რანგის მატჩები არ გაიმართება.

ფეხბურთთან ერთად თბილისში ძალიან ბევრი ჩვენი გერმანელი მეგობარი ჩამოვიდა და კიდევ ჩამოვა. მათ შორის არიან ჟურნალისტები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მოღვაწეები. ბევრი მათგანი უკვე ყოფილა საქართველოში, ბევრიც პირველად არის. მათ გასაგონად მინდა ვთქვა, რომ ისინი მეგობრებს შორის იქნებიან, ქართულ სტუმართმოყვარეობასა და მეგობრულ სითბოს იგრძნობენ. როგორც უნდა გვიჭირდეს, ეს მაინც ქართველი კაცისათვის დამახასიათებელი, დედის მუცლიდან გამოყოლილი თვისებაა და ჩვენი მეგობრები სწორედ ამ სითბოს, მეგობრულ დამოკიდებულებას და გერმანელი ხალხისადმი ჩვენს მადლიერებას იგრძნობენ, ხალხისადმი, რომელიც ძალიან გვეხმარება ამ გაჭირვების დროს.

ხშირად მეკითხებიან ჩემს აზრს მატჩის შედეგების შესახებ. ჩემი აზრით ორივე ქვეყანა მოიგებს, რადგან ეს მეგობრების მატჩი იქნება.

- დღეს თეატრის საერთაშორისო დღეა, რომელსაც ყველა ქვეყანაში აღნიშნავენ. მათ შორის ჩვენშიც. 1995 წელი საიუბილეოა თეატრალური ინსტიტუტისათვის - მას 70 წელი უსრულდება. ყოველივე ამას გვაუწყებს გაზეთი „თეატრი და კინო“, რომელსაც დღეს პატარა იუბილე აქვს - 2 წელი შეუსრულდა. ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, ქართული თეატრი ის გამონაკლისია, რომელმაც თავისი დონე და მაღალი ხარისხი შეინარჩუნა...

- თეატრის დღეს ვულოცავ ყველა მოღვაწეს, ყველა მოქალაქეს, რადგან არა მგონია, საქართველოში მოიძებნოს პიროვნება, რომლისთვისაც უცხო იყოს თეატრი და მისი მომავალი. გულითადი მადლობის სიტყვებით მინდა მივმართო ყველა მსახიობს, ყველა რეჟისორს, ყველა დრამატურგს, ყველას, ვინც თეატრთან არის დაკავშირებული, ვისთვისაც ძვირფასია თეატრი. განსაკუთრებით, თეატრალურ მოღვაწეთა გასაგონად მინდა ვთქვა: მადლობა მათ ამ თავგანწირვისა და გმირობისათვის, რომელიც ქართული ხელოვნების გადასარჩენად გამოიჩინეს.

ასეთივე მადლობის სიტყვებით მინდა მივმართო თეატრალურ ინსტიტუტს, რომელთანაც დიდი ხნის განსაკუთრებული მეგობრობა და თანამშრომლობა მაკავშირებს. ახლა უფრო გაბედულად შემიძლია ვთქვა: თეატრი გადარჩება, უფრო სწორად, გადარჩა. ასეთი გზები უკვე მოიძებნა. შემთხვევითი არ არის, რომ საქართველოში შეიქმნა კულტურის გადარჩენის კომიტეტი. გახსოვთ, ალბათ, სიტყვები: „ხალხმა უნდა იხსნას კულტურა დ კულტურა იხსნის ქვეყანას“. რამდენიმე თვეა, თბილისში უკვე იგრძნობა, რომ ქვეყანა ცხოვრებისა და განვითარების სხვა ფაზაში შედის. ეს ზრუნვა კიდევ უფრო გაიზრდება, კიდევ მეტი საშუალებები გამოჩნდება, თუკი ქვეყანა გამთლიანდება და საბოლოოდ ცხოვრება სტაბილური გახდება. ამიტომაც ვანიჭებ დიდ მნიშვნელობას ამ დღეებში მიღებულ გადაწყვეტილებებს. ბევრი რამ გაკეთდა დედაქალაქში. მინდა მადლობა შევუთვალო აჭარას ქართულ კულტურაზე ზრუნვისათვის. ისინი თითქმის შეუძლებელს აკეთებენ. ასევე შეუძლებელს აკეთებენ ქუთაისში ქართული კულტურის გადასარჩენად. დაიწყო დიდი მოძრაობა სხვა ქალაქებსა და რეგიონებშიც. როგორც გითხარით, ახლა უკვე აღარ მეპარება ეჭვი, რომ ქართული კულტურა გადარჩება, მიაღწევს და დაიპყრობს ახალ სიმაღლეებს.

„გამთლიანების პრობლემა ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხია“ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 28 მარტი. - 33 (1049). - 1,2 გვ.

28 „კონსტიტუცია ქვეყნის სახელმწიფოებრივი და ტერიტორიული მოწყობის საფუძველი იქნება“

▲ზევით დაბრუნება


ედუარდ შევარდნაძის 3 აპრილის რადიოინტერვიუ

- გასული კვირის ტრადიციული ეკონომიკური მიმოხილვისას, ალბათ გასათვალისწინებელი იქნება რამდენიმე მომენტი.

მიმდინარე კვირას სამმა ბანკმა საბოლოოდ დააფიქსირა გაერთიანების ფაქტი. პარლამენტში გამოთქმული ეჭვი, რომ რუსეთის სამხედრო ბაზებთან დაკავშირებით ხელშეკრულების პარაფირების შემდეგ დასავლეთი შეგვიწყვეტდა ეკონომიკურ დახმარებას არ გამართლდა.

გასულ კვირას ორი საინტერესო ფაქტი მოხდა, თქვენ მიიღეთ ცნობილი ამერიკელი მაგნატი სემ კესლერი, რომელიც დაინტერესებული მეტალურგიული პროდუქციით.

დაბოლოს 28 მარტს შედგა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიის ეგრედ წოდებული ჰელსინკის კომისიის სხდომა, რომელიც მიეძღვნა საქართველოში დემოკრატიზაციის პროცესის და ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობას, ამერიკელი ექსპერტების გამოსვლებში ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველოს აუცილებლად სჭირდება დახმარება, რომ საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში გაცილებით უკეთესი ვითარებაა, ვიდრე თანამეგობრობის ზოგიერთ სხვა ქვეყანაში, რომ სამართლადმაცავ ორგანოებში არსებული სირთულეებიც საერთოდ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში შექმნილი ვითარების ლოგიკური შედეგია, ასეთი საინტერესო ფრაზაც ითქვა, რომ ამ სფეროში არსებულ დარღვევებში საქართველოს ხელმძღავნელობის დადანაშაულება ისეთივე მიუღებელია, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბილ კლინტონის დადანაშაულება ლოს-ანჯელესის პოლიციაში არსებული რასიზმის გამოვლინენებშიო. ითქვა ისიც, რომ უცხოელი მეთვალყურეებისთვის ჩვენი ქვეყანა ღიაა, იზოლატორებში შესვლასა და სხვა ღონისძიებების განხორცილებეაში მათ ქართველი კოლეგებისგან არავითარი ხელისშეშლა არა აქვთ. ეს როგორც დადებითი ტენდენცია, ისე აღინიშნა. ვიმეორებ, ყველა გამოსვლაში ხაზგასმით ითქვა, რომ საქართველოს აუცილებლად სჭირდება დახმარება და მიიღებს კიდეც ამ დახმარებას...

- ჟუტნალისტ ნატო ონანის შეკითხვის პასუხად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ - სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა

- რესპუბლიკის მთავრობა, სახელმწიფოს მეთაურის აპარატი, შესაბამისი სტრუქტურები გასული კვირის განმავლობაში აგრძელებდნენ მუშაობას ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილიზაციისთვის პირობების მოსამზადებლად. უწინარესად, ეს ბიუჯეტის შემოსავლების საკითხი და კუპონის გამყარებისკენ მიმართული ღონისძიებებია. ამ სფეროში კვლავ შესამჩნევია დადებითი სიმპტომები, რომელთა განვითარება უდავოდ მოგვცემს შედეგს, მომწიფდება სიტუაცია მყარი ეროვნული ვალუტის-ლარის შემოსაღებად. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ახლა ძალიან ინტენსიურად ვმუშაობთ.

ფინანსურ სტაბილიზაციასთან ერთად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა საბანკო სისტემის სრულყოფისათვის. ამ მიმართებით გრძელდებოდა დაწყებული საქმიანობა სამი ყოფილი სახელმწიფო კომერციული ბაკის - ამჟამად სააქციო-კომერციული და საპაიო-კომერციული ბანკების - „საქექსიმბანკის“, „ინდუსტრიაბანკის“ და „ახალი ქართული ბანკის“ (ყოფილი შემნახველი ბანკი) გაერთიანებასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, რომ აღნიშნული გაერთიანება საბანკო რეფორმის ახალ ეტაპს დაუდებს სათავეს. შეიქმნება ისეთი მსხვილი ბანკი, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება არა მხოლოდ შიდარესპუბლიკური ინფრასტრქტურის თვალსაზრისით, არამედ საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობის ინტენსიფიკაციის პირობებში უცხოელ პარტიორებთან მიმართებაშიც. მინდა ვთქვა, რომ აქტიური მხარდაჭერა სჭირდება ასეთ გაბედულ წამოწყებებსა და ექსპერიმენეტებს - ფინანსებში, საბანკო საქმეში, საერთოდ ეკონომიკაში, თუნდაც ისინი, ხანდახან რისგაბაც იყოს დაკავშირებული, ამ დღეებში ჩვენ კვლავ შევიკრიბებით და ნათლად განვსაზღვრავთ სახელნწიფოს დამოკიდებულებას ამ წამოწყებისადმი.

ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმების ქვაკუთხედია მასობრივი პრივატიზაცია, რომელმაც უნდა შეუქმნას მყარი გარანტია საქართველოში მცხოვრები ყველა მოქალაქის მესაკუთრედ ჩამოყალიბების მეტად აუცილებელ საქმეში. გასულ კვირას სახელმწიფოს მეთაურის ბრძანებულების საფუძველზე შერჩევით თბილისის ორ რაიონსა და ქუთაისში დაიწყო მასობრივი ვაუჩერიზაცია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია. დღეისათვის უკვე გაცემულია 8 ათასზე მეტი ვაუჩერი, სამწუხაროდ, უკვე გამოჩნდა ორგანიზაციული და მეთოდოლიგიური ხასიათის პრობლემები. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ განხორციელებული საქმიანობის მიუხედავად, ჯერ კიდევ არასაკმარისია მოსახლეობასთან ახსნა-განმარტებითი მუშაობა, მოქალაქეთა დიდმა ნაწილმა არ იცის რა არის ვაუჩერი, როგორ გამოიყენოს იგი, გაყიდოს, შეინახოს თუ დააბანდოს, რომელ საინვესტიციო ფონდს მიმართოს, ამიტომ მინისტრთა კაბინეტმა და შესაბამისმა სახელმწიფო სტრუქტურებმა, პრესამ, ტელევიზიამ (მნიშვნელობა არ აქვს ოპოზციური ინტერესების გამომხატველია თუ სახელმწიფო პოლიტიკის ამსახველი) მკვეთრად უნდა გააქტიურონ მუშაობა ამ კუთხით და მთელი ძალისხმევა მიმართონ მოსახლეობის მაქსიმალური ინფორმირებისთვის. ვფიქრობ ეს ყველას ინტერესებს შეესაბამება, ვიმეორებ როგორც გაკვეთილზე, ისე უნდა ავუხსნათ და ვასწავლოდ მოსახლოებას ანა-ბანის განმარტების დონემდეც კი.

ტელევიზიით ერთი ძალიან საინტერესო პროგრამა გადაიცა, მაგრამ ეს საკმარისი არ არის, ალბათ ყოველკვირეული ან კვირაში ორი-სამი გადაცემა უნდა ეძღვნებოდეს ამ საკითხს, ასეთივე მუშაობა უნდა წარიმართოს რადიოსა და გაზეთების მეშვეობით, რაც, ვფიქრობ, ბევრ საინტერესო შედეგს მოგვცემს.

რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით მიმდინარე წლის პირველი კვარტლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსავლები დაუზუსტებული გეგმის მიხედვით შეადგენს თითქმის 49 ტრილიონ კუპონს. 30 მარტისათვის შემოსავლებმა ფაქტობრივად შეადგინეს 44 ტრილიონი კუპონი, ანუ გეგმიურის დაახლოებით 91 პროცენტი გარკვეული ჩამორჩენის მიუხედავად, მარტის ბოლო რიცხვებიდან შეიმჩნევა ერთგვარი გამოცოცხლება საკუთარი შემოსავლების ზრდაში, რაც რესპუბლიკის სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის, საბაჭო სამსახურების, ასევე ზოგიერთი ადგილობრივი მმართველობის ორგანოების, ქალაქების მერების და გამგებლების უფრო აქტიურ მუშაობაზე მიუთითებს. მხოლოდ თბილისის ტერიტორიაზე საგადასახადო ინსპექციის მიერ ბანკებში განხორციელებული შემოწმების შედეგად 27 მარტიდან 80 მარტამდე რესპუბლიკის ბიუჯეტში ჩაირიცხა 600 მილიარდზე მეტი კუპონი, რომელიც გაჩერებული იყო საბანკო სისტემებში. ასეთი სახის შემოწმებების მოწყობა რესპუბლიკის სხვა რეგიონებში უდავოდ შეუწყობს ხელს საგადასახადო შემოსავლების მობილიზაციის საქმის მკვეთრ გაუმჯობესებას.

მიმდინარე კვირაში ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციების თანახმად კუპონის ემისიის რაოდენობრივი ლიმიტების დაცვის მიზნით რესპუბლიკის ბიუჯეტის სასარგებლოდ გამოყო გარკვეული ოდენობის საკუპონე სახსრები, მიმოქცევაში ფულადი მასის ცვლილებამ უარყოფითი გავლენა არ იქონია კუპონის სავალუტო კურსზე, რადგან დაშვებული ემისიის ძირითადი ნაწილის სტაბილიზაციას ეროვნული ბანკი ბანკთაშორის სავალუტო ბირჟის მეშვეობით ახდენს, შესაბამისად ამ უკანასკნელის ბრუნვა გასულ პერიოდებთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა და მან ბოლო ორ ვაჭრობაზე 934 ათასი ამერიკული დოლარი შეადგინა. კუპონის ოფიციალური კურსის ცვლილება არ მომხდარა, იგი წინა დონეზე დარჩა: ერთი დოლარი - მილიონ 800 ათასი კუპონი, კუპონის კურსი წინა კვირაში რუსულ რუბლთან შედარებით 13 პუნქტით განმტკიცდადა შეადგინა - 1 რუსული რუბლი - 232 კუპონი.

კიდევ ერთი უკვე გამოკვეთილი დადებითი ტენდენცია, მრეწველობის სამინისტროს მონაცემებით, არსებული მძიმე ვითარების მიუხედავად, დარგის ზოგიერთი საწარმო თავს ართმევს თავიანთი კოლექტივების მიერ შედგენილ საწარმოო პროგრამებს, ზოგში კი აღინიშნება პროდუქციის მოცულობის ზრდა, მათ შორის საავტომობილო, სასოფლო-სამეურნეო, მანქანათმშენებლობაში მატება 22 პროცენტითაა, კვებისა და გადამამუშავებელ მრეწველობის მანქანათმშენებლობაშიც 22 პროცენტით, თავადაცვით მრეწველობაში - 8 პროცენტით, ელექტროტექნიკურ მრეწველობაში - 4 პროცენტით, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ სამკერვალო მრეწველობაში, სადაც დასაქმებულია დიდძალი მუშახელი, პროდუქციის ზრდა ამ დარგში თითქმის 10 პროცენტს შეადგენს. გამოცოცხლდა ხის დამმუშავებელი მრეწველობაც. გასულ წელთან შედარებით მკვეთრად გაიზარდა ფაიფურის წარმოება - 20-30-ჯერ, სატვირთო ავტომობილებისა - 22 პროცენტით, საყოფაცხოვრებო გაზქურებისა - ორნახევარი პროცენტით, დაბალძაბვიანი ელექტროაპარატურისა - 70 პროცენტით, ელექტროუთოებისა - 8 პროცენტით, საფეიქრო-საგალანტერიო ნაწარმისა - 30 პროცენტით. ელექტროტექნიკური და ხელსაწყომშენებლობის საწარმოებმა აწარმოეს 550 მილიარდი კუპონის პროდუქცია. დაგში ზრდის ტემპებმა დაახლოებით 3-4 პროცენტი შეადგინა და ა.შ

სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სამინისტროს მონაცემებით 20 მარტის მდგომარეობით დასათესად მოხნულია 800 ათასზე მეტი ჰექტარი და დათესილია 61 ათასი ჰექტარი მიწის ფართობი. რა თქმა უნდა ეს შარშანდელზე გაცილებით მეტია, თუმცა ესეც საკმარისი არ არის. კარგი ტემპით მიმდინარეობს საგაზაფხულო სამუშაოები გარდაბანში, მარნეულში, ბოლნისში, გორსა და სხვა რეგიონებში.

გააქტიურდა მუშაობა ჩაის პლანტაციებში, რასაც მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 14 თებერვლის ბრძანებულების შესაბამისად მეჩაიეთა შრომის ანაზღაურების ნაწილობრივ ნატურით განაღდების დაწესებამ, თუმცა შრომის ანაზრაურების სფეროში ბევრი გადაუწყვეტი პრობლემაა, მაგრამ მუშაობის გააქტიურების ფონზე სხვა საკითხების მოგვარებაც შეიძლება. აღნიშნულმა ღონისძიებამ დააჩქარა ჩაის პლანტაციებში საგაზაფხულო სამუშაოების მიმდინარეობა. შპალერული წესით უკვე გასხლულია 7-8 ათასი ჰექტარი ჩაის პლანტაცია, ასევე შეგროვებულია 500 ტონაზე მეტი ლაო-ჩაი, ასე რომ, აქაც ძვრები სახეზეა.

ამ ბოლო ხანებში გაცხოველდა ინტერესი დასავლეთის ბიზნესმენებისა და არა მარტო მათი, საქართველოსადმი. ამას წინათ მივიღე საკმაოდ მძლავრი ჯგუფი მრეწველებისა რუსეთიდან.

გუშინდელი ვიზიტის დროს, ბატონმა სენ კესლერმა ჩვენთან სერიოზული დიალოგი გამართა ფეროშენადნობთა გამოყენების საკითხებზე. მას სურს საკმაოდ მასშტაბური მონაწილოება მიიღოს ამ დარგის აქციონირებაში. შეიძლება ბევრი რამ სერიოზული გამოიკვეთოს ზესტაფონი-ჭიათურის კომპლექსის ამუშავებისა და ამ უზარმაზრი პოტენციალის საქმეში.

გასული კვირის განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენა იყო ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოსათვის განვითარებისა და სტაბილიზაციის კრედიტის გამოყოფის შესახებ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება. კრედიტის მოცულობა 75 მილიონ დოლარს შეადგენს. ხელშეკრულებას ხელი მოაწერა ჩვენმა საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბატონმა თედო ჯაფარიძემ. უნდა გამოვხატო უღრმესი მადლიერება მსოფლიო ბანკისა და სავალუტო ფონდის ხელმძღვანელბის მიმართ, როგორც იცით, ეს ორგანიზაციები ძალიან აქტიურად არიან ჩართული ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების პროცესში და უკვე მეორედ გამოიყო საკმაოდ დიდი ოდენობის კრედიტი. ამას კიდევ სხვა მნიშვნელოვანი აქციები მოჰყვება. აქედან გამომდინარე, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო იმ პროცესების მნიშვნელობა, რომელსაც ჰქვია რეფორმები და დემოკრატიული განვითარების გზა. ამ პროცესების შეუქცევადობა აძლევს ბიძგს საფინანსო ორგანიზაცოებს (მხედველობაში მყავს, ევროპის ბანკიც, რომელთანაც აქტიურად ვმუშაობთ) ჩვენთან თანამშრომლობისათვის კიდევ ერთხელ მადლობის სიტყვებით მივმართავ ამ ორგანიზაციებს.

არ არის გამორიცხული, რომ მაისში საქართველოს ესტუმროს მსოფლიო სავალუტო ფონდის დირექტორთა საბჭოს გენერალური დირექტორი ბატონი კამდესიუ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება ჩვენს ეკონომიკურ და ფინანსურ ცხოვრებაში.

ასე რომ ჩვენ აღებულ კურსზე უარს არ ვიტყვით, რაიმე შემაშფოთებელ სიმპტომებს იმისა, რომ ვინმემ ზურგი შეგვაქციოს, ვერ ვხედავ, კიდევ ვიმეორებ: რეფორმების მასშტაბების გადიდება-გაღრმავება, დემოკრატიული განვითარების შეუქცევადობა - ეს ის გარანტია, რომელიც გვაძლევს საფუძველს, რომ ვითანამშრომლოდ ყველა ქვეყანასთან და ყველა საერთაშორისო ორგანიზაციასთან.

- ალბათ გასათვალისწინებელია ერთი მომენტიც: ეკონომიკური ინტერესი საქართველოს მიმართ თანაბარია, როგორც დასავლეთის მხრიდან, ასევე რუსეთის, თანამეგობრობის სხვა ქვეყნების მხრიდან. გასულ კვირას რუსეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ბატონი ზემსკი, ფოთში ჩავიდა. თავისუფალ სავაჭრო ზონებს საქართველოში - ბათუმში, ფოთსა და თბილისის აეროპორტის ტერიტორიაზე დიდი მნიშვნელობა ექნება ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის. ზოგიერთი თავისუფალ ეკონომიკურ და სავაჭრო ზონებს ერთმანეთში ურევს...

- ამ საკითხებისადმი ძალიან დიდი დაინტერესებას იჩენენ რუსეთში. მნიშვნელოვანი საუბრები შედგა მოსკოვში, ასევე სერიოზული დიალოგი გაიმართა უკრაინის დედაქალაქში, კერძოდ ფოთისა და ბათუმის ე.ი ჩვენი სანაოსნო ქალაქების განვითარების შესახებ, ბუნებრივია, აქ უნდა შეიქმნას ძალიან მიმზიდველი პირობები, იმისათვის რომ საქართველოსკენ რაც შეიძლება მეტი ტვირთი წამოვიდეს და საქართველო იქცეს სატრანზიტო სახელმწიფოდ, რაც დაკავშირებულია დიდ შემოსავლებთან. ამიტომაც, მე ძალიან აქტიურად დავუჭირე მხარი თავისუფალი სავაჭრო ზონის ორგანიზაციას ბათუმსა და ფოთში, აგერეთვე თბილისში - აეროპორტის ტერიტორიაზე. თავისუფალი სავაჭრო ზონა სერიოზულად განსხვავდება ეკონომიკური ზონისაგან, ამიტომაც მინდა ყველასსწორი წარმოდგენა ჰქონდეს, სავაჭრო ზონის დაარსება და ფუნქციონირება, ისევე როგორც ეკონომკური ზონისა, უწინარესად, დაკავშირებულია შეღავათებთან, რომლებსაც სახელმწიფო აწესებს მისი პარტნიორებისათვის და თავისი მოქალაქეებისათვის. ეს შეღავათები ბიუჯეტში პოულობს ასახვას. ამჯერად ასე ვამბობთ: ხელი შევუწყოდ და განვავითაროთ თავისუფალი სავაჭრო ზონები იქ, სადაც მიზანშეწონილია. ხოლო, რაც შეეხება თავისუფალი ეკონომიკური ზონის პრობლემას, ამის შესახებ ეკონომკის სამინისტროს აქვს დავალება. პრობლემა უნდა დამუშავდეს მინისტრთა კაბინეტთან ერთად და ნათლად უნდა წარმოვიდგინოთ - რა იქნება დადებითი, მისაღები და რა - მიუღებელი.

თავისუფალ სავაჭრო ზონას თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში არ უნდა ვურევდეთ. ეს სხვადასხვა კატეგორია და გაგებაა. არ გამოვრიცხავ, რომ ჩენ მომავალში შეიძლება მხარი დავუჭიროთ თავისუფალ ეკონომიკურ ზონასაც, მაგრამ, მე პირადად, ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით ჩემი პოზიცია განსაზღვრული არა მაქვს.

- სოჭის შეხვედრის შემდეგ გარკვეული იმედები გამოვთქვით აფხაზეთის პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით, სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ განაცხადა არძინბამ, რომ შეიძლება იგი იძულებული გახდეს ითანამშრომლოს ქართულ მხარესთან, გალში გასულ კვირას 6 აფხაზი ეროვნების მოქალაქის გვამი იპოვეს. ასეთივე ფაქტები ხდება სოხუმში, აფხაზეთის სხვა ქალაქებში, რა პოზიცია აქვთ რუსეთის სამშვიდობო ძალებს, საერთაშორისო მეთავლყურეებს, თუ იციან რა ხდება იქ, რა პროცესები მიმდინარეობს?

- ჩემი შეხედულება და შეფასება ასეთია: სოხუმში გუდაუთაში, გალის რაიონში, ოჩამჩირეში თუ სხვაგან, განვითარებული მოვლენები ლოგიკური შედეგია აფხაზეთში შექმნილი უმძიმესი პოლიტიკური და კრიმინოგენური ვითარებისა. სეპარატიზმის, გენოციდის პოლიტიკა, რეჟიმს სრულ ანარქიამდე და ქაოსამდე მიიყვანს. ეს თავიდანვე ცნობილი იყო და საქმე აქეთკენაც მიდის. ამჟამადაც სასაცილოა ლაპარაკი აფხაზეთში ადამიანის უფლებების დაცვაზე, იქ ხომ აბსოლუტური, სრული განუკითახობაა, დაწყებული 300 ათასი გაწამებული, გამოძევებული, ყოველგვარი სასამართლოს გარეშე ათასობით დახვრეტილი ადამიანისაგან. ეს პროცესი ახლაც გრძელდება.

როგორც გითხარით, თუ წარმატება არ ექნა მოლაპარაკების იმ პროცესს, რომელზეც ახლა ვსაუბრობდით, ბოლო ასეთი იქნება, - სრული ანარქია და ქაოსი.

ქართველებისა და სხვა ხალხების გენოციდის პოლიტიკას ბუნებრივად მიჰყავს რეჟიმი აფხაზთა გენოციდამდე.

რუსეთის როლი სასიკეთოდ გააქტიურდა, ამ მოვლენების შეფასებაში, უფრო პრინციპულ და მკაცრ პოზიციაზე დადგა გაერო - უშიშროების საბჭოს ბოლო განცხადება საკმაოდ მკაცრი და პრინციპული იყო. მოსკოვში მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა ლტოლვილთა დაბრუნების პროცესთან და აფხაზეთის სტატუსის განსაზღვრასთან დაკავშირებით. აქტიურობის თვალსაზრისით, ეს კვირა უფრო მნიშვნელოვანი იქნება. ამ პროცესის წარმატება ქართველების, აფხაზების, რეგიონის ყველა მოქალაქის საარსებო ინტერესს წარმოადგენს.

რაც შეეხება საბოლოო შედეგს, ვფიქრობ, აპრილის თვე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. არ შემიძლია გამოვთქვა წინასწარი შეპირებები, რაიმე პროგნოზი, მაგრამ მოვლენები სწრაფად ვითარდება: ბატონ გრაჩოვის ჩამოსვლა, დოკუმენტებზე ხელმოწერა, ბატონ ნიკოლაევის ჩამოსვლა პასტუხოვთან ერთად, ჩვენი კონტაქტები რუსეთის ხელმძღვანელობასთან, გაეროს წარმომადგენლებთან და სხვა სასიკეთო აქტიურობა ჯერ არ ყოფილა.

- პრესკონფერენციაზე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები საკმაოდ ხშირად აცხადებენ, რომ ხელისუფლება ხელოვნურად აჭიანურებს კონსტიტუციის მიღებას, რომ ხელისუფლებას ხელს აძლევს არჩევნების გადადება...

- პირდაპირ გეტყვით: ხელისუფლებას ხელს არ აძლევს არჩევნების გადადება. გარკვეულად გაჭიანურდა კონსტიტუციის მიღება, თუ რატომ დაგვიანდა კონსტიტუციის პროექტის წარმოდგენა, ეს შესანიშნავად იციან ოპონენტებმა, რომლებიც ბრალს გვდებენ, რომ ჩვენ არჩევნების გამართვა არ გვინდა, კონსტიტუცია ქვეყნის სახელმწიფოებრივი და ტერიტორიული მოწყობის საფუძველი იქნება. ზოგიერთი პრინციპული მოსაზრება კონფლიქტის მოგვარების პროცესშიც უნდა შეჯერდეს. სხვათა შორის, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და აქტუალური თემაა მოლაპარაკებებზე, ამ მხრივ ყველაზე რეალისტურ ვარიანტს ვუახლოვდებით. თუ შემუშავებული პროექტი, რომელსაც უახლოეს 10 დღეში შევიტანთ საკონსტიტუციო კომისიაში, ძირითადად მისაღები იქნება, შეიძლება მისი განხილვა დაჩქარდეს. პარლამენტმა, ალბათ, ამ მხრივ, თავისი სიტყვა უნდა თქვას.

ასე რომ, კონსტიტუციის მიღებისა და არჩევნების გამართვის რეალური შესაძლებლობა არსებობს.

- თქვენი მოსაზრება ყირიმთან დაკავშირებით, ახლა ამაზე ბევრს ლაპარაკობენ...

- როგორც იტყვიან, ჩვენ ჩვენი გასაჭირი გვაქვს, მაგრამ ამავე დროს, ჩვენი მეზობლების და თანამეგობრობის წევრების ტკივილი, ბუნებრივია ჩვენი ტკივილიც არის. ჩვენი პრინციპული პოზიცია იმ შეთანხმებიდან გამომდინარეობს, რომელსაც თანამეგობრობის ქვეყნებმა ალმათში მოაწერეს ხელი. მიმაჩნია, რომ ეს ისტორიული მნიშვნელობის შეთანხმებაა. იგი სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის ურყევობას გულისხმობს და თითოეული ქვეყნისგან მოითხოვს სეპარატიზმის პოლიტიკურ და ეკონომიკურ იზოლაციას. თანამეგობრობის ქვეყნები ერთნაირად არიან დაინტერესებული იმით, რომ სწორედ იზოლირებული იყოს სეპარატიზმი. ამავე დროს, ყველანი ვიზიარებთ აზრს, რომ ჩვენ სუვერენული სახელმწიფოები ვართ და ერთამნეთის საშინაო საქმეებში ჩარევა მიუღებელია. ამ პრინციპიდან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ ყირიმის პრობლემა, უწინარესად, უკრაინის სახელმწიფოს საშინაო საქმეა და ამ მოვლენის შეფასებისას, ჩვენ ალმათის შეთანხმებით უნდა ვიხელმძღვანელოდ.

„კონსტიტუცია ქვეყნის სახელმწიფოებრივი და ტერიტორიული მოწყობის საფუძველი იქნება“ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 4 აპრილი. - 36(1052). - 1,2 გვ.

29 საქართველო ქალმა უნდა გადაარჩინოს!

▲ზევით დაბრუნება


ჩვენს კორესპონდენტს ესაუბრება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე - სახელმწიფოს მეთაური ედუარდ შევარდნაძე

- ქართველი ქალი ოდითგანვე გამოირჩეოდა თავისი გონიერებით, სიდინჯით, სათნოებით, ოჯახისა და ქმრის განსაკუთრებული ერთგულებით, სამშობლოსადმი თავდადებით, დღეს როგორ გესახებათ ქართველი ქალის როლი და ადგილი ქვეყნის სოციალურ ცხოვრებაში?

- ქალი საქართველოში ყოველთვის განსაკუთრებული პატივისცემით სარგებლობს. ეს შემთხვევითი არ გახლავთ, ჩვენი ისტორია ხოპმ წარმოუდგენელია ქართველი ქალის აქტიური მოღვაწეობის გარეშე, როგორც, პოლიტიკურ სარბიელზე, ისე კულტურის სფეროში. ჩვენ მარტო თამარ მეფეც გვეყოფოდა. საბედნიეროდ, ეპოქამ შემოგვინახა ორი წარჩინებული მანდილოსნის ხუაშაქცოქალისა და კრავაი ჯაყელის სახელებიც, რომელთა დიპლომატიური ნიჭისა და უნარის წყალობით სამეფო კარმა ერის შიგნით დიდი სისხლისღვრა აიცილა თავიდან, გნებავთ დედოფალი ქეთევანი გავიხსენოთ. მისი საქციელი მხოლოდ რჯულის დაგდების საწინააღმდეგო პროტესტს როდი ნიშნავდა, ამით ის თავისი სამშობლოს დამოუკიდებლობასაც იცავდა.

ჩვენი ქალები დღესაც ძალიან აქტიურები არიან: გაერთიანებული არიან სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებში, რაჩეული არიან ეროვნულ პარლამენტში, მონაწილეობენ სხვადასხვა კომისიების მუშაობაში. ძალიან მაღალია მათი ხვედრითი წილი სამამულო მეცნიერებაში, განათლების სისტემაში, მედიცინაში, ხელოვნებაში, სპორტში. ქალები ენერგიულად მოღვაწეობენ სახალხო მეურნეობის თითქმის ყველა სფეროში. ოჯახში ხომ ბადალი არ ყავს ქართველ ქალს. დღევანდელ პირობებში მათ ზურგზე გადადის ჩვენი გაჭივრებული ყოფის მთელი სიმძიმე. მადლობა მათ ასეთი თანადგომისა და მოთმინებისათვის.

დღეს მსოფლიოში მიმდინარე პროცესებმა ქალთა უპრეცენდენტო პოლიტიზირება გამოიწვია, უჩვეულოდ გააქტიურდნენ მანდილოსნები, ამ პროცესს არც ჩვენ ჩამოვრჩით, ჩვენთან უამრავი ქალთა ორგანიზაცია შეიქმნა.

ქალები არა მარტო საკუთარ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ახდენენ გავლენას, არამედ საერთაშორისო სარბიელზეც მოღვაწეობენ.

მართლაც და თვე არ გავა ისე, ახალმა ქალთა ორგანიზაციამ არ მიგვიწვიოს პრეზენტაციაზე, როგორც თავის დროზე მრავალი პარტიის შექმნა საქართველოში, ესეც გარდაუვალი პროცესია, მაგრამ მოვა დრო და ალბათ ეს ორგანიზაციები გაერთიანდებიან. ქალთა პრობლემები ყველა ქვეყანაში ერთნაირია, სხვაობა მხოლოდ მათ სიმწვავეშია. თითქმის ყველა ქალთა ორგანიზაციის ძირითადი მიზანი მშვიდობისა და სიცოცხლისათის ბრძოლა ჯანსაღი მომავალი თაობის აღზრდისათვის ზრუნვაა, სიღატაკის წინააღმდეგ ბრძოლა. მსოფლიო სტანდარტების დონეზე ქალთა უფლებების დაცვაა. ეს პროცესები მართვადი უნდა იყოს. დაქუცმაცებულ, წვრილ-წვრილ ორგანიზაციებს გაუჭირდებათ სახელმწიფოსთვის სიკეთის მოტანა. აი, მაგალითად, სექტემბერში პეკინში მეოთხე მსოფლიო კონფერენცია გაიმართება ქალთა მდგომარეობის შესახებ. სასურველი საქართველოს დელეგაცია წარმომადგენლობითი იყოს, მაგრამ, სამწუხაროდ, იმდენი ქალთა ორგანიზაციაა, ალბათ ყველას წარმომადგენელი ამ ფორუმში ვერ მიიღებს მონაწილეობას.

ქვეყნების განვითარება, მთელი მსოფლიოს კეთილდღეობა და მშვიდობის საქმე მამაკაცების თანასწორად ქალთა ყველა სფეროში მონაწილეობას მოითხოვს, სასურველია არჩევნებში რაც შეიძლება მეტმა ქალმა მიიღოს მონაწილეობა და მომავალ პარლამენტში ბევრი მანდილოსანი იყოს, რადგან არის მთელი რიგი მნიშვნელოვანი საკითხებისა, რომელთა გადაწყვეტაში ქალის გულსა და გონებას ვერაფერი შეცვლის. გახსოვთ, ალბათ, დიდი აკაკის სიტყვები: „თუ რომელიმე ხალხის გაცნობა გინდა, იმ ქვეყნის ქალები უნდა გაიცნო, შეიწავლო ისინი არიან თავიანთი ქვეყნისა და ხალხის მაჩვენებელი, როგორც ბარომეტრი ტაროსისა“

- საერთაშორისო საზოგადოება „საქართველოს ქალები მშვიდობისათვის“ ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე მაშინ შეიქმნა, როდესაც საქართველოში პროვინციული ფაშიზმი პარპაშებდა. მას უნივერსიტეტის დოცენტები ნანი ჭანიშვილი და მაია კვეზერელი-კოპაძე ჩაუდგენენ სათავეში.

ბევრი სასიკეთო საქმის წამომწყებნი არიან საზოგადოებაში გაერთიანებული ქალბატონები.

მარავალ ქვეყანასთან დაამყარა საზოგადოებამ კავშირი, მონაწილოება მიიღო ვაშინგტონში ამერიკის მშვიდობის ეროვნული ფონდის მხარდაჭერით მოწყობილ ამიერკავკასიის ქალთა დიალოგში. იგი ქალთა ორგანიზაციების საერთაშორისო ალიანსის ერთ-ერთი დამფუძნებელია, შარშან საზოგადოების თავმჯდომარემ ნ. ჭანიშვილმა ვენაში პეკინის მომავალი ფორუმის მოსამზადებელ კონფერენციაში მიიღო მონაწილოება, კოპენჰაგენის სამიტისათვის მოხსენება მოამზადა საქართველოში ქალთა მდგომარეობის შესახებ. არც საქართველოში დაგვიკლია ხელი; პირეველები ვესტუმრეთ სამეგრელოსა და ცხინვალს, შევედით დიდი ლიახვის ხეობაში.

- საერთაშორისო კავშირები, რა თქმა უნდა, ძალიან სასურველია. მსოფლიო აზრის ჩვენს სასარგებლოდ ჩამოყალიბებაში თქვენნაირი საზოგადოებების მოღვაწეობასაც აქვს მნიშვნელობა. ამჟერად კი მსოფლიო აზრი, ისეთნაირად ყალიბდება, რომ მალე დიდ გარდატეხას მივაღწევთ სიღატაკის, შიმშილის, ეკონომიკურ სიდუხჭირესთან დაკავშირებულ სხვადასხვა პრობლემის დაძლევაში. ქალთა კავშირები აუცილებლად მიზანმიმართული უნდა იყოს და რაც შეეხება მეტად უნდა გაღრმავდეს. კარგად უნდა ვიცოდეთ, რა გვინდა, ვის მივმართოდ, როგორ მივმართოდ და ჩვენ თვითონ რა შეგვიძლია შევთავაზოთ. საფუძვლიანად შემუშავებული პროგრამებით უნდა წავრსდგეთ უცხოელების წინაშე, საქმის ცოდნით გავაგებინოთ, რა პერსექტივა აქვს საქართველოს, ახლა ეს უნდა წამოიწიოს წინა პლანზე. მაგრამ, ვფიქრობ, მთავარი საზრუნავი მაინც ქვეყნის შიგნით უნდა იყოს, რადგან სხვა ქვეყნების დახმარებით, რომელიმე მარტო ერთი ქვეყნის ფარგლებში თუნდაც სოციალური პრობლემების გადაწყვეტა ძნელია. მით უმეტეს დღეს, როცა საქართველოში ამდენი საზრუნავია, რამდენი საქმეა საკეთებელი, ეკონომიკური სიდუხჭირეა.

თქვენ ბვერი რამის გაკეთება შეგიძლიათ, აი, თუნდაც სამშვიდობო პროცესების ხელშესაწყობად.

გაზეთის ფრუცლებზე შეიძლება აფხაზი, ოსი და ქართველი ქალების დიალოგის გამართვა, ამ თემაზე კონფერენციის მოწყობა. ვლადიკავკაზიდან და სამხრეთ ოსეთიდან ქალბატონების მოწვევა და ათასი სხვა რამ, რაც სასიკეთოდ წაადგება ჩვენს ქვეყანას. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, პოლიტიკა და ეკონომიკა რომ მჭიდრო ურთიერთკავშირშია. განსაკუთრებით კონფლიქტებთან დაკავშირებული პრობლემები საკმაოდ მწვავედ გაშუქდა კოპენჰაგენის შეხვედრაზე. უკვე ვთქვი და კვლავ ვიმეორებ: თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოსთვის იქმნება უაღრესად ხელსაყრელი გარემო, რომელიც დღეს მართალაც უნიკალურია. ჩვენ საშინაო პრობლემების, კონფლიქტების მოგვარების, აგრეთვე ეკონომიკური სიდუხჭირიდან ქვეყნის გამოყვანის თვალსაზრისით ძალიან საიმედო და რეალური პერსპექტივა დაგვესახა იმ დიალოგის ფონზე, რომელიც კოპენჰაგენში გაიმართა უმაღლესი დონის შეხვედრაზე.

- საერთოდ კონფლიქტების მოგვარებაში როგორ გესახებათ სახალხო დიპლომატიის როლი?

- ამ მოძრაობას, რომლესაც სახალხო დიპლომატია ჰქვია, ორი მხარე აქვს, ერთი, თუ გნებავთ, მისი თეორიული ასპექტია, მეორე-მისი პრაქტიკული საქმიანობა.

სახალხო დიპოლომატია ახალი მოვლენა არ არის, არც ფორმალური მოძრაობაა, მას უდიდესი მისია აკისრია. ეს გახლავთ დიდი პოლიტიკის დაყვანა უშუალოდ ხალხის დონემდე, თითოეული მოქალაქის დონემდე, თუ ამ თვალსაზრისით ვიმსჯელებთ, ყველაზე ნოყიერი ნიადაგი, პრაქტიკული შედეგების მიღების თვალსაზრისით, სახალხო დიპლომატიას, საქართველოში ჰქონდა, ქართულ-ოსური და ქართულ-აფხაზური კონფლიქტების მოგვარებისას. დღეს ხომ ეს საქართველოს უმთვარესი და ყველაზე მტკივნეული პრობლემებია.

ჩვენში ძალიან ბევრი შერეული ოჯახია, განსაკუთრებით ოსებისა და ქართველებისა. როდესაც ქალსა და ვაჟს ერთმანეთი შეუყვარდებოდათ, არავინ კითხულობდა, ოსი იყო, თუ ქართველი, ოჯახებისთვის ეს პრობლემა არ არსებობდა. ერთი მიწა-წყლის შვილები იყვნენ, ერთმანეთის გვერდით ცხოვრობდნენ, ერთმანეთის ჭირისა და ლხინის გამზიარებელნი. მათ ძლიერებას ერთმანეთისადმი ერთგულება განაპირობებდა.

თუ გვინდა ვუპატრონოთ ჩვენს ხალხსა და ჩვენს ქვეყანას, კვლავ ერთგულნი უნდა დავრჩეთ ამ იდეალებისა, ყოველთვის უნდა ახსოვდეს ყოველ ჩვენგანს, რომ შუღლი და მტრობა ბედნიერებას ვერასოდეს მოუტანს ჩვენს ერებს. ჩვენს საერთო სატკივარს ჩვენვე უნდა მოვუაროთ.

ამის გათვალისწინება ოფიციალური დელეგაციების მოლაპარაკების პროცესში ძნელია, პრაქტიკულად თითქმის ვერ ხერხდება. იქ სტატუსზე შეიძლება იყოს ლაპარაკი, ტერიტორიის მთლიანობაზე, მაგრამ ამ ხალხებს რა აქვთ საერთო, იქ ნაკლებად აინტერესებთ. აი, აქ უნდა თქვას თავისი გადამწყვეტი სიტყვა სახალხო დიპლომატიამ.

პოლიტიკური მოლაპარაკება დიდხანს ჭიანურდება ხოლმე, მაგრამ როცა ადამიანები თვითონ აყენებენ პრობლემებს, თვითონ იწყებენ საერთო ენის გამონახვას და პოლიტიკოსების გადაწყვეტილებებს არ ელოდებიან, მაშინ პოლიტიკოსებიც იძულებულნი არიან იჩქარონ და სწარაფად დაასრულონ მოლაპარაკებები. ამ მომენტის ხელიდან გაშვება არ შეიძლება. ამიტომ თქვენი ქალების ასეთი აქტიური ჩაბმა სახალხო დიპოლმატიაში ძალიან სასარგებლოდ მიმაჩნია.

ასევე აფხაზეთი ყოველთვის საქართველოს განუყოფელი ნაწილი იყო. მთავარი ის არის, რომ ქართველი ხალხი არ აიგივებს აფხაზი ექსტერმისტების „ნამოღვაწარს“ აფხაზ ხალხთან და სურს ირწმუნოს, რომ ის, რაც აფხაზეთში მოხდა, ხალხის საერთო სულისკვეთებას არ გამოხატავს.

როგორც ოსების ასევე აფხაზების ხსნაც ისევ ქართველებისკენ შემობრუნება და დამოყვრებაა. სხვა გზა მათთვის მძიმე იქნება. თუ აფხაზეთის მიწა-წყალზე ქართველები არ დაბრუნდებიან, ვიღაც გადამთილები მათ ადგილზე დაფუძნდებიან, ისინი კი უწინარესად აფხაზებისათვის იქნებიან უცხონი. აფხაზებისა და ქართველების უმრავლესობა კი ნათესაური კავშირით არის ერთმანეთთან გადაჯაჭვული.

მე მგონია, გაზეთი ძალიან კარგ საქმეს გააკეთებს, თუ ოსეთში და აფხაზეთში დაბრუნებულ ქართულ ოჯახებზე მოუთხრობს მკითხველს. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

- ცხინვალში უბრალო ადამიანებთან ჩვენმა შეხვედრებმა და დიდი ლიახვის ხეობაში შესვლამ ერთხელ კიდევ დაგვარწმუნა, რომ ადამიანები დღეს მხარს უჭერენ სტაბილურობის, ნორმალური ცხოვრების ყოველ;გვარ გამოვლინებას, თუნდაც სრულიად იმნიშვნელოს. ოსებსაც და ქართველებსაც, უმრავლესობას შერიგება უნდათ, რადგან მიხვდნენ, მათ ერთად უნდა იცხოვრონ და ერთად ეძებონ კონფლიქტების გადაწყვეტის გზები.

- აგრესიული სეპარატიზმი დამარცხდა. ცალკეული ადამიანები უკვე ვერაფერს გახდებიან. როცა ადამიანები გულით უახლოვდებიან ერთმანეთს, ასეც უნდა იყოს, რაც შეიძლება ფართო საზოგადოება უნდა ჩაერთოს ამ პროცესებში, განსაკუთრებით ქალები. დედის სიყვარულს უდიდესი ძალა აქვს. ქალის უფრო სწამთ და სჯერათ, ქართველებსაც, ოსებსაც და აფხაზებსაც. მე მინდა თქვენი მოღვაწეობის სფერო გაცდეს საქართველოს ფარგლებს, მაგალითად, ვლადიკავკაზში თქვენი ჩაბრძანება, ვფიქრობ ძალზე სასარგებლო იქნება.

ოსებმა ქართველებს თავიანთი კულტურით, ტოლერანტობით აჯობეს, სამარცხვინო ლაქათ დააჩნდება საქართველოს ისტორიას ის, რაც ბორჯომის ხეობაში მოხდა, მეოცე საკუნის მიწურულს საქართველოს დედალაქიდან ოსებს ერეკებოდნენ, ბინებიდან ყრიდნენ, სამსახურებიდან ათავისუფლებდნენ, რა იყო ეს, თუ არა პროვინციული ფაშიზმი. ასეთი რამ ვლადიკავკაზში არავის მოუმოქმედბია, მიუხედავად იმისა, რომ იქ უამრავი ქართველი ცხოვრობს, უძველესი ქართული სკოლა მოქმედებს, არც ერთ ქართველს, რომ იტყვიან, თმის ბეწვიც კი არ ჩამოვარდნია, დიდი მადლობა მათ ამისათვის.

როგორც ჩანს, ჩვენ ვუახლოვდებით ეტაპს, როცა გაეროს, ევროპული სტრუქტურების, საქართველოს მეგობარი სახელმწიფოების, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის, უწინარესად რუსეთის ძალისხმევა, ბოლოს და ბოლოს გამოიღებს დიდი ხნის ნანატრ ნაყოფს, საქართველოს იმ შიდა კონფლიქტის მოგვარებაში, რომელიც გარეშე ძალთაგან ხელდაუსხმელად არ დაწყებულა

საქართველოს ყველა მოქალაქე, ქალი თუ კაცი, ვალდებულია ხელი შეუწყოს ამ პროცესებს.

- გაზაფხული უქალებოდ წარმოუდგენელია. ჩვენს საუბარს, ალბათ პეწი დააკლდებოდა, რომ არ მეკითხა: - რას უსურვებდით საქართველოს ქალებს?

- საქართველოს ქალებს ვუსურვებდი იმას რასაც დიდი საქართველოს, საქართველო ეს დედაა! ეს ცნებები - დედა და საქართველო ჩვენთვის განუყოფელია.

ქალებს უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრიათ, მით უმეტეს ახლა როცა ქვეყანა ასე პოლიტიზებულია, რასაც გარდაუვლად მიჰყავს ქვეყანა არც თუ ისე სწორი მიმართულებით. დედა ხომ ყოველთვის მშვიდობის დამამკვიდრებელია, პარტიებს შორის, სხვადასხვა ოპოზიციუურად განწყობილ ადამიანებს შორის შემრგიგებელი ფუნქცია მაინც ქალთან უნდა იყოს დაკავშირებული. მე მჯერა, ჩვენი ქალები ამ მძიმე მისიას საუკეთესოდ გაართმევენ თავს.

ვფიქრობ, საქართველო ქალმა უნდა გადაარჩინოს.

ესაუბრა მარადი ანასაშვილი

საქართველო ქალმა უნდა გადაარჩინოს! / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ანასაშვილი მარადი // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 8 აპრილი. - 38(1054). - 1 გვ.

30 „საქართველო მიდის დემოკრატიული გარდაქმნებისა და რეფორმების გზით“

▲ზევით დაბრუნება


ედუარდ შევარდნაძის 10 აპრილის რადიოინტერვიუ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ - სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ თავისი რადიოინტერვიუ ტრადიციისამებრ ეკონომიკური მიმოხილვით დაიწყო.

- გასული კვირის განმავლობაში ეკონომიკური სფეროდან უნდა გამოვყოთ რამდენიმე მოვლენა, მათ შორის უმთავრესია: სამი ბანკის - „საქექსიმბანკის“, „ინდუსტრიაბანკისა“ და „ ახალი ქართული ბანკის“ გაერთიანება, ზოგიერთ რაიონში მასობრივი ვაუჩერიზაციის დაწყება და მოსამზადებელი სამუშაოების დამამთავრებელ ფაზაში შესვლა, ბიუჯეტის შესრულებისათვის განხორციელებული ღონისძიებები, საგაზაფხულო სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების არცთუ ცუდად მიმდინარეობა, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროების მაკოორდინირებელი სამსახურების შექმნა და სხვა. როგორც ხედავთ, გასული კვირა საკმაოდ დატვირთული იყო.

ყველა ქვეყანა, სადაც ამ საუკუნის მეორე ნახევარში წარმატებული ეკონომიკური რეფორმა განხორციელდა, საბანკო სფეროს რეორგანიზაციით იწყებოდა გარდაქმნებს ომისშემდგომი გერმანიის ეკონომიკური აღორძინება, იაპონური ეკონომიკური სასწაული, სამხრეთ კორეის განვითარება, რეფორმები ესპანეთში, თურქეთში, უფრო ადრე შვედეთში და სხვაგან სწორედ საფინანსო სფეროს მოწესრიგებით იწყებოდა. იაპონელებმა პირველი ინვესტიციები საბანკო სფეროში ჩადეს და არა წარმოებაში, თავდაპირველად დიდი თანხები სწორედ საბანკო სფეროს კადრების მომზადებაზე დახარჯეს. ჩვენთან რა თქმა უნდა, ამ მასშტაბების ღონისძიებაზე ლაპარაკი ძნელია, მაგრამ უკვე კარგა ხანია მიმდინარეობს საბანკო რეფორმა - ბანკების აქციონირების პროცესი. ჩვენი ბანკების უმრავლესობა ვერ აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებსა და კრიტერიუმებს. არადა საქართველო ვერც ევროპული ბანკებისა და ვერც დიდი ბანკების ფილიალების იმედად დარჩება. ჩვენ საბანკო სისტემაში წამყვანი ადგილი სწორედ ქართულ ბანკებს უნდა ეკავოთ. ახალგაზრდა ბანკირები, რომლებსაც უწინარესად პერსპექტივა აინტერესებთ და სახელმწიფოებრივი პოზიციიდან უდგებიან ეკონომიკურ და საბანკო სისტემაში მიმდინარე პროცესებს, მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ აუცილებელია გაერთიანება, მათ სურთ ისეთი ბანკის შექმნა, რომელიც დიდი მსხვილი პროექტების დაფინანსებას შეძლებს, საიმედოობის მაღალი კოეფიციენტი ექნება. სანდო იქნება უცხოელი პარტნიორებისთვის. როგორც მოგეხსენებათ 7 აპრილს შედგა ასეთი კრება, გაფორმდა გაერთიანებული ახალი ქართული ბანკის დაფუძნება, შეიქმნა ხელმძღვანელი ორგანოები. ახალგაზრდა ბანკირებმა თამაზ მაღლაკელიძემ, ვანო ჩხარტიშვილმა და ზაზა სიორიძემ გადადგეს გაბედული ნაბიჯი, მჯერა, რომ ისინი საქმეს უნარიანად გაუძღვებიან და მიზანს მიაღწევენ, გადალახავენ უამრავ სერიოზულ დაბრკოლებას და შექმნიან სოლიდურ საბანკო დაწესებულებას. მაქვს დიდი სურვილი, რომ, როგორც შემიძლია, მხარში ამოვუდგე და ხელი შევუწყო ამ საშვილიშილო საქმის წარმატებას.

მნიშვნელოვანი ზრდის ტემპით ხასიათდება რესპუბლიკის ბიუჯეტის შემოსავლები. საგადასახადო ინსპექციის ცნობით, პირევლი კვარტლის ბიუჯეტის საერთო შემოსავლებმა წინასწარი მონაცემებით შეადგინა 33 ტრილიონ 270 მილიარდი კუპონი, რაც შარშანდელი წლის პირველი კვარტლის მონაცემებს 30-ჯერ აღემატება, ხოლო შარშანდელი მეოთხე კვარტლის მონაცემებს 13 პროცენტით სჭარბობს. გადაჭარბებით შესრულდა რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსავლები ყველა წყაროს მიხედვით, გარდა აქციზებისა. კერძოდ, დამატებული ღირებულების გადასახადში გეგმის გადაჭარბებამ ერთ ტრილიონ კუპონზე მეტი შეადგინა, ნავთობპროდუქტების ფიქსირებულ გადასახადში - 290 მილიარდი, ღვინო-არაყსა და ჩაის პროდუქციის რეალიზაციის საქმეში არსებული შეფერხების გამო აქციზის პირველი კვარტლის გეგმის შესრულებას 3,5 ტრილიონი კუპონი დააკლდა, რაც ნაწილობრივ შეივსო სხვა შემოსავლების გეგმის გადაჭარბებისა და საგადასახადო ორგანოების მიერ ბიუჯეტში დამატებით ჩარიცხული დამალული შემოსავლების ხარჯზე. აღსაღნიშნავია, რომ დამატებით დარიცხულმა თანხმა პირველ კვარტალში თიოთქმის 2 ტრილიონი კუპონი შეადგინა. საგადასახდო ინსპექციამ დაიწყო მიზანდასახული მუშაობა მეორე კვარტლის შემოსავლების მაქსიმალურად მობილიზაციის უზრუნველსაყოფად. მისი მუშაკები მიმაგრებული არიან რესპუბლიკის რეგიონებსა და მსხვილ გადამხდელებზე. ამ ორგანიზაციების გამართული მუშაობა და საწარმოების ამოქმედების დაწყებული პროცესი საფუძველს იძლევა იმისათვის, რომ შესრულდეს მეორე კვარტლისა და ექვსი თვის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი.

მრეწველობის სამინისტროს მონაცემებით 1995 წლის პირველ კვარტალში სამრეწველო პროდუქციის წარმოების მოცულობამ 5 ტრილიონი კუპონი შეადგინა, რაც შარშანდელ შესაბამის პერიოდთან შედარებით 15 პროცენტით მეტია. თავისთავად ეს შეიძლება არ გვაკმაყოფილებდეს, მაგრამ ტენდენცია უკვე იმედისმომცემი და გამამხნევებელია. გაზარდეს პროდუქციის წარმოება სამთო-ქიმიური დარგის საწარმოებმაც. ქუთაისის საავტომობილო ქარხანამ, თბილისის გაზის აპარატურის ქარხანამ, ფარმაცევტული მრეწველობის, ხის დამმუშავებელი მრეწველობის საწარმოებმა. ყოველივე ეს მიღწეულია ენერგორესურსების მწვავე დეფიციტის პირობებში, მაშინ, როცა სამინისტროს სისტემის საწარმოთა დატვირთვა არ აღემატებოდა საშუალოდ 10-15 პროცენტს. ვითარების გაუმჯობესების კვლაობაზე მოსალოდნელია პროდუქციის წარმოების ზრდის ტემპის შემდგომი აღმავლობა. ამ დარგში ჩვენ უზარმაზარი რეზერვები გვაქვს.

მიმდინარე წლის პირველი აპრილიდან საბირჟო ვაჭრობები ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე ნაცვლად ორისა, კვირაში სამჯერ იმართება (რასაც მივესალმები და მინდა ყოველმხრივ დავუჭირო მხარი) ამ ღონისძიებამ კიდევ უფრო მოქნილი გახადა ბანკთაშორისი ბირჟა. გაიზარდა ფულადი სახსრების კონვერტირების ოპერატიულობის ხარისხი. ამის პარალელურად, ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებთან ერთად ამონტაჟებს და ახლო მომავალში ჩართავს ვალუტის ყიდვა-გაყიდვის კომპიუტერულ სისტემას, რითაც საბოლოოდ ჩაეყრება საფუძველი საქართველოში თანამედროვე სავალუტო ბაზარს.

საანალიზო კვირაში გამართულ ვაჭრობებზე კუპონის კურსი დოლართან მიმართ უცვლელი დარჩა: 1 დოლარი - მილიონ 300 ათასი კუპონი. წინა კვირის დონეზე დარჩა კურსი რუსული რუბლის მიმართაც: ერთი რუსული რუბლი - 252 კუპონი.

ასეთია ჩვენი ეკონომიკური ცხოვრების მოკლე მიმოხილვა.

- გასულ კვირას პარლამენტის სხდომაზე თქვენ გამოსვლა შეწყვიტეთ, ამ ფაქტს სხვადასხვანაირი ინტერპრეტაცია მიეცა. ირაკლი წერეთელმა განაცხადა, რომ ეს სპეციალურად გაკეთდა იმიტომ, რომ 9 აპრილს მიტინგის გამართვის შესახებ გადაწყვეტილება არ მიგეღოთ... ჟურნალისტ ნატო ონიანის ამ შეკითხვის პასუხად სახელმწიფოს მეთაურმა განაცხადა:

- ეს ძალიან უსუსური არგუმენტია. ის, რომ პარლამენტმა მიიღოს გადაწყვეტილება მიტინგის გამართვა-არგამართვის შესახებ დიდი ხნის განვლილი ეტაპია - პარლამენტმა ეს საკითხები არ უნდა განიხილოს, არსებობს ქალაქის მერია, არის მიღებული წესი და კანონი და ყველა მის ფარგლებში უნდა ვმოქმედებდეთ.

რაც შეეხება პარლამენტის სხდომაზე ჩემი გამოსვლის შეწყვეტას. რა იყო მოტივი? ერთ ქალბატონს მიაჩნია, რომ ეს იყო ჩვეულებრივი იმპულსური გამოვლინება. სინამდვილეში კი ეს არის პარლამენტის თავმჯდომარის და უბრალოდ საქართველოს მოქალაქის პროტესტი იმ უკულტურობის, უზრდელობის, ადამიანის ღირსების შეურაცხმყოფელი ატმოსფეროს მიმართ, რომელიც ბევრმა პარლამენტარმა პირდაპირ ქუჩიდან საკანონმდებლო ორგანოში შემოიტანა. ასეთი ვითარება წყალში ყრის იმ სასარგებლო შრომას, რასაც პარლამენტართა უმრავლესობა ეწევა კანონშემოქმედების, სახელმწიფოებრიობის განმტკიცების მიზნით. მე არ შემეძლო ეს პროტესტი არ გამომეხატა. ეს იყო ცდა, მიმეპყრო საზოგადოების ყურადღება ზოგიერთი პარლამენტარის საქმიანობაზე, ქცევის მანკიერ მხარეებზე, იმ ანგარიშით, რომ მომავალმა ამომრჩეველმა (ამორჩევის პრობლემა კი უკვე ცხრა მთას იქეთ აღარ არის) იცოდეს, როგორ კანდიდატებს უნდა უთხრას უარი ახალ პარლამენტში. სწორედ ეს იყო ჩემი მოქმედების მოტივი.

- პარლამენტის სხდომაზე ითქვა, რომ ამერიკის შეერთებული შტაბების კონგრესმა მოაწყო მოსმენა საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის და დემოკრატიზაციის პროცესის შესახებ, რაც უპრეცენდენტო მოვლენაა. გამოითქვა აზრი, რომ ეს არის ჩარევა მეორე ქვეყნის საშინაო საქმეებში და სხვა. რამდენად ეთანხმებით ამ აზრს? როგორ ფიქრობთ რატომ გამოიწვია ასეთი შეშფოთება იმ ფაქტმა, რომ ამერიკის კონგრესმა ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება აღმოუჩინოს საქართველოს დახმარება დემოკრატიზაციის პროცესის განვითარებითვის...

- ამ ფაქტში არაფერი არაჩვეულებრივი არ არის. ამერიკის შეერთებული შტატები ბოლო 2-3 წელიწადია, საკმაოდ გულუხვად გვეხმარება, ეს მთელმა საქართველომ იცის და ჩვენ ამის შესახებ მადლიერებით ვალაპარაკობთ. სავსებით კანონზომიერია კონგრესმენთა და სენატორთა სურვილი - ერთხელ კიდევ გაერკვნენ იმაში, თუ ვის ეხმარებიან. ეს მათი უფლებაა - უნდა დაეხმარებიან, უნდა არა. იმ შემთხვევაში, თუ შენ სწორი გზით მიდიხარ. მთავარი დასკვნა ამ მოსმენისა ის იყო, რომ საქართველო მიდის დემოკრატიული გარდაქმნებისა და რეფორმების გზით (სწორედ ეს არის მთავარი აზრი, რომლის შენიშვნაც არ უნდათ ჩვენს ოპონენტებს) და კვლავაც აუცილებელია მისი დახმარება, რეფორმებისა და დემოკრატიზაციის კურსის მხარდაჭერა. მე ვთხოვე კიდეც ჩვენს ელჩს ბატონ თედო ჯაფარიძეს, რომ აქტიურობა გამოეჩინა იმისათვის, რათა ეს მოსმენა შემდგარიყო. ჩვენ ეს ხელს გვაძლევდა.

პარლამენტში, სხვათა შორის, მრავალმნიშვნელოვნად აღინიშნა ისიც, რომ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ბოლო არჩევნებში რესპუბლიკელები გაიმარჯვებს. ეს ითქვა ჩვენი რესპუბლიკელების მიერ. საყურადღებო აქცენტია, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ ამერიკელ და ქართველ რესპუბლიკელების შორის ცოტაოდენი, დიდი თუ არა, განსხვავება მაინც არის. თუმცა ღმერთმა ქმნას, ქართველმა რესპუბლიკელებმაც ისე გაუგონ ხელისუფლებას, როგორც ამერიკელი რესპუბლიკელები უგებენ მას.

- გასულ კვირას გურიის რეგიონში შინაგან საქმეთა სამინისტრომ განახორციელა ოპერაცია, რომელშიც თავად მინისტრი მონაწილეობდა. მიუხედავად იმისა, რომ გურიაში უკვე რამდენჯერმე განხორციელდა ამ ტიპის ოპერაცია, შედეგები ფაქტობრივად მაინც არ იყო, რეგიონში კვლავ გართულებული კრიმინოგენური ფონი რჩებოდა. ხომ არ არის იმის საფრთხე, რომ ამჯერადაც ასე მოხდება?

- მე მადლობა გამოვუცხადე შინაგან საქმეთა სამინისტროს პირად შემადგენლობას და მინისტრს ბატონ შოთა კვირაიას, რომელიც ხელმძღვანელობდა ამ ოპერაციას. ისეთი რთული კრიმინოგენური ვითარების მქონე ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა, ასეთი ღონისძიებები აუცილებელია, მით უმეტეს, რომ სამინისტრომ, მისმა ხელმძღვანელობამ ბევრი რამ ისწავლეს საკუთარი პრაქტიკიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე. ამ მხრივ გურიაში განხორციელებული ოპერაცია მართლაც მისასალამებელი და იმედისმომცემია, როგორც მომახსენეს, სწორედ ასეთი განწყობილებაა მოსახლეობაშიც, რადგანაც ეს იყო კარგად დადეგმილი, კარგად მოფიქრებული, სათანადო კონსპირაციის დაცვით და აქედან გამომდინარე - უდაოდ შედეგიანი ღონისძიება.

საერთოდ კი, დამნაშავეობას სერიოზულად შევუტიეთ. ამ ბოლო დროის განმავლობაში, მას შემდეგ რაც სამოქალაქო ომის ქარ-ცეცხლი მინელდა, ვითარებაც ყოველდღიურად უმჯობესდება. ახლა მთავარია, კიდევ უფრო გავაძლიეროდ ბრძოლა ქვეყანაში სრული წესრიგის დასამყარებლად. ამ საკითხებზე ვიმსჯელებთ 14 აპრილს რესპუბლიკურ თათბირზე, სადაც განვიხილავთ ჩვენი ერთობლივი მუშაობის შედეგებს. მოსახლეობას ვთხოვ, ყურადღებით ადევნოს თვალი ამ თათბირის მუშაობას.

- გუშინ 9 აპრილი იყო, დღე რომელიც საქართველოს უახლოეს ისტორიაში, ხალხის მეხსიერებაში დიდხანს დარჩება. სამწუხაროდ, ისეთი შთაბეჭდილება დაგვრჩა, რომ გარკვეულმა ძალებმა სცადეს ამ დღის კვლავაც საკუთარი პოლიტიკური მიზნებისათვის გამოყენება...

- მე მოკლედ გიპასუხებთ. 9 აპრილის აღნიშვნა, პრინციპში, ნორმალურად, კანონისა და წესის ფარგლებში მოხდა. ეს წმინდა დღეა და წმინდა მოსაგონარი. სწორედ ასე აღნიშნა იგი მთელმა საქართველომ, ჩუმად, უხმაუროდ, დაღუპულთა მოგონებით, პატივისცემით, მათზე ლოცვით, საფლავების მონახულებით.

მიმაჩნია, რომ მყვირალათა და ავყიათა პატარა ჯგუფმა, რომელიც ღრიანცელით და ლანძღვა გინებით მივიდა მთავრობის სასახლესთან და შემდეგ „დედა ენის“ ძეგლთან - შეურაცხყვეს წმინდა სახელების ხსოვნა, შეაწუხეს მათი სულები, შეურაცხყვეს საქართველო. ალბათ, ეს სამომავლოდ უნდა გავითვალისწინოთ.

- გასულ კვირას გამოქვეყნდა თქვენი განკარგულება საქართველოში აკრედიტებულ უცხოეთის წარმომადგენლობათა დაცვის გაუმჯობესების შესახებ. მიზეზი გასულ კვირას საქართველოში რუსეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ვლადიმერ ზემსკის რეზიდენციაზე მომხდარი თავდასხმა იყო. როგორც იკვეთება, ეს არ იყო ტერორისტული აქტის მცდელობა, თავდამსხმელებს არ ჰქონდათ მიზნად რაღაც სერიოზული გართულებების გამოწვევა. მაშინ, რატომ მოხდა ეს?

- ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია. ამის მსგავსი ქვეყანაში არ უნდა ხდებოდეს. რა ძალებს აძლევთ ეს ხელს - ყველასთვის გასაგებია, ამის შესახებ არაერთხელ თქმულა. ვერც ერთი სამსახური, ვისაც უხცოელთა დაცვა ევალება, თავს ვერ იმართლებს. ასეთი შეფასება შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელებმა გუშინ მოისმინეს. მომხდართან დაკავშირებით ბოდიში მოვუხადე ბატონ ზემსკის და მისი სახით ყველა დიპლომატსა და უცხოელს. ამასთანავე მივიღე გადაწყვეტილება საქართველოში, თბილისში აკრედიტებულ წარმომადგენლობათა დაცვა ამიერიდან დაევალოს სამთავრობო დაცვის ქვეგანაყოფს. ყველაფერი უნდა ვიღონოდ, რომ ამ მძიმე შემთხვევიდან სათანადო დასკვნები გამოვიტანოდ.

„საქართველო მიდის დემოკრატიული გარდაქმნებისა და რეფორმების გზით“ : 10 აპრილის რადიოინტერვიუ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 11 აპრილი. - 39(1055). - 1 გვ.

31 „თბილისის დიალოგი ხელს შეუწყობს საქართველოსა და ირანის მრავალსპექტრიან თანამშრომლობას გარემომცველ სამყაროსთან“

▲ზევით დაბრუნება


ედუარდ შევარდნაძის 17 აპრილის რადიოინტერვიუ

- გასული ეკონომიკური კვირის შედეგების შეჯამებისას, ალბათ, გათვალისწინებული იქნება კარელიის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი საქართველოში, თქვენთან შეხვედრა, რომლის დროსაც სტუმარმა განაცხადა: „ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ ურთიერთობების მოგვარებაში ჩრდილოეთთან, თქვენგან კი ვითხოვთ დახმარებას სამხრეთთან ურთიერთობაში“ ეკონომიკა იყო ძირითადი თემა 15 აპრილს გამართული თათბირისა, რომელშიც მინისტრთა კაბინეტის წევრები და რეგიონის ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ. კრიმინალი, რომელმაც ქუჩიდან წარმოებაში შეაღწია და განმკარგულებლად იქცა, სამინისტროები, რომლებიც ძველებურად აზროვნებენ, სახელმწიფო და კერძო ბიზნესი - ასეთი იყო ამ თათბირის თემატიკა, ეკონომიკა იყო, აგრეთვე 14 აპრილის თათბირის ერთ-ერთი თემაც: კვლავ სილიკომანგანუმი, უკანონოდ გატანილი ჯართი, ბიზნესმენებზე თავდასხმა და მაინც, პირველი რეალური ბიუჯეტი, გაერთიანებული ბანკები, კუპონის კურსის თანამიმდევრული გამყარება, ეკონომიკური რეფორმა და შეგრძნება იმისა, რომ მოძრაობა უკვე ტენდენციად იქცა...

- ჟურნალისტ ნატო ონიანის ამ შეკითხვის პასუხად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ - სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ თავის ტრადიციულ რადიოინტერვუში განაცხადა:

- კარელიის რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ვიზიტი შედგა ორი სახელმწიფოს ურთიერთობის ფარგლებში, იმ ფარგლებში, რომელსაც ჰქვია რუსეთსა და საქართველოს შორის კავშირების სამართლებრივი ბაზა. ეს ძალიან შედეგიანი ვიზიტი იყო, ხელი მოვაწერეთ დოკუმენტს კარელიის ტყის მასივის ნაწილის იჯარით აღებაზე, რაც დიდად შეუწყობს ხელს რესპუბლიკის ხე-ტყითა და ცელულოზა-ქაღალდით მომარაგების საქმეს, თუკი ამ დოკუმენტში ჩადებულ დებულებებს ბოლომდე მიიყვანენ შესაბამისი უწყებები. ესე იგი, გაჩნდა გარკვეული რესურსი იმისა, რომ ეშველოს საგამომცემლო საქმეს, ჩვენს ჟურნალ-გაზეთებს. პერსპექტივაში განისაზღვრა მჭიდრო თანამშრომლობა გემთმშენებლობის, მანქანამთშენებლობის, ჩაის წარმოების საქმეში. მათ გამოთქვეს ჩვენგან, მშრალი ღვინოებისა და ჩაის იმპორტირების ინტერესი. კარელიის პრემიერ-მინისტრს ბატონ სტეპანოვს ჰქონდა ასევე საინტერესო და სასარგებლო შეხვედრები აჭარის ხელმძღვანელობასთან. აქაც ნათლად და ცხადად გამოიკვეთა ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის პერსპექტივა. ეს იმაზე მიგვანიშნებს, რომ რეალურია და განსაკუთრებით შედეგიანია ორ სახელმწიფოს შორის თანამშრომლობის ფარგლებში განვავითაროთ ჩვენი ურტიერტობა რუსეთის რეგიონებთან. ჩვენ დავინახედ თუ რა შესაძლებლობებია ამ მიმართულებით.

ახლა იმ ორი რესპუბლიკური თათბირის შესახებ, რომელიც ამ დღეებში გაიმართა - რესპუბლიკის სამართალდამცავ ორგანოებთან, ქალაქების და რაიონების ხელმძღავენელებთან. ეს იყო პრინციპული და საქმიანი მსჯელობა კრიმინალური სამყაროსა და მასთან ბრძოლის შედეგების შესახებ. ვითარება რა თქმა უნდა გაუმჯობესდა, მაგრამ ჯერ კიდევ გასაკეთებელი ძალიან ბევრია. ვითარების გაუმჯობესება, ბუნებრივია აისახა ციფრებზე, პროცენტებში, თანაც დანაშაულის ისეთ სახეობებზეა ლაპარაკი, რომლის დამალვა თითქმის შეუძლებელია. თუმცა, ისიც მინდა ვთქვა, რომ დამალვის ფაქტების წინააღმდეგ სასტიკი ბრძოლაა საჭირო. მაგალითად მკვლელობა, მკვლელობის მცდელობა, სხვა მძიმე დანაშაულებანი, როგორიც არის ადამიანის გატაცება, ყაჩაღური თავდასხმა და სხვა, ქვეყანაში 30-45 პროცენტით არის შემცირებული შარშანდელ შესაბამის პერიოდთან შედარებით. ამის აღიარება აუცილებელია იმისათვის, რომ ჩვენ უფრო წარმატებით გავაგრძელოდ ბრძოლა კრიმინოგენური ვითარების გაჯანსაღებისათვის.

15 აპრილს, ქალაქებისა და რაიონების, სამინისტროებისა და უწყებების ხელმძღვანელებთან ერთად გაიმართა მიმდინარე წლის პირველი კვარტალის შედეგების შემაჯამებელი რესპუბლიკური თათბირი, სადაც ჩვენ გავაანალიზეთ ამ პერიოდში მიმდინარე პროცესები და არსებული ტენდენციები სახალხო მეურნეობაში, ეკონომიკის ყველა სფეროში. როგორც რადიომსმენელებმა და ტელემაყურებლებმა იციან, აქაც სახეზეა გარკვეული ძვრები დაიწყო მოძრაობა ეკონომიკის გაჯანსაღებისა და ქვეყნის გამოცოცხლებისათვის. პირველი კვარტლის შედეგებით ბიუჯეტის შემოსავლები, თუ გასული წლის შესაბამის პერიოდს შევადარებთ, 30-ჯერ მეტია, 16 პროცენტით მეტია ვიდრე გასული წლის ბოლოს, როცა აღინიშნა შედარებით მაღალი დონე. მრეწველობის სამინისტროს ხაზით პროდუქციის ზრდამ 15 პროცენტი შეადგინა. ეს, რა თქმა უნდა ძალიან ცოტაა, მაგრამ აქ ლაპარაკია გარკვეულ ტენდენციაზე, მიუხედავად ენერგო კრიზისისა, როცა უმრავლეს საწარმოებს მუშაობის პირობები არ ჰქონდათ.

ამ ტენდენციების პარალელურად, დამახასიათებელია ფინანსური სტაბილიზაცია (რასაც ვერავინ უარყოფს და რასაც ყველა აღიარებს ჩვენშიც და საერთაშორისო ეკონომიკურ და ფინანსურ ორგანიზაციებშიც) ჰიპრეინფლაციის დაძლევა, კონვერტირებადი ვალუტის მიმართ, კუპონის კურსის გამყარება და მრავალი სხვა ტენდენცია, რომელსაც გვერდს ვერ აუვლი და რომელიც რეალობაა, ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ვერ დავაღწიეთ თავი ეკონომიკის სტაგნაციას, მდგომარეობა კვლავ საგანგაშო და მძიმეა. დარწმუნებული ვარ, რომ თუკი აღებულ ტემპებს შევინარჩუნებთ და ქვეყნის აღმავლობისათვის მოძრაობა არ შენელდა, მეორე კვრატალი კიდევ უფრო იმედისმომცემი და კიდევ უფრო შედეგიანი იქნება.

საჭიროა ქვეყანაში კიდევ უფრო განმტკიცდეს საფინანსო, საგადასახადო დისციპლინა. წარმოების გამოცოცხლებასთან ერთად აუცილებელია ამ სფეროში წესრიგი დამყარდეს. სამწუხაროდ, ბევრია ისეთი ფაქტი, რომელიც სერიოზულ შეშფოთებასა და განაგაშს იწვევს. სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის მონაცემების მიხედვით გასულ კვირაში სახელმწიფო ბიუჯეტთან ანგარიშწორების საქმეში დაშვებული დარღვევებისათვის ბიუჯეტის სასარგებლოდ დამატებით დარიცხულია 85 ათასი ამერიკული დოლარი, 555 ათასი რუბლი, 52 მილიარდი კუპონი. ეს გადამალული იყო, არ აჩვენებდნენ იმას, რასაც აწარმოებენ და რისი რეალიზაციაც ხდება, დამრღვევთა შორის არიან ერთობლივი საწარმო „მეტეხი“ (რატომ უნდა იყოს ეს ორგანიზაცია დამრღვევთა შორის?) ფოთის ნავასდგურის მომსახურე ფირმები და ზოგიერთი სხვა.

აღნიშნულ პერიოდში შემოწმდა გორის სამგზავრო ავტოსაწარმოს ბიუჯეტთან ანგარიშწორების საკითხი, რის შედეგადაც ბიუჯეტის სასარგებლოდ დამატებით იქნა დარიცხული 800 მილიარდი კუპონი, მათ შორის ფინანსური სანქციის სახით 730 მილიარდი. თბილისის ბიზნესისა და საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტში ანალოგიური დარღვევისათვის ბიუჯეტის სასარგებლოდ დამატებით იქნა გადარიცხული 1 მილიარდი კუპონი.

აუცილებელია კანონების გამკაცრება. ის, ვინც აწარმოებს (და აწარმოებს ყველა - სახელმწიფო თუ კერძო სექტორი სახელმწიფოს დახმარებით), ვალდებული არის გაასწოროს ანგარიში სახელმწიფოსთან კანონის ფარგლებში. ეს პრობლემა უახლოეს დღეებში უნდა გახდეს მთავრობისა და სახელმწიფოს მეთაურის აპარატის მსჯელობის საგანი.

არ მინდა გვერდი ავუარო ბანკთაშორის ბირჟაზე არსებულ ვითარებას. წინა კვირეებში ბანკირები იშვიათად გამოდიოდნენ ვალუტის გამყიდველთა როლში. გასულ კვირას, კი მათ გასაყიდად გამოიტანეს 290 ათასი ამერიკული დოლარი. ამ ტენდენციის მიზნად ისევ და ისევ ოფიციალური და ბანკთაშორის სავაკუტო ბირჟის მიღმა მოქმედ სავალუტო კურსებს შორის სხვაობის მინიმუმამდე დაყვანა უნდა ჩაითვალოს. ამას ემატება ისიც, რომ აპრილში ემისიის სახით ეროვნულ ბანკს მიმოქცევაში ემისიის სახით კუპონები არ გაუშვია, რაც მკაცრი ფულად საკრედიტო პოლიტიკის შედეგია. არ შემიძლია არ აღვნიშნო ეროვნული ბანკის საკმაოდ მტკიცე და შეურყეველი პოზიცია.

10 აპრილს გამართულ ბანკთა შორის სავალუტო ბირჟის ვაჭრობაზე კომერციული ბანკების მოთხოვნამ 270 ათასი ამერიკული დოლარი შეადგინა. ამავე ვაჭრობაზე მათ მიერ გასაყიდად გამოტანილი იყო 100 ათასი დოლარი. არსებული მოთხოვნა ეროვნულმა ბანკმა დააბალანსა. შესაბამისად კურსი ასეთია: ერთი ამერიკული დოლარი - 1.300.000 კუპონი (ეს კურსი თითქმის უცვლელად რჩება) 12 აპრილს გამართულ ვაჭრობაზე მოთხოვნა იყო 285 ათასი ამერიკული დოლარი, რომელიც მთლიანად დააკმაყოფილა ეროვნულმა ბანკმა. ამავე დროს გაიყიდა 5 მილიონი რუბლი. შეფარდება ასეთი იყო: 1 რუსული რუბლი - 265 კუპონი. 14 აპრილს მოთხოვნამ შეადგინა ნახევარი მილიონი ამერიკული დოლარი. ეროვნულმა ბანკმა გაყიდა 325 ათასი. მოთხოვნის დანარჩენი ნაწილი დაკმაყოფილდა კომერციული ბანკების მიერ. კურსი იგივე დარჩა: 1 ამერიკული დოლარი - 1.300.000 კუპონი. კუპონის კურსმა 14 აპრილისთვის რუსული რუბლის მიმართ შეადგინა 1 რუბლი - 225 კუპონი. კუპონის კურსის გამტკიცების ტენდენცია კვლავ სახეზეა.

რამდენიმე სიტყვა საგაზაფხულო სამუშაოების მიმდინარეობასთან დაკავშირებით. მიმდინარე წელი გამორჩეულია. არ ვამბობ, რომ ყველაფერი დალაგებული და დაწყობილია, მაგრამ, წლეულს, ჩვენ დავთესეთ ოთხჯერ მეტი, ვიდრე გასულ წლებში. ეს ასიათასობით ჰექტარია. დარწმუნებული ვარ, რომ აღებული ტემპები ბოლომდე იქნება მიყვანილი. არ შემიძლია არ აღვნიშნო ვიცე-პრემიერის ბატონ ბაკურ გულუას ძალიან კონკრეტული და მიზანმიმართული საქმიანობა. შეხვედრები რაიონებში, ზონებში, მხარეებში მინისტრებთან, სხვა რესპუბლიკურ უწყებებთან ერთად გარკვეულ შედეგებს იძლევა. თუ ყველაფერი ისე განვითარდა, როგორც დავიწყეთ, ვფიქრობ, მიმდინარე წელი სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოების თვალსაზრისით, გარდატეხის წელი იქნება.

ეკონომიკური რეფორმის შედეგს მოსახლეობა ჯერ ვერ გრძნობს, საზოგადოებაში არის დაუცველი ფენები, მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი ფენაა ვეტერანები. ახლოვდება 9 მაისის დღესასწაული, სამწუხაროა, რომ საქართველოს ვეტერანები ამ დრეს ასეთ ვითარებაში ხვდებიან...

საერთოდ, დაუცველ ფენებზე, ალბათ, მომავალში უფრო სერიოზული საუბარი იქნება იმის კვალობაზე, თუ რამდენად რეალურად მივაღწევთ პროგრესს სახალხო მეურნეობაში, ეკონომიკაში, ფინანსებში. ვფიქრობ, ამის საფუძველი უკვე იქნება.

სათქმელი 9 მაისთან დაკავშირებით მართალც ბევრია. ქართველი ხალხის წვლილი ფაშიზმზე გამარჯვებაში განსაკუთრებულია, დაწყებული რიგითი ჯარისკაცით - მხედველობაში მყავს მელიტონ ქანთარია და არა მარტო იგი - და დამთავრებული უმაღლესი მთავარსარდლით, 700 ათასი ომის მონაწილით, 300 ათასი გმირულად დაღუპულით და ასე შემდეგ.

მინდა ვისარგებლო ამ შემთხვევით და ყველა ქალაქის, რაიონის, მხარის ხელმძღვანელს, საწარმოებისა და ორგანიზაციების მეთაურებს მოვუწოდო პერსონალურად განიხილონ ყველა ვეტერანისათვის დახმარებისა და მათთვის მხარდაჭერის საკითხი. მე მათ ვავალებ სახელმწიფოს სახელით, 1 მაისამდე განიხლონ ყველა საკითხი - მხედველობაში მაქვს პენსიების გადიდება (ჩვენ უკვე მივიღეთ ეს გადაწყვეტილებები) და ა.შ. ადგილებზე, მაგალითად, თბილისში, ქუთაისში, აჭარაში, სხვა რეგიონებში გამოიძებნა საშუალებები იმისათვის, რომ გაორმაგდეს და გასამკეცდეს დახმარება. ამ განხორციელებული სამუშაოს შესახებ 1 მაისამდე სახელმწიფოს მეთაურს წარმოუდგინონ ანგარიშები,

რადგან დაუცველ ფენებზე ვსაუბრობთ, ყველაზე მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ მოტყუებული მეანაბრეები. უნდა ვთქვა, რომ სახელმწიფო განსაკუთრებულ ვალდებულებას ვერ აიღებს, მაგრამ, ამავე დროს, სახელმწიფოს არ შეუძლია დარჩეს გულგრილი იმ მოვლენის მიმართ, რომელთანაც ახლა გვაქვს საქმე. მოტყუებულია ათასობით და ათიათასობით ადამიანი. ამიტომ ჩემს კოლეგებთან ერთად მინისტრთა კაბინეტში განვიხილე ეს პრობლემა. არის გარკვეული მოსაზრებები, სხვადასხვა ვარიანტები. მივეცი ერთი კვირის ვადა იმისათვის, რომ საბოლოოდ ყველაფერი შევაჯეროდ, შევაჯამოდ, თუ რა გზები არსებობს რეალური დახმარებისათვის. ბიუჯეტიდან ეს შეუძლებელია, მაგრამ შეიძლება შემოვლითი გზები მოიძებნოს, მათ შორის, იმ წინადადებების გათვალისწინებით, რომლებიც მეანაბრეებმა თავად შემოიტანეს, მაგალითად, გარკვეული შეღავათების პირობების შექმნა.

- 14 აპრილს რესპუბლიკურ თათბირზე განსაკუთრებით მწვავედ დადგა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხი. თქვენ ბრძანეთ რომ ირღვევა პატიმართა უფლებები, არის მათი ცემის საკმაოდ ხშირი ფაქტები, მეორე მხრივ, კი დაუმსახურებლად ლმობიერი სასჯელის, თუ გამოჩენილი პატრონის წყალობით ხშირად გარედ დააბიჯებენ საკმაოდ დიდი ზარ-ზეიმით დაკავებული პიროვნებები და ერთი თემაც - იგი იმერეთის რეგიონის რწმუნებულმა დასვა შემაჯამებელ გამოსვლაში, პრინციპში, თქვენც დაეთანხმეთ მას. მან თქვა, რომ თუ სათათბირო დარბაზში სახელმწიფოს მეთაური დასვამს წესიერ ადამიანებს, მაშინ საქართველოში წესრიგი იქნება. რატომ მუშაობენ ასეთი ადამიანები მაღალ თანამდებობებზე?

- ადამიანის უფლებების დაცვა სამართლებრივი სახელმწიფოსათვის სასინჯი ქვაა, მთავარი საზომია. პირადად ჩემთვის ეს პრინციპის საკითხია. შემთხვევითი არ არის, რომ საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის სახელმწიფო კომიტეტი შეიქმნა დიდი უფლება-მოვალეობებით. არ დაგიმალავთ, რომ ეს იყო ჩემი დაჟინებული მოთხოვნა. არც ის არის შემთხვევითი, რომ დამნაშავეობასთან ბრძოლის შედეგების შეჯამების დროს, როგორც წესი, ამ კომიტეტის თავმჯდომარის სანდრო კავსაძის საკმაოდ დეტალურსა და პრინციპულ მოხსენებას ვისმენთ. როგორც აღვნიშნე, ადამიანის უფლებათა ხელყოფა შეუთავსებელია არა მარტო ჩვენს მორალთან, ზნეობასთან, მსოფლმხედველობასთან, არამედ ყოველდღიური სახელმწიფოებრივი მოვალეობის შესრულებასთან. ამავე დროს, ადამიანის უფლებათა დაცვა გულისხმობს, მოქალაქის უსაფრთხოებას, მის კონსტიტუციურ თავისუფლებათა დაცვის გარანტიებს. მე ამას უფრო ფართო სპექტრში განვიხილავ. ჩვენი კურსი დამნაშავეობასთან, ყველა ჯურის კრიმინალებთან სამკვდრო - სასიცოცხლო ბრძოლაზეა აგებული. ამ ბრძოლის წარმატების გარეშე ძნელია ილაპარაკო იმაზე, რომ საქართველოში არ ირღვევა მოქალაქეთა უფლებები. სწორედ ამ სფეროში გამოკვეთილ სასიკეთო ტენდენციებზე იყო ლაპარაკი 14 აპრილის შეხვედრაზე.

რაც შეეხება ხელმძღვანელობაში წესიერი ადამიანების პრობლემას, თუნდაც იმ დარბაზში, სადაც ჩვენ ვისხედით და თუნდაც პარლამენტში - ეს მართალაც სახელმწიფოებრივი ჩვენი ტკივილია. ვერავინ უარყოფს, რომ მაღალ და საშუალო ეშელონებში და უფრო დაბლაც, სამწუხაროდ, ბევრი არის კორუმპირებული. ამისათვის, შეიქმნა სამართალდამცავ ორგანოებში ის სტრუქტურები, რომლელსაც ჰქვია ეკონომიკურ დივერსიებთან და კორუფციასთან ბრძოლის ქვედანაყოფები. ეს ინფორმაცია გროვდება და ვფიქრობ, რომ, როცა დადგება შეტევისათვის მზადყოფნის დრო, შეტევაც დაიწყება.

- შინაგან საქმეთა მინისტრმა შოთა კვირაიამ თათბირზე ერთი საინტერესო ფრაზა თქვა: „დღეს აფხაზეთი იქცა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების დამნაშავეთა სამყაოს სათარეშო ზონად“ აფხაზებთან დაკავშირებით კიდევ ერთი ფაქტი: გასულ კვირას საკმაოდ უსიამოვნო მოვლენები მოხდა ზუგდიდში. დღეს დილით, მოვისმინეთ, რომ აფხაზეთიდან გამოდევნილებმა გარკვეული მოთხოვნა წამოაყენეს: თუ 15 მაისამდე აფხაზეთში არ აღდგება საქართველოს იურისდიქცია, ისინი სხვა ზომებს მიმართავენ და მოითხოვენ კონფლიქტის ზონიდან რუსეთის სამშვიდობო ძალების გაყვნას. მინდა ისიც აღვნიშნო, რომ დღეს ამ ინტერვიუს დაწყებამდე რამოდენიმე წუთით ადრე დასრულდა აფხაზეთის რადიოს გადაცემები, იგი პირველად გავიდა ეთერში...

- აფხაზეთთან დაკავშირებით ბატონი შოთა კვიარაია მართალია. იქ მართალც თარეშოებენ დამნაშავენი. სატირალია, რომ საქართველოს ამ კუთხეში ძალიან მძიმე კრიმინოგენური ვითარება შეიქმნა, არის განუკითხაობაც, მოწყობილი ეგზეკუციებიც, რომელთაც გალის რაიონში ადამიანთა მსხვერპლი, დახვრეტა მოჰყვა. ამის შესახებ ინფორმირებულია მსოფლიო საზოგადოებრიობა. ამან შეშფოთება გამოიწვია ყველა დონეზე, ამერიკის კონგრესში, სხვაგანაც.

ახლა თვით ძირითად პრობლემასთან დაკავშირებით. კონფლიქტის მოწესრიგების თაობაზე მოლაპარაკება არ შეწყვეტილა, პირიქით, მოწესრიგების შესაბამის სამართლებრივ დოკუმენტებზე მუშაობა ერთი დღითაც არ შეჩერებულა. ეს კვირა და მომდევნო კვირაც განსაკუთრებული აქტივობით იქნება აღნიშნული. მხედველობაში უნდა ვიქონიოდ ისიც, რომ გაეროს გენერალური მდივნის ბატონ ბუტროს ბუტროს გალის სპეციალური წარმომადგენელი ჩამოვა მოსკოვში და ისიც ჩაერთვება ამ დოკუმენტის მომზადებაში. ხაზი უნდა გავუსვათ რუსეთში ჩვენი ელჩის ვაჟა ლორთქიფანიძის უნარიან საქმიანობას. მისი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა ახლა სწორედ ამ დოკუმენტებზე მუშაობაა სხვა ჩვენს ექსპერტებთან და წარმომადგენლებთან ერთად, მათ შორის, აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებთან ერთად. შედეგებზე, ალბათ, ცოტა მოგვიანებით ვილაპარაკებთ, როცა ისინი რეალური, ხელშესახები იქნება.

რაც შეეხება ლტოლვილთა მოთხოვნებს, იმ ვადებს, რომლებსაც ისინი ასახელებენ - ძნელია არ დაეთანხმო. ისინი საოცარი მოთმინებით, სულგრძელობით იტანენ არაადამიანურ ტანჯვას, გამოწვეულს მშობლიური კუთხიდან გამოდევნით, ახლობელების დაკარგვით, მატერიალურ და ფინანსურ სიძნელეებს.

აფხაზეთის რადიოს გადაცემებს, როგორც მითხრეს, სისტემატიური ხასიათი ექნება და იგი დაეხმარება აქ დარჩენილ მოსახლეობას, ქართველებსა და სხვებს, ნათელი წარმოადგენა ჰქონდეთ, თუ რა ხდება საქართველოში.

- „ეს ის დღეა როცა ჩვენმა ხალხმა, საქართველოს ყოველმა მოქალაქემ გამოხატა უნარი, სურვილი და შესაძლებლობა, იმისა, რომ დიდი ეროვნული საქმისათვის ბრძოლაში შეკავშირება შეუძლია“ - ასე შეაფასედ თქვენ რამდენიმე დღის წინათ 1978 წლის 14 აპრილის მოვლენები. აპრილთან არის დაკავშირებული სხვა თარიღიც - 9 აპრილი. როგორ ფიქრობთ, რატომ მოხდა ისე, რომ კომუნისტური წყობის აყვავების ეპოქაში - 1978 წელს ჩვენ მოვახერხეთ თავიდან აგვეცილებინა დიდი ტრაგედია, დღევანდელი გადასახედიდან კარგად გევსმის. რა იყო მოსალოდნელი და რა შეიძლებოდა მომხდარიყო. 1989-ში კი, პერესტროიკის შუა წლებში ამის აცილება ვერ შევძელით?

- 14 აპრილი, ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ნათელი დღეა. იგი იმის მაგალითია, თუ როგორ უნდა გაერთიანდეს ხალხი უმაღლესი ეროვნული და სახელმწიფოებრივი მიზნის მისაღწევად. ეს მაგალითი დღესაც უნდა გვმატებდეს ძალას, ენერგიასა და იმის უნარს, რომ დავძლიოთ წინააღმდეგობები, რომლებიც პატრიოტულ ძალებს გვაშორებს ერთმანეთს. იმ დღეების გმირი მთელი ხალხია, განსაკუთრებით, ჩვენი სახელოვანი ქართული ინტელიგენცია და ახალგაზრდობა, ნამდვილი გმირები სწორედ ისინი იყვნენ. არც ქვეყნის ხელმძღვანელობა და მისი ლიდერი ისხდნენ ჩირგვებში. მაშინ მთელი პასუხისმგებლობა ჩვენ ვიკისრეთ, ენაც გადავარჩინეთ და ხალხიც, რადგან მოსალოდნელი იყო ძალიან მძიმე შედგები.

სამწუხაროდ, ეს არ მოხერხდა 9 აპრილს. სწორედ 9 აპრილით დაიწყო არა მარტო დაღუპულთა ოჯახების ტრაგედია, არა მარტო ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ტალღების აზვირთება, არამედ ნგრევაც ყოველივე იმისა, რაც არ უნდა დაგვენგრია და გაგვენადგურებინა. სწორედ 9 აპრილის შემდეგ ჭეშმარიტ ეროვნულ პატრიოტულ ძალებთან ერთად არენაზე გამოვიდნენ ძალები, რომელნიც შემდგომში აურაცხელ სულიერ და მატერიალურ ზარალს მიაყენებენ ქვეყანას, აურაცხელ სულიერ და მატერიალურ ტკივილს განაცდევინებენ მას.

- რამდენიმე დღეში თბილისს ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტი ჰაშემი რაფსანჯანი ეწვევა. რა შეფასებას მისცემდით ამ ვიზიტს ორ ქვეყანას შორის ტრადიციულად საინტერესო ურთიერთობის ფონზე? გარდა წმინდა პოლიტიკური ხასიათისა, ალბათ, ამ შეხვედრაზე რეგიონისთვის საარსებო მნიშვნელობის ეკონომიკური საკითხებიც დაისმება...

- თუ გავითვალისწინეთ ირანისა და საქართველოს მრავალსაუკუნოვან განსაკუთრებულ ურთიერთობას, ირანის პრეზიდენტის სტუმრობა ჩვენს ქვეყანაში უდავოდ დიდ მოვლენად უნდა ჩაითავლოს, არა მგონია ქართველი კაცი გულგრილი იყოს ამ ვიზიტის მიმართ.

ირანსა და საქართველოს შორის ახალი ურთიერთობის მშენებლობა და ამ ურთიერთობაზე ლაპარაკი იოლი არ იყო. იგი ამ ორი წლის წინათ ჩემი თეირანში სტუმრობით დაიწყო. ბატონმა რაფსანჯანიმ და ირანის ყველა ხელმძღვანელმა საოცარი გულთბილობა და კეთილგანწყობა გამოავლინეს საქართველოს მიმართ. შედეგები მართლაც შთამბეჭდავი იყო. ირანის პრეზიდენტის ვიზიტის პროცესში ამ ურთიერთობის ახალ დონეზე, ახალ ეტაპზე იქნება საუბარი. უკვე არის კონკრეტული მიმართულებები, კონკრეტული სფეროები, სადაც ორივე სახელმწიფოს შეუძლია ურთიერთხელსაყრელი და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის განვითარება საკმაოდ დიდი მასშტაბებით. ამავე დროს ჩვენ კარგად გვესმის, რომ ორივე სახელმწიფოს აქვს სხვა ქვეყნებთან ჩამოყალიბებული თანამშრომლობის ტრადიციები, პრიორიტეტები, თბილისის დიალოგი ხელს კი არ შეუშლის არამედ ხელს შეუწყობს ჩვენს სახელმწიფოთა მრავალფეროვან, მარვალასპექტრიან თანამშრომლობას გარემომცველ სამყაროსთან.

„თბილისის დიალოგი ხელს შეუწყობს საქართველოსა და ირანის მრავალსპექტრიან თანამშრომლობას გარემომცველ სამყაროსთან“ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 18 აპრილი. - 42(1058). - 1,2 გვ.

„დგება საქართველოში კონფლიქტების მოგვარების გადამწყვეტი დღეები“

ედუარდ შევარდნაძის 24 აპრილის რადიოინტერვიუ

- განვლილ კვირას საქართველოში გაიმართა ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის ბატონ რაფსანჯანის ვიზიტი, რომელიც, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისითაც არის საინტერესო. გასულ კვირას საქართველოს ეწვია ბატონი უაიტი, რაც ასევე რესპუბლიკის ეკონომიკური ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტი იყო... - ჟურნალისტ ნატო ონიანის ამ შეკითხვის პასუხად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ - სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა:

- ქვეყნის ეკონომიკური აღორძინება და საბაზრო ურთიერთობების დამკვიდრება წარმოუდგენელია, თუ არ გვექნება მრავალმხრივი და ფართომასშტაბიანი საგარეო-ეკონომიკური კავშირურთიერთობა, სწორედ ამ თვალთახედვით დიდი მნიშვნელობა ენიჭება რეგიონულ თანამშრომლობას. ამ რაკუსით არის აღსანიშნავი ის მოვლენები, რომლებიც გასულ კვირას რესპუბლიკის ცხოვრებაში მოხდა.

საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის ბატონი რაფსანჯანისა და ამერიკის შეერთებული შტატების ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის ბატონ უაიტის ვიზიტებმა, მათთან გამართულმა მოლაპარაკებებმა ცხდაყვეს, რომ ინტენსიური ეკონომიკური კავშირურთიერთობა, გაჯერებული, დაბალანსებული საგარეო-ეკონომიკური კურსი არის ის ბერკეტი, რომელმაც უნდა მოგვცეს რეალური საფუძველი ქვეყნის ხელსაყრელი გეოპოლიტიკური მდებარეობის შედეგიანად გამოყენებისათვის. ირანის პრეზიდენტთან და მთავრობის წარმომადგენლებთან ხელმოწერილი დოკუმენტები უდავოდ ფართო პერსპექტივებს სახავს. ირანის მხარე მზად არის ჩვენი სამრეწველო პოტენციალის ამოქმედების, მაგისტრალების გამოყენების, ერთობლივი საწარმოების შექმნისა და დიდმნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსებისათვის კონკრეტული ნაბიჯები გადადგას. მათთან ურთიერთობის გაფართოება კიდევ უფრო რეალურს ხდის ევრაზიის დერეფნის იდეას, რასაც ჩვენთვის, უდავოდ, დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია. მხოლოდ ერთი მაგალითი: რომ ირანს რამოდენიმე მილიონი ტონა ტვირთი აქვს გადასატანი ევროპისაკენ და მისაღები ევროპიდან, შესაძლებელია ეს ტვირთი გავატაროდ საქართველოს ტერიტორიაზე, აქედან გამომდინარე მთელი სასიკეთო შედეგებით, შემოსავლებით, სათანადო ინფრასტრუქტურის, ახალი სამუშაო ადგილების შექმნითურთ და ა.შ.

სამთავრობო დონეზე საქართველო-ამერიკის სისტემატიური ურთიერთობის ლოგიკური გაგრძელებაა ამერიკის შეერთებული შტატების ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის ბ-ნ უაიტის ვიზიტი. ამ ვიზიტს უნდა მოჰყვეს ეკონომიკის საბაზისო დარგების რეაბილიტაცია და ენერგეტიკული პრობლემების დაძლევა, ურომლისოდაც განუხორციელებელი დარჩება ორმხრივსასარგებლო შეთანხმებები და ურთიერთობა, რასაც ესწრაფიან დასავლური ბიზნესისა და საქართველოს საქმიანი წრეები. ენერგოუზრუნველყოფისა და გამტარუნარიანი სატრანსპორტო მაგისტრალების გარეშე ზედმეტია ლაპარაკი ქვეყნის ეკონომიკურ აღორძინებაზე. სწორედ ამ ნიშნით იყო აღნიშნული ის კონკრეტული პრობლემებიც, რომელთა გადასაჭრელად გასულ კვირაში მუშაობდა რესპუბლიკის ხელმძღვანელობა.

ბატონ უაიტთან საუბარში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა იყო ნავთობსადენების პრობლემა. მე უკვე მქონდა საშუალება მეთქვა, რომ თუკი საქართველო ის ქვეყანა იქნება, რომელმაც უნდა გაატაროს ნავთობსადენები, ჩვენ მივესალმებით ასეთ გადაწყვეტილებას. ისიც ვთქვი, რომ ჩვენ მზად ვართ გავითვალისწინოდ ყველა იმ ქვეყნის ინტერესები, რომელიც ასე თუ ისე მონაწილეობს ნავთობსადენების მშენებლობასთან დაკავშირებულ დიალოგებში, საერთოდ იქ ასტრონომიულ ციფრებთან გვაქვს საქმე - უზარმაზარი მოცულობის ნავთობი უნდა გაიტანონ ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან და აზერბაიჯანიდან ევროპის სახელმწიფოებისაკენ. ბუნებრივია ამას მოჰყვება მთელი საერთაშორისო კონიუნქთურის სერიოზული შეცვლა ენერგოშემცველების სფეროში. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საქართველო ამ დიდი დიალოგის ერთ-ერთი მონაწილეა და მისი ადგილი თანდათანობით უფრო ნათლად იკვეთება.

ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, რესპუბლიკურ ბიუჯეტში შემოსავალმა წლის დამდეგიდან 55 ტრილიონი კუპონი შეადგინა, აქედან, საგადასახადო და არასაგადასახადო შემოსავალი 14 ტრილიონი კუპონია, ასევე 14 ტრილიონი კუპონი შეადგინა გრანტების სახით მიღებული პროდუქციის რეალიზაციიდან შემოსავალმა. რესპუბლიკური ბიუჯეტიდან გაწეული ხარჯების დასაფინანსებლად კი ეროვნული ბანკიდან გაცემულია კრედიტი 27 ტრილიონი კუპონის ოდენობით (ამ კრედიტის წყაროა ის, რასაც საერთაშორისო ორგანიზაციები გამოყოფენ) 1 აპრილიდან 20 აპრილამდე რესპუბლიკურმა ბიუჯეტმა საკუთარი საგადასახადო და არასაგადასახადო შემოსავლების სახით მიიღო 5 ტრილიონი კუპონი, გრანტების სახით მიღებული პროდუქციის რეალიზაციის შემოსავალმა 3 ტრილიონი შეადგინა. აპრილში რესპუბლიკის მთავრობამ მიიღო მსოფლიო ბანკის სარეაბილიტაციო კრედიტის ნაწილი 15 მილიონი ამერიკული დოლარის ოდენობით. მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ აღნიშნული კრედიტი 1995 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ 1995 წლის 11 იანვრის კანონის თანახმად წარმოადგენს რესპუბლიკური ბიუჯეტით დამტკიცებული საგეგმო ხარჯების დაფინანსების ერთერთ უმნიშვნელოვანეს წყაროს და მისი დაგვიანებით მიღება დიდი სირთულეებს ქმნის ხარჯების დაფინანსების საქმეში. მადლობა ღმერთს, რომ ახლა ეს გამოსწორებულია. და კიდევ ერთი ტრადიციული თემა 17 აპრილს თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე გამართულ საჯარო ვაჭრობაზე კომერციული ბანკების მოთხოვნამ 270 ათასი ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც მთლიანად დააკმაყოფილა ეროვნულმა ბანკმა. კურსი წინანდელ დონეზე დარჩა: 1 დოლარი - 1.300.000 კუპონი, რუსულ რუბლებზე გარიგება არ დადებულა. 18 აპრილს ბანკების მოთხოვნა 626 ათასი ამერიკული დოლარი იყო. დოლარის გაყიდვის სურვილი არცერთ კომერციულ ბანკს არ გამოუთქვამს. რაც შეეხება მოთხოვნას 25 მილიონ რუსულ რუბლზე, იგი ერთ-ერთმა კომერციულმა ბანკმა დააბალანსა კურსით 1 რუსული რუბლი - 266 კუპონი. 21 აპრილს გამართულ ვაჭრობაზე კომერციული ბანკების მოთხოვნა 440 ათასი დოლარი იყო. მათვე მიაწოდეს 42 ათასი დოლარი. მოთხოვნის დანარჩენი ნაწილი ეროვნულმა ბანკმა დააკმაყოფილა. კურსი იგივეა.

საინტერესოდ წარიმართა რუსული რუბლით ვაჭრობა. გასაყიდად გამოტანილი იყო 70 მილიონი რუბლი. რაკი წინა ვაჭრობაზე კურსი რამდენადმე მაღალი იყო, საწყისი კურსით მოთხოვნა არცერთ ბანკს არ გამოუთქვამს. კურსი მკვეთრად დაეცა და ვაჭრობის შედეგად მან შეადგინა: 1 რუსული რუბლი - 215 კუპონი. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგია ამ ბოლო თვეების განმავლობაში.

კიდევ ერთი ტენდენცია ენერგოსისტემის რეჟიმული მდგომარეობა შედარებით სტაბილური გახდა, სიხშირე თითქმის მუდმივად 55 ჰერცის ფარგლებშია, რამაც სისტემას მუშაობის უფრო ნორმალური პირობები შეუქმნა. წყლის ხარჯი გაზრდილია ყველა ჰიდროელექტროსადგურზე და ძირითადად სწორედ ამით ხდება რეგულირება, თუმცა აქ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. გასულ კვირაში ენერგოსისტემის რეჟიმი შედარებით მართვადი იყო, ვინაიდან მომხმარებელთა მიერ ელექტროენერგიის ხარჯვა გამოყოფილი ლიმიტების ფარგლებში ხდებოდა.

კვლავ უფრო მეტად არის დაძაბული ენერგოსისტემების ფინანსური მდგომარეობა. დებიტორულმა დავალიანებამ უკვე 120 ტრილიონი კუპონი შეადგინა, დაგროვდა ბევერი სხვა პრობლემა. დიდი თბილისის დავალიანება - 33 ტრილიონი კუპონი, ქუთაისი 10 - ტრილიონი, რუსთავის - 2 ტრილიონი, საწარმოო გაერთიანება „თბილწყალკანალის“ - 3 ტრილიონი, „აზოტის“- 3 ტრილიონი და ასე შემდეგ. ხვალ გაიმართება თათბირი ენერგეტიკის საკითხებზე, განვიხლიავთ არსებულ ვითარებას და უახლოეს პერსპეტივას. ასეთი შეხვედრები სახელმწიფოს მეთაურის დონეზე ტრადიციად უნდა იქცეს, ალბათ, ან ყოველკვირეული შეხვედრებია საჭირო იმისათის, რომ ის მძიმე ზამთარი, რომელიც ჩვენ გადავიტანეთ, აღარ განმეორდეს.

15 აპრილს რუსთავში გაიმართა სამთო და ქიმიურ საწარმოთა ხელმძღვანელების შეხვედრა, რომელზეც დარგის საარსებო ინტერესებიდან გამომდინარე ბევრი და მნიშვნელოვანი, სასიკეთო რამ გადაწყდა. საგულისხმოა, რომ ბოლო დროს ამ კომპლექსში მთელი რიგი ახალი მიმართულებები გამოიკვეთა. მაგალითად, ახლა ჰოლდინგურ კომპანია „სამთო ქიმიაში“ (კომპანიის შექმნასთან დაკავშირებით მე სპეციალური ბრძანებულება გამოვეცი და მხარი დავუჭირე სპეციალისტების წამოწყებას) ფართო ხასიათის სამუშაოები მიმდინარეობს ქართული შუშის გამოშვებისათვის, ბენტონიტური თიხის ბაზაზე მყარი საპნის წარმოებისა და სამკურნალო საშუალებათა დამზარდებისთვის. აქ, სხვათა შორის, ძალიან ინიციატივიანი ხალხი მუშაობს, ძველ საბჭოთა ხელისუფლების დროსაც ასე იყო და ახლაც თავისი ადგილი იპოვეს. მხედველობაში მყავს ბატონი ნიკა ცხაკაია და მისი კოლეგები. მნიშვნელოვნად იზრდება ცეოლითის წარმოება და მისი გამოყენება ფაიფურის წარმოებაში კაოლინის ნაცვლად, აგრეთვე, ლითოფონის, სასუქების წარმოება და ასე შემდეგ.

რესპუბლიკაში დიდი შესაძლებლობებია ჩვენი მრეწველობის ადგილობრივი ნედლეულით უზრუნველყოფისათვის. დასახელებული მაგალითები სწორედ ამას მოწმობს. საჭიროა შესაძლებლობების ეფექტიანად გამოყენება. უახლოეს მომავალში, მაგალითად, ზუგდიდის ფაიფურის ქარხანა მთლიანად ადგილობრივი ნედლეულის ბაზაზე იმუშავებს. ამიტომაც, ქარხნის მუშაობას განსაკუთრებული ხელშემწყობი პირობები დავუწესე, დროებით გავათავისუფლე თითქმის ყველა გადასახადისაგან, ამან დიდი სტიმული მისცა იმ მიმართულებას, რომლის შესახებაც ახლა ვილაპარაკე.

ენერგოშემცველების დეფიციტის გამო კვლავ დაბალია სამრეწველო საწარმოთა ეფექტიანობა. სრული დატვირთვით ვერ მუშაობენ გაერთიანება „აზოტი“, ლითოფონის ქარხანა და ზოგიერთი სხვა. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს რკინიგზაზე ტვირთების გადაზიდვის ორგანიზაციას და პასუხისმგებლობის საკითხებს. რკინიგზას აქვს თავისი სირთულეები, მაგრამ ისინი ერთობლივად უნდა დავძლიოდ, მაგალითად ერთი კვირის წინათ ქუთაისის ლითოფონის ქარხანას დაუბრუნდა შარშან დეკემბერში ბელარუსში გაგზავნილი ორი ვაგონი საღებავი, რომელიც როგორც გაირკვა საქართველოს ტერიტორიასაც კი არ გასცილებია. პროდუქცია ჩათვლილია რეალიზაციაში და ბიუჯეტის წინაშე დავალიანებისათვის საწარმოს საურავი უნდა გადახდეს. ეს არ არის ნორმალური მოვლენა. ასეთი შემთხვევების მოთმენა უკვე აღარ შეიძლება. ასეთია მოკლედ ამ კვირის შედეგები.

- გასულ კვირას გაიმართა თანამეგობრობის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების თათბირი, როიმელზეც ჩვენმა მხარემ სამშვიდობო ძალებისთის მანდატის გაფართოება მოითხოვა. გენერალმა იაკუშევმა განაცხადა, რომ ჯარი პოლიციის ფუნქციებით უნდა იყოს აღჭურვილი, რათა აფხაზეთში რაიმე რეალური ნაბიჯის გადადგმა მოახერხოს. საბოლოო გადაწყვეტილებას სახელმწიფოს მეთაურები 26 მაისს მიიღებენ. იმედია, თქვენი პოზიცია არ განსხვავდება საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიციიდან, მაშ, რატომ დადგა დღის წესრიგში უფლებების გაფართოების საკითხი იმ ძალისათვის, რომელიც ჯერჯერობით მაინც, რეალურად მინიჭებულ უფლებებსაც ვერ იყენებს ბოლომდე? კიდევ ერთხელ მინდა გავიხსენო რესპუბლიკურ თათბირზე ბატონ შოთა კვირაიას მიერ წარმოთქმული სიტყვები, რომ აფხაზეთი თანამეგობრობის მასშტაბით ტერორიზმისა და ბანდიტიზმის პოლიგონად იქცა...

- საგარეო საქმთა და თავდაცვის მინისტების თათბირში მონაწილოებდნენ ჩვენი წარმომადგენელები - ბატონები ნადიბაიძე თავის ჯგუფთან ერთად და ალექსანდრე ჩიკვაიძე, რა თქმა უნდა მათ გამოხატეს ის პოზიცია, რომლის შესახებაც ჩვენ თბილისში შევთანხმდით, საერთოდ კი საქმე ასეა: ლტოლვილთა დაბრუნების საკითხი დღის წესრიგში რეალურად დადგა. სწორედ ამ საკითხებზე მიმდინარეობს ახლა მოსკოვში გაცხოველებული დისკუსია ჩვენი წარმომადგენლების მონაწილოებით. ამასთან, ჩვენ ყოველთვის მოვითხოვდით, რომ სამშვიდობო ძალების მანდატში კონკრეტულად მიეთითებინათ დასაბრუნებელი მოსახლოების უსაფრთოხების გარანტიები. სამწუხაროდ, წინა ეტაპზე მხოლოდ ზოგადი ხასიათის დებულებებით შემოიფარგლნენ. ახლა სავსებით სწორად დგას თითოეული მოქალაქის რეალური, კონკრეტული უსაფრთხოების საკითხი, გენერალი იაკუშევიც ამასვე ლაპარაკობს და ეს მისასალმებელია. რაც იგი სამშვიდობო ძალებს სარდლობს, მან პირველად გამოთქვა მოსაზრება, რომ დაბრუნებულ მოქალაქეთა უსაფრთხოების გარანტიებისთვის საჭიროა მანდატი. მის გამოსვლაში არის ზოგიერთი სხვა საინტერესო ასპექტიც.

საბოლოო გადაწყვეტილებას მანდატის გაგრძელების ან მანდატის ახალი შინაარსის შესახებ სახელმწიფოს მეთაურები მიიღებენ, დგება საქართველოში კონფლიქტების მოგვარების გადამწყვეტი დღეები და რუსეთის ხელმძღვანელობა ამ თვალსაზრისით უნიკალურ მისიას ასრულებს. შეიძლება საქართველო გახდეს სწორედ ის ქვეყანა, სადაც საკმაოდ ეფექტიანად და ყველა მხარისთვის მისაღები პირობების დაცვით შედარებით სწარაფად მოგვარდება კონფლიქტები. მისასალმებელია, რომ მშვიდობიანი მოწესრიგების პროცესში მონაწილეობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციაც (მხედველობაში მყავს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომამდგენელი) ევროპის სტრუქტურები და სხვა, აქტიურია თანამეგობრობის ქვეყნების მხარდაჭერა უნდა გითხრათ, რომ თავდაცვის მინისტრების, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრებზე თანამეგობრობის თითქმის ყველა ქვეყანამ აქტიურად დაუჭირა მხარი საქართველოს ერთიანობას, ტერიტროიულ მთლიანობას და მოითხოვეს, რაც შეიძლება სწრაფად მოგვარდეს და დამთავრდეს საქართველოს ტერიტორიული გამთლიანების, სამშვიდობო პროცესი.

ამ კითხვაზე პასუხს ასე დავამთავრებდი: როგორც ამბობენ, გამოჩნდა სინათლე გვირაბის ბოლოს.

ახლა, რაც შეეხება ტერორიზმს, ჩვენი მონაცემებით (ბატონი კვირაია მართალია) არსებობს სერიოზული გარიგება არძინბას რეჟიმსა და ჩეჩენ ბოევიკებს შორის მათი აფხაზეთში დაბანაკების შესახებ, ეს შემოწმებულია სხვადასხვა არხებით და წყაროებით. ასეთი მოძრაობა აფხაზეთისაკენ უკვე დაიწყო. თუ ასეთი რამ ხდება, ესე იგი, თუ ასეთი ბანაკები შეიქმნება აფხაზეთში, მაშინ აფხაზეთი გადაიქცევა ტერორისტების და დაქირავებული მკვლელების ბაზად და იგი საფრთხეს შეუქმნის არა მარტო რეგიონს, არამეს სხვა ქვეყნებსაც. ჩვენ ყველაფერს ვიღონებთ, რათა ეს არ მოხდეს. გასაგები მიზეზების გამო, მხოლოდ ჩვენი ძალისხმევა, რა თქმა უნდა საკმარისი არ არის, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული ჩვენი სტრუქტურებისა და რუსეთის შესაბამისი უწყებების სწორ ურთიერთქმოქმედებაზე. მუშაობა უკვე დაიწყო და ვფიქრობ შეიქმნება ურთიერთქმედების სწორი სისტემა.

ამავე დროს მივმართავ აფხაზეთში დარჩენილ მოსახლეობას - წინ აღუდგეს ამ დანაშაულებრივ გარიგებას, რადგანაც ეს საბოლოო ანგარიშით აფხაზეთის მოსახლოების ინეტრესების საწინააღმდეგოდ იქნება მიმართული, იმ მოსახლეობისთვისაც, ვინც აფხაზეთში დაბრუნდება, იქნებიან ისინი ქართველები, აფხაზები თუ რუსები.

რამდენად საშიშია ტერორიზმი, ტერორისტული ჯგუფების ფორმირება, მათი შექმნა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შერბილება, ეს ჩვენი მაგალითიდანაც ჩანს: რამდენი უსიამოვნება და უბედურება შევგვხვდა ასეთ მოვლენებთან დაკავშირებით. ამ დღეებში საგანგებო ვრცელი დეპეშა გავუგზავნე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ბატონ კლინტონს ოკლაჰომა-სიტიში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით. ყურადღება მივაქციე იმ ფაქტს, რომ სამი დღის წინათ პრეზიდენტ კლინტონის მიერ გაკეთებულ მიმართვაში იგი ტერორისტების სიკვდილით დასჯას მოითხოვს. მიმაჩნია, რომ ყველა სახელმწიფოს ძალისხმევა უნდა გაერთიანდეს (სწორედ ამას ვწერ ბატონ პრეზიდენტს) იმისათვის, რომ როგორც იტყვიან, მიწასთან გავასწოროდ ტერორიზმი, აღმოვფხვრად იგი როგორც მოვლენა ჩვენი პლანეტის ცხოვრებიდან.

- დღეს საქართველოში ბევრს ლაპარაკობენ ფედერალური მოწყობის თაობაზე. თქვენი აზრით რამდენად შეუწყობს ხელს ფედერალური მოწყობა იმ ტიპის პრობლემების გადაჭრას, როგორიც აფხაზეთის პრობლემაა?

- საქართველოს ფედერაციული რესპუბლიკა იქნება ის სახელმწიფოებრივი და ტერიტორიული მოწყობის ყველაზე მისაღები ფორმა, რაც აფხაზეთისა და ქართულ ოსური კონფლიქტის სწრაფი მოწესრიგების გარანტიას შექმნის. რასაკვირველია ფედერაციულ მოწყობაშისხვა ასპექტიც არის, მაგრამ ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არგუმენტია ფედერაციული მოწყობის სასარგებლოდ. ახლა დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობაში არ უნდა შეგვეშინდეს საქვეყნო პრობლემების მიმართ გაბედული მიდგომებისა, რა თქმა უნდა, საკუთარი და უცხოური მდიდარი გამოცდილების გათვალისწინებით. ამავე დროს არ შეიძლება მუდმივად საკუთარ წარმოდგენათა ტყვეობაში ვიყოთ, როგორც ეს ზოგიერთ პოლიტიკოსს მოსდის. ცხოვრებისეული რეალობები ჩვენს შეხედულებებზე უფრო სწრაფად იცვლება და ჩვენც ობიექტური კანონზომიერებებით უნდა ვიხელმძღვანელთ და არა მოძველებული, თუნდაც ტრადიციული წარმოდგენებით. ამ თემაზე უახლოეს დღეებში გაიმართება დიალოგი პარლამენტთან, დიალოგი ხალხთან. ჩემი წინასწარი ვარაუდით, ბევრი არსებითი ხასიათის პრობლემა სახელმწიფო მოწყობისა და მომავალი არჩევნების შესახებ ხალხმა, მოქალაქეებმა უნდა გადაწყვიტონ.

- განვლილ კვირას პარლამენტი კვლავ დაუბრუნდა თენგიზ კიტოვანის საქმეს. ირაკლი წერეთლის განცხადებით, რომელმაც ჟურნალისტების განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, თქვენ დაგირეკავენ და პატიმარს გაათავისუფლებთ. თუ ელემენტარულ ლოგიკას გავყვებით, ირაკლი წერეთელი თქვენ ყოველთვის აღგიქვამდათ როგორც პრორუსული ორიენტაციის პოლიტიკოსს. აქედან გამომდინარე, თქვენ რომ პატიმარი გაათავისუფლოთ, უნდა დაირეკოს რუსეთიდან, მაშინ იბადება ბუნებრივი კითხვა: რატომ უნდა იყოს დაინტერესებული რუსეთი ყოფილი თავდაცვის მინისტრით?

- ამ თემაზე დეტალურად არ ვილაპარაკებ. კიტოვანის თემა არ არის სახელმწიფო მეთაურის თემა. არსებობს სათანადო ორგანოები, რომლებსაც შეიძლება ასეთი კითხვით მიმართონ. ეიე კი, დავიღალე ამაზე ლაპარაკით, რომ პარლამენტარები უფრო სერიოზულად უნდა მსჯელობდენ სახელმწიფოებრივ პრობლემებზე, სახელმწიფოებრივ საკითხებზე. სამწუხაროდ, ამაოდ ვირჯები (ეს ყველას არ ეხება, მაგრამ, ვისაც ეხება, ისინი თვითონ მიხვდებიან). რას ნიშნავს - დარეკავენ და გაუშვებენ პატიმარს? ესე იგი, შენ რომ მოხვიდე ხელისუფლების სათავეში ასე მოიქცევი? არ ვიცი, მოვა თუ არა, აქვს თუ არა იმედი, ან რომელი ქვეყნიდან დაურეკავენ. მართალი გითხრათ, სხვა „მარგალიტებიც“ ბლომად დაახვავეს იმ სხდომაზე, მაგალითად, ასეთი: რას ჩავეხუტედ ირანს და სხვა. არაფერს ვამბობ სახელმწიფოს მეთაურის ლანძღვა-გინებაზე. მე შემიძლია მხოლოდ მოქალაქეებს მივმართო, ეს არის ჩემი აუდიტორია: ყველაფერი კარგად ავწონ-დავწონოთ, როგორი კონსტიტუცია, როგორი საარჩევნო კანონი უნდა მივიღოთ და ვინ უნდა ავირჩიოთ პარლამენტში, თუ იქნება პრეზიდენტის ინსტიტუტი - პრეზიდენტად, რათა ამ კოშმარებიდან განვიკურნოთ და სახელმწიფოს ბედი სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანებს ჩავაბაროთ. ასეთები კი არცთუ ცოტანი არიან საქართველოში.

- დღეს ხსოვნის დღეა. მთელი გასული კვირა უმნიშვნელოვანესი იყო ქრისტიანული საქართველოსთვის. ხუთშაბათს მცხეთაში მირონი მოიხარშა, გუშინ კი მაცხოვრის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული იზეიმა საქართველომ...

- ამ დღეს საქართველო ლოცვა-კურთხევაში ატარებს და ეს აუცილებელია. ჩვენს სულსა და ხორცს განკურნება და განწმენდა სჭირდება. განწმენდა სჭირდება ხალხსაც, უზნეობამ და უღმერთობამ, შურმა ღალატმა და უმეცრებამ საშინელი ტკივილები დაგვიტოვა. მადლობა ღმერთს, ხალხი ღვთისკენ შემობრუნდა და ეს არის სამშობლოს გადარჩენის უპირველესი ნიშანი. დიდი ყურადღებით მოვისმინე უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კატალიკოს-პატრიარქის ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლე. მინდა ყველას ვურჩიო, ღრმად გაიაზრონ, რასაც პატრიარქი ღმერთის ჩაგონებით ბრძანებს.

დღეს ხსოვნის დღეა. პირველი, ვისაც უნდა ვეახლო და თაყვანი ვცე, აფხაზეთში დაღუპული ვაჟკაცები არიან, მათი სახელი ვადიდო და მათი სული მოვიხსენო.

„დგება საქართველოში კონფლიქტების მოგვარების გადამწყვეტი დღეები“ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 26 აპრილი. - 46(1062). - 1,2 გვ.

32 დრო დიდ წინაპართა ანდერძის აღსრულებისა

▲ზევით დაბრუნება


საოცრად შთამბეჭდავი პარალელების გავლება იცის ხოლმე ზოგჯერ ისტორიამ. ახლაც ასეა.

თითქმის ოთხმოცი წლის წინ 1916 წელის მარტის თვეში, საქართველოს მეტად ძნელსა და მნიშვნელოვან დღეებში, თბილისში ჩამოვიდა აჭარის დეპუტაცია, ხოლო იმავე წლის აპრილის ბოლოს - აფხაზეთის დეპუტაცია.

ახლაც, მეტად მნიშვნელოვან და ძნელ დღეებში, თბილისი აჭარელ ძმებს მასპინძლობს, მაშინ მათ დეპუტაციაში ოცი კაცი იყო. დღეს - ორასზე მეტი.

იმ დეპუტაციის წევრმა რეჯებ ნიჟარაძემ მაშინ მასპინძლებს სთხოვა: „თუ გსურთ მარტო სიტყვიერ შეერთებად არ გამოვიდეს გასაჭირში მყოფ ძმების შეხვედრა, მაშინ მოგვეცით სწავლა-განათლება და ოცდაათი წლის შემდეგ ჩვენც დაგეწევით, არაფერში ჩამოგრჩებით“ ოთხმოცი წლის გავიდა მას შემდეგ, თითქმის ოთხმოცი, ადამიანისთვის ერთი ცხოვრება, ისტორიისათვის კი წამი, და აჭარა დღეს სულ სხვაა - ერთ-ერთი მოთავე, ერთ-ერთი პატრონი და ერთ-ერთი განმათავისუფლებელი ქართული კულტურისა.

ჩვენი აჭარელი ძმების ახლანდელი სტუმრობა თბილისში ყოველივე ამის და დროთა კავშირის თვალსაჩინო გამოხატულება გახლავთ.

სტუმრები თავის დედალაქში, თბილისში, მეტად შთამბეჭდავად ჩამობრძანდნენ - ახლადდაარსებული საოპერო თეატრის სამი სპექტაკლით, მხატვართა გამოფენით, მწერლებით, სამთავრობო დელეგაციით.

იმ დეპუტაციის წევრი, ერთიანი საქართველოსთვის თავგამოდებული მებრძოლი, დიდი ქართველი მოღვაწე მემედ აბაშიძე გახლდათ, რომელიც ამბობდა: ჩვენ ქართველები ვართ და ამით ვამაყობთ, ხოლო დღევანდელი შესანიშნავი დღეების უკან მისი შვილიშვილი, ასლან აბაშიძე დგას, აჭარის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე.

მემედ აბაშიძე, თავად შესანიშნავი მოქალაქე და ყოველივე ქართულის დაცვისთვის რეპრესირებული და დახვრეტილი, დღეს ჩვენს გვერდითაა არა მხოლოდ თავისი სახელით, არა მხოლოდ თავისი შვილისშვილით, არამედ იმ მნიშვნელოვანი წვლილითაც, რომელიც დღეს შეაქვს საქართველოს უბრწყინვალეს კუთხეს აჭარას, ქართული კულტურის გადარჩენასა და განვითარებაში, საქართველოში მშვიდობის დამყარებასა და საქართველოს ერთიანობის დაცვაში. ეს მეტად ბევრს ნიშნავს.

იმ ჩამოსვლისას დეპუტაციის ხელმძღვანელი ხოჯა ციბაძე ამბობდა: „უზენაესის განგებით, გათიშულნი ძმანი კვლავ ერთად ვართ.. და ეს უნდა დაედოს საფუძვლად ჩვენს ერთობას.. ერთია ჩვენი სამშობლოც და ურთიერთს საქმით უნდა დავეხმარნეთ მის აღსადგენად“

დღეს, აჭარა თავად უჩვენებს საქართველოს შესანიშნავ მაგალითს ყოველივე ამისა, მისაბაძ მაგალითს.

ყველაფერი ეს მნიშვნელოვნად სცილდება ერთი პიროვნების ღვაწლის დაფასებისა და ხელოვნების ვიწრო ფარგლებს.

გვიჭირს, მაგრამ ამ გაჭივრებაშიც უნდა შევძლოდ ადამიანებად, მაღალი კულტურის ადამიანებად დარჩენა.

ქვეყანას არ შეუძლია ასეთ დღესასწაულთა გარეშე არსებობა.

მალე ჩვენ ქუთაისში ვიდღესასწაულებთ „საქართველოს ერთიანი ქართული სახელმწიფოს აღდგენის ათას წლისთავს“ ბათუმი უმასპინძლებს შავი ზღვის აუზის ქვეყნების საერთაშორისო კინოფესტივალს „ოქროს არწივს“, თბილისი - საერთაშორისო ფორუმს „შეუწყნარებლობის წინააღმდეგ, სოლიდარობისა და კულტურათა დიალოგისათვის.“

ნაწილი ამათგან უცხოელთა დახმარებით კეთდება, ნაწილი ჩვენი სახსრებით, ძნელია ამ სახსრების შოვნა მაგრამ აუცილებელი.

არ შეიძლება ჩვენი ბავშვები მხოლოდ უბედურებასა და ვაივიშში გაიზარდონ, არ შეიძლება, მსოფლიო გვიყურებდეს, როგორც მხოლოდ ყაჩაღთა და მათხოვართა ქვეყანას.

ჩვენ მსოფლიოს თვალნათლივ უნდა დავანახოდ ჩვენი კულტურული პოტენციალი, დავანახოდ, რომ ჩვენც გვაქვს მსოფლიო ცივილიზაციაში შეტანილი ჩვენი წვლილი და კიდევ შეგვიძლია შეტანა ე.ი დავანახოდ, რანიც ვართ სინამდვილეში.

ჩვენ მსოფლიოს უნდა დავანახოდ, რომ საქართველო მრავალფეროვანი მთლიანი და ტოლერანტული ქვეყანაა, რომ აქ ადამიანებს საღვრთო სიყვარულით უყვართ ერთმანეთი. საქვეყნოდ დავადასტუროდ, რომ არა სიძულვილი და გაუტანლობა, არამედ სიყვარულის ნიჭი უბოძებია ჩვენთვის განგებას.

ჩვენ მსოფლიოს უნდა დავანახოდ, რომ ჩვენთვის წინაპართა ხსოვნა და სახელი მხოლოდ საამაყო და კეთილად მოსაგონარი რამ კი არ არის, არამედ დიდი პასუხისმგებლობაც ჩვენი შთამომავლობის წინაშე.

მათ ანდერძს წმინდად უნდა ასრულება - მუდამ და ყოველდღიურად უნდა ვიღვაწოთ საქართველოსთვის, დაუღალავად უნდა დავიცვად მისი სულიერი, კულტურული და სახელმწიფოებრივი მთლიანობა.

ასეთია ანდერძი ჩვენი წინაპრებისა, ასეთია ანდერძი დიდი ილიას ერთგული მიმდევრის მემედ აბაშიძისა, ასეთია ანდერძი ყველა მათი, ვისაც საქართველო სწამდა უმაღლეს ყოვლისა.

დადგება დრო, სხვა კუთხეთა შვილებიც ჩამოვლენ თბილისში თავისი ხელოვნების შთამბეჭდავი დემონსტრაციით, დადგება დრო და ისევე, როგორც თითქმის ოთხმოცი წლის წინათ, აჭარის დეპუტაციის შემდეგ აფხაზეთის დიდი კულტურული დელეგაციაც ჩამოვა თბილისში იმის სათქმელად, რომ მრავალფერი საქართველო ერთია, ერთი მთლიანი ღვთისა და ერის წინაშე.

დადგება დრო და ოსთა და ქართველთა ჭრილობები მოშუშდება და თბილისი კვლავ უმასპინძლებს ამ კუთხის შვილთა კეთილ მისიებს.

კურთხეულ იყოს ეს ერთიანობა და ეს ერთმანეთისკენ წმინდა სწრაფვა.

თბილისი.
ედუარდ შევარდნაძე.

დრო დიდ წინაპართა ანდერძის აღსრულებისა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 29 აპრილი. - 48(1064). - 1 გვ.

33 „ვულოცავ ამ ისტორიულ თარიღს ჩემს ხალხს, ომის ყველა მონაწილეს, დაღუპულთა ოჯახებს...“

▲ზევით დაბრუნება


ედუარდ შევარდნაძის 1 მაისის რადიოინტერვიუ

- სულ 2-3 თვის წინათ რადიოინტერვიუს მძიმე ზამთარზე საუბრით ვიწყებდით. დღეს პირველი მაისია დადგა გაზაფხულის ბოლო თვე. გასულ კვირას თქვენთან გამართულმა ენერგეტიკული საკითხებისადმი მიძღვნილმა თათბირმა ცხადყო, რომ ზამთრისთვის მზადებას მაინც არასტაბილური და იმპულსური ხასიათი აქვს, ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, თითქოს მომავალი ზამთარი გუბერნატორებს უფრო აწუხებთ, ვიდრე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, გასული კვირის ეკონომკურ მიმოხილვაში, ალბათ, ესეც გასათვალისწინებელი მომენტი იქნება.

დღეს პირველი მაისია და არც ისე შორეულ წარსულში მას დიდი შრომით მიღწევებს უძღვნიდნენ, იმართებოდა მშრომელთა სოლიდარობის დღის აღსაღნიშნავი დემონსტრაციები... - ჟურნალისტ ნატო ონიანის ამ კითხვის პასუხად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომერემ სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა:

- მინდა პირველი მაისი მივულოცო ჩვენს რადიომსმენელებს. პირველი მაისი ტრადიციული დღესასწაული იყო ჯერ კიდევ რევოლუციამდე, ხოლო მის შემდეგ განსაკუთრებული სახე მიიღო. ჩემი აზრით, ზოგიერთი რამის დავიწყება არ შეიძლება, მაისი-მაისია, გაზაფხული-გაზაფხულია და ყოველთვის მოაქვს კეთილი გრძნობები, განწყობილება. ვისურვებდი, სწორედ ეს კეთილი განწყობილება დამკვიდრებულიყოს ჩვენს ხალხში.

რაც შეეხება განვლილ კვირაში ჩვენი ეკონომიკური ცხოვრების ზოგიერთ ასპექტს, აქ ისევ და ისევ ორი პრობლემაა ყველაზე ნათლად გამოკვეთილი - ენერგეტიკის პრობლემები და ბიუჯეტის საკითხი.

რადიომსმენელებმა პრესიდან იციან, რომ სახელმწიფოს მეთაურთან გაიმართა სპეციალური თათბირი ენერგეტიკის საკითხებზე. საერთაშორისო თანამეგობრობის სახელმწიფოების და უცხოელი პარტნიორების დახმარებით (მინდა აღვნიშნო გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, საფრანგეთი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, ამერიკის შეერთებული შტატები, ამ ბოლო დროს ძალიან აქტიურად ვიხილავთ ურთიერთობას რუსეთთან და ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება) გარკვეული პერსპექტივები იქმნება ამ საარსებო მნიშვნელობის სფეროში კრიზისული ვითარების შენელებისა და მისი საბოლოო დაძლევისათვის. მაგრამ თვით ქვეყნის შიგნით კომპლექსის მესვეურებმა, წინა სეზონების მწარე გამოცდილების მიუხედავად, ჯერ კიდევ ვერ მოძებნეს მიზანსწრაფული და ეფექტიანი მუშაობის რიტმი და მეთოდები. სრულყოფილი არ არის მათი სამოქმედო პროგრამა. განსაზღვრული არა აქვთ, თუ როგორ უნდა გადაწყდეს პრობლემები, როგორი უნდა იყოს სარემონტო აგრეგატებისა და ობიექტების რიგითობა, არ არის საკმარისი საზღვარგარეთელ კრედიტორებთან მუშაობის ტემპი და სტილი. საქმიანობის რადიკალური გარდაქმნების აუცილებლობასთან ერთად შესაბამის უწყებებს მიეცად დავალება, რომ უახლოეს დღეებში მოამზადონ სახელმწიფოს მეთაურის გადაწყვეტილებათა პროექტი ელექტროენერგიისა და გაზის საფასურის დავალიანებების საკითხის იმგვარად მოგვარების თაობაზე, რომ საწარმოებმა შეძლონ მუშაობის განახლება, ახლა მოხმარებული ენერგიის ანაზღაურება და გარკვეული პერიოდის შემდეგ ძველ დავალიანებათა დაფარვა. ამ საკითხს უაღრესად დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ. ამაჟამად საქენერგოს 120-130 ტრილიონი კუპონი მართებს იმ ორგანიზაციებისა, რომლებიც მას გაზს, მაზუთს და სხვა ენერგოშემცველებს აწვდიან. ასეთივე ვითარებაა გაზის დეპარტამენტში და სხვა. ეს მძიმე ტვირთად აწვება მოსახლეობას, მთელ სახალხო მეურნეობასა და ეკონომიკას, პრაქტიკულად არ აძლევს გასაქანს წარმოებაში რეალური აღმავლობის დაწყებას, საკუთარ წარმოდგენათა ტყვეობაში არ უნდა მოვექცეთ, უნდა ვეძებოდ ახალი გზები იმისათვის, რომ ამოქმედდეს ეს უზარმაზარი კომპლექსი, რომელსაც სახალხო მეურნეობა ჰქვია და რომლის საფუძველი სწორედ ენერგეტიკა გახლავთ.

გადაუხდელი ვალი სულ უფრო მატულობს და რაც იწარმოება ისიც ვალის დაფარვას ხმარდება პრაქტიკულად კვლავწარმოებისათვის არავითარი საფუძველი აღარ არის.

მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ ამიერიდან ენერგეტიკულ სფეროში მუშაობის ყოველკვირეული შეჯამება სახელმწიფოს დონეზე გაიმართოს. ბევრი რამ არის დამოკიდებული სწორ ორგანიზაციაზე, რეზერვები უდავოდ გვაქვს და მუშაობის ასეთმა ფორმამ შეიძლება ერთვარი სტიმული მისცეს საქმიანობის გამოცოცხლებას მის ახალ დონეზე აყვანას. ეს იმდენად მწვავე პრობლემაა, რომ მოითხოვს ყველა ჩვენგანის ჩართვას და კერძოდ, სახელმწიფოს მეთაურის სისტემატიურ მუშაობას.

წინა კვირის მოვლენებიდან ავღნიშნავდი დუშეთში გამართულ თათბირს მეცხვარეობის საკითხებზე, საიდანაც გარკვეული ოპტიმისტური განწყობილებით დავბრუნდი. ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე ჩვენი გუბერნატორების, სპეციალისტებისა და სახელმწიფო მოღვაწეების გამოსვლებმა. როგორც ჩანს, დარგის გადარჩენა და განვითარება სავსებით შესაძლებელია. მიუხედავად ყველაფრისა, მოსახლოებამ მაინც შეინარჩუნა ცხვრის ის სულადობა (მე ვთქვი, რომ ეს გმირობის ტოლფასია), რომელიც საკმარისი იქნება დარგის აღორძინებისათვის უახლოესი 1-2 წლის განმავლობაში, ახლა ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული საქმის ორგანიზაციაზე. მხედველობაში მაქვს სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სამინისტრო, ადგილობრივი მმართველობის ორგანოები, მხედველობაში მყავს მოსახლეობა. ჩვენ გვაქვს თითქმის 2 მილიონი ჰექტარი მთის საძოვრები, გვაქვს ბარის საძოვრებიც გვეხმარებიან ჩვენი დაღესტნელი მეგობრები. ასე რომ, საქმე არც ისე უიმედოდ არის. ვიმეორებ, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული მუშაობის ორგანიზაციაზე.

მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე პირველი კვარტალის ადგილობრივი და რესპუბლიკური ბიუჯეტების შედეგების განხილვამ ცხადყო, რომ საშემოსავლო ნაწილის შესრულებაში მიღწეული ერთგვარი ძვრები დადებითი ტენდენციების დამკვიდრებაზე მიუთითებს. თუმცა მდგომარეობა ჯერ კიდევ ძალიან მძიმეა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით. 1995 წლის 4 თვის საპროგნოზო მოცულობიდან გამომდინარე 27 აპრილისათვის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსავალს უნდა შეედგინა 79 ტრილიონი კუპონი. ფაქტობრივად, ეროვნულ ბანკში გახსნილი რესპუბლიკური ბიუჯეტის კუპონისა და ვალუტის ანგარიშებზე წლის დასაწყისიდან ჩარიცხულმა შემოსავალმა 56 ტრილიონი კუპონი ანუ საპროგნოზო მონაცემების 70 პროცენტი შეადგინა, ეს ციფრი ალბათ კიდევ უფრო გაიზრდება (ბოლო მონაცემები ჯერ არ გვაქვს) რადგანაც თანხების შემოსვლა ამ ბოლო დღეებში უფრო ინტენსიური იყო, თუმცა ვითარება დამაკმაყოფილებლად მაინც ვერ ჩაითლება.

აპრილში უდავოდ შეიმჩნეოდა ბიუჯეტში საკუთარი საგადასახადო და არასაგადასახდო შემოსავლის ჩარიცხვის ერთგვარი მატება. ბიუჯეტმა ამგვარი შემოსავლის შედეგად მიიღო თითქმის 6 ტრილიონი კუპონი, მაშინ როცა ჩვენ გაანგარიშებული და დაგეგმილი გვქონდა ოთხ-ტრილიონ-ნახევარი კუპონი. ეს უკვე სერიოზული წინსვლაა. ამასთანავე კვლავ ჩამორჩენაა გრანტების სახით პროდუქციის რეალიზაციის შედგეგად მიღებულ შემოსავალში. ეს განსაკუთრებით ეხება კარაქისა და ზეთის რეალიზაციიდან შემოსულ სახსრებს. ამას არავითარი გამართლება არა აქვს. მინისტრთა კაბინეტის შესაბამისმა სტრუქტურებმა პასუხი უნდა აგონ იმისათვის, რომ ეს თანხები დღემდე არ შემოსულა ბიუჯეტში.

რაც შეეხება ხორბლისა და ფქვილის რეალიზაციიდან ფიქსირებულ გადასახადს, საგადასახადო ინსპექციის ცნობით, განვლილ პერიოდთან შედარებით შემცირდა ბიუჯეტის წინაშე დავალიანების თანხა, ამასთანავე ზოგან გაიზარდა დავალიანება, მაგალითად, თბილისის პურპროდუქტების კომბინატისა - 133 მილიარდი კუპონით (ამას რომ ვაცხადებ, მხედველობაში მყავს დირექტორები, რომლებსაც, იმედია, ესმით, რასაც ვამბობთ) თბილისის წისქვილკომბინატმა არ გადარიცხა 138 მილიადი კუპონი, კვლავაც დიდი დავალიანება ერიცხებათ ქუთაისის წისქვილკომბინატს - 2 ტრილიონი კუპონი (აქაც რაღაც ხდება, ასახსნელია რაშია საქმე) მინდა გამოვთქვა იმედი, რომ ბატონები ლეკიშვილი, შაშიაშვილი, ბურჯანაძე და სხვები დღესვე იმსჯელებენ ამ საკითხებზე და სახელმწიფოს მეთაურს წარმოუდგენენ ანგარიშს, თუ რა ღონისძიებები უნდა განხოციელდეს უწესრიგო და უდისციპლინო დირექტორებისა და ხელმძღვანელების მიმართ.

ამოღებული სახსრების გადიდების აუცილებელი პირობაა საგადასახადო და საბანკო ორგანოების მუშაობის გააქტიურება. საგადასახადო ინსპექციის ინფორმაციით. აპრილში შემოწმებული იყო გორის ხუთი საწარმო-ორგანიზაცია, რის შედეგედაც ბიუჯეტის სასარგებლოდ დამატებით დარიცხულია 51 მილიარდი კუპონი (წარმოგიდგენიათ? უნდა მიხვიდე ყველა ორგანიზაციაში, შეამოწმო, რაღაც აღმოაჩინო და აიძულო, რომ სახელმწიფომ წესით და კანონით კუთვნილი თანხა მიიღოს) აქედან ფინანსური სანქციის სახით - 50 მილიარდი კუპონი. იმედი მაქვს, რომ შიდა ქართლის მხარის გუბერნატორი ბადრი ხატიძე, რომელმაც ძალიან კარგად დაიწყო საქმიანობა, ამასთან დაკავშირებით დღესვე მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. თბილისის 51 ორგანიზაციაში შემოწმების შედეგად დამატებით დარიცხულმა თანხამ 240 მილიარდი კუპონი შეადგინა. აქედან სანქციების სახით 129 მილიარდი და ასე შემდეგ.

მივმართავ ქალაქ თბილისის განმგებლებს: თავად გაერკვნენ ყველა ობიექტზე შექმნილ ვითარებაში და მიიღონ გადამწყვეტი ზომები.

საბაჟო დეპარტამენტის ცნობით (მინდა მას განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს) 26 აპრილისათვის რესპუბლიკის საბაჟო ორგანოებიდან საბაჟო გადასახადის, აქციზის, დამატებითი ღირებულების და სხვა სახის გადასახადების სახით ბიუჯეტში ჩარიცხულია 600 მილიარდი კუპონი, 574 მილიონი რუბლი და მილიონზე მეტი ამერიკული დოლარი. კუპონებზე გადაანგარიშებით ეს თანხა 2 ტრილიონ 208 მილიარდ კუპონს შეადგენს შარშანდელი შესაბამისი პერიოდის 27 მილიარდი კუპონის ნაცვლად. ესე იგი, რამდენი იკარგებოდა და რამდენი რეზერვია! თუმცა თანხის ეს რაოდენობა იმის 30-40 პროცენტია რის ამოღებაც შეიძლება ბიუჯეტის სასარგებლოდ (ეს კარგად იცის საბაჟო სამსახურმა) მაგრამ, რაც გაკეთდა, ძალიან ბევრს ნიშნავს და მინდა მხარი დავუჭირო სამსახურის ახალ ხელმძღვანელობას.

და კიდევ ერთი საკითხი. დღეს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ცალკეული პრობლემებისადმი, ცალკეული დარგებისადმი კონკრეტულ და საქმიან მიდგომას. მაგალითად, რესპუბლიკის ბამბის ბოჭკოს გადამამუშავებელი საწარმოები დიდ სიძნელეებს აწყდებიან ნედლეულით უზრუნველყოფის საქმეში. რესპუბლიკაში შექმნილი ამ რთული ვითარებიდან გამოსვლის რეალურ გზას წარმოადგენს სახელმწიფოს მეთაურის 17 აპრილის განკარგულება საქართველოს რესპუბლიკის მრეწველობის სამინისტროს მსუბუქი მრეწველობის საწარმოთა ამუშავების შესახებ, რომლის მიხედვითაც საწარმოებს გადაეცემა სახელმწიფო რეზერვებში არსებული 900 ტონაზე მეტი ბამბის ბოჭკო. ამით შეიქმნება საწარმოთა ამოქმედების და სტაბილური მუშაობის რეალური პერსპექტივა. ამ პრობლემის მოგვარებით ათასობით ადამიანია დაინტერესებული. 500 ტონაზე მეტ ნედლეულს უწინარესად მიიღებს საფეიქრო წარმოების ფლაგმანი - გორის ბამბეულის კომბინატია, რომლის გადამუშავების შედეგად სულ გამოშვებული იქნება 2 მილიო-ნახევარი მეტრი ბამბის ქსოვილი და მთელი წლის განმავლობაში გაუნაწილდება რესპუბლიკის სამკერვალო მრეწველობის 31 ფაბრიკას. ესე იგი ამუშავდება 31 ფაბრიკა. გარდა ამისა, თვით გორის კომბინატს შესაძლებლობა მიეცემა საკუთარი წარმოებისათვის გამოიყენოს მილიონი მეტრი ბამბის ქსოვილი და შეასრულოს მიმდინარე წლის შეკვეთები, თბილისის სართავი ფაბრიკა მიიღებს 300 ტონაზე მეტ ბამბის ბოჭკოს. გადამუშავების შედეგად გამოშვებული იქნება 265 ათასი ტონა ბამბის ნართი, რომელიც სათანადო პროდუქციის დასამზადებლად მიეწოდება მსუბუქი მრეწველობის დარგის 24 ფაბრიკას, ესე იგი, კიდევ 24 ფაბრიკა ამუშავდება.

საგულისხმოა, რომ ამ დიდი სახელმწიფოებრივი ღონისძიებების შედეგად ამოქმედდება რესპუბლიკის მსუბუქ მრეწველობასთან კოოპერირებული საწარმოები, სულ გამოშვებული იქნება 6 ტრილიონზე მეტი ღირებულების პროდუქცია. სხვათა შორის, ბატონმა კერესელიძემ მომახსენა, რომ მრეწველობის სამინისტროს საწარმოებმა მარტში ერთნახევარჯერ მეტი პროდუქცია გამოუშვეს, ვიდრე იანვარ-თებერვალში ერთად აღებული. აპრილში კი, წინასწარი მონაცემებით, ტრილიონით მეტი პროდუქციაა გამოშვებული, ვიდრე მარტში.ესე იგი, ტენდენცია უკვე გამოიკვეთა, თუმცა დღეს მინისტრს მივეცი ზოგიერთი შენიშვნა იმის გამო, რომ უნდა ჰქონდეთ ყოველდღიური მონაცემები.

სოფლის მეურნეობის და კვების მრეწველობის სამინისტროს ცნობით, 27 აპრილისათვის ფაქტობრივად მოხნულია 460 ათასი ჰექტარი, ანუ იმის 70 პროცენტი, რაც უნდა მოიხნას, ხვნა გრძელდება და ვფიქრობთ, რომ საპროგრამო მონაცემები შესრულდება. იგი შარშანდელზე 3-4 ჯერ მეტია.

ცხოველური ცხიმების დეფიციტის დასაფარავად მიმდინარე წელს, შარშანდელთან შედარებით, საგრძნობლად გაიზარდა მზესუმზირის ნათესი ფართობები. მინდა ამას მხარი დავუჭირო, დათესილია 45 ათასი ჰექტარი, რომლის ნახევარზე მეტი დედოფლისწყაროზე მოდის. საერთოდ, ამ რაიონის გამართული, ინიციატივიანი, საქმიანი მუშაობა დიდ სიხარულს იწვევს ისევე, როგორც სიღნაღისა და სხვა რაიონების მუშაობა.

სიმინდი უნდა დაითესოს 200 ათას ჰექტარზე, უკვე დათესილია 65 ათასი, ვფიქრობთ, საკონტროლო მონაცემები შესრულდება. ნელი ტემპით მიმდინარეობს საგაზაფხულო სამუშაოები მევენახეობაში. მართალია, მევენახეობის რაიონებს ბევრი რამ აკლიათ, მაგრამ რეზერვებიც აქვთ და ისინი უნდა გამოცოცხლდნენ.

დღეს მინისტრთა კაბინეტის გამსვლელი სხდომაა სამცხე-ჯავახეთში, რომელზეც წარმოდგენილი იქნება ამ რეგიონის ყველა რაიონი. ვფიქრობ, მინისტრთა კაბინეტი და პრემიერ-მინისტრი მიიღებენ საჭირო და აუცილებელ გადაწყვეტილებებს, რათა აქაც მოხდეს სერიოზული ძვრები.

მიმდინარე კვირაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მოცემული რაოდენობრივი ლიმიტების დაცვის მიზნით ეროვნულმა ბანკმა სახელმწიფო ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო ანგარიშზე ჩარიცხა გარკვეული რაოდენობის კუპონური სახსრები. ამ თანხის ძირითადი ნაწილის კონვერტაციას ეროვნული ბანკი ბანკთაშორისი ბირჟის საერთაშორისო ბირჟის მეშვეობით ახდენს. აქედან გამომდინარე, იგი კუპონის სავალუტო კურსზე უარყოფით გავლენას ვერ მოახდენს. ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე ეროვნულმა ბანკმა ამ კვირაში გაყიდა მილონ 144 ათასი ამერიკული დოლარი. კურსი იმავე დონეზე რჩება: 1 დოლარი - მილიონ 300 ათასი კუპონი.

ოთხშაბათს გამართულ ვაჭრობაზე დაფიქსირებული რუსული რუბლის კურსი ასეთია: ერთი რუბლი - 262 კუპონი. პარასკევის ვაჭრობაზეც კურსი იმავე დონეზე დარჩა.

ასეთია ის ძირითადი მონაცემები, რომლების გასული კვირის მუშაობის შედეგების მიხედვით დამახასიათებელია ჩვენი ეკონომიკისათვის.

- ბევრი რამ შეიცვლება იმის გამო, რომ გუშინდელიდან გაძვირდა ბენზინი - ლიტრის ფასმა 2.500 რუბლს მიაღწია...

- ამას მე თვალყურს ვადევნებ. წუხელვე მოვითხოვე სათანადო ახსნა-განმარტება და როგორც მომახსენეს ბატონმა ზუბიტაშვილმა და სხვებმა, მათი ანალიზის მიხედვით, ეს ძირითადად ბენზინის ნაკლებობით არის გამოწვეული. როგორც მათ მითხრეს, ახლა საკმაო რაოდენობით შემოვიდა ბენზინი როგორც ფოთში, ასევე აზერბაიჯანიდანაც. ჩემი აზრით, გაძვირება დროებითი მოვლენა უნდა იყოს. სამწუხაროდ, საბაზრო ეკონომიკის პირობებში ასეთ ცვლილებებსა და გარკვეულ აფეთქებებს, ალბათ ვერ ავცდებით. მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ, რომ უნდა გაიხსნას ჩრდილოეთ კავკასიასა და აზერბაიჯანში გამავალი სატრანსპორტო არტერია (ჩვენი წარმომადგენლები მუშაობენ ამ საკითხებზე მოსკოვში) ქვეყანაში ბენზინისა და სხვა საწვავის შემოტანა უფრო რეგულირებადი გახდება.

- განვლილ კვირას საქართველოს ეწვია რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რუმინეთი შავი ზღვის აუზის ქვეყანაა და აქედან გამომდინარე, ჩვენ საერთო ეკონომიკური ინტერესები გვაქვს. რამოდენიმე დღეში კი გვესტუმრება სავალუტო ფონდის გენერალური დირექტორი ბატონი კამდესიუ...

- რუმინეთი, ისევე როგორც რუსეთი, უკრაინა, ბულგარეთი, თურქეთი და სხვა ქვეყნები, უწინარესად დაინტერესებულია შავი ზღვის გავლით ტვირთის ტრანსპორტირებით. მინისტრთან სერიოზული საუბარი გვქონდა კონსტანცისა და საქართველოს საზღვაო ნავსადგურებს შორის ეკონომიკური ურთიერთობის დამყარების შესახებ. ეს მუშაობა დაიწყო, მაგრამ გაფორმებული არ არის, საქმე უაღრესად პერსპექტიულია ისევე როგორც მაგალითად ბურგასის, ვარნის, ტრაპიზონის, სტამბოლის, ილიჩოვსკის, რა თქმა უნდა, ნოვოროსიისკისა და ოდესის თანამშრომლობა ბათუმთან და ფოთთან. ამ თანამშრომლობით, ურთიერთობის მოწესრიგებით, როგორც ადრე აღინიშნა, დაინტერესებული არიან ირანის, აზერბაიჯანის, სომხეთის რუსეთის გარკვეული საქმიანი წრეები. სახელმწიფო სტრუქტურები ასევე ცენტრალური აზიის ქვეყნები ყველაფერი ეს შეესაბამება ჩვენს ინტერესებს, რადგან ტვირთი გაივლის და გადაკვეთს საქართველოს, რამაც საგრძნობი შემოსავალი შეიძლება მოუტანოს ჩვენს ბიუჯეტს. ამიტომ მინისტრის აქ ჩამოსვლას სერიოზული მნიშვნელობა ჰქონდა. ვისაუბრეთ აგრეთვე რუმინეთის პრეზიდენტის ბატონ ილიესკუს საქართველოში ვიზიტის დაჩქარების შესახებ. ჩვენ ასეთი პრინციპული შეთანხმება უკვე გვაქვს (პრეზიდენტსაც სურს ეს, მეც ვარ მიპატიჟებული რუმინეთში) შევთანხმდით, რომ თავდაპირველად, სასურველია მისი აქ ჩამოსვლა, მას გარკვეული საქმეები აქვს აზერბაიჯანსა და სომხეთშიც. ჩემი აზრით, ეს სერიოზული და საინტერესო მისია იქნება.

რაც შეეხება ბატონ კამდესიუს ჩამოსვლას, ეს უდაოდ მნიშვნელოვანი მოვლენაა. ვაშინგტონში ვიზიტის დროს ჩემს რეზიდენციაში მესტუმრა ბატონი კამდესიუ კოლეგებითურთ და საკმაოდ დიდი და საინტერესო საუბარი გაიმართა. მე სწორედ მაშინ მოვიწვიე იგი საქართველოში, მან პირობა მომცა და სასიამოვნოა რომ ეს პირობა შეასრულა.

მსოფლიო ეკონომიკისა და ფინანსების სფეროში სავალუტო ფონდის ადგილსა და როლზე ლაპარაკი ზედმეტია. ეს ერთ-ერთი უმთავრესი ცენტრალური საერთაშორისო ორგანიზაციაა. საქართველოსთვის ბატონ კამდესიუს ვიზიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს არა მარტო კრედიტებისა და ფინანსური დახმარების თვალსაზრისით, არამედ, იმ უზარმაზარი გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისითაც, რომელიც ჩვენი პლანეტის მასშტაბით აღიარებულ ამ დიდ მოღვაწეს გააჩნია.

- გასულ კვირას თბილისსა და კახეთში შინაგან საქმეთა სამინისტრომ მორიგი ფართომასშტაბიანი ოპერაცია განახორციელა დააკავეს რამდენიმე საშიში დამნაშავე ჩამორთმეულია დიდძალი იარაღი, როგორც იტყობინებიან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შედეგები ამ ოპერაციას კახეთში მოჰყვა...

- რადიომსმენელებმა უკვე იციან, რომ ამგვარი ოპერაცია დედაქალაქში პირველად არ განხორციელებულა, სხვადასხვა ფორმითა და მასშტაბით ასეთი ღოონისძიებები ადრეც ყოფილა. ობიექტური დაკვირვება ასეთია: დედაქალაქში წესრიგი მყარდება. ამას ყველა გრძნობს. მივესალმები შინაგან საქმეთა სამინისტროს, ქალაქის პოლიციისა და ქალაქის მერიის აქტიურ მიზანსწრაფულ მუშაობას. უნდა ვთქვა, რომ ამ უწყებებს იქ, სადაც ეს შესაძლებელია, დიდი დახმარებას უწევენ უშიშროების ორგანოები, თავდაცვის სამინისტრო, მაგალითად, ტექნიკის გამოყოფით და სხვ. რა თქმა უნდა, ასევე დიდმნიშვნელოვანია პროკურატურის მუშაობაც.

დედაქალაქში განსაკუთრებით ამ ბოლო ერთი თვის განმავლობაში ბევრი თავაწყვეტილი ბოროტმოქმედის თარეში აღიკვეთა. მინდა მხარი დავუჭირო შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერაციებს კახეთში, რომელსაც პირადად მინისტრი მეთაურობდა. ბანდიტებმა და მკვლელებმა გააწამეს კახელები. მარტო საქვეყნოდ ცნობილი მადლენასა და მისი თანამზრახველების და მფარველების ნამოქმედარი რად ღირს - ეს არის დახოცილი ადამიანები, ამოწყვეტილი ოჯახები და სხვ.

მოვა დრო და საზოგადოება ყველაფერს გაიგებს ამის თაობაზე. მკვლელთა ეს ჯგუფი, რომელსაც რუსეთის ტერიტორიაზე მრავალი სასტიკი დანაშაულებანი აქვთ ჩადენილი, იზოლირებულია რუსეთის და საქართველოს ერთობლივი ძალისხმევით.

გუშინდელ ღონისძიებებს უდავოდ მაღალ შეაფსებებს ვაძლევ. ათობით საშიში დამნაშავე, რეციდივისტი და ძებნილია დაკავებული. არ გამოვრიცხავ, რომ ხვალ თელავში რეგიონის ხელმძღვანელებთან და მოსახლეობის წარმომადგენლებთან ერთად შიანაგან საქმეთა მინისტრის ბატონ კვირაიას ინფორმაციას მოვისმენთ. მჯერა, რომ კახეთში სანიმუშო წესრიგი დამყარდება, ყველას თავისი მიეზღვება. ახლა მთავარია, გამოძიებამ თბილისშიც, კახეთშიც, გურიაშიც და სხვა რეგიონებშიც. სადაც ეს ღონისძიებები განხორციელდა, თავისი სიტყვა თქვას. დამნაშავე, სადაც არ უნდა ჰყავდეს მას მფარველები, შეძლებულ ფენებში თუ პარლამენტში (პარლამენტის ერთი ნაწილი ამ მხრივ სახელგნათქმულია) უნდა წარდგეს და პასუხი აგოს კანონის წინაშე.

- მომავალი კვირის 9 მაისს თქვენ მოსკოვში შეხვდებით, იქ მსოფლიოს სხვადახვა ქვეყნის მეთაურები ერთად იზეიმებთ ფაშიზმზე გამარჯვების 50 წლისთავს. ამ დღეს სხვებთან ერთად ელიან საქართველოში მცხოვრები ვეტერანებიც, ადამიანები, რომლებსაც აკლიათ არა მარტო სახსრები, არამედ ყურადღებაც, სითბოც და ელემენტარული თანადგომაც კი. ხშირად ვამბობთ, რომ ფაშიზმზე გამარჯვების 50 წლისთავი მთელი მსოფლიოსათვის აღსანიშნავი დღეა, აღმოჩნდა, რომ საქართველოს პარლამენტმა ასე არ ჩათვალა, გული ატკინა იმათ შთამომავლობას, ვინც ამ ომს შეეწირა, ვეტერანებს, რომლებიც დღეს ჩვენს გვერდით არიან...

- ერთხელ კიდევ ვულოცავ ამ ისტორიულ თარიღს ჩემს ხალხს, ომის ყველა მონაწილეს, დაღუპულთა ოჯახებს, მადლიერების, თანაგრძნობის, თანადგრძნობის, თაყვანისცემის სიტყვებით მივმართავთ მათ. არ შემიძლია ერთხელ კიდევ არ გამოვხატო აღფრთოვანება, გნებავთ ადამიანური გაოცება იმ გმირობის გამო, საქართველოს შვილების სახელთან რომ არის დაკავშირებული. 700 ათასზე მეტი კაცი მონაწილეობდა ამ ომში და 300 ათასზე მეტი შინ არ დაბრუნებულა, გმირულად დაიღუპა. მათი სახელები წმინდაა და წმინდა იქნება. ისტორია კიდევ იტყვის თავის სათქმელს. მინდა ვთხოვო ჩემს მეგობრებს, ვეტერანებს; იყავით სულგრძელნი, ნუ უსმენთ ცალკეულ უმადურთა და უგუნურთა ლაყბობას. სამშობლო ამაყობს თქვენით და რაც უფრო დავცილდებით სამამულო ომის დღეებს, მით უფრო ნათელი შარავანდედით განათდება თქვენი გმირობა და თქვენი ცხოვრება.

გილოცავთ!

„ვულოცავ ამ ისტორიულ თარიღს ჩემს ხალხს, ომის ყველა მონაწილეს, დაღუპულთა ოჯახებს...“ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 2 მაისი. - 49(1065). - 1,2 გვ.

34 ლევან ხაინდრავას ოჯახს

▲ზევით დაბრუნება


გულწრფელად ვწუხვარ შესანიშნავი მწერლის, ჭეშმარიტი პატრიოტისა და მრავალტანჯული ადამიანის, ბატონ ლევანის გარდაცვალების გამო.

გთხოვთ, მიიღოთ ჩემი სამძიმარი.

ჩვენ, ჩვენმა შვილებმა და შვილიშვილებმა, უნდა ავაშენოთ ის საქართველო, რომელზეც ბატონი ლევანი ოცნებობდა.

ღმერთმა გაანათლოს მისი სული.

ედუარდ შევარდნაძე.

ლევან ხაინდრავას ოჯახს / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 4 მაისი. - 50(1066). - 1 გვ.

35 „ვიყოთ სამართლიანი და წინდახედული მოვლენათა და პიროვნებათა შეფასებაში, ასეთ შემთხვევაში გაცილებით უკეთ განვსაზღვრავთ გზებს, რომლებიც მშვიდობამდე და საყოველთაო კეთილდღეობამდე მიიყვანს მსოფლიოს“

▲ზევით დაბრუნება


ედუარდ შევარდნაძის 8 მაისის რადიოინტერვიუ

- გასული კვირის უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო საქართველოში სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მიშელ კამდესიუს ვიზიტი, რომლის შედეგედაც გამოიკვეთა ორი მომენტი: ჯერ ერთი - საფინანსო წრეებში აღიარებული ფინანსისტი და ასეთი გავლენიანი სტრუქტურის ხელმძღვანელი დადებით შეფასებას აძლევს საქართველოში მიმდინარე რეფორმას და მეორე, მოსალოდნელია შეღავათიანი კრედიტის მიღება სახალხო მეურნეობის პრიორიტეტული დარგების განვითარებისათვის... - ჟურნალისტ ნატო ონიანის ამ შეკითხვის პასუხად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ - სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ თავის ტრადიციულ რადიოინტერვიუში განაცხადა:

- ეკონომიკის სფეროში გასული კვირის ყველაზე საყურადღებო მოვლენა საქართველოში საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენელთა ვიზიტები იყო. საზოგადოება საკმაოდ არის ინფორმირებული იმის შესახებ, ჩვენს ქვეყანას ეწვია საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორ-განმკარგულებელი ბატონი მიშელ კამდესიუ, სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი საქართველოში ბატონი შადმან ვალავი, მსოფლიო ბანკის ერთ-ერთი დეპარტამენტის დირექტორი ბატონი გრეისი, შესაბამისი დელეგაციები, ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენლები.

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების ასეთი მაღალი დონის ვიზიტები იმის დასტურია, რომ ქვეყანა სწორი გზით მიდის. რეფორმის კურსი რომელიც უკვე შეუქცევადი გახდა. პრინციპში მართებულია და საერთაშორისო თანამეგობრობის რეალურ მხარდაჭერას პოულობს. ბატონი კამდესიუ ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურაა მსოფლიო ფინანსურ წრეებში. ამიტომ, მის მხარდაჭერაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. მათ შორის სარეზერვო კრედიტის - სტენდბაის, სისტემური ტრანსფორმაციის სესხის მეორე ტრანშის და ფინანსური დახმარების სხვა ფორმების მიღების პერსპეტქივები. მაგრამ ცხადია, უმთავრესია თვით საქართველოს მიერ სტაბილიზაციის ანტიკრიზისული პროგრამის თანამიმდევრული რეალიზაცია.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ბატონ კამდესიუს გამოსვლები, მასთან საუბარი, საქართველოში მიმდინარე პროცესების მისეული შეფასებები. ეს ყოველგვარი ყოყმანის გარეშე მხარდაჭერის პოზიციაა.

ამ თვალსაზრისით საკმაოდ დამაჯერებლია კუპონის კურსის გამყარების ღონისძიებათა შედეგები, რაზეც არაერთხელ მილაპარაკია. ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟის ბრუნვამ საანალიზო კვირაში საქართველოსთვის საკმაოდ მაღალ ზღვარს - მილიონ 700 ათას დოლარს მიაღწია, კომერციული ბანკების გაზრდილი მოთხოვნის მიუხედავად, ვითარება შინასავალუტო ბაზარზე არ შეცვლილა. კუპონი წინანდებურად ინარჩუნებს თავის პოზიციებს უცხოური ვალუტის მიმართ. ამ კვირაში დოლარის გაყიდვის სურვილი გამოთქვა რამდენიმე კომერციულმა ბანკმა. ასევე დადებითი მოვლენაა, რომ ვაჭრობაში მონაწილეობდა ქუთაისის ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟა, რომელიც ეროვნული ბანკის ქუთაისის განყოფილებასთან არსებობს და უკვე კარგა ხანია ინტეგრირებულია საბირჟო ვაჭრობის არსებულ ქსელში. ქუთაისის ბანკთაშორისი ბირჟის აქტიური მუშაობით საფუძველი შეექმნა თბილისის და ქუთაისის რეგიონში ერთიანი უნიფიცირებული კურსის არსებობას. შემდეგში ასეთი პერსპექტივა სხვა რაიონებშიც გამოიკვეთება.

მაისის პირველ კვირაში გამართულ საბირჟო ვაჭრობაზე გაიყიდა 140 მილიონი რუსული რუბლი. კურსი, პრაქტიკულად, იგივე რჩება: 1 რუსული რუბლი-260 კუპონი.

კონვერტირებადი ვალუტის მიმართ კუპონის კურსის სტაბილური ტენდენციების გაანალიზებასთან ერთად ეკონომიკურმა სამსახურებმა მეტი ყურადღება უნდა დაუთმონ ინფლაციური პროცესების დინამიკას. ის ოფიციალური აღრიცხვა, რომელიც ამ საქმეში არსებობს, ჯერ კიდევ სრულად არ ასახავს არსებულ ვითარებას. ფინანსური სტაბილიზაციის ღონისძიებათა განხორციელების შედეგად ეს პროცესები თანდათან უფრო მართვადი უნდა გახდეს.

წლევანდელი ოთხი თვის განმავლობაში, სახელმწიფო რეგულირებადი ფასები, პრაქტიკულად არ გაზრდილა. პირიქით, კუპონის კურსის გამყარების გათვალისწინებით, საწარმოების გამოცოცხლების ხელშეწყობისა და საგადასახადო დისციპლინის განმტკიცების მიზნით, ბუნებრივი გაზის ტარიფები 35 პროცენტით, ხოლო ელექტროენერგიისა 25 პროცენტით შევამცირეთ, მაგრამ სამომხმარებლო ბაზარზე, სადაც უპირატესად რუსული რუბლი მიმოიქცევა, ფასები, მართალია წინანდელზე ნაკლები ტემპით, მაგრამ კვლავ იზრდება. ეს, უწინარესად საწვავის ფასებს ეხება. აქ, რა თქმა უნდა, მხედველობაშია მისაღები, რომ ჩვენს მეზობელ ქვეყნებში ბენზინის ფასი საკმაოდ სერიოზულად გაიზრადა, რაც, ბუნებრივია, ისახება ჩვენს ბაზარზე, მაგრამ, ჩვენ მოულოდნელობის წინაშე არ უნდა აღმოვჩნდეთ. ყველაფერი წინასწარ უნდა გავიანგარიშოთ და მომზადებული შევხვდეთ ასეთ მოვლენებს. ინფლაციური პროცესების მართვის სრულყოფის აუცილებლობიდან გამომდინარე საჭიროა გარგძელდეს ფართომასშტაბიანი ღონისძიებების განხორციელება მონოპლიზირებული სისტემის ეტაპობრივი რეორგანიზაციისა და ამის საფუძველზე მასში ფასთწარმოქმნის მოქნილი მექანიზმების ჩამოყალიბების მიმართულებით უნდა დაჩქარდეს ისეთი საბაზრო სტრუქტურების ჩამოყალიბება, როგორიცაა სასაქონლო, უწინარესად კი, სასოფლო-სამეურნეო ბირჟები. სასოფლო-სამეურნეო წარმოების თავისებურებებიდან გამომდინარე საჭიროა შემუშავდეს ფასთწარმოქმნის რეგულირების საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებისათვის დამახასიათებელი სპეციალური მექანიზმი.

ვფიქრობ, რომ ჩვენს საუბარს ისმენენ შესაბამისი სამსახურები და ყოველივე ეს მხოლოდ შიშველ ფრაზებად და მოწოდებებად არ დარჩება. როგორც ცნობილია, აქტიურ ფაზაში შევიდა ვაუჩერიზაცია - იგი თბილისის ყველა რაიონში, აგრეთვე სხვადასხვა რეგიონებში, დაახლოებით 20-ამდე ქალაქსა და რაიონში მიმდინარეობს. ჩემი აზრით, მოვიდა დრო, როცა მინისტრთა კაბინეტმა გაფართოებული შემადგენლობით უნდა იმსჯელოს, პირველ შედეგებზე. პრინციპში, იგი ნორმალურად მიმდინარეობს, მაგრამ სრული ანალიზისათვის საჭიროა გავერკვეთ, რა პროცესებთან გვაქვს საქმე მე ვიცი რომ ბევრს უჭირს და ცდილობს, რაც შეიძლება სწრაფად გათავისუფლდეს ვაუჩერისაგან. ზოგიერთი 5-10-15 დოლარად ჰყიდის. მაშინ, როცა, რამდენიმე თვის შემდეგ მას სულ სხვა ფასი ექნება. პრინციპში საკითხი ასე უნდა დაისვას: საჭიროა მოწესრიგდეს ვაუჩერებით ვაჭრობის პროცესი და ადამიანებმა იცოდნენ, თუ რაც წარმოადგენს ვაუჩერი, მისი დღევანდელი ღირებულება და რა სიმდიდრის წყაროდ შეიძლება იქცეს ის, რაც დღეს კაპიკების ფასად იყიდება და, კიდევ ერთი: გამოიკვეთა რეალური, დამაიმედებელი წარმოების, კერძოდ სამრეწველო წარმოების საქმიანობაში. მრეწველობის სამინისტროს ინფორმაციით, იანვარ-აპრილში წარმოებული პროდუქცია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 13-15 პროცენტით მეტია, სამინისტროს შეფასებით, მარტში გამოშვებულია ერთ-ნახევარჯერ მეტი პროდუქცია. ვიდრე იანვარ-თებერვალში ერთად აღებული, ბოლო აპრილში იმდენი, რაც მთლიანად პირველ კვარტალში. პროდუქციის წარმოების მნიშვნელოვანი ზრდაა მიღწეული სამთო მრეწველობაში - იგი ხუთჯერ გაიზარდა, ქიმიურ მრეწველობაში - ორჯერ, ფარმაცევტულ მრეწველობაში - 89 პროცენტით, ელექტროტექნიკურ-მრეწველობაში 50 პროცენტით, ხელსაწყოთმშენებლობაში - 92 პროცენტით და ა.შ დარწმუნებული ვარ, რომ ამ თვალსაზრისით მაისი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება იმედისმომცემი შედეგები გვექნება მსუბუქ მრეწველობაში. ამუშავდა გორის ბამბეულის კომბინატი. ზოგიერთი სხვა საბაზისო საწამოებიც მუშაობს. ეს მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ათასობით და ათიათასობით ადამიანი დავასაქმოდ.

ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული მინისტრთა კაბინეტის, უწყებების, სამინისტროების, სამხარეო, საქალაქო და რაიონული ხელმძღვანელების ოპერატიულობაზე, მოქნილობაზე, საქმის ცოდნასა და მათ აქტიურ როლზე ეკონომიკის შემდგომი აღმავლობისთვის ბრძოლაში.

- გასულ კვირას სახელმწიფოს მეთაურის ბრძანებულებით გაუქმდა 1993 წლის 16 სექტემბრის განკარგულება მაშველთა კოპრუსის წევრებისათის ცეცლსასროლი იარაღის ტარების უფლების დროებით მიცემის შესახებ. 2 მაისს თქვენ შეხვდით თელაველებს, შემდგომში გადადგმული ნაბიჯები პრესკონფერენციაზე თქვენ სწორედ კახელებთან შეხვედრითა და ხალხის ნებით ახსენით. პრესკონფერენციაზე ისიც აღნიშნეთ, რომ რაიმე განსაკუთრებულ გართულებას არ უნდა ველოდეთ. რატომ?, იმიტომ რომ მაშველთა კოპრუსის ხელმძღვანელობა ფიქრობს ასე კონსტრუქციულად, თუ იმიტომ, რომ სახელმწიფომ უფრო მეტი ძალა მოიკრიბა?

- ვფიქრობ, ერთიცა და მეორეც. სახელმწიფო ის აღარ არის, რაც იყო ერთი წლის, თუნდაც 5-6 თვის წინათ, დღეს სხვა ძალები და სტრუქურები გვყავს, გასათვალისწინებელი შეგნებული დამოკიდებულება, რომელიც უდავოდ გამოიჩინა მაშველთა კორპუსის ხელმძღვანელობამ. ამ მოვლენაში ორი მხარეა აღსაღნიშნავი: ჯერ ერთი მხედრიონელთა დამსახურების ღირსეული დაფასება, რაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაგვავიწყდეს, ეს კურსი კვლავაც გაგრძელდება და კიდევ უფრო მეტი გაკეთდება იმისათის, რომ მათ წვლილი და ღვაწლის სამშობლოს ინტერესებისათვის ბრძოლაში ისე დაფასდეს, როგორც საჭიროა და მეორე - სახელმწიფოებრივი წესრიგის აღდგენა მთელს ქვეყანაში. მისასალმებელია, რომ სახელმწიფოს მეთაურის განკარგულებამ, რომელიც თელაველებთან შეხვედრის შემდეგ გამოიცა, სრული მხარდაჭერა ჰპოვა ჩვენს საზოგადოებაში, პარლამენტში, მხედრიონელებში, ახლა მთავარია ბოლომდე მივიყვანოდ დაწყებული საქმე, რომელშიც მისასალმებელი და გადამწყვეტი სწორედ ნებაყოფლობითი პრინციპია. ამავე დროს ახალი პირობებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით მინისტრთა კაბინეტმა უნდა განსაზღვროს მაშველთა კორპუსის როლი და ადგილი სახელმწიფოში.

მთელი სიმწვავით ვაყენებთ რეკეტის, მაფიოზების, გამომძალველების წინააღმდეგ ბრძოლის გამწვავების აუცილებლობას, რაც გარდაუვალი პირობაა წარმოების, ვაჭრობის შემდგომი გამოცოცხლებისა, საბაზრო ეკონომიკის კიდევ უფრო სწრაფი ტემპით განვითარებისთვის. ესე იგი, მთელი ჩვენი მოსახლოების კეთილდღეობის გაუმჯობესებისათვის.

- პარლამენტის სხდომაზე განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს თელავში თქვენს მიერ ნათქვამ ფრაზას რუსთავში მომხდარი ცნობილი ინციდენტის პატიების შესახებ, პარლამენტარების გარკვეულმა ნაწილმა აღშფოთება გამოთქვა: სახელმწიფოს მეთაურს უნდა განეხორციელებინა კანონით გათვალისწინებული ღონიძიებები და საერთოდ, რა უფლება აქვს მას ვინმეს აპატიოს ან არ აპატიოს დანაშაული. აღნიშნეს ისიც, რომ თქვენ არა გაქვთ უფლება დაიბაროთ პროკურორი. თელავში თქვენი გამოსვლა კი წინასაარჩევნო კამპანიად მონათლეს. საერთოდ, რა უფლებით სარგებლობს სახელმწიფოს მეთური? თქვენი კომენტარი ამ საკითხთან დაკავშირებით...

- მე ასეთ განმარტებას მოგცემთ: რუსთავის ინციდენტი პრაქტიკულად, ქალაქის მერიისა და სახელმწიფოს მეთაურის რწმუნებულის რეზიდენციის დარბევა იყო. რა თქმა უნდა, ამას შედეგად უნდა მოჰყოლოდა მაშველთა კორპუსის მთელი ხელმძღვანელობის სამუშაოდან გადაყენება. ასეთი გადაწყვეტილება უნდა ყოფილიყო მიღებული, მაგრამ ასე არ მოვქცეულვართ, მე შევხვდი გიგა გელაშვილს, სხვა ხელმძღვანელებს, ყველაფერი ავწონ-დავწონეთ და იქნებ ასეთმა დამოკიდებულებამაც შეუწყო ხელი მაშველთა კორპუსის ხელმძღვამელობას, რომ განესაზღვრა თავისი პოზიცია. გაგებით შეხვედროდა ჩემს ახლანდელ გადაწყვეტილებას იარაღის ჩაბარების თაობაზე, მე მომავალშიც ვითანამშრომლებ მათთან.

რაც შეეხება თვით ინციდენტს, როგორც ვიცი, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. სახელმწიფო მეთაური არ ერევა არც გამოძიებაში, არც სხვა პროცედურულ საკითხებში. ლაპარაკი იყო იმაზე, რომ თანამდებობის პირებმა ჩაიდინეს გარკვეული კანონთან შეუთავსებელი ქმედება, რასაც შეიძლება მოჰყოლოდა სახელმწიფო მეთაურის განკარგულება - გადაწყვეტილება მათი თანამდებობრივი პასუხისმგებლობის შესახებ. აურზაური ამ ფაქტთან დაკავშირებით (ლაპარაკია ხელისუფლების გადაჭარბებასა და ბოროტად გამოყენებაზე და სხვა) სრულიად უსაფუძლოდ მიმაჩნია.

რაც შეეხება წინასაარჩევნო კაპანიას, ამის შესახებ გუშინ გორში ვილაპარაკე. სახელმწიფოს მეთაურმა, იმისდა მიუხედავად, წამოაყენებს თუ არ წამოაყენებს თავის კანდიდატურას რომელიმე რანგში, უნდა იმუშავოს და თავისი საქმე აკეთოს სწორედ ისე, როგორც მას კანონით აქვს დავალებული. კანონით, სხვათა შორის, სახელმწიფოს მეთაურს აქვს უფლება მოიწვიოს ყველა და წარმართოს სახელმწიფოს ცხოვრება ისე, რომ ქვეყანაში სტაბილურობა დამკვიდრდეს.

თუ თელავის შეხვედრა წინასაარჩევნო კამპანიაა, მაშინ წინაარჩევნო კოპანია კარგი ყოფილა და მოვუწოდებ ყველას, მოაწყონ ასეთი შეხვედრები და დაამყარონ წესრიგი.

- თქვენ ბრძანეთ რომ მაშველთა კორპუსის ხელძღვანელობა გაგებით შეხვდა ამ ფაქტს. განსაკუთრებით ეს რუსთავში იგრძნობოდა, პირველებმა იარაღის ჩაბარება რუსთავის მაშველთა კორპუსმა დაიწყო. იმავე რუსთავში ერთი მეტად მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. ორო სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საწარმო გაერთიანდა - „აზოტი“ და „ქიმბოჭკო“ დაინიშნა ახალი დირექტორი...

- ეს მართლაც აუცილებელი ნაბიჯი იყო. ორივე ერთმანეთთან დაკავშირებული საწარმოებია. „აზოტის“ გარეშე „ქიმბოჭკო“ ვერ იარსებებს, უფრო სწორად მისი მთავარი საბაზისო პროდუქტი კაპროლაქტამი, რომელიც „აზოტის“ წარმოებაში მზადდება, ამ მონათესავე სწარმოების გაერთიანება უდავოდ დადებითი მოვლენაა. დირექტორად გამოცდილი სპეციალისტი ბატონი ძნელაძე დაინიშნა. საერთოდ, ეს ღონისძიება, რომელიც სამხარეო ადმინისტრაციისა და ქალაქის ხელმღძღვანელობის ინიციატივით განხორციელდა, უდავოდ, მნიშვნელოვანი ფაქტია ეკონომიკის თვალსაზრისით და არანაკლებ მნიშვნელოვანი, ქალაქში წესრიგის დამყარების ინტერესების გათვალისწინებით. „აზოტს“ ამ მხრივ ძალიან უჭირდა. მას ბევრი ისეთი მიეტმასნა, რომლებსაც არავითარი საერთო არა აქვთ ამ კოლექტივის, ქვეყნის ინტერესებთან, ხშირი იყო დატაცება, უზარმაზარი ქონების განიავება. ვფიქრობ, რომ განხორციელებული სერიოზული ორგანიზაციული ღონისძიება გარკვეულად გააჯანსაღებს რუსთავში საერთო ატმოსფეროს.

- ხვალ 9 მაისია, თქვენ ფაშიზმზე გამარჯვების 50 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო სხდომაში მონაწილეობდით, შეხვდით ვეტერანებს, იყავით ვაკის პარკში. გუშინ იყავით გორში, სადაც ალბათ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი ახლად დანიშნული რწმუნებულის საქმიანობის პირველი შედეგების განხილვა იყო. დღეს მოსკოვს მიემგზავრებით. ფაშიზმზე გამარჯვების 50 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების გარდა, მოსკოვის შეხვედრები, სხვა მხრივაც ითხოვს ყურადღებას. ჯერ ერთი - ცნობილი პოტსდამის, თეირანისა და იალტის კონფერენციების შემდეგ ძველ მოკავშირეებს პირველად აქვთ შესაძლებლობა კვლავ ერთად შეიკრიბონ და იმსჯელონ მშვიდობის შენარჩუნების საკითხებზე. საინტერესო იქნება ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის ხელმძღვანელთა შეხვედრაც, რომელზეც, სავარაუდოა განიხილონ ისეთი თემები, როგორიცაა ირანი, ბოსნია, ჩეჩნეთი და ნატოს საზღვრების გაფართოება...

- ფაშიზმზე გამარჯვების 50 წლისთავის აღნიშვნა საქართველოში საკმაოდ შთამბეჭდავად მიმდინარეობს. მთავარი ის არის, რომ ამ დღეს ზეიმობს ყველა თაობა და არა მხოლოდ ვეტერანები. ეს ნათლად ჩანდა ვაკის პარკშიც, ფილარმონიაშიც და ქალაქ გორშიც. მთავარია, რომ არავინ და არაფერი არ დავივიწყოდ, ვიყოთ სამართლიანი და წინდახედული მოვლენათა და პიროვნებათა შეფასებაში. ასეთ შემთხვევაში გაცილებით უკეთ განვსაზღვრავთ გზებს, რომელიც მშვიდობამდე და საყოველთაო კეთილდღეობამდე მიიყვანს მსოფლიოს. ჩემს მიერ გორის მონახულებას ეს პრინციპი ედო საფუძვლად. მადლობელი ვარ გორელებისა სამართლიანობისა და სითბოსთვის, მხარდაჭერისათვის.

რაც შეეხება მოსკოვის შეხვედრებს, თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ფორუმის დიდი საერთაშორისო ხასიათი ბვერ რამეს მოწმობს. შთაბეჭდილებებს უფრო ზუსტ წარმოდგენებს იმ მოვლენებზე, რომლებთანაც გვექნება საქმე, დაბრუნების შემდეგ მოგახსენებთ

და ისევ გორის შესახებ, გაიმართა საქმიანი საუბარი, ძალზე კარგ შთაბეჭდილებას ახდენს ადმინისტრაციის ახალგაზრდული შემადგენლობა, ბატონი ბადრი ხატიძე, იქ წარმოდგენილი გამგებლები და სხვები. კარგია, რომ დიალოგში მცხეთა-მთიანეთის რწმუნებული შალვა ობგაიძე მონაწილეობდა. ბევრი საინტერესო წამოწყებაა და მეც იმედიანად დავბრუნდი. ჩემი განწყობილება შიდა ქართლის მოსახლეობის განწყობილებასაც შეესაბამება. ღმერთმა ქნას, რომ იმედი არც ხალხსა და არც მე არ გაგვიცრუვდეს.

„ვიყოთ სამართლიანი და წინდახედული მოვლენათა და პიროვნებათა შეფასებაში, ასეთ შემთხვევაში გაცილებით უკეთ განვსაზღვრავთ გზებს, რომლებიც მშვიდობამდე და საყოველთაო კეთილდღეობამდე მიიყვანს მსოფლიოს“ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა]ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 11 მაისი. - 52(1068). - 1,2 გვ.

36 დავიცვათ ისტორიული სიმართლისა და სამართლიანობის სიმაღლე!

▲ზევით დაბრუნება


ედუარდ შევარდნაძის სიტყვა გამარჯვების 50 წლისთავის დღესასწაულზე

მშვენიერია ხვედრი რუსეთის სათაყვანო გორისა - იმ ადგილისა, სადაც მისი უწმინდესი სახელების წინაშე ქედს იხრიან და პატივს მიაგებენ ადამიანები.

დღეს აქ ჩვენ თაყვანი უნდა ვცეთ რუს გენიას, მოსკოვსა და მის უწმინდეს სახელებს, რუსეთსა და მის გმირობას.

არ არის საძრახისი თაყვანი სცე მიწას, სადაც განისვენებენ ჩვენი წინაპრები - რუსეთის ყველა სამამულო ომში თავიანთი სამშობლოსთვისაც რომ იბრძოდნენ.

ვალდებული ვართ, რაღაც უნდა დაგვიჯდეს,. დავიცვათ ეს მაღლობი, ისტორიული სიმართლისა და სამართლიანობის მაღლობი, როგორც ჩვენი ძმები და მამები იცავდნენ დიდი სამამულო ომის უსახელო მაღლობებს.

საბჭოთა კავშირის ყველა ხალხი ჭედდა გამარჯვების ფარს, მაგრამ სწორედ რუსულმა ლითონმა განამტკიცა იგი, შეუძლებელია თქვა ეს უკეთ, ვიდრე ითქვა გამარჯვების პარადის შემდეგ ორმოცდახუთში.

საბჭოთა კავშირის ყველა ხალხი იბრძოდა სამშობლოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის და გამარჯვების შემდეგ ყველას უკეთესი ცხოვრების იმედი ასულმდგმულებდა.

საბჭოთა კავშირის ყველა ხალხი ესწრაფოდა ჭეშმარიტი სახელმწიფოებრიობის მოპოვებას და ამ გზაზე პირველმა რუსეთმა გადადგა ნაბიჯი. ორი საეტაპო მოვლენა - ფაშიზმზე გამარჯვება და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა შექმნა შეუძლებელი იქნებოდა რუსეთის გარეშე. მის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა მშვიდობა და სტაბილურობა ევრაზიის უზარმაზარ სივრცეში, შეუძლებელი იქნებოდა მშვიდობა ევროპასა და მთელს მსოფლიოში.

სწორედ აქ, პოკლონნაიას გორაზე უპრიანია ითქვას, თუ რა ახალი მისია აკისრია ახალ რუსეთს: განამტკიცოს - დაუთრგუნავად, დაიცვას და შეინარჩუნოს - დაუშინებლად.

ამ მისიას საარსებო მნიშვნელობა აქვს საქართველოსა და სხვა ქვეყნებისათის, რომლებმაც დამოუკიდებლობა, ისევე როგორც რუსეთმა, ტანჯვა-ვაებით მოიპოვეს. მას საარსებო მნიშვნელობა აქვს თავად რუსეთისთვისაც, რადგან მეზობელი ქვეყნების დამოუკიდებლობა, ერთიანობა, აყვავება - ახალი, ძლიერი, დემოკრატიული და ერთიანი რუსეთის გარანტიაა.

ის, რაც ცუდია პატარა საქართველოსთვის - კარგი არ უნდა იყოს დიდი რუსეთისათვის, ის რაც ცუდია რუსეთისათის - ასევე ცუდია საქართველოსთვის. ასე იყო ეს ისტორიულად.

ნამდვილი სიდიადე დანაწევრებული ქვეყნების ძირმორყეულ ფუძეს ვერ დაემყარება. პოკლონნაიას გორა გვცდის ჩვენ არა მარტო მონუმენტური ხელოვნების მოცულობითა და უნიკალურობით, არამედ ადამიანურობის მასშტაბითაც, როგორც დიადი გამარჯვების ადამიანური განზომილების ტოლფასი. იგი მოითხოვს:

- არ დავაკნინოთ მისი ჯარისკაცების გმირობა ჰიტლერულ ფაშიზმსა და იმ ქვეყანას შორის თანასწორობის ნიშნით, რომელსაც ისინი იცავდნენ;

- არ გავუთანაბროდ ევროპის ხალხთა განთავისუფლება მათზე ტოტალიტარულ ბატონობას;

- არ გავაიგივოთ ამ გმირობის სიმბოლო - გამარჯვების დროშა - ხალხთა დანაწევრებისა და კონტინენტების გათიშვის სიმბოლოებთან; განმანთავისუფლებელთა შთამომავლებმა დაანგრიეს გათიშულობის კედელი და ეს ევროპის მეორედ განთავისუფლება გახდა. გამარჯვების ნახევარი საუკუნის იუბილე შეგვახსენებს:

- გამარჯვება შესაძლებელი გახდა ხალხების და ქვეყნების ერთიანობის წყალობით და არა მათი შუღლით.

- იგი შესაძლებელი გახდა ლიდერთა უნარით ამაღლებულიყვნენ რელიგიურ, პოლიტიკურ, კლასობრივ, ნებისმიერ სხვა უთანხმოებებზე. მათ უკუაგდეს ყოველივე ეს უმთავრესის - გამარჯვებისათვის; დღეს ამაზე უკვე ილაპარკა ბორის ნიკოლოზის ძე ელცინმა.

- იგი შესაძლებელი გახდა მათი საერთო ინტერესების პოზიციებიდან მოქმედების წყალობით.

მათ მოგვცეს ისტორიის ღია გაკვეთილი და დაგვანახეს მზადყოფნა ეზრუნად ომისშემდგომი მსოფლიოს მოწყობისათვის. ჩვენ ყოველთვის ვერ აღმოვჩნდით ღირსეული მოწაფეები. ცივ ომზე გამარჯვებამაც ვერ გვასწავლა ერთად და შეთანხმებულად მოქმედება.

მთავარი უბედურება ის გახლავთ, რომ ბევრმა ჯერ კიდევ ვერ გააცნობიერა: მათი ეროვნული ინტერესები საიმედოდ შეიძლება იყოს დაცული მხოლოდ ზოგადსაკაცობრიო ღირებულებათა გლობალური დაცვის ფარგლებში.

დაე, პოკლონნაიას გორაზე დუმილის წუთი გადაიქცეს ამაზე ფიქრის წუთად.

დაე, ახლა მისი მწვერვალიდან გადაიშალოს ის სამანი, რომლის იქეთაც კაცობრიობას თან აღარ გაჰყვება თავისი შეცდომები და ცდომილებანი.

დავიცვათ ისტორიული სიმართლისა და სამართლიანობის სიმაღლე! : ედუარდ შევარდნაძის სიტყვა გამარჯვების 50 წლისთავის დღესასწაულზე // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 11 მაისი. - 52(1068). - 1,2 გვ.

37 ჩვენ ამ ხსოვნის ერთგულნი ვართ

▲ზევით დაბრუნება


ფაშიზმზე გამარჯვების 50 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო სხდომა

ნახევარი საუკუნე გვაშორებს გაზაფხულის იმ დღეს,როცა ნაომარმა და დაღლილმა ჩვენმა ხალხმა შვებით ამოისუნთქა - ომი დამთავრდა! მაგრამ ამ უდიდეს სიხარულს უდიდესი დარდიც ახლდა თან - 700 ათასი ქართველი ვაჟკაციდან 300 ათასზე მეტი არ დაბრუნდა, გმირული სიკვდილით დაეცა სამშობლოს თავისუფლებისათვის ბრძოლაში. მაგრამ ისინი ცოცხლობენ ყველა ჩვენგანის გულში, მათი ხსოვნა გვაფხიზლებს და სიკეტთის, სიყვარულის ერთგულების, აღმშენებლობისაკენ მოგვიწოდებს. მათი აჩრდილები დღენიადაგ გვმოძღვრავენ და შეგვახსენებენ ბრძნულ შეგონებას - „გახსოვდეს, ვისი გორისა ხარ“. ამ შეგონებას ამ შეგონებას არ ეღალატება, მას გაფრთხილება და პატრონობა სჭირდება. დროის გადასახედიდან ნათლად ჩანს უკვე ისტორიის კუთვნილებად ქცეული იმ საშინელი ომის დეტალები. ყველასა და ყველაფერს თავისი სახელი ეწოდა, მოვლენები და ფაქტები შეფასდა. მაგრამ იმ გმირული 1418 დღე - ღამის ეპოპეა ჯერ კიდევ ელოდება პირუთვნელ მემატიანეს...

ულმობელი დროის ლოგიკით სულ უფრო მცირდება ნაომარ მებრძოლთა რიგები. სამწუხაროდ, ბევრი ვერ მოესწრო გამარჯვების ოქროს იუბილეს სამარადისო დიდება მათ, ვინც „თავი გასწირა ვინც სისხლი დაღვარა“ უდიდეს გმირობის ფასად მოიპოვა გამარჯვება. დღეს როცა ჩვენი ქვეყანა პატივს მიაგებს დიდი სამამულო ომში დაღუპულთა ხსოვნას, გულწრფელი მადლიერების გრძნობით იხრის ქედს ვეტერანების წინაშე რომლებიც მიუხედავად დღევანდელი მძიმე ვითარებისა, ჭირთა თმენის, ძნეობის საუკეთესო მაგალითებს გვიჩვენებენ, კვლავაც იღვწიან მშობელი ერის საკეთილდღეოდ.

ყოველ ჩვენგანს ამ ომთან თავისი საკუთარი დამოკიდებულება გვაქვს. მაგრამ არის კიდევ საერთო - სახალხო ტკივილი და მზადყოფნა, რომ მილიონობით ადამიანთა სიცოცხლის ფასად მოპოვებულ მშვიდობას ვერავინ და ვერასდროს ვერ ხელყოფს...

7 მაისს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა ფაშიზმზე გამარჯვების 50 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო სხდომა. მასში მონაწილეობდნენ საქართველოს მთავრობის წევრები, პარლამენტარები, საქართველოში აკრედიტებული საელჩოების წარმომადგენლები. სამხედრო პირები, ვეტერანები, აზერბაიჯანისა და სომხეთის დელეგაციები.

სხდომა შესავალი სიტყვით გახსნა საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ოთარ ფაცაციამ.

სხდომის მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დიდ სამამულო ომში დაღუპული ჩვენი თანამოძმეების ხსოვნას.

დიდი სამამულო ომის მონაწილეებს, ვეტერანებს გულთბილად მიესალმა და გამარჯვების დღე მიულოცა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ-სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ - ამ დღეებში ბევრი ითქვა საქართველოს წვლილზე ფაშიზმის დამარცხებაში, -აღნიშნა საქართველოს მეთაურმა.

- მართლაც უპრეცენდეტო მოვლენაა, რომ პატარა ქვეყანამ, რომლის მოსახლოება მაშინ 3 მილიონ-ნახევარს შეადგენდა და რომლის ტერიტორიაზე ფრონტის ხაზი არ გადიოდა, ფრონტზე 700 ათასი თავისი შვილი გააგზავნა, აქედან 300 ათასზე ბრძოლის ველზე ან საკონცენტრაციო ბანაკებში დაიღუპა.

მინდა გამოვხატო ჩვენი ქვეყნის თაყვანისცემა იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ვერ დაბრუნდნენ და ქედი მოვიხარო მათი ოჯახების, შვილების, შვილიშვილების, შვილთაშვილების წინაშე. მათ ამ ადამიანებმა დაუტოვეს დიდი სახელი, დიდი მაგალითი თავდადებისა, თავგანწირვისა სამშობლოსავის, ქვეყნისა და ხალხისათვის. დღეს საქართველო ამაყობს იმით, რომ მისი ათეულობით შვილი საბჭოთა კავშირის გმირი გახდა. ათასებმა თავდადებისთვის უმაღლესი შეფასება მიიღეს. საქართველოს ეს უნიკალური წვლილი იმითაც არის აღსანიშნავი, რომ რუს ჯარისკაც მიხეილ ეგოროვთან ერთად ჩვენს თანამემაულეს მელიტონ ქანთარიას წილად ხვდა საოცარი ხვედრი ისტორიაში - დამარცხებულ რაიხსტაგზე გამარჯვების დროშა აღემართა...

საქართველოს უნიკალური წვლილი ამ დიდი გამარჯვებაში იმითაც გამოიხატა, რომ მთელმა მაშინდელმა საბჭოეთმა, ყველა ხალხმა, ვინც ერთად ებრძოდა ფაშიზმს, ბრძოლისა და გამარჯვების საჭე ჩვენს თანამემამულეს იოსებ სტალინს ჩააბარა. იმის შესახებ, თუ რა იყო მისაღები და რა მიუღებელი მის პიროვნებასა და მოღვაწეობაში, საჭიროზე მეტი ითქვა და დაიწერა, მაგრამ ვერავითარი სუბიექტური მოსაზრებები ვერ ამოშლის ისტორიიდან იმ მოსაზრებას, რომ სტალინი იყო ლეგენდარული ნებისყოფის ის პიროვნება, რომელმაც შეძლო ხალხების, რესპუბლიკების, ქვეყნის გაერთიანება ფაშიზმის დასამარცხებლად. ეს მართლაც უნიკალური მოვლენაა, რომ მსოფლიოს უდიდესი სახელმწიფოების ლიდერებმა სტალინმა, რუზველტმა და ჩერჩილმა, შემდეგ დე გოლმა, რომლებიც შეუთავსებელნი იყვნენ თავიანთი იდეოლოგიური მრწამსის გამო, სძლიეს საკუთარ თავს, დადგნენ იდეოლოგიურ ინტერესებზე მაღლა და მოახერხეს მსოფლიოს გაერთიანება. ეს არ უნდა დავივიწყოთ, ეს შთამომავლობას უნდა გადავცეთ.

რუსი ხალხის როლზე ამ უდიდეს გამარჯვებაში სწორედ უმაღლესი მთავარსარდალი იტყვის. ამ სიტყვებს დღესაც არ დაუკარგავს ძალა. განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ ამჟამად ახალ დემოკრატიულ რუსეთს ახალი მისია დააკისრა ყოფილი საბჭოთა კავშირის - ახლა უკვე დამოუკიდებელმა სახელმწიფოებმა.

ბატონი ედუარდ შევარდნაძე გულითადად მიესალმა ამიერკავკასიაში რუსეთის შეიარაღებული ძალების დაჯგუფების მხედართმთავრებს, გენერლებს, ოფიცრებს, ჯარისკაცებს, დიპლომატიური კორპუსის, საელჩოების, სხვადასხვა ქვეყნების დელეგაციების, ანტიჰიტლერული კოალიციის ქვეყნების წარმომადგენლებს, რომლებიც მონაწილეობდნენ საიუბილეო ზეიმში.

- მივესალმები საქართველოს ყველა მოქალაქეს, უწინარესად - თქვა სახელმწიფოს მეთაურმა, - უწინარესად ახალგაზრდობას, რომელთა ხვედრი გახდა თავისუფალი, დამოუკიდებელი, ბედნიერი ქვეყნის აშენება.

განსაკუთრებულად მინდა მივესალმო დამოუკიდებელი საქართველოს შეიარაღებულ ძალებს.

- ჩვენს არმიას, ერთიანს, მთლიანს, ქვეყნის ფარს, ჩვენი ძლიერების სიმბოლოს, საქართველოს დამოუკიდებლობის ბურჯს, ქართული არმია ჩვენს თვალწინ, ყველა მოქალაქის მონაწილოებით იქმნება. ჩვენი ეროვნული დღესასწაულის დღეებში გვექნება შესაძლებლობა ვნახოთ, როგორია არმია დღეს, ვიხილოთ ჩვენი ჯარისკაცები, მათი მეთაურები, ჩვენი საბრძოლო ტექნიკა.

ჩვენს მიერ მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებები მეზობელ ქვეყნებთან, მთელ გარემომცველ სამყაროსთან კეთილმოსურნე დამოკიდებულების შესახებ და ამავე დროს დიდ მეზობელთან - რუსეთთან განსაკუთრებული ურთიერთობების დამყარების თაობაზე - სწორი და გარდაუვალი ნაბიჯია და ეს უწინარესად ეტყობა ჩვენი შეიარაღებული ძალების შექმნის პროცესს.

ასე მგონია, სანამ ადამიანებს ახსოვთ საშინელებანი იმ სასტიკი ომისა, სანამ მეხსიერება არ გვღალატობს, კაცობრიობამ უნდა შექმნას მშვიდობის საიმედო გარანტიები. ეს შეუძლია დღევანდელ მსოფლიოს. ვიდრე მწყობრში არიან ცივი ომის მონაწილენი, პლანეტის ყველა ხალხის ავტორობით უნდა შეიქმნას მშვიდობის კოდექსი, რომლის დარღვევაც უსასტიკეს სასჯელსა და რისხვას დაატეხს აგრესორს. სახელმწიფოებმა, რომლებიც გათიშულნი იყვნენ, მაგრამ დღეს გათიშულნი აღარ არიან იდელოგიური, კლასობრივი და რასობრივი შეუთავსებლობით, ხელი უნდა მოაწერონ საერთაშორისო კანონს, ქარტიას, რომლითაც ვალდებულებას იკისრებენ საყოველთაო ომო გამოუცხადონ სახელმწიფოთა დამანგრეველ გარე თუ შინა დესტრუქციულ სეპარატისტულ ძალებს, მათ, ვინც საერთაშორისო მშვიდობას უშლის ხელს.

ომის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გაკვეთილი ისიცაა, რომ რეჟიმი, წყობა, ჯგუფი ადამიანებისა, რომლებიც სჩადის დანაშაულს - უნდა დაისაჯოს ისე, როგორც ეს ნიურნბერგის პროცესმა გააკეთა. ამ შემთხვევაში სისასტიკე ჰუმანურობის გარანტიებს ქმნის. ამ ჭეშმარიტების დავიწყებამ ბევრი უბედურება მოუტანა მრავალტანჯულ საქართველოს, რომელიც ახლა დარწმუნდა იმაში, რომ სამართლიანობა აღდგება და ქვეყანა გამთლიანდება.

სახელმწიფოთაშორის ურთიერთობაში, პოლიტიკაში მორალი და ზნეობა თვით პოლიტიკაზე მაღლა უნდა დადგეს. მხოლოდ მაშინ დამკვიდრდება სიმართლე და ახალი წესრიგი მსოფლიოში. დედამიწაზე არიან დიდი და პატარა ქვეყნები, მდიდარი და ღარიბი ხალხები, პატარა სახელმწიფოების იგნორირება - მე მივმართავ ყოვლისშემძლე დიდ სახელმწიფოებს - ბუმერანგივით დაგიბრუნდებათ. სამწუხაროდ ჯერ კიდევ მოქმედებს ბანაკებად დაყოფის ტენდენცია. ასე შორს ვერ წავალთ, იმასაც დავკარგავთ - უწინარესად, მდიდრებო და ბედნიერებო - რა გვაქვს. ათასები, მილონები იმისთვის იბრძოდნენ (მარტო მეორე მსოფლიო ომში 27 მილიონი ადამიანი დაიკარგა) რომ მომავალი საუკუნის შთამომავლებისათვის დაეტოვებინათ ჩვენი პლანეტა - მუდმივი მშვიდობისა და ხალხთა კეთილდღეობის ერთიანი ოჯახი. მჯერა, რომ ოცდამეერთე საუკუნეში ასეთი სამყარო იქნება და ამ ერთა სახელმწიფოთა თანამეგობრობაში მთლიანი, განუყოფელი საქართველო თავის ღირსეულ ადგილს დაიკავებს. ჩვენს მოკლე დროში ბევრი ტრაგედია გადაგვხდა თავს. დიდი სამამულო ომის, ცივი ომის გაკვეთილების გარდა ჩვენ სხვა გაკვეთილიც მივიღეთ: თუ ერთად ვართ ქვეყნის ძლიერების სადარაჯოზე, მაშინ ერთიანი და ძლიერი იქნება საქართველო. გაუმარჯოს ასეთ საქართველოს.

შეკრებით გამარჯვების დღე მიულოცეს ამიერკავკასიაში რუსეთის ჯარების ჯგუფის სარდალმა თევდორე რეუტმა, საქართველოს რესპუბლიკის ვეტერანთა საბჭოს თავმჯდომარემ, პარლამენტის ვეტერანთა საქმეების მუდმივი კომისიის თავმჯდომარემ გენერალმა ალექსანდრე ბერიძემ, რუსეთის საგანგებო და სრულ უპლებიანმა ელცმა საქართველოში ვლადიმერ ზემსკიმ, პროფესორმა მანანა პაიჭაძემ, უკრაინის საგანგებო და სრულ უფლებიანმა ელჩმა საქართველოში ანატოლი კასინენკომ, სომხეთის დელეგაციის ხელმძვანელმა, სომხეთის ტრანსპორტის მინისტრმა ჰენრიხ კოჩინიანმა. პოეტმა მიხეილ ქვლივიძემ წაიკითხა ომში დაღუპული ძმისადმი მიძღვნილ ლექსი.

საზეიმო სხდომას დაესწრნენ საქართველოს პარლამენტის სპიკერი ვახტანგ გოგუაძე, სხვა ოფიციალური პირები. საიუბილეო ზეიმი დააგვირგვიანა დიდმა სადღესასწაულო კონცერტმა.

მერი გაბრიაძე,
საქინფორმის კორ.

ჩვენ ამ ხსოვნის ერთგულნი ვართ : ფაშიზმზე გამარჯვების 50 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო სხდომა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 11 მაისი. - 52(1068). - 1,2 გვ.

38 „საქართველოს მონაწილეობა და მისი ერთგვარად გამორჩეული ადგილი მოსკოვის ღონისძიებებში იმ როლის ადეკვატურია, რომელიც ჩვენმა ხალხმამეორე მსოფლიო ომში შეასრულა“

▲ზევით დაბრუნება


ედუარდ შევარდნაძის 15 მაისის რადიოინტერვიუ

- საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ - სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ თავისი ტრადიციული რადიოინტერვიუ, რომელსაც ჟურლალისტი ნატო ონიანი წესი, ეკონომიკური მიმოხილვით დაიწყო.

- ამ ბოლო დღეებში, განსაკუთრებით ფაშიზმზე გამარჯვების 50 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებათა ფონზე, კიდევ უფრო ნათლად გამოიკვეთა, რომ მთელ პლანეტაზე მშვიდობისა და თანაცხოვრების დემოკრატიული საყრდენი, უწინარესად საბაზრო ეკონომიკაა. მისი ელემენტების თანმიმდევრული დანერგვა საერთაშორისო თანამეგობრობაში საქართველოს ინტეგრაციის მთავარი საფუძველი ხდება. საერთაშორისო საფინანსო-ეკონომიკურ ორგანიზაციათა მაღალი დონის მისიათა ვიზიტები, მათ მიერ ფინანსურ სტაბილიზაციისა და სისტემური გარდაქმნების ანტიკრიზისული პროგრამის რეალიზაციის მსვლელობის ანალიზი ნათლად ადასტურებს, რომ ამ გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი ხელშესახებია აღიარებული სპეციალისტებისთვისაც.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელობას ამ მიღწევათა შორის ყველაზე არსებითად მაინც კუპონის გაცვლითი კურსის მნიშვნელოვანი გამტკიცება მიაჩნია. 1995 წლის იანვრიდან ეროვნული ბანკის იფიციალური კურსი ამერიკული დოლარის მიმართ უცვლელია: 1 დოლარი სტაბილურად 1.300.000 კუპონი ღირს.

ახლა იმათ საყურადღებოდ, ვისაც მიაჩნია, რომ ეს ბლეფია, მოჩვენებითი განმტკიცებაა, ამჟამად ყველაზე მნიშვნელოვანი განსხვავება ოფიციალურ და ბაზარზე მოქმედ კურსებს შორის მხოლოდ 4.5 პროცენტით განისაზღვრება, მაშინ, როცა შარშან ეს სხვაობა 60 პროცენტის დონეზე იყო. ამ ფონზე გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“ გამოქვეყნებული ეკონომიკის ყოფილი მინისტრის ბატონ მიხეილ ჯიბუტის სტატია კუპონის კურსის თაობაზე, ალბათ, უფრო საზოგადოებრივი აზრის დეზორიენტაციის მცდელობაა, - მე ასე მიმაჩნია - ან თავად არის დეზორიენტირებული. განსაკუთრებით მიუღებელია განცხადება იმის შესახებ, რომ საქართველო საერთაშორისო სავალუტო ფონდთან დადებულ არც ერთ პირობას არ ასრულებს. ბატონ კომდესიუს ვიზიტის დროს და ამჟამადაც, როცა ფონდის მისია საქართველოში იმყოფება, საზოგადოებრიობას ჰქონდა და აქვს იმის შესაძლებლობა საწინააღმდეგო მოსაზრებაში დარწმუნდეს. ცხადია, მეტად სერიოზული სიძნელეები არის, მაგრამ სტაბილიზაციის ღონისძიებები უპირატესად სრულდება. ამ პრობლემებსა და პროცესებთან დაკავშირებით საჭიროა საზოგადოებრიობას უფრო ვრცლად და არგუმენტირებულად ესაუბრონ ეკონომიკური რეფორმების სამთავრობო კომისია, ეროვნული ბანკი, ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროები. ხალხმა უნდა იცოდეს ნაკლოვანებებიც და ამავე დროს უნდა ვაჩვენოთ თუნდაც მცირე, მაგრამ უკვე რეალურად მიღწეული დამაიმედებელი შედეგები.

რამოდენიმე სიტყვა მინდა ვთქვა ხელისუფლებიდან გაქცეული ხალხის შესახებ. მე ასე ვიტყოდი: ეს კარგი ხალხია. ბატონ ჯიბუტს დიდ პატივს ვცემდი და მინდოდა იგი მთავრობაში დარჩენილიყო, მან არ მოისურვა და წავიდა. მერე, ორი-სამი თვის შემდეგ აღმოაჩინეს, რომ თურმე ბევრი რამის გაკეთება შეიძლებოდა, ხელისუფლებაში ღირსეული ხალხი რომ ყოფილიყო. დარჩენილიყავით და გემუშავათ, ერთად გადაგვეწყვიტა ძნელად გადასაჭრელი საკითხები.

რაც შეეხება წინა კვირის კონკრეტულ ვითარებას, ეროვნული ბანკის ცნობით იგი ასე ხასიათდება: ოთხშაბათს ბანკთაშორის სავალუტო ვაჭრობაში უკვე 19 კომერციული ბანკი მონაწილეობდა (კარგია, რომ მათი რიცხვი გაიზარდა) გაიყიდა 580 ათასი ამერიკული დოლარი კურსი იგივეა: 1 ამერიკული დოლარი - მილიონ 300 ათასი კუპონი, რუსულ რუბლზე გარიგების მოცულობამ 280 მილიონი შეადნინა. მიწოდების ამგვარი სიდიდის გამო კურსი სწრაფად დავარდა და ვაჭრობის დახურვის მომენტში 230 კუპონი სეადგინა.

პარასკევს გამართულ საბირჟო ვაჭრობაზე დოლარზე მოთხოვნამ 600 ათასი დოლარი შეადგინა. კურსი იგივე დარჩა. რუსულ რუბლზე მოთხოვნა 35 მილიონი იყო. შეფარდება - 1 რუსული რუბლი - 231 კუპონი.

საგადასახადო ინსპექციის მცდელობის გააქტიურების მიუხედავად, ჯერჯერობით საგადასახადო საბიუჯეტო სისტემა მაინც რჩება მნიშვნელოვან საკითხად. ამიტომ ყურადღების შენელება არ შეიძლება. რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსავლების ჩარიცხვის დავალებები გადაჭარბებით სრულდება. შიდა და ქვემო ქართლის რეგიონებში ამ საქმეს ძალიან დიდი ყურადღებას უთმობენ სახელმწიფოს მეთაურის რწმუნებულები, რომლებიც ყოველდღიურად მუშაობენ ამ საკითხებზე. აქ გადაჭარბებამ შესაბამისად 45 და 102 მილიარდი კუპონი შეადგინა, მაგრამ, სამწუხაროდ, რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსავლების ჩარიცხვა კვლავ სერიოზულად ჩამორჩება კახეთში - 4 თვეში გეგმა 37 პროცენტით შესრულდა, აჭარაში - 53 პროცენტით (ცოტა გაუგებარია, რატომ უნდა იყოს აჭარაში ასე, შევეცდები დღეს გავერკვე). სერიოზულად უნდა გააძლიერონ ყურადღება ამ საკითხზე იმერეთის მხარეში, სადაც მაჩვენებელი 79 პროცენტია, ქალაქ თბილისში 76 პროცენტი და სხვა რეგიონებში.

კვლავ დანაშაულებრივი შეფერხებებია რესპუბლიკურ ბიუჯეტში სათანადო თანხების შეტანის თვალსაზრისით. დიდი დავალიანებები ერიცხებათ ქუთაისის წისქვილკომბინატს - თითქმის 2 ტრილიონი კუპონი (ვთხოვთ ბატონ თემურ შაშიაშვილს პირადად განიხილოს ეს საკითხი) ქუთაისის პურის მიმღებ საწარმოს - თითქმის ნახევარი ტრილიონი კუპონი, გორის პურპროდუქტების კომპინატს - 1 ტრილიონი კუპონი, ფოთის წისქვილკომბინატს - თითქმის ტრილიონი კუპონი.

პირველიდან ათ მაისამდე საგადასახადო ორგანოებმა შეამოწმეს 95 ორგანიზაცია, სადაც სხვადასხვა დარღევევებისათვის ბიუჯეტის სასარგებლოდ დამატებით დარიცხულმა თანხამ 4 ტრილიონი კუპონი შეადგინა, ეს გაყინული თანხები, უფრო სწორად სვა მიზნებით გამოყენებული თანხები, სახელმწიფოს ბიუჯეტში ძალდატანებით შემოვიდა. ბიუჯეტის კუთვნილი თანხები დამალული და შემცირებული ჰქონდათ რკინიგზის დეპარტამენტს (ამას ბატონ რემი ვაშაკიძის საყურადღებოდ ვამბობ) სასტუმრო „აჭარას“ გაერთიანება „საქსპეცმონტაჟს“, გაერთიანება „თბილტრანსს“, ზესტაფონის პურის მიმღებ საწარმოს და ზოგიერთ სხვას, ამასთან, საგადასახადო საქმიანობის სრულყოფა არ შეიძლება მხოლოდ სანქციებით უზრუნველყოთ. საჭიროა კანონმდებლობის, ნორმატიული აქტების შემდგომი დახვეწა, უფრო მოქნილი და ეფექტიანი ფისკალური სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც უდავოდ შეუწყობს ხელს, როგორც ბიუჯეტის შევსებას, ისე მეწარმოების, ბიზნესის განვითარებას. აქ ბევრი პრობლემაა დაგროვილი და მინდა მივმართო მინისტრთა კაბინეტს, რომ შეასაბამისი ნორმატიული აქტები პარლამენტისთვის სწარაფად მომზადდეს.

სტაბილიზაციის პროცესის განვითარება, თავს იჩენს ეკონომიკის კონკრეტული დარგების მეტ-ნაკლებად შესამჩნევი გამოცოცხლებით, გასულ კვირას უკვე გვქონდა საუბარი მრეწველობის სამინისტროს საწარმოთა შესახებ, მაისში ეს ტენდენცია კიდევ უფრო გამყარდა, ბატონმა კერესელიძემ აღნიშნა, რომ მაისში გამოშვებული პროდუქციის რაოდენობამ შეიძლება 6 ტრილიონ კუპონს მიაღწიოს. ეს უკვე სერიოზული ძვრაა და ძალიან დიდი განსხვავებაა იმასთან შეადრებით, რაც გასულ წელს ხდებოდა.

კარგი პერსპექტივა იქმნება სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგებშიც. გაცილებით მეტია მოხნული და დათესილი. დიდი დახმარება გაგვიწიეს ჩვენმა მეგობრებმა ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ქვეყანაში შემოზიდულია 100 ტონაზე მეტი ბოსტნეულის თესლი, რაც არა მარტო წლეულს, არამედ გაისადაც გვაძლევს უზრუნველყოფის გარანტიას. ამავე დროს მოსახლეობამ იცის, რომ უსახსრობის გამო სოფელი დიდ სიძნელეებს განიცდის მატერიალური რესურსებით, უწინარესად, ნავთობპროდუქტებით მომარაგებაში, თუმცა, ამ ბოლო დროს, მინისტრთა კაბინეტმა, ბატონმა ოთარ ფაცაციამ, მიიღეს საგანგებო ზომები. ჩაის რაიონებს ახლა ეძლევათ გარკვეული რაოდენობის მაზუთი, სხვა საწვავი, შეტანილია 1.500 ტონა ბენზინი. მინდა მოვთხოვო მინისტრთა კაბინეტს, რომ სოფლისათის დახმარების ასეთი საგანგებო ხასიათი არავითარ შემთხვევაში არ დაიკარგოს, მინისტრთა კაბინეტი ყოველდღიურად უნდა ზრუნავდეს სოფლის პრობლემებზე, რა თქმა უნდა, იმ გარანტიით, რომ დღეს გაწეული ხარჯები აუცილებლად იქნება ანაზღაურებული მოსავლის მოწევის შემდეგ.

ერთ-ერთ უმწვავეს და ყველაზე აქტუალურ პრობლემად საქართველოს ეკონომიკისათვის კვლავ რჩება ენერგეტიკული კრიზისის დაძლევის ამოცანა. როგორც მოგეხსენებათ, 13 მაისს სახელმწიფოს მეთაურთან გამართულ თათბირზე აღინიშნა, რომ ენერგეტიკული კომპლექსის ზამთრისთვის მზადება ჯერჯერობით დამაკმაყოფილებელი არ არის. ძირითადად ეს ფინანსური სიძნელეებითაა გამოწვეული. პრაქტიკულად, „საქენერგო“ გაკოტრებული ორგანიზაციაა და სწორედ საგანგებო ზომებია საჭირო, რათა ამ მდგომარეობიდან გამოვიყვანოთ, ამასთან გამოითქვა რწმენა, რომ უახლოეს კვირებში გადაწყდება ფინანსური დახმარების საკითხი - პირველ ეტაპზე ჩვენი რესურსებიდან, გარდა ამისა, ამ ერთი თვის - თვენახევრის განმავლობაში კი მივიღებთ გერმანულ დახმარებას - 18-20 მილიონ გერმანულ მარკას. ასევე ევროპული ბანკის კრედიტს. გვეხმარებიან ამერიკელები, ფრანგები და სხვები. მთავარია ეს ყველაფერი დროულად მოხდეს და ზამთარს მომზადებულნი შევხვდეთ. თათბირზე განისაზღვრა კონკრეტული დავალებები სამინისტროებისა და უწყებებისათვის. მმართველობის ადგილობრივი ორგანოებისთვის პასუხისმგებლობის სიმძიმის ცენტრი ელექტროსიმძლავრეებისა და ელექტროენერგიის მოხმარების ლიმიტების დაწევაზე, ასევე მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდაზე გადატანილია მმართველობის ადგილობრივი ორგანოების ხელმძღვანელობაზე. მივმართავ ყველა განმგებელს, ყველა რწმუნებულს, რომ ამ საკითხს მათ ყოველდღიური კონტროლი გაუწიონ.

ძალიან მნიშვნელოვანია ის პროცესი, რომელიც ითვალისწინებს „საქენერგოს“ ადგილობრივი ქსელების გადაცემას ქალაქებისა და რაიონების ბალანსზე. ამან გარკვეული შედეგი თბილისში უკვე მოგვცა. ვფიქრობ, რომ სხვა რეგიონებშიც შედეგებს სწარაფად მივიღებთ. მინისტრთა კაბინეტს დაევალა სასწრაფოდ განიხილოს და გადაწყვიტოს ისეთი საჭირბოროტო საკითხები, როგორიცაა თბოელექტროსადგურის აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობა(ეს პროცესი უნდა დაჩქარდეს) საზამთროდ სათბობის დაგროვება და სხვა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ უშიშიროების სამსახურთან ერთად უნდა გააძლიეროს მუშაობა დამნაშავეობის წინააღმდეგ, რათა საბოლოოდ აღიკვეთოს ელექტროსადენებისა და სხვა მოწყობილობათა ქურდობა. ამაზე უნდა დამთავრდეს საქართველოში ლაპარაკი! ეს საშინელი, სამარცხვინო და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებაა. უნდა გამოიკვეთოს მმართველობის ადგილობრივი ორგანოების ხელმძღვანელთა განსაკუთრებული პასუხისმგებლობა.

გუშინდელი საგანგებო შემთხვევაც, ძირითადად იმასთან არის დაკავშირებული, რომ მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები მოუწესრიგებელია. ბევრი მოიპარეს. ბევრი დააზიანეს. განსაკუთრებით არასტაბილური ვითარებაა, ეგრეთ წოდებულ „იმერეთის“ ხაზზე, სწორედ ამან გამოიწვია გუშინდელი საგანგებო შემთხვევა. ყველა ღონე უნდა ვიხმაროდ, რათა ზაფხულის განმავლობაში ხაზები მოწესრიგდეს, ამისათვის თანხებიც უნდა გამოიძებნოს. სესხზე, ყოველგვარ დათმობაზე უნდა წავიდეთ, რომ, ბოლოს და ბოლოს ეს სისტემა გაიმართოს.

- გუშინ საქართველოს კიდევ ერთი ახალი ადმინისტრაციული მხარე შეემატა - რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის. მხარეში სახელმწიფო მეთაურის რწმუნებულად დაინიშნა თედო ისაკაძე, შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკურად ეს ყველაზე რთული რეგიონია საქართველოში. თქვენ შეხვდით ამბროლაურის მოსახლეობას, მოისმინეთ მათი პრეტენზიები, რთული სიტუაციაა სხვა რაიონებშიც, მოსახლეობასთან საუბარში გამოჩნდა, რომ სულ რამოდენიმე ხელმძვანელი თანამდებობის პირი თუ ჩადის იქ და კითხულობს მათ ამბავს. ადამიანები უფრო მეტად გაღიზიანებული არიან არა იმით, რომ ხელისუფლება რაღაცას ვერ აკეთებს,არამედ იმით, რომ საქართველოს ეს მთიანი მხარე უყურადღებოდ არის მიტოვებული...

- გუშინ ამბროლაურში და საერთოდ, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში განსაკუთრებული დღე იყო: დაინიშნა ამ მხარის სახელმწიფოს მეთაურის რწმუნებული, ახალგაზრდა კაცი, რესპუბლიკაში ცნობილი მოღვაწე, ახალგაზრდული დეპარტამენტის ხელმძღვანელი თედო ისაკაძე, რომელზეც ყველანი ძალიან დიდ იმედებს ვამყარებთ. მოხარული ვარ, რომ მოსახლეობამ იგი ძალიან კარგად მიიღო. ცოტა არაორდინარულად გაიმართა ეს ღონისძიება. მასში მონაწილეობდნენ ამ კუთხის ცნობილი შვილები, რომლებიც დღეს საქართველოში აღიარებული მოღვაწეები არიან - ბატონები გურამ ფანჯიკიძე, რეზო ჯაფარიძე, მურმან ლებანიძე. ჩვენი კულტურისა და ლიტერატურის ეს გამოჩენილი წარმომადგენლები ჩვენთან ერთად წყვეტდენ ამ საკითხს. მნიშვნელოვანი იყო, რომ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ თბილისის მერი ბატონი ნიკო ლეკიშვილი, ბატონი თემურ შაშიაშვილი, სამინისტროების, უწყებების ხელმძღვანელები, რომლებიც დაინტერესებული არიან რეგიონის კეთილდღეობით.

ამასთან დაკავშირებით მინდა გამოვთქვა ასეთი შენიშვნა.

სამხარეო მოწყობის, სახელმწიფოს მეთაურის რწმუნებულის დანიშნულება სწორედ ის არის, რომ არც ერთ კუთხეში არ შეიქმნას ხელმძღვანელობის ვაკუუმი. ასეთმა ვაკუუმმა ჩვენ ძალიან დიდი ტკივილები და უსიამოვნება მოგვიტანა თითქმის ყველა კუთხეში. ამ მხრივ ჩანაფიქრი უდავოდ სწორია. უკვე იგრძნობა რწმუნებულთა აქტიური ზეგავლენა სახელმწიფოებრივი ცხოვრების ყველა სფეროზე - ეკონომიკაზე, წესრიგზე, ფინანსებზე, რაიონებსა და მხარეებს შორის კოოპერირების, კოორდინაციის გაუმჯოებესებაზე. ისინი სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენენ როგორც ცენტრისა და ადგილობრივი სტრუქტურების დამაკავშირებელი რგოლები.

ამ პრობლემების აქტუალურობა მთელი სიცხადით შევიგრძენით გუშინ ამბროლაურში. კატეგორიულად არასწორია შეხედულება ამ მხარის უპერსპექტივობის შესახებ. სამწუხაროდ, ბევრი სამინისტროსა და უწყების ხელმძღვანელს მიჩნია ასე. უნდა განვაცხადო, რომ ეს უაღრესად პერსპექტიული რეგიონია, მდიდარია ბუნებრივი რესურსებით, კერძოდ, მაღალხარისხოვანი დარიშხანით, ბარიტით, უნიკალური მოსაპირკეთებელი ქვებით, საშენი ქვებით, დიდი და განსაკუთრებით მცირე ჰესების მშენებლობისათის ჰიდრორესურსების უდიდესი პოტენციალით, საუკეთესო საძოვრებითა და მრავალი სხვა. განსაკუთრებით იმედის მომცემია ხალხის განწყობილება, რომელმაც მიწისძვრით გამოწვეული უმძიმესი, კატასტროფული შედეგებისა და დიდი სიდუხჭირის მიუხედავად არ მიტოვა მშობლიური კუთხე. ახლა განვითარების საკმაოდ კარგი გეგმები დაისახა ამ ერთი თვის განმავლობაში. ვფიქრობ, მომზადდება სახელმწიფოს მეთაურის განკარგულება რეგიონის სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებთან დაკავშირებით და იმ ამოცანების გათვალისწინებით, რომელთა შესახებაც ჩვენ ვილაპარაკედ ამბროლაურში. შევეცდებით, რომ მთელი ჩვენი შესაძლებლობანი და რესურსები ავამოქმედოთ მხარის გამოსაცოცხლებლად და მხარდასაჭერად. მჯერა, რომ რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი უახლოეს წლებში ბევრს გააკვირვებს მიღწეული მასშტაბით.

სამინისტროები, და უწყებები, რა თქმა უნდა, სათანადო შეფასებასა და მწვავე კრიტიკას მიიღებენ, სამხარეო ადმინისტრაციის ინსტიტუტი მოგვცემს საშუალებას, რომ ბევრი რამ არაფექტიანი ცენტრშიც და ადგილებზეც გავაუქმოდ, აღმოვფხვრად პარალელიზმი და ავამაღლოდ ქვეყნის განვითარების სახელმწიფო უზრუნველყოფის დონე.

- გასულ კვირას თქვენ მოსკოვში მონაწილოებდით 9 მაისთან დაკავშირებულ ღონისძიებებში. ალბათ, უნდა გამოვყოთ რამდენიმე მომენტი: მეორე მსოფლიო ომის შედეგები ცივილიზებულმა მსოფლიომ. იმ ქვეყნებმა, რომლებიც, ფაქტობრივად, დღეს მსოფლიო პოლიტიკას განსაზღვრავენ, ერთგვაროვნად შეაფასეს; თქვენი გამოსვლა, რომელშიც რუსეთის როლისა და ადგილის ახლებური გააზრება იყო მოცემული, კლინტონ-ელცინის შეხვედრა; დაბოლოს; მიუხედავად ჩეჩნეთის საქმეების საკმაოდ მკაცრი შეფასებისა, კლინტონიც, მეიჯორიც, კოლიც, სხვებიც რუსეთში ჩავიდნენ...

- საქართველოს მონაწილეობა და ასე ვთქვათ, ერთგვარი გამორჩეული ადგილი მოსკოვის ღონისძიებებში, ვფიქრობ, იმ როლის ადეკვატურია, რომელიც ჩვენმა ხალხმა მეორე მსოფლიო ომში შეასრულა. ის, რაც მოსკოვში ვნახეთ, მართლაც გრანდიოზული მოვლენა იყო. თითქმის ყველა ქვეყანა მონაწილეობდა, ვინც ფაშიზმის წინააღმდეგ იბრძოდა. მგონია, მოვიდა დრო ბოლო მოეღოს ყოველგვარ აგდებულ დამოკიდებულებას ომის ვეტერანებისადმი, იმ ხალხისადმი, ვინც ფაშიზმზე გამარჯვება უზრუნველყო. ზოგიერთ ჩვენს პერიოდულ გამოცემაში შევნიშნე რამდენიმე გამოსვლა: ეს ჩვენი ომი არ ყოფილა, ეს ჩვენ არ გაგვიმარჯვია, გაიმარჯვა დასავლეთმა, მოგვარდა, გადაწყდა დასავლეთის ინტერესები და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა ეს, ყველაფერი ძალიან პრიმიტიულია. ის, რომ მოსკოვში შეკრიბა მთელი პოლიტიკური ელიტა და არა მარტო პოლიტიკური ელიტა, ღირსეული მიაგეს იმ წვლილს, რომელიც შეიტანა მაშინდელმა საბჭოთა კავშირმა, მათ შორის საქართველომაც და განსაკუთრებით რუსეთმა, ვფიქრობ, ბევრისთვის გაკვეთილი უნდა იყოს. საქართველომ ამ ღონისძიებებზე თქვა თავისი სიტყვა. მოსკოვში წარმოთქმული ზოგიერთ დებულება შემთხვევით არ აღმოჩნდა მსოფლიოს პოლიტიკოსთა და საინფორმაციო საშუალებათა ყურადღების ცენტრში.

ყველამ თვალნათლივ დაინახა, რომ რუსეთი, ისე როგორც მეორე მსოფლიო ომის დროს და არა მარტო მეორე მსოფლიო ომის დროს, არამედ ცივი ომის დამთავრების პროცესშიც, საკვანძო ქვეყანა იყო და ასეთად რჩება დღესაც, ეს მთავარია.

მოსკოვში ლიდერების შეხვედრამ (დიდ უბედურებად არ მიმაჩნია, რომ იქ ერთი-ორი საკითხი დარჩა გაურკვეველი) დაადასტურა, რომ მათ შეუძლიათ ანტიჰიტლერული კოალიციის დროს და ცივი ომის დაძლევისთვის ბრძოლებში დაგროვილი საუკეთესო ტრადიციების მემკვიდრენი იყვნენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და იმედის მომცემი დასკვნაა, რომელიც საქართველოსთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.

მოსკოვიდან საკმაოდ დიდი შთაბეჭდილებითა და გარკვეული ოპტიმისტური განწყობილებითაც დავბრუნდი. ამის საფუძველს მაძლევს კონტაქტები რუსეთის პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, თითქმის ყველა იმ უწყების ხელმძღვანელებთან, რომლებთანაც ახლა ჩვენ ვართ დაკავშირებული, შეხვედრები დასავლეთის თუ სხვა რეგიონების წარმომადგენლებთან, მათ ლიდერებთან და ასე შემდეგ.

არ შემიძლია არ ვთქვა პოკლონაია გორას კომპლექსის სიდიადეზე. მინდა გამოვხატო სიხარული ზურაბ წერეთლის, მგონია, არ არის გადაჭარბებული, თუ ვიტყვი - დღევანდელი მსოფლიოს ყველაზე გამოჩენილი მონუმენტალისტის - დიდი გამარჯვებით. როგორც ბატონმა ნიკო ლეკიშვილმა აღნიშნა გუშინ, ამ უნიკალური ძეგლის მშენებლობაში დიდია თბილისელი მშენებლების, მემონტაჟეების და სპეციალისტების წვლილი.

- გასულ კვირას საფრანგეთში საბოლოოდ გაირკვა არჩევნების შედეგები. სოციალისტების თოთხმეტწლიანი მმართველობა შეცვალა ახალმა პრეზიდენტმა, პარიზის ყოფილმა მერმა, ჟაკ შირაკმა. ხომ არ შეცვლის ეს რაიმეს საფრანგეთის დამოკიდებულებაში ჩვენი ქვეყნისადმი? ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ტრადიციული ხელშეკრულების გარდა საფრანგეთთან ჩვენ ისიც გვაკავშირებს, რომ იგი საქართველოს მეგობარი ქვეყნების ჯგუფის საკმაოდ აქტიური წევრია.

- არ დაგიმალავთ, რომ გულით გავიხარე ჟაკ შირაკის არჩევის გამო. დარწმუნებული ვარ, იგი ევროპული სამშვიდობო პროცესების ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ლიდერი გახდება. მე მას კარგად ვიცნობ, ყოველთვის დიდი სიმპატიებით ვიყავი განმსჭვალული და მჯერა, რომ სიტყვა, რომელსაც საფრანგეთი იტყვის ახალი ევროპის მშენებლობაში, ეს იქნება ჟაკ შირაკის - მძლავრი პოლიტიკური ფიგურის ადეკვატური, მისი შესატყვისი, რა თქმა უნდა, ჩემთან ერთად ჩემი ქვეყანაც მიესალმება მის არჩევას.

„საქართველოს მონაწილეობა და მისი ერთგვარად გამორჩეული ადგილი მოსკოვის ღონისძიებებში იმ როლის ადეკვატურია, რომელიც ჩვენმა ხალხმა მეორე მსოფლიო ომში შეასრულა“ : ედუარდ შევარდნაძის 15 მაისის რადიოინტერვიუ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 16 მაისი. - 54(1070). - 1, 2 გვ.

39 „ერთად ვაშენოთ დემოკრატიული და ბედნიერი ქვეყანა - ჩვენი საქართველო“

▲ზევით დაბრუნება


ედუარდ შევარდნაძის 22 მაისის რადიოინტერვიუ

- გასულ კვირას თბილისს აზერბაიჯანის ნავთობის საერთაშორისო კონსორციუმის დელეგაცია ეწვია, დღეს დიდი ბრიტანეთის ენერგეტიკის მინისტრი ჩამოდის ბატონი ტიმ ეგარი. დღეს თქვენ შეხვდით გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალურ მინისტრს შპრანგერს. ალბათ, სხვა თემებთან ერთად აქ საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ რეფორმაზეც იქნება საუბარი... - ჟურნალისტ ნატო ონიანის კითხვის პასუხად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ - სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ თავის ტრადიციულ რადიოინტერვიუში განაცხადა:

- წინა კვირა, ისევე, როგორც პრაქტიკულად მაისის განვლილი პერიოდი, საქართველოსთვის ინტენსიური საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის გამგზავრებისთანავე საქართველოში ჩამობრძანდა ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების კომიტეტის თავმჯდომარე ბატონი ჯონ შალიკაშვილი. ეს უდავოდ მნიშვნელოვანი და სასიხარულო მოვლენაა. იგი ჩამოვიდა თავის ძმასთან - ოთართან ერთად თავიანთი ოჯახებით. ოჯახურ ატმოსფეროში ძმები შალიკაშვილების ჩამოსვლა ქართველი კაცისათის ყველაზე მეტი მხარდაჭერის გამოხატულებაა. მომავალ შეხვედრებში ამ ვიზიტის შესახებ კიდევ ვილაპარაკებ.

საქართველოს ეწვივნენ დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს ენერგეტიკის მინისტრი ბატონი ეგარი, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური მინისტრი ბატონი შპრანგერი. ამ დღეებში შედგა მეტად საინტერესო შეხვედრები აზერბაიჯანის ნავთობის საერთაშორისო კონსორციუმის ხელმძღანელობასთან. მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოთა მაღალი რანგის წარმომადგენლების ვიზიტი ეს-ესაა დაიწყო და აი, ამ საერთო შედეგებზე ცხადია, ალბათ, შემდეგ საუბრებში გვექნება საშუალება გავამახვილოდ ყურადღება, მაგრამ თავისთავად ეს მოვლენა დასავლეთთან თანასწორუფლებიანი და მზარდი თანამშრომლობის გამოხატულებაა, რომელსაც სულაც არ ანელებს მსოფლიოს სხვა რეგიონის ქვეყნებთან საქართველოს კარგი ურთიერთბა.

გერმანიისა და ინგლისის მთავრობათა წევრების ვიზიტის მიზანია საქართველოსთვის ისეთი საარსებოდ მნიშვნელოვანი პრობლემების გადაწყვეტაში დახმარება, როგორიცაა ენერგეტიკის, უწინარეს ყოვლისა, ელექტროენერგეტიკის კრიზისიდან გამოყვანა. ეს პრობლემა უმთავრესი საკითხი იყო მინისტრთა კაბინეტის სხდომის დღის წესრიგისა, რომელიც შაბათს გაიმართა სახელმწიფოს მეთაურის მონაწილეობით კერძოდ, განისაზღვრა სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსის 1995-96 წლების შემოდგომა-ზამთრის პერიოდისათვის მომზადების ღონისძიებათა სისტემა, რომლის რეალიზაცია უზრუნველყოფილი უნდა იქნეს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების, დასავლეთის მეგობარი ქვეყნების, უწინარეს ყოვლისა, გერმანიის ფინანსური დახმარების რაციონალურად გამოყენებით და საქართველოს შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელთა პერსონალური პასუხისმგებლობის გაძლიერებით. მიუხედავად დიდი სირთულეებისა, სწორედ ჩვენი მეგობრების დახმარებით შეგვიძლია გაცილებით უკეთ მოვემზადოდ ზამთრისათვის და ეს მუშაობა მიმდინარეობს. ამჟამად კი საქართველოს ელექტროენერგეტიკის ფუნქციონირებისათის მთავარი დამახასიათებელი ნიშანი ის არის, რომ პრაქტიკულად ენერგია ჰიდროელექტროსადგურებზე იწარმოება, საშუალოდ 21 მილიონი კილოვატსაათი დღე-ღამეში, ეს ასე თუ ისე უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის შედარებით მინიმალურ დონეზე მაინც ნორმალურ ცხოვრებას, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მიერ გამოყოფილი სახსრებით, ეს დაახლოებით 3 მილიონი ამერიკული დოლარია, უკვე შესაძლებელია გაიშალოს აღდგენითი და სარემონტო სამუშაოები, რომელთა სრულად დაფინანსებისთვის დროულად უნდა მოგვარდეს კრედიტებისა და დახმარების გაფორმების საკითხები, როგორც არაერთხელ თქმულა, იმ თვალსაზრისით, რომ ენერგეტიკას ბოლოს და ბოლოს ეშველოს, უწინარესად უნდა გადავწყვიტოდ დავალიანებათა საკითხი, გადასახდელების ამოღების პრობლემა. ვერავითარი ჩვენი საგარეო ეკონომიკური კავშირები, ვერავითარი დახმარება ვერ გვიშველის, თუ ეს საკითხი არ მოგვარდა. სწორედ ეს იყო მინისტრთა კაბინეტის განხილვის ყურადღების ცენტრში, დაისახა მთელი რიგი კონკრეტული ღონისძიებები იმისათის, რომ დაწესდეს ისეთი ნორმები, ისეთი ზღვარი გადასახადებისა, რომლის გადახდაც შესაძლებელი იქნება და რომელსაც აუცილებლად გადაიხდის ყველა მოქალაქე და ყველა საწარმო, საგადასამხდელო დისციპლინის განმტკიცება არა მარტო მოხმარებული ენერგიის საფასურის ამოღების, არამედ მთელი ეკონომიკის თვალსაზრისით ძირითად პრობლემად რჩება.

სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის მონაცემებით ბოლო ორი კვირის განმავლობაში ბიუჯეტში ჩარიცხულია 5 ტრილიონ კუპონზე მეტი, რაც 600 მილიარდი კუპონით აღემატება აპრილის თვის შესაბამისი ორი კვირის შემოსავლების ოდენობას. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსავლებს 1995 წლის 2 ნახევარ თვეში უნდა შეედგინა 47 ტრილიონი კუპონი, მაგრამ როგორც საქართველოს რესპუბლიკის ეროვნულ ბანკში რესპუბლიკური ბიუჯეტის ანგარიშებზე მობილიზებული ფაქტობრივი შემოსავლების მოცულობიდან ჩანს, ეს თანხა 18 მაისისთვის მხოლოდ 33 ტრილიონ კუპონს შეადგენს. ეს ციფრები მიუთითებს იმაზე, რომ საჭიროა საგანგებო ზომების მიღება ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის შესასრულებლად. უნდა აღინიშნოს, რომ რესპუბლიკის ბიუჯეტის ანგარიშზე კუთვნილი სახსრების მობილიზაციის საქმეში გარკვეული გაუმჯობესების მიუხედავად მაინც გრძელდება ამ ანგარიშებზე შემოსავლების ჩარიცხვის დაგვიანების ფაქტები რის გამოც საბანკო სისტემაში შეჩერებულია და რესპუბლიკური ბიუჯეტის ანგარიშზე ჯერ კიდევ არ ჩარიცხულა დაახლოებით ერთ-ნახევარი ტრილიონი კუპონის ოდენობის რესპუბლიკური ბიუჯეტის კუთვნილი თანხა, ეს უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე წინათ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ეროვნული ბანკები და საერთოდ საბანკო სისტემა ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანს და მოაგვარებს.

ეროვნული ბანკის კუპონის კურსი დოლარის მიმართ კვლავ სტაბილურია: 1 დოლარი - მილიონ 300 ათასი კუპონი. გასულ კვირას ბანკთა შორის სავალუტო ბირჟაზე გაიყიდა თითქმის 2 მილიონი დოლარი, რაც შეეხება რუსულ რუბლს, უპირველესად მოსკოვის სავალუტო ბირჟაზე დაფიქსირებული კურსის გავლენით მისი კურსის მცირეოდენი მერყეობა მაინც შესამჩნევია. ეს ანარეკლია იმისა, რაც ხდება მოსკოვის ბირჟაზე. თბილისში სავალუტო ბირჟაზე 15 მაისს გაიყიდა 26 მილიონი რუბლი, კურსით 1 რუბლი - 231 კუპონი, 17 მაისს - 110 მილიონი რუბლი - კურსით 243 კუპონი, 19 მაისს - 42 მილიონი- კურსით 236 კუპონი, უნდა აღინიშნოს, რომ რესპუბლიკის საბანკო სისტემაში თანდათანობით ფართოვდება რესტრუქტურიზაციის პროცესი. ექსიმბანკის, ინდუსტრიაბანკის, ახალი ქართული ბანკის გაერთიანების ცნობილ ფაქტთან ერთად აღსაღნიშნავია, რომ ბოლო ხანს ეროვნულმა ბანკმა 36 საბანკო დაწესებულებას ჩამოართვა საბანკო საქმიანობისთვის გაცემული ლიცენზიები. ასეთ რადიკალურ გადაწყვეტილებას ეროვნული ბანკი იმით ხსნის, რომ ხსენებული დაწესებულებები არ იცავენ მოქმედ კანონმდებლობას, პერმანენტულად არღვევენ ეროვნული ბანკის ინსტრუქციებსა და მითითებებს, საანგარიშო მოთხოვნებს, საბანკო ზედამხედველობის სავალდებულო უნიფიცირებულ წესებს, უგულვებელყოფდნენ ეკონომიკურ ნორმატივებს და ა.შ.

მინდა მხარი დავუჭირო ეროვნული ბანკის ასეთ მუშაობას და განვიხილავ ამ აქციებს, როგორც საბანკო სისტემაში წესრიგის დამყარების აუცილებელ ნაბიჯს.

საქართველოს სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სამინისტროს ოპერატიული მონაცემებით მიმდინარე წლის 18 მაისის მდგომარეობით რესპუბლიკაში მოიხნა და დაითესა გაცილებით მეტი, ვიდრე ოდესმე ამ ბოლო წლების განმავლობაში, 80-100 ათასი ჰექტარით მეტია მოხნული და დათესილი, თუმცა უამრავი პრობლემაა გადასაწყვეტი. რომელსაც სჭირდება ჩვენი მთავრობისა და მთელი ჩვენი საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება.

გამოცოცხლდნენ მაგალითად ხორცისა და რძის მრეწველობის საწარმოები. ეს ძალიან მისასალმებელია და მინდა ამას ყოველმხრივ მხარი დავუჭირო. ახალციხის ხორცკომბინატმა გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით გაზარდა ხორცისა და ძეხვეულის ნაწარმის გამოშვება. განსაკუთრებით მინდა წალკის ხელმძღანელობისა და იქაური მეწარმეების მუშაობა გამოვყო, რომლებმაც ძალიან კარგი კონტაქტები დაამყარეს სოფლის მეურნეობასთან, სოფლის მეურნეობის მეწარმეებთან. ყოველდღიურად აქ გადამამუშავებელ საწარმოებში შედის 2-2,5 ტონა რძე. ამ რაიონში არის რძის რესურსების გადიდების რეალური შესაძლებლობა. ასევე გამოცოცხლდნენ ნინოწმინდის, ახალქალაქის რაიონებში, ქვემო ქართლის რეგიონში და ზოგიერთ სხვა რაიონებში.

- მაისის თვის დასაწყისში გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო დადგენილება აფხაზეთთან დაკავშირებით. 9 მაისის აღსაღნიშნავ დღეებში მოსკოვში ყოფნისას თქვენ გქონდათ შესაძლებლობა შეხვედროდით რუსეთის ხელმძღვანელობას, სადაც აგრეთვე აფხაზეთის საკითხზეც იყო საუბარი. გასულ კვირას მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელდა ცნობა იმის თაობაზე, რომ ყაბარდო-ბალყარეთის ხელმძღვანელსა და აფხაზეთის ხელმძღვანელს შორის, როგორც იქ არის მოხსენიებული, დაიდო ხელშეკრულება, ლაპარაკია იმ ტიპის ხელშეკრულებაზე, რომელიც ორ სრულყოფილ სახელმწიფოს შორის იდება. ყოველივე ეს ეწინააღმდეგება ალმათის სამიტზე რუსეთის მიერ აღებულ ვალდებულებებს არ დაამყაროს არავითარი კონტაქტები სეპარატისტულ რეჟმებთან...

- მე ასე გიპასუხებდით: არავითარი ძალა ამ ხელშეკრულებას არ გააჩნია იგი ეწინააღმდეგება თანამეგობრობის ქვეყნების მიერ შემუშავებულ საერთო ნორმებს, სრულიად ანტაგონისტურია ალმათის შეთანხმებებისა, შეუთავსებელია საერთაშორისო ნორმებთან. სხვათა შორის, ასეთ შეფასებას იზიარებენ რუსეთის შესაბამისი წრეებიც. გუშინ უკვე იყო პირევლი კომენტარები რუსეთის პრესაში. ჩემი მოსაზრებები ამ საკითხზე წერილობით გავუზიარე რუსეთის პრეზიდენტს ბატონ ბორის ელცინს (გუშინ გადავეცი სპეციალური წერილი) ბუნებრივია, ამავე პრობლემებზე იქნება საუბარი თანამეგობრობის ქვეყნების სახელმწიფო მეთაურთა მინსკის შეხვედრაზე, ეს, მე ასე ვიტყოდი, აფხაზი სეპარატისტების მორიგი ავანტურაა, გაანგარიშებული მოლაპარაკების და პოლიტიკური მოწესრიგების პროცესის ჩაშაშლელად და პირდაპირი გამოწვევაა გაეროს, თანამეგობრობის ქვეყნებისა და რუსეთის ხელმძღვანელობის მისამართით.

- რაჭაში ყოფნისას, როცა ეს რეგიონი მხარედ ჩამოყალიბდა, თქვენ მოსახლეობასთან შეხვედრისას ბრძანეთ, რომ მაშველთა კორპუსმა დაიწყო იარაღის ჩაბარება. მაგრამ მარტო მაშველთა კორპუსზე არ არის ლაპარაკი, მარტო ამ ორგანიზაციას არ აქვს იარაღი. არიან სხვა ორგანიზაციები, მათ შორის პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც იარაღი აქვთო. მაშველთა კოპრუსმა უკვე დაიწყო იარაღის ჩაბარება, რას აპირებენ სხვები?

- მაშველთა კორპუსმა, ძირითადად, გარდა პატარა გამონაკლისებისა, შეასრულა ხელისუფლების მოთხოვნები და თავისი ვალდებულებები. მინდა დარწმუნებული ვიყო, რომ ყველაფერი, ასე ვთქვათ, წესიერად და ნამუსიანად მოხდა. მათთვის ეს ძალიან ძნელი გადაწყვეტილება იყო, მაგრამ როგორც ჩანს, ყველა ჩვენგანისთვისა და მათთვისაც, ქვეყნის ინტერესებისთვისაც ასე ჯობია. ამ დღეებში სახელმწიფოს მეთაურთან შეკრებილ საგანგებო სხდომაზე აღინიშნა, რომ შესაბამის ორგანოებში და სტრუქტურებში არსებული მონაცემების მიხედვით, მთელ რიგ პოლიტიკურ დაჯგუფებებს უარი არ უთქვამთ შიარაღებულ რაზმებზე, იარაღის უკანონო შენახვაზე. არსად ეს იარაღი რეგისტრირებული არ არის. მიღებული და ხელმოწერილია სახელმწიფოს მეთაურის განკარგულება იმის შესახებ, რომ ყველამ, ვისაც იარაღი აქვს, მიბაძოს მაშველთა კორპუსს და იარაღი ჩააბაროს სახელმწიფოს. შინაგან საქმეთა სამინისტროს დავავალე, გამოიყენოს მთელი თავისი შესაძლებლობები ამ განკარგულების შესასრულებლად.

- გასულ კვირას, თქვენ მწერალთა კავშირის პირველ ყრილობას ესწრებოდით და გამოიკვეთა, რომ მიუხედავად გაჭივრებისა, საქართველოში მაინც წერენ და გამოსცემენ წიგნებს გუშინ ტრადიციული „გაზაფხულის ფესტივალი“ გაიხსნა. 26 მაისთან დაკავშირებით, ქალაქში გაიმართება ახალი ქართული მხატვრული ფილმების ფესტივალი. ბოლო პერიოდის განმავლობაში დაგროვდა 10 ახალი ფილმი და ეს ყველაფერი მატერიალური გაჭივრების პირობებში, სხვათა შორის, ამ ორიოდე დღის წინათ, დიდი ტრადიციების მქონე სოხუმის თეატრს ჰქონდა პრემიერა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, მით უმეტეს, რომ ამ ფაქტს თბილისში სხვა განსაკუთრებული დატვირთვა აქვს...

- კულტურის, მეცნიერების, ლიტერატურის გადარჩენის ღონისძიებები, რომლებიც ხელისუფლებისა და საზოგადოებრიობის ერთობლივი ძალისხმევით ხორციელდება, თავის შედეგს უდავოდ იძლევა. სწორედ ასე დადგა საკითხი - კულტურის გადარჩენის პრობლემა. პირველი შედეგები გამოჩნდა. მინდა გულწრფელად მივესალმო თბილისის მერიის ინიციატივას - „თბილისური გაზაფხულის“ სუნთქვა უკვე ვიგრძენით და სასიხარულოა, ამის ინიციატორი ქალაქის მერია გახლავთ, რომელსაც მთელი საზოგადოებრიობა და ქალაქი უდგანან მხარში. ახალი, მეტად მნიშვნელოვანი ნაწარმოებები, რაზეც ლაპარაკი იყო მწერალთა კავშირის შესანიშნავ, ძალიან საინტერესო ყრილობაზე, ახალი სპექტაკლები, ახალი კინოფილმები, მხატვრული ტილოები, - ყველაფერი ეს ეკონომიკის გამოცოცხლების პირველ შედეგებთან ერთად იმის საფუძველს გვაძლევს, რომ უფრო იმედიანად შევხედოთ დღევანდელობასაც და მომავალსაც. დავძლიოთ ურწმუნოება, შური, შეურიგებლობა, სიძულვილი და ერთად ვაშენოდ დემოკრატიული და ბედნიერი ქვეყანა, - ჩვენი საქართველო, ამის ყველა წინაპირობა არსებობს. თქვენ ახსენეთ სოხუმის თეატრი, მე სხვა თეატრებიც შემიძლია ჩამოგითვალო, მთელი თბილისი ელოდება მარჯანიშვილის თეატრში, 27-ში „მეფე ლირის“ პრემიერას, ბევრი ვილაპარაკე აჭარაზე, ქუთაისზე და ასე შემდეგ. მაგრამ განსაკუთრებით სოხუმის თეატრს გამოვყოფდი. მე ვიცი, ჩვენი კულტურის მოღვაწეთა გმირობის შესახებ, თვითონ მოწმე ვარ მათი ბრძოლებში მონაწილეობისა, ბევრი კიდეც დაიღუპა და ემსხვერპლა ჩვენი ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლას, მაგრამ ისინი ასევე გმირები არიან შემოქმედებაში, გმირები არიან ხელოვნებაში. მინდა ეს დიდი წარმატება და აღიარება, რომელიც მათ მოიპოვეს თბილისში, გულწფელად მივულოცო.

- ხვალ, 23 მაისს, საქართველოს რადიო 70 წლის ხდება. გარდა ჩვეულებრივი მსმენლის დამოკიდებულებისა რადიოს მიმართ, თქვენ ალბათ სხვა განწყობაც გაქვთ, თუნდაც იმიტომ, რომ უკვე მესამე წელიწადია, ყოველ ორშაბათს სწორედ ეროვნული რადიოს საშუალებით მიმართავთ თქვენს ხალხს...

- საქართველოს რადიოს ყველა თანამშრომელს, მთელს საქართველოს ვულოცავ ამ დიდ დღესასწაულს. ეს სამი წელიწადია, მართლაც ასეა, ყოველ ორშაბათს საქართველოს რადიოს მეშვეობით ვესაუბრები ჩემს რადიომსმენელებს ქვეყნის ავ-კარგზე, გასაჭირზე, მომავლის გეგმებზე, ჩემი ღრმა პატივისცემა საქართველოს რადიოსა და მისი სახელოვანი კოლექტივისადმი, ჩემს მისალმებაში გამოვხატე, რომელიც ალბათ, ხვალ გამოქვეყნდება.

„ერთად ვაშენოთ დემოკრატიული და ბედნიერი ქვეყანა - ჩვენი საქართველო“ : ედუარდ შევარდნაძის 22 მაისის რადიოინტერვიუ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 23 მაისი. - 57(1073). - 1,2 გვ.

40 „რადიო შეუცვლელ მისიას ასრულებს საქართველოს დამოუკიდებლობის ჩამოყალიბებაში“

▲ზევით დაბრუნება


თანამედროვე ცივილიზაციის ჩამოყალიბებასა და ფუნქციონირებაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს რადიო ინფორმაციის გადაცემისა და საზოგადოებრივი აზრის ფორმირების უძლიერესი საშუალება.

რადიოს გარეშე დღეს ჩვენი ცხოვრება წარმოეუდგენელია, ცხოვრება როგორც ჩვენი ქვეყნის, ისე ყოველი ჩვენგანის.

პირადად მე თავს მარტო რადიოს ერთგულ მსმენლად არ ვთვლი. შემიძლია ვთქვა, რომ უშტატო თანამშრომელიც ვარ საქართველოს რადიოსი და დიდი მადლობელი ვარ თქვენი, რომ საშუალება მეძლევა რადიოს მეშვეობით ვესტუმრო საქართველოს ყოველ ოჯახს.

უკვე შვიდი ათეული წელია, რაც რადიო ყოველდღიურად მონაწილეობს საქართველოს ცხოვრებაში. ეს იყო ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის ურთულესი, წინააღმდეგობებით აღსავსე პერიოდი, რომელიც საფუძვლიან შესწავლასა და ანალიზს მოითხოვს. რაც შეეხება რადიოს, ვერც ერთი მკვლევარი გვერდს ვერ აუვლის მას. იგი იყო თავისი დროის შვილი და თავისი დროის შესაფერისი. რადიოს ბევრი თანამშრომლის სახელი მთელმა საქართველომ იცის. ამაში აშკარად გამოიხატება როგორც საზოგადოების გულწრფელი სიყვარული და პატივისცემა, ისე საქართველოს ცხოვრებაში რადიოს შემოქმედებითი პერსონალის მნიშვნელოვანი როლი.

ჩვენი ახალგაზრდა რადიო 70 წლისაა, იგი შეუცვლელ მისიას ასრულებს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის ჩამოყალიბებაში, საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლასა და დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაში.

ნება მიბოძეთ, რადიოს თითოეულ მუშაკს სულითა და გულით მივულოცო დიდებული საიუბილეო თარიღი და ვუსურვო მხნედ და ღირსეულად ედგას გვერდში საქართველოს და ყველაფერი გააკეთოს ამისათვის, რომ არა მარტო ჩვენმა შთამომავლობამ, არამედ ჩვენც ვიცხოვროთ გონივრულ და სიყვარულის მთესველ საზოგადოებაში.

ედუარდ შევარდნაძე.

„რადიო შეუცვლელ მისიას ასრულებს საქართველოს დამოუკიდებლობის ჩამოყალიბებაში“ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 26 მაისი. - 58(1074). - 1 გვ.

41 „საქართველო თავის თავს უბრუნდება“

▲ზევით დაბრუნება


ედუარდ შევარდნაძის 29 მაისის რადიოინტერვიუ

- ვიდრე ეკონომიკის საკითხებზე ვიმსჯელებდე, ორიოდე, სიტყვას მივუძღვნი საკონსტიტუციო კომისიის დღევანდელ სხდომას, რომელსაც, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ - სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ ტრადიციულ რადიოინტერვიუში,რომელსაც ჯურნალისტი ნატო ონიანი უძღვებოდა, - სხდომას წარვუდგენ კონსტიტუციის იმ პროექტს, რომელიც ჩემი წარმოდგენით განხილვისა და დისკუსიის საფუძვლად უნდა გამოდგეს. ამასთან დაკავშირებით მინდა მოვუწოდო ყველა მოქალაქეს, ვთხოვო ყველას, გამოიჩინონ ყურადღება, დიდი გულისყური, დიდი ობიექტურობა და რაც მთავარია, ადამიანური, სახელმწიფოებრივი სიბრძნე, წინდახედულება, რომ ჩვენ არ მოვწყდეთ რეალობას, დღევანდელსა და ხვალინდელს. ამას შემთხვევით არ ვამბობ. ზოგიერთი პოლიტიკური მოღვაწის ცალკეული გამოსვლები, პოლიტიკური ძალების წარმომადგენლების გამონათქვამები მაშფოთებს კიდეც, ვხედავ, რომ რაც უფრო ვუახლოვდებით კონსტიტუციის მიღების ეტაპს, მით უფრო მეტად იკვეთება ერთგვარი პოლიტიკური ამბიციები, პირადი ინტერესები და ა.შ. ახლა უმთავრესია არ შევაჩეროთ პოზიტიური პროცესები, ვერიდოთ ყველაფერს, რაც ცხოვრების ჩარხს უკუღმა დაატრიალებს, საჭიროა მეტი სიფხიზლე, მეტი წინდახედულება, წინა პლანზე კვლავ და კვლავ დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის ინტერესები უნდა იყოს.

ახლა ეკონომიკურ მოვლენებთან დაკავშირებით, გასული კვირის პოლიტკური და ეკონომიკური ცხოვრების რიტმი, რა თქმა უნდა, განპირობებული იყო საქართველოს დამოუკიდებლობის დღის ზეიმით და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნების მეთაურთა და მთავრობის თავმჯდომარეთა შეხვედრით მინსკში, სადაც ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტებს მოვაწერეთ ხელი, სწორედ თანამეგობრობის ეკონომიკური სტრუქტურის ფორმირების თვალსაზრისით. ბუნებრივია, აქ გათვალისწინებულია საქართველოს ინტერესებიც. კუპონის კურსის ერთგვარი სტაბილიზაცია, პრივატიზაციის დაჩქარება და მასობრივი ვაუჩერიზაცია, საინვესტიციო კლიმატის შექმნისათვის წინგადადგმული ნაბიჯები და საერთაშორისო საფინანსო ორგანზიაციების ნდობისა და მხარდაჭერის მიღწევა ის საფუძვლებია, რომლებზეც ქვეყნის ეკონომიკის აღორძინების პროცესი უნდა განხორციელდეს. დამოუკიდებლობის განმტკიცებას თან ახლავს გარემომცველ სამყაროსთან ინტეგრაციული ტენდენციების გაფართოება და გამყარება. სწორედ ამ ნიშნით იყო აღბეჭდილი სახელმწიფოს მეთაურთა 26 მაისის შეხვედრა მინსკში, სადაც გადაწყდა სახელმწიფოთა შორის სავალუტო კომიტეტის შექმნა, რომელიც მნიშვნელოვნად გაადვილებს ანგარიშსწორებას თანამეგობრობის წევრ ქვეყნებს შორის, ეს კიდევ ერთი ნაბიჯია ეროვნული ვალუტის კონვერტირების უზრუნველყოფის მიმართულებით.

დღეს თანამეგობრობაზეა ლაპარაკი. მოვა დრო და ჩვენ ასევე ვილაპარაკებთ ევროპულ სტრუქტურებთან შეერთებასა და საერთო ეკონომიკურ სივრცეზე, როგორც თანამეგობრობის მასშტაბით, ისე ევროპასა და მომავალში კიდევ უფრო ფართო მასშტაბითაც.

ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 25 მაისისთვის საქართველოს რესპუბლიკის ეროვნულ ბანკში გახსნილ რესპუბლიკური ბიუჯეტის ანგარიშზე შემოსავალმა გამოყოფილი დაფინანსების წყაროების ჩათვლით, 78 ტრილიონი კუპონი შეადგინა. აქედან 36,7 ტრილიონი კუპონი საკუთარი საგადასახადო და არასაგადასახადო შემოსავლებია გრანტებით მიღებული პროდუქციის რეალიზაციის ჩათვლით. 1 მაისიდან 26 მაისამდე მიღებული თანხის (ეს არის 8 ტრილიონი კუპონი) ბაზაზე გაანგარიშებით შემოსავლების მოსალოდნელმა შესრულებამ დაახლოებით 10 ტრილიონი კუპონი უნდა შეადგინოს, რაც აპრილის ფაქტობრივ მაჩვენებელზე 2 პროცენტით მეტი იქნება. აქედან საგადასახადო და არასაგადასახადო შემოსავლები, გრანტებით მიღებული შემოსავლების გარეშე 6,5 ტრილიონი უნდა იყოს, რაც აპრილის ფაქტობრივ მოცულობაზე 20 პროცენტით მეტი იქნება. ეს სასიხარულო ტენდენციაა, ამრიგად, საგადასახადო ინსპექციისა და ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული ერთობლივი ღონისძიებების შედეგად, მინისტრთა კაბინეტისა და სხვა სტრუქტურების ძალისხმევით, მაისში გარკვეულად დაჩქარდა ბიუჯეტში იმ სახსრების მობილიზაცია, რომლებიც სახელმწიფოს ეკუთვნის. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან რესპუბლიკური ბიუჯეტის პარამეტრების დაზუსტების დროს გათვალისწინებულია ზოგიერთ პროექტზე დამატებითი ხარჯები დაფინანსების შესაბამისი წყაროს გამოყოფით. მაისში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის კრედიტების საფუძველზე გაიხსნა ისეთ სამუშაოთა დაფინანსება, როგორიცაა ენერგეტიკული კომპლექსის კაპიტალური შეკეთება და აღდგენა (ეს სასწრაფო, ექსტრემალური ხასიათის დახმარებაა საქენერგოს სისტემისათვის, სანამ მივიღებთ შეპირებულ კრედიტს გერმანიისაგან, აგრეთვე, ევრობანკისაგან), ახალციხის საბაჟოს მშენებლობა თურქეთ-საქართველოს საზღვარზე, საავტომობილო გზის მონაკვეთების რეკონსტრუქცია და ქალაქ თბილისის აეროპორტის რეკონსტრუქცია, რომელსაც აფინანსებს ევრობანკი. ვფიქრობთ, რომ თბილისის აეროპორტის რეკონსტრუქცია დამთავრდება მომავალი წლის იანვარში ან თებერვალში და ეს უკვე თანამედროვე სტანდარტების აეროპორტი იქნება.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან შეთანხმებით, რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებულია აგრეთვე მნიშვნელოვანი სახსრების გამოყოფა ჯანმრთელობის დაცვის სისტემის რეორგანიზაციისთვის, რაც მიმდინარე წლიდან დაიწყო. ეს დახმარება საკმაოდ სერიოზულია. ვფიქრობ, კარგი იქნებოდა, ტელემაყურებლებსა და რადიომსმენელებს სპეციალურად მოესმინათ ჯანმრთელობის დაცვის მინისტრისათვის.

უნდა გითხრათ, რომ მსოფლიო ბანკიც, სავალუტო ფონდიც, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიც ძალიან აქტიურად არიან ჩაბმული ამ პროცესში და განწყობილი არიან, რაც შეიძლება დიდი დახმარება გაგვიწიონ იმიტომ, რომ ჩვენი ჯანმრთელობის სისტემა რეფორმების სწორი გზით მიდის.

მიმდინარე კვირაში ბანკთაშორის სავალუტო ბირჟის ბრუნვამ დაახლოებით მილიონი დოლარი შეადგინა. ვაჭრობაში აქტიურად მონაწილეობდნენ კომერციული ბანკები და მისასალმებელია, რომ კვლავ სტაბილურია კუპონის კურსი ამერიკული დოლარის მიმართ, რაც შეეხება რუსულ რუბლს, აქ არის გარკვეული ცვალებადობა, მაგრამ არა არსებითი ხასიათისა. 22 და 24 მაისს გამართულ ვაჭრობაზე კურსი ასეთნაირად ჩამოყალიბდა: 1 რუბლი - 246 კუპონი. 26 მაისს კი: ერთი რუბლი: 259 კუპონი. ასე, რომ, არსებითი ცვლილება არ ყოფილა.

მასობრივი პრივატიზაცია უკვე რეალურ ფაზაში შევიდა. დღეისთვის გაცემულია 300 ათასზე მეტი საპრივატიზაციო ბარათი - ვაუჩერი. უახლოეს პერიოდში ეს პროცესი მთელ რესპუბლიკას მოიცავს. პრესაში უკვე გამოქვეყნდა პირველ რესპუბლიკურ საბარათო აუქციონზე გასაყიდი 25 საწარმოს ნუსხა, ეს იმას ნიშნავს, რომ გასაყიდი აქციების ნომინალური ღირებულება 4 მილიონ ამერიკულ დოლარს აღემატება. ეს უკვე მარტო ქაღალდები აღარ არის. ეს უდავოდ შეუწყობს ხელს ვაუჩერების დასაქონლებას და მნიშვნელოვანი ნაბიჯები იქნება მასობრივი პრივატიზების გზაზე, რომელიც შემდგომში სისტემატიურ ხასიათს შეიძენს, ყოველივე ეს ეკონომიკის გამოცოცხლებასა და მესაკუთრეთა ფენის ჩამოყალიბების დიდმნიშვნელოვანი პირობაა, ამიტომ, როგორც წინათ ახლაც მივმართავ მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ ან შეიძენენ ვაუჩერებს - ნუ ჩქარობთ ხელის დაცლას. მიზანშეწონილი იქნება ამ საკითხზე მინისტრთა კაბინეტის ინფორმაციის მოსმენა და მისი განხილვა ადგილობრივი ორგანოების ხელმძღვანელების, გამგებლების, რწმუნებულების, კერძო მეწარმეების, მრეწველების, მეცნიერებისა და სხვა დაინტერესებული სპეციალისტების მონაწილეობით, რაც ივნისის პირველ დეკადაშია დაგეგმილი, ზაფხულის დადგომასთან ერთად კიდევ უფრო დაძაბული დღეები დგება სოფლის მეურნეობაში. წლევანდელი გაზაფხული საშინელი გვალვიანი გამოდგა, რამდენიმე თვეა კახეთსა და ქართლის მთელ რაიონებში ნალექი არ მოსულა, უჭირს როგორც საშემოდგომო, ისე საგაზაფხულო ნათესებს. გვალვების გამო პრაქტიკულად იღუპება თავთავიანი კულტურებისა და მზესუმზირას ნათესები.. ამ ვითარებაში რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობას იძენს სახელმწიფო სამელიორაციო სისტემების ამოქმედება, ყველაფერი უნდა ვიღონოდ, რათა მოსავალი როგორმე გადავარჩინოთ. მინისტრთა კაბინეტის განკარგულებით ბევრი რამ გაკეთდა იმისათვის, რომ ჩაის ფოთლის კრეფის სეზონი შედარებით უკეთესად დაწყებულიყო, მაგრამ დღეს დიდი პრობლემაა ჩაის ფაბრიკების ენერგოშემცველებით მომარაგება, სამწუხაროდ მინისტრთა კაბინეტის განკარგულებას 2000 ტონა მაზუთის გამოყოფის თაობაზე, საქენერგო ჯერჯერობით ცუდად ასრულებს - მხოლოდ 300 ტონა გაიგზავნა. საქენერგომ, რკინგზამ, საქნავთობმა, ნავთობპროდუქტებმა და განსაკუთრებით, ბათუმის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ უნდას მიიღონ სასწრაფო ზომები, რათა ენერგოშემცველები გაეგზავნოს ჩაის ფაბრიკებს. ამავე დროს, რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტმა თხოვნით მიმართა ევროგაერთიანებას გარკვეული რაოდენობის მაზუთის, დიზელის საწვავისა და ბენზინის შესაძენად ფინანსური დახმარების გამოყოფის თაობაზე. არ გამოვრიცხავ, რომ ერთ-ერთ ვიცე-პრემიერს, კერძოდ, ბაკურ გულუას ან სხვას, მოუხდეს ბრიუსელში სპეციალურად ჩასვლა, რათა მიაღწიოს ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

აგრარული სექტორის ერთ-ერთი დიდმნიშვნელოვანი საზრუნავია სასოფლო-სამეურნეო მიწებით სარგებლობისათვის გადასახადების გადახდევინება, რომლის სახითაც წელს ადგილობრივ და რესპუბლიკურ ბიუჯეტებში საკმაოდ დიდი თანხები უნდა ჩაირიცხოს. სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სამინისტროს მონაცემებით, სამწუხაროდ, აღნიშნულ ღონისძიებათა მოსამზადებელ სამუშაოებს რაიონული გამგეობები ნელი ტემპით და ხარვეზებით ასრულებენ. დღემდე მოსამზადებელია მიწის სარგებლობის უფლების დამადასტურებელი აქტების დაახლოებით მესამედი. ეს სამუშაოები ყოველმიზეგარეშე უნდა დაჩქარდეს.

ასეთია მოკლე არასრული ეკონომიკური მიმოხილვა. ქუთაისისა და იმერეთის მხარის ცენტრთან დაკავშირებით, რომელიც გასულ კვირას გაიხსნა თბილისში, უნდა გითხრათ, რომ ცენტრმა ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. სასიხარულოა, რომ აქ წარმოდგენილი იყო არა მარტო ქუთაისი, არამედ მთელი რეგიონი. ყველაფერი ეს მოხდა რწმუნებულის ბატონ თემურ შაშიაშილის, რეგიონის განმგებლების ერთობლივი ძალისხმევით და რა თქმა უნდა, თბილისის მერის ბატონ ნიკო ლეკიშვილის ძალიან აქტიური ხელშეწყობით. უაღრესად კარგი პრეცედენტია, დარწმუნებული ვარ, რომ სხვა მხარეებიც მიბაძავენ ამ მაგალითს და თბილისში ბევრ საინტერესოს ვნახავთ და ბევრ საინტერესოსასაც შევიძენთ.

- გასული კვირა საკმაოდ გადატვირთული იყო ვიზიტებით. ისე მოხდა, რომ ერთმანეთის მიყოლებით ბევრი მნიშვნელოვანი ვიზიტი გამართა საქართველოში: ძმები შალიკაშვილები ჩამოვიდნენ; იყო რუსეთის დელეგაცია რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრის მოადგილის, ეროვნებებისა და რეგიონული პოლიტიკის საქმეთა მინისტრის ნიკოლოზ ეგოროვის ხელმძღვანელობით (ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ამ დელეგაციაში იყო ჩრდილოეთ ოსეთის პრეზიდენტი ბატონი აღსარბეკ გალაზოვი); საქართველო-ზაარლანდის დამეგობრების 20 წლისთვათან დაკავშირებით გვეწვია ოსკარ ლაფონტენი...

- ჯონ შალიკაშვილის ვიზიტზე მე უკვე ვილაპარაკე. საქართველოსათვის ეს ძალზე სასიამოვნო მოვლენა იყო. სასიამოვნოა ისიც, რომ იგი ჩამოვიდა არა მარტო როგორც დიდი ქვეყნის უთვალსაჩინოესი მხედართმთავარი, არამედ როგორც ქართველთა შთამომავალი, რომლებმაც ბედის უკუღმართობის გამო დატოვეს სამშობლო, იძულებული იყვნენ მიეტოვებინათ თავიანთი ქვეყანა.

საკმაოდ პერსპექტიულად გამოიყურება ამერიკის შეერთებული შტატებისა და ჩვენი თანამშრომლობა შეიარაღებული ძალების მშენებლობაში, რა თქმა უნდა, იმის გათვალისწინებით, რომ არმიის შექმნის ძირითადი ხელშემწყობი ფაქტორი რუსეთთან თანამშრომლობა იქნება და ამის თაობაზე სრული ურთიერთგაგება გვაქვს ბატონ შალიკაშვილთან, სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან. სხვათა შორის, ნიშანდობლივია ბატონ შალიკაშვილის ძალიან სწორად მიგნებული ფრაზა: ჩვენ გვინდა პარტნიორობა და თანამშრომლობა მშვიდობისათვის არა რუსეთის წინააღმდეგ, არამედ რუსეთთან ერთად, მშვიდობა, პარტნიორობა რუსეთთან ერთად - ეს ძალიან რეალისტური და სწორი მიდგომაა.

უნდა გითხრათ, რომ წინათაც შევხვედრივარ ჯონ შალიკაშვილს, მაგრამ ახლა უფრო ფუნდამენტური საუბრების საშუალება მქონდა და მან ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება დატოვა, იგი არის სხარტი აზროვნების, უმაღლესი დონის პროფესიონალი, ძალიან საღი ანალიზის მქონე მოღვაწე. ისეთ საკითხებზე საუბრისას, როგორიცაა ჩვენი ურთიერთობა რუსეთთან, მათ შორის თანამშრომლობა სამხედრო სფეროში, იგი ხელმძღვანელობს იმ ანალიზით, რომელსაც ფლობს. მან შესანიშნავად იცის რის მიღება შეუძლია დღეს საქართველოს სხვა რეგონებიდან. შესანიშნავად იცის, თუ რუსეთთან რა რანგის თანამშრომლობამ უნდა მისცეს საქართველოს არმიას მშენებლობისა და თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების საშუალება.

რაც შეეხება ბატონების ეგოროვის, გალაზოვის და კრასნოდარის მხარის ადმინისტრაციის მეთაურის ევგენი ხარიტონოვის ვიზიტს, იგი უწინარესად, საერთო კავკასიური პრობლემებისადმი საერთო პოზიციის ჩამოყალიბების ინტერესებით იყო განპირობებული. დიალოგმა გვიჩვენა, რომ რუსეთს, კავკასიას უნიკალური შესაძლებლობა აქვთ სულ მოკლე ხანში მიაღწიონ კონფლიქტების მოწესრიგებას (ლაპარაკია კონფლიქტებზე საქართველოში, სხვა კონფლიტებზე ამიერკავკასიაში, ჩრდილოეთ კავკასიის კონფლიქტებზე) და საერთო კავკასიურ სტაბილიზაციას, რაშიც ყოველა ჩვენგანი უაღრესად დიდად არის დაინტერესებული. ბევრი რამ უაღრესად საინტერესო და ძალზე საჭირო ითქვა აფხაზეთში კონფლიტსა და ქართულ-ოსური პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებით. მე მივესალმე აღსარბეკ გალაზოვის წინადადებას კავკასიური დიალოგის თაობაზე, მისი აზრით, კავკასიის ლიდერები, რა თქმა უნდა რუსეთის აქტიური მონაწილეობით, აუცილებლად უნდა შეხვდნენ ერთმანეთს. კარგი იქნება, თუ ასეთი შეხვედრა ვლადიკავკაზში გაიმართება. მე უკვე ვთხოვე ჩვენს კოლეგებს, რომ რაც შეიძლება სწარაფად დაიძრას ეს საკითხი, მსჯელობის საგნიდან უკვე რეალურ ამოცანად იქცეს.

რაც შეეხება ჩვენი ძველი, და ნაცადი მეგობრის ოსკარ ლაფონტენის სტუმრობას, ცოტა არ იყოს, კიდეც მეხამუშება, რომ მას სტუმარი ვუწოდო. მისი აქ ჩამობრძანება დაკავშირებულია თბილისისა და ზაარბრიუკენის მეგობრობის 20 წლისთავთან, რომლის ერთ-ერთი უმთავრესი სულისჩამდგმელი ბატონი ოსკარი გახლავთ. ხალხების ლტოლვა მეგობრობისა და თანამშრომლობისაკენ რკინის ფარდასა და ბერლინის კედელზე უფრო მძლავრი აღმოჩნდა, დღეს ზაარის მხარის პრემიერი, ისე როგორც გერმანია, მისი მთავრობა გულწრფელად და ძალიან უხვად ეხმარებიან საქართველოს ჭრილობების მოშუშებაში და ამას აკეთებენ განსაკუთრებული თვითრეკლამის გარეშე, მართლაც იმგვარად, როგორც ეს შეეფერება უკვე გამოცდილ თანამშრომლობასა და ნაცად მეგობრობას.

- გასულ კვირას, მინსკში გაიმართა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნების მეთაურთა და მთავრობის თავმჯდომარეთა მორიგი შეხვედრა. მეთაურებმა მიიღეს ერთობლივი განცხადება აფხაზეთთან დაკავშირებით, სამშვიდობო ძალებს გაუგრძელდათ მანდატი. თქვენ ტელეინტერვიუში გაიხსენეთ პრეზიდენტ ელცინის ერთი ფარაზა, რომ რუსებსაც და ქართველებსაც თუ შეიძლება ასე ითქვას, კისერზე აწევთ ეს გადაუჭრელი კონფლიქტი(იგულისხმება აფხაზეთის კონფლიქტი) და რომ მიმდინარე წელს ეს პროცესი უნდა დასრულდეს, რისთვისაც არსებობს ყველა პირობა, მინდა გითხრათ, რომ ქალაქში გავრცელდა გარკვეული უიმედო ჭორები, როგორც ყოველთვის, ყოვლისმცოდნე თბილისელებმა, აღმოაჩინეს, რომ თქვენ ძალიან ცუდი განწყობით და ძალიან უკმაყოფილო დაბრუნდით მინსკიდან.

- ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში უკმაყოფილების საფუძველი არ გავქვს, უკვე ვთქვი და ახლაც მინდა გავიმეორო: ის, რომ ჩვენ მოვახერხედ მინსკშიც ჩვენი ადგილი დაგვეკავებინა და ქვეყანა წარმოგვედგინა და ამავე დროს დღესასწაულიც კარგად აღგვენიშნა, სწორი გადაწყვეტილება და სწორი ნაბიჯი იყო, მინსკის შეხვედრა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია აფხაზეთის კონფლიქტთან დაკავშირებით, სახელმწიფოთა მეთაურების ერთსულოვანი შეფასება (განცხადება მაქვს მხედველობაში) და მათი კატეგორიული პოზიცია საქართველოს მხარდასაჭერად, აგრეთვე სამშვიდობო ძალებსი მანდატის ახალი დატვირთვა, უდავოდ დიდ იმედებს გვინერგავს, დღეს ბატონი ნადიბაიძე მიფრინავს მოსკოვში, რათა მონაწილეობა მიიღოს სამშვიდობო ძალების მანდატის საფუძველზე მათი მოქმედების კონკრეტული პროგრამის დამუშავებაში, რომელსაც უშუალო შედეგი უნდა მოჰყვეს.

მინსკის შეხვედრის შესახებ ვილაპარაკე ჩემს ტელეინტევიუში, ვფიქრობ, რომ ყველას ჰქონდა საშუალება მოესმინა ეს გამოსვლა, ამიტომაც სხვა საკითხებზე აღარ შევჩერდები.

- და ბოლოს, რუსეთის დელეგაციასთან შეხვედრისას ბრძანეთ, რომ სამშობლოში დაბრუნების სამი წლის მანძილზე 26 მაისს პირველად იგრძენით, რომ საქართველოში ხართ. 26 მაისის დღე მართლაც განსაკუთრებული და განსხვავებული იყო ბოლო წლების განმავლობაში, იყო მართლაც მშვენიერი სამხედრო აღლუმი, თბილისური გაზაფხული, სპექტაკლები, ფილმები, კონცერტები, ქალაქის მერიამ დიდი დღესასწაული აჩუქა თბილისს... იმ დღეს დავინახეთ გაჭივრებისგან გათავისუფლებული და გაჭივრებაზე მაღლა დამდგარი ადამიანები, საერთოდ უნდა ითქვას, რომ ეს დღე ზღვარი იყო ძველ და ახალ საქართველოს შორის, იმ საქართველოს შორის, რომელიც, იმედია, ჩვენ უკვე უკან მოვიტოვეთ და აღარ მივუბრუნდებით...

- თუ გახსოვთ, თქვენთვის და რადიომსმენელებისთვის არაერთხელ მითქვამს, რომ მიმდინარე წელი გარდატეხისა და შემობრუნების წელი უნდა გახდეს-მეთქი, ვფიქრობ, 26 მაისი თბილისშიც და მთელ საქართველოში იმის მანიშნებელია, რომ გარდატეხა, შემობრუნება დაიწყო, სწორად ითქვა - საქართველო თავის თავს უბრუნდება, მე საქვეყნოდ ვუცხადებ მადლობას თბილისის მერიას, მის მერს ბატონ ნიკო ლეკიშვილს, ქალაქის განმგებლებს. არ ვიცი ზუსტად რამდენი ხალხი ესწრებოდა ამ ღონისძიებებს (რუსთაველზე გავლა თითქმის შეუძლებელი იყო. დიდი ხანია ასეთი რუსთაველი აღარ მინახავს), დიდი მადლობა თბილისის მოქალაქეებს ასეთი საჩუქრისათვის, იმედისა და სიხარულის მონიჭებისთვის, ისინი ერთმანეთს ამხნევებდნენ, ხელისუფლებასაც და საერთოდ ქვეყანას, როგორც იტყვიან, გარკვეულ იმედს ანიჭებენ, საქვეყნოდ მინდა მადლობა ვუთხრა ყველა ქალაქსა და რაიონს, რომლებმაც საქმით და ზეიმით აღნიშნეს ეროვნული დღესასწაული, ეს განსაკუთრებით ითქმის აჭარაზე, ქუთაისზე, სადაც ასევე ბევრი სტუმარი იყო, რუსთავზე, თელავზე, გორზე, მცხეთასა და მრავალ სხვა ქალაქზე რაიონსა და რეგიონზე.

შემთხვევით არ მითქვამს - პირევლად ვიგრძენი, რომ საქართველოში ვარ-მეთქი. ვთქვი, რადგანაც ვიგრძენი, დავინახე, რომ ქართველი კაცი და არა მარტო ქართველი, ყველა, ვინც აქ ცხოვრობს, ყველა ერისა და ეროვნების შვილი თავის თავს უბრუნდება, ესე იგი, ქართულ ხასიათს, ქართულ ბუნებას, ქართულ ოპტიმიზმს, იმედს იბრუნებს. 26 მაისის დღესასწაული იყო ამის დემონსტრაცია. ამის ზეიმი. ჩემთან ერთად ბატონი ლაფონტენი ბრძანდებოდა მეუღლითურთ, და მე შევნიშნე მის თვალებზე ცრემლი, როგორც გითხარით ის დიდი ხნის მეგობარია და სიხარულით აღნიშნა, რომ საქართველო იბრუნებს იმ საუკეთესოს, რაც მისთვის დამახასიათებელია საუკუნეთა განმავლობაში.

მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო, მადლობა გამოვუცხადო აღლუმის მონაწილე, შეიარაღებული ძალების ყველა ქვედანაყოფს, რომლებმაც არ გაგვიცრუეს იმედი და მთელს საქართველოს რწმენა შემატეს.

მადლობა ხელოვნების ყველა დარგის მოღვაწეებს, ყველა კოლექტივს ამდენი ახალი სპექტაკლებისთვის, წუხელაც ვიყავი მარჯანიშვილის თეატრში „მეფე ლირი“ ვნახე. კიდეც ვუთხარი ბატონ ოთარ მეღვინეთუხუცესს, ამ შესანიშნავ კოლექტივს და სრულიად ახალგაზრდა რეჟისორს დავით დოიაშვილს, მის ახალგაზრდა კოლეგებს, რომ ეს იყო არა ერთი სასწაული, არამედ სასწაულთა ფოიერვერკი. ამ სპექტაკლის მორალი ის არის, რომ დიდი ბოროტება, დიდი სიძულვილი და დიდი სისასტიკე მხოლოდ დიდმა ხელოვნებამ შეიძლება დასძლიოს და დაამარცხოს, ბედნიერებაა, რომ დღეს საქართველოში დიდი სპეტაკლებზე და დიდ გამარჯვებებზე ვლაპარაკობთ, ბედნიერი ვარ, რომ საქართველომ ასეთი გაჭივრების, შიმშილისა და სხვათა მიუხედავად. მაინც გადაარჩინა კულტურა და ამით, როგორც იტყვიან, თავისი თავი გადაირჩინა, მადლობა საქართველოს, რომ იგი თავის თავს უბრუნდება.

სამწუხაროდ არ მოხერხდა, რომ ყველაფერი ტელევიზიით ყოფილიყო გადაცემული ისე, როგორც იყო სინამდვილეში, ეს იმიტომ კი არ მოხდა რომ ვიღაცას არ უნდოდა, თუ გვინდა მართლაც გადავარჩინოთ საქართველოს კულტურა, ის, რაც გააკეთეს თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, თელავში თუ სხვაგან და სხვაგან, გავხადოთ მთელი ხალხის საკუთრება - უნდა დავეხმაროდ საქართველოს ტელევიზიას, იგი გაჩანაგებულია, თითქმის განადგურებულია და ჯერჯერობით ბევრი რამ ვერაფერი ვერ გავაკეთეთ. საქართველოს ტელევიზიას ხელისუფლებამ ძალიან სერიოზული დახმარება უნდა გაუწიოს.

„საქართველო თავის თავს უბრუნდება“ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა]ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 30 მაისი. - 59(1075). - 1,2 გვ.

42 კონსტიტუციის პროექტის შესახებ

▲ზევით დაბრუნება


ედუარდ შევარდნაძის გამოსვლა საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე 1995 წლის 29 მაისს

ბატონებო და ქალბატონებო!
საკონსტიტუციო კომისიის პატივცემულო წევრებო!

დამთავრდა 1921 წლის კონსტიტუციის ახალ რედაქციაზე, ფაქტობრივად, ახალ კონსტიტუციაზე მუშაობის პირველი ეტაპი.

დღეს ამ სხდომაზე განსახილველად გამოგვაქვს კონსტიტუციის პროექტი.

სანამ ძირითად პრობლემებზე ვილაპარაკებდე, მინდა ორიოდ სიტყვა ვთქვა აქ გამართული კამათის გამო.

ის შენიშვნები, რომელიც აქ გამოითქვა დღევანდელი სხდომის პროცედურასთან დაკავშირებით და იმის გამო, რომ წარმოდგენილია კონსტიტუციის მხოლოდ ერთი პროექტი, რომ სარედაქციო ჯგუფის ყველა წევრი აქტიურად არ მონაწილეობდა, განსაკუთრებით ბოლო ეტაპზე კონსტიტუციის პროექტის შემუშავებაში, - სამართლიანი შენიშვნებია; მაგრამ ახლა თუ მიზეზების ძიაბას დავიწყებთ, და იმის დადგენას, თუ რატომ არ ესწრებოდა კომისიის სხდომას ერთი წევრი, ან მეორე - ეს შორს წაგვიყვანს, მთავარ პრობლემას მოგვწყვეტს. ეს, ცოტა არ იყოს რთული საკითხია.

ზოგს აინტერესებდა კონსტიტუციის წარმოდგენილ პროექტზე მუშაობა, ზოგს შეიძლება რაღაც მიზეზი ჰქონდა, რაც შეუთავსებელს ხდიდა მის მუშაობას ისეთ პროექტზე, რომელიც თავიდან საფუძვლად იყო აღებული ამ სამუშაო ჯგუფის მიერ. ზოგს ამბიციები აწუხებდა, ზოგს სუბიექტივიზმი... იყო სხვა მიზეზებიც.

როგორც აქ ითქვა, შემოტანილია კონტიტუციის 9 პროექტი. მე ყველას ვერ გავეცანი, მაგრამ ამ პროექტების ძირითადი შინაარსი და ძირითადი იდეები ჩემთვის ცნობილია. ახლაც გრძელდება კონსტიტუციის პროექტების შემოტანა. ის არავის აუკრძალავს.

საკონსტიტუციო კომისიას შეუძლია განიხილოს ყველა 9 პროექტი, ჩვენ არავინ არ გვზღუდავს. რამდენი დროც გვექნება და საშუალებაც, იმის მიხედვით ვიმუშაოთ. ყველაზე ოპტიმალურ პროექტს დავუჭიროთ მხარი.

აქ კითხულობენ რა იქნა ჩიკაგოს პროექტი?! მე მგონია, თუ ასეთი ეჭვით შევხედავთ ყველას და ყველაფერს, სერიოზული მუშაობა არ გამოგვივა.

ჯერ ერთი, ჩიკაგოში გამოთქმული იყო გარკვეული მოსაზრებები, ჩიკაგოში იყო ისეთივე საკონსულტაციო, საექსპერტო შეხვედრა, როგორც ვენეციაში, მაშინ ისიც ვიკითხოთ სად წავიდა ვენეციის პროექტი? ვენეციაში კი იყო ისეთივე შეხვედრა, როგორც ბუდაპეშტში. მაშინ ასევე შეგვიძლია ვიკითხოთ, სად არის ბუდაპეშტის პროექტი? ასე გაუთავებლად შეგვიძლია ვიკამათოდ, მაგრამ საქმე არ გაკეთდება.

საკონსტიტუციო კომისიის წევრებმა მსოფლიო მოიარეს. თუ არ ვცდები, პოლონეთშიც იყვნენ, ბუდაპეშტშიც, ჩიკაგოშიც, პარიზშიც, მოსკოვშიც, ვენეციაშიც, ყველგან ფაქტობრივად ერთ პროექტზე იყო საუბარი, რომელიც თანადათანობით მდიდრდებოდა და იხვეწებოდა. შეიძლება ითქვას ყოველი შეხვედრიდან 2 ან 3 აზრი გავითვალისწინეთ.

მე, როგორც ვიცი, აი ამ შეხვედრების დროს აქ წარმოდგენილი პროექტის ძირითადი დებულებები, ძირითადი იდეები მოწონებულ იქნა. ამის შესახებ, უფრო ვრცლად ვიტყვი ქვემოთ.

ახლა კი გავარკვიოთ ვისია ეს პროექტი, რომელიც განსახილველად შემოდის? მე, ალბათ, როგორც საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარეს პროექტზე, სარედაქციო ჯგუფთან ერთად, კოლეგიური მუშაობის, პროექტის კორექტირების და შემოტანის გარკვეული უფლება მაქვს.

ყველას ვინც აქ ვართ, პირველ რიგში კი კომისიის თავმჯდომარეს, შემოაქვს ეს პროექტი განსახილველად.

ცუდია ის თუ კარგია, ამაზე საბოლოოდ საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს, ხალხმა უნდა თქვას რეფერენდუმზე რა არის მისაღები, რა არ არის მისაღები.

საკონსტიტუციო კომისია კი თავისთავად არის სამუშაო ჯგუფი, შექმნილი იმისათვის რომ მოამზადოს პროექტი პრალამენტისათვის და რეფერენდუმისათვის.

მე ვფიქრობ, რომ დღეს სწორედ ეს პროცესი იწყება და ახალ ფაზაში შედის. ჩემს გამოსვლაში ვეცდები დავასაბუთო, თუ რატომ არის შემოტანილი სწორედ ეს, სწორედ ისეთი პროექტი და არა სხვა.

ჩემი შეხედულებით, ამ ეტპაზე, 1921 წლის კონსტიტუციის ახლა რედაქციაზე, გარკვეული თვალსაზრისით, შეიძლება ითქვას, ახალ კონსტიტუციაზე მუშაობის გარკვეული მონაკვეთი დამთავრდა. კიდევ ვიმეორებ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ უნდა იქნეს განხილული კონსტიტუციის სხვა პროექტები.

მე გთავაზობთ მუშაობა დავიწყოდ წარმოდგენილი პროექტის განხილვით. ჩემი აზრით, სწორედ ეს პროექტი უნდა დაედოს საფუძვლად, სათანადო ცვლლებების შეტანით ახალ კონსტიტუციას. მის განხილვას პარლამენტსა და საერთო-სახალხო რეფერენდუმზე.

როგორიც არ უნდა იყოს აზრთა სხვადასხვაობა, ჩვენ მაინც გვაერთიანებს ერთი ფიქრი: ერთიან, მთლიან, და განუყოფელ საქართველოზე, ხალხზე, ეკონომკაზე, კულტურაზე, დღევანდელობასა და მომავალზე.

საერთოა ჩვენი ძირითადი სტრატეგიული მიზნები (აქ, ამაზე არავინ დაობს) სამოქალაქო საზოგადოება, სამართლებრივი, დემოკრატიული სახელმწიფო, საბაზრო ეკონომიკა, ბევრი სხვა რამ გვაერთიანებს.

მე მოვუწოდებ საკონსტიტუციო კომისიას ნაყოფიერი, კონსტრუქციული თანამშრომლობისა და კოლეგიური საქმიანობისაკენ.

საკონსტიტუციო კომისიაში განხილვის შემდეგ, კონსტიტუციის პროექტი, როგორც უკვე ვთქვი, წარედგინება პარლამენტს, შემდეგ კი კონსტიტუციის ბედს გადაწყვეტს საერთო-სახალხო რეფენედუმი.

ცნობილი მიზეზების გამო, კონსტიტუციის პროექტის შემოატანა გაჭიანურადა. ამიტომაც, უნდა ვეცადოთ განხილვის ვადები, რამდენადაც ეს შესაძლებელია, შევამჭიდროვოდ, რაშიც უდავოდ პარლამენტის და ხალხის მხარდაჭერა დაგვჭირდება.

მიმდინარე წელს უნდა გაიმართოს ახალი კონსტიტუციისა და ახალი საარჩევნო კანონის საფუძველზე ხელისუფლების შესაბამისი სტრუქტურების არჩევანი. ამ საკითხზეც, მე მგონი არავინ არ დაობს.

საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის ამ პროექტის, რომელიც ახლა ჩვენ შემოგვაქვს განსახილველად, შემუშავების პროცესი, მოგეხსენებათ, მიმდინარეობდა ერთობ რთულ ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ ვითარებაში, რომელმაც თავისი დაღი დაასვა ჩვენს საქმიანობას.

კონსტიტუციის პროექტი, კონსტიტუციური ნორმები, ფორმულები, პოსპულატები, როგორც ცნობილია, დაუშვებელია მოვწყვიტოთ კონკრეტულ-ისტორიულ გარემოს, დღევანდელობის მოთხოვნებს. კონსტიტუცია ამოიზარდა იმ ნიადაგიდან, რომელიც დღეს არსებობს საქართველოში.

ამავე დროს კონსტიტუციის წარმოდგენილი პროექტი ემყარება არა მარტო პირველ ქართულ კონსტიტუციას (თუმცა ეს არის ამოსავალი წერტილი) არა მხოლოდ ეროვნულ, არამედ ევროპისა და მსოფლიო კონსტიტუციონალიზმის მიღწევებს, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს, ადამიანის უფლებათა დეკლარაციას, სხვა ისტორიულ ქარტიებსა და დოკუმენტებს. ყველაფერი ეს, რაც მე ჩამოვთვალე (მე კი აქ ყველაფერი არ ჩამომითვლია), სრულებითაც არ არის ნაკლები, ვიდრე ჩიკაგოს შეხვედრა ან ვენეციის დიალოგი.

კონსტიტუციის პროექტი ითვალისწინებს მრავალ მოსაზრებას, რომლებიც სხვადასხვა პარტიების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების და ცალკეულ მოქალაქეთა მიერ იყო შემოტანილი.

მათგან ბევრი რამ არის გათვალისწინებული, ბევრი რამ ბუნებრივია, ვერ აისახა ამ პროექტში. ამას თავისი გასაგები მიზეზები გააჩნია.

საქართველოს მოქალაქეებმა, სწორად უნდა გაიგონ: არა აბსტრაქტული, ზოგადი მაქსიმალიზმი, არამედ კონკრეტული, რეალური პრაგმატიზმი! ჭეშმარიტი კონსტიტუციონალიზმი მხოლოდ შესაძლებლის ფარგლებში შეიძლება განხორციელდეს.

აქედან გამომდინარე (ეს დებულება პროექტში არ არის შეტანილი) მე ასეთი აზრი გამოვთქვი: სწორედ ამ რეალური მდგომარეობის გათვალისწინებით იქნებ გარდამავალი ეტაპის ცნება შემოგვეტანა კონსტიტუციაში და ამ საფუძველზე დაგვეზუსტებინა და დაგვეხვეწა ზოგიერთი ნორმა და დებულება. ამაზეც ვიფიქროთ წმინდა კონსტიტუციონალიზმის თვალსაზრისით ეს რთული საკითხია, მაგრამ ცხოვრების რეალური მოთხოვნაა.

ამავე დროს ისიც უნდა ითქვას, რომ კონსტიტუციის პროექტზე მუშაობა ნგრევისა და აღმშენებლობის ფონზე მხოლოდ საქართველოში როდი მიმდინარეობდა. ეს ყველაფერი კონტიტუციის კომისიის წევრებმა კარგად იციან. მაგრამ ცალკეულ მოქალაქეებს ნაკლებად მიუწვდებად ხელი ამ ინფორმაციაზე და შეიძლება მათთვის ეს საინტერესო იყოს. ამიტომ, ზოგიერთ ელემენტარულ ჭეშმარიტებებს მოგახსენებთ.

გადაავლეთ თვალი აღმოსავლეთ ევროპის, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებს, ამიერკავკასიას და ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებს და თქვენ ამაში იოლად დარწმუნდებით.

საკმარისია გავიხსენოდ რუსეთის ფედერაციის კონსტიტუცია, რომელიც უძნელეს პირობებში მიიღეს უმაღლესი ეროვნული და სახელმწიფოებრივი ინტერესების გათვალისწინებით. რუსეთის კონსტიტუციური მშენებლობის პროექტი მეტად საყურადღებოა ჩვენთვის.

კონსტიტუციის შექმნის სფეროში დაგროვილი საერთაშორისო გამოცდილება, თეორია და პრაქტიკა ცხადყოფს, რომ ყოველი ცალკე აღებული სახელმწიფოს კონსტიტუცია, როგორც ვთქვით, თუმცა ის სამომავლო დოკუმენტაციაა, არ შეიძლება მოწყვეტილი იყოს იმჟამინდელ ეპოქის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, სოციო-კულტურულ სიტუაციას და ატმოსფეროს.

კონსტიტუციური იდეები არ შეიძლება მოვწყვიტოთ ისტორიის არსსა და საზრისს.

გავიხსენოთ, როგორ და რა პირობებში მოხდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ე.წ „ხონის კონსტიტუციის“ მიღება 1949 წელი, გახლეჩილი ქვეყანა, გაპარტახებული ეკონომიკა და როგორც ამ ბოლო დროს ჩვენში ხშირად უყვართ გამოთქმა: „დამარცხებული ქვეყნის სინდრომი,“ გერმანიის კონსტიტუცია მაინც მეტად დემოკრატიული კონსტიტუცია იყო, ეს ერთი.

მეორე, არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ მაშინდელი დემოკრატიული სამყარო უქმნიდა გერმანიას იმ კონსტიტუციის განხორცილების პირობებს. საკითხი მეტად მწვავედ იდგა: დემოკრატია თუ ტოტალიტარიზმი? ტოტალიტარიზმის შიშით დემოკრატიას უკან არ დაუხევია.

არც იმჟამად მოქმედი საფრანგეთის რესპუბლიკის კონტიტუციაა იდეალური პოლიტიკური თანხმობისა და ჰარმონიული განვითარების პირობებში შექმნილი. საყოველთაოდ ცნობილია, რომ მისი მიღება მეოთხე რესპუბლიკის კრახისა და სამოქალაქო ომის საკმაოდ რთულ და საგანგებო პირობებში მოხდა და მიუხედავად ამისა, საფრანგეთის კონსტიტუცია ერთ-ერთ ყველაზე დემოკრატიული კონტიტუციაა მსოფლიოში.

ჯერ კიდევ ორასზე მეტი წლის წინ ფილადელფიის კონვენტი ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციის პროექტს კონფედერაციის ფაქტობრივი დაშლისა და სამოქალაქო ომის საფრთხის პირობებში ამუშავებდა. მაგრამ ამერიკული კონსტიტუციონალიზმი მსოფლიო კონსტიტუციონალიზმის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევაა.

1921 წლის დემოკრატიული საქართველოს კონსტიტუციაც უცხო ქვეყნის შეიარაღებული ძალების თბილისში შემოჭრამდე, შეიძლება ითქვას რამდენიმე დღით ადრე იქნა მიღებული. სწორია, რომ ის თავის დროზე ერთ-ერთი ყველაზე დემოკრატიული კონსტიტუცია იყო არა მხოლოდ საქართველოს ისტორიაში, არამედ იმდროინდელ ევროპაში, მაგრამ, მეორე მხრივ, ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ 1921 წლის კონსტიტუცია პრაქტიკულად არ ამოქმედებულა, რადგანაც რესპუბლიკა უცხო ძალებმა დაამხეს.

ამიტომ იმ კონსტიტუციის სიცოცხლისუნარიანობა „პრაქტიკის კრიტერიუმებით“ არ შეუმოწმებია ისტორიას. სწორედ ამიტომ ვიჩენთ სიფრთხილეს ამა თუ იმ კონსტიტუციური ნორმის, 1921 წლის კონსტიტუციიდან ძირითადი კანონის ახალ პროექტში გადმოტანის დროს.

საუკუნეთა მანძილზე იცვლებოდნენ, ტრანსფორაციას განიცდიდნენ მონტესკიეს, ლოკის, ჯეფერსონის თუ დემოკრატიის სხვა მამამთავართა იდეები, მაგრამ ვისაც ეს ცვლილებები შემოჰქონდა კლასიკურ თეორიებსა და მოდელებში, ყოველთვის ასაბუთებდა, ჯერ ერთი ცვლილებების აუცილებლობას, მეორე, ამტკიცებდა, რომ სწორედ ეს და არა სხვა ცვლილებები იყო საჭირო ეპოქის კონკრეტულ-ისტორიული და ქვეყნის ეროვნულ-სახელმწიფოებრივ თავისებურებათა გათვალისწინებით.

რა თქმა უნდა, ვისაც გვქონდა საშუალება, ჩვენ შევისწავლეთ თანამედროვე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების, ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკების საკონსტიტუციო გარდაქმნების პრაქტიკა. ეს სულაც არ არის ზედმეტი შრომა, ჩვენ ამ ეპოქის თანამედროვენი ვართ და საკუთარი თვალით ვხედავთ, თუ რა ძნელად ხდება იქ სახელმწიფოებრივი თვითმყოფადობის მოპოვება და განმტკიცება, მათი და საკუთარი ნეგატიური გამოცდილებიდანაც ჩვენ პოზიტიური დასკვნები გავაკეთედ და ეს ყველაფერი კონსტიტუციის პროექტის სრულყოფას უნდა მოვახმაროთ.

ნებით თუ უნებლიეთ, საქართველო დღეს ნგრევით, დეპრესიით, კრიზისით მოცულ ქვეყანათა რიგში მოხვდა ჩვენი კონსტიტუციაც, ბუნებრივია, ამ ტკივილიანი პროცესებით აღსავსე ეპოქის, ერთი მხრივ, ანარეკლი, მაგრამ მეორე მხრივ, ამ კრიზისის დაძლევის საიმედო გარანტი უნდა გახდეს.

სისხლიანი ქრონიკები შიდა ქართლსა და აფხაზეთში, ძმათა შორის შინააშლილობა, პოლიტიკური, ეკონომიკური, ფინანსური, სოციალური, სულიერი კრიზისი, მძაფრი კრიმინოგენური ვითარება, უკანონო შეიარაღებულ ფორმირებათა თარეში, ტერორიზმი, მაფიოზური სტრუქტურები და მრავალი სხვა უარყოფითი, დესტრუქციული მოვლენა ნეგატიურ გავლენას ახდენდა საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე, ცხოვრების ყველა სფეროზე. მაგრამ კონსტიტუციის მიღების გადადება თავისი შედეგებით აშკარად დამღუპველი იქნებოდა, რადგანაც იგი დაბადებდა პოლიტიკურ სკეპსისს, წარმოშობდა „გაურკვეველი მომავლის“ ეჭვს, საფრთხეს შეუქმნიდა ახლადფეხადგმულ დემოკრატიულ ინსტიტუტებს.

საჭირო იყო კონსტიტუციური რეფორმა, საპარლამენტო რეფორმა, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, სასამართლოს ხელისუფლების გარდაქმნა და სხვა.

მთელი მსოფლიო ადევნებს თვალყურს ყოფილ მოკავშირე რესპუბლიკებში დემოკრატიული გარდაქმნების მიმდინარეობას, იქ კონსტიტუციონალიზმის, პარლამენტარიზმის, სამართლებრივი სახელმწიფოს, სამოქალაქო საზოგადოების, საბაზრო ეკონომიკის ფორმირებას, ეთნიკურ უმცირესობათა და ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას, ამ თვალსაზრით საქართველო მოქცეულია მსოფლიო პოლიტიკის ფოკუსში. რა თქმა უნდა, ეს კიდეც გვეხმარება და კიდევაც ზრდის ჩვენს პასუხისმგებლობას.

ჩვენი საკუთარი შესაძლებლობების პარალელურად აქტიურად ვიყენებდით ჩვენი უცხოელი კოლეგების რეკომენდაციებს. წმინდა ადამიანური თალსაზრისით, ჩვენ ამ ხნის მანძილზე არაერთხელ ვიგრძენით, რომ მათთან ერთად ერთი მსოფლიო დემოკრატიული ცივილიზაციის ნაწილი ვართ, რომ ჩვენი მეგობრები საქართველოს გარეთ, - მადლობა ღმერთს, ისინი საკმაოდ ბევრია, - გულწრფელად არიან მონდომებულნი, რათა ჩვენმა ქვეყანამ თავისი ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს მსოფლიო ხალხთა თანამეგობრობაში. კეთილი ნების ადამიანები, სპეციალისტები, ექსპერტები, საერთაშორისო სამართლის თეორიტიკოსები, რომლებიც თბილისში, მოსკოვში, ბუდაპეშტში, ვენაში, ვარშავაში, ვენეციაში, ჩიკაგოში თუ სხვაგან ფიქრობდნენ ჩვენი კონსტიტუციის პროექტზე, მოწადინებულნი იყვნენ ჩვენთან ერთად საფუძველი ჩაეყარად საქართველოში ახალი დემოკრატიული, ღია სამოქალაქო საზოგადოების, დემოკრატიული, სუვერენული სახელმწიფოს შექმნისთვის.

ეს არ იყო სხვის საქმეებში ჩარევა, ეს იყო საერთაშორისო ჰუმანური, ცივილიზებული თანამშრომლობის სასიკეთო მაგალითი და გულწრფელი სურვილი დახმარებოდნენ საქართველოს ახალი საზოგადოების აშენებაში.

დასავლური დემოკრატიის უკეთ შესწავლის მიზნით, როგორც მე უკვე ვთქვი, ხშირად მივავლენდი სამუშაო ჯგუფებს უცხოეთის წამყვან სამეცნიერო ცენტრებში, სადაც თანამედროვეობის გამოჩენილ კონსტიტუციონალისტებთან ერთად საქმიანი, სასარგებლო სჯა-ბაასი იმართებოდა ქართული სახელმწიფოს მოწყობის დღევანდელ და ხვალინდელ დღეზე.

თითქმის არ ყოფილა შემთხვევა, საქართველოში ჩამოსულიყო რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციის მისია და არ დაინტერესებულიყო ჩვენი კონსტიტუციური მშენებლობის, ეკონომიკური, ეკონომიკური, ფინანსური მდგომარეობით და სხვა საკითხებით. მიუხედავად იმისა, რომ მოგეხსებათ, დღეს ვერავის ვერ გააკვირვებ უცხოეთში ყოფნით, სხვადასხვა უნივერსიტეტების მონახულებით, სპეციალისტებთან შეხვედრით, ყოველივე ეს ნორმად იქცა, კონსტიტუციის პროექტზე მუშაობის დროს და ჩვენ ამ პრობლემის შესწავლისას, ბევრი რამ აღმოვაჩინეთ ევროპაშიც, აზიაშიც და ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეებშიც.

მე დავასახელებ, მაგალითად ჩვენი სპეციალისტების ნაყოფიერ მუშაობას მოსკოვში, შეხვედრებს კიევში, ალმა-ათაში, ტაშკენტში, ბაქოში, ერევანში, მოლდავეთში და ა.შ. ამ შეხვედრებში პარლამენტის წევრებიც იღებდენენ მონაწილოებას.

ჩვენ დიდი გულისყურით გავეცანით 1921 წლის კონსტიტუციის მიღების შესახებ დღემდე შემონახულ ყველა ფაქტობრივ მასალას, საქართველოს დამფუძნებელი კრების იმ სხდომების სტენოგრამებს, სადაც კონსტიტუციის განხილვა მიმდინარეობდა.

ჩვენი წინამორბედების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ მიერ დასმული საკითხები და მოსაზრებანი დღესაც აქტუალური, მეტად მრავლისმეტყველი და მნიშვნელოვანია.

1921 წლის კონსტიტუციის არაერთი დებულების შეტანა ჩვენს პროექტში სწორედ მათი ლოგიკური არგუმენტირებულობით, ისტორიული დასაბუთებით არის განპირობებული.

კონსტიტუციის კონცეფცია ერთ-ერთი ყველაზე რთული საკითხია მათ შორის, რომლებიც უნდა გადაეწყვიტათ პროექტის ავტორებს.

წარმოდგენილი პროექტის დედააზრი, ძირითადი დანიშნულება ის არის, რომ შეიქმნას საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების კონსტიტუციურ-სამართლებრივი უზრუნველყოფის მექანიზმები.

სამოქალაქო საზოგადოების ძირითადი, საწყისი პრინციპებიდან ჩვენ ყველაზე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია (რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას არ ჩამოვთვლით, მათ თქვენ თვითონ იხილავთ პროექტში), მაგრამ მაინც ხაზგასმით მინდა ვთქვა შემდეგი პრინციპების შესახებ:

1. ადამიანი, მისი უფლება-თავისუფლებები, მისი ღირსება - როგორც უზენაესი სოციალური ღირებულება, როგორც მთელი კონსტიტუციის პირველადი იდეა;

2. დემოკრატიზმი, როგორც სახელმწიფო მექანიზმის შექმნისა და ფუნქციონირების ძირითადი პრინციპი, სახელმწიფოს ისეთი მოწყობა, რომელიც უზრუნველყოფს მის ნაყოფიერ და ეფექტურ მუშაობას და იმავე დროს გამორიცხავს ნებისმიერი მისი რგოლის მხრიდან დიქტარტურის დამყარების შესაძლებლობას;

3. ძლიერი დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლების ჩამოყალიბება. ხელისუფლების ამ განშტოებამაც უნდა უზრუნველყოს ყოველგვარი უკანონობის, ტირანიის თავიდან აცილება;

4. თამამად შეიძლება ითქვას, რომ კონსტიტუციის ზემოთ მითითებული პრინციპები არსებითად 1921 წლის კონსტიტუციის ამოსავალი წერტილი გახლავთ. ამაში ვლინდება მემკვიდრეობითობა.

II. ცენტრალურ ორგანოთა სისტემა

ერთ-ერთი ყველაზე რთული საკითხი, რომლის გადაწყვეტაც მოგვიხდა კონსტიტუციის შემუშავებისას, იყო სახელმწიფო ხელისუფლების სისტემისა და ორანიზაციის 3 პრინციპების საკითხი. საჭირო იყო თანამედროვე დოქტრინის შესწავლა, საქართველოს თავისებურებების გათალისწინება, მომავლის პროექტირება და პროგნოზირება. ასე გაჩნდა სახელმწიფოს როგორც „დამოუკიდებელის“, „ერთიანისა და განუყოფლის“ დახასიათებანი, რომლებიც ასახავენ საზოგადოების განვითარების დღევანდელ ეტაპს და უწინარესად რეალური სუვერენიტეტისა და ტერიოტორიული მთლიანობისკენ სწრაფვას.

დიდი აზრობრივი და ნორმატიული დატვირთვა აქვს სახელმწიფოს როგორც დემოკრატიული რესპუბლიკის დახასიათებას. ამით დადასტურებულია 1921 წლის კონსტიტუციის იმპერატიული მოთხოვნა რესპუბლიკური მართვა-გამგეობის ფორმის შენარჩუნების აუცილებლობის შესახებ, თავიდანვე გაცხადებულია ხალხის აქტიური და გადამწყვეტი მონაწილეობა სახელმწიფო ორგანოთა ფორმირებისა და საზოგადოებრივ საქმეთა მართვაში.

პოსტსაბჭოურ საზოგადოებაში სწრაფვა სამართლებრივ-დემოკრატიულ რეჟიმში ცხოვრებისაკენ ძალიან ხშირად იწვევს ქაოსს და პოლიტიკური სფეროს ანრქიზაციას. ამის მიზეზებია: ჩამოუყალიბებელი სოციალური სტრუქტურა, პოლიტიკური არასტაბილურობა, ეკონომიკური სიძნელეები, ზნეობის და მორალის გარკვეული დევალვაცია, ძალოვანი სტრუქტურების დასუსტების ფონზე დამნაშავეობის აღზევება და ბევრი სხვა ფაქტორი.

ისტორიამ გვიჩვენა, რომ მხოლოდ ამ რთული პერიოდის წარმატებით დაძლევა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ძლიერი ხელისუფლების მეშვეობით.დარწმუნებული ვარ, გარდამავალი ეტაპის ურთულესი ამოცნების წარმატებით განხორციელება შეუძლია, მხოლოდ ისეთ ხელისუფლებას, რომელსაც ძალუძს პრინციპული, ზოგჯერ აუცილებელი, მაგრამ არაპოპულარული გადაწყვეტილებების მიღება და რაც მთავარია, მათი ცხოვრებაში გატარება. ძლიერი ხელისუფლების გარეშე შეუძლებელია კარდინალური საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი რეფორმების განხორციელება.

თანამედროვე სახელმწიფო, რომლის ასახვა ჩვენ გვსურდა კონსტიტუციის პროექტში - ეს არ არის მხოლოდ ძალოვანი და ბიუროკრატიის სტრუქტურებით აღჭურვილი ხელისუფლება ეს არის ხელისუფლების ისეთი ორგანიზაცია, რომელიც განუყოფელია დემოკრატიის, სამართლისა და მართლმსაჯულებისაგან.

სახელმწიფო ან მისი რომელიმე განშტოება რომ არ გახდეს დიქტატორული, სახელმწიფოს ცენტრალურ ორგანოთა სისტემა წარმოდგენილ პროექტში, ჩვენი შეხედულებით, ჩვენი წარმოდგენით, აგებულია ხელისუფლების დანაწილების შესახებ მოძღვრების ძირითადი მოთხოვნების გათვალისწინებით.

კონსტიტუციის პროექტის განხილვისას, ალბათ, იქნება ხელისუფლების დანაწილების წარმოდგენილი ვარიანტის გარკვეული კრიტიკა, ამიტომ არ შემიძლია ორიოდე სიტყვით არ შევეხო ამ პრინციპის მოქმედებას თანამედროვე მსოფლიოში.

საქმე ის არის, რომ დასავლეთის სახელმწიფოთა აღმშენებლობის პრაქტიკაც კი არ იცნობს იდეალური, პროპორციული თანასწორობის პრინციპზე დამყარებულ ხელისუფლებათა შორის ძალაუფლების განაწილების, ვიმეორებ იდეალურს.

აქ ორი ძირითადი მომენტია გასათვალისწინებელი: არ იქნას დაშვებული ერთი პირის ან ორგანოს ხელში საკანონმდებლო, აღამსრულებელი და სასამართლო ხელისუფლების უზურპაცია და შეიქმნას ამ ორგანოთა შორის თანამშრომლობისა და წონასწორობის მექანიზმები. ყოველივე ამის გათვალისწინებით, ჩვენს მიერ წარმოდგენილ პროექტში შემოთავაზებულია ორგანოთა სისტემა, რომელსაც კონსტიტუციონალიზმის თეორიასა და პოლიტოლოგიაში შერეულს, ზოგჯერ კი ნახევრად საპრეზიდენტოს უწოდებენ.

რამ განაპირობა ამ სისტემის შერჩევა?

რატომ ითქვა უარი 1921 წ.კონსტიტუციით გათვალისწინებულ სისტემაზე, რომელსაც თამამად შეგვიძლია (სახელმწიფოს მეთაურის - პრეზიდენტის არარსებობის გამო) საპარლამენტო ვუწოდოთ, მიუხედავად მისი ძალზე ორიგინალური ხასიათისა?!

მე არ ვიცი, დააყენებს თუ არა ვინმე ამ სხდომებზე ეჭვის ქვეშ რესპუბლიკის პრეზიდენტის ინსტიტუტის მიზანშეწონილობის საკითხს, მაგრამ არ შემიძლია არ გავაკეთო ამის გამო რამოდენიმე შენიშვნა. ჯერ ერთი, გაუგებარია, ზოგიერთთა მიერ 1921 წ. კონსტიტუციის (გაცვეთილი სიტყვაა, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა) ფეტიშირება, მისი წარმოჩენა, როგორც დემოკრატიული კონსტიტუციის იდეალური ეტალონისა.

რატომღაც ჩვენ ამის შესახებ არ ვლაპარაკობთ. ეს კი საკითხისადმი ცალმხრივი მიდგომაა. უნდა ვილაპარაკოდ 1921 წლის კონსტიტუციის როგორც ღირსებებზე ისე ნაკოლოვანებებზეც. არაფერი არ არის მარადიული. ამ ცვალებად სამყაროში ბევრი რამ იცვლება. როცა იმ კონსტიტუციაზე ვლაპარაკობთ, უნდა ითქვას იმის შესახებაც, რაც მიუღებელი დღევანდელი საქართველოსათის. მითუმეტეს, ძნელია ილაპარაკო კონსტიტუციის ღირსებაზე, თუ იგი არ არის აპრობირებული, თუკი მის მიხედვით საქართველოს ფაქტობრივად ერთი დღე არ უცხოვრია.

მეორე - ნუ დაგვავიწყდება, რომ 1921 წ. კონსტიტუციის მიღების დროს და შემდგომშიც. კონსტიტუციით გათვალისწინებული მართვა-გამგეობის ფორმის მიმართაც იყო კრიტიკული შენიშვნები: გრიგოლ ლორთქიფანიძე, მაგალითად წერდა 1925 წელს „1921 წელში მიღებული კონსტიტუციით უარყოფილია პრეზიდენტის თანამდებობა. უნდა გადაჭრით ითქვას, რომ ეს გადაწყვეტილება მეტად მწიგნობრული და დოგმატური იყო...პრეზიდენტი დაახლოებით ამერიკა-გერმანიის პრეზიდენტის უფლებებით აღჭურვილი, სრულიად აუცილებელი და მიზანშეწონილია საქართველოსათვის. სხვანაირად საკითხის გადაჭრა იქნება არა ცხოვრებით ნაკარნახევი, არამედ წიგნებიდან მონაბერი დოქტრინიორობა და უკაცრავად პასუხია - შეიძლება მეტიჩრობაც... ასეთი ზეპარტიული, ხალხის მთლიანობის გამომხატველი ერისთავი სჭირია საქართველოს, რომლის განვითარების დღევანდელი სტადია მოითხოვს მტკიცე და სუვერენულ დემოკრატიზმს, მაგრამ ცენტრალიზმთან შეთანხმებულს“.

ალბათ დამეთანხმებით, თითქოს დღევანდელ ვითარებაზეა დაწერილი ეს სტრიქონები 70 წლის წინათ და უდავოდ საგულისხმოა, ხდება თუ არა მთელი სახელმწიფოებრივი სრტუქტურის ტრანსფორმაცია და გახდება იგი ანტიდემოკრატიული? გარკვეულ პირობებში, როგორც ისტორია გვიჩვენებს, ასეთი რამ არ არის გამორიცხული, მაგრამ არა მაშინ, როდესაც კონსტიტუციას შემოაქვს სამოქმედოდ ისეთი სრულფასოვანი დემოკრატიული ინსტიტუტები, როგორიცაა არჩევითი ორპალატიანი პარლამენტი, რომელსაც გააჩნია პრეზიდენტის ამბიციების მოთოკვის ეფექტიანი საშუალებები (ბიუჯეტი, მთავრობის ფორმირებაში გადამწყვეტი მონაწილეობა, იმპიჩმენტი) დამოუკიდებელი მართლმსაჯულება და საკონსტიტუციო ზედამხედველობა, მრავალპარტიულობა და ბევრი სხვა. ჩვენი კონსტიტუციის პროექტი სწორედ ასეთიკონსტიტუციის მიღებას გულისხმობს.

თავისთავად პრეზიდენტის ინსტიტუტის შემოღება არავითარ საფრთხეს არ უქმნის არც 1921 წ კონსტიტუციის დედააზრს და არც დღევანდელ სახელმწიფოებრივ სტრუქტურას.

პრეზიდენტის ინსტიტუტის შესახებ კიდევ ცალკე გვექნება საუბარი, ახლა კი სახელმწიფო ორგანოთა იმ სისტემის შესახებ რომელიც გათვალისწინებულია პროექტით. ჩვენი აზრით, სახელმწიფო მექანიზმის ზედა ეშელონის დახასიათება შეიძლება შემდეგი სიტყვებით - ძლიერი პარლამენტი, ძლიერი პრეზიდენტი, პასუხისმგებელი მთავრობა, დამოუკიდებელი უზენაესი სასამართლო და საკონსტიტუციო სასამართლო.

ვფიქრობ, ამ მოდელის ძირითადი ღირსება ის არის, რომ იგი უზრუნველყოფს, როგორც ხელისუფლების დანაწილებას, ასევე, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, მძიმე მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისათვის, სახელმწიფო ორგანოთა ეფექტიან, ნაყოფიერ შეთნანხმებულ საქმიანობას, რაც რეფორმების, გარდაქმნების, პროგრესის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. უპირველეს ყოვლისა, ეს უნდა იყოს დემოკრატიული გზით ჩამოყალიბებული სისტემა, სახელმწიფო ხელისუფლების წყარო უნდა იყოს ხალხი, რომელიც აირჩევს პრეზიდენტს, პარლამენეტს ირიბად მიიღებს მონაწილეობას დანარჩენი ორგანოების ფორმირებაში.

III. პარლამენტი

საქართველოს პარლამენტი, მისი უმაღლესი წარმომადგენლობითი ხასიათიდან გამომდინარე, აღჭურვილია არსებითად შეუზღუდავი საკანონმდებლო და უმაღლესი საპარლამენტო კონტროლის მნიშვნელოვანი ფუნქციებით. კანონის მიღებით პარლამენტი განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს.

მთავრობა პასუხისმგებელია პარლამენტის წინაშე, პარლამენტს შეუძლია მოითხოვოს პრეზიდენტის ინფორმაცია ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის შესახებ, იგი იღებს საბოლოო გადაწყვეტილებებს იმ საკითხებშიც კი, რომლებიც პრეზიდენტის თუ მთავრობის მოქმედების სფეროს შეადგენენ - საკადრო პოლიტიკა, საგანგებო, საომარი მდგომარეობისა და რეჟიმის შემოღება, შეირაღებული ძალების გამოყენების სანქციონირება და სხვა.

ჩვენ ყოველთვის ვთვლიდით და პროექტშიც იმ აზრს ვატარებთ, რომ სახალხო წარმომადგენლობის გარეშე. ძლიერი პარლამენტის გარეშე დემოკრატია - პოლიტიკური მითია, ბლეფია.

ნორმალურად მოქმედი პარლამენტი - ეს არის საზოგადოების ცოცხალი სუნთქვა, ბარომეტრი, დემოკრატიის მიღწეული დონის სახე, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური დავების გადაწყვეტის საუკეთესო ფორუმი.

პირველად ჩვენს ისტორიაში შემოთავაზებულია ბიკამერალური პარლამენტი, რომლის პალატების განსხვავდებიან ერთმანეთისაგან ფორმირების წესით, კომპეტენციით, საქმიანობის სტილითა და ფორმით.

რამ გვიბიძგა ასეთი გადაწყვეტილებისათვის მიგვემართა? უპირეველს ყოვლისა, რეალობამ - დაგვეხვეწა პარლამენტის ორგანიზაციული წყობა, ხოლო მეორე მხრივ, სურვილმა - რაც შეიძლება სრულად აღბეჭდილიყო მასში ცოცხალი საქართველოს ერთიანი სხეული.

ჩვენ საგულდაგულოდ შევისწავლეთ ათეულობით ქვეყნის საპარლამენტო ცხოვრება - ძველი ბრიტანულიდან ვიდრე თანამედროვე იაპონიამდე. ამ ქვეყნების დიდ უმრავლესობას ორპალატიანი პარლამენტი გააჩნია. გამოცდილება იმის სასარგებლოდ მიგვანიშნებს, რომ ასეთ პირობებში უფრო გაზრდილია პარლამენტის ქმედუნარიანობა, მაღალია მისი პროდუქტიულობა, დახვეწილია საკანონმდებლო საქმიანობის მექანიზმი.

ორპალატიანი პარლამენტის არსებობისას მნიშვნელოვანწილად გამიჯნულია თითოეული პალატის ფუნქცია, რაც ხელს უწყობს შრომისუნარიანი საკანონმდებლო ორგანოს ჩამოყალიბებას. თუმცა, ამ მხრივ საფიქარალი და სამუშაო კიდევ ბევრია.

ორპალატიანი პარლამენტი ერთდროულად ასახავს ქვეყანაში პოლიტიკურ ძალთა განლაგების რეალურ სურათს და, ამავე დროს, უზრუნველყოფს ტერიტორიულ ერთეულთა ინტერესების ასახვას საერთო-სახელმწიფოებრივ ინტერესში.

ორპალატიანი პარლამენტი გამიჯნავს პარლამენტართა პოლიტიკურ პასუხისმგებლობას და იმავდროულად უზრუნველყოფს საპარლამენტო საქმიანობის უწყვეტობას.

საქართველოს ორპალატიანი საკანონმდებლო ორგანოს ჩამოყალიბება იმითაც არის ლოგიკური, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მოწყობის ახალი მოდელისაკენ ვიღებთ კურსს, უფრო სწორედ, ძველ ტრადიციულ მექანიზმს ავაღორძინეთ, რაც ქვეყნის მხარეებად დაყოფაში გამოვლინდება.

ტერიტორიული მოწყობის წესზე უფრო ვრცლად ჩვენ ქვემოთ გვექნება საუბარი, ამჟამად კი დავსძენთ, რომ მხარის შემოღებით ჩნდება აუცილებლობა ხელისუფლების უმაღლესი ეშელონი იმავდოულად მისი უმსხვილესი ტერიტორიების ერთგვარი შემაკავშირებელი ჯაჭვი გახდეს.

ორიგინალურად განაწილებული მეჩვენება კონსტიტუციის პროექტში წარმოდგენილი პალატების ფუნქციები პარლამენტის საკანონმდებლო საქმიანობისას. კანონშემოქმედების ღერძი, შეიძლება ითქვას, რესპუბლიკის საბჭოა, მაგრამ ეს როდი გამორიცხავს სენატის უფლებამოსილებას ამ სფეროში. თუმცა, სენატის უფლებამოსილებაზე და იმ საკითხთან წრეზე, რომელიც სენატმა უნდა განიხლოს და გადაწყვიტოს, ალბათ კიდევ ფიქრი იქნება საჭირო.

შეგახსენებთ, რომ რესპუბლიკის საბჭოს მიერ მიღებული კანონპროექტი გადაეცემა სენატს, რომელიც თუ გარკვეულ ვადაში პროექტს არ უარყოფს, იგი რესპუბლიკის პრეზიდენტს ეგზავნება ხელმოსაწერად და გამოსაქვეყნებლად.

ქვედა პალატა - რესპუბლიკის საბჭო, ჩემი წარმოდგენით, შედგება პროპორციული და მაჟორიტარული წესით 4 წლის ვადით არჩეული 100 დეპუტატისაგან. ზედა პალატა - სენატი იქნება ფედერაციის სუბიექტების წარმომადგენლობის საფუძველზე, ეს არსებითად ტერიტორიული წარმომადგენლობის პალატაა.

სენატს აქვს შეზღუდული, უპირატესად საკონტროლო ფუნქციები, სიმართლე გითხრათ, მე სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი ასეთი ასიმეტრიული პარლამენტის მიმართ და დღესაც ვამართლებ სენატის არსებობას მხოლოდ ქვეყნის ფედერალური მოწყობიდან გამომდინარე.

ნორმად ვაქციეთ პრინციპი, რომლის მიხედვითაც, საქართველოს პარლამენტის წევრი სრულიად საქართველოს წარმომადგენელია.

საქართველოს დღევანდელ პარლამენტში იშვიათად როდი გაიგონებთ პარლამენტართა ჩივილს მათი უუფლებობის შესახებ. იმისათის, რომ ზემოხსენებული ნორმა ცარიელ დეკლარაციათ არ დარჩენილიყო, ჩვენ მსოფლიო საპარლამენტო ცხოვრების ყველა მხარე გადავსინჯეთ და პარლამენტის წევრის უფლებამოსილება რეალური რეგალიებით შევმოსეთ.

კონსტიტუციის ახალი რედაქცია დაწვრილებით აწესრიგებს პარლამენტარის ქმედუნარიანობის უმნიშვნელოვანეს დეტალებს მისი უფლებამოსილების ცნობიდან ვიდრე შეწყვეტამდე.

კონსტიტუციის პროექტში პარლამენტის მაღალი ტრიბუნა ყოველმხრივ მოწოდების სიმაღლეზეა დაყენებული, რათა თავისი სიტყვა თქვას საზოგადოებრივი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან საკითხთა გადაწყვეტისას.

ნება მიბოძეთ, კვლავ მივუბრუნდე, ცოტა უფრო დეტალურად, პრეზიდენტის ინსტიტუტს, მის ურთიერთობას პარლამენტთან და ხელისუფლების სხვა სტრუქტურებთან, რადგანაც, ეს ყველაზე უფრო სადაო და მტკივნეული საკითხია.

IV. პრეზიდენტი

რესპუბლიკის პრეზიდენტი სწორედ ის ინსტიტუტია, რომლის გარშემო პროექტის შემუშავების დროს ძალიან მწვავე დისკუსია გაიმართა. დღეს უფრო ნათლად გამოიხატა დიამეტრიულად საწინააღმდეგო, ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრებანი - მისი სრული უარყოფიდან დაწყებული, მისთვის ისეთი მნიშვნელოვანი და შეუზღუდავი უფლებამოსილების მინიჭებით დამთავრებული, როგორიც თვით აბსოლიტურ მონარქებსაც კი არ გააჩნიათ.

პროექტის მიხედვით, რესპუბლიკის პრეზიდენტი საქართველოს სახელმწიფოს მეთაურია და ამ უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობის დანიშნულებიდან გამომდინარე, წარმართავს სახელმწიფოს საშინაო და საგარეო პოლიტიკას, უზრუნველყოფს ქვეყნის ერთიანობას და მთლიანობას, ხელისუფლების ორგანოთა საქმიანობას კონსტიტუციის შესაბამისად, არის საქართველოს უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობებში.

ჩვენი ღრმა რწმენით, ზემოაღნიშნული ფორმულირება არა მარტო ცალკე აღებული რომელიმე ინსტიტუტის განმსაზღვრელი, არამედ იმავე დროს, სახელმწიფო ხელისუფლების მთელი სისტემის დეტერმინატორიცაა. იგი მოწოდებულია პასუხი აგოს სახელმწიფო მექანიზმის გამართულ მუშაობაზე. ასეთ ვითარებაში, საფუძველს მოკლებული არ არის მტკიცება, პრეზიდენტის როლი და ადგილი მომავალ საქართველოში წარმოდგენილი იქნეს, როგორც ხელისუფლებათა ჰარმონიული თანაარსებობის ერთგვარი გარანტისა.

ამ გადაწყვეტილებამ ლოგიკურად დაიქვემდებარა პრეზიდენტის თავისუფალი, საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი წესის საფუძველზე არჩევა, რადგან თუ პრეზიდენტის არჩევის სხვაგვარი დავუშვათ პარლამენტისმიერი წესი დამტკიცდებოდა, მაშინ მას აშკარად გაუჭირდებოდა ხელისუფალთა შემაკავებლის და განმწონასწორებლის ფუნქციათა შესრულება.

პრეზიდენტი მთელი თავისი არსებით უნდა გრძნობდეს სახელმწიფოს მაჯისცემას და დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს სასწრაფო ზომები, თუკი იქ რაიმე წესრიგში ვერ არის.

პრეზიდენტის საქმიანობის ვექტორი ორგანოთა შეთანწყობილი და სტაბილური ფუნქციონირებისაკენ არის მიმართული.

პრეზიდენტი ხელს აწერს და აქვეყნებს კანონს და ამით თითქოს ცხადქმნილი ხდება პრეზიდენტში ხელისუფლების სამივე შტოს ერთიანობა, უფრო სწორად, პრეზიდენტის და ხელისუფლების სამივე შტოს ერთიანობა.

პარლამენტი ღებულობს, აღმასრულებელი ხელისუფლება ასრულებს, ხოლო სასამართლო იცავს კანონს.

კონსტიტუციის პროექტში წარმოდგენილი პრეზიდენტი უნდა იყოს სახელმწიფოს ქმედუნარიაონობის და არა ძალაუფლების უზურპაციის ფაქტორი.

რესპუბლიკის პრეზიდენტისა და პარლამენტის, ურთიერთმიმართება უფრო სრულყოფილად მოსჩანს პარლამენტის იმ უფლებამოსილების ფონზე, რომელიც კონსტიტუციის და კანონის უხეში ან სისტემატიური დარღვევის ან სახელმწიფოს ღალატისთვის რესპუბლიკის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებას ითვალისწინებს. ამ ნაცვალგებით შეწონსაწორებული ხდება ქვეყნის უმაღლესი ეშელონების საქმიანობა და ეს განამტკიცებს კონსტიტუციურობის პრინციპს, რომლის მიხედვითაც, ხალხის არც ერთ ნაწილს და არც ერთ პიროვნებას არ აქვს უფლება მიითვისოს ერის ხელმწიფება, უკანონოდ მოიპოვოს ხელისუფლება.

მე საჯარო გამოსვლებში არაერთჯერ განმიცხადებია, რომ მხარს ვუჭერ მოდელს, როცა ძლიერი საპარლამენტო ხელისუფლება შეხამებულია ძლიერ საპრეზიდენტო ხელისუფლებასთან და ეს არ იყო ერთი კაცის სურვილი ან რაიმე ახირება. მე ვთვლი, რომ ასეთი პოზიცია ჩვენი ეპოქის მოთხოვნაა და მას ანგარიში უნდა გავუწიოთ.

შემთხვევითი არ ყოფილა ის გარემოება, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისა და ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკების დიდმა უმრავლესობამ ხელისუფლების მოწყობის მეტ-ნაკლებად ანალოგიური გზები აირჩიეს, რომ არაფერი ვთქვათ სხვა ქვეყნებზე, რომლებიც ადრე დაადგნენ ამ გზას.

რუსეთის, პოლონეთის და ჩეხეთის, ბულგარეთისა და რუმინეთის მაგალითები, ყოფილი სოციალისტური ბანაკიდან და ლიტვისა თუ ესტონეთის, უკრაინისა თუ მოლდავეთის მიერ აღებული გეზი, ყოფილი საბჭოთა კავშირიდან, გარკვეული იდენტურობით ეხმიანება ჩვენი კონსტიტუციის პროექტს. ჩვენ აღარაფერს ვიტყვით საფრანგეთზე, რომლის ხელისუფლების მოდელიც უზრუნველყოფს ხელისუფლების ცხოველმყოფელობას და გამორიცხავს მასში ვაკუუმის არსებობას. ასეთი რთული ვითარება იყო საფრანგეთში 1958 წელს, თურქეთში 80 - იან წლებში, ასეთი ვითარებაა დღეს საქართველოში, რაც მოითხოვს გარკვეულწილად არაორდინარულ გარემოებეზე გათვლილი მოდელის შექმნას.

აქ ჩვენ იძულებული ვართ კვლავ დავუბრუნდეთ საკითხს მართვა-გამგეობის ფორმის შესახებ. არ დაგიმალავთ, მე დიდი სიმპათიით ვიყავი განწყობილი საპარლამენტო რესპუბლიკის პროექტის მიმართ, არ გამომირიცხავს აგრეთვე საქართველოში მონარქიის აღდგენის შესაძლებლობაც.

მონარქიის, უფრო სწორედ, კონსტიტუციური მონარქიის გარეგნული, მაცდუნებელი მიმზიდველობის მიხედავად, საქართველოს 1921 წ. კონსტიტუციის მიხედვით, თუ ჩვენ მას არსებითად ვიღებთ საფუძვლად, ეს ფორმა ალბათ უნდა გამოვრიცხოთ საქართველოში. არც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას და არც საქართველოს პარლამენტს არ შეუძლია მისი, მონარქიის შემოღება, რადგანაც „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მართვა-გამგეობის ფორმის გაუქმება არ შეიძლება გახდეს კონსტიტუციის გადასინჯვის წინადადების საგნად“ - ნათქვამია 1921 წ კონსტიტუციაში.

148-ე მუხლში ამ ნორმის კატეგორიული ხასიათი კონსტიტუციის ახალი რედაქციის შემქმნელებს მხოლოდ ერთ გამოსავალს უტოვებს - მხოლოდ რესპუბლიკა, მაგრამ როგორი უნდა იყოს ეს რესპუბლიკა?

ემბრიონულ მდგომარეობაში მყოფი ეკონომიკის, მკვეთრად გამოხატული, სოციალურად დეტერმინირებული პარტიული სისტემის არარსებობის და სახელმწიფოებრივი სტრუქტურების, საპარლამენტო დემოკრატიისა და პოლიტიკური კულტურის არასაკმარისი დონის პირობებში, ქვეყნის ურთულესი საერთაშორისო მდგომარეობის ვითარებაში, როდესაც მას საბოლოოდ არ აქვს ნაპოვნი ადგილი გეპოლიტიკურ სივრცეში - აი, ამ პირობებში საპარლამენტო რესპუბლიკა მიუღებელი არის ჩვენი ქვეყნისთვის, მე არ მჯერა ყოველ შემთხვევაში. მისი კანონიზირება გამოიწვევდა გაუთავებელ საპარლამენტო და სამთავრობო კრიზისებს, რაც დამღუპველი აღმოჩნდებოდა სულ რაღაც ორიოდე წლის წინ ჩამოყალიბებული დამოუკიდებელი საქართველოსთვის.

ერთადერთი ინსტიტუტი, რომელსაც შეუძლია უზრუნველყოს სახელმწიფო ორგანოთა ნორმალური ფუნქციონირება, არის ზეპარტიული, კონსტიტუციურ ფარგლებში მოქმედი პრეზიდენტი, რომლის ძალაუფლება გაწონასწორებულია სხვა პოლიტიკური ინსტიტუტებით.

V. მინისტრთა კაბინეტი

წარმოდგენილი პროექტის მიხედვით აღმასრულებელ ხელისუფლებას ხელმძღვანელობს, საშინაო და საგარეო პოლიტიკას ახორციელებს მინისტრთა კაბინეტი.

მართვა-გამგეობის არჩეული ფორმის შინაარსიდან გამომდინარე, მინისტრთა კაბინეტი ორმაგ დაქვემდებარებაშია - იგი პასუხისმგებელია პარლამენტისა და რესპუბლიკის პრეზიდენტის წინაშე. უზრუნველყოფლია პარლამენტისა და რესპუბლიკის პრეზიდენტის არსებითად თანაბარი მონაწილეობა მთავრობის ფორმირებაში, არსებითად თანაბარი შესაძლებლობები მის საქმიანობაზე კონტროლის განხორციელებაში.

ყოველივე ამასთან ერთად მინისტრთა კაბინეტი არის სახელმწიფო მექანიზმის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლი, ვინაიდან იგი ქმნის და ხელმძღვანელობს სახელმწიფო აპარატს, ატარებს ცხოვრებაში კანონებს, ადგენს და ასრულებს ბიუჯეტს, ახორციელებს საგარეო პოლიტიკას და სხვ.

მხედველობაში მისაღებია აგრეთვე ის გარემოება, რომ მინისტრთა კაბინეტი არის პარლამენტის საკანონმდებლო საქმიანობის ძირითადი მასტიმულირებელი და მამოძრავებელი ძალა. ეს არც უნდა გაგვიკვირდეს, ვინაიდან მთავრობას გააჩნია ინფორმაციის მიღების შეუზღუდავი შესაძლებლობები, იგი უკეთ არის აღჭურვილი ტექნიკურად, მისი ძირითადი ბირთვის არ ექვემდებარება პოლიტიკური კონიუნქტურის ცვალებადობას, მას ჰყავს სპეციალისტები, ექსპერტები, რომლებიც უკეთ ერკვევიან საკანონმდებლო რეგლამენტაციის რთულ ხასიათში და ა.შ. ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია, მაგრამ მინისტრთა კაბინეტის ნამდვილი ძალაუფლების განსაზღვრისას ნუ დაგვავიწყდება, რომ მას გააჩნია საზოგადოებრივ პროცესებზე ზემოქმედების უზარმაზარი საშუალებები, ვინაიდან იგი შედგება სწორედ იმ დაწესებულებებისაგან (პოლიცია, საგადასახადო ინსპექცია, არმია, ეკონომიკური და საყოფაცხოვრებო სამსახურები და სხვა) რომლებიც რეალურად, პრაქტიკულად ახორციელებს სახელმწიფო საქმეებს, უშუალო ურთიერთობაში შედიან მოსახლეობასთან.

IV. სასამართლო ხელისუფლება

ხელისუფლების მოწყობის წესზე საუბარი მინდა დავამთავრო სასამართლო ხელსუფლების შესახებ მსჯელობით. აქ პირველად საქართველოს ისტორიაში შემოდის ახალი კონსტიტუციური ორგანო - საკონსტიტუციო სასამართლო და გთხოვთ ამას განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ.

კონსტიტუციური კანონიერების დაცვაზე ზედამხედველობის ფუნქცია, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს დაეკისრება, თანამედროვეობის დემოკრატიული გარდაქმნების უდიდესი მონაპოვარია. მას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება სახელმწიფოებრივი კრიზისის დაძლევისა და სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბების საქმეში.

საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, რესპუბლიკის საბჭოს წევრთა ერთი მეხუთედის, სასამართლო, სამხარეო სახელმწიფო ორგანოების სარჩელისა და წარდგინების საფუძველზე, ორგანული კანონით დადგენილი წესით, იღებს გადაწყვეტილებებს კონსტიტუციასთან კანონის (პრეზიდენტისა და მინისტრთა კაბინეტის, აგრეთვე სამხარეო ორგანოთა) ნორმატიული აქტების შესაბამისობის შესახებ, იხილავს დავებს კომპეტენციის თაობაზე სახელმწიფოს ორგანოებს შორის. ადგენს პოლიტიკური პარტიების შექმნისა და საქმიანობის კონსტიტუციურობას, როცა ეს საჭიროა და სხვა.

საკონსტიტუციო სასამართლო, როგორც საკონსტიტუციო კონტროლის ორგანო, დამოუკიდებლად ახორციელებს სასამართლო ხელისუფლებას საკონსტიტუციო სამართალწარმოების მეშვეობით.

საკონსტიტუციო სასამართლოს ორ-ორ წევრს 8 წლის ვადით ნიშნავენ რესპუბლიკის საბჭო, სენატი, პრეზიდენტი და უზენაესი სასამართლო.

პრინციპული მნიშვნელობა აქვს იმ ფაქტს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ფორმირებაში მონაწილეობს პრეზიდენტი და ხელისუფლების ყველა განშტოება. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა. საკონსტიტუციო სასამართლოს ფორმირებისა და საქმიანობის წესი განისაზღვება ორგანული კანონით.

საქართველოს უზენაესი სასამართლო, კონსტიტუციის პროექტის თანახმად, უმაღლესი სასამართლო ორგანოა სამოქალაქო, ადმინისტრაციულ, სისხლის სამართლის საქმეებზე. ის, კანონით დადგენილი წესით, ზედამხედველობას უწევს მართლმსაჯულების განხორციელებას საქართველოს სასამართლოებში. პირველი ინსტანციით განიხილავს ორგანული კანონით განსაზღვრულ საქმეებს, გააჩნია სააპელაციო იურისდიქცია.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს - რესპუბლიკის პრეზიდენტის წარდგინებით, ხოლო უზენაესი სასამართლოს წევრებს - უზენაესი სასამართლოს წარდგინებით - ირჩევს რესპუბლიკის საბჭო.

სასამართლო ხელისუფლებას ახორციელებენ სასამართლოები. საკონსტიტუციო, სამოქალაქო, ადმინისტრაციული, სისხლის სამართალწარმოების მეშვეობით. სასამართლო აქტები სავალდებულოა ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე. ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის. სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელია, ის ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციას და კანონს. ჩარევა მართლმსაჯულების განხორციელებაში ისჯება კანონით. ბათილია ყველა აქტი, რომელიც ზღუდავს მოსამართლის დამოუკიდებლობას. მოსამართლე სარგებლობს ხელშეუხებლობით. საგანგებო და სპეციალური სასამართლების შექმნა დაუშვებელია.

სასამართლეობის სისტემა, უფლებამოსილებანი და სამართალწარმოების წესი დადგენილი კანონით.

მოსამართლე არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი. სამართალწარმოება ხორციელდება სახელმწიფო ენაზე. მოსამართლეთა შერჩევის, თანამდებობაზე დანიშვნის, აგრეთვე თანამდებობიდან განთავისუფლების წესი განისაზღვრება ორგანული კანონით.

სრულიად ახლებურად არის წარმოდგენილი პროკურატურის როლი; თუმცა ბევრი საკითხი ჯერ კიდევ სადაოა და საბოლოოდ დადგენას მოითხოვს.

საქართველოს პროკურატურა, კონსტიტუციის პროექტის თანახმად. ერთიანი ცენტრალიზებული სისტემაა. ამ დებულებას საგულისხმო მნიშვნელობა ენიჭება სახელმწიფო წყობილების იმ ფორმის გამო, რომელსაც კონსტიტუცია ითვალისწინებს. გენერალურ პროკურორს ნიშნავს სენატი რესპუბლიკის პრეზიდენტის წარდგინებით.

პროკურატურის უფლებამოსილებანი, საქმიანობის წესი და ორგანიზაცია განისაზღვრება ორგანული კანონით. მიმაჩნია, რომ უფრო დეტალურად ეს საკითხი სასამართლო რეფორმამ უნდა გადაწყვიტოს.

კონსტიტუციის ახალი პროექტი პირველად საქართველოს ისტორიაში აყალიბებს სასამართლო ხელისუფლების დემოკრატიულ, მსოფლიოში მიღებულ და აპრობირებულ სისტემას, რაც სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბების ერთ-ერთი მთავარი გარანტიაა.

VII. სახელმწიფო ფინანსები და კონტროლი

კონსტიტუციის პროექტი ითვალისწინებს, როგორც ეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია მიღებული პარლამენტის მიერ ბიუჯეტის შესახებ კანონის მიღებისას. აქ, როგორც იტყვიან, კანონმდებელი პარლამენტი.

კონსტიტუციის პროექტი დიდი მნიშვნელობას ანიჭებს ბიუჯეტს. თუ პარლამენტმა მიმდინარე საბიუჯეტო წლის დამთავრებამდე ბიუჯეტი ვერ დაამტკიცა და არც მთავრობა გადააყენა, რესპუბლიკის პრეზიდენტი იძულებული იქნება დაითხოვოს რესპუბლიკის საბჭო და დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები, ესეც საერთაშორისო კონსტიტუციურ პრაქტიკაში მიღებული ნორმაა.

ეფექტური საპარლამენტო კონტროლი, ეს პირველ რიგში იმისთვის არის საჭირო, რომ არავინ ბოროტად არ გამოიყენოს ბიუჯეტის დამტკიცების გაჭიანურება იმისათვის რომ შეიქმნას ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი, გამოხატული სამთავრობო კრიზისით, გაუთავებელი ობსტრუქციით და დებატებით.

შეიძლება ითქვას, რომ საპარლამენტო კონტროლი როგორც ბიუჯეტის მიღებაზე, ასევე მის შესრულებაზე, კონსტიტუციურად უზრუნველყოფილია.

ბიუჯეტის შედგენისა და მიღების წესი განისაზღვრება კონსტიტუციითა და კანონით.

საქართველოს ეროვნული ბანკი, კონსტიტუციისა და კანონის საფუძველზე, დამოუკიდებლად ეწევა თავის საქმიანობას, არავის არა აქვს უფლება ჩაერიოს მის ფუნქციებში.

ეროვნული ბანკი პასუხისმგებელია მხოლოდ პარლამენტის წინაშე და ყოველწლიურად წარუდგენს მას ანგარიშის თავისი საქმიანობის შესახებ.

ფულის ემისიის უფლება აქვს მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ბანკს, იგი განსაზღვრავს ფულის მიმოქცევისა და ანაგრიშწორების წესს.

ეროვნული ბანკი არ არის პასუხისმგებელი მინისტრთა კაბინეტის მიერ აღებულ ვალდებულებებზე, ისევე, როგორც საქართველოს მინისტრთა კაბინეტი არ არის ვალდებული ეროვნული ბანკის მიეღ აღებულ ვალდებულებებზე. ეს სავსებით შეესაბამება საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს და საერთაშორისო პრაქტიკას.

კონსტიტუციის თანახმად ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანოა ეროვნული ბანკის საბჭო. რესპუბლიკის პრეზიდენტის წარდგინებით ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთა ნახევარს ირჩევს რესპუბლიკის საბჭო, მეორე ნახევარს - სენატი.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წარდგინებით, ნიშნავს და ათავისუფლებს რესპუბლიკის პრეზიდენტი.

ეროვნული ბანკისა და საბანკო სისტემის მოწყობას, უფლებამოსილებას და დამოუკიდებლობის გარანტიებს განსაზღვრავს კონსტიტუცია და ორგანული კანონი.

ასევე კონსტიტუცია და ორგანული კანონი განსაზღვრავს საკონტროლო პალატის მოწყობის წესს, უფლებამოსილებებს და ფუნქციებს. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სახელმწიფო სახსრებისა და სახელმწიფოს სხვა მატერიალურ ფასეულებათა გამოყენებასა და ხარჯვაზე ეფექტიან საფინანსო-ეკონომიკური ზედამხედველობის უზრუნველყოფას, კონტროლს.

კონტროლის პალატა ანგარიშვალდებულია რესპუბლიკის საბჭოს წინაშე და მას წარუდგენს წელიწადში ერთხელ მოხსენებას თავისი საქმიანობის შესახებ, ხოლო წელიწადში 2-ჯერ ბიუჯეტის შესრულების თაობაზე.

კონტროლის პალატის თავმჯდომარეს რესპუბლიკის პრეზიდენტის წარდგინებით 5 წლის ვადით ნიშნავს რესპუბლიკის საბჭო.

VIII. სახელმწიფო თავდაცვა

როგორც მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის კონსტიტუცია, ძირითადი კანონის წარმოდგენილი პროექტი აღიარებს საქართველოს სახელმწიფოს სუვერენულ უფლებას - მის წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში, აწარმოოს თავდაცვითი ომი, ტერიტორიისა და სუვერენიტეტის დასაცავად ჰყავდეს სამხედრო ძალები.

რესპუბლიკის სამხედრო ძალების რაოდენობას და სტრუქტურას ამტკიცებს რესპუბლიკის საბჭო ეროვნული თავდაცვის საბჭოს წარდგინებით.

თავდაცვის ეროვნული საბჭოს, რომლის მთავარი მიზანია ქვეყნის თავდაცვისა და სამხედრო აღმშენებლობის ორგანიზაცია, ხელმძღვანელობს რესპუბლიკის პრეზიდენტი. ეროვნული თავდაცვის საბჭოს შემადგენლობას, უფლებამოსილებას და საქმიანობის წესს განსაზღვღავს კანონი.

კონსტიტუციის პროექტი დემოკრატიულ საწყისებზე აწესრიგებს. რესპუბლიკის პრეზიდენტისა და აღმასრულებელი ხელისუფლების ურთიერთობას სამხედრო ძალების ქვეყნის შიგნით და გარეთ გამოყენების დროს.

საქართველოს პარლამენტის თანხმობის გარეშე დაუშვებელია თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ძალების გამოყენება საგანგებო მდგომარეობის დროს და საერთაშორისო ვალდებულებათა შეასრულებლად.

კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს დაცვა ყოველი მოქალაქის მოვალეობაა, ის ვალდებულია კანონით დადგენილი წესით მოიხადოს სამხედრო ვალდებულება ან მისი ალტერნატიული სამსახური.

IX. ტერიტორიული მოწყობის ფედერალური საწყისები

რამდენადაც მნიშვნელოვანი უნდა იყოს ხელისუფლების ჰორიზონტალური დანაწილება, ანუ სრულიად საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ორგანოთა სისტემა, არანაკლებ მნიშვნელოვანია ხელისუფლების ე.წ ვერტიკალური დანაწილება, ანუ ქვეყნის ტერიტორიული მოწყობა, ცენტრსა და პერიფერიას შორის ურთიერთობათა მოწესრიგება.

ვინაიდან არ არის გამორიცხული, რომ გარკვეული პოლიტიკური, პოლიტიზირებული, კრიმინალური ძალები გამოიყენებენ ამ საკითხის გარშემო საზოგადოებაში ხელოვნურად შექმნილ აჟიოტაჟს, მოქალაქეთა გაძლიერებულ ინტერესს და შეშფოთებას ამ სიახლესთან დაკავშირებით, თავისი ვიწრო-პარტიული ან კერძო ამბიციური და ანგარებითი ინტერესების დასაკმაყოფილებლად, ნება მიბოძეთ, მიმოვიხილო კონსტიტუციის პროექტში წარმოჩენილი პოზიცია. ეს მით უმეტეს საჭიროც არის, რადგანაც უკვე მიმდინარეობს სერიოზული დისკუსია ამ საკითხზე.

რა დასამალია, ტერიტორიული მოწყობის საკითხზე, მუშაობისას უდაოდ დიდი პრობლემების წინაშე აღმოვჩნდით.

ერთი მხრივ ნათელია, რომ საქართველოს ტერიტორიული აღნაგობის დღევანდელი სტრუქტურა დიდ ცვლილებებსა და გარდაქმნებს მოითხოვს, ხოლო, მეორე მხრივ, მაქსიმალური სიფრთხილე, სიზუსტე უნდა გამოვიჩინოთ, რათა დავიცვათ ისტორიული კანონზომიერება და თანამედროვე რეალიების მოთხოვნები. ქვეყანა მმართველობის ისეთ ერთეულებათ დავყოთ, რაც სახელმწიფო ხელისუფლების ვერტიკალში მისი ფუნქციონირების ჯანსაღ და უწყვეტ ციკლს მოგვცემს.

უნდა შევარჩიოთ სახელმწიფო მმართველობისა და ადგილობრივი თვითმმართელობის ისეთი მოდელები, ისეთი დონეები, რაც ათას სხვა ფაქტორთან ერთად, პირველ რიგში საბაზრო ეკონომიკაზე გარდამავალ ქვეყანაში კაპიტალის, ფინანსური სახსრების და შრომითი რესურსების თავისუფლად გადაადგილებას შეუწყობს ხელს.

ძალიან დიდი და სიმართლე გითხრათ მძიმე ანალიზის შემდეგ, ჩვენ მივედით იმ დასკვნამდე, რომ სრულიად საქართველოს ტერიტორიულ მოწყობაში გათვალისწინებული უნდა იყოს ფედერალური საფუძვლები, ფედერალური საწყისები.

შეიძლება არც გაჩენილიყო ფედერალიზმის იდეა, რომ ის ურთულესი პრობლემა არა, რომელიც ჩვენს წინაშე დგას აფხაზეთის პრობლემის, აფხაზეთის სტატუსის განსაზღვრის სახით, რომ არ იყოს აღსადგენი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. ჩვენ ამ საკითხზე ბევრი ვიფიქრეთ.

მრავალი კონსულტაცია გვქონდა ქართველ და უცხოელ სპეციალისტებთან, გაეროს, ევროკავშირის წარმომადგენლებთან, იმ სხდომაზე, რომელზეც აფხაზეთის საკითხზე ბოლო რეზოლუცია მივიღეთ, იქაც იყო მსჯელობა სხვადასხვა დონეზე, სხვადასხვა რანგის სპეციალისტებთან. საბოლოო დასკვნა, რჩევა და რეკომენდაცია ასეთია: ამ პრობლემების მოგვარება უფრო ადვილია, უფრო იოლია, სავსებით შესაძლებელია სწორედ ფედერაციული მოწყობის პირობებში.

კონსტიტუციის პროექტის თანახმად საქართველოს ძირეული ტერიტორიული ერთეულები არის სოფელი, თემი, დაბა, ქალაქი, რომლებიც გაერთიანებული არიან რაიონებად, მხარეებად.

განსაკუთრებული ადგილი მინიჭებული აქვთ, რა თქმა უნდა აჭარას, აფხაზეთს, ცხინვალის რეგიონს.

რატომ რეგიონს? უნდა გითხრათ, რომ მოლაპარაკების პროცესი ახლა ისეთ ფაზაშია, რომ რაიმე ცალმხრივი შეფასების, ცალმხრივი დამოკიდებულების რეალიზაცია ცოტა რთულია.

ვფიქრობ, რომ ამ მოკლე დროში მოლაპარაკებათა შედეგად იქნება საშუალება მეტი სიზუსტე შევიტანოდ ამ საკითხში.

ჯერჯერობით უნდა გამოვიდეთ იქედან, რომ აფხაზეთს, აჭარას, ცხინვალის რეგიონს იქნება ფედერაციულ სახელმწიფოში სტატუსი, რომელსაც საბოლოო ჯამში განსაზღვარავს ორგანული კანონი, კონსტიტუციური ნორმები, რომლის მომზადებაში, რა თქმა უნდა ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა: აჭარამაც, აფხაზეთმაც და ცხინვალის რეგიონმაც. ჯერჯერობით, სამწუხაროდ, ისინი ამ პროცესში არ მონაწილეობენ.

ამრიგად, საქართველოს ტერიტორიული მოწყობა ადეკვატურად აისახება ფორმულაში: ასიმეტრიული ფედერაცია.

დიდი დავა მიმდინარეობდა უფლებამოსილებათა გამიჯვნის შესახებ ცენტრსა და ფედერაციის სუბიექტებს შორის.

მიზანშეწონილად ჩავთვალეთ კონსტიტუციაში აღგვენიშნა მხოლოდ საქართველოს რესპუბლიკის უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებული უფლებამოსილებები და საკითხები, რომელთა გადაცემა ფედერაციის სუბიექტებისათვის დაუშვებელია.

ეს საკითხები დაწვრილებით არის გადმოცემული კონსტიტუციის წარმოდგენილ პროექტში, ამიტომ აქ მათზე არ შევჩერდები. ვიტყვი მხოლოდ, რომ საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრერბული უფლებამოსილებები, რომლებიც წარმოდგენილია პროექტში, ქმნიან ერთიანი, მთლიანი, განუყოფელი ფედერალური საქართველოს სახელმწიფოს ნორმალური, სტაბილური არსებობისა და ფუნქციონირების სავსებით საკმარის, მყარ კონსტიტუციურ გარანტიას. ეს-ერთი.

მეორე რაც შეეხება ერთობლივ კომპეტენციასდაქვემდებარებულ საკითხებს, ისინი საქართველოს კონსტიტუციაზე შემდგომი მუშაობის პროცესში დაიხვეწება. აისახება აჭარისა და აფხაზეთის კონსტიტუციებში, ცხინვალის რეგიონის წესდებაში ან იმ აქტში, რომლის მიღებაზეც შევთანხმდებით.

ამ მიმართულებით დიდი მუშაობაა ჩასატარებელი. წარმოდგენილ პროექტში მხოლოდ ის არის ასახული, რის საშუალებასაც კონკრეტულ-ისტორიული სიტუაცია და რეალიები იძლევა.

ვიმეორებ, არსებობს, პირველი, სუფთად გამოკვეთილი ფუნქციები ცენტრალური ხელისუფლებისა, მეორე. ცენტრსა და ფედერაციის სუბიექტების ერთობლივი ფუნქციები და მესამე, არის ის უფლება-მოვალეობანი, რომელთა განხორციელებაც დამოუკიდებლად შეუძლია ფედერაციის ამა თუ იმ სუბიექტს, ეს იქნება აფხაზეთი, აჭარა თუ ცხინვალის რეგიონი, თითოეულ საკითხს ერთხელ კიდევ უნდა დაზუსტება.

შევეხე რა ფედერაციის განსაკუთრებული სტატუსის მქონე სუბიექტებს, კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო ჩვენი პოზიცია აფხაზეთის, როგორც საქართველოს ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილის სამართლებრივი სტატუსის შესახებ. მე აფხაზეთს გამოვყოფ და არა აჭარას, რადგანაც პრინციპულ საკითხებზე აჭარის ხელისუფლებასთან და მოსახლეობასთან რაიმე სერიოზული გაუგებრობა არ გაგვაჩნია.

საქართველოს ისტორიულ განვითარების, მისი დღევანდელი რეალობისა და მსოფლიო გამოცდილების გათვალისწინებით, ვთვლით, რომ აფხაზეთში მიმდინარე კონფლიქტის მშვიდობიან მოწესრიგებას ხელს შეუწყობს აფხაზეთის ისეთი სტატუსი, რომელიც მთელს მსოფლიოში მიღებულია ფედერაციული სახელმწიფოების სუბიექტებისთვის. აქედან გამომდინარე, აფხაზეთს (ისევე როგორც აჭარას) შეიძლება ჰქონდეს კონსტიტუცია, სახელმწიფო სიმბოლიკა, თავისი საკანონმდებლო ორგანო, აღმასრულებელი, სასამართლო და სხვა სახელმწიფო ორგანოთა სისტემა.

აფხაზური ენა უნდა გამოცხადდეს სახელმწიფო ენად ქართულთან ერთად.

აუცილებლად მიგვაჩნია აღინიშნოს, რომ ყოველივე ეს არ გააჩნია ე.წ კლასიკური ფედერაციის სუბიექტებსაც კი, მაგრამ ეს პრეროგატივები ჰქონდა აფხაზეთის, ავტონომიურ საბჭოთა რესპუბლიკას. ჩვენ ამასაც ვუტოვებთ მათ და უფრო შორსაც მივდივართ, ვიანაიდან ვთავაზობთ უფლებამოსილებათა და გამგებლობის საკითხთა სამართლიან რეალურ გამიჯვნას.

მსოფლიო პრაქტიკის მკაცრი დაცვით საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას მივაკუთვნეთ მხოლოდ ის სფეროები და უფლებები, რომლებიც საჭიროა მისი როგორც სუვერენული სახელმწიფოს არსებობისთვის.

შესაბამისი აქტები ჯერ არ არის მიღებული, მაგრამ წინასწარ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფედერაციის სუბიექტების შესაბამისი ორგანოების განმგებლობაში იქნება უფლებების და საკითხების საკმაოდ ფართო წრე, სახელდობრ, კულტურა, განათლება, ჯანდაცვა, ვაჭრობა, ადგილობრივი და რესპუბლიკური მნიშვნელობის გზები და ტრანსპორტი, საყოფაცხოვრებო მომსახურება, ისტორიისა და კულტურის ძეგლები, სოციალური დაზღვევა, ფიზკულტურა და სპორტი, მეცნიერება, ბუნებათსარგებლობა, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა, თავისი ცენტრალური და ადგილობრივი სახელმწიფო ორგანოების ფორმირება, ადგილობრივი თვითმმართველობა, საზოგადოებრივი წესრიგი და სხვა.

ყველა ამ და სხვა საკითხს დეტალურად უნდა შესწავლა, ურთიერთშეთანხმება და დაფიქსირება შესაბამის აქტებში.

ყველაფერი ეს მოლაპარაკების პროცესში უნდა დაზუსტდეს.

განმგებლობის საკითხთა მოყვანილი ნუსხა, ცხადია, არ არის არც ამომწურავი და არც საბოლოო.

მოლაპარაკების შეთანხმების გზით უნდა მოხდეს მისი დაზუსტება და შესაბამისი წესით რეგლამენტაცია, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ამაზე საჭიროა მოლაპარაკება, და რაც მთავარია კეთილი ნება.

ვიმეორებ, ბოლოს და ბოლოს ყველაზე უკეთესი გამოსავალი, ახლა ის არის, რომ კანონით იქნეს მოწესრიგებული, ეს საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია აფხაზეთთან, აჭარასთან, ცხინვალის რეგიონთან.

ახლა დავუბრუნდეთ სამხარეო დაყოფის საკითხს. ძალიან კარგად მესმის, რა დიდი და ზოგიერთ შემთხვევაში რა სარისკო საქმე წამოვიწყეთ, მაგრამ დამიჯერეთ უკან დასახევი გზა ჩვენ არ გვაქვს.

სამხარეო დაყოფის აღორძინება აღადგენს ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი წყობის იმ ისტორიულ ძაფს (ძველს, არა ნეგატიური გაგებით), არამედ იმას, რაც ასე თუ ისე საინტერესოა, პოზიტიური და პროგრესული იყო საქართველოს ისტორიაში.

ჩვენს საფუძველს მოკლებულად მიგვაჩნია მოსაზრება (მათ შორის ამ დარბაზში მსხდომი უაღრესად საპატივცემულო კომისიის წევრებისა, მეცნიერებისა და ა.შ.) რომ თითქოს საქართველოს სამხარეო დაყოფა სეპარატისტულ მისწრაფებებს შეუწყობს ხელს და ამ ტენდენციებს გააძლიერებსო, - ეს არასწორია.

ჯერ - ერთი, თანამედროვე ცხოვრების წესი გამორიცხავს რომელიმე მხარის დამოუკიდებლად არსებობის საშუალებას. ჩვენ ვიქნებით ერთიანი და მთლიანი სახელმწიფო. მეორე, ფედერაციის არც ერთ სუბიექტს არ აქვს სეცესიის (ფედერაციიდან გასვლის) უფლება და მესამე და რაც მთავარია, კონსტიტუციის პროექტშივეა ჩადებული მექანიზმი (გთხოვთ ეს განსაკუთრებით იქონიეთ მხედველობაში) რომელიც უზრუნველყოფს ყოველგვარი სეპარატიზმის თავიდან აცილებას. და კიდევ ერთი, ამჯერად ფილოსოფიასთან წილნაყარი შენიშვნა. დავესესხები ფედერალიზმის შესახებ ნაშრომის ამერიკელ ავტორს ვინსენტ ოსტომს და გავიმეორებ, რომ ფედერალიზმი არ არის მხოლოდ სახელმწიფო წყობილების ფორმა, ეს არის პრობლემათა გადაწყვეტის მეთოდი. ეს არის თუ გნებავთ „ცხოვრების წესი“ ამ გაგებით ვუდგებით ჩვენც ფედერალიზმს.

აბა, მიაქციეთ ყურადღება: მას შემდეგ, რაც რეგიონებში გააქტიურდა ბრძოლა წესრიგისათვის, მას შემდეგ რაც მოსახლეობამ ხმა აღიმაღლა კრიმინალური ელემენტების წინააღმდეგ, ვის მიაყენეს ანტიფედერალისტებმა პირველი დარტყმა? სახელმწიფო რწმუნებულს, რომელიც ჩვენს მიერ წარმოდგენილ პროექტში წოდებულია გუბერნატორად, შეიძლება სხვა სახელიც დავარქვათ, მთავარი ეს არ არის.

ერთი რამ ფაქტია: საერთო ძალისხმევა, დიდი ფიქრია საჭირო სამხარეო მოწყობაზე, რომ მივიდეთ ნორმალურ გადაწყვეტილებამდე, რაც მისაღები იქნება ქვეყნისათვის და მომავლისათვის.

მე ასე წარმომიდგენია, გუბერნატორი, მასთან ერთად სამხარეო სათათბირო და სამხარეო ადმინისტრაცია კი არ დაამკვიდრებენ, პირიქით აღკვეთენ სეპარატიზმს.

თანაც, აქ ნურავინ წარმოიდგენს, რომ თითქოს საფუძველი ეყრებოდეს მხარეებში დიდ ბიუროკრატიულ აპრატებს. ეს შეიძლება იყოს 15-20 კაციანი აპარატი, რაც იმას ნიშნავს, რომ 5-ჯერ და 10-ჯერ შემცირდება მართვა-გამგეობის არსებული აპარატები.

აქ ბატონი თემურ შაშიაშვილი ესწრება და ის დამემოწმება. დღეს 126 რესპუბლიკური ორგანიზაციის წარმომადგენელი მუშაობს ქუთაისში.

მაშასადამე, ათჯერ და მეტადაც ნაკლებია ის შტატი, რომელსაც ჩვენ გუბერნატორებს ვაძლევთ.

ბევრი რეზერვებია შტატების შემცირებისათვის სხვა ქალაქებსა და რაიონებში.

სამხარეო დაყოფას გთავაზობთ იმიტომ, რომ იგი გააერთიანებს ცალკეულ წვრილ ტერიტორიულ ერთეულებს. ამ თვალსაზრისით მხარე შეიძლება განვიხილოდ როგორც რეგიონში შემავალი ტერიტორიათა გაერთიანება თითოეულისათვის საჭირო მიზნის მისაღწევად.

არ უნდა იყოს არავითარი დაპირისპირება მხარესა და რაიონს, მხარესა და ამ მხარეში შემავალ ქალაქს შორის, ეს ყველაფერი ჩვენს მართვის ხელოვნებაზეა დამოკიდებული, იმაზე თუ როგორ დებულებას შევადგენთ და პრაქტიკულად როგორ განვახორციელებთ მას.

დღეს მხარეთა შესახებ დებულებები განსხვავედება ერთმანეთისაგან. ამას ვაკეთებთ შეგნებულად, სპეციალურად, რადგანაც საკითხს ვუდგებით შემოქმედებითად. მე ვთქვი ერთხელ, რომ ეს არის ექსპერიმენტი.

არ უნდა ვიფიქროთ რომ სამხარეო დაყოფის პრინციპის შემოღებასთან დაკავშირებით, აღორძინდება ახალი ბიუროკრატია. მე ვფიქრობ, პირიქით, ეს იქნება ბიუროკრატიზმის წინააღმდეგ მიმართული სისტემა.

ათეულობით რაიონის ნაცვლად ადგილებზე მმართველობის უმაღლეს რგოლად გაცილებით ნაკლები რაოდენობის მხარე მოგვევლინება, რაც გაზრდის მართვის ეფექტიანობას და ოპერატიულობას.

სამხარეო დაყოფა გააიოლებს ქვეყნის მართვას და ხელს შეუწყობს საშინაო პოლიტიკის უკეთ გატარებას.

ცენტრალიზებული სახელმწიფო, რომელშიც ვცხოვრობდით ასე თუ ისე, სწორედ იმის გამო, რომ ის ცენტრალიზებული იყო, მას ოპერატიული მართვის უამრავი ინსტიტუტები და ბერკეტები გააჩნია, ის წვდებოდა ყველა რაიონს, ყველა სოფელს, ახლა ეს ყველაფერი მოშლილია. ძველი დაინგრა, ახალი აშენებული არ არის. იგრძნობა ხელისუფლების დეფიციტი. მართვის რგოლები მოწყვეტილია ერთმანეთს, როგორც ევრტიკალურ, ისე ჰორიზონტალურ ჭრილში, ცენტრალურ ხელისუფლებას საიმედო დასაყრდენი არა აქვს ადგილებზე. ამიტომ საჭიროა რაღაც ისეთი ინსტიტუტი, რომელიც დამაკავშირებელი რგოლი იქნება ცენტრსა და რაიონებს, ქალაქებსა და სოფლებს შორის. ახალი ინსტიტუტები, რომელებიც წარმოადგენენ ცენტრალურ ხელისუფლებას, ადგილებზე ცენტრალური ხელისუფლების ინტერესების დამცველი იქნება. მე გთხოვთ საკითხის აი ამ მხარეს მიაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება, როცა მხარეებსა და გუბერნატორებზე ვმსჯელობთ (გუბერნატორი, ნურავის ნუ აშინებს ის, დემოკრატიული ფიგურაა. გავიხსენოთ თუნდაც აშშ გუბერნატორები).

ამრიგად პროექტში ასახული საქართველოს ტერიტორიული მოწყობის სქემა არის მცდელობა, რომ იგი მისადაგებულ იქნეს ჩვენი ქვეყნის ისტორიულ განვითარებასთან, რესპუბლიკის თანამდროვე სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ მოთხოვნებთან, რესპუბლიკის თავისებურებებთან, ხელი შეუწყოს სახელმწიფოს თავისი ფუნქციების განხორციელებაში.

მე მგონი, რომ პროექტის ავტორებმა ძირითადად სწორად გადაწყვიტეს ეს საკითხი.

მნიშვნელოვანი სიახლეა ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის შექმნა, რომელიც მოიცავს წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა ერთობლიობას. თავისი კლასიკური არსით იგი პირველად უნდა განხორციელდეს საქართველოში, საიდანაც სათავეს აიღებს ქვეყნის მთელი ძალაუფლება. თვითმმართველობის ორგანოები, მართალია, არ განიხილება სახელმწიფო ორგანოებად, თუმცა მათი საქმიანობის განმსაზღვრელი პირობა ადგილობრივი ინტერესების უზრუნველყოფასთან ერტად სახელმწიფო ინტერესებისათვის და სუვერენიტეტისათვის ზიანის მიუყენებლობაა.

კიდევ ერთი მოსაზრება მინდა გაგიზიაროთ. მე, პირადად მომხრე ვარ იმისა, რომ რაიონების ლიდერები, რაიონების ხელმძღვანელები (გამგებლები და არა გუბერნატორები) არჩევითი იყოს. მაგრამ მე გთხოვთ კარგად გავიაზროთ ყველაფერი.

გავაანალიზოთ ჩვენი ქვეყნის დღევანდელი მდგომარეობა, თუნდაც მისი მრავალფეროვანი შემადგენლობა. გავიაზროთ ეს ყველაფერი, ძალიან ფართო გაგებით, თუნდაც სეპარატიზმის, ჩვენს საქმეებში გარეშე ძალების შესაძლო ჩარევის საშიშროების თვალსაზრისით. მხოლოდ ამის შემდეგ გადავწყვიტოდ ეს საკითხი: ავირჩიოთ თუ დავნიშნოთ რეგიონთა ხელმძღვანელები, რა უფრო შეესაბამება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს.

გავითვალსიწონოთ ისიც, რომ პლურალისტული საზოგადოება ჩვენთან ჯერ კიდევ არ არის სრულად ჩამოყალიბებული.

ამიტომაც, მე წეღანაც მოგახსენეთ და ახლაც გავიმეორებ, რომ იქნებ ლაპარაკი შეიძლებოდეს რაღაც გარდამავალ ეტაპზე (იქნებ ეს იყოს 4-5 წელი, ან ერთი საარჩევნო პერიოდი) რომლის განმავლობაში აჯობებს გამგებელების, მერების, სხვა ადგილობრივი ხელმძღვანელების დანიშვნა უმაღლესი ხელისუფლების მიერ.

მეორე ეტაპზე კი, როცა დავამკვიდრებთ დემოკრატიულ აზროვნებას და დემოკრატიული ცხოვრების წესებს, გადავიდეთ შეუზღუდავი დემოკრატიის განხორციელებაზე, დანიშვნის ნაცვლად ავირჩიოთ გამგებლები, მერები სხვა რეგიონული ლიდერები. კიდევ ვიფიქროთ ამ საკითხზე.

X. პიროვნება და სახელმწიფო

წარმოდგენილი პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია თავი - „ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები“.

მასში გათვალისწინებულია მსოფლიო პრაქტიკა, ამ სფეროში არსებული ყველა საერთაშორისო-სამართლებრივი აქტი, ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობა და რეალური სინამდვილე. ძალიან კარგადაა ნათქვამი ამის შესახებ პროექტის მეოთხე მუხლში: „...საქართველო აღიარებს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ფასეულობებს. ხელისუფლების განხორციელებაში ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულია ამ უფლებებითა და თავისუფლებებით. როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით“

ერთი შეხედვით, პროექტში არ არსებობს რაიმე საკლასიფიკაციო ნიშანი, რომლის მიხედვითაც შეიძლებლოდა პროექტში შემოთავაზებული უფლება-თავისუფლებების დაჯგუფება. მეცინერებიც სხვადასხვა მიდგომებს გამოიყენებენ ამ დროს. ჩვენ კი ამოსავალ წერტილად ავიღეთ ის დებულება, რომ არსებითად არის პიროვნების უფლებათა ორი ძირითადი ჯგუფი.

პირველს შესადგენენ ის უფლებები, რომლებიც ადამიანს დაბადებიდან გააჩნია, მისი როგორც პიროვნების აუცილებელ, მისგან განუყოფელ ატრიბუტს წარმოადგენენ. მათში ასახულია ადამიანის ღირსება და თავისუფლება. ესენია - ადამიანის სიცოცხლის უფლება, მისი თავისუფლების, პატივისა და ღირსების, საკუთრების ხელშეუვალობა, მრწამსისა და სინდისის თავისუფლება და სხვა.

მეორე ჯგუფს შეადგენენ არანაკლებ მნიშვნელოვანი, მაგრამ ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებული უფლება თავისუფლებები. თუ პირველი ჯგუფის უფლებები პირობითად აბსოლიტური ხასიათისაა და სახელმწიფო უპირობოდ ვალდებულია კაცობრიობისა და ღვთის წინაშე დაიცვას ისინი, მეირე ჯგუფში შემავალი უფლებები დეტერმინირებულია ქვეყნის რეალური შესაძლებლობებით, არსებული ხელისუფლების პოლიტიკით, საერთაშორისო ვითარებით და სხვა. ეს უფლებები მიენიჭება პიროვნებას. როგორც რეალურად არსებული სოციუმის, საზოგადოების წევრს. ესენი ადამიანის ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებები.

იმისათვის, რომ დეკლარირებული უფლება-თავისუფლებები ფარატინა ქაღალდად არ დარჩეს, საჭიროა მათი კონსტიტუციური დაცვა და შესაბამისი სახელმწიფო მექანიზმებით უზრუნველყოფა. ავტორებმა იმდენად დიდი მნიშვნელობა მიანიჭეს ადამიანის კონსტიტუციურ უფლებებს. რომ მათი შეზღუდვა დაუშვეს მხოლოდ საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს, მხოლოდ რესპუბლიკის პრეზიდენტისა და პარლამენტის შეთანხმებული გადაწყვეტილების საფუძველზე.

რაც შეეხება უფლებათა უზრუნველყოფას, აქ გათვალისწინეულია ნორმებისა და მექანიზმების ფართო სპექტრი, რომელიც გამომდინარეობს პრინციპიდან - „სახელმწიფო ხალხისათვის და არა ხალხი სახელმწიფოსათვის“.

„სახელმწიფო ვალდებულია მფარველობა გაუწიოს თავის მოქალაქეს მიუხედავად მისი ადგილსამყოფელისა“, ნათქვამია პროექტის მეთერთმეტე მუხლში და ამავე დროს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს თავის ინტერესთა დასაცავად მიმართოს ნებისმიერ სასამართლოს.

პროექტში ჯეროვანი ადგილი ეთმობა ეროვნულ, ეთნიკური უმცირესობათა პრობლემებს. ეს არის მეტად მნიშვნელოვანი საკითხი, რომლის სწორმა გადაწყვეტამ ხელი უნდა შეუწყოს ქვეყნის შემდგომ სოციალურ, ეკონომიკურ და თუ გნებავთ, გეოპოლიტიკურ სტაბილიზაციას.

ვფიქრობ, ამ მოსაზრებას საკონსტიტუციო კომისიის ყველა წევრი იზიარებს, მაგრამ მისი განხორციელების განსხვავებულ გზებს გვთავაზობენ. ზოგიერთს მიაჩნია, რომ სამოქალაქო საზოგადოების შექმნის პროცესში საქართველოში ყველა ეროვნების ადამიანი უპირეველესად და უმთავრესად - საქართველოს მოქალაქეა, ხოლო მერე - ქართველი, ოსი, აფხაზი, სომეხი და ა.შ პოზიციის მომხრეებს ეროვნულ უმცირესობათა მიმართ შეურაცხყოფადაც კი მიაჩნიათ კონსტიტუციაში მათი „ცალკე მუხლით“ მოხსენიება.

სხვები კი ფიქრობენ, რომ ჩვენ უნდა მივბაძოდ საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის მამა-დამფუძნებლებს, შევინარჩუნოდ და ზოგიერთ შემთხვევაში გავაძლიეროდ კიდევაც 1921 წლის კონსტიტუციის მეთოთხმეტე თავი - „ეროვნულ უმცირესობათა უფლებანი“.

ჩვენ ვიზიარებთ ამ საკითხზე არსებულ ყველა საერთაშორისო სამართლებრივ აქტს, გვესმის საქართველოში მცხოვრები ყველა ეროვნული თუ ეთნიკური უმცირესობის პრობლემები, მიუხედავად იმისა რომ ეს პრობლემები არსებითად არაფრით განსხვავდება იმ პრობლემებისაგან, რომელიც ქართველებს აწუხებთ, ჩვენ საქვეყნოდ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ კვლავაც განვახორციელებთ საქართველოს ყველა მოქალაქის სრულ თანასწორობას სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, მიუხედავად მათი ეროვნული თუ ეთნიკური, რელიგიური თუ ენობრივი კუთვნილებისა და ეს კეთდება არა იმისათვის, რომ ჩვენ ვალი მოვიხადოთ, ხარკი გადავუხადოთ საერთაშორისო სამართლის ნორმებს, არა, ეს ჩვენი თანდაყოლილი თვისებაა, როგორც იტყვიან ეს ჩვენ სისხლში გვიზის. ეს არის ჩვენი მრწამსი.

სახელმწიფო კისრულობს ვალდებულებას - უზრუნველყოს ეროვნულ, ენობრივ თუ რელიგიურ უმცირესობათა უფლება-„თავისუფლად, ყოველგვარი დისკრიმინაციისა და ჩარევის გარეშე განავითარონ თავისი კულტურა, ისარგებლონ დედა-ენით პირად ცხოვრებაში და საჯაროდ“ რისთვისაც „მრავალეროვან ადგილობრივ თვითმმართველობის ერთეულებში კულტურულ და საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის გამოყოფილი სახსრების ნაწილი“ უნდა მოხმარდეს ზემოაღნიშნული მიზნების განხორციელებას“.

ისევე, როგორც დღემდე, ჩვენ კვლავ ვადასუტურებთ უმცირესობათა საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების ერთგულებას, მაგრამ მწარე გამოცდილების საფუძველზე და იგივე საერთაშორისო სამართლის ნორმებზე დაყრდნობით ჩვენ ვაცხადებთ კონსტიტუციაში, რომ „უმცირესობათა უფლებების განხორციელება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და პოლიტიკურ დამოუკიდებლობას“.

ერთხელ კიდევ ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ჩვენ საქართველოში მცხოვრებ ყველა ერისა და ეროვნების, თუ ცალკეული ეკონომიკური ჯგუფის წარმომადგენელთა სოციალური, ეკონომიკური და კულტურული განვითარების სრულ თავისუფლებას ვაღიარებთ.

მე ვფიქრობ, კონსტიტუციის პროექტში ადამიანის უფლებათა დაცვის დებულებები ისეა გადმოცემული, როგორც ამას თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების მოითხოვენ.

ნაწილი ამ დებულებებისა ნაკარნახევია 1921 წლის კონსტიტუციით.

კონსტიტუციის პროექტი ადგენს კონსტიტუციის გადასინჯვის წესს პარლამენტში კანონპროექტის განხილვისა და რეფერენდუმის ჩატარების პროცედურას.

კონსტიტუციის გადასინჯვის კანოპროექტის შეტანის უფლება ენიჭება რესპუბლიკის პრეზიდენტს, პარლამენტის თითოეული პალატის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტს, 50.000 ამომრჩეველს.

ამით, ერთი მხრივ, დაცულია კონსტიტუციის სტაბილურობა, მეორე მხრივ, აუცილებელი ცვლილებების შეტანა კონსტიტუციაში შემოთავაზებული მექანიზმის საფუძველზე სავსებით რეალურია.

კონსტიტუციური პროცესი არ არის მხოლოდ კონსტიტუციის წერისა და მიღების პროცესი. იგი სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური პროცესების ერთობლიობაა, რომელიც საქართველოში ამჟამად მიმდინარეობს.

დღეს საკონსტიტუციო კომისია იწყებს მეტად საპასუხისმგებლო საქმიანობას. დღეს ჩვენ ერთად უნდა შევიმუშაოვოთ კონსტიტუციის ახალი რედაქციის საბოლოო პროექტი, რომელიც რეფერენდუმამდე პარლამენტში განსახილველად უნდა შევიტანოთ.

ახლა ერთი ასეთი მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ დაიწყება დისკუსიები, დებატები, კამათი, ბუნებრივია, შეიძლება კიდევ ახალი პროექტებიც გაჩნდეს. ეს გარკვეულ ორგანიზაციას, დროს და ძალისხმევას მოითხოვს.

უნდა შევიმუშავოდ პროექტის განხილვის, კონსტიტუციის მიღების გარკვეული წესი, გარკვეული გრაფიკი სქემა. საჭირო იქნება შეხვედრები ცენტრსა და რეგიონებში, მხარეებში, რაიონებში, ქალაქებში, სოფლებში.

მიმდინარე წელს უნდა ჩატარდეს პარლამენტის არჩევნები, თუ დავაკანონებთ პრეზიდენტის ინსტიტუტს, პრეზიდენტის არჩევნებიც უნდა ჩატარდეს.

ყველაფერი ეს მოითხოვს დიდ სერიოზულ მუშაობას.

ამიტომ, საჭიროა გარკვეული საორგანიზაციო ცენტრისა და მისი მუშაობის გრაფიკის შემუშავება. ამ ცენტრმა კოლეგიალურად უნდა იმუშავოს საკონსტიტუციო კომისიასთან ერთად.

დასასრულ, მე კიდევ ერთხელ დიდ მადლობას მოგახსენეთ თქვენ, საკონსტიტუციო კომისიის წევრებს, პირველ რიგში იმ წევრებს, რომლებიც კონსტისტუციის პროექტის სხვადასხვა ვარიანტზე მუშაობდნენ, გვეხმარებოდნენ წარმოდგენილი დოკუმენტის მომზადებაში.

მჯერა, რომ საქართველოს ახალი კონსტიტუცია, უფრო სწორად, 1921 წლის კონსტიტუციის ახალი რედაქცია, საქართველოს ხალხის საკეთილდღეოდ მყარ საფუძველს ჩაუყრის საქართველოს დემოკრატიულ, სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნას, სამოქალაქო საზოგადოების სოციალურად ორიენტირებული საბაზრო ეკონომიკის ფორმირებას და შექმნის ყველა პირობას ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად.

კონსტიტუციის პროექტის შესახებ : ედუარდ შევარდნაძის გამოსვლა საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე 1995 წლის 29 მაისს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 1 ივნისი. - 60(1076). - 1,2,3 გვ.

43 „დადგა დრო, როდესაც წარმოებისა და, საერთოდ, ეკონომიკის გამოცოცხლების ფონზე უნდა შეიქმნას კონკრეტული მოქმედების, კონკრეტული ღონისძიებების მთელი სისტემა“

▲ზევით დაბრუნება


ედუარდ შევარდნაძის 5 ივნისის რადიოინტერვიუ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ - სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ თავისი ტრადიციული რადიოინტერვიუ გასული კვირის ეკონომიკური ანალიზით დაიწყო. რადიოინტერვუს ჟურნალისტი ნატო ონიანი უძღვებოდა.

- გაზაფხულ-ზაფხულის მიჯნაზე საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისა და „თბილისური გაზაფხულის“ საზეიმოდ აღნიშვნის შემდეგ ქავეყანა რთული ეკონომიკური ცხოვრების დაძაბულ პერიპეტიებს დაუბრუნდა. თუმცა ეკონომიკური ცხოვრებისათვის უფრო ნიშანდობლივი აღმოჩნდა. ის რომ სახელმწიფოს მეთაურის რწმუნებულთა თაობაზე არცთუ ისე დროული დისკუსიების ვითარებაში პარლამენტმა ვერ მოახერხა ბოლომდე, სამივე წაკითხვით მიეღო კანონები ეროვნული ბანკისა და საგადასახადო კანონმდებლობაში ცვლილებათა შეტანის შესახებ, მაშინ, როცა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან სარეზერვო კრედიტის, ესე იგი, სთენდ ბაის მიღების თაობაზე, მოლაპარაკების ერთ-ერთი ძირითადი პირობა იქნება სწორედ ამ საკანონმდებლო დოკუმენტების მიღება, შთაბეჭდილება, რომ ამ საარსებო ინტერესებზე მეტად (მხედველობაში მაქვს სწორედ ის კანონები, რომელთა გარეშე ვერ მივიღებთ ამ ფინანსურ სტიმულს) ცალკეულ პარლამენტარებს სხვა საკითხები აინტერესებთ, სამწუხაროდ, ასეთივე მასშტაბის ათობით კანონი, რომლებიც ძირითადად ეკონომიკის სფეროს მოიცვას. უმოძრაოდ დევს შესაბამის კომისიებში და როგორც იტყვიან ბევრ ჩვენგანს ამისთვის არ სცალია.

რეფორმების და ეკონომიკური სტაბილიზაციის პროგრამის რეალიზაციის გზით წინ წაწევის დიდ მნიშვნელობაზე მეტყველებს 1995 წლის ხუთ თვეში ბიუჯეტის შესრულების წინასწარი შეფასება. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით. 1995 წლის ხუთი თვის რესპუბლიკური ბიუჯეტის დაზუსტებული საპროგნოზო მაჩვენებლებით ამ ბიუჯეტის შემოსავლის საერთო მოცულობა 53 ტრილიონი კუპონია, საიდანაც გრანტებით მიღებული შემოსავალი 27 ტრილიონს შეადგენს. რეალურად საქართველოს რესპუბლიკის ეროვნულ ბანკში რესპუბლიკური ბიუჯეტის საშემოსავლო ანგარიშებზე პირველი ივნისისათვის ჩარიცხულია სულ 41 ტრილიონი კუპონი ანუ 5 თვის საპროგნოზო მოცულობის 80 პროცენტამდე. გრანტების გარეშე პირველი ივნისისთვის რესპუბლიკურმა ბიუჯეტმა მიიღო 21 ტრილიონ ნახევარი კუპონი, ანუ პროგრნოზით გათვალისწინებულის 85 პროცენტი (ლაპარაკია საკუთარ შემოსავალზე) ამის ძირითად მიზეზად ისევ საბაჟო გადასახდელებისა და აქციზით დასახული საპროგნოზო მაჩვენებლების შეუსრულებლობა რჩება. მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ მაისში რეალურად გამოიკვეთა შემოსავლის მობილიზაციის მდგომარეობის გაუმჯობებსების ტენდენცია. ამ თვეში რესპუბლიკურ ბიუჯეტში შევიდა 13 ტრილიონზე მეტი კუპონი, რაც განვლილი 4 თვის საშუალო წლიურ მაჩვენებლებს თითქმის ორჯერ აღემატება. ამავე დროს მაისში შემოსავლის ზრდაზე, გარკვეული გავლენა მოახდინა ჩათვლებმაც, გრანტებით მიღებული პროდუქტების რეალიზაციის შედეგად რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსავალს პირველი ივნისისთვის 20 ტრილიონი კუპონი შეემატა აქედან მხოლოდ მაისის თვეში მიღებულია 5 ტრილიონი კუპონი, რაც გასული ოთხი თვის საშუალო თვიურ მაჩვენებელს 49 პროცენტით აღემატება. ხუთ თვეში რესპუბლიკური ბიუჯეტის გასავლის საერთო მოცულობამ შეადგინა თითქმის 80 ტრილიონი კუპონი ანუ გეგმის 84 პროცენტი. რესპუბლიკური ბიუჯეტის საკუთარ შემოსავალსა (გრანტების ჩათვლით) და გასავალს შორის სხვაობა დაიფარა ეროვნული ბანკიდან სისტემური ტრანსფორმაციის კრედიტის ხარჯზე გამოყოფილი სესხითა და მსოფლიო ბანკის კრედიტით.

კიდევ ერთხელ მივაპყრობ ყურადღებას იმას, თუ რა მნიშვნელობა აქვს მსოფლიო ბანკსა და სავალუტო ფონდის დახმარებას. ეს რომ არა, ჩვენი ისედაც ღარიბი ბიუჯეტი მართლაც კატასტროფულ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა. ამიტომაც ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რაც ჩვენზეა დამოკიდებული, იმისათის რომ ეს არხი არ გადაიკეტოს, კერძოდ აუცილებელია კანონები, რომელთა მიღებასაც სავსებით კანონიერად და საფუძვლიანად მოითხოვენ ჩვენგან მსოფლიო ბანკი და სავალუტო ფონდი

საბოლოო ანგარიშით, რესპუბლიკურმა ბიუჯეტმა დაფინანსების ამ ორი წყაროდან დღეისთვის სულ მიიღო 43 ტრილიონი კუპონი.

საბიუჯეტო ვითარების გაუმჯობესებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება არა მარტო თანხების დარიცხვასა და ჩარიცხვას, არამედ საბანკო სისტემაში, მათი მოძრაობის დაჩქარებასაც. სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის მიერ საბანკო დაწესებულებებში რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსავლის ანგარიშზე ჩარიცხული თანხის ეროვნულ ბანკში დადგენილ ვადებში და დროულად გადარიცხვის შემოწმებით დადგინდა, რომ ბანკების უმრავლესობა არ იცავს მოთხოვნას, რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსავლის ეროვნულ ბანკში ყოველდეკადურად გადარიცხვის თაობაზე. საკმარისი არ არის აგრეთვე კონტროლი, რომელსაც ეროვნული ბანკის საოპერაციო სამმართველო უწევს ამ პროცესს თანხების განაწილების პირველრიგითობის წესის დაცვის თავლსაზრისით. ჩემი აზრით, ამ საკითხს გაცილებით მეტი ყურადღება უნდა დაუთმონ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობამ და მისმა პრეზიდენტმა, აგრეთვე გამგებლებმა, მერებმა და რწმუნებულებმა. მარტო ქალაქ თბილისის ბანკებიდან ფინანსთა სამინისტროს ანგარიშზე დროულად არ ჩარიცხულა ტრილიონ კუპონამდე, განსაკუთრებით დიდი დაგვიანებით გადარიცხა მნიშვნელოვანი ოდენობის თანხები საქართველოს ბანკის საბურთალოს განყოფილებამ, რომელმაც მიმდინარე წლის მარტის ბოლომდე მხოლოდ ორჯერ გადარიცხა თანხები ეროვნულ ბანკში. ვფიქრობ ამ ბანკის საკითხი სპეციალურად უნდა განიხილონ ქალაქის ხელმძღვანელობამაც, ეროვნულმა ბანკმაც და მინისტრთა კაბინეტმაც ამავე ბანკის სამგორის განყოფილებას ამავე პერიოდში საერთოდ არ ჰქონდა გადარიცხული თანხები. ანალოგიური დარღვევები დადგინდა საქართველოს ბანკის გლდანის, ისნის, ჩუღურეთის განყოფილებებში.

მაისის ბოლო კვირაში შემოწმდა ქალაქ თბილისის 79 საწარმო და ორგანიზაცია, სადაც დამატებით დარიცხულმა თანხამ 48 მილიარდი კუპონი შეადგინა, ესე იგი, ხდება შემოსავლის გადამალვა ანუ პრაქტიკულად ანტისახელმწიფოებრივი მოქმედება.

კვლავ არის შემთხვევები, როცა ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე თანხების ჩარიცხვა ფერხდება იმის გამო, რომ მომსახურე ბანკებში არ არის საკრედიტო რესურსები. ამ მიზეზით ზუგდიდის პურპროდუქტების კომბინატის კუთვნილი 130 მილიარდი კუპონი 1994 წლის ოქტომბრიდან დღემდე გადაურიცხავია ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე „სამეფო ბანკის“ ზუგდიდის განყოფილებაში შესაბამისი სახსრების უქონლობის გამო. მივმართავ ზუგდიდის რაიონის გამგებელსა და გამგეობას სპეციალურად იმსჯელონ ამ საკითხებზე. უარესი ვითარებაა ბორჯომის რაიონში.. თანხა გაჩხერილია რაიონის ამ წისქვილკომბინატის მომსახურე აგრობანკში. ბორჯომის გამგეობა და მისი გამგებელიც - პარლამენტის წევრი, ასეთ საკითხებს ყურადღებას არ აქცევენ, რაც ჩვენს სერიოზულ შეშფოთებას იწვევს...

1995 წლის განვლილ პერიოდზე საბაჟო დეპარტამენტის (გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ ჩემი გამოსვლის ამ ნაწილს) სისტემიდან ბიუჯეტში შენატანებმა 2 მილიონ 190 ამერიკული დოლარი შეადგინა. შარშანდელ შესაბამის პერიოდში საბაჟო სისტემიდან ბიუჯეტში შეტანილი იყო მხოლოდ 112 ათასი ამერიკული დოლარის ექვივალენტური სხვადასხვა ვალუტა, შარშან საქონლისა და პროდუქციის მოძრაობა სულაც არ ყოფილა წლევანდელზე ნაკლები. წარმოგიდგენიათ რა რაოდენობის სახსრები ეკარგებოდა სახელმწიფოს, როგორ მდიდრდებოდნენ ცალკეული ადამიანები. კლანები და ჯგუფები სახელმწიფოს ხარჯზე! ბიუჯეტში შეტანილი თანხებიდან თბილისის საბაჟოზე მოდის მილიონ 180 ათასი დოლარი, ბათუმის საბაჟოდან შემოსულია თითქმის ნახევარი მილიონი დოლარის ეკვივალენტური თანხა (ეს განსაკუთრებით სასიხარულოა, რადგან ბევრი ლაპარაკი და პრეტენზიები იყო ამ საბაჟოსთან დაკავშირებით) ფოთის საბაჟოდან - 120 ათასი (უნდა აღინიშნოს, რომ ფოთის საბაჟოდან არ შემოდის იმის მესამედიც, რამდენიც უნდა შემოდიოდეს. ბატონ მელიას, ბატონ გეგიძის, ბატონ კეშელავას და სხვათა საყურადღებოდ ვამბობ თანხა უნდა შემოდიოდეს სახელმწიფოს შესაბამის სალაროებსა და ბანკებში) ქუთაისის საბაჟოდან - 106 ათასი, ქვემო ქართლის საბაჟოდან ასევე და ა.შ. შემოსავლის ზრდაზე საბაჟო სისტემის მუშაკთა მობილიზაციასთან ერთად დადებითი გავლენა მოახდინა საგადასახადო ბაზის გაფართოების ღონისძიებებმაც. ნაღდი ვალუტის გატანაზე დაწესებული გადასახადების შესახებ სახელმწიფო მეთაურის ბრძანებულების ამოქმედების შედეგად მიმდინარე წლის პირველი თებერვლიდან ბიუჯეტში უკვე შემოტანილია 150-200 ათასი დოლარის ეკვივალენტური სხვადასხვა ვალუტა.

უახლოეს დღეებში დაგეგმილია საბაჟო-გამშვები პუნქტის გახსნა საქართველო თურქეთის საზღვარზე (მხედველობაში მაქვს სამცხე-ჯავახეთის რეგიონი) რაც ბიუჯეტში დამატებითი შემოსავლის სერიოზული წყარო უნდა გახდეს. გამშვები პუნქტის მწყობრში ჩადგომასთან დაკავშირებით, არ შემიძლია არ აღვნიშნო საგზაო დეპარტამენტის სამაგალითო მუშაობა, მხედველობაში მყავს ბატონი ბორის სალარიძე და მისი კოლეგები, ამ მხარეში ჩვენი რწმუნებული ბატონი ვალერი ბაქრაძე, რომელიც როგორც იტყვიან, ოცდაოთხ საათს მორიგეობს და კოორდინაციას უწევს მთელ ამ საქმიანობას. ასევე საბაჟო სამსახური და მისი ხელმძღვანელობა. რეგიონული ქვედანაყოფები. კარგად მუშაობენ მესაზღვრეები და სხვა სამსახურები. ჩემი აზრით ეს ძალიან დიდი და სერიოზული მოვლენა იქნება ჩვენს ცხოვრებაში, ამავე დროს ამ ხელმძღვანელთა საყურადღებოდ მინდა ვთქვა, რომ საბაჟოს გახსნის პირველი დღეებიდანვე სახელმწიფო ინტერესების დაცვა გარანტირებული უნდა იყოს.

სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობის, თვისებრივად ახალ, პრაქტიკულ ჭრილში, გადასვლის ერთ-ერთი გამოვლინება იყო 29-30 მაისს სასტუმრო „მეტეხში“ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სამინისტროს და დიდი ბრიტანეთის ეკონომიკისა და განვითარების სამინისტროს „ნოუ ჰაუს“ ფონდის მიერ მოწყობილი სემინარი. ეს საჭირო შეხვედრა გახლდათ. ლონდონში ჩემი ყოფნის დროს ბრიტანეთის მთავრობამ, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, გაგვიორკეცა „ნოუ ჰაუს“ ფონდის ხაზით გამოყოფილი სახსრები. და ახლა უკვე შევუდექით ნაყოფიერ მუშაობას იმისათვის, რომ ეს სახსრები დანიშნულებისამებრ გამოვიყენოთ.

მრეწველობის სამინისტროს ინფორმაციით, მაისში პროდუქციის წარმოების საერთო მოცულობა საგრძნობლად გაიზარდა. განსაკუთრებით ფარმაცევტული, ელექტრო-ტექნიკური, მსუბუქი და ხისდამმუშავებელი მრეწველობის საწარმოებში. უფრო დეტალური ცნობები შემდგომ გამოქვეყნდება.

გრძელდება მუშაობა ადგილობრივი ნედლეულის ბაზრის ათვისებისა და ეფექტიანად გამოყენებისთვის. მაგალითად ზუგდიდის ფაიფურის ქარხანაში ჩვენს რესპუბლიკაში მოპოვებული ადგილობრივი ნედლეულის გამოყენებით უკვე დამზადდა საცდელი ნიმუშები და მიმდინარეობს მათი წარმოებაში დანერგვა, რაც ამ დარგის შენარჩუნებისა და შემდგომი განვითარების რეალურ პერსპექტივებს სახავს. ასევე დაწყებულია მუშაობა და შესაბამისი ფინანსების გამოძებნის პირობებში შეიძლება გადაწყდეს კაუსტიკური სოდის, გოგირდმჟავას, ბაზალტისგან ხელოვნური ბოჭკოს, კვარცის, სილისა და მინერალური ნედლეულისგამოყენებით მინისა და რესპუბლიკისათვის უაღრესად მნიშვნელოვანი სხვა პროდუქციის წარმოების საკითხები. ეს პრობლემები დაუყოვნებლივ უნდა განიხლილოს მინისტრთა კაბინეტმა. დადგა დრო, როდესაც წარმოებისა და საერთოდ ეკონომიკის გამოცოცხლების ფონზე უნდა შეიქმნას კონკრეტული მოქმედების, კონკრეტული ღონისძიებების მთელი სისტემა, მოქმედება იმ მოთხოვნათა და პრობლემათა ადეკვატური უნდა იყოს, რომლებიც ახლა ჩვენს წინაშე დგას. ყველაფერს სჭირდება მხარდაჭერა (მნიშვნელობა არა აქვს იქნება ეს სახელმწიფო თუ კერძო ბიზნესი)

ასევე ფუნდამენტურად არის გადასაწყვეტი საკითხი, რა ვუყოდ მოსახლეობაში არსებულ მატყლს. ჩვენ მიერ გამოძებნილი ერთდროული გადაწყვეტა საქმეს ვერ შველის. ახლა მინისტრთა კაბინეტი კვლავ უნდა დაუბრუნდეს ამ საკითხს და მიიღოს რადიკალური ღონისძიებები არსებითი გადაწყვეტის გამოსაძებნად.

დადგა აბრეშუმის პარკის დამზადების სეზონი, დღის წესრიგშია ტყავ-ნედლეულის და სხვა მრავალი საკითხი. ტყავ-ნედლეულის დამზადება ჩვენი მსუბუქი მრეწველობის უმნიშვნელოვანესი ბაზა და წარმოების გამოცოცხლების აუცილებელი პირობაა. გლეხობა საკმაოდ ძვირად აფასებს ამ პროდუქციას, მაგრამ რომ შემოვიტანოდ, უფრო ძვირი დადგვიჯდება. ამიტომ უნდა ვეძებოდ გზები. თუ გლეხობასთან კონტრაქტები დროულად გაფორმდება, დარწმუნებული ვარ მათთვისაც და ჩვენთვისაც გამოიძებნება ხელსაყრელი პირობები.

წუხელ ყურადღება მივაქციე სატელევიზიო გადაცემას, რომელიც ევროკავშირთან ურთიერთობის საკითხებს შეეხებოდა. მინდა მადლობა ვუთხრა თქვენს პროგრამას და მის წამყვანებს ამ გადაცემის ორგანიზაციისთვის. ეს იყო ჩვენი მოსახლეობის ძალზე საჭირო საუბარი ბატონ დენის ქორბოისთან. თუ რამდენად მნიშვნელოვანია ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და სხვა ქვეყნების დახმარება, ჩემი აზრით ამას განმარტება არ სჭირდება. ამ საუბრის დედაარსი გახლავთ, რომ საქართველო კვლავაც მიიღებს საჭირო პოლიტიკურ და მატერიალურ მხარდაჭერას, თუ იგი ეკონომიკური რეფორმებისა და დემოკრატიის შეუქცევადი განვითარების გზით ივლის. ამიტომ ნაკლები დრო და ენერგია უნდა ვხარჯოთ უნაყოფო და უშედგეგო აურზაურზე პარლამენტში და მეტი ყურადღება დავუთმოთ ფუძემდებლური კანონების მიღებას, კონსტიტუციის ოპტიმალური ვარიანტის დროულად შემუშავებას, საარჩევნო კანონის განმტკიცებას და არჩევნების მოწყობას. ყველაფერი ეს გაგვიადვილებს გარდამავალი ეტაპის სირთულეთა დაძლევას, ქვეყნის მთელი ცხოვრების საქმიან რელსებზე გადაყვანას. ასეთია დროის კარნახი. ვფიქრობ, ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ევროკავშირთან საქართველოს თანამშრომლობის ხელშეკრულება, რომლის შესახებაც წუხელ იყო საუბარი.

- ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე ხშირად საუბრობენ უცხოელი ექსპერტები და საერთაშორისო ორგანიზაციები ჩვენთან დაკავშირებით.

გასულ კვირას საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ 26 მაისსთან დაკავშირებით, ამნისტია გამოაცხადა. ზოგის აზრით - ზედმეტად მწირი პუნქტებით, ზოგი კი მიიჩნევს, რომ ეს ამნისტია კიდევ უფრო გაართულებს შედარებით დამშვიდებულ კრიმინოგენურ ფონს...

- ასეთ შეშფოთებას, ალბათ, აქვს საფუძველი, თუ გავითვალისწინებთ იმას, რაც ადრე ხდებოდა. წინა წლებისგან განსხვავებით, ახლანდელი ამნისტია შეეხო იმ ადამიანებს, რომლებსაც არ ჩაუდენიათ საშიში დანაშაულობანი, განსაკუთრებით შეეხო იგი ქალებს, არასრულწლოვნებსა და მოხუცებს. ეს მართლაც ჰუმანური ნორმალური აქტია, რომელიც გარკვეულ გავლენას მოახდენს. მჯერა, რომ კრიმინოგენური ვითარების სერიოზული გართულება მოსალოდნელი არ არის.

სამართალდამცავ ორგანოებს ახლა უკვე ჰყავთ საკმაო ძალები იმისთის, რომ მოვლენათა ბატონ-პატრონები იყვნენ, თუმცა ორგანიზებულ დამნაშავეობასთან მათი ბრძოლა სულაც არ არის დამთავრებული. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, ვინ წავიდა ჩრდილში - შეეფარა ჩირგვებს, რამდენი იარაღი რამდენი საბრძოლო მასალაა გადანახული და სხვა. სამართალდამცავმა ორგანოებამ თავისი საქმე უნდა აკეთონ, რათა კანონიერება ზეიმობდეს ყველგან და ყველაფერში.

რაც შეეხება იარაღთან დაკავშირებულ პერიპეტიებს, ვფიქრობ, პარლამენტი სწორად მოიქცა, როცა შესაბამისი მუხლის საფუძველზე გასამართლებულ პირთა მიმართ შეღავათების გავრცელების საკითხი მიანდო შეწყალების კომისიას ანუ სახელმწიფოს მეთაურის სამსახურს.

- გასული საპარლამენტო კვირის ყურადღების ცენტრში იყო სახელმწიფო მეთაურის რწმუნებულთა და სამხარეო მოწყობის საკითხი. მოგვიანებით თქვენ შეხვდით რწმუნებულებს, რომლებმაც სხვა საკითხებთან ერთად ერთი მნიშვნელოვანი თემაც წამოჭრეს: ვის არ აძლევს ხელს რწმუნებულის ინსტიტუტი? - ასე დასვეს მათ კითხვა და თავადვე გასცეს პასუხი: რწმუნებულის ინსტიტუტი ხელს არ აძლევს გამგებლების, საწარმოთა ხელმძღანელების ნაწილს და მინისტრთა კაბინეტის ზოგიერთ წარმომადგენელს, ანუ იმათ, ვინც რეალურ ეკონომიკურ ძალაუფლებას ფლობს და არ უნდა მისი დაკარგვა, თქვენ წამოაყენეთ წინადადება, რომ აუცილებელია რწმუნებულებისა და მინისტრთა კაბინეტის წევრების შეხვედრა. უნდა ვივარაუდოდ, ეს ძალიან მძაფრი შეხვედრა იქნება...

- რწმუნებულთა საქმიანობამ მთელი საზოგადოებრიობის ყურადღება მიიპყრო.ჩემი აზრით, ეს ცუდი არ უნდა იყოს. უნდა დავაზუსტო: რწმუნებულებსა და გამგებლებს შორის რაიმე სერიოზული წინააღმდეგობა არ არსებობს. არის ჩეულებრივი დისკუსია უფლებათა უფრო ზუსტი გამიჯვნისა და ზუსტი განსაზღვრის გამო.

რაც შეეხება სამინისტროებთან დაკავშირებით რწმუნებულთა მძაფრ გამოსვლებს, დირექტორატის შესახებ სერიოზულ შენიშვნებსა და სხვა, ვფიქრობ, ეს ელემენტარული ამბავია, დაობენ და პრეტენზიებს აცხადებენ ისინი, ვისაც არ სურს, გადაიხადოს დაწესებული გადასახადი, ან ცალკეული დირექტორები, კერძო თუ სახელმწიფო საწარმოების ხელმძღვანელები, რომლებიც კმაყოფილი არიან თავიანთი ბედით და არ ფიქრობენ იმაზე, რომ უზარმაზარი პოტენციალი გამოიყენონ ხალხის დასაქმებისა და ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებისათვის. ამ მხრივ შენიშვნები, სავსებით ნორმალური და კანონზომიერია.

რაც შეეხება რწმუნებულთა მძაფრ გამოსვლებს რესპუბლიკის აღმასრულებელი რგოლის შესახებ (მხედველობაში მაქვს მინისტრთა კაბინეტი) მიმაჩნია, რომ შენიშვნები სამართლიანია. ეს ზერელე განცხადებები არ ყოფილა, ეს იყო კონკრეტული ფაქტები.

გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ რწმუნებულები, ძირითადად, ახალი ხალხია, ზოგჯერ ასეც ხდება, რომ ადამიანის შეგნება, აზროვნება ეგუება და ეჩვევა ნაკლოვანებებს, ნეგატიურ მოვლენებს. მადლობა ღმერთს, რომ ჯერჯერობით ეს ინსტიტუტი ამით არ დაავადებულა. ეს ის ხალხია, ვინც ანგარიშვალდებულია სახელმწიფოს მეთაურის წინაშე, თუნდაც აღმასრულებელი ხელისუფლების წინაშე, მაგრამ მაინც ყველაზე მეტად ისინი პასუხისმგებელნი არიან ხალხის წინაშე. ისინი ასევე აგებენ პასუხს თავიანთი კოლეგების - გამგებელების წინაშე, რომლებიც ხანდახან უმწეო მდგომარეოაბში ვარდებიან და რწმუნებულებს მიმართავენ. ამიტომ არავის არ უნდა გაუკვირდეს მათი მძაფრი რეაქცია ცალკეული დარღვევების, ნეგატიური გამოვლინენებებისა და ხელისუფლების ცალკეული რგოლების უყურადღებობის გამო. რაც დრო გადის, მით უფრო ვრწმუნდები, რომ რწმუნებულთა ინსტიტუტი აუცილებელია და მათი საქმიანობაც საკმაოდ შედეგიანია. თუმცა, მათ მუშაობაში ბევრი რამ ძალიან სერიოზულ დახვეწას და სრულყოფას მოითხოვს. ეს პროცესი ახლა უკვე მიმდინარეობს.

- იუნესკოს გადაწყვეტილებით მცხეთა გამოცხადდა ქალაქ-ნაკრძალად. გარდა ამისა, მცხეთა ადმინისტრაციული ცენტრიც არის. გასულ კვირას, თქვენ ეწვიეთ ამ ქალაქს და საშუალება გქონდათ, გენახად რწმუნებულის საქმიანობის შედეგებიც...

- მცხეთა-მთიანეთი დიდი მომავლის და პერსპექტივების რეგიონია მცხეთის ქალაქ-მუზეუმად აღიარება. მთავარი ძეგლების მსოფლიო კულტურისა და ცივილიზაციის განსაკუთრებულ ობიექტებად აღიარება ჩვენი ძველი დედაქალაქის ახალი ცხოვრების დასაწყისია. მე მოვუსმინე ამ ზონის რწმუნებულს, მის კოლეგებს, ახლო რეგიონებიდან, გამგებლებს, კონკრეტული მაგალითით დავრწმუნდი, რამდენად მნიშვენლოვანია მათი შეთანხმებული კარგად კოორდინირებული მუშაობა. მე ვიხილე გამოცოცხლებული, გახალისებული მცხეთა, რომლის სტუმრებიც იყვნენ მხარეში შემავალი ყველა რაიონის წარმომადგენლები, განსაკუთრებით ახალგაზრდობა, მოსწავლეები, დელეგაციები აჭარიდან, სამცხე-ჯავახეთიდან, შიდა და ქვემო ქართლიდან.

ამ ღონისძიებების შემდეგ გაიმართა თათბირი, რომლის მუშაობაში აქტიურად მონაწილეობდა თბილისის მერი ნიკო ლეკიშვილი. საერთოდ ამ მხარის განვითარებაზე ლაპარაკი თბილისის აქტიური მონაწილეობის გარეშე, ისევე, როგორც შიდა და ქვემო ქართლის გარეშე, ალბათ წარმოუდგენელია. კარგია, რომ ქალაქის მერია ამ მხრივ დიდ ინტერესსა და ინიციატივას იჩენს. დაისახა დედადაქალის და რეგიონების თანამშრომლობის საინტერესო გზები. არის პრობლემები, რომლებიც მოითხოვს მინისტრთა კაბინეტის სასწრაფო ჩარევას, განსაკუთრებით ყაზბეგისა და დუშეთის რაიონების ტრასების მოწესრიგებასთან დაკავშირებით. ასე რომ, როგორც უნდა გაბოროტდენ ზოგიერთები (მაპატიეთ ამ გამოთქმისათვის) ცხოვრება მაინც წინ მიდის, თუმცა სიდუხჭირე და უსახსრობა ჯერ კიდევ არ არის დაძლეული.

- გასულ კვირას, საქართველოსა და თანამეგობრობის ზოგიერთი ქვეყნის სპეცსამსახურებს შორის დაიდო ხელშეკრულება ორგანიზებულ დამნაშავეობასთან ბრძოლის შესახებ, თქვენ შეხვდით რუსეთის სპეცსამსახურის პირველ პირს სერგეი სტეპაშინს, როგორია თქვენი კომენტარი ამ შეხვედრისა და თბილისში გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ?

- ეს საერთაშორისო ღონისძიება იყო. საერთოდ კი, ასეთი სახელმწიფოთაშორისი ღონისძიება ყოველგვარ მხარდაჭერასა და მოწონებას იმსახურებს. შედეგი უდავოდ კარგი და სასიხარულოა. თანამეგობრობის ფარგლებში ორგანიზებულ დამნაშავეობასთან ბრძოლა მხოლოდ კარგად ორგანიზებულ და სათანადოთ კოორდინირებულ სამსახურებს შეუძლიათ. საგულისხმოა, რომ ამ დღეებში თბილისში, შინაგან საქმეთა მინისტრების შეკრებაც გაიმართება. ყველაფერი ეს აფართოებს ჩვენს შესაძლებლობებს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენი ხალხი ასეთ ღონისძიებებს უდავოდ მიესალმება.

რაც შეეხება სერგეი სტეპაშინთან შეხვედრას, ეს უდავოდ საინტერესო და სასარგებლო საუბარი იყო. იგი შეეხო საკითხთა ფართო სპექტრს, მათ შორის კონფლიქტებთან დაკავშირებულ პრობლემებს. ძალიან მნიშვენლოვანია ის, რომ ჩვენი პოზიციები და შეხედულებები აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან ჩრდილოეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებულ ყველა ძირითად საკითხში თითქმის იდენტურია და ეს ითქმის არა მარტო ბატონ სტეპაშინზე, არამედ საქართველოსა და რუსეთის ხელმძღანელობაზეც. ვფიქრობ, უახლოეს დროში კონკრეტული შედეგებიც გვექნება.

„დადგა დრო, როდესაც წარმოებისა და, საერთოდ, ეკონომიკის გამოცოცხლების ფონზე უნდა შეიქმნას კონკრეტული მოქმედების, კონკრეტული ღონისძიებების მთელი სისტემა“ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 6 ივნისი. - 62(1078). - 1,2 გვ.

44 დიდოსტატთა კერა

▲ზევით დაბრუნება


დღეს, ქართული თეატრისა და კინოს ყველა თაობის მოღვაწეს, ქართული თეატრისა და კინოს ყველა თაობის მაყურებელს, ქართულ საზოგადოებრიობას მინდა მივულოცო შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის 70 წლისთავი.

ყველა ქართველს მინდა მივულოცო ჩვენი კულტურის ეს შესანიშნავი დღე.

ეს თარიღი მინდა მივულოცო იმ არაქართველთ, ვისაც სხვადასხვა დროს უსწავლია ამ ინსტიტუტში - აფხაზებს, ოსებს, ჩრდილოკავკასიელებს, ბალტიისპირელებს, რუსებს.

მათ აქ მარტო თეატრალურ ხელოვნებას კი არა ერთმანეთის სიყვარულსაც ასწავლიდნენ. მინდა მჯეროდეს, რომ მათ არც ეს სიყვარული დავიწყებიათ და არც საქართველოს მიერ მათზე გაწეული ამაგი მათივე თეატრების შექმნასა და განვითარებაში.

ამ მშვენიერ დღეს, მე მინდა გავიხსენო ყველა ის, ვინც საფუძველი ჩაუყარა ამ ინსტიტუტს და ერთგულებითა და შთაგონებით აშენებდა ამ დიდებულ შენობას - უპირველესად კი აკაკი ფაღავა და მისი სტუდენტები. თეატრალური ინსტიტუტი ხომ სწორედ აკაკი ფაღავას სტუდიის საფუძველზე აღმოცენდა. მინდა გავიხსენო ყველა ის, ვინც დიდი კვალი დაამჩნია არამარტო ამ ინსტიტუტს, არამედ ქართულ თეატრალურ ხელოვნებას, არამედ ჩვენს კულტურასა და ჩვენს საზოგადოებრივ აზროვნებასაც როგორც პედაგოგმა და როგორც აღმზრდელმა: კოტე მარჯანიშვილი, სანდრო ახმეტელი, ივანე ჯავახიშვილი, დიმიტრი უზნაძე, გიორგი ჩუბინაშვილი, აკაკი შანიძე, გრიგოლ რობაქიძე, კონსტანტინე გამსახურდია, არნოლდ ჩიქობავა, კონსტანტინე ანდრონიკაშვილი, მიხეილ ქორელი, გიორგი ტოვსტონოგოვი, დიმიტრი ალექსიძე, დიმიტრი ჯანელიძე... ბევრნი არიან ისინი, მაგრამ თუნდაც ერთი მათგანის გარეშე ეს ინსტიტუტი არ იქნებოდა ის, რაც დღეს არის, არ იქნებოდნენ მათი აღზრდილები ისეთნი, როგორიც იყვნენ - აკაკი ხორავა, აკაკი ვასაძე, ვასო გოძიაშვილი, სესილია თაყაიშვილი, პიერ კობახიძე, თამარ წულუკიძე, ვერიკო ანჯაფარიძე, მალიკო მრევლიშვილი, თამარ ჭავჭავაძე, სერგო ზაქარიაძე, ეროსი მანჯგალაძე... არ იქნებოდა ბრწყინვალე თანავარსკვლავედი დღევანდელი ქართული მსახიობებისა და რეჟისორებისა, არ იქნებოდა ქართული თეატრმცოდნეობისა და კინომცოდნეობის სკოლები, არ იქნებოდა რუსთაველისა და მარჯანიშვილის თეატრი, არ იქნებოდა კინომსახიობის თეატრი...

... ბევრი ქართული თეატრი არ იქნებოდა. ბევრი ქართველი მსახიობი არ იქნებოდა. არ იქნებოდა ბევრი ის მოღვაწე ქართული სცენისა და კინოსი, რომელთა გარეშე დღევანდელი ქართული თეატრალური და კინოხელოვნება წარმოუდგენელია. ბევრზე ბევრნი არიან ისინი, თავისი საქმის შესანიშნავი ოსტატები, თავისი ქვეყნისა და ხალხის უერთგულესი მსახურნი. ეს დღესასწაული უპირველესად მათია, თუმცა, ჩვენს გარეშეც არ იქნებოდა ეს ყოველივე, ჩვენი მხარდაჭერის, ჩვენი სიყვარულის და, ბოლოსდაბოლოს, ჩვენი ტაშის გარეშე.

მე მინდა ხაზი გავუსვა იმასაც, რომ საკმაოდ ძნელსა და რთულ წლებში ეს ინსტიტუტი ყოველთვის რჩებოდა ქართული თეატრალური ხელოვნების ბურჯად, დამცველად ერისა, ენისა და სულიერებისა.

და თუ დღეს ქართულ თეატრსა და კინოს მსოფლიოში მიიჩნევენ საერთაშორისო სტანდარტების ზოგადადამიანურ, მაგრამ მკვეთრად ეროვნულ მოვლენად, ამაში უდიდესი დამსახურება ამ ინსტიტუტს მიუძღვის, იმ ტრადიციების, რომლებიც აქ ჩამოყალიბდა და რომელიც დღესაც აქ ვითარდება.

სწორედ ამ ინსტიტუტში საწყისი იმ ნოვაციების, იმ ძიების, იმ აღმოჩენების, რომელთა გარეშე ქართული თეატრი და ქართული კინო ვერ განვითარდება.

ამ ინსტიტუტში ყოველთვის იგრძნობოდა არა მარტო თავისი საქმის ფანატიკური სიყვარული, არამედ უდიდესი პასუხისმგებლობაც ქვეყნის წინაშე.

ქართულ თეატრს იმთავითვე დაებედა ერის ინტერესებისათვის თავგანწირვა და ჩვენ გვეამაყება, რომ არა მხოლოდ სცენაზე, არამედ ბრძოლის ველზეც ისახელეს თავი ამ ინსტიტუტის სტუდენტებმა. სამწუხაროდ, ზოგი მათგანი შეეწირა ქვეყნის მთლიანობის დაცვას. ნათელში იყოს მათი სულები.

მშვენიერი გამონაგონი და ტრაგიკული სინამდვილე აქ ავსებს ერთმანეთს.

მაღალი ხელოვნება სხვაგვარად ვერ შეიქმნება.

საქმისადმი და ქვეყნისადმი ასეთი დამოკიდებულება დღეს ისე სჭირდება ჩვენს ქვეყანას, როგორც არასდროს, რადგან დღეს ჩვენ ახალ საქართველოს ვაშენებთ, დამოუკიდებელ საქართველოს.

ამ საქმეში თეატრისა და კინოს ინსტიტუტის სათქმელს სხვა ვერ იტყვის, მისი სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების გასაკეთებელს სხვა ვერ გააკეთებს.

სწორედ ამ დიდი დამსახურების გამო, სწორედ ამ დიდი მისიის გამო, სწორედ ამ დიდებული წარსულის, დღევანდელი დღისა და დიდი სამამულო გეგმების გამო, ვულოცავ შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტს საიუბილეო თარიღს.

ნიჭიერი, მოუსვენარი, განათლებული, შეუპოვარი, მუდამ მაძიებელი სტუდენტები ნუ გამოგლეოდეთ, მეგობრებო!

ედუარდ შევარდნაძე.

დიდოსტატთა კერა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 10 ივნისი. - 64(1080). - 1 გვ.

45 მის აღმატებულებას, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ბატონ ბორის ელცინს

▲ზევით დაბრუნება


დიდად პატივცემულო ბორის ნიკოლოზის ძევ!

გულითადად გილოცავთ რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სუვერენიტეტის შესახებ დეკლარაციის მიღების მეხუთე წლისთავს. ქართველი ხალხი რუსეთელებს ულოცავს ამ ღირსშესანიშნავ დღეს, რომელმაც რეალური დასაბამი მისცა რუსული დემოკრატიის მშენებლობას.

ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ძალისხმევას, რომელსაც თქვენი ხელმძღვანელობით ახორციელებს რუსეთის ფედერაცია, მათ შორის კონფლიქტების მოწესრიგების, მშვიდობის, კეთილდღეობისა და თანხმობის მიღწევისათვის.

ამაში დავრწმუნდით საკუთარი ძნელი გამოცდილებით და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი პროდუქტიულად და მიზანმიმართულად ურთიერთობის საფუძველი იქნება გულწრფელი მეგობრობა და ურთიერთდაინტერესებული თანამშრომლობა.

დაე, ჩვენი კეთლიშობილური მისწარფებანი წარმატებით ხორციელდებოდეს რუსეთელებისა და ყველა მეგობარი ხალხის ბედნიერებისა და აყვავებისათვის.

მის აღმატებულებას, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ბატონ ბორის ელცინს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 13 ივნისი. - 65(1081). - 1 გვ.

46 ამ სიყვარულმა გაუძლო საუკუნეებს!..

▲ზევით დაბრუნება


ფიზიკის ყველა კანონის საწინააღმდეგოდ ეს დედამიწა, სამყაროში გასტყორცნილი პატარა ბურთი, სიყვარულზე დგას, სიყვარული ამოძრავებს მას და თუკი დადგება ოდესმე ისეთი შავი დღე, როცა სიყვარული აღარ იარსებებს, დედამიწაც შეწყვეტს არსებობას.

სწორედ ამიტომ კაცობრიობას რაც კი რამ ღირებული შექმნია ამქვეყნად, სიყვარულით არის ნაკარნახევი - ღმერთის, ადამიანის, საკუთარი ქვეყნის, მშობლის, შვილის, საქმის და ბოლოსდა - ბოლოს კაცისა და ქალის სიყვარულით.

და თუ დღეს ჩვენ ქართველები, რუსეთის დიდი შვილის, ალექსანდრე გრიბოედოვის იუბილეს ვდღესასწაულობთ, უპირველს ყოვლისა, იმ დიდი სიყვარულის გამო, რომელმაც მის ახალგაზრდა ქვრივს, ნინო ჭავჭავაძეს ტრაგიკულად დაღუპული მეუღლის საფლავის ქვაზე წააწერინა: «Ум и дела твои бессмертны в памяти русской, но для чего пережила тебя любовь моя».

მთაწმინდაზეა ეს საფლავი საქართველოს უპირველეს პანთეონში.

ასე რომ, ჩვენში ცოტა სხვა კუთხით აღინიშნება ალექსანდრე გრიბოედოვის იუბილე, ვიდრე თავად რუსეთში.

ჩვენ ჩვენი დამოკიდებულება გვაქვს ალექსანდრე გრიბოედოვთან. იგი ჩვენთვის მარტო კლასიკოსი კი არაა რუსული მწერლობისა, არც მხოლოდ თავისუფლად მოაზროვნე არაორდინარული პიროვნება და რაც მხოლოდ რუსეთის იმპერიის დიდი სახელმწიფო მოღვაწე, იგი ქართველების ის გამორჩეული სიძე გახლდათ, რომელმაც შესანიშნავად იცოდა საქართველოსა და ქართველთა ფასი, იცოდა ფასი თავისი მშვენიერი მეუღლისა, ნინო ჭავჭავაძისა. აკი წერდა კიდეც: მთელი სამყაროს მშვენიერება ქართველშია განსახიერებულიო. სხვათა შორის სიტყვა ქართველი მან პირდაპირ, უთარგმნელად, ქართული ჟღერადობით შეიტანა რუსულ ლექსიკაში.

ალექსანდრე გრიბოედოვი თავისი ეპოქის, თავისი ხალხისა და თავისი სახელმწიფოს ერთგული შვილი გახლდათ ისევე როგორც ერთგული შვილი იყო თავისი ქვეყნისა და დროისა ნინო ჭავჭავაძის მამა, შესანიშნავი ქართველი პოეტი, რუსეთის წინააღმდეგ ჯერ კიდევ ყმაწვილობაში ამბოხებული ალექსანდრე ჭავჭავაძე, შვილი იმ გარსევან ჭავჭავაძისა, რომელიც ელჩად იყო რუსეთის სამეფო კარზე და დიდი მონაწილეობა მიიღო რუსეთ-საქართველოს ცნობილი ტრაქტატის დადებაში.

ქორწინება ალექსანდრე გრიბოედოვისა და ნინო ჭავჭავაძისა, გარკვეულად ამ ყველაფრითაც იყო განპირობებული - ორი ადამიანის სიყვარულის მიღმა აქ ორი ხალხის, ორი ქვეყნის რთული, საუკუნოვანი ურთიერთობაც სჩანს, ურთიერთობა, რომელიც დღეს და მომავალში ამ ნამდვილ ლეგენდასა და არგამოგონილ სიმბოლოებს უნდა გაჰყვეს.

საქართველო რუსეთის ურთიერთობა ნებისმიერ სფეროში უნდა იქცეს, კულტურით, სულიერებით, ეკონომიკური თუ პოლიტიკური ინტერესებით ახლო მდგომი ხალხებისა და სახელმწიფოების იმ თანაბარუფლებრივ ურთიერთობად, რომელსაც საფუძვლად სწორედ რომ ხალხის სიყვარული უნდა დაედოს საკუთარი ქვეყნის, საკუთარი ხალხის, ღვთისა და ადამიანის სიყვარული.

ალექსანდრე გრიბოედოვი, რუსი ერის შვილი, ჩვენ უცხოტომელად არასდროს აღგვიქვია და სწორედ მისი იუბილის დღეებში უნდა ითქვას, რომ სწორედ ამ დიდი სიყვარულის გამო არსებობს თბილისში გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრი, გრიბოედოვის შესანიშნავი ძეგლი, გრიბოედოვის მყუდრო და ლამაზი ქუჩა თბილისის ცენტრში. სწორედ ამ ქუჩისა და ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის კუთხეში იდგა ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლი... სულ ახლახან კი შეიქმნა ალექსანდე გრიბოედოვისა და ნინო ჭავჭავაძის სახელობის საზოგადოება და ფონდი.

ასეთი რამ არაა შემთხვევითი, ასეთი რამ უსიყვარულოდ არ კეთდება.

როგორც ვხედავთ ამ სიყვარულმა გაუძლო საუკუნეებს.

კიდევაც გაძლებს და ჩვენც გაგვაძლებინებს ამ ძნელს, რთულსა და მშვენიერ სამყაროში.

ედუარდ შევარდნაძე.

ამ სიყვარულმა გაუძლო საუკუნეებს!.. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 13 ივნისი. - 65(1081). - 1 გვ.

47 „არჩევნები გაიმართება და მასში პატიოსანი, მოაზროვნე ადამიანები გაიმარჯვებენ“

▲ზევით დაბრუნება


ედუარდ შევარდნაძის 12 ივნისის რადიოინტერვიუ

- გასული კვირა მუშაობის რიტმით მეტად საინტერესო და დაძაბული იყო თქვენ ეწვიეთ იმერეთის რეგიონს, მოინახულეთ „ჭიათურმანგანუმი“, ტყიბულის ქვანახშირის შახტი, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა და „საქკაბელი“ შეხვდით მშრომელებს, რაიონებისა და საწარმოების ხელმძღვანებელებს. გასულ კვირასვე დავათვალიერეთ თბილისის რამდენიმე ობიექტი. თქვენ ხაზგასმით აღნიშნეთ ის გარემოება, რომ ბოლო ექვსი თვის მნაძილზე თბილისში 300 საწარმო გაიხსნა და ამით ერთხელ კიდევ დადასტურდა ქვეყანაში გამოცოცხლების და ამოძრავების ტენდენცია და კიდევ ერთი რამ: უკვე მიღწეულია შეთანხმება საინვესტიციო ბანკის შექმნის შესახებ, რომლის დამფუძნებლები არიან გაერთიანებული ქართული ბანკი, საბერძნეთის კომერციული ბანკი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი... - ჟურნალისტ ნატო ონიანის ამ კითხვის პასუხად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ - სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ თავის ტრადიციულ რადიოინტერვიუში განაცხადა:

- განვლილი კვირა ეკონომიკური ცხოვრებისათვის მნიშვნელოვანი მოვლენებით გამოირჩეოდა. მე მქონდა საშუალება გავცნობოდი ზოგიერთ საინტერესო მოვლენას თბილისში, მიმეღო საჭირო ინფორმაცია. კერძოდ თბილისში 6-7 თვის განმავლობაში 300-ზე მეტი სამრეწველო და საწარმოო ობიექტი გაიხსნა. ეს მცირე და საშუალო ბიზნესის საწარმოებია, რომლებიც საკმაოდ მაღალი ეფექტიანობით მუშაობენ.

ჩემზე განსკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა სიახლეებმა საბანკო საქმეში, ეს არის გაერთიანებული ქართული ბანკის მოწილედ საბერძნეთის ბანკის შემოსვლა, რომელსაც განზრახული აქვს შეიძინოს აქციების 15-20 პროცენტი. თავისთავად აქციების შეძენა იმას ნიშნავს, რომ შემოდის სერიოზული კაპიტალი და ინვესტიციები. ასევე მნიშვნელოვანია ევრობანკის დაინტერესება ქართული ბანკით. მე მოვინახულე ასევე „აბსოლუტბანკი“ და სხვა ბანკებიც. „აბსოლუტბანკის“ ფორმირების პროცესი თვე-ნახევარში დამთავრდება. აქ არის ამერიკული კაპიტალი, მონაწილეობს ევრობანკი, რომელმაც თანხმობა განაცხადა, რომ იყოს მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი, აქ არიან საქართველოს ისეთი მსხვილი საწარმოები, როგორიცაა მეტალურგიული ქარხანა „დემოკრატიისა და აღორძინების“ ფონდი და სხვა.

თბილისში დაიწყო ძალიან საინტერესო ცხოვრება. საბინაო მშენებლობაში ინერგება სრულიად ახალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპები. დარწმუნებული ვარ უახლოეს ხანში საბინაო მშენებლობა და საერთოდ მშენებლობა, სრულიად სხვა რელსებზე გადავა.

გაიმართა სახელმწიფო მეთაურის სამუშაო შეხვედრები იმერეთის მხარეში - ქალაქებში, რაიონებში, საწარმოთა კოლექტივებთან, სოციალური ინფრასტრუქტურის მუშაკებთან, მოსახლეობის სხვადასხვა ფენის წარმომადგენლებთან. იყო საუბარი გადაუჭრელ პრობლემებზე, განსაკუთრებით სოციალურ სფეროში. ჭიათურელ და ტყიბულელ მაღაროელებს, ზესტაფონელ მეტალურგებსა და ქუთაისელ მრეწველებს პრაქტიკულად მხოლოდ ერთი მოთხოვნა აქვთ - შევუქმნათ მუშაობისა და საქმიანობის პირობები. უნდა ითქვა რომ ეს პირობები თანდათანობით იქმნება. მხარის საწარმოები პრაქტიკულად უზრუნველყოფილი არიან ელექტროენერგიით, მყარდება წესრიგი, ეკონომიკური და სოციალური პრობლემების დაძლევაში, სულ უფრო ნათლად ვლინდება რწმუნებულის ინსტიტუტის მაღალი ეფექტიანობა. განსაკუთრებით გამახარა რწმუნებულების, გამგებლებისა და მერების სინქრონულმა მუშაობამ, ზოგიერთი რამ, ალბათ, გადასაწყვეტია, მაგალითად ფუნქციათა გამიჯვნის საკითხი, მაგრამ ამ მხრივაც, შეხვედრების დროს, როგორც იტყვიან, ბევრი რამ შევიძინე, წარმოდგენილი მაქვს თუ როგორ უნდა წარიმართოს ეს პროცესი. ამიტომაც დავარქვი რწმუნებულის ინსტიტუტს ექსპერმენტი, სწორედ მან უნდა გვიჩვენოს, თუ როგორ უნდა გაიმიჯნოს ფუნქციები, ერთი მხრივ ცენტრსა და რეგიონებს შორის, მეორეს მხრივ რეგიონებს რეგიონებსა და ქალაქებს შორის, ეს სავსებით რეალური და უახლოესი დროის ამოცანაა.

ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა მოვლილმა და „დავარცხნილმა„ ველ-მინდვრებმა. იმერეთში შენარჩუნებულია ვენახები, რამაც მართლაც გულით გამახარა - შეუძლებელია არ აღელდე, როცა ხედავ, როგორ უფრთხილდებიან ამ კუთხეში ვაზს. ასევე განსაკუთრებით მისასალმებელია, რომ თითქმის ყველა რაიონში 2-3 ჯერ გაიზარდა პირუტყვის სულადობა. ეს ძნელი დასაჯერებელიც კი არის, თავად თუ არ ნახე და ყოველივე ეს სახელმწიფოს ჩაურევლად მოხდა. სხვათა შორის, საზოგადოებრივი სექტორი აღარ წარმოადგენს რაიმე სერიოზულ სირთულეს და ასეც უნდა იყოს. ახლა სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს მოსახლეობას კოოპერირებაში, საკვების შემოტანის ორგანიზაციასა და ყოველივე იმაში, რაც მეცხოველეობის განვითარებასთან არის დაკავშირებული.

შეხვედრებზე გამოიკვეთა პრობლემათა მთელი წრე, მათ შორის, საგადასახადო კანონმდებლობისა და საბანკო საქმიანობის სრულყოფის აუცილებლობა. უნდა ითქვას, რომ პარლამენტში კანონმდებლობას, განსაკუთრებით საგადასახადო კანონმდებლობას, განვიხილავთ მეწარმეებისგან მოწყვეტით, არ ვითვალისწინებთ მათს, ასევე გამგებელებისა და მერების აზრს. ეს შეუწყნარებელია, ამ შეხვდრებმა დაგვარწმუნა, თუ რამდენი პრობლემა რჩება კარს მიღმა, რომლებიც პარლამენტში არც კი დასმულა. ბევრი პრობლემაა მოსაგვარებელი რკინიგზასთან ურთიერთობის თვალსაზრისით. მივმართავ ბატონ რემი ვაშაკიძეს, დაუკავშირდეს, გამგებელებს, საწარმოთა ხელმძღავნელებს და ერთობლივად შეიმუშავონ ამ საკითხებისადმი მიდგომა. რა თქმა უნდა, საჭიროა მინისტრთა კაბინეტმა და შესაბამისმა უწყებებმა უახლოეს დღეებში იმსჯელონ ამ საკითხებზე (მათი ჩამონათვალი ჩამოვიტანეთ და დღესვე გადაიგზავნება დანიშნულებისამებრ) და მიიღონ ის გადაწყვეტილება, რომელიც აუცილებლად შესრულდება.

კვირის ეკონომიკური მოვლენებიდან აღსანიშნავია სახელმწიფოს მეთაურთან გამართული თათბირი მასობრივი პრივატიზაციის პირველი შედეგებისა და უახლოესი პერიოდის ამოცანების შესახებ. პრივატიზაცია ის სფეროა, სადაც საკმაოდ თანმიმდევრულად ხორციელდება ანტიკრიზისული პროგრამის კურსი, რომელიც ჩვენმა პარლამენტმა მოიწონა.

საწარმოთა აქციონირების პროცესს აქტიური ხასიათი შესძინა სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 29 მაისის ბრძანებულებით აქციათა პაკეტების პირდაპირი მიყიდვის წესის დამტკიცებამ. რომ ამბობენ, რისთვის სჭირდება სახელმწიფოს მეთაურს ეს უფლებებიო, სწორედ ამ უფლებამ გახადა შესაძლებელი მკვდარი წერტილიდან დაძრულიყო ეს უზარმაზარი პროცესი, რომელმაც სახე უნდა უცვალოს მთელ ჩვენს ეკონომიკას და საბაზრო ეკონომიკის რელსებზე გადაიყვანოს იგი. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მონაცემებით, 800 სააქციო საზოგადოებიდან 758 დაფუძნებულია აღნიშნული ბრძანებულებით განსაზღვრული შეღავათების მოქმედების პერიოდში - 1994 წლის მაისიდან 1995 წლის აპრილამდე. დადგენილი წესით სულ რეგისტრირებული და გამოშვებულია 700 მილიონ ცალზე მეტი აქცია, რომელთა საერთო ღირებულება მილიარდ ამერიკულ დოლარს აღემატება. პრივატიზაციის სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად აქციების უფასოდ და 20 პროცენტის ფასდაკლებით მიღების უფლებით უკვე ისარგებლა 90 ათასზე მეტმა წარმოების მუშაკმა და მათთან გათანაბრებულმა პირმა. წარმოების მუშაკთა საერთო კრებებზე დამტკიცებული და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროში წარდგენილი სიების შესაბამისად, ამ პირებს უფასოდ გადაეცემათ 2 მილიონ ცალზე მეტი აქცია, რომელთა საერთო ღირებულება 3 მილიონ დოლარს აღემატება. ხოლო 20 პროცენტის ფასდაკლებით გადაეცემა მილიონ ცალამდე აქცია. აი, ეს არის ის პროცესი, რომელზეც ამდენს ვლაპარაკობთ და ვამბობთ, ყოველი მოქალაქე მესაკუთრე უნდა გახდესო.

გარდა ამისა დაფიქსირებულია აქციათა შედარებით მსხვილი პაკეტის მყიდველი 40 ათასზე მეტი ფიზიკური და იურიდიული პირი, რომლებიც 360-ამდე სააქციო საზოგადოებაში დადგენილი წესით და შეღავათიანი პირობებით საფასურის გადახდის შემდეგ საერთო ანგარიშით შეისყიდიან დაახლოებით 50 მილიონ ცალ 75 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების აქციებს. ვინაიდან აღნიშნული 50 მილიონი ცალი აქციიდან დიდი უმრავლესობა ექვემდებარება პირდაპირი წესით შესყიდვას, იგულისხმება, რომ უახლოეს პერიოდში უნდა დაიფაროს დაახლოებით 10 მილიონი დოლარის ეკვივალენტური თანხა რესპუბლიკაში მოქმედი კანონიერი საგადამხდელო საშუალებით, ხოლო 20 მილიონ დოლარზე მეტი უნდა დაიფაროს საპრივატიზაციო ბარათებით - ვაუჩერებით. პირდაპირი წესით აქციათა პაკეტების შესყიდვა გულისხმობს, რომ აქციათა პაკეტის ფასის 30 პროცენტი სწორედ ვაუჩერებით დაიფარება. 1995 წლის პირველ ნოემბრამდე დაიფარება ვაუჩერებით დასაფარი თანხის სულ ცოტა 60 პროცენტი. დაფარვის ეს წესი ქმნის კონკრეტულ მოთხოვნას, ანუ სულ ამ წესით გადასახდელი 700 ათასზე მეტი ვაუჩერიდან ყოველთვიურად აუცილებელ გადახდას ექვემდებარება არანაკლებ 35 ათასი ვაუჩერი.1995 წლის პირველ ნოემბრამდე კი გადახდილი უნდა იყოს სულ ცოტა 420 ათასი ვაუჩერი. ვაუჩერების ძირითადი მასის დასაქონლება გათვალისწინებულია სპეციალიზებული საბარათო აქციონერების მეშვეობით. ერთხელ კიდევ შევახსენებ მოსახლეობას: საბარათო აუქციონებზე გაყიდვას ექვემდებარება თითოეული სააქციო საზოგადოების აქციათა სულ ცოტა 35 პროცენტი. ხშირ შემთხვევებში საბარათო აუქციონებზე გასაყიდად გამოსატანი თავისუფალი აქციების რაოდენობა 40-55 პროცენტსაც სჭარბობს. ამის შედეგად გამოშვებული 700 მილიონი ცალი აქციიდან ვაუჩერების მოქმედების პერიოდში - 1996 წლის პირველ ივლისამდე ვაუჩერებზე გაიყიდება არანაკლებ 250 მილიონ ცალზე მეტი აქცია, რომელთა ფასი 380 მილიონ ამერიკულ დოლარს აღემატება. 1996 წლის პირველ ივლისამდე გათვალისწინებულია გაიმართოს დაახლოებით 50 სპეციალური საბარათო აუქციონი. პირველი საცდელი საბარათო აუქციონი უნდა გაიმართოს 26 ივნისიდან 10 ივლისამდე, რომელზეც 25 სააქციო საზოგადოება გასაყიდად გამოიტანს 3 მილონამდე აქციას მეტ აქციას, მათი ნომინალური ღირებულება 4 მილიონ ამერიკულ დოლარს აღემატება.

ეს საკმაოდ ხელშესახები პერსპექტივა რეალობად რომ იქცეს, აუცილებელია დროულად გადაწყდეს, მასობრივ პრივატიზაციასთან დაკავშირებული ზოგიერთი ორგანიზაციულ-სამართლებრივი საკითხი, ქვეყნის ყველა მოქალაქემ დროულად უნდა მიიღოს თავისი კუთვნილი საპრივატიზაციო ბარათი, აუქციონები ორგანიზებულად და ობიექტურად უნდა მოეწყოს. უნდა შევქმნათ საინვესტიციო ფონდებისთვის ხელსაყრელი გარემო. ჩამოავაყალიბოთ კანონმდებლობა ფასიანი ქაღალდების შესახებ. ასეთი კანონმდებლობა აუცილებელია, როგორც ვიცი პროექტი უკვე მზად არის და ვფიქრობ, პარლამენტმა უნდა დააჩქაროს მისი განხილვა და მიღება. ამ სფეროში კონკრეტული დავალებები და ამოცანები განისაზღვრება სახელმწიფოს მეთაურის ბრძანებულებაში.

საანალიზო კვირაში შიდასავალუტო ბაზარზე ვითარება არ შეცვლილა. თბილისის ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟის ვაჭრობაზე დოლარისგან განსხვავებით რუსულ მანეთზე არასტაბილური მოთხოვნა იყო. მისი კურსი რამდენადმე მერყეობს: ერთი რუსული მანეთი - 250-260 კუპონი, რაც შეეხება დოლართან შეფარდებას, იგი უცვლელი დარჩა: ერთი დოლარი - 1.300.000 კუპონი. კუპონის კურსის სტაბილიზაციაში მიღწეული შედეგები საფუძველს გვაძლევს ეროვნული ფულადი სისტემის განმტკიცების გზაზე კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგათ. ამჟამად მომზადებულია სახელმწიფოს მეთაურის ბრძანებულება, რომელიც ითვალისწინებს რესპუბლიკის ტერიტორიაზე ნაღდი ანგარიშწორების სფეროში კუპონის, როგორც სავალდებულო საშუალების, საბოლოოდ დამკვიდრებას, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება მოახლოებული ფულადი რეფორმის წარმატებით განხორციელებისათის. ამ ღონისძიებების არსი ის არის, რომ იურიდიული და ფიზიკური პირები, რომლებიც საქონლისა და მომსახურების რეალიზაციას აწარმოებენ, ვალდებულნი არიან გამოცხადებული ფასების მიხედვით ნაღდი ანგარიშწორების წესით მოქალაქეებისგან შეუფერხებლად მიიღონ ეროვნული ბანკის კუპონები. ამავე დროს შესაძლებელი იქნება სხვა ვალუტის გამოყენებაც, რათა მოსახლეობას არ შევუქმნათ დამატებითი სიძნელეები, მაგრამ ეს უნდა მოხდეს ნებაყოფლობით, ორივე მხარის - გადამხდელისა და მიმღების თანხმობით. სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის მონაცემებით, 1995 წლის მეორე კვარტლის განვლილ პერიოდში ბიუჯეტში შემოსავალმა შეადგინა 26.5 ტრილიონი კუპონი, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ პროგნოზირებული ორი თვის შემოსავლის 99.2 პროცენტს შეადგენს. ესეც უკვე რაღაცას ნიშნავს და ამასაც დანახვა უნდა, თუ ბრმა არა ხარ. მაისში საგადასახადო შემოსავალმა სულ 16 ტრილიონი კუპონი შეადგინა, რაც ერთი თვის პროგნოზირებულ შემოსავალს 2.5 ტრილიონი კუპონით, ხოლო აპრილის შემოსავალს დაახლოებით - 5 ტრილიონი კუპონით აღემატება. რესპუბლიკის სახელმწიფო საგადასახადო სამსახურისა და ადგილობრივი საგადასახადო ინსპექციების მიერ განხორციელებული შემოწმებებით ირკვევა, რომ ცალკეული საწარმოები და ორგანიზაციები კვლავ არღვევენ კანონმდებლობას, მალავენ შემოსავალს და თავს არიდებენ ბიუჯეტთან ანგარიშწორებას. თბილისის საგადასახადო ორგანოებმა მეორე კვარტლის განვლილ პერიოდში შეამოწმეს 517 ორგანიზაცია, რომლებსაც სხვადასხვა დარღვევისათვის ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად დაერიცხათ 5 ტრილიონი კუპონი. ასეთივე ვითარებაა თელავში, გურჯაანში, ლაგოდეხსა და ზოგიერთ სხვა რაიონში. ამასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, რომ პარლამენტის კანონშემოქმედებითმა ჯგუფმა, შესაბამისმა კომისიებმა, ფინანსთა სამინისტრომ, საგადასახადო ინსპექციამ, იუსტიციის სამინისტრომ, პროკურატურამ უნდა შეიმუშავონ უფრო მკაცრი ღონისძიებანი პარლამენტში შესატანად: ვინც გადასახადს არ იხდის, მას არ აქვს უფლება აწარმოოს პროდუქცია, ან ივაჭროს. ახლა უკვე საჭიროა უფრო სერიოზული სანქციების გამოყენება, ვიდრე ამჟამად მოქმედი კანონები ითვალისწინებს.

გასული კვირის ინფორმაციაში აღინიშნა, რომ გამოცოცხლდა ცალკეული დარგები. ძალიან საიმედოდ ამუშავდა ქუთაისის საავტომობილო ქარხანა, სადაც კონვეირიდან ჩამოვიდა 30 ავტომანქანა. ჯერ ლაპარაკი არ არის ზრდის ტემპზე, მაგრამ ეს 170 პროცენტია იმასთან შედარებით, რაც იყო. ქარხანას, ისევე როგორც სხვა ორგანიზაციებს, დიდი საშუალებები აქვს. მინდა მრეწველობის სამინისტროს ყურადღება მივაქციო განსაკუთრებით იმ საწარმოთა პოტენციალის ამოქმედებას, რომლებიც წინანდელ თავდაცვითი მრწველობის კომპლექსში იყვენ გაერთიანებული - საავიაციო ქარხანა, გაერთიანება „ორბი“ „მიონი“ „ეკრანი“ და სხვა მრავალი. ჯერჯერობით ეს პოტენციალი ისე არ არის გამოყენებული, როგორც საჭირო და შესაძლებელია. ჩემი აზრით, ამის თაობაზე, მინისტრმა სპეციალურ ღონისძიებათა სქემა უნდა წარმოადგინოს მინისტრთა კაბინეტში.

სამეურნეო სტაბილიზაციისა და აღმავლობის ნიშნები ყოველდღიურად შეიმჩნევა მეურნეობის სხვადასხვა სფეროში, ისეთი არცთუ გადამწყვეტ დარგებში, როგორიცაა მებორცვრეობა და სატბორე მეთევზეობა. სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სამინისტროს მონაცემებით გაიზარდა ბოცვრების სულადობა და ტბორების დათევზიანება ისე, რომ ხელისუფლებას ამისთვის განსაკუთრებული ზომები არ მიუღია. ეს ნიშნავს რომ საბაზრო ეკონომიკის პრინციპი უკვე ამოქმედდა. ავიღოდ თბილისის ლუდის მეორე ქარხნის მაგალითი: სოფლის მეურნეობის და კვების მრეწველობის სამინისტროს მონაცემებით, აღნიშნული საწარმოს ხელმძღვანელობამ ყოველგვარი კრედიტის გარეშე 1994 წელს აუქციონის წესით 35 ათას დოლარად შეიძინა ჯერ კიდევ 1982 წელს სალიკვიდაციოდ გათვალისწინებული უმოქმედო ქარხანა. სულ მოკლე დროში შეძლეს ქარხნის ამოქმედება და ახლა იგი მომგებიანი საწარმოა, რომელიც მთელი დატვირთვით მუშაობს და ყოველდღიურად 60 ათას ბოთლ ლუდს უშვებს. დღეისათვის მას ბიუჯეტში უკვე შეტანილი აქვს 24 მილიარდი კუპონი, ადვილი მისახვედრია, თუ რას ნიშნავს ეს სახელმწიფოსათვის და არც იქ მომუშავე ხალხია უკმაყოფილო. ლუდის დამზადებისათვის აუცილებელი ნედლეული და დამხმარე მასალა რუსეთიდან შემოაქვთ რთულ პირობებში, მაგრამ მაინც ახერხებენ მუშაობას. ასეთი მაგალითები, საბედნიეროდ, ძალიან ბევრია.

- გასულ კვირას თქვენ უკვე გააკეთეთ განცხადება არძინბას ახალ ჭირვეულობასთან დაკავშირებით - ვგულისხმობ რეფერენდუმის იდეას. გასულ კვირასვე საქართველოს ეწვია რუსეთის სასაზღვრო ჯარების ხელმძღვანელი ნიკოლაევი. როგორ შეაფასებდით ამ ვიზიტს?

- გენერალი ნიკოლაევის ჩამოსვლა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა და სავსებით კანონზომიერია რომ იგი ხშირად არის კავკასიაში. ისევე როგორც უკვე ნორმად იქცევა თანამეგობრობის ხაზით ღონისძიებათა მთელი ციკლი. მაგალითად, აღსაღნიშნავია უშიშროების სამსახურების ხელმძღვანელთა შეხვედრა თბილისში. ხვალ ჩვენს დედაქალაქში ჩამოვლენ შინაგან საქმეთა მინისტრები, საზღვრების დაცვა, ნარკოტიკებით, იარაღით ვაჭრობის, სხვადასხვა ჯურის ბოევიკებისა და კრიმინალების თარეშის აღკვეთა, ასეთია ამ ღონისძიებათა ძირითადი მიზანი.

გენერალ ნიკოლაევთან ერთად არსებითად განვიხილეთ კონფლიქტების მოგვარების გზებიც. ამავე თემაზე ინტენსიური შეხვედრები მიმდინარეობს მოსკოვშიც. უაღრესად სასარგებლო საუბრები და შეხვედრები გაიმართა გენერალ გრაჩოვთან.

ვლადისლავ არძინბას განცხადებას განსაკუთრებულ კომენტარს არ გავუკეთებ, რადგან ქუთაისში ვილაპარაკე ამაზე და ეს ტელევიზიითაც გადაიცა. ახლა შემიძლია ერთი რამ დავუმატო: ეთნოწმენდის შედეგად გამოდევნილი 300 ათასი ადამიანის დაბრუნება აფხაზეთში მთელი მსოფლიოს მტკიცე ნებაა, ეს ასევე მტკიცე ნება თანამეგობრობის სახელმწიფოებისა და უპირეველსად რუსეთისა. ამას ვერავითარი ძალა, ვერც ბატონი არძინბა ვერც მისი თანამებრძოლები და თუნდაც აფხაზეთის მოასახლეობის გარკვეული ნაწილი წინ ვერ აღუდგებიან. ეს უნდა აღსრულდეს, რაც უფრო გაჭიანურდება იგი, მით უარესი იქნება მათთვისაც და ჩვენთვისაც. ამიტომ სჯობს დროულად გადავწყვიტოთ, როგორც ნორმალურმა

ადამიანებმა. დროის დაკარგვა და გაჭიანურება, უწინარესად, აფხაზ ხელისუფალთა ინტერესებს არ შეესაბამება.

მიმდინარეობს აქტიური დიალოგი ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგების საკითხზეც, როგორც არაერთხელ მითქვამს, დგება გადამწყვეტი ფაზა, ვფიქრობ, შემდგომი შეხვედრების დროს უფრო კონკრეტულად და კონკრეტულ შედეგებზე იქნება შესაძლებელი ლაპარაკი.

- გასულ კვირას გაიმართა საზოგადოება „არჩევნების“ პირველი კონფერენცია მისი ორგანიზატორები კვლავ ახადებენ, რომ „არჩევნები“ - ეს არის უბრალოდ უანგაროდ გაწეული დახმარება, რათა ქვეყნის ახალ პარლამენტში მოხვდნენ ჯანსაღი ძალები, ისინი, ვისაც ამისთვის შესაბამისი სახსრები არ გააჩნია და აქვე მეორე კითხვაც: მოახერხებთ თუ არა წლეულს არჩევნების გამართვას? არსებობს მოსაზრება, რომ არჩევნების გადადება გარკვეულ პოლიტიკურ ძალებს აინტერესებთ...

- მე ასეთი კომენტარი მინდა გავუკეთო ამ თავყრილობას და თან ზოგიერთ იქ ნათქვამს ვუპასუხო: მე მგონი, ორი რამით იყო ღირშესანიშნავი ეს შეკრება - ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის ნაშიმშილარი ლიდერის ბატონ ირაკლი წერეთელის გამოსვლით და ფილარმონიის საკონცერტო დარბაზის ირგვლივ უცხოურ მანქანათა გრანდიოზული დემონსტრირებით. როგორც მითხრეს „კოკა-კოლასა“ და ბისკვიტების უფასოდ დარიგების წინ მაშველთა კორპუსის ერთმა წევრმა გამოაცხადა: შეირგეთ უფასოდ გასმევთ და გაჭმევთ, მაგრამ შევარდნაძესავით არ იკითხოთ საიდანო... ამ შენიშვნას, რა თქმა უნდა, ვითვალისწინებ და უცხოური მანქანების პატრონებს, კრიმინალები არიან ისინი თუ პატიოსანი გზით გამდიდრებულნი (იმდენი მაგათ რა ვუთხარი), არ ვეკითხები - საიდან, დასავლეთიდან თუ აღმოსავლეთიდან. მსმენელი გაიგებს რომელ დასავლეთსა და რომელ აღმოსავლეთზე ვლაპარაკობ. და კიდევ, მთელი საქართველო შეშფოთებულია და შიშს შეუპყრია ახლა ამ მოწოდების გამო, რომლის შინაარსაც დაახლოებით ასე გადმოვცემდი: ხალხო, დაწექით, დიქტატორი, ესე იგი, შევარდნაძე მოდისო. ახლა განმარტებისათვის: იმ უფლებათა გამოყენება, რომლებიც სამოქალაქო ომის დროს გამართული არჩევნებისა და პარლამენტის გადაწყვეტილების შედეგად სახელმწიფოს მეთაურს მიენიჭა, განა დიქტატორობაა? ან რომელი დიქტატორი გამართავდა არჩევნებს ტყვიებისა და ჭურვების ზუზუნში? ასეთ მაგალითს ჩემი პატივცემული ოპონენტები, დარბაზში რომ ასე ხმაურობდნენ, ბევრს ვერ დაასახელებენ. კონსტიტუციის ის პროექტი, რომელიც „დიქტატორმა“ სხვებთან ერთად საარჩევნო კომისიაში შეიტანა და ახლა პარლამენტსა და ხალხს სთავაზობს სახალხო, საჯარო განხილვისა და რეფერენდუმისათვის, განა დიქტატურას ამკვიდრებს? არა, ბატონებო! თქვენ ისევე შორს ხართ დემოკრატიისგან, როგორც მე დიქტატურისგან. ზოგ-ზოგებს დემოკრატია, ჩემო ბატონებო კრიმინალთა სრული თავისუფლების მოსაპოვებლად სჭირდებათ. არ გამოვა, ახლა სხვა დროა, კრიმინალების დრო წავიდა და მადლობა ღმერთს, რომ წავიდა. ახლა სხვა საქართველოა და სხვა სახელმწიფოს ვაშენებთ. ერთხელ უკვე ვთქვი და კვალავაც გავიმეორებ: დაესმება წერტილი პოლიტიკის კრიმინალიზაციას და კრიმინალთა პოლიტიზირებას. მომავალ არჩევნებში პატიოსანი და მოაზროვნე მოქალაქენი, პატიოსანი და მოაზროვნე პოლიტიკოსები გაიმარჯვებენ და არა კრიმინალები. საარჩევნო ოლქებში იარაღით ვერ ითარეშებენ, ხოლო ფულით, რომელიც არცთუ ცოტა გაქვთ ჩემო ბატონებო (თქვენს სინდისზე იყოს რა გზით) ყველა მოქალაქის სინდისს ვერ იყიდით. ასე რომ, არჩევნები გაიმართება და ამ არჩევნებში პატიოსანი და მოაზროვნე ადამიანები გაიმარჯვებენ.

- ამ კვირის ბოლოს თქვენ ოფიციალურ ვიზიტად მიემგზავრებით ისრაელში. ორი ქვეყნის რა საერთო ინტერესებზე შეიძლება ლაპარაკი დღეს, ამ ეტაპზე?

- ისრაელში ვიზიტს, რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობას ვანიჭებთ საქართველოში. ებრაელების და ქართველების ურთიერთობა განსაკუთრებული ფენომენია. თუნდაც ის რად ღირს, რომ ქართულ მიწაზე - თბილისში, ქუათაისში, სამტრედიაში, სოხუმში, ონში სხვა ქალაქებსა და სოფლებში ქართველები და ებრაელები 26 საუკუნეზე მეტია ერთად ცხოვრობენ. ბევრი ჩვენი თანამემამულე ახლა ისრაელის მოქალაქეა და როგორც ვიცი, კარგადაც გრძნობენ თავს. ჩვენ გვინდა, რომ საქართველომ არ დაკარგოს ისინი (ეს ქუთაისშიც ვთქვი) და არც მათ დაკარგონ საქართველო. ამ კავშირურთიერთობის დამყარება ძალზე მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, მთავარი მიზანი მაინც სახელმწიფოთა შორის ურთიერთობის სამართლებრივი ბაზის შექმნაა. საამისოდ ყველაფერი მომზადებულია. დიდი ინტერესით ველი შეხვედრებს ქვეყნის პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, რომლებთანაც საკმაო ხნის ურთიერთობა და ნაცნობობა მაკავშირებს და კიდევ: ჩემი ძალიან დიდი ხნის ოცნება გახლავთ ფეხი დავდგა იმ მიწაზე, სადაც დიდი შოთა რუსთაველი განისვენებს და მუხლი მოვიყარო პალესტინის წმინდა მიწაზე, ჩვენი დიდი წინაპრების დიდ სალოცავთან.

- გასულ კვირას თვქენ თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელთა და ხელმძღვანელთა ერთ ჯგუფს შეხვდით მთავრობის, პარლამენტისა და თქვენი აპარატის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად. შესძლებს თუ არა დღეს ქვეყანა რეალური დახმარება გაუწიოს გუნდს, რომლის სახელთან, შეიძლება ითქვას, ყოველი ქართველისთვის მართლაც საოცარი და დაუვიწყარი წუთებია დაკავშირებული და რომელსაც დღეს უკიდურესად უჭირს. დავით ყიფიანმა ასეთი რამ განაცხადა: კარგია როცა ქართველი ფეხბურთელები სხვა გუნდებში თამაშობენ, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, შემდეგ როცა გამოჩნდება მატერიალური შესაძლებლობანი და ფულადი სახსრები, გუნდი და ქვეყანა დაკარგულ პოტენციას ვეღარ აღიდგენენო. თქვენ თქვით რომ „დინამოს“ ასე უჭირდა ერთი წლის, ორი წლის წინათაც, მაგრამ ამაზე საუბარი დღეს გახდა შესაძლებელიო...

- ფეხბურთი ჩვენი საერთო კულტურის შემადგენელი ნაწილია. საქართველოში ფეხბურთი აღორძინდება. ამის საშუალებას დღევანდელი სტაბილიზაციის ფაზაში შესული ქვეყანა იძლევა, ხელისუფლება სპორტის სხვა სახეობებზეც ფიქრობს. მოვა დრო და ყველაფერს მივხედავთ.

„არჩევნები გაიმართება და მასში პატიოსანი, მოაზროვნე ადამიანები გაიმარჯვებენ” შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა]ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 13 ივნისი. - 65(1081). - 1,2 გვ.

48 „ყველამ ერთად ვეძებოთ ის გზები, რომლებმაც უნდა იხსნას ჩვენი მეცნიერული პოტენციალი“

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წლიური საერთო კრება

აკადემიის კრებაზე სიტყვით გამოვიდა სახელმწიფოს მეთაური ედუარდ შევარდნაძე:

16-17 ივნისს გაიმართა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წლიური საერთო კრება, რომელმაც აკადემიის 1994 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინა.

[...]

სახელმწიფოს მეთაურმა კმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ შესაძლებლობა მიეცა მონაწილეობა მიეღო აკადემიის წლიური კრების მუშაობაში. მან ილაპარაკა მეცნიერების სახელმწიფოებრივი უზრუნველყოფის შესახებ. აღნიშნა, რომ თუმცა ასეთი ბრძანებულება არსებობს მაგრამ, ჯერ კიდევ არ ნიშნავს მეცნიერების სახელმწიფოებრივ უზრუნველყოფას, რადგან ჩვენ ამჟამად სახელმწიფოს მშენებლობის დასაწყის ეტაპზე ვართ, - თქვა სახელმწიფოს მეთაურმა, - უნდა შევეგუოთ იმ აზრს, რომ გარკვეული დრო დაგვჭირდება, ისეთი სახელმწიფოს ასაშენებლად, რომელსაც შეუძლია უზრუნველყოს ქვეყნის მეცნიერების, ადამიანის ცხოვრების, ყველა სფეროს ნორმალური განვითარება.

საქართველომ ორი სამოქალაქო ომი გადაიტანა, მათ არა მარტო ადამიანების მსხვერპლი, დასახიჩრება, ოჯახების განადგურება, სახლ-კარის გადაწვა მოჰყვა, არამედ ამ ომებმა მოითხოვეს უზარმაზარი მატერიალური და ფინანსური რესურსები. მაგრამ იმის გათვალისწინებით, თუ რა პროცესებთან გვაქვს საქმე ჩვენს გარემომცველ სამყაროში, მე მაინც დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ ქვეყნისა და სახელმწიფოს მშენებლობა დაიწყო. ჩემი დღევანდელი გამოსვლის დასაწყისი სერიოზულად განსხვავდება იმისგან, რაც მე სამი წლის წინათ განვაცხადე, ამ ტრიბუნიდან. მაშინ არჩევნების დასაწყის ეტაპზე ვიყავით. მაშინ წარმოდგენილი პროგრამა შემდეგ ვერ განვითარდა, რადგანაც იმის დაგეგმვა და გათავლისწინება, რაც მოხდა, შეუძლებელი იყო, მაგრამ დღეს მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ქვეყანაში დაიწყო ის რეფორმები, რომელიც აუცილებელია უკეთესი მომავლისათის, აუცილებელია ხვალინდელი საქართველოსათვის. თუმცა ეს გადასვლა ძალიან მძიმეა, სხვა გამოსავალი და სხვა გზა არ არსებობს.

ამ დილით მქონდა შეხვედრა საკმაოდ ავტორიტეტულ დელეგაციასთან - ევროპის უშიშროების და თანამშრომლობის ორგანიზაციის წარმომადგენლებთან. მე მათ ვუთხარი, რომ ძალიან სერიოზული საფრთხე არსებობს და რეფორმებზე გადასვლის პირველ ეტაპთან დაკავშირებით - მოსალოდნელი იყო სოციალური აფეთქება და გარკვეული ძალები აქეთკენ მოუწოდებდნენ კიდეც მოსახლეობას. საბედნიეროდ და ჩვენი ხალხის ღირსების დასადასტურებლად, უნდა ითქვას, რომ საქართველოს მოქალაქენი უფრო წინდახედული, უფრო ბრძენი აღმოჩნდნენ, ვიდრე ზოგიერთი ჩვენი პოლიტიკოსები, უფრო სწორად პოლიტიკანი, რომელიც კვლავ ცდილობს, რომ ქუჩაში გაიყვანოს ხალხი და ხელი შეუშალოს ქვეყნის აღორძინების პროცესს, ქვეყნის აღმავლობას.

რა გაკეთდა ამ ხნის მანძილზე? 1994 წლის დასაწყისში, ჩვენ მოგვეცა საშუალება სერიოზულად დაგვეწყო რეფორმების განხორციელების ეტაპი - სწორედ მაშინ გამოქვეყნდა ანტიკრიზისული პროგრამა. ამ ეტაპს მოჰყვა იმ ამოცანების დაკონკრეტება, რომლებიც ანტიკრიზისულ პროგრამაში იყო ჩადებული: ეს გახლავთ განსახელმწიფოებრიობის საკმაოდ რთული პროცესის დაწყება. ეს გახლავთ გასული წლის სექტემბრის თვეში გამოქვეყნებული ცნობილი ბრძანებულება რეფორმებთან დაკავშირებით. რა შედეგები მოგვიტანა და როგორი მოკავშირეები შეგვძინა ამ პროცესის დაწყებამ? ჩვენი მოკავშირეები გახდნენ მსოფლიო ბანკი, მსოფლიო სავალუტო ფონდი. რეფორმების დაწყებას მოჰყვა ის, რომ ჩვენთან აქტიურად თანამშრომლობს და პარტნიორობს ისეთი მძლავრი საბანკო წარმონაქმნი, როგორიც არის ევროპის ბანკი, რომელიც უკვე იხილავს კონკრეტულ პროექტებს, მათ შორის საქართველოს ენერგეტიკული კრიზისის დაძლევის. ცალკეულ ასპექტებს, ისეთს, როგორიც არის, ვთქვათ, თბილსრესის აღდგენა, ენგურჰესის ცალკეული გადამცემი ხაზების წესრიგში მოყვანა და სხვა მრავალი. ჩვენ სერიოზული თანამშრომლობა დავიწყედ რუსეთთან, უკრაინასთან, თანამეგობრობის სხვა ქვეყნებთან, ჩვენ მეზობელ თურქეთთან. შედეგი ის გახლავთ, რომ საქართველოში უკვე გამოჩნდნენ სერიოზულ ინვესტორთა ჯგუფები, მათ შორის ის ხალხიც, ვისაც საქართველო აინტერესებს, როგორც სერიოზული სატრანზიტო ქვეყანა (მარტო გაზსადენები და ნავთობსადენები არ მაქვს მხევდელობაში) რომელიც დააკავშირებს ევროპისა და აზიის სხვადასხვა სახელმწიფოს ერთმანეთთან. ჩვენ შავი ზღვისპირა ქვეყანა ვართ და ეს მართლაც უნიკალურ შესაძლებლობებს ქმნის.

სახელმწიფოებრივი მშენებლობა რომ ინტენსიურ ფაზაში შევიდა, ამაზე ისიც მიუთითებს, რომ ჩვენ, ასე თუ ისე, მაინც შევძელით რეგულარული ჯარის შექმნა. ამას წინათ გამართული აღლუმი არ იყო მხოლოდ რეკლამა, ქართული ჯარი მართლაც პირველი ნამდვილი პირმშოა ჩვენი ხალხისა.

სახელმწიფოებრიობის მშენებლობისა და აღმშენებლობის პირველი ნიშანი ისიც გახლავთ, რომ ახლა უკვე გვყავს ის პოლიცია, რომელსაც შეუძლია მოსახლეობას მისცეს უსაფრთხოების გარანტია. შეიქმნა უშიშროების სამსახური და სხვა სტრუქტურები, რომელთა გარეშეც სახელმწიფო სახელმწიფოს არ წარმოადგენს, და ეს მოხდა სულ რაღაც წელიწად-ნახევარში. რა თქმა უნდა, თქვენი მხარდაჭერით, მოსახლეობის მხარდაჭერით, საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერით.

შემიძლია კიდევ ბევრი რამ ჩამოვთვალო ისეთი, რაც დამახასიათებელია, ასე ვთქვათ, ღრმა გარდაქმნების პროცესისათის, მაგალითად ისეთი, როგორიც არის უაღრესად ფართო მასშტაბების აქციონირების პროცესისათვის, მაგალითად ისეთი, როგორიც არის უაღრესად ფართო მასშტაბების აქციონირების პროცესი. შვიდი მილიონი აქციაა გაცემული. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქენი, ვინც ეს აქციები შეიძინა, დაახლეობით ერთი მილიარდი ამერიკული დოლარის ქონების მფლობებელი არიან. ეს უკვე რეალობაა, ეს გათვლილია, ეს გამოანგარიშებულია. ეხლა მიმდინარეობს ვაუჩერიზაცია. ზოგი პესიმისტურად უყურებს ამ ამბავს, მე მიმაჩნია, რომ ეს ძალიან სერიოზული მოვლენაა - საქართველოს ყველა მოქალაქემ უნდა მიიღოს ის თავისი წილი, რომლის გაცემაც დღეს სახელმწიფოს შეუძლია. რაც უფრო მეტი დრო გავა, მით უფრო მეტი ფასი დაედება ვაუჩერებს. 26-27 ივნისს გაიმართება აუქციონი, სადაც 4 მილიონი დოლარის ვაუჩერები იქნება დასაქონლებული. სულ ვაუჩერებზე გაიყიდება 380 მილიონი დოლარი ღირებულების აქციები. არის თუ არა ეს ის გარდატეხა, ის ცვლილებები საზოგადოების ცხოვრებაში, რომელიც თვისობრიობაში ახალ დონეზე აგვიყვანოს და რომელსაც სხვა სახელმწიფო ჰქვია - არა კომუნისტური, არა სოციალისტური, არამედ თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე აშენებული სახელმწიფო. ეს ცვლილებები რეალურია.

სახელმწიფოს მეთაურმა თავის გამოსვლაში დიდი ადგილი დაუთმო ბიუჯეტის და, საერთოდ, საფინანსო პოლიტიკის საკითხებს.

დღეს ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ ეროვნულ ქართულ ვალუტაზე,- აღნისნა ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ - თუ ჩვენ თვითონ ხელოვნურად არ დავუშვებთ ინფლაციურ პროცესებს, მას თავისი წონა და ფასი ექნება. ვფიქრობ, წლეულს ფულის რეფორმის ეტაპიც უნდა გავიაროთ.

ამავე დროს არის სხვა ისეთი იმედის მომცემი მოვლენებიც, როგორიცაა ჩვენი მჭიდრო კავშირი თანამეგობრობის ქვეყნებთან ან ევროგაერთიანებასთან. ამ დღეებში უკვე გამოქვეყნდა ცნობა იმის შესახებ, რომ იწყება მოლაპარაკება ევროკავშირთან პარტნიორობაზე. ეს, უდავოდ, ბევრ სიკეთეს მოიტანს, თუკი ჩვენს შესაძლებლბებს ნორმალურად გამოვიყენებთ.

ჩვენ კარგი პერსპექტივები გვაქვს, შავი ზღვისპირა ქვეყნების ეკონომიკურ ალიანსში თანმშრომლობის თვალსაზრისით. მიმაჩნია, რომ ამაზე სერიოზულად უნდა იფიქრონ მეცნიერებათა აკადემიის შესაბამისმა ინსტიტუტებმა, განყოფილებებმა.

წელს მეორედ მოეწყობა შავი ზღვისპირა ქვეყნების ეკონომიკური ალიანსის სახელმწიფოების ხელმძღვანელთა უმაღლესი დონის შეხვედრა. პირველი შეხვედრა იმით აღინიშნა, რომ საქართველომ თქვა თავის სათქმელი მისთვის დამახასიათებელი სპეციფიკიდან, ინტერესებიდან, ისტორიიდან და ტრადიციებიდან გამომდინარე, კერძოდ, აღნიშნა ჩვენი შეხედულებანი, თუ როგორ უნდა იყოს ეს გაერთიანება. უკვე ორი წელიწადი გავიდა და მე ვერ დაგისახელებთ ვერც ერთ ინსტიტუტს, ვერც ერთ, მეცნიერ თანამშრომელს, რომლებიც საფუძვლიანად, არსებითად სწავლობდნენ, რა არის ეს წარმონაქმნი? და რა სარგებელი შეიძლება მიიღოს მისგან საქართველომ, რა წვლილი შეიძლება შეიტანოს ამ თანამეგობრობის ფორმირებაში, განსაკუთრებით მისი ეკონომიკური ასპექტების შესწავლასა და გადაჭრაში. ეს საკითხები რეალურად დგას დღის წესრიგში. ამავე დროს ლაპარაკია მეცნიერების პოტენციალის გამოყენებაზე. თუ ჩვენ ნორმალურად ჩავეწერებით პროცესებში, რომლებიც უნდა განვითარდეს თანამეგობრობაში, თუ ჩვენ ნორმალურად ჩავეწერებით ევროკავშირში, რომელთანაც ვიწყებთ მოლაპარაკებას პარტნიორობის შესახებ - ეს დიდი პოტენციალია, რომელიც რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ჩვენი მეცნიერების განვითარებას. ჩვენ საჭირო უნდა გავხდეთ ევროპისთვის ისევე, როგორც თანამეგობრობისათვის და სხვა წარმონაქმნებისთვის. ამიტომაც, მე ვიღებ რა შენიშვნებს, ვიღებ რა კრიტიკას, მინდა ასევე შემხვედრი საკითხებიც დავაყენო და ზოგიერთი პრეტენზიაც წამოვაყენო. თუ ჩვენ სწორი წარმოდგენა გვაქვს ინტელიგენციაზე, კერძოდ, მეცნიერებაზე, მაშინ უნდა შევეცადოთ ყველამ ერთად ვეძებოდ ის გზები, რომლებმაც უნდა იხსნას ჩვენი მეცნიერული პოტენციალი. დღეს ჩვენ ყველამ ცოტა მეტად უნდა შევიწუხოდ თავი იმისათვის, რომ არსებულმა პოტენციალმა იპოვოს თავისი გამოსავალი.

ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ შესაბამისი სამინისტროები და დეპარტამენტები სისხლხორცეულად უნდა დაინტერესდნენ პერსპექტიული პრობლემების დამუშავებითა და გადაწყვეტით. ყველა ჩვენგანმა უნდა ვიპოვოთ საკუთარი ადგილი, ყველამ გავაკეთოდ ის, რაც შეგვიძლია, თქვა სახელმწიფოს მეთაურმა, უპირეველესად, თავისი ადგილი უნდა იპოვოს მეცნიერებათა აკადემიამაც. თუ სახელმწიფოს მეთაური, პრემიერ მინისტრი ვერ ასრულებენ თავიანთ მისიას, მაშინ მეცნიერებათა აკადემიაში წითელი შუქი უნდა ინთებოდეს. სხვანაირად ახლა არ გამოვა, კრიზისში მყოფ ქვეყანას ახლა ასეთი მიდგომა სჭირდება. ის, რაც ქვეყნისთვის აუცილებელია, დროულად უნდა ჩადგეს მის სამსახურში ეკონომიკის სამსახურში და საბოლოო ანგარიშით მეცნიერების სამსახურში, ჩვენი უმთავრესი მიზანი არის ის, რომ არ დაიკარგოს სამეცნიერო პოტენციალი საქართველოში.

ბატონ ედუარდ შევარდნაძემ გაიხსენა ქობულეთში გამართული მეცნიერებათა აკადემიის გამსვლელი სხდომა. აღნიშნა, რომ აჭარაში არის საკმაოდ ძლიერი პოტენციალი, რომელიც შეავსებს საერთო შესაძლებლობებს, ამ სფეროში. როგორც დღეს შევიტყვეთ, თქვა სახელმწიფოს მეთაურმა მძლავრი წარმონაქმნების შექმნა გაანგარიშებულია ასევე კახეთში, ქუთაისში. ვოცნებობ რომ ასეთი ცენტრი შეიქმნას ახალციხეში. ამა თუ იმ რეგიონის განვითარებაზე ზოგად ლაპარაკს სჯობია ის, რასაც თქვენ აკეთებთ კონკრეტულად, რეალურად და ამ თვალსაზრისით თქვენ მართლაც დიდ საქმეს აკეთებთ.

სახელმწიფოს მეთაურმა თავის გამოსვლაში, ყურადღება მიაპყრო კადრების მომზადების საკითხს და აღნიშნა, რომ ამ სფეროში აუციელებელია ზომიერების დაცვა, საჭიროა სპეციალისტების დასაქმება და გეგმაზმიერი გამოყენება, მათი ფინანსური უზრუნველყოფა. ამასთან უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ახალგაზრდობას განვუმტკიცოდ შრომის სიყვარული. მჯერა, თქვა მან, რომ რეფორმა, რომელიც ახლა იწყება განათლების სფეროში, შედეგებს მოგვიტანს.

ბატონი ედუარდ შევარდნაძე შეეხო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თბილისის მერიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების მნიშვნელობას და გამოთქვა რწმენა, რომ უმაღლესი სასწავლებლისა და ქალაქის ასეთი ურთიერთობა უაღრესად სასარგებლო იქნება.

საქართველოს სამხარეო მოწყობაზე მსჯელობისას, სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს უნდა ჰყავდეს ძლიერი პარლამენტი და ძლიერი პრეზიდენტი, რომლის წარმომადგენელი რეგიონებში იქნება რწმუნებული, იყოს თუ არა მხარეები, ჩავთვალოთ თუ არა ფედერაციის სუბიექტებად, ეს სერიოზული საკითხია და ამასთან დაკავშირებით დისკუსიაა საჭირო. მე არ ვარ იმის წინააღმდეგი, რომ კომპრომისული ვარიანტები მოიძებნოს. შეიძლება ამ ახალ კონსტიტუციაში ყველაფერი არ გადავწყვიტოთ, ვთქვათ შესაძლებელია, ახლა ვაღიაროთ სამხარეო მოწყობის პრინციპი, და შემდეგ განვსაზღვროდ როგორი იქნება ეს ჩამონათვალი და სხვ. ვიკამათოდ, ვიმსჯელოთ და, თუ ჩავთვლით, რომ ეს დამღუპველია საქართველოსთვის, უარი ვთქვათ, შეიძლება არჩევნები მოვაწყოთ ისე, რომ ეს არ იყოს სამხარეო დაყოფასთან დაკავშირებული. მე მომხრე ვარ ორპალატიანი პარლამენტისა, რომელშიც იქნებიან ადგილობრივი, რაიონების თუ ქალაქების, პარტიების წარმომადგენლები. განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ.

დასასრულ სახელმწიფოს მეთაურმა წარმატებები უსურვა მეცნიერებს სასარგებლო საქმიანობაში.

[...]

თამაზ ებანოიძე
ჩვენი სპეც კორ.

„ყველამ ერთად ვეძებოთ ის გზები, რომლებმაც უნდა იხსნას ჩვენი მეცნიერული პოტენციალი“ : საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წლიური საერთო კრება // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 20 ივნისი. - 68(1084). - 1,2 გვ.

49 „მთელი საქართველო უნდა დაირაზმოს სამართლიანი, ობიექტური არჩევნებისათვის“

▲ზევით დაბრუნება


ედუარდ შევარდნაძის 26 ივნისის რადიოინტერვიუ

ჟურნალისტი ნატო ონიანის პირველი კითხვა სახელმწიფოს მეთაურისადმი გასულ კვირას თბილისში მომხდარ ტერორისტულ აქტს შეეხო და ეს გასაგებიცაა - ბატონ სოლიკო ხაბეიშვილის მკვლელობამ სულით ხორცამდე შეძრა მთელი საზოგადოება.

- ტრადიციულად რადიოინტერვიუს ეკონომიკური მიმოხილვით ვიწყებთ, მაგრამ რა ეკონომიკაზე შეიძლება ლაპარაკი, თუკი ქვეყანაში სტაბილურობა არ დამყარდა და წესრიგი არ აღდგა. ამაზე თქვენ არაერთხელ გილაპარაკიათ. ყველაზე დასანანი კი ის არის, რომ როცა სახელმწიფოს მეთაური ისრაელში ვიზიტის დროს ყველას უმტკიცებს, ქვეყანაში წესრიგი აღდგა და ინვესტიციების დაბანდება შეიძლებაო, ამ დროს საკუთარი მოქალაქეები მორიგ ტერორისტულ აქტს სჩადიან. სოლიკო ხაბეიშვილი ჯერ სიცოცხლეში აწამეს, მერე წამებით მოკლეს, ამ საზარელი მკვლელობის მიუხედავად, როგორც თქვენდამი მოწერილ ბარათში გწერთ, ფედერიკო მაიორი, ფორუმი მაინც გაიმართება, ფორუმი რომელიც შეუწყნარებლობის წინააღმდეგ არის მიმართული და რომლის ორგანიზატორიც გახლდათ ბატონი სოლიკო - სწორედ შეუწყნარებლობის მსხვერპლი...

- სოლიკო ხაბეიშვილის სიკვდილი დიდი დანაკლისია ქვეყნისთვის, პირადად ჩემთვის, გამოსათხოვარ სიტყვაში ვთქვი, რომ მკვლელებმა იცოდნენ, ვისაც ესროლეს, ეს ხომ პირველი არ არის. ტერორისტი მუხანათია, თავისი ბუნებით მშიშარაა. მშიშარა კაცი კი სასტიკი და დაუნდობელია. ისტორიაში ამის მაგალითები ბევრია. მოვლენებს რომელიც საქართველოში ხდება ტერორიზმთან და დივერსიებთან დაკავშირებით, არ შევეცდები გამართლება მოვუძებნო, თუნდაც იმით, რომ ასეთივე აქტები სხვა ქვეყანაშიც ხდება. გახსოვთ როგორ შეიძრა ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური და უზრუნველყოფილი ქვეყანა - იაპონია, როგორ შეზანზარდა ამერიკის შეერთებული შტატები, იმ დიდი ტრაგედიებთან დაკავშირებით, რომელთაც ათობით და ათასობით ადამიანი შეიწირა, აღარაფერს ვამბობ ბუდიონოვსკისა და სხვა ფაქტებზე. სამწუხაროდ, მსოფლიო მოცულია სასტიკი მოვლენებით. მაგრამ ეს არავითარ შეღავათს არ გვაძლევს და მას არავითარი გამართლება არა აქვს.

რაც შეეხება ფორუმს - „კულტურათა დიალოგი სოლიდარობისათვის, აგრესიულობისა და შეურიგებლობის დასაძლევად“ - იგი მაინც გაიმართება, ასეთია ჩემი დიდი მეგობრის ფედერიკო მაიორის ნება და იმ ადამიანთა სურვილიც, რომლებმაც თბილისის ფორუმში მონაწილეობის თანხმობა განაცხადეს. გავიმეორებ გუშინდელ ჩემს ნათქვამს: იქნებ თბილისში დამკვიდრდეს კულტურათა დიალოგის ტრადიცია, იქნებ თბილისში მივიღოთ სიძულვილის, ბოროტებისა და ძალადობის წინააღმდეგ კულტურათა კოდექსის მსგავსი რამ, იქნებ მომავალში სწორედ თბილისში აღიმართოს ძეგლი შემწყნარებლობის, ტოლერანტობის, ადამიანთა შორის თანამშრომლობისა და პატივისცემის დასამკვიდრებლად, მადლობელი ვარ ქალაქის მერის ბატონ ნიკო ლეკიშვილისა, რომელმაც უარი არ მითხრა თხოვნაზე და იკისრა ფორუმის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელობა. იგი ხომ ამ ბოლო დროს მრავალი წამოწყებისა და ინიციატივის ავტორია. იმედი მაქვს, ფორუმის იდეა გაიმარჯვებს და ეს იქნება სოლიკო ხაბეიშვილის ხსოვნის, პატივისცემის ყველაზე უკეთესი გამოხატულება.

- გასულ კვირას გაიმართა საქართველოს დელეგაციის ვიზიტი ისრაელის სახელმწიფოში. გაფორმდა ხელშეკრულებები, ხელი მოეწერა მემორანდუმს. ამ ვიზიტს თქვენ ისტორიული უწოდეთ და აღნიშნეთ - ეგებ კონფლიქტების გასაღები ამ ქვეყანაში დევსო. მოინახულეთ წმინდა მიწა - ჯვრის მონასტერი, შეხვდით პოლიტიკურ მოღვაწეებს და ჩვენს თანამემამულეებს, რამდენად შედეგიანი იყო ვიზიტი ჩვენთვის?

- ამ ვიზიტზე უკვე ბევრი საუბარი იყო, მაგრამ რამდენიმე სიტყვით მაინც გამოვკვეთ ძირითად დებულებებს.

ისრაელში ვიზიტი მართლაც გამორჩეული გახლდათ. ამ ქვეყნის ხელმძღანელობასთან საუბრები გამოირჩეოდა განსაკუთრებული სიღრმით, ცხოვრებისეული სიბრძნით და პერსპექტივის ხედვით მე დიალოგი მქონდა ძალიან ჭკვიან და ბრძენ ხალხთან, ეს ეხება მმართველებსაც და ოპოზიციის წარმომადგენლებსაც. ბედნიერი ვარ, რომ ვემთხვიე წმინდა მიწას. დიდი წინაპართა სასუფეველს. მოვა დრო, როცა ყველა ქართველს ექნება საშუალება, მოიხადოს ვალი გარდასულ დროთა წინაშე, განსაკუთრებული სიხარული მოგავანიჭა ქართველ ებრაელობასთან შეხვედრამ. არ ვიცი რა დავარქვა ამას, - ერთმანეთს მონატრებული ნათესავების, მეგობრებისა და თანამოძმეთა შეხვედრა, თუ სხვა რამ. ასე მხოლოდ დიდი ხნით დაცილებული ოჯახის წევრები ხვდებიან ერთმანეთს. ალბათ, ტელეკამერამ ყველაფერი ვერ გადაიღო... მე, რომ იტყვიან, განცდებისაგან სული მეხუთებოდა. შევეცადე, გადამეცა მათთვის აქაური ებრაელობის, საქართველოს ყველა მოქალაქის დანაბარები.

ეკონომიკური თვალსაზრისით, ხელმოწერილი დოკუმენტები მართლაც გრანდიოზულ შესაძლებლობებს ქმნის. ქართველ ებრაელობას სურს და შეუძლია შესასრულოს ხიდის როლი საქართველოსა და ისრაელს, საერთოდ საქართველოსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს შორის. მათ უდიდესი კავშირურთიერთობა აქვთ, მათ შორის, არაბულ და ისლამურ სახელმწიფოებთან, ევროპასთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ასეთი გეგმები დაისახა. ბევრი რამ არის საყურადღებო ისრაელის ხელმძღვანელობის დიალოგში არაბთან სამყაროსთან, პალესტინელებთან, იორდანელებთან, სირიასთან, ლიბანთან და რა თქმა უნდა ეგვიპტესთან - ამ უდიდეს ქვეყანასთან, სხვა სახელმწიფოებთან. ამ ქვეყნებში, განსაკუთრებით ლიდერთა შორის, მე ბევრი ძველი მეგობარი და ნაცნობი მყავს, მივესალმები დაწყებულ სამშვიდობო პროცესებს და როგორც იქ ვთქვი, მშვიდობა ახლო აღმოსავლეთში ჩვენს პლანეტაზე სტაბილურობის გასაღებად შეიძლება იქცეს. სასიხარულოა, რომ ამ ურთულესი საკითხების მოგვარებაში აქტიურად მონაწილებოს მრავალი ქვეყანა, მაგრამ განსაკუთრებულ მნისვნელობას ვანიჭებ ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის დიპლომატიის კონსტრუქციულ თანამშრომლობას, რადგანაც წარსულის კონფრონტაციამ უმძიმესი შედეგები მოუტანა ამ რეგიონს.

ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობებს და ჩვენი უწყებები, ბიზნესმენები, რეგიონები, მათი ხელმძღვანელები რამდენად სერიოზულად იზრუნებენ ისრაელში გაფორმებულ ხელშეკრულებათა რეალიზაციისათვის.

- გასული ორი კვირა არჩევნების თვალსაზრისითაც ძალიან საინტერესო და სიმპტომური იყო. აქტიურად მიმდინარეობდა საკონსტიტუციო კომისიის სხდომები. გუშინ მოქალაქეთა კავშირის თბილისის ორგანიზაციის ფორუმი გაიმართა, რომელზეც თქვენ შეეხეთ ბოლშევიკური ფუნდამეტალიზმის საფრთხეს (ამის შესახებ ისრაელშიც ილაპარაკეთ) და აღნიშნეთ, არჩევნებში იარაღიანმა კაცმა არ უნდა გაიმარჯვოსო. ან კიდევ: რა გარანტია გავქვს, რომ ისეთ გაჭირვებულ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ფულიანი ხალხი არ იყიდის ხმებს, როგორც ეს ერთხელ უკვე მოხდა...

- საკონსტიტუციო პროცესი გადამწყვეტ ფაზაში შედის. ერთხელ უკვე განვაცხადე, რომ თუკი ყველა კონსტრუქციული ძალა კონსტრუქციულად ითანამშრომლებს, და ამის პირველი სიმპტომები უკვე გამოჩნდა საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე, კონსტიტუციას მივიღებთ, მივიღებთ საარჩევნო კანონსაც და არჩევნებსაც გავმართავთ (მხედველობაში მაქვს პარლამენტისა და პრეზიდენტის არჩევნები) და კიდევ ბევრ რამეს მოვასწრებთ.

არჩევნებში გამარჯვების შანსი ყველა პარტიას აქვს, უფრო სწორედ უნდა ჰქონდეს. რა თქმა უნდა, ვისაც ხალხი ენდობა და მისცემს ხმას. მე მხოლოდ ერთადერთი პოლიტიკური ძალის მიმართ გამოთქვი ჩემი უკიდურესად ნეგატიური დამოკიდებულება, ეს არ ეხება საერთოდ კომუნისტებს ან სოციალისტებს. მე მაგალითად, მივესალმები იმას, რომ ვახტანგ რჩეულიშვილმა სოციალისტური პარტიის შექმნა წამოიწყო. სოციალისტურ იდეაში დასაგმობი და უგულებელსაყოფი არაფერი არ არის. ბევრი ქვეყანა რომელიც ამ იდეას მისდევს და რომელმაც იგი არ უგულებელყო, აყვავდა. ჩვენ სხვა სისტემა დავგმეთ...

იმ კომუნისტებთან, რომლებიც პარლამენტში არიან წარმოდგენილი, ჩვენ შესანიშნავად ვთანამშრომლობთ. ისინი ღირსეული ხალხია. მხედველობაში მყავს ბატონები ბერიანიძე, ბრეგაძე, მათთან ერთად წიკლაური და სხვები. საფრთხე, როგორც მე მას ვუწოდებ, ბოლშევიკურ ფუნდამენტალიზმშია, რომლის მიმდევარნიც პანტელეიმონ გიორგაძის მომხრეები არიან. ამ მოძრაობას გენერალი გიორგაძე ლიდერობს. ადამიანი, ალბათ მთლად დალაგებული არ უნდა იყოს, საბჭოთა კავშირის აღდგენის, ესე იგი საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ბრძოლის დროშით რომ გამოდიოდეს. მე არავის არ ვაყენებ შეურაცხყოფას და არც ისეთ ეპითეტებს ვიკადრებ, როგორსაც იყენებს იგი სახელმწიფოს მეთაურის მიმართ, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა: ეს ანომალიაა. ერთი შეხედვით ეს პრორუსულ პოზიციად სჩანს, მაგრამ სინამდვილეში წმინდა წყლის ანტირუსული პოლიტიკაა, რადგან ქვეყანაში ამკვიდრებს ანტირუსულ განწყობილებებს. მე მივმართავ ბატონ პანტელეიმონს: ჩვენ, ქართველ ხალხს, საქართველოს მოქალაქეთა დიდ უმრავლესობას გვინდა ახალ რუსეთთან მეგობრობა და მეზობლობა, თუ გნებავთ, ძმობა, ამ სიტყვების საუკეთესო გაგებით, თქვენ კი ამის საწინააღმდეგო პოლიტიკას ადგახართ. მაგრამ კმარა! მივცეთ საშუალება ხალხს, თავად გაერკვეს ყველაფერში და როგორც იტყვიან ყველას თავის შეფასება მისცეს.

რაც შეეხება ფულიანი და იარაღიანი კაცის პრობლემას, მთელი საქართველო უნდა დაირაზმოს სამართლიანი, ობიექტური არჩევნებისათვის. აქ ვერც ავტომატმა უნდა გაიმარჯვოს და ვერც კამფეტებმა, რადგან ძალადობასა და მოსყიდვაზე დამყარებული და ამ ბაზაზე გამართული არჩევენები, მისი შედეგები მომავალში ძალადობასვე დააკანონებს - ცალკეული კლანებისა და კრიმინალების ძალადობას. ხელისუფლების ჯანსაღი ნაწილისა და ხალხის კავშირი უზრუნველყოფს ნორმალური არჩევნების მოწყობას. ჩვენ გვინდა, რაც შეიძლება მეტი უცხოელი მეთვალყურე ჩამოვიდეს და მთელმა მსოფლიომ დაინახოს, რას წარმოადგენს დღევანდელი საქართველო, როგორია მისი ხალხი და ამ ხალხის პოლიტიკური კულტურა.

- ერთ-ერთი საკითხი, რომელიც ყველას ძალიან აინტერესებს, გაკოტრებული კომპანიები და ბანკებია: ამ მხრივ ხომ არ არის რაიმე სიახლე?

- ეს ჩვენი უდიდესი ტკივილია. მე ხელი მოვაწერე განკარგულებას, რომელიც შეიძლება არც გამოქვეყნდეს. თუ ფაქტობრივად ვიმსჯელებთ, სახელმწიფოს შეუძლია ხელი დაიბანოს, რადგან იგი არ აგებს პასუხს კერძო კომპანიებისა და ბანკების საქმიანობისათვის, თუმცა მომავალში, ალბათ გარკვეული მექანიზმები უნდა შევიმუშაოთ გაკოტრების პროცესის შესანელებლად. მიუხედავად ამისა, მეც და მინისტრთა კაბინეტშიც გავითვალისწინეთ ის უმძიმესი პირობები, რომელშიც ათიათასობით მოქალაქე აღმოჩნდა. ბევრ მათგანს ვიცნობ, ბევრი მათგანი მეცნიერია, ლიტერატურისა და ხელოვნების მოღვაწეა, ბევრიც რიგითი მოქალაქეა. მათ, რომ იტყვიან, უკანასკნელი ბეჭედი გაყიდეს და ამ ბანკებსა და კომპანიებს მიანდეს, რომ ცოტათი სული მოეთქვათ. ამიტომ არ შეგვეძლო გულგრილი დავრჩენილიყავით. ახლა არაფერს ვიტყვი მიღებულ გადაწყვეტილებაზე, მაგრამ, ვფიქრობ, გამოსავალი მაინც მოიძებნა, ისეთი გადაწყვეტილება მივიღეთ, რომლის მიღებაც დღევანდელ სახელმწიფოს შეუძლია. ჩემი აზრით, ამ ეტაპზე ხალხიც ასე თუ ისე კმაყოფილი უნდა იყოს. დახმარება მომავალშიც გაგრძელდება.

- გასულ კვირას დავით სარაჯიშვილისა და მისი მეუღლის ნეშტი ქაშუეთის ტაძრის ეზოში გადმოასვენეს. უაღრესად სიმბოლური იყო, რომ წარსული დროის მოღვაწეს ასეთი პატივი მიაგეს. სულ რაღაც 2-3 თვეში, პირეველად თბილისში, რესპუბლიკის მუსიკოს-შემსრულებელთა პირველი კონკურსი გაიმართება. ამ წამოწყებას სხვებთან ერთად ქალბატონი მანანა დოიჯაშვილი უდგას სათავეში. ასე რომ, ეტყობა, ხალხს ტერორით მაინც ვერ დააშინებ და ვერ შეაჩერებ, მას მადლიერების გრძნობაც აქვს და მომავლის იმედიც...

- ვერავითარი ტერორი ისტორიის ჩარხს უკუღმა ვეღარ შეატრიალებს. რაც შეეხება დავით სარაჯიშვილისა და მისი მეუღლის გადმოსვენებას, ჩემს პატარა გამოსვლაში გუშინ ვთქვი, რომ ეს ისტორიული სამართლიანობის აღდგენაა. მადლობას იმსახურებს ამ საქმის ყველა ინიციატორი, უწინარესად ბიზნესმენები, რომლებთაც სურთ დავით სარაჯიშვილის გზით იარონ. გავიდა თითქმის საუკუნე და სწორედ საუკუნის შემდეგ დაადგა საქართველო იმ გზას, რომელ გზასაც დავით სარაჯიშვილი და მისი თანამოაზრენი ადგნენ. ეს ფაქტი იმის სიმბოლოც არის, რომ გზა მიეცეს ნამდვილ ბიზნესს, სარაჯიშვილის ყაიდის მეწარმეებს. მე ასე წარმომიდგენია: მეწარმეები, რომლებამც დროშად გაიხადეს დავით სარაჯიშვილი, მარტო ეკონომიკურ წინსვლაზე არ ფიქრობენ, თუმცა ეკონომიკური წინსვლა ყველაფრის საფუძველია - ისინი ფიქრობენ (და მე მათი მადლიერი ვარ) ხალხის განათლებაზე. ყველაზე დიდი ინვესტიცია ბიზნესმენის მხრივ სწორედ განათლების სფეროში დაბანდებული ინვესტიციაა. მათ კარგად იციან, რომ მაღალი და დიდი კულტურის გარეშე ვერ იქნება დიდი ეკონომიკა და დიდი ბიზნესი, რომ მოსახლეობის ნორმალური ცხოვრების დონე ეკონომიკის აღმავლობის აუცილებელი პირობაა. ბედნიერი ვარ, რომ ბიზნესმენების იმ თაობას, რომელიც ახლა გამოდის ასპარეზზე, ყველაფერი ეს კარგად ესმის. მეცენატობა, მსოფლიოში მიღებული საუკეთესო ტრადიციები თანდათანობით მკვიდრდება.

მუსიკოს შემსრულებელთა კონკურსი უაღრესად საინტერესო მოვლენად შეიძლება იქცეს, ამიტომ ყველამ შევუწყოთ ხელი, რომ ისიც ტრადიციად დამკვიდრდეს ჩვენს დედაქალაქში.

„მთელი საქართველო უნდა დაირაზმოს სამართლიანი, ობიექტური არჩევნებისათვის“ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 27 ივნისი. - 71 (1087). - 1,2 გვ.

50 ბუქარესტი-95: ეკონომიკური ინტეგრაცია პოლიტიკური სტაბილურობისათვის

▲ზევით დაბრუნება


„შევქმნათ ნამდვილად ქმედუნარიანი ორგანიზაცია, რომელიც მზად იქნება იტვირთოს რეგიონის, მშვიდობისა და სტაბილურობისათვის პასუხისმგებლობა“

ედუარდ შევარდნაძის სიტყვა შავი ზღვის აუზის ქვეყნების ეკონომიკური კავშირის სახელმწიფოთა მეთაურების შეხვედრაზე ბუქარესტში

პატივცემულო ბატონო თავმჯდომარევ,
პატივცემულო დელეგაციათა მეთაურებო,
ქალბატონებო და ბატონებო!

დიდ სიხარულს მგვრის რომ კვლავ ბუქარესტში ვარ, ქალაქში სადაც ჩემი ბოლო ჩამოსვლისას ისმოდა სროლის ხმა და ქუჩებში ტანკები იდგა, განსაცვიფრებელი ცვლილებანი, რომლებსაც დღეს ყველანი ვხედავთ, იმის დასტურია, რომ ნაყოფს იღებს რუმინელი ხალხის სიბრძნე, სახელმწიფოს ხელმძღვანელთა ვაჟკაცობა და მოთმინება, მადლობას მოვახსენებ მათ ამისათვის. მადლობას მოგახსენებთ ესოდენ წარმომადგენლობითი ფორუმის შესანიშნავი ორგანიზაციისათვის.

ჩვენი პირველი შეხვედრის მომენტიდან სამი წელი გავიდა და სად, თუ არა აქ, უნდა დავსახოდ ჩვენი ალიანსის განვითარების შემდგომი გზები.

ამასთან დაკავშირებით მინდა აღვნიშნო, რომ როგორც სამი წლის ერთობლივი ძალისხმევის გამოცდილებამ ცხადყო, სათანადო პოლიტიკური ნებისა და შესაბამისი პოლიტიკური გადაწყვეტილებების გარეშე, ალბათ, შეუძლებელია სერიოზულად ვიქონიოთ ნებისმიერი, თუნდაც თავისი მასშტაბით სულ უმნიშვნელო ეკონომიკური პროექტის წარმატებით განხორციელების იმედი. თავიდან რომ ავიცილოთ ბრალდებანი, თითქოს განზრახული გვქონდეს შავი ზღვის ეკონომიკური კავშირის მეტისმეტი პოლიტიზაცია. გამოვიყენებ ხატოვან გამოთქმას - ცალკეული პროექტების პრაქტიკული რეალიზაციის თვალსაზრისით, ჩვენ უბრალოდ გვერდს ვერ აუვლით „პოლიტიკური საწვავის“ დამატებას. რაოდენ პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს ეს, პოლიტიკური განზომილების შემოღებით, ჩვენ ფაქტობრივად ინტეგრაციის პროცესის დეპოლიტიზირებას ვეწევით. ესე იგი მაქსიმალურად ხელსაყრელ პირობებს ვქმნით უმჭიდროესი ეკონომიკური თანამშრომლობისათვის, რომელიც, საბოლოო ანგარიშით, სწორედ ნებისმიერი ხასიათის, მათ შორის პოლიტიკურ უთანხმოებათა მოწესრიგების, ყველაზე ქმედითი საშუალებაა.

უნდა ითქვას, რომ სწორედ ეკონომიკური ინტეგრაცია დაახლოებს შავი ზღვის ეკონომიკური კავშირის, შემდგომში კი მოსაზღვრე კასპიისპირა და ხმელთაშუაზღვის, მათ შორის ახლო აღმოსავლეთის იმ სახელმწიფოთა ინტერესებს, რომლებთაც ახლა ამა თუ იმ საკითხებში პოლიტიკური უთანხმოებანი თიშავს. განვავრცობ ამ აზრს და კმაყოფილებას გამოვთქვამ იმის გამო, რომ ამ დარბაზში მეთვალყურეთა რანგში ესწრებიან ხმელთაშუა ზღვის და ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოები - იტალია, ეგვიპტე და ისრაელი. ისრაელში ჩემი ამასწინდელი ვიზიტი საფუძველს მაძლევს ვივარაუდო, რომ ამ ქვეყნის პოლიტიკური და საქმიანი წრეები დაინტერესებული არიან ჩვენი ალიანსის ფარგლებში მჭიდრო თანამშრომლობით. თუ ჩვენ ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებიც შემოგვიერთდებიან, იქნებ მათმა თანამშრომლობამ ხელი შეუწყოს ამ მრავალტანჯულ რეგიონში დაწყებული დაახლოების პროცესს.

ჩვენი გამყოფი კედლის დანგრევამ, სამწუხაროდ, მთლიანად ვერ აღმოფხვრა ის უნდობლობა, რომელიც მემკვიდრეობად გვერგო. „ცივი ომისაგან“ ჩვენი ალიანსი ხომ იმ სახელმწიფოებისაგან შედგება, რომლებიც ჯერ კიდევ სულ ცოტა ხნის წინათ ერთმანეთს როგორც მტრებს ისე უყურებდნენ და თუ ჩვენს შორის ჯერ კიდევ არსებობს პოლიტიკური ხასიათის უთანხოებანი, რომლებიც ხელს უშლიან რეალურ ეკონომიკურ ინტეგრაციას, ჩვენ უფლება არ გვაქვს განზე მყოფ მეთვალყურეთა პოზიციაზე ვიდგეთ და კვალავაც ისე გვეჭიროს თავი, თითქოს ეს პრობლემები სცილდებოდეს შავი ზღის ეკონომიკური კავშირის კომპეტენციის ფარგლებს. სხვაგავარად განწირულნი ვართ ეკონომიკური ინტერგაციისკენ მიმავალ გზაზე კვლავაც ასეთი არადამაკმაყოფილებელი ტემპით ვიაროთ.

დღეს ჩვენ უნდა აღვნიშნოთ, რომ შავი ზღვის ეკონომიკური კავშირი, მისი საქმიანობის არცთუ შთამბეჭდავი შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, არსებობის მესამე წლის მიწურულს ჯერ ისევ არამდგრადი, არადინამიკური წარმონაქმნია და იგი განწირულია შემგომშიც ასეთად დარჩეს, თუ სერიოზულად არ გადაისინჯა საქმის ორგანიზაცია მის სამუშაო ორგანოებში.

ჩემი შეხედულებით, ამ პროცესში გადამწყვეტ როლს შეასრულებდა გენერალური მდივანი. ეს პოსტი უნდა დაიკავოს მოაზროვნე, ორგანიზატორული უნარისა და მაღალი ავტორიტეტის მობილურმა მოღვაწემ. ბუნებრივია, ამ თანამდებობის პირის სტატუსი შეიძლება დაზუსტდეს, თუმცა, მისი როლი მე სწორედ ასეთად წარმომიდგენია.

საქმე ეხება არა იმდენად ახალი სტრუქტურების შექმნასა და შემდგომ ბიუროკრატიზაციას, რამდენადაც უკვე არსებულთა ახალი შინაარსით გაჯერებას. რამდენადმე გადადებული შემადგენლობის სამდივნო, რომელიც არა მარტო ტექნიკურ ფუნქციებს ასრულებს, უნდა გახდეს ახალ ინიციატივათა ერთ-ერთი წყარო და ამავე დროს, მათი რეალიზაციის თავისებური ლობი ხდება.

როცა ჩვენი ალიანსის სახელმწიფოთა ეკონომიკური ინტეგრაციის საკითხებს განვიხილავთ და ამავე დროს მიზნად ვისახავთ მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებას, ისიც უნდა ითქვას, თუ რა სირთულეებია მათი მიღწევის გზაზე. უწინარესად ეს არის კონფლიქტები ჩვენს რეგიონში. პარაქტიკულად ყველა ეს კონფლიქტი აგრესიული სეპარატიზმის გამოვლინებით არის გამოწვეული. ასეთი მოძრაობანი, როგორც წესი, თავისუფლებისა და თანასწორობის მიმზიდველი ლოზუნგების ნიღბით წარმოიშობა, საბოლოო ანგარიშით კი საკუთარ თავსაც და სხვებსაც ქაოსისა და გაჩანაგებისათვის წირავს და მთელი ხალხების ეთნიკური და ეკონომიკური კატასტროფით მთავრდება. რეგიონის სახელმწიფოთა გაერთიანებას, მათი გრძელვადიანი ინტერესების დაახლოვებას შეუძლია სასიკვდილო დარტყმა მიაყენოს აგრესიულ სეპარატიზმს როგორც მოვლენას, ასეთ შემთხვევაში ხომ ვერც ერთი სეპარატისტული რეჟიმი ვეღარ ისაზრდოებს ილუზიით, რომ მიიღებს დახმარებას რეგიონის ქვეყნებიდან, საიდანაც დახმარება ხშირად კიდევაც მოდის. საბოლოოდ, ასეთი რეჟიმები იზოლაციაში ხვდებიან. ამის მაგალითია აფხაზური სეპარატიზმი. იქნებ გაგვეთვალისწინებინა მეორე, ასეთივე ახალგაზრდა რეგიონული ორგანიზაციის - დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის გამოცდილება, რომლის სახელმწიფოთა მეთაურების საბჭოს თათბირზე ალმათში ამა წლის თებერვალში გადაწყდა აგრესიული სეპარატიზმის იზოლირების საკითხი. მსოფლიო პრობლემების სწრაფი რეგიონალიზაციის ფონზე, როცა გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, სამწუხაროდ თავს ვერ ართმევს სულ ახალ და ახალ გამოწვევებს, ამგვარი პრობლემების გადაჭრაში რეგიონული ორგანიზაციების დახმარება პერსპეტიული იდეაა.

სიტყვამ მოიტანა და უნდა ითქვას, დროა რეგიონულმა ორგანიზაციებმა უფრო მჭიდროდ ითანამშრომლონ ერთმანეთთან. შავი ზღვის ეკონომიკურმა კავშირმა მტკიცე ნაბიჯი უნდა გადადგას ევროპის კავშირისაკენ. ევროპის კავშირთან მჭიდრო თანამშრომლობის გარეშე შეუძლებელია სერიოზულად ვილაპარაკოთ ჩვენი ალიანსის ეფექტიან ფუნქციონირებაზე. ალბათ ღირს გავიზიაროთ საპრობლემო ჯგუფის შექმნის საკითხი, ევროპის კავშირის უმდიდესი გამოცდილების შესწავლისა და მოქმედების შეთანხმების მიზნით. ბევრი თქვენგანი ხომ იმედოვნებს, დროთა განმავლობაში მისი სრულუფლებიანი წევრი გახდეს, საბერძნეთი კი უკვე ევროპის კავშირის წევრია.

ჩვენი აზრით, საკონტაქტო ჯგუფის შექმნა, რომელიც აქტიურად ურთიერთობას და მოქმედების კოორდინაციას განახორციელებს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობასთან - ამ უდიდეს და დინამიკურად განვითარებად რეგიონალურ ორგანიზაციასთან, მნიშვნელოვანწილად შეუწყობდა ხელს ჩვენი ალიანსის მიზნების ხორცშესხმას. მით უმეტეს, რომ ბევრი ჩვენი სახელმწიფო, დიდიც და პატარაც, ორივე ორგანიზაციის წევრია. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ფარგლებში მთელი ძალით მიმდინარეობს ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესი, იქმნება საბაჟო კავშირი, კოლექტიური უშიშროების სისტემა, სავალუტო-საფინანსო კომიტეტი.

პატივცემულო კოლეგებო, უნდა ვთქვა, რომ ჩვენი პარლამენტარები უფრო მარჯვენი გამოდგნენ. 3-4 სექტემბერს ბათუმში გაიმართება დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის და შავი ზღვის ეკონომიკური კავშირის ქვეყნების საპარალამენტო ასამბლეის სემინარი შავი ზღვის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის საკითხებზე. ვფიქრობ, ეს ერთობლივი ინიციატივა მხოლოდ მისასალმებელია.

მინდა შევეხო აგრეთვე ყველასთვის საინტერესო ზოგიერთ კონკრეტულ პროექტს.

პირველი. მთელ რეგიონში გამჭოლი სატრანსპორტო ნაკადის უზრუნველყოფა. ბუნებრივია, რომ ასეთი ნაკადი გაივლის სახელმწიფოებს, რომლებსაც ტრანზიტის თვალსაზრისით ყველაზე უფრო ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა აქვთ. საკითხი მხოლოდ ის გახლავთ, რომ ხშირად ამ ქვეყნებს არ ძალუძთ მარტოდმარტო უზრუნველყონ აუცილებელი უზარმაზარი ინფრასტრუქტურის შექმნა და მომსახურება, მეორე მხრივ, ასეთი თანამედროვე სატრანზიტო მიმოსვლის გარეშე შეუძლებელი იქნება ლაპარაკი ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის შექმნასა და რეალურ ეკონომიკურ ინტეგრაციაზე. მოსაფიქრებელია შავი ზღვის ეკონომიკური კავშირის სახელმწიფოთა ერთობლივი ძალისხმევის საკითხიც, ამ დერეფნის შექმნის, კერძოდ, საინჟინრო კომუნიკაციების, ხიდების, გზების და გვირაბების აგების თაობაზე და აქ კვლავ უნდა დავუბრუნდე მთელი ალიანსის პოლიტიკური ნების გამოვლინების აუცილებლობას, სწორედ ჩვენი ინერტულობის და იქნებ უზრუნველობის გამოც, ეს საკითხი, რომელიც ჩვენი ქვეყნებისათვის მარტოოდენ ეკონომიკური განზომილება როდია, საუკეთესო შემთხვევაში განიხილება შავი ზღვის ეკონომიკური კავშირის წევრ სახელმწიფოთა შორის მხოლოდ ორმხრივ საფუძველზე, ზოგჯერ კი ორგანიზაციის ფარგლებს გარეთაც, მაგრამ, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ კომუნიკაციების განვითარებასთან ერთად, რომელიც ხელს უწყობს ადამიანთა და ტვირთების დიდი ნაკადის გადაადგილებას, ეკონომიკური აყვავების წყაროს - ტურიზმის სწრაფ განვითარებასთან ერთად, წარმოიშობა ნარკოტიკების გავრცელებათან, იარაღის უკანანო ვაჭრობასთან, პროდუქციის და ნედლეულის კონტრაბანდასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები და თუკი ევრაზიის დერეფანი მოწოდებულია ერთმანეთთან დააკავშიროს, გაცილებით უფრო ვრცელი რეგიონები ვიდრე ჩვენია, ასეთ თანმდევ მოვლენებთან ბრძოლაში მონაწილეობის მიღებაც დაინტერესებულ და რეგიონალურ ორგანიზაციებს მოუხდებათ.

მეორე: ჩვენს ერთ-ერთ სახელმწიფოში შექმნილი ენერგეტიკული კრიზისი არ შეიძლება ერთი ქვეყნის პრობლემად განიხილებოდეს. ასეთი დამოკიდებულება იწვევს ტექნოლოგიურ ჩამორჩენას, ხალხის გაღატაკებას, და საბოლოოდ, არასტაბილურობის კერების წარმოქმნას. ხშირად ენერგეტიკული კრიზისის დასაძლევად საკმარისი არ არის არა თუ ერთი სახელმწიფოს, არამედ რეგიონის სახელმწიფოთა ძალისხმევაც. იქნებ, გაგვეაზრებინა ისეთი სამუშაო ჯგუფის შექმნის საკითხი, რომელიც კოორდინაციას გაუწევს შავი ზღვის ეკონომიკური კავშირის მოქმედებას ევროპის კავშირთან, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობასთან, ხმელთაშუაზღვისა და კასპიისპირა სახელმწიფოებთან.

მესამე. ალიანსის ქვეყნებს შორის ცივილიზებული ეკონომიკური ურთიერთობის ფორმირების სირთულე ის არის, რომ ზოგიერთ ქვეყანას მძიმე ეკონომიკური მემკვიდრეობა ერგო. ამის მაგალითად შეიძლება ჩაითვალოს, გარდამავალი ეკონომიკის მქონე ისეთი ქვეყნების საგარაეო ვაჭრობა, როგორიც საქართველო და სხვა ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოებია. ხელოვნური სავაჭრო ბარიერების არსებობა, რომლებიც ეკონომიკურად არაფექტიანს ხდის ვაჭრობას, დღის წესრიგში აყენებს მომავალში საბაჟო კავშირების შექმნას.

მეოთხე. დროა სიტყვიდან საქმეზე გადავიდეთ და გადავარჩინოთ შავი ზღვა - ჩვენი საერთო კუთვნილება. მისი ეკოლოგიური გაჯანსაღებისათვის ერთობლივი ძალისხმევის გეგმის შემუშავებას, ხომ არ სჭირდება არც პოლიტიკური ნება და არც ეკონომიკური ინტეგრაციის მაღალი დონე. რა გვიშლის ხელს, რომ აქვე შევთანხმდეთ ერთიანი სამეცნიერო ცენტრის შექმნის თაობაზე, რომელიც სერიოზულად და დაუყოვნებლივ დაიწყებს შესაბამისი პროექტების შემუშავებას? გთავაზობთ, ასეთი ცენტრი შეიქმნას საქართველოში, რომელსაც დიდი სამეცნიერო პოტენციალი და შავი ზღვის შესწავლის საქმეში უმდიდრესი გამოცდილება აქვს.

მეხუთე: ჩვენი ქვეყნები მდებარეობს ალპურ ხმელთაშუაზღვის სეისმური სარტყელის ფარგლებში, რომელიც მაღალი სესმური აქტიურობით გამოირჩევა. ყველას გვახსოვს სპიტაკის ტრაგედია, დამანგრეველი მიწისძვრები რუმინეთში, საქართველოსა და თურქეთში. საერთაშორისო გამოცდილება მოწმობს, რომ ისეთ დიდ ქვეყნებსაც კი როგორიც რუსეთი და იაპონიაა, არ ძალუძთ მარტო გაუმკლავდნენ სტიქიას. ჩვენი წინადადებაა შავი ზღის ეკონომიკური კავშირის სახელმწიფოთა ძალისხმევა ამ სფეროშიც გავაერთიანოთ და არ შემოვიფარგლოდ მხოლოდ ორმხრივი კონტაქტებით, თბილისის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტი, რომელიც ამ დარგის უმთავრეს ინსტიტუტს წარმოადგენდა ყოფილ საბჭოთა კავშირში, შეიძლება გახდეს რეგიონის სახელმწიფოთა შესაბამისი ცენტრის სამეცნიერო ბაზა.

ზემოდთქმულის შესაჯამებისას უნდა განვაცხადოთ, რომ გვჭირდება მაქსიმალური გულახდილობა დიდმნიშვნელოვან გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში, საერთაშორისო ინსტიტუტების ბიუროკრატიული ტრადიციებით თავმოხვეული, ყოველგვარი ტაბუს თავიდან მოშორება. მოდით, დავიწყოდ ჩვენი უმნიშვნელოვანესი რეგიონისათვის, შესაფერისი ნამდვილად სერიოზული პროექტების განხორციელება, რეგიონისა, რომელიც ევროპას ახლო და შუა აღმოსავლეთთან აკავშირებს. მოდით შევქმნათ, ნამდვილად ქმედუნარიანი ორგანიზაცია, რომელიც მზად არის იტვირთოს რეგიონის მშვიდობისა და სტაბილურობისათვის პასუხსმგებლობა. დარწმუნებული ვარ, რომ საუკუნეთა მიჯნაზე ჩვენ შევძლებთ ამას.

ბუქარესტი-95: ეკონომიკური ინტეგრაცია პოლიტიკური სტაბილურობისათვის : „შევქმნათ ნამდვილად ქმედუნარიანი ორგანიზაცია, რომელიც მზად იქნება იტვირთოს რეგიონის, მშვიდობისა და სტაბილურობისათვის პასუხისმგებლობა“ / ედუარდ შევარდნაძე; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 1 ივლისი. - 73(1089). - 1 გვ.

51 საქართველოს, როგორც საიმედო პარტნიორის, ავტორიტეტი იზრდება

▲ზევით დაბრუნება


29 ივნისს საქართველოს სახელმწიფოს მეთაური ედუარდ შევარდნაძე რუმინეთს გაფრინდა, სადაც იგი 30 ივნისს მონაწილეობდა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის წევრი ქვეყნების უმაღლესი დონის შესვედრაში. რუმინეთში გზად მიმავალი ბატონი ედუარდ შევარდნაძე ჟურნალისტებს ესაუბრა იმ მნიშვნელოვან ფაქტზე, რომელიც წინაღამეს ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ გადაწყდა. კერძოდ, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს 150 მილიონი დოლარის კრედიტი გამოუყო.

- გახსოვთ ჩემი ვიზიტი ვაშინგტონში, შეხვედრები მსოფლიო ბანკის ხელმძღანელობასთან, სავალუტო ფონდის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარესთან? - თქვა მან - ამას მოჰყვა საკმაოდ დიდი ჯგუფების ვიზიტი საქართველოში, მათ შორის საუბრები სავალუტო ფონდის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარესთან. ვაშინგტონში მუშაობდნენ საქართველოდან წარგზავნილი დელეგაციები, ბატონები თემურ ბასილია, დავით იაკობიძე, ნოდარ ჯავახიშვილი, ვლადიმერ პაპავა და სხვები. პირველი მოსინჯვა ასეთი კრედიტების გამოყოფისა მიმდინარე წლის პირველ ნახევარში მოხდა, რამაც კუპონის გამაგრებისა და ბიუჯეტის ერთგვარად განმტკიცების საშუალება მოგვცა. ეს იყო რეაბილიტაციისა და სისტემური ტრანსფორმაციის კრედიტები. როცა ვაშინგტონში გახლდით, პირველი რაც მკითხეს, იყო, მტკიცედ აქვს თუ არა გადაწყვეტილი საქართველოს იაროს რეფორმების გზით. თუ ეს ასეა, თუ თქვენ რადიკალური რეფორმების განხორციელებას იწყებთ, ჩათვალეთ რომ მსოფლიო ბანკი და სავალუტო ფონდი თქვენი მეკავშირეები იქნებიან და ჩვენ დაგეხმარებითო, იყო პასუხი. მრავალრიცხოვანი დელეგაციების და, მათ შორის, ბატონ მიშელ კამდესიუს ჩამოსვლამ დაარწმუნა ისინი, რომ საქართველო მართლაც დაადგა რეფორების, გარდაქმნების გზას და ამ არგუმენტმა გადამწყვეტი როლი შესასრულა ახალი კრედიტების გამოყოფაში. ეს არის დახმარება რომელსაც საქართველო ამ რეფორმების განხორციელებისათვის გამოიყენებს.

წუხელ ძალიან გვიან, ღამის 2 საათზე დამთავრდა დირექტორთა საბჭოს სხდომა. იყო გარკვეული სიძნელეები და სირთულეები, განსაკუთრებით თურქმენეთის მხრიდან, რომლის ვალიც გვაქვს, მაგრამ დირექტორთა საბჭომ თითქმის ერთსულოვნად მიიღო გადაწყვეტილება გამოეყოს საქართველოს 150 მილიონ დოლარამდე კრედიტი. ეს არის დიდი ნაწილი სავალუტო ფონდის ხაზით, ეგრედ წოდებული სტენდ-ბაი, ეს ნიშნავს რომ გაიხსნება საკრედიტო ხაზი, რომელიც შემდეგში გაგრძელდება. ამ სახსრების ნაწილი, ისევ რეაბილიტაციისა და ტრანსფორმაციისთვის არის გათვალისწინებული. ეს ჩვენთვის ძალიან დიდი თანხაა და, როგორც იტყვიან სულის მოთქმას ნიშნავს, საშუალებას მოგვცემს უკეთ მოვემზადოთ ზამთრისთვის. უფრო გაბედულად და მოკლე ვადებში განვახორციელოდ რეფორმებთან დაკავშირებული ზოგიერთი სერიოზული პროგრამა.

ამას ისიც ემატება, რომ ამერიკის ადმინისტრაციამ განიხილა ჩვენი თხოვნა და ამჯერად შესაძლებლად ჩათვალა ჰუმანური დახმარების სახით გამოგვიყოს 30 ათასი ტონა მარცვლეული და 70 ათასი ტონა მაზუთი, არ გამოვრიცხავ, რომ თვის ბოლომდე მარცვლეულის რაოდენობა გაიზარდოს კიდეც.

ასევე გერმანიამ გამოყო 20 მილიონი მარკა „თბილსრესის“ მეცხრე ბლოკის შესაკეთებლად, გერმანელი სპეციალისტები, ასევე რუსეთიდანაც უკვე ჩამოვიდნენ. 500-600 კაცი იმუშავებს და ვფიქრობ, ნოემბრის შუა რიცხვებისთვის მეცხრე ბლოკი მწყობრში ჩადგება.

ევრობანკმა პრინციპული თანხმობა მოგვცა დაიწყოს დაფინანსება მეათე ბლოკის აღსადგენად. წლევანდელი სეზონისთვის ძნელია ამის მოსწრება. მაგრამ ძირითადი სამუშაოები მაინც განხორციელდება. ევრობანკი ასევე აფინანსებს აეროპორტის რეკონსტრუქციას. ეს კი საშუალებას მოგვცემს ერთ საათში თბილისის აეროპორტმა გაატაროს 2500 მგზავრი.

შედეგიანი გამოდგა ბატონ ბაკურ გულუას ვიზიტი რომში, სადაც სასოფლო-სამეურნეო დახმარების პროგრამები წყდება. გვაქვს გარანტია, რომ იქედანაც მივიღებთ სერიოზულ დახმარებას, ყოველ შემთხვევაში იტალიის მთავრობა მზად არის ძალზე მნიშვნელოვანი თანხა გამოყოს. ველოდებით დახმარებას გაეროს სასოფლო-სამეურნეო ხელმძღვანელობისგან, თუმცა ჯერჯერობით უცნობია რა რაოდენობის იქნება იგი, მაგრამ ვიცი, რომ გადაწყვეტილება მიღებულია, ბატონ გულუას ვიზიტი ბრიუსელში ჩემი იქ ყოფნის შემდეგ საუბრის გაგრძელება იყო. ბრიუსელიდანაც საკმაოდ საიმედო შეპირებები მივიღეთ: გამოიყოფა სახსრების აუცილებელი რაოდენობა მიმდინარე წლის დამლევისათვის, რათა მომავალი წლის პირველ ნახევარში საქართველოს მოსახლეობა ხორბლით გარანტირებული იყოს.

რატომ შევეხე ასე ვრცლად ამ საკითხს? - პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე მიღებული შთაბეჭდილებების გამო. მინდა ყველამ გაიგოს - პარლამენტარებმაც და მოქალაქეებმაც: ასეთ გრანდიოზულ დახმარებებს რომ ვიღებთ, ეს ლამაზი თვალებისთვის არ არის, ეს იმიტომ ხდება, რომ რეფორმების, დემოკრატიული განვითარების გზას დავადექით. ყველა სახელმწიფომ აღიარა, რომ საქართველოს დაუდგა სტაბილიზაციის ფაზა. იმი მიუხედავად, რომ ჩვენში ხდება დანაშაული, მათ შორის ტერორისტული აქტებიც, ქვეყანა მაინც დამშვიდების და დაწყნარების ფაზაში შევიდა, სხვათა შორის ესეც არაერთხელ აღინიშნა ისრაელში, სადაც ხელი მოვაწერეთ კონტრაქტს, რომლის მიხედვითაც სატელეფონო კომუნიკაციების განვითარებისთვის, გამოყოფილია 15 მილიონი დოლარი, რომ მსოფლიოს ბევრი ქვეყანა დაიძრა საქართველოსკენ. მისი, როგორც საიმედო პარტნიორის ავტორიტეტი, თანდათანობით იზრდება.

ასეთ ფონზე კი სურვილი და მცდელობაა იმისა, რომ კვლავ გამოიწვიონ არასტაბილურობა, გამოექომაგონ დამნაშავეებს, საპატიმროდან გამოუშვან ისინი, პარლამენტის ცალკეული წევრები ვერ ხვდებიან, შესაბამის რეაგირებას ვერ ახდენენ იმაზე, რომ ყოველივე ამან შეიძლება ხელი შეგვიშალოს. იმის თქმაც აუცილებლად მიმაჩნია: იმისათის, რომ ეს დიდი დახმარება და მხარდაჭერა გაგრძელდეს, კიდევ ერთხელ აქტიურად წამოვიდნენ კერძო ბიზნესმენები და კერძო ბანკები, ეს იქნება კონსტიტუციის მიღება.

საქართველოს პარლამენტში ახლა მძლავრობს ანტიკონსტიტუციური განწყობილება: რა გვეჩქარება, მივიღოთ რაღაც დროებითი კანონი, ანდა ძველი დებულების საფუძველზე მოვაწყოთ არჩევნებიო და სხვა. ეს განცხადებები კატეგორიულად არ არის სწორი. ვისაც ქვეყნისთვის სიკეთე უნდა, ვისაც სურს, რომ საქართველო ღირსეული პარტნიორი იყოს უცხოელი ინვესტორებისათვის, უცხოეთის ქვეყნებისათვის, კონსტიტუციის მიღება აუცილებელია. ერთია, საქმე გვქონდეს იმ ქვეყანასთან, რომელსაც კონსტიტუცია არა აქვს და მეორე - იმ ქვეყანასთან რომელმაც კონსტიტუციურად დააკანონა რეფორმები, განსაზღვრა ის გზები, რომლებსაც დემოკრატიული განვითარების ინსტიტუტების დაკანონებისკენ მივყავართ.

ყველა კარგად ჩაუფიქრდეს, წარმოიდგინოს, იმ დახმარების და მხარდაჭერის გარეშე, რასაც ვიღებთ ამ წლების განმავლობაში, ჩვენ ვერ გავძლებდით, ვერ გავიტანდით თავს. 150 მილიონი დოლარის დახმარება ნიშნავს, რომ ქვეყანა კიდევ უფრო გაიმართება წელში და ფეხზე დადგება. ყველა მოქალაქემ უნდა იფიქროს ამაზე, განსაკუთრებით კი იმაზე, რომ განვამტკიცოთ სტაბილურობა, აღვკვეთოდ იარაღიანი ადამიანების თარეში, ხელი შევუწყოდ პოლიციის, უშიშროების ორგანოების განმტკიცებას, რეგულარული ჯარის შექმნას, თავი დავანებოდ დამნაშავეებისთის ხელის გადასმას, მათ დაცვას. დამნაშავე თავის ადგილზე უნდა იყოს, ხალხს შრომის და დასვენების ნორმალური პირობები უნდა შევუქმნათ.

დასასრული ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ თქვა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოყოფილი ეს მნიშვნელოვანი თანხა საშუალებას მოგვცემს, რომ ეროვნული ვალუტის დოლართან შეფრადება ნორმალური იყოს, რომ პიროვნება ხელფასს დოლართან შეფარდებით მიიღებს. ეს კი ხელს შეუშლის ინფლაციის განვითარებას და დიდი ხნით, შეიძლება საბოლოოდაც, შევინარჩუნოდ ეროვნული ვალუტის მტკიცე კურსი. აღინიშნა ისიც, რომ თუ საშუალება იქნება, იმათთვის, ვისაც მკურნალობის სახსრები არა აქვს, უნდა გაიხსნას ორი-სამი საავადმყოფო. ასევე დაეხმარებიან ტუბერკულოზითა და კიბოთი დაავადებულებს, ბავშვებს კვების პროდუქტებით უზრუნველყოფაში, მშობიარე ქალებს, და რაც მთავარია, თანხების დაბანდება მოხდება ეკონომიკის იმ დარგებში, რომლებიც სწრაფ ეფექტს მოგვცემენ. ამით კი ქვეყანა უფრო გაბედულად წავა პროგრესისაკენ.

რუსუდან ლორთქიფანიძე.

საქართველოს, როგორც საიმედო პარტნიორის, ავტორიტეტი იზრდება / შევარდნაძე ; [ჩაიწერა] ლორთქიფანიძე რუსუდან // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 1 ივლისი. - 73(1089). - 1 გვ.

52 „კონსტიტუციის მიღება უმნიშვნელოვანესი მოვლენა იქნება საქართველოს სახელმწიფოებრიობის განმტკიცების, ტერიტორიული გამთლიანების, დემოკრატიული განვითარების, ხალხის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, საერთაშორისო ავტორიტეტის ამაღლების გზაზე“

▲ზევით დაბრუნება


ედუარდ შევარდნაძის 3 ივლისის რადიოინტერვიუ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ - სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ ორშაბათის ტრადიციული რადიოინტერვიუ, რომელსაც ჟურნალისტი ნატო ონიანი უძღვებოდა, გასული კვირის ეკონომიკური ანალიზით დაიწყო.

- წლის პირველი ნახევრის მიწურული საქართველოში ანტიკრიზისული პროგრამისა და რადიკალური ეკონომიკური რეფორმების კურსის თანმიმდევრულ განხორციელებაში მოპოვებული დადებითი ძვრების დიდმნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარებით ხასიათდება. 28 ივნისს საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორთა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოსათვის ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ. გამოიყო სისტემური ტრანსფორმაციის სესხის მეორე ტრანში, და, რაც მთავარია, სარეზერვო კრედიტი - სტენდ-ბაი, სულ დაახლოებით 157 მილიონ დოლარზე მეტს შეადგენს. ეს თანხა მოხმარდება სრულფასოვანი ეროვნული ფულადი ერთეულის შიდაკონვერტირებადობის უზრუნველყოფას. ლარის შემოღება უახლოესი მომავლის საქმეა და ეს მოვლენა უდავოდ გააუმჯობესებს პირობებს ქვეყნის სტაბილურობის შემდგომი განმტკიცების, ეკონომიკის აღმავლობის და, რა თქმა უნდა, მოქალაქეთა ცხოვრების დონის გაუმჯობესებისათვის.

რეფორმების განხორციელების რთულ პერიოდში საქართველოს მხარდაჭერის კიდევ ერთი გამოხატულებაა ევროკავშირის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და დასავლეთის ზოგი სხვა ქვეყნის ამასწინდელი გადაწყვეტილებანი სასურსათო დახმარების თაობაზე. ლაპარაკი დამატებით 30 ათას ტონა ხორბალზე, 70 ტონა მაზუთზე. ზუსტდება იმ დახმარების ოდენობაც, რომელსაც გამოჰყოფს ევროკავშირი. ზოგიერთი საკითხი გაირკვა რომსა და ბრიუსელში.

ფუძემდებლური საუბრები ეკონომიკური რეფორმის მხარდაჭერის გარანტიებზე, როგორც გახსოვთ, დაიწყო სახელმწიფოს მეთაურის ვიზიტების დროს ვაშინგტონში, ლონდონში, ბრიუსელში, პარიზსა და სხვა დედაქალაქებში. ეს საკითხები იხილებოდა სახელმწიფოთა მეთაურებთან შეხვედრის, შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენელთა თბილისში ყოფნის დროს. კერძოდ, არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ბატონ მიშელ კამდესიუს ვიზიტს, რომლის დროსაც, პრაქტიკულად, ჩამოყალიბდა მსოფლიო სავალუტო ფონდის დამოკიდებულება რეფორმებისადმი საქართველოში (უფრო სწორად, ამ რეფორმებზე მათი წარმოდგენა).

ენერგეტიკის სფეროში და სახალხო მეურნეობის წამყვან დარგებში საიმედო პერსპექტივებია დასახული რუსეთთან მოლაპარაკების შედეგად. კერძოდ, სერიოზული მნიშვნელობა ჰქონდა ჩემს შეხვედრას ვიცე-პრემიერ ოლეგ სოსკოვეცთან და რუსეთის ენერგეტიკის დარგის ხელმძღვანელებთან (ეს ხელმძღვანელები ვიცე-პრემიერს ახლდნენ ბუქარესტში. მათ შორის იყო ბატონი დიაკოვი, რომელიც ამ დღეებში უნდა ჩამოვიდეს საქართველოში).

ბევრი რამ სასიკეთო გააკეთეს საერთაშორისო საფინანსო ცენტრებთან ურთიერთობაში პრემიერ-მინისტრმა ოთარ ფაცაციამ, მისმა მოადგილეებმა თემურ ბასილიამ, ბაკურ გულუამ, ფინანსთა მინისტრმა დავით იაკობიძემ, ეკონომიკის მინისტრმა ლადო პაპავამ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნოდარ ჯავახიშვილმა. ამ ბოლო დროს მუშაობა გამოაცოცხლეს საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობის კომიტეტის ხელმძღვანელმა იოსებ ბაჩიაშვილმა და სხვებმა. რა თქმა უნდა, მათ მადლობას მოვახსენებ გაწეული მუშაობისათვის.

რაც შეეხება ენერგეტიკის პრობლემას, მე უკვე ვთქვი, რომ თბილსრესის მეცხრე ბლოკის ამოქმედების საკითხი ეჭვს არ იწვევს, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია გერმანელთა დახმარება. მე-10 ბლოკისათვის სესხის გამოყოფის საკითხი ევრობანკს თითქმის გადაწყვეტილი აქვს და ბოლომდე მიიყვანს, მაგრამ კარდინალური გადაწყვეტა მაინც დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ მოვილაპარაკებთ რუსეთთან. ესე იგი, აქ პატარ-პატარა ნაბიჯებით სიარული საქმეს არ შველის, საჭიროა რადიკალური ზომების მიღება იმისათვის, რომ ბევრი რამ, რაც სასარგებლო იყო ორივე ქვეყნისათვის, აღდგეს. ჩვენ ახლა სწორედ მოლაპარაკების ასეთ ფაზაში ვიმყოფებით.

კვირის მნიშვნელოვან მოვლენათა შორის ცხადია უნდა გამოიყოს შავიზღვისპირა ქვეყნების სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურების შეხვედრა რუმინეთი დედაქალაქში. ფორუმზე საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის გამოსვლაში, სხვადასხვა ქვეყნების ხელმძღვანელებთან საუბრებში პოლიტიკურ ასპექტთან ერთად, გამოიკვეთა ეკონომიკური თანამშრომლობის საკმაოდ საინტერესო პერსპექტივები და მიმართულებები. ყოველივე ამის შესახებ უკვე იყო საუბარი ჩემს სატელევიზიო ინტერვიუებსა და გამოსვლებში.

საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობის ზემოთაღნიშნულ მიღწევათა ფონზე ქვეყნის საშინაო ეკონომიკურ ცხოვრებაში წინა კვირის მიმდინარე მოვლენებიდან შეიძლება გამოიყოს შემდეგი:

ეროვნული ვალუტის სრულფასოვანი ერთეულის - ლარის შემოღებისათვის ქვეყანაში სათანადო პირობების მომწიფებას მოწმობს თბილისის ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟაზე გამართულ ვაჭრობათა შედეგები. ამერიკულ დოლართან შეფარდებით კუპონის კურსი კვლავინდებურად მყარია: 1 დოლარი - 1300000 კუპონი. კვირის მანძილზე, როცა გამყიდველის როლში ეროვნულ ბანკთან ერთად რამდენიმე კომერციული ბანკიც გამოდიოდა, ბრუნვამ მილიონ-ნახევარი ამერიკული დოლარი შეადგინა. ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, რაც შეეხება რუსეთის ფედერაციის რუბლს, მისი კურსი კვლავ ნაკლებად სტაბილურია. ორშაბათს გაიყიდა 10 მილიონი, ერთი რუბლი - 251 კუპონი, ოთხშაბათს - ერთი რუბლი 261 კუპონი, პარასკევს - 1 რუბლი - 235 კუპონი, და ა.შ.

ქვეყნის ბიუჯეტის მეორე კვარტლის შემოსავლების დაზუსტებული მონაცემები მომდევნო კვირისათვის გახდება ცნობილი. ფინანსთან სამინისტროს წინასწარი მონაცემებით, რესპუბლიკური ბიუჯეტის საგადასახადო, არასაგადასახადო და გრანტების სახით მიღებული პროდუქციის რეალიზაციის შედეგად შემოსავლებმა 30 ივნისისათვის 50 ტრილიონ კუპონზე მეტი შეადგინეს. აღსანიშნავია, რომ ივნისში საგადასახადო და არასაგადასახადო შემოსავლების სახით მიღებული თანხა თითქმის 27 პროცენტით სჭარბობს ხუთი თვის საშუალო თვიურ შემოსავალს. ასეთი მონაცემები ამ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში პირველად გვაქვს. ამაში მნიშვნელოვანი წვლილი, წარმოების გარკვეულ გამოცოცხლებასთან ერთად, რა თქმა უნდა, საგადასახადო სამსახურების მუშაობის გააქტიურებასაც მიუძღვის.

სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის ოპერატიული სამმართველოს მიერ სხვადასხვა ობიექტებიდან ბიუჯეტში გადარიცხულია მნიშვნელოვანი თანხები, მათ შორის: სატელეფონო რესპუბლიკური ცენტრი თბილისის განყოფილებიდან - 44 მილიარდი კუპონი, თბილისის რკინიგზის სატელეფონო სადგურიდან - 74 მილიარდი კუპონი, თბილისის ფოსტამტიდან - 32 მილიარდი კუპონი. ფირმა „ფარაონიდან“ - თითქმის 4 მილიარდი კუპონი და ასე შემდეგ.

თბილისის საგადასახადო ორგანოებმა ქალაქის მერიის ინიციატივით ბოლო კვირაში შეამოწმეს 71 ორგანიზაცია. დამატებით დარიცხულმა თანხამ 56 მილიარდი კუპონი შეადგინა.

რესპუბლიკის სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის ადგილობრივი ორგანოების მიერ წარმოდგენილი ოპერატიული მონაცემებით, წინა კვირასთან შედარებით, პურ-პროდუქტების რეალიზაციის შედეგად ბიუჯეტში მიღებული ვადაგადაცილებული დავალიანების თანხა 170 მილიარდი კუპონით შემცირდა (ეს კარგია!). ამასთან დავალიანება მოემატათ თბილისის ნავთლუღის, ქუთაისისა და ზუგდიდის პურკომბინატებს, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ვადაგადაცილებული დავალიანებები აქვთ თბილისისა და ფოთის წისქვილკომბინატებს, მარნეულის კომბინატს. ზოგიერთ ობიექტს მეორედ ვასახელებ და პირდაპირ უნდა ვთქვა, რომ მესამედ დასახელებას არავის არ ვურჩევ, რადგან ამას სათანადო ორგანიზაციული ღონისძიებაც მოჰყვება.

1995 წელს რესპუბლიკის ქალაქებსა და რაიონებში შემოწმებული ხორბლის გადამმუშავებელი, პურისა და ფქვილის რეალიზაციით დასაქმებული 500-მდე ორგანიზაციიდან დარღვევები გამოვლინდა 265 ორგანიზაციაში. ფინანსური სანქციის სახით დამატებით გადასახდელად დაერიცხათ ორტრილიონ-ნახევარ კუპონამდე. მინდა მივმართო ბატონ ანზორ ბურჯანაძეს, მის მოადგილეს - ბოლო მოუღონ სისტემაში ამ უთავბოლობას და წესრიგი დაამყარონ. სხვა შემთხვევაში, ჩვენი ურთიერთობა ცოტა მძიმე ხასიათს მიიღებს.

მრეწველობის სამინისტროს წინასწარი მონაცემებით, 1995 წლის 6 თვეში სამინისტროს სისტემაში მოსალოდნელია 22 ტრილიონი კუპონის სამრეწველო პროდუქციის წარმოება. მათ შორის, ივნისში წარმოებულია 6,2 ტრილიონ კუპონზე მეტი პროდუქცია, რაც 800 მილიარდი კუპონით მეტია მაისში გამოშვებულთან შედარებით. ეს ტენდენცია ძალიან სასიხარულო და მისასლმებელია, მაგრამ ვფიქრობ, რომ რეზერვები დიდია, ამიტომ მრეწველობისაგან კიდევ უფრო მეტ გააქტიურებას ველით.

შარშანდელთან შედარებით პროდუქციის წარმოების სტაბილური ზრდა აღინიშნება მანქანათმშენებლობის კომპლექსში. საავტომობილო ქარხანაში. სასოფლო-სამეურნეო მანქანათმშენებლობის დარგში, ელექტროტექნიკურ მრეწველობაში. ყოველივე ეს დაახლოებით 110-120 პროცენტის დონეზეა წინა წლის მაჩვენებლებთან შედარებით მაის-ივნისში გარკვეული დადებითი ძვრებია მიღწეული მსუბუქ მრეწველობაში - აქაც სერიოზულ ზრდასთან გვაქს საქმე. წინა გამოსვლებში უკვე ვილაპარაკე იმის შესახებ, რომ ბამბის ნედლეულის საკითხის გადაწყვეტასთან დაკავშირებით რამდენიმე ობიექტმა დაიწყო მუშაობა. მათ შორის, ბამბეულის კომბინატმა გორში, სართავმა ფაბრიკამ თბილისში. მატყლის რესურსების მოძიების პირობების გაუმჯობესებამაც მოგვცა საშუალება, რომ მუშაობა დაეწყოთ მაუდის კომბინატს და მასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ობიექტს.

საანგარიშო მონაცემებზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ ზოგიერთი მაჩვენებლის მიხედვით მდგომარეობა რკინიგზის ტრანსპორტზეც რამდენადმე უმჯობესდება. ამას ვამბობ რკინიგზელების საყურადღებოდ - როცა ისინი მოინდომებენ, ბევრი რამის გაკეთება შეუძლიათ. მაგალითად, 1995 წლის იანვარ-მაისში საერთო სარგებლობის რკინიგზის ტრანსპორტით გადატანილია 36 პროცენტით მეტი ტვირთი და შესრულდა 25 პროცენტით მეტი ტვირთბრუნვა გასულ წელთან შედარებით. ყველაფერი ეს შემოსავალი რკინიგზისათვისაც და სახელმწიფოსთვისაც.

მიმდინარე წელიწადი ძალზე მძიმე გამოდგა სოფლის მეურნეობისათვის. სარწყავი სისტემების უმოქმედობა, მინერალური სასუქებისა და შხამქიმიკატების მწვავე დეფიციტი, დაბალი ხარისხის თესლი - ყოველივე ამან გავლენა იქონია. უმძიმესი გვალვები გადაიტანა კახეთმა, ქართლის რაიონებმა, საერთოდ, სოფლის მეურნეობაში შეიქმნა მძიმე კლიმატური პირობები (ამ ბოლო ორ-სამ კვირაში განსაკუთრებით) - გვალვები, სეტყვა, ღვარცოფი, ამის პარალელურად სახელმწიფოს შესაძლებლობები უკიდურესად შეზღუდულია. თუმცა, მიუხედავად ამისა, ცალკეულ რაიონებში მაინც არის სასიკეთო ძვრები და ვფიქრობ, რომ საბოლოო ანგარიშით, სოფელმა შესაძლოა მიმდინარე წელი გაცილებით უკეთესი მაჩვენებლით დაამთავროს, ვიდრე გასული წლები. ერთი რამ უნდა ვთქვა: სოფელს დახმარება სჭირდება და ჩვენ ამ საქმეში ყველანი ერთნაირად არ ვაზროვნებთ. სამწუხაროდ, ყველა უწყება - რაიონული და საქალაქო, ასე არ არის განწყობილი. ჩემი აზრით, დადგა დრო სერიოზული სჯა-ბაასი და დისკუსია გაიმართოს ქვეყნის ახალი სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკის განსაზღვრისა და ამ პოლიტიკის რეალურ გამოხატულებაზე ცალკეული რაიონების და თუნდაც ცალკეული სოფლების მიხედვით.

რამდენიმე სიტყვა ელექტროენერგიასთან დაკავშირებით. უკვე გითხარით, რომ ზამთართან დაკავშირებული პრობლემების გლობალური გადაწყვეტა დიდად იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ წარიმართება ჩვენი მოლაპარაკება რუსეთთან. რაც შეეხება მიმდინარე საკითხებს - ელექტროენერგიის საშუალო სადღეღამისო მოხმარებამ 28-29 ივნისისასთვის თითქმის 20 მილიონი კილოვატსაათი შეადგინა. ზრდის ტემპი 49,5 პროცენტია, ხოლო საშუალო გამომუშავება 19 მილიონ კილოვატსაათზე მეტია, რაც 91 პროცენტს შეადგენს. შესაბამისი ეფექტი მრეწველობაში, ჯერჯერობით, არ გვაქვს. მოხდა ისე, რომ მთელი რიგი ქალაქები ელექტროენერგიით უზრუნველვყავით, მაგრამ ყველა ობიექტი არ ამუშავებულა. ვფიქრობ, რომ აქედან დასკვნებია გამოსატანი.

ისე კი, როგორც გითხარით, საერთო ტენდენცია იმედის მომცემია.

- ბუქარესტში „ბისეკის“ შეხვედრაზე თქვენი გამოსვლა ორი მომენტით გამოირჩეოდა: კრიტიკით და ამ ეკონომიკურ ალიანსში პოლიტიკური ასპექტით შეტანით. რამდენად სიცოცხლისუნარიანი იქნება, თქვენი აზრით, ეს გაერთიანება და რამდენად პრესპექტიულია საერთოდ რეგიონული გაერთიანებები?

- როგორც თვითმფრინავში საუბრის დროს მოგახსენეთ, „ბისეკს“ აქვს მომავალი, თუკი იგი თავს დააღწევს გარკვეულ ამორფულობას (ეს სიტყვა მე იქ არ ვიხმარე. თუმცა პირვანდელ ტექსტში მქონდა, მაგრამ შემდეგ თავი შევიკავე). ეს საფრთხე ნამდვილად არის, თანაც ისეთი გიგანტების არსებობის პირობებში, როგორიცაა ევროკავშირი და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა. „ბისეკს“ დასჭირდება უდიდესი, ძალიან სწრაფი ტემპის განვითარება. ამიტომაც, ვილაპარაკე სტრუქტურულ სრულყოფაზე, უფრო აქტიურ ხელმძღვანელობაზე, ისეთი პოლიტიკური ნების გამოვლინებაზე, რომელმაც უნდა გადალახოს სახელმწიფოთა შორის და მათ შიგნით არსებული ბარიერები და რომ ასეთი ბარიერები არსებობს, ეს აღნიშნეს სახელმწიფოთა მეთაურებმა. მხოლოდ აქტიური პოლიტიკური უზრუნველყოფა მიგვიყვანს ეკონომიკური ინტეგრირების ისეთ დონემდე, რომელიც, ბოლოს და ბოლოს, თუ შეიძლება ასე ითქვას, უზრუნველყოფს პოლიტიკური მოვლენების ეკონომიზაციას. ვფიქრობ, რომ ეს შეუქცევადი პროცესი იქნება. ეგრეთ წოდებული წმინდა პოლიტიკა. შეიძლება წარსულის მოგონებად დარჩეს. ამ მხრივ, სწორედ რეგიონული ორგანიზაციები, მათ შორის კარგად აწყობილი ურთიერთობა, უცილებლად შექმნიან პოლიტიკურ და ეკონომიკურ ამინდს. ხოლო თუ ეკონომიკა განვითარდება, ხალხი დარწმუნდება, რომ ბოლოს და ბოლოს, ეკონომიკური ინტეგრაცია არის ის გზა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მათი ცხოვრების პირობების გაუმჯობესება.

- რუმინეთში თქვენ წამოაყენეთ ერთი საყურადღებო წინადადება, კერძოდ, ის, რომ შავიზღვისპირა ქვეყნების რეგიონი სეისმურად ძალიან აქტიური ზონაა. თქვენ გაიხსენეთ მიწისძვრები სომხეთში, საქართველოში, თურქეთში, რუმინეთში და ამასთან დაკავშირებით რეგიონის ძალების გაერთიანების საკითხი დააყენეთ. გასულ კვირას სომხეთის ატომური სადგური ამუშავდა. გასაგებია, რომ ეს კარგია, სომხეთს სჭირდება ენერგია, მაგრამ გარკვეული ორგანიზაციები გამოთქვამდნენ შეშფოთებას რომ თვითონ ეს ფაქტი საშიშროებას შეიცავს არა მარტო სომხეთისათვის, არამედ მთელი რეგიონისთვის...

- სომხეთში ატომური ელექტროსადგურის ამუშავება, ერთი მხრივ, დიდი სიკეთის მომტანია ამ ქვეყნისათვის, ჩვენი მეზობლისათვის (და ეს გვიხარია) და გარკვეული აზრით დიდი სიმდიდრე, როგორიც ელექტროენერგიაა, ბუნებრივია, ჩვენც შეიძლება გვქონდეს ერთგვარი მხარდაჭერის იმედი. მეორე მხრივ, დარწმუნებული უნდა ვიყოთ რეგიონის სრულ უსაფრთხოებაში. ვფიქრობ, სომხეთთან ხელმძღვანელობას ეს მუდმივად ჰქონდა მხედველობაში, როცა სადგურის ექსპლოატაციის საკითხს წყვეტდა. ეს ის პრობლემაა, რომლის შესახებ აუცილებელია დიალოგი სამთავრობო დონეზე და ასეთი დიალოგი აუცილებლად გაიმართება. ვფიქრობ, შესაძლებელია უსაფრთხოების წესების უსასტიკესი დაცვით გვქონდეს იმის გარანტია, რომ ყოველგვარი გაუგებრობა და უსიამოვნება თავიდან ავიცილოთ.

- გასულ კვირას, საქართველოში ტერორისტთა მორიგი ჯგუფი დააკავეს. ამჯერად, ყოფილი პრეზიდენტის ერთ-ერთი მომხრე, ყოფილი პრეფექტი ზვიად ძიძიგური და სხვები. ალბათ წინასწარი მონაცემები და ინფორმაცია არსებობს ამასთან დაკავშირებით...

- შემიძლია გითხრათ ის, რაც ორი დღის წინათ მომახსენეს. როგორც მითხრეს, და სათანადო დოკუმენტებიც არსებობს, ამ ჯგუფს ყველაფერი ჰქონდა გამზადებული ვახუშტის სახელობის ხიდის ასაფეთქებლად. წარმოგიდგენიათ, რა მოხდებოდა, ეს განზრახვა სისრულეში რომ მოეყვანათ? ეს ის ძიძიგურია, რომელმაც სამტრედია დაარბია და დაანგრია, სამეგრელოსა და აფხაზეთის რაიონებში თავი გამოიჩინა მკვლელობებით, სისასტიკით, სოფლების გადაწვით. გაიხსენეთ მისი შეჭრა სამტრედიაში, იქ დაღვრილი სისხლი, გადამწვარი სახლები, ათობით დაღუპული ადამიანი.

მადლობას ვუცხადებ ქალაქის პოლიციის ხელმძღვანელობას, ყველა მუშაკს, რომლებმაც სამინისტროს დამხარებით და ქალაქის მერიის ხელშეწყობით ასეთი საშინელი დანაშაულობანი ააცილეს თავიდან დედაქალაქს. როგორც მეუბნებიან, მალე ცნობილი გახდება, რა ძალები უჭერენ მხარს დამნაშავეებს (საკმაოდ დიდი ძალებია ეს!), იმასაც ამბობენ, რომ ამ ჯგუფს ტერორისტული და დივერსიული აქტების მთელი სერიები ჰქონდა დაგეგმილი (ამის შესახებ უკვე სათანადო დოკუმენტებია მოპოვებული), ბევრიც განახორციელეს. ამის თაობაზე სათანადო ორგანოები მიაწვდიან საზოგადოებიობას ინფორმაციას.

არ შემიძლია არ ვთქვა: გაკვირვებას იწვევს ზოგიერთი ჩემი კოლეგის, ზოგიერთი პარლამენტარის თავგამოდება დამნაშავეთა სასარგებლოდ და მათ დასაცავად. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, სინდისს, რაღას ეუბნები, ხომ უნდა დამთავრდეს საქართველოში ნგრევის, დივერსიებისა და ტერორის ხანა. ეს ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ. გაუთავებელი ლაპარაკი, რომ საქართველოში დაიწყო 37 წელი - წმინდა წყლის დემაგოგიაა. იმ ხალხს, ვინც ამას ამბობს, უბრალოდ, არ ეკადრება. თუ ვინმე იბრძვის იმისათვის, რომ რაიმე მსგავსი არ განმეორდეს, რაც დაკავშირებულია მძიმე მოგონებებთან - იბრძვის ხელისუფლება და პირადად სახელმწიფოს მეთაური.

- გუშინ თითქმის მთელი სამუშაო დღე საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე გაატარეთ. დღეს „უმრავლესობის“ წარმომადგენლებთან დაიწყება შეხვედრა. ხვალ საგანგებო სხდომაა. რას ელით ამ კვირისგან?

- საერთოდ, მინდა ვთქვა, რომ საკონსტიტუციო პროცესი გადამწყვეტ და ურთულეს ფაზაში შევიდა. კონსტიტუციის მიღება უმნიშვნელოვანესი მოვლენა იქნება საქართველოს სახელმწიფოებრიობის განმტკიცების, ტერიტორიული გამთლიანების, დემოკრატიული განვითარების, სახალხო კეთილდღეობის უზრუნველყოფის, საერთაშორისო ავტორიტეტის ამაღლების გზაზე. რამდენად ვართ მზად ამისათვის, ამას უახლოესი დღეები გვიჩვენებს. ძალიან მინდა, რომ ჩვენმა პარლამენტმა, რომელმაც ასეთი რთული გზა გაიარა ამ სამი წლის განმავლობაში, და რომელიც, პრაქტიკულად, იმისათვის შეიქმნა, რომ მიგვეღო კონსტიტუცია - ეს უმთავრესი კანონი ქვეყნისა - ღირსეულად გაართვას თავი ამ უდიდეს ამოცანას.

„კონსტიტუციის მიღება უმნიშვნელოვანესი მოვლენა იქნება საქართველოს სახელმწიფოებრიობის განმტკიცების, ტერიტორიული გამთლიანების, დემოკრატიული განვითარების, ხალხის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, საერთაშორისო ავტორიტეტის ამაღლების გზაზე“ : ედუარდ შევარდნაძის 3 ივლისის რადიოინტერვიუ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 4 ივლისი. - 74(1090). - 1,2 გვ.

53 „არჩევნებისათვის მზადება, მისი გამართვაც და შედეგებიც ხელს უნდა უწყობდეს გარდაქმნათა ტემპის დაჩქარებას“

▲ზევით დაბრუნება


ედუარდ შევარდნაძის 10 ივლისის რადიოინტერვიუ

- გასული კვირა ეკონომიკური თვალსაზრისით საკმაო სტაბილურობით აღინიშნა, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ წინასაარჩევნო ვნებათაღელვამ ამ სფეროშიც შემოაღწია. ამას წინათ, ქალაქის რამდენიმე ცენტრალურ უბანში ასეთი ტრანსპარანტები გამოჩნდა: „შეჩერდეს პრივატიზაცია არჩევნებამდე“ ამგვარი ლოზუნგები და ტრანსპარანტები წინასაარჩევნო პერიოდში, ალბათ, დიდი რაოდენობით გამოჩნდება ჩვენს ქალაქში. - ჟურნალისტ ნატო ონიანის ამ შეკიტხვის პასუხად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ - სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა:

- განვლილ კვირაში ქვეყნის ეკონომიკური ცხოვრება ისეთი მიშვნელოვანი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოვლენის ფონზე მიმდინარეობდა, როგორც არის პარლამენტის საგანგებო სხდომის მიერ საკონსტიტუციო პროცედურისა და ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების თარიღის განსაზღვრა. ნიშანდობლივია, რომ ასეთი ეტაპობრივი მოვლენა საქართველოს ისტორიაში დროის თვალსაზრისით, ეკონომიკური სტაბილიზაციის შეუქცევადი ტენდენციის საერთაშორისო აღიარებას დაემთხვა, რაც სარეზერვო, ეგრეთ წოდებული სტენდ-ბაისა და სისტემური ტრანსფორმაციის მეორე ტრანშის გამოყოფით გამოიხატება. ეს დაახლოებით 150-160 მილიონი დოლარია და უდავოდ დიდი ინექცია იმისათვის, რომ ჩვენი ეკონომიკა გამოცოცხლდეს და ხალხის ცხოვრების დონე ცოტათი მაინც გაუმჯობესდეს.

თანამედროვე ცივილიზებული სახელმწიფოს აღმშენებლობითი და ეკონომიკური პროცესები ურთიერთგანპირობებული და ურთიერთდამოკიდებულია. ქვეყნის ცხოვრებაში ასევე კვალის დამტოვებელ მოვლენათა რიცხვს უნდა მიეკუთვნოს კვირის ბოლო დღეებში გამართული მოქალაქეთა კავშირის ყრილობაც (შემდეგში შეიძლება ვილაპარაკო სხვა პარტიების ყრილობებზეც მაღალი პოლიტიკური კულტურის პირობებში, ეს ასე უნდა იყოს) რომელზეც პოლიტიკურ კურსთან ერთად ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საპროგრამო მიდგომები გამოიკვეთა. ეს განსაკუთრებით ეხება ეკონომიკის მინისტრის ლადო პაპავას გამოსვლას.

რაც შეეხება ეკონომიკურ ცხოვრებას, წინა კვირაშიც გრძელდებოდა მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის, მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის გამოცოცხლების, ბიუჯეტში სახსრების რაც შეიძლება სრულად ჩარიცხვის, მოსახლეობის სოციალური დაცვის ღონისძიებათა განხორციელების რთული პროცესები, რომელთა შედეგები, ალბათ, ივლისის მესამე დეკადაში, შეჯამდება ტრადიციულ რესპუბლიკურ თათბირზე ცენტრალური უწყებებისა და რეგიონების ხელმძღვანელთა მონაწილეობით. დარწმუნებული ვარ, საინტერესო და საჭირო სჯა-ბაასი გაიმართება.

ფინანსთა სამინისტროს მეტ-ნაკლებად დაზუსტებული მონაცემებით, 1995 წლის 6 თვეში რესპუბლიკურმა ბიუჯეტმა საგადასახადო შემოსავლისა და გრანტების სახით თითქმის 50 ტრილიონი კუპონი მიიღო. აქედან, მეორე კვარტალში მიღებულია 27 ტრილიონი, ანუ პირველი კვარტალის მაჩვენებელზე 22 ტრილიონით მეტი. საკუთარი საგადასახადო და არასაგადასახადო შემოსავალი კი (გრანტების გარეშე) მეორე კვარტალში 26 პროცენტით გაიზარდა. ეს, ერთი მხრივ, რესპუბლიკის ეკონომიკაში მიმდინარე სტაბილიზაციის პროცესების და, მეორე მხრივ, საგადასახადო ინსპექციის საქმიანობის გააქტიურების შედეგია.

დადებითი ძვრებია მიღწეული ადგილობრივ ბიუჯეტებშიც. უაღრესად სასიხარულო მოვლენაა, რომ ადგილობრივი ბიუჯეტირების გამო უკვე დაიწყო არა მარტო სერიოზული დისკუსიები, არამედ რეალური, კონკრეტული მუშაობაც.

საგადასახადო ინსპექციის მონაცემებით, ძირითადი საგადასახადო შემოსავლის მიხედვით, მეორე კვარტალის საპროგნოზო მაჩენებლები გადაჭარბებით შესრულდა. აქედან, მოგების გადასახადი - 10 ტრილიონ ნახევარი კუპონით, ესე იგი 159 პროცენტით, აქციზი - 673 მილიარდი კუპონით, ესე იგი - 142 პროცენტით, ფიზიკურ პირთა საშემოსავლო გადასახადი - 4 ტრილიონი კუპონით, ესე იგი, - 132 პროცენტით. ეს თავისთავად დიდი მოვლენაა. გარდა ამისა, ბიუჯეტის ფორმირებისა და საბიუჯეტო შემოსავლის დადგენილი საკონტროლო ციფრების შესრულების თვალსაზრისით - ეს იმის პირველი მაჩვენებელია, რომ გამოცოცხლდა წარმოება და იქმნება ახალი სამუშაო ადგილები და საწარმოები, ყოველივე ამას კი, ქვეყნის დოვლათის მატებისკენ მივყავართ.

ამავე დროს კვლავ ბევრია ისეთი საწარმო და ორგანიზაცია, რომლებიც არღვევენ საგადასახადო კანონმდებლობას და მალავენ შემოსავალს, თავს არიდებენ საბიუჯეტო ანგარიშწორებას.

მოწონებას იმსახურებს, თბილისის საგადასახადო ორგანოებისა და ქალაქის მერიის მიერ განხორციელებული აქტიურ შემოწმებათა პროცესი. მათ უკვე შეამოწმეს 73 საწარმო, სადაც დამატებით დარიცხულმა თანხებმა 908 მილიარდი კუპონი შეადგინა.

წინა კვირის რადიოინტერვიუში მწვავე კრიტიკის შემდეგ პურპროდუქტების კორპორაციამ საგანგებო ზომები მიიღო ბიუჯეტში თანხის ჩარიცხვის რადიკალურად გაუმჯობესების მიზნით: მკაცრად დაისაჯნენ დავალიანების მქონე საწარმოთა დირექტორები, კომბინატებს პერსონალურად მიამაგრეს ცენტრის წარმომადგენლები. საკითხი განიხილეს საგადასახადო სამსახურისა და კორპორაციის გაერთიანებულ თათბირზე, შეიმუშავეს პრობლემის საბოლოოდ გადაწყვეტის ერთობლივი ღონისძიება. ეს მისასალმებელია.

საგადასახადო სამსახურის ცნობით, საანალიზო კვირაში ბიუჯეტის სასარგებლოდ გადმორიცხულია 2 ტრილიონამდე კუპონი, მაშინ როცა ბიუჯეტში ყოველკვირეულად საშუალოდ ირიცხებოდა მილიარდი ან მილიარდ 200 მილიონი კუპონი, ესე იგი, განსხვავება ძალიან დიდია. ეს იმ გარემოებით არის გამოწვეული, რომ ქუთაისის ზუგდიდის, მარნეულის პურპოდუქტების კომბინატებმა საგრძნობლად შეამცირეს ბიუჯეტის დავალიანებანი. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ამის მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა ადგილობრივი ადმინისტრაციისა და ხელმძღვანელების მიერ გადამწყვეტი ზომების მიუღებლად.

მიმდინარე წლის 6 თვეში საბაჟო დეპარტამენტის სისტემამ (ყოველ გამოსვლაში ვამახვილებ ყურადღებას ამ სამსახურზე, რადგან იგი მუდამ უნდა იყოს ჩვენი საზოგადოების ყურადღების ცენტრში) ბიუჯეტში ჩარიცხა 2.669 ათასი დოლარის ექვივალენტის სხვადასხვა ვალუტა - შარშან ამ პერიოდისათვის ჩარიცხული 208 ათასი დოლარის ნაცვლად. წელს ბიუჯეტში ჩარიცხული თანხებიდან 1.400 ათასი დოლარი მიღებულია თბილისის საბაჟოდან, 735 ათასი დოლარი - ბათუმის საბაჟოდან (ეს ძალიან სასიხარულოა ყოველთვის ასე არ იყო) 377 ათასი ფოთის საბაჟოდან (უნდა გითხრათ რომ, რომ ეს ძალიან უმნიშვნელო ციფრია, ჩვენ იქ შევცვალეთ ქალაქის ხელმძღვანელობა. იმედი მაქვს, რომ ბატონი ნუგზარ ნადარაია ღრმად ჩაიხედავს ამ საქმეში და ფოთის საბაჟო თავის სიტყვას იტყვის ბიუჯეტის შესრულებაში) 118 ათასი დოლარი - ქუთაისის საბაჟოდან და ასე შემდეგ. ყოველივე ეს, ძირითადად, მიღწეულია დისციპლინის განმტკიცებითა და რეზერვების გამოვლენით. ამ ეტაპზე აუცილებლად უნდა დადგეს საბაჟო გაცილების სამსახურის გაძლიერების საკითხი. ამასთან, ერთხელ კიდევ მინდა ვთქვა, რომ არსებული საგადასახადო და განსაკუთრებით, საბაჟო შემოსავალი, ჩემი გამოანგარიშებით, მხოლოდ 55-60 პროცენტია იმისა, რასაც უნდა იღებდნენ სახელმწიფო და ხალხი, ესე იგი, რეზერვი უზარმაზარია.

1995 წლის პირველ ივლისისათვის რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს სისტემაში, მინისტრისა და აპარატის მიერ მიღებული აქტიური ზომების შედეგად ამოქმედდა სახაზინო სამსახური, რომელიც სახელმწიფოს მეთაურის ბრძანებულების საფუძველზე შეიქმნა. ეს ჩვენთვის ახალი მოვლენაა. სახაზინო სამსახურის სფერო თანდათანობით გაფართოვდება და ჩვენი მოსახლეობა იგრძნობს, თუ რას ნიშნავს ეს სიახლე ჩვენი ეკონომიკური, ფინანსური და საერთოდ სახელმწიფოებრივი ცხოვრებისათვის.

უნდა დაჩქარდეს მუშაობა 1996 წლის ბიუჯეტის შედგენისათვის. მინისტრთა კაბინეტს, ფინანსთა სამონისტროს, ეკონომიკის სამინისტროს, და სხვებს ასეთი დავალება მიღებული აქვთ. მიმაჩნია რომ ეს დადგენილ ვადებში უნდა მოხდეს და პარლამენტმაც დროულად უნდა განიხილოს.

გასულ კვირაში საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროში განისაზღვრა სპეციალური საბარათო აუქციონების გამართვის წესი (მინდა მოსახლეობამ იცოდეს, რომ ეს მოვლენა ჩვენი ყურადღების ცენტრშია), დამტკიცდა განაცხად-ხელშეკრულებათა შევსების ინსტრუქცია. რესპუბლიკის ყველა ქალაქსა და რაიონში გაიხსნა და ფუნქციონირებს განაცხადების მიმღები პუნქტები, მიმდინარეობს პირველი აუქციონის მონაწილეთა განაცხადების მიღება. შემუშავებულია საპრივატიზაციო ბარათების აღრიცხვის, შენახვის, დაბრუნებისა და დაფარვის წესი. მართალი გითხრათ, ძალიან მაინტერესებს, როგორ გაიმართება პირველი აუქციონები. ეს ხომ საბაზრო ეკონომიკის კიდევ ერთი ნიშანია, რომელსაც დიდი სამომავლო მნიშვნელობა ექნება.

როგორც არაერთხელ აღმინიშნავს, მრეწველობის სამინისტროს სისტემის საწარმოებში შეინიშნება წარმოების ერთგვარი გამოცოცხლება. მარტში საწარმოებმა ერთ-ნახევარჯერ მეტი პროდუქცია აწარმოეს, ვიდრე იანვარ - თებერვალში ერთად აღებული.. მაისსა და ივნისში კი ცალ-ცალკე იმაზე მეტი პროდუქციაა წარმოებული, რამდენიც მთლიანად პირველ კვარტალში. პირველ კვარტალთან შედარებით მეორე კვარტალში წარმოებულია 3-ჯერ უფრო მეტი პროდუქცია. ესე იგი, აშკარაა წარმოების სიცოცხლის ნიშნები და სიმპტომები. აღნიშნული მიღწევების მიუხედავად, მრეწველობის ეკონომიკური პოტენციალი გაცილებით მეტია, რადგან ჯერჯერობით საწარმოები (მხედველობაში მაქვს სახელმწიფო და პრივატიზებული საწარმოებიც) თავიანთი შესაძლებლობების მხოლოდ 15-20 პროცენტის დონეზე მუშაობენ.

მივმართავ მრეწველობის სამინისტროს, განურჩევლად იმისა, თუ რომელი საკუთრების ფორმისაა ესა თუ ის საწარმო, ყველაფერი იღონოს, რათა ეს პოტენციალი მაქსიმალურად იქნეს გამოყენებული. მით უმეტეს, რომ, ავად თუ კარგად ენერგეტიკა ასრულებს თავის ამოცნას - ენერგიას აწვდის საწარმოებს.

სოფლად ამჟამად რამდენადმე უფრო რთულად მიმდინარეობს მოვლენები, მაგრამ მოსავალს მაინც აქტიურად იღებენ. მოსავალი აღებულია 16 ათას ჰექტარზე. საშუალოდ ჰექტარზე მიღებულია 14-15 ცენტნერი მარცვალი. სტიქიურ მოვლენებს თუ გავითვალისწინებთ, ასეთ მაჩვენებლებს არა უშავს რა.

შეფერხებებია რაიონებისთვის საწვავის მიწოდების საქმეში, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ჩაის მრეწველობამ გარკვეული დახმარება მიიღო (მხედველობაში მაქვს მთავრობის მიერ გამოყოფილი 6 ათასი ტონა მაზუთი, 25 ათასი ტონა დიზელის საწვავი, ბენზინი და სხვა) შემდგომი ვეგეტაციის ფოთლის საკრეფად აუცილებელია განხორციელდეს ჩაის ფაბრიკებისათის საწვავის - ძირითადად მაზუთის მიწოდების მეორე ეტაპი. იმედი მაქვს, მინისტრთა კაბინეტი ამ ამოცანასაც გადაწყვეტს.

მიმდინარე კვირაში ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟის მორიგი ვაჭრობა გაიმართა, ამერიკულ დოლარზე მოთხოვნა კვლავ სატბილურია. ბირჟის ბრუნვამ 1.600 ათასი დოლარი შეადგინა. კურსი წინა დონეზე რჩება - ერთი ამერიკული დოლარი - 1.800 ათასი კუპონი. რაც შეეხება რუბლს, თვის დასაწყისში თანაფარდობა ასეთი იყო: ერთი რუბლი - 241 კუპონი, შემდეგ ეტაპზე იგი 242 კუპონით განისაზღვრა. გარიგებათა საერთო მოცულობამ ამჯერად უკვე 300 მილიონ რუბლს გადააჭარბა.

ჩემი დღევანდელი ინფორმაციის კიდევ ერთი ელემენტი: დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს ელექტროსისტემების მოწესრიგება: კერძოდ, თითქმის ყოველდღიურად განიხილება თბილსრესის აღდგენასთან დაკავშირებული საკითხები. ერთხელ კიდევ მინდა მადლობის სიტყვებით მივმართო ჩვენს გერმანელ მეგობრებს, რომლებმაც სერიოზული დახმარება გაგვიწიეს - გამოგვიყვეს უპროცენტო მრავალწლიანი სესხი, ასევე ევრობანკს, რომელმაც პრინციპში გადაწყვიტა მეათე ბლოკის რემონტის დაფინანსების საკითხი.

მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება ის, რომ დღეს გვეწვევა რუსეთის ენერგეტიკოსთა ძალიან ავტორიტეტული დელეგაცია ბატონ დიაკოვის ხელმძღვანელობით (ეს საკითხი ბუქარესტში ბატონ სოსკოვეცთან შეხვედრის დროს გადაწყდა) წინასწარ მიჭირს რაიმე შედეგებზე საუბარი, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს იქნება პრინციპული შეხვედრა, რათა განვსაზღვროთ ენერგეტიკის სფეროში რუსეთისა და საქართველოს თანამშრომლობისა და პარტნიორობის საკითხები ორივე მხარის ინტერესების შესაბამისად. თუ აქ სერიოზულ შეთანხმებებს მივაღწიეთ, დარწმუნებული ვარ, რუსეთი მთავრობა მხარს დაგვიჭერს ამ შეთანხმებათა შესრულებაში, უწინარესად, კავკასიონზე მაღალი ძაბვის ხაზების აღდგენაში (ეს საკმაოდ რთული და ძნელი ამოცანაა) მაშინ კიდევ ერთი რეზერვი გამოჩნდება იმისათის, რომ ზამთარი რბილი იყოს არა ჰავის თვალსაზრისით, არამედ იმ მხრივ, თუ რისი მიწოდება შეგვეძლება თითოეული ოჯახისა და საწარმოსათვის...

რაც შეეხება კონკრეტულ შეკითხვას, პრივატიზაციის შეჩერების შესახებ რომ გაჩნდა ლოზუნგები, მოწოდებები და სხვა, - სრულიად გარკვევით უნდა ვთქვა, რომ საერთოდ გარდამავალი ეტაპის განსაზღვრული ღონისძიებების შეფერხება გაუმართლებელია, თუ დაიწყო მოძრაობა იმისათვის, რომ არჩევნების გამართვამდე ყველაფერი შევაჩეროთ, ეს უბედურება იქნება, ეს დაუშვებელია...

მე პირიქით მგონია: არჩევნებისთვის მზადების დროს კიდევ უფრო უნდა განმტკიცდეს ხელისუფლება, წესრიგი, გაძლიერებული ტემპით უნდა წარიმართოს ის პროცესები, რომლებსაც საბაზრო ეკონომიკისაკენ მივყავართ. არავითარი შეფერხება! თუ ასე არ მოხდა, მაშინ მეორე ვარიანტია მოსალოდნელი - არჩვნები გაიმართება, გვეყოლება, ვთქვათ, ახალი ხელისუფლება, ახალი პარლამენტი და ნახევარი წელიწადი დასჭირდებათ მათ მხოლოდ იმისთვის, რომ აითვისონ, თუ რა იქნება გასაკეთებელი.

ჩემი აზრით, არჩევნებისთვის მზადება მისი გამართვაც და შედეგებიც ხელს უნდა უწყობდეს გარდაქმნათა ტემპის დაჩქარებას, ვფიქრობ, ასეც იქნება.

- თქვენ ენერგეტიკაზე საუბრისას აღნიშნეთ, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ენერგეტიკული ურთიერთობის მოგვარება დაიწყება. ენერგეტიკა უკვე პოლიტიკაა. მიუხედავად ამისა, რეაქციამ აფაზეთში მომხდარ წყალდიდობაზე ისეთი შთბაეჭდილება დატოვა, თითქოს რუსეთი ხელისუფლების გარკვეული ნაწილი შესაფერის მომენტს ელოდა, რათა დახმარების ხელი გაეწოდებინა სეპარატისტული რეჟიმისათის. მოქალაქეთა კავშირის მეორე ყრილობაზე თქვენ აღნიშნეთ, რომ საქართველო-რუსეთის ურთიერთობის მაგისტრალი სოხუმსა და ცხინვალზე გადის. ძალიან საინტერესო ფორმულა მოგვცა საქართველოს ელჩმა რუსეთში ვაჟა ლორთქიფანიძემ, რომელმაც თქვა, რომ კონფლიქტები საქართველოში რუსეთის ჩარევით დაიწყო, რუსეთის მონაწილეობით შეჩერდა და რუსეთის ჩაურევლად ვერ მოწესრიგდებაო და მაინც, რუსეთმა ამ ბოლო ნაბიჯით არათუ საქართველოსთან, არამედ თანამეგობრობის მასშტაბით გაფორმებული დოკუმენტებიც დაარღვია. მხედველობაში მაქვს ალმათისა და მინსკის დოკუმენტები...

- გუშინ უკვე ვილაპარაკე ამაზე, ვფიქრობ, არავის არ ეპარება ეჭვი, რომ ბევრ ჩემს თანამოაზრესთან ერთად დიდ მეზობელთან - რუსეთთან მართლაც კეთილმეზობლური, ახალი ურთიერთობის მშენებლობის მომხრენი ვართ. მაგრამ ამასთანავე, თუ გვინდა საიმედო და მყარი ურთიერთობა ავაშენოთ, მაშინ ამის ბაზა სიმართლე უნდა იყოს. თუ სიმართლეს გავექცევით, ეს ურთიერთობა არასაიმედო ფუნდამენტზე იქნება აშენებული. შემთხვევით არ მითქვამს მეგობრობისა და მეზობლობის მაგისტრალი სოხუმსა და ცხინვალზე გადის - მეთქი. სწორედ აქ მოწმდება, რამდენად გულწრფელი ვართ ერთმანეთთან ურთიერთობაში, ამ გულწრფელობის გარეშე კეთილი მეზობლობა და კეთილი ურთიერთობა ვერ აშენდება.

აქ ელემენტარული ნორმების დაცვის საკითხი დგება. ვიცი, რომ ერთი-ორმა ქვეყანამ გამოთქვა აფხაზეთის დახმარების სურვილი წყალდიდობის შედეგეგად მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად. ეს სავსებით გამართლებულია. მაგრამ იცით, როგორ მოიქცნენ? დაგვირეკეს, გვითხრეს, ნებართვა გვათხოვეს და ჩვენ, რა თქმა უნდა ვუპასუხეთ: მზად ვართ, თბილისის, გნებავთ სოხუმის აეროდრომები მოგცეთ გამოსაყენებლად. აფხაზეთი საქართველოს ნაწილია და იქ მცხოვრებნი ჩვენი მოქალაქეები არიან.

რაც შეეხება აქციას, რომლის შესახებაც გუშინ იყო საუბარი მოქალაქეთა ყრილობაზე, ამის გამართლება ჰუმანურობის არგუმენტით არ შეიძლება. ჩემდა სამწუხაროდ, აშკარად გაჩნდა დამაფიქრებელი სიმპტომი - თანამეგობრობაში ხელმოწერილი დოკუმენტები შეიძლება ფარატინა ქაღალდად იქცეს. აი ეს საშიშროება დავინახე. თანაც, არავინ არ ისურვა, თუნდაც ერთხელ დაერეკა და ეთქვა - ჩვენ ასე ვაპირებთ და თქვენ როგორ გგონიათ, ეს ხომ არ შეუშლის ხელს ამ ბოლო ხანს ორი ქვეყნის ურთიერთობაში ჩამოყალიბებულ კარგ ტენდენციასო. ღმერთმა ქნას ეს იშვიათი გამონაკლისი იყოს. დახმარება შეიძლება ყველამ მიიღოს, მაგრამ იმ გზებითა და წესებით რომლებიც მსოფლიო პრაქტიკაშია მიღებული. ეს ბოლო აქცია, გადაუჭარბებლად ვიტყვი, საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფაა. ამას გარდა, რა ვუთხრათ აფხაზეთიდან დევნილ ხალხს? ნახევარი მილიონიდან 300-350 ათასი კაცია გამოდევნილი, მათ შორის, ათიათასობით რუსი ეროვნების, 2 თუ 3 ათასი რუსი მოქალაქე დარჩა აფხაზეთში და ორი წელიწადია ეს ადამიანები შიმშილობენ, იტანჯებიან, ათიათასობით კაცი კი რუსეთის ტერიტორიაზე იმყოფება. სხვა კომენტარებისაგნ ახლა თავს შევიკავებ უფრო საიმედო გადაწყვეტილებათა მოლოდინში.

გუშინდელ ყრილობაზე ისიც ითქვა, რომ რუსეთის სათათბირო ზოგიერთი დეპუტატი აფხაზეთს თავისი ქვეყნის შემადგენელ ნაწილად მიიჩნევს. ვფიქრობ დრო ყველაფერს გაარჩევს, გაარკვევს და ყველაფრის მკურნალი იქნება.

- გასულ კვირას, 4 ივლისს პარლამენტის სხდომაზე, რომელიც თქვენ მოიწვიეთ, კონსტიტუციის მიღებასა და არჩევნებზე იყო საუბარი. დაინიშნა არჩევნების დღე. ამერიკის ელჩმა ამ ბოლო მოვლენის შეფასებისას თქვა, რომ ამით საქართველო ახლად დამოუკიდებლობამოპოვებული ქვეყნების ავანგარდში დგას, რადგან ბევრმა სხვა ქვეყანამ და ბევრმა სხვა პრეზიდენტმა ვერ გაბედა, არ ისურვა ახალი არჩევნების მოწყობა. ვიმეორებ, ეს კენტ ბრაუნის სიტყვებია.

- პარლამენტის 4 ივლისის სხდომა თითქმის ისტორიული მნიშვნელობისაა. პრინციპში, უკვე საეჭვო აღარ არის, კონსტიტუციის ან მთლიანად ან მისი ძირითადად მიღება და დაკანონებულ დროში,დაკანონებულ ვადებში არჩევნების გამართვა. ამას ძალიან დიდი მნიშენლობა აქვს. კენტ ბრაუნის შეფასება სამართლიანი და ობიექტურია. ამიტომაც არის, რომ ასე აქტიურად გვიჭერენ მხარს მისი ქვეყანა და მთელი დემოკრატიული მსოფლიოს სახელმწიფოები.

მე ჩემს უცხოელ მეგობრებს ვთხოვე, გაითვალისწინონ რაც შეიძლება მეტი მეთვალყურის ჩამოსვლა საქართველოში არჩევნების პერიოდში. ეს ეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, რუსეთს, აზერბაიჯანს, სომხეთს, უკრაინას და სხვა ქვეყნებს. ჩვენ გვჭირდება ნამდვილად დემოკრატიული, ნამდვილად თავისუფალი არჩევნები და ჩვენმა ხალხმა უნდა დაადასტუროს, რომ საქართველო მზად არის, მომწიფებულია ამისათვის. ყველამ უნდა ვიზრუნოდ იმაზე, რომ იარაღმა, ფულმა, ცილისმწამებლურმა კამპანიებმა არ ჩაგვიქრონ დემოკრატიული გარდაქმენით მიღებული პირველი შედეგების სიხარულის ნაპერწკალი, არ ჩაგვაშხამონ ის, რასაც პირველი სიხარული ჰქვია. პოლიტიკური ბრძოლა გარდაუვალია ყოველგვარი არჩევნებისათვის და საერთოდ პლურალისტური დემოკრატიული ქვეყნისათვის. მაგრამ თუ გვინდა დავიმკვიდროდ ადგილი დემოკრატიულ სამყაროში, ეს ბრძოლა უნდა მიმდინარეობდეს კანონის ფარგლებში, უბრალოდ, ადამიანური ეთიკის, ჯანსაღი კრიტიკის, ჯანსაღი აზრის, კონკურენციის ვითარებაში. ახლა ვათვალიერებ ზოგიერთ გაზეთს და ვხედავ, რომ უკვე წამოვიდა ცილისწამებათა ნიაღვარი, ისეთი ვერსიები, რომელთაც არავითარი საფუძველი არ გააჩნიათ. ეს უკვე პოლიტიკური ტერორია. იგი შეიძლება ფიზიკურად არ სპობდეს ადამიანს, მაგრამ, მორალურად, ფსიქოლოგიურად, თრგუნავს მას და საშინელ განწყობილებას ქმნის საზოგადოებაში.

მივმართავ ჩვენს ოპონენტებს, გაზეთებს, ყველა ჟურნალისტს (ეს მეოთხე ხელისუფლება კია არა, პირველი ხელისუფლებაა-მეთქი, აღვნიშნე ერთხელ და მართლაც ასეა) რომ ამ პერიოდში ვიდგეთ განსაკუთრებით ჯანსაღ, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე პოზიციებზე, საქართველოს მომავალი დიდად იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ გადამწყვეტ ეტაპზე როგორ გავართმევთ თავს ამ უდიდეს ამოცანას.

- რამდენიმე დღეში მუშაობას შეუდგება ინტელექტუალთა საერთაშორისო ფორუმი „კულტურათა დიალოგი სოლიდარობისათვის, აგრესიულობისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ“ უაღრესად სიმბოლურია, რომ ამ ფორუმის ინიციატორია ქვეყანა, რომელიც ხშირად გამხდარა აგრესიისა და შეუწყნარებლობის მსხვერპლი...

- ფორუმი „კულტურათა დილაოგი,“ თუკი მასზე მიღწეული იქნება მაღალი დონე (და ისეთი კატეგორიის მონაწილენი ჩამოდიან, რომ შეუძლებელია იგი მაღალი დონისა არ იყოს) - უდავოდ, ტრადიციად იქცევა. კიდევ ერთხელ მინდა გავიხსენო სოლიკო ხაბეიშვილი, რომელიც ამ ფორუმის ინიციატორი იყო და რომელიც ჯიუტად მარწმუნებდა ამ ფორუმის გამართვის, საქართველოში მისი ტრადიციად დამკვიდრების აუცილებლობაში.

ჩვენ მადლობელი ვართ, იუნესკოს გენერალური დირექტორის, ჩვენი შესანიშნავი მეგობრის ფედერიკო მაიორისა, რომელმაც ყველაფერი იღონა იმისათის, რომ ფორუმი თბილისში გამართულიყო. ასეთი ფორუმის მოწვევისა და გამართვის უფლება საქართველომ მოიპოვა მთელი თავისი მრავალტანჯული ისტორიის, ჩვენი ხალხის საკაცობრიო აზროვნების, კულტურისა და მეცნიერების დონის გათვალისწინებით, სისასტიკისა და შეურიგებლობის წინააღმდეგ ბრძოლაში გაღებული უდიდესი მსხვერპლით და თუნდაც, ამ ბოლო ათწლეულში მომხდარ უზარმაზარ მსოფლიო მნიშვნელობის გარდაქმნებში შეტანილი წვლილით.

- და ბოლოს, ამ კვირაში, თბილისს, რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარე ვლადიმერ შუმეიკო ეწვევა. რა მნიშვნელობა ექნება ამ ვიზიტს, რუსეთ-საქართველოს შემდგომი ურთიერთობისათვის?

- მნიშვნელობაზე რომ ვილაპარაკოდ, ალბათ, თვით პიროვნებაზეც უნდა ვთქვათ ორიოდე სიტყვა. ვლადიმერ შუმეიკო ერთ-ერთი წამყვანი პოლიტიკური მოღვაწეა, დღევანდელი რუსეთის პოლიტიკური ელიტის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელია.

რუსეთ-საქართველოს ახალი ურთიერთობის მშენებლობას მუდმივი იმპულსები სჭირდება. ხანდახან შეიძლება ერთი ფაქტიც ისეთი გესლიანი წვეთი გამოდგეს, რომ საქმე გააფუჭოს. ამიტომ მუდმივი იმპულსები, მუდმივი ზრუნვა, დინამიკური მოქმედებაა საჭირო. ერთი ასეთი მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის ჩამოსვლა საქართველოში. მჯერა, ეს იქნება უაღრესად გულახდილი, უაღრესად მეგობრული და რაც მთავარია, მეტად საჭირო და შედეგიანი დიალოგი.

„არჩევნებისათვის მზადება, მისი გამართვაც და შედეგებიც ხელს უნდა უწყობდეს გარდაქმნათა ტემპის დაჩქარებას“ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 11 ივლისი. - 79(1095). - 1,2 გვ.

54 „კულტურათა დიალოგი შესაძლებელია, შეუწყნარებლობის დაძლევა - რეალური“

▲ზევით დაბრუნება


ბატონ ედუარდ შევარდნაძის სიტყვა საერთაშორისო ფორუმზე „კულტურათა დიალოგი სოლიდარობისათვის, აგრესიულობისა და შეურიგებლობის დასაძლევად“

ძვირფასო მეგობარო ფედერიკო მაიორ,

კეთილი იყოს იყოს თქვენი მობრძანება კავკასიის იბერიის დედაქალაქში.

სახელთა იგივეობით, კულტურის ფესვებითა და სულიერი ნათესაობით, თქვენს სამშობლოსთან - პირინეს იბერიასთან ვართ დაკავშირებული. მე მივესალმები იუნესკოს, დღევანდელი შეხვედრის სულისჩამდგემელს და მის გენერალურ დირექტორს.

ჩვენი ფორუმის გახსნა დაემთხვა საქართველოში რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის ბატონ ვლადიმერ შუმეიკოს სტუმრობას, რომელმაც ისურვა შეერთებოდა ჩვენს დიალოგს, რისთვისაც მადლობას მოვახსენებ,

ჩემი ქვეყნის მეგობრებო, პატივცემულო სტუმრებო, კეთილი იყოს თქვენი ფეხი ამ მიწაზე. უძველეს დროთაგან მოდიოდნენ აქ, რათა დაუფლებოდნენ კოლხეთის ოქროს საწმისს ან აენთოდ პრომეთეს ცეცხლი.

თქვენ გააკეთეთ არჩევანი. გმადლობთ ამისათვის. მითის მარადიული ტყვეები, ჩვენ ყოველთვის ვემორჩილებით ჭეშმარიტებას. გულმოწყალე ან ულმობელი, იგი არასოდეს გვღალატობს.

შვიდი წლის წინათ პარიზში პატივი მქონდა იუნესკოსთვის გამეზიარებინა მსოფლიოს ჩემეული ხედვა. იდეალისტთა ეს საკრებულო საოცრად სოლიდარული აღმოჩნდა პოლიტბიუროს წევრთან. მაშინ მე ვლაპარაკობდი კულტურის სილამაზეზე, კულტურის მნიშვნელობაზე, როგორც სამყაროს დედაბოძზე. საქმე ეხებოდა კულტურის მხსნელ მისიას და ამავე დროს - მისი ხსნის ამოცანას.

სილამაზე გადაარჩენს მსოფლიოს, თუ მსოფლიო გადაარჩენს სილამაზეს.

ცხოვრებამ ულმობელი კორექტივები შეიტანა ჩემს ოცნებაში, მაგრამ ვერ ჩამიკლა იგი. ორი წლის წინათ ამ იავარქმნილ და დამცირებულ ქვეყანაში ჩვენ ვუთხარით ხალხს: „გადავარჩინოთ კულტურა და კულტურა გადაგვარჩენს ჩვენ“ მე კვლავინდებურად მჯერა ამისა. კვლავინდებურად ერთგული ვარ მსოფლიოს კულტურული მრავალფეროვნების დაცვის იდეისა, მასში არ არსებობენ დიდნი და მცირენი, უფროსნი და უმცროსნი, ძლიერნი და სუსტნი - არის მხოლოდ დედამიწის ყველა ხალხის შემოქმედებით მონაპოვართა ურღვევი ერთობა. იგი ჰგავს მოზაიკას, სადაც არცერთი ფრაგმენტი მეორის გარეშე არ არსებობს. საკმარისია სმალტის ერთი პატარა კენჭი ამოვარდეს, რომ დაიშალოს სურათი.

რომ გავიგოთ ეს - საკმარისია ერთი კენჭი განვიხილოდ სხვებთან მის მიმართებაში.

მე მსურს ხელისგულზე გადიდოთ ჩემი ქვეყნის კულტურის პატარა კენჭი. ჩემი ქვეყნის ისტორია ისევე კარგად სჩანს, როგორც პეიზაჟი თქვენი სასტუმროს ფანჯრებიდან. გაიხედეთ და დაინახავთ საკათედრო ტაძარს, რომელიც შეგახსენებთ, რომ ქრისტიანობა როგორც სახელმწიფო რელიგია, საქართველოში მე-4 საუკუნესი დამკვიდრდა. ძველისძველი ქართული ანბანი ვაზს მოვაგონებს, გარს რომ შემოხვევია ხალხის რწმენის ცხოველ სვეტს. ჩვენამდე მოსული ქართული ლიტერატურის პირევლი ძეგლი მე-5 საუკუნით არის დათარიღებული.

მიწა, სადაც გადმოცემით დაიბადა წმინდა გიორგი, რომლის სახელიც ჩვენი ქვეყნის სახელწოდებას ფუძედ დაედო, მსოფლიოს ყველა რელიგიის წმინდანთა პანთეონისთვის კეთილი გახდა, ქრისტიანობის ყველა შტო აქ გადაეჭდო ერთმანეთს, ისლამის ყველა დინება მშვიდობიანად თანაარსებობდა მათთან. დევნილმა იუდაიზმმა აქ ჰპოვა თავშესაფარი ტაძრის პირველი დანგრევის დღიდან. 26 საუკუნე შეუსრულდა ამ თანაარსებობას.

აღმოსავლეთის და დასავლეთის, აზიისა და ევროპის მიჯნაზე საქართველო ხიდის მისიას ასრულებდა, კაცობრიობის დიდი აბრეშუმის გზაზე იგი დანტესა და ფირდოუსის შეხვედრის ადგილი ხდებოდა.

ცოტა ფანტაზია და თვალწინ წარმოგიდგებად დავით აღმაშენებლის, მე-12 საუკუნის გვირგვინოსანი პოლიტიკოსის ფიგურა. მეფე - ქრისტიანი, ქვეყნის გათავისუფლების და ერთიანობისთვის ბრძოლებში გამარჯვებული, რელიგიურ კონფლიქტებზე აღმოცენებულ კონფლიქტებს თავიდან იცილებდა თავისი ტოლერანტობის ძალით, ეს იყო სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც აღიარებდა შემწყნარებლობისა და კომპრომისს, ურთიერთგაგებას და მიტევებას, როგორც პრინციპს.

პოლიტიკოსი მთავარი ფიგურაა კულტურათა დიალოგში - ასეთი დასკვნა გამომაქვს ისტორიიდან თანამედროვე პოლიტიკისათვის.

პოლიტიკა როგორც შემაკავშირებელი რგოლი, კულტურათა დიალოგში, მით უფრო მტკიცეა, რაც უფრო ძლიერ ეყრდნობა იგი მათ, - ვეუბნები ჩემს თავს.

იგივე მე-12 საუკუნე გაცისკროვნებულია შოთა რუსთაველის გენიით. მისი ეპიკური პოემის „ვეფხისტყაოსნის“ სიუჟეტი მოიცავს კულტურათა სამყაროებს და არსად არ უხვევს მათი კეთილმოსურნე წვდომისა და გაგების გზიდან. ჩვენს წინაშეა მრავალფეროვნების პატივისცემის ხორცშესხმული იდეალი, უმაღლეს ეთიკურ პრინციპად გამოცხადებული ფენომენი კულტურის შემოქმედებითი და ზნეობრივი საწყისის ჰარმონიული აღქმისა.

ამ ქვეყნის სუვერენები იყვნენ კულტურის ვასალები.

მათი მეფენი მგოსნები არიან, მათი მგოსნები - მეფენიო. ეს ნათქვამია იმ საქართველოზე.

შუასაუკუნოვან საგალობელს ვაზისას ჰქმნიდა მეფე, რომელსაც წაართვეს სამეფო. მაგრამ რჩებოდა რა აზრისა და სულიერების სუვერენად, ამით თავის ერს ხსნის იმედს უნარჩუნებდა.

აი ასეთი სმალტის კენჭი გიჭირავთ ხელისგულზე. რა მცირეც უნდა იყოს მსოფლიო კულტურული მოზაიკის ეს ქართული ფრაგმენტი, იგი დიდია და ყოვლისშემძლე. იმიტომ, რომ შეუნარჩუნა ეთნოსს ცოცხალი სული ტირანიასა და დესპოტიზმთან მრავალსაუკუნოვან ბრძოლაში, იმიტომ, რომ შემოსა ძალით, რათა შეენარჩუნებინა თავისი ეთიკური, ესთეთიკური, ფილოსოფიერი „მეობა“. იმიტომ რომ შეასრულა დამკავშირებელი და შემადუღაბებელი ფუნქცია ეროვნულ, რეგიონულ, მსოფლიო კონტექსტში და ბოლოს, იმიტომ, რომ თანამედროვეობას უმტკიცებს: „კულტურათა დიალოგი შესაძლებელია“.

თქვენი გიდი არ აპირებს მხოლოდ ატკბობდეს თქვენს მზერას, ლანშაფტი სარკმელში იდილიური როდია. აქდან გასულნი ნახავთ კრწანისის ველს, სადაც 200 წლის წინათ გაიმართა ბრძოლა, რომლის შემდეგ ეს ქალაქი აღიგავა პირისაგან მიწისა.

ისტორიკოსები ამტკიცებდნენ, რომ ეს იყო თბილისის 1500 წლოვან ისტორიაში მე-40 და სათვალავით უკანასკნელი აოხრება.

ისტორიკოსები ცდებოდნენ. უკანასკნელი 41-ე ნგრევა ქალაქმა ჩვენს დღეებში განიცადა. ეს იყო არა გარედან შემოჭრის, არამედ საკუთარი მაგმის ამოფრქვევის შედეგი. მისი კვალი დღესაც ატყვია რუსთაველის პროსპექტს.

ამ სახელისა და დესტრუქციის შეხამება აუტანელია. „ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია“ - წერდა რუსთაველი 8 საუკუნის წინათ. ევროპულ რენესანს ჯერ კიდევ უნდა ჩამოეყალიბებინა ასეთი იდეები. მაგრამ ჩვენთვის, შოთას მემკვიდრეთათვის, მნიშვნელოვანი უნდა იყოს არა ის, თუ რამდენად გაუსწრო მან აღორძინების ტიტანებს, არამედ ის, თუ რამდენად ჩამოვრჩებით ჩვენ, მას რამდენად ვართ ჩვენთვის ნაანდერძევი სიმდიდრის მატარებელნი.

ასრულებს თუ არა თანამედროვე კულტურა, თავის აღმშენებლობითსა და მაკონსოლიდირებელ როლს, თუ პირიქით, შეუწყნარებლობის მუხტების დეტონატორად გვევლინება.

ისტორიკოსები ხომ უბრალოდ არ სცდებიან, ბრძოლებშიც კი ებმებიან და ამზადებენ სისხლისმღვრელი სამხედრო შეტაკებების ველს. ასე იყო წარსულში.

ომის მოტრფიალე კულტურა ანტიკულტურა ხდება და ეროვნულ ველს უდაბნოდ აქცევს.

ორუელისეული ანტიუტოპია მკვიდრდება მსოფლიოს ქალაქებში და თბილისი გამონაკლისი არ არის.

ჩვენ აღვადგენთ რუსთაველის პროსპექტს, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ აღვადგინოდ რუსთაველის იდეების საკვანძო მაგისტრალი. იგი უნდა გადიოდეს თანამედროვეთა გონებასა და სულში და ეს ამოცანა იმდენადვე პოლიტიკურია, რამდენად კულტურულიც, მაგრამ იგი წარმატებით ვერ გადაიჭრება მხოლოდ ერთი ქვეყნის და ერთი საზოგადოების ფარგლებში, რამეთუ არსებობს ძალადობის ექსპორტი და შეუწყნარებლობის ექსპანსია, რომელსაც კრიმინარულ-პრაგმატული პოლიტიკის შავი ინტერნაციონალი ახორციელებს. გარედან თავსმოხვეული სეპარატისტული და დიდმპყრობლური ჰეგემონიზმის აგრესია ერთვის შინაგან ანტიკულტურას და ხდება აფეთქება. ხდება მსოფლიოს, ძალაუფლებისა და საკუთრების გადანაწილება, არც გავლენის სფეროთა პრინციპია უგულვებელყოფილი.

ამოცანა ის არის, რომ გავაფართოვოთ პოლიტიკაზე კულტურის გავლენის სფეროები და ეს მხოლოდ მოაზროვნე ადამიანთა ინტერნაციონალს შეუძლია.

თვალწინ მიდგას მეგობრის სახე, რომელმაც ეს შეხვედრა ჩაიფიქრა. ორგანიზებულ პოლიტიკურ დამნაშავეობას, ამბობდა იგი, არ უპირისპირდება ორგანიზებული სიკეთე. ჩვენ გვაძევებენ გავლენის იმ ერთადერთი სფეროდანაც კი, სადაც მდგომარეობის ბატონ-პატრონები ვართ. საჭიროა გავმართოდ საერთაშორისო შეხვედრა და შევიმუშაოდ რაღაც პროგრამა. თბილისი საამისოდ საუკეთესო ადგილია, რადგან აქ, მთაწმინდის ძირას მდებარეობს დედამიწის გრავიტაციული პოლუსი.

მას თბილისის გრავიტაცია სულაც არ გამოჰყავდა იმ ფაქტიდან, რომ აქ ვიწრო სივრცეში, დიდსა და მცირე კავკასიონს შორის, შავ და კასპიის ზღვებს შორის ისტორიულად გადიოდა უმოკლესი გზები აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ და სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ, აზიიდან ევროპისაკენ, ისლამური სამყაროდან ქრისტიანული სამყაროსაკენ.

ის, ვინც ფლობდა თბილისს, ფლობდა კავკასიას, შავი ზღვის და ხმელთაშუაზღვის ეთნოკოსმოსის გასაღებს.

წერტილი პლანეტის რუკაზე იქცეოდა ცხელ წერტილად, დიდი აბრეშეუმის გზა - დიდ გლოვის გზად, გზათა და სამეფოთა შესაყარი - საქართველოს გეოპოლიტიკურ ჯვარცმად. მაგრამ აქვე, სადღაც მესამეული ზღვის ფსკერზე, ომებისა და შემოსევების ვულკანური ამოფრქვევების პარალელურად მრავალი კულტურის შრეები ილექებოდა, რუკის ცხელი წერტილი ცხოვრების პასიონალურ შემოქმედთა ძალების გამოყენების საყრდენი წერტილი ხდებოდა.

ჩვენი მეგობარი სოლიკო ხაბეიშვილი მათი პირდაპირი მემკვიდრე გახდათ.

სამი კვრის წინათ, იგი მოკლეს თავისი სახლის წინ.

აქ, საქართველოში, მის ერთ მხარეში, აფხაზეთის ქართველთა ეთნოწმენდა, გენოციდი განხორციელდა. 300 ათასზე მეტი მოქალაქე ნახევრამილიონიანი მცხოვრებიდან გამოაძევეს მშობლიური კუთხიდან, ათასები დახვრიტეს, აწამეს. ეს უკვე მასობრივი ტერორია, დანაშაული კაცობრიობის წინაშე, ჩვენ კი ვწერთ და ვკითხულობთ რეზოლუციებს.

შეუწყნარებლობა წინ აღუდგა ჩვენს ფორუმს, როგორც აღუდგა წინ ტოტალიტარიზმის უღელგადაგდებულ ქვეყნებს. მან ააფეთქა მშვიდობა პოლიეთნიკურობის მაღალი კონცენტრაციის მქონე რეგიონებში, რითაც დაადასტურა იასპერსის აზრი იმის თაობაზე, რომ უდაბნოთა შემოტევის წინაშე ცივილიზაციის ჰუმუსის ფენა სუსტია და სიფრიფანა.

ფორუმი უნდა შედგეს, თქვეს თბილისელებმა. მათ აიტაცეს აზრი საყრდენი წერტილის შესახებ, რიმელიც კი არ გადააბრუნებს დედამიწას, არამედ საჭირო მიმართულებას მისცემს მის ბრუნვას.

ჩვენი ფორუმი იწყება. იგი დაღუპული იდეის ძეგლი კი არა, იდეის ამაღორძინებელი ინსტრუმენტია.

ეს იდეა კულტურათა დიალოგია.

მსოფლიო მაქვს შემოვლილი და რატომღაც მგონია, რომ თქვენ მართლაც რომ დედამიწის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი ამოირჩიეთ ამისათვის.

რამეთუ აქედან, მთაწმინდიდან, როგორც პოეტმა თქვა, შეიძლება მთელ ქვეყნიერებას ელაპარაკო.

რამეთუ ეს ქალაქი, როგორც მეორემ თქვა, ერთ დიდ სახლს გვაგონებს, სადაც თითოეული სახლი თავისებურად ქალაქია.

რამეთუ დღეს მისი სახლები - ქალაქები ნანგრევებად არის ქცეული - ფილოსოფოსის იმ აზრის დასტურად, რომ ისტორია არის ღვთით შთაგონებულთა და ლუციფერის მიერ მონუსხულთა გაუთავებელი ბრძოლის ასპარეზი.

რამეთუ იგი - ხორცშეხმული პოლინაციონალური ტოლერანტიზმი, რომელიც ამავე დროს მღვიმური პროვინციალიზმის აგრესიული შეუწყნარებლობის მიერაა ალყაშემორტყმული - თანამედროვე მსოფლიოს მოდელს წარმოადგენს.

რასაც აქ ვიტყვით, ვეტყვით ქალაქსაც და მსოფლიოსაც.

საკითხი ის გახლავთ, რას ვიტყვით და რაც მთავარია, როგორ ვიმოქმედებთ. ვიმოქმედებთ უკვე დღეს, რადგან მე თქვენს ციტირებას ვახდენ, ფედერიკო - ხვალ ყოველთვის გვიანაა.

მე ვიზიარებ იუნესკოს მიერ ჩამოყალიბებულ იდეას მსოფლიო მოძრაობისა კულტურათა დიალოგის გზით - შეუწყნარებლოს წინააღმდეგ. იგი სავსებით რეალური იდეაა. სავსებით შესაძლება განხორციელდეს ტოლერნატიზმის გლობალური პედაგოგიკის სპეციალური საშუალებებით მშვიდობის გეოფილოსოფიის ფორმირების იდეა. შეუწყნარებლობის კურსი, მშვიდობის, ეთნოკულტურული მრავალფეროვნების პატივისცემის, სხვათა გაგების გაკვეთილები, ქსენოფობიისა და მისი ყოველი ფორმისა და გამოვლინებების უკუგდების დისციპლინა უნდა იყოს შემოღებული ყველგან აღზრდისა და სწავლების ყველაზე ადრეულ ეტპაზე. ჩვენ, რასაკვირველია, დავიწყებთ, ჩვენი თავით, რა თქმა უნდა, იუნესკოს მხარდაჭერითა და დახმარებით. აქ ისევ და ისევ საჭიროა თქვენი სპეციალური გლობალური პროგრამები, საჭიროა ძალადობისა და მორალური ტერორის პროპაგანდის შეზღუდვის გლობალური ზომები. საჭიროა საერთაშორისო მორალური სასამართლო, რომელიც საკადრისს მიუზღავს შუღლისა და მტრობის მესიებს. ამავე დროს საჭიროა, აგრეთვე სამართლებრივ სანქციათა საერთაშორისო ტრიბუნალი, რომელიც გაასამართლებს იმათ, ვინც დანაშაული ჩაიდინა კაცობრიობის წინაშე. ამ ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლაში უნდა გაერთიანდეს სამთავრობო და არასამთავრობო, საერთაშორისო, რეგიონალური და ეროვნული ორგანიზაციების ძალისხმევა და საშუალებანი. შეუწყნარებლობისადმი ოპოზიციის ერთიანი ფრონტის მოქმედებას კორდინაცია უნდა გაუწიონ გაერომ და იუნესკომ.

ახალგაზრდა ქართველმა ფილოსოფოსებმა, პოლიტოლოგებმა, კულტუროლოგებმა შეიმუშავეს შეუწყნარებლობის წინააღმდეგ კულტურის კოდექსის პროექტი. ჩვენ ვთხოვთ იუნესკოს განიხლოს ამ პროექტზე შემდგომი მუშაობის შესაძლებლობა. საქართველო აგრეთვე სთავაზობ იუნესკოს დააწესოს საერთაშორისო პრემია - რუსთაველის სახელობის პრემია შეუწყნარებლობის წინააღმდეგ სოლიდარობის მოძრაობაში, კულტურათა დიალოგში საუკეთესო წვლილისათის.

დარწმუნებული ვარ, ფორუმის მონაწილენი მხარს დაუჭერენ იდეას კულტურათა დიალოგის თბილისის ფორუმი ტრადიციული გახდეს.

იმაშიც ვარ დარწმუნებული, ეს და აქ გამოთქმული სხვა იდეები, შევა თბილისის ფორმის ქარტიასა და პრაქტიკული მოქმედების პროგრამაში. მათი უმრავლესობა, ვფიქრობ, პრაქტიკულად შეიძლება განხორციელდეს, სასურველი დიალოგი შესაძლებელია, შეუწყნარებლობის დაძლევა - რეალური. ამ რწმენას მიძლიერებს პირადი გამოცდილება. მე ყოველთვის ვამყარებდი იმედს პოლიტიკისა და კულტურის კავშირზე, ზოგადი კულტურისა და განსაკუთრებით დიალოგის, ტოლერანტიზმისა და ნდობის კულტურისა.

ნება მიბოძეთ, ვთქვა, რომ ჩემთვის პოლიტიკა მისი იდეალურ-ეტალონური, კანტისეული მნიშვნელობით აგრეთვე კულტურის სფეროა. სწორედ რომ კულტურა დაგვეხმარა მე, ბეიკერს, გენშერს, დიუმას, ჰაუს, ჰერდსა და სხვა ჩემს კოლეგებს, უნდობლობისა და მტრობის მრავალი წლის ხერგილების გადალახვაში. ბერლინის კედლის ნგრევამდე დავანგრიეთ ჩვენი გამყოფი კედელი, აგებული შეუწყნარებლობისა და გაუცხოების სახელმწიფო იდეოლოგიათა ლოდებისაგან. გაიხსენეთ მაშინდელი მსოფლიო. გაიხსენეთ, როგორ ცხოვრობდა გლობალური კონფრონტაციის და ბირთვული იარაღით განადგურების შიშით შეპყრობილი. გაიხსენეთ, როგორ გასწორდა წელში სიხარულისგან, როცა მოიშორა ის კოშმარი და თქვენ დაგიბრუნდებათ იმედი.

რაც უნდა ხდებოდეს დღეს მსოფლიოში, იგი მაინც უკვე შეიცვალა უკეთესობისკენ. მას აქვს ახალი საფრთხეების თავიდან აცილების შანსი. საამისოდ მას აქვს რეზერვი და ერთი მათგანია მშვიდობის გეოკულტურა.

ძვირფასო მეგობრებო,

კრწანისის ველზე ბრძოლისას თბილისელ მოქალაქეებს წინ უძღოდნენ მსახიობი მაჩაბელი და პოეტი საიათნოვა. მე არ მეგულება სხვა ამაზე უკეთესი განსახიერება კულტურის მზადყოფნისა მოიგერიოს ბოროტების შემოსევა.

ორი საუკუნის შემდეგ აქ, თბილისში, მსახიობი, პოეტი, მხატვარი, რეჟისორი, მეცნიერი სათავეში ჩაუდგნენ დიქტატურის წინააღმდეგ მოძრაობას ხალხმა ირწმუნა თავისი ინტელიგენცია და გაჰყვა მას.

ამ მიწას უშვია ტირანები, მაგრამ მასვე უშვია ტირანების წინააღმდეგ მებრძოლებიც ისინი იბრძოდნენ მათთვის ერთადერთი ორგანული იარაღით - ფილოსიფიური იდეითა და მხატვრული სახით. უფრო სწორად ეს იარაღი კი არა, საშენი მასალა იყო. ფილოსოფოსმა მერაბ მამარდაშვილმა აბსოლუტის რანგში აიყვანა გამოთქმული აზრის სისუსტე, როგორც პოლიტიკური სატანიზმისადმი ზნეობრივი წინააღმდეგობის საშუალება. მას ეყო ვაჟკაცობა საზოგადოებისთვის ემცნო ნაციონალისტური დიქტატურის საშიშროების შესახებ, „თუ ეს მოხდება, იძულებული შევიქნები საკუთარი ხალხის წინააღმდეგ წავიდე“. ჭეშმარიტება, ამბობდა იგი, ერზე მაღლა დგას.

რა დიდებული გაკვეთილია პოლიტიკოსებისთვის!

ტირანიის წინააღმდეგ აღიმაღლა ხმა კინორეჟისორმა თენგიზ აბულაძემ და მოგვცა იმპერატივი გზისა, რომელიც მხოლოდ მაშინ არის სწორი, როცა იგი ტაძრისკენ მიდის. ამ გზის არჩევა პოლიტიკის საქმეა, რა თქმა უნდა, კულტურასთან კავშირით.

ჩვენს კულტურას მხნეობას სძენს მისი ერთობა მსოფლიოს კულტურებთან. ახლა საქმე ერთიან მოქმედებაზეა.

ჩვენ ყველამ ერთად უნდა ავირჩიოთ ეს გზა.

„კულტურათა დიალოგი შესაძლებელია, შეუწყნარებლობის დაძლევა - რეალური“ : 13 ივნისს თბილისში მუშაობა დაიწყო საერთაშორისო ფორუმმა „კულტურათა დიალოგი სოლიდარობისათვის, აგრესიულობისა და შეურიგებლობის დასაძლევად“, // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 14 ივლისი. - 83(1099). - 1,2 გვ.

55 „რაც უფრო მეტია საქართველოს აღიარება საერთაშორისო მასშტაბით, მით უფრო მოკლდება გზა კეთილდღეობისა და დემოკრატიისაკენ, ქვეყნის გამთლიანებისაკენ“

▲ზევით დაბრუნება


ედუარდ შევარდნაძის 17 ივლისის რადიოინტერვიუ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ-სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ თავისი ტრადიციული რადიოინტერვიუ, რომელსაც ჟურნალისტი ნატო ონიანი უძღვებოდა, გასული კვირის ეკონომიკური მიმოხილვით დაიწყო.

- განვლილი კვირის სამეურნეო შედეგები მოწმობს, რომ ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში მიმდინარე დადებითი ძვრების, საერთაშორისო - საფინანსო ორგანიზაციების მხარდაჭერის, ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გამკაცრების, კრიმინოგენული ვითარების გაუმჯობესების შედეგად რესპუბლიკაში თანდათან ძლიერდება ეკონომიკის სტაბილიზაციის, საფინანსო და საგადამხდელო დისციპლინის განმტკიცების, ბიუჯეტში შემოსავლების ზრდის უკვე გამოკვეთილი პოზიტიური ტენდენცია. სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის მონაცემებით, 1995 წლის პირველი ნახევრის შედეგებით რესპუბლიკაში საბიუჯეტო საერთო შემოსავალმა 77 ტრილიონ კუპონს გადააჭარბა, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ პროგნოზირებულ მაჩვენებელს თითქმის 2,5 ტრილიონი კუპონით, ანუ 3 პროცენტით აღემატება. პრაქტიკულად ეს არის საკონტროლო მონაცემები იმისათვის, რომ სავალუტო ფონდმა თანამშრომლობა გააგრძელოს.

ბიუჯეტის საერთო შემოსავალმა მიმდინარე წლის პირველ ნახევარში 1995 წლის მთლიან შემოსავალს 18.5 ტრილიონი კუპონით გადააჭარბა. საანგარიშო პერიოდში მთლიანი საბიუჯეტო შემოსავლიდან, რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსავალმა 45 ტრილიონი კუპონი შეადგინა. გეგმის გადაჭარბებით მიღებულია 800 მილიარდი, შესრულება 102 პროცენტამდეა. ადგილობრივ ბიუჯეტებში ჩაირეცხა 32 ტრილიონი კუპონი, გათვალისწინებული 30 ტრილიონის ნაცვლად.

მიმდინარე წლის პირველი ნახევრის მდგომარეობით, ბიუჯეტის საერთო შემოსავლის საპროგნოზო მაჩვენებლების შესრულება უზრუნველყოფლია თითქმის ყველა სახეობის საგადასახადო შემოსავლის მიხედვით. ბიუჯეტში გადაჭარბებით ჩაირიცხა დამატებითი ღირებულების გადასახადი ტრილიონ 600 მილიარდი კუპონი, ანუ 109 პროცენტი, აქციზის გადასახადი - 442 მილიარდი კუპონი, ანუ 153 პროცენტი, ფიზიკურ პირთა საშემოსავლო გადასახადი - ტრილიონ 60 მილიარდი კუპონი, ანუ 117 პროცენტი, მოსაკრებლები და სხვა არასაგადასახადო შემოსავლები - ტრილიონ 50 მილიარდი ასევე 141 პროცენტი.

1995 წლის 6 თვეში რესპუბლიკური ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლის გეგმა (საბაჟოს გარეშე) 102 პროცენტით შესრულდა, გადაჭარბებამ 500 მილიარდი კუპონი შეადგინა. თუ ხუთ თვეში ბიუჯეტის საგადასახადო დავალებებს 11 ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულიდან 8 ვერ ასრულდებდა, 6 თვის შედეგებით ასეთთა რიცხვი სამ ერთეულამდე შემცირდა. მთლიანად დაფარეს 5 თვეში დაშვებული დარღვევები თბილისმა - შესრულება 100 პროცენტზე მეტია, იმერეთის რეგიონმა - 118 პროცენტი, სამეგრელოს რეგიონმა - 116 პროცენტი, კახეთისამ - 139 პროცენტი, გურიისამ - 121 პროცენტი, რაჭა-ლეჩხუმისა - 206 პროცენტი მინდა ყველა ამ რეგიონსა და მათში შემავალ რაიონებს მადლობა ვუთხრა დიდი სამუშაოს შესრულებისათვის.

ნაწილობრივ გამოსწორდა ჩამორჩენა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და სამცხე- ჯავახეთის რეგიონში. ბიუჯეტის შემოსავალი გაცილებით მეტი იქნებოდა, ქვეყნის საერთო ეკონომიკური პოტენციალის სრულად ამოქმედებისათვის რომ მიგვეღწია. ბიუჯეტის შემოსავლის ზრდას მნიშვნელოვნად აფერხებს ის გარემოება, რომ ბევრი რეგისტრირებული საწარმო არ მუშაობს. 1995 წლის 1 ივლისის მდგომარეობით, რესპუბლიკაში რეგისტრირებულია 74 ათასი საწარმო, აქედან 36 ათასი მუშაობს. ყველა რომ მუშაობდეს, პროდუქციას ქმნიდეს, მაშინ შემოსავალი გაორკეცდებოდა და გასამკეცდებოდა. ამიტომ, ჩვენი ერთერთი უმთავრესი საზრუნავი ის არის, რომ ყველა საწარმოს - კერძოსაც და სახელმწიფოებრივსაც - მიეცეს მუშაობის საშუალება, ამის შესახებ ვილაპარაკებთ თათბირზე, რომელიც ამ თვის ბოლოს გაიმართება.

1995 წლის იანვარ-ივნისის მონაცემებით, ფინანსური სანქციების და საურავების სახით ბიუჯეტში დამატებით ჩარიცხა 7 ტრილიონი კუპონი, რაც ბიუჯეტის საერთო შემოსავლის თითქმის 10 პროცენტს შეადგენს, მაშინ, როცა გასულ წელს ეს მაჩვენებელი მხოლოდ სამ ნახევარ პროცენტს შეადგენდა. ერთი მხრივ - ეს კარგია, მოწმობს საგადასახადო სამსახურის გააქტიურებას, მაგრამ, ამავე დროს, აშკარაა, რომ ჯერ კიდევ დაბალია საგადასახადო დისციპლინა.

რესპუბლიკის ცალკეული რაიონები ჯერ კიდევ ვერ უზრუნველყოფენ ბიუჯეტში შემოსავლების გეგმა-დავალებების შესრულებას. დიდი გარღვევებია დაშვებული ქალაქ ფოთში (იქ საგანგებო ზომებს იღებენ - ქალაქის ახალი მერი ბატონი ნუგზარ ნადარაია გვპირდება, რომ ერთ თვეში - თვენახევარში გარდატეხას მიაღწევენ), ახალციხეში (74 პროცენტის დონეზე), ჩხოროწყუში, ახმეტაში, ნინოწმინდისა და ზოგიერთ სხვა რაიონში.

განვლილ კვირაში თბილისის ბანკთშორისი სავალუტო ბირჟის ბრუნვამ 2 მილიონ დოლარს გადააჭარბა - ეს საკმაოდ მაღალი მონაცემია. კუპონის კურსი უცვლელია: 1 დოლარი - 1.300 ათასი კუპონი. ასევე მყარია რუბლის შეფარდება: 1 რუბლი - 244 კუპონი.

1995 წლის 12 ივლისისათვის რესპუბლიკაში მოკრეფილი იყო 43 ათასი ტონა ხარისხოვანი ჩაის ფოთოლი. აღნიშნული მაჩვენებლი ჩამორჩება შარშანდელი შესაბამისი პერიოდის დონეს. ვფიქრობ, ადგილობრივი რესპუბლიკური ხელმძღვანელები ამ საქმეს ნაკლებ ყურადღებას უთმობენ და იგი სერიოზულ ჩარევას მოითხოვს.

ამ დღეებში გარკვეულად შეფერხდა აზოტიანი სასუქების შეტანა დასავლეთ საქართველოს რაიონებში. 25 ათასი ტონიდან სულ 6 ათასი ტონა შეიტანეს. ამასთან დაკავშირებით მივმართავ რუსთავის ხელმძღანელობას, რუსთავის ქიმკომბინატს, რომ გარდაქმნან მუშაობა, რადგანაც, სასოფლო სამეურნეო კულტურების მოვლა-პატრონობა, მოსავლის მოყვანა უსასუქოდ შეუძლებელია.

მიმდინარეობს სოფლის მეურნეობის და კვების მრეწველობის სამინისტროს სისტემის კვებისა და გადამმუშავებელი საწარმოების პრივატიზაცია, სისტემაში შემავალი 240 საწარმოდან პრივატიზებულია 212. სააქციო საზოგადოებად გარდაქმნილია 170, კონკურსისა ან აუქციონის წესით პრივატიზებულია 11, იჯარის წესით გამოსყიდულია, 25, შეიძლება ითქვას, რომ ეს პროცესი ძალიან აქტიურად მომდინარეობს.

ქვეყანაში თანდათან ძლიერდება მასობრივი პრივატიზაციის, მხედველობაში მაქვს ვაუჩერიზაციის. პროცესი. 10 ივნისს დამთავრდა პირველი სპეციალური საბარათო აუქციონი, რომელზეც გამოტანილი იყო 25 სააქციო საზოგადოების აქციები. მათი საერთო ღირებულება 4 მილიონ დოლარზე მეტი იყო, ხოლო აქციათა რაოდენობა 2 მილიონ 900 ათას ცალს აჭარბებდა.

11 ივლისს დაიწყო მეორე სპეციალიზირებული საბარათო აუქციონი, რომელზეც გამოტანილია 55 სააქციო საზოგადოების აქციები. აქციათა საერთო ღირებულება 9 მილიონ დოლარს აღემატება, რაოდენობა ერთეულების მიხედვით - 6 მილიონზე მეტია. საბოლოო შედეგი მეორე აუქციონის შემდეგ უნდა შევაჯამოთ და ვფიქრობ, საინტერესო დასკვნებია მოსალოდნელი.

ძალიან დიდი მუშაობა მიმდინარეობს ენერგეტიკის სფეროში ავარიის შედეგების სალიკვიდაციოდ, სოლიდური სამუშაო შესრულდა უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობის მოწესრიგების თვალსაზრისით. დეტალური ინფორმაცია შემდეგ გამოსვლებში იქნება.

- გასული კვირის უმნიშვნელოვანესი მოვლენა, რომლითაც ცხოვრობდა რესპუბლიკა და განსაკუთრებით დედაქალაქი - ინტელექტუალთა საერთაშორისო ფორუმი იყო. ფორუმის მონაწილეებმა მიიღეს მიმართვა პარლამენტებისა და მთავრობებისადმი, არასამთავრობო, რელიგიური ორგანიზაციებისადმი, სადაც შემწყნარებლობისაკენ და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ბრძოლისათვის მოუწოდებს. აღსაღნიშნავია, რომ ფორუმი ინტელექტუალთა ერთგვარი საპროტესტო აქციაც იყო. თუმცა გარკვეულ გამოსვლებში იყო მცდელობა პოლიტიკისაგან გამოცალკევებისა. გასათვალისწინებელია აგრეთვე კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა: ფორუმთან დაკავშირებით საქართველოს ეწვია იუნესკოს გენერალური დირექტორი ფედერიკო მაიორი. გაფორმდა საქართველოსა და იუნესკოს თანამშრომლობის მემორანდუმი, რაც, ალბათ, განვითარების კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს ქართულ კულტურას, განათლების დარგს და იმავე ენერგეტიკას...

- მე მოკლე კომენტარით შემოვიფარგლები, რადგან სხვადასხვა დროს გამოვთქვი ჩემი აზრი ფორუმთან დაკავშირებით. თავისთავად მნიშვნელოვანია ფორუმზე განხილული პრობლემა, რომელსაც საკაცობრიო მნიშვნელობა აქვს - ეს არის კულტურათა დიალოგი შეუწყნარებლობის, შეურიგებლობისა და სისასტიკის დასაძლევად. საქართველოს ინიციატივა ამ მხრივ მსოფლიო თანამეგობრობაში მისთვის ღირსეული ადგილის დამკვიდრების სერიოზული განაცხადია.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ინტელექტუალური ელიტის შეკრება თბილისში - საქართველოს კულტურის, მისი მეცნიერებისა და საერთოდ ცივლიზაციის განვითარებაში ჩვენი ქვეყნის წვლილის აღიარებაც არის.

მნიშვნელოვანი დოკუმენტები მივიღეთ. ეს არის ზოგადი განცხადება, ზოგადი მოწოდება პარლამენტებისა და ხელისუფლების სხვადასხვა დონეების, მათ შორის პირველი პირების მიმართ და ეგერეთ წოდებული სამუშაო პროგრამა ამ იდეების სარეალიზაციოთ, რომელიც აქ გამოითქვა.

მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ატმოსფერო, რომელიც აქ წარმოდგენილ მოღვაწეთა შორის ჩამოყალიბდა, ეს მართლაც საოცრება იყო. ეს იყო უნიკალური შეხვედრები, გულითადობა, გულწრფელობა, თანამოაზრეობა და მართლაც ღირსეული დიალოგები. მხედველობაში მხოლოდ ოფიციალურ პლენარულ სხდომაზე გამოსვლები არა მაქვს. დიალოგი მთელ ღამესაც გრძელდებოდა ოჯახებში, და როგორც ვიცი, არანაკლებ საინტერესოდ. ამ დიალოგის მონაწილენი გახდნენ, არა მარტო დღევანდელი საქართველოს ინტელექტუალები, არამედ ხატოვნად თუ ვიტყვით, შოთა რუსთაველი, დავით აღმაშენებელი, ჩვენი თანამედროვენი - მერაბ მამარდაშვილი, თენგიზ აბულაძე და იქ წარმოდგენილი ქვეყნების კლასიკოსები და დიდი მოღვაწენი. ამ დიალოგის მონაწილენი იყვნენ ჩვენი ნახევრად მოშიმშილე, მოქალაქენი, რომელთაც ესმით, რომ, რაც უფრო მეტია საქართველოს აღიარება საერთაშორისო მასშტაბით, მით უფრო მოკლდება გზა კეთილდღეობისა და დემოკრატიისაკენ, ქვეყნის გამთლიანებისკენ.

ფორუმზე გაისმა გაფრთხილებაც - თავი არ დავივიმშვიდოთ, სეპარატიზმი და ექსტრემიზმი უაღრესად საშიში მოვლენებია. ამ მხრივაც საქართველოს გამოცდილება საინტერესოა, მწარე გაკვეთილია ბევრი ქვეყნისათვის.

ფორუმი დამოუკიდებელ ქვეყანაში გამართული საერთაშორისო მასშტაბის აქცია გახლავთ და იგი იუნესკოსთან, ამ უდიდეს საერთაშორისო ორგანიზაციასთან ასეთ გლობალურ საკითხში თანამშრომლობის პირველი მაგალითია, ჩვენი დელეგატების მოხსენებების, მათი სატელევიზიო გამოსვლების, გამოქვეყნებული სტატიებისა და საერთოდ დიალოგში მიღებული მონაწილეობის მიღებით თუ ვიმსჯელებთ, ჩვენი აზროვნების დონით, თანამედროვე პრობლემათა ღრმა გაგებით საერთაშორისო სტანდარტების სიმაღლეზე ვიმყოფებით.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ფედერიკო მაიორის, აწ უკვე საქართველოს საპატიო მოქალაქის, დიდი ღვაწლი ფორუმის გამართვაში, მან გამოიჩინა განსაკუთრებული მხარდაჭერა, განსაკუთრებული სითბო და განსაკუთრებული გულისხმიერება, მარტო ფინანსები არა მაქვს მხედველობაში, თუმცა ფინანსური დახმარების გარეშე ფორუმი არ გაიმართებოდა.

არ შემიძლია არ აღვნიშნო ვლადიმერ ლომეიკოს წვლილი, რომელიც დიდ სამუშაოს ასრულდებდა და რისთვისაც მხოლოდ მადლიერების სიტყვებით მივმართავ მას.

ფასდაუდებელია თბილისელების, ქალაქის მერიის, კერძოდ ბატონ ნიკო ლეკიშვილის, მისი ყველა კოლეგისა - რაიონის განმგებლებისა და სხვების წვლილი, ბოლოს ღონისძიებების - თბილისთან გამოთხოვებისას მე შევჩერდი და მოქალაქეთა საკმაოდ დიდ ჯგუფს ვკითხე: ადამიანებს დღეს ბევრი რამ აკლიათ და ხომ არ გააღიზიანებთ მათ ყოველივე ეს? სხვათა შორის ძირითადად მანდილოსნები იყვნენ და მითხრეს: ჩვენ მადლობელი ვართ, რომ დედაქალაქი, საქართველო გამოცოცხლდა, უფრო ფართო თვალსაწიერით შევხედეთ ამ ცხოვრებას და იმედიც ბევრი გაგვიჩნდაო. გულწრფელი ნათქვამი იყო.

ძალიან დიდია ეგრეთ წოდებული შევარდნაძის ფონდის, მთელი კოლექტივის დამსახურება, რომელმაც ჩვენი მეგობრის სოლიკო ხაბეიშვილის ხელმძღვანელობით დაწყებული უზარმაზარი სამუშაო შეასრულა. მათ ღირსეულად განაგრძეს ეს საქმე. ბევრი რამ გააკეთეს მცხეთელებმა, ქუთაისმა, საიდანაც ფედერიკო მაიორი წარუშლელი შთაბეჭდილებებით დაბრუნდა, მინისტრთა კაბინეტმა და სხვებმა, ყველას მადლობის სიტყვებით მივმართავ.

ახლა ორიოდე სიტყვა ჩვენს თანამემამულეებზე, რომლებიც უცხოეთში დროებით არიან წასული, აქ ჩამოვიდნენ და მხარი დაგვიმშვენეს. უპირველესად დავასახელებ ოთარ იოსელიანს - მართლაც მსოფლიო მასშტაბის დიდ შემოქმედს, გია ყანჩელს, რომელიც გერმანიაში ძალიან ნაყოფიერად მუშაობს, იგი დიდი შემოქმედია და, ვფიქრობ, მსოფლიო იტყვის თავის სიტყვას გია ყანჩელზე, უაღრესად გულწრფელი მადლობის სიტყვებით მივმართე ზურაბ სოტკილავას, მაყვალა ქასრაშვილს, თამრიკო გვერდწითელს, ლიანა ისაკაძეს და სხვებს (იქნებ ყველა ვერ ჩამოვთვალო, ნურავინ მიწყენს) ნაწყენი ვართ იმათზე, ვინც ვერ მოიცალა. სამშობლოსთან მიმართებაში სიტყვა „ვერ მოვიცალე“ არ უნდა არსებობდეს. თუ მოგიწვია შენმა ქვეყანამ ასეთ დიდ საერთაშორისო ფორუმზე, ყოველგვარი საქმე უნდა გადადო, როგორი სირთულეც არ უნდა იყოს, უნდა გადალახო და მსხვერპლი გაიღო.

- სხვათა შორის, ამის ყველაზე დიდი მაგალითი თავის დროზე ნინო ანანიაშვილმა გვიჩვენა. მაშინ, როცა თბილისში ჯერ კიდევ ისროდნენ, თავისი მეგობრები ჩამოიყვანა და ფანტასტიკური კონცერტი გამართა.

კიდევ ერთი მომენტია ფორუმთან დაკავშირებით აღსანიშნავი - ფორუმს წინ უძღოდა ბატონ სოლიკო ხაბეიშვილის მკვლელობა, ფაქტობრივად, მიუხედავად იმისა, რომ ეს საშინელი მკვლელობა მოხდა, ნდობის ფაქტორი მიანც არსებობდა. ერთმა ცნობილმა რეჟისორმა, როცა თბილისის ქუჩებში სეირნობდა, თქვა: ძალიან მენატრებოდა თბილისი, მაგრამ ვერ ჩამოვდიოდი, რადგან ვიცოდი, რომ აქ ისროდნენ, რაღაც საშინელება ხდებოდა... და გაოგნებული დავრჩი, რადგან მსგავსი არაფერი მინახავს. ფორუმს ამ მხრივაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა - საქართველო ის ქვეყანაა, სადაც შეიძლება ასეთი დიდი საერთაშორისო მნიშვნელობის ფორუმი გაიმართოს, ჩამოვიდეს ამდენი ცნობილი ადამიანი, რომლებიც, მართალია, ტყვიით არა, მაგრამ სიტყვით იბრძვიან და მათი სიტყვის უფრო ეშინიათ, ვიდრე ტყვიისა.

- აბსოლიტურად მართალი ხართ. ის ღამის შეხვედრები, ძირითადად, ჩვენი ინტელიგენციის წარმომადგენელთა ოჯახებში რომ იმართებოდა, გვიან ღამით მთავრდებოდა, სტუმრები ბრუნდებოდნენ სასტუმროში და ხედავდნენ, რომ ღამის საათებში რუსთაველის პროსპექტზე ახალგაზრდები ყავას სვამენ. ერთობიან - ეს ისეთი მოვლენებია, რომლებიც მშვიდობიანი და მაღალი წესრიგის ქალაქებისათვის არის დამახასიათებელი. ამიტომ ყოველივე ეს მისასალმებელია.

- გასულ კვირას აფხაზეთთან დაკავშირებული მთელი რიგი განცხადებების შემდეგ (მხეველობაში მაქვს ცნობილი 10 მილიარდის ამბავი, მრავალმხრივ საინტერესო იყო იაკუშევის განცხადებაც) საქართველოს რუსეთის ფედერალური სათათბიროს ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარე ვლადიმერ შუმეიკო ეწვია, გუშინ ბუტროს გალის პირადი წარმომადგენელი ედუარდ ბრუნერი ჩამოვიდა. ექნება თუ არა ამ ვიზიტებს კონკრეტული მნიშვნელობა აფხაზეთის პრობლემის გადაწყვეტისათვის, თუ ყველაფერი ისევ ისე დარჩება, როგორც ფორუმზე ბრძანეთ: 300 ათასი კაცი გამოაძევეს და ჩვენ კი რას ვშვრებით - ვწერთ და ვკითხულობთ რეზოლუციებს...

- რამოდენიმე სიტყვა მინდა ვთქვა ვლადიმერ შუმეიკოზე, რომელმაც ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა საქართველოს საზოგადოებრიობაზე. განსაკუთრებით, პრობლემებისადმი მიდგომის მასშტაბურობით, ცალკეულ მოვლენათა და პიროვნებათა შეფასებაში საოცარი გაბედულებით, შეიძლება მისი გამოსვლიდან ზოგიერთი რამის გამეორებაც ღირდეს. იქნებოდა ლაპარაკი საქართველოზე, აფხაზეთის ზოგიერთ ლიდერზე თუ სხვა მოვლენებზე, იგი იყო ძალიან გულახდილი, პირდაპირი და ვიტყოდი, მამაცი. მამაცობა და მოვლენათა შეფასებაში ჭეშმარიტების ერთგულება - ეს ის თვისებებია, რომლებიც ასე აკლია თანამედროვე პოლიტიკოსებს.

როგორმე გავძლოთ არჩევნებიდან არჩევნებამდე, მოვაგროვოდ რაც შეიძლება მეტი ხმები ნებისმიერი ხერხებით და სხვა - ბევრი ლიდერისათვის, სამწუხაროდ, ეს არის მამოძრავებელი მოტივი თანამედროვე ცხოვრებაში. ერთი შეხედვით, ეს დემოკრატიული ნორმა, ბოლოს და ბოლოს, ანტიდემოკრატიული რეჟიმის ნოსტალგიამდე მიდის და ჩვენ ამაში ვრწმუნდებით მრავალი ქვეყნის მაგალითზე. სიმართლე პოლიტიკაში უზენაესი კატეგორიის დონეზე უნდა ავიყვანოთ და ამ თვალსაზრისით შუმეიკოს გამოსვლები, უდავოდ მისასალმებელია.

რაც შეეხება ბატონ ბრუნერის სტუმრობას, გენერალ იაკუშევის განცხადებებს, გთხოვთ, ნება მომცეთ, დღეს თავი შევიკავო შენიშვნებისაგან. ხვალ გაიმართება ჩემი მეორე შეხვედრა ბატონ ბრუნერთან და უფრო ზუსტი შეაფსებები ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

ჯერჯერობით რეზოლუციებს მართლაც რომ ვწერთ და ვკითხულობთ, ეს ზუსტი შეაფსებაა, არავის არ უნდა დაავიწყდეს ის, რომ ხალხის მოთმინების ზღვარი გარკვეულ წერტილამდეა, იმ წერტილის შემდეგ უკვე იწყება, ან სტიქიური ან მართვადი პროცესი, მაგრამ კარდინალურად საწინააღმდეგო იმისა, რაც ახლა მიმდინარეობს, ესე იგი არის მშვიდობიანი გზა, არის მეორე გზაც. ამიტომ, მივმართავ ყველას, განსაკუთრებით აფხაზეთის დღევანდელ ხელმძღავენელებსაც და სხვებსაც, ვინც ჩართულია ამ პროცესში -არ შეიძლება ადამიანების მოთმინება უსაზღვრო იყოს.

- და, ბოლოს თქვენი კომენტარი ერთ საკითხზე: 14 ივლისს საზოგადოება „არჩევნების“ მორიგი შეხედრა გაიმართა, წავიკითხავ იქ გამომსვლელთა სიტყვებიდან რამდენიმე ფრაგმენტს. საზოგადოების თავმჯდომარემ ბატონმა ლევან გიორგაძემ ასეთი რამ ბრძანა: „არჩევნების შექმნის მიზანია ნორმალური პარლამენტის ჩამოყალიბება“. გამოითქვა აზრი, რომ „შეიძლება საჭირო გახდეს ეროვნული ყრილობის მოწვევა, ვინაიდან დღევანდელი პარლამენტი უკანონოა“...

და კიდევ, ერთი ასეთი დეტალი: ჯაბა იოსელიანმა ეროვნული ყრილობის აუცილებლობა დაუკავშირა იმ ფაქტს, რომ თურმე უახლოეს დღეებში პარლამენტართა გარკვეული რაოდენობა აპირებს მიმართოს პარლამენტს, რათა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე შევარდნაძის მიმართ, რათა როგორც ჯაბა იოსელიანმა თქვა, თქვენ დაარღვიეთ კონსტიტუციის გარკვეული მუხლები, ქვეყანა მიუხედავია, უბრუნდება ტოტალიტარულ რეჟიმს, დღევანდელი ეკონომიკა მოძალადე ეკონომიკაა, სამხარეო მოწყობა ნადვილი ფეოდალიზმია, რომ ჩვენ არა გვაქვს უფლება ამ ისტორიულ მომენტში წინ არ აღვუდგეთ იმას, რაც ხდება და ა.შ. გამოითქვა აზრი, რომ ეს მდგომარეობა ან ანარქიისაკენ მიგვაქანებს, ან სისხლისღვრისაკენ და ამიტომ საქართველოს ორიენტაციის საკითხი სასწრაფოდ უნდა გადაწყდეს. ამას მოჰყვა ის, რომ გუშინ „მხედრიონი“ გადაიქცა პოლიტიკურ ორგანიზაციად „საქართველოს მხედრიონი“ და ეს იმის მიუხედავად, რომ გვარწმუნებდნენ: „მხედრიონი“ აღარ არსებობს, მაშველთა კორპუსი არისო...

- რაც შეეხება იმ მტკიცებას, რომ საჭიროა რაღაც ეროვნული ყრილობა, ვერ გეტყვით რამდენად სერიოზულია ეს. ჩვენ მივდივართ ჩვეულებრივი კონსტიტუციური გზით, არჩევნები კანონიერი იყო, პარლამენტი კანონიერად არის არჩეული. მჯერა, რომ არსებული პარლამენტი შესძლებს კონსტიტუციის მიღებას. ეს არის ის გზა, რომელმაც ჩვენ დემოკრატიის კიდევ ახალ საფეხურზე უნდა აგვიყვანოს. უნდა გითხრათ, რომ დიალოგი საკმაოდ წარმატებულად მიმდინარეობს, დღესაც საკონსტიტუციო შეხვედრა გვექნება სხვადასხვა პარტიებთან და ის ვადა, რომელიც დაწესებულია საკონსტიტუციო პროცესის დასამთავრებლად პარლამენტში, შეიძლება რეალური გამოდგეს. თუ ასე მოხდება, მაშინ გვექნება კონსტიტუცია და მოვაწყობთ არჩვენებს იმ ვადებში, რა ვადებიც პარლამენტმა განსაზღვრა.

ყველას ვურჩევ, რომ ამ პროცესში უხეშად ნუ ჩაერევიან და ნუ ჩაერთვებიან, როგორც უცხო სხეული. ყველაფერი უნდა წარიმართოს ნორმალური გზით, როგორც კონსტიტუციური პროცესი.

ხშირად გაისმის (ეს ბატონ ჯაბას საყვარელი ფრაზაა), მოდის დიქტატურა, დიქტატურას არ დავუშვებ და სხვა, ღმერთმა იცის, რომ თუ ვინმე სძულს დიქტატურა და დიქტატორი - მეც მძულს, მე ამისთვის, როგორც იტყვიან, თავიც გამიწირავს. არ არის დღეს საქართველოში იმის საფუძველი, რომ ვინმემ დიქტატურაზე ილაპარაკოს. კონსტიტუციის მიღებაზე მთელი პარლამენტი რომ არის შემართული და ზრუნავს, ვფიქრობ, ეს უწინარესად, იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა დემოკრატიული გზით ვითარდება.

რაც შეეხება „მხედრიონის“ გამოცხადებას პოლიტიკურ ძალად, პოლიტიკურ პარტიად, კომენტარისაგან თავს შევიკავებ. დაე, საქართველოს მოქალაქეებმა თვითონ იფიქრონ, რა არის ეს. ორიოდე სიტყვით მეორე ასპექტზე შევჩერდები. მინდა განვაცხადო, რომ კრიმინალურ ელემენტებსა და კრიმინალურ გაერთიანებებზე საქართველოს შეტევა გრძელდება. რა მოხდა კახეთში, როცა დიდი ოპერაცია განხორციელდა - ათობით მკვლელი, მძარცველი, ბანდიტი და სხვა ჯურის დამნაშავე ჩამოიყვანეს, კარგად ვიცით. ამ დღეებში ყვარლის გამგებლის პირველი მოადგილე, რომელიც წინათ მკვლელი, ახლა ყაჩაღობისა და ძარცვის მონაწილე აღმოჩნდა, დაპატიმრებულია. ისიც ამ ორგანიზაციის საკმაოდ ცნობილი წევრია. ასეთივე სხვა მრავალი ფაქტია კახეთიდან. რა ხდება სამტრედიაში დამნაშავეთა ბუდეების მოსაშლელად, არც ესაა საიდუმლო, ვერ გეტყვით როგორ აპირებს გაშუქებას ტელევიზია, მაგრამ ვინმე ჩავიდეს და ჰკითხოს სამტრედიელ მოქალაქეებს, როგორ ამოისუნთქა ქალაქმა. მთელი ეს რთული მუშაობა იმერეთის რეგიონის რწმუნებულის საერთო ხელმძღვანელობით მიმდინარეობს. ამიტომაც არის ასეთი შეურიგებლობა ამ ინსტიტუტის მიმართ. ახლა პოლიციამ ბორჯომის ხეობას მიხედა. მე არაერთხელ გამომითქვამს შეშფოთება იმის გამო, რაც აქ ხდებოდა - ბორჯომის წყლის ჩამომსხმელი ქარხნების დატაცება და სხვა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მისმა შესაბამისმა სამსახურმა, ორგანიზებული დამნაშავეობის წინააღმდეგ საკმაოდ აზრიანად იმუშავა და გაიხსნა უმძიმესი დანაშაული: ბორჯომის წყლის ჩამომსხმელი ქარხნის დირექტორის ოფისში, რომელიც, ამავე დროს, ამ რაიონის „მხედრიონის“ შტაბი გახლავთ, გასული წლის ნოემბერში დაუხოციათ ორი გვარდიელი, პროკურატურის ერთი თანამშრომელი და მათთან ერთად კიდევ ორი გოგონა, შემდეგ მათი გვამები წაიღეს და ჩააცემენტეს მიწაში. მიტოვებული ბენზინის გასამართ სადგურთან. გუშინ ეს ყველაფერი გამოაშკარავდა. დაკუწული, ნაწამები გვამები ჩამოიტანეს თბილისში ექსპერტიზაზე, ხუთივე გვამი ამოცნობილია. დამნაშავეები დაკავებული არიან, მათ შორის ქარხნის დირექტორი კურტანიძე, რომლის კაბინეტშიც ეს ყველაფერი მოხდა. დაკავებული და ჩამოყვანილი არიან ის ქალბატონები, რომლებმაც გადარეცხეს სისხლი და კვალი წაშალეს. მონაწილეა 10-15 კაცი. პარქტიკულად ეს ჯგუფი დაეუფლა ქარხანას. მოხდა ისე, რომ ვიღაცამ ხელი შეუშალა და ხუთი ადამიანი რამდენიმე წამში ამოჟლიტეს, შემდეგ კი მიწაში ჩაფლეს. როგორც ირკვევა, ეს შემზარავი ფაქტი ამ შტაბბინაში დაიგეგმა და კიდეც განხორციელდა. სჩანს ეს ერთადერთი შემთხვევა არ არის და არც გამონაკლისია. ტელევიზია, ალბათ, ამაღამ გადასცემს ყოველივე ამას და მოსახლეობა თვითონ დაინახავს, ვინ რა არის, ვინ რას წარმოადგენს, ვის რა უნდა, აქედან გამომდინარე, საქართველოს მოქალაქეებმა თვითონ უნდა გამოიტანონ დასკვნა, მით უმეტეს, რომ არჩევნებისკენ მივდივართ. მგონია, რომ ჩვენ სახელმწიფოს ვერ დავემსგავსებით, თუ მთელი საზოგადოება არ დაირაზმება. არავითარი შიში. ვფიქრობ, ყველა მოქალაქემ დაინახა, რომ სახელმწიფოს შეუძლია ბრძოლა - პოლიციასაც, უშიშროებასაც, პროკურატურასაც შეუძლია ბრძოლა და ახლა საჭიროა ძალიან დიდი მხარდაჭერა.

შეიძლება ამ საქმეს ვიღაცა კიდეც შეეწიროს, თუნდაც შევარდნაძე, მაგრამ ჩვენ არ დავუშვებთ, რომ კრიმინალები პოლიტიკაში მოვიდნენ, აღარ დავუშვებთ, ეყო საქართველოს, რა ბითურობაც დაემართა პოლიტიკასა და ხელისუფლებაში კრიმინალების ჩართვის შედეგად. ნურავის ნუ ეწყინება ეს: ვისაც პატარა იოტისოდენა სიყვარული აქვს თავისი ქვეყნისა, ყველა უნდა შეეგუოს იმ ამბავს, რომ კრიმინალი ვეღარ ითარეშებს და კრიმინალი ქვეყანას ვეღარ მართავს. ეს გამორიცხული უნდა იყოს. რასაც ახლა ვამბობ, ძალიან მნიშვნელოვანია, არჩევნების მზადების წინ: ფული და თოფი. იარაღი და ფული არჩევნებში არ უნდა ჩაერიოს. არჩევნები უნდა მოეწყოს ისე, როგორც ადამიანს სინდისი უკარნახებს, ვისაც თვითონ აძლევენ უპირატესობას, მხოლოდ ის უნდა აირჩიოს. არავითარი ზეგავლენა, შანტაჟი და სხვა. ამიტომ არ გავაკეთე კომენტარი გუშინდელ მოვლენასთან - „მხედრიონის“ პოლიტიკურ ძალად გადაკეთებასთან დაკავშირებით.

„რაც უფრო მეტია საქართველოს აღიარება საერთაშორისო მასშტაბით, მით უფრო მოკლდება გზა კეთილდღეობისა და დემოკრატიისაკენ, ქვეყნის გამთლიანებისაკენ“ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 18 ივლისი. - 85(2001). - 1,2 გვ.

56 „მინდა მჯეროდეს, რომ ამჯერად რუსეთის ხელმძღვანელობის ცდა - ჩვენთან და მსოფლიოს თანამეგობრობასთან ერთად წერტილი დაუსვას კონფლიქტებს - შედეგიანი იქნება“

▲ზევით დაბრუნება


ედუარდ შევარდნაძის 24 ივლისის რადიოინტერვიუ

- გასული კვირის ეკონომიკური მიმოხილვისას გასათვალისწინებელია რამდენიმე მომენტი: შეიქმნა სახაზინო სამსახური; ამბობენ, რომ მალე მიმოქცევაში შემოვა ქართული ლარი; საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებით გაუქმდა „საქმინხილწყალისა“ და ბორჯომის ჩამომსხმელ ქარხნებს შორის დადებული უკანონო ხელშეკრულება. ბორჯომის ორი ქარხანა - პირველი - 10.789.500 კუპონად გაყიდული, მეორე კი - 9.393.000 კუპონად - სახელმწიფოს დაუბრუნდა. დაისმება თუ არა იმ პირების პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც თავის დროზე ასეთი გადაწყვეტილება მიიღო? და კიდევ გუშინ ტელევიზიით გადაიცა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თბილისის კონიაკის ქარხანა, რომელშიც 500 დეკალიტრი მხოლოდ ძველისძველი სპირტის მასალაა, სულ რაღაც 1.800.000 დოლარად გაიყიდა, რაც მიზერული თანხაა კონიაკის ქარხნისათვის... ჟურნალისტ ნატო ონიანის ამ შეკითხის პასუხად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ - სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ თავის ტრადიციულ რადიოინტერვიუში განაცხადა:

- ეკონომიკური ცხოვრების ზოგიერთი მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური პარამეტრის დახასიათებასთან დაკავშირებით: ეროვნული ბანკის კუპონის კურსის იანვრიდან დაწყებული ტენდენცია თანდათან უფრო მყარი გახდა. სოციალურ-ეკონომიკური ინფორმაციის კომიტეტის მონაცემებით, წლის პირველ ნახევარში კუპონებით გამოსახული სამომხმარებლო ფასები მხოლოდ 14 პროცენტით გადიდდა, მაშინ როცა შარშან შესაბამის პერიოდში 15-ჯერ გაიზარდა. ინფლაციის საშუალო-თვიურმა ტემპმა 2,3 პროცენტი შეადგინა შარშანდელი პერიოდის 56 პროცენტის ნაცვლად. პრაქტიკულად ეს იმას ნიშნავს, რომ ინფლაცია შეჩერებულია, თუ ტემპი შევინარჩუნეთ, ვფიქრობ, ამ მოვლენის შედეგები ყველა ოჯახისთვის საგრძნობი იქნება. მართალია, რუბლებით გამოსახული ინფლაციის ტემპი გაცილებით მაღალია, თვეში დაახლოებით 10 პროცენტი, მაგრამ, ეს ძირითადად, აიხსნება ამ ვალუტის გაუფასურებით თვით რუსეთში. ამავე დროს, საყურადღებოა კომიტეტის ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ წინა წელთან შედარებით ივნისში სამომხმარებლო ბაზარზე, სადაც ძირითადად, რუბლი მოქმედებდა, სასურსათო საქონლის ფასების შემცირების ტენდენცია გამოიკვეთა (ვლაპარაკობ ტენდენციაზე და არა რაღაც რევოლუციურ მოვლენაზე) ვიმეორებ, შემცირება უმნიშვნელოა, მაგრამ მაინც ძალიან საგულისხმო.

პირველი აპრილიდან გაზის ფასი 35 პროცენტით შევამცირეთ, ელექტროენერგიისა - 25 პროცენტით, პირველი ივლისიდან ელექტროენერგიის ფასი განახევრდა, უმნიშვნელოდ, მაგრამ, მაინც გაიზარდა ხელფასები საბიუჯეტო სექტორში. შემცირდა საგარეო ვაჭრობის დეფიციტი გასული წლის 37 მილიონი დოლარიდან 15 მილიონ დოლარამდე, ესეც ერთგვარი სიმპტომია.

თანდათანობით ფართოვდება იმ მოქალაქეთა რიცხვი (ჯერჯერობით ნაადრევია პროცენტებისა და შეფარდებების დასახელება), რომლებიც ცხოვრების საშუალო დონეს უახლოვდებიან. მიმაჩნია, რომ ეს ტენდენციები უკვე შეუქცევადი გახდა.

რესპუბლიკის საგადასახადო ინსპექციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ივლისში რესპუბლიკის მასშტაბით, პრაქტიკულად შენარჩუნებულია ექვს თვეში მიღწეული ბიუჯეტის შემოსავლის ზრდის ტემპი. ივლისის დამდეგიდან ბიუჯეტში საერთო შემოსავალმა თითქმის 7 ტრილიონი კუპონი შეადგინა, რაც მაისის თვის მაჩვენებელს 600 მილიარდი კუპონით აღემატება. თუმცა, ფინანსთა სამინისტროს მიაჩნია, რომ საკონტროლო მაჩვენებლების მისაღწევად ბიუჯეტში საკუთარი შემოსავლების რიცხვის ტემპი დაჩქარებას საჭიროებს.

ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, დადებითი ტენდენცია შეინიშნება გრანტებით შემოსული პროდუქტების რეალიზაციით მიღებული შემოსავლის მობილიზაციის საქმეში. გახსოვთ; ჩემი სერიოზული შენიშვნები პურპროდუქტების კონცერნისა და ზოგიერთი სხვა ორგანიზაციის მისამართით. ახლა ვითარება უმჯობესდება, როგორც ივლისის განვლილი 21 დღის მაჩვენებელი მოწმობს, მარტო ამ პერიოდში რესპუბლიკურ ბიუჯეტში ჩაირიცხა 5 ტრილიონი კუპონი, რაც წინა მთელი თვის მაჩვენებელთან შედარებით 31 პროცენტით მეტია.

1995 წლის 20 ივლისის ჩათვლით (ესეც საყურადღებო დეტალია) საბაჟო დეპარტამენტის სისტემიდან ბიუჯეტში შეტანილია 2.800.000 ამერიკული დოლარის ეკვივალენტის სხვადასხვა ვალუტა. მათ შორის, პირველ კვარტალში 1.150 ათასი დოლარი, მეორეში - 1.520 ათასი, ხოლო ივლისის 20 დღეში - 202 ათასი.

შეგახსენებთ, რომ შარშან შვიდ თვეში ბიუჯეტში შეტანილი იყო 213 ათასი დოლარი, ანუ თითქმის იმდენი, რამდენიც წლეულს მხოლოდ ივლისის თვეში შემოვიდა. საბაჟო დეპარტმანეტს, ისევე როგორც სხვა სამსახურებს - საგადასახადო ინსპექციასა და სხვებს, კიდევ დიდი რეზერვები აქვთ. ბოლო უნდა მოეღოს პროდუქციის აღურიცხავად შემოტანა-გატანას, ყველაფერი მკაცრად უნდა იყოს რეგისტრირებული. ეს განსაკუთრებით ეხება სიგარეტს (როგორც ხედავთ იმდენი სიგარეტი შემოდის, რომ მან თითქმის წალეკა ქვეყანა) ამ სფეროში, აღრიცხვის საქმეში სრული განუკითხაობაა: სიგარეტი სპეციალური თვითმფრინავებით ჩამოაქვთ და ეს თვითმფრინავებიც კი არ არის რეგისტრირებული. მოვიდა დრო, რომ საბაჟო დეპარტამენტმა თავისი საქმე აკეთოს წინააღმდეგ შემთხვევაში (მიუხედავად იმ დადებითი ძვრებისა, რომელთა შესახებაც ვილაპარაკე) შეიძლება უსიამოვნებას წავაწყდეთ.

წინა კვირას თბილისის ბანკთაშორის სავლუტო ბირჟაზე მორიგ ვაჭრობაზე კომერციული ბანკების მოთხოვნა დოლარზე კვლავ მაღალი იყო. ეს ძალიან საგულისხმო და მისასალმებელი ტენდენციაა. ბირჟის ბრუნვამ 2.5 მილიონი დოლარი შეადგინა. კურსი კვლავ სტაბილურია: ერთი დოლარი - 1.300.000 ათასი კუპონი. რაც შეეხება რუსული რუბლის შეფარდებას, აქაც დიდი ცვლილება არ არის: ერთი რუსული რუბლი - 220 კუპონი.

ფინანსურ სტაბილიზაციასთან ერთად ქვეყნის ეკონომიკის რეფორმების მაგისტრალური მიმართულებაა სახელმწიფო ქონების პრივატიზაცია და აქციონირება. ამ საკითხს კვლავ მივაპყრობ ყურადღებას, რადგან მიმაჩნია, რომ პროცესები შეუქცევადი უნდა იყოს. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მონაცემებით, 1995 წლის 1 ივლისისათვის საპრივატიზაციოდ განკუთვნილი 7.800 ობიექტიდან პრივატიზებულია 4.400 ანუ 56 პროცენტი 1.019 საწარმოდან, რომლებიც სააქციო საზოგადოებად გარდაქმნას ექვემდებარებიან, დღეისთვის რეგისტრირებულია 800 სააქციო საზოგადოება. საკუთრების ტრანსფორმაციის ეს პროცესები, პრაქტიკულად, ერთი წლის მანძილზე განხორციელდა. პრივატიზაციის თაობაზე სახელმწიფოს მეთაურის ცნობილი ბრძანებულების მიღების შემდეგ. დაფუძნებულ სააქციო საზოგადოებებში მიმდინარეობს საწარმოს მუშაკებისათვის შეღავათიანი აქციების განაწილებისა და გამოსყიდვის პროცესი. მიაქციეთ ყურადღება ზემოთქმულს: მოსახლეობის ის ფენა, რომლის ცხოვრების დონე საშუალოს უახლოვდება, თანადათანობით ფართოვდება, ამის ერთ-ერთი ელემენტი სწორედ აქციონირებასთან, პრივატიზაციასთან, ვაუჩერების მიღებასთან არის დაკავშირებული. აი, რეალური ციფრები, რომლებსაც ყველამ უნდა გაუწიოს ანგარიში და გაანალიზოს: 425 სააქციო საზოგადოებაში საწარმოს მუშაკებმა მიიღეს გადაწყვეტილება აქციათა საკონტროლო პაკეტის (ლაპარაკია 51 პროცენტზე) შეძენის შესახებ; ჩამოყალიბდა სამი საჰოლდინგო კომპანია; სულ დადგენილი წესით რეგისტრირებული და გამოშვებულია 700 მილიონ ცალზე მეტი აქცია, რომელთა საერთო ღირებულება მილიარდ ამერიკულ დოლარს აჭარბებს. წარმოიდგინეთ რა სიმდიდრეა ეს მათთვის, ვინც ამას ჭკუით და გონებით გამოიყენებს და არ შეეცდება უცებ ხელის დაცლას. პრივატიზაციის სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად, აქციების უფასოდ და 20 პროცენტის ფასდაკლებით მიღებით უკვე ისარგებლა 130 ათასზე მეტმა საწარმოს მუშაკმა (ესე იგი 130 ათასზე მეტი მუშაკი მესაკუთრე გახდა) მათთან გათანაბრებულმა პირებმაც. ამ კატეგორიის მუშაკებზე უფასოდ გაცემას დაექვემდებარა 2 მილიონ ცალზე მეტი აქცია, რომელთა ღირებულებაც სამ მილიონ დოლარზე მეტია, და 20 პროცენტის ფასდაკლებით მილიონ ცალამდე აქცია, რომელთა გამოსაყიდად უნდა გადაიხადონ მილიონ დოლარზე მეტი. გარდა ამისა, აქციების შედარებით მსხვილი პაკეტის მფლობელი გახდა 40 ათასზე მეტი ფიზიკური და იურიდიული პირი (ეს 40 ათასი ოჯახია) რომლებიც 400-ამდე სააქციო საზოგადოებაში, საბოლოო ანგარიშით, შეისყიდიან 75 მილიონი ამერიკული დოლარის საერთო ღირებულების 50 მილიონ ცალზე მეტ აქციას. გული მწყდება რომ ეს პროცესები, თითქმის კადრს მიღმა რჩება. ამას ვერ ამჩნევენ ისინი, ვინც უნდა ამჩნევდეს.

სულ უფრო მასშტაბური ხდება საპრივატიზაციო ბარათების - ვაუჩერების დარიგება, სადღეისოდ დარიგებულია თითქმის მილიონ-ნახევარი ვაუჩერი. მომზადებულია სათანადო ნორმატიული მეთოდიკური დოკუმენტაცია - ვაუჩერების მოძრაობის სქემა. შექმნილია და ფუნქციონირებს რესპუბლიკის საბართო, სააუქციონო და სამი რეგიონული ცენტრი. როგორც არა ერთხელ აღნიშნულა, ვაუჩერების ძირითადი მასის დასაქონლება გათავლისწინებულია სპეციალური საბარათო აუქციონების მეშვეობით (ეს კარაგად უნდა დაიმახსოვრონ მფლობელებმა)

1996 წლის 1 ივლისამდე გათვალისწინებულია მოეწყოს დაახლოებით 50 სპეციალიზირებული საბარათო აუქციონი უკვე გამართულ პირველ საბართო აუქციონზე გამოტანილი იყო 25 სააქციო საზოგადოების 4 მილიონ დოლარზე მეტი ჯამური ღირებულების 3 მილიონ ცალამდე აქცია. იგი გაიმართა 21 ივნისიდან 10 ივლისამდე, ამჟამად მიმდინარეობს მონაცემთა დამუშავება, ამ დღეებში გამოქვეყნდება შედეგები. მეორე აუქციონი 12 ივლისიდან დაიწყო და 35 ივლისამდე გასტანს (ყველა მოქალაქემ ამ სფეროში მიმდინარე პროცესებს თვალყური უნდა ადევნოს) მასზე გამოტანილია 54 სააქციო საზოგადოების აქციები, რომელთა საერთო ღირებულება შეადგენს 9 მილიონ ამერიკულ დოლარს, რაოდენობა კი 6 მილიონ ცალზე მეტია, საბოლოო შედეგები გამოცხადდება.

ამ პირობებში აშკარად დისონანსად ჟღერს ცალკეული პოლიტიკური პარტიების, ცალკეული პიროვნებების, პოლიტიკოსების მოთხოვნები. არჩევნებამდე პრივატიზაციის პროცესის შეჩერების შესახებ, ეს ხომ, სხვას რომ თავი დავანებოდ, რეფორმების შეჩერებასა და მოსახლეობისათვის იმ იმედის გაცრუებას ნიშნავს, რომ ისინი მესაკუთრენი გახდებიან და რომ სახელმწიფო დაიცავს საკუთრების უფლებას. პრივატიზაციის პროცესის შებრუნება შეუძლებელია. ამ მოთხოვნების პოპულისტური ხასიათი საკმაოდ ნათელია (ეს ვისაც ეხება, მოქალაქენი თავად მიხვდებიან და განსაზღვრავენ) მე ასე მგონია, რომ საარჩევნო ციებ-ცხელების დროს რეფორმებთან, სახელმწიფოებრიობის განმტკიცებასთან, წესრიგის განმტკიცებასთან დაკავშირებული პროცესები კი არ უნდა გაჩერდეს, პირიქით, კიდევ უფრო განმტკიცდეს. სახელმწიფოებრიობის შეგნება, სახელმწიფოებრიობისათვის ბრძოლა, თითოეული მოქალაქის ინეტერესებისათვის ბრძოლა კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს და კონკრეტული გახდეს - ასეთი მიზანი უნდა ჰქონდეს საარჩევნო კამპანიას.

ამავე დროს ცხადია, პრივატიზაცია, თვითმიზანი არ არის, მთავარია, გამოვიყენოთ კერძო საკუთრების სახელმწიფო საკუთრებასთან შეადარებით მაღალეფექტიანი მოტივაცია. ამ თვალსაზრისით პრობლემათა მთელი კომპლექსი დგას, რომელთა გადაჭრა მეწარმეობისათვის, ბიზნესისათვის ხელსაყრელი ეკონომიკური გარემოს შექმნაზეა დამოკიდებული. ამ მიზანს, უწინარეს ყოვლისა, ფინანსური სტაბილიზაცია და ინფლაციის შეჩერება ემსახურება, მაგრამ ყველაფერს ვერ ამოწურავს. ეკონომიკის სამინისტრომ (იგი ამ ბოლო დროს თანდათანობით საჭირო დონეზე დგება) დარგობრივ სამინისტროებთან ერთად და კანონმდებლებმაც უნდა იზრუნონ ხსენებულ პრობლემათა დროული და ეფექტიანი გადაჭრისათვის.

განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია ზამთრისათვის მზადება, ჩემს შემდგომ გამოსვლებში ენერგეტიკულ პრობლემებთან დაკავშირებით აუცილებლად უფრო კონკრეტულად ვიმსჯელებთ. მოსახლეობას აინტერესებს, რა იქნება ზამთარში, როგორ ვემზადებით. საუბარი ენერგეტიკულ პრობლემებზე, ალბათ, უახლოეს დღეებში თათბირზე გაიმართება, რომელზეც მოვიწვევთ შესაბამის ხელმძღვანელებს.

ახლა სახაზინო სამსახურის შექმნასთან დაკავშირებით უნდა გითხრათ, რომ ეს გადაწყვეტილება სამინისტროსა და მისი მინისტრის ინიციატივიანი მოქმედების შედეგია (მან ძალიან პრინციპულად დააყენა ეს საკითხი, სახელმწიფოს მეთაურის, მინისტრთა კაბინეტის წინაშე) ამ ინსტიტუტს საბაზრო ეკონომიკის პირობებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება და მნიშვნელოვანი ფაქტორიცაა. საკითხი საკმაოდ კვალიფიციურად, მაღალპროფესიულ დონეზეა დამუშავებული, ჩვენი უცხოელი კოლეგების აქტიური მონაწილეობით. ვფიქრობ, რომ უახლოეს დროში, როცა ხაზინა შესაბამის ფორმას მიიღებს, ამას იგრძნობს მოსახლეობაც, სახელმწიფო დაწესებულებებიცა და კერძო სექტორიც.

მიმოქცევაში ლარის შემოტანა უკვე მომწიფდა. ახლა ვერც თარიღს დავასახელებ და ვერც სხვა დეტალებს, მაგრამ პრინციპში ეს უკვე მომწიფებული საკითხია. უცხოელი ექსპერტების, სხვების გამოცდილების გათვალისწინებით ჩვენ თანმიმდევრულად მივდივართ ეროვნული ვალუტისაკენ და მისი შემოღება უმნიშვნელოვანესი ეტაპი იქნება ჩვენი სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების პროცესში. რაც მთავარია, ლარმა ქვეყანას და მოსახლეობას სარგებელი და ეკონომიკურ-ფინანსური სტაბილიზაცია უნდა მოუტანოს. ასეც იქნება. ამასთან დაკავშირებით, არ შემიძლია არ აღვნიშნოთ ეროვნული ბანკის, მთელი ფინანსური ბლოკის აზრიანი და მიზანმიმართული მუშაობა.

განსაკუთრებით მინდა გამოვყო ერთი საკითხი და თუკი ეს სიტყვები მიაღწევს იმ ადამიანებამდე, რომელთა შესახებაც ვამბობ, ბედნიერი ვიქნებოდი - ეს არის საფრანგეთის მთავრობის ძალიან დიდი დახმარება. საკუთარი ვალუტის დაბეჭდვა საკმაოდ ძვირადღირებული აქციაა, იგი მილიონობით დოლარი, ფრანკი ჯდება. პარიზში ვიზიტის დროს ვთხოვე მაშინდელ ხელისუფლებას, დაგვხმარებოდა ამ საკითხში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ფული თითქმის არ გადაგვიხდია, რადგან სახსრები არ გაგვაჩნია, მათ დაბეჭდეს ლარი (თუ არ ვცდები 10-12 მილიონი ფრანკი დაჯდა, საბოლოო ანგარიშით, ალბათ, კიდევ მეტიც) შემდეგ ეს სამუშაო გააგრძელეს ბატონებმა ჯავახიშვილმა, ბასილიამ, იაკობიძემ, სხვებმა და აი, პრეზიდენტ შირაკის მთავრობის შექმნისთანავე საკითხი დადებითად გადაწყდა. ამ საქმეში დიდი როლი შეასრულა საფრანგეთის ელჩმა საქართველოში ბატონმა ფასიემ. მინდა, რომ საფრანგეთის მთავრობამ იცოდეს, ქართველი ხალხი მადლიერია ამ მხარდაჭერისა და თანადგომისათვის.

ახლა ზოგიერთ უსიამოვნო ამბავთან დაკავშირებით. კონიაკის ქარხნის საკითხში, ვფიქრობ, სპეციალური ჩახედვა და გარკვევაა საჭირო, ნაჩქარევი დასკვნის გამოტანა არ შეიძლება.

რაც შეეხება ბორჯომს, იაფად გაყიდვაზე არ არის ლაპარაკი, უბრალოდ, მოხდა სახელმწიფო, სახალხო დოვლათის იარაღიანი ხალხის მიერ მიტაცება. ყველამ იცის რა სიმდიდრეა ბორჯომი და ბორჯომის წყალი. ზოგიერთი იმასაც კი ამბობდა, რომ საქართველოს მარტო ბორჯომი არჩენსო: მთლად ასე არ არის, მაგრამ ჭეშმარიტების ელემენტები ამაში არის. ამ საკითხზე რამდენიმე თვის წინათ ვილაპარაკე, მათ შორის, რესპუბლიკურ თათბირებზე. ამ რეგიონში ცნობილი ოპერაციების განხორციელების შემდეგ საჭიროა შეიქმნას მთავრობის კომისია, ყველაფერი ისე გამოვიძიოთ, რომ დანაშაულს ფარდა აეხადოს, მოსახლეობამ ყველაფერი გაიგოს და ეს გაკვეთილადაც გამოდგეს.

საგანგებო ღონისძიებებს (მხედველობაში მაქვს იარაღიანი ხალხის თარეშის აღკვეთა, ვინც იმსახურებდა, მათი იზოლაცია) რომლებიც მოეწყო თბილისში, კახეთში, ბორჯომში, სამტრედიასა და სხვა რაიონებში, გარდა იმისა, რომ ხალხმა ამოისუნთქა, სხვა სასიხარულო სიმპტომები მოჰყვა, კერძოდ ეკონომიკური ცხოვრების გამოცოცხლება ამ რეგიონებში და კიდევ ერთი, ჯერ შეუმჩნეველი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი: საქმიანი ხალხის, ბიზნესმენების დაბრუნება, განსაკუთრებით ახალგაზრდების. სწავლობენ აქ შექმნილ ვითარებას, ხედავენ, რომ საქართველოში უკვე შეიძლება სერიოზული საქმიანობა და მუშაობა, ნორმალური ცხოვრება და იღებენ გადაწყვეტილებას.

კიდევ ერთი ტენდენცია, რომლის პირველ სიმპტომებზე შეიძლება ლაპარაკი: დაიწყო ებრაელი მოსახლეობის დაბრუნება. კულაშში, მაგალითად, დაბრუნდნენ პირველი ოჯახები და ეს მას შემდეგ, რაც ამ კუთხეში წესრიგის დამყარება დაიწყო. ამ ამბავს ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით. ყველა, ვისაც საკუთარი თავისა და საქართველოსთვის სიკეთის კეთება შეუძლია - დაბრუნდება.

სტაბილიზაციის პროცესის დამკვიდრებაში, უდავოდ დიდი დამსახურება მიუძღვის პოლიციას, დედაქალაქის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობას. ამის ართქმა უსამართლობაა, საკმაოდ აქტიურად არიან ჩაბმული ამ პროცესში პროკურატურის ორგანოები.

ამასთან დაკავშირებით უნდა ითქვას: არავითარი თვითკმაყოფილება, ეს მხოლოდ დასაწყისია.

ახლახან დამთავრებული საერთაშორისო ფორუმის მონაწილენი (გახსოვთ - ამბობდნენ რა დროს ფორუმიაო) მთელ მსოფლიოს მოედვნენ, მე უკვე ვიღებ წერილებს, რომლებსაც აუღელვებლად ვერ წაიკითხავ

- ჩვენ გვეგონა, რომ გაუბედურებულ ქვეყანაში ჩავიდოდით და ვიხილეთ უნიკალური ხალხი თავისი თვისებებით, თავისი ბუნებით, ნორმალური წესრიგი, საოცარი ატმოსფერო და აზროვნების ძალიან მაღალი დონე, - აი, კვინტესენცია იმ წერილებისა, რომლებსაც ვღებულობ.

- ხვალ პარლამენტის საგანგებო სხდომაზე კონსტიტუციის პროექტის განხილვა დაიწყება, როგორ ფიქრობთ, როგორ წარიმართება ეს პროცესი? და კიდევ ერთი კითხვა: პრეზიდენტად კენჭისყრის თაობაზე თქვენ გასულ კვირას განაცხადეთ, რომ ჯერ არ გადაგიწყვეტიათ, მიიღებთ თუ არა მონაწილოებას არჩევნებში, რა იყო ეს? შემთხვევითი ფრაზა, ადამიანური ემოცია თუ პოლიტიკური ანალიზის შედეგი? არჩევნებთან დაკავშირებით ერთი განცხადება უკვე გაკეთდა - ბატონმა ჯუმბერ პატიაშვილმა ბრძანა, რომ თუ მის კანდიდატურას წამოაყენებენ, იგი მონაწილეობას მიიღებს რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ბატონი ჯაბა იოსელიანი აპირებს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. ასე რომ, ორმა პიროვნებამ უკვე გააკეთა განცხადება, შევარდნაძე კი ამბობს, რომ მას ჯერ არ გადაუწყვეტია. როგორ გავიგოთ ეს?

- დაიწყო პრეზიდენტობის კანდიდატთა წამოყენების ნაჩქარევი პროცესი. არც ბატონ ჯუმბერზე მინდა განსაკუთრებული ვთქვა, არც ბატონ ჯაბაზე - ეს მათი უფლებაა. ასეთი პრეტენდენტი, ალბათ, ბევრი იქნება. მე არ გამკვირვებია, რომ მათ თავიანთი კანდიდატურები წამოაყენეს, შეიძლება უფრო მოულოდნელი მოვლენების მოწმენიც გავხდეთ. ეს ყველაფერი, როგორც იტყვიან, ნორმალურია, ყველა ამომრჩევლისათვის გასათვალისწინებელია, რომ საარჩევნო კამპანიისათვის ადამიანები მოულოდნელად ამოვარდებიან ხოლმე იმ მსოფლმხედველობრივი თუ ზნეობრივი ჩარჩოებიდან, რომლებშიც ათეული წლების განმავლობაში იმყოფებოდნენ და იღებენ ლოგიკურ თუ ალოგიკურ გადაწყვეტილებებს. ეს დამახასიათებელია ყველა ქვეყანაში გამართული საარჩევნო კამპანიისათვის, ჩვენ ამას ვერ ავცდებით, პრეზიდენტობის მსურველი, როგორც ვხედავ, საქართველოში ბევრია. მე ასე ვიტყოდი, რომ ხალხი, მოსახლეობა დაბრძენდა, ცხოვრებისაგან მწარე გაკვეთილები უკვე მიღებული აქვს. დღეს ხალხს უნდა ვენდოთ, მან უნდა გადაწყვიტოს ეს საკითხი ისე, როგორც საჭიროა ქვეყნის ინტერესებისათვის.

რაც შეეხება ჩემს საკითხს - მე სავსებით გასაგებად ვთქვი, რომ ჩემი მთავარი მიზანი გახლავთ კონსტიტუციის მიღება, კონსტიტუცია ქვეყნის გვირგვინია, მისი პასპორტია საერთაშორისო თანამეგობრობაში ურთიერთობისა და თანამშრომლობისათვის. ბევრმა პოსტსაბჭოურმა ქვეყანამ წარმატებით გაართვა თავი საკონსტიტუციო პროცესს. წარმოიდგინეთ, ისეთ გიგანტს, როგორიც რუსეთია, კონსტიტუცია რომ არ მიეღო - ეს იქნებოდა კატაკლიზმების და მიწისძვრების ქვეყანა. ახლაც ბევრი სირთულე აქვს, მაგრამ კონსტიტუცია მაინც ის შემაკავშირებელი და შემადუღაბებელი ფაქტორია, რომელმაც რუსეთს შესაძლებლობა მისცა უფრო გამოკვეთილად დაადგეს დიდი რეფორმების გზას. ჩვენმა მეზობელმა სომხეთმა მიიღო კონსტიტუცია და უნდა გითხრათ, ეს შესაშური ეროვნული და სახელმწიფოებრივი ერთიანობის პროცესში განხორციელდა (ვნანობ, რომ ჩვენთან არ მოხერხდა ამ კონსტიტუციის გამოქვეყნება, არ იყო აზრს მოკლებული მისი გაცნობა) ვიცი, როგორ ემზადება კონსტიტუციის მისაღებად აზერბაიჯანი, დარწმუნებული ვარ, იქაც ისეთ კონსტიტუციას მიიღებენ, რომელიც ამ ეტაპზე აუცილებელია ამ სახელმწიფოსათვის. სხვა ქვეყნებს აღარ დავასახელებ, თითქმის ყველასთვის არის დამახასიათებელი ეს პროცესი.

ხვალინდელ დებატებთან დაკავშირებით ჩემი აზრი ერთი ფრაზით გამოვხატე - ძლიერი პარლამენტისა და ძლიერი პრეზიდენტის მომხრე ვარ. დებატების ძირითადი თემაც, ალბათ, ეს იქნება, ანუ მსჯელობა მთავარ საკითხზე - ხელისუფლების შესახებ, იმის შეახებ, თუ როგორი პარლამენტი, როგორი მთავრობა, როგორი პრეზიდენტი გვინდა. კიდევ გავიმეორებ ჩემს ცნობილ ფრაზას - ძლიერი პარლამენტი და ძლიერი პრეზიდენტი და ნორმალური თანამშრომლობა. უნდა გავითვალისწინოთ ისეთი დებულებები, რომლებიც პრეზიდენტსაც, პარლამენტსაც, მთავრობასაც განაწყობს, თანამშრომლობისათვის, აიძულებს, რომ ითანამშრომლონ მაშინაც კი, როცა ხანდახან შეუთავსებადი რამ ხდება. საბოლოო ანგარიშით კი, ყველაფერს გადაწყვეტენ საქართველოს მოქალაქენი, მათ ვერავინ ვერ გააცურებს ვერც პოპულიზმით, ვერც დემაგოგიით, ვერც დაპირებებით, იმიტომ, რომ ყველაფერი ეს უკვე ვნახეთ, ყველაფერი ეს უკვე გაიარა ჩვენმა ხალხმა სხვადასხვა ეტაპებზე.

მინდა მოვუწოდო მოქალაქეებს გულისყურით ადევნონ თვალი საპარლამენტო დებატებს. ჩვენთან არის სათანადო ცენტრები, რომლებიც ითვალისწინებენ მოქალაქეთა აზრს, განწყობილებას. მათ შეუძლიათ დარეკონ კიდეც საპარლამენტო სამსახურებში, სახელმწიფოს მეთაურის აპარატში და ეს ყველაფერი გამოცხადდება. სასურველია რომ მოქალაქეები ჩართული იყვნენ ამ პროცესში. შეიძლება მოხდეს ისე, რომ პარლამენტმა ვერ შეძლოს კონსტიტუციის მიღება და რეფერენდუმი დაგვჭირდეს. ამისათვის მოქალაქეთა გათვიცნობიერებას ძალიან დიდი და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

რა მიმაჩნია არსებითად იმასთან დაკავშირებით, რომ უკვე დაიწყო კანდიდატურების დასახელება, წამოყენება? თუმცა კონსტიტუცია ჯერ არ არის მიღებული და არავინ იცის გვეყოლება თუ არა პრეზიდენტი (შეიძლება პარლამენტმა თქვას კიდეც - არ გვინდა პრეზიდენტი, ან პირიქით), მაგრამ ეს პროცესი მაინც დაიწყო. მინდა ასე ვთქვა: მთავარია, რომ მომავალი არჩევნები საყოველთაო გნიასის, ურთიერთლანძღვის, აურზაურის, იარაღისა და ფულის გარეშე მოვაწყოდ, იმ ფულის გარეშე, რომელიც უკანონოდ არის ნაშოვნი და მოპოვებული. არჩევნებიდან ქვეყანა კონსოლიდირებული, მოქალაქენი უფრო იმედიანი და ხელისუფლებაში დარწმუნებული უნდა გამოვიდნენ. ეს უნდა იყოს მიზანი და არა ის, რომ ერთმანეთი დავხოცოთ, ვლანძღოდ და ერთმანეთს ვაგინოთ.

ახლა იმის შესახებ, იყრის თუ არა კენჭს შევარდნაძე... კვლავ მინდა დავადასტურო ის, რაც წინათ ვთქვი - აქ ძალიან დიდი კითხვის ნიშანი დგას. საერთოდ ყველა გადაწყვეტილებას ძალიან დიდი შინაგანი ბრძოლის შემდეგ ვღებულობ, ეს ბევრმა ჩემმა თანამებრძოლმა და მეგობარმა იცის (თუმცა, ზოგი ამბობს, რომ მე მეგობარი არ მყავს, მაგრამ არიან მაინც მეგობრები, რომლებიც ამას დაადასტურებენ) ძალიან მძიმედ ვიღებ გადაწყვეტილებებს, მით უმეტეს, ასეთს. უნდა გითხრათ, რომ ეს არც კეკლუცობაა და არც პოლიტიკური ხრიკი, სავსებით გულწფელად ვამბობ. მაქვს საშუალება, დრო კიდევ არის, გავიგო ჩემი ხალხის განწყობილება, რომელსაც ალბათ, გარკვეული მნიშვნელობა ექნება გადაწყვეტილების მიღებაში. მე რომ ვთქვა დღეს, კენჭს არ ვიყრი მეთქი, ალბათ, ეს მთლად საფუძვლიანი არ იქნება, მაგრამ, იმასაც ვერ ვიტყვი, რომ ერთი კვირის შემდეგ გადავწყვეტ ამ საკითხს, როგორც მოგახსენეთ, აქ ძალიან დიდი კითხვის ნიშანია დასმული, ჩემი უმთავრესი მიზანი კონსტიტუციის მიღებაა და ღმერთმა ქნას, რომ ეს მიზანი შესრულდეს, ვნახოდ რა იქნება.

- გასულ კვირას თბილისში შეიკრიბა ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების ოთხმხრივი შერეული კომისია. გუშინწინ შევხვდით აფხაზეთიდან ლტოლვილ ჩვენს მოსახლეობას - მათ პარლამენტის წინ მშვიდობიანი აქცია შეწყვიტეს. მათი ნაწილი მოსკოვში უნდა ჩავიდეს და მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდეს. მაშინ როცა, ქართულ ოსური კონფლიქტის მოსაგვარებლად თბილისში იკრიბებიან, როცა მოსკოვში აპირებს ჩასვლას ლტოლვილთა ნაწილი, ამ ფონზე რუსეთის სათათბიროში აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან მიერთების საკითხის დასმას აპირებენ. რას შეცვლის ეს რუსეთ საქართველოს ურთიერთობაში?

- რაც სათათბიროში მოხდა, ამის გამართლება, პრაქტიკულად შეუძლებელია. ეს დაახლოებით იგივეა, რომ საქართველოს პარლამენტმა იმსჯელოს, დარჩეს ჩეჩნეთი რუსეთის შემადგენლობაში თუ არა, ესე იგი, უაზრობამდე მისული პრობლემაა. უფრო დიდმპყრობელური, შოვონისტური აქცია ძნელი წარმოსადგენი იყო სხვადასხვა ჯურის იმპერიების დროსაც კი. ამას ძალიან დიდი გულისტკივილით ვამბობთ, მინდა იმ დეპუტატებს, რომლებმაც მოახდინეს რეაგირება სხვა ქვეყნის სახელმწიფო ტერიტორიული მოწყობის საკითხებზე (ასეთი 216 აღმოჩნდა) ვკითხო: ალმა-ათის მემორანდუმი სეპარატიზმთან დამოკიდებულების შესახებ, ეს, რა, ფარატინა ქაღალდია, ჩვენ, სახელმწიფოები ერთმანეთს თვალს ვუხვევთ და ვატყუებთ? მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ: არა მგონია, რომ თანამეგობრობის სახელმწიფოთა მეთაურებში თუნდაც ერთი კაცი იყოს, თუნდაც პრეზიდენტი ელცინი და სხვა ჩემი კოლეგები, რომლებიც ტაშს უკრავდნენ იმას, რაც სათათბიროში მოხდა. ძალიან დამაფიქრებელი მოვლენაა.კიდევ კარგი, რომ გადაწყვეტილება არ მიიღეს. აღმოჩნდნენ ჯანსაღი ძალები, რომლებიც ამას დაუპირისპირდნენ. მიმაჩნია, რომ ეს იყო მძიმე მოვლენა არა მარტო რუსეთისა და საქართველოსათვის, არამედ მთელი თანამეგობრობისთვისაც. ეს იყო ხაზის გადასმა იმ მემორნადუმისა, რომელსაც ჩვენ ყველამ ერთხმად მოვაწერეთ ხელი ალმა-ათაში და ეს უნდა გაიაზრონ დეპუტატებმაც და სხვა პოლიტიკოსებმაც.

რაც შეეხება ჩემს პოზიციას რუსეთთან დაკავშირებით, ყველასთვის ცნობილია, არაერთხელ და სავსებით გულწრფელად მითქვამს: ჩვენ უნდა შევძლოდ სამაგალითო მეზობლური, მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობის დამყარება რუსეთთან, სტრატეგიული თანამშრომლობა, როგორც ეს ბატონმა ელცინმა და მე თბილისში პრეზიდენტის ყოფნის დროს განვაცხადეთ და შემდეგ არაერთხელ დავადასტურეთ. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი სასინჯი ქვაა იმისა, რაზეც ჩვენ შევთანხმდით. მინდა ვთქვა: რუსეთი ის სახელმწიფოა, რომელსაც ამ კონფლიქტების მოგვარებაში გადამწყვეტი როლის შესრულება შეუძლია, რითაც ყველა ხალხისა და ყველა სახელმწიფოს დიდ ნდობასა და პატივისცემას დაიმსახურებს, და ეს შეუძლია გააკეთოს რამე სერიოზული გართულების გარეშე. მას ეს ძალუძს. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ გაერო, უშიშროების ევროპული სტრუქტურები და ჩვენი მეგობარი ქვეყნები ამ საკითხში რუსეთის მოკავშირენი არიან - ესე იგი, რუსეთი იზოლირებულად კი არ მოქმედებს, არამედ მათთან ერთად.

და კიდევ: არსებობს ამ საკითხის ზნეობრივი მხარე - სამართლიანი მოგვარება კონფლიქტებისა არა მარტო ქართველთა, არამედ თვით აფხაზთა, ოსთა, ყველა ეროვნების ხალხთა ინტერესებს წარმოადგენს. ასე რომ, რუსეთის აქტიური მოქმედება ამ თვალსაზრისით ყოველმხრივ გამართლებული იქნება პოლიტიკურად, ზნეობრივად, სახელმწიფოებრივად და საერთაშორისო თანამეგობრობის ინტერესებიდან გამომდინარე.

ლტოლვილებთან დაკავშირებით, ჩემი თხოვნით მოსკოვში ახალ, უფრო კონკრეტულ დოკუმენტებზეა ლაპარაკი. ძალიან პრინციპული საკითხები წყდება, თუ როგორ უნდა იყოს, ვთქვათ, აფხაზეთის ადგილი საქართველოს ფედერაციულ სახელმწიფოში და სხვა. ჩემი რწმუნება აქვს ბატონ ვაჟა ლორთქიფანიძეს და იგი მუშაობს. ჩემი სპეციალური თხოვნით ბატონი თამაზ ნადარეიშვილი, მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ზურაბ ერქვანია და სხვები მოსკოვს გაფრინდნენ და მონაწილეობენ მოლაპარაკებაში, იქ არის ჩასული აფხაზეთის დელეგაციაც. ვნახოდ, რას მოგვიტანს კიდევ ერთი ეტაპი, ერთი ტური, ზედმეტ დაპირებებს ახლა ვერ ვიძლევი, რადგანაც იცით, გამოცდილება საკმაოდ მწარე გვაქვს, მინდა მჯეროდეს, რომ ამჯერად რუსეთის ხელმძღანელობის ცდა - ჩვენთან და მსოფლიოს თანამეგობრობასთან ერთად წერტილი დაუსვას ამ კონფლიქტებს - შედეგიანი იქნება.

„მინდა მჯეროდეს, რომ ამჯერად რუსეთის ხელმძღვანელობის ცდა - ჩვენთან და მსოფლიოს თანამეგობრობასთან ერთად წერტილი დაუსვას კონფლიქტებს - შედეგიანი იქნება“ / ედუარდ შევარდნაძე ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 25 ივლისი. - 89(2005). - 1,2 გვ.

57 „უნდა მივიღოდ ისეთი კონსტიტუცია, როგორიც დღევანდელ საქართველოს და მის მომავალს შეეფერება“

▲ზევით დაბრუნება


25 ივლისს გაიმართა პარლამენტის საგანგებო სესიის პლენარული სხდომა, რომელმაც სათანადო ცვლილებები შეიტანა პარლამენტის არჩევნებისა და რეფერენდუმის დანიშვნის შესახებ პარლამენტის 4 ივლისის დადგენილებაში. სხდომაზე შესავალი სიტყვა წარმოთქვა პარლამენტის თავმჯდომარემ - სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ.

საკონსტიტუციო კომისიის შექმნისას, პროექტის განხილვის დროს, პროექტის კომისიაში წარდგენისას ცალკეულ საჯარო გამოსვლებში მეც და ჩემმა კოლეგებმაც არა ერთხელ ვცადეთ და ჩამოვაყალიბეთ კონსტიტუციის მიღების მიზანი, მისი კონცეფცია, შინაარსი და ცალკეული, ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტები. თქვენი თანხმობით, ყოველივე ამას, უბრალოდ, ფრაგმენტულად შეგახსენებთ. პლენარულ სხდომებზე პროექტის განხილვის დროს გვექნება საშუალება, მათ შორის მეც, განვმარტოდ ჩვენი და საკონსტიტუციო კომისიის ხედვა, ამა თუ იმ საკითხისა. მანამდე კი მინდა შევეხო ერთ, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვან თემას, რომელსაც ზოგჯერ არასწორად აშუქებენ, უმეტესად კი, თითქოს არც ამჩნევენ, საქმე ეხება სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას, მის შემადგენლობას და მის მიერ მიღებულ პროექტს, მე, როგორც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ერთ-ერთ მონაწილეს, არ შემიძლია უპასუხოდ დავტოვო ზოგიერთი, არცთუ მართებული კრიტიკული გამოსვლა თუ განწყობა, რომლებიც კონკრეტულ წრეებში გამოითქმება.

ჯერ კომისიის შემადგენლობის შესახებ. დამეთანხმებით, ალბათ, რომ ნებისმიერი ორგანოს ფორმირება მეტად ფაქიზი, დელიკატური საქმე არის. ჩემი აზრით, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობა ძალზე შთამბეჭდავია, თითქმის ნახევარს შეადგენენ პარლამენტში წარმოდგენილი პარტიებისა და ჯგუფების დელეგატები და ცალკეული დეპუტატები, რითაც უნდა უზრუნველვყოთ კონსტიტუციის პროექტის პოლიტიკური სახე, კომისიის შემადგენლობაშია - „ინკომ კორპორაციის“ ძალიან მნიშვნელოვანი ბირთვი - ეკონომისტები, პოლიტოლოგები, ისტორიკოსები, ფსიქოლოგები, სახელმწიფო მოღვაწეები, რაც არ უნდა ყოფილიყო კონსტიტუციის, როგორც კარგი დონის ნორმალური ნაწარმოების შექმნის გარანტია, სულაც არ იყო ნომინალურ სხდომებში მეცნიერებათა აკადემიის, მისი პრეზიდენტის, აკადემიკოსების, კვლევითი ცენტრების ხელმძღვანელების, ცნობილი სპეციალისტების, სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის და წამყვანი პროფესორ-მასწავლებლების მონაწილეობა. დიდად პატივცემულმა ადამიანებმა დროისა და ჯანმრთელობის დაუზოგავად იმუშავეს წარმოდგენილ პროექტზე, მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს მისი ტექსტი, მიაქციეთ ყურადღება: ამ ღირსეული შემადგენლობის ორგანომ, რომელიც, ჩემი აზრით ადეკვატურად ასახავს დღევანდელი საქართველოს სოციალურ, დემოკრატიულ, პოლიტიკურ და, თუ გნებავთ, ზნეობრივ სახეს, პარაქტიკულად, ერთსულოვნად (მხოლოდ ოთხი იყო წინააღმდეგი), მიიღო ის ტექსტი, რომლის განხილვას ჩვენ ვიწყებთ, ვთხოვ პარლამენტს გაითვალისწინოს ეს.

ჩემი მხრივ მინდა კიდევ ერთხელ ვუთხრა მადლობა გაწეული შრომისათვის სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ყველა წევრს და მის არცთუ ისე მრავალრიცხოვან აპარატს.

ახლა, რამოდენიმე სიტყვა უშუალოდ კონსტიტუციაზე. უადავოა, რომ ჩვენი ქვეყანა იმყოფება განვითარების გარდამავალ ეტაპზე. ძნელია იმის თქმა, ზუსტად რამდენ ხანს გაგრძელდება ეს პერიოდი - შეიძლება დასჭირდეს 5-10 წელიწადი და ასე შემდეგ. ამ ეტაპის მთავარი მახასიათებელია განვითარების საკუთარი გზების ძიება, მოშლილი საზოგადოებრივი მექანიზმების ამოქმედება. გარკვეული ტიპის და ფორმის საზოგადოებრივი წყობის ჩამოყალიბება, თუ ძირითადი პოლიტიკურ-ფსიქოლოგიური განწყობილებებითა და არსებული პოლიტიკური ძალებით ვიმსჯელებთ, უარყოფილია საბჭოთა რესპუბლიკა და სოციალისტური ეკონომიკა, ერთპარტიული სისტემა, ტოტალიტარული პოლიტიკური რეჟიმი.

კონსტიტუციის მიღების ისტორიული მნიშვნელობა ის არის. რომ მან უნდა განსაზღვროს, ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარების ორიენტირები, ამის საფუძველზე უნდა ჩამოყალიბდეს ახალი პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი სისტემა, ძირფესვიანად უნდა შეიცვალოს ურთიერთდამოკიდებულება სახელმწიფოსა და პიროვნებას შორის.

რას გვთავაზობს წარმოდგენილი პროექტი? კონსტიტუციური ნორმების შემუშავებისას ჩვენ გადასაწყვეტი გვქონდა სტრატეგიული და კონკრეტული პოლიტიკური ამოცანები. თუ ზოგად სტრატეგიულ მიზანს შევეხებით, ჩვენ გვსურდა შეგვექმნა საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების კონსტიტუციურ-სამართლებრივი მექანიზმი. ამ მიზნის მიღწევას ემსახურება კონსტიტუციის ის მუხლები, რომლებშიც დამტკიცებულია ადამიანის ფართო უფლებები და თავისუფლებები საზოგადოების ცხოვრების ყველა სფეროში და ამის საფუძველზე არსებული დემოკრატიული ინსტიტუტების შემდგომი განვითარება, სამართლებრივი და მინდა ხაზი გავუსვა, სოციალური სამართლიანობაზე ორიენტირებული სახელმწიფოს ატრიბუტები, თავისუფალი მეწარმეობის და კონკურენციის ხელშეწყობის პრინციპებზე აგებული საბაზრო ეკონომიკა, გადაწყვეტილების მიღების პოლიცენტრული სისტემა, რაც სახელმწიფო ხელისუფლების დონეზე ვერტიკალური განაწილებით გამოიხატება, საზოგადოებრივ ურთიერთობათა სისტემაში დამოუკიდებელი, ძლიერი მართლმსაჯულების და საკონსტიტუციო ზედამხედველობის დამკვიდრება. რამდენად სწორია ეს ჩვენი სოციალური ორიენტირები და რამდენად ადეკვატურად აისახება ისინი კონსტიტუციის ტექსტში, ამას გვიჩვენებს განხილვაც და ცხოვრებაც. ყოველ შემთხვევაში, არც საკონსტიტუციო კომისიაში განხილვის დროს, არც მრავალრიცხოვან შინაურ და უცხოელ ექსპერტებთან მსჯელობისას, დისკუსიისას პროექტის სოციალური ღირებულება არგუმენტირებულად, საეჭვოდ არ გაუხდიათ.

ახლა, რამდენიმე მოსაზრება პროექტის იმ საკვანძო საკითხებზე, რომლებმაც, ასე ვთქვათ, საზოგადოებრივი რეზონანსი გამოიწვია, რა თქმა უნდა, უპირველესად, ეს არის მართვა-გამგეობისა და ტერიტორიული მოწყობის საკითხები, კონსტიტუციის პროექტი ითვალისწინებს მართვა-გამგეობის ფორმას, რომელსაც კონსტიტუციის თეორიაში და პოლიტოლოგიაში, ზოგადად, შერეულს - ნახევრად საპრეზიდენტოს უწოდებენ. ამ მოდელში გათვალისწინებულია სახელმწიფოს უმაღლეს ორგანოთა გაწონასწორებული სისტემა, რომელშიც საკანონმდებლო და უმაღლეს საკონტროლო ფუნქციებს ახორციელებს პარლამენტი, აღმასრულებელ ხელისუფლებას - მინისტრთა კაბინეტი, სასამართლო ხელისუფლებას - უზენაესი სასამართლო და საკონსტიტუციო სასამართლო. ამ მოდელში რესპუბლიკის პრეზიდენტი ასრულებს სახელმწიფოს მეთაურის ტრადიციულ უფლებამოსილებას, აგრეთვე იგი ვალდებულია უზრუნველყოს ქვეყნის ერთიანობა და მთლიანობა, სახელმწიფო ორგანოთა საქმიანობა კონსტიტუციური გზით (ეს, ალბათ, ამ მოდელის ერთ-ერთი თავისებურებაა) გთხოვთ, მიაქციოთ ყურადღება პროექტის 66-ე მუხლში გამტკიცებულამ ნორმას, ვინაიდან ყველა დანარჩენი უფლებამოსილებანი სწორედ აქედან გამომდინარეობს, ემსახურება ჩამოთვლილ ფუნქციათა რეალურ და ეფექტიან განხორციელებას.

რამ განაპირობა მართვა-გამგეობის ეს შერჩევა, ან უფრო ზუსტად, რატომ გახდა გერმანია საკანცლერო ქვეყანა, რატომ არის ამერიკის შეერთებული შტატები - საპრეზიდენტო, ხოლო საფრანგეთი და პოსტსაბჭოური სახელმწიფოების უმრავლესობა - ნახევრად საპრეზიდენტო რესპუბლიკები, სადაც უფრო საპრეზიდენტოსაკენ იხრებიან. თქვენ, ალბათ, აქცევთ ყურადღებას, ამ უკანასკნელ პერიოდში ბევრმა პოსტსაბჭოთა ხანის ქვეყანამ მიიღო კონსტიტუცია, რომელშიც სწორედ ეს ელემენტებია ხაზგასმული, რა თქმა უნდა, მართვა-გამგეობის შერჩევისას ძლიერია პოლიტიკურ ფაქტორებზე სუბიექტური ფაქტორების მოქმედება, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია, მთელ რიგ ობიექტური გარემოებების გათვალისწინება. ასეთ გარემოებათა რიცხვს მივაკუთვნეთ საქართველოს ისტორიული განვითარების თავისებურებანი, მსოფლიოში არსებული ე.წ კლასიკური და არაკლასიკური მოდელების ფუნქციონირების ანალიზი, საქართველოს რეალიები და განვითარების შესაძლებლობანი. მიგვაჩნია, რომ ჩვენი ხალხის ბუნებაში სახელმწიფო ხელისუფლება, უწინარესად პერსონიფიცირებულია ძლიერ ხელისუფლებასთან, ვფიქრობ, ამომრჩევლები არ დაუჭერენ მხარს პარლამენტის უსუსურობას, ისევე, როგორც არ დაუჭერენ მხარს უსუსურ პრეზიდენტს. ჩემი აზრით, ამ საკითხებზე სერიოზული ფიქრი და განსჯაა საჭირო.

საქართველოში დაიწყო რეალური სოციალური დანაწევრების პროცესი. მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია, ჯერ ძალიან შორს ვართ ახალი საზოგადოების სოციალური დედა-უჯრედის, მესაკუთრეთა ფენის ჩამოყალიბებისკენ. დღეს საზოგადოება სოციალურად დაქუცმაცებულია, რითაც შეიძლება აიხსნას ქვეყანაში არსებული ჰიპერტროფირებული პარტიული სისტემა, რომელშიც, იუსტიციის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, 80-ზე მეტი პოლიტიკური გაერთიანება შედის. პრობლემატურია, ეფექტიანად და სრული სოციალური დატვირთვით იმოქმედოს ისეთ სოციალურ და პრაქტიკულ საფუძველზე შექმნილმა პარლამენტმა, რომელიც გარდამავალი ეპოქის ყველა საფეხურს უპასუხებს, თუ არ იქნება ხელისუფლებათა სწორი შერწყმა, სწორი კოორდინაცია.

რამოდენიმე სიტყვა მინდა ვთქვა ტერიტორიული მოწყობაზე. ეს ის საკითხია, რომლის გამოც საზოგადოებაში მიმდინარეობს როგორც ჯანსაღი, საქართველოს კეთილი მომავლის ფიქრით ნაკარნახევი დისკუსიები, აგრეთვე გამალებული პოლიტიკური მოტივებით ნაკარნახევი კამათიც და ერთგვარი ვულგარიზაციაც, გავითვალისწინეთ რა შექმნილი ვითარება, საზოგადოების გაორებული განწყობა, გადავწყვიტეთ თავი შეგვეკავებინა კონსტიტუციაში სრული ტერიტორიული მექანიზმის ასახვისაგან, ტექსტში ჩაიწერა მხოლოდ ის, რაც, ჩვენი აზრით, საჭიროა საქართველოს, როგორც ერთიანი, სუვერენული, ფედერაციულ საწყისებზე აგებული სახელმწიფოს სრულფასოვანი არსებობისათვის და ამავე დროს, ხაზი გავუსვით ამ სახელმწიფოს შიგნით ძირითადი ტერიტორიული ერთეულების - აფხაზეთის, აჭარის, ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთი) მხარეების არსებობას, ვფიქრობთ, სჯობს ცალკე განისაზღვროს მათი სამართლებრივი სტატუსი და ორგანოთა შექმის მექანიზმი. რა თქმა უნდა, არავითარ ეჭვს არ იწვევს ამ ეტაპზე რაიონების, ქალქების, თემების, დაბების დღევანდელი სისტემის არსებობა.

ღრმა ისტორიული ფესვების მქონე მრავალტანჯული ქართველი ერის მატიანეში დღეს შეიძლება ჩაიწეროს კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფურცელი - შეიქმნას თანამედროვე საზოგადოების პოლიტიკურ - სამართლებრივი საფუძველი - საქართველოს კონსტიტუცია.

ამ ისტორიულ ჟამს მოგმართავთ ყველას - დავივიწყოთ, თუნდაც დროებით, ასე ვთქვათ, ვიწრო პარტიული, თუ პირადი ინტერესები, ერისა და მამულის დღევანდელი და მომავალი თაობების, თუ გნებავთ კაცობრიობის წინაშე უდიდესი პასუხსიმგებლობის შეგრძნებით შევუდგეთ წარმოდგენილი პროექტის განხილვას. ჩვენ გვიყურებს, ჩვენ გველის სრულიად საქართველო. მივმართავ რა პარლამენტს, რა თქმა უნდა, მივმართავ საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომლებმაც თვალ-ყური უნდა ადევნონ ჩვენს მუშაობას და ძალიან დიდი კონსტრუქციული წვლილი შეიტანონ, შეგვეხმიანონ და დაგვეხმარონ ისეთი კონსტიტუციის მიღებაში, როგორიც დღევანდელ საქართველოს და მის მომავალს შეეფერება.

„უნდა მივიღოთ ისეთი კონსტიტუცია, როგორიც დღევანდელ საქართველოს და მის მომავალს შეეფერება” // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 27 ივლისი. - 91(2007). - 1 გვ.

58 „თუ კონსტიტუციას რეფერენდუმის გარეშე მივიღებთ - ეს იქნება ახლანდელი პარლამენტის ისტორიული მონაპოვარი“

▲ზევით დაბრუნება


ედუარდ შევარდნაძის 31 ივლისის რადიოინტერვიუ

- დღევანდელ ინტერვიუს, როგორც ყოველთვის, ეკონომიკური მიმოხილვით არ დავიწყებთ, რადგან ინტერვიუს შემდეგ რამდენიმე საათში თქვენ მიემგზავრებით სამცხე-ჯავახეთში, სადაც იხსნება ახალი საბაჟო გასასვლელი თურქეთთან. ვიცოდით, რომ გახსნის ცერემონიალს დაესწრებოდა თურქეთის რესპულიკის პრეზიდენტის სულეიმან დემირელი. ბოლო ინფორმაციით კი გახსნას მის გარდა დაესწრებიან თურქეთის მთავრობის წევრები, მათ შორის პრემიერ მინისტრი ქალბატონი თანსუ ჩილერი, როგორც ჩანს, ამ ფაქტს თურქეთის მხარე ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, რა მნიშვნელობა ექნება ამ მოვლენას ჩვენთვის, კონკრეტულად, მხარის, ჩვენი ქვეყნისა და მისი ეკონომიკისათვის? - ჟურნალისტ ნატო ონიანის ამ კითხვის პასუხათ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ - სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ თავის ტრადიციულ რადიოინტერვიუში განაცხადა:

- დღეს, მართლაც, საგანგებო დღეა: გვესტუმრება თურქეთის პრეზიდენტი ბატონი სულეიმან დემირელი, პრემიერ-მინისტრი ქალბატონი თანსუ ჩილერი, ვიცე-პრეზიდენტი ჩეთინი, მინისტრები, მათ შორის - საგარეო საქმეთა მინისტრი, გუბერნატორები, ცნობილი სახელმწიფო მოღვაწეები, ჩვენი მოსაზღვრე რაიონების წარმომადგენლები. მე ვიტყოდი, რომ ეს უპრეცენდეტო წარმომადგენლობაა, რომელიც მიუთითებს - ჩვენი მეზობლის განსაკუთრებულ მზადყოფნაზე განავითაროს კეთილი და ძმური ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის. თურქეთ - საქართველოს ეს შეხვედრა, პრაქტიკულად, იქნება უმაღლესი დონის დიალოგი მთავრობათა მონაწილეობით. ასეთი პრაქტიკა მკვიდრდება ჩვენში, როგორც საკმაოდ დინამიური პროცესი. ბატონი დემირელი უკვე მესამედ ჩამობრძანდება საქართველოში. მნიშვნელოვანია, რომ მას ამჯერად პრემიერ-მინისტრი და სხვები ახლავან, რომლებიც პრაქტიკულ და კონკრეტულ საკითხებს წყვეტენ. რა თქმა უნდა, ჩვენი დიალოგის საგანი იქნება, როგორც რეგიონში, კავკასიაში არსებული ვითარება, ასევე სხვა ფართო ხასიათის პრობლემების მიმოხილვა, მათ შორის - შავიზღვისპირა ქვეყნების ურთიერთობის საკითხები, ორმხრივი ურთიერთობა, ბუნებრივია, ვიმსჯელებთ იმ საერთაშორისო პრობლემებზე, რომლებიც დღეს ყველა სახელმწიფოსა და ყოველ ხალხს აღელვებს და აწუხებს.

უფრო დეტალურ ანგარიშს საქართველოს მოსახლეობას შეხვედრის შემდეგ წარმოვუდგენ.

რაც შეეხება თვით ამ საბაჟო მაგისტრალის გახსნას, ეს თავისი მნიშვნელობით საბაჟო-გამშვები პუნქტის გახსნას სცილდება. ერთი ასეთი მაგისტრალი უკვე არსებობს და აქ არავითარი კონკურენცია არ არის. მომავალში, სპეციფიკის გათვალისწინებით, იგი თავის დანიშნულებას მიიღებს. ეს მოვლენა იმაზე მიგვანიშნებს, რომ საქართველო, როგორც სატრანზიტო სახელმწიფო, უკვე ასრულებს თავის როლს და ამ მხრივ ყოველდღიურად ფართოვდება მისი მისია. მაგისტრალი, ჩემი დაკვირვებით, დიდ სიკეთეს მოუტანს მთლიანად ქვეყანას. უწინარესად, იგი პირველი მანიშნებელია იმისა, რომ სამცხე-ჯავახეთის ეკონომიკური აღმავლობა, ამ რეგიონის ყოველმხრივი აღორძინება - მატერიალური თუ სულიერი - ახლო მომავლის საქმეა. მაგისტრალის გახსნის დაჩქარებაში, ამ საქმის ორგანიზაციაში მინისტრთა კაბინეტთან და სხვა სტრუქტურებთან ერთად, განსაკუთრებული როლი სწორედ, სამხარეო ადმინისტრაციამ და რაიონებმა შეასრულეს. მთელი დაბეჯითებით შემიძლია ვუთხრა ახალციხის, ახალქალაქის, ნინოწმინდის, ადიგენის, ასპინძის, ბორჯომისა და სხვა რაიონების მოსახლოებას, რომ ყველა რაიონი ისარგებლებს ამ სიკეთით და იგი, გარკვეული დროის შემდეგ, ხელშესახები იქნება, როგორც მთლიანად მხარის, ასევე - თითოეული რაიონისათვის.

ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ კრიმინალურმა ელემენტებმა ხელი არ შეგვიშალონ ამ დიდი საქმის ორგანიზაციაში.

- გასული კვირის ეკონომიკურ ცხოვრებაში ერთი მომენტი იყო ყველასათვის თვალშისაცემი. ამ რამდენიმე ხნის წინათ თქვენ მოქალაქეთა ჯგუფი შეგხვდათ. ისინი აცხადებდნენ, რომ შეუძლიათ ქალაქის მომარაგება, იაფი პროდუქციით, მაგრამ გზებზე, თუ ბაზრებში გამეფებული სიტუაციის გამო ეს შეუძლებელი ხდება. თქვენი მითითებით ბაზრების საკითხი კონტროლზეა აყვანილი, ამ ბოლო დღეებში ქალაქის უბნებში უკვე გამოჩნდნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული მშრომელები, რომლებიც ბაზართან შედარებით გაცილებით იაფად ჰყიდიან სოფლის მეურნეობის პროდუქციას. ეს, ერთი მხრივ, მოსახლეობასაც წაადგება და მეორე მხრივ, ბაზრის ფასებზეც მოახდენს გავლენას და დასწევს მათ...

- მე ორიოდე სიტყვით ვიტყვი ეკონომიკური პრობლემების შესახებ, რადგან, აგვისტოს დეკადის განმავლობაში შედგება სპეციალური თათბირი რაიონების, ქალაქების, სამინისტროების ხელმძღვანელთა მონაწილეობით, რომელზეც უფრო დეტალურად განვიხილავთ ეკონომიკურ მდგომარეობას. მაგრამ, მსურს აღვნიშნო, რომ საქართველოში დაწყებული ერთგვარი დადებითი პროცესები, ვგულისხმობ საბაზრო ეკონომიკისათვის სამართლებრივი ბაზის შექმნას, კონსტიტუციის მიღებით კიდევ უფრო დაჩქარდება(თუ მივიღებთ კონსტიტუციას) და მეორეც - პრაქტიკული შედეგები იმისა, რასაც ვაკეთებთ საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლისათვის, უკვე საკმაოდ ხელშესახებია. მაგალითად, ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, რესპუბლიკის ბიუჯეტის საშემოსავლო ანგარიშზე მიღებული სახსრების მოცულობამ 1995 წლის 28 ივლისისათვის 160 ტრილიონ კუპონს გადააჭარბა ეს გაცილებით აღემატება თეორიულად დაანგარიშებულ საპროექტო დონესაც კი. მიმაჩნია, რომ ეს ყველა ჩვენი მოქალაქისა და სახელმწიფო სტრუქტურის დამსახურებაა.

კიდევ უფრო სრულყოფილი ხდება საგადასახადო სისტემა (ამის შესახებ არაერთხელ მითქვამს) საბაჟო სამსახური ნორმალურად ფუნქციონირებს, გამოცოცხლება დაეტყო ცალკეულ სამინისტროებს, უწყებებსა და ბუნებრივია, მინისტრთა კაბინეტს.

რაც შეეხება ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე შექმნილ მდგომარეობას, იგი თითქმის უცვლელია. ბირჟის საერთო ბრუნვამ მილიონ 500 ათასი დოლარი შეადგინა. საქართველოს ეროვნულ ბანკთან ერთად, ვალუტა ვაჭრობებზე გასაყიდად რამდენიმე კომერციულმა ბანკმაც გამოიტანა. ეს ტენდენცია კიდევ უფრო უნდა წავახალისოთ და მხარი დავუჭირო მას. დოლართან კუპონის შეფარდება იგივეა, რუსულ რუბლთანაც, პრაქტიკულად იმავე დონეზე რჩება.

ჩვენ ყველა ძალიან სერიოზულად უნდა ვემზადოთ ეროვნული ვალუტის შემოღებისათვის შესაბამისი ფონის შესაქმნელად.ზოგიერთები ახლა ამბობენ, რომ ეს ნაჩქარევია (ნაჩქარევად არაფერი არ უნდა გავაკეთოთ), მაგრამ არც ამ საკითხის მოხსნა შეიძლება დღის წესრიგიდან. საკმაოდ კარგი და მისაღები ფონი თანდათანობით ფორმირდება.

მსურს კიდევ ერთი საკითხი გავაშუქო ძალიან მოკლედ. გაერთიანებული ქართული ბანკის შესახებ, გახსოვთ, როგორი დისკუსიები, კამათი იყო იმის თაობაზე, თუ რამდენად საჭირო იყო ეს გაერთიანება, რას მოუტანს იგი ქვეყანას და ასე შემდეგ. უნდა გითხრათ, რომ სამმა პრეზიდენტმა, რომლებმაც წამოაყენეს გაერთიანების ინიციატივა (ვგულისხმობ ბატონებს ჩხარტიშვილს, მაღლაკელიძეს და სიორიძეს) ძალიან დიდი საქმე წამოიწყეს. ახლა ახალი ქართული ბანკი, უკვე აღიარებულია როგორც სოლიდური პარტნიორი. მისი აქციების 15 პროცენტი შეიძინა საბერძნეთის საკმაოდ ცნობილმა კომერციულმა ბანკმა. ახალი ქართული ბანკით ასევე დაინტერესებულია ევრობანკი და ზოგიერთი სხვა ბანკები, რომლებსაც დიდი საერთაშორისო ავტორიტეტი აქვთ. ასე რომ, საქართველოში იწყება საბანკო ცხოვრების აქტიური პროცესი. განსაკუთრებით მივესალმები იმას, რომ ამ ბანკმა უკვე დაიწყო სერიოზული პროექტების დაფინანსება. მსურს მადლიერება გამოვთქვა ასევე ეროვნული ბანკის მიმართ, რომელიც მხარში ამოუდგა გაერთიანებულ ბანკს, ყოველმხრივ ეხმარება და მხარს უჭერს მას.

რაც შეეხება თქვენს მიერ დასმულ კონკრეტულ საკითხს, ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციამ და მარნეულის, გარდაბნის, ბოლნისის რაიონებმა შესანიშნავი საქმე წამოიწყეს - სოფლის მეურნეობის პროდუქტებით ვაჭრობის ორგანიზაცია. იგი ძალიან კარგად მოაწყო ქალაქის მერიამ. სეროზული სამუშაო შეასრულეს ქალაქ თბილისის რაიონულმა გამგეობებმა, რომელთა ტერიტორიაზეც გაიმართა ეს ვაჭრობა. ეს იყო ურთიერთშეთანხმებული ღონისძიება. სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივით, სისტემატიური ხასიათი მიღო ასეთმა ვაჭრობამ რუსთავშიც.

მინდა ვთქვა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია. სახელმწიფოს მეთაურის აპარატში მზადდება სახელმწიფო მეთაურის განკარგულება (შეიძლება ბრძანებულებაც იყოს, ვნახოდ რომელი აჯობებს) დედაქალაქსა და სამრეწველო ცენტრებში ქვეყნის სხვადასხვა რაიონიდან სოფლის მეურნეობის პროდუქტების შემოტანის ორგანიზაციის შესახებ, ლაპარაკი არ არის რაიმე იძულებით ფორმებზე - გლეხობას უნდა დავეხმაროთ, რომ ზედმეტი დაბრკოლებებისა და ბარიერების გარეშე შემოიტანოს ის პროდუქცია, რომლის გასაღებას საარსებო მნიშვნელობა აქვს. უწინარესად, ეს საქმე თბილისში უნდა დავიწყოთ.

ბევრის გაკეთებას აპირებენ ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკის რაიონები, საერთოდ, სამცხე-ჯავახეთის მხარე, კახეთი და სხვა რეგიონები. ვფიქრობ, რომ ცოტა მოგვიანებით ამ საქმეში ჩაერთვებიან სამეგრელოს და იმერეთის რაიონებიც, რომელთაც ძალიან დიდი რესურსები ექნებათ. ჩინებული მოსავალია სიმინდის, ზოგიერთი სხვა კულტურების, ვფიქრობ, იმას, რასაც ახლა ცეცხლის ფასი აქვს, ხელმისაწვდომი გახდება ჩვენი ქალაქების მოსახლეობისთვის.

მაგრამ ეს მხოლოდ ცალმხრივი პროცესი არ უნდა იყოს. განკარგულებით განისაზღვრება ქალაქების ვალდებულებები სასოფლო რაიონების მიმართ. იგივე ახალქალაქის, ნინოწმინდისა და სხვა რაიონებს, სადაც ზამთარში დიდი მოთხოვნაა ქვანახშირზე, საწვავზე - დედაქალაქი და სხვა ქალაქები უნდა დაეხმარონ. ეს უნდა იყოს სრული, ნამდვილი კოოპერაცია და ეს პროცესი უკვე იწყება. რადგან ქვეყანაში დოვლათის შექმნა დაიწყო. მოსახლეობამდე მისი მიტანა უკვე ორგანიზაციის საქმეა.

ამ ღონისძიებებში აქტიურად უნდა ჩაებას მინისტრთა კაბინეტი, რომელიც გვეხმარება აღნიშნული განკარგულების მომზადებაში, სამინისტროები, ცეკავშირი და სხვა უწყებები, არაფერს ვამბობ შესაბამისი რეგიონების გამგეობებსა და რწმუნებულებზე.

ის სტიქიური უბედურება რომ არა, რომელიც თავს დაატყდა კახეთსა და ზოგიერთ სხვა რეგიონს, ჩვენ უფრო დიდი შესაძლებლობები გვექნებოდა იმისათვის, რომ ქალაქსაც მოვხმარებოდით და ქალაქიც სოფელს დახმარებოდა. ამასთან დაკავშირებით ერთი რამ მინდა ვთქვა. ბევრ ისეთ ტრადიციაზე ითქვა უარი, რომელიც არ იყო დასავიწყებელი, მაგალითად იგივე „თბილისობა“, არ მესმის, რით იყო იგი კომუნისტრური და ბოლშევიკური? ეს იყო დღესასწაული, როცა მთელი საქართველო ჩამოდიოდა დედაქალაქში, ჩამოჰქონდათ და ჰყიდნენ პროდუქტებს, მოსახლეობა ზამთრის მარაგს ქმნიდა. ამას ცოტა ცეკვა-სიმღერაც და იმის დემონსტრირებაც ემატებოდა, რაც შექმნეს და რასაც მიაღწიეს რაიონებმა. რატომ იყო ეს ცუდი, მაინცდამაინც ბოლშევიკური? ვფიქრობ, რომ მრავალი ტრადიცია(ისევე, როგორც ბაზრობებისა)უნდა აღდგეს. მომავალში ამან შეიძლება ცოტა სხვა სახე მიიღოს - პროექტდება და შეიქმნება შესაბამისი ბაზრები, სადაც გლეხობას საშუალება ექნება ჩამოიტანოს, შეინახოს ან ჩააბაროს პროდუქტი შესაბამის კოოპერაციულ ორგანიზაციებს. დღეს კი ის, რაც იყო, აღვადგინოდ ჩვეულებრივად, ისე, როგორც ეს გააკეთა ქვემო ქართლის ადმინისტრაციამ და ქალაქის მერიამ. ვფიქრობ, ეს სოფლისთვისაც ძალიან სასარგებლო იქნება და ქალაქისთვისაც.

- გრძელდება საქართველოს კონსტიტუციის პროექტის განხილვა. რა შეფასებას მისცემთ თვით ამ პროცესის მიმდინარეობას?

- საკონსტიტუციო პროცესი გადამწყვეტ ფაზაშია. დრო ცოტა დარჩა. ზოგიერთი მნიშვნელოვანი მიჯნა დაძლეულია - მნიშვნელოვანია, რომ კონსტიტუციის თავი ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ თითქმის მიღებულია, შემთანხმებელ კომისიაში შევუდექით ზოგიერთი სხვა თავის შეთანხმებას. მაგრამ, მთავარი სიძნელეები, ასე ვხედავ, წინაა. გუშინ დაიწყო დებატები კონსტიტუციის გააზრების, კონცეპტუალურ საკითხებზე. გარეგნულად მშვიდი და ძირითადად კორექტული გამოსვლები იმას არ ნიშნავს, რომ რეფერენდუმი მოხსნილია დღის წესრიგიდან. გუშინდელი დისკუსიიდან ჩანს, რომ ცალკეულ ძალებს (მთლიანობაში კონკრეტული მსჯელობა იყო) სურთ თავიანთ თავზე მოირგონ კონსტიტუციის ფუნდამენტური პრინციპები.

ძირითადი სიძნელეები, როგორც ვთქვი, წინაა. ამიტომაც ვთხოვ საქართველოს მოქალაქეებს ძალიან სერიოზულად ადევნონ თვალყური კონსტიტუციის მიღებასთან დაკავშირებულ საპარლამენეტო დისკუსიებს და ნუ გამორიცხავენ ისეთ ვარიანტს, როდესაც ყველაზე პრინციპულ პრობლემებზე სწორედ მოსახლეობამ, საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გასცენ პასუხი - ესე იგი, რეფერენდუმის ვარიანტს, თუმცა აქვე უნდა ვთქვა, რომ მე პირადად იმის მომხრე ვარ, რომ კონსტიტუციის მიღება რეფერენდუმის გარეშე მოხდეს. მოგეხსენებათ, რეფერენდუმი დიდ ორგანიზაციულ, ფინანსურ სიძნელეებთან, მოსახლეობის ერთგვარ დაძაბვასთან არის დაკავშირებული. მაგრამ, თუ აუცილებელი გახდება, რეფერენდუმი უნდა მოვაწყოდ. თუ რეფერენდუმის გარეშე მივიღებთ კონსტიტუციას, ეს იქნება ახლანდელი პარლამენტის, ასე ვიტყოდი, ისტორიული მონაპოვარი. ეს, ალბათ, ყველას, ძალას უნდა გვმატებდეს და სტიმულს გვაძლევდეს კონსტრუქციული თანამშრომლობისათვის.

- გასულ კვირას საქართველოს სომხეთის დელეგაცია ესტუმრა. მოქალაქეთა კავშირის ინიციატივით მოწყობილ ბიზნეს-ფორუმზე განიხილეს ერთობლივი საწარმოების შექმნის, სატრანსპორტო არტერიების აღდგენის, საბაჟო საქმიანობის ლიბერალიზაციის, საქმიანი წრეებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნისა და სხვა საკითხები - რა მნიშვნელობა აქვს ამგვარ ღონისძიებებს?

- მე გულწრფელად მივესალმე მოქალაქეთა კავშირის ამ ინიციატივას. ეს იყო ძალიან სასარგებლო შეხვედრები. მრავალი აქტუალური საკითხი განვიხილეთ, შევთანხმდით შემდგომ გეგმებზეც.

ორ ქვეყანს ისტორიულად ბევრი საერთო პრობლემა აქვს და ბუნებრივია ისინი ერთობლივი ძალისხმევით და შეთანხმებულად უნდა გადავწყვიტოდ.

ჩვენი მეზობლები შესაშურ ორგანიზებულობას იჩენენ ახალი სახელმწიფოს მშენებლობის საქმეში. ჩვენ ვიცით, რა რთულად დაიწყო ყველაფერი სომხეთში - იგრძნობოდა რესურსების გარკვეული შეზღუდულობა, მაგრამ ორგანიზებულობამ და მაღალმა დისციპლინამ, ქვეყანა გარკვეულწილად გამოიყვანა ამ კრიზისული ფაზიდან, მათ უკვე მიიღეს კონსტიტუცია. ცუდი არ იქნებოდა, რომ ჩვენი მოქალაქენიც და პოლიტიკოსებიც, ყურადღებით გასცნობოდნენ ამ დოკუმენტს, რადგან, ვფიქრობ, რომ მასში მრავალი ისეთი მნიშვნელოვანი მომენტია, რომელიც საქართველომაც უნდა გაითვალისწინოს. ჩვენ განვითარების ერთნაირ ეტაპზე ვართ. სასომხეთში საკმაოდ კარგად, ორგანიზებულად გაიმართა არჩევნები, რამაც ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მათთან ბევრი რამ არის საყურადღებო და საგულისხმო, ისე როგორც სხვა მეზობლებთანაც.

- გასულ კვირას სოციალისტურმა პარტიამ და სახალხო-სოციალისტურმა პარტიამ გამართეს კონფერენცია. რამდენად გაიზიარებს საქართველოს მოქალაქეთა კავშირი სოციალისტურ ორიენტაციას?

- სოციალისტური იდეის საქართველოს პირობებში რეალიზაციის გზების ძიება მხოლოდ მისასალმებელია - ამის შესახებ ვთქვი პატარა ბარათში, რომელიც მე კონფერეციას გავუგზავნე. ეს მით უფრო მნიშვნელოვანია, რომ ბევრი, საკმაოდ სერიოზულად ორგანიზებული ძალა, სოციალისტური იდეის, ასე ვთქვათ. ჰიპერტროფირებულ მოდელს გვახვევს თავს, ესე იგი, ისეთ მოდელს, რომელმაც კვლავ ტოტალიტარულ სისტემამდე, უნდა მიგვიყვანოს. ეს გზა არა თუ მოსინჯული, არამედ პრაქტიკის მიხედვით, გავლილიცაა. ვფიქრობ თავიდან ყველაფრის დაწყება აბსურდი და უაზრობაა. ასეთ პირობებში გუშინდელი კონფერენცია, თუ მას პერსპექტივის თვალსაზრისით განვიხილავთ, მნიშვნელოვანი მოვლენაა არა მარტო ინიციატივის ავტორთა ჯგუფის, არამედ საერთოდ, საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში.

რაც შეეხება მოქალაქეთა კავშირის დამოკიდებულებას, ჩვენ ჯერჯერობით, თუ ორგანიზაციულად არა, - როგორც თანამოაზრენი, ერთად ვართ. არა მგონია, რომ მოხდება მოქალაქეთა კავშირის გადაზრდა სოციალისტურ ან სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში. მოქალაქეთა კავშირი დარჩება ცენტრისტულ ძალად, რომელსაც უფრო მემარცხენე მიმართულება აქვს.

ბუნებრივია, ის, რაც ახლა კეთდება, სოციალისტური იდეის გააზრებისა და საქართველოს პირობებში, მისი რაციონალიზაციის გზების ძიების თავლსაზრისით, ჩვენთვის საარსებოდ მნიშვნელოვანია.

„თუ კონსტიტუციას რეფერენდუმის გარეშე მივიღებთ - ეს იქნება ახლანდელი პარლამენტის ისტორიული მონაპოვარი“ : რადიოინტერვიუ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 1 აგვისტო. - 94(2010). - 1,2 გვ.

59 „საქართველოს მოქალაქეების სიბრძნის იმედი მაქვს ყველა ძალისა და ყველა კანდიდატის შეფასებაში“

▲ზევით დაბრუნება


ედუარდ შევარდნაძის 7 აგვისტოს რადიოინტერვიუ

- გასული კვირის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა იყო თქვენი შეხვედრა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან, 31 ივლისს გაიხსნა საქართველოს და თურქეთს შორის ახალციხეარდაგანის ახალი სასაზღვრო-საკონტროლო პუნქტი. ამ მოვლენას, გარდა პოლიტიკურისა, უწინარესად, ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს...

ჟურნალისტ ნატო ონიანის ამ შეკითხვის პასუხად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ - სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ თავის ტრადიციულ რადიოინტერვიუში განაცხადა:

- განვლილ კვირაში კონსტიტუციის თაობაზე ცხარე საპარლამენტო დისკუსიების ფონზე ქვეყანაში კვლავ გრძელდებოდა დაძაბული მუშაობა მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის პროგრამის რეალიზაციისათვის. წლის დასაწყისიდან ფინანსური გაჯანსაღებისა და წარმოების გამოცოცხლების სფეროში დასახული დადებითი ტენდენციები სულ უფრო ხელშესახები და საიმედო ხდება, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა მსოფლიო ბანკის აღმასრულებელი დირექტორის ქალბატონ ეველინ ჰერფკენსთან გამართული საუბრის დროს. რესპუბლიკის საგადასახადო ინსპექციის ინფორმაციის თანახმად, ეკონომიკაში არსებული სირთულეების მიუხედავად, ხელისუფლებისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ერთობლივი პროგრამებით დასახული ღონიძიებების განხორციელების შედეგად ივლისში შენარჩუნებულია წლის პირველ ნახევარში მიღწეული ბიუჯეტის შემოსავლის ზრდის ტენდენცია. საგადასახადო სამსახურის ხაზით შემოსულმა თანხამ ივლისში 15 ტრილიონ-ნახევარი კუპონი შეადგინა. ეს სავალუტო ფონდის პროგნოზზე მეტია. ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ რესპუბლიკის ბიუჯეტის შემოსავალში (თუმცა იგი გადაჭარბებით შესრულდა ყველა ძირითადი სახეობის მიხედვით) დაშვებული იქა გარღვევა დამატებითი ღირებულების გადასახადში, რომელმაც ტრილიონ კუპონს გადააჭარბა. მივმართავ თხოვნით თბილისის, ქუთაისის, გორის, ფოთის, ზესტაფონისა და ზოგიერთი სხვა რაიონის ხელმძღვანელებს, რომლებმაც ამ დარგში დიდი გარღვევა დაუშვეს, დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები.

აუცილებელი აღინიშნოს, რომ ბიუჯეტის შემოსავალი გაცილებით მეტი იქნებოდა, უფრო სრულად რომ გამოგვეყენებინა რესპუბლიკის ეკონომიკური პოტენციალი. სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის მიერ განხორციელებული შემოწმებების შედეგად, სერიოზული დარღვევები გამოვლინდა რესპუბლიკის საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტისადმი დაქვემდებარებულ ორგანიზაციებში.

მინდა შევეხო ერთ კონკრეტულ ფაქტს. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ადრე თუ გვიან ცალკეულ ორგანიზაციებს, რომლებიც არარად აგდებენ სახელმწიფო ინტერესებს, აუცილებლად მოჰკითხავენ, მათ შესახებ იქნება მსჯელობა და მიიღება ზომები.

გორის პირველი სამგზავრო და საქალაქო ავტოსატრანსპორტო საწარმოს შემოწმებით დადგინდა მრავალი სხვადასხვაგვარი დარღვევა და ბიუჯეტის სასარგებლოდ დამატებით დაირიცხა თითქმის ერთი ტრილიონი კუპონი. განსაკუთრებულ ყურადღებას იწვევს ის გარემოება, რომ ეკონომიკის გამოცოცხლებისა და კრიმინალური სიტუაციის სტაბილიზაციის შედეგად. რესპუბლიკის სამგზავრო ტრანსპორტი, სატრანსპორტო პარკი, ფაქტობრივად, სრული დატვირთვით მუშაობს (სხვათა, შორის ეს რკინიგზასაც ეხება. მოვა დრო და ამაზეც ვილაპარაკებთ), მაგრამ ბიუჯეტის შემოსავალი, ადეკვატურად არ იზრდება. გორის პირველი ავტოსატრანსპორტო საწარმოს მძღოლების მიერ სალაროში შეტანილი თანხა, მთელი დღის განმავლობაში ერთი მგზავრის მომსახურების ღირებულებასაც არ შეადგენს. უფრო მეტიც: ქრონომეტრაჟის შედეგად საწარმოს შემოსავალმა მარტო ერთ დღეში 5 მილიონი რუბლი შეადგინა, რაც მნიშვნელოვნად აღემატება საწარმოს მიერ მთელი თვის განმავლობაში ოფიციალურად აღრიცხულ შემოსავალს - ესე იგი ერთ დღეში აღირიცხა იმაზე მეტი, ვიდრე მთელი თვის განმავლობაშო ოფიციალურად იყო ნაჩვენები.

მივმართავ შიდა ქართლის ზონის რწმუნებულს ბატონ ბადრი ხატიძეს (რომელიც საერთოდ აქტიურად და კარგად მუშაობს), პირადად შეისწავლოს ამ საწარმოს საკითხი და წარმომიდგინოს თავისი დასკვნები.

გარკვეულწილად გაუმჯობესდა ვითარება პურპროდუქტების სახელმწიფო რესურსების რეალიზაციის შედეგად ბიუჯეტში სახსრების გადარიცხვის თვალსაზრისით. გახსოვთ, მე გამოვთქვი რამდენიმე კრიტიკული შენიშვნა და უნდა გითხრათ, რომ ხელმძღვანელობამ სათანადო დასკვნები გამოიტანა. იმედი მაქვს, ეს დროებითი მოვლენა არ იქნება.

მრეწველობის სამინისტროს სისტემაში წარმოების გამოცოცხლების ტენდენცია განსაკუთრებით შესამჩნევი გახდა მანქანათმშენებლობის საწარმოებისთვის. ქუთაისის საავტომობილო ქარხანამ (ვფიქრობ ეს არ უნდა იყოს ინტერესს მოკლებული მოსახლეობისათვის) მიმდინარე წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით თითქმის ორჯერ და უფრო მეტადაც გაიზარდა წარმოების მოცულობა და მთლიანად შვიდ თვეში უკვე გამოშვებული აქვს 2 ტრილიონი კუპონის პროდუქცია, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდს სამჯერ აღემატება.

თბილისის გაზის აპარატის ქარხანამ ასევე შვიდ თვეში თითქმის ორ-ნახევარჯერ გაზარდა წარმოების მოცულობა. მთლიანად, კომპლექსში, წარმოების ზრდის ტემპმა 126 პროცენტი შეადგინა. სასიხარულო გააქტიურებაა!

ასევე გააქტიურდა მთლიანად მრეწველობის სამინისტრო. იგი ცდილობს დაიკავოს თავის ღირსეული ადგილი, რასაც ვერ ვიტყვით მეტალურგიულ კონცერნზე (ალბათ, ამაზე ცალკე გვექნება მსჯელობა) კონცერნის შექმნა, თავისთავად, იმას არ ნიშნავს, რომ ყველა საკითხი ავტომატურად გადაწყდება. უნდა გითხრათ ხელმძღვანელობა საკმაოდ პასიურად მუშაობს კონცერნის წინაშე მდგომი პრობლემების გადასაჭრელად.

სახელმწიფო მეთაურის განკარგულების შესაბამისად გრძელდება სახელმწიფო რეზერვებიდან ბამბის ბოჭკოს გამოტანა და გადამუშავება. დღეისათვის ბამბის მრეწველობისა და მასთან დაკავშირებული საწარმოების მიერ გამოშვებულია 700 მილიარდი კუპონის პროდუქცია, რაც 20-ჯერ აღემატება პირველი კვარტალის მონაცემებს. ამავე დროს, აუცილებელია სამინისტროს ხელმძღვანელებმა, მეტი ყურადრება დაუთმონ საწარმოთა ნედლეულით, ძირითადად, ბამბით უზრუნველყოფას საკუთარი ძალებითა და ინიციატივით.

რესპუბლიკის სამრეწველო კომპლექსში დაწყებული სტაბილიზაციის პროცესი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის რეალურ შესაძლებლობებს ქმნის. დღეისათვის უკვე მზად არის ოთხი საწარმოს განვითარების პროექტი, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტების დონეზეა მომზადებული. მე გავეცანი ამ პროექტებს და დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი უცხოელი ინვესტორი, თუ მას აინტერესებს საქართველოსთან თანამშრომლობა, ამ პროექტების საფუძველზე თავის ადგილს იპოვის.

გარკვეული გააქტიურება იგრძნობა ბოლო წლებში მოწყვეტილ ცხინვალის რეგიონის საწარმოებთან ურთიერთობაში. მრეწველობის სამინისტროს საწარმოთა ხელმძღვანელები ცხინვალში შეხვდნენ ადგილობრივი მრეწველობის სისტემის მესვეურებს, მზადდება უახლოეს მომავალში გადასაწყვეტი საკითხები. ამ მხრივ ძალიან საინტერესოდ მუშაობს შიდა ქართლის მხარის რწმუნებული ბადრი ხატიძე, რომელმაც საქმიანი კონტაქტები დაამყარა ქალაქის ხელმძღვანელობასთან (მხედველობაში მაქვს სამრეწველო ობიექტები) სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სისტემის ერთ-ერთი პრიორიტეტული დარგია საკონსერვო მრეწველობა, რომელიც მთელი რიგი მიზეზების გამო, უკვე სამი წელია პრაქტიკულად არ მუშაობს და არ ქმნის პროდუქციას. ასეთი ვითარების ფონზე, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია და ყოველმხრივ მხარდაჭერასა და ფართო პროპაგანდას იმსახურებს გორის კონცენტრატების ქარხნის საქმიანობა, რომელმაც ადგილობრივ საზოგადოებრივ მეურნეობებთან ერთად შექმნა ფირმა, იჯარით აიღო მათი კუთვნილი 500 ჰექტარი მოუვლელობით გაჩანაგებული ვაშლის ბაღი, ქარხნის ხელმძღაველობამ საკუთარი რესურსებით, კრედიტების აუღებლად, შეიძინა შხამქიმიკატები, სასუქები და ბაღებში განახორციელა შესაბამისი ღონისძიებები. ამჟამად ქარხანა ელოდება 2 ათას ტონაზე მეტ ვაშლის მოსავალს, რაც მას შესაძლებლობას მისცემს მიმდინარე წელს გადაამუშავოს და მიიღოს 400 ათას ამერიკულ დოლარზე მეტი ღირებულების ვაშლის კონცენტრატი. ეს აანაზღაურებს როგორც ქარხნის, ისე მეურნეობის იმ მუშების შრომას, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ საბოლოო პროდუქციის შექმნაში, კარგი იქნებოდა, თუ ჩვენი რადიო და ტელეპროგრამები ყურადღებას დაუთმობდნენ საწარმოებს, რომლებმაც რთულ პირობებში მოახერხეს სიძნელეების გადალახვა.

კრედიტების მიუღებლად ამუშავდა გარდაბნის საკონსერვო ქარხანაც, რომელიც მზად არის მიმდინარე წელს მიიღოს და გადაამუშაოს 10 ათას ტონამდე პამიდორი - ამაზე ერთი წლის წინათ საერთოდ ლაპარაკიც კი შეუძლებელი იყო. რესპუბლიკის საკონსერვო მრეწველობის მთელი სიმძლავრით ამოქმედებისა და ამ უაღრესად მნიშვნელოვანი დარგის ნორმალური მუშაობისათვის აუცილებელია მინის ტარის საწარმოთა მთელი სიმძლავრით ამუშავება, ეს საკითხი სპეციალურად უნდა განიხილოს მინისტრთა კაბინეტმა.

სოფლის მეურნეობის და კვების მრეწველობის სამინისტროს კოლეგიამ განიხილა ბორჯომის 1 და მე-2 ქარხნების ამოქმედების საკითხი. გაირკვა, რომ ეს ქარხნები პრაქტიკულად დაშლილია და პროდუქციას არ ქმნიან. მაგალითად, 1990 წელს 150 მილიონი ბოთლი მინერალური წყალი „ბორჯომი“ ჩამოასხეს, მანამდე 1985 წელს ეს ციფრი 400 მილიონს აღწევდა. დამახინჯებული, მე ვიტყოდი, იარაღის ძალით განხორციელებული პრივატიზაციისა და ამ საწარმოებში იარაღიანი ხალხის დაფუძნების შედეგად საქმე იქმადე მივიდა, რომ 1995 წელს აღნიშნულ ქარხნებს არც ერთი ბოთლი მინერალური წყალი „ბორჯომი“ არ ჩამოუსხამთ, წარმოგიდგენიათ რა უბედურება არის ეს ქვეყნისათვის. სწორედ ამიტომ ვიბრძვით ასე სასტიკად და მთელი შემართებით საქართველოში იარაღიანი ხალხის თარეშის წინააღმდეგ, განსაკუთრებით იმის წინააღმდეგ, რომ მათ ფეხი არ მოიკიდონ საწარმოებში. ეს საშინელი პრაქტიკა დამღუპველ შედეგებამდე მიიყვანს ქვეყანას. კიდევ კარგი, რომ ამ ბრძოლაში ჩვენი მოსახლეობა მხარს გვიჭერს. ამ ქარხნების პრივატიზაციის მთელი პროცედურა გაუქმდა და არაკანონიერად, დარღვევით, იარაღის ძალით გაფორმებული ხელშეკრულებებიც გაუქმებულია. უნდა ვიფიქროთ საერთოდ ბორჯომის წყლის პრობლემაზე. პირველი შესაძლებლობისთანავე ვაპირებ ჩავიდე ბორჯომში და ჩემს კოლეგებთან სპეციალისტებთან ერთად მივიღო შესაბამისი გადაწყვეტილებები. და კიდევ ერთი მწვავე პრობლემა: მივმართავ მინისტრთა კაბინეტს, რომ დღეს, ხვალ, რამდენიმე დღის განმავლობაში განიხილოს ყურძნის მოსავლის საკითხი (წელს საქართველოში ყურძნის საკმაოდ კარგი მოსავალია) არ მოვითხოვ, რომ იგი იმავე წესით გადაწყდეს, როგორც წინა წლებში წყდებოდა, მაგრამ გამოსავალი უნდა ვიპოვოდ. დაუშვებელია დაიკარგოს ასეთი დოვლათი, სიმდიდრე. ვთხოვ მინისტრთა კაბინეტს უახლოეს დღეებში მიიღოს გადაწყვეტილება და აცნობოს ეს მოსახლეობას.

რაც შეეხება სავალუტო ბაზარს მდგომარეობა უცვლელი რჩება. ერთო დოლარი 1.300 ათასი კუპონია. სასიხარულოა, რომ სიმყარის ეს ტენდენცია არ იცვლება. რუბლის მიმართაც იგივე მდგომარეობაა: 1რუბლი - 251 კუპონი. ადრე ვთქვი, თუ რა მნიშვნელობა აქვს ამ ტენდენციას საქართველოსათვის, კერძოდ ეროვნული ვალუტის შემოღებისათვის.

საქართველოს ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის და მთელი სახალხო მეურნეობის რეფორმის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი გახდა ჩვენი თანამშრომლობა მსოფლიო ბანკთან და სავალუტო ფონდთან, გარკვეულწილად ევროკავშირთან. პირადად მე ეს თანამშრომლობა მსოფლიო ბანკთან და სავალუტო ფონდთან, გარკვეულწილად ევროკავშირთან. პირადად მე ეს თანამშრომლობა არა მარტო იმედსა და რწმენას მმატებს, არამედ დიდ ადამიანურ სიამოვნებასაც მანიჭებს. ისინი, ვისაც მე შევხვდი - სავალუტო ფონდის გენერალური დირექტორი ბატონი კამდესიუ, სხვა ხელმძღვანელები, უმაღლესი პროფესიული დონის, უმდიდრესი გამოცდილების მქონე ადამიანები არიან. ამიტომაც მათ რეკომენდაციებსა და რჩევებს პირადად ჩემთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ასევე არიან განწყობილი ჩემი კოლეგებიც და მათი შეფასებანიც ასევე მნიშვნელოვანია. როგორც აღვნიშნე, ქალბატონმა ეველინ ჰერფკენსმა მაღალი შეაფსება მისცა იმ სასიკეთო ცვლილებებს, რომლებსაც საქართველომ ძალიან მოკლე დროში მიაღწია რეფორმების დარგში. ქ-ნი ჰერფკენსი მეორედ ესტუმრა საქართველოს (პირველად იგი ერთი წლის წინათ გვეწვია) და საუბრის დროს თქვა: ვერ დავიჯერებდი, თუ ამდენი რამის გაკეთება შეიძლებოდა ხალხის მხარდაჭერითო.

ჩემი მოწვევით აპირებს ჩამოსვლას მსოფლიო ბანკის პერზიდენტი.

ახლა საქართველოში იმყოფება ბატონი შადმან ვალავი, რომელსაც ამ დღეებში შევხვდები და ვფიქრობ, საინტერესო და სასარგებლო საუბარი შედგება.

რაც შეეხება ჩემს შეხვედრებს ბატონ დემირელთან, ქალბატონ ჩილერთან, თურქეთის თითქმის მთელ ხელმძღვანელობასთან ახალციხის ტრასის გახსნასთან დაკავშირებით, მე ასე ვიტყოდი: ეს იყო უპრეცენდეტო შემთხვევა ორი ქვეყნის მარავალსაუკუნოვან ისტორიაში, თანაც უაღრესად შედეგიანი შეხვედრა, განსაკუთრებით გულთბილ ატმოსფეროში რომ გაიმართა. ჩემი აზრით, საქართველოსა და თურქეთს შორის ახლა ისეთი ურთიერთობა ჩამოყალიბდა, რომ ჩვენ შევძლებთ ძალიან სასარგებლო საქმიანობა განვახორციელოთ ეკონომიკაშიც, კულტურაშიც, მეცნიერებაშიც და საერთოდ ყველა სფეროში.

- ამ ბოლო ხანს გარკვეული ყურადღება მიეპყრო ბაზრებს, პროდუქტების შემოტანას. ჩვენმა მოსახლეობამ რამდენადმე უკვე იგრძნო შვება...

- წინა რადიოინტერვიუში უკვე გქონდა ამაზე საუბარი. დეადაქალაქში, ქუთაისში, რუსთავში, სხვა სამრეწველო ცენტრებში საკმაოდ დიდი რაოდენობით შემოდის ბოსტნეული და პროდუქტები. ეს საკითხები მერიების მუდმივი ყურადღების ცენტრშია, ბევრს მუშაობენ სასოფლო-სამეურნეო რაიონების გამგებლები, განსაკუთრებით სახელმწიფოს მეთაურის რწმუნებულები. ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ აქტიურად გვეხმარება პოლიცია. მე ვამზადებ განკარგულებას, რათა ამ საქმიანობას ორგანიზებული ხასიათი მიეცეს, მაგრამ აუცილებლად საბაზრო ეკონომიკისათვის მისაღები ფორმებით და არა ისე, როგორც ძველად ვაკეთებდით - დავავალებდით და შემოიტანდნენ, ახლა ეს მეთოდი აღარ გამოგვადგება. აუცილებელია გავითვალისწინოთ როგორც ქალაქის, ასევე სოფლის მცხოვრებთა ინტერესები.

ქუთაისელები, მაგალითად, იმ რაიონებს, სოფლებს, რომელთაც სარეალიზაციო პროდუქტი აქვთ, უსასყიდლოდ აძლევენ სავაჭრო ობიექტებს ბაზრებში, უფრო სწორად, თვითონ იძენენ ამ ობიექტებს, სავაჭრო ადგილებსაც უთმობენ. ბევრი რამ ამ თვალსაზრისით საინტერესოა თბილისშიც. ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ ბატონი ნიკო ლეკიშვილი ტელევიზიის მეშვეობით თავად ისაუბრებს ამაზე. რეზერვები არის, მთავარია რეალური და კონკრეტული ზრუნვა ადამიანებზე, ოჯახებზე და არა ზოგადი ფრაზები, ზოგადი მოწოდებანი, დემაგოგია და პოპულიზმი.

- ლიკანის სასახლეში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას როგორც თურქეთის პრეზიდენტმა, ასევე პრემიერ-მინისტრმაც უკვე მერამდენედ აღნიშნეს, რომ თურქეთის სურვილია კასპიის ადრეული ნავთობსადენი საქართველოს ტერიტორიაზე გადიოდეს. ითქვა ისიც, რომ ეს საკითხი რეგიონულ პრობლემებზე საუბრის დროსაც განიხილებოდა, თუ შეიძლება უფრო დაწვრილებით გვესაუბრეთ ამის შესახებ და კიდევ: ნავთობსადენთან დაკავშირებით ჩვენში დღეს ბევრი მითქმა-მოთქმაა. რამ გამოიწვია ეს სწორედ ახლა, და არა, ვთქვათ, ოთხი თვის ან ერთი წლის წინათ, მით უმეტეს, რომ ჩვენი საზოგადოება უკვე დიდი ხანია ინფორმირებულია ამ პრობლემების შესახებ, რატომ გამახვილდა ამაზე ყურადღება მაინცდამაინც არჩევნების წინ?

- ჩემი აზრით, ინფორმაცია, რომელსაც ჩვენს მოსახლეობას საკმაოდ გეგმაზომიერად ვაწვდით, აწონილ-დაწონილია, ბევრი რამ, რაც მოლაპარაკების სტადიაშია, ჯერჯერობით სახალხო და საჯარო განხილვის საგნად არ უნდა ქცეულიყო. უბრალოდ, ამან შეიძლება ხელი შეუშალოს იმ პროცესს, რომელიც ჩვენ გვაინტერესებს.

სიმართლე გითხრათ, ცოტა უხერხულადაც კი მიმაჩნია იმგვარ დებატებში ჩაბმა, ორი თუ სამი დღის წინათ თავს რომ მოგვახვიეს. ის, რაც ითქვა - მეორე ან მესამე კლასის გაკვეთილის დონეზეა. ნუთუ ფიქრობენ, რომ პასუხს არავინ გასცემს: ნათქვამი იყო: ხელისუფლებას არ ესმის, რომ ნავთობსადენს არა მარტო ეკონომიკური, არამედ სტრატეგიული მნიშვნელობაც აქვს. ამ ბრალდების არსი შემდეგში მდგომარეობს: ამ საკითხზე ხელისუფლებას ოფიციალურ დონეზე არავისთვის არ მიუმართავს, მაშინ როცა სხვები მუშაობენ. აქ რამდენი სიტყვაც არის ნახმარი, იმდენი ტყუილია. 1992 წლიდან მოყოლებული არ დარჩენილა არც ერთი ქვეყანა, თუ მას საქართველოზე გავლით ნავთობ და გაზსადენებთან რაიმე საერთო აქვს, რომელთანაც ეს პრობლემები ოფიციალურად და არაოფიციალურად არ განხილულიყო, თანაც ყველა დონეზე - უმაღლეს და საშუალო დონეებზე, აგრეთვე ქვედა ეშალონებში. არ დარჩენილა არც ერთი საერთაშორისო და ევროპული ორგანიზაცია, სადაც ევრაზიის დერეფნის პრობლემებზე დისკუსია არ გამართულიყო, ნავთობსადენი კი ამ დერეფნის ერთი ელემენტია. მე თვითონ ვარ ამ დისკუსიების, ამ დიალოგების მონაწილე. არსებობს ოფიციალური წერილები, საუბრების ჩანაწერები, შეიქმნა ამ პრობლემათა შესწავლის, დამუშავებისა და დაპროექტების სპეციალური ცენტრი. როგორ გადაწყდება ნავთობსადენის საკითხი, ახლა ამის თქმა არავის ძალუძს. ძალიან კატეგორიული იყო ბატონ დემირელისა და ქალბატონ ჩილერის განცხადებები ამასთან დაკავშირებით. არსებობს რამდენიმე ვარიანტი, გასარკვევია, რომელი ჯდება უფრო იაფი, იქნება უფრო უსაფრთხო და მისაღები ყველა ქვეყნისათვის არა მარტო დღეს, არამედ ხვალაც, სამომავლოდ. ეს საუკუნის პროექტია და მისი ბედი რომელიმე პარტიის (თუნდაც ეს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია იყოს) ნებით არ გადაწყდება ისევე, როგორც არ გადაწყდება სახელმწიფოს მეთაურისა და სახელმწიფოს ხელისუფლების სურვილით როგორც უნდა მოინდომოს საქართველომ. თუ ეს საუკუნის პროექტი ფინანსურად, უსაფრთხოების, თუნდაც სტრატეგიული თვალსაზრისით მიუღებელი იქნება მრავალრიცხოვანი ქვეყნებისათვის, მარტო იმიტომ, რომ ისინი საქართველოსადმი კეთილად არიან განწყობილი, არ გადაწყდება. ამიტომ უნდა ვიმუშაოთ, ვიზრუნოდ, მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, უნდა გავაკეთოთ და მივაღწიოთ შედეგს, თუკი ეს რეალურია.

- ერთ-ერთ შეხვედრაზე თქვენ ბრძანეთ, რომ არ შეიძლება ნავთობი იქცეს ახალი უთანხმოების საბაბად. პირიქით, ამ პროექტმა უნდა გააერთიანოს ქვეყნები, იგი უნდა იქცეს ერთგვარ იდეად იმ სახელმწიფოებისათვის რომლებიც ამ პროცესში არიან ჩართული და თავიანთი ინტერესები აქვთ კასპიის ადრეულ ნავთობთან დაკავშირებით...

- მინდა ნათქვამს დავუმატო, რომ ჩვენ სისტემატური ხასიათის კონსულტაციებს ვაწყობთ. აქ ისეთი აზრი არსებობს, თითქოს ჩვენ რუსეთთან არ გვქონდეს არავითარი კონსულტაციები. ეს ტყუილია. ვიმეორებ, კონსულტაციები გვაქვს რუსეთის ხელმძღვანელობასთან, თითქმის ყველა ქვეყანასთან, რომლებიც ამ პროექტთან არიან დაკავშირებული (ეს არის 15 ქვეყანა, შეიძლება ითქვას, მთელი ევროპა), ყველგან და ყველასთან მიმდინარეობს დიალოგი. ისიც მინდა განვაცხადო, რომ ამ მომენტს ვერავინ გამოიყენებს იმისათვის, რომ შავმა კატამ გაირბინოს ჩვენსა და აზერბაიჯანს შორის, ან ჩვენსა და სომხეთს შორის. ეს არ მოხდება. ნავთობსადენი, გაზსადენი, ევრაზიის დერეფანი და სხვა მრავალი მოსალოდნელი სიკეთე ჩვენ მშვიდობის, კეთილდღეობისა და სტაბილურობისათვის გვინდა და არა ჩვენს მეზობლებთან და პარტნიორებთან კონფრონტაციისა და დაძაბულობისთვის.

- ვაშინგტონიდან 3 აგვისტოს გამოგზავნილ ბარათში ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ელ გორი გწერთ: „ამჟამად საქართველოსათვის უაღრესად მნიშვნელოვანი გარდამავალი დროა. თქვენი ხელისუფლება ქებას იმსახურებს მის მიერ მიღებული რთული გადაწყვეტილებების გამო და იმ მტკიცე რწმენისათვის, რომლითაც იგი დიდი წინაღმდეგობების მიუხედავად, მაინც წინ მიიწევს; კონსტიტუციის გამო მიმდინარე საპარლამენტო დებატები და ნოემბრისათვის დაგეგმილი არჩევნები სწორედ ამ რწმენის დასტურია. ამერიკის შეერთებული შტატები კვლავაც მხარს დაუჭრს საქართველოს და დაეხმარება მას დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის საქმეში“ გასულ კვირას პარლამენტში სწორედ კონსტიტუციის პროექტის განხილვა მიმდინარეობდა. როგორ გგონიათ, ხვალ რაიმე კონკრეტულ შედეგებს მიაღწევს პარლამენტი, თუ მაინც რეფერენდუმამდე მივა საქმე?...

- მე დიდად ვაფასებ ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის კეთილ და დაინტერესებულ დამოკიდებულებას საქართველოს პრობლემებისადმი.

რაც შეეხება საკონსტიტუციო დებატებს, მე ახლა კომენტარისგან თავს შევიკავებ, რადგან არ მინდა საბაბი მივცე გარკვეულ ძალებს, რომლებიც საკონსტიტუციო პროცესის ჩაშლით არიან დაინტერესებული. ვერ ვიტყვი, რომ ისინი ძალიან მნიშვნელოვანი ძალები იყვნენ, მაგრამ ასეთი ძალები არიან. დღეს მე ვხვდები უმრავლესობას და ამ შეხვედარზე გარკვეულ იმედებს ვამყარებ. უმრავლესობაშიც არ არის მთლად უბრალო, ერთგვაროვანი განწყობილება.

8 აგვისტოს პარლამენტის სხდომაა. ბოლო ორი კვირა კონსულტაციებს მოვანდომე, თუმცა აქვე სერიოზული გულისტკივილით მინდა აღვნიშნო, რომ ორი-სამი პარტიის გარდა, მაინცდამაინც არავინ იჩენდა აქტიურობას. ალბათ, ცოტა უხერხულიცაა, როცა სახელმწიფოს მეთაური - პარლამენტის თავმჯდომარე კონსულტაციებს აწყობს და პარტიები, ფრაქციები, რომლებიც თითქოს დაინტერესებული არიან კონსტიტუციის მიღებით, საჭიროდ არ თვლიან კონსულტაციებზე მოსვლას, აკეთებენ განცხადებებს, რომ არ მიიღებენ მონაწილეობას, თუ რომელიმე ვარიანტი იქნება განხილული და ასე შემდეგ... ასე არ ვარგა, თუ შედეგს ვერ მივაღწიეთ, ბუნებრივია, უსასრულო დებატები უაზრობად იქცევა და აბსურდამდე მივა. ასეთ შემთხვევაში გამოსავალი, რა თქმა უნდა რეფერენდუმია, თუ კონსტიტუცია არა, ხალხის განსახილველად შეიძლება გავიტანოდ ხელისუფლების საკითხი, მოვაწყოთ არჩევენები და კონსტიტუციის მიღება ახალ პარლამენტს მივანდოთ - ესეც არ არის გამორიცხული. რა თქმა უნდა, პირადად ჩემი სურვილია, რომ სწორედ პარლამენტმა შესძლოს კონსტიტუციის მიღება, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ისეთი უპრინციპო კომპრომისებისა და დათმობების ხარჯზე, რომლებიც შემდეგ შეიძლება ძალიან ძვირად დაუჯდეს ქვეყანას.

- გასულ კვირას გავრცელდა სრულიად საქართველოს ეროვნული ყრილობის მოწვევის საინიციატივო ჯგუფის განცხადება, რომელთაც ინიციტორები საქართველოში შექმნილ სახელმწიფოებრივ, სამართლებრივ - ეკონომიკურ და ფსიქოლოგიურ კრიზისთან დაკავშირებით მოუწოდებენ მოსახლეობას აქტიური მონაწილეობა მიიღოს სამშობლოს ბედთან დაკავშირებული საჭირბოროტო საკითხების გადაწყვეტაში, და სწორედ ამ მიზნით იწვევენ ეროვნულ ყრილობას. საინიციატივო ჯგუფის განცხადებას ხელს აწერს ასამდე სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების ადამიანი. როგორია თქვენი კომენტარი ამ განცხადებასთან დაკავშირებით?

- დემოკრატიულ ქვეყანაში მრავალი თავყრილობა იმართება. წარმოდგენა არა მაქვს ამ ეგრეთ წოდებულ ეროვნული ყრილობის მიზნებსა და ამოცანებზე. უბრალოდ დრო და საშუალება არ მქონდა, თანაც მგონია, არც ისეთი მნიშვნელობის მოვლენაა. მითხრეს, რომ იქ ბევრი (შეიძლება, ასე არ იყოს) იარაღიანი მონაწილე იჯდა. თუ ეს ასეა, რა თქმა უნდა, არ ვარგა. ისე კი, რამდენი თავყრილობაც უნდა გამართონ, სხვა კომენტარისგან თავს შევიკავებ და აი რატომ: საქართველოს მოქალაქეების სიბრძნის იმედი მაქვს ყველა ძალისა და ყველა კანდიდატის შეფასებაში.

- მიუხედავად რთული მდგომარეობისა, რომელშიც დღეს უხდება ცხოვრება საქართველოს, ქვეყანა მაინც კულტურული ცხოვრებით ცხოვრობს. საბედნიეროდ, ეს მეორეხარისხოვანი მოვლენა არ არის მხედველობაში მაქვს შავი ზღვისპირა ქვეყნების მომავალი კინოფესტივალი...

- მინდა მხურვალედ მივესალმო, შავი ზღვის პირა ქვეყნების მომავალ, ბათუმის კინოფესტივალს. მე ბევრი მილაპარაკია იმაზე, რომ ბათუმში შეუძლებელი შესძლეს ქართული კულტურის და აღორძინებისა და აყვავების თავლსაზრისით. რა თქმა უნდა, უზარმაზარი და უნიკალურია ბატონ ასლან აბაშიძის როლი, მისი დახმარება, მხარდაჭერა და ინიციატივა. აქდან გამომდინარე, იოტისოდენა ეჭვიც კი არ მეპარება ფესტივალის დიდ წარმატებაში. დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი ასლანი პირად მეურვეობას არ მოაკლებს ამ უაღრესად მნიშვნელოვან მოვლენას არა მარტო საქართველოსათვის, არამედ მასში მონაწილე ყველა ქვეყნისთვისაც - რუსეთის, თურქეთის, საბერძნეთის, ბალკანეთის სახელმწიფოების, აზერბაიჯანის, სომხეთისა და სხვებისთვის... ამ ფესტივალს მართლაც საერთაშორისო მნიშვნელობა აქვს.

„საქართველოს მოქალაქეების სიბრძნის იმედი მაქვს ყველა ძალისა და ყველა კანდიდატის შეფასებაში“ / შევარდნაძე ედუარდ ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 8 აგვისტო. - 98 (2014). - 1,2 გვ.

60 წესრიგი - ჩვენი ყოველგვარი კეთილდღეობის საფუძველი!

▲ზევით დაბრუნება


ედუარდ შევარდნაძის სიტყვა 1995 წლის 12 აგვისტოს რესპუბლიკის სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენელთა გაერთიანებულ რესპუბლიკურ თათბირზე

როგორც ცნობილია, 12 აგვისტოს თბილიში გაიმართა რესპუბლიკის სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენელთა გაერთიანებული რესპუბლიკური თათბირი,რომელზეც განიხილეს დამნაშავეობასთან ბრძოლისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობა 1995 წლის პირველ ნახევარში ამ მიმართულებით გაწეული მუშაობის შედეგების მიხედვით. მოხსენება თათბირზე გააკეთეს საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ჯამლეთ ბაბილაშვილმა, რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა შოთა კვირაიამ, სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ ავთანდილ იოსელიანმა, ადამიანის უფლების დაცვისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარემ სანდრო კავსაძემ. მათი მოხსენების გამო დაიწყო კამათი, რომელშიც, სამართალდამცველი ორგანოების მუშაკთა გარდა მონაწილეობდნენ სახელმწიფოს მეთაურის რწმუნებულები რეგიონებში, ადგილობრივ ადმინისტრაციათა ხელმძღვანელები, პარლამენტარები.

თათბირზე სიტყვა წარმოთქვა პარლამენტის თავმჯდომარემ - სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ.

მინდა დავიწყო იმით, რომ ეს დღეები საქართველოსათვის შეიძლება მართლაც ისტორიული აღმოჩნდეს, პარლამენტი ასრულებს დაკისრებულ უაღრესად დიდ, საპატიო და პასუხსაგებ მისიას, ყველაზე პასუხსაგებ მისიას ამ სამი წლის განმავლობაში - ეს არის კონსტიტუციის, ან მისი შესაბამისი ნორმისა თუ საკონსტიტუციო კანონის მიღება. როგორიც უნდა იყოს ეს დოკუმენტი, იგი იქნება საფუძველი მომავალში საქართველოს სახელმწიფოებრივი მშენებლობის. ეს იქნება ის ძირითადი კანონი, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს სახელმწიფოებრიობის ფორმას, მის ხასიათს და, თუ გნებავთ, ბუნებას, რომელმაც უნდა დააკანონოს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების კურსი და რომელმაც ეს კურსი შეუქცევადად უნდა აქციოს. ეს იქნება ის ძირითადი კანონი, რომელმაც უნდა განსაზღვროს საქართველოს ხელისუფლების ხასიათი, მისი ფორმა.

მინდა გამოვთქვა დიდი კმაყოფილება იმის გამო, რომ პარლამენტში წარმოდგენილი ძირითადი პოლიტიკური პარტიები, საზოგადოებრიობის წარმომადგენლები, რომლებიც პარტიებში არ არიან გაერთიანებული, პარლამენტის ორ მესამედზე მეტი სწორედ ასეთი პასუხისმგებლობის გრძნობით მუშაობენ. არ შემიძლია არ ვთქვა, რომ პარლამენტის ამ ბოლო დროის საქმიანობა უდავოდ სარგებლობს ჩვენი მოსახლეობის მხარდაჭერით. ალბათ, დამერწმუნებით ისინი, ვინც ადგილზე მუშაობს, ვისაც ყოველდღიური კონტაქტი აქვს მოსახლეობასთან, რომ საოცრად გაიზარდა პარლამენტის რეიტინგი სწორედ ამ დღეებში, როცა ხალხი ხედავს, რომ პარლამენტი მთელი პასუხისმგებლობით მოეკიდა საქართველოს ყოფნა-არყოფნის, დემოკრატიის ყოფნა-არყოფნის, საქართველოს აღმშენებლობის უმთავრეს პრობლემას და უმთავრეს საკითხს.

მინდა იცოდეს ჩვენმა მოსახლეობამ, ყველა მოქალაქემ, რომ ვცდილობთ, როგორც ამბობენ, „პულსზე გვეჭიროს ხელი“ და ვგრძნობდეთ ყოველდღიურად ჩვენი მოსახლეობის განწყობილებას. მე დღეში ორჯერ მაინც ვღებულობ შესაბამისი სამსახურის მონაცემებს თუ როგორ რეაგირებს მოსახლეობა პარლამენტის ამ ძირითად საქმანობაზე. ვღებულობ უამრავ წერილს (დათვლაც კი შეუძლებელია), რაც დაკავშირებულია საქართველოში საკონსტიტუციო პროცესთან, ხელისუფლების საკითხთან. უნდა განვაცხადო, რომ მოსახლეობის, ყოველ შემთხვევაში, თბილისის მოსახლეობის ბოლო გამოკითხვის შედეგები, აბსოლიტურად საიმედოა: 75-80 პროცენტი თბილისის მოსახლოებისა და ალბათ, ასევე თუ მეტი არა, რაიონებსა და სხვა ქალაქებში, მხარს უჭერს ძლიერ ხელისუფლებას, ძლიერ პერზიდენტს და ასევე ძლიერ, სიცოცხლისა და ბრძოლისუნარიან პარლამენტს. ჩვენ მივდივართ ამ გზით. ის დებულებები, მუხლები, თავები, რომლებსაც ვიხილავთ და ვღებულობთ, განაპირობებენ, რომ არ იყოს, არ გაჩნდეს ხელისუფლების ვაკუუმი; რომ არ დავუშვათ დაპირისპირება პარლამენტსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის; რომ ორივე ეს შტო ხელისუფლებისა გრძნობდეს პასუხისმგებლობას ქვეყნისა და ხალხის წინაშე; რომ ხელისუფლება იყოს აბსოლიტურად ეფექტიანი.

ამასთან, პარლამენტი მიდის იმ გადაწყვეტილებამდე, რომ ხელისუფლების სტრუქტურები, სხვადასხვა საფეხურები უნდა გამარტივდეს. ხელისუფლება უნდა იყოს რაც შეიძლება მცირერიცხოვანი და ეფექტიანი. ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს საშუალება მიიღოს ოპერატიული გადაწყვეტილებები იმ საკითხებზე, რაც მომწიფდა და რაც აუცილებელია ჩვენი ცხოვრების განვითარების ამა თუ იმ ეტაპზე. ჩვენი ვარაუდით, უახლოეს დღეებში შეიძლება გავიაროთ ყველა ძირითადი თავი, ყველა ძირითადი მუხლი, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც დაკავშირებულია ხელისუფლებასთან (მხედველობაში მაქვს არა მარტო საკანონმდებლო ხელისუფლება და აღმასრულებელი, არამედ ვგულისხმობ სასამართლო ხელისუფლებასაც, მათ შორის, კონსტიტუციურ სასამართლოს). ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება და დიდი როლი დაეკისრება იმ სისტემაში, რომელსაც ვთავაზობთ ჩვენს მოქალაქეებს.

ვფიქრობ, უახლოეს დღეებში პარლამენტი დაამთავრებს ძირითად სამუშაოს. აქედან გამომდინარე, რეალურად დადგება და დადგა კიდეც უკვე დღის წესრიგში საარჩევნო კანონის მიღება, საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობის განსაზღვრა, პრეზიდენტისა და პარლამენტის არჩევნები. მოგეხსენებათ, პარლამენტის არჩევნები დანიშნულია. ვფიქრობ გვეყოფა დრო ამ თარიღისათვის მოსამზადებლად. რაც შეეხება პრეზიდენტის არჩვენებს, თუ საბოლოოდ ამ ინსტიტუტს მოიწონებენ პარლამენტი და ჩვენი ხალხი (როცა ვლაპარაკობ „ხალხი“, აუცილებლად არ ვგულისხმობ რეფერენდუმს, ეს უკიდურესი შემთხვევაა) - ასევე უახლოეს დღეებში უნდა განვსაზღვროთ მისი თარიღიც. ასე რომ, ჩემი პირველი ფრაზა, რომ ჩვენ ისტორულ დღეებში ვცხოვრობთ და ისტორიულ დღეებში გვიხდება მუშაობა, სულაც არ არის გადაჭარბებული - ქვეყნისათვის, საქართველოსათვის ამ დღეებს საბედისწერო მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს.

იმის პირველი აუცილებელი პირობა, რომ საარჩევნო კამპანიას თავი გავართვათ - ეს არის წესრიგი. უწესრიგო ქვეყანაში კანონიერი არჩევნები ვერ გაიმართება.

მინდა მოგახსენოთ, რომ ინტერესი არჩევნების მიმართ დიდი იქნება. ვიცი, როგორი მოზღვავება იყო მეთვალყურეებისა ჩვენს მეზობლებთან, ჩვენს მეგობრებთან - სომხეთში, არ გამოვრიცხავ, რომ კიდევ მეტი რაოდენობით ჩამობრძანდნენ ჩვენი მეგობრებიც, და მეთვალყურენიც, ვისაც აინტერესებს, როგორ მიმდინარეობს პოსტსაბჭოთა ეპოქაში დემოკრატიული, დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობა ყოფილ საბჭოთა კავშირის ერთ-ერთ რესპუბლიკაში. მაგრამ, თუ არ იქნება წესრიგი, ჩვენი ავტორიტეტი მსოფლიო საზოგადოებრიობის თვალში, რა თქმა უნდა, არ მოიგებს, ვიმეორებ, უწესრიგო ქვეყანაში არჩევნების გამართვა შეუძლებელია, სჯობს, ასეთ პირობებში არჩევნები არ გავმართოთ.

საქართველომ, ჩვენმა სახელმწიფომ და ჩვენმა ხალხმა დემოკრატიულ მშენებლობაში, რეფორმების განხორციელებაში გარკვეულ მიჯნებს მივაღწიეთ, გარკვეული ბარიერები გადავლახეთ ყველაზე ძნელ და რთულ ფსიქოლოგიურ, ფინანსურ, მატერიალურ პირობებში. ვინც ამას ვერ ხედავს, ის საქმეში ჩახედული არ არის (ასეც ხდება ხოლმე - როცა არ გინდა, არ ან ვერ დაინახავ) კიდევ ვიმეორებ ყველზე დიდ სპეციალისტებს, ექსპერტებს, რომლებსაც გარდამავლ ეტაპზე მყოფ ქვეყნებში მუშაობის უზარმაზარი გამოცდილება აქვთ (მხედველობაში მყავს მსოფლიო ბანკის, სავალუტო ფონდის, ევროკავშირის, ევრობანკის წარმომადგენლები და სხვები), მიაჩნიათ, რომ საქართველომ ძალიან მოკლე დროში რეფორმების განხორციელების სფეროში თითქმის შეუძლებელი შესძლო. ეს არ არის ხელმძღვანელობის დამსახურება, ეს ჩვენი ხალხის დამსახურებაა, ხალხისა, რომელსაც ძალიან უჭირს, აიტანა და გადაიტანა იმაზე მეტი, რისი ატანაც და გადატანაც შესაძლებელია. მაგრამ, იმავე ხალხს, ჩვენს მოსახლოებას, კარგად ესმის, რომ, თუ ამ გასაჭირს გადავიტანთ, განსაცდელს გავუძლებთ, ხვალინდელი საქართველო, ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების ქვეყანა სულ სხვა იქნება, სხვა დონზე ვიცხოვრებთ და სხვა დონის კეთილდღეობა გვექნება.

შეუძლებელია არ დავეთანხმო იმ ორატორებს, რომლებიც გარკვეულ შეშფოთებას გამოთქვამენ, ქვეყანაში დესტრუქციული ძალების მოქმედებასთან დაკავშირებით, თუ ჩვენს სიმაღლეზე არ აღმოვჩნდებით, ეს ვითარება კიდევ უფრო გამწვავდება. მთავარი მიზანი იმ ძალებისა, რომლებზეც აქ იყო ლაპარაკი, ის არის, რომ არ დაუშვან სახელმწიფოს განმტკიცება, დემოკრატიული განვითარების გზას ააცდინონ ქვეყანა, კვლავ ქაოსისაკენ უბიძგონ საქართველოს. აქ მოქმედებს „ამღვრეული წყლის“ კომპლექსი. ამ ძალებს დიდი გავლენა არა აქვთ საზოგადოებაში. ალბათ, 15-20 პროცენტის ფარგლებში მერყეობს მათ მხარდამჭერთა რაოდენობა (მე მაქსიმალურ ზღვარს ვიღებ), მაგრამ ეს საკმაოდ კარგად ორგანიზებული, კარგად შეიარაღებული ძალებია და საკმაოდ მდიდარი ხალხია. მდიდარია არა საკუთარი ოფლის ფასად მოპოვებული თანხებით, არამედ... ყველამ კარგად იცით, რა გზებით და რა საშუალებებით. თუ ჩვენ მართლაცდა ავაშენებთ სახელმწიფოს - ამ ძალების დრო წასულია, ეს ძალები წარსულს ჩაბარდება აი აქ არის გასაღები, გასაღები გამწარებული და, ლამის გამხეცებული გამოხდომებისა იმ პროცესების წინააღმდეგ, რომლებიც მიმდინარეობს, თუნდაც პარლამენტში და მთლიანად ქვეყანაში.

მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ: თუ ჩვენ ავცდებით დემოკრატიული განვითარების გზას, თუ ვერ შევძლებთ კონსტიტუციის ან მისი ტოლფასი ძირითადი კანონის მიღებას, თუ ვერ შევძლებთ არჩევნების გამართვას, ვერ მივიღებთ იმ დახმარებასა და მხარდაჭერას, რომლის წყალობითაც ავად თუ კარგად, ნახევრად შიმშილის პირობებში, მაინც ცხოვრობდა და ცხოვრობს ქვეყანა, ლაპარაკი ზედმეტი იქნება ყოველგვარ ინვესტიციებზე, მსოფლიო ბანკთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, ევროკავშირთან და სხვებთან თანამშრომლობაზე.

დღეს, მართლაც რომ საქართველოს ბედი წყდება. იარაღი, უკანონოდ დაგროვილი ფული, მოსყიდვა, შანტაჟი - ყოველივე, ეს მიიღებს საშიშ ხასიათს წინასაარჩევნო კამპანიის დროს. ეს კამპანია კი პრაქტიკულად დაიწყო, ამიტომ უნდა ვიყოთ ფხიზლად და ყველანი ვიდგეთ სახელმწიფოს ინტერესების სადარაჯოზე. მგონია, სხვა მიზანი, სხვა სიცოცხლე ამ დარბაზში მყოფთ და სხვებსაც - არ გაგვაჩნია.

ჩვენ უკვე მივიღეთ იმის ზოგიერთი გაკვეთილი, რომ დაიწყო ამომრჩეველთა მოსყიდვა, დაშინება იარაღის ძალით და ა.შ. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ, ადამიანებს, საქართველოს მოქალაქეებს ვართმევთ ერთ-ერთ ძირეულ უფლებას - უსაფრთხოებისა და სიმშვიდის ატმოსფეროში ხმა მისცენ სახელმწიფოს სიცოცხლისუნარიანობას, სახელმწიფოს მშენებლობის პრინციპებს და იმ ძირითად კანონს, რომელზეც უნდა აშენდეს ახალი სახელმწიფო. შეიძლება ვინმეს ეგონოს, ზედმეტად დრამატიზებულია ის, რასაც მე ვამბობ. არ არის ასე.

ჩვენმა ბიზნესმა, ქართულმა ბიზნესმა ძლივსძლივობით ცოტათი წამოიდგა ფეხი. ახალგაზრდები მოვიდნენ ბიზნესში, ძალიან საინტერესო ახალგაზრდები(ბევრი მართლაც სპეკულანტობს ამით და თავის ბიზნესმენობით, ამართლებს გაუმართლებელს, მაგრამ მე ვლაპარაკობ ძირითად რაზმზე ბიზნესმენების, ვისაც პირადად ვიცნობ, ვხვდები და, როგორც შემიძლია, ვეხმარები, ისევე, როგორც მთავრობა და სხვები). დაიწყო ნადირობა ამ ხალხზე და ასეთი მონაცემები თქვენ გაქვთ. არ მაქვს უფლება, დავასახელო, მაგრამ ათიოდე ფაქტი ვიცი, როცა მივიდნენ ბიზნესმენთან, რომელსაც გარკვეული თანხა აქვს ბანკში, ან შეიძლება სახლშიც და იმის მუქარით, რომ მის ცოლ-შვილს გაიტაცებენ, ტყეში გადამალავენ და ა.შ. 150.000-200.000 დოლარი და ცოტა მეტიც გამოსძალეს, რისთვის? „არჩევნებისათვის გვინდა, არჩევნებში ხმები გვჭირდებაო“ მიმაჩნია, რომ ეს არის ანტისახელმწიფოებრივი, ჩვენი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგო მოქმედება. ვინც უნდა იდგეს ამ ძალის უკან, თუ ჩვენ სახელმწიფო მოხელენი ვართ, თუ ჩვენ სახელმწიფო სამსახურში ვართ, ამ ტენდენციას, ამ საშინელ მოვლენას უნდა შევებრძოლოთ. არ უნდა დავუშვათ იგი. უნდა უზრუნველვყოთ არჩევნების კანონისა და წესის ფარგლებში გამართვა.

ჩვენ ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია. ეს უკვე ამ ერთი წლის განმავლობაში დადასტურდა. ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც გამოიცა სახელმწიფო მეთაურის ბრძანებულება რეკეტის, ბანდიტიზმის, ორგანიზებული დანაშაულისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების ღონისძიებათა შესახებ. დასახელებული ციფრები, პროცენტები შეიძლება შელამაზებული, ზოგიერთი რამ დამალული იყოს, მაგრამ მკვლელობას ხომ ვერ დამალავს ვერც პოლიცია, ვერც პროკურატურა, უმძიმესი დანაშაულებანი თითქმის განახევრდა და ამას არა მარტო მე და თქვენ ვხედავთ, არამედ ამას ხედავს ყველა თბილისელი მოქალაქე. სიმართლე გითხრათ, სიხარულს, აღფრთოვანებას ვერ ვფარავ იმის გამო, რომ როცა შინ ვბრუნდები (ხანდახან ღამის თორმეტ თუ პირველ საათზე) ვხედავ, განათებულია რუსთაველის პროსპექტი, ხალხი ჩვეულებრივად ზის, გარეთ გამოსული თბილისელები სვამენ ჩაის, ყავას, საუბრობენ და არავინ მათ სიცოცხლეს არ ემუქრება.

მივესალმე იმას, რაც სამტრედიაში გააკეთეს, მადლობას ვუცხადებ ყველას, ვინც ბორჯომის ხეობა გაათავისუფლა იმ საშინელი ტვირთისაგან და სამარცხვინო მოვლენისაგან, რაც იქ ხდებოდა. მადლობას ვუცხადებ ყველას - პოლიციას, უშიშროების ქვეგანაყოფებს, პროკურატურას, ადგილობრივ მმართველობებს, რწმუნებულებსა და სხვებს - ვინც კახეთში წესრიგის დამყარება დაიწყო. უძნელესი იყო ამ ნაბიჯის გადადგმა, მაგრამ ყველაფერი გაკეთდა. ბატონ შოთა კვირაიას და ბატონ დემურ მიქაძეს არ ჰქონდათ საშუალება ბევრი ელაპარაკათ იმაზე, თუ როგორი საშიში რაზმებია იზოლირებული თბილისში. უბედურება ის არის, რომ ძველ დამნაშავეებს ძალიან იოლად მიეტმასნა ახალი შევსება, 18-დან 21 წლამდე ბიჭები და შეიქმა იმის ძალიან დიდი საფრთხე, რომ ორგანიზებულმა დამნაშავეობამ მასობრივი ხასითი მიიღოს. აი, ეს პროცესი შეჩერდა. ეს შესძლეს ჩვემა სამართალდამცავმა ორგანოებმა, უწინარესად, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სტრუქტურებმა და მისმა ხელმძღვანელობამ. არ შემიძლია მადლობა არ ვუთხრა მათ ამისათვის.

ისევ საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით მინდა გითხრათ. ყველა ქვეყნისა და ყველა ხალხის დიასპორა თავის ქვეყანას ეხმარება - ფულს აგროვებენ, მაპატიეთ და შეიძლება უკანასკნელს ჰყიდიან იმისათვის, რომ საკუთარ ქვეყანას დაეხმარონ მოსკოვშიც და პეტერბურგშიც შესანიშნავი ხალხია ჩვენი თანამემამულეები, უაღრესად პატივსაცემი ხალხი; მაგრამ იქ არის ერთი ჯგუფი ფულიანი ხალხისა, რომლის მიზანია, კვლავ აირ-დაირიოს საქართველოში ყველაფერი, კვლავ აიმღვრეს წყალი. ვთხოვ შინაგან საქმეთა სამინისტროს, უშიშროების ორგანოებს, ვავალებ მათ: ფხიზლად იყავით. ყველას უნდა გავაგებინოთ, რომ ჩვენი თავის პატრონი ჩვენვე ვართ და წესრიგს ჩვენს ქვეყანაში ჩვენ ვამყარებთ, ჩვენს ხალხთან ერთად არჩევნებსაც ჩვენ მოვაწყობთ უმაღლეს დონეზე. ამაში დარწმუნებული ვარ.

ძალიან დიდი შეშფოთება უნდა გამოვთქვა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით. ერთხელ, როცა ჩემი უმცროსი მეგობარი გია ჭანტურია დაიღუპა, ვთქვი, რომ, თუ ეს საქმე არ გაიხსნა, არ გვაქვს მორალური უფლება, ხელისუფლების ან შესაბამისი სტრუქტურების სათავეში ვიყოთ. ამას მეორე სხვა უბედურება მოჰყვა - სოლიკო ხაბეიშვილის მხეცური მკვლელობა, გაიხსენეთ თავდაცვის მინისტრის მოადგილის მკვლელობა, გაიხსენეთ ბარბაროსული თავდასხმა გია ყარყარაშვილზე მოსკოვში და პაატა დათუაშვილის მკვლელობა, ქალაქ თბილისის პროკურორის მკვლელობა, ჩემი მეგობრის, კოლეგის, პარლამენტარის სოსო მახალდიანის მკვლელობა, გია გულუას ტრაგიკული დაღუპვა და ზოგიერთი კიდევ სხვა. თუ ვართ სახელმწიფო და პრეტენზიას ვაცხადებთ, რომ ვაშენებთ დემოკრატიულ ქვეყანას, მკვლელები უნდა მოიძებნონ, დეტალური ინფორმაცია მაქვს იმაზე, თუ რას აკეთებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ვიცი, რომ პროკურატურა, ბევრს ცდილობს. ბატონი ავთანდილ იოსელიანი შტაბს ხელმძღვანელობს. მაგრამ ჩემი შენიშვნები ახლა, ძირითადად ეკუთვნის უშიშროების სამსახურს (გთხოვთ ჩემი შენიშვნის შემდეგ. მეორედ კოლეგია აღარ ჩაატაროთ. ეს იყო ყოვლად გაუმართლებელი, სახელმწიფოსათვის მიუღებელი, რაღაც ბავშვური საქციელი, როცა გამოითქვა კრიტიკული შენიშვნა სამსახურის მიმართ და შეკრიბა კოლეგია, განაცხადეთ, რომ დავირაზმებით და კანონის ფარგლებში რაღაცას გავაკეთებთ - ესე იგი, შეგიძლიათ უკანონობის ფარგლებშიც რაღაც გააკეთოთ? - მეორეჯერ ეს არ დაუშვათ) მე გაძლევთ სერიოზულ შენიშვნას. პირადად მე და ჩვენს ხალხს უშიშროების სამსახურის მუშაობა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში არ აკმაყოფილებს. სხვაგვარად რომ გითხრათ და თქვენი გული მოვიგო - არ ვიქნები სუფთა და პატიოსანი კაცი. თქვენ გყავთ კვალიფიციური თანამშრობლები, გაქვთ შესაბამისი სამსახურები, ძალიან მდიდარი არა, მაგრამ გაქვთ მაინც გარკვეული ტექნიკა, შეიარაღება, და თქვენგან მოვითხოვ, რომ გარდაიქმნათ 180 გრადუსით შემობრუნდეთ ამ პრობლემისაკენ, ხალხს იმედი უნდა ჰქონდეს, რომ არის უშიშროების სამსახური, რომელიც ებრძვის ტერორიზმს და რომელიც არ დატოვებს გაუხსნელს ასეთ საქმეს. არ ვეთანხმები, როცა ზოგიერთები ჩამომითვლიან, ამა და ამ ქვეყანაში პრეზიდენტი მოკლესო. მაინცდამაინც შევარდნაძე უნდა მოკლან, ხელი რომ გამოიღო?! მე თქვენ ხშირად არ გეძახით. არ არის სწორი, სახელმწიფოს მეთაურმა ყველაფერში ჩაიხედოს, მჯერა, განსაკუთრებით იმ ხალხისა, ვინც აქ ესწრება, რომ თქვენ ამ მიმართულებით, არსებითად, რადიკალურად გარდაქმნით მუშაობას.

ამასთან, დაკავშირებით, კიდევ ერთი გაფრთხილება პოლიციას, უშიშროებას, პროკურატურას, თავისთავად თავდაცვის სამინისტროს და სხვებს. ერთი კაციც რომ გყავდეთ ორ სკამზე მჯდომი, ეს უბედურებაა, მაშინ დასაშლელია ეს სტრუქტურა, თქვენ ემსახურებით მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს ინტერესებს და ასრულებთ იმ ხელისუფლების განკარგულებებს, და დავალებებს, რომელიც კანონიერად არის არჩეული. ამიტომ, გაფრთხილებთ ყველას, გთხოვთ ყველას, იყოთ აბსოლუტურად ობიექტური და არავითარ ცდუნებას არ აჰყვეთ, ვისაც აირჩევს ხალხი მომავალ არჩევნებში, მათი მსახური ვიქნებით ჩვენ ყველანი. ამას უსაფუძვლოდ არ გეუბნებით, მაქვს საკმაოდ შემაშფოთებელი სიგნალები და იმის მონაცემები, რომ რაღაც თამაშის მსგავსი იწყება. გვეყო თამაში! ექვსი წელი ვითამაშეთ, გვეყო, დამთავრდეს ეს თამაში და დაიკავეთ ის პოზიცია, რომელსაც სახელმწიფოს ინტერესებისა და ხალხის ინტერესების დაცვა ჰქვია. ახლა იმ სამუშაოსთან დაკავშირებით, რომელსაც ასრულებენ პროკურატურა, უშიშროების ორგანოები და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები - ეს არის აფხაზეთის ტრაგედიის გამოძიება, ეს არის სეპარატისტთა მიერ ჩადენილი დანაშაულებების გამოძიება, ეს არის იმ საქმეების გამოძიება, რომლებიც დაკავშირებული სახელმწიფოს ღალატთან, სახელმწიფოს ინტერესების გამყიდველობასთან, მე არ ვგულისხმობ შეცდომებს, შეცდომები ყველას ჰქონდა - მხედართმთავრებსაც, ჯარისკაცებსაც, ოფიცრებსაც. ვლაპარაკობ გამყიდველობაზე, ბატონმა ანზორ ბალუაშვილმა, ბატონმა ჯამლეთ ბაბილაშვილმა და სხვებმა უზარმაზარი სამუშაო შეასრულეს. დაგროვებულია უნიკალური მასალა და გთხოვთ ჩაერთო ყველა, ვისაც დახმარება შეუძლია, რათა გამოიცეს წიგნი - რა არის მოქმედი აფხაზური სეპარატიზმი, რა საშინელება, რა დანაშაულია ჩადენილი კაცობრიობის წინაშე. მე ვთხოვ აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს, აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს - გაერთიანდით. თქვენთან არიან მწერლები და სხვები. უნდა შეიქმნას წიგნი, რომელიც გამოვა ქართულად, აფხაზურად, რუსულად, ინგლისურად და რომელიც მოედება მთელს მსოფლიოს, ამცნობს მსოფლიოს, თუ რა არის რეალური, მოქმედი სეპარატიზმი. ის შრომა, რომელიც თქვენ გასწიეთ, მათ შორის აფხაზეთის პროკურატურამ და უშიშროების ორგანოებმა, ლოგიკურ დასასრულამდე უნდა მიიყვანოთ. აფხაზ სეპარატისტთა წარმომადგენლების ნაწილი ცდილობს, მოსკოვში შექმნას რაღაც საყრდენი ბაზა, - მაგრამ მოსკოვშიც, პეტერბურგშიც არიან ჩვენი ჭეშმარიტი მეგობრები - მათ შორის დეპუტატები, ფედერაციის საბჭოს წევრები, მათ შორის რუსეთის ხელმძღვანელობის აბსოლუტური უმრავლესობა, რომლებიც მომხრე არიან (ეს მათ ინტერესსაც შეადგენს), რომ საქართველო იყოს ერთიანი და მთლიანი. ჩვენ უნდა დავიწყოდ აქტიური მუშაობა არა მარტო მოლაპარაკებაზე, არამედ საზოგადოებრივი აზრის ფორმირების თვალსაზრისითაც. საჭიროა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დელეგაცია მუდმივად იჯდეს მოსკოვში, საჭიროა აფხაზეთიდან გამოდევნილი მეცნიერები, სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორები, უზარმაზარი ინსტიტუტების ხელმძღვანელები, და მსოფლიოში ცნობილი მეცნიერები ფიზიკა-ტექნიკური ინსტიტუტისა, რომლებიც აქ არიან და ხმას არ იღებენ, ჩავიდნენ მოსკოვში, პეტერბურგში, მივიდნენ ბატონ ველიხოვთან ბირთვული ენერგიის ინსტიტუტში, სადაც 15 ათასი კაცი, მსოფლიოში სახელგანთქმული მეცნიერები მუშაობენ და იმ მასალების საფუძველზე, რომელიც თქვენ ხელთ გაქვთ, გააგებინოთ რა არის სეპარატიზმი, ჩვენს პირობებში და რა მოიტანა მან რუსეთ ჩეჩნეთის პირობებში. ეს სამუშაო ყოველმიზეზგარეშე უნდა შესრულდეს და, რაც შეიძლება - ჩქარა. ვთხოვთ ბატონ ოთარ ფაცაციას, ფინანსთა მინისტრს და სხვებს, გამოძებნონ ბოლო კაპიკები იმისათვის, რიმ ყველაზე უფრო ნიჭიერი და უნარიანი ხალხი, ვისაც შეუძლია სიმართლე მიიტანოს სხვადასხვა ქვეყნის ხელმძღვანელებთან და პარლამენტებთან, მივავლინოთ ევროპაში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მათ შორის გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში. უნდა დაიწყოს საერთო-სახალხო მოძრაობა იმისათვის, რომ საბოლოოდ მოხდეს მსოფლიო საზოგადოებრივი აზრის ფორმირება იმ საშინელებათა, მხეცობათა და ბარბაროსობის წინააღმდეგ, რაც აფხაზმა სეპარატისტებმა ჩაიდინეს.

დღეს ვიყავი „დიდგორის“ ზეიმზე. 5-6 წელი არ გვქონდა საშუალება, გვეზეიმა, დიდგორობა და იქ ვთქვი: საქართველოს ხალხი და ხელისუფლება ყველაფერს გავაკეთებთ და ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ძირძველი ქართული მიწა - აფხაზეთი, ძირძველი ქართული მიწა - შიდა ქართლი, რომელიც ახლა გახლეჩილია, დავიბრუნოთ მშვიდობიანი გზით, ჩვენ პირობას ვაძლევთ მთელ მსოფლიოს, რომ გარანტირებული იქნება სტატუსი, სათანადო უფლებები იმ ხალხისა, რომელიც იქ უმცირესობას შეადგენს. მაგრამ, თუ აფხაზეთის დაბრუნების მშვიდობიანი გზა ნიშნავს იმას, რომ ჩვენს მამა-პაპათა, ჩვენს დიად წინაპართა სისხლით გაჟღენთილი მიწა სხვამ მიითვისოს, მაშინ ჩვენ უნდა ვიფიქროთ ჩვენს დიდგორზე, დღევანდელ დიდგორზე, ამიტომ, მინდა მოგიწოდოთ ყველას, ვიფიქროთ ჯარზე, არმიაზე, შინაგან ჯარზე, პოლიციის განმტკიცებაზე, იმ ქვედანაყოფებზე, რომლებიც უშიშროებაშია და სამაგალითოა. ვიფიქროთ იმაზე რომ, თუ დღის წესრიგში დადგება ჩვენი დიდგორის ამოცანა, იგი ისე უნდა გადავწყვიტოთ, როგორც მაშინ 1121 წელს გადაწყვიტა საქართველომ - ქვეყნის გაერთიანებისა და გამთლიანების უდიდესი ამოცანა.

მთელი ძალების მობილიზაციაა საჭირო იმისათვის, რომ არმია არმიას დაემსგავსოს, შეიარაღებული ძალები იყოს საიმედო, კარაგად გაწვრთნილი, კარგად ნავარჯიშები და კარგად შეიარაღებული. აი, ეს არის ერთ-ერთი ჩვენი უახლოესი ამოცანა. და ამასთან დაკავშირებით, კიდევ ერთი. ძალიან გთხოვთ მიხედოთ ვეტერანებს, ვიცი, რომ შეზღუდულია თქვენი საშუალებები, შესაძლებლობები, მაგრამ მე თქვენი უფლებები გავზარდე და ახლა საკმაოდ კარგი რესურსები გაქვთ ადგილობრივი ბიუჯეტების სახით. მხედველობაში მყავს დიდი სამამულო ომის მონაწილენი, მხედველობაში მყავს, რა თქმა უნდა, ბოლო ომების, ბოლო კონფლიქტების მონაწილენი, ახალგაზრდა ბიჭები, რომლებიც დასახიჩრებულები დაბრუნდნენ და რომლებსასც შრომის უნარი არა აქვთ, მიხედოთ მათ, თითოეული მათგანი იყოს აღრიცხვაზე, თითოეულ მათგანზე ჩვენ ვაგებთ პასუხს - სახელმწიფო და მისი ადგილობრივი ორგანოები. საჭიროა მოხდეს ისეთი განწობილების ფორმირება, რომ, აუცილებლობის შემთხვევაში, მოსახლოება, განსაკუთრებით, ახალგაზრდობა დარწმუნებული იყოს - ქვეყანა იზრუნებს მასზე, მის ოჯახზე.

ახლა კიდევ ერთი პრაქტიკული მნიშვნელობის საკითხი, რომლითაც ყველა მოქალაქეა დაინტერესებული - ეს არის წესრიგი ტრასებზე. რწმუნებულებთან, ზოგიერთ გამგებელთან შეთანხმების შემდეგ გამოვეცი ბრძანებულება, რომლებიც ტრასებზე იდეალური პირობების შექმნას გულისხმობს. გლეხობას არ უნდა სჭირდებოდეს სხვა რესპუბლიკებში სოფლის მეურნეობის პროდუქტის გატანა. როგორც კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ და ქვემო ქართლის ადმინისტრაციამ ხელი მოჰკიდეს ტრასებზე წესრიგის დამყარებას, ორ-სამ დღეში ეს დედაქალაქის ბაზრებს დაეტყო. ზოგიერთ ბაზარში 10-15 პროცენტით, ცოტა მეტითაც დაეცა ფასები. გლეხობამაც მოიგო და ქალაქის მოსახლოებამაც. მადლობელი ვარ ყველასი, ვინც იზრუნა და შექმნა პირობები იმისათვის, რომ პროდუქტები შემოიტანონ დედაქალაქში, ქუთაისში, რუსთავსა და სხვა სამრეწველო ცენტრებში. ვიღაცა იტყვის: შევარდნაძემ საარჩევნო კამპანია დაიწყოო. ამას სულ მუდამ ვლაპარაკობ - წესრიგი ტრასებზე და, საერთოდ, წესრიგი არის ჩვენი ყოველგვარი კეთილდღეობის საფუძველი.

მინდა ასევე ცოტა ღრმად ჩავიხედოთ რკინიგზის საქმიანობაში. მივმართავ ბატონ ოთარ ფაცაციას, და იმ ჩემს კოლეგებს, რომლებიც ტრანსპორტზე მუშაობენ. მაქვს მონაცემები, რომ მინისტრთა კაბინეტის მიერ გაცემული ნებართვის მერე ჯართის რაღაც რაოდენობა კვლავ ისე გავიდა, რომ არსად რეგისტრირებული არ არის. რკინიგზის გარეშე ამის გაკეთება შეუძლებელია. გთხოვთ, დაინიშნოს სამთავრობო გამოძიება და ამ გამოძიების შედეგები მოხსენდეს ან პარლამენტს ან მთელი საზოგადოებრიობის გაფართოებულ კრებას.

არა ერთხელ მითქვამს, რომ საბაჟო სამსახურში ძალიან დიდი ცვლილებები მოხდა. 6-7 თვის განმავლობაში ამ სამსახურიდან თითქმის 2 მილიონი დოლარი შემოსავალი მივიღეთ. პროგრესი უდავოდ არის, მაგრამ როცა ბატონი მამულაშვილი დავნიშნე, მას ვუთხარი, რომ შიშის სინდრომი თუ შეეპარება, უნდა დაწეროს განცხადება და წავიდეს. ვიცი, საბაჟოსთან რა ძალებიც არის დაკავშირებული. მართლაც დიდი გამბედაობა და ძალიან გულადი კაცი სჭირდება, რათა ამ ძალებს წინ აღუდგეს. ჯერჯერობით ნაწილობრივ მან ეს შეძლო, მაგრამ გვაქვს მონაცემები, რომ თბილისის აეროპორტში საკმაოდ მძიმეწონიანი, სიგარეტებით დატვირთული თვითმფრინავები ჯდება, შემდეგ სიგარეტები გამოდის სავაჭრო ქსელში, იყიდება ყოველგვარი დაბეგვრის, ყოველგვარი გადასახადის გარეშე და არსად რეგისტრირებული არ არის. ასეთი რამ რომ არ მომხდარიყო, ჩემი თხოვნით, საბაჟო სამსახურის თავმჯდომარის მოადგილედ უშიშროების წარმომადგენელი დავნიშნეთ, მაგრამ, ჩემი მონაცემებით, ის კაცი თვითონ ჩაუდგა სათავეში ამ უბედურებას. თუ ვცდები, ბოდიშს მოვითხოვ, წინასწარ. მე ვთხოვ ბატონ მამულაშვილს ხვალვე დაითხოვოს ის კაცი სამსახურიდან. უშიშროების სამსახურის წარმომადგენლები ამა თუ იმ უწყებაში იმისათვის გვინდა, რომ წესრიგი იყოს.

და, ბოლოს, უნდა გავარკვიოთ სად იწყება და სად მთავრდება გამგებლის და მერიის უფლება. ჩვენ უნდა შევქმნად ისეთი სისტემა, რომ აქ არავითარი გაუგებრობა და წინააღმდეგობა არ იყოს. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რაც დღეს ბატონმა შაშიაშვილმა, ბატონმა ხატიძემ და სხვებმა თქვეს. დემაგოგიაა იმის მტკიცება, რომ სახელმწიფო რწმუნებულის ინსტიტუტი სახელმწიფოს კისერზე ტვირთად დააწვა. ეს არის საქმეში ჩაუხედავი ხალხის მსჯელობა. დემაგოგებმა და იმ ხალხმა, რომლებიც თითებიდან წოვენ ფაქტებს, უნდა გაიგონ, რომ ეს ყველაფერი ტყუილია, მათ სახელმწიფოზე კი არ შესტკივათ გული, არამედ ამგვარი განცხადებებით პოლიტიკური კაპიტალის დაგროვება უნდათ. ეს არის პრიმიტიული მეთოდი კაპიტალის დაგროვებისა. ვერ დააგროვებთ იმიტომ, რომ ჩვენი პოზიცია მტკიცეა. რაც შეეხება გეოგრაფიას, იქნება 10 რაიონი, 15, 5 თუ 4, ამას ცხოვრება გვიჩვენებს. იქნება ახალი პარლამენტი, იქნება ქვეყნის პრეზიდენტი და ეს საკითხიც გადაწყდება, მე ვთხოვ რწმუნებულებს: ხმა ამოიღეთ, ტელევიზიაში თქვენ ტრიბუნა გარანტირებული გაქვთ, როგორც ვიცი, ბატონი არჩილ გოგელია და სხვებიც განწობილი არიან ხალხს სიმართლე გააგებინონ.

და გარწმუნებთ, რომ, თუ ჩვენ ვიქნებით ერთიანი, კარგად მობილიზებული და კარგად შეკრული ერი, საქართველოს კიდევაც გადავარჩენთ და კიდევაც ავაყვავებთ.

(სიტყვა იბეჭდება მცირეოდენი შემოკლებით).

საქინფორმი.

წესრიგი - ჩვენი ყოველგვარი კეთილდღეობის საფუძველი! // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 15 აგვისტო. - 102 (2018). - 1,2 გვ.

61 „სახელმწიფო მოვალეა უზრუნველყოს არჩევნებში მოქალაქეთა ნების გამოხატვის სრული თავისუფლება“

▲ზევით დაბრუნება


ედუარდ შევარდნაძის 14 აგვისტოს რადიოინტერვიუ

- დღევანდელ რადიოინტერვიუს კვლავ ეკონომიკის თემით დავიწყებთ, რადგან გუშინდელი თათბირი რწმუნებულებთან და გამგებლებთან ნახევარი წლის შედეგების შეჯამებას მიეძღვნა. გარდა ამისა, თქვენ დღეს შეხვდებით ბატონ შადმან ვალავის და სავარაუდოა, რომ ცნობილი გახდება ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური პროცესების იმისეული შეფასება. საქართველო ახორციელებს ეკონომიკურ რეფორმებს და რასაკვირველია, ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს აინტერესებს, თუ როგორ უყურებენ ამას სწორედ იმ სტრუქტურის წარმომადგნელები, რომლებიც რეკომენდაციებს აძლევენ ჩვენს ქვეყანს...- ჟურნალისტ ნატო ონიანის ამ შეკითხვის პასუხად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ - სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ თავის ტრადიციულ რადიოინტერვიუში განაცხადა:

- ეკონომიკის პრობლემებზე ცოტას ვილაპარაკებ იმის გათვალსიწინებით, რომ, როგორც მითხრეს, ტელევიზია აპირებს გუშინდელი შეხვედრის რეპორტაჟის მოწყობას, რომელზეც შევაჯამეთ 6 თვის მუშაობის შედეგები მთლიანად სახალხო მეურნეობაში, ეკონომიკაში.

წინა კვირა, უწინარეს ყოვლისა, სწორედ იმით არის აღსაღნიშნავი, რომ საკონსტიტუციო პროცესის კულმინაციური სტადიის პირობებშიც მოიძებნა წლის განვლილი პერიოდის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობისა და სამართალდაცვითი ვითარების შეფასების შესაძლებლობა ეკონომიკურ სფეროში ჩამოყალიბებული ტენდენციებისა და პროცესების გაანალიზებამ რესპუბლიკური თათბირი იმ დასკვნამდე მიიყვანა, რომ რადიკალური რეფორმა, ფინანსური სტაბილიზაცია, მესაკუთრეთა ფენის წარმოქმნა, მსოფლიოს სამეურნეო კავშირურთიერთობაში ინტეგრირება საქართველოსათვის საკმაოდ პერსპექტიული რეალობაა. ამავე დროს, ქვეყანა ჯერჯერობით ეკონომიკური აღორძინების მხოლოდ საწყის ეტაპზე დგას, კვლავ მძიმეა მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა (ეს ყველას კარგად გვესმის) არ ამოქმედებულა საწარმოო პოტენციალის მნიშვნელოვანი ნაწილი. გადასაწყვეტ ამოცანათა სირთულე არ იოლდება, რაც ყველა სტრუქტურის პასუხისმგებლობის გაძლიერებას ითხოვს.

ამ თვალსაზრისით სახელმწიფოს მართვის ის ფორმა, რომელიც პარლამენტში შეთანხმდა, ესე იგი, საპრეზიდენტო მმართველობა, ყველაზე უფრო ეფექტიანი და ყველაზე უფრო იაფი იქნება, უნდა გითხრათ, რომ მოსახლეობის ინტერესი ყოველივე მისადმი, რაც დღეს პარლამენტში ხდება, უაღრესად დიდია და აქტიურობაც ძალიან მაღალია. გუშინ თათბირზე განვაცხადე, რომ ჩვენ ათასობით და ათიათასობით წერილი მივიღეთ მოსახლეობისაგან საქართველოს ყველა კუთხიდან (საინტერესო იქნებოდა, რომ ამ წერილებს გასცნობოდნენ კომენტატორები და მიმომხილველები) მოსახლეობა მართლაც ჩართულია ამ პროცესში, არანაკლებ აქტიურად განიხილება ყველაფერი, რაც კონსტიტუციასთან არის დაკავშირებული, ვიდრე თვით პარლამენტში.

მინდა ვაცნობო მოსახლეობას, რომ დღეში ორჯერ ვიღებ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორია მოსახლეობის რეაგირება, რას იწონებენ და რას - არა. ჯერჯერობით პარლამენტი სწორი მიმართულებით მიდის. დაახლოებით უპასუხებს მოსახლეობის განწყობილებასა და სურვილს, რომ იყოს ძლიერი ხელისუფლება, რომელსაც შეუძლია ქვეყანა საბოლოოდ დააყენოს სასიკეთო გზაზე.

ზოგიერთი დადებითი ტენდენციიდან გამოვყოფდი სოფლის მეურნეობას (აქამდე ამის შესახებ მაინცდამაინც გამოკვეთილად არ მითქვამს). ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ამ სფეროში სასიკეთო ძვრებია. მოწეულია ყურძნის საკმაოდ კარგი მოსავალი, ბოლო წლებში ჩვენ ასეთი მოსავალი არ გვქონია. ახლა უნდა გადავწყვიტოთ ყურძნის შესყიდვის საკითხი. ამ პრობლემასთან დაკავშირებით, ალბათ, 2-3 დღეში მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელებთან ერთად შევხვდებით მეწარმეებს, ბიზნესმენებს, ბანკირებსა და სხვებს და თუ გამოვძებნეთ საშუალებები ყურძნის შესასყიდად ან გარკვეულ პირობებში ჩასაბარებლად, ისე, რომ ეს მომგებიანი და ხელსაყრელი იყოს მევენახისათვის, მაშინ შეგგვეძლება ვთქვათ, რომ საქართველოში მევენახეობა გადარჩენილია.

მკვეთრად იმატა პირუტყვის სულადობამ. გუშინდელ თათბირზე ბატონმა ბადრი ხატიძემ თავის გამოსვლაში თქვა, რომ გორსა და გორის რაიონში პირუტყვის სულადობა ლამის ორჯერ მეტია, ვიდრე წინათ, ყოფილი საბჭოთა კავშირის დროს იყო.

ძალიან კარგი პირი უჩანს სიმინდის მოსავალს. გუშინ პურპროდუქტების კორპორაციას ამოცანად დავუსახე, რომ იფიქრონ, თუ როგორ შევისყიდოთ სიმინდი, როგორ შემოვიტანოდ სიმინდის ფქვილი სამრეწველო ცენტრებში, უწინარესად თბილისში.

ამუშავდა საკონსერვო მრეწველობის ადგილობრივი ობიექტები. ასე რომ, ამ დარგშიც გარკვეულ ძვრებთან და წარმატებებთან გვაქვს საქმე.

რაც შეეხება ბატონ შადმან ვალავის მისიას, იგი უკვე რამდენიმე დღეა ჩვენთან მუშაობს სპეციალისტთა ჯგუფთან ერთად. დღის მეორე ნახევარში დანიშნული მაქვს შეხვედრა, რომელიც, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი იქნება ისე, როგორც მთლიანად მისი მისია, მისი ყოველი ჩამოსვლა, რეკომენდაციები, რომლებსაც იგი აძლევს საქართველოს ხელმძღვანელობას. ჩვენ ამას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ და ვცდილობთ კიდეც განუხრელად განვახორციელოთ ყოველივე, რასაც გვირჩევენ ჩვენი მეგობრები მსოფლიო ბანკიდან და სავალუტო ფონდიდან.

- თქვენ ყურადღება ძირითადად მივაპყრეთ მოსახლეობის რეაქციას კონსტიტუციასთან დაკავშირებით. ალბათ, ერთი რამ აუცილებლად არის აღსანიშნავი: საქართველოს პარლამენტმა, განსხვავებული პროგნოზების მიუხედავად, მიიღო მეოთხე თავი - პრეზიდენტი და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს თავი, ყველა მისი პუნქტი მიიღო არა მარტო საპარლამენტო უმრავლესობამ, არამედ პარლამენტის უმრავლესობამაც, ანუ ყველა იმ კონსტრუქციულმა ძალამ, რომელიც იყო წარმოდგენილი უმრავლესობაში, ოპოზიციურ პარტიებსა და ფრაქციებში...

- სამწუხაროდ, იძულებული ვარ, გუშინ და გუშინწინ ნათქვამი გავიმეორო. როგორც მოგახსენეთ, გარდა იმისა, რომ უშუალოდ ვმონაწილეობ პარლამენტის მუშაობაში, ყოველდღიურად ვადევნებ თვალყურს, თუ რა ხდება მოსახლოებაში, საქართველოს მოქალაქეებში. როგორც აღვნიშნე, საქართველოს მოქალაქეები ჩართული არიან საკონსტიტუციო პროცესებში და ეს არის ნამდვილი დემოკრატია. ბევრი უკვე კიდეც მსჯელობს მომავალი ხელისუფლების შესახებ, რამდენად ეფექტიანი იქნება იგი. საკმაოდ დიდ და მნიშვნელოვან წრეებში აქტიურად შესაძლო კანდიდატურებსაც კი იხილავენ, - ეხება ეს პრეზიდენტის თუ სხვა ინსტიტუტებს.

ამ კითხვასთან დაკავშირებით არ შემიძლია არ ვისარგებლო შესაძლებლობით და მადლობა არ მოვახსენო საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომლებიც გვეხმარებიან პარლამენტში სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში.

პარლამენტის საქმიანობის ამ დიდ, განსაკუთრებულ ეტაპზე შესაშურ ერთიანობას იჩენენ ჭეშმარიტად დემოკრატიული ძალები და დემოკრატიული პარტიები. ეს იმის გარანტიაა, რომ საქართველოში დემოკრატიზაციის პროცესი მართლაც შეუქცევადია. პარტიები (ამას წინათ ყველა ჩამოვთვალე, ახლა ამის აუცილებლობა არ არის) ხანდახან დაუძლეველის დაძლევასაც კი ახერხებენ, ამიტომაც საკონსტიტუციო განხილვის პირველი ეტაპი განსაკუთრებით წარმატებით წარიმართა. გუშინ მთელი დღე მუშაობდა შემთანხმებელი ჯგუფი, სამწუხაროდ, ჩემი მონაწილეობის გარეშე. როგორც ვიცი, მუშაობა საკმაოდ ნაყოფიერი იყო. დღეს გაიმართება პარლამენტის სხდომა, რომელზეც გავაგრძელებთ განხილვას, ეს იქნება უკვე თავი პარლამენტის შესახებ, შემდეგ განვიხილავთ დანარჩენ თავებს. როგორც გუშინდელ თათბირზე აღინიშნა, სახელმწიფო მოვალეა უზრუნველყოს არჩევნებში მოქალაქეთა ნების გამოხატვის სრული თავისუფლება.

სექტემბერში ჩვენ კვლავ შევიკრიბებით, მხედველობაში მყავს ადგილობრივი ადმინისტრაციები - რწმუნებულთა, გამგებლების, მერების ადმინისტრაციები და ცენტრალური ხელისუფლება. ერთხელ კიდევ ვიმსჯელებთ იმის თაობაზე, თუ როგორ არის ქვეყანა მზად (ორგანიზაციულად და წესრიგის მხრივ) არჩევნების გამართვასთან დაკავშირებით.

- კონსტიტუციური პროცესის ნორმალურმა მიმდინარეობამ, ბევრ ძალას იმედი გაუცრუა, მაგრამ უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ ავთანდილ იოსელიანმა გუშინწინ თათბირზე აღნიშნა, რომ არჩევნების წინ მოსალოდნელია დესტრუქციული ძალების გარკვეული გააქტიურება. ამას გაესვა ხაზი თქვენს გამოსვლაშიც, ისევე, როგორც ამ ძალების კავშირს ჩვენი თანამემამულეების ერთ ნაწილთან, რომელიც მოსკოვში ცხოვრობს. თქვენ ისიც აღნიშნეთ, რომ სამართალდამცავ ორგანოებში ორ სკამზე არავინ უნდა იჯდეს, არავინ უნდა თამაშობდეს, ისაუბრეთ რკინიგზის, საბაჟო სამსახურის პრობლემებზე. ერთი სიტყვით, შეიძლება ითქვას, რომ იყო ძალიან ბევრი აშკარა თუ ფარული, გასაგები თუ ძნელად გასაშიფრი მინიშნება...

- ამ ორი დღის მუშაობის შედეგები, თვით მოსახლეობამ უნდა გაიაზროს. როგორც ვიცი, მოსახლეობა ინფორმაციას იღებს - გადაიცა გუშინწინდელი თათბირის რეპორტაჟი, ალბათ, გაშუქდება გუშინდელი თათბირის მუშაობაც. მხოლოდ ერთი რამის თქმა მწადია: ხელისუფლება არავის არ მისცემს უფლებას საარჩევნო კამპანია არეულობისა და არასტაბილურობისათვის გამოიყენოს. ასეთი სურვილი აქვთ გარკვეულ ძალებს და ეს ძალები არც ისე უმნიშვნელოა. მათი ადგილსამყოფელის, პოლიტიკურ თუ კრიმინალურ დაჯგუფებათა კუთვნილების მიუხედავად, ამის უფლებას არავის არ მივცემთ.

ვიმეორებ ნათქვამს: თავისუფალი არჩევნები, მოქალაქეთა ნების გამოხატვის თავისუფლება - ყოველივე ეს გამოჩნდება საარჩევნო ყუთებთან, იარაღისა და მოსყიდვის გარეშე - საქართველოს სტაბილურობისა და მომავალი კეთილდღეობის გარანტია იქნება, ამიტომაც ყველაფერს ვიღონებთ იმისათის, რომ ნების გამოხატვა თავისუფალი იყოს.

როგორც აღნიშნეთ, გუშინ მკაცრად გავაკრიტიკე სატრანსპორტო სტრუქტურები - სარკინიგზო, საჰაერო, საზღვაო და საავტომობილო. თუ შენიშვნებს არ გაითვალისწინებენ, კრიტიკას, რა თქმა უნდა, გარკვეული დასკვნები მოჰყვება. ვფიქრობ, რომ ბევრისათვის, ალბათ, ეს დასკვნა ხელსაყრელი არ იქნება.

წინასაარჩევნო ეტაპზე ბრძოლა წესრიგისათვის, ყოველივე აუცილებლით ხალხის უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით ზამთრის სეზონის წინ, კიდევ უფრო გაძლიერდება, საარჩევნო კამპანია არ შეასუსტებს ხელისუფლების ცალკეული რგოლების მოქმედების ეფექტიანობას.

რაც შეეხება ორი სკამის პრობლემას - ეს საქართველოს ამ ბოლო 5-6 წლის ავადმყოფობაა, ამან, მართლაც ინფექციის სახე მიიღო. გუშინ ვთქვი, რომ ასეთი რამ ყოვლად დაუშვებელია სახელმწიფო სტრუქტურებში, მით უმეტეს ისეთებში, როგორიც არის თავდაცვის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, უშიშროების სამსახური, პროკურატურა და სამართალდამცავი ორგანოების მთელი სისტემა. სათანადო მასალები გვაქვს და ამიტომაც მოვუწოდე ყველას, რომ ორმაგ თამაშს თავი დაანებონ. სხვა საქმეა პოლიტიკური პარტიები - იქნება შეთანხმებები, კომპრომისები, შეიქმნება ბლოკები და სხვა. რაც შეეხება პოლიციელსა და უშიშროების სამსახურის მუშაკს, ისინი არცერთ ბლოკში არ შევლენ. თუ ასეთი რამ მოხდება, მაშინ გადაწყვეტილება მძიმე იქნება.

გუშინ გამოვხატე მადლიერება, განსაკუთრებით პოლიციის მიმართ, რომელმაც ბევრი რამ გააკეთა საქართველოში წესრიგის აღსადგენად. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ტემპი არ შენელდება და კიდევ უფრო გაძლიერდება.

- წინა რადიოინტერვიუში თქვენ ისაუბრეთ ბაზრის პრობლემებთან დაკავშირებით. გასულ კვირას გამოვიდა კიდეც თქვენი ბრძანებულება სოფლის მეურნეობის პროდუქტებით მოსახლეობის უზრუნველყოფის შესახებ...

- ეს ბრძანებულება, რა თქმა უნდა, ფარატინა ქაღალდი არ არის. ეს არის მთელი პროგრამა, თუ როგორ უნდა ვიმუშაოთ, რათა გლეხობას, სოფლად მეწარმეებს, ფერმერულ მეურნეობებს შევუქმნათ ყველაზე იდეალური პირობები იმისათვის, რომ შემოიტანონ სოფლის მეურნეობის პროდუქტები სამრეწველო ცენტრებში, უწინარესად, დედაქალაქში. ხოლო დედაქალაქიდან მათ წაიღონ და შეიძინონ ის, რაც მათთვის აუცილებელია. გარდა ამისა, საჭიროა იყოს ყოველმხრივი, იდეალური წესრიგი ტრასებზე (ამ მხრივ, ბევრი რამ გააკეთა შინაგან საქმეთა სამინისტრომ) ეს კურსი კვლავ გაგრძელდება და იგი კამპანიური ხასიათის არ იქნება.

ქალაქებში პროდუქტების შემოტანა არ შენელდება. გუშინაც, გუშინწინაც ქართლის რწმუნებულის ბატონ ბადრი ხატიძის, ამ რეგიონის გამგებლების ინიციატივით საკმაოდ დიდი რაოდენობით შემოვიდა სოფლის მეურნეობის პროდუქცია, რომელიც უფრო ქალაქის განაპირა რაიონებში გაიტანეს და ბაზართან შეადრებით თითქმის ნახევარ ფასად იყო რეალიზებული. ბუნებრივია, ეს საბაზრო ფასებზე მოქმედებს.

ძალიან ბევრს აკეთებენ და საინტერესო გეგმებიც აქვთ რწმუნებულებს, გამგებლებს, ქალაქების ხელმძღვანელებს. ამას გრძნობს მოსახლეობა, მინდა მივმართო ყველას - სამხარეო მოწყობა ერთგვარი ექსპერიმენტი იყო, რწმუნებულები მართლაც ბევრს მუშაობენ. ვაცალოდ ამ ინსტიტუტს, მოვა ახალი პარლამენტი, მოვა ახალი პრეზიდენტი და შემდეგ ყველაფერი გაირკვევა. ზედმეტი რგოლი ხელისუფლების სხვადასხვა სტრუქტურებს ჩამოსცილდება.

ბევრი წერილი მივიღე იმის შესახებ, რომ განახლდეს „თბილისობა“ ყველა რაიონის გლეხობას, ფერმერებს (მე ასე მიმაჩნია) აქვთ სურვილი და მოთხოვნილება, ჩამოიტანონ თბილისის ბაზრებზე ის, რაც ქალაქს სჭირდება. თბილისიდან კი წაიღონ ის, რაც მათთვის აუცილებელია.

„თბილისობაზე“ რომ ვლაპარაკობ, იმდენად კულტურული ღონისძიებები არ მაქვს მხედველობაში (თუმცა არც ამას გამოვრიცხავ), რამდენადაც კარგად ორგანიზებული უხვი ბაზარი. ზამთრის წინ ეს სჭირდებათ ქალაქელებსაც და სოფლის მაცხოვრებლებსაც, მე ასე წარმომომიდგენია, რომ ასეთი „თბილისობის“, თბილისის დიდი ბაზრობის გამართვის დრო შეიძლება იყოს ოქტომბრის შუა რიცხვები, როცა ხილიც ბევრია, ბევრი იქნება ყურძენიც, შეიძლება სიმინდის, ფქვილის, ხორცის, რძის პროდუქტების შემოტანა. წლეულს, თუ მხარს დამიჭერენ, რწმუნებულები, გამგებლები, ქალაქების მერები, შეიძლება ძალიან საჭირო და საინტერესო ბაზრობა მოეწყოს დედაქალაქში. მოდით, განვაახლოთ „თბილისობა“, მე ამის მომხრე ვარ!

- 12 აგვისტოს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რწმუნებულების ინიციატივით დიდგორის ველზე „დიდგორობა“ გაიმართა. ადმინისტრაციული ორანოების თათბირზეც და „დიდგორობის“დღესასწაულზეც თქვენ ბრძანეთ, რომ საქართველო მშვიდობიანი გზით ეცდება მიტაცებული ტერიტორიების დაბრუნებას. ხოლო, თუ ეს გზა ქართული მიწის მიტაცებას დააკანონებს, მაშინ დღის წესრიგში დადგება ჩვენი დროის დიდგორი. რა იყო ეს? მხატვრული ფრაზა, თუ კიდევ სხვა რამ?

- მე, ალბათ, ისევ და ისევ ნათქვამს გავიმეორებ: ჩვენი გზა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა (ლაპარაკია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე და არა იმაზე, რომ ვინმეს რაიმეს ვედავებით) პოლიტიკური მოლაპარაკებისა და მშვიდობიანი მოწესრიგების, საკითხის მშვიდობიანი გადაწყვეტის გზა არის. ეს უკვე მთელმა მსოფლიომ იცის და აღიარა, მაგრამ, თუ ამის შედეგი, როგორც ვთქვი ამ დღეებში, ძირძველი ქართული მიწების, ჩვენი წინაპრების სისხლით გაჟღენთილი მიწების დაკარგვა უნდა იყოს, რა თქმა უნდა, მაშინ მთელი ქვეყანა დადგება ფეხზე და როგორც იტყვიან, ბრძოლით დაიბრუნებს იმას, რის დაბრუნებაც მშვიდობიანი გზით ვერ მოხერხდა, ეს არ არის ჩვემი არჩევანი, ეს იქნება, ჩვენი იძულებითი გზა. ვფიქრობ, რომ ყველა ნორმალურ სახელმწიფოში, ასე იმსჯელებდნენ. ამასთან, კიდევ ერთხელ ვაზუსტებ: არავინ არ დაობს აფხაზეთის განსაკუთრებულ პოლიტიკურ სტატუსზე ერთიან საქართველოში, საქართველოში მცხოვრები ყველა ერისა და ეროვნების უფლებების სრულ გარანტიებზე მსოფლიო და ევროპული სტანდარტების დონეზე.

უკვე განვაცხადე, რომ მოვითხოვ მოსკოვში მოლაპარაკებების დაუყოვნებლივ განახლებას. ისიც უნდა ვთქვა, რომ სერიოზულ შეშფოთებას იწვევს მოლაპარკების პროცესში იმ მხარის პასიურობა, რომელიც პასიურობას არ უნდა იჩენდეს. აშკარაა აფხაზთა მიერ ამ პროცესის ტორპედირების პერმანენტული პროცესი. მაგალითად, თითქოს მოვილაპარაკეთ - მემორანდუმი, ოქმი ვიზირებული იყო აფხაზთა წარმომადგენლების მიერ, მაგრამ გავიდა 2-3 კვირა და მათ ჩაშალეს ეს პროცესი, დაბრუნდნენ გუდაუთასა თუ სოხუმში და დღესაც გაურკვეველია, ბოლოს და ბოლოს, განახლდება მოლაპარაკება თუ არ განახლდება. ამას ბოლო უნდა მოეღოს. დრო თიქმის აღარ დარჩა და ამიტომ, მოლაპარაკებაში მონაწილე ყველა მხარემ მეტი დინამიკურობითა და პრინციპულობით უნდა იმოქმედოს. ჩვენ ყველაფრისათვის მზადა ვართ - მოლაპარაკებისთვისაც, შეხვედრებისთვისაც, დიალოგისთვისაც, ყველა დონეზეც ეს აუცილებელი და სასარგებლო იქნება.

- მოსკოვშიც ისეთივე პროცესები მიმდინარეობს, როგორც საქართველოში. მხედველობაში მაქვს წინაასარჩევნო პერიოდი. ამას წინათ რუსეთის პრემიერ მინისტრმა თავისი პარტიის „ნაშ დომ როსიას“ ყრილობა გამართა რა კომენტარს გაუკეთებდით ამ ფაქტს?

- თქვენ გახსოვთ მოქალაქეთა კავშირის ყრილობის სახელზე ვიქტორ ჩერნომირდინის მისალმება, ეს იყო მისი პარტიის დამოკიდებულების გამოხატვა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული მოძრაობისადმი და არა მარტო მოქალაქეთა კავშირის მიმართ. თუმცა, უშუალოდ, ეს მიმართვა ეკუთვნოდა მოქალაქეთა კავშირის მონაწილეებს. იმის მიხედვით, თუ ვინ მონაწილეობდა ყრილობის მუშაობაში, ნათლად სჩანს, რომ ბატონი ჩერნომირდინის პარტია ძალიან სერიოზული ძალა იქნება, ხოლო ის ფუძემდებლური დებულებები, რომლებიც რუსეთის პრემიერმა წამოაყენა თავის გამოსვლაში, სავსებით მისაღები, გასაგები და მოსაწონია არა მარტო საქართველოსათვის, არამედ, მე ასე მჯერა, მთელი მსოფლიოსთვისაც. სხვათა შორის, მან ძალიან ხატოვანი ფრაზა იხმარა, რომ „კომუნიზმი კვლავ დარჩა აჩრდილად“. აქედან, ალბათ, რუსეთშიც გამოიტანენ დასკვნებს და საქართველოშიც.

„სახელმწიფო მოვალეა უზრუნველყოს არჩევნებში მოქალაქეთა ნების გამოხატვის სრული თავისუფლება“ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 15 აგვისტო. - 102 (2018). - 1,2 გვ.

62 ქვეყნის ეკონომიკის წინსვლისათვის

▲ზევით დაბრუნება


15 აგვისტოს საქართველოს პარლამენტის შენობაში, გაიმართა თათბირი, რომელშიც მონაწილეობდნენ პარლამენტის თავმჯდომარე - სახელწიფოს მეთაური ედუარდ შევარდნაძე, პრემიერ-მინისტრი ოთარ ფაცაცია, სამინისტროთა და უწყებათა ხელმძღვანელები, სახელმწიფო მეთაურის რწმუნებულები, ქალაქებისა და რაიონების გამგებლები.

[...]

თათბირზე სიტყვა წარმოსთქვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ - სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ.

- გუშინაც და დღესაც სერიოზული სჯა-ბაასი გვქონდა იმის შესახებ, რომ ამჟამად ქვეყანაში ბევრი რამ იცვლება, - თქვა სახელმწიფოს მეთაურმა. ჩვენი ქვეყანა გარდამავალი ეტაპის სახელმწიფოა, შეიცვალა ძველი ეკონომიკური მექანიზმი, ახალი პოლიტიკური წყობის ეკონომიკური ბაზა, საბაზრო ეკონომიკა განვითარების ფორმირებისა და სრულყოფის პროცესშია. რა თქმა უნდა, ანგარიშგასაწევია ის, რომ მოძრაობა ახალი წყობის, ახალი ეკონომიკის შესაქმნელად, დაემთხვა პოლიტიკურ არასტაბილურობას, სამოქალაქო ომს, კონფლიქტებს და სხვა გართულებებს. აქ სწორად ითქვა, რომ ანტიკრიზისული პროგრამის შემუშავებით და დამტკიცებით, რომელიც არცთუ ისე შორეულ წარსულს განეკუთვნება, დაიწყო რეალური რეფორმატორული მოძრაობა, მოძრაობა გარდაქმნისაკენ და გარკვეული შედეგები მან უკვე მოგვიტანა. მიმაჩნია, რომ ერთგვარმა ფინანსურმა სტაბილიზაციამ, მასობრივმა ვაუჩერულმა პრივატიზაციამ, რომელიც უკვე ჩვენი ცხოვრების შემადგენელი ნაწილია (მოსახლოების ძალიან დიდი რაოდენობა ჩართულია ამ პროცესში), ხელი უნდა შეუწყოს და დააჩქაროს მესაკუთრეთა ფენის რაც შეიძლება სწარაფი ფორმირება. ერთვარი გამოცოცხლება მრეწველობის სხვადასხვა სფეროში, სოფლის მეურნეობაში, მიღწეულია ყოველ შემთხვევაში, ბოლო ერთი წლისა და ამ საანგარიშო-ნახევარი წლის განმვალობაში. ამაში ვერავინ შეგვედავება. ქვეყანა მიდის მსოფლიო მეურნეობაში საქართველოს ეკონომიკის ინტეგრირების გზით. რაც უფრო გაბედულად განვახორციელებთ რეფორმებს, მით უფრო ღრმა და მასშტაბური იქნება ჩვენი ინტეგრირება მსოფლიო ეკონომიკაში. შეჩერდა, ყოველ შემთხვევაში, მინიმალურ დონეზე დარჩა ინფლაცია და, მე ვიტყოდი, ესეც დასაშვებია. თუ ჩვენ დღევანდელ დონეს შევინარჩუნებთ, მიმაჩნია, რომ ეს გარკვეული წარმატება იქნება, რადგან ეკონომიკის შემდგომი გამოცოცხლება და პროდუქციის მოცულობის ზრდა, მისი ხარისხის გაუმჯობესება, ბუნებრივია, უკეთეს შედეგებს მოგვცემს მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესების თვალსაზრისით.

ერთგვარად სტაბილური გახდა სამომხმარებლო ფასები. შარშან ფასების ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით მოსახლეობამ აუტანელი აიტანა, 15-20 ჯერ გაიზარდა სამომხმარებლო ფასები და ალბათ, ჩვენ დაჩოქილი უნდა ვუხდიდეთ მადლობას საქართველოს მოქალაქეებს, რომ ისინი გაგებით შეხვდნენ ამ მძიმე განსაცდელს და გამოცდას. წლეულს სამომხმარებლო ფასები დაახლოებით 10 პროცენტის დონეზე მატულობს, რაც შედარებით, მაინც ნორმალურ მოვლენად შიძლება ჩაითვალოს. რაც შეეხება ბოლო თვეებს ივნის-ივლისს, აქ ლაპარაკია სამომხმარებლო ფასების შემცირებაზე - დაახლოებით ერთი პროცენტით. ეს ბევრს არ ნიშნავს, მაგრამ მაინც გარკვეული ტენდენციაა. ამას ყველაფერს ჩვენი მოსახლეობა რეალურად გრძნობს.

ვფიქრობ, ჩვენს ცხოვრებაში დიდი მოვლენა იქნება ეროვნულ ვალუტაზე გადასვლა. ამ საკითხებზე მომუშავე ბლოკის წარმომადგენლებს გთხოვთ, განახლდეს აქტიური მუშაობა, რათა ქვეყანა სერიოზულად მოემზადოს ეროვნული ვალუტის შემოსაღებად. ეროვნული ვალუტის შემოღებამ ყოველგვარი ეჭვი უნდა გაფანტოს მოსახლეობაში. ჩვენი მოქალაქეების გარკვეულ ნაწილში არ არის რწმენა, რომ ეს იქნება მყარი ვალუტა, რომ იგი ხელს შეუწყობს ფინანსურ, ეკონომიკურ სტაბილურობას და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა არა მარტო ეს იდეა, არამედ ეროვნული ვალუტის შემოღების რეალური ნაბიჯი კომპრომიტირებული არ იყოს. მინისტრთა კაბინეტს ვთხოვ 10-15 დღის განმავლობაში ეს საკითხი საბოლოოდ დაამუშაოს, ვიმსჯელოთ და რეალურ მოქმედებას შევუდგეთ.

უნდა მოგახსენოთ, რომ ბვერი რამ გაკეთდა მინისტრთა კაბინეტში, სერიოზულ ღონისძიებებს ახორციელებს ეროვნული ბანკი, უკვე სხვა რეჟიმში მუშაობს ფინანსთა სამინისტრო. თქვენ, ალბათ, ფინანსთა მინისტრის ყოველი გამოსვლიდან გრძნობთ, რომ გაჩნდა გარკვეული სიახლეები, რომლებიც აუცილებელია რეფორმატორული კურსის განხორციელებისათვის. ვხედავ, რომ ეკონომიკის სამინისტრო და ზოგიერთი სხვა უწყება თავიანთ ადგილს იკავებენ ჩვენს სახელმწიფოებრივ სისტემაში. ყოველივე ეს გარკვეული კმაყოფილების გრძნობას ბადებს.

სამწუხაროდ ჩვენი რესურსები და რეზერვები, ჩვენივე უყაირათობის და ხანდახან უთავბოლო მუშაობის გამო, არ არის გამოყენებული და ამოძრავებული, არ არის ჩადებული, ასე ვთქვათ, საქმეში. ასეთი რესურსები კი არცთუ ისე ცოტა აქვს საქართველოს. აღარ დავუბრუნდები ბორჯომის ფაქტს, ალბათ ეს იქნება სპეციალური მსჯელობის საგანი თვით ბორჯომში. იქ შევიკრიბებით და დავრწმუნდებით, რა სიმდიდრე დაკარგა საქართველომ ამ ბოლო წლების განმავლობაში, როცა, პრაქტიკულად, შეწყდა მინერალური წყლის ჩამოსხმა. ახლა ამ საკითხზე მუშაობენ მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენელები, ბატონი ბაკურ გულუა იყო ადგილზე, როგორც მითხრეს, საკითხი გვარდება და ეს სიმდიდრე ჩადგება ქვეყნის სამსახურში. მრავალი ასეთი ფაქტის დასახელება შეიძლება.

დღეს, ჩემს მეგობარს, ბატონ ზურაბ კერვალიშვილს სიტყვა არ მივეცი იმის გამო, რომ ბევრი შეპირებები მოვისმინეთ მისგან, რომ ტყიბულის ქვანახშირის აუზი ამუშავდება, დასახელებული იყო ციფრები, რომ ზესტაფონის ქარხანა მნიშვნელოვანწილად გამოიყენებს ამ საწვავს. ბევრი შეპირება იყო ამის შესახებაც, რომ რუსთაველი მეტალურგები გამოიყენებენ ტყიბულის ქვანახშირს, ამუშავდება შახტები, დავასაქმებთ ხალხს. საბოლოოდ კი საქმე იქამდე მივიდა, რომ ჯერჯერობით 150-200 ტონა ქვანახშირის დონეზე ვართ. შეგახსენებთ, რომ 1985 წლისათვის 1,8 მილიონ ტონა ქვანახშირს ვიღებდით (მახსოვს ეს ციფრი) მაშინ, როცა საბჭოთა კავშირის ნებისმიერი კუთხიდან შეგვეძლო მიგვეღო ეს საწვავი.

იგივე შეიძლება ითქვას ზოგიერთ სხვა რესურსზე, რომლებიც გამოყენებული არ არის. ამასთან, ბევრი რამის გაკეთება შეიძლებოდა მას შემდეგ, რაც რუსეთთან, მის ეკონომიკასთან აღვადგინეთ ნორმალური ურთიერთობა. რუსეთის საქმიანი წრეები, ბიზნესმენები (ბატონი ოთარ ფაცაცია დამერწმუნება ამაში) დაინტერესებული არიან ჩვენთან თანამშრომლობით, კერძოდ, ენერგეტიკის სფეროში. ასევე დაინტერესებული არიან მეწარმეები სხვა სფეროებიდანაც, მანქანათმშენებლები, ელექტროტექნიკის დარგის წარმომადგენლები და სხვები. ასევე ბევრი რამის გაკეთება შეგვეძლო უკრაინასთან ურთიერთობის აღდგენის შემდეგ, მაგრამ ვერ მოვახერხეთ იმის გამო, რომ ჩვენი კოლეგები, რომლებსაც გარკვეული დარგები, მიმართულებები აბარიათ, ყოველთვის ვერ დგანან თავიანთი მოწოდების სიმაღლეზე. გვაკლია კონკრეტულობა, მიზანმიმართული მუშაობა, მომთხოვნელობა, არ გვინდა გავიუარესოთ ურთიერთობა ამა თუ იმ თანამშრომელთან ან მუშაკთან, რატომ უნდა მჭირდებოდეს შენიშვნა მივცე დღეს, ვთქვათ, ტრანსპორტის რომელიმე კომპლექსის ხელმძღვანელს, როცა ამ კონპლექსს ჰყავს თავისი კურატორი მინისტრთა კაბინეტში. სერიოზული შენიშვნები გამოვთქვი ბატონ ბ. ვარშანიძის, ბატონ რემი ვაშაკიძის მისამართით. ათჯერ უფრო მეტი სერიოზული შენიშვნა უნდა გამოითხვას ავტოტრანსპორტის კომპლექსის მიმართ. რატომ უნდა იყოს ეს აუცილებელი, რატომ უნდა იყოს სახელმწიფოს მეთაური იძულებული და ვალდებული, რომ ასეთ ფართო წარმომადგენლობით თათბირებზე თქვას ყველაფერი. ყოველივე ეს სამუშაო პირობებში უნდა გვარდებოდეს და, როგორც არაერთხელ მითქვამს, ავტომატურ რეჟიმში წყდებოდეს. ეს იმის ბრალია, რომ თავის დროზე არ ჩავიხედეთ საქმეში. ამას გრძნობს მოსახლეობა და სამართლიან უკმაყოფილებასაც გამოთქვამს.

ბვერმა ექსპერიმენტმა მრეწველობისა თუ სოფლის მეურნეობის სფეროში გაამართლა. აქ იყო ლაპარაკი სიმინდის წარმოების დარგში წამოყენეულ ინიციატივაზე. მრეწველობაშიც არის ჰოლდინგური გაერთიანება, რომელსაც ბატონი ნ. ცხაკაია და სხვები ხელმძღავენლობენ, იქაც ბევრი რამ საინტერესოა.

ამასთან, იგივეს ვერ ვიტყვი მეტალურგიული კონცერნის შესახებ, რომლის შექმნამ, პრაქტიკულად, არაფერი არ მოიტანა, გარდა იმისა, რომ ბატონი გურამ ქაშაკაშვილი ორ-ორი თვით ზის მოსკოვში და რაღაც საკითხებს აგვარებს. მეტალურგიული ქარხანა და მთლიანად ეს კომპლექსი, პრაქტიკულად, სახელმწიფოს კისერზეა სახელმწიფოს სარჩენია.

- ეს უნდა იცოდნენ მეტალურგებმა. აბა იანგარიშეთ, რამდენი მილიარდი და ტრილიონი უნდა შემოეტანა ამ ქარხანას სახელმწიფო ბიუჯეტში და არ შემოიტანა. ერთხელ ვაპატიეთ, ორჯერ, სამჯერ, და ა.შ თავისთავად, სიახლე არაფერს ნიშნავს, საჭიროა, ისეთი სიახლე, ისეთი ექსპერიმენტი, რომელიც შედეგს მოგვცემს.

ვთხოვ ეკონომიკის, მრეწველობის სამინისტროებს და ზოგიერთ სხვა სამინისტროებს (დარწმუნებული ვარ, ეს სამინისტროები დარჩებიან შესაბამისი რეორგანიზაციის, საპარლამენტო თუ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ), რომ ცოტა სხვაგვარად მიხედონ იმ სფეროებს, რომლებიც უშუალოდ მათ დაქვემდებარებაში არ არიან. დარწმუნებული ვარ, რომ, თუ არ იქნება სერიოზული სახელმწიფო კონტროლი, სახელმწიფო არ მართავს ამ პროცესებს, ისე კონცერნების შექმნა სასურველ შედეგს არ მოგვიტანს. ეს ეხება, კერძოდ, მეტალურგიულ კონცერნს, რომელიც, პრაქტიკულად, გამოვიდა სახელმწიფოს მეთვალყურეობის სფეროდან. მინისტრთა კაბინეტი ვერ ახორციელებს კონტროლს, ვერ ეხმარება და ამის გამო არის სხვადასხვა ქვეყების მილიონობით და მილიარდობით დავალიანება, განსაკუთრებით იმ ქვეყნებისა, რომლებიც გაზს და ზოგიერთ საწვავს, ენერგეტიკულ წყაროებს გვაწვდიან.

ასეთი შენიშვნაც უნდა გამოვთქვა: ჯერჯერობით ჩვენს წამყვან სტრუქტურებში, ეკონომიკაში, არ მომხდარა ძირეული ძვრები, არ სრულდება საბაზრო ეკონომიკის მოთხოვნები მისი განვითარების ინტერესებისათვის. მე ვიტყოდი, დაკონსერვებულია „საქენერგო“ დიდი ძალისხმევის შედეგად მოხერხდა ის, რომ ადგილობრივი ქსელი ნაწილობრივ გადაეცა მერიებისა და რაიონების ხელმძღვანელობას. მაგრამ ამას არ მოჰყოლია შემდგომი აუცილებელი მუშაობა, რათა ეს საქმე ბოლომდე იყოს მიყვანილი. ჩვენი მიზანი ის არის, რომ მომხმარებელს მივაწოდოთ ელექტროენერგია და ავინაზღაუროთ ის დანახარჯი, რაც სახელმწიფომ გაიღო, ესე იგი, საბაზრო ეკონომიკის მოთხოვნების შესაბამისად, მოგვარდეს ყიდვა-გაყიდვის პროცესი. პრაქტიკულად არაფერი არ გაკეთებულა. შემაშფოთებელია ის ციფრები, რომლებიც პრემიერ-მინისტრმა აქ დაასახელა. შეიძლება ნორმალურად იარსებოს ქვეყანამ, რომელიც ახლა 18-20 მილიარდ კილოვატსაათ ენერგიას ჰყიდის და არაფერს იღებს? თუ თქვენ კონცერნი, გაერთიანება ხართ, გნებავთ, სხვა სახელი დაირქვით, ფეხი უნდა აუწყოთ იმას, რასაც საბაზრო ეკონომიკა ჰქვია და უნდა იმუშაოთ მის რეჟიმში. სამი-ოთხი თვის განმავლობაში არა ერთხელ დაგვჭირდა იმის შეხსენება, რომ თბილისის ქსელი გადასულიყო სამეურნეო ანგარიშზე, დამოუკიდებელ ორგანიზაციად გადაქცეულიყო, მე არაფერს ვამბობ სხვა ორგანიზაციებზე. დიდი ძალისხმევა გახდა საჭირო იმისათვის, რომ თბილისმა თავის ბალანსზე გადაიტანოს ის ქსელი, რომელიც მას ემსახურება. მსგავსი მრავალი მაგალითის დასახელება შემიძლია.

არავითარი ძვრები, არავითარი ცვლილებები არ არის კონცერნ „საქგაზის“ საქმიანობაში. ერთადერთი, რასაც ახერხებენ, ეს ის არის, რომ დაახლოებით აღრიცხავენ დახარჯულს. ვფიქრობ, ასე მუშაობა შეუძლებელია, წარმოუდგენელია.

ჩვენ გვაქვს იმის გარკვეული რეზერვები და რესურსები, რომ დავაჩქაროთ საკუთარი ნავთობის, საკუთარი გაზის მოპოვება. ისიც უნდა ვთქვა, რომ „საქნავთობიც“ ასევე, დაკონსერევებულ რეჟიმში მუშაობს. ამას შემთხვევით არ ვამბობ. ყოველივე ეს, ბატონო ზურაბ, თქვენ გეხებათ! თქვენთან უნდა იბადებოდეს გარდაქმის, ახლი მოდელის შექმნის აზრები, იდეები. სამწუხაროდ, თქვენგან არაფერი არ მოდის. მე არ ვამბობ, რომ მარტო ზურაბ კერვალიშვილია დამნაშავე. ეს ყველა ჩვენგანს ეხება, მაგრამ, როცა ვხედავ, რომ აბსოლიტური უძრაობაა, ეს იმას ნიშნავს, რომ შესაბამისი დასკვნებიც ჩვენც და თქვენც უნდა გამოვიტანოთ.

ძალიან მენიშნა და ჭკუაში დამიჯდა ის წინადადება, რომელიც ბატონმა თემურ შაშიაშვილმა წამოაყენა: გაჩნდეს რაღაც სტრუქტურა, გინდ კერძო, გინდ ნახევრად კერძო, ნახევრად სახელმწიფოებრივი, რომელიც ან ავანსად აიღებს, ან კრედიტს აიღებს ბანკებიდან, ანგარიშს გაუსწორებს „საქენერგოს“ და რაღაც ნაწილს მაინც დაფარავს. თუ ახალი გზები არ ვეძებეთ, ჩვენ ისევ და ისევ კონსერვის ქილებში ვიქნებით… ეს მარტო ერთ და ორ რაიონს, ერთ და ორ სტრუქტურას როდი ეხება.

ბატონმა გია ლომინაძემ სავსებით მართებულად მოგვახსენა, რომ აბაშის რაიონში შეიძლება იყოს ძალზე კარგი მოსავალი. კლასიკური ფერმერული გაერთიანების შექმნის კარგი წამოწყებაა! მადლობელი ვარ იმ ადამიანებისა, რომლებმაც ამას თავი მოაბეს. მაგრამ უნდა ვიფიქროთ, როგორ გამოვიტანთ მოსავალს, როგორ ავუნაზღაურებთ შრომას იმ ხალს, ვინც ამ საქმეშია ჩაბმული. თუ აქ გავკოტრდით, მაშინ კაპიკია ფასი, მეორედ იმ რაიონში ვეღარ შევალთ ამაზე, სამწუხაროდ, ძალიან ცოტას ვფიქრობთ. ალბათ, პურპროდუქტების კორპორაციას უნდა ჰქონდეს გარკვეული მოსაზრებები, როგორ გამოიტანოს მოსახლოებისათვის ვარგისი სიმინდის ფქვილი, ასევე კომბინირებული საკვების წარმოებისათვის საჭირო ფქვილი, როგორ მოიხმაროს ჩალა, სხვა ნარჩენები. თუ ამას არ გავაკეთებთ, არ მოვიფიქრებთ, ბატონო ანზორ, მაშინ ჩვენი მიღებული ბრძანებულება კონცერნიდან ახალ სისტემაზე თქვენი გადასვლის შესახებ, რომ ნახევრად სახელმწიფოებრივი, ნახევრად სააქციო საზოგადოება იყოთ, - ტყუილად დროის ხარჯვა გამოვა.

შარშან, თელავში თათბირზე, ჩვენს მოსახლეობას შევპირდით, რომ ოღონდ ყურძენი ეწარმოებინათ, დანარჩენს ჩვენ მოვიფიქრებდით და მოვაგვარებდით. შარშანდელი მოსავალი დაიღუპა. ვხედავ, რომ წლევანდელი წლის მოსავალსაც იგივე ბედი ელოდება, რადგან ჯერაც არ ჩანს მომხმარებელი. მოსაფიქრებელია, როგორ უნდა გავისტუმროთ, როგორ უნდა გადავიხადოთ, ან ბანკირები როგორ დავაინტერესოთ, როგორ ჩავაბათ ამ საქმეში. გარწმუნებთ, რომ მოსახლოება არ დაკარგავს მოსავალს, შემოვლენ აზერბაიჯანიდან, გადაუხდიან ორჯერ მეტს და ის ხალხი მოიგებს. ვიცი, რომ მთელი გაერთიანებები დარბიან, მოსახლეობასთან აქვთ კონტაქტი, რათა შეისყიდონ ყურძენი, რომელიც ჩვენს ვაწარმოეთ. ამას იმიტომ მოგახსენებთ, რომ თუ ვერ ავუწყობთ ფეხს საბაზრო ეკონომიკის მოთხოვნებს, მაშინ ლაპარაკი ზედმეტია, მთელი ეკონომიკის გლობალურ გამოცოცხლებაზე და გამოცოცხლების სიმპტომებიც, პირველი ყლორტებიც, ალბათ, განადგურდება, დაიკარგება.

ვთხოვ ჩემს მეგობრებს, ბატონებს, ბ. ვარშანიძეს, რ. ვაშაკიძეს, ავტოტრანსპორტის ხელმძღვანელებს და სხვებს, სწორად გაიგონ აქ გამოთქმული ჩემი კრიტიკული შენიშვნები. ტრანსპორტი საქართველოსათვის პრიორიტეტია ქვეყანა სატრანზიტო სახელმწიფო ხდება - ეს რეალურად დგას დღის წესრიგში. ეს არის შემოსავალი და ამ შემოსავლის დაკარგვა დანაშაულია. ჩვენი სიმდიდრე ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობაა. ამიტომ, ძალიან გთხოვთ, მოიწვიოთ უცხოელი სპეციალისტები, მოაგვაროთ საქმე ისეთნაირად, რომ უახლოეს, ორ-სამ თვეში სატრანსპორტო კომპლექსის მუშაობა გავმართოთ. ზღვა, რკინიგზა, ავტოტრანსპორტი, საჰაერო ტრანსპორტი ერთმანეთთან უნდა იყოს დაკავშირებული. ამიტომაც, შემოვიღეთ კოორდინატორის ინსტიტუტი, რომელიც მოგზაურობით, კი კარგად მოგზაურობს, მაგრამ მისი მუშაობიდან ჯერჯერობით შედეგს ვერ ვხედავთ. ისევ და ისევ მინისტრთა კაბინეტი უნდა გვთავაზობდეს კომპლექსურ ღონისძიებათა სქემას, რომელმაც ქვეყანა ამ მდგომარეობიდან უნდა გამოიყვანოს. ისეთი პერსპექტივებია, რომ ტრანსპორტმა შეიძლება შეინახოს საქართველო. მარტო ლაპარაკი იმაზე, გაივლის თუ არ გაივლის ნავთობსადენი ან გაზსადენი - არაფერის მომცემია. ზოგიერთ არასწორ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც გაისმის, მინდა გითხრათ, რომ ყოველდღიურად ვმუშაობთ სახელმწიფოთა მეთაურების დონეზე, კონცერნებთან, გაერთიანებებთან, ყველასთან, ვისაც ეს ეხება. მაგრამ მარტო ნავთობში როდია საქმე. შეიძლება ნავთობსადენი არ გავიდეს საქართველოზე, მაგრამ ყველა შემთხვევაში საქართველო მაინც იქნება უზარმაზარი სატრანსპორტო მაგისტრალი, რომელმაც უნდა გაატაროს დიდძალი ტვირთები... ამიტომაც, დღეს მწარე რეაგირება მოვახდინე ზოგიერთ გამოსვლაზე და გთხოვთ, აქედან გამოიტანოთ სათანადო დასკვნები ყოველგვარი განაწყენების გარეშე.

ბიუჯეტთნ დაკავშირებით ასეთი შენიშვნა მინდა გამოვთქვა: მივესალმები იმას, რომ ჩვენმა რწმუნებულებმა, ასე თუ ისე, აითვისეს ეს სფერო. წინათ, არც ადგილობრივ და არც რესპუბლიკურ შეკრებებზე არ იყო საუბარი, ბიუჯეტის შესახებ. ახლა უკვე იგრძნობა, რომ რწმუნებულებიც, გამგეობებიც საქმის კურსში არიან, მუშაობენ, ზრუნავენ იმისათვის, რომ ქვეყანას, რაიონს, ქალაქს თავისი ბიუჯეტი ჰქონდეს. ნათქვამს აღარ გავიმეორებ, თუ რა მიიღო დედაქალაქმა იმ უფლებების შედეგად, რომელიც მას მიეცა, რა მიიღეს ქუთაისმა, გორმა, ფოთმა და სხვებმა. ამას თქვენ თვითონ გრძნობთ. მაგრამ ახლა სხვა დრო დადგა. ბატონმა ნოდარ ჭითანავამ ერთი შენიშვნა გამოთქვა. არ ეთანხმება, რომ ბიუჯეტი უდეფიციტოა, რა თქმა უნდა, არ არის სწორი, რომ ჩვენ უდეფიციტო ბიუჯეტი გვაქვს, უფრო სწორად, ბიუჯეტი დაბალანსებულია და არა უდეფიციტო. ჩვენმა ხალხმა, უნდა იცოდეს, რომ ჩვენი ბიუჯეტის 80 პროცენტი არის ჩვენი მეგობრების დახმარება - ეს არის ხორბალი, ის პროდუქტები, რომლებსაც ჩვენ ვღებულობთ და რომელთა რეალიზაციის უფლება მოგვცეს და პირდაპირ გვითხრეს, თქვენ ამის რეალიზაციას მოახდენთ და ეს იქნება თქვენი ბიუჯეტის შემადგენელი ნაწილიო.

შემდეგ თათბირებსა და შეხვედრებზე გავარჩიოთ, რამდენია შემოსავალი ადგილობრივ, სამხარეო თუ რესპუბლიკურ ბიუჯეტში იმ წარმოების ხარჯზე, რომელიც რეალურად ფუნქციონირებს რაიონებსა და ქალაქებში. ესე იგი, საკუთარი შემოსავლები და ის შემოსავლები, რომელიც უცხოელ მეგობართა მიერ მოწოდებული პროდუქტის და პროდუქციის რეალიზაციიდან ან კრედიტების ხარჯზეა მიღებული. ამას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ.

ჩვენი რწმუნებულების საყურადღებოდ: სამხარეო ბიუჯეტის მიმართ მე ცოტა განსხვავებული მიდგომა მაქვს, ხომ არ შეიძლება ვიფიქროთ, რომ მხარეს ჰქონდეს თავისი ბიუჯეტი, მაგრამ იგი შედგებოდეს რაიონებისა და ქალაქების საბიუჯეტო შემოსავლის ნაწილისგან და სამხარეო ადმინისტრაცია დიდად იყოს დაინტერესებული რაიონების, ქალაქების ბიუჯეტების, საშემოსავლო ნაწილის ზრდით, ესე იგი წარმოების გაფართოვებით, ეკონომიკის გაძლიერებით. მაშინ რაღაც გარკვეული პროცენტის ხარჯზე იქნება სამხარეო ბიუჯეტი, შეიძლება ეს გზა ავირჩიოდ. ამ შემთხვევაში, მთლიანად ეს სისტემა და სტრუქტურა, სამხარეო მოწყობა და სხვა, უნდა განვიხილოდ როგორც ადგილობრივი ბიუჯეტების შემადგენელი ნაწილი, თუმცა დამორჩილება უშუალოდ დაკავშირებული იქნება ცენტრთან. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ვიფიქროთ და მოვძებნოდ ყველაზე კარგი გადაწყვეტილებები.

ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი რომელიც ბატონ თემურ ფიფიამ წამოაყენა - ფუნქციების ზუსტი გამიჯვნა. ავტონომია ჯერჯერობით ავტონომიაა და ბატონ ასლან აბაშიძესთან სრული გაგება მაქვს ამ საკითხში - უნდა გაიმიჯნოს რა არის ცენტრის ფუნქცია და რა არის ავტონომიური რესპუბლიკის გადასაწყვეტი. ეს უნდა იყოს ყველაზე ოპტიმალური და მისაღები მაგალითი, რომელიც შემდგომ გამოგვადგება ზოგიერთი სხვა რეგიონის მიმართ. ამავე დროს, ძალიან მკვეთრად უნდა გაიმიჯნოს მხარეების, ადმინისტრაციების, რაიონებისა და ქალაქების ადმინისტრაციათა ფუნქციები, ისევე, როგორც, ადგილობრივი თვითმმართველობისა, მხედველობაში მაქვს თემები, დაბები და ა.შ. ეს დიდი სამუშაოა. ამასთან დაკავშირებით, შეიძლება დაგვჭირდეს სპეციალური შეკრება და სანამ პარლამენტი განიხილავს და მიიღებს შესაბამის კანონებს, მივიღოდ ისეთი ნორმატიული აქტი, რომელიც გამოსადეგი იქნება ყველა რაიონის, ყველა ქალაქის, ყველა მხარისათვის და რომელიც,რაც მთავარია სტიმულს მისცემს წარმოებას და ბიუჯეტში საშემოსავლო ნაწილის გადიდების საქმეს. გამიჯვნის შემდეგ საგადასახადო და სხვა სისტემა ისე უნდა მუშაობდეს, რომ გადასახადი ტვირთივით არ ჰქონდეს ჩამოკიდებული კისერზე ყველა გამგებელს, ყოველ კომლს. ჩვენ ყოველ კომლთან ჩაფარს ან პოლიციელს ვერ დავაყენებთ, ეს შეუძლებელია, ამიტომ საჭიროა ისეთი მექანიზმის შემუშავება, რომელიც ყველასთვის მისაღები იქნება.

გუშინ საუბარი გაიმართა ბიზნესმენებთან მუშაობის გააქტიურების თაობაზე. არც ერთი ბიზნესმენი, არც ერთი დამოუკიდებელი მეწარმე ჩვენს დღევანდელ თათბირს არ ესწრება. ეს კატეგორიულად არ არის სწორი. ის ხალხი, რომელიც მატერიალური წარმოების სფეროში, ვაჭრობაში მუშაობს და საერთოდ, ბიზნესშია ჩართული, ვისაც სახელმწიფოს მხარდაჭერა და სახელმწიფო წესრიგი სჭირდება, ჩვენთან უნდა იყოს, უნდა მონაწილოებდეს სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში, ცალკეული გადაწყვეტილების მიღებაში და მათ ფაქტის წინაშე არ უნდა ვაყენებდეთ, თუ ისინი ჩვენი პარტნიორები არიან, მოვექცედ როგორც პარტნიორებს, დაგეგმილი მაქვს, ამ მოკლე დროში აუცილებლად შევხვდე ბიზნესმენებს, მეწარმეებს, ბანკირებს და მინდა, რომ ეს საუბარი აბსოლუტურად გულახდილი იყოს. ამ საუბარში მონაწილეობას მიიღებენ ცალკეული გამგებლები, ქალაქების ხელმძღვანელები, და სხვები.

ყველაზე მეტად რაც ამჟამად აწუხებს ჩვენს მოსახლეოებას არჩევნებთან დაკავშირებით, ეს არის ისევ და ისევ შიში, ძალაუფლება იარაღიანმა ადამიანმა არ იგდოს ხელში, მართალი იყო ბატონი თ. ბასილია, რომელმაც შენიშნა, რომ ქართველი ბიზნესმენები, ვისაც კაპიტალი გაუჩნდა, მზად არიან ფული დააბანდონ აქვე, არ გარბიან რუსეთში, საზღვარგარეთ. ეს ძალიან დიდი მონაპოვარია. ვინც ამას ხელს შეუშლის (და ხელს შეუშლის მხოლოდ იარაღიანი კაცი) ის საქართველოს, თავისი ხალხის მტერია. რაც შეეხება სამთავრობო სტრუქტურებში წესრიგის დამყარებას, კორუფციის აღმოფხვრას და სხვა. ეს დამოკიდებული იქნება ხელისუფლებაზე, რომელიც ამას შეებრძოლება და იდეალურ ყოველ შემთხვევაში, ოპტიმალურ პირობებს შეუქმნის ბიზნესმენებს, მაღალეფექტიანი საქმიანობისათვის.

მინდა პირობა მივცე საქართველოს მოსახლოებას, რომ არ დავუშვებთ შიარაღებული რაზმების პოლიტიკურ ძალად გადაქცევას, ეს დაღუპავს ქვეყანას! დავიწყეთ გამოცოცხლება, დავადექით განვითარების ნორმალურ გზას და ჩვენ ამ გზიდან არ გადავუხვევთ.

აქ კიდევ ერთი რამ არის გასათვალისწინებელი. ზოგიერთი ცდილობს თავისი შავი და ბოროტი ზრახვა და ის გარემოება, რომ მას იარაღიანი კაცის, ესე იგი უკანონო შეირაღებული ფორმირების რეპუტაცია აქვს, ამით დაფაროს, რომ გევრდით, როგორც საფარი, დაიყენოს ინტელიგენციის წარმომადგენელი. არ გამოვა ეს, მივმართავ ჩემს მეგობრებს. ვიცი, რომ თქვენ საქართველოს პატრიოტები ხართ და თქვენ ისეთ საქმეში ჩაგრთავენ, რომელსაც წუმპე ჰქვია და შემდეგ ამ წუმპედან ვეღარ ამოხვალთ. თუ ინტელიგენციას ვინმემ უნდა უშველოს, უნდა უშველოს ძლიერმა სახელმწიფომ, ძლიერმა ეკონომიკამ, ძლიერმა ფინანსებმა და არა ცალკეულმა შეიარაღებულმა ფორმირებებმა. ეს გამორიცხულია.

ასევე მინდა გამოვთქვა ზოგიერთი გამგებლის საყურადღებოდ: თავი დაანებეთ თამაშს ასეთ რაზმებთან. გუშინ ვთქვი და დღესაც ვიმეორებ - ჩადექით სახელმწიოს სამსახურში. თქვენთვის ორიენტირი უნდა იყოს სახელმწიფო, მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო. ხშირად თქვენც ფარად გიყენებენ და დამიჯერეთ, როცა გამოგიყენებენ, როგორც ნახმარ ხელთათამანს, ისე გადაგაგდებენ, ეს ასე იქნება, თუ ოდესმე ყოფილა სიფრთხილე საჭირო, დღეს, არჩევების წინ, მართებს საქართველოს მოსახლოებას სიფრთხილე და სიფხიზლე, რომ არ განმეორდეს ის, რისი მოწმეც ჩვენ რამდენჯერმე ვიყავით ამ 5-6 წლის განმავლობაში.

გთხოვთ, ბატონ ო. ფაცაციას და კოლეგებს მინისტრთა კაბინეტიდან, ჯართის გატანაზე ლაპარაკი აღარ იყოს. ერთი გრამი საქართველოდან არ უნდა გავიდეს. დააწესეთ ცეცხლის ფასი, რომლის გადახდა ძალზე ძნელი იქნება. გამგებლებმა, რწმუნებულებმა და სხვებმა მიიღეთ ზომები, რომ საქართველო აღარ იძარცვებოდეს. იმდენი სპილენძია საქართველოდან გატანილი, რომ ალბათ, წონა არა აქვს, არადა, ეს ოქროა ჩვენთვის, 18-20 კმ მარტო მაღალი ძაბვის სადენებია ჩამოხსნილი ენგურამდე კავკასიონის ხაზზე. მსოფლიოში არავინ დაიჯერებს, რომ დედამიწის ზურგზე არის ქვეყანა, სადაც მაღალი ძაბვის სადენებს, რომელმაც უნდა კვებოს ქვეყანა, ვანგრევთ და ვსპობთ ჩვენი ხელით. თუ კანონები გვაკლია, გთხოვთ სასწრაფოდ დაჯექით, შეიმუშავეთ ის კანონები, რომლებიც საჭიროა იმ უკანონობის არსაკვეთად.

ასეთივე და კიდევ უფრო დიდი უბედურება გვჭირს ხე-ტყესთან დაკავშირებით. მაქვს მონაცემები რომლის მიხედვით, მთელ რიგ რაიონებში პირდაპირ მიმდინარეობს გაჩანაგება ეროვნული სიმდიდრისა, არა მარტო დღევანდელი თაობების ინტერესების თვალსასზრისით. ის ტყეები, რომელიც საქართველოს ტერიტორიის თითქმის ნახევარია, ჩვენი წინა თაობების მონაპოვარია, მათ შემოგვინახეს საუკუნეების განმავლობაში. ჩვენმა წინაპრებმა ეს უზარმაზარი სიმდიდრე ჩვენამდე მოიტანეს. ჩვენ კი დავერიეთ, დავჩეხეთ და გაგვაქვს, ვეზიდებით. კატეგორიულად ვაყენებ საკითხს: იმ რაიონის გამგებელი, რომელიც დაუშვებს უკანონო ჭრას, თავის ადგილზე არ უნდა იყოს. მას, ალბათ, საქმე უნდა ჰქონდეს პროკურატურასთან.

ორი ფაქტი, გარდაბნის რაიონში სამხარეო ადმინისტრაციამ და მისმა სტრუქტურებმა დააკავეს ლენტეხიდან წამოსული მანქანები, რომელთაც დოკუმენტების გარეშე გაჰქონდათ 70 კუბური მეტრი დახერხილი საშენი მასალა, დააკავეს მანქანების მეორე ჯგუფი 80 კუბური მეტრი ხე-ტყით, ორივე ჯგუფს აცილებდნენ გარდაბნის რაიონის თანამშრომლები.

ბატონ ლევან მამალაძის საყურადრებოდ: თუ თქვენ ასეთი თანამშრომლები გყავთ და თქვენ ამას ეგუებით, მაშინ თქვენ თქვენს ადგილზე არ ხართ. მე მიმაჩნია, რომ პოლიციის ისეთი განყოფილება, რომელიც ასეთ ფაქტებს დაუშვებს, უნდა დაიშალოს, აღარ ვლაპარაკობ განყოფილების უფროსზე და სხვებზე, სხვათა შორის ხუთ ფურცელზე მაქვს მონაცემები ამგვარ დარღვევებზე და არც ერთი მათგანი გამგებლის და პოლიციის დახმარების გარეშე ჩადენილი, ფრთხილად იყავით, მეგობრებო, ქვეყნის სიმდიდრეს გაუფრთხილდით.

დაიწყო ძალზე სერიოზული გარდაქმნები ჯანმრთელობის სფეროში. ლაპარაკი იმაზე, რომ ეს ძალზე მგრძნობიარე სფეროა და არც ერთი ოჯახი გულგრილი არ არის იმ პრობლემებისადმი, ალაბათ, ზედმეტია. ჩვენ შვეცადეთ ის პატარა შესაძლებლობებიც კი რაც გაგვაჩნდა, გამოგვეყენებინა იმისათვის, რომ, რაც შეიძლება უმტკივნეულოდ გადავიდეთ სამედიცინო მომსახურების ახალ სისტემაზე. სამედიცინო საზოგადოების საყურადღებოდ მინდა ვთქვა: ძალიან გვიჭირს, როგორც იტყვიან, კაპიკებს ვითვლით, მაგრამ მინისტრთა კაბინეტმა, ჯანმრთელობის დაცვის, ფინანსთა სამინისტროებმა და სხვებმა, ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ მიმდინარე წლის განმავალობაში, სამეურნეო ანგარიშებზე გადასვლის პარალელურად, ხელფასებით იყოს უზრუნველყოფილი და გარანტირებული ყველა სამედიცინო დაწესებულება, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტზეა. მომავალში მე ასე წარმომიდგენია: როგორც კი ფეხზე დავაყენებთ ადგილობრივ ბიუჯეტს, მთელი სამედიცინო სისტემა, გარდა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრებისა, უნდა გადავიდეს ადგილობრივ ბიუჯეტზე. დედაქალაქში, ეს, პრაქტიკულად, განხორციელდა, ქუთაისშიც ხორციელდება. სხვა გამოსავალი არ არის - ჩვენ უნდა შევქმნათ პირობები იმისათვის, რომ ადგილობრივ ბიუჯტებს გაუჩნდეს სერიოზული წყაროები, რათა მან შეინახოს მედიცინა, გარკვეულწილად, განათლების სისტემა და სხვა.

ძალზე დიდი მადლობა მინდა მოვახსენო საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას, მის უწმინდესობას ილია მეორეს. გუშინ „დიდგორობაზე“ მოიყვანეს უპატრონო ბავშვები, ქუჩა-ქუჩა რომ დარბოდნენ, ახლა ისინი, სავსებით ნორმალურად გამოიყურებიან, ჯანსაღი, ჯანმრთელი ბავშვები არიან - მათ ეკლესია უვლის, ჩვენ ყველა რაიონში, ქალაქში გვაქვს იმის საშუალება, რომ ბავშვები ქუჩას არ მივანდოთ, არ გავამათხოვროთ, ყველას გააჩნია ამის საშუალება, სასიკეთო მაგალითები ძალზე ბევრია. რა თქმა უნდა, სახელმწიფო პირველ რიგში იზრუნებს იმისათვის, რომ ჩვენი მომავალი თაობა დაცული იყოს.

ცნობისათვის კიდევ ერთი განცხადება, გუშინ სერიოზული საუბარი შედგა ტერორიზმის აღკვეთასთან დაკავშირებით. ტერორიზმის აღკვეთასთან დაკავშირებით ტერორიზმის აღკვეთა შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი სტრუქტურები თავის სიმაღლეზე დადგებიან. მე დღეს მივიღე გადაწყვეტილება, შეიქმნას სახელმწიფო საგანგებო კომისია, რომელსაც სათავეში ჩაუდგება გენერალური პროკურორი, მისი მოადგილე იქნება ჩემი მრჩეველი ბატონი ნუგზარ საჯაია. კომისიის საქმიანობაში ჩავრთავთ უმაღლესი რანგის სპეციალისტებს, შევისწავლით ყველა ორგანოს მუშაობას და იქნება გამოტანილი შესაბამისი დასკვნები. თუ შესაბამისი სტრუქტურები არ აკეთებენ იმას, რაც საჭიროა, აუცილებელია ტერორიზმის აღსაკვეთად, მაშინ, ასეთი სტრუქტურები უნდა დაიშალოს, საჭირო არ არის. ეს იქნება ძალიან დიდი, შრომატევადი საქმე. მე ვფიქრობ, რომ ამას, ალბათ, თვე თვე-ნახევარი დასჭირდება და ჩვენი საზოგადოება გაიგებს, ვინ რას აკეთებს.

ქვეყნის ეკონომიკის წინსვლისათვის // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 16 აგვისტო. - 103(2019). - 1,2 გვ.

63 „ძირითად პოლიტიკურ ძალთა თანამშრომლობამ კონსტიტუციის განხილვის პროცესში ყველაზე სერიოზულ გამოცდას გაუძლო“

▲ზევით დაბრუნება


ედუარდ შევარდნაძის 21 აგვისტოს რადიოინტერვიუ

- გასული კვირის ეკონომიკური მოვლენების ანალიზისას, ალაბათ, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო საყოველთაოდ ცნობილი რეფორმატორისა და ეკონომისტის ბატონ ბალცეროვიჩის ვიზიტი საქართველოში. მან ინტერვიუში აღნიშნა: ეკონომიკური რეფორმის მიმდინარეობის დროს ხშირად აკრიტიკებენ რეფორმას და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ, მთავარია, რომ ეს კრიტიკა იყოს სამართლიანი და არა პოლიტიკური კონიუნქტურით განპირობებული, ეს სიტყვები იმიტომ გავიხსენე, რომ საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ რეფორმებს ძალიან მაღალი შეფასება მისცეს სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკის, ევროპის რეკონსტრუქციის ბანკის წარმომადგენლებმა. გვახსოვს ბატონ მიშელ კამდესიუს შეფასებაც. ასეთივე აზრის არის ბატონი ბალცეროვიჩიც, კაცი, რომელიც, თუ შეიძლება ითქვას, ავტორია უზარმაზარი რეფორმისა პოლონეთში, და არა მარტო იქ, იგი ბევრ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში ეკონომიკური რეფორმების კონსულტანტი იყო. ამის მიუხედავად, პოლიტიკურ წრეებში ხშირად უარყოფითი შეფასება ისმის ხოლმე საქართველოში მიმდინარე ეკონომკური რეფორმების მიმართ, მით უმეტეს, არჩევნების წინა პერიოდში...

- ჟურნალისტ ნატო ონიანის ამ შეკითხვის პასუხად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ - სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა:

- ბატონ ბალცეროვიჩის ჩამოსვლას საქართველოში პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა. ეს პიროვნება ავტორია რეფორმების ისეთი სახეობისა, რომელსაც შოკურ თერაპიას უწოდებენ, და, რომელმაც, მართალია, მოგვიანებით, მაგრამ, ძალიან მაღალი შედგები მისცა პოლონეთის ეკონომიკის გამოცოცხლების, განვითარებასა და მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესების თვალსაზრისით. ბალცეროვიჩი მსოფლიოს რანგის ექსპერტად ითვლება. მან რამდენიმე დღე იმუშავა ჩვენს უწყებებში, შეხვდა ბიზნესმენებს, ბანკირებს, სპეციალისტებს. მისი შეფასება საკმაოდ მაღალია. მას მიაჩნია, რომ საქართველო ნამდვილი რეფორმების გზით მიდის.

საინტერესო იყო ჩვენი შეხვედრა, საინტერესო საუბარი გაიმართა, ბევრი რამ სასარგებლო მივიღეთ მისი გამოცდილებიდან.

ამას წინათ საქართველოში იმყოფებოდა ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობი შადმან ვალავი, რომელიც ფრიად კმაყოფილი წავიდა იმით, რომ სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები სკრუპულოზურად სრულდება. თუ ასე გაგრძელდება, მსოფლიო ბანკთან და სავალუტო ფონდთან თანამშრომლობა კვლავ აღმავალი გზით განვითარდება. წესით ახლა, ამდენი არგუმენტებისა და რეალური სიტუაციის გათვალისწინებით, აღარავინ უნდა დავობდეს იმაზე, რომ საქართველო რეფორმების გზას დაადგა. რაც შეეხება, ზოგიერთი პოლიტიკური ძალის ხელისუფლებისადმი ბრალდებას, რომ რეფორმები არ მიმდინარეობს, რომ ხელისუფლება არ შესწევს რეფორმების განხორციელების უნარი - ალბათ, არ არის გასაკვირი - იწყება წინაასარჩევნო ეტაპი და ისე როგორც სხვა ქვეყნებში, ჩვენთანაც მოსალოდნელია ერთგვარი დემაგოგიისა და პოპულიზმის აღზევება. ამოცანა ის არის, რომ ყველაფერი ვიღონოთ, რათა საარჩევნო კომპანია საქმიან რელსებზე გადავიყვანოთ. როგორც კი საკონსტიტუციო პროცესი დამთავრდება, ხელისუფლება რეალურად უნდა დაეხმაროს მოსახლოებას, რომ იგი გაერკვეს, რა არის ნამდვილი რეფორმა, რა შედეგი მივიღეთ და როდის იქნება პრაქტიკული ნაყოფი. რეფორმის დასაწყისს არც ერთ ქვეყანაში არ ახლავს უეცარი კეთილდღეობა, პირიქით, იგი ერთგვარი სოციალური პირობების გაუარესებით ხასიათდება, მაგრამ ეს დროებითი მოვლენაა. ამის მაგალითია იგივე პოლონეთი, ევროპის მრავალი ქვეყანა, ბალტიისპირეთის სახელმწიფოები და სხვები.

ჩემთან საუბრის დროს ბატონმა ბალცეროვიჩმა თქვა ასეთი ფრაზა: რადგან საქართველო კონსტიტუციას იღებს, მთავარია მოხდეს რეფორმების კონსტიტუციური უზრუნველყოფა და შეუქცევადობა ე.ი კონსტიტუციაში უნდა ასახონ ისეთი დებულება, რომელიც უზრუნველყოფს რეფორმების შეუქცევადობას და საბაზრო ეკონომიკისკენ მიმავალი ქვეყნისთვის კანონის ძალას მიიღებს.

გუშინ შემთანხმებელ კომისიაში შევეცადეთ, რომ ამ სურვილმა, პრაქტიკული ასახვა პოვოს. თუმცა კონსტიტუციის პროექტში გვქონდა სათანადო დებულებები, მაგრამ ისინი უფრო გავაძლიერეთ.

ორიოდე სიტყვით ეკონომიკაზე. როგორც ცნობილია, ამ რამდენიმე დღის წინათ გაიმართა გაფართოებული თათბირი, რომელზეც მოხსენება გააკეთა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ოთარ ფაცაციამ, მონაწილეობდნენ გამგებლები, რწმუნებულები, მინისტრები, დეტალებზე არ შევჩერდები, მხოლოდ ერთ პრობლემას შევეხები: ეს არის ქვეყნის ეკონომიკის, ეკონომიკური ცხოვრების, ფინანსური, საბანკო საქმიანობის გამოცოცხლების და გააქტიურების გამოკვეთილი ტენდენცია. მაგალითად ერთი მონაცემი, რომელსაც ყურაღება მივაქციე: საცალო ვაჭრობისა და საზოგადოებრივი კვების ყველა სექტორში საქონელბრუნვამ მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში 116 ტრილიონი კუპონი შეადგინა (აქ არ იგულისხმება აგრარული ბაზრები, რომლებიც ცალკე კატეგორიაა და სადაც შესაძლოა, ეს მონაცემები კიდევ უფრო მეტი იყოს.) ეს ოთხ-ნახევარჯერ მეტია, ვიდრე შარშან. თავისთავად ეს მონაცმები მოწმობს, რომ ქვეყნის ბიუჯეტში შესაბამისი შემოსავლები იზრდება, იხდიან გადასახადს და ჩვენ უკვე რეალურ შედეგებს ვიღებთ.

კიდევ ერთი მაგალითი: შარშანდელთან შედარებით 15-20 პროცენტით შემცირდა ბოსტნეულის ფასები, სხვა პროდუქტებისა - უფრო ნაკლებად. ვფიქრობ, ესეც საგრძნობი უნდა იყოს ყველა ოჯახისათვის. ამ პროცესს ძალიან შეუწყო ხელი ბაზრობებმა, რომლებსაც ცალკეული რეგიონები მართავენ რწმუნებულებისა და გამგებლების ხელმძღვანელობით. გუშინ ვეთათბირე ბატონ ნიკო ლეკიშვილს, ქალაქის სხვა ხელმძღვანელებს და მინდა დავადასტურო ისიც, რომ ოქტომბრის შუა რიცხვებში გვექნება გრანდიოზული (თუ გადაჭარბებული არ არის) ბაზრობა, ნამდვილი „თბილისობა“, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ყველა რაიონი, ვისაც სურვილი ექნება, შემოიტანს და გაყიდის პროდუქციას.

რაც შეეხება ბანკთაშორის სავალუტო ბირჟას, აქაც ძალიან საინტერესო რამ მოხდა: გასულ კვირას ბრუნვამ სავალუტო ბირჟაზე 3.900 ათასი დოლარი შეადგინა - ასეთი დონე პირველად არის მიღწეული. საინტერესოა ისიც, რომ ძირითადად, ეს თანხა კომერციულმა ბანკებმა გამოიტანეს გასაყიდად. კურსი უცვლელია: ერთი დოლარი - ერთი მილიონ 300 ათასი კუპონი. თავისთავად ეს ციფრი ადამიანზე შოკს ახდენს, მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს - რაც უნდა იყოს, მილიონ სამასი ათასი კუპონია! როცა შემოვიღებთ ეროვნულ ვალუტას (და ამისთვის ნიადაგს ვამზადებთ) დამთავრდება ეს ასტრონომიული ციფრებიც და რეალურ თანხებზე ვილაპარაკებთ.

- გასულ კვირას საქართველოს პარლამენტმა ნაყოფიერად იმუშავა. მიღებულია თავები პარლამენტის, სასამართლო ხელისუფლების, მათ შორის კონსტიტუციური სასამართლოს შესახებ.

- მოკლედ გიპასუხებთ, რადგანაც დღეს პარლამენტის სხდომა გაიმართება და ამაზე საუბარი შედეგება. საკონსტიტუციო პროცესი საქართველოში ჩვენს დემოკრატიულ მონაპოვართა კონცენტრირებული გამოხატულებაა. ვისაც მართლა თვალზე რიდე არ აქვს აფარებული, ვინც ესწრება და უსმენს კონსტიტუციის განხილვას, ხედავს, რომ საქართველოს დემოკრატიულ ცხოვრებაში საოცარი ეტაპი დაიწყო, რაც პარლამენტში აისახა, პარლამენტში კი აისახება ის, რაც საზოგადოებაში ხდება. მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ საკონსტიტუციო პროცესი პარლამენტში, სახელმწიფო დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით მიმდინარე მოვლენების ანარეკლია. ძირითად პოლიტიკურ ძალთა თანამშრომლობამ კონსტიტუციის განხილვის პროცესში ყველაზე სერიოზულ გამოცდას გაუძლო.

პარლამენტის დღევანდელი სხდომა დამამთავრებელი ეტაპი იქნება. ხვალ, ალბათ, კონსტიტუციაზე მუშაობა დამთავრდება და დაჩქარებული ტემპებით ვიფიქრებთ საარჩევნო კანონზე. ისეთი ფუძემდებელი თავები, როგორიცაა ადამიანის უფლებების, პარლამენტის, პრეზიდენტის, სასამართლო ხელისუფლების შესახებ და ჩვენი კონსტიტუციის სხვა ზოგადი დებულებები, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, მსოფლიო სტანდარტების დონეზეა. მოსახლეობა თვითონვე დარწმუნდება ამაში, როცა კონსტიტუციას გაეცნობა. სწორედ ეს არის პოლიტიკურ ძალთა თანამშრომლობის უმთავრესი შედეგი - ხარისხი კონსტიტუციისა, რომელიც შეესაბამება დღევანდელი საქართველოს ინტერესებს და რომელიც აუცილებალდ გახდება იმის გარანტი, რომ საქართველო განუხრელად ივლის დემოკრატიის და აყვავების გზით.

რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს. უნდა ითქვას, რომ მივიღეთ ძალიან საინტერესო მოდელი, რის შესახებაც ჩვენ თავიდანვე ვლაპარაკობდით - ძლიერი პარლამენტი, ძლიერი პრეზიდენტი (აღმასრულებელი ხელისუფლება საერთოდ) და ერთმანეთთან შეწონასწორებული ხელისუფლების შტოები. რა თქმა უნდა, როცა ასეთი დიდი უფლებებია თავმოყრილი როგორც ერთი, ისე მეორე ინსტიტუტის ხელში, იქნება სადავოც და საკამათოც, თუნდაც პრეზიდენტის მიერ ვეტოს გამოყენების, ან იმპიჩმენტის საკითხი (ლაპარაკია არა მარტო პრეზიდენტის იმპიჩმენტზე - იგი ვრცელდება ყველაზე, ვისაც პარლამენტი ამტკიცებს) და სხვა მრავალი, ამისათვის, ისეთი ინსტრუმენტი, როგორიც საკონსტიტუციო სასამართლოა, აუცილებელია. ვფიქრობ წარმომადგენლობის ისეთი ნორმა, რომელიც გათვალისწინებულია ჩვენი კონსტიტუციის პროექტში (სამ მოსამართლეს ნიშნავს პრეზიდენტი, სამს-პარლამენტი და სამს-უზენაესი სასამართლო), გამორიცხავს ყოველგვარ მიკერძოებას და ამ ინსტიტუტის რაღაც მონსტრად გადაქცევის შესაძლებლობას. საკონსტიტუციო სასამართლო ხელისუფლებთა თანამშრომლობისა და სამართლიანობის გარანტი იქნება.

ამჯერად, სამწუხაროდ, არ მოხერხდება სახელმწიფოებრივი ტერიტორიული მოწყობის შესახებ თავის მიღება. ეს მოხდება საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ქვეყნის იურისდიქციის აღდგენის შემდეგ. გუშინ გვქონდა სპეციალური საკონსულტაციო შეხვედრა, წარმოდგენილ პარტიებს მიაჩნიათ, რომ ეს ყველაზე უფრო სწორი მიდგომაა. და კიდევ ერთ-ერთი ღირსება ამ კონსტიტუციისა, თუ მას მიიღებს პარლამენტი, ის არის, რომ იგი გამორიცხავს კრიზისებს, მაგალითად, მთავრობის, პარლამენტის დათხოვნას და სხვა. ამ თვალსაზრისით ჩვენ ძალიან მივუახლოვდით ამერიკულ მოდელს, თუმცა იგი ტრანსფორმირებულია საქართველოს სპეციფიკისა და თავისებურებების გათვალისწინებით.

- გუშინ ჭადრაკის სასახლეში გაიმართა პოლიტიკური ორგანიზაციის „მხედრიონის“ შეკრება. მინდა რამდენიმე ფრაზა წავიკითხო ბატონ ჯაბა იოსელიანისა და სხვათა გამოსვლებიდან: „შევარდნაძე პირადად მე ჩამოვიყვანე“ „ეს იყო დიდი შეცდომა, ვინაიდან შევარდნაძემ ვერ გაამართლა“. იყო საუბარი იმაზე, რომ თქვენ ძველი პარტიული ნომენკლატურული მენტალიტეტის მქონე პიროვნება ხართ და არ შეგიძლიათ დემოკრატიული რეფორმების განხორციელება, ამიტომ აუცილებლად უნდა წახვიდეთ პოლიტიკიდან. ამისათვის „მხედრიონმა“ ყველაფერი უნდა იღონოს, დაამყაროს კონტაქტები ყველა ჯანსაღ პოლიტიკურ ძალასთან, მათ შორის, კომუნისტებთანაც, რომლებიც დღეს ეროვნულ და სწორ პლატფორმაზე დგანან. ალბათ, აქ იგულისხმება ბატონ პანტელეიმონ გიორგაძის კომუნისტური პარტია, რადგან როგორც ვიცით, კომუნისტების სხვა შტოს. ჯერჯერობით ეროვნული ყრილობის ინიციატორებთან კონტაქტები არა აქვს. ნათქამი იყო, რომ დღეს საქართველოში დიქტატორული რეჟიმია, საჭიროა ამ რეჟიმის დამხობა და ამაშიც „მხედრიონმა“ აქტიურად უნდა იმუშაოს, რათა არჩევნებში გაიმარჯვოს და ბოლოს, შეკრებილებს დაევალათ ხელმოწერთა სასწრაფო შეგროვება, რათა ბატონი ჯაბა იოსელიანის კანდიდატურა წამოაყენონ პრეზიდენტის პოსტზე. როგორ განმარტავდით ამ შეკრებას და მის სულისკვეთებას? კონკრეტულად, პარლამენტის წევრის მოწოდებას ხელისუფლების დამხობისათვის? თანაც, იქ ერთი საინტერესო ფრაგმენტი იყო: ლაპარაკი დღევანდელი ხელისუფლების მთავარ ნაკლად გამოცხადებულიყო ყოფილი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის პრობლემების გადაუწყვეტელობა. საგულისხმოა ის, რომ ამას ამბობდა პიროვნება, რომელიც თავის მეგობრებთან ერთად აქტიურად იბრძოდა აფხაზეთში და ასევე აქტიურად მოღვაწეობდა აფხაზეთის კონფლიქტის პოლიტიკური მოგვარების მთელ პროცესში...

- გუშინდელ შეკრებას ძალიან მოკლედ განვმარტავ, დეტალურად არ შევეხები იმიტომ, რომ დრო მენანება. ასეთი შეხვედრები, ალბათ, ბევრი იქნება. „მხედრიონი“ პოლიტიკური ძალა არ არის, რომ გახდეს კიდეც, იგი პოლიტიკურ პროცესებზე გავლენას ვერ იქონიებს, ამის თეორიული დაშვებაც კი ახალი უბედურების დასაწყისი იქნებოდა.

რაც შეეხება რეჟიმის დამხობას, ასეთი შესაძლებლობა არც „მხედრიონს“ აქვს და არც მის მოკავშირე ეგრეთ წოდებულ ბოლშევიკურ დაჯგუფებას. ბოლშევიკურ დაჯგუფებაზე ვლაპარაკობ იმიტომ, რომ ხავსმოდებული ბოლშევიზმი დღეს არც საქართველოს სჭირდება და არც სხვა ქვეყანას. ბატონ ჯაბას მიაჩნია, რომ ისინი მისი მოკავშირეები არიან. ამ მოკავშირეებსაც არ შეუძლიათ დაამხონ დღევანდელი რეჟიმი და ხელისუფლება (სხვა ორგანიზაციებთან - სტალინელთა ორგანიზაციასთან, კომუნისტურ პარტიასთან, რომელსაც შალვა ბერიანიძე და სხვები უდგანან სათავეში, ჩვენ ვთანამშრომლობთ და, ალბათ, არც არჩევენებში ვიქნებით დაპირისპირებული). ასე რომ, ვიყოთ მშვიდად, მე მოსახლეობას მივმართავ შევკავშირდეთ! ეს მოწოდებაა ყველა დემოკრატიულ-პოლიტიკური ძალისადმი, მივიღოთ კონსტიტუცია, მოვაწყოთ ნამდვილი დემოკრატიული არჩევნები და ქვეყანა საბოლოოდ დავაყენოთ გამთლიანების, განვითარებისა და აყვავების გზაზე.

ახლა არაფერს ვიტყვი იმაზე, რომ ჩამომიყვანეს, როგორ ჩამომიყვანეს, როგორ უნდა ვბანო ფეხები იმ ადამიანს, ვინც ჩამომიყვანა... ამაზე ლაპარაკი ცოტა უხერხულია, თუ უზრდელობა არა...

- 19 აგვისტოს თქვენთან შინაგან საქმეთა სამინისტროს პირველი პირები, ბორჯომისა და წალენჯიხის ოპერაციებში მონაწილე თანამშრომლები შეიკრიბნენ. სხვა საკითხებთან ერთად საუბარი იყო წალენჯიხაში, ზუგდიდსა და სენაკში მოქმედი ზარანდიას 20-კაციანი ბანდის დაკავების თაობაზე. ეს ის ბანდაა, რომლის სინდისზეა თავის დროზე კავსაძის, სალარიძისა და გვენცაძის გატაცება, რასაც ყოფილი გამგებლის კარლო გოგუას სიცოცხლე შეეწირა. აქ არის უამარავი დანაშაული: დახვრეტა, ძარცვა, სამხედრო ტექნიკის გატაცება, აფეთქებული ანძები, რესპუბლიკის გარეთ ტონობით ჩაის გატანა. კვლავ იყო საუბარი მოსკოვში მოღვაწე ჩვენს თანამემამულეთა ერთ ჯგუფზე. გასულ კვირას 14 აგვისტოს შესრულდა სამი წელი აფხაზეთი ომის დაწყებიდან. როცა ამგვარ ფაქტებს ისმენ, ნაწილობრივ მაინც გასაგები ხდება, რატომ დაეცა სოხუმი...

- ამ მოვლენებში მთავარი მაინც ისაა, რომ პოლიცია დადგა ფეხზე და მთელს ქვეყანაში რეალურ ძალად იქცა მას შეუძლია საქართველოს მოქალაქეთა დაცვა ბანდიტებისაგან, მკვლელებისა, და სხვადასხვა ჯურის დამნაშავეებისგან, საკმაოდ ეფექტიანად მუშაობს პროკურატურაც. უნდა გარდაიქმნას უშიშროების სამსახურის საქმიანობა, მას ბევრის გაკეთება შეუძლია და სამწუხაროდ, ჯერჯერობით ეს არ იგრძნობა. საარჩევნო კამპანია და არჩევნები მხოლოდ სანიმუშო წესრიგის პირობებშია შესაძლებელი. წესრიგზეა დამოკიდებული ქვეყნის ბედი.

რაც შეეხება აფხაზეთის ტრაგედიას, მისი მიზეზები ჯერაც ბოლომდე არ არის გამოძიებული. თუმცა, ძალიან ბევრი რამ უკვე ცნობილია. როცა დაიწერება საბრალდებო დასკვნა, რომელზეც მუშაობს რესპუბლიკის პროკურატურა, ვფიქრობ, ბევრს აეხილება თვალი. აუცილებელია, საქმის ბოლომდე მიყვანა, რასაც ცოტა დრო კიდევ დასჭირდება, როგორც არაერთხელ მითქვამს, ჭეშმარიტებას ვერ დამალავ, ჭეშმარიტება თავის გზას იპოვის და ბოლოს და ბოლოს, ხალხი გაიგებს, რასთან გვაქვს საქმე.

- და ბოლოს, გასულ კვირას საქართველოში გაიხსნა საბერძნეთის საელჩო... ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს იყო ისეთი ქვეყნის ელჩის ჩამობრძანება რომელთანაც საქართველოს ძალიან დიდი ხნის კულტურული, პოლიტიკური კონტაქტები აკავშირებს...

- მეც ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ საბერძნეთის საელჩოს გახსნას. საქართველოსა და საბერძნეთის ურთიერთობა უხსოვარი დროიდან მოდის. ჩვენ ბევრი რამ გვაქვს საერთო. მე გულწფელად მივესალმები, რომ ორივე ქვეყნის ხელმძღვანელობა ძალიან კარგ და სასარგებლო პერსპექტივებს ხედავენ ამ ურთიერთობებში.

„ძირითად პოლიტიკურ ძალთა თანამშრომლობამ კონსტიტუციის განხილვის პროცესში ყველაზე სერიოზულ გამოცდას გაუძლო“ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 22 აგვისტო. - 106 (2022). - 1,2 გვ.

64 „დღეს, როდესაც კონსტიტუციას ვუჭერთ მხარს, ვფიქრობთ დღევანდელ საქართველოზეც, ვფიქრობთ ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეზეც და მომავალზეც“

▲ზევით დაბრუნება


ედუარდ შევარდნაძის სიტყვა საქართველოს პარლამენტის საგანგებო სესიის 23 აგვისტოს სხდომაზე

ზოგიერთი რამის გამეორება, ალბათ, მომიხდება მოსახლეობის იმ ნაწილისათვის, რომელთაც არა აქვთ საშუალება, ყოველდღიურად ადევნოს თვალყური პარლამენტის მუშაობას, შევჩერდე ზოგიერთ მუხლსა და ზოგიერთ დებულებაზე, რომლებიც პარლამენტში კამათის საგანია.

კონსტიტუციის ის პროექტი, რომელიც შეტანილია პარლამენტის განსახილველად, საკმაოდ რთული და მრავალეტაპობრივი მუშაობის შედეგია - დაწყებული საკონსტიტუციო კომისიით (ამ კომისიაში საკმაოდ რთული დებატების გათვალისწინებით), შემდეგ - პარლამენტში, თქვენ ყველანი მოწმე ხართ, და მე კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა ჩვენი პარლამენტარების განსაკუთრებულ თვისებას და უნარს, მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა და სერიოზული, პრინციპული განსხვავებისა, ზოგიერთი პოლიტიკური შეხედულების თვალსაზრისით, ჩვენ მაინც შევძელით შეთანხმებისა და კომპრომისების გზით, ყველაზე რთული ეტაპი გაგვევლო. მინდა რამდენიმე, თქვენთვის უკვე კარგად ცნობილ დებულებას გავუსვა ხაზი.

ეს არის ის, რომ კონსტიტუცია თუ კონსტიტუციის პროექტი მიღებული იქნება, კონსტიტუციურ საფუძველს უყრის საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობას, ეს პროცესი ისტორიულად გარდაუვალია და კონსტიტუცია ახალი წყობის სამართლებრივი ფუნდამენტია, დემოკრატია დაცულია ხელყოფისაგან კონსტიტუციურად, ყოველგვარი ავანტიურისტულ-დიქტატორული მოვლენებისაგან.

შემდეგ კონსტიტუციის პროექტში მოხერხდა სავსებით ნათლად ჩამოყალიბებულიყო ახალი დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობის პრინციპები, რომელშიც ძალაუფლება დანაწილებულია საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებად. კონსტიტუციურად ხელშეუხებელია საქართველოს სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. ამას, ალბათ, დებულების კონსტატაციას, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დღევანდელ ეტაპზე, გამორიცხულია ხელისუფლების უზურპაცია, რისი მწარე გაკვეთილებიც ბოლო წლების საქართველომ არაერთხელ მიიღო, იქმნება კონსტიტუციური გარანტიები ძველი ეკონომიკის სრული რეფორმირებისათვის, საბაზრო, სოციალურად ორიენტირებული მეურნეობის შექმნისათვის, საკუთრების ყველა ფორმის თანასწორობისათვის. შეჯიბრებითობის (ეს სიტყვა ბევრს არ მოსწონს, მაგრამ უკეთესი ვერ მოვძებენეთ) თავისუფალი კონკურენციის დამკვიდრებისათვის. სამართლებრივად დაცული და გარანტირებულია ყველა მოქალაქის დემოკრატიული უფლებები და თავისუფლებები. შეიქმნება მოქალაქეთა სოციალური დაცვის საიმედო მექანიზმები სწორედ იმ დოკუმენტის ბაზაზე, რომელსაც ჩვენ ახლა ვიხილავთ. სპეციალური თავი ადამიანის უფლებათა შესახებ,რომელიც შემუშავებულია საკონსტიტუციო კომისიაში და პრაქტიკულად არსებით ცვლილებებს არ განიცდის, დღევანდელი საქართველოს, ასე ვიტყოდი, ისტორიული მონაპოვარია. ამით განმტკიცებულია ადამიანის, მოქალაქის პირადი. სოციალურ - ეკონომიკური და პოლიტიკური უფლებამოსილებანი, მსოფლიო სტანდარტების დონეზე. იქნება დაცული ეროვნულ უმცირესობათა, სხვა ქვეყნების მოქალაქეთა უფლებები, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ ან იცხოვრებენ. აქვე ხაზი მინდა გავუსვა იმ ელემენტარულ ჭეშმარიტებასაც, რომ ადამიანის უფლებათა და მოვალეობათა თუნდაც, კონსტიტუციური დეკლარირება ჯერ კიდევ არ ნიშნავს ამ უფლებათა რეალურ დაცვას.

ტოტალიტარული სისტემიდან გარდამვალი ეტაპი გარკვეულ სიძნელეებთან იქნება დაკავშირებული, ჩვენ ამას უკვე ვგრძნობთ, მაგრამ ხელისუფლების სამივე სტრუქტურამ, სამივე შტომ, როგორც ჩვენ ვამბობთ, ადამიანის თავისუფლებთა დაცვის მთელი სისტემა უნდა შეიმუშაოს და შექმნას რეალური და პრაქტიკული გარანტიები.

შემდეგ. მოგეხსენებათ, ყველა დროისა და ყველა ქვეყნის კონსტიტუციათა ქვაკუთხედია განსაზღვროს ხელისუფლება და დაადგინოს მისი მოწყობის წესი. როცა კონსტიტუციის პროექტის ამ ნაწილზე ვმუშაობდით ყველანი ერთად, თითოეულ მათგანს ნათლად ჰქონდა წარმოდგენილი, რომ პრეამბულაში გაცხადებული სწრაფვა სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობისაკენ რეალურად ხელისუფლების განშტოების შესახებ ნორმათა შემუშავებისას უნდა გამოვლენილიყო პარლამენტზე.

ამ ეტაპზე, სანამ არ აღდგენილა მთლიანობა, ვაკანონებთ ერთპალატიან საკანონმდებლო ორგანოს პროპორციული და მაჟორიტარული წესით არჩეული პარლამენტისაგან. ასევე კონსტიტუციურად დაკანონდება, როგორც თქვენ კარგად მოგეხსენებათ, შესაბამისი პირობების შექმნის შემდეგ პარლამენტის ორპალატიანი სისტემა: სენატი - ძირითადად ტერიტორიულ-წარმომადგენლობითი ორგანო და რესპუბლიკის საბჭო - არჩეული პროპორციული სისტემით, რაზეც გუშინ სავსებით სწორად ვიმსჯელეთ.

პარლამენტში ბევრი სიახლეა. მადლობელი ვარ იმ დეპუტატებისა, საკონსტიტუციო კომისიის წევრებისა, რომლებმაც რეალური წვლილი შეიტანეს იმაში, რომ პარლამენტი, რომელსაც აირჩევს საქართველო, იქნება რეალურად მოქმედი, დიდი ფუნქციების მქონე. სიახლე ის არის, რომ პარლამენტში მთელი საქმიანობის სწორად წარმართვისათვის, გაჩნდება ორგანიზაციული სტრუქტურა - შესაბამისი კომიტეტები დიდი უფლებებით, რომელთაც, ბუნებრივია დასჭირდებათ ახალი ურთიერთობა აღმასრულებელი ხელისუფლების სხვადასხვა სტრუქტურებთან. ამა თუ იმ რეალობის გათვალისიწინებით კონსტიტუციაში, თუნდაც დროებითი დებულებების ჩაწერა, მაგალითად, ერთპალატიანი პარლამენტი, არ უნდა გვაშინებდეს. გარკვეული დრისა და პირობების შემდეგ, სავსებით ნორმალურია ცალკეული კორექტივები ქვეყნის ძირითად კანონში და ამ მხრივ, საქართველო ერთადერთი გამონაკლისი როდი იქნება. მე არ მოვიტან სხვა ქვეყნების მაგალითს, აქ უკვე ითქვა და ზედმეტად მიმაჩნია ამაზე საუბარი.

საქართველოს პარლამენტს პრაქტიკულად შეუზღუდავი საკანონდებლო უფლებამოსილება აქვს. აქ კონცენტრირებულია საფინანსო-საკრედიტო სფერო. ყველა ძირითადი საკითხი პარლამენტის თანხმობის გარეშე არ წყდება. არსებითი საკადრო პრობლემები, ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები - ყველაფერი ეს დაკავშირებული არის პარლამენტის ნებასთან.

საყოველთაო კენჭისყრით არჩეული პრეზიდენტი, როგორც პროექტის ტექსტიდან ჩანს, აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელიცაა. არსებით ტრანსფორმაციას განიცდის მთავრობა, მმართველობის სისტემა მარტივდება. იქმნება პირობები ყველა სახელმწიფოებრივი სტრუქტურის გათავისუფლებისათვის ზედმეტი რგოლებისგან ეფექტიანი, შედეგიანი ოპერატიული საქმიანობისათვის. მხედველობაში მაქვს აღმასრულებელი ხელისუფლება. მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური და ამავე დროს აღმასრულებელი ხელისუფლებისათვის პასუხისგმგებელი. ბუნებრივია, ასეთი სისტემა ახლებურ, ორიგინალურ მიდგომებს მოითხოვს. არის იდეები, არის წინადადებები, ყველაფერი უნდა მოგვარდეს სახელისუფლებო ვაკუუმის და ყოველგვარი შეფერხების გარეშე. გამორიცხულია, და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ყოველგვარი პარალელიზმი, რის გამოც, დღევანდელ ეტაპზე დაზღვეული არც ერთი ჩვენგანი არ არის. სამწუხაროდ პარალელიზმი ჩვენი რეალური ცხოვრების სერიოზული სენია, მე აქ ბატონ ბაკურ გულუას წამოყენებულ დებულებებს ვუჭერ მხარს.

მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ საყოველთაო კენჭისყრით არჩეული პრეზიდენტი, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი, ხალხის ნების გამომხატველია, ესე იგი აღმასრულებელი ხელისუფლების წყაროც ხალხი გახლავთ.

საქართველოს პირობებში უდიდესი მნიშვნელობა აქვს ხელისუფლების ფორმირებაში ხალხის უშუალო მონაწილეობას, ამ ხელისუფლების მდგრადობას, კრიზისების და სხვადასხვა სახის კატაკლიზმებისგან თავის დაზღვევას. სამთავრობო და საპარალამენტო კრიზისები გამორიცხულია. მიმაჩნია, რომ ეს ჩვენი ძალიან სერიოზული კომპრომისების, ძიების საკმაოდ საინტერესო შედეგია. გამორიცხულია რომელიმე ჯგუფის მიერ უკანონოდ ხელისუფლების მითვისება და სხვა მრავალი, რაც ასევე დამახასიათებელი იყო საქართველოს განვითარების ზოგიერთ ეტაპზე. საქართველოსთვის მიუღებელია ხელისუფლებათა მუდმივი ცვალებადობის რეჟიმი. მხედველობაში მაქვს მთავრობის მუდმივი ცვალებადობა, მით უმეტეს, პარლამენტის დათხოვნა და სხვა. ყველაფერი ეს ქმნის სტაბილური ხელისუფლების გარანტიებს.

ხელისუფლების შემოთავაზებული სისტემა ქმნის პირობებს, როცა აუცილებელია (და ეს აიძულებს კიდეც უმაღლეს ეშელონებს - საკანონმდებლო თუ აღმასრულებელს) ითანამშრომლონ, საქმიანი პარტნიორობის, პასუხისმგებლობის გაზიარების, კონსენსუსის პრინციპზე ააგონ და მხოლოდ და მხოლოდ ხალხისა და სახელმწიფოს ინტერესებით იხელმძღვანელონ. ვფიქრობ, პროექტში ამის საკმაო გარანტიებია.

სასამართლო ხელისუფლება. მე ასე უნდა განვაცხადო: არც ამ თავს განუცდია განსაკუთრებული ცვლილება საკონსტიტუციო კომისიიდან გამოსვლის შემდეგ. თუმცა იყო მნიშვნელოვანი შენიშვნები. კონსტიტუციის პროექტში არა მარტო დეკლარირებულია, არამედ გარანტირებულია დემოკრატიული ქვეყნის ხელისუფლების ამ სტრუქტურის, ამ შტოს ჩამოყალიბება. სასამართლო ხელისუფლება და მოსამართლე აბსოლუტურად დამოუკიდებელია ეს დებულება ჩვენს პირობებში ძნელად აღიქმება, მაგრამ ეს ჩვენი ძველი მენტალიტეტის გამოვლინებაა. მოსამართლეთა კორპუსის ფორმირება საერთო ეროვნული და საერთო სახელმწიფოებრივი ამოცანების დონეზე დადება და ესეც, ბუნებრივია, განპირობებულია სწორედ იმით, იმ დებულებებით, რაც საკონსტიტუციო პროექტშია ჩაწერილი.

სერიოზული შენაძენია ისეთი ინსტიტუტი, როგორიც არის საკონსტიტუციო სასამართლო. ერთხელ და სამუდამოდ გადაიჭრება საკითხი, რაც დაკავშირებულია ცენტრალურ თუ ადგილობრივი ორგანოთა გადაწყვეტილებების, მათი საქმიანობის კონსტიტუციურობასთან, სახელმწიფოებრივი აქტების კონსტიტუციურ კანონმდებლობასთან შესაბამისობის პრობლემა, რაც ასევე დღევანდელი საქართველოსთვისაც და ალბათ, ხვალინდელისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

სახელმწიფო ტერიტორიული მოწყობის საკითხთან დაკავშირებით. სავსებით გასაგებია, მესმის ყველა დეპუტატის ერთგვარი შეშფოთება იმის გამო, რომ პროექტში არ არის სრულყოფილი თავი. მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც მინდა ვთქვა: კანონზომიერია დებულება იმის შესახებ, რომ საბოლოოდ ეს საკითხი გადაწყდება საქართველოს სახელმწიფოს იურისდიქციის აღდგენის შემდეგ მთელ მის ტერიტორიაზე, რომ აფხაზეთისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიული ოლქის (რატომაც ვარქმევთ ყოფილს, ეს თქვენ ძალიან კარგად გესმით). სამართლებრივი სტატუსი განისაზღვრება ამ ძირეული საკითხის გადაწყვეტის შემდეგ. ასეთი მიდგომა, რა თქმა უნდა, არ გამორიცხავს, არამედ კიდევაც გულისხმობს იმას, რომ ვთქვათ. პოლიტიკური მოლაპარაკებისა ან სხვა გზით საკითხის გადაწყევტისას ფედერაციულ საწყისებზე ურთიერთობის პრინციპი სავსებით მისაღები და დასაშვებია.

თქვენ გახსოვთ, ბატონო დეპუტატებო, რომ პირვანდელ ვარიანტში, ზოგად დებულებებში გქონდა ჩანაწერი იმის შესახებ, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობის საფუძველია ფედერალური საწყისები, ჩვენ სპეციალურად მივდიოდით (და დიდი უმრავლესობა ამას გაგებით ხვდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ტრადიციებისთვის ეს სისტემა არ არის დამახასიათებელი) იმისაკენ, რომ შეგვექმნა სპეციალური ბაზა - ვაწარმოოთ მოლპარაკბა აფხაზ სეპარატისტებთან და მოლაპარაკების გზით გადავწყვიტოთ ეს საკითხი იმ ბაზაზე, რომელსაც ჰქვია ფედერაციული საწყისები. მაგრამ, იმასთან დაკავშირებით, რომ სეპარატისტებმა პრაქტიკულად ჩაშალეს მოლაპარაკება მოსკოვში. ხოლო ახლა განაცხადეს, რომ კატეგორიული წინააღმდეგი არიან ყიველგვარი ფედერაციული მოწყობისა, ფედერაციულ საწყისებზე ერთიანი საქართველოს სახელმწიფოებრიობის შექმნისა, ბუნებრივია, ასეთ ჩანაწერს ახლა აზრი აღარ აქვს. ამიტომ, ის დებულება, რაც ჩვენ შემოგთავაზეთ, ისეთი მოქნილი დებულებაა, რომელიც არ გამორიცხავს მომავალში, თუ იქნება კეთილი ნება ფედერაციულ საწყისებზე აფხაზეთი შემოვიდეს საქართველოს შემადგენლობაში. მაგრამ, არც იმ შემთხვევაში, თუ სხვა გზით გადაწყდება - არა მოლაპარაკების გზით, ყველა შემთხევაში, რომელიც აქ ჩაწერილია, მისაღები საფუძველია და საკმაოდ სერიოზული კომპრომისებისათვის არის საკმარისი.

შეიძლება ვინმეს გაუჩნდეს უკმარობის გრძნობა, რატომ არ არის ნახსენები აქ აჭარა. აჭარაზე ლაპარაკი არ არის, რამდენადაც აჭარის ავტონომიის სტატუსი არასდროს არ დამდგარა საკამათოდ და სადავოდ საქართველოში.

ალბათ, უახლოეს დროში უნდა ვიფიქროთ ფუნქციათა გამიჯვნის აუცილებლობაზე როგორც აჭარის ავტონომიურობასთან, ასევე სხვა ტერიტორიულ ერთეულებთან, ეს იქნება რაიონები, ქალაქები, სოფლები თუ სხვა თემები. ეს პროცესია, უფრო სწორად დაწყებულია და ასე ვიტყოდი, რომ საერთო დემოკრატიზაციის შემადგენელი ნაწილია, ბუნებრივია, ჩვენი საერთო, ერთობლივი ინტერესების გათვალისწინებით.

ძალზე მნიშვნელოვანია დებულება იმის შესახებ რომ ხალხი თავის დემოკრატიულ ნებას გამოხატავს ადგილობრივ თვითმმართველობაში, რომლის შესახებაც მომზადდება სპეციალური ორგანული კანონი. აქ ნათქვამი იყო, რომ ადგილობრივი თვითმმართველობებს ჩვენ გვერდს ვუვლით, არაფერი ჩაწერილი არ არის. მე მგონი, ეს ზოგადი დებულება სავსებით საკმარისია იმისათვის, რომ ახალი პარლამენტი დროულად შეუდგეს კანონის მომზადებას ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ და მოვაწყოდ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მაშინ, როცა გვექნება კანონი. სერიოზული მოსამზადებელი მუშაობა ამ მხრივ უკვე გაწეულია.

მიმაჩნია, რომ ჩვენ საკმაო ერთსულოვნების ვითარებაში განვიხილეთ ისეთი მუხლი, როგორიც არის თავდაცვა, ძალიან მნიშვნელოვანი მუხლები დაკავშირებული ფინანსებთან, კონტროლთან და ზოგიერთი სხვა საკითხი. მე ალბათ, გამოვხატავ საერთო აზრს, თუ ვიტყვი, რომ პროექტი უდავოდ მაღალი დონის დოკუმენტია. ის დეპუტატები კი, რომლებიც ამბობენ, იქნებ კონსტიტუცია არ დავარქვათ, იქნებ სხვა სახელი ვუწოდოთო, მათაც კი მიაჩნიათ და მე მათ ვეთანხმები, რომ ეს ისეთი დოკუმენტია, რომელიც შეესაბამება თანამედროვე კონსტიტუციონალიზმის ძირითად მოთხოვნებს, ძირითად პრინციპებს და რომელიც დემოკრატიული ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გარანტიებს ქმნის.

ახლა კიდევ ერთი არგუმენტი. მე მაინც მინდა ხაზი გავუსვა, რომ ხშირად ვამბობთ ხოლმე პარლამენტში. როგორ მივიღოთ კონსტიტუცია, როცა დარღვეულია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, მგონია, ყოველ შემთხვევაში, ჩემი და ბევრი თანამოსაქმის აზრით სწორედ დღეს გვჭირდება ასეთი გამაერთიანებელი, ასეთი შემაკავსირებელი დოკუმენტი, მსოფლიო საზოგადოებრიობის, მსოფლიო ინსტიტუტების მიერ აღიარებული ტერიტორიების კონსტიტუციური დაკანონება სწორედ დღეს არის საჭირო. ვფიქრობ, ყველა თქვენგანს, ყველა ჩვენგანს ეს კარგად აქვს გათავისებული. პრეცედენტი რომ ქვეყნის ტერიტორიული დარღვევის პირობებშიც კონსტიტუციები მიუღიათ სახელმწიფოებს, აქ უკვე ბევრი ჩამოთვალეს. მე მარტო ერთს შეგახსენებთ. გაიხსენეთ ჩვენმა დიდმა წინაპრებმა, რომლებმაც შექმნეს 1921 წლის კონსტიტუცია, რა პირობებში და სად მიიღეს იგი. ის ხალხი შეიძლება იმდენად მაშინდელ საქართველოზე, იმ დღეების საქართველოზე არ ფიქრობდა, რამდენადაც მომავალზე. მე მგონი დღეს ჩვენც, როდესაც კონსტიტუციას ვუჭერთ მხარს, ვფიქრობთ დღევანდელ საქართველოზეც, ვფიქრობთ ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეზეც და მომავალზეც.

აი, ეს ზოგიერთი განმარტებითი ხასიათის შენიშვნა მინდოდა გამეზიარებინა თქვენთვის.

„დღეს, როდესაც კონსტიტუციას ვუჭერთ მხარს, ვფიქრობთ დღევანდელ საქართველოზეც, ვფიქრობთ ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეზეც და მომავალზეც“ : ედუარდ შევარდნაძის სიტყვა საქართველოს პარლამენტის საგანგებო სესიის 23 აგვისტოს სხდომაზე // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 25 აგვისტო. - 109 (2025). - 1 გვ.

65 ისტორიული მოვლენა საქართველოს მრავალსაუკუნოვან მატიანეში

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის - სახელმწიფოს მეთაურის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა პარლამენტის 24 აგვისტოს სხდომაზე კონსტიტუციის მიღების შემდეგ.

დღევანდელი დღე - 1995 წლის 24 აგვისტო ისტორიული დღეა.

საქართველომ მიიღო კონსტიტუცია - ჩვენი ქვეყნის მშენებლობის, განვითარების, ძლიერების, ერთიანობის, ტერიტორიული მთლიანობისა და საქართველოს მოქალაქეთა კეთილდღეობის მთავარი გარანტი. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ისტორიული მოვლენა საქართველოს მრავალსაუკუნოვან მატიანეში - დარწმუნებული ვარ, ასე იტყვიან თანამედროვენიც, ასე იტყვიან ჩვენი შთამომავალნიც.

ჩვენ დღეს საფუძველი ჩავუყარეთ ყველა ოჯახის კეთილდღეობას, რადგან შეიქმნა ახალი წყობისა და და ახალი ეკონომიკის მშენებლობის ფუნდამენტი.

შეუქცევადია ეს გზა, რომლითაც საქართველომ უნდა იაროს - დემოკრატიული თანამეგობრობის ღირსეული წევრი რომ გახდეს.

მინდა მადლობის სიტყვებით მივმართო თითოეულ თქვენგანს. კონსტიტუციის მიღება არის ერთიანობისა და მთლიანობის უპრეცედენტო შემთხვევა პარლამენტის ისტორიაში და არა მარტო პარლამენტისა... ჩვენ აქ საქმე გვაქვს ქვეყნისა და ხალხის წინაშე დიდ პასუხისმგებლობასთან და როცა ეს პასუხისმგებლობა ასე მკაფიოდ არის გამოკვეთილი, მაშინ ყოველგვარი პოლიტიკური წინააღმდეგობანი, თუნდაც მსოფლმხედველური განსხვავებები - მეორეხარისხოვანია.

ქვეყნის ინტერესებმა, და მასზე ზრუნვამ გააერთიანა პარლამენტი, დარწმუნებული ვარ, გააერთიანებს მთელს საქართველოს. ვხელმძღავნელობდით რა ისევ და ისევ ჩვენი სამშობლოს, ჩვენი ხალხის ინტერესებით, ბევრმა ჩვენგანმა საკუთარ თავს სძლია, საკუთარ თავს აჯობა.

არ შემიძლია განსაკუთრებული მადლიერების გრძნობით არ მივმართო ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო საქართველოს კონსტიტუციის შექმნაში, განსაკუთრებული პატივისცემით არ მოვიგონო ის ადამიანები, რომლებმაც 1921 წელს საქართველოს პირველი კონსტიტუცია შექმნეს (მე გუშინ შეგახსენეთ სად მიიღეს ეს კონსტიტუცია) ამ ადამიანებმა იცოდნენ, რომ იგი ჩვენ, მათ შთამომავლებს გამოგვადგებოდა - საქართველოს გამოადგებოდა.

მადლიერების სიტყვებით მივმართავ საკონსტიტუციო კომისიის წევრებს - დღეს მათი ნაწილი აქ გვესწრება, ექსპერტებს, ვინც ჩვენ გვეხმარებოდა ამ დოკუმენტის მომზადებაში. ასევე მინდა მადლობა მოვახსენო ჩვენს უცხოელ მეგობრებს (ეს ათეულობით და ასეულობით ადამიანია), ვინც კეთილი გულით, საქართველოს სიყვარულით, დემოკრატიაზე ზრუნვით ჩვენთან ერთად მუშაობდა საქართველოს კონსტიტუციის შესაქმნელად, რათა იგი ღირსეული დოკუმენტი ყოფილიყო (თუ მათ ჩემი ხმა არ მიწვდება - მე ვთხოვ ჩემს მეგობრებს, სპეციალური წერილები მოამზადონ, რათა ყველას მიმართ გამოვხატოთ ჩვენი მადლიერების გრძნობა) განსაკუთრებული მადლიერების სიტყვებით მოგმართავთ ყველა პარტიას, ვინც დღეს საქართველოს პარლამენტშია წარმოდგენილი, ყველა ფრაქციას, მათ შორის იმათაც, ვინც თავი შეიკავა ან რაღაც მიზეზებით წინააღმდეგ წავიდა - ესეც თანამშრომლობაა, ესეც ჩვენს კულტურაზე მეტყველებს, მოწმობს იმას, რომ ჩვენ ვსხედვართ ერთად და ვწყვეტთ საქვეყნო საკითხებს მაშინაც კი, როცა არ არის აბსოლუტური ერთიანობა, ესეც მანიშნებელია, ესეც იმ გზის შეუქცევადობას ადასტურებს, რომელსაც ჩვენ დავადექით.

განსაკუთრებული მადლობა მეგობრებს, რომლებიც ფანქრით ხელში აქ ისხდნენ და ბევრი უძილო ღამეც გაათენეს. განსაკუთრებული მადლობა მათ, ვინც დათმობებზე წავიდა, ვინც მზად იყო კომპრომისებისათვის, ისევ და ისევ ქვეყნის და ხალხის ინტერესების სასარგებლოდ.

ეს მართლა ისტორიული მოვლენაა. ძნელია თქმა, რომ ჩვენ, ის თაობა, ვინც დღეს ცხოვრობს, - ბედნიერი თაობაა, ბევრი ტკივილი გვაქვს, უწინარესად, ჩვენი მიწის ყივილი, მიწის ტკივილი, ხალხის ტკივილი. მაგრამ მაინც ბედნიერი ვართ, რადგანაც ამ ისტორიული პროცესის მოწმენი და მონაწილენი ვიყავით.

ისტორიული მოვლენა საქართველოს მრავალსაუკუნოვან მატიანეში : საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის - სახელმწიფოს მეთაურის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა პარლამენტის 24 აგვისტოს სხდომაზე კონსტიტუციის მიღების შემდეგ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 26 აგვისტო. - 110(2026). - 1 გვ

66 „პარლამენტთან ერთად კონსტიტუციას ხმა მისცა მთელმა ხალხმა“

▲ზევით დაბრუნება


ედუარდ შევარდნაძის 28 აგვისტოს რადიოინტერვიუ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ - სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ თავისი ტრადიციული ინტევიუს დასაწყისში უბრწყინვალესი ქრისტიანული დღესასწაული - მარიამობა მიულოცა ქართველ ხალხს, უსურვა მას სულიერი სიმხნევე და ერთიანობა.

- ამ ერთიანობის ერთ-ერთი გამოხატულება იყო ისიც, რაც 24 აგვისტოს მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ იყო განსხვავებული პროგნოზები, გასულ კვირას პარლამენტმა მიიღო კონსტიტუცია, საარჩევნო კანონის ძირითადი პრინციპები და რაც მთავარია, პარლამენტმა არჩევნების წინა პერიოდში დაამტკიცა ისიც, რომ მისი უდიდესი ნაწილი პოლიტიკის კრიმინალიზაციის მოწინააღმდეგეა, ლაბათ, ყველასათვის გასაგებია, რომ თუკი საკონსტიტუციო პროცესი ხელისუფლების, ასე ვთქვათ, მარცხით დამთავრდებოდა, ეს შესამჩნევ გავლენას მოახდენდა წინასაარჩევნო პერიოდზე...

ჟურნალისტ ნატო ონიანის ამ შეკითხვის პასუხად ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა:

- გავიმეორებ ნათქვამს - კონსტიტუციის მიღება ისტორიული მნიშვნელობის აქტია. უნდა გითხრათ, რომ საკონსტიტუციო პროცესის მონაწილეებს გვიჭირს კიდეც ამ მოვლენის შეფასება - რა არის, რას წარმოადგენს იგი საქართველოს სახელმწიფოებრივი მშენებლობის თვალსაზრისით. ამ პროცესის მონაწილე გახლდათ პარლამენტის ყველა ფრაქცია, მთლიანად პარლამენტი, მაგრამ, მე ასე ვიტყოდი, რომ პარლამენტთან ერთად კონსტიტუციას ხმა მისცა მთელმა ხალხმა. საქმე ის როდია, რეფერენდუმი მოეწყო თუ არა - სხვათა შორის, კონსტიტუციის მიღება უფრო იოლია რეფერენდუმის გზით, ვიდრე პარლამენტში, როდესაც ასე მრავალფეროვანი და წინააღმდეგობრივი სპექტრია წარმოდგენილი. საქმე ის გახლავთ, რომ კონსტიტუციაზე მომუშავე ჯგუფის ყურადღების ცენტრში ყოველდღიურად გვქონდა ის, თუ რას ფიქრობს ხალხი, როგორია საზოგადოების განწყობა. მახსოვს, პროექტის განხილვის პირველი დღეები - კონსტიტუციის მომხრე იყო 50-51 პროცენტი, შემდეგ მათი რიცხვი 60 პროცენტამდე გაიზარდა, შემდეგ 70 პროცენტამდე და ბოლო დღეებში 80 პროცენტს მიაღწია (შეიძლება ეს ციფრები ზუსტი არ იყოს, მაგრამ ცდომილება დაახლოებით 2-3 პროცენტი იქნება)

ჩვენ შესანიშნავად ვიცოდით, რას ფიქრობს ხალხი და რამდენად უპასუხებს ჩვენი გადაწყვეტილება მოქალაქეების ინტერესებს, მათ დამოკიდებეულებას ამ პრობლემისადმი. ეს ის შემთხვევაა, როცა დიდმა მიზანმა - ქვეყნის დღევანდელობასა და მის მომავალზე ზრუნვამ გააერთიანა ჭეშმარიტი პატრიოტები და დემოკრატები პარლამენტსა და მთლიანად ჩვენს საზოგადოებაში. რა თამა უნდა საწყენია, რომ პარლამენტში წარმოდგენილმა რამდენიმე პარტიამ კონსტიტუციისადმი მკვეთრად ნეგატიური დამოკიდებულება გამოავლინა. ამით კონსტიტუციას არაფერი დაჰკლებია - როგორც ცნობილია, იგი ხმათა დიდი უმრავლესობით მივირეთ. მისმა მოწინააღმდეგებმა, ჩემი აზრით, შეძენით ვერაფერი შეიძინეს, დაკარგვით კი - უდავოდ, ბევრი დაკარგეს. მე გული მწყდება - მათ შეეძლოთ სხვაგვარად მოქცეულიყვნენ. ეს ჭკუის სწავლება კი არ არის, უბრალოდ ფაქტის კონსტანტაციაა. ვნახოთ, ყოველ შემთხვევაში, მომავალი არჩევნები ბევრ კითხვას გასცემს პასუხს.

- კონსტიტუციის მიღების მეორე დღეს თქვენთან ბრიფინგი უნდა გამართულიყო, რომელიც გადაიდო, გამოცხადდა, რომ ეს თქვენი შეუძლოდ ყოფნის გამო მოხდა...

- რომ უარვყო ან ვთქვა, რომ ეს ხმები გადაჭარბებულია - ტყუილი იქნება. მართალც შეუძლოდ ვიყავი, მაგრამ დღეს, როგორც იტყვიან მწყობრში ვარ. შეიძლება უხერხულიცაა ამის თქმა, მაგრამ ბოლო დროის განმავლობაში ერთი დღით, ერი საათით დასვენების საშუალებაც არ მქონია. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა წავიბორძიკე და ვპირდები ხალხს, რომ მეტი აღარ განმეორდება.

- გასული ეკონომკური კვირის ანალიზისას ერთი გარემოებაა აღსაღნიშნავი - გამოვიდა კანონი „უცხოური ინვესტიციების შესახებ“...

- სავსებით სწორია, რომ კონსტიტუციის შესახებ ჩვენს საუბარს ეკონომიკური ანალიზი მოჰყვება, რადგანაც კონსტიტუციის მიღების შემდეგ ეკონომიკური პრობლემები ყველაზე მწვავე და აქტუალურია. მე ასე ვიტყოდი: კონსტიტუცია გარემოა დიდმწარმოებლური შრომისათვის. ეს არის უზარმაზარი სტიმული, საფუძველი იმისა, რომ ბიძგი მიეცეს მეწარმეობას, შეიქმნას პროდუქციის სიუხვე, გადავწყვიტოთ პრობლემები, რომელიც ყველა ოჯახს, ყოველ მოქალაქეს აწუხებს და აღელვებს, კეთილდღეობას რომ მივაღწიოთ, რა თქმა უნდა, იმ ამოცანების გადასაწყვეტად, რომლებიც დღეს ქვეყნის წინაშე დგას, უწინარესად, საჭირო არის შრომა და ადამიანების მობილიზაცია. ამ მხრივ გასული კვირა საინტერესო იყო. ლაპარაკია იმაზე, როგორ ყალიბდება, როგორ იქმნება კონსტიტუციის მატერიალური ბაზისი, როგორ გაგრძელდება რადიკალური ეკონომიკური რეფორმები, რომლის გზას ჩვენ დავადექით.

ამ მხრივ გამოვყოფდი შემდეგ საკითხს: ჩვენ მივიღეთ კანონი „უცხოური ინვესტიციების შესახებ“, რომელზეც მთელი ნახევარი წელიწადი მიმდინარეობდა მუშაობა პარლამენტში, შესაბამის კომისიებში, მინისტრთა კაბინეტში, სამინისტროებში. უნდა გითხრათ, რომ ძალიან დიდი დახმარება გაგვიწიეს ამერიკელმა და გერმანელმა სპეციალისტებმა, მოწვეული იყვნენ სპეციალისტები რუსეთიდანაც. ვფიქრობ, ეს ის კანონია, რომელიც მართლაც უპასუხებს საკუთარ ინტერესებსაც და ჩვენი უცხოელი პარტნიორების ინტერესებსაც, სტიმულს აძლევს საქართველოსთან თანამშრომლობისათვის. ეს კანონი გასულ კვირას გამოქვეყნდა. ვთხოვ ყველას, ვისაც აინტერესებს, ყურადღება მიაქციოს, შევეცადე პატარა კომენტარიც გამეკეთებინა, გარკვეული მოცულობის სტატია დავურთე იმისათვის, რომ უცხოელთათვის ძალიან მოკლედ იყოს მიმოხილული, თუ რა პირობებს ქმნის საქართველო უცხოური ინვესტიციების მოზიდვისათვის. უნდა გითხრათ, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში ეს ყველაზე უფრო ლიბერალური კანონია, ესე იგი ისეთი, რომელიც ყველაზე უკეთეს პირობებს ქმნის უცხოური ინვესტიციების მოზიდვისათვის, თუკი ქვეყანაში სტაბილურობა იქნება (ვფიქრობ, რომ კონსტიტუცია სწორედ სტაბილურობის გარანტიაა) ასეთ პირობებში უცხოელი პარტნიორები უფრო გაბედულად შემოვლენ საქართველოში და დააბანდებენ კაპიტალს, რაც აუცილებელია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისათვის.

კიდევ რა ტენდენციაზე შეიძლება ლაპარაკი? როგორც ადრე გითხარით, საკმაოდ კარგი ნიადაგი მოვამზადეთ ეროვნული ვალუტის შემოღებისათვის. ახლა ვმუშაობთ იმაზე, რომ პრაქტიკულად გამოვრიცხოთ ყოველგავრი უარყოფითი შედეგი, ნეგატიური გამოვლინებანი. კუპონთან დაკავშირებით გვაქვს უკვე დადებითი და უარყოფითი გაკვეთილები, ბევრი რამ უკვე ვიცით, ეროვნული ვალუტის შემოღების პირველი გარანტი, რაც გვაძლევს საფუძველს ამაზე სერიოზულად ვილპარაკოთ, ის არის, რომ კუპონის კურსი კვლავაც მყარია და რაიმე სერიოზული ცვლილება მას არ განუცდია. ძალიან საინტერესოა კიდევ ერთი დეტალი (თვითონ კურსზე აღარ ვლაპარაკობ, იგი არ შეცვლილა), ეროვნული ბანკის მონაცემებით, ოფიციალურ და ბანკნოტურ კურსებს შორის სხვაობა მეტად მცირეა. გასულ კვირას ვალუტის გადამცვლელ პუნქტში დოლარის შესყიდვის კურსი შეადგენდა 1.320.000 კუპონს, ხოლო გაყიდვისა - 1,330.000 კუპონს, ესე იგი თითქმის თანაბარ დონეზეა - ეს საკმაოდ იშვიათი მოვლენაა სავალუტო ბირჟაზე. საგულისხმოა, რომ საბირჟო ვაჭრობის სამ სესიაზე რუსულ რუბლზე გარიგება მხოლოდ ერთხელ დაიდო. ესეც, ალბათ, იმ პროცესებით უნდა აიხსნას, რაც ახლა რუსეთში მიმდინარეობს.

ჩვენი ყურადღების ცენტრში იყო და კვლავაც იქნება ბიუჯეტი. უნდა გითხრათ, რომ ბევრმა ორგანიზაციამ საკმაოდ აქტიურად იმუშავა, განსაკუთრებით, საგადასახადო ინსპექციამ, რომელმაც ამოიღო და ივლის-აგვისტოში ბიუჯეტის საერთო შემოსავლებში შეიტანა 32 ტერილიონი კუპონი, რაც აღემატება საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ პროგნოზირებულ მაჩვენებელს. აღნიშნულის შედეგად მიმდინარე წლის 8 თვის მდგომარეობით, ინსპექციის მიერ მობილიზებული საერთო საბიუჯეტო - რესპუბლიკური და ადგილობრივი მოსალოდნელი შემოსავლები 110 ტრილიონ კუპონს მიაღწევს, რაც თითქმის ორჯერ მეტია, ვიდრე 1994 წელის საბიუჯეტო მთლიანი შემოსავალი. ეს რასაც ნიშნავს გასაგებია.

ამჯერად კარგად იმუშავა პურპროდუქტების კორპორაციამ, განახორციელა საკმაოდ ეფექტიანი ღონისძიებები და ბიუჯეტში 39 ტრილიონ კუპონზე მეტია ჩარიცხული, მაგრამ რაც განსაკუთრებით სასიამოვნოა, იმ ობიექტებს, რომლებიც კორპორაციის სისტემაში შედიან, დავალიანება თითქმის აღარ დარჩათ მოხდა კორპორაციის რეორგანიზაცია. ეს უნდა იცოდეს ჩვენმა მოსახლოეობამ და ალბათ საჭიროა, სატელევიზიო, რადიოგადაცემებით განიმარტოს, თუ რას ნიშნავს ეს რეორგანიზაცია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კორპორაცია, პრაქტიკულად, იქნება დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ქვეყანაში ხორბლის ყველა იმ პროდუქტის შემოტანა, რაც მოსახლეობისათვის არის აუცილებელი. ეს იქნება, ასე თქვათ, ავტონომიური რეჟიმით მოქმედი სისტემა - შემოიტანს და გაყიდის. თანხმა მასვე რჩება და აქვს ამ თანხის დაბრუნების საშუალება. საერთოდ, პურის ბიზნესი საკმაოდ საინტერესო და მომგებიანია, რა თქმა უნდა, კარგი გაგებით.

საგრძნობლად შემცირდა დავალიანებათა თანხა ცალკეულ ქალაქებში, მაგრამ, სამწუხაროდ, ისეთი რეგიონები, როგორიც არის რუსთავი, ზესტაფონი, თბილისის ნაძალადევის, ისნის რაიონები და ზოგიერთი სხვა, ჯერჯერობით სერიოზულად ჩამორჩებიან იმ ამოცანებს, რომლებიც დღის წესრიგში დგას.

ერთი პრობლემა, რომელიც მომავალი წლის ბიუჯეტის შედგენის დროს საჭიროა გაითვალისწინოს ფინანსთა სამინისტრომ, საერთოდ მინისტრთა კაბინეტმა და ყველა უწყებამ: როცა გადახედავ შემოსავლებს საქართველოს ბიუჯეტში, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ჩვენს პროგნოზებზე, რომლებსაც გვთავაზობენ საერთაშორისო სპეციალისტები, სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი და სხვები, უფრო უკეთესი შედგები გვაქვს. მაგრამ ერთხელ გაკვრით უკვე ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, რომ საერთო სურათი ჯერ კიდევ ბევრს არ ნიშნავს. რა იქნება საქართველოს ბიუჯეტი, რომ არ გვქონდეს ტრანსფორმაციისა და სხვა სესხები, რომლებსაც საერთაშორისო ორგანიზაციები გვაძლევენ; პური და სხვა პროდუქტები, რომლებსაც ჩვენ ვიღებთ როგორც ჰუმანურ დახმარებას, ვყიდით და ამონაგები ბიუჯეტში შემოდის. ეს ყველაფერი რომ გამოვაკლოთ, საქართველოს ბიუჯეტის საკუთარი შემოსავალი ახლანდელის მხოლოდ 25-30 პროცენტი იქნება. ასეთი ვითარება ხომ მუდმივად არ გაგრძელდება? ჩვენ პირადაპირ გვითხრეს ევროკავშირმაც და ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც (მათ ახლა დამატებით კიდევ 35.000-40.000 ტონა ხორბალი გამოგვიყვეს დახმარების სახით) - ამის შემდეგ თქვენ უფრო მეტად საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეთო. აქედან გამომდინარე, ახლა ბიუჯეტის შედგენასთან დაკავშირებით განსაკუთრებული ამოცანები დგას ჩვენი ქვეყნის ფინანსთა სამინისტროსა და მინისტრთა კაბინეტის წინაშე. იმისათვის, რომ მობილიზებული იქნეს ყველა საშუალება - განვითარდეს წარმოება, მრეწველობა სოფლის მეურნეობა, განსაკუთრებით, სოფლის მეურნეობის გადამმუშავებელი მრეწველობა, სადაც დიდი რესურსები და რეზერვებია, განვითარდეს მეწარმეობა და ამის საფუძველზე თანდათანობით მომავალ წელს ადგილობრივმა შემოსავლებმა, ძირითადად საკუთარმა შემოსავლებმა, დაიკავონ განსაკუთრებული ადგილი.

გრძელდება მრეწველობის ერთგვარი გამოცოცხლების ტენდენცია. მივესალმები, რომ მრეწველობის სამინისტრო სერიოზულად ფიქრობს თავდაცვასთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარებაზე - ეს არის ტანსაცმელი და სხვა, რაც აუცილებელია ჯარისათვის, ამ საკითხებისადმი მიძღვნილი სხდომა გაიმართა და მინდა მათ მადლობის სიტყვებით მივმართო.

გამოცოცხლება შეიმჩნევა ასევე ხისდამმუშავებელ მრეწველობაში, სადაც რეზერევები კიდევ უფრო დიდია.

ახლა განსაკუთრებული მხარდაჭრა და მიხედვა სჭირდება სოფლის მეურნეობას. ამ დღეებში შევეცდებით შევიკრიბოთ და რაიონების ხელმძღვანელებთან, მეღვინეებთან, მევენახეებთან ერთად მოვიფიქროთ, როგორ გადავამუშავოთ 150 ათას ტონაზე მეტი ყურძენი. წინა წლებთან შედარებით ეს რეკორდული მოსავალია. წლეულს შესანიშნავი ხარისხის ყურძენია და იგი როგორმე უნდა შევისყიდოთ, მაგრამ, თუ მას საბიუჯეტო სახსრებით შევისყიდით, ეს კვლავ გამოიწვევს კუპონის სრულ დევალვაციას. ამიტომ, უნდა გამოიძებნოს ისეთი გზები, რომ მევენახემ ყოველ მიზეზგარეშე, მიიღოს კუთვნილი გასამრჯელო, იქნება ეს ნატურით, თუ ფულით, და ამავე დროს, არ გავაუვარესოთ მდგომარეობა ჩვენს სავალუტო ბაზარზე. ასეთი გადაწყვეტილება უნდა მოიძებნოს.

უნდა გითხრათ, რომ ძალიან კარგად იმუშავეს მევენახეებმაც, მეჩაიეებმაც. შარშანდელთან შედარებით შესამჩნევია გამოცოცხლება საერთოდ სოფლის მეურნეობაში. წინა ინტერვიუში აღვნიშნე, რომ ბოსტნეულის, ხილის ფასი 15-20 პროცენტით შემცირდა, რაც, თავისთავად, არ მოსულა - ეს არის უკეთესი მოსავლის შედეგი, რომელიც წლეულს ჩვენმა გლეხობამ მოიყვანა და რომლის სიკეთესაც მთელი მოსახლეობა იყენებს.

- მიმდინარე კვირას საქართველოს ეწვევა თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ქალბატონი თანსუ ჩილერი. რით ახსნით თურქეთის ასეთ გაზრდილ ინტერესს საქართველოსადმი?

- ეს ინტერესი ამ ორი წლის წინათ გამოიხატა, რაცა ბატონი სულეიმან დემირელი ჩამობრძანდა. მაშინ დიდი მნიშვნელობის დოკუმენტებს მოვაწერეთ ხელი. უნდა გითხრათ, რომ ორ ქვეყანას შორის მართლაც კარგი ურთიერთობები დამყარდა.

რაც შეეხება ქალბატონი ჩილერის ჩამოსვლას, განსახილველი საკითხების სფერო მეტად ფართოა. ჩვენ მოვასწარით ახალციხესა და ბორჯომში შეხვედრის დროს ზოგიერთ საკითხზე აზრთა გაზიარება. ახლა საჭიროა ძალიან დეტალური საუბრები, განსახილველი გვაქვს ძალიან ბევრი მასშტაბური პრობლემა. მათ შორის, ისეთი, როგორიც არის ნავთობსადენები, გაზსადენი და სხვა მრავალი.

ჩვენი ხალხი გულწრფელად მიესალმება ჩვენი ქვეყნის დიდი მეგობრისა და კეთილომოსურნის ქალბატონ ჩილერის ჩამოსვლას საქართველოში.

„პარლამენტთან ერთად კონსტიტუციას ხმა მისცა მთელმა ხალხმა“ : ე. შევარდნაძის 28 აგვისტოს რადიოინტერვიუ / შევარდნაძე ედუარდ ; [ჩაიწერა] ნატო ონიანი // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 30 აგვისტო. - 111 (2027). - 1 გვ.

67 „ტერორიზმი მიწასთან გასწორდება“

▲ზევით დაბრუნება


მომხდარ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით, საქართველოს სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ საქართველოს ტელევიზიისათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა:

- ტერორიზმი მიწასთან გასწორდება, ტერორისტები გადაშენდებიან საქართველოდან. ეს არის მათი ბოლო მცდელობა, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო ანგარიშს გაუსწორებს ტერორიზმს, ძალიან უნდათ, საქართველო ტერორისტულ ქვეყნად აქციონ, მაფიები გაბატონდნენ - მართონ ქვეყანა. ვერ მიიღებენ ამას, ვერ ეღირსებიან. საქართველოს მართავს კანონიერი პარლამენტი, ხალხის მიერ არჩეული დეპუტატები და არჩეული პრეზიდენტი. მაფიოზები და კრიმინალები საქართველოს ხელისუფლებაში ვერ მოვლენ, რაც უნდა გააკეთონ მათ.

სახელმწიფოს მეთაურის პრესსამდივნო.

„ტერორიზმი მიწასთან გასწორდება“ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 30 აგვისტო. - 111 (2027). - 1 გვ.

68 „ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ ერთიანი, მთლიანი და განუყოფელი საქართველოსათვის“

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის ედუარდ შევარდნაძის გამოსვლა რესპუბლიკის მოედანზე გამართულ მიტინგზე, რომელიც მიმართული იყო 30 აგვისტოს მომხდარი ტერორისტული აქტის წინააღმდეგ

30 აგვისტოს თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე გაიმართა საზოგადოებრიობის მიტინგი, რომელიც წინა დღე მომხდარ ტერორისტულ აქტს მიეძღვნა. მიტინგში მონაწილეობდა ათასობით თბილისელი, რესპუბლიკის, პარლამენტის, მთავრობის წევრები,ცნობილი მოღვაწეები, ინტელიგენციის წარმომადგენლები.

მიტინგი, რომელიც გახსნა ქალაქ თბილისის მერმა ნიკო ლეკიშვილმა, თავიდან ბოლომდე გამსჭვალული იყო იმ სასტიკი და მიუღებელი მოვლენისადმი შეურიგებლობით, რომელსაც ტერორი ჰქვია და რომელმაც ჩვენს ქვეყანაში ბოლო წლებში უკვე სახელმწიფოებრივ მასშტაბებს მიაღწია. ბოლო ტერორისტულმა აქტმა, რომელიც უკვე უშუალოდ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის წინააღმდეგ იყო მიმართული, განსაკუთრებული სიმწვავით დააყენა დღის წესრიგი როგორც ამ საშიში და, სამწუხაროდ, თიტქმის უკვე ჩვეულებრივი მოვლენის წინააღმდეგ დაუნდობელი ბრძოლის აუცილებლობა, ასევე იმ სსამსახურების პასუხისმგებლობის საკითხი,რომელთა უშუალო მოვალეობაა ქვეყანაში წესრიგისა და სტაბილურობის დაცვა.

მიტინგზე, მონაწილეთათვის მოულოდნელად, მოვიდა საქართველოს სახელმწიფოს მეთაუღი ედუარდ შევარდნაძე, რომელმაც სიტყბით მიმართა შეკრებილთ და უწინარეს ყოვლისა, მადლობა გადაუხადა ყველას მხარდაჭერისა და თანადგომისათვის.

- გუშინდელი დღე მართლაც საბედისწერო შეიძლებოდა ყოფილიყო ქვეყნისათვის, - განაცხადა ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ - საქმე მხოლოდ ერთ პიროვნებაში არ არის, აქ მთავარი ის არის, რომ მათ უნდა მოეკლათ სახელმწიფო მეთაური - პარლამენტის თავმჯდომარე. ეს კი, როგორც პარლამენტის ტრიბუნიდან განაცხადა გიორგი ბარამიძემ, იქნებოდა სახელმწიფო გადატრიალების დასაწყისი. გადატრიალება ან ახლა მოხდებოდა ან პრეზიდენტობის ერთ-ერთი უმთავრესი კანდიდატი ჩამოშორდებოდა კონკურენციას და გაიმარჯვებდა ის, ვისი გამარჯვებაც სურთ შავ ძალებს. ვიცი, შემედავებიან, რომ მე წინასაარჩევნო კამპანია დავიწყე, დიახ დავიწყე აქამდე არ მითქვამს და ახლა კი ვამბობ: მე მივიღე საქართველოს მოქალაქეთა კავშირის წინადადება და გადავწყვიტე კენჭი ვიყარო საპრეზიდენტო არჩევნებში.

კიდევ ვიმეორებ, რომ ეს იყო დიდი განსაცდელის დასაწყისი საქართველოსათვის. რომ არა მაღალი ღმერთის ნება და მფარველობა, ალბათ გუშინდელი დღე ცუდად დამთავრდებოდა. ჩვენთან არის ღმერთიც, ხალხიც, ჩვენთან არის მთლი მსოფლიო მთელი პროგრესული კაცობრიობა და დემოკრატიული ძალები და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ.

რატომ გაბოროტდნენ ეს ძალები სწორედ ახლა ასე ძალიან? გაბოროტნენ, იმიტომ, რომ პარლამენტში არ ჩავარდა კონსტიტუცია, რომელიც ქვეყნის სავიზიტო ბარათია მთელს პლანეტაზე, მინდა ყოველგვარი შელამაზების გარეშე გითხრათ, ძვირფასო, მეგობრებო, რომ ჩვენ შეგვიძლია ვიამაყოთ ამ კონსტიტუციით. იგი ევროპის კონტინენტზე ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კონსტიტუციაა და რადგან ქვეყანამ ასეთი კონსტიტუციის მიღება შეძლო. ნიშნავს, რომ იგი სწორი გზით მიდის, ესე იგი ის გადარჩება, ესე იგი ის ღირსია იმისა, რომ მთელმა მსოფლიომ მხარი დაუჭიროს. ჩვენ ამ გზით ვივლით. დემოკრატიისა და ძლიერი სახელმწიფოს პირობებში ვერ იბატონებს იარაღი და იარაღით მოპოვებული ფული. რამდენი შეთქმულებაც უნდა მოაწყონ, რაც უნდა მოხდეს, მინდა გითხრათ, ჩემო ძმებო, დებო, შვილებო, შვილიშვილებო, რომ ვერ შეგაშინებენ, ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ ერთიანი, მთლიანი და განუყოფელი საქართველოსთვის. კონსტიტუცია არის იმის აბსოლიტური გარანტი, რომ ჩვენი ხალხი ხვალ უკეთ იცხოვრებს. არ განვაცხადებდი ამის შესახებ, რწმენა რომ არ მქონდეს. ჩვენც შევქმნით პროდუქციას და ჩვენი უცხოელი მეგობრებიც ათჯერ უფრო მეტად დაგვეხმარებიან კრიზისის დაძლევაში, რადგან ჩვენ კანონიერი ქვეყანა ვართ, კანონიერი გზით მივიღეთ კონსტიტუცია და კანონიერი კონსტიტუციური გზით მოვაწყობთ არჩევნებს. არჩევნები ყოველ მიზეზგარეშე გაიმართება 5 ნოემბერს.

კიდევ რამ გააბოროტა ეს ძალები? საქმე ის არის, რომ კონსტიტუციამ, რომელიც დავამტკიცედ პარლამენტში, რისთვისაც ჩვენს პარლამენტს ათიათასი მადლობა ეთქმის, მადლობა ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობისათვის, არის საქართველოს ერთიანობისა და მთლიანობის, ჩვენი დაკარგული ქართული მიწების დაბრუნების სამართლებრივი საფუძველი. კარად იცით. ბევრ რამეში ედავებიან ჩეჩნები რუსეთს, მაგრამ ვერავინ ედავება იმაში, რომ ჩეჩნეთში მისი მიწა-წყალია. რადგან ეს რუსეთის კონსტიტუციით არის დაკანონებული. საქართველოს კონსტიტუციამ დააკანონა, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოს შემადგენელი ნაწილია.

მინდა აქ მყოფი უცხოელი ჟურნალისტების გასაგონად ვთქავ, რომ ჩვენ ბოლო ამოსუნთქვამდე ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ სისხლი არ დაიღვაროს და მშვიდობით დაბრუნდნენ ჩვენი ნატანჯი ლტოლვილები აფხაზეთში. მაგრამ, თუ საშველი მაინც არ იქნება, კონსტიტუცია არის ის საფუძველი, რომელიც ხელში იარაღს აგვაღებინებს და ჩვენს სამართლიან საქმეს გადაგვაწყვეტინებს ისე, როგორც ეს ჩვენი სახელმწიფოს ერთიანობას სჭირდება.

მიუხედავად ჩემი შეხედულებისა - თქვა შემდეგ ბატონმა ედუად შევარდნაძემ, - რომ მიტინგების დრო დამთავრდა, მაინც მიმაჩნია, რომ დღეს აქ, ამ მიტინგზე ჩვენ უნდა შევხვედროდით ერთმანეთს. დღეს უნდა გამოგვეხატა საქართველოს ხალხის ნება, რომ ჩვენ აღარ გვინდა ტერორიზმის პირობებში ცხოვრება, აღარ გვინდა იარაღიანი ხალხის თარეში, არ გვინდა კრიმინალები პოლიტიკაში, არ გვინდა, რომ არჩევნებში გაიმარჯვოს იარაღიანმა ხალხმა და იარაღიანი ხალხი ბოგინობდეს პარლამენტში. ეს არ მოხდება. საქართველო, ჩვენი ხალხი - ქართველები, სომხები, აზერბაიჯანელები, რუსები, ებრაელები, აფხაზები, ოსები, ბერძნები, ყველა, ვინც აქ ცხოვრობს, აირჩევს საუკეთესოს საუკეთესოთა შორის. ასეთი იქნება ჩვენი პარლამენტი... და მე მგონი პრეზიდენტსაც კარგს ავირჩევთ.

დასასრულ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურმა მადლობა გადაუხადა მიტინგის მონაწილეებს, საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც გამოხატეს ქვეყნის მთელი მოსახლეობის ნება, მიტინგის ორგანიზატორებს ამ სასარგებლო ღონისძიებისათვის და უსურვა ყველას ბედნიერება, საქართველოს გამთლიანება, აყვავება და გაძლიერება მიტინგის მონაწილეებმა მიიღეს მიმართვა საქართველოს მოსახლეობისადმი, რომელშიც დაგმეს ტერორიზმი, როგორც ანტისახელმწიფოებრივი მოვლენა და მიუხედავად შექმნილი რთული ვითარებისა, მოუწოდეს გონიერებისაკენ, სიბრძნისაკენ და მომავალ არჩევნებში ღირსეული არჩევანისაკენ.

საქინფორმი.

„ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ ერთიანი, მთლიანი და განუყოფელი საქართველოსათვის“ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 31 აგვისტო. - 112 (2028). - 1,2 გვ.

69 ვიწყებთ სწავლას, ესე იგი - ვიწყებთ ნორმალურ ცხოვრებას!

▲ზევით დაბრუნება


მინდა, უპირველეს ყოვლისა, პედაგოგებს, მოსწავლეებს, სტუდენტობას და მთლიანად საქართველოსაც მივულოცო ახალი სასწავლო წლის დაწყება.

ვიწყებთ სწავლას, ესე იგი - ვიწყებთ ნორმალურ ცხოვრებას! წლევანდელი წელი რეფორმათა წელია, რომელიც დააგვირგვინა პოლიტიკური რეფორმის ფუძემდებლურმა დოკუმენტმა - კონსტიტუციამ.

ამ კონსტიტუციაში თავისი კუთვნილი ადგილი დაიკავა ადამიანის უფლებათა შორის ერთ-ერთმა უმნიშვნელოვანესმა - უფლებამ სწავლაზე.

პარლამენტმა მოამზადა განათლების კანონი, მინისტრთა კაბინეტი იღებს განათლების რეფორმის პროგრამას, განათლების სამინისტრომ დაამტკიცა განათლების კონცეფცია.

ეს ნორმატიული აქტები არსებითია განათლების სისტემის მიზანმიმართული და შეუფერხებელი საქმიანობისათვის, მაგრამ თვით ყველაზე კარგად შედგენილი კანონი და პროგრამა შეიძლება მხოლოდ ქაღალდზე დარჩეს ან ფარატინა ფურცელად იქცეს, თუ მას გამახორციელებელი არ ეყოლა.

განათლების რეფორმის უპირველესი ხორცშემსხმელები თქვენ ბრძანდებით - მასწავლებლები, ლექტორები, აღმზრდელები...

როგორ მესახება ამ ფონზე განათლების სისტემის პერსპექტივები?

მჯერა, დამდეგი სასწავლო წელი უკეთესი იქნება, ვიდრე შარშანდელი; ამას ვამბობ იმისდა მიუხედავად, რაც ახლახან მოხდა; მხედველობაში მაქვს ჩემ მიმართ განხორციელებული ტერორისტული აქტი. გადავრჩი, განგებამ და ღვთის ნებამ გადამარჩინა. ხალხი ამბობს - საიქიოდან მობრუნებულს - ყველაფერი დაეჯერებაო. საიქიოდან მობრუნებულს არ ვგავარ, მაგრამ მაინც მინდა დამიჯეროთ - ხვალ უკეთესი ჟამი დაგვიდგება! ობიექტური თვალი პედაგოგისა შენიშნავდა, რომ ქვეყანა ლაგდება, დემოკრატიული სამოქალაქო ცხოვრების წესი და კანონი ძალას იკრებს, წარმოება იღვიძებს საღათას ძილისაგან და საერთოდ, ცხოვრება შედარებით ნორმალურ კალაპოტში დგება.

სწორედ ამ პროცესმა გააშმაგა დესტრუქციული ძალები, ისინი ტერორის სრულიად უპერსპექტივო გზას დაადგნენ, მაგრამ, მწამს, რომ ჩემზე თავდასხმა ამ ისტორიულად განწირული ძალების უკანასკნელი გაფართხალებაა.

ცხადია, დღეს ბევრი რამ გავკლია. დემოკრატიისა და საბაზრო ეკონომიკის გაუკვალავ გზებზე ზოგჯერ წავიფორხილებთ კიდეც, მაგრამ გეზი და მიმართულება სწორი გვაქვს, და ამ სასიკეთო პროცესის განმსაზღვრელიც და ამაჩქარებელიც განათლებაა, რამდენადაც ყველაფერს - მრეწველობასაც, სოფლის მეურნეობასაც, მშენებლობასაც სწავლა სჭირდება; სწავლება უნდა შრომას, სწავლება უნდა ომსაც და - სხვათა შორის - ომის თავიდან არიდების ხელოვნებასაც. ტყუილად როდი ამბობდა ერთი ჭკვიანი პოლიტიკოსი - ომს იგებს სოფლის მასწავლებელიო. ჩვენც მასწავლებლობამ, სკოლამ უნდა მოგვაგებინოს ყველა ომი: სწორად დაყენებულ სწავლა-აღზრდის საქმეს, მერწმუნეთ, ლომის წილი ედება ჩვენს ტერიტორიულ გამთლიანებასა და სახელმწიფოებრივ გაძლიერებაში.

წელს, ოთხი წლის შემდეგ, კვლავ დაირეკება საპირველსექტემბრო ზარი ჩვენს პირველ სკოლაში და როგორც პირველი საშუალო სკოლა აღდგა ფერფლისა და ნანგრევებისაგან, მწამს, რომ თქვენ, ჩვენო მასწავლებლებო და მოსწავლეებო, ლექტორებო და სტუდენტობავ, აღმზრდელებო და აღსაზრდელებო, ფეხზე წამოაყენებთ და გაამყარებთ სკოლას, განათლებას, ესე იგი - გაამაგრებთ და გააძლიერებთ საქართველოს.

ედუარდ შევარდნაძე.

ვიწყებთ სწავლას, ესე იგი - ვიწყებთ ნორმალურ ცხოვრებას // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 1 სექტემბერი. - 113(2029). - 1 გვ.

70 მის აღმატებულებას თანსუ ჩილერს

▲ზევით დაბრუნება


ძვირფასო ქალბატონო პრემიერ-მინისტრო!

ჩემთვის პატივია, მოგესალმოთ თქვენ, ჩვენი დიდი მეგობრის და მეზობლის - თურქეთის ერთ-ერთ გამოჩენილ საზოგადო და პოლიტიკურ მოღვაწეს.

მე ხშირად ვიმეორებ, რომ ახლახან საქართველოსა და თურქეთს შორის ახალი სასაზღვრო გადასასვლელის გახსნა უაღრესად მნიშვნელოვანი მოვლენაა ჩვენს საუკუნოვან ურთიერთობებში. შეხვედრები და საუბრები თურქი ხალხის ლიდერთან, პრეზიდენტ სულეიმან დემირელთან, თქვენთან და სხვა ლიდერებთან დაუვიწყარი და სამუდამოდ სამახსოვროა ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვის.

ჭეშმარიტად შეიძლება ითქვას, რომ თურქეთთან განსხვავებულმა ურთიერთობებმა გადამწყვეტი როლი შეასრულა ქართული სახელმწიფოებრიობის მშენებლობის კრიტიკულ ეტაპზე.

ჩვენი სურვილია ამ ნიშანდობლივი ურთიერთობების გაღრმავება და დიალოგი თურქეთსა და საქართველოს შორის. ამასთან დაკავშირებით, მინდა თბილისში მოგიპატიჟოთ, ჩემთვის და ქართველი ხალხისთვის დიდი პატივი იქნება თქვენი და თქვენი მეუღლის მასპინძლობა თქვენთვის ხელსაყრელ ნებისმიერ დროს.

იმედი მაქვს, რომ ეს ვიზიტი ახალ იმპულსს მისცემს თურქეთ-საქართველოს ურთიერთობებს და ხელს შეუწყობს ჩვენს ერთობლივ ძალისხმევას რეგიონში და მის გარეთ მშვიდობისა და სტაბილურიბისათვის.

ნება მომეცით, კიდევ ერთხელ გამოვხატო პირადი მოწიწება და დაგარწმუნოთ თქვენდამი უღრმეს პატივისცემაში.

ჭეშმარიტად თქვენი, ედუარდ შევარდნაძე.
17 აგვისტო. 1995 წელი

მის აღმატებულებას თანსუ ჩილერს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 1 სექტემბერი. - 113 (2029). - 2 გვ.

71 „ისტორიის კანონზომიერი სრბოლის შეჩერება შეუძლებელია და საქართველო უკვე არასოდეს არ გადაუხვევს დემოკრატიული განვითარების გზიდან“

▲ზევით დაბრუნება


ედუარდ შევარდნაძის სიტყვა

პატივცემულო ბატონო პრეზიდენტო! ქალბატონებო და ბატონებო!

წილად მხვდა დიდი პატივი თქვენს მშვენიერ ქვეყანას პირველად ვწვეოდი მას შემდეგ, რაც ჩვენმა ხალხებმა დამოუკიდებლობა მოიპოვეს. ბედნიერი ვარ, რომ ჩემს ძველ მეგობარ პრეზიდენტ ქარიმოვთან ერთად მომეცა შესაძლებლობა, სამართლებრივი საფუძველი ჩამეყარა უზბეკეთისა და საქართველოს მოძმე ხალხების შემდგომი ურთიერთობებისათვის. მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო, რომ ჩვენი ნაცნობობის პირველი დღეებიდანვე შემექმნა მასზე ყველაზე მაღალი აზრი, როგორც გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწის, გამჭრიახი და უაღრესად პრინციპული ადამიანის შესახებ, რომლის მოღვაწეობის მასშტაბი სცილდება ერთი ქვეყნის ფარგლებს.

ჩვენს ურთიერთობას დიდი ხნის საინტერესო ისტორია აქვს. იგი იშვა საუკუნეთა სიღრმეში. თქვენს ძველ მიწაზე ყოფნისას, თითოეული ჩვენგანი თითქოსდა ეხება დიდ ცივილიზაციას, რომელიც რუდუნებით შექმნეს, თავს ევლებოდნენ თქვენს წინაპართა მრავალრიცხოვანმა თაობებმა, აქ, ამუდარიას და სირ-დარიას შორის სივრცეებზე იქმნებოდა სარწყავ სისტემაზე დაფუძნებული მიწადმოქმედების კულტურა, რომელსაც ბადალი არ აქვს მსოფლიოში. აქ აიგო ბუხარისა და სამარყანდის ხუროთმოძღვრების შედევრები, ვითარდებოდა მიწადმოქმედების კულტურა, აქ უმღეროდა ჰუმანისტურ იდეალებს სწორუპოვარი ალიშერ ნავოი. ჩვენთვის, დიდი რუსთაველის შთამომავალთათვის, ეს იდეალები, განსაკუთრებით გასაგები და ახლობელია.

მრავალი ათწლეულის მანძილზე უზბეკები და ქართველები ცხოვრობდნენ ერთიანი მრავალეროვანი სახელმწიფოს ფარგლებში. ისტორიის სწორედ ამ პერიოდში ჩაეყარა საფუძველი ჩვენი ხალხების ძმურ კავშირურთიერთობას. ერთად ვირჯებოდით, ვამდიდრებდით ერთამანეთს კულტურის ღირებულებებით და როცა უდიდესი ბოროტებისაგან, მსოფლიო ცივილიზაციის ხსნის დრო დადგა, ერთამანეთის მხარდამხარ ვიბრძოდით. შემდეგ კი ერთად ვზეიმობდით კაცობრიობის მტერზე - ფაშიზმზე გამარჯვებას. ამის დავიწყება შეუძლებელია. თუ კაცს მეხსიერება არა აქვს, არც მომავლის უფლება აქვს, რაკი წარსული გვახსოვს, მთელ;ი ძალისხმევა იმას უნდა მოვახმაროთ, რომ ჩვენი ხალხებისთვის უზრუნველვყოთ ბედნიერი ჰარმონიული მომავალი.

სამწუხაროდ, სახელმწიფომ, რომელშიც ერთად ვცხოვრობდით, საერთო ისტორიის შესახებ მოგონებათა გარდა, მემკვიდრეობად დაგვიტოვა ფრიად სერიოზული საერთო პრობლემები, რომელთა გადაჭრა გაგვიჭირდება, თუ მჭიდროდ არ ვითანამშრომლეთ, გულწრფელად მწამს, რომ ჩვენი ქვეყნების მონაწილეობა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში, რომლის ფორმირებასა და ჩამოყალიბაბაში ძირითადი როლი განეკუთვნება ახალ, დემოკრატიულ რუსეთს, ახალ ორმხრივ ურთიერთობებთან ერთად შექმნის ამგვარი თანამშრომლობის ხელშემწობ პირობებს და შევძლებთ ახლანდელ სიძნელეთა დაძლევას.

რა თქმა უნდა, ყოველ ხალხს თავისი უნიკალური ისტორიული გამოცდილება, თავისი განვითარების გზა, თავისი ბედნიერების ფორმულა, თავისი სპეციფიკური და შესაძლოა ამ პრობლემათა გადაჭრის თავისი რეცეპტები აქვს. ჩვენ დიდ პატივს ვცემთ, უზბეკეთის ხალხისა და მისი ხელმძღვანელობის არჩეულ გზას. საჭიროდ მიმაჩნია, განსაკუთრებით შევეხო, პატივცემულო პრეზიდენტო, თქვენს ძალისხმევას, რომელსაც ახორციელებთ მშვიდობისა და სტაბილურობის მიღწევისათვის მთელ შუა აზიის რეგიონში.

ზემოდ ვთქვი, რომ ჩვენმა ქვეყნებმა, მემკვიდრეობით მიიღეს მრავალმხრივ მსგავსი პრობლემები. მაგრამ მინდა დავუმატო, რომ ყოფილი სსრ კავშირის ყველა რესპუბლიკისათვის საერთო სოციალურ და ეკონომიკურ სნეულებებთან ერთად საქართველოს თავს დაატყდა განსაკუთრებული გამოცდები, რომლებიც მეტმა წილმა ახალმა სახელმწიფოებმა თავიდან აიცილეს. უწინარეს ყოვლისა, ეს იყო ეთნოპოლიტიკური კონფლიქტები, რომლებიც ერთმა მუჭა აგრესიულმა სეპარატისტებმა და მათმა მხარდამჭერმა, აგრეთვე, რეაქციულმა ძალებმა მოგვახვიეს თავს გარედან. ამ კონფლიქტების შედეგად საქართველლოს სამასი ათასზე მეტი მოქალაქე ლტოლვილად იქცა საკუთარ ქვეყანაში. სამოქალაქო ომმა და ენერგეტიკულმა კრიზისმა კი საბოლოოდ მოშალეს ქვეყნის ეკონომიკა, რომელიც ისედაც დაქვეითებული იყო.

ქართველმა ხალხმა პოვა ძალები, შეეჩერებინა უფსკრულში ვარდნა, დაეწყო რადიკალური ეკონომიკური რეფორმები და ნაბიჯ-ნაბიჯ ჩაეყარა საძირკველი ახალი სახელმწიფოებრიობისათვის. მივაღწიეთ ხელშესახებ შედეგებს პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილიზაციის საქმეში. ახლახან საქართველოს პარლამენტმა იქ წარმოდგენილი პოლიტიკური ძალების ცხარე დებატების და ურთიერთკომპრომისების შედეგად მიიღო ქვეყნის ახალი კონსტიტუცია.

მაგრამ ყველას როდი მოსწონს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პოზიტიური ცვლილებები დამნაშავე დაჯგუფებები, რომლებიც, სარგებლობდნენ რა, უწესრიგობით, მდიდრდებოდნენ, გააფთრებულ წინააღმდეგობას უწევენ კანონის უზენაესობის დამყარებას. ამას მოწმობს 29 აგვისტოს თბილისში მომხდარი ტერორისტული აქტიც. მათ განზრახვას ახდომა არ ეწერა. საქართველოს ხალხი ნებას არ მისცემს მაფიოზურ კლანებს მართონ ქვეყანა. ადრე თუ გვიან, ისინი იძულებული იქნებიან, შეიგნონ, რომ ისტორიის კანონზომიერი სრბოლის შეჩერება შეუძლებელია და საქართველო უკვე არასდროს გადაუხვევს დემოკრატიული განვითარების გზიდან.

მე ასევე იმედს მინერგავს საერთაშორისო ავტორიტეტი, რომელიც ახალგაზრდა საქართველოს სახელმწიფომ მოიპოვა ბოლო სამი წლის მანძილზე. მისი მონაწილეობა საერთაშორისო ორგანიზაციებში, რეგიონულ სისტემებსა და ორმხრივ სახელმწიფოთა ურთიერთობაში, გამსჭვალულია კონსტრუქციულობისა და კეთილმოსურნეობის სულისკვეთებით. ჩვენი საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრინციპი ის არის, რომ მეგობრები შევიძინოთ. აბა, როგორ არ გავიხსენოთ დიდი რუსთაველი, რომელიც ჯერ კიდევ მეთორმეტე საუკუნეში წერდა: „ვინც მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია“ სწორედ რომ მეგობრები დაეხმარენენ ჩვენს ქვეყანას, ფეხზე წამომდგარიყო მისთვის ყველაზე კრიზისულ ხანაში. მომავალშიც მეგობართა მხარდაჭერის, ჩვენი ხალხებისადა მთელი კაცობრიობის საკეთილდღეოდ მჭიდრო თანამშრომლობისათვის მათი მზადყოფნის იმედი გავქვს.

ამასთან დაკავშირებით, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენს ვიზიტს უზბეკეთში. რაკი გვაქვს მრავალი ათეული წლის განმავლობაში ჩამოყალიბებული ორმხრივი ეკონომიკური, სამეცნიერო და კულტურული ურთიერთობის სტრუქტურა, ახლა იგი უნდა შევუსაბამოთ ახალ საფუძველს, დღევანდელობის რეალიებს. საჭირო დოკუმენტების ხელმოწერით ჩვენ უკვე შევძელით ბევრად შეგვევსო ეს ხარვეზი.

ჩვენი ქვეყნების გეოგრაფიული მდებარეობის გამო, განსაკუთრებით პერსპექტიულად მესახება მათი მონაწილეობა აღმოსავლეთ-დასავლეთის ეკონომიკური სისტემის ჩამოყალიბებაში, რომელიც გულისხმობს პლანეტარული მნიშვნელობის ენერგორესურსებისა და საკომუნიკაციო ხაზების გადაადგილების მძლავრი ქსელების შექმნას. დღეს უკვე შეიძლება ვამტკიცოთ, რომ შუა აზია-კავკასია-ევროპის სატრანსპორტო-საკომუნიკაციო დერეფნის იდეა სულ უფრო რეალურად იკვეთება. ამასთან, დაკავშირებით, ასევე უნდა ითქვას, რომ ამგვარი არტერიის შექმნის საჭიროება ნაკარნახევია დროის მოწოდებით და მისი მიზანი სულაც არ არის კონკურენცია გაუწიოს უკვე არსებულ საკომუნიკაციო დერეფნებს.

არავითარი ეჭვი არ მაქვს, რომ უახლოეს მომავალში, ეს დერფანი შეივსება შინაარსით - ამ დერეფნით გაივლის ტვირთი, საწვავი, ინფორმაცია და რაც უფრო მთავარია - ეს დერეფანი დააკავშირებს ხალხებს, რომლებსაც სურთ იცხოვრონ მშვიდობით და ურთიერთობა ჰქონდეთ მეგობრებთან.

ძვირფასო მეგობარო, ისლამ აბდუგანის ძევ, გულითა და სულით გიწვევთ საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად თქვენთვის მოსახერხებელ დროს. მერწმუნეთ, საქართველოს ხალხი მოუთმენლად დაელოდება შესაძლებლობას, რომ ღირსეულად უმასპინძლოს ესოდენ საპატიო სტუმარს.

ეხლა კი, ნება მიბოძეთ, შევსვა თქვენი, პატივცემულო ბატონო პრეზიდენტო და საქართველოსა და უზბეკეთის ხალხთა ძმობის სადღეგრძელო.

„ისტორიის კანონზომიერი სრბოლის შეჩერება შეუძლებელია და საქართველო უკვე არასოდეს არ გადაუხვევს დემოკრატიული განვითარების გზიდან“ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 6 სექტემბერი. - 116(2032). - 1,2 გვ.

72 ედუარდ შევადნაძე: „ის, რაც ბოლო წლინახევრის განმავლობაში კეთდება მთელი ხალხის მხარდაჭერითა და მოთხოვნით, დემოკრატიული და სტაბილური, ძლიერი სახელმწიფოს შექმნის, ხალხის კეთილდღეობისა და უსაფრთხოების, ადამიანის უფლებათა დაცვის რეალური გზა და გარდუვალი, აუცილებელი პირობაა“

▲ზევით დაბრუნება


ედუარდ შევარდნაძის 11 სექტემბრის რადიოინტერვიუ

- გასული ეკონომკური კვირის უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო 4 სექტემბერს თქვენი ვიზიტი უზბეკეთში. უზბეკეთის პრეზიდენტმა განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა ჩვენს კომუნიკაციებს, დაინტერესდა ჩაითა, ციტრუსებით, საშენი მასალებით, მსუბუქი მრეწველობითა და მეტალურგიით. დაიდო 22 სამთავრობო ხელშეკრულება, მათ შორის ორი ქვეყნის მეგობრობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულება... - ჟურნალისტ ნატო ონიანის ამ შეკითხვის პასუხად საქართველოს პატლამენტის თავმჯდომარემ - სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ თავის ტრადიციულ რადიოინრტერვიუში განაცხადა:

- სექტემბრის პირველი სამუშაო კვირა პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილიზაციის დამკვიდრების პერიოდისათვის ჩვეული საქმიანი რიტმით წარიმართა. კვირის მოვლენებიდან, უწინარესად, აღსაღნიშნავია საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით მეტად ნაყოფიერი ვიზიტი უზბეკეთში, რომელმაც დაადასტურა ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი როლი ცენტრალური აზიის, ამიერკავკასიისა და შავიზღვისპირეთის ქვეყნების რეგიონული და სუბრეგიონული თანამშრომლობის განვითარებაში, ტრანსკავკასიური სატრანსპორტო დერეფნის დიდი გეოპოლიტიკური პერსპექტივები. მეტად არსებითია აგრეთვე საქართველოსა და უზბეკეთს შორის ტრადიციულ ეკონომიკურ კავშირურთიერთობათა (ეს ურთიერთობანი უაღრესად მნიშვნელოვანი იყო, სხვათა შორის, მთელ რიგ დარგებში ყოფილი საბჭოთა კავშირის დროს უზბეკეთი მეორე ადგილზე იყო საქართველოსთან თანამშრომლობაში) აღდგენის სამართლებრივი ბაზის შესაქმნელად იმ ხელშეკრულებების ხელმოწერა, რომლებიც უზბეკეთში გაფორმდა.

უზბეკეთის ხელმძღვანელობამ ყველაფერი იღონა იმისათვის, რომ ეს ვიზიტი ყოფილიყო უმაღლეს დონეზე, მოჰყოლოდა შესანიშნავი შედეგები და განსაკუთრებით გულთბილ, მეგობრულ ატმოსფეროში წარმართულიყო. მინდა ერთხელ კიდევ ვისარგებლო შემთხვევით და პრეზიდენტ ისლამ ქარიმოვს შევუთვალო გულწრფელი, მეგობრული მადლობა სტუმართმოყვარეობისა და აბსოლუტური მხარდაჭრისათვის. საქართველო-უზბეკეთის ურთიერთობას, მართლაც რომ, დიდი მომავალი და დიდი პრესპექტივები აქვს.

განსაკუთრებით გამოვყოფდი სატრანსპორტო დერეფნის პერსპექტივას და მსუბუქი მრეწველობის სრული ამოქმედებისა და მთელი მისი პოტენციალის გამოყენებისათვის საქართველო-უზბეკეთის თანამშრომლობას (ამ მხრივ გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება აგრეთვე აზერბაიჯანთან თანამშრომლობას) ჩვენ ყველანი, მთელი ჩვენი ხალხი ასევე დიდად ვაფასებთ ბატონ ქარიმოვის განცხადებას იმის თაობაზე, რომ იგი გმობს ყოველგვარ სეპარატიზმს, განსაკუთრებით, აფხაზურ. აგრესიულ სეპარატიზმს და იზიარებს ჩვენს პოზიციას. უნდა ვთქვა, რომ თანამეგობრობის ყველა სახელმწიფო მთელი მსოფლიოს თანამეგობრობასთან ერთად გმობს აფხაზურ სეპარატიზმს.

გასული კვირის განმავლობაში საკმაოდ გაჯერებული იყო შიდაეკონომიკური ცხოვრებაც. გაიმართა რესპუბლიკური თათბირი მევენახეობის რაიონების ხელმძღვანელთა და სამეურნეო მუშაკთა მონაწილეობით, რომელსაც ცხარე დებატებისადა აზრთა გაზიარების შედეგად მოჰყვა სახელმწიფოს მეთაურის ბრძანებულება 1995 წლის რთველის ჩატარების ღონისძიებათა შესახებ. უკვე უახლოესი დღეები გვიჩვენებს, რამდენად სწორი გამოდგება ეს დიდი მოსამზადებელი მუშაობა ამ უაღრესად რთულ პერიოდში, და რამდენად იქნება მისაღები მევენახეებისათვის ის, რაც შევთავაზეთ.

საქართველოს ეკონომიკისათვის ამ უდიდესი მნიშვნელობის დარგის კრიზისიდან გამოყვანის მიზნით, მეღვინეობის საწარმოებს მიეცათ უფლება გამოიყენონ მოსავლის შესყიდვისა და გადამუშავების სხვადასხვა ფორმები და მექანიზმები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ ყურძნის დამზადებისათვის (ღვინის ქარხნები ვარაუდობენ წლეულს 100-150 ათასი ტონის შესყიდვას) არ იქნება მოზიდული სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრები, რამაც უნდა გამორიცხოს ინფლაციური აფეთქების შარშანდელი მწარე გაკვეთილის გამეორება (მაშინ პირდაპირ სატვირთო მანქანებით იგზავნებოდა ფული და კაცმა არ იცის, სად წავიდა ის თანხები) შეიქმნა პირობები თვით მეღვინეობის გადამმუშავებელ საწარმოთა ეკონომიკური პასუხისმგებლობის საფუძველზე უცხოური, კონკრეტულად, რუსული ინვესტიციების მოსაზიდავად. ამ მხრივ, შესაბამის სტრუქტურებთან კავშირურთიერთობათა დამყარების თვალსაზრისით და მათთან დიალოგის დროს, ძალიან საინტერესო და დიდი სამუშაო შეასრულეს ბატონმა ბაკურ გულუამ, ჩვენმა ელჩმა მოსკოვში ვაჟა ლორთქიფანიძემ. საქმე ახლა მეღვინეთა ორგანიზაციული და სამეწარმეო უნარის გამოვლენასა და გამოყენებაზეა.

სოფლის მეურნეობას რთველთან ერთად სხვა პრობლემებიც აწუხებს. მეტად პასუხსაგები პერიოდი დადგა მეცხოველეობის წინაშე. მწვავედ დგას პირუტყვის გამოსაზამთრებლად საკვებით უზრუნველყოფის პრობლემა. დღეს სოფლის მეურნეობის ყველა რანგის სპეციალისტებმა და ხელმძღვანელმა მუშაკებმა ყველაფერი უნდა იღონონ ადგილობრივი რესურსების მაქსიმალურად გამოყენებისათვის, რათა საკვების ნაკლებობა არ გახდეს გამოზამთრების პერიოდში პირუტყვის სულადობის შემცირების მიზეზი. რამდენ რაიონშიც ვიყავი (უნდა ვთქვა, რომ ბოლო დროს საკმაოდ ბევრი რაიონი მოვინახულე) ყველგან მატულობს პირუტყვის, განსაკუთრებით მსხვილფეხა რქიანი პირუტყვისა და ღორის სულადობა. ეს იმედის მომცემი ტენდენციაა. ზამთრისთვის მზადება სწორედ იმიტომ არის მთავარი, რომ ეს ტენდენცია შევინარჩუნოთ და განვამტკიცოთ. გამოზამთრების ორგანიზებულად წარმართვისათვის საჭიროა ენერგორესურსების უწყვეტი მიწოდება, შენობა-ნაგებობათა გარემონტება და სათანადო ვეტერინარული პრეპარატებით და სადეზინფექციო საშუალებებით მომარაგება. ახლა ეს სამუშაოც ასე თუ ისე მიმდინარეობს. საჭიროა მხოლოდ შესაბამისმა სამსახურებმა, დახმარება გაუწიონ აღნიშნული პრობლემების მოგვარებაში რესპუბლიკის ყველა კატეგორიის მეცხოველეობის მეურნეობებს.

ჩვეულებრივ მოვლენად იქცა საუბარი კუპონის კურსის სტაბილურობის შესახებ. თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე გაიზარდა ამერიკულ დოლარზე მოთხოვნა და მან 2 მილიონს გადააჭარბა. ასეთი დღეები, სხვათა შორის, იშვიათი იყო. ეს ნიშნავს მთელი ჩვენი სამეურნეო და საფინანსო, საბირჟო ცხოვრების გამოცოცხლებას. მოთხოვნა ძირითადად ეროვნულმა ბანკმა დააკმაყოფილა. დოლარის კურსი კუპონთან შეფარდებით უცვლელია (ეს უკვე ზეპირად იცის ყველამ და აღარ გავიმეორებ). ორშაბათსა და პარასკევს გამართულ ვაჭრობაზე კი რუსული რუბლის კურსი კუპონთან შეფარდებაში დაეცა და შესაბამისად შეადგინა: 1 რუსული რუბლი - 230 კუპონი. ეს დაკავშირებულია რუსეთში მიმდინარე პროცესებთან.

რადგან კუპონის განმტკიცებაზე აღებული კურსი სწორი აღმოჩნდა და რეალურად შევძელით მისი განმტკიცება, საკმაოდ მაღალი რანგის უცხოელი ექსპერტებისა და ჩვენი სპეციალისტების აზრით, განვლილი ერთი წლის მანძილზე ინფლაციის შეჩერების, გარდამავალი ვალუტის გამყარების ღონისძიებათა ფონზე, სავსებით მომწიფდა პირობები, რომ განვახორციელოთ ფულის რეფორმა და შემოვიღოთ სრულფასოვანი ეროვნული ვალუტა. მე უკვე ვთქვი ჩემს ერთ-ერთ გამოსვლაში, რომ ეს დიდი მოვლენა იქნება საქართველოს სახელმწიფოებრივი მშენებლობის პროცესში. სახელმწიფო კომისია, რომელსაც სახელმწიფოს მეთაური ხელმძღვანელობს, რა თქმა უნდა, ეროვნულ ბანკთან, მინისტრთა კაბინეტთან, ვიცე-პრემიერებთან, ფინანსთა სამინისტროსთან და სხვებთან ერთად, ამ მიმართულებით თანმიმდევრულად ახორციელებს საჭირო ორგანიზაციულ ღონისძიებებს, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილის რეკლამირება გასაგები მიზეზების გამო არ ხდება. მაგრამ პროცესი ისეთ პრაქტიკულ სტადიაში შევიდა, რომ გასულ კვირას მიღებულია სახელმწიფოს მეთაურის ბრძანებულება ფულის რეფორმასთან დაკავშირებით ადგილობრივი კომისიების შექმნის თაობაზე. ამ კომისიათა მთავარი ამოცანაა ორგანიზებულად წარიმართოს მოსახლოების ხელთ არსებული კუპონების ახალი ფულის ნიშნებით შეცვლის პროცესი. უახლოეს დღეებში გაიმართება რესპუბლიკური თათბირი ფულის რეფორმის განხორციელების საკითხებზე, რომელშიც მონაწილოებას მიიღებენ რესპუბლიკური და ადგილობრივი მმართველობის ორგანოების საფინანსო და საბანკო ორგანოების წარმომადგენლები.

რატომ გვინდა ასეთი შეხვედრა გამგებლებთან, ქალაქების მერებთან, მინისტრებთან, სპეციალისტებთან, მეწარმეებთან, საზოგადოებრიობის წარმომადგენლებთან? უნდა გავითავალისწინოთ ყველა დეტალი. საქმე ის გახლავთ, რომ თუ ლარი არ გახდა ერთადერთი საგადამხდელო საშუალება, მაშინ მის შემოღებას აზრი არა აქვს, იგი მტკიცე და საჭირო მხოლოდ მაშინ იქნება, თუ სახელმწიფო უზრუნველყოფს ამას. უნდა შეიქმნას იდეალური პირობა, რათა ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე ფულის გაცვლის (ვისაც აქვს რუსული რუბლი, დოლარი, მარკა და სხვა) პროცესი იყოს მოგვარებული და მოწესრიგებული. სხვა განსაკუთრებულ დაბრკოლებებს ალბათ არ წავაწყდებით, ამას კი დიდი ორგანიზაციული მუშაობა დასჭირდება.

კუპონი თავისთავად ექსპერიმენტი იყო, მან ბევრი რამ დაგვანახა და ჩემი აზრით, გვაქვს შესაძლებლობა, ისე განვახორციელოთ ფულის რეფორმა, რომ იგი მოსახლოებისათვის ხელსაყრელი და მომგებიანი იყოს, სახელმწიფოსათვის კი კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი სახელმწიფოებრივი ფორმირების თვალსაზრისით.

ფულის რეფორმის პარალელურად, ცხადია თანამიმდევრულად ხორციელდება საბიუჯეტო სახსრების მობილიზაციის ღონისძიებანი. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, რესპუბლიკური ბიუჯეტის მთლიანმა შემოსავალმა 1995 წლის 8 სექტემბრისათვის 200 ტრილიონ კუპონს გადააჭარბა. ეს გაცილებით მეტია, ვიდრე პროგნოზით იყო გათვალისწინებული და 8-9 პროცენტით აღემატება მსოფლიო ბანკისა და სავალუტო ფონდის სავარაუდო მონაცემებს. ამ მხრივ მუშაობა ცუდად არ მიდის (ლაპარაკია საგადასახადო ინსპექციაზე, ზოგიერთ საკონტროლო სისტემაზე, აქტიურად არის ჩაბმული კონტროლის პალატა) მაგალითად, პურპროდუქტების კორპორაციამ საგრძნობლად გააუმჯობესა თანხების ჩარიცხვასთან დაკავშირებული ღონისძიებები. ასევე სერიოზული ცვლილებები მოხდა უკეთესობისაკენ ბანკების საქმიანობაში.

თანდათანობით ვუახლოვდებით ზამთრის სეზონს. ამასთან დაკავშირებით, ბუნებრივია, ჩვენი ცენტრალური საზრუნავი არსი საქენერგო. სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს პრემიერ-მინისტრის ოთარ ფაცაციას ხელმძღვანელობით, საქენერგოში ხორციელდება საგანგებო ღონისძიებები. ამ დიდ კოლექტივს სათავეში ჩაუდგა გამოცდილი და როგორც მე ვიცნობ, უნარიანი ორგანიზატორი ბატონი დავით ზუბიტაშვილი, რომელსაც რაიონის და ქალაქის ხელმძღვანელებიც კარგად იცნობენ. მე მას ხვალ შევხვდები და მოვილაპარაკებთ ზოგიერთი კარდინალური ღონისძიების შესახებ, რომლებმაც უნდა გააუმჯობესოს მთელი სისტემის მუშაობა.

- უზბეკეთში ვიზიტის დროს ისლამ ქარიმოვმა დაადასტურა, რომ მხარს უჭერს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას. გასულ კვირას თქვენ ტელეფონით ესაუბრეთ პრეზიდენტ ელცინს, როგორც ამ საუბრისას, ასევე პრესკონფერენციაზეც ბატონმა ელცინმა უაღრესად მკვეთრად გამოხატა საკუთარი პოზიცია აფხაზეთთან დაკავშირებით თქვა ისიც, რომ მალე საქართველოს ეწვევა პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ჩერნომირდინი. უფრო ადრე მსგავსი განცხადება გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ბორის პასტუხოვმა. თქვენი აზრით რა არის ეს - რუსეთის პოზიცია თუ წინასაარჩევნო პერიოდით განპირობებული განცხადებები?

- არა მგონია, რომ ეს წინაარჩევნო სამზადისთან იყოს დაკავშირებული. პრინციპში, ეს იმ ხაზის გაგრძელებაა, რომლის შესახებაც ილაპარაკა პრეზიდენტმა თბილისში თავისი ვიზიტის დროს. მაგრამ მე მაინც მინდა ხაზი გავუსვა: რუსეთის პრეზიდენტის ახლანდელი კატეგორიული განცხადება აფხაზეთის კონფლიქტთან დაკავშირებით საქართველოში კმაყოფილებით აღიქვეს. როგორც ცნობილია, ჩვენს შორის გაიმართა სატელეფონო საუბარი. მაშინ მე სვანეთში ვიმყოფებოდი, არ შემიძლია კმაყოფილებით არ აღვნიშნო პრეზიდენტის, სწორედ რომ, კატეგორიულობა, როცა ლაპარაკია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

ამ თვის შუა რიცხვებში, ჩვენი შეთანხმების შესაბამისად, თბილისში ჩამოვა რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ჩერნომირდინი ამ ვიზიტისგან, რა თქმა უნდა, ბევრს მოველით, რადგანაც ბევრი რამ გვაქვს გადასაწყვეტი, ვგულისხმობ ორი სახელმწიფოს ხელისუფლებას. ჩვენ მივესალმებით რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტს, როგორც ძალიან მნიშვნელოვან მოვლენას ორი ხალხის ცხოვრებაში. იმედი მაქვს, რომ რუსეთის ხელმძღვანელი ეშელონების პრინციპული განცხადებები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გარანტიებსა და აგრესიული სეპარატიზმის წინააღმდეგ შეთანხმებული მოქმედების შესახებ, დაკონკრეტდება და რეალური საქმეებით გამოიხატება.

- 8-9 სექტემებრს თქვენ მესტიაში ბრძანდებოდით. მოსახლეობას გააცნეს თქვენი ბრძანებულება რაიონის სოციალ-ეკონომიკური განვითარების შესახებ, რომელიც ბევრ შეღავათს ითვალისწინებს. როგორ ფიქრობთ, მესტიის მაგალითზე ეს პროგრამა თუ წარმატებით განხორციელდა, შესაძლებელი გახდება საერთოდ საქართველოს მთიანეთის პრობლემების გადაწყვეტა?

- სვანეთი მართლაც საქართველოს ციხესიმაგრე და მისი თვალმარგალიტია. ჩვენ აქ გაბედულად, არაორდინარულად ვიმოქმედებთ. დაიწყება საქართველოს მთიანეთის აღდგენის დიდი ექსპერიმენტი როგორც იცით, ასეთი მოძრაობა დაწყებულია რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში. იქ საკმაოდ საინტერესო გეგმები შედგა, რაც შეეხება ზემო სვანეთს, აქ განსაკუთრებული პროგრამა იქნება. მესტიაში მოსახერხებელია სახსრების და რესურსების ისეთი კონცენტრაცია, რომ უკვე მომავალ წელს პირველი ხელშესახები შედეგები მივიღოთ. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული რაიონის ხელმძღვანელობის შერჩევაზე. აქ მართლაც ძალიან დიდი ორგანიზატორი და თანამედროვე დონეზე მოაზროვნე ლიდერია საჭირო. ვეცდებით, სწორედ ამ ნიშნით გადავწყვიტოთ ეს პრობლემა.

- მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თითქმის ყოველდღე გადმოსცემენ ინფორმაციას ამა თუ იმ პიროვნების დაკავების შესახებ, ეს ტალღა განსაკუთრებით 29 აგვისტოს მომხდარი ტერორისტული აქტის შემდეგ გაძლიერდა. დაკავებულთა შორის ხშირად იხსენიებენ მაშველთა კორპუსის და მხედრიონის ამა თუ იმ წევრსა და ხელმძღვანელ პირს იმასაც ამბობენ, ეს მხედრიონის მიმართ დაწყებული გარკვეული კამპანია არისო. თქვენ რა შეფასებას მისცემდით ამ ფაქტს?

- არავითარ კამპანიაზე რომელიმე ერთი დაჯგუფების ან თუნდაც ორგანიზაციის მიმართ არ არის ლაპარაკი. ლაპარაკია უმსგავსოებათა აღმოფხვრაზე, მკვლელების, ტერორისტების, ბანდიტების, მაფიოზური კლანების წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებაზე. ეს ბრძოლა 29 აგვისტოს შემდეგ არ დაწყებულა - 29 აგვისტო იყო სახელმწიფოს მეთაურის ამ კურისის შეჩერების მცდელობა - ბრძოლა ადრე დაიწყო, ეს ყველამ შესანიშნავად იცის. ახლა ყველა ხედავს, ვის როგორი დემოკრატია სურდა და ვინ როგორ სარგებლობდა დემაგოგიით დემოკრატიული საქართველოს მშენებლობის შესახებ. ეს იყო წმინდა წყლის დემაგოგია. ის, რაც ბოლო წლინახევრის განმავლობაში კეთდება მთელი ხალხის მხარდაჭერითა და მოთხოვნით, დემოკრატიული და სტაბილური, ძლიერი სახელმწიფოს შექმნის, ხალხის კეთილდღეობასა და უსაფრთხოების, ადამიანის უფლებათა დაცვის რეალური გზა და გარდაუვალი, აუცილებელი პირობაა. სხვა გზა არ არსებობს. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ: არც ერთი ადამიანი უკანონოდ, უსაფუძვლოდ არ იქნება, არ უნდა იყოს დაკავებული, ეს საქართველოს მოსახლეობის და მთელი მსოფლიოს გასაგონად გაცხადებული ჩვენი პრინციპის საკითხი და პირობაა.

- გუშინ თქვენ ყოველთა სომეხთა კათალიკოსს შეხვდით, შეიძლება ითქვას, რომ ეს ვიზიტიც ორ მეზობელ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობის ერთ-ერთი გამოხატულება იყო.

- გუშინ უკვე გამოვთქვი აზრი და შევახსენებ მოსახლეობას: ყოველთა სომეხთა კათალიკოსის ვიზიტი მნიშვნელოვანი მოვლენაა ორი ხალხის ტრადიციული მეგობრობის განმტკიცების თვალსაზრისით. უაღრესად საინტერესო საუბრები გაიმართა ჩვენს რეგიონში და მის ფარგლებს გარეთაც მშვიდობისა და შემწყნარებლობის საკითხებზე, სხვა პრობლემებზე. ჩვენი ხალხი გულითადად მიესალმა გარეგინ პირველის სტუმრობას.

- მას შემდეგ, რაც თბილისში კულტურის დღეები „თბილისური გაზაფხული“ დასრულდა, კულტურული ცხოვრების ტემპი არ შენელებულა. 21-27 სექტემბერს ქუთაისში გაიმართება მნიშვნელოვანი დღესასწაული - სატახტო ქალაქად ქუთაისის გამოცხადების 1000 წლისთავს იზეიმებს საქართველო. გუშინ აჭარაში გაიხსნა კინოფესტივალი „ოქროს არწივი“ განვლილ კვირას სოხუმის თეატრმა, რომელსაც თბილისის ქალაქის ხელმძღვანელობა პატრონობს, „დარისპანის გასაჭირი“ წარმოადგინა. შეიძლება ითქვას, რომ მიუხედავად დიდი გაჭივრებისა, ქალაქი და ქვეყანა მაინც სისხლსავსე კულტურული ცხოვრებით ცხოვრობენ.

- თბილისმა რომ გამოიღვიძა და აქ სხვა ცხოვრება დაიწყო (მხედველობაში მაქვს განსაკუთრებით კულტურული ცხოვრება), ეს რამდენჯერმე აღვნიშნე „თბილისურ გაზაფხულს“ რომელსაც საოცარი რეაგირება ჰქონდა მოსახლოებაში, მოჰყვა „მუსიკალური შემოდგომა“ - კიდევ უფრო საინტერესო და დატვირთული, კიდევ უფრო მაღალი შემოქმედებითი დონით გამორჩეული. აჭარისათვის დიდი მასშტაბის ღონისძიებები უკვე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. შავიზღვისპირა ქვეყნების კინემატოგრაფისტთა შეხვედრა სასიამოვნოც არის და უაღრესად სასურველიც. ყველამ იცის, რამდენი რამ შეიცვალა ქლაქ ბათუმში, მთელ აჭარაში. ამ საკითხებზე სვანეთიდან ჩამოსვლისთანავე ვესაუბრე ტელეფონით ბატონ ასლან აბაშიძეს.

რამდენიმე დღეში ქართველი ხალხი ზეიმით აღნიშნავს თავის ისტორიულ დღესასწაულს - ერთიანი ქართული სახელმწიფოს აღდგენისა და მის დედაქალაქად ქუთაისის აღზევების ათასწლოვან იუბილეს, რომელიც იუნესკოს ეგიდით აღინიშნება. ეს ჩვენი თხოვნა იყო, რომელიც ბატონმა მაიორმა დიდი ენთუზიაზმით დააკმაყოფილა. საუბილეო კვირეულის პროგრამით გათვალისწინებულია რესპუბლიკაში პირველად გაიხსნა (როგორც ეს სახელმწიფოს მეთაურის ბრძანებულებით იყო გათვალისწინებული და ქუთაისელთა ნებით განისაზღვრა) დიდი დავით აღმაშენებლის ძეგლი მისავე სახელობის მოედანზე. ავტორები გახლავან ბატონები ელგუჯა ამაშუკელი და ვახტანგ დავითაია. ამავე დღეს საექსპლოატაციოდ გადაეცემა ახლად აგებული ჯაჭვის ხიდი. ვისი ახალგაზრდობაც ქუთაისთან არის დაკავშირებული, მისთვის ჯაჭვის ხიდი ქუთაისის კოლორიტის ერთი შემადგენელი ნაწილია, რეკონსტრუქციის შემდეგ გაიხსნება თეთრი ხიდი, გელათის მეცნიერებათა აკადემია, სათნოების სახლი, უცხოელებთან ურთიერთობის სახლი, ფოლკლორის სახლი და მრავალი სხვა. დაფუძნდება ქართულ-გერმანული და ქართულ-ებრაული კულტურის ცენტრები. ყველაფერი ეს მისასალმებელია. იუბილესთან დაკავშირებული ხარჯები, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ძირითადად ქალაქის ეკონომიკური გამომცოცხლების შედეგად დაიფარა. ქუთაისელები ამასთანავე პატიოსნად იხდიან თავის ვალს რესპუბლიკის ბიუჯეტის წინაშე და ასრულებენ ნაკისრ ვალდებულებებს. ამავე დროს ამ ხარჯების დაფარვაში დიდი როლი შეასრულა რესპუბლიკის მრავალი მოქალაქის ქველმოქმედებამ და მათ მიერ შეტანილმა წვლილმა.

ეს დღეები იმდენად მნიშვნელოვანია, რომ არ გამოვრიცხავ, ქუთაისში სამხედრო აღლუმიც გავმართოთ და ერთხელ კიდევ გავუსვათ ხაზი ქუთაისის მნიშვნელობასაც და იმ თარიღის მნიშვნელობასაც საქართველოსათვის, რომელსაც ჩვენ აღვნიშნავთ. აქვე არ შემიძლია არ აღვნიშნო ქალაქის მერის თემურ შაშიაშვილის განსაკუთრებული ინიციატივა და მართლაც დიდი ორგანიზატორული მოსამზადებელი მუშაობა.

მე უკვე გამოვაცხადე, რომ აღდგება „თბილისობა“ ამას ახლა ვამბობ თბილისელებისა და რაიონების საყურადღებოდ. იგი ოქტომბრის შუა რიცხვეში გაიმართება. ახლანდელი „თბილისობა“ დიდი ბაზრობით დაიწყება, თბილისელებიც და რაიონებიდან ჩამოსულებიც ბევრ რამეს შეიძენენ. ეს კარგი ტრადიციაა და სრულიად უაზრო და უჭკუო იყო მისი გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღება „თბილიოსობა“ უნდა აღდგეს და კიდევაც აღდგება.

მინდა განსაკუთრებით მივესალმო სოხუმის თეატრს, რომელსაც ახლა ქალაქის მერია ეხმარება ჩვენც დავეხმარებით. ეს გმირული კოლექტივია, რომელიც მართლა იმსახურებს ყოველმხრივ მხარდაჭერსა და დახმარებას.

- 29 აგვისტოს ტერორისტული აქტის შემდეგ გამართულ მიტინგზე თქვენ ფაქტობრივად პირველად ბრძანეთ, რომ კენჭს იყრით პრეზიდენტის პოსტზე. მაგრამ, როგორც ვიცით, თქვენი განცხადება ჯერ არ არის რეგისტრირებული. როგორ უნდა გავიგოთ ეს?

- წერილობითი თანხმობა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ჯერ არ წარმიდგენია. წუხელ ღამით დავწერე ტექსტი თანხმობის შესახებ და დღის განმავლობაში წარედგინება საარჩევნო კომისიას. საგულისხმოა, რომ მოქალაქეთა კავშირმა წამოაყენა ჩემი კანდიდატურა და ჯერჯერობით, როგორც მითხრეს, პრეზიდენტობის ამ კანდიდატს მხარი დაუჭირეს პოლიტიკურმა კავშირმა „თანადგომამ“, აჭარის აღორძინების კავშირმა, რეფორმატორთა კავშირმა, სოციალისტურმა პარტიამ, მწვანეთა პარტიამ, სხვა პოლიტიკურმა და საზოგადოებრივმა გაერთიანებებმა. ვფიქრობ, 50 ათასი ამომრჩევლის ხელმოწერის შეგროვება არ უნდა გახდეს განსაკუთრებული პრობლემა. ზოგიერთი შენიშვნა პრეზიდენტისა და პარლამენტის არჩევნებთან დაკავშირებით მე გუშინ გამოვთქვი მოქალაქეთა კავშირთან შეხვედრაზე. როგორც ვიცი, რადიომსმენელებს ექნებათ საშუალება მოისმინონ ეს მოკლე გამოსვლა, რადგან იგი, თუ ეს გადაჭარბებაში არ ჩამეთვლება, სცილდება ერთი პარტიის ინტერესების არეალს და მასში გამოხატულია ჩემი პოზიცია საერთოდ არჩევნებთან დაკავშირებით.

ედუარდ შევადნაძე: „ის რაც ბოლო წლინახევრის განმავლობაში კეთდება მთელი ხალხის მხარდაჭერითა და მოთხოვნით, დემოკრატიული და სტაბილური, ძლიერი სახელმწიფოს შექმნის, ხალხის კეთილდღეობისა და უსაფრთხოების, ადამიანის უფლებათა დაცვის რეალური გზა და გარდუვალი, აუცილებელი პირობაა“ / ედუარდ შევარდნაძე ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 12 სექტემბერი. - 119 (2035). - 1,2 გვ.

73 „არჩევნების დროულად ჩატარება, სტაბილურობისა და სოციალური პასუხისმგებლობის ვითარებაში“

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის - სახელმწიფოს მეთაურის ედუარდ შევარდნაძის ინტერვიუ სააგენტო „ინტერფაქსს“

- საარჩევნო კამპანია საქართველოში რთულ პირობებში იწყება, თუ მხედველობაში ვიქონიებთ თქვენ წინააღმდეგ მიმართულ ტერორისტულ აქტს, რომელიც, როგორც თქვენი ქვეყნის ბევრი პოლიტიკური მოღვაწე ამტკიცებს, მიზნად ისახავდა სახელმწიფო გადატრიალებას. თუ არიან ძალები, რომელთაც მაინც ძალა შეწევთ ჩაშალონ მომავალი საპარალამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები ან ეს პროცედურები წარმართონ დემოკრატიული რეფორმებისათვის არასასურველი კალაპოტით?

- მზად ვარ დაგეთანხმოთ, რომ დღეს ჯერ კიდევ არც თუ უბრალო ვითარებაა, მაგრამ როგორც იტყვიან, ზოგი ჭირი მარგებელია. 29 აგვისტოს, ბნელმა ძალებმა, პოლიტიკურმა ავანტიურისტებმა და კრიმინალურმა დაჯგუფებებმა, ძალაუფლებას რომ ეპოტინებიან, სცადეს შლაგბაუმით ჩაეკეტათ გზა სტაბილიზაციისათვის, რომელიც მათ ხელს არ აძლევთ და დაეწყოთ სახელმწიფოს მათი ტრადიციების მიხედვით შექმნის ახალი პროცესები.

თუ მკითხავთ, სახელდობრ რომელი ტრადიციებისა, აქ შეიძლება იყოს სხვადასხვა სპექტრი: ქურდული ტრადიციებით დაწყებული. ე.ი ისეთი სახელმწიფოსი, რომელსაც, როგორც ვიღაც-ვიღაცეებს ძალიან სურთ, კრიმინალური ავტორიტარიზმი დაედებოდა საუფუძვლად და ბოლშევიკური ფუნდამენტალიზმით დამთავრებული. მაგრამ, მათი მატარებელი წავიდა, რადგან ამ ძალებმა უკვე ამხილეს თავიანთი თავი, როგორც ანტისაზოგადოებრივი, ანტისახელმწიფოებრივი ჩანაფიქრების მატარებლებმა დანარჩენს ხალხი გააკეთებს. მისი არჩევანი გადამწყვეტი იქნება და ვფიქრობ სწორი იქნება.

რა თქმა უნდა იმ ძალებს, რომლებიც შეეცდებიან წლის ამღვრევას არჩევნებისათვის მზადების პერიოდში, კიდევ შეუძლიათ გააქტიურება, მაგრამ მათი გავლენა იმდენად მცირეა, მათი ისე გაიტეხეს სახელი, რომ მწამს, ვერც ერთი საღად მოაზროვნე კაცი ვერც კი წარმოიდგენს, თუ რა სინდისით უნდა ჩაერთონ ისინი კონკურსში სახელმწიფოს მართვის უფლებაზე. ეს შეეხება ნაციონალ-პატრიოტებსაც, რომლებმაც თავიანთი მჩქეფარე „მოღვაწეობით“ საძირკვლამდე დაანგრიეს ქვეყანა, პოლიტიზირებულ კრიმინალურ ჯგუფებსაც, რომლებიც ისე ძარცვავდენენ ქვეყანას, მარავალრიცხოვან დამპყრობთაგან არც ერთს რომ არ უქნია, ყველა ელფერის ბოლშევიკებსაც - ლენინელებს, სტალინელებს და სხვებს, რომლებმაც, როგორც ახალი ანეკდოტი ამბობს, წამოისროლეს ლოზუნგი - „უკან კომუნიზმისაკენ!“. დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნები ღირსეულად ჩატარდება, სტაბილურობისა და სოციალური პასუხისმგებლობის ვითარებაში.

- ვინ შეიძლება გახდეს თქვენი სერიოზული კონკურენტი „საპრეზიდენტო მარათონში“?

- მე მივესალმები ყველას, ვინც დამსახურებულად სარგებლობს ხალხის, ჩვენი მოქალაქეების პატივისცემით, რომელთაც მიაჩნიათ, და სჯერათ, რომ დემოკრატიულ პროცესებს არა აქვთ და არც შეიძლება ჰქონდეს ალტერნატივა. სხვანაირად საქართველოს ახალი ქაოსი, ანარქია და დაღუპვა ელის. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ეს, საბედნიეროდ, არ მოხდება. ჩვენ არ დავუშვებთ.

- და მაინც, აფხაზეთის პრობლემა ჯერ კიდევ რჩება დაბრკოლებად სახელმწიფოსა და ქვეყნის გაერთიანების გზაზე. ის შესაძლებლობას არ აძლევს საზოგადოებას საჭირო გაქანებით განახორციელოს პოზიტიური ძვრები, აფერხებს ლტოლვილთა დაბრუნებას, რაც, გასაგებია, ნერვულ ატმოსფეროს ქმნის ქვეყანაში. რა მდგომარეობაშია მოწესრიგების პროცესი?

- ეს არის მდგომარეობა, რომელიც ჩვენ ხელს არ გვაძლევს და სხვაგვარად არც შეიძლება. აფხაზურმა მხარემ კიდევ ერთხელ ჩაშალა მოლაპრაკება მოსკოვში და თავისი უპასუხისმგებლო ქცევით დაასამარა კიდევ ერთი კარგი შანსი. მინდა თქვენი ყურადღება მივაქციო იმას, რომ ეს, უკვე არ ვიცი, მერამდენედ ხდება. ეს უკვე ქცევის „სტილი“ კი არ არის, არამედ გამოწვევაა როგორც ჩვენი, ისე რუსეთისა, მოლაპარაკებებში შუამავლისა და აგრეთვე, საერთაშორისო საზოგადოებრიობისაც. ეს უკვე აბუჩად აგდების ზღვარზე დგას. სეპარატისტები ცდილობენ დროის გაყვანის ტაქტიკა გამოიყენონ, რათა დაელოდონ არჩევნებს რუსეთში. ვინ იცის, რა მოხდება, იქნებ ხელისუფლებაში სწორედ ის ხალხი მოვიდეს, რომლებზედაც იმედს ამყარებენ სოხუმში. კატეგორიულად ვაფრთხილებ, რომ აქედან არაფერი გამოვა, უნდა შეგახსენოთ, რომ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ბორის პასტუხოვის განცხადებაში აფხაზეთის პრობლემების შესახებ რუსეთის პოზიცია არ შეიძლება ორაზროვნად გავიგოთ. მან ცალსახად განაცხადა, რომ ლტოლვილების დაბრუნების პროცესი დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს, თუ არა და, რუსეთი მიიღებს ზომებს, რომლებიც მას პასუხისმგებლობისაგან გაანთავისუფლებს. სამშვიდობო ძალებს აფხაზეთში ყოფნის ვადა ამა წლის დამლევს გასდის და თუ სეპარატისტებთან მოლაპარაკება სასურველ შედეგს არ გამოიღებს, ჩვენ არჩევანი აღარ დაგვრჩება. მე კვლავინდებურად მშვიდობიანი მოწესრიგების მომხრედ ვრჩები, მაგრამ ყველაფერს აქვს არა მარტო დასაწყისი არამედ დასასრულიც.

ამას დავუმატებ, რომ უზბეკეთში ჩემი ოფიციალური ვიზიტის დროს პრეზიდენტმა ისლამ ქარიმოვმა კატეგორიულად დაგმო ნებისმიერი ფორმის სეპატაიზმი და დაადასტურა, რომ დსთ-ს ქვეყნები მოვალენი არიან არა მარტო გააძლიერონ ბრძოლა სეპარატისტულ გამოვლინებებთან, მათ შორის ისეთ დანაშაულებრივთან, როგორიც აფხაზური სეპარატიზმია, არამედ გამოიჩინონ გამბედაობა და ერთხელ და სამუდამოდ დაუსვან წერტილი ამ საქმეს. როგორც ტაშკენტში აღინიშნა, სეპარატიზმი და ექტრემიზმი უაღრესად აფრეხებს საქმიან თანამშრომლობას, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტეგრაციას, ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა დაახლოებასა და განვითარებას დემოკრატიული აღმშენებლობის ყველაზე მნიშვნელოვან, უაღრესად პასუხსაგებ ეტაპზე. ჩვენ იმ დასკვნამდე მივედით, რომ ეს, ამგვარად, საერთო პრობლემაა და არა ცალკე აღებული ქვეყნისა. სეპარატიზმი საბოლოოდ უნდა დაიგმოს და მას საყოველთაო ოსტრაკიზმი გამოეცხადოს, მისი საერთაშორისო იზოლაციის საჭიროება კი ეჭვს არ უნდა იწვევდეს.

სწორედ ამ პოზიცებიდან უნდა განვიხილოთ ყველამ ჩვენი ხალხების, ქვეყნების და სახელმწიფოების არსებობის პერსპექტივები.

ინტერვიუს უძღვებოდა
ნოდარ ბროლაძე.

„არჩევნების დროულად ჩატარება, სტაბილურობისა და სოციალური პასუხისმგებლობის ვითარებაში“ : საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის - სახელმწიფოს მეთაურის ედუარდ შევარდნაძის ინტერვიუ სააგენტო „ინტერფაქსს“ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ნოდარ ბროლაძემ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 13 სექტემბერი. - 120(2036). - 1 გვ.

74 ედუარდ შევარდნაძე: „მივმართავ ყველა მოქალაქეს - ვიბრძოლოთ იმისათვის, რომ ლარი გახდეს ერთადერთი საგადამხდელო საშუალება...“

▲ზევით დაბრუნება


ედუარდ შევარდნაძის 18 სექტემბრის რადიოინტერვიუ

თავის ტრადიციული რადიოინტერვიუ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ - სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ რუსეთის ფედერაციის პრემიერ -მინისტრის ვიქტორ ჩერნომირდინის საქართველოში ვიზიტის შედეგების ანალიზით დაიწყო. ინტერვიუს უძღვებოდა ჟურნალისტი ნატო ონიანი.

- საქართველოსა და რუსეთს შორის ახალ ურთიერთობას საფუძველი 1994 წლის 3 თებერვალს ჩაეყარა, რუსეთის პრეზიდენტის ბორის ელცინის საქართველოში ვიზიტის დროს. მაშინ, სხასთან ერთად, ხელი მოვაწერეთ მეგობრობის, თანამშრომლობისა და კეთილმეზობლობის ყოვლისმომცველ ხელშეკრულებას. ამით ორი ქვეყნის ურთიერთობის სამართლებრივი ბაზა შეიქმნა. ბატონი ელცინის ვიზიტის შემდეგ გარკვეულმა დრომ განვლო და საჭირო გახდა ორი ქვეყნის კავშირურთიერთობათა განვითარების ახალი ეტაპის დაწყება. უფრო პრაქტიკული, პრაგმატული მიდგომა ამ საკითხებისადმი, რომელთა შესახებაც ჩვენ გლობალურ შეთანხმებებს მივაღწიეთ. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ჩერნომირდინის ვიზიტი, რაც შეიძლება მიჩნეული იქნეს სწორედ როგორც რუსეთსა და საქართველოს შორის ახალი ურთიერთობის მშენებლობის ახალი ეტაპი.

საქართველოსა და რუსეთის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე ბევრი ილაპარაკა ბატონმა ელცინმა და ბატონმა ჩერნომირდინმაც, თავის ოფიციალურ გამოსვლებშიც და ჩემთან შეხვედრების დროსაც, ასევე ხაზი გაუსვა ამ დებულებას, როგორც საარსებო მნიშვნელობის მოვლენას.

მოლაპარაკების დროს განვიხილეთ ორი ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამეცნიერო, ტექნიკურ და კულტურულ კავშირურთიერთობათა მდგომარეობა და პერსპექტივა, განსაკუთრებით მინდა გამოვყო პირისპირ შეხვედრა, რომელიც თითქმის სამ საათს გაგრძელდა. სხვა პრობლემებთან ერთად, რა თქმა უნდა, შევეხეთ კავკასიის რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების საკითხებს და უწინარესად, ვისაუბრეთ აფხაზეთისა და ქართულ-ოსური კონფლიქტების მოგვარების შესახებ ვსაუბრობდით სრული ურთიერთგაგების პირობებში, შევთანხმდით, რომ დადგა აღნიშნული კონფლიქტების საბოლოო მოგვარების დრო. მართალია, ყველა ჩვენგანი განიცდის ამას და ნერვიულობს, რომ პრობლემების მოგვარება გვიანდება, მაგრამ ფაქტია: ნელა. ნაბიჯ-ნაბიჯ, მაგრამ მაინც მივდიოდით და მოვედით აქამდე, როცა უკვე საბოლოო მოწესრიგებაზე უნდა ვილაპარაკოთ.

ბატონმა ვიქტორ ჩერნომირდინმა კვლავ დაადასტურა, რუსეთის კარგად ცნობილი პოზიცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სრული მხარდაჭერის შესახებ, ითქვა ისიც, რომ დაუშვებელია და რუსეთი არ დაუშვებს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას, ყოველ ღონეს იხმარს, გამოიყენებს ყოველივე იმას, რაც კი გათვალისწინებულია, საერთაშორისო სამართლითა და ხელშეკრულებებით, რომ საქართველოს ტერიტორული მთლიანობა და ერთიანობა შენარჩუნებულ იქნეს. მან თქვა ისიც, რომ რუსეთის ხელმძღვანელობას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი უმოკლეს ვადებში განახორციელოს ქმედითი ღონოსძიებანი კონფლიქტების მოსაგვარებლად იმ საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების საფუძველზე, რომლებიც არაერთხელ აღნიშნულა როგორც უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებებში, ასევე და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის უმაღლესი დონის შეხვედრებზე ალმათში, მინსკში და ასე შემდეგ. მან დაადასტურა ისიც, რომ ამიერიდან უფრო კონკრეტულ ღონისძიებათა განხორციელებაა საჭირო ამ შეთანხმებათა რეალიზაციიასათვის.

საერთოდ დიდ ინტერესს იწვევს და აქედან გამომდინარე ბევრი სხვადასხვა ვერსია არსებობს ნავთობსადენთან დაკავშირებით. ბატონმა ჩერნომირდინმა გამოხატა რუსეთის დამოკიდებულება ამ საკითხისადმი და აღნიშნა, თუ რა მიმართულებით მოხდება ადრეული ნავთობის ექსპორტი და, საერთოდ, ნავთობის ექსპორტი. კონსორციუმის გადასაწყვეტია. რუსეთი გაგებით მოეკიდება კონსრუციუმის ნებისმერ გადაწყვეტილებას, უწინარესად, იმას რაც ფინანსურ პროგრამებს ემყარება. არ არის გამორიცხული, რომ მიღებული იქნეს გადაწყვეტილება ერთდროულად რუსეთისა და საქართველოს ტერიტორიების გავლით ნავთობის ტრნასპორტირების შესახებ. ასე რომ, ეს პრობლემა კიდევ და კიდევ მსჯელობის საგანი იქნება.

ძალიან სერიოზული საუბარი გაიმართა საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ბაზების შესახებ. მე აღარ გავიმეორებ, რომ ეს ურთულესი საკითხია ყველა მოქალაქისათვის. მაგრამ საერთაშორისო ურთიერთობების, კერძოდ კი, საქართველოსა და რუსეთის შორის ურთიერთობების, ერთმანეთის ინტერესების, მათი ბალანსის გათვალისწინებით, და ჩვენი გლობალური ინტერესებიდან გამომდინარე, დავთანხმდით ხელი მოგვეწერა სამხედრო ბაზების შესახებ ხელშეკრულებაზე. თუმცა, დოკუმენტის ძალაში შესვლისათვის საჭიროა მისი რატიფიცირება პარლამენტის მიერ. რუსეთმა თავის მხრივ იკისრა ვალდებულება (ეს ხელმოწერილ დოკუმენტებშია ჩაწერილი), რომ: ჯერ ერთი - გააგრძელებს საკმაოდ წარმატებით დაწყებულ დახმარებას საქართველოს შეიარაღებული ძალების მშენებლობაში და მეორეც - გაგვიწევს აქტიურ თანადგომას ეკონომიკის სწრაფი რეაგირების საქმეში.

ზოგიერთის აზრით, ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხი იმდენად მნიშვნელოვანი არ არის და ამისთვის ასეთ დათმობებზე წასვლა არ ღირდა. გასათვალისწინებელია, რომ ეს საერთო პრობლემის ერთი შემადგენელი ნაწილია. როცა მე ეკონომიკაზე და სხვადასხვა ქვეყანასთან, განსაკუთრებით რუსეთთან ეკონომიკურ თანამშრომლობაზე ვლაპარაკობ, მხედველობაში მაქვს, რომ ეს საარსებო, ადამიანთა სიცოცხლის გადარჩენის საკითხია.

ამას გარდა: ჩვენ მივიღეთ საკმაოდ სერიოზული დარწმუნება და პირობა იმისა, რომ ამ დოკუმენტებზე ხელმოწერა დააჩქარებს ორივე კონფლიქტის - აფხაზეთისა და ქართულ-ოსური კონფლიქტების მოგვარებას. ვფიქრობ, ეს ცოტა ხანში ნათელი გახდება.

რუსეთი გვპირდება, რომ 1995 წლის ბოლომდე (უფრო, სწორად ნოემბრის შუა რიცხვებამდე) იგი ძირითადად თავისი ძალებით აღადგენს 500-კილოვატიან ელექტროგადამცემ ხაზს - „კავკასიონს“, ვითანამშრომლებთ თბილსრესის აღდგენის და ენერგეტიკასთან დაკავშირებული სხვა ობიექტების მოწესრიგების საკითხებშიც (იგულისხმება „როსენერგოსთან“ დადებული ხელშეკრულება). ჩვენი ძალებით ამის გაკეთება არ შეგვიძლია, თუნდაც იმიტომ, რომ 25 კილომეტრი მაღალი ძაბვის ხაზები და მავთულები ჩამოხსნილი, მოპარული, გაყიდული და გაჩანაგებულია.

რუსეთი 1995 წლის ბოლომდე საქართველოს გამოუყოფს 200 ათასი ტონა ხორბლის კვოტას, რომლის სანაცვლოდ მივაწვდით ღვინომასალებსა და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებს. ქართული პროდუქციის სანაცვლოდ, რუსეთი მოგვაწვდით 500 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ გაზს და 20 ათას ტონა თხევად გაზს, რომელიც ჩვენი გაჩერებული საწარმოების ამუშავებას მოხმარდება და ძალიან დიდ შეღავათს მისცემს ჩვენს მოსახლოებას.

საქართველოს სოფლის მეურნეობაში გვალვის შედეგად, შექმნილი პრობლემების დაძლევის მიზნით რუსეთი ჩვენს ქვეყანას ჰუმანური დახმარების სახით სათესლე მარცვალს გამოუყოფს. რუსეთის მთავრობა თავის საწარმოებს გამოუყოფს მოკლევადიან კრედიტს 30 მილიარდი მანეთის ოდენობით, რათა მათ შეისყიდონ წლევანდელი ყურძნის მოსავალი. ამით, პრაქტიკულად. ქართული ვაზის გადარჩენის საკითხი გადაწყდება. მუშავდება მექანიზმი, რა გზებით, და რა საშუალებებით შევიდეს ქართული ღვინო, ღვინომასალები და სხვა პროდუქცია რუსეთის ბაზარზე. ესე იგი, რუსეთი დააფინანსებს შესყიდვას, შემდეგ კი მოხდება მისი რეალიზაცია. ყოველივე ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქართული ვაზის გადასარჩენად.

მიღწეულია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეთანხმება - საქართველოს სატრანსპორტო კომპლექსის, უწინარესად, რკინიგზის რეაბილიტაციაში რუსეთის აქტიური დახმარების შესახებ, რაც გულისხმობს სარკინიგზო ბაზის რეკონსტრუქციას, მოძრავი შემადგენლობის განახლებას და რაც მთავარია, რუსეთის მიმართულებით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას. ეს უკანასკნელი, რა თქმა უნდა, აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების ფარგლებში მოხდება და პირველ ეტაპზე კომუნიკაციების უსაფრთხოებას რუსეთის მხარე იკისრებს. ლაპარაკია ვესიოლოედან სადგურ ინგირამდე (ხმები გავრცელდა სამტრედიამდეო, არავითარი ამის მსგავსი არ არის), სწორედ იმ მონაკვეთზე, სადაც დღეს ჩვენ არ შეგვიძლია სტაბილურობისა და უსაფრთხოების დაცვა, თუნდაც აქ ყველა მოქალაქე დაბრუნდეს, ამ მონაკვეთზე, დროებითი ღონისძიების სახით, რუსეთი უზრუნველყოფს უსაფრთხოებას.

ერთი სიტყვით, რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს თვალნათლივ გამოიკვთა საქართველოსა და რუსეთის თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები. ერთხელ კიდევ გავიმეორებ: საქართველოს შეიარაღებული ძალების მშენებლობა და ამ საქმეში რუსეთის აქტიური მონაწილოება: სათბობ-ენერგეტიკულ, ტრანსპორტისა და სასურსათო უზრუნველყოფის სფეროებში ჩვენი თანამშრომლობა, რუსეთის თანადგომა და დახმარება: და რაც მთავარია, კონფლიქტების მოგვარებისა და მოწესრიგების საქმეში რუსეთის როლის გააქტიურება პრაქტიკულად, მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილებების გათვალისწინებით.

- გასულ კვირას გაიმართა თათბირი, რომელზეც გაკეთდა განცხადება, რომ 25 სექტემბრიდან მიმოქცევაში შემოდის ახალი ეროვნული ვალუტა...

- ახალი ეროვნული ვალუტის შემოღება უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე რეფორმა. რეფორმა შეიძლება ეწოდოს, როცა, ვთქვათ, სახელმწიფოს აქვს თავისი ვალუტა და ამასთან დაკავშირებით მას სჭირდება კურსის შეცვლა და ახალი ნომინალების შემოღება, ან სხვა რამ. ჩვენთან კი ხდება ახალი ეროვნული ვალუტის შემოღება, რაც მართალ ისტორიული მოვლენაა. მე ამაზე ბევრი ვილაპარაკე რესპუბლიკურ თათბირზე (ეს გამოსვლა ტელევიზიით გადაიცა) იქნებ, კიდევ საჭირო იყის გამეორება, რადგან იქ ჩამოყალიბდა კონკრეტული პროგრამა ეროვნული ვალუტის შემოღების პროცესთან დაკავშირებით. სწორედ ამ თათბირზე განისაზღვრა ძირითადი პრინციპები, ვადები, რეალიზაციის მექანიზმი და ამ საკითხებისადმი მიდგომის ამოცანები და გზები. მხედველობაში მაქვს როგორც ცენტრალური დაწესებულებები, ასევე რაიონული, საქალაქო და ხელისუფლების ძირეული რგოლები.

ფულის რეფორმა ქვეყნის მაკროეკონომკური სტაბილიზაციისა და ფინანსური გაჯანსაღების იმ პროგრამულ ღონისძიებათა შედეგია, რომელიც შარშანდელი სექტემბრიდან საკმაოდ სერიოზული თანმიმდევრობით ხორციელდება, ფასების მოწესრიგების, საბიუჯეტო რეფორმის. საბანკო სისტემის გარდაქმნის, კრედიტზე რეალური საპროცენტო განაკვეთების დაწესების, კუპონის საცვლელი კურსის დამყარების ბანკების რეორგანიზაციის, აქციონირებისა და სხვადასხვა მიმართულებებით. მყარი სრულფასოვანი ეროვნული ვალუტა, რომელიც 2 ოქტომბრიდან შემოდის ქვეყანაში და ერთადერთი კანონიერი საგადამხდელო საშუალება იქნება, კუპონისგან განსხვავებით, შეიძენს ფულის ყველა ფუნქციას, მათ შორის, დაგროვების ფუნქციასაც, რაც რეფორმების ახალი ეტაპის დაწყების, ჯანსაღი ფინანსების ბაზაზე წარმოების ზრდის სტიმულირების საფუძველი გახდება. ძალზე მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ ლარის შემოღება განპირობებულია ობიექტურად მომწიფებული ეკონომიკური ფაქტორებით და ამას არავითარი კავშირი არა აქვს არჩევნებთან.

მე ბევრი მირჩევდა, ახლა არ ღირს ამ გადაწყვეტილების მიღებაო, ჯობს დამთავრდეს არჩევნები, იქნებ რაიმე სიძნელეები შეიქმნას. ამან ვიღაცას არჩევის შანსი დაუკარგოსო და ასე შემდეგ. და ასე შემდეგ.. კიდევ ვიმეორებ ძალზე მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ ლარის შემოღება სწორედ ობიექტური ფაქტორებით არის განპირობებული.

ინფლაციის მინიმუმამდე დაყვანა, საგადასახადო სისტემის გაძლიერება, უცხოეთის ინვესტიციების მოზიდვის ხელსაყრელი გარემოს ჩამოყალიბება, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მიერ შესაბამისი საფინანსო სარეზერვო კრედიტების მიწოდება გვავალდებულებს აღარ დავკარგოთ დრო, წარმოების ამოქმედების, ეკონომიკური აქტიურობის გამოცოცხლების მიმართულებით, მით უმეტეს, რომ რუსეთის ფედერაციასთან ხელმოწერილი ეს ბოლო ხელშეკრულებები, ისევე როგორც სხვა ქვეყნებთან დადებული ხელშეკრულებები, ამის გაცილებით უკეთეს პირობებს ქმნის. ამასთანავე, კუპონი ვერავითარი ადმინისტრაციული მეთოდების დახმარებითაც კი ვერ გახდებოდა ერთადერთი საგადამხდელო საშუალება. გულახდილი თუ ვიქნებით, კუპონზე არავითარი საქონელი არ იყიდება, ნორმირებული პროდუქტებისა და სახელმწიფო კომუნალური, სატრანსპორტო მომსახურების გარდა.

ლარის შემოღებით კი ეროვნული ფულის მოქმედების არეალი ფართოვდება. სარეზერვო ვალუტა მისი კურსის მხარდაჭერას მოხმარდება. ეს გარანტირებულია. საგარეო ვაჭრობის განხორციელებისათვის არავის არავითარი დაბრკოლება არ ექნება ნებისმერი რაოდენობის ლარის კონვერტაციის განხორციელებაში, საზღვარგარეთელ პარტნიორებთან ანაგარიშწორებაში, სახელმწიფოებიობის ეს დიდმნიშვნელოვანი ატრიბუტი საქართველოში აუცილებლად დამკვიდრდება.

ლარის შემოღება საშუალებას გვაძლევს, მართალია არა რადიკალურად, მაგრამ ერთგვარად მაინც გავაუმჯობესოთ მოსახლოების ცხოვრების დონე უწინარეს ყოვლისა, ეს არის, პირველი ნოემბრიდან ხელფასების ერთ-ნახევარჯერ გადიდება, განვლილ პერიოდში ყოფილი სახელმწიფო კომერციული ბანკების მენაბრეთა ანაბრების ინდექსირებისა და კომპენსირების თაობაზე მიღებული პრინციპული გადაწყვეტილება. თათბირზე განვაცხადე, რომ სახელმწიფო უარს ვერ იტყვის ვერც ერთ ეტაპზე ნაკისრ ვალდებულებებზე, მიუხედავად იმისა, თუ ვინ იყო ხელისუფლების სათავეში, ვინ წავიდა, და ვინ მოვიდა. მაგრამ ეს იქნება ეტაპობრივი გადაწყვეტილება. მოსახლოებას, საქართველოს მოქალაქეებს კარგად ესმით, რომ დღეს ამის გაკეთება წარმოუდგენელია, მაგრამ ეტაპობრივად სავსებით შესაძლებელია, ვთქვათ, გარკვეულ დროში - ხუთ ან სამ წელიწადში, ცოტა მეტში ან ნაკლებში - ამაზე ჩვენ ახლა ვმუშაობთ, ფინანსთა სამინისტრო, ეროვნული ბანკი, მინისტრთა კაბინეტი ამ წინადადებებს წარმოადგენენ და მოსახლოებას უფრო დეტალურ ინფორმაციას მივაწვდით. მთავრია, იყოს რწმენა, რომ სახელმწიფო პასუხს აგებს მის მიერ მოქალაქეთა წინაშე ნაკისრი ვალდებულებებისათვის. თუ გახსოვთ, ჩვენ გადავწყვიტეთ ისეთი საკითხი, რომელიც, პრინციპში, ჩვენ არ უნდა გადაგვეწყვიტა: გაკოტრების შედეგად დარჩენილ მეანაბარეთა ბედი. როგორც იტყვიან, საკუთარი ტყავიდან გამოვძვერით, და გამოვძებენთ, შეიძლება არაიდეალური, მაგრამ მაინც გამოსავალი ამ ვითარებიდან. თუმცა სახელმწიფო არ იყო ვალდებული. მე იმის მომხრე ვარ, რომ სახელმწიფო ყველაფრისათვის უნდა აგებდეს პასუხს, რაც ქვეყანაში ხდება.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ფულის რეფორმა კონფისკაციური არ არის, ამის გამოცდილება ჩვენ ძველი დროიდან გვაქვს. მოსახლეობა სრულფასოვნად მიიღებს ახალი ფულის ნიშნებს. ხორცილდება სერიოზული ორგანიზაციული ღონისძიებანი, რადგან ფულის გაცვლის პროცესში მოქალაქეთათვის არავითარი უხერხულობა არ შეიქმნას. არ შეფერხდეს ბიზნესმენებისა და მეწარმეების საქმიანობა. სამთავრობო სტრუქტურები, ადგილობრივი ორგანოები, საბანკო და საფინანსო დაწესებულებები, სპეციალურად ჩამოყალიბებული კომისიები ამ პროცესების ნორმალურად წარმართვისთვის პასუხსიმგებელი არიან კანონისა და სახელმწიფოს მეთაურის წინაშე. ამავე დროს დიდი მნიშვნელობა აქვს ფულის გადაცვლსა და ლარის ერთადერთ საგადამხდელო საშუალებად დამკვიდრებისათვის მოსახლეობის მიერ მოქალაქეობრივი და პატრიოტული მიდგომის გამოვლინებას.

მოვმართავ ყველა მოქალაქეს - ყველამ ვიბრძოლოთ იმისათვის, რომ ლარი გახდეს ერთადერთი საგადამხდელო საშუალება, მხოლოდ ამით შევძლებთ შევქმნათ ამ ვალუტის განმტკიცებისა და იმის პირობები, რომ ლარი გახდეს სერიოზული ინსტრუმენტი ქვეყნის ეკონომიკური გამოცოცხლებისა და მოქალაქეთა კეთილდღეობის დონის ამაღლებისათვის.

მე კიდევ მინდა დავადასტურო ის, რაც ვთქვი თათბირზე - მიმოქცევაში ლარის შემოღებით არც მეწარმეები, არც ნებისმიერი მოქალაქე არაფერს კარგავს - პირიქით, იძენს. ლარი უზრუნველყოფილია კონვერტირებადი ვალუტით, რომლის რესურსებიც კვლავ და კვლავ შეივსება საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკთან ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებით და, რაც მთავარია, სრულფასოვანი ეროვნული ფულის ფუნქციონირების პირობებში, გამომცოცხლებული წარმოების განვითარებით. ამიტომაც ვთქვი, რომ ეს ერთ-ერთი დიდი ეტაპია საქართველოს სახელმწიფოებრიობის მშენებლობაში.

- გასული კვირის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება - თქვენ ხელი მოაწერეთ ადგილობრივი თვითმმართველობის გაფართოების დებულებას. შეიძლება ითქვას, რომ ქვეყნის ცხოვრებაში ეს საეტაპო მნიშვნელობის მოვლენა იყო...

- მართალი ბრძანდებით, ჩვენ ხშირად ვიყენებთ გამოთქმას „საეტაპო“ მართლაც ასეა, როცა იწყება ახალი ცხოვრება, ახალი სახელმწიფოს შექმნა, ხდება ისეთი მოვლენები, როგორიც არის, ვთქვათ, ეროვნული ვალუტის შემოღება, არმიის, პოლიციის შექმნა და სხვა მრავალი. ყველაფერი ეს საეტაპო მოვლენაა, მით უმეტეს, კონსტიტუციის მიღება, ახალი არჩევნები და თუნდაც ის, რომ ხვალ პარლამენტი განაახლებს მუშაობას, გარკვეული აზრით, ესეც საეტაპოა მას შემდეგ, რაც კონსტიტუცია მივიღეთ.

სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ადგილობრივ ორგანოებს. მათი ეფექტიანი ფუნქციონირების გარეშე შეუძლებელია ქვეყანამში დაიწყოს აღმასვლის პროცესი. ამასთანავე სახელმწიფოს ჩამოყალიბების პროცესი მოითხოვს ამ პროცესის რეგულირების მექანიზმის მუდმივ კორექტირებას. სახელმწიფო მმართველობის ადგილობრივი ორგანოების სამართლებრივი ბაზა 1993 წლის 2 აგვისტოს შეიქმნა. ამ ბაზას წარმოადგენდა საქართველოს რესპუბლიკის რაიონის, ქალაქის, სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ადგილობრივი ორგანოების შესახებ დებულება, რომელიც სახელმწიფოს მეთაურმა დაამტკიცა. დებულებამ თავისი როლი შეასრულა განსაკუთრებით იმ მხრივ, რომ მთელი ეკონომიკისა და სხვა სფეროებისადმი ხელმძღვანელობა კონცენტრირებული იყო რაიონებსა და ქალაქებში. ამ დებულებით მიღებულმა მმართველობის უფლებამოსილებებმაც გარკვეული როლი შეასრულა და გარკვეული სამსახური გაუწია ქვეყანას. დღეისათვის მიმაჩნია, რომ მართლაცდა ახალი ეტაპის წინაშე ვდგავართ. სამწუხაროდ, არ მოხერხდა და არც მოხერხდება უახლოეს თვეებში პარლამენტის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონის მიღება, ამასთან, თავად ეკონომიკური რეფორმების დაწყებამ მართვის თვალსაზრისით ახალი პრობლემები წარმოშვა. ამ პრობლემების გადაწყვეტის რამდენიმე თვით გადაწევა-გადავადება არ შეიძლება დაუშვებელია. უნდა ვიმოქმედოთ დღესვე, სწორედ ამიტომ გახდა საჭირო გარკვეული კორექტივების შეტანა ადგილებზე სახელმწიფო მმართველობის განხორციელებაში. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიქმნებოდა საფრთხე, რომ სახელმწიფო მმართველობის უკვე მოპოვებული, უფრო სწორად, მოძველებული სისტემა, ეკონომკური რეფორმების განხორციელების მუხრუჭად გადაიქცეოდა და ამასთან დაკავშირებით ბევრ სირთულეებს წავაწყდებოდით.

რეფორმათა განხორციელების აუცილებელი პირობაა, განვუმარტოთ და გავაცნოდ ისინი თითოეულ ინდივიდს, მმართველობის ყველაზე დაბალ რგოლებს. ამიტომ აუცილებელი გახდა დღემდე არსებული მართვის ცენტრალიზებული სისტემის ოპტიმალური დეკონცენტრაცია, ფუნქციათა გადანაწილება რაიონულსა და რაიონის ადმინისტრაციულ დაქვემდებარებაში მყოფ სოფლის, დაბის, თემის, რაიონული დაქვემდებარების ქალაქების მმართველობის ადგილობრივ ორგანოებს შორის. ამ მიზნით მომზადდა დებულება „საქართველოს რესპუბლიკის მმართველობის ადგილობრივი ორგანოების შესახებ“ ეს დებულება იმოქმედებს თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებამდე და მისი ძირითადი დანიშნულებაა, ერთი მხრივ, ხელი შეუწყოს ეკონომკური რეფორმების განხორციელებას და მეორე მხრივ, ეკონომიკური და სამართლებრივი საფუძვლები მოუმზადოს თვითმმართველობის ორგანოებს, მკვეთრად გაუმჯობესდეს მოსახლეობის კეთილდღეობის დონის ამაღლებაში ადგილობრივი ეშელონების მონაწილეობა. ეს დებულება დროებითი იქნება (თავისთავად სიტყვა „დროებით“ არ მომწონს), თუმცა ეს უნდა მიიღონ ისე, როგორც კანონი, რომელსაც ჩვენი პარლამენტი მიიღებს. დარწმუნებული ვარ, ამ დოკუმენტის ძირითად დებულებებს გაიზიარებენ. დებულებით გაიმიჯნა კომპეტენციები რაიონული და მასში შემავალი ადმინისტრაციული-ტერიტორიული ერთეულების მმართველობის ადგილობრივ ორგანოებს შორის. შესაბამისად გადანაწილდა უფლებამოსილებანი და პასუხისმგებლობაც. ყველა იმ საკითხის გადაწყვეტა, რომლებიც უშუალოდ არის დაკავშირებული მოსახლოების მომსახურებასთან სოფლად, დაბებსა და ქალაქებში, გადაეცა მმართველობის ქვემდგომ ორგანოებს, ხოლო საკითხები, რომელიც ზოგადსახელმწიფო ინტერესებთან არის დაკავშირებული, აგერეთვე საკითხები, რომლებიც შეუძლებელია გადაწყვიტონ მმართველობის ქვემდგომმა ორგანოებმა, რჩება რაიონულ, საქალაქო და სამხარეო დონეზე, ყველა მათგანს აქვს შესაბამისი დებულებები და ამ დოკუმენტშიც გათვალისწინებულია შესაბამისი თავები.

ბიუჯეტების გამიჯვნა არა მარტო გაზრდის შესაბამისი მმართველობის ორგანოების მხრიდან შემოსავლის მიღებით დაინტერესებას, არამედ ამ შემოსავლის რაციონალურად გამოყენების შესაძლებლობასაც იძლევა. ამასთან, დებულების თანახმად პერსონალური პასუხისმგებლობა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის რეალური პროგნოზირებისა და ბიუჯეტის შესრულებისათვის შესაბამისი მმართველობის ადგილობრივი ორგანოების ხელმძღავანელებს ეკისრებათ. ესე იგი, ყველა დაბასა და ყველა თემს ექნება თავისი საკუთარი ბიუჯეტი. რა თქმა უნდა, ჩვენ ვგულისხმობთ იმასაც, რომ თუ არის ზოგიერთი განსაკუთრებული მთის სოფელი და მძიმე მდგომარეობაში მყოფი სოფლები, რომლებსაც ამის წყაროები არ გააჩნიათ, მაშინ პირველ ეტაპზე რესპუბლიკა ან რაიონი დაუფარავთ, მაგრამ, პრინციპში, ყველას უნდა ჰქონდეს თავისი დამოუკიდებელი ბიუჯეტი.

დებულებათა თანახმად გამგეობები ჩამოყალიბდება როგორც მმართველობის სრულფასოვანი კოლეგიური ორგანოები. თავის დროზე მართვის არსებული ფორმა გამართლებული იყო (მხედველობაში მაქვს წინა დებულება). დღეს ქვეყანა სრულიად ახალი მოთხოვნების წინაშე დგას, უნდა ამოძრავდეს და ამუშავდეს ხელისუფლების ყველა ეშელონი, განსაკუთრებით ძირეული და მათ მიეცეთ ძალიან დიდი ეკონომიკური და ფინანსური სტიმულები, გაუჩნდეთ დიდი დაინტერესების წყარო.

„საქართველოს რესპუბლიკის მმართველობის ადგილობრივი ორგანოების შესახებ“ დებულებაში დღემდე მოქმედი დებულებისგან განსხვავებით მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო და ცალკე თავად არის ჩამოყალიბებული სახელმწიფო მმართველობის ადგილობრივი ორგანოების ეკონომიკური საფუძვლები. გთხოვთ, მიაქციოთ ყურადღება იმას, რაც ძალზე მნიშვნელოვანი და ფუნდამენტურია ეკონომიკურ ნაწილში, რომლითაც განისაზღვრა ადგილობრივი ორგანოების ფინანსურ-ეკონომიკური ბაზა, მუნიციპალური ქონების ცნება და მისი შექმნის წყაროები, მმართველობის ადგილობრივი ორგანოების ეკონომკური კომპეტენცია. ამ გამიჯვნის, ამ ცნების გარეშე წარმოუდგენელია ლაპარაკიც კი საერთოდ რეფორმების გაგრძელებაზე.

ზემოთ აღნიშნული საკითხების მოწესრიგება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყანაში მიმდინარე რადიკალური ეკონომიკური რეფორმების განხორციელებას. ამიტომ ერთ დონეზე ვაყენებთ გადაწყვეტილებას, რომელიც ლარის შემოღებასთან არის დაკავშირებული და შეიძლება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყოს დებულება, რომელსაც გუშინ მოვაწერე ხელი. ამასთან დაკავშირებით საჭირო იქნება ადგილობრივი ხელმძღვანელების ცალკე შეკრება, ზონალური ინსტრუქტაჟის გამართვა, ხალხს უნდა ვასწავლოთ, რა არის ახალი უფლებები, ახალი მოვალეობა, როგორ გამოიყენონ ეს უფლებები. დარწმუნებული ვარ, რომ ბოლოს და ბოლოს ყოველივე ეს თითოეული მოქალაქის ინტერესების სასარგებლოდ წარიმართება.

- 29 აგვისტოს განხორციელებული ტერორისტული აქტის შემდეგ გარკვეული დრო გავიდა, მაგრამ ეს ფაქტი მაინც დგას როგორც საზოგადოებრიობის, ისე პრესის ყურადღების ცენტრში. როდესაც მზადდება ტერორი სახელმწიფოს პირველი პირების მიმართ, ამის შესახებ არსებობს ხოლმე გარკვეული ინფორმაცია. ხომ არ არის რაიმე წინსვლა გამოძიებაში, არა მხოლოდ თქვენს წინააღმდეგ განხორციელებული ტერორისტული აქტის გამო, არამედ მხედველობაში მაქვს აგრეთვე ტერორისტული აქტები გია ჭანტურიას, სოლიკო ხაბეიშვილისა და სხვათა მიმართ...

- როგორც იტყვიან, ყოველდღიურად ვარ საქმის კურსში, ვიღებ ინფორმაციას, რომელიც ხელმისაწვდომი უნდა იყოს სახელმწიფოს მეთაურისათვის. დღეს შევხვდები შინაგან საქმეთა მინისტრს ბატონ შოთა კვირაიას, გენერალურ პროკურორს ბატონ ჯამლეტ ბაბილაშვილს, ხვალ მექნება კონტაქტები უშიშროების სამსახურის ხელმძღავნელებთან. მათთან შეხვედრა, როგორც ცნობილია, ცალკე მქონდა, გაიმართა სერიოზული და პრინციპული საუბარი. ვფიქრობ, დღის ბოლოსათვის შეიძლება მოხერხდეს კიდეც, რომ ზოგიერთი რამ უაღრესად მნიშვნელოვანი და უაღრესად საინტერესო ცნობილი გახდეს საზოგადოებისათის, რა თქმა უნდა, ისეთნაირად, რომ ძიების პროცესს ზიანი არ მიადგეს.

მთელი უბედურება ის არის, რომ როგორც წინასწარი ინფორმაციებიდან ირკვევა, 29 აგვისტო საკმაოდ კარგად და პროფესიულად მომზადებული ტერორისტული აქცია გახლდათ, რომელიც ოფიციალურ სტრუქტურებთან არის დაკავშირებული და შორს გამიზნული ავანტიურისტული გეგმების დასაწყისი იყო. ყველაფერი ეს ითქმება 29 აგვისტოზეც, ითქმება სხვა ტრაგიკულ ფაქტებზეც. არ მინდა ახლა მოვლენებს გავუსწრო, დაე, გაიმართოს ჩვენი დღევანდელი შეხვედრა, რომელიც ბევრ საკითხში შეიტანს სინათლეს.

- გუშინ თქვენ მონაწილოებდით ონის სინაგოგის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ზეიმში. ეს დღე აღნიშნეს როგორც ებრაელებმა, ისე ქართველებმა, უცხოეთიდან ჩამოსულმა სტუმრებმა, მათ შორის ჩამოსულმა ქართველმა ებრაელებმა, კერძოდ, ონელმა ებრაელებმა, რომლებიც ახლა ისრაელში ცხოვრობენ. ძალიან მნიშვნელოვანი და თვალში საცემი იყო ის, რომ სინაგოგის ეზოში ერთად იდგნენ ქრისტიანებიც და ებრაელებიც. ეს ჩვენი სითბოს კიდევ ერთი გამოხატულება იყო...

- ალბათ, მოსახლეობას მიეცემა საშუალება თვალნათლივ ნახოს, რაც ხდებოდა გუშინ ონში, ამ შესანიშნავ, უბრწყინვალეს და ულამაზეს მხარეში, სადაც ძალიან ვაჟკაცური და მომთმენი ხალხი ცხოვრობს.

საერთოდ მინდა ვთქვა, რომ ქართველი ერი უმდიდრესი ტრადიციების მოქონე ერია. ეს უზარმაზარი სიმდიდრე, რომელსაც ფასი არა აქვს, ჩვენი ხალხის უკვდავებისა და მისი აყვავების საწინდარი არის და იქნება, მე ამაში დარწმუნებული ვარ. ერთი წყება ამ ისტორიული ტრადიციებისა სხვა ხალხებთან ურთიერთობის გენიალური ნიჭი, თანაცხოვრების უნარი და ჩვენი ხალხის ტოლერანტობა გახლავთ. გუშინ ონის ებრაელთა თემის მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და იქაური სინაგოგის ასწლოვანი იუბილე აღვნიშნეთ. ამ მოვლენაში მარტო სინაგოგის იუბილეს არ ვგულისხმობ, მე იქ ვთქვი, რომ გადმოცემით ებრაელები მე-4 საუკუნიდან არიან ონში, ლიტერატურულ და ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით მე-15 საუკუნიდან, მართლაც მრავალსაუკუნოვანია. ამ მოვლენაში, როგორც ჭიქა წყალში მზის სხივი, ისე აირეკლა ქართველთა და ებრაელთა 26-საუკუნოვანი თანაცხოვრების განსაკუთრებული ფენომენი. ეს მოვლენა მართლაც ღირსია იმისა, რომ მსოფლიო საზოგადოებრიობისათვის ცნობილი გახდეს ეს ფენომენი - სხვა ხალხებთან თანაცხოვრების, ჩვენი ტოლერანტობის უნარი შემთხვევითი არ იყო, რომ ასეთ პრობლემებს მიეძღვნა ის ფორუმი, რომელიც თბილისში გაიმართა ამ ზაფხულს.

ჩვენს პლანეტაზე მომრავლებულ პოლიტიკურ თუ ეთნიკურ კონფლიქტებს, აგრესიულ სეპარატიზმს არა მარტო პირდაპირი ბრძოლითა და სხვა საშუალებებით, არამედ კაცობრიობის, მათ შორის, ქართველების მიერ შემწყნარებლობის, მართლაცდა, განსაკუთრებული მაგალითების ფართო პოპულარიზაციის მეშვეობითაც უნდა ვებრძოლოთ. იმის პოპულარიზაცია, რაც კაცობრიობამ დააგროვა, მათ შორის ქართველმა ხალხმა, ტოლერანტობის თვალსაზრისით, ერთა, ხალხთა თანაცხოვრების თვალსაზრისით, ერთ-ერთი გზაა იმისათვის, რომ მომავალში ჩვენი პლანეტის ცხოვრებიდან გამოვრიცხოთ კონფლიქტები და სისხლისღვრა.

- არჩევნებისწინა პერიოდია. პრეზიდენტობის მრავალი კანდიდატია უკვე რეგისტრირებული, მგონი 13. არსებობს გარკვეული სოციოლოგიური გამოკლევები. ერთ-ერთ გაზეთში წავიკითხე, რომ არის კანდიდატი, რომელსაც სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგად მხარს უჭერს 46 პროცენტი, თქვენ კი 31 პროცენტი. წინაასარჩევნოდ ყველა ისე იბრძვის, როგორც შეუძლია. თქვენ რამდენად მნისვნელოვან პრეტენდენტებად მიიჩნევთ მათ. ისინი განსხვავებული პიროვნებები არიან და მათ? გამო, განსხვავებული საზოგადოებრივი აზრი არსებობს, მათ განსხვავებული წონა აქვთ საზოგადოებაში.

- კანდიდატთა სიმრავლე ჩემთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა ისიც უნდა ვთქვა, რომ ეს ჩვენი პოლიტიკური კულტურის მაინცდამაინც მაღალ დონეზე ვერ მეტყველებს. რაც შეეხება ჩემს კონკურენტებს, თუ შეიძლება ასე ითქვას, საერთოდ დასახელებულ კანდიდატთა ეს თაიგული ერთად საინტერესოა, ცალ-ცალკე კი - მრავალწერტილს დავსვამ. მრავალწერტილი კი დასკვნებისათვის ბევრს ნიშნავს და ამაზე ხალხმა უნდა იფიქროს.

ედუარდ შევარდნაძე: „მივმართავ ყველა მოქალაქეს - ვიბრძოლოთ იმისათვის, რომ ლარი გახდეს ერთადერთი საგადამხდელო საშუალება...“ / შევარდნაძე ედუარდ ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 19 სექტემბერი. - 123 (2039). - 1,2 გვ.

75 ფულის რეფორმა ხელს შეუწყობს წარმოების გამოცოცხლებასა და მოსახლეობის ცხოვრების დონის რეაბილიტაციას.

▲ზევით დაბრუნება


ფულის რეფორმის განხორციელების ორგანიზაციულეკონომიკურ ღონისძიებათა შესახებ

ედუარდ შევარდნაძის სიტყვა 1995 წლის 16 სექტემბერს გამართულ თათბირზე

დღეს, ეკონომიკური რეფორმის რადიკალურ ღონისძიებათა განხორციელების დაწყების ზუსტად წლისთავზე შეიძლება გამოვაცხადოთ, რომ რეფორმის პირველი ეტაპი, რომელიც ფინანსური გაჯანსაღების გადაუდებელ ღონისძიებათა რეალიზაციას გულისხმობდა. მთლიანად წარმატებით არის შესრულებული. პურსა და ენერგოშემცველელებზე ფასების მოწესრიგების, ემისიური კრედიტებით საბიუჯეტო სახსრების დაფინანსების შეწყვეტის, მკაცრი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის განხორციელებისა და რეალური საპროცენტო განაკვეთების ჩამოყალიბების შედეგად მიღწეულია კუპონის ინფლაციის თვიური დონის მინიმუმამდე შემცირებისა და მისი გადასაცვლელი კურსის სტაბლურობის ამოცანები. ამ ამოცანათა შესრულების საფუძველზე საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მიერ მათთან შეთანხმებული პროგრამების რეალიზაციის მიზნით საქართველოს ეკონომიკა სისტემური ტრანსფორმაციის სესხის ორი ტრანშის სარეზერვო კრედიტის - ეგრეთ წოდებული სტენდ-ბაის, ინსტიტუციური მშენებლობის, მუნიციპალური სერვისისა და კრიზისული იმპორტის რეაბილიტაციის სესხების სახით სერიოზული ფინანსური დახმარება მიიღო.

აღნიშნულ პროგრამასთან საარსებო მნიშვნელობისა სრულფასოვანი ეროვნული ვალუტის - ლარის შემოღება. ამ პროგრამის რეალიზაციისათვის, სათანადო ფინანსური ბაზის ჩამოყალიბებასთან ერთად, რასაც სისტემური ტრანსფორმაციისა და საერეზერვო კრედიტები ქმნიან, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საგადასახადო და საბაჟო სამსახურების შექმნას, ჩამოყალიბებას (რაც უკვე განხორციელდა და გარკვეული პოზიტიური გამოცდილებები და პრაქტიკა დაგროვდა), საქმიანობის ყოველდღიური გაუმჯობესების ტენდენციებს, რაც გამოხატულია შეასაბამის ციფრებში, თანხებში და ა.შ. წარმოების გამოცოცხლების ნიშნების გამოჩენას და, რაც მთავარია, კრიმინოგენური სიტუაციის გაჯანსაღებისას, განსაკუთრებით უკანასკნელი მოვლენების ფონზე, როცა მეწარმეები თოფიანი კაცის ზეწოლისაგან თავისუფლდებიან. მე კიდევ უფრო მეტი დარწმუნებით ვაცხადებ - ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ მეწარმეობა გავათავისუფლოთ შეიარაღებული და უკანონო მეწილეთა დიქტატურისაგან, რაც როგორც ავთვისებიანი სიმსივნე, დღითიდღე სიცოცხლეს უმოკლებდა საქართველოს ეკონომიკის ყველა სექტორს, მძიმე ტვირთად აწვა საზოგადოებას. 29 აგვისტოს საშინელი სენის კულმინაცია გახლდათ და უფალს მადლობა შევწიროთ, რომ საქართველოს ასცდა, ამჯერად, დარწმუნებული ვარ, საბოლოოდ, ბადიტურ, კრიმინალურ კლანთა მიერ თავსმოხვეული ცხოვრების წესის დამკვიდრების საფრთხე, ასცდა ქურდებისა და მკვლელების, ტერორისტების, ცხოვრებაში ხელმოცარულთა მაგრამ სხვათა სიცოცხლის ხელყოფით, მკვლელობითა და ძარცვის გზით გამდიდრებული არაკაცების დიქტატურა.

ყოველივე ეს შესაძლებლობას გვაძლევს, გადახდის ერთადერთ კანონიერ საშუალებად გამოვაცხადოთ და მიმოქცევაში გავუშვათ ეროვნული ვალუტა „ლარი“, რომელიც იყოფა ას „თეთრად“, ხურდა ფულს რომ ვუწოდებთ, მაგრამ ამას უკვე წონა და ფასი ექნება, მოდით ამას ასე იოლად ნუღარ შევხედავთ და ნუ დავარქმევთ ხურდა ფულს.

ზემოდხსენებული წინამძღვრების მომწიფებასთან ერთად ლარის მიმოქცევაში გაშვება, თვითონაც დარწმუნებული ხართ, ძალზე დროული და პასუხსაგები გადაწყვეტილებაა, რადგან ყოველივე ეს ხდება წინასაარჩევნო პერიოდში. მაგრამ ამ საკითხის გადადება ჩემი აზრით, აღარ შეიძლება.

ბევრი ჩვენი კეთილისმსურველი გვარწმუნებს, იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილებებს ახლა მთავრობასთან ერთად მეც ვიღებ ამ საკითხზე და ამასთან, ისიც იცით, რომ მეც წამოვაყენე ჩემი კანდიდატურა პრეზიდენტის პოსტზე, რატომ უნდა აიტეხო ეს ჭირი, იქნებ რაღაც ისე არ გამოვიდეს, იქნებ ამით მოსახლეობის გარკვეულ ფენებში რაიმე უკმაყოფილებამ მოიკიდოს ფეხი და ამით ხმის მიმცემთა რიცხვი შემცირდესო. მაგრამ, ამით რომ ვიხელმძღვანელო, ეს იქნება კონიუნქტურული, ანგარებითი მიდგომა საკითხისადმი და პრობლემისადმი. თუ პრობლემა მომწიფებულია, მნიშვნელობა არა აქვს, იგი არჩევნების წინ გადაწყდება თუ არჩევნების შემდეგ ვფიქრობ, რაც უფრო ადრე იქნება უფრო უკეთესად და უფრო ორგანიზებულად განხორციელდება დასახული, მით უკეთესი გამოვა, თუნდაც ეს რომელიმე კანდიდატის ინტერესების საზიანოთაც იყოს, ჯერ ერთი გასათვალისწინებელია წმინდა ეკონომიკური ფაქტორები.

მიუხედავად კუპონის კურსის განმტკიცებაში მიღწეული უდავო ძვრებისა, უნდა ვაღიაროთ, რომ დღეისათვის ვცხოვრობთ საკუთარი სრულყოფილი საგადამხდელო საშუალების გარეშე, კუპონის მიმოქცევაში გლობალური, საყოველთაო დაბრუნება შეუძლებელია მთელ რიგ გარემოებათა გამო:

კუპონი პრაქტიკულად არ აღიქმება, როგორც ფული და მის საყოველთაო დაბრუნებას მიმოქცევაში უთუოდ დასჭირდება მკაცრი და ფართომასშტაბიანი წმინდა ადმინისტრაციული ზომების მიღება პოლიციის, პროკურატურისა და სხვა სამართალდამცავი ორგანოების მიერ, რასაც უარყოფითად შეაფასებენ როგორც ჩვენი მოსახლეობა, ისე საერთაშორისო საზოგადოებრიობა, მათ შორის და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი. ეს კი გააფუჭებს რესპუბლიკის დემოკრატიული სახელმწიფოს იმიჯს და დაარღვევს ეკონომიკური თავისუფლების კონსტიტუციურ პრინციპს. თუ მაინც მოვახერხებდით გარკვეული ადმინისტრაციული ზომებით კუპონის მიმოქცევის არეალის გაფართოებას, უკვე უახლოეს თავეებში მაინც დაგვჭირდებოდა კუპონის ახალი და დიდი მასის დაბეჭდვა, შესაბამისი, საკმაოდ დიდი დანახარჯებით. არადა, დანახარჯები მართლაც დიდია.

კუპონი პრაქტიკულად ვერ ასრულებს ფასების მასშტაბის ფუნქციას, მისი მეშვეობით ნაღდი გადახდები ბევრ უხერხულობას იწვევს და ზოგიერთ შემთხვევაში (ბინის, ავტომობილის და სხვათა შეძენა) საერთოდ შეუძლებელია.

რასაკვირველია, შეიძლებოდა ახალი, უფრო მსხვილი ნომინალების დაბეჭდვა, მაგრამ ამას არ ექნებოდა დადებითი ფსიქოლოგიური ეფექტი და, რაც მთავარია, საკმაოდ მნიშვნელოვან დანახარჯებთან იქნებოდა დაკავშირებული.

უხერხულობა იქნება, თუ კიდევ უფრო მსხვილ ნომინალებს გამოვუშვებთ. უხერხულობა იქმნება კუპონური მოძრაობის აღრიცხვის სფეროშიც, ანგარიშის დროს საქმე გვაქვს ასტრონომიულ ციფრებთან და მით უმეტეს, თუ უფრო მსხვილ ნომინალებს გამოვუშვებთ, რაც, გარდა იმისა, რომ ცუდად ჯდება საზოგადოებისა და მოქალაქეთა ცნობირებაში, პრობლემებს ქმნის გამოთვლითი თუ კომპიუტერული ტექნიკის გამოყენებაშიც კი.

შეიძლებოდა აქაც მოგვეფიქრებინა დენომინაციის მექანიზმი. მაგრამ ეს ღონისძიებაც საკმაოდ დიდ ფინანსურ ხარჯებთან იქნებოდა დაკავშირებული.

კიდევ უფრო არსებითია შემდეგი გარემოება: თუ რეფორმას ახლა არ განვახორციელებთ, არჩევნების, ახალი მთავრობისა და სხვა აღმასულებელი ორგანოების ჩამოყალიბების შემდეგ დამდგარ ზამთარში ძალზე გართულდება და ზოგ შემთხვევაში ცალკეულ სოფლებში შეუძლებელი გახდება ფულის ტრანსპორტირება, მოქალაქეთა გადაადგილება (ეს განსაკუთრებით მთიან რაიონებს ეხება) კომუნიკაციებისა და ტექნიკის გამოყენება ძალზე შეიზღუდება. თუ ამ მოსაზრებთა გამო, ფულის რეფორმის გაზაფხულამდე გადავდებთ (გთხოვთ ყველა ფრაზას მიაქციოთ ყურადღება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს მუშაობაში, ადგილებზე მოქალაქეებთან), იძულებული გავხდებით 6-7 თვის განმავალობაში „ვარჩინოთ“ კუპონი, როგორც ამას დღემდე ვაკეთებდით, ქვეყნის სავალუტო რეზერვების ხარჯზე, რაც მომავალი წლის მარტის ჩათვლით მინიმუმ 50 მილიონი დოლარი დაჯდება.

თავად ის გარემოება, რომ ჩვენ კიდევ 6-7 თვით მივცემთ საშუალებას მოსახლოებას ივაჭროს ძირითადად სხვა ვალუტით, რეალურად ნიშნავს, რომ გაგრძელდება მისი გაღატაკება უკვე რუსული რუბლის ინფლაციის ხარჯზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, რომელსაც ყურადღების მიქცევა სჭირდება, და რომელიც გარკვეული სტაბილიზაციის პერიოდის შემდეგ ისევ მიიწევს ზევით და ჩვენი პროგნოზის, ეს პროცესი გარკვეული ვადით გაგრძელდება. ამის გამო პროცესის სტაბილიზაცია და ნორმალიზება არც ისე იოლი საქმე იქნება.

რეფორმის გადავადება და შესაბამისად შიდა ბაზარზე რუსული რუბლის და დოლარის დომინირებული პოზიციის გახანგრძლივება არ გვიქმნის სამეურნეო აქტიურობის ოფიცილაურ აღრიცხვიანობაში მოქცევის გაუმჯობესებისა და აქედან გამომდინარე ბიუჯეტის შემოსავლების მნიშვნელოვანი ზრდის პერსპექტივებს. დარჩება გამუდმებული ზეგვალენა ნაღდი ფულით ანგარიშწორების არეალის გაფართოვებაზეც, რაც ასევე აღურიცხავი და აქედან გამომდინარე დაუბეგრავი შემოსავლების მიღების ძირითადი პირობა გახლავთ.

არ შეიძლება არ გავითვალისწინოთ ის გარემოებაც, რომ ცალკეული პიროვნებების პოლიტიკანური, არასახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ასე ვიტყოდი, მოსაზრებების მიუხედავად (თუმცა საზოგადოების ასეთი ნაწილი მცირეა), რომლითაც ისინი ეჭვის ქვეშ აყენებენ რეფორმების განხორციელების მიზანშეწონილობას, მოსახლოება მაინც ელის ახალ ფულად ერთეულს და ხაგრძლივი პერიოდით რეფორმის გადავადება, ხელისუფლების მხრივ შეუსრულებელ დაპირებად აღიქმება. რაც კიდევ უფრო დაუკარგავს მას რწმენას კუპონისადმი და დაამუხრუჭებს ფინანსური სტაბილიზაციის პროცესს.

ფულის რეფორმა, ცხადია, თავისთავად იზოლირებულად პანაცეა ვერ იქნება, მაგრამ იგი მოხსნის, ან მნიშვნელოვნად შეარბილებს პრობლემათა მთელ წყებას და ხელს შეუწყობს წარმოების გამოცოცხლებასა და მოსახლეობის ცხოვრების დონის რეაბილიტაციას.

ლარს ყველა სხვა უცვლელ პირობებშიც კი თავისთავად სამომხმარებლო ბაზრის უფრო ფართო სეგმენტის მოცვა შეუძლია, ვიდრე ეს დღეს კუპონს უკავია, კუპონის პირობებში ხერხდება, უწინარესად იმდენად, რამდენადაც იგი გაცილებით მობილური ფულადი ერთეული იქნება, ფასების მასშტაბადაც იმუშავებს, რადგან დოლარებში შემოსავლების და ხარჯების გაანგარიშების ჩვენში უკვე დამკვიდრებული მენტალიტეტის კონტექსტში იმოქმედებს. არ შეიძლება არ გავითვალისწინოთ გარკვეული ფსიქოლოგიური ეფექტი, რასაც გამოიწვევს კარგი დიზაინისა და დაცვის ნიშნების მქონე რეალური ქართული ვალუტის შემოღება. გაადვილდება ბუღალტრული აღრიცხვაც მასშტაბების მნიშვნელოვან შემცირებასთან დაკავშირებით.

ყოველივე აღნიშნული საგრძნობლად გაზრდის ლარის კუპონთან შეადრებით სასაქონლო უზრუნველყოფას და უფრო გაადვილებს მისი სტაბილური კურსის შენარჩუნებას ბოლომდე აულაგმავი ინფლაციური პროცესების მიუხედავად. უფრო მეტიც, არ არის გამორიცხული. რომ მოგვეცეს შესაძლებლობა, რეფორმის განხოციელების შემდეგ სავალუტო რეზერვების დადგენილი ლიმიტის ფარგლებში, გარკვეულად გავამყაროთ ლარი დოლართან და სხვა კონვერტირებად ვალუტებთან შეაფრდებით.

მეორე მხრივ, ლარის მობილურობა და სტაბილურობა უფრო მეტ მორალურ უფლებას მისცემს ხელისუფლებას მიიღოს გარკვეული ადმინისტრაციული ზომები მის, როგორც ერთადერთ საგადამხდელო საშუალებად დასამკვიდრებლად, რამაც შეიძლება ლარის შემოღების პირველ ეტპაზე გაგვიზარდოს კიდეც სავალუტო რეზერვები. მე მხოლოდ შეზღუდულ ადმინისტრაციულ ღონისძიებებზე ვლაპარაკობ, ეს მისი შემდგომი განმტკიცების საფუძველი გახდება. რეალურად გაზრდის მოსახლოებისა და საწარმო-დაწესებულებათა განკარგულებაში არსებულ და ლარით გამოსახულ თანხებს.

ლარის ერთადერთ საგადამხდელო საშუალებად გადაქცევისაკენ გამიზნული მოქმედება მოგვცემს სამეურნეო აქტიურობის აღრიცხვის სრულყოფილ საშუალებას, რაც უთუოდ გაზრდის ოფიციალურ სტატისტიკაში აღრიცხული საქმიანობის მოცულობას, შესაბამისად, დასაბეგრ არეალსა და ამოღებული გადასახადების საერთო თანხას - აქედან გამომდინარე ბიუჯეტის შემოსავლის სათანადო ზრდას, ეს მეტ საშუალებებს შეგვიქმნის დასახული სოციალური მიზნების განსახორციელებლად.

ფულადი ნიშნისადმი საზოგადოებრივი ნდობის აღდგენა თანდათანობით დაუბრუნებს მათ ფულისათვის, როგორც ეკონომიკური კატეგორიისათვის დამახასიათებელ ყველა ფუნქციას, მათ შორის დაგროვების ფუნქციასაც, ეს ავტომატურად გააფართოვებს საბანკო სარესურსო ბაზას, აამაღლებს ეროვნულ ფულად ერთეულში დეპოზიტების პრესტიჟსა და განაკეთებს, რაც ერთი მხრივ წაახალისებს ბანკების აქტიურ-პასიურ ოპერაციებსა და შედეგად - მათ დადებით ზემოქმედებას ეკონომიკაზე, მეორე მხრივ, გაზრდის დეპოზიტების მომგებიანობას მოქალაქეებისათვის.

ლარის შემოღების პარალელურად და მისგან გამომდინარე უფრო ადვილი და მიზანსწრაფული გახდება საფინანსო-საბანკო სექტორში მიმდინარე რადიკალური რეფორმები, რაც თავისთავად ხელს შეუწყობს თვით ლარის პოზიციებისა მისი მსყიდველობითი უნარის განმტკიცებას.

ეროვნული ბანკი და მინისტრთა კაბინეტის ეკონომიკური ბლოკი გვთავაზობენ, კუპონის ლარზე გადაცვლის პროცესი დავიწყოთ 25 სექტემბერს ზუსტად ერთი კვირის თავზე, ანუ 2 სექტემბერს ლარი დაკანონდეს ერთადერთ კანონიერ სადაგამხდელო საშუალებად მთელ სახელმწიფოში.

ერთი კვირის ვადა, ვფიქრობ, საკმარისი უნდა იყოს ამ მეტად რთული და მნიშვნელოვანი ღონისძიების განსახორციელებლად. ამ პროცესის ძალიან გაწელვაც არ არის სასურველი თქვენთვის გასაგები მიზეზების გამო. ჯერ ერთი, მიმოქცევიდან უკვე ამოღებულია ერთიდან ოცდაათიათასამდე ღირსების კუპონები (მე მოსამზადებელი მუშაობა მაქვს მხედველობაში), ათაითასიანი ნომინალის გარდა, რაც არსებული მთელი საკუპონე მასის 69 პროცენტზე მეტია - მიმოქცევაში დარჩენილია მხოლოდ მსხვილი კუპიურები, რომელთა ლარზე გაცვლას დიდი დრო არ დასჭირდება. მეორეც, ლარისა და თეთრის დიდი ნაწილი უკვე შეტანილია საბანკო დაწესებულებებში და რეფორმის დაწყებამდე დარჩენილ დროში ეს სამუშაოები მთლიანად დასრულდება.

რეფრომას მნიშვნელოვანწილად გაამარტივებს ის გარემოება, რომ გაცვლის კურსი საერთოა როგორც ნაღდი, ისე უნაღდო კუპონებისათვის და ახლა ალბათ, ეს სადავო იქნება, -შეფარდება 1 მილიონი კუპონი - ერთი ლარი. კაცს, რომელიც მილიონის მფლობელია და ერთ ლარს მიიღებს, ცოტა, გაუჭირდება ამის აღქმა, მაგრამ რეალურად იგი კი არ აგებს, არამედ იგებს კიდეც. გაცვლის კურსი არ არის დამოკიდებული თანხის რაოდენობაზე და ამდენად, რაც მთავარია, აქამდე ჩვენი მოსახლოების მეხსიერებაში განხორციელებულ ფულის რეფორმათაგან განსხვავებით, ამას არა აქვს კონფისკაციური ხასიათი. კიდევ ერთი - ფულის ნიშნების გადაცვლა შეუზღუდავი იქნება თანხაში, მოქალაქეს არ დასჭირდება გადაცვლის პუნქტში არც პირადობის დამადასტურებელი საბუთის წარდგენა და არც ფულის წარმომავლობის შესახებ ახსნა განმარტების მიცემა.

თუმცა ზემოთქმული როდი ნიშნავს, რომ ფულის ნიშნების გადაცვლა ვინმემ მარტივად წარმოიდგინოს და უპასუხისმგებლოდ მოეკიდოს ამ სერიოზულ პროცესს. ჩვენი დღევანდელი შეკრების მიზანიც სწორედ ისაა. რომ მივაღწიოთ მთელი ძალების მობილიზებას, რათა ცალკეული შესაძლო ექსცესებით არ მოვახდინოთ ამ დიდი პოლიტიკური მნიშვნელობის, და განსაკუთრებით გავუსვამ ხაზს, თითოეული მოქალაქისათვის საარსებო მნიშვნელობის აქციის დისკრედიტაცია.

რეფორმების ორგანიზებულად განხორციელებისათვის მომზადებულია სახელმწიფოს მეთაურის ბრძანებულებები, რომლებიც მოიცავენ ორანიზაციულ ღონისძიებათა მთელ კომპლექსს.

უწინარეს ყოვლისა, ეს დიდმნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური აქცია უნდა განხორციელდეს მოსახლოების და მეწარმეებისათვის ყოველგვარი უხერხულობის გამორიცხვის გარანტიით. ამას კი არ გთხოვთ გამგებლებს, რწმუნებულებს მხარეებში, ბანკირებს, ფინანსისტებს, ყველას ვინც ჩაბმული იქნება ამ საქმეში, მოვითხოვთ სახელმწიფოს სახელით - მოსახლოებას არავითარი უხერხულობა არ უნდა შეექმნას. ლოდინი, ყოველგვარი ბიუროკრატიული გამოვლინებები და, გამორიცხული არ არის, ზოგიერთებმა შეიძლება ხელოვნურადაც კი შექმნან პრობლემები, რათა ვიღაცას, რაღაც გამოსძალონ ამ პროცესში. ეს მთელი საზოგადოებისა და სახელმწიფოს მუდმივი თვალთახედვის არეში უნდა იყოს.

მოსახლოების ხელზე არსებული კუპონების ლარზე გადაცვლას 25 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე ახორციელებს გაერთიანებული ქართული ბანკი ფილიალების მეშვეობით, ხოლო იმ დასახლებულ პუნქტებში, სადაც არ ფუნქციონირებს აღნიშნული ბანკის ფილიალები, გადაცვლა მოხდება ადგილობრივი მმართველობის ორგანოების ხელმძღვანელობით ჩამოყალიბებულ დროებით გადამცვლელ პუნქტებში.

საავადმყოფოებში, თავისუფლების აღკვეთის ადგილებში, სამეხედრო შენაერთებსა და სხვა მსგავს დაწესებულებებში მყოფი პირების ხელზე არსებული კუპონების ლარზე გადაცვლას განახორციელებენ აღნიშნული ობიექტები სპეციალურად ამ მიზნისათვის შექმნილი კომისების მეშვეობით. გასარკვევია რუსეთის სამხედრო ნაწილების პირად შემადგენლობასთან ურთიერთობის საკითხი.

თუ მოქალაქენი მოისურვებენ გაერთიანებული ქართული ბანკი ვალდებულია მოსახლეობის კუთვნილი კუპონები მიიღოს ანაბრებზე - მათთვის 2 ოქტომბერიდან ახალი ფულადი ნიშნების, პირველი მოთხოვნისთანავე გაცემის, ან ვადიან ანაბარზე დატოვების პირობით. რა თქმა უნდა, სრული ნებაყოფლობის პრინციპების დაცვით.

გადაცვლისათვის დადგენილ პერიოდში იმ პირებს, რომლებიც რესპუბლიკაში არ იმყოფებიან, ხელზე კი კუპონების გარკვეული თანხა აქვთ, სათანადო დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხევავაში, გადაცვლის ვადა გაგრძელდებათ მიმდინარე წლის 1 ნოემბრამდე.

სხვა ყველა კონკრეტულ შემთხვევაში გადაცლის ვადის გაგრძელების საკითხს განიხილავს და წყვეტს ეროვნული ვალუტის შემოღების სახელმწიფო კომისია.

რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებულ იურიდიულ პირთა სალაროებში რიცხული კუპონების ნაშთების ლარზე შეცვლა განხორციელდება მომსახურე ბანკების მეშვეობით.

კუპონების ლარზე გადაცვლის პროცესს წარმართავს ეროვნული ბანკი. მისი მოთხოვნები აღნიშნულ ღონისძიებათა განხორციელების საქმეებში, ყველასათვის სავალდებულოა შესასრულებლად და აუცილებლად უნდა შესრულდეს კიდეც, რეფორმის ორგანიზებულად განხორციელებისათვის ეროვნულმა ბანკმა უნდა განსაზღვროს მიმოქცევაში გასაშვები ეროვნული ვალუტის - ლარის კუპიურული შემადგენლობა, არსებული წესების თანახმად მოსახლოებას გააცნოს მათი აღწერილობა და დამცავი მექანიზმის ნიშნები, მანვე საბანკო დაწესებულებებსა და სპეციალური გადამცვლელი პუნქტებისათვის უნდა შეიმუშავოს და ადგილებზე დაგზავნოს კუპონის ლარზე გადაცვლის წესები.

2 ოქტომბრიდან რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებული ყველა იურიდიული და ფიზიკური ვალდებულია საქონელსა და მომსახურებაზე ფასების გადაანგარიშება, გამოცხადება და ანგარიშწორება მოახდინოს მხოლოდ ეროვნული ვალუტით - ლარით. თუ გვინდა ეროვნული ვალუტა დამკვიდრდეს და გვქონდეს საკუთარი ეროვნული ფული, ეს ყოველ მიზეზ გარეშე უნდა შესრულდეს. ასეა ყველა ქვეყანაში - დასავლეთის იქნება ის თუ აღმოასავლეთის. ასეა დამკვიდრებული ყველგან, ვიმეორებ, დავუბრუნდები იმ აზრს, რაც უკვე გამოითქვა: არავითარი უხერხულობა არ უნდა შეექმნას მოსახლოებას, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმ დონეზე, როგორც ეს სხვა ქვეყნებში ხდება.

გადაცვლის პროცესში დაბრკოლებათა თავიდან აცილების მიზნით, 25 სექტემბრიდან 25 ოქტომბრამდე, ჩემი განკარგულებით და ბრძანებულებით, იკრძალება საბანკო დაწესებულებებში ყოველგვარი შემოწმების მოწყობა. ამ პერიოდში ანგარიშწორების შეფერხების, ანგარიშგებათა დაგვიანებით წარდგენის შემთხვევაში ბანკები თავისუფლდებიან გათვალისწინებული საჯარიმო სანქციებისაგან.

ვთხოვ ადგილობრივი ადმინისტრაციის ხელმძღვანელებს, ჩვენ ყველანი უფრო ხშირად უნდა ვიყოთ ბანკებში, საფინანსო ცენტრებსა და ორგანიზაციებში, რათა დავრწმუნდეთ, ეს მართლაც არის ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური მართვის ძირითადი ბერკეტი, ყველაზე უტყუარი, საუკეთესო ობიექტური სურათი იმისა, რაც ხდება ქვეყანაში, მის ეკონომიკასა და ფინანსებში და თუ გნებავთ,საერთოდ ქვეყნის ცხოვრებაში.

ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებმა ეროვნულ ბანკთან ერთად უმოკლეს ვადაში უნდა შეიმუშაონ და ადგილებზე დაგზავნონ რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებული იურიდიული და ფიზიკური პირების კუპონებში რიცხული აქტივებისა და პასივების დამრგვალებისა და ლარის კურსთან შესატყვისების წესები.

გამგებლებმა და მერებმა სამხარეო რწმუნებულთა ხელმძღავენელობით დაუყოვნებლივ უნდა შექმნან კომპეტენტური კომისიები საბანკო, საფინანსო და სამართლადამცავი ორგანოების მუშაკთა მონაწილეობით. ეს კომისიები უზრუნველყოფენ სათანადო ორგანიზაციული მუშაობის განხორციელებას და პასუხს აგებენ, ფულის რეფორმის მაღალ დონეზე მოწყობისათვის. კომისიებმა უნდა უზრუნველყონ საბანკო დაწესებულებათა განსაკუთრებული დაცვა, მოსახლოების ინფორმირება, აუცილებლობის შემთხვევაში ფულადი ნიშნების, ასე ვთქვათ, ყოველგვარი საფრთხისა და საშიშროების გარეშე ტრანსპორტირება და კუპონის ლარზე გადაცვლის მოწყობა იმ დასახლებულ პუნქტებში, სადაც არ არის საბანკო დაწესებულება.

კომისიებს მუდმივი კავშირი უნდა ჰქონდეთ ადგილობრივ საბანკო დაწესებულებებთან და ფულის გადაცვლის დროებით პუნქტებთან, ერთი მხრივ და ფულადი რეფორმის სამთავრობო კომისიასთან და ეროვნულ ბანკთან - მეორე მხრივ, იმის გათვალისწინებით, რომ რეფორმის ოპერატიულ მართვას, სწორედ ეს ორი ორგანო აწარმოებს გადაცვლის მთელი პერიოდის განმავლობაში, საჭიროა მუდმივი ორმხრივი კონტაქტები იყოს გარანტირებული.

აქ განსაკუთრებული როლი ენიჭება კავშირგაბმულობის სამინისტროს, რომელმაც მაქსიმალურად უნდა უზრუნველყოს ამ დღეებში კავშირი ყველა ქალაქთან, რაიონთან და დასახლებულ პუნქტთან, ასეთიგე ამოცანა აქვს საქენერგოს დასახლებული პუნქტების ელექტროენერგიით უზრუნველყოფის თვალსაზრისით.

ამასთან დაკავშირებით, უნდა განვაცხადო, რომ ჩვენ ახლა ვქმნით შესაბამის მარაგს, განსაკუთრებით რუსეთის პრემიერის ვიზიტის შემდეგ დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ ზამთრისწინა სეზონშიც და ზამთარშიც გვექნება საშუალება გარკვეულ დონეზე უზრუნველვყოთ ყველა რაიონი და ქალაქი ელექტროენერგიით, ვიმეორებ, გარკვეულ დონეზე. ის, რაც ახლა ხდება, როცა რაიონული და სამხარეო ცენტრების თითქმის 70 პროცენტი ხშირად მოწყვეტილია დედაქალაქს, ეს ყოვლად დაუშვებელია სახელმწიფოსათვის. ამ ორი სისტემისაგან მოვითხოვ დაიანგარიშონ, შეადგინონ ეს სქემები და უზრუნველყონ შეუფერხებელი კავშირი არა მარტო რეფორმის პროცესში (თუმცა რეფორმა უნდა იყოს იმის გენერალური რეპეტიცია, რომ ცენტრს - საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდეს მუდმივი კავშირი. ეს რა დონეზეც გნებავთ მოიფიქრეთ), მუდმივი კავშირი ყველა რაიონთან, მომავალში კი - ალბათ, ყველა სოფელთან და დასახლებულ პუნქტთან.

ყველა ძალისმიერი სამინისტრო უნდა იყოს განსაკუთრებით შემართული, რათა არ დაუშვან არც ერთი. თუნდაც უმნიშვნელო ექსცესი.

განსაკუთრებული მობილიზაცია დასჭირდება რესპუბლიკის მთელს საბანკო სისტემას, რომლის ზურგზეც უნდა გადაიაროს რეფორმის ძირითადმა სიმძიმემ. მას დასჭირდება განსაკუთრებული თანადგომა ამ პროცესში და, რაც მთავარია, არ უნდა მოხდეს მათ საქმიანობაში უკანონო ჩარევის არც ერთი შემთხვევა. თუ შემოწმება გარდაუვალი იქნება, მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს მეთაურის სანქციით, თუ მართლაც რაღაც უბედურება მოხდა.

ყველა სამეურნეო სუბიექტის ხელმძღვანელობას, სკუთრების ფორმების მიუხედავად უნდა ეთხოვოს, რეფორმის დაწყებამდე, აუცილებლად შეიტანონ მთელი თავიანთი ნაღდი ფულადი თანხები საბანკო დაწესებულებებში. ეს ბევრს არ სიამოვნებს, მაგრამ ეს გარდაუვალია, აუცილებელია რაც მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს, გადაცვლის პროცესს.

ანალოგიური თხოვნაა საქართველოს ყველა მოქალაქისადმი, რათა მათაც შესაძლებლობის ფარგლებში უზრუნველყონ საკუპონე დანაზოგების საბანკო სისტემაში თავმოყრა და რეფორმის დამთავრებიდან პირველივე დღეებში, ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მათ ექნებათ საშუალება შეუფერხებლად გაიტანონ თანხები თავიანთი ანაბრებიდან, იმის მიუხედავად, თუ რამდენი ერგებათ.

მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ის რაოდენობა დავბეჭდეთ და შემოვიტანეთ, რაც აუცილებელია, რეფორმისა და შემდგომი პერიოდისათვის საერთაშორისო ორგანიზაციებმა და საფრანგეთის მთავრობამ ამ საქმეში ფასდაუდებელი დახმარება გაგვიწიეს. თუ რა თანხა დაჯდა ეს დახმარება, ამის შესახებ სხვა დროს მოგაწვდით ინფორმაციას.

ფულის გადაცვლის პროცესი 2 ოქტომბერს მთავრდება, მაგრამ ამით არ მთავრდება ფულის რეფორმა. პირიქით, შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე პასუხსაგები სამუშაო, შემდეგ იწყება.

ლარის კანონიერ საგადამხდელო საშუალებად გამოცხადების პირველი დღიდანვე უნდა მივიღოთ ზომები, რათა ლარი არ შეავიწროვოს არც ერთმა უცხოურმა ვალუტამ. აი, თუ სადმე საჭიროა ჩვენი ეროვნული თავმოყვარეობა, რაზეც ხშირად ძალიან ბევრს ვლაპარაკობთ, აქ არის აუცულებელი და გადაუდებელი. ჩვენ არც იმ ვალუტებს ვავიწროებთ. ასე რომ, ვისაც დოლარი და რუბლები გაქვთ, ნუ გეშინიათ ყველაფერი ნორმალურად იქნება.

ამისათვის, უპირეველესად, სრულად უნდა დააკმაყოფილონ ბანკებმა და გადაცვლის პუნქტებმა მოსახლეობის მოთხოვნილება, უცხოური ვალუტის გადაცვლისა ეროვნულ ვალუტაზე, აგრეთვე უკუკონვერტირება რესპუბლიკის გარეთ შეუფერხებელი ანგარიშწორებისათვის.

ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს საბანკო, საფინანსო, საგადასახადო და საბაჟო ორგანოების მიერ შესაბამისი ნორმებისა და ნორმატივების უპირობო დაცვას, ცხადია, გავაქვს ადმინისტრაციული და სამართლებრივი ზემოქმედების ზომებიც, რომელთა გამოყენება კანონიერების უმკაცრესი დაცვით უნდა განხორციელდეს.

ეროვნული ვალუტის შემოღების დღიდანვე უნდა მივაღწიოთ ეროვნული სავალუტო პოლიტიკის სრულ განხორციელებას ეროვნულმა ბანკმა უნდა შეიმუშავოს სტარტეგია და ტაქტიკა სწორი საკურსო პოლიტიკის განსახორციელებლად. ფულის რეფორმას ჩვენს დიდ ნაწილში საერთაშორისო საფინანსო დახმარებაზე დაყრდნობით ვახორციელებთ, ამ დახმარების გარეშე შეუძლებელი იყო ლაპარაკი ფულის რეფორმაზე, მაგრამ აუცილებელია თანამიმდევრულად განვახორციელოთ ღონისძიებები ახლა უკვე საკუთარი რეზერვების შესაქმნელად და მათი ეფექტიანად მართვისათვის. ამ მიზნით მინისტრთა კაბინეტმა, შესაბამის სამინისტროებთან და უწყებებთან ერთად, ეროვნულ მეურნეობაში მიღწეული ძვრებისა და მიმდინარე ფულის რეფორმის მოთხოვნათა გათვალისწინებით სრულყოს რესპუბლიკის ეკონომიკის კრიზისიდან გამოყვანის მოქმედი პროგრამა, რომლის უპირველეს პრიორიტეტად მიჩნეული უნდა იყოს მატერიალური სფეროს სწრაფი რეაბილიტაცია.

შეიძლება ხშირად ვიყენებდი ასეთ საკითხს, რომ მივხედოთ მატერიალური წარმოების სფეროს, მოხდეს მისი რეაბილიტაცია, მაგრამ ახლა უკვე სწრაფ რეაბილიტაციაზე ვლაპარაკობ და ამას უფრო გაბედულად ვამბობ რუსეთის პრემიერის ვიზიტის შემდეგ. უკვე არა სიტყვებით, არა დეკლარაციულად, არამედ რეალურად ჩამოყალიბდა კონცეფცია, მიმართულებები - თუ რა არის პრიორიტეტები რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში. უწინარესად ეს არის ეკონომიკური საკითხები, ეკონომიკური პრობლემები. თქვენ ყურადღება მიაქციეთ, რომ ბატონმა პრემიერ მინისტრმა ოთხი საკითხი გამოკვეთა: ენერგეტიკა, ამ პრობლემის მოგვარებაში, რუსეთი დაეხმარება საქართველოს, ტრანსპორტი, რომლის მოგვარებასა და აღდგენასაც ამ ეტაპზე რუსეთისა და სხვა მეგობრების გარეშე ვერ შევძლებთ; საწვავი და ხორბალი, ისიც მოგეხსენებათ, რომ გარკვეულ შეთანხმებებს უკვე მივაღწიეთ, მიმდინარე წლის ბოლოსათვის ჩვენ შეგვიძლია რუსეთიდან შემოვიტანოთ ათასი ტონა ხორბალი. მივიღებთ ფინანსურ დახმარებასაც, რომელიც მომავალში უნდა დაუბრუნდეს რუსეთს. იგი დააფინანსებს თავის „როსკონტრაქტს“ ეს ორგანიზაცია სპეციალურად გამოჰყოფს თანხებს, რათა წლეულს ყურძენი შევისყიდოთ მოსახლოებისაგან, რათა მან არ დაკარგოს წლევანდელი უხვი, უმაღლესი ხარისხის მოსავალი. ეს იქნება 80 მილიარდი რუბლი იმისათვის, რომ ღვინის ქარხნებმა გლეხობასთან დაამყარონ კავშირი და მოსახლოებასაც ჰქონდეს იმის გარანტია, რომ მოსავალი ანაზღაურებული იქნება. არის ბევრი სხვა ისეთი მიმართულებაც, რომელიც გვაძლევს გარანტიას, რომ უფლება გვაქვს ვილაპარაკოთ, ჩვენი ეკონომიკის სწრაფ რეაბილიტაციაზე, თუკი ყველა ჩვენგან მეტ მოქნილობას, მეტ ნიჭსა და უნარს გამოიჩენს ამ კავშირურთიერთობის აღდგენისა და გამყარების თვალსაზრისით.

მთავრობამ ეროვნულ ბანკთან ერთად უნდა დაასრულოს მოლაპარაკება საერთაშორისო სავალუტო ფონდთან სტრუქტურული გარდაქმნების გაფართოებული დაფინანსების პროგრამის განხორციელების მიზნით საქართველოსათვის მორიგი შეღავათიანი კრედიტის გამოსაყოფად. უნდა გაღრმავდეს კონტაქტები მსოფლიო ბანკსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან საქართველოსათვის შემდგომი სექტორალური კრედიტების გამოსაყოფად. ენერგეტიკის, ტრანსპორტის სხვა დარგების რეკონსტრუქციის გარეშე წარმოების აღორძინება წარმოუდგენელია.

ამა წლის დარჩენილი ნაწილი და ზამთარიც, რა პარადოქსულიც უნდა იყოს ამის თქმა, ახალი გარდატეხის დასაწყისი უნდა გახდეს ჩვენს ეკონომიკაში. შარშანდელ ზამთარში ჩვენი მრეწველობა მთლიანად გაჩერებული იყო. წელს ეს აღარ უნდა მოხდეს იმის გათვალისწინებით, რასაც გვპირდებიან. 100 ათასი ტონა მაზუთი, რომელიც ამერიკის პრეზიდენტმა გვაჩუქა, ის მარაგი, რომელიც ჩვენ შევქმენით - 30-40 ათასი ტონა, შეპირებანი, რომლებიც 15 სექტემბერს მივიღეთ კავკასიონის მაღალი ძაბვის ხაზის აღდგენის შესახებ, რუსეთიდან მიღებული ელექტროენერგია და სხვა დამატებითი წყაროები, იმედს გვაძლევენ, რომ ზამთარი ეკონომიკის ფუნქციონირების თვალსაზრისით გაცილებით საიმედო იქნება, შემოსავლებსაც სისტემური და მუდმივი ხასიათი ექნება სახელმწიფო სალაროში. გარდა ამისა, ეს თავისთავად ეს მოსახლეობისათის მეტად მნიშვნელოვანია.

უმწვავესი პრობლემაა ბიუჯეტის საკუთარი სახსრებით დაბალანსება. თქვენ იცით, რომ ჩვენი ბიუჯეტის დიდი ნაწილი ახლა დახმარების გზით მიღებული პროდუქციის რეალიზაციის ბაზაზე ივსება, მაგრამ სამუდამოდ ხომ ასე ცხოვრება არ შეიძლება. ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს წარმოების აღმავლობას, გამოცოცხლებას, მაგრამ სანამ პროცესი შესაბამის მასშტაბს შეიძენს, ფინანსთა სამინისტრომ ეროვნულ ბანკთან ერთად და რა თქმა უნდა, მინისტრთა კაბინეტმაც, უნდა უზრუნველყონ სახაზინო ვალდებულებათა გამოშვება და განთავსება რესპუბლიკის ბიუჯეტის დეფიციტის შევსებისა და ადეკვატური ფულად-საკრედიტო პოლიტიკის განხორციელებისათვის. მეორე მხრივ, საგადასახადო ინსპექციამ და საბაჟო დეპარტამენტმა მკვეთრად უნდა გააძლიერონ თავიანთი საქმიანობა, მათი მუშაობა ამიერიდან მარტო შარშანდელთან შედარებით ამოღებული თანხის მატებით კი არ უნდა შეფასდეს, არამედ ეროვნულ პროდუქტთან მიმართებაში ანუ პოტენციური თანხების ამოღების დონით.

ლარის შემოღება და მისი კურსის სტაბილურობა მნიშვნელოვან სტიმულად უნდა იქცეს უცხოური ინვესტიციების მოზიდვისათვის. საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობის კომიტეტმა უცხოური ინვესტიციების კანონის პროპაგანდით დიდი როლი უნდა შეასრულოს ამ საქმეში, ხოლო ეროვნულმა ბანკმა უცხოური ინვესტიციების მოზიდვისა და საერთაშორისო სტანდარტების დონეზე მომსახურების მიზნით ხელი უნდა შეუწყოს მოქმედი კომერციული ბანკების რეკაპიტალიზაციასა და წვრილი საბანკო დაწესებულებების გამსხვილებას. მოგეხსენებათ. ეს პროცესი არცთუ ისე არაწინააღმდეგობრივად დაიწყო, მაგრამ წარმატებები არის და იგი უნდა გაგრძელდეს.

ეროვნული ვალუტის შემოღების უმთავრესი ეფექტი უნდა იყოს მოსახლოების ცხოვრების დონის ნაწილობრივ გაუმჯობესება ამ ეტაპზე. ცხადია, ეს ერთბაშად ვერ მოხერხდება, მაგრამ მთელი რიგი გადაუდებელი ღონისძიებები რაც შეიძლება მალე უნდა განხორციელდეს. ექსპერტების შესაფებით, ლარის მსყიდველობითი ღირებულების შენარჩუნებისათვის მინიმალური ხელფასი მნიშვნელოვნად უნდა გაიზარდოს, ხოლო საშუალო ხელფასი - 30-35 ლარი, ესე იგი 30-35 დოლარი უნდა იყოს. ცხადია, დასაწყისშივე, ამგვარ დონეს ვერ უზრუნველვყოფთ, მაგრამ აუცულებელია ფინანსთა სამინისტრომ ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად, უახლოეს ხანში წარმოადგინოს წინადადება მთავრობის ხელთ არსებული ყველა რეზერვის მობილიზაციის საფუძველზე, საბიუჯეტო სფეროში ხელფასების მომატებისა და პენსიების გაზრდის თაობაზე. გთხოვთ ამას მიაქციოთ ყურადღება: თუ ლარი მართალაც გახდება ერთადერთი საგადასახადო და საბრუნავი საშუალება. მე ვავალებ მინისტრთა კაბინეტს, ფინანსთა სამინისტროს, და ეროვნულ ბანკს შემოიტანონ წინადადება ხელფასის 50 პროცენტით გადიდების შესახებ. მათ ამის საშუალება ექნებათ მიმდინარე წლის 1 ნოემბრიდან. რა თქმა უნდა, ეს უწინარესად შეიძლება შეეხოს და აუცილებელია შეეხოს, საზოგადოების ყველაზე დაუცველ ფენებს. ცნობილია, რა სავალალო მდგომარეობაში არიან პენსიონერები, როგორ უჭირთ ლტოლვილებს, ბავშვებს და ასე შემდეგ. ვფიქრობ, რომ პირველი ნოემბრიდან სახელმწიფოს ექნება შესაძლებლობა სწორედ იმის ხარჯზე, რომ თუ ლარი მტკიცედ მოიკიდებს ფეხს და შემოსავლებიც გაიზრდება სახელმწიფო სალაროში, სერიოზულად მიხედოს ამ კატეგორიის ხალხს.

ძალზე დიდმნიშვნელოვანია რომ ფინანსთა სამინისტრომ განიხილოს კუპონის ერთადერთ საგადამხდელო საშუალებად გამოცხადებამდე ყოფილ სახელმწიფო-კომერციულ ბანკებში მოქალაქეთა ანაბრებზე რიცხული ფულადი სახსრების ინდექსაციის შესაძლებლობის საკითხი გრძელვადიანი მიზნობრივი ობლიგაციების გამოშვების გზით.

მინდა ეს უფრო დავაკონკრეტო და ალბათ, თავის გამოსვლებში ბატონები ჯავახიშვილი, იაკობიძე, ბასილია, და სხვები უფრო დეტალურად იტყვიან. რა გამოსავალია ახლა. უნდა გითხრათ, რომ ეს ეხება ძველ ხელისუფლებასაც, ხელისუფლების ყველა ეშელონსაც, რომლებიც დღემდე მოსახლეობას, მეანაბრეებს დაპირებებს აძლევდნენ და ბევრი ტყუილი გამოუვიდათ. მოსახლოების დიდი ნაწილი გაკოტრდა იმის გამო, რომ ანაბრებმა ფასი დაკარგეს.

კუპონის შემოღებამდე მოსახლეობის მიერ შეტანილი ანაბრების ბედი, რა თქმა უნდა ურთულესია, ვიმეორებ, კუპონის შემოღებამდე. მისი თანხა ძალიან დიდია, ციფრებს არ დავასახელებ. მე რეალურ ვარიანტს გთავაზობთ და არა იმას, რომელიც კვლავ დაპირება იქნება და შემდეგ სიტყვებად დარჩება. ფინასთა სამინისტრომ, ეროვნულმა ბანკმა, საერთოდ მინისტრთა კაბინეტმა, ეკონომიკის სამინისტრომ და სხვებმა წლის დამლევამდე წარმოადგინონ წინადადებანი, როგორ და რა მონაკვეთში აუნაზღაურდება მოსახლოებას ეს ანაბრები შესაბამისად იმ კურსის გათვალისწინებით, რომელიც მაშინ იყო. მხედველობაში მაქვს ანაბრების შეტანის დრო. ქვეყნის ხაზინამ უნდა იკისროს ვალდებულება საქართველოს მოქალაქეთა წინაშე, რომ დროის გარკვეულ მონაკვეთში (შეიძლება ეს არ იყოს ერთი წელი, შეიძლება იყოს 5-წლიანი ვადა ან მეტი ან ცოტა ნაკლები) მაგრამ მოქალაქემ იცოდეს, მის შვილს მაინც არ დაეკარგება ეს თანხა და მიიღებს მემკვიდრეობას. დარწმუნებული ვარ, ორი-სამი წლის შემდეგ, სახელმწიფოს ექნება საშუალება დაიწყოს ანგარიშწორება მეანაბრეებთან. ასე რომ, ჩვენ პირნათელი უნდა ვიყოთ, თუ გვინდა, რომ მოსახლოება მომავალში გვენდოს იმიტომ, რომ ამ სისტემის, მეანაბრეობის სისტემის გარეშე ვერც ქვეყანა იარსებებს და ვერც სახელმწიფო. ამ ურთულეს საკითხზე გადაწყვეტილება უნდა მოვძებნოთ ჩვენი რესურსების შეზღუდულობის მიუხედავად. ვფიქრობ, აქ არის ძალიან საინტერესო არეალი ფანტაზიისა და გამომგონებლობისათვის, რაციონალური წინადადებისათვის. აქ კომერციული ბანკები მაქვს მხედველობაში. ძალიან ბევრი რმის მოფიქრება და გაკეთება შეგიძლიათ. იქნებ ვიფიქროთ იმ ანაბრების შესყიდვაზეც, ეს შეიძლება ჭკვიანურიც იყოს. მე პრიმიტიულად ვუდგები ამას, მაგრამ ზოგჯერ ზოგიერთი უბრალო მიდგომა მისაღებია, ესე იგი, მინდა ვთქვა, რომ საქართველოს მოქალაქეებმა აუცილებლად უნდა მიიღონ თავისი კუთვნილი ფული დროის გარკვეულ მონაკვეთში. რომ ვთქვათ, რომ ეს ლარის შემოღებისთანავე ერთ-ორ თვეში იქნება, ტყუილია, ამას ვერავინ ვერ შეგპირდებათ. მაგრამ ასეთი გარანტია სახელმწიფომ უნდა მისცეს.

რესპუბლიკის საბანკო სისტემის მიმართ მოსახლოების ფართო მასების ნდობის აღდგენის მიზნით მინისტრთა კაბინეტმა და ეროვნულმა ბანკმა, აუცილებლად უნდა განახორციელონ ღონისძიებანი ანაბრების სავალდებულო დაზღვევის ერთიანი სისტემის შესაქმნელად.

ფულის ნიშნების გადაცვლის პერიოდის დამთავრებისას. ესე იგი მაშინ, როცა ლარი ერთადერთ კანონიერ საგადამხდელო საშუალებად იქცევა. მოსალოდნელია, რომ ვალუტის არასაბანკო გადამცვლელი პუნქტები გარკვეულ სკეპტიციზმს გამოავლენენ და მყისიერად არ მიიღებენ ოფიციალურ სავალუტო კურსს. განსხვავება ოფიციალურ და ბანკნოტურ კურსებს შორის დღესაც არსებობს და მცირედი დიაპაზონით, ალბათ, ყოველთვის იარსებებს, თუმცა ახალი ფულადი ერთეულის დამკვიდრების პროცესში საკურსო განსხვავება შეიძლება მნიშვნელოვანიც იყოს. ვფიქრობთ, ეს არ გამოიწვევს პანიკას, რადგანაც ეროვნულ ბანკს, საკმარისი რეზერვები აქვს. მათ შორის ნაღდი ვალუტის სახით. რათა ბაზარზე ინტერვენციის გზით ორ-სამ კვირაში მოაწესრიგოს საკურსო სიტუაცია. ესე იგი, ეს აფეთქებები, დიდი განსხვავებები ოფიციალურ და არაოფიციალურ კურსს შორის, პრაქტიკულად, საბაზრო კურსს შორის არ უნდა იყოს. ამის რეზერვები კი არსებობს.

სავარაუდოა, რომ არაადეკვატური იქნება სამომხმარებლო ბაზრის რეაქციაც, რომელზეც მოქმედი ფასების გადაანგარიშება ეროვნულ ვალუტაში ლარზე ოფიციალურად დადგენილი გაცვლითი კურსით არ მოხდება. ეს გამოიწვევს ლარში ფასების გარკვეულ ზრდას, რაც აუცულებლად დროებითი მოვლენა იქნება. ჯერ ერთი, მოქმედი ფასები კარგა ხანია თავისუფალია სახელმწიფო რეგულირებისაგან და უკვე მაქსიმალურს აღწევს. ამდენად, მათი ლარში გაანგარიშების დროს ოფიციალურზე უფრო მაღალი კურსის გამოყენება შეზღუდულია მოსახლეობის მსყიდველობითი უნარით, რადგანაც ლარის შემოღებას ჯერჯერობით ვერ მოჰყვება ხელფასის განსაკუთრებული ზრდა, აფეთქება, ამ თანხის მოცულობის თვალსაზრისით, უნდა ვივარაუდოთ, რომ სამომხმარებლო ფასები ლარში მალე სტაბილური გახდება და ეს პროპორცია შენარჩუნებული იქნება. ამას ისიც შეუწყობს ხელს, რომ ლარის ერთადერთ საგდამხდელო საშუალებად გადაქცევის კვალობაზე რუბლის კურსი (თუმცა ამას გადაჭრით ვერ ვამბობ), შესაძლოა, მკვეთრად დაეცეს, რაც თავისთავად დაბლა დასწევს სამომხმარებლო ფასებს და მათი გადაანგარიშება ლარში სასურველ ეფექტს მოგვცემს.

ამავე დროს აუცილებელ ღონისძიებად უნდა მივიჩნიოთ თუნდაც შეზღუდული (და ჩვენ ძალიან შეზღუდული გავქვს საშუალებები) მასშტაბით სახელმწიფოს მიერ გარკვეული სასაქონლო ინტერვენეცია, ესე იგი საქონლის გამოშვება, რათა ლარის დასაქონლების დასაწყისში გარკვეული ორგანიზებული საფუძველი ჰქონდეს. ამ მიმართულებით გარკვეული შესაძლებლობანი აქვთ ვაჭრობისა და მომარაგების სამინისტროს, ჩვენს ბიზნესმენებს, კერძო წარმოებას, თუნდაც ის პატარა საწარმოც იყოს, მაინც უნდა ემზადოს ამისათვის, ქალაქ თბილისის მერიას, აჭარას, ქუთაისს, სხვა სამხარეო ადმინისტრაციებს. გამგეობებმა და მერიებმა უნდა ისარგებლონ ქართული შემოდგომის ნაყოფიერებით და ხელი შეუწყონ სოფლის მეურნეობის პროდუქტების შემოზიდვას ქალაქებში, უწინარესად, დედაქალაქში. ამასთან დაკავშირებით შემთხევეით არ გამოვაცხადე ამ ერთი წლის წინათ, რომ „თბილისობა“ უნდა განახლდეს. მე მარტო ცეკვა-თამაში როდი მაქვს მხედველობაში, თუმცა, ესეც არ არის ცუდი. „თბილისობა“ უნდა განახლდეს, როგორც დიდი ორდღიანი ბაზრობა და ამისთვის უნდა მოემზადონ მთელი ქალაქი, ქალაქელები, მეწარმეები, რაც გამოსატანი გავქვს, იმ დღეს უნდა გამოვიტანოდ. ამისთვის უნდა ემზადოს სოფლის ყველა რაიონი. ვთხოვ გამგებლებს, რწმუნებულებს, ეს მიიჩნიეთ სახელმწიფო მნიშვნელობის ამოცანად. შემოვიტანოთ რაც შეიძლება მეტი სასურსათო პროდუქტი იმისათის, რომ მოხდეს გაცვლა - სოფლის მაცხოვრებლებმა წაიღონ ის, რაც აუცილებელია მათთვის - მაგალითად ნახშირი, რომელიც ბევრ სოფელში გამოდგება და მისი შემოტანის საშუალება არის, საწვავი, სანათი ნავთი და სხვა მრავალი. ყოველივე ამას სერიოზული მომზადება სჭირდება. ქალაქის მოსახლოებასაც უნდა მიეცეს შესაძლებლობა იმ დღეებისთვისაც და ზამთრისთვისაც შეიქმნას გარკვეული მარაგი. აი, ასეთი „თბილისობა“ გვინდა წლეულს გაიმართოს, ნადვილი დიდი თბილისური ბაზრობა და ვფიქრობ, ქუთაისელებიც, ბათუმელებიც, რუსთაველებიც და სხვებიც ასე მოიქცევიან. ყოველივე ეს ხელს შეუწყობს ეროვნული ვალუტის კურსის განმტკიცებას, დაცვასა და მისი ბრუნვაში შემოღების აუცილებლობას. ამავე დროს მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა უნდა განიხილონ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებით სარეზერვო კონვერტირებადი ვალუტის გარკვეული ნაწილის საფუძველზე სასაქონლო რესურსების შეძენის შესაძლებლობა. ამაზე საუბარი ბატონ ნოდარ ჯავახიშვილს მაინცდამაინც არ უყვარს, არ სიამოვნებს, მაგრამ ბატონო ნოდარ უნდა გამოიძებნოს გარკვეული რესურსები იმისათვის, რომ შემოვიტანოთ ის აუცილებელი პროდუქტი, გავყიდოთ და მერე პატიოსნად დაგიბრუნებთ იმას, რაც დასაბრუნებელია. საერთოდ ამ ურთიერთობაში, მხოლოდ პატიოსნებაზე უნდა ვილაპარაკოთ. თაღლითობები, შეპირებები და სხვა - დამთავრდა, გავიდა, ამის დრო, ის ეპოქა დასრულდა. მოსახლოებასთანაც და სახელმწიფოებთანაც, კერძო სტრუქტურებთანაც მხოლოდ სერიოზულ და საქმიან ურთიერთობაზე უნდა ვილაპარაკოთ.

ვფიქრობ, ნაკლებეფექტიანი არ იქნება ლარის შიდა სახელმწიფო უზრუნველყოფისათვის რესურსების გამოყენება, პროდუქტის და პროდუქციის გამოშვებამდე, ვიდრე ბანკთაშორის ბირჟაზე მისი კონვერტაცია. სულ ახლახან მივიღეთ საქართველოს კონსტიტუცია - ქვეყნის ძირითადი კანონი, რომელიც ჩვენს ჯანმრთელ სახელმწიფოებრივ და ეროვნულ ამბიციებს ცივილიზებულ და ლეგიტიმურ საფუძვლებს უმკვიდრებს და აი დღეს, ვდგავართ კიდევ ერთი, გადაუჭარბებლად ვიტყოდი, ისტორიული ნაბიჯების წინ. სულ რამდენიმე დღეში ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ერს, თუკი, თქვენ დაგვეთანხმებით, ექნება მყარი და სტაბილური ეროვნული ვალუტა - სახელმწიფოებრიობისა და თვითმყოფადობის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ატრიბუტი, ფულადი ერთეული ფულის ყველა ფუნქციით, პირველი დღიდანვე უზრუნველყოფილი შიდა კონვერტირებადობითა და ნათელი პერსპექტივით, საიმედოობით. ფულადი ერთეული, რომლის ბანკნოტური სახე გამორჩეულად დახვეწილი, მეტად ეროვნული დიაზინით პრაქტიკულად ჩვენი მრავალსაუკუნოვანი და უმდიდრესი ისტორიის გამოხატულებაც არის. ქართული ლარის ნომინალებიდან დღევანდელ საქართველოს იმედით გადმოჰყურებენ დავითი და თამარი, ილია და აკაკი, შოთა და ნიკალა, ზაქარია ფალიაშვილი და ივანე ჯავახიშვილი. მათი ლოცა-კურთხევა და დღევანდელი თაობების პატრიოტული შემართება უთუოდ უზრუნველყოფს ჩვენი საზოგაოების ისტორიულად ხანმოკლე პერიოდში აყვავება - გაფურჩქვნას, სოციალურ სამართლიანობაზე დაფუძნებული საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე მართვადი, ეკონომიკურად ძლიერი და დემოკრატიული სახელმწიფოს აშენება-განვითარებას. აი, ამ სახელმწიფოს აშენებისათვის ერთი აუცილებელი ბლოკი, შეიძლება ითქვას, ერთი უმძლავრესი და უდიდესი, სწორედ ეროვნული ვალუტის შემოღება გახლავთ.

ფულის რეფორმა ხელს შეუწყობს წარმოების გამოცოცხლებასა და მოსახლეობის ცხოვრების დონის რეაბილიტაციას : ედუარდ შევარდნაძის სიტყვა 1995 წლის 16 სექტემბერს გამართულ თათბირზე // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 20 სექტემბერი. - 124 (2040). - 1,3 გვ.

76 დავითის დროშამ უნდა გაგვაერთიანოს იმ გზაზე, რომელსაც გამარჯვება და საქართველოს გამთლიანება ჰქვია...

▲ზევით დაბრუნება


ქუთაისის სატახტო ქალაქად გამოცხადების 1000 წლისთავისადმი მიძღვნილი ზეიმზი.

ამ დღეებისათვის ქალაქი, მთელი მისი მოსახლეობა დიდი ხანი ემზადებოდა. ზეიმი იმდენად შთამბეჭდავ სანახაობად იქცა, რომ მის მონაწილეებს სამუდამოდ დაამახსოვრდებათ ეს დღეები.

ალბათ, ქალაქში არ დარჩენილა ოჯახი, რომელსაც არ მიეღოს მონაწილეობა ამ დღესასწაულში. მატი საზეიმო განწყობილება გაიზიარა საქართველოს დედაქალაქიდან ჩამოსულმა ასობით, ათასობით სტუმარმა, აფხაზეთის, აჭარის წარმომადგენელთა დელეგაციებმა, მსოფლიოს 30 ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა.

- ჩვენ აქ მხოლოდ საზეიმოდ არ მოვსულვართ, - თქვა დღესასწაულის გახსნისას ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ქალაქის მერმა თეიმურაზ შაშიაშვილმა, - ჩვენ შევიკრიბეთ ქალაქში, სადაც ერთი წლის წინათ, ისევე, როგორც მთელ საქართველოში, ომი იყო და სადაც რეს მშვიდობიანი ცხოვრების პირველ დადებით შედეგებს დიდი სიხარულით და იმედით შევცქერით სტუმართ-მოყვარეობით განთქმული ქალაქისათვის რა უნდა იყოს იმაზე საამაყო, რომ დღეს აქ არან საქარტველოსი აკრედიტებული საზღვარგარეთის ქვეყნების დიპლომარიური კორპუსის, ქუთაისის დაძმობილებული ქალაქების, ბაგრატიონთა დინასტიის წარმომადგენლები, ადამიანები, რომლებიც მზად არიანდახმარების ხელი გადმოგვიწოდონ.

ქალაქის მერი მიესალმა სტუმრებს, მადლობა გადაუხადა მათ ჩამოსვლისათვის, თანადგომისათვის, გააცნო სახელმწიფოს მეთაურის დადგენილება, რომელიც საქართველოს უძველეს ქალაქს ახალ ჰორიზონტებს უსლის,საზღვარგარეთიდან მოსული მისალოცი დეპეშები.

სწორედ ამის შესახებ ილაპარაკა იუნესკოს გენერალური დირექტორის ფედერიკო მაიორის პირადმა წარმომადგენელმა ჯანკარლო რიჩომ, რომელმაც აღნიშნა, რომ ქუთაისში იუნესკოს ეგიდით ჩამოსული არიან ხელოვნების წარმომადგენლები. ისინი პრაქტიკულ დახმარებას გაუწევენ ქალაქის კულტურის მოღვაწეებს, მიიღებენ მონაწილეობას საერთაშორისო პლენერში, რომ 2003 წელს, ასევე იუნესკოს ეგიდით მსოფლიოში აღინიშნება ბაგრატის ტაძრის ათასი წლისთავი, გაისად კი საფრანგეთში გაიმართება ქუთაისის კულტურის დღეები.

შემდეგ ზეიმმა თეატრის წინ მდებარე დავით აღმაშენებლის სახელობის მოედანზე გადაინაცვლა, სადაც უამრავმა ხალხმა მოიყარა თავი, რათა მონაწილეობა მიეღოთ ქართველი ხალხის უდიდესი წინაპრის დავით აღმაშენებლის ძეგლის გახსნის ცერემონიაში. სიტყვა წარმოთქვა სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ. მან, კერძოდ თქვა:

დღეს საქართველო პირველ ძეგლს უდგამს თავის ერთერთ უდიდეს შვილთაგანს, პიროვნებას, რომლისნაირებსაც ძველი რომაელები „სამშობლოს მამას“ უწოდებდნენ თავის დროზე. სიმბოლურია, რომ ამ დიდი მეფის პირველი ძეგლი ქუთაისში დაიდგა, საიდანაც დაიწყო მისი დიადი და დაუღალავი მოღვაწეობა საქართველოს სამსახურისთვის. მომავალ წელს კი საქართველოს დედაქალაქი უმასპინძლებს დავით მეფის მობრძანებას ის დედაქალაქი, რომლის დახსნა შეძლო მან უცხოელთა ბატონობის ოთახსწლოვანი უღლიდან და ამით დააგვირგვინა თავისი შეუპოვარი ბრძოლა საქართველოს გაერთიანებისა და მისი ძლიერ, დამოუკიდებელ ქვეყნად გადაქცევისთვის.

მსოფლიო ისტორიამ არ იცის, სხვა მეფე, რომლისთვისაც თავის ერს ასეთი გაუგონარი და ყოვლისმომცველი სახელი ეწოდებინოს - აღმაშენებელი.

ორი უდიდესი ამოცანა იდგა საქართველოს მეფის წინაშე: უცხოელ დამპყრობთა ყოვლისმომსვრელი და დამანგრეველი ბატონობის აღკვეთა და სრულიად ახალი, ძლიერი, ქართული სახელმწიფოს შექმნა შესაბამისი ატრიბუტებით.

ყველა დიდი ქართველი მეფე, და უპირველესად, დავით აღმაშენებელიც, მანამ არ იწყებდნენ დიდი დამპყრობელი ურჩხულების წინააღმდეგ ბრძოლას, სანამ ქვეყანას არ მოაღონიერებდნენ და მოაშენებდნენ მხოლოდ სულიერი და ეკონომიკური შემზადების შემდეგ აამხედრებდნენ ისინი ქართველ ერს მტაცებელთა წინააღმდეგ.

ყველა დიდ საქმეში ქვეყნის მმართველს, თავისი ერთგული თანამზრახველები სჭირდებოდა, რომელნიც ქვეყნის სიყვარულისათვის ყოველივე სიძნელეს უნდა შერიგებოდნენ ასეთი ხალხი მეფემ ქვეყნის ყველა კუთხიდან შემოიკრიბა და ურთულეს საქმეს შეუდგა და აქ დავითი შეეტაკა იმ პრობლემას, რომელიც ძლიერი თუ სუსტი ქართველი მეფეების წინაშე დამდგარა: ბრძოლა ერის მოღალატეებთან, ქვეგამხედვარეთა წინააღმდეგ. მან საოცარი პრინციპულობა და გამბედაობა გამოიჩინა და ისინი დროულად ალაგმა. ამ პროცესის გაგრძელება იყო რუის-ურბნისის საეკლესიო კრებაც.

დავით აღმაშენებლის ღვაწლია, რომ მან, ვითარცა, სახელმწიფოს ბრძენმა მესაჭემ, საქართველოს სოციალური და სახელმწიფო წესწყობილების შეცვლის აუცილებლობა შეიგნო. პირველი მისი დიდი სახლემწიფო გეგმიანი ნაბიჯი ქართული ეკლესიის დემოკრატიზაციის განხორციელება იყო. პირადი ღირსებისათვის უპირატესობის მინიჭება წოდებრიობასთან შედარებით იმ დროისთვის წარმოუდგენელი გმირობის ტოლფასია. საქართველოში მუდმივი ჯარის დაარსება ქვეყნის გამთლიანების უმნიშვნელოვანეს ფაქტორად იქცა.

დიდი რეფორმები განახორციელა დავითმა აღმასრულებელ და მართლმსაჯულების სფეროში. საერთოდ, კი შეიძლება ითქვას, რომ არ დარჩენილა არც ერთი დარგი საზოგადოებრივი ცხოვრებისა, რომელსაც მისი ხელი და გონება არ მისწვდომოდეს.

დიპლომატია ყოველ დროში მოითხოვდა არა შუბლით კლდესთან შეხეთქებას, არამედ გონივრულ მანევრირებას. ასეთი ბრწყინვალე გათვლისა და მანევრირების შედეგი იყო მთელი მისი მოღვაწეობა უცხოელ დამპყრობთა გასანადგურებლად და ქვეყნის გასათავისუფლებლად.

დავით აღმაშენებელს კარგად ესმოდა, რომ მარტო სამხედრო გამარჯვებებით სახელმწიფოებრივი აღმშენებლობა ვერ განხორციელდებოდა. ამას ადასტურებს ის დიდი ძვრები, რომელიც მეფემ კომპლექსურად განახორციელა ეკონომიკური და კულტურული აღმშენებლობის კუთხით.

როგორც დავით აღმაშენებლის ფართო განათლებასა და მსოფლმხედველობას შეეფერებოდა, ის სარწმუნოებრივი და ეროვნული საკითხის სფეროში ქართული ტოლერნატობისა და შემწყნარებლობის გამომხატველი იყო - სწორედ როგორც შეეფერებოდა ქართველი ხალხის მეფეს, ქართველთა მომეტებული სიყვარული მას ხელს არ უშლიდა ყველასათვის დაენახვებინა, რომ ის ყველა სარწმუნოების და ეროვნების წარმომადგენელს თანაბრად ეპყრობოდა, დადიოდა მაჰმადიანთა მეჩეთებში, კულტურული ცენტრი გაუხსნა მათ საქართველოს სატახტო ქალაქში.

ქართველი ხელმწიფის დაუცხრომელი ღვაწლისა და საქმიანობის შედეგად ამიერკავკასიის ცივილიზებული ხალხები გათავისუფლდნენ ეროვნული, ფიზიკური, სულიერი გადაგვარების საფრთხისაგან.

დავით აღმაშენებლის სახელმწიფოში იმდენი ენა ჰყვაოდა, რამდენიც ტომ-თესლი იყო, მაგრამ სახელმწიფოებრივი ენა „ნიკოფსიით დარუბანდამდის“ - იყო ქართული ენა. ქართული ენა საქართველოში უნდა სცოდნოდა ყველას - ქართველსაც და არა ქართველსაც, ეს პატივიც იყო, საჭიროებაც, სინდისიც და მოვალეობაც.

ამრიგად დავით მეფემ თავისი მოუღლელი მარჯვენით საბოლოოდ გააერთიანა საქართველო და განახორციელა საარსებო მნიშვნელობის რეფორმები ცხოვრების ყველა სფეროში, მოაშენა და მოამრავლა ქვეყანა. მშენებლობის გენიაც გამოამჟღავნა ხელმწიფემ - ამას მოწმობს გელათის აშენება, აქ აკადემიის დაარსება და მისი კულტურის ცენტრად ქცევა, სადაც მოღვაწეობდნენ მის მიერ მოწვეული დიდი ქართველები - იოანე პეტრიწი და არსენ იყალთოელი.

ქართლში კულტურის ცენტრად შიომღვიმის მონასტერი აქცია, კახეთში - იყალთოს აკადემია და მრავალი სხვა. ნიჭიერ ახალგაზრდებს უცხოეთში აგზავნიდა სასწავლებლად და აწინაურებდა თავის კარზე.

სიკვდილს არ დაელოდა და ისე დაადგა გვირგვინი მეფისა თავის ვაჟს დემეტრეს - ამაშიც დიდი კაცობა და წინდახედულება სჩანს დიდი მეფისა.

1125 წლის 24 იანვარს - ამ დღეს უწია მას უკანასკნელმა ბრძოლამ. ეს იყო ერთადერთი ბრძოლა, რომელშიც იგი დამარცხდა. მისი დამმარცხებელი კი იყო - ყოვლისშემძლე სიკვდილი. სიკვდილს წაექცია 60 დიდი ომის მომგები სახელოვანი მეფე.

აქვე არ შემიძლია არ შევეხო თუნდაც რამდენიმე სიტყვით იმ ტრაგედიას, რაც საქართველოში დატრიალდა ბოლო წლებში. ეს არის კონფლიქტი აფხაზეთში. აფახაზეთის და ქართულ ოსური კონფლიქტების მოგვარებაში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში დავით აღმაშენებლის დიდი მაგალითი შთაგვაგონებს: ვეძებოთ გზა მშვიდობისა, გზა შერიგებისა, გზა მიტევებისა, ხოლო თუ ეს გზა სამართლიანობის ტაძრამდე ვერ მიგვიყვანს, დავითის დიდგორის მაგალითი გავიხსენოთ და გავიმეოროთ. დღევანდელი ზეიმი, დავით აღმაშენებლის ძეგლის აღმართვა უფრო მეტია, ვიდრე წარსულისა და სახელოვანი წინაპრის უკვდავყოფა. ეს დიდი ზარია მსოფლიოს გასაგონად - საქართველო არასდროს შეეგუება ქვეყნის გახლეჩას, თუნდაც ერთი გოჯა ქართული მიწის ჩამოცილებას. დავითის დროშა, სიმართლის დროშა გზას გაგვინათებს მშვიდობაშიც და თუ საჭირო იქნა ბრძოლაშიც, ჩვენ სწორედ დავითის დროშამ უნდა გაგვიყვანოს იმ გზაზე, რომელსაც გამარჯვება და საქართველოს გამთლიანება ჰქვია.

მინდა გულწრფელი სიხარული გამოვთქვა იმის გამო, რომ დღეს ასეთი ზეიმია საქართველოში, ჩვენს ქუთაისში. აქ ყველაზე სასიხარული ის არის, რომ, როგორც დღეს ქალაქის მერმა ბრძანა, ოცდაათზე მეტი ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები გვესწრებიან. ესე იგი საქართველო კიდევ უფრო დიდ საერთაშორისო არენაზე გადის. მე ვერ ვფარავ სიხარულს, როდესაც აქ ვუყურებ სხვადასხვა ქვეყნების და საერთაშორისო ორგანიზაციების დროშებს და ასე მგონია, რომ ნიუ-იორკის შემდეგ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შტაბ-ბინამ ქუთაისში გადმოინაცვლა...

ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ გულთბილად მიულოცა ყველა ქუთაისელს, ქალაქის მერს, ზეიმის ყველა მონაწილესეს დიდი დღესასწაული. მან მადლობა გადაუხადა დავით აღმაშენებლის ძეგლის ავტორებს - მოქანდაკე ელგუჯა ამაშუკელს და არქიტექტორ ვახტანგ დავითაიას, რომლებმაც ბრინჯაოში გააცოცხლეს უკვდავი წინაპრის სახე. ძეგლი აკურთხა, შეკრებილები დალოცა და მათ გულითადად მიესალმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე.

ძეგლის გახსნისადმი მიძღვნილ ცერემონიალზე გამოვიდა საქართველოს სახალხო მხატვარი ელგუჯა ამაშუკელი. მაშ, ასე. დიდი ზეიმი დაიწყო დღესასწაული 27 საქტემბრამდე გასტანს.

საქინფორმი.

დავითის დროშამ უნდა გაგვაერთიანოს იმ გზაზე, რომელსაც გამარჯვება და საქართველოს გამთლიანება ჰქვია... // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 22 სექტემბერი. - 126 (2042). - 1 გვ.

77 „საქართველო გაემიჯნა ყველა მოვლენას, რომლებიც ჩირქს სცხებს მის მრავალსაუკუნოვან სახელოვან ისტორიას და ხელს უშლის კეთილი მომავლის ფაზაში შესვლას“

▲ზევით დაბრუნება


ედუარდ შევარდნაძის 25 სექტემბრის რადიოინტერვიუ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ - სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ თავისი ტრადიციული რადიოინტერვიუ დაიწყო რესპუბლიკის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მოვლენის, კერძოდ 25 სექტემბრიდან საქართველოს ტერიტორიაზე ეროვნული ვალუტი - ლარის შემოღების შესახებ საუბრით. რადიო ინტერვიუს უძღვებოდა ჟურნალისტი ნატო ონიანი.

- ეს დღე მართლაც ისტორიული იქნება ჩვენს ცხოვრებაში, - განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა. - დღეს, 25 სექტემბერს იწყება ეკონომიკური რეფორმის ახალი, ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი - ფულის რეფორმა. მიმოქცევაში შემოდის ეროვნული ვალუტა - ლარი. მთელი რიგი არახელსაყრელი მომენტების მიუხედავად, უწინარესად, მხედველობაში მაქვს საარჩევნო კამპანიის ბატალიები და ციებ-ცხელება, ჩვენ მაინც გადავდგით ეს გაბედული ნაბიჯი და შემოვიღეთ ახალი ვალუტა. ახლა მთავარია, რამდენად ოპრეატიულად და ეფექტიანად განახორციელებენ ლარის შემოღებასთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ და ეკონომიკურ ღონისძიებებს, კერძოდ, ერთადერთ საგადამხდელო საშუალებად ლარის გადაქცევის თვალსაზრისით. უმთავრესი ეს გახლავთ. სხვა შემთხვევაში, თუ ეს ასე არ მოხდება, ვალუტის შემოღებას აზრი არ აქვს. გუშინ გამართულმა რესპუბლიკურმა ტათბირმა ცხადყო: ამ მხრივ, საერთოდ ადგილობრივი ადმინისტრაციები, საბანკო, საფინანსო და სამართლადამცავი სისტემები მზად არიან. გამოიკვეთა ამის საიმედო პერსპექტივები, რომ სახელმწიფო და კლერძო სტრუქტურები აქტიურად ითანამშრომლებენ ისეთ ღონისძიებებში, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ ლარის დამკვიდრება ბენზინით ვაჭრობაში, საჰაერო ტრანსპორტზე, სხვადასხვა სახეობის ტრანსპორტის ბილეთების შეძენისას და სხვა. ამასთან ყურადღების ცენტრში უნდა მოექცეს აგრარული ბაზარი, რომელიც შესაძლოა ყველაზე რთული ობიექტი აღმოჩნდეს და საერთოდ ბაზრობები. ვიმედოვნებთ, რომ გამყიდველებიც და მყიდველებიც დარწმუნდებიან ლარის უპირატესობასა და საიმედოობაში და საჭირო აღარ გახდება ადმინისტრაციული ზომების მიღება. თუმცა, როგორც ცნობილია, პარლამენტმა მთელი რიგი შესწორებები შეიტანა სისხლის სამართლის კოდექსში - ყველა, ვინც უხეშად დაარღვევს ამ კანონის მოთხოვნებს, ბუნებრივია დაისჯება. სასჯელი ძალიან მკაცრია. სასურველია, საქმე აქამდე არ მივიდეს.

მისასალმებელია ისიც, რომ ჩვენი საზოგადოებრიობა, მოსახლეობა, ძირითადადი პოლიტიკური ძალები შეგნებულად და სახელმწიფოებრივად უდგებიან ფულის რეფორმას. ეს ჩვენი პოლიტიკური კულტურის ზრდის უდავო მაჩვენებელია. თუმცა აქა-იქ არიან ძალები და პარტიები, რომლებიც აქედანაც ცდილობენ პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას. ზოგან გამოჩნდება ხოლმე განცხადებები, რომლებიც ნერგავენ სკეპტიციზმს, გაისმის სიტყვები, ლარსაც იგივე მოუვა, რაც თავის დროზე კუპონსო და სხვა მრავალი, მაგრამ ახლა სხვა ვითარებაა. ლარს გაცილებით ნაკლები ადამიანი ებრძვის, კუპონი გარკვეული ექსპერიმენტი იყო. განსაკუთრებით ბოლო 7-8 თვემ გვიჩვენა, რომ ქვეყანას შეიძლება ჰქონდეს ნამდვილი, ეროვნული, მტკიცე ვალუტა.

ერთხელ კიდევ მინდა გავიმეორო ის, რაც არაერთხელ მითქვამს ჩვენი მოსახლეობისათვის: ყველაფერი გააზრებული და აწონილ-დაწონილია. რა თქმა უდა იქნება ცალკეული სიძნელეები, ნაკლოვანებანი, მაგრამ პრინციპში ეს ღონისძიება სერიოზულად და საფუძვლიანად არის გააზრებული.

ეროვნულ ბანკს აქვს სათანადო სავალუტო რეზერვები ლარის განსამტკიცებლად. ვვარაუდობთ, რომ ამას მოჰყვება ეკონომიკის გამოცოცხლება, ინვესტიციების შემოსვლა, ბიზნესის განვითარება თანამეგობრობის ქვეყნებთან, განსაკუთრებით რუსეთთან, ეკონომიკურ კავშირურთიერთობათა აღდგენა, რაც ხელსაყრელ ფონს შეუქმნის ლარს.

მე მესამედ მინდა გავუსვა ხაზი იმას, რომ კუპონის დღევანდელი კურსის შესანარჩუნებლად საჭიროა სავალუტო რეზევებიდან ამოვიღოთ 40-50 შეიძლება 60 მილიონი დოლარიც. რატომ უნდა შევწიროდ კუპონს ეს სიმდიდრე, სჯობს შემოვიღოთ ეროვნული ვალუტა და პირველივე დღეებიდან შევქმნად მისი განმტკიცების გარანტიები. შემდეგ კი, უახლოესი 2-3 წლის განმავლობაში, თუ მეტი არა, შესაბამისი სავალუტო რეზერვებით იქნება გარანტირებული ლარის მტკიცე კურსი.

რადგან ეკონომიკის სფეროს შევეხეთ, მინდა ყურადღება გავამახვილო რამდენიმე ტრადიციულად ქცეულ მომენტზე, კერძოდ იმაზე, რომ ბიუჯეტის საერთო შემოსავლის ზრდის მიღწეული ტემპის შენარჩუნებისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ განსაზღვრული საპროგნოზო მაჩვენებლების შესრულების უზრუნველსაყოფად საკმაოდ სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს და ტემპიც თანდათანობით ძლიერდება. ამას თითქმის ყველა ჩემს გამოსვლაში ვამბობ და ეს არ არის შემთხვევეითი. საგადასახდო ინსპექციის მიერ მოწოდებული მონაცემებით, 1995 წლის სექტემბერში ბიუჯეტში ჩარიცხულია 16 ტრილიონი კუპონი, რის შედეგადაც მესამე კვარტალში საგადასახადო ინსპექციის მიერ რესპუბლიკურ და ადგილობრივ ბიუჯეტებში ჩარიცხული საერთო თანხების დამატებით შემოსავალი 55 ტრილიონ კუპონს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი 8 ტრილიონი კუპონით ანუ თითქმის 12 პროცენტით აღემატება საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ნავარაუდევ დონეს და 1994 წლის ბიუჯეტის მთლიან შემოსავალს უტოლდება მესამე კვარტალში ბიუჯეტის საერთო შემოსავლის ზრდა პირველ კვარტალთან შედარებით 156 პროცენტს შეადგენს, ხოლო მეორე კვარტალთან შედარებით - 131 პროცენტს. ასე რომ, ეს ძალიან იმედისმომცემი ტენდენციაა, ასეთი ტენდენციები რომ არა, არ იქნებოდა სერიოზული ლაპარაკი ლარის შემოღებაზე.

კიდევ ერთი. მე რამდენჯერმე დავუბრუნდი საბაჟო დეპარტამენტის მუშაობის საკითხს.მისი ცნობით, მიმდინარე წლის 15 სექტემბრისათვის ამ სისტემიდან ბიუჯეტში შეტანილია 3 მილიონ 695 ათასი დოლარის ეკვივალენტის სხვადასხვა ვალუტა, აქედან, 1-დან 15 საქტემბრამდე - 367 ათასი დოლარის აკვივალენტის ვალუტა, რაც აღემატება მთლიანად აგვისტოს თვის შენატანებს - 260 ათასს. მიმდინარე წლის საანგარიშგებო პერიოდისათვის საბაჟო დეპარტამენტის მიერ ჩარიცხული ბიუჯეტის შემოსავალი რვაჯერ აღემატება გასული წლის შესაბამის პერიოდს. აი, როგორი რეზერვი გვქონდა, რომელიც ამოძრავდა და რას ნიშნავს ეს ქვეყნისათვის. აგვისტოსთან შედარებით საშუალო დღიური ჩარიცხვა სექტემბერში, 22 დღის მიხედვით, შეადგენს 192 მილიარდ კუპონს დღეში, რაც 12 პროცენტით აღემატება აგვისტოს საშუალო დღიურ შემოსავალს. ყოველდღიური შემოსავლის ზრდის ასეთი ტენდენცია არავითარ შემთხვევაში არ უნდა შენელდეს.

აღსაღნიშნავია, რომ მიმდინარე წლის მესამე კვარტალში საგადასახადო ორგანოებმა შეამოწმეს ათასამდე ორგანიზაცია, სადაც სხვადასხვაგვარი დარღვევებისათვის ბიუჯეტის სასარგებლოდ დამატებით დარიცხულმა თანხამ 5 ტრილიონი კუპონი შეადგინა. გუშინ ჩვენ თათბირზე ვთქვით, რომ ახლა წარმოების გამოცოცხლების პარალელურად, როცა გაჩნდა ახალი საწარმოები, ახალი სამუშაო ადგილები (თავისთავად ეს მისასალმებელია) განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ზუსტ აღირცხვას, უნდა ვიცოდეთ ის, რაც გვაქვს. ბუნებრივია ყველაფერი უნდა აისახოს ქვეყნისა და ასევე ადგილობრივ ბიუჯეტებში.

მრეწველობის სამინისტროს ცნობით, შესამჩნევია დადებითი სტრუქტურული ტენდენციები მთელი რიგი ცალკეული დარგების მიხედვით, მათ შორის, საგულისხმოა თავდაცვითი მრეწველობის კონვერსია. პირველი სექტემბრისათვის კონვერსირებულ საწარმოთა მიერ გამოშვებული პროდუქციის წარმოების მოცულობა წინა წელთან შედარებით ორ-ნახევარჯერ გაიზარდა. ამასთან აგვისტოში წარმოების მოცულობა თითქმის 7-ჯერ აღემატება ივლისში გამოშვებული პროდუქციის ოდენობას. ამ კომპლექსზე იმიტომ ვლაპარაკობ, რომ აქ სრული გაყინულობა იყო და საკმაოდ სერიოზული საგანგაშო ვითარება შეიქმნა ამ უაღრესად დიდი პოტენციალის მქონე დარგში. კარგად იმუშავეს ბათუმის გემთსაშენებელმა ქარხანამ. თბილისის „მიონმა“ „ორიონმა“ საავიაციო-საწარმოო გაერთიანებამ, გასართების ქარხანამ და სხვ.

სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სამინისტროს ინფორმაციით, ამოქმედდა ბორჯომის წყლის ჩამომსხმელი ქარხნები. ცნობილია, რომ ნოლამდე, როგორც იტყვიან, ყუამდე იყო დაყვანილი ქვეყნის ეს დიდი სიმდიდრე. რესპუბლიკის მოსახლოებას მოეხსენება თუ რა მდგომარეობა იყო ამ ქარხნებში. მათი მცდარი პრივატიზება, რომელიც ჩემი განკარგულებით დავგმე, მძიმე ორგანიზებული დანაშაულობანი, წარმოების სრული შეწყვეტა ან ჩამოსხმული წყლის აღურიცხავად რეალიზაცია - ყოველივე ეს დამღუპველად მოქმედებდა ამ წარმოებაზე. მაფიოზური სტრუქტურებისაგან ბორჯომის ქარხნების განთავისუფლებიდან და სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სამინისტროს დაქვემდებარებაში მათი დაბრუნებიდან არც ისე დიდი დრო გავიდა, მაგრამ ორივე ქარხანაში უკვე ძალიან მნიშვნელოვანი მოსამზადებელი სამუშაოები განხორციელდა, დაპროქტდება ახალი ფილტრები, გასუფთავდა მილგაყვანილობები, წყალსადენები, დაიწყო წყლის ჩამოსხმა საკმაოდ დიდი და კარგი ტემპით. ამას ხელი შეუუწყო ხაშურის მინის ტარის ქარხნის ამოქმედებამ, რომელიც ყოველდღიურად 180 ათასამდე ბორჯომისა და 50 ათასამდე ღვინის ბოთლს უშვებს. ეს უკვე კარგი ნაბიჯია, თუმცა სრული სიმძლავრით ამუშავებამდე კიდევ დიდი დრო და მანძილია დარჩენილი. ამოქმედდა ქსნის მინის ტარის ქარხანაც, სადაც სულ ცოტა ხნის წინათ ასევე ბატონობდნენ დესტრუქციული ძალები.

რადგან დესტრუქციულ ძალებსა და მაფიოზურ კლანებზე ჩამოვარდა საუბარი, მინდა ვისარგებლო ამ შემთხვევით და მივმართო ყველას, ვინც წარმოებასთან არის დაკავშირებული, ყველა მეწარმეს და აღვუქვა მათ, რომ ჩვენ მოვაცილებთ ამ ტვირთს, გავათავისუფლებთ ამ ტვირთისაგან ქვეყნის ეკონომიკას, ბიზნესმენებსა და მეწარმეებს, ასე რომ, მოგიწოდებთ იმუშავოთ უფრო მასშტაბურად, მეტი შემოქმედებითი ელემენტებისა და საბაზრო ეკონომიკის მოთხოვნათა გათვალისწინებით. ის, რაც სახელმწიფოსა და ხელისუფლებაზეა დამოკიდებული ჩვენ ვაკეთებთ. ამ ტვირთისაგან საქართველოს ბიზნესი განთავისუფლდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან ზონებში უკვე დაიწყო საშემოდგომო თესვა. დასათესია 185 ათასი ჰექტარი. არის პრობლემები, მაგრამ მთავარია, რომ მთავრობა ზრუნავს მათი გადაჭრისათვის, ლაპარაკია, კერძოდ, თესვის პრობლემაზე. ბატონი ჩერნომირდინი დაგვპირდა, რომ ამ პრობლემას საქართველოს მიმდინარე წელს გადაუჭრის, მაგრამ დროა ვიზრუნოთ საკუთარ რესურსებზე. საერთოდ, მე ასე წარმომიდგენია: მიზანშეწონილი იქნებოდა ასეთი გაერთიანება, როგორიც „თავთავია“, რომელსაც მრავალი საკუთარი მეურნეობა აქვს და პრაქტიკულად სამინისტროს დონეზეა. ამ გაერთიანებას ეკისრა მთელი პასუხისმგებლობა სათესლე მასალით ქვეყნის უზრუნველყოფისათვის და შეექმნა შესაბამისი ორგანიზაციული თუ კომერციული სტრუქტურები ამ პრობლემის მოსახსნელად. ეს მხოლოდ დირექციაზე არ არის დამოკიდებული, ამაზე ხელისუფლებამ უნდა იმსჯელოს. ალბათ, თუ უნდა იარსებოს, ამ გაერთიანებამ უნდა გამოიყვანოს არა მხოლოდ ახალი ჯიშები, არამედ მაღალხარისხოვანი შესაბამისი თესლითაც უზრუნველყოს ქვეყანა.

კახეთში კი გრძელდება რთველი გაცილებით უკეთ, ვიდრე შარშან, თუმცა ტემპი ძალიან დაბალია და ჩაბარებული ყურძნის რაოდენობა ჯერ არ არის საკმარისი, მართალია, იმაზე მეტია ჩაბარებული, ვიდრე შარშან მთელი წლის განმავლობაში, მაგრამ ეს მაინც არ გვაკმაყოფილებს.

სოცეკონომიკინფორმის ცნობით, ქვეყნის საერთო ეკონომიკური გამოცოცხლების ერთ-ერთ მაჩვენებლად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ მთლიანმა საგარეო-სავაჭრო ბრუნვამ (ამ სფეროს ჩვენ ახლა პირველად ვეხებით) 1995 წლის 7 თვეში შეადგინა 190 მილიონი დოლარი, ხოლო 1994 წლის შესაბამის პერიოდში - 127 მილიონი დოლარი, ანუ გაიზარდა 40 პროცენტით.

შარშანდელთან შედარებით არსებითად გაფართოვდა საგარეო ვაჭრობის გეოგრაფია. 1994 წლის 7 თვეში ვაჭრობა წარმოებდა 46 ქვეყანასთან, მიმდინარე წელს კი 65 ქვეყანასთან. საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორებად ტრადიციულად რჩებიან უშუალოდ მეზობელი ქვეყნები - თურქეთი, რუსეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, აგრეთვე, შავი ზღვის ეკონომიკური ორგანიზაციის წევრი ისეთი სახელმწიფოები, როგორიცაა ბულგარეთი, რუმინეთი, საბერძნეთი. წამყვანი სავაჭრო პარტნიორები არიან კვლავ ამერიკის შეერთებული შტატები და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა. ამ ბოლო ხანს ძალიან გააქტიურდა ჩვენი ურთიერთობა უკრაინასთან.

ასეთია ზოგიერთი დადებითი ტენდენცია, რომელიც გვაიმედებს, რომ ქვეყნის ეკონომიკა თანდათანობით აღმავლობის გზაზე დგება.

- 27 სექტემბერს ორის წელი სრულდება იმ მძიმე დღიდან, რომელსაც სოხუმის დაცემა ჰქვია. მართალია, ეს ორი წლის წინათ იყო, მაგრამ ყველას გუშინდელ დღესავით გვახსოვს, ის ტკივილი არ განელებია ჩვენ ქვეყანას. ბატონ ჩერნომირდინის ვიზიტის შემდეგ, აფხაზურმა პროცესმა განსხვავებული, შეიძლება ითქვას, კონკრეტული სახე მიიღო. გუშინ გავრცელდა გაეროს გენერალური მდივნის განცხადება აფხაზეთთან დაკავშირებით. გასულ კვირასაც პარლამენტმა დახურულ სხდომაზე განიხილა ეს საკითხი.

- თქვენ ახსენეთ უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის განცხადება და უნდა ვთქვა, რომ თავისთავად ეს მისასალმებელია, თუმცა რეზოლუციები და განცხადებები საქმეს ვერ შველის. მთელი ამ ტრაგიკული წლების განმავლობაში დავასკვენით: იწერება ძალიან კარგი რეზოლუციები, მაგრამ პრაქტიკულად ვერავითარ შედეგს ვერ ვიღებთ. პარლამენტი, ასე ვიტყოდი, ბრძნულად მოიქცა როცა საპარლამენტო დებატები აფხაზეთის საკითხებზე გარკვეული დროით გადადო. ახლა რუსეთის ხელმძღვანელობასთან ერთად მიმდინარეობს შესაბამისი გზების ძიება და უახლოესი დღეები ზოგიერთ კითხვას გასცემს პასუხს. მინდა დარწმუნებული ვიყო, რომ რუსეთის პრემიერის ჩამოსვლა და ჩვენი მოლაპარაკება უკვალოდ არ ჩაივლის.

- გასულ კვირას შინაგან საქმეთა მინისტრმა შოთა კვირაიამ ტელემაყურებელთა წინაშე სენსაციური განცხადება გააკეთა 17 დღეში ოთხი ტერორისტული აქტის გახსნის შესახებ. დასახელდა კონკრეტული დამნაშავეები, რომლებსაც ბრალად ედებათ გია გულუას, გია ჭანტურიას, სოლიკო ხაბეიშვილის მკვლელობა და თქვენ წინააღმდეგ გამიზნული ტერორისტული აქტის განხორციელება. ორი დღის წინ, სპეცდანიშნულების ჯგუფის „ალფას“ ხელმძღვანელი დააპატიმრეს. როგორ ფიქრობთ, გამოძიება შესძლებს უშუალო შემსრულებელთა დაკავებას და იმ დიდ ძალამდე გასვლას, მათ უკან რომ იდგა? გასაგებია, რომ 29 აგვისტოს ტერორისტული აქტის უკან ძალიან დიდი ფინანსური ძალა და პოლიტიკური გარანტიები იდგა, თორემ ეს ადამიანები ასეთ რისკზე არ წავიდოდნენ...

- ტერორისტული აქტების გამოძიება ახლა გადამწყვეტ ფაზაშია, რამდენადაც მე ხელი მიმიწვდება ამ ინფორმაციაზე. პირველი დასკვნა ასეთია: საქმე გვაქვს ღრმად ეშელონირებულ შეთქმულებასთან, რომლის კულმინაციასაც 29 აგვისტო წარმოადგენდა. ბევრ ბოროტებას აეხადა ფარდა, ბევრიც - გასაკეთებელი და გასარკვევი - წინ არის. ამ დღეებში საზოგადოება მიიღებს უფრო ზუსტ და ამომწურავ ინფორმაციას. გაიმართება რესპუბლიკური თათბირი, რომელზეც მოვისმენთ შესაბამის ინფორმაციებს, განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო შინაგან საქმეთა სამინისტროს, მინისტრის ბატონ შოთა კვირაიას, პროკურატურის, გენერალური პროკურორის, ბატონ ჯამლეტ ბაბილაშვილის, მე ვიტყოდი, თავგანწირვამდე მისული თავდადება, პროფესიონალიზმი და შეუპოვრობა, იმის უნარი, რომ ფეხზე დააყენონ კოლექტივი და სრულად გამოიყენონ მისი შესაძლებლობანი. ფეხზე დღება, ესეც მნიშვნელოვანია, უშიშროების სამსახურის ჯანსაღი ნაწილი. ისინი ახლა ფაქტობრივად ჩაებნენ საგამოძიებო და სამძებრო საქმიანობაში. გამოსაძიებელი და საძებარი ჯერ კიდევ ბევრია. უშუალო შემსრულებლები, ასე თუ ისე, ცნობილი არიან, მაგრამ მათ უკან მდგომი ძალების შესახებ ჯერ კიდევ ბევრი არ არის გასარკვევი, თუმცა, ბევრიც ცნობილია. ეს სპექტრი, სამწუხაროდ, საკმაოდ ფართოა. ვფიქრობ, ძნელი წარმოსადგენი არ არის, თუ რა მოხდებოდა 29 აგვისტოს შემდეგ, ტერორისტული აქტი ისე რომ განხორციელბულიყო, როგორც ჩაფიქრებული გახლდათ. ალბათ იქნებოდა, როგორც იტყვიან, კარგი დასაფლავება,და ამას მოჰყვებოდა ნამდვილი მაფიოზური კლანების ბატონობა და პარპაში საქართველოში, შანტაჟი და დაშინება, ანდა სრული ქაოსი...

ამით იმის თქმა მინდა, რომ დასასრულს უახლოვდება ქაოსის, მაფიოზების პარპაშის, ტერორიზმისა და რეკეტის ურთულესი ეტაპი ქვეყნის ცხოვრებაში. მე წეღან შევპირდი ბიზნესმენებსა და მეწარმეებს, ახლა მივმართავ ყველა მოქალაქეს - ჩვენ გავათავისუფლებთ ქვეყანას, მაფიოზების, რეკეტირებისა და ტერორისტებისაგან და მოვაცილებთ ამ ტვირთს.

და კიდევ ერთი. ჩვენ სიმართლის გზას ვადგავართ და ამიტომაც, მაღალი ღმერთი და ხალხი, ჩვენი საქართველოს გატანჯული მოქალაქენი, ჩვენთან იყვნენ და ჩვენთან იქნებიან. სიმართლე იმარჯვებდა და კვლავაც გაიმარჯვებს. საქართველო საბოლოოდ გაემიჯნა ყველა იმ მოვლენას, რომლებიც ჩირქს ცხებს მის მრავალსაუკუნოვან სახელოვან ისტორიას და ხელს უშლის კეთილი მომავლის ფაზაში შესვლას.

- გასულ კვირას, თქვენ ქუთაისში გამართული დიდი დღესასწაულის გახსნას დაესწარით. დავით აღმაშენებლის ძეგლის დადგმასთან დაკავშირებით თქვენ, მიამბეთ, რომ ეს პირველად ქუთაისში მოხდა, სადაც დავით მეფემ თავისი მოღვაწეობა დაიწყო. მომავალ წელს კი თბილისი შეხვდება დავით აღმაშენებლის მობრძანებას. თქვენ ამ ფაქტს სიმბოლური ახსნა და სიმბოლური მნიშვნელობა მიეცით გარკვეულწილად...

- არა მგონია, ვინმე გულგრილი იყოს ქუთაისში ნანახისა და განცდილის მიმართ. ეს ახალი საქართველოს სუნთქვაა. ხომ ყველამ დავინახეთ, რა პოტენციალი გვაქვს, სასწაულებლივად მოკლე დროში რამდენი რამის გაკეთება შეიძლება ერთ ქალაქში, როგორ შეიძლება გაერთიანდეს ლიდერი და ხალხი ქალაქის, მხარის, ქვეყნის ასაღორძინებლად, როგორ შეიცვალნენ ადამიანები, იმათაც კი, ვისაც უკიდურესად უჭირთ, თვალებში იმედის ნაპერწკალი უკიაფებდათ. მე დავდიოდი ქუჩებში შევხვდი ამ უზარმაზარ მასას და დავინახე, რომ სახეზე იმედის ღიმილი დასადიოდა. თემურ შაშიაშვილმა მისმა კოლეგებმა, ყველამ ერთად დიდი სიხარული მოუტანეს ქვეყანას.

კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო დავით აღმაშენებლის დიდებული ძეგლის მნიშვნელობა და ამ უმნიშვნელოვანეს ფაქტს მივაპყრობ ყურადღებას. მინდა ისიც ვთქვა, რომ ბატონმა ელგუჯა ამაშუკელმა ამჯერადაც გაახარა მთელი ქვეყანა.

- გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისი ისევ იზეიმებს „თბილისობას“ რა იქნება ეს - ტრადიციული დღესასწაული, როგორიც გვქონდა, თუ რაღაც ახალი?

- მთვარია, რომ საქართველოს უნდა დავუბრუნოთ „თბილისობა“, ეს შესანიშნავი ტრადიცია უკვე ითქვა რომ ახალი „თბილისობა“ ახალ ელფერს შეიძენს. შეიძლება ისეთი არ იყოს, როგორც წინათ. მაგრამ უწინარესად, ეს უნდა იყოს საქართველოს დიდი ბაზრობა - მომავალში ტრადიციად ქცეული, რომლის სიკეთითაც ყველა მოქალაქე ისარგებლებს, განკარგულებით, რომელსაც ხელს მოვაწერ, გათვალისწინებულია შეიქმნას სამუშაო ჯგუფი. მას თბილისის მერი ბატონი ნიკო ლეკიშვილი უხელმძღვანელებს. მე ვთხოვ მხარეებში სახელმწიფოს მეთაურის რწმუნებულებს, აგრეთვე აჭარის წარმომადგენლებს, მიიღონ მონაწილოება ამ მოსამზადებელი ჯგუფის მუშაობაში. დაველოდოთ „თბილისობას“.

„საქართველო გაემიჯნა ყველა მოვლენას, რომლებიც ჩირქს სცხებს მის მრავალსაუკუნოვან სახელოვან ისტორიას და ხელს უშლის კეთილი მომავლის ფაზაში შესვლას“ / შევარდნაძე; [ჩაიწერა] ონიანი ნ. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 26 სექტემბერი. - 128 (2044). - 1,2 გვ.

78 სილამაზეს, მშვენიერებას, სიკეთეს უნდა ემსახუროთ!

▲ზევით დაბრუნება


მისალმება

ბორჯომში გაიხსნა მეორე საერთაშორისო საბავშვო მუსიკალური ფესტივალი „ბროლის ნაძვი“. მონაწილეებს დეპეშით მიესალმა ბატონი ედუარდ შევარდნაძე

ჩემო პატარა მეგობრებო,

დღეს ბორჯომის ხეობას აავსებს თქვენი ხმები...

ამ ხმებით ოცდამეერთე საუკუნე გვეხმიანება.

მე ისიც მინდა გითხრათ, რომ ბორჯომის ხეობაში, შორეულ ექოდ ისმის გარდასულ დიდ ხელოვანთა ხმებიც. ისინი აღარ არიან, მაგრამ მათ საქმე თქვენ უნდა გააგრძელოთ, სილამაზეს, მშვენიერებას, სიკეთეს თქვენ უნდა ემსახუროთ.

ბედნიერების ნიშანი ყოფილიყოს ეს ხმები თქვენი ქვეყნისთვის, ბედნიერი ყოფილიყოს თქვენი ოცდამეერთე საუკუნე, ომებისაგან, ძალადობისაგან, სიძულვილისაგან თავისუფალი საუკუნე.

ედუარდ შევარდნაძე.

მისალმება : სილამაზეს, მშვენიერებას, სიკეთეს უნდა ემსახუროთ! / შევარდნაძე ; [ჩაიწერა] ონიანი ნ. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 28 სექტემბერი. - 130 (2046). - 1 გვ.

79 არ შეიძლება საქართველოს ერთგულ ადამიანს არ უხაროდეს ყოველივე კარგი, რაც აჭარაში ხდება

▲ზევით დაბრუნება


აჭარის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს ბატონ ასლან აბაშიძეს

როგორც შევიტყვე „ოქროს არწივის“ საერთაშორისო კინოფესტივალი ბათუმში წარმატებით ჩატარებულა, თქვენ ყურადღება არ მოგიკლიათ ფესტივალის მონაწილეებისა და სტუმრებისათვის.

ისიც ვიცი, რომ თქვენი ყურადღება რომ არა, ფესტივალი ასეთ მაღალ დონეზე ვერ ჩატარდებოდა. დიდი მადლობა ამისათვის თქვენ და ყველას, ვინც პატრონობდა ფესტივალს და ზრუნავდა მასზე, დიდი მადლობა „ოქროს არწივის“ ხელმძღვანელობას, დიდი მადლობა იმ თბილისელებსაც, რომელნიც ყოველმხრივ ცდილობდნენ, რომ ისეთ კინორეჟისორებსა და კინოვარსკვლავებს, როგორიცაა კონჩალოვსკი, ლოტიანუ, ბალაიანი, ჩხეიძე, პეტრენკო, მეღვინეთუხუცესი, ჭიაურელი, ბრეგვაძე, ბარატიანი, შუკშინა და სხვანი და სხვანი, არა მარტო ფილმები ენახათ, არამედ აღედგინად და გაებათ ის ადამიანური კავშირები, რომლის გარეშე ადამიანთა ცხოვრება საზოგადოებისა და ქვეყნის არსებობა წარმოუდგენელია.

მადლობა ბათუმსა და ქობულეთს, რომ შესანიშნავი ამინდით უმასპინძლა ფესტივალს.

შავი ზღვის აუზის ქვეყნების საერთაშორისო კინოფესტივალმა „ოქროს არწივმა“ უკვე მოიპოვა გარკვეული ავტორიტეტი, მისი მნიშვნელობა სცილდება, მხოლოდ კინოხელოვნების ფარგლებს და ეტყობა, არ იქნება ურიგო, თუ ვიფიქრებთ მისთვის სერიოზული და სტაბილური სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ.

ალბათ, ამ სახელმწიფო საქმეს, კეთილისმსურველებთან ერთად, ბევრი ხელისშემშლელიც ეყოლება.

ამიტომ, ვფიქრობ, არ იქნებოდა ურიგო „ოქროს არწივის“ ხელმძღვანელობასთან და კობა იმედაშვილთან დალაპარაკება ამ ფესტივალის მომავლის შესახებ.

კარგად დაწყებული საქმე კარგად უნდა გაგრძელდეს. კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, არ შეიძლება საქართველოს ერთგულ ადამიანს არ უხაროდეს ყოველივე კარგი, რაც აჭარაში ხდება. ამ ყველაფერს ახლა „ოქროს არწივის“ კინოფესტივალიც შეემატა.

გთხოვთ, ჩემი სახელით დიდი მადლობა მოახსენოთ ყველას, ვიმც ამ კარგ საქმეში სულ მცირე წვლილი მაინც შეიტანა.

პატივისცემით,
ედუარდ შევარდნაძე.

არ შეიძლება საქართველოს ერთგულ ადამიანს არ უხაროდეს ყოველივე კარგი, რაც აჭარაში ხდება // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 30 სექტემბერი. - 132(2048). - 1 გვ.

80 „ლარისადმი დამოკიდებულება გამოხატავს თითოეული მოქალაქის ეროვნული და სახელმწიფოებრივი აზროვნების დონეს“

▲ზევით დაბრუნება


ედუარდ შევარდნაძის 2 ოქტომბრის რადიოინტერვიუ

- დღევანდელი ინტერვიუს მთავარი თემა იქნება ის უმნიშვნელოვანესი მოვლენა, რომელიც ამ ბოლო ერთი კვირის მანძილზე ხდებოდა საქართველოში: გასულ ორშაბათს, ფაქტობრივად, პირველად შემოვიდა ლარი მიმოქცევაში. დღევანდელი დღე ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია - 2 ოქტომბრიდან ლარი ერთადერთ საგადასახადო საშუალებად არის გამოცხადებული. როგორია პირველი შედეგები, რამდენად გეგმაზომიერად და ნორმალურად მიმდინარეობს საქართველოში ფულის რეფორმა? - ჟურნალისტ ნატო ონიანის ამ შეკითხვის პასუხად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ - სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ თავის ტრადიციულ რადიოინტერვიუში განაცხადა:

- თქვენი მოსაზრება სავსებით დაემთხვა ჩემს სურვილსაც - ვესაუბრო საქართველოს მოქალაქეებს, ჩემს თანამემამულეებს სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით.

გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ დღევანდელი დღე საქართველოსათვის მართლაც, ისტორიულია. დღეიდან ჩვენს ქვეყანაში ერთადერთ კანონიერ გადასახდელ საშუალებად გამოცხადებულია სრულფასოვანი ეროვნული ვალუტა - ლარი. საქართველოს აღდგენილმა სახელმწიფოებრიობამ შეიძინა კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ატრიბუტი, ლარის შემოღება და დამკვიდრება ეკონომიკური გარდაქმნის განვლილი ეტაპის ლოგიკური შედეგია. ანტიკრიზისული პროგრამის შესაბამისად, ფასების მოწესრიგება, საგადასახადო-საბიუჯეტო და საბანკო სისტემების რეფორმების რთული და მტკივნეული ღონისძიებების განხორციელება ჩვენ ერთი წლის წინათ დავიწყეთ. ლარის შემოღების საფუძველი შექმნა იმ რეფორმატორულმა ნაბიჯებმა და მსოფლიოს სამეურნეო კავშირებში საქართველოს ინტეგრაციის შეუქცევადმა პროცესმა, რომლებსაც ჩვენ შევუდექით. საერთაშორისო საზოგადოებრიობამ, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა და მსოფლიო ბანკმა, ევროკავშირმა ირწმუნეს, ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკური თავისუფლების კონსტიტუციური პრინციპების რეალობა და სერიოზული დახმარება გაგვიწიეს ფინანსურ სტაბილიზაციაში. ამ სფეროში მიღწეულ წარმატებებს, რომლებსაც განზოგადოებულად შიდაკონვერტირებით გარანტირებული ეროვნული ფულის ნიშნის მიმოქცევაში გაშვება გამოხატავს, მხოლოდ ხელისუფლების მცდელობასა და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების დახმარებას ვერ მივაწერთ. ლარის შემოღების ეონომიკური საფუძვლების შექმნაში, ცხადია, გადამწყვეტი როლი ქვეყნის მოსახლეობამ შეასრულა. მან იმთავითვე მხარი დაუჭირა რეფორმას. უკიდურესი მატერიალური გაჭირვების მიუხედავად, რომელიც კიდევ უფრო გაღრმავდა შარშან პურისა და ენერგოშემცველების ფასების მოწესრიგების, უფრო ზუსტად, მრვალჯერადი მომატებისა და ხელფასის გაცილებით ნელი ზრდის შედეგად, საქართველოში სოციალური კატაკლიზმები არ მომხდარა. სწორედ ამან განაპირობა ლარის შემოღება, რამდენადაც ამ ღონისძიებებს მოჰყვა კუპონის ჰიპერინფლაციის ალაგმვა და, მაშასადამე, ოფიციალური შემოსავლის რეალური ღირებულების ზრდა, თუმცა, უნდა ითქვას, რომ ჩვენთან ხელფასი და პენსია კვლავ სიმბოლურია. ამგვარ ვითარებაში მოსახლეობამ მოთმინებით გადაიტანა შარშანდელი მძიმე ზამთარი, იგი იმედით ხვდება დემოკრატიზაციისა და რეფორმების გზაზე მიღწეულ ყოველ წარმატებას, რასაც ნათლად ადასტურებს საქართველოს კონსტიტუციის მიღება, რომელშიც გაცხადებულია სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოს დამკვიდრება.

კონსტიტუციის მიღების შემდეგ, ფულის რეფორმა ჩვენი დროის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა საქართველოს ცხოვრებაში. იგი კონსტიტუციური პრინციპების რეალიზაციის ერთ-ერთი ძირითადი ინსტრუმენტი იქნება ეკონომიკური და სოციალური პრობლემების გადაწყვეტაში, უწინარეს ყოვლისა, იმით, რომ მყარი, შიდაკონვერტირების მქონე, ინფლაციისაგან დაცული ვალუტა მეწარმეებს ხელსაყრელ პირობებს უქმნის წარმოების განვითარების ინვესტიციების დაბანდებისა და ისეთი ოპტიმალური საპროცენტო განაკვეთების ჩამოყალიბებისათვის, რომლებიც საბაზრო პრინციპებზე დაყრდნობით ხელმისაწვდომს გახდის საკრედიტო რესურსებს ეფექტიანი პროცენტების რეალიზაციისათვის. ამას კი დიდი მნიშვნელობა აქვს პრივატიზებულ და აქციონირებულ საწარმოთა მესაკუთრე კოლექტივებისა და მეწარმეებისათვის, რომლებსაც აქამდე, მრავალვალუტიანობისა და ნაკლებად პრესტიჟული კუპონის პირობებში, საწარმოთა გაჯანსაღების ღონისძიებების განხორციელებისა თუ, უბრალოდ, საწყისი საბრუნავი სახსრების შესაქმნელად მეტად ძვირ კრედიტებზე ხელი არ მიუწვდებოდათ, ხელმიუწვდომელი იყო. ამ პრობლემების გადაჭრის შედეგად, წარმოების გამოცოცხლების წარმოჩენილ ტენდენციებს კიდევ უფრო დააჩქარებს საინვესტიციო პროექტების რეალიზაცია, რომელმაც ფართო მასშტაბი უნდა მიიღოს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და მსოფლიო ბანკთან, ევროკავშირთან და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობასთან თანამშრომლობის გაგრძელება-განვითარების გზით, უწინარეს ყოვლისა, პრიორიტეტულ დარგებში - ენერგეტიკაში, ტრანსპორტზე, სოფლის მეურნეობაში, რა თქმა უნდა, განათლებაში, ჯანმრთელობის დაცვასა და სხვა სფეროში, სადაც რეფორმები უკვე დაწყებულია. ეს კი მთელი ეკონომიკის ნორმალური ფუნქციონირების საფუძველთა საფუძველს წარმოადგენს. სტრუქტურული გარდაქმნების გაფართოებული დაფინანსების სამწლიანი პროგრამის განხორციელება, რომლის ძირითადი მიზანი ქვეყნის საგადამხდელო ბალანსის განმტკიცება და წარმოების რეაბილიტაცია იყო, საერთაშორისო ქართველ ექსპერტთა შეფასებით, წლიურად მთლიანი შიდა პროდუქტების ათპროცენტიან ზრდას უზრუნველყოფს. ეს კი საერთაშორისო ორგანიზაციების ფინანსურ დახმარებასთან ერთად სავალუტო რეზერვებისა და ბიუჯეტის შემოსავლის საკუთარი წყაროების გაფართოებას ნიშნავს. ყოველივე ამის შედეგად კი მატერიალური საფუძველი შეექმნება ვრცელი სოციალური პროგრამის განხორციელებას, რისთვისაც პირველი ნაბიჯები ერთ თვეში გადაიდგმება. ხელფასები, პენსიები, სოციალური შემწეობა, მათ შორის, ლტოლვილთა დახმარება, 1,5-1,6-ჯერ გაიზრდება. როგორც გამოცხადებული იყო, ეს პირველი ნოემბრიდან მოხდება. ცხადია, ხელფასისა და სოციალური დახმარების დღევანდელი დაბალი დონის პირობებში ასეთი მაღალი ტემპით ზრდა პრობლემის გადაჭრისაგან შორს იქნება, მაგრამ იგი უაღრესად მნიშვნელოვანია, როგორც ინფლაციის შეჩერების, საბიუჯეტო და საფინანსო რეფორმების სოციალური შედეგი, მყარი ვალუტის პირობებში შრომის ანაზღაურებისა და დახმარების რეალური ზრდის ტენდენციის დასაწყისი. თუ ლარი ერთადერთ საბრუნავ, უფრო სწორედ, ერთადერთ საგადამხდელო საშუალებად გადაიქცევა, ეს ქმნის პირობებს, რომ უკვე ოქტომბერშივე მივაღწიოთ გარკვეულ ფინანსურ და ეკონომიკურ ეფექტს და ხელფასების მომატებას მოვახმაროთ 11 ტრილიონ კუპონზე მეტი (ჯერჯერობით ისევ კუპონზე გადამყავს ეს თანხა).

ისეთივე მეტად მნიშვნელოვან და პრინციპულ მიდგომას მოწმობს გადაწყვეტილება ყოფილ სახელმწიფო კომერციულ ბანკებში მოქალაქეთა ანაბრების ინდექსირებისა და კომპენსაციის შესახებ. ბუნებრივია, ეს პრობლემა ერთი ხელის მოსმით ვერ გადაწყდება. ამჟამად მიმდინარეობს მოსახლეობისათვის მისაღები და სახელმწიფოსათვის რეალურად შესაძლებელი გზებისა და მექანიზმების ძიება. ამ მიზნით, სახელმწიფოს მეთაურის ხელმძღვანელობით შეიქმნა სახელმწიფო კომისია ეკონომიკური სტრუქტურების პირველი ხელმძღვანელების, რეგიონებში სახელმწიფოს მეთაურის რწმუნებულების, მეცნიერი ეკონომისტებისა და სპეციალისტების მონაწილეობით. ეკონომიკური მდგომარეობა გვაიძულებს, საკითხი ეტაპობრივად გადავწყვიტოთ, მაგრამ, რაც მთავარია, სამართლიანობა და მოქალაქეთა საკუთრების დაცვის კონსტიტუციური პრინციპი აუცილებლად გაიმარჯვებს.

სრულფასოვანი ეროვნული ვალუტის შემოღების სავარაუდო სოციალურ-ეკონომიკური შედეგების მიღწევა უწინარესად მოითხვს, რომ იგი რეალურად დამკვიდრდეს ერთადერთ საგადამხდელო საშუალებად. თუ ასე არ მოხდა, მაშინ ამ უზარმაზარ ღონისძიებას ფასი დაეკარგება. ლარზე კუპონის გადაცვლის ერთკვირიან პროცესში, რომელმაც ელექტროენერგიისა და კავშირგაბმულობის შეწყვეტის ცალკეული შემთხვევების მიუხედავად, საერთოდ, ნორმალურად ჩაიარა, ამოღებულია კუპონის ძირითადი მასა. ლარის მიმოქცევის პირველმა დღეებმა გვიჩვენა მოსახლეობის დადებითი დამოკიდებულება და იმედიანობა. მოქალაქეები არა მხოლოდ ძალადაკარგულ კუპონებს ცვლიდნენ, არამედ მასობრივი გახდა უცხოური ვალუტის, განსაკუთრებით რუსული რუბლის გადაცვლა ლარზე. ცვლიდნენ დოლარებსაც. საქონლის მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე იყიდება ლარზე. დღეიდან კი ლარის ერთადერთ საგადამხდელო საშუალებად დამკვიდრების ყველაზე პასუხსაგები ეტაპი რეალურად დაიწყო. მთელ სასაქონლო მიმოქცევას საქართველოში ლარი უნდა ემსახურებოდეს. სხვა სახის ვალუტის გამოყენება უკვე კანონის დარღვევა იქნება.

მინდა დავაზუსტო ერთი რამ: უცხოური ვალუტა, რა თქმა უნდა, მოქალაქის სიმდიდრეა. ეროვნული, ფართო მნიშვნელობით თუ გაგებით, ათჯერ უფრო მეტია. ამასთან, უნდა ითქვას, რომ უცხოური ვალუტის გადაცვლა ეროვნულზე ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე უნდა ხდებოდეს და ეს სერიოზული ტექნოლოგია ჩვენ ყოველ მიზეზგარეშე უნდა ავითვისოთ. ამ პროცესის წარმატებით განხორციელებისათვის უკვე შექმნილია უმთავრესი ორგანიზაციული ეკონომიკური წანამძღვრები. მოსახლეობას ხელთ აქვს არა მარტო ამოღებული კუპონის ოდენობის ექვივალენტი ლარის მასა, არამედ, გაცილებით მეტი - გადახურდავებული რუბლისა და დოლარის შედეგად. ვალუტის გადამცვლელი პუნქტები მოთხოვნის შესაბამისად უზრუნველყოფილნი არიან ლარის კუპიურებითა და თეთრის მონეტებით. ხვალიდან, ესე იგი, სამშაბათიდან დაიწყება ხელფასების, პენსიებისა, და სხვა ფულადი გასაცემლების მხოლოდ ლარით დარიგება.

მეწარმეთა და ბიზნესმენთა წამყვანი წრეები მზად არიან, ივაჭრონ მხოლოდ ლარით. არ არსებობს საქონლის მასის შემცირების არავითარი ობიექტური საფუძველი. გრძელდება სოფლის მეურნეობის პროდუქტების მოსავლის აღება. ჩეულებრივად მიმდინარეობს საქონლის შემოტანა საზღვარგარეთის ქვეყნებიდან. გუშინ თათბირზე ვთქვი, რომ სხვა დამატებითი ღონისძიებები განხორციელდა საქონელბრუნვის დასაჩქარებლად, სოფლად და ქალაქად მეტი საქონლის შემოსატანად.

ერთხელ კიდევ უნდა დავადასტურო მრავალგზის გაცხადებული: ლარი უზრუნველყოფილია კონვერტირებადი ვალუტის რეზერვებით. უფრო მეტიც, საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორატმა გუშინწინ დაადასტურა, ლარის შემოღების სისწორე და დროულობა, და, ჩვენი თხოვნით, 29 სექტემბერს მიიღო გადაწყვეტილება, გამოუყოს საქართველოს სარეზერვო კრედიტი - სტენდ ბაის მორიგი, მეორე ტრანში 25 მილიონი ამერიკული დოლარის ოდენობით. ეკონომიკურ გარანტიებთან ერთად, ლარის ერთადერთ საგადამხდელო საშუალებად დამკვიდრებას უზრუნველყოფს ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის მექანიზმიც, თუმცა, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ამ სანქციების გამოყენება არ დაგვჭირდება, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, კანონი მკაცრად იქნება დაცული.

მინისტრთა კაბინეტი, ეროვნული ბანკი, საფინანსო, ეკონომიკური, საკონტროლო და სამართალდამცავი სტრუქტურები, ბიზნესმენები (მინდა განსაკუთრებით გავუსვა ხაზი), მეწარმეები ყველაფერს იღონებენ ლარის დამკვიდრების ეკონომიკური და სამართლებრივი მექანიზმის ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის.

მინდა მოვუწოდო სახელმწიფო რწმუნებულებს (მე დღეს მათ ასე დავარქმევდი), რეგიონებში ჩემს წარმომადგენლებს, მერებს, გამგებლებს, ისევე, როგორც ყოველთვის, გულთან ახლოს მიიტანონ ქვეყნისათვის ეს საშვილიშვილო საქმე, სათავეში ჩაუდგნენ ბრძოლას რეგიონებში მტკიცე ეროვნული ვალუტის დამკვიდრებისათვის. მაგრამ მთავარი სიტყვა მაინც საქართველოს მოქალაქეებმა უნდა თქვან. საქმე მხოლოდ ლარის ეკონომიკური უპირატესობა როდია. ლარს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩვენი სახელმწიფოებიობის ავტორიტეტის დასამკვიდრებლად. მან მსოფლიოს უნდა აჩვენოს, რამდენად სიცოცხლისუნარიანია საქართველოს ეკონომიკა და მაშინ შეფასდეს არა მხოლოდ დღევანდელი ხელისუფლების, არამედ საერთოდ, მთელი სახელმწიფოს უნარი. ამიტომ, ლარის დამკვიდრება არ შეიძლება იყოს პოლიტიკური ბრძოლის საგანი. იგი ისევე მოითხოვს ყველა პოლიტიკური ძალის კონსოლიდაციას, როგორც კონსტიტუციის მიღება. ლარის პირობებში უნდა იცხოვრონ არა მხოლოდ დღევანდელმა, არამედ მომავალმა თაობებმაც - შვილებმა და შვილიშვილებმა. ამიტომ ლარისადმი დამოკიდებულება გამოხატავს თითოეული მოქალაქის ეროვნული და სახელმწიფოებრივი თვითშეგნებისა და სახელმწიფოებრივი აზროვნების დონეს. ვფიქრობ, ჩვენი მოსახლეობა სწორედ ამ დიდი მოვალეობისა და პასუხისმგებლობის სათანადო დონეზე აღმოჩნდება, თითოეული ჩვენგანი ყველაფერს იღონებს იმისათვის, რომ სრულად გამოვიყენოთ ის ისტორიული შანსი, რომელსაც ლარის დამკვიდრება გვაძლევს ქართული სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისა და საქართველოს ეკონომიკური აღმავლობისათვის.

და ბოლოს: მადლობას მოვახსენებ ტელერადიოდეპარტამენტს, მის ყველა თანამშრომელს, ამ დიდ კოლექტივს და იმედს გამოვთქვამ, რომ ტელევიზია და პრესა კვლავაც ასე უნარიანად შეასრულებენ თავიანთ მისიას სახელმწიფოებრივად ესოდენ დიდი მნიშვნელობის პრობლემის გადაჭრაში.

როგორც გითხარით, გავიზიარე თქვენი მიდგომა საკითხისადმი და მინდოდა, დღევანდელი ჩვენი შეხვედრა სწორედ ამ ძირეული პრობლემისთვის მიმეძღვნა.

მე ახლა ჩემს ინტერვიუში არ დავასახელე ლარის დამკვიდრების ერთი უმთავრესი პირობა, რომელმაც მოგვცა საშუალება, გვესაუბრა ლარის შემოღებისა და ეკონომიკის განმტკიცებაზე. ეს იყო სწორედ გუშინდელი თათბირის შედეგი. მინდა ვთხოვო რადიომსმენელებს, ტელემაყურებლებს, ყველა მოქალაქეს, ძალიან დიდი ყურადღებით გაეცნონ რეპორტაჟებს გუშინდელი თათბირიდან. საზოგადოებრივი წესრიგის, სახელმწიფოებრივი წესრიგის გარეშე ვერავითარი ვალუტა ვერ იარსებებს, ვერ განმტკიცდება ფინანსური მდგომარეობა და ვერ ამაღლდება მოსახლეობის კეთილდღეობის დონე.

„ლარისადმი დამოკიდებულება გამოხატავს თითოეული მოქალაქის ეროვნული და სახელმწიფოებრივი აზროვნების დონეს“ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 3 ოქტომბერი. - 133 (2049). - 1 გვ.

81 „საქართველო არჩევნებიდან გამოვა უფრო განმტკიცებული, გამთლიანებული და განწმენდილი“

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის - სახელმწიფოს მეთაურის ედუარდ შევარდნაძის გამოსვლა ადგილობრივი მმართველობის, უშიშროებისა და სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელთა რესპუბლიკურ თათბირზე 1995 წლის 1 ოქტომბერს

მინდა ვილაპარაკო დღის წესრიგის განსახილველი საკითხის ძირითად ასპექტზე. ეს არის საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების ორგანიზაციული უზრუნველყოფა, არჩევნების უზრუნველყოფა იმ თვალსაზრისით, რომ ყველა მოქალაქეს ჰქონდეს საშუალება თავისუფლად, ყოველგვარი ზემოქმედების გარეშე გამოხატოს თავისი ნება.

დღეს ჩვენ ყველას დიდ სიხარულს გვანიჭებს ის ფაქტი, რომ საქართველო გახდა კონსტიტუციური ქვეყანა. მე რამდენჯერმე გამოვხატე ჩემი დამოკიდებულება იმ უაღრესად ძნელი და რთული პროცესისადმი, რომელიც ჩვენ გავიარეთ. მინდა ათი ათასი მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც ამ რთულ ეტაპე მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა. - ლაპარაკი არ არის იმაზე, თუ რომელ პარტიას ეკუთვნიან ისინი. ვფიქრობ, პარლამენტში ძალიან კარგად ვითანამშრომლეთ და ამის მიზეზი გახლდათ ის, რომ ხალხი, ჩვენი მოსახლეობა, განწყობილი იყო, რათა ქვეყანას მიეღო ისეთი კონსტიტუცია, რომელიც იმუშავებს არა მარტო დღევანდელ, არამედ ხვალინდელ დღესაც, ქვეყნის მომავლისათვის. მაგრამ ერთი რამ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ: კონსტიტუცია (მაპატიეთ, თუ ზოგიერთ მოსაზრებას კვლავ გავიმეორებ) ძალიან დიდ უფლებებს გვანიჭებს. იგი დიდ უფლებას ანიჭებს პარლამენტს და ასევე საკმაოდ დიდ უფლებებს ანიჭებს პრეზიდენტს. უნდა გავითვალისწინოთ, რომ პრეზიდენტი ვერ დაითხოვს პარლამენტს, როგორი რთული მდგომარეობაც უნდა შეიქმნას საპარლამენტო ცხოვრების თვალსაზრისით. მას არა აქვს ამის უფლება, ბევრი სხვა ქვეყნის, განსაკუთრებით იმ ქვეყნებისაგან განსხვავებით, რომლებიც ახალ წყობაზე გადადიან და სადაც პრეზიდენტი საკმაოდ დამოუკიდებელია პარლამენტისაგან. თუ იგი რამეს არ დააშავებს, თუ მის მიმართ არ იქნება გამოყენებული ის ღონისძიება, რომელსაც იმპიჩმენტი ჰქვია, იგი სერიოზულ დამოუკიდებელ ფიგურას წარმოადგენს მთელი თავისი სტრუქტურით. აქედან გამომდინარე, ჩვენმა ხალხმა თუ ვერ მოახერხა ისეთი პარლამენტის არჩევა, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანას და უზრუნველყოფს კრიზისიდან მის გამოსვლას, მაშინ ჩვენ იქნებ სანანებელიც გაგვიხდეს კონსტიტუციის მიღება. წარმოიდგინეთ, მომავალი ოთხი-ხუთი წელი გადამწყვეტი წლები იქნება საქართველოს ისტორიაში, ახალ ისტორიაში დღევანდელი და ხვალინდელი დღის თვალსაზრისით, ეს იქნება რეფორმების, ასე ვთქვათ, სრულმასშტაბიანი განხორციელების წლები. პრაქტიკულად ეს ჩვენს საზოგადეობაში ახალი აზროვნების ჩამოყალიბების, ბოლოს და ბოლოს, კრიზისიდან საბოლოოდ გამოსვლისა და ახალ სარბიელზე, ახალ ასპარეზზე გასვლის წლები იქნება. ეს იქნება ყველა იმ ჩრდილოვანისა თუ ნეგატიურის დაძლევის წლები, რომელთა შესახებაც ასეთი დიდი გულისტკივილით ვლაპარაკობთ დღეს ამ ტრიბუნიდან და ასეთი განწყობილება არის დარბაზშიც და მთელ მოსახლეობაშიც. მაგრამ ეს მოხდება მაშინ, თუ ჩვენ ავირჩევთ ისეთ პარლამენტს, რომელიც თავისი მოწოდების, კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების სიმაღლეზე აღმოჩნდება, იმ კონსტიტუციისა, რომელიც ჩვენმა ხალხმა მოიწონა და მხარი დაუჭირა. აქედან გამომდინარე, უმთავრესი მაინც ის არის, რომ მოქალაქეს ჰქონდეს თავისუფალი არჩევნის უფლება. პირველმა ნეგატიურმა სიმპტომებმა, რომლებიც უკვე გამოჩნდა, - ეს გახლავთ ფულის ტრიალი, აქა-იქ იარაღის ტრიალი ხელმოწერების შეგროვების პროცესში, გვაიძულა მოგვეწვია ასეთი საგანგებო თათბირი, თუმცა, არა იმდენად იმ ფაქტების გამო, რომელთა შესახებაც აქ ილაპარაკეს ბატონმა შოთა კვირაიამ, ბატონმა ჯამლეტ ბაბილაშვილმა და სხვებმა, არამედ სწორედ ამ სიმპტომების გამო. დღეს აქ მოგიწვიეთ, რათა გვეთქვა თქვენთვის, რომ ეს არჩევნები გადამწყვეტია საქართველოს ბედისათვის. ეს ხუთი წელი მართლა გარდატეხისა და გარდაქმნის ნამდვილი ეტაპია. აქედან გამომდინარე, გთხოვთ სახელმწიფოს მეთაურის რწმუნებულებს, გამგებლებს, მერებს, ადგილობრივი მმართველობის ხელმძღვანელებს, ყველას, რომ ამჟამად ყურადღების ცენტრში არჩევნები გქონდეთ. ლაპარაკია იმაზე, რომ დაცული იყოს წესრიგი და ადამიანის უფლებები (მე ვიტყოდი, რომ ხმის მიცემის უფლება ერთ-ერთი უმთავრესი უფლებაა), ხელისუფლების სხვადასხვა სტრუქტურისა და უმაღლესი ორგანოს არჩევის უფლება, და ეს უფლება არ უნდა შეილახოს და არ უნდა დაირღვეს.

ჩემი აზრით, ჩვენ შეგვწევს ძალა, რათა არჩევნებიდან კიდევ უფრო განმტკიცებული, კიდევ უფრო შემჭიდროებული, და, ასე ვთქვათ, განახლებული და განწმენდილი გამოვიყვანოთ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი - ასეთი მიზანი უნდა დავისახოთ. ეს ამაღლებული მიზანი კი შეუთავსებელია იმ სიმპტომებთან და სიგნალებთან, უკვე რომ შემოდის ჩვენთან.

მინდა მცირეოდენი საყვედური გამოვთქვა ჩემი მეგობრების მიმართ, რომლებიც ამ ტრიბუნიდან გამოვიდნენ. მათ გამოხატეს მხარდაჭერა პრეზიდენტობის ერთი კანდიდატის მიმართ. ალბათ, ეს თათბირი არ არის ისეთი თათბირი, რომელზეც ამას ხაზი უნდა გასმოდა. ეს მაინც ხელისუფლების მიერ; ჩემი ინიციატივით მოწვეული თათბირია. ამიტომ, გთხოვთ, რომ არჩევნების დროს და არჩევნებისათვის მზადების პერიოდში ვიყოთ აბსოლუტურად ობიექტური, ჩვენ უნდა ვენდოთ ჩვენს ხალხს, თუ მას რაღაცაში დახმარება სჭირდება, უნდა დავეხმაროთ, დავეხმაროთ, გაერკვეს იმაში, თუ როგორი სიტუაციაა შექმნილი ადგილებზე და საერთოდ ქვეყანაში. სხვა მხრივ, ჩვენი ხალხი ბრძენი ხალხია, თუ არ იქნება შანტაჟი, თუ არ იქნება რაღაც იძულებით თავსმოხვეული ნაბიჯები, იძულებითი ზომები და იძულებითი აქციები. ხალხს უნდა ვენდოთ, ამომრჩეველს უნდა ვენდოთ და მივცეთ სრული თავისუფლება, შევქმნათ იმის გარანტიები, რომ მან შეძლოს თავისუფლად გამოხატოს თავისი ნება.

ვიცი, რომ ხელმოწერების შეგროვებისას ცალკეულ ოჯახებში მიდიოდნენ და ზოგჯერ იარაღითაც კი აიძულებდნენ ხელი მოეწერათ. მე აღარაფერს ვამბობ ფულის ფაქტორზე. აი, ამის წინააღმდეგ უნდა იბრძოლონ პოლიციამ და პროკურატურამ, ასეთ ფაქტებს უნდა მიაქციონ ყურადღება უშიშროებამ, გამგებლებმა, მერებმა და სხვებმა. ეს უნდა გამოირიცხოს. ყველა მოქალაქეს უნდა ესმოდეს, რომ ღირსეულთათვის ხმის მიცემა - ეს საქართველოს თითოეული მოქალაქის ატიური წვლილი, აქტიური მონაწილეობა ქვეყნის მშენებლობაში, თავიანთ ხვალინდელ კეთილდღეობასა და ქვეყნის კეთილდღეობაში.

აუცილებელია, თითოეულმა თქვენგანმა, ვისაც ეს ეხება, ვინც ვერ მოასწრო, გულდასმით შეისწავლოს კონსტიტუცია, რომელიც ამ დღეებში გამოქვეყნდება შესაბამისი კომენტარებით.

ძალიან კარგად უნდა შევისწავლოთ საარჩევნო კანონი, რათა ვიცოდეთ, რის უფლებას გვაძლევს ეს კანონი და რის უფლებას - არა, რა შეიძლება დავუშვათ და რა - არა, რას უნდა ვებრძოლოთ. ჩვენ არაფერს არ მოვითხოვთ ისეთს, რაც კანონს ეწინააღმდეგება. მოვითხოვთ, რომ თქვენ დაიცვათ საარჩევნო კანონი. ამასთან დაკავშირებით, აუცილებელია უაღრესად მჭიდრო ურთიერთობა საარჩევნო კომისიებთან.

მინდა გთხოვოთ, რომ ყოველი საჩივარი, რომელიც კი გაჩნდება არჩევნებამდე, თვით არჩევნების დღემდე, მოქალაქეთა მიმართვები, ყოველი სიგნალი, გულდასმით განვიხილოთ და დროულად მივიღოთ ზომები, რათა დარღვევათა ფაქტები არ დაგროვდეს და არ იქცეს სისტემად.

მართლმსაჯულების მიერ არჩევნებთან დაკავშირებული სადავო საკითხების დროული გარჩევა უმნიშვნელოვანესი პრობლემაა. უნდა გამოვხატო დიდი კმაყოფილება იმის გამო, რომ უმაღლესმა სასამართლომ საკმაოდ დრულად მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილებები, ადგილობრივ სასამართლოებს დროულად მისცა ისეთი სადავო საკითხების გადაწყვეტისათის აუცილებელი ახსნა-განმარტებანი, რისი კულტურაც ჩვენს სასამართლოებს ჯერჯერობით არა აქვთ, რადგან წინათ მათ არ უხდებოდათ ასეთი სადავო საკითხების გარჩევა და გადაწყვეტილებების მიღება. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება იმ რეკომენდაციათა შესრულება, რომლებიც უმაღლესი სასამართლოს პლენუმმა შეიმუშავა. იუსტიციის სამინისტრომ ასევე, უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები, რათა, თითოეულ მოსამართლეს დავეხმაროთ გაერკვნენ ამ რთულ მდგომარეობაში და აღიჭურვონ შესაბამისი ცოდნით, რათა სადავო საკითხებისა და განცხადებების გამო, მიიღონ სწორი და გამართული გადაწყვეტილებები.

მეორეხარისხოვანი საკითხი არ გახლავთ ის, რომ რაიონებში, ქალაქებში, დაბებსა და სოფლებში აუცილებლად უნდა სუფევდეს ისეთი ატმოსფერო, რომელიც არ იქნება დაკავშირებული რაღაც განსაკუთრებულ დაძაბულობასთან. რათა ადამიანმა შეძლოს იფიქროს, იაზროვნოს და განსაზღვროს თავისი არჩევანი. მე გამოვეცი სპეციალური ბრძანებულება შემმოწმებლის შესახებ, ამ პროცესის რეგულირებისათვის, ზედმეტ კონტროლს თავი რომ დავაღწიოთ. გთხოვთ ყველას, რომ ახლა, განსაკუთრებით ამ ეტაპზე, შემოწმების პროცესი იყოს მართვადი, და აქ მთელი პასუხისმგებლობა უნდა იკისრონ ქალაქების მერებმა, გამგებლებმა. თქვენი მეშვეობით, უნდა ხდებოდეს კოორდინირება, როცა ეს გარდაუვალი და აუცილებელია.

გთხოვთ ასევე ჩათვალოთ, რომ არჩევნების მზადებასთან დაკავშირებული ინფორმაცია სახელმწიფოებრივი მნიშვნელობისაა. ამიტომ თქვენი კონტაქტი ხელისუფლებასთან, მის სხვადასხვა შტოებთან უნდა იყოს მუდმივი და, თუ სადმე რაიმე ისეთი ხდება, რაც თქვენს გარკვეულ შეშფოთებას გამოიწვევს, ეს უნდა იცოდეს ცენტრალურმა ხელისუფლებამ.

შემდეგი საკითხი, რასაც მინდა მივაპყრო თქვენი ყურადღება, ეს არის მიმოქცევაში ეროვნული ვალუტის შემოტანა. 2 ოქტომბრიდან, როგორც მოგეხსენებათ, ლარი გახდება ერთადერთი საგადამხდელო საშუალება, საარჩევნო კომპანიის ციებ-ცხელების მიუხედავად, ჩვენ წავედით ეროვნული ვალუტის შემოღებაზე, არ გადავდეთ ეს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ღონისძიება. ეს საშვილიშვილო, მე ასე მიმაჩნია, სამერმისო საქმეა, და ამით ხაზს ვუსვამთ იმას, რომ არჩევნებისათვის მზადება უნდა აღინიშნოს საქმით, სახელმწიფოზე ზრუნვით, ეკონომიკის გამოცოცხლებით, ქვეყნის ფინანსების განმტკიცებით, საბანკო სისტემის განვითარებით და ა.შ. ძალაშია ის, რაც ითქვა. პირველი ნოემბრიდან ხელფასები 50-60 პროცენტით გაიზრდება. თუმცა ეს იოლი საქმე არ არის, მაგრამ ჩვენ მაინც მივდივართ ამაზე. ხელმოწერილია ბრძანებულება წინა წლებში მოქალაქეთა ანაბრების ინდექსაციის პრობლემათა შესწავლისა და გადაწყვეტისათვის სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ. კომისიას სახელმწიფოს მეთაური უხელმძღვანელებს. მინდა ამათან დაკავშირებით არ შეიქმნას ისეთი ილუზია, თითქოს ჩვენ ხვალვე შეგვიძლია ვილაპარაკოთ ინდექსირებაზე. მაგრამ სამწლიანი თუ ხუთწლიანი პროგრამა რომ ჩამოვაყალიბოთ, ამას მოსახლეობას ვპირდებით. რა ფორმით მოხდება ინდექსირება და ანაზღაურება, იმ უსამართლობის გამოსწორება, რომელიც ჩვენი არაორდინარული და რთული ცხოვრების პირობებთან არის დაკავშირებული, ამაზე სწორედ ეს კომისია იმუშავებს. მოქალაქეებმა უნდა ირწმუნონ, რომ სახელმწიფო აკეთებს იმის მაქსიმუმს, რაც შესაძლებელია ამ პირობებში, რათა აუნაზღაურდეთ მათ ზარალი, მატერიალური და თუნდაც მორალური და ფსიქოლოგიური ტრამვა.

კიდევ ერთი საკითხი. რამდენჯერმე გამოვაცხადე და დღესაც მინდა შეგახსენოთ, რომ ხელი მოვაწერე განკარგულებას თბილისობის ტრადიციის აღდგენის შესახებ. გთხოვთ, ამას ძალიან სერიოზულად მოეკიდოთ. კვლავ ვიმეორებ, რომ იმ მოღვაწეთა გადაწყვეტილება, რომლებმაც თავის დროზე უარი თქვეს საქართველოში დამკვიდრებულ ამ კარგ ტრადიციაზე, უფრო მეტად პოპულიზმთან, იაფფასიან დემაგოგიასთან იყო დაკავშირებული, და არა ცხოვრებით ნაკარნახევი. თბილისობა უნდა იყოს არა იმდენად ზარ-ზეიმი და ცეკვა-თამაში, რამდენადაც დიდი ბაზრობა, როგორის ორგანიზაციასა და მოწყობასაც შევძლებთ ყველა მოქალაქის ინტერესების გათვალისწინებით. გთხოვთ რწმუნებულებს, გამგებლებს, მერებს შეისწავლოთ ყველა სოფლის, დაბისა თუ ქალაქის რეალური შესაძლებლობანი, რა არის საჭირო დედაქალაქში შემხვედრი ვაჭრობის მოწყობისათვის, რა შეუძლია დედაქალაქს. ვთხოვ რკინიგზის დეპარტამენტის ხელმძღვანელობას, ავტოტრანსპორტის დეპარტამენტს და ყველა ორგანიზაციის, მინისტრთა კაბინეტის შესაბამის ხელმძღვანელებს მიიღონ სპეციალური ზომები იმ მოქალაქეთა გადმოსაყვანად, რომელთაც სურთ შემოიტანონ პროდუქტი დედაქალაქში და აქედან თავიანთი საჭიროებისამებრ წაიღონ პროდუქცია. გთხოვთ, რომ ეს იყოს შეღავათიანი საბაზრო ფასები - ეს დიდად არ დააზარალებს არც რკინიგზას და არც ტრანსპორტის დეპარტამენტს. ან იქნებ ეს უფასოდაც კი მოხერხდეს ადგილობრივი ბიუჯეტის შესაძლებლობათა გათვალისწინებით. ეს უნდა იყოს ტრანსპორტის მუშაკთა წვლილი. ამ შესანიშნავი ტრადიციის აღდგენაში როგორც გითხარით, გამოიყენეთ ყველა საშუალება და ადგილობრივი შესაძლებლობანი.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც მოითხოვს თქვენს განსაკუთრებულ ყურადღებას და სერიოზულ განმარტებას მოსახლეობისათვის. ეს არის სახელმწიფოს მეთაურის ბრძანებულება ადგილობრივ თვითმმართველობათა შესახებ. თქვენ იცით, რომ აქამდე ჩვენ მივდიოდით, ასე ვთქვათ, ექსპერიმენტების გზით, საკმაოდ სერიოზული უფლებებით აღვჭურვეთ მთელი რიგი რაიონები, ქალაქები, საერთოდ, გამგებლები, მერები და ა.შ. მან ძალიან დიდი შედეგი მოგვცა. მე ხშირად აღმინიშნავს, როგორ ამოისუნთქა თბილისმა, ქუთაისმა - მართლაც წარუშლელი შთაბეჭდილებებით დავბუნდი ამ ქალაქიდან, რამდენი რამ გაკეთდა აჭარაში, რამდენი რამ გაკეთდა სხვაგან. მე მივესალმები აქ ბატონ გია არსენიშვილის გამოსვლას, რომელმაც სულ რაღაც ერთ თვეში უკვე შენიშნა, რომ კახეთში სიცოცხლე დაიწყო, გაცოცხლდა ის უზარმაზარი და უნაყოფიერესი მხარე, სადაც შესანიშნავი ხალხი სახლობს, დაიწყო მოძრაობა შენებისაკენ და ა.შ. ყველაფერი ეს ხდება იმ ბაზაზე, თქვენ რომ უფლებებით ხართ აღჭურვილი.

მაგრამ ჩვენ, თქვენთან ერთად, იმაზე მეტი უფლება გვაქვს, ვიდრე გვჭირდება, ვიდრე შეგვიძლია ამას თავი გავართვათ. ასე არ შეიძლება გაგრძელდეს, ამიტომაც ხელი მოვაწერეთ ბრძანებულებას (რომელიც ჩემს აპარატსა და მინისტრთა კაბინეტში დამუშავდა) იმის შესახებ, რომ ეს უფლებები გადანაწილდეს. უნდა გადანაწილდეს სახელმწიფოს მეთაურის, მინისტრთა კაბინეტის, ქალაქებისა და რაიონების, შემდეგ აგრეთვე ხელმძღვანელთა უფლებები. გთხოვთ, მოიწვიოთ რესპუბლიკიდან, ცენტრიდან მაღალკვალიფიციური ხალხი, ვისაც შეუძლიათ მოგცეთ სათანადო ახსნა-განმარტება. მე ვთხოვ რეგიონალურ სამსახურს, მინისტრთა კაბინეტს შესაბამის ხელმძღანელებსა და სამსახურებს, რომ დაეხმარონ მათ ამ მეცნიერების ათვისებაში, რომ მათ გამოიყენონ მინიჭებული უფლება, და გამიჯნოს საკუთრების ის ფორმები, რომლებიც თქვენს განკარგულებაში იქნება ადგილებზე. ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

ახლა მინდა შედარებით მოკლედ შევეხო იმ საკითხს, რომელმაც შეაშფოთა ჩვენი ქვეყანა და სულით ხორცამდე შეძრა თითოეული ჩვენი მოქალაქე. ლაპარაკია იმ ტერორისტულ აქტებსა და მძიმე დანაშაულებებზე, რომლებმაც მოსვენება დაუკარგა ხალხს ამ ბოლო წლინახევრის განმავლობაში. უნდა გითხრათ, რომ მე თითქმის ყველაფერი ვიწვნიე, ზოგი რამ, რასაც სამართალდამცავი ორგანოები მაწვდიან, ასე ვთქვათ, კიდეც წავიკითხე. მაგრამ, როცა ყოველივე ამას, როგორც აქ სწორად თქვეს ბატონმა გ. ფანჯიკიძემ და სხვებმა, ერთად თავმოყრილს მოისმენ აუდიტორიის თანდასწრებით, მართლაცდა შეგზარავს კაცს. ნუთუ შეიძლება ჩვენს რიგებში, ჩვენთან იყვნენ ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ხელი აღმართონ ქვეყნის წინააღმდეგ, მოქალაქეების წინააღმდეგ, პრაქტიკულად, ჩვენი ხვალინდელი დღის წინააღმდეგ. ესენი არიან არა შემთხვევითი ადამიანები, არამედ ხალხი, ხელმძღვანელ ეშელონებში ჩვენთან ერთად რომ მოღვაწეობდნენ, ბევრი მათგანი ჩემი მონაწილეობით, ჩვენი მონაწილეობით არის დანიშნული. გარკვეულ ეტაპებზე ბრძოლაც კი გვიხაროდა იმისათვის, რომ მათ თანამდებობა შეენარჩუნებინათ. სამწუხაროდ, ალბათ, უნდა შევეგუოთ იმ აზრსაც, რომ, როდესაც ქვეყანაში დიდი გარდატეხა და ძვრები იწყება, მით უმეტეს ისეთ ქვეყანაში, რომელმაც ოთხი ომი, მათ შორის ორი სამოქალაქო ომი გადაიტანა და ყველაფერი ჯერ კიდევ არ არის დამთავრებული, მზად უნდა ვყოფილიყავით ამისათვის, რომ სამოქალაქო ომების დამთავრების შემდეგ ასეთ ექსცესებთან და ასეთ გამოვლინებებთანაც გვექნებოდა საქმე. ასევე მინდა ვთქვა, ვეთანხმები ბატონ თემურ შაშიაშვილს, რომელმაც ძალიან კარგად თქვა: ახლა ნურავინ ნუ დაიწყებს გულზე ხელის ბრაგუნს, ნურავინ ნუ დაიწყებს ნიშნის მოგებას, ნურავინ ნუ წამოგვაყვედრის, ჩვენ ხომ გეუბნებოდით, ჩვენ ხომ დავაყენეთ ეს საკითხი პარლამენტის სხდომაზე, ჩვენ ხომ მოვითხოვეთო გიორგაძის გადაყენება და სხვა (მე სპეციალურად ჩავიწერე მისი სიტყვები). მინდა შევახსენო ჩემს მომავალ ოპონენტებს, რომ ასევე მწვავედ იდგა შოთა კვირაიას გადაყენების საკითხიც. ასევე მწვავედ მოითხოვდნენ ბატონ ჯამლეტ ბაბილაშვილის გადაყენებას და მას ერთი-ორჯერ საშუალებაც არ მიეცა ნორმალურად გამოსულიყო პარლამენტში. ასევე მწვავედ მოითხოვდნენ იმ ადამიანების პასუხისმგებლობას, რომლებიც დღეს მწყობრში არიან და იბრძვიან იმ საშინელ დანაშაულობათა წინააღმდეგ და ამხილეს კიდეც ეს დანაშაულობანი. ამიტომ ასე იოლი არ არის, მით უმეტეს, ხელისუფლების ხელმძღვანელის მიერ გადაწყვეტილების მიღება. თუ არ არის ფაქტები, თუ არ არის საფუძველი, ასეთმა გადაწყვეტილებამ შეიძლება ახალი უბედურება მოუტანოს ქვეყანას. ეს გაკვეთილი უნდა იყოს ყველასათვის. მე ვეთანხმები იმ შენიშვნებს, რომ ალბათ მეტი ყურადღებაა საჭირო ხალხის შერჩევისას და კარგად უნდა ვიცოდეთ, ვის ვენდობით და ვის - არა, ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე.

ისიც მინდა ვთქვა, რომ მოწმე ვარ იმ მართლაც თავგანწირული მუშაობისა და მოქმედებისა, ამ დღეებში რომ დაგვანახეს შინაგან საქმეთა სამინისტროს კოლექტივმა, მინისტრმა ბატონმა შოთა კვირაიამ, პროკურატურის ხელმძღანელობამ, ბატონმა ჯამლეტ ბაბილაშვილმა. ისინი უკვე დაასახელეს, ამიტომ მე კიდევ ჩამოვთვლი ზოგიერთ მათგანს, რადგან ამის თქმა და მადლიერების გრძნობის გამოხატვა აუცილებელია და ყველა ადამიანს სჭირდება. თუ თავგანწირულია კაცი, თავგანწირვით შრომობს და იბრძვის, მას სჭირდება ტკბილი სიტყვა, სჭირდება წრმენა, რომ მას ხედავენ, აფასებენ და მომავალი თაობებიც დაუფასებენ. ეს ყველას სჭირდება, დიდი იქნება საქმე, თუ პატარა, და ამ მხრივ ჩვენ ვალში არ უნდა დავრჩეთ ამ ადამიანების წინაშე. ეს, რაც ბატონმა შოთა კვირაიამ გააკეთა ამ მოკლე დროში, ფიზიკურად შეუძლებელი იყო. ამას დიდი გამბედაობა და დიდი პროფესიონალიზმი სჭირდებოდა. ბატონ ჯამლეტ ბაბილაშვილზე მე უკვე ვილაპარაკე. ეს მართლაც თავგანწირვამდე მისული თავდადება, პროფესიონალიზმი და შეუპოვრობაა, ეს არის უნარი, ფეხზე დააყენო კოლექტივი და სრულად გამოიყენო მისი შესაძლებლობანი. ზოგიერთისათვის ყური რომ დაგვეგდო და კვირაია, ბაბილაშვილი გადაგვეყენებინა, აი, მაშინ ნახავდით, რა მოგვივიდოდა და რა დაემართებოდა ქვეყანას - ამიტომ არის საჭირო დიდი სიფრთხილე და დიდი წინდახედულება. ზოგიერთი, ასე ვთქვათ, სრიოზული ტრამვის შემდეგ, და ეს სავსებით გასაგებია, ფეხზე დგება უშიშროების სამსახურის კოლექტივის ჯანსაღი ნაწილი. დანაშაული ჯერ კიდევ არ იყო გახსნილი, როცა ჩვენ იქ მივედით და შევხვდით ამ კოლექტივს. მე მჯერა, რომ იქ არის ისეთი ნაწილი, რომელიც, ალბათ, ხერხემალი იქნება მომავალში ამ კოლექტივის ფეხზე დაყენებისა. ბევრი მათგანი უკვე ჩართულია ამ სერიოზულ საქმიანობასა და მუშაობაში. თუ როგორ გაართმევს თავს ეს სამსახური დაკისრებულ სახელმწიფოებრივ მოვალეობას, დამოკიდებული იქნება მის ქვეგანაყოფებზე, სპეციალური და განსაკუთრებული დანიშნულების ბრიგადებზე. უნდა გითხრათ, რომ ამ განსაკუთრებული დანიშნულების ბრიგადასა და ნაწილებს, მართლაცდა, დიდი შესაძლებლობანი აქვთ. ისიც უნდა ვთქვა, რომ თავის სიმაღლეზე აღმოჩნდნენ თავდაცვის სამინისტრო, ჩვენი სამხედრო ქვეგანაყოფები, ჩვენი სამხედროები, თავდაცვის მინისტრი. მინდა შეგახსენოთ, რამდენჯერმე გაისმა მოთხოვნა: გადააყენეთ, მოიცილეთ ნადიბაძე. და, აი, ამ კრიზისის შესაბამისი ნაწილების მეთაურები - ყველა თავის სიმაღლეზე იდგა. ყველაფერი ეს უნდა გავითვალისწინოთ და მადლობა ვუთხრათ ამ ხალხს სიფხიზლისა და თავდადებისათვის, ასევე არ შემიძლია არ გავიმეორო აქ ბატონი თარგამაძისა და მისი ქვეგანაყოფების მიმართ გამოთქმული შეფასება, არ აღვნიშნო ბატონი მურღულიას თანამშრომლები უშანგი მელაძე, რეზო ფოჩხუა, სოსო ალავიძე, პროკურატურიდან - გენერალური პროკურორის მოადგილე რევაზ ყიფიანი, რესპუბლიკური პროკურატურის საგამოძიებო აპარატის მნიშვნელოვან და განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლები ბერიაშვილი, აბულაშვილი, კვარაცხელია, მიქაძე, სამეგრელოს სამხედრო პროკურორის მოადგილე კუხალაშვილი და სხვები. არ შემიძლია ამასთანავე არ ვახსენო ანზორ ბალუაშვილი, რომელმაც, როგორც იტყვიან, შიშველი ხელებით, თავის ბიჭებთან ერთად სასწაულებრივი მუშაობა შეასრულა, რომ დასასრულამდე მიეყვანა ის უზარმაზარი საქმეები, რომლებსაც ადრე თუ გვიან მზის სინათლეზე გამოიტანენ და იქნება შესაბამისი გადაწყვეტილებები. მე ვთხოვ შესაბამის უწყებათა ხელმძღვანელებს, რომ თანამშრომლები, რომლებიც დავასახელე, ისინი, ვინც აქტიურად მონაწილეობს ამ საშიშ დანაშაულებათა გახსნაში და გვეხმარება წესრიგის დამყარებაში, წესრიგის აღდგენაში, წარმოადგინონ დასაჯილდოებლად მთავრობისა და სხვა სახის ჯილდოებზე.

მაინც, რა არის მთავარი ჩემს ნათქვამში, გარდა იმისა, რომ ეს კიდევ ერთი მწარე გაკვეთილია, ავად თუ კარგად, კიდევ ერთი გამოცდაც ჩავაბარეთ. მთავარი ის არის, რომ დანაშაულობებს ფარდა აეხადა. მოსახლეობაში განმტკიცდა რწენა, რომ სახელმწიფოს შეუძლია თავისი მოქალაქის დაცვა, რომ დანაშაული არ დარჩება დაუსჯელი, ვისთანაც უნდა იყოს დაკავშირებული. უფრო მაღლა სადღა უნდა წავიდეთ? უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი თვითონ იყო ორგანიზატორი, არც მას არ შერჩა - აღმოჩნდნენ ძალები, სტრუქტურები, რომლებმაც ამხილეს იგი, ამის შეგრძნება, შეგნება და გათვალისწინება ცხოვრებასა და მუშაობაში, ალბათ, ის უმთავრესი სტიმულია, რომელმაც ქვეყანა სწორ გზაზე უნდა დააყენოს, ჩვენ უნდა ჩავუნერგოთ ყველა ადამიანს, რომ იგი თავისი ქვეყნის სრულუფლებიანი მოქალაქეა და მის უფლებებს ვერავინ შელახავს. ვფიქრობ, ჩვენი ხალხი ხედავს და გრძნობს, რომ მთელი მოსახლეობა, ჩვენი მოქალაქეები, მეწარმეები, ბანკირები, და სხვები თავისუფლდებიან დამნაშავეების ბორკილებისაგან - ბორკილებში იჯდა საქართველო, ბორკილებით იყვნენ ხელ-ფეხშეკრულნი ის მეწარმეები, რომლებსაც რაღაცის გაკეთება უნდათ ქვეყნისათვის, მე ვიცი, რა ტანჯვა-წამება, რა ჯოჯოხეთი იყო ყოველივე ეს, ზოგიერთი რამ უკვე ითქვა, მაგრამ ათჯერ, ასჯერ მეტი არ თქმულა და ყველაფერს მალე აეხდება ფარდა, ყველაფერი ცნობილი გახდება საზოგადოებისათვის.

ეს გაკვეთილი უნდა იყოს უშიშროების სამსახურისათვის, ყველასათვის, ვინც იქ მუშაობს და ვინც ახლა მოდის. რა უნდოდა იმ საქმეებს გიორგაძის ცეცხლგამძლე ყუთებში? რატომ ინახებოდა ეს დოკუმენტები სადღაც, რომელიღაც ქვეგანაყოფში სამ სეიფში? გადანახული ჰქონდა ისეთი სიები და დოკუმენტები, რომლებიც სასტიკი საიდუმლოა. მე არ მაქვს ახლა უფლება მოვუწოდო ვინმეს, რომ გამოიტანოს ეს დღის სინათლეზე, მაგრამ, ვინც ჩვენს ქვეყანაში ბევრს ლაპარაკობს, იმ სიებში თავისთავს ამოიკითხავს. ყოველივე ეს უნდოდათ შანტაჟირებისათვის (ბერიაც კი არ აკეთებდა ასეთ რამეს) - ვინ ვისთან იყო თავის დროზე კავშირში, ზოგი სხვა ქვეყნის, ზოგიც ამ ქვეყნის. ეს უწესრიგობა დაიწყო ამ სამსახურის ხელმძღვანელობიდან. მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ბატონ ავთანდილ იოსელიანს, მაგრამ არც ერთ თქვენგანს არ ვამართლებ: საქმე რაღაც სიგნალებში არ არის, თქვენგან მე ათ სიგნალს მივიღებ დღეში, მაგრამ მე ვერ გავხსნი საქმეს, თქვენ უნდა შექმნათ ისეთი ატმოსფერო, რომ ამის გაკეთება შეუძლებელი იყოს. თუ თქვენ ამას არ გააკეთებთ, მაშინ ასეთი სამსახური საჭირო არ არის... ან მოადგილეები სად იყავით, ან კოლეგია სად იყო. თქვენ არ იყავით პროტესტის კოლექტიურ წერილს რომ მწერდით (მგონი, იოსელიანს არ მოუწერია ხელი, სხვა ყველა, თუ არ ვცდები, 1500 კაცი აწერდა ხელს)? პატარა რაღაცა წამომცდა, მცირე შენიშვნა და 1500 კაცი ფეხზე დადგა - როგორ გავიმეტოთო, თუმცა ჩვენ გადატრიალებაზე არ წამოვალთ, თქვეს (დაახლოებით ასეთი იყო შინაარსი), გულში კი ჰქონდათ. მოსკოვში მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში წამოსცდა გიორგაძეს: რომ მოენდომებინა, თურმე 30 თუ 40 წუთში აიღებდა ხელში ძალაუფლებას და მოახდენდა გადატრიალებას. ესე იგი, უფიქრია ამაზე. აი, ეს უნდა გამოირიცხოს ყველა სამსახურში, განსაკუთრებით იმ სამსახურებში, რომელთაც იარაღთან აქვთ საქმე და დიდი უფლებები აქვთ მინიჭებული ხალხისა და ხელისუფლების მიერ.

ახლა წაქცეული კაცის სინდრომი არ უნდა მოქმედებდეს, ყველამ უნდა იკისროს პასუხისმგებლობა სახელმწიფოს მეთაურით დაწყებული და, ალბათ თქვენი რიგითი მუშაკით დამთავრებული, ყველამ უნდა ვიკისროთ და ყველამ უნდა გავიაზროთ. მე მჯერა „ალფასა“ და „ომეგას“ იმ ბიჭების გულწრფელობა, რომლებიც შეწუხებული და შეძრწუნებული არიან (იქ ხომ 80-90 პროცენტი პატიოსანი ბიჭებია), მაგრამ ეს გაკვეთილი უნდა იყოს მათთვის თავიანთი გმირობით, თავდადებით და თავგანწირვით უნდა გამოისყიდონ დანაშაული, რომელიც მათმა მეგობრებმა ჩაიდინეს.

მხედრიონთან და მაშველთა კორპუსთან დაკავშირებით განკარგულებას ხელს მოვაწერ, თუ თქვენს მხარდაჭერას მივიღებ. მისი მიღება იოლი არ არის... ეს ბიჭები ბრძოლასა და სისხლისღვრაში იყვნენ... ძნელია, მაგრამ, ალბათ, ადრე უნდა მიგვეღო ზოგიერთი გადაწყვეტილება, ადრე უნდა მომხდარიყო ეს, უფრო ადრე, ვიდრე რუსთავში მოხდებოდა დარბევა, უფრო ადრე, ვიდრე ჩვენ გამოვიღვიძებდით და კახეთში შევიდოდით წესრიგის დასამყარებლად, უფრო ადრე, ვიდრე სამტრედიასა და სხვა კუთხეებს მივხედავდით. მათგან ზოგიერთნი მონაწილეობდნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ბრძოლაში, ბევრი მათგანის თავდადება დამსახურებულად აღინიშნა სახელმწიფო ჯილდოებით. ხალხი და სახელმწიფო არასოდეს დაივიწყებენ, მადლიერებით გაიხსენებენ მხედრიონელებს, რომლებმაც სიცოცხლე შესწირეს სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლას. ყველაფერი გაკეთდა იმათ დასახმარებლად, ვინც ამ ბრძოლაში დასახიჩრდა, აგრეთვე სტიქიური უბერუდების დროს დაიღუპა...

ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ მაშველთა კორპუსს საეჭვო რეპუტაციის მქონე პირებიც მიეტმასნენ, რომლებმაც არა მარტო სახე უცვალეს ამ გაერთიანებას, არამედ შესაბამისი მიზნებიც დაუსახეს. როგორც კომპეტენტურმა ორგანოებმა დაადგინეს, საბოლოოდ ჩამოყალიბდა მაშველთა კორპუსი - კრიმინალური სამყაროს წარმომადგენელთა თავშესაფარი. მაშველთა კორპუსის ბევრი წევრი და ხელმძღვანელი, მათი მონაწილეობით თუ მფარველობით შექმნილი სხვადასხვა კლანური და მაფიოზური ინსტიტუტების მეშვეობით, იარაღის, ძალადობისა და შანტაჟის გზით კანონსაწინააღმდეგო ქმედებას სჩადიოდა. ამ კორპუსის არაერთი წარმომადგენელი მხილებულია სხვადასხვა სახის ათობით და ასობით მძიმე დანაშაულში. უკვე ითქვა, რომ მაშველთა კორპუსის ხელმძღვანელთა ერთი ნაწილი, რომელიც ამჟამად დაპატიმრებული, მხილებულია ტერორისტული აქტების დაგეგმვასა და შესრულებაში. ყოველივე ეს აფერხებს რესპუბლიკაში მტკიცე საზოგადოებრივი წესრიგის დამყარებისათვის ბრძოლას, ხელს უწყობს დესტრუქციული ძალების ანტისახელმწიფოებრივ და ანტისაზოგადოებრივ მოქმედებას. აქედან გამომდინარე უნდა გაუქმდეს საქართველოს რესპუბლიკის მაშველთა კორპუსის, როგორც სახელმწიფო მმართველობის ორგანოს სტატუსი და მისი შესაბამისი მართვის რესპუბლიკური ორგანოები, მაშველთა კორპუსის პრეზიდიუმი, თავმჯდომარისა და მოადგილეების თანამდებობის ცენტრალური აპარატი. გაუქმდეს აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა აქტი, რომლებიც დაკავშირებულია მაშველთა კორპუსის მართვის ცენტრალური ორგანოებისა და თანამდებობის პირთა უფლებამოსილებასთან... ის ქონება, შენობები და სხვა, რაც მათს ბალანსზე ირიცხება, გადაეცეს ადგილობრივ თვითმმართველობებს, რაიონებს, ქალაქებს და ა.შ.

და კიდევ ერთი საკითხი. თავს ნურავინ ნუ დაიმშვიდებს, ამ დანაშაულებათა ჯაჭვის რამდენიმე რგოლი, ასე ვთქვათ, მოირღვა, მაგრამ ბევრი რამ კვლავ გასარკვევია, ბევრი რამ გამოსაძიებელია, ბევრ რამეს ფარდა უნდა აეხადოს, იმას, რაც ამ წლების განმავლობაში ხდებოდა, მათ შორის იმ უბედურებას, სხვადასხვა რაიონში რომ დატრიალდა. იმედი მაქვს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო, უშიშროების, პროკურატურა ადგილობრივი ორგანოების, გამგებლების, მერების, რწმუნებულებისა და სხვათა დახმრებით ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანენ და ქვეყანა წელში გაიმართება. გასახსნელია გია ყარყარაშვილზე თავდასხმისა და პაატა დათუაშვილის მკვლელობის ფაქტი. გასახსნელია თავდაცვის მინისტრის მოადგილის ნ. კეკელიძის მკვლელობა, გასახსნელია ქალაქის პროკურორის ბატონ მ. ქურდაძის მკვლელობა და სხვა მრავალი. როგორც ვიცი, თქვენ გაქვთ გარკვეული მონაცემები, მაგრამ ვერ მოისვენებთ და ვერ დაიძინებთ მანამ (არც გაქვთ ამის უფლება), სანამ ყოველივე ამას, ასე ვთქვათ ფარდა არ აეხდება. მე აღარ ვლაპარაკობ თვითმფრინავის, მანქანების აფეთქებისა და ათობით სხვა მცდელობაზე, რომლებიც მიმართული იყო, როგორც ტერორისტული აქტი, გარკვეულ თანამდებობის პირთა წინააღმდეგ შურისძიებისა თუ სხვა ანგარებითი მიზნით. და, რაც მთავარია, ბატონი შოთა კვირაია და ბატონი ჯამლეტ ბაბილაშვილი ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ გიორგაძე და მისი თანამზრახველები რომლებიც ახლა მოსკოვში იმყოფებიან, ჩამობრძანდნენ და წარდგნენ თავიანთი ხალხის წინაშე, როგორც სახელმწიფო დამნაშავეები, როგორც ტერორისტები. ამავე დროს, არც ამას დაგიმალავთ, მე საჭიროდ ჩავთვალე მიმეწოდებინა შესაბამისი ინფორმაცია რუსეთის ხელმძღვანელობისათვის, კერძოდ, სათანადო სტრუქტურების ხელმძღვანელობისათვის და ვთხოვე მათ დახმარება. ჩვენ არავითარი, ასე ვთქვათ ეჭვის სინდრომი არ გვაწუხებს, მაგრამ, თუ ეს ხალხი არ ჩამოვიყვანეთ და, თუ ამაში რუსეთის შესაბამისი სტრუქტურების ხელმძღვანელები ვერ დაგვეხმარნენ, მაშინ ბევრი რამ დაიმალება, ხალხში გაჩნდება ეჭვიც და უნდობლობაც, რაც არცთუ ისე უსაფუძვლო იქნება, ამიტომაც რუსეთ-საქართველოს სწორ გზაზე გამოსული ურთიერთობის ინტერესებისათვის ის ჩვენი მეგობრები, რომელთაც მივმართეთ, ვალდებული არიან კეთილსინდისიერად და პატიოსნად მოიხადონ თავიანთი ვალი ამ ორი ქვეყნის წინაშე. დარწმუნებული ვარ, აქ არ არის ლაპარაკი არავითარ შურისძიებაზე. გამოძიება ჩატარდება სამართლიანად და ობიექტურად. როგორც იტყვიან, კლასიკურად. არ უნდა დაირღვეს არავის უფლება, არც დაზარალებულის და არც იმ ადამიანის, რომლებმაც ეს ბოროტება ჩაიდინა...

მინდა მადლობა გითხრათ იმ განწყობისათვის, რომელიც დღეს ამ დარბაზში სუფევს, აქ სხედან პარლამენტარებიც, ჩვნი ინტელიგენციის წარმომადგენლებიც, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კამათში. დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი განწყობილება - საქმიანი და სერიოზული, პასუხისმგებლობის განწყობილება მალე დამკვიდრდება მთელ ქვეყანაში. მჯერა ისიც, რომ არჩევნებს მაღალ დონეზე ჩავატარებთ და საქართველო არჩევნებიდან გამოვა უფრო განმტკიცებული, გამთლიანებული და განწმენდილი.

(გამოსვლა იბეჭდება მცირეოდენი შემოკლებით).
საქინფორმი.

„საქართველო არჩევნებიდან გამოვა უფრო განმტკიცებული, გამთლიანებული და განწმენდილი“ / საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის - სახელმწიფოს მეთაურის ედუარდ შევარდნაძის გამოსვლა ადგილობრივი მმართველობის, უშიშროებისა და სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელთა რესპუბლიკურ თათბირზე 1995 წლის 1 ოქტომბერს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 5 ოქტომბერი. - 135(2051). - 1,2 გვ.

82 „სოციალურ პრობლემათა მოსაგვარებლად ყველაზე უკეთესი საშუალებაა რეფორმების გზა, სწორი პროგნოზები და მეცნიერულად გათვლილგაანგარიშებული გადაწყვეტილებანი“

▲ზევით დაბრუნება


ედუარდ შევარდნაძის 9 ოქტომბრის რადიოინტერვიუ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ - სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ თავისი ტრადიციული რადიოინტერვიუ რესპუბლიკის ეკოომიკური ცხოვრების ანალიზით დაიწყო. ინტერვიუს უძღვებოდა ჟურნალისტი ნატო ონიანი.

- გასულ კვირას, - განაცხადა ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ, - მთელი ჩვენი საზოგადოების ყურადღების ცენტრში იყო ეროვნული ვალუტის შემოღებასთან დაკავშირებული საკითხები. სახელმწიფოს მეთაურის ბრძანებულების შესაბამისად საქართველოში ერთადერთ საგადამხდელო საშუალებად მკვიდრდება ლარი. საბოლოო დასკვნების გამოტანა, შესაძლოა, ნაადრევი იყოს, მაგრამ საერთოდ მოვლენები დამაკმაყოფილებლად ვითარდება. დღეისათვის ლარი აბსოლუტურად დომინირებს ყველა ოფიციალურ გარიგებაში როგორც ერთადერთი საგადამხდელო საშუალება, რაც ეკონომიკური რეფორმების გზაზე გადამწყვეტი მნიშვნელობის მიღწევაა. ლარის დამკვიდრების პროცესი ძირითადად გეგმაზომიერად და პროგრამის შესაბამისად მიმდინარეობს, რაც ბრძანებულებით გათვალისწინებული წინასწარი მოსამზადებელი სამუშაოების საფუძვლიანობასა და საბანკო, ეკონომიკური და საფინანსო, მაკონტროლებელი და სამართალდამცავი ორგანეობის, საერთოდ სახელმწიფოს ქმედუნარიანობაზე მეტყველებს. რა თქმა უნდა, დროდადრო ამ ურთულეს პროცესში წარმოიშობა სხვადასხვა პრობლემა და ჩნდება ზოგიერთი არასასურველი ტენდენციაც, რომელთა კორექტირება და საჭირო მიმართულებით წარმართვა ხელისუფლების ყველა ეშელონის მოვალეობაა.

არაერთხელ ხაზგასმით აღნიშნულია, რომ ეკონომიკური გარდაქმნების, კერძოდ, ფულის რეფორმის წარმატებით განხორციელების საფუძველი მსოფლიო მეურნეობაში საქართველოს ინტეგრაცია და საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერაა. ახლა ვგრძნობთ, თუ რა მნიშვნელობა აქვს ინტეგრაციას.

ამ თვალსაზრისით უაღრესად არსებითი მნიშვნელობის ფაქტია საქართველოში ევროკავშირის საგარეო ურთიერთობის კომისრის ბატონ ვან დენ ბროკის ვიზიტი, რომლის დროსაც ხელი მოვაწერეთ საქართველოსათვის მეტად ხელსაყრელ შეთანხმებებს ფართომასშტაბიან დახმარებათა, უწინარესად, სასურსათო დახმარების თაობაზე, რაც ქვეყნის ეკონომიკის სტაბილიზაციის, სერიოზული სექტორული პროგრამების რეალიზაციისა და ეროვნული ვალუტის განმტკიცების შემდგომი პირობაა.

ეს ვიზიტი მართლაცდა მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ჩვენ მივიღეთ არა მარტო ერთდროული დახმარება, არამედ, პრინციპში, შევთანხმდით, რომ დაჩქარდება ევროკავშირთან საქართველოს საპარტნიორო ხელშეკრულების გაფორმება. ვფიქრობ, მიღწეული შეთანხმების შედეგად ეს ხელშეკრულება მიმდინარე წლის ბოლოსათვის იქნება ხელმოწერილი. ეს ძალიან დიდი სტიმულია მთელი ქვეყნის ეკონომიკის გამოცოცხლებისა და აღორძინებისათვის.

როგორც უკვე ვთქვი, ევროკავშირი საქართველოს გამოუყოფს 200 ათას ტონა მარცვლეულს. ეს არის დახმარება, რომელიც ანაზღაურებას არ ექვემდებარება, ჩვენ იძულებული ვართ გავყიდოთ იგი და შევავსოთ ბიუჯეტი. ამავე დროს ევროკავშირი უფასოდ გვაძლევს 30-40 ათას ტონა მაზუთს, სახსრებს რკინიგზის შესაკეთებლად და ნავსადგურების მოსაწესრიგებლად. ამასთანავე ევრობანკი საქართველოში გახსნის საკრედიტო ხაზს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისათვის, დაარსდება ევრობანკის საინვესტიციო ფონდი - 10-15, შეიძლება 20 მილიონი დოლარის მოცულობით, ასე რომ, ეს საქმეები საკმაოდ კარგად წარიმართა. ამას ემატება ისიც, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დამატებით გამოუყო საქართველოს 30 ათასი ტონა მარცვლეული და 100 ათასი ტონა მაზუთი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დახმარება - 20 მილიონ მარკაზე მეტი, რომელიც მოხმარდება გარდაბნის თბოელექტროსადგურის აღდგენას, და სხვა. ყველაფერი ეს სწორედ ამ ვიზიტთან იყო დაკავშირებული.

როგორც ზემოთ აღვნიშნე, წინა კვირაში ეროვნული ვალუტის კურსის ჩამოყალიბებაში ქვეყნის შიდა სავალუტო ბაზარზე სასიკეთო ტენდენციები გამოიკვეთა, რაც ლარის ერთადერთ საგადამხდელო საშუალებად გადაქცევამ განაპირობა. 2 ოქტომბრიდან მკვეთრად დაეცა მოთხოვნა უცხოურ ვალუტაზე. ეს არის ლარის გამყარების პირველი ნიშანი. ორშაბათს გამართულ ბანკთაშორის სავალუტო ბირჟის ვაჭრობაზე მან 360 ათასი ამერიკული დოლარი შეადგინა, რომლის 62 პროცენტი კომერციულმა ბანკებმა დააკმაყოფილეს (გახსოვთ, ჩვენ ავედით 2 მილიონ 360 ათასამდე, ბოლო ჩემს გამოსვლაში სწორედ ეს ციფრი აღინიშნა). დოლარის კურსმა ლარის მიმართ 1,30 ლარი შეადგინა. ორშაბათსა და პარასკევს გამართულ ვაჭრობებზე დოლარზე მოთხოვნა საერთოდ არ ყოფილა, მაშინ, როცა კომერციული ბანკების მხრივ მიწოდება შესაბამისად 680 ათასი და 656 ათასი დოლარი იყო. ამ პირობებში ეროვნულმა ბანკმა შიდასავალუტო ბაზარზე მკვეთრი რყევის თავიდან აცილების მიზნით მინიმუმამდე შეამცირა დოლარის კურსი: 1 დოლარი - 1,28 ლარი. მთელი კვირის მანძილზე არ შეინიშნებოდა მოთხოვნა რუსულ მანეთზე: ესეც პირველად მოხდა. მოწოდებამ კი საერთოდ 680 მილიონი რუსული მანეთი შეადგინა. აქაც რუსული მანეთის მკვეთრი გაუფასურების თავიდან აცილებისა და მოსახლეობის ფართო მასების ინტერესების გათვალისწინების მიზნით ეროვნულმა ბანკმა მთლიანად შეისყიდა ჭარბი რუსული მანეთი შემდეგი კურსით: 1000 მანეთი - 25 თეთრი, ანუ 1 ლარი 4 ათასი მანეთი.

და კიდევ ერთი საგულისხმო ფაქტი: თუ ადრე თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე ჩამოყალიბებულ კურსსა და ბანკნოტურ ანუ ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს შორის სხვაობა საგრძნობი იყო - 3-4 პროცენტს შორის მერყეობდა (ლაპარაკია ბანკთაშორის სავალუტო ბირჟასა და ეგრეთ წოდებულ შავ სავალუტო ბაზარს შორის), საანალიზო კვირაში არაორგანიზებულ ბაზარზე პრაქტიკულად ბანკთაშორისი ბირჟის კურსი იყო განმსაზღვრელი. ამერიკის შეერთებული შტატების დოლარის შესყიდვის კურსი წინა კვირაში გარკვეული მერყეობის შემდეგ 1,24-1,26 ლარის ფარგლებში მოექცა, გაყიდვისა კი, ფაქტობრივად, დაემთხვა ბანკთაშორის ბირჟაზე დადგენილ ოფიციალურ კურსს - ჯერ 1,3 ხოლო კვირის ბოლოს უკვე 1,28 ლარი შეადგინა. პრაქტიკულად ეს იდენტურია. ანალოგიური საკურსო სიტუაცია შეიქმნა რუსული მანეთის მიმართაც. თუ კვირის დამდეგს მიმოქცევაში ლარის ნაკლებობის გამო ჯერ კიდევ შეიმჩნეოდა ლარზე რუსული მანეთის შესყიდვის დაბალი კურსი, - 4.500-4.600 მანეთი ერთ ლარში, კვირის ბოლოსათვის მოხდა სტაბილიზაცია. სადღეისოდ რუსული მანეთის შესყიდვის კურსი არ აღემატება 4.120-ს, ანუ ეროვნული ბანკის მიწოდების შედეგად მსხვილი ბანკების ჯგუფის მიერ ოფიციალურ კურსზე დამატებულ 3-პროცენტიან ზღვარს. ამასთანავე ჩამოყალიბდა ლარზე რუსული მანეთის გაყიდვის კურსი 3.900-3.952 მანეთის დონეზე. შესაძლოა, ვინმეს ეს ინფორმაცია ზედმეტად დეტალიზებული მოეჩვენოს, მაგრამ მე ეს აუცილებლად მიმაჩნია, რამდენადაც დღეს სწორედ ამ პრობლემებით არის ყველაზე მეტად დაინტერესებული ყველა ოჯახი და ყველა მოქალაქე.

შიდასავალუტო ბაზარი მნიშვნელოვნად მოწესრიგდა. შეინიშნება ვალუტის არასაბანკო გადამცვლელი პუნქტების გარკვეული ნაწილის დახურვაც. დარჩენილებს მიეცათ მკაცრი მითითება შესყიდვისა და გაყიდვის კურსის გამოცხადებისა და მუშაობის რეჟიმის შესახებ, რომელიც ფაქტობრივად კიდეც სრულდება. აღარ ჩანან ვალუტის არასაბანკო გადამცვლელი პუნქტების ირგვლივ მოკალათებული მევალუტენიც. რაც მთავარია, სწრაფად იზრდება ბანკების გადამცვლელი პუნქტების რიცხვი, რაც ვალუტის გადაცვლის ოპერაციების საბანკო სისტემაში მოქცევის მზარდ ტენდენციებზე მეტყველებს, ესე იგი ეს ტენდენცია ამ სფეროში კარგი წესრიგის დამყარების გარანტიას მოგვცემს.

სავალუტო ბაზრის სტაბილიზაცია ჯერჯერობით მიმდინარეობს ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვების არათუ შემცირების, არამედ ზრდის პირობებში და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ხოლო ათი დღის მანძილზე (გთხოვთ, ამას

მიაქციოთ ყურადღება) შიდა ბაზარზე ბანკების მიერ უცხ753 ოური ვალუტის შესყიდვას მოსალოდნელია მოჰყვეს ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვების დაახლოებით 20 მილიონი დოლარით გაზრდა. ასე რომ, არ მართლდება ზოგიერთი სკეპტიკოსის ის პროგნოზი რომ ლარის სიმტკიცის შენარჩუნებას მოჰყვება ძალიან დიდი ოდენობის, თანაც სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი სავალუტო კრედიტების შეჭმა. სხვათა შორის, ზემოთ აღნიშნულ 20 მილიონს ემატება საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ სტენდ ვაის კრედიტის მეორე ტრანშის სახით გამოყოფილი 25 მილიონი ამერიკული დოლარი. ყველა ვარაუდი (მინდა ამას განსაკუთრებით გავუსვა ხაზი), ყველა პროგნოზი, რომლებიც ჩემს ბრძანებულებასა და ცალკეულ გამოსვლებში გამოითქვა, გამართლდა.

თუ გახსოვთ, ამასთან დაკავშირებით ვამბობდი, რომ ქვეყნის სავალუტო რესურსები გაიზრდება, საბიუჯეტო შემოსავლის მატება კი ახალ დონეს მიაღწევს-მეთქი. სწორედ ამ ვარაუდს, ამ ანგარიშს ეყრდნობოდა ჩემი განცხადება იმის თაობაზე, რომ ნოემბერში მოგვეცემა საშუალება სერიოზული რისკის გაუწევლად გავადიდოთ ხელფასები, პენსიები, ლტოლვილების დახმარება (და ეს იქნება სერიოზული დახმარება), განსაკუთრებით მივხედოთ სოციალურად დაუცველ ადამიანებს. როგორც ხედავთ, სოციალურ პრობლემათა მოსაგვარებლად ყველაზე უკეთესი საშუალებაა რეფორმების გზა, სწორი პროგნოზები და მეცნიერულად გათვლილ-გაანგარიშებული გადაწყვეტილებანი.

და კიდევ ეროვნული ბანკის სავალუტო სამსახურმა მნიშვნელოვანი მუშაობა გასწია უცხოეთის ქვეყნების უწინარესად, რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკებისათვის საქართველოში მიმდინარე ფულის რეფორმის შესახებ ინფორმაციის მისაწოდებლად. შედეგმაც არ დააყოვნა და უკვე სამშაბათს, 3 ოქტომბერს, რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა თავის საკურსო ბიულეტენში შეიტანა ქართული ლარი, ანუ ცნო იგი როგორც სრულყოფილი უცხოური ვალუტა, აღსანიშნავია, რომ კუპონის არსებობის მთელი წლინახევრის მანძილზე რუსეთის ცენტრალური ბანკი არ აქვეყნებდა მის კურსს, რამდენადაც არ მიაჩნდა იგი ნორმალურ ერთეულად.

ამასთან, როგორც ითქვა, ეროვნული ვალუტის დამკვიდრება მთლად უმტკივნეულოდ არ მიმდინარეობს. ჯერ ერთი: მიუხედავად იმისა, რომ ამის არავითარი ობიექტური ეკონომიკური გარემოებანი არ არსებობს, მაკონტროლებელი და სამართალდამცავი ორგანოები კვლავ აწყდებიან ლარის მიმოქცევის წესების დარღვევას. კვირის მანძილზე, არასრული მონაცემებით, შედგენილია ასობით აქტი სამართალდარღვევის ფაქტების გამო. მათი აქ მოყვანა შეუძლებელია, მაგრამ პრესისა და ტელევიზიის მეშვეობით მხილებული უნდა იყოს ყველა, ვინც ნებსით თუ უნებლიეთ ხელს უშლის ეროვნული ვალუტის დამკვიდრებას, ქვეყნის ეკონომიკურ განმტკიცებას. იმედია ამგვარი სამართალდარღვევები თანდათან შემცირდება და სამართალდამცავი და მაკონტროლებელი ორგანოები ბოლომდე გამოიჩენენ სიმტკიცეს. შეიმჩნევა გარკვეული მერყეობა სამომხმარებლო ბაზარზე. ახლა ვითარება სტაბილდება და ეს პროცესი მართვადი გახდება. მეტი დახმარება უნდა გავუწიოთ ფერმერებს, მრეწველებს სამრეწველო ცენტრებში პროდუქტებისა და პროდუქციის შემოსატანად.

ექსპერტთა შეფასებით, ლარის შემოღებამ ხელი უნდა შეუწყოს საბიუჯეტო შემოსავლის არეალის გაფართოებას (თუ გახსოვთ, ჩემს გამოსვლებში ამაზეც მილაპარაკია). 1995 წლისათვის, შესრულების წინასწარი მონაცემებით, რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსავალმა 227 მილიონი ლარი შეადგინა (ამიერიდან ტრილიონებზე აღარ ვლაპარაკობთ), აქედან 132 მილიონი ლარი, ესე იგი, 58 პროცენტი საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი კრედიტია, ხოლო რესპუბლიკური ბიუჯეტის საკუთარი შემოსავლითა და გრანტებით მიღებული სახსრები 94 მილიონ ლარს შეადგენს. ეს 42 პროცენტია. აქედან საკუთარი საგადასახდო და არასაგადასახადო შემოსავალი 42 მილიონ ლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ (ეს ძალიან საყურადღებო მომენტია) 1995 წლის 6 თვესთან შედარებით მესამე კვარტალში საკუთარ საგადასახადო და არასადაგადასახადო შემოსავალთა მობილიზაცია წლის პირველი ნახევრის საშუალო კვარტალურ მაჩვენებლებთან შედარებით 35 პროცენტით გაიზარდა. საგადასახადო სამსახურის ინფორმაციით, 1995 წლის მესამე კვარტალში მის მიერ სახელმწიფოსათვის ჩარიცხულმა რესპუბლიკური და ადგილობრივი ბიუჯეტების საერთო შემოსავალმა 65 მილიონი ლარი შეადგინა, რაც თითქმის 13 მილიონი ლარით, ანუ 25 პროცენტით აღემატება საერთაშორი სავალუტო ფონდის მიერ განსაზღვრულ საპროგნოზო მაჩვენებლებს და 5 მილიონი ლარით - 1994 წლის ბიუჯეტის მთლიან შემოსავალს. მესამე კვარტალში ბიუჯეტის საერთო შემოსავალი თითქმის ორჯერ აღემატება პირველ კვარტალში მიღწეულ დონეს. ზრდის ტემპი მეორე კვარტალთან შედარებით 155 პროცენტია.

ამ უაღრესად რთულ სიტუაციაში საგადასახადო ინსპექცია თავის მოვალეობას საკმაოდ კარგად ართმევს თავს და იგრძნობა, რომ ეს სამსახური მომზადებული შეხვდა ამ რთულ პროცესებს.

ცხადია, ის, რასაც მივაღწიეთ, ჯერჯერობით შესაძლებლობის მხოლოდ მცირე ნაწილია, რეზერვები კი ძალიან დიდია. ამის დასტურია რესპუბლიკის საგადასახადო სამსახურის მიერ მადნეულის სამთო-მამდიდრებელ კომბინატში (დირექტორი - ბატონი ტაბატაძე) განხორციელებული შემოწმების შედეგები. მინდა ამას სპეციალურად შევეხო: მადნეულის კომბინატი ბიუჯეტის ერთ-ერთი სოლიდური გადამხდელია სამთო-გადამამუშავებელი მრეწველობის დარგიდან. კომბინატის პროდუქცია წარმოადგენს ბუნებრივ რესურსს - ქვეყნის ეროვნულ სიმდიდრეს, რომელსაც სტრატეგიული დანიშნულება აქვს და დიდი მოთხოვნით სარგებლობს საერთაშორისო ბაზარზე. მისი ფასი ლონდონის ბირჟაზე განისაზღვრება და საკმაოდ მაღალია. ესე იგი, კომბინატი რესპუბლიკის ბიუჯეტის შემოსავლის შევსების ერთ-ერთი მთავარი სერიოზული წყარო უნდა იყოს. მით უფრო საგანგაშოა, რომ საგადასახადო სამსახურის მიერ განხორციელებული შემოწმების შედეგად კომბინატში გამოვლინდა საფინანსო დისციპლინისა და საგადასახადო კანონმდებლობის ისეთი დარღვევები, რომელთა გამოც რესპუბლიკის ბიუჯეტი მნიშვნელოვნად დაზარალდა. კომბინატის ხელმძღვანელთა (გთხოვთ, მიაქციოთ ყურადღება) ექსპორტის შედეგად რეალიზებული პროდუქციის ღირებულებას ხელოვნურად ამახინჯებდა და შემცირებული მოცულობით ასახავდა ბალანსზე შემოსავალს, რის გამოც სახელმწიფომ ათიათასობით დოლარი იზარალა. აღნიშნული დარღვევის გამო რესპუბლიკის საგადასახადო სამსახურმა კომბინატს ბიუჯეტის სასარგებლოდ დამატებით დააკისრა 555 ათასი დოლარის ეკვივალენტი ეროვნული ვალუტის გადახდა, სახელმწიფოსა და ხალხს არ აძლევენ იმას, რაც ეკუთვნით, და, სამაგიეროდ, სხვადასხვა საკმაოდ საეჭვო რეპუტაციის ფორმირებებს კვებავდა კომბინატი, რომელიც სახელმწიფომ ააშენა, სახელმწიფომ შექმნა და სახალხო საკუთრებას წარმოადგენს.

- ვფიქრობ, შემიძლია ამის შესახებ გაგიზიაროთ მოსაზრება რადიომსმენელებს და განვაცხადო, რომ მივიღებ გადაწყვეტილებას ბატონ ტაბატაძის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ. სხვა გამოსავალი არ გვექნება. ვინც ეურჩება სახელმწიფოს და მხოლოდ თავისი ჯიბის სასარგებლოდ მუშაობს, ძარცვავს ხალხსა და სახელმწიფოს, ასეთი ადამიანები თავიანთ პოსტებზე არ უნდა დარჩნენ.

გასული წლის შესაბამის პერიოდში საბაჟო-დეპარტამენტის ხაზით, ბიუჯეტში შენატანებმა 794 ათასი დოლარი შეადგინა. მიმდინარე წლის შესაბამის პერიოდში შენატანი თითქმის 6-ჯერ გაიზარდა. დღეისათვის ამ დეპარტამენტის ხაზით, ბიუჯეტში შემოსულია 4 მილიონ 196 ათასი დოლარი (ჯერჯერობით ისევ დოლარებზე ვლაპარაკობ, მომდევნო კვირიდან საბოლოოდ ლარებზე იქნება საუბარი) - 6-ჯერ მეტი, ვიდრე მთელი გასული წლის განმავლობაში. თუმცა, აქ კვლავ არის სერიოზული დარღვევები. ჩემი აზრით, ეს შეიძლება იმის მხოლოდ ნახევარი იყოს, რაც ქვეყანას უნდა მისცეს სამსახურმა, რომელიც ერთ-ერთი ცენტრალური სამსახურია ბიუჯეტის შესავსებად. სამწუხაროდ, საბაჟო დისციპლინის დარღვევის უამრავი ფაქტია გამოვლენილი, რის გამოც საჭირო და აუცილებელია მინისტრთა კაბინეტმა იმსჯელოს და მიიღოს გადამწყვეტი ზომები.

ასეთია ლართან დაკავშირებული მოვლენები საქართველოში.

- დაახლოებით 2-3 კვირის წინათ, როცა 29 აგვისტოს ტერორისტული აქტი ახალმომხდარი იყო, საქართველოში გარკვეული პირები გარკვეულ განცხადებებს აკეთებდნენ. სწორედ მაშინ გერმანიის მთავრობამ საჩუქრად, მშვიდობით გადარჩენის აღსანიშნავად, თქვენ ჯავშნიანი მერსედესი გაჩუქათ. გასულ კვირას პროგრამა „ვესტით“ აბსურდული ბრალდებით გამოვიდა უშიშროების სამსახურის ყოფილი უფროსი ბატონი იგორ გიორგაძე და იმავე კვირას გერმანელებმა საქართველოს საჩუქრად „ბოინგი“ გამოუგზავნეს. რაღაც შეუსაბამო იყო ყველაფერი ეს. სხვათა შორის, რადგან სიტყვა უშიშროების სამსახურის ყოფილ უფროსზე ჩამოვარდა, უნდა ითქვას, რომ რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგაძის დასაკავებლად მოტივებს საკმარისად არ მიიჩნევს...

- ჯერ ერთი, ვსარგებლობ შემთხვევით და მთელი ჩვენი ხალხის სახელით მადლობა მინდა შევუთვალო გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას იმისათვის, რომ განსაკუთრებული ზრუნვა გამოიჩინა საქართველოს სახელმწიფოსა და მისი მეთაურის მიმართ. რაც შეეხება „ბოინგს“, იგი რამდენიმე დღის წინათ ჩამოფრინდა საქართველოში და საერთაშორისო ტრასებს მოემსახურება. მე დავათვალიერე ეს თვითმფრინავი, იგი საჩუქარი არ არის - ეს ერთობლივი კომპანიაა - (ჩვენთვის ასე ჯობია ერთობლივი კომპანია), რომლის შემოსავლის 30 პროცენტს მიიღებს ის ავიაკომპანია, რომელსაც „გერმანია“ ჰქვია, და 70 პროცენტი დარჩება საქართველოს ავიაკომპანიას. მომავალში, თუ ეს კომპანია ფეხზე დადგება და ურთიერთობა განვითარდება, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში შეიძლება შეიქმნას „ბოინგების“ ძალიან მძლავრი პარკი. როგორც ჩვენ ვვარაუდობთ, 2-4 წელიწადში ამ კომპანიაში შეიძლება იყოს 10-12 „ბოინგი“. თავისთავად ეს იმიტომაც არის საინტერესო, რომ იგი არის კომპანია, რომელიც მთელ გერმანიას, და არა მარტო მას, არამედ ევროპის ტურიზმსაც ემსახურება. ასე რომ, ეს ქმნის საქართველოში ტურიზმის განვითარების და ამ კომპანიის მეშვეობით ტურისტების შემოყვანისა და მათი უკან დაბრუნების საშუალებას.

ახლა რაც შეეხება ბატონ გიორგაძესა და ტერორისტულ აქტებთან დაკავშირებულ საკითხებს, საქართველოში ბოლო ხანს მომხდარი ტერორისტული აქტების თემისა და გიორგაძისადმი ინტერესი არ ნელდება, თუმცა ხელისუფლება კვლავ აგრძელებს ორგანიზებულ დამნაშავეობაზე მასირებული შეტევის კურსს, რომელიც არ შეიცვლება. მაგრამ უნდა გითხრათ, რომ აქ გადამწყვეტ როლს ასრულებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ძალიან აქტიურად მონაწილეობს ამ პროცესში რესპუბლიკის პროკურატურა. სასიხარულო და მისასალმებელია ამ ბოლო დღეებში უშიშროების სამსახურის გააქტიურებაც. კონკრეტულ შედეგებს ისინი ალბათ, თავად გააცნობენ საზოგადოებრიობას. მათ დასჭირდებათ დიდი მუშაობა და უძილო ღამეები იმისათვის, რომ მოხდეს უშიშროების სამსახურში დატრიალებული უბედურების კომპენსირება.

თუ ქვეყანამ ამოისუნთქა და ეკონომიკის გამოცოცხლება დაიწყო, განმტკიცდა ეროვნული ვალუტა და მოხდა უცხოურ ინვესტიციათა შემოსვლა, ეს მხოლოდ იმის წყალობით იქნება, რომ სახელმწიფოში წესრიგი მყარდება. სწორედ მიმაჩნია გადაწყვეტილება მაშველთა კორპუსის დაშლის შესახებ. პირადად ჩემთვის ეს ძალიან ძნელი იყო, მაგრამ, სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, გაბედული და, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, ბრძნული გადაწყვეტილებაა, - სორედ ასე აღიქვა ჩვენი საზოგადოების დიდმა უმრავლესობამ ეს ნაბიჯი.

რაც შეეხება თვით ტერორისტს: დღეს პლანეტის ვერც ერთი სახელმწიფო ვერ გაბედავს თავშესაფრის მიცემას ისეთი მასშტაბის ტერორისტისათვის, როგორიც გიორგაძე გახლავთ. არა მგონია, ვერ დავიჯერებ, რომ რუსეთი გამონაკლისი იყოს ამ სახელმწიფოთა შორის, მით უმეტეს, რომ არსებობს ხელშეკრულებები: დაუყოვნებლივ, უყოყმანოდ, მაშინვე უნდა გადაეცეს ტერორისტი იმ სახელმწიფოს, რომლის მოქალაქეც ის არის.

გუშინ მე ზუგდიდში ვთქვი, რომ რუსეთ-საქართველოს შორის უკვე მიღწეული განსაკუთრებული ურთიერთობა უფრო დიდი და მნიშვნელოვანია, ვიდრე ერთი ტერორისტის ბედი, როგორი ძლიერი ძალებიც უნდა უმაგრებდნენ მას ზურგს.

ასეთია ჩემი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით...

- რით იყო მნიშვნელოვანი თქვენთის ზუგდიდში სტუმრობა? ეს საარჩევნო კამპანიის შემადგენელი ნაწილი იყო, თუ კიდევ სხვა რამ. ჩვენ, ყველას კარგად გვახსოვს. თქვენი პირველი ჩასვლა სამეგრელოში 1992 წლის 23 ივლისს. გვახსოვს ის კადრებიც და თქვენი რეაქციაც. თბილისში დაბრუნებულმა თქვით: როგორ გაუწამებიათ ეს ხალხი, ასე რომ შემხვდნენო. მას შემდეგ სამი წელიწადი გავიდა. როგორი იყო ამჯერად თქვენი ჩასვლა სამეგრელოში?

- გუშინ მე ბევრი ვილაპარაკე სამეგრელოზე; ბოლო 4-5 წლის განმავლობაში იქ განვითარებულ მოვლენებზე. გუშინ იქ პრაქტიკულად საქართველოს ერთიანობისა და მთლიანობის დემონსტრაცია გაიმართა. ღირსეული პატივი მიაგეს (და ეს ძალიან მნიშვნელოვანი) დიდ მსახიობსა და გამოჩენილ მოღვაწეს აკაკი ხორავას (ამ ღონისძიებაშიც ვმონაწილეობდი). იმას, რაც ამ ერთ წელიწადში მოხდა სამეგრელოში, მე ალბათ, სასწაულს დავარქმევდი. ხოლო ის, რაც თქვენ აღნიშნეთ, რა იყო, რა ვანახეთ, რა ვიხილეთ და რა განვიცადეთ, როგორც ბავშვობიდან მივეჩვიეთ ამ გამოთქმას, ჯოჯოხეთია მოსაგონებლად. რაც იყო, რაც ამ კუთხემ გადაიტანა და ვისი მიზეზითაც, ყველას კარგად უწყის. ახლა მთავარი ის არის, რომ სიმართლემ გაიმარჯვა. სიმართლე კი ხალხის მხარესაა. გუშინ სიმართლისა და სინათლის, ხვალინდელი დღის ზეიმი იყო სამეგრელოში, საქართველოს ყველა მხარის მონაწილეობით და ჩვენი დიდი ინტელიგენციის წარმომადგენლობით.

საარჩევნო კამპანია - არა, ეს ჩემი ჩვეულებრივი სამუშაო პროგრამა გახლავთ. ასეთი იყო ჩემი ჩასვლა აჭარაში, რაჭაში, ამ ბოლო დროს ქუთაისში, სადაც კონცენტრირებულად აისახა ყველაფერი ის სასიკეთო, რაც საქართველოში ხდება, ასეთია ჩემი კონტაქტები დედაქალაქთან, რომელიც მთელ ქვეყანას აძლევს აღმავლობისა და აღმშენებლობის სტიმულს. ასეთი იქნება ჩემი მოგზაურობა სხვა რეგიონებშიც. თუ ისე მოხდა, რომ კვლავ მე უნდა დამევალოს სახელმწიფოს საჭის მართვა, მაშინ ასეთივე ტემპითა და დინამიკურობით გაგრძელდება ჩვენი ურთიერთობა ყველა რაიონთან, ყველა ქალაქთან და ყველა მოქალაქესთან.

„სოციალურ პრობლემათა მოსაგვარებლად ყველაზე უკეთესი საშუალებაა რეფორმების გზა, სწორი პროგნოზები და მეცნიერულად გათვლილ-გაანგარიშებული გადაწყვეტილებანი“ / შევარდნაძე ედუარდ ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 10 ოქტომბერი. - 138 (2054). - 1,2 გვ.

83 ედუარდ შევარდნაძე: „საქართველო ტერორს ეთხოვება“

▲ზევით დაბრუნება


- ბატონო ედუარდ, „ნეზავისიმაია გაზეტამ“, რომელმაც, როგორც იქნა, კვლავ იწყო გამოსვლა, დამაბარა გადმოგცეთ მადლობა იმისათვის, რომ მზად ხართ ერთხელ კიდევ უპასუხოთ კითხვებს, რომლებიც მკითხველს აინტერესებს...

- გმადლობთ. მე ყოველთვის პატივისცემით ვეკიდებოდი ამ გაზეთს არა მარტო გამბედაობისა და განსჯის დამოუკიდებლობისათვის, არამედ იმისათვისაც, რაც, ჩემი აზრით, ყველაზე მთავარია - იგი მუდამ იძლევა ზუსტ და აწონდაწონილ შეფასებებს, რომლებსაც შეცდომაში არ შეჰყავთ მკითხველი, სწორ ინფორმაციას აწვდიან ჩვენს რთულ დროში მიმდინარე მოვლენებზე, წარმართავს პოზიციებსა და შეხედულებებს დემოკრატიული პრინციპების გეზით. შემიძლია ამასთან დაკავშირებით გავიხსენო 91-ის აგვისტო, 93-ის ოქტომბერი, შემიძლია გავიხსენო პირუთვნელი კრიტიკული გამოსვლები, მათ შორის დემოკრატიული ძალების მიმართაც. თუმცა, ყოველივე ეს ბუნებრივია ჩვენს პირობებში: ზოგჯერ ხომ დასტაქარიც უნებლიედ ტკივილს აყენებს პაციენტს, მაგრამ სხვაგვარად ვერ განკურნავს და ვერ დაუბრუნებს სიცოცხლეს. ამიტომ ვულოცავ „ნეზავისიმაია გაზეტას“ გადარჩენას და ჩვენთან დარჩენას, და იმედი მაქვს, რომ როგორც დიპლომატები ამბობენ, გაგრძელდება ორმხრივი სასარგებლო თანამშრომლობა.

- ჩვენ კვლავ მოგმართავთ სწორედ ახლა, და ეს შემთხვევითი არ არის. საქმე ის გახლავთ, რომ როდესაც საქართველოს კონსტიტუცია იქნა მიღებული, ისეთი გრძნობა დაგვეუფლა, რომ ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება თანდათან პოვებს დიდი ხნის ნანატრ ჰარმონიას. და უცებ... ტერორისტული აქტი, სახელმწიფოს მეთაურის სიცოცხლის ხელყოფა! რა მოხდა?

- იცით, რით განსხვავდებიან ნორმალური, კეთილშობილი ადამიანები თავიანთი ანტიპოდებისაგან? ნორმალური კაცი მუდამ ესწრაფვის წესრიგს, როგორც ბუნებრივ მდგომარეობას, მისთვის აუტანელია ქაოსი - ბოროტების სათავე როგორც ღამე ფარავს დანაშაულს, პერმანენტული ანარქიის და სისხლისღვრის, სხვადასხვაგვარი მასშტაბის კონფლიქტების მდგომარეობაც ერთობ ხელსაყრელი ფონი და საიმედო საფარია სოციალური უმსგავსობისათვის, ბინძური მაქინაციების, ძარცვა-გლეჯის, უტიფარი და შემზარავი ინსტრუქციების მისაჩქმალად, რომელთა მიზანშეწონილობა ყოველთვის გაუგებარი იყო და მას ვერასდროს გაიგებს ცივილიზებული ადამიანი. მაპატიეთ, მაგრამ აქ მინდა მოვიყვანო ერთი შედარება, შესაძლოა, ერთი შეხედვით, უხეში. ღორის ბუნებაზე მოგახსენებთ. იგი საუცხოოდ გრძნობს თავს, როდესაც ყველაზე დიდ წუმპეში ჩაწვება.

აი, ასეთსავე ღორის სინდრომთან გვაქვს საქმე.

- მართლაც, ზუსტი ზედგამოჭრილი შედარებაა. თქვენს თავიდან მოშორებას ცდილობდნენ ადამიანები, რომლებსაც არ წარმოედგინათ თავიანთი კეთილდღეობა წესრიგის დამყარების პირობებში, არა? მაგრამ რა ემუქრებოდა მათ?

- ამ ცოტა ხნის წინ მე ხელი მოვაწერე ე.წ. მაშველთა კორპუსის - „მხედრიონის“ გაუქმების ბრძანებულებას. ამის მეოხებით დადგა აღსასრული ლეგალიზებული ბანდიტიზმის ხანისა, რომელიც რამდენიმე წლის წინათ დაიწყო. სურდათ დაეკანონებინათ ეს ორგანიზაცია და ცდილობდნენ ჩემთვის თავს მოეხვიათ ასეთი გადაწყვეტილება, რათა „სახელმწიფო ინტერესების და მოთხოვნილებების“ შირმის მიღმა ფართო მასშტაბით გაეგრძელებინათ დანაშაულებანი. საქართველოში ხომ ჩამოყალიბდა სრულიად ახალი ტიპის მაფია, რომლის შემადგენლობაში გაერთიანდნენ სულ სხვადასხვა შეხედულებების მატარებელნი - ყოფილი კომუნისტური ნომენკლატურა და დამნაშავეთა სამყაროს ლიდერები, ახალ სამხედროთა წარმომადგენლები - ჩინოსნები თუ უჩინონი და კიდევ ზოგ-ზოგები. მათ გამონახეს ენა, უზნეო მისწრაფების საფუძველზე გამოეყენებინათ იშვიათი შანსი: აშენებულიყვნენ ქვეყნის უბედურებებით, ესარგებლათ ყოველგვარი შესაძლებლობით სოციალური მაროდიორობისათვის. და ისინიც ყოვლად უტიფრად და უნამუსოდ, ზედიზედ რამდენიმე წლის განმავლობაში დაუსჯელად კრეფენ ამ „სიკვდილის ნაყოფს“. „მხედრიონი“, არადა, ამ გასამხედროებული ორგანიზაციის მრავალმა წევრმა მართლაც პირნათლად მოიხადა თავისი ვალი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვისას, დამნაშავეთა თავშესაფარი გახდა, სხვათა შორის, იმათი თავშესაფარიც, ვისაც უყვარს ჰალსტუხით კოხტაობა და ბრტყელ-ბრტყელი ლაპარაკი დემოკრატიასა და დიქტატურაზე, და ვინც ამავე დროს ხელს უწყობს ბანდიტიზმს ყოვლად დაუფარავი ფორმით, მინდა ვიკითხო: რაში დასჭირდება დეპუტატ ჯაბა იოსელიანს, რომელსაც, ჩემდა სამწუხაროდ, ერთ დროს ვანდე აფხაზთა მხარესთან მოლაპარაკებაზე ქართული დელეგაციის მეთაურობა, მოეწყო ავბედითი სამალავი თავის სამსახურებრივ კაბინეტში - პარლამენტისა და სახელმწიფოს მეთაურის აპარატის შენობაში? იმისათვის, რომ იქ ჰქონდა ხელის ტყვიამფრქვევები, ათასობით ვაზნა, ელექტროშოკით საწამებელი ხელსაწყოები და ასობით ამპულა ნარკოტიკული ნივთიერებანი? ეს ხომ არც არსენალი იყო და არც ჰოსპიტლის შენობა! რატომ გამოდიოდა ასე თავგამოდებით საქართველოს ფედერაციული მოწყობის წინააღმდეგ? იმიტომ ხომ არა, რომ ეს ხელს უშლის მის „ხელქვეითებს“ მისდიონ რეკეტს დიდი მასშტაბით? დარწმუნებული ვარ, ხმასაც არ ამოიღებდა, რეგიონებში რწმუნებულად მისი ხალხი რომ დამენიშნა.

როდესაც პარლამენტმა მოიწონა და მიიღო კონსტიტუცია, რომელიც ძლიერ საპრეზიდენტო ძალაუფლებას გულისხმობს, და მიიღო მთელი რიგი ოპოზიციური ძალების მხარდაჭერითაც, რომლებმაც ხელი არ გვიკრეს თანამშრომლობის წინადადებაზე, დეპუტატები, ფეხზე ამდგარნი, მქუხარე ტაშით შეხვდნენ ვისაც არ ეშინოდა თავისი წარსულისა თუ მომავლის გამო. ტაშს არ უკრავდნენ მხოლოდ ან ჩვენი ორთოდოქსალური პოლიტიკური ოპონენტები, რომლებმაც „წინააღმდეგ“ მისცეს ხმა თავიანთი რწმენით, მაგრამ რომლებიც ამავე დროს არ იყვნენ გარეულნი ამა თუ იმ სახელმწიფო და სხვა დანაშაულობებში. ანდა ისინი, სისხლის სამართლის დანაშაულობათა გრძელი კუდი მოსთრევდა. ლამაზი ბოლოთი ფარშევანგი იფხორება. ასეთი ბოლოს ჩვენება არ შეიძლება, მაგრამ ვერც დამალავ, მეტადრე თუ „ბოლო“ უბეში არ გეტევა. ამიტომ კონსტიტუციის მიღება ამ ფსევდოპოლიტიკოსებმა მოახლოებული დიდი საფრთხის სიგნალად აღიქვეს. ისინი მიხვდნენ, რომ ხაფანგი უკვე ასხლტა და სადაცაა დაიკეტებოდა. თუნდაც, გამოირკვა, რომ უშიშროების სამსახურში მოკალათებული ეს უნიჭო „პროფესიონალები“, 29 აგვისტოს რომ მოეცარათ ხელი, - ისინი ვის იმედითაც იყო სახელმწიფო სამი წლის განმავლობაში, მაფიის თავკაცები, მისი განუყოფელი შემადგენელი ნაწილი ყოფილან.

- გამოდის, რომ თქვენ შემცდარხართ, ასეთი გამოცდილების მიუხედავად...

- მოსკოვიდან რომ დავბრუნდი და დახმარების ხელი გამოვუწოდე ჩემს ხალხს, მე გულწრფელად მეწადა გამოვდგომოდი მას, მომეტანა სარგებლობა და შვება, აღმედგინა ქვეყნის კეთილი სახელი. ყველამ იცის, რა მემკვიდრეობა მერგო წილად. ალბათ, სწორედ კეთილ გრძნობებს აყოლილმა გამოვიჩინე წინდაუხედაობა და მივენდე ისეთ ადამიანებს, რომლებიც ერთგულნი მომეჩვენენ.

- საქართველოს უშიშროების ყოფილმა შეფმა იგორ გიორგაძემ თქვენ პოლიტიკური და ფსიქოლოგიური ომი გამოგიცხადათ, იგი ფრიად სერიოზულ ბრალდებებს გიყენებთ. როგორ აღიქვამთ თქვენ ყოველივე ამას და რატომ არის, თქვენი აზრით, რომ საქართველოს გენერალური პროკურორის სანქციის მიუხედავად, გიორგაძე მოსკოვში თავს საუცხოოდ თუ არა, შედარებით ლაღად მაინც გრძნობს?

- დავიწყოთ ბრალდებით, თურმე ნუ იტყვით და, მე ორი საკუთარი ნავთობის ჭაბურღილი მქონია ყაზახეთში. საწყენია, ორი რა მოსატანია: გამოდის, რომ ფხა არ მეყო. მაგრამ ხუმრობა იქით იყოს: იმის დადგენა, თუ სინამდვილეში რას ვფლობ, მარტივზე მარტივი საქმეა და სახელის გატეხვას ესოდენ იაფფასიანი და ტლანქი ხერხი მოწმობს მხოლოდ დამნაშავის აგონიას, რომელიც უკანასკნელ შანსს ჩასჭიდებია. პანტელეიმონის ძეს სხვაზე უკეთ ესმის, რომ განწირულია, და ყველა სხვაზე უკეთ ხედავს თავისი ავკაცობის მასშტაბს. საქართველოს ისტორიის ანალებში იგი დარჩება როგორც კაცობრიობის ისტორიაში პირველი მკვლელის - კაენის სულიერი მემკვიდრე. სწორედ ამიტომ ცდილობს იგი და უძვრეს იმ სამართლებრივ ხაფანგს, რომელშიც საკუთარმა ბოროტებამ ამოაყოფინა თავი. და თუ იგი ამბობს, რომ შევარდნაძეს აქვს კიდევ რამდენიმე სხვა გატაცება, როგორიც არის, ვთქვათ, ირანისათის იარაღის მიყიდვა, ან მილიონობით დოლარის სისტემატური ამოღება საერთაშორისო სავალუტო ფონდის სეიფებიდან, - ოღონდ არჩევნები არ წააგოს, მაშასადამე, მას იმედი ჰქონია, რომ ეს საკმაოდ ძლიერ შთაბეჭდილებას მოახდენს. იმდენად ძლიერს, რომ მამაზეციერიც და მართლმსაჯულებაც მაშინვე მიუტევებენ ყველა ცოდვას და დაუყოვნებლივ მოსდგებიან შევარდნაძეს. თუ აღმოჩნდა, რომ მე მიმიძღვის ბრალი, - ამას პირველად ვაცხადებ „ნეზავისიმაია გაზეტას“ ფურცლებიდან, - მზად ვარ ვაგო პასუხი ერის წინაშე. მერწმუნეთ, ეს არც თამაში, და არც პოზაა, ეს არის შესაძლებლობა, ერთხელ კიდევ გამოვავლინო ჩემი მტკიცე გადაწყვეტილება, ბოლომდე მივსდიო დემოკრატიულ გარდაქმნებს და ვიყო მათი ერთგული პრინციპული და არა პირადული მოსაზრებებით, ანდა, ვთქვათ, პოლიტიკური ეგოიზმის საამებლად. მე მზად ვარ ამისათვის. მაგრამ იგორ გიორგაძეს - საერთაშორისო მასშტაბის ტერორისტსა და უეჭველ აგენტს, მე ვიტყოდი, პირსისხლიანი იდეოლოგიის აგენტს, ნებისმიერ შემთხვევაში სავალალო აღსასრული მოელის. და ეს სულაც არ არის დამოკიდებული იმაზე, შეიცავს თუ არა შევარდნაძის მოქმედება დანაშაულის შედგენილობას. იმიტომ, რომ როდესაც ერთი და იგივე კაცი აწყობს სულ ცოტა ხუთ თავდასხმას, რომელთაგან სამი მკვლელობით უშიშროების სამსახურის მეთაურია, მოქმედებს თუმცა ტლანქად, პრიმიტიულად, უგზავნის რა მოსაკლავად სხვადასხვა ადამიანებს პრაქტიკულად ერთსა და იმავე კაცის მკვლელთა ჯგუფს, ამასთანავე მოქმედებს რაღაც მისტიკური და დემონური დაუნდობლობით, ყოველივე ეს ვერ იქნება მხოლოდ ერთი ქვეყნის ზრუნვის საგანი. გენერალური პროკურორის სანქცია, დაპატიმრებულ იქნეს დამნაშავე, ერთსა და იმავე დროს თავზე და ვაჟკაცობაზე ხელაღებული, ლაჩარი, - ყოველ შემთხვევაში, რუსეთს ტელევიზიის ეკრანზე იგი საცოდავად და უბადრუკად გამოიყურებოდა, - ისევე როგორც ნუსხა დანაშაულებებისა, რომლებიც გამოძიებამ დაამტკიცა და არავითარ ეჭვს არ იწვევს, - მოგვიხმობს გამოვიჩინოთ სამართლიანობა და საღი აზრი, მკვლელი და მოღალატე გიორგაძე მართლმსაჯულებას უნდა გადეცეს. მე ეჭვი არ მეპარება, რომ რუსეთის ოფიციალური ხელისფულებანი არასდროს არ დააფარებენ ხელს დამნაშავეს, თუნდაც ასეთს, რათა თავიდან ააცილონ სასჯელი. მაგრამ ამავე დროს ასევე არ მჯერა, რომ დახმარებაზე უარს ეტყვიან მისი ყოფილი კოლეგები სსრ კავშირის უშკომიდან. კიდევ უფრო დარწმუნებით შემიძლია განვაცხადო, რომ რუსეთის კომუნისტური ყაიდის მოღვაწენი, რომლებსაც გიორგაძე და ძმანი მისნი ბურჯად ჰყავდათ საქართველოში დესტაბილიზაციის პროცესების მოსაწყობად, ძალ-ღონეს არ დაიშურებენ, რათა მსოფლიოს ვერც ერთმა სასამართლომ ვერ შეძლოს განაჩენის გამოტანა გიორგაძისათვის. ბოლშევიზმის მოტრფიალე გაერთიანებათა ჩამყაყებულ პოლიტიკურ საკუჭნაოებში ძალზე ბევრი არის ისეთი, რაც აღაშფოთებს საერთაშორისო საზოგადოებას.

მე მაქვს ცნობები, რომ მეორე უშკომელმა - თემურ ხაჩიშვილმა (იგი უშიშროების სამსახურის შეფის მოადგილე გახლდათ) დაკითხვებზე გათქვა მთელი რიგი რუსი პოლიტიკოსები, რომლებსაც კავშირი აქვთ 29 აგვისტოს ტერორისტული აქტის მოწყობასთან და სხვა დანაშაულებებთან.

სიტყვამ მოიტანა, და გიორგაძის გახსნილ დანაშაულობასთან უკანასკნელი არანაკლებ მკრეხელური და ცინიკურია, ვიდრე ყველა სხვა დანარჩენი. თვითმფრინავში, რომლითაც გია ყარყარაშვილი და პაატა დათუაშვილი მოსკოვში მიემგზავრებოდნენ, საათისმექანიზმიანი ბომბი იყო ჩადებული. ეს ბომბი დროზე რომ არ აღმოეჩინათ, დაიღუპებოდა ყველა, ვინც თვითმფრინავში იყო, მაშინ გიორგაძემ გადაწყვიტა, ორივეს მოსკოვში გასწორებოდა. დათუაშვილი მოკლეს, ყარყარაშვილი დააინვალიდეს. ეს იყო შურისძიება იმისათვის, რომ ყარყარაშვილმა წელიწად-ნახევრის წინ, როდესაც თავდაცვის მინისტრი იყო, მას სიმართლე უთხრა: გიორგაძე აშკარად არიდებდა თავს აფხაზეთის ტერიტორიაზე მიმდინარე ბრძოლებში მონაწილეობას და სწორედ მან გაიყვანა 450-კაციანი ფორმირება სვანეთის მთებიდან იმ დროს, როდესაც სოხუმს ასობით ქვემეხის ცეცხლის ქარიშხალი დაატყდა თავს და ქალაქი სისხლისგან იცლებოდა. ასე რომ, ყარყარაშვილის გაცხარება სავსებით გასაგებია.

- უშიშროების სამსახურის მეთაურის თანამდებობაზე დანიშვნის ინიციატორი თქვენ ბრძანდებოდით. მაშასადამე, თქვენ მას ენდობოდით?

- მაშინ არ მქონდა საფუძველი უნდობლობისა. მაგრამ ერთი წლის - წელიწად-ნახევრის შემდეგ ეჭვები გამიჩნდა, როდესაც მოკლეს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე გიორგი ჭანტურია, უდავოდ ბრწყინვალე პოლიტიკური მომავლის მქონე პიროვნება, რომელიც მკვლელობამდე ერთი დღით ადრე აღმოსავლეთ ევროპის ინტერნაციონალის ხელმძღვანელად აირჩიეს. ეროვნულ- დემოკრატთა პარტიის გამგეობის წევრები და, უწინარეს ყოვლისა, ჭანტურიას ქვრივი - დეპუტატი ირინა სარიშვილი - საჯაროდ მდებდნენ ბრალს მკვლელთა ხელის დაფარებაში და მოითხოვდნენ გამეთავისუფლებინა იგორ გიორგაძე დაკავებული თანამდებობიდან ტერორისტული აქტების გახსნაში უნიათობისათვის. ვინ იფიქრებდა, რომ საქმე ეხებოდა არა უნიათობას, არამედ მკვლელობების, შემდეგ კი მკვლელობათა სერიის ორგანიზაციას. თუმცა, ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ ეროვნული დემოკრატები შინაგან საქმეთა მინისტრის შოთა კვირაიას განთავისუფლებასაც მომიწოდებდნენ, სინამდვილეში კი სწორედ კვირაიას ხელმძღვანელობით მოხდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო არა მარტო განმტკიცდა, არამედ გადამწვეტი ბრძოლაც გამოუცხადა მაფიას, და ეს შეტევა გრძელდება.

- როგორ ახსნიდით თქვენ იმ გარემოებას, რომ რუსეთი ერთგვარი ნაკრძალი გახდა შეთქმულთათვის: მუთალიბოვი და გუსეინოვი აზერბაიჯანიდან, გიორგაძე - საქართველოდან, და შესაძლოა კიდევ ვიღაც იყო ან იქნება ასეთი...

- აქ სხვა სახელმწიფოების მოქალაქეებზე კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით, მაგრამ რაც შეეხება გიორგაძეს და მთლიანად პრობლემას, საქმე შემდეგში გახლავთ. ჩემი აზრით, კონსერვატიული პოლიტიკური შეხედულებების, ყავლგასული პოზიციების, დრომოჭმული კონცეფციების და იმ მოძღვრებების მატარებელნი, რომლებიც ოდესღაც უკვდავად გვეჩვენებოდა, ჯერ კიდევ ცოცხლობენ და მოქმედებენ ერთდროულად ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველა რეგიონსა და ქვეყანაში. მოსკოვი მხოლოდ ტრადიციულად დარჩა ამ ძალების მიზიდულობის ცენტრად, ხოლო რუსეთის კომუნისტებმა და სოციალისტებმა შეინარჩუნეს მაორგანიზებელი და წარმმართველი ძალის როლი. შესაბამისად ისინი დარჩნენ იმათ მთავარ მფარველებადაც, ვინც მათ შეხედულებებსა და ზრახვებს იზიარებს.

მე მგონია, რომ მცდელობის ჩაშლის შემთხვევაში გაქცევის და „თავისი ხალხის“ საიმედო კალთის ქვეშ ამოფარების გეგმა წინასწარ მზადდებოდა.

- თქვენ ბრალად გდებენ იმას, რომ კრიმინალურ-მაფიოზური კლანების წინააღმდეგ ბრძოლის ალმით თავიდან იცილებთ კონკურენტებს და ეწევით ფართო მასშტაბის წმენდას, რათა არჩევნებში თქვენთვის ხელსაყრელ ძალთა განლაგებას მიაღწიოთ...

- იმათგან, ვინც ჩემს ძირითად კონკურენტებად ითვლებოდნენ, თავისი კანდიდატურა მოხსნა მხოლოდ ჯაბა იოსელიანმა, რომელიც მიხვდა, რომ ეს დროზე უნდა გაეკეთებინა „მხედრიონის“ უცილობელ მხილებათა მთელი სერიის შემდეგ. რაც შეეხება „წმენდას“, თუ გნებავთ, ამაში დაგეთანხმებით, ოღონდ, ერთი შესწორებით, თუ მიწა სარეველებისაგან არ გამარგლე, თესლი აღმონაცენს ვერ მოგცემს, დაიჩაგრება. დროა, განვიწმინდოთ. ყოველივე იქიდან, რაც საქართველომ ამ ბოლო ხუთი-ექვსი საშინელი წლის მანძილზე გადაიტანა, იგი განწმენდილი გამოვა, მაგრამ კათარზისი შესაძლებელია მხოლოდ ზნეობის ყველა წესის დაცვის პირობებში. ამიტომაც ვესწრაფვი არჩევნებში არა ჩემთვის ხელსაყრელი ძალების განლაგებას, არამედ ისეთი ვითარების შექმნას, რომელშიც საეროდ გამორიცხული იქნება შანტაჟი, მუქარა, იარაღით დაშინება, დიდძალი უცხოური ვალუტით მოქრთამვა. საქართველო ტერორს ეთხოვება. იმედი მაქვს, უკვე სამარადჟამოდ. ყოველ შემთხვევაში, ძალიან მინდა, ეს ვირწმუნო და ვიმუშაო ამის მისაღწევად რაც შეიძლება ენერგიულად.

საუბარს უძღვებოდა
ნოდარ ბროლაძე.
„ნეზავისიმაია გაზეტა 94.
7 ოქტომბერი, 1995 წ.

ედუარდ შევარდნაძე: „საქართველო ტერორს ეთხოვება“ / შევარდნაძე ; [ჩაიწერა] ბროლაძე ნოდარ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 11 ოქტომბერი. - 139(2055). - 1 გვ.

84 სახელმწიფო მმართველობის ადგილობრივი ორგანოები სახელმწიფოს საძირკველია

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს რესპუბლიკის მმართველობის ადგილობრივი ორგანოების ხელმძღვანელებს

საქართველოში დასრულდა სახელმწიფო მმართველობის სისტემის ჩამოყალიბების პირველი ეტაპი, რომელიც ითვალისწინებდა სახელმწიფო მმართველობის ადგილობრივი ორგანოების სტრუქტურაში შექმნილი ვაკუუმის აღმოფხვრას და ქვეყანაში დესტაბილიზაციის პროცესების ლოკალიზებას. ამ მიზანს ემსახურებოდა დღემდე მოქმედი დროებითი დებულება „საქართველოს რესპუბლიკის რაიონის (ქალაქის) სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ადგილობრივი ორგანოების შესახებ“. ამ დებულებით მართვის უფლებამოსილებანი კონცენტრირებულ იქნა რაიონების გამგეობებსა და უმთავრესად გამგეობების თავმჯდომარეებთან. მართვის ასეთი მოდელი, ალბათ, შექმნილი მდგომარეობიდან ერთადერთი გამოსავალი იყო, რომელმაც დადებითი შედეგები გამოიღო, საშუალება მოგვცა ყოველ მოვლენაზე ოპერატიული რეაგირებითა და ხშირ შემთხვევაში არაორდინარული გადაწყვეტილებით ქვეყანა გამოგვეყვანა ქაოსიდან, შეგვექმნა სათანადო პირობები რადიკალური ეკონომიკური რეფორმების დასაწყისიდან.

საქართველოში დაწყებული რეფორმების თანმიმდევრულად გატარებისათვის აუცილებელია სახელმწიფო მმართველობის სისტემის შემდგომი სრულყოფა და განვითარება. ამ თვალსაზრისით გაუმართლებელია მმართველობის არსებული, უკვე მოძველებული სისტემის შენარჩუნება, რომელმაც თავისი ამოცანა უკვე შეასრულა. აუცილებელია ადგილზე სახელმწიფო მმართველობის განხორციელებაში მნიშვნელოვანი კორექტივების შეტანა. უპირველეს ყოვლისა, წინ წამოიწია იმ საერთო პრობლემებმა, რომელთა გადაჭრაც შეუძლებელია ერთი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ფარგლებში. საჭირო გახდა სამხარეო დონეებზე სახელმწიფო რწმუნებულთა ინსტიტუტის შემოღება. სწორედ მათი მეშვეობით მოხერხდა რეგიონულ დონეებზე შესაბამისი მხარისათვის სპეციალური პრობლემების მოწესრიგება. ამჟამად სამხარეო ადმინისტრაციათა ჩამოყალიბების პროცესი დამთავრდა და უკვე შეიძლება გარკვეული დასკვნების გაკეთება, სახელმწიფო რწმუნებულთა ყველა დადებითი თუ ნაკლოვანი მხარეების შეფასება და თითოეულ რეგიონში შექმნილი პრობლემების ანალიზის საფუძველზე, არსებული რეალიების გათვალსიწინებით, ამ ინსტიტუტის ფუნქციათა კორექტირება და დახვეწა.

სახელმწიფო რწმუნებულთა ინსტიტუტის შემოღებით მოხდა ფუნქციათა განაწილება რაიონულ და რეგიონულ დონეებს შორის, რამაც მოგვცა რეფორმების განხორციელების საერთო კოორდინირების საშუალება. მაგრამ, რეფორმების თანამიმდევრულად განსახორციელებლად აუცილებელია მართვის არსებული ცენტრალიზებული სისტემიდან მართვის ოპტიმალურ დეკონცენტრირებულ მოდელზე გადასვლა: ფუნქციების გადანაწილება რაიონულსა და რაიონის ადმინისტრაციულ დაქვემდებარებაში მყოფ სოფლის, დაბის, თემის, რაიონული დაქვემდებარების ქალაქების მმართველობის ორგანოებს შორის.

მართვის ოპტიმალური დეკონცენტრაციით მოხდება ოპერატიული მართვის უფლების ადგილებზე გადაცემა, რაც ადგილობრივი პრობლემების სწრაფად და ეფექტიანად გადაწყვეტის საწინდარი იქნება. ამასთან შეიქმნება სამართლებრივი და ეკონომიკური ბაზა თვითმმართველობაზე გადასვლისათვის. სწორედ ამ მიზანს ისახავს ამა წლის 16 სექტემბერს მიღებული დროებითი დებულება „საქართველოს რესპუბლიკის მმართველობის ადგილობრივი ორგანოების შესახებ“. ამ დებულებით გაფორმდა სახელმწიფო მართვის დეკონცენტრაცია. გაიმიჯნა ფუნქციები სახელმწიფო მმართველობის სხვადასხვა დონეებს შორის. რაიონის მმართველობის ორგანოს დარჩა ის სფერო, რომელიც თავისი მნიშვნელობით ზოგად სახელმწიფო ინტერესებს განეკუთვნება, ხოლო ადგილობრივი მნიშვნელობის ყველა სხვა საკითხის გადაწყვეტის უფლება სწორედ ადგილობრივი ინტერესების ყველაზე უკეთ გამომხატველ სახელმწიფო მმართველობის პირველი დონის (სოფლის, დაბის, თემის, რაიონული დაქვემდებარების ქალაქების) მმართველობის ორგანოებს გადაეცათ. მმართველობის ქვედა დონის ორგანოთა ფუნქციების გაზრდა შექმნის ხელსაყრელ პირობებს რადიკალური ეკონომიკური რეფორმების გასატარებლად, რადგან ეს ორგანოები სარგებლობენ შესაბამისი ობიექტებითა და მომსახურებით და ყველაზე მეტად არიან დაინტერესებული რეფორმათა განხორციელებით.

ფუნქციათა გადანაწილებით შეიქმნება მმართველობის ადგილობრივ ორგანოთა მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე ოპერატიული კონტროლის საშუალება მმართველობის რაიონული ორგანოების საშუალებით. ძველი დებულებით მმართველობის ყველა ფუნქცია თავმოყრილი იყო რაიონულ რგოლში და შესაბამისად გადაწყვეტილებებსაც ეს რგოლი იღებდა. ადგილებზე ამ გადაწყვეტილების კანონიერებისა და მართებულობისადმი კონტროლი არ ხორციელდებოდა ხელისუფლების შესაბამისი ადგილობრივი ორგანოს - საკრებულოს ფაქტობრივად არარსებობის გამო.

დებულება ითვალისწინებს გამგეობის სახელმწიფო მმართველობის სრულფასოვან კოლეგიალურ ორგანოდ ჩამოყალიბებას. აქამდე მართვის მთელი უფლებამოსილება კონცენტრირებული იყო გამგეობის თავმჯდომარესთან, რომელიც უშუალოდ, ერთპიროვნულად წყვეტდა სახელმწიფო მმართველობის უმნიშვნელოვანეს საკითხებს. თავის დროზე მართვის ასეთი ფორმა გამართლებული იყო მაქსიმალური ცენტრალიზაციის და გადაწყვეტილებათა ოპერატიულად მიღების თვალსაზრისით. მაგრამ, დღევანდელ ვითარებაში, გადაწყვეტილებათა მიღების არაკოლეგიალურობამ მხოლოდ უარყოფითი შედეგი შეიძლება მოიტანოს.

დებულების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია მმართველობის ადგილობრივი ორგანოების ეკონომიკური საფუძვლების განსაზღვრა. მოცემულია ადგილობრივი მეურნეობისა და მუნიციპალური ქონების ცნებები, განსაზღვრულია მუნიციპალური ქონების შექმნის საფუძვლები და მმართველობის ადგილობრივი ორგანოების ეკონომიკური კომპეტენცია. ამ საკითხის გადაწყვეტა საშუალებას მოგვცემს მოვახდინოთ სახელმწიფო ქონების მართვის დეცენტრალიზაცია და სახელმწიფო საკუთრების უფლების რესპუბლიკურ და ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების საკუთრების უფლებად გამიჯვნა. ეს აუცილებელი პირობაა სახელმწიფო მმართველობის ეკონომიკური ბაზის განმტკიცებისა და ეკონომიკური რეფორმების (განსაკუთრებით პრივატიზაციის) წარმატებით განხორციელებისათვის.

მართვის დეკონცენტრირებულ მოდელზე გადასვლით იწყება სახელმწიფოს მშენებლობის ახალი ეტაპი. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ იქნა და ამა წლის 1 სექტემბრიდან ძალაში შევიდა კანონი „საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო სამსახურის შესახებ“, რაც სახელმწიფო ორგანოთა ნორმალური ფუნქციონირების ერთ-ერთი უმთავრესი გარანტიაა. კანონის რეალიზაცია ხელს შეუწყობს მმართველობის ორგანოებში ბიუროკრატიზმის, კორუფციისა და ორგანიზებული დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლას, სახელმწიფოსა და მოქალაქეთა ინტერესების საწინააღმდეგოდ თანამდებობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების გამოვლენათა აღმოფხვრას, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას.

ყველაზე უმნიშვნელოვანესი საკითხის გადაწყვეტა - დებულებებისა და კანონების ცხოვრებაში გატარება, დამოკიდებულია უპირველესად სახელმწიფო მმართველობის ადგილობრივი ორგანოების თავკაცებზე. სწორედ მათი მეშვეობით არის შესაძლებელი სახელმწიფო სამსახურის ისეთი სტაბილური მექანიზმის ჩამოყალიბება, რომლითაც მუდმივად იქნება დაცული სახელმწიფო მემკვიდრეობითობა, რომელიც გაუძლებს პოლიტიკურ კონიუნქტურას და ნებისმიერ კრიზისს. აქედან გამომდინარე სახელმწიფო მმართველობის ადგილობრივი ორგანეობის პირველი რიგის ამოცანაა „სახელმწიფო სამსახურის შესახებ“ კანონისა და მოქმედი დროებითი დებულების შესაბამისად გარდაქმნან მუშაობის ფორმები, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ სახელმწიფო მმართველობის ფინანსურ-ეკონომიკური ბაზის განმტკიცებას, ადგილობრივი ბიუჯეტის ფორმირებასა და შესრულებას, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის რეალურ პროგნოზირებას. ამ საკითხების მოწესრიგების გარეშე შეუძლებელი იქნება რადიკალური ეკონომიკური რეფორმების განხორციელება.

მმართველობის ადგილობრივი ორგანოების ხელმძღვანელებმა უნდა ჩაატარონ მოსახლეობაში ფართო ახსნა-განმარტებითი მუშაობა. მოქალაქეებს გააცნონ მმართველობის მუშაობა. მოქალაქეებს გააცნონ მმართველობის ორგანოების უფლება-მოვალეობები, მმართველობის სისტემაში, გატარებული რეფორმის არსი და მნიშვნელობა. რეგიონების მართვის სამსახურმა სახელმწიფო რწმუნებულთან და შესაბამის სამინისტროებთან ერად უნდა მოაწყონ რეგიონული თათბირ-სემინარები, მმართველობის ადგილობრივი ორგანოების ხელმძღვანელებს ჩაუტარონ ინსტრუქტაჟი, განუმარტონ დებულების მუხლები, გაუწიონ დახმარება წამოჭრილი პრობლემების გადაწყვეტაში. მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა ფართოდ გააშუქონ რეფორმის მიმდინარეობის პროცესი.

მმართველობის სისტემის რეფორმამ უნდა იმოქმედოს თითოეული მოქალაქის ინტერესების სასარგებლოდ, გააღრმაოს კავშირი მოსახლეობასა და მმართველობის ორგანოებს შორის, აღმოფხვრას ბიუროკრატიზმი, შექმნას კონსტიტუციით დეკლარირებული მოქალაქეთა უფლებების დაცვის რეალური გარანტიები.

სახელმწიფო მმართველობის ადგილობრივი ორგანოები წარმოადგენენ სახელმწიფოს საძირკველს, რომელსაც ეფუძნება ქვეყნის მომავალი. მმართველობის სისტემაში მიმდინარე რეფორმა არის გადამწყვეტი ეტაპის დასაწყისი დამოუკიდებელი ძლიერი საქართველოს მშენებლობის გზაზე. მმრთველობის ადგილობრივი ორგანოს თითოეულმა ხელმძღვანელმა, თითოეულმა თანამშრომელმა და მოქალაქემ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს ამ საქმეში. სახელმწიფოს შენება არის შეუქცევადი პროცესი, რომელსაც ალტერნატივა არ გააჩნია. ეს ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის კანონზომიერი შედეგია. საქართველო გახდა კონსტიტუციური სახელმწიფო. საქართველოს მოქალაქეებმა გააკეთეს არჩევანი, გადადგეს ნაბიჯი, დემოკრატიული საზოგადოებრივი წეს-წყობილების, ეკონომიკური თავისუფლებისა და სამართლებრივი სახელმწიფოს დასამკვიდრებლად. კონსტიტუციის სიტყვები, რომ „საქართველოს მოქალაქენი საყოველთაოდ აცხადებენ...“ არ არის ლიტონი ფრაზა, ეს არის უარყოფა ყველა იმ ძალებისა, რომლებიც ქვეყანას ქაოსისკენ მიაქანებდნენ, ეს არჩევანია თავისუფალი პიროვნებებისა, რომლებსაც ესმით სახელმწიფოს შენების აუცილებლობა. ბოლო სამი წლის მანძილზე ქვეყანამ მრავალი უბედურება გადაიტანა. 29 აგვისტოს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა იყო უკანასკნელი სერიოზული გაბრძოლება იმ ძალებისა, რომელთაც უნდოდათ ბედის ჩარხის უკუღმა დატრიალება. დღეს შეიძლება ითქვას: „რუბიკონი გადალახულია“ - ქვეყანა გადარჩა, დაადგა შენების გზას. ამიტომაც სწორედ ამ ეტაპზე იქნა შემოღებული ეროვნული ვალუტა. ეს შემთხვევითი არ არის. ქვეყანაში შეიქმნა პირობები აღმშენებლობისათვის. სულ რაღაც ერთ თვეში საქართველოში ჩატარდება არჩევნები, მაგრამ მიუხედავად არჩევნების შედეგებისა, მიუხედავად იმისა, თუ რომელ პარტიას რამდენი დეპუტატი ეყოლება პარლამენტში, ცხადია - საქართველო დაადგა იმ გზას, რომელიც არა მარტო ტერიტორიულად გაამთლიანებს და ეკონომიკურად ააღორძინებს მას, არამედ დაუბრუნებს ქვეყანას დაკარგულ დიდებას და დაუმკვიდრებს ღირსეულ ადგილს სხვა ერთა შორის.

ედუარდ შევარდნაძე.
1995 წლის 11 ოქტომბერი.

სახელმწიფო მმართველობის ადგილობრივი ორგანოები სახელმწიფოს საძირკველია // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 13 ოქტომბერი. - 141(2057). - 1 გვ.

85 დავაჩქაროთ „ომის ვეტერანთა შესახებ“ და „სამხედრო პენსიების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონების მიღება

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პარლამენტის სპიკერატს, პარლამენტის წევრებს

საჭიროდ მიმაჩნია მოგმართოთ პარლამენტარებს დასმული საკითხის უკიდურესი აქტუალობისა და მნიშვნელობის გამო.

საქართველოს პარლამენტს და პირადად მე არაერთხელ მოგვმართეს ვეტერანთა ორგანიზაციებმა დაჟინებული თხოვნით, დავაჩქაროთ „ომის ვეტერანთა შესახებ“ და „სამხედრო პენსიების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის მიღება. როგორც ცნობილია, ამ კანონების პროექტები ჩვენს მიერ განხილულია ორი წაკითხვით, მაგრამ მიღებული არ არის.

უნდა ვაღიაროთ, რომ რაც უნდა სერიოზული პრობლემებით ვიყოთ დაკავებული, ეს არ ამართლებს ჩვენს უყურადღებობას ამ საკითხისადმი. საქმე ხომ ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს ეხება, მით უმეტეს, რომ სხვადასხვა მიზეზთა გამო, ბევრი ვეტერანი ისე წავიდა ამ ცხოვრებიდან, რომ ჩვენგან მინიმალური ყურადღება არ უგრძვნიათ. ეს ლახავს ჩვენი სახელმწიფოს ავტორიტეტს.

ვეტერანებთან დაკავშირებით ასეთი დაუშვებელი სოციალურ-სამართლებრივი ვაკუუმის პრეცენდენტი ყოფილი საბჭოთა კავშირის არც ერთ სახელმწიფოში არ ყოფილა.

ვფიქრობ, კოლეგები დამეთანხმებიან, რომ ზემოხსენებული კანონების დაუყოვნებლივ მიღება პარლამენტის უახლოეს სხდომაზე ჩვენი პარლამენტის პირდაპირი მოვალეობაა, თითოეული ჩვენგანისათვის კი - სინდისითა და ღირსებით ნაკარნახევი ვალი.

ედუარდ შევარდნაძე.

დავაჩქაროთ „ომის ვეტერანთა შესახებ“ და „სამხედრო პენსიების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონების მიღება // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 17 ოქტომბერი. - 143(2059). - 1 გვ.

86 „მთავარი ის გახლავთ, რომ უკვე შევუდექით მშენებლობას, დავადექით სულიერი განწმენდისა და გაჯანსაღების გზას, რაც ჩვენი საბოლოო გამთლიანებისა და გაძლიერების გარანტიაა“

▲ზევით დაბრუნება


ედუარდ შევარდნაძის 16 ოქტომბრის რადიოინტერვიუ

- დღევანდელ ინტერვიუს კვლავ ეკონომიკური თემით ვიწყებთ. ლარი, შეიძლება ითქვას, ერთადერთ საგადამხდელო საშუალებად დამკვიდრდა, თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ ლარის შემოსვლასთან ერთად, ფასებიც საკმაოდ გაიზარდა... გასული კვირის უმნიშვნელოვანესი მოვლენა - აზერბაიჯანის პირველადი ნავთობი გაივლის როგორც რუსეთის, ასევე საქართველოს ტერიტორიაზე, ზოგიერთი პესიმისტური პროგნოზის მიუხედავად, ასეთი გადაწყვეტილება მაინც მიღებულია. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ერთდროულად ეს ორი მარშუტი - რუსეთი და საქართველო - თქვენეული ვარიანტია. ძალიან საინტერესო იყო აგრეთვე, რუსეთის რადიოთი გადაცემული ერთი ინფორმაცია, კერძოდ, კონსტანტინე ზატულინის განცხადება იმის თაობაზე, რომ იგორ გიორგაძე არ გადაეცემა საქართველოს, რადგან ედუარდ შევარდნაძემ მოატყუაო რუსეთი ნავთობსადენთან დაკავშირებით. „ეს გადაწდა ბაქოში და, შესაძლოა, უფრო შორსაც - ვაშინგტონში. კლინტონმა პირადად შესთავაზა ნავთობსადენის ასეთი მარშრუტი. იგი (იგულისხმება კლინტონი) ამჟამად საბჭოთა გეოგრაფიის სპეციალისტია. იმის გამო, რომ ეს ნავთობსადენი გაივლის საქართველოზე, რუსეთის ძალისხმევის საწინააღმდეგოდ, ვფიქრობ, გიორგაძეს ამჟამად მოსკოვში ვერ მოძებნიანო“, - აცხადებს ზატულინი. პრინციპში, ამ გამონათქვამით, ფაქტობრივად, იგი ადასტურებს გიორგაძის მიმართ წაყენებულ ბრალდებას და მის „კონტაქტებს“ რუსეთის გარკვეულ ძალებთან... ჟურნალისტ ნატო ონიანის ამ შეკითხვის პასუხად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ - სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ თავის ტრადიციულ რადიოინტერვიუში განაცხადა:

- გასული კვირის მოვლენებიდან ეკონომიკის სფეროში, მე მაინც განსაკუთრებულ ყურადღებას მივაპყრობდი 9 ოქტომბერს ქალაქ ბაქოში მიღებულ გადაწყვეტილებას კასპიის ზღვის - აზერბაიჯანის სექტორში სამი საბადოს ერთობლივი დამუშავების შესახებ. როგორც მოგეხსენებათ, ამას „საუკუნის პროექტს“ უწოდებენ. ამ დოკუმენტით უკვე საბოლოოდ დადგინდა აზერბაიჯანული ნავთობის ტრანსპორტირების მარშუტები. აზერბაიჯანის ადრეული ნავთობი მსოფლიო ბაზარზე რუსეთისა და საქართველოს მარშუტებით გავა, ასე რომ, აქ არავითარი დაპირისპირება არ არსებობს - ორივე მარშუტი თანასწორ პირობებში იმუშავებს. ამ გადაწყვეტილებას ჩვენთვის, საქართველოსთვის, მთელი ჩვენი მოსახლეობისათვის საარსებო მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით შემდგომი პერსპექტივების გათვალისწინებით. იგი რამდენიმე ხნით ადრე, ლონდონში მიიღო „საუკუნის კონტრაქტის“ წევრმა დასავლეთის 12 ნავთობკომპანიამ. მაგრამ საბოლოო ვერდიქტი ბაქოში უნდა გამოეტანათ. და აი, საკითხი საბოლოოდ გადაწყვეტილია - საქართველო ნავთობის სატრანზიტო ქვეყანა ხდება. ეს კი, ეკონომიკური და მატერიალური ფაქტორების პარალელურად, საქართველოს როგორც სტაბილური და საიმედო პარტნიორის დიდი აღიარებაა. ბედნიერი ვარ, რომ შედეგიანი გამოდგა ამ ბოლო წლინახევრის - თითქმის ორი წლის განმავლობაში ჩემი მრავალი შეხვედრა და აქტიური დიალოგი აზერბაიჯანის, ამერიკის შეერთებული შტატების, თურქეთის, რუსეთის, დიდი ბრიტანეთის სახელმწიფოთა ლიდერებთან და სხვა ქვეყნების ხელმძღვანელებთან. ეს მუშაობა მიმდინარეობდა ღიად და კონფიდენციალურადაც, არაერთი შეხვედრა გვქონდა მე და ჩემს კოლეგებს კონსორციუმის წარმომადგენლებთან, მის ბევრ კომპანიასთან (კონსორციუმის დამაარსებელი 12 უზარმაზარი კომპანია). ყველას დიდ მადლობას მოვახსენებ საქართველოს ვარიანტის მხარდაჭერისათვის. ეს მართლად ისტორიული საქმე გახლავთ. დღეს ამის სიკეთეს ვერ შევიგრძნობთ, მაგრამ 2-3 წელიწადში საქართველო დაინახავს, თუ რას ნიშნავს მისთვის ეს: სამუშაო ადგილებს, უზარმაზარ ინფრასტრუქტურას, რომელიც ერთვის ამ ნავთობსადენს, უცხოური ინვესტიციების მოზიდვას, ტურიზმის განვითარებას, გზების კეთილმოწყობას, რკინიგზის ტრანსპორტის აღდგენას და სხვა მრავალს. საქართველო ძალიან საჭირო გახდება ბევრი ქვეყნისათვის.

ახლა უკვე ხორცს ისხამს ჩვენი ის იდეა, რომელთან დაკავშირებითაც, ჯერ კიდევ 1993 წლის დასაწყისში ევროთათბირს (ახლა ევროკავშირის) სპეციალურ სხდომაზე შევიტანეთ საკითხი იმის თაობაზე, რომ კავკასია, საქართველო გამხდარიყო ევრაზიის დერეფნის ერთი შემადგენელი ნაწილი. გავიდა საკმაოდ დიდი დრო. ეს იყო თავდადებული, თავაუღებელი შრომის წლები, მუდმივი, არცთუ იოლი დიალოგის წლები, და მართლაც, ბედნიერი ვარ, რომ შედეგს უკვე მივაღწიეთ. ეს საქართველოსათვის კიდევ ერთი გრანდიოზული მხარდაჭერა და აღიარებაა 29 აგვისტოს შემდეგ.

რაც შეეხება ფულის რეფორმის მიმდინარეობას, იგი გასული კვირის, და მარტო მისი, ეკონომიკური ცხოვრებისა და საქმიანობის უმთავრესი საკითხი და საზრუნავი იყო. უნდა ითქვას, რომ რეფორმა საკმაოდ დადებითი ტენდენციებით ხასიათდება. სიმართლე გითხრათ, ჩვენ უფრო მეტ სირთულესა და წინააღმდეგობას ველოდით, და ამისათვისაც მზად ვიყავით.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ახალქალაქისა და ნინოწმინდის რაიონებში ვითარება გამოსწორდა, იყო გარკვეული სირთულეები. ახლა რაიონების ხელმძღვანელობამ და მოსახლეობამ ძალიან დიდი ძალისხმევა გამოიჩინეს იმისათვის, რომ პირველი ნაკლოვანებანი დაეძლიათ ლარი თითქმის დამკვიდრდა (თუმცა, ჯერ კიდევ არის უმნიშვნელო ნაკლოვანებანი) როგორც ერთადერთი საგადამხდელო საშუალება. ოპონენტებიც მიჩუმდნენ. ზოგიერთი საკითხი ჯერ ისევ გადასაწყვეტია ახალქალაქის რაიონში, განსაკუთრებით იქ რუსეთის სამხედრო ნაწილებთან ურთიერთობის გამო. ჩვენ ამ საკითხებზე მოლაპარაკებას ვაწარმოებთ და, ვფიქრობთ, რომ ამ დღეებში იგი გადაწყდება. უნდა უზრუნველყოთ საქართველოს სხვა რეგიონებთან სამცხე-ჯავახეთის დამაკავშირებელ ტრასებზე საქონლის შეუფერხებელი ტრანსპორტირება. ამ რეგიონის მოსახლეობას რეალურად უნდა ჰქონდეს რუსული მანეთის ლარზე გადაცვლის შესაძლებლობა.

გუშინ რუსთავში ვთქვი, რომ უნდა მოვიფიქროთ და შევქმნათ სააქციო საზოგადოების ან კონსორციუმის მსგავსი რამ, რათა ყოველმიზეზგარეშე აღვადგინოთ მარაბდა-ახალქალაქის რკინიგზა. ამ რეგიონს საკმაოდ დიდი რაოდენობის პროდუქტი აქვს, რომლის შემოტანა შეიძლება თბილისის ბაზრებში. თავის მხრივ, ამ რეგიონის მოსახლეობას აინტერესებს შეიძინოს სათანადო პროდუქცია, საწვავი და სხვა თბილისის ბაზარზე. ლაპარაკია იმაზეც, რომ აქ დიდი რაოდენობით არის საშენი მასალა და სხვა სიმდიდე, რომლის გატანა და გაცვლა დედაქალაქსა და სხვა რეგიონებში დიდ სიკეთეს უქადის ყველას.

თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე 13 ოქტომბერს გამართულ ვაჭრობაზე კომერციული ბანკების მხრივ მოწოდებამ 864 ათასი დოლარი შეადგინა, მაშინ როცა მოთხოვნა მხოლოდ 47 ათასი დოლარი იყო. ეროვნულმა ბანკმა შეიძინა 917 ათასი დოლარი შემდეგი კურსით: 1 დოლარი - 1,28 ლარი. შესაბამისად გაიზარდა ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვებიც - თითქმის მილიონ-ნახევრით. გასულ კვირაში გრძელდებოდა კომერციული ბანკების მიერ უცხოური ვალუტის ლარზე გაყიდვის დადებითი ტენდენციაც.

ძალიან დიდ მუშაობას ეწევა ახლადშექმნილი შტაბი, რომელსაც ბატონი თემურ ბასილია ხელმძღვანელობს. შტაბი მუშაობს ყველა რეგიონთან და რაიონთან. შტაბში შედიან შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებების წარმომადგენლები.როგორც ვიცი, მათ დღესაც სელექტორული თათბირი აქვთ. ბუნებრივია, ყურადღება გამახვილდება გადასაწყვეტ საკითხებზე.

ფულის რეფორმის პირველი დღეებისათვის დამახასიათებელი ფასების მერყეობა სამომხმარებლო ბაზარზე, ძირითადად ზოგიერთი პროდუქტისა და მომსახურების გაძვირება, ახლა თანდათანობით სტაბილურდება და ფასების რეფორმამდელ დონეს უახლოვდება. ეს პროცესი დაიწყო. სტაბილური გახდა, მაგალითად, კარტოფილის, კვერცხის, ვაშლის, ყველის, მარგარინისა და სხვა პროდუქციის ფასები. ჩვენი მონაცემებით, უნდა გაიაფდეს ხორცი და ზოგიერთი სხვა აუცილებელი პროდუქტი. მხედველობაში მაქვს, რა თქმა უნდა, ბაზრები. ყველაფერი უნდა ვიღონოთ პროდუქტების შეუფერხებელი შემოტანისათვის და ბაზრები მოკალათებული მაფიოზების ასალაგმად, რადგან ისინი ხელოვნურად „არეგულირებენ“ ფასებს, ცდილობენ მაღალ დონეზე შეინარჩუნონ ფასები და არ შეუშვან ბაზრებში ზედმეტი პროდუქტი. სწორედ ამას უნდა მიაპყროს განსაკუთრებული ყურადღება შტაბმა, ამ მხრივ სერიოზულ ღონისძიებებს გეგმავენ ქალაქ თბილისის მერია და შინაგან საქმეთა სამინისტრო, დარწმუნებული ვარ, რომ, როგორც ყოველთვის, მერიაც და შინაგან საქმეთა სამინისტროც თავს გაართმევს ამ ამოცანას.

ის გარკვეული ზარალი, რომელიც მოსახლეობამ რეფორმის პერიოდში განიცადა ფასების მერყეობის გამო, შეპირებისამებრ, ანაზღაურდება პირველი ნოემბრიდან ხელფასის, პენსიის, დახმარების 50-60 პროცენტით გაზრდის შედეგად. მე ვგულისხმობდი და ვვარაუდობდი (პროგნოზიც ასეთი იყო), რომ იქნებოდა ფასების გარკვეული მერყეობა და მოსახლეობაც გარკვეულწილად დაზარალდებოდა. სწორედ ამ მიზნით, მივიღე გადაწყვეტილება ხელფასის გაზრდის შესახებ. ეს შეეხება, უწინარესად, საბიუჯეტო ორგანიზაციებს, რადგანაც მათ სახელმწიფო აფინანსებს, მაგრამ პარალელურად უნდა შეეხოს ყველას, ვინც, თუნდაც კერძო ფირმებსა და იმ სახელმწიფო ორგანიზაციებში მუშაობს, რომლებიც სამურნეო ანგარიშზე არიან, რა თქმა უნდა, ეს უწინარესად შეეხება პენსიონერებს, ლტოლვილებსა და სოციალურად დაუცველ ადამიანებს. შემდეგ ხელფასები გაიზრდება იმისდა მიხედვით, თუ როგორ ვიმუშავებთ და რა რაოდენობის პროდუქცია შეიქმნება ქვეყანაში.

ორიოდ სიტყვა მინდა ვთქვა ზამთრის სეზონთან დაკავშირებით. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება რესპუბლიკის ენერგეტიკული კომპლექსის გამართულ და შეუფერხებელ მუშაობას. უნდა გითხრათ, რომ საქენერგოში ბატონ დავით ზუბიტაშვილის მოსვლისა და იქ ზოგიერთი საკადრო ცვლილებების შედეგად, საკმაოდ საინტერესო ტენდენცია გამოიკვეთა. სწორედ ამ მიზნით განხორციელებას შეუწყობს ხელს საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის ახლახან მიღებული ბრძანებულებები საქართველოს რესპუბლიკის ენერგეტიკული კომპლექსის ბუნებრივი აირით უზრუნველყოფის გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ (ამისათვის იქმნება სპეციალური სააქციო ორგანიზაცია), საქენერგოს დეპარტამენტის სისტემაში მძიმე ფინანსური მდგომარეობის დაძლევის საგანგებო ღონისძიებების (ეს მართლაც საგანგებო ღონისძიებებია) და რესპუბლიკის ელექტროენერგეტიკული სექტორის რესტრუქტურიზაციის ორგანიზაციული უზრუნველყოფის შესახებ (ესეც მნიშვნელოვანი ბრძანებულებაა). მოვითხოვ, ყველამ მიაქციოს შესაბამისი ყურადღება ამ დოკუმენტებს. აღნიშნული ბრძანებულებებით გათვალისწინებულია ბუნებრივი აირის კომერციულ საწყისებზე შეძენისა და რესპუბლიკის მომხმარებლებისათვის სტაბილური მიწოდების საკითხის მოგვარება, ენერგეტიკაში გადაუხდელობის გამო არსებული კრიზისის შემდგომი გაგრძელების მოსალოდნელი კატასტროფული შედეგების თავიდან აცილება, მიმდინარე ეკონომიკური რეფორმების კონტექსტით ენერგეტიკისა და ელექტროფიკაციის დარგში ოპტიმალური სტრუქტურის ჩამოყალიბებისა და უზრუნველყოფის სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებების განხორციელება. რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტმა, სამინისტროებმა და უწყებებმა ყველაფერი უნდა იღონონ, ბრძანებულებით გათვალისწინებულ ამ ღონისძიებათა უთუოდ შესრულებისათვის.

ამით ამოვწურავდი ეკონომიკურ თემაზე მსჯელობას.

რაც შეეხება ბატონ ზატულინის გამოსვლას (სიმართლე გითხრათ, მე მაინცდამაინც დიდ ყურადღებას არ ვაქცევდი), ცნობილია მისი ალიანსი აფხაზეთის დამნაშავე, კაციჭამია და კაცისმკვლელ სეპარატისტებთან. ბატონ ზატულინის განცხადება, გუშინ დეტალურად გავაანალიზე ქალაქ რუსთავის მოსახლეობასთან შეხვედრისას. თქვენ შეკითხვაზე კი გიპასუხებთ: ვერ გამიგია, და, ალბათ, ვერც გავიგებ, რა ინტერესი უნდა ჰქონდეს რუსეთს, რომ შეიფაროს ტერორისტი გიორგაძე და მასთან ერთად კიდევ ერთი ან ორი მისი თანამზრახველი - ტერორისტული აქტის მონაწილენი. ალბათ, ყველაფერი, რაც ხდება ამ ფაქტთან დაკავშირებით (მე ასე მინდა ვიფიქრო), ვერ აღწევს რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებამდე. ღმერთმა ქნას, რომ ასე იყოს.

- გასულ კვირას შინაგან საქმეთა ორგანოებმა, კერძოდ, ორგანიზებული დამნაშავეობის წინააღმდეგ მებრძოლმა დეპარტამენტმა და ბორჯომის პოლიციამ თბილისში ჩამოიყვანეს ეგრეთ წოდებული „ცოცხალი ბომბი“, „ადამიანი ბომბი“, როგორც მას უწოდებენ, - პავლე ბუცხრიკიძე. გასულ კვირას გამოქვეყნდა ინფორმაცია რკინიგზის დეპარტამენტში მომხდარი უაღრესად მძიმე დარღვევების შესახებ. ითქვა ისიც, რომ დაკავებულია დეპარტამენტის ხელმძღვანელი...

- 29 აგვისტოს რამდენჯერმე იყო დაგეგმილი, იყო სხვა მცდელობებიც, ალბათ, თავის დროზე ესეც ცნობილი გახდება. მე ასე ვიტყოდი, რომ მიმდინარეობდა აშკარა ნადირობა სახელმწიფოს მეთაურზე. ჩემი ცხოვრების ეს სამი წელი, როგორც იტყვიან, ალესილი სამართებლის პირზე სიარულს ჰგავს. და მაინც ვერაფერი ვერ შეაფერხებს ჩემს მზადყოფნას, ვიბრძოლო თუნდაც, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ერთიანი და დემოკრატიული, გამთლიანებული და აყვავებული საქართველოსათვის. ამას იმ ავისმზრახველთა საყურადღებოდ ვამბობ, ვინც ახლა ჩირგვებშია შემალული საქართველოს თუ უცხო ქვეყნის ჭერქვეშ. მათ უნდა იცოდნენ, რომ დღეს სხვა დროა, სხვა ეპოქა, ბოლოს და ბოლოს, სიკეთე გაიმარჯვებს ბოროტებაზე. ამაზე ეჭვი არ უნდა გვეპარებოდეს, ბოროტება აუცილებლად დაისჯება, ბოროტნი მხილებულნი იქნებიან და ხალხი ყველას თავისას მიუზღავს. ასეთია მაღალი ღმერთის ნება და საქართველოს მოქალაქეთა მკაცრი განაჩენიც.

რაც შეეხება რკინიგზის დეპარტამენტსა და მის თავმჯდომარეს რემი ვაშაკიძის (გუშინ ამ საკითხზე ვილაპარაკე რუსთავში), ჩვენ, მხედველობაში მაქვს შინაგან საქმეთა სამინისტრო, გენერალური პროკურორი და პროკურატურა, მომაკვდინებელი დარტყმები მივაყენოთ ტერორიზმს, რეკეტს, მკვლელებს. უნდა გითხრათ, რომ ამ საქმიანობაში სერიოზულ როლს ასრულებენ კონტროლის პალატა და საგადასახადო ინსპექცია, ადგილობრივი მმართველობები, რწმუნებულები, გამგებლები, მერები და სხვები. ახლა ჯერი კორუფციაზე მიდგა. კორუმპირებული სახელმწიფო მოხელენი რეკეტიორობაზე უფრო საშიში არიან, რადგანაც ისინი თავიანთ ბნელ ზრახვებს სახელმწიფოს სახელით და სახელმწიფოს ინსტიტუტების მეშვეობით ახორციელებენ. რემი ვაშაკიძემ საქართველოს ათიათასობით სახელოვან რკინიგზელს მძიმე ჭრილობა მიაყენა (რკინიგზაზე 60 ათასი კაცი მუშაობს), ჩირქი მოსცხო მათს ჭეშმარიტად გმირულ და თავგანწირულ შრომას. ამ შრომის ნაყოფს ითვისებდნენ და ფლანგავდნენ იგი და მისი თანამზრახველნი. მისი სამი მოადგილე - წამყვანი სამსახურების ხელმძღვანელები განთავისუფლებულნი არიან. მან ნამდვილად დამაბრკოლებელი ბარიერი აღმართა ქართული ბიზნესისა და მეწარმეობის განვითარების გზაზე. მის მიერ შექმნილი სისტემა პირდაპირ სისხლს სწოვდა ბიზნესმენებს, მეწარმეებსა და მოქალაქეებს. ჩემთან საუბრისას მას არაერთხელ განუცხადებია, რომ ერთი სპეტაკი და ღარიბი კაცია, რომ ხუთ წელზე მეტია თბილისში ვაგონში ცხოვრობს, სამტრედიაში კი მამაპაპისეული სახლ-კარის გარდა არაფერი გააჩნია. იგი ახლა დაპატიმრებულია და პასუხისგებაშია მიცემული. როგორც გამოირკვა, თბილისში მას სამი სახლი ჰქონია, მათ შორის ერთი, სამსართულიანი ანტიკვარებით სავსე. მეოთხეც - მშენებარე. მის სამუშაო ოთახში 40 ათასი დოლარი, 3 მილიონი რუსული მანეთი და მრავალი ძვირფასეულობა - ოქროულობა, ბრლიანტისთვლიანი ბეჭდები და მრავალი სხვა აღმოაჩინეს. ესეც თქვენი რემი ვაშაკიძე - საწყალი და ღარიბი კაცი, ქვეყნისათვის თავდადებული მებრძოლი.

ამრიგად, მტკიცედ და გადაჭრით ვამბობ, ჩვენი ხალხის მხარდაჭერით დაიწყო შეტევა კორუფციის, კორუმპირებული ელემენტების, კლანების წინააღმდეგ. ამ მძიმე სენისაგანაც უნდა განიკურნოს ქვეყანა, თუ გვინდა იზეიმოს დემოკრატიამ, განვითარდეს ბიზნესი, სოციალურად ორიენტირებული საბაზრო ეკონომიკა და ამაღლდეს მოქალაქეთა კეთილდღეობის დონე.

- ამ დღეებში თქვენ მონაწილეობდით მცხეთასა და რუსთავში გამართულ დღესასწაულებში. საინტერესოა, როგორ ართმევენ თავს თავიანთ მოვალეობას მეთაურის რწმუნებულები. ალბათ, იყო რაღაც, რაც განასხვავებდა თქვენს ადრინდელ ჩასვლას ამ ქალაქებში...

- უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებ იმას, რაც მცხეთაში ვიხილე და, რაც ქვეყნის გამოცოცხლების დამადასტურებელია. აქ მართლაც მცხეთა-მთიანეთის მთელი მოსახლეობა ჩამოვიდა სვეტიცხოვლობაზე, ჩამოვიდა მთელი კოლორიტით, ხორაგითა და შემოქმედებით.

გუშინდელი დღე რუსთავში ასევე დაუვიწყარია. სულ რამდენიმე თვეში ქალაქი განთავისუფლდა ყაჩაღთა და შეიარაღებულ ბანდიტთა ბორკილებისაგან, ყველამ შვებით ამოისუნთქა. რამდენი რამ ააშენეს და შექმნეს ამ რამდენიმე თვეში რუსთავის მოქალაქეებს განახლებული და კეთილმოწყობილი უზარმაზარი პარკი დაუბრუნეს, გახსნეს ახალი საწარმოები, აამოქმედეს ძველი სიმძლავრეები. აქვე გუშინ გამოცხადდა, რომ დაფუძნდება საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი. ძალიან კმაყოფილი დავრჩი ყველა რაიონის წარმომადგენელთა შეხვედრით, რომელშიც აქტიურად მონაწილეობდნენ აზერბაიჯანელი მოსახლეობის წარმოგზავნილნი და ისინი, ვინც მხარისა და რაიონების ადმინისტრაციებში მუშაობენ. ასევე მონაწილეობდნენ ისინი რუსთავის ზეიმში, მონაწილეობდნენ ყველანი, ვინც აქ ცხოვრობს - სომხები, ბერძნები, რუსები.

ჩვენი ინტერვიუს დაწყებამდე მელაპარაკა ბატონი ბაკურ გულუა, რომელიც სხვა მოღვაწეებთან ერთად ესწრებოდა „შოთაობას“ მცხეთაში. დიდი შესვენების შემდეგ განახლდა ეს დღესასწაული. აქ ადგილობრივი მოსახლეობისა და საქართველოს ინტელიგენციის ნაღები შეიკრიბა. მე მათ მადლობას მოვახსენებ, ღირსეულად წარმოჩნდნენ ახალქალაქის, ნინოწმინდის, სომხეთის მეზობელი რაიონების წარმომადგენლები.

არ შემიძლია კანონზომიერი სიამოვნებით არ აღვნიშნო რწმუნებულების, გამგებლების, ადგილობრივი ლიდერების შესანიშნავი სტარტი, ისინი, როგორც იტყვიან, ფორმაში არიან. ვულოცავ მათ პირველ წარმატებებს. ამას დაუმატეთ ისიც, რაც აჭარაში ვიხილეთ და ამ ბოლო ხანს ვხედავთ - მასშტაბური მშენებლობანი, ქართული კულტურის ნამდვილი აღზევება. ქუთაისის მართლაც დაუვიწყარი დღეები და საერთოდ, ქუთაისის, ამ მხარის ხელმძღვანელობის შემოქმედებითი და ინიციატივიანი საქმიანობა ისევე, როგორც აჭარის ხელმძღვანელობისა, გაიხსენეთ, როგორ გამოიხედა თვალში სამეგრელომ, რომელმაც ათასი უბედურება გადაიტანა ამ წლებში, როგორი ერთსულოვანია სამეგრელო, როგორ მხარში უდგას ზემო სვანეთი, რათა მიაღწიონ საკუთარი კუთხისა და სრულიად საქართველოს აყვავებას. მოგეხსენებათ, მე სამეგრელოშიც და მესტიაშიც გახლდით. დაუვიწყარია შესანიშნავი, ბრწინვალე შეხვედრები ონში, ამბროლაურში. ქართველთა და ებრაელთა ძმობის დღესასწაული და მოსახლეობის ის სულისკვეთება, რომ, რაც შეიძლება სწრაფად მოიშუშონ მიწისძვრისა და, ასე ვთქვათ, პოლიტიკური მიწისძვრებით მიყენებული ზარალი.

იმდენს აღარ ვლაპარაკობ თბილისზე, უკვე ლამის მთელმა მსოფლიომ იცის, თუ როგორი ძვრები დაიწყო დედაქალაქში, დაიწყო მისი ნამდვილი აღმავლობა. თბილისი უბრუნდება თავის თავს. მჯერა, რომ მართლაც ნამდვილ თბილისს ვიხილავთ „თბილისობაზე“, რომელიც მთელი საქართველოსათვის ძალიან დიდი მოვლენა იქნება. ხვალ-ზეგ გორელები შეიკრიბებიან. იქაც ვაპირებ მონაწილეობის მიღებას. იქნება საქმიანი შეხვედრებიც და იაკობ გოგებაშვილის დაბადების 150 წლისთავისთვის ზეიმი. ვაპირებ მოვინახულო დიდი კახეთი, ჩვენი კახეთი, რომელიც ახალ ცხოვრებას იწყებს. იმედისმომცემია ბევრი რამ, რაც ახალგაზრდა რწმუნებულმა ბატონმა მიხეილ ჭკუასელმა დაიწყო გურიაში - ესეც იმედითა და რწმენით გვავსებს. ასეა ყველა რაიონსა და რეგიონში. ამას ახლა იმიტომ კი არ მოგახსენებთ, რომ საქართველომ ბედნიერი ცხოვრება დაიწყო, რა თქმა უნდა არა. ჩვენ გვიჭირს, კიდევაც გვშია, მაგრამ მთავარი ის გახლავთ, რომ უკვე შევუდექით მშენებლობას, - დავადექით სულიერი განწმენდისა და გაჯანსაღების გზას, რაც ჩვენი საბოლოო გამთლიანებისა და გაძლიერების გარანტიაა.

„მთავარი ის გახლავთ, რომ უკვე შევუდექით მშენებლობას, დავადექით სულიერი განწმენდისა და გაჯანსაღების გზას, რაც ჩვენი საბოლოო გამთლიანებისა და გაძლიერების გარანტიაა“ / შევარდნაძე ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 17 ოქტომბერი. - 143(2059). - 1,2 გვ.

87 ედუარდ შევარდნაძე: საქართველოში მცხოვრები ყველა ერისა და ეროვნების შვილების მეგობრობა სამაგალითო უნდა იყოს მთელი კავკასიისათვის

▲ზევით დაბრუნება


მოვლილი, მოწესრიგებული, მშვიდი, სტაბილური... ასე გამოიყურება დღეს მარნეული - ქვემო ქართლის ერთ-ერთი დიდი და მნიშვნელოვანი რაიონი. არადა, არცთუ დიდი ხანია მას შემდეგ, რაც ეს მრავალენოვანი რაიონი დაძაბულ და აფეთქებსაშიშ ზონად გვევლინებოდა. მიზეზი მრავალი იყო. - დაწყებული სოციალური და ეკონომიკური სიდუხჭირით და დამთავრებული უმძიმესი კრიმინოგენური ვითარებით. სიტყვის გაგრძელება გუშინდელზე, ალბათ, არ ღირს. მთავარი ის არის, რომ დღეს ეს პრობლემები მნიშვნელოვანწილად დაძლეულია, რაც ყოველ ნაბიჯზე იგრძნობა. ამაზე მეტყველებს გამოცოცხლებული სოფლები, ამოძრავებული ქუჩები, ამოქმედებული საწარმოები და რაც მთავარია, ადამიანის იმედიანი განწყობილება. ეს განწყობილება აშკარა იყო 18 ოქტომბერს რაიონში საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის ედუარდ შევარდნაძის სტუმრობის დღეს.

ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ, რომელსაც გამართულ საქმიან შეხვედრებზე მეგზურობდნენ სახელმწიფოს მეთაურის რწმუნებული ქვემო ქართლის რეგიონში ლევან მამალაძე და მარნეულის რაიონის გამგებელი ბესიკ ობოლაძე, დაათვალიერა რაიონის რამდენიმე მნიშვნელოვანი სამრეწველო და კულტურული ობიექტი. გულთბილი შეხვედრა მოუწყო მას მარნეულნელმა ახალგაზრდებმა მოსწავლეთა ესთეტიკური აღზრდის ცენტრში. ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ დაათვალიერა ცენტრში მოწყობილი ადგილობრივ მხატვართა ნამუშევრების გამოფენა! ბოლო ერთი წლის განმავლობაში რაიონში მიმდინარე პროცესების ამსახველი ფოტოსტენდი.

უაღრესად საინტერესო აღმოჩნდა შეხვედრა მარნეულის საავადმყოფოში, რომელიც მთელი რეგიონის მოსახლეობას ემსახურება. თუმცა, როგორც მედიკოსებმა აღნიშნეს, სისტემაში მიმდინარე რეფორმის პირობებში, გარკვეული სიძნელეები ვერც ამ საკმაოდ გამართულმა ობიექტმა აიცილა თავიდან. საავადმყოფოში, რომელიც თავის დროზე 602 ავადმყოფს ემსახურებოდა, ახლა სულ 80 ავადმყოფი მკურნალობს და ეს ხდება არა იმიტომ, რომ მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობა გუმჯობესდა... ფასიანი მკურნალობა მოსახლეობის დიდი ნაწილისათვის მიუწვდომელია, რამაც რაიონსა და საავადმყოფოს ხელმძღვანელობის წინაშე ახალი პრობლემა წარმოშვა. საავადმყოფოს მთავარი ექიმის თამაზ სანებლიძის თქმით, გადაწყვეტილი აქვთ უფასო მკურნალობის შემოღება განსაკუთრებით გაჭირვებული პაციენტებისათვის.

მარნეულს, ერთი რაიონის კვალობაზე, შეიძლება ითქვას, უზარმაზარი აქვს სამრეწველო პოტენციალი, რომლის მაქსიმალურად ამოქმედება არა მხოლოდ რეგიონის, არამედ მთელი რესპუბლიკისათვისაც ბევრ მნიშვნელოვან პრობლემას გადაწყვეტს. ამაზე მეტყველებს თუნდაც ის ფაქტი, რომ მარნეულის წისქვილ-კომბინატი, რომელიც ერთი წლის წინათ მხოლოდ 4 რაიონს ემსახურებოდა, ახლა დღე-ღამეში 500 ტონის სიმძლავრით მუშაობს და მთელ რეგიონსა და კიდევ რამდენიმე სხვა რაიონს ამარაგებს თავისი პროდუქციით. კომბინატთან არსებობს საწარმოო ფირმა „ელევატორი“, რომელიც 12 სახის პროდუქციას უშვებს. ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა, რომლის გადაწყვეტასაც ცდილობენ ახლა საწარმოს ხელმძღვანელები, ადგილობრივი მოსახლეობის დაინტერესებაა, რათა სწორედ ისინი გახდნენ ნედლეულის მიმწოდებლები. ამავე პრობლემის წინაშე დგას მარნეულის კვების მრეწველობის კომბინატიც, რომელიც დღეისათვის მხოლოდ 25 პროცენტის დატვირთვით მუშაობს. ამასთან, კომბინატს აქვს პროდუქციის გასაღების ბაზრის საკითხიც. არის კიდევ სხვა პრობლემებიც, რომელთა გამო, ეს საკმაოდ კარგი ტრადიციების საწარმო სათანადო დონეზე ვერ დგას.

სამრეწველო ობიექტების გაცნობის შემდეგ ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ ყვავილებით შეამკო შოთა რუსთაველისა და ნიზამი განჯელის ძეგლები, რის შემდეგაც შეხვდა რაიონის მოსახლეობას, რომელიც მარნეულის ცენტრში, აზერბაიჯანელი ხალხის გამოჩენილი შვილის ნარიმან ნარიმანოვის ძეგლთან შეკრებილი ელოდა სახელმწიფოს მეთაურს ადგილობრივმა უხუცესებმა და სასულიერო და საერო ავტორიტეტებმა სასურველი სტუმრის პატივსაცემად განსაკუთრებული რიტუალები შეასრულეს და მთელი აზერბაიჯანელი მოსახლეობის სახელით თანადგომა და მხარდაჭერა გამოუცხადეს მას.

ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ სიმბოლური უწოდა იმ ფაქტს, რომ ეს შეხვედრა სწორედ ნარიმან ნარიმანოვის ძეგლთან გაიმართა. - არ შეიძლება ჩვენს ორ მოძმე ხალხს დაავიწყდეს ის ადამიანები, რომლებმაც გამოჭედეს ჩვენი ძმობა და სამუდამო მეგობრობა, - თქვა მან, - მადლობა ყველას, რომ ამ ნგრევის წლებში თქვენ ეს ძეგლი შეინარჩუნეთ.

სახელმწიფოს მეთაურმა შეახსენა მარნეულელ აზერბაიჯანელებს, რომ ისინი არიან საქართველოს მოქალაქეები, რომელთა უფლებები და თავისუფლებები დააკანონა და განამტკიცა საქართველოს კონსტიტუციამ.

- დარწმუნებული ვარ, - აღნიშნა შემდეგ სახელმწიფოს მეთაურმა, - რომ ისევე, როგორც დღემდე, მომავალშიც მთელ ამ მხარეში ძმურად და მეგობრულად იცხოვრებენ ქართველები, აზერბაიჯანელები, სომხები, ბერძნები, რუსები, ყველა ერისა და ეროვნების შვილები, რომ ჩვენი მეგობრობა მაგალითი იქნება მთელი კავკასიისათვის, განსაკუთრებით ჩვენი რეგიონისათვის.

- საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოს ნამდვილი ძმური ურთიერთობა აქვს აზერბაიჯანის სახელმწიფოსთან და მის მეთაურთან. აზერბაიჯანის ხელმძღვანელობამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ნავთობსადენის ერთ-ერთმა დიდმა შტომ საქართველოზე გაიაროს. მე ვიცი, თქვა ე. შევარდნაძემ, რომ ასე უნდოდათ მარნეულელებს, რომ თქვენ არაერთხელ მიმართეთ თხოვნით აზერბაიჯანის პრეზიდენტს. მადლობა ამისათვის.

სახელმწიფოს მეთაურმა მარნეულელებს მადლობა გადაუხადა იმისათვისაც, რომ ისინი პატივს სცემენ საქართველოს სახელმწიფოს ენას და აღუთქვა, რომ ხელისუფლება თავის თავზე აიღებს ახალგაზრდა თაობებისათვის ქართული ენის სწავლების ორგანიზებას. მან პირობა მისცა შეკრებილთ, რომ საქართველოს ხელისუფლება კვლავაც პატივისცემით მოეპყრობა აზერბაიჯანულ ენას, კულტურასა და ტრადიციებს, რომ გარანტირებული და უზრუნველყოფილი იქნება მათთვის სწავლება მშობლიურ ენაზე, ღია იქნება უმაღლესი სასწავლებლების კარი როგორც თბილისში, ასევე რესპუბლიკის სხვა ქალაქებში. - დავამყაროთ მშვიდობა ჩვენს სახელმწიფოში და ერთად მივაღწიოთ მშვიდობასა და სტაბილურობას მთლიანად ამიერკავკასიაში, - მოუწოდა დასასრულ მარნეულელებს ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ.

იმავე დღეს გაიმართა თათბირი რეგიონის ხელმძღვანელობისა და საზოგადოებრიობის წარმომადგენელთა მონაწილეობით. მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში რაიონში გაწეული მუშაობის შედეგებზე თათბირზე ილაპარაკა რაიონის გამგებელმა ბესიკ ობოლაძემ. როგორც მან განაცხადა, მიღწეულია სტაბილურობა რაიონში, გაუმჯობესდა ეკონომიკური მდგომარეობა, დიდი გადაჭარბებით არის შესრულებული ადგილობრივი ბიუჯეტი. მრავალენოვან რაიონში შექმნილია კონსტრუქციული თანამშრომლობის პირობები ყველა საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ ორგანიზაციასთან, რელიგიურ და საერო ავტორიტეტებთან. თანდათანობით კვლავ პრიორიტეტულ დარგებად იქცა განათლების, კულტურის სფერო. მარნეულით დაინტერესდნენ ბიზნესმენები, ხორციელდება სტრუქტურული ცვლილებები, მიმდინარეობს სამართალდამცავი ორგანოების თვითწმენდის პროცესი და, რაც მთავარია, შეძლებისდაგვარად ამოქმედებულია არსებული ეკონომიკური პოტენციალი, პრაქტიკულად, წარმოების ყველა დარგში იგრძნობა აშკარა გუმჯობესება.

თათბირის შედეგები შეაჯამა სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ. გვიან საღამოს მიუხედავად, თათბირის შემდეგ იგი გაემგზავრა სოფელ შაუმიანში სომეხი ეროვნების მოსახლეობასთან შესახვედრად.

სოფლის შესასვლელში, შინმოუსვლელთა მემორიალთან სახელმწიფოს მეთაურს დახვდნენ რაიონის ერთ-ერთი ძლიერი და წელში გამართული სოფლის მცოვრებლები. მარნეულის რაიონის 14 ათასი სომეხი ეროვნების მოქალაქის სახელით აქაურებმა თანადგომა აღუთქვეს საქართველოს სახელმწიფოს მეთაურს, რომელმაც მადლობა გადაუხადა მათ ამტანობისა და მხარდაჭერისათვის. - ამოვედი თქვენთან, რათა გითხრათ, - განაცხადა ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ, - რომ საქართველოში სახელმწიფოებრივი აღმშენებლობა დაიწყო, რომ ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა კიდევ უფრო განმტკიცდეს მეგობრობა სომეხ და ქართველ ხალხებს შორის, რათა ჩვენმა ქვეყნებმა, ამჯერად უკვე დამოუკიდებლებმა და თავისუფლებმა, კიდევ უფრო ძმურად და მეგობრულად ვიცხოვროთ ამიერკავკასიაში.

შაუმიანის მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ სახელმწიფოს მეთაური თბილისს დაუბრუნდა.

მაია ალუდაური,
საქინფორმის კორ.

ედუარდ შევარდნაძე: საქართველოში მცხოვრები ყველა ერისა და ეროვნების შვილების მეგობრობა სამაგალითო უნდა იყოს მთელი კავკასიისათვის // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 20 ოქტომბერი. - 147 (2063). - 1 გვ.

88 „დღეს საქართველო ერთგულად დაადგა დიდი ქართველების, დიდი იაკობის მიერ მონიშნულ გზას“

▲ზევით დაბრუნება


სიტყვა იაკობ გოგებაშვილზე

იაკობ გოგებაშვილის დაბადების ასორმოცდაათი წლისთავი ხუთი წლის წინ უნდა გვეზეიმა. ჩვენ ვალში ვართ მის წინაშე, მაგრამ მოგვიტევოს მისმა ნათელმა სულმა, რადგან მაშინ, როდესაც ქართველი ქართველის სისხლს ღვრიდა, როცა ყოველ ნაბიჯზე იღვრებოდა ჩვენი დიდი მასწავლებლის ანდერძად დატოვებული მოძღვრება, ამ მოძღვრებაზე აღმატებული სიტყვებით ლაპარაკი ფარისევლობა იქნებოდა.

დღეს საქართველო ერთგულად დაადგა დიდი ქართველების, დიდი იაკობის მიერ მონიშნულ გზას, რისი ნათელი დადასტურებაც ეს ზეიმია.

დიდი მემკვიდრეობა დაუტოვა იაკობ გოგებაშვილმა თავის ქვეყანას, - „დედა-ენა“, ბავშვებისათვის გარდათქმული ბიბლია, „ბუნების კარი, - სამი დიდი სვეტი თავისი მოძღვრებისა - ყმაწვილთათვის ცოდნა, ადამიანთათვის ღვთისკენ სავალი გზა და ბუნებასთან ადამიანის ერთიანობის ხედვა.

ყველა დროისთვის და ყველა ეპოქისთვის უბერებელია მისი საყმაწვილო შეგონებანი.

იყო დრო, როცა ჩვენ ავცდით ღვთის გზას, უარვყავით ღმერთი და დავისაჯეთ კიდევაც.

ახლა ვუბრუნდებით ჭეშმარიტებას, ახლა ვუბრუნდებით ღმერთს, ვინანიებთ ჩვენსა და ჩვენი წინაპრების ცოდვებს და ღმერთიც მოწყალე თვალით იყურება საქართველოსაკენ.

ქართული ოჯახი, ქართული კულტურა, ქართული ფენომენი განუყოფელია იაკობ გოგებაშვილისაგან, ისევე, როგორც გენიალური შოთა რუსთაველისაგან, დიდი ილიასაგან, დავით გურამიშვილისგან.

დღეს მთელი საქართველო აქეთკენ იცქირება, კუთხისკენ, რომელმაც მარტო იაკობ გოგებაშვილი კი არა, სხვა ქართველებიც მისცა ქვეყანას. არცაა გასაკვირი, რადგან ეს კუთხე, ეს მხარე და გორი ისტორიულადაც ერთ-ერთი ცენტრი იყო ქართული სახელმწიფოსი.

გორი ქართლის დედაგული, გორი საქართველოს სიამაყეა, უნიჭიერეს ადამიანთა სიმრავლით თუ ვიმსჯელებთ, ღმერთმა თავისი კალთა სწორედ გორს დააბერტყა. დიდი კაცნი, დიდი მოღვაწენი, ცნობილნი საქართველოში, და მთელ მსოფლიოში, გორის მიწაზე იშვნენ. რადიკალურად განსხვავდება მათი ადგილი საქართველოს და მსოფლიო ისტორიაში, მაგრამ გენიოსი ხომ მაინც გენიოსია, როგორი მსოფლმხედველობითაც არ უნდა იყოს განმსჭვალული.

საქართველო დღეს გაჭირვებული, მაგრამ, დამოუკიდებელი ქვეყანაა, ჩვენ შევუდექით გზას აღმართისკენ, გზას მწვერვალისაკენ, საიდანაც მსოფლიოს ცივილიზაციის ყველა მონაპოვარი, როგორც იტყვიან, ხელის გულივით მოჩანს.

ამ აღმართიან გზას ჩვენი დიდი წინაპრები, მათ შორის, იაკობ გოგებაშვილი გვინათებს ჩვენც და ჩვენს შთამომავლობასაც.

დღეს, ვინც ბოროტებით არ არის დაბრმავებული, ყველა ხედავს, რომ სინათლემ სძლია სიბნელეს, ქვეყანა იწყებს ნორმალურ ცხოვრებას, ბოლო მოეღო ყაჩაღთა და კრიმინალთა, უწიგნურთა და უვიცთა თარეშს, ახლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ სახელმწიფოს ერთი ძალა მართავს, ჩვენ უკვე კონსტიტუციური ქვეყანა გავხდით.

კონსტიტუციის ჩარჩოებში თანაბარუფლებრივი ქართველები და ოსები ახლა XXI საუკუნის მიჯნაზე ვდგავართ. როგორი იქნება იგი საქართველოსთვის? ასეთი, როგორსაც ავაშენებთ ამ ოთხ-ხუთ წელიწადში. ამ საფუძველზე წამოიმართება ქვეყანა XXI საუკუნისა, ბედნიერი და აყვავებული საქართველო, დიდი დავითის, დიდი თამარის და ჩვენი სამშობლო.

მე თქვენ მოგმართავთ ჩემო ძვირფასო პედაგოგებო, ნაშიმშილებო და განაწამებო, მაგრამ მაინც ჩემო მხნე თანამემამულენო, სწორედ თქვენ, მასწავლებლებმა, იაკობ გოგებაშვილის მოძღვრების ერთგულებმა და სამშობლოზე უზომოდ შეყვარებულებმა, უნდა აღუზარდოთ ქვეყანას სწავლისა, შრომისა და ბრძოლისათვის მზადყოფი თაობები, სწორედ თქვენ უნდა გაუნათლოთ სული ჩვენს ბავშვებს, გაუნათოთ გზა მომავლისა.

ამ ყველაზე საპატიო საქმეში თქვენთან იქნებიან საქართველოს მოქალაქენი, მისი ხელისუფლება, მთელი სახელმწიფო.

დიდება ამ მხარეს, დიდება გორს და დიდება საქართველოს დიდ შვილს, იაკობ გოგებაშვილს!

ედუარდ შევარდნაძე.

„დღეს საქართველო ერთგულად დაადგა დიდი ქართველების, დიდი იაკობის მიერ მონიშნულ გზას“ : სიტყვა იაკობ გოგებაშვილზე // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 21 ოქტომბერი. - 148-149(2065). - 1 გვ.

89 საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს ქალბატონ ნონა გაფრინდაშვილს

▲ზევით დაბრუნება


ქალბატონო ნონა,
ამ ბარათით პირადად თქვენ, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის წევრებს, ქართველ სპორტსმენებს მსურს მოგილოცოთ ოლიმპიური მუზეუმის დაფუძნება და გახსნა.

ეს მუზეუმი ჩვენთვის, ჩვენი შთამომავლობისათვის და მუზეუმის ყველა სტუმრისათვის თვალსაჩინო მაგალითია იმ ქართველი სპორტსმენების ოსტატობისა და შეუდრეკელი სულისა, რომლებიც ჯერ კიდევ საბჭოთა ეპოქაში საერთაშორისო ასპარეზზე ამკვიდრებდნენ საქართველოს სახელს.

თქვენ ყველამ კარგად იცით, რომ საკმაოდ რთულ პირობებში ხშირად სწორედ ამა თუ იმ სპორტსმენის გამარჯვება აღვიძებდა ხოლმე მრავალ ჩვენგანში ეროვნულ თვითშეგნებას.

ასე რომ, საქართველოს დამოუკიდებლობაში იმ სპორტსმენთა ღვაწლიც უდავოდ დიდია, რომელთაც არა მარტო გამარჯვებანი მოუტანეს თავის ერს, არამედ სულიც და სხეულიც გაუკაჟეს.

სწორედ ამიტომაა, რომ საერთაშორისო მასშტაბით თავისუფალი საქართველოს პირველი აღიარება სწორედ ჩვენში ოლიმპიური მოძრაობის მეშვეობითა და საქართველოში ოლიმპიური კომიტეტის შექმნით მოხდა.

ყოველივე ამაში უდიდესი წვლილი მიუძღვის საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს ბატონ ხუან ანტონიო სამარანჩის, რომლის პრაქტიკული დახმარებითაც გახდა შესაძლებელი ამ მუზეუმის დაარსება.

მსურს დიდი მადლობა მოვახსენო მას ამისათვის.

დიდი მადლობა მსურს მოვახსენო ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტს, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრს დოქტორ ჟაკ როგს, რომელიც დღეს თქვენს ცერემონიას ესწრება და იზიარებს ჩვენს სიხარულს.

თქვენს მუზეუმში, დარწმუნებული ვარ, ღირსეულად იქნება ასახული საქართველოს მდიდარი ოლიმპიური ტრადიციები, რომელთაც უდავოდ შორეული ძირები აქვთ.

ჩვენთვის, ეროვნული მასშტაბით, მეტად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს დამოუკიდებელი გუნდის დებიუტი შედგება ატლანტის ოლიმპიურ ასპარეზობაზე. სამწუხარო ისაა, რომ მასში არ მიიღებს მონაწილეობას სპორტის ხუთი სახეობის თორმეტი წამყვანი სპორტსმენი, რომლებმაც, გაჭირვების გამო, საქართველო დატოვეს. საქართველოს შვილები და საქართველოში დაოსტატებულები ისინი დაიცავენ რუსეთის, კანადის, საბერძნეთის, ისრაელის, თურქეთისა და სხვა სახელმწიფოთა სახელს.

საერთაშორისო ოლიმპიურ მოძრაობაში ჩვენ ასეც, სხვა ქვეყნების მეშვეობითაც, შევიტანთ ჩვენს წვლილს, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, იმედს მათზე ვამყარებთ, ვინც გაჭირვების მიუხედავად, მაინც შეძლო შეენარჩუნებინა საკუთარი ქვეყნის ერთგულება და უნარი თავისი თუ ქვეყნის სპორტული ღირსების დაცვისა.

ვფიქრობ, როგორც ჩვენ, ისე საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა და სხვა სპორტულმა ორგანიზაციებმა, უნდა განახორციელონ ერთიანი, ღრმად გააზრებული და სისტემური პოლიტიკა, რომელიც დაიცავს როგორც თავად სპორტსმენის, ისე მისი მშობლიური ქვეყნის ინტერესებს.

და ბოლოს, სწორედ ოლიმპიური მოძრაობაა საყოველთაო სოლიდარობის, მშვიდობის, სიყვარულის, სულიერი და ფიზიკური სიჯანსაღის ის მოძრაობა, რომელსაც დასაწყისი კი აქვს, მაგრამ არა აქვს დასასრული.

კიდევ ერთხელ გილოცავთ მეზეუმის გახსნას, იმედია, ჩვენი სპორტსმენები, უკვე ატლანტის ოლიმპიადიდან მოკიდებული, სისტემატურად შეავსებენ მუზეუმის ფონდს უმაღლესი ჯილდოებით. იმედია, ჩვენი სპორტსმენების გამარჯვება ყმაწვილებისა და მოზარდებისათვის იქცევა იმ დიდ მაგალითად, მწვერვალად, რომელსაც უნდა მიაღწიო და რომელიც უნდა დაძლიო.

პატივისცემით,
ედუარდ შევარდნაძე.

საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს ქალბატონ ნონა გაფრინდაშვილს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 21 ოქტომბერი. - 148-149(2065). - 2 გვ.

90 დიდი გზა

▲ზევით დაბრუნება


განგებამ ასე ინება, პატარა ქვეყნის, მცირერიცხოვანი ერის წარმომადგენელი იმ გიგანტური სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის ოლიმპზე აღმოჩნდა, რომელსაც საბჭოთა კავშირი ერქვა. ამ უმაღლესი გადასახედიდან, მთელი პლანეტა რომ ხელისგულივით მოჩანდა. ჩემი თვალმარგალიტი, ჩემი საქართველო თავისი თვალისმომჭრელი კიაფით შემახსენებდა თავს. იგი მეუბნებოდა: იყავ ფრთხილად, იმოღვაწე ღირსეულად, აკეთე სხვა ხალხებისთვის ის, რასაც შენი ქვეყნისათვის მოიმოქმედებდიო. ღმერთმანი, ვცდილობდი ამ შეგონების ერთგული ვყოფილიყავი, როგორ შევძელი ეს, ნაწილობრივ ამ პატარა წიგნიდანაც ჩანს. უფრო მეტი სათქმელი და დასაწერი მომავლის საქმეა.

ჩემო მკითხველო, მე არაერთხელ მითქვამს, რომ სამშობლოში მე დავბრუნდები მთელი ჩემი განვლილი გზით, დამსახურებებითა და შეცდომებით, მთელი ჩემი ტვირთითა და პოლიტიკური კაპიტალით. ყევლაფერი, რაც გამაჩნია, რასაც შევქმნი და რასაც დავწერ, საქართველოს კუთვნილებაა. დავბრუნდი იმისათვის, რომ აღარასოდეს დავტოვო ჩემი ქვეყანა, მოვახმარო მას დარჩენილი ძალები, ცოდნა, გამოცდილება, სახელი და აღიარება ჩემი (თუკი ასეთი ფენომენი არსებობს მსოფლიოში).

ჩემო მკითხველო, ჩემო ქვეყანავ, ძნელბედობის ჟამი დაგვიდა, რომ გადავრჩეთ, ბეწვის ხიდზე უნდა ვიაროთ. ეს შესაძლებელია. ახლა მთავარია არ შევდრკეთ, სასოწარკვეთად არ მივეცეთ, მხარი მხარს მივცეთ, ერთმანეთს გავუფრთხილდეთ, ერთმანეთი დავინდოთ.

საქართველო ღვთისწილი ქვეყანაა, მას გადაშენება არ უწერია. მე ღრმად მწამს, რომ ჩვენ ვივლით ჰუმანიზმის, დემოკრატიის გზით და ავაშენებთ ახალ, თავისუფალ, დამოუკიდებელ და ბედნიერ სახელმწიფოს.

ედუარდ შევარდნაძე, 20.09.92 წელი, თბილისი.
წიგნიდან „ჩემი არჩევანი“.

დიდი გზა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 21 ოქტომბერი. - 148-149(2065). - 3 გვ.

91 მის აღმატებულებას ბუტროს ბუტროს ღალის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს

▲ზევით დაბრუნება


ღრმად პატივცემულო ბატონო გენერალურო მდივანო,

მიიღეთ ჩემი უაღრესად გულწრფელი და გულითადი მოლოცვა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 50 წლისთავის გამო. ჩემი წარმოდგენით, ეს თარიღი ჰგავს შუქურას, რომლის სხივი წარსულიდან მომავლისაკენ მიისწრაფვის. და მე ძალ-ღონეს დაუშურებლად ვემზადებოდი, რათა ამ შუქში ჩამერთო ჩემი საქართველოს იმედის სხივი, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის იდეალების გამარჯვების რწმენის სხივი.

სამწუხაროდ, ამ ჩემს განზრახვას აღსრულება არ ეწერა. ოდნავადაც არ მსურს ჩრდილი მივაყენო საიუბილეო ცერემონიას, მაგრამ მაინც საჭიროდ მიმაჩნია მისი სამზერიდან შევხედო ამჟამად ჩემს ქვეყანაში შექმნილ სიტუაციას.

ტერორის ძალებს, რომლებსაც სამიზნედ გაუხდიათ საქართველოს რესპუბლიკა, იარაღი ჯერაც არ დაუყრიათ. ასაფეთქებელ მოწყობილობათა ღილაკებისაკენ გაშვერილი ხელი შეჩერებულია, მაგრამ ჯოჯოხეთური მანქანა, რომელიც ძირს უთხრის ჩვენს სახელმწიფოებრიობას, არ წაშლილა. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, განზრახული იყო, ნიუ-იორკში ჩემი ყოფნა გაეროს საიუბილეო სესიაზე კვლავ ქვეყნის მორიგი დესტაბილიზაციისათვის გამოეყენებინათ.

საქმე ეხება არა კონკრეტულ შემსრულებლებს - ისინი არარაობანი არიან, - არამედ იმ საკმაოდ მძლავრ ძალებს, რომლებიც წარმართავენ და მფარველობენ მათ.

ამიტომ დიდი ხნის ფიქრის შემდეგ მივიღე ჩემთვის ძნელი გადაწყვეტილება - თავი შემეკავებინა საიუბილეო ცერემონიაში მონაწილეობისაგან და საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს მივანიჭე უფლება წარმოთქვას იქ საზეიმო ვითარებისათვის შესაფერისი სიტყვები, როგორსაც თავად მიიჩნევს საჭიროდ.

დარწმუნებული ვარ, რომ ეს ჩემი გადაწყვეტილება შეესაბამება არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიო გაერთიანების ინტერესებსაც, რადგან ეს ქვეყანა კავკასიის ყველაზე მგრძნობიარე ნერვი იყო და არის, რომლის გაწყვეტა კატასტროფულ ძვრებს უქადის მთელ კავკასია-შავი ზღვის რეგიონს.

ვიმედოვნებ, ბატონო გენერალურო მდივანო, თანაგრძნობითა და გაგებით მოეკიდებით ჩემს გადაწყვეტილებას.

მოხარული ვიქნები, შევიტანო, რომ საიუბილეო ცერემონიამ მშვიდობის სახლში ნიუ-იორკის ისტ-რივერზე კონსტრუქციული დისკუსიის ნიშნით ჩაიარა, რომლის შედეგიც გაეროში რეალური გარდაქმნები. ჩემი აზრით, მისი საქმიანობა დროის რეალიებს რომ შეესაბამებოდეს, საჭიროა მოდერნიზაცია შემდეგ ძირითად სფეროებში.

- მსოფლმშენებლობის ფილოსოფია და იდეოლოგია;

- მათი საერთაშორისო-სამართლებრივი დასაბუთება;

- ახალ კონცეპტუალურ მიდგომათა საფუძველზე გადაწყვეტილებათა მიღების მექანიზმები;

- მათი რეალიზაციის საშუალებები და ინსტრუმენტები.

ვიმედოვნებ, რომ უახლოეს მომავალში შესაძლებლობა მომეცემა უფრო დაწვრილებით გაგაცნოთ ჩემი მოსაზრებანი ყოველივე ამის თაობაზე.

გისურვებთ ყოველგვარ წარმატებას.

გულწრფელად თქვენი, ედუარდ შევარდნაძე.
1995 წლის 20 ოქტომბერი.

მის აღმატებულებას ბუტროს ბუტროს ღალის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 24 ოქტომბერი. - 150(2066). - 1 გვ.

92 „რაც უფრო სწრაფი ტემპით წარიმართება ეკონომიკური რეფორმები, მით უფრო გაუმჯობესდება ყველა მოქალაქის ცხოვრების პირობები“

▲ზევით დაბრუნება


ედუარდ შევარდნაძის 23 ოქტომბრის რადიოინტერვიუ

- გასული ეკონომიკური კვირა კვლავ ლარის სტაბილურობით გამოირჩეოდა. ამას უწინარესად უცხოეთის ის ავტორიტეტული საფინანსო ორგანოებიც ამჩნევენ, რომელთა რეკომენდაციითაც ფაქტობრივად მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ მიაღწია ეკონომიკურ წარმატებას... - ჟურნალისტ ნატო ონიანის ამ შეკითხვის პასუხად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ - სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ თავის ტრადიციულ რადიოინტერვიუში განაცხადა:

- გასულ კვირაში ქვეყნის ცხოვრების რიტმს, როგორც პოლიტიკაში, ისე ეკონომიკაშიც, საარჩევნო კამპანიასთან ერთად, განსაზღვრავდა ფულის რეფორმის მიმდინარეობა და კონსტიტუციის ხელმოწერა. ხელმოწერის აქტით დასრულდა კონსტიტუციის მიღების პროცედურა. თავისთავად, კონსტიტუციის მიღების მთელი ამ პროცესის დამთავრებამ მნიშვნელოვნად წასწია წინ საქართველოს სახელმწიფოებრივი მშენებლობის საქმე. ამ საფუძველზე ახალი პარლამენტის კანონშემოქმედებითი საქმიანობა, უნდა ვივარაუდოთ, რომ უფრო ნაყოფიერი იქნება, რაც ეკონომიკური რეფორმების შემდგომი გაღრმავების აუცილებელ წანამძღვრებს შექმნის.

მრავალსახოვანი წინასაარჩევნო პერიპეტიების მიუხედავად, ფულის რეფორმა წარმატებით ხორციელდება, რასაც დღეს ყველაზე შეურიგებელი ოპოზიციონერებიც კი აღიარებენ, და ასე ვთქვათ, პესიმისტებსა და ღვარძლიანი პროგნოზების ავტორებსაც მიაჩნიათ, რომ რეფორმა ასე თუ ისე განხორციელდა. ერთადერთ საგადამხდელო საშუალებად ლარის დამკვიდრება იძლევა იმედს, რომ არჩევნების შემდეგ ეკონომიკური აღორძინების მძლავრი დასაყრდენი გვექნება, მით უფრო რომ ძლიერდება სასტიკი ბრძოლა კორუფციასა და მაფიოზურ კლანებთან, რომლებსაც მოსახლეობა აქტიურად უჭერს მხარს, ქვეყანაში მყარდება წესრიგი.

ერთადერთ საგადამხდელო საშუალებად ლარის დამკვიდრების ერთ-ერთი ყველაზე ნათელი დადასტურებაა შიდასავალუტო ბაზრის კონიუნქტურა, რომელიც უცხოურ ვალუტაზე, კერძოდ, ამერიკის შეერთებული შტატების დოლარზე მოთხოვნის მკვეთრი შემცირებით ხასიათდება. როგორც თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე გამართულმა ბოლო სამმა ვაჭრობამ ცხადყო, დოლარზე მოთხოვნამ მხოლოდ 4 ათასი დოლარი შეადგინა, მაშინ როცა კომერციული ბანკების მიწოდება 2 მილიონ დოლარს მიუახლოვდა. კომერციული ბანკების მიერ დოლარის მზარდი გაყიდვა გამოწვეულია როგორც ლარზე მათი კლიენტების მოთხოვნის მკვეთრი გადიდებით, ასევე საბირჟო და ბანკნოტურ კურსებს შორის არსებული სხვაობით, რაც უბიძგებდა ბანკებს უფრო იაფად ეყიდათ ნაღდი დოლარი ღია ბაზარზე და შემდეგ რამდენადმე ძვირად გაეყიდათ იგი ლარზე საბირჟო ვაჭრობის მეშვეობით. ასეთ ვითარებაში ეროვნულმა ბანკმა ხელი არ შეუშალა დოლარის კურსის დაცემას, და მხოლოდ მაშინ შეისყიდა გაუყიდავი დოლარის მასა, როცა მისმა კურსმა ლარის მიმართ ოთხშაბათს გამართულ ვაჭრობაზე 1,27-მდე დაიწია. მომდევნო პარასკევს ვაჭრობაზე კვლავ არ დაფიქსირებულა ამერიკულ დოლარზე მოთხოვნა, კომერციული ბანკების მიწოდებამ კი ისევ ნახევარ მილიონ დოლარს გადააჭარბა.

რაც შეეხება რუბლს, მოსახლეობის მხრივ მასზე სერიოზული მოთხოვნა არ შეიმჩნევა, რადგან რუბლი დღეს არც საგადამხდელო და არც დაგროვების საშუალებაა, ლარის მყარი კურსი საკრედიტო კლიმატის გაჯანსაღების საფუძველს შექმნის, რისი პირველი ნიშნებიც უკვე ჩნდება. ეროვნული ბანკის ცნობით, 17 ოქტომბერს გამართულ ბანკთაშორის საკრედიტო აუქციონზე, სადაც მყიდველისა და გამყიდველის სტატუსით მხოლოდ კომერციული ბანკები მონაწილეობდნენ, მოხდა გარიგება 45 ათასი ლარი ღირებულების საკრედიტო რესურსზე წლიური 44-პროცენტიანი სარგებლით. ამ მომენტს განსაკუთრებით ვუსვამ ხაზს. ბანკთაშორის საკრედიტო აუქციონის განვითარებას ყოველმხრივ უნდა შევუწყოთ ხელი. და კრდიტების მხოლოს ასეთი და მსგავსი ფორმები უნდა დამკვიდრდეს კრედიტების გაცემის ძველი საბჭოური წესის ნაცვლად, რომელმაც, კარგად იცით, როგორი ზიანი მოუტანა ქვეყანას.

თანდათანობით რეგულირებადი გახდება ფულის რეფორმის თანმხლები ისეთი პროცესი, როგორიც არის ფასების მატება. ამასთან დაკავშირებით მე ძალიან კარგად ვიცი მოსახლეობის, განსაკუთრებით იმათი ერთგვარი გულისტკივილი, ვისი ხელფასიც 3-4 ლარს არ აღემატება, მათ საყურადღებოდ მინდა განვაცხადო, უკვე გამოიკვეთა ფასების სტაბილიზაციისა და შემცირების საკმაოდ მყარი ტენდენცია. ჩვენი სოცეკონომინფორმის (ესე იგი ძველი სტატისტიკის) მონაცემებით, ფასების კვირეულმა ინდექსმა სასურსათო საქონელზე ლარის შემოღების წინა პერიოდთან (მხედველობაშია 18-24 სექტემბერი) შედარებით 15 და 19 ოქტომბერს შეადგინა 127 პროცენტი, ესე იგი ფასებმა 27 პროცენტით მოიმატა, ხოლო 16 და 20 ოქტომბერს საგრძნობლად, 17 პროცენტამდე დაიწია, მატება კი 8 პროცენტით შემცირდა. ამ მონაცემების გაანალიზების შედეგად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ კრიზისულმა მომენტმა გაიარა და ძირითადად ფასები უკვე სტაბილური ხდება. აღინიშნება ფულის რეფორმის წინა ფასებთან მიახლოება.

როცა ფასებზე ვლაპარაკობ, უწინარესად მხედველობაში მაქვს სასურსათო საქონელი და ის პროდუქტები, რომელთაც მოსახლეობა ბაზარში ყიდულობს (თქვენ იცით, რომ პურის ფასი უცვლელია). სოცეკონომინფორმის პროგნოზით, უკვე ნოემბრის შუა რიცხვებში მოსალოდნელია, ახალი ეროვნული ვალუტის პირობებში, ინფლაცია დაუბრუნდეს იმ დონეს, რომელიც მის შემოღებამდე იყო, და ასე გაგრძელდეს წლის ბოლომდე და შემდეგაც.

ჩემი პროგნოზი ასეთი გახლდათ: კვების პროდუქტებსა და სხვა პირველი მოთხოვნილების საგნებზე ფასების ინდექსი რეფორმამდელ დონეს ოქტომბრის ბოლოსათვის დაუბრუნდება, ჩემი პროგნოზი ცოტა უფრო ოპტიმისტურია. ლარის შემოღებასთან დაკავშირებული ფასების ზრდის შედეგად მიღებული ზარალი კი მოსახლეობას იმით აუნაზღაურდება, რომ პირველი ნოემბრიდან ხელფასი, პენსია და დახმარება გაიზრდება 50-60 პროცენტით. ასე რომ, ფულის რეფორმა და რეფორმასთან დაკავშირებული ყველა პრობლემა მოგვარდება ოქტომბრის ბოლომდე და ნოემბრის პირველ ნახევარში. შემდგომ ყველაფერი დამოკიდებული იქნება ახლადარჩეული ხელისუფლების მიერ ეკონომიკისა და ფინანსების სფეროში აღებული კურსის თანმიმდევრულად და დაბეჯითებით განხორციელებაზე. რაც უფრო სწრაფი ტემპით წარიმართება ეკონომიკური რეფორმები, მით უფრო სრაფად გაუმჯობესდება ყველა მოქალაქის ცხოვრების პირობები, დაჩქარდება კრიზისიდან ქვეყნის გამოყვანა, მკვეთრად გაიზრდება ცენტრალური და ადგილობრივი საბიუჯეტო შემოსავალი როგორც მოქალაქეთა კეთილდღეობის უმთავრესი წყარო.

ბიუჯეტის შევსებაში (მე დღეს მხოლოდ ერთ სამსახურს შევეხები) მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს საბაჟო დეპარტამენტმა. მისი ცნობით, 1995 წლის განვლილ პერიოდში ამ სისტემამ ბიუჯეტში შეიტანა თითქმის 5 მილიონი დოლარის ეკვივალენტი სხვადასხვა ვალუტა, რომელიც ეროვნული ფულადი გამოხატულებით 5,8 მილიონ ლარს შეადგენს. გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით საბიუჯეტო შენატანები ხუთ-ნახევარჯერ გაიზარდა, აღსანიშნავია ისიც, რომ ყოველთვიურად მატულობს საბაჟოს შენატანები ბიუჯეტში.

უკანასკნელ ხანს კარგი შედეგებია მიღწეული თბილისისა და ფოთის საბაჟოების მუშაობაში. სექტემბერში თბილისის საბაჟომ ბიუჯეტში შეიტანა 740 ათასი დოლარი, რაც სამ-ნახევარჯერ აღემატება რვა თვის საშუალო თვიურ და სამჯერ - აგვისტოს შემოსავალს. ფოთის საბაჟოდან ბიუჯეტში შეტანილია 240 ათასი დოლარი, რაც 12-ჯერ აღემატება აგვისტოს და ოთხჯერ - იანვარ-აგვისტოს საერთო მაჩვენებელს. აქ საბაჟოებთან ერთად, რასაკვირველია, უნდა აღინიშნოს თბილისისა და ფოთის მერიების მიზანმიმართული მუშაობა, აგრეთვე ის, რომ ფოთის საბაჟო განთავისუფლდა ისეთი სისხლისმწოველი წურბელისაგან, როგორიც იყო უშიშროების სამსახურის ყოფილი უფროსი გიორგაძე. იგივე ითქმის თბილისის აეროპორტზეც. საბაჟოებისა და ცალკეული ფირმების ძარცვით მოპოვებული სახსრები, რა თქმა უნდა, უწინარესად დამნაშავე გიორგაძის, მისი ახლობლებისა და თანამზრახველების პოლიტიკური მიზნების განხორციელებას ხმარდებოდა. ყველაფერი ეს ამიერიდან ხალხის კეთილდღეობას მოხმარდება.

ეკონომიკის სამინისტროს ხელთ არსებული ინფორმაციით, ბოლო ხანს რაიონებში დადებითი ძვრები შეინიშნება მეურნეობის ცალკეული დარგების გამოცდილების მხრივ. მწირი სანედლეულო ბაზისა და ენერგეტიკული კრიზისის მიუხედავად, ზოგიერთი რაიონი მაინც ახერხებს სამრეწველო პროდუქციის წარმოების გაზრდას, კერძოდ, ქვემო ქართლის მხარეში სულ უფრო სტაბილური ხდება სამრეწველო და აგროსექტორის მუშაობა. შეიარაღებული ბანდების თარეშის აღკვეთის შემდეგ სამხარეო ადმინისტრაციას საშუალება მიეცა ეზრუნა მარაბდა-ახალქალაქის რკინიგზის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული უნიკალური საბადოებისა და სამრეწველო ბაზის ერთიან სამრეწველო კომპლექსად ჩამოყალიბებისათვის.

სოფლის მეურნეობაში შექმნილი მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, ამ დარგის მუშაკთა დაძაბული შრომის შედეგად რეგიონებში მოიხნა და დაითესა არსებული სახნავ-სათესი მიწების 90 პროცენტზე მეტი. ასეთივე ტენდენცია აღინიშნება თითქმის ყველა მხარეში. დიდი ოდენობით არის წარმოებული და რეალიზებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია.

საერთოდ, უნდა ითქვას, რომ არსებული სოციალურ-ეკონომიკური მონაცემების მიხედვით, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით თითქმის ყველა რაიონში მნიშვნელოვნად გაიზარდა გამოშვებული პროდუქციის მოცულობა. უმჯობესდება მონაცემები სოფლის მეურნეობაში საერთოდ და, რაც განსაკუთრებით სასიხარულოა, მატულობს პირუტყვის სულადობა.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც, ასე თუ ისე, ეკონომიკასთან არის დაკავშირებული და მოსახლეობის დიდ ინტერესს იწვევს. ეს გახლავთ „თბილისობა“. მიმდინარე კვირა თბილისობას ეძღვნება. გასულ წლებთან შედარებით წელს უხვი შემოდგომაა, მოწეულია მეტი ყურძენი, ხილი, მარცვლეული, კარტოფილი, ბოსტნეული, მეცხოველეობის პროდუქცია. „თბილისობისათვის“ მზადების პროცესში ჩართული არიან თბილისის მერია, სამხარეო და რაიონული რგოლები. სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სამინისტროს ცნობით, დედაქალაქში ჩამოტანილი იქნება ფართო ასორტიმენტის პროდუქცია: ხორბალი, სიმინდი, ხორცი, ყველი, კარტოფილი, ლობიო, ზეთი, ღვინო. ყურძენი, თაფლი, თევზი, ციტრუსი, ბოსტნეული და სხვა ის პროდუქტები, რომლებიც ესოდენ სჭირდება ზამთრის დამდეგს ქალაქის მოსახლეობას. შეიძლება ისეთი რაოდენობით არ იყოს, რომ მთლიანად დააკმაყოფილოს მოთხოვნილება, მაგრამ შეღავათი უდავოდ დიდი იქნება. მაგრამ არც მრეწველობის დარგები უნდა დარჩნენ ვალში სოფელთან, და მე ამას განსაკუთრებით ვუსვამ ხაზს. მათ რაიონებიდან ჩამოსულებს უნდა დაახვედრონ საჭირო და აუცილებელი სამრეწველო პროდუქცია, განსაკუთრებით ის, რაც მოსახლეობის გამოზამთრებასთან არის დაკავშირებული. დარწმუნებული ვარ, ეს ასეც იქნება. „თბილისობა“ დიდ საერთაშორისო მასშტაბის ვაჭრობად გადაიქცევა. სწორედ ასეთ საშვილიშვილო საქმეს ეყრება საფუძველი ძველი შესანიშნავი ტრადიციის აღდგენითა და მის ახლებურად გააზრებით.

უახლოეს დღეებში კიდევ ერთი მწვავე საკითხი მოგვარდება. ეს გახლავთ რუსეთის ფედერაციის მთავრობასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული 30 მილიარდი რუბლის გაცემა ყურძნის ჩამბარებლებზე. ამას განსაკუთრებით ელოდებიან კახეთში. იმერეთის ზონასა და ზოგიერთ სხვა რეგიონში. რა თქმა უნდა, თანხის გაცემა კანონზომიერი და ეტაპობრივი იქნება.

მთავრდება 500-კილოვატიანი ელექტროგადამცემი ხაზის „კავკასიონის“ სამუშაოები. რასაც ახლა მოგახსენებთ (მხედველობაში მაქვს კრედიტები, „კავკასიონის“ აღდგენა და ზოგიერთი სხვა საკითხი), ყოველივე ამის შესახებ შეთანხმებას მივაღწიეთ ბატონ ჩერნომირდინის თბილისში ყოფნის დროს.

21 ოქტომბრიდან დაიწყო „საქენერგოს“ დეპარტამენტის პერსონალის მიერ „კავკასიონის“ უბნების მიხედვით შესრულებული სამუშაოების ჩაბარება, რის შედეგად დამატებით მივიღებთ ელექტროენერგიას რუსეთიდან, თუკი გადახდის შესაბამის საშუალებებსა და არხებს მოვძებნით.

22 ოქტომბერს დამთავრდა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის - „ნავთლუღის“ რემონტი. „იმერეთის“ ელექტროგადამცემ ხაზზე საექსპლოატაციო პერსონალის ძალებით მიმდინარეობს სუსტი ადგილების ლიკვიდაცია ოთხივე ძირითად კვანძში - ეს არის ზუგდიდი, სენაკი, ქუთაისი, ზესტაფონი და სხვა ზონები. წინა გამოსვლაში ვთქვი და ახლაც ხაზს ვუსვამ, რომ „საქენერგოს“ ახალი ხელმძღვანელობა, ბატონი ზუბიტაშვილი ძალიან დიდ იმედებს იძლევიან, ოპერატიულად მოქმედებენ და, ვფიქრობ, რომ შედეგებიც უკეთესი უნდა იყოს.

ეკონომიკური ცხოვრება სულ უფრო აქტიურ და მასშტაბურ ხასიათს იღებს. ახლა მთავარია, ზამთრის სეზონში არ დავუშვათ წარმოების შეწყვეტა, მოსახლეობას მივაწოდოთ ის მინიმუმი ელექტროენერგია, რომელიც ნორმალურ გამოზამთრებას უზრუნველყოფს. ამ მხრივ ზომებს ვიღებთ.

და კიდევ ერთი დეტალი: პირველი შემთხვევაა, რომ სამგზავრო მატარებლები დაუგვიანებლად შემოვიდნენ დედაქალაქში. ალბათ გახსოვთ, რომ ისინი 2-3 საათით, ხანდახან მთელი 24 საათითაც იგვიანებდნენ. ხალხი საერთოდ აღარ მგზავრობდა მატარებლით, შემადგენლობებს არ იყენებდნენ. ახლა უკვე მეორე თუ მესამე დღეა, რომ მატარებელი აღარ იგვიანებს, წესრიგდება ტვირთზიდვაც. კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ: რკინიგზის ყოველთვიური შემოსავალი ამ რამდენიმე დღეში 10-15-ჯერ გაიზარდა. ხვალ შევხვდები რკინიგზელებს და მათს კლიენტურას. შევეცდებით გავაგებინოთ საქართველოს მოსახლეობას, რა ხდებოდა რკინიგზაზე, რა პერსპექტივები აქვს ქვეყანას ამ საარსებო მნიშვნელობის არტერიის სრულფასოვნად მუშაობისათვის. ამასთანავე, თუ ჩემმა ხვალინდელმა შეხვედრამ დამარწმუნა, რომ ეს აუცილებელია, ამ დღეებში მივიღებ გადაწყვეტილებას იმ პირთა პასუხისმგებლობის შესახებ, რომლებიც ამ დეპარტამენტს უძღვებოდნენ უმაღლეს ეშელონში.

ასე რომ, კორუფციის წინააღმდეგ და ეკონომიკის გაჯანსაღებისათვის ბრძოლა გიორგაძისა და ვაშაკიძის მხილების შემდეგ მასშტაბურად და მთელი სიმწვავით დაიწყო. ყველაფერი, რასაც არაკაცები ითვისებდნენ და ძარცვავდნენ, რკინიგზელებს, ხალხს და მთელ მოსახლეობას მოხმარდება.

- გასულ კვირას, 17 ოქტომბერს, გაიმართა კონსტიტუციის საზეიმო ხელმოწერა და გადაიდო თქვენი ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც გაეროს 50 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო სხდომას უნდა დასწრებოდით. გუშინ თქვენს აპარატში დარეკა საქართველოს ელჩმა გაეროში პეტრე ჩხეიძემ, რომელმაც გამოსცა ინფორმაცია, რომ გაეროს ერთ-ერთ სხდომაზე, შესვენებისას, მასთან მივიდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი კლინტონი და ჰკითხა, თუ როგორი ვითარებაა საქართველოში, როცა ჩვენი ელჩისგან შესაბამისი პასუხი მიიღო, თქვა, რომ იგი კვლავ მხარს უჭერს შევარდნაძის ხელისუფლებას, საქართველოს, და ესმის ის მიზეზები, რომელთა გამოც თქვენ ვერ ჩამობრძანდით ნიუ-იორკში. პრესკონფერენციაზე თქვენ განმარტეთ ეს ფაქტი, და მაინც, რა შეაფერხა ამ არშემდგარმა ვიზიტმა? ხომ, არ იყო ეს ერთგვარი პროტესტიც იმ წამყვანი პოლიტიკოსების მიმართ, რომელთა გასაგონადაც ბოლო წლებში არაერთხელ გილაპარაკიათ ტერორიზმზე, როგორც პრობლემაზე, ტერორიზმის საფრთხეზე თანამედროვე მსოფლიოში...

- გაეროში წაუსვლელობის მიზეზებზე მე უკვე ვილაპარაკე პრესკონფერენციაზე, რომელიც ტელევიზიით გადაიცა. ძირითადი მიზეზი მაინც ის არის, რომ არჩევნების წინა პერიოდში ქვეყნის დატოვება გაუმართლებელია. მეორე მხრივ, არაფერია გასაკვირი, რომ ერთგვარი იმედგაცრუებაც გამოვხატო მსოფლიო თანამეგობრობის უმაღლესი ალიანსის გამო, რომელიც უწინარესად ხალხთა და სახელმწიფოთა უშიშროებისათვის აგებს პასუხს. მხედველობაში მაქვს გაერთიანებული ერების ორგანიზაცია. საქართველომ უფრო მეტად, ვიდრე ზოგიერთმა სხვა ქვეყანამ, დაინახა, თუ რამდენად არაეფექტიანია გაერო და მისი უშიშროების საბჭო სისხლისმღვრელი კონფლიქტების მოწესრიგებაში. მომავალში, როგორც უკვე ვთქვი, ლაპარაკი უნდა იყოს გაეროს სერიოზულ რეფორმებზე, რეფორმირებაზე, სერიოზულ გარდაქმნაზე, ლაპარაკი უნდა იყოს ძალიან სერიოზულ ცვლილებებსა და ჩვენი პლანეტის უშიშროების ნამდვილ გარანტიებზე. ამას უნდა გრძნობდეს ყველა ხალხი და ყველა ქვეყანა. ლაპარაკი უნდა იყოს აგრესიული სეპარატიზმისა და ნეოფაშიზმის წინააღმდეგ საერთაშორისო ძალისხმევის გაძლიერებაზე, რაც ნაკლებად მოსახერხებელია ზეიმებისა და საიუბილეო დღეებში. რა თქმა უნდა, გული მწყდება, რომ გადაიდო მრავალი უაღრესად საინტერესო და ჩვენი ქვეყნისათვის საჭირო შეხვედრები, მათ შორის, შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან ბატონ კლინტონთან და სხვა კოლეგებთან, საქმიანი წრეების წარმომადგენლებთან და ასე შემდეგ, გადაიდო, ჩემი აზრით დროებით და იქნება საშუალება არჩევნების შემდეგ ყველაფერი ეს განახლდეს და შეიძლება უფრო შედეგიანიც იყოს.

- გასულ კვირას შინაგან საქმეთა ორგანოებმა დააკავეს კიდევ ერთი ჯგუფი, რომელსაც დავით შენგელია მეთაურობდა. შინაგან საქმეთა ორგანოების აქტიური საქმიანობა დანაშაულობათა წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში კვლავაც გრძელდება...

- შენგელია მართლაც საშიში დამნაშავეა და ამ რეგიონში ჩადენილ უმძიმეს დანაშაულობათა ორგანიზატორია. მას და მის ამფსონებს მძიმე დანაშაული აქვთ ჩადენილი სამეგრელოს სხვადასხვა რაიონში. მე უკვე ვთქვი, რომ მათ დიდი რაოდენობით გამოჰქონდათ გალის რაიონიდან სახლების სახურავები, ელექტროგადამცემი ხაზები და მრავალი სხვა, და დიდძალი ნაძარცვი პროდუქტი. მათ შორის ჰუმანიტარული დახმარება გასაყიდად გაჰქონდათ იმ რაიონებში, რომლებსაც აფხაზი სეპარატისტები აკონტროლებდნენ. როგორც პრესკონფერენციაზე ვთქვი, დასტურდება, რომ 29 აგვისტოს ტერიტორიული აქტის წარმატებით დამთავრების შემთხვევაში შენგელია თავისი რაზმით უნდა ჩამოსულიყო თბილისში და, როგორც იტყვიან, წესრიგი დაემყარებინა. ალბათ, სხვებიც იყვნენ გამოძახებული ამ დროისათვის.

ახლა უკვე გაბედულად შემიძლია განვუცხადო სამეგრელოს მოსახლეობას, რომ შეიარაღებულ მოთარეშეთა ბატონობის ეს ბოლო სიმაგრეც მოვშალეთ. ახლა ამ რეგიონის ყველა მოქალაქეს, მართლაც შეუძლია მშვიდად იშრომოს, იზრუნოს საკუთარ ოჯახსა და ქვეყნის კეთილდღეობაზე. დანარჩენს გამოძიება გაარკვევს.

- გასულ კვირას თქვენ ეწვიეთ გორსა და მარნეულს. რა იყო თქვენთვის ყველაზე უფრო გამორჩეული და ნიშანდობლივი?

- როგორც ვიცი, ტელევიზიამ ეს მოვლენები გააშუქა. მე ამას სწორედ მოვლენას ვუწოდებ, რადგანაც მარნეულსა და გორში შეხვედრებმა ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა. ეს იყო შეხვედრები რეგიონებთან, სადაც სხვადასხვა ეროვნების ხალხი ცხოვრობს, განსაკუთრებით ქვემო ქართლის ზონაში, ცხოვრობს ერთიან ოჯახად, პატივს სცემს და ანგარიშს უწევს ერთმანეთს, ზრუნავს საერთო კეთილდღეობაზე, როგორი ზეიმი იყო გორში სტალინის ფენომენის შემსწავლელი ცენტრის გახსნასთან, იაკობ გოგებაშვილის იუბილესთან დაკავშირებით, ესეც აჩვენა ტელევიზიამ, თუმცა ისე არა, როგორც სინამდვილეში იყო. მართლაც შთამბეჭდავია, როდესაც მთელი რეგიონი გამოდის ქუჩაში და მრავალ სასიხარულო და საინტერესო მოვლენას ზეიმობს. ძალიან სასიხარულო და მისასალმებელია, რომ ორივე რაიონში გამოიკვეთა სამხარეო ადმინისტრაციათა წამყვანი როლი, რომლებსაც ხალხი პატივს სცემს.

„რაც უფრო სწრაფი ტემპით წარიმართება ეკონომიკური რეფორმები, მით უფრო გაუმჯობესდება ყველა მოქალაქის ცხოვრების პირობები“ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 24 ოქტომბერი. - 150(2066). - 1,2 გვ.

93 „დარწმუნებული ვარ, თქვენს კონკურსზე დამარცხებული არ იქნება, რადგან არ შეიძლება ვინმე დამარცხდეს მუსიკისა და სულიერების ზეიმზე“

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს მუსიკოს-შემსრულებელთა კონკურსის მონაწილეებს, ორგანიზატორებს, სტუმრებს

ბატონებო!

ჩემთვის დიდი პატივია მივესალმო დამოუკიდებელი საქართველოს მუსიკოს-შემსრულებელთა პირველ კონკურსს, მივესალმო ყველას, ვინც მონაწილეობს ამ კონკურსში, ვინც მოიფიქრა იგი და პირუთვნელი მსმენელი და შემფასებელია მისი.

თქვენს კონკურსს მეტად მნიშვნელოვანი ემბლემა აქვს: გაშლილი ხელის მტევანი სიმებივით დაჭიმული თითებით და ხელის გულზე გამოსახული ვიოლინოს გასაღებით.

მაგრამ იგივე ემბლემას მე სიმბოლურად აღვიქვამ: გაშლილი ხელის გული მსოფლიო კულტურაში ცნობილი სიმბოლური ჟესტია - ნდობის, სიკეთის, მშვიდობის მომტანი, ხოლო ვიოლინოს გასაღები ხელის გულზე განგების თვალად აღიქმება, რომელიც ყოველივე ჩვენგანის სულის სიღრმეებს სწვდება. განა ჭეშმარიტი მუსიკოსის ხელოვნებაც ასეთი არაა, განა ჭეშმარიტი მუსიკის აჟღერება ყოველივე ღვთიურთან, რეალობის მიღმა არსებული შეუცდომელი სამყაროს წვდომასთან არ არის დაკავშირებული?

დარწმუნებული ვარ, თქვენს კონკურსზე დამარცხებული არ იქნება, რადგან არ შეიძლება ვინმე დამარცხდეს მუსიკისა და სულიერების ზეიმზე, აქ უნდა გაიმარჯვონ მუსიკალურმა ხელოვნებამ და მისმა რაინდებმა - თქვენ.

თავისუფალი საქართველოს მუსიკოსთა კონკურსი ახლა იბადება.

ბედნიერი ყოფილიყოს ამ კონკურსის დაბადების დღე და წელი და მალე გასულიყოს იგი საერთაშორისო არენაზე.

თბილისი, მდიდარი მუსიკალური ტრადიციების ქალაქი, ღირსია, რომ შავი ზღვის აუზის ქვეყნების მუსიკოსთა კონკურსის ქალაქად იქცეს.

ალბათ ასეც იქნება.

სახელმწიფოს მეთაური
ედუარდ შევარდნაძე.

„დარწმუნებული ვარ, თქვენს კონკურსზე დამარცხებული არ იქნება, რადგან არ შეიძლება ვინმე დამარცხდეს მუსიკისა და სულიერების ზეიმზე“ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 25 ოქტომბერი. - 151-152 (2068). - 1 გვ.

94 აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ჰეიდარ ალიევს

▲ზევით დაბრუნება


დეპეშა

ძვირფასო ჰეიდარ!

სულით ხორცამდე შეგვძრა ინფორმაციამ ბაქოს მეტროპოლიტენში მომხდარი კატასტროფის შესახებ, რომელმაც ამდენი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

ჩვენ ვიზიარებთ აზერბაიჯანელი ხალხის მწუხარებას ამ ტრაგედიის გამო.

გთხოვთ, ჩემი ყველა თანამემამულის სახელით გადასცეთ დაღუპულთა ნათესავებსა და ახლობლებს ჩვენი გულწრფელი თანაგრძნობა.

ედუარდ შევარდნაძე.

დეპეშა : აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ჰეიდარ ალიევს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 31 ოქტომბერი. - 157(2073). - 1 გვ.

95 „გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ 5 ნოემბერს გადაწყდება საქართველოს ბედი!“

▲ზევით დაბრუნება


ედუარდ შევარდნაძის 30 ოქტომბრის რადიოინტერვიუ

- გასული კვირა ძალზე დატვირთული და მრავალფეროვანი იყო. თვალი რომ გადავავლოთ მთავარ მოვლენებს, შეიძლება რამდენიმე ძირითადი მომენტი გამოვყოთ. პირველი: განვლილი კვირა ეკონომიკური სტაბილურობით გამოირჩეოდა და ნოემბრიდან ალბათ, ხელფასების მომატებაც დაიწყება. მეორე: დღეს, როცა საქართველოს ეკონომიკაზე ვლაპარაკობთ, ჩვენი ეკონომიკის განვითარების მნიშვნელოვან ნაწილს კასპიის ადრეულ ნავთობს ვუკავშირებთ და აღვნიშნავთ აზერბაიჯანის ხემძღვანელობის დამსახურებას ამ მხრივ. კვირას, სამწუხაროდ, ჩვენს მეგობარ ხალხს თავს დაატყდა დიდი უბედურება, რომელმაც 300-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ამასთან დაკავშირებით, თქვენ სამძიმრის დეპეშა გაუგზავნეთ აზერბაიჯანის ხელმძღვანელობას. განვლილ კვირას თქვენ ეწვიეთ ფოთს, სამტრედიას, კახეთსა და გურიას, იყავით თქვენს მშობლიურ სოფელშიც. დღეს თქვენ მესხეთ-ჯავახეთში მიემგზავრებით. უმთავრესი, რაც ამ სამმა ვიზიტმა გამოავლინა, ის განცდაა, რომ ქვეყანაში რეალურად დაიწყო გამოცოცხელბა და შენება. და, ბოლო, აღსანიშნავია ის ორი დღე, როცა თბილისს დაუბრუნდა „თბილისობა“, დიდი და ლამაზი ზეიმი, რომელიც მთელმა საქართველომ, და მთელმა დედაქალაქმა ერთად აღნიშნეს. თქვენ არასოდეს გითქვამთ, რომ პოლიტიკაში თქვენი იდეალი დავით აღმაშენებელია, მაგრამ გუშინ ისიც გვენიშნა, რომ ბრძანდებოდით სიონშიც და მეჩეთშიც, რაც გაგრძელებაა იმ ტოლერანტობისა და სულისკვეთების, რომელიც ქართულ სახელმწიფოსა და ქართულ პოლიტიკას თავისი არსებობის საუკეთესო წლებში ახასიათებდა... - ჟურნალისტ ნატო ონიანის ამ შეკითხვის პასუხად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ - სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ თავის ტრადიციულ რადიოინტერვიუში განაცხადა:

- განვლილი კვირის მოვლენებს შორის მართლაც ბევრი რამ არის განსაკუთრებით აღსანიშნავი, მაგრამ უწინარესად ჩვენი მეზობლის ტკივილით მინდა დავიწყო. ბაქოში მომხდარი კატასტროფის ამბავი ჩვენმა რადიომსმენელებმა უკვე იციან. სამწუხაროდ, მსხვერპლი ძალიან დიდია. ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით გუშინ ორჯერ ველაპარაკე ბაქოს, ასევე, ჩემი კოლეგებიც ესაუბრნენ თავიანთ პარტნიორებს და მეგობრებს. ბოლო საუბარი საღამო ხანს მქონდა ჩემს მეგობართან ჰეიდარ ალიევთან, რომელსაც გადავეცი საქართველოს ყველა მოქალაქის ღრმა სამძიმარი. ამ კატასტროფისა და დიდი მსხვერპლის გამო, საქართველო მზად არის, ყოველმხრივ დაეხმაროს მოძმე ხალხს უმძიმესი ტკივილის მოშუშებაში.

რა თქმა უნდა, ჩვენ უფლება არა გვაქვს არ აღვნიშნოთ, რომ აღდგა ჩვენი ძველი ქალაქური, რესპუბლიკური ტრადიცია - „თბილისობის“ ზეიმი. წმინდა სადღესასწაულო ხასიათის გარდა, „თბილისობამ“ თავისი პრაქტიკული შინაარსიც აღიდგინა: თბილისის ქუჩებში გასაყიდად გამოიტანეს სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო ბაზრებზე და იქ საშუალოდ, 30 პროცენტით უფრო იაფად იყიდებოდა ყველაფერი. ამან საშუალება მისცა მოსახლეობას, მცირეოდენი მარაგი მაინც შეექმნა ზამთრისათვის. მთლიანად ქალაქში საქართველოს სხვადასხვა რაიონიდან შემოტანილი იყო 90 ტონა ხორცი, 150 ტონა ღვინო, 200 ტონა კარტოფილი. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკის, მარნეულის რაიონების მიერ დიდი რაოდენობით შემოტანილი კარტოფილი, რომელიც შედარებით ხელმისაწვდომ ფასებში გაიყიდა. შემოიტანეს აგრეთვე, ხორბალი, ქერი, შვრია, 70 ტონა სიმინდის ფქვილი, 21 ტონა ლობიო, 130 ტონა კომბოსტო, 250 ტონა სხვადასხვაგვარი ხილი, ყოველივე ეს გარკვეულ გავლენას ახდენს იმაზე, რომ მოსახლეობა ზამთრისათვის უკეთ მოემზადოს. შესაბამისად მოემზადა დედაქალაქიც: სოფლიდან ჩამოსულ მშრომელებს საკმაოდ კარგად დახვდნენ. ორი დღის განმავლობაში მუშაობდა ქალაქის თითქმის ყველა სამრეწველო მაღაზია, უნივერსამი, ბაზრები, სადაც სოფლის მშრომელებს შეეძლოთ შეეძინათ ის საქონელი, რომლის ყიდვის შესაძლებლობაც მათ სოფლის პირობებში არ გააჩნიათ.

განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ ზეიმში მონაწილეობდა ყველა რაიონი, აფხაზეთიდან ლტოლვილებიც, რომლებიც ღირსეულად იყვნენ წარმოდგენილი. სასიხარულოა, რომ მათ დაეხმარა დედაქალაქი და სხვადასხვა რეგიონი. მათი პავილიონი ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ძალიან ღირსეულად იყვნენ წარმოდგენილი აჭარა, სამეგრელო, იმერეთი, გურია, სამცხე-ჯავახეთი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი, ყველა რეგიონი, ყველა რაიონი და დედაქალაქი. ყველამ მოინდომა ამ შესანიშნავი ტრადიციის აღდგენა და გულთან ახლოს მიიტანა ეს. ბრწყინვალედ (სხვა სიტყვას ვერ მოვძებნი) იმუშავა დედაქალაქის მერიამ. მადლობა ყველა გამგებელს, მერს, საქართველოს ყველა მოქალაქეს. განსაკუთრებით მამა-შვილური სითბოთი და მადლობის სიტყვებით მივმართავ ჩვენს ახალგაზრდობას. გუშინ, გუშინწინ, უწინარესად, ახალგაზრობისა და ნორჩების ზეიმი იყო. რიყე, რესპუბლიკის მოედანი - ეს დაუვიწყარი წუთები და საათებია... ერთხელ კიდევ მადლობას მოვახსენებ საქართველოს ყველა მოქალაქეს.

დღესასწაულზე ჩამოვიდნენ სტუმრები ბაქოდან, ერევნიდან, კიევიდან, მინსკიდან, ზეიმს ესწრებოდა ყველა ელჩი, გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ქვეყნიდან გამოგზავნილი ექსპონატები. ასე რომ, გაისად „თბილისობა“, შეიძლება უკვე გაბედულად ვთქვათ, ნამდვილი საერთაშორისო ბაზრობა-დღესასწაული იქნება. ამ დიდ საქმეს უკვე ჩაეყარა საფუძველი.

გუშინწინდელი დღე იმიტომაც იყო განსაკუთრებული, რომ ვეწვიე სიონს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს, მქონდა მასთან საუბარი. ჩვენ განვიხილეთ წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობის საკითხი, შემდეგ გავემგზავრეთ ელიას მთაზე და იქ საძირკველი ჩავუყარეთ წმინდა სამების გრანდიოზულ ტაძარს. უახლოეს 4-5 წელიწადში ამ ტაძარს ავაშენებთ და ამ ტაძრით შევეგებებით 21-ე საუკუნეს.

მე მართლაც დავით აღმაშენებლის მემკვიდრეობის, მისი ანდერძის ერთგული ვარ ისევე, როგორც ყველა ქართველი. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ტოლერანტობის ის გზა, რომლის საუკეთესო მაგალითები საქართველოს დიდმა მეფემ გვიჩვენა. ამიტომაც, ვეწვიე მეჩეთს, სინაგოგას, და სომხურ ეკლესიას. ეს იყო დაუვიწყარი შეხვედრები, იმის მაგალითი, რომ საქართველო შეიძლება გახდეს სხვადასხვა ხალხის, სხვადასხვა ეროვნებისა და ერის წარმომადგენელი, სარწმუნოებათა თანაარსებობის, თანამშრომლობისა და მეგობრობის ეტალონი.

როგორც აღნიშნეთ, გასული კვირა მთელ რიგ რეგიონებში სახელმწიფოს მეთაურის საქმიანი ვიზიტებით აღინიშნება. სწორედ საქმიან მხარეს ვუსვამ ხაზს და არა იმდენად მისალმებებს, რაც, ბუნებრივია, დაკავშირებულია ასეთ მოგზაურობასთან. მე ვეწვიე ფოთს, სამტრედიას, კახეთს, გურიას. ეს შეხვედრები, შესაძლებლობის ფარგლებში, საქმიანად იყო დატვირთული. მქონდა კონტაქტები ადგილობრივი მმართველობის ორგანოების, საქმიანი წრეების წარმომადგენლებთან, მოსახლეობასთან. შეხვედრებმა მართლაც საინტერესოდ ჩაიარა. საზეიმო ელფერის გარდა, გამოითქვა სერიოზული პრეტენზიებიც, თხოვნაც, აღიძრა საკითხები, რომლებიც სამომავლოდ აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ ახლად არჩეულმა პარლამენტმა და ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა. რაიონების მშრომელებმა გამოთქვეს მზადყოფნა კვლავაც ამოუდგნენ მხარში ხელისუფლებას პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების შემდგომი განვითარების, წარმოების გამოცოცხლების ღონისძიებათა რეალიზაციის საქმეში.

ასევე განსაკუთრებით საქმიანად წარიმართა შეხვედრები ბიზნესმენებთან. პრაქტიკულად ეს იყო დისკუსია საქართველოში მეწარმეობის ბედზე, იმ კანონმდებლობასა და სამართლებრივ ბაზაზე, განვითარებასა და საყოველთაო კეთილდღეობისათვის.

განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ჩვენი ეროვნული ვალუტის დასამკვიდრებლად გაწეული ნაყოფიერი მუშაობა. შესაბამისი საზედამხედველო ორგანოების ინფორმაციით, რესპუბლიკის ყველა რაიონში, პრაქტიკულად თითქმის ყველა ობიექტზე დაცული ეროვნული ვალუტის გამოყენების წესები, დარღვევათა ფაქტები დღითი დღე კლებულობს. აი, ერთი ძალიან საინტერესო მაჩვენებელი: ეროვნული ბანკის ცნობით, გასულ კვირაში დოლარის კურსი ლარის მიმართ 1,37 ლარიდან 1,25 ლარამდე შემცირდა. ლარის გამყარების პროცესს თან სდევდა ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვების შემდგომი ზრდა. მარტო განვლილ კვირაში თბილისის ბანკთაშორის ბირჟაზე ეროვნულმა ბანკმა 2 მილიონზე მეტი დოლარი შეიძინა. მთლიანად (ახლა უკვე შემიძლია ვთქვა) ქვეყნის მთავარი ბანკის სავალუტო რეზერვების საერთო მოცულობამ 150 მილიონ ამერიკულ დოლარს გადააჭარბა, რაც იმას ნიშნავს, რომ ლარის სტაბილურობას ახლო, თუ გნებავთ ხანგრძლივ პერსპექტივაში საფრთხე არ ემუქრება და ამ მხრივ, ყველა მოქალაქეს შეუძლია მშვიდად იყოს. მთლიანად ვითარების შეფასებისათვის მნიშვნელოვანია ისიც, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ შეხვედრაზე, რომელიც ამ თვეში გაიმართა, ლარის შემოღება მსოფლიოში სახელგანთქმულმა ეკონომისტებმა და ფინანსისტებმა ფულადი რეფორმის წარმატებით განხორციელების საუკეთესო მაგალითად მიიჩნიეს.

რაც შეეხება ფასების ზრდის თანმდევ ეფექტს, იგი თანდათანობით ნიველირდება, როგორც ეს არაერთხელ მითქვამს. შესაბამისი მონაცემებით, განვლილ კვირაში წინა კვირასთან შედარებით გამოიკვეთა ფასების სტაბილიზაციის ტენდენცია, კერძოდ, აღინიშნა სამომხმარებლო ფასების ინდექსის სერიოზული კლება. ეს ტენდენცია კიდევ უფრო მნიშვნელოვანია დედაქალაქში გამართული „თბილისობის“ შემდეგ. ახლა მთავარია ეს ტენდენცია როგორმე შევინარჩუნოთ და პროცესი მართვადი გავხადოთ, ეს იგი, მოსახლეობას დავეხმაროთ, რომ შეუფერხებლად შემოიტანოს პროდუქცია დედაქალაქსა და სხვა სამრეწველო ცენტრებში, და გავათავისუფლოთ ბაზრები ქორვაჭრებისაგან. გლეხს უნდა ჰქონდეს საშუალება უშუალოდ დაამყაროს კონტაქტი მომხმარებელთან დედაქალაქსა და სხვა სამრეწველო ცენტრებში.

როგორც არაერთგზის აღინიშნა, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბიუჯეტის შემოსავლის ფორმირებაში საბაჟო სამსახური. 1995 წლის განვლილ ფორმირებაში საბაჟო დეპარტამენტის ბიუჯეტში თითქმის 6 მილიონი დოლარია შეტანილი. ეს ექვსჯერ აღემატება გასული წლის შესაბამის პერიოდს. მომავალ გამოსვლაში გესაუბრებით იმაზე, თუ რომელმა საბაჟომ რა წვლილი შეიტანა რესპუბლიკის ბიუჯეტის შევსებაში.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა. განვლილ კვირაში გაიმართა მსოფლიო ბანკის მიერ ქართველ მეცნიერებთან და სპეციალისტებთან ერთად შემუშავებული საქართველოს სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის დარგების განვითარების პროგრამის შემაჯამებელი განხილვა. პროგრამაში ჩამოყალიბებული სოფლის მეურნეობის ხელშემწყობი პოლიტიკური გარემოს შექმნის, სასოფლო-სამეურნეო წარმოების პრივატიზაციის, სოფლის მეურნეობის პროდუქტებისა და მომსახურების კონკურენტუნარიანი ბაზრის შექმნის, ფინანსური მომსახურების მოკლე და საშუალოვადიანი დახმარების გამოყოფისა და სხვა საკითხები. მე შევხვდი ამ ფრიად ავტორიტეტულ და კვალიფიციურ ჯგუფს. მართლაც დიდი სჯა-ბაასი გაიმართა საქართველოს სოფლის მეურნეობაში 30-35 მილიონი დოლარის ინვესტირება. ეს პროცესი ადრე გაზაფხულიდან დაიწყება და იმას ნიშნავს, რომ უცხოურ ინვესტიციებს მწვანე შუქი აენთება. რამდენადაც მსოფლიო ბანკს ჩვენ ამ სფეროში პარტნიორად მივაჩნივართ, იგი იწყებს თანამშრომლობას, ეს კი სტიმულია სხვა ინვესტირებისთვისაც. კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც მინდა მივაპყრო ყურადღება, ის გახლავთ, რომ საკმაოდ სწრაფი ტემპით მიმდინარეობს ენერგობლოკების შეკეთება და საერთოდ ელექტროგადამცემი ხაზების მოწესრიგება, ეს შეკეთება, საუბარია თბილსრესზე, დასახული გრაფიკით მიმდინარეობს. ოპერატიულად და გააზრებულად მოქმედებს საქენერგოს ახალი ხელმძღვანელობა, ბატონი დ. ზუბიტაშვილი, რომელიც რკინიგზის დეპარტამენტის ასევე განახლებულ ხელმძღვანელობასთან პარტნიორობით საკმაოდ მაღალ შედეგებს აღწევს. ეჭვი არ არის, რომ ზამთრის სეზონისათვის ჩვენ გაცილებთ უკეთ ვიქნებით მომზადებული ვიდრე ვყოფილვართ ოდესმე ამ ბოლო წლების განმავლობაში. ეს ბატონმა ზუბიტაშვილმა კახეთშიც განაცხადა. მე ვთხოვე მას დღეს ჩემთან ერთად წამოვიდეს სამცხე-ჯავახეთში, სადაც მექნება შეხვედრები ახალქალაქსა და ახალციხეში (ამ რაიონებს ყველაზე მეტად უჭირთ) ჩემთან ერთად იქ იქნებიან ბატონი ჩხაიძე და კავშირგაბმულობის მინისტრი ბატონი ინჯია. დაგროვდა უამრავი პრობლემა და ვფიქრობ, დღეს სერიოზული და საქმიანი სჯა-ბაასი გაიმართება ყველა იმ საჭირბოროტო საკითხებზე, რომლებიც ამ მხარეს და მის მცხოვრებლებს აწუხებთ. ახლა, რაც შეეხება ხელფასის მომატებას, როგორც არაერთხელ განვაცხადე, დაპირება ძალაში რჩება და ხელფასი ნოემბერში 50-60 პროცენტით გაიზრდება. ამავე დროს მინდა გითხრათ, რომ ყოველ ღონეს ვხმარობთ, რათა ამან არ იმოქმედოს ფასებზე, ესე იგი არ გამოიწვიოს ფასების ზრდა და ინფლაციური პროცესების ახალი ტალღა. მოსახლეობის გარკვეული ნაწილი შიშობს, რადგან ჩვენ არაერთხელ ვიყავით ამის მოწმენი, მაგრამ ახლა სათანადო რესურსებით გარანტირებული ვართ. თანაც ეს არ არის ხელფასის, პენსიის და დახმარების ზრდის ისეთი მასშტაბი, რომელსაც შეიძლება ინფლაციის ახალი აფეთქება მოჰყვეს. ეს გამორიცხულია, ფასები იქნება სტაბილური, ხელფასი დიდად არა, მაგრამ 50-60 პროცენტით მაინც გაიზრდება.

და, ბოლოს, ჩემი დღევანდელი საუბარი მინდა იმით დავამთავრო, რომ არჩევნებამდე ერთი კვირაღა რჩება. უმთავრესი საზრუნავი და მოსახლეობისათვის სათხოველიც ეს უნდა იყოს: 5 ნოემბერს, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, გადაწყდება საქართველოს ბედი. მჯერა, რომ ამ დღეს მთელი საქართველო მივა საარჩევნო ყუთებთან და გამოხატავს თავის ნებას ქვეყნის სტაბილურობისა და აღმავლობისათვის, კეთილდღეობისა და აღმშენებლობისათვის. მოსახლეობის აქტიურობაზე იქნება დამოკიდებული თუ როგორ იცხოვრებს მომავალში საქართველო.

„გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ 5 ნოემბერს გადაწყდება საქართველოს ბედი!“ / ე.შევარდნაძე ; [ჩაიწერა]ნატო ონიანმა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 31 ოქტომბერი. - 157(2073). - 1,2 გვ.

96 შავი ზღვის აუზის ქვეყნების არქიტექტორთა პირველიკონფერენციის მონაწილეებს

▲ზევით დაბრუნება


ქალბატონებო და ბატონებო!

ჩემთვის მნიშვნელოვანია და სიმბოლურიც, რომ ჩვენს რთულსა და წინააღმდეგობრივ ეპოქაში იმ მაღალპროფესიონალ არქიტექტორთა საერთაშორისო შეხვედრა, რომლებიც შენებას ემსახურებიან, საქართველოში, თბილისში იმართება.

თქვენ დარწმუნდებით, რომ ჩვენ დავძლიეთ ნგრევის სინდრომი და შენებას მივყავით ხელი, ამ სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით.

სულ ახლახან, თბილისში, იუნესკოს ეგიდით გაიმართა საერთაშორისო ფორუმი „კულტურათა დიალოგი შეუწყნარებლობისა და აგრესიულობის წინააღმდეგ სოლიდარობისათვის“, ასევე საქართველოში, ოღონდ ზღვისპირას, ბათუმში, გაიმართა შავი ზღვის აუზის ქვეყნების საერთაშორისო კინოფესტივალი „ოქროს არწივი“, ახლა თქვენი კონფერენცია იმართება. ყოველივე ეს ნათელყოფს, რომ საქართველო არა მხოლოდ თავისი გეოგრაფიული მდებარეობით, არამედ ქართველი ხალხის კულტურული ტრადიციებისა და ტოლერანტობის გამოც იქცევა საერთაშორისო მასშტაბის შეხვედრების ადგილად.

აქ უყვართ მოყვასი, აქ აშენებენ, აქ ეხმარებიან ერთმანეთს.

ეს არის ჩვენი, როგორც ერის, თავგადარჩენის გზა.

ეს არის იმავდროულად კაცობრიობის გადარჩენაც.

ამიტომ, არის, რომ თქვენ, ვის გარეშეც შენება წარმოუდგენელია, განსაკუთრებული სიხარულითა და განსაკუთრებული იმედებით გხვდებით.

მე ვფიქრობ, რომ სამი წლის წინ შავი ზღვის აუზის ქვეყნების თერთმეტი სახელმწიფოს ხელმძღვანელთა შეკრებაზე მიღებული დეკლარაციის ძირითად პრინციპს ჩვენ ნელ-ნელა, მაგრამ მიზანდასახულად ვახორციელებთ: „შავი ზღვა უნდა იქცეს მშვიდობის, სტაბილურობისა და აყვავების ზღვად“.

ამავე მიზანს ისახავს თქვენს წრეში გაჩენილი შავი ზღის აუზის ქვეყნების არქიტექტორთა პროფესიული კავშირის შექმნის იდეაც და მე მას გულწრფელად მივესალმები, მივესალმები იმ აზრსაც, რომ ამ საერთაშორისო ორგანიზაციის შტაბ-ბინა თბილისში დაფუძნდეს.

ეს არ იქნებოდა ურიგო.

საერთოდ, შავი ზღვის რეგიონი სულ უფრო მნიშვნელოვან როლს თამაშობს მსოფლიოს პოლიტიკაში, ეკონომიკასა და კულტურაში, რისი დამადასტურებელიც არის არა მხოლოდ ეს კონფერენცია, არამედ ჰაბიტატის ის მსოფლიო კონფერენციაც, რომელიც მომავალ წელს სტამბულში უნდა ჩატარდეს და განიხილოს საცხოვრისისა და დასახლებათა აქტუალური პრობლემები.

და ბოლოს, სწორედ თქვენ, არქიტექტორებმა, შერიგებისა და მიმტევებლობის ნიშნად უნდა დაიწყოთ ფიქრი და მუშაობა იმ განადგურებული ქალაქებისა და სოფლების აღმშენებლობით პრობლემებზე, რომლებიც დაანგრია სიძულვილმა, სეპარატიზმმა და შეურიგებლობამ.

ასეთი ნანგრევები მარტო საქართველოში როდია!

წარმატებებს გისურვებთ თქვენს დიდსა და საშვილიშვილო საქმეში, წარმატებებს ვუსურვებ თქვენს კონფერენციას, წარმატებას ვუსურვებ ყოველ თქვენგანს.

ედუარდ შევარდნაძე.

შავი ზღვის აუზის ქვეყნების არქიტექტორთა პირველი კონფერენციის მონაწილეებს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 2 ნოემბერი. - 160(2076). - 1 გვ.

97 საქართველო ღირსეულად შეაბიჯებს XXI საუკუნეში

▲ზევით დაბრუნება


ბატონ ედუარდ შევარდნაძის სიტყვა, წარმოთქმული საქართველოს მოქალაქეთა კავშირის ფორუმზე 1995 წლის 2 ნოემბერს

ქალბატონებო და ბატონებო!
თანამემამულენო!

დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ ყველას, ვინც ჩემი კანდიდატურა წამოაყენა პრეზიდენტობის კანდიდატად.

ჩემი მდგომარეობა მომავალ არჩევნებში განსხვავდება სხვა კანდიდატთა მდგომარეობისაგან, ჯერ ერთი იმით, რომ მე პასუხისმგებლობა მეკისრება ქვეყნისა და ხალხის წინაშე დღეს არსებული მდგომარეობისათვის, მაშინ, როდესაც ჩემი ოპონენტები, პრეზიდენტობის სხვა კანდიდატები, მეტ-ნაკლებად თავისუფალი არიან ასეთი პასუხისმგებლობისაგან.

ამავე დროს, ამ ფაქტორს მეორე მხარეც აქვს: თუ ობიექტური იქნება შექმნილი ვითარების ანალიზი, - ხელისუფლების ის პროგრამები, რომლებიც შემუშავდა და ხორციელდება, ის შედეგები, რასაც მივაღწიეთ, აგრეთვე, ის პროგრამები, რომლებიც უკვე შემუშავებულია, მაგრამ განხორციელება მხოლოდ ეხლა იწყება - იმ კანდიდატურის სასარგებლოდ ლაპარაკობენ, ვინც პარლამენტთან და მინისტრთა კაბინეტთან, ადგილობრივ, ხელისუფლებასთან ერთად პასუხისმგებელია შექმნილი ვითარებისათვის.

მაშასადამე, საკითხთა საკითხია შესაძლებლობების სწორი ანალიზი და იმის დადგენა, არსებობდა თუ არა ამაზე მეტის გაკეთების შესაძლებლობა, ვიდრე გაკეთდა.

ამიტომ, ეს არჩევნები ჩემთვის იქნება ერთგვარი სახალხო რეფერენდუმი, რომელიც შეაფასებს წარსულს და პრეზიდენტობის კანდიდატს, მიაკუთვნებს ნდობის ვოტუმს მომავლისათვის.

ჩემს გამოსვლაში მე შევეცდები, გზადაგზა მოგაწოდოთ როგორც შექმნილი ვითარების ანალიზი, ჩემი თვალთახედვით, ასევე ჩემი წინასაარჩევნო პროგრამის ნაწილი მაინც.

I. განვითარების ძირითადი ტენდენციები ბოლო სამი წლის განმავლობაში

საკმარისია შევადაროთ ერთმანეთს სამი წლის წინათ, 11 ოქტომბერს არჩევნების დროს არსებული სიტუაცია საქართველოსი დღევანდელ ვითარებას და ჩვენ თვალნათლივ დავინახავთ გარკვეულ პროგრესს.

ამ სამი წლის მთავარი შედეგი არის ის, რომ ერთი სოციალურ-ეკონომიკური წყობილება იცვლება სხვა, უფრო პროგრესული სოციალური წყობილებით და ეს პროცესი შეუქცევადი გახდა.

სამი წლის წინათ პრაქტიკულად, ლეგიტიმური ხელისუფლება არც გვქონდა. გვქონდა სახელმწიფო საბჭო, მაგრამ სახელმწიფო არ გაგვაჩნდა. დღეს სახელმწიფო, ასე თუ ისე, გვაქვს. მართალია, ის სრულყოფას მოითხოვს, მაგრამ ლეგიტიმური ხელისუფლება და სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო ფაქტობრივად არსებობს.

სამი წლის წინათ, ჩვენ გვქონდა მხოლოდ კანონი ხელისუფლების შესახებ, დღეს გვაქვს დემოკრატიული კონსტიტუცია, რომელიც მსოფლიო კონსტიტუციონალიზმის თანამედროვე მიღწევების დონეზეა შექმნილი. კონსტიტუცია მეოცე საუკუნის საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვარია.

დღეს ჩვენ გვაქვს გაცილებით უფრო სრულყოფილი ახალი საარჩევნო კანონი.

სამი წლის წინათ, საერთოდ არ ფუნქციონირებდა საქართველოს მოშლილი ეკონომიკა. ეკონომიკაში არა ბიზნესმენი, არა მეწარმე, არამედ თოფიანი ყაჩაღი ბატონობდა. ძარცვა-გლეჯვის ქურდული კანონებით იყო შეცვლილი სახელმწიფოს კანონები. მეფობდა ქაოსი და გაუგონარი კრიზისი.

დღეს ეკონომიკაში სხვა სურათია: შემუშავებულია და გარკვეულწილად განხორციელდა კაპიტალური ანტიკრიზისული პროგრამა, დიდი რეფორმების პროგრამა. იწყება წარმოების გამოცოცხლება, მეწარმე ხდება მთავარი ფიგურა, სახელმწიფო კანონები თანდათანობით იკავებენ თავიანთ ღირსეულ ადგილს, მაფიოზურ, კრიმინალურ კლანებს მივაყენეთ გამანადგურებელი დარტყმა. ეს ბრძოლა მეტი ინტენსიურობით გაგრძელდება.

სამი წლის წინათ, ჩვენ ფაქტობრივად არ გვყავდა არმია, პოლიცია, უშიშროების სამსახური, სხვა ძალოვანი სტრუქტურები. დღეს ამ მიმართულებით დიდი ნაბიჯებია გადადგმული. დღევანდელ პოლიციას და შეიარაღებულ ძალებს ძალუძთ დაიცვან სახელმწიფოსა და თავისუფალი მოქალაქის ინტერესები. განხორციელდა ძირფესვიანი ფულადი რეფორმა - ფულის სუროგატის - კუპონის ნაცვლად, შემოღებულია ლარი და მისი კურსი დღევანდელ ეტაპზე მსოფლიოს ეროვნულ ვალუტათა შორის ღირსეულ ადგილს იკავებს. ლარის ეს კურსი შენარჩუნებული და განმტკიცებული იქნება.

ქვეყანაში დაიწყო ფართომასშტაბიანი ეკონომიკური რეფორმები.

სამი წლის წინათ, მძვინვარებდა სამოქალაქო ომი, საზოგადოება დახლეჩილი იყო მტრულ ბანაკებად, დღეს მშვიდობა, სტაბილურობა ქვეყნის აღმშენებლობის განმსაზღვრელი ფაქტორი გახდა.

სამი წლის წინათ ქაოსი და განუკითხაობა მეფობდა სოციალური დაცვის სფეროში. დღეს მოქალაქეთა კეთილდღეობის ამაღლების, ხელისუფლების, პენსიების, სტიპენდიების გადიდების, საოჯახო ბიუჯეტის ფორმირების დარგში შემუშავებულია სახელმწიფო პროგრამები და დაწყებულია მათი ეტაპობრივი განხორციელება. ასეთია, მაგალითად, კანონი ომებში მონაწილე და პოლიციის ყველა კატეგორიის ვეტერანების უზრუნველყოფის შესახებ, ასეთია დედათა და ბავშვთა კვების უზრუნველყოფის პროგრამები, რომელთა შედგენასა და განხორციელებაში უდიდესია ჩვენი უცხოელი მეგობრების წვლილი.

სამი წლის წინ მეფობდა საშინელი კრიზისი კულტურის სფეროში. ვითარება იმდენად კატასტროფული იყო, რომ იძულებული ვიყავით შეგვექმნა კულტურის ხსნის კომიტეტი - სახელმწიფოს მეთაურის ხელმძღვანელობით.

დაიწყო ძირეული რეფორმები განათლების, ჯანდაცვის, კულტურის სფეროში, დღეს ქართული კულტურა აღორძინების გზით მიდის. ამას მოწმობს მისი ეროვნული და საერთაშორისო მიღწევები. დღეს უკვე გაბედულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული კულტურა გადარჩენილია.

სრულყოფილი იქნა ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკა და საქართველომ თავისი ღირსეული ადგილი დაიჭირა მსოფლიო ხალხთა თანამეგობრობაში.

გაიზარდა საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტი და მისი, როგორც დემოკრატიული ქვეყნის იმიჯი.

მართალია, ეს სამი წელი დიდი რეფორმების განხორციელების მხოლოდ დასაწყისია, მაგრამ ამ წლების მთავარი შედეგი ის არის, რომ სამართლებრივი სახელმწიფოს, სამოქალაქო საზოგადოების, საბაზრო ეკონომიკის მშენებლობა შეუქცევად პროცესად იქცა.

ყველაფრის საზომი არის ადამიანი. ამ სამი წლის მანძილზე სულ სხვა ტიპის ადამიანის ჩამოყალიბებასთან გვაქვს საქმე. საქართველოს მოქალაქის სოციალური როლი და ფუნქცია შეიცვალა, მას უკვე აქვს რეალური უფლებები და თავისუფლებები.

ეს უფლებები და თავისუფლებები მას კონსტიტუციამ მისცა. ახლა მთავარია, როგორ გამოიყენებს ადამიანი ამ უფლებებს და თავისუფლებებს საკუთარი კეთილდღეობისა და სახელმწიფო ძლიერებისათვის. ამ უფლებათა გარანტირებული დაცვა ჩემთვის პრინციპის საკითხია.

II. ახალი კონსტიტუცია და პარლამენტის მომავალი არჩევნების ზოგიერთი თავისებურება მიმდინარე ეტაპზე

ამ ფონზე, საქართველოს ახალი კონსტიტუციის საფუძველზე, მიმდინარე წელს ტარდება რესპუბლიკის პარლამენტისა და პრეზიდენტის არჩევნები.

საქართველოს ხალხი, ელექტორატი XX საუკუნის ბოლომდე - 5 წლის ვადით, ირჩევს პრეზიდენტს, ხოლო 4 წლის ვადით ახალ პარლამენტს - რესპუბლიკის საბჭოს. უფრო მოგვიანებით, როდესაც აღსდგება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ცენტრალური ხელისუფლების სრული იურისდიქცია გავრცელდება მის ყველა რეგიონში, ჩამოყალიბდება სენატი და გვექნება პირველად ქვეყნის ისტორიაში ორპალატიანი პარლამენტი.

პარლამენტში წყდება ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხები.

ეს კონსტიტუციური სიახლე და ისტორიული თავისებურება დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს საქართველოს ხალხს, ელექტორატს, ყველას, ვინც სათავეში უდგას და პრაქტიკულად ახორციელებს კონსტიტუციისა და საარჩევნო კანონის საფუძველზე პარლამენტის არჩევნებს.

ამიტომ ღრმად უნდა ჩავუფიქრდეთ ყოველ კანდიდატურას, ვისაც ხმას ვაძლევთ, ვისაც ვირჩევთ მომავალ პარლამენტში, უნდა გამოვავლინოთ ეროვნული და სახელმწიფოებრივიპასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. არც ერთ შემთხვევაში კანდიდატურა არ უნდა მოხვდეს პარლამენტში. უნდა გავითვალისწინოთ მოქმედი პარლამენტის როგორც დადებითი, ისე უარყოფითი ისტორიული გაკვეთილები.

ასეთია უმაღლესი საკანონმდებლო ხელისუფლების მომავალი არჩევნების ერთ-ერთი ძირითადი თავისებურება და სპეციფიკა. ეს ერთი.

მეორე. ამ არჩევნების ერთ-ერთი თავისებურება ისიც გახლავთ, რომ ახალი კონსტიტუციის თანახმად ჩვენ ვირჩევთ საქართველოს ისტორიაში ახალი ტიპის პრეზიდენტს, სახელმწიფოს მეთაურს, რომელიც, ამავე დროს, აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურიც იქნება, რადგანაც ახალი კონსტიტუციის შესაბამისად ყალიბდება ახალი ტიპის უმაღლესი აღმასრულებელი ხელისუფლება - არ იქნება პრემიერ-მინისტრის, ვიცე-პრემიერების პოსტები. მინისტრთა კაბინეტი, მინისტრები და სხვა სამთავრობო სტრუქტურები უშუალოდ დაექვემდებარებიან პრეზიდენტს.

პარლამენტმა, როცა ახალ კონსტიტუციას იღებდა, ხმა მისცა ქვეყნის საპრეზიდენტო მართვა-გამგეობას.

უშუალოდ ხალხი აძლევს უზარმაზარ ძალაუფლებას პრეზიდენტს.

აქ შეცდომა დაუშვებელია, რადგანაც იგი შეიძლება ისტორიულად საბედისწერო აღმოჩნდეს. ასჯერ უნდა ავწონდავწონოთ ესა თუ ის კანდიდატურა, მისი დადებითი და უარყოფითი - მე ვიქნები ის, თუ სხვა - სანამ ხმას მივცემთ.

მესამე. ქვეყნის ისტორიაში პირველად, ახალი კონსტიტუციის საფუძველზე, ახლად არჩეულ პრეზიდენტსა და პარლამენტზე იქნება დამოკიდებული უმაღლესი ხელისუფლების მესამე დამოუკიდებელი განშტოების - სასამართლო ხელისუფლების ფორმირება, რადგანაც მისი შექმნილი კონსტიტუციური მექანიზმი ისეა ჩამოყალიბებული, რომ პრეზიდენტი და პარლამენტი გადამწყვეტ როლს ასრულებენ ამ პროცესში.

გვექნება ორი ახალი სახელმწიფო ინსტიტუტი: კონსტიტუციური სასამართლო და უზენაესი სასამართლო.

კონსტიტუციური სასამართლო რესპუბლიკაში პირველად ყალიბდება. ახალი ტიპის ინსტიტუტი იქნება საქართველოსათვის უზენაესი სასამართლოც - სასამართლო ხელისუფლების ასეთ სტრუქტურაში, ამ უფლებამოსილებით იგი პირველად იწყებს ფუნქციონირებას.

მეოთხე. პოლიტიკური პარტიები და მოძრაობები განსაკუთრებულ ისტორიულ პასუხისმგებლობას კისრულობენ მიმდინარე არჩევნებში.

მოგეხსენებათ ჩვენი პოლიტიკური პარტიების პროგრამების, პოლიტიკური სტრატეგიისა და ტაქტიკის პლურალურობა, მსოფლმხედველობრივი მრავალფეროვნება, ზოგჯერ ექსტრემიზმამდე, დესტრუქციულ ქმედებამდე მისული საქმიანობა და, მიუხედავად ამისა, მაინც ახალი კონსტიტუციის შემუშავებისა და მიღების პროცესმა გვიჩვენა, რომ ჩვენს პოლიტიკურ პარტიებსა და მოძრაობებში იკვეთება ჯანსაღი ტენდენციები: ეროვნული და სახელმწიფოებრივი ინტერესების პარტიულ ინტერესებზე მაღლა დაყენება, გონივრული კომპრომისის უნარი, კონსენსუსის მიღწევისათვის პრაქტიკული ზრუნვა, სუბიექტივიზმის დაძლევისა და ობიექტური მიდგომის ნიშნები და სხვა. მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, ვინ ითანამშრომლა და ვინ გვერდზე გადგა კონსტიტუციის მიღების დროს. მისამართებს არ ვასახელებ, ამომრჩეველმა თვითონ განსაჯოს.

მეხუთე. ჩვენს არჩევნებს საერთაშორისო ასპექტი აქვს. ახალი კონსტიტუციისა და ახალი საარჩევნო კანონის საფუძველზე ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და მთელი საარჩევნო სისტემის საქმიანობა, დემოკრატიული არჩევნები მსოფლიოს მრავალი ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მეთვალყურეობით კიდევ უფრო აამაღლებს საქართველოს, როგორც დემოკრატიული ქვეყნის ავტორიტეტს.

III. წინასაარჩევნო პროგრამის ძირითადი დებულებები

თუ საქართველოს ხალხი ხმას მისცემს ჩემს კანდიდატურას და ამირჩევს საქართველოს პრეზიდენტად, მე დავიცავ კონსტიტუციას და კანონს და ყველა ამომრჩეველს, ჩემი წინასაარჩევნო პროგრამის საფუძველზე, უახლოესი 5 წლის მანძილზე 200 წლამდე რეალურად ვპირდები:

ა) დემოკრატიული, სამართლებრივი, სახელმწიფო მშენებლობის, სახელმწიფო რეფორმების დარგში:

პირველი. როგორც პრეზიდენტმა, მთელი ძალღონე და ენერგია მოვახმარო საქართველოს დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და სუვერენიტეტის განმტკიცებას, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და საქართველოს ხელისუფლების კონსტიტუციური იურისდიქციის გავრცელებას მთელ მის ტერიტორიაზე; ვაცხადებ მთელი პასუხისმგებლობით, რომ 2000 წლისათვის საქართველო იქნება ერთიანი, ძლიერი, დემოკრატიული, აყვავების გზაზე დამდგარი სახელმწიფო.

მეორე. სახელმწიფო რეფორმების წარმატებით განხორციელებას, პარლამენტის, აღმასრულებელი ხელისუფლების რეფორმების სრულყოფას, სასამართლო ხელისუფლების ჩამოყალიბებაში აქტიური მონაწილეობის მიღებას, დემოკრატიული მუნიციპალური ხელისუფლების ფორმირებაში კონსტრუქციული როლის შესრულებას, საქართველოს ტერიტორიული მოწყობის პრობლემის დემოკრატიული, კონსტიტუციონალიზმის პრინციპების შესაბამისად გადაჭრას;

მესამე. საქართველოს დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფოს აშენებას, სადაც გარანტირებული იქნება კონსტიტუციის, კანონის უზენაესობა, მოქალაქეთა და სახელმწიფო მოხელეთა მხრივ კანონისადმი უსიტყვო პატივისცემა და მორჩილება.

მეოთხე. ყოველმხრივ ხელს შევუწყობ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის პრობლემის გადაჭრას მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით, - ეს ჩემი კრედო გახლავთ - ქართველი, სხვა ეროვნების ხალხების გენოციდის და ეთნოწმენდის შედეგების საბოლოო აღმოფხვრას, დევნილი მოსახლეობის - ქართველების, აფხაზების, რუსების, სომხების, ოსების, ბერძნების, ებრაელების და სხვების მობილურ ადგილებში დაბრუნებას. ხოლო, თუ აფხაზ სეპარატისტთა რეჟიმი, რომელმაც უცხო ძალთა კარნახით და უშუალო გადამწყვეტი ჩარევით, უკვე ჩაიდინა უმძიმესი დანაშაული კაცობრიობის წინაშე, გონს არ მოეგება, და, თუ ეს გარდაუვალი გახდება, არ გამოვრიცხავ სამხედრო ძალის გამოყენებას საერთაშორისო სამართლის ნორმების, გაეროსა და ევროუშიშროების ორგანიზაციის პრინციპების დაცვით.

ჩვენ აგრესიის მსხვერპლი ვართ და უფლება გვაქვს ყველა ღონე ვიხმაროთ სახელმწიფო სუვერენიტეტის დასაცავად.

ეს ჩვენი კონსტიტუციური უფლება და მოვალეობაა.

მეხუთე. აუცილებლად მიმაჩნია ფართო მასშტაბის ეროვნული უსაფრთხოების პროგრამის განხორციელება, შემდგომი რეფორმებისა და რეორგანიზაციების გზით ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლება, თანამედროვე ცივილიზაციის დონეზე საქართველოს არმიის, სასაზღვრო ჯარების ფორმირება და მათი ბრძოლისუნარიანობის განმტკიცება; ყველა ქვეყნის, პირველ რიგში რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან საქმიანი, სასიცოცხლოდ აუცილებელი კონტაქტების გაფართოება, მსოფლიო სამხედრო გამოცდილების შემოქმედებითად, ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით გამოყენება. ამ დღეებში გამართულმა თავდაცვის სამინისტროს გაფართოებულმა კოლეგიამ გვიჩვენა, რომ საქართველოს რეგულარული შეიარაღებული ძალების ფორმირების პირველი ურთულესი და უმძიმესი ეტაპი დამთავრდა. საქართველოს არმია დღეს საკმაო მზადყოფნაშია შეასრულოს სახელმწიფოს დავალება მაღალპროფესიულ დონეზე.

მეექვსე. სახელმწიფოში დამყარდეს სანიმუშო წესრიგი და კანონიერება, სახელმწიფო დისციპლინა.

საჭიროა შინაგან საქმეთა სამინისტროს, პოლიციის, მუნიციპალური პოლიციიის, უშიშროების სამსახურის, შინაგანი ჯარების, პროკურატურის, სხვა სამართალდამცავი ორგანოების სტრუქტურისა და საქმიანობის რეფორმები, მათი შემდეგი განმტკიცება ახალი კონსტრუქციის შესაბამისად და მოქმედი კანონმდებლობის სრულყოფის საფუძველზე.

კონსტიტუციის აღიარებული პრინციპების შესაბამისად ქვეყანაში გატარდება სასამართლო რეფორმა, რომელიც არსებით გავლენას მოახდენს არა მხოლოდ საკუთრივ სასამართლოების, არამედ მთელი სახელმწიფო მექანიზმის ფუნქციონირებაზე, ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობაზე ქვეყანაში.

მეშვიდე. ხელისუფლების სამივე განშტოება - საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ერთმანეთს მხოლოდ პრობლემებს კი არ შეუქმნის, არამედ მთელი ძალისხმევით, შეთანხმებული საქმიანობით, მაქსიმალური ეფექტიანობით მოემსახურება ხალხს და სახელმწიფოს: ამის მაგალითს პრეზიდენტის და პარლამენტის გონივრული თანამშრომლობა მოგვცემს.

სასამართლო რეფორმა განხილული იქნება როგორც საერთო რეფორმების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი. მან უნდა მოიცვას მართლმსაჯულების მთელი სისტემის საკანონმდებლო უზრუნველყოფისა და ორგანიზაციულ გარდაქმნათა კომპლექსი. ცხადია, ამ ღონისძიებებს არ ექნება თვითმიზნური ხასიათი. საჭიროა მართლმსაჯულებას ჩამოსცილდეს ის ელემენტები, რომლებიც ნიშანდობლივია ტოტალიტარული პოლიტიკური რეჟიმებისათვის და სასამართლომ უნდა განიმტკიცოს უმთავრესი თვისება - მხოლოდ კანონისადმი დამორჩილებული სასამართლო ხელისუფლებისა. რეფორმამ უნდა შეცვალოს საზოგადოებაში მართლმსაჯულების დანიშნულება, სასამართლოს სტატუსი.

მერვე. მე გაცნობიერებული მაქვს ის სირთულე, რომელიც ახლავს ახალი უფლებამოსილების მქონე პრეზიდენტის საქმიანობას კონსტიტუციურად რეფორმირებულ ახალ პარლამენტთან. მე მზად ვარ ახლებურად ვითანამშრომლო მასთან. შემუშავებული მაქვს პარლამენტთან პრეზიდენტის საქმიანი ურთიერთობის სახელმწიფო პროგრამა - პროექტი. ეს უნდა იყოს სრულიად ახლებური ურთიერთობა პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის, რომელსაც დღემდე ანალოგი არ ჰქონია საქართველოს ისტორიაში. თუმცა უნდა ითქვას იმის შესახებაც, რომ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ჯერ ერთი, ღირსეული პრეზიდენტის არჩევა, მეორე ის, რომ პრეზიდენტს პარლამენტის უმრავლესობისაგან გონივრული მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს, ამას კი დეპუტატთა კორპუსის გონივრული შემადგენლობის არჩევა განაპირობებს.

მეცხრე. ძირფესვიანად იქნება, როგორც ზემოთ აღნიშნეთ, რეფორმირებული აღმასრულებელი ხელისუფლება.

ახალმა კონსტიტუციამ, როგორც ვთქვით, საქართველოში სამართლებრივად დაამკვიდრა საპრეზიდენტო რესპუბლიკა. საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ გადამწყვეტი მნიშვნელობა მიენიჭება სახელმწიფო ხელისუფლების კონსტიტუციური ორგანოების და, უწინარეს ყოვლისა, აღმასრულებელი ხელისუფლების ჩამოყალიბებას.

პოლიტიკური რეჟიმის ის ფორმა, რომელიც კონსტიტუციის მიღებით აირჩია საქართველომ, უნიკალურია პოსტსაბჭოურ სივრცეში. ქართული კონსტიტუცია ქმნის საკმაოდ მყარ სამართლებრივ გარანტიას, რათა ჩვენმა ქვეყანამ საბოლოოდ დაძლიოს მმართველობის მანკიერი სისტემა და სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელება ჭეშმარიტად დემოკრატიულ პრინციპზე დაყრდნობით მოხდეს. ქვეყნის მართვის ჩვენებური მოდელი შორსაა „ადმინისტრაციულ-მბრძანებლური“ სისტემის რეციდივის, ანდა ანარქიის საფრთხისაგან. საქართველოში აღარ იქნება ხელისუფლების ვაკუუმი. საქართველოს კონსტიტუცია პრემიერ-მინისტრის თანამდებობას არ ითვალისწინებს, რის შედეგადაც საპრეზიდენტო ინსტიტუტის არსებობა კლასიკური სახით ამკვიდრებს ხელისუფლებათა ურთიერთგამიჯვნისა და ურთიერთგაწონასწორების ერთ-ერთ ფუძემდებელ პრინციპს.

აღმასრულებელი ხელისუფლების რეორგანიზაციას საპრეზიდენტო რესპუბლიკის არსებობის კონსტიტუციური პრინციპი უნდა დაედოს საფუძვლად. ე.ი. ამ ხელისუფლების აგებისას პირველ ადგილზე უნდა დავაყენოთ პრეზიდენტის, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურის, ძალაუფლებისა და პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხისა და ადექვატურობის ფაქტორი. პრეზიდენტის პასუხისმგებლობის უმაღლესი ხარისხი ითხოვს, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების აგებულებაშივე უზრუნველვყოთ პრეზიდენტის მიერ გატარებული პოლიტიკის მთლიანობაც და მის მიერ მიღებულ გადაწვეტილებათა გაწონასწორებულობაც.

1. სახელმწიფო ხელისუფლებათა ურთიერთგამიჯვნა აუცილებელია და ამას ითვალისწინებს ჩვენი კონსტიტუცია.

ამ კრიტერიუმებიდან გამომდინარე, აღმასრულებელი ხელისუფლების მოდელი უნდა დაეფუძნოს სამ ძირითად ინსტიტუციონალურ დონეს:

I. უმაღლესი საკონსულტაციო ორგანოები - ეროვნული უშიშროების საბჭო და ეკონომიკური საბჭო;

II. პრეზიდენტის პირადი შტაბი - პრეზიდენტის ადმინისტრაცია;

III. მთავრობა და შესაბამისი უწყებები, სახელმწიფო მმართველობის რეგიონალური და ადგილობრივი ორგანოები.

უმაღლესმა საკონსულტაციო ორგანოებმა უნდა უზრუნველყონ პრეზიდენტის აქტების, სახელმწიფო პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი საკითხების წინასწარი განხილვა და პრეზიდენტისათვის შესაბამისი კომპეტენტური რეკომენდაციების მიცემა.

უმაღლეს საკონსულტაციო ორგანოთა შემადგენლობაში თანამდებობრივად უნდა შევიდნენ პრეზიდენტი, სახელმწიფო მინისტრი, პრეზიდენტის თანაშემწეები და შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებების ხელმძღვანელები. სასურველია გამოიძებნოს საკონსულტაციო სტრუქტურაში პარლამენტის თავმჯდომარის თანამშრომლობის ფორმა.

აღმასრულებელი ხელისუფლების მეორე დონე მოიცავს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, რომელიც შედგება სახელმწიფო მინისტრის, მის დაქვემდებარებაში მყოფი პრეზიდენტის კანცელარიისა და პრეზიდენტის თანაშემწეებისაგან, რომლებიც ხელმძღვანელობენ შესაბამის სახელმწიფო სამსახურებს.

სახელმწიფო მინისტრსა და პრეზიდენტის აპარატს ძირითადი ფუნქცია სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა მუშაობის ორგანიზაციული უზრუნველყოფაა, ხოლო პრეზიდენტის თანაშემწეები დაქვემდებარებაში მყოფი სახელმწიფო სამსახურის მეშვეობით გეგმავენ სახელმწიფო პოლიტიკას შესაბამისი სფეროების მიხედვით და აკონტროლებენ მათ აღსრულებას.

აღმასრულებელი ხელისუფლების მესამე დონეს წარმოადგენს ცენტრალური აღმასრულებელი აპარატი - მთავრობა და სახელმწიფო მმართველობის რეგიონალური და ადგილობრივი ორგანოები, რომლებიც უზრუნველყოფენ პრეზიდენტისა და პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებას.

აღმასრულებელი ხელისუფლების ამგვარი სტრუქტურა პრაქტიკულად გამორიცხავს შესაძლებლობას რათა სახელმწიფო ხელისუფლების რომელიმე ორგანომ მოახდინოს ძალაუფლების უზურპაცია. ეს სტრუქტურა ეფექტური იქნება ერთიანი სახელმწიფოს პოლიტიკის ჩამოყალიბებისა და განხორციელებისათვის.

ორიოდე სიტყვა სახელმწიფო რწმუნებულთა ინსტიტუტის შესახებ (მე მიმაჩნია, რომ რთულ თემებს არ უნდა გავურბოდეთ):

სახელმწიფო რწმუნებულთა ინსტიტუტის შემოღებას განსაკუთრებით მათ საქმიანობას მოჰყვა არაერთგვაროვანი რეაქცია. ცალკეული პირებისა და ჯგუფების მხრიდან თავიდანვე გამოიკვეთა ამ ინსტიტუტის მიმართ აშკარა ნეგატიური დამოკიდებულება, რომელიც სხვადასხვა ფორმით ვლინდება და ახლა ცალკეულ კანდიდატთა წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთ წამყვან ფაქტორად იქცა. მათი მხრიდან ასეთი რეაქცია სავსებით გასაგებია და კიდევ ერთხელ მიუთითებს სახელმწიფო რწმუნებულის ინსტიტუტის შემოღების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებათა სისწორეზე. სამხარეო რწმუნებულთა ინსტიტუტის ერთადერთი და უმთავრესი დანიშნულებაა ცენტრალური სახელმწიფო ხელისუფლების განმტკიცება, საქართველოს რეგიონის ინტეგრაცია, მათ შორის კავშირურთიერთობის გაღრმავება და ბუნებრივ-გეოგრაფიული სპეციფიკის, ეკონომიკური პოტენციალის გათვალისწინებით ერთიანი სახელმწიფო სამეურნეო კომპლექსის ჩამოყალიბება.

სახელმწიფო რწმუნებულის ანალოგიური ინსტიტუტი მოქმედებს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ამასთან, აქვე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ეს ინსტიტუტი უპირატესად სწორედ უნიტარული, ცენტრალიზებული სახელმწიფოებისთვისაა დამახასიათებელი. ამ ინსტიტუტის შემოღებით არ იქნება ეგრეთ წოდებული „სეპარატიზმის“ საფრთხე. პირიქით, კრიტიკა შეიძლება მხოლოდ იმ კუთხით, რომ ეს ინსტიტუტი აძლიერებს ცენტრალურ ხელისუფლებას. ამგვარი კრიტიკა, რა თქმა უნდა, ლოგიკურია, თუმცა ცხადია, არ გამოდგება სააქართველოში მიმდინარე საარჩევნო კამპანიისათვის. ეს მშვენივრად ესმით სახელმწიფო რწმუნებულის ინსტიტუტის ოპონენტებს, ამიტომ, ამ ინსტიტუტს აბრალებენ სწორედ იმას, რის საწინააღმდეგოდაცაა იგი შექმნილი. ასევე, ულოგიკოა პარალელების გავლება სამხარეო ადმინისტრაციასა და სამთავროებად დაქუცმაცებულ საქართველოს შორის.

დღესაც, ვისაც სურს, რომ რეალურად იხილოს დაქუცმაცებული საქართველო, ილაშქრებს ამ ინსტიტუტის წინააღმდეგ. იმის საილუსტრაციოდ, თუ რა შედეგი მოიტანა სამხარეო რწმუნებულის საქმიანობამ, შეგვიძლია შევადაროთ დღევანდელი და სამხარეო ადმინისტრაციათა შექმნამდე არსებული სიტუაცია, ძირითადად სწორედ სამხარეო რწმუნებულისა და ადმინისტრაციათა აქტიური მოქმედების შედეგია კრიმინალური ბანდების, საქართველოს სიმდიდრის ძარცვის აღკვეთა, ეკონომიკური რეფორმების თანმიმდევრული განხორციელება, ადგილებზე საერთო - სახელმწიფოებრივი პოლიტიკის დაცვა-გატარება. სახელმწიფო რწმუნებულთა ინსტიტუტი შეიქმნა სწორედ ამ მიზნების განსახორციელებლად. ამიტომაც, მათ ძირითად ფუნქციებად განისაზღვრა რეგიონებში ზოგადსახელმწიფო ინტერესების: მართლწესრიგის, კანონიერების, თავდაცვის, უშიშროებისა და ადამიანის უფლებათა დაცვა. ყველა ამ სფეროში შექმნილი პრობლემები შეუძლებელია გადაწყდეს ცალკე აღებული სოფლის, დაბის, თემის, ქალაქის, თუ რაიონის ფარგლებში. ამ პროცესებმა განაპირობა სახელმწიფო რწმუნებულის ინსტიტუტის შემოღება. ეს იყო ბუნებრივი, თავისთავადი პროცესი, რომელიც გამომდინარეობდა სახელმწიფო მშენებლობის აუცილებლობიდან. სახელმწიფო მშენებლობა აყენებს ისეთ პრობლემებს, რომლებიც არ შეიძლება ეტეოდეს ერთი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ჩარჩოებში. ამავდროულად, ამ პრობლემის მართვა ეფექტიანობისა და ოპტიმალურობის თვალსაზრისით. არ შეიძლება მხოლოდ ერთი ცენტრით შემოიფარგლოს, ხოლო თუ ამ პრობლემების გადაჭრას რაიონების მიხედვით შევეცდებით არაფერი გამოვა. სწორედ ამგვარი მიდგომით შეიქმნება სეპარატიზმისა და დეზინტეგრაციის საფრთხე.

ცხადია, რწმუნებულთა ინსტიტუტი და ამ ინსტიტუტის მარეგულირებელი დებულებები საჭიროებენ შემდგომ დახვეწას. საჭიროა მკვეთრად გაიმიჯნოს კომპეტენციები მმართველობის ადგილობრივ ორგანოებსა და სამხარეო ადმინისტრაციებს შორის. დაუშვებელია მათი ფუნქციების აღრევა და დუბლირება. ამ მხრივ მუშაობა უნდა გაგრძელდეს. უნდა მოხდეს ცალკეული მხარის მიხედვით სამხარეო ადმინისტრაციის მუშაობის შესწავლა, გამოცდილების განზოგადება, რეგიონული თავისებურებების გათვალისწინება და, აქედან გამომდინარე, მათი მარეგულირებელი ინდივიდუალური ნორმატიული აქტების მიღება, რომლებიც სრულად ასახავენ მხარის სპეციფიკას, სრულად გაითვალისწინებენ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის სასიცოცხლო ინტერესებს.

დღეს, როდესაც გადასაწყვეტია სახელმწიფოს მოწყობის საკითხები, როდესაც ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში ხორციელდება ცენტრალიზებული მმართველობა, როდესაც ადგილებზე ჯერ კიდევ არ ჩამოყალიბებულა თვითმმართველობები, რწმუნებულის ინსტიტუტის არსებობის პრობლემატიკა მხოლოდ ცენტრალიზებული მართვის ოპტიმალური ტერიტორიული დონის განსაზღვრას შეიძლება დაუკავშირდეს.

ამგვარად, სამხარეო ადმინისტრაციის ინსტიტუტის შემოღება გაპირობებულია ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ობიექტური რეალობით და აუცილებელია საქართველოს, როგორც ერთიანი სახელმწიფოებრივი ორგანიზმის დამკვიდრებისათვის.

საქართველოში მიმდინარე სახელმწიფო აღმშენებლობის პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ადგილობრივი მმართველობის სისტემის შექმნას.

ადგილობრივი მმართველობის დღევანდელი სახით ჩამოყალიბება წარმოადგენდა ერთ მთლიან ორგანულ პროცესს, რომელიც ქვეყანაში შექმნილი მძიმე ვითარებითა და ამ ვითარებიდან გამოსავლის პოვნის აუცილებლობით იყო ნაკარნახევი, და გამოიკვეთა სამი ეტაპი:

I. ადგილობრივი მმართველობის ორგანოების ცენტრალიზებული წესით შექმნა სახელმწიფო ხელისუფლების ცენტრალური ორგანოების მიერ, ე.ი. სახელმწიფოს მეთაურის მიერ;

II. ადგილობრივი მმართველობის ორგანოების საქმიანობის სამართლებრივი რეგლამენტაცია, მმართველობის რეგიონალიზაცია;

III. ადგილობრივი მმართველობის ცენტრალიზებული სისტემის ოპტიმალური დეკონცენტრაცია, მმართველობის ცენტრალურ, რეგიონულ, რაიონულ და ადგილობრივ ორგანოთა შორის ფუნქციებისა და კომპეტენციების მკაცრი გამიჯვნა, ეკონომიკური და პოლიტიკური საფუძვლების მომზადება თვითმმართველობებზე გადასვლისთვის.

თითოეულ ეტაპს ჰქონდა თავისი სპეციფიკური ამოცანა, რომლის გადაწყვეტის გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა ქართული სახელმწიფოსთვის საფუძვლების შექმნა. პირველი ეტაპის ძირითადი ამოცანა იყო ქვეყანაში გამეფებული პოლიტიკური არასტაბილურობის, სამოქალაქო ომის საფრთხის, სამეურნეო და ეკონომიკური ქაოსი, კრიმინალური სამყაროს გაბატონების და სახელმწიფოსათვის მომაკვდინებლად საშიში სხვა ანარქიული მოვლენების ლოკალიზაცია, ხოლო შემდგომ მათი ნეიტრალიზაცია. ამ ამოცანის გადაწყვეტისათვის არ არსებობდა სხვა გზა, გარდა თვით სახელმწიფო ხელისუფლების ცენტრალური ორგანოების მიერ ადგილზე დანიშნული წარმომადგენლების საშუალებით ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მართვის განხორციელებისა. და უნდა გითხრათ, რომ ქვეყნისათვის ამ ისტორიულ პროცესში თავისი ადგილი იპოვეს რაიონის ხელმძღვანელებმა, გამგებლებმა, მერებმა და ა.შ.

მეორე ეტაპისათვის დამახასიათებელი იყო მმართველობის ადგილობრივი ორგანოების საქმიანობისთვის სამართლებრივი ბაზის შექმნა და ოპტიმალური ბალანსის გამონახვა ადგილობრივ და საერთო სახელმწიფო ინტერესებს შორის. ამ თვალსაზრისით საეტაპო იყო მმართველობის ადგილობრივი ორგანოების ფუნქციონირებისა და კომპეტენციების მარეგლამენტირებელი დროებითი დებულების დამტკიცება სახელმწიფოს მეთაურის 1993 წლის 2 აგვისტოს ბრძანებულებით; ამ ნაბიჯებმა შექმნა პირობები, რათა სახელმწიფოებრივად გაკონტროლებულიყო მმართველობის ადგილობრივი ორგანოების საქმიანობა, გამოკვეთილიყო ადგილობრივი ინტერესები რეგიონულ დონეზე და ასევე რეგიონულ დონეზე დაგვეცვა საერთო სახელმწიფო ინტერესები. ყოველივე ამან ადგილებზე სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელების, სახელმწიფოს არსებობაში ხალხის დარწმუნების საშუალება მოგვცა, რის შესაბამისადაც შეუქცევადი გახდა ქვეყანაში პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილიზაცია.

რაიონებში და ქალაქებში შეიქმნა პირობები ადგილობრივი ინიციატივისა და გერგილიანობისათვის, გაჩნდა ადგილობრივი ბიუჯეტები, ბევრგან - მძლავრი საშემოსავლო ნაწილით, ბევრმა ქალაქმა და რაიონმა ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯზე გადაჭრა მრავალი საკითხი პედაგოგების, ექიმების, პენსიონერების, ინვალიდების ცხოვრების მძიმე პირობების შესამსუბუქებლად. გასაქანი მიეცა მეწარმეობას. სრულდება რესპუბლიკური ბიუჯეტის საპროგნოზო მაჩვენებლები. სამწუხაროდ, ყველგან ასე არ ხერხდება.

ეკონომიკური რეფორმების დაწყებამ, მათი ადგილებზე დაყვანისა და შემდგომი განვითარების აუცილებლობამ, კრიმინალური სამყაროს პოლიტიკურმა იზოლაციამ, საკონსტიტუციო პროცესის დასრულებამ წარმოშვეს წინაპირობების ადგილობრივი მმართველობის სისტემის განვითარების დღევანდელი, მესამე ეტაპის დასაწყებად.

ამ ეტაპისათვის ძირითადი ამოცანაა მმართველობის დეკონცენტრაცია, ეკონომიკური და პოლიტიკური პირობების შექმნა თვითმმართველობებზე გადასვლისთვის. ამ ეტაპისათვის უმნიშვნელოვანესი იყო სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 16 სექტემბრის ბრძანებულება, რომლის ძალითაც დამტკიცდა მმართველობის ადგილობრივი ორგანოების საქმიანობის ახალი დროებითი დებულება. ამ დებულების საფუძველზე მკაცრად გაიმიჯნა მმართველობის რეგიონული, რაიონული და ადგილობრივი ორგანოების ფუნქციები და კომპეტენციები. ქვედა დონის მმართველობის ორგანოების კომპეტენციაში შევიდა ყველა იმ საკითხის გადაწყვეტა, რომელიც დაკავშირებული არ არის რაიონული სოციალური ინფრასტრუქტურის, რეგიონული განვითარებისა და საერთო სახელმწიფო ინტერესებთან. ეს ფუნქციები, შესაბამისად, უნდა განახორციელონ სამხარეო ადმინისტრაციებმა და რაიონულმა გამგეობებმა.

მმართველობის დეკონცენტრაცია საშუალებას იძლევა მოხდეს პასუხისმგებლობათა გადანაწილება და მმართველობის სხვადასხვა დონის ორგანოების მიერ სწორედ იმ ამოცანათა გადაწყვეტა, რომლებიც მათ უშუალო ინტერესებს განეკუთვნება. დებულებით გათვალისწინებულია კონტროლის მკაცრი სისტემის შექმნა, რათა არ მოხდეს მმართველობის შემდგომი ორგანოების მიერ ქვედა დონის ორგანოთა ფუნქციებისა და კომპეტენციების გადაფარვა. ყოველივე ეს ქმნის პოლიტიკურ წინაპირობას, რათა საჭიროების შემთხვევაში სწრაფად მოხდეს ცენტრალიზებული მმართველობის შეცვლა დემოკრატიული მექანიზმებით.

გარდა ამისა, დებულებით გათვალისწინებულია მმართველობის ადგილობრივ ორგანოებთან საქმიანობის ეკონომიკური საფუძვლების მომზადება, უპირველეს ყოვლისა კი, მუნიციპალური ბიუჯეტის შექმნის საფუძვლები. ფუნქციათა და კომპეტენციათა დანაწილება მმართველობის სხვადასხვა დონის ორგანოებს შორის იმავდროულად გულისხმობს შესაბამისი ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გადანაწილებასაც. თუმცა დღემდე ვერ მოხერხდა საკანონმდებლო წესით სახელმწიფო და ადგილობრივი საკუთრების ურთიერთგამიჯვნა, ახალი დებულება ქმნის საშუალებას შესაბამისი კანონების მიღებამდე ჩამოყალიბდეს მუნიციპალური ქონება და ადგილობრივი მეურნეობა. დებულება ითვალისწინებს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების დამოუკიდებლობას. განსაზღვრულია ბიუჯეტის შემოსავლების დამოუკიდებელი წყაროები და, შესაბამისად, აკრძალულია შემდგომი ორგანოების ადმინისტრაციული წესით ჩარევა ბიუჯეტის გამოყენებაში. ეს ნიშნავს, რომ ყველა ადმინისტრაციულ ერთეულს განსაზღვრულ საშუალებას ვუქმნით შემოქმედებისათვის, ეკონომიკის განვითარებისათვის და შემოსავლების საკუთარი წყაროების გამოძებნისათვის.

ამრიგად, სახელმწიფო მშენებლობის დღევანდელ ეტაპზე, ცენტრალური ხელისუფლების კონსტიტუციური ორგანოების არჩევასთან ერთად, შესაბამისი სამართლებრივი ბაზის მიღების შემთხვევაში. უკვე იქმნება პირობები ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების არჩევნების გამართვისა და მმართველობის ცენტრალიზებული სისტემის თვითმმართველობებით შეცვლისათვის.

არჩევნებამდე რამდენიმე დღე დარჩა.

ქვეყნის მართვის საჭის ხელში ჩაგდების მსურველი უამრავია, მართვის უნარის მქონე - არც ისე ბევრი. მრავალი მაფიოზური კლანის წარმომადგენელი ან გამაფიოზებული ძველი ბიუროკრატი მიიპარება ხელისუფლებისაკენ, მაგრამ მათ გზა უნდა გადავუკეტოთ. უნდა გამოირიცხოს არჩევნებზე ფულის და იარაღის ზემოქმედება. ტერორისტებისა და „ქურდების იმპერიის“ კანონები დემოკრატიასა და სამართლებრივ სახელმწიფოს ეწინააღმდეგება. ხელისუფლება შემთხვევით პირებს უნდა ჩაუვარდეს ხელში.

2000 წლამდე 5 წელი დარჩა. როგორც მოგეხსენებათ, ეს წლები გადამწყვეტია. შეიძლება ითქვას, საბედისწეროა საქართველოსათვის.

ჩვენ ამ ხუთ წელიწადში ეროვნული ხსნისა და აღორძინების პროგრამა უნდა განვახორციელოთ, რათა ღირსეულად შევაბიჯოთ XXI საუკუნეში.

დღეს, როგორც არასდროს, საჭირო არიან ყველა თაობის პროფესიონალები, პატრიოტები, ინტელექტუალები, ისეთი ლიდერები, რომლებიც ხალხის შემოქმედებით ენერგიას აღმშენებლობისაკენ წარმართავენ და არა ნგრევისა და დესტრუქციისაკენ, ამიტომაც რისკი, საშიში, გაუმართლებელი ექსპერიმენტები დაუშვებელია. ნუ დაგვავიწყდება - ჩვენი ეპოქა ლიდერების ეპოქაა.

ახალი კონსტიტუციის თანახმად საქართველო არის საპრეზიდენტო მმართველობის ქვეყანა.

დიდი რეფორმები, დიდი საქმეები, დიდი პროგრამები და პროექტებია წამოყენებული. ბევრი მათგანი საწყის სტადიაზეა. მათი წარმატებით დაგვირგვინებაა საჭირო უახლოეს ხუთ წელიწადში.

კონსტიტუციის დაცვის, პრეზიდენტის დემოკრატიულობის დაცვის გარანტი არ შეიძლება იყოს და არც არის მხოლოდ პატიოსანი სიტყვა და ფიცი, არც იაფფასიანი პოპულისტური დაპირებები.

რა თქმა უნდა, მე მაქვს ჩემეული ხედვა ქვეყნის უახლოესი 4-5 წლიანი განვითარებისა არა მხოლოდ სამართლებრივი სახელმწიფოს, არამედ სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის სფეროში.

პირველი: სამოქალაქო საზოგადოება კონსტიტუციურად, გარკვეული თვალსაზრისით, დამოუკიდებელია სახელმწიფოსაგან და სახელმწიფო დამოუკიდებელია სამოქალაქო საზოგადოებისაგან, მაგრამ ეს დამოუკიდებლობა, გარკვეული აზრით, პირობითია. დემოკრატიულ სახელმწიფოში სამოქალაქო საზოგადოების ღირებულებაა ადამიანი; სახელმწიფოც და საზოგადოებაც ემსახურებიან სწორედ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, მის კეთილდღეობას.

სამოქალაქო საზოგადოების გარეშე სამართლებრივი სახელმწიფო ვერ იმოქმედებს და საზოგადოებაც ვერ იარსებებს სახელმწიფოს გარეშე.

ყველა კონსტიტუციური და კანონიერი უფლებისა და თავისუფლების რეალურად განხორციელების გარანტია უნდა ჰქონდეთ ყველა პოლიტიკურ პარტიას და ორგანიზაციას, კონსტრუქციულ საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციურ ძალებს, რომლებიც თავიანთი პოლიტიკური მოღვაწეობის მიზნად ისახავენ სახელმწიფოს, საზოგადოების, ხალხის კეთილდღეობას. აუცილებელია პრეზიდენტის მუდმივი პოლიტიკური დიალოგი ოპოზიციასთან ერისა და ადამიანის საკეთილდღეოდ.

მე ყოველმხრივ შევუწყობ ხელს პლურალისტური, თავისუფალი, ღია სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობას და კარგად მესმის, რომ ასეთი საზოგადოების ერთ-ერთი ქვაკუთხედია პოლიტიკური პარტიებისა და ორგანიზაციების თავისუფალი მოღვაწეობა კონსტიტუციის ფარგლებში.

სამოქალაქო საზოგადოება - ფაქტობრივად: ეს არის ნაცია, ეს არის ხალხი - სახელმწიფოს წყარო.

არსებობს სახელმწიფოს სუვერენიტეტი, არსებობს ხალხის სუვერენიტეტი, მისი შეუვალი სუვერენული უფლებები, მე დავიცავ მათ. უნდა ვიზრუნოთ ყველა მუშაზე, გლეხზე, ბიზნესმენზე, ინტელიგენტზე, ექიმზე, მასწავლებელზე, ინჟინერზე, ყველა პროფესიის ადამიანზე. ერი და სამოქალაქო საზოგადოება მათგან შედგება.

შეიქმნება მეწარმეთა ფენა, ე.წ. საშუალო ფენა, მის გარეშე არ არსებობს საბაზრო ეკონომიკა და სამოქალაქო საზოგადოება. საშუალო ფენა ხერხემალი გახდება ქვეყნისა და სახელმწიფოსი. დემოკრატიულ სახელმწიფოში მოსახლეობის დიდი უმრავლესობა სწორედ საშუალო ფენის კატეგორიას განეკუთვნება.

ღრმად მჯერა, საუკუნის დასასრულისათვის, 3-5 წლის შემდეგ, იქნებ უფრო ადრეც, საქართველოში აღარ იქნება უღარიბესი და ღარიბი ფენა. ქვემოთ ჩემს მიერ ნათქვამი ამ გზებზე მიუთითებს.

სამოქალაქო საზოგადოების ერთ-ერთი უდიდესი მონაპოვარია თავისუფალი პრესა, რადიო ტელევიზია, მასობრივი კომუნიკაციის საშუალებები (როგორც უნდა გვაღიზიანებდეს დღევანდელ თაობას, მაინც უნდა დავიცვათ და განვახორციელოთ ცხოვრებაში ეს პრინციპი). მათ ხშირად მეტაფორულად „მეოთხე ხელისუფლებას“ უწოდებენ და ეს ასეა. ისინი ქმნიან საზოგადოებრივ აზრს, პარლამენტის, მთავრობის, პრეზიდენტის, სახელმწიფოს, ხალხის, სამოქალაქო საზოგადოების იმიჯს; ისინი აძლევენ საშუალებას პოლიტიკურ პარტიებს, პოლიტიკურ მოღვაწეებს ყოველდღე, ყოველ წუთს ესაუბრონ ხალხს, ელექტორატს ყველა სასიცოცხლო პრობლემაზე.

ვსარგებლობ შემთხვევით და მინდა მადლობა გადავუხადო პრესას, რადიოს, ტელევიზიას იმ დიდი სამსახურისათვის, რომელსაც ისინი უწევენ ხალხს დემოკრატიის მშენებლობაში.

მე ყოველმხრივ შევუწყობ ხელს პრესის, რადიოსა და ტელევიზიის შემდგომ თავისუფალ განვითარებას, პირველ რიგში, სათანადო კანონმდებლობის სრულყოფისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების გზით, პრესისა და სიტყვის თავისუფლების, რეალურად უზრუნველყოფის საფუძველზე. ხელს შევუწყობ, აგრეთვე პრესაში ცილისწამებისა და ადამიანის ღირსების შეურაცხყოფის აღმოფხვრას.

ჩემს საქმიანობაში განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს თანამშრომლობა საქართველოს პატრიარქთან, ქვეყანაში მცხოვრები სხვადასხვა სარწმუნოების ხალხთა პრობლემებზე ზრუნვა. უწმინდესთან და უნეტარესთან ილია მეორესთან ჩემი კონტაქტები და ჩემი მეგობრობა საშუალებას მაძლევს მეტი ვიზრუნო ჩვენი ხალხის სულიერებაზე, ღვთისმოსაობაზე, ტაძრებისა და ეკლესიების მშენებლობაზე. ამ მხრივ მომავალი ხუთწლედი განსაკუთრებული იქნება საქართველოს ისტორიაში. აშენდება წმინდა სამების კათედრალური ტაძარი. აუცილებელია დამოუკიდებელი, თავისუფალი, ახალი ტიპის პროფკავშირების როლის ამაღლება, სოციალური პარტნიორობის კონფერენციის რეალური ხორცშესხმა, მასების სოციალური დაცვა. მე მომხრე ვარ იმისა, რომ სამოქალაქო საზოგადოებაში მიმდინარეობდეს მჭიდრო თანამშრომლობა პრეზიდენტსა და დამოუკიდებელ პროფკავშირებს შორის.

მკვეთრად მოიმატებს ქალთა ორგანიზაციების, ახალგაზრდული და სტუდენტური მოძრაობის შემდგომი აღმავლობა ფართო დემოკრატიული სპექტრით.

ჩვენი ისტორიული გამოცდილებისა და ყველაზე განვითარებული ქვეყნების მაგალითის მიხედვით, საქართველოს მანდილოსანნი ღირსეულ ადგილს დაიკავებენ პოლიტიკაში, ეკონომიკაში, მეცნიერებაში, კულტურაში. მათი სიტყვა გადამაწყვეტი იქნება მოქალაქეთა და, განსაკუთრებით, ბავშვთა დაცვის დარგში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში, საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებაში. მაგრამ ეს დებულება რომ რეალობად იქცეს, აუცილებელია 5 ნოემბრის არჩევნებში რაც შეიძლება მეტი ქალი ავირჩიოთ დეპუტატებად, მით უმეტეს, რომ შემოთავაზებულ მრავალრიცხოვან კანდიდატებში ბევრია მანდილოსანი, რომლებიც ქვეყნის სინდისსა და ნამუსს განასახიერებენ. ქალი რომ იყოს პრეზიდენტობის კანდიდატი, უყოყმანოდ, რაინდულად დღესვე მოვხსნიდი ჩემს კანდიდატურას.

საქართველოს ახალფეხადგმულმა სახელმწიფომ ახალგაზრდობასთან მუშაობის საბჭოური მეთოდები და ფორმები მიიღო მემკვიდრეობად. რა თქმა უნდა, ის ძველი სისტემა მიუღებელია ახალი დემოკრატიული წყობისათვის და, რაც უფრო მიუღებელია ის, მით უფრო რადიკალურად ახალი, უფრო დემოკრატიული, უფრო ცივილიზებული, უფრო გლობალური უნდა იყოს სახელმწიფო პოლიტიკა იმ თაობათა აღზრდისა და ფორმირების დარგში, რომლებიც XXI საუკუნის საქართველოს ბინადარნი, მისი მოქალაქენი და წინამძღოლნი იქნებიან. ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები, განსაკუთრებით, რაც განათლების რეფორმას შეეხება უდავოდ სწორია, მაგრამ ყველაფერი ეს მხოლოდ დასაწყისია ისტორიული მნიშვნელობის საქმისა. განათლება, როგორც მომავალ თაობებთან მუშაობის ღერძი, რეალურად გახდება სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი პრიორიტეტი. ეს არ უნდა იყოს და არც იქნება ლიტონი სიტყვა. ეს პრიორიტეტი უნდა გამოიხატოს საერთო-სახელმწიფოებრივ პოლიტიკაში, რეალურ ვითარებაში, ყოველ მხარეში, ქალაქში, რაიონში, სოფელში; დაბაში, როგორც იტყვიან, ყველა ოჯახში და მთელი ამ პროცესის ყურადღების ცენტრში უნდა იყოს მასწავლებელი - ჩვენი დროის გმირი.

განხორციელდება ქართული ოჯახის, საქართველოს ყველა ოჯახის, ყველა დედის, ყველა ბავშვის კეთილდღეობის ამაღლების განსაკუთრებული პროგრამები სამოქალაქო საზოგადოებისა და სამართლებრივი სახელმწიფოს რესურსებისა და შესაძლებლობების ფარგლებში, დემოკრატიული თანამშრომლობის საფუძველზე.

ახალი პროგრამები რეალურად უკვე მოქმედებს, ძირითადად - ჩვენი უცხოელი მეგობრების დახმარებითა და ხელშეწყობით. უახლოეს დღეებში დამთავრდება პროგრამა, რომელსაც გამოზამთრება ჰქვია და რომელიც ერთ მილიონ ყველაზე დაუცველ მოქალაქეს მოიცავს. ყოველი გრამი ამ დახმარებისა დანიშნულებისამებრ იქნება განაწილებული, ხოლო მოხელე, რომელიც გაჭირვებულ ადამიანს ლუკმაპურს ართმევს, სასტიკად დაისჯება.

სახალხო მსჯელობისა და განხილვისათვის უნდა გამოვიტანოთ დემოგრაფიული მდგომარეობის, მრავალშვილიან ოჯახთა დახმარების, მრავალშვილიანობის სტიმულირების, ქვეყნის ეკოლოგიური უსაფრთხოების პროგრამები.

ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული პროგრამები დემოგრაფიისადა ეკოლოგიის დარგში. ხელს შევუწყობ ამ პროგრამების ხორცშესხმას.

ყოველმხრივ შევუწყობ ხელს საქართველოს ეროვნულ და ენობრივ უმცირესობათა ეთნოსის, ენისა და კულტურის შეუფერხებელ განვითარებას.

კონსტიტუციური დებულებები ეროვნული უმცირესობების შესახებ რეალობად იქცევა სახელმწიფოს მართვის სტრუქტურაში, ადგილობრივ თვითმმართველობაში მათი წარმომადგენლობის უზრუნველყოფით და დროა უკვე სიტყვიდან საქმეზე გადავიდეთ.

ეროვნულ უმცირესობებს ყველა პირობა შეექმნებათ საქართველოს სახელმწიფო ენის - ქართული ენის შესწავლისა და მისი თავისუფალი ხმარებისათვის. ამავე დროს, გარანტირებული იქნება სახელმწიფოებრივი ზრუნვა აფხაზურ, ოსურ, რუსულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და სხვა ენებზე. ეროვნულ უმცირესობებს სრული უფლება ექნებათ განათლება მიიღონ მშობლიურ ენაზე, საქართველოში მცხოვრები ყველა ხალხის თვითმყოფადობის, მათი კულტურული თვითგამოხატვისათვის. მხოლოდ ასეთ პირობებში შეიძენს ქართული ენა სრულყოფილი სახელმწიფო ენის ფუნქციას ქვეყნის ყველა მოქალაქისათვის და იგი ქვეყნის გაერთიანების მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდება.

ენა სახელმწიფოებრივი საქმეა ამიტომაც გადავწყვიტე სათავეში ჩავუდგე კომისიას, რომელიც სახელმწიფო ენის სიწმინდესთან, მის განვითარებასთან, იქნება დაკავშირებული. რა თქმა უნდა, იგივე სახელმწიფო კომისია იზრუნებს სხვა ენების თავისუფალი ხმარების პრობლემებზეც შესაბამის რაიონებსა და შესაბამის პირობებში.

ხელს შევუწყობ ყველა არასამთავრობო და სამთავრობო, პირველ რიგში, იუნესკოს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ეფექტიანად დამკვიდრებას საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებაში, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების, მისი ინფრასტრუქტურის მჭიდრო თანამშრომლობასა და ინტეგრირებას მსოფლიოს ცივილიზებული ქვეყნების შესაბამის სამოქალაქო სტრუქტურებთან განსაკუთრებული საპრეზიდენტო პროგრამის საფუძველზე.

მე მიმაჩნია, რომ ქვეყნის პრეზიდენტი ყოველდღიურად უნდა ზრუნავდეს სამოქალაქო საზოგადოებაში მეცნიერების, განათლების, ლიტერატურისა და ხელოვნების, კულტურის, ჯანდაცვის, სპორტის, ტურიზმის, კურორტების განვითარებაზე.

ჯანმრთელობის დაცვის სფეროში დაწყებული რეფორმა რთული გამოცდაა ქვეყნისა და ყველა მოქალაქისათვის. მოსახლეობის ჯანდაცვისა და ყველა მოქალაქისათვის. მოსახლეობის ჯანდაცვის ორგანიზაციის საფუძველი გახდა პროგრამული და მიზნობრივ-პროგრამული მიდგომა, რომლის დროსაც ნაცვლად ყოვლისმომცველი, არარეალური და შეუწონასწორებელი დეკლარირებული ვალდებულებებისა, შემუშავდა ქვეყნის შესაძლებლობებიდან გამომდინარე მკაცრი კრიტერიუმებით განსაზღვრული პრიორიტეტების სისტემაზე დამყარებული სახელმწიფო პროგრამები. მათში თავმოყრილია სახელმწიფო ვალდებულებანი საკუთარი მოსახლეობის წინაშე ჯანმრთელობის დაცვის სფეროში.

რეფორმის ძირითადმა მიმართულებებლმა მსოფლიოს გამოჩენილი სპეციალისტების აღიარება ჰპოვა.

სწორედ ამის გამო, მსოფლიო ბანკი, სავალუტო ფონდი, ამერიკის, გერმანიის, იაპონიის მთავრობები მზად არიან უხვი დახმარება გაუწიონ საქართველოს ჯანდაცვის ახალ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით. უახლოეს ხანებში ამ პროგრამის ფარგლებში საქართველო მიიღებს რამდენიმე ათეულ მილიონ დოლარს.

მიუხედავად იმისა, რომ რეფორმის დასაწყისშივე სახელმწიფო ვალდებულებების სფერო საკმაოდ ფართო იყო, მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს უძნელდება მთელი რიგი ძვირადღირებული მკურნალობის საფასურის გადახდა. ამასთან დაკავშირებით, მიღებულია გადაწყვეტილება ჯანდაცვის სისტემის რეორიენტაციის პირველ ეტაპზე მოსახლეობისათვის სახელმწიფო დახმარების გაფართოების შესახებ.

დარწმუნებული ვარ, ერი მიაღწევს მეცნიერების, განათლების, კულტურის, ლიტერატურისა და ხელოვნების ახალ რენესანსს. ამის საფუძველს ჩვენ გვაძლევს კაპიტალური პროგრამები კულტურის, მეცნიერების, ტექნოლოგიების სფეროში 2000 წლამდე, დიდი რეფორმები, რომლებიც ამ დარგებში ხორციელდება XX და XXI საუკუნეების მიჯნაზე.

ამ პრინციპით ვხელმძღვანელობდი, როცა ქართული კულტურის ხსნის კომიტეტი დავაარსე.

ნიშანდობლივია ქართული კულტურის აღზევება თბილისში, აჭარაში, ქუთაისში, დიდი აღმავლობის დაწყება რეგიონულ ცენტრებში, ამავე ცენტრებში იქმნება მეცნიერებათა აკადემიის მძლავრი ფილიალები. აღსანიშნავია აღმაშენებლის ძეგლის აღმართვა ქუთაისში. გაისად ჩვენი დიდი წინაპრის ძეგლი დაამშვენებს სახელმწიფოს ცენტრალურ მოედანს.

საჭიროა ხალხის ნიჭისა და შემოქმედებითი ენერგიის, ქვეყნის რესურსების, ინტელექტუალური პოტენციალის უფრო ეფექტიანი გამოყენება. პრეზიდენტს, ჩემი აზრით, სისტემური საქმიანი და მეგობრული ურთიერთობა უნდა ჰქონდეს მწერალთა კავშირთან, კომპოზიტორთა კავშირთან, თეატრალურ მოღვაწეთა კავშირთან, კინემატოგრაფისტთა კავშირთან, ჟურნალისტთა კავშირთან, მხატვართა კავშირთან, ყველა შემოქმედებით ორგანიზაციასთან.

პრეზიდენტი უნდა ზრუნავდეს ეროვნულ მეცნიერებათა აკადემიაზე, ყველა დარგობრივ მეცნიერებათა აკადემიებზე, სამეცნიერო-კვლევით ცენტრებზე. ეროვნულ უნივერსიტეტზე, სხვა უნივერსიტეტებზე, კოლეჯებზე, კათედრებზე, მეცნიერებაზე, განსაკუთრებით შემოქმედებით ახალგაზრდობაზე. მათი პრობლემები პრეზიდენტის პრობლემები უნდა იყოს.

მე შემიძლია კიდევ უფრო აქტიურად და საგნობრივად გამოვიყენო ჩემი საერთაშორისო ავტორიტეტი საქართველოს მეცნიერების ჩასართავად საერთაშორისო პროგრამებში უცხოეთის გრანტების რაოდენობის მკვეთრი გადიდებისათვის, საერთაშორისო ფონდების და სამეცნიერო ცენტრის შესაძლებლობათა მაქსიმალური გამოყენებისათვის. დიდ პატივად ჩავთვლიდი, თუ ეს საქმეს წაადგება, მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის მუშაობაში მუდმივ მონაწილეობას, რათა რესპუბლიკის პრეზიდენტს მუდმივად ეჭიროს ხელი პულსზე და იცოდეს, რითი და როგორ სუნთქავს ჩვენი მეცნიერება.

სამოქალაქო საზოგადოებამ და სამართლებრივმა სახელმწიფომ, პირველ რიგში, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ უნდა გააერთიანონ ძალისხმევა სულიერი და მატერიალური კულტურის განვითარების დარგში სახელმწიფო და კერძო პროგრამების საფუძველზე.

მეცნიერება, განათლება, კულტურა, ლიტერატურა და ხელოვნება, ერის ცხოვრების პრიორიტეტულ მიმართულებად გამოცხადდება.

ეკონომიკა ერისა და სახელმწიფოს სასიცოცხლო არტერიაა.

საქართველოს სახელმწიფოებრიობის მშენებლობის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრობლემაა თანამედროვე მაღალეფექტიან მსოფლიო სამეურნეო კავშირებში ორგანულად ინტეგრირებული ეკონომიკის ჩამოყალიბება, რომელიც უზრუნველყოფს მოსახლეობის ცხოვრების ღირსეულ დონეს და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას.

ამ სტრატეგიული მიზნის მიღწევის ძირითადი მიმართულებაა რადიკალური ეკონომიკური რეფორმის განხორციელება, ეროვნული მეურნეობის ძირეული, სისტემური და სტრუქტურული რეორგანიზაცია, მე არ მინდა და არც მჭირდება მდგომარეობის შელამაზება.

ეკონომიკური რეფორმები, როგორც სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გარანტი, საქართველოში ჯერ კიდევ სამოცდაათიან წლებში დაიწყო. ქართული გახმაურებული ექსპერიმენტები დიდი ეკონომიკური გარდაქმნების წინამორბედი გახლდათ. სამწუხაროდ, ცალკეულ პიროვნებათა კაპრიზების გამო ეს პროცესი ჩაკვდა. მთელი გულახდილობით ყოველგვარი კეკლუცობის გარეშე მინდა ვთქვა, მაშინდელ ხელმძღვანელობას ელემენტარული გონიერება რომ გამოეჩინა, აღებული კურსი გაეგრძელებინა და 9 აპრილის ტრაგედია არ დაეტრიალებინა, საქართველო დღეს ერთ-ერთი ყველაზე უზრუნველყოფილი და წინწამოწეული ქვეყანა იქნებოდა. ეგრეთ წოდებული „პერესტროიკის“ წლებში დეკლარირებული რეფორმის არსი, მისი პრინციპები და მიმართულებები სრულად და სიღრმისეულად ვერ გაიაზრეს. ამის გამო შეიქმნა მრავალრიცხოვანი კონცეფციები, რომელთა უმეტესობა არსებითად უნიადაგო ეკონომიკურ რომანტიზმს ვერ გასცილდა. ხოლო დამოუკიდებლობის პირველ წლებში განხორციელებულმა ღონისძიებებმა პოპულისტური და კონიუნქტურული ხასიათი მიიღეს, რამაც სერიოზულად შეაფერხა სამეურნეო გარდაქმნის პროცესები, საგრძნობი მატერიალური ზარალი მიაყენა ქვეყანას და შელახა თვით რეფორმირების იდეის ავტორიტეტი.

ასეთი იყო უმიზნოდ დარიგებული მიწები, როცა გლეხმა ვერ გაიგო, როგორ უნდა დაამუშაოს ეს მიწა. მე არ ვამბობ, რომ საერთოდ არ იყო საჭირო რეფორმა, მაგრამ მას მომზადება ჭირდებოდა. ასეთია მწარე რეალობა.

ამავე პერიოდში საქართველოში რუსეთთან თითქმის ერთდროულად დაიწყო ეგრეთ წოდებული „შოკური თერაპიის“ მეთოდის გამოყენება.

„შოკური თერაპიის“ ძირითადი პრინციპები საქართველოში ვერ განხორციელდა.

და პრაქტიკულად, არც შეიძლებოდა განხორციელებულიყო, რადგანაც იმ დროს საქართველოს, უწინარეს ყოვლისა, არ გააჩნდა საკუთარი ფულად-საკრედიტო (მონეტარული) სისტემა.

საქართველოს ეკონომიკა გააჩანაგა სამოქალაქო ომებმა, ომებმა აფხაზეთში და ცხინვალში. აფხაზ სეპარატისტებთან ერთად აფხაზეთის ომისთვის პასუხისმგებელი „მოღვაწენი“ ასევე წავიდნენ პოლიტიკური არენიდან. თუმცა უმძიმესი მემკვიდრეობა დატოვეს ეკონომიკაშიც, პოლიტიკაშიც, თავდაცვის საქმეშიც.

ამ პირობებში 1993 წელს ბიუჯეტის ხარჯები საგადასახადო შემოსავლებს აღემატებოდა 61 პროცენტით, ხოლო 1994 წლის 9 თვეში - 72 პროცენტით. ვერცერთი ქვეყანა ასე ვერ იარსებებს.

საომარი მოქმედების პირობებში საქართველოში რომელსაც, ფაქტობრივად, არ ჰყავდა რეგულარული სამხედრო ძალა და ძლიერი პოლიცია, მეტად გამწვავდა კრიმინოგენური სიტუაცია, რამაც საშიში გახადა სამეწარმეო საქმიანობა.

შედეგად არა ერთმა ბიზნესმენმა დატოვა საქართველო, დაჩქარდა კაპიტალის მასობრივი გადინება.

ომისა და კრიმინოგენური სიტუაციის ფონზე საბოლოოდ მოიშალა ტრადიციული სამეურნეო კავშირები რუსეთსა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სხვა ქვეყნებთან, ხოლო დასავლეთის ქვეყნებიდან შეუძლებელი გახდა ინვესტიციების მოზიდვა და სათანადო ეკონომიკური კავშირების დამყარება.

მოუმზადებლად, შესაბამისი სარეზერვო ვალუტის უქონლობის პირობებში კუპონის კურსის მართვა შეუძლებელი გახდა. ინფლაციურმა პროცესებმა განსაკუთრებით უმართავი ხასიათი მიიღო უკონტროლო საკრედიტო პოლიტიკის შედეგად, რომლის შეწყვეტის შემდეგ (1993 წლის შემოდგომიდან) ინფლაციის მთავარი გენერატორი გახდა იმ პერიოდისათვის არნახული საბიუჯეტო ემისია.

ყოველივე ამან საბოლოოდ მოშალა ქვეყნის საფინანსო სისტემა და საქართველო მოექცა ჰიპერინფლაციურ სპირალში;

ფინანსირების მოშლის და კრიმინოგენური სიტუაციის გმწვავების პირობებში შეუჩერებელი გახდა წარმოების ვარდნის პროცესი. 1992 წელს, წინა წელთან შედარებით, შიდა ეროვნული პროდუქტი 45 პროცენტით დაეცა, 1993 წელს - 33 პროცენტით და ა.შ.

შეიქმნა მეტად რთული სიტუაცია პოლიტიკასა და ეკონომიკაში, სოციალურ ცხოვრებაში.

ეს პერიოდი ხასიათდება საგარეო ეკონომიკის ურთიერთობაში გარკვეული ქაოსით, საბაჟო სამსახურის სრული უმოქმედობით, სასაქონლო მარაგების განიავებით, სახელმწიფო ქონების საზღვარგარეთ უკონტროლო გადინებით, ლეგალური ხელფასის როლის დაკნინებით, ჩრდილოვანი ეკონომიკის მასშტაბების არნახული გაფართოებით, ჰუმანიტარული დახმარების არადანიშნულებისამებრ გამოყენებით. ამაზე პასუხს აგებს მთელი ხელისუფლება და, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მეთაური.

შექმნილი უაღრესად კრიზისული და კრიტიკული ვითარებიდან გამოსვლას ბიძგი მისცა 1994 წლის თებერვალში სახელმწიფოს მეთაურის მიერ დამტკიცებული მაკროეკონომიკური სტაბილიზაციისა და სისტემური ცვლილებების ანტიკრიზისული პროგრამის პრაქტიკული რეალიზაციის ღონისძიებებმა. ეს იყო პირველი ცდა, სისტემურად მივდგომოდით ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანის პრობლემას, რაც შესაძლებელი გახდა სამოქალაქო ომის კერების ჩაქრობის და სახელმწიფოს მეთაურისათვის პარლამენტის მიერ საგანგებო უფლებების მინიჭების წყალობით, მათ შორის ფინანსირებისა და ეკონომიკური რეფორმების სფეროში.

მე პირდაპირ გეტყვით, თუ რაღაც გამოცოცხლებასთან გვაქვს საქმე საქართველოში და ცოტა უფრო იმედიანად ვართ განწყობილნი, ეს მხოლოდ იმ უფლებების წყალობით, რომლებიც საქართველოს სახელმწიფოს მეთაურმა მიიღო, თუმცა მრავალი ჩემი ოპონენტი ამბობდა, შევარდნაძემ ხელისუფლების უზურპაცია მოახდინაო. თუ უზურპაციას უკეთესი შედეგები მოყვება, ხანდახან უნდა გამოვიყენოთ.

ამ ღონისძიებათა რეალიზაციის მთავარ ფაქტორად იქცა სახელმწიფოს მეთაურის მიერ იმავე წლის თებერვალში ვაშინგტონში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელობასთან გამართული მოლაპარაკებების შედეგად ამ უდიდესი ავტორიტეტის მქონე საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან შეთანხმებული პროგრამების თანმიმდევრული შესრულება.

განხორციელდა ფასების ლიბერალიზაციის ურთულესი პოლიტიკა, და მადლობა ყველას, ვინც გაუძლო ამ ურთულეს განსაცდელს. მხოლოდ ამ გზით შეიძლებოდა ეკონომიკური რეფორმების დაწყება და საერთაშორისო საფინანსო ცენტრების ჩვენკენ შემობრუნება.

მომავალი თაობები, რომლებიც მოიმკიან რადიკალური რეფორმების შედეგებს, მადლიერებით მოიხსენებენ დღევანდელ საქართველოს, მის მოქალაქეებს, რომლებმაც გაუსაძლისს გაუძლეს და მომავლის ინტერესებისათვის უზარმაზარი მსხვერპლი გაიღეს.

ხელისუფლებამ მიიღო გარკვეული ზომები.

გაიზარდა საბიუჯეტო სექტორში დასაქმებულთა ხელფასები, პენსიებიც და შემწეობანიც, მაგრამ ეს ზრდა მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა ფასების ზრდას. ეს ტენდენცია დღემდე გრძელდება. მართალია, ამ გზით მივაღწიეთ ფასთა სხვაობის საბიუჯეტო სუფსიდიების არსებით შემცირებას და ამას მოყვა ქართული კუპონის კურსის მნიშვნელოვანი განმტკიცება, მაგრამ მოსახლეობის საარსებო დონეს ეს შესაბამისად ვერ დაეტყო.

1995 წლიდან ჩამოყალიბდა კუპონის სტაბილური კურსი, რომელიც საფუძვლად დაედო ლარის კურსს.

მთავარი მიზანია ადამიანის საარსებო პირობების გაუმჯობესება, საოჯახო ბიუჯეტის შემოსავლისა და გასავლის დაბალანსება, საარსებო მინიმუმის, სამომხმარებლო კალათის, არასამომხმარებლო კალათის უზრუნველყოფა ხელფასითა და სხვა კანონიერი შემოსავლებით. დიახ, ის არის მიზანი, მაგრამ მას ჩვენ ჯერ-ჯერობით ვერ მივაღწიეთ. ეს პირდაპირ უნდა ითქვას ამომრჩევლების წინაშე.

ძალზე არსებითი მნიშვნელობის ფაქტორია საბიუჯეტო პოლიტიკის სრულყოფის ღონისძიებები, ბიუჯეტის ხარჯის დაბალანსების მიღწევა ხორციელდება, როგორც სახელმწიფო შემოსავლების, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების გრანტებისა და კრედიტების ხარჯზე.

ამასთან, გარკვეული ღონისძიებები განხორციელდა ორიარუსიანი საბანკო რეფორმების, საბანკო საქმიანობის სრულყოფისათვის, ბანკთა ბანკის შესაქმნელად, დაიწყო ბანკების კონცენტრაციის პროცესი, პრაქტიკულად აღკვეთილია ეგრეთ წოდებული შეღავათიანი (ფაქტობრივად, აუნაზღაურებელი) კრედიტების გაცემის პრაქტიკა.

ფინანსური სტაბილიზაციის მიღწეულმა პარამეტრებმა საფუძველი მისცეს საერთაშორისო სავალუტო ფონდს უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე გამოეყო საქართველოსათვის სისტემური ტრანსფორმაციის დაფინანსების სესხის ორივე ტრანში და სარეზერვო კრედიტი (სტენდ-ბაი) სრულფასოვანი ეროვნული ვალუტის - ლარის შემოსაღებად (ეს თანხა შეადგენს 150-160 მილიონ დოლარს).

მსოფლიო ბანკმა საქართველოს გამოუყო სესხები ინსტიტუციური მშენებლობისათვის, კრიტიკული იმპორტის დასაფარავად, მუნიციპალური სერვისისა და ჯანმრთელობის დაცვის სარეაბილიტაციოდ, რეფორმებისათვის და სხვა.

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მიერ საქართველოსთვის დახმარების გამოყოფის ერთ-ერთი ძირითადი კრიტერიუმი გახდა საბაზრო ეკონომიკის ფუნქციონირებისათვის შესაფერისი საკანონმდებლო ბაზის ფორმირება.

დასავლეთის ექსპერტების დახმარებით მიღებულია დიდმნიშვნელოვანი კანონები მეწარმეთა, საკუთრების, საგადასახადო სისტემის, იჯარის, ეროვნული ბანკის, უცხოური ინვესტიციების და სხვათა შესახებ.

აღნიშნულ დადებით ტენდენციათა საფუძველზე ქვეყანაში განხორციელდა ფულადი რეფორმა, რომელიც მიმდინარე ეკონომიკური რეფორმის ეტაპობრივ მიჯნებს ასახავს.

მყარი სრულფასოვანი ეროვნული ვალუტის - ლარის შემოღება, რომელიც 2 ოქტომბრიდან ქვეყანაში ერთადერთი კანონიერი საგადამხდელო საშუალება გახდა (მას, კუპონისაგან განსხვავებით, აქვს ფულის ყველა ფუნქცია, მათ შორის, დაგროვების - ჯანსაღი ფინანსების ბაზაზე წარმოების ზრდის სტიმულირების საფუძველი გახდა.

ინფლაციის მინიმუმამდე დაყვანა, საგადასახადო სისტემების გაძლიერება, უცხოეთის ინვესტიციების მოზიდვის ხელსაყრელი გარემოს ჩამოყალიბება, საერთაშორისო-საფინანსო ორგანიზაციების მიერ შესაბამისი სარეზერვო კრედიტების მიწოდება გვავალდებულებს აღარ დავკარგოთ დრო წარმოების ამოქმედების, ეკონომიკური აქტივობის გამოცოცხლების მიმართულებით, მით უმეტეს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების, გერმანიის, ევროკავშირის სისტემური დახმარებები, რუსეთის ფედერაციასთან ახლახანს დადებული ხელშეკრულებები და შეთანხმებები ზამთარში წარმოების ფუნქციონირების შენარჩუნების შესაძლებლობებს გვიქმნის. უკეთ გამოვიზამთრებთ - ამის პირობები მომზადებულია.

ფინანსურ სტაბილიზაციასთან ერთად საქართველომ საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა სახელმწიფო საკუთრების ტრანსფორმაციის საქმეში პრივატიზაციის პროცესის დაჩქარებისა და მოწესრიგების შესახებ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 29 მაისის ბრძანებულების მიღების შემდეგ.

ძალზე დიდი სოციალურ-ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს მესაკუთრეთა ფენის ჩამოყალიბებისათვის მასობრივ პრივატიზაციას საპრივატიზაციო ბარათების (ვაუჩერების) მეშვეობით, უკვე მოსახლეობის ნახევარზე მეტმა მიიღო ეს ბარათები, რომელთა რეალიზაციაც ხდება სისტემატურად საბარათო აუქციონების მეშვეობით.

კერძო კაპიტალის თანდათანობით გაფართოების, ფინანსური გაჯანსაღების ტენდენციათა კვალობაზე ეკონომიკის ცალკეულ დარგებში შეიმჩნევა წარმოების გამოცოცხლების ნიშნები. კერძოდ, წელს თითქმის შეჩერდება სამრეწველო წარმოების დაცემის ტემპი. საგადასახადო და საბაჟო სამსახურის საქმიანობის გააქტიურების შედეგად მიმდინარე წლის 9 თვეში რესპუბლიკური და ადგილობრივი ბიუჯეტებისათვის ექვსჯერ მეტი შემოსავალია ამოღებული, ვიდრე გასული წლის შესაბამის პერიოდში, მაგრამ ეს მაინც საკმარისი არ არის. გამოჩნდა ძალიან საინტერესო სიმპტომები. თბილისში 250-300 ახალი საწარმო გაიხსნა. დაიწყო ახალი პოტენციალის შექმნა.

ცხადია, ჩამოთვლილი მიღწევები მხოლოდ პოზიტიური პროცესის და ტენდენციების საწყის სტადიაზე მიუთითებს. ქვეყნის ეკონომიკა კვლავ მძიმე მდგომარეობაშია.

ამჟამად საქართველოში 1990 წლის დონესთან შედარებით, მთლიანი შიდა პროდუქტის წარმოება 20,6 პროცენტის დონეზეა.

შეინიშნება პრივატიზაციის „ჩრდილოვანი მხარეები“, შეცდომები შეფასებებში, რაც უნდა დავძლიოთ, მაგრამ ეს კიდე არ არის მთავარი. მთავარია სიმძლავრეთა ამოქმედება. აქ სერიოზულ ბარიერად იქცა მაღალი გადასახადები, სხვადასხვა სახის მოსაკრებლების, ფონდებში გადარიცხვების მთელი სისტემა, რომელიც ახალი ხელისუფლებისაგან მოითხოვს გადამჭრელი ზომების მიღებას. სხვა შემთხვევაში საკუთრების ფორმას მნიშვნელობა აღარ ექნება, პრივატიზაციის პროცესი აზრს დაკარგავს.

ყველაფერი ეს კონცენტრირებულად აისახება მოსახლეობის ცხოვრების დონეზე, რომლის დიფერენციაციის პროცესი კვლავ გრძელდება. მიმდინარე წლის 9 თვეში სამომხმარებლო ფასები კუპონებში 23 პროცენტით, რუბლებში კი თითქმის 2-ჯერ გადიდდა, შარშანდელი (შესაბამისად 24-ჯერ და 12-ჯერ) მატების ნაცვლად. ივლისში პურის ფასები 7 პროცენტით გაიზარდა, მაგრამ, სამაგიეროდ, განახევრდა ელექტროენერგიის ფასი და საბიუჯეტო სფეროში ხელფასი 25 პროცენტით გადიდდა. მიუხედავად ამისა, ამჟამად ფაქტობრივი მინიმალური ხელფასი ნორმატიულის მხოლოდ 8 პროცენტს შეადგენს. ეს კატასტროფული მაჩვენებელია. ვითარებას ოდნავ გააუმჯობესებს ხელფასებისა და პენსიების მომატება 1 ნოემბრიდან 50-60%25-ით, მაგრამ ხელფასების პრობლემა მაინც პრობლემად რჩება.

ფულის რეფორმასთან დაკავშირებით, ხელფასების მომატების პარალელურად მე, როგორც შეგპირდით, მივიღე გადაწყვეტილება და მოსახლეობის ანაბრების ინდექსირების პრობლემების შესწავლისა და ეტაპობრივი გადაწყვეტისათვის შევქმენი სახელმწიფო კომისია ქვეყნის მეთაურის თავმჯდომარეობით. მიმდინარე წლის ბოლომდე დამუშავებულია და გამოქვეყნდება ასეთი პროგრამა.

მინდა შეგახსენოთ, რომ ჩემი ბრძანებულებებით ყველაფერი გავაკეთე იმისთვის (რა თქმა უნდა, ჩემს კოლეგებთან ერთად), რომ დავხმარებოდი ათასობით ოჯახს, რომლებიც ბანკების ეპიდემიური გაკოტრების მსხვერპლნი გახდნენ. მიმდინარეობს აგრეთვე შესწავლა იმ მოქალაქეთა პრობლემებისა, რომლებიც თავის დროზე კოოპერაციული ბინათმშენებლობის წევრები გახდნენ და რომელთაც დაკარგეს მილიონობით შეტანილი თანხები. აქაც ეტაპობრივი მიდგომა იქნება და სამართლიანობა ცოტა მოგვიანებით, მაგრამ მაინც იზეიმებს.

ამასთან, მე შორს ვარ ყოველგვარი ყალბი დაპირებისაგან. ეს საკითხები შეიძლება გადაწყდეს ქვეყნის ეკონომიკის გამოცოცხლების პარალელურად, დაფინანსების ახალი წყაროების გამოვლინების კვალობაზე.

ამიტომ დღევანდელ ეტაპზე მთელი სიმწვავით დგება ანტიკრიზისული პროგრამის ისეთ პრობლემათა გადაწყვეტა, როგორიცაა წარმოების რეაბილიტაცია და მოსახლეობის ცხოვრების დონის არსებითი ამაღლება.

ეკონომიკური რეფორმის თანამედროვე ეტაპზე საქართველოში ჩამოყალიბდა ადამიანის ისეთი ტიპი, რომელიც, ერთი მხრივ, უკვე ცდილობს იმოქმედოს საკუთარი ინიციატივით და საკუთარი ინტერესებით, მაგრამ იმავდროულად, ჯერ კიდევ შიშით და, რაც მთავარია, ძველებურად მოწყალების თვალით შეჰყურებს სახელმწიფოს.

აქედან გამომდინარე, უნდა ვივარაუდო, რომ, რაც უფრო მალე გარდაიქმნება იგი საკუთარი ინიციატივით საკუთარი ინტერესებისთვის აქტიურად მებრძოლ ადამიანად, მით უფრო მალე გახდება შესაძლებელი საბაზრო სისტემის სრულად დამკვიდრება.

სახელმწიფო, რა თქმა უნდა, შეასრულებს თავის ახალ ფუნქციებს, მაგრამ იგი ვერ განთავისუფლდება ადამიანზე ახლებურად ზრუნვისაგან. სახელმწიფოსა და მოქალაქის ურთიერთობას აწესრიგებენ კონსტიტუცია და კანონები.

გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს სამეწარმეო საქმიანობის გააქტიურება.

სახელმწიფოს უმთავრესი ამოცანა სწორედ ის არის, რომ ეს პროცესები მიზანმიმართულად მოაწესრიგოს.

იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს ეკონომიკური პროცესების, სახელმწიფოებრივი რეგულირების ხარისხი, საჭიროა მნიშვნელოვნად ამაღლდეს ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა რეალიზაციის ეფექტიანობა.

ჩამოყალიბდება ისეთი სიტუაცია, როცა, ერთი მხრივ არსებობს ღარიბი სახელმწიფო თავისი შემცირებული შესაძლებლობებით და, მეორე მხრივ, არის მოსახლეობა, რომლის გარკვეული ნაწილი მეტნაკლებად კარგად ცხოვრობს გარდა განსაკუთრებით გაჭირვებული ფენებისა. ასე რომ, მოსახლეობის მნიშვნელოვანმა ნაწილმა თავისი არსებობის უზრუნველსაყოფად გამონახა გარკვეული წყარო, მაგრამ ეს წყარო ხშირ შემთხვევაში ჩრდილოვან ეკონომიკაშია მოქცეული. კერძოდ, ეს არის აღურიცხავი ვაჭრობა, ფარული მეწარმეობა და საყოფაცხოვრებო მომსახურება და სხვა.

სიტუაცია მეტად ორაზროვანია.

საქართველოში წლეულს მოხმარებული დოვლათის გარკვეული ნაწილი გასულ წლებშია შექმნილი.

1990-1994 წლებში საქართველოდან არალეგალური გზებით დიდი რაოდენობით გაედინებოდა ეროვნული სიმდიდრე, კერძოდ, ღვინოებისა და ღვინომასალების, საკონიაკე და სხვა სპირტების, შავი და ფერადი ლითონების, მათი ნარჩენებისა და ჯართის და სხვა სასაქონლო მარაგები. თანამედროვე ეტპზე; როცა წესრიგის ელემენტარული ნიშნები უკვე გამოიკვეთა, აღნიშნული არასასურველი პროცესები აღიკვეთება.

ამ პირობებში საჭიროა საწარმოო პოტენციალის სრული და ეფექტიანი ამოქმედება. ამ პრობლემის გადასაწყვეტად საქმიანობა უნდა წარიმართოს ისე, რომ უზრუნველყოფდეს შემდეგი 3 ძირითადი მიმართულების ღონისძიებათა პრაქტიკულ რეალიზაციას:

პირველი. კრიმინოგენური ვითარების არსებითი გაუმჯობესება, რათა საბოლოოდ მოიხსნას არაფორმალური თუ ნახევრადფორმალური შეიარაღებული ფორმირებებისადმი შიშის სინდრომი. ამ პრობლემის გადაუწყვეტელობა მნიშვნელოვან ბარიერს უქმნიდა და ნაწილობრივ დღესაც უქმნის, როგორც ქვეყნის მეწარმეობის საქმიანობას, ისე უცხოელი ინვესტორების ჩამოსვლას საქართველოში, როგორც კი ქვეყანა გაჯანსაღდა, ნაწილობრივ მაინც, დაიწყო ეს უზარმაზარი პროცესები.

მეორე. მეწარმეობის განვითარებისათვის სტიმულირების შექმნა, რის გარეშეც მეწარმეთა ფენის ჩამოყალიბების პროცესი ძირითადად უკანონო „ჩრდილოვან ეკონომიკაში“ ხდება, რაც საბოლოო ჯამში აფერხებს ჯანსაღი მეწარმეობის ფორმირების პროცესს.

მესამე. მოსახლეობის ღარიბი ფენებისათვის მიზანმიმართული სოციალური დახმარების აღმოჩენა, რათა მათი მხრიდან შედარებით ადვილად იქნება გადაწყვეტილი რეფორმების პროცესში წარმოქმნილი სიძნელეები.

მეწარმეობის განვითარებისათვის აუცილებელია შეიქმნას ისეთი საზოგადოებრივი გარემო, როცა მეწარმეს ექნება თავისუფალი არჩევნის, კონკურენციის საშუალება, ექნება ინტერესი „ჩრდილოვანი ეკონომიკიდან“ გადავიდეს ლეგალურ მდგომარეობაში და მიღებული მოგების მნიშვნელოვანი ნაწილი წარმართოს წარმოების გასაფართოებლად, ახალი სამუშაო ადგილის შესაქმნელად.

უნდა გამოირიცხოს მონოპოლიზმი, რომელიც სპობს კონკურენციას და ძირს უთხრის თავისუფალ მეწარმეობას და საბაზრო ეკონომიკას.

უნდა ამოქმედდეს წარმოების გამოცოცხლების სახელმწიფო და კერძო პროგრამები.

დღეისათვის საწარმოთა ამოქმედებას ხელს უშლის საბრუნავი საშუალებების უქონლობა, რაც კრედიტებზე მაღალი საპროცენტო განაკვეთის არსებობის პირობებში გადაულახავ პრობლემად იქცა. განსაკუთრებით ასეთი გაჭირვება პრივატიზებულ ობიექტებში შეინიშნება, რადგან ასეთი ობიექტების მყიდველებს, ერთის მხრივ, გადასახდელი აქვთ ობიექტის ღირებულება, ხოლო, მეორე მხრივ, უნდა მოიპოვონ სახსრები საბრუნავი საშუალებების შესავსებად. ძალ-ღონეს არ დავიშურებ, რათა ქვეყანაში ასეთი წყაროები შეიქმნას, ეს იქნება ახალი საბანკო სისტემის სრულყოფილად ამოქმედება, უცხოური ინვესტიციების მოზიდვა.

მიწოდების (წარმოების) სტიმულირების უმთავრეს წინაპირობას ლიბერალური საგადასახადო სისტემა წარმოადგენს, რომლის შესაქმნელადაც საჭირო იქნება თვისებრივი ცვლილებები განიცადოს საგადასახადო პოლიტიკამ. მნიშვნელოვნად უნდა შემცირდეს გადასახადების საერთო რაოდენობა და მაქსიმალურად გამარტივდეს მათი ამოღების პროცედურა.

გადასახადების განაკვეთები უნდა დადგინდეს ისე, რომ გადასახდელების საერთო თანხამ არ გადააჭარბოს მეწარმეთა შემოსავლების 35-40 პროცენტს, სხვანაირად მეწარმეობას, აზრი დაეკარგება.

ასეთ პირობებში შესაძლებელი გახდება მეწარმეთა და მოსახლეობის შემოსავლების მნიშვნელოვანი ნაწილის წარმოების გაფართოების მიზნით გამოყენების სტიმულირება.

გადასახადების განაკვეთების შემცირებისა და დასაბეგრი ბაზის გაფართოების პირობებში მოსალოდნელია ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების მნიშვნელოვანი მატება, რადგან ექსპერტული შეფასებით, თანამედროვე ეტაპზე ხდება რეალურად ამოსაღები თანხების ნახევარზე ნაკლების (20-39 პროცენტის) ამოღება, დანარჩენი მეწარმეებიც და გამყიდველებიც მალავენ და ეს თანხები ჩრდილოვან ეკონომიკაში ტრიალებს.

III. საქართველოს ეკონომიკის პერსპექტივები 2000 წლამდე

2000 წლამდე პერიოდისათვის საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგნოზირების ამოსავალ პრინციპებად მიღებულია, რომ საპროგნოზო პერიოდში საქართველოს ექნება საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მხარდაჭერა და საქართველოში რეფორმების განხორციელებისათვის იარსებებს ხელსაყრელი პოლიტიკური გარემოს საერთაშორისო დონეზე. ეს რეალურია.

ასეთ პირობებში, საბაზრო ეკონომიკის რეალურად დამკვიდრების „სოციალური სტიმულირების მეთოდის“ გამოყენება გამოიწვევს 1996 წლიდან ეკონომიკური კრიზისის საბოლოოდ დაძლევას და გლობალური ეკონომიკური აღმავლობის დაწყებას.

მნიშვნელოვანი ინვესტიციები, რომლებიც მოსალოდნელია, მსოფლიო ბანკის, ევრობანკის სექტორული კრედიტების, დასავლეთის ქვეყნების კერძო კაპიტალის მხრივ, ფართო მასშტაბებს მიიღებს, რეალურ შედეგებსაც მოგვცემს.

ამ პერიოდის პირველ ეტაპზე, 1996-1997 წლებში გადამწყვეტი იქნება არსებული სიმძლავრეების ამოქმედება, ხოლო 1998-2000 წლებში უპირატესი როლი ახალი სიმძლავრეების და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას დაეთმობა.

აქედან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ დაწყებული 1996 წლიდან ძირითადი მაკრომაჩვენებლების საშუალო წლიური ზრდის ტემპი 10-15 პროცენტის ფარგლები იქნება.

აღსანიშნავია, რომ თანდათანობით გაუმჯობესდება მთლიანი შიდა პროდუქტის წარმოების დარგობრივი სტრუქტურა, რაც იმაში გამოიხატება, რომ გაიზრდება ტრანსპორტირების მომსახურებისა და ზოგიერთი სხვა სფეროების ხვედრითი წილი.

მთლიანი შიდა პროდუქტის დინამიკა. 1996-2000 წლებში პროგნოზული გაანგარიშებებით (ყოველი მომდევლო წლის წელთან შედარებით) მატების ტემპი წლიურად დაახლოებით 10-15 პროცენტს მიაღწევს. ამ ეტაპის მიხედვით, აღნიშნული მაჩვენებელი 1996 წელს მიაღწევს 1 მლრდ, 967 მლნ აშშ დოლარს; 1997 წელს - 2მლრდ 164 მლნს, 1998 წელს - 2 მლრდ 380 მლნს, 1999 წელს - 2 მლრდ. 618 მლნს და 2000 წელს - უკვე 3 მილიარდს. ეს რეალური, თანაც ყველაზე მინიმალური ანგარიშებია.

ცხადია, ამ პროცესებს წარმართავს უწინარეს ყოვლისა, პრიორიტეტული დარგების - ენერგეტიკის, ტრანსპორტის, სასურსათო კომპლექსისა და საექსპორტო პოტენციალის წინმსწრები განვითარების სახელმწიფოებრივი ხელშეწყობა.

1999 წლისათვის კაპიტალური მშენებლობის მოცულობა გაიზრდება 2,2-ჯერ.

შედარებით მოკრძალებული ზრდა არის ნავარაუდევი სოფლის მეურნეობაში. უახლოეს 5 წელიწადში ნავარაუდევია, საშუალოდ, წლიური ზრდა 5-7 პროცენტის დონეზე. ეს საერთოდ, დიდ მაჩვენებლად არ ითვლება.

ეს შეფასება მხოლოდ პირველი მიახლოებაა. იმედია, მსოფლიო ბანკის დახმარებით, შესაბამისი სექტორი პროგრამის განხორციელებით, მივაღწევთ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების წარმოების უფრო მკვეთრ გადიდებას.

შედარებით ოპტიმისტური პროგნოზებია გაკეთებული ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროში. ამ დარგებში წარმოებისა და მომსახურების მოცულობა 2000 წლისათვის, 1995 წლის მოსალოდნელ დონეს, თითქმის 8-ჯერ გადააჭარბებს.

წარმოების მოცულობათა ზრდის პროგნოზები მჭიდროდ არის დაკავშირებული შრომისუნარიანი მოსახლეობის დასაქმებასთან.

ოფიციალური მონაცემებით, შრომითი რესურსების ბალანსიდან გამომდინარე, 1995 წლისათვის, თუ წარმოება გლობალურად არ ამოქმედდა, უმუშევართა რიცხოვნება თითქმის ერთ მილიონ კაცს მიაღწევს. ეს ტრაგედიაა.

წარმოების მოცულობის ზრდა, ზემოთ მოტანილი პროგნოზებიდან გამომდინარე, უახლოეს 2-3 წელიწადში, საჭიროებს დამატებით 500 ათასამდე სამუშაო ადგილის შექმნას და ეს გაკეთდება.

აღნიშნულისა და აღრიცხვის მოწესრიგების გზით, 2000 წლამდე დღევანდელ მონაცემებთან შედარებით, დასაქმებულთა რიცხვი ერთი მილიონი კაცით გაიზრდება. (ე.ი. შეიქმნება 1 მილიონი სამუშაო ადგილი).

აღნიშნული ღონისძიებების პრაქტიკული რეალიზაციის შედეგად, 2000 წლისათვის საქართველოში უმუშევრობის დონე არ გადააჭარბებს 5 პროცენტს. ამ დებულებამ ახალი ხელისუფლებისათვის კანონის სახე უნდა მიიღოს.

საბიუჯეტო სექტორში დასაქმებულთა თვიური ხელფასი, მეცნიერული და ჩვენი უცხოელი სპეციალისტების პროგნოზების თანახმად, შესაძლებელია გაიზარდოს 2000 წლისათვის - 200 ლარამდე, არასაბიუჯეტო სექტორში კი 250-300 ლარამდე. მოსალოდნელია ხელფასების უფრო მაღალი ზრდაც. (მე ვიღებ მხოლოდ მინიმუმს).

მას შემდეგ, რაც ხელფასი რეალურად შეიძენს მომუშავეთათვის ცხოვრების პირობების შექმნის უნარს, თვისებრივად განსხვავებულ მიდგომას საჭიროებს მოსახლეობის სოციალური დაცვის სისტემის გარდაქმნას.

ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ურთიერთობათა ახალი სისტემის ფორმირებისას, აუცილებელია შრომის მოტივებისა და სტიმულების მძლავრი სისტემის შექმნა და მისი ინტეგრაცია მოსახლეობის სოციალური დაცვის ეფექტურ ღონისძიებებთან.

დღევანდელ ეტაპზე სახელმწიფომ კვლავაც უნდა შეინარჩუნოს შრომის ანაზღაურების დონეთა რეგულირების ფუნქცია დაბეგვრის, ხელფასის მინიმალური ოდენობების გარანტიისა და საბიუჯეტო ორგანიზაციების მუშაკთა ხელფასის დონეთა დიფერენციაციის სისტემის მეშვეობით.

მნიშვნელოვან ცვლილებებს მოითხოვს საპენსიო უზრუნველყოფის სისტემა. მწყობრი სოციალური პოლიტიკის გატარებისათვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება სოციალური დახმარების დიფერენცირებული სისტემის დანერგვას, ამ დახმარებებისათვის სწორი და ზუსტი მისამართების მიცემას.

მასშტაბური ეკონომიკური რეფორმის გატარება მოითხოვს სრულყოფილი სამართლებრივი ბაზის ფორმირებას. სამართლებრივი რეფორმის სახელმწიფო კომისიამ მოამზადა სამოქალაქო სამართლისა და სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსები. საყურადღებოა, რომ ქონებრივი ურთიერთობების მომწესრიგებელი ეს უაღრესად მნიშვნელოვანი სამართლებრივი აქტები მომზადდა ქართველი მეცნიერების მიერ უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით.

გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს შრომის სამართლის ახალი კოდექსის მიღება. პროექტი უკვე მომზადებულია.

მიზანშეწონილია ასევე უკვე მომზადებული კანონპროექტების მიღების დაჩქარება: „კოლექტიური ხელშეკრულების შესახებ“; „კოლექტიური შეთანხმების შესახებ“; „სამუშაო დროის შესახებ“; „შვებულებების შესახებ“; შრომის ანაზღაურების შესახებ“; „ხელშეკრულებების (კონტრაქტების) შესახებ“; „დასაქმების შესახებ“; „მინიმალური ხელფასის შესახებ“ და სხვ.

თანამედროვე ეკონომიკური და სოციალური პროცესების განვითარების ლოგიკა ადასტურებს, რომ მომავალში გაუმართლებელია სოციალურ სფეროში გლობალური, კომპლექსური გარდაქმნების გაჭიანურება და მათი შეცვლა ლოკალური ღონისძიებებით.

ასეთია ძირითადად ის პრობლემები, რომლებიც ჩემს წინაშე დგას, თუ პრეზიდენტად ამირჩევთ, უახლოეს 5 წლის განმავლობაში.

IV. საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები 2000 წლამდე. პოლიტიკური და ეკონომიკური ასპექტები

ა) საგარეო-პოლიტიკური ასპექტები

საქართველოს მიერ ეროვნული დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ წარმოიშვა საქართველოს საერთაშორისო თანამეგობრობაში ინტეგრირების აუცილებლობა. ჩვენ თავი დავაღწიეთ საერთაშორისო პოლიტიკურ და ეკონომიკურ იზოლაციას. მე აღარ გავვრცელდები იმაზე, თუ რა მიზეზებით მოხდა ეს. ამ თვალსაზრისით პრიორიტეტული ადგილი ენიჭებოდა უცხოეთის ქვეყნებთან დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებას.

სადღეისოდ საქართველომ გაიარა უცხოეთის ქვეყნებთან დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების პირველი ეტაპი, მას დიპლომატიური ურთიერთობა დამყარებული აქვს საერთაშორისო თანამეგობრობის 94 ქვეყანასთან.

საქართველო უცხოეთის ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობს ისეთ სფეროებში, როგორიცაა პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებათა დაცვა, ეკოლოგია, ტრანსპორტი, ჰუმანიტარული სამართალი და სხვა მრავალი. მართლაც, დიდ საერთაშორისო ასპარეზზე გავიდა ჩვენი ქვეყანა.

საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტის ზრდის მაჩვენებელია ის გარემოებაც, რომ ჩვენთან ამჟამად უკვე ფუნქციონირებს 13 ქვეყნის საელჩო და რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლობა ელჩების დონეზე. საერთაშორისო ასპარეზზე შექმნილმა ახალმა რეალიებმა განაპირობა საქართველოს გაწევრიანება დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში, რაც, ამავე დროს, სრულად პასუხობს ჩვენს საგარეო-პოლიტიკურ და ეკონომიკურ პრიორიტეტს, რომელიც ხელს უწყობს მოსაზღვრე სახელმწიფოებთან მჭიდრო კეთილმეზობლობას და ჩვენი პოლიტიკური წონის ზრდას და, ამასთან ეკონომიკური კავშირების აღდგენის აუცილებელი ფაქტორია.

საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში გაწევრიანება სრულიად არ უშლის ხელს მის მოძრაობას ევროპულ პროცესებში მონაწილეობისაკენ. პირიქით, საზღვარგარეთის ქვეყნების წამყვან პოლიტიკურ მოღვაწეებს არაერთხელ გამოუთქვამს მკაფიოდ ის აზრი, რომ საქართველოს მიერ ევროპაში პოზიციის მოპოვება და შემდგომ კი განმტკიცება მოხდება მხოლოდ მისი საგარეო პოლიტიკის „შინაური საქმეების“ (ე.ი. რუსეთთან და თანამეგობრობის ქვეყნებთან ურთიერთობის) მოწესრიგების ფონზე. ჩვენ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, როცა თანამეგობრობის წევრი გავხდი.

საქართველოს სრული სუვერენიტეტის განმტკიცებისათვის უდიდესი როლი ეკისრება საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობაში აქტიურ მონაწილეობას.

საქართველოს რესპუბლიკამ ამ მხრივ უკვე გადადგა სერიოზული ნაბიჯები. ეს გამოიხატა გაეროსა და მის სპეციალიზებულ ორგანიზაციებში - ევროორგანიზაციაში, ჩრდილოატლანტიკური თანამშრომლობის საბჭოში, მსოფლიო ბანკში, საერთაშორისო სავალუტო ფონდში, რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში გაწევრიანებით.

1993 წლიდან გაიხსნა და ფუნქციონირებს საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობები გაეროსთან, ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასთან და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

განსაკუთრებით აქტუალურია ჩვენი მონაწილეობა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის თითქმის ყველა სტრუქტურაში.

გაეროში ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება, რა თქმა უნდა, აფხაზეთის პრობლემაზე მუშაობაა. ამ თვალსაზრისით უკვე ბევრი რამ გაკეთდა - უშიშროების საბჭომ მიიღო 13 რეზოლუცია და გამოყო მეთვალყურეები, პრაქტიკული შედეგი არ არის, მაგრამ დღეს უკვე გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიო საზოგადოებრივი აზრი მთლიანად საქართველოს მხარეზეა, მისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას უჭერს მხარს.

ქართული პოლიტიკის უდავო წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს ევროორგანიზაციის უმაღლესი დონის შეხვედრა, რომელიც შარშან ბუდაპეშტში გაიმართა. პირველად ასეთი დონის შეხვედრის საბოლოო დოკუმენტში დაფიქსირდა ის გარემოება, რომ აფხაზეთში ადგილი ჰქონდა ეთნიკურ წმენდას, ქართული მოსახლეობის განდევნას რეგიონიდან. ე.ი. ქართველი მოსახლეობის გენოციდს. შემდგომში ეს დებულება, რამდენიმე ირიბი ფორმით, განმეორდა გაეროს უშიშროების საბჭოს 993 (1995 წ) რეზოლუციაში და, ამდენად, საერთაშორისო-სამართლებრივი შეფასების სახე მიიღო. ჩვენ ამ გზაზე კიდევ უფრო გაბედულად ვიბრძოლებთ კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრისათვის, მაგრამ, ამავე დროს, ეს სამართლებრივი აქტები უფლებას გვაძლევს ვიზრუნოთ ყველა გზისა და ყველა ფორმის გამოყენებით.

ბოლო პერიოდში ფრიად დამაიმედებელი განვითარება ჰპოვა ძალისხმევამ ჩვენი რესპუბლიკისათვის სრულიად ახალი, პრაქტიკულად უცნობი მიმართულებით. მხედველობაში გვაქვს ჩრდილოატლანტიკური თანამშრომლობის საბჭოსთან სამხედრო-პოლიტიკურ სფეროში აქტიური თანამშრომლობა.

დღეს საქართველოს შეუძლია, ნატოს ეგიდით მოწყობილ ღონისძიებებში სისტემატური მონაწილეობა. ნატოსა და ევროპის კავშირთან ბრიუსელში ფუნქციონირებს საქართველოს რესპუბლიკის მისია, რაც რეალურს ხდის პერსპექტივას, რათა ბოლომდე გამოვიყენოთ ამ საერთაშორისო ორგანიზაციის უმდიდრესი პოტენციალი.

ნატოსთან საქართველოს ურთიერთობამ განსაკუთრებული ჟღერადობა შეიძინა მას შემდეგ, რაც ხელი მოვაწერეთ პროგრამას „თანამშრომლობა მშვიდობისათვის“. საქართველომ ასევე წარადგინა საპრეზენტაციო დოკუმენტი და ახლა შესაბამისი უწყებები აქტიურად მუშაობენ ნატოსთან ინდივიდუალური თანამშრომლობის პროგრამაზე.

ჩვენი ღრმა რწმენით, საქართველოს მონაწილეობა პროგრამაში „თანამშრომლობა მშვიდობისათვის“ ხელს კი არ შეუშლის სხვა ქვეყნებთან ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, არამედ ხელს შეუწყობს მათ შორის ეფექტიან რეალიზაციას.

ევროპის უახლოესი არქიტექტურის ქვაკუთხედია ევროპის კავშირი, რომელთანაც ჩვენ საკმაოდ საქმიანი და სასარგებლო კონტაქტები ჩამოვაყალიბეთ. უკვე რეალობაა ევროგაერთიანების კომისიათან მუდმივი კონტაქტების გზით ჩვენი რესპუბლიკის პრიორიტეტული ეკონომიკური მიმართულებების, ინტერესების გამოკვეთა. იანვარში ხელს მოვაწერთ ხელშეკრულებას, ევროკავშირთან პარტნიორობის შესახებ და ეს იქნება ჩვენი პოლიტიკის კიდევ ერთი გამარჯვება.

ბ) საგარეო ეკონომიკური ურთიერთობები

აქტიური თანამშრომლობა, ეკონომიკური და სამეცნიერო-ტექნიკური ინტეგრაციის პროცესის დაჩქარებული განვითარება დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებთან, ხელმოწერილ ხელშეკრულებათა პრინციპებისადმი პატიოსანი დამოკიდებულება, ერთის მხრივ, მეორეს მხრივ, ეკონომიკური, კულტურული და სხვა სახის კავშირების გაღრმავება საერთაშორისო და ევროპული გაერთიანებებისა და ცენტრების შესაბამის სტრუქტურებთან, შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკურ ალიანსთან, ცალკეულ ქვეყნებთან, საქართველოს აძლევს ისტორიულ შანსს უმოკლეს დროში გამოვიდეს ეკონომიკური და ფინანსური კრიზისიდან და სწრაფად დაადგეს ეკონომიკური და კულტურული აღმავლობისა და აღორძინების გზას.

რესპუბლიკის ეკონომიკის წინაშე არსებული პრობლემებიდან გამომდინარე, საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლება საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, საინვესტიციო საქმიანობას ახორციელებს შემდეგი მიმართულებებით:

- რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ინდიკატორი გეგმით განსაზღვრული ამოცანების და ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანის პროგრამის გათვალისწინებით საზღვარგარეთული ინვესტორების და კრედიტების პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა;

- ივესტიციებისა და კრედიტების მოსაზიდად საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის, ბანკებთან, აგრეთვე, უცხო ქვეყნების საგარეო-ეკონომიკურ სამთავრობო სტრუქტურებსა და კერძო ბიზნესთან თანამშრომლობა;

- პირდაპირი ინვესტირების ხელშეწყობის მიზნით რესპუბლიკის სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებისათვის უცხოელი პარტნიორების მოძიება;

- საზღვარგარეთის ინვესტიციებისა და კრედიტებისათვის დასაბუთებული ბიზნეს-გეგმების დამუშავებაში მეთოდური დახმარება;

- მიღებული საზღვარგარეთული კრედიტების მიზანდასახული გამოყენება პრიორიტეტების შესაბამისად. შენიშვნები იმის შესახებ, რომ კრედიტების გამოყენებაში სერიოზული დარღვევებია, არ არის საფუძველს მოკლებული და

ახალი ხელისუფლება ამ მხრივ, პრინციპული და მომთხოვნი იქნება;

- ხელშემწყობი გარემოს შესაქმნელად სათანადო საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების შემუშავება.

საინვესტიციო მუშაობა განხორციელდება ხელისუფლების მიერ დამტკიცებული პრიორიტეტული მიმართულებების თანახმად. ეს მიმართულებებია: ენერგეტიკა, ბუნებრივი რესურსების გადამუშავება, სოფლის მეურნეობა, ტრანსპორტი, კავშირგაბმულობა, საფინანსო-საბანკო სისტემა, ჯანმრთელობის დაცვა, მოსახლეობის სოციალური დაცვა, განათლება და კულტურა. ამჟამად, მომზადებულია 130-მდე საინვესტიციო პროექტი, რომლებიც ვრცელდება დაინტერესებულ ორგანიზაციებსა და უცხოეთის საქმიან წრეებში. ეს მუშაობა აქტიურად გაგრძელდება მომავალშიც.

რესპუბლიკაში პოლიტიკური სტაბილიზაციის პროცესის განვითარებასთან ერთად, იზრდება უცხოელ ინვესტორთა დაინტერესება. უკვე შექმნილია 300-ზე მეტი ერთობლივი საწარმო და მათი რიცხვი სწრაფად იზრდება.

ამასწინათ მე ვიყავი მოწმე უკვე დანგრეულ და გაჩანაგებულ ხაშურის მინის ტარის ქარხნის აღდგენის უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. იქ 800 კაცია დასაქმებული. 2-3 წელიწადში კიდევ 800 დასაქმდება. მწყობრში ჩადგება ბორჯომის წყლის წარმოება. და ისევ ქვეყნის ინტერესებს მოხმარდება. მე შემიძლია ეს მაგალითები გავაგრძელო. სულ 2 წლის წინათ, შეიქმნა კოკა-კოლას ერთობლივი საწარმო. დღეს საქართველოში 6 ათასი ახალი სამუშაო ადგილი გვაქვს. აი, ეს არის რეალურად უცხოური კაპიტალის მონაწილეობა ჩვენი ეკონომიკის გამოცოცხლებისა და აღმავლობის საქმეში. ასევე აქტიური მხარდაჭერა სჭირდებათ ჩვენგან ინვესტორებს, რომლებიც განსაკუთრებულ დაინტერესებას იჩენენ მარგანეცით, ფერადი ლითონებით, ნავთობითა და ბუნებრივი აირით, სამთოქიმიური ნედლეულით, სასმელი და მინერალური წყლით და ა.შ.

ინვესტირების მნიშვნელოვანი შესაძლებლობებია ქვეყნის მრეწველობაში. მიუხედავად იმისა, რომ რესპუბლიკაში განვითარებულია მრეწველობის თითქმის ყველა დარგი, ყველა ისინი, საჭიროებენ წარმოების მოდერზინაციას და თანამედროვე ტექნოლოგიებს.

ჩვენთან, სამწუხაროდ, თითქმის არ ფუნქციონირებს მსუბუქი მრეწველობა. უცხოელი ინვესტორების დაინტერესების პირველი შედეგები უკვე არის და მე დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს 2-3 წელიწადში საქართველოს მსუბუქი მრეწველობაც გაიმართება. იგივე შეიძლება ითქვას მშენებლობასა და სხვა დარგებზე.

როგორც ცნობილია, განვითარებული ქვეყნებიდან ინვესტიციები შედის მხოლოდ იმ ქვეყნებში, სადაც შექმნილია სათანადო პირობები, სადაც ინვესტიციები დაცულია კანონმდებლობით, მოქმედებს ლიბერალური საბაჟო და საგადასახადო პირობები და ა.შ.

საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით, აუცილებლად მიგვაჩნია უახლოეს პერიოდში მიღებული იქნეს შემდეგი საკანონმდებლო აქტები: „კანონი საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობათა რეგულირების შესახებ“, „კანონი მიწის შესახებ“, „კანონი დაზღვევის შესახებ“, „კანონი თავისუფალი ეკონომიკური ზონების შესახებ“ და სხვ. მე ვთხოვ ყველა ამომრჩეველს გაიაზროს კანონი მიწის შესახებ. და კიდევ ერთი, საქართველო თანდათან გადაიქცევა დიდ სატრანსპორტო სახელმწიფოდ. დღეს ეს რეალობაა. ეს იქნება ათეული მილიონობით ტონა ტვირთები, დიდი მოცულობის ნავთობპროდუქტები, ქვეყნის, როგორც სატრანსპორტო არტერიის, აღიარებაა საქართველოზე კასპიის დიდი ნავთობის გატარების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებები, რაც, იმავდროულად, ნიშნავს ჩვენი ქვეყნის საიმედო და სტაბილურ პარტნიორად აღიარებას მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების მიერ.

ყოველივე ეს დიდ შემოსავლებს მოუტანს ქვეყანას, დაგვეხმარება კეთილდღეობის ამაღლებაში, საგარეო ვალების გასტუმრებაში, ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური პოტენციალის სწრაფ ზრდაში, ტურიზმის, კურორტების განვითარებაში. 1 ტონა ტვირთის გატარება 8 დოლარი ღირს. წარმოიდგინეთ, როცა ლაპარაკი იქნება ათეულ მილიონობით ტვირთის გატარებაზე... აი, რას ნიშნავს ის, რომ საქართველო სატრანსპორტო ქვეყნად იქნება.

მუშავდება საქართველოს ენერგეტიკის განვითარების პროგრამა, ნახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების ჩათვლით. დიდი მნიშვნელობა აქვს ენერგეტიკული კრიზისის დაძლევაში რუსეთის ენერგოსისტემასთან ურთიერთობას. ჩვენ ერთობლივად აღვიდგინეთ „კავკასიონის“ 500 კვტ-იანი ხაზი, საჭიროების შემთხვევაში, შეგვიძლია მივიღოთ 300-400 კვტ რუსეთიდან.

გარკვეულ სამუშაოებს ახორციელებს გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოება სოფლის მეურნეობის, მცირე ბიზნესის განვითარების სფეროებში, ენერგეტიკის დარგში. იგივე შემიძლია ვთქვა ჰოლანდიაზე, საფრანგეთზე და სხვა ქვეყნებზე.

დიდი ხანი არ არის, რაც საქართველოში გაიხსნა თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენლობა. ამ წარმომადგენლობას გადაეცა 16 საინვესტიციო წინადადება მათზე ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადების და შესაძლო ინვესტირების მოძიების მიზნით, თუ როგორი ეკონომიკური ურთიერთობა გვაქვს ირანთან, არაერთხელ მითქვამს.

ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის ერთ-ერთი ძირითადი მაჩვენებელია საგადამხდელო ბალანსი, რაც მნიშვნელოვნად დამოკიდებულია დაბალანსირებულ იმპორტ-ექსპორტზე. საქართველო დაინტერესებულია საექსპორტო პროდუქციის განვითარებით. უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ძირითადი მიზანია განვითარდეს სწორედ ექსპორტზე ორიენტირებული წარმოებები.

დიდია ამერიკის შეერთებული შტატების წვლილი საქართველოსათვის უსასყიდლოდ დახმარების აღმოჩენაში (საერთო ჯამში, 1993 წლიდან, ეს 300-350 მილიონ დოლარს შეადგენს) ისევე, როგორც ფასდაუდებელია ევროკავშირის მიერ გაწეული ჰუმანური დახმარება.

ძალიან დიდი სიძნელეები ჰქონდა ამერიკის შეერთებულ შტატებს იმის გამო, რომ კონგრესმა შეკვეცა დახმარების სახსრები. ნიუ-იორკში ჩვენი ჩასვლის ერთ-ერთი მიზანი ისიც იყო, რომ მეთხოვა ამერიკის პრეზიდენტისათვის, ეს შეზღუდვა ჩვენ არ შეგვეხებოდა. იცით, რომ გარკვეული მიზეზების გამო წასვლა არ მოხერხდა. გუშინ მე მივიღე მისი პირადი წარმომადგენელი, რომელმაც განაცხადა, რომ შეერთებული შტატების ხელისუფლება არა თუ შეგვინარჩუნებს დახმარების ძველ დონეს, არამედ ბიძგს და სტიმულს მისცემს ინვესტორებს საქართველოში შემოსასვლელად.

ქვეყანაში ფეხს იკიდებს ამერიკული და ევროპული ბიზნესი.

ამ ბოლო დროს გააქტიურდნენ რუსეთის ბიზნესმენები, ბევრი საინტერესო წამოწყებაა უკრაინასთან, ყაზახეთთან, უზბეკეთთან, თურქმენეთთან და სხვა ქვეყნებთან.

განსაკუთრებულია ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობა მოძმე აზერბაიჯანთან და სომხეთთან საქართველოს სატრანზიტო ქვეყნად გადაქცევა სწორედ აზერბაიჯანის სახელმწიფოს, მისი პრეზიდენტის დიდი ძალისხმევის შედეგიცაა.

ყოველივე ეს ქმნის პირობებს კავკასიაში არა მარტო ეკონომიკური თანამშრომლობის ინტენსიფიცირების, არამედ რეგიონში მშვიდობის და სტაბილურობს დამკვიდრებისათვის.

არსებული ბუნებრივი რესურსების ეფექტიანად და რაციონალურად გამოყენება ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის გამოყვანას სტაგნაციის მდგომარეობიდან, რომელშიც იგი აღმოჩნდა უკანასკნელ წლებში, რაც გამოწვეული იყო ენერგიის დეფიციტით და სხვა მრავალი მიზეზით.

საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკის, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებით და მათი ექსპერტების მონაწილეობით განხორციელდება საგარეო ვაჭრობის ლიბერალიზაცია. 1995 წლის 1 ივნისიდან შეწყდა საექსპორტო საქონელზე კვოტირება, მნიშვნელოვნად შემცირდა აკრძალული საექსპორტო საქონლის სია და იმ სასაქონლო ჯგუფების რაოდენობა, რომლებზეც დაწესებული იყო აქციზები.

მნიშვნელოვნად შეიცვალა შემოსავლების დაბეგვრის სისტემა და ა.შ. აღნიშნული ღონისძიებები მიმართულია, რათა გამოცოცხლდეს საგარეო ვაჭრობა, ჩატარდეს საწარმოთა მოდერნიზაცია, გაუმჯობესდეს მათი ფინანსური მდგომარეობა, დაბალანსდეს ექსპორტ-იმპორტის სტრუქტურა და სხვ.

უცხოური ინვესტიციების მოზიდვის და ვაჭრობის სტიმულირების ერთ-ერთი ეფექტიანი საშუალებაა თავისუფალი ეკონომიკური და სავაჭრო ზონების შექმნა. ასეთი სანიმუშო დებულება უკვე დამუშავებულია ბათუმისათვის, ფოთისათვის, თბილისის აეროპორტისათვის და, ალბათ, მომავალ პარლამენტს დასჭირდება სპეციალური კანონის მიღება.

აქტიურად უნდა განვითარდეს პირდაპირი კავშირები დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებს შორის. შეიქმნას და განხორციელდეს ერთობლივი დარგობრივი და დარგთაშორისი პროგრამები, აუცილებელია სუბრეგიონალური კოოპერაციის სტიმულირება.

სათანადო მუშაობის პირობებში ჩვენ შეგვიძლია უცხოეთიდან ბევრად უფრო მნიშვნელოვანი დახმარება მივიღოთ, ვიდრე დღეს ვიღებთ. ეს კი დიდად წაადგება ქვეყნის ეკონომიკის ძირეულ გაჯანსაღებას. მაგალითისათვის იკმარებდა თუნდაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ჩვენი ურთიერთობა. მათი საშუალებით ხორციელდება თბილისის აეროპორტის (საათში 2600 ადგილზე) რეკონსტრუქცია და მოდერნიზაცია, გამოყოფილია კრედიტი ენერგეტიკის აღდგენისათვის, მიმდინარეობს მუშაობა, რომ მათ მომავალი წლისათვის გამოყონ კრედიტი კიდევ სამ პროექტზე: ფოთისა და ბათუმის პორტების რეკონსტრუქციისათვის, საბითუმო ბაზრის განვითარებისათვის და ორი კერძო ბანკის შესწავლისა და მომზადებისათვის და ა.შ. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში ჯერჯერობით არ ექცევა სათანადო ყურადღება საზღვარგარეთული სასაქონლო ბაზრების კვლევას, ჩვენში წარმოებული საქონლის საზღვარგარეთული ანალოგების მიმართ კონკურენტუნარიანობის შესწავლის, გამოშვებული საქონლის ხარისხის გაუმჯობესების გზების ძიებას და სხვ.

საქართველოს გეოპოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით და ევრაზიის დერეფნის შექმნის მიზნით აუცილებელია აზიის, ამიერკავკასიის და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან შესაბამისი პოლიტიკის გატარება და სხვ. ეს პროცესი მიმდინარეობს და ჩვენ მომსწრე ვიქნებით ამ სახელმწიფოსთან განსაკუთრებული ურთიერთობების მშენებლობისა. მსოფლიოს 25 განვითარებული სახელმწიფოს ალიანსის წევრ-ქვეყნებთან საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების დამყარებასა და მათთან მუშაობის პრიორიტეტული მიმართულების განსაზღვრას მომავალი პრეზიდენტი განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს.

ურთიერთობამ შავი ზღვის ეკონომიკურ ალიასნთან, განსაკუთრებული მასშტაბები უნდა მიიღოს. რა თქმა უნდა, მხედველობაში მაქვს რუსეთი, უკრაინა, თურქეთი, ბალკანეთის ქვეყნები, საბერძნეთი, რომელიც ძალზე გაბედულად შემოდის საქართველოში ჩვენ უკვე დავაარსეთ ქართულ-ბერძნული, ქართულ-ამერიკული ერთობლივი ბანკები და ა.შ.

საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს მუშაობას საერთაშორისო ეკონომიკურ და საფინანსო ორგანიზაციებთან საქართველოსათვის საერთაშორისო დახმარების მიზნით.

გაგრძელდება მუშაობა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში საქართველოს გაწევრიანების მიზნით.

ეს პრობლემატიკა, ისევე როგორც რესურსები და რეზერვები, ამოუწურვადია.

ვიმეორებ, 200 წლამდე მთავარია: პირველი. ახალი ტიპის ორპალატიანი პარლამენტის, ახალი ტიპის აღმასრულებელი ხელისუფლებისა და პრეზიდენტის, ახალი ტიპის სასამართლო ხელისუფლების (კონსტიტუციური და უზენაესი სასამართლოების) ჩამოყალიბება, ხელისუფლების მუნიციპალური (რაიონები, ქალაქები, სოფლები), სამხარეო და ცენტრალური სტრუქტურების სრულყოფა, სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნა და ეფექტურად ამოქმედება; სახელმწიფოს სრული რეფორმირება, მთელი სისტემის გარდაქმნა.

მეორე. დემოკრატიული სამოქალაქო საზოგადოების ფორმირება;

მესამე. სოციალურად ორიენტირებული, სოციალური დაცვის მძლავრი მექანიზმის მქონე საბაზრო ეკონომიკის შექმნა და სრულყოფა;

მეოთხე. ხალხის სულიერი და მატერიალური კულტურის აყვავება და განვითარება.

მჯერა, რომ უახლოეს 10 წელიწადში საქართველო ერთ-ერთი მდიდარი და ბედნიერი ქვეყანა იქნება და ამას არამცთუ სრულიად ახალგაზრდა თაობები, ჩემი თაობაც მოესწრება. ეს ოცნება კი არა, რეალობაა. ჩვენ ამისათვის ყველაფერი გაგვაჩნია; ნიჭიერი, შემოქმედი ხალხი, ამოუწურავი რესურსები და ბუნებრივი სიმდიდრეები, პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური პროგრამები.

რამდენიმე სიტყვა პირადული განცდების სფეროდან, ხშირად მეკითხებიან განსაკუთრებით - უცხოელები, ხანდახან ჩემი თანამოქალაქეები რატომ დავბრუნდი საქართველოში, რომელიც მითითებულ კუპრს მაგონებდა. უნდა ვთქვა, სრულიად ცხადად მქონდა წარმოდგენილი, თუ რა გარემოცვაში მომიწევდა ბრძოლა. სულაც არ მქონდა ილუზია იმ ბატონების მიმართ, რომლებთანაც მომიხდებოდა მუშაობის დაწყება, ისინი ფიქრობდნენ, რომ მათი ინტერესების მძევლები და ზრახვების მსახური ვიქნებოდი, და არ ესმოდათ, რამდენად ცდებოდნენ, როცა ახლობლები მეკითხებოდნენ. მათთან როგორ იმუშავებო, ვპასუხობდი: სწორედ იმიტომ, რომ ეს ადამიანები განაგებენ სამშობლოს, - უნდა დავბრუნდე! პოლიტიკა შესაძლებლობის ხელოვნებაა მხოლოდ წუთობით, დღითი დღე, ნაბიჯ-ნაბიჯ შესაძლებლობის ფარგლების გაფართოებით შეიძლება მიღწევა.

ადამიანი ქვა როდია, მით უმეტეს - ხანდაზმული კაცი. გამოგიტყდებით, არ მქონდა გადაწყვეტილი, დამესახელებინა ჩემი კანდიდატურა პრეზიდენტის პოსტზე. როცა შენზე ამდენი დანა ილესება, - გაიფიქრებ და იტყვი: კმარა! მაგრამ 29 აგვისტოს ღამით მივიღე გადაწყვეტილება მეთხოვა თქვენგან პრეზიდენტობის საყოველთაო-სახალხო მანდატი. იმ აფეთქების ცეცხლში კვლავ დავინახე ერთი ჭეშმარიტება: ის, ვინც დაგეგმა 9 აპრილი, 27 სექტემბერი, 29 აგვისტო - უნდა შევაჩეროთ, უნდა დავამარცხოთ, უნდა გავაკოტროთ.

და ამას ჩვენ ერთად გავაკეთებთ.

დასასრულ, ერთხელ კიდევ დიდი მადლობა მინდა მოვახსენო თითოეულ თვენგანს. ვინც მობრძანდა ამ წინასაარჩევნო შეხვედრაზე, ყველა პარტიას და მოძრაობას, რომელმაც მხარი დამიჭირა, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატს.

ნება მიბოძეთ, ძვირფასო თანამემამულენო, დებო და ძმებო, მამებო და დედებო, შვილებო და შვილიშვილებო. გისურვოთ ჯანმრთელობა, წარმატება, წინსვლა, აყვავება, გამარჯვება.

მშვიდობა თქვენს კერებს. ბედნიერება და კეთილდღეობა თქვენს ოჯახებს.

გმადლობთ.

საქართველო ღირსეულად შეაბიჯებს XXI საუკუნეში : ბატონ ედუარდ შევარდნაძის სიტყვა, წარმოთქმული საქართველოს მოქალაქეთა კავშირის ფორუმზე 1995 წლის 2 ნოემბერს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 3 ნოემბერი. - 161-162(2078). - 1,2,3 გვ.

98 დიდი მამულიშვილი

▲ზევით დაბრუნება


ედუარდ შევარდნაძის სიტყვა, წარმოთქმული ბათუმის თეატრში 1 ნოემბერს მემედ აბაშიძის იუბილეზე

ამ რამდენიმე ხნის წინათ, აპრილის თვეში, ჩვენი ქვეყნის დედაქალაქში, თბილისში, ჩვენ განსაკუთრებულად აღვნიშნეთ საქართველოს სამაგალითო შვილის მემედ აბაშიძის იუბილე.

ეს იუბილე რამდენიმე დღეს გაგრძელდება.

ასეთი მასშტაბით იშვიათად რომ ვინმეს დაბადების დღე აღნიშნულიყოს საქართველოში. ის დღეები, ფაქტობრივად, მემედ აბაშიძის მშვენიერი აჭარისადმი სიყვარულის გამოცხადებად იქცა, თანამედროვე აჭარის კულტურის დღეებად, მისი წარმატებების დემონსტრირებად.

ასეთი დღეები სჭირდებოდა მთლიან საქართველოსაც და მის შესანიშნავ კუთხეს აჭარასაც. სჭირდებოდა, რადგან ერთნი, საქართველოში და აჭარაში, თუ იღვწოდნენ ქვეყნის დაწყნარებისა და აშენებისათვის, მეორენი ყველაფერს კადრულობდნენ ქვეყნის არევისა და დანგრევისათვის.

მემედ აბაშიძემ, ერთიანი და ძლიერი საქართველოსთვის თავგამოდებულმა მებრძოლმა, ერთხელ კიდევ გააკეთა დიდი ქართული საქმე, როდესაც თბილისში შეგვყარა და თავი გაგვახსენა უბრალო და შთამბეჭდავი სიტყვებით „ჩვენ ქართველები ვართ და ამით ვამაყობთ“.

ეს სიტყვები ითქვა მაშინ, როდესაც ისტორიული ბედუკუღმართობით ორად გახლეჩილი საქართველო - საქრისტიანო და სამაჰმადიანო საქართველო -ერთმანეთისკენ მიისწრაფოდა, საქართველოს მტრები კი მათ დაშორებას, მათ დაპირისპირებას ცდილობდნენ.

საქართველოს მტრები, სამწუხაროდ, დღესაც არ ელევა.

დღესაც ბევრს ეცადნენ, რომ აჭარა დაეპირისპირებინათ საქართველოსათვის, საქართველო კი - აჭარისათვის.

სწორედ ასეთ დროს დაუდგა ქვეყნის მთლიანობას ქომაგად მემედ აბაშიძის აჩრდილი. დაუდგა თავისი მასწავლებლით, დიდი ილიათი, დაუდგა იმ ქართველებით, რომელთაც ყოველთვის სწამდათ, რომ აჭარას „დიდი პატივსაცემი და სახელოვანი ღვაწლი მიუძღვის ჩვენი ერის ისტორიაში, დიდი შრომა გაუწევია, დიდი მსხვერპლი მოუტანია, მრავალი სისხლი დაუნთხევია ჩვენთან ერთად საქართველოს ერის თვით-არსებობისათვის. გარდა იმისა, რომ ჩვენ ვართ ერთი სისხლისა და ხორცისანი ერთისა და იმავე ენით მოლაპარაკენი, ერთი ისტორიაც გვქონია“.

იყო დრო, როდესაც „სწავლა, განათლება, მამულისათვის თავგამეტებული სიყვარული თითქმის იქიდან ეფინებოდა ჩვენს ქვეყანას“.

ეს სიტყვები დიდი ილიას ნათქვამია და მარტო წარსულს არ ეხება... აქ წინასწარმეტყველურად ის ჩვენი წლებიც იგულისხმება, როდესაც საქართველოში მხოლოდ აჭარა რჩებოდა სიმშვიდის ოაზისად, აჭარა რჩებოდა იმ კუთხედ, რომელმაც, ქართულ კულტურას დამხმარისა და ქომაგის ხელი გაუწოდა.

ნებისმიერი ერის ცხოვრებაში დიდი ადგილი უჭირავს მწერალსა და მეცნიერს, ხელოვანსა და მეომარს, მაგრამ მათგან ძალზე ცოტაა ისეთი, რომელიც სიმბოლოდ იქცევა ხოლმე.

მემედ აბაშიძის დროს იყვნენ ქართველნი, თუნდაც ამავე კუთხის მცხოვრებნი, რომელნიც არ ჩამოუვარდებოდნენ მას ნიჭითა და ერუდიციით, ოჯახიშვილობით, გამბედაობით, მაგრამ დრომ და ადგილმა, პირადულმა ისტორიულმა ნაბიჯებმა და გაღებულმა მსხვერპლმა დროთა ამ გადასახედიდან იგი ქართველთა ერთიანობის სიმბოლოდ აქცია.

1905 წელს ქართველთა და აზერბაიჯანელთა შეკრებაზე იგი ამბობდა - ჩვენ „ეროვნებით ქართველები ვართ, ქართული სისხლი გვიდუღს, სულითა და გულით ქართველები ვართ და ამიტომ ჩვენში ვერასდროს მოიკიდებს ფეხს იმგვარი ქადაგება, რომელსაც მიზნად ექნება ჩვენს ძმებს - ქრისტიან ქართველებს გადაგვკიდოს და ჩვენსა და მათ შორის მტრობა ჩამოაგდოს“.

ეს სიტყვები მარტო მათ გასაგონად არ ითქვა, ვინც კრებას ესწრებოდა, ითქვა მათთვისაც, ვინც ცდილობდა რელიგიური ფაქტორის გათამაშებას. იგივე სიტყვა ჩვენს გასაგონადაც ითქვა - დღევანდელი ქართველების გასაგონად რომელნიც რელიგიური ფანატიზმით ებრძვიან თავის პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს.

ეტყობა, ხშირად უნდა გავიხსენოთ, მემედ აბაშიძის სიტყვები: „ჩვენ ქართველები ვართ“. მართლაც, ჩვენ ქართველები ვართ უპირველეს ყოვლისა, და მერე ამა თუ იმ პოლიტიკური შეხედულების მიმდევრები.

სხვათა შორის, რა ბევრისმთქმელია, ის ფაქტიც, რომ მაშინდელ უამრავ პარტიათაგან იგი ვერავის შეეთვისა, რადგან ვიწროპარტიული ჩარჩოები მისი შეხედულებისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა. „დავრჩი ყოველგვარი პარტიის გარეშე“, - წერდა შემდეგ იგი.

საქართველო მისთვის მართლაც ყველა პარტიაზე უმაღლესი გახლდათ.

ამიტომ იყო, რომ უყოყმანოდ დაუპირისპირდა იგი თურქოფილების ცდას რელიგიური ნიშნით ეჭვი და უნდობლობა გაეღვივებინათ ქრისტიან და მაჰმადიან ქართველთა შორის, ამიტომ დაუპირისპირდა იგი, როგორც აჭარის მეჯლისის თავმჯდომარე, ანგორის დელეგაციის ცდას ბათუმის ოლქი მოეწყვიტათ საქართველოსთვის, ამიტომ დაუპირისპირდა იგი შეხედულებას, რომელიც ეროვნებასა და რელიგიას ერთმანეთთან აიგივებდა.

ეს იყო გზა ქართველთა ერთიანობისა და ხსნისა.

ამ გზაზე მას ბევრი ბრძოლა გარდახდა.

მარტოკაცი არ ყოფილა იგი ამ ბრძოლაში, რადგან საქართველოს საუკეთესო მამულიშვილნი იმავე პოზიციაზე იდგნენ.

ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც საქართველოს ეროვნული ცნობიერება დიდი განსაცდელის წინ იდგა, მემედ აბაშიძე ამბობდა: „გახსოვდეთ, რომ ჩვენი ხსნა, ჩვენი ბედნიერება საქართველოს ერთობაშია“!

„გაუმარჯოს მთლიან საქართველოს“!

ეს სიტყვები ითქვა დიდი ხნის წინ. დღეს საქართველო ისევ დიდი განსაცდელის წინ დგას, დღეს ჩვენთან ერთად ჩვენმა დიდმა წინაპრებმა უნდა უშველონ საქართველოს და დღეს, ისევ ყოველ წუთს და ყოველ წამს უნდა გვახსოვდეს მათი ანდერძი.

„გახსოვდეთ, რომ ჩვენი ხსნა, ჩვენი ბედნიერება საქართველოს ერთობაშია“!

დიდი მამულიშვილი : ედუარდ შევარდნაძის სიტყვა, წარმოთქმული ბათუმის თეატრში 1 ნოემბერს მემედ აბაშიძის იუბილეზე // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 4 ნოემბერი. - 163(2079). - 1 გვ.

99 გავერთიანდეთ და რეალურად ავლაგმოთ ტერორიზმი

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის ედუარდ შევარდნაძის განცხადება

გულის სიღრმემდე შემძრა და აღმაშფოთა იცხაკ რაბინის მხეცურმა მკვლელობამ. თვალწინ მიდგას ამ დიდ და მამაც პოლიტიკოსთან შეხვედრების ყველა დეტალი. მაგრამ ახლა არა იმდენად პირად განცდებზე უნდა იყოს ლაპარაკი, რამდენადაც ჩვენს უძლურებაზე წინ აღვუდგეთ იმ შავბნელ ძალებს, რომლებიც სიცოცხლის დაუზოგავად ესხმიან თავს საკაცობრიო იდეალებისათვის მებრძოლ გმირებს. იცხაკ რაბინი მე ჩვენი დროის ნამდვილ გმირად მიმაჩნია, რადგან მან საკუთარი ხალხის სასიკეთოდ და მსოფლიოში მშვიდობის საკეთილდღეოდ უძნელესი, სარისკო, მაგრამ ერთადერთი სწორი გზა აირჩია.

მოვუწოდებ მსოფლიო საზოგადოებრიობას, უწინარესად, უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი ქვეყნების ლიდერებს, შეიკრიბონ უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე. სწორედ უმაღლეს დონეზე, და განიხილონ მსოფლიოში ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის, აგრესიული სეპარატიზმის და ექსტრემისტული ნაციონალიზმის აღკვეთის ღონისძიებანი. სწორედ ამ უკანასკნელის მიმართ შემრიგებლობა და შემწყნარებლობა აძლევს სტიმულს ტერორისტებსა და მკვლელებს კაცობრიობის წინაშე დანაშაულობათა ჩადენისათვის.

დადგა ჟამი მოქმედებისა და არა იმდენად პროტესტების და თანაგრძნობის გამოხატვისა. ნუთუ იცხაკ რაბინის მხეცური მკვლელობა აღარ არის საკმარისი, რომ გამოვერკვეთ, გამოვიძიოთ, გავერთიანდეთ და რეალურად ავლაგმოთ ტერორიზმი, ბარბაროსული ნაციონალიზმი და ფანატიკური ფუნდამენტალიზმი, როგორც უნდა ინიღბებოდნენ ისინი.

1995 წლის 5 ნოემბერი.

გავერთიანდეთ და რეალურად ავლაგმოთ ტერორიზმი : საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის ედუარდ შევარდნაძის 5 ნოემბრის განცხადება // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 7 ნოემბერი. - 164(2080). - 1 გვ.

100 „არჩევნებში ხალხმა თავისი გამჭრიახობით, სიბრძნით, სწორი პოლიტიკური ალღოთი და ორიენტაციით იხსნა საქართველო, მისი მომავალი“

▲ზევით დაბრუნება


ედუარდ შევარდნაძის 6 ნოემბრის რადიოინტერვიუ

- პრეზიდენტის არჩევნების პირველმა შედეგებმა ცხადყო, რომ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. ჩვენი საინფორმაციო საშუალებები, უცხოეთის სააგენტოები, ტელეკომპანია „სი-ენ-ენი“ უკვე რამდენიმე საათია ამცნობენ მსოფლიოს, რომ შევარდნაძეს მხარი დაუჭირა ამომრჩეველთა 70 პროცენტზე მეტმა. ნათელი გახდა ისიც, რომ საქართველოში არსებული „ჭრელი“ პოლიტიკური სპექტრისა და მათი ურთიერთმიმართების მიუხედავად, დღეს საბაზრო ეკონომიკაზე ორიენტირებული, თითქოსდა არაპოპულარული რეფორმების გამტარებელი შევარდნაძე გაცილებით მისაღები და სასურველი ყოფილა ხალხისათვის.

თავს ნებას მივცემ, მოგილოცოთ ეს დიდი გამარჯვება თქვენ და მთელ საქართველოს, მის ყველა მოქალაქეს, - ჟურნალისტ ციური ბაჯელიძის ამ შეკითხვითა და მილოცვით დაიწყო თავისი ტრადიციული რადიოინტერვიუ სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ:

- დიდი მადლობა, მინდა ვისარგებლო ამ შემთხვევით და ჩვენი ტრადიციული რადიოინტერვიუ გამოვიყენო იმისათვის, რომ რამდენიმე სიტყვით მივმართო საქართველოს მოქალაქეებს ამ მოვლენასთან დაკავშირებით.

ძვირფასო თანამემამულეებო! მე ასე ვიტყოდი: ამ ისტორიულ დღეს, როცა ცნობილი გახდა საქართველოს პრეზიდენტის და ნაწილობრივ პარლამენტის არჩევნების წინასწარი შედეგები, უდიდესი მადლიერების გრძნობით მოგმართავთ საქართველოს მოქალაქეებს, ყველა ერისა და ეროვნების შვილებს თანადგომისა და მხარდაჭერისათის, დიდი ნდობისა და ერთგულებისათვის, მაღალი მოქალაქეობრივი და პოლიტიკური აქტიურობისათვის, იმისათვის, რომ მხარი არ დაუჭირეთ რევანშისტულ ძალებს და ამით იხსენით ქვეყანა ახალი განსაცდელისაგან. თქვენ მე ამირჩიეთ საქართველოს პრეზიდენტად და ამით უდიდესი პატივი მომაგეთ, მაგრამ ამავე დროს უდიდესი ისტორიული პასუხისმგებლობაც დამაკისრეთ და ეს მე კარგად მესმის. ისღა დამრჩენია გითხრათ, რომ კონკრეტული საქმეებით უნდა გავამართლო და კიდევაც გავამართლებ ამ უზარმაზარ ნდობას. ვფიქრობ, ამას ახლო მომავალში იგრძნობს ყველა ოჯახი, ყველა დედა, ყველა ბავშვი, ყველა მოქალაქე, ყველა ქალაქი და სოფელი, ყველა დაბა და თემი, სრულიად საქართველო. მადლიერების სიტყვებით მივმართავ ნდობით აღჭურვილ პირებს, საარჩევნო შტაბს, ყველას, ვინც ამ არჩევნების მომზადებაში მონაწილეობდა, ეს კი ათასობით ადამიანია, რომლებიც არაფერს არ მოითხოვდნენ, გარდა იმისა, რომ სამართლიანად და ობიექტურად ჩატარებულიყო არჩევნები, გაემარჯვა სიმართლეს, ასე ვიტყოდი, ვინც თავი გადადო არჩევნებში საღი აზრის გამარჯვებისათვის.

მადლობას მოვახსენებ საქართველოს მოქალაქეთა კავშირს, სხვა პოლიტიკურ პარტიებს, კონსტრუქციულ ოპოზიციასაც, პრესას, ტელევიზიას, მოსაბრივ კომუნიკაციათა სხვა საშუალებებს პრეზიდენტისა და პარლამენტის სამართლიან არჩევნებში შეტანილი წვლილისათვის. პრეზიდენტის, პარლამენტისა და პოლიტიკური პარტიების კონსტრუქციული თანამშრომლობა დღეიდან უკვე დგება დღის წესრიგში და მომავალში კიდევ უფრი დაიხვეწება და განმტკიცდება ხალხისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ.

არჩევნები იმავდროულად საერთო-სახალხო რეფერენდუმიც იყო. საქართველოს ხალხმა ხმა მისცა პრეზიდენტის წინასაარჩევნო პროგრამას (მე სწორედ ასე ვთქვი, რომ გამომაქვს რეფერენდუმზე განსახილველად ჩემი პროგრამა), საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას (სწორედ ეს არის ამ პროგრამის ერთი შემადგენელი ნაწილი), დიდი სახელმწიფო რეფორმებისა და იმ პოლიტიკის კურსს, რომელსაც ხელისუფლება ეტაპობრივად ახორციელებდა ბოლო სამი წლის მანძილზე, და ამ კურსის შემოქმედებითად განვითარებას 2000 წლამდე და უფრო შორეულ პერსპექტივაშიც. ეს მძიმე ეკონომიკურ და სოციალურ-პოლიტიკურ ვითარებაში მყოფი ქვეყნისათვის საბედისწერო არჩევნები და დიდი გამოცდა იყო. არჩევნებში ხალხმა თავისი გამჭრიახობით, სიბრძნით, სწორი პოლიტიკური ალღოთი და ორიენტაციით იხსნა საქართველო და მისი მომავალი, გაიმარჯვა დემოკრატიამ და დამარცხდა რეაქცია.

თქვენ ამ არჩევნებში, ძვირფასო თანამოქალაქენო, ხმა მიეცით ახალი ტიპის საპრეზიდენტო ხელისუფლებას, ახალი ტიპის პარლამენტს, ხმა მიეცით დემოკრატიას, თავისუფლებას, სუვერენიტეტს, კანონიერებას, წესრიგს, რეფორმებს, ახალი კონსტიტუციის რეალურად ამოქმედებას, სამართლებრივი სახელმწიფოს, სამოქალაქო საზოგადოებისა და საბაზრო ეკონომიკის ჩამოყალიბებასა და განვითარებას, საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის, უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას. მე ძალიან კარგად მესმის, თუ რას ავალებს ყოველივე ეს ქვეყნის პრეზიდენტს. კონსტიტუციისა და კანონის საფუძველზე ყოველივე ამის გარანტი რესპუბლიკის პრეზიდენტი გახლავთ საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებასთან, სამხარეო ადმინისტრაციებთან, მუნიციპალური, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, რაიონებისა და ქალაქების ლიდერებთან ერთად, საქართველოს ყველა ხალხთან ერთად. ამ არჩევნებმა თავისი შედეგები კრიზისის საბოლოოდ დაძლევისა და სრული სტაბილიზაციის გზა გაუხსნა საზოგადოებასა და სახელმწიფოს ეკონომიკას. უკვე ყველა წანამძღვარი არსებობს იმისათვის, რომ უახლოეს 5-10 წლის განმავლობაში, როგორც ჩემს წინასაარჩევნო გამოსვლაშიც ვთქვი, საქართველო გადაიქცეს ერთ-ერთ აყვავებულ ქვეყნად, ამას გადაუჭარბებლად ვამბობ.

ახლა მთავარია უზრუნველვყოთ პრეზიდენტისა და პარლამენტის, სასამართლო ხელისუფლების, საკონსტიტუციო, უზენაესი სასამართლოების თანამშრომლობა ხალხის საკეთილდღეოდ.

მე, როგორც პრეზიდენტი (ახლა ასე ვაცხადებ), მზად ვარ თანამშრომლობისათვის რა თქმა უნდა, შემუშავებული მაქვს სათანადო პროგრამები, ჩემი პროექტები, ჩემი სტრატეგია და ტაქტიკა. დღეს აუცილებელია და, ამას განსაკუთრებით მინდა გავუსვა ხაზი, ჩვენ შეიარაღებული ძალების, არმიის, სასაზღვრო ჯარების, შინაგანი ჯარების, პოლიციის, უშიშროებისა და პროკურატურის ორგანოების, იუსტიციის, სხვა ძალისმიერი სტრუქტურების შემდგომი განმტკიცება, გაძლიერება და სრულყოფა. მათ დიდი წვლილი შეიტანეს არჩევნების ნორმალურად ჩატარებაში და დიდ მადლობას მოვახსენებ ამისთვის. არავითარი არჩევნები არ იქნებოდა, წესრიგი და სტაბილურობა რომ არ ყოფილიყო ქვეყანაში. გამანადგურებელი დარტყმები მივაყენეთ კრიმინალურ ელემენტებს, მაფიას, რეკეტს, კორუფციას, რაშიც განსაკუთრებული როლი მიუძღვით შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას. მაგრამ ეს ბრძოლის მხოლოდ დასაწყისია. ეს ბრძოლა კიდევ უფრო გაძლიერდება.

გადაუდებელი ამოცანაა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოწესრიგება, 300 ათასი ლტოლვილისა და იძულებით ადგილნაცვალ პირთა მშობლიურ კერებში დაბრუნება, მათზე ყოველდღიური ზრუნვა, გენოციდისა და ეთნოწმენდის შედეგების აღმოფხვრა. თუ ეს კონფლიქტები მშვიდობიანი გზით ვერ გადაწყდა, როგორც ამ ბოლო დროს არაერთხელ მითქვამს და დღესაც ვიმეორებ, არ გამოვრიცხავ გაეროსა და სახელმწიფოთა თანამეგობრობის ეგიდით, მათი მონაწილეობითა და მეთვალყურეობით, საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვით ძალისმიერი მეთოდების გამოყენებას ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, ამის უფლება ჩვენ გვაქვს მორალურადაც და ზნეობრივადაც ვალდებული ვართ აღვადგინოთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა.

ერთ-ერთი ყველაზე საჭირბოროტო საკითხია მოსახლეობის სოციალური დაცვა, ხელფასის, პენსიის, სტიპენდიის, სხვა შემოსავლის კანონზომიერი მომატება, საარსებო მინიმუმით მოსახლეობის დაკმაყოფილება, სამომხმარებლო და არასამომხმარებლო კალათით მისი უზრუნველყოფა, ცხოვრების ღირსეული პირობების შექმნა, პრეზიდენტმა უნდა შექმნას იმის პირობები, რომ თითოეულმა მოქალაქემ თავისი თავი იპოვოს საზოგადოებაში.

საჭიროა ეკონომიკური და ფინანსური რეფორმების კიდევ უფრო გაღრმავება (და ეს ასეც მოხდება), ეროვნული ვალუტის - ლარის სტაბილურობის გარანტიები, დიდი და საშუალო, მცირე ბიზნესისა და კომერციის, მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, მშენებლობის, ტრანსპორტის, კულტურის, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, სპორტის, ტურიზმის განვითარება, გონივრულ ფარგლებში პრივატიზაციის კიდევ უფრო დაჩქარება და, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, უცხოური კაპიტალის უფრო ინტენსიური და ეფექტიანი მოზიდვა და დაბანდება, საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობის ინტენსიფიკაცია, ეკონომიკური და სოციალური განვითარების პროგრამებისა და პროექტების განხორციელება, საშინაო და საგარეო პოლიტიკის შემდგომი სრულყოფა.

განსაკუთრებით ვიზრუნებთ ერის სულიერი და მატერიალური კულტურის განვითარებისათვის, ეკოლოგიისა და დემოგრაფიის, მეცნიერებისა და ტექნიკის მიღწევებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვისათვის. ყოველივე ეს კეთილდღეობის წყარო იქნება.

საქართველო XX და XXI საუკუნის მიჯნაზე ძალიან დიდი პერსპექტივების წინაშე დგას. ჩვენი პოლიტიკის, ეკონომიკის, კულტურის ცენტრში დგას სოციალურად აქტიური, საბაზრო ეკონომიკურ ეპოქის ადამიანი - ახალი სამყაროსა და ცივილიზაციის შემოქმედი. რა თქმა უნდა, ადამიანია ყველაფრის საზომი, ჩვენი პოლიტიკის მთავარი კრიტერიუმი ადამიანის კეთილდღეობას ემსახურება ჩვენი კონსტიტუცია (ჩვენ უნდა ვიამაყოთ ჩვენი კონსტიტუციით), სახელმწიფო საზოგადოება, საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება, ყველა სტრუქტურა და ქვეგანაყოფი, ამ არჩევნებით დასრულდა საქართველოს ისტორიის კიდევ ერთი დიდი ეტაპი.

ერთხელ კიდევ მინდა დიდი მადლობა მოვახსენო ყველას, განსაკუთრებით ჩვენს უცხოელ მეგობრებს მხარდაჭერისათვის, უცხოელ მეთვალყურეებს, რომლებიც ჩამოვიდნენ საქართველოში პრეზიდენტისა და პარლამენტის არჩევნების დროს. ყველას, ვინც მოგვილოცა ამ არჩევნებში წარმატება. დიდ მადლობას მოვახსენებ უცხოეთის პრესას, რადიოს, ტელევიზიას არჩევნების ობიექტურად გაშუქებისათვის და, რა თქმა უნდა, ჩვენს ტელევიზიას, რადიოს, პრესას, მათ შორის იმათაც, ვინც ობიექტურად თუ არაობიექტურად გვაკრიტიკებდა.

ამ არჩევნებმა კიდევ უფრო აამაღლა საქართველოს რესპუბლიკის ავტორიტეტი საერთაშორისო ასპარეზზე და ხელი შეუწყო ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული იმიჯის განმტკიცებას. ჩვენ ეს ისე გვჭირდებოდა, როგორც წყალი და ჰაერი, და კიდევაც მივაღწიეთ ამას. ხალხმა შექმნა ახალი ტიპის საპრეზიდენტო და საპარლამენტო ხელისუფლება. ეს ისტორიული მოვლენაა.

დღეს ჩვენ, როგორც არასდროს, დიდი იმედით შევყურებთ მომავალს. მშვიდობა და კეთილდღეობა თქვენს კერებს, თქვენს ოჯახებს, ძვირფასო მეგობრებო, ძვირფასო თანამემამულენო, თანამოქალაქენო.

გილოცავთ არჩევნების წარმატებით დაგვირგვინებას.

ერთხელ კიდევ დიდ მადლობას მოგახსენებთ.

ჩვენთან არს ღმერთი!

ჩვენ გავიმარჯვებთ!

- რადიოინტერვიუს დამთავრებისთანავე სულ რამდენიმე წუთში თქვენ მიემგზავრებით იერუსალიმს, სადაც შაბათ საღამოს შემზარავი ფაქტი მოხდა: ტერორისტულ აქტს შეეწირა ისრაელის პრემიერ-მინისტრი იცხაკ რაბინი, გუშინ მთელ მსოფლიოში გავრცელდა თქვენი განცხადება ამ ფაქტთან დაკავშირებით, რომელშიც მსოფლიოს ჯანსაღ ძალებს მოუწოდეთ დაირაზმონ და აღკვეთონ ჩვენი საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ბოროტებათაგანი - ტერორიზმი, რომელიც, სამწუხაროდ, არც ჩვენთვის არის უცხო ხილი, რას გვეტყვით ამ ფაქტთან დაკავშირებით?

- ჩემი პირადული ვალდებულებაა ჩავიდე ისრაელის სახელმწიფოში და პატივი მივაგო ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი და მამაცი პოლიტიკოსის ბატონ იცხაკ რაბინის ხსოვნას. მან ურთულესი გადაწყვეტილებები მიიღო თავისი ქვეყნის მომავლის ინტერესებისათვის და მსოფლიოში მშვიდობისათვის და სწორედ ექსტრემისტული და რეაქციული ძალების მიერ დაისაჯა. ამ ფაქტში, დიდ მწუხარებასთან ერთად ვხედავ, (და სწორედ ამიტომ გამოვთქვამ განსაკუთრებულ შეშფოთებას) იმ რაღაცნაირ უსუსურობას, რომელსაც დღევანდელი მსოფლიო იჩენს ისეთი მოვლენების წინააღმდეგ ბრძოლაში, როგორიც არის ექსტრემიზმი, ექსტრემისტული ნაციონალიზმი, აგრესიული სეპარატიზმი, ყოველგვარი ფუნდამენტალიზმი, საიდანაც უნდა მომდინარეობდეს იგი. სწორედ ეს მოვლენები კვებავენ ტერორიზმს. არ არის მიცემული ისეთი შეფასება, როგორიც აუცილებელია იმისათვის, რომ აღიკვეთოს ტერორიზმი როგორც მოვლენა, სწორედ ეს მოვუწოდე მთელ მსოფლიოს, უშიშროების საბჭოს, უწინარესად, უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებს, რომ შეიკრიბონ უმაღლეს დონეზე (არ ვიცი, როგორ მოახერხებენ და გაიგებენ, იგრძნობენ თუ არა ამ ტკივილს), მოიფიქრებენ, რა უნდა გააკეთოს დღევანდელმა მსოფლიომ მაშინ, როცა ჩვენ გადავლახეთ უძნელესი და ურთულესი გადასალახავი - დამთავრდა ცივი ომი და ჩვენი პლანეტის ორ სამყაროდ გახლეჩა. ეს უზარმაზარი პრობლემა მოგვარდა. რა თქმა უნდა, თუკი მსოფლიო გაერთიანდება და თუ დღეს დაირეკება განგაშის ზარი, მაშინ სავსებით შესაძლებელია ბოლო მოეღოს იმ საშიშ მოვლენებს, რომლებზეც ახლა ვლაპარაკობდი. დღეს ყველაზე ნაკლებად სჭირდება ადამიანებს რაღაც პროტესტი და მოთქმა-გოდება, ტირილი. რა თქმა უნდა, მწუხარება დიდია, მაგრამ, ვფიქრობ, ეს უნდა იყოს პირველი ნიშანი, რომ გამოაფხიზლოს, გამოაცოცხლოს და გააერთიანოს მსოფლიო ამ ბოროტებათა მოსასპობად.

ეს მინდა ვთქვა იერუსალიმშიც, როცა შევხვდები სხვადასხვა სახელმწიფო მეთაურებს. ჩემი ჩასვლა მე აუცილებლად და ჩვენი ხალხის ნების გამოხატულებად მიმაჩნია.

„არჩევნებში ხალხმა თავისი გამჭრიახობით, სიბრძნით, სწორი პოლიტიკური ალღოთი და ორიენტაციით იხსნა საქართველო, მისი მომავალი“ : 6 ნოემბრის რადიოინტერვიუ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 7 ნოემბერი. - 164(2080). - 1,2 გვ.

101 ბატონ ნოდარ ნათაძეს

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს ავისმზრახველთა ეს გეგმა, რომელიც ბომბეიდან ლონდონამდე გვირაბის გაყვანის ერთ-ერთი მონაკვეთია, არ შეიძლება უყურადღებოდ დარჩენილიყო. მართლაც:

„ბატონ ნოდარ ნათაძეს!

თქვენს ხელთ არსებული ინფორმაცია ჭორებისა და საქართველოს არაკეთილმოსურნეთა ბანაკში შეთხზული „ვერსიების“ არსენალიდანაა, რაღა თქმა უნდა, არჩევნების შედეგებზე ზემოქმედების მიზნით.

P.S. წინამდებარე მინაწერი ექვემდებარება გამოქვეყნებას.

ედუარდ შევარდნაძე.

ბატონ ნოდარ ნათაძეს / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 7 ნოემბერი. - 164(2080). - 2 გვ.

102 მის აღმატებულებას თანსუ ჩილერს თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს

▲ზევით დაბრუნება


პატივცემულო ქალბატონო პრემიერ-მინისტრო,

გულითადად გილოცავთ თქვენი კოალიციური მთავრობისადმი პარლამენტის მიერ ნდობის ვოტუმის გამოცხადებას.

სიამოვნებით ვიხსენებ ჩვენს შეხვედრებს საქართველოში, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს რეგიონის მომავალი აყვავების საქმეში. საქართველოსა და თურქეთს შორის ძმური ურთიერთობა არის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გარანტი. მჯერა, რომ თქვენი მოღვაწეობა ამ მძიმე და უაღრესად პასუხსაგებ პოსტზე კიდევ უფრო დააახლოებს თურქეთსა და საქართველოს და ამით ხელს შეუწყობს ჩვენს ფეთქებადსაშიშ რეგიონში სახელმწიფოთა მშვიდობიან თანაცხოვრებას.

თქვენი
ედუარდ შევარდნაძე.

***

6 ნოემბერს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თურქეთში, ბატონმა ნოდარ კომახიძემ ეს მილოცვა გადასცა ქალბატონ თანსუ ჩილერს.

მის აღმატებულებას თანსუ ჩილერს თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 8 ნოემბერი. - 165(2081). -1 გვ.

103 საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს პოლიციის გენერალ-ლეიტენანტ შოთა კვირაიას

▲ზევით დაბრუნება


ბატონო შოთა!

გულითადად გილოცავთ პირადად თქვენი და თქვენთან ერთად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, პოლიციის სამხარეო, საქალაქო და რაიონულ განწყოფილებათა მრავალათასიან კოლექტივს პროფესიულ დღესასწაულს - პოლიციის დღეს.

ჩვენმა პოლიციამ, ისევე როგორც მთლიანად საქართველომ, მეტად მძიმე და წინააღმდეგობებით აღსავსე გზა გამოიარა, რაც დაკავშირებული იყო დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის მშენებლობის რთულ პროცესთან. 80-იანი წლების მიწურულიდან მოყოლებული უკანასკნელ პერიოდამდე საქართველოს პოლიცია არაერთხელ აღმოჩენილა კრიზისულ ვითარებაში. ხშირი იყო პოლიციის განყოფილებათა დარბევის, ტაბელური ცეცხლსასროლი იარაღის გატაცების შემთხვევები. სხვადასხვა შეიარაღებულ ფორმირებასა და პოლიტიკურ ძალას ამოფარებული კრიმინალები აბუჩად იგდებდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციის თანამშრომლებს, ხშირი იყო პოლიციელთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ხელყოფის ფაქტები. პოლიციის მთელი პირადი შემადგენლობის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მიუხედავად ზემოაღნიშნული სიძნელეებისა, ისინი არ ღალატობდნენ თავიანთ პროფესიულ მოვალეობას, პირნათლათ, თავდადებით ასრულებდნენ თავიანთ მისიას ხალხისა და სამშობლოს წინაშე, მრავალი ოფიცერი და რიგითი პოლიციელი შეეწირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლას. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ის დიდი წვლილი, რომელიც საქართველოს პოლიციამ შეიტანა ქვეყანაში სტაბილურობისა და მართლწესრიგის განმტკიცების, კრიმინალური ბანდების თარეშის აღკვეთის საქმეში. სწორედ პოლიციელთა თავგანწირული ბრძოლის შედეგად მოხერხდა სხვადასხვა სტრუქტურების უკანონო შეიარაღებული ფორმირებების დანაშაულებრივი საქმიანობის აღკვეთა, გაიხსნა არაერთი ტერორისტული აქტი, ფარდა აეხადა სახელმწიფოში ფეხმოკიდებულ კორუფციასა და დანაშაულებრივ განუკითხაობას. მიმდინარეობს აქტიური პროცესი პოლიციას მიტმასნილი შემთხვევითი და დამნაშავე ელემენტებისაგან საკუთარი რიგების განწმენდისათვის. თუმცა, აქ გასაკეთებელი კვლავაც ბევრია.

ასევე უნდა აღინიშნოს ის დიდი როლი, რომელიც საქართველოს პოლიციამ შეასრულა ქვეყნის პრეზიდენტისა და პარლამენტის არჩევნების ჩასატარებლად, ნორმალური, მშვიდი ვითარების შექმნაში, რის შედეგადაც საქართველოს მოქალაქეებმა თავისუფლად გამოხატეს თავიანთი ნება საქართველოსათვის ამ საბედისწერო დღეს.

ვსარგებლობ შემთხვევით და მინდა გამოვხატო რწმენა, რომ საქართველოს პოლიცია მომავალშიც პირნათლად შეასრულებს თავის პროფესიულ მოვალეობას დამოკიდებული, დემოკრატიული ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში.

პატივისცემით
ედუარდ შევარდნაძე.

საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს პოლიციის გენერალ-ლეიტენანტ შოთა კვირაიას // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 11 ნოემბერი. - 167(2083). - 1 გვ.

104 „ძლიერი ხელისუფლება კიდევ უფრო განამტკიცებს წესრიგს და ამით რეალურად იზრუნებს დემოკრატიის განვითარებისა და მოქალაქეთა უფლებების დაცვის უზენაესობისათვის“

▲ზევით დაბრუნება


ედუარდ შევარდნაძის 13 ნოემბრის რადიოინტერვიუ

- გასული კვირა კვლავ 5 ნოემბრის არჩევნების განწყობილებით გამოირჩეოდა და დღევანდელი ინტერვიუც ამ თემით უნდა დავიწყო, არჩევნების მონაწილე 54 პარტიიდან და ბლოკიდან პარლამენტში მხოლოდ სამი პოლიტიკური ორგანიზაცია მოხვდა. ხომ არ ნიშნავს ეს, რომ პარლამენტი უინტერესო, ერთფეროვანი და დუნე იქნება? თუ პირიქით: პარლამენტის მუშაობისადმი ნაკლები ყურადღება მინისტრთა კაბინეტის მიმართ კონტროლს გაზრდის და აქედან გამომდინარე ეკონომიკური პროცესებისადმი ინტერესიც გაიზრდება... ჟურნალისტ ნატო ონიანის ამ შეკითხვის პასუხად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ - სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა:

- მინდა ზოგადად გადავავლო თვალი გასული კვირის ცხოვრებას: ამჯერად ეკონომიკის სფეროს ნაკლებად შევეხები. ამ პრაქტიკას შემდგომ ინტერვიუში განვაახლებთ.

განვლილ კვირაში საზოგადოებრიობის ყურადღება უმთავრესად კვლავ არჩევნების შედეგების დაზუსტებისა და ანალიზისადმი იყო მიპყრობილი. დღეისათვის უკვე ცხადია, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობის განვითარება ახალ ფაზაში შედის, საქართველოში იქმნება ძლიერი აღმასრულებელი ინსტიტუტი ქვეყნის პრეზიდენტის ხელმძღვანელობით. სახელმწიფოს მეთაურის დამაჯერებელი გამარჯვება კი იმის უტყუარი დადასტურებაა, რომ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს მის მიერ განხორციელებული რეფორმების კურსს, კერძოდ, ეკონომიკის სფეროშიც, ქვეყნის შემდგომი განვითარების იმ ძირითად პრინციპებსა და მიმართულებებს, რომლებიც გაცხადებული იყო წინასაარჩევნო საპროგრამო გამოსვლაში. სხვათა შორის, ეს წინასაარჩევნო გამოსვლა მარტო საპრეზიდენტო პროგრამას არ მოიცავდა, ეს იყო ჩემეული გააზრება ახალი პარლამენტის როლისა და ადგილისა ქვეყნის აღმშენებლობის ამ გადამწყვეტ ეტაპზე. საპარლამენტო არჩევნების შედეგებიც პოლიტიკურ ძალთა კონსოლიდაციის გარდაუვალი პროცესის შედეგია და კანონშემოქმედებითი საქმიანობისთვისაც უფრო ხელსაყრელი პირობები იქმნება, რასაც უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოებრივი მშენებლობის, განსაკუთრებით ეკონომიკური განვითარებისათვის ესოდენ აუცილებელი ათასობით საკანონმდებლო აქტის მისაღებად. ცხადია, ხელისუფლება მზად არის კონსტრუქციულად და ნაყოფიერად ითანამშრომლოს პარლამენტის გარეთ დარჩენილ ყველა პარტიასა და მოძრაობასთან. აქ მაგალითისთის ვიტყვი: მინდა განსაკუთრებით მივაპყრო ყურადღება - ინიციატივა ხელისუფლებიდან უნდა მომდინარეობდეს, ესე იგი იგულისხმება თანამშრომლობა იმ ოპოზიციურ ძალებთან, რომლებიც პარლამენტში ვერ მოხვდნენ. იმასაც ვგულისხმობ, რომ სახელმწიფოსათვის სასარგებლო და საჭირო პიროვნებები (უწინარესად პროფესიონალები მყავს მხედველობაში), მათი პარტიული კუთვნილების მიუხედავად, აუცილებლად იპოვნიან თავიანთ ადგილს. სწორედ საკითხისადმი ასეთი მიდგომა იქნება საერთო ინტერესების პირველი ნიშანი და არა პარტიულობის უმაღლეს პრინციპად აღიარება. სწორედ ასეთი მიდგომა იქნება სხადასხვა ძალთა თანამშრომლობის პლატფორმაც. ამასთანავე, ჯანსაღი თანამშრომლობისათვის აუცილებელია ქვეყნის ყველა პოლიტიკური ძალა მხარში ამოუდგეს ახლად არჩეულ ხელისუფლებას ახალი, დემოკრატიული და ეკონომიურად ძლიერი ქვეყნის მშენებლობაში, მით უმეტეს, რომ დღევანდელი ვითარება, განსაკუთრებით მოახლოებული ზამთრის პირობებში, გვავალდებულებს მთელი ყურადღება მწვავე ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტაზე გადავიტანოთ.

ახლა მინდა გიპასუხოთ უშუალოდ კითხვაზე ხომ არ იქნება უსახური პარლამენტი, ხომ არ ნიშნავს ეს ვიღაცის დიქტატს პარლამენტზე და ასე შემდეგ.

უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მაჟორიტართა კორპუსის გათვალისწინებით საკმაოდ ფართო სპექტრი იქნება წარმოდგენილი. თუმცა, ფაქტია ისიც, რომ დღევანდელ პარლამენტში სავსებით რეალურია ეგრეთ წოდებული კონსტიტუციური უმრავლესობის შექმნის პერსპექტივა, მოქალაქეთა არჩევანი, ჩემი აზრით, შემთხვევითი არ არის - ჩვენი მოქალაქე დღეს სხვაა, ვიდრე რამდენიმე წლის წინათ იყო. დღეს თითქმის ყველას ესმის, რომ უთავბოლო და უმიზნო დებატებით, გაუთავებელი კინკლაობით საქმეს ვერ გააკეთებ. დღეს მთავარია კანონშემოქმედება, სწორედ კანონშემოქმედების აქტიური პროცესი გახდება საფუძველი, რომელიც ქვეყანას აღორძინების გზაზე გაიყვანს.

უნდა ითქვას, რომ ჩვენ ყველამ, როგორც პრეზიდენტმა, ასევე პარლამენტის თავმჯდომარემ და კომიტეტებმა, პატივი უნდა ვცეთ კონსტიტუციის ყველა დებულებას, მის ყოველ სიტყვას. სწორედ კონსტიტუცია განსაზღვრავს ქვეყნის მართვის წესს, პარლამენტისა და პრეზიდენტის ადგილს. ყოველგვარი გამონაკლისი გამორიცხული უნდა იყოს.

რაც შეეხება პრეზიდენტის უფლებებს. კონსტიტუციის დებულების თანახმად, საჭიროების შემთხვევაში, როგორც დროებითი მოვლენა, შეიძლება დელეგირებული იყოს გარკვეული უფლებები, მაგრამ ეს მხოლოდ კონსტიტუციის ფარგლებში უნდა ხდებოდეს, ამავე დროს, პარლამენტის კონტროლი აღმასრულებელი ხელისუფლებისადმი ეფექტიანი იქნება საქმის ინტერესების გათვალისწინებით და არა ვიწრო პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე. მე სწორედ ასე წარმომიდგენია. ვფიქრობ, ჩვენ გვეძლევა უნიკალური შანსი, შევქმნათ პარლამენტისა და პრეზიდენტის თანამშრომლობის ეფექტური მოდელი, რომელიც მომავალ თაობებს, შეიძლება ითქვას, ეტალონად გამოადგებათ.

ვიცი, რაოდენ რთული მუშაობა მიმდინარეობს ახლა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. მოგეხსენებათ, რომ აქ წარმოდგენილია თითქმის ყველა პარტია, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობდა, წარმოდგენილია არჩევნებში პრეზიდენტობის ყველა პრეტენდენტი. ასე რომ, კომისიაში ძალიან რთული შემადგენლობაა და შედეგებიც ყველასათვის ერთნაირად მისაღები არ არის. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ამ შედეგების შეჯამება და, თუ ისინი საფუძვლიანია, მათი დაკანონება პრინციპული მნიშვნელობის საკითხია. მართალია, ახლა ხელისუფლების ვაკუუმი არ არის, მაგრამ ბუნებრივია, რომ ჯერ ბევრი რამ გასარკვევია, - როგორი იქნება აღმასრულებელი ხელისუფლების საბოლოო სტრუქტურა, როგორი იქნება პარლამენტი, რა ძალები ჩაუდგებიან სათავეში კომიტეტებს, დასამტკიცებელია ბიუჯეტი, რომელიც კონსტიტუციის შესაბამისად, წინასწარ უნდა იყოს განხილული შესაბამის კომიტეტებში (ჩვენ გვინდა, რომ მიმდინარე წელს შევძლოთ ეს) და მრავალი სხვა, აღარაფერს ვამბობ მინისტრების დამტკიცებაზე. ამიტომ, ძალიან სასურველია შედეგების დაკანონება საარჩევნო კანონის საფუძველზე კონსტიტუციის მოთხოვნათა გათვალისწინებით.

- კიდევ ერთი შეკითხვა არჩევნებთან დაკავშირებით: გასული სამი წელი საქართველოსათვის უმძიმესი წლები იყო. არ გადაწყვეტილა ცხინვალის პრობლემა, ოკუპირებულია აფხაზეთი, ამას ემატება ეკონომიკური რეფორმა, რომელიც ეკონომიკური სიდუხჭირითაც აღინიშნება, მრავალი სამუშაო ადგილის დაკარგვა, სიმბოლური ხელფასები, იმედგაცრუება და ასე შემდეგ. და, რაც მთავარია, წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ამას უძღოდა გარკვეული პიროვნებების მიერ გამოთქმული ბევრი პრეტენზია თქვენი, როგორც უმაღლესი ხელისუფლების მიმართ, იმ კურსის მიმართ, რომელსაც თქვენ ახორციელებთ. მიუხედავად ამისა, საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 75 პროცენტმა თქვენ მოგცათ ხმა და გვერდში დაგიდგათ, რით ახსნით ამას? როცა თქვენ 1992 წლის 7 მარტს საქართველოში ჩამობრძანდით, მაშინ ქვეყანა სხვა იყო, ხალხი ერთგვარი ისტერიის ზღვარზე იყო მისული, რადგან ნახეს ეს უბედურება და გაჭირვება, ბოლო წლებმა რომ მოიტანა საქართველოში. შესაძლოა ზოგიერთებს ბოლომდე არც კი ჰქონდათ გააზრებული ის, რომ შევარდნაძე აირჩიეს, მაგრამ ეს იმედის ერთგვარი ნაპერწკალი იყო, რომელიც მაშინ გამოჩნდა გაჭირვებულ საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ რეფორმატორული ხელისუფლება ხშირად საერთოდ არ სარგებლობს პოპულარობით, თქვენ არჩევნები დიდი პროცენტით მოიგეთ. რა მიგაჩნიათ ამის უმთავრეს მიზეზად?

- რა თქმა უნდა, მე ბევრს ვფიქრობ ჩვენი ცხოვრების ამ მნიშვნელოვან მოვლენაზე. ძალიან ზოგადად გიპასუხებთ (ალბათ, მომავალ გამოსვლაში კიდევ დავუბრუნდებით ამ საკითხს). პრეზიდენტის არჩევანი, რომელიც ჩვენმა მოქალაქეებმა გააკეთეს, ასე მგონია, მათი მხრივ რთული ანალიზისა და გააზრების შედეგია. თქვენ სავსებით მართალი ხართ: კანონზომიერად ისმება კითხვა, რატომ ისევ შევარდნაძე, რატომ არ მოვსინჯოთ სხვა ვარიანტი? იქნებ უკეთ ვიცხოვროთ, იქნებ მალე გამოვიდეთ კრიზისიდან? აქ საქმე ისაა, რომ საქართველოს მოქალაქენი დაბრძენდნენ, საკმაოდ ღრმად ერკვევიან შექმნილ ვითარებაში. საქართველოში მოგზაურობისას დავრწმუნდი, რომ მათ დღევანდელი მდგომარეობისა და დღვანდელი პოლიტიკის ყველა ნიუანსი ესმით და, რაც მთავარია, ძალიან კარგად ესმით ის, თუ რისი გაკეთება შეიძლებოდა და რა აღემატებოდა ხელმძღვანელის შესაძლებლობებს. მოსახლეობამ ისიც გაითვალისწინა, რომ ამ სამი წლის წინათ, პრაქტიკულად, სახელმწიფოს ნასახიც არ არსებობდა, რა ვიყავით სამი წლის წინათ... დღეს ასე თუ ისე, სხვა დონეზე ვართ. შეგვიძლია ვილაპარაკოთ არა მარტო იმედებზე, არამედ რეალურ ძვრებზე, რეალურ ფუნდამენტზე, რომელზეც ახალი, დემოკრატიული და ძლიერი ქვეყანა აშენდება. ყველას ერთად კი, მე ასე ვიტყოდი, ყველას ერთად უზენაესმა ჩაგვაგონა და მან შემოგვაბრუნა სწორი და რეალური გზისაკენ. ჩაგვაგონა ის, რომ ილუზიებით ცხოვრება აღარ შეიძლება, უნდა ვიცხოვროთ ისე, როგორც ვიმოქმედებთ და ვიმუშავებთ. სწორედ ის გზა მიიყვანს ქვეყანას გამთლიანებასა და გაერთიანებამდე. დღეს უკვე შეიძლება ლაპარაკი როგორც საშინაო, ისე საგარეო ფაქტორების მომწიფებაზე ქვეყნის ყველაზე საარსებო და უმწვავესი პრობლემების გადასაწყვეტად.

კიდევ ერთი რამ: მოსახლეობამ უკუაგდო ყოველგვარი პოპულიზმი, დემაგოგია, უკიდეგანო კრიტიკანობა და ამჯობინა მართალი და მკაცრი სინამდვილე, კრიზისიდან ქვეყნის გამოყვანის ურთულესი, მაგრამ ყველაზე რეალისტური პროგრამა, რომელიც შევთავაზე მე ყოველგვარი შელამაზებისა და შერბილების გარეშე.

ასეთია ძალიან ზოგადად ამ რთული მოვლენის ჩემეული ახსნა.

- თქვენ ილაპარაკეთ გარეთ დარჩენილ პოლიტიკურ პარტიებსა და მათთან შესაძლო თანამშრომლობაზე. გარკვეული ორგანიზაციების მხრიდან მოწოდებაც კი გაისმა, რომ ქუჩიდან დაამხონ ხელისუფლება, თუმცა შემდეგ, ასევე გარკვეულმა ნაწილმა, უარყო ეს. პოლიციის დღევანდელი აქტიურობის ფონზე ამგვარი მოწოდებები, შეიძლება ითქვას, ნაკლებად საშიშია, ვიდრე ორი წლის წინათ იყო. გასულ კვირას, პარასკევს, ეროვნულმა პოლიციამ თავისი პროფესიული დღესასწაული იზეიმა. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი პოლიცია ქვეყანაში გარკვეულწილად მაღალი რეიტინგით სარგებლობს, თქვენც არა ერთხელ გამოგითქვამთ კმაყოფილება მათი მუშაობის გამო. და მაინც, ახალ ქვეყანაში, უკვე ალბათ, პოლიციის წინაშეც ახალი ამოცანები დადგება...

- ეს ბუნებრივია. მე მაინც მინდა ვთქვა, რომ საქართველოს პოლიციამ მინისტრის ბატონ შოთა კვირაიასა და მისი კოლეგების ხელმძღვანელობით და, რა თქმა უნდა, ხელისუფლების დიდი დახმარებითა და მხარდაჭერით, უდიდესი წვლილი შეიტანა ქვეყნის სტაბილურობის უზრუნველყოფაში. იმის გაკეთება, რაც ესოდენ მოკლე დროში გაკეთდა, წარმოუდგენელი იყო. დიდია რესპუბლიკის პროკურატურის როლი წესრიგის განმტკიცებაში. ასევე არ შემიძლია არ აღვნიშნო იუსტიციის სამინისტროს, სასამართლო ხელისუფლების საქმიანობაში მომხდარი მნიშვნელოვანი პოზიტიური ცვლილებები. ყველაფერი ეს ერთი კომპლექსია. როგორც იტყვიან, ჭრილობებს იშუშებს უშიშროების სამსახურიც, თუმცა სასურველია გაჯანსაღების პროცესი უფრო აქტიურად წარიმართოს და ეს გამოიხატოს საკადრო პოლიტიკაშიც.

ჩვენ ყველანი ვხედავთ, რომ რეალურად უკვე შეიქმნა რეგულარული ქართული ჯარი - სახელმწიფოებრიობის ერთი უმთავრესი ატრიბუტი, ქვეყნის ძლიერებისა და სუვერენიტეტის ერთი უმთავრესი და უპირველესი ნიშანი. ეს უკვე რეალური ძალა, რეალური არმია გახლავთ.

ასეთ პირობებში უპასუხისმგებლო პიროვნებათა განცხადებები რაღაც გზებით ხელისუფლების დამხობის შესახებ (მით უმეტეს, რომ ხელისუფლებამ სახალხო მხარდაჭერა მიიღო) არა მარტო მათს ზერელობასა და უპასუხისმგებლობაზე, არამედ საბოლოოდ გაკოტრებაზეც მეტყველებს. ჩვენს წინსვლას ვერც ცალკეული დივერსიული აქტები შეაჩერებს, რომლებსაც ჯერ კიდევ ვაწყდებით, მაგალითად, ისეთი, როგორიც გუშინ მოხდა ქარელის რაიონში - ააფეთქეს 500-კილოვატიანი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის საყრდენი ანძა. ეს ბოლო გაბრძოლებაა, ესეც ტერორიზმია, ესეც 29 აგვისტოს მსგავსი აქტია, ოღონდ მიმართული არა პიროვნების, არამედ ხალხისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ. ამ აქციამ სერიოზულად შეაფერხა მოსახლეობის, სახალხო მეურნეობის ობიექტების უზრუნველყოფა ელექტროენერგიით. რა თქმა უნდა, ამას სწრაფად აღვადგენთ, „საქენერგოს“ ხელმძღვანელობა მობილიზებულია, უშიშროების სამსახურმა მიიღო სახელმწიფოს მეთაურის შესაბამისი ბრძანება, დამნაშავეებს დაადგნენ და ისინი დაისჯებიან.

ჩვენი სათბობ-ენერგეტიკული ბალანსი არ შეცვლილა, თუ რაღაც არ მოემატა იმას, რაც არჩევნებამდე გვქონდა. ამჟამად მოსახლეობისა და სახალხო მეურნეობის ელექტროენერგიით გრაფიკით მომარაგების სფეროში შექმნილი დაბრკოლებები ძირითადად ამ ავარიებთან არის დაკავშირებული. მე გახლდით თბილისის სახელმწიფო რაიონულ ელექტროსადგურში, გავეცანი აღდგენით სამუშაოებს და ახლა კიდევ უფრო იმედიანად ვარ განწყობილი, ვიდრე მაშინ, როცა საარჩევნო კამპანია მიმდინარეობდა. თუმცა ისიც უნდა ვთქვა, რომ იაფფასიანი წინასაარჩევნო დაპირებები სულაც არ ყოფილა - მე ვამბობ რომ იქნება სიძნელეები, მაგრამ ახლა მეტი შანსი და რესურსი გვაქვს, ვიდრე წინა წლებში.

და მაინც, ვუბრუნდები იმ საკითხს, რომ კანონსაწინააღმდეგო მოქმედებისაკენ ყოველგვარი მოწოდება კანონის ძალით, კონსტიტუციის ძალით აღიკვეთება. ჩვენმა ხალხმა ძლიერ პრეზიდენტსა და ძლიერ პარლამენტს მისცა ხმა. ძლიერი ხელისუფლება კიდევ უფრო განამტკიცებს წესრიგს და ამით რეალურად იზრუნებს დემოკრატიის განვითარებისა და მოქალაქეთა უფლებების დაცვის უზენაესობისათვის. მე ასე ვიტყოდი: საქართვეელოში დემოკრატიამ გაიმარჯვა, პროცესი შეუქცევადია. ეს კი ახალ ხელისუფლებას ავალებს, რომ ვიზრუნოთ თითოეული მოქალაქისათვის, გარანტირებული და დაცული უნდა იყოს მოქალაქის უფლებები.

- ბოლო პერიოდში ხშირად ვამბობთ, რომ გადაწყდა საქართველოსათვის უმნიშვნელოვანესი მოვლენა - კასპიის ნავთობი საქართველოს ტერიტორიაზე გაივლის. ეს მნიშვნელოვანია არა მარტო ეკონომიკური, არამედ უწინარესად პოლიტიკური თვალსაზრისით. განვლილ კვირას ნავთობის საერთაშორისო კონსორციუმის პრეზიდენტი ბატონი ტერი ადამსი ეწვია თბილისს და მას თქვენც შეხვდით...

- მე არაერთხელ აღმინიშნავს, რომ საქართველო თანდათანობით იმკვიდრებს ადგილს როგორც მნიშვნელოვანი სატრანსპორტო, ერთ-ერთი საკვანძო სახელმწიფო. ყველაფერი კანონზომიერად ვითარდება. ამასთანავე ჩვენ არავითარ კონკურენციას არ ვუწევთ სხვა ქვეყნებს, როგორც ამას არაკეთილმოსურნენი მიიჩნევენ და თან ამბობენ, თითქოს ჩვენ ვიღაცას ვაბრაზებდეთ და ვიღაცას ვავიწროებდეთ, საქართველოს არა აქვს იმის საშუალება, რომ ვინმე შეავიწროოს. ყველა ქვეყანასთან, ვისთვისაც ჩვენი განვითარების ასეთი გზა მისაღებია, ვითანამშრომლებთ და გავითვალისწინებთ ყველა ქვეყნის ინტერესებს, თუკი ასეთი რეალურად იარსებებს კონკრეტულ საკითხებზე გადაწყვეტილებათა მიღების დროს. ასე რომ, ლაპარაკი ცალკეულ სახელმწიფოებთან ჩვენს წინააღმდეგობებზე მოგონილი და საფუძველს მოკლებულია, ისინი გარკვეული წრეების მიერ არის შეთხზული და ეს ერთხელ კიდევ დადასტურდა კონსორციუმის ხელმძღვანელობასთან, ბატონ ტერი ადამსთან, აზერბაიჯანის წარმომადგენელ ბატონ ალიევთან თბილისში შეხვედრების დროს. ჩემი განკარგულებით შეიქმნა საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაცია. აქ უამრავი რამ არის გასაკეთებელი, უამრავმა ორგანიზაციამ უნდა მიიღოს მონაწილეობა, ისეთმა, როგორიცაა საქართველოს რკინიგზა, „საქენერგო“, ფოთის, ბათუმის ნავსადგურები, ჩვენი სხვადასხვა ენერგეტიკული კომპლექსის შესაბამისი რგოლები, საავტომობილო ტრანსპორი და სხვ. ასე რომ, ეს კორპორაცია ძალიან მრავალფეროვანი იქნება. მის შესახებ უფრო დეტალური ცნობა პრესაში გამოქვეყნდება. მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ ამ კორპორაციის ხელმძღვანელობა ჩავაბარო ბატონ გია ჭანტურიას, რომელიც ჩვენი ქვეყნის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გახლავთ აზერბაიჯანში და რომელსაც უკვე საკმაოდ კარგი და საქმიანი კონტაქტები აქვს დამყარებული, როგორც აზერბაიჯანის შესაბამის ეშელონებთან, ასევე თვით კონსორციუმთან. რა თქმა უნდა, მას დაეხმარებიან პროფესიონალები, სხვებიც, მაგრამ, ჩემი აზრით, იგი ამისათვის მომზადებული და მომწიფებულია.

გარკვეულ წლებში, როცა საქართველო საბჭოთა კავშირის შემადგენელი ნაწილი იყო და მისი არსებობის შესახებ დედამიწაზე ალბათ ძალიან ცოტამ თუ იცოდა, ჩვენი ერთგვარი სავიზიტო ბარათი ცნობილი სუხიშვილების ანსამბლი გახლდათ. დღეს კი მას ეროვნული ბალეტის ანსამბლი ჰქვია. გასულ კვირას ანსამბლს 50 წელი შეუსრულდა. ამ დღეს, სამწუხაროდ, ილიკო სუხიშვილი ვერ მოესწრო, მაგრამ ანსამბლის წევრების გვერდით ჩვეული ენერგიით დგას ქალბატონი ნინო რამიშვილი.

- ილიკო სუხიშვილის სახელობის ქართული ცეკვის ანსამბლს მთელი გულწრფელობით, სულითა და გულით მივესალმე (ასეთი მისალმება გამოქვეყნდა), ცალკეული წამყვანი მოღვაწეები დავაჯილდოვე კიდეც. მანამდე ქალბატონმა ნინომ მიიღო სახელმწიფო ჯილდო. ერთხელ კიდევ ვულოცავ მთელ კოლექტივს, ლეგენდარულ ნინო რამიშვილს, მშობლების შესანიშნავ შემოქმედებით მემკვიდრეს თენგიზ სუხიშვილს, ანსამბლის ყველა წევრს მსოფლიო აღიარებას, მშობელი ხალხის უსაზღვრო სიყვარულს, რაც ასე ბრწყინვალედ გამოვლინდა საიუბილეო საღამოზე.

„ძლიერი ხელისუფლება კიდევ უფრო განამტკიცებს წესრიგს და ამით რეალურად იზრუნებს დემოკრატიის განვითარებისა და მოქალაქეთა უფლებების დაცვის უზენაესობისათვის“ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 14 ნოემბერი. - 168 (2084). - 1,2 გვ.

105 მშვენიერი დესპანი საქართველოსი

▲ზევით დაბრუნება


ქალბატონ ნინოს, ბატონ თენგიზს, ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის ანსამბლის წევრებს

ვიცი, რომ თქვენს ანსამბლს უფრო ვრცელი სახელი ჰქვია, მაგრამ ხალხისათვის იგი ყოველთვის ასეთად დარჩება, სუხიშვილისა და რამიშვილის ანსამბლად.

ორმოცდაათი წლისაა ახლა თქვენი ანსამბლი. მაგრამ როგორც ქალბატონ ნინოს არ ეტყობა ხანდაზმულობა, ისე თქვენს ანსამბლს არ ეტყობა წელთა სიმძიმე, იგი ისეთივე ახალგაზრდაა, ისეთივე მშვენიერი და ისეთივე ტემპერამენტული, როგორიც ილიკოს დროს იყო.

თქვენ ბოლომდე უერთგულეთ ილიკო სუხიშვილს და შეინარჩუნეთ ყველაფერი ის, რაც მის ანსამბლს გამოარჩევდა სხვათაგან, ყველაფერი ის, რასაც მისი პიროვნული განუმეორებლობა ავლენდა ანსამბლში.

თქვენ წლების მანძილზე მშვენიერი დესპანი იყავით საქართველოსი და ასეთად რჩებით ახლაც და იქ, სადაც თქვენ ფეხის წვერებზე გაგივლიათ, იციან და უყვართ საქართველო.

დიდი მადლობა ამისთვის.

დიდი მადლობა, რომ წლების მანძილზე ქართულ ქორეოგრაფიულ ხელოვნებას შესანიშავ ცვლას უზრდით, დიდი მადლობა იმ მშვენიერებისთვის, რომელიც მოგაქვთ ჩვენამდე და დიდი მადლობა იმისთვისაც, რომ ორმოცდაათი წელი საქართველოს სადიდებლად ტაშს აკვრევინებდით მთელ მსოფლიოს.

თქვენი ედუარდ შევარდნაძე.

მშვენიერი დესპანი საქართველოსი - ქალბატონ ნინოს, ბატონ თენგიზს, ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის ანსამბლის წევრებს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 16 ნოემბერი. - 170(2086). - 1 გვ.

106 „არჩევნების შედეგები იძლევა იმის სრულ გარანტიას, რომ ქვეყანაში მშვიდობის, სტაბილურობის, შემოქმედების ატმოსფერო დამკვიდრდება“

▲ზევით დაბრუნება


ედუარდ შევარდნაძის 20 ნოემბრის რადიოინტერვიუ

- გასული კვირა, შეიძლება ითქვას, არჩევნების კვირა იყო. საქართველოს ბევრ საარჩევნო ოლქში მაჟორიტარებისათვის მეორე ტური გაიმართა. პრინციპულად, არჩევნები იმის მაჩვენებელიც არის, თუ როგორია ქვეყნის პოლიტიკური დონე. აქედან გამომდინარე, რა ძირითად ტენდენციებზე შეიძლება დღეს ლაპარაკი? - ჟურნალისტ ნატო ონიანის ამ შეკითხვის პასუხად საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ თავის ტრადიციულ რადიოინტერვიუში განაცხადა:

- უფრო დეტალური ანალიზი, ალბათ, ცოტა მოგვიანებით შეიძლება შევთავაზოთ რადიომსმენელს. ახლა კი ამ საკითხს ზოგადად შევეხები.

არჩევნების გუშინდელმა ტურმა დაადასტურა 5 ნოემბრის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების შედეგების კანონზომიერებანი. გუშინდელ ტურში მოქალაქეთა კავშირმა და პრეზიდენტის პროგრამის მხარდამჭერმა პოლიტიკურმა ძალებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს. მინდა ხაზი გავუსვა აღორძინების კავშირის დიდ წარმატებას. ასევე დამოუკიდებელი დეპუტატების დამაჯერებელ წარმატებებს. აღსანიშნავია აგრეთვე ეროვნული დემოკრატების შთამბეჭდავი გამარჯვება, რასაც მივესალმები. უმნიშვნელოვანესი დასკვნა ის გახლავთ, რომ საქართველოში გაიმარჯვა დემოკრატიამ, რეფორმების კურსმა, რომ არჩევნები ჩატარდა კონსტიტუციისა და საარჩევნო კანონის შესაბამისად. არ მინდა, ისეთი სურათი დავხატო, თითქოს ყველაფერი იდეალურად იყოს. ცალკეულ ოლქებში სხვა კანდიდატების გასვლას ველოდით, შედეგი კი საწინააღმდეგო მივიღეთ, მაგრამ დემოკრატია დემოკრატიაა და ესეც კანონზომიერ და ჩვეულებრივ მოვლენად მიიჩნევა. ცალკეული დარღვევებისა და კანონის გადახვევის გამო ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მკაცრი განაჩენი გამოიტანა და ესეც დემოკრატიის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანი გახლავთ.

გაბედულად შეიძლება ითქვას: გაიმარჯვა საქართველოს მოქალაქეთა სიბრძნემ და შორსმჭრეტველობამ. მათ არა მარტო პრეზიდენტსა და მის პროგრამას დაუჭირეს მხარი, არამედ, თუ შეიძლება ასე ითქვას, მათი დამსახურებაა, რომ ამ კურსის მხარდამჭერნი ახლად არჩეულ პარლამენტში ეგრეთ წოდებულ საკონსტიტუციო უმრავლესობას ანუ ხმის ორ მესამედზე მეტს ქმნიან. ეს უაღრესად მნიშვნელოვანი მოვლენაა არჩევნების შედეგების თვალსაზრისით. პარლამენტში წარმოდგენილია ოპოზიციაც, რომელთანაც თანამშრომლობა სავსებით შესაძლებელია.

არჩევნების შედეგები იმის სრულ გარანტიას იძლევა, რომ ქვეყანაში დამკვიდრდება მშვიდობის, სტაბილურობისა და შემოქმედების ატმოსფერო, იკანონებს კანონი, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დადგა, როგორც ბატონი ჯაბა იოსელიანი იტყოდა დიქტატურის ეტაპი, ოღონდ კანონის დიქტატურისა.

არჩევნების მეორე ტურის კიდევ ერთი დამახასიათებელი ნიშანი ის არის, რომ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მოვიდა უფრო ფართო პოლიტიკური სპექტრი, ვიდრე 5 ნოემბრის არჩევნების შედეგად, და ეს უდავოდ მისასალმებელია. მე ახლა ყველას არ ჩამოვთვლი, - წარმოდგენილია მრავალი პოლიტიკური პარტია და მოძრაობა.

პრეზიდენტის პროგრამა და დემოკრატიული გზით არჩეული პარლამენტი გვაძლევს უნიკალურ შანსს შევქმნათ პრეზიდენტისა და პარლამენტის, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების კონსტრუქციული, საქმიანი თანამშრომლობის მოხერხებული და ქვეყნის საჭიროებებს მორგებული მოდელი. პარლამენტი და პრეზიდენტი ფლობენ ყველა ფაქტორს იმისათვის, რომ 21-ე საუკუნეში საქართველო შევიდეს როგორც ერთიანი, დემოკრატიული და ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფო.

ასეთია ზოგადად ჩემი შეხედულება.

- ამ ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 29 აგვისტოს ტერორისტული აქტი განხორციელდა, საქართველოში და არა მარტო აქ, არ წყდება ლაპარაკი ისეთ ფიგურაზე, როგორიც უშიშროების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი იგორ გიორგაძეა. ჩვენთის ცნობილია მისი რამდენიმე გამოსვლა პრესაში და ტელევიზიით. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა თუ ხელისუფლებამ არაერთი განცხადება გააკეთეს და პირდაპირ მოითხოვეს კიდეც, რომ იგი, როგორც ტერორისტი, გადმოეცათ საქართველოსათვის, ამას წინათ გიორგაძე კვლავ მოგვევლინა გაზეთ „პრავდაში“ და თავისი ახალი „ოპუსი“ გამოაცხო, მოახდენს თუ არა გავლენას რუსეთ-საქართველოს მომავალ ურთიერთობაზე გიორგაძისათვის ფაქტობრივად თავშესაფრის მიცემა? ეს კითხვა არა ერთხელ დასმულა და ალბათ დაისმება მანამდე, სანამ რუსეთი თავშესაფარს აძლევს ისეთ ტერორისტს, როგორიც იგორ გიორგაძეა.

- სხვათა შორის, აქვე მინდა ვთქვა, რომ გადმოქართულებულ ვარიანტს, რომელიც „საქართველოს რესპუბლიკაში“ გამოქვეყნდა, აქვს მინაწერი, - გადმობეჭდილია შევარდნაძის თხოვნით. რაც შეეხება კომენტარს, მიმაჩნია, რომ ეს დროის ფუჭად დაკარგვაა. გადმობეჭდვა მხოლოდ იმისათვის ვითხოვე, რომ მკითხველი (ყოველ შემთხვევაში, ჩვენს რესპუბლიკაში, და არა მარტო აქ) თავად დარწმუნებულიყო, რომ ყოველივე ეს ისეთსავე დონეზეა, როგორც ზღაპარი ყაზახეთში შევარდნაძის კუთვნილი ჭაბურღილების შესახებ.

რაც შეეხება საქართველო-რუსეთის ურთიერთობას, ეს ძალიან სერიოზული საკითხია, ჩვენ შევქმენით მყარი სამართლებრივი ბაზა. გადაიდგა პრაქტიკული ნაბიჯები ორ სახელმწიფოს შორის, როგორც არაერთხელ ითქვა, პრინციპულად ახალი ურთიერთობის მშენებლობის გზაზე. აქ უდავოდ დიდია რუსეთის ხელმძღვანელობის ძალისხმევა, ამასთან დაკავშირებით მე გავიხსენებდი რუსეთის პრეზიდენტის ბატონ ელცინის ვიზიტს საქართველოში, პრემიერ-მინისტრის ბატონ ჩერნომირდინის ჩამოსვლას. სწორედ ამ ვიზიტების დროს გაფორმდა ზემოთ აღნიშნული სამართლებრივი ბაზა. ფაქტია ისიც, რომ ქვეყნის ხელმძღვანელებმაც და საზოგადოებრივ-პოლიტიკურმა ძალებმა (მხედველობაში მაქვს რუსეთი) არაერთხელ გამოხატეს თავიანთი პოზიცია საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული მშენებლობის პროცესების მიმართ. როგორც მეც არაერთხელ აღმინიშნავს, საქართველო სისხლხორცეულად არის დაინტერესებული, რომ დემოკრატიული აღმშენებლობა რუსეთში შეუქცევადი გახდეს. მთელი პროგრესული მსოფლიოც რეალურად არის დაინტერესებული ამით.

ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, რუსეთ-საქართველოს თანამშრომლობის მიღწეული მიჯნები ათასჯერ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ერთი, თავგზააბნეული ავანტიურისტისა და პროფესიონალი ტერორისტების ბედი. დარწმუნებული ვარ, გაუგებრობანი ამ საქმეში დროებითი ხასიათისაა და სერიოზულ გავლენას ვერ მოახდენს ორი ქვეყნის ურთიერთობაზე, და, კიდევ აზრს მინდა გავუსვა ხაზი: იმ ძალების ვარაუდი, რომლებიც გიორგაძეს მფარველობენ, სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მათს წისქვილზე წყალს არ დავასხამთ, ეს არ მოხდება.

- მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არჩევნების პერიოდი იყო და ეს საკმაოდ რთული და პასუხსაგები პერიოდია ყველა ქვეყნისათვის, ცხოვრება ქვეყანაში არ შეწყვეტილა. გასულ კვირას, როცა მთელი ქვეყანა არჩევნების მეორე ტურს ელოდა, რესპუბლიკაში ნატოს დელეგაცია ჩამოვიდა, ჩამოსული იყო შადმან ვალავი. თქვენ მათ შეხვდით, მოდიოდა მხარდაჭერის წერილები, მათ შორის, მეიჯორის, კლინტონის ბარათები. მოკლედ, ქვეყანა ცხოვრობდა და ცოცხლობდა. ამ კვირის ბოლოს მოხდება, უწინარესად, ქვეყნისათვის, და შემდეგ თქვენს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი მოვლენა - პრეზიდენტის ინაუგურაცია, თქვენ უნდა დადოთ ფიცი ღვთისა და ერის წინაშე. რას ნიშნავს ეს თქვენთვის?

- ჯერ ერთი, არჩევნების შედეგებს ელოდა არა მარტო საქართველო და ჩვენი მოსახლეობა. არჩევნების შედეგები საერთაშორისო ორგანიზაციების, განსაკუთრებით საერთაშორისო საფინანსო ცენტრების ყურადღების ცენტრშიც იყო, როგორც კი გაირკვა შედეგები, მაშინვე ჩამოვიდნენ საქართველოში სავალუტო ფონდის, ავტორიტეტული დელეგაცია და სხვა მრავალი, მათ შორის, ნატოს წარმომადგენლები, და განაახლეს წლინახევრის წინათ დაწყებული საქმიანი დიალოგი.

ასევე მინდა გაცნობოთ, რომ უკვე დაიწყო მრავალრიცხოვანი დელეგაციების ჩამოსვლა - ესენი ძირითადად ინვესტორები არიან, რომლებიც არჩევნების შედეგებს ელოდებოდნენ. მინდა გავიხსენო ერთი დეტალი: ერთ-ერთმა მძლავრმა ფირმამ, რომელმაც ჩვენთან ხელი მოაწერა საქართველოში ბუნებრივი აირის საძიებო სამუშაოთა წარმოების კონტრაქტებს, მთელი 15 დღე გააჩერა გზაში მოწყობილობით დატვირთული გემები, რათა დალოდებოდა არჩევნების შედეგებს. ეს ერთადერთი მაგალითი როდია. ისინი გრძნობდნენ, რომ არჩევნების შედეგებზე დიდად იქნებოდა დამოკიდებული ქვეყნის სტაბილურობა, არჩეული კურსის შეუქცევადობა, რასაც, ბუნებრივია, გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებდნენ. ასე რომ, ამ უახლოეს დღეებში, ვფიქრობ, დაიწყება კიდევ უფრო აქტიური თანამშრომლობა მეგობრებთან, პარტნიორებთან და ეს მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნისათვის იქნება სასარგებლო.

ახლა ამ პროცედურის თუ ცერემონიის - ინაუგურაციის შესახებ. სიმართლე გითხრათ, მე შინაგანად წინააღმდეგი ვიყავი, თუ შეიძლება ასე ითქვას, რომ ამ ცერემონიას ერთგვარი პომპეზურობა და განსაკუთრებული ხასიათი მინიჭებოდა. მაგრამ შემდეგ, როცა გავაგრძელეთ ამ პრობლემის განხილვა, ჩემმა კოლეგებმა, თითქმის ერთსულოვნად, დამარწმუნეს, რომ ეს პროცესი არ ეძღვნება ერთ პიროვნებას. პრეზიდენტის ინაუგურაცია სახელმწიფოებრიობის, დამოუკიდებლობის, ქვეყნის სუვერენიტეტის სიმბოლოა. ამავე დროს მნიშვნელოვანია ისიც, რომ შეიქმნას გარკვეული ტრადიცია ამ მოვლენასთან დაკავშირებით. ასეთი ტრადიცია თითქმის ყველა ქვეყანას აქვს. მე ბევრჯერ დავსწრებივარ და, სიმართლე გითხრათ მრავალ ქვეყანაში ამას მართლაც ზეიმის სახე აქვს, რადგან ხაზი ესმება სწორედ ქვეყნის თავისუფლებას, დამოუკიდებლობას, მის სუვერენიტეტს. როგორ სახეს მიიღებს პრეზიდენტის მიერ ფიცის საჯაროდ დადება, გამოჩნდება კვირას, დღის პირველ საათზე. დაე, ეს დღე კიდევ უფრო დიდ და სასარგებლო საქმეთა სიმბოლოდ იქცეს ჩვენს სამშობლოში. მე ამას ვისურვებდი.

„არჩევნების შედეგები იძლევა იმის სრულ გარანტიას, რომ ქვეყანაში მშვიდობის, სტაბილურობის, შემოქმედების ატმოსფერო დამკვიდრდება“ ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 21 ნოემბერი. - 172(2088). - 1 გვ.

107 ბატონ ოთარ ფაცაციას, ქალბატონ ნუნუ გულუას

▲ზევით დაბრუნება


ბატონო ოთარ, ქალბატონო ნუნუ, ჩვენ შეგვძრა იმ უბედურებამ, რომელიც თქვენს ოჯახს დაატყდა თავს, არ არსებობს სიტყვები, რომლებითაც შეიძლება განუგეშოთ ადამიანმა.

გთხოვთ, ამ ყველაზე ძნელ წუთებში თქვენს გვერდით გვიგულოთ.

ნანული, ედუარდ შევარდნაძეები.

ბატონ ოთარ ფაცაციას, ქალბატონ ნუნუ გულუას // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 21 ნოემბერი. - 172(2088). - 1 გვ.

108 საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ დეპეშით უპასუხა ერნსტ ნეიზვესტნის

▲ზევით დაბრუნება


ძვირფასო ერნსტ იოსების ძევ!

მხოლოდ დღეს მივიღე 29 აგვისტოს ტერორისტული აქტისა და საქართველოს პრეზიდენტად არჩევის გამო თქვენ მიერ გამოგზავნილი დეპეშები.

ვერ წარმომედგინა, რომ დეპეშის მშრალი სტილი დაიტევდა ადრესატის ბედის გამო ესოდენ შეშფოთებას, ესოდენ სილამაზესა და სულიერ სითბოს.

დიდ მადლობას გწირავთ.

მადლობელი ვარ იმისთვისაც, რომ მოისურვეთ უსასყიდლოდ შეგექმნათ ძეგლი ჩვენი გამოჩენილი ფილოსოფოსის მერაბ მამარდაშვილისა, რომლის დღეები ამჟამად აღინიშნება მოსკოვში.

ეს ძალიან ბევრს ნიშნავს.

მადლობელი ვარ განგებისა იმისათვისაც, რომ საქართველოსა და ჩემი ბედი აწუხებთ ისეთ ადამიანებს, როგორიც თქვენ ბრძანდებით.

ეს იმედს მისახავს.

ედუარდ შევარდნაძე.

საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ დეპეშით უპასუხა ერნსტ ნეიზვესტნის // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 21 ნოემბერი. - 172(2088). - 2 გვ.

109 ვიყოთ ღირსეული შთამომავალნი ჩვენი დიდი წინაპრებისა

▲ზევით დაბრუნება


სიტყვა ერეკლე მეორეზე

ორას სამოცდათხუთმეტი წლის წინათ, დღევანდელ დღეს, თელავში დაიბადა საქართველოს უკანასკნელი დიდი მეფე - პატარა კახად წოდებული, ერეკლე მეორე.

საქართველოს ისტორიამ იცის საარაკოდ დიდი მეფენი, რომელთა ხსოვნასაც დღესაც მადლიერებით ინახავს შთამომავლობა, მაგრამ, ალბათ, მხოლოდ ერეკლე მეორეა ის მეფე, რომლის ბიოგრაფია, რომლის ცხოვრება, რომლის სამოღვაწეო ასპარეზი, რომლის საქვეყნო პრობლემები და რომლის სახელმწიფო ნაბიჯები დღესაც ცხარე დავისა და კამათის საგნად ქცეულა, დღესაც, ჩვენს დღევანდელ ყოფაშიც, პოულობს გამოძახილს და იქნებ ხსნის კიდეც დღევანდელ პოლიტიკოსთა ამა თუ იმ ნაბიჯებს.

როგორც წესი, როდესაც ერეკლე მეორეზე მსჯელობენ ხოლმე, ნიკოლოზ ბარათაშვილისა არ იყოს, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას წამოსწევენ წინ, წინააღმდეგობრივ, კითხვის ნიშნებით სავსე, მაგრამ ისტორიის ტრაგიკული განვითარებით ნაკარნახევ ურთიერთობას, რომელიც 1783 წლის 24 ივლისს გეორგიევსკის ტრაქტატით და უკვე ერეკლეს გარდაცვალების შემდეგ, 1801 წლის იმპერატორის მანიფესტით, ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებით და რუსეთის იმპერიასთან შეერთებით დასრულდა.

მაგრამ მანამდე იყო მთელი ეპოქა ყმაწვილობიდანვე ქვეყნისათვის თავშეწირული მაღალნიჭიერი და მაღლადმხედი მეფისა, რომელმაც მისხალ-მისხალ, საკუთარი ჭრილობებივით შეაგროვა ქართული მიწები, განავრცო თავისი გავლენა მეზობლებზეც და არა მხოლოდ ამიერკავკასიის, არამედ კავკასიისა და ევროპის მასშტაბითაც გამორჩეული სარდლისა და გამჭრიახი პოლიტიკოსის სახელი მოიხვეჭა.

ამ ერთ პიროვნებაში მადლიანად იყო შეერთებული მაღალი ნიჭი და ცოდნა მხედართმთავრისა მეომრის პიროვნულ სიმამაცესთან, ქვეყნის მშენებლის სიდინჯე და შეუპოვრობა ხალხისმოყვარე და სამართლიანი მეფის სიმკაცრესთან. და დიდ და მზაკვრულ ღალატთა მიუხედავად, მას არასდროს ტოვებდა იმედი საკუთარი ხალხის, საკუთარი ქვეყნის მომავლისა. ეტყობა, სწორედ ამ იმედმა შეაძლებინა მას ბოლომდე ექნია ხმალი და ბოლომდე სჭეროდა ხელში ქაფჩა.

ბევრი მოღალატე იყო მაშინაც, ბევრი სხვათა მიერ შეგულიანებული და სხვათა ინტერესებისათვის მებრძოლი საკუთარი ხალხისა და ქვეყნის ინტერესების საზიანოდ, მაგრამ მაინც ბევრნი იყვნენ ისეთნიც, რომელნიც სიცოცხლეს სწირავდნენ საკუთარი ხალხისა და საკუთარი სახელმწიფოსათვის.

ასე რომ, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ქართული ისტორიის გამორჩეულ გმირზე, მეფე ერეკლეზე, ისიც უნდა ვთქვათ, რომ მისი გმირობა, მისი გამორჩეულობა და მისი გამარჯვებანი, და ზოგჯერ მისი მარცხიც, ქართველთა გმირობა იყო, ქართველთა გამორჩეულობა და ქართველთა მარცხი, ქართველთა ღალატიც.

საქართველოში არასოდეს არ შეწყდება იმაზე კამათი, მართებული იყო თუ არა ერეკლე მეფის პოლიტიკური ნაბიჯი - რუსეთთან გეორგიევსკის ტრაქტატის დადება, რა იყო ეს - ისტორიის ფატალური ნების გამოვლენა თუ ქართული სახელმწიფო პოლიტიკის მარცხი? ან, იქნებ, ერის ფიზიკური და სულიერი გადარჩენის ერთადერთი გზა?

ვიფიქრეთ ამაზე - რადგან ირანს, ოსმალეთსა და რუსეთს შორის მოქცეული საქართველო მართლა იდგა ყოფნა-არყოფნის წინ.

ასეა თუ ისე სწორედ ერეკლეს ამ ნაბიჯის წყალობით ჩვენ გადავრჩით და დღემდე მოვედით.

და სწორედ ამიტომ, ჩვენ არა გვაქვს უფლება დავმარცხდე იმ დიდ ბრძოლაში, რომელსაც საქართველოს გადარჩენისთვის ბრძოლა ჰქვია, და რომლის ერთ-ერთი დიდი მაგალითიც ერეკლე მეფის მთელი მოღვაწეობა იყო.

თუმცა, არა მარტო ერეკლე მეფისა.

ყველა იმ ჩვენი დიდი მეფისაც, რომელთაც საქართველოს ისტორიის ძნელბედობის დროს პირადი გამბედაობით, შორსმჭრეტველობით, ღვთისა და ხალხის შეწევნით იხსნეს ქვეყანა.

***

დიდი ადამიანები ამ ქვეყნიდან წასვლის შემდეგ მხოლოდ დიდ კითხვათა პასუხებს კი არ გვიტოვებენ შთამომავლობას, არამედ დიდ კითხვებსაც, რომლებზეც პასუხის გაცემა ჩვენი ვალია.

და უკვე ჩვენს პასუხზე დიდად არის დამოკიდებული ჩვენი და ჩვენი შთამომავლობის ბედი.

შევიძლოთ ეს - ამ კითხვებზე პასუხის გაცემა.

ვიყოთ ღირსეული შთამომავალნი ჩვენი დიდი წინაპრებისა.

ღირსეული შთამომავალნი ჩვენი დიდი მეფის, პატარა კახისა, ერთიანი და ძლიერი საქართველოსთვის ხმალჩაუგებელი მებრძოლისა.

ედუარდ შევარდნაძე.
ქ. თბილისი, 21 ნოემბერი.

ვიყოთ ღირსეული შთამომავალნი ჩვენი დიდი წინაპრებისა - სიტყვა ერეკლე მეორეზე // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 22 ნოემბერი. - 173(2089). - 1 გვ.

110 „მე დავიცავ საქართველოს კონსტიტუციას, ქვეყნის დამოუკიდებლობას, ერთიანობასა და განუყოფლობას“

▲ზევით დაბრუნება


თბილისში რუსთაველის პროსპექტზე გაიმართა საქართველოს პრეზიდენტის ფიცის დადების საზეიმო ცერემონია. ქვეყნის პარლამენტის განახლებული შენობის წინა მოედანზე, ღამით მოულოდნელად დაწყებული უამინდობისა და გარანტირებული პირდაპირი ტელერეპორტაჟის მიუხედავად, ამ ისტორიულ მოვლენაში უშუალო მონაწილეობის იმდენი მსურველი შეიკრიბა, რომ მოედანმა ისინი ვერც დაიტია. პრეზიდენტსა და მისი ოჯახის წევრებს ტაშით შეეგება ათასობით თბილისელი და რესპუბლიკის დედაქალაქის სტუმარი, რომლებიც მოვიდნენ აქ, რათა სამუდამოდ აღებეჭდათ გონებაში რიტუალის საზეიმო წუთები, რომელიც არა მარტო ქვეყნის პრეზიდენტის ინაუგურაციას, არამედ საქართველოს სახელმწიფოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის დამკვიდრების სიმბოლოც არის. აქვე იყვნენ საქართველოში აკრედიტებული დოპლომატიურ წარმომადგენლობათა და საერთაშორისო ორგანიზაციათა მეთაურები, სტუმრები საზღვარგარეთის ქვეყნებიდან.

ალბათ ვერც ერთი ჩვენი თანაქალაქელი და მეგობარი აუღელვებლად ვერ შეხედავდა მთელ პროსპექტზე გამწკრივებულ რესპუბლიკის ყველა გვარეობის ჯარების ქვეგანაყოფებს. ნაკრები ორკესტრის მუსიკის ხმებში ფლაგშტოკზე ტაატით აღიმართა საქართველოს სახელმწიფო დროშა. ტრიბუნასთან სრულიად საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქის ილია მეორის თანხლებით მიდის ედუარდ შევარდნაძე. მან ხელი დაადო ქვეყნის კონსტიტუციას და წარმოთქვა საქართველოს პრეზიდენტის ფიცი:

- ნება მიბოძეთ, მოგესალმოთ სულით და გულით, მადლობა მოგახსენოთ აქ მობრძანებისათვის და ბოდიში მოვიხადო იმისათვის, რომ ამინდი არ არის ისეთი, როგორიც საჭიროა. მაგრამ მხედველობაში მიიღეთ, რომ პრეზიდენტის უფლება ჯერ არ მოქმედებს. იმისათვის, რომ იმოქმედოს, აუცილებელია ფიცი დავდო ღმერთსა და თქვენს წინაშე.

მე, საქართველოს პრეზიდენტი, ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებ, რომ დავიცავ საქართველოს კონსტიტუციას, ქვეყნის დამოუკიდებლობას, ერთიანობასა და განუყოფლობას, კეთილსინდისიერად აღვასრულებ პრეზიდენტის მოვალეობას, ვიზრუნებ ჩემი ქვეყნის მოქალაქეთა უსაფრთხოებასა და კეთილდღეობისათვის, ჩემი ხალხის, ჩემი მამულის აღორძინებისა და ძლევამოსილებისათვის.

„მე დავიცავ საქართველოს კონსტიტუციას, ქვეყნის დამოუკიდებლობას, ერთიანობასა და განუყოფლობას“ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 27 ნოემბერი. - 175(2091). - 1 გვ.

111 უახლოეს 5-10 წელიწადში საქართველო ეკონომიკურად და კულტურულად ერთ-ერთიაყვავებული ქვეყანა გახდება

▲ზევით დაბრუნება


ძვირფასო თანამემამულენო!
პატივცემულო საზღვარგარეთელო სტუმრებო!

დღეს საქართველოში ისტორიული დღეა და ის არ არის დაკავშირებული ერთი პიროვნების სახელთან.

ეს ცერემონია ქართული სახელმწიფოებრიობის, საქართველოს კონსტიტუციის ამოქმედების ზეიმია, საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, დემოკრატიის, თავისუფლების დღესასწაულია.

ეს არის არა მარტო თანამედროვე საქართველოს დღესასწაული, ეს ფარნავაზის, ვახტანგ გორგასლის, ბაგრატ მესამის, დავით აღმაშენებლის, თამარის, გიორგი ბრწყინვალის, ერეკლე მეორის საქართველოს ზეიმიც გახლავთ. რადგანაც, მართალია, ხშირად გადაწყვეტილა პოლიტიკურ დროთა დენა, - ხან ერთი, ხან მეორე ორიენტაციით, - მაგრამ ისტორიულ და ეროვნულ დონეზე მარად უწყვეტია დროთა კავშირი.

დღეს, სანამ თქვენთან მოვდიოდი და ამ ტრიბუნაზე ავდიოდი, ვიყავი მთაწმინდაზე ჩემს მეგობრებთან ერთად. ეს მომავალში, ალბათ ტრადიციულ რიტუალად იქცევა, სწორედ სამოქალაქო, სახელმწიფო რიტუალად, რადგანაც ეს იყო ნიშანი იმისა, რომ პრეზიდენტი არა მარტო აღმასრულებელი ხელისუფლება და სახელმწიფოს მეთაურია, არამედ ის ობიექტურად ქვეყნის ისტორიულ დროთა კავშირის სიმბოლო და გარანტიც არის.

მე დღეს თაყვანი ვეცი ერის მამამთავრებს, რომლებიც ყველა დროის დიდ ქართველებთან, ილია ჭავჭავაძესთან, წმინდა ილია მართალთან ერთად განისვენებენ მთაწმინდაზე.

ზეიმი სვეტიცხოველში, უწმინდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მონაწილეობით, იქ პრეზიდენტის რიტუალური ჩასვლა დატვირთულია და დიდი ღვთაებრივი და ისტორიული შინაარსით:

ეს არის პრეზიდენტის ღმერთთან მიახლოება, როგორც დიდი ილია იტყოდა, „ღმერთთან ლაპარაკი“ იმაზე, თუ როგორ „წარუძღვეს ერს“.

დღეს ჩვენ შევიკრიბეთ ისტორიულ რუსთაველის პროსპექტზე, პარლამენტისა და პრეზიდენტის სასახლის წინ სადაც 70-იან წლებში სახელმწიფო ენად დაკანონდა ქართული ენა, ქართველმა ხალხმა დაიცვა თავისი მშობლიური ენა. იქ, სადაც 9 აპრილს დაიღვარა ქართველ მამულიშვილთა უმანკო სისხლი, სადაც გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა და დაიწყო ახალი ხანა საქართველოს ისტორიაში.

როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის ორ ნოემბერს ხალხს და ქვეყანას წარვუდგინე სამოქმედო პროგრამა, რომელიც მოიცავს ქვეყანაში რეფორმების განხორციელების ძირითად პარამეტრებს, საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განვითარების პერსპექტივებსა და პროგნოზებს.

მე ეს პროგრამა გავიტანე არჩევნებზე, როგორც საერთო-სახალხო რეფერენდუმზე და განვაცხადე, რომ არჩევნების შედეგი იმავდროულად რეფერენდუმის შედეგიც იქნებოდა.

ხალხმა არჩევნების დროს მოიწონა პრეზიდენტის პროგრამა და ხმა მისცა მას. პრეზიდენტის საპროგრამო გამოსვლა დღეს თქვენ დაგირიგდათ ბროშურის სახით.

პრეზიდენტისა და მისი ხელისუფლების მთავარი მიზანი - ეს არის ძველი, ტოტალიტარული სოციალურ-ეკონომიკური ფორმაციის შეცვლა ახალი სოციალურ-ეკონომიკური წყობით, დემოკრატიისა და თავისუფლების რეალურად დამკვიდრება.

ამ ძირითად იდეას და მიზანს ალტერნატივა არ გააჩნია. ეს კურსი არათუ შეესაბამება, არამედ ლოგიკურად გამომდინარეობს კიდეც ისტორიის საზრისიდან და მიზნიდან, ის მეცნიერულად, თეორიულად დასაბუთებულია საპროგრამო გამოსვლაში.

მე კარგად მესმის, რომ ამ მთავარი მიზნის მისაღწევად, რა თქმა უნდა, ძირითადი ინსტრუმენტი საქართველოს ახალი კონსტიტუციაა და ისიც, რომ კონსტიტუციის რეალურად ამოქმედების და დაცვის უმთავრესი გარანტი სწორედ რესპუბლიკის პრეზიდენტია.

მე პირადად, როგორც პრეზიდენტი და როგორც მოქალაქე, ზედმიწევნით დავიცავ კონსტიტუციას. მაქსიმალურად გამოვიყენებ კანონის ფარგლებში საპრეზიდენტო ხელისუფლებას იმისათვის, რომ ყველა სახელმწიფომ და საზოგადოებრივმა სტრუქტურამ, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ და ყველა მოქალაქემ დაიცვას კონსტიტუციური ნორმები და კანონები.

ადამიანი, მოქალაქის საყოველთაოდ აღიარებული უფლებები და თავისუფლებები ჩემთვის უზენაესი ღირებულება და ყოველდღიური ზრუნვის უპირველესი საგანია. ადამიანური განზომილება სახელმწიფო პოლიტიკის უმაღლესი კრიტერიუმია.

ჩვენი ქვეყანა რომ აყვავდეს, ახალი წყობილება საბოლოოდ რომ ჩამოყალიბდეს, უნდა გადაიჭრას სამი ძირითადი ამოცანა.

სამართლებრივი, დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება. სოციალურად ორიენტირებული საბაზრო ეკონომიკის ფორმირება.

სამართლებრივი სახელმწიფო მშენებლობა, თავის მხრივ, მოითხოვს მინიმუმ სამი სტრატეგიული მიზნის მიღწევას: ახალი ტიპისა და სტრუქტურის საკანონმდებლო ხელისუფლების - პარლამენტის ჩამოყალიბებას; ახალი ტიპისა და სტრუქტურის საპრეზიდენტო ხელისუფლების ფორმირებას; ახალი ტიპისა და სტრუქტურის სასამართლო ხელისუფლების შექმნას.

ახალი კონსტიტუცია ამოქმედდა, მეგობრებო! სიმბოლურია, რომ დღეს აქ გვესწრებიან საქართველოს ძველი და ახალი პარლამენტის წევრები.

მე მივესალმები მათ და ვუსურვებ ახალ წარმატებებსა და გამარჯვებებს.

მივესალმები საქართველოს ახალი პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ ზურაბ ჟვანიას, იმედი მაქვს მასთან ისევე, როგორც მთელ პარლამენტთან, საქმიანი ურთიერთობის, თანამშრომლობისა და პარტნიორობისა.

კონსტიტუცია ამოქმედდა იმ თვალსაზრისითაც, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად, კონსტიტუციის საფუძველზე არჩეულია პრეზიდენტი და ყალიბდება ახალი ტიპის აღმასრულებელი ხელისუფლება, საპრეზიდენტო ხელისუფლება.

ახალი ტიპის ცენტრალური აღმასრულებელი ხელისუფლება ყალიბდება მომავალი დელეგაციის სუბიექტების - სამხარეო, ადგილობრივი, მუნიციპალური ხელისუფლების რეფორმებისა და მათი ახალი სტრუქტურების ფორმირების პარალელურად.

სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობა წარმოუდგენელია სასამართლო ხელისუფლების ფორმირებისა და ფუნქციონირების გარეშე.

საზოგადოებას წარედგინება საკონსტიტუციო სასამართლოსთან და უზენაეს სასამართლოსთან პრეზიდენტის ურთიერთობის პროგრამა. ეს აუცილებელია, რადგანაც კონსტიტუციის საფუძველზე პრეზიდენტი და პარლამენტი გადამწყვეტ როლს ასრულებენ საკონსტიტუციო სასამართლოსა და უზენაესი სასამართლოს ფორმირებაში.

სამართლებრივი სახელმწიფოს ფორმირების თვალსაზრისით, პრეზიდენტის განსაკუთრებული ზრუნვის საგანია არმია, სასაზღვრო ჯარები, პოლიცია, შინაგანი ჯარები, უშიშროების სამსახური, იუსტიცია, პროკურატურა და სხვა ძალოვანი და სამართალდამცავი ორგანოები, მათი ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა კონსტიტუციისა და კანონის საფუძველზე.

შემუშავებულია პრეზიდენტის სახელმწიფო პროგრამა შეიარაღებული ძალების მშენებლობისა და ეროვნული უსაფრთხოების დარგში, მთავრდება მუშაობა სამხედრო დოქტრინაზე, რომელიც პარლამენტს და ჩვენს ხალხს წარედგინება.

მე მივესალმები ჩვენს შეიარაღებულ ძალებს, გენერალებს, ოფიცრებს, რიგით ჯარისკაცებს, ვუსურვებ მათ წარმატებასა და გამარჯვებას.

სახელმწიფომ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, პროკურატურამ, იუსიტიციისა და უშიშროების ორგანოების ჯანსაღმა სტრუქტურებმა სერიოზული დარტყმა მიაყენეს დამნაშავეთა სამყაროს, მაფიას, რეკეტს, ბანდიტიზმს, ტერორიზმს. დღეს მნიშვნელოვნად განიმუხტა კრიმინოგენული სიტუაცია და განმტკიცდა სამართალდამცავი ორგანოები, ძლიერდება სამართლებრივი სახელმწიფო.

მე მივესალმები სამართალდამცავ ორგანოებს და დიდ მადლობას ვუცხადებ მინისტრებს, ყველა სახელმწიფო მოხელეს, ვინც ამ საქმიანობაში აქტიურად მონაწილეობს.

ბრძოლა დამნაშავე ელემენტებთან, განსაკუთრებით კორუფციასთან, კიდევ უფრო გაძლიერდება მართლწესრიგის განმტკიცების საპრეზიდენტო პროგრამის საფუძველზე.

ეთნოპოლიტიკური კონფლიქტების დაძლევა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროგრამა - პრეზიდენტის უმთავრესი საზრუნავია.

ჩვენი მეცადინეობით ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მონაწილე ქვეყნების სახელმწიფოს მეთაურთა შეხვედრები, ბუდაპეშტში აფხაზი სეპარატისტები მხილებულნი იქნენ ქართველი ხალხის მიმართ გენოციდისა და ეთნიკური წმენდის პოლიტიკის გატარებაში. ეს დასკვნები აღიარებულია გაეროს უშიშროების საბჭოსა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნების მიერ.

სასწრაფოდ გადასაწყვეტია 300 ათასი ლტოლვილის ბედი. უამისოდ ვერ აღსდგება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა.

ჩვენ ვაცხადებდით და ვაცხადებთ, რომ დრომ მოიტანა საქართველოში ფედერალურ საწყისებზე სახელმწიფოებრივი მოწყობის აუცილებლობა. აფხაზეთი იქნება საქართველოში ფედერაციის ერთ-ერთი სუბიექტი, ფართო პოლიტიკური

სტატუსით. მას ექნება თავისი კონსტიტუცია, რომელიც უნდა შეეფერებოდეს ერთიანი სახელმწიფოს კონსტიტუციას. აფხაზეთის რესპუბლიკას ეყოლება თავისი პარლამენტი, უმაღლესი სასამართლო, ექნება თავისი ჰიმნი, გერბი, სხვა სახელმწიფოებრივი ატრიბუტები.

ლტოლვილთა დაუყოვნებლივ დაბრუნება და აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსის განსაზღვრა უახლოესი დროის ამოცანაა. ჩვენ მზად ვართ ყოველგვარი და ყველა დონის დიალოგისათვის. ჩვენ მზად ვართ ორმხრივი მოლაპარაკებებისათვის.

ზემოთ ნათქვამი ეხება ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგების პრინციპულ ასპექტებს. ოსურ მხარეს ვთავაზობთ აქტიურ დიალოგს, მწვავე პრობლემების მეგობრულ, საქმიან ვითარებაში განხილვის და გადაწყვეტის ვარიანტს.

საქართველო მიესალმა საერთაშორისო ძალისხმევას ბალკანეთში არსებული კონფლიქტების მოსაგვარებლად. ვფიქრობ, დადგა კავკასიის ჯერი. აფხაზეთი კავკასიის კონფლიქტების მოგვარების გასაღებია. დარწუნებული ვარ, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, რუსეთი, შეასრულებენ თავიანთ მაღალ მისიას ჩვენს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დასამყარებლად.

სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობა წარმოუდგენელია ეროვნულ უმცირესობათა პრობლემების მოუგვარებლად. პრეზიდენტის სახელმწიფო პროგრამით, რომელიც შექმნილია ახალი კონსტიტუციის საფუძველზე, უზრუნველყოფილია ყველა ეთნიკური, ეროვნული, ენობრივი უმცირესობის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების რეალური დაცვა. ამაზე მეტყველებს ახალი პარლამენტის ეროვნული შემადგენლობაც.

საპრეზიდენტო პროგრამა ითვალისწინებს მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების საიმედო დაცვას, პოლიტიკურ პარტიებთან და მოძრაობებთან, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციასთან კონსტრუქციულ ურთიერთობას, პრესის, რადიოს, ტელევიზიის, მასობრივი კომუნიკაციების პლურალიზმის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გარანტიებს.

სამოქალაქო საზოგადოება - ეს არის ხალხი. ხალხის სიბრძნემ და პოლიტიკურმა შორსმჭვრეტველობამ განაპირობა დღევანდელი პრეზიდენტის და პარლამენტის არჩევა.

ქება-დიდება საქართველოს ხალხს, რომელიც ბიბლიური იობის მოთმინებით იტანს კრიზისს, გაჭირვებას და გმირული შემართებით ახსენებს ბედნიერ მომავალს!

ამასთან ერთად, განსაკუთრებით მინდოდა დღეს მეთქვა, ძვირფასო მეგობრებო, რომ მადლიერი ვარ საარჩევნო კომისიებისა, იქნება ეს ცენტრალური თუ ადგილობრივი, ნდობით აღჭურვილი პირებისა და აქტივისტებისა, ესენი არიან ათასობით და ათასობით ადამიანები, ჩემი თანამოაზრეებისა და თანამებრძოლებისა, მადლობელი ვარ სამხარეო და ადგილობრივი ადმინისტრაციებისა, რომლებმაც უზრუნველყვეს სანიმუშო საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და ნორმალური პირობების შექმნა დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისათვის.

სამოქალაქო საზოგადოების, მთელი ხალხის კულტურა, მეცნიერება, განათლება, ლიტერატურა, ხელოვნება, ჯანდაცვა, სპორტი, ტურიზმი იქნება საპრეზიდენტო ხელისუფლების ყურადღების ცენტრში.

მე მივესალმები საქართველოს ინტელიგენციას, სტუდენტობას, ახალგაზრდობას, ვუსურვებ მათ წარმატებებსა და გამარჯვებებს. მათი პრობლემები - ჩემი პრობლემებია.

სახელმწიფო გამოყოფილია ეკლესიისაგან, ხოლო ეკლესია სახელმწიფოსაგან, მაგრამ სახელმწიფო და ეკლესია ერთად ზრუნავენ ერსა და საქართველოზე, სამოქალაქო საზოგადოებაზე.

ნურც მოჰკლებია საქართველოს ეკლესიას და მრევლს ღვთის წყალობა. ჩვენთან არს ღმერთი!

საბაზრო ეკონომიკის მშენებლობაში უკვე მიღწეული შედეგების საფუძველზე დღის წესრიგში დგას წარმოების ფართომასშტაბიანი რეაბილიტაცია და მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესება, განუხრელი ზრუნვა დედებზე, ბავშვებზე.

პრეზიდენტის ეკონომიკური კურსის თანახმად საბაზრო ეკონომიკის რეალურად დამკვიდრება და წარმოების სოციალური სტიმულირების მეთოდის გამოყენება გამოიწვევს 1996 წლის დასაწყისიდან წარმოების დაქვეითების საბოლოოდ დაძლევას და გლობალური ეკონომიკური აღმავლობის დაწყებას.

საქართველო ამას უკვე ამ ზამთარში იგრძნობს. ენერგეტიკული კრიზისის გადალახვის პირველი შედეგები ამ ზამთარშივე იქნება საგრძნობი.

უახლოეს 5 წელიწადში პრეზიდენტის პროგრამის თანახმად, ძირითადი მაკომაჩვენებლების საშუალო წლიური ზრდის ტემპი 10-15 პროცენტს შეადგენს, რის შედეგადაც ქვეყნის შიდა მთლიანი პროდუქტი 2000 წლისათვის 3-3,5 მილიარდ ამერიკულ დოლარს მიაღწევს.

პრეზიდენტის აგრარული პროგრამის შესაბამისად სწრაფი ტემპით განვითარდება აგრარულ-სამრეწველო სექტორი. საპრეზიდენტო ხელისუფლების სოციალური დაცვის პოლიტიკა, რომელიც განხორციელდება მოსახლეობის სოციალური დაცვის სახელმწიფო პროგრამების საფუძველზე, ასევე უზრუნველყოფს მოსახლეობისათვის ნორმალური პირობების შექმნას. ხოლო, თუ როგორი იქნება ხელფასი უახლოესი ორი-სამი წლის განმავლობაში, როგორი ტემპით გაიზრდება მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მასშტაბი, ამის შესახებ უკვე ვილაპარაკე ჩემს საპროგრამო გამოსვლებში.

შემოთავაზებული ეკონომიკური კურსი, ექსპერტთა შეფასებით, საფუძველს ქმნის იმისათვის, რომ 2-3 წელიწადში თვისებრივი ცვლილებები მოხდეს სოციალურ სფეროში.

- დასაქმების სრული აღრიცხვისა და 500 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნის საფუძველზე, მომუშავეთა რიცხოვნება, დღევანდელ ოფიციალურ სტატისტიკასთან შედარებით, 1 მილიონით გაიზრდება და უმუშევრობის დონე 5 პროცენტს, ანუ ნორმალურ ზღვარს მიუახლოვდება.

- ეკონომიკური აღმავლობისა და საბიუჯეტო შემოსავლების ზრდის კვალობაზე საბიუჯეტო სფეროში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი, როგორც უკვე მოგახსენეთ, 200 ლარამდე გაიზრდება, ხოლო არასაბიუჯეტო სექტორში - 250-300 ლარს მიაღწევს.

- საუკუნის დამლევისათვის მინიმალური ხელფასი, პენსიები გადააჭარბებს აუცილებელი „სამომხმარებლო კალათის“ ღირებულებას. სრულყოფილი გახდება მოსახლეობის სოციალური დაცვის სისტემა. დახმარებები წარიმართება მიზანმიმართულად და პირველ რიგში შეეხება მოსახლეობის განსაკუთრებით გაჭირვებულ ფენებს.

- საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების ხელშეწყობითა და მხარდაჭერით განხორციელდა ჯანდაცვის, განათლების, მეცნიერების, კულტურის სრული რეფორმა და 2000 წლისათვის სოციალური და სულიერი ცხოვრების ეს სფეროები იფუნქციონირებენ განვითარებულ საბაზრო ურთიერთობებთან სრული შესატყვისობით.

- უახლოეს წლებში კიდევ უფრო ამაღლდება საქართველოს როგორც დამოუკიდებელი, სუვერენული, დემოკრატიული ქვეყნის იმიჯი საერთაშორისო ასპარეზზე.

მე ამ ტრიბუნიდან მივმართავ ჩვენი პლანეტის ყველა ბინადარს, ყველა მთავრობას, სახელმწიფოთა მეთაურებს: უფრო ენერგიულად ვიბრძოლოთ ახალი მსოფლიოს დემოკრატიული წესისათვის, უსაფრთხოებისათვის, განვითარებადი ქვეყნების, განსაკუთრებით პოსტსაბჭოურ სივრცეში აღმოცენებული სუვერენული სახელმწიფოების ეკონიმიკისა და კულტურის აყვავებისათვის, მსოფლიო ეკონომიკისა და ხალხთა თანამეგობრობაში ახალი დამოუკიდებელი ქვეყნების ღირსეული ინტეგრირებისათვის.

მე ამ დღეებში გავაკეთე განცხადება და ახლა მინდა გავიმეორო:

მოვუწოდებ მსოფლიო საზოგადოებას, პირველ რიგში, უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი ქვეყნების ლიდერებს: შეიმუშაონ უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე მსოფლიოში ტერორიზმის და ექსტრემისტული ნაციონალიზმის აღკვეთის ღონისძიებანი. სწორედ ამ უკანასკნელთა მიმართ შემრიგებლობა და შემწყნარებლობა სტიმულს აძლევს ტერორისტებსა და მკვლელებს ჩაიდინონ დანაშაული ადამიანობის წინაშე.

დიდ მადლობას მოვახსენებ მსოფლიოს პრეზიდენტებსა და სახელმწიფოს მეთაურებს, ჩვენს უცხოელ მეგობრებს, საქართველოს ყველა მოქალაქეს, უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს, რომლებმაც მომილოცეს საქართველოს პრეზიდენტად არჩევა.

დიდი მადლობა არჩევნებზე საზღვარგარეთიდან ჩამოსულ მეთვალყურეებს, ჟურნალისტებს, არჩევნების ობიექტურად შეფასებისა და გაშუქებისათვის.

დიდი მადლობა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, ყველა უცხოელ მეგობარს, საზღვარგარეთის ყველა დელეგაციას და წარმომადგენელს, რომლებმაც პატივი დაგვდეს, მოგვილოცეს არჩევნებში წარმატება და დღევანდელ საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობით გვიცხადებენ თანაგრძნობას, სოლიდარობას, მხარდაჭერას და თანადგომას.

ქალბატონებო და ბატონებო!

სამართლებრივი სახელმწიფო, ღია სამოქალაქო საზოგადოება, სოციალურად ორიენტირებული საბაზრო ეკონომიკა, ერის სულიერი და მატერიალური კულტურის ახალი რენესანსი, დემოკრატია, სუვერენიტეტი, თავისუფლება, კონსტიტუციისა და კანონის უზენაესობა, - აი, ჩვენი უმთავრესი მიზნები და ამოცანები. მე თქვენთან ერთად ვიბრძოლებ ამ მიზნების განსახორციელებლად.

უახლოეს 5-10 წელიწადში საქართველო ეკონომიკურად და კულტურულად ერთ-ერთი აყვავებული ქვეყანა გახდება. ეს მართლაც ჭეშმარიტად ასე იქნება. ეს უნდა გვჯეროდეს! დღეგრძელობა თითოეულ თქვენგანს, ბედნიერება - თქვენს ოჯახებს!

ყველამ ერთად, მხარმხარ, თავდადებით ვიშრომოთ სამშობლოსა და ხალხის საკეთილდღეოდ! წინ, - XXI საუკუნის საქართველოსაკენ!

გმადლობთ!

უახლოეს 5-10 წელიწადში საქართველო ეკონომიკურად და კულტურულად ერთ-ერთი აყვავებული ქვეყანა გახდება // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 27 ნოემბერი. - 175(2091). - 1,2 გვ.

112 საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბატონ ედუარდ შევარდნაძის განცხადება

▲ზევით დაბრუნება


გამოჩნდა ბოსნია-ჰერცეგოვინაში თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე სისხლისმღვრელი კონფლიქტის მოწესრიგების რეალური პერსპექტივა, 1995 წლის 21 ნოემბერს სერბიის, ხორვატიის და ბოსნიის პრეზიდენტების მიერ სამშვიდობო ხელშეკრულების პარაფირება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ომით გათანგულ ბალკანეთის მიწაზე სანუკვარი მშვიდობის დამყარების გზაზე.

მიღწეული შეთანხმება, რაც ცივი ომის შემდგომი პერიოდის ერთ-ერთი შთამბეჭდავი მოვლენაა, საერთაშორისო თანამეგობრობის მშვიდობისმოყვარე ყველა წამყვანი ძალის გაერთიანების ნათელი მაგალითია.

ამავე დროს, საქართველოს მიაჩნია, რომ ბოსნიაში სამშვიდობო პროცესის წარმატების ფონზე, კავკასიაში მშვიდობის დამყარების ჯერიც დგება. დღეს ყველა პირობა არსებობს გაეროს უშიშროების საბჭოს ცნობილი რეზოლუციების საფუძველზე აფხაზეთის კონფლიქტის ფორსირებული ტემპებით მოსაგვარებლად, რაც, თავის მხრივ, დასაბამს მისცემს ჩვენს რეგიონში მშვიდობის და სტაბილურობის დამკვიდრებას.

ე. შევარდნაძე.

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბატონ ედუარდ შევარდნაძის განცხადება // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 28 ნოემბერი. - 176(2092). - 1 გვ.

113 „ყველა უნდა გაგვაერთიანოს ზრუნვამ სამშობლოს გამთლიანების, აღორძინებისა და ეკონომიკური კრიზისიდან რაც შეიძლება სწრაფად გამოყვანისათვის“

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 27 ნოემბრის რადიოინტერვიუ

- გუშინ ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო არა მხოლოდ თქვენთვის, როგორც პრეზიდენტისათვის, არამედ მთელი ქვეყნისთვისაც: პირველად საქართველოში გაიმართა პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია, გუშინდელი გამოსვლა თქვენ დაამთავრეთ სიტყვებით: „წინ - XXI საუკუნის საქართველოსაკენ!“ საერთოდ, შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო საქართველოს მომავლისაკენ მიმართული სიტყვა. და კიდევ, გუშინ თქვენ ბრძანეთ, ზეიმი უკვე საკმარისია და ხვალიდან ყველამ მუშაობა უნდა დავიწყოთო. მოხარული ვარ, რომ პრეზიდენტის პირველი სამუშაო დღე საქართველოს რადიოსათვის მიცემული ტრადიციული ინტერვიუთი იწყება... - ამ თემით დაიწყო საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის რადიოინტერვიუ ჟურნალისტ ნატო ონიანთან.

- ამ დღეებში მე იმდენი ვილაპარაკე, რომ, ალბათ, სასურველია ჩემი დღევანდელი რადიოინტერვიუ მოკლე იყოს. გუშინდელი დღე, რა თქმა უნდა, საქართველოს ისტორიაში დარჩება როგორც მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი ტრადიციის დასაწყისი. ასეთი ღონისძიებების დროს გარკვეული საზეიმო ელფერი აუცილებელი ატრიბუტია, მაგრამ, ჩემი აზრით, მთავარი მაინც ის საქმიანი და, მე ვიტყოდი, სახელმწიფოებრივი დატვირთვაა, რომელიც გუშინდელი ღონისძიების მთავარ აზრს წარმოადგენდა. ეს გახლავთ საპრეზიდენტო პროგრამაზე ყურადღების გამახვილება, სახელმწიფოებრივი მშენებლობის პროცესის დღევანდელი დონის, ასე ვთქვათ, სახალხოდ გამოტანა, კერძოდ, საქართველოს შეიარაღებული ძალების საყოველთაო დათვალიერება, საერო და სასულიერო ხელისუფლებათა სრული ურთიერთგაგების საქვეყნოდ დემონსტრირება, წარსულის, აწმყოსა და მომავლის არა მარტო, ასე ვთქვათ, ფილოსოფიური, არამედ, აგრეთვე პრაქტიკული გააზრება, ჩვენი დღევანდელი საზოგადოების კონსოლიდაცია ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტისა და პარლამენტის გარშემო. არჩევნების შემდეგ ჩვენ ყველამ ერთხელ კიდევ გადავავლეთ თვალი, თუ რანი ვიყავით, რანი ვართ და როგორი ვიქნებით, როგორი პერსპექტივებითა და როგორი იმედებით შეგვიძლია ვიცხოვროთ.

სხვათა შორის, დღეს ისიც მინდა ვუთხრა რადიომსმენელებს, რომ ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა უფრო მაღალ დონეზე მოგვეწყო ეს ღონისძიება - მოგვეწვია მრავალი ქვეყნის ხელმძღვანელები, მრავალი ქვეყნის ლიდერები. ვიცი, რომ ბევრი ჩემი კოლეგა მზად იყო ჩამოსასვლელად, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენი ხელმოკლეობა არ გვაძლევდა ამის შესაძლებლობას. ისე, საქმიანი მხარეც მოიგებდა, ასე რომ მომხდარიყო (მაგრამ ეს, ალბათ, შემდეგი არჩევნებისა და შემდეგი ინაუგურაციისათვის უნდა გადავიტანოთ).

გუშინ სტუმართა მიღებაზე ჩემს მოკლე გამოსვლაში აღვნიშნე, რომ ყველაზე მეტად ვარ დაინტერესებული, რათა ქვეყანა რაც შეიძლება მალე განთავისუფლდეს არჩევნების ფონზე გამარჯვებულთა და დამარცხებულთა სინდრომისაგან. საქმე და სამუშაო უამრავი გვაქვს, ყველა უნდა გაგვაერთიანოს ზრუნვამ სამშობლოს გამთლიანების, აღორძინებისა და ეკონომიკური კრიზისიდან რაც შეიძლება სწრაფად გამოყვანისათვის.

აი, ასეთია ჩემი ძალიან მოკლე კომენტარი გუშინდელ დღესთან დაკავშირებით.

- გასულ კვირას, შაბათს, საქართველოს ახლადარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართა, რომელზეც დაამტკიცეს არჩევნების შედეგები და პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს ბატონი ზურაბ ჟვანია. ჩვენს მითქმა-მოთქმის მოყვარულ ქალაქსა თუ პოლიტიკურ კულუარებში ძალიან ბევრს ლაპარაკობენ ძველ და მოსალოდნელ ახალ მინისტრებზე, მოსალოდნელ ცვლილებებსა და გადაადგილებებზე. დეკემბერში, ალბათ, ბევრი რამ გაირკვევა...

- ალბათ. პარლამენტის პირველი სხდომა, ისევე, როგორც პრეზიდენტის ინაუგურაცია, ახალი ხელისუფლების ფორმირებისა და ძალაში შესვლის დასაწყისია. პარლამენტის თავმჯდომარედ მოქალაქეთა კავშირის ლიდერის ზურაბ ჟვანიას არჩევა სავსებით კანონზომიერი და ყოველმხრივ გამართლებულია არა მარტო იმიტომ, რომ გამარჯვებულმა პარტიამ თავისი უფლება გამოიყენა, არამედ, უწინარესად, მისი ინტელექტუალური და ორგანიზაციული შესაძლებლობებიდან გამომდინარე. პარლამენტის ეს არჩევანი იმანაც განაპირობა, რომ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ძალიან ბევრი ახალგაზრდა მოვიდა, - განათლებული, საქმიანი, პროფესიულად საკმაოდ მომზადებული და მომწიფებული. და ბატონი ზურაბიც ახალგაზრდა თაობის ერთ-ერთი ყველაზე კოლორიტული წარმომადგენელია. იგი მხოლოდ 32 წლისაა. მისი არჩევა იმაზეც მიგვანიშნებს, რომ დღევანდელი საქართველო, როგორც თქვენ უკვე შემახსენეთ, XXI საუკუნის სახელმწიფოზე ფიქრობს და ზრუნავს, იმედი მაქვს, რომ შესაბამისი ხელმძღვანელი საპარლამენტო სტრუქტურების ფორმირებისას, ახალგაზრდული ფაქტორი აუცილებლად იქნება გათვალისწინებული (ასევე სხვა სტრუქტურების ფორმირების დროსაც), რა თქმა უნდა, შეხამებულ გამოცდილებასთან და საქმის მცოდნე ხალხთან. უახლოესი ორი კვირის განმავლობაში დაძაბული მუშაობა მოგვიხდება, პრაქტიკულად უნდა დამთავრდეს თვისებრივად ახალი აღმასრულებელი ხელისუფლების, მთავრობის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ჩამოყალიბება. დრო არ ითმენს. გასაკეთებელი და გადასაწყვეტი კი ბევრი რამ არის. შევეცდებით, მივუახლოვდეთ ახალი ხელისუფლების მაქსიმალურად ოპტიმალურ, ესე იგი, მაქსიმალურად ეფექტიან ვარიანტს.

- გუშინ თქვენ მიესალმეთ საერთაშორისო ინიციატივას ბალკანეთთან დაკავშირებით როგორც თქვენს გამოსვლაში, ისე შემდეგაც, სტუმრების მიღებისას, და მოუწოდეთ საერთაშორისო ორგანიზაციებს ასევე აქტიურად ჩაერიონ აფხაზურ პროცესში, რადგან (თქვენს სიტყვებს მოვიშველიებ) „აფხაზეთი კავკასიის კონფლიქტების გასაღებია“. თქვენი აზრით, რა გავლენას მოახდენს ბალკანეთის პროცესის ახლებური დასაწყისი აფხაზეთსა და ცხინვალზე, ახლებური იმიტომ, რომ თქვენ იცით, ეს პროცესი არაერთხელ დაწყებულა...

- მე ახლაც მინდა დავადასტურო, რომ ის, რაც გუშინ ვთქვი, ბალკანეთის კრიზისის განმუხტვა, უფრო სწორედ, განმუხტვის დაწყება, ცივი ომის შემდგომი ეტაპის ერთი უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია. ასეთ მონაპოვარს პოლიტიკოსები, დიპლომატები ხშირად გარღვევას უწოდებენ ხოლმე. რა თქმა უნდა, თუკი საქმე ბოლომდე იქნება მიყვანილი, ამ პროცესში ისეთი ძალები და ისეთი სახელმწიფოები არიან ჩართული, რომ უნდა ვირწმუნოთ: ამ დიდი ინიციატივის ლოგიკური დასასრულიც ის იქნება, რაც მოსალოდნელია.

მიღებული შედეგი იმითაც არის საყურადღებო, რომ იგი მიღწეულია კონფლიქტის ზონაში კონფლიქტის მოგვარებაში პოლიტიკური და ძალისმიერი ელემენტების შერწყმით. ეს ისეთი მასშტაბის კონფლიქტების მოგვარების უაღესად სერიოზული გაკვეთილია, როგორიც არის კონფლიქტები ბალკანეთში და, თუნდაც, კავკასიაში. პოლიტიკური მეთოდები და გზები თუ სწორედ ვერ შევუხამეთ ძალისმიერ ელემენტებს, ყველაფერი შეიძლება ლაპარაკის დონეზე დარჩეს.

მართლაცდა, დადგა კავკასიის, როგორც უკვე ვთქვი, უწინარესად, აფხაზეთის კონფლიქტის გადამწყვეტი ჯერი. კავკასიის კონფლიქტების, და განსაკუთრებით, აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარება, ყოფილი საბჭოთა კავშირის თვალუწვდენელ სივრცეში მშვიდობისა და სტაბილურობის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი გახდება.

როგორც ყოველთვის, მე ახლაც ხაზგასმით აღვნიშნავ ამ კონფლიქტების მოგვარებაში გაეროსთან და მსოფლიო თანამეგობრებთან ერთად რუსეთის გადამწყვეტ როლს. ჩემი აზრით, ახლა აფხაზეთისა და ქართულ-ოსური კონფლიქტების დროული მოგვარება ჩვენი დიდი მეზობლის - რუსეთისათვის, როგორც უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრისათვი, პრესტიჟისა და ავტორიტეტის საკითხიც არის. რა თქმა უნდა, ეს უწინარესად, ჩვენი პრობლემაა, ჩვენი სატკივარია, მაგრამ, როგორც არაერთხელ მითქვამს, ამ ისტორიულ საქმეში რუსეთის როლი განუზომელია.

ამავე დროს, აფხაზეთის კონფლიქტის ღირსეული მოგვარება და გადაწყვეტა რუსეთის სამხრეთის სტაბილურობის უმნიშვნელოვანესი ფაქტორიც გახდება.

ასე რომ, თქვენს კითხვასთან დაკავშირებით მინდა გითხრათ: ბალკანეთის კონფლიქტების მოგვარებაში დაწყებული დადებითი პროცესი სტიმულის მიმცემი მოვლენა უნდა გახდეს ჩვენი საკუთარი ტკივილების მოსაშუშებლად.

„ყველა უნდა გაგვაერთიანოს ზრუნვამ სამშობლოს გამთლიანების, აღორძინებისა და ეკონომიკური კრიზისიდან რაც შეიძლება სწრაფად გამოყვანისათვის“ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 28 ნოემბერი. - 176(2092). - 1 გვ.

114 „სოხუმის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტი თავისი პოტენციით მომავლისაკენ მიმართული ინსტიტუტია, ოცდამეერთე საუკუნისათვის შესაფერისი იდეებითა და შესაძლებლობებით“

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა, რომელიც წარმოთქვა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში 1995 წლის 30 ნოემბერს

უწინარესად, მინდა გულწრფელი მადლობა მოგახსენოთ მხარდაჭერისათვის და სითბოსათვის, რომელიც აქ ვიგრძენი დღეს, ისევე, როგორც ყოველთვის მეცნიერების ამ დიდ ტაძარში. ნება მომეცით, მოგილოცოთ ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-ტექნიკის, მე ვიტყოდი, განსაკუთრებული ინსტიტუტის 50 წლისთავი. განსაკუთრებულია თქვენი ინსტიტუტი თავისი ბიოგრაფიით. განსაკუთრებულია თავისი მეცნიერული მიღწევებით, განსაკუთრებულია, თავისი ტრაგიკული ბედით. ვფიქრობ, არავინ მიწყენს თუ ვიტყვი, რომ ამ განსაკუთრებულობის გამო მსოფლიოში, ალბათ, მეორე ასეთი სამეცნიერო ცენტრი არ მოიპოვება. ყველაფერი ის, რასაც ქვემოთ მოგახსენებთ, თქვენ ძალიან კარგად იცით, მაგრამ მაინც აღვნიშნავ, რათა მთლიანობაში იქნეს გააზრებული ინსტიტუტის დაარსება, მისი მოღვაწეობა, მისი დარბევა, ხოლო მათ, ვინც ეს ყოველივე არ იცის, გაიგოს და გაიაზროს.

როდესაც 1945 წელს, ომის დამთავრებიდან ორი თვის შემდეგ, იოსებ სტალინის ხელმოწერით სინოპსა და აგუძერაში ორი „ობიექტი“ დაარსდა, მაშინ ასე უწოდებდნენ, უკვე იყო განსაზღვრული, რომ აქ არა მარტო საბჭოთა კავშირის, არამედ მსოფლიო მასშტაბითაც მნიშვნელოვანი სამეცნიერო ცენტრი შეიქმნებოდა. ძირითადი ამოცანა, რომელიც დაისვა ამ „ობიექტების“ წინაშე, იყო საბჭოთა ურანის პროექტისათვის ურანის იზოტოპების დაშლის მეთოდებისა და დანადგარების შექმნა, შექმნა რადიაციული გამოსხივების რეგისტრაციისა და კონტროლის აპარატურისა და სხვა მრავალი. ეს სახელმწიფოებრივად უაღრესად მნიშვნელოვანი ამოცანები იყო, მაგრამ მათ უკან იდგა უფრო დიდი პრობლემა - სამეცნიერო სკოლის შექმნა, უნიკალური ინსტიტუტის ჩამოყალიბება. ყველა ეს ამოცანა წარმატებით შესრულდა:

კარგად მოგეხსენებათ, რომ 1945 წლის ივნისში საბჭოთა კავშირში ჩამოიყვანეს ის გერმანელი ფიზიკოსები, რომლებიც ატომური ბომბის შექმნაზე მუშაობდნენ. ამ მეცნიერთა ნაწილმა სწორედ საქართველოში, ამ „ობიექტებზე“ განაგრძო მუშაობა: აგუძერაში სამუშაოებს ხელმძღვანელობდა ნობელის პრემიის ლაურეატი, მეცნიერი და დიდი გამომგონებელი გუსტავ ჰერცი, სინოპში - პროფესორი მანფრედ ფონ არდენე. იმ დროს, მათ გარდა, აქ მუშაობდნენ გერმანელი პროფესორები მაქს შტეინბერკი, პიტერ ტიესსენი, ნიკოლას რიხლი, მაქს ფოლმერი, ჰეინც ბარვიხი და მრავალი სხვა. ამასთან დაკავშირებით, მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის უნიკალური მოვლენა ჩვენი მეცნიერების ისტორიაში და, თუ გნებავთ, საქართველოს ისტორიაში - გერმანელი მეცნიერების, საქვეყნოდ, მსოფლიოში ცნობილი სწავლულების მონაწილეობა მაშინდელი დიდი სახელმწიფოებრივი ამოცანების განხორციელებასა და ჩვენი მეცნიერული სკოლის შექმნაში. ვისურვებდი, რომ გვეფიქრა ამ მეცნიერების, მათი ცხოვრების, მოღვაწეობის ამსახველი სერიოზული სტენდის შექმნაზე. ქართულ-გერმანული ურთიერთობა დღეს ისეთ დონეზეა, რომ ეს მართლაც ერთ-ერთი სერიოზული სტიმული შეიძლება გახდეს ამ ურთიერთობის, ჩვენი კავშირის კიდევ უფრო განმტკიცებისა და გაღრმავებისათვის.

სწორედ ამ მეცნიერთა უმაღლესმა კვალიფიკაციამ განაპირობა ის, რომ უკვე 1945 წლის ზაფხულში (ეს საშინელი საიდუმლოება იყო, მაგრმ დღეს აღარ არის საიდუმლოება) გერმანიიდან ჩამოტანილი ფხვნილისაგან დაიწყო მეტალური ურანის გამოდინება და ჩამოსხმა. მნიშვნელოვანი მიღწევები ჰქონდა პროფესორების ჰერცის და რიხლის ჯგუფებს, დოქტორ შიუტცეს, პროფესორ ბარვიხს. ხოლო, როდესაც რუს მეცნიერებს მთელი რიგი სირთულეები შეექმნათ გამყოფ დანადგარებში კოროზიის გამო, გერმანელმა მეცნიერებმა ტიესსენმა და ბარვიხმა ეს პრობლემა გადაჭრეს.

მაგრამ ნურავინ იფიქრებს, რომ სინოპსა და აგუძერაში გერმანელ მეცნიერთა იზოლირებული ჯგუფი მუშაობდა. თავიდანვე მათთან ერთად საქმიანობდნენ მოსკოვის, თბილისისა და სხვა ქალაქების სამეცნიერო დაწესებულებების სპეციალისტები: ილია ქვარცხავა, მიხეილ კოზოდაევი, ბორის ისაევი, რაჩია დემირხანოვი, ირაკლი გვერდწითელი, დავით ჭკუასელი, ვლადიმერ მიგულინი, პავლე სელინოვი, ვარლამ ხაჩიშვილი, გიგა მირიანაშვილი, შალვა ბურდიაშვილი, ირაკლი კირვალიძე, ცოლ-ქმარი გუსევები, ცოლ-ქმარი პოროშინები და სხვანი და სხვანი, რომელთაც უდიდესი როლი შეასრულეს გერმანელი მეცნიერებისათვის სამუშაო კლიმატის შექმნასა და მათთან ერთად ახალი მეცნიერული პრობლემების დამუშავებასა და გადაჭრაში.

სწორედ ყოველივე ამის შედეგად გახდა შესაძლებელი ის, რომ უკვე 1946-48 წლებში სოხუმის „ობიექტებისთვის“ მიცემული მთავარი დავალება შესრულდა, ხოლო სახელმწიფო ჩანაფიქრის დასრულება, ისევ სოხუმელი სპეციალისტების მონაწილეობით, ლენინგრადში მოხდა.

ყველამ იცის, რომ პირველი საბჭოთა ატომური ბომბი 1949 წელს გამოსცადეს, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ამასთან დაკავშირებით ბევრი ზემოხსენებული გერმანელი და ადგილობრივი სპეციალისტის შრომა მაღალი სამთავრობო ჯილდოებით აღინიშნა.

იმ წლებში სხვა მნიშვნელოვანი წარმატებებიც იყო, თუნდაც ბირთვული იზოტოპების თერმოდიფუზიური და ელექტრომაგნიტური ხერხით განცალკევების ორი მეთოდი: პირველი - ჰერცისა და მეორე - ფონ არდენესი, ყველაფერი ეს შემდეგ ბევრი მეცნიერულ-ტექნიკური მიმართულების ფუნდამენტად იქცა უკვე გაერთიანებულ ვეკუას სახელობის სოხუმის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტში.

წარმატებითი მუშაობა ბირთვული იზოტოპების განცალკევებაზე იქცა იმ ფუნდამენტად, რომელსაც უკვე სამოციან წლებში დაეფუძნა კარგად ცნობილი თბილისის სტაბილური იზოტოპების წარმოება, რომელიც მალე სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტად გადაკეთდა. ესეც სოხუმიდან მოდის. თავისი წარმოებით, თავისი მნიშვნელობით ეს ინსტიტუტი ერთადერთი იყო საბჭოთა კავშირში და, მგონი, ასეთად რჩება დღესაც ყოფილი კავშირის მთელ სივრცეში.

ასე შეიქმნა ეს დიდი სამეცნიერო სკოლა, სკოლა, რომლის ჩამოყალიბებასაც ორმოცდაათი წლის წინათ ჩაეყარა საფუძველი.

მე აღარ შევიჭრები თქვენს სფეროში და აღარ ვისაუბრებ იმ სპეციფიკურ საკითხებზე, რომლებიც მხოლოდ თქვენს კომპეტენციაში შედის. ერთს აღვნიშნავ მხოლოდ - ისევ ადამიანურ ფაქტორს:

სოხუმის ინსტიტუტის ჩამოყალიბებაში უდიდესი დამსახურება მიუძღვით არა მარტო დიდ მეცნიერებს, არამედ დიდ ორგანიზაციებსაც. მე მგონი, ჩვენ დღეს უნდა გავიხსენოთ ისინი - გენერალი ალექსანდრე კოჭლავაშვილი, რომელმაც დიდად შეუწყო ხელი მეცნიერთა წარმატებულ მუშაობას, ინსტიტუტის დირექტორები - ილია ქვარცხავა, ირაკლი გვერდწითელი, ნიკოლოზ ლეონტიევი, რომლებიც მარტო გამორჩეული ადმინისტრატორები კი არ იყვნენ, არამედ შესანიშნავი მეცნიერნი და სამაგალითო პედაგოგებიც. ისინი ხელმძღვანელობდნენ დიდ მეცნიერულ კოლექტივს, ხელს უწყობდნენ მუშაობასა და ცხოვრებაში მსოფლიო მნიშვნელობის მეცნიერებს, ისინი, უდავოდ, ღირსი იყვნენ მათი.

ეტყობა, სწორედ ამ ადამიანურმა ფაქტორმა განაპირობა ისიც, რომ ინსტიტუტს თამამად შეუძლია იამაყოს თავისი მეცნიერული და ტექნოლოგიური მიღწევებით. ისიც უნდა ითქვას, რომ მხოლოდ ამ ინსტიტუტში მუშავდებოდა და იქმნებოდა მთელი რიგი ურთულესი ხელსაწყოები.

ათწლეულების მანძილზე გასაიდუმლოებული ეგრეთ წოდებული „ობიექტები“, ხოლო შემდეგ ხალხისათვის ნაკლებად ცნობილი ინსტიტუტი, რომლის ბიუჯეტი ლამის უტოლდებოდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბიუჯეტს, იქცა მსოფლიო მნიშვნელობის სამეცნიერო ტექნოლოგიურ ცენტრად. აქ განხორციელდა ბევრი აღმოჩენა, მრავალი მნიშვნელოვანი გამოგონება, აქ შეიქმნა ბევრი უნიკალური ხელსაწყო. საერთაშორისო მასშტაბით მეტად მნიშვნელოვანი ბევრი რამ სწორედ აქ გაკეთდა პირველად. მსოფლიოს მეცნიერებმა იციან ეს, და თუ არ იციან, უნდა გავაგებინოთ, უნდა მივაწვდინოთ ხმა.

ეს იყო საერთაშორისო მასშტაბის ინსტიტუტი არა მარტო დღევანდელობის თვალსაზრისით. იგი თავისი პოტენციით მომავლისკენ მიმართული გახლავთ, ოცდამეერთე საუკუნისთვის შესაფერისი იდეებითა და შესაძლებლობებით.

ახლა ინსტიტუტი, რომელიც მთელი ორმოცდარვა წელიწადი სამაგალითოდ ემსახურებოდა მეცნიერების პროგრესს, თავის მთლიანობაში, თავის მეცნიერულ მასშტაბებში, ფაქტობრივად, აღარ არსებობს, რადგან სეპარატისტებმა ბარბაროსულად დაანგრიეს ინსტიტუტი, მეცნიერების ამ მრავალეროვნული კერიდან გარეკეს, განდევნეს ცნობილი ქართველი, რუსი, ებრაელი, სომეხი, აფხაზი თუ სხვა ეროვნების მეცნიერები.

ახლა იგი იქნებოდა დამოუკიდებელი საქართველო და თუ გნებავთ, იმავე აფხაზეთის სიძლიერისა და აყვავების ერთ-ერთი გარანტი, მაგრამ ძალამ, რომელიც უპირისპირდება გონებას, ლოგიკას, ტრადიციას, ისტორიას და მომავალს, დაანგრია ინსტიტუტი სოხუმში, რადგან გაწყდა ის მეცნიერული და ადამიანური კავშირები, ურომლისოდაც ამ ქვეყნად არაფერი არ არსებობს.

ნაწილი დევნილი მეცნიერებისა (მსოფლიო მეცნიერებამ უნდა იგრძნოს ამ სიტყვათშეთანხმების ტრაგიზმი) ახლა თბილისშია, სტაბილური იზოტოპების კვლევით ინსტიტუტში, ნაწილი - თბილისის უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში, ოღონდ თბილისში და არა სოხუმში, „კურჩატოვის ინსტიტუტში“ და რუსეთისა და უკრაინის სხვადასხვა დაწესებულებებში.

ასეთი ინსტიტუტის დაშლა, ასეთი მეცნიერების ლტოლვილებად ქცევა მარტო არაადამიანური მოვლენა კი არ არის, არამედ თავად ადამიანისთვის, მსოფლიოსათვის საშიში მოვლენაც, რადგან დევნილი მეცნიერები თავდაცვითი კომპლექსის ისეთ დაკვეთებზე მუშაობდნენ, რომელთაც მსოფლიო მასშტაბით დღესაც არ დაუკარგავთ აქტუალობა და მნიშვნელობა. სწორედ მსოფლიო მეცნიერების ინტერესებს წარმოადგენს ის, რომ გაჭირვებამ, უბინაობამ, უმუშევრობამ, დაუცველობამ და პიროვნულმა ტკივილმა ეს მეცნიერები სხვა ქვეყნებში არ წაიყვანოს და ინსტიტუტის დანგრევა მსოფლიოს მყიფე მშვიდობის დანგრევის სიმპტომად არ იქცეს.

და, მე მინდა ერთი კითხვა დავსვა, არა იმდენად ჩვენი საზოგადოებისათვის, რამდენადაც თქვენი კოლეგებისათვის სხვა ქვეყნებში. რატომ არ იცავენ კოლეგებს კოლეგები? რატომ შეეგუენ მსოფლიოს გამოჩენილი მეცნიერები იმ აზრს, რომ დაინგრა ამოდენა ინსტიტუტი, მეცნიერების ასეთი ცენტრი, რომ დევნილი აღმოჩნდა გამოჩენილი მოღვაწეების და მკვლევრების დიდი რაზმი. რა კეთდება პოლიტიკური მოგვარებისათვის, მოწესრიგებისათვის, კონფლიქტის პრობლემის

გადაწყვეტისათვის პოლიტიკური გზებით თუ სხვა გზებით, ეს ყველაფერი ცნობილია. მე დღეს მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მას შემდეგ, რაც მნიშვნელოვანი პროგრესი აღინიშნა შუა აღმოსავლეთის გაჭიანურებული კონფლიქტის - ებრაელთა და არაბთა კონფლიქტის მოგვარების საქმეში, მას შემდეგ, რაც გამოჩნდა სინათლე ბოსნიის კონფლიქტის მოწესრიგების საქმეში, ვფიქრობ, დადგა აფხაზეთის, საერთოდ, კავკასიის ჯერი. ყველაფერი მიდის იქითკენ, რომ პოლიტიკური გზებით და საშუალებებითაც, რომლებიც შეხამებული იქნება ალბათ ძალისმიერთანაც, ეს პრობლემა უნდა მოგვარდეს. მაგრამ მე კვლავ ვუბრუნდები საკითხს - რატომ არ იცავენ კოლეგებს კოლეგები მთელ მსოფლიოში, ვგულისხმობ მსოფლიოს მეცნიერებს.

რა იქნა, სად დაიკარგა ის სოლიდარობა, რომლითაც ყოველთვის ხასიათდებოდნენ მეცნიერები ყველა დროში, სოლიდარობა, რომელიც არ უშინდებოდა დიდი სახელმწიფოების დამთრგუნველ მექანიზმსაც კი.

განა ვერ დავრწმუნდით, რომ ადამიანთათვის უბედურების მოტანა ერთნაირად ძალუძთ მრავალრიცხოვან თუ მცირერიცხოვან ადამიანთმოძულეებს? სად არიან დიდი რუსი მეცნიერები? სად არიან „კურჩატოველები“ და სხვები, ისინი ხომ ერთად მუშაობდნენ, ერთად ქმნიდნენ, ერთად ასრულებდნენ უდიდესი მნიშვნელობის სახელმწიფო დავალებებს;

რატომ დუმან გერმანიის, ამერიკის შეერთებული შტატების მეცნიერები? ვინ - ვინ, და მათ ხომ იციან თავისი კოლეგების ფასი და მათი ღირსება.

მინდა შევთავაზო მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტს, ინსტიტუტის დირექტორს და გამოჩენილ მეცნიერებს, თუ თქვენ საჭიროდ მიიჩნევთ, მეც მოვაწერ ხელს, და ასეთი მიმართვა უნდა დაიგზავნოს მთელი მსოფლიოს ყველაზე გამოჩენილ ინსტიტუტებში, დარწმუნებული ვარ, რომ ისევე როგორც თავის დროზე ამ დარგის ყველაზე გამოჩენილმა მეცნიერებმა თქვეს თავიანთი გადამწყვეტი სიტყვა ბირთვული ომის საფრთხის შენელებისა და დღის წესრიგიდან მოხსნის საქმეში, ასევე ამ ინსტიტუტის გადარჩენისა და აფხაზეთში სამართლიანობის აღდგენის საქმეში სწორედ მცნიერებმა უნდა თქვან გადამწყვეტი სიტყვა მსოფლიო საზოგადოებრივი აზრის უკეთ მობილიზაციის თვალსაზრისით, ეს რეზერვი ჯერჯერობით გამოუყენებელია.

საქართველოს მთავრობა რაც შეუძლია ეხმარება ინსტიტუტს, მაგრამ ეს წვეთია ზღვაში. საკითხის პრინციპული გადაწყვეტა, ინსტიტუტის გადარჩენის გზა, ეს არის აფხაზეთის თავის ოჯახში, საქართველოში დაბრუნება, ინსტიტუტის დაბრუნება თავის ფუძეზე, იმ ქართველებისა და იმ დევნილების, ყველა ეროვნების მეცნიერებისა და თანამშრომლობის დაბრუნება აფხაზეთში, რომელთაც სხვაგან არ ეცხოვრებათ.

მე ვიცი, ინსტიტუტის მეცნიერებს ერთი სული აქვთ დაბრუნდნენ სოხუმში, ერთი სული აქვთ თავის დირექტორთან, აკადემიკოს რევაზ სალუქვაძესთან ერთად თავი მოიყარონ სოხუმში და მასთან ერთად ყველამ, ვისთვისაც საკაცობრიო იდეალები, მეცნიერული მიზნები და ადამიანთა შორის სიყვარული უპირველესია, საძირკვლიდან დაიწყონ იმ დიდი შენობის აგურ-აგურ აღდგენა, რომელსაც დღესაც სოხუმის ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტი ჰქვია.

მეც დარწმუნებული ვარ, ეს დღე მალე დადგება.

სწორედ ამ იმედით გილოცავთ თქვენი ინსტიტუტის დაარსების ორმოცდაათი წლისთავს და ამ იმედით ვულოცავ ინსტიტუტის თანამშრომლებს დამოუკიდებელი საქართველოს ჯილდოებით „ღირსების ორდენებით“ და „ღირსების მედლებით“ დაჯილდოებას.

გმადლობთ.

„სოხუმის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტი თავისი პოტენციით მომავლისაკენ მიმართული ინსტიტუტია, ოცდამეერთე საუკუნისათვის შესაფერისი იდეებითა და შესაძლებლობებით“ : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა, რომელიც წარმოთქვა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში 1995 წლის 30 ნოემბერს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 2 დეკემბერი. - 179(2095). - 1 გვ.

115 „სტრატეგიული კურსი კონტინენტის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში აქტიური ჩართვისა წარმატებით ხორციელდება და ეს ქვეყანას დიდ სიკეთეს უქადის“

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 4 დეკემბრის რადიოინტერვიუ

- როგორც ყოველთვის, ბოლო წლინახევრის განმავლობაში, ალბათ, ჩვენი დღევანდელი ინტერვიუც ეკონომიკის თემით უნდა დავიწყოთ: თუნდაც იმის გამო, რომ უკვე წელიწადი მთავრდება და მოდის ახალი წელი, იმის გამო, რომ სათქმელი და გასაანალიზებელი ძალიან ბევრია, იმის გამო, რომ დადგა ზამთარი, რომლისთვისაც მზადება ჩვენ კარგახანით ადრე დავიწყეთ, - მხედველობაში მაქვს რესპუბლიკის ენერგეტიკული მდგომარეობა... - ჟურნალისტ ნატო ონიანის ამ მიმართვის პასუხად საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ თავის ტრადიციულ რადიოინტერვიუში განაცხადა:

- მოხარული ვარ, განვაახლო საუბარი ეკონომიკის თემაზე, თუმცა, ბუნებრივია, რადიოინტერვიუში ეს ძალიან დიდ ადგილს ვერ დაიკავებს. მიუხედავად ამისა, აუცილებელია ყურადღების გამახვილება ზოგიერთ საკითხზე.

ქვეყნის ეკონომიკა გარდატეხის ეტაპზეა, თანმიმდევრულად, ყოველდღიურად და სისტემატურად უნდა ხორციელდებოდეს სამეურნეო და სოციალური განვითარების ის პროგრამა და გეზი, რომელსაც მხარი დაუჭირა საქართველოს მოსახლეობამ პრეზიდენტის არჩევნების დროს. კონსტიტუციის შესაბამისად ჩამოყალიბებული საპრეზიდენტო მმართველობის ძალისხმევის კონცენტრაციის მიზნით ამ პროგრამის საფუძველზე უნდა განისაზღვროს თითოეული უწყების, რეგიონის კონკრეტული სამოქმედო ამოცანები და მიჯნები, ამისათვის მოკლე დროში მომზადდება პრეზიდენტის სპეციალური ბრძანებულება, რომელიც ანტიკრიზისული, რეფორმატორული კურსის შესაბამისად ინდიკატური გეგმის მეშვეობით მაკრო და მიკროეკონომიკური პარამეტრებისა და მიმართულებების შემუშავებას მიეძღვნება. ამ საქმეში ჩვენ გვჭირდება მჭიდრო თანამშრომლობა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან, უწინარესად, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და მსოფლიო ბანკთან, რომელთა უაღრესად ავტორიტეტული მისია სტრუქტურული გარდაქმნების დაფინანსების, სამწლიანი პროგრამის შემუშავება-შეთანხმების საკითხებთან დაკავშირებით დღეს ჩამოდის საქართველოში. ჩემი აზრით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა.

რადიკალური რეფორმების გაგრძელების პროგრამა, ცხადია, დღევანდელი ეკონომიკური ვითარების გათვალისწინებით შემუშავდება. ეს ვითარება კი საერთოდ იმედისმომცემია. ზამთრის დასაწყისს საქართველოს ეკონომიკა ფინანსური სტაბილიზაციის მნიშვნელოვანი ტენდენციებით შეხვდა. ეროვნული ვალუტა - ლარი მკვიდრად ინარჩუნებს პოზიციებს, ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე მისი კურსი განვლილ კვირაში ამერიკულ დოლართან შეფარდებით 1,24-1,26-ის დონეზე დაფიქსირდა, საბანკო ვაჭრობის მოცულობამ კი 850 ათასი დოლარი შეადგინა.

საგადასახადო ინსპექციის წინასწარი შეფასებით, 11 თვეში საბიუჯეტო შემოსავალმა 179 მილიონ ლარს გადააჭარბა, მაშინ როცა პროგნოზით 167 მილიონი იყო გათვალისწინებული. გეგმა, უფრო სწორად, საკონტროლო ციფრი გადაჭარბებულია 12 მილიონი ლარით, ანუ 7 პროცენტით. აქედან ის დასკვნა უნდა გამოვიტანოთ, რომ ნელ-ნელა, მაგრამ, მაინც ვსწავლობთ მუშაობას.

ყოველთვიურად მცირდება წარმოების დაქვეითების ტემპი. თუ ეს მაჩვენებელი პირველ კვარტალში წინა წლებთან შედარებით შეადგენდა 24 პროცენტს, ექვს თვეში -31-ს, 9 თვეში - 18-ს, 10 თვეში შედეგების მიხედვით იგი 17 პროცენტს შეადგენს. ეს უკვე უკეთესობის ტენდენციაა. თუმცა ეს საბოლოო მონაცემი არ არის, პროცენტი შეიძლება სხვა იყოს, მაგრამ მაინც მინდა აღვნიშნო, რომ ტენდენცია გამოკვეთილია. ნოემბრის მონაცემები კიდევ უფრო იმედისმომცემია. ნოემბერში უკვე საქმე გვაქვს სამრეწველო პროდუქციის წარმოების ზრდასთან 8-10 პროცენტის ფარგლებში. ვიმეორებ, ეს წინასწარი მონაცემებია. ვფიქრობ, დეკემბერი კიდევ უფრო შთამბეჭდავი უნდა იყოს, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ შარშან დეკემბერში მრეწველობა პრაქტიკულად არ მუშაობდა. ამ ტენდენციების შენარჩუნება-განმტკიცებისათვის უკვე ძალაში შესული ზამთრის პირობებში, რა თქმა უნდა, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ენერგეტიკული სისტემის სტაბილურ მუშაობას. მრავალი სირთულის მიუხედავად, წლეულს სისტემა გაცილებით უკეთ მოემზადა ზამთრის სეზონისათვის. ალბათ, გახსოვთ, რა ღონისძიებები დაგვჭირდა ამასთან დაკავშირებით, მაგრამ მე მაინც გამოვყოფდი საქენერგოს ხელმძღვანელობისა და მთელი კოლექტივის ძალიან დიდ წვლილს ამ საქმეში. აღდგენილია სიმძლავრეები, მათ შორის თბილისის სახელმწიფო რაიონული ელექტროსადგურის მე-9 ბლოკი (ეს ბლოკი პოპულარული გახდა, თითქმის ყველა ოჯახმა იცის), რომლის ოფიციალური გახსნა გაიმართება. თუმცა მთავარი ელემენტები ამუშავებულია, ქვაბი დანთებულია და ასე შემდეგ, მაინც მიმაჩნია, რომ სისტემაში ჩართვა უნდა აღინიშნოს. აღდგენილია მაღალი ძაბვის ხაზი „კავკასიონი“ რუსეთის ენერგეტიკოსების სასწაულებრივი დახმარებით. მინდა მივმართო მესტიის რაიონის მოსახლეობას, რომელმაც დიდი როლი შეასრულა ამ სამუშაოებში, იმედი მაქვს, რომ ისინი გაუფრთხილდებიან და აღარ დაუშვებენ იმას, რაც წინათ მოხდა.

სახელმწიფოს ხელშეწყობით კომერციულმა სტრუქტურამ - სააქციო საზოგადოება „ენერგომ“ (ამ ორგანიზაციაზე უფრო ზუსტი წარმოდგენა უნდა შეექმნას ჩვენს მოსახლეობას, ალბათ, მის ხელმძღვანელობას ტრიბუნა უნდა დავუთმოთ) პირველი დეკემბრიდან დაიწყო კომერციულ საწყისებზე აირის მოწოდება. ამასთან, ცხადია, საქენერგოს ჯერ კიდევ ძალზე უჭირს, განსაკუთრებით რთულია, მისი ფინანსური მდგომარეობა. მომხმარებლებს გადასახდელი აქვთ 93 მილიონამდე ლარი (წარმოიდგინეთ, როგორ უნდა იმუშაოს სისტემამ, როცა ასეთი მდგომარეობაა). შემთხვევითი როდია, რომ პრეზიდენტის ნომერ პირველი ბრძანებულებაც სწორედ ამ პრობლემის გადაწყვეტას მიეძღვნა. ბრძანებულებით ენერგეტიკაში საგანგებო ღონისძიებათა განხორციელებისათვის პირადი პასუხისმგებლობა ეკისრებათ სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელობას, ქალაქების მერებს, რაიონებს გამგეობათა თავმჯდომარეებს. ელექტროენერგიის საფასურის გადახდის საკითხების მოგვარებაში მასშტაბურად უნდა ჩაებნენ, და, პრაქტიკულად, ჩაბმულიც არიან კონტროლის პალატა, პროკურატურა, ყველა სხვა სახელმწიფოებრივი სტრუქტურა. ამ პრობლემის მოგვარება ზამთარში წარმოების შეუფერხებელი ენერგომომარაგებისა და მოსახლეობის მომარაგების აუცილებელი პირობაა. მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ საწარმოებიდან, რომლებსაც სერიოზული შეღავათი გაეწიათ ენერგოდავალიანების გადავადებით, უკვე მიღებულია შედეგები ეკონომიკის განვითარების სფეროში.

ამასთანავე, მინდა აღვნიშნო ძალიან სასიხარულო ძვრები საქართველოს რკინიგზაზე. მოწესრიგდა მოძრაობა, რკინიგზას გაუჩნდა საკუთარი საბრუნავი სახსრები, ყოველდღიური შემოსავალი 250 ათას ლარს აღემატება, გამართულად მუშაობს როგორც სატვირთო, ასევე სამგზავრო მატარებლები. წინათ, თქვენ იცით, დროსა და გრაფიკზე საერთოდ აღარ იყო ლაპარაკი. ახლა ჩვენ მივესალმებით იმას, რომ გრაფიკები დაცულია და ტვირთზიდვა და მგზავრთა გადაყვანა დანიშნული დროის ფარგლებში ხდება. ეს არის საქმის მოწესრიგების პირველი შედეგები, აქ რაიმე სერიოზულ კაპიტალურ დანახარჯებსა და დაბანდებებზე ლაპარაკი არა გვაქვს. ეს იმაზე მიუთითებს, რომ საქართველოს რკინიგზას მართლაც გრანდიოზული პერსპექტივები აქვს. წუხელ გვიან შევხვდი ახალ ხელმძღვანელს, ვისაუბრეთ, მოვისმინე მისი პირველი ანგარიში, როგორც იგი ვარაუდობს, ჩვენ მაისისათვის შეიძლება უკვე 9 მილიონი ტონა ტვირთი გავატაროთ. ეს უზარმაზარი შემოსავალია როგორც რკინიგზისათვის, ასევე ქვეყნისთვისაც. ჩვენ ახლა უკვე 3 მილიონის დონეს ვაღწევთ, მაშინ, როცა სულ რაღაც თვე-ნახევრის - ორი თვის წინათ 300-400 ათასის დონეზე ვიყავით. აღდგენილია და საექსპლუატაციოდ გადაეცა ნატანების ხიდი - უაღრესად მნიშვნელოვანი ობიექტი, და სხვა მრავალი. მე რკინიგზას და ენერგეტიკას ერთმანეთისგან არ გამოვყოფ, ორივე საარსებო მნიშვნელობის დარგებია.

საპრეზიდენტო პროგრამის რეალიზაციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება 1996 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის წარმატებით ფორმირებას, ბიუჯეტში რეფორმატორული კურსის ასახვა-გაგრძელებას. საქართველოს კონსტიტუციის საფუძველზე უნდა დაჩქარდეს მუშაობა საბიუჯეტო სისტემის მოწყობის ახალი საკანონმდებლო აქტების ფორმირებისათვის. მომავალი წლის ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტში გათვალისწინებული უნდა იყოს მთელი რიგი მუხლები, რომლებიც არეგულირებენ საბიუჯეტო სისტემისა და უფლების შესახებ ახალი კანონის საბიუჯეტო მოწყობის საკთხებს. სახელმწიფო არასაბიუჯეტო ფონდებმა სახელმწიფო ცენტრალურ ბიუჯეტთან ერთად უნდა შეადგინონ სახელმწიფოს კონსოლიდირებული ცენტრალური ბიუჯეტი. ჩვენ მომავალში ბიუჯეტს გაცილებით ადრე დავამტკიცებთ. ახლა ამის გამო, რომ პარლამენტი არ იყო და პარლამენტს ჯერ კიდევ არ შეუძლია ბიუჯეტის განხილვა, ეს ცოტა მოგვიანებით მოხდება, რაც საშუალებას აძლევს ფინანსთა სამინისტროს და ყველა დაინტერესებულ ორგანიზაციას უფრო კარგად შედგენილი და შეჯერებული ბიუჯეტი წარმოადგინონ.

საპასუხისმგებლოა მოქმედ საბიუჯეტო სისტემაში მოსალოდნელი ცვლილებები, მაგალითად, ქვეყნის სამხარეო სტრუქტურებთან დაკავშირებით, კერძოდ, პრეზიდენტის რწმუნებულის, ანდა სხვაგვარად შეიძლება ითქვას, სამხარეო ფონდის, როგორც ახალი ფინანსური ინსტიტუტის შექმნის იდეა, რომელიც უნდა გახდეს სამხარეო ბიუჯეტის ჩამოყალიბების წინამორბედი, თუკი ბიუჯეტზე ვილაპარაკებთ, თუ არადა, შეიძლება იყოს სამხარეო ფონდი იმ აუცილებელი, გადაუდებელი ღონისძიებებისათვის, რომლებიც საერთოდ მხარისათვის არის დამახასიათებელი. ასეთი განწყობილება არის კახეთში, სამცხე-ჯავახეთსა და ზოგიერთ სხვა რეგიონშიც, ვფიქრობ, უნდა დავიწყოთ ფონდით.

მომავალი წლის ბიუჯეტის ფორმირების ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა - მასში საკუთარი შემოსავლის წილის არსებითი გადიდებაა. ეს უნდა იყოს მთელი ქვეყნის მთავარი საზრუნავი და ეს უნდა მოხდეს არა გადასახადების გადიდებით, არამედ ძირითადად წარმოების მატების საფუძველზე. ჩვენ გუშინ საკმაოდ ხანგრძლივი საუბარი გვქონდა ყველა დარგის ხელმძღვანელებთან იმის თაობაზე, რომ საგადასახადო სისტემას სერიოზული კორექტირება სჭირდება. როგორც უკვე ვთქვი ჩემს საპროგრამო გამოსვლაში, უნდა შეიქმნას ისეთი სისტემა, რომელიც სტიმულს მისცემს წარმოების, მეწარმეობის განვითარებას, პროდუქციის წარმოებას. სწორედ ასეთი სისტემა უნდა შეიქმნას. ასე რომ, ბიუჯეტის საკუთარი შემოსავლის გაზრდა არ იქნება დამოკიდებული გადასახადების გადიდებაზე, უფრო სწორად, გადიდება არ იქნება მისი წყარო, პირიქით, ეს პროცესი ქვეყანაში საკმაოდ სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. მხედველობაში მაქვს საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა, რომლის ერთ-ერთი ცენტრალური და მთავარი კომპონენტი პრივატიზაციის პროცესი გახლავთ. სწორედ დღეისათვის (შეიძლება ეს მსმენელისათვის საინტერესო იყოს) მცირე პრივატიზაციის პროგრამით გათვალისწინებული 7.500 ობიექტიდან პრივატიზებულია 6.100 ანუ 82 პროცენტი, დაფუძნებულია 840 სააქციო საზოგადოება, გაიმართა 20 საბარათო აუქციონი, რომელზეც საპრივატიზაციოდ გამოტანილი იყო 600-ზე მეტი სააქციო საზოგადოების აქციათა 35 პროცენტი, და კიდევ, საინტერესო ციფრი: 3 მილიონზე მეტმა მოქალაქემ მიიღო საპრივატიზაციო ბარათი. აქედან ერთ მილიონამდე, ანუ მესამედი, უკვე გამოყენებულია. ზოგიერთები ელოდებიან და სავსებით სწორედ იქცევიან, რომ ელოდებიან, ვფიქრობ, ისინი არ წააგებენ. ახლა მთავარია ახლად ჩამოყალიბებულ მეწარმეთა ფენას ფუნქციონირების ხელსაყრელი პირობები შეექმნას. საგადასახადო სისტემის სრულყოფასთან ერთად ამ მიზნით მეტი ყურადღება უნდა დავუთმოთ საინვესტიციო პროგრამების რეალიზაციას. ამან კი, საბოლოო ანგარიშით, უნდა შეავსოს ბიუჯეტი და შექმნას მოსახლეობის კეთილდღეობის დონის ამაღლების პირობები, კიდევ ერთი საკითხი ძალიან ზოგადად; საგანგებო ღონისძიებები უნდა განხორციელდეს სოფლის მეურნეობასა და მთელ აგროსამრეწველო კომპლექსში. საჭირო იქნება მნიშვნელოვანი სტრუქტურული ცვლილებებლი, გარდაქმნები, სოფელს, გადამამუშავებელ მრეწველობას, სურსათით ქვეყნის უზრუნველყოფის სფეროს ერთი ხელი უნდა მართავდეს. დასაჩქარებელია თვისებრივი გარდაქმნები მთელ ამ უზარმაზარ სფეროში. მთელი ჩვენი ეკონომიკური და სამეურნეო ცხოვრება, აგრეთვე სახელმწიფოებრივი მშენებლობა დიდად იქნება დამოკიდებული აღმასრულებელი ხელისუფლების ახალ სტრუქტურაზე, რომელიც მაქსიმალურად რაციონალური, არაძვირადღირებული და მაღალეფექტიანი უნდა იყოს, უნდა ველოდოთ ძალიან მნიშვნელოვან სტრუქტურულ ცვლილებებს. უნდა იყოს სრულიად ახალი ხელისუფლება, მხედველობაში მაქვს სტრუქტურების თვალსაზრისით.

გუშინ ჩვენ თითქმის დავამთავრეთ მუშაობა, დღეს, ალბათ, გარკვეული კორექტივები იქნება შეტანილი და მთელი ამ მუშაობის დამთავრების შემდეგ, უახლოეს დღეებში, ასეთი პროექტი აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურების შესახებ წარედგინება პარლამენტს, შემდეგ კი მოხდება პერსონალური განლაგება.

- გასულ კვირას საქართველოს ეწვია ევროკავშირის დელეგაცია ბატონ ფოტიანიდისის მეთაურობით. შეიძლება თუ არა ითქვას, რომ საქართველო კვლავ აღრმავებს ეკონომიკურ ურთიერთობას ევროსტრუქტურებთან და არა მარტო ეკონომიკურს, თავისთავად, ეს პოლიტიკური საკითხიც არის...

- ევროკავშირის დელეგაციასთან შეხვედრა, მე მგონია, სამი თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი. ჯერ ერთი: პრაქტიკულად მოვილაპარაკეთ და დოკუმენტებიც გავაფორმეთ საქართველოს 160 ათასი ტონა ხორბლის გამოყოფასთან დაკავშირებით. როგორ იქნება ეს ხორბალი გამოყენებული, ეს ტექნოლოგიაც დავამუშავეთ. მეორე: განვიხილეთ საქართველოსა და ევროკავშირის საპარტნიორო ურთიერთობის ხელშეკრულების პროექტზე მუშაობის მიმდინარეობა. ეს ძალიან დიდი ხელშეკრულება იქნება. როგორც ადრე ვთქვი, იგი არის მრავალმხრივი და ძალზე პერსპექტიული ხელშეკრულება, რომელიც ფართოდ უღებს კარს ჩვენს ქვეყანას ევროპულ პროცესებში ჩართვისათვის. უწინარესად, ეკონომიკაში ინტეგრირების გზას გვიხსნის. ამ ხელშეკრულებას მომავალი წლის დასაწყისში მოვაწერთ ხელს ბრიუსელში და ეს ძალიან დიდი მოვლენა იქნება ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში. მესამე პროექტი კი - ეს არის ევროკავშირის გაზრდილი ინტერესი ევრაზიის დერეფნის განვითარების საკითხისადმი. იგი წითელ ზოლად გასდევდა ჩვენი მოლაპარაკების პროცესს. ამ თვალსაზრისით საქართველო სულ უფრო საინტერესო და საჭირო პარტნიორის ფუნქციას იძენს ევროპისათვის. ერთი სიტყვით, აღებული სტრატეგიული კურსი, ხაზს ვუსვამ, კონტინენტის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში აქტიური ჩართვის სტრატეგიული კურსი, წარმატებით ხორციელდება და ეს ქვეყანას დიდ სიკეთეს მოუტანს.

ამას წინათ სატელევიზიო პროგრამა და მისი ერთი პერსონაჟი გვიამბობდა, რომ სახელმწიფოს მეთაურის ტაქტიკაზე წარმოდგენა კი აქვს, მაგრამ სტრატეგიაზე წარმოდგენა არ გააჩნიაო. მე ერთი მაგალითი მოვიყვანე იმისა, რომ ჩვენი ერთ-ერთი სტრატეგიული კურსი სწორედ ევროპულ ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ სტრუქტურებთან ინტეგრირება იყო, ისევე როგორც, სხვა ქვეყნებთან - დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში ინტეგრირება და სხვ. ამ სტრატეგიული კურსის ერთ-ერთი ელემენტი იქნება ის, რომ ჩვენ ხელს მოვაწერთ ხელშეკრულებას, რომელზეც აგერ უკვე თითქმის სამი წელიწადია მუშაობს საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან ერთად. ასე რომ, არის სტრატეგიული კურსი, ხელისუფლებას აქვს წარმოდგენა რა არის სტრატეგია და რა არის ტაქტიკა.

- ისევ ეკონომიკის სფეროდან. გასულ კვირას ახალციხეში საბაჟო-გამტარი პუნქტი ამუშავდა. გვახსოვს, 31 ივლისს რა ზეიმით გაიხსნა იგი, როგორ მიესალმა ამ ფაქტს ორივე ქვეყნის - თურქეთისა და საქართველოს ხელმძღვანელობა. მაშინ ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა თქვა, ასეთი სრული და დიდი შემადგენლობით თურქეთის ხელისუფლება ჯერ არც ერთ ქვეყანაში არ ჩასულაო. იქ იყვნენ ბატონი დემირელი, პრემიერი ჩილერი, მინისტრები...

- ცნობილია, თუ რა როლს ასრულებს სარფის გადასასვლელი, არა მარტო თურქეთისა და საქართველოს ურთიერთობის თვალსაზრისით, არამედ მრავალ სხვა ქვეყანასთან, მათ შორის ევროპისა და აზიის ქვეყნებთან ჩვენი ეკონომიკური და სხვა კავშირურთიერთობის განვითარებისათვის. საქართველოს სატრანსპორტო სახელმწიფოდ გადაქცევაში ამ მაგისტრალმა მართლაც დიდი როლი შეასრულა და კვლავაც შეასრულებს. ამ მაგისტრალის ამოქმედებაში უდიდესია აჭარისა და მისი ხელმძღვალენის ასლან აბაშიძის როლი. ახლა თავისი ინფრასტრუქტურით იგი ერთ-ერთი სანიმუშო მაგისტრალია მთელ რეგიონში არა მარტო საქართველოსა და კავკასიის მასშტაბით. ბუნებრივია, საგრძნობია შემოსავალი როგორც ქვეყნის, ასევე აჭარის ბიუჯეტშიც.

ასეთივე პერსპექტივა აქვს ახალციხის მარშრუტს და, სხვათა შორის, აქ არავითარი კონკურენცია არ არის, იმდენი ტვირთია გასატარებელი, იმდენი ტვირთია მოზღვავებული ევროპიდან აზიისაკენ და აზიიდან ევროპისაკენ, რომ კიდევ რამდენიმე გადასასვლელი რომ იყოს, ისიც საჭირო იქნება. იმაზე, თუ რა მნიშვნელობას ანიჭებენ თურქეთი და საქართველო ამ სატრანზიტო მაგისტრალს, ისიც მეტყველებს, რომ მის გახსნაში, როგორც აღნიშნეთ, მონაწილეობდნენ თურქეთის პრეზიდენტი ბატონი სულეიმან დემირელი და პრემიერ-მინისტრი, ქალბატონი თანსუ ჩილერი, თურქეთის სხვა ხელმძღვანელები. სწორედ ამ ცერემონიასთან დაკავშირებით გაიმართა ორი სახელმწიფოს ხელმძღვანელთა უმაღლესი დონის შეხვედრა ბორჯომში, ლიკანის სასახლეში. ამ ტრასას ძალიან დიდი მომავალი აქვს. მართალია ზამთრის განმავლობაში მოძრაობა, ალბათ, შეზღუდული იქნება, მაგრამ სამაგიეროდ, გაზაფხულის სეზონისათვის ჩვენ მზად ვიქნებით არ შევაფერხოთ, დაუბრკოლებლად გავატაროთ მგზავრები და ასიათასობით ტონა ტვირთი, მომავალში კი შეიძლება მილიონობით ტონაც რუსეთის, ცენტრალური აზიის, აზერბაიჯანის, სომხეთის, ირანისა და სხვა სახელმწიფოთა მიმართულებით. რა თქმა უნდა, ეს ქვეყანას მილიონობით დოლარ შემოსავალს მოუტანს.

აქვე მინდა აღვნიშნო სამხარეო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული საგანგებო ღონისძიებანი იმისათვის, რომ ეს დამთავრებულიყო, მინდა აღვნიშნო ჩვენი საბაჟო სამსახურის, ასევე ჩვენი საგზაო დეპარტამენტის მოდნომებული მუშაობა. იყო ერთგვარი სიძნელეები მესაზღვრეებთან დაკავშირებით და მესაზღვრეების ხელმძღვანელობამ, ბატონმა ჩხეიძემ ყველა ეს საკითხი რუს კოლეგებთან ერთად მოაგვარა და ახლა უკვე შეგვიძლია ვილაპარაკოთ იმაზე, რომ მაგისტრალი იმუშავებს.

- განვლილ კვირას, საქართველოს ახლად არჩეულმა პარლამენტმა განაახლა მუშაობა.. რეგლამენტში შეტანილია ცვლილებები. აირჩიეს უმრავლესობის ფრაქციის ხელმძღვანელი, ჩამოყალიბდა 14 კომიტეტი. როგორ შეაფასებდით ახლად არჩეული პარლამენტის საქმიანობას, პარლამენტისა რომლის შესახებაც იყო ისეთი პროგნოზებიც, რომ იგი ნაკლებად საინტერესო იქნება, რადგან არ არის გარკვეულად წარმოდგენილი მთელი პოლიტიკური სპექტრი...

- ალბათ, პარლამენტის მუშაობის შეფასება იმდენად, ჩვენი ფუნქცია არ არის, მაგრამ მაინც მინდა გამოვხატო ჩემი დამოკიდებულება და გამოვთქვა დიდი კმაყოფილება იმ სტარტის გამო, რომელიც პარლამენტმა აიღო. პირველი სხდომების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ახალ საკანონმდებლო ორგანოში მკვიდრდება საქმიანი და შემოქმედებითი ატმოსფერო და პარლამენტართა ახალი კორპუსის უმთავრესი საზრუნავი, როგორც თქვა თავის საპროგრამო გამოსვლაში პარლამენტის თავმჯდომარემ ბატონმა ზურაბ ჟვანიამ, იქნება სახელმწიფოებრივი აღმშენებლობა და ამ ურთულესი პროცესის სამართლებრივი ბაზის შექმნა. მე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ პირველი სხდომების ფონზე ქვეყანამ, თუ ეს გადაჭარბებული არ არის, შვებით ამოისუნთქა. ამის საფუძველი ნამდვილად არსებობს: ვფიქრობ, რომ ჩვენ ღირსეული პარლამენტი ავირჩიეთ.

„სტრატეგიული კურსი კონტინენტის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში აქტიური ჩართვისა წარმატებით ხორციელდება და ეს ქვეყანას დიდ სიკეთეს უქადის“ / შევარდნაძე ედუარდ ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 5 დეკემბერი. - 180 (2096). - 1,2 გვ.

116 მოვალეობის კაცი

▲ზევით დაბრუნება


იუბილე

ბატონო ალექსანდრე,

ხელს ვაწერ რა ბრძანებულებას თქვენი „ღირსების ორდენით“ დაჯილდოებაზე, ერთხელ კიდევ ვადასტურებ თქვენდამი უღრმეს პატივისცემას. თქვენ დიდი წვლილი შეგაქვთ ჩვენი მშობლიური აჭარის აყვავებისათვის გამიზნულ ყველა ღონისძიებაში, ერთიანი და განუყოფელი საქართველოსათვის საშვილიშვილო ბრძოლაში.

მადლობა ყველაფრისათვის.

ღრმა პატივისცემით,
თქვენი
ედუარდ შევარდნაძე.

მოვალეობის კაცი / ედუარდ შევარდნაძე ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 8 დეკემბერი. - 183(2099). - 3 გვ.

117 „ახალმა სტრუქტურამ სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის ტემპი უნდა გააძლიეროს და ქვეყანაში საბოლოოდ დაამკვიდროს სტაბილურობა, აღმშენებლობისა და შემოქმედების ატმოსფერო“

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 11 დეკემბრის რადიოინტერვიუ

- საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ თავისი ტრადიციული რადიოინტერვიუ, რომელსაც ჟურნალისტი ნატო ონიანი უძღვებოდა, გასული ეკონომიკური კვირის ანალიზით დაიწყო.

- წინა ორშაბათს იყო საუბარი ენერგეტიკული ვითარების მოწესრიგების პრობლემებსა და პერსპექტივებზე, რასაც, შესაძლებელია, ახალი მთავრობის ერთ-ერთი სხდომა მიეძღვნას, რა თქმა უნდა, როცა ფორმირება დამთავრდება. ამასთან, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ყველაზე მწვავე პრობლემის გადასაწყვეტად, რომელიც ახლა ენერგეტიკაში გვაქვს, მაინც მთავარი ამოცანა იქნება თბილისის სახელმწიფო რაიონულ ელექტროსადგურში მეცხრე ბლოკის კაპიტალური შეკეთების, აღდგენის, პრაქტიკულად, ახალი ბლოკის მშენებლობის სამუშაოების დამთავრება. ვიმეორებ, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება. ეს მუშაობა ახლა გადამწყვეტ ფაზაშია. როგორც ჩვენმა მოსახლეობამ უკვე იცის, ჩვენი მასშტაბისათვის მთელი ამ გიგანტური ამოცანის გადაწყვეტა მიმდინარეობს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დახმარებით, მათ მიერ გამოყოფილი სახსრებით, როგორც იცით, ამ სამუშაოს ასრულებს მსოფლიოში სახელგანთქმული ფირმა „სიმენსი“. როგორც გერმანელი სპეციალისტების შესაძლებლობები, ისე, ჩვენი საკუთარი რეზერვები და რესურსები მობილიზებულია. გუშინ, როგორც გვიან საღამოს მომახსენა ბატონმა ზუბიტაშვილმა, ქვაბი აინთო და, ვფიქრობ, დღეს ან ხვალ ლაპარაკი იქნება ამ ბლოკის სრული სიმძლავრით ამოქმედებაზე, რამაც უნდა შეამსუბუქოს მდგომარეობა. ამას ემატება სხვა ბლოკებიც, რომლებიც უკვე შეკეთებულია. საგანგებო ღონისძიებები ხორციელდება ენგურჰესზე. როგორც ჩვენ ვვარაუდობთ, 15-20 დეკემბრიდან ვითარება გაცილებით უკეთესი უნდა იყოს, ყოველ შემთხვევაში, გრაფიკები უნდა დავიცვათ. ასეთია ჩემი კატეგორიული მოთხოვნა, რომელიც ამ სამსახურს წავუყენე.

ახლა, რამდენიმე სიტყვა მრეწველობასთან დაკავშირებით, უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე წლის განვლილ 11 თვეში მრეწველობის ზრდის ტემპი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 115 პროცენტს შეადგენს. რა თქმა უნდა, შარშან რომ ნორმალურ დონეზე გვემუშავა, ეს იქნებოდა ძალიან დიდი მაჩვენებელი, დიდი ზრდა. მაგრამ, იცით, რომ შარშან ძალიან რთულ პირობებში ვმუშაობდით, პრაქტიკულად, დეკემბერში მრეწველობა არ ფუნქციონირებდა. მაგრამ, თავისთავად, ეს შედეგი - 115 პროცენტი, რა თქმა უნდა, ტენდენციებს მოწმობს, მით უმეტეს, რომ მრეწველობის ცალკეულ დარგებში კიდევ უფრო ხელშესახები შედეგები გვაქვს. კერძოდ, მანქანათმშენებლობის პროდუქცია ორჯერ და მეტად არის გადიდებული, ხელსაწყოთმშენებლობისა - თითქმის სამჯერ, კვების მრეწველობის მანქანათმშენებლობაში - თითქმის ოთხჯერ, ეგრეთ წოდებულ თავდაცვის მშენებლობაში - თითქმის ცხრაჯერ (ძირითადად ლაპარაკი არ არის თავდაცვის პროდუქციაზე, არამედ იმ პროდუქციაზე, რომელსაც ეს დარგები ქმნიან სამოქალაქო მოთხოვნილებებისათვის). ცხადია, ასეთი სწრაფი ტემპი, როგორც აღვნიშნე, გასული წლის დაბალი ბაზითაა განპირობებული, მაგრამ მთავარი მაინც ეს ტენდენციაა.

ამ ტენდენციის განსამტკიცებლად გაწეულია შესაბამისი მუშაობა. გასულ კვირას ხელი მოეწერა სამთავრობო შეთანხმებებს რუსეთისა და ყაზახეთის სტრუქტურებთან სამრეწველო პროდუქციის ურთიერთმიწოდების შესახებ. მარტო ყაზახეთისათვის გათვალისწინებულია 13 დასახელების ნაწარმის მიწოდება. ეს არის ავტომობილები, კოშკურა-ამწეები და სხვა. ხოლო საქართველოს ქიმიური მრეწველობის ამოქმედებისათვის რუსეთის ფედერაციამ ვალდებულება იკისრა მოგვაწოდოს 27 დასახელების მასალები და ნედლეული. ეს მიმართულება - ძველი კავშირურთიერთობის აღდგენისა და ახალი კავშირის დამყარებისა - უკვე შედის ძალაში და მოქმედებს. ბუნებრივია, ეს გამოიწვევს მრეწველობის თითქმის ყველა დარგის, გამოცოცხლებას. გორის ბამბეულის საწარმოს „ლაინს“ ხელშეკრულებები აქვს გაფორმებული, აზერბაიჯანისა და რუსეთის საწარმოებთან მათ მიერ მოწოდებული ნართისაგან ქსოვილების დასამზადებლად. ეს ძალიან დიდი საწარმო ახლა მუშაობს და მისი მთავარი ამოცანაა ახალი წლიდან იზრუნოს ბაზაზე. მნიშვნელოვანია თბილისსა და რუსთავში სააქციო საზოგადოებების მიერ საყოფაცხოვრებო დანიშნულების გაზის ბალონების წარმოების ათვისება, რომლისთვისაც საავიაციო გაერთიანება გამოუშვებს სარქველებს, ხოლო თბილისის გაზის აპარატურის ქარხანა აითვისებს ორსანთურიან კომბინირებულ ელექტროსარგებლობის და გაზის გამოყენების ქურებისა და წყლის გამაცხელებლების სერიულ წარმოებას.

ამავე დროს, ცხადია, მრეწველობა ჯერ კიდევ შორს არის მისი შესაძლებლობების სრულად გამოყენებისაგან. კერძოდ, დღეს საქართველოში ძალზე მწვავედ დგას სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფის პრობლემა. რა თქმა უნდა, მალე უნდა გამოიძებნოს ქვეყნის ფარგლებს გარეთ სპეციალიზებული საწარმოებიდან მათი შემოზიდვის გზები და საშუალებები. ამასთან, აუცილებელია ვიზრუნოთ, რათა ჩვენი სიმძლავრეები ამ პრობლემის გადაწყვეტაში მონაწილეობდეს. ამის საშუალება აქვთ თითქმის ყველა საწარმოს. ვფიქრობ, მათი დატვირთვის ერთ-ერთი გზა ესეც უნდა იყოს.

სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით, საწვავითა და სხვა რესურსებით უზრუნველყოფაში არსებული სიძნელეების მიუხედავად, ოპერატიული მონაცემების თანახმად, 1 დეკემბრისათვის ქვეყანაში მოხნულია 140 ათასი ჰექტარი. აქედან საშემოდგომო თავთავიანი კულტურები დაითესა 110 ათას ჰექტარზე, რაც შარშანდელზე 15-20 ათასი ჰექტარით მეტია. სოფლად ამჟამად განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს ისეთი საკითხების მოგვარებას, როგორიცაა პირუტყვის გამოზამთრება. მიმაჩნია, რომ რაიონების გამგეობებმა, სამხარეო ადმინისტრაციებმა მოსახლეობას ყოველგვარი დახმარება უნდა აღმოუჩინონ.

განვლილი კვირის შედეგების მიმოხილვისას, ისევე როგორც მთელ წინა პერიოდში, სერიოზული ყურადღება უნდა დაეთმოს ვითარებას საფინანსო და ფულად-საკრედიტო სისტემაში. ამ პერიოდში თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე ლარის კურსმა დოლარის მიმართ 1,26-დან 1,25-მდე დაიწია. დოლარზე საბირჟო გარიგებათა მოცულობამ ნახევარ მილიონს გადააჭარბა.

საგადასახადო ინსპექციის მონაცემებით, 11 თვეში აკრეფილი შემოსავლები შარშანდელ მაჩვენებელს ოთხჯერ და მეტად აღემატება, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ტენდენციაა. ნოემბერში შემოსავლები (ლაპარაკია 20 მილიონ ლარზე) ოქტომბრის დონეზე 19 პროცენტით მეტია. წლის დამდეგიდან შემოწმებულია 8 ათასამდე ორგანიზაცია, რომელთაც საგადასახადო დისციპლინის ამა თუ იმ ფორმით დაუცველობის გამო, დამატებით დაერიცხათ 45 მილიონი ლარი. სანქციებისა და საურავების სახით მიღებულია 16 მილიონი ლარი.

ერთხელ კიდევ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო. მიმდინარეობს საგადასახადო ინსპექციის შემდგომი სრულყოფის პროცესი და ეს თითქმის გამუდმებულ ხასიათს იღებს. ამ სფეროს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ ადგილობრივი ორგანოები, გამგეობები, მერიები. მივესალმები იმას, რომ ჩვენი სამხარეო ადმინისტრაციები, რწმუნებულები ახლა გაცილებით მეტ ყურადღებას უთმობენ საგადასახადო სისტემის სრულყოფას.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ხორბლისა და ფქვილის რეალიზაციის შედეგად ბიუჯეტში მიმდინარე წელს ჩარიცხულია 58 მილიონი ლარი, ხოლო საგადასახადო ინსპექციის მონაცემებით, ბიუჯეტისათვის გადარიცხულია 62 მილიონი.

წარმოდგენა რომ გვქონდეს საერთაშორისო დახმარების მასშტაბებზე და იმაზე, თუ რას ნიშნავს საქართველოსათვის საერთაშორისო დახმარება, საკმარისია ითქვას, რომ 8 დეკემბრისათვის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან გაწეულმა ხარჯებმა 275 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 156 მილიონი ლარი საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის კრედიტებით იფარება. ამიტომაც, დიდია მნიშვნელობა იმ დელეგაციებისა, რომლებიც ჩამოდიან, და რომლებიც ამჟამად იმყოფებიან საქართველოში - სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკისა. როგორც იტყვიან, უამისოდ ქვეყნისათვის არსებობა და სიცოცხლე თითქმის შეუძლებელია.

ამ პირობებში, როგორც აღნიშნავს ფინანსთა სამინისტრო, რესპუბლიკური ბიუჯეტიდან გაცემული გარკვეული სახსრები საგრძნობი დროის განმავლობაში ყოვნდება კომერციულ ბანკებში, რაც იმას მოწმობს, რომ სამინისტროები და უწყებები დროულად ვერ ანაწილებენ ბიუჯეტიდან მიღებულ სახსრებს და ამავე დროს, საბიუჯეტო დაწესებულებები დროულად არ ახდენენ ანგარიშსწორებებს მომსახურე ორგანიზაციებთან, ყოველივე ეს იმას მოწმობს, რომ საჭიროა დაჩქარდეს საბიუჯეტო დაწესებულებების მომსახურების ხაზინაზე გადაცემა. ახალი აღმასრულებელი სტრუქტურის თანახმად, ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდა საბაჟო დეპარტამენტი და საგადასახადო სამსახურები, რა თქმა უნდა, მათი დამოუკიდებლობის შენარჩუნებით. ეს კიდევ უფრო დახვეწს და ოპერატიულს გახდის მთლიანად ქვეყნის საფინანსო სისტემას, განამტკიცებს რესპუბლიკის ბიუჯეტს (ყოველ შემთხვევაში, ასე უნდა იყოს). უზრუნველყოფს საბიუჯეტო შემოსავლების სტაბილურობას.

- საქართველოს ეკონომიკაში, და არა მარტო მასში, ალბათ, ძირეულ ცვლილებებს შეიტანს თქვენს მიერ წარდგენილი კანონი, რომელიც გასულ კვირას პარლამენტმა დაამტკიცა - აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურების საქმიანობის წესის შესახებ. ბოლოს და ბოლოს, მოხდა ის, რის შესახებაც ძალიან დიდხანს ლაპარაკობდნენ - მოხდა აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურული რეორგანიზაცია, ალბათ შეთანხმებული საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან.

გარდა ამისა, დაინიშნა სახელმწიფო მინისტრი. დღეს, როგორც ვიცით, თქვენ პარლამენტის ბიუროზე განსახილველად გაგაქვთ მინისტრთა კაბინეტის კონკრეტული წევრების საკითხი. არის ორი მოსაზრება: ერთი, რომ თქვენ პერსონალთა სრულ ცვლილებას მოახდენთ და მეორე, რომ თანდათანობით შეცვლით კადრებს და რაიმე რადიკალური ცვლილებები მოსალოდნელი არ იქნება...

- აღმასრულებელი ხელისუფლების პრინციპულად ახალი სტრუქტურა, რომელიც პარლამენტთან ნაყოფიერი თანამშრომლობით დამტკიცდა, რა თქმა უნდა, გაანგარიშებულია ქვეყნის ეკონომიკაში განსახორციელებლად რადიკალურ გარდაქმნათა გათვალისწინებით, რამაც, საბოლოო ანგარიშით, მოსახლეობის დასაქმება, ეკონომიკის სრული აღმავლობა, ცხოვრების ყველა სფეროს ღრმა რეფორმირება უნდა გამოიწვიოს და მოქალაქეთა კეთილდღეობამდე უნდა მიგვიყვანოს. ეს არის სტრუქტურა, რომელმაც სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის ტემპი უნდა გააძლიეროს და ქვეყანაში საბოლოოდ დაამკვიდროს სტაბილურობა, აღმშენებლობისა და შემოქმედების ატმოსფერო.

მაგრამ, სტრუქტურა, რა თქმა უნდა, თავისთავად ვერ იმუშავებს, ყველაფერი დამოკიდებული იქნება ადამიანებზე, ლიდერებზე, რომლებიც დარგებს და სფეროებს გაუძღვებიან. ასეთი შემადგენლობის შერჩევა, რა თქმა უნდა, რთული საქმეა. აქ არც აბსოლუტურ განახლებაზე შეიძლება ლაპარაკი და, ასე ვთქვათ, ძველი გუნდის სრულ შენარჩუნებაზეც. ახალი სტრუქტურა, ე.ი. ის, რომ მინისტრთა კაბინეტი, როგორც ასეთი, თავისი მრავალი ეშელონითა და მრავალი ბარიერით არ იარსებებს, იძლევა საშუალებას, რათა ახალი ხელმძღვანელობა იყოს უფრო მოქნილი, უფრო მიახლოებული მოსახლეობასთან, მოქალაქეებთან, მათ პრობლემებთან, მათ ტკივილებთან, იყოს იოლად სამართავი, ძველთან შედარებით უფრო გამარტივებული.

მთავრობის შემადგენლობა, რომელსაც დღეს პარლამენტს წარვუდგენ (და საკმაოდ მძიმე დღე მექნება) ჩვენი შესაძლებლობის ოპტიმალური, ვიმეორებ, ოპტიმალური ვარიანტია. აქ იქნებიან გამოცდილი და ახალგაზრდა მოღვაწეებიც. ვიმეორებ, ჩვენ ყველა შემთხვევაში შესაძლებლობის მაქსიმუმით უნდა ვიხელმძღვანელოთ და ამ შესაძლებლობის მაქსიმუმით ვკმაყოფილდებოდეთ და არ ვხელმძღვანელობდეთ მხოლოდ სურვილებით, შეხედულებებით, იდეალურ გადაწყვეტილებებსა და იდეალურ პიროვნებებზე. დღეს ეს ცოტა რთულია. ჩვენი საკანონო რესურსი ასეთი იდეალური გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას ყოველთვის და ყველა შემთხვევაში არ იძლევა.

როგორც ვიცი, სახელმწიფო მინისტრის დანიშვნამ საკმაოდ დადებითი რეაქცია გამოიწვია ჩვენს საზოგადოებაში. ეს შემთხვევითიც არ არის. მისი გამოცდილებაც, მისი კრედო, დამოკიდებულება რეფორმებისადმი და, რაც მთავარია, მოსახლეობის საჭიროებისადმი, მოწმობს, რომ ეს არჩევანი სწორად მოხდა. ასევე უნდა შევეცადოთ სხვა საკვანძო პოსტებზეც მოვნახოთ ის ხალხი, ის ადამიანები, რომლებიც ყველაზე მეტად შეესაბამებიან დღეს დასმულ ამოცანებს.

მოკლედ ასე შემიძლია ვთქვა: ვნახოთ, ყველა გადაწყვეტილების სისწორეს დრო განსჯის, ვფიქრობ, დრო ჩვენს სასარგებლოდ იმუშავებს.

- რუსეთის მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით საკმაოდ მძიმე პროგნოზს გამოთქვამენ. ამ არჩევნებს მნიშვნელობა აქვს არა მარტო რუსეთისათვის, არა მარტო საქართველოსათვის, და არა მარტო პოსტსაბჭოთა სივრცისათის. ალბათ, მსოფლიოს პოლიტიკოსები დღეს ძალიან დიდი ყურადღებით ადევნებენ თვალს იმას, თუ როგორ განვითარდება მოვლენები რუსეთში, მოგვწონს ჩვენ ეს თუ არა - ეს რეალობაა. თქვენ რამდენად ეთანხმებით ამ ძალიან მძიმე პროგნოზებს იმის თაობაზე, რომ არჩევნების შედეგად, ფაქტობრივად, სრული შემადგენლობით ხელისუფლებაში რეაქციული პოლიტიკური ძალები მოვლენ?

- ამ თემის დეტალური კომენტარისაგან დღეს თავს შევიკავებ, თუმცა საქართველოში ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, ძალიან დიდია ინტერესი რუსეთში მოახლოებული არჩევნებისადმი. მხოლოდ ორიოდე სიტყვით: რუსეთის მოქალაქეებმა ამ ბოლო წლებში მრავალი განსაცდელი გადაიტანეს, დემოკრატიული მშენებლობის ურთულესი გზა განვლეს. ვფიქრობ, ამ გზიდან გადახვევას რუსეთის მოქალაქენი არ მოისურვებენ. და, პრაქტიკულად, ეს შეუძლებელიც არის. როგორც უნდა იყოს არჩევნების შედეგები, საქართველოს პოლიტიკა ჩვენს დიდ მეზობელთან ახალი, მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობის მშენებლობის პოლიტიკა, არ შეიცვლება. სწორედ ასეთი კურსი შეესაბამება როგორც რუსეთის, ისე საქართველოს ინტერესებს. რაც შეეხება რეაქციული ძალების მოსვლის შანსს, მგონია, ჩვენ ყოველთვის სწორი წარმოდგენა არა გვაქვს იმაზე, თუ ვინ არის რეაქციული ძალა და ვინ - არა. ამიტომ, ასეთი შეფასებების მიმართ ცოტა ფრთხილად უნდა ვიყოთ და დაველოდოთ მაინც არჩევნების შედეგებს.

- და, ბოლოს. დეკემბრის შუა რიცხვებია. ახლოვდება ახალი წელი. ტრადიციულად საქართველოში ეს პერიოდი საახალწლო მზადებით აღინიშნება. როცა შედარებით უფრო დაწყობილი და მშვიდი სახელმწიფო გვქონდა, მაშინ აღინიშნებოდა მაღაზიებში, ბაზრებში (თუმცა ბაზრებში ახლაც არის, მაგრამ ძვირია) პროდუქტების დიდი სიუხვე. ჩვენი საზოგადოებრიობა ამ ბოლო პერიოდში, როცა ასე თუ ისე წყნარდება საქართველო, იმას შეეჩვია, რომ „თბილისობის“ დროს, იქამდეც, შემოტანილი იყო პროდუქტი. მოსალოდნელია თუ არა საახალწლოდ პროდუქტების შემოტანა?

- ახალი წლის მოახლოებასთან დაკავშირებით მინდა ვთხოვო ყველა რეგიონს, სახელმწიფო რწმუნებულებს, ყველა რაიონსა და ქალაქს, მათს ხელმძღვანელებს, გავააქტიუროთ სურსათით ვაჭრობა. რაიონების გამგებლებმა ყველა პირობა უნდა შეუქმნან სოფლის მოსახლეობას სარეალიზაციო პროდუქტის ქალაქებში, უწინარესად, დედაქალაქში შემოსატანად. რკინიგზის, საავტომობილო დეპარტამენტებმა დამატებითი შემადგენლობები გამოჰყონ მოსახლეობის მომსახურებისათვის. ლაპარაკი უნდა იყოს მოსახლეობის შედარებით შეღავათიან ფასებში გადაყვანაზე (რა თქმა უნდა, მხედველობაშია ტვირთით, სოფლის მეურნეობის პროდუქციით). უნდა ვთქვათ, ამ დეპარტამენტებმა და ადგილობრივმა ხელისუფლებმა სანიმუშოდ შეასრულეს სახელმწიფოს მეთაურის დავალება „თბილისობის“ წინა დღეებში, რისთვისაც ჩემი მადლიერება არაერთხელ გამოვხატე. მოვუწოდებ ყველა ფირმას - კერძოს თუ სახელმწიფოებრივს - გააძლიერონ საერთაშორისო ბაზრებიდან პროდუქციის შემოტანა. ასეთი ბიზნესმენები ყოველმხრივ უნდა წავახალისოთ მორალურადაც და ფაქტობრივადაც - ფინანსურად, ლიბერალური საგადასახადო ნორმატივების დაწესებით, თუნდაც დროებით. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალებზე, იმაზე, თუ როგორი იქნება წესრიგი. ჩვენმა პოლიციამ ამ მხრივ უკვე შეიძინა გამოცდილება, ეჭვი არ მეპარება, რომ წლის დამლევამდე დარჩენილი დრო კიდევ უფრო გაზრდის პოლიციის როლს მოსახლეობისათვის ზრუნვის საქმეში. ასე რომ, არის იმის საშუალებები, ახალ წელს შედარებით უკეთ შევხვდეთ, ვიდრე წინა წლებში.

„ახალმა სტრუქტურამ სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის ტემპი უნდა გააძლიეროს და ქვეყანაში საბოლოოდ დაამკვიდროს სტაბილურობა, აღმშენებლობისა და შემოქმედების ატმოსფერო“ / ედუარდ შევარდნაძე ; [ჩაიწერა]ნატო ონიანმა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 12 დეკემბერი. - 185(2101). - 1,2 გვ.

118 მოდით, ეს დღე, პირველი იანვარი, ჩვენი ბავშვებისთვის იმედებისა და ოცნებების დღედ ვაქციოთ!

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს ბავშვთა ფედერაციის თავმჯდომარეს კობა გილაშვილს

ბატონო კობა,

მივიღე თქვენი მოხსენებითი ბარათი თბილისში პრეზიდენტის სასახლეში პრეზიდენტის საახალწლო ნაძვისხის ზეიმის გამართვის თაობაზე.

ამ ბარათით თქვენ მთავაზობთ ახალი წლის პირველ დღეს, პირველ იანვარს, პრეზიდენტის სასახლეში ვუმასპინძლო საქართველოს ბავშვებს, მივულოცო მათ ახალი წელი, დავუამო ის ტკივილი, რომელიც ბავშვებს არ უნდა ჰქონდეთ, მივეფერო, იმედი მივცე მომავლისა და მათი ტკივილი და სიხარული გავიზიარო.

ახალი წლის პირველ დღეს პრეზიდენტი უთმობს ბავშვებს - ეს შესანიშნავი იდეაა.

მე მოვალე ვარ, ეს ყველაფერი გავაკეთო, როგორც საქართველოს პრეზიდენტმა.

მე მოვალე ვარ, მათი პატარა ხელებითა და აბრეშუმის თმებით ოცდამეერთე საუკუნე შევიგრძნო.

მე მოვალე ვარ ვუმასპინძლო იმათ, ვისაც საქართველოს მომავალი ჰქვია.

მაგრამ დღევანდელ საქართველოსა და მის პრეზიდენტს ალბათ, გაუჭირდება ჩვენი ბავშვების ღირსეულად დახვედრა, ისე, როგორც მათ, საქართველოს მომავალს ეკადრება.

სამწუხაროდ, ვერც ყველა ბავშვი დაეტევა პრეზიდენტის სასახლეში, ვერ მოვა ყველა გაჭირვებული, ვერ მოვა ყველა ობოლი, ვერ მოვა ყველა ლტოლვილი, ვერ მოვა ყველა ნიჭიერი თუ გამორჩეული, ვერ მოვა ყველა ის, ვინც საქართველო უკვე ასახელა თუ უნდა ასახელოს. ვერ მოვა, მიუხედავად იმისა, რომ ამ დღეს ეს სასახლე ყველა ბავშვისთვის იქნება ღია.

საქმეს ვერ შეცვლის ისიც, რომ ზეიმი ტელევიზიით გადაიცემა.

საქართველოს ყველა ბავშვმა პრეზიდენტის სტუმრად რომ იგრძნოს თავი, პრეზიდენტის ნაძვისხის ზეიმი მთელს საქართველოში უნდა გაიმართოს. ყველა რეგიონულ ცენტრში უნდა დაიდგას იგი. მთელს ქვეყანაში პირველ იანვარს ერთდროულად უნდა აინთოს საახალწლო ნაძვისხის სანთლები...

ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რწმუნებულებმა, მერებმა, გამგებლებმა, ისე უნდა უმასპინძლონ ბავშვებს, რომ მათ დაახსომდეთ უმთავრესი რამ - მათი დღესასწაული სახელმწიფოს დღესასწაულია, სახელმწიფო თავად ისინი არიან, და ეს ქვეყანა, მშვენიერი საქართველო, უპირველესად, მათია.

ეს უნდა იგრძნოს საქართველოს ყველა ბავშვმა, სადაც არ უნდა იყოს იგი, ერთნაირად, ყოველგვარი განსხვავების მიუხედავად, რადგან ყველა ბავშვი წმინდა და მშვენიერია, რადგან ყველა ბავშვს აქვს ერთნაირი უფლება, იყოს ბედნიერი და თუ ერთი ბავშვი მაინც გრძნობს თავს უბედურად და დაჩაგრულად, არ შეიძლება ამ ქვეყანას და მის ხელმძღვანელს მშვიდად ეძინოს.

მოდით, ვისაც რა შეგვიძლია, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ეს დღე, პირველი იანვარი, ჩვენი ბავშვებისთვის იმედებისა და ოცნებების დღედ ვაქციოთ, ხოლო ყველა დანარჩენი დღე ამ იმედებისა და ოცნებების აღსრულების დღეებად.

პატივისცემით,
ედუარდ შევარდნაძე.

მოდით, ეს დღე, პირველი იანვარი, ჩვენი ბავშვებისთვის იმედებისა და ოცნებების დღედ ვაქციოთ! : საქართველოს ბავშვთა ფედერაციის თავმჯდომარეს კობა გილაშვილს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 16 დეკემბერი. - 188 (2104). - 1 გვ.

119 საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ მისასალმებელი წერილი გაუგზავნა პროფესორ ვასილ აბაევს დაბადების 95 წლისთავთან დაკავშირებით

▲ზევით დაბრუნება


პატივცემულო ვასილ ივანეს ძევ!

გილოცავთ რა დაბადების დღეს და ჯეროვნად გაფასებთ რა, როგორც მსოფლიო სახელის მქონე მეცნიერს, მინდა დაგილოცოთ მშობლიური კერა პატარა სოფელ კობში, სადაც დაიბადეთ, აგრეთვე გიმნაზია, სადაც პირველი ნაბიჯები გადადგით ცოდნის გზაზე. თქვენ დღესაც კეთილი მოგონებანი და შემოქმედებითი თანამოღვაწეობანი გაკავშირებთ ქართული მეცნიერების გამოჩენილ მოღვაწეებთან.

თავს ნებას მივცემ, აქ მოვახდინო ისტორიული ექსკურსი და გავიხსენო, რომ ჯერ კიდევ ფარნავაზის დროიდან, როგორც ლეონტი მროველი გვიდასტურებს, დაიწყო ქართველთა და ოსთა მჭიდრო დაინტერესებული ურთიერთობა, რაც შემდეგ სისხლით ნათესაობაში გადაიზარდა. და რაოდენ უმნიშვნელოდ და საცოდავად გამოიყურება ისტორიის წინაშე დღეს იმათი ცდები, ვისაც სურვილი აქვს, დაარღვიოს ეს ძმური კავშირი.

თქვენზე უკეთ ვის უნდა მოეხსენებოდეს ჩვენი ტკივილი და ჩვენი სინანული, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა ქართულ-ოსურ ურთიერთობაში, განუზომლად იზრდება ოსი და ქართველი ხალხების საუკეთესო წარმომადგენელთა რწმენა, რომ ინსინუაციები და შფოთი წარმავალია, რამეთუ ასე მტკიცე და კეთილშობილურია ჩვენს სახელოვან წინაპართა მიერ გახარებული მეგობრობის ხის ფესვები, და მის ვარჯს უფრთხილდებიან და ელოლიავებიან ისეთი ღირსეული ადამიანები, როგორიც თქვენ ბრძანდებით.

სულითა და გულით გისურვებთ ყოველივე სიკეთეს, წარმატებებს თქვენს კეთილშობილურ სარბიელზე და ნაყოფიერ მოღვაწეობაში ჩვენი ხალხების კეთილდღეობისა და აყვავებისათვის.

ერთხელ კიდევ გულწრფელად მინდა დაგიდასტუროთ ჩემი ღრმა პატივისცემა.

ედუარდ შევარდნაძე.

საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ მისასალმებელი წერილი გაუგზავნა პროფესორ ვასილ აბაევს დაბადების 95 წლისთავთან დაკავშირებით // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 16 დეკემბერი. - 188 (2104). - 1 გვ.

120 „საფუძველი ეყრება დემოკრატიზაციის უნიკალურ ქართულ ვარიანტს“

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 18 დეკემბრის რადიოინტერვიუ

საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ თავისი ტრადიციული რადიოინტერვიუ, რომელსაც ჟურნალისტი ნატო ონიანი უძღვებოდა, გასული კვირის ეკონომიკური მიმოხილვით დაიწყო.

- რამდენიმე დეტალი ეკონომიკური სფეროდან: თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე (მინდა ამით დავიწყო, რადგან უაღრესად მნიშვნელოვნად მიმაჩნია), სადაც განვლილ კვირაში 550 ათასი ამერიკული დოლარი გაიყიდა, ლარის კურსი დოლართან მიმართებაში არ შეცვლილა და კვლავ 1,24-1,25-ს შეადგენდა. სავალუტო ბაზრის კონიუნქტურის სტაბილურობა და ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვების შევსება საშუალებას იძლევა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგას მეწარმეობის ხელშეწყობისა და ეკონომიკური ლიბერალიზაციის გზაზე, კერძოდ, პირველი იანვრიდან პრეზიდენტის ბრძანებულებით გაუქმდება იურიდიული პირების სავალუტო ამონაგები სახსრების 32 პროცენტის ეროვნული ბანკისათვის სავალდებულო მიყიდვის წესი. ეს საკმაოდ კარგ რესურსს აძლევს ჩვენს მეწარმეობასა და ბანკებს განვითარების ახალი დონის მისაღწევად. ეს აქცია სერიოზულად წაახალისებს ექსპორტირებას, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის საგადამხდელო ბალანსის სრულყოფას და, საბოლოო ანგარიშით, საფუძველს შეუქმნის მთელი ეკონომიკის გაჯანსაღებას.

მომავალი წლიდან განხორციელდება აგრეთვე საბანკო სისტემის განვითარების მნიშვნელოვანი ღონისძიებები (გთხოვთ ბანკირებს, ამას მიაქციონ ყურადღება) - შემცირდება კომერციული ბანკებისათვის დაწესებული სარეზერვო მოთხოვნები (ეს საკმაოდ მძიმე ტვირთი იყო მათთვის), რის შედეგადაც გაიზრდება საკრედიტო რესურსები და შემცირდება საპროცენტო განაკვეთები. საბანკო სისტემის რესტრუქტურიზაციისა და ინსტიტუციური სრულყოფის კარგი საწინდარი იქნება ბანკების სერტიფიკაციის პროგრამის რეალიზაცია, რაც საშუალებას მისცემს ეროვნულ ბანკს უშუამდგომლოს მსოფლიო ბანკის წინაშე სერტიფიკაციაგანვლილ ბანკებს მიიღონ გრძელვადიანი და შეღავათიანი კრედიტები.

საგადასახადო ინსპექციის ცნობით, დეკემბრის პირველ ნახევარში მის მიერ აკრეფილმა ადგილობრივი და რესპუბლიკური ბიუჯეტების შემოსავალმა 9 მილიონ-ნახევარი ლარი შეადგინა, რაც შესაბამისი საპროგნოზო მაჩვენებლების 105 პროცენტს აღწევს. საგადასახადო ინსპექციის მიერ დროში დამატებით დარიცხულია 800 ათასი ლარი.

ამავე დროს, ფინანსთა სამინისტრო გვაცნობებს, რომ რესპუბლიკურ ბიუჯეტში საკუთარი საგადასახადო და არასაგადასახადო შემოსავლის სახით, საბაჟო ორგანოების მიერ ჩასარიცხი სახსრების ჩათვლით, დეკემბერში მისაღები 8 მილიონი ლარიდან ჯერჯერობით შემოსულია 3 მილიონ-ნახევარი ლარი, თუმცა არსებობს ყველა შესაძლებლობა პროგნოზით გათვალისწინებული სახსრების სრულად ჩარიცხვისათვის. მე მოვუწოდებ ყველას, მიიღონ საგანგებო ზომები ამ მონაცემების სარეალიზაციოდ.

სამრეწველო წარმოების გამოცოცხლების პროცესში, რაზეც საუბარი გვქონდა წინა რადიოინტერვიუში, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ჩვენს დედაქალაქს. თბილისის არასახელმწიფო სექტორის (ვფიქრობ, ეს საყურადღებოა) სამრეწველო საწარმოთა მიხედვით 11 თვეში მთლიანად წარმოების ზრდის ტემპმა 109 პროცენტი შეადგინა, მაშინ როცა სახელმწიფო სექტორის საწარმოთა მიხედვით წარმოების დონე ჯერ კიდევ შარშანდელზე დაბალია. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს მთელ რიგ სახელმწიფო საწარმოთა საქმიანობის მკვეთრი გაუმჯობესება. ამას იმისთვის მოგახსენებთ, რომ არის საშუალება - ვისაც სურს და ვინც ეძებს, ისინი კიდევაც პოულობენ წარმოების გადიდების გზებს. წარმოების ზრდა დამახასიათებელია ისეთი საწარმოებისათვის, როგორიც არის საავიაციო საწარმოო გაერთიანება, რომელმაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით წარმოება 8-ჯერ გაზარდა და ეს შეძლო მიუხედავად იმისა, რომ მისი ძირითადი პროდუქცია თითქმის არ იწარმოება და არ საღდება, ესე იგი, მან სხვა გზები გამოძებნა; „ელექტროიზოლიტმა“, რომელმაც წარმოება გაზარდა თითქმის ხუთჯერ; „ელვამ“ - 3-ნახევარჯერ, ქარხანა „მიკროძრავამ“ - 3-ჯერ. სამრეწველო პროდუქიის 8 უმნიშვნელოვანესი პოზიციის მიხედვით - ეს არის მაგისტრალური ელმავლები, ავეჯი, სამკერვალო ნაწარმი, სასოფლო-სამეურნეო მანქანები და სხვა, საგრძნობი მატება აღინიშნება.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, გარკვეული სიძნელეების მიუხედავად, რესპუბლიკაში მიმდინარეობს ციტრუსების დამზადება და რეალიზაცია. დამზადებულია 53 ათასი ტონა (ამ ბოლო წლებში ეს პირველად მოხდა) და უკვე რეალიზებულია 31 ათასი ტონა ციტრუსი. შესყიდვაც და რეალიზაციაც გრძელდება.

იანვარ-ნოემბერში საერთო სარგებლობის რკინიგზის ტრანსპორტით გადატანილი იყო 3 მილიონი ტონა ტვირთი, რაც თითქმის 20 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. რა თქმა უნდა, მოძრაობა ამ ბოლო დროს უფრო ინტენსიურია.

საგრძნობლად გაიზარდა ქვანახშირის ამოღება - 176 პროცენტი, მინერალური სასუქების წარმოება - 125, იმპორტული ტვირთზიდვა -147 პროცენტი, აგრეთვე მგზავრთა გადაყვანა, აღნიშნულ პერიოდში, წინა წელთან შედარებით, 25 პროცენტით გაიზარდა ლოკომოტივების საშუალო სადღეღამისო მწარმოებლობა.

უკვე არაერთხელ ითქვა, რომ ზამთრის განმავლობაში წარმოების გამოცოცხლების ტენდენციების შენარჩუნება დამოკიდებულია ენერგეტიკულ ვითარებაზე. ამ მიმართულებით განხორციელებულმა საკმაოდ ფართომასშტაბიანმა ღონისძიებებმა გარკვეული დადებითი შედეგები მოგვიტანა, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. „ტექნიკური და ორგანიზაციული სირთულეები „საქენერგოს“ დეპარტამენტის ხელმძღვანელობამ უახლოეს დღეებში უნდა დაძლიოს. ენერგოკრიზისის დაძლევა მარტო „საქენერგოზე“ არ არის დამოკიდებული. სალიმიტო პოლიტიკის გამკაცრების მიუხედავად, ელექტროენერგიის ხარჯვის დადგენილი ლიმიტები ცალკეულ რეგიონებში კვლავ უხეშად ირღვევა, ეს ეხება, მაგალითად, სამტრედიას, სადაც თითქმის 2-ნახევარჯერ მეტი ელექტროენერგია დაიხარჯა, ვიდრე ლიმიტით იყო გათვალისწინებული. ეს ეხება ქუთაისს, წყალტუბოს რეგიონს, ტყიბულის ზონას, ზესტაფონს, ხარაგაულს და ზოგიერთ სხვა რეგიონს. ვთხოვ ამ რეგიონების ხელმძღვანელებს, გაითვალისწინონ ეს სერიოზული კრიტიკული შენიშვნა.

ჯერჯერობით ვერ გადაეცა საექსპლოატაციოდ 500-კილოვატიანი ელექტროგადამცემი ხაზი „კავკასიონი“, თუმცა მისი მშენებლობა უკვე დამთავრებულია. ამ ხაზის შემოწმებითი ჩართვის დროს აღმოჩნდა დაზიანება რუსეთის მხარეს. ამჟამად მიმდინარეობს დაზიანების სალიკვიდაციო სამუშაოები.

ახლა უმთავრესი ამოცანაა თბილსრესის სიმძლავრეთა ამოქმედება. როგორც ცნობილია, სამუშაოები (ეს უკვე რამდენჯერმე აღვნიშნე) გაჭიანურდა, მაგრამ მიზეზებიც საკმაოდ სერიოზულია. საქმეში ჩართული არიან საუკეთესო გერმანული ფირმები, რუსეთის წარმომადგენლები - უმაღლესი რანგის სპეციალისტები და ჩვენი სპეციალისტები, რომლებიც, შეიძლება ითქვას, თავგანწირვით შრომობენ. წინასწარი მონაცემებით, უკვე კარგად ცნობილი მეცხრე ბლოკის საბოლოოდ ჩართვა სისტემაში დღეს უნდა მოხდეს. ყოველ შემთხვევაში, ასე დამარწმუნა ამ დილით ბატონმა ზუბიტაშვილმა, რომელიც, როგორც იტყვიან, 24-საათიანი რეჟიმით მუშაობს. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ამჯერად დანაპირები შესრულდება.

რაც შეეხება საახალწლო სამზადისს, ამ მხრივ სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. წლეულს არცთუ ცუდი მოსავალია მოწეული სხვადასხვა რეგიონში. ჩემი აზრით, ეს უნდა დაეტყოს სამომხმარებლო ბაზარს. რაიონებისა და მხარეების ხელმძღვანელები აქტიურად ეხმიანებიან ჩემს მოთხოვნას - ხელი შეუწყონ მოსახლეობას დედაქალაქსა და სხვა სამრეწველო ცენტრებში სოფლის მეურნეობის პროდუქტების შემოტანასთან დაკავშირებით - იქნება ეს ტრანსპორტი, წესრიგი თუ სხვა.

მოსალოდნელია ქვეყანაში შაქრის ფხვნილის გარკვეული რაოდენობით შემოტანა, რაც უდავოდ მოახდენს გავლენას პოზიტიური თვალსაზრისით ფასების საერთო დონეზე, უფრო ზუსტად, როდის და რა რაოდენობით მოხდება რეალიზაცია, შემდეგ ინფორმაციაში მოგახსენებთ.

ასეთია მოკლედ ეკონომიკური სფეროს მიმოხილვა.

- გასულ კვირას პარლამენტში დაიწყო მინისტრების დამტკიცების პროცესი. დაამტკიცეს საგარეო საქმეთა მინისტრი ბატონი ირაკლი მენაღარიშვილი, ეკონომიკის მინისტრი ბატონი ვლადიმერ პაპავა, ფინანსთა მინისტრი ბატონი დავით იაკობიძე, თავდაცვის მინისტრი ბატონი ვარდიკო ნადიბაიძე, უშიშროების სამსახურის მინისტრი ბატონი შოთა კვირაია, და შინაგან საქმეთა მინისტრი ბატონი კახა თარგამაძე. ეროვნულ-დემოკრატები დამტკიცების პროცესში არ მონაწილეობენ იმ მიზეზით, რომ მინისტრთა ცალ-ცალკე დამტკიცება არაკონსტიტუციურ ქმედებად მიაჩნიათ. მმართველი პარტია კი - მოქალაქეთა კავშირი საკმაოდ მკაცრად ექცევა პრეზიდენტის მიერ დასახელებულ კანდიდატურებს. არჩევნების შემდეგ, როცა მოქალაქეთა კავშირმა ესოდენ დიდი რაოდენობის საპარლამენტო ადგილები მოიპოვა, ისეთი გრძნობა დაგვეუფლა, რომ ეს იქნებოდა სრულიად უსახური პარლამენტი, რომელიც მხოლოდ ხმის მიცემით და ხელის აწევ-დაწევით შემოიფარგლებოდა. მაგრამ, პრინციპში ასე არ მოხდა, გამოჩნდა, რომ პარლამენტსა და მმართველ პარტიას საკუთარი პოზიცია აქვთ...

- ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიასთან და მის მიერ წამოყენებულ არგუმენტებთან კამათს აზრი არა აქვს, უბრალოდ, ეს პრეტენზია უსაფუძვლოა. ყველა მოქმედება კონსტიტუციურია, კანდიდატურების განხილვა საქმიანად და საინტერესოდ მიმდინარეობს. ყოველ შემთხვევაში, მე რასაც მოვუსმინე და რაც ვიცი სწორედ ასეა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ დისკუსიების მთელი სიმძიმე კომიტეტებშია გადატანილი. აქ მართლაც მკაცრი მოთხოვნები და მწვავე კითხვები ისმის. 4-5 საათს გრძელდება, თუ შეიძლება ეს სიტყვა ვიხმარო, გამოცდა, თანაც საკმაოდ მკაცრი. სამაგიეროდ, შედარებით ოპერატიულად წყდება საკითხები პლენარულ სხდომაზე. ეს არის სწორედ რაციონალური მიდგომა და დროის რაციონალურად გამოყენება. ზოგიერთ სეირის მოყვარულს გული წყდება, რომ პარლამენტის სანახაობითი მხარე დაქვეითდა, რას იზამ, ქართული დემოკრატია სიმწიფისა და სრულყოფის ფაზაშია. ახლა აღარავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ პარლამენტი ცენტრალური რგოლი გახდება სახელმწიფოებრივ აღმშენებლობასა და ქვეყნის აღმავლობისათვის ბრძოლაში.

რაც შეეხება სანახაობითს მხარეს, ამ მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად ბევრი სხვა საშუალება არსებობს. რეკომენდაციებისაგან თავს შევიკავებ...

საერთოდ, დარწმუნებული ვარ, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ეშელონი პროფესიონალთა და თანამოაზრეთა ჯგუფი იქნება. ხოლო ისეთ ბიუროკრატიულ სისტემაზე უარის თქმა, როგორიც იყო მინისტრთა კაბინეტი, როგორც იტყვიან, მთელი ეს მონსტრი, უდავოდ ეფექტიანს გახდის ქვეყნის მართვას.

საკმაოდ საინტერესოდ მიმდინარეობს პრეზიდენტისა და პარლამენტის თანამშრომლობის პირველი დღეები. აქ არც ეგრეთ წოდებული უსიტყვო ერთსულოვნებაა და არც უაზრო გამარჯვება-დამარცხების სპექტაკლები. აქ საქმიანი, პარტნიორული ურთიერთობის ფორმირება ხდება და, როგორც ზემოთ ვთქვი, საფუძველი ეყრება დემოკრატიის უნიკალურ ქართულ ვარიანტს სადღეისოდ და სამომავლოდაც - ზოგი ხვდება, რა პროცესთან გვაქვს საქმე, ზოგი ვერა, ვინც ვერ ხვდება, ჩემი აზრით, მათთვის ის ოთხი წელიც დაკარგული იქნება, რომლის გასვლის შემდეგაც ხელისუფლებაში მოსულნი სასწაულებს გვპირდებიან.

- გასულ კვირას, პარიზში დაიდო ხელშეკრულება ბოსნიის კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით. თქვენ იმთავითვე მაღალი შეფასება მიეცით ამ ფაქტს, თქვენი აზრით, რამდენად გაამართლებს კონფლიქტის მოგვარებაში ახალი ტანდემის გამოჩენა - გაერო პლუს ნატო. ამას იმიტომ გეკითხებით, რომ თქვენს ადრინდელ გამოსვლებში სეპარატიზმთან დაკავშირებით, არაერთხელ აღგინიშნავთ, რომ პოლიტიკასთან ერთად კონფლიქტის მოგვარებისა და სეპარატიზმის წინააღმდეგ ბრძოლისას აუცილებელია გარკვეულწილად ძალისმიერი მეთოდების გამოყენებაც...

- როგორც წინა გამოსვლებში მოგახსენეთ, ბოსნიის კონფლიქტის მოსაგვარებლად მიღებული ზომები უაღრესად საყურადღებოა. მართლაც, არაერთხელ მითქვამს, რომ კონფლიქტის მოგვარების პოლიტიკური მეთოდი, თუ იგი არ ითვალისწინებს ძალისმიერ ელემენტს, როცა ეს ძალისმიერი ელემენტი გარდაუვალი, ჩასაფუშავად არის განწირული. განსაკუთრებით მაშინ, როცა ერთი მხარე ცდილობს დააკანონოს ძალადობით, და ჩვენს შემთხვევაში, გენოციდის შედეგად მიღწეული მდგომარეობა. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებმა, თუ გვსურს, სრულფასოვანი საერთაშორისო ორგანიზაციის ადგილი დავიმკვიდროთ, ბევრი რამ უნდა გავითვალისწინოთ მსოფლიო და რეგიონული ორგანიზაციების საქმიანობიდან, კერძოდ, ის მაგალითი და პრაქტიკა, რომელიც ბოსნიაში ხდება. მხედველობაში მაქვს ნატოს, გაეროსა და ცალკეული ქვეყნების თანამშრომლობა, ნატოს, როგორც რეგიონული ორგანიზაციის მონაწილეობა ამ კონფლიქტის მოგვარებაში.

- ამ კვირას, საქართველოში უნდა ჩამოსულიყო გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი კლაუს კინკელი. ვიზიტი გადაიდო, პრინციპში მიზეზი გარკვევით არ იყო ახსნილი. რატომ მოხდა ეს?

- კლაუს კინკელის ჩამოსვლა საქართველოში დროებით გადაიდო, თუმცა, მისი ძალიან ხანმოკლე ვიზიტები სომხეთსა და აზერბაიჯანში გაიმართება. სხვათა შორის, მისი ვიზიტი სულ რამდენიმე საათით იყო დაგეგმილი. ასე წარმოიდგინეთ, და მხარეებმა მოილაპარაკეს, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის სტუმრობა საქართველოში უმჯობესია მოხდეს ხელისუფლების სტრუქტურათა ფორმირების შემდეგ. ასეთი ვიზიტი უახლოეს დროში გაიამრთება და უდავოდ სასარგებლო და საჭირო იქნება ორივე ქვეყნისათვის, თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენი ურთიერთობა მართლაც ფართო მასშტაბით ვითარდება და საკმაოდ ღრმა ფესვები აქვს, ხანგრძლივობის თვალსაზრისით, მომავალი ვიზიტი უფრო შთამბეჭდავი იქნება.

- გუშინ რუსეთში არჩევნები გაიმართა - არჩევნები, რომელსაც ელოდნენ, რომლისაც ეშინოდათ და რომლის გამოც, გარკვეულ პროგნოზებს გამოთქვამდნენ, როგორია თქვენი პირველი პროგნოზები?

- მე ერთი ზოგადი ფრაზა ვთქვი წინა ინტერვიუში: რუსეთის მოქალაქენი, ჩემი ღრმა რწმენით, ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზას არ გადაუხვევენ-მეთქი. გუშინდელმა არჩევნებმა ეს მთავარი დასკვნა დაადასტურა. რაც შეეხება უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ძალთა რეალურ შეფარდებას, ჩემს ხელთ არსებული მონაცემებით, ვფიქრობ, აქ ძალიან საინტერესო ბალანსის ფორმირების პირობები შეიქმნება.

აი, ძალიან ზოგადად, უფრო კონკრეტულად კი, ალბათ, თავად რუსეთის პოლიტიკოსები გააკეთებენ ანალიზს.

„საფუძველი ეყრება დემოკრატიზაციის უნიკალურ ქართულ ვარიანტს“ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 19 დეკემბერი. - 189 (2105). - 1,2 გვ.

121 „1996 წელი გადამწყვეტი უნდა იყოს კავკასიაში მშვიდობის დამყარების საქმეში“

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 25 დეკემბრის რადიოინტერვიუ

- გასული ეკონომიკური კვირის სიახლეებზე საუბართან ერთად გვინდა გთხოვოთ, ისევ ენერგეტიკის საკითხებს შეეხოთ, რადგან ეს კვირა ამ მხრივ კვლავ მძიმე იყო, იგრძნობოდა ენერგეტიკული კრიზისი. კიდევ ერთი მომენტი: წელს სამჯერ დაისეტყვა კახეთი, ამასთან დაკავშირებით, არის თუ არა განსაზღვრული რაიმე შეღავათები? და კიდევ, განვლილ კვირაში დასრულდა მინისტრების დამტკიცების პროცესი, თქვენ პირველი შეხვედრაც გქონდათ მათთან... ჟურნალისტ ნატო ონიანის ამ შეკითხვის პასუხად საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ თავის ტრადიციულ რადიოინტერვიუში განაცხადა:

- მე შეკითხვის ამ ბოლო ფაზიდან დავიწყებ, წინა კვირაში დამთავრდა ქვეყნის ახალი მთავრობის ფორმირება. მეტად მნიშვნელოვანი იყო ახლად დამტკიცებული მინისტრების შეხვედრა პრეზიდენტთან, რომლის დროს გამოიკვეთა სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაციაში მინისტრების როლისა და მათი დამოუკიდებლობის ზრდა, ასეთი დამოუკიდებლობის მნიშვნელობა. იმავდროულად ხაზგასმით აღინიშნა, მინდობილ სფეროში მინისტრების სრული პასუხისმგებლობის გაძლიერება, პრეზიდენტის პროგრამაში მოცემული ეკონომიკური და სოციალური განვითარების, საგარეო და საშინაო პოლიტიკის, იმ ამოცანების განხორციელება, რომლებმაც ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მხარდაჭერა პოვა, ბევრად განისაზღვრება მთავრობის ზოგიერთი წევრის უნარით, გაამართლოს პრეზიდენტის, პარლამენტისა და მთელი საზოგადოებრიობის მიერ მისდამი გაწეული დიდი ნდობა. ამ შეხვედრაზე განსაკუთრებით აღინიშნა ისიც, რომ ჩვენ აქტიურად დავუჭერთ მხარს ინიციატივას, დამოუკიდებლობას, პასუხისმგებლობის გაძლიერებას. ყველა მინისტრს, და, საერთოდ, ყველა დარგის ხელმძღვანელს ეძლევა შესაძლებლობა გამოავლინოს თავისი ნიჭი და უნარი, პროფესიონალიზმი, მოიხვეჭოს სახელი და ავტორიტეტი ქვეყნისა და ხალხის წინაშე საკუთარი შრომითა და ოფლით. საპარლამენტო მოსმენისა და პირველი შეხვედრის შედეგად, საკმაოდ დადებითი შთაბეჭდილება დამრჩა, მინისტრები მზად არიან ახლებური მუშაობისათვის. სხვათა შორის, ბევრი ელოდა, რომ მოხდებოდა მთავრობის მთლიანი განახლება, მთლიანი გადახალისება. გადახალისებისა და განახლების კოეფიციენტი საკმაოდ მაღალია. იმავდროულად, შეიძლება ითქვას, გონიერების ფარგლებშია.

თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ მინისტრთა კაბინეტი, როგორც ასეთი, აღარ არსებობს, ეს თავისთავად განახლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია. აქედან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ გამოცდილი მუშაკების ჯგუფის შენარჩუნებისა და პარალელურად ახალგაზრდების დაწინაურებისადმი ჩვენი მიდგომა სავსებით სწორი და გამართლებულია.

შემდეგი საკითხი. ქვეყნის ეკონომიკური მაჯისცემის მნიშვნელოვან პარამეტრებს დღევანდელ პირობებში ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობა და სავალუტო ბაზარზე შექმნილი ვითარება წარმოადგენს. საგადასახადო ინსპექციის მიერ აკრეფილი ადგილობრივი რესპუბლიკური ბიუჯეტების შემოსავალი განვლილ კვირაში 5 მილიონ ლარამდე გაიზარდა და წლის დასაწყისიდან 196,7 მილიონ ლარს მიაღწია პროგნოზით განსაზღვრული 180,8 მილიონი ლარის ნაცვლად. რაც შეეხება საბაჟო დეპარტამენტს, მის მიერ წლის დასაწყისიდან შეტანილი თანხები 8 მილიონ-ნახევარ ლარს აღწევს. ეს თანხა შარშანდელ მაჩვენებელზე გაცილებით მეტია, მაგრამ შესაძლებელზე მნიშვნელოვნად ნაკლებია. საბაჟო საქმიანობის გაუმჯობესებასთან ერთად ამ პოტენციალის გამოსაყენებლად აუცილებელია საგადასახადო სისტემის სრულყოფა და გაუმართლებელ შეღავათებზე უარის თქმა. საერთოდ, უნდა ითქვას, რომ განსაკუთრებით წარმატებით დამთავრდა საგადასახადო და აგრეთვე საბაჟო სამსახურების ფორმირების პირველი ეტაპი. ახლა უნდა ვილაპარაკოთ ამ სამსახურების საქმიანობის სრულიად ახალ დონეზე. როცა ბიუჯეტის განხილვას დავიწყებთ, მაშინ ყველა მოქალაქე იგრძნობს, რომ ამ სამსახურების მიმართ განსაკუთრებული მოთხოვნები იქნება წაყენებული, რადგან სწორედ ეს არის ორი ღერძი, რომლებმაც ქვეყნის ბიუჯეტი უნდა შეავსოს.

22 დეკემბრისათვის წლის დასაწყისიდან რესპუბლიკის ბიუჯეტში ჩარიცხულმა საკუთარმა საგადასახადო და არასაგადასახადო შემოსავლის თანხამ გრანტების ჩათვლით 128 მილიონ ლარს მიაღწია, რაც წინა კვირის მაჩვენებელს 5,4 პროცენტით აღემატება. მაგრამ ამავე დროს დეკემბრის თვიური გეგმით განსაზღვრული 8 მილიონი ლარიდან ჯერჯერობით მიღებულია 5 მილიონ-ნახევარი, ანუ 72 პროცენტი. ასე, რომ ბოლო კვირაში აუცილებელია დარჩენილი თანხის ამოღების უზრუნველყოფა. ეს არც ისე იოლი საქმეა, მაგრამ უნდა შევძლოთ.

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ფინანსთა სამინისტრომ შეამცირა სახელმწიფო ხარჯებში 1 დეკემბრამდე არსებული დავალიანება და დამატებით გამოყო საბიუჯეტო ასიგნებანი. ასეთი აქცია პირველად ხორციელდება საკმაოდ სერიოზულ დონეზე. აქედან, 3 მილიონამდე ლარი მოხმარდა სოციალურ-კულტურული სფეროს დაწესებულებებისა და ლტოლვილთა გამოზამთრების ხარჯების დაფინანსებას. 2 მილიონამდე ლარი გამოიყო ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის კორპორაციის დავალიანების დასაფარავად. ტელემაყურებლებმაც და რადიომსმენელებმაც უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ ვეხმარებით ტელევიზიას. გარკვეული სახსრები, და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, გამოიძებნა მეტრომშენებლობის ხელშესაწყობად. კერძოდ, 600 ათასი ლარი. პრაქტიკულად მშენებლობა გაჩერებული იყო და ახლა მუშაობა განახლდა. ალბათ მომავალ წელს გვექნება საშუალება უფრო მეტად მივხედოთ მეტროს განვითარებას.

საქართველოს სავალუტო ბაზარზე სტაბილურობა, პრაქტიკულად, მაღალგანვითარებული ქვეყნების მსგავსად მკვიდრდება. ამ აზრს უკვე შევეჩვიეთ. წინა კვირაში ლარის კურსი არ შეცვლილა, სავალუტო ბირჟაზე კი ბრუნვამ 800 ათასი ამერიკული დოლარი შეადგინა. აქედან, სავალუტო ბაზარს 770 ათასი დოლარი ეროვნულმა ბანკმა მიაწოდა.

წარმოების გამოცოცხლების ნიშნები თანდათანობით ჩნდება ცალკეულ დარგებსა და რეგიონებში. ეს პროცესი შესამჩნევია მსუბუქი მრეწველობის საწარმოებშიც. როგორც ცნობილია, სახელმწიფო რეზერვში არსებული მარაგიდან ამ დარგს გადასამუშავებლად გადაეცა 900 ტონაზე მეტი ბამბის ბოჭკო. გორის სააქციო საზოგადოება „ლაინმა“, რომელიც ბოლო დროს რამდენჯერმე ვახსენეთ, 450 ტონა ბამბა მიიღო. მისი გადამუშავების შედეგად გამოშვებულია 253 ტონა ბამბის ნართი, 390 ათასი მეტრი მზა ბამბის ქსოვილი, მილიონ 400 ათასი მეტრი ხამი ბამბის ქსოვილი და მილიონ 200 ათასი ლარის სასაქონლო პროდუქცია. თბილისის სააქციო საზოგადოებამ „ბამბის ნართმა“ 320 ტონა ბამბის ბოჭკოდან უკვე აწარმოვა 244 ტონა ბამბის ნართი და 651 ათასი ლარის სასაქონლო პროდუქცია. ამოქმედდა ბევრი სამკერვალო და სხვა ფაბრიკა. მაგრამ ასეთი ინექციების შესაძლებლობანი სახელმწიფოს მეტად შეზღუდული აქვს. პრაქტიკულად, არა გვაქვს. აუცილებელია, თითოეულმა საწარმომ იზრუნოს სამეურნეო კავშირურთიერთობათა აღდგენისათვის. ამისათვის, ნიადაგი მომზადებულია. იგივე ბამბეულის საწარმოებთან დაკავშირებით იყო საუბრები უზბეკეთთან და სხვა ქვეყნებთან. ამ შესაძლებლობას გამოყენება უნდა.

ეკონომიკის სამინისტრო, რომელსაც ახლა სამრეწველო პოლიტიკის შემუშავება და გაძღოლა დაევალა, იმედია, შეძლებს ამ პრობლემის გადაჭრას გზების გამოძებნას.

ქვეყნისათვის ყველაზე არსებით პრობლემად რჩება ენერგეტიკული უზრუნველყოფის პრობლემა. უკანასკნელ კვირაში ენერგოსისტემაში ვითარება, მე ასე ვიტყოდი, კვლავ დაძაბული იყო. მაგრამ მაინც მხედველობაში მისაღებია ის გარემოება, რომ ამუშავდა თბილსრესის მე-9 ენერგობლოკი, რომელსაც ჩვენ გერმანელ სპეციალისტებთან, ფირმა „სიმენსთან, ერთად ვარემონტებდით რუსი სპეციალისტების, ჩვენი წამყვანი მუშაკებისა და პროფესიონალების მონაწილეობით. როგორც ჩანს, ახლა ეს საქმე პრაქტიკულად დამთავრდა.ამ ბლოკის სიმძლავრე 300 მეგავატია, მაგრამ სრული სიმძლავრით ამოქმედებას, ალბათ კიდევ ცოტა დრო დასჭირდება. ყოველ შემთხვევაში, რამდენიმე დღე. საერთოდ, თბილსრესი, რომელიც მაისიდან ოქტომბრამდე გაჩერებული იყო, თანდათანობით იკრებს ძალებს. დღეისათვის, თითქმის მთელი ძირითადი სარემონტო სამუშაოები დამთავრებულია. სავარაუდოა, ოთხი ენერგობლოკის მუშაობა 450-500 მეგავატამდე ჯამური დატვირთვით. ეს უკვე ძალიან სერიოზული რეზერვია ზამთრისათვის.

გვაქვს საწვავის გარკვეული მარაგი. მხედველობაში მაქვს გაზი, მაზუთი და, ვფიქრობ, დეკემბრის ბოლო დღეებსა და ზამთრის შემდგომ თვეებში მოსახლეობაც და საწარმოებიც გაცილებით უფრო სტაბილურად იქნებიან უზრუნველყოფილი.

ჩვენ მხარეს დამთავრდა 500-კილოვატიანი მაღალი ბაძვის ხაზის - „კავკასიონის“ აღდგენა. ეს ხაზი ახლა გამართულია, გარკვეული დაზიანება იყო ჩრდილოკავკასიის მიმართულებით, მაგრამ რუსეთის მხარემ მიიღო ზომები. როგორც ამ დილით ბატონმა ზუბიტაშვილმა მომახსენა, ეს ხაზი პრაქტიკულად მზად არის საექსპლუატაციოდ. პირდაპირ უნდა ვთქვა, ენერგოსისტემაში დაძაბულობის დაცვა, რაც ადრევე მითქვამს. თუ ამ საკითხს ვერ მოვაგვარებთ, მაშინ ძალიან, ძნელი იქნება რაიმე სტაბილურობაზე ლაპარაკი. განსაკუთრებით მწვავედ დგას აგრეთვე საფინანსო მდგომარეობის პრობლემა. ზაფხულში და შემოდგომაზე ელექტროენერგიის გამომუშავების სტრუქტურაში ჰიდროელექტროსადგურების დიდი ხვედრითი წილის გამო მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის ნორმალური გადახდის პირობებში რეალურად შესაძლებელი იყო მაღალი ფინანსური შედეგების მიღება, მაგრამ, სამწუხაროდ, საფასურის მასობრივი არგადახდის გამო, ეს შესაძლებლობა ვერ იქნა გამოყენებული. როგორ უნდა იმუშაოს სისტემამ, როგორ უნდა მიიღონ მოსახლეობამ და საწარმოებმა ელექტროენერგია, როცა დებიტორთა სიაში არიან, მაგალითად, ქალაქი თბილისი, რომელსაც გადასახდელი აქვს 24 მილიონი ლარი, ქალაქ ქუთაისში - 5 მილიონი ლარი, რუსთავი - 2 მილიონამდე ლარი, ფოთი - მილიონ 200 ათასი ლარი, ქალაქი ზუგდიდი და ზუგდიდის რაიონი - 2 მილიონი, ქალაქი გორი და გორის რაიონი - 2 მილიონ ნახევარი, სამტრედია - მილიონ-ნახევარი, ზესტაფონი - 2 მილიონ ნახევარი, მცხეთა - თითქმის 2 მილიონი ლარი და სხვა რაიონები. სხვათა შორის, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში იხარჯება იმდენი გაზი, რამდენიც პრაქტიკულად იხარჯება მთლიანად რუსთავსა და თბილისში. არაფერი არ შემოდის, ასე ცხოვრება შეუძლებელია, შემოსულით კი ვერცერთი სისტემა, მათ შორის, ვერც ენერგოსისტემა ვერ იმუშავებს, იმის გამო, რომ სათბობის სიძვირის გათვალისწინებით ერთი კილოვატსაათის თვითღირებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა, საქენერგო ალბათ იძულებული იქნება მომავალი წლიდან დააყენოს ტარიფების გადასინჯვის საკითხი. მე ასე ვაყენებ საკითხს: ახალი წლიდანვე გვექნება სპეციალური შეკრება და პერსონალური პასუხისმგებლობა დაესკისრება პრეზიდენტის რწმუნებულებს შესაბამის მხარეებში, გამგებლებს, მერებსა და საწარმო-დაწესებულებათა ხელმძღვანელებს. ვიმეორებ, ასე ცხოვრება და მუშაობა აღარ შეიძლება, ავიღოთ, მაგალითად, რკინიგზა, რომლის ხაზზე ჩართულია ლამის ნახევარი საქართველო. ჩვენ ვაძლევთ ენერგიას რკინიგზას, პრაქტიკულად კი იგი იფლანგება. რომელ გრაფიკებზე შეიძლება აქ ლაპარაკი? სამწუხაროდ, გამხოლოების საკითხი იმიტომ არ მოგვარდა, რომ ამას პროტესტები მოჰყვება ხოლმე და გამორთვა თითქმის შეუძლებელი ხდება. თუ ელექტროენერგია გვინდა, ყველანი რაღაც საერთო წესებს უნდა დავემორჩილოთ. მე დამისახელეს რამდენიმე საავადმყოფო, რომლებიც ხშირად ვერ იღებენ ელექტროენერგიას, რაც ზოგჯერ კატასტროფითაც მთავრდება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ოპერაციების მიმდინარეობის დროს ითიშება ენერგია. შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ ჩვენ ელექტროენერგიას ვაძლევთ საავადმყოფოს, მასზე კი არალეგალურად, თვითნებურად ჩამოკიდებულია 15 ობიექტი. ძალიან ხშირად საკმაოდ ბინძური გარიგებებიც ხდება. ყველა ეს საკითხი ადგილობრივმა ხელმძღვანელებმა უნდა მოაგვარონ.

ახლა კონკრეტულად კახეთის დასეტყვილი სოფლების მიწის გადასახადისაგან განთავისუფლების შესახებ. ეს ეხება კახეთსაც და ამ მდგომარეობაში მყოფ ზოგიერთ რეგიონსაც. ბატონი ბაკურ გულუა შეუდგა თავისი რთული მოვალეობის შესრულებას სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის პოსტზე. მან გუშინ დაიწყო მუშაობა. მინდა ვთხოვო მას, თუ საჭიროა, სპეციალურად გაემგზავროს ადგილზე და იმ მხარისა და რაიონის ხელმძღვანელებთან ერთად შემოიტანოს დასაბუთებული წინადადებები. დარწმუნებული ვარ, რომ რაღაც გამოსავალი გამოიძებნება რადგან შევპირდით, კიდევაც უნდა გავაკეთოთ.

- ჩეჩნეთში გაიმართა არჩევნები. თუკი ექსპერტთა პროგნოზები, ძირითადად, მაინცდამაინც ოპტიმისტური არ იყო, თქვენ, რა კომენტარს გაუკეთებდით ჩეჩნეთში გამართულ არჩევნებს?

- მე მოკლე კომენტარს გავაკეთებ ამასთან დაკავშირებით, რადგანაც ეს სხვა ქვეყანას ეხება. ჩეჩნეთში გამართული არჩევნები, რა თქმა უნდა, ავტომატურად არ მოიტანს მშვიდობას ამ მრავალტანჯულ რეგიონში, მაგრამ თავისთავად ეს მოვლენა უაღრესად მნიშვნელოვანია, ჩეჩნეთში საზოგადოების დიდმა ნაწილმა, თუ შედეგების მიხედვით ვიმსჯელებთ, ზურგი შეაქცია აგრესიულ სეპარატიზმს და ხმა მისცა ახალ ხელისუფლებას, რომელიც რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში რესპუბლიკის სახელმწიფოებრიობის საკმაოდ ფართო მასშტაბს ითვალისწინებს. ეს, ჩემი აზრით, კარგი დასაწყისი უნდა იყოს, რასაც არ შეიძლება არ მიესალმოს მთელი კავკასია. განსაკუთრებით კი საქართველო.

- თქვენ აგრესიული სეპარატიზმი ახსენეთ. ხალხმა, ალბათ, ზურგი შეაქცია არა მარტო აგრესიულ სეპარატიზმს, არამედ ამ მოვლენებსაც, რომლებიც მოჰყვა ომსა და კაცისკვლას. იგივე მოვლენები ტრიალდება აფხაზეთშიც, სადაც დღეს ურთულესი სიტუაციაა. თანამეგობრობის ბოლო სამიტზე მინსკსა და ალმათში, ძალიან კარგი და სასარგებლო დადგენილებები იქნა მიღებული აგრესიული სეპარატიზმის წინააღმდეგ. თანაც არანაკლებ მნიშვნელოვანი, ვიდრე ბუდაპეშტის სამიტზე. ახლა ისევ იმართება თანამეგობრობის ქვეყნების უმაღლესი დონის სამიტი. მოსალოდნელია თუ არა, რომ კვლავ გაიტანენ განსახილველად აფხაზეთის თემას და აფხაზეთის საკითხს?

- მე ვგულისხმობ, რომ აფხაზეთის კონფლიქტის საკითხი თანამეგობრობის უმაღლესი დონის შეხვედრის საგანგებო მსჯელობის საგანი უნდა გახდეს. ყოველ შემთხვევაში, მე ყველა ზომას ვიღებ ამისათვის, როგორც წინა გამოსვლებში აღინიშნა, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობას შეუძლია აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებით დაუმტკიცოს მსოფლიოს თავისი სიცოცხლისუნარიანობა და ეფექტიანობა. მე ასე ვიტყოდი, თუ საერთაშორისო რეგიონული ორგანიზაცია ვერ ახერხებს, ასეთი ლოკალური კონფლიქტის მოგვარებაში ეფექტიანი როლის შესრულებას, მაშინ რაღა მნიშვნელობა აქვს ხელშეკრულებათა და განცხადებათა მრავალ ტომეულს, რომელსაც ამ ორგანიზაციის წევრებმა მოვაწეროთ ხელი? ვფიქრობ, საკითხი სწორედ ასე უნდა დადგეს. და, საერთოდ, მოვიდა დრო, მსოფლიო საზოგადოებრიობამ თანამეგობრობის და, რა თქმა უნდა, რუსეთის ჩათვლით ახლებურად, პრინციპულად შევხედოთ კავკასიის კონფლიქტებს. თუ არ ვცდები, მეორედ თუ მესამედ ვამბობ ამას. საქართველო მზად არის რათა მოქმედების ყველა ფორმა, მათ შორის, სისტემატური ორმხრივი კონტაქტები და სხვა ფორმებიც გამოიყენოს ქართულ-აფხაზური თუ ქართულ-ოსური კონფლიქტების მოსაგვარებლად. ამ პრობლემების მოუგვარებლობა ახანგრძლივებს ადამიანთა ტანჯვა-წამების, მოქალაქეთა უფლებების ფეხქვეშ გათელვას და ახალი ხანძრებისა და ახალი მსხვერპლის დიდ საფრთხეს შეიცავს. მე მინდა გამოვთქვა რწმენა, რომ 1996 წელი გადამწყვეტი უნდა იყოს კავკასიაში მშვიდობის დამყარების საქმეში, რითაც დაინტერესებული არიან არა მარტო ამ რეგიონის სახელმწიფოები, არამედ მთელი მსოფლიოს საზოგადოებრიობა.

„1996 წელი გადამწყვეტი უნდა იყოს კავკასიაში მშვიდობის დამყარების საქმეში“ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 26 დეკემბერი. - 193(2109). - 1,2 გვ.

122 პირთა საძიებელი

▲ზევით დაბრუნება


აბაევი ვასილ

აბაშიძე ასლან

აბაშიძე მემედ

აბულაშვილი

აბულაძე თენგიზ (კინორეჟისორი)

ადამსი ტერი

ალავიძე სოსო

ალექსიძე დიმიტრი

ალიევი ჰეიდარ

ალუდაური მაია

ამაშუკელი ელგუჯა

ანანიაშვილი ნინო

ანასაშვილი მარადი

ანდრონიკაშვილი კონსტანტინე

ანდერსენი ჰანს ქრისტიან

ანჯაფარიძე ვერიკო

არდენე მანფრედ ფონ

არეშიძე სოსო

არეშიძე მამუკა

არძინბა ვლადისლავ

არჯევანიძე

ახმეტელი სანდრო

ბაბილაშვილი ჯამლეტ (ჯამლეთ)

ბაგრატ მესამე

ბაგრატიონები

ბალაიანი რომან

ბალუაშვილი ანზორ

ბალცეროვიჩი ლეშეკ

ბარათაშვილი ნიკოლოზ

ბარამიძე გიორგი

ბარატიანი

ბარვიხი ჰეინც

ბასილია თემურ

ბატონო ალექსანდრე

ბაქრაძე ვალერი

ბაჩიაშვილი იოსებ

ბაჯელიძე ციური

ბეიკერი ჯეიმს ა. (ჯიმ)

ბერიანიძე შალვა

ბერიაშვილი

ბერიძე ალექსანდრე

ბერძენიშვილი მერაბ

ბოგომოლოვი იგორ

ბოხუა ნოდარ

ბჟეზინსკი ზბიგნევ

ბრაუნი კენტ

ბრეგაძე

ბრეჟნევი

ბროლაძე ნოდარ

ბრუნერი ედუარდ

ბურდიაშვილი შალვა

ბურჯანაძე ანზორ

ბუტროს ბუტროს გალი (ღალი)

ბუცხრიკიძე პავლე

გაბაშვილი კონსტანტინე

გაბრიაძე მერი

გალაზოვი ახსარბეკ (აღსარბეკ) ხაჯიმურზას ძე

გამსახურდია კონსტანტინე

გამსახურდია ზვიად (პრეზიდენტყოფილი, ექსპრეზიდენტი, ყოფილი პრეზიდენტი)

გამყრელიძე

გაფრინდაშვილი ნონა

გეგიძე

გელაშვილი გიგა

გელბახიანი პეტრე

გენშერი ჰანს-დიტრიხ

გვენცაძე რომან

გვერდწითელი ირაკლი

გვერდწითელი თამრიკო

გილაშვილი კობა

გიორგაძე იგორ

გიორგაძე პანტელეიმონ

გიორგაძე ლევან

გიორგი ბრწყინვალე

გოგებაშვილი იაკობ

გოგელია არჩილ

გოგუა კარლო

გოგუაძე ვახტანგ

გორგოძე ჯემალ

გოცირიძე ვიქტორ

გოძიაშვილი ვასო

გრაჩოვი პავლე

გრეისი

გრიბოედოვი ალექსანდრე

გულუა ბაკურ

გულუა გია

გულუა ნუნუ

გურამიშვილი დავით

გუსევები (ცოლ-ქმარი)

გუსეინოვი

გუსტოვი

Давид Возобновитель (დავით აღმაშენებელი)

დავითაია ვახტანგ

დათუაშვილი პაატა

დანტე

დე გოლი

დემირელი სულეიმან

დემირხანოვი რაჩია

დიაკოვი

დიუმა როლან

დოიაშვილი დავით

დოიჯაშვილი მანანა

დოკვაძე ირაკლი

დომუხოვსკი ვიქტორ

დუდაევი ჯოხარ (ჯოჰარ)

დუმბაძე თამაზ

ეგოროვი მიხეილ

ეგოროვი ნიკოლოზ

ელცინი ბორის

ერეკლე II (პატარა კახი)

ერქვანია ზურაბ

ვალავი მოჰამედ შადმან

ვან დენ ბროკი

ვარშანიძე ბიჭიკო

ვაშაკიძე რემი

ვასაძე აკაკი

ვახტანგ გორგასალი

ვეკუა ილია

ზარანდია (ზარანდიას ბანდა)

ზატულინი კონსტანტინე

ზაქარიაძე სერგო

ზემსკი ვლადიმერ

ზუბიტაშვილი დავით

თაბუკაშვილი ლაშა

თამარ მეფე

თამარაშვილი

თარგამაძე კახა

თაყაიშვილი სესილია

თორაძე გია

იაკობიძე დავით

იაკუშევი ვასილ

ილია მეორე (კათოლიკოს-პატრიარქი)

ილიესკუ იონ

იმედაშვილი კობა

ინჯია ფრიდონ

იოანე პეტრიწი

იოსელიანი ჯაბა

იოსელიანი ავთანდილ

იოსელიანი ოთარ

ისაევი ბორის

ისაკაძე თედო

ისაკაძე ლიანა

კავსაძე სანდრო

კალანდაძე ანა

კამდესიუ მიშელ

კასინენკო ანატოლი

კეკელიძე ნიკოლოზ (ნიკა)

კერესელიძე

კერვალიშვილი ზურაბ

კეშელავა

კვარაცხელია

კვაჭანტირაძე თამაზ

კვეზერელი-კოპაძე მაია

კვირაია შოთა

კინკელი კლაუს

კირვალიძე ირაკლი

კისინჯერი ჰენრი

კიტოვანი თენგიზ

კლდიაშვილი რეზო

კლინტონი უილიამ ჯეფერსონ (ბილ)

კობახიძე პიერ

კოლესნიკოვი [ვლადიმერ]

კოლი ჰელმუტ

კომახიძე ნოდარ

კონდრატიევი გიორგი

კონჩალოვსკი

კოზოდაევი მიხეილ

კოჩინიანი ჰენრიხ

კოჭლავაშვილი ალექსანდრე

კრასავჩენკო

კურტანიძე

კუჩმა ლეონიდ დანილის (დანიელის) ძე

კუჭუხიძე მედეა

კუხალაშვილი

ლაფონტენი ოსკარ

ლებანიძე მურმან

ლეკიშვილი ნიკოლოზ (ნიკო)

ლეონტიევი ნიკოლოზ

ლეონტი მროველი

ლერმონტოვი მიხეილ

ლისტევი ვლადისლავ

ლობოვი

ლოკი ჯონ

ლომინაძე გია

ლორთქიფანიძე ვაჟა

ლორთქიფანიძე გიგა

ლორთქიფანიძე გრიგოლ

ლორთქიფანიძე რუსუდან

ლოტიანუ

ლუიზა [შაკიაშვილი]

ლუკაშენკო ალექსანდრე

მაიორი ფედერიკო

მამალაძე ლევან

მამარდაშვილი მერაბ

მამულაშვილი გურამ

მანაგაძე

მანჯგალაძე ეროსი

მარგიანი ავთანდილ

მარშალი ჯორჯ

მარჯანიშვილი კოტე

მაღლაკელიძე თამაზ

მაღრაძე დათო

მაჩაბელი (მსახიობი)

მახალდიანი სოსო

მეიჯორი ჯონ

მელაძე უშანგი

მელია

მენაღარიშვილი ირაკლი

მეღვინეთუხუცესი ოთარ

მიგულინი ვლადიმერ

მირიანაშვილი გიგა

მიულემანი ერნესტ

მიქაძე (გამომძიებელი)

მიქაძე დემურ

მიქელაძე ჯემალ

მონტესკიე

მოსეშვილი იური

მრევლიშვილი მალიკო

მუზილი რობერტ

მუთალიბოვი

ნადარაია ნუგზარ

ნადარეიშვილი თამაზ

ნადიბაიძე ვარდენ (ვარდიკო)

ნაზარბაევი ნურსულთან

ნათაძე ნოდარ

ნათელაშვილი შალვა

ნარიმანოვი ნარიმან

ნიზამი განჯელი

ნიკოლაევი (გენერალი)

ნინიძე თედო

ობგაიძე შალვა

ობოლაძე ბესიკ

ონიანი ნატო

ოქიაიუზი თევფიქ

პაიჭაძე მანანა

პაპავა ვლადიმერ (ლადო)

პასტუხოვი ბორის

პატიაშვილი ჯუმბერ

პეტრენკო

პოროშინები (ცოლ-ქმარი)

პუშკინი ალექსანდრე

ჟვანია ზურაბ

რაბინი იცხაკ

რამიშვილი ნინო

რაფსანჯანი აქბარ ჰაშემი

რეუტი თევდორე

რიჩო ჯანკარლო

რიხლი ნიკოლას

რობაქიძე გრიგოლ

როგი (როგე) ჟაკ

რუზველტი

რჩეულიშვილი ვახტანგ

საიათნოვა

სალარიძე

სალარიძე ბორის

სალუქვაძე რევაზ

სამარანჩი ხუან ანტონიო

სამუშია ზურაბ

სანებლიძე თამაზ

სარაჯიშვილი დავით

სარიშვილი ირინა

საყვარელიძე რამაზ

საჯაია ნუგზარ

სელინოვი პავლე

სიგუა თენგიზ

სიორიძე ზაზა

სოსკოვეცი ოლეგ

სოტკილავა ზურაბ

სტალინი იოსებ

სტეპანოვი

სტეპაშინი სერგეი

სუხიშვილი თენგიზ

სუხიშვილი ილიკო

ტაბატაძე

ტიესსენი პიტერ

ტიმოშენკო

ტოვსტონოგოვი გიორგი

უაიტი

უზნაძე დიმიტრი

ფანჯიკიძე გურამ

ფარნავაზი

ფაღავა აკაკი

ფაცაცია ოთარ

ფირდოუსი

ფიფია თემურ

ფოჩხუა რეზო

ფუკიდიდე

ქანთარია მელიტონ

ქარიმოვი (კარიმოვი) ისლამ აბდუგანის ძე

ქასრაშვილი მაყვალა

ქაშაკაშვილი გურამ

ქვარცხავა ილია

ქვლივიძე მიხეილ

ქორბოი დენის

ქორელი მიხეილ

ქურდაძე მიხეილ

ყანჩელი გია

ყარყარაშვილი გიორგი (გია)

ყიფიანი რევაზ

ყიფიანი დავით

შალიკაშვილი ჯონ (მალხაზ)

შანიძე აკაკი

შაშიაშვილი თეიმურაზ (თემურ)

შევარდნაძე ნანული

შენგელია დავით

შირაკი ჟაკ

შიუტცე

შოთა რუსთაველი (რუსთველი)

შტეინბერკი მაქს

შუკშინა

შულცი ჯორჯ

შუმეიკო ვლადიმერ

ჩალაძე კორნელი

ჩეთინი

ჩერნომირდინი ვიქტორ სტეფანეს ძე

ჩერჩილი უინსტონ

ჩიკვაიძე ალექსანდრე

ჩილერი თანსუ

ჩიქობავა არნოლდ

ჩუბინაშვილი გიორგი

ჩხაიძე

ჩხარტიშვილი ვანო

ჩხეიძე რეზო

ჩხეიძე პეტრე

ჩხეიძე

ძიძიგური ზვიად

ძნელაძე

წერეთელი ირაკლი

წიკლაური

წმინდა გიორგი

წულუკიძე თამარ

ჭავჭავაძე ილია (მართალი)

ჭავჭავაძე თამარ

ჭავჭავაძე ნინო

ჭავჭავაძე ალექსანდრე

ჭავჭავაძე გარსევან

ჭანიშვილი ნანი

ჭანტურია გიორგი (გია)

ჭანტურია გიორგი (გია) (ელჩი)

ჭიაურელი

ჭითანავა ნოდარ

ჭკუასელი მიხეილ

ჭკუასელი დავით

ჭუმბურიძე ჯემალ

ხაბეიშვილი სოლიკო

ხაინდრავა ლევან

ხარიტონოვი ევგენი

ხატიძე ბადრი

ხაჩიშვილი ვარლამ

ხაჩიშვილი თეიმურაზ (თემურ)

ხიჩკოკი ალფრედ

ჯანელიძე დიმიტრი

ჯაფარიძე თედო

ჯაფარიძე რეზო

ჯეფერსონი თომას

ჯიბუტი მიხეილ

ჯორბენაძე ავთანდილ

ჰაუსი

ჰერდი დაგლას

ჰერფკენსი ეველინ

ჰერცი გუსტავ

123 ადგილის საძიებელი

▲ზევით დაბრუნება


აბაშა

ადიგენი

ავსტრალია-ოკეანია

ავსტრია

ავღანეთი

აზერბაიჯანი

აზია,

აია (ქუთაისი)

ალმა-ათა (ალმათი)

ამბროლაური

ამერიკა

ამერიკის შეერთებული შტატები (აშშ)

ამიერკავკასია

ანკარა (ანგორა)

ასპინძა

ატლანტა

აფრიკა

აფხაზეთი

აღმოსავლეთი ევროპა

აღმოსავლეთი საქართველო

აჭარა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა

ახალქალაქი

ახალციხე

ახლო აღმოსავლეთი

ახმეტა

ბაგრატი (ტაძარი)

ბათუმი

ბალკანეთი

ბალტიისპირეთი

ბაქო

ბერლინი

ბოლნისი

ბომბეი

ბონი

ბორჯომი

ბორჯომის ხეობა

ბოსნია

ბოსნია-ჰერცეგოვინა (ბოსნია და ჰერცეგოვინა)

ბრიუსელი

ბუდაპეშტი

ბუდიონოვსკი

ბულგარეთი

ბურგასი

ბუქარესტი

გალი

გარდაბანი

გელათი

გეორგიევსკი

გერმანია (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა)

გლდანი

გორი

გუდაუთა

გურია

გურჯაანი

დანია

დარუბანდი

დასავლეთი ევროპა

დასავლეთი საქართველო

დედოფლისწყარო

დიდი ბრიტანეთი

დიდი კავკასიონი

დმანისი

დუშეთი

ეგვიპტე

ევრაზია

ევროკავშირი

ევროპა

ენგური

ენგურჰესი

ერაყი

ერევანი

ესპანეთი

ესტონეთი

ვაკის პარკი

ვარნა

ვარშავა

ვაშინგტონი

ვახუშტის ხიდი

ვენა

ვესიოლოე

ვლადიკავკაზი

ზაარლანდი

ზემო სვანეთი

ზესტაფონი

ზუგდიდი

თბილისი

თეთრი ხიდი

თეთრიწყარო

თელავი

თერჯოლა

თურქეთი

თურქმენეთი

იაპონია

იბერია (კავკასიის)

იბერია (პირენეს)

ილიჩოვსკი

იმერეთი

ინგირი

ინგლისი

იორდანია (იორდანელები)

ირანი

ისანი

ისრაელი

იტალია

იუგოსლავია

იყალთო

კავკასია

კავკასიონი

კანადა

კარელია

კასპიის ზღვა

კასპიის ზღვის აუზი

კასპიისპირეთი

კახეთი

კიევი

კობი

კოდორის ხეობა

კოლხეთი

კოპენჰაგენი

კორეა (გაერთიანებული)

კრასნოდარი

კულაში

ლაგოდეხი

ლათინური ამერიკა

ლენინგრადი

ლენტეხი

ლესელიძე

ლეჩხუმი

ლიახვი დიდი

ლიტვა

ლონდონი

მარაბდა-ახალქალაქის რკინიგზა

მარნეული

მესხეთ-ჯავახეთი

მთაწმინდა

მთიანეთი

მინსკი

მოლდავეთი (მოლდოვა)

მოსკოვი

მცირე კავკასიონი

მცხეთა

მცხეთა-მთიანეთი

ნატანები

ნაძალადევი

ნიკოფსია

ნინოწმინდა

ნიუ-იორკი

ნიურნბერგი

ნოვოროსიისკი

ოდესა

ოზურგეთი

ონი

ოჩამჩირე

პაკისტანი

პალესტინა

პარიზი

პეკინი

პოლონეთი

ჟენევა

რაჭა

რაჭა-ლეჩხუმი

რიზე

რიონჰესი

რომი

რუმინეთი

რუსეთი

რუსთაველის პროსპექტი

(სანქტ-)პეტერბურგი

საბერძნეთი

საბურთალო

საბჭოთა კავშირი (სსრკ)

საგარეჯო

სამაჩაბლო

სამგორი

სამეგრელო

სამსუნი

სამტრედია

სამცხე-ჯავახეთი

სამხრეთ კორეა

სამხრეთ ოსეთი

სარფი

საფრანგეთი

სენაკი

სერბია (სერბეთი)

სვანეთი

სვეტიცხოველი

სიღნაღი

სომხეთი

სოჭი

სოხუმი

სპარსეთის ყურე

სტამბოლი

სუფსა

ტაშკენტი

ტრაპიზონი (ტრაბზონი)

ტყიბული

უზბეკეთი

უკრაინა

ფოთი

ქარელი

ქართლი

ქაშუეთის ტაძარი

ქობულეთი

ქუთაისი

ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკა

ყაზახეთი

ყაზბეგი

შავი ზღვა

შავი ზღვის აუზი (შავიზღვისპირეთი)

შაუმიანი

შვედეთი

შვეიცარია

შიდა ქართლი

შიომღვიმის მონასტერი

შორეული აღმოსავლეთი

შუა აზია

შუა აღმოსავლეთი

ჩეჩნეთი

ჩეხეთი

ჩინეთი

ჩიქოვანის ქუჩა

ჩრდილოეთ (ჩრდილო) ოსეთი

ჩრდილოეთ კავკასია (ჩრდილოეთკავკასიური)

ჩუღურეთი

ჩხოროწყუ

ცენტრალური აზია

ცენტრალური ევროპა

ცხინვალი

წალენჯიხა

წალკა

წითელი ხიდი

წყალტუბო

ჭიათურა

ხაშური

ხმელთაშუა ზღვა

ხორვატია

ხუდონჰესი

ჯვრის მონასტერი

ჰელსინკი

124 საგნობრივი საძიებელი

▲ზევით დაბრუნება


ამერიკის ადმინისტრაცია

ამერიკის კონგრესი

ანარქია

ანარქია და ქაოსი

აფხაზეთის უზენაესი საბჭო

აღმავლობა

აღმოსავლეთ ევროპის სოციალისტური ბანაკი

აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა

აჭარის უზენაესი საბჭო

„ბრეჟნევის დოქტრინა“

ბანდიტიზმი

ბერლინის კედელი

ბიუჯეტის დეფიციტი

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია

გერმანიის გაერთიანება

გეოპოლიტიკური ჯვარცმა

გლობალური კონფრონტაცია

დამოუკიდებლობა

დასავლეთის ქვეყნები

დემოკრატიული არჩევნები

დემოკრატიული გარდაქმნა

დემოკრატიული, დემოკრატია

დეკლარაცია სუვერენიტეტის შესახებ

დესტაბილიზაცია

დესტრუქციული ძალები ე

„ენერგეტიკა“

ევროთათბირი

ევროპული გაერთიანებები

ევროპის გათიშულობა

ეთნოკონფლიქტები

ეკონომიკა

ეკონომიკური კრიზისი

ეკონომიკური ქაოსი

ეროვნებათშორისი

ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა

ეროვნულ-განმათავისუფლებელი ფრონტი

ეროვნული დამოუკიდებლობის პარტია

ეროვნული ცნობიერება

ეროვნულ-დემოკრატიული პარტია

„თელასი“

თავისუფალი არჩევნები

თავდაცვის სამინისტრო

თავისუფალი მეწარმეობა

თავისუფლება

თანამეგობრობა

იუგოსლავიის ტრაგედია

იუნესკო

იუსტიციის სამინისტრო

კომუნისტური პარტია

კომუნიზმი

კონსტიტუცია

კონცეფცია

კულტურის ხსნის კომიტეტი

„მრეწველობა“

მიტინგი

მკვიდრი მოსახლეობის გენოციდი

მრავალპარტიულობა

მსოფლიო ბანკი

მსოფლიო ომი

მსოფლიო ცივილიზაცია

მსოფლმხედველობა

მხედრიონის კრიმინალური ჯგუფები

ნატო

„ოქროს საწმისი“

ოპოზიცია

„პერესტროიკა“

„პერესტროიკის“ პოლიტიკა

პოლიტიკური მიზნები

პოლიტიკური სტაბილურობა

პოლიტიკური ძალა

კორუფცია

პრეზიდენტობის კანდიდატი

პროვოკაცია

რეალისტური პოლიტიკა

რეაქციული ძალები

რეკეტიორები

რეზოლუცია

რეფერენდუმი

რუსეთის იმპერია

„საქენერგო“

საქნავთობი

„საქგაზი“

„საქნახშირი“

საბაზრო ეკონომიკა

საბჭოთა კავშირი

საბჭოთა კავშირის დაშლა

საბჭოთა კავშირის რესპუბლიკები

საგარეო-პოლიტიკური

საკანონმდებლო ინიციატივის წესი

სამშვიდობო მისია

სამშვიდობო ხელშეკრულება

სასაზღვრო ჯარები

საერთაშორისო სავალუტო ფონდი

საერთაშორისო თანამეგობრობა

სუვერენული, დემოკრატიული სახელმწიფოები

საფრანგეთის კონსტიტუცია

სახელმწიფო კონტროლის მექანიზმი

საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

საქართველოს სახელმწიფოებრიობა

საქართველოს მეცნიერებათა აკადემია

საქართველოს მთავრობა

საქართველოს მოქალაქეთა კავშირი

საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლება

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის აპარატი

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი

საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა

საქართველოს ეროვნული ბანკი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

საქინფორმი

სახელმწიფო საბჭო

სახელმწიფო გადატრიალება

სახელმწიფოებრიობის განმტკიცება

სახელმწიფო სუვერენიტეტი

საპროტესტო აქციები

სოციალური კრიზისი

ტერიტორიული მთლიანობა

ტოტალიტარიზმი

ტოტალიტარული რეჟიმი

უზურპაცია

უკანონო შეიარაღებული ფორმირება

უტოპია

ქაოსი

ქართული ჯარი

ქართველი ერი

ქონების მართვის სამინისტრო

ყოფილი კავშირის ქვეყნები

შინაგანი ჯარები - ეროვნული გვარდია

ჩრდილოვანი ეკონომიკა

9 აპრილის ტრაგედია

ცენტრალური საარჩევნო კომისია

ცივი ომი

„ხავერდოვანი რევოლუცია“

ხონის კონსტიტუცია

ჰუმანური

ჰუმანიზმის პრინციპები

125 ბიბლიოგრაფიული საძიებელი

▲ზევით დაბრუნება


1. იმედი მაქვს, ახალი წელიწადი კიდევ უფრო განამტკიცებს მშვიდობას, სიყვარულს, აღადგენს სამართლიანობას, გააერთიანებს საქართველოს! // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 4 იანვარი. - №2(1019). - 1 გვ.

2. 1995 წელი ეკონომიკის გამოცოცხლების, ეკონომიკური აღმავლობის წელიწადი უნდა გახდეს / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 4 იანვარი. - №2(1019). - 1,2 გვ.

3. „შენ ისე ღრმა ხარ“... // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 7 იანვარი. - №3(1020). - 1 გვ.

4. „ბიუჯეტის დაუმტკიცებლობა აუცილებლად შეაჩერებს კუპონის კურსის განმტკიცების ტენდენციას, შეასუსტებს წამოწყებული რეფორმების ტემპს.“ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 10 იანვარი. - №4(1021). - 2 გვ.

5. საქართველო-უკრაინა: ორი ქვეყნის მეგობრული ურთიერთობის განვითარების ახალი ეტაპი. თავისუფალი და დამოუკიდებელი უკრაინის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი დამოუკიდებელ, თავისუფალ საქართველოში წარმატებით დამთავრდა : ოფიციალური სადილი უკრაინის პრეზიდენტის პატივსაცემად // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 12 იანვარი. - №5(1022). - 1 გვ.

6. სახელმწიფოს მეთაურმა ავანტიურა უწოდა ეგრეთ წოდებული „ეროვნულ-განმათავისუფლებელი ფრონტის“ ლიდერების მიერ განხორციელებულ აქციას // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 14 იანვარი. - №6(1023). - 1 გვ.

7. „ჩვენ სახელმწიფო წესრიგს დავამყარებთ ხალხის, პარლამენტის უმრავლესობისა და მისი ჯანსაღი ნაწილის მხარდაჭერით“ / ე. შევარდნაძე ; [ჩაიწერა] ნატო ონიანმა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 17 იანვარი. - №7(1024). - 1 გვ.

8. „დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის ინტერესები კანონის დიქტატურას მოითხოვს“ / ედუარდ შევარდნაძე ; [ჩაიწერა]ნატო ონიანმა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 24 იანვარი. - №9(1026). - 1 გვ.

9. „აშკარად გამოიკვეთა ერთგვარი შემობრუნება ეკონომიკური რეფორმებისაკენ, საბაზრო ურთიერთობის დამკვიდრებისაკენ“ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 31 იანვარი. - №12(1028). - 1,2 გვ.

10. ცენტრალური პოლიტიკური ფიგურა / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 4 თებერვალი. - №13(1029). - 3 გვ.

11. ედუარდ შევარდნაძე: სეპარატიზმს ბირთვული იარაღივით შეუძლია მსოფლიოს დაშლა და მოსპობა / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] მოსეშვილი იური // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 7 თებერვალი. - №14(1030). - 1 გვ.

12. „რეფორმების წარმატებული და ინტენსიური განხორციელება მთელი სახელმწიფოს საზრუნავი, უმთავრესი სახელმწიფოებრივი პროგრამა უნდა გახდეს“ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 7 თებერვალი. - №14(1030). - 1,2 გვ.

13. რეფორმების, ახალი კონსტიტუციის, სახალხო რეფერენდუმის და დემოკრატიული არჩევნების წელი : ე. შევარდნაძის ინფორმაცია რესპუბლიკის პარლამენტს საქართველოს საშინაო და საერთაშორისო მდგომარეობის, კრიზისის დაძლევისა და რეფორმების პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ, 1995 წლის 7 თებერვალი // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 11 თებერვალი. - №16(1032). - 1,2,3,4 გვ.

14. „სახელმწიფოს სტრუქტურების - ცენტრალური, ადგილობრივი, საშუალო რგოლების, ყველას უმთავრესი საზრუნავი დღეს რეფორმაა!“ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 14 თებერვალი. - №17(1033). - 1, 2 გვ.

15. ცივი ომის დამთავრების შემდგომი ხანა: ახალი რეალიები! : საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის - სახელმწიფოს მეთაურის ედუარდ შევარდნაძის გამოსვლა ლონდონის საერთაშორისო ურთიერთობის სამეფო ინსტიტუტში 1995 წლის 16 თებერვალს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 23 თებერვალი. - №20(1036). - 1,2 გვ.

16. „მსოფლიო, თუ შეიძლება ასე ითქვას, აგრესიული ხდება სეპარატიზმის მიმართ, რამდენადაც იგი ემუქრება ყველა ქვეყნის კეთილდღეობას“ : რადიოინტერვიუ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 23 თებერვალი. - №20(1036). - 1,2 გვ.

17. „კუპონის რევალვაციის პროცესი საკმაოდ ოპტიმისტურ საფუძველს გვაძლევს“ : 27 თებერვლის რადიოინტერვიუ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 28 თებერვალი. - №22(1038). - 1,2 გვ.

18. „მზად ვარ ბოლომდე ვიბრძოლო სახელმწიფოებრივი აღმშენებლობისა და სტაბილურობისათვის“ : ე. შევარდნაძის 6 მარტის რადიოინტერვიუ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 7 მარტი. - №24(1040). - 1, 2 გვ.

19. მეოცე საუკუნის დასასრულამდე გადასაწყვეტი პრობლემა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 7 მარტი. - №24(1040). - 2 გვ.

20. „ჩვენ უნდა გავიხსენოთ და ავამოქმედოთ საკაცობრიო პრობლემათა ერთობლივი გადაწყვეტის გამოცდილება“ : საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის - სახელმწიფოს მეთაურის ე. შევარდნაძის გამოსვლა სოციალური განვითარების საკითხებზე გაერთიანებული ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოთა უმაღლესი დონის შეხვედრაზე // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 15 მარტი. - №27(1043). - 1 გვ.

21. „საქართველოსათვის იქმნება უაღრესად ხელსაყრელი გარემო და იგი დღეს მართლაც უნიკალურია“ : რადიოინტერვიუ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 15 მარტი. - №27(1043). - 1,2 გვ.

22. „ჩვენ მხოლოდ იმ შემთხვევაში შევძლებთ ბედნიერი და დემოკრატიული ქვეყნის აშენებას, თუ საქართველო აქ მცხოვრები ყველა ერისა და ეროვნების მოქალაქეთა ნამდვილი სამშობლო გახდება“ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ონიანი ნ. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 22 მარტი. - №30(1046). - 1,2 გვ.

23. ედუარდ შევარდნაძე: „საქართველო აყვავებული ქვეყანა იქნება!“ //

საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 23 მარტი. - №31(1047). - 1 გვ.

24. რუსეთთან განსაკუთრებული ურთიერთობის დამყარება ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის და მისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის წინაპირობაა / ედუარდ შევარდნაძე ; [ჩაიწერა] მამუკა არეშიძემ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 25 მარტი. - №32(1048). - 1,3 გვ.

25. „მხოლოდ აღმშენებლის და შემოქმედის ხვედრია აღიარებისა და დიდების კვარცხლბეკი“ : ვიქტორ გოცირიძის ხსოვნას // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 28 მარტი. - №33(1049). - 1 გვ.

26. „გამთლიანების პრობლემა ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხია“ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 28 მარტი. - №33 (1049). - 1,2 გვ.

27. „კონსტიტუცია ქვეყნის სახელმწიფოებრივი და ტერიტორიული მოწყობის საფუძველი იქნება“ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 4 აპრილი. - №36(1052). - 1,2 გვ.

28. საქართველო ქალმა უნდა გადაარჩინოს! / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ანასაშვილი მარადი // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 8 აპრილი. - №38(1054). - 1 გვ.

29. „საქართველო მიდის დემოკრატიული გარდაქმნებისა და რეფორმების გზით“ : 10 აპრილის რადიოინტერვიუ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 11 აპრილი. - №39(1055). - 1 გვ.

30. „თბილისის დიალოგი ხელს შეუწყობს საქართველოსა და ირანის მრავალსპექტრიან თანამშრომლობას გარემომცველ სამყაროსთან“ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 18 აპრილი. - №42(1058). - 1,2 გვ.

31. „დგება საქართველოში კონფლიქტების მოგვარების გადამწყვეტი დღეები“ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 26 აპრილი. - №46(1062). - 1,2 გვ.

32. დრო დიდ წინაპართა ანდერძის აღსრულებისა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 29 აპრილი. - №48(1064). - 1 გვ.

33. „ვულოცავ ამ ისტორიულ თარიღს ჩემს ხალხს, ომის ყველა მონაწილეს, დაღუპულთა ოჯახებს...“ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 2 მაისი. - №49(1065). - 1,2 გვ.

34. ლევან ხაინდრავას ოჯახს / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 4 მაისი. - №50(1066). - 1 გვ.

35. „ვიყოთ სამართლიანი და წინდახედული მოვლენათა და პიროვნებათა შეფასებაში, ასეთ შემთხვევაში გაცილებით უკეთ განვსაზღვრავთ გზებს, რომლებიც მშვიდობამდე და საყოველთაო კეთილდღეობამდე მიიყვანს მსოფლიოს“ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა]ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 11 მაისი. - №52(1068). - 1,2 გვ.

36. დავიცვათ ისტორიული სიმართლისა და სამართლიანობის სიმაღლე! : ედუარდ შევარდნაძის სიტყვა გამარჯვების 50 წლისთავის დღესასწაულზე // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 11 მაისი. - №52(1068). - 1,2 გვ.

37. ჩვენ ამ ხსოვნის ერთგულნი ვართ : ფაშიზმზე გამარჯვების 50 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო სხდომა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 11 მაისი. - №52(1068). - 1,2 გვ.

38. „საქართველოს მონაწილეობა და მისი ერთგვარად გამორჩეული ადგილი მოსკოვის ღონისძიებებში იმ როლის ადეკვატურია, რომელიც ჩვენმა ხალხმა მეორე მსოფლიო ომში შეასრულა“ : ედუარდ შევარდნაძის 15 მაისის რადიოინტერვიუ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 16 მაისი. - №54(1070). - 1, 2 გვ.

39. „ერთად ვაშენოთ დემოკრატიული და ბედნიერი ქვეყანა - ჩვენი საქართველო“ : ედუარდ შევარდნაძის 22 მაისის რადიოინტერვიუ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 23 მაისი. - №57(1073). - 1,2 გვ.

40. „რადიო შეუცვლელ მისიას ასრულებს საქართველოს დამოუკიდებლობის ჩამოყალიბებაში“ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 26 მაისი. - №58(1074). - 1 გვ.

41. „საქართველო თავის თავს უბრუნდება“ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 30 მაისი. - №59(1075). - 1,2 გვ.

42. კონსტიტუციის პროექტის შესახებ : ედუარდ შევარდნაძის გამოსვლა საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე 1995 წლის 29 მაისს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 1 ივნისი. - №60(1076). - 1,2,3 გვ.

43. „დადგა დრო, როდესაც წარმოებისა და, საერთოდ, ეკონომიკის გამოცოცხლების ფონზე უნდა შეიქმნას კონკრეტული მოქმედების, კონკრეტული ღონისძიებების მთელი სისტემა“ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 6 ივნისი. - №62(1078). - 1,2 გვ.

44. დიდოსტატთა კერა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 10 ივნისი. - №64(1080). - 1 გვ.

45. მის აღმატებულებას, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ბატონ ბორის ელცინს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 13 ივნისი. - №65(1081). - 1 გვ.

46. ამ სიყვარულმა გაუძლო საუკუნეებს!.. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 13 ივნისი. - №65(1081). - 1 გვ.

47. „არჩევნები გაიმართება და მასში პატიოსანი, მოაზროვნე ადამიანები გაიმარჯვებენ” შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა]ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 13 ივნისი. - №65(1081). - 1,2 გვ.

48. „ყველამ ერთად ვეძებოთ ის გზები, რომლებმაც უნდა იხსნას ჩვენი მეცნიერული პოტენციალი“ : საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წლიური საერთო კრება // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 20 ივნისი. - №68(1084). - 1,2 გვ.

49. „მთელი საქართველო უნდა დაირაზმოს სამართლიანი, ობიექტური არჩევნებისათვის“ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 27 ივნისი. - №71 (1087). - 1,2 გვ.

50. ბუქარესტი-95: ეკონომიკური ინტეგრაცია პოლიტიკური სტაბილურობისათვის : „შევქმნათ ნამდვილად ქმედუნარიანი ორგანიზაცია, რომელიც მზად იქნება იტვირთოს რეგიონის, მშვიდობისა და სტაბილურობისათვის პასუხისმგებლობა“ / ედუარდ შევარდნაძე; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 1 ივლისი. - №73(1089). - 1 გვ. 492

51. საქართველოს, როგორც საიმედო პარტნიორის, ავტორიტეტი იზრდება / შევარდნაძე ; [ჩაიწერა] ლორთქიფანიძე რუსუდან // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 1 ივლისი. - №73(1089). - 1 გვ.

52. „არჩევნებისათვის მზადება, მისი გამართვაც და შედეგებიც ხელს უნდა უწყობდეს გარდაქმნათა ტემპის დაჩქარებას“ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 11 ივლისი. - №79(1095). - 1,2 გვ.

53. „კულტურათა დიალოგი შესაძლებელია, შეუწყნარებლობის დაძლევა - რეალური“ : 13 ივნისს თბილისში მუშაობა დაიწყო საერთაშორისო ფორუმმა „კულტურათა დიალოგი სოლიდარობისათვის, აგრესიულობისა და შეურიგებლობის დასაძლევად“, // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 14 ივლისი. - №83(1099). - 1,2 გვ.

54. „რაც უფრო მეტია საქართველოს აღიარება საერთაშორისო მასშტაბით, მით უფრო მოკლდება გზა კეთილდღეობისა და დემოკრატიისაკენ, ქვეყნის გამთლიანებისაკენ“ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 18 ივლისი. - №85(2001). - 1,2 გვ.

55. „მინდა მჯეროდეს, რომ ამჯერად რუსეთის ხელმძღვანელობის ცდა - ჩვენთან და მსოფლიოს თანამეგობრობასთან ერთად წერტილი დაუსვას კონფლიქტებს - შედეგიანი იქნება“ / ედუარდ შევარდნაძე ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 25 ივლისი. - №89(2005). - 1,2 გვ.

56. „უნდა მივიღოთ ისეთი კონსტიტუცია, როგორიც დღევანდელ საქართველოს და მის მომავალს შეეფერება” // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 27 ივლისი. - №91(2007). - 1 გვ.

57. „თუ კონსტიტუციას რეფერენდუმის გარეშე მივიღებთ - ეს იქნება ახლანდელი პარლამენტის ისტორიული მონაპოვარი“ : რადიოინტერვიუ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 1 აგვისტო. - №94(2010). - 1,2 გვ.

58. „საქართველოს მოქალაქეების სიბრძნის იმედი მაქვს ყველა ძალისა და ყველა კანდიდატის შეფასებაში“ / შევარდნაძე ედუარდ ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 8 აგვისტო. - №98 (2014). - 1,2 გვ.

59. წესრიგი - ჩვენი ყოველგვარი კეთილდღეობის საფუძველი! // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 15 აგვისტო. - №102 (2018). - 1,2 გვ.

60. „სახელმწიფო მოვალეა უზრუნველყოს არჩევნებში მოქალაქეთა ნების გამოხატვის სრული თავისუფლება“ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 15 აგვისტო. - №102 (2018). - 1,2 გვ.

61. ქვეყნის ეკონომიკის წინსვლისათვის // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 16 აგვისტო. - №103(2019). - 1,2 გვ.

62. „ძირითად პოლიტიკურ ძალთა თანამშრომლობამ კონსტიტუციის განხილვის პროცესში ყველაზე სერიოზულ გამოცდას გაუძლო“ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 22 აგვისტო. - №106 (2022). - 1,2 გვ.

63. „დღეს, როდესაც კონსტიტუციას ვუჭერთ მხარს, ვფიქრობთ დღევანდელ საქართველოზეც, ვფიქრობთ ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეზეც და მომავალზეც“ : ედუარდ შევარდნაძის სიტყვა საქართველოს პარლამენტის საგანგებო სესიის 23 აგვისტოს სხდომაზე // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 25 აგვისტო. - №109 (2025). - 1 გვ.

64. ისტორიული მოვლენა საქართველოს მრავალსაუკუნოვან მატიანეში : საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის - სახელმწიფოს მეთაურის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა პარლამენტის 24 აგვისტოს სხდომაზე კონსტიტუციის მიღების შემდეგ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 26 აგვისტო. - №110(2026). - 1 გვ

65. „პარლამენტთან ერთად კონსტიტუციას ხმა მისცა მთელმა ხალხმა“ : ე. შევარდნაძის 28 აგვისტოს რადიოინტერვიუ / შევარდნაძე ედუარდ ; [ჩაიწერა] ნატო ონიანი // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 30 აგვისტო. - №111 (2027). - 1 გვ.

66. „ტერორიზმი მიწასთან გასწორდება“ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 30 აგვისტო. - №111 (2027). - 1 გვ.

67. „ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ ერთიანი, მთლიანი და განუყოფელი საქართველოსათვის“ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 31 აგვისტო. - №112 (2028). - 1,2 გვ.

68. ვიწყებთ სწავლას, ესე იგი - ვიწყებთ ნორმალურ ცხოვრებას // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 1 სექტემბერი. - №113(2029). - 1 გვ. 651

69. მის აღმატებულებას თანსუ ჩილერს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 1 სექტემბერი. - №113 (2029). - 2 გვ.

70. „ისტორიის კანონზომიერი სრბოლის შეჩერება შეუძლებელია და საქართველო უკვე არასოდეს არ გადაუხვევს დემოკრატიული განვითარების გზიდან“ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 6 სექტემბერი. - №116(2032). - 1,2 გვ.

71. ედუარდ შევადნაძე: „ის რაც ბოლო წლინახევრის განმავლობაში კეთდება მთელი ხალხის მხარდაჭერითა და მოთხოვნით, დემოკრატიული და სტაბილური, ძლიერი სახელმწიფოს შექმნის, ხალხის კეთილდღეობისა და უსაფრთხოების, ადამიანის უფლებათა დაცვის რეალური გზა და გარდუვალი, აუცილებელი პირობაა“ / ედუარდ შევარდნაძე ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 12 სექტემბერი. - №119 (2035). - 1,2 გვ.

72. „არჩევნების დროულად ჩატარება, სტაბილურობისა და სოციალური პასუხისმგებლობის ვითარებაში“ : საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის - სახელმწიფოს მეთაურის ედუარდ შევარდნაძის ინტერვიუ სააგენტო „ინტერფაქსს“ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ნოდარ ბროლაძემ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 13 სექტემბერი. - №120(2036). - 1 გვ.

73. ედუარდ შევარდნაძე: „მივმართავ ყველა მოქალაქეს - ვიბრძოლოთ იმისათვის, რომ ლარი გახდეს ერთადერთი საგადამხდელო საშუალება...“ / შევარდნაძე ედუარდ ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 19 სექტემბერი. - №123 (2039). - 1,2 გვ.

74. ფულის რეფორმა ხელს შეუწყობს წარმოების გამოცოცხლებასა და მოსახლეობის ცხოვრების დონის რეაბილიტაციას : ედუარდ შევარდნაძის სიტყვა 1995 წლის 16 სექტემბერს გამართულ თათბირზე // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 20 სექტემბერი. - №124 (2040). - 1,3 გვ.

75. დავითის დროშამ უნდა გაგვაერთიანოს იმ გზაზე, რომელსაც გამარჯვება და საქართველოს გამთლიანება ჰქვია... // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 22 სექტემბერი. - №126 (2042). - 1 გვ.

76. „საქართველო გაემიჯნა ყველა მოვლენას, რომლებიც ჩირქს სცხებს მის მრავალსაუკუნოვან სახელოვან ისტორიას და ხელს უშლის კეთილი მომავლის ფაზაში შესვლას“ / შევარდნაძე; [ჩაიწერა] ონიანი ნ. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 26 სექტემბერი. - №128 (2044). - 1,2 გვ.

77. მისალმება : სილამაზეს, მშვენიერებას, სიკეთეს უნდა ემსახუროთ! / შევარდნაძე ; [ჩაიწერა] ონიანი ნ. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 28 სექტემბერი. - №130 (2046). - 1 გვ.

78. არ შეიძლება საქართველოს ერთგულ ადამიანს არ უხაროდეს ყოველივე კარგი, რაც აჭარაში ხდება // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 30 სექტემბერი. - №132(2048). - 1 გვ.

79. „ლარისადმი დამოკიდებულება გამოხატავს თითოეული მოქალაქის ეროვნული და სახელმწიფოებრივი აზროვნების დონეს“ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 3 ოქტომბერი. - №133 (2049). - 1 გვ.

80. „საქართველო არჩევნებიდან გამოვა უფრო განმტკიცებული, გამთლიანებული და განწმენდილი“ / საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის - სახელმწიფოს მეთაურის ედუარდ შევარდნაძის გამოსვლა ადგილობრივი მმართველობის, უშიშროებისა და სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელთა რესპუბლიკურ თათბირზე 1995 წლის 1 ოქტომბერს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 5 ოქტომბერი. - №135(2051). - 1,2 გვ.

81. „სოციალურ პრობლემათა მოსაგვარებლად ყველაზე უკეთესი საშუალებაა რეფორმების გზა, სწორი პროგნოზები და მეცნიერულად გათვლილ-გაანგარიშებული გადაწყვეტილებანი“ / შევარდნაძე ედუარდ ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 10 ოქტომბერი. - №138 (2054). - 1,2 გვ.

82. ედუარდ შევარდნაძე: „საქართველო ტერორს ეთხოვება“ / შევარდნაძე ; [ჩაიწერა] ბროლაძე ნოდარ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 11 ოქტომბერი. - №139(2055). - 1 გვ.

83. სახელმწიფო მმართველობის ადგილობრივი ორგანოები სახელმწიფოს საძირკველია // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 13 ოქტომბერი. - №141(2057). - 1 გვ.

84. დავაჩქაროთ „ომის ვეტერანთა შესახებ“ და „სამხედრო პენსიების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონების მიღება // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 17 ოქტომბერი. - №143(2059). - 1 გვ.

85. „მთავარი ის გახლავთ, რომ უკვე შევუდექით მშენებლობას, დავადექით სულიერი განწმენდისა და გაჯანსაღების გზას, რაც ჩვენი საბოლოო გამთლიანებისა და გაძლიერების გარანტიაა“ / შევარდნაძე ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 17 ოქტომბერი. - №143(2059). - 1,2 გვ.

86. ედუარდ შევარდნაძე: საქართველოში მცხოვრები ყველა ერისა და ეროვნების შვილების მეგობრობა სამაგალითო უნდა იყოს მთელი კავკასიისათვის // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 20 ოქტომბერი. - №147 (2063). - 1 გვ.

87. „დღეს საქართველო ერთგულად დაადგა დიდი ქართველების, დიდი იაკობის მიერ მონიშნულ გზას“ : სიტყვა იაკობ გოგებაშვილზე // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 21 ოქტომბერი. - №148-149(2065). - 1 გვ.

88. საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს ქალბატონ ნონა გაფრინდაშვილს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 21 ოქტომბერი. - №148-149(2065). - 2 გვ.

89. დიდი გზა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 21 ოქტომბერი. - №148-149(2065). - 3 გვ.

90. მის აღმატებულებას ბუტროს ბუტროს ღალის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 24 ოქტომბერი. - №150(2066). - 1 გვ.

91. „რაც უფრო სწრაფი ტემპით წარიმართება ეკონომიკური რეფორმები, მით უფრო გაუმჯობესდება ყველა მოქალაქის ცხოვრების პირობები“ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 24 ოქტომბერი. - №150(2066). - 1,2 გვ.

92. „დარწმუნებული ვარ, თქვენს კონკურსზე დამარცხებული არ იქნება, რადგან არ შეიძლება ვინმე დამარცხდეს მუსიკისა და სულიერების ზეიმზე“ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 25 ოქტომბერი. - №151-152(2068). - 1 გვ.

93. დეპეშა : აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ჰეიდარ ალიევს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 31 ოქტომბერი. - №157(2073). - 1 გვ.

94. „გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ 5 ნოემბერს გადაწყდება საქართველოს ბედი!“ / ე.შევარდნაძე ; [ჩაიწერა]ნატო ონიანმა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 31 ოქტომბერი. - №157(2073). - 1,2 გვ.

95. შავი ზღვის აუზის ქვეყნების არქიტექტორთა პირველი კონფერენციის მონაწილეებს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 2 ნოემბერი. - №160(2076). - 1 გვ.

96. საქართველო ღირსეულად შეაბიჯებს XXI საუკუნეში : ბატონ ედუარდ შევარდნაძის სიტყვა, წარმოთქმული საქართველოს მოქალაქეთა კავშირის ფორუმზე 1995 წლის 2 ნოემბერს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 3 ნოემბერი. - №161-162(2078). - 1,2,3 გვ.

97. დიდი მამულიშვილი : ედუარდ შევარდნაძის სიტყვა, წარმოთქმული ბათუმის თეატრში 1 ნოემბერს მემედ აბაშიძის იუბილეზე // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 4 ნოემბერი. - №163(2079). - 1 გვ.

98. გავერთიანდეთ და რეალურად ავლაგმოთ ტერორიზმი : საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის ედუარდ შევარდნაძის 5 ნოემბრის განცხადება // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 7 ნოემბერი. - №164(2080). - 1 გვ.

99. „არჩევნებში ხალხმა თავისი გამჭრიახობით, სიბრძნით, სწორი პოლიტიკური ალღოთი და ორიენტაციით იხსნა საქართველო, მისი მომავალი“ : 6 ნოემბრის რადიოინტერვიუ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 7 ნოემბერი. - №164(2080). - 1,2 გვ.

100. ბატონ ნოდარ ნათაძეს / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 7 ნოემბერი. - №164(2080). - 2 გვ.

101. 6 ნოემბერს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თურქეთში, ბატონმა ნოდარ კომახიძემ ეს მილოცვა გადასცა ქალბატონ თანსუ ჩილერს.

102. მის აღმატებულებას თანსუ ჩილერს თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 8 ნოემბერი. - №165(2081). -1 გვ.

103. საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს პოლიციის გენერალ-ლეიტენანტ შოთა კვირაიას // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 11 ნოემბერი. - №167(2083). - 1 გვ.

104. „ძლიერი ხელისუფლება კიდევ უფრო განამტკიცებს წესრიგს და ამით რეალურად იზრუნებს დემოკრატიის განვითარებისა და მოქალაქეთა უფლებების დაცვის უზენაესობისათვის“ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 14 ნოემბერი. - №168 (2084). - 1,2 გვ.

105. მშვენიერი დესპანი საქართველოსი = ქალბატონ ნინოს, ბატონ თენგიზს, ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის ანსამბლის წევრებს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 16 ნოემბერი. - №170(2086). - 1 გვ.

106. „არჩევნების შედეგები იძლევა იმის სრულ გარანტიას, რომ ქვეყანაში მშვიდობის, სტაბილურობის, შემოქმედების ატმოსფერო დამკვიდრდება“ ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 21 ნოემბერი. - №172(2088). - 1 გვ.

107. ბატონ ოთარ ფაცაციას, ქალბატონ ნუნუ გულუას // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 21 ნოემბერი. - №172(2088). - 1 გვ.

108. საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ დეპეშით უპასუხა ერნსტ ნეიზვესტნის // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 21 ნოემბერი. - №172(2088). - 2 გვ.

109. ვიყოთ ღირსეული შთამომავალნი ჩვენი დიდი წინაპრებისა - სიტყვა ერეკლე მეორეზე // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 22 ნოემბერი. - №173(2089). - 1 გვ.

110. „მე დავიცავ საქართველოს კონსტიტუციას, ქვეყნის დამოუკიდებლობას, ერთიანობასა და განუყოფლობას“ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 27 ნოემბერი. - №175(2091). - 1 გვ.

111. უახლოეს 5-10 წელიწადში საქართველო ეკონომიკურად და კულტურულად ერთ-ერთი აყვავებული ქვეყანა გახდება // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 27 ნოემბერი. - №175(2091). - 1,2 გვ.

112. საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბატონ ედუარდ შევარდნაძის განცხადება // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 28 ნოემბერი. - №176(2092). - 1 გვ.

113. „ყველა უნდა გაგვაერთიანოს ზრუნვამ სამშობლოს გამთლიანების, აღორძინებისა და ეკონომიკური კრიზისიდან რაც შეიძლება სწრაფად გამოყვანისათვის“ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 28 ნოემბერი. - №176(2092). - 1 გვ.

114. „სოხუმის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტი თავისი პოტენციით მომავლისაკენ მიმართული ინსტიტუტია, ოცდამეერთე საუკუნისათვის შესაფერისი იდეებითა და შესაძლებლობებით“ : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა, რომელიც წარმოთქვა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში 1995 წლის 30 ნოემბერს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 2 დეკემბერი. - №179(2095). - 1 გვ.

115. „სტრატეგიული კურსი კონტინენტის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში აქტიური ჩართვისა წარმატებით ხორციელდება და ეს ქვეყანას დიდ სიკეთეს უქადის“ / შევარდნაძე ედუარდ ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 5 დეკემბერი. - №180 (2096). - 1,2 გვ.

116. მოვალეობის კაცი / ედუარდ შევარდნაძე ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 8 დეკემბერი. - №183(2099). - 3 გვ. 941

117. „ახალმა სტრუქტურამ სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის ტემპი უნდა გააძლიეროს და ქვეყანაში საბოლოოდ დაამკვიდროს სტაბილურობა, აღმშენებლობისა და შემოქმედების ატმოსფერო“ / ედუარდ შევარდნაძე ; [ჩაიწერა]ნატო ონიანმა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 12 დეკემბერი. - №185(2101). - 1,2 გვ.

118. მოდით, ეს დღე, პირველი იანვარი, ჩვენი ბავშვებისთვის იმედებისა და ოცნებების დღედ ვაქციოთ! : საქართველოს ბავშვთა ფედერაციის თავმჯდომარეს კობა გილაშვილს // საქართველოს

რესპუბლიკა. - 1995. - 16 დეკემბერი. - №188 (2104). - 1 გვ.

119. საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ მისასალმებელი წერილი გაუგზავნა პროფესორ ვასილ აბაევს დაბადების 95 წლისთავთან დაკავშირებით // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 16 დეკემბერი. - №188 (2104). - 1 გვ.

120. „საფუძველი ეყრება დემოკრატიზაციის უნიკალურ ქართულ ვარიანტს“ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 19 დეკემბერი. - №189 (2105). - 1,2 გვ.

121. „1996 წელი გადამწყვეტი უნდა იყოს კავკასიაში მშვიდობის დამყარების საქმეში“ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1995. - 26 დეკემბერი. - №193(2109). - 1,2 გვ.