The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ედუარდ შევარდნაძე (ტომი VII)

ედუარდ შევარდნაძე (ტომი VII)


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი საქართველოს სახელმწიფო მეთაურები|შევარდნაძე ედუარდ
თარიღი: 2017
აღწერა: საქართველოს სახელმწიფოს ხელმძღვანელები საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა პარლამენტის სამეცნიერო-საინფორმაციო უზრუნველყოფის განყოფილება ემზარ ჯგერენაიას წინასიტყვაობით საქართველოს სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე (1992 წლის 10 მარტი – 1992 წლის 11 ოქტომბერი), საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე (1992 წლის 11 ოქტომბერი – 1992 წლის 6 ნოემბერი), საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე – სახელმწიფოს მეთაური (1992 წლის 11 ოქტომბერი – 1992 წლის 6 ნოემბერი) მიმართვები, ინტერვიუები თბილისი 2017 UDC (უაკ) 342.511 (479.22) + 929(479.22) ს-323 ე-241 ISSN 1987-5576 ISBN 978-9941-0-9822-2 © საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა სერიის „საქართველოს სახელმწიფოს ხელმძღვანელები“ იდეის ავტორები: პროფ. ემზარ ჯგერენაია, დოქ. დორის ფოგლი რედაქტორ-შემდგენელი: ნატო გაბელაია შემდგენლები: თინათინ სულუხია, კუკური კიღურაძე დაკაბადონება: შალვა პაპალაშვილი



1 ZOON POLITIKON შტრიხები ედუარდ შევარდნაძის პორტრეტისათვის

▲ზევით დაბრუნება


ედუარდ შევარდნაძეს (1928-2014) განგებამ ხანგრძლივი ცხოვრება არგუნა. ის საბჭოთა, კომუნისტური სახელმწიფოს სიმწიფისა და მიხრწნილების ასაკს მოესწრო და მსოფლიო კომუნისტური სისტემის დასაფლავებაშიც გადამწყვეტი მონაწილეობა მიიღო. ხოლო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სრულებით ახალ რეალობაში - „კაპიტალიზმსა“ და „დემოკრატიაში“ ცხოვრება არგუნა ბედისწერამ. მან საბჭოთა კავშირისა და „პოსტსაბჭოთა საქართველოს“ - „ჩანასახოვანი დემოკრატიის“ - ქვეყნის მოქალაქეობა გამოსცადა.

ედუარდ შევარდნაძის „პატრიარქის ასაკი“ შესაძლებლობას გვაძლევს თვალი გავადევნოთ მთელ მის ცხოვრებას, მოვხაზოთ მისი პოლიტიკური პორტრეტის კონტურები, რომელიც ორი სისტემის მოქალაქეობის ჩარჩოშია მოქცეული.

ფილოსოფოსმა მერაბ მამარდაშვილმა (1930-1990) თავის ერთ ლექციაზე თქვა: საბჭოთა კავშირიდან, ისევე როგორც საკუთარი სიზმრებიდან, გამოცდილების გამოტანა შეუძლებელია. მერაბ მამარდაშვილს მხედველობაში ჰქონდა ის, რომ საბჭოთა კავშირი ადამიანის გამოცდილების მრავალგვარობას, მრავალფეროვნებას არათუ არ აძლევდა პრაქტიკულ გასაქანს, არამედ ადამიანურ გამოცდილებათა მრავალფეროვნების ენობრივ, ნარატიულ-თეორიულ გამოვლენასაც ბორკავდა. სიტყვებს საზრისები ჰქონდათ გამოცლილი, ის რასაც ომი უნდა აღენიშნა, „ინტერნაციონალურ დახმარებად“ იწოდებოდა, „სიყვარული“ „სექსუალობის“ გარეშე არსებობდა, ხოლო „მუშურ-გლეხური სახელმწიფო“ ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ადამიანებისათვის შრომას ყოველგვარი საზრისი დაეკარგა. ის, ვინც „კომუნისტურ რწმენაში“ იყო ჩავარდნილი, მართლაც ცხოვრობდა მხოლოდ იდეოლოგიით შემოღობილ ერთგანზომილებიან სამყაროში. მაგრამ შევარდნაძე არ იყო რწმენის ადამიანი, მას არ აწუხებდა ინდოქტრინებული ბოდვითი აშლილობა, ის კონტექსტის ადამიანი იყო.

ერთ სისტემაში დაგროვილი გამოცდილების მეორეში გადატანას საუკეთესოდ მხოლოდ ის ახერხებს, ვისაც სინამდვილეში არც ძველი სისტემის იდეოლოგიისა სჯერა და არც ახლით არის შთაგონებული. მრწამსის, იდეოლოგიის, პატრიოტიზმისა და ისტორიის მსგავსი ტვირთებისგან თავისუფლება ედუარდ შევარდნაძეს პოლიტიკოსისათვის აუცილებელ იმ სიმსუბუქეს და მოქნილობას ანიჭებდა, რომელიც ყოველდღიური ცხოვრების მღელვარე და მოულოდნელობით აღსავსე ოკეანეში ცურვისთვის არის აუცილებელი.

სხვაგვარად წარმოუდგენელია ედუარდ შევარდნაძეს დაეძლია შექმნილი ვითარების კომიკურობა, რომელშიაც საბჭოთა სახელმწიფოს „მიძინების“ შემდეგ თვითვე აღმოჩნდა: ჩრდილოვანი ეკონომიკის წარმომადგენლებს ე.წ. „დელეცებს“, „ცეხავიკებს“ და „კომბინატორებს“, რომელთაც ის რამდენიმე წლის წინ კომუნისტურ საქართველოში სასტიკად დევნიდა, პოსტსაბჭოთა საქართველოში თვალსა და ხელს შუა „მეწარმეებად“ და „მრეწველებად“ გარდაქმნა მოესწროთ, ხოლო კომუნისტურ ინტელიგენციის მხარდაჭერილ კანონიერ ქურდებს პოლიტიკოსთა, ხალხის წინამძღოლთა კვერთხი აეღოთ ხელში. სოციალურ სტრუქტურაში მომხდარი ასეთი ტრანსფორმაცია მას აიძულებდა „გუშინდელთა“ ახალი სოციალური როლები სერიოზულად აღექვა და ახალი ვითარებით მოსარგებლეთა წესების გარეშე ბრძოლა ძალთა ბალანსის პოლიტიკით მოეგვარებინა. თუმცა ცხადი იყო, რომ ძალთა ბალანსის პოლიტიკა პოლიტიკაში ჩაბმულ სუბიექტებსა და პარტიისმაგვარ წარმონაქმნებს შორის კონფლიქტის რაციონალური გზით გადაწყვეტას კი არ უწყობდა ხელს, არამედ მის კონსერვაციას უფრო უზრუნველყოფდა. და მიუხედავად ამისა, ბალანსის პოლიტიკას ამოფარებულმა მოახერხა პოლიტიკიდან ჩამოეშორებინა უახლესი ქართული ისტორიის „შავი წლების“ შემოქმედნი: ჯაბა იოსელიანი და მისი მხარდამჭერნი.

მრწამსის დაცვის წმინდათაწმინდა უფლება მან დაუბრუნა კომუნისტურ ინტელიგენციას, რომელმაც ზვიად გამსახურდიას მმართველობისას ამ უფლების დაკარგვის რეალური საფრთხე იგრძნო და ამით ინტელიგენციას კომუნისტური რეჟიმის მიერ დაწესებული სტატუსი და პატივი აღუდგინა. ამგვარი მოქმედებით ედუარდ შევარდნაძემ ინტელიგენციას ძველი სათამაშო მისცა ხელში, ხოლო პოლიტიკა ინტელექტუალური ბოდვებისაგან გაათავისუფლა.

ედუარდ შევარდნაძე ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც 80-იან წლებში მიხვდა, თუ „საითკენ უბერავდა ქარი“ და ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რათა კლიმატის განმსაზღვრელთა წრეში (პოლიტბიუროს წევრი, საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი - 1985) მოხვედრილიყო და ამისათვის უკვე ძირმომპალი სისტემის ყველა მეთოდი გამოიყენა. ხუთწლედი გეგმების გადაჭარბებით შესრულებით, „მავნე ტრადიციებთან“ და კორუფციასთან ბრძოლით, „აბაშის ექსპერიმენტითა“ და კიდევ მრავალი სხვა „საბჭოთა ინოვაციით“ კრემლის თვალში მადლი ჰპოვა.

პოლიტიკური ქარის მიმართულების გამოცნობის ალღო, პოლიტიკური კლიმატის ცვლილებებისადმი მაღალი მგრძნობელობა, ტაროსის შეგრძნება მას პლატონის პოლიტიკოსის იდეალთან, „გემის მესაჭესთან“, აახლოვებდა, ხოლო მისი მოქნილობა და გამბედაობა (1978 წელს ქართული ენის დასაცავად გამართული მიტინგის მხარდაჭერა, 1992, 1995, 1998 წლების თავდასხმებში ემოციური მდგრადობის შენარჩუნება) ნიკოლო მაკიაველის (1469-1527) მიერ პოლიტიკოსისათვის აუცილებლობად მიჩნეული „ლომისა“ და „მელიის“ ხასიათის არაჩვეულებრივ სინთეზს იძლეოდა. მას უხვად ჰქონდა მომადლებული ის თვისება, რომელსაც მაკიაველი virtù-ს, ზოგადად „სათნოებას“, ხოლო პოლიტიკური თვალსაზრისით, „ძალას“, „გამბედაობას“, „შრომისმოყვარეობა/სიყოჩაღეს“ უწოდებდა. „თეთრი მელა“ - დიპლომატიურ წრეებში მისთვის შერქმეული მეტსახელი და შემდგომ ხალხში ფართოდ გავრცელებული - მისი პოლიტიკური პორტრეტის ზუსტი გამოხატულება იყო. ედუარდ შევარდნაძის მთავარ ღირსებად უნდა მივიჩნიოთ, რომ მას შინაგანი ცხოვრება არ გააჩნდა და თუ გააჩნდა, ის სრულებით უჩინარი და უცნობი იყო საზოგადოებისათვის. ის უაღრესად ზედაპირული ადამიანი იყო ამ სიტყვის ყველაზე მაღალი აზრით.

ედუარდ შევარდნაძის, როგორც პოლიტიკოსის პიროვნებას, ერთი შეხედვით, კარგად დაახასიათებდა ცნობილი გერმანელი სოციოლოგის, მაქს ვებერის (1864-1920) ორი კონცეპტი: მრწამსის ეთიკა (Gesinnungsethik) და პასუხისმგებლობის ეთიკა (Verantwortungsethik) (მ. ვებერის მოხსენება: Politikals Beruf, 1919).

მრწამსის ეთიკის პოლიტიკოსი ყოველთვის გარკვეული მრწამსით, მისიით, თეორიით, გნებავთ, ესქატოლოგიური წარმოდგენებით მოქმედებს. მისი მთავარი პრინციპია: „სამყარო რომც დაინგრეს, ჩემი ღირებულებები უნდა განხორციელდეს“. მრწამსის ეთიკის საფუძველზე მოქმედი პოლიტიკოსები თითქმის ყოველთვის კარგავენ რეალობის, კონტექსტის განცდას და საბოლოოდ ისე ასრულებენ პოლიტიკურ კარიერას, როგორც დაამთავრეს ჯიროლამო სავონაროლამ (1452-1498) ან, გნებავთ, ადოლფ ჰიტლერმა (1889-1945).

სხვაგვარად იქცევა პასუხისმგებლობის ეთიკით მოქმედი პოლიტიკოსი. ის ყოველთვის აანალიზებს საჭადრაკო დაფაზე ფიგურების განლაგებას. მისი მთავარი კითხვებია: რა შეიძლება მოყვეს ჩემს ქმედებას? როგორ მოიქცევიან სხვები, თუ მე ამ ნაბიჯს გადავდგამ? ჩემი ქმედება ზიანს ხომ არ მოუტანს სხვებს? მაგრამ არა! ედუარდ შევარდნაძე სინამდვილეში პრაგმატიკოსი და ეთიკებისაგან თავისუფალი ადამიანი იყო. მას არ ჰქონდა „უკვდავი ცოდნა“, არ ცნობდა უკვდავ სახელებს, მისი ღმერთი იყო დრო, ხოლო მისი დევიზი - „ახლა ასეა საჭირო“! ძალაუფლების თეორიტიკოსთა „ჭკუის სწავლებანი“ (თუკი მათი არსებობის შესახებ საერთოდაც იცოდა) მას უსათუოდ ირონიულს თუ არა, მოწყალე ღიმილს მაინც მოჰგვრიდა; ღიმილს, რომელიც მილიარდერს აქვს ხოლმე, როცა ეკონომიკის პროფესორის ლექციას ისმენს.

ედუარდ შევარდნაძის წინაშე არასოდეს იდგა ისეთი დილემა, როგორიც კონრად ადენაუერს (1876-1967) ჰქონდა. კონრად ადენაუერი ერთგან ამბობდა: „...მაგრამ ადამიანი ბჭობს, გეგმებს სახავს, და შემდეგ რაღაც სხვა ძალა აიყვანს მას და ატარებს. ვფიქრობ, ადამიანი ვერაფერს გააკეთებს უკეთესს, თუ არა თავი ამართვინოს ამ ძალას, რათა გადაჭრას ყველა დიდი თუ პატარა ამოცანა, რომელიც მას დაეკისრა. ამ ამოცანების გადაჭრა არსებითია ადამიანებისათვის და ასევე არსებითია ქრისტიანისათვის. მაგრამ ამოცანების გადაჭრა ასევე არსებითია პოლიტიკოსისათვისაც, თუმცა, ჩემი გამოცდილებით, პოლიტიკოსები ცუდი ქრისტიანები არიან. მე ჩემს თავს პოლიტიკოსად მივიჩნევ და გამოვრიცხავ, რომ რომელიმე პოლიტიკოსი ამ წესს არ ემორჩილებოდეს“.1 აქ ადენაუერი ერთმანეთს უპირისპირებს ქრისტიანს, რომელიც მორალისა და მრწამსის თანახმად უნდა მოქმედებდეს, როცა კონკრეტული ამოცანის გადაჭრას ცდილობს და პოლიტიკოსს, რომელსაც ყოველთვის როდი აქვს ფუფუნება პრობლემის მოგვარებისას მორალის სფეროში დარჩეს.

ზემოთქმულის საილუსტრაციოდ რამდენიმე მაგალითი გამოდგება: 1976 წელს, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის XXV ყრილობაზე, საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველმა მდივანმა, ედუარდ შევარდნაძემ ასეთი სიტყვები წარმოთქვა: „ამხანაგებო, საქართველოს მზიურ ქვეყანას უწოდებენ, მაგრამ ჩვენი ჭეშმარიტი მზე აღმოსავლეთიდან კი არა, ჩრდილოეთიდან, რუსეთიდან ამობრწყინდა, ამობრწყინდა ლენინური იდეების მზე, საქართველო სამხრეთის თბილი რესპუბლიკაა, მაგრამ ჭეშმარიტი სითბო ჩვენთან შემოვიდა ჩრდილოეთიდან, დარიალის ხეობიდან. იგი - ლენინური იდეების სითბო - ჩვენთან მოვიდა ისტორიული საქართველოს სამხედრო გზით, რუსეთ-საქართველოს გზით“.2 დღეს ამ სიტყვებში ადვილი შესაძლებელია დავინახოთ საქართველოს ორასწლოვანი ტრაგიკული არსებობის (და არა ისტორიის) კონტურები. ერთადერთი არჩევანი - ხმელეთი, ერთადერთი გზა - რუსეთ-საქართველოს სამხედრო გზა და ასტრონომიის ურყევი კანონების მითოსური ამოყირავება როგორც საქართველოს უსუსურობის მეტაფორული გამოხატულება.

საუკუნეთა მანძილზე საქართველო მთას იყო მიჯაჭვული. მთა იცავდა, ინახავდა და ამავდროულად ქმნიდა ქართველთა იდენტობას; ჯერ კიდევ იოანე საბანისძე აცნობიერებდა კავკასიის დამცველ, საზღვრისდამდებ (თუმცა კი ქრისტიანობის თვალსაზრისით) ფუნქციას. „ნერსე... შევიდა ქუეყანასა მას ჩრდილოჲსასა, სადაიგი არს სადგური და საბანაჳჱ ძეთა მაგოგისთაჲ, რომელ არიან ხაზარნი, კაც ველურ, საშინელ პირითა, მჴეცის ბუნება, სისხლის მჭამელ, რომელთა შჯული არა აქუს.“3 მაგოგისაგან კავკასიის მწვერვალები გვიცავდა.

მაგრამ საუკუნეების შემდეგ კავკასიონის მთები დაკარგავს ქართველთა დამცავი კედლის ფუნქციას. პოლიტიკური არჩევანის იძულების წინაშე მდგარი XVIII საუკუნის საქართველოს ისტორიაში მთა კიდევ ერთხელ გახდება პოლიტიკური განსჯა-მსჯელობის საგანი. საქართველოს უკანასკნელი მეფე გიორგი XIII გააღებს კავკასიის კარებს და ოდესღაც კავკასიის დაგმანული კარებიდან საქართველოში ახალი „გოგი და მაგოგი“ შემოაღწევს. საბჭოთა იმპერია ამ კარებს როკის გვირაბით კიდევ უფრო მოწყვლადს გახდის (მშენებლობა დასრულდა 1984).

რუსეთის იმპერიისათვის კავკასიის კარების გაღება ქართველთა მხრიდან არ იყო აუწონ-დაუწონავი ქმედება. XVIII საუკუნის ქართველები აცნობიერებენ კავკასიის კარის გაღების შედეგებს და საფრთხეებს: „ბატონო მეფევ და კარისკაცნო დარბაისელნო: რომ აღებთ კავკასიის კარსა, შეიძლებთა თვისსა დროსა დახშვასა მისსა?4 კითხულობს სამეფო კარის შეკრებაზე ერთ-ერთი დიდებული (დავით ჩერქეზიშვილი). გიორგი XIII-ის პასუხი თეოლოგიურ-ესქატოლოგიური ხასიათისაა: „დახშვა კარისა ამის... იქმნება დახშვა ქრისტიანობისა კარისა; ამისთვის ჯვარი ქრისტესი, რომელსაცა ვესავთ, იქმნება თვით მცველად კარისა, რომელსაცა თვით ჯვარცმული მასზედ დახშავს და განაღებს დასაცველად მეფობისა და მეფეთა, ოდეს თვით ჯერ იჩენს საჭიროდ.“5 სწორედ ჯვარცმულის სახელით შემოსულმა რუსეთმა საქართველო მიაჯაჭვა კავკასიას. ის, რაც უწინ გვიცავდა, გახდა კოლონიალიზაციის საიმედო საყრდენი. ის, რაც უწინ გვიფარავდა, ჩვენი კულტურული და პოლიტიკური ყოფის ბედისწერად გადაიქცა.

მთა ხმელეთია. მთას მიჯაჭვა ნიშნავს ხმელეთს მიჯაჭვას. ხმელეთი კი, განსხვავებით ზღვისაგან, ყოველთვის კონსერვატულ, ჩაკეტილ და ავტარკიისაკენ მსწრაფ კულტურას ქმნის. ზღვის არამყარი სტიქიონი - ზღვაოსნობა - კი ღიაობის და ლიბერალური ღირებულებების, თავისუფლების, სხვათა კულტურული ნორმების, ადათების გადმოღებისა და საკუთარის სხვათათვის გაზიარება-გადაცემის საფუძველს აყალიბებს.

ზღვა ქმნის კონკურენციის, შეჯიბრების სულისკვეთებას, მთა კი მას გაურბის. მთა ძმობის არაფორმალურ ეთიკას ეფუძნება, ის ტრადიციის ტოპოსია. დღევანდელი საქართველოც ამ ძმობის ეთიკის ტოპოსშია დარჩენილი, ამიტომაც დღესაც მტკივნეულად აღვიქვამთ ლეგალურ-ფორმალურ, დაწერილ ნორმებზე დაფუძნებულ მმართველობას. ჩვენს კულტურაში კანონის ლოგიკას ყოველთვის „ძმობის ეთიკა“უპირისპირდება. კოლონიის პირობებში „ძმობის ეთიკა“ იმპერიის მიერ თავსმოხვეული ფორმალური ბატონობისაგან თავდაცვის კარგი საშუალება იყო, მაგრამ დამოუკიდებლობა და მისი თანმხლები ერი-სახელმწიფო, უპირველეს ყოვლისა, კანონზე დაფუძნებულ ფორმალურ-ლეგალურ ბატონობას გულისხმობს. არაფორმალური „ძმობის ეთიკა“ ყოველთვის კოლონიალიზმის კონოტაციას ატარებს, მასში კოლონიად ყოფნის მეხსიერებაა აკუმულირებული, რომლისგან გათავისულება და რომლის „დავიწყება“ დღესაც ქართული სახელმწიფოს მთავარი პრობლემაა.

რუსეთის იმპერიას - ცარისტულსა და ბოლშევიკურს - სწორედ ზღვასთან ჩვენი ურთიერთობა ჰქონდა შეზღუდული. ამიტომ კოლონიური მეხსიერებისა და მემკვიდრეობის გადალახვა ზღვის ათვისებით და „მთის კონსერვატული კულტურის“ „ზღვის ლიბერალური კულტურით“ შეცვლით იყო შესაძლებელი. ამით უნდა აიხსნას „ვარდების რევოლუციის“ მთავრობის ლტოლვა ზღვისაკენ. „ვარდების რევოლუციის“ მთავრობას სურდა ამ მეხსიერებისაგან გათავისუფლება. მაგრამ ეს ძნელი ამოცანა აღმოჩნდა. „ვარდების რევოლუცია“ დაეჯახა „კოლონიურ მენტალიტეტს“: კოლონიად ხანგრძლივი ყოფნა ადამიანებს საკუთარი ინტელქტუალური, საკუთარი პოლიტიკური წესრიგის ქმნადობის შესაძლებლობის მიმართ ღრმა ეჭვებს უჩენს. ხანგრძლივი მონობა თავისუფლების მოპოვების შემდეგ წარსულის რომანტიზაციის დიდ საფრთხეს შეიცავს. ამ საფრთხეს კიდევ უფრო აძლიერებს ქართველების ღრმად მონური მოწიწება რუსეთის ინტელექტუალური ელიტის (და არა მხოლოდ) მიმართ. ე. შევარდნაძის შემდგომი ახალი მთავრობის წარმატებამ შემაძრწუნებლად იმოქმედა სამოთხისა და ძმობის ეთიკის მოლოდინში მყოფ კოლონიურ მენტალიტეტზე.

მანამდე კი შევარდნაძეს რუსეთის ბოლშევიკური იმპერიისათვის უნდა ემტკიცებინა, რომ საქართველოს მხოლოდ ერთი გზა აქვს: „ისტორიული საქართველოს სამხედრო გზა, რუსეთ-საქართველოს გზა“.

მაგრამ გაივლის წლები და ამ სიტყვების ავტორი ერთ-ერთ ინტერვიუში იტყვის: „დაახლოებით 2005 წლისთვის, ანუ ჩემი პრეზიდენტობის ვადის ბოლოსთვის, ჩვენ ნატოს კარს დავუკაკუნებთ. არ მითქვამს, რომ კარს გავაღებთ და ნატოში შევიჭრებით. კარგად მესმის, რომ ნატოს წევრობა ქვეყანას ბევრ მოთხოვნას უყენებს, მათ შორის, შეიარაღების მომზადების ხარისხთან, ეკონომიკის მდგომარეობასა და ბევრ სხვა საკითხთან დაკავშირებით. ნატოს წევრობაზე ვსაუბრობდი, როგორც შორეულ პერსპექტივაზე გათვლილი სტრატეგიული კურსის შესახებ.6

ედუარდ შევარდნაძე არათუ თვით იყო კონტექსტის ადამიანი, არამედ ქვეყნის ახალ საერთაშორისო კონტექსტში მოქცევასაც ცდილობდა. მისთვის სრულებით უცხო იყო იზოლაციონიზმი, რომელსაც ხშირად ქადაგებენ ხოლმე ახალგაზრდა, იმპერიიდან ახალდახსნილი ქვეყნების ლიდერები. მას კარგად ესმოდა, რომ საქართველოს პოლიტიკური უსაფრთხოება და ეკონომიკური კეთილდღეობა ქვეყნის საერთაშორისო პროექტებში ჩართვასთან, ამ პროექტებისათვის საქართველოს გეოპოლიტიკური მნიშვნელოვნების დემონსტრირებასთან იყო დაკავშირებული. ერთერთ თავის გამოსვლაში ის აღნიშნავდა: „აქ შევიკრიბეთ, რათა ვაშენოთ ევროპის მომავალი, ისეთი ევროპისა, სადაც არ იქნება გამყოფი ხაზები. ევროპის კავშირის ეგიდით გამართულ „აღორძინებული დიდი აბრეშუმის გზის“ ქვეყნების ისტორიულ სამიტში ბალტიის სახელმწიფო - პოლონეთიც მონაწილეობდა და ბაქოს დეკლარაციაზეც აქვს ხელი მოწერილი. ამ მარშრუტის მთელი მონაკვეთები უკვე მუშაობს, მათ შორის, ბათუმისა და ფოთის შავი ზღვის სხვა ნავსადგურებთან დამაკავშირებელი საბორნე გადასასვლელები და კასპიის ადრეული ნავთობის მილსადენი სუფსის ახალი ტერმინალის გავლით.“7

„კავკასია როგორც გეოგრაფიულად, ასევე, კულტურული თვალსაზრისით, ევროპის განუყოფელი ნაწილია. ევროპამ უკვე აღიარა და კანონიერად სცნო კავკასიელ ხალხთა გულწრფელი სწრაფვა, დაუბრუნდნენ მშობლიურ გარემოს, ჩამოაყალიბონ დემოკრატიული სახელმწიფოები, რომელთა უზენაესი პრინციპი პიროვნების თავისუფალი განვითარება, ადამიანის უფლებათა და ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვა იქნება. ასეთია ჩვენი ხალხების ურყევი არჩევანი.“8

ედუარდ შევარდნაძის ცხოვრების ამგვარად გაგებულ ვერსიაში ადვილად გასაგები ხდება მისი პიროვნული ტრანსფორმაცია, რომელიც ირონიულიც იყო და სერიოზულიც. 1992 წელს ედუარდ შევარდნაძე მოინათლა და მან ნათლობის სახელად გიორგი აიღო9. ამიერიდან იგი ორი სახელით აღიჭურვა. მისი მხრიდან (და არამარტო მისი მხრიდან) ეს ნათლობა ირონიული ქმედება იყო, რადგან მას დამასკოს გზაზე მომხდარი სასწაულის, სავლეს პავლედ ქცევის მისტერიის, არ სჯეროდა; და სერიოზულიც, რადგან ეკლესიაში მან ის სოციალური ინსტიტუტი ამოიცნო, რომელიც მისი ხელისუფლების განმტკიცებას მხოლოდ წაადგებოდა. ნათლობა მას უსათუოდ იმ დროს გაახსენებდა, როცა რეკომენდაციებით აღჭურვილი ყმაწვილი კომუნისტურ პარტიაში შედიოდა (1948)10. სასიკვდილო სარეცელს მიჯაჭვულ ედუარდ შევარდნაძეს ერთ ანეკდოტს მიაწერენ: „აღსარების შემდეგ მღვდელმა მას სურათის გადაღება სთხოვა. ექსპრეზიდენტი ენთუზიაზმით დაეთანხმა და აღნიშნა, რომ მღვდელს ფოტო აქ გამოადგება, მას კი - იქ.“

ედუარდ შევარდნაძის იუმორი და ამ იუმორის პოლიტიკური იმპლიკაციები ცალკე განსჯის საგანია.

ედუარდ შევარდნაძეს სტალინის ჩრდილი ეცემოდა. მხარდამჭერთა თვალში ის სტალინის მსუბუქ რეინკარნაციას წარმოადგენდა. „დიდი კაცი“, „კაცი, რომელსაც საკუთარი სამშობლოს მასშტაბები არ ჰყოფნის“ - ქართველთა პოლიტიკური მითის სათაყვანო პერსონაჟად ქცეულიყო. „დიდი კაცის“, „სამშობლოში ვერდატეულის“ ფიგურა ხანგრძლივად კვებავდა ქართულ ნაციონალიზმს და უსახელმწიფოებრიო კულტურისათვის კომპენსატორულ ფუნქციას ასრულებდა: „სახელმწიფო არ გვაქვს, მაგრამ ნახეთ, რა ბუმბერაზ შვილებს ზრდის ქართველი ხალხი“. ეს გაუკუღმართებული სიამაყე ედო საფუძვლად საკუთარი წესრიგის შექმნის უუნარობას, საკუთარი თავისადმი უნდობლობას და გარედან „გამოგზავნილის“ მოლოდინს. შევარდნაძის ფიგურა ამ მოდელში სრულებით თავსდებოდა (საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი (1985), ბერლინის კედლის დამანგრეველი). ის კვებავდა მის პოლიტიკურ კაპიტალსაც და მისი, როგორც ხელისუფლის ლეგიტიმაციასაც უზრუნველყოფდა.

ედუარდ შევარდნაძეს პოლიტიკოსის სამ აუცილებელ თვისებათა - ნება, პასუხისმგებლობის გრძნობა და წინდახედულება/სიფრთხილე (მ. ვებერი) - შორის ძალაუფლების ნება ყველაზე მოჭარბებულად ჰქონდა. მისთვის ძალაუფლება იყო არა ფლობის საგანი, არამედ პროცესის ნაწილი. მან იცოდა, რომ შეუძლებელია ძალაუფლების „პყრობა“, მისი ნივთივით ფლობა, რადგან მთელი სოციალური სამყარო ძალაუფლების ნებით არის გაჟღენთილი. ძალაუფლება ყველგან და ყველაფერშია. ზოგს მეტი ძალაუფლება აქვს, ზოგს ნაკლები, მაგრამ მეტიცა და ნაკლებიც ერთმანეთთან ინტერაქციაში, პროცესში იძენს აზრს. უნდა ვივარაუდოთ, რომ ედუარდ შევარდნაძე საკუთარ ძალაუფლებას ყოველთვის სხვათა ძალაუფლების ფონზე აღიქვამდა.

პოლიტიკოსისათვის ოდენ virtù (ძალა, გამბედაობა, შრომისმოყვარეობა/სიყოჩაღე) როდია საკმარისი. აუცილებელია, Fortuna-მაც (ბედისწერის ქალღმერთი რომაულ მითოლოგიაში) გაუღიმოს. პოლიტიკის ენაზე „ფორტუნა“ ხალხის განწყობას ნიშნავს. ისევე, როგორც შეუძლებელია ქალღმერთ ფორტუნას გუნება-განწყობის განჭვრეტა, ასევე შეუძლებელია ხალხის ცვალებადი ხასიათის გამოცნობა. ხალხის განწყობა პოლიტიკოსის ბედისწერაა. რაზე გაბრაზდება ხალხი, რა მოეწონება, რის გამო მიგატოვებს - ისევე გამოუცნობი და იდუმალებითაა მოცული, როგორც ქალღმერთ ფორტუნას წყალობა თუ მრისხანება. დემოკრატიულ საზოგადოებაში „ხალხის-ფორტუნის“ მუდმივი კეთილგანწყობის შენარჩუნება პოლიტიკოსის დაუძლეველი ამოცანაა. ფორტუნამ ედუარდ შევარდნაძესაც უმტყუნა. მან უკვე იცოდა, თუ რა ერქვა „ხალხი-ფორტუნას“ უზენაესი ნების გამომხატველს. ერთ-ერთ ინტერვიუში მან თქვა: „მიხეილ სააკაშვილი უაღრესად საინტერესო და პერსპექტიულ ახალგაზრდა მოღვაწედ მიმაჩნია... ამასთან, ისიც მინდა აღვნიშნო, რომ ასპარეზზე გამოვიდა ახალგაზრდა პოლიტიკოსთა მთელი პლეადა, რაც დიდ იმედებს და რწმენას გვინერგავს, და ჩემდათავად ძალასა და ენერგიას არ დავიშურებ იმისათვის, რომ რამდენადაც შემიძლია, დავეხმარო მათ ამ ზრდასა და ფორმირების პროცესში.“11 ამ სიტყვებით მან, ჯერ ერთი, ახალ ხელისუფლებასთან თანამშრომლობისთვის გზა დაიტოვა (დავეხმარო მათ ამ ზრდასა და ფორმირების პროცესში“); მეორე, ახალგაზრდა პოლიტიკოსთა მთელი პლეადა საკუთარი პოლიტიკური კულტურის მემკვიდრეებად გამოაცხადა; მესამე, ქართულ პოლიტიკაში ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემისა და პოლიტიკურ ოპონენტთა თანაარსებობის ტრადიციას ჩაუყარა საფუძველი.

მშობლიურ მამათში ფეხის ადგმიდან მოყოლებული ედუარდ შევარდნაძე არასოდეს ყოფილა წარუმატებელი (თუ წარმატებაში ძალაუფლებაში მუდმივ ყოფნას ვიგულისხმებთ). პრაქტიკულად მან ყველა დაბრკოლება გადალახა, თუმცა სოხუმის დაცემამ მას როგორც არა მხოლოდ პოლიტიკოსს, არამედ როგორც ადამიანს ღრმა ტკივილი განაცდევინა. ედუარდ შევარდნაძის საქართველოში დაბრუნებას მისი მომხრეები ქართულ-აფხაზური ურთიერთობების მოგვარებას უკავშირებდნენ, მაგრამ ეს მოლოდინი არ გამართლდა. საბჭოთა იმპერიის მემკვიდრემ, ახალმა რუსულმა იმპერიამ ედუარ შევარდნაძე ძველი იდეალების ღალატის, შესაძლოა, სულაც ბოროტების იმპერიის დანგრევაში მიღებული წვლილის გამო დასაჯა. მას აშკარად არ სურდა თავისი პატარა და მრავალტანჯული ქვეყნის ისტორიაში „აფხაზეთის დამკარგავის“ სახელით დარჩენილიყო. ამიტომ პოლიტიკოსისათვის უჩვეულო გულწრფელობით საუბრობდა აფხაზეთის პრობლემაზე როგორც ქართველებისა და აფხაზების საერთო სატკივარზე: „ალბათ, არავის ეპარება ეჭვი, რომ ჩემთვის უმძიმესი მტკივნეული თემა - აფხაზეთია. არ არსებობს სიკვდილის არც ერთი ფორმა, გარდა ფიზიკურისა, რომელიც მე ოთხმოცდაათიანი წლების დამდეგიდან არ გადამეტანოს. მიუხედავად ამისა, შორს ვარ შურისძიების, სამაგიეროს გადახდის ცდუნებისაგან, ჩემი ცხოვრების დარჩენილი წლების უმაღლეს მიზნად ქართველთა და აფხაზთა (ისევე როგორც, ქართველთა და ოსთა) შერიგება მიმაჩნია12.

აფხაზეთში მარცხზე არანაკლებ მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობაში წარუმატებლობა იყო. ედუარდ შევარდნაძე უძლური აღმოჩნდა კრიმინალთან და კორუფციასთან ბრძოლაში. პრაქტიკულად, ქვეყანა კანონმდებლობით, ფორმალური ინსტიტუტებით კი არ იმართებოდა, არამედ მართვა ადამიანთა (მოხელეთა) „კეთილგონიერებას“ იყო მინდობილი. მოქალაქეებს ექმნებოდათ შთაბეჭდილება, რომ ისინი ცხოვრობდნენ არა სახელმწიფოში, არამედ ანტიუტოპიაში, ანარქიის საუფლოში, სადაც ნებისმიერს ნებისმიერი ქცევის ჩადენის უფლება ჰქონდა მინიჭებული. ამ არაფორმალურ მმართველობას ხალხის მიერ მისთვის შერქმეული მეორე ზედმეტი სახელი - ბაბუ - გამოხატავდა. ეს მართლაც პატრიმონალურ მზრუნველობაზე პრეტენზიის მქონე „ბაბუს მმართველობა“ იყო.

პარადოქსულად, ამ მთვლემარე უძლურებიდან დაიბადა ახალი ქართული სახელმწიფო.

ედუარდ შევარდნაძემ ვერ შეძლო ახალი ქართული სახელმწიფოს შექმნა. „ძველმა ტიკმა“ ვერ დაიტია „ახალი ღვინო“. ბალანსის პოლიტიკა, რომელსაც ის მიმართავდა, ძალიან ჰგავდა აკვნის რწევას. „აკვნის რწევამ“ კი კოშმარებით აღსავსე ღრმა, ლამის ლეთარგიულ ძილში ჩააგდო საზოგადოება. ამ ძილიდან გამოღვიძების ერთადერთი საშუალება რჩებოდა: ძლიერი შენჯღრევა - რევოლუცია. ასეც მოხდა. ედუარდ შევარდნაძე ცხოვრობდა „პოლიტიკისთვის“ და არა „პოლიტიკით“. მას (პირადად მას) არ აინტერესებდა სიმდიდრე და ფულის მოხვეჭა. ძალაუფლების იქით მისთვის სხვა უფრო მაღალი მიზანი და ღირებულება არ არსებობდა. ეს მისი „ასკეტურობა“, პრაქტიკული ცხოვრების მინიმალიზმი, მომხვეჭელობაზე სრული უარი კიდევ უფრო ნათელს ხდის მის მთავარ ცხოვრებისეულ მიზანს: იყო და დარჩე ძალაუფლებაში. მას არ სურდა წამებულის გვირგვინით შესულიყო რომელიმე ქრესტომათიაში, მაგრამ, ამავე დროს, ის სულაც არ იყო არაქრესტომათიული ტიპი. ის არ იყო უწინაპრო პოლიტიკოსი. მისი წინაპრები ორსახა, თავჩალმიანი, გულზეჯვრიანი, იმპერიის წარმოგზავნილი და მისი მსახური მეფეები იყვნენ. ედუარდ შევარდნაძემ კარგად იცოდა, თუ რომელი ხალხის მმართველი იყო და რა დუღდა მისი ხალხის გულისგულში. მას სჯეროდა, რომ მისი ხალხის სულისკვეთებას შუა საუკუნეებში შემუშავებული ფორმულა - „ირყევიან, ვითარცა ლერწამნი ქართაგან ძლიერთა“ - გამოხატავდა (არც თუ უსაფუძვლოდ) და ისიც იცოდა, რომ ეს ფორმულა თვით პოლიტიკოსისაგან „რწევა-რყევას“, მრწამსის უქონლობას მოითხოვდა. ამგვარი ქცევის წარმატებულობას მას მოდისიდენტო პოეტებისათვის ქალაქის პრესტიჟულ უბანში სამოთახიანი ბინის გადაცემით პირის ამოქოლვის პრაქტიკა უდასტურებდა. ამ ფონზე მას სულაც არ სჭირდებოდა იდეურ და მრწამსის მქონე ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ბრძოლა (თუკი ასეთი ვინმე საერთოდაც არსებობდა). ეს უკვე მისი საქმე არ იყო. იდეურებს გიჟებად და მარგინალებად „სამოთახიანგადაცემულთა“ (ინტელიგენტ-ბურჟუათა) კასტა გამოაცხადებდა და ჩაქოლავდა. უიდეობა და ღირებულებებისაგან თავისუფლება მისი ჰაბიტუსის მთავარი შემადგენელი იყო.

და მაინც, მის ცხოვრებაში იყო უმთავრესი ღირებულება და, ვფქრობ, რომ ეს იყო ოჯახი. არც კომუნისტურ ეპოქაში და არც შემდეგ შევარდნაძის სახელს არ შეჰხებია არც ადიულტერი და არც მისი პირადი ეკონომიკური ინტერესების დაცვას შეუბღალავს მისი სახელი.

დაბოლოს, მისი ანდერძის თანახმად, საკუთარ სახლში, კრწანისში, დაკრძალეს. ამ უკანასკნელი აქტით მან კვლავ „კონტექსტის“ უზენაესობას გაუსვა ხაზი: მას თვალწინ ჰქონდა მაგალითი, თუ რა უყო „მადლიერმა თაობამ“ მთაწმინდის პანთეონში დაკრძალულ „რევოლუციის რაინდების“ საფლავებს, როგორ ჩამოხსნა პიედესტალებიდან მის წინამორბედთა ძეგლები.

ოჯახი მისთვის ყველაზე დაცული ტერიტორია იყო. ამიტომ კარიერის დასასრულს (2003 წლის 23 ნოემბერი), ხელისუფლებას ჩამოხსნილმა ედუარდ შევარდნაძემ ჟურნალისტის კითხვას - „სად მიდიხართ, ბატონო ედუარდ?“ მშვიდი პასუხი გასცა: „სახლში!“.

ემზარ ჯგერენაია
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მეცნიერების,
კულტურისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის დირექტორი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი

________________

l. Konrad Adenauer mit Selbstzeugnissen und Bilddokumenten dargestellt von Gösta v. Uexkül, 11. Auflage, Hamburg, 2009, S.27

2. ციტატა ე. შევარდნაძის სიტყვიდან საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის XXV ყრილობაზე 1976 წელს. გაზეთი „კომუნისტი“, 27 თებერვალი, 1976.საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილება

3. იოანე საბანისძე, ჰაბოს წამება, ქართული პროზა, წიგნი პირველი, თბილისი, 1982, გვ. 127

4. პლატონ იოსელიანი, ცხოვრება გიორგი მეცამეტისა, თფილისი, ფედერაცია, 1936, გვ. 117-118

5. პლატონ იოსელიანი, ცხოვრება გიორგი მეცამეტისა, თფილისი, ფედერაცია, 1936, გვ. 117-118

6. „საქართველოს რესპუბლიკა“, 1999 წ., 2 ნოემბერი.

7. საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის გამოსვლა საერთაშორისო კონფერენციაზე: „ბალტია - შავი ზღვის თანამშრომლობა: ინტეგრირებული ევროპისაკენ, სადაც არ იქნება გამყოფი ხაზები“ : იალტა, 1999 წლის 10-11 სექტემბერი // საქართველოსრესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 12-13 სექტემბერი.

8. საქართველოს პრეზიდენტის მიმართვა ევროპის საბჭოს ეგიდით მიმდინარე სემინარის „კანონმდებლობა კავკასიის ქვეყნებში: განხორციელება და ჰარმონიზაცია“ მონაწილეებს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1999. - 16 სექტემბერი.

9. ედუარდ შევარდნაძე ყოველთა ქართველთა წმიდანთა სახელობის ტაძარში მონათლა მამა თეიმურაზ ბერიშვილმა. მისი ნათლიები იყვნენ: კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და პოეტი ანა კალანდაძე (1924-2008).

10. ე. შევარდნაძეს კომუნისტურ პარტიაში მიღებისას რეკომენდაცია გაუწია აღუნიკ სტეფანეს ასულმა პიჩიკიანმა (კომუნისტური პარტიის წევრი 1943 წლიდან) და მარიამ ნესტორის ასულმა დაშნიანმა (კომუნისტური პარტიის წევრი 1937 წლიდან). ე. შევარდნაძეს ასევე ჰყავდა მესამე რეკომენდატორი: თბილისის ორჯონიკიძის რაიონის ახალგაზრდათა ლენინური კომუნისტური კავშირის (ალკკ) სახით.

11. „საქართველომ მტკიცედ დაიმკვიდრა მსოფლიოში სწრაფად განვითარებადი ქვეყნის სტატუსი“ / ედუარდ შევარდნაძე ; ჩაიწერა ნატო ონიანმა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1997. - 30 დეკემბერი.

12. საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის განცხადება : ხუთი წლის წინათ სოხუმის დაცემასთან დაკავშირებით // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1998. - 29 სექტემბერი.

2 ედუარდ შევარდნაძე: „ჩემი გადაწყვეტილება არ არის მხოლოდ ჩემი პირადი არჩევანი“...

▲ზევით დაბრუნება


სსრ კავშირის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ედუარდ შევარდნაძე საქართველოში თავისი გამგზავრების წინა დღეს შეხვდა ჟურნალისტებს.

„ჭეშმარიტი პატრიოტიზმი, საკუთარი ხალხის სამსახური, მისი ინტერესების დაცვა ყველაზე უკეთ ვლინდება ზოგადსაკაცობრიო ფასეულობათა პრაქტიკულ დამკვიდრებაში“, - განაცხადა მან, როცა განმარტავდა იმ მიზეზებს, რამაც უკარნახა მას მიეღო გადაწყვეტილება წასულიყო საქართველოში.

ეს გადაწყვეტილება, - თქვა ედუარდ შევარდნაძემ, - „არ არის მხოლოდ ჩემი პირადი არჩევანი“. ეს შეთანხმებულია საქართველოს მრავალი მოქალაქის ნებასურვილთან, იქნებიან ეს რესპუბლიკის ხელმძღვანელები თუ რიგითი ადამიანები.

იმედი მაქვს, რომ მექნება საქმიანი კავშირი და თანამშრომლობა საქართველოს ყველა ჯანსაღ ძალებთან რესპუბლიკის გადარჩენის მიზნით, ეროვნული და ეროვნებათშორისი მშვიდობის დამყარებისათვის, ჩვენი ქვეყნის ღირსეული შესვლისათვის ცივილიზებულ სახელმწიფოთა მსოფლიო თანამეგობრობაში, - განაცხადა მან.

ედუარდ შევარდნაძე: „ჩემი გადაწყვეტილება არ არის მხოლოდ ჩემი პირადი არჩევანი“... / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 7 მარტი. - N41(314). - 1 გვ.

3 განცხადება თბილისში გამომგზავრების წინ

▲ზევით დაბრუნება


ედუარდ შევარდნაძემ გუშინ მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა შემდეგი განცხადება:

- 7 მარტს, მივფრინავ თბილისში, ჩემი სამშობლოს - საქართველოს დედაქალაქში.

მის ფარგლებს გარეთ განვლილი ჩემი ცხოვრების წლების პერიოდში არჩევანი მე მეკუთვნოდა: მე ვამტკიცებდი, რომ ჩავიდოდი საქართველოში, როცა ამას მივიჩნევდი საჭიროდ, რომ არავის შეუძლია ხელი შემიშალოს ამაში.

მაგრამ, როგორც ყოველთვის, ჩემს პირად არჩევანს ყოველთვის ვუქვემდებარებდი სამსახურებრივ და მოქალაქეობრივ მოვალეობას, სიტუაციის გაგებას და, რაც მთავარია, ხალხის ნება-სურვილს.

ახლა იმის დრო არ არის, რომ ვილაპარაკოთ, რატომ წამოიჭრა პირადულსა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სიდიდეებს შორის დრამატული წინააღმდეგობა, ვიტყვი მხოლოდ, რომ წლების განმავლობაში ჩემგან, როგორც სსრ კავშირის მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრისაგან, მოითხოვდნენ საჯარო მხარდაჭერას.

(იტარ-საკდესი).

განცხადება თბილისში გამომგზავრების წინ / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 7 მარტი. - N41(314). - 1 გვ.

4 ედუარდ შევარდნაძე: „მე ჩამოვედი იმისათვის, რომ მკლავები დავიკაპიწო და ჩემს ხალხთან ერთად ვიშრომო და ვიღვაწო ჩვენი სამშობლოს გადასარჩენად!“

▲ზევით დაბრუნება


[...]

- ძვირფასო მეგობრებო! დებო, ძმებო, შვილებო, შვილიშვილებო, უნდა გითხრათ, რომ თითქოს საკმაოდ გაწაფული ვარ გამოსვლებში, დისკუსიებში, მაგრამ ახლა ლაპარაკი მიჭირს, თითქოს ბურთი მებჯინება ყელში. ალბათ, ეს არის გამოხატულება და შედეგი იმისა, რომ გარკვეული დროით განშორების შემდეგ ფეხი დავადგი ჩემს მშობლიურ მიწაზე. ახლა ერთმანეთშია შერწყმული სიყვარულიც, მღელვარებაც, ტკივილიც, პასუხისმგებლობაც... მე ბედნიერი ვარ, რომ ჩემს ხალხთან ვარ მაშინ, როცა მას უჭირს და უჭირს ძალიან. ზოგი ამბობს, რომ მე ჩამოვედი როგორც კერძო პირი ან სტუმარი. ეს სწორი არ არის. პირდაპირ ვიტყვი, რომ ჩამოვედი როგორც პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, ჩამოვედი იმისათვის, რომ მკლავები დავიკაპიწო და ჩემს ხალხთან ერთად ვიშრომო და ვიღვაწო ჩვენი სამშობლოს გადასარჩენად.

მოგესალმებით ყველას, თქვენთან ერთად - სრულიად საქართველოს. მე მივესალმები იმ გმირებს, რომლებმაც გზა გაუკაფეს ჩვენს ქვეყანას დემოკრატიული, ჰუმანური საზოგადოების მშენებლობისაკენ. რაოდენ ძნელი იყო ეს გზა, კარგად ეტყობა რუსთაველის პროსპექტს, თბილისს, მრავალ შენობას, მრავალ ოჯახს. ქედს ვიხრი ყველა სახელის, იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც შეეწირნენ დემოკრატიული საქართველოსთვის ბრძოლას, უწინამძღოლეს თავის ხალხს ამ წმინდა ბრძოლაში.

მე მივესალმები მუშებს, გლეხებს, საქართველოს ქალაქისა და სოფლის მცხოვრებლებს, რომლებიც ქმნიდნენ საქართველოს ძლიერების საფუძველს. მინდა განსაკუთრებული სითბო გამოვხატო ქართველი ახალგაზრდობის მიმართ. მე ვიცი მათი განწყობილება. ეს შესანიშნავი ახალგაზრდობაა - ჩვენი იმედი, ჩვენი მომავალი. და მე მწამს, რომ ეს თაობა აუცილებლად გაიყვანს საქართველოს მსოფლიო ცივილიზაციის ორბიტაზე. მე მივესალმები ჩვენს ქართველ ინტელიგენციას, რომელიც ადრე გამოფხიზლდა და ადრე გამოაფხიზლა თავისი ხალხი... მადლობა მას - საქართველოს ინტელიგენციას ქართველ ინტელიგენტებს.

მივესალმები საქართველოს ყველა კუთხეს - ქართლს, კახეთს, იმერეთს, გურიას, სამეგრელოს, აჭარასა და აფხაზეთს, რაჭა-ლეჩხუმს, სამაჩაბლოს, სვანეთს, მესხეთ-ჯავახეთს, ფშავ-ხევსურეთს, თუშეთს... ყველა მხოლოდ იმიტომ ჩამოვთვალე, რომ ხაზი გამესვა, თუ რა, მნიშვნელობა აქვს დღეს ჩვენს ერთობას. ვუსურვებ მათ ბედნიერებას და სიხარულს, იარების მოშუშებას რაც შეიძლება მალე. მე მივესალმები ყველა ხალხს - ჩვენს ძმებს, ვინც ჩვენს მიწაზე ცხოვრობს. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ მძიმე ბრძოლა და შრომა გველის. ძალიან ძნელია ქვეყანა გამოვიდეს ასეთი მდგომარეობიდან, რომელშიც დღეს აღმოჩნდა. მაგრამ ჩვენ ეს უნდა შევძლოთ. რა მაიმედებს? ჩვენ უამრავი მეგობარი გვყავს - როგორც ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკები, ისე დასავლეთის ქვეყნები, რომლებიც მზად არიან დახმარების ხელი გამოგვიწოდონ ამ ძნელ და მძიმე დღეებში. ეჭვი არ მეპარება, რომ, თუ ყველანი ერთად ვიქნებით, შევძლებთ ვუშველოთ ჩვენს ქვეყანას.

მივესალმები ყველა პოლიტიკურ პარტიას, მოძრაობასა და მათ ლიდერებს - ხვალ-ზეგ შევხვდებით, ალბათ, მათ რესპუბლიკის ხელმძღვანელებთან ერთად. დიდი იმედი მაქვს, რომ რაგინდ განსხვავებული მსოფლმხედველობაც უნდა გვქონდეს, ჩვენ ერთად ვიქნებით ამ ძნელ დღეებში, რათა ვიხსნათ ჩვენი ხალხი და ავაყვავოთ ჩვენი ქვეყანა.

[...]

ედუარდ შევარდნაძე: „მე ჩამოვედი იმისათვის, რომ მკლავები დავიკაპიწო და ჩემს ხალხთან ერთად ვიშრომო და ვიღვაწო ჩვენი სამშობლოს გადასარჩენად!“ / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 10 მარტი. - N42(315). - 1 გვ.

5 არჩევნების შემდეგ უფრო ადვილი იქნება რესპუბლიკაში დემოკრატიული სტრუქტურების დამკვიდრება saTauri21

▲ზევით დაბრუნება


ედუარდ შევარდნაძის პრესკონფერენცია

საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა ასზე მეტი წარმომადგენელი შეიკრიბა 8 მარტს საღამოს ბატონ ედუარდ შევარდნაძის პრესკონფერენციაზე, რომელიც თბილისის სასტუმრო „მეტეხის“ კონფერენცდარბაზში გაიმართა, მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტებთან ამ შეხვედრას წინ უძღოდა დღე, რომელიც აღსავსე იყო კონსულტაციებით დროებითი მთავრობის ხელმძღვანელებთან, პოლიტიკური პარტიების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების ლიდერებთან, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან, ედუარდ შევარდნაძე მხნედ გამოიყურებოდა, მართალია, ყოელივე ის, რაც მან მოასწრო ენახა და შეეტყო რესპუბლიკაში პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ, არ შეიძლებოდა მის სახეზე არ აღბეჭდილიყო დიდი წუხილით, რომელიც გულახდილად გაუზიარა შეკრებილთ. მან ბრძანა, რომ ვითარება საქართველოში ბევრად უფრო მძიმეა, ვიდრე იგი ვარაუდობდა, თუ ვერ გავერთიანდით ყველანი, ვისთვისაც ძვირფასია ქვეყნის მომავალი, შეიძლება კატასტროფა მოხდეს.

მიუხედავად ამისა, აღნიშნა ედუარდ შევარდნაძემ, მდგომარეობას ჯერ კიდევ ვერ ვუწოდებთ უიმედოს, ამაში დაგვარწმუნა გუშინ გამართულმა შეხვედრებმა პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან. ისინი, უკლებლივ ყველანი მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოში დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობას. უნდა დავივიწყოთ შინაური წინააღმდეგობანი და გავერთიანდეთ დემოკრატიის საკეთილდღეოდ, რომლის იდეალებს, რა თქმა უნდა, ძნელი იქნება ხორცი შევასხათ ჩვენი მეგობრების, ყველა ქვეყნის ჭეშმარიტი დემოკრატების დიდი დახმარების გარეშე. შეეხო რა პარლამენტის მომავალ არჩევნებს, ედუარდ შევარდნაძემ აღნიშნა, რომ არჩევნების შემდეგ უფრო ადვილი იქნება რესპუბლიკაში დემოკრატიული სტრუქტურების დამკვიდრება, რომლებიც ჩვენი საზღვარგარეთული მეგობრების მხრიდან დახმარების გარანტად გადაიქცევა.

ჟურნალისტთა კითხვების პასუხად ედუარდ შევარდნაძემ თქვა, რომ უახლოეს დღეებში გაიმართება საქართველოს დახმარების საერთაშორისო ფონდის პრეზენტაცია, მიმართვები, რომლებიც შეიცავს თხოვნას დაეხმარონ ჩვენს რესპუბლიკას, გაიგზავნება მსოფლიოს 60 ქვეყანაში. მრავალი ქვეყნის ხელმძღვანელებთან წინასწარი საუბრები იმედს გვინერგავს, რომ ისინი განზე არ განუდგებიან ჩვენს გაჭირვებას. რატომ არის იგი დარწმუნებული, რომ დასავლეთის სახელმწიფოები დაეხმარებიან საქართველოს? რატომ და იმიტომ, რომ ყოფილი სსრ კავშირის ტერიტორიაზე, კერძოდ, კავკასიაში, სტაბილური ვითარება მათს ეროვნულ ინტერესებში შედის. საქართველოს უნდა ჰქონდეს ცივილიზებული ურთიერთობა ყველა ქვეყანასთან, განსაზღვრავდეს საგარეო-პოლიტიკური ურთიერთობის პრიორიტეტებს იმის გათვალისწინებით, რომ იგი პრაქტიკულად ორი კონტინენტის შესაყარზე მდებარეობს.

მაგრამ ამისთვის, ხაზგასით აღნიშნა ედუარდ შევარდნაძემ, უპირველეს ყოვლისა საჭიროა ბოლო მოვუღოთ შინაურ კონფრონტაციას, ახლა მოსახლეობას დიდძალი იარაღი აქვს, და იქ, ალბათ, ძნელია დაადანაშაულო ვინმე, რადგან, რაკი სახელმწიფო ვერ აძლევს უშიშროების გარანტიას თავის მოქალაქეებს, ისინი იძულებული არიან თვითმოქმედებას მიჰყონ ხელი ამ საქმეში. უნდა დავამყაროთ ჯეროვანი წესრიგი, შემდეგ კი იარაღის ჩამორთმევა დიდად არ გაჭირდება.

ედუარდ შევარდნაძემ უპასუხა ჟურნალისტების სხვა კითხვებსაც.

თენგიზ ნიკოლაიშვილი.

არჩევნების შემდეგ უფრო ადვილი იქნება რესპუბლიკაში დემოკრატიული სტრუქტურების დამკვიდრება : ედუარდ შევარდნაძის პრესკონფერენცია / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 10 მარტი. - N42(315). - 1 გვ.

6 მის აღმატებულებას ბატონ თურგუთ ოზალს, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს

▲ზევით დაბრუნება


პატივცემულო ბატონო პრეზიდენტო!

ქართველი ხალხი გულწრფელ სამძიმარს გიცხადებთ თქვენს ქვეყანაზე თავსდატეხილი უბედურების - მიწისძვრის გამო, რასაც მოჰყვა მსხვერპლი, ძლიერი ნგრევა.

გთხოვთ გადასცეთ ჩვენი ღრმა სამძიმარი დაღუპულთა ოჯახებს.

ე. შევარდნაძე.
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭო

თ. სიგუა.
საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი

მის აღმატებულებას ბატონ თურგუთ ოზალს, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს / ე. შევარდნაძე, თ. სიგუა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 17 მარტი. - N45 (319). - 1 გვ.

7 ედუარდ შევარდნაძე: „უნივერსიტეტში ვხედავ მთელ საქართველოს, მას ენიჭება უნიკალური როლი ერის ერთობაში, პოლიტიკურ სტაბილიზაციაში, ეკონომიკისა და განათლების აღმავლობაში“

▲ზევით დაბრუნება


შეხვედრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის
სახელმწიფო უნივერსიტეტში

ამ შეხვედრას ორივე მხარე ელოდა. როდესაც გაივსო ექვსასკაციანი დარბაზი, სტუდენტებმა შეავსეს დერეფნები, კიბის უჯრედები და ყველა თავისუფალი ადგილი, რომელიც სააქტო დარბაზს ემიჯნებოდა.

სავსებით მართალი ბრძანა შეხვედრის გახსნისას უნივერსიტეტის რექტორმა, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა, პროფესორმა როინ მეტრეველმა: „ედუარდ შევარდნაძე ჩვენთან სტუმრად არ მოსულა. მასთან დიალოგი ამ გაჭირვების ჟამს ყველა ჩვენგანისთვის აუცილებლობაა“.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს ღვიძლი შვილია, რომელიც აგერ უკვე 75 წელია ჭაპანს ეწევა ერის სამსახურში. იგი ყოველთვის იყო ქართველი ხალხის აზრის გამომხატველი, უშუალოდ იყო ჩართული ყველა პოლიტიკურ პროცესში, ყველა მოვლენაში. საქართველოში ეროვნული მოძრაობა თბილისის უნივერსიტეტში დაიწყო. აქ აიდგა მან ფეხი, აქ დავაჟკაცდა და აქედან გავიდა დიდ ასპარეზზე.

მაგრამ დღეს, როცა ყოფნა-არყოფნის ზღვარზე ვდგავართ, როცა იღვრება ძმათა სისხლი და როგორც ჰაერი გვჭირდება პოლიტიკური სტაბილურობა, მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, უნივერსიტეტს აერთიანებს ერთი სწრაფვა - საქართველო იყოს ერთიანი, დამოუკიდებელი და დემოკრატიული.

ეს აზრი დედაბოძი და ქვაკუთხედი იყო ყველა პროფესორისა თუ სტუდენტის გამოსვლაში, ეს იყო ლაიტმოტივი ედუარდ შევარდნაძის სიტყვისა.

გაიმართა დიალოგი - გულახდილი, ემოციური, მწვავე. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს არა ჰყავს გულგრილი შვილები, მათ აწუხებთ თავისი ქვეყნის ბედ-იღბალი, ერის წყლული მიაჩნიათ თავის წყლულად.

შეხვედრაზე ბევრმა გამომსვლელმა აღძრა მათთვის საჭირბოროტო საკითხები. კერძოდ, ითქვა, რომ უნივერსიტეტში მეტი ყურადღება უნდა მიექცეს ფუნდამენტური და გამოყენებითი ხასიათის პრობლემების კვლევას. თეორიული შედეგების საფუძველზე უნდა გაფართოვდეს ბუნების მოვლენებისა და სახალხო მეურნეობაში წამოჭრილი ამოცანების მოდელირება და რიცხვითი რეალიზაცია მძლავრი ელექტრონული გამოთვლითი მანქანების გამოყენებით.

უნივერსიტეტს ესაჭიროება გაცილებით უფრო ძლიერი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ახალი ლაბორატორიები და აპარატურა. საჭიროა გაფართოვდეს კონტაქტები მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო ცენტრებთან, მეტი დამოუკიდებლობა თავის საქმიანობაში.

ბევრი დაეთანხმა პროფესორ მზექალა შანიძის აზრს, რომ საჭიროა ჩამოყალიბდეს განათლების გლობალური კონცეფცია, რათა საქართველო არ განიცდიდეს პროფესიონალების დეფიციტს. შეხვედრის მონაწილეების ყურადღება მიიპყრო ისტორიის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტის გიორგი მაისურაძის გამოსვლამ, რომელმაც კერძოდ გამოთქვა ასეთი მოსაზრება:

- ჩვენ ვოცნებობთ იმ დროზე, როცა ჩვენს უნივერსიტეტში, როგორც ეს დასავლეთის მოწინავე უმაღლეს სასწავლებლებშია, სტუდენტი თვითონ აირჩევს შესასწავლ საქმეს, აირჩევს პროფესორს, რომლის ლექციის მოსმენაც სურს.

გამოითქვა აზრი, რომ უნივერსტიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს უნდა გაუუმჯობესდეთ მატერიალური ანაზღაურება, ვინაიდან მათი ხელფასი უფრო ნაკლებია, ვიდრე აკადემიის სისტემის თანამშრომლებისა. თავის მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ბევრი მათგანი თანამშრომლობს კომერციულ უმაღლეს სასწავლებლებში, რომელთა გარკვეული ნაწილი, სამწუხაროდ, უმაღლესი სასწავლებლების პროფანაციაა. დღეს საქართველოში არსებულ 116 კომერციულ სასწავლებელს არა აქვს სათანადო ბაზა, არ ყავს პროფესურა და უნივერსიტეტის კოლექტივს მიაჩნია, რომ ამას ბოლო უნდა მოეღოს...

შეხვედრის მონაწილეებმა დიდი ყურადღებით მოისმინეს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა.

- უნივერსიტეტის დარბაზში მთელს საქართველოს ვხედავ, - ასე დაიწყო მან თავისი გამოსვლა, - უნივერსიტეტს ენიჭება უნიკალური როლი ერის ერთობაში, პოლიტიკურ სტაბილიზაციაში, ეკონომიკისა და განათლების აღმავლობაში.

თავისუფლება, დამოუკიდებლობა მოპოვებულია. ის, რაც ამ ბოლო თვეებში მოხდა, ეროვნული მოძრაობის ახალი თვისებრივი გამოვლინებაა, მისი დიდი გამარჯვებაა და ამ საქმეში განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს სტუდენტების დიდი როლი.

კაცობრიობის განვითარების ამ ეტაპზე ისეთ ეროვნულ მოძრაობას ექნება პერსპექტივა, რომელიც მიზნად საზოგადოებრივ-პოლიტიკური, ეკონომიკური განვითარების ყველა სფეროში დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრებას გულისხმობს.

დღეს ორი რამე ემუქრება ჩვენს დამოუკიდებლობას და თავისუფლებას - ესაა ერის გათიშულობა და ომი ძმათა შორის, ერთის მხრივ, ეკონომიკური ქაოსი, მეორე მხრივ, რომელშიც ჩვენი ქვეყანა აღმოჩნდა.

ეროვნული გათიშულობა ეროვნული სულის ეროზიის დასაწყისია. ძმათა კვლამ თვით ეროვნული იდეალების გაუფასურება შეიძლება გამოიწვიოს.

რაც შეეხება ეკონომიკას, აქ ეროზიაზე კი არა, ნამდვილ გიგანტურ მეწყერზეა ლაპარაკი. აქედან გამომდინარეობს პირველი რიგის ამოცანა რისი გადაწყვეტაც მოუწევს ჩემს ქვეყანას. - ესაა დავძლიოთ გათიშულობა, გავაერთიანოთ მთელი ჩვენი ხალხი ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად. ნამდვილი თავისუფლებისათვის ბრძოლა ახლა იწყება.

არავისთვის დასამალი არ არის, რომ საქართველოს ეკონომიკა იყო ყოფილი საბჭოთა კავშირის სახალხო-სამეურნეო კომპლექსის დანამატი. იმ დროს სხვანაირად არ შეიძლებოდა. მიუხედავად ამისა, საქართველო მაინც ახერხებდა საჭირო ეკონომიკური ექსპერიმენტების ჩატარებას, რაც მაშინ არც ისე იოლი საქმე იყო და რამაც იმ პერიოდისათვის უდაოდ დიდი როლი შეასრულა ჩვენი რესპუბლიკის ეკონომიკის შედარებითი დამოუკიდებლობისა და აღმავლობისათვის.

დღეს კი ეკონომიკის აღმავლობისათვის საჭიროა უფრო რადიკალური და უფრო პროგრესული, თანაც გადაუდებელი რეფორმები: პირველ რიგში ესაა მრეწველობისა თუ მიწის პრივატიზაცია, მთელი ეკონომიკის გადაყვანა საბაზრო რელსებზე, წარმოების ურთიერთობათა თანამედროვე ფორმების დამკვიდრება.

ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის მნიშვნელოვანი ფაქტორია დემოკრატიული სტრუქტურების ფორმირება. ამ თვალსაზრისით სახელმწიფო საბჭომ უკვე გადადგა გარკვეული ნაბიჯები, დაიწყო კონსულტაციები ყველა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან ამ უმნიშვნელოვანეს საკითხზე.

მიღებულია დადგენილება, რომ არჩევნები გაიმართოს მიმდინარე წელს არაუგვიანეს შემოდგომისა. არჩევნები არა მარტო და არა იმდენად პოლიტიკური დაპირისპირების არენად უნდა იქცეს, არამედ უნდა ჩატარდეს ეროვნული ერთიანობის ნიშნით.

ვაცხადებთ მთელი მსოფლიოს გასაგონად - ჩვენ ჩავატარებთ ნამდვილ დემოკრატიულ არჩევნებს, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობის მეთვალყურეობით და კონტროლის ქვეშ.

მომავალი არჩევნების დებულება შემუშავებულია და ამ დღეებში მას განიხილავს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭო. არჩევნების თაობაზე მიღებული დადგენილება გაუადვილებს გარე სამყაროს დაამყაროს დიპლომატიური ურთიერთობა ჩვენს ქვეყანასთან.

მაგრამ, ითქვა ამასთან ერთად შეხვედრაზე, არჩევნების ჩატარების აუცილებელი პირობაა პოლიტიკური სტაბილურობა. უნდა დავივიწყოთ ყველაფერი, რაც იწვევს ერის გათიშვას, განხეთქილებას, ძმათა შუღლს, ვინაიდან ამ ბრძოლაში შეიძლება იყვნენ მხოლოდ დამარცხებულები, რადგან ნებისმიერი დაღუპული ჩვენი სისხლი და ხორცია, საქართველოს შვილია. უნდა დავივიწყოთ ძველი წყენა, მიმტევებლობა ქართველ კაცს ოდითგანვე ახასიათებდა.

უკვე გადაიდგა პირველი ნაბიჯები. სახელმწიფო საბჭოს მიერ ზუგდიდში გაგზავნილმა დელეგაციამ მოლაპარაკებისას მიაღწია ერთგვარ სასურველ შედეგებს. იმედია, რომ სამუდამოდ შეწყდება სისხლისღვრა.

ერის ერთობაში უდიდეს როლს შეასრულებს ქართული ეკლესია და პირადად ჩვენი სასიქადულო მამულიშვილი კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე.

პოლიტიკური სტაბილურობა მოგვცემს საშუალებას ჩავატაროთ არჩევნები, რომლებშიც შეკავშირდებიან საქართველოში მცხოვრები ყველა ეროვნების ხალხი. პატივისცემით უნდა მოვეპყროთ ავტონომიურ ფორმირებებს.

პოლიტიკური სტაბილურობის მისაღწევად დიდ როლს შეასრულებენ ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, რომლებიც მუშაობენ ან სწავლობენ უნივერსიტეტში. უნდა გადაილახოს ყველა წინააღმდეგობა, პატივი ვცეთ აზრთა სხვადასხვაობას, დროებით დავივიწყოთ პოლიტიკური ამბიციებიც. არჩევნები უნდა გახდეს ყველა პოლიტიკური ძალის გამაერთიანებელი პლატფორმა. დღეს უნდა ვიფიქროთ მხოლოდ საქართველოს ერთობაზე. ყველასათვის ცნობილია, რომ მოშლილია და დანგრეულია ეკონომიკა, ცარიელია სახელმწიფო ხაზინა, რესპუბლიკა განიცდის ენერგეტიკულ და საწვავის კრიზისს, სურსათის დეფიციტს. მაგრამ ამას ყველაფერს მოევლება, თუ მივაღწევთ სასურველ პოლიტიკურ სტაბილურობას, თუ ავამოძრავებთ ეროვნულ ენერგიას.

ახალი პარლამენტი, რომელსაც ჩვენი ხალხი აირჩევს, იმედი უნდა ვიქონიოთ, შესძლებს გაუძღვეს ერს ახალი საქართველოს შენებაში.

ქვეყნის დემოკრატიული სტრუქტურების ჩამოყალიბებასა და დამკვიდრებაში, პოლიტიკური, ეკონომიკური კრიზისის დაძლევაში განუზომელია უნივერსიტეტის, მისი პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტთა როლი. ისტორიულად ისე ჩამოყალიბდა, რომ აქ იღებდა სათავეს ერის სასიკეთო ყოველივე ახალი, პროგრესული იდეები და მისწრაფებები. ასეთსავე იმედებს ამყარებს დღეს საქართველო სახელმწიფო უნივერსიტეტზე, სხვა უმაღლეს სასწავლებლებზე, მთელს თავის ახალგაზრდობაზე.

დღეს არენაზე გამოდის ახალი ფენა - ეროვნული ბიზნესი. და აქაც თავისი სიტყვა უნდა თქვას უნივერსიტეტმა. ამ დარგის განვითარებისათვის აუცილებელია შეიქმნას ახალი ფაკულტეტი, რომელიც გამოზრდის საჭირო კადრებს, ურომლისოდაც წარმოუდგენელია ეროვნული ეკონომიკის აღმავლობა.

ჩვენი უნივერსიტეტის დიდი პრესტიჟის საქმეა ზრუნვა მეცნიერების განვითარებისა და ცოდნის შეძენისათვის, ეს უნდა გახდეს მისი ეროვნული პრიორიტეტი. კარჩაკეტილობა და პროვინციალიზმი თვითმკვლელობაა მეცნიერებისათვის.

[...]

გალინა ჩიქოვანი
საქინფორმის კორ.

ედუარდ შევარდნაძე: „უნივერსიტეტში ვხედავ მთელ საქართველოს, მას ენიჭება უნიკალური როლი ერის ერთობაში, პოლიტიკურ სტაბილიზაციაში, ეკონომიკისა და განათლების აღმავლობაში“ / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 21 მარტი. - N48(321). - 1,2 გვ.

8 კედლის აქეთა მხარეს

▲ზევით დაბრუნება


არის კედლები, რომელთა დანგრევაც სულ რამდენიმე დღეში შეიძლება. ქვითა თუ აგურით ნაშენი, ისინი ადვილად ემორჩილებიან ნებისყოფისა და ძალის ზემოქმედებას. მაგრამ არსებობს სხვაგვარი კედლებიც, რომელთა აღგვა არც ისე იოლია. იდეოლოგიის, უნდობლობის, შიშისა თუ წარმოდგენების ლოდებით ნაგები, ისინი მკვიდრად ჩადუღაბებულან ადამიანთა ცნობიერებაში, აცალკევებენ, აშორებენ მათ ერთმანეთს.

ამ წერილს ვწერ ჩემი მრავალი თანამოქალაქის სახელით, რომელნიც დღეს ყოფილი საბჭოთა კავშირის ნაცვლად წარმოქმნილი დამოუკიდებელი სახელმწიფოების ტერიტორიაზე ცხოვრობენ. ადვილად ასახსნელ მიზეზთა გამო კვლავინდებურად ვთვლი მათ თანამოქალაქეებად, რადგან საერთო ისტორიულმა ბედმა ისე დაგვაკავშირა ერთმანეთს, რომ რღვევის სტიქიაც კი უძლურია მასთან; ამიტომაც ჩვენ კიდევ დიდხანს გაგვყვება ამ ერთობის ძალის შეგრძნება.

დღეს პოლიტიკაზე ნაკლებად მინდა ვილაპარაკო. ამჯერად შევეხები მხოლოდ ადამიანსა და ადამიანურობას... ქალებს, მამაკაცებს, ბავშვებსა და მოხუცებს. სწორედ ისეთებს, როგორებიც ხართ თქვენ. მათაც ხომ თქვენსავით სჭირდება თანაგრძნობა, პატივისცემა, სითბო და ზრუნვა, ცხოვრების ისე მოწყობა, რომელიც მათ ღირსეულ საარსებო პირობებს შეუქმნის.

ნებისმიერი მსჯელობა ამ თემაზე აბსტრაქტული იქნება თუ არ გამოხატავს კონკრეტული ადამიანის ბედს; თუ ვერ ხედავ რითი ცხოვრობს, რა ასულდგმულებს, რა უხარია, რა უჭირს, როგორ ესწრაფვის თავისუფლებას და როგორ აწყდება გულგრილობის კედელს ადამიანის ცოცხალი სული.

მე ეს ყველაფერი ვნახე და მსურს თქვენც დაგანახვოთ. ამ დღეებში ჩემს სამშობლო საქართველოში - ყოფილი საბჭოთა კავშირის ერთ-ერთ რესპუბლიკაში, სასოწარკვეთას ჩავხედე თვალებში და შემძრა მისმა გარდაუვალობამ, შემძრა უიმედობამ და უმწეობამ დედებისა, რომელთაც არა აქვთ საშუალება ჭიქა რძე უყიდონ შვილებს. უმწეობამ მოხუცებისა, რომელთაც ყოველგვარი იმედი გადაეწურათ, მაგრამ ყველაზე მეტად შემზარა არაბავშვურმა სევდამ, მათმა არაბუნებრივმა თვალებმა, დარდიანმა გამოხედვამ. ისინი ხომ კარგა ხანია შეეჩვივნენ ცხოვრებას მუდმივ შიშსა და სიღატაკეში.

მათ ვერ აუხსნი, რომ რატომ გადაუარა ისტორიის ულმობელმა ბორბალმა სწორედ მათ ბედსა და სულს. ვერ დაამშვიდებ მსჯელობით იმ ისტორიული პროცესის ობიექტურობაზე, რომელმაც ბოლო მოუღო მსოფლიოს უკანასკნელ იმპერიას და ვერ მოუწოდებ მოთმინებისკენ იმ ნათელი მომავლის იმედით, რომლისთვის ბრძოლამაც შესაძლოა მათი სიცოცხლეც შეიწიროს.

ამ დღეებში მარტო მათზე როდი ვფიქრობ, ჩემი ფიქრები თქვენც დაგტრიალებთ. ვიხსენებ რა ყოველივეს, რაც გავაკეთეთ ბერლინის კედლის დასანგრევად, კონტინენტის გათიშვის თავიდან ასაცილებლად, გერმანიის გასაერთიანებლად, აღმოსავლეთ ევროპის ხალხთა გასათავისუფლებლად, იმისათვის, რომ თქვენს სიცოცხლეს ომის საფრთხე არ დამუქრებოდა, ვფიქრობ ამ საფუძველზეც, რომელსაც ყოველივე ამისთვის ახლა იხდიან ყოფილი საბჭოთა კავშირის ხალხები, მათ შორის, ჩემი ხალხიც.

ვალებს ისტორიის თამასუქების მიხედვით ქვეყნები და მთავრობები იხდიან, მაგრამ ამით საბოლოოდ მაინც ხალხი იტანჯება. ეს ტანჯვა იმდენად დიდია, რომ უკანასკნელ ზღვარს მიღწეულმა შესაძლოა მძლავრი დამანგრეველი დარტყმებით თქვენს მშვიდსა და უზრუნველყოფილ სამყაროშიც ჰპოვოს გამოძახილი.

დაფიქრდით ამაზე და დაგვეხმარეთ სიძნელეების გადალახვაში, თქვენივე შვილების საკეთილდღეოდ ხელი გაუწოდეთ ხალხებს, რომლებმაც ტოტალიტარიზმის უღელი მოიშორეს. უწილადეთ მათ თქვენი თანაგრძნობისა და გულთბილობის დოვლათის მცირედი ნაწილი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ხელი შეუწყოთ პროგრესსა და კეთილდღეობას.

სამშობლოში ჩამოსვლისთანავე საქართველოს აღორძინებისა და დემოკრატიის ფონდი დავაარსე. ბედნიერი ვიქნები, თუ ჩემი მეგობრები ევროპის ქვეყნებში და მთელ მსოფლიოში მხარს დაუჭერენ ამ პროექტს.

დღეს, როდესაც კაცობრიობის ერთიანობის იდეა ზეობს და უკედლებო და უსაზღვრო მსოფლიო იქმნება, მოგიწოდებთ მოსპოთ უკანასკნელი გულგრილობის კედელი. ნუ გავემიჯნებით ზღუდეებით და უკვე დაშლილი კედლის ჩვენს მხარესაც გადმოიხედეთ.

მხოლოდ მას შემდეგ, როცა დავინახავთ ამ ნანგრევების ქვეშ მოყოლილ პოლიტიკურ ვაკუუმს, ეკონომიკურ ქაოსსა და მრავალი ადამიანის ყოფის გაურკვეველ მდგომარეობას, შევძლებთ გადავდგათ შემდგომი ნაბიჯი ყველა ხალხის უკეთესი მომავლისაკენ.

ედუარდ შევარდნაძე.

კედლის აქეთა მხარეს / ედუარდ შევარდნაძე // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 2 აპრილი. - N53 (326). - 1 გვ.

9 წერილი იუბილარს

▲ზევით დაბრუნება


ბატონო ალექსანდრე!

გულითადად გილოცავთ დაბადების სახელოვან 90 წელს. თქვენ დიდი წვლილი შეიტანეთ ქართული ფილოსოფიის ფუნდამენტური პრობლემების დამუშავების საქმეში, განსაკუთრებული მნიშვნელობისაა თქვენი რუსთველოლოგიური გამოკვლევები, თქვენი მონოგრაფია, არაერთგზის გამოცემული, როგორც იტყვიან ქართველოლოგთა სამაგიდო წიგნია.

თქვენ ბრძანდებით სტუდენტთა არაერთი თაობის საყვარელი და აღიარებული ლექტორი. თქვენი აღსაზრდელები დღეს წარმართავენ ფილოლოგიურ დარგს საქართველოში. თქვენ ბრძანდებით თავის საქმეში შეყვარებული ადამიანის, პროფესიონალის განსახიერება. არაერთგზის მომისმენია თქვენი საჯარო ლექციები თუ მოხსენებები „ვეფხისტყაოსნის“ საკითხებზე. თქვენ არასდროს გილაპარაკიათ მშრალად და უგულოდ.

როგორც კი „ვეფხისტყაოსნის“ გმირთა სამყაროს შეეხებით, თქვენი ემოციურობა ყველა ქართველის გულს ხვდება. თუ ოდესმე დაგვჭირდება რუსთაველის აფორიზმების დამმუხტველი, მამხნევებელი ძალა, სწორედ ახლა სჭირდება იგი ჩვენს ხალხს. ახლა გვჭირდება საქართველოს ყველა კუთხის ისეთი ერთიანობა, როგორიც ეს „ვეფხისტყაოსანში“ გვაქვს.

გვწყურია ის მეგობრობა, ძმობა და კეთილშობილება, რასაც გენიალური პოემა გვინერგავდა. ჩვენი ყოველი ცოდნა სიკეთის შესახებ ფუჭია, თუ სიკეთე არ გავაკეთეთ: „არა ვიქმ, ცოდნა რას მარგებს ფილოსოფოსთა ბრძნობისა“.

ბატონო ალექსანდრე, თქვენი ხანგრძლივი სიცოცხლე მეტისმეტად რთული და ცვალებადი ცხოვრების ქვეყანაში, არის კეთილშობილი და პატიოსანი კაცის ცხოვრება. სიყვარულზე უკეთესი ელექსირი არ არსებობს. თქვენ ბევრი სიკეთის მოტანა შეგიძლიათ თქვენი ხალხისათვის.

სულითა და გულით დაგლოცავთ პირადად თქვენ, თქვენთან ერთად იმ ფილოსოფიურ სამყაროს, რომლის შვილიც და მოძღვარიც თქვენ ბრძანდებით, სიცოცხლის ბიბლიურ ხანგრძლივობას გისურვებთ.

ღრმა პატივისცემით - ედუარდ შევარდნაძე.

წერილი იუბილარს / ედუარდ შევარდნაძე // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 4 აპრილი. - N54 (327). - 3 გვ.

10 „შეიძლება წავაგო კიდეც, მაგრამ საქართველოში არდაბრუნება არ შემეძლო“

▲ზევით დაბრუნება


ათი კითხვა ედუარდ შევარდნაძეს

როდესაც ბატონ ედუარდს შევხვდი, დასავლეთ საქართველოდან შემაშფოთებელი ინფორმაცია მოვიდა: ქალაქ ფოთისათვის მიმდინარე ბრძოლების დროს მთავრობის შეიარაღებულმა ძალებმა დიდი დანაკლისი განიცადეს: დაიღუპა 12 და დაიჭრა 10 კაცი. დამხობილი პრეზიდენტის მომხრეთა შორის დანაკარგი კიდევ უფრო მეტი იყო: დაიღუპა 19 და დაიჭრა 50-ზე მეტი კაცი. ყველა დახოცილი და დაჭრილი ერთი ეროვნების, ერთი ქვეყნის მოქალაქენი იყვნენ. სწორედ ამით დაიწყო ჩვენი საუბარი საქართველოს სახელმწიფოს საბჭოს თავმჯდომარესთან.

- საქართველოში ყოველ ცისმარე დღეს იღუპებიან ადამიანები. რა ღონისძიებებს მიმართავთ სისხლისღვრის შესაწყვეტად?

- დიახ, იღუპებიან, ეს სასტიკი რეალობა, დიდი უბედურებაა, მაგრამ იარაღი, რომელიც დღეს ისვრის, გუშინდელი დატენილია. თქვენ ალბათ მოგეხსენებათ, რომ მარტის შუა რიცხვებში შევთანხმდით ორ მოპირისპირე მხარეს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ხელისუფალნი დათანხმდნენ მაქსიმალურად შესაძლო დათმობებს. სამწუხაროდ, ეს შეთანხმება დაარღვია მეორე მხარემ, და დღეს ხშირად გვიხდება სახანძრო რაზმივით ვიმოქმედოთ. არავის არ უნდოდა სერიოზულად მოეკიდებინა ხელი კონფლიქტების მოგვარებისათვის, ცდილობდნენ ძალისმიერი მეთოდებით გასულიყვნენ ფონს. პრობლემა ძალზე მიშვებულია. მიუხედავად ამისა, რაღაცის გაკეთება მაინც მოვახერხეთ. შეიქმნა სახელმწიფო საბჭო. ეს არის დროებითი ორგანო, რომლის უფლებამოსილებაც შეწყდება არჩევნების დღეს, ამავე დროს, დღესდღეობით ეს არის უკვე ქვეყნის მართვის მოქმედი მექანიზმი. სახელმწიფო საბჭო ხდება აღიარებული ეროვნული ინსტიტუტი, რომელსაც ანგარიშს უწევენ საქართველოს პრაქტიკულად მთელი მოქმედი პოლიტიკური ძალები. საბჭოს კარი ღიაა ყველასთვის, ვინც ერის ინტერესებს საკუთარ პოლიტიკურ ამბიციებზე მაღლა აყენებს. ჩვენ განზრახული გვაქვს გავაფართოოთ სახელმწიფო საბჭოს შემადგენლობა ავტონომიების, საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა მოწვევის გზით, რათა კიდევ უფრო სრულად გავითვალისწინოთ ადამიანთა ინტერესებისა და შეხედულებების სპექტრი.

მე შევხვედრივარ თითქმის ყველა პოლიტიკური პარტიისა და ორგანიზაციის ლიდერებს, და ვფიქრობ, უმთავრესი თანამოაზრენი ვართ. ჩვენ გვაერთიანებს ეროვნული შერიგების, დემოკრატიული გარდაქმნების იდეები, სტაბილიზაციის ინტერესები, ბუნებრივია, როდესაც არჩევნების სამზადისის აქტიური ფაზა დადგება, ბრძოლა გამწვავდება. მაგრამ დარწმუნებული ვარ, იგი არ გასცილდება ცივილიზებულ, მსოფლიოში საყოველთაოდ მიღებულ ფარგლებს.

- თქვენ მთელი მსოფლიო გიცნობთ კეთილგონიერ პოლიტიკოსად, რომელსაც შეუძლია გადაწყვიტოს ურთულესი წინააღმდეგობანი მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მეთოდებით. არადა, დღეს თქვენს წინაშე დადგა ძალის გამოყენების აუცილებლობა. ნიშნავს თუ არა ეს, რომ თქვენ ხელს იღებთ საკუთარ პრინციპებზე?

- არამც და არამც, ჩვენ სწორედ რომ პოლიტიკური მეთოდებით ვმოქმედებთ, ვურიგდებით დათმობებს, ვთავაზობთ კომპრომისულ მიდგომებს, მაგრამ როდესაც ამის შემდეგ მიღწეული შეთანხმებანი ირღვევა და კვლავ იკიდებს ფეხს მორალური და ფიზიკური ტერორი, ჩვენ სხვა გამოსავალი არ გვრჩება... უკვე რამდენიმე თვეა ბლოკირებულია სურსათ-სანოვაგის შემოსატანი გზები, ზარალმა ექვს მილიარდ მანეთს მიაღწია, რესპუბლიკა შიმშილობის პირას არის მისული. და ნურავის ეგონება, რომ ძალადობის ტალღის აზვირთება უბრალოდ დაემთხვა საქართველოს აღიარების განცხადებათა სერიისა და მასთან დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების დაწყებას.

ყოველივე ეს წარმოადგენს დაწყებული სტაბილიზაციის პორცესის ჩაშლის ცდებს. ძნელია აწარმოო დიალოგი, როდესაც სროლა ისმის, როდესაც ყველაფერი გაკლია, როდესაც უპირველესი ამოცანაა დააშოშმინო და დაამშვიდო ადამიანები, არადა, ანარქიის პარპაშის პირობებში ამის გაკეთება შეუძლებელია. დღეს ზოგ-ზოგები ცდილობენ დააგროვონ ქულები პოლიტიკური დემაგოგიის ხარჯზე და ახალ ხელისუფლებას მეტისმეტ სიმკაცრესა და სისასტიკეს აბრალებენ. მაგრამ მათ არ შეიძლება არ ესმოდეთ, რომ ისეთ ვითარებაში, რომელიც დღეს შეიქმნა საქართველოში, ეროვნული შერიგების უცილობელი წინამძღვარია ელემენტარული წესრიგი და დისციპლინა.

- საქართველოს წინაშე წამოიჭრა ურთულესი პრობლემები პოლიტიკაში, ეკონომიკაში, ეროვნებათშორის ურთიერთობაში. და მაინც ხალხს უფრო მეტად აწუხებს დამნაშავეთა თარეში, გვაწუხებს ის, რომ მოსახლეობაში დაგროვდა უამრავი იარაღი, არ დაადგა საშველი შეიარაღებულ ფორმირებათა საკითხის გადაწყვეტას. რა გამოსავალია შექმნილი სიტუაციიდან?

- დღეს ეს ცენტრალური საკითხია. ზუსტად უნდა განვსაზღვროთ, როგორი შეიარაღებული ძალები გვჭირდება. უნდა დავადგინოთ მათი რიცხვი, ხასიათი, დანიშნულება. ამჟამად მუშავდება ეროვნული არმიის კონცეფცია. უახლოესი სამი კვირის მანძილზე მას სახელმწიფო საბჭოს განსახილველად გამოვიტანთ. ეს უცილობელი ჭეშმარიტებაა - შეიარაღებული ძალები თავიანთი მუდმივი დისლოკაციის ადგილებში უნდა იმყოფებოდნენ, და დასავლეთ საქართველოში რომ არ გართულებულიყო ვითარება, ეს ასეც იქნებოდა. ჩვენ იძულებული გავხდით გამოგვეხმო ისინი წესრიგის დასამყარებლად, და როგორც კი დასავლეთში სიტუაცია კალაპოტში ჩადგება, ისინი თავთავიანთ ყაზარმებს დაუბრუნდებიან.

რაც შეეხება იარაღს, მოსახლეობაში მართლაც ბევრი, ძალზე ბევრი იარაღია დაგროვილი, სინამდვილეში, ზუსტად არც კი იცის ვინმემ რა რაოდენობისა, წინანდელი ხელისუფალნი ხელს უწობდნენ იარაღის დარიგებას უკანონო ფორმირებებისათვის თავიანთი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, ბევრნი მას მოიპოვებდნენ დამოუკიდებლად, ართმევდნენ მილიციას, სამხედროებს, იგი გახდა ყიდვა-გაყიდვისა და სპეკულაციის საგანი, გაჩნდა რესპუბლიკაში გარედან, მათ შორის, საზღვარგარეთიდან იარაღის შემოტანის ნაირ-ნაირი არხები. მე ბევრი ვიფიქრე ამ პრობლემაზე, გასაგებია იმ კაცის წუხილი, რომელიც იარაღს იძენს, რათა დაიცვას თავისი ოჯახი, საეჭვოა უახლოეს ხანებში იარაღის ჩამორთმევა შევძლოთ, აქ, რეალისტი უნდა იყო. იმისათვის, რომ გადავჭრათ ეს პრობლემა, ეგებ ღირდეს დავაკანონოთ ეს იარაღი, გავატაროთ რეგისტრაციაში. ამით ჩვენ ვუჩვენებთ ადამიანებს, რომ ვენდობით მათ, და ამავე დროს მათი პასუხისმგებლობის იმედი გვაქვს. ასეთი წესი არსებობს დასავლეთის ბევრ ქვეყანაში. ამ გზით ჩვენ შევძლებთ თუნდაც კონტროლი დავუწესოთ მოსახლეობაში დაგროვილ იარაღს, ხოლო მომდევნო ეტაპზე უკვე გაირკვევა, რა ვუყოთ მას.

- ჩვენ ვიცით თქვენი პოზიცია თანამეგობრობაში საქართველოს შესვლასთან დაკავშირებით. და მაინც, უფრო დაწვრილებით ხომ ვერ გვეტყოდით, როგორია ყოფილი კავშირის ქვეყნებთან, კერძოდ, რუსეთთან საქართველოს ურთიერთობის პერსპექტივა?

- მე პრიორიტეტულ მიმართულებად მიმაჩნია ნორმალური, პარტნიორული, ორმხრივ ხელსაყრელ ურთიერთობის დამყარება რუსეთთან, კავშირში შემავალ ყველა სხვა სახელმწიფოსთან. ჩემი აზრით, ეს უფრო მნიშვნელოვანი და პერსპექტიულია, ვიდრე თანამეგობრობის წევრობა. ეს ურთიერთობა უნდა დაეფუძნოს სოლიდურ სახელშეკრულებო-სამართლებრივ ბაზას, ამასთან მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მომხდარი ცვლილებები. აი მაშინ, დარწმუნებული ვარ, ჩვენი ხალხებისა და სახელმწიფოების ურთიერთობაში სერიოზული პრობლემები აღარ წარმოიშობა. ეს ესმით სხვა რესპუბლიკების ლიდერებსაც. მე ვესაუბრე ბატონ ბორის ელცინს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ანდრია კოზირევს, როდესაც იგი თბილისში იყო ჩამოსული. ჩვენ მოვილაპარაკეთ, დავაჩქაროთ ასეთი ფუნდამენტური შეთანხმების მომზადება, დავსახეთ სქემა, მოქმედების თანამიმდევრობა, და შევუდექით პრაქტიკულ მუშაობას. მე თბილისში მოვიწვიე რუსეთის პრეზიდენტი და ვიმედოვნებ, რომ ამ ვიზიტის დროს ხელს მოვაწერთ აღნიშნულ შეთანხმებას. თუ ამ მიმართულებით ვიმოქმედებთ, ჩვენ მივაღწევთ ცივილიზებულ, ორივე მხარისათვის ხელსაყრელ (ნუ შეგვეშინდება ამ სიტყვისა) ურთიერთობას. ასეთი გახლავთ ჩემი მიდგომა. სხვა ყოფილ მოკავშირე რესპუბლიკებთან ურთიერთობისადმი, და ეს გაცილებით უფრო რთული ამოცანაა, ვიდრე უბრალოდ თანამეგობრობაში შესვლა.

- თბილისში ერთ-ერთი პირველი გამოსვლის დროს, თქვენ ბრძანეთ, რომ არმია ჯერჯერობით საქართველოში უნდა დარჩეს. მაგრამ ცნობილია, რომ ბევრ რეგიონში, სადაც ყოფილი საბჭოთა არმიის ნაწილები იმყოფებიან, ამას შედეგად მოჰყოლია დაძაბულობა და კონფლიქტები. როგორ აიცილებს ამას თავიდან საქართველო?

- რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან მოლაპარაკებისას მე ვთქვი, რომ სახელმწიფოთაშორის ხელშეკრულებაში, რომელიც ჩვენ უნდა დავდოთ, საჭიროა, ზუსტად განისაზღვროს აქ დისლოცირებული ჯარების სტატუსი, დარჩენის ვადები, სამხედრო მოსამსახურეთა ცხოვრების პირობები, მათი უფლება-მოვალეობანი, სერიოზულად არის მოსაფიქრებელი სამხედრო ბაზების პრობლემა, მათი მოვლა-შენახვის პირობები, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ შეძენილი გამოცდილება, გავითვალისწინოთ სხვა რეგიონებში დაშვებული შეცდომები. ეს ემსახურება როგორც საქართველოსა და რუსეთის, ისე ყველა ჩვენი მეზობლის ინტერესებს, ვფიქრობ, ქართველი ხალხი გაგებით მოეკიდება ამ პრობლემას და პრინციპულად დაუჭერს მხარს ჩვენს ძალისხმევას.

- დღეს უკიდურესად მწვავედ დგას ცხინვალის რეგიონში ქართველთა და ოსთა ურთიერთობის მოგვარების საკითხი. რა პრაქტიკულ ღონისძიებათა განხორციელებას აპირებთ იმისათვის, რომ ამ რეგიონში შეწყდეს სისხლისღვრა და ამასთან არ შეილახოს იქაურ ოსთა და ქართველთა უფლებები, საქართველოს ეროვნული ინტერესები?

- უწინარეს ყოვლისა, საჭიროა გამოყვანილ იქნეს იქიდან ყოფილი სსრ კავშირის შინაგანი ჯარების ნაწილები. ამ რეგიონში მათი ყოფნის არავითარი კანონიერი, სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს. მესამე ძალის იქ ყოფნა მხოლოდ აღიზიანებს ადამიანებს, აღრმავებს კონფლიქტს, ქმნის დაძაბულობას. არა მგონია, გაგვიჭირდეს ამ საკითხის გადაწყვეტა. აქა წესრიგს უნდა უზრუნველყოფდნენ და იცავდნენ მილიციის ძალები, რომელშიც, სხვათა შორის, ქართველებთან ერთად ბევრი ოსი მსახურობს.

მაგრამ უმთავრესი მაინც ის არის, რომ მოგვარდეს კონტაქტები მშრომელ ადამიანებს, მეზობლებს, სოფლებს შორის. ამ მიმართულებით უკვე მიმდინარეობს მუშაობა. მიმდინარეობს უხმაუროდ, უზარზეიმოდ. აქ ყველას გვმართებს მოთმინება, თავშეკავება. და არ იქნებოდა რეალური, ამოცანად დაგვესახა ამ კონფლიქტის ათი დღისა თუ ერთი თვის განმავლობაში გადაწყვეტა. ასეთი შეთანხმებისაკენ უნდა ვიაროთ ნაბიჯნაბიჯ. ამასთან, ხელი შევუწყოთ ამ მოძრაობას ფსიქოლოგიურად, ეკონომიკურად, რამდენადაც ეს ხელგვეწიფება.

ალბათ, უფრო კონკრეტულად უნდა მივუდგეთ ლტოლვილთა პრობლემას. მარტო ქართველთა მხრივ მათი რიცხვი 20 ათასს აღწევს. რაც შეეხება უფრო ზოგად პრობლემებს, კერძოდ, ამ რეგიონის ეროვნულ-კულტურულ წყობას, ისინი მომდევნო ეტაპზეა გადასაწყვეტი. შექმნილი სპეციალური სამთავრობო კომისია, რომელიც უკვე მუშაობს ამ საკითხებზე.

ქართველთა და ოსთა ურთიერთობის ნორმალიზაცია შეიძლება მოხდეს მხოლოდ ქვეყნის ვითარების საერთო სტაბილიზაციის კალაპოტში, თუ ასეთი ფონი არ შეიქმნა, ძნელია ვიქონიოთ წარმატების იმედი; როდესაც სტაბილიზაციას მივაღწევთ, მაშინ ვისწავლით ერთმანეთთან გასაგებ ენაზე ლაპარაკს. აკი ნორმალურად ვცხოვრობდით საუკუნეთა მანძილზე, და ეს ტრადიციები დაგვეხმარება ძნელ სიტუაციაში.

- მაგრამ არა ნაკლებ რთული რეგიონია აფხაზეთი. ხომ არ გქონიათ კონტაქტები აფხაზეთის ახლანდელ ხელმძღვანელობასთან, რათა თავიდან აგეცილებინათ ამ რეგიონში აფხაზთა და ქართველთა ურთიერთობის შესაძლო გაუარესება?

- ჯერჯერობით კონტაქტები მხოლოდ ტელეფონით მქონდა. შევთანხმდით, რომ პირადად შევხვდები, მაგრამ ასეთი შეხვედრისათვის სერიოზული მომზადებაა საჭირო. მე კარგად ვიცნობ ამ რეგიონის სპეციფიკას, იქ ურთულესი პრობლემებია, რომლებიც დღეს კი არ წამოჭრილა, არამედ დიდი ხანია არსებობს. და მაინც, ჩვენ ვპოულობდით ხოლმე მათი გადაწყვეტის გზებს ისეთ პირობებშიც კი როდესაც, როგორც ახლა ვამბობთ, ტოტალიტარიზმი სუფევდა. ჯერ კიდევ სამოცდაათიანი წლების დამლევს, როდესაც აფხაზეთში ეროვნებათშორისმა დაძაბულობამ კრიზისულ წერტილს მიაღწია, ბევრი მოითხოვდა ჯარების შემოყვანას. მენდეთ, ამის გაკეთება მაშინ სულ არ იყო ძნელი. მაგრამ მე კატეგორიულად უარვყავი ეს, ვინაიდან ძალის გამოყენება ისეთ ფაქიზ სფეროში, როგორიც არის ეროვნებათშორისი ურთიერთობა, ვერაფერს წყვეტს, და შეიძლება მხოლოდ უფრო ღრმად ჩამალოს სენი. დარწმუნებული ვარ, ყველა პრობლემას მოევლება, თუ მათს გადაწყვეტას შევეცდებით მშვიდ კონსტრუქციულ ატმოსფეროში. გონივრული, ოპტიმალური გადაწყვეტილების გამოძებნა ძალიან გაგვიჭირდება, მაგრამ სხვა გზა ჩვენ არა გვაქვს.

- თქვენ ბრძანდებით პოლიტიკოსი, რომელიც ყველა შესაძლო ვარიანტს წინასწარ გათვლის ხოლმე და რომელიც მთელი თავისი ხანგრძლივი კარიერის მანძილზე აშკარად არასდროს არ გაწბილებულა. ბევრნი მიიჩნევენ თქვენს დაბრუნებას საქართველოში ყველაზე რისკიან ნაბიჯად თქვენს პოლიტიკურ ბიოგრაფიაში. ხომ არ ფიქრობთ იმაზე, რომ ამჯერად შეიძლება ხელი მოგეცაროთ?

- დიახ, ასეთი რეალური საფრთხე არსებობს. მაგრამ მე არჩევანი არ მქონდა. ასე მიკარნახებდა სინდისი, მორალურ-ზნეობრივი პრინციპები, რომლებითაც მთელი ჩემი სიცოცხლე ვხელმძღვანელობდი, რა გულით უნდა გავდგომოდი განზე იმას, რაც საქართველოში ხდებოდა. რა თქმა უნდა, პოლიტიკური სარფიანობის მოსაზრებებით რომ მეხელმძღვანელა, მერჩივნა მოვბრუნებულიყავი მოგვიანებით, როდესაც ყველა აქცენტი გაცხადდებოდა და ძალების განაწილებაც გამოიკვეთებოდა; მაგრამ მე მიმაჩნია, რომ როდესაც ქვეყანას წალეკვას უქადის ანარქიის და ქაოსის ტალღა, როდესაც იღუპებიან ადამიანები, ზოზინი დაუშვებელია. უნდა ვცდილიყავ გამომეყენებინა ჩემი ავტორიტეტი და გავლენა იმისათვის, რომ სამშობლოს დავხმარებოდი. მართლაც, ბევრს მიაჩნია, რომ ეს იყო შეცდომა, ძალიან დიდი შეცდომა, პირადი ინტერესების თვალსაზრისით - ეს მართლაც ასეა. მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, ხომ არსებობს მოვალეობა შენი ერის წინაშე, და არც პატრიოტიზმია ლიტონი სიტყვა. მე ვერ გავექცეოდი იმას, რასაც ჩემი სინდისი მიკარნახებდა, და მწამს, რომ სწორად მოვიქეცი.

- დღევანდელ შევარდნაძეზე საქართველოში სულ სხვადასხვა, ხშირად პოლარული აზრები გამოითქმის. სახელმწიფო საბჭოში თქვენს მოადგილეს ჯაბა იოსელიანს მიაჩნია, რომ თქვენ ოდნავადაც არ შეცვლილხართ. ხოლო საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი, ყოფილი დისიდენტი გიორგი ჭანტურია, პირიქით, დარწმუნებულია, რომ თქვენ დღეს სულ სხვა ხართ... რომელი მათგანია სწორი?

- ერთიც და მეორეც. კაცი კაცად რჩება სულ სხვადასხვა გარემოებებში, მაგრამ მისი ობიექტური აღქმისათვის უნდა გაითვალისწინო დროის რეალური კონტექსტი. ზოგჯერ ყოფილა, რომ მოვრევივარ გარემოებებს, ზოგჯერ კი ვერა. მაგრამ მე მუდამ ვამჯობინებდი ნებისმიერი საკითხის პოლიტიკური მეთოდებით გადაწყვეტას. რაც შეეხება მსოფლმხედველობის შეცვლას, ვგონებ, ეს კარგი უნდა იყოს.

- საქართველოში თქვენმა მობრუნებამ ბევრი აღავსო იმ იმედით, რომ რესპუბლიკა სულ მალე აღორძინდება, გაუმჯობესდება ხალხის კეთილდღეობა. ხშირად თქვენ შემოგყურებენ როგორც მხსნელს, სასწაულმოქმედს. ხომ არ გამძიმებთ ამ იმედების ტვირთი, ხომ არ გთრგუნავთ?

- ნამდვილად მთრგუნავს. მე ხომ ვიცი, რომ ყოვლისმძლე ვერ ვიქნები. გულს მიღრღნის ეჭვი, - შევძლებ კია, თუნდაც ნაწილობრივ. გავუმართლო ხალხს ეს მოლოდინი, მაგრამ ისიც ვიცი, რომ თუ გაქვს გამოცდილება და ავტორიტეტი, მათ შორის, საერთაშორისო, უშურველად უნდა გამოიყენო ისინი, რათა იხსნა ქვეყანა. არადა, საკითხი სწორედ ასე დგას - ყოფნა-არყოფნაზე.

მე ისიც მაიმედებს, რომ ჩემს ერს ბევრი მეგობარი ჰყავს რუსეთში, უკრაინაში, ყაზახეთში, მეზობელ სახელმწიფოებში, ბევრი მეგობარი ჰყავს მსოფლიოში. ვინ იცის, ეგებ სწორედ ეს არის ყველაზე დიდი სიმდიდრე და ყველაზე დიდი რეზერვი. და, კიდევ რისი იმედიც მასულდგმულებს: ეს არის ჩემი ხალხის სიბრძნე, მისთვის დამახასიათებელი თავგადარჩენის ინსტიქტი. ამ ორი ფაქტორის ერთობლიობა მაბედვინებს მე, ყოველივეს მიუხედავად, ოპტიმისტი ვიყო.

„იზვესტია“, N82, 7-IV-92წ.

„შეიძლება წავაგო კიდეც, მაგრამ საქართველოში არდაბრუნება არ შემეძლო“ : ათი კითხვა ედუარდ შევარდნაძეს / ედუარდ შევარდნაძე // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 11 აპრილი. - N59 (338). - 2 გვ.

11 ბატონ ედუარდ შევარდნაძის სიტყვა, წარმოთქმული ბატონ ჰანს-დიტრიხ გენშერის პატივსაცემად გამართულ სადილზე

▲ზევით დაბრუნება


12 აპრილს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობამ სადილი გაუმართა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ვიცე-კანცლერს, საგარეო საქმეთა მინისტრს ჰანს-დიტრიხ გენშერსა და მის მეუღლეს.

საქართველოს სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარემ ედუარდ შევარდნაძემ და ბატონმა ჰანს-დიტრიხ გენშერმა სიტყვები წარმოთქვეს.

ბატონ ედუარდ შევარდნაძის სიტყვა

ძვირფასო ჰანს-დიტრიხ, ძვირფასო ბატონო მინისტრო!

ძვირფასო ბარბარა!

მე და ნანული ბედნიერები ვართ გიმასპინძლოთ ჩვენს მიწა-წყალზე, ჩვენს თანამემამულეთა წრეში. აქ არის ჩვენი ფესვი და აქ უნდა გავატაროთ ჩვენი დანარჩენი ცხოვრება. რა ბედიც უნდა გვხვდეს წილად, ყოველთვის - ჭირშიც და ლხინშიც - ბოლომდე ჩვენს ერთან ვიქნებით. ასე ინება განგებამ, ასეთია ჩვენი ბედი.

როგორ შევუმსუბუქოთ ჩვენს ქვეყანას ახლანდელი მძიმე ხვედრი - ეს არის მთავარი ჩვენი საზრუნავი და სადარდებელი.

მადლიერების გრძნობით ვფიქრობთ იმ ადამიანებზე, რომელთაც ჩვენი ქვეყნისათვის სიკეთე სურთ ამ ძნელბედობის ჟამს და მზად არიან მეგობრული ხელი გამოგვიწოდონ.

ჩვენი გული სიყვარულით, სითბოთი, ძალით ივსება, როდესაც შორეული ქვეყნიდან მეგობრების გამამხნევებელი სიტყვები მოგვესმის.

ნება მიბოძეთ, დავარღვიო დიპლომატიის ერთი გარდაუვალი წესი და გაგიმჟღავნოთ ჩვენი იმ პირადი საუბრის პატარა ფრაგმენტი, რომელიც ამა წლის 21 თებერვალს გაიმართა ვენის გერმანიის საელჩოში. იმ დღეს თქვენ, ბატონო ვიცე-კანცლერო, ბრძანეთ: „ყოველ ჭეშმარიტ პოლიტიკოსს ახასიათებს თავისი ხალხის ბედისათვის გამახვილებული პასუხისმგებლობის გრძნობა, და თუ ამ გრძნობას არ უღალატებთ, რამდენიმე ფაქტორის არსებობის შემთხვევაში, ჩვენ ევროპელები, შევძლებთ თქვენს დახმარებას და თანადგომას“.

ჩვენში, საქართველოში, შევძელით შეგვექმნა ეს ფაქტორები, როცა ხალხს გავაცანით ჩვენი მიზნები, როცა დავადასტურეთ რომ დემოკრატიის იდეალების, ევროპისა და მთელ ცივილიზებულ სამყაროში საყოველთაოდ მიღებული ღირებულებების, პასუხსაგები სახელმწიფო-პოლიტიკური ქცევის ნორმებისა და სტანდარტების ერთგული ვართ. ამის შემდეგ საქართველო ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის თათბირის წევრი გახდა, იგი ცნეს ევროპის გაერთიანების წევრმა სახელმწიფოებმა და სხვა ქვეყნებმა და გამოაცხადეს, რომ მასთან დიპლომატიურ ურთიერთობებს ამყარებენ.

დიდ საიდუმლოებას არ გავამჟღავნებ, თუ გეტყვით, რომ თქვენთან ერთად ძვირფასო მეგობრებო, ამაში ხელი შეგვიწყვეს ჩვენმა სხვა კოლეგებმაც ინგლისელმა, ფრანგმა, ამერიკელმა, პორტუგალიელმა, იტალიელმა, ესპანელმა სახელმწიფო მოღვაწეებმა, იმ პოლიტიკურმა წრეებმა, რომელთა ფორმირება „ცივი ომის“ კედლების ნგრევის ეპოქაში მოხდა.

მაგრამ თქვენ პირველმა, საგანგებოდ ვამბობ, პირველმა ინებეთ ეს რთული მოგზაურობა, რათა პირადად დაგედასტურებინათ, რომ ევროპა და საქართველო ერთმანეთის შესახვედრად დაიძრნენ. ამის გამო მაქვს ზოგი რამ სათქმელი.

ძველთაგანვე დამკვიდრდა აზრი რომ პოლიტიკაში არ არსებობს პირადი ურთიერთობანი, არსებობს მხოლოდ ეროვნულ-სახელმწიფო ინტერესები. ჩვენ ვიცავდით ამ პრინციპს და ჩვენ ჩვენი სახელმწიფოების ინტერესებისათვის ვიბრძოდით, მაგრამ ამ ძნელ შემოქმედებითს, მე ვიტყოდი, ფილიგრანულ მუშაობაში, გაერთიანების საკითხების გადაწყვეტის ეტაპზე, გულწრფელი პირადი ურთიერთობაც დავამყარეთ, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ჩვენს ქვეყნებს შორის ნდობის, ურთიერთპატივისცემის, მეგობრობის სულისკვეთების დამკვიდრებას.

და მაინც, შეცდომა იქნებოდა იმის თქმა, თითქოს თქვენ აქ მხოლოდ პირადმა მეგობრობამ ჩამოგიყვანათ. გენშერი აღარ იქნებოდა გენშერი, ან თანამედროვეობის გამოჩენილი დიპლომატი და პოლიტიკოსი, გერმანიის „აღმოსავლეთის პოლიტიკის“ ერთ-ერთი ავტორი და ერთიანი ევროპის არქიტექტორი, თავის ამ ნაბიჯს - საქართველოში ჩამოსვლას - დიდ საერთაშორისო-პოლიტიკურ მნიშვნელობას რომ არ ანიჭებდეს.

ვენაში იმავე თებერვლის საუბრისას თქვენ ბრძანეთ, რომ საქართველოს შეუძლია ღირსეული ადგილი დაიკავოს ევროპისა და მსოფლიოს საერთო მოზაიკაში, რომ აქედან პატარა, მაგრამ ბრწყინვალე და მკვიდრი ქართული ფრაგმენტის ამოვარდნას შეიძლება დიდი უსიამოვნებანი მოჰყვეს რეგიონშიც და ევროპაშიც. ამით თქვენ საქართველო მსოფლიო და

საერთო-ევროპულ კონტექსტში მოაქციეთ, და ეს შეესაბამებოდა ჩვენს საერთო კრედოს, რომელიც ჩვენი თანამშრომლობის წლების მანძილზე შევიმუშავეთ: პატარა ქვეყანასაც შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს დიდი პოლიტიკის ფორმირებაში, თანამედროვეობის გლობალური პროცესის გადაწყვეტაში.

ჩვენ ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს ამ ბოლო თვეებში და წვრილად ვიხილავდით ვითარებას, რომელიც პოსტკომუნისტურ ხანაში ჩამოყალიბდა. განსაკუთრებით გულმოდგინედ ვმსჯელობდით საშინაო კონფლიქტების პრობლემაზე, რომლებიც, ჩვენი საერთო აზრით, საფრთხეს უქმნიან საერთაშორისო მშვიდობასა და უშიშროებას. თქვენ ზოგიერთი ევროპული ქვეყნისა და ახალშობილი თანამეგობრობის დამოუკიდებელი სახელმწიფოების მაგალითს იმოწმებდით, და ამ პრობლემას საზღვრების ურღვეობის თვალსაზრისით აფასებდით. კარგად მახსოვს თქვენი სიტყვები: „რაც უნდა მოხდეს, საზღვრები ურღვევი უნდა დარჩეს. თუ ესოდენ დიდხანს შევძელით ევროპაში მშვიდობის შენარჩუნება, ეს სწორედ იმის ნაყოფია, რომ მტკიცედ ვადექით ამ პრინციპს - არ არსებობს საზღვრები, რომელთა გულისთვის ღირდეს საფრთხე შევუქმნათ ხალხების არსებობას“.

ეს სამართლიანია ჩვენი რეგიონისთვისაც. საქართველოსთვისაც, ისევე, როგორც სამართლიანია რუსეთისთვის და თანამეგობრობის სხვა სახელმწიფოებისათვის. მართლაც ცეცხლს ეთამაშებიან ის პოლიტიკოსები, რომლებსაც ტერიტორიების გადანაწილების და საზღვრების გადაკეთების ზრახვები ამოძრავებთ. გარდაუვალი „დომინოს ეფექტი“ არა მარტო შეძრავს მსოფლიოს, არამედ უწინარესად ლახვარს ჩასცემს მათსავე ხალხებს.

მე და თქვენ ყოველთვის ვპოულობდით ჩვენი სახელმწიფოებისთვის ურთულესი საკითხების გადაწყვეტის ყველაზე ოპტიმალურ გზებს, დღემდე მწამს, რომ გერმანიის გაერთიანებამ თავიდან აგვაცილა კომპრესია, რომელსაც შეიძლებოდა მესამე მსოფლიო ომი მოჰყოლოდა, და გზა გაუკაფა ევროპული იდეების ხორცშესხმას. ჩვენ ბევრი გვისაუბრია მომავალზე: ოტავაში, სადაც ჩამოყალიბდა „2+4“-ის მექანიზმი, ბონში, სადაც ეს მექანიზმი ამუშავდა, პარიზსა და ვაშინგტონში, სადაც იგი დაჩქარდა და ბოლოს მოსკოვში, სადაც მან სასურველი ნაყოფი გამოიღო. ჩვენ ამაზე ვმსჯელობდით დამოუკიდებელი ნამიბიის დედაქალაქ ვინდხუკშიც და თქვენს მშობლიურ ქალაქ ჰალეშიც, ბრესტშიც, სადაც მემორიალურ დაფასთან, რომელზეც ამოკვეთილი იყო ჩემი დაღუპული ძმის სახელი, გული ამიჩუყა თქვენს თვალზე შენიშნულმა ცრემლმა.

ახლა აქ, თბილისში ბრძანდებით, და ჩვენ კვლავ მომავალზე ვბჭობთ, მსოფლიოს, ევროპის მომავალზე, საქართველოს მომავალზე.

ჩვენ ვართ ქვეყანა ამაყი ადამიანებისა, რომლებიც ხშირად შეუპოვარ შეურიგებლობას იჩენენ და უდრეკი მიზნები აქვთ. ზოგი ჩემი თანამემამულე ხშირად კითხულობდა: „რა გააკეთა საქართველოსთვის ქართველმა შევარდნაძემ საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრად ყოფნის დროსო“.

მე პასუხი არ გამიცია, მაგრამ ახლა, ვსარგებლობ თქვენი აქ ყოფნით და შემიძლია ვთქვა: „როცა ხელს ვუწყობდი გათიშული დიდი ერის გაერთიანებას, ბერლინის კედლის ნგრევას, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების თვითგამოკვევას და უკედლებო და უსაზღვრებო კონტინენტის შექმნას, მე ჩემს ხალხს ვემსახურებოდი. ევროპასა და მსოფლიოში გიგანტური ცვლილებების პროცესი, ეს მისი მონაპოვარიც არის, რომლის საფუძველზეც გერმანია გაერთიანდა, ხოლო საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა“.

მე შემიძლია აქ დამსწრეთ ვუამბო, რა ხშირად მეკითხებოდით ჩემს სამშობლოზე, როგორ გაინტერესებდათ მისი ისტორია, კულტურა, თანამედროვეობა, და რას გიპასუხებდით მე. ახლა, როცა აქ ბრძანდებით, ცოტა რამ შემიძლია დავუმატო.

ევროპამ ორჯერ შეაქცია ზურგი საქართველოს და ეს ჩემს ერს ეროვნული სახელმწიფოებრიობის დაკარგვად დაუჯდა. პირველად ეს იყო 18-ე საუკუნის დამდეგს, როცა დახმარება სთხოვა ევროპელ მონარქებს და ვერაფერი მიიღო. მეორედ, - ჩვენი საუკუნის ოციანი წლების დამდეგს, როცა გარეშე ძალამ გადათელა დემოკრატიული რესპუბლიკა. ორჯერვე ამაზე ძვირი საფასურის გადახდა მოუხდა არა მარტო საქართველოს.

დღეს, როცა კვლავ აღორძინდა ჩვენი სახელმწიფოებრიობა, გვწამს, რომ ამჯერად ევროპა ზურგს აღარ შეგვაქცევს. და ამის საუკეთესო დასტური ის გახლავთ, რომ თქვენ აქ ჩემს მშობლიურ მიწა-წყალზე ბრძანდებით.

დემოკრატიისაკენ ისეთი ქვეყნის წინსვლა, როგორიც ამჟამინდელი საქართველოა, იოლი ვერ იქნება, მაგრამ სხვა გზა არა გვაქვს და მტკიცედ გადავწყვიტეთ არ გადავუხვიოთ მას. ჩვენ კვლავ ვადასტურებთ, რომ ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის თათბირის, ქარტია ახალი ევროპისათვის, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ბილის პრინციპების ერთგულნი ვართ. ჩვენ მტკიცედ უარვყოფთ ძალას როგორც კონფლიქტების გადაწყვეტის მეთოდს, ვამკვიდრებთ დიალოგისა და კომპრომისების პოლიტიკას, როგორც ეროვნული მშვიდობისა და თანხმობის მშენებლობის მთავარ ინსტრუმენტს. ეს ჩვენთვის სტაბილურობის მთავარი გზაა, არსებითი წანამძღვარია იმ მისიის შესასრულებლად, რომელიც საქართველოს სურს იკისროს რეგიონში - იყოს არქიტექტონიკაში მასტაბილიზებელი კომპონენტი, აღმოსავლეთისა და დასავლეთის, ჩრდილოეთისა და სამხრეთის, ევროპისა და აზიის ხალხების, კულტურებისა და რელიგიების ერთ-ერთი შემაკავშირებელი რგოლი.

მაშინ ჩვენს მოსაზღვრე ქვეყნებს ეყოლებათ კეთილი მეზობელი, რომელიც არავის არავითარ პრობლემას არ შეუქმნის და სხვებსაც დაეხმარება მათივე პრობლემების გადაჭრაში. მაშინ იგი საიმედო პარტნიორი გახდება ყველა ქვეყნისათვის, მათ შორის და უწინარესად გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისთვისაც. ჩვენ გვინდა თქვენთან ჩვენი ურთიერთობა სოლიდურად, მკვიდრად და სამუდამოდ ვაშენოთ. ამას არაფერი აბრკოლებს. ჩვენი ხალხები ყოველთვის პატივს სცემდნენ ერთმანეთს. ჩვენს მიწა-წყალზე იქმნებოდა და ყვაოდა გერმანელ კოლონისტთა ჩინებული მეურნეობანი. ახლა შესანიშნავი საშუალება მოგვეცა ახლებურად დავწეროთ ჩვენი ურთიერთობის მატიანე.

მასში უკვე შეინიშნება პირველი მჭევრმეტყველური სტრიქონები. თქვენი ხელშეწყობით საქსონიაში უკვე ხორციელდება პროექტი „ქართული სახლი“. გათვალისწინებულია გერმანიაში მენეჯმენტის სპეციალისტთა ფართომასშტაბიანი მომზადება. დაგვპირდნენ, რომ დაგვეხმარებიან ქართული ეროვნული პარკების შექმნაში. ჩვენი მეგობრები ზაარლანდიდან ჰუმანიტარულ დახმარებას გვიგზავნიან. ჩვენ ვფიქრობთ, და საფუძვლიანადაც, მომავალი თანამშრომლობის დიდ გეგმებზე, ეკონომიკაში, პოლიტიკაში, მეცნიერებაში, კულტურაში.

პატივცემულო ბატონო მინისტრო!

ბატონებო!

დღეს, როცა ჩვენში ბევრი რამ პირველად ხდება - პირველად გმასპინძლობთ თბილისში, პირველად გესაუბრებით ასე, პირველად არის ისიც, რომ ჩემს დედაენაზე მოგმართავთ, მინდა აღვნიშნო კიდევ ერთი ფრიად მნიშვნელოვანი ფაქტი. აქ ბრძანდება ბატონი გიუნტერ დალჰოფი, რომელიც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩად დაინიშნა საქართველოს რესპუბლიკაში. მან პირველმა მიიღო ჩვენი თანხმობა, რომ თბილისში დანიშნულიყო ელჩად და ხვალიდან ჩვენი ქვეყნები დიპლომატიურ ურთიერთობას ამყარებენ. იგი უცხოური ქვეყნის პირველი ელჩია დამოუკიდებელ საქართველოში.

თქვენ კარგი წინამორბედნი გყავდათ, ბატონო დალჰოფ. ამბობენ, რომ ჯერ კიდევ ფრიდრიხ პირველ ბარბაროსას გაუცვლია ელჩები ქართველ მეფეებთან - გიორგი მესამესთან და თამართან, მაგრამ ამჟამად მინდა გავიხსენო უწინარესად ელჩი შულენბურგი. მან თბილისში დაიწყო თავისი დიპლომატიური კარიერა - გერმანიის გენერალურ კონსულად. იმედი მაქვს, როცა საელჩოს შენობას შეარჩევთ, გაუკეთებთ მემორიალურ დაფას, რომელზეც ამოკვეთილი იქნება ამ დიდი გერმანელი პატრიოტის სახელი, როგორც ეს გაკეთდა ბონის ფედერალურ სამინისტროში და გერმანიის მოსკოვის საელჩოში.

კეთილი იყოს, ბატონებო, თქვენი მობრძანება თბილისის ამ ისტორიულ ადგილას, ვულკანური თელეთის ქედის ძირას, სადაც ოდესღაც მიგრაციის გზები გადიოდა და ქარავნები მიემართებოდა.

დაე, გავაცოცხლოთ ძველი და გავიყვანოთ ახალი გზები ქვეყნიდან ქვეყნამდე, ხალხიდან - ხალხამდე, გულიდან - გულამდე.

ამას ვუძღვნი ჩემს სადღეგრძელოს. მე ვადღეგრძელებ და აყვავებას ვუსურვებ აგრეთვე ჩვენს გულითად ურთიერთობას.

ჯანმრთელობას ვუსურვებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტ ბატონ ვაიცზეკერს და ფედერალურ კანცლერს ბატონ კოლს.

ბედნიერებას გისურვებთ თქვენ და თქვენს ახლობლებს, ძვირფასო ბარბარა და ჰანს-დიტრიხ.

წარმატებასა და სიხარულს ვუსურვებ ყველა აქ მყოფს.

ბატონ ედუარდ შევარდნაძის სიტყვა, წარმოთქმული ბატონ ჰანს-დიტრიხ გენშერის პატივსაცემად გამართულ სადილზე / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 14 აპრილი. - N60(339). - 1 გვ.

12 საიუბილეო მისალმება ბაგრატ შინქუბას

▲ზევით დაბრუნება


[...]

დიდად პატივცემულო ბატონო ბაგრატ!

გულწრფელად მსურს გულითადად მოგილოცოთ სახელოვანი სამოცდათხუთმეტი წლისთავი და გისურვოთ მრავალჟამიერი, ბედნიერი და სისხლსავსე ცხოვრება.

მაპატიეთ, რომ ცოტა დაგვიანებით გილოცავთ. მაგრამ შფოთვისა და განსაცდელის ჟამსაც არ გვაქვს უფლება ერთმანეთს დავუგვიანოთ მეგობრული სალამი და კეთილი სურვილები. სწორედ ასეთ დროს უნდა გვახსოვდეს სიკეთე და სიკეთისაკენ მოწოდებაც.

ხშირად მახსენდება ჩვენი შეხვედრები, როცა საუბრების მთავარი თემა წყენისა და მტრობის გარეშე, გულისა და გონების თანხმობით ქართველთა და აფხაზთა ბედნიერი ცხოვრება იყო. ერთ მიწაზე, ერთიან ოჯახში თქვენ და მე ვსაუბრობდით ხალხთა სულიერ ნათესაობაზე, რომელთა წინაშეც უძლურია დროის უკუღმართობა და ვიღაცეების ბოროტი ნების ხრიკები.

ახლა, როცა ჩვენი საერთო სიმშვიდე დარღვეულია, წინანდელზე გაცილებით მეტად, იმედით ვფიქრობ ადამიანებზე, რომელთა გონებას ხელეწიფება ახლანდელ ჟამთა სიავის დაძლევა. ვფიქრობ თქვენზე, ძვირფასო ბატონო ბაგრატ, ვფიქრობ ენგურის როგორც ერთ, ისე მეორე ნაპირზე მდგარ თქვენებრ მრავალ სხვა ადამიანზე. მწერლის ნიჭი ვერ შეურიგდება გათიშვასა და საზღვრებს, მისი დიადი მისიაა შეადუღაბოს ყოველი სიკეთისა და მშვიდობისათვის, და არც ერთ მოაზროვნე ადამიანს უფლება არა აქვს თავისი ინტელექტი განკერძოებისა და მტრობის სამსახურში ჩააყენოს. დარწმუნებული ვარ, თქვენც ასე ფიქრობთ.

სწორედ ამიტომაც გამოვხატავ თქვენდამი სურვილებში ჩვენს, გაბედულად ვამბობ ამას, საერთო ოცნებას იმ დღეზე, როცა ერთმანეთს მივულოცავთ უამინდობის დასასრულს.

გულწრფელად თქვენი
ედუარდ შევარდნაძე.

საიუბილეო მისალმება ბაგრატ შინქუბას / ედუარდ შევარდნაძე // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 22 მაისი. - N86 (365). - 1 გვ.

13 ედუარდ შევარდნაძე: მჯერა, აღორძინდება საქართველო!

▲ზევით დაბრუნება


26 მაისს, ჩვენი გათავისუფლების დიდ დღესასწაულს ვერ ვხვდებით, სამწუხაროდ, სადღესასწაულო განწყობილებით. კალენდრის მიხედვით დღეს ზეიმი გვაქვს, მაგრამ არ ეზეიმება ჩვენს გულს. მძიმე მტანჯველ ფიქრში ვართ ჩაფლულნი. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ფიქრი ყოფნა-არყოფნაზე.

ხშირად მეკითხებიან, სად არის გამოსავალი, გზა ხსნისა? ან არის კი იგი?

მწამს, რომ არის! მწამს, რომ შეგვიძლია გამარჯვება! და ახლა იმის თაობაზე მინდა მოგახსენოთ ჩემი აზრი, თუ რომელ გზას დავადგეთ, რომელი მიგვიყვანს ტაძრამდე.

პირდაპირ ვიტყვი: ვხედავ ორ მთავარ ძალას, ორ მძლავრ ბურჯს, რომელნიც, თუ კი დავეყრდნობით, უსათუოდ გადაგვარჩენს.

პირველი ბურჯი არის წარსული. ისტორიულად საქართველო ახლანდელზე საშინელ დღეშიც ბევრჯერ ჩავარდნილა, ბევრჯერ იავარქმნილა გარე და შინაურ მტერთა მიერ, მაგრამ მუდამ ახერხებდა ფენიქსივით მკვდრეთით აღდგომას. და წარსული იმიტომ არის ბურჯი, რომ მასში შეიძლება გასაოცარი სიცოცხლისუნარიანობის საიდუმლოთა ამოკითხვა.

ერთი საიდუმლო, ჩემი ღრმა რწმენით შემდეგია: საქართველოს სახელმწიფოებრიობის მთელი ისტორიის მანძილზე ჩვენი წინაპრები აღწევდნენ იმას, რასაც დღეს ვეძახით სოციალურ სტაბილობას. დიდი ილია, საგანგებო ხაზგასმით აღნიშნავდა ამ აზრს (დღეს ძალიან ხშირად, ალბათ, ზედმეტად ხშირადაც ვაწუხებთ უპირველესი ქართველის აჩრდილს, მაგრამ რას იზამ, ყოველ ნაბიჯზე გვჭირდება მისი სიბრძნე). ილია თვლიდა, რომ ერთი მთავარი მიზეზი საქართველოს უკვდავებისა, ისტორიულად იყო სხვადასხვა წოდებათა წარმომადგენლების გასაოცრად ტოლერანტული ურთიერთდამოკიდებულება. ამ თვალსაზრისით ჩვენი ისტორია უნიკალურია. უცხოელ ისტორიკოსებს, ეთნოგრაფებს, ფოლკლორისტებს დაჯერებაც კი უჭირთ, რომ ქართული სახელმწიფოებრიობის ორიათასხუთასწლოვანი ისტორიისთვის უცხოა რევოლუციები, კლასობრივი ომები, რამდენადმე სერიოზული სოციალური კრიზისები; რომ ჩვენი კლასიკური და ხალხური პროზისთვის, პოეზიისთვის, სიმღერისთვის უცხოა მჩაგვრელ-ჩაგრულის ბრძოლის მოტივი; რომ საქართველოში არსებობდა ძუძუმტეობის ინსტიტუტი - ძმებად იზრდებოდნენ მომავალი ბატონი და მომავალი ყმა...

ეს ფენომენალური სოციალური ჰარმონია იყო ერთი უმთავრესი განმაპირობებელი საქართველოს უკვდავებისა. და თუ ჩვენი წინაპრები ანტაგონისტურ კლასთა მორიგებას მათ შორის ურთიერთდათმობისა და თანადგომის მიღწევას ახერხებდნენ, დღეს რა გვემართება?! დღეს, როცა შიდა ეროვნული განხეთქილების არსებითად არავითარი პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური მიზეზები აღარ არსებობს, რად დავერიეთ ერთმანეთს?! ნუთუ მხოლოდ იმიტომ, რომ ყველას მხოლოდ თავისი თავი ჰგონია მართალი, მხოლოდ თავისი აზრისა და პოლიტიკის გატანა სურს?!

თუ ასეთი ვითარება მომავალშიც შენარჩუნდა, თუ ვერ მივაღწიეთ სრულიადეროვნულ კონსენსუსს, დავიღუპებით!

საჭიროა, პირველ ყოვლისა დავმშვიდდეთ. საჭიროა, ყველა პოლიტიკურმა ძალამ იზრუნოს იმისათვის, რომ წყნარ კონსტრუქციულ ატმოსფეროში ჩაიაროს წინასაარჩევნო პერიოდმა. ყველა პოლიტიკურ პარტიას, დაჯგუფებას აქვს ნორმალურად ფუნქციონირების საშუალება და თუ პოლიტიკოსებიც შევქმნით პირობებს, რომ ხალხმა ნორმალურ ვითარებაში მოახდინოს არჩევანი, აღარ შეცდება ხალხი, გაარჩევს ღირსეულსა და უღირსს. ამით ისიც გაირკვევა, თუ ვისი პოლიტიკური გეზია ნამდვილად ეროვნული, ნამდვილად საჭირო ხალხისთვის.

დარწმუნებული ვარ, დღეს ის ძალები აწყობენ ექსცესებს, ვისაც კარგად აქვს შეგნებული თავისი არაპოპულარობა ხალხში, ვინც იცის, რომ მხოლოდ მღვრიე წყალში შეუძლიათ თევზის დაჭერა, მხოლოდ უზურპაციის გზით შეუძლიათ დამკვიდრება პოლიტიკურ ასპარეზზე.

საქართველოს უკვდავების მეორე საიდუმლოდ ილია თვლიდა იმას, რომ ჩვენმა წინაპრებმა შეძლეს უაღრესად ბრძნული და ჰუმანური ეკონომიკური სისტემის შექმნა. ამაშიც უნდა მივბაძოთ წინაპრებს. ჩვენი ეკონომიკის ყველა უბედურება დღეს იმით არის გამოწვეული, რომ გამრჯე, ინიციატივიან ადამიანს უთვალავი ძნელად გადასალახავი და გადაულახავი წინაღობა უდგება წინ. ნაყოფიერი, შემოქმედებითი შრომა შეუძლებლობამდეა გართულებული. ამ თვითმიზნური აბსურდული და, ვიტყოდი, არაადამიანური წინაღობების დაძლევა არის საქართველოს ხელისუფლების ერთი უმთავრესი ამოცანა. პატიოსან მშრომელ კაცს არაფერი და არავინ ხელს არ უნდა უშლიდეს. ხელისუფლების მძიმე სახელმწიფო წმიდათაწმიდა ვალია, გახდეს ამის გარანტი.

კიდევ ერთი დიდი სიბრძნე გვიანდერძეს წინაპრებმა - ჩვენს მიწა-წყალზე მცხოვრებ არაქართველებთან ძმური დამოკიდებულება. უკანასკნელ ხანს ამ ძმობას, სამწუხაროდ, ჩრდილი მიადგა. ჩვენი რეგიონის, კავკასიის ხალხებს, ოდითგანვე განთქმული ურთიერთგატანისა და მეგობრობის ადათ-წესები, თითქოს დაგვავიწყდა, რომ შეუძლებელია ბედნიერი იყოს ის, ვინც მახლობელს, მეზობელს არ უსურვებს ბედნიერებას. ქართველებმა უნდა შევძლოთ მხარში ამოყენება აზერბაიჯანელებისა და რუსების, სომხებისა და ოსების, აფხაზებისა და ბერძნების, ებრაელებისა და ქურთების, ჩვენი სახელმწიფოს ყველა უმცირესობების. უნდა შევძლოთ მათი აყოლიება ერთიანი, თავისუფალი, დემოკრატიული საქართველოს მშენებლობაში.

საქართველო ვერ გაიმარჯვებს, თუ არ მოხდება ქართველთა კონსოლიდაცია, თუ არ აღსდგება ჩვენი ძმობა არაქართველებთან, თუ არ შეიქმნება დინამიკური ჰუმანური ეკონომიკა. ამას გვასწავლის წარსული, ერთი ბურჯი ჩვენი სამშობლოსი.

მეორე ბურჯი კი არის ახალგაზრდობა და მის შესახებაც მინდა ვთქვა ორიოდე სიტყვა. ოღონდ ცოტა შორიდან მოვუვლი.

გარკვეულ ისტორიულ მიზეზთა გამო, ჩვენი ხალხი მრავალ სხვა ხალხთან ერთად გრანდიოზული სოციალური უტოპიისათვის ბრძოლაში აღმოჩნდა ჩაბმული. ამ ბრძოლამ შეიწირა რამდენიმე თაობის ძალ-ღონე, ნიჭი, ჯანმრთელობა, თავისუფლება, სიცოცხლე.

რეპრესიებზე არანაკლებ უბედურებად დაგვატყდა ყოვლისწამლეკი, ჯოჯოხეთური პროპაგანდა. მთელი თაობები აღიზარდა ყალბი იდეალების ღრმა რწმენით. ეს ადამიანები რეპრესირებულებზე არანაკლებ ტრაგიკულნი არიან. სიჭარმაგეში მათ გაიცნობიერეს, რომ დაუკარგავთ ახალგაზრდობა, მოწიფულობის ასაკი. მთელი განვლილი გზის მტანჯველი გადაფასების აუცილებლობის წინაშე აღმოჩნდნენ ისინი. ბევრს ეყო გამბედაობა სიმართლისთვის თვალებში შესახედად და მათ კვლავ შესწევთ ქვეყნის მსახურების უნარი. მაგრამ ავანგარდი საქართველოს აღორძინებისათვის ბრძოლისა შეიძლება იყოს მხოლოდ ახალგაზრდობა, ვის სულზეც არ დაუტოვებია იარები მრავალწლოვან სიცრუეს, შიშს, ტერორს, მონობას. მხოლოდ ახალგაზრდების ხალას სულს შეუძლია წინაპართაგან შექმნილი უმაღლესი ღირებულებებით სრულად განმსჭვალვა, მხოლოდ ახალგაზრდობის უსაზღვრო ენერგიას შეუძლია აწმყოდან წარსულისა და მომავლისკენ ხიდის გადება. ძველებს კი, პირველ ყოვლისა გვმართებს ახალგაზრდათა საუკეთესო წარმომადგენლების შემჩნევა, დაკვალიანება, მათთვის საქართველოს ბედის თანდათან გადაბარება. ჩვენი ვალია, დავინახოთ ახალგაზრდები, ხოლო ახალგაზრდებს ევალებათ, თავი დაგვანახონ. დღეს, მადლობა ღმერთს, აქვთ ამის საშუალება; რაც უფრო მეტია პრობლემა, მით უფრო ფართოა ასპარეზი ახალგაზრდა კაცისათვის.

... დღეს ბევრი ადამიანი სასოწარკვეთამდე მიჰყავს იმას, რაც ირგვლივ ხდება. გარკვეული ძალები წვავენ სკოლებს, აფეთქებენ რკინიგზის ლიანდაგებს, გვირაბებს, ელექტროგაყვანილობის ანძებს. ცდილობენ მოაწყონ ბლოკადა, გადაჭრან ენერგორესურსების არტერიები. სამწუხაროდ, ყოველივე ამას ჩვენი თანამემამულენი აკეთებენ. აკეთებენ იმისათვის, რათა მათ მიერვე ხელოვნურად შექმნილი ეკონომიკური პრობლემები პოლიტიკური მიზნებისათვის გამოიყენონ. ეს ძალები გარკვეულად აღწევენ კიდეც მიზნებს. ხალხში იზრდება იმედგაცრუება. იმასაც კი გაიგონებ, იქნებ დაბერდაო ჩვენი ერი? იქნებ ქაოსი, რომელშიც დღეს აღმოჩნდა ქვეყანა, ზღუდეა, რომლის იქით დაკნინება და გადაგვარება იწყება?

არა და არა! მე მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ - საქართველო გაახალგაზრდავების, გაჯანსაღების მიჯნასთან დგას. მაგრამ, ცხადია, აღორძინება თავისთავად არ მოვა. უნდა გამოვიჩინოთ სიბრძნე, სიმშვიდე და სიკეთე ერთმანეთის მიმართ; უნდა დავეყრდნოთ ჩვენს საამაყო წარსულს, შესანიშნავ ახალგაზრდობას, მთელი ჩვენი ხალხის დიდ პოტენციალს და თუ შევძლებთ ამას, სულ ახლო მომავალში ვიგრძნობთ სასიკეთო ძვრებს.

ედუარდ შევარდნაძე: მჯერა, აღორძინდება საქართველო! / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 26 მაისი. - N88(367). - 1 გვ.

14 ცხინვალი, ბატონ ტორეზ კულუმბეგოვს

▲ზევით დაბრუნება


20 მაისს ცხინვალის მახლობლად მომხდარი საზარელი დანაშაული საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს მიაჩნია ბარბაროსულ, ფაშისტულ აქციად, რომელიც მიმართულია ქართველი და ოსი ხალხების ინტერესების წინააღმდეგ.

ჩვენ ხალხების წინააღმდეგ მიმართული ფაშისტური დესტრუქციული ძალების უპრეცედენტო ბოროტმოქმედება ულმობელ საერთაშორისო დაგმობას იმსახურებს.

ყოველ დონეს ვიხმართ დამნაშავეთა გამოსავლენად და დასასჯელად. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებს.

დიდად ვწუხვართ, რომ საქართველოს მთავრობის დელეგაციას მოკლებული აქვს შესაძლებლობა თქვენთან ერთად უშუალოდ გამოუცხადოს გულითადი თანაგრძნობა დაღუპულთა ოჯახებს.

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს სახელით
ედუარდ შევარდნაძე.

ცხინვალი, ბატონ ტორეზ კულუმბეგოვს / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 26 მაისი. - N88(367). - 1 გვ.

15 საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრკორესპონდენტს მიხეილ დარასელიას მილოცვა

▲ზევით დაბრუნება


ბატონო მიხეილ!

გულითადად მოგილოცავთ სახელოვან 90 წლისთავს. ხანგრძლივი და ნაყოფიერია თქვენი მეცნიერული მოღვაწეობა. ჩაისა და სუბტროპიკული მეცნიერების დარგში თქვენი წვლილი საყოველთაოდ აღიარებულია და არა მარტო თეორიულად. დიდია თქვენი წვლილი სოფლის მეურნეობისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში. თქვენ სამეცნიერო ინტერესს ბუნების მეცნიერებისადმი დიდ სტიმულს აძლევდა ბუნების სიყვარული. უნდა ვიფიქროთ, რომ ეს თქვენმა გარემომაც განაპირობა. თქვენ დაიბადეთ და აღიზარდეთ ჩვენი სამშობლოს ერთ-ერთ უმშვენიერეს ქალაქ ზუგდიდში. თქვენი პედაგოგიური მოღვაწეობა მაღალი ადამიანური თვისებებით, კეთილშობილებით არის აღბეჭდილი. თქვენ თაობები აღზარდეთ მეცნიერებაში. ეს ადამიანური სითბო განსაკუთრებით სჭირდება ჩვენს ხალხს დღეს, ურთულეს და გარდამტეხ პერიოდში. გისურვებთ დიდხანს სიცოცხლეს, ნაყოფიერ მეცნიერულ შრომას. მალე მოსწრებოდეთ ჩვენი სამშობლოს აყვავებას.

სიყვარულით და ღრმა პატივისცემით
ედუარდ შევარდნაძე.

მილოცვა : მიხეილ დარასელიას / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 26 მაისი. - N88(367). - 5 გვ.

16 სადილი საპატიო სტუმრის პატივსაცემად

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭომ და მთავრობამ სადილი გაუმართეს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს ჯეიმს ა. ბეიკერს. სადილის დროს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარემ ედუარდ შევარდნაძემ და ბატონმა ჯეიმს ა. ბეიკერმა სიტყვები წარმოთქვეს.

ედუარდ შევარდნაძის სიტყვა

ბატონო სახელმწიფო მდივანო, თქვენ შესანიშნავი დრო შეარჩიეთ ჩვენთან ჩამოსასვლელად.

საქართველო მიესალმება თქვენს აქ ყოფნას თავისი დამოუკიდებლობის დაბადების დღეს.

26 მაისი დიდი დღეა ჩვენი ისტორიისა. დღეს საქართველო კვლავ დამოუკიდებელია - იმ პოლიტიკის წყალობითაც, რომელიც ბოლო წლებში მსოფლიოში დამკვიდრდა.

ორივემ მას მთელი ძალ-ღონე შევალიეთ.

დიდად მოხარული ვარ ვთქვა აქ, რომ ამ წლების განმავლობაში მხარდამხარ ვიდექით და ჩვენს კოლეგებთან ერთად ხელს ვუწყობდით უდიდეს პოზიტიურ გარდაქმნებს მსოფლიოში.

ჩემი სამყარო დღეს და სამარადჟამოდ საქართველოა. მცირეცა და უსასრულოც ერთდროულად. წვეთი, რომელშიც ოკეანე ირეკლება. კაცობრიობის თანამედროვე ქარტეხილთა ოკეანე. პრიზმა, რომელშიც თავს იყრის ყოველივე დანარჩენი.

მაგრამ ამასთან დავისახეთ ის ორიენტირები, რომლებითაც მთელი ცივილიზებული მსოფლიო ხელმძღვანელობს. საქართველო, საყოველთაოდ აღიარებული პრინციპის თანახმად, ცნობს არსებული საზღვრების ხელშეუხებლობას. სათქმელი და სადავო (არცთუ უსაფუძვლო) ჩვენცა გვაქვს, მაგრამ მიგვაჩნია, რომ ყოველი ცდა საზღვრის გადასინჯვისა (მით უმეტეს - ძალისმიერი მეთოდებით) დამღუპველია, უპირველესად - თვით აგრესორისათვის.

ახლა ჩვენ მძიმე დროში ვცხოვრობთ. ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა ახლა ყალიბდება და ჩვენს თავისუფლებას უამრავი საფრთხე ემუქრება.

ჩვენ დავადექით საშინაო პრობლემების მშვიდობიანი, პოლიტიკური მეთოდებით გადაჭრის კურსს. ეს ბევრად უფრო ძნელია, ვიდრე ძალისმიერი მოქმედება. კაცმა რომ თქვას, ეს უძნელესი გზაა, მაგრამ ნებისმიერი სხვა გზა უპერსპექტივოა. ცდილობენ თავს მოგვახვიონ სხვაგვარი რამ, ლამობენ ჩაშალონ სამშვიდობო პროცესი, ლახვარს გვცემენ ზურგში. ჩვენ დღეს ძალიან გვიჭირს, მაგრამ არ ვკარგავთ იმედს და გვწამს ჩვენი მომავალი. ჩვენი იმედია ჩვენი ხალხი და მისი მეგობრები. ჩვენს რწმენას ისინი განგვიმტკიცებენ.

საქართველოში რომ გმასპინძლობთ თქვენ, ჩვენს ერთ-ერთ ყველაზე ერთგულ მეგობარს, მსოფლიოში აღიარებულ პოლიტიკოსს, მახსენდება ჩვენი შეხვედრები ევროპასა და ამერიკაში, აზიასა და აფრიკაში, მაგრამ ეს პირველი ჩვენი შეხვედრაა აქ.

წინათ ეს ვერ მოხერხდებოდა. კარგად ცნობილი მიზეზების გამო მე არ შემეძლო, თქვენ კი არ გსურთ.

ახლა კი, ბოლოს და ბოლოს, მოხდა ის, რაზეც არაერთგზის გვისაუბრია. ვერ ვიხსენებ ჩვენს ვერც ერთ შეხვედრას, რომ არ გველაპარაკოს საქართველოზე და თქვენს აქ შესაძლო ჩამობრძანებაზე. თქვენს მშობლიურ ქალაქ ჰიუსტონშიც, დედათქვენის სახლშიც კი ამაზე ვსაუბრობდით.

შემდეგ არაერთხელ მიფიქრია, როდის დამიბრუნებდით ვალს.

ეს მხოლოდ მას შემდეგ მოხდა, რაც ჩემი სამშობლო დემოკრატიული განვითარების გზას დაადგა.

ახლა ბარი-ბარს ვართ, თუმცა გულახდილად გეტყვით, თქვენი ჩამობრძანება თბილისში გაცილებით უფრო მეტად ფასობს, ვიდრე ჩემი სტუმრობა ჰიუსტონში 1990 წლის დეკემბერში.

თქვენი ჩამობრძანება საქართველოში უბრალო დიპლომატიური ვიზიტი კი არა, პოლიტიკური განცხადებაა. განცხადება, რომ მსოფლიოს უდიდესი სახელმწიფო მხარს უჭერს საქართველოს იმ ძალებს; რომლებიც იღვწიან ჭეშმარიტი დამოუკიდებლობისათვის, რეალური დემოკრატიული ინსტიტუტებით და ძლიერი თავისუფალი ეკონომიკით, ადამიანის უფლებათა და ეროვნულ უმცირესობათა ღირსების რეალური დაცვით რომ არის გარანტირებული. იმ ძალებს, რომლებიც იღვწიან თავისუფალი საერთო-ეროვნული არჩევნებისთვის, მხარს უჭერენ თავისუფალ საბაზრო ეკონომიკას, სამოქალაქო საზოგადოებისა და სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნას.

ეს განცხადებაა იმათ მხარდასაჭერად, ვისაც გულმხურვალედ სურს, რომ საქართველომ ღირსეული ადგილი დაიკავოს მსოფლიო გაერთიანებაში, ერთა ოჯახის პატივცემული წევრი გახდეს.

ამისკენ სავალი გზა ერთია - დემოკრატია - ძნელი და გრძელი გზა. დემოკრატია ერთბაშად როდი მკვიდრდება იქ, სადაც დიდხანს ბატონობდა ტოტალიტარიზმი. ეს არის გზა ახალი შეგნების ჩამოყალიბებისა, დემოკრატია იმ ადამიანთა წყობილებაა, რომლებიც ღირსეულ არჩევანს აკეთებენ. დემოკრატიული საზოგადოება არ არსებობს დემოკრატიული, თავისუფალი პიროვნების გარეშე. ეს თქვენი დიდი თანამემამულის თომას ჯეფერსონის იდეალია და სანამ ეს იდეალი საყოველთაო კუთვნილება გახდებოდა, ამერიკას დემოკრატიულ განვითარებაში ბევრი რამის გადატანა მოუხდა.

ჩვენც გველის მძიმე განსაცდელი, მაგრამ ფარ-ხმალს არ ვყრით. ჩვენ მზად ვართ ვიბრძოლოთ საერთაშორისო ურთიერთობაში ზოგადსაკაცობრიო ღირებულებათა დამკვიდრებისთვის, ხალხთა თავისუფალი არჩევანის უფლებისა და ადამიანის უფლებების პატივისცემისათვის, პიროვნების თავისუფლების პრინციპის აღიარებისათვის, ამ წმინდა ბრძოლაში მზად ვართ გადავლახოთ, დავძლიოთ ყოველგვარი დაბრკოლება. როცა ხალხი გიჭერს მხარს, როცა მხარს გიჭერენ ისეთი პოლიტიკოსები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, როგორებიც ჩვენს სახელმწიფო საბჭოში და მთავრობაში არიან თავმოყრილი, როცა გრძნობ თქვენს მხარდაჭერას, ჯიმ, ამერიკის შეერთებული შტატების თანადგომას, გჯერა, რომ ეს პრინციპები შენს მიწა-წყალზეც გაიმარჯვებს.

ჩვენი სამყარო საქართველოა, მხოლოდ იმ გაგებით, რომ ჩვენი სამშობლოსთვის ადგილს ვეძებთ დიდ, ზოგადსაკაცობრიო სამყაროში. გულმოდგინედ ვაკვირდებით მას, ვხედავთ საოცარ ცვლილებებს უკეთესობისკენ, მაგრამ იმავდროულად ახალ საშიშროებასაც, ახალ გამოწვევებსაც ვგრძნობთ.

მათ პასუხი უნდა გასცენ არა მარტო ისეთმა გიგანტმა, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია.

იქნებ, ჩემი ქვეყნისთვის ისინი უფრო მკაცრი და შემაშფოთებელიც იყოს, ვიდრე ძლიერთათვის ამა ქვეყნისა.

ტოტალიტარული რეჟიმების მსხვრევამ, მესიანური იდეოლოგიების კრახმა, ძალის უფლებაზე დაფუძნებული იმპერიების აღსასრულმა შექმნა ვაკუუმი, რომელშიც ახალი, დამანგრეველი

სტიქიები შეიჭრა. იქმნება კონფლიქტების ახალი კერები, რომელთა მოწესრიგება ტრადიციული საშუალებებით ვერ ხერხდება.

საქართველო უმწვავესი კონფლიქტების ზონაშია. მის ტერიტორიაზე გაჩაღებული კონფლიქტები საფრთხეს უქმნის არა მარტო მის მთლიანობას, არამედ აქ მცხოვრები ხალხების თვით არსებობასაც. ამავე დროს მის საზღვრებთან ისეთი კონფლიქტი ფეთქავს, რომელიც შეიძლება მთელ რეგიონს მოედოს და მეზობლებსაც მისწვდეს. ასე წარმოიქმნა შფოთიანობის ყულფი, რომელსაც შეუძლია მთელი რეგიონი მოაშთოს.

„აღმოსავლეთ-დასავლეთის“ დაპირისპირება შეიძლება დაგვიბრუნდეს ახალი იერსახით, ახლა უკვე სარწმუნოებრივი შუღლით. „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ ღერძის წინააღმდეგობასთან ერთად მსოფლიო მიიღებს გიგანტურ დეტონატორს. დიდია იმის რისკი, რომ იგი ამოქმედდება კავკასიაში, მომეტებული სეისმურობის რეგიონში.

რას დაუპირისპირებს ამას საქართველო, რომელსაც თავად დაატყდა თავს ბუნებრივი და პოლიტიკური მიწისძვრები?

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ქვეყანას თავისი უნიკალური გეოპოლიტიკური მდებარეობით და ერთიანი სახელმწიფოს ფარგლებში ხალხთა, კულტურათა, რელიგიათა მშვიდობიანი თანაცხოვრების მრავალსაუკუნოვანი გამოცდილებით შეუძლია ბევრი რამ არგოს მშვიდობას. გვინდა რეგიონის ცხოვრებაში შევიტანოთ დიალოგის, გულწრფელობის, ნდობის ელემენტები. ჩვენს როლს ამაშიც ვხედავთ, რომ დავანახვოთ ჩვენს მეზობლებს - თანამშრომლობა შესაძლებელია. მშვიდობასა და სიამტკბილობას ხელს უნდა უწყობდეს საერთო ინტერესები ისეთი პროექტების განხორციელებაში, რომლებიც ჩვენი ქვეყნების აღორძინების პერსპექტივას დასახავს.

თანამშრომლობა ის მოქცევაა, რომელიც ყველა ნავს გაბოროტებისა და მტრობის მეჩეჩებს აარიდებს.

ადამიანებმა ეს რომ ირწმუნონ, რეალური ნაბიჯებია საჭირო. ჩვენ შევთავაზეთ მეზობლებს შევიმუშაოთ მუდმივ საფუძველზე მოქმედ კონსულტაციათა მექანიზმი, რომელიც ამიერკავკასიის სახელმწიფოთა ხელმძღვანელებს შესაძლებლობას მისცემს რეგულარულად განიხილონ და გადაწყვიტონ ყველა სადავო საკითხი. ამ სამთა „ტრანსკავკასიის მექანიზმს“ მომდევნო ეტაპებზე შეიძლება შემოუერთდნენ სხვა მეზობელ სახელმწიფოთა ლიდერებიც.

არსებითად, ეს მიგვაჩნია კოლექტიური უშიშროების ისეთ მომავალ სისტემურ სტრუქტურათა ბირთვად, რომლებიც შეიძლება გაერთიანდეს უშიშროებისა და თანამშრომლობის არსებულ ევროპულ და მსოფლიო სისტემებში.

თავდაპირველად საქმე შეიძლება ეხებოდეს რეგიონის სახელმწიფოების მიერ თავდაუსხმელობის, თავიანთი სამხედრო საქმიანობის გამჭვირვალობის, ნდობის ღონისძიებების, თავიანთი სამხედრო დოქტრინების განმარტების შესახებ ურთიერთვალდებულებათა მიღებას და ა.შ. რა თქმა უნდა, გათვალისწინებული უნდა იყოს უკვე კარგად შემოწმებული სისტემებისთის დამახასიათებელი ყველა განზომილება - ეკონომიკური, სამხედრო-პოლიტიკური, ჰუმანიტარული. უნდა გამოვიტანოთ, აგრეთვე ევროპასა და ჩვენს რეგიონში მიმდინარე მოვლენებიდან დასკვნები და ვიზრუნოთ კონფლიქტების მოწესრიგების ქმედითი მექანიზმების შესაქმნელად.

გეოპოლიტიკური ცენტრი, რომლის გარშემოც შეიქმნა ასეთი სტრუქტურები, შავი ზღვაა. შავიზღვისპირა სახელმწიფოებმა უკვე გადადგეს შესაბამისი ნაბიჯები, შეიმუშავეს ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეკრულება, რომელიც პარაფირებულია და ივნისის დამლევს მას ხელს მოაწერენ თურქეთში.

ეს უკვე კარგი დასაწყისია.

ბატონო სახელმწიფო მდივანო, აპრილის მიწურულს ძლიერი მღელვარება დამეუფლა, როცა თბილისის ცაში ამერიკის შეერთებული შტატების დროშა აფრიალდა. წარსულის ბევრი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე ოცნებობდა ამერიკის შეერთებულ შტატებთან დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებაზე, მაგრამ ეს მხოლოდ ჩვენს დღეებში გახდა შესაძლებელი. ჩვენ საქართველო-ამერიკის ურთიერთობის შენობას ჩვენი პირადი ძალისხმევითაც შედუღაბებულ მკვიდრ საფუძველზე ვაგებთ. დარწმუნებული ვარ, ამ შენობაში სამარადჟამოდ დაიდებს ბინას ურთიერთნდობა და ერთმანეთის პატივისცემა, პატიოსნება და კარგახსნილობა, პარტნიორობა და კეთილშობილება.

როცა ახლო მომავალში მზად იქნება ხელმოსაწერად საქართველო-ამერიკის შეთანხმებათა დიდი პაკეტი, ყველა ეს იდეალი სამართლებრივ და მატერიალურ საფუძველს შეიძენს. საკმარისია ითქვას, რომ სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში ამერიკის შეერთებული შტატები მზად არის მოგვანიჭოს უმეტესი ხელშეწყობის რეჟიმი - ჟესტი, რომლითაც ეს დიდი ქვეყანა მხარს უჭერს თავის მეგობრებს.

გთხოვთ, ჩვენი სახელით გულითადი მადლობა მოახსენოთ ამერიკელ ხალხსა და მთავრობას.

ოდესღაც ჯექსონ-ჰოულში - კლდოვანი მთების ძირად თქვენ და მე ვიხსნებდით „ვაიომინგის ღვინოს“ - ჰემინგუეის შესანიშნავ სევდანარევ მოთხრობას. სევდანარევს იმიტომ, რომ მასში ლაპარაკია ადამიანთა გაუცხოებაზე. მაშინ ვთქვათ, რომ უნდა დავძლიოთ უნდობლობა - არა მარტო ადამიანებს შორის, არამედ ხალხებს შორისაც. ამას ვესწრაფვოდით და ბევრ რამეს მივაღწიეთ კიდეც.

ეს სასმისი ქართული ღვინით არის სავსე. აქ, დიდ და მცირე კავკასიონს შორის ველებში მას მეგობრებისთვის წურავენ.

ვადღეგრძელებ ჩვენი ხალხების მეგობრობას, ვუსურვებ მათ აყვავებასა და კეთილდღეობას. ვადღეგრძელებ პრეზიდენტ ბუშს - საქართველოს დამოუკიდებლობის დღის გამო მისი მოლოცვა გულში ჩაგვწვდა.

მრავალჟამიერს გისურვებთ, ბატონო სახელმწიფო მდივანო.

მრავალჟამიერ ყველა დამსწრეს.

სადილი საპატიო სტუმრის პატივსაცემად : ედუარდ შევარდნაძის სიტყვა / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 27 მაისი. - N90(369). - 1,2 გვ.

17 მის აღმატებულებას, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ბატონ ლევონ ტერ-პეტროსიანს

▲ზევით დაბრუნება


პატივცემულო ბატონო პრეზიდენტო!

გთხოვთ მიიღოთ ქართველი ხალხის, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს და პირადად ჩემი გულწრფელი და გულმხურვალე მილოცვა ეროვნულ დღესასწაულთან - სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით.

გამოვთქვამ რწმენას, რომ სომეხი ხალხის ის მისწრაფება, წარმატებით ააშენოს დემოკრატიული სახელმწიფო, ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნების მრავალსაუკუნოვანი კეთილმეზობლური ურთიერთობის განმტკიცებას.

საქართველოს რესპუბლიკას სურს იქონიოს უაღრესად ფართო ურთიერთობა სომხეთის რესპუბლიკასთან და მასთან ერთად უზრუნველყოს მშვიდობა და სტაბილურობა რეგიონში, რომელშიც ჩვენი ქვეყნები მდებარეობენ.

გისურვებთ ბედნიერებას, სომხეთის რესპუბლიკის ხალხს კი - რაც შეიძლება მალე მიეღწიოს მშვიდობისა და აყვავებისათვის.

ვსარგებლობ ამ შემთხვევით, რათა კვლავ დავადასტურო თქვენდამი, ბატონო პრეზიდენტო, ჩემი დიდი პატივისცემა.

ე. შევარდნაძე.

მის აღმატებულებას, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ბატონ ლევონ ტერ-პეტროსიანს / ედუარდ შევარდნაძე // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 30 მაისი. - N93 (372). - 1 გვ.

18 მის აღმატებულებას, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ბატონ ისა გამბაროვს

▲ზევით დაბრუნება


პატივცემულო ბატონო გამბაროვ!

გთხოვთ ქართველი ხალხის, სახელმწიფო საბჭოსა და პირადად ჩემი სახელით მიიღოთ გულწრფელი და გულმხურვალე მილოცვა ეროვნული დამოუკიდებლობის დღესასწაულთან - აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით.

გამოვთქვამ რწმენას, რომ თავის მაღალ ინტელექტუალურ, სულიერ და კულტურულ პოტენციალზე დაყრდნობით აზერბაიჯანის რესპუბლიკა უახლოეს დროში შექმნის ნამდვილად დემოკრატიულ სახელმწიფოს და ღირსეულ ადგილს დაიკავებს ერთა მსოფლიო თანამეგობრობაში.

ისტორიულმა წარსულმა დააკავშირა ჩვენი ხალხები და სახელმწიფოები საერთო ღრმა მეგობრობით. დღეს განსაკუთრებით საჭიროა განვამტკიცოთ კეთილმეზობლობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები.

საქართველოს რესპუბლიკა შეეცდება განავითაროს უმჭიდროესი ურთიერთობა აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან და მასთან ერთად უზრუნველყოს მშვიდობა და სტაბილურობა რეგიონში, რომელშიც ჩვენი ორი ქვეყანა მდებარეობს.

გისურვებთ თქვენ და დამოუკიდებელი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ხალხს რაც შეიძლება მალე ჰქონდეს მშვიდობა, ბედნიერება და აყვავება.

ვსარგებლობ ამ შემთხვევით, რათა კვლავ დავუდასტურო თქვენს უმაღლესობას ჩემი დიდი პატივისცემა.

ე. შევარდნაძე.

მის აღმატებულებას, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ბატონ ისა გამბაროვს / ედუარდ შევარდნაძე // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 30 მაისი. - N93 (372). - 1 გვ.

19 ეროვნული მშვიდობა, თანხმობა, შერიგება განყენებული სიტყვები აღარ არის

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის ედუარდ შევარდნაძის გამოსვლა სახელმწიფო საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე 1992 წლის 3 ივნისს

ჩემი გამოსვლა მინდა იმით დავიწყო, რომ ბატონმა ჭაბუა ამირეჯიბმა დაამთავრა თავისი სიტყვა, რომ ჩვენ და ჩვენი ხალხის დიდ ნაწილს ალბათ მართლაც არა გვაქვს ჯერ კიდევ გაცნობიერებული ის საფრთხე, რომლის წინაშეც დღეს დგას ჩვენი ქვეყანა. მე არ ვაპირებ ახლა პროცენტების, ტენდენციების ამსახველი ციფრების დასახელებას, რომლებზეც აქ უკვე ილაპარაკეს ოპერატორებმა, ისედაც ცნობილია, თუ რა მდგომარეობაშია ჩვენი ეკონომიკა, ფინანსები, როგორ იზრდება დანაშაული. ეს უკვე ითქვა საკმარისად.

თუ ყურადღება მიაქციეთ, რომ ეს ციფრები და ტენდენციები ჩამოთვალეს, რა ტემპითაც იზრდება დანაშაული, დაახლოებით ასეთივე ტემპით და კიდევ უფრო მეტადაც ეცემა წარმოება, წარმოების დონე. კიდევ უფრო სწრაფად მატულობს ინფლაცია, ღრმავდება ფინანსური კრიზისი, კატასტროფულად მატულობს ფასები, და ამ პროცესს დიდად ჩამორჩება ხელფასის, შრომის ანაზღაურების ზრდა. ალბათ თითოეულ თქვენგანს შეუძლია გაუთავებლად ილაპარაკოს იმაზე, თუ რა უძნელეს პირობებში ცხოვრობს ჩვენი ხალხი. ზოგიერთს 5-6 თვის ხელფასი არ მიუღია, ასეა პენსიებიც. შარშან ჩაბარებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების საზღაური არ მიუღიათ სოფლის მუშაკებს. ამიტომ ამთავითვე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ყველამ ერთად და თითოეულმა ცალ-ცალკე მადლობა უნდა ვუთხრათ ჩვენს ხალხს ამ სასწაულებრივი მოთმინებისა და ნდობისათვის, რომელსაც ჩვენდამი იჩენს და რომელიც ჩვენ ჯერჯერობით არ დაგვიმსახურებია. ერთადერთი სანუგეშო ის არის, და ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამ დარბაზში მსხდომი ყოველი ჩვენგანი უკანასკნელ ძალ-ღონეს არ დავიშურებთ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ როგორმე ეს უმძიმესი ხვედრი შევუმსუბუქოთ ადამიანებს.

პირდაპირ გეტყვით, სავსებით სწორია ის აზრი, რომ, როგორი შედეგიც უნდა გვქონდეს პირველ ეტაპზე, და წინასწარ ვიცი ეს შედეგი მძიმე იქნება, რადიკალური რეფორმის გზა აღორძინების ერთადერთი გზაა, სხვა გზა არ არსებობს. აქ ლაპარაკია პრივატიზაციაზე, სხვა მთელი რიგი გლობალური მასშტაბის აქციებზე ეკონომიკის სფეროში, რომლებსაც არცთუ სახარბიელო შედეგები მოჰყვა მოსახლეობის სოციალური დაცვის თვალსაზრისით და შეიძლება კიდევ უფრო გაუარესდეს მდგომარეობა. ამიტომ ჩვენი ვალია ვეძებოთ დამატებითი წყაროები იმისათვის, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი არ მივიყვანოთ გაღატაკებამდე, არადა, რეალური საფრთხის წინაშე ვდგავართ.

ჩვენ ეროვნული სახელმწიფო მშენებლობის ანაბანას ვსწავლობთ. ეს უნდა გავითვითცნობიეროთ და ამას უნდა შევეგუოთ. მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებელი ვართ და თითქოს არავინ არაფერს გვედავება სამწუხაროდ, ჩვენ სახელმწიფოებრივი მშენებლობის პრაქტიკაში ჯერ კიდევ გაბატონებულია კუსტარულობა (ეს ყველას გვეხება, ჩემით დაწყებული), პროვინციალიზმი, პრიმიტივიზმი, საქმისადმი გაიოლებული მიდგომა. ძალიან ხშირად გულუბრყვილო წარმოდგენა გვაქვს დამოუკიდებელ სახელმწიფოზე, დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობაზე. მაგრამ, მიუხედავად აქ დახატული ესოდენ მძიმე სურათისა, რომელიც სავსებით სწორია, მე მაინც უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენს საქმიანობაში არის რაღაც ნათელი წერტილი, რაღაც იმედი თუ იმედის ნაპერწკალი და გვაქვს გარკვეული პერსპექტივებიც, რომ განსაცდელისგან ვიხსნათ ქვეყანა და ვიხსნათ ხალხი.

რამდენიმე მოვლენაზე შევაჩერებ თქვენს ყურადღებას, უფრო სწორად, ჩამოვთვლი ამ მოვლენებს. მოხდა თუ არა რაიმე დადებითი ამ ბოლო ხანს ჩვენს ცხოვრებაში, კერძოდ, მას შემდეგ, რაც ხელისუფლების სათავეში მოვიდნენ თქვენს წინაშე პრეზიდიუმში მსხდომი ადამიანები და მათი კოლეგები? ჩვენ დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიუხედავად სიძნელეებისა და წინააღმდეგობისა, მე ვიტყოდი, სერიოზული წინააღმდეგობისა, გარკვეული ეროვნული კონსოლიდაცია მაინც მიღწეულია, მნიშვნელოვანწილად დაძლეულია დიდი გათიშვა, და ეს პროცესი გრძელდება. მე მგონი, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, ჩვენ ყველამ, ჩვენი ხალხის მხარდაჭერით, გიგანტური სამუშაო შევასრულეთ, რათა სამოქალაქო ომი, გლობალური სამოქალაქო ომი, ძმათა კვლის გლობალური მასობრივი პრობლემა თავიდან აგვეცილებინა. ამ საფრთხის წინაშე ჩვენ ვიყავით. და ეს საფრთხე მთლიანად ჯერაც არ არის დაძლეული, მაგრამ ამ დღეების მანძილზე ბევრი რამ გაკეთდა იმისათვის, რომ ეს ყველაზე დიდი საშინელება არ მომხდარიყო... ეროვნული მშვიდობა, თანხმობა, შერიგება განყენებული სიტყვები აღარ არის. როცა ამაზე ვლაპარაკობ, მხედველობაში მაქვს საზოგადოების ძირითადი ნაწილი, პირველ რიგში მისი შეგნებული ნაწილი. მე, ისევე როგორც სხვა ჩემი კოლეგები, ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ იმას, რომ ამოქმედდა სახელმწიფო საბჭო და იგი მუშაობს, რომ ეს უკვე სიმბოლური ინსტიტუტი კი არ არის, არამედ, არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, მომავალი პარლამენტის არცთუ ცუდი მოდელია, თუმცა, შეიძლება, იქ ყველა არ აირჩიონ...

სახელმწიფო საბჭოს ფარგლებში არცთუ ცუდად თანამშრომლობენ პოლიტიკური პარტიები. ისინი ბევრნი არიან, მათი იდეალია დემოკრატიული სახელმწიფო, ჩვენი დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა. მინდა გავიხსენო 26 მაისი. პარტიები, რომლებიც სახელმწიფო საბჭოში თანამშომლობენ და ისინიც, რომლებიც არ თანამშრომლობენ, ერთმანეთს შევხვდით აქ, ამ დარბაზში, ვისაუბრეთ და, მე მგონი ეს იყო იმის კარგი დემონსტრაცია, რომ ჩვენ შეგვიძლია თანამშრომლობა, რომ ჩვენ შეგვიძლია ერთობა, და თურმე შეიძლება დავივიწყოთ ცალკეული უთანხმოება თუ წყენანი, როცა საქმე ეხება დიდ ეროვნულ და სახელმწიფოებრივ ინტერესებს.

ჩვენთვის და მსოფლიო საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისათვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ როგორ უნდა ჩამოვყალიბდეთ და გადავწყვიტოთ, რომ ჩავატაროთ დემოკრატიული არჩევნები მეთვალყურეების თანდასწრებით. თუმცა საუკეთესო მეთვალყურენი ჩვენ თვითონ შეგვიძლია ვიყოთ, მაგრამ გვინდა, რომ სხვებიც გვესწრებოდნენ.

მე მგონი, არჩევნები, და ამაში ეჭვი ნურავის შეეპარება, ჩვენი ყოფნა-არყოფნის საკითხთა საკითხია. თუ როგორ უნდა მომზადდეს, როგორ უნდა ჩატარდეს იგი, ეს ჩვენი ღირსების საქმეა, როგორც იტყვიან, ჩვენი მანდატია მსოფლიო საზოგადოებრიობის წინაშე. და ბოლოს ეს ჩვენი ღირსების საქმეა. ახლა მთავარი საფიქრალი ის კი არ არის, ვინ გაიმარჯვებს არჩევნებში, - შესაძლოა, გაიმარჯვოს ისეთმა პოლიტიკურმა პარტიამ, რომელსაც ჩვენ დღეს იქნებ არც კი ვთვლიდეთ ღირსეულ, ძლიერ ოპონენტად, - არამედ ის, რომ თვით არჩევნები იყოს ნამდვილად დემოკრატიული, ხალხის ნების სრული გამოხატულება და, დაე გაიმარჯვოს ღირსეულმა! ჩვენ დავიწყეთ დიალოგი ჩვენს ოპონენტებთან. შესაძლოა, ეს ჯერ არც ისე ინტენსიური იყოს, შეიძლება ეს არ იყოს მთლად საჯარო და სახალხო, მაგრამ მთავარია, რომ იგი გრძელდება სხვადასხვა პარტიების ლიდერებთან და მიმდინარეობს სავსებით ცივილიზებული ფორმით. მე პირადად ეს საუბრები ძალიან დიდ კმაყოფილებას მანიჭებს.

ჩვენ შევუდექით დიალოგს ცხინვალში. როგორც მოგეხსენებათ, ჩემს აქ ჩასვლამდე დროებითმა მთავრობამ გააკეთა სათანადო განაცხადი. ჩვენი ძალისხმევა ამ საქმისათვის არც შემდეგ დაგვიკლია. როგორც მოგეხსენებათ, ვეწვიეთ ცხინვალს ბატონებთან ჯაბა იოსელიანთან, სანდრო კავსაძესთან ერთად. დღეს კი მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ ვეპატიჟებით ბატონ კულუმბეგოვს და მის კოლეგებს: ჩამობრძანდით, ბატონებო, თბილისში, გნებავთ დაცვის თანხლებით, გნებავთ დაცვის გარეშე. მე მინდა გითხრათ, რომ თბილისი თქვენი დედაქალაქია და ცხინვალი საქართველოა! ასე იყო, ასე არის და ასე იქნება! ერთადერთი გზა იმისათვის, რომ ჩვენ ამ ერთიან სახელმწიფოში მშვიდობის, მეგობრობის, თანაცხოვრების ყველა წესის დაცვით ერთად ვიცხოვროთ, ეს არის დიალოგის, ნორმალური და ცივილიზებული დიალოგის გზა. მინდა განვუცხადო მათ, რომ ის სამარცხვინო მოვლენები, რასაც ოს მოქალაქეთა ოჯახების შევიწროება და დაწიოკება ჰქვია, აღარასოდეს საქართველოში აღარ მოხდება, აღარასოდეს არ განმეორდება! ყველაფერს ვგმობთ, რაც შეურაცხმყოფელია ქართველი კაცისათვის, ჩვენი ისტორიისათვის, ჩვენი აწმყოსათვის, ჩვენი მომავლისათვის. მე არ მეშინია ამ სიტყვებს რომ ვამბობ, არაფერს არ ვმალავ.

ექსტრემისტები იქითაც არიან და აქეთაც. მოდით, შევთანხმდეთ, რომ დამთავრდეს ეს უაზრო, უმიზნო ომი, სისხლისღვრა. ჩვენ უნდა გადავდგათ ეს ნაბიჯი. ის ფაქტი, რაც ყველას გვაღელვებს და სირცხვილს გვგვრის, დღეს ისტორიას ჩაბარდა. უმთავრესი მაინც ის არის, რომ სახელმწიფოებრივ კურსად, მთავარ სახელმწიფოებრივ პოლიტიკად შერიგების მორიგების კურსი, დიალოგის კურსი ჩამოყალიბდა და თუ თქვენ ეს სწორად მიგაჩნიათ, მაშინ უნდა ვისაუბროთ და, თუ საჭიროა, უნდა ვიკამათოთ და ვეძებოთ ამ რთული საკითხის გადაწყვეტის ყველაზე ოპტიმალური გზა. ესეც არ არის უბრალო ამბავი. ჩვენ გვაქვს დიალოგი ჩრდილო ოსეთის ხელმძღვანელობასთან და ეს დიალოგი არცთუ ისე ცუდია. ეს დიალოგი იმიტომ კი არ ხდება, რომ ისინი განსაზღვრავენ ცხინვალის და იქაურ მცხოვრებთა ბედს, ან მათს ჩაურევლად ჩვენ არ შეგვიძლია საკითხთა მოგვარება. არა, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ასეთი მიდგომა ხელს შეუწყობს პროცესის მოწესრიგებას, მშვიდობიანობის დამყარებას და უნდა გითხრათ, რომ, ზოგიერთი ცალკეული ქმედების გარდა, რომელთა შესახებ თქვენ იცით, ჩვენი დიალოგი მართლაც ნორმალური და მისაღებია. ჩვენ ამ საკითხებზე გვაქვს დიალოგი რუსეთთან და რუსეთის ხელმძღვანელობასთან და, უნდა გითხრათ, ბევრ მოღვაწეს რუსეთში კარგად ესმის ამ პრობლემასთან დაკავშირებული ჩვენი ტკივილები. მაგრამ ისიც არ შემიძლია არ ვთქვა, რომ ყოველივე ის, რისი მოწმენიც ჩვენ ამ ბოლო დღეებში გავხდით, არ ეკადრება დიდი სახელმწიფოს ხელმძღვანელებს. დაე, ეს მათ იცოდნენ და მე საჯაროდ ვამბობ ამის შესახებ. არ არის საკადრისი ის, რაც ჩემმა კარგმა ნაცნობმა, რუსეთის ვიცე-პრეზიდენტმა იკადრა. ეს ყველაფერი რაღაც იმპერიასთან დაკავშირებული, იმპერიის პერიოდთან დაკავშირებული პოზიციაა, მიდგომაა და შეურაცხმყოფელია ჩვენი ხალხისათვის. რუსეთის ხელმძღვანელობამ უნდა გაიგოს, რომ ბლოკადა, ბლოკადის ენაზე ლაპარაკი არც ერთ ხალხთან არ არის დასაშვები და მით უმეტეს ისეთ ხალხთან, რომელთანაც შენს ქვეყანას საუკუნეობრივი ურთიერთობის ისტორია აკავშირებს.

ამას წინათ ერთ-ერთ ჩემს საუბარში ვთქვი, რომ ვმონაწილეობდი ერაყის მიმართ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს მიერ განხორციელებული სანქციის, ბლოკადის დაწყების ღონისძიებათა განხილვაში. მინდა გითხრათ, მთელი თვე მიმდინარეობდა მუშაობა უშიშროების საბჭოში, თუ როგორ უნდა განხორციელებულიყო ეს ბლოკადა. არადა, ლაპარაკი იყო აგრესორზე, რომელმაც დაიპყრო უდანაშაულო ქვეყანა, მაგრამ ბლოკადა ისე უნდა განხორციელებულიყო, რომ ამ ქვეყნის ბავშვები, მოხუცები, ავადმყოფები არ დაზარალებულიყვნენ. რომ პროდუქტების, წყლის მიწოდება ნორმალურად წარმართულიყო, რომ გზა არ ჩაკეტილიყო და ასეთი გადაწყვეტილება მოიძებნა კიდეც. არ შემიძლია ეს არ შევახსენო დღეს რუსეთის ხელმძღვანელობას და არა იმდენად ოსეთის ხელმძღვანელობას; ის, რაც მოხდა, რომ დაიკეტა გაზსადენი, ეს ფაქტი შავ ლაქად დააჩნდება ჩვენი და რუსეთის ურთიერთობას. მე მიჭირს ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ეს ასეა. ეს კარგად უნდა გაიგონ პრეზიდენტმა და განსაკუთრებით ვიცე-პრეზიდენტმა, რომელმაც პარლამენტში მოიწონა ბლოკადის გამოცხადება.

ეს სამარცხვინო მოვლენაა. არ მინდა ანტირუსული განწყობილების გაღვივება და გამწვავება, პირიქით, ჩვენ ყველას გვინდა ვიმეგობროთ, ვიმეზობლოთ ამ დიდ ქვეყანასთან და ყველაფერს გავაკეთებთ ამისათვის. აი, ბატონი იგორ ბოგომოლოვი აქ არის. საქართველოს რუსი ეროვნების მოქალაქეებმა შეადგინეს წერილი და გაუგზავნეს ბატონ ელცინს: რატომ არ გახსოვთ, რომ ქართველებთან ერთად ამ ქვეყანაში ჩვენც ვართო. ასეთივე განწყობით არიან სამხედრო ფორმირებაში ჯერჯერობით კიდევ შემორჩენილი ხალხი და მე მინდა ვთქვა, რომ, ის, რაც გაკეთდა ახლა საქართველოს მიმართ, ეს სამარცხვინო ლაქაა და ეს ლაქა უნდა ჩამოირეცხონ.

მე მგონი, რუსეთის პოლიტიკა არ უნდა იყოს გაიგივებული იმასთან, რასაც ჟირინოვსკი და ძმანი მისნი ქადაგებენ და, რაც მათი მხრივ გაკეთდა, ეს მათ წისქვილზე ასხამს წყალს. ამის შესახებ მე და ბატონმა თენგიზ სიგუამ წერილით მივმართეთ რუსეთის პარლამენტს, - იგი ჯერჯერობით უპასუხოდ არის და არც ეს პრაქტიკაა გამართლებული სახელმწიფო-პოლიტიკურ ურთიერთობაში. მჯერა, რომ ეს პრობლემაც მოგვარდება და მოგვარდება უახლოეს მომავალში. მე ასე მწამს. ყოველ შემთხვევაში მინდა, რომ ასე იყოს.

ზოგიერთი რამ რესპუბლიკის მთავრობაშიც, სახელმწიფო საბჭოშიც გაკეთდა, გადაიდგა ზოგიერთი ნაბიჯი ეკონომიკური და სოციალური სფეროს გასაუმჯობესებლად, ყოველ შემთხვევაში მსჯელობა, გზების ძიება მიმდინარეობს. მინდა გითხრათ, რომ მანეთის ზონა, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, საუკეთესო ზონა არ არის, ძალიან ძნელი და რთული ზონაა, მაგრამ სხვა გზა არ ჩანს და მე მგონი უნდა შევთანხმდეთ, რომ ამ საკითხებზე სასაუბროდ უახლოეს ხანებში შევიკრიბოთ. ჩემი აზრით, ამ მხრივ ორი ეტაპი უნდა გამოიკვეთოს. პირველი ის, თუ როგორ უნდა ვიარსებოთ მანეთის ზონაში, მანეთებით რა გზები და საშუალებები არსებობს იმისათვის, რომ რაც შეიძლება ნაკლები ზარალით და მსხვერპლით შევეგუოთ ამ ზონას, მიმაჩნია, რომ ამის გზა არსებობს. ამისათვის შეიძლება კუპონის შემოღების პრაქტიკა გამოვიყენოთ. სხვა გზაც არის. უნდა გადავწყვიტოთ, არის თუ არა საჭირო საკუთარი ვალუტა, რა დადებითი მხარე ექნება ამ საქმეს და რა სიძნელეებს წავაწყდებით. ამ საქმეში აჩქარება არ ვარგა, მაგრამ არც დაგვიანება ივარგებს. უნდა მოვილაპარაკოთ ჩვენს ეკონომისტებთან, ფინანსისტებთან.

ვაგრძელებ ჩვენს ცხოვრებაში მომხდარი ზოგიერთი დადებითი მომენტის ჩამოთვლას. ამაზე ბევრი ითქვა, მაგრამ მაინც აღვნიშნავ, რომ უდიდესი მნიშვნელობის მოვლენა, ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა ჩვენთვის საქართველოს ისეთი აღიარებაა, რომ სჯეროდეთ და სწამდეთ ჩვენი. მხედველობაში მაქვს ცივილიზებული სამყარო, განვითარებული ქვეყნები. თუ რა მოგვცა ამან პრაქტიკულად, მე მგონი თითოეული თქვენგანი კარგად ხედავს. საქართველოს რეალურ დამოუკიდებლობაზე ლაპარაკი მხოლოდ ახალი მსოფლიოსაგან ცნობის პირობებში იყო შესაძლებელი. და თუ ჩვენ მართალი ვიქნებით, მხარში ამოგვიდგება მსოფლიოს პროგრესული კაცობრიობა. ასეთი პროცესი რომ არა, ძალიან გაგვიჭრდებოდა და ვერ მივაღწევდით ჩვენი მიზნების განხორციელებას.

კრედიტები საფინანსო დახმარების მიზნით, საფინანსო კაპიტალდაბანდებების უზრუნველყოფა დღეს ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. პირველი დახმარება ჩვენ უკვე მივიღეთ. თქვენ გახსოვთ გენშერის, ბეიკერის, თურქეთის მინისტრის ვიზიტები საქართველოში. სხვებიც ჩამოვლენ. ამასთან დაკავშირებით ერთხელ უკვე ვთქვი და ახლაც მინდა გავიმეორო, რომ ჩვენი ორიენტაცია, ჩვენი პრიორიტეტი მსოფლიოს ცივილიზებული სამყაროა, ევროპის კულტურა, ევროპის ცივილიზაცია, გამოჩნდა ფართო მასშტაბები. ჩვენ მეგობრები გვყავს ყველგან, ევროპა იქნება თუ აზია. არ შეგვიძლია ამის უგულებელყოფა. აი, თურქეთთან, ასევე ირანთან, სხვა ქვეყნებთან ჩვენი ურთიერობის პირველი ეტაპი, დასაწყისი, პირველი ნაბიჯები იმედის მომცემია. ასევე იმედებს ვამყარებთ არაბულ ქვეყნებზე. ეს ძალიან პერსპექტიული მიმართულება გახლავთ. და, ვფიქრობ, ნაბიჯები, რომლებიც საქართველომ გადადგა, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმედის მომცემია ჩვენი დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში. მაგრამ კვლავ უნდა გავიმეოროთ ის, რაც თქვენთან ერთად არაერთხელ გვითქვამს; სხვა სახელმწიფოთაგან დახმარებასა და მხარდაჭერაზე, მეტადრე ეკონომიკურზე, ლაპარაკიც კი ზედმეტია, თუ ჩვენ ვერ მივაღწევთ პოლიტიკურ და ეკონომიკურ სტაბილიზაციას. სტაბილურობა, ვიმეორებ, პოლიტიკური, ეკონომიკური, ფინანსური კრედიტების მიღების გარანტიაა.

იმ შეხვედრების დროს, რომლებიც პირადად მე და პრეზიდიუმის სხვა წევრებს გვაქვს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან, ჩვენ პირდაპირ გვეუბნებიან, რომ საქართველო ისეთი ქვეყანაა, რომელსაც საქმიანი თანამშრომლობის დიდი ინტერესი აქვს. დიდ ბიზნესს გეოპოლიტიკური, გეოგრაფიული ტერიტორია უნდა, მაგრამ ასეთ არასტაბილურ პირობებში ჩვენთან არ შემოვა დიდი ბიზნესი, ჩვენ გავმართავთ დისკუსიებს, განვიხილავთ ყველა პროექტს, ჩამოვლენ და მივიღებთ სტუმრებს, გაუღიმებთ, გაგვიღიმებენ, გადავეხვევით კიდეც ერთმანეთს, მაგრამ პრაქტიკული შედეგი არ იქნება.

ეს უნდა გავიგოთ, ჩვენი ინტერესია, რომ ჩვენი ქვეყანა სტაბილური იყოს. სხვა არაფერი არ არის საჭირო, რომ ღირსეულ პარტნიორებად გვაღიარონ. ისრაელის ელჩმა, როცა ვუთხარი, ჩვენ თქვენთან ფართო ეკონომიკურ თანამშრომლობას ველით-მეთქი, თქვა, რა თქმა უნდა, ჩვენი ბიზნესმენები ამისათვის მზად არიანო. მაგრამ აი დღეს მითხრეს, რომ თურმე ერთი საკმაოდ ცნობილი ებრაელი მოქალაქის შვილია მოტაცებული. შემახსენეს საფლავის ამოთხრის ბარბაროსული აქტიც. ზოგიერთს ჰგონია, რაც ჩვენთან ხდება, კულაში დაიმარხება და იმის იქით ვერავინ გაიგებს. ყველა ფაქტს იგებს მსოფლიოს საკმაოდ ფართო საზოგადოებრიობა. ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მივაღწიოთ სტაბილურობას!

ქალბატონებო და ბატონებო, აბა როგორ არ იტირებ კაცი ჩვენი კურორტების გამო და როგორ შეიძლება გულგრილად შეხედო იქ არსებულ მდგომარეობას. გაგრა ცარიელია, დაცლილია შენობები. წყალტუბოში 7 000 კაცი - მომსახურე პერსონალი - უმუშევარია. სანთლით ეძებენ დამსვენებელს. გაჩანაგებულია ჩვენი კურორტები, ეს ჩვენი ეროვნული სიმდიდრე და მხოლოდ იმის გამო, რომ ქვეყანაში არ არის სტაბილურობა, ელემენტარული წესრიგი. ბევრს უნდა ჩვენთან ჩამოსვლა. ის, ვისაც ერთხელ მაინც დაუსვენია საქართველოში, დღესაც ოცნებობს აქ დასვენებაზე, მაგრამ ასეთ პირობებში, როცა თითქმის ყოველი მეორე მოქალაქე ქუჩაში ავტომატით დადის და ყოველი ფეხის ნაბიჯზე კაცს კლავენ. ცხადია, დამსვენებელი ვერ ჩამოვა. შევთანხმდეთ, ჩვენი დღევანდელი შეხვედრის მთავარი ამოცანა ის არის, რომ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ სტაბილურობისათვის, წესრიგისათვის, თუნდაც ელემენტარული წესრიგის დამყარებისათვის. ეს ჩვენი საუბრის დასაწყისია.

დღევანდელ გამოსვლებში შენიშვნებიც იყო, იყო ზოგადი გამოსვლებიც, იყო ნაკლებ საქმიანი წინადადებებიც. შენიშვნები ალბათ სწორია, მაგრამ ეს არის ურთულესი და უმწვავესი პრობლემა. ეს ჩვენი ასეთი პირველი შეხვედრაა, ამიტომ არ მიკვირს, რომ დღევანდელი ჩვენი საუბრის შინაარსზე გარკვეული შენიშვნები შეიძლება ჰქონდეთ საბჭოს წევრებსაც და სტუმრებსაც. მთავარია, რომ შევხვდით ერთმანეთს, ვისაუბრეთ. მე მგონი, წარსულის მიბაძვა არ იქნება, თუ, შესაძლოა, ასე ფართო არა, მაგრამ ვიწრო ფარგლებში შევიკრიბებით და, რაც გავაკეთეთ ერთი-ორი თვის მანძილზე, ისიც მოხსენებული იქნება. შემდგომი შეხვედრა უნდა იყოს უფრო მიზნობრივი, უფრო კონკრეტული და სათანადო პასუხისმგებლობის მოთხოვნებით აღსავსე. ბატონმა თემურ შაშიაშვილმა სწორად თქვა, ხელმძღვანელები რომ თავის ადგილზე იყვნენ, ბევრი რამ გაკეთდებოდაო. მაგრამ ეს რომ მართლაც ასე იყოს, ჩვენ უნდა მოვთხოვოთ, უნდა დავეყრდნოთ მათ. ასეთი საფუძველი რომ ჩამოყალიბდება, მაშინ რეალურ შედეგებს უთუოდ მივაღწევთ.

ახლა მინდა გამოვთქვა ზოგიერთი მოსაზრება იმის თაობაზე, თუ მომავალში, როგორ უნდა მოვაწყოთ ჩვენი მუშაობა, როგორ უნდა მოხდეს მისი ორგანიზაცია. დადგენილების პროექტზე, რომელიც დაგირიგდათ, იურიდიულმა განყოფილებამ იმუშავა. ამ პროექტში ზოგიერთ შეიარაღებულ ფორმირებაზეა ლაპარაკი და სწორი იქნება, თუ მთელ ამ ძალიან რთულ და ძნელ სამუშაოს თავს მოვუყრით იმ ორგანოში, რომელსაც ამის ძალა შესწევს. ასეთი დღეს არის სახელმწიფო საბჭოს პრეზიდიუმი. აქ არიან პრემიერ-მინისტრი, სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი, სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე. ეს რეალური ძალაა, რომელსაც შეუძლია ადამიანებს კიდეც მოსთხოვოს მუშაობის ორგანიზაცია და კიდეც დაეხმაროს მათ ამაში.

ალბათ, სწორი იქნება, თუ პრეზიდიუმთან შეიქმნება სამუშაო საგანგებო ჯგუფი. თუ სიტყვა „საგანგებო“ გვაშინებს, მაშინ იყოს სამუშაო ჯგუფი. მაგრამ იგი საგანგებო ზომებს უნდა იღებდეს, რომ წესრიგი დამყარდეს და წესრიგი აღდგეს. გარკვეული ეჭვი გამოითქმება ხოლმე პრეზიდიუმის ამგვარ გაგებასთან დაკავშირებით. გუშინ, მაგალითაც, შეხვედრისას ჩემმა მეგობრებმა სახელმწიფო საბჭოდან მითხრეს, პოლიტბიუროს მოდელისაკენ ხომ არ მივდივართო, მას ხომ არ დავემსავსებითო. მე კი მინდა ვთქვა, რომ იმაზე უარესი, რაც ახლა ხდება, არაფერი მოხდება. ხოლო რაც შეეხება პოლიტბიუროს, მე ძალიან კარგად ვიცი, რა იყო იგი. ამიტომ სხვა გზით შეიძლება წავიდეს კაცი, მაგრამ პოლიტბიუროსკენ არა. ეს შიში უნდა მოიხსნას.

მე ვეთანხმები ბატონ ჭაბუა ამირეჯიბის გამოსვლას, რომ კიდეც უნდა ვენდოთ პრეზიდიუმს და კიდეც უნდა მოვთხოვოთ. მე მგონი უფრო აქტიურად უნდა იყოს გამოყენებული გამგებლების ინსტიტუტი, რომ უფრო მეტად დავუჭიროთ მხარი ქალაქების, რაიონების მილიციის სამმართველოთა უფროსებს, რწმუნებულთა ინსტიტუტს, რომელიც ახლა მკვიდრდება და საინტერესოდ მუშაობს.

ამ სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში რომ უკეთ ამოქმედდეს, მასში უნდა შევიდეს მთავრობის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ვინც ეკონომიკის საკითხებს უძღვება და პროდუქტების მომარაგებაზე მუშაობს, შინაგან საქმეთა სამინისტრო, გენერალური პროკურორი, სადაზვერვო სამსახურის უფროსი, მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე, რომელიც კონფლიქტთა საკითხებზე მუშაობს. მე არ გამოვრიცხავ, რომ აქ ცალკეულ პოლიტიკურ პარტიათა წარმომადგენლებიც შევიყვანოთ, ვინც საჭირო იქნება ამ საქმისათვის. თუ საჭირო იქნება, უნდა შეიქმნას სერიოზული აპარატიც, რომელიც ქმედითად და ეფექტიანად იმუშავებს.

მე ვფიქრობ, ეს არ არის განსახილველი საკითხი, ეს ჩვენი ფუნქცია გახლავთ. სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარეს უნდა ჰყავდეს თანაშემწე ეროვნული უშიშროების დარგში. ეს იქნება კაცი, რომელიც მოახდენს აპარატის მუშაობის ორგანიზაციას, ჩვენი საუბარი ლაპარაკად რომ არ დარჩეს, ხვალიდანვე უნდა დავიწყო რეალური მუშაობა. ბატონი რომან გვენცაძე არ გვეთანხმება, მაგრამ მინდა მის მოადგილეს დათო სალარიძეს ვთხოვო მოვიდეს ჩვენთან და დაგვეხმაროს. ცნობილი ოპერატიული მუშაკია, წესიერი, პატიოსანი, პრინციპული კაცია. ერთგვარად გააძლიერებს ჩვენს კოლექტივს.

აქ თითქმის ყველა გამომსვლელმა მხარი დაუჭირა იმას, რომ სამართალდამცავ ორგანოებს სჭირდებათ დახმარება, გაჯანსაღება, ცხოვრების პირობების, მატერიალურ-ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება. ყოველ შემთხვევაში შესაძლებელია, ადგილებზე მაინც გამოიძებნოს საშუალება, რომ მათი პირობები გაუმჯობესდეს. კერძოდ, მილიციის ხელფასის საკითხი მაქვს მხედველობაში. ვერ ვიტყვი, რომ ზუგდიდის მილიცია იდეალურად მუშაობს, მაგრამ იქაურმა გამგებელმა ოთარ ფაცაციამ, მიუხედავად იმისა, რომ ქალაქი გაღატაკებულია, მაინც გამონახა რაღაც საშუალება ამ თვალსაზრისით.

ასეთი საკითხები თბილისშიც უნდა გადაწყდეს. დამოუკიდებელი სამეურნეო კადრების დანიშვნა უნდა ვისწავლოთ სხვა ქალაქებისაგან. ჩვენ ხომ ვიცით, რა დონეც აქვს დიდ ქალაქებს, სხვა ქვეყნებს, ამისაკენ უნდა მივისწრაფოდეთ. თქვენ გექნებათ სახსრები, რომ წახალისების ფონდები შექმნათ და ეს უნდა გააკეთოთ. კაცი უნდა ხედავდეს, რომ თავის ხალხს, თავის ქვეყანას სჭირდება და საკუთარ თავს რომ ირწმუნებს, ახალ ძალებს გამოძებნის.

ახლა არ შევეხები ცალკეულ დანაშაულობებს. მაგრამ მინდა ვთქვა, რომ საგანგებო ზომები უნდა მივიღოთ ნარკომანიის წინააღმდეგ. ყველამ უნდა იზრუნოს, რომ ჩვენი ბავშვები, შვილიშვილები ავაცდინოთ იმ უბედურებას, რომელიც ამ საშინელ სენს თან სდევს.

დღეს ერთ რამეში საბოლოოდ უნდა შევთანხმდეთ: უკანონო შეიარაღებული ფორმირებანი უნდა აიკრძალოს და ამაში მილიცია, პროკურატურა, ადგილობრივი ორგანოები უნდა დაგვახმარონ. მე მივმართავ ყველა პოლიტიკურ პარტიას - დაგვეხმაროთ ამ საკითხის მოგვარებასა და გადაწყვეტაში. არ შეიძლება პატარა ქვეყანაში ასეთი მდგომარეობა იყოს - 13 თუ 14 სხვადასხვა უწყებას ჰყავს შეიარაღებული რაზმები. ეს უნდა შეწყდეს.

შემდგომ შეხვედრაზე უნდა განვიხილოთ ცალკეული საკითხები. ახლა მე არ მინდა განვიხილოთ ცალკეული საკითხები. ახლა მე არ მინდა დავასახელო, თუ რა ცალკეული საკითხები იქნება ეს. პრეზიდიუმი ამაზე იმსჯელებს. შეიძლება ამ საკითხების მოგვარებას საინიციატივო ხასიათი მივანიჭოთ.

ცალკე მინდა ვთქვა იარაღის ამოღებაზე. მე მგონი, დღეს არ არის მთლად რეალური ამოცანა. უპირველესად, ალბათ, უნდა დავაყენოთ ის საკითხი, რომ მოხდეს იარაღის რეგისტრაცია და დაკანონდეს იგი. უნებართვოდ იარაღის შენახვისათვის ალბათ უნდა განხორციელდეს ძალიან მკაცრი სანქციები. ვისაც უნებართვო იარაღი აქვს, უნდა დაისაჯოს. არის შვეიცარიული საუკეთესო სისტემა. შევისწავლოთ ის და თუ მოერგება ჩვენ პირობებს, შეიძლება ვისარგებლოთ. სხვა გზით, ადმინისტრირებით ეს შეუძლებელია.

გახსოვთ, სამხედრო მშენებლობაზე, არმიის შექმნაზე დეკრეტი მივიღეთ. გაწვევაც დავიწყეთ. აი დღესაც ძალიან მწვავე საუბარი იყო გვარდიის და მხედრიონის პრობლემებზე. მე სავსებით ვეთანხმები ყველას, ვინც თბილად და კარგად ილაპარაკა გვარდიის და მხედრიონის დამსახურებაზე. ბევრ მათგანს მეც ვიცნობ. უმრავლესობა ნათელი ხალხია, თავის ქვეყანაზე შეყვარებული, თავდადებული და ბევრიც გააკეთეს ჩვენი ქვეყნისათვის. ყველა თქვენს ამ მოსაზრებას მეც ვუერთდები. მაგრამ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. საკითხის გადაწყვეტა მხოლოდ ერთიანი არმიის მშენებლობის ჩარჩოებში არის შესაძლებელი. სხვანაირად ეს საკითხი არ მოგვარდება. ამიტომ ასე უნდა გადავწყვიტოთ და ერთი პოზიცია უნდა გვქონდეს, რომ ჩვენ ყველანი - მთელი ჩვენი სახელმწიფო და ჩვენი ხალხი ერთად ვაშენებთ ერთიან არმიას.

ეს ჩვენი საერთო ეროვნული დემოკრატიული სახელმწიფოს აუცილებელი ატრიბუტი იქნება და, ბუნებრივია, სახელმწიფოს საზრუნავი უნდა იყოს. არსებობენ სახელმწიფო სტრუქტურები - თავდაცვის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომლებსაც შეიძლება თავისი საჯარისო ფორმირებანი ანდა ქვედანაყოფები ჰყავდეს. ასევე შეიძლება ითქვას სადაზვერვო სამსახურზეც, მაგრამ უმთავრესი პასუხისმგებლობა არმიის მშენებლობასა და პოლიტიკაში, რა თქმა უნდა, თავდაცვის სამინისტროს ეკისრება... და რაკი ეს საერთო ეროვნული საქმეა, მონოპოლია მასში დაუშვებელია.

ამიტომ მე მინდა დღეს პრინციპულად განვაცხადო, რომ არმიის მშენებლობის საკითხი უნდა იყოს სახელმწიფო საბჭოს მხედველობის არეში და რომ ეს არ ლახავს არავის ავტორიტეტს, რადგან ასეა ყველა სახელმწიფოში, ვერც ჩვენ ვიქნებით გამონაკლისი. აი ასე იქნება შესაძლებელი ბოლო მოვუღოთ ჭორებს, ლაპარაკს, რაც ყველა ჩვენგანს აწუხებს.

ყველაზე უფრო რთული გვარდიისა და მხედრიონის საკითხია. ძალიან მინდა უმტკივნეულოდ, გაურთულებლად, გაუმწვავებლად მოგვარდეს იგი, რადგან ეს ჩვენ ეროვნულ ინტერესებში შედის. უნდა მოვძებნოთ გზები, რომ ეს საკითხი არ გამწვავდეს. ბოლო უნდა მოეღოს ყველა დანაშაულს, რაც ხდება. აქ ბევრი რამ არ ითქვა. მე ვიცი, დანაშაულობები ბევრია. ცალკეული სამხედრო ფორმირების წარმომადგენლები ჩაქოლეს, პირდაპირი შეტაკებები იყო მოსახლეობასთან... მოხდა ძარცვა, მკვლელობა და ა.შ. ასეთ ვითარებაში გამონაკლისი არავინ არ არის. საბჭოთა არმიაშიც, იცით, რამდენი ასეთი რამ იყო. მე ვიცი რა ხდებოდა ავღანეთში, ეს საშინელება, დიდი უბედურება გახლდათ, მაგრამ ჩვენ არ უნდა გავიმეოროთ ცუდი მაგალითი. როცა არმია შეიქმნება, როცა მხედრიონს, გვარდიას სათანადო ადგილს მივუჩენთ, მაშინ შეწყდება ყოველგვარი მითქმა-მოთქმა. არავის არ ვაშინებ, მაგრამ თუ რომელიმე წარმოების ხელმძღვანელი ან ბიზნესმენი გაბედავს იმას, რომ გამოჰყოფს სახალხო ფულს, სახალხო სახსრებს სახელმწიფო არმიის შესანახად, მან პასუხი უნდა აგოს. ჩვენ ჩვენი სახსრებიდან, ჩვენი ბიუჯეტიდან უნდა გავიღოთ ის, რაც სახელმწიფო არმიის შენახვას სჭირდება. ვაჭრები იქნებიან, წარმოების ხელმძღვანელები თუ კერძო სექტორის თანამშრომლები, უნდა გავათავისუფლოთ ამ ხარჯისგან. ჩვენ ვლაპარაკობთ ევროპულ ერთიან სივრცეზე, ევროპისა და აზიის ერთიან სივრცეზე. მაგრამ ყველაფერი ჯერ აქედან, ჩვენით უნდა დავიწყოთ. უნდა ვიზრუნოთ საქართველოს ერთიან სამხედრო-ეკონომიკურ სივრცეზე და ერთიან პოლიტიკაზე, სახელმწიფოებრივი მშენებლობის ერთიან პრინციპზე, ერთიან საბაჟო პოლიტიკაზე, ერთიან არმიაზე. ეს ყველას ეხება, აფხაზეთს, აჭარას, ყველას. ერთ სახელმწიფოში ყველა სფეროში უნდა იყოს ერთი პოლიტიკა და ამ სფეროშიც ასე უნდა იყოს, ყველა სახელმწიფოში, ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში ასეა, მათ შორის ისეთ ქვეყნებშიც, რომლებსაც ავტონომიური ფორმირებანი ჰყავთ. ამასთან ერთად ჩვენ უნდა შევძლოთ შევიმუშაოთ ერთიანი საფინანსო, ერთიანი საბანკო პოლიტიკა და ეს უნდა გავაკეთოთ ჩვენს მეგობრებთან, ავტონომიების ხელმძღვანელებთან ერთად. ჩვენ მათთან ერთად, მათზე დაყრდნობით, მათი ინიციატივით, მათი წინადადებებით უნდა გავითვალისწინოთ და შევიმუშაოთ ის მოდელი, რომელსაც ავტონომიური სახელმწიფოებრივი ფორმირება ჰქვია. მჯერა, ამასაც მივაღწევთ.

ჩვენ რთულ პოლიტიკურ ატმოსფეროში ვცხოვრობთ. ამიტომ აუცილებელია კარგად შეგვეძლოს განვასხვავოთ ჩვენი მოწინააღმდეგეები. ჩვენ არა ვკრავთ ხელს ჩვენს ოპონენტებს, მეტიც, პატივს ვცემთ მათ, ვინც გინდა იყვნენ ისინი, თუგინდ ყოფილი პრეზიდენტის მომხრეები. ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ მათთან. მზად ვართ გვქონდეს მათთან დიალოგი, რა ძნელიც და რა რთულიც უნდა იყოს იგი. მაგრამ არ ვიცი რა ვუწოდო მათ, ჩვენი მოწინააღმდეგენი თუ ჩვენი მტრები, რომლებიც მათი სახელით, თუ შეიძლება ასე ითქვას, მათი მოწოდებით ხიდებს აფეთქებენ. ვინ არიან ისინი, ვინც 6 თვის განმავლობაში რკინიგზას კეტავდა და მილიარდობით ზარალი მიაყენა ქვეყანას. ჩვენ და ჩვენი ოპონენტები უნდა გავერთიანდეთ, რომ ამ ბოროტებას ერთად ვებრძოლოთ და უკეთ დავძლიოთ იგი. ეს ერთადერთი გზაა. ამიტომ მჯერა, რომ ასეთი აზრი გაიმარჯვებს.

აქვე ერთიც მინდა ვთქვა: ჩვენ ძალიან ცოტა იმედი უნდა გვქონდეს, რომ ძალისმიერი ფაქტორი რაიმე სარგებლობას მოგვიტანს. და ძალიან მადლობელი ვარ, რომ პრეზიდიუმში მხარს უჭერენ ამ მოსაზრებას. ვიმეორებ, ჩვენ მზად ვართ ყველასთან ვისაუბროთ. ვალტერ შურღაიას, თუკი კაცი არ ჰყავს მოკლული, შევეცდები შევხვდე, როგორც კაცი კაცს, ადამიანი ადამიანს. შენც ხომ ქართველი ხარ, შენც ხომ ამ ქვეყნის შვილი ხარ, რა არის ჩვენს შორის გასაყოფი, რომ საერთო ენა ვერ გამოვნახოთ. თენგიზ კიტოვანი აპირებს ამ კუთხეში წასვლას და ის ყველას შეხვდება. ეს ხომ ჩვენი კუთხე, ჩვენი ხალხია და რატომ უნდა გვქონდეს მაინცდამაინც ტანკების და ტექნიკის იმედი? ჩვენ ხალხს ეყოფა სიბრძნე და შორსმჭვრეტელობა, რომ დიალოგის გზით იაროს. მე მჯერა, ვინც ამას ისმენს და მოისმენს, ის სწორად გაიგებს.

დიდი დავაა მიტინგების გამო. რა თქმა უნდა, იმ ქვეყანაში, სადაც დემოკრატიულ სახელმწიფოს აშენებენ, მიტინგის დარბევა დაუშვებელია. ეს უნდა დაიგმოს. მაგრამ მე ასევე ამ ხალხს, ამ ადამიანებს, ვინც ამის ორგანიზაციას კისრულობს, ადამიანურად, თუ გნებავთ, მამაშვილურად ვთხოვ როგორც მოქალაქე, როგორც ერთ-ერთი ხელმძღვანელი ამ ქვეყნისა, მოდით, მოვაწესრიგოთ ეს საკითხი. არის საჭირო მიტინგების ჩატარება? მიბრძანდით, სადაც ამის ორგანო არსებობს, მიიღეთ ნებართვა, და მართეთ მიტინგი, ოღონდ არა ცენტრალურ გამზირზე, გამონაკლისი იყო 26 მაისი. გვქონდა ამის უფლება.

სახელმწიფო ხელისუფლება და სახელმწიფო საბჭოსთან მოთანამშრომლე არც ერთი პარტია არასოდეს არ გამართავს მიტინგს ცენტრალურ გამზირზე. ამისათვის იქნება სპეციალური დარბაზი, თუნდაც სტადიონი, მოედნები. შეიკრიბეთ, გვლანძღეთ, მაგრამ ნორმის და კანონის ფარგლებში. აი, ეს არის მოუგვარებელი საკითხი. მე ერთი რამ მინდა ვუთხრა მათ: რასაც თქვენ აკეთებთ, სოწრედ ის იწვევს წესრიგის დამცველთა ამგვარ რეაქციას. მოდით, ნუღარ აკეთებთ ამას, თქვენ თვითონ მართეთ ეს პროცესი. ჩვენ მოგეხმარებით და ერთად მოვძებნოთ გამოსავალი. ის, რაც ახლა თქვენ მოგახსნეთ, სულაც არ არის ჩვენი სახელმწიფოს სისუსტის გამოხატულება. პირიქით, როცა ცხინვალის რეგიონში დიალოგის გზა ავირჩიეთ, მე მიმაჩნია, რომ ეს ჩვენი სისუსტის კი არა, სიძლიერის გამოხატულება იყო. შეიძლება საკითხი 2-3 საათში სამხედრო წესით გადაწყვიტო, მაგრამ ჩვენ არ გვინდა ამ გზით ვიაროთ. არც ერთ კუთხეში არ გვინდა ასეთი რამ, ასევე არ გვინდა ეს მომიტინგეების მიმართ. ნუ დავემსგავსებით ბარბაროსებს. წიგნების დაწვა, ლანძღვა, უწმინდესი და უნეტარესი ადამიანის სურათის გადახაზვა, თათხვა არ არის კულტურული, ცივილიზებული ქვეყნისათვის დამახასიათებელი მოვლენები. ეს ჩვენ უნდა დავძლიოთ. მიტინგები შეიძლება გაიმართოს, მაგრამ მას თავისი წესი და რიგი უნდა ჰქონდეს.

იმედი მაქვს, რომ ჩვენს წმინდა ბრძოლაში მხარში ამოგვიდგებიან მეცნიერები, კულტურის მოღვაწენი. ისინი ბევრია სახელმწიფო საბჭოში და სხვებიც, ვინც აქ არ მოგვიწვევია. ქედს ვიხრი მათი დამსახურების წინაშე. 26 მაისს მთელი მეცნიერებათა აკადემია, ჩვენი უხუცესი მეცნიერები მოვიდნენ ამ დღის აღსანიშნავ ზეიმზე და ბედნიერად ვთვლი თავს, რომ იმედი არ გავუცრუე და საპატიო სტუმარი ეწვია მათ. ამით მინდა ვთქვა, რომ ჩვენთან არის დიდი ინტელიგენტური ძალა, ინტელექტუალური საქართველო, ჩვენთან არიან პატიოსანი ადამიანები და ისინი ჩვენთან ერთად იბრძვიან. იმედი მაქვს, მეცნიერთა დიდი არმია, კულტურის მოღვაწენი მხარდაჭერას კვლავაც არ მოგვაკლებენ.

მაქვს ახალგაზრდობის დიდი იმედი. ბოლოდროინდელი გამოკითხვით, ახალგაზრდობის 70 პროცენტი მიმდინარე პოლიტიკას მხარს უჭერს და ეთანხმება. ეს დიდი იმედია და ამას გაფრთხილება უნდა, ამ გზას ჩვენ არ გადავუხვევთ. ყოველთვის ვიზრუნებთ ახალგაზრდობისათვის.

დაბოლოს, მინდა ვთქვა იმ ადამიანთა შესახებ, რომლებსაც პოტენციურ დამნაშავეებს ვუწოდებთ. აქ თქვეს, რომ უდუხჭირესი სოციალური პირობები ქმნის დანაშაულობათა ნიადაგს, ბევრ ადამიანს უბრალოდ შია კიდეც დღეს, მაგრამ ნარკომანიას რითიღა გავამართლებთ?! ახლახან 6000 კაცი გამოვიდა საპატიმროებიდან. მიმაჩნია, რომ სწორი იყო ეს. დარწმუნებული ვარ, მათი 60-70 პროცენტი სწორ გზას დაადგება ცხოვრებაში, ისინიც ხომ ამ ქვეყნის შვილები არიან, მათაც ხომ უნდა იფიქრონ შვილებზე, შვილიშვილებზე და, მოდით, მხარში ამოვუდგეთ ამ ადამიანებს, ნუ ვკრავთ მათ ხელს. რისი გადარჩენაც შეიძლება, იქნებ გადავარჩინოთ. ნუ ვიხმართ სიტყვებს, რომ ისინი „დამნაშავეთა სამყაროს“ წარმომადგენლები არიან. ეს ადამიანები იძულებული გახდნენ ასეთ დღეში ჩავარდნილიყვნენ და, ვიმეორებ, ჩვენი ვალია ვიზრუნოთ მათი გადარჩენისათვის.

ამ საქმეში ერთმანეთს უნდა ამოვუდგეთ მხარში. დღეს მინდა მადლობა გითხრათ, რომ ჩამობრძანდით ამ შეხვედრაზე და იზიარებთ საერთო პოზიციას, რომ საქართველოში საჭიროა და უნდა ვიცხოვროთ მშვიდობიანად და გვქონდეს ისეთი ატმოსფერო, რომ ყოველმა პატიოსანმა ადამიანმა ნორმალურად იცხოვროს შინ თუ გარეთ და ჰქონდეს საკუთარი ოჯახის და შთამომავლობის უსაფრთხოების სრული გარანტია.

ეროვნული მშვიდობა, თანხმობა, შერიგება განყენებული სიტყვები აღარ არის / ედუარდ შევარდნაძე // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 6 ივნისი. - N98 (377). - 1,2 გვ.

20 მომავლის გარანტად

▲ზევით დაბრუნება


მის აღმატებულებას ბატონ ბორის ელცინს,
რუსეთის პრეზიდენტს

პატივცემულო ბორის ნიკოლოზის ძევ,

მიიღეთ გულითადი მოლოცვა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სუვერენიტეტის დეკლარაციის მიღების დღის გამო.

12 ივნისი ახალი ზონის დასაწყისია რუსეთის სახელმწიფოებრიობის ისტორიაში. ამ თარიღს დიდი მნიშვნელობა აქვს არა მარტო რუსეთის ხალხებისათვის, არამედ სხვა რესპუბლიკებისთვისაც, რომლებიც დიდხანს ცხოვრობდნენ რუსეთთან ერთად და ჩვენი საერთო წარსულის ჭირსა და ლხინს იზიარებდნენ.

დღეს ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოებს მიეცათ შესაძლებლობა თავიანთი ურთიერთობა ააგონ სრული თანასწორუფლებიანობის, ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ინტერესების პატივისცემის პრინციპებზე. ეს უდიდესი მიღწევაა, რომლითაც შეგვიძლია ყველამ ვიამაყოთ. ეს ნამდვილად დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფოების შექმნის უნიკალური შესაძლებლობაა.

ვიმედოვნებთ, რომ ამ გზაზე საქართველო და რუსეთი პარტნიორობას გაუწევენ ერთმანეთს, ერთად იმოქმედებენ ჩვენი სახელმწიფოების წინაშე წამოჭრილი რთული პრობლემების გადაჭრაში.

საქართველოს და რუსეთს მეგობრობისა და თანამშრომლობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები აკავშირებთ და ეს მიგვაჩნია ჩვენი ურთიერთობისათვის ნათელი მომავლის გარანტად.

ქართველი ხალხი, რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭო და მთავრობა პირადად თქვენ გისურვებთ წარმატებებს და ჯანმრთელობას, ხოლო რუსეთის ფედერაციის ხალხებს - აყვავებას.

პატივისცემით, ე. შევარდნაძე.
თბილისი. 1992 წლის 12 ივნისი.

მომავლის გარანტად / ედუარდ შევარდნაძე // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 13 ივნისი. - N103 (382). - 2 გვ.

21 ქართველი ხალხის მტრებმა საქართველოს ესროლეს, ესროლეს მუხანათურად!

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს სახელმწიფო საბჭოს განცხადება

13 ივნისს 10 საათსა და 45 წუთზე ქალაქ თბილისში ჩიქოვანის ქუჩაზე მოხდა ტერორისტული აქტი - აფეთქდა ავტომობილში ჩადებული მძლავრი ნაღმი. ამ ბოროტმოქმედების შედეგად დაიღუპა ხუთი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი.

რამდენიმე კაცი დაიჭრა, სერიოზულად დაზიანდა შენობები. აფეთქებამ გამოიწვია მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალი.

აფეთქება მოხდა სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის ჯაბა იოსელიანის სახლთან ახლოს. რამდენიმე წამით ადრე აფეთქების ადგილას გაიარა ბატონ ჯაბას ავტომობილმა. დაშავდა მისი ერთ-ერთი თანმხლები.

სახელმწიფო საბჭო იზიარებს საქართველოს ყველა პატიოსანი მოქალაქის აღშფოთებას ამ მხეცური აქტის გამო. შექმნილია სპეციალური კომისია, რომელსაც დაევალა ტერორისტული აქტის გარემოებათა გამოძიება. სამართალდამცველ ორგანოებს მიეცათ დავალება ოპერატიულად მიაკვლიონ მის ორგანიზატორებსა და აღმასრულებლებს.

საქართველოს სახელმწიფო საბჭო გულწრფელ თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს.

სრულიად აშკარაა, რომ ჩიქოვანის ქუჩაზე დატრიალებული ტრაგედია წარმოადგენს ერთ რგოლს უმძიმეს დანაშაულობათა გრძელი ჯაჭვისა. იმდენად მძიმე დროში ვცხოვრობთ, რომ ლამის შევეჩვიეთ კიდეც ხიდების, გვირაბებისა და რკინიგზის ლიანდაგების აფეთქებას, გზების ბლოკირებას, ადამიანების წამებას, ხოცვას, გატაცებას ფულის გამოძალვის მიზნით, ან იმისათვის, რომ მშრომელმა კაცმა სამუშაოდ გაბედა გასვლა. ბოროტმოქმედთა თავხედობას საზღვარი აღარ უჩანს, ისინი აღარავის და აღარაფერს ერიდებიან. უმძიმეს დანაშაულს სჩადიან. უმძიმეს დანაშაულს სჩადიან დღისით-მზისით. მოქმედებენ უაღრესად ცინიკურად, ცდილობენ სახელი გაუტეხონ ხელისუფლების ყველა ღონისძიებას, მიმართულს სტაბილიზაციისაკენ. რად ღირს ის ფაქტი, რომ ნაბიჯებს, გადადგმულს ცხინვალის ზონაში მშვიდობის მიღწევისაკენ, მოჰყვა საომარ მოქმედებათა არნახული ესკალაცია. ცხინვალს რაკეტები დაუშინეს მაშინ, როცა ქვეყნის ხელმძღვანელობა იქ სამშვიდობო მოლაპარაკებას ეწეოდა.

უკანასკნელი ტრაგედიის დრო და ადგილიც გამიზნულად არის შერჩეული. ბოლო დროს დაისახა გადამჭრელი ღონისძიებები საქართველოში მშვიდობისა და წესრიგის აღსადგენად. ამის წინააღმდეგ მოაწყვეს ტერორისტული აქტი 13 ივნისს.

მსოფლიოს არც ერთი ცივილიზებული სახელმწიფოს ხელისუფლება ტერორზე ტერორით არ უპასუხებს. ტერორს არც საქართველოს ხელისუფლება მიმართავს, მაგრამ გააკეთებს ყველაფერს ტერორისტთა შესაპყრობად და კანონის მთელი სიმკაცრით დასასჯელად. ის, რაც ჩიქოვანის ქუჩაზე მოხდა, საგანგებო ამბავია, ეს არის უკანასკნელ ჟამს კატასტროფულად მომრავლებულ დანაშაულობათა კულმინაცია. მკვლელები იმასაც კი არ მოერიდნენ, რომ მათს ჩანაფიქრს უსათუოდ მოჰყვებოდა სრულიად უდანაშაულო ადამიანთა მსხვერპლი. და აკი შეიწირეს კიდეც ქალები, ბავშვი... ხელისუფლებაც, სამართალდამცველი ორგანოებიც ვალდებული არიან მიმართონ საგანგებო ზომებს.

ქართველი ხალხის მტრებმა საქართველოს ესროლეს, ესროლეს მუხანათურად. ჩვენს არაკეთილმოსურნეთ ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთაც არ უნდათ შეურიგდნენ ქართველი საზოგადოების კონსოლიდაციას, რის შედეგადაც თითქმის დაძლეულია სამოქალაქო ომის გაჩაღების საფრთხე. მათ ხელს არ აძლევს პოლიტიკური და სოციალური დაძაბულობის განმუხტვა, რომლის ტენდენციებიც ამ ბოლო დროს ხელშესახებია.

საქართველოს სახელმწიფოს საბჭო აუცილებლად თვლის განაცხადოს, რომ ვერავითარი ტერორი, დაძაბულობის ესკალაციის ვერავითარი მცდელობა ვერ შეაჩერებს დემოკრატიის მშენებლობის პროცესს. დანიშნული არჩევნები გაიმართება დროულად და ნორმალურ ვითარებაში. საქართველოს ეყოლება ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება.

სახელმწიფო საბჭო მოუწოდებს საქართველოს ყველა მოქალაქეს სიმშვიდის, ორგანიზებულობისა და წესრიგისაკენ.

მხოლოდ ხალხის, ხელისუფლების, ერთიანი საქართველოსათვის მებრძოლი პარტიებისა და ორგანიზაციების შეთანხმებული მოქმედებით შეიძლება დამკვიდრდეს ქვეყანაში მშვიდობა, სტაბილურობა, დემოკრატია.

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე
ე. შევარდნაძე.
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს მდივანი
ვ. გოგუაძე.

ქართველი ხალხის მტრებმა საქართველოს ესროლეს, ესროლეს მუხანათურად! / ედუარდ შევარდნაძე // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 16 ივნისი. - N104 (383). - 1 გვ.

22 რ. ხასბულატოვის განცხადება განმარტა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარემ:

▲ზევით დაბრუნება


წავიკითხე რუსეთის ფედერაციის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის განცხადება მას შემდეგ, რაც გავეცანი ცნობას დასავლეთ საქართველოდან რკინიგზის ლიანდაგების აყრისა და დივერსიების ადგილზე დაგროვილი 15 სამგზავრო შემადგენლობის შესახებ იძულებული გავხდი თავი მიმენებებინა ამ საქმის მოგვარებისთვის, რათა განმემარტა რ. ი. ხასბულატოვის დემარში.

ორი დღის წინათ თბილისის მჭიდროდ დასახლებულ რაიონში მოხდა ტერორისტული აქტი, დაიღუპნენ მშვიდობიანი მოქალაქეები, მათ შორის - ბავშვები და ქალები. იმავე დღეს გორში გვარდიელებსა და სატანკო პოლკის სამხედრო მოსამსახურეებს შორის მომხდარი შეტაკების შედეგად, კვლავ დაიღვარა სისხლი. ყოველივე ეს - სისხლისღვრა, არეულობა, ანარქია, ქაოსი, რომლებიც ინსპირირებულია დემოკრატიული საქართველოს მოწინააღმდეგეთა მიერ, გვაიძულებს ვიმოქმედოთ ძალების უკიდურესი დაძაბვით. ჩვენ ძალ-ღონეს არ ვიშურებთ იმისთვის, რომ ჩავაქროთ უაზრო კონფლიქტის ალი ცხინვალის რეგიონს რომ მოსდებია.

ამ სიტუაციასთან კონტექსტით რ. ი. ხასბულატოვის განცხადება, მიმართული რუსეთის მოქალაქეებისადმი, წააგავს კიდევ ერთ ფალიას, რომელიც მიაქვთ დენთით სავსე კასრთან.

შეუძლებელია განცხადების ავტორმა არ იცოდეს, რომ იმას, რაც ახლა საქართველოში ხდება ღრმად აქვს გადგმული ფესვი წარსული რეჟიმის პოლიტიკაში. ჩვენს მისწრაფებას, ბოლო მოვუღოთ ამ მემკვიდრეობას, ყოველმხრივ მხარდაჭერა სჭირდება. ამის ნაცვლად რუსეთის პარლამენტის მეთაური აკეთებს განცხადებას, რომელსაც მე ვაფასებ როგორც პოპულისტურსა და დემაგოგიურს, გაანგარიშებულს ცნობილი წრეებისთვის, ასე აშკარად რომ წამოყვეს ახლა თავი.

რ. ი. ხასბულატოვის განცხადება შეურაცხმყოფელია სუვერენული, დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკისთვის, რომლის მიმართ არც რუსეთს, არც სხვა რესპუბლიკებს არ შეიძლება ჰქონდეთ რაიმე ტერიტორიული პრეტენზიები.

რ. ი. ხასბულატოვის განცხადება წყალს უშვებს ექსტრემიზმის წისქვილზე, იმის მიუხედავად, თუ როგორ ეროვნულ სამოსელშია გამოწყობილი.

ეს არის პირდაპირი ხელშეწყობა იმ ძალებისთვის, რომლებიც აყალიბებენ „მოხალისეთა“ ეგრეთ წოდებულ ლეგიონებსა და რაზმებს და გზავნიან მათ კონფლიქტის ზონაში, ისევე როგორც დეპუტატთა დელეგაციებს, არად აგდებენ ეროვნულ-სახელმწიფოებრივი იურისდიქციის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიის ხელშეუვალობის პრინციპებს.

ასეთმა განცხადებებმა შეიძლება ჩაშალოს მოლაპარაკების ის პროცესი, რომელშიც მონაწილეობისთვის ჩვენ მოვიწვიეთ რუსეთიც, რასაც მხარი დაუჭირა თვით პრეზიდენტმა ბ. ნ. ელცინმა.

ედუარდ შევარდნაძე
1992 წლის 15 ივნისი. 17 საათი და 30 წუთი.

რ. ხასბულატოვის განცხადება განმარტა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარემ / ედუარდ შევარდნაძე // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 17 ივნისი. - N105-106 (384-385). - 1 გვ.

23 რაოდენ პატარაც უნდა იყოს საქართველო, იგი არავის არ მისცემს უფლებას, რომ ელაპარაკოს იმპერიული დიქტატის ენით!

▲ზევით დაბრუნება


მიმართვა რუსეთის მოქალაქეებს, სახალხო დეპუტატებს

პატივცემულო რუსეთის მოქალაქენო, რუსეთის ფედერაციის სახალხო დეპუტატებო!

ჩვენი მიმართვა თქვენდამი ნაკარნახევია საქართველო-რუსეთის მომავალი ურთიერთობის გამო, საქართველოსა და რუსეთის ხალხთა მრავალსაუკუნოვანი კავშირის ბედის გამო შეშფოთების გრძნობით. ჩვენ შეგნებული გვაქვს, თუ რაოდენ უპრეცედენტოა ასეთი მიმართვა, მაგრამ ეს მასშტაბი მისთვის ჩვენ არ მიგვინიჭებია. არჩევანი მასშტაბისა - რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისადმი - ეკუთვნის რუსეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს რ. ხასბულატოვს, რომელმაც თავის ამა წლის 15 ივნისს მომართვაში თქვენდამი არსებითად სცადა ჩვენი ხალხების გადაკიდება. დიახ, სწორედ ასე, რამეთუ, დაახასიათა რა ცხინვალის რეგიონში კონფლიქტი როგორც სამხრეთელ ოსთა ეთნოსის გენოციდი და „თავისი ისტორიული სამშობლოდან მასობრივი გაძევება“, ამით მან ნებსით თუ უნებლიედ სისხლისღვრის გაგრძელებისათვის ბრალი დააკისრა მთელ ქართველ ხალხს. შეუძლებელია რაიმე სხვა დასკვნის გამოტანა რ. ხასბულატოვის იმ აშკარა მუქარის გამო, რომ განიხილავს რუსეთის პარლამენტში - „რუსეთის ფედერაციასთან სამხეთ ოსეთის“ შეერთების, სხვაგვარად რომ ვთქვათ ქართველი ხალხისათვის მისი სასიცოცხლო ისტორიული არეალის მნიშვნელოვანი ნაწილის წართმევის საკითხს. ამით არსებითად დაშვებულია საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიის ნაწილის ანექსიის შესაძლებლობა, რაც სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიული სხვა ნორმების უხეში დარღვევაა.

საჭიროდ მიგვაჩნია აგრეთვე განვაცხადოთ, რომ ამგვარი მიმართვები რუსეთის იმ ზოგიერთი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწის ცნობილ განცხადებებთან ერთ რიგში დგას, რომლებმაც მხარი დაუჭირეს საქართველოს ეკონომიკურ ბლოკადას, რაც მხოლოდ ხელს უწყობს კონფლიქტურ რეგიონში დაძაბულობის გაძლიერებას და ევროვნებათაშორის და სახელმწიფოთაშორის ურთიერთობის გაუარესებას.

ყოველივე ამაში აშკარად ჩანს თვითმპყრობელური იმპერიული აზროვნების ნიშნები, იმ დროს გამოძახილი, როცა სახელმწიფოები ძალის პოზიციიდან უკარნახებდნენ თავიანთ ნებას პატარა სახელმწიფოებს.

ასეთია რ. ხასბულატოვის განცხადების ჩვენეული შეფასება. სახელმწიფო საბჭო ასევე გარკვევით გამოხატავს, რომ არ სურს ჩაებას დისკუსიაში რუსეთის პარლამენტის სპიკერთან.

ჩვენს მიზნად მიგვაჩნია თავიდან ავიცილოთ მოვლენათა საშიში განვითარება, რომელიც პროვოკაციულად შეიძლება გამოიწვიოს ამ აშკარად გაუაზრებელმა, ნაჩქარევმა და ჩვენი ხალხისათვის უაღრესად შეურაცხმყოფელმა დოკუმენტებმა, რომ სრულიადაც არ არის შემთხვევითი, რომ ზოგიერთმა მასობრივი ინფორმაციის საშუალებამ სასწრაფოდ გვაუწყა საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობაში წარმოქმნილი დაძაბულობა.

ეს ხდება იმ დროს, როცა ჩვენ და რუსეთის პრეზიდენტმა ბ. ელცინმა მივაღწიეთ თანხმობას ჩვენს ქვეყნებს შორის დიდი ხელშეკრულების დადების საკითხზე, როცა რუსეთის სახელმწიფოს მეთაურმა გამოთქვა სურვილი პირადად მიიღოს მონაწილეობა ცხინვალში კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგების პროცესში, როცა თბილისში ბ. ელცინის დავალებით იმყოფება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია, რომელმაც ჩამოგვიტანა წინადადება ჩვენ შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების შესახებ.

განცხადება-ულტიმატუმი გაისმის იმ დღეებში, როცა თბილისში ყოფილი კავშირის ყველა კუთხიდან ჩამოსული ავღანელი მეომრები განიხილავენ შინაური კონფლიქტების მოწესრიგებაში მონაწილეობის საკითხებს, იქმნება ერთობლივი მრავალეროვნული სამშვიდობო ქვეგანაყოფი, რომლის მისიაა შეაჩეროს ცეცხლი და სისხლისღვრა ცხინვალის რეგიონში.

გვინდა ვუთხრათ რუსეთის დემოკრატიულ საზოგადოებრიობას, რომ ვეთანხმებით უძველეს ჭეშმარიტებას: „დამნაშავე არიან ადამიანები - პასუხს აგებს ხალხი“. მაგრამ ამავე დროს ჩვენი ხალხი ის ადამიანებია, რომლებსაც სურთ ოსებთან იცხოვრონ მშვიდობიანად, მრავალსაუკუნოვანი ტრადიციისამებრ.

განსაკუთრებით ის გვაკვირვებს, რომ რუსეთის პარლამენტის სპიკერმა ხმა აღიმაღლა მაშინ, როცა კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგება საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკა გახდა. რუსეთის ყველა პატიოსან ადამიანს გვსურს ვუთხრათ, რომ 15 ივნისის განცხადებაში უხეშად არის დამახინჯებული ცხინვალის რეგიონში საქმის ვითარების რეალური სურათი. ერთი სიტყვაც არ თქმულა ჩვენს სამშვიდობო ძალისხმევაზე. გამსახურდიას რეჟიმის დამხობის შემდეგ რომ ვეწევით; იმაზე, რომ კონფლიქტის ზონიდან რუსეთის შინაგანი ჯარების გაყვანის შემდეგ თავი შევიკავეთ მათი საქართველოს შეიარაღებული ძალების ნაწილებით შეცვლისაგან, რის შედეგადაც მათი პოზიციები ოსეთის შეიარაღებულმა ფორმირებებმა დაიკავეს.

15 ივნისის განცხადებაში ყურადღება გამახვილებულია „რუსეთის ჯარების მცირე კონტინგენტის მიმართ დაწოლაზე“, მაგრამ ერთი სიტყვაც არ თქმულა იმაზე, რომ ოსი ექსტრემისტები დაესხნენ თავს ინჟინერ-მესანგრეთა პოლკს და ხელთ იგდეს მისი სამხედრო ქონება. ასევე არაფერი თქმულა რუსეთის ტერიტორიიდან კონფლიქტის ზონაში შემოტანილ საბრძოლო ტექნიკაზე და „მოხალისეებზე“, რომლებიც „რუსეთის სამხრეთ საზღვრებს იცავენ, დასახიჩრებულ, დამწვარ ქართველზე, ათობით ნაცარტუტად ქცეულ სოფელზე, ათასობით ქართველ ლტოლვილზე, რომლებიც, ისევე როგორც ოსები გადახვეწილი არიან თავიანთი დანგრეული მამაპაპური კერებიდან.

ასევე არ არის ნახსენები საქართველოს ხელმძღვანელობის ძალისხმევა ყველა ლტოლვილის, განურჩევლად მათი ეროვნებისა, მკვიდრ ადგილებში დაბრუნებისათვის, დუმილი ამჯობინეს.

ლტოლვილები დაბრუნდებიან. დაბრუნდება მშვიდობა ამ მრავალტანჯულ მიწაზე.

ჩვენ ყველაფერს ვიღონებთ იმისათვის, რომ ეს მოხდეს საქართველოს სურს გაგრძელდეს ყველაზე კეთილი ურთიერთობა ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის. ჩვენ ვთხოვთ ყველას, დაგვეხმარონ, მხარი დაგვიჭირონ ამ საქმეში. მაგრამ, მოდი ნურავის ნუ შეეშლება: რაოდენ პატარაც უნდა იყოს საქართველო, იგი არავის არ მისცემს უფლებას, რომ ელაპარაკოს იმპერიული დიქტატის ენით. ჩვენ ვიცით, რომ რუსეთს აქვს თავისი საშინაო პრობლემები, მაგრამ ისინი არ უნდა გადაიჭრას სხვის ხარჯზე. ჩვენს მიერ დაწყებული მოლაპარაკების პროცესი ოსეთის მხარესთან წარიმართება რეგიონში საქმის ვითარებისათვის ორი ხალხის პასუხისმგებლობის სულისკვეთებით. უხეში ჩარევა ამ პროცესში უთუოდ უკუშედეგებს მოგვიტანს. მაგალითი ყველას თვალწინ არის და სულ იოლი დასანახია ასეთ ჩარევათა შედეგები - ჩვენი საზღვრების უშუალო სიახლოვეს ბობოქრობენ გარეშე ძალების მიერ გაჩაღებული კონფლიქტები.

ჩვენ თვითონ უნდა გავაკეთოთ ის, რაც გვევალება, რეალობად ვაქციოთ ამ კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის ჩვენი პოლიტიკა, რადგან ეს თუ არ მოვიმოქმედეთ, ვერ განვახორციელებთ ჩვენს ოცნებას თავისუფალ, დამოუკიდებელ, დემოკრატიულ საქართველოზე. და ამ საქმეში პროგრესული დემოკრატიული რუსეთის მხარდაჭერის დიდი იმედი გვაქვს.

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს სახელით:
ედუარდ შევარდნაძე,
სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე,
ვახტანგ გოგუაძე,
სახელმწიფო საბჭოს მდივანი.
1992 წლის 16 ივნისი.

რაოდენ პატარაც უნდა იყოს საქართველო, იგი არავის არ მისცემს უფლებას, რომ ელაპარაკოს იმპერიული დიქტატის ენით! / ედუარდ შევარდნაძე // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 17 ივნისი. - N105-106 (384-385). - 1 გვ.

24 ხორციელდება უშუალო აგრესია საქართველოს წინააღმდეგ

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის განცხადება

18 ივნისის 16 საათზე ცხინვალის რაიონში სამი საბრძოლო ვერტმფრენი რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების საცნობი ნიშნებით თავს დაესხა საქართველოს ეროვნული გვარდიის ქვეგანაყოფებს, მათ პოზიციებს დაუშინეს 8 რაკეტა, შემდეგ ვერტმფრენებმა მცირე სიმაღლიდან შეუტიეს ქართულ სოფლებს და დაუშინეს მათ მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევის ცეცხლი. ამის შემდეგ ცხინვალის მხრიდან დაიწყო შეიარაღებულ ფორმირებათა შემოტევა, რომლის დროსაც გამოიყენეს ტანკები და ჯავშანტრანსპორტიორები.

ამრიგად, კონფლიქტი რეგიონში იძენს ახალ ხასიათსა და მასშტაბს. ახლა მასში აშკარად მონაწილეობენ რუსეთის შეიარაღებული ძალები, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ხორციელდება უშუალო აგრესია საქართველოს რესპუბლიკის წინააღმდეგ.

თავდასხმის დროს ცხინვალში იმყოფებოდა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრის მოადგილე გენერალი კონდრატიევი, რომლის ჩამოსვლის ამბავი რესპუბლიკის ტერიტორიაზე საქართველოს ხელმძღვანელობამ არ იცოდა.

არსებული მონაცემების თანახმად, რუსეთ-საქართველოს საზღვრის ჩრდილოეთ მხარეს კონფლიქტის ზონაში ხდება რუსეთის ჯარებისა და საბრძოლო ტექნიკის თავმოყრა.

ამ უკანასკნელ მოვლენათა ფონზე კიდევ უფრო ავისმომასწავებელი ხდება ბატონ ხასბულატოვის განცხადება. იგი გახდა აგრესიული მოქმედების, მასში რუსეთის არმიის მონაწილეობისთვის სიგნალი და გამართლება. ახლა უკვე აშკარაა, რომ შინაკონფლიქტი საქართველოში გამოიყენება საბაბად შორს გამიზნული იმპერიული ზრახვებისათვის, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ანექსიას და ქართველი ხალხის დაშინებას.

რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების შეტევის შედეგად არიან მოკლულები და დაჭრილები, მაგრამ მსხვერპლი გაცილებით დიდი იქნება, თუ არ შეწყდა რუსეთის რეაქციული ძალების მიერ დაწყებული საშიში და უპასუხისმგებლო ავანტიურა.

მე მწამს, რომ აგრესიის აქტი განხორციელდა რუსეთის პრეზიდენტის დაუკითხავად, რომ მოსკოვში დაბრუნებისას იგი ბოლოს მოუღებს ამ უგუნურებას, იმედებს ვამყარებ რუსეთის პარლამენტის საღადმოაზროვნე წევრებზე, რომლებიც გაემიჯნებიან სპიკერის სამარცხვინო განცხადებას. დარწმუნებული ვარ აგრეთვე: რუსეთის დემოკრატიული საზოგადოებრიობა არ დაუშვებს იმას, რომ საქართველო-ოსეთის კონფლიქტი, რომელიც თავის დროზე ინსპირირებული იყო ორივე მხარის პოლიტიკური ინტრიგებით, გამოიყენონ მოლაპარაკების პროცესის, დემოკრატიის მშენებლობის ჩაშლისთვის.

დარწმუნებული ვარ: რუსეთის არმიის მეთაურებსა და ოფიცრებს შეგნებული აქვთ, რომ კვლავ სურთ არმია ჩაითრიონ დიდმპყრობელურ სამხედრო ავანტიურებში. ამის საფუძველს მაძლევს ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდლის გენერალ ვ. ო. პატრიკეევის პოზიცია, რომელსაც არ სურს, რომ ქართველი ხალხის თვალში რუსი ჯარისკაცი გაიგივებული იყოს დამსჯელთან და თავისუფლების დამთრგუნველთან.

მაქვს ჩემი თანამემამულეების თავდაჭერილობის, სიბრძნისა და დიდსულოვნების იმედი, და მოვუწოდებ მათ არ აჰყვნენ ამ პროვოკაციას. მე მსურს, რომ საქართველოში რუსმა სამხედრო მოსამსახურეებმა და მათმა ოჯახმა შეიგნონ: ვერავინ გაბედავს ხელყოს მათი უშიშროება.

მივმართავ გაერთიანებული ერების ორგანიზაციას, ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის თათბირს, თანამშრომლობის ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს, ევროპის გაერთიანებებს, სხვა საერთაშორისო და რეგიონალურ ორგანიზაციებს ყველაფერი იღონონ იმისთვის, რომ არ დაუშვან აგრესია საქართველოს რესპუბლიკის წინააღმდეგ.

ედუარდ შევარდნაძე
1992 წლის 19 ივნისი, თბილისი

ხორციელდება უშუალო აგრესია საქართველოს წინააღმდეგ / ედუარდ შევარდნაძე // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 20 ივნისი. - N110 (389). - 1 გვ.

25 ჩვენ ყველანი პასუხისმგებელი ვართ მომავლის წინაშე. თუ საკუთარი თავისათვის არა, ჩვენი ხალხების გულისთვის უნდა დავფიქრდეთ იმაზე, თუ რა პასუხის გაცემა მოგვიწევს მათთვის.

▲ზევით დაბრუნება


ედუარდ შევარდნაძის წერილი ალექსანდრე რუცკოის

მის აღმატებულებას ბატონ ა. ვ. რუცკოის, რუსეთის ვიცე-პრეზიდენტს

ალექსანდრე ვლადიმერის ძე!

ამ წერილის გამოგზავნა მაიძულა თქვენმა გუშინდელმა განცხადებამ და ზოგიერთმა წინა გამოსვლამ.

წერილი ღიაა, ისევე როგორც ღიაა და საჯაროა თქვენი

გამოსვლები. როგორც ყოველთვის, ვამჯობინებდი თქვენთან

შინაურულ საუბარს. მაგრამ ახლა, როცა საქმე ეხება საქართველოს სახელსა და ღირსებას, მის უშიშროებას, მის სიცოცხლეს, მოვალე ვარ საჯაროდ გამოვხატო ჩემი პოზიცია.

ერთი წლის წინათ ჩვენ ორივენი საფრთხის წინაშე აღმოვჩნდით. თქვენც და მეც საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის სათავეში მდგომი რეაქციული წრეები გვემუქრებოდნენ პარტიული ინკვიზიციის სამსჯავროთი. ჩვენ ერთმანეთის გვერდით ვიდექით აგვისტოს პუტჩის დღეებშიც, ერთად ვმუშაობდით დემოკრატიული რეფორმების მოძრაობაში.

ეს იმის ფიქრის საფუძველს მაძლევდა, რომ თქვენთვის კარგად არის ცნობილი ჩემი ცხოვრებისეული და პოლიტიკური ფილოსოფია, ძალის პოლიტიკის მიმართ ჩემი მტკიცე უარყოფითი დამოკიდებულება, დიალოგისა და აწონილ-დაწონილი გადაწყვეტილებებისადმი ჩემი ერთგულება. საქართველო-ოსეთის კონფლიქტის ჩემეული შეფასებაც კარგად ცნობილი უნდა იყოს თქვენთვის. მიმაჩნია, რომ კონფლიქტი ექსტრემისტი პოლიტიკოსების მიერ იყო ინსპირირებული და მისი მოწესრიგების ერთადერთი გზა პოლიტიკური დიალოგი და მშვიდობიანი მოლაპარაკება გახლავთ.

მოლაპარაკების პროცესი დაიწყო ამ მდგომარეობის სრული შესაბამისობით, რაც საფუძვლად დაედო ჩვენს სახელმწიფო პოლიტიკას. საქართველოში და მის გარეთ ამ მოლაპარაკების ჩაფუშვის მრავალმა ცდამ ვერ შეგვაჩერა. ინფორმაციულმა ომმა, მოვლენათა ცალმხრივმა ასახვამ, საზოგადოებრივი აზრის შესაბამისმა დამუშავებამ რუსეთში, უკიდურესად გააძნელა ჩვენი მოქმედება, მაგრამ ჩვენ კვლავ წინ მივიწევდით. და უცბად - რ. ხაზბულატოვის განცხადება და მუქარა, რომ განიხილავენ „სამხრეთ ოსეთის“ რუსეთთან შეერთების საკითხს, რაც აფერხებს ჩვენს ძალისხმევას და კოზირს აძლევს ძალისმიერი გადაწყვეტილების მომხრეებს.

სამი დღის შემდეგ კი რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების ვერტმფრენები უტევენ ეროვნული გვარდიის პოზიციებს, რომელიც რეგიონში შევიყვანეთ ქართული სოფლების დასაცავად. ჩვენ ეს არასდროს არ დაგვიმალავს.

იმ მტკიცების მიუხედავად, რომ გახსნეს „საპასუხო გამაფრთხილებელი ცეცხლი“, რომელსაც დანაკარგი არ მოჰყოლია ქართველთა მხრიდან, ეს იყო არაპროვოცირებული აგრესიის აქტი, რის შედეგად დაიღუპნენ და დაიჭრნენ ადამიანები. თქვენი ცნობილი მუქარის შემდეგ მაქვს მტკიცე საფუძველი იმისა, რომ ვერტმფრენებთან დაკავშირებული ეს ინციდენტი შევაფასო, როგორც აგრესიის აქტი.

ამას წინათ, თბილისში რომ დამირეკეთ, სიტყვა-სიტყვით ასე მითხარით: „ესკადრილიებს ავუშვებ ჰაერში და დავბომბავ თქვენს ქალაქებს...“.

ვიცნობ რა თქვენს ზნეს და თქვენს გამოცდილებას, ამ სიტყვებს არ მოვკიდებივარ როგორც რიტორიკას. ვიფიქრე, რომ არასწორად ხართ ინფორმირებული იმის შესახებ, რაც ხდება და ამიტომ გამოვგზავნე თქვენთან სახელმწიფო საბჭოს წევრი ვალერიან ადვაძე, რომლის შეხედულებები კონფლიქტის ბუნებისა და მისი მოწესრიგების საშუალებათა თაობაზე ემთხვევა ჩემსას. მან მოგაწოდათ ინფორმაცია, რომელსაც, როგორც მეგონა, უნდა დაერწმუნებინეთ, რომ ჩვენ გულწრფელად გვსურს მივაღწიოთ მშვიდობას.

ვერ დაგარწმუნათ, და როგორც ახლა ვხედავ, ვერც დაგარწმუნებდათ, რადგან, თქვენ ხელს გაძლევთ სხვა კურსი.

თქვენმა მუქარამ, ხაზბულატოვის განცხადებამ, 18 ივნისის მოვლენებმა, გუშინდელმა გამოსვლამ და განცხადებამ დაადასტურა, რომ ეს სწორედ ასეა, ჩემი შეშფოთება საფუძვლიანი იყო.

ამიერკავკასიის სამხედრო ოლქში და მის ფარგლებს გარეთ ბევრი გენერალია. და თუ ყოველი მათგანი, გენერალ-პოლკოვნიკ გ. კონდრატიევის მსგავსად, სხვა სახელმწიფოში ყოფნისას, გასცემს „ცეცხლის წერტილების დაბომბვის“ ბრძანებას, იმის გაფიქრებაც კი შემზარავია, თუ რა შეიძლება მოჰყვეს ამას.

თქვენმა გუშინდელმა გამოსვლამ მკვეთრად გაამწვავა სიტუაცია საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი რუსეთის ჯარების გარშემოც, რამაც, ალბათ, შეიძლება მისცეს მათ მორიგი საბაბი ცეცხლის გახსნის ბრძანების გასაცემად.

თქვენმა გამოსვლებმა და გამონათქვამებმა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გამახსენა ავღანეთის ომისდროინდელი ზოგიერთი აგრესიული განცხადება. ოღონდ იმ განსხვავებით, რომ დანაკარგების საგულდაგულოდ დაფარული ციფრები - მილიონნახევარი ავღანელი და თხუთმეტი ათასი საბჭოთა ჯარისკაცი და ოფიცერი - არ იყო კვალიფიცირებული, როგორც გენოციდი. ახლა განსაკუთრებით აღნიშნავთ ოსეთის მხარის დანაკარგებს, ამახინჯებთ ნამდვილ ციფრებს და ერთი ხალხის ტანჯვის ამ თქვენეული სტატისტიკით სისხლის ღვრისაკენ მოუწოდებთ. მე კი, როცა მოწმე ვარ ყველა დანაკარგისა როგორც ერთი ისე მეორე მხრიდან და არ ვასხვავებ დაღუპულებსა და ჭერმოშლილებს ეროვნული ნიშნით, რადგან ისინი ყველანი ჩემი თანამემამულენი არიან, კვლავ გონიერების იმედი მაქვს.

თქვენ ჩემს გაცხადებებს ცინიკური უწოდეთ. უცნაური წარმოდგენა გქონიათ ცინიზმზე. არ ვიკადრებ საპასუხოდ შეურაცხყოფა მოგაყენოთ. დაე, თქვენი მსაჯულები იყვნენ ადამიანები, რომლებსაც თქვენი გამოსვლის შემდეგ კვლავ გასაჭირი დაადგათ, როცა გაზის მიწოდება შეუწყვიტეს. თქვენს თვალში საქართველო პატარა და სუსტი ქვეყანაა, რუსეთი კი დიდი და ძლიერი - იმდენად ძლიერი, რომ მის ზოგიერთ ხელმძღვანელს ჰგონია, თითქოს უფლება ჰქონდეს თურქმენეთის გაზის მიწოდება შეუწყვიტოს სხვა რესპუბლიკებს.

მაგრამ ამასთან დაკავშირებით ერთი კითხვა მინდა დაგისვათ: ნუთუ თქვენთვის სულერთია რუსეთის პრეზიდენტის ბ. ნ. ელცინის აზრი იმის შესახებ, რომ ეკონომიკური სანქციები ხელს ვერ შეუწყობს კონფლიქტების მოწესრიგებას.

მე სპეციალურად მომყავს მისი ციტატა რეზოლუციიდან, რომ იგი წაიკითხონ საქართველოშიც, რათა იცოდნენ, რომ რუსეთში ყველა როდი ფიქრობს და მოქმედებს ისე, როგორც გენერალი რუცკოი.

და მე დარწმუნებული ვარ, რომ ყოველივე ამის მიუხედავად, ჩემი თანამემამულენი ღირსეულად შეხვდებიან ახალ განსაცდელს, შეძლებენ არ დაკარგონ რუსი ხალხის, თითოეული რუსის ნდობა და პატივისცემა, სამხედრო ფორმიანი კაცი იქნება ის, თუ უბრალო მოქალაქე.

ბოლო თვეების მოვლენებმა დაგვანახეს, რაოდენ სახიფათოა მხოლოდ დღევანდელი დღით ცხოვრება. ჩვენ ყველანი პასუხისმგებელნი ვართ მომავლის წინაშე. თუ საკუთარი თავისთვის არა, ჩვენი ხალხების გულისთვის უნდა დავფიქრდეთ იმაზე, თუ რა პასუხის გაცემა მოგვიწევს მათთვის.

ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი, 1992 წლის 21 ივნისი.

ჩვენ ყველანი პასუხისმგებელი ვართ მომავლის წინაშე. თუ საკუთარი თავისათვის არა, ჩვენი ხალხების გულისთვის უნდა დავფიქრდეთ იმაზე, თუ რა პასუხის გაცემა მოგვიწევს მათთვის. / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 23 ივნისი. - N111(390). - 1 გვ.

26 სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის ინტერვიუ საქართველოს ტელევიზიას

▲ზევით დაბრუნება


- ელოდით, რომ ასეთი სიტუაცია შეიქმნებოდა?

- მოსალოდნელი იყო.

- უნდა ვიფიქროთ, რომ ექსპრეზიდენტი შეეცადა ხელი შეეშალა დაგომისში პრეზიდენტ ელცინთან თქვენი შეხვედრისათვის?

- სავსებით შესაძლებელია, რომ მათ ამის გამო იჩქარეს.

- თქვენი აზრით, რით დამთავრდება ყველაფერი ეს?

- განიარაღებით, მხედველობაში მარტო იარაღის ამოღება როდი მაქვს, ამ ძალებს არანაირი მხარდაჭერა აღარ ექნებათ, რადგან ხალხმა დაინახა მათი ნამდვილი სახე და იცის, რას წარმოადგენენ ისინი.

სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის ინტერვიუ საქართველოს ტელევიზიას / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 25 ივნისი. - N114 (393). - 1 გვ.

27 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის ედუარდ შევარდნაძის მიმართვა საქართველოს მოსახლეობისადმი

▲ზევით დაბრუნება


ძვირფასო თანამემამულენო!

დღეს, 24 ივნისს, დილაადრიან, ყოფილი პრეზიდენტის მომხრეთა შეიარაღებული ბანდა შემოიჭრა დედაქალაქში, განაიარაღა შინაგანი ჯარების ერთ-ერთი ქვეგანაყოფი, აიღო სატელევიზიო სტუდია და სატელევიზიო ანძა. შეტაკების დროს დაიჭრა რამდენიმე კაცი. ტელევიზიისა და რადიოქსელის საშუალებით გადაიცა პროვოკაციული განცხადებები და მოწოდება, დაეწყოთ შეიარაღებული გამოსვლები.

ხელისუფლება სასწრაფო ღონისძიებებს მიმართავს ამ ავანტიურის აღსაკვეთად. გვყავს სათანადო ძალები და საშუალებები წესრიგის აღსადგენად.

მივმართავ მოსახლეობას - ნუ აყვება პროვოკაციებს, შეინარჩუნოს სიმშვიდე და ორგანიზებულობა. ღონისძიებებს წესრიგისა და სტაბილურობის აღსადგენად ხელმძღვანელობს სახელმწიფო საბჭოს პრეზიდიუმი, შექმნილია სპეციალური შტაბი. ინფორმაციას მოგაწვდით სისტემატურად.

1992 წლის 24 ივნისი, 8.30 წუთი

ყოფილი პრეზიდენტის მომხრეთა შეიარაღებული ამბოხების გამო, რომელიც 24 ივნისს, გამთენიისას მოხდა და რომლის შედეგადაც თბილისში ტელესტუდია და ტელეანძა დაიკავეს, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარემ ედუარდ შევარდნაძემ გადადო გამგზავრება დაგომისში, სადაც რუსეთის პრეზიდენტს ბორის ელცინს უნდა შეხვედროდა. რესპუბლიკის ქალაქებსა და რაიონებში ხორციელდება ყველა დაგეგმილი ღონისძიება.

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის ედუარდ შევარდნაძის მიმართვა საქართველოს მოსახლეობისადმი / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 25 ივნისი. - N114(393). - 1 გვ.

28 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის ედუარდ შევარდნაძის განცხადება

▲ზევით დაბრუნება


თანამემამულენო!

ყოფილი პრეზიდენტის მომხრეთა ბანდიტურმა რაზმებმა თავიანთი ავანტიურისტული აქცია დაამთხვიეს 24 ივნისს დანიშნულ საქართველოს სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარისა და რუსეთის პრეზიდენტის შეხვედრას. ამ შეხვედრის ჩაშლა მათი ავანტიურისტული გეგმის ერთ-ერთი უმთავრესი ნაწილია.

მინდა საქართველოს მოსახლეობას განვუცხადო, რომ შეთქმულთა გეგმებს ასრულება არ უწერია. დემოკრატიული, ჰუმანური, მაღალი წესრიგის, ორგანიზებული სახელმწიფოს მშენებლობაზე აღებული ჩვენი კურსი უცვლელია. თქვენ ერთხელ კიდევ დაინახეთ ნამდვილი სახე ჩვენი ხალხის მიერ განდევნილი ავტორიტარული რეჟიმის მომხრეებისა. შეხვედრას დაგომისში შეიძლება სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდეს საქართველოსათვის.

მას შემდეგ, რაც ბანდიტებს ალყა შემოარტყეს და დაკავებული პოზიციებიდან გამოდევნეს, სახელმწიფო საბჭოს პრეზიდიუმმა გადაწყვიტა არ ჩაშალოს დაგომისის შეხვედრა. დარწმუნებული ვარ, რომ მოლაპარაკება პრეზიდენტ ელცინთან და რუსეთის სხვა ხელმძღვანელებთან სიკეთეს მოუტანს ჩვენს მრავალტანჯულ ქვეყანას. ერთხელ კიდევ მოგიწოდებთ, ძვირფასო თანამემამულენო, სიფრთხილისა და სიმშვიდისაკენ და კიდევ ერთხელ ერთობისაკენ. ჩვენი ერთობა, დუღაბად შეკრული ჩვენი რიგები იხსნის საქართველოს.

გფარავდეთ მაღალი ღმერთი.

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის ედუარდ შევარდნაძის განცხადება / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 25 ივნისი. - N114 (393). - 1 გვ.

29 გადარჩენის გზა თანამოქმედებასა და თანამშრომლობაშია

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა სტამბოლის დეკლარაციის ხელმოწერის ცერემონიაზე 1992 წლის 25 ივნისს

პატივცემულო ბატონო თავმჯდომარევ,

პატივცემულო შავი ზღვის აუზის სახელმწიფოთა მეთაურებო.

1990 წლის დეკემბერში, მის აღმატებულებასთან, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან საუბრისას პირველად გავიგე, რომ არსებობდა პროექტი, რომელიც მსოფლიოში ცნობილი უნდა გამხდარიყო.

ახლა ამ გეგმამ ხორცი შეისხა შავი ზღვის აუზის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის დეკლარაციაში.

ბევრი ჩვენგანისათვის ეკონომიკის გაჯანსაღება დემოკრატიაზე დაფუძნებული ეროვნული სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების მთავარი წინამძღვარია. ამ მხრივ ევროპის პროცესის ფარგლებში შავი ზღვის აუზის სახელმწიფოთა ეკონომიკური თანამშრომლობის გეგმა განუმეორებელ შანსს გვაძლეს.

მაგრამ სიტუაციის საღი შეფასება გვაიძულებს განვაცხადოთ: დეკლარაციის მონაწილე თითოეული ქვეყნის უშიშროების მტკიცე გარანტიების გარეშე შავი ზღვის ეკონომიკური ალიანსი ჩაშლის საფრთხის წინაშე დგას.

ჩვენ ძნელ დროში ვცხოვრობთ. შავი ზღვის აუზი გადიდებული დაძაბულობის ზონა ხდება. აქ შეიკრა საშიში კონფლიქტების კვანძები.

ეკონომიკურის გარდა, ახლა საჭიროა აქტიური პოლიტიკური თანამოქმედება, თანამოქმედება რეგიონალურ დონეზე ერთიანი კოოპერაციული სტრუქტურების ფარგლებში.

ნება მიბოძეთ, მოკლედ მოგახსენოთ ჩემი ზოგიერთი მოსაზრება ამის შესახებ.

პირველი.

ჩვენ გთავაზობთ შევქმნათ პოლიტიკური, ეკონომიკური, ეკოლოგიური და კულტურულ-სამართლებრივი ინტეგრაციის მაღალი დონის რეგიონალური ორგანიზაცია.

„შავი ზღვის ათეული“ ქმედუნარიანი გაერთიანება რომ გახდეს, საკმაო დროა საჭირო, მაგრამ უკვე ახლა შეიძლება განისაზღვროს, გვსურს თუ არა ამ გზით სიარული.

საქართველოს დელეგაცია გთავაზობთ შევთანხმდეთ შავი ზღვის ქვეყნების ორგანიზაციის ან ალიანსის შექმნის თაობაზე.

ამ ორგანიზაციის შტაბ-ბინა უნდა დაარსდეს აქ, სტამბოლში, და მიეცეს მას პატარა მრავალეროვნული სამდივნო გენერალური მდივნის მეთაურობით.

თავმჯდომარეობას რიგრიგობით გასწევენ სახელმწიფოთა მეთაურები. აქვე სტამბოლში შეიძლება გაიმართოს ხოლმე ორგანიზაციის უმაღლესი დონის ყოველწლიური სხდომები.

შტაბ-ბინასა და სამდივნოში იქნება კონცენტრირებული პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციის პროგრამების შემუშავება.

მეორე.

გთავაზობთ შევქმნათ ამ ორგანიზაციის სამუშაო ორგანოები:

- საგარეო საქმეთა მინისტრების კომიტეტი;

- თავდაცვის მინისტრთა კომიტეტი;

- ევროპის გაერთიანებებთან, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის თათბირთან და სხვა საერთაშორისო ინსტიტუტებთან კავშირურთიერთობის ბიურო;

- შავი ზღვის გარემოსა და ეკოლოგიის დაცვის სააგენტო;

- კულტურის, სპორტის, ტურიზმის, კურორტების კომიტეტი;

- ადამიანის უფლებათა ბიურო, ეთნიკურ უმცირესობათა დებულება, რელიგიათა დებულება;

- მეწარმეთა ასოციაცია;

- ვაჭრობისა და სატრანზიტო ტვირთზიდვის საკითხთა კომიტეტი;

- სოციალურ საკითხთა და მიგრანტების საქმეთა ბიურო;

- შავი ზღვის გადარჩენისა და მისი რესურსების გამოყენების ორგანიზაცია.

მესამე.

აქ წარმოდგენილი თითქმის ყველა სახელმწიფო აწყდება კონფლიქტურ სიტუაციებს. რა თქმა უნდა, არ არსებობს მათი მოწესრიგების ერთიანი რეცეპტი, მაგრამ, თუ მიზანმიმართულად ვიმოქმედებთ, კოლექტიურად დავეხმარებით მხარეებს დაზავებაში, შეიძლება წარმატების იმედიც ვიქონიოთ.

გთავაზობთ შევქმნათ კონფლიქტების მოწესრიგების ცენტრი, რომელშიც შევიდოდა თითოეული ქვეყნის სამ-სამი წარმომადგენელი. საქართველო მზად არის მიიღოს ასეთი ცენტრი და უზრუნველყოს მისი საქმიანობის პირობები.

სასარგებლო იქნება აგრეთვე შეგვეთანხმებინა დამავალდებულებელი დეკლარაცია არსებული საზღვრების გადასინჯვაზე მორატორიუმის შემოღების შესახებ, რომელიც იმოქმედებდა მინიმუმ ხუთ წელს, უმჯობესია კი - ორი ათას წლამდე. ეს სრულიადაც არ ნიშნავს, რომ ამ პერიოდში არ შეიძლებოდეს მოლაპარაკება საზღვრების თაობაზე.

პირველი ნაბიჯი ამ გზაზე შეიძლება იყოს ცეცხლის შეწყვეტის შემოღება, რომლის დროს იურიდიულად და ფაქტობრივად რჩება მდგომარეობა სტატუს-კვო.

მორატორიუმის პერიოდი უნდა გამოვიყენოთ ორმხრივ და მრავალმხრივ დონეებზე ინტენსიური დიალოგისა და პოლიტიკური მოლაპარაკებისათვის.

ყველა ჩვენი ქვეყანა დაკავშირებულია ევროპაში შეიარაღებული ძალების შემცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებებით, მაგრამ არის გაურკვევლობა ჩვენს რეგიონში ჰელსინკის პროცესის ფარგლებში შემუშავებულ სამხედრო დარგში ნდობის ღონისძიებათა მოქმედების გამო. ეს გაურკვევლობა უნდა აღმოიფხვრას. ისინი სრულად უნდა გავრცელდეს ჩვენს რეგიონზეც.

რამდენადაც ჩვენ ვაშენებთ ჩვენს ორგანიზაციას შავი ზღვის გარშემო, პარიზის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შეზღუდვებს აუცილებლად უნდა დავუმატოთ შეზღუდვები შავ ზღვაში სამხედრო-საზღვაო საქმიანობაზე.

პრაქტიკულად საქმე ეხება კოლექტიური შეთანხმების ან კონვენციის შემუშავებას სამხედრო-საზღვაო ძალებზე - წყალზედა და წყალქვეშა ხომალდებზე, სანაპირო თავდაცვის ძალებსა და სამხედრო-საზღვაო ძალების პირად შემადგენლობაზე ზედა ზღვარის დაწესების შესახებ.

საქართველო განსაკუთრებით არის დაინტერესებული ამით. მას სურს, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის შავი ზღვის ფლოტის გამო დავა სამართლიანად და ცივილიზებულად გადაწყდეს.

თუ ჩვენ დავეთანხმებით შავ ზღვაში სამხედრო-საზღვაო ძალებისათვის საერთო ლიმიტის დაწესებას, რომელიც არსებულზე გაცილებით ნაკლები იქნებოდა, და შევთანხმდებით შავი ზღვის აუზის თითოეული სახელმწიფოსათვის კვოტების თაობაზე, მაშინ, დარწმუნებული ვარ, შევძლებთ დავძლიოთ შავი ზღვის ფლოტის საკითხის გარშემო შექმნილი დაძაბულობა.

მეოთხე.

სცენიდან საბჭოთა კავშირის წასვლამ ისეთი პრობლემაც დაგვიტოვა, როგორიც არის ურთიერთვალდებულებანი. რამდენადაც აქ დაინტერესებული მხარეებია არა მარტო ახალშექმნილი სახელმწიფოები, არამედ ისინიც, ვისთანაც საბჭოთა კავშირს საქმეები ჰქონდა. სამართლიანი იქნებოდა მოგვეწვია სპეციალური საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც მოაწესრიგებდა ერთი სახელმწიფოს გაქრობასა და რამდენიმე ახლის შექმნის გამო წარმოქმნილ სამართლებრივ და ფინანსურ პრობლემებს.

ქალბატონებო და ბატონებო,

აქ, ბოსფორის ნაპირებზე, ძველი ჰელესპონტის მახლობლად, მაგონდება ჰელესა და ფრიქსეს ლეგენდა. ისინი ეძებდნენ ხსნას კოლხეთში, საქართველოს იმ ნაწილში, რომელიც შავი ზღვის დასავლეთის სანაპიროზე მდებარეობს.

ახლა, ჩვენთვის ამ ძნელ ჟამს, თავად ჩვენ ვეძებთ გადასარჩენ გზას, და ვხედავთ მას შავი ზღვის აუზის სახელმწიფოებთან თანამოქმედებასა და თანამშრომლობაში. დიდი იმედი მაქვს, რომ თქვენი დახმარებით ვიპოვით მას.

გადარჩენის გზა თანამოქმედებასა და თანამშრომლობაშია / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 27 ივნისი. - N116 (395). - 1 გვ.

30 ედუარდ შევარდნაძე: „დიდი მადლობა თბილისელებს, მთლიანად ქართველ ხალხს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდობას!“

▲ზევით დაბრუნება


სხდომაზეც ხაზგასმით ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, რომ 24 ივნისს ხელისუფლებამ ძალიან დიდი ავანსი მიიღო - ხალხის მხარდაჭერა, თბილისელთა მხარდაჭერა. იმ ტრაგიკულ დღეს, დაგომისში გამგზავრებამდე, ქალაქში გასულს საშუალება მომეცა თვალნათლივ დავრწმუნებულიყავი ამაში. დიდი მადლობა მას ასეთი თანადგომისთვის. 24 ივნისს ხაზგასმით გამოიკვეთა თბილისელების, მთლიანად ქართველი ხალხის ერთსულოვანი მისწრაფება - არ დაუშვას დიქტატურის აღორძინება, მხარში ამოუდგეს იმათ, ვისაც გულწრფელად სურს დემოკრატიული საქართველოს მშენებლობა. იმ დღეს ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რომ ქალაქში ვიგრძენი ახალგაზრდობის საოცარი მხარდაჭერა და მზადყოფნა - ჩვენთან ერთად ჩაერთოს დემოკრატიული გარდაქმნების პროცესში.

ჩემი აზრით, სწორედ ეს არის უდიდესი მონაპოვარი და შედეგი დემოკრატიის მშენებლობის იმ კურსისა, რომელსაც დღეს საქართველოს ხელისუფლება ადგას. და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ახალგაზრდობა ქვეყნის იმედი და მომავალია.

ედუარდ შევარდნაძე: „დიდი მადლობა თბილისელებს, მთლიანად ქართველ ხალხს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდობას!“ / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 30 ივნისი. - N117 (396). - 1 გვ.

31 გადავარჩინოთ ქართული კულტურა

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს შემოქმედებითი კავშირების გაერთიანებული პლენუმი, რომელიც გაიმართა ა. წ. 10 ივნისს და პლენუმის წარმომადგენელთა შეხვედრა სახელმწიფო საბჭოში 16 ივნისს მიმდინარეობდა ქართული კულტურის გადარჩენის, ხსნის ეგიდით. არის თუ არა საქმე მართლა ისე საგანგაშოდ, რომ ქართული კულტურის აწმყო და მომავალი ყოფნა-არყოფნის ზღვარზე ვიგულვოთ? თუ ჩვენს რეალურ მდგომარეობას მიუკერძოებლად შევხედავთ, ქართული კულტურის პულსი მართლაც საგანგაშოა. ახლანდელი წყვეტილობა, კულტურის კრიზისი, ნიჭიერი შემოქმდებითი ენერგიის შეჩერება მთელი თაობის კრიზისი იქნება. ათეული წლები შეიძლება დასჭირდეს ამ ჭრილობების მოშუშებას.

ავტორიტარული რეჟიმის ანტაგონისტური და ავადმყოფური სიძულვილი კულტურისადმი მრავალი ფაქტორით აიხსნება. კულტურის დათრგუნვის მისწრაფება ყოველთვის საზოგადოებრივი შეგნების დეგრადირებას ისახავდა მიზნად. კულტურა ქმნის პიროვნებას, მოქალაქეს. მაღალი კულტურით უნდა მიიპყროს ქართველმა ხალხმა მსოფლიო საზოგადოებრიობის ყურადღება. კულტურის ავტორიტეტით იმკვიდრებს საქართველო ღირსეულ ადგილს ცივილიზებულ სამყაროში. ქართული კულტურა ეროვნული სულის გამოხატულებაა. ტერორი კულტურაზე ნიშნავს ტერორს ეროვნულ სულზე, მისი დამონების მცდელობას. ქართული ეროვნული სულის ფენომენი კულტურაა, კულტურულობისაკენ მუდმივი სწრაფვა და ხორცშესხმაა, სხვა მიზანი ჩვენს ხორციელ არსებობას არ შეიძლება ჰქონდეს.

სასიხარულოა, რომ ქართულმა კულტურამ, მისმა ღირსეულმა ავტორებმა, მსოფლიოში აღიარებულმა ხელოვნების მუშაკებმა გმირობა გამოიჩინეს, არ დათმეს კულტურა, არ დათმეს კულტურის მაღალადამიანური ღირსება.

ჩვენდა სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენი დებატები, პრესის ფურცლებზე ასახული მსჯელობები ძირითადად ახდენს იმ ვითარების კონსტატაციას, რაც ირგვლივ სუფევს. სამწუხაროდ, არ გვაქვს კონკრეტული, კონსტრუქციული ნათელი პროგრამა. ვწუწუნებთ, რომ ვიღუპებით, მაგრამ როგორ უნდა გადავრჩეთ, ეს არ ვიცით, არ ვეძებთ იმ გზებს, რომლებიც გადაგვარჩენს. არ ვეძებთ იმიტომ, რომ ეს ძალზე ძნელია, მას ბევრი ფიქრი, ტანჯვა-წვალება და შრომა სჭირდება. არის კიდევ ასეთი თვალსაზრისი - ჯერ დავიცადოთ, პარლამენტს ავირჩევთ და პარლამენტი მიხედავს ამ საქმესო. კულტურა, მისი ბედი ისევე ვერ მოითმენს დაყოვნებას, როგორც უპურობა. კულტურა პურია ჩვენი არსობისა, ქვეყანა იქცევა და რა დროს კულტურააო, - ეს ყოვლად შეუწყნარებელი პოზიციაა. ყოველდღე თუნდაც ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გამოვნახოთ საშუალება, რომ კულტურის საყრდენი ბერკეტები, მატერიალური ბაზა არ დაინგრეს, არ მოიშალოს. დღეს კატასტროფული სურათის დახატვაში შეჯიბრება უნაყოფოა. ეს ყველამ კარგად ვიცით. ხელისუფლებლამ, მთავრობამ უნდა აამოქმედოს ყველა რეზერვი, რომ არ შეწყდეს წიგნის, თაეტრის, კინოს, მხატვრობის, მუსიკის არქიტექტურის შემოქმედებითი სიცოცხლე.

ახლა უფრო კონკრეტულად უნდა გავითვალისწინოთ საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის ეტაპის მკაცრი პირობები. ეს პროცესი გარკვეულწილად ულმობელია. სამწუხაროდ, ჩვენ არ ვიყავით მომზადებული ამ მოულოდნელი, ქარტეხილივით მოვარდნილი პროცესებისათვის. საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა მართვადი უნდა იყოს. სამწუხაროდ, ჩვენ ხშირად მიბაძვის დონეზე, სქემატურად ვიღებთ სხვების გამოცდილებას თუ თეორიულ თვალსაზრისს. კონკრეტული სინამდვილისათვის მოურგებლად სხვათა თვალსაზრისით გადმოღება უკეთეს შემთხვევაში პროვინციალიზმია, როცა კულტურის დაბეგვრაზეა ლაპარაკი, ეს საბაზრო ეკონომიკის ენაზე გასაგებია, ასეა ეს მრავალ განვითარებულ ქვეყანაში. მაგრამ ზოგჯერ პარალელების მექანისტური გავლება ჩვენს ყოფასთან უარყოფით შედეგს იძლევა. ჩვენს სინამდვილეს სხვაგვარი კონკრეტული თვისებანი აქვს.

ქართული კულტურის მსოფლიო ავტორიტეტი მისმა ზოგადკაცობრიულმა ხასიათმა, ფართო ჰუმანისტურმა თვალსაწიერმა განაპირობა. ხალხთა შორის მეგობრობის, ურთიერთობის ის ფორმები, რაც დღეს ცივილიზებული აზრის მონაპოვრად ითვლება, ქართული კულტურის ძირძველ ისტორიულ საფუძველშიც ძევს. საქართველომ კვლავაც ასეთი ჰუმანიზმით, ჩვენი ხალხის ბუნებიდან მომდინარე სულგრძელობით, სიბრძნით უნდა იზრუნოს ყველა ხალხის კულტურის კეთილდღეობაზე. პირველ რიგში კი იმათ მიმართ, ვინც ჩვენს მიწა-წყალზე ცხოვრობენ და საუკუნეების მანძილზე ვიზიარებდით ერთმანეთის ჭირსა და ლხინს. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ აფხაზებსა თუ ოსების, რუსებისა თუ ებრაელების, სომხებისა თუ აზერბაიჯანელების, ბერძნებისა თუ ქურთების და სხვა ხალხთა კულტურების აყვავებაზე.

მე მხარს ვუჭერ ხელოვანთა ჯგუფის იდეას - შეიქმნას ქართული კულტურის გადარჩენის კომიტეტი. მე დიდი პასუხისმგებლობითა და მადლიერებით ვიღებ წინადადებას - ვითავო ამ კომიტეტის თავმჯდომარეობა. ეს არ იქნება სახელმწიფო კომიტეტი ტრადიციული გაგებით ან სამინისტრო. ასეთი ოფიციალური სტრუქტურები არსებობენ. ეს კომიტეტი სახელმწიფოსაგან უნდა აღიჭურვოს მაკოორდინირებელი უფლებებით, რომელიც მოსთხოვს ხელისუფლებას, მთავრობის ინსტიტუტებს შეასრულოს ყველა გადაწყვეტილება, რაც კულტურის სასიცოცხლო პრობლემებს შეეხება. კომიტეტმა ზარი უნდა შემოჰკრას, ჩვენი ხალხი უნდა მოაბრუნოს ლიტერატურისა და ხელოვნებისაკენ, კულტურისაკენ საერთოდ ეს არის სიძულვილის, დაუნდობლობის სენისაგან განკურნების უმნიშვნელოვანესი გზა, ჩვენმა ხალხმა სიყვარულის ტაძრისაკენ უნდა აიღოს გეზი. ქართველმა ხალხმა კულტურა უნდა იხსნას, ქართველი ხალხი კულტურამ უნდა იხსნას.

ედუარდ შევარდნაძე.

გადავარჩინოთ ქართული კულტურა / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 1 ივლისი. - N118-119 (398). - 1 გვ.

32 ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, მის აღმატებულებას ბატონ ჯორჯ ბუშს

▲ზევით დაბრუნება


პატივცემულო ბატონო პრეზიდენტო,

თავისი დამოუკიდებლობის დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებს განსაკუთრებული უფლება აქვს განიცდიდეს გამართლებულ სიამაყეს იმისათვის, რაც ამერიკელმა ხალხმა გააკეთა თავისი ქვეყნისა და მთელი მსოფლიოსათვის.

ამ დღეს, 4 ივლისს, თქვენ მიიღებთ გაცილებით მეტი რაოდენობის სახელმწიფოთა მოლოცვებს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიის გზას დაადგნენ.

საქართველო არა მარტო გულწრფელად ულოცავს შეერთებული შტატების ხალხს დიად დღესასწაულს, არამედ დიდ მადლობას უძღვნის ამერიკელებს, რომლებმაც შესაძლებელი გახადეს ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენა.

გვინდა გულწრფელი მადლობა მოგახსენოთ თქვენ, ბატონო პრეზიდენტო, შეერთებული შტატების მთავრობას ჩვენს რესპუბლიკასთან სოლიდარობის გამო, მისთვის გაწეული დიდი დახმარების გამო, იმის გამო, რომ მზად ხართ საქართველოსა და შეერთებული შტატების ურთიერთობას საფუძვლად დაუდოთ ურთიერთპატივისცემა, პატიოსანი პარტნიორობა, მეგობრული თანამშრომლობა და თანამოქმედება.

საქართველო არ დაივიწყებს არც თქვენს, ბატონო პრეზიდენტო, გულთბილ წერილს მისი დამოუკიდებლობის დღეს, არც სახელმწიფო მდივნის ბატონ ბეიკერის დრამატულ გამოჩენას თბილისის რესპუბლიკის მოედანზე ამა წლის 26 მაისს.

მე მინდა თქვენ იცოდეთ - ჩვენ დიდად ვაფასებთ თქვენს პირად დამოკიდებულებას საქართველოსადმი, ისევე როგორც ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობის მქონე პოლიტიკურ, მორალურ და მატერიალურ მხარდაჭერას, რომელსაც გვიწევს შეერთებული შტატები.

უგულითადესად გილოცავთ, ბატონო პრეზიდენტო, გისურვებთ ჯანმრთელობასა და წარმატებებს, ხოლო ამერიკის შეერთებული შტატების ხალხს - მშვიდობას, თანხმობასა და აყვავებას.

ღრმა პატივისცემით
ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი, 1992 წლის 3 ივლისი.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, მის აღმატებულებას ბატონ ჯორჯ ბუშს / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 4 ივლისი. - N121 (400). - 1 გვ.

33 ქართული მწერლობის კიდევ ერთი აღიარება

▲ზევით დაბრუნება


ქართული მწერლობა მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი ნაკადია, პოტენციური შესაძლებლობით მას შეუძლია კიდევ უფრო ღირსეული ადგილი მოიპოვოს, ამის საფუძველია ერის მდიდარი ლიტერატურული მემკვიდრეობა და რაღა თქმა უნდა, ჩვენი თანამედროვე ქართველი მწერლობის მაღალნიჭიერება.

ქართველ მწერალთა პენ-ცენტრის შექმნა, მისი გაწევრიანება საერთაშორისო ორგანიზაციაში, ქართული მწერლობის ღირსების აღიარებაც არის და ამავე დროს მნიშვნელოვანი ნაბიჯიც ჩვენი ლიტერატურის ჩასართველად მსოფლიო ლიტერატურულ პროცესში.

ვულოცავ ქართველ მწერლებს კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმას ჩვენი ქვეყნის თავისუფლების გზაზე, მათს გაწევრიანებას საერთაშორისო პენ-კლუბში, ახალ შემოქმედებით წარმატებებს ვუსურვებ მშობლიური მწერლობის განვითარებისა და საერთაშორისო აღიარების საქმეში.

ედუარდ შევარდნაძე,
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე.

ქართული მწერლობის კიდევ ერთი აღიარება / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 4 ივლისი. - N121 (400). - 3 გვ.

34 საქართველო კისრულობს ვალდებულებას იმოქმედოს მხოლოდ და მხოლოდ თანხმობის საფუძველზე

▲ზევით დაბრუნება


ედუარდ შევარდნაძის გამოსვლა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის თათბირის 1975 წლის საბოლოო აქტის ხელმოწერის დროს სასახლე „ფინლანდიაში“ 1992 წლის 9 ივლისს

ქალბატონებო და ბატონებო,

საქართველო დიდხანს ელოდა ამ დღეს. მისთვის იგი ბევრ რამეს ნიშნავს. უწინარეს ყოვლისა - ევროპის სულიერი ერთიანობის სამყაროში დაბრუნებას, რომელსაც იგი ისტორიულმა ბედუკუღმართობამ მოსწყვიტა.

იგი ნიშნავს აგრეთვე საქართველოს შესვლას დამოუკიდებელ დემოკრატიულ სახელმწიფოთა ოჯახში, რომლებიც თავიანთ ცხოვრებას უფარდებენ საბოლოო აქტისა და ახალი ევროპისათვის ქარტიის უზენაეს პრინციპებს.

უერთდება რა მათ, საქართველო საჯაროდ ადასტურებს, რომ განუხრელად დაიცავს ჰელსინკის პროცესის ყველა ნორმას.

იგი აპირებს აგრეთვე თავისი წვლილი შეიტანოს მისი მთლიანობის შენარჩუნებასა და მის შემდგომ განვითარებაში.

ევროპამ ახლანდელ მიჯნას იმით მიაღწია, რომ საფუძველთა საფუძვლად გაიხადა სახელმწიფოთა თანხმობა. მის მიღწევას ახერხებდნენ „ცივი ომის“ და ევროპის გათიშვის ხანაშიც, როცა კონფრონტაცია და სამხედრო დაპირისპირება ზოგჯერ კრიზისულად საშიშ ხასიათს იძენდა.

საბოლოო აქტი თანხმობის ინსტრუმენტია, რომელსაც საფუძვლად უძევს თითოეულის ინტერესების გათვალისწინება და ყველას ინტერესების შეთავსების მისწრაფება.

საქართველო ხელს აწერს მას და ნათლად აქვს წარმოდგენილი, რომ საერთო-ევროპული პროცესი არა მარტო მნიშვნელოვანი დოკუმენტებისა და ურთიერთვალდებულებების ჯამია, არამედ, უწინარესად საქმეთა წარმართვის მეთოდია - როგორც სახელმწიფოთა შიგნით, ისე მათ შორისაც.

ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის თათბირში საქართველოს შემოაქვს უკვე შეძენილი გამოცდილება, რომელიც მოწმობს საბოლოო აქტის პრინციპების პატივისცემას - ეს არის უარის თქმა ძალის პოლიტიკაზე პოლიტიკის ძალის სასარგებლოდ, ცალმხრივ მოქმედებაზე - დიალოგის, მოლაპარაკებისა და კომპრომისის სასარგებლოდ.

პოლიტიკის ადამიანურ განზომილებას - ამ „ევროპის ოქროს კვეთს“ - ჩვენ მემკვიდრეობად ვიღებთ პირადი რწმენისა და გამოცდილების გამოც და ჩვენი ხალხის ჰუმანისტური ტრადიციების კარნახითაც. რაგინდ პატარაც უნდა იყოს ესა თუ ის ქვეყანა - საქართველო კი პატარა ქვეყანაა - იგი მოვალეა დაიმკვიდროს თავი მსოფლიოში ადამიანის სიცოცხლის ღირებულების, პიროვნების თავისუფლების, უმცირესობათა უფლებების დაცვის პრიორიტეტების მეშვეობით. მხოლოდ მაშინ, როცა უპირატესობას მიანიჭებს ადამიანურ ღირსებას, იგი დაიმკვიდრებს ადგილს ცივილიზებულ ერთა ოჯახში და დაიცავს თავს, როგორც ეროვნული მთელი.

ჩვენ ვიცით, თუ რა არის თანხმობის დიადი ძალა. მას უნდა ვეყრდნობოდეთ დღესაც, როცა კვლავ გაჩაღდა და საშიშ ნიშნულს მიაღწია უთანხმოებებმა, რომლებმაც შეიძლება მოსპონ ყოველივე, რაც შეიქმნა ჰელსინკის პროცესის წლების მანძილზე.

მოუწოდებს რა ამისთვის სხვებსაც, საქართველო კისრულობს ვალდებულებას იმოქმედოს მხოლოდ და მხოლოდ თანხმობის საფუძველზე.

ჩემი ქვეყნის სახელით მადლობას მოგახსენებთ ყველას, ვინც მხარი დაუჭირა საქართველოს რესპუბლიკის გაწევრიანებას ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის თათბირში.

ჩვენ გავამართლებთ თქვენს ნდობას ჰელსინკის ოჯახის განმტკიცებაში ღირსეული მონაწილეობით.

საქართველო კისრულობს ვალდებულებას იმოქმედოს მხოლოდ და მხოლოდ თანხმობის საფუძველზე / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 10 ივლისი. - N126 (405). - 1 გვ.

35 არავის თავდადება და ღვაწლი უკვალოდ არ ჩაივლის...

▲ზევით დაბრუნება


ედუარდ შევარდნაძის სამძიმარი

10 ივლისს ბატონი ედუარდ შევარდნაძე ჰელსინკიდან ტელეფონით ესაუბრა სახელმწიფო საბჭოს აპარატის ხელმძღვანელებს და სთხოვა გადაეცათ სამძიმარი ამ დღეებში ტრაგიკულად დაღუპულ თანამემამულეთა ოჯახებისა და რესპუბლიკის მოსახლეობისათვის.

ძვირფასო თანამემამულენო!

ახლა, როდესაც საქართველო ევროპის, მთელი მსოფლიოს დემოკრატიულ სახელმწიფოთა ოჯახში იმკვიდრებს ადგილს, ჩვენს ხალხს აქვს დიდი სიხარულისა და მოლოცვათა მიღების მიზეზი. დღეს საქართველო უნდა ზეიმობდეს, მაგრამ ამ დიდ სიხარულს გვიშხამავს ჩვენი ხალხის, ჩვენი ქვეყნის სწორედ იმ გამარჯვებათა გამო გამწარებული ტერორისტების მოქმედება, რამდენი ნათელი სიცოცხლე შეიწირეს, რამდენი დედა შემოსეს ძაძით. მე ახლა უფრო მიმძიმს, რომ თქვენთან არა ვარ, რომ უშუალოდ გამომეხატა ჩემი თანადგომა.

მივმართე ყველა ოჯახს, სადაც დღეს გლოვაა - მიიღეთ ჩემგან გულწრფელი სამძიმარი, ცრემლი და გულისტკივილი. ეს ყველა ჩვენგანის საერთო ტრაგედიაა.

საქართველოს თავისუფლების და დამოუკიდებლობისთვის გმირულად დაღუპულთა თუ მსხვერპლად შეწირულთა სიცოცხლე საქართველოს გააძლიერებს და განანათლებს. დრო ყოველთვის გაარჩევს, არავის თავდადება და ღვაწლი არ ჩაივლის უკვალოდ.

ღმერთი იყოს ჩვენი ქვეყნის მფარველი.

ედუარდ შევარდნაძე.

სამძიმარი : არავის თავდადება და ღვაწლი უკვალოდ არ ჩაივლის... / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 11 ივლისი. - N127 (406). - 1 გვ.

36 ჩვენ ავაშენებთ დემოკრატიულ სახელმწიფოს!

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის თათბირის უმაღლესი დონის შეხვედრის (ჰელსინკი-2) 1992 წლის 10 ივლისის სხდომაზე

პატივცემულო ბატონო თავმჯდომარევ,

პატივცემულო სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურებო, ჩვენ შევიკრიბეთ იმ დროს, როცა ევროპის უშიშროების პრობლემებს მეტი მნიშვნელობა ენიჭება, ვიდრე ევროპის თანამშრომლობის პრობლემებს.

ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის თათბირის წევრი ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოების უმრავლესობა მწვავე კრიზისს განიცდის.

აღმოსავლეთ-დასავლეთის გლობალური კონფრონტაცია შეცვალა უმწვავესი საშინაო კონფლიქტების სერიამ. ეს კონფლიქტები რომლებიც ევროპისა და ევრაზიის სივრცეში ტოტალიტარული სისტემების კრახით გამოწვეული ტექტონიკური ძვრების შედეგია, სულ უფრო იქცევა რეგიონალური და მსოფლიო დაძაბულობის კერებად. შინაური კონფლიქტების დესტრუქციულ ზემოქმედებას აძლიერებს უამრავი სხვადასხვაგვარი შეტაკება: სახელმწიფოთაშორისი, მრავალმხრივი, სუბრეგიონალური, არასამხედრო, ჩერნობილის ტიპის, კონფესიონალურ საფუძველზე, და ბოლოს, კონფლიქტები ევროპის გარეთ, რომლებსაც ძლიერი ბიძგები მოჰყვება კონტინენტის სიღრმეში.

საბჭოთა კავშირის დაშლისა და ვარშავის ხელშეკრულების ლიკვიდაციის შემდეგ ახალი სახელმწიფოების ჩამოყალიბების პროცესში იკვეთება ორი ტენდენცია, ორი გზა: დემოკრატიული განვითარების გზა და ტოტალიტარული რეჟიმების რეანიმაციის საფრთხე. ეკონომიკური ნგრევის, შინაური კონფლიქტების, დაბალი პოლიტიკური კულტურის ავისმომასწავებელ ფონზე ეს მეორე ტენდენცია საყოველთაო საფრთხის მასშტაბს იძენს.

არ ყოფილა არც ერთი ჰელსინკური „კალათი“, რომელსაც ძლიერი ცვლილება არ განეცადოს. ფინეთის პრეზიდენტის მაუნო კოივისტოს სიტყვებით რომ ვთქვათ, ევროპას ემუქრება ახალი განხეთქილება კეთილდღეობისა და სიღატაკის საზღვართან დაკავშირებით. მაგრამ განსაკუთრებით ძლიერ ზარალდება ადამიანურობის განზომილება, ადამიანის, ხალხებისა და უმცირესობების უფლებები.

კონფლიქტები, იარაღის მიტაცების, აღვირახსნილი დამნაშავეობისა და მატერიალური სიღატაკის ატმოსფეროში კატასტროფულად გაუფასურდა ადამიანის სიცოცხლე.

ახალი კრიზისული ტენდენციების მოზღვავება ნიადაგს აცლის დამკვიდრებულ წარმოდგენებს უშიშროებისა და მშვიდობის დაცვის ღონისძიებათა შესახებ.

უნდა ვაღიაროთ, რომ ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ინსტიტუტები მზად არ აღმოჩნდნენ დროის ამ ახალი გამოწვევის წინაშე.

ეს კონსტიტუცია საეჭვოდ როდი ხდის საბოლოო აქტისა და ახალი ევროპის ქარტიის პრინციპებს. საქმე შეიძლება ეხებოდეს და კიდეც უნდა ეხებოდეს ისეთი ინსტრუმენტების მოდელირებას რომლებიც დაგვეხმარება შეუცდომლად მივყვეთ ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის თათბირის ამ ორიენტირებს ტრანსფორმირებული ევრაზიის სივრცეში.

განსაკუთრებით უნდა ვიზრუნოთ შეიარაღების, ეროვნულ უმცირესობათა მდგომარეობის, კონფლიქტების თავიდან აცილების დარგში გადაწყვეტილებათა მიღებისა და მათი შესრულებისადმი კონტროლის განხორციელების მექანიზმისათვის, თორემ შეუძლებელი გახდება მომწიფებული სახიფათო ტენდენციების ზუსტი პროგნოზირება და თავიდან აცილება.

ევროპას სჭირდება ახალი ევროპული პროცესი, რომელიც მოვლენების კუდში კი არ იჩანჩალებს, არამედ შეძლებს მათ მართვას.

ჩვენ ახალი თვალით უნდა შევხედოთ ჰელსინკის ათ პრინციპს, ათ „მცნებას“ და შევუფარდოთ ისინი ახალ რეალიებს.

უნდა ვიზრუნოთ განსაკუთრებით ეკონომიკური და ჰუმანიტარული „კალათების“ რეალური შევსებისთვის.

მოგვიწევს ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის თათბირის ეფექტიანი ფუნქციონირების მოდელის არჩევა, რაც იოლი საქმე არ არის. ჩვენს თათბირს, როგორც სახელმწიფოთა პოლიტიკურ ფორუმს, არ ამოუწურავს თავისი შესაძლებლობანი. ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის თათბირის ინსტიტუტები ქმედითია, ძლიერი, მყარი დემოკრატიული ტრადიციების მქონე, მდიდარი და აყვავებული სახელმწიფოებისთვის, გაცილებით უფრო ძნელია ევროპის პროცესში იმ ქვეყნების ჩაბმა, რომლებიც მწვავე პოლიტიკური და სოციალ-ეკონომიკური კრიზისის, ეროვნული სახელმწიფოებრიობისა და კარგახსნილი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების სტადიაში არიან.

საერთო სიტუაცია ისეთია, რომ მათ ძალზე უჭირთ დაეწიონ ჰელსინკის პროცესის თუნდაც საგრძნობლად სვლაშენელებულ მატარებელს.

საქართველო არ არის გამონაკლისი ამ მხრივ.

ისევე, როგორც მრავალი ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფო, საქართველოც თავს გრძნობს ჰელსინკის პროცესის დაშორებულ პერიფერიად, არა მარტო გეოგრაფიულად, არამედ ფსიქოლოგიურად დაშორებულად მისი ინსტიტუტებისგან. იქნებ ღირდა, განგვეხილა ის საკითხი, რომ ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის თათბირის მისიები დაფუძნებულიყო, ვთქვათ, ამიერკავკასიაში, შუა აზიაში და სხვა რეგიონებში.

საქართველოსთვის, ისევე როგორც სხვა ახალი სახელმწიფოებისთვის, არ არსებობს იმაზე უფრო სერიოზული პრობლემა, ვიდრე ეროვნული უშიშროების უზრუნველყოფაა.

ჰელსინკში ჩამოგვყვა შინაურ წინააღმდეგობათა მწვავე განცდა. ჩვენს გვერდით გიზგიზებს სხვა, უკვე არალოკალური კონფლიქტი, რომელსაც შეუძლია ჩაითრიოს საქართველოც და სხვა ქვეყნებიც.

ჩვენ ვისწრაფვით, თავად შევქმნათ ჩვენი უშიშროების გარანტიები და მექანიზმები, მაგრამ გვესმის, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და გაერთიანების მხარდაუჭერლად ეს ძალზე გაჭირდება.

ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის თათბირთან, ევროპის საბჭოსთან, დასავლეთ ევროპის კავშირთან, ევროპის გაერთიანებასთან, ნატოსთან, ევრობანკთან და სხვებთან და სხვებთან უფრო მჭიდრო კავშირურთიერთობის დამყარების გარდა, ჩემი აზრით, საჭიროა ვიფიქროთ ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის თათბირთან და გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან, მის უშიშროების საბჭოსთან უფრო მეტად შეთანხმებულ და სინქრონულ მოქმედებაზე, განსაკუთრებით სტაბილურობის უზრუნველყოფის, კონფლიქტების მოგვარების საკითხებში.

მხარს უჭერს რა ევროპაში უშიშროების ერთიანი სივრცის კონცეფციას, საქართველოს წინადადებაა იგი ჩამოყალიბდეს იმ რეგიონალური სისტემების საფუძველზე, რომლებიც ფუნქციონირებენ ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ფარგლებში.

იმედისმომცემ მაგალითად შეიძლება გამოგვადგეს შავი ზღვის აუზის სახელმწიფოთა ეკონომიკური ალიანსის შესახებ სტამბოლის დეკლარაცია. მას ხელი მოაწერეს ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებმა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, ნატოს და ევროპის გაერთიანების წევრებმა. დავისა და შეიარაღებული კონფლიქტების მიუხედავად. მივაღწიეთ შეთანხმებას იმის თაობაზე, რომ საჭიროა თანამშრომლობა. დასანანია, რომ იმ პერსპექტიულ წამოწყებას არ მოჰყოლია სათანადო რეზონანსი. ამ დროს კი შავი ზღვის თანამშრომლობის ორგანიზაციის საზღვრებში მოექცა ორი ისეთი აფეთქებასაშიში რეგიონი, როგორიცაა ბალკანეთი და კავკასია, - და თუნდაც მარტო ამიტომ ახალ რეგიონალურ წარმონაქმნს უფრო აქტიური მხარდაჭერა სჭირდება.

შევარიგოთ შეურიგებელი - ასეთი უნდა იყოს ჩვენი დევიზი ამ ძნელ დროში. სწორედ ამ მიზნით წამოაყენა წინადადება საქართველომ სტამბოლში, დაფუძნდეს კონფლიქტების თავიდან აცილების რეგიონალური ცენტრი, გამოცხადდეს მორატორიუმი საზღვრების გადასინჯვაზე, შემუშავდეს შავი ზღვისა და კავკასიის რეგიონში ნდობისა და დემილიტარიზაციის ღონისძიებანი, ამასთან გათვალისწინდეს შეიარაღებისა და შეიარაღებული ძალების, განსაკუთრებით საზღვაო ძალების რაც შეიძლება დაბალი დონე.

ამის პარალელურად, საქართველო, რომელსაც სურს ხელი შეუწყოს ევროპის უშიშროებასა და თანამშრომლობის თათბირის ძალისხმევას ყარაბაღისა და სხვა კონფლიქტების მოგვარებაში, ყოველმხრივ შეეცდება, შეიქმნას კონსულტაციებისა და შეთანხმების ტრანსკავკასიური მექანიზმი.

ჩვენი აზრით, იგი ორგანულად შეერწყმება კონფლიქტების თავიდან აცილების სისტემას.

როცა ვსვამ კითხვას, როგორი უნდა იყოს ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის თათბირი ახალ პირობებში, ჩვენ უპირატესობას ვანიჭებთ მისი ორგანიზაციის არაფორმალურ მეთოდებს და მოქნილ სტრუქტურებს, რომლებიც უფრო სწრაფი და ეფექტიანი მოქმედების საშუალებას იძლევა. ამასთანავე მხარს ვუჭერთ სახელშეკრულებო სამართლებრივი კომპონენტის გაძლიერების იდეას. უწინარეს ყოვლისა კი უშიშროებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროებში, აგრეთვე კონფლიქტების მოწესრიგებისა და თავიდან აცილების მთლიანი სისტემის ფორმირებაში.

დღეს ბევრს ვლაპარაკობთ ხალხებისა და ეროვნულ უმცირესობათა უფლებებზე დროა ასევე გარკვეულად დაისვას სტაბილურობისა და მშვიდობის დაცვისათვის მათი პასუხისმგებლობის საკითხიც. ეროვნულ უმცირესობათა პროტესტი ყურად უნდა ვიღოთ. თუმცა არავის აქვს უფლება მიაფუჩეჩოს ის ფაქტი, რომ დესტრუქციული ძალები მას ანგარებითი მიზნებით იყენებენ.

ჩვენ დაბეჯითებით განვაგრძობთ მოლაპარაკებას ქართველთა და ოსთა კონფლიქტის მოსაგვარებლად. მჯერა, რომ იგი მშვიდობიანი საშუალებებით გადაწყდება. ამისთვის აქტიურად ვთანამშრომლობთ რუსეთთან. ეჭვი არ მეპარება, რომ მის ხელმძღვანელობას გულწრფელად სურს ბოლო მოეღოს ამ კონფლიქტს, ისე, რომ ზიანი არ მიადგეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

უთუოა, რომ უნდა შეიქმნას ეროვნული უმცირესობების საქმეთა უზენაესი კომისრის პოსტი. საჭიროა უფრო ზუსტად განისაზღვროს მისი მანდატი. ჩვენი აზრით, უზენაესი კომისარი უფროს თანამდებობის პირთა კომიტეტის წინაშე ანგარიშვალდებული უნდა იყოს.

ამასთან ერთად, უნდა გავითვალისწინოთ, რომ კრიზისების მართვისა და თავიდან აცილების სისტემა შეიძლება უეფექტო აღმოჩნდეს, თუ ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის თათბირს არ ექნება მშვიდობის დაცვისა და დამყარების ეფექტიანი საშუალებანი. ჩვენ მივესალმებით პრეზიდენტ ბუშის მიმართვაში გამოთქმულ გადაწყვეტილებას, რომ მხარს უჭერს ნატოსა და დასავლეთ ევროპის გაერთიანების წინადადებას - დაეხმარონ ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის თათბირს სამშვიდობო ღონისძიებათა განხორციელებაში. ჩრდილოატლანტიკური კავშირის ისტორიამ დაადასტურა, რომ ეს სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაცია ევროპაში მშვიდობისა და უშიშროების საქმის ერთგულია. ჩვენ გვსურს მასთან თანამშრომლობა, რადგან გვესმის რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ამას ახალგაზრდა დამოუკიდებელი სახელმწიფოსათვის.

საქართველო მხარს უჭერს აგრეთვე პრეზიდენტების ბ. ელცინისა და ლ. კრავჩუკის ერთობლივ ინიციატივას კონფლიქტების დაძლევისადმი ერთიანი მიდგომის შესამუშავებლად.

ჩვენ კარგად გვესმის სხვა სახელმწიფოების ტერიტორიაზე უცხოეთის ჯარების ყოფნასთან დაკავშირებით წამოჭრილი პრობლემები. ძირითადად აქ ყველაფერი ნათელია: ჯარები უნდა წავიდნენ იქიდან, სადაც არ სურთ მათი ყოფნა. მაგრამ იგივე ევროპის უშიშროების მოსაზრებანი მოითხოვს ისეთ გადაწყვეტებს, რომლებიც თავიდან აგვაცილებენ ახალ კონფლიქტებსა და კრიზისებს.

მადლობას მოგახსენებთ ყველას, ვინც მხარი დაუჭირა საქართველოს მისწრაფებას, გამხდარიყო ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის თათბირის ოჯახის წევრი. ჩვენ შევასრულებთ ყველა ნაკისრ ვალდებულებას, დროზე მოვაწყობთ დემოკრატიულ არჩევნებს, ავაშენებთ დემოკრატიულ სახელმწიფოს, სადაც საიმედოდ იქნება დაცული ადამიანის უფლებები და უზრუნველყოფილი - უმცირესობათა უფლებები. მაგრამ საქართველოში არ არის არაქართული მიწები, ამიტომ ყოველთვის აღვკვეთთ ჩვენი საზღვრების შეცვლისა და ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის ცალმხრივ ცდებს.

საქართველოს უნდა სამართალსა და სამართლიანობაზე დაფუძნებული მშვიდობა. ამ სურვილით მოვედით აქ, და გვჯერა, რომ გაგვიგებენ და მხარს დაგვიჭერენ.

კიდევ ერთხელ დიდ მადლობას მოვახსენებთ ჰელსინკს, მშვენიერი ქვეყნის მშვენიერ დედაქალაქს, ქალაქ-სიმბოლოს და ჩვენი ცხოვრების ნიშანსვეტს, ფინეთის პრეზიდენტს, მთავრობასა და ხალხს.

ჩვენ ავაშენებთ დემოკრატიულ სახელმწიფოს! / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 11 ივლისი. - N127 (406). - 1,2 გვ.

37 მის აღმატებულებას ბატონ როლან დიუმას, საფრანგეთის რესპუბლიკის სახელმწიფო მინისტრსა და საგარეო ურთიერთობის მინისტრს

▲ზევით დაბრუნება


ძვირფასო მეგობარო,

ჩემთვის აუწერელი სიამოვნებაა მოგილოცოთ საფრანგეთის ეროვნული დღე, მაგრამ კიდევ მეტი სიამოვნებაა, ვისარგებლო ამ შემთხვევით, რათა ერთხელ კიდევ გითხრათ, რაოდენ დიდად ვაფასებთ მე და ჩემი კოლეგები რომ, გვხვდა ბედნიერება მთელი ამ წლების მანძილზე გვემუშავა და გვქონოდა ურთიერთობა თქვენთან, იშვიათი ნიჭის, მაღალი ინტელექტის, დახვეწილი იუმორის კაცთან და ჭეშმარიტ პროფესიონალთან, საფრანგეთის პრიორიტეტთან, რომელმაც საყოველთაო პატივისცემა დაიმსახურეთ.

მიხარია, რომ შემიძლია გითხრათ დღეს ეს თქვენ და გისურვოთ ყოველივე საუკეთესო.

მეგობრული სურვილებით

ე. შევარდნაძე

მის აღმატებულებას ბატონ როლან დიუმას, საფრანგეთის რესპუბლიკის სახელმწიფო მინისტრსა და საგარეო ურთიერთობის მინისტრს / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 14 ივლისი. - N128 (407). - 1 გვ.

38 მის აღმატებულებას ბატონ იცხაკ რაბინს, ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრს

▲ზევით დაბრუნება


პატივცემულო ბატონო რაბინ,

მიიღეთ ჩემი გულწრფელი მოლოცვა ისრაელის მთავრობის მეთაურის მაღალ პოსტზე თქვენი დანიშვნის გამო.

ქვეყნის ხელმძღვანელობაში თქვენს მოსვლას ჩვენ ვუკავშირებთ საქართველოს რესპუბლიკასა და ისრაელის სახელმწიფოს შორის მრავალმხრივი ურთიერთობის განვითარების, აგრეთვე ახლო აღმოსავლეთში მტკიცე და სამართლიანი მოწესრიგების მიღწევის საქმეში პროგრესის იმედებს.

გისურვებთ, თქვენო აღმატებულებავ, წარმატებებს, ისრაელის ხალხს კი მშვიდობასა და აყვავებას.

პატივისცემით
ე. შევარდნაძე.

მის აღმატებულებას ბატონ იცხაკ რაბინს, ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრს / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 14 ივლისი. - N128 (407). - 1 გვ.

39 მის აღმატებულებას ბატონ ფრანსუა მიტერანს, საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს

▲ზევით დაბრუნება


პატივცემულო ბატონო პრეზიდენტო,

საფრანგეთის ეროვნულ დღეს მიიღეთ ქართველი ხალხის გულწრფელი და მხურვალე მოლოცვა, რომლის გადმოცემა ჭეშმარიტად უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს.

ამ დღეს ვიხსნებეთ არა მარტო საფრანგეთის დიდ რევოლუციას, არამედ იმ დიდ წვლილსაც, საფრანგეთში, პირადად თქვენ, ბატონო პრეზიდენტო, რომ შეიტანეთ ჩემი რესპუბლიკის მიერ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მიღწევაში.

გამოვთქვამ რწმენას, რომ ჩვენი ხალხების მეგობრობისა და თანამშრომლობის ტრადიციები, მათი სულიერი და კულტურული სიახლოვე მომავალში კიდევ უფრო ფართოდ განვითარდება.

გისურვებთ ჯანმრთელობასა და წარმატებებს, საფრანგეთის ხალხს კი მშვიდობასა და აყვავებას.

კეთილი გრძნობებით თქვენი
ე. შევარდნაძე.

მის აღმატებულებას ბატონ ფრანსუა მიტერანს, საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 14 ივლისი. - N128 (407). - 1 გვ.

40 ქვეყნისა და ხალხის ბედზე პასუხისმგებლობის შეგნებით

▲ზევით დაბრუნება


ედუარდ შევარდნაძის მიმართვა საქართველოს მოსახლეობას

ძვირფასო მეგობრებო,

14 ივლისს მოხდა მნიშვნელოვანი მოვლენა - ცხინვალის რეგიონში სამშვიდობო მიზნით შევიდნენ საქართველოს, რუსეთის და ოსეთის შეზღუდული სამხედრო ფორმირებები, მაგრამ ეს არ ნიშნავს ქართველთა და ოსთა კონფლიქტის ინტერნაციონალიზაციას. უმაღლეს დონეზე დაგომისის შეხვედრის შეთანხმებათა შესაბამისად, ჩვენ შეგნებულად გადავდგით ეს ნაბიჯი, რომ ამ უაზრო და უმიზნო სისხლისღვრის შესაწყვეტად ორი სახელმწიფოს ძალისხმევა გაგვეერთიანებინა. როგორც ცნობილია, ცხინვალსა და ყაზბეგში მოლაპარაკებამ რეალური შედეგი ვერ მოგვიტანა. ამასთან დაკავშირებით რუსეთის ფაქტორის გათვალისწინება გარდაუვალი აღმოჩნდა.

იყო სხვა გზაც. შეიძლებოდა გვეთხოვა გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და უსაფრთხოების ევროპული სტრუქტურებისთვის სათანადო სამხედრო ფორმირებათა შემოყვანით გაემიჯნათ ორი დაპირისპირებული მხარე. პირადი გამოცდილებით ვიცი, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიღებას თვეები დასჭირდებოდა, ცეცხლის შეწყვეტა და სისხლისღვრის შეჩერება კი ხვალინდელი კი არა, დღევანდელი ამოცანაა. დაძაბულობამ კულმინაციას მიაღწია. მარტო ეროვნულმა გვარდიამ სულ რაღაც თვე-ნახევარში 55 რჩეული ახალგაზრდა დაკარგა, დაიღუპა მრავალი მოქალაქე, მილიციელი, ბავშვი, ქალი, მოხუცი. გავიხსენოთ გორში დატრიალებული ტრაგედიაც. გაცილებით მეტია მსხვერპლი ოსთა მხარეს. ესეც ხომ ჩვენი ქვეყნის ტკივილია, ისინიც ხომ საქართველოს მოქალაქენი იყვნენ: ორი აზრი არ შეიძლება იყოს: ომი, რომელიც პოლიტიკურმა ინტრიგებმა თავს მოახვიეს ქართველებსა და ოსებს, უნდა შეწყდეს. ასეა საჭირო დამოუკიდებელი საქართველოსთვის. ამას მოითხოვს დაღუპულთა ხსოვნა. ეჭვი არ მეპარება - დღევანდელი და მომავალი თაობები არ აპატიებენ ომის გამჩაღებელთ. სამშობლოს,

ქართველ და ოსი ხალხების ინტერესები თავიანთ პირად ანგარებითს ამბიციებს რომ ანაცვალეს.

უდავოდ მნიშვნელოვანი იქნება კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაში რუსეთის პრეზიდენტის კონსტრუქციული წვლილი.

დღეს ლაპარაკია იმაზე, რომ რეგიონში სამშვიდობო მისიის რაზმების შეყვანას მოჰყვება ღონისძიებათა მთელი კომპლექსი, რომელმაც მომავალი მშვიდობა უნდა უზრუნველყოს.

შეიქმნა საკონტროლო და სამეთვალყურეო კომისიები, რომელთა განკარგულებაში იქნება ორმოცზე მეტი სამეთვალყურეო პუნქტი. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებას გააკონტროლებენ გამოთვლითი ტექნიკით, შვეულმფრენების მეშვეობით. ჩამოყალიბდება ერთობლივი საინფორმაციო ცენტრი, რომელიც ობიექტურ ცნობებს მიაწვდის მთელ მსოფლიოს.

ხომ არ გაიზრდება ამ რეგიონში უცხო ჯარის კონტინგენტი, ხომ არ შეილახება საქართველოს სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტი?

საქმე ის არის, რომ რუსეთის არმიის აქ არსებულ ორ ქვეგანაყოფში, რომელთა პირადი შემადგენლობის გაყვანაზე შეთანხმება მიღწეულია, გაცილებით მეტი ჯარისკაცი და ოფიცერია, ვიდრე მშვიდობის მისიით შემოსული რაზმების რიცხობრივი შემადგენლობაა. ასე რომ, ჩვენს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის ჯარის კონტინგენტი მნიშვნელოვნად შემცირდება კიდეც.

რუსეთის პრეზიდენტთან შეთანხმების თანახმად, სამშვიდობო მისიით შემოსული სამხედრო ნაწილები დროებით განლაგდებიან კონფლიქტის ზონაში და მისიის დამთავრებისთანავე ჩვენი მოთხოვნის შესაბამისად დატოვებენ საქართველოს ტერიტორიას. იმედი მაქვს, რომ ამ რაზმებისადმი მოსახლეობა და საზოგადოებრიობა ადამიანურ სითბოს და კეთილგანწყობას გამოიჩენს.

ჩვენ ვალდებული ვართ ცხინვალის კონფლიქტის მოგვარების პროცესს უფრო გლობალურად შევხედოთ და ჰელსინკში ახლახან დამთავრებული შეხვედრის გადაწყვეტილებათა მოთხოვნებს მივუსადაგოთ. იქ მიღებულ დოკუმენტებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოსათვის, ისევე, როგორც სხვა ქვეყნებისთვის. ეს, შეიძლება ითქვას, დემოკრატიული განვითარების, სუვერენიტეტის დაცვის, ტერიტორიისა და საზღვრების ხელშეუხებლობისა და თავისუფლების დიდ გარანტიებს გვაძლევს.

აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს ჩემსა და რუსეთის პრეზიდენტს შორის სოჭსა და, შემდეგ ჰელსინკში გამართული მოლაპარაკების, სოჭში შეხვედრის შემდეგ ხელმოწერილი კომუნიკე, რომელთა მეოხებითაც რუსეთთან ურთიერთობა მთლიანად ნორმალიზებულია და მტკიცე პოლიტიკურ საფუძველს ემყარება. და თუ კონფლიქტის მოგვარება შეთანხმებული გეგმის მიხედვით წარიმართა, მაშინ რუსეთთან ერთად ეს იქნება საქართველოს ღირსეული წვლილი ეთნიკური კონფლიქტების გადაჭრის საერთაშორისო პრაქტიკაში. მოგეხსენებათ, სწორედ ეთნიკური კონფლიქტები ითვლება თანამედროვეობის ურთულეს პრობლემად.

ჩვენ ყველაფერს ვიღონებთ იმისთვის, რომ გაგრძელდეს საქართველოსა და რუსეთს შორის დაწყებული კონტაქტები და თანამშრომლობა, რამაც უნდა უზრუნველყოს ცხინვალის რეგიონში სამშვიდობო მისიის ოპერაციის წარმატება და საფუძველი ჩაუყაროს ჩვენს ქვეყნებს შორის ახალი ტიპის ურთიერთობათა მშენებლობას, ქართველთა და ოსთა ტრადიციული მეგობრობის აღდგენას.

ჩვენი გადაწყვეტილება უწინარესად იმის ღრმა გაგებით და სურვილით არის ნაკარნახევი, რომ ცხინვალის კონფლიქტი, იქ წარმოქმნილი პრობლემები ჩვენი საშინაო საქმეა და მან სხვა განზომილება არ უნდა მიიღოს. ჩვენ გაგვიჩნდა ამ რეგიონში ცეცხლის შეწყვეტის და მომავალში მშვიდობის დამყარების რეალური შანსი და იგი ხელიდან არ უნდა გავუშვათ.

იმედი მაქვს, რომ ეს ჩვენი ძალისხმევა კონფლიქტის მოსაგვარებლად შეუმჩნეველი არ დარჩება მთელ მსოფლიოს, და საქართველო, რომელიც ასე თავგამოდებით ესწრაფვის ყველა სადავო საკითხის მხოლოდ მშვიდობიანი გზებით მოგვარებას, არა მარტო პოლიტიკურ და მორალურ თანაგრძნობას მიიღებს, არამედ უთუოდ ეკონომიკური და ფინანსური დახმარების გარანტიებსაც განიმტკიცებს.

ქალაქ ცხინვალის და დანგრეული სოფლების, გზებისა და საზოგადოებრივ ნაგებობათა აღდგენა მილიარდები დაჯდება. რა თქმა უნდა, ეს უმძიმესი ტვირთი საქართველოს შესაძლებლობას აღემატება, აუცილებელია მოწოდებით მივმართოთ სახელმწიფოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, სხვადასხვა ფონდებს დაეხმარონ ჩვენს ქვეყანას ომის შედეგების დაძლევაში. აქ იგულისხმება ის დიდი ხარჯებიც, რომლებიც დაკავშირებულია ათიათასობით ლტოლვილის დაბრუნებასთან. კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგებისთვის გაწეული ხარჯები გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ის ზარალი იქნება, რომელსაც ბრძოლის გაგრძელება და გაფართოება მოგვიტანს. მაგრამ განა შეიძლება ვილაპარაკოთ ფულად განზომილებაზე, როცა ლაპარაკია ასობით და ათასობით ადამიანის სიცოცხლეზე, ქართველი და ოსი ხალხების აწმყოსა და მომავალზე!

მე მადლობას მოვახსენებ ჩემს ხალხს, რომელმაც მომცა რწმუნება 24 ივნისის დასამახსოვრებელ დღეს შევხვედროდი რუსეთის პრეზიდენტს, შემდგომში მონაწილეობა მიმეღო სტამბოლისა და ჰელსინკის თათბირებში, ხელი მომეწერა შეთანხმებისათვის, რომელსაც ჩვენი ქვეყნისათვის საარსებო მნიშვნელობა აქვს.

სახელმწიფო საბჭოზე განვაცხადე და ახლაც საჯაროდ ვადასტურებ, რომ ზემოხსენებულ დოკუმენტებზე ხელი მოვაწერეთ ქვეყნისა და ხალხის ბედისთვის პასუხისმგებლობის სრული შეგნებით.

გმადლობთ მხარდაჭერისათვის!

ქვეყნისა და ხალხის ბედზე პასუხისმგებლობის შეგნებით / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 17 ივლისი. - N131(410). - 1 გვ.

41 ედუარდ შევარდნაძე: მეორედ მოსვლა

▲ზევით დაბრუნება


სხვადასხვაგვარად შეიძლება შევაფასოთ ამ კაცის მოღვაწეობა, მაგრამ მსოფლიოს პოლიტიკურ ცის კაბადონზე რომ იგი ფრიად არაორდინარული პიროვნებაა, სრულიად უეჭველია: მარტო მისი სახელის გულისთვის საქართველო პრაქტიკულად მსოფლიოს ყველა წამყვანმა ქვეყანამ ცნო.

ედუარდ შევარდნაძეს ესაუბრება ჩვენი სპეციალური კორესპონდენტი ვ. სავიჩევი.

სხვა გაზეთებიდან: „არგუმენტი ი ფაქტი“, 1992 წ. (610-611)

- სულ ცოტა ხნის წინათ თქვენს ინტერვიუებში ამბობდით ხოლმე, საქართველოში აღარასოდეს აღარ დავბრუნდებიო.

- მე მოვალე ვიყავი დავბრუნებულიყავი, რადგან ვგრძნობდი, რომ შემიძლია რაღაც ვარგო ჩემს რესპუბლიკას, სადაც დიდი კრიზისია.

- ყველამ ვიცით, რომ მრავალი წლის მანძილზე საქართველოში, მეტი რომ არ ვთქვათ, არცთუ დიდად გცემდნენ პატივს. როგორ დაგხვდნენ თქვენი თანამემამულენი?

- უკეთ, ვიდრე მოველოდი და დღეს, როცა სულ სამი-ოთხი თვე გავიდა, ვგრძნობ, ცხადია, არა სრულ, მაგრამ საკმაოდ მძლავრ მხარდაჭერას. განსაკუთრებით მკაფიოდ ვიგრძენი ეს ამასწინდელი გადატრიალების ცდის დროს. ხალხმა მათ მხარი არ დაუჭირა. ხალხს მშვიდობა, დემოკრატია და საზოგადოების კონსოლიდაცია მოსწყურდა. ამ მხრივ ჩვენი მისწრაფებანი მთლიანად დაემთხვა.

- თქვენ როგორიღა დაგხვდათ რესპუბლიკა?

- ძალზე მძიმე მდგომარეობაა, მაგრამ არა უიმედო. ახლა როცა თავი დავაღწიეთ საერთაშორისო იზოლაციას, შეგვიძლია განვითარებული ქვეყნების დახმარების იმედი ვიქონიოთ. ჩვენი აზრით, ამ კრიზისის დაძლევა შესაძლებელია.

- 1991 წლის აგვისტოში „თეთრი სახლის“ წინ ხალხი ერთხმად გაიძახოდა: „რუსეთი! შევარდნაძე!“. თქვენი სახელი დემოკრატიის თავისებური სიმბოლო გახდა, თანაც - არა მარტო რუსეთში. ამიტომ ბევრს ელდა ეცა, როცა თქვენ საჯაროდ მოიწონეთ რესპუბლიკის კანონიერად არჩეული მთავრობის ძალით დამხობა.

- მე მართლაც მოვიწონე გამსახურდიას რეჟიმის დამხობა, რადგან ნათლად მესმოდა, თუ რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა ამას საქართველოსთვის. საერთოდ მიკვირდა, როგორ მოახერხა გამსახურდიამ ადამიანებში შავბნელი ძალების გამოღვიძება. ჩემთვის უცნობი იყო ასეთი საქართველო. ჩემთვის ეს აღმოჩენა გახლდათ. მათ ხომ საქმე იქამდე მიიყვანეს, რომ ინტელიგენციის ბევრი წარმომადგენელი და ჩვენი ახალგაზრდობა - ჩვენი ხვალინდელი დღე - უცხოდ გრძნობდა თავს საკუთარ ქვეყანაში. სიტყვით გააფთრებული ანტიკომუნისტური პროპაგანდა გაჩაღდა, საქმით კი იგივე კომუნისტური სტრუქტურები შემორჩა, ოღონდ უფრო გაწაფული ფორმით. ისტორიაში არაერთხელ მომხდარა, რომ ხალხს ვიღაცა აურჩევია, ეს არჩეული კაცი კი გადიდაქტორებულა. მე მწამს, რომ საქართველო დემოკრატიული განვითარების გზას დაადგება. თუ ამ იდეას ჯეროვნად არ აუჭირეს მხარი, არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებ.

- რა გეზს ადგახარ საგარეო პოლიტიკაში?

- უწინარეს ყოვლისა, მეგობრებზე გვაქვს აღებული გეზი. და არცთუ დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ სად იქნებიან ისინი - ამერიკაში, უკრაინაში თუ აზიაში. თურქეთი ჩვენი უახლოესი მეზობელია. განა შეიძლება ამ ქვეყანასთან ურთიერთობა არ განვავითაროთ? ან ურუსეთოდ როგორ შეიძლება? პირდაპირ წარმოუდგენელია, რომ მოვწყდეთ რუსეთის ეკონომიკას, კულტურას...

- მრავალი აზრით, თქვენ საკმაოდ უცნაური ამალა გარტყიათ გარს. ყოფილი დისიდენტები, რომლებიც რესპუბლიკის ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივნად თქვენი ყოფნის დროს პატიმრები იყვნენ: თქვენს ერთ-ერთ უახლოეს თანაშემწეს - ჯაბა იოსელიანს დანაშაულებრივი წარსული და ფრიად საეჭვო რეპუტაცია აქვს. როგორ გრძნობთ თავს ასეთ გარემოცვაში?

- შეიცვალა დრო, მსოფლმხედველობა, შეიცვალნენ თავად ადამიანებიც, მათ შორის მეც. იმათი უმრავლესობა, ვისაც თქვენ გულისხმობთ, დიდად განათლებული ხალხია და, რაგინდ პარადოქსულადაც უნდა მოგეჩვენოთ, დღეს სწორედ მათ წრეში ვგრძნობ მეტ გაგებასა და მხარდაჭერას. რაც შეეხება ჯაბა იოსელიანს, მე უბრალოდ მიყვარს ეს კაცი. ჩვენ დიდი ხნის მეგობრობა გვაკავშირებს. რთული ბედის კაცია, მაგრამ თავის თავს რომ აჯობა, ეს იმაზეც მეტყველებს, რომ სულით ძლიერი და ნებისყოფიანია. დღეს იგი სახელმწიფო სისტემაში ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა.

- როგორ გესახებათ საქართველოს მომავალი სახელმწიფო წყობა?

- უმრავლესობა საპარლამენტო მმართველობის მომხრეა, თანაც, მათი აზრით, პრეზიდენტობის ინსტიტუტი, მიუღებელია დღევანდელი საქართველოსთვის. მეც ამ აზრს ვადგავარ. მაგრამ საპარლამენტო მმართველობამაც, როცა პოლიტიკური კულტურა მაღალი არ არის შეიძლება გარკვეული პრობლემები შეგვიქმნას, იქნებ რაიმე ორიგინალური მოვიფიქროთ: საპარლამენტო მმართველობა და რაღაცნაირი ნიუანსები.

- ხშირად მომიკრავს ყური, ხალხი პოლიტიკამ კი არა, იმ პოლიტიკოსებმა დაღალესო, რომლებიც ხალხისთვის გაუგებარ თამაშს თამაშობენო. ვთქვათ, დღეს ორი ხელმძღვანელი საქვეყნოდ ლანძღავს ერთმანეთს, ხვალ კი უკვე ხვევნა-კოცნაში არიან. ხალხები ჯერჯერობით ვერ შეეჩვივნენ ასე სწრაფად შერიგებას. ნუთუ არ შეიძლება პოლიტიკაში ეს თამაშები არ ვითამაშოთ?

- როცა მესმის ხოლმე, პოლიტიკაში თამაშის წესები უნდა დავიცვათო, შინაგანი აღშფოთება მეუფლება. რომელ თამაშზეა ლაპარაკი?! ამ თამაშებმა უკვე წაგვატეხინა კისერი. მე მგონია, ხალხი პოლიტიკოსებმა კი არა პოლიტიკანებმა დაღალეს, რომლებიც უწინარესად საკუთარ თავს ხედავენ პოლიტიკაში და არა ხალხის, ქვეყნის ინტერესებს. აი, სწორედ ეს პოლიტიკანები, როგორც ოსური, ისე ქართული მხრიდან, ცდილობდნენ ყველასთვის დაენახვებინათ. აი, როგორი შეუპოვარი ვარო. და ეს ხდება როგორც ერთი, ისე მეორე ხალხის ხარჯზე.

- ვთქვათ და, მოხერხდა ოსური პრობლემის პოლიტიკური მხარის გადაწყვეტა. მაგრამ შეძლებენ თუ არა ისინი ერთად ცხოვრებას მას შემდეგ, რაც ერთმანეთს დამართეს? შესაძლებელია ამ შურისძიების შეწყვეტა?

- დარწმუნებული ვარ, რომ ბოლოს და ბოლოს ვისწავლით ერთ სახელმწიფოში ერთად ცხოვრებას. ჩემთვის არავითარი განსხვავება არ არის - ოსები, ქართველები, აფხაზები... ჩვენ ყველანი ერთი ქვეყნის მოქალაქენი ვართ, ჟამთა ვითარებაში ხალხი გაერკვევა, ვინ პოლიტიკოსია, ვინ - პოლიტიკანი.

- დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი თუ გახდება საქართველო?

- დღესდღეობით ჩვენ ხელს გვაძლევს ის ურთიერთობა, რომელიც ცალკე, თითოეულ რესპუბლიკასთან ყალიბდება. ჰოდა მზად ვართ ასეთი ურთიერთობა განვავითაროთ ყველასთან დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში ახლა სამხედრო-სტრატეგიულ სივრცეში უფრო მეტს ლაპარაკობენ, ვიდრე ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ ინტეგრაციაზე. აი, ეს კი სრულიად არ გვაძლევს ხელს.

- საქართველოში ხშირად გამიგონია, რუსეთს დღემდე ბლოკადაში ვყავართო. რით გამოიხატება ეს?

- ამჟამად არავითარი ბლოკადა არ არის. ბორის ელცინთან ჩემი შეხვედრის დროს მან ასეთი რეზოლუციაც კი დაწერა, ბლოკადა ხელს არ უწყობსო კონფლიქტის მოგვარებას.

- გამსახურდიასთვის თქვენ უპირველესი მტერი იყავით; მიუხედავად ამისა, თქვენი შვილები მთელი ამ დროის მანძილზე საქართველოში ცხოვრობდნენ. ხომ არ იდევნებოდნენ რამენაირად?

- არა. ასეთი არაფერი ყოფილა.

- რამდენ ხანს გრძელდება თქვენი სამუშაო დღე?

- აი, დღეში ხუთ საათს თუ წავუძინებ, უკვე კარგია. იმისთვისაც კი არ მცალია, რომ რამე წავიკითხო. მაგრამ ჯერ-ჯერობით არა მიშავს რა, „ფორმაში“ ვგრძნობ თავს. ერთ-ერთი, რისთვისაც ვპოულობ დროს (ისიც - იძულებით), - ეს არის ქართული ხელოვნება, რომელიც უნდა გადავარჩინოთ. ამიტომ ხანდახან თეატრშიც უნდა წავიდე, ფილმებიც ვნახო.

ედუარდ შევარდნაძე: მეორედ მოსვლა / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 18 ივლისი. - N132 (411). - 2 გვ.

42 მოლოდინის, ერთობის, შერიგების მძიმე დღეები

▲ზევით დაბრუნება


ჩვენ სამეგრელოში ჩამოვედით, რათა უკეთ გავერკვეთ აქ, საქართველოს ამ ისტორიულ, ტრადიციებით მდიდარ რეგიონში შექმნილ სიტუაციაში. მე ვიცი, რომ ჩვენი შეხვედრები და საუბრები სოფლებსა და საწარმოებში არ იქნება და არ შეიძლება იყოს ადვილი, რადგან საქართველო დღეს გაითიშა რამდენიმე ბანაკად, ძმა ძმას ეომება, დაუსჯელად მოქმედებენ დამნაშავეთა ჯგუფები. ხალხს არა აქვს ხვალინდელი დღის ელემენტარული რწმენა.

ახლა მთავარია მივაღწიოთ მშვიდობასა და თანხმობას, ბოლო მოვუღოთ დესტაბილიზაციას ამ რეგიონში, მივცეთ აქაურ მოსახლეობას ნორმალური ყოფისა და ცხოვრების საშუალება, გავიყვანოთ აქედან შეიარაღებული ფორმირებები, - ამ მოთხოვნებით ჩაიარა სახელმწიფო საბჭოს შეხვედრებმა მარტვილში, აბაშაში, ხობში, სენაკში...

[...]

მოლოდინის, ერთობის, შერიგების მძიმე დღეები / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 24 ივლისი. - N136 (415). - 1 გვ.

43 შეხვედრა საქართველოს სახელმწიფო საბჭოში

▲ზევით დაბრუნება


გულთბილი შეხვედრა მოუწყვეს თურქეთის პრემიერ-მინისტრს სულეიმან დემირელს და მის თანმხლებ პირებს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოში.

საპატიო სტუმრებს მიესალმა სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე ედუარდ შევარდნაძე. მან თქვა:

საქართველოს მთავრობის და ჩვენი ხალხის სახელით მინდა მივესალმო ჩვენს დიდ სტუმარს, ჩვენი დიდი მეზობლის - თურქეთის აღიარებულ ლიდერს ევროპასა და აზიაში, მსოფლიოში ცნობილ სახელმწიფო მოღვაწეს, თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ბატონ დემირელს, რომელიც დღეს ოფიციალურ ვიზიტად იმყოფება საქართველოში. ასევე მინდა გულწრფელად მივესალმო მის თანმხლებ პირებს, ჩვენს მეგობარს - საგარეო საქმეთა მინისტრს ბატონ ჩეთინს და სხვა მინისტრებს, დეპუტატებს, ბიზნესმენებს, ჟურნალისტებს, საზოგადო მოღვაწეებს, რომლებიც თან ახლავს ბატონ პრემიერ-მინისტრს ჩვენთვის აგრერიგად მნიშვნელოვან მოგზაურობაში. ეს ისტორიული მოვლენაა საქართველოსათვის.

მას შემდეგ, რაც საქართველომ, ჩვენმა ხალხმა თავისუფლება და დამოუკიდებლობა მოიპოვა, ასეთი რანგის და ასეთი მნიშვნელობის ვიზიტი პირველია საქართველოში. და რაოდენ სასიხარულო და მისასალმებელია, რომ ჩვენთან ჩამობრძანდა უახლოესი მეზობელი ქვეყნის - თურქეთის პრემიერ-მინისტრი. ამას პრინციპული მნიშვნელობა აქვს დღევანდელი საქართველოსათვის. მე მგონი, არავის სჭირდება განმარტება იმისა, თუ რა არის თურქეთი და თურქეთის სახელმწიფო.

თურქეთის როლი სრულიად ახალია და ახლებურად გვესმის. თურქეთი დიდი სახელმწიფოა თავისი დიდი ინტელექტუალური პოტენციალით და, განსაკუთრებით, მისი დიდი მომავლით. თურქეთი მომავლის ქვეყანაა, იგი სწრაფი ნაბიჯით მიდის წინ, ვითარდება მისი მეცნიერება, კულტურა. მთავარი ის არის, რომ თურქეთმა ამ ბოლო წლებში ითავა მშვიდობის მისია უმნიშვნელოვანესი საკითხების მოგვარებაში. ჰელსინკის ისტორიულ აქტს, რომელსაც კარდინალური მნიშვნელობა აქვს მთელი მსოფლიოსათვის, ხელი მოაწერა სწორედ ბატონმა დემირელმა და იგი ამ ისტორიული მომენტის ერთ-ერთი ავტორი გახლავთ. ეს თვალნათლივ მიგვანიშნებს თურქეთის ახალ როლს, ახალ ადგილს დღევანდელ მსოფლიოში, დღევანდელ ევროპაში.

ჩვენ, შედარებით პატარა ქვეყნებს, შედარებით მცირერიცხოვან ხალხებს, განსაკუთრებით მის მეზობლებს დიდი იმედი გვაქვს თურქეთისა, თურქეთმა ითავა ამ მოძრაობის ლიდერობა, რომელსაც შავი ზღვის აუზის ქვეყნების თანამშრომლობა ჰქვია, ამჯერად, ამ ეტაპზე - ეკონომიკური. მაგრამ ღრმად მჯერა, რომ ეს იქნება უფრო ფართო სპექტრის, დიდი მასშტაბის თანამშრომლობა ამ რეგიონში.

როცა ლაპარაკია კავკასიაზე, იმაზე, რომ კავკასია ერთ-ერთი ყველაზე რთული, - ალბათ ჩვენს პლანეტაზე დღეს ასეთი მდგომარეობის გამო, კონფლიქტების გამო, - ფეთქებადი რეგიონი გახდა, ჩვენ მივესალმებით თურქეთის მშვიდობისმოყვარულ საგარეო პოლიტიკას, რომელსაც თურქეთის მთავრობა, მისი ხელმძღვანელობა და მისი პრემიერ-მინისტრი ახორციელებენ. ბატონმა დემირელმა დღეს ბრძანა, რომ ის სისხლხორცეულადაა დაინტერესებული, რათა კავკასიაში, ჩვენს ამ ძნელ რეგიონში დამყარდეს მშვიდობა, ხალხთა შორის მეგობრობა, ურთიერთგაგება და კეთილმეზობლობა. და, რა თქმა უნდა, დამოუკიდებელი საქართველოს მშენებლობისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ამ დიდ მეზობელთან კეთილ ურთიერთობას.

დღეს ბატონმა დემირელმა ბრძანა, რომ ჩვენ არა მარტო მეზობლები, არამედ ძმებიც ვართ. ჩვენ ამ რანგის მეთაურთაგან მრავალი წლის განმავლობაში პირველად გვესმის ასეთი სიტყვები. და ღრმად მჯერა, რომ ეს არის ჩვენი დიდი მეგობრის, დიდი მეზობლის, დიდი სახელმწიფო მეთაურის გულით ნათქვამი, წრფელი ნათქვამი. ბევრი კარგი სხვა სიტყვაც ითქვა დღეს, და მე მჯერა, რომ ეს მარტოოდენ სიტყვები კი არა, საქმეა.

ასეთი რამ ისტორიაში არ გვქონია და ჩვენ ისტორიას ამით ვიწყებთ. და კარგია, რომ თურქეთთან ვიწყებთ დიდი ხელშეკრულებებით ჩვენი მეგობრობის, მეზობლობის და ურთიერთობის შესახებ.

- მიმაჩნია, რომ დაიწყო ურთიერთთანამშრომლობის დიდი ცხოვრება ორ ქვეყანას შორის. და ბედნიერი ვარ თქვენთან ერთად, რომ გულწრფელად მივესალმო ჩვენს დიდ მეგობარს.

[...]

შეხვედრა საქართველოს სახელმწიფო საბჭოში / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 31 ივლისი. - N143 (422). - 2 გვ.

44 სადილი საპატიო სტუმრის პატივსაცემად

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარემ ედუარდ შევარდნაძემ გამართა სადილი თურქეთის პრემიერმინისტრის სულეიმან დემირელის პატივსაცემად. სადილის დროს ბატონებმა ედუარდ შევარდნაძემ და სულეიმან დემირელმა წარმოსთქვეს სადღეგრძელოები

ედუარდ შევარდნაძის სიტყვა

დიდად პატივცემულო ბატონო პრემიერ-მინისტრო.

მოხარული ვარ ჩვენი ხალხის სახელით მოგესალმოთ ევროპაში, აზიაში და მსოფლიოში აღიარებულ გამოჩენილ პოლიტიკურ მოღვაწეს, თურქეთის ახალი დემოკრატიის ფუძემდებელს, თქვენი ქვეყნის ეკონომიკური აღორძინებისა და სოციალური პროგრესის სულისჩამდგმელს.

ოცი დღის წინათ ფინეთის დედაქალაქში შემატყობინეთ, რომ აპირებთ ივლისის დამლევს საქართველოში ჩამოსვლას. სიტყვა ასრულებულია - თქვენ ჩვენთან ბრძანდებით.

ჩვენი ქვეყნების ათასწლოვანი მეზობლობის განმავლობაში ამ მიწაზე თქვენს მრავალ თანამემამულეს დაუდგამს ფეხი, მაგრამ, თქვენ ალბათ, პირველი ბრძანდებით მათგან, ვინც ქართველს უთხრა „თქვენი სამშობლო ჩვენთვის მოძმე ქვეყანააო“.

ეს მშვენიერი და აქამდე ჩვენთვის უჩვეულო სიტყვები ღირსია იმისა, რომ სათავე დაუდოს ქართულ-თურქულ ურთიერთობათა ახალ ერას. ახალს თავისი განწყობითა და ხასიათით, ახალს ამ ურთიერთობის შინაარსის თვალსაზრისით.

თქვენში ამბობენ, გამოუთქმელი სიტყვა არ არსებობსო. მე კი ასე ვიტყოდი: გამოთქმული სიტყვა უკვდავია, თუ მას მოჰყვება კეთილი საქმე.

თქვენი სიტყვები საქმეთაა ქცეული. ამიტომაც მათ ხანგრძლივი სიცოცხლე უწერიათ.

თურქეთში აგრეთვე ამბობენ: მეზობლობა ძმობაზე ძვირფასიაო. აქაც გვსურს დავუმატოთ: მეზობლობა ძმობაზე ძვირფასია - თუ ეს არის ძმური მეზობლობა.

ასეთი რამ უცხო იყო ჩვენი ისტორიისათვის. ახლა, დარწმუნებული ვარ, აღარ იქნება უცხო. სტამბულში თქვენ მითხარით: „საქართველო ის ქვეყანაა, რომელთანაც ყველაზე იოლად დავამყარებთ მჭიდრო, კეთილმეზობლურ ურთიერთობასო“, თქვენ და თქვენმა კოლეგებმა ეს ფრაზა რეალობად აქციეთ.

თურქეთმა საქართველოს გულუხვი ჰუმანიტარული დახმარება გაუწია.

განიხილება საკითხი შეღავათიანი კრედიტების მოწოდებისა.

გთავაზობთ ტექნიკურ ხელშეწყობას ჩვენი დიპლომატიური წარმომადგენლობების, საბანკო საქმის, სამხედრო მშენებლობის ორგანიზებაში.

თბილისში თქვენ გახლავან თურქეთის საქმიანი წევრების წარმომადგენლები. რომელნიც მზად არიან რჩევითა და საქმით დაეხმარონ ჩვენს ახლად ჩასახულ საბაზრო ეკონომიკას.

ჩვენ ვიხილავთ შავი ზღვის აუზის სახელმწიფოთა პოლიტიკური სისტების შექმნის საორგანიზაციო საკითხებს, ვისწრაფვით დავამყაროთ ეკონომიკური თანამშრომლობა ევროპისა და მსოფლიოსთვის ამ სასიცოცხლო მნიშვნელობის რეგიონში.

ზოგიერთმა იჩქარა მიეცა ჩვენი ჩანაფიქრისთვის „შავი ზღვის ევროთათბირის“ სახელწოდება.

კვლავ მინდა გავიმეორო, ევროპაში უშიშროების ერთიანი სივრცე უნდა შეიქმნას ევროთათბირის ფარგლებში მოქმედი რეგიონული სისტემის გათვალისწინებით.

ამ სივრცის ასეთი აგება უზრუნველყოფს ევროთათბირის მონაწილე ქვეყნების უფრო მჭიდრო ურთიერთმოქმედებას, უფრო საიმედო კონტროლს სიტუაციისადმი რეგიონებში, კრიზისებისა და კონფლიქტების დაძლევის უფრო ქმედით ღონისძიებებს.

ეს იდეა ძალაში რჩება, ისევე როგორც საქართველოს წინადადებანი დაფუძნდეს სტამბულში შავიზღვისპირეთის ქვეყნების ორგანიზაციის შტაბბინა მცირერიცხოვან მრავალეროვნულ სამდივნოსთან ერთად, შეიქმნას ამ ალიანსის სამუშაო ორგანოები, კონფლიქტების თავიდან აცილების რეგიონული ცენტრი, გამოცხადდეს საზღვრების გადასინჯვის მორატორიუმი, შემუშავდეს ნდობისა და დემილიტარიზაციის ღონისძიებანი შავი ზღვისა და კავკასიის რაიონში, განისაზღვროს შეიარაღებისა და შეიარაღებული ძალების, განსაკუთრებით საზღვაო ძალების შესაძლო დაბალი დონე.

დღეს ხელი მოვაწერეთ მნიშვნელოვანი შეთანხმების მთელ პაკეტებს, და, რაც მთავარია, ფუნდამენტურ ხელშეკრულებას მეგობრობის, თანამშრომლობისა და კეთილმეზობლობის შესახებ.

თურქეთი უკვე ის აღარ არის, რაც 20 წლის წინ იყო. იგი საოცრად გარდაიქმნა, გადასხვაფერდა - ეს საქართველოში დიდი ხანია ვიცით. მაგრამ ის, რომ თურქეთი შეიცვალა საქართველოსთვის, მოგვაპყრო ჩვენთვის აქამდე უცნობი სახე - ამას დღეს ვიგებთ. იგი არა მარტო მეზობელი, - მეგობარიცაა.

სამართლიანობა მოითხოვს ვთქვათ, რომ აღარც საქართველოა ის, რაც უწინ იყო. დღეს იგი თავისუფალი და დამოუკიდებელია, აქვს ნება საკუთარი არჩევანისა და სურვილისამებრ განსაზღვროს თავისი ბედი, მაგრამ უნდა ვთქვათ ისიც, რომ ჩვენი თავისუფლება და დამოუკიდებლობა სუსტი და დაუცველია, ამდენად არის საფრთხე მათი დაკარგვისა. ჩვენ გვწამს, რომ საფრთხე არასოდეს დაგვატყდება ჭოროხის გაღმიდან. საქართველოს ალბათ ჰყავს მტრები, ოღონდ სრულიადაც არა იქ, სადაც ისინი წინათ იყვნენ.

ჩვენი დამოუკიდებლობის, ჩვენი საზღვრებისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მთავარი საფრთხე ახლა მწიფდება ჩვენსავე შინაგან ცხოვრებაში.

ვიხსენებ ჩვენს საუბარს სტამბულში, თქვენს ფრაზას: „დაუშვებელია საკუთარი ქვეყნის გადაქცევა შინაპოლიტიკური ბრძოლის ასპარეზად. ასე შეიძლება დამოუკიდებლობა დაკარგო“. საქართველოსთვის საუბედუროდ ამ ბრძოლამ დაკარგა პოლიტიკური ხასიათი, გადაგვარდა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მიმართულ დივერსიულ-ტერორისტულ აქციებად. ამ ავბედობას დაემატა ცალმხრივი ქმედებანი, რომელნიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უქმნის საფრთხეს.

როგორც ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის თათბირის მონაწილეებმა, საქართველომ და თურქეთმა ხელი მოაწერეს 1992 წლის დოკუმენტს „ცვლილებათა დროის გამოწვევა“. ამ დოკუმენტში დადასტურებულია საზღვრების ურღვევობისა და ეროვნულ ტერიტორიათა ხელშეუხებლობის პრინციპები. ამასთანავე ინერგება ახალი ინსტიტუტები და კატეგორიები ეროვნულ უმცირესობათა უფლებების დასაცავად და შიდა კონფლიქტების მოსაგვარებლად.

ვფიქრობ, საქართველომ საკმაოდ სწრაფად დაამტკიცა თავისი სწრაფვა იმოქმედოს ამ დოკუმენტის სულისკვეთების შესაბამისად. ჰელსინკის შეხვედრიდან 2 კვირის შემდეგ ჩვენ ავამოქმედეთ ქართულ-ოსური კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების მექანიზმი, რითაც შევასრულეთ საქართველო-რუსეთის შეთანხმების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პუნქტი. ამით ჰელსინკის დოკუმენტის ქსოვილში გამოჩნდა პირველი რეალური ძაფი. იქცევა იგი არიადნას გზამკვლევ ძაფად? დარწმუნებული გახლავართ, რომ იქცევა. და არა მარტო საქართველოსა და კავკასიისათვის. ევროთათბირის ავტორიტეტულ თანამდებობის პირთა აზრით, ჩვენს მიერ შემუშავებული მოდელი შეიძლება გახდეს საბაზო ნიმუში ქვეყნისათვის, სადაც შიდა კონფლიქტები სულ უფრო აშკარად იძენს საერთაშორისო საფრთხის მასშტაბს.

ხაზს ვუსვამ, რომ მექანიზმი მოქმედებს ჩვენს ტერიტორიაზე და მიმართულია კონფლიქტის ზონაში მცხოვრები რესპუბლიკის ყველა მოქალაქის დასაცავად. ჩვენ გვაქვს უფლება იმის გადაწყვეტისა, თუ როგორ სრულვყოთ ეს მექანიზმი. თუ საჭირო იქნა, დავაყენებთ ამ რეგიონში საერთაშორისო სამშვიდობო ძალების გამოყენების საკითხს.

მინდა გავიმეორო ის, რაც ფინეთის დედაქალაქში ვთქვი: საქართველოში არ არის არაქართული მიწები, და ეს ყველამ უნდა შეიგნოს.

დღესაც, ისევე როგორც ჰელსინკი-82-ის ტრიბუნიდან ჩვენ ვაცხადებთ: ეროვნულ უმცირესობათა უფლებები უნდა იყოს და იქნება კიდეც საიმედოდ დაცული. მაგრამ არ არსებობს უფლებები მოვალეობათა გარეშე. როგორც ჰელსინკის დოკუმენტშია ნათქვამი, ყველა პასუხისმგებელია ერთმანეთის წინაშე დასკვნითი აქტისა და პარიზის ქარტიის სახელმძღვანელო პრინციპთა და საერთო ღირებულებათა დაცვისათვის. ევროთათბირის მონაწილეთაგან არავის, მით უმეტეს, კი ჩვენს მეზობლებს, - არა აქვთ უფლება განზე დგომისა, როცა დესტრუქციული ძალები ცდილობენ ხელყონ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ამით გააჩაღონ ახალი კონფლიქტების ხანძარი.

თქვენო აღმატებულებავ, ძვირფასო მეგობარო სულეიმან დემირელ.

ჩვენს ქვეყანაში დიდი ხანია შეიქმნა თურქოლოგთა შესანიშნავი სკოლა. გვყავს დიდი სპეციალისტები თურქული ისტორიის, ლიტერატურის, კულტურისა, როგორც მითხრეს, თურქეთშიც იჩენენ მეცნიერულ ინტერესს საქართველოსადმი. იწერება და იბეჭდება წიგნები მასზე, როგორც წესი, ავტორები პროგრესული, დემოკრატიული მიმართულების წარმომადგენლები არიან.

ერთი მათგანი, რომელმაც ძალიან კეთილი წიგნი დაწერა ქართულ ფოლკლორზე, ტრაგიკულად დაიღუპა.

თავს ვხრი იმათი ხსოვნის წინაშე, ვინც შეეწირა ქვეყანაში დემოკრატიის იდეალთა გამარჯვებისათვის ბრძოლას.

ამავდროულად ჩვენ ბედნიერნი ვართ, რომ დღეს ვეღარავინ შეაჩერებს ქართველი და თურქი ხალხების მეგობრობისადმი მიძღვნილი ახალი წიგნების ავტორებს.

თქვენ ბრძანდებით ამ წიგნის ერთი მთავარი ავტორიც და ჩვენი მეგობრობის გარანტიც. ქართველი ხალხი მიესალმება თქვენს ჩამობრძანებას ქართულ მიწაზე, რადგან იცის, რომ თქვენ კეთილ კვალს დატოვებთ.

დარწმუნებული ვარ, ყველა ჩემი თანამემამულე ჩემთან ერთად წარმოთქვამს თქვენს სადღეგრძელოს და გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, თქვენი სამშობლოს აყვავებას.

მრავალჟამიერ!

[...]

სადილი საპატიო სტუმრის პატივსაცემად / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 31 ივლისი. - N143(422). - 2 გვ.

45 დაიხსომეთ ეს დღე!

▲ზევით დაბრუნება


ედუარდ შევარდნაძე,
საქართველოს სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე

ეს-ეს არის ნიუ-იორკიდან მივიღეთ ცნობა: გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ ერთხმად მიიღო საქართველო თავის რიგებში.

დღევანდელი დღე - 1992 წლის 31 ივლისი ღირსია, რომ სამუდამოდ აღიბეჭდოს ჩვენს ხსოვნაში, ჩვენს მატიანეში.

შეგახსენებთ: 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ მაშინდელმა ხელისუფლებამ ყველაფერი იღონა, რათა ჩვენი ქვეყანა ერთა ლიგაში მიეღოთ.

ქვეყნის დამოუკიდებლობა უნდა ეყრდნობოდეს მის აღიარებას საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ და შესვლას ხალხთა ოჯახში, - ასე მიაჩნდათ საქართველოს პირველი რესპუბლიკის ლიდერებს, და სრულიად მართალნიც იყვნენ. მაგრამ მიზეზთა გამო, რომელთა შესახებ ახლა ნუ ვიმსჯელებთ, ჩვენი ქვეყანა ერთა ლიგაში არ მიიღეს.

დასავლეთმა ორნახევარი საუკუნის მანძილზე ორჯერ აქცია ზურგი საქართველოს - არ გვაღიარა, არ დაგვიცვა. ეს იყო ისტორიული უსამართლობა, რამაც ორჯერვე ეროვნული კატასტროფა გამოიწვია.

ისტორიულ პარალელებს ყოველთვის ახლავთ საფრთხე რეალური სურათის დამახინჯებისა. მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ ამჯერადაც რაღაც მსგავსი შეიძლება მომხდარიყო.

საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის ფართო საერთაშორისო აღიარება და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, - დიპლომატიურ ურთიერთობათა დამყარება წლეულს გაზაფხულზე დაიწყო. ჩვენი მეგობრები, ევროპისა და ამერიკის თვალსაჩინო სახელმწიფო მოღვაწეები, შეუდგნენ ინტენსიურ დიპლომატიურ საქმიანობას, რათა საქართველო ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის თათბირის წევრი გამხდარიყო. ინგლისის შუამდგომლობით, რომელიც უშიშროების საბჭოს ერთ-ერთი მუდმივი წევრია, დაიწყო საქართველოსგაეროში მიღების საკითხის განხილვა.

23 ივნისს სოჭში რუსეთის პრეზიდენტ ბორის ელცინთან შესახვედრად გამგზავრების წინადღით, შევიტყვეთ რომ უშიშროების საბჭომ გადადო ამ საკითხის განხილვა. ჩვენ იძულებულნი გავხდით, რომ საკუთარი თავისთვის გვეკითხა: ასეთ ვითარებაში არის კი საჭირო სოჭში გამგზავრება? პასუხად გვითხრეს, რომ ეს რაღაც გაუგებრობაა, რომ საქართველოს შესვლას გაეროში არავინ ეღობება და ა.შ.

მაგრამ მომდევნო დღის ამბებმა დაგვარწმუნა, რომ პრობლემა არსებობდა:

სოჭის მოლაპარაკებები, სადაც ჩვენ ტელედეპარტამენტის შენობაზე თავდასხმის და მისი განთავისუფლების შემდეგ მოვხვდით, არცთუ იოლად წარიმართა. ვიტყვი მხოლოდ, რომ დასკვნით დოკუმენტში დაფიქსირდა რუსეთის თანადგომა ჩვენი სწრაფვისადმი - გავხდეთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრი.

დღეს ეს აღსრულდა.

ჩვენ ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკებზე გვიან გავწევრიანდით გაეროში. ჩვენ ვართ გაერთიანებულ ერთა ოჯახში მიღებული ერთადერთი სახელმწიფო, რომელსაც ჯერ-ჯერობით არ ჰყავს ლეგიტიმური ხელისუფლება.

რატომ მოხდა პირველი, ვფიქრობ, ახსნა-განმარტებას არ საჭიროებს. რატომ მოხდა მეორე - აუცილებელია ითქვას. მსოფლიო თანამეგობრობამ დაიჯერა, რომ დავიცავთ გაეროს წესდების დებულებებსა და პრინციპებს, რომ ვესწრაფვით ჩავატაროთ დემოკრატიული არჩევნები, მშვიდობიანად მოვაგვარებთ ქართველთა და ოსთა კონფლიქტს, მივაღწევთ პოლიტიკური ვითარების სტაბილიზაციას, პატივს ვცემთ ადამიანის, ერის, ეროვნულ უმცირესობათა უფლებებს, ჩავატარებთ ეკონომიკურ რეფორმას, დავამკვიდრებთ სამოქალაქო თავისუფლებათა საფუძვლებს.

მას, ვინც ამ მიზანთა მიღწევაში გვიშლის ხელს, შეგნებულად თუ შეუგნებლად, ჩვენი სამშობლო მიჰყავს დამღუპველი იზოლირებისაკენ.

გაეროს წევრობა საქართველოსთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.

ეს არის პირველყოვლისა ისტორიული სამართლიანობის აღდგენა. საქართველოს უფლების და ადგილის დამკვიდრება მსოფლიო თანამეგობრობაში, როგორც სხვა ცივილიზებულ ქვეყანათა თანასწორისა.

გაეროში საქართველოს წევრობა ნიშნავს შედგომას მსოფლიოს უმაღლეს ტრიბუნაზე, რომლიდანაც ჩვენი ხმა ყველგან გაისმება და რომლის საშუალებითაც დავიცავთ ჩვენს სიმართლეს.

გაეროს წევრობა ნიშნავს დასრულებას საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების პროცესისას და მსოფლიო თანამეგობრობის მიერ ჩვენი ქვეყნის დაცვის უფლების მოპოვებას.

გაეროს წევრობა საქართველოს ანიჭებს საერთაშორისო ურთიერთობის, იდეების, ღირებულებების მსოფლიო გაცვლა-გამოცვლაში მონაწილეობის, ადამიანის გონისა და გამოცდილების ყველა დიდი მონაგარით გამდიდრების ფართო საშუალებებს.

ფაქტობრივად 1992 წლის 31 ივლისს დაიბადა ახალი საქართველო. ოღონდ უნდა ითქვას, რომ მისი ზრდა, დავაჟკაცება დამოკიდებულია არა მხოლოდ მინიჭებულ უფლებათა გამოყენებაზე. გაეროს წევრობა პირველყოვლისა ნიშნავს პასუხისმგებლური ქცევის ნორმათა დაცვას შინაც და სახელმწიფოთაშორის ურთიერთობაშიც. თუ გსურთ იყოთ მიღებული წესიერ საზოგადოებაში, დაიცავით იქ მიღებული წესები.

ვიცი, რომ ჩვენში ეს ყველას არ სურს. ხოლო, ვისაც სურს, ყოველთვის არ შეუძლია. მაგრამ ლაპარაკი ჩვენი თანამემამულეების აბსოლუტურ უმრავლესობაზეა. მათზე, ვისაც ძალუძს შესძინოს თავის ქვეყანას ის თვისებები და ღირსებები, რაც აუცილებელია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრობისათვის.

დავიხსომოთ ეს დღე - 1992 წლის 31 ივლისი. იგი თანაბრად ეკუთვნის ჩვენს ისტორიასაც, ჩვენს მომავალსაც.

დაიხსომეთ ეს დღე! / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 1 აგვისტო. - N144(423). - 1გვ.

46 სამოქალაქო მშვიდობისა და ეროვნული თანხმობის დამკვიდრების მიზნით!

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს
მანიფესტი

საქართველოს მოქალაქენო!

მრავალსაუკუნოვანი ქართული სახელმწიფოებრიობა დიდ ნიშანსვეტს მიუახლოვდა. საქართველოს რესპუბლიკა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი გახდა. საქართველო აღიარა მსოფლიომ, რითაც მისი დამოუკიდებლობა დაგვირგვინდა. შექმნილია კეთილსასურველი საერთაშორისო გარემო თავისუფალი, დემოკრატიული ქვეყნის აღმშენებლობისათვის. დასრულდა ეროვნული დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ერთი, მთავარი ეტაპი.

უკუგდებულია იზოლაციონიზმის დამღუპველი საშიშროება, რომლისგან თავის დაღწევა მრავალი თაობის სანუკვარი ოცნება იყო. ამ მიზანს ბევრი ღირსეული მამულიშვილის სიცოცხლე შეეწირა. საქართველოს თანამდევი მათი სულები დღეს ჩვენთან ერთად ზეიმობენ.

ცივილიზებულ ერთა დიდი ოჯახის წევრობა არა მარტო პატივის მიგებაა იმ წვლილისათვის რაც საქართველოს მსოფლიო კულტურის საგანძურში შეუტანია, ან მხოლოდ დიდი გარანტიაა ქვეყნის, სუვერენული უფლებების განხორციელებისა, არამედ განცხადებაც არის იმ პრინციპების ერთგულებისა, რითაც თანამედროვე მსოფლიო სულდგმულობს. საქართველო შევიდა ახალ ზნეობრივ, სამართლებრივ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ სივრცეში, სადაც ახალი წესი, ახალი მოთხოვნები, სხვა ნორმები და განზომილებებია.

ამ ნორმების ერთგულება როგორც ქვეყნის გარეთ, ისე შიგნით საქართველოს დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს. მსოფლიოს ერთა თანამეგობრობაში საქართველო ღირსეულ ადგილს ვერ მოიპოვებს, როგორც ერი და დემოკრატიული სახელმწიფო, თუ იგი არ იქნება მოწესრიგებული პოლიტიკური ორგანიზმი, თანამედროვე და მომავლის ცივილიზაციასთან ზიარების გასაღები ქვეყნის მთლიანობაში, მის ერთიანობაშია.

დადგა სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის ახალი ეტაპი, რომლის ძირითადი საზრისი საქართველოს გამთლიანება, ქვეყანაში სამოქალაქო თანხმობის დამკვიდრებაა. ახალი წესრიგი შინააშლილობის დაძლევას, ეროვნული თანხმობის დამკვიდრებას ითხოვს უსისხლოდ, უმსხვერპლოდ, ცეცხლისა და მახვილის გარეშე. ამით საქართველო საბოლოოდ გაემიჯნება წარსულის ყავლგასულ ნორმებსა და ცნობიერებას და თანამედროვე ისტორიის ღირსეული შემოქმედი გახდება.

ქვეყანაში სამოქალაქო მშვიდობისა და ეროვნული თანხმობის დამკვიდრების, საერთო-სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვისა და დემოკრატიული აღმშენებლობის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლება საქვეყნოდ

აცხადებს:

- დაწესდეს 31 ივლისი საქართველოში ეროვნული თანხმობის, სამოქალაქო და ერთაშორისი მშვიდობის, შერიგების დღედ.

- მიჩნეულ იქნეს საქართველოს ყოველი მოქალაქის პატრიოტულ მოვალეობად საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღმშენებლობაში მათი წვლილის შეტანის კეთილი ნების გამოხატულებად მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის 11 ოქტომბრის არჩევნებში, რაზეც დიდად არის დამოკიდებული ქვეყნის ისტორიული ბედი, მსოფლიოს წინაშე მისი პასუხისმგებლობა და საერთაშორისო ავტორიტეტი.

საქართველოს ხელისუფლება მოუწოდებს უცხოეთში მყოფ თანამემამულეებს ერისა და ქვეყნის ამ ძნელბედობის ჟამს თანდგომასა და თანამშრომლობისაკენ დედასამშობლოს ასაღორძინებლად.

- საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი ინტერესების შეთანხმების, ქვეყნის ყველა რეგიონის განვითარებისა და სახელმწიფო მართვაში მათი უშუალო მონაწილეობისათვის უზრუნველყოფილია ყველა რაიონისა და ქალაქის წარმომადგენლობა ხელისუფლების უზენაეს ორგანოში, გათვალისწინებულია ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების თავისუფალი დემოკრატიული არჩევნები.

- საქართველოს ხელისუფლება კიდევ ერთხელ ადასტურებს ერთგულებას საერთაშორისო სამართლით აღიარებული ადამიანის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებებისადმი, ადასტურებს და უზრუნველყოფს პოლიტიკური პარტიების და სხვა ასოციაციების შექმნის, კრებების, მიტინგების, დემონსტრაციების, სიტყვის, პრესის, საკუთარი აზრის გამოხატვის თავისუფლებას საზოგადოებრივი უშიშროების, წესრიგის, ზნეობის მოთხოვნებთან შესაბამისობით. აღიკვეთოს ისეთი პოლიტიკური ძალების არსებობა, რომლებიც ქმნიან შეიარაღებულ ფორმირებებს, აღვივებენ ერთაშორის შუღლს, მიმართავენ ძალისმიერ მეთოდებს.

- გაუქმდეს საგანგებო წესები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ბრძოლა ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, თავისუფლების, პატივისა და ღირსების, ქონების ხელყოფასთან ხელისუფლების უპირველესი მოვალეობაა, რისთვისაც უზრუნველყოფილი იქნება ჯეროვანი პირობების შექმნა ეროვნული პოლიციის საქმიანობისათვის. ქართული პოლიცია კისრულობს სრულ პასუხისმგებლობას ქვეყნის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი წესრიგისათვის.

- გაერთიანდეს ყველა შეიარაღებული ფორმირება საქართველოს რესპუბლიკის ერთიან შეიარაღებულ ძალებში, რომელიც დაექვემდებარება თავდაცვის სამინისტროს და შინაგანი ჯარების სარდლობას, გაძლიერდეს სამოქალაქო თავდაცვის სამსახური. კატეგორიულად აიკრძალოს ყველა სხვა შეიარაღებული ფორმირებების შექმნა და მოქმედება.

- რეგიონებში მოქმედი არარეგისტრირებული სამხედრო რაზმების წევრებს მიეცეთ საშულება ხელისუფლებისადმი მათი ლოიალობის გათვალისწინებით გაერთიანდნენ თავდაცვის სამინისტროს, შინაგანი ჯარების ან პოლიციის ქვედანაყოფებში. მოხდეს მათ მფლობელობაში არსებული იარაღის რეგისტარცია ან ჩაბარება. ის პირები, რომლებიც არ შევლენ სახელმწიფო სამხედრო ფორმირებებში, თავისუფლდებიან ადრე ჩადენილი სამართალდარღვევებისათვის პასუხისმგებლობისაგან (ეს არ შეეხება მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ჩადენილ მძიმე დანაშაულს) და დაუბრუნდებიან ოჯახებს, მშვიდობიან შრომას. დაუყოვნებლივ შესრულდეს საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება ყველა შეიარაღებული ფორმირების თავიანთი დისლოკაციის ადგილებში დაბრუნების შესახებ.

საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებში სამსახური პატრიოტული ვალია.

- ეროვნული ერთიანობისა და თანხმობის უმაღლესი ინტერესებიდან გამომდინარე, განთავისუფლდნენ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან პირები, რომლებიც მიმდინარე წლის 6 იანვრიდან მონაწილეობდნენ საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ კანონსაწინააღმდეგო აქციებში, თუ მათ არ ჩაუდენიათ მძიმე სისხლის სამართლის დანაშაული მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ.

- განთავისუფლდნენ პატიმრობიდან ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებსაც ბრალი ედებათ მძიმე დანაშაულობათა ჩადენაში. მხედველობაშია მიღებული, რომ მათი ქმედებანი გარკვეულწილად განაპირობა ავტორიტარულმა, დიქტატორულმა რეჟიმმა.

- განთავისუფლდნენ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან პირები, როლებიც მონაწილეობდნენ მიმდინარე წლის 24 ივნისს სახელმწიფო გადატრიალების ავანტიურისტულ მცდელობაში, მიუხედავად ქვეყნისა და ხალხის წინაშე მათ მიერ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულისა.

- ამიერიდან, ამ მანიფესტით გამოცხადებული დიდსულოვანი აქტების შემდეგ, სახელმწიფო იქნება გარანტი, რომ ყველა მოქალაქე, რომელიც დაარღვევს კანონს და შეეცდება ძალის გამოყენებას არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ, ხელყოფს პიროვნების სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, პატივს, ღირსებას და საკუთრებას, დაისჯება კანონის მთელი სიმკაცრით.

- საქართველოს ხელისუფლება გულისხმობს, რომ სხვადასხვა ძალებისაგან მძევლებად აყვანილი პირები დაუყოვნებლივ გათავისუფლდებიან. ამასთანავე, საზოგადოება გმობს ადამიანთა უკანონოდ თავისუფლების აღკვეთის ფაქტებს, რა მიზნებითაც უნდა იყოს ისინი ნაკარნახევი.

- შექმნილია სამთავრობო კომისია, რომელიც შეისწავლის მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ შეიარაღებული ფორმირებების მიერ ძალადობისა და სხვა უკანონო მოქმედებების ფაქტებს. დამნაშავენი დაისჯებიან, მიყენებული ზარალი ანაზღაურდება.

- დამოუკიდებელი დემოკრატიული საქართველოსთვის ბრძოლაში, შიდა შეიარაღებულ კონფლიქტებში დაღუპულთა ხსოვნა უკვდავყოფილი იქნება; შედგება მათი ოჯახებისათვის მატერიალური დახმარების ღონისძიებათა გეგმა, რომლის შესახებაც საზოგადოება სათანადოდ იქნება ინფორმირებული.

- გაგრძელდება კონსტრუქციული დიალოგი აფხაზეთის ხელისუფლებასთან კომპეტენციათა გამიჯვნის, მყარი სახელმწიფო-სამართლებრივი ურთიერთობის დასამკვიდრებლად ერთიანი საქართველოს ფარგლებში.

საქართველოს ხელისუფლება ბოლომდე მიიყვანს ცხინვალის რეგიონში დაწყებულ სამშვიდობო ღონისძიებებს, რამაც უნდა უზრუნველყოს სისხლისღვრის შეწყვეტა და ამ რეგიონში წესრიგისა და სამოქალაქო მშვიდობის აღდგენა.

ხელისუფლება სრულიად საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით კვლავაც იზრუნებს საქართველოში ეროვნული უმცირესობების უფლებრივი მდგომარეობის განსამტკიცებლად საერთაშორისო სამართლით აღიარებული ნორმებისა და პრინციპების შესაბამისად.

- საქართველოს ყველა რეგიონის, ქალაქების და რაიონების მოსახლეობა, ადგილობრივი მმართველობის და სამართალდაცვის ორგანოები არ დაუშვებენ მათ ტერიტორიაზე დივერსიულ და ტერორისტულ აქტებს, უზრუნველყოფენ რკინიგზისა და საავტომობილო ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის, სახალხო მეურნეობის, განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, ტურისტულ და საკურორტო დაწესებულებათა შეუფერხებელ მუშაობას.

- საქართველოს ხელისუფლება აუცილებლად მიიჩნევს უმნიშვნელოვანესი სამოქალაქო, პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური ღონისძიებების შემუშავებას და წარმართავს საჯაროობის პრინციპების დაცვით, საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინების საფუძველზე.

ადგილობრივი მმართველობის ორგანოები და თანამდებობის პირები უზრუნველყოფენ მოსახლეობისათვის ინფორმაციის შეუფერხებლივ მიწოდებას.

- გზა გაეხსნას თავისუფალი ეკონომიკური ზონების განვითარებას როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში.

- საქართველოს ხელისუფლება მოითხოვს ქალაქების, რაიონების, სოფლების, დაბების ხელმძღვანელობისაგან ამ მანიფესტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების საშუალებათა საყოველთაო მსჯელობის საგნად გადაქცევას, იმედოვნებს, რომ ამ პროცესებში თავიანთ გავლენიან აზრს გამოთქვამენ სრულიად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და სხვა რელიგიური გაერთიანებები.

საქართველოს მოქალაქენო!

საქართველოს უზენაესი ინტერესებით ნაკარნახევი ეს მანიფესტი მიმტევებლობის, ჰუმანიზმის საქვეყნო განცხადება და ქართული სახელმწიფოებრიობის ძლიერების დასტურია.

ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!

საქართველოს რესპუბლიკის
სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე
ე. შევარდნაძე.
თბილისი, 1992 წლის 3 აგვისტო.

სამოქალაქო მშვიდობისა და ეროვნული თანხმობის დამკვიდრების მიზნით! / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 5 აგვისტო. - N147(426). - 1 გვ.

47 ამ დღეებში წყდება ჩვენი ყოფნა-არყოფნის საკითხი!

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის ედუარდ შევარდნაძის მიმართვა საქართველოს მოსახლეობას ტელევიზიით 1992 წლის 11 აგვისტოს

ძვირფასო ტელემაყურებლებო!

მე მძიმე მისია ვიკისრე. თქვენ სულ რაღაც 10-15 წუთის წინ მოისმინეთ სახელმწიფო საბჭოს პრეზიდიუმის გადაწყვეტილება, რომელიც დაამტკიცა სახელმწიფო საბჭოს დღევანდელმა სხდომამ. თქვენ მოისმინეთ აგრეთვე სახელმწიფო საბჭოს დადგენილება რკინიგზის ტრანსპორტზე დანაშაულისთვის პასუხისმგებლობის გაძლიერების თაობაზე. მოისმინეთ ის არგუმენტები, რომლებიც განპირობებულია ამ საკმაოდ მკაცრი დოკუმენტების მიღება. სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ სახელმწიფო საბჭოს სხდომის დამთავრების შემდეგ მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა, კიდევ უფრო დაიძაბა და, მე ვიტყოდი, დრამატული ხასიათი მიიღო. იმ დროს, როდესაც სახელმწიფო საბჭოს სხდომა მიმდინარეობდა, ზუგდიდში იყო შინაგან საქმეთა მინისტრი ბატონი რომან გვენცაძე, რომელიც სპეციალური დავალებით არის მივლინებული ამ რაიონებში მშვიდობისა და წესრიგის უზრუნველსაყოფად. მასთან ერთად იყო დავით სალარიძე - თქვენთვის ცნობილი მოღვაწე - შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე და ამჯერად სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის თანაშემწე ეროვნული უშიშროების დარგში, და კიდევ რამდენიმე მუშაკი. ისინი ზუგდიდში ჩასული იყვნენ მოლაპარაკების გასაგრძელებლად შეიარაღებულ ფორმირებათა მეთაურებთან, რაზმების ხელმძღვანელებთან. ქალაქისა და რაიონების გამგებლებთან მოლაპარაკების ძირითადი თემა იყო ის, რაც ყველამ ერთად გადავწყვიტეთ 4 აგვისტოს. მხედველობაში მაქვს მანიფესტი, რომელიც მიტინგზე გამოვაცხადე და რომელიც ჩვენმა ხალხმა მოიწონა. თემა იყო შერიგებისა, საუბარი ეხებოდა მორიგებას. ეს არ იყო პირველი შეხვედრა, ეს იყო მესამე დიალოგი. რამდენადაც ვიცი, ეს საუბარი მიმდინარეობდა საინტერესოდ, საკმაოდ, როგორც ვამბობთ ხოლმე, კონსტრუქციულ ატმოსფეროში და თითქმის ყველა საკითხზე მიაღწევს შეთანხმებას, მათ შორის ბატონ სანდრო კავსაძის დაბრუნების თაობაზეც. დღეს, რომან გვენცაძეს რომ ვემშვიდობებოდი, მითხრა, შვეულმფრენით მივფრინავ სპეციალურად, რათა საღამოსთვის სანდრო ჩამოვიყვანოთ თბილისში. სავალალოდ და საუბედუროდ, ეს მოლაპარაკება დამთავრებულიც კი არ იყო, რომ დიალოგის მონაწილეთ თავს დაესხნენ შეიარაღებული რაზმები და მოხდა დიდად სამწუხარო ამბავი - ბატონები რომან გვენცაძე, დავით სალარიძე და ზოგიერთი სხვანი დაატყვევეს და გაიტაცეს. ვიცი, რომ არიან ქვეყნად ბოროტი ადამიანები, რომლებიც ყოველგვარ დანაშაულს იკადრებენ, მაგრამ მეგონა, ბოროტებას საზღვარი აქვს-მეთქი, მაგრამ, როგორც ჩანს, შევმცდარვარ. ეტყობა, ბოროტება უსაზღვროა. მე გულწრფელი ვიყავი, როდესაც სახელმწიფო საბჭოს და ჩემს ხალხს შევთავაზე შერიგების, მორიგების მანიფესტი - დიდი ეროვნული კომპრომისი. მე ამაში ვხედავდი გამოსავალს იმ კრიზისიდან, რომელშიც აღმოჩნდა დღეს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი. ვიმეორებ, მე გულწრფელად მჯეროდა ეს. გულით გავიხარე, როდესაც პირველი შეხვედრები გაიმართა დასავლეთში - ზუგდიდში, ხობში და სხვა რაიონებში რომან გვენცაძის მონაწილეობით. მოსახლეობა მიესალმა მას, მილიციას, მილიციის გამოჩენას. ხალხს იმედი გაუჩნდა. დღეს კი, ასეთი მეხის დაცემა... მინდა გულახდილად და კაცურად გითხრათ: როდესაც პოლიტიკურ მოღვაწეს ასე გაუცრუვდება იმედი და მისი ნაბიჯი არ გაამართლებს და ასე მუხანათურად უღალატებენ, იგი, წესით, უნდა გადადგეს. მე ეს ვუთხარი ჩემს კოლეგებს - თენგიზ სიგუას, თენგიზ კიტოვანს, ვახტანგ გოგუაძეს და სხვებს, ვინც აქ იყო, ვინც ესწრებოდა ამ საუბარს. ბატონი ჯაბა აქ არ არის, ქალაქგარეთაა გასული. მე ეს ვარიანტი შევთავაზე მათ, მაგრამ მეგობრებმა დამარწმუნეს, რომ ეს ახლა ხალხის ღალატი იქნებოდა. არ მინდა, თქვენ რაღაც სანტიმენტალობაში ჩამომართვათ ეს. მე მართლაც მიმაჩნია, რომ ის გარკვეული მარცხია, მარცხია ჩემი - პირადი, საკუთარი, რადგან მოვტყუვდი, რეალურად ვერ შევაფასე ის ძალები, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ იბრძვიან, ვერ განვსაზღვრე ის მასშტაბი ბოროტებისა, რომელიც მათ შეუძლიათ იკადრონ. და მაინც დავეთანხმე დღეს ჩემს მეგობრებს დავრჩე მწყობრში და ვებრძოლო ბოროტებას, ვებრძოლო ბოროტებას არა ბოროტებით, არა მარტო ძალით, მაგრამ ძალითაც, ძალის გამოყენებითაც. საქართველო ახლა ძლიერია, უფრო ძლიერი, ვიდრე ამ 10-15 დღის წინათ. ახლა მას საკმაოდ მრავალრიცხოვანი ჯარი ჰყავს, საკმაო იარაღიც აქვს. არსებობს ყველა საშუალება იმისთვის, რომ ბოროტება აილაგმოს, ქართულ მიწა-წყალზე ერთხელ და სამუდამოდ წესრიგი დამყარდეს და წესიერ მშრომელ ადამიანს საკუთარი ლანდის არ ეშინოდეს. ჩვენ გადავწყვიტეთ ამაღამვე დამუშავდეს სამხედრო ოპერაციების გეგმა. უწინარესად რკინიგზის, საავტომობილო მაგისტრალების, ხიდების დაცვის გეგმა. რა თქმა უნდა, ყოველივე ამის მიზანია დავიცვათ მშვიდობიანი ადამიანების ინტერესები. და ასეც იქნება, მაგრამ ბოროტებას ბოლო მოეღება, მე ამაში ღრმადა ვარ დარწმუნებული.

მთელი ამ დიდი და სერიოზული სამუშაოს შესრულება დაევალა ბატონ თენგიზ კიტოვანს - ჩვენი თავდაცვის მინისტრს, სახელმწიფო საბჭოს პრეზიდიუმის წევრს. ახლა შეიარაღებული ძალების მთავარ შტაბში გულმოდგინედ მუშაობენ იმისთვის, რომ განზრახვა განხორციელდეს. ლაპარაკი იმაზე, რომ ეს არ ეხება მარტო ერთ რეგიონს, ლაპარაკია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე - დაწყებული ლესელიძით და დამთავრებული ყაზბეგის რაიონით და სხვა საზღვრებით, დამყარდეს წესრიგი ყველგან და ყველაფერში. ამისთვის გამოყენებული იქნება ჯარიც, მილიციაც, სამხედრო ტექნიკაც. მე ვაფრთხილებ ყველას, ვისაც ჯერ კიდევ ვერ ამოუგდია თავიდან, თავისი აზროვნება ვერ გაუთავისუფლებია ბოროტი ზრახვებისგან, გონს მოვიდნენ, შემოგვირიგდნენ, სანამ გვიან არ არის, თორემ ძალიან ძვირად დაუჯდებათ. ვიცი, რომ ბევრი მათგანი, ვინც მონაწილეობდა ზუგდიდის მოლაპარაკებაში, სისხლისღვრის მომხრე არ არის. მჯერა, რომ ვალტერ შურღაიას ტყუილი არ უთქვამს ჩემთვის, მჯერა, რომ იგი ახლაც მუშაობს იმისთვის, რომ ყველაზე უარესი თავიდან ავიცილოთ. და თუ ასე არ არის, დაე, პასუხი აგოს თავისი ერისა და ღვთის წინაშე, რომლითაც მან შეჰფიცა, რომ იბრძოლებდა ერთიანობისთვის, ერთიანი საქართველოსთვის.

ასეთი სიტყვებით მიმართა მან სხვებსაც, რომლებიც ამ შეხვედრაში მონაწილეობდნენ. ყველაფერი, რაც საჭიროა იმისთვის, რომ სანდრო კავსაძე, რომან გვენცაძე, დავით სალარიძე და სხვები დაბრუნდნენ უვნებელნი, გაკეთდება, ვიმეორებ, თუ ეს გარდაუვალი იქნა, ძალასაც გამოვიყენებთ, მინდა მოგახსენოთ, რომ გვარდიაში, მხედრიონში, საქართველოს პოლიციაში ყველაფერი დუღს ახლა. ახლახან ჩემთან იყო ქალაქის პოლიციის გარნიზონის უფროსი ბატონი დათო ზეიკიძე და მითხრა, ვერ ვაკავებო პირად შემადგენლობას - აღშფოთებული არიან და ლამის ქვეითად მოაწყონ ლაშქრობა, ჩავიდნენ ადგილზე, რათა თავიანთი მინისტრი დაიხსნან. იგივე მითხრეს სენაკში, ქუთაისში, ასევე აჭარაში და აფხაზეთში. არ მინდა მოგიწოდოთ ხვალ რაღაც განსაკუთრებული აქციებისთვის. მაგრამ, მე მგონი, მას შემდეგ, რაც ჩვენ მთელი მსოფლიოს თვალწინ მართლაც უჩვეულო დიდსულოვნება და სულგრძელობა გამოვიჩინეთ, ვაპატიეთ ის, რასაც არც ერთი სახელმწიფო არ აპატიებდა, იმის უფლებაც გვაქვს, ვთხოვოთ ჩვენს ხალხს, რომ ხვალ გამოვიდნენ ქუჩებში, მოედნებზე და მოითხოვონ ჩვენგან მხარი დავუჭიროთ, რათა შევუტიოთ ჩვენს მოწინააღმდეგეებს. მე ეს სიტყვა არ მიხმარია, რაც საქართველოში ჩამოვედი, ახლა პირველად ვიტყვი - ჩვენი მტრების წინააღმდეგ ბრძოლაში, საქართველოს მტრებისა და მოღალატეების წინააღმდეგ ბრძოლაში! - თუ გვინდა, რომ იცოცხლოს და იდღეგრძელოს საქართველომ მე ვხედავ, ვისი ხელი ტრიალებს ამ ამბებში, ვისი ხელმოწერაა. ეს არ არის ძნელი გასარჩევი. ეს ის ხელწერაა, ის ხელია, რომელმაც ჩიქოვანის ქუჩაზე ხუთი კაცი იმსხვერპლა, მათ შორის - ქალები, ბავშვები, უდანაშაულო ხალხი. ამაზე ცალკე იქნება საუბარი, საქმე უკვე გახსნილია. დამნაშავენი ცნობილი არიან ხვალ-ზეგ მიიღებთ დეტალურ ინფორმაციას, საიდან წარმართავენ ამ შემზარავ და საძაგელ პროცესებს საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ქართველი ხალხის წინააღმდეგ.

მაპატიეთ შეცდომა, თუ ეს შეცდომა იყო, რომელიც მე დავუშვი - სახელმწიფო საბჭოს მანიფესტზე მოგახსენებთ. არც იმას დაგიმალავთ, რომ გამოვიყენე ჩემი ავტორიტეტი, რათა სახელმწიფოს საბჭოს ზოგიერთი წევრისთვის მეთხოვა კიდეც ეს. შინაგან ისინი წინააღმდეგი იყვნენ. მე ვხედავდი მოედანზე, როცა მანიფესტს ვკითხულობდი, ზოგი როგორი ეჭვის თვალით მიყურებდა და მისმენდა, მაგრამ, ეტყობა, ანგარიში გამიწიეს. მე მათ წინაშე ბოდიშს მოვიხდი. და მაინც, ახლა სხვა გზა არ არსებობს. მე, ალბათ, უფლება არა მაქვს ამ უმძიმეს წუთებში, ამ ურთულეს და საპასუხისმგებლო ეტაპზე გავექცე პასუხისმგებლობას. მე თქვენთან ერთად ვიშრომებ და ვიბრძოლებ იმისთვის, რომ ბოროტება აილაგმოს, იმისთვის, რომ სამართალმა გაიმარჯვოს, იმისთვის, რომ სამართალმა გაიმარჯვოს, იმისთვის რომ ჩვენი ძმები და მეგობრები დაბრუნდნენ დედაქალაქში და თავის ღირსეულ საქმიანობას შეუდგნენ.

იმედი მაქვს თქვენი მხარდაჭერისა. მოგმართავთ ჩემი კოლეგების, ჩემი მეგობრების - თენგიზ სიგუას, თენგიზ კიტოვანის, ჯაბა იოსელიანის და სხვების სახელითაც. ალბათ, თითოეული მათგანი ასეთივე სიტყვებით მოგმართავთ თქვენ ხვალ. დღეს მე დამეკისრა ეს მისია, ხვალ ისინიც შემოგვეხმიანებიან.

ნუ გიკვირთ, თუ ახლა ვღელავ და ვნერვიულობ. მე მგონი ახლა, სწორედ ახლა, ამ დღეებში წყდება ჩვენი ყოფნა-არყოფნის საკითხი. ან სიკეთე გაიმარჯვებს ან ბოროტება! არ უნდა დავუშვათ, რომ ბოროტებამ გაიმარჯვოს! თუ ბოროტება არ გაიმარჯვებს, მაშინ საქართველო მართლა დამოუკიდებელი გახდება, საქართველო მართლა დემოკრატიული სახელმწიფო იქნება და საქართველო შეასრულებს თავის მოვალეობას საკუთარი ხალხისა და მსოფლიოს წინაშე, იმ მსოფლიოს წინაშე, რომელიც ჩვენ გვინდოდა ასე საქვეყნოდ, ასე უყოყმანოდ დაგვეჭირა მხარი ჩვენს კეთილ წამოწყებებსა და ჩვენს ჰუმანურ ნაბიჯებში.

მადლობელი ვარ ყურადღებისათვის ნახვამდის.

ამ დღეებში წყდება ჩვენი ყოფნა-არყოფნის საკითხი! / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 13 აგვისტო. - N153 (432). - 1 გვ.

48 ედუარდ შევარდნაძემ მოუწოდა აფხაზებს, ქართველებს, ყველას - არ დაუშვან მდგომარეობის გართულება

▲ზევით დაბრუნება


ბრიფინგი სახელმწიფო საბჭოში

14 აგვისტოს სახელმწიფო საბჭოს ოვალურ დარბაზში გაიმართა ბრიფინგი ქართველი და უცხოელი ჟურნალისტებისათვის. მასზე განცხადებით გამოვიდა სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე ედუარდ შევარდნაძე. მან კერძოდ აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მკაფიოდ ჩამოაყალიბა თავისი კურსი საშინაო და საგარეო პოლიტიკაში, რომლის ქვაკუთხედია მშვიდობიანი თანაცხოვრება ყველა სახელმწიფოსთან, შერიგებისა და პატიების სულისკვეთება ქვეყნის შიგნით მცხოვრები ყველა ხალხის მიმართ. რა თქმა უნდა, ჩვენს მიერ განხორციელებული ღონისძიებები მიმართული ქართველი ხალხის ერთიანობისაკენ. ვერავინ ვერ შეგვედავება იმაში, რომ ჩვენ ოპონენტებს არ შევთავაზეთ დიდი ეროვნული კომპრომისი, რომლის გამოხატულებაც იყო ამას წინათ გამოქვეყნებული მანიფესტი. ეს თითქმის უპრეცედენტო დოკუმენტია, რომელშიც ჩვენ ძალიან დიდ დათმობებზე წავედით ჩვენი მოწინააღმდეგების მიმართ, იმათ მიმართ, ვინც იარაღით ხელში ებრძოდა არსებულ ხელისუფლებას, შეიჭრა ტელეცენტრში...

ჩვენ, რა თქმა უნდა, ვგულისხმობთ, რომ შერიგების შემდეგ ერთად ვიბრძოლებდით საქართველოს კეთილდღეობისათვის. ეს იყო უაღრესად რთული ნაბიჯი, რომლისთვისაც კიდევ გვაკრიტიკებენ. სამწუხაროდ, ამას მოპირდაპირე მხარემ საპირისპირო ნაბიჯებით უპასუხა - მოლაპარაკების მსვლელობის დროს ბანდიტურად დაესხნენ თავს და მძევლებად აიყვანეს შინაგან საქმეთა მინისტრი რომან გვენცაძე, სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში დავით სარალიძე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ზიბერტ ხაზალია და სხვები. ასეთი აქციის შეფასება სახელმწიფო საბჭოს წევრებისა და ფართო საზოგადოების მხრიდან ცალსახა იყო. კატეგორიულად დაისვა საკითხი მკაცრი ზომების მიღების შესახებ. ჩვენ მოვითხოვეთ მძევლების დაუყოვნებლივ განთავისუფლება, წინააღმდეგ შემთხვევაში გავაფრთხილეთ, რომ გამოვიყენებთ ძალას, მაგრამ ყველაფერმა ამან შედეგი არ გამოიღო. ამიტომ შეიქმნა სპეციალური რაზმი, რომლის ხელმძღვანელობა დაევალა თავდაცვის მინისტრს თენგიზ კიტოვანს. ჩვენ ვიცოდით, სად ჰყავდათ მძევლები, ამიტომ გუშინ კიდევ ერთხელ გავაფრთხილეთ აფხაზეთის ხელმძღვანელობა მიეღო ზომები მათ გასათავისუფლებლად. აგრეთვე კატეგორიულად მოვთხოვეთ ბანდების მეთაურებს დაუყოვნებლივ გამოეშვათ მძევლები. იყო შეპირება, რომ გაათავისუფლებენ მხოლოდ რომან გვენცაძეს, მაგრამ, როგორც გამოირკვა, პრეზიდენტყოფილთან მოლაპარაკების შემდეგ მათ თავისი სიტყვა გადათქვეს. აი ამიტომ შეიარაღებული ძალები შევიდნენ აფხაზეთში, შევიდნენ მხოლოდ იმისათვის, რომ ბოლო მოუღონ დასავლეთ საქართველოს რაიონებში შეიარაღებული ბანდების თარეშს, რომლებმაც გასულ ღამეს განახორციელეს მორიგი დივერსია - ააფეთქეს რკინიგზის ხიდი. სამწუხაროდ, ამ ოპერაციის მსვლელობის დროს მოხდა შეტაკება ეროვნული არმიის ქვეგანაყოფისა და აფხაზეთის გვარდიას შორის, არის მსხვერპლი, არიან დაჭრილები.

ამ შემთხვევაში, აღნიშნა ედუარდ შევარდნაძემ, ბუნებრივია, რაღაც ოკუპაციაზე ლაპარაკი სრულიად უმართებულოა, რადგან საქართველოს ეროვნული არმიის ნაწილები მოქმედებენ ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიაზე და მომავალშიც იმოქმედებენ, თუ ამას მოითხოვს ქვეყნის ინტერესები. ჩვენ სისტემატური კონტაქტები გვაქვს სერგი ბაგაფშთან, ალექსანდრე ანქვაბთან, თამაზ ნადარეიშვილთან და სხვებთან. ყველანი ერთსულოვნად იზიარებენ იმ აზრს, რომ მძევლები განთავისუფლებული უნდა იქნენ, რათა კონფლიქტმა უფრო ფართო მასშტაბი არ მიიღოს. ბაგაფშმა უკვე შეგვატყობინა, რომ გვენცაძე გათავისუფლებულია, 15 წუთის შემდეგ კი გვენცაძე დაგვიკავშირდა ტელეფონით და გვთხოვა გაგვეგზავნა ვერტმფრენი თბილისში გამოსაფრენად. რაც შეეხება დანარჩენ მძევლებს, ისინი კვლავ დაკავებული არიან.

ედუარდ შევარდნაძემ აცნობა ჟურნალისტებს, რომ დღესვე სოხუმში გაემგზავრნენ თენგიზ სიგუა, ჯაბა იოსელიანი, რომლებიც თენგიზ კიტოვანთან ერთად გამართავენ მოლაპარაკებას. დიალოგი უნდა შესდგეს, მე ვერ ვხედავ მისი ჩაშლის მიზეზს. ედუარდ შევარდნაძემ მოუწოდა აფხაზებს, ქართველებს, ყველას არ დაუშვან მდგომარეობის გართულება.

სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარემ გააკეთა აგრეთვე ინფორმაცია კიდევ ერთი სამწუხარო ფაქტის შესახებ. ყორნისის რაიონის სოფელ ავნევში მოსავლის აღების დროს მოხდა შელაპარაკება ქართველებსა და ოსებს შორის. გუშინ ღამით იქ გაემგზავრა სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში მყოფი ქართული ბატალიონის წევრთა მცირე ჯგუფი შვიდი კაცის შემადგენლობით, როდესაც უკან ბრუნდებოდნენ, ისინი წააწყდნენ ჩასაფრებულ ბანდიტებს, რომლებიც დაუნდობლად გაუსწორდნენ სამშვიდობო ძალების წარმომადგენლებს. ამის შემდეგ თქვა ედუარდ შევარდნაძემ, მე მქონდა სატელეფონო საუბარი რუსეთის ხელმძღვანელობასთან, რომელმაც გაიზიარა ჩვენი შეშფოთება მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით და დაგვარწმუნდა, რომ ჩვენთან ერთად ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ბოროტმოქმედნი გამოვლენილ და დასჯილ იქნენ.

ედუარდ შევარდნაძემ უპასუხა ჟურნალისტთა შეკითხვებს. ბრიფინგის ბოლოს მან განაცხადა, რომ სულ ახლახან ელაპარაკა სოხუმს, საიდანაც შეატყობინეს, რომ ახლა იქ სროლა აღარაა, თუმცა, დაამატა მან, არ გამოვრიცხავ მის განახლების შესაძლებლობას. მდგომარეობა ჯერჯერობით რთული და დაძაბული რჩება, მაგრამ იმედი გვავს, რომ მოლაპარაკება წარმატებით დამთავრდება და დადებით შედეგს მოგვცემს.

ედუარდ შევარდნაძემ მოუწოდა აფხაზებს, ქართველებს, ყველას - არ დაუშვან მდგომარეობის გართულება / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 15 აგვისტო. - N155 (434). - 1 გვ.

49 ედუარდ შევარდნაძე: აფხაზი ხალხის ეროვნულ ინტერესებს საფრთხე არ მოელის

▲ზევით დაბრუნება


17 აგვისტოს დილით პირდაპირი ეთერით საქართველოს რადიოთი გამოვიდა სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე ედუარდ შევარდნაძე. თავის გამოსვლაში, რომელიც 20 წუთს გაგრძელდა, მან მიმოიხილა განვლილი კვირის მოვლენები, კერძოდ შეეხო აფხაზეთში შექმნილ მდგომარეობას.

- გასული კვირა, - აღნიშნა ედუარდ შევარდნაძემ, - ჩვენი სამშვიდობო აქციების განსაკუთრებული კვირა იყო, რომლითაც დიდი ნაბიჯები გადავდგით 4 აგვისტოს მანიფესტით გამოცხადებული ერთიანობის პროგრამის განხორციელების გზაზე. პირველი დადებითი შედეგებიც მივიღეთ. დაიწყო ჩვენი ხალხის გაერთიანების პროცესი. ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ჩვენ სწორი და მართალი ვიყავით, როცა ყველა საკითხის მოლაპარაკების გზით გადაწყვეტის კურსს დავადექით.

მაგრამ აფხაზეთში გამოხდომები კვლავ გაგრძელდა. იძარცვებოდა მატარებლები, ფეთქდებოდა ხიდები, ამასთან მოხდა ისე, რომ ტერორისტებმა მძევლად აყვანილი სახელმწიფო მოღვაწენი იქ გადამალეს. საქართველოს ეროვნული ჯარი ტერორისტებთან საბრძოლველად ტერორისტული აქტების აღსაკვეთად და რკინიგზის დასაცავად ჩავიდა და არა აფხაზებთან საომრად. აფხაზი ხალხის ეროვნულ ინტერესებს არავითარი საფრთხე არ მოელის. ეს მთელი პასუხისმგებლობით უნდა განვაცხადო. ერთიანობას ცეცხლითა და მახვილით კი არა, მშვიდობით უნდა მივაღწიოთ.

ამჟამად საქართველოს ხელისუფლება მთელ მის ტერიტორიაზე აღდგენილია, - განაგრძო შემდეგ სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარემ, - და ჩვენ სხვა ნაბიჯებსაც გადავდგამთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და მთლიანობის განსამტკიცებლად. ეს ყველამ უნდა იცოდეს.

შეეხო რა ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან ურთიერთობას ედუარდ შევარდნაძემ თქვა, რომ ჩვენმა ხალხმა მინდა გაგებით შეხედოს ყოველივეს, რაც ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებში ხდება. მე დამირეკა ჩრდილოეთ კავკასიის ხალხთა ყველა ლიდერმა - განაგრძო მან, - და როცა აფხაზეთის ამბების ჩვენეული განმარტება მოისმინეს, ასევე გაგებით მოეკიდნენ ჩვენს ინტერესებს.

საქართველოს რესპუბლიკის
სახელმწიფო საბჭოს პრესცენტრი

ედუარდ შევარდნაძე: აფხაზი ხალხის ეროვნულ ინტერესებს საფრთხე არ მოელის / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 18 აგვისტო. - N156 (436). - 1 გვ.

50 ედუარდ შევარდნაძე: ყველას მოკავშირე ვიქნები, ვინც საქართველოს სიკეთისათვის, დემოკრატიისათვის იბრძვის!

▲ზევით დაბრუნება


1992 წლის 24 აგვისტოს რადიომიმართვა

- ჩვენ გამოვაცხადეთ სამობილიზაციო მზადყოფნა ქვეყანაში, რადგან კვლავ გრძელდება გარედან უაპელაციო ჩარევა ჩვენს საშინაო საქმეებში და სულ უფრო მეტ წინააღმდეგობას აწყდება ჩვენი ძალისხმევა - მოლაპარაკებისა და დიალოგის გზით მოვაწესრიგოთ სიტუაცია აფხაზეთში, - განაცხადა საქართველოს სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარემ ედუარდ შევარდნაძემ ორშაბათს, 24 აგვისტოს, თავის ტრადიციულ რადიოგამოსვლის დროს, რომელშიც გასული კვირის მოვლენები გააანალიზა.

ჩვენ მზად გვეყოლება რეზერვისტები, მოხალისეები. აგრეთვე ნაწილობრივ გავიწვევთ ახალგაზრდებს იმ რაიონებიდან, რომელშიც ამის საჭიროება იქნება, - თქვა მან, - ამასთან აფხაზეთშიც ჩავატარებთ ნაწილობრივ მობილიზაციას რომ ჩვენს ჯარში ავტონომიური რესპუბლიკიდან იმსახურონ აფხაზებმაც, ქართველებმაც, რუსებმაც, სომხებმაც, სხვა ეროვნების ადამიანებმაც, განსხვავებულად იმისა, რაც არძინბამ გააკეთა, რომ მარტო აფხაზებს მისცა უფლება და ასეთ სიტუაციამდე მიიყვანა საქმე.

ჩვენ ყველანაირად ვუჭერდით და დავუჭერთ მხარს, რომ რაც შეიძლება მალე დაიწყოს დიალოგი აფხაზეთის პარლამენტის ქართველ და აფხაზ დეპუტატებს შორის, - თქვა ედუარდ შევარდნაძემ, - ამ ინიციატვას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ და ძალიან გვწყინს, რომ აფხაზთა მხარე ამ პროცესის დაწყებას აჭიანურებს.

სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარემ კვლავ დაადასტურა თავისი პოზიცია, რომ მზად არის თუნდაც დღესვე შეხვდეს ბ-ნ არძინბას თბილისში და გამართოს მოლაპარაკება ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის რეზიდენციაშიც, რომლის წინადადებაც ოლქის სარდლობამ წამოაყენა.

შეეხო რა კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაციის განცხადებას, სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარემ განმარტა, რომ ეთანხმება სახელმწიფო საბჭოს რეაგირებას ამ განცხადებასთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ სერიოზული ღონისძიებები დაისახა ამ მიმართულებით. ჩვენ გვაქვს ცნობები, თითქოს აფხაზეთში ამჟამად ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარედან 500-ზე მეტი კაცია შემოსული და ქართველთა წინააღმდეგ გამოლაშქრებას აპირებს. ჩვენ ამ ინფორმაციას ვამოწმებთ, და, თუ დადასტურდება მაშინ იძულებული ვიქნებით გადამჭრელი ზომები მივიღოთ, მივცეთ მითითება შეიარაღებულ ძალებს აღკვეთონ მათი მოქმედება. ამის საშუალებები ჩვენ გვაქვს.

გააანალიზა რა აფხაზეთის მოვლენებთან დაკავშირებით მსოფლიო საზოგადოებრივი აზრის გამოხმაურება, სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ „განვლილი პერიოდის, განსაკუთრებით ბოლო ერთი წლის პერიოდის ანალიზით დასტურდება, რომ აფხაზეთის მოვლენები კარგა ხნის მანძილზე შეფარულად იგეგმებოდა და შესაფერის მომენტს ელოდნენ. ასეთი მომენტი დადგა მაშინ, როცა ჩვენმა ჯარმა დისლოკაცია შეიცვალა და რკინიგზის ობიექტების დაცვის და მძევლად აყვანილი სახელმწიფო მოღვაწეების გამოხსნის მიზნით აფხაზეთის ტერიტორიაზე გადაადგილდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ გადაადგილების გამო ადგილობრივ ხელისუფლებას წინასწარ ეცნობა. ჩვენი ჯარის წინააღმდეგ აქცია უეცრად დაიწყეს. იყო და არის იმის მცდელობა, - განაგრძო ედუარდ შევარდნაძემ, - რომ საქართველო მოაქციონ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ბლოკადაში, მაგრამ მსოფლიო ინტეგრაციის ამ პერიოდში ასეთი რამ არ შეიძლება მოხდეს. ჩვენ მზად ვართ მივიღოთ ნებისმიერი დონის ექსპერტები ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციიდან და დავამტკიცოთ ჩვენი აქტების სამართლიანობა, - დასძინა მან, და განაგრძო, რომ რუსეთის ზოგიერთი სატელევიზიო სამსახურის გუშინდელ სიუჟეტში (იგულისხმება 23 აგვისტოს პროგრამა „იტოგი“ - პრესსამსახური) არა მარტო ტენდენციური, არამედ პროვოკაციულიც იყო. მე არასდროს არ ვახდენ ხოლმე რეაგირებას ცალკეულ პუბლიკაციებზე, - აღნიშნა ედუარდ შევარდნაძემ, - მაგარამ ამგვარი მიკერძოება ჯერ არ მინახავს. ასეთი რამ იმპერიული პერიოდის დროსაც არ ყოფილა. ჩემი პოპულარობის რეიტინგი თუ ეცემა, ეს ჩემი საფიქრალია და არა სხვისი. მე აღარ ვამბობ იმაზე, თუ რამდენად არაკომპეტენტურია ამგვარი მსჯელობა და რა შეურაცხმყოფელია იგი ჩვენი ხალხისათვის. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ მე ყოველთვის სამართლიანი ვიყავი აფხაზი ხალხის მიმართ. ამისათვის ჯერ კიდევ ადრე სსრ კავშირში ყოფნის დროს ჩვენს აფხაზურ კურსს ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა ყველა დონეზე, ვინაიდან მას მეტისმეტად რბილად მიიჩნევდნენ. ის რაც აფხაზეთს მე გავუკეთე - ტელევიზია და უნივერსიტეტი იყო თუ სხვა რამ, ეს რაიმე პირადი სარგებლობისა და რბილი პოლიტიკის გამო კი არ გამიკეთებია, არამედ აუცილებელი და საჭირო იყო - რა თქმა უნდა, ასეთ დროს კაცი არ ფიქრობ, რომ სიკეთე უკან ცუდად დაგიბრუნდება - დასძინა შევარდნაძემ, - მაგრამ მე მაინც მეამაყება, რომ ამას ვაკეთებდი და ეს გავაკეთე. საბედნიეროდ უამრავი შესანიშნავი მეგობარი მყავს აფხაზეთში, რომლებთანაც მაქვს მიმოწერა და, მჯერა, მათთან დიალოგი იქნება.

- ჯერ-ჯერობით კი მდგომარეობა რთულია. ამიტომ ჩვენს ხალხს მინდა მოვუწოდო - განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ, - რომ უნდა გაიხსენოს თავისი ისტორიული წარსული, როცა ცალ ხელში თოხი ეჭირა და ცალში - ხმალი და ისე ზრუნავდა სამშობლოს ძლიერების შესანარჩუნებლად. ეს ეხება ყველას - მუშას, რომელიც ქარხანაში შრომობს, გლეხს, რომელიც ყანაშია, მევენახეს, მემინდვრეს, ყველას, ვისაც თავისი წვლილის შეტანა სურს ჩვენს ისტორიაში. ჩვენ ახლა პირველად გვეძლევა საშუალება ავაშენოთ მართლა თავისუფალი, დემოკრატიული ქვეყანა, რომელიც შეძლებს ყველა ქვეყანასთან ურთიერთობას და ასე მიაღწევს თავის კეთილდღეობას. ეს შანსი ხელიდან არ უნდა გავუშვათ.

თავისი რადიოგამოსვლის დასასრულს სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე შეეხო მომავალ არჩევნებში მისი მონაწილეობის საკითხს და აღნიშნა, რომ საქართველოს ახლა ყველაზე მეტად სჭირდება კანონიერი მთავრობა, პარლამენტი. ეს სჭირდება ყველას, მათს შორის ჩვენს ოპონენტებსაც და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ არჩევნების ჩატარებისთვის. თუ რაიმემ ხელი შეგვიშალა და ვერ მოვახერხეთ, ალბათ გადაწევა მოგვიწევს.

- ჩემი არჩევნებში მონაწილეობის შესახებ დისკუსიები გრძელდება, - განაგრძო მან. - მე ადრე ვთქვი, რომ არჩევნებში მონაწილეობას მივიღებდი როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი. სამწუხაროდ, საარჩევნო კანონის განხილვისას საბჭომ არ მიიღო ჩემი წინადადება. ჩემი მორალი არ მაძლევს უფლებას რაიონმა წამოაყენოს ჩემი კანდიდატურა, რაიონის დეპუტატის ფუნქციას ჩემზე უკეთესად ადგილობრივი დეპუტატი გააკეთებს; რომელიმე პარტიაში შესვლა კი არ მინდა; ერთხელ უკვე ვიყავი პარტიაში და საკმარისია, - თქვა ედუარდ შევარდნაძემ, - ამიტომ, ალბათ, უნდა მივემხრო რომელიმე ბლოკს, მაგრამ რომელ ბლოკშიც უნდა ვიყო, მე პირდაპირ ვაცხადებ: ყველას მოკავშირე ვიქნები, ვინც საქართველოს სიკეთისათვის, დემოკრატიისათვის იბრძვის.

ავრცელებს საქართველოს
სახელმწიფო საბჭოს პრესცენტრი.

ედუარდ შევარდნაძე: ყველას მოკავშირე ვიქნები, ვინც საქართველოს სიკეთისათვის, დემოკრატიისათვის იბრძვის! / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 25 აგვისტო. - N161 (440). - 1,2 გვ.

51 გაეროს წევრებს შორის გასავრცელებლად

▲ზევით დაბრუნება


24 აგვისტოს საქართველოს სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარემ ედუარდ შევარდნაძემ წერილი გაუგზავნა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, მის აღმატებულებას ბატონ ბუტროს ბუტროს-გალის. მასში ნათქვამია:

თქვენო აღმატებულებავ!

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს სახელით წარმოგიდგენთ დოკუმენტს „აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში მიმდინარე მოვლენების შესახებ“, რომელშიც ნაჩვენებია საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში შექმნილი კონფლიქტის მიზეზები და წარმომავლობა. ამასთან გაახლებთ სახელმწიფო საბჭოს ახალ მიმართვასაც.

ჩვენ დიდად დავალებული ვიქნებოდით თქვენგან, თუ ეს დოკუმენტები გავრცელდება გაეროს წევრებს შორის.

გულწრფელად თქვენი
ე. შევარდნაძე.

გაეროს წევრებს შორის გასავრცელებლად / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 25 აგვისტო. - N161 (440). - 1 გვ.

52 საუბედუროდ, ყველა ჩვენი ცდა - ქვაკუთხედად დავაყენოთ პოლიტიკური დიალოგი - ჯერჯერობით პოზიტიური გამოხმაურების გარეშე რჩება

▲ზევით დაბრუნება


მის აღმატებულებას ბ-ნ ელცინს, რუსეთის
პრეზიდენტს, მოსკოვი

ღრმად პატივცემულო ბორის ნიკოლოზის ძევ,

კარგად მესმის თქვენი წუხილი აფხაზეთში მიმდინარე ამბების გამო, რომელმაც გიკარნახათ „მიმართვა საქართველოსა და აფხაზეთის ხელმძღვანელობისადმი“. თქვენთვის ცნობილია ჩემი პოზიცია, რომელიც მქონდა პატივი არაერთგზის ჩამომეყალიბებინა თქვენთვის - ავტონომიური რესპუბლიკის ზოგიერთი ხელმძღვანელის სეპარატისტული მოქმედებით გამოწვეული კონფრონტაცია უნდა მოგვარდეს პოლიტიკური საშუალებებით. მინდა დაგარწმუნოთ იმაში, რომ ჩვენ ამისათვის ენერგიულ ღონისძიებებს მივმართავთ.

საუბედუროდ, ყველა ჩვენი ცდა - ქვაკუთხედად დავაყენოთ პოლიტიკური დიალოგი - ჯერჯერობით პოზიტიური გამოხმაურების გარეშე რჩება. პირველი დღიდანვე დაჟინებით ვთავაზობ აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს შევხვდეთ ერთმანეთს თბილისში და ვაწარმოოთ მოლაპარაკება ჩვენთვის ამაღელვებელ ყველა საკითხზე.

თუ ბატონ ვ. არძინბას აქვს რაიმე ეჭვი თავისი პირადი უსაფრთხოების თაობაზე, მზად ვართ მივცეთ შესაბამისი გარანტიები. ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდლობას არაერთგზის შემოუთავაზებია გამოყოს მოლაპარაკებისათვის საჭირო შენობა, უზრუნველყოს დაცვა და ა.შ., მაგრამ ბატონი ვ. არძინბა კვლავ თავს არიდებს შეხვედრას.

სიტუაციას აღრმავებს აფხაზეთში შეიარაღებულ ფორმირებათა აქტიურობის ზრდა, რომლებსაც ჩვენს ტერიტორიაზე გზავნის ეგრეთ წოდებული კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაცია.

თქვენთვის, ალბათ, ცნობილია, რომ მათ ხელთ იგდეს ბიჭვინთა, თავს დაესხნენ დამსვენებლებით სავსე სატრანსპორტო გემს, რომელთა გაყვანას შეეცადნენ ზღვით და რომლებიც ახლა მძევალთა მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. წუხელ „კონფედერაციის“ ასობით კარგად შეიარაღებულმა ექსტრემისტმა იერიში მიიტანეს ქართული გვარდიის ქვეგანაყოფებზე ქალაქ გაგრასთან. იერიში მოგერიებულ იქნა ადამიანთა დიდი დანაკარგების ფასად. ამავე დროს თავს დაესხნენ რკინიგზის ვაგზალს სოხუმში, რასაც აგრეთვე მოჰყვა ადამიანთა დაღუპვა. დაგვეთანხმებით, ბორის ნიკოლოზის ძევ, რომ ასეთ პირობებსა და გარემოებებში დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფოს საშინაო საქმეებში გარედან შეიარაღებული ჩარევის გამო უაღრესად ძნელია საომარი მოქმედების შეწყვეტა.

მე, ისევე როგორც თქვენ, დარწმუნებული ვარ, რომ არ არსებობს ისეთი პრობლემა, რომლის გადაწყვეტა არ შეიძლებოდეს მოლაპარაკების მაგიდასთან. ვფიქრობ, ჩვენ წარმოვადგინეთ საკმაოდ მნიშვნელოვანი მტკიცებანი, რომ მხარს ვუჭერთ კონფლიქტური საკითხების გადაჭრის მშვიდობიან მეთოდებს. მაგრამ აფხაზეთში ჩვენ - და არა მარტო ჩვენ - ცდილობენ თავს მოგვახვიონ უკუქმედება. სახელდობრ კი - საომარი მოქმედების ესკალაცია, რომელიც კონფლიქტში ითრევს ვრცელი რეგიონის ხალხებს.

გმადლობთ დაპირისპირებისათვის, რომ მხარს დაუჭერთ ჩვენს სამშვიდობო ძალისხმევას. დარწმუნებული ვარ, ჩვენი შეხვედრა ამა წლის 3 სექტემბერს ხელს შეუწყობს მშვიდობის აღდგენას აფხაზეთსა და რუსეთის სამხრეთის რაიონებში.

ედუარდ შევარდნაძე.

საუბედუროდ, ყველა ჩვენი ცდა - ქვაკუთხედად დავაყენოთ პოლიტიკური დიალოგი - ჯერჯერობით პოზიტიური გამოხმაურების გარეშე რჩება / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 27 აგვისტო. - N163 (442). - 1 გვ.

53 ედუარდ შევარდნაძის განცხადება

▲ზევით დაბრუნება


26 აგვისტოს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარემ ედუარდ შევარდნაძემ გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ ის კვლავ იწვევს აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს ვლადისლავ არძინბას შეხვედრაზე თბილისში. ამასთან, უზრუნველყოფილი იქნება მისი უსაფრთხოების ყველა გარანტიათა უცილობელი დაცვა.

სისხლისღვრის დაუყოვნებელი შეწყვეტისა და კონფლიქტის პოლიტიკური გზებით მოგვარების მიზნით ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ კვლავ დაადასტურა სახელმწიფო საბჭოს მიერ რამდენჯერმე გამოთქმული რეკომენდაცია იმის შესახებ, რომ სოხუმში რაც შეიძლება მალე შეიკრიბოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს სესია.

საქართველოს რესპუბლიკის
სახელმწიფო საბჭოს პრესცენტრი.

ედუარდ შევარდნაძის განცხადება / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 27 აგვისტო. - N163 (442). - 1 გვ.

54 ღრმა სინანულთან ერთად გულითადი მადლობა

▲ზევით დაბრუნება


წერილი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის პრეზიდენტს

27 აგვისტოს ზუგდიდის რაიონში მომხდარ ბარბაროსულ აქტთან დაკავშირებით საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარემ ედუარდ შევარდნაძემ წერილი გაუგზავნა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის პრეზიდენტს კორნელიო სომარუგას. წერილში, კერძოდ, ნათქვამია:

პატივცემულო ბატონო სომარუგა. აღმაშფოთა და გული მატკინა ცნობამ, რომ თავს დასხმიან საერთაშორისო წითელი ჯვრის წარმომადგენლებს, რომლებიც ჰუმანიტარულ მისიას ასრულებენ საქართველოში. მსოფლიო პრაქტიკაში უპრეცედენტო ყაჩაღობის აქტი ადამიანთა მიერ, რომლებიც წითელი ჯვრის დროშით მოგზაურობენ, შეურაცხჰყოფს ჩვენს ადამიანურ და ეროვნულ ღირსებას, ქართველი ხალხის საუკუნოვან ტრადიციებს, ნორმებსა და წარმოდგენებს სტუმართმოყვარეობისა და კეთილშობილების, სიკეთის წილ სიკეთის ქმნის მისწრაფების შესახებ.

თქვენი წარმომადგენელი ბატონი ბოტია აბსოლუტურად სწორია: ვინც უნდა იყვნენ თავდამსხმელები - ისინი მოქმედებდნენ ბანდიტებივით და ამიტომ უნდა დაისაჯონ კიდეც. მენდეთ, ყოველ ღონეს ვიხმარ ამისათვის.

დარწმუნებული ვარ, რომ როგორც მე, ისე ჩემი მრავალი თანამემამულე, ასევე ქალაქ ზუგდიდის მცხოვრებნი, სადაც ეს მოხდა, გმობენ ამ ბარბაროსულ დანაშაულს.

მსურს ვირწმუნო, რომ მომხდარი ამბავი გულს არ აუყრის თქვენს თანამშრომლებს ჩვენს ქვეყანაზე მისთვის ესოდენ მძიმე ჟამს.

მომხდარის გამო ღრმა სინანულთან ერთად, მიიღეთ, ბატონო პრეზიდენტო, ჩემი გულითადი მადლობა დახმარებისა და თანადგომისათვის.

პატივისცემით,
ედუარდ შევარდნაძე.

ღრმა სინანულთან ერთად გულითადი მადლობა / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს

რესპუბლიკა. - 1992. - 29 აგვისტო. - N165(444). - 1 გვ.

55 თავიდან ავიცილოთ დიდი ომი კავკასიაში

▲ზევით დაბრუნება


ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ვ. კოკოვს ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს ხ. კარმოკოვს

პატივცემულო ბატონებო,

მოხარული ვარ თქვენი გულთბილი კონსტრუქციული წერილისა. დიახ, ალბათ, სწორედ ასეთი სულისკვეთება და განწყობილება დაგვეხმარება აღვადგინოთ მშვიდობა კავკასიაში. სწორედ ასეთი სულისკვეთებით დაუცხრომლად ვეძებთ მშვიდობიანი გადაწყვეტის გზას და, იმედი მაქვს, აუცილებლად ვიპოვით.

როცა კაცს სახლი ეწვება, მეზობლები ცეცხლის ჩაქრობაში ეხმარებიან და არა გაღვივებაში. საუბედუროდ, ჩვენთვის საერთო ამ ტრადიციის დამრღვევნი გამოჩნდნენ კავკასიაში, რომლებიც სწორედ ასე დანაშაულებრივად იქცევიან. მხედველობაში მყავს კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაციის ხელმძღვანელები, რომელთა გამოისობით საქართველოსათვის შინაპოლიტიკურ კონფლიქტს საერთო [არ იკითხება] საუკუნეების ელფერი დაჰკრავს მათ ბრძანებას, რომ ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებში მცხოვრები ყველა ქართველი მძევლებად გამოაცხადონ, თბილისი კი უბედურების ზონად.

კონფედერაციები იქმნება და იშლება, საქართველოსა და ყაბარდო-ბალყარეთს კი მარადიული საზღვრები და მარადიული ინტერესები აქვთ. და მათი დაცვისათვის ჩვენი ხალხები ჩვენ მოგვკითხავენ და არა ამ უკანონო ორგანიზაციის ლიდერებს კავკასიის ხალხთა სახელით ლაპარაკის უფლება რომ დაუჩემებიათ.

იმედი მაქვს, ხელს შეგვიწყობთ თქვენი რესპუბლიკიდან ჩამოსულ ეგრეთ წოდებულ მოხალისეთა გაწვევაში, რაც, ჩემი აზრით, იქნება თქვენი წვლილი კავკასიაში დიდი ომის თავიდან აცილებაში.

ულტიმატუმები არავისთვის არ წამიყენებია და არც ვაპირებ ამას. ამავე დროს შემიძლია გავუგო ადამიანებს, რომლებიც, ხედავენ რა თუ როგორ იღუპებიან თანამებრძოლები, ქალები და ბავშვები და, ისაც იციან, თუ ვის ეკისრება პაუხისმგებლობა ამისათვის, მოითხოვენ ამ პიროვნების გადადგომას.

მშვიდობა გვწყურია და მივაღწევთ კიდეც მას. ამ აზრით გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს თქვენ, თქვენს ახლობლებს, მოძმე ყაბარდო-ბალყარეთის მთელ ხალხებს.

პატივისცემით...
ედუარდ შევარდნაძე.

თავიდან ავიცილოთ დიდი ომი კავკასიაში / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 29 აგვისტო. - N165 (444). - 1 გვ.

56 ჩვენი ყმაწვილების ქუჩებში გამოფენა კი არ გაართულებს მდგომარეობას, არამედ გაალამაზებს ჩვენს ყოფას!

▲ზევით დაბრუნება


ედუარდ შევარდნაძის რადიოინტერვიუ

თავის ტრადიციულ რადიოინტერვიუში სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარემ ედუარდ შევარდნაძემ 31 აგვისტოს დილით, როცა ბოლო კვირის მოვლენები გაანალიზეს, განაცხადა:

თუ გასული კვირის მოვლენებს სამხედრო თვალსაზრისით შევხედავთ, დავინახავთ, რომ ჩვენი შეიარაღებული ძალები ძირითადად აკონტროლებენ ყველა მნიშვნელოვან პუნქტს. ამას კი უდიდესი მნიშვნელობა აქვს მომავლის თვალსაზრისით.

მძიმე ბრძოლები გრძელდებოდა ბზიფის ხეობაში. ჩვენი შეიარაღებული შენაერთების პოზიციებს ძირითადად უტევენ დაქირავებულები და ძალიან სამწუხაროა, რომ გვეღუპებიან ახალგაზრდები გაგრაშიც, სოხუმშიც. ამ დილით გუმისთაშიც იყო შეტაკება... ვფიქრობთ სახელმწიფო შეიარაღებული ძალები ეშერას იქით არ უნდა წავიდნენ, თუ კი არ გვაიძულეს. გუდაუთისკენ წასვლა დიდ მსხვერპლს გამოიწვევს, ამიტომ მივმართავ ყველას გუდაუთაში, გამოიჩინონ მეტი პასუხისმგებლობა, რომ არ მოხდეს რაიმე პროვოკაცია.

თქვენ იცით, რომ ბატონმა თენგიზ კიტოვანმა სოჭში ხელი მოაწერა ოქმს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ჩანაფიქრი ძალიან კარგია, მაგრამ ფრონტის ხაზი იმდენად რთული კონფიგურაციისაა, რომ სროლის შეწყვეტა ძალიან ძნელი იქნება... მე მოვუწოდებ მოწინააღმდეგეს, რომ ერთობლივი ძალისხმევით 3 სექტემბრისთვის მაინც შევწყვიტოთ ცეცხლი, როცა ძირითადი გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

ახლა აქა-იქ გაისმის ხმები, თითქოს ცეცხლის შეწყვეტისთანავე საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ჯარიც დაუყოვნებლივ უნდა გამოვიდეს ამ რეგიონიდან. ასეთ მოწოდებას არ შეიძლება ჰქონდეს რაიმე გამართლება, რადგან საქართველოს შეიარაღებული ძალები თავისი ქვეყნის ტერიტორიაზე იმყოფებიან...

ეს ყველამ უნდა გაიგოს...

შეეხო რა რუსეთის ხელმძღვანელობასთან მომავალ მოლაპარაკებას, ბატონმა ე. შევარდნაძემ აღნიშნა, რომ 3 სექტემბრის შეხვედრაზე განხილული იქნება რუსეთთან საქართველოს მომავალი ურთიერთობის პრინციპული საკითხები, აგრეთვე ჩრდილოეთ კავკასიასა და ამიერკავკასიის რეგიონებთან დაკავშირებული პრობლემები. მან განაცხადა - ამ მოლაპარაკებაზე, - განაცხადა მან, - დიდ იმედებს ვამყარებ.

ჯერ ცხინვალის რეგიონის, ახლა აფხაზეთის კონფლიქტმა დაგვარწმუნა, რომ ძალიან სერიოზულად უნდა მივხედოთ ქვეყნის უშიშროებას ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობის გამო. დიდი სიფრთხილე გვმართებს ყველასთან ურთიერთობის დროს. ამასთან დავაკშირებით მინდა პირდაპირ მივმართო რადიომსმენელებს, რომ ჩვენთვის ე.წ. „ვაი-პატრიოტიზმი“ არავითარი სიკეთის მომტანი არ არის და მისით არ უნდა ვიხელმძღვანელოთ.

რადიოკომენტატორის ნატო ონიანის შეკითხვაზე, თუ რას ფიქრობს სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე ბატონ არძინბას გამოსვლაზე გუდაუთის ტელევიზიით, რომლის დროსაც იგი აფხაზურ-მეგრულ სახელმწიფოს შექმნით იმუქრებოდა, ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ თქვა: არ ვიცი, ასეთი რამ არ მომისმენია, მაგრამ თუ ეს მართლაც ითქვა, შეურაცხმყოფელია და ჩვენი ჯარი რკინიგზის დასაცავადაც რომ არ შესულიყო, ამისათვის უთუოდ შევიდოდა. ასეთი განცხადებები პირველ რიგში აფხაზებისთვის არის საზიანო.

დასავლეთის სერიოზულ პოლიტიკურ წრეებში ძირითადად ობიექტური შეფასება ეძლევა იმ პროცესებს, რაც აფხაზეთში ხდება. იქ ჩვენს პოზიციას ბევრი იზიარებს, რადგან მათ ვერ წარმოუდგენიათ, რომ რომელიმე ქვეყნის მთავრობამ, ხელისუფლებამ დაუშვას ქვეყნის დაყოფა და დანაწილება და, საერთოდ, სეპარატიზმი. ხელისუფლება ვალდებულია დაიცვას ქვეყნის მთლიანობა, მასში მცხოვრები ყველა მოქალაქე, და მოვა დრო, ჩვენც გავაკეთებთ ამას, ჩვენ აფხაზი ხალხის გარანტიებსაც დავიცავთ და აფხაზები ამაში მალე დარწმუნდებიან.

ჩვენ წერილები გავუგზავნეთ საერთაშორისო ორგანიზაციებს ექსპერტების მოსაწვევად. მაგრამ, იქ ასე სწრაფად არ წყდება ასეთი საკითხები. ამიტომ სანამ ამის შესახებ რაიმე პასუხს მივიღებდეთ, ჩვენი ძირითადი საკითხები უნდა გადავწყვიტოთ, თუმცა არა ძალით არამედ მშვიდობიანი პოლიტიკური გზებით, ძალისმიერი მეთოდებით ვერაფერს ვერ გადავწყვეტთ.

მომავალ არჩევნებში მის მონაწილეობაზე საუბრისას ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ თქვა, რომ ქართველებს არ შეუძლიათ არ იყვნენ ორიგინალური, მეც საჭიროდ ჩავთვალე ასე მოვქცეულიყავი, რადგან ვალდებული ვარ ანგარიში გავუწიო როგორც ცალკეულ ბლოკებს ისე პარტიებსაც, რომ მომავალ პარლამენტში ერთიანობის პრინციპი იქნეს დაცული. მომავალი პარლამენტის ერთიანობას საფუძველი ამ თავითვე უნდა ჩავუყაროთ. მე ისე ვარ განწყობილი, რომ დინების წინააღმდეგ არ წავიდე.

თავის რადიოინტერვიუს დასასრულს ბატონი ედუარდ შევარდნაძე შეეხო მომავალი სასწავლო წლის დაწყებას და ამასთან დაკავშირებით კერძოდ აღნიშნა: მივუახლოვდით 1 სექტემბერს და გაჩნდა მოსაზრება, რომ გადაგვეტანა სწავლის დაწყების დრო, რადგან საქართველოში მშვიდობა არ არის და ცალკეულ რეგიონებში დესტაბილიზაციაა. ასახელებდნენ სხვა მოტივებსაც, მაგრამ მე სწავლის დაწყების ვადის გადატანის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. უნდა მივცეთ ჩვენს ყმაწვილებს, ახალგაზრდებს, პედაგოგ-მასწავლებლებს საშუალება დაუბრუნდნენ სკოლებს, სასწავლებლებს. მით უმეტეს, ზოგიერთი პრობლემა, რომელიც სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით გვქონდა მოგვარებულია.

შეიძლება ახლა მილოცვების დრო არც იყოს, მაგრამ 1 სექტემბერი მაინც 1 სექტემბერია. ამიტომ მინდა ყველას - მოსწავლესაც და მასწავლებელსაც - მივულოცო ეს დღე. ჩვენი ახალგაზრდობის დიდ უმრავლესობას კარგად ესმის ჩვენი მდგომარეობა, ამიტომ მათი ქუჩებში გამოფენა კი არ გაართულებს მდგომარეობას, არამედ გაალამაზებს ჩვენს ყოფას.

- მე დიდი სურვილი მაქვს, - თქვა დასასრულს ბატონმა შევარდნაძემ, - 1 სექტემბერს ჩამოვიარო სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები, შევხვდე ყველას, მაგრამ, სამწუხაროდ, არ გამაჩნია ამის საშუალება. ამიტომ ვულოცავ ყველას 1 სექტემბრის დღეს, მივესალმები და ვეხვევი მამაშვილურად. მჯერა, მათი სკოლებსა და სასწავლებელბში დაბრუნება ჩვენი დამშვიდების მომასწავლებელი იქნება.

საქართველოს რესპუბლიკის
სახელმწიფო საბჭოს პრესცენტრი.

ჩვენი ყმაწვილების ქუჩებში გამოფენა კი არ გაართულებს მდგომარეობას, არამედ გაალამაზებს ჩვენს ყოფას! / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 1 სექტემბერი. - N166-167 (446). - 1 გვ.

57 ედუარდ შევარდნაძე: ასეთ ომებში ვერავინ ვერ იმარჯვებს - ყველა მარცხდება

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის ინტერვიუ „იზვესტიის“ კორესპონდენტს ბესიკ ურიგაშვილს

საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის პრესცენტრის ცნობა

„იზვესტიაში“ (2 სექტემბერი) გამოქვეყნებული საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის ე. შევარდნაძის ინტერვიუ შეიძლება მივიჩნიოთ პასუხად მრავალრიცხოვან ბრალდებებზე, დავასა და ჟურნალისტების განსაკუთრებით ვ. არძინბას მომხრეების მიერ ატეხილ აჟიოტაჟზე, რომელშიც სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარემ ერთხელ კიდევ დაადასტურა თავისი ერთგულება მისი ხელმძღვანელობით სახელმწიფოს განვითარების დემოკრატიული და ჰუმანური გზისადმი და განმარტა რესპუბლიკაში შექმნილი სიტუაცია.

- აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე თქვენ ბრძანეთ, თუ ვინმეს სურს ძალით გადაჭრას საქართველოს პრობლემები, მე საამისოდ არ გამოვდგებიო. რა შეიცვალა მას შემდეგ?

- არაფერი. ისევ მაგ პრინციპს ვადგავარ 70-იანი წლების მიწურულს, როცა აფხაზეთში მასობრივი მღელვარება იყო, ზოგიერთი მაშინდელი მოსკოველი და თბილისელი ხელმძღვანელი დაჟინებით მოითხოვდა ძალის გამოყენებას. ვერ დამიყოლიეს.

ჩემთვის ნებისმიერი საშინაო კონფლიქტის, როგორიცაა, ვთქვათ, ქართველ-ოსთა კონფლიქტის პოლიტიკური მოგვარება სტაბილიზაციის, დემოკრატიული საქართველოს მშენებლობის ერთ-ერთი გადამწყვეტი წანამძღვარია. ზოგი ჩემი თანამემამულე მისაყვედურებს, რომ ამ ტერიტორიაზე შეყვანილია რუსეთისა და ჩრდილოეთ ოსეთის ქვედანაყოფები, რომლებმაც ქართულ ბატალიონთან ერთად უზრუნველყვეს ცეცხლის შეწყვეტა. მაგრამ მე ვუთხარი, მთელ პასუხისმგებლობას მე ვკისრულობ-მეთქი, რადგან ახლა მთავარია შეწყდეს სისხლისღვრა.

ახლა იმდენად დუხჭირად ვცხოვრობთ, რომ რაღაც ახალი გართულებების შექმნა მართლაც რომ უგუნურებაა. ჰოდა, აფხაზეთში ეს კონფრონტაცია ჩვენ არ შეგვიქმნია - ჩვენ ჩაგვითრიეს მასში.

ჩვენ იძულებული ვიყავით საკუთარი ტერიტორიის ფარგლებში გადაგვეადგილებინა ჯარები - სხვათა შორის, კატეგორიულად არ ვეთანხმები ტერმინს „ჯარების შეყვანას“, თითქოს უცხო სახელმწიფოში შევჭრილიყავით. ფაქტობრივად სხვა არჩევანი არ დაგვიტოვეს.

რკინიგზა, რომელიც აფხაზეთ-დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე გადის, მთავარი არტერიაა, რომელიც რესპუბლიკას ყოველივე საჭიროს აწვდის. ჩვენთვის, სხვათა შორის, ისევე როგორც მეზობელი სომხეთისათვის, ეს ჭეშმარიტად სიცოცხლის გზაა. და აი, თებერვლის აქეთ ამ არტერიამ კატასტროფულად იწყო შევიწროება - ხიდების, ლიანდაგების, საკონტაქტო ქსელის საყრდენების აფეთქება, შემადგენლობებზე თავდასხმა; ძარცვა... ყოველივე ამან დიდი ქალაქების, მთელი რეგიონების მოსახლეობას შიმშილის საფრთხე შეუქმნა. ისედაც მწირ მიწოდებას მოკლებული, გაჩერდა ეკონომიკა.

ჩვენ ყულფში თავგაყოფილნი ვცხოვრობდით, ამ ყულფს კი სულ უფრო და უფრო გვიჭერდნენ იმ დროს, როცა რესპუბლიკის წლიური ბიუჯეტი სულ 25 მილიარდი მანეთია, დივერსიით მიყენებულმა ზარალმა 12 მილიარდი მანეთი შეადგინა. მეორე მიზეზია ტერორიზმი, შეიარაღებული ბანდების თავშესაფარისა და ბაზების უმრავლესობა აფხაზეთის ტერიტორიაზე და მის მოსაზღვრე დასავლეთ საქართველოს რაიონებში იყო. იქიდანვე მოდიოდნენ სადივერსიოდ და თავს ესხმოდნენ ეროვნული გვარდიის ქვედანაყოფებს. მკაფიოდ ჩანდა განაზრახი - ისეთი ვითარება შეექმნათ, რომელსაც მშვიდობიან მოსახლეობაში რაც შეიძლება მეტი მსხვერპლი მოჰყოლოდა, უკიდურესობამდე გაემწვავებინათ ვითარება, ჩაეკლათ სტაბილიზაციის პროცესი და, როგორც ამის შედეგი, ჩაეშალათ არჩევნებიც.

ჩვენ არ გვინდოდა ჯარების ჩართვა პოლიციური ფუნქციის შესრულებაში. პოლიციას დავავალეთ, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. აფხაზეთის ხელმძღვანელობას ვთხოვეთ

უზრუნველეყოთ მატარებლის შემადგენლობებისა და რკინიგზების ობიექტების დაცვა. რამდენიმე მატარებელი კი გადაარჩინეს თავიანთი ძალებით, მაგრამ შემდეგ ეს ძალებიც აღარ ეყოთ.

იძულებული გავხდით მაგისტრალებზე საგანგებო წესები შემოგვეღო, შევიმუშავეთ სპეციალური გეგმა, რომლის თანახმადაც მათი დაცვის მთავარი ამოცანა ჯარის ქვედანაყოფებს დაეკისრათ. ჩვენი მოქმედება შეთანხმებული იყო აფხაზეთის ხელმძღვანელობასთან.

- არძინბამ იცოდა ყოველივე ეს?

- პირადად ვესაუბრე ტელეფონით. პრინციპულად დაგვეთანხმა. ერთადერთი, რაც ვერ მოვასწარით, ეს იყო მისთვის მოქმედების გეგმის გაცნობა: დაგვასწრეს - ენგურის სარკინიგზო ხიდი ააფეთქეს, რომელიც ზუგდიდის რაიონს გალთან აკავშირებდა. საავტომობილო ხიდის აფეთქების რეალური საფრთხეც შეიქმნა. ეს კი სრული კატასტროფა იქნებოდა.

200-კაციანმა მეწინავე რაზმმა დაუბრკოლებლად გაიარა გალის რაიონი, მაგრამ ოჩამჩირის რაიონის საზღვართან ტყვია დაუშინეს აფხაზმა გვარდიელებმა. ხალხი დაიღუპა. ჰოდა, ამით დაიწყო ყველაფერი.

ვიმეორებ: სხვა არჩევანი აღარ გვქონდა. არც ახლა გვაქვს: უნდა დავიცვათ მაგისტრალები. უზრუნველვყოთ ტრანსპორტის ნორმალური მუშაობა, მოვსპოთ დივერსიებისა და ტერორის კერები, დაღუპვისაგან უნდა ვიხსნათ ქვეყანა და ხალხი.

აფხაზეთის ხელმძღვანელობას ვთავაზობდი და ახლაც ვთავაზობ ერთად ვქნათ ეს. სანამ იმ უბედურებათა წყაროს არ მოვსპობთ, რომელიც თანაბარ საფრთხეს გვიქმნის ორივეს, ძნელია მშვიდობაზე ლაპარაკი.

- შესაძლებელია თუ არა ამგვარ აქციაში სამხედრო გამარჯვება?

- ჯერ არცერთი საშინაო კონფლიქტი არ მოგვარებულა ძალით რა ტერმინსაც უნდა ხმარობდნენ, - „აგრესია“, „შეჭრა“, ჩვენს საკუთარ ხალხს არ ვებრძვით. აფხაზეთი საქართველოს ნაწილია, აფხაზები, ისევე როგორც ქართველები, მკვიდრი მოსახლეობაა. ასეთ „ომებში“ ვერავინ ვერ იმარჯვებს - ყველა მარცხდება.

- 8 სექტემბერს მოსკოვში ამ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით შეხვედრა გაიმართება. თავად თქვენ გჯერათ, რომ ასეთი მოგვარება შესაძლებელია?

- მჯერა, ისევე, როგორც ყოველთვის გვჯეროდა. ჰოდა, როგორღაც ყოველთვის რაღაცას ვახერხებდით, როგორც 70-იან წლებში მოვახერხეთ იმავე აფხაზეთთან. სროლა უნდა შეწყდეს, სისხლის ღვრას ბოლო უნდა მოეღოს.

- მაშინ როგორღა შევაფასოთ აფხაზეთში ქართული ჯარის სარდლის, პოლკოვნიკ გია ყარყარაშვილის განცხადება, მზად ვარ 100 ათასი ქართველი გავწირო ოღონდ 97 ათასი აფხაზი გავწყვიტოო?

- ბევრმა არ იცის, რა უძღოდა მაგას წინ. ყარყარაშვილი თავის 3 თანამებრძოლ მეგობართან ერთად სამხედრო ტყვეებისა და მძევლების გაცვლის თაობაზე მოსალაპარაკებლად წავიდა. ამის თაობაზე წინასწარ შეუთანხმდა აფხაზებს, რომელთაგან ბევრი პატივს სცემდა მას, როგორც გულად და პატიოსან კაცს. უეცრად სროლა გაისმა და მისი 2 მეგობარი უსულოდ დაეცა. სამწუხაროდ, როცა სისხლი იღვრება, სიტყვების შერჩევა ჭირს, და ეს „სიტყვიერი ომიც“ ახალ სისხლის ღვრას იწვევს.

- თქვენ ეროვნული შერიგების მანიფესტი გამოაქვეყნეთ. მას დიდად საგრძნობი შედეგი არ მოჰყოლია. ამბობენ, ეს შეცდომა იყოო, ჰოდა, ზოგიერთი მეთვალყურე ამტკიცებს, აფხაზეთის აქცია შევარდნაძეს იმისთვის დასჭირდა, რომ პოზიციები გაიმაგროს და ზვიადისტები გადაიბიროსო.

- ამგვარ „ბრალდებებსა“ და მონაჩმახს პასუხს არც გავცემ, ამდენად აბსურდულია. რაც შეეხება მანიფესტს, ტყუილად გგონიათ მასე... მან თავისი საქმე გააკეთა და სწორედ იმათ შორის, ვისაც თქვენ ზვიადისტებს უწოდებთ ბევრი მათგანი დარწმუნდა, რომ საკუთარ ქვეყანაში მტრებს არ ვეძებთ, და მოგვენდო.

- ბევრს ვერ გაუგია და ვერ აუხსნია სიძულვილისა და შეუწყნარებლობის ის აზვირთება, რომელსაც ჯარების გადაადგილების შემდეგ სისხლის ღვრა მოჰყვა.

- ამას ბევრი მიზეზი აქვს. და თუ ეს მიზეზები ვერ ავხსენით, ძნელი გასაგები იქნება ეს აზვირთება, აბსურდია, როცა ყველაფერს ისეთი სახით გვთავაზობენ, თითქოს ქართველები გადარეულიყვნენ და თვითონ სპობდნენ საკუთარ თავს.

აფხაზები ჩვენი სახელმწიფოს ხალხია. დიახ, წინათ მათ უფლებებს სერიოზულად ლახავდნენ - ამას ყოველთვის საჯაროდ ვამბობდი. ეს ხდებოდა სტალინის დროსაც, უფრო მოგვიანებითაც, რამდენადაც შემეძლო მაშინდელი რეალობის პირობებში ყოველნაირად ვცდილობდი ზოგი რამ მაინც გამომესწორებინა. რაღაცას მივაღწიე კიდეც და რამდენიც უნდა ილაპარაკონ ჩემს გაუთავებელ დათმობებზე, კვლავინდებურად მიმაჩნია, რომ სწორედ ვმოქმედებდი.

მაგრამ შემდეგ სხვა ტალღა აგორდა - სეპარატიზმი. ეს შემზარავი მოვლენაა. მას საზღვრები არა აქვს, სეპარატიზმი პერმანენტული დაქუცმაცების ინერციაა, რომელიც ახალ კონფლიქტებს წარმოშობს.

სწორედ სეპარატისტულად განწყობილ აფხაზ პოლიტიკოსთა ნაწილმა ისარგებლა წინა რეჟიმის პოლიტიკური სიბეცით და „გაათრია“ საარჩევნო კანონი, რომელსაც სხვას ვერაფერს ვუწოდებ, თუ არა დისკრიმინაციულს. სწორედ ამ კანონში იყო ჩადებული ის ბომბი, რომელიც დღეს აფეთქდა.

მე მესმის, რომ უმცირესობას გარანტირებული უნდა ჰქონდეს თავისი უფლებები, მაგრამ არა ისე, რომ ამ გარანტიებმა პარლამენტში უმრავლესობა და ნებისმიერი ისეთი კანონის მიღების შესაძლებლობა მისცეს, რომელიც უგულებელყოფს მოსახლეობის დანარჩენი, თანაც უმრავლესი ნაწილის უფლებებსა და ინტერესებს. ეს ეთნოდიქტატურის პირდაპირი გზაა.

ბოლო 7 თვის მანძილზე ამ პარლამენტში დღენიადაგ იგრძნობოდა ძალისა და ეთნიკური უპირატესობის დემონსტრირება, იღებდნენ კანონებს, რომლებიც უგულებელყოფდნენ უმრავლესობის უფლებებს და ელემენტარულ საღ აზრს. აღადგინეს კონსტიტუცია, რომელიც დღეს არარსებული ამიერკავკასიის ფედერაციის დროს მიიღეს. შორსმჭვრეტელი აფხაზი პოლიტიკოსები ჯერ კიდევ მაშინ წინასწარმეტყველებდნენ, რომ იგი პატარა აფხაზეთს გათიშავდა და დაანაწევრებდა.

ყოვლად უსუსურია იმის დამოწმება, რომ საქართველოში აღადგინეს 1921 წლის კონსტიტუცია, რომელშიც აფხაზეთი საერთოდ არ არის მოხსენიებული. მისი ამოქმედების დროს, ამ გადაწყვეტილების ავტორებმა პრეამბულაში აფხაზეთის ავტონომიაც მოიხსენიეს და დასძინეს, რომ ეს საკითხი პარლამენტის არჩევის შემდეგ გადაწყდებოდა.

კონსტიტუციური კრიზისი წინასწარ იყო დაგეგმილი და ძნელად თუ დავიჯერებთ, რომ მისმა ინსპირატორებმა არ იცოდნენ, რასა იქმოდნენ.

- და მაინც, შეგიძლიათ შეურიგდეთ იმ აზრს, რომ შეიძლება აფხაზეთი გავიდეს საქართველოს შემადგენლობიდან?

- ვერა, ვერ შევურიგდები, რადგან ისეთი ქვეყნის ურმის თვალზე გაკვრა და გლეჯა როგორც საქართველოა, ნიშნავს ცოცხლად დაკეპო ხალხის, თაობების, ოჯახების ცხოვრება, თანამედროვეობა და ისტორია. ჩვენ საუკუნეთა მანძილზე ერთად გვიცხოვრია ამ მიწა-წყალზე, ერთად გაგვიდგამს ფესვი, ერთმანეთისთვის გადაგვიხლართია ფესვები და ბედი, წეს-ჩვეულებანი და ტრადიციები, სახელები და სიმღერები. ახლა ეს ფესვთა სისტემა დავჩეხოთ? მაშინ ხომ მიწას დაენარცხება და ყველას ქვეშ მოგვიყოლებს საერთო ხე.

მე ბევრ აფხაზს ვიცნობ, რომლებიც ასე ფიქრობენ. და არ ვიცნობ არცერთ ქართველს, რომელიც დაშლის იდეას შეურიგდებოდა, სანამ თუნდაც ერთი ქართველი იქნება ცოცხალი, ასეთ აზრს ვერ შევურიგდებით.

- მაშინ შესაძლებლად მიგაჩნიათ თუ არა ფედერაციული ურთიერთობა?

- არ შემიძლია, უფლება არა მაქვს გავუსწრო მოვლენათა განვითარებას. ეს მომავალი პარლამენტის საქმეა. საქართველოს და აფხაზეთის სახელმწიფო წყობის ფორმა რეფერენდუმის მეშვეობით უნდა განსაზღვროს ხალხმა. მაგრამ, გულახდილად გეტყვით, საქართველოს ფედერაციული მოწყობა დიდად არ მჯერა. გონივრული არ იქნებოდა ბრმად მიგვებაძა რუსეთისთვის, უზარმაზარი ქვეყნისთვის, რომელსაც სხვაგვარი სპეციფიკა, ისტორია და ტრადიციები აქვს. საქართველოს ფედერაციული მოწყობის გარეშეც შეიძლება გადაწყდეს საკითხები, რომლებიც აფხაზების შესაბამის უფლებების და სტატუსის გარანტიას მოგვცემს. ყველაფერი შეიძლება ერთიანი სახელმწიფოს ფარგლებში გადაწყდეს.

- ჰო, რუსეთის შესახებ როგორ გგონიათ მისი ახლანდელი პოზიცია საკუთარ ავტონომიებში ანალოგიური პრობლემით ხომ არ არის განპირობებული?

- მე მგონია, რუსეთი ხელმძღვანელობს საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო ნორმებით, რომლებიც გამოაცხადა ჰელსინკის საბოლოო აქტმა და პარიზის საევროპო ქარტიამ. რუსეთის დემოკრატიული ხელმძღვანელობა სხვაგვარად ვერ მიუდგება საზღვრების ურღვეობისა და ტერიტორიის მთლიანობის პრობლემას. ესეც არ იყოს, მე მგონია, რუსეთი დაინტერესებულია საქმე ჰქონდეს ერთიან, მთლიან, სტაბილურ საქართველოსთან. დაქსაქსული საქართველო ვერასოდეს ვერ იქნება სტაბილური. ჰოდა, მშვიდობა და სიმშვიდე ვერ დაისადგურებს რუსეთისთვის ამ საარსებო მნიშვნელობის რეგიონში.

- როგორ აფასებთ კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედარაციის როლს ამ კონფლიქტში?

- ისე, როგორც ღირსია. მისი ლიდერების მოქმედებას სხვას ვერაფერს ვუწოდებ, თუ არა საერთაშორისო ტერორიზმს, რომელსაც ფაშიზმის სუნი უდის.

ეს კონფედერაცია აგრესიას მიმართავს. ჩვენს საშინაო საქმეებში ერევა ამ რესპუბლიკების ტერიტორიებიდან. იქ მუშაობენ რადიოსადგურები, რომლებიც კოორდინაციას უწევენ საბრძოლო მოქმედებას აფხაზეთში. იქიდან მოდიან ავაზაკები, რომლებიც ჩვენს მოქალაქეებს ხოცავენ. იქიდან იძლევიან ბრძანებებს ჩვენს დედაქალაქაში ტერორის დამკვიდრების თაობაზე. თანაც ყველა ქართველი - ამ რესპუბლიკების მოქალაქე - მძევლად გამოაცხადეს.

ზედმეტი არ იქნება ჩავუფიქრდეთ რატომ არის, რომ მაინცდამაინც პატარა აფხაზეთი გადააქციეს ერთგვარ კოლბად, რომელშიც უბნელესი რეაქციის კრიზისული მასა ბუყბუყებს. აქ არის ყოფილი საკავშირო პარლამენტის საძრახისად ცნობილ დაჯგუფებათა მფარველობაც, ჟირინოვსკიც თავის პარტიიანად, „კონფედერაციაც“, რომელიც რუსებს აშინებს ზოგიერთი რესპუბლიკის გამოყოფით და მეორე კავკასიური ომის აჩრდილით, ჩვენი შინაური ინსურგენტებიც რომლებსაც უეცრად თავდავიწყებით შეუყვარდათ ხალხი, რომელსაც წინათ არსებობის უფლებასაც კი არ აძლევდნენ.

მერედა, რა აქვთ მათ საერთო? არაფერი, გარდა უკიდურესზე უკიდურესი ექსტრემიზმისა, მაგრამ უკიდურესობანი ხომ ერთმანეთში გადადის.

- რატომ არის ესოდენ თავშეკავებული დასავლეთის რეაქცია აფხაზეთის ამბებზე - ეს პირადად თქვენი ნდობის კრედიტია, თუ ესმით, რომ საქართველო იძულებულია ასე იმოქმედოს?

- იქნებ რამდენადმე ამ ნდობის შედეგიც იყოს. ეს კრედიტი იმიტომ კი არ მოგვეცა, რომ აქ შევარდნაძეა, არამედ იმიტომ, რომ საქართველომ დემოკრატიული სახელმწიფოს აშენების კურსი აირჩია. ისიც ესმით, რომ ამ ურთულეს პროცესში ჩვენ ისეთ უჩვეულო პრობლემებსაც გადავაწყდით, როგორიც ჯერჯერობით არცერთ სხვა სახელმწიფოს არ ჰქონია.

- და მაინც, რა მიგაქვთ მოსკოვში? გაქვთ თუ არა მშვიდობიანი მოწესრიგების კონკრეტული გეგმა?

- გვაქვს. მაგრამ ნება მიბოძეთ ჯერჯერობით არ გაგიმჟღავნოთ. ჩვენ ამ ომის შეწყვეტა გვსურს და ისიც ვიცით როგორ უნდა გაკეთდეს ეს. მაგრამ მარტოოდენ ჩვენი სურვილი არ კმარა. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად მზად არის ყველა მხარე ხელი გაუწოდოს ერთმანეთს.

2/IX 92 წ.

ედუარდ შევარდნაძე: ასეთ ომებში ვერავინ ვერ იმარჯვებს - ყველა მარცხდება / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 4 სექტემბერი. - N170(449). - 2 გვ.

58 თელავის მუსიკალური ფესტივალის მონაწილეებს

▲ზევით დაბრუნება


დიდად გვახარებს, რომ თელავში კვლავ იმართება წლების მანძილზე ტრადიციად ქცეული მუსიკალური ფესტივალი „ქება ვაზისა“. ეს არის ხელოვნების ჭეშმარიტი დღესასწაული, რომლის მნიშვნელობა განსაკუთრებით დღეს განუზომლად დიდია. იგი მიზნად ისახავს უკეთილშობილეს ამოცანებს, წარმოადგენს ჩვენი ახალგაზრდობის შესანიშნავ კერას, ამღლებს ქართული ეროვნული კულტურის საერთაშორისო ავტორიტეტს.

ამ საქმეში ფასდაუდებელია ფესტივალის ინიციატორისა და სულისჩამდგმელის, საქვეყნოდ ცნობილი პიანისტის, ჩვენი ძვირფასი ქალბატონის - ელისო ვირსალაძის ღვაწლი. სწორედ მისმა სახელმა განაპირობა ამ ფესტივალში მაღალი რანგის მუსიკოსთა მონაწილეობა, ფესტივალის უაღრესი პრესტიჟულობა.

გულითადად მივესალმები თელავის მუსიკალური ფესტივალის თოთოეულ მონაწილეს, ვუსურვებ მათ დიდ ადამიანურ ბედნიერებას, მუსიკის ზეიმის წარმატებით ჩატარებას.

გამოვთქვამ იმედს, რომ დემოკრატიულ, თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოში აღორძინდება ქართული ხელოვნება, იმძლავრებს ჩვენი ერის დიდი შემოქმედებითი ნიჭი და ქართული კულტურის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები ღირსეულად გაგრძელდება.

ე. შევარდნაძე,
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე.

თელავის მუსიკალური ფესტივალის მონაწილეებს / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 5 სექტემბერი. - N171 (450). - 1 გვ.

59 ედუარდ შევარდნაძე: ჩვენ სრული საფუძველი გვაქვს მოვთხოვოთ ყველას, მათ შორის აფხაზეთის ხელმძღვანელებსაც, რომ შეასრულონ მოსკოვში ხელმოწერილი ხელშეკრულება

▲ზევით დაბრუნება


1992 წლის 7 სექტემბრის რადიოინტერვიუ

- გასული კვირა ძალიან მნიშვნელოვანი, შესაძლოა ერთი-ერთი სერიოზული ეტაპიც იყო საქართველოს დამოუკიდებლობის, სახელმწიფოებრიობის მშენებლობის გზაზე, - თქვა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარემ ედუარდ შევარდნაძემ თავის რადიოინტერვიუში 1992 წლის 7 სექტემბერს, როცა ტრადიციულად განვლილი კვირის, მოვლენები გააანალიზა.

ბევრი რამ გაირკვა და პერსპექტივებიც ძალიან საინტერესო გამოიკვეთა. გადაიდგა პრაქტიკული ნაბიჯები, რომ მოსკოვში ხელმოწერილი დოკუმენტები რეალობად იქცეს. უკვე 2 დღეა, საქართველოს სამთავრობო კომისია, რომელსაც ბატონი თენგიზ სიგუა ხელმძღვანელობს, სოხუმში მუშაობს და ადგილობრივ ხელმძღვანელებთან ერთად ცდილობს შეწყდეს ცეცლი და განხორციელდეს მიღებული გადაწყვეტილება. ამ მხრივ დიდი მუშაობა გასწია ჩვენი ჯარების სარდალმა ბატონმა გია ყარყარაშვილმა, ამ პროცესში ჩართულია ბატონი თენგიზ კიტოვანი.

გუშინ, ბატონ თენგიზ სიგუას ჰქონდა შეხვედრა ცალკეულ აფხაზ ხელმძღვანელებთან. - ბატონებთან ზურაბ ლაბახუასთან, ალექსანდრე ანქუაბთან, სხვებთან, მოილაპარაკეს, თუ როგორ უნდა მოხდეს პირველი გაერთიანებული სხდომის ორგანიზაცია. ეს სხდომა 8 სექტემბერს უნდა გაიმართოს. მოსკოვიდან ჩამოდის საკმაოდ კომპეტენტური და ავტორიტეტული ჯგუფი, მისი წევრები შევლენ კომისიაში რუსეთის მხრიდან, როცა ამ ჯგუფის შემადგენლობას გავეცანი, დავრწმუნდი, რომ რუსეთის ხელმძღვანელობა ძალიან სერიოზულად ეკიდება ამ საქმეს.

კომისია მარტო სამხედრო ელემენტებს როდი ითვალისწინებს, იგი შეეცდება რკინიგზის ფუნქციონირების განახლებას ერთიანი ძალებით. ამასთან დაკავშირებით ჩამოვლენ რუსეთის გზათა სამინისტროს წარმომადგენლები და, ვფიქრობ, მათთან ერთად ამ საკითხს უკეთ გადავწყვეტთ.

ასე რომ, პრაქტიკული მუშაობა დაიწყო და პირველი შედეგები ასე თუ ისე, უკვე ჩანს. ახლა უმთავრესი ამოცანა ის არის, რომ შევწყვიტოთ ცეცხლი. როგორც მოგეხსენებათ, საერთოდ ამგვარი შეთანხმებანი იდეალური სიზუსტით არ სრულდება ხოლმე და არც აფხაზეთია გამონაკლისი. გუშინაც იყო სროლა. რამდენიმე გვარდიელი დაიჭრა ეშერის რაიონში, კანტი-კუნტი სროლა ისმოდა გაგრაში; მაგრამ მე მაინც ვიმედოვნებ, რომ როცა აფხაზეთის ხელმძღვანელობა თავის საქმიანობას დაუბრუნდება და სათანადო კონტროლს დაუწესებს თავის საჯარისო ფორმირებებს, ცეცხლის შეწყვეტის გარანტიები გაცილებით მეტი იქნება.

ვიმეორებ, ცეცხლის შეწყვეტა ახლა უმთავრესი ამოცანაა, - განაგრძო ედუარდ შევარდნაძემ. - სხვა შემთხვევაში თუ ბრძოლები გაგრძელდა, მშვიდობაზე ლაპარაკი ზედმეტი იქნება. ვფიქრობ სრული საფუძველი გვაქვს მოვთხოვოთ ყველას, მათ შორის აფხაზეთის ხელმძღვანელობასაც, რომ შეასრულონ ხელმოწერილი ხელშეკრულება. როგორც კი სოხუმში პირველი სხდომა ჩატარდება, ჩვენს საზოგადოებას სრულ ინფორმაციას მივაწვდით.

შეეხო რა მოსკოვში მიღებულ გადაწყვეტილებათა შესახებ შექმნილ საზოგადოებრივ აზრს და ზოგიერთ შეფასებას ამასთან დაკავშირებით, სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარემ თქვა: მოსკოვში ხელმოწერილ შემაჯამებელ დოკუმენტსა და დეკლარაციაზე ჩვენი ხალხის რეაგირება დადებითია. საზოგადოების ძირითადმა ნაწილმა ისინი ისე აღიქვა, როგორც მოსალოდნელი იყო. მაგრამ არ შემიძლია არ გამოვთქვა გარკვეული იმედგაცრუებაც ცალკეული ლიდერების, ცალკეულ პარტიათა ხელმძღვანელების გამოსვლების გამო; და არა იმიტომ, რომ ისინი ამ დოკუმენტების ზოგიერთ დებულებებში გვედავებიან (ასეთი დავა აუცილებელია), არამედ ამ შეფასებათა არაკვალიფიციურობის, ზერელობის და დილეტანტურობის გამო; მაპატიონ, რომ კონკრეტულად არავის არ ვასახელებ, მაგრამ ხანდახან შეურაწყოფილადაც კი ვგრძნობ თავს, რომ ზოგჯერ ასე უბრალოდ ვუყურებთ ყველაფერ ამას. ეს არის უბრალო ამბავი, რადგან, ვიცი, ზოგიერთ მათგანს ჩვენი საზოგადოების გარკვეული ნაწილი უსმენს და პატივს სცემს.

ჩვენი სახელმწიფოებრივი ფორმირების საკითხი დღეს ისეთ დონეზეა და დამოუკიდებლობის დამკვიდრება იმდენად მწვავედ მიმდინარეობს, რომ ყველას უნდა გვამოძრავებდეს პასუხისმგებლობის განსაკუთრებული გრძნობა. ჩვენს შეფასებებსა და გამოსვლებში არაფერი არ უნდა იყოს ზერელე და ასე უნდა ვუყურებდეთ დიდ სახელმწიფოებრივ მოვლენებს, ვთქვათ, ისეთ მოვლენებს, როგორიც არის რუსეთ-საქართველოს ფაქტორის ამოქმედება და გამოყენება, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში. ეს ჩვენთან ერთად სხვა ქვეყნებსაც ეხება და ამას დიდი წინდახედულება, პასუხისმგებლობა და ყველაფრის აწონ-დაწონვა სჭირდება.

ამას მოვუწოდებ ყველას, - განაგრძო ე. შევარდნაძემ, - ვინც გააგრძელებს დისკუსიას ამ დოკუმენტების შინაარსზე, მათ ცალკეულ მუხლებზე, ამასთან ვურჩევდი, ასეთ დროს ანგარიში გაუწიონ იმის მოთხოვნას, რომ მარტო ჩვენ როდი ვაგებთ პასუხს ყველაფერზე, არამედ ისინი თვითონაც აგებენ პასუხს ხალხის წინაშე.

განაგრძო რა ამ თემაზე საუბარი, სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარემ თქვა: ჩვენ წერტილი დავსვით იქ, სადაც საჭირო იყო და მისი დაყოვნება არც აფხაზებს, და არც ქართველებს კარგს არაფერს უქადდა. როგორც ერთმა სვანმა ახალგაზრდამ მომწერა, - თქვა მან, - კონფლიქტი აფხაზთა ფიზიკურ განადგურებას და ქართველთა სულიერ დამარცხებას მოასწავებდა; მსხვერპლთან ერთად მორალურ დამარცხებაზე მაქვს საუბარი.

ამიტომ ახლა იმაზე დავა, თითქოს საქმე ბოლომდე უნდა მიგვეყვანა და არ უნდა შევჩერებულიყავით, არ შეიძლება. ყველას უნდა ახსოვდეს, რაოდენ პასუხსაგებ ეტაპზე იმყოფება ახლა ჩვენი ქვეყანა და რა დიდი მნიშვნელობა აქვს იმის ცოდნას, თუ როდის უნდა შეჩერდე, როდის უნდა დასვა წერტილი. თუ რამდენად მართალი ვართ ჩვენ, ეს, დაე, მომავალმა განსაჯოს, მაგრამ ახლა ასეთი მოთხოვნები კარგს არაფერს მოგვიტანს, ამიტომ მოვუწოდებ ყველას მეტი პასუხისმგებლობისაკენ.

მე მოვუწოდებ ყველას, შეწყდეს ეს გაუთავებელი შინა-ომობანა, უნდა დამთავრდეს ეს ამბავი, თუ გვინდა, რომ თავი დავაღწიოთ ამ კრიზისს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ განწირული ვართ. მე არ ვუმალავ ამას ჩვენს ხალხს, და მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ გაუთავებელ შინა ომებს, შეტაკებებს, სისხლის ღვრას, მსხვერპლს, ყველაფერ ამას წერტილი თუ არ დაესვა, დავიღუპებით. მე მგონი, მოსკოვში ხელმოწერილი დოკუმენტები - შემაჯამებელი შეთანხმება და დეკლარაცია მშვიდობიანობის ჩამოვარდნილ კარგ საფუძველს წარმოადგენს.

იმ არეულობებმა, წლების განმავლობაში რომ გრძელდება, - განაგრძო ედუარდ შევარდნაძემ - ხალხი მუშაობას გადააჩვია. ჩვენ შევეჩვიეთ იმ აზრს, რომ ყველაფერს ვურიგდებით, ვთქვათ: რა მოხდა მერე, რომ ხალხი შიმშილობს; რა უჭირს რომ ტრანსპორტი არ მუშაობს; მერე რა, რომ პენსიებს ვერ იღებს ხალხი; ანდა - ხელფასია ძალიან დაბალი, რომლითაც არსებობა და ცხოვრება არ შეიძლება - ა.შ. ეს უბედურებაა. თუ ჩვენ ამას შევეჩვიეთ, მაშინ ყველაფერზე ხელი უნდა ჩავიქნიოთ და მომავალზეც აღარ უნდა ვიფიქროთ. ვიმეორებ, თუ ჩვენ ამ მდგომარეობიდან ვერ გამოვედით და ამგვარ განწყობას თავი ვერ დავაღწიეთ, ჩვენ შეიძლება უმძიმეს მდგომარეობაში აღმოვჩნდეთ. მჯერა, ჯერ კიდევ არ არის გვიან, ოღონდ უნდა გამოვარკვიოთ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ერთიანი მიზნისათვის, ერთიანი დამოუკიდებელი საქართველოსათვის ბრძოლაში გავერთიანდეთ. ოღონდ ყველა თავის საქმეს უნდა შეუდგეს. სამუშაოს დაუბრუნდეს და მოგვცეს საშუალება ვიფიქროთ თითოეულ ოჯახზე, ყოველ ადამიანზე.

მე ვთქვი, რომ წინასამობილიზაციო მზადყოფნა საქართველოში შენარჩუნებული უნდა იქნეს, - თქვა სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარემ, - მაგრამ აფხაზეთში მოხალისეთა გაგზავნა ახლა საჭირო არ არის. ჩვენ მადლობელი ვართ ყველასი, ვინც მხარი დაგვიჭირა და იქ გაემგზავრა, მაგრამ ახლა ისინი უნდა დაუბრუნდნენ თავიანთ საქმიანობას. ვიმეორებ, სამობილიზაციო მდგომარეობა რაიონებში აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ, ამ მხრივ თბილისელებმა სამაგალითოდ იმუშავეს. მათ თავის ხელში აიღეს წესრიგის დაცვის პრობლემები და ბევრი რამ საინტერესო გააკეთეს კიდეც. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ჩვენი მოწინააღმდეგე არ ისვენებს. ყვარელში ყაჩაღთა და ბანდიტთა ჯგუფის იზოლირებამ გვიჩვენა, რომ გროზნოში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის გარემოცვაში ნამდვილი ტერორისტები მოკალათდნენ. ახლა უკვე ლაპარაკი შეიძლება იმაზეც, - განაგრძო ე. შევარდნაძე, - რომ ტერორისტული აქცია, რომელიც თბილისში ჩიქოვანის ქუჩაზე მოეწყო და ადამიანთა სიცოცხლე შეიწირა, სწორედ იმ გარემოცვაში დაიგეგმა და ამავე გარემოცვამ მოაწყო. გვაქვს მონაცემები, რომ ასეთი ჯგუფები რესპუბლიკის სხვადასხვა რაიონში არიან მოკალათებული, ისინი კიდევ რაღაცისთვის ემზადებიან, ამიტომ ჩვენ ფხიზლად უნდა ვიყოთ და წინასამობილიზაციო განწყობილება და მდგომარეობა უნდა შევინარჩუნოთ.

ისეთი რაზმები, როგორიც ყვარლის ტყეში იყო, დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონშიც არის. კერძოდ, ზუგდიდში და სხვაგანაც ამ რეგიონში. მე მინდა, მათ მივმართო და ვუთხრა: თქვენ მთლიანად შეგეხებათ ყველაფერი, რაც მანიფესტში ვთქვით და გამოვაქვეყნეთ. რა თქმა უნდა, ამათ გარდა, ვისაც მკვლელობა აქვს ჩადენილი, ანდა ისეთ ტერორისტულ აქტებში მონაწილეობდა, რომლებიც მსხვერპლით დამთავრდა. თქვენ დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ მოგცემთ ხელშეუხებლობის გარანტიას. ჩვენ სულაც არ გვინდა, რომ ტყეში იმალებოდეთ, ოჯახებს იყოთ მოწყვეტილი. არ გვინდა, რომ აუცილებლად საბრძოლო ოპერაციების ჩატარებით მოხდეს თქვენი იზოლირება და ა.შ. თუ საჭიროა, ჩვენ თითოეულ თქვენთაგანთან დავდებთ ხელშეუხებლობის გარანტიას, ოღონდ ოჯახებს დაუბრუნდით, არავითარი შეზღუდვა არ გექნებათ! ახლა ალბათ არ იქნება საჭირო ცალკე მანიფესტი გამოვცეთ, მაგრამ თუ კიდევ რაიმე დოკუმენტური დადასტურება იქნება საჭირო, ჩვენ ამისთვისაც მზად ვართ.

ამას იმიტომ ვამბობ, რომ ხელისუფლებას არ ძალუძს იმ მდგომარეობის შენარჩუნება, როგორიც ახლა ზოგიერთ რაიონშია, რადგან მას შესაძლოა ახალი დიდი გართულება მოჰყვეს.

ამიტომ არ გვინდა ახლა სხვა ენაზე გელაპარაკოთ, მამაშვილურადაც ამიტომ მოგმართავთ, რომ დაბრუნდეთ ოჯახებში, დაბრუნდეთ თქვენს სოფლებში, ქალაქებში, ჩვენ კი ყოველნაირად შეგიწყობთ ხელს, რომ ჩაერთოთ ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმში და თქვენი ადგილი იპოვოთ ჩვენს საზოგადოებაში...

რადიოკომენტატორის ნატო ონიანის კითხვაზე, ჩავა თუ არა ცხინვალის რეგიონში გაეროს ფაქტების დამდგენი კომისია, ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ აღნიშნა, რომ როცა ასეთი კომისია ჩამოვა და მისი ჩამოსვლის თანხმობა უკვე მიღებულია გენერალური მდივნისაგან, სავსებით შესაძლებელია, რომ ჩვენი თხოვნით იგი ცხინვალის რეგიონშიც ჩავიდეს და აფხაზეთის პარალელურად სამაჩაბლოს საკითხებშიც ჩაიხედონ, თავიანთი მიუკერძოებელი ობიექტური პოზიცია გამოამჟღავნონ. ამას დიდი მნიშვნელობა ექნება ამ რეგიონის ყველა პრობლემის მოგვარებისათვის.

მომავალ არჩევნებზე საუბრისას რადიოკომენტატორმა ე. შევარდნაძეს სთხოვა აზრი გამოეთქვა, რომ უზენაესი საბჭოს პოსტზე, არჩევნებზე იგი ერთადერთი კანდიდატი იქნება, რადგან სხვა კანდიდატურა არავის წამოუყენებია. სიმართლე გითხრათ, მთლად აღფრთოვანებული არა ვარ ამით, - თქვა ედუარდ შევარდნაძემ, - საარჩევნო კამპანიას თავისი კანონები აქვს, ეს კანონები მაშინ მოქმედებს, როცა კონკურენციაა. კონკურენცია იმას ნიშნავს, რომ უფრო ნათლად გამოჩნდეს სიმართლე, ჭეშმარიტება და ხალხს არჩევანის საშუალება მიეცემა, თუ ვისი პლატფორმა უფრო მისაღებია. ამიტომ გულდასაწყვეტია, თუკი კონკურენტი არ იქნება.

მაგრამ, როგორც უნდა იყოს მე მაინც უნდა ვუთხრა ჩვენს ამომრჩევლებს, რომ ჩვენ ყველანი, ვინც პოლიტიკურ ასპარეზზე ვმოღვაწეობთ და მათ შორის მეც, არჩეულ გზას აღარ გადავუხვევთ, ჩვენი გზა, რომელმაც ბედნიერებამდე უნდა მიგვიყვანოს, დემოკრატიული გზა არის. და იმ ფაქტში, რომ ქართველი ხალხი და საქართველოში მცხოვრები სხვა ხალხები ირჩევენ არა პრეზიდენტს, არამედ პარლამენტის თავმჯდომარეს, ძალიან ღრმა აზრია ჩადებული. ეს არ არის უბრალო გადაწყვეტილება და მასში პირველ რიგში ის იგულისხმება, რომ საქართველომ უნდა გაიაროს საპარლამენტო სკოლა. და სწორედ პარლამენტი უნდა იყოს ხელისუფლების უმაღლესი ორგანო, ნამდვილი ორგანო და არა ფორმალური.

მე მგონი, საინტერესო გზით მივდივართ. არჩევნებზე საქართველოს ბედი იქნება დამოკიდებული და იგი აუცილებლად უნდა ჩავატაროთ. მაგრამ ვის ავირჩევთ, ეს ხალხის საქმეა და არჩევანის საშუალება ყველას ექნება; ჩვენ არავის არ ვზღუდავთ, არც ერთ პოლიტიკურ პარტიას, არც ერთ მოღვაწეს, ვინც კანონიერ პლატფორმას სთავაზობს ქვეყანას.

მე არ მინდა, რომ ჩვენი პარლამენტი ერთფეროვანი იყოს და ერთ კაცს, ერთ ჯგუფს უსმენდეს. თუ არჩევნები არ ჩავატარეთ ჩვენ ვერ დავწყნარდებით, ქვეყანა არ დამშვიდდება. თუკი არჩევნებს ჩავატარებთ და კანონიერ პარლამენტს ავირჩევთ, კანონიერი ხელისუფლება გვეყოლება, ძალიან ბევრს მოვიგებთ. ჩვენ უახლოეს თვეებში მივაღწევთ იმას, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან წამოვა ინვესტიციების ნაკადი.

ახლა ამას ელოდება მთელი საზღვარგარეთი: გავართმევთ თავს ამ ამოცანას, თუ ვერა. თუ გავართვით თავი კიდევ უფრო შემობრუნდება ჩვენსკენ მსოფლიო და ჩვენს ეკონომიკასაც ეშველება და საერთოდ ჩვენს ცხოვრებასაც. ამიტომ ვამბობ, რომ არჩევნებზე დიდად იქნება დამოკიდებული საქართველოს ბედი, მისი თავისუფლება და დამოუკიდებლობა!

ავრცელებს საქართველოს რესპუბლიკის
სახელმწიფო საბჭოს პრესცენტრი.

ედუარდ შევარდნაძე: ჩვენ სრული საფუძველი გვაქვს მოვთხოვოთ ყველას, მათ შორის აფხაზეთის ხელმძღვანელებსაც, რომ შეასრულონ მოსკოვში ხელმოწერილი ხელშეკრულება / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 8 სექტემბერი. - N172(451). - 1,2 გვ.

60 განუხრელად შესრულდება!

▲ზევით დაბრუნება


. შევარდნაძისა და . ელცინის მოსკოვის დეკლარაცია

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი აცხადებენ, რომ გადაწყვეტილი აქვთ განუხრელად შეასრულონ 1992 წლის 3 სექტემბრის მოსკოვის შეხვედრის შემაჯამებელი დოკუმენტის დებულებები და სოჭის 1992 წლის 24 ივნისს მათი შეხვედრის შედეგების მიხედვით მიღებული კომუნიკე, რომელმაც მკვიდრი საფუძველი ჩაუყარა საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობის განმტკიცებას.

საქართველოს რესპუბლიკა და რუსეთის ფედერაცია მტკიცედ დაუჭერენ მხარს შეთანხმებულ მოქმედებას, რომლის მიზანია კავკასიაში კონფლიქტების დაუყოვნებლივი შეწყვეტა, მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი საშუალებებით მათი პოლიტიკური მოწესრიგების უზრუნველყოფა. ისინი განუხრელად შეასრულებენ 1992 წლის 3 სექტემბრის მოსკოვის შეხვედრაზე მიღებული შემაჯამებელი დოკუმენტის დებულებებს.

მათ მიაჩნიათ, რომ კავკასიაში სტაბილურობის, ეროვნებათშორისი მშვიდობისა და თანხმობის მიღწევას ხელს შეუწყობს რეგულარულ კონსულტაციათა მექანიზმის, მომავალში კი კოლექტიური უშიშროებისა და ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობის მექანიზმის შექმნა. მათი მტკიცე რწმენით ასეთი ინსტიტუტის შექმნა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საბოლოო აქტის, ახალი ევროპისათვის ქარტიისა და 1992 წლის ჰელსინკის დოკუმენტის პრინციპების პრაქტიკულ რეალიზაციაში, დოკუმენტისა, რომელმაც დააფუძნა კონფლიქტების თავიდან აცილებისა და მოწესრიგების და ხალხთა და ეროვნულ უმცირესობათა უფლებების დაცვის ახალი ინსტიტუტი და ინსტრუმენტები.

კვლავ ხაზგასმით აღნიშნეს რა, რომ უცვლელად ერთგულობენ საზღვრებისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებს, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარემ და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა უყოყმანოდ გაილაშქრეს პოლიტიკური ექსტრემიზმის ნებისმიერ გამოვლინებათა წინააღმდეგ, - იქნება ეს მისწრაფება ვინმეს ძალით თავს მოახვიონ გადაწყვეტილებანი თუ იმოქმედონ უშიშროებისთვის დამღუპველი სეპარატიზმის სასარგებლოდ.

ამ კონტექსტით საქართველოს მხარე განახორციელებს ღონისძიებებს რუსეთთან საზღვრების განსამტკიცებლად, რომელიც, თავის მხრივ, ანალოგიურ ზომებს მიიღებს, საქართველოს სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარეს და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, მტკიცედ არიან რა დარწმუნებული, რომ ორი მეზობელი ქვეყნის ისტორიული ურთიერთკავშირისათვის ახალი, თანამედროვეობის მოთხოვნების შესაბამისი შინაარსის მინიჭება ხელს შეუწყობს დემოკრატიის დამკვიდრებას საქართველოსა და რუსეთში, მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი იმოქმედონ რუსეთ-საქართველოს სტაბილური, თანასწორუფლებიანი, მეგობრული ურთიერთობის განმტკიცებისათვის. ისინი ადასტურებენ მისწრაფებას დააჩქარონ საქართველოს რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის ყოვლისმომცველი სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულების მომზადება, რომლის ფარგლებში გადაწყდება სასაზღვრო და საბაჟო რეჟიმების საკითხებიც.

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე
ე. შევარდნაძე.
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი
ბ. ელცინი.

განუხრელად შესრულდება! / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 8 სექტემბერი. - N172(451). - 1 გვ.

61 „ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს“...

▲ზევით დაბრუნება


18 სექტემბერს თბილისის კინოს სახლში მუშაობას დაიწყებს საქართველოს სახალხო ფრონტთან არსებული ქურთული კულტურული ცენტრის პირველი კონგრესი. მასში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ამ ცენტრის წევრები, ისე საქართველოს მკვიდრი და საზღვარგარეთ მცხოვრები ქურთები.

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარემ ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ კონგრესს გაუგზავნა მისასალმებელი წერილი, რომელსაც აქ ვაქვეყნებთ.

გულითადად მივესალმები ქურთული კულტურის პირველი კონგრესის მონაწილეებს. ეს ზეიმია ქურთი და ქართველი ხალხისა, საქართველოს მთელი მოსახლეობისა. ეს სასიხარულო და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს, როცა საქართველოში, პოლიტიკური ვითარებაა, როცა ცხინვალის რეგიონში სისხლისღვრის შეწყვეტას შეენაცვლა აფხაზეთის ტრაგედია. მიუხედავად ამისა, ქართველმა ხალხმა, სახელმწიფო საბჭომ და მთავრობამ გადაწყვიტეს, ერთი წუთითაც არ შეანელონ კულტურის სიცოცხლისუნარიანობა. ჩვენთვის კულტურა სუნთქვასავით აუცილებელი სასიცოცხლო პროცესია, იგია პური ჩვენი არსობისა. ამ პირობებში, როცა კულტურისთვის საარსებო მატერიალური ბაზა მოიშალა, ახალი საბაზრო ეკონომიკური სისტემა კი ჯერ არ გააჩნია, კულტურის არსებობას რეალური საფრთხე შეექმნა. ამიტომ ქართული კულტურის მესვეურთა ინიციატივით, სახელმწიფო საბჭოს მხარდაჭერით, შეიქმნა „ქართული კულტურის გადარჩენის კომიტეტი“, რომლის თავმჯდომარეობა მე დამეკისრა. აღნიშნული კომიტეტის სახელით, გამოქვეყნებულ წერილში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ზრუნვა ქართულ კულტურაზე იმავდროულად გულისხმობს საქართველოში მცხოვრები ყველა ხალხის კულტურაზე ზრუნვას, მათ შორის დასახელებულია ქურთული კულტურაც.

მე კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, რომ ქურთი ხალხი საქართველოში თავისი მრავალსაუკუნოვანი არსებობის მანძილზე ჭირსა და ლხინში ყოველთვის ქართველი ხალხის, საქართველოში მცხოვრები ხალხების გვერდით იდგა, ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი შრომისმოყვარეობითა და მშვიდობიანი ხასიათით.

დღეს საქართველო ახალ სინამდვილეს, მსოფლიო სტანდარტების დონეზე მიღებული ტიპის სახელმწიფოს აშენებს. საქართველოს სახელმწიფოებრივი მიზანსწრაფვის განხორციელება ერთთავად ბედნიერების მომტანი იქნება საქართველოში მცხოვრები ყველა ხალხისთვის.

ქურთული ხელოვნების კულტურის მუშაკებო, კიდევ ერთხელ მოგესალმებით და გისურვებთ თქვენი კულტურული მისწრაფებების, ჩვენი ერთიანი კულტურული მისწრაფებების მაღალ საკაცობრიო ინტერესთა დონეზე ხორცშესხმას.

ედუარდ შევარდნაძე.

„ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს“... / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 12 სექტემბერი. - N176-177(456). - 1 გვ.

62 ედუარდ შევარდნაძე: იმ ნაწილების წინააღმდეგ, რომლებიც არ დაემორჩილებიან შეთანხმების მოთხოვნებს აფხაზეთში, ძალა იქნება გამოყენებული...

▲ზევით დაბრუნება


1992 წლის 14 სექტემბრის რადიოინტერვიუ

- ამოქმედდა საქართველოსა და რუსეთს შორის დადებული 8 სექტემბრის შეთანხმება და დაიწყო პრაქტიკული მოქმედება ამ დოკუმენტის ძირითადი დებულებების შესასრულებლად, - თქვა სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარემ ედუარდ შევარდნაძემ, როცა აფხაზეთში გასული კვირის მოვლენების ანალიზი გააკეთა - რადიოკომენტატორ ნატო ონიანთან ინტერვიუს დროს.

ორი სხდომა სოხუმში უკვე ჩატარდა და პირველი შედეგები ასე თუ ისე გამოჩნდა. შეიქმნა საკონტროლო კომისიები, სპეციალური სამეთვალყურეო პუნქტები, მიღწეულია შეთანხმება იმის თაობაზე, რომ ერთმანეთს დაშორდნენ და პოზიციები დათმონ დაპირისპირებულმა მხარეებმა. ეს მუშაობა პრაქტიკულად დაიწყო და საქართველოს შეიარაღებული ძალების სარდლობა ვალდებულებებს ასრულებს პირნათლად. პირველი ნაბიჯები სწორედ მან გადადგა.

მოსაგვარებელია ზოგიერთი სხვა ორგანიზაციული საკითხიც, შესაქმნელია ერთიანი პრესცენტრი, რადგან მიმდინარეობს „ინფორმაციული ომიც“, ვინ უფრო მეტ თავის სასარგებლო ინფორმაციას მიაწვდის საზოგადოებას, რაც ფაქტობრივად დაძაბულობის გარდა სხვა არაფერს გვაძლევს. არის სხვა საკითხებიც...

გაჩნდა პირველი სიძნელეებიც. როცა ჩვენი ნაწილები გამოვიდნენ ეშერიდან, როგორც ეს შეთანხმებით იყო გათვალისწინებული, იქ უმალ გამოჩნდნენ „ბოევიკები“, ისინი, ვინც არ უნდა გამოჩენილიყვნენ და ამას გუშინ მძიმე შედეგები მოჰყვა. მეც და ჩემს კოლეგებსაც კავშირი გვქონდა რუსეთიდან ჩამოსულ კომისიის წევრებთან და მივაღწიეთ იმას, რომ დღეიდან გამკაცრდება შეთანხმებათა კონტროლის მთელი სისტემა. ყველას უნდა ახსოვდეს, რომ სოხუმის შეხვედრების დროს მიღწეულ შეთანხმებებში უკვე გათვალისწინებულია მნიშვნელოვანი რამ: ის ნაწილები, რომლებიც არ შეასრულებენ და არ დაემორჩილებიან შეთანხმების მოთხოვნებს, მათს წინააღმდეგ ძალა იქნება გამოყენებული. მე ვფიქრობ, ეს პუნქტი დღეს ან ხვალ ამოქმედდება და რეალიზებული იქნება.

მე ზემოთ სიძნელეები ვახსენე. ამასთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ ყველაფერი ასე ადვილად არ გადაწყდება, - განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ, - წინააღმდეგობები ალბათ მომავალშიც იქნება. საერთოდ, ასეთ მშვიდობიან გზას ყოველთვის თან სდევს ისინი და მათ არ უნდა შევუშინდეთ, რადგან ეს მაინც უკეთესი გზაა, ვიდრე დაპირისპირების და სისხლისღვრის გაგრძელება.

ვიმეორებ, ჩვენ გავჩერდით იქ, სადაც უნდა შევჩერებულიყავით. რადგან ვთვლი, რომ შეიარაღებული კომპრონტაცია ურთულეს შედეგებამდე მიგვიყვანდა; და ეს შედეგები არა მარტო ქართველებისთვის იქნებოდა ურთულესი, არამედ აფხაზებისთვისაც.

ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოვაწერეთ მოსკოვში, ისეთი ბალანსირებული შეჯამებული და შეჯერებული დოკუმენტია, რომ უპასუხებს როგორც ქართველი, ისე აფხაზი ხალხების ინტერესებს. ამ დოკუმენტით აღიარებულია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა და ჩვენი უშიშროების ინტერესებსაც უპასუხებს. ასევე უპასუხებს იგი აფხაზი ხალხის ინტერესებსაც. ამიტომ ახლა მთავარია, შესრულდეს იგი. მაგრამ, ვიმეორებ, მისი შესრულების პროცესი ძალიან რთული იქნება. ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის ის, რომ უშიშროების საბჭომ (უნდა ითქვას, რომ პირველად ამ რთული წლების განმავლობაში) გამოთქვა თავისი დამოკიდებულება იმ პროცესებისადმი, რომლებიც ახლა საქართველოში და, კერძოდ აფხაზეთში მიმდინარეობს. ამასთან დაკავშირებით გაეროს გენერალური მდივნის მოხსენების შესაბამისად უშიშროების საბჭომ მიიღო სპეციალური დადგენილება, რომელიც პრესაში გამოქვეყნდა. მე მიმაჩნია, რომ ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა საქართველოსათვის ესოდენ რთულ ეტაპზე. ეს ფაქტობრივად დიდი მხარდაჭერაა ჩვენი ძალისხმევისა და ხელს უწყობს მსოფლიო საზოგადოებრივი აზრის სწორად ფორმირებას, რაც ახლა ჩვენ ჰაერივით გვჭირდება. ამიტომაც მიმაჩნია უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილება საეტაპო მოვლენად.

უშიშროების საბჭო მიესალმა ჩვენსა და რუსეთს შორის მოლაპარაკების შედეგებს და დიდი შეფასებაც მისცა მათ. 14 სექტემბერს თბილისში ჩამოდის გაეროს დელეგაცია; ჩამოვა გენერალური მდივნის პირადი წარმომადგენელი, იგი გაეროს პოლიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელია და საკმაოდ ცნობილი მოღვაწე გახლავთ. მას პირველი შეხვედრები უკვე ჰქონდა მოსკოვში. იყო ჩვენს წარმომადგენლობაშიც. თბილისში მეც შევხვდები მას; ის ჩავა სოხუმშიც, შეხვდება ყველას, ვისთანაც ეს აუცილებელია.

ჩვენ დიდად ვიყავით დაინტერესებულნი, რომ გაეროს წარმომადგენელი აქ ჩამოსულიყო, და მე დავაყენე ეს საკითხი. მისასალმებელია, რომ მისი ჩამოსვლა ასე სწრაფად მოხდა; ეს იშვიათი მოვლენაა და იგი გაეროს გენერალური მდივნის ბატონ ბუტროს გალის პირადი დამსახურებაა, რომელმაც მოსკოვიდან დაბრუნებისთანავე საბჭოშიც მოახსენა ყველაფერი და წარმომადგენლის გამოგზავნაც გადაწყვიტა.

მე მგონი ასევე ოპერატიულად გადაწყდება თბილისში გაეროს წარმომადგენლების გახსნის საკითხი. რატომ ვართ ჩვენ დაინტერესებული ყოველივე ამით? იმიტომ, რომ არასწორად გვდებენ ბრალს რაღაც აგრესიებში და გვინდა გაეროს სწორი წარმოდგენა ჰქონდეს ყოველივე იმაზე, რაც მოხდა და რაც ახლა ხდება. მე მინდა დავამტკიცო რომ ცამდე მართალი ვართ, რომ სწორ პოზიციაზე ვიდექით და ახლაც სწორ პოზიციაზე ვდგავართ.

ჩვენ ვიცავთ ჩვენს ქვეყანას, მის მთლიანობას და ერთიანობას და ვიცავთ, რა თქმა უნდა, ჩვენი ხალხის ეკონომიკურ ინტერესებსაც. მე ვფიქრობ, გაეროს დელეგაცია ამაში ობიექტურად გაერკვევა და თავის სიტყვას იტყვის იქ, სადაც ჯერ არს.

ახლა გამწვავებული ბრძოლა მიმდინარეობს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისათვის, - განაგრძო ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ; - თქვენ იცით, რა ძლიერი არიან რუსეთში რეაქციული ძალები და ის ძალებიც, რომლებიც დემოკრატიის ქურქში არიან გახვეულნი. მათ პირდაპირი იდეოლოგიური ომი გააჩაღეს საქართველოს წინააღმდეგ. მაგრამ, საბედნიეროდ, არიან სხვა ძალებიც, რომლებიც ცდილობენ, რომ ყველაფერი ეს ობიქტურად აისახოს. არ გამოვრიცხავ, რომ სესიაზე, რომელიც ამ თვის მეორე ნახევარში უნდა გაიმართოს მოსკოვში, ალბათ იქნება სერიოზული გამოლაშქრება ჩვენი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ჩვენც უნდა ვიბრძოლოთ იმისათვის, რომ ჩვენს მეგობრებს მოსკოვში, სანკტ-პეტერბურგში და სხვა ქალაქებშიც სათანადო არგუმენტებით თუ სათანადო შეფასებებით დავეხმაროთ და მივცეთ საშუალება, სწორი წარმოდგენა ჰქონდეთ აფხაზეთში და საერთოდ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე.

ჩვენ ყველა ზომა უნდა ვიხმაროთ იმისათვის, რომ საზოგადოებრივი აზრი საერთაშორისო მასშტაბითაც ისეთნაირად ვითარდებოდეს, რომ ხელს უწყობდეს საქართველოში, კერძოდ აფხაზეთში პოზიტიური პროცესების განვითარებას. ამასთანავე ზოგიერთი რამ უკვე გვაქვს მოფიქრებული, ამ ბოლო ხანს საზღვარგარეთ გაიგზავნა დელეგაციები, მათ შორის გამოვყოფდი რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ბატონ თენგიზ სიგუას გამგზავრებას დასავლეთში, სადაც იგი მონაწილეობას მიიღებს ევროპარლამენტის მუშაობაში. ბატონი თენგიზი სიტყვით გამოვა იქ და მიმაჩნია, რომ ევროპარლამენტში ჩვენი მთავრობის მეთაურის გამოსვლას სათანადო რეზონანსი ექნება ევროპაში.

ჩვენ ამ უახლოეს ხანებში უნდა გადავწყვიტოთ, თუ როდის და რა დონეზე მიიღებს მონაწილეობას საქართველოს დელეგაცია გაერთიანებული ერების გენერალური ასამბლეის მუშაობაში. ეს, ჩემი აზრით, უმნიშვნელოვანესი მოვლენაა და ფაქტობრივად პირველი მაღალი დონის გამოსვლა იქნება გენერალური ასამბლეის სხდომაზე. ჩვენი გამოსვლა 25 სექტემბრისათვის არის დაგეგმილი. სექტემბრის ამ ბოლო რიცხვებში აქ თავს იყრიან იმ სახელმწიფოთა მეთაურები, რომლებიც გზავნიან აქ ამ დონის დელეგაციებს... არ გამოვრიცხავ, რომ შესაძლებელია მე ვუხელმძღვანელო საქართველოს დელეგაციას, ოღონდ ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები ჩვენს ქვეყანაში.

თუ გაერთიანებული ერების გენერალური ასამბლეის სხდომაზე საქართველოს რესპუბლიკის ხელმძღვანელი გამოვიდა, მე არ გამოვრიცხავ, რომ ეს იქნება შემობრუნების მომენტი მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბების საქმეში.

შეეხო რა სამეგრელოში არსებულ პრობლემებს, სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ სამეგრელოს მიმართ ძალიან ბევრი შეცდომა იყო დაშვებული, მაგრამ ეს არავის ბრალი არ არის, რადგან ჩვენ არა ვართ ახლა ისე ჩამოყალიბებული ქვეყანა, სადაც ყოველი გადაწყვეტილება ასჯერ არის გაზომილი და ისეა გადაჭრილი. სამეგრელოში შეიარაღებული ძალების ოთხჯერ შესვლამ მაინც ვერ შეასრულა ძირითადი ამოცანა. ვერ მოხერხდა ბანდიტურ ფორმირებათა იზოლირება. ისიც უნდა ვაღიაროთ, - თქვა ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ, - რომ ცალკეულ ამგვარ ღონისძიებებს მოჰყვა ძალიან მძიმე შედეგები, მოსახლეობის გარკვეული ნაწილის დარბევა, მკვლელობები. საერთოდ კი არავინ უარყოფს, რომ ღონისძიებების მიზანი კეთილშობილური იყო - წესრიგი დამყარებულიყო და პატიოსან მშრომელ ხალხს ნორმალურად ეცხოვრა.

სამწუხაროდ, მას შემდეგ, რაც იქიდან ჯარები გამოვიყვანეთ ჩვენი იმედი არ გამართლდა და ადგილობრივმა მმართველობამ ვერ გაართვა თავი იქაურ ამოცანებს. განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა ზუგდიდსა და წალენჯიხაში. მე ვიცი, რომ ძალიან გაწამებული და დატანჯულია იქაური ხალხი, რადგან აღარ დარჩა ისეთი ძალა, რომელიც მართალი მშრომელი კაცის ინტერესებს დაიცავს.

სამეგრელო ახლა დიდ ეკონომიკურ გაჭირვებას განიცდის. ჩვენ იქ პროდუქტების შეტანასაც ვეღარ ვახერხებთ. მაგისტრალებს შეიარაღებული რაზმები აკონტროლებენ, იქ შესვლა უკვე დიდ რისკთან არის დაკავშირებული. იქაურ რაიონებში ახლა ფქვილიც არა აქვთ. იყო ცოტა შავი პურისთვის შემორჩენილი და ისიც გათავდა. ზოგიერთ სოფელში პრაქტიკულად შიმშილობა დაიწყო. ხალხი ფულსაც ვეღარ ღებულობს. მაგალითად, ჩხოროწყუს რაიონში ჩვენ ჩაის მკრეფავებს 40-50 მილიონი მანეთი უნდა დავურიგოთ, ზოგიერთი შარშანდელი ანგარიშიც გასასწორებელი გვაქვს, მაგრამ ფულის იქ შეტანა თითქმის შეუძლებელია.

ამიტომ, მე მგონი, ისეთი დრო დადგა, როცა ამ რეგიონის მშრომელი ხალხი, ყველა კეთილი ნების ადამიანი, რაიონების ხელმძღვანელები და ჩვენ - ქვეყნის ხელმძღვანელები უნდა გავერთიანდეთ, რათა როგორმე განვმუხტოთ დაძაბულობა სამეგრელოში. ახლა ხალხი ამისთვის მომზადებულია. ჩემი ინფორმაციით, იმ შეიარაღებულ რაზმებშიც ბევრია ისეთი ვინც უკვე დაიღალა. მობეზრდა ყველაფერი ეს და მზად არის დადგეს ხალხის გვერდით, შრომას მიჰყოს ხელი და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაშიც დაეხმაროს ადგილობირვ ხელმძღვანელობასაც და მთავრობასაც. ამას წინათ რადიოგამოსვლაში ვთქვი და ახლა კვლავ ვიმეორებ მოწოდებას, რომ უნდა დავანებოთ თავი ასეთ მოქმედებას და, თუ თქვენს კუთხეზე, საქართველოზე გული შეგტკივათ, მაშინ, ხვალ, ზეგ, უახლოეს დღეებში იქ უნდა დადგეთ, სადაც ხალხის ინტერესები მოითხოვს! იმათ კი, ვინც ამას უგულებელყოფს და არარად აგდებს თავისი კუთხის და საერთოდ ქვეყნის ინტერესებს, მინდა ვუთხრა, რომ ახლა არა ვართ უძლური ხელისუფლება, რომ წესრიგი ვერ დავამყაროთ ამ რეგიონში (დიდად სამწუხაროა, ამას რომ ვამბობ).

ჩვენ ბევრჯერ ვყოფილვართ ისეთი განსაცდელის წინაშე, როგორც ახლაა და თანდათან ვრწმუნდები, რომ ჩვენ საქმე გვქონდა შეთქმულებასთან საქართველოს წინააღმდეგ, ძალიან სერიოზულ შეთქმულებასთან, რომელიც არც ისე მცირე მასშტაბისაა. ეს უკვე დასტურდება. ამ შეთქმულების ცენტრი, მოგახსენებთ გროზნოშია და არა იმიტომ, რომ იქ ყოფილი პრეზიდენტია, არა, იქ სხვა ძალებიც არის და მოვა დრო, ყველაფერი ეს გამომზეურდება.

ეს მარტო ჩემი მოსაზრება არ გახლავთ. მე მაქვს სხვა წყაროების ინფორმაციაც. გროზნო არ არის მარტო, იქ ცენტრია, მაგრამ რაკი ცენტრი არსებობს, ცხადია, სხვა ძალებიც არიან და არსებობენ. მაგრამ ჩვენი ჯარების გადაადგილებამ, დისლოკაციის ადგილის შეცვლამ და აფხაზეთში ზოგიერთი ღონისძიების გატარებამ აი, სწორედ ამ ძალების გეგმები ჩაშალა. მე მექნება მომავალში საშუალება უფრო დეტალურად ავხსნა ყველაფერი, რაც მოხდა. ასე რომ, რკინიგზების დაცვასთან დაკავშირებული ღონისძიება რომ არა, მაშინ საქართველო დიდი მასშტაბის აგრესიული მოქმედების ობიექტად იქცეოდა; ჩვენი მტრები, რომლებიც ამას გეგმავდნენ, არ ელოდნენ ჩვენს ამ მოქმედებას. ახლა ძალიან მნიშვნელოვნად ამოქმედდა რუსეთის ფაქტორი და ბევრი ის ძალა, რომლებსაც ბოროტი ზრახვები ჰქონდათ, ნეიტრალიზებულია.

რადიოკომენტატორის შეკითხვაზე, თუ რა ღონისძიებებს მიიღებს ხელისუფლება საქართველოში ტერორისტული აქციების აღსაკვეთად, ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ თქვა: ტერორისტთა გეგმებს, რომლებიც მათ აქვთ დასახული, მართლაც შეიძლება მოჰყვეს უმძიმესი შედეგები, მაგრამ მიმაჩნია, რომ ყველაფრის თავიდან აცილება შესაძლებელია, თუ კი (ცოტა უხერხული, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა) დოყლაპიობას არ გამოვიჩენთ. ამისათვის არიან სათანადო ძალები, ოღონდ მობილიზება გვჭირდება, როგორც ეს თბილისელებმა გააკეთეს, და მე მგონი, ყველაფერი მოგვარდება. ჩვენ ახლა აფხაზეთში მოხალისეები გვჭირდება - განაგრძო ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ, ყველამ თავის ქალაქს უნდა მიხედოს და მოუაროს. მე უკვე მივმართე და ახლაც მივმართავ ჩვენს ახალგაზრდობას, რომ აფხაზეთში გამგზავრება და რაზმების შექმნა არ არის საჭირო. მინდა, ჩვენს სტუდენტობასაც ვთხოვო, დაეხმარონ ქალაქების, რაიონების ხელმძღვანელებს, და ტერორისტები ვეღარ აღასრულებენ თავიანთ ჩანაფიქრს. არ არის დასამალი, რომ არსებობს გროზნოში შედგენილი გეგმა, რომელიც სახელმწიფო საბჭოს შენობის აფეთქებას და იქ მომუშავე ხალხის განადგურებასაც ითვალისწინებდა. მაგრამ მე ვფიქრობ, ვერავინ ეღირსება ამ გეგმის, ისევე როგორც სხვა გეგმების შესრულებას. ასე რომ, ყველაფრის ჩაშლა შეიძლება.

შემდეგ საუბარი შეეხო ერთიანი კავკასიური სახლის მშენებლობის იდეას, რომელზეც ახლა ლაპარაკობენ. ეს იდეა, - აღნიშნა ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ, - თავისთავად კეთილშობილური იდეა გახლავთ. მაგრამ ამ პირობებში, როდესაც ქვეყანა თუ სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი, როგორიც არის, მაგალითად, ჩეჩნეთი, საომრად, სისხლის ღვრისათვის და ძარცვისათვის სხვა ქვეყანაში გზავნის თავის წარმომადგენლებს და მეორეს მხრივ რაღაც ერთიანი კავკასიური სახლის აშენების წინადადებას აყენებს, ეს უკვე პოლიტიკური ავანტიურაა. იგი არც დემაგოგიაა და არც პოპულიზმი, სულ სხვა რამ არის, ამიტომ არ შეიძლება დღეს ამ იდეაზე ლაპარაკი. მე მგონი, რეალურად უნდა იფიქროთ იმაზე, რაზეც მე და ბატონი ელცინი შევთანხმდით, რომ აუცილებელია ნამდვილი კონსულტაციები, თუ მომავალში როგორ უნდა ვიცხოვროთ ამიერკავკასიაში და საერთოდ კავკასიაში. ეს კონსულტაციები უნდა იყოს რუსეთის მონაწილეობით, ყველა იმ რესპუბლიკებისა და ავტონიმიურ ფორმირებების მონაწილეობით, რომელთა მეთაურები მოსკოვის მოლაპარაკებაზე იყვნენ, - აზერბაიჯანის, სომხეთის მონაწილეობით და ა.შ. ამ კონსულტაციებზე უნდა მივიდეთ იმ დასკვნამდე, თუ რას ვაშენებთ, კავკასიურ სახლს, კავკასიურ ციხე-სიმაგრეს, თუ სხვა რაიმეს.

მე ბევრჯერ მქონდა რაღაც იდეის თუ წინადადებების წამოყენების სურვილი, - განაგრძო სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარემ, - მაგრამ ყოველთვის თავს ვიკავებდი, რადგან მიმაჩნია, რომ კავკასია ამჟამად არ არის მზად იმისათვის, რომ რაიმე ერთი მოდელი შესთავაზონ, ამიტომ ფრთხილი და წინდახედული მიდგომა, გაზომვა და გაანგარიშებაა საჭირო თუ რისთვის ვართ დღეს მზად ჩვენ და რისთვის არიან მზად ჩვენი მეზობლები აქაც და ჩრდილოეთშიც.

აი, ასეთი კონსულტაციების მომხრე ვარ ამ ეტაპზე. მერე კი შესაძლოა მივალთ რაიმე დასკვნამდე. რაც შეეხება რელიგიურ მოტივს, უნდა გითხრათ, რომ საქართველოში არასდროს ყოფილა რელიგიური ფანატიზმი, საქართველო ერთ-ერთი ისეთი ქვეყანაა, სადაც რელიგიათა თანაარსებობის დიდი გამოცდილებაც დაგროვდა და ტრადიციაც. ცხადია, შეურიგებლობის ან ორგანული შეუთანხმებლობის პრობლემა არც კი მეგულება, ამიტომ საფუძველი არა აქვს ცალკეულ ექსპერიმენტთა ცდებს აფხაზეთში, როცა რელიგიური მომენტით სპეკულაციას ეწევიან. იმ ხალხის ცენტრი, ვისაც ამ გზით სურს დაძაბოს და გაამწვაოს სიტუაცია, ჩვენთან არ არის, გროზნოშია, და სხვათაშორის სხვაგანაც არის (მე არ მინდა ეხლა ეს დავასახელო). ისინი იმას ცდილობენ, რომ ისლამის ქურქში ფაშიზმი, ნამდვილი ფაშიზმი დამალონ და თავისი ექსპანსიური გეგმები ისე განახორციელონ, მაგრამ ვიმეორებ, ამ გეგმებს შესრულება არ უწერია.

ჩვენ ახლა კურსი იმისკენ გვაქვს აღებული, - თქვა დასასრულ ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ, - რომ საპარლამენტო რესპუბლიკად ჩამოვყალიბდეთ, არჩევნები ჩავატაროთ, ეს აუცილებელია. ჩემი საარჩევნო კამპანია არ იქნება ხმაურიანი, მე მინდა იგი ჩვეულებრივი იყოს, აჟიოტაჟის გარეშე. თვის ბოლოს ალბათ ჩემი პროგრამის პროექტი მზად მექნება, ჩემს შეხედულებებს ჩემს ხალხს წარვუდგენ და გავაცნობ. ვიმეორებ, არჩევნები წყვეტს ჩვენს ბედს, თუ მას ჩავატარებთ, ვიარსებებთ, თუ არა და, გაგვიჭირდება. იქნება კანონიერი ხელისუფლება, იქნება წესრიგი და იქნება კარგი ცხოვრებაც!

საქართველოს სახელმწიფო საბჭოს პრესცენტრი.

ედუარდ შევარდნაძე: იმ ნაწილების წინააღმდეგ, რომლებიც არ დაემორჩილებიან შეთანხმების მოთხოვნებს აფხაზეთში, ძალა იქნება გამოყენებული... / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 15 სექტემბერი. - N178(457). - 1,2 გვ.

63 ედუარდ შევარდნაძე: არჩევნებზეა ახლა დამოკიდებული ჩვენი ხალხისა და ჩვენი ქვეყნის ბედი

▲ზევით დაბრუნება


1992 წლის 21 სექტემბრის რადიოინტერვიუ

ჩვენთვის დღეს ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა და უმთავრესი ამოცანაა არჩევნების ჩატარება, - თქვა სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარემ ედუარდ შევარდნაძემ თავის რადიოინტერვიუში 1992 წლის 21 სექტემბერს, როცა ტრადიციულად განვლილი კვირის მოვლენები გააანალიზა.

საარჩევნო სამზადისი გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. დადგა ის დრო, როდესაც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა განსაზღვროს თავისი პოზიცია. სასიამოვნოა იმის აღიარებაც, რომ ჩვენი საზოგადოებრიობის ძირითადი ნაწილი განწყობილია არჩევნების სასარგებლოდ. მაგრამ უნდა ჩამოვყალიბდეთ იმ მხრივაც, თუ როგორი პარლამენტი გვსურს, როგორი იქნება მისი შემადგენლობა, ვის ვენდობით, ვის ვაძლევთ ხმას. ცოტა რთული გასარკვევია, იმდენად მრავალფეროვანია სპექტრი წარმოდგენილი კანდიდატებისა. ასევე მრავალფეროვანია პოლიტიკურ ძალთა წარმომადგენლობაც. მიუხედავად ამისა, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქენი გაერკვევიან ამ ვითარებაში და გააკეთებენ ღირსეულ არჩევანს. ასეთ რთულ, დაძაბულობისა და შფოთიანობის პირობებში არჩევნები ღირსეულად რომ ჩავატაროთ, რათა, ბოლოს და ბოლოს, საქმე გვქონდეს ლეგიტიმურ ხელისუფლებასთან. ამას მოქალაქეობრივი გმირობა სჭირდება, ნამდვილი თავდადება ჩვენი მოქალაქეებისა. ისიც უნდა ვთქვათ, რომ, ალბათ, ბევრი სახელმწიფო ასეთ პირობებში არჩევნებს ვერ გამართავდა. არჩევნებზე ახლა ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნის ბედია დამოკიდებული. ახლა უფრო მეტად მჯერა, რომ ჩავატარებთ არჩევნებს. შეიძლება იყოს რამდენიმე რაიონი, სადაც არჩევნები გაჭირდება, იმ რაიონებში, სადაც ასე თუ ისე ნეგატიურად არის მოსახლეობის ნაწილი განწყობილი, ვფიქრობ, კიდევ არის დრო მოიფიქრონ და ბოლოს და ბოლოს განსაზღვრონ თავიანთი დამოკიდებულება ამ დიდი პოლიტიკური მოვლენისადმი.

რაც უფრო ვუახლოვდებით არჩევნების თარიღს, მით უფრო მეტია იმედი და რწმენა, რომ ჩვენ შევძლებთ ეს დიდი პოლიტიკური კამპანია ჩავატაროთ. მაგრამ თუ არჩევნები არ გაიმართა, ეს იქნება უბედურება ჩვენი ხალხისათვის. თუ ჩვენ ვერ შევძლებთ კანონიერ, ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან გვქონდეს საქმე, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მე არაფერი მესაქმება მაშინ და ჩემი პრინციპებისთვის მიუღებელია ის, რომ შევეგუო ქვეყანაში სრული ქაოსის გამოფენას, ანდა დიქტატორული რეჟიმის დამყარებას.

არჩევნების ჩატარება დღეს დიდი ეროვნული საქმეა. მე მარტო ქართველობა არა მყავს მხედველობაში. ამ საქმეში სისხლხორცეულად უნდა იყოს დაინტერესებული ჩვენი ქვეყნის რუსი მოსახლეობაც, სომეხი, აზერბაიჯანელი, აფხაზი, ოსი, ბერძენი, ქურთი, ებრაელობა, რომლებიც საუკუნეების მანძილზე ჩვენთან ცხოვრობენ.

შემდეგ ედუარდ შევარდნაძემ აღნიშნა, რომ ჩვენ ერთი წუთითაც არ უნდა დაგვავიწყდეს ის ურთულესი პირობები რომლებშიც უხდებათ ცხოვრება და არსებობა ჩვენს ხალხს. მხედველობაში მყავს ძირითადი მასა, ვითარება კიდევ უფრო გართულდება, თუ არჩევნები არ გაიმართა. მე ქედს ვიხრი ჩვენი ხალხის ნებისყოფის, მოთმინების, სულგრძელობის წინაშე. ხანდახან მაკვირვებს კიდევაც ეს, მაგრამ იმდენად დიდია სურვილი ავაშენოთ ჩვენი საკუთარი, დამოუკიდებელი, დემოკრატიული ქვეყანა, ადამიანები ითმენენ მოუთმენელს.

მე ვიცი, ბევრი ოჯახი შიმშილობს და საზრდოს მოპოვების პრობლების წინაშე დგას, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ამიტომაც აუცილებელია გადავდგათ ისეთი ნაბიჯი, რომ შევქმნათ პოლიტიკური სტაბილურობის პირობები და მოგვეცეს საშუალება ვიფიქროთ, ვიმუშაოთ, და ვიზრუნოთ ადამიანებზე.

უნდა გითხრათ, რომ დღევანდელი ხელისუფლება, ჩემი ჩათვლით და სახელმწიფოს საბჭოს ჩათვლით, სამინისტროები, უწყებები და სხვები, ეს ძალიან ამორფული ხელისუფლებაა დღეს. სახელმწიფო საბჭოს პრეზიდიუმის სხდომაზე განვიხილეთ ბენზინით მომარაგების საკითხი, და აღუშფოთებლად ვერ ილაპარაკებს კაცი ამ სფეროში არსებულ მდგომარეობაზე, პურის გამოცხობაში არის შექმნილი სიძნელეები. დანაგვიანებულია ქალაქის ცალკეული ქუჩები, არა მარტო თბილისში, არამედ, საერთოდ ყველგან და, როდესაც დაინახავ რაშია საქმე, დარწმუნდები, რომ ბევრი იმათგანი, ვინც დღეს ასე თუ ისე ხელისუფლებას წარმოადგენს, გადაეჩვია ადამიანებზე ზრუნვას. ამიტომაც არის აუცილებელი კანონიერი, ძლიერი ხელისუფლება, რომ ამ ურთულეს და უძნელეს საკითხებს მოვუაროთ და გადავწყვიტოთ. ბოლო ხანს ზოგიერთი ნაბიჯი გადავდგით, მაგალითად, გადავწყვიტეთ, მიუხედავად იმისა, რომ გვიჭირს, 30%-ით გავზარდოთ ხელფასები 1 ოქტომბრიდან. ანალოგიური გადაწყვეტილება 5-6 თვის განმავლობაში ორჯერ მივიღეთ. ბევრი პრობლემა მოვუხსენით პენსიონერებს. ზოგი რამ გავაკეთეთ სტუდენტებისთვის სტიპენდიის მომატების თვალსაზრისით. ვიყენებთ რა საზღვარგარეთის ჰუმანიტარულ დახმარებას, ბევრი რამ გავაკეთეთ მცირეწლოვანთათვის - ეს ეხლა 6 თვემდე ბავშვებს - შეიქმნა ის პირობები, რომ ისინი გარანტირებული იყვნენ ნორმალური კვებით. ახლა სხვა ასაკის ბავშვებისთვისაც ვზრუნავთ, რათა წლის ბოლომდე მივაღწიოთ იმას, რომ ჩვენმა ბავშვებმა მიიღონ მათი სიცოცხლისათვის საჭირო ნორმა. მაგრამ ეს მხოლოდ წვეთია ზღვაში. კიდევ და კიდევ ვუბრუნდები: თუ გვინდა გავაძლიეროთ სოციალური სფერო, უნდა დავიწყოთ პოლიტიკით. პოლიტიკაზე ლაპარაკი კი შეუძლია მხოლოდ ხალხის მიერ არჩეულ კანონიერ ხელისუფლებას.

გასული კვირის მანძილზე აფხაზეთში პოზიტიური მოვლენები იყო. გაეროს გენერალური მდივნის პირადი წარმომადგენლობის ჩამოსვლა საქართველოში ძალზე კარგი საქმეა. მათ მიეცათ საშუალება ემუშავათ ყველა მხარესთან - თბილისშიც, სოხუმშიც, და უნდა გითხრათ, რომ საქართველოს ხელმძღვანელობასა და აი, ამ დელეგაციის შეხედულებებს შორის რაიმე განსხვავება არ ყოფილა. მათ დაადასტურეს იმ რეზოლუციის შინაარსი, რომელიც მიიღეს ამ ორი კვირის წინათ უშიშროების საბჭოში და ერთხელ კიდევ გაუსვეს ხაზი შეთანხმების მნიშვნელობას. მათი აზრით, აი, ამ შეთანხმების ფარგლებში უნდა მოხდეს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტა. ვფიქრობ, რომ სათანადო მოხსენების შემდეგ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დელეგაცია კვლავ ესტუმრება საქართველოს, აქტიურად დაგვეხმარებიან კონფლიქტის მოგვარებაში. ყველაზე სამწუხარო, რაც გასულ კვირაში მოხდა, ის იყო, რომ საკონტროლო კომისიის გადაწყვეტილება 15 სექტემბრამდე ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე, აფხაზეთის ტერიტორიიდან დაქირავებული „ბოევიკების“ გაყვანის შესახებ არ მოხდა. მათი მოქმედება ინტერვენციის მსგავსი მოვლენაა საქართველოს წინააღმდეგ. ეს მოთხოვნები არ შესრულდა იმის გამო, რომ კომისია ვერ მუშაობს ეფექტიანად. მე უკვე ვთქვი, რომ როცა სოჭიდან უყურებ რა ხდება, ასე საქმე ვერ გამოვა. უფრო აქტიურად უნდა იმუშაონ სოხუმშიც, გუდაუთაშიც, უფრო მკაცრი კონტროლი უნდა დაუწესდეს ცეცხლის შეწყვეტას, შეიარაღებული ფორმირებების გადაჯგუფებას. ჩრდილოეთ კავკასიის ბოევიკების გაყვანა ან განდევნა საქართველოდან დიდ პრობლემად არ მიმაჩნია, თუ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობაში არ გაჩნდება რაიმე ბზარი. და თუ ჩვენ, ორივე მხარე, ვიქნებით იმ პლატფორმაზე, რომელიც ჩამოყალიბდა 3 სექტემბერს მოსკოვში.

აი, ასეთი მოსაზრებები გამოთქვა ბატონმა თენგიზ კიტოვანმა, როცა ის სოჭში შეხვდა რუსეთის თავდაცვის მინისტრს გრაჩოვს. ჩემი აზრით, მათ შორის ამ საკითხებში ურთიერთგაგება ჩამოყალიბდა. ეს კვირა გვაჩვენებს, თუ რამდენად მკვიდრი და რამდენად საიმედოა ეს ურთიერთგაგება.

სოხუმში ჩემი ჩასვლის ერთ-ერთი მიზანი ისიც იყო, რომ იქნებ ბატონი არძინბა და მისი ზოგიერთი კოლეგა ჩამოსულიყო სოხუმში. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. ჯერჯერობით აფხაზეთის იმ ხელმძღვანელობის პოზიცია, რომელიც ახლა გუდაუთაშია, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების იმედს არ იძლევა. ისინი მოექცნენ იმ ნაჭუჭში, საიდანაც არ ჩანს, რა ხდება გარეთ, რა ხდება თვით საქართველოში, სხვა ქვეყნებში. საერთო განწყობილება კი ისეთია, რაც შეიძლება მალე და მშვიდობიანად უნდა დამთავრდეს კონფლიქტი. ვფიქრობ, რომ თუ მათ პოზიცია არ შეცვალეს, რომელშიც ისინი აღმოჩნდნენ ჩაკეტილები, მაშინ შეიძლება ვითარება ძალიან გართულდეს თვით გუდაუთისთვისაც და სხვა რაიონებისთვისაც (იქ იმდენი ძალებია ახლა თავმოყრილი). მე მაინც მინდა გამოვთქვა იმედი, რომ თუ ბატონი არძინბა არა, სხვები გაერკვევიან და გადაწყვეტილებას მიიღებენ. შეხვედრები სოხუმში იმედის მომცემი იყო. შესანიშნავი იყო ერთი შეხვედრა აფხაზეთის ინტელიგენციის და არა მარტო ინტელიგენციის წარმომადგენლებთან. ეს იყო შეხვედრა რეალურად მოაზროვნე პოლიტიკოსებთან, რომლებსაც სწორად ესმით დღევანდელი მომენტის სირთულე და ასევე სწორად წარმოუდგენიათ მისი მოგვარების, მოწესრიგების გზები.

არ დამავიწყდება შეხვედრა ქართული საზოგადოებრიობის წარმომადგენლებთან. ეს ძალიან მრავალრიცხოვანი აუდიტორია იყო, თბილი ადამიანური და ამავე დროს საქმიანი შეხვედრა.

ჩვენზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება დატოვა სამხედროებთან ურთიერთობამ. მე უკვე ვთქვი სახელმწიფო საბჭოზე, რომ გამოიკვეთა საინტერესო ჯგუფი ახალგაზრდებისა - გია ყარყარაშვილის, პოლკოვნიკ ლობჟანიძისა და სხვათა და სხვათა სახით, რომლებსაც მეთაურთა კორპუსს ვუწოდებთ. საქართველოს მართლაც ეზრდება მხედართმთავრები.

შეეხო რა აფხაზეთის ამბებს, თავის გამოსვლაში ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ თქვა: გასული კვირის მოვლენებიდან კიდევ ერთ დეტალს მივაქცევდი ყურადღებას. ეს იყო ჩვენი კონტაქტი ნატოს დელეგაციასთან, რომელიც მეორედ ჩამოვიდა საქართველოში. შევთანხმდით, რომ ჩვენს ინტერესებს წარმოადგენს ბრიუსელში გერმანიის საელჩო, ხოლო ნატოს ინტერესებს საქართველოში - გერმანიის საელჩო. მიგვაჩნია, რომ ეს არის ძალიან სწორი და სასარგებლო. ამაზე არანაკლებ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ გერმანიის დოიჩე-ბანკის დელეგაციის ჩამოსვლას საქართველოში, რომელსაც მე შევხვდი. შემდეგ ბატონმა თენგიზ სიგუამ იმოგზაურა ევროპაში, გამოვიდა ძალიან საინტერესო სიტყვით ევროპარლამენტში. შეხვედრა ჰქონდა დოიჩე-ბანკის ხელმძღვანელობასთან.

მიღწეულია საბოლოო შეთანხმება, - თქვა დასასრულ ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ, - რომ დოიჩე-ბანკი საქართველოში გახსნის თავის წარმომადგენლობას, თავის ფილიალს, რომელიც მოემსახურება არა მარტო ამიერკავკასიას, არამედ ზოგიერთ მიმდებარე ქვეყანასაც, სადაც მათ თავიანთი წარმომადგენლები არა ჰყავთ. ერთი თვის განმავლობაში ეს ბანკი ბუდეს ჩვენთან დაიდებს.

საქართველოს სახელმწიფო საბჭოს პრესცენტრი.

ედუარდ შევარდნაძე: არჩევნებზეა ახლა დამოკიდებული ჩვენი ხალხისა და ჩვენი ქვეყნის ბედი / შევარდნაძე ე. ; საქართველოს სახელმწიფო საბჭოს პრესცენტრი // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 23 სექტემბერი. - N187-188(467). - 1 გვ.

64 მე აქ ჩამოვედი, რათა საქართველოსთვის არ დამეკარგა დღესდღეობით ერთადერთი შანსი - მემცნო მსოფლიოსთვის ჩემი ქვეყნის იმედები და ზრახვანი, მეთქვა სიმართლე და უარმეყო სიცრუე

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის ედუარდ შევარდნაძის გამოსვლა გაეროს გენერალური ასამბლეის 47-ე სესიაზე

1992 წლის 25 სექტემბერი ქ. ნიუ-იორკი

პატივცემულო ბატონო თავმჯდომარევ,

პატივცემულო ბატონო გენერალურო მდივანო,

ბატონებო!

ამ ტრიბუნიდან პირადულზე არ ლაპარაკობენ ხოლმე, მაგრამ ვფიქრობ, ჩემი მდგომარეობა მაძლევს უფლებას გადავუხვიო ამ წესს.

ზუსტად 2 წლის წინათ, აქ გამოსვლა რომ დავამთავრე, როგორც მაშინ მეგონა, ამ ტრიბუნიდან უკანასკნელად ჩამოვედი. დიახ, მე ვიცოდი, რომ უნდა დამეტოვებინა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი, ისევე როგორც ვიცოდი რომ მის ცხოვრებაში ახლოვდებოდა ჟამი მრისხანე ცვლილებებისა.

ახლა, სანამ აქ მოვიდოდი, კვლავ გადავიკითხე ის სიტყვა. იდეები, რომლებმაც შთამაგონეს მაშინდელი გამოსვლა, დღესაც არ შერყეულა ჩემს თვალში. ამ იდეებმა გამაკეთებინეს პროგნოზი, რომელსაც დღევანდელი დღე ადასტურებს.

მე მაშინ ვამბობდი, რომ საბჭოთა კავშირის ხალხები გამოდიან პოლიტიკურ ასპარეზზე და იბრუნებენ თავიანთ ოდინდელ ეროვნულ სახელებს.

დღეს ამ დარბაზში ჩვენ ვხედავთ ამ სახელებს ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა დელეგაციების ადგილებზე, რომელთა შორის არის ჩემი სამშობლო - საქართველოც.

ყველა ეს ქვეყანა, და მათ შორის ჩემი სამშობლოც, დაუცველი აღმოჩნდა უმოწყალოდ აზვირთებული ეკონომიკური კრიზისის ტალღის წინაშე, და ესეც ითქვა მსოფლიო გაერთიანებისადმი მოწოდებაში, ითქვა, რომ უნდა შეგვექმნა საერთაშორისო მექანიზმი რომელიც შეარბილებდა ამ აზვირთების ნეგატიურ შედეგებს.

მაშინ ვამბობდი, რომ „ცივი ომის“ დამთავრების შემდეგ მსოფლიო პოლიტიკის სცენაზე გამოდიან ახალი ავბედითი ფიგურები. ვამბობდი, რომ დემოკრატიის გზაზე დადგომის ცდების ჩაშლა წარმოშობს ქაოსს და ახალ დიქტატორულ რეჟიმებს. ახალი შეიარაღებული კონფლიქტების წარმოშობის, მძევალთა მასობრივი აყვანის, ტერორიზმის გავრცელების საფრთხის პროგნოზიდან გამომდინარეობდა დასკვნა, რომ უნდა შეგვექმნა გაეროს ეგიდით მოქმედი უსაფრთხოების რეგიონული სტრუქტურები.

უკვე მაშინ, ორი წლის წინათ, მწვავედ იგრძნობოდა მოთხოვნილება დოქტრინად გაეცნობიერებინა თანამედროვე სამყაროს ახალი რეალობანი, გადაგვესინჯა სახელმწიფოთაშორის და შიდა სახელმწიფოებრივ სფეროებში ურთიერთობათა ძველი პრინციპები და შეგვემუშავებინა ახალი, პერსპექტიული მიმართულებანი.

მე მაშინ ვამბობდი ამას როგორც დედამიწის მეექვსედზე გადაჭიმული სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრი.

ახლა იგივეს ვამბობ როგორც წინანდელ სიდიდეებთან შედარებით განუზომლად მცირე ქვეყნის წარმომადგენელი.

მაგრამ მასშტაბთა მკვეთრი ცვლილება როდი ამცირებს პრობლემათა მასშტაბს. დედამიწის პატარა ნაწილაკი რომელსაც სახელად ჰქვია საქართველო, ის საქართველო, ისტორიამ გეოპოლიტიკურ ჯვარს რომ აცვა, სასწაულებრივად გახდა ყველა იმ უბედურებისა და წინააღმდეგობის შესაფარი, რომლებიც იმპერიამ ჩაიმკვიდრა თავის გენეტიკურ კოდში, რომლებსაც ნიადაგ იწვევდა პროვოკაციულად და რომლებიც ახლაც კი, მისი დაღუპვის შემდეგ გვაზანზარებს. ყოველივე ის, რასაც მე ვფიქრობდი და ვამბობდი, რაც განმიჭვრეტია და მიწინასწარმეტყველებია, - ახდა საქართველოს სვე-ბედში. და საამისოდ სულაც არ იყო საჭირო გულთმისნობა - საამისოდ საკმარისი იყო გცოდნოდა, რა სისტემასთან გაქვს საქმე. იწინასწარმეტყველო მყოფადის მნიშვნელოვანი მოვლენები, უთქვამს ერთ დიდ მოაზროვნეს, წარსულის გამოცნობაზე უფრო რთული ამოცანა არ არის. თუ გარდასული მოვლენები რაღაც კვალს ტოვებს, მაშინ, ბუნებრივია, ვივარაუდოთ, რომ მომავალ მოვლენებსაც ქონია ფესვი.

სისტემა განწირული იყო. 1991 წლის აგვისტოში შეეცადნენ, გადაერჩინათ იგი ამ სისტემისთვისვე ჩვეული მეთოდებით - ფარული პირშეკვრით, კანონის ფეხქვეშ გათელვით, ძალის გამოყენებით.

მე არაერთგზის მითქვამს რომ შესაძლებელია გადატრიალება და ტოტალიტარული რევანში. ამ გაფრთხილებიდან დასკვნები რომ გამოგვეტანა, მაშინ ჩვენ საქმე გვექნებოდა არა ვეებერთელა ქვეყნის ქაოსურ რღვევასთან, არამედ შედარებით უმტკინვეულო და მართვად პროცესთან - ახლებურ მდგომარეობაზე გადასვლასთან. აგონიის თავბრუდამხვევი მიმდინარეობა, რღვევის ტემპი მსოფლიო გაერთიანებისთვის მოულოდნელი გამოდგა. იგი ანაზდად დაატყდა თავს და ახლა ყველანი ვხედავთ როგორ გაჩნდა გაშიშვლებულ ფესვებზე ძალადობისა და კატასტროფების ახალი ნაბარტყი.

საქართველოს მაგალითი ნიშანდობლივია.

აქ მიმდინარეობს ღრმა სოციალურ-სამეურნეო კრიზისი. აქ იმპერიის მსხვრევას თან სდევდა დიქტატორული რეჟიმის წარმოშობა; აქ პროვოკაციულად არის გამოწვეული რამდენიმე შინაკონფლიქტი, სეპარატიზმი პატარა ქვეყანას უქადის საფრთხეს - დაფლითოს და ჯუჯა სახელმწიფოებად დაანაწევროს მისი ისტორიული ტერიტორია. აქ დივერსიის, ტერორის, მასობრივი მძევლიანობის სუფევაა.

და, ბოლოს, აქ, როგორც არსად, განსაკუთრებით დიდია საფრთხე, რომ არსებული შინა კონფლიქტები შეერწყას მეზობელ სახელმწიფოთა კონფლიქტებს, გადაიზარდოს რეგიონულ, ხოლო შემდეგ - კონტინენტურ ომებამდეც ეროვნებათშორის და სარწმუნოებრივ ნიადაგზე.

შეგახსენებთ, რომ სხვა ქვეყნების მსგავსად, საქართველოც სამხედრო ძალის გამოყენებით იყო მოქცეული კავშირში. ამ ძალის სულის ჩამდგმელს კი წარმოადგენდა იდეოლოგია, რომელიც კლასობრივ ბრძოლას მსხვერპლად სწირავდა საკაცობრიო ღირებულებებსა და ეროვნულ მიზნებს. ამ იდეოლოგიის სულისკვეთებით გაუფასურებული იყო ისტორიულად დამკვიდრებული საზღვრებისა და ტერიტორიების მთლიანობა. ხდებოდა მათი გადაკეთება და გადანაწილება „პროლეტარული ინტერნაციონალიზმის“ ორიენტირებით, ყალიბდებოდა ისეთი სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური და ადმინისტრაციულ-ტერიტორიული სტრუქტურა, რომელშიც მოქცეული იყო რესპუბლიკებს შიგნით და რესპუბლიკებს შორის უკმაყოფილების, მდრტვინავი მტრობის, პოტენციური დაპირისპირების ჩანასახი.

ჩვენს მომავალს ჯერ კიდევ როდის უდებდნენ დაყოვნებული მოქმედების ბომბებს. სანამ იდეოლოგიისა და რეპრესიული იძულების ძალაუფლება ამ ნაირგვარ ერთობას ადუღებდა - ბომბები სდუმდნენ. მაგრამ როგორც კი ეს ძალაუფლება აღიკვეთა - მათ იფეთქეს.

დღეს უდიდესი სიძლიერის აფეთქების ტალღა ანგრევს მთელ სახელმწიფოებს.

ეს ემუქრება საქართველოსაც.

საქართველოს სახელმწიფოებრიობისათვის ბრძოლის ისტორია მრავალ საუკუნეს ითვლის. ეს ბრძოლა მრავალი საუკუნის მანძილზე მიმდინარეობდა თავისთავადი ეროვნული კულტურის ჩამოყალიბების, სარწმუნოებისა და ენის დაცვის ერთიანი კალაპოტით. ჩვენი წელთაღრიცხვის 337 წელს ქრისტიანობამ, როგორც სახელმწიფო რელიგიამ, დალოცა საერთაშორისო საზღვრებში გასაერთიანებლად შემართული ქვეყანა.

ჩვენამდე მოღწეული ლიტერატურული ძეგლი - მეხუთე საუკუნით დათარიღებული წმინდანის ცხოვრება - ძალადობის გმობისა და თავისუფლების იდეალის ერთგულების მოწოდებად ჟღერს.

XI-XII საუკუნეების დამდეგს, წინააზიის მძლავრ სახელმწიფოდ ქცეული საქართველო ეროვნული კულტურის ცენტრებს ქმნის თავისი საზღვრების ფარგლებს გარეთაც - პალესტინასა და საბერძნეთში.

ისტორიული ბედუკუღმართობა საქართველოს ართმევს სახელმწიფოებრიობას. პირველად - როდესაც საქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში იქნა შეყვანილი, და მეორედ - 1921 წელს, როდესაც დემოკრატიულ რესპუბლიკად გამოცხადებულ საქართველოს შეიარაღებული ინტერვენცია დაატეხა ბოლშევიზმმა და ძალით ამოაყოფინა თავი უნიტარულ სახელმწიფოში.

დღეს იგი კვლავ არის დამოუკიდებელი, მაგრამ ეს სუსტი და უმწეო დამოუკიდებლობაა. ძალზე ჭირს ახალი სახელმწიფოებრიობის მშენებლობა სამოქალაქო ომისა და ქვეყნის გახლეჩის გამუდმებული საფრთხის პირობებში.

საქართველოს პორტრეტი არ იქნებოდა სრული, კიდევ ერთი ფრიად არსებითი ნიშანი რომ არ მოგვეხსენიებინა. ხალხების, იდეების, კულტურების მოძრაობაში ოდითგან ჩაბმული საქართველო თავისი ყოფიერების კანონად ამკვიდრებდა რასობრივ და რელიგიურ შემწყნარებლობას. მძლავრი გარეშე ძალების მოსაგერიებლად მებრძოლ საქართველოს არასოდეს არ ჰქონია არც ქსენოფობია და არც რელიგიური ფანატიზმი.

მის დედაქალაქ თბილისში, ერთ კვადრატულ კილომეტრ ფართობზე, თქვენ გვერდიგვერდ ნახავთ ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას, სომხურ გრიგორიანულ ტაძარს, მაჰმადიანურ მეჩეთს, ებრაულ სინაგოგასა და ლუთერანულ კირხას.

IV საუკუნიდან ქრისტიანმა საქართველომ ზოგიერთ თავის დიდმნიშვნელოვან ისტორიულ პროვინციაში ისლამიც იწამა და არ იყო მათ შორის შუღლი და მტრობა, არ იყო ისეთი ვითარება, ვინმესთვის არ დაენებებინათ, რომ ეცხოვრა საკუთარი წარმოდგენებითა და ტრადიციებით.

ჩვენდა საუბედუროდ, ისტორიის ყველაზე საბედისწერო მარშუტებზე ამ ერთიანობას თავს ატყდებოდა დამანგრეველი დარტყმები გარედან თუ შიგნიდან.

მსგავსი რამ შეიძლება მოხდეს, და უკვე ხდება დღეს.

ჩემს მოვალეობად ვრაცხ, მივაპყრო თქვენი ყურადღება კავკასიის რეგიონს. სწორედ აქ ჩნდება ახალი საერთაშორისო დაძაბულობის ახალი სერიოზული კერა.

ამ ახალი უბედურებების წყარო მოედინება თანამედროვე გეოპოლიტიკური წყობისათვის დამახასიათებელი ტენდენციის კალაპოტით, სადაც გლობალურ დაპირისპირებას ენაცვლება კონფრონტაცია რეგიონულ დონეზე. აქ კონფრონტაციას მიენიჭა ისეთი ფართო მასშტაბის შეიარაღებული კონფლიქტების ხასიათი, რომლებსაც ჩვენ ვხედავთ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში, დნესტრისპირეთში, ჩვენში - საქართველოსა და ამიერკავკასიაში, შუა აზიაში.

იდეების ვაკუუმი ვერ იგუებს თავის სიცარიელეს. ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ უნდა დავფიქრებულიყავით და გაგვეანალიზებინა, რა ხდება ვეებერთელა სივრცეში ბოსნიიდან ვიდრე ტაჯიკეთამდე, მათ შორის, კავკასიაში. რასთან გვაქვს საქმე და რატომ. საღად მოაზროვნე პოლიტიკოსები, სახელმწიფო მოღვაწენი, რიგითი მოქალაქენი, ქრისტიანნი თუ მაჰმადიანნი, ამ სივრცეში თუ მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებნი, მოვალენი არიან შეაჩერონ ეს საშიში პროცესი. საფრთხე ფართო მასშტაბის კონფლიქტებისა რომლებსაც ყოველგვარი წარმოშობის ფუნდამენტალიზმი აღვივებს, ერთობ სერიოზულია საიმისოდ, რომ იგი არარად ჩააგდო. მით უფრო საშიშია ეს საფრთხე, როდესაც ფანატიზმს იყენებს ბოლშევიკური ყაიდის ფუნდამენტალიზმი.

სპეციფიკური მიზეზებით წარმოშობილ ახალ კონფლიქტებს აქვთ რაღაც საერთო ნიშან-თვისებები. კერძოდ, ასეთი: ყველა ეს კონფლიქტი წარმოიშობა და ვითარდება რამდენიმე ფაქტორის ერთდროული ან ნაწილობრივი მოქმედების ფონზე.

ეს გახლავთ ეროვნულ-ეთნიკური სიჭრელე, რელიგიებისა და კონფესიების მრავალფეროვნება, ხალხთა სოციალურ-ეკონომიკური უთანასწორობა, მძიმე ისტორიული და პოლიტიკური წარსული.

ყველა ამ, სხვა რეგიონებისთვის საერთო ფაქტორს, კავკასიაში ემატება გეოპოლიტიკური სიტუაციის მწვავე თავისებურება. მძლავრი გარეშე გეოპოლიტიკური ძალების უშუალო შეხების წერტილში მდებარე კავკასია ოდითგან იყო სამხრეთსა და ჩრდილოეთს, ქრისტიანობასა და მაჰმადიანობას შორის ბუფერული ზონა, მათი მისწრაფებებისა და ინტერესების რეალიზაციის ასპარეზი.

საბჭოთა კავშირის დაშლამ რეგიონში წარმოშვა სივრცე, რომელიც ხსნილია ახალი მეტოქეობისათვის. თავიანთი პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო სისუსტის გამო კავკასიის ახალი სახელმწიფოები ვერ ავსებენ ამ ვაკუუმს და ვერ ქმნიან საკუთარი უშიშროების საიმედო გარანტიებს.

გარეშე ძალების გარდა იმის გამოყენებას ისწრაფიან ნაირ-ნაირი შინაგანი დესტრუქციული დაჯგუფებანი, რომლებიც ნაციონალისტური, ფსევდოპატრიოტული, სეპარატისტული, ხოლო ამ ბოლო დროს, - რელიგიური ლოზუნგების ნიღაბს ამოფარებულნი, ისახავენ ანგარებითს პოლიტიკურ მიზნებს.

ყოველივე ეს, პირდაპირ თუ შეფარულად, თავს იჩენს კავკასიის მთიელ ხალხთა ე.წ. კონფედერაციის მოქმედებაში, რომელიც ხელყოფს საქართველოს რესპუბლიკის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და საზღვრებს. ამ უკანონო არასახელმწიფოებრივმა, აშკარა ტერორისტულმა, არსებითად - გასამხედროებულმა ორგანიზაციამ, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებისა და მათ მიერ კანონიერად არჩეული ხელმძღვანელების ნების საწინააღმდეგოდ მოქმედებს, ჩვენი ქვეყანა, მისი დედაქალაქი უბედურების ზონად გამოაცხადა და მოუწოდებს, გამოიყენონ ჩვენს წინააღმდეგ ყოველგვარი საშუალება, მათ შორის, მასობრივი ტერორი. კონფედერაცია მოხალისეთა ნებით გზავნის ჩვენს მიწა-წყალზე დაქირავებულებს, ტერორისტ-კაცისმკვლელებს.

ჩვენ თვალწინ ჩაღდება ომის ხანძარი, რომელიც ახლა უკვე მარტოოდენ საქართველოს როდი ემუქრება.

დასკვნა ერთია: პოსტკომუნისტური სამყაროს სხვა „ცხელ წერტილებთან“ შედარებით კავკასიას კონფლიქტურობის უფრო მაღალი პოტენციალი აქვს და ამიტომ მეტ საფრთხეს უქმნის საერთაშორისო მშვიდობასა და უშიშროებას.

საქართველო კავკასიის პრობლემათა შუაგულ შესაყარზე აღმოჩნდა. და კვლავ, როგორც არაერთგზის ყოფილა ისტორიაში, სასწორზეა შეგდებული მისი ბედი, მისი სახელმწიფოებრიობა, და მისი ყოფნა-არყოფნა.

შინაგანი და გარეშე ძალების რთული თანამოქმედების წინაშე ჩვენ ვცდილობთ განვახორციელოთ აქტიური შეწონასწორებული პოლიტიკა. ქვეყნის შიგნით - დემოკრატიული გარდაქმნების, ეროვნული შერიგების და კონფლიქტთა მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკა, ქვეყნის გარეთ - რეგიონის ყველა ქვეყანასთან მეგობრული ურთიერთობის განვითარების, მსოფლიო გაერთიანებასთან თანამშრომლობის პოლიტიკა.

თავს ვხრი მადლობის ნიშნად იმათ წინაშე, ვინც გვირწმუნა და ხელი შეგვიწყო, მივეღეთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის თათბირში, სხვა საერთაშორისო და რეგიონულ ორგანიზაციებში. მადლობა ყველას, ვინც გვცნო დამოუკიდებლად და ვინც ჩვენთან დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა.

მადლიერნი ვართ ჩვენი ისტორიული მეზობლების - თურქეთისა, რომელთანაც მეგობრობის, თანამშრომლობისა და კეთილმეზობლობის ხელშეკრულება დავდეთ, ირანისა, რომელთანაც ვითარდება სასიკეთო კონტაქტები ორივე ქვეყნის სასარგებლოდ და საკეთილდღეოდ.

ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობა ამიერკავკასიის - სომხეთისა და აზერბაიჯანის ხალხებთან, ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებთან, უკრაინასთან, გვაძლევს შესანიშნავ საფუძველს მჭიდროდ თანავიმოქმედოთ ჩვენი ქვეყნების ინტერესებისათვის. ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მეგობრულ ურთიერთობას რუსეთთან. მან შეგვიწყო ხელი შეგვექმნა ქართველ-ოსთა კონფლიქტის მოგვარების მექანიზმი, რუსეთმა ორგზის დაადასტურა ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის, მისი საზღვრების ურღვევობის პრინციპი, და ჩაება მეორე კონფლიქტის - აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში.

სტაბილური, აყვავებული, დემოკრატიული რუსეთი მსოფლიო მასშტაბისა და მნიშვნელობის ფაქტორია. საფრთხე, რომელსაც მას უქმნიან ტოტალიტარისტული რევანშის ძალები, - ეს არის საფრთხე ყოველი ჩვენგანისადმი. საქართველოს წინააღმდეგ მომართულ შეთქმულებაში, რომელიც ახლა მთელი სიგრძე-სიგანით მჟღავნდება, რუსეთის წითელ-მიხაკისფერი რეაქცია გვევლინება ერთ მწყობრში უკიდურეს ფუნდამენტალიზმთან, სამამულო ფაშიზმთან და სეპარატიზმთან. მსოფლიომ უნდა იცოდეს ეს. მსოფლიო მოვალეა დაეხმაროს სტაბილური რუსეთის განმტკიცებას და ამით - დაგვეხმაროს ჩვენ და საკუთარ თავს.

ასეთი გახლავთ დღეს ჩვენი პოლიტიკური ყოფიერების შემადგენელი ნაწილები. მაგათგან გამომდინარე, ჩვენ შეუპოვრად ვიღვწით ტრანსკავკასიის კონსულტაციისა და შეთანხების მექანიზმის შესაქმნელად.

გთავაზობთ შევუდგეთ შავზღვა-კავკასიის რეგიონში კოლექტიური უშიშროების სისტემის ჩამოყალიბებას. მხარს ვუჭერთ ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის თათბირის ახალ ინსტიტუტებს, რომლებიც მიზნად ისახავენ კონფლიქტების აღკვეთას და ეროვნულ უმცირესობათა უფლებების დაცვას. ფართოდ ვუღებთ კარს ევროპისა და მსოფლიოს ფაქტების დამდგენ მისიებს.

მაგრამ დღეს ეს უკვე აღარ არის საკმარისი. „ცივი ომის“ აღსასრულმა დღის წესრიგში დააყენა გლობალური უშიშროების ეფექტიანი სისტემის მშენებლობის საჭიროება.

მოვლენები უპირატესი სისწრაფით ვითარდება. ევროპის პროცესი ჩამორჩება მათ, მნიშვნელოვნად გაუჭიანურდა პასუხი ცვლილებათა დროის გამოწვევაზე. დიდი დაგვიანებით გამოეხმაურა გაეროც მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში მომხდარ სერიოზულ ძვრებს.

ჩვენ მივესალმებით გენერალური მდივნის ბატონი ბუტროს გალის გაბედულ ინიციატივებს, რომელთა მიზანია მიანიჭონ გაერთიანებული ერების ორგანიზაციას მეტი მობილურობა, უნარი - სწრაფად გამოეხმაუროს დროის მოთხოვნებს. მისი მოხსენება „მსოფლიო დღის წესრიგი“ სწორად აყენებს თანამედროვეობის პრობლემებისადმი მრავალმხრივი მიდგომის საკითხს. კარგია, რომ შეიქმნა ავტორიტეტული დამოუკიდებელი კომისია, რომელიც იწყებს თანამედროვე პირობებში გაეროს როლის კვლევას.

ნუ შეგვეშინდება რეფორმებისა, როდესაც ისინი ესოდენ საჭიროა, ჩვენი აზრით, უწინარესად, ორ ურთიერთდაკავშირებულ სფეროში, მშვიდობის დაცვასა და ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა მშენებლობაში. ნება მიბოძეთ, ამასთან დაკავშირებით გამოვთქვა რამდენიმე წინადადება.

პირველი - ეხება მონიტორინგს, შინაკონფლიქტების პროფილაქტიკისა და მოგვარების გლობალური ქსელის ფორმირებას.

გაეროს საგანგებო დამკვირვებლები „ცხელ წერტილებში“, რეგიონული ბიუროები და მისიები საინფორმაციო ცენტრები დაგვეხმარებიან მივიღოთ ნათელი სურათი და შევიმუშაოთ კონკრეტული გადაწყვეტილებანი.

ასეთი მექანიზმები უნდა დამყარდეს უშუალოდ კონფლიქტურ რეგიონში. ჩვენი მაგალითით - კავკასიაში. მათი საფუძველი შეიძლება გახდეს გაეროს წარმომადგენლობა თბილისში. გთავაზობთ აგრეთვე გავაფართოვოთ არსებული მანდატი ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის თათბირის უზენაესი კომისარისა და ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში. რათა საჭიროებისამებრ მას შეეძლოს ინფორმაცია მიაწოდოს ჩვენი ორგანიზაციის გენერალურ მდივანს და ადამიანის უფლებათა კომისიას.

ასეთივე რწმუნებებით აღჭურვილი ანალოგიური ინსტიტუტები შეიძლება იყოს სხვა რეგიონულ ორგანიზაციებშიც.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს სპეციალური ორგანო, რომელიც შეაგროვებს და დაამუშავებს ინფორმაციას პოტენციური ეთნოკონფლიქტების შესახებ, გამოიმუშავებს დასკვნებსა და რეკომენდაციებს. მის ფუნქციებში უნდა შედიოდეს აგრეთვე კონფლიქტურ სიტუაციათა პროგნოზირება მათი ჩასახვის ადრეულ სტადიაში.

კონფლიქტების განსახილველად შეიძლება მოვიწვიოთ საერთაშორისო სასამართლოც.

ახლებურად უნდა დავინახოთ უშიშროების საბჭოს როლი და შესაძლებლობანი. აქ ჩვენ არაერთგზის დაგვიყენებია სამხედრო-საშტაბო კომიტეტის მუშაობის აქტივიზაციის საკითხი. ახლა, როდესაც „ცივი ომი“აღარა გვაქვს, მაგრამ გვაქვს უამრავი მზარდი „ცხელი წერტილი“, უშიშროების საბჭო ფონს ვერ გავა, თუ არ ექნა ეს ან რაიმე სხვა ანალოგიური სტრუქტურა, რომელიც საშუალებას მისცემს სრულად განახორციელოს თავისი საწესდებო ფუნქციები.

გაეროს წევრმა სახელმწიფოებმა სავალდებულო წესით უნდა მიაწოდონ ინფორმაცია უშიშროების საბჭოს ჩასახული კონფლიქტების შესახებ. ამ მოვალეობისაგან თავის არიდება უსანქციოდ არ უნდა დარჩეს. ჩვენ ვკისრულობთ ვალდებულებას, წარმოვუდგინოთ გაეროს, მის უშიშროების საბჭოს ყოველწლიური მოხსენებანი ადამიანის უფლებათა, ეროვნულ უმცირესობათა დაცვის სფეროში არსებული მდგომარეობის, იმ კრიზისული სიტუაციების შესახებ, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ სერიოზული გართულებანი ქვეყანასა და რეგიონში.

ამ ორლესული პრობლემის მეორე მჭრელი პირია ინფორმაციული ზემოქმედება. მოდიდებული მეტოქეობა გამოდის გაზეთის ფურცლებზე, რადიო და ტელეეთერში, და იმარჯვებს ის მხარე, რომელსაც მეტი აქვს ტექნოლოგიური შესაძლებლობანი, ფულადი რესურსები, უფრო მიუწვდება ხელი მასობრივი ინფორმაციის საშუალებებსა და მუშაკებზე. საზოგადოებრივი აზრი ყალიბდება ცალმხრივად და სტიქიურად, მაგრამ ამას კიდევ აიტანდა კაცი.

მთავარი უბედურება ის გახლავთ, რომ ეს პარტიზანული ომი პრესაში ასაზრდოებს კონფლიქტების ნიადაგს და ართულებს მათს მოგვარებას.

ჩვენ გამოსავლად მიგვაჩნია ისეთი ცენტრების შექმნა, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციათა ეგიდით გაავრცელებენ ობიექტურ ინფორმაციას.

მეორე - ლტოლვილთა პრობლემა. ეთნოკონფლიქტებმა მრავალგზის გაზარდა მათი რიცხვი. ახლა ვერავინ ვერ დაგისახელებთ ზუსტ ციფრს. არავინ იცის, რამდენი სახსრებია საჭირო ლტოლვილთა დასახმარებლად და რა უნდა ვიღონოთ პირველ რიგში საიმისოდ, რომ გამოირიცხოს ახალი კონფლიქტები, როდესაც ისინი მუდმივი ბინადრობის ადგილებს დაუბრუნდებიან.

აქაც ასევე გვჭირდება მეთვალყურეთა სისტემა. საჭიროა ახლანდელზე უფრო მასშტაბური დახმარების ორგანიზაცია, რომელსაც შეუძლია არა მარტო მატერიალური შემწეობა, არამედ აგრეთვე პროცესისთვის მეტი მართვადობის მინიჭება. ჩვენი აზრით, საფუძვლიანი რეფორმირება სჭირდება ლტოლვილთა საქმეების უზენაესი კომისრის სამსახურის მთელ მუშაობას.

მესამე - საყოველთაო და ყოვლისმომცველი კონტროლი იარაღის გავრცელებისადმი. ტოტალიტარული სისტემის წიაღში მოკალათებული ეთნოეროვნული მაფიოზური კლანები თავს უყრიან კოლოსალურ თანხებს შეიარაღების შესაძენად, სამხედროების მოსასყიდად, რათა ჩააბან ისინი საბრძოლო მოქმედებაში და ფარულად გადასცენ ტექნიკა უკანონო ფორმირებებს.

ახალგაზრდა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა უშიშროებისა და მართლწესრიგის ეროვნული ძალები ვერ ართმევენ თავს ამ უკონტროლო გამალებული შეიარაღების ეპიდემიას.

საჭიროა სწრაფი რეაგირების საერთაშორისო ძალები, ერთგვარი „ცისფერმუზარადიანთა“ ინტერპოლი, განიარაღებისადმი კონტროლის დამოუკიდებელი სააგენტო, შეიარაღების რეგიონული რეგისტრების შემოღება.

მეოთხე - გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სწრაფი რეაგირების ძალები საერთაშორისო-სამართლებრივი აზროვნების, დოქტრინულ-თეორიული ნამუშევრების სფეროში.

ნორმატიული ორიენტირების ტრადიციული სისტემა უიმედოდ ჩამორჩა ბობოქარ გეოპოლიტიკურ ცვლილებებს. მსოფლიო აწყდება მთელი რიგი საქვეყნოდ აღიარებული პრინციპების ნებისმიერ ცალმხრივ გაგება-განმარტებას. თვითნებური, „ველური“ სუვერენიზაცია, რომელსაც პრაქტიკულად შედეგად მოჰყვა სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობის, მათი საზღვრების შეუვალობის ხელყოფა, მოსახლეობის დიდი ჯგუფების გადაქცევა მეორეხარისხოვან მოქალაქეებად, ასევე გახდა ან ხდება ბევრი სისხლიანი შეტაკების მიზეზი.

დღეს ყველა საერთაშორისო აქტი გმობს ყოველგვარ საქმიანობას, რომელიც მიმართულია სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების შეუვალობის წინააღმდეგ.

საუბედუროდ, ექსტრემიზმთან პირშეკრული სეპარატიზმი ანგრევს არა მარტო სახელმწიფოებს, არამედ სამართლებრივ სისტემებსაც. სეპარატისტულ მოძრაობათა მოთავენი ისე მანიპულირებენ ნორმებით, რომ მათ ანომალიად აქცევენ.

თუ არ შევაჩერეთ ექსტრემისტული სეპარატიზმი, მსოფლიოს უქადის დანაწევრება და რღვევა, ანარქიისა და ქაოსის გაყოლიება XXI საუკუნეში.

შეუწყნარებელია ერთი პრინციპის აბსოლუტიზება მეორის საზიანოდ. დანაშაულებრივია, ერთნი აღწევდნენ თითგამორკვევას, და ამ დროს არ იმჩნევდნენ, რომ მათს გვერდით საერთო ტერიტორიაზე საუკუნეთა მანძილზე ცხოვრობენ ხალხები, რომელთა ფიზიკური განდევნა შეუძლებელია.

ნებისმიერი მისწრაფება, ნებისმიერი პრეტენზია, ნორმა და კატეგორია უნდა განიზომებოდეს პოლიტიკის ადამიანური განზომილების საწყაოთი, რომლის პრიორიტეტად მიჩნეულია ყოველი კაცის უფლებათა თანასწორობა, ამა თუ იმ ერის, ეთნიკური, ენობრივი თუ კომფესიური ჯგუფისადმი კუთვნილების მიუხედავად. ასეთი მიდგომის სულისკვეთება მოითხოვს არა მარტო ეროვნული უმცირესობების, არამედ აგრეთვე იმ მოქალაქეების უფლებათა დაცვას, რომლებიც უმრავლესობას წარმოადგენენ.

თორემ სხვაგვარად შეიძლება წავაწყდეთ აპარტეიდის მოდერნიზებულ ფორმას და ეთნოდიქტატურას, როგორც ჩვენს კონფლიქტურ ზონაშია - აფხაზეთში, სადაც უმცირესობას მიეცა შესაძლებლობა თავს მოეხვია საკუთარი ნება უმრავლესობისათვის.

როგორ მოხდა ეს? ჩვენს წინაშეა სამართლის ანგარებითი მანიპულირების კლასიკური მაგალითი. დისკრიმინაციული საარჩევნო კანონის მიხედვით, მოსახლეობის 18%-ის შემადგენელი ერთი ეროვნების ამომრჩევლები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პარლამენტში გზავნიან უფრო მეტ დეპუტატებს, ვიდრე მეორე ეროვნებისა, რომელიც აფხაზეთის მოსახლეობის ნახევარს შეადგენს. შელახულია სხვა ეროვნული ჯგუფების უფლებებიც.

ერთი აფხაზი დეპუტატის ასარჩევად საკმარისია სამჯერ ნაკლები ხმების რაოდენობა, ვიდრე ერთი ქართველი დეპუტატის ასარჩევად.

ასეთი სამართლებრივი ექსტრემიზმი საბოლოო ანგარიშით გადაიქცევა ეროვნულ და პოლიტიკურ ექსტრემიზმად, იწვევს მკვეთრ კონფრონტაციას. უმცირესობის ექსტრემისტული ნაწილის განწყობის გამომხატველი ხელმძღვანელი ზედაფენა ახორციელებს ნების მკაცრ დიქტატს და საქმე იქითკენ მიჰყავს, რომ საქართველოს ჩამოაშოროს მისი ოდინდელი ტერიტორია.

სეპარატიზმს ვერაფერს შეასმენ დიალოგით და კომპრომისებით - ეს ჩვენ საკუთარი გამოცდილებით ვიწვნიეთ. სეპარატიზმს არ სურს მოლაპარაკება, იგი უარყოფს რაციონალური პოლიტიკის მეთოდებს, შლის შეთანხმებათა შესრულებას. იგი აყალიბებს ცნებებს - აგრესიას და ოკუპაციას უწოდებს საჯარისო ქვეგანაყოფების გადაადგილებას ჩვენი საკუთარი ტერიტორიის ფარგლებში.

რა ვქნათ? საქართველოში, საქართველოს მიწა-წყალზე ხომ ცხოვრობდნენ, ცხოვრობენ და კვლავ იცხოვრებენ ერთად ქართველები და აფხაზები.

უახლოეს მომავალში გენერალური ასამბლეა განიხილავს ეროვნული უმცირესობების უფლებათა დეკლარაციის პროექტს. ჩვენ მხარს დავუჭერთ დეკლარაციას, ისევე როგორც დავუჭირეთ მხარი ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის თათბირის შესაბამის გადაწყვეტილებებს. მაგრამ, კვლავ მინდა გავიმეორო: ყოველი ამდაგვარი აქტი უნდა შეიცავდეს პუნქტსაც თავის სამყოფო ტერიტორიაზე სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნებისათვის უმცირესობათა პასუხიმსგებლობის წილის შესახებ.

დროა, აგრეთვე შევიმუშაოთ თვითგამორკვევის სამართალსუბიექტობის უფრო ზუსტი კრიტერიუმები და დავამკვიდროთ პრაქტიკაში ამ სამართლის თვითნებური განმარტებისა და გამოყენების ფაქტების ოპერატიული დამოუკიდებელი ექსპერტიზა.

მეხუთე - ზემოაღნიშნულ პუნქტთაგან ვერცერთი ვერ გასჭრის, თუ არ შეიქმნა ახალ დემოკრატიათა ეკონომიკური მხარდაჭერის უფრო ქმედითი მექანიზმები. ეს კონსტიტუცია როდი ამცირებს ჩვენს მადლიერებას ევროპისა და მსოფლიოს ფინანსურ-ეკონომიკური ინსტიტუტებისადმი, რომელთა წყალობითაც ჩვენ ჯერ კიდევ გვიდგას სული. მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: ყოფილი კავშირის რესპუბლიკების ეკონომიკა კატასტროფის პირას არის. წარმოების დაქვეითება თითქმის მესამედით, როგორც საქართველოში, ენერგომატარებლების, ნედლეულის უქონლობა, მათი ფასების კატასტროფული მატება, ტრადიციული მიმწოდებლობისა და გასაღების ბაზების დაკარგვა, მოახლოებული მასობრივი უმუშევრობის საფრთხე გზას უხშობენ დემოკრატიულ გარდაქმნებს.

აქ ჩემი ახლანდელი გამოსვლა მნიშვნელოვან რისკთან არის დაკავშირებული. ერთობ შფოთიანი ვითარებაა ჩვენს ოჯახში. ერთობ ხშირია საქართველოში სიძულვილის ჭურვების აფეთქება, რომლებსაც გულში უმიზნებენ ჩვენს პოლიტიკას - დემოკრატიული აღმშენებლობის, პატიოსანი, ალალმართალი, მსოფლიოსათვის კარგახსნილი სახელმწიფოს მშენებლობის პოლიტიკას. ეს მით უფრო არ არის გამორიცხული დღეს, ახლა, პარლამენტის არჩევნების წინ, როდესაც საქართველოს რესპუბლიკის ხალხმა ან უნდა მოიწონოს ანდა, უარყოს ჩვენი დემოკრატიისა და თავისუფლების კურსი.

მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ: ყოფილი კავშირის რესპუბლიკების უსასტიკესი ეკონომიკური კრიზისი თავისი შედეგებით მთელს მსოფლიოს შეაზანზარებს.

ჩვენ გაფრთხილებთ: თუ კვლავაც გაგრძელდა ასე - გარდაუვალია უდიდესი ძალების სოციალური აფეთქება. გარდაუვალია ღირებულებრივი ორიენტაციის შეცვლა - დემოკრატიიდან ძლიერი ხელის ძალაუფლებაზე. ეს მსოფლიოს გაცილებით უფრო ძვირად დაუჯდება, ვიდრე - ახლა. მოდით მოვიფიქროთ, როგორ ავიცილოთ ეს თავიდან, რა საიმედო საერთაშორისო ეკონომიკური თვითდაზღვევის სისტემა შევქმნათ.

ცხადზე უცხადესია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებში, უწინარეს ყოვლისა, - გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ეს მომენტი.

ძნელია ილაპარაკო მსოფლიო ეკონომიკურ სტაბილურობაზე, ერთიან მსოფლიო უშიშროების სივრცეზე მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოთა დაუსწრებლად და მონაწილეობის მიუღებლად. უშიშროების საბჭო რეალურად უნდა ახდენდეს გავლენას საქმეთა ვითარებაზე. წინათ მე საბჭოს მუდმივი წევრების შემადგენლობის გაფართოების წინააღმდეგ გამოვდიოდი.

ახლა, საბჭოთა კავშირის რღვევის შემდეგ, როდესაც მკვეთრად შეიცვალა ძალების განაწილება, უნდა ვიზრუნოთ მუდმივ წევრთა ისეთი შემადგენლობისათვის, რომელიც გააძლიერებდა მსოფლიოს ეკონომიკურ პროცესზე უშიშროების საბჭოს ზემოქმედების ძალას.

ახლებურად უნდა გავიცნობიეროთ ისეთი ეკონომიკური გიგანტების როლი, როგორიცაა გერმანია და იაპონია.

აქვე დავძენ: არ გამართლდა პროგნოზები, თითქოს ახალ პირობებში ამერიკის შეერთებულ შტატებს, რაღაც პრეტენზიები გასჩენოდეს განსაკუთრებულ როლზე, რომელიც საშუალებას მისცემდა თავს მოეხვია მსოფლიოსთვის საკუთარი ნება. ამ დიადი ქვეყნის შეწონასწორებული საგარეო პოლიტიკა არც ეხლა ეწინააღმდეგება სხვა სახელმწიფოთა ინტერესებს, და, საბოლოო ანგარიშით, ხელს უწყობს წონასწორობის შენარჩუნებას მშვიდობისა და სტაბილურობის სასარგებლოდ.

გვინდა იმედი ვიქონიოთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები კვლავაც იქნება სიმშვიდის, წესრიგისა და წონასწორობის გარანტი ახალ, უაღრესად რთულ პირობებში.

გაერო განზე ვერ გაუდგება ახალ დემოკრატიათა მატერიალურ მხარდაჭერას. აქ ისევე დაგვჭირდება სწრაფი რეაგირების, - ეკონომიკური რეაგირების ძალები. გაეროს სავსებით ხელეწიფება ახლებურ საფუძველზე უფრო ეფექტიანად განახორციელოს მსოფლიო ბანკის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, სხვა რეგიონული და საერთაშორისო ინსტიტუტების მოქმედების კოორდინირება, რათა უფრო სრულად შეუწყოს ხელი ეკონომიკური რეფორმების წარმატებას ახალ სახელმწიფოში.

მეექვსე - ჩვენ უბრალოდ მოვალენი ვართ შევიტანოთ საერთაშორისო სამართალში იმ პირთა ინდივიდუალური პასუხისმგებლობის ნორმა, რომლებიც პროვოკაციულად იწვევენ მასობრივ არეულობას, პოლიტიკურ სისასტიკეს, მძევლების აყვანას, ტერორისტულ აქტებს, ნაირგვარ ბლოკადებს.

ჩვენმა შფოთიანმა დრომ ააფუთფუთა ასეთი ადამიანები. ქონდრისკაცებმა წამოიწყეს ამბოხება ადამიანების წინააღმდეგ. ისტორიაში ეს უკვე ყოფილა. მაგრამ ისეთი მასშტაბით, როგორიც ახლაა მსოფლიოს ჯერ არ ახსოვს „მესიების“ შემოსევა, რომლებიც ისწრაფვიან ძალაუფლება დაიმკვიდრონ საკუთარი ხალხების ტანჯვა-ვაებაზე. ლილიპუტები, ხელ-ფეხს რომ უბორკავენ გულივერებს, - მრავალი ქვეყნის რეალობაა, და მათ შორის ჩემი ქვეყნისაც.

და, ბოლოს, მეშვიდე, სათვალავით, - და არა თავისი არსით, - უკანასკნელი წინადადება. ყოველივე ზემონათქვამი ადასტურებს: ჩვენი საერთო პასუხისმგებლობა მშვიდობისა და უშიშროებისთვის მოითხოვს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამხედრო, ფინანსურ, ეკოლოგიურ დარგებში საერთო ძალისხმევის შეთანხმებასა და კოორდინაციას. ამ სფეროებში პროცესების მართვას ოთხ ურთიერთდამოკიდებულ დონეზე: შიდასახელმწიფოებრივ, რეგიონულ, სუპერრეგიონულ და საერთო - მსოფლიო დონეების პირველი საფეხური მხოლოდ განმტკიცდება, თუ გაერო შეძლებს გამონახოს ახალ სახელმწიფოთა ფეხზე დაყენების ფორმა. მეორე საფეხური შესაძლებელია რეგიონულ თანამშრომლობაში ჩაბმული სახელმწიფოების ინტერესთა ერთიანობის ან დაახლოების თანხმობის პირობით. მესამე საფეხურად შეიძლება მოგვევლინონ ისეთი ორგანიზაციები, როგორიც არის ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის თათბირი, აფრიკის ქვეყნების ერთობის ორგანიზაცია, შავი ზღვის აუზის ქვეყნების ალიანსი და სხვები. მეოთხე გახლავთ მსოფლიო თანამოქმედების მაკოორდინებელი სისტემის შექმნა, სადაც მთავარ კოორდინატორად მოგვევლინება გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, მისი შესაბამისი ინსტიტუტები და სტრუქტურები.

პატივცემულო დელეგატებო!

ეს ტრიბუნა ყოველთვის მეჩვენებოდა ძალიან მაღლად. მის სიმაღლეს ვგრძნობდი იმ დროსაც, როდესაც მთელი მსოფლიო თვალებში შესციცინებდა უზარმაზარი და უძლიერესი ქვეყნის წარმომადგენელს, რათა არ გამორჩენოდა მისი არცერთი სიტყვა, მიუხედავად იმისა თუ რას იტყოდა. ასეთია ძლიერთა პრივილეგია, მაგრამ მე ყოველთვის ვცდილობდი ჩვენი სიტყვები ყოფილიყო არა ბოროტი ძალის, არამედ კეთილი ნების გამომხატველი.

ახლა, როდესაც გელაპარაკებით პატარა და სუსტი ქვეყნის სახელით, ვგრძნობ, რაოდენ გაზრდილა ჩემთვის ამ ტრიბუნის სიმაღლე და რაოდენ გამოადგება მხსნელად იგი ჩემს სამშობლოს.

აქ ჩემი ახლანდელი გამოსვლა მნიშვნელოვან რისკთან არის დაკავშირებული. ერთობ შფოთიანი ვითარებაა ჩვენს ოჯახში. ერთობ ხშირია საქართველოში სიძულვილის ჭურვების აფეთქება, რომლებსაც გულში უმიზნებენ ჩვენს პოლიტიკას - დემოკრატიული აღმშენებლობის, პატიოსანი, ალალმართალი, მსოფლიოსთვის კარგახსნილი სახელმწიფოს მშენებლობის პოლიტიკას. ეს მით უფრო არის გამორიცხული დღესაც, ახლა, პარლამენტის არჩევნების წინ, როდესაც საქართველოს რესპუბლიკის ხალხმა ან უნდა მოიწონოს, ანდა უარყოს ჩვენი დემოკრატიისა და თავისუფლების კურსი.

და მაინც, მე აქ ჩამოვედი, რათა საქართველოსთვის არ დამეკარგა დღესდღეობით ერთადერთი შანსი - მემცნო მსოფლიოსთვის ჩემი ქვეყნის იმედები და ზრახვანი, მეთქვა სიმართლე და უარმეყო სიცრუე.

მე ჩამოვედი, რომ კვლავ დავადასტურო იმ სიტყვების ერთგულება, მსოფლიო გაერთიანებას რომ მივეცით. მერედა რა, რომ შემცირდა მასშტაბი და დავიწროვდა ჰორიზონტი?! - მე ვაზროვნებ, ვლაპარაკობ და ვმოქმედებ იმ პრინციპებითა და ნორმებით, რომელთაც აქ მთელი განვლილი წლების მანძილზე ვიცავდი.

და, ბოლოს, - ეს კი ჩემი უკანასკნელი პირადული გულისთქმა იქნება - მე ძალიან მაკლდა თქვენი თავი.

თქვენ მომისმინეთ. დიდი მადლობა მომიხსენებია.

მე აქ ჩამოვედი, რათა საქართველოსთვის არ დამეკარგა დღესდღეობით ერთადერთი შანსი - მემცნო მსოფლიოსთვის ჩემი ქვეყნის იმედები და ზრახვანი, მეთქვა სიმართლე და უარმეყო სიცრუე / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 29 სექტემბერი. - N194-195(474). - 1,2 გვ.

65 დადგა დრო, რომ დავადგინოთ ფაქტები, მივცეთ შეფასება ყოველივე იმას, რაც მოხდა

▲ზევით დაბრუნება


ედუარდ შევარდნაძის პრესკონფერენცია მოსკოვში

„რუსეთის ფედერაციის უზენაესი საბჭოს სესიაზე მიღებული გადაწყვეტილებანი, არსებითად არის რევიზია იმ მორიგებებისა, რომლებიც მიღწეულია საქართველოსა და რუსეთს შორის 1992 წლის 3 სექტემბერს“ - განაცხადა სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარემ ედუარდ შევარდნაძემ 28 სექტემბერს მოსკოვში, საქართველოს მთავრობის მუდმივ წარმომადგენლობაში ქართველი და უცხოელი ჟურნალისტებისათვის გამართულ პრესკონფერენციაზე. ნიუ-იორკიდან თბილისისაკენ გზად მომავალი ედუარდ შევარდნაძე ჩამოხდა მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტთან ბორის ელცინთან შესახვედრად.

შეეხო რა რუსეთის პრეზიდენტთან გამართულ საუბარს, ე. შევარდნაძემ აღნიშნა, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ რუსეთის ლიდერმა დაადასტურა მოსკოვსა და სოჭში ორი სახელმწიფოს ხელმძღვანელების მიერ ხელმოწერილ შეთანხმებათა ერთგულობის ფაქტი, რომლებსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვთ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის შემდგომი განვითარებისათვის. „ჩემთვის სასიამოვნო იყო შემეტყო, - თქვა მან, - რომ რუსეთის პრეზიდენტი დარწმუნებულია თავის ძალებში, ღრმად სწამს თავის სამშობლოში რეფორმებისა და დემოკრატიულ გარდაქმნათა წარმატებისა, რომლებითაც დაინტერესებულია ასევე საქართველო და ევროპა, მსოფლიოს ყველა ქვეყანა“.

შეაფასა რა რუსეთის ფედერაციის უზენაესი საბჭოს სესიაზე მიღებული განცხადება და დადგენილება აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების გამო, ედუარდ შევარდნაძემ აღნიშნა, რომ ამ დოკუმენტების მთელი რიგი დებულებანი „არის მტრული, უშლის ხელს კონფლიქტის მოგვარებას და ხელს უწყობს აგრესიულობის ზრდას ორივე მხრიდან“. ბუნებრივია, - თქვა მან, - რომ პრეზიდენტი ელცინი ამას ვერ დაეთანხმება. და ჩემთვის ეს მნიშვნელოვანი კონსტიტუციაა. სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარემ გაუსვა ხაზი იმას, რომ სწორედ რუსეთის პრეზიდენტი იღებს გადაწყვეტილებებს, მაშინ, როცა უზენაესი საბჭოს განცხადება მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათისაა.

შეეხო რა აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში შექმნილ სიტუაციას, ედუარდ შევარდნაძემ თქვა, რომ აქ კონფლიქტის მოწესრიგების საწყისი წერტილია მოსკოვში 3 სექტემბერს მიღწეული მორიგებები, აღნიშნა, რომ არასაკმარის აქტიურობას იჩენს კონტროლისა და ინსპექციის კომისია, რომელმაც თვალყური უნდა ადევნოს ამ მორიგებათა შესრულებას, ხაზი გაუსვა იმას, რომ რაოდენ საჭიროა დაუყოვნებლივ გაიყვანონ კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაციის ეგრეთ წოდებული მოხალისეები. მან ჟურნალისტებს შეახსენა, რომ საქართველო არ აპირებს ეომოს ვინმეს, მის ტერიტორიაზე კი ჯარების ჩვეულებრივმა გადაადგილებამ გამოიწვია გააფთრებული რეაქცია აფხაზეთის ექსტრემისტული წრეების მხრივ.

„დადგა დრო, რომ დავადგინოთ ფაქტები, - თქვა ედუარდ შევარდნაძემ, - მივცეთ შეფასება ყოველივე იმას, რომ საქართველოს მხარე განუწყვეტლივ იღვწის, რათა გამართოს დიალოგი კონფლიქტში ჩაბმულ აფხაზეთის მხარესთან, მაგრამ, ამ მცდელობას არ მოჰყოლია სათანადო გამოხმაურება.

უპასუხა რა კითხვას ავტონომიებთან საქართველოს ურთიერთობის შესახებ, სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარემ თქვა, რომ ეს რესპუბლიკის მომავალი პარლამენტის პრეროგატივაა, გამოთქვა თავისი თვალსაზრისი ამ პრობლემის თაობაზე: „ფედერაციული წყობილება საქართველოს, ალბათ, არ გამოადგება. არ არის გამორიცხული, რომ გაიმართოს საერთო-ეროვნული რეფერენდუმი ამ საკითხის თაობაზე, - თქვა მან. - ჩვენ უნდა აღვადგინოთ ავტონომიური რესპუბლიკის ყველა მოქალაქის უფლებები, რადგან 18 პროცენტი აფხაზი არ არის მთელი აფხაზეთი, აქ ცხოვრობს დაახლოებით 50 პროცენტი ქართველი, 15 პროცენტამდე რუსი და სომეხი მოსახლეობა. ვფირობ, რომ ავტონომიური რესპუბლიკის, ისე როგორც მთელი საქართველოს მცხოვრებთა უმრავლესობა, მხარს დაუჭერს ერთიან, მთლიან სახელმწიფოს“.

ედუარდ შევარდნაძემ აღნიშნა, თუ რაოდენ საჭიროა კავკასიაში შექმნილი სიტუაციის მოწესრიგების საქმეში გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და ევროპის გაერთიანებული სტრუქტურების უფრო აქტიური ჩაბმა, რადგან აქ მიმდინარე კონფლიქტებმა შეიძლება დრამატული გამოხმაურება პოვოს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის სესიაზე გამოსვლისას, - თქვა მან, - შევეცადე მომენიშნა ის პრობლემები, რომლებსაც გადააწყდება მსოფლიო გაერთიანება კავკასიაში ვითარების გამწვავების შემთხვევაში, და ამ პრობლემათაგან ყველაზე საშიშია უმართავი, სტიქიური სოციალური აფეთქება“.

კითხვას წინასაარჩევნო პლატფორმისა და იმ მეთოდების შესახებ, რომლებიც არჩევნებზე გამარჯვების შემთხვევაში აპირებს ედუარდ შევარდნაძე ქვეყნის მართვას, მან უპასუხა, რომ უპირველეს ამოცანად მიაჩნია საქართველოში ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილიზაციის მიღწევა. „ყველაფერი, რასაც ვაკეთებ და მომავალშიც გავაკეთებ, - თქვა სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარემ, - თავსდება ხელისუფლებაზე დემოკრატიულ წარმოდგენათა ჩარჩოებში. იმ შემთხვევაში კი, თუ წარმოიქმნება რესპუბლიკაში დიქტატურის დამყარების საჭიროება, ასეთი როლისათვის მე ვერ გამოვდგები“, - დასძინა მან.

მარინე რონდელი
საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის პრესცენტრი.

დადგა დრო, რომ დავადგინოთ ფაქტები, მივცეთ შეფასება ყოველივე იმას, რაც მოხდა / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 30 სექტემბერი. - N196-197 (476). - 1,7 გვ.

66 როგორ სჭირდებოდა იგი თავისუფალ საქართველოს!

▲ზევით დაბრუნება


სამძიმრის დეპეშა ირაკლი ჯორჯაძის ოჯახს

ვიზიარებ თქვენს მწუხარებას ბატონი ირაკლის გარდაცვალების გამო.

ისტორიკოსი და სამხედრო მშენებლობის თეორიტიკოსი, ნოვატორი-მკვლევარი, როგორ სჭირდებოდა იგი თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოს!

მადლიერებით აღვნიშნავ, სხვა დამსახურებებთან ერთად, ქართული სამხედრო ხელოვნების ისტორიის კვლევაში მის მიერ შეტანილ წვლილს, ქედს ვიხრი მისი ხსოვნის წინაშე.

ედუარდ შევარდნაძე.
29.09.92 წ.

როგორ სჭირდებოდა იგი თავისუფალ საქართველოს! / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 1 ოქტომბერი. - N198-199 (478). - 1 გვ.

67 შეჭირვებული მოყვასის ერთგული, უღალატო და საიმედო შემწე

▲ზევით დაბრუნება


მისალმება საქართველოს ღვთისშვილთა კავშირს

მთელი სულითა და გულით ვულოცავ ღვთისშვილთა კავშირს დაარსების მესამე წლისთავს. საქართველოში ღვთის ჭეშმარიტი რწმენისა და დიდი ჰუმანისტური ტრადიციების აღორძინება-დამკვიდრება, რისთვისაც თქვენი კავშირი იღვწის, ჩვენი ერის სულიერი განწმენდისა და გადარჩენის უტყუარი საწინდარია.

ღვთისშვილთა კავშირმა, თავისი არც ისე ხანგრძლივი არსებობის მანძილზე, უკვე მოასწრო სიტყვითა და საქმით დაემტკიცებინა, რომ ამ ორგანიზაციის სახით შეჭირვებულ მოყვასს ერთგული, უღალატო და საიმედო შემწე ჰყავს.

ვიმედოვნებ, რომ ღვთისშვილთა კავშირის ღვაწლს ღირსეულად დააფასებს ქართველი ხალხი მომავალ საპარლამენტო არჩევნებში.

საუკეთესო სურვილებით

ედუარდ შევარდნაძე.

შეჭირვებული მოყვასის ერთგული, უღალატო და საიმედო შემწე / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 2 ოქტომბერი. - N200 (479). - 1 გვ.

68 სამძიმრის დეპეშა პავლე ასლანიდის ოჯახს

▲ზევით დაბრუნება


გთხოვთ მიიღოთ გულწრფელი სამძიმარი დიდად პატივცემული ბატონი პავლეს გარდაცვალების გამო. ძნელი წარმოსადგენია საქართველოს ჟურნალისტთა ოჯახი პავლე ასლანიდის გარეშე. მისი გარდაცვალება დიდი დანაკლისია ყველა ჩვენგანისათვის. ბატონ პავლეს ცხოვრება სანიმუშო მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა გიყვარდეს მშობლიური ქალაქი, როგორ უნდა იცხოვრო მისი საზრუნავით და ინტერესებით. ეს თვისებები განსაკუთრებით მკაფიოდ გამოვლინდა გაზეთ „ვეჩერნი ტბილისში“, რომელსაც იგი 30 წელიწადი ედგა სათავეში. მჯერა, ბატონი პავლე ასლანიდის ნათელი ხსოვნა სამუდამოდ დარჩება მისი მეგობრებისა და თანამოაზრეების გულში.

ედუარდ შევარდნაძე.
1.10.92 წ.

სამძიმრის დეპეშა პავლე ასლანიდის ოჯახს / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 2 ოქტომბერი. - N200 (479). - 1 გვ.

69 ედუარდ შევარდნაძე: ჩვენი დიაგნოზი, რომ საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებასთან გვაქვს საქმე, გაგრაში მომხდარმა მოვლენებმაც დაადასტურა

▲ზევით დაბრუნება


1992 წლის 5 ოქტომბრის რადიოინტერვიუ

გაგრის მოვლენებმა უკიდურესად დაძაბა სიტუაცია, - თქვა ედუარდ შევარდნაძემ, როცა კვირის მოვლენები გააანალიზა თავის ტრადიციულ რადიოინტერვიუში ორშაბათს, 5 ოქტომბერს. - ველოდით თუ არა საკითხის ასე გართულებას, ასეთ უკან დახევას? პრინციპულად, არ ველოდით, მაგრამ ინტუიციითაც და ანალიზითაც ვგრძნობდით, ვხვდებოდით, რომ რაღაც უნდა მომხდარიყო ან აფხაზეთში, ან სხვაგან. სამწუხაროდ, ჩვენ ამისათვის მზად არ აღმოვჩნდით, და არ აღმოვჩნდით არა იმიტომ, რომ ვინმეს არ უნდოდა მზადყოფნა, არამედი ასეთ დროს რთულზე რთულია გათვალო ვარიანტები და ამასთან, ესეც მნიშვნელოვანი ფაქტორია, ჩვენი რესურსები ძალიან შეზღუდულია, რაც ნორმალურ სახელმწიფოს უნდა გააჩნდეს, არ გაგვაჩნია.

მაგრამ არის იმის შესაძლებლობა, რომ თანდათან გავზარდოთ ჩვენი რესურსები და ეს უნდა გავაკეთოთ, თუმცა არ იქნება ადვილი საქმე. გამართლდა ჩვენი დიაგნოზი, რომ საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებასთან გვაქვს საქმე და ეს გაგრის მოვლენებმა, დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მომხდარმა ამბებმა და თბილისში ტერორისტული ჯგუფების გამოვლენის ფაქტორებმა დაადასტურეს.

ვვარაუდობდით, - განაგრძო სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარემ, - რომ რაღაც სერიოზული შეიძლება მომხდარიყო, მაგრამ არა ასეთი მასშტაბით. ჩემი აზრით, ამ ძალებმა აამოქმედეს თავიანთი ბოლო რეზერვი და ამას ხელი შეუწყო რუსეთის პარლამენტის რეაქციულმა განცხადებამ. ეს განცხადება რომ არ ყოფილიყო, შესაძლოა ყოველივე არც მომხდარიყო. თუმცა, მინდა აქვე დავძინო, რომ ჯერჯერობით მე არ დამიკარგავს მთლიანი ნდობა და რუსეთის პრეზიდენტისა ჯერ კიდევ მჯერა. მაგრამ, ვიმეორებ, რუსეთის პარლამენტის განცხადებით ფაქტობრივად სამოქმედოდ მოუწოდეს სეპარატისტულ, ექსტრემისტულ და ყველა სხვა რეაქციულ ძალას. ნურავის ნუ ეგონება, რომ რეაქციული ჯგუფები მარტო რუსეთის პარლამენტში სხედან, მათ დასაყრდენი ჰყავთ სამხედრო წრეებშიც და სხვაგანაც. ეს ისტორიის ნარჩენია. და მალე, ალბათ, აღმოჩნდება იქ, სადაც არის მისი ადგილი, მაგრამ ბოროტ ძალებს საერთოდ აქვთ გაერთიანების საოცარი უნარი და სწორედ ამ მოვლენასთან გვაქვს ჩვენ საქმე, როცა აკვირდები, პირდაპირ გიკვირს კაცს, რა უნდა ესაქმებოდეთ რუსეთის წარმომადგენლებს ფაშისტურ ე.წ. კონფედერაციულ ძალებთან? ხომ აშკარაა, რომ გაგრაში მომხდარი მოვლენები მას უშუალოდ უკავშირდება და მისი გამოძახილია.

რეაქციის ძალების ამ გამოხდომის მიზანი არჩევნების ჩაშლა გახლავთ. თუ ისინი გაგრაში წარმატებას მოიპოვებდნენ, იქნებოდა დიდი მსხვერპლი, ალბათ, ფიქრობდნენ, რომ ეს არჩევნების ჩაშლის მთავარი ფაქტორი გახდებოდა, რესპუბლიკაში გაღრმავდებოდა ანარქია და გაიზრდებოდა სიტუაციაზე ხელის მომთბობთა რიცხვიც. ასეთი ხელის მომთბობი ძალები კი ჩვენს გარშემოც არიან და შინაც მრავლად გვყავს.

მაგრამ, როგორც უნდა იყოს, ჩვენ თავი უნდა გავართვათ ამ ურთულეს პრობლემას, - თქვა ედუარდ შევარდნაძემ, - სხვანაირად წარმოუდგენელია. მე ვთქვი, აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგების საკითხი ჩიხში მოექცა-მეთქი. მართლაც, ჯერჯერობით რაიმე სინათლეს ამ საქმეში ვერ ვხედავ, მაგრამ საქართველოს საერთო წინსვლა როდია ჩიხში მოქცეული, მე სოხუმში დავესწარი მიტინგს. (მისი მთლიანი ჩვენება, სამწუხაროდ, ტექნიკური მიზეზების გამო ვერ მოხერხდა), სადაც ერთ მუშტად შეკრული ვნახე მთელი სოხუმის მოსახლეობა - ქართველებიც, სომხებიც და სხვებიც. სხვათა შორის, აქ იყვნენ ადამიანები და მთელი ჯგუფები ადამიანებისა, რომლებიც გუშინ და გუშინწინ სულ სხვანაირად აზროვნებდნენ და ლაპარაკობდნენ...

ძალიან მიხარია, რომ ჩვენი ეს უწმინდესი ქალაქი, ჩვენი სოხუმი ასე ერთ მუშტად არის შეკრული... იცით, დიდ წარმატებასაც და დიდ მარცხსაც თან სდევს ხოლმე ისეთი მომენტები რომლებიდანაც ყველაზე მეტი სარგებლობის მიღება შეიძლება, ჩვენ სწორედ ეს მთავარი მომენტები უნდა მოვძებნოთ და მივყვეთ.

ხშირად გაისმის ხოლმე ლაპარაკი, თუ რატომ შეჩერდნენ ჩვენი ძალები სოხუმში, რატომ არ წავიდნენ წინ, ანდა რატომ არ მოხდა ბიჭვინთასა და ბზიფზე კონტროლი და ა.შ.

მეც ვფიქრობ ამაზე, მაგრამ ჩვენი მიზანი ასეთი რამ არ ყოფილა. ჩვენი ძალების აფხაზეთში გადაადგილების მიზანი კომუნიკაციების დაცვა იყო, რომ სარკინიგზო მოძრაობის უსაფრთხოება ყოფილიყო უზრუნველყოფილი. ჩვენ სოხუმში შეჩერებას არც ვაპირებდით, იქ რჩებოდა ზემოთქმული მიზნებისათვის საჭირო ძალები და აზრადაც არ მოგვსვლია, რომ აფხაზთა ხელისუფლება გაგვექცია. ჩვენ მათთან ერთად უნდა გვეკეთებინა ყველაფერი, მაგრამ აფხაზეთის ხელისუფლებამ გვიღალატა, გაიქცა გუდაუთაში, სოხუმში კი ცეცხლი გაუხსნა ჩვენს ჯარს და სისხლისღვრა მოაწყო. ჩვენი ძალები სოხუმში 3-4 დღე დაყოვნდნენ, რითაც საერთოდ სტრატეგიული გეგმა უკვე ჩაშლილი აღმოჩნდა.

ამასობაში აფხაზთა მხარემ გუდაუთაში თავი მოუყარა დიდძალ ხალხს, ამიტომ წინსვლას შესაძლოა აფხაზთა დიდი მსხვერპლი მოჰყოლოდა. ეს, ცხადია, არ უნდა მომხდარიყო. ამ განწყობილებით ჩვენ არ ვყოფილვართ, ასეთი განწყობილებით ცივილიზებული ხალხი არ მოქმედებს და არც ჩვენ გვიმოქმედია. ისე, სიმართლე გითხრათ, ძალებიც არ იყო საკმარისი, მაგრამ სოხუმში რომ არ დავყოვნებულიყავით, გუდაუთა მაშინ არ წარმოადგენდა რაიმე სიძნელეს, თუმცა მერე - შეიძლებოდა იმის გაკეთება, მაგრამ რა მძიმე შედეგები მოჰყვებოდა ამ ნაბიჯებს, ამის გათვალისწინება აუცილებელია, როცა ამ თემაზე ვლაპარაკობთ. ამასთან არ უნდა დაგვავიწყდეს მსოფლიო საზოგადოებრივი აზრი. თუ იგი ამჟამად ჩვენს მხარესაა, მხოლოდ იმიტომ, რომ სწორედ ცივილიზებული გზა ავირჩიეთ. მსოფლიოს პროგრესულმა აზრმა რომ ზურგი შეგვაქციოს, არ შეიძლება, და ამას, ალბათ, არც მომავალი გვაპატიებს. იგივე უნდა ითქვას ბზიფზეც და ბიჭვინთაზეც.

გაგრის ზონაში სამხედრო ხელმძღვანელობის პრობლემებზე საუბრისას რადიოკომენტატორ ნატო ონიანის კითხვაზე ედუარდ შევარდნაძემ თქვა, რომ ამ ზონაში სამხედრო ხელმძღვანელობა არ იყო ერთიანი. გაგრაში რომ სამხედრო წესრიგი და გამართული სამხედრო ქვეგანაყოფები ყოფილიყვნენ, ასე არ მოხდებოდა, რაოდენობრივად ძალები აქ იყო. მაგრამ ჩვენ ჯერ ხომ ნახევარსახელმწიფო ვართ, ერთიან არმიამდე ძალიან შორს ვართ. ყველაფერმა გაგრაში თავის სამშობლოზე უსაზღვროდ შეყვარებული, წმინდა, პატრიოტი ადამიანების ზურგზე გადაიარა, ბევრი მანთაგნი გმირულად დაიღუპა, ამიტომ ახლა ამაზე ლაპარაკი - ამან ეს არ გააკეთაო, არ შეიძლება. არ იყო საშუალება და ბევრი რამ ამიტომაც ვერ გაკეთდა.

გაგრა, განთიადი და ლესელიძე საქართველოს კარიბჭეა. ქართველი კაცისათვის მათი დათმობა წარმოუდგენელია, ვერც დავთმობთ. ამიტომ იქ შეიქმნა ერთიანი სამხედრო ხელმძღვანელობა, რომელსაც სათავეში ჩაუდგა ყარყარაშვილი, თავისი შტაბით. სოხუმში იმოქმედებს მთავარი საკოორდინაციო შტაბი ავთანდილ ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით. მთავარ შტაბს დაემორჩილება ყველა. მართვის ეს სისტემა უნდა მოგვარდეს. ცალ-ცალკე, ჩანს, საქმის გაგრძელება აღარ ივარგებს.

შეეხო რა მის ვერტმფრენზე თავდასხმის ფაქტს, ედუარდ შევარდნაძემ აღნიშნა, რომ დღესაც უჭირს დაჯერება, რომ ვიღაცას შეუძლია ასეთ ქმედობაზე წავიდეს. მაგრამ, ვერტმფრენთან დაკავშირებით მომხდარი ფაქტი, როგორც ჩანს, რეაქციული ძალების ისეთი ბოლო შანსი იყო, - თქვა მან, რომელსაც გაგრის მოვლენასთან ერთად მეტად დიდი ეფექტი უნდა მოეხდინა. ისეთი ეფექტი, რომელიც არჩევნებს ნამდვილად ჩაშლიდა. მაგრამ ეს რომ არ მოხდა, ჩვენი ვერტმფრენის და სხვა ვერტმფრენების მეთაურთა ვაჟკაცობის და უმაღლესი პროფესიონალიზმის შედეგია, მათ ნამდვილი გმირობა ჩაიდინეს. იმაზე უფრო დიდი ავანტიურა, რაც იქ მოხდა, წარმოუდგენელია.

რუსეთთან მომავალი ურთიერთობის საკითხებზე საუბრისას სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა ამ ურთიერთობის თანასწორუფლებიანობის ნიადაგზე განვითარების აუცილებლობას და აღნიშნა, რომ სულაც არ არის ძნელი ვინმეს ურთიერთობის საერთოდ გაწყვეტა და ამით გმირის იმიჯის შექმნა, მაგრამ რა შედეგები მოჰყვება მას, არც ეს უნდა იყოს ძნელი ამოსაცნობი. ამასთან, ნუ გვავიწყდება ისიც, რომ ჩვენი მორალური და ზნეობრივი სახე ნებისმიერი გაჭირვების თუ უბედურების მომენტში უნდა შევინარჩუნოთ, არ უნდა დავკარგოთ იგი და თუ დავკარგეთ, ყოველნაირად უნდა ვეცადოთ აღვადგინოთ, რადგან მან უნდა გადაგვარჩინოს. როცა რუსეთზე ვლაპარაკობთ, იმ მომენტში ხომ უნდა წარმოვიდგინოთ საქართველო-რუსეთის საზღვარი, უზარმაზარი დაუცველი სივრცე, საიდანაც შესაძლოა ორ წუთში წაგვლეკონ, თუკი მოინდომეს და კარგი ურთიერთობა არ გვექნა. რუსეთთან კარგი ურთიერთობის გარეშე ჩვენი ჩრდილოეთის საზღვრების დაცვა წარმოუდგენელია. პრინციპული პოზიცია ყოველთვის მთავარი უნდა იყოს ჩვენს პოლიტიკაში, მაგრამ რეალურობის შეგრძნება, ერთადერთი რეალური გზის მოძებნის უნარი არ უნდა დავკარგოთ.

შემდეგ ედუარდ შევარდნაძე შეეხო საქართველოს საერთაშორისო აღიარების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ იმის ფიზიკური საზომი, რასაც საერაშორისო ფაქტორს ვუწოდებთ, არ არსებობს, მაგრამ მხარი რომ არ დაეჭირა მსოფლიოს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციას, ევროპის საერთაშორისო ორგანიზაციებს, პლანეტის უდიდეს სახელმწიფოებს, ალბათ უკვე გადაგვთელავდნენ. რუსეთის რეაქციული წრეები, რომ იტყვიან, პირდაპირ კბილებს ილესავენ, რომ ანგარიში გაგვისწორონ, მაგრამ ისიც კარგად იციან, თუ უკიდურეს აგრესიაზე წავლენ, მათი ქვეყანა საერთაშორისო მხარდაჭერას დაკარგავს. ეს მხარდაჭერა კი მათთვის არანაკლებ არის საჭირო - ეს გახლავთ 24 მილიარდი დოლარი ე.ი. დიდძალი სურსათი, მედიკამენტები და ა. შ. ამიტომ ვერ გადადგამენ საბედისწერო ნაბიჯს, რადგან საერთაშორისო ფაქტორი უდიდეს როლს ასრულებს და მისი მნიშვნელობა ძალიან დიდია.

წარმოიდგინეთ რა მოხდებოდა, - განაგრძო სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარემ, - რომ გაეროს გენერალურ მდივანს მხარი არ დაეჭირა, გენერალური ასამბლეის სხდომაზე ჩვენთვის არ მოესმინათ. მაგრამ ეს ჯერ დასაწყისია. წინ ბევრი რამ არის გასაკეთებელი, ამიტომ მარტო ემოციებით, მარტო გრძნობებით საუბარი არ შეიძლება. პროცესები ისე ვითარდება, რომ ნატო უნდა იქცეს უდიდეს მასტაბილიზებელ ძალად. ჩვენ ჯერ იქ არავინ მიგვიღებს, მაგრამ ასეთ პროცესს ჩვენ ყოველთვის მხარს დავუჭერთ და მივესალმებით, რადგან ახალ წესრიგზეა ლაპარაკი და ამ წესრიგში ჩვენც, ჩვენმა ქვაყანამაც უნდა შეიტანოს და შეაქვს კიდეც თავისი წვლილი. ჩვენ უნდა გავიხსენოთ საქართველოს ისტორიაც, როცა ჩვენი წინაპრები თვით მოსისხლე მტრებთანაც კი საუბრობდნენ, მძევლობაზეც მიდიოდნენ, რომ დრო მოეგოთ...

რადიოკომენტატორის კითხვაზე, თუ როგორია წინასაარჩევნო სიტუაცია, სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარემ აღნიშნა: მე დიდი იმედი მაქვს, რომ არჩევნები ჩატარდება დასავლეთ საქართველოშიც, თვით ლესელიძესა და განთიადშიც, რომლებიც ახლა ძალიან რთულ მდგომარეობაში არიან. მათთან საუბარმა დამარწმუნა, რომ არჩევნებზე მივა გაგრის ზონიდან აქ ლტოლვილი ხალხი, სხვათა შორის, ისინიც კი, ვინც ამჟამად რუსეთის ტერიტორიაზე გადავიდა, მათაც გამოთქვეს მზადყოფნა მასობრივად ჩამოვიდნენ და მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. უნდა აღვნიშნო, რომ ეს ადამიანები მარტო ქართველები როდი არიან. აქ ახლა სომხებიც არიან და სხვებიც. ასე რომ, აქ ერთსულოვნება არის. დიდ იმედს მინერგავს სოხუმი, სადაც ერთხმად გრგვინავდა მრავალათასიანი მიტინგი, რომ არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას.

გაჭირვებაა სამეგრელოს რეგიონში, - თქვა სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარემ, - მაგრამ თენგიზ კიტოვანის მისიამ ეს პრობლემა უნდა მოხსნას. იგი იქ დიდ და სასარგებლო საქმიანობას ეწევა. მას ახლა ძალებიც ჰყავს, მაგრამ ვფიქრობ, მათი გამოყენება არ იქნება აუცილებელი. სამეგრელო უნდა დამშვიდდეს, სამეგრელო არ უნდა იყოს ვინმეს სათარეშო მხარე, ის არ იმსახურებს ამას. არჩევნები ჩვენი იმედის არჩევნებია, იგი სრული წესრიგის დამყარების გარანტიას მისცემს ჩვენს ხალხს, რომელსაც ახლა უკიდურესად უჭირს. შეფერხებაა სურსათით, ნავთობპროდუქტებით მომარაგებაში. იცით, ამ საკითხების განხილვისას (ამას ჩვენ რეგულარულად ვაკეთებთ ხოლმე) მრჩება ისეთი შთაბეჭდილება, რომ ეს ხალხი მარტო თავისთვის მუშაობს, ვერ ვიტყვი, რომ საბოტაჟია, მაგრამ მისი ნიშნები კი ნამდვილად არის.

პურით მოსახლეობის მომარაგების გაუმჯობესების ღონისძიებებზე საუბრის დროს ედუარდ შევარდნაძემ აღნიშნა, რომ პური ახლა მეტი ცხვება, ვიდრე ადრე, მაგრამ არის შეფერხებები მის მიტანაში, ვაჭრობაში, არის სიყალბის ჩადენის ფაქტები, როცა ვითომ პური გამომცხვარია, მაგრამ სინამდვილეში ფქვილი იყიდება მამასისხლად და სხვა ასეთ ფაქტებს არ უნდა შევურიგდეთ. ჩვენი შესაბამისი სამსახურები ახლა ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ თანდათან შევქმნათ სასურსათო რესურსების, ხორბლის რესურსების მარაგი. სიმართლე გითხრათ, მე არ ვაპირებდი არჩევნების წინ რაიმე გამოსვლებს, მაგრამ ალბათ ახლა საჭირო იქნება ეს გავაკეთო, რომ ყველაფერ ამაზე ვისაუბროთ და საერთოდ განვსაზღვროთ, თუ რა ეტაპზე ვიმყოფებით, - თქვა დასასრულს ედუარდ შევარდნაძემ.

საქართველოს რესპუბლიკის
სახელმწიფო საბჭოს პრესცენტრი.

ედუარდ შევარდნაძე: ჩვენი დიაგნოზი, რომ საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებასთან გვაქვს საქმე, გაგრაში მომხდარმა მოვლენებმაც დაადასტურა / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 6 ოქტომბერი - N203 (482). - 1,2 გვ.

70 რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ბატონ ბორის ელცინს

▲ზევით დაბრუნება


აფხაზეთის ტერიტორიაზე კონფლიქტის მოწესრიგების შესახებ ქალაქ მოსკოვში 1992 წლის 3 სექტემბერს მიღწეულ მორიგებათა მიუხედავად, რომელსაც ხელი მოაწერეს რუსეთისა და საქართველოს დელეგაციებმა აფხაზეთისა და ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების წარმომადგენელთა მონაწილეობით:

1. გრძელდება საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან ექსტრემისტებისა და დაქირავებულების ნაკადის შემოსვლა, რაც ხელს უწყობს კონფლიქტის ესკალაციას.

2. აფხაზეთის უკანონო სამხედრო ფორმირებებს ამ ბოლო დღეებში გაუჩნდათ ყოველგვარი ოფიციალური ხელშეკრულებებით გაუთვალისწინებელი მძიმე სამხედრო ტექნიკა, რამაც საშუალება მისცა მათ დაერღვიათ სამხრივი კომისიის გადაწყვეტილებანი და გადასულიყვნენ შეტევაზე ქალაქ გაგრის რაიონში.

3. აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგების სამხრივმა კომისიამ არ შეასრულა მისთვის დაკისრებული მოვალეობანი ამ კომისიის რუსეთის მხარის მიზეზით, რომელმაც ფაქტობრივად ხელი შეუწყო საბრძოლო მოქმედების ესკალაციას ქალაქ გაგრის რაიონში.

ზემოთქმულის საფუძველზე საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭო მოითხოვს აფხაზეთის უკანონო სამხედრო ფორმირებისათვის საბრძოლო მარაგისა და ტექნიკის ნაკადის დაუყოვნებლივ შეწყვეტას და რუსეთის მხარის მიერ მოსკოვის ხელშეკრულების განუხრელ შესრულებას;

მოსკოვის ხელშეკრულების შეუსრულებლობის შემთხვევაში საქართველოს სახელმწიფო საბჭო იტოვებს უფლებას მოითხოვოს საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიიდან რუსეთის ფედერაციის მთელი შეიარაღებული ძალების სრული გაყვანა და მისთვის შესაბამისი მორიგებებით გათვალისწინებული იარაღის მთელი კვოტის გადაცემა.

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე
ე. შევარდნაძე.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ბატონ ბორის ელცინს / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 6 ოქტომბერი - N203 (482). - 2 გვ.

71 ედუარდ შევარდნაძის პრესკონფერენცია

▲ზევით დაბრუნება


6 ოქტომბერს საქართველოს სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარემ ედუარდ შევარდნაძემ გამართა პრესკონფერენცია ქართველი და უცხოელი ჟურნალისტებისათვის, რომელიც მიეძღვნა აფხაზეთში მომხდარ უკანასკნელ მოვლენებს. ამ მოვლენების გაანალიზებისას, ედუარდ შევარდნაძემ აღნიშნა, რომ ყოველივე ეს უქმნის საფრთხეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. აფხაზ სეპარატისტთა მიზანია ჩამოაშოროს აფხაზი საქართველოს და შეუერთონ იგი მეორე სახელმწიფოს. ქართველი ხალხი არასდროს არ შეურიგდება ამას, რადგან აფხაზეთი საქართველოს მკვიდრი ტერიტორიაა და მისი მოსახლეობის ნახევარს ქართველები შეადგენენ. ამავე დროს, სეპარატისტებს აქვთ დიდი მხარდაჭერა არა მარტო კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაციის სახით, რომელიც ტერორისტული ორგანიზაციაა, არამედ იმ რეაქციულ ძალების მხრიდანაც, საკმაოდ დიდი გავლენა რომ აქვთ რუსეთის პარლამენტში. ყველა ამ ძალამ დაიწყო მოქმედება საქართველოს წინააღმდეგ.

აღსანიშნავია, თქვა სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარემ, რომ სეპარატიზმის ახალი აფეთქება გამოიწვიეს რუსეთის პარლამენტის ამ ცოტა ხნის წინათ გაკეთებულმა განცხადებამ და მის მიერ მიღებულმა დადგენილებამ, რომლებსაც აშკარად ანტიქართული ხასიათი აქვთ. სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ 3 სექტემბრის მოსკოვის შეხვედრის საბოლოო დოკუმენტი არა თუ არ შესრულდება, არამედ იგი სეპარატისტებმა ექსტრემისტებმა გამოიყენეს საქართველოს წინააღმდეგ, რადგან ამ დოკუმენტის ფარგლებში საქართველომ ერთისამად შეამცირა თავისი სამხედრო პოტენციალი აფხაზეთში, აფხაზეთის მხარე კი ზრდიდა თავის ძალებს ჩრდილოეთ კავკასიიდან დაქირავებულთა მოზიდვის გზით. ვერ გაართვა თავი თავის ამოცანას აფხაზეთში კონტროლისა და ინსპექციის კომისიამაც. აფხაზეთის მხარეს არ შეუსრულებია მისი არცერთი გადაწყვეტილება, პირიქით, მას გადაეცა უახლოესი ტ-72 და ტ-80 ტიპის ტანკები, საჰაერო საზენიტო კომპლექსები, რომლებიც საერთოდ არა აქვთ შეიარაღებაში საქართველოს ჯარებს. ამავე დროს, გენერლებმა - რუსეთის ხელმძღვანელობის წარმომადგენლებმა, რომლებიც გუდაუთაში მოკალათებულან, ყველაფერი იღონეს იმისათვის, რომ დაემყარებინათ რუსეთის ჯარების მონოპოლია საჰაერო სივრცეში. უფრო მეტიც, როგორც ცნობილი გახდა, სწორედ ეს გენერლები იყვნენ აფხაზეთის მხარის მთავარი მრჩევლები. ყოველივე ამას უმძიმესი შედეგები მოჰყვა: ათობით მოკლულის, ასობით დაჭრილის გამოყვანა ვერ მოხერხდა, სამხედრო ოპერაციები ვერ იქნა უზრუნველყოფილი სათანადო დონეზე. აშკარაა, რომ ამ ალიანსის ერთ-ერთი მიზანია ჩაშალონ საქართველოს პარლამენტის არჩევნები, მაგრამ ყოველივე ამის მიუხედავად, მტკიცედ მწამს, რომ არჩევნები უთუოდ გაიმართება.

შეეხო რა შეთქმულებას საქართველოს წინააღმდეგ, ედუარდ შევარდნაძემ აღნიშნა, რომ ზემოთქმული არ ეხება რუსეთის პრეზიდენტს ბორის ელცინს. ამავე დროს, თქვა მან, არ შემიძლია არ გამოვთქვა ერთი შენიშვნა მისი დღევანდელი განცხადების გამო, რომელშიც ნათქვამია, რომ იგი არ დაუშვებს რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებათა შელახვას.

მაგრამ, მაშინ ხომ შეიძლება გავამართლოთ ნებისმიერი აგრესია და ანექსია, შენიშნა ედუარდ შევარდნაძემ. უნდა ითქვას, რომ საქართველოში ცხოვრობის 500 ათასი რუსი და მათგან არცერთს არ ემუქრება რაიმე საფრთხე. ისინი სარგებლობენ ისეთივე უფლებებით, როგორც ქართველები, საქართველოში მცხოვრები სხვა ეროვნებათა წარმომადგენლები. პრეზიდენტის განცხადების ეს ნაწილი ბიძგს აძლევს რეაქციული ძალების მოქმედებას, თქვა სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარემ. იმის მიუხედავად, რომ მშვიდობიანი მოლაპარაკების რეზერვები ამოწურულია, მიმაჩნია, რომ ბრძოლა პრობლემის მშვიდობიანი გზით გადაჭრისათვის ჩვენ არ უნდა შევწყვიტოთ - დაასკვნა მან.

ედუარდ შევარდნაძემ უპასუხა ჟურნალისტთა კითხვებს.

ედუარდ შევარდნაძის პრესკონფერენცია / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 7 ოქტომბერი - N204 (483). - 1 გვ.

72 ვაშენოთ ახალი, დემოკრატიული საქართველო

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის ბატონ ედუარდ შევარდნაძის სიტყვა რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის წინასაარჩევნო კრებაზე 1992 წლის 9 ოქტომბერს

ქალბატონებო და ბატონებო! მეგობრებო!

ამ დაბრბაზში მე პირველად არ მიხდება გამოსვლა და ბედნიერი ვარ, რომ აქ, დღევანდელი შეხვედრის მონაწილეთა შორის ვხედავ ადამიანებს, რომლებთანაც მაკავშირებს მრავალი წლის ერთობლივი მუშაობა, ერთობლივი მოღვაწეობა ჩვენი ერისა და ჩვენი სამშობლოს, ქართული მეცნიერების საკეთილდღეოდ. ვხედავ ბევრ თანამოაზრეს, ზოგიერთ ოპონენტსაც, რაც სავსებით გასაგები და სავსებით მისაღებია. ეს ერთი, მეორე. მე არ მისარგებლია საარჩევნო კომისიის მიერ დაწესებული, დაკანონებული ტელერადიოგადაცემების დროით, რომელიც პარლამენტის დეპუტატობის, ამ შემთხვევაში, პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატს ეკუთვნის, გასაგები მიზეზების გამო, მე ვერც იმ უფლებებით ვისარგებლე, რომ, ასე ვთქვათ, წინასაარჩევნო მოგზაურობა მომეწყო საქართველოში სხვადასხვა რაიონებში, სხვადასხვა კუთხეებში. ამიტომ, ბევრი რამ, რაც უნდა თქმულიყო, ადრე ვერ ითქვა.

ამ და სხვა მიზეზების გამო, დღევანდელი ჩემი გამოსვლა ვრცელი იქნება. ახლა ისეთი რთული ვითარებაა, რომ გრძელი სიტყვების და ვრცელი მოხსენებების დრო არ არის, მაგრამ სათქმელი უნდა ითქვას. დროა ჩვენი იმდენად რთული და იმდენად ძნელი, რომ ჩემი წარმოდგენით, პოლიტიკის, ეკონომიკის, კულტურის ძირითად პრობლემებზე კანდიდატმა ამომრჩევლების წინაშე თავისი მოსაზრებები უნდა ჩამოაყალიბოს.

თუ სიტყვა გამიგრძელდა, წინასწარ გიხდით მადლობას მოთმინებისა და სულგრძელობისათვის.

მესამე. დიდ მადლობას მოგახსენებთ იმისთვის, რომ სწორედ აქ, მეცნიერების ამ ტაძარში მომიწვიეთ და სწორედ დღევანდელ აუდიტორიასთან, თქვენთან არის დაკავშირებული ჩემი წინასაარჩევნო გამოსვლა და შეხვედრა ამომრჩევლებთან.

არჩევნებამდე დარჩა ორიოდე დღე. მინდა გაგიზიაროთ ჩემი ფიქრები, აზრები, შთაბეჭდილებები მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შესახებ ჩემი შეხედულებები, საქართველოს საშინაო და საგარეო, გეოპოლიტიკურ მდგომარეობაზე, მომავლის პერსპექტივებზე.

უნებურად დიდი ილია ჭავჭავაძე მახსენდება: აბა, „რა გითხრათ, რით გაგახაროთ?!“ ირგვლივ მძვინვარებს ეკონომიკური კრიზისი, ინფლაცია, დევალვაცია, პოლიტიკური შუღლი და ეთნიკური აშლილობა, ძმათამკვლელი ომი, უმუშევრობა, დეფიციტი, სულიერ და ზნეობრივ ღირებულებათა დევალვაცია, მაგრამ იმავე დროს მიმდინარეობს დიდი ისტორიული გარდატეხის პროცესი: ერთი სოციალურ-ეკონომიკური ფორმაცია იცვლება მეორეთი. ეს რევოლუციური პროცესია, ასეთ პროცესს მუდამ თან ახლავს კონფლიქტები, კატაკლიზმები. არც ჩვენი ქვეყანაა გამონაკლისი.

საჭიროა ეკონომიკურად და სოციალურად დესტაბილიზირებულ ყოფიერებაში ცივილიზებული, დემოკრატიული წესრიგის შეტანა, ამიტომ პარლამენტისა და მისი თავმჯდომარის არჩევნების ჩატარება ისტორიულ აუცილებლობას წარმოადგენს. ამას მოითხოვს ხალხი დემოკრატიის, სოციალური სამართლიონობის, ხელისუფლების კონსტიტუციური ლეგიტიმაციის პრინციპების შესაბამისად.

ერთის მხრივ, მეტად ძნელია ცხელ კვალზე მიმდინარე რთული პოლიტიკური მომენტის ამომწურავი ფუნდამენტური დახასიათება. საჭიროა ისტორიული დისტანცია, მოვლენათა მიზეზ-შედეგობრივი ანალიზი, მაგრამ, მეორე მხრივ, პოლიტიკური სტრატეგიისა და ტაქტიკის შემუშავება შეუძლებელია თანამედროვე კონკრეტულ-ისტორიული ეტაპის სწორად განსაზღვრის გარეშე. ამიტომ უნდა ვიცოდეთ რა დროში ვცხოვრობთ, ისტორიის რომელ მონაკვეთზე ვიმყოფებით, საით მივდივართ, როგორ გავაცნობიეროთ სინამდვილე და რა გზები არსებობს მისი გარდაქმნისათვის.

განვითარების თანამედროვე ეტაპზე ორ ტენდენციაზე უნდა ვილაპარაკოთ: ნეგატიურსა და პოზიტიურზე. ძველი ეკონომიკა, სახელმწიფო და მართლწესრიგი დაინგრა, ახალი ჯერჯერობით აშენებული არ არის. აქედან მომდინარეობს ღრმა პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური კრიზისი, დესტრუქციული, რეაქციული ძალების აქტივობა, ეთნოკონფლიქტები და ა.შ.

იმავე დროს, ნეგატიური პროცესების მიღმა და მათ გვერდით ვითარდება ისტორიული მნიშვნელობის პოზიტიური პროცესები: საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვება და მისი ცნობა მსოფლიოს უმრავლესი ქვეყნების მიერ, სუვერენული ეროვნული სახელმწიფოს ფორმირების პროცესის დაწყება, გაეროსა და სხვა პრიორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანება, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება, საელჩოების შექმნა, კურსის აღება თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის განვითარებაზე, დემოკრატიული პლურალიზმის დამკვიდრება, დიქტატურის უარყოფა.

აუცილებელია ამ ორი ტენდენციის ჩამოყალიბების გამომწვევი მიზეზების ღრმა შემეცნება და მათი განვითარების ძირითადი არსის წვდომა. დღევანდელ ეტაპზე, როგორც არ უნდა გვიჭირდეს მაინც მთავარია პოზიტიური ისტორიული ტენდენციები, ისინი დღითიდღე გაძლიერდებიან და მომავალი მათ ეკუთვნით. ეს პროცესები შეუქცევადია. ნეგატიური მოვლენები კი მეორადია, პოლიტიკური ბრძოლის დიალექტიკაში მათ გარკვეულად აქტიური, მაგრამ ობიექტურად მაინც დაქვემდებარებული პოზიცია უჭირავთ, ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ კეთილისა და ბოროტის ბრძოლაში პოზიტიური გაიმარჯვებს. მოვლენების ასეთ პრინციპულ გაგებაზეა აგებული ჩვენი პოლიტიკა, მისი სტრატეგია და ტაქტიკა. ამიტომ მე გთავაზობთ სოციალური და ისტორიული ოპტიმიზმის პოლიტიკას.

ეს ახალი ცნება, რომელიც ახლა მკვიდრდება ქართულ პოლიტიკასა და პოლიტოლოგიაში, გენეტიკურად გარკვეულად ენათესავება ცნობილ ფილოსოფიურ და პოლიტიკურ დოქტრინას - „ამერიკულ ოცნებას“, პოლიტიკაში რეალიზმისა და ეკონომიკაში პრაგმატიზმის ფილოსოფიას, მაგრამ ის მაინც საქართველოს დემოკრატიული სახელმწიფოს დამოუკიდებელი, თვითმყოფადი პოლიტიკის ფენომენია და გარკვეული თვალსაზრისით ჩვენს ახალ პოლიტიკურ ორიენტირებზე მიგვანიშნებს.

1991 წლის დეკემბერ-1992 წლის იანვრის მოვლენები არა მარტო დღეს, არამედ მომავალშიც იქნება მეცნიერული გააზრებისა და პოლიტიკური შეფასების, შესაძლოა დისკუსიებისა და დავის საგანიც. ამიტომ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ მოვლენების შეფასებას არჩევნების წინ, სადღეისოდ და სამომავლოდ, არსებითი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა ორიენტაციას ვაძლევთ დღეს ერს და რა მემკვიდრეობას ვუტოვებთ ჩვენ მომავალ თაობებს.

რა პლურალისტურიც არ უნდა იყოს შეფასებები, მთავარი მაინც ის არის, რომ დეკემბერ-იანვრის მოვლენების დროს ქართველმა ხალხმა მოახდინა ისტორიულად მნიშვნელოვანი არჩევანი ქვეყნის დემოკრატიული გზით განვითარების სასარგებლოდ, დაგმო და დაამხო ავტორიტარიზმი და დიქტატურა.

ამ საერთო-სახალხო მოძრაობაში სხვა პროგრესულ ძალებთან ერთად განსაკუთრებული როლი ითამაშეს საქართველოს ინტელიგენციამ, მეცნიერებმა, მწერლებმა, მსახიობებმა, კომპოზიტორებმა, მხატვრებმა, თეატრისა და კინოს მოღვაწეებმა, ჟურნალისტებმა, საქართველოს სახელოვანმა ახალგაზრდობამ, სტუდენტობამ. მათ რეალურად გვიჩვენეს, თუ როგორ იქმნება ერის ნამდვილი ისტორია.

განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს იმ პოლიტიკური პარტიების, პოლიტიკურ-საზოგადოებრივი ორგანიზაციების როლი, რომლებმაც გადაჭრით დაუჭირეს მხარი საქართველოს დემოკრატიული განვითარების კურსს.

მდიდარია და მრავალფეროვანი, უაღრესად თავისებურია საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა XX საუკუნეში, განსაკუთრებით 80-იანი და 90-იან წლებში. ის ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვანი, სახელოვანი განმათავისუფლებელი ბრძოლის ნაწილია, მისი ახალი ეტაპია. უნდა დაიწეროს ობიექტური ისტორია. ეს მომავლის საქმეა, მაგრამ დღეს გარკვევით უნდა ითქვას, რომ ეს მოძრაობა მთელი ქართველი ხალხის კუთვნილებაა. საქართველოს ისტორიას მთელი ქართველი ერი ქმნის.

დიდი როლი შეასრულეს ცნობილმა პოლიტიკურმა და საზოგადო მოღვაწეებმა, ბატონმა თენგიზ სიგუამ, ბატონმა თენგიზ კიტოვანმა და ბატონმა ჯაბა იოსელიანმა და სხვებმა, რომლებიც სათავეში ჩაუდგნენ გვარდიისა და მხედრიონის რევოლუციურად და პატრიოტულად განწყობილ რაზმებს, ხალხის მასების ბრძოლას დემოკრატიისა და თავისუფლებისათვის.

აქ მე ყველა მოღვაწეს და გმირს ვერ დავასახელებ. დიდია მათი რიცხვი. ეროვნული მატიანე, ისტორია თავის სიტყვას იტყვის ამის შესახებ, ყველას მიუზღავს დამსახურებისამებრ.

პატივი და დიდება ყველას, ვინც თავი დასდო ერის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, ყველას, ვინც იცავდა დემოკრატიას, ქართულ ენას, ქართულ კულტურას, საქართველოს თვითმყოფადობას, მუშას, გლეხს, ინტელიგენტს, სტუდენტს, ყველა მამულიშვილს.

მე ვფიქრობ, რომ პოლიტიკა მეცნიერული საფუძვლების გარეშე არ არსებობს, თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა - გონივრული დემოკრატიული პოლიტიკის გარეშე, ზოგადსაკაცობრიო მორალი პოლიტიკაში კი თვით პოლიტიკაზე მეტად უნდა ფასობდეს. ამ კრიტერიუმებითა და პოსტულატებით ვუდგები მე სოციალურ-ეკონომიკურ და სოციალურ-პოლიტიკურ სიტუაციაში მომხდარ ცვლილებებს.

შემთხვევითი არ არის, რომ ჩვენი წინასაარჩევნო კრება საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში ტარდება, - იქ, სადაც კონცენტრირებულია ერის ინტელექტუალური პოტენციალი.

ისტორიისა და პოლიტოლოგიის პრობლემატიკის დამუშავებაში თავისი სიტყვა უნდა თქვან მეცნიერებათა აკადემიის ინსტიტუტებმა და სხვა სამეცნიერო ცენტრებმა.

საჭიროა საქართველოში მომხდარი მოვლენების მამოძრავებელი სოციალური, დემოკრატიული ძალების ისტორიული და პოლიტიკური შეფასება. ყოველივე ამის თეორიული და მეთოდოლოგიური გააზრება შესაბამისი პოლიტიკური კონცეფციის ჩამოყალიბებას მოითხოვს.

მოწმეა მსოფლიო ისტორია, ხშირად ლოგიკური და ისტორიული კატეგორიები ერთმანეთს არ ემთხვევა, მაგრამ აბსოლუტურად ლოგიკური იყო ის რაც მოხდა საქართველოში დეკემბრის ბოლოსა და იანვრის დასაწყისში. ამ ძნელი არჩევანით ქართველმა ხალხმა დაადასტურა, რომ ის შორსმჭვრეტელი და ბრძენი ერია, უნარი აქვს მოვლენათა სწრაფი ანალიზისა და ნახევრად ქაოსურ მდგომარეობაშიც კი სწორი ორიენტირებისა.

ძველმა პარლამენტმა, ყოფილმა პრეზიდენტმა ვერ გაამართლეს ხალხის ნდობა, ვერ შეასრულეს თავიანთი პოლიტიკური, კონსტიტუციური, სოციალური ფუნქცია, სამართლებრივი

სახელმწიფოს აშენების ნაცვლად კურსი ავტორიტარული რეჟიმის შექმნაზე აიღეს, რითაც განაპირობეს უპრეცედენტო ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისის შექმნა და სავსებით ლოგიკურად ჩამოვიდნენ ისტორიის არენიდან. ეს კანონზომიერი მოვლენა იყო, ისევე როგორც კანონზომიერი იყო სამხედრო საბჭოს ტრანსფორმირება ხელისუფლების ახალ ორგანოდ - სახელმწიფო საბჭოდ, რათა ნიადაგი მომზადებულიყო პარლამენტის ახალი არჩევნების გასამართავად.

გვინდოდა დამფუძნებელი ეროვნული კრების მოწვევა, რეფერენდუმის და პლებისციტის ჩატარება, მაგრამ, სამწუხაროდ, საქართველოში შექმნილმა ექსტრემალურმა სიტუაციამ, პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა ტერორმა და საბოტაჟმა, ბანდიტიზმმა, დესტაბილიზაციამ, დესტრუქციული რეაქციული ძალების მოქმედებამ ამის საშუალება არ მოგვცა.

გაჩნდა სამოქალაქო ომის რამდენიმე კერა, მაგრამ ახალმა ხელისუფლებამ ლოკალურ სამოქალაქო კონფლიქტებს ტოტალურ სოციალურ უბედურებაში გადაზრდის საშუალება არ მისცა.

დღეს რეაქციული ძალები პარლამენტის არჩევნების ჩაშლით გვემუქრებიან, მაგრამ დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ჩვენ მათ ამის საშუალებას არ მივცემთ. უნდა გადავარჩინოთ დემოკრატია და თავისუფლება! - ასეთია ჩვენი მრწამსი და მოქმედების პროგრამა.

პოლიტიკაში მუდამ არსებობს გადასალახავი რუბიკონი. სახელმწიფო საბჭო ალტერნატივის წინაშე იდგა: დემოკრატიული მართვის რომელი ფორმა შემოგვეღო, საპრეზიდენტო თუ საპარლამენტო რესპუბლიკა?

რატომ მივეცით უპირატესობა საპარლამენტო მმართველობას?

მხოლოდ იმიტომ, რომ ის უფრო გამორიცხავს დიქტატურის ყოველგვარ შესაძლებლობას და ყველა საფუძველს ქმნის თავისუფლებასა და დემოკრატიის დასამკვიდრებლად, ძლიერი, დემოკრატიული ხელისუფლების შესაქმნელად.

ასეთია მოკლედ პოლიტიკური პრელუდია, რაც უძღოდა წინ ახალი, თავისუფალი, დემოკრატიული საქართველოს აშენებას, მისი ეკონომიკისა და კულტურის რენესანსის, აღორძინების ეროვნული პროგრამის შემუშავების ეტაპს. ჩვენ ახლა ამ ეტაპზე ვიმყოფებით.

მე მოგახსენებთ, რომ საჭიროა ვიხსნათ დემოკრატია და თავისუფლება. დემოკრატიისა და თავისუფლების ხსნის უპირველესი გარანტი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებაა.

ნება მიბოძეთ ორიოდე სიტყვა მოგახსენოთ საქართველოს ეკონომიკური განვითარების ზოგიერთ სტრატეგიულ მიმართულებაზე.

II

საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარეობს ტოტალიტარული ეკონომიკური სისტემის რღვევისა და თავისუფალ საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის რთული და წინააღმდეგობრივი პროცესი. პოლიტიკა და ეკონომიკა საზოგადოებრივი ცხოვრების ორი დედაბოძია, მათ ერთიანობაშია სახელმწიფოს ძლიერების გარანტია.

არჩევნებმა, მომავალმა პარლამენტმა ხელი უნდა შეუწყონ საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის ტემპების დაჩქარებას, ახალი, ეროვნული ეკონომიკის თანამედროვე მოდელისა და სისტემის შექმნასა და ცხოვრებაში განხორციელებას.

ყოველგვარი პოლიტიკა შესაძლებელის ხელოვნებაა, მით უმეტეს ეკონომიკური პოლიტიკა. მეტი პრაგმატიზმი და რეალიზმი გვმართებს ეკონომიკურ პოლიტიკაში.

ჩვენ უკვე გვაქვს მრავალწყობიანი ეკონომიკა, სახელმწიფო და კერძო სექტორი, თუმცა მათი შეფარდება იმდენად ოპტიმალური არ არის, თანამედროვე საბაზრო ეკონომიკის მოთხოვნები რომ დააკმაყოფილოს.

საერთო ტენდენცია ასეთია: სახელმწიფო სექტორის როლი თანდათანობით კლებულობს, ძლიერდება კერძო სექტორი, ეკონომიკის ყველა სფეროში მკვიდრდება საბაზრო ურთიერთობა, მარკეტინგი - ბაზრის ეკონომიკური ფილოსოფია. ეს თავისთავად დიდი მონაპოვარია, თუმცა სათანადო ეფექტი ჯერჯერობით არა გვაქვს.

ჩვენი განვითარების პირველ ეტაპზე სახელმწიფო სექტორი გარკვეულ დადებით როლს შეასრულებს. მისი ტოტალური მოშლა თვითმიზანი კი არ არის, მის ბედს არა პარტიების და პოლიტიკოსების სუბიექტური დამოკიდებულება, არამედ ეკონომიკური და სოციალური განვითარების ობიექტური მოთხოვნილება, ისტორიული აუცილებლობა განსაზღვრავს.

სახელმწიფო სექტორი საბაზრო ეკონომიკის პირობებში სულაც არ ნიშნავს ტოტალიტარული სახელმწიფო რუდიმენტის შენარჩუნებას. ძლიერი სახელმწიფოს სექტორი მაღალგანვითარებული საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებისთვისაც არის დამახასიათებელი.

გასათვალისწინებელია, რომ სახელმწიფო საკუთრებისადმი, უფრო სწორად სახალხო ქონებისადმი ის ბარბაროსული დამოკიდებულება, რომელსაც ახლა აქვს ადგილი საქართველოში, უდიდეს ზიანს აყენებს ახალი ტიპის ეკონომიკაზე გადასვლის პროცესს.

პირველი ეტაპი. ეკონომიკური კრიზისიდან გმოსვლის კომპლექსურ ღონისძიებათა განხორციელების ეტაპია და ის დროის შედარებით მოკლე მონაკვეთს - 2-3 წელიწადს მოიცავს, იმ პერიოდს სანამ ფუნქციონირებს ახალი პარლამენტი (პარლამენტი 3 წლით აირჩევა). ეს არის საბაზრო ეკონომიკის ძირითადად ჩამოყალიბების პროგრამა.

მეორე ეტაპი. მეორე ეტაპი ითვალისწინებს საბაზრო ეკონომიკის სრული მასშტაბით ამოქმედებას, ეროვნული და რეგიონალური ბაზრის ფორმირებას, საერთაშორისო ბაზარზე სტაბილურად გასვლას, კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოებას მსოფლიო სტანდარტების დონეზე, სათანადო საგადასახადო და საბაჟო სისტემების შექმნას, ეროვნული ბაზრის გაჯერებისა და დაცვის გონივრული პოლიტიკის პრიორიტეტების განსაზღვრას და განხორციელებას, მთელი რიგი სხვა ფაქტორების ამოქმედებას.

პირველი ეტაპის პროგრამა ძირითადად ხორციელდება სამანეთო ეკონომიკურ სივრცეში.

მეორე ეტაპი ეკონომიკის სტაბილიზაციისა და შემდგომი განვითარების პერსპექტიული მოდელია და ის მოიცავს უფრო ხანგრძლივ პერიოდს, საუკუნის დასასრულამდე, 2000 წლამდე. მეორე ეტაპი ეს არის საბაზრო ეკონომიკის საბოლოოდ დამკვიდრების, ევროპისა და მსოფლიო ეკონომიკაში საქართველოს ეკონომიკის ინტეგრაციის კომპლექსურ ღონისძიებათა სისტემური განხორციელების პერიოდი.

რა ძირითადი პარამეტრები ახასიათებს მეორე ტიპის პროგრამას? ახალი ოპტიმალური ეროვნული ეკონომიკის მოდელის შექმნა, ორიენტაცია მსოფლიო სტანდარტებზე, საბანკო და საფინანსო სისტემების კარდინალური რეფორმა, ახალი საინვესტიციო პოლიტიკის შემუშავება, უცხოური კაპიტალის მომგებიანი დაბანდება საქართველოს ეკონომიკაში, ეროვნული და რეგიონალური ბაზრის დემოკრატიული მართვის სისტემის შექმნა, ექსპორტისა და იმპორტის რაციონალური ფორმირება, საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობათა სრულყოფა და ა.შ.

მეორე ეტაპის პროგრამამ საუკუნის ბოლომდე უნდა უზრუნველყოს მანეთის ეკონომიკური სივრციდან უპირატესად დოლარისა და სხვა თავისუფლად კონვერტირებული საერთაშორისო ვალუტის ეკონომიკურ სივრცეში გასვლა, ახალი ქართული ფულის შემოღება და მისი კურსის განმტკიცება.

საბაზრო ეკონომიკის პირობებში საქართველოს ეკონომიკის გაერთიანების სრულყოფილი, მეცნიერულად დასაბუთებული მოდელის შექმნა მთელი ერის ინტელექტუალური პოტენციალის საქმეა.

დღეს ეკონომიკური სიტუაცია როგორც საქართველოში, ასევე სამანეთო ეკონომიკური სივრცის ქვეყნებში იმდენად რთული და წინააღმდეგობრივია, რომ მეტად ძნელია მოვლენების ღრმა განჭვრეტა და ძირითად ტენდენციათა ზუსტი პროგნოზირება.

ერთი მხრივ, არსებობს სრული პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური პლურალიზმი, მეორე მხრივ, არჩევანის შესაძლებლობა შეზღუდულია ობიექტური პირობებით, დეტერმინირებულია სინამდვილით, ისტორიული აუცილებლობით არსებული დროით და ლოგიკით, ამიტომ უახლოეს ეტაპზე ვერ გადაწყდება ახალი ეკონომიკის შექმნის ყველა ფუნდამენტური საკითხი და სერიოზული პოლიტიკოსი ამას ხალხს ვერც დაპირდება, რადგანაც ყოველივე ეს პირველ ეტაპზე არარეალურია. ეს პრობლემები რადიკალური ეკონომიკური რეფორმის მეორე ეტაპზე უნდა გადაწყდეს. დღეს უკვე მიმდინარეობს რადიკალური ეკონომიკური რეფორმა, საჭიროა ამ პროცესის დაჩქარება.

როცა ვახორციელებთ რადიკალურ ეკონომიკურ რეფორმას, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვეყრდნობით საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერას, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ ეკონომიკურ ბაზისს, საკუთარ ხალხს და სახელმწიფოს. მთავარია საკუთარი რესურსებისა და ძალების რაციონალური გამოყენება.

დღეს საკითხთა საკითხია, როგორ დავაღწიოთ თავი ეკონომიკურ კრიზისს? მინდა გაგიზიაროთ ზოგიერთი მოსაზრება.

პირველი. მთავარია ორიენტაცია საბაზრო ეკონომიკაზე. რადიკალური ეკონომიკური რეფორმა უნდა განვახორციელოთ მსოფლიო ცივილიზაციის მიღწევების გათვალისწინებით, მაგრამ არამც და არამც უცხოეთის ეკონომიკური, მეურნეობრივი მატრიცებისა და მოდელებისადმი ბრმა მიბაძვით, მათი მექანიკური გადმონერგვით ქართულ ნიადაგზე. ჩვენ გვჭირდება მსოფლიო მიღწევებისა და საქართველოს მეურნეობრივი, ეკონომიკური სინამდვილის ინტეგრაცია, მათი სინთეზი. არ გვჭირდება მესამე „განსაკუთრებული გზის“ ძებნა, მაგრამ არც საქართველოს სინამდვილის იგნორირება გვმართებს.

საჭიროა უცხოეთის ქვეყნების საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის უმდიდრესი გამოცდილების საგნობრივი შესწავლა, როგორც იტყვიან, ფანქრით ხელში. ამით ჩვენ გვეძლევა საშუალება არ გავიმეოროთ სხვისი შეცდომები, ვისწავლოთ ახალ ეკონომიკურ სისტემაზე გადასვლის უმოკლესი გზებით სიარული. მე მიმაჩნია, მაგალითად, ის გამოცდილება, რომელიც დააგროვეს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა, განსაკუთრებით, პოლონეთმა, ჩეხეთ-სლოვაკეთმა და უნგრეთმა, მნიშვნელოვანია და გამოსადეგი ჩვენთვის.

მეორე. უნდა გავითვალისწინოთ ისტორიის გაკვეთილები. საბაზრო ეკონომიკისა და მისი ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროგრამის განხორციელებისას არ უნდა დავადგეთ იზოლაციონიზმის გზას, როგორც ეს წინა ხელისუფლებას მოუვიდა. იზოლაციონიზმი დამღუპველია.

მესამე. ყოვლად გამორიცხულია ტოტალიტარული ცენტრალიზებულ-გეგმიური ეკონომიკისაკენ მიბრუნება. ამას მე ხაზს ვუსვამ იმისათვის, რომ ბევრი ლაპარაკობს ერთს და აკეთებს მეორეს, მუშაობს ისევ ძველი ინერციით. საბაზრო მეურნეობისაკენ აღებული პოლიტიკური კურსი შეუქცევადია, მომავალი მას ეკუთვნის.

რადიკალური, ღრმად გააზრებული, მეცნიერულად დასაბუთებული ეკონომიკური რეფორმის, თავისუფალი მეწარმეობის, პრივატიზაციის განვითარების გზით! - ასეთია ჩვენი არჩევანი და ჩვენი პასუხი ზოგიერთი პოლიტიკური პარტიისა და ორგანიზაციის, სახელმწიფო საბჭოს წევრის თუ ამომრჩევლის ეჭვებსა და ემოციებზე, აგრეთვე უკაცრავად პასუხია, ზოგიერთი პოპულისტისა და სოციალური დემაგოგის გამოხტომებზე და გამოსვლებზე. ეს პოლიტიკა ჩამოყალიბებულია ერთნიშნად და თავისუფალია ყოველგვარი ორაზროვნებისაგან.

მეოთხე. საჭიროა სტაბილიზაცია, ინფლაციისა და დევალვაციის დაძლევა. ეს კი მხოლოდ საფინანსო და ფულადი სისტემის რადიკალური რეფორმის შედეგად არის შესაძლებელი. უნდა ავამოქმედოთ დამოუკიდებელი ფულად-საკრედიტო მექანიზმი, ავამაღლოთ საბანკო სისტემის ეფექტიანობა.

მეხუთე. აუცილებელია ფასების პოლიტიკის თეორიისა და პრაქტიკის დამუშავება საბაზრო ეკონომიკის მოთხოვნების შესაბამისად. მომარაგებითი და გამანაწილებელი სისტემის ნაცვლად უნდა შემოვიღოთ თავისუფალი ვაჭრობა, თანდათანობით, ეტაპობრივი გზით, კანონზომიერად უნდა მოვხსნათ სახელმწიფო შეზღუდვები ფასებზე, სამეურნეო კავშირებზე, ექსპორტსა და იმპორტზე, საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობაზე. განსაკუთრებული ზრუნვის საგანია ექსპორტის სტიმულირება. ამ მხრივ შევეცდებით ორიგინალური და გაბედული სისტემა შემოგთავაზოთ.

მეექვსე. სახელმწიფო და კერძო სექტორებში უნდა განვავითაროთ თავისუფალი მეწარმეობა, გეგმაზომიერად დავაჩქაროთ პრივატიზაცია. საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლისათვის საჭიროა შევქმნათ მართვის სათანადო სტრუქტურები, შესაბამისი ინსტიტუციონალური წანამძღვრები.

მეშვიდე. გადაუდებელი საქმეა ეკონომიკის ყველა სექტორის დემონოპოლიზაცია და დეცენტრალიზაცია და ამ გზით კონკრეტულ, თავისუფალ საბაზრო ურთიერთობათა განვითარება. რა თქმა უნდა, სახელმწიფო სტრუქტურების, მათ შორის, სამინისტროების, დეპარტამენტების ფუნქციების სრული შეცვლა, კარდინალური შეცვლა. დღეს ეს სტრუქტურები პრაქტიკულად აფერხებენ საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე გადასვლას. ყველაფერი ახლებურად უნდა გაიაზროს ჩვენმა პარლამენტმა, მისმა თავმჯდომარემ და ახალმა მთავრობამ. ამ მხრივ არსებითი მნიშვნელობა აქვს სახელმწიფო საბჭოს დეკრეტს მონოპოლიური საქმიანობის შეზღუდვისა და კონკურენციის განვითარების შესახებ, რომელიც ამას წინათ მივიღეთ.

მერვე. საჭიროა ეროვნული ეკონომიკის სტრუქტურის რეფორმა, ეკონომიკურ პოლიტიკაში პრიორიტეტულ მიმართულების სწორი განსაზღვრა და სტიმულირება, საქართველოს ეკონომიკისა და მსოფლიო ეკონომიკის ინტეგრაციული პროცესების განვითარება, მსოფლიო და რეგიონალურ ბაზრებში შეღწევა და იქ დამკვიდრება, სამამულო წარმოების პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლების, მარკეტინგის, საბაზრო კონიუნქტურის შესწავლისა და გამოყენების გზით. ახლა ჩვენ ეს შეიძლება მაღალფარდოვან ფრაზებად გვეჩვენება, მაგრამ 2-3 წლის შემდეგ ყველაფერი ეს რეალობა იქნება. ჩვენ მოგვიხდება სწორედ რეალურად ვიბრძოლოთ ამ პოზიციებზე გადასვლისათვის.

მეცხრე. აუცილებელია არსებული ეკონომიკური დეფორმაციების დაძლევა, არაეფექტიანი საწარმოების თანდათანობით შეკვეცა, მათი რაციონალური რეორგანიზაცია, კრიზისის პირობებში პერსპექტიული საწარმოებისათვის ფინანსური დახმარების გაწევა, ოპტიმალური პროტექციონიზმის პოლიტიკის ჩამოყალიბება და ა.შ.

ეკონომიკის დარგში პირველი და მეორე ეტაპების პროგრამათა განხორციელებას, ვფიქრობთ დიდად შეუწყობს ხელს უცხოური კრედიტებისა და უცხოური ინვესტიციების დარგში გონივრული პოლიტიკის გატარება. აუცილებელია უცხოური ინვესტიციების სტიმულირება. უცხოური კაპიტალის რაციონალური და გაბედული მოზიდვისა და ეფექტიანად გამოყენების გარეშე შეუძლებელია ლაპარაკი ეკონომიკის სწრაფ განვითარებაზე.

უცხოური ფინანსური დახმარების მისაღებად აუცილებელია საერთაშორისო კონტაქტების გაფართოება, უცხოური კაპიტალის ხელსაყრელი დაბანდება საქართველოს ეკონომიკაში, ინვესტიციებისათვის სათანადო პირობების შექმნა, განსაკუთრებული ცივილიზებული ეკონომიკური წესრიგის დამყარება, წინააღმდეგ შემთხვევაში უცხოელი ბიზნესმენები არ დააბანდებენ თავიანთ კაპიტალს რესპუბლიკაში.

საქართველო დღეს საერთაშორისო საბანკო-საფინანსო და საკრედიტო ორგანიზაციების, მათ შორის მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრია. ეს დიდი წარმატებაა, მაგრამ საჭიროა მათთან ნაყოფიერი თანამშრომლობა, მნიშვნელოვანი პროექტების შემუშავება და უცხოური კაპიტალის მოზიდვა მათ დასაფინანსებლად, ინვესტორთა დაინტერესება.

უნდა ჩამოვაყალიბოთ დასავლეთის ტიპის ღია ეკონომიკური სისტემა, რათა შევქმნათ საფუძველი საქართველოს ეკონომიკის ევროპულ და მსოფლიო ეკონომიკურ სისტემებში ეფექტიანად ინტეგრირებისათვის.

უახლოეს კვირეებში უნდა დამთავრდეს უცხოეთის ინვესტიციების შესახებ კანონმდებლობის შემუშავება. საჭიროა უცხოეთის ინვესტიციების გრანდიოზული სტიმულირება. ამასთან უნდა გვახსოვდეს, რომ ზედმეტია ლაპარაკი რესპუბლიკის ეკონომიკაში უცხოეთის კაპიტალის სერიოზულ დაბანდებაზე პოლიტიკური არასტაბილურობისა და რთული კრიმინოგენური მდგომარეობის პირობებში.

ხელი უნდა შევუწყოთ ექსპერიმენტის წესით თავისუფალი ეკონომიკური ზონების შექმნას. მსოფლიოში ამ მხრივ მდიდარი გამოცდილებაა დაგროვილი და ამგვარ ეკონომიკურ საქმიანობას დიდი მომავალი აქვს.

განსაკუთრებული პოლიტიკის გატარება მოგვიწევს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან, რომლებიც დღეს დამოუკიდებელ ქვეყნებს წარმოადგენენ. საჭიროა მათთან ორმხრივი ურთიერთხელსაყრელი ხელშეკრულების გაფორმება, ზედმეტი ეკონომიკური და პოლიტიკური ბარიერების მოხსნა, მაქსიმალურად ლიბერალური პირობების შენარჩუნება, რადგანაც წინააღმდეგ შემთხვევაში დავკარგავთ დღევანდელ ჩვენს ეკონომიკასთან ისტორიულად ადაპტირებულ უზარმაზარ და ეკონომიკურად ხელსაყრელ ბაზარს, სანედლეულო რესურსებს, რასაც თანამედროვე პირობებში, რადიკალური რეფორმის პირველ ეტაპზე სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ჩვენი ეკონომიკის ნორმალურად ფუნქციონირებისათვის.

შემუშავებულია და ხორციელდება სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის პროგრამა. მას თავისი სტრატეგია და ტაქტიკა გააჩნია: ის ითვალისწინებს სოციალური ჯგუფების ინტერესების გონივრულ ბალანსს, მაგრამ ხშირად სპონტანურ ხასიათს ატარებს და ამდენად აუცილებელია პრივატიზაციის სამართლებრივი რეგულირება ცივილიზებული კანონმდებლობის დონეზე. ეს პირველ რიგში ახალი პარლამენტის მოვალეობაა.

აქ ორ ტენდეციასთან გვაქვს საქმე: ერთი მხრიც, საბაზრო ეკონომიკის შექმნის დაჩქარების მიზნით საჭიროა ღია კონკურსებისა და აუქციონების საშუალებით პირველ რიგში წვრილი საწარმოების და მომსახურების სფეროს ობიექტების სწრაფი გაყიდვა, ჭიანურდება ეს პროცესი. და უნდა გითხრათ, რომ პრაქტიკულად ბევრი საწარმო უკვე გაყიდულია, კულისებში ხდება ეს ყველაფერი, ბევრგან დარჩა მხოლოდ სახელმწიფო აბრა და ეს იმის გამო მოხდა, რომ ჩვენ დავაგვიანეთ, ვერ მოვახერხეთ დროზე დაგვეწყო ეს პროცესი. მეორე მხრივ, უნდა დავიწყოთ დიდი საწარმოების აქციონირება.

უკვე გამოქვეყნებულია საპრივატიზაციოდ გამოქვეყნებული საწარმოების ნუსხა. ამჟამად მიმდინარეობს შერჩევითი პრივატიზაცია. ეს პირველი ეტაპია. ახლო მომავალში, მეორე ეტაპზე, უნდა დაიწყოს მასობრივი პრივატიზაცია. ეს გარდაუვალი პროცესია, ამას მოითხოვს ეკონომიკის სასიცოცხლო ინტერესები. პრივატიზაციის განხორციელებისათვის აუცილებლად მიგვაჩნია: პირველი, უფასო საპრივატიზაციო ანაბრების, ვაუჩერების გაცემა. ერთი მხრივ, ეს ნიშნავს სოციალური სამართლიანობის პრინციპების განხორციელებას, რადგან თითოეული მცხოვრები იღებს თავის წილს (ვაუჩერის სახით) იმ სახალხო ქონებიდან, რომელიც პრივატიცაზიის პროგრამით გაიყიდება და კერძო სექტორში გადავა. მეორე მხრივ, ყოველ მცხოვრებს საშუალება ეძლევა შეიძინოს აქციები და გარკვეული ტიპის მესაკუთრე გახდეს. მეორე, საწარმოთა მუშაკებს უნდა მიენიჭოთ ერთგვარი პრიორიტეტი, მიეცეთ გარკვეული წილი თავისი საწარმოს საკუთრებაში, შევუქმნათ შეღავათიანი პირობები საწარმოს ქონების შესაძენად, დავიცვათ უფრო კონკურენტუნარიან მდიდართა ეკონომიკური ექსპანსიისაგან. მესამე, პრივატიზაციაში მონაწილეობის უფლება უნდა მივცეთ უცხოელ ინვესტორებს, უფრო შემოქმედებითად უნდა მივუდგეთ აქციების საკონტროლო პაკეტის პრობლემას. აქ ყველა შემთხვევაში ერთი სტანდარტი არ გამოდგება.

აქციების საკონტროლო პაკეტის განსაზღვრისას ჩვენ ხან 50% ვიღებთ ზღუდეთ, ხან 51%-ს, ზოგი საწარმო აუცილებელია სახელმწიფო და ეროვნული ინტერესების დასაცავად. იმ საწარმოებში აქციების საკონტროლო პაკეტი ჩვენს ხელთ უნდა იყოს, ზოგან ეს არ არის აუცილებელი. ჩვენთან, სამწუხაროდ, ბევრგან ხდება ყველაფრის აბსოლუტიზაცია, ყველაფრის სტანდარტიზაცია, მათ შორის ყველა მიდგომის. აქ ამჯერად უფრო სხვა, საქმისადმი შემოქმედებითი მიდგომებია საჭირო.

ჩვენი განსაკუთრებული ზრუნვის საგანია პრივატიზაციის გონივრული განხორციელება აგრარულ სექტორში, აგროსამრეწველო კომპლექსებში. აქ წყდება ქართული სოფლის ბედი და მთელი საქართველოს ქალაქის და სოფლის მოსახლეობის კვების პროდუქტებით მომარაგების პრობლემა.

ამიტომ ეკონომიკის აგრარული სექტორის, აგრობიზნესის, აგროსამრეწველო კომპლექსის განვითარებას, პრივატიზაციის განხორციელებას სოფლის მეურნეობაში, სწორი აგრარული პოლიტიკის შემუშავებას სახელმწიფოსათვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.

აქ დაშვებული შეცდომა დიდ სოციალურ და ეროვნულ უბედურებად შეიძლება იქცეს. ამიტომ გვმართებს დიდი სიფრთხილე წინდახედულება და შორსმჭვრეტელობა. საჭიროა ამ საკითხებზე მეტი კონტაქტები და კონსულტაციები არა მარტო სახელმწიფოებრივ სტუქტურებთან, შესაბამის სამინისტროებთან, დეპარტამენტებთან, არამედ დაინტერესებულ პოლიტიკურ პარტიებთან, კერძო მეწარმეებთან და საზოგადოებრივ მეურნეობებთან. ასოციაციების, აგრობიზნესის წარმოამდგენლებთან, ფერმერებთან, გლეხობასთან და ა.შ.

საქართველოს ეკონომიკის აგრარული სექტორის განვითარებაში თავისი სიტყვა უნდა თქვას საქართველოს მეცნიერებათა აკადემიამ, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიამ, აგრარულმა უნივერსიტეტებმა და კოლეჯებმა, სხვა სამეცნიერო და სასწავლო ცენტრებმა. მისასალმებელია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში უკვე ეუფლებიან სასოფლო-სამეურნეო ფერმის გაძღოლის პრაქტიკას ახალგაზრდა ქართველი ფერმერები. ეს მუშაობა უნდა გაფართოვდეს, უნდა დავეუფლოთ მოწინავე მსოფლიო გამოცდილებას, თეორიასა და პრაქტიკას.

სავალუტო ფონდი, ევროპის ბანკი, მსოფლიო ბანკი და მრავალი სხვა საერთაშორისო ორგანიზაცია, ბევრი ევროპული ქვეყანა გვპირდება დიდ დახმარებას, გვთავაზობენ უფასოდ ასწავლონ ჩვენს ახალგაზრდებს, დაეხმარონ მათ, გაიარონ ის აუცილებელი გზა და ეტაპი, რომელიც საჭიროა საფერმერო მეურნეობის მოწყობისათვის.

აგრარული რეფორმის საფუძველს წარმოადგენს წარმოების საშუალებათა პრივატიზაცია, პირველ რიგში მიწის პრივატიზაცია. სოფლის მეურნეობაში, აგრომრეწვში სახელმწიფო საკუთრების გვერდით მძლავრი, კონკურენტუნარიანი, კერძო საკუთრების დამკვიდრება და განვითარება.

აგრარული რეფორმის ძირითადი მიმართულებები და ტენდენციები რთულ სურათს ქმნიან. პირველი, საჭიროა მიწის რეფორმის ბოლომდე მიყვანა, მიწის ყიდვა-გაყიდვაზე გაუმართლებელი შეზღუდვების მოხსნა. ყიდვა-გაყიდვას უნდა დაექვემდებაროს არა მარტო სასოფლო-სამეურნეო სავარგულები არამედ საწარმო დანიშნულების მიწებიც. ეს მეტად ფაქიზი პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და მორალურ-ფსიქოლოგიური პრობლემაა. მისი გადაწყვეტა დაკავშირებულია, არა მარტო, ეკონომიკის, არამედ ადამიანის სულის გარდაქმნასთან, ეს მეორე კი - პირველზე რთულია. თუ გავითვალისწინებთ ქართველი კაცის, გუთნისდედის განსაკუთრებულ სიყვარულს მიწისადმი, - მისთვის ხომ მიწა არა მარტო მარჩენალია, არამედ დედაა, დედამიწაა, - ეს რეფორმა ღრმად გააზრებულად და წინდახედულად უნდა განვახორციელოთ. რეფორმამ არ უნდა გამოიწვიოს გლეხების გაღატაკება. პირიქით, გლეხი უნდა გამდიდრდეს, მან შეძლებულად უნდა იცხოვროს. ქალაქის მკვიდრთაც როგორც იტყვიან, ფეხი მშობლიურ მიწაზე უნდა ედგათ, ისინი უნდა დავაინტერესოთ სოფლით, მიწის ნაკვეთებით, ოჯახის სარჩოს მოყვანით, აგარაკებით და ა.შ.

უნდა გვახსოვდეს, რომ მიწის პრივატიზაციას, რომელიც ჩვენთან წინასწარ მოსამზადებელი სამუშაოების გარეშე დაიწყო, თან სდევს უარყოფითი მოვლენები. მათი დაძლევა შესაძლებელიცაა და აუცილებელიც.

როგორც ცნობილია, მთელი მსოფლიო მიწათმოქმედთა ქვეყანას გვეძახის. ჩვენ უნდა გავხდეთ მსოფლიოში კლასიკური მიწათმოქმედების ქვეყანა, საქმით უნდა გავამართლოთ ის სახელი, რომელიც მსოფლიომ შეგვარქვა. ამიტომ ამთავითვე გვმართებს მეცნიერულად დასაბუთებული, თანამედროვე ცივილიზაციის დონეზე გააზრებული, ეროვნული აგრარული პოლიტიკის განხორციელება. ამის საფუძველი მიწის გეგმაზომიერი პრივატიზაციაა.

მეორე, დაუყოვნებლივ, დაჩქარებული ტემპებით უნდა განხორციელდეს აგროსამრეწველო კომპლექსის სამრეწველო და მომსახურე დარგების გონივრული, ეტაპობრივი პრივატიზაცია და დემონოპოლიზაცია საბაზრო ეკონომიკის ფორმირების მიზნით. პირველ ეტაპზე და ალბათ შემდგომაც სახელმწიფო სექტორის და სახელმწიფო დაკვეთის მოდერნიზებული სისტემა ნაწილობრივ მაინც უნდა შევინარჩუნოთ.

იქიდან უნდა გამოვდიოდეთ, რომ მეურნეობის იმ ყველა ფორმას აქვს არსებობის უფლება, რომელიც მაღალპროდუქტიული შრომის გარანტიებს ქმნის. ამიტომ გაუმართლებელია სოფლად მაღალრენტაბელური საწარმოების ხელაღებით დაშლა.

მესამე, აგრარული ეკონომიკის რეფორმა, სახელმწიფო და კერძო სექტორის ახალ საფუძველზე ჩამოყალიბება მოითხოვს შესაბამისი ინსტიტუციონალური ცვლილებების შეტანას და დაკანონებას ეკონომიკის მართვის სისტემაში როგორც ვერტიკალურ, ისე ჰორიზონტალურ ჭრილში.

მეოთხე, საჭიროა სოფლის მეურნეობაში, გადამამუშავებელ მრეწველობაში, მთელ აგროსამრეწველო კომპლექსში საბაზრო ინფრასტრუქტურის შექმნა, საბაზრო კონიუნქტურის მეცნიერული შესწავლა, ბაზრისა და წარმოების, ბაზრისა და მომხმარებლის ურთიერთობათა სრულყოფა, საბაზრო მოთხოვნილების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა, პროდუქციით ბაზრის გაჯერება.

მეხუთე, ახალი ეკონომიკური სისტემის ჩამოყალიბება გამოიწვევს სოფლად ძირფესვიან სოციალურ ცვლილებებს. საჭიროა ამ ცვლილებების კანონზომიერი მართვა. გაჩნდებიან სოფლად მესაკუთრენი, თავისუფალი მეწარმე, ფერმერები, მათ მიერ დაქირავებული სოციალური ჯგუფები. საჭიროა სახელმწიფომ, ახალმა პარლამენტმა მიიღონ ისეთი ცივილიზებული კანონმდებლობა შრომის დარგში, რომ გამოირიცხოს ადამიანის უფლებების დარღვევა, განსაკუთრებით იმ ადამიანებისა, რომლებიც დაქირავებული შრომის პროცესში იქნებიან ჩართულნი. მთავრობამ, იუსტიციის სამინისტრომ, სხვა სახელმწიფოებრივმა სტრუქტურებმა, საკრებულოებმა, გამგებლებმა, პრაქტიკულად უნდა აამოქმედონ კანონი. თითონაც კანონგამგონენი უნდა იყვნენ და კანონგამგონე უნდა გახადონ თითოეული მოქალაქე.

ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში დაქირავებული შრომის ანაზღაურებას არეგულირებს არა იმდენად კერძო მეწარმის ვოლუნტარისტული გეგმა, რამდენადაც კანონი. ჩვენ ცივილიზებული, მოქმედი კანონის ქვეყანა უნდა ვიყოთ და მაშინ ადამიანის უფლებათა დაცვა წარმოების სფეროში გარანტირებული იქნება.

ჩვენ მოქალაქეთა საერთო კეთილდღეობის საზოგადოების შექმნაზე უნდა ვიზრუნოთ.

რადიკალური ეკონომიკური რეფორმის განხორციელება სოფლად და ქალაქად შეუძლებელია, როგორც ვთქვით, სათანადო ფულადი და საგადასახადო პოლიტიკის შემუშავების გარეშე. აუცილებელია ინფლაციის შეჩერება და ბიუჯეტის რეალური დაბალანსება. რამდენიმე თვის წინ საქართველოში არამცთუ რეალური, ქაღალდზე ნორმალურად შეკოწიწებული ბიუჯეტიც არ არსებობდა. ახლა ვიწყებთ კრიზისიდან გამოსვლას, მაგრამ იმდენად ნელა, რომ ეს მოსახლეობისთვის თითქმის შეუმჩნეველი რჩება.

ეკონომიკის გამოსაცოცხლებლად საჭიროა შემოვიღოთ დაბეგვრის ისეთი პროგრესული სისტემა, რომელიც ხელს არ შეუშლის, არამედ, პირიქით, გამოაცოცხლებს თავისუფალ ბაზარს, კერძო მეწარმეობას, საერთოდ წარმოებას. წარმოების აღმავლობის გარეშე ზედმეტია ლაპარაკი ეკონომიკისა და ფინანსების გაჯანსაღებაზე. ამ საკითხის ოპტიმალური გადაწყვეტა, არსებული კანონების გადასინჯვა და ახალი კანონების მიღება მომავალი პარლამენტის საქმეა.

საგადასახადო სისტემა სახელმწიფოებრივ სტრუქტურათა ქვაკუთხედია.

აუცილებელია საქართველოს ეროვნული ბანკის სისტემაში ფულადსაკრედიტო ოლიტიკის სრულყოფა საბაზრო კონომიკის მოთხოვნების შესაბამისად, ფულის მასის მიმოქცევის ისეთი დარეგულირება, რომ ჯერ შემცირდეს, საბოლოოდ კი გამოირიცხოს, ერთი მხრივ, ინფლაცია, მეორე მხრივ, - წარმოების დაცემა. ფულის მასის მიმოქცევის ოპტიმალური რეგულაცია გარკვეულწილად მართავს საბაზრო ეკონომიკას. საჭიროა მოქნილი, ოპტიმალური საპროცესო პოლიტიკა, ბანკთაშორისი დაკრედიტების განვითარება, არაეფექტიანი საბიუჯეტო პროგრამების შემცირება, საკრედიტო ემისიის მასშტაბების და საკრედიტო ბაზრის გონივრული მართვა, საბაზრო სისტემაში დამკვიდრებული ბერკეტებისა და მეთოდების უკეთ გამოყენება.

ამ პროგრამის განხორციელება პრაქტიკულად ნიშნავს ერთი ფორმაციის მეორე ფორმაციით შეცვლას. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს თვითმიზანი არ არის, არამედ ის გამოწვეულია წარმოების უფრო მაღალი დონის შექმნის აუცილებლობით და საბოლოო ჯამში საყოველთაო კეთილდღეობის მისაღწევად.

გაეროში გამოსვლისას ვთქვი და ახლა აქ მინდა გავიმეორო: მსოფლიო ბანკმა, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, სხვა საერთაშორისო ფინანსურმა ორგანიზაციებმა სწრაფი ეკონომიკური რეაგირების ძალები და სახსრები უნდა შექმნან. ეს საჭიროა დემოკრატიისა და თავისუფლების გადასარჩენად. წინააღმდეგ შემთხვევაში ეკონომიკური კრიზისი გამოიწვევს ისეთი მასშტაბების რყევებს და შინაგან ბიძგებს პოლიტიკურ სფეროებში, რომ დემოკრატია დიქტატურაში გადაიზრდება. ამიტომ, საჭიროა არა მარტო ოპტიმალური ეკონომიკური დოქტრინა, არამედ სრულფასოვანი პოლიტიკური დოქტრინაც.

III

მიმდინარე წლის მარტში საქართველოში ისეთი პოლიტიკური მდგომარეობა დამხვდა, როგორიც ერთ ცნობილ ფილოსოფიურ ფორმულაშია მოცემული: ყველას ომი ყველას წინააღმდეგ. ეს ფორმულა, მოგეხსენებათ, ასახავს პოლიტიკურ სიტუაციას სახელმწიფოს შექმნამდე. პირდაპირ უნდა გითხრათ, რომ იმ დღეებში საქართველოს სახელმწიფო არ არსებობდა. ცივილიზებული სახით ის დღესაც არ არსებობს. ეს სახელმწიფო უნდა ავაშენოთ და მომდევნო არჩევნები სწორედ ამ მიზანს ემსახურება.

როგორი უნდა იყოს ეს სახელმწიფო?

თითქოს ყველა პარტიას და პოლიტიკოსს თავისი პროექტი აქვს ამ საკითხზე. მეც მაქვს ჩემი შეხედულებები ამ პრობლემაზე. შორსა ვარ იდეალისაგან, მაგრამ, მოგეხსენებათ, თვით პლატონის იდეალური სახელმწიფოს მოდელიც არ იყო იდეალური. ვსარგებლობ შემთხვევით, რომ ჩვენი შეხვედრა მეცნიერებათა აკადემიაში მიმდინარეობს და ერთხელ კიდევ მინდა ისტორიისა და ეთნოგრაფიის, ფილოსოფიის, ეკონომიკისა და სამართლის და სხვა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებს, პირველ რიგში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა წარმომადგენლებს, ვთხოვო აქტიური მონაწილეობა მიიღონ მომავალი ქართული სახელმწიფოს კონცეფციის ფუნდამენტურ, სტრატეგიულ პრობლემათა კვლევაში მოგვაწოდონ სამეცნიერო-პრაქტიკული რეკომენდაციები, კონცეფციები, დასკვნები.

ამომრჩევლები მეკითხებიან: როგორია რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარედ ასარჩევი კანდიდატის პოლიტიკური დოქტრინა?

მისი ძირითადი პარამეტრებია: თავისუფლება, დემოკრატია, კონსტიტუცია, პარლამენტი, ადამიანის უფლებათა დეკლარაცია, პლურალიზმი, სიტყვისა და პრესის, პოლიტიკური პარტიებისა და ორგანიზაციების შექმნის და მოქმედების თავისუფლება. სხვა დემოკრატიული უფლებები, ის პრინციპები, რასაც გაერო და ცივილიზებული მსოფლიოს პროგრესული პოლიტიკური მრწამსი და კულტურა აღიარებს.

ყოველივე ამ სიკეთეს ჩვენ ვპირდებით მოსახლეობის ყველა ჯგუფს, ეროვნულ უმცირესობებს, საქართველოს ყველა მოქალაქეს.

მე ვიზიარებ დემოკრატიული ხელისუფლების სამად გაყოფის პრინციპს: საკანონმდებლო, აღმასრულებელი, სასამართლო (მათ შორის კონსტიტუციური სასამართლო).

მე ბევრი რამ მინდა გავითვალისწინო მონტესკიეს, რუსოს, ჯეფერსონის და სხვა გამოჩენილ მოაზროვნეთა პოლიტიკური ფილოსოფიიდან, მსოფლიო პრაქტიკიდან, საქართველოს სახელმწიფოებრიობის საგულისხმო ტრადიციებიდან და ქართული ეროვნული პოლიტიკური აზრის ისტორიიდან.

საშინაო პოლიტიკის ძირითადი პარამეტრები მოცემულია პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, სამართლებრივ, სამხედრო, კულტურულ და რელიგიურ კონცეფციებში, რაც ამ სიტყვაშია მოკლედ ჩართული. ზოგიერთ პრობლემაზე უკვე ვისაუბრეთ, ზოგიერთ მათგანზე ქვემოთ გვექნება საუბარი.

როგორი გზით არ უნდა ვიაროთ, ეს ცნობილია. გამოცდილებამ გვასწავლა.

მე დავიბადე და გავიზარდე, უფრო მეტი ათეული წლების განმავლობაში ვემსახურებოდი უნიტარულ, ტოტალიტარულ, მილიტარისტულ სახელმწიფოს, ვიმყოფებოდი იმ გიგანტური წარმონაქმნის ოლიმპოზე, ვიყავი რა მოვლენათა ეპიცენტრში, მე მივედი ერთადერთ სწორ დასკვნამდე: ასე ცხოვრება არ შეიძლება, ყველაფერი თავიდან ბოლომდე დალპა, ყველაფერი უნდა შეიცვალოს. მას აქეთ ამ იდეას ვემსახურებოდი და ვემსახურები დღეს.

საშინაო პოლიტიკაში უმთავრესია დემოკრატიული გარდაქმნები, ეროვნული კონსენსუსი და შერიგება, კონფლიქტების მშვიდობიანი მოწესრიგება, საბაზრო ეკონომიკის ჩამოყალიბება და ნორმალურად ფუნქციონირება, პიროვნების თავისუფლება, ადამიანის უფლებების დაცვა, ეროვნული უმცირესობების მიმართ ევროთათბირის ფარგლებში აღებულ ვალდებულებათა შესრულება და სხვა.

რაც შეეხება საგარეო პოლიტიკური კონცეფციის ძირითად პარამეტრებს, ისინი ორი ძირითადი კომპონენტისაგან ფორმირდება: ეს არის საქართველოს დიპლომატია და საგარეო ეკონომიკური და მეცნიერულ-კულტურული ურთიერთობანი. საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი პოსტულატია: ყველა სახელმწიფოსთან კეთილი, ურთიერთხელსაყრელი კავშირები, მიუმხრობლობა სხვა სახელმწიფოების საქმეებში ჩაურევლობა, აქტიური ნეიტრალიტეტი, ხალხთა და სახელმწიფოთა შორის ურთიერთობის დარგში მსოფლიო ცივილიზაციის მონაპოვრის აღიარება და პატივისცემა.

მთავარია საგარეო პოლიტიკის სტრატეგიული და ტაქტიკური ორიენტირების სწორად განსაზღვრა. ეს არის დინამიურად ცვლადი პოლიტიკური ფენომენი, რომელიც ყოველდღე მოითხოვს კორექტირებას, დახვეწას, სრულყოფას, მაგრამ ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო იდეალებისადმი ერთგულებას.

მომავალ პარლამენტს, მის თავმჯდომარეს, მინისტრთა კაბინეტს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, საგარეო ეკონომიკურ უწყებას დიდი მუშაობის გაწევა მოუწევთ საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის მსოფლიო თეორიისა და პრაქტიკის დონეზე ასაყვანად.

ჩვენს დიპლომატიას აქვს გარკვეული წარმატებები. ჩვენს ისტორიულ მეზობლებთან: თურქეთთან ხელმოწერილი გვაქვს ხელშეკრულება მეგობრობის, თანამშრომლობისა და კეთილმეზობლობის შესახებ, ირანთან გეგმაზომიერად ვითარდება ორივე ქვეყნისათვის ხელსაყრელი ურთიერთობა.

აქტიურად ვითარდება თანამშრომლობა ევროპის ქვეყნებთან, ფართოვდება კავშირები ისრაელთან, არაბეთის ქვეყნებთან. განსაკუთრებული გულთბილობით ხასიათდება ჩვენი მეგობრობა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან.

გაეროში ხაზგასმით აღვნიშნე და აქაც ვამბობ: კარგი საფუძველი აქვს ჩაყრილი საქართველოს ურთიერთობას სომხეთთან, აზერბაიჯანთან, ჩრდილოეთ კავკასიის მთელ რიგ რესპუბლიკებთან, უკრაინასთან.

საქართველოსთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს თანასწორობისა და პარტნიორობის საფუძველზე ნორმალურ დიპლომატიურ ურთიერთობას რუსეთთან.

რუსეთის პოლიტიკა, გარკვეული აზრით, წინააღმდეგობრივია. თუ ობიექტურად, არსებული რეალური სინამდვილით ვიმსჯელებთ, რუსეთისა და საქართველოს სტრატეგიულ, ეროვნულ ინტერესებში არაა წინააღმდეგობა, ისინი ემთხვევა კიდევაც ერთმანეთს. ეს ყველაზე კარგად სოჭისა და მოსკოვის ცნობილ ხელშეკრულებებში აისახა. აქ სათანადოდ უნდა მივუზღოთ პრეზიდენტ ელცინს.

ჩვენ კვლავაც მზად ვართ პატიოსნად ვითანამშრომლოთ ჩვენს დიდ მეზობელთან. დიახ, პატიოსნად! მქონდა რა საქმე დიდ პოლიტიკასთან მსოფლიო მასშტაბით, მე ყოველთვის ვცდილობდი ჩემი კოლეგების აბსოლუტური ნდობა დამემსახურებინა. მე არ მინდა ამ პრინციპს ვუღალატო რუსეთთან მიმართებაშიც. სამაგიეროდ, ჩვენ ასეთივე პატიოსნებას მოვითხოვთ ჩვენი პარტნიორებისაგან.

უნდა გითხრათ, რომ აფხაზეთის კონფლიქტთან დაკავშირებით რუსეთის პოლიტიკა კრიტიკას ვერ უძლებს. საქართველოსთვის რა მნიშვნელობა აქვს, ვინ ასულდგმულებს აფხაზურ ექსტრემიზმს, სეპარატიზმს და ქართველთა მოძულეობას? პარლამენტი თუ რეაქციულად განწყობილი ზოგიერთი გენერალი, თუკი პრეზიდენტი უძლურია შეასრულოს თავისი დანაპირები?!

ამ ბოლო დროს წარმოიშვა სიძნელეები ეკონომიკურ სფეროშიც. ცალკეული ეკონომიკური პრობლემების მოგვარებისას ჩვენგან შეფარვით პოლიტიკურ დათმობებს მოითხოვენ. უნდა განვაცხადოთ, რომ ჩვენ ღარიბი ქვეყანა ვართ, შიმშილი და გაჭირვება კარს მოგვდგომია, შინაური აშლილობაც დიდ სიძნელეებს გვიქმნის, მაგრამ დაჩოქილს და ხელგაწვდილს ვერავინ გვიხილავს. ვერავინ შელახავს ჩვენს ეროვნულ ღირსებას.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს ვითარება დაძაბულია, მე მაინც მჯერა, რომ რუსეთის პოლიტიკა საქართველოს მიმართ პოზიტიურად ჩამოყალიბდება და ჩამოყალიბდება იგი ორთავე ხალხის ინტერესების გათვალისწინებით, ჩვენს რეგიონში მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

რაც შეეხება რუსი ეროვნების მოსახლეობას, მე მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ: ისინი (სამხედრო მომსახურეთა და მათი ოჯახების ჩათვლით) ჩვენი თანამოქალაქენი არიან, ბევრი მათგანი ჩვენი თანამემამულეა, აქაა დაბადებული და გაზრდილი, ამიტომ ცალკეული გენერლების დემაგოგიური განცხადებები საქართველოს რუსი მოსახლეობის ინტერესების დაცვის შესახებ, საჭირო არ არის, საქართველოს ხელისუფლება ისევე დაიცავს მათ კანონიერ უფლებებს, როგორც ქართველთა უფლებებს.

ჩვენ ასეთსავე პასუხისმგებლობას ვკისრულობთ ჩვენი ძმების: სომხების, აზერბაიჯანელების, აფხაზების, ბერძნების, ოსების, უკრაინელების, ებრაელების, ქურთების და ყველა სხვა ეროვნების მოქალაქეთა მიმართ, ვინც ჩვენს დალოცვილ ქართულ მიწაზე ცხოვრობს.

გაეროში მე დავაყენე საკითხი შავი ზღვისა და კავკასიის რეგიონის ქვეყნების კოლექტიური უშიშროების სისტემის შექმნის შესახებ. ამავე დროს საჭიროა უშიშროების ეფექტიანი გლობალური სისტემის ჩამოყალიბება, რეგიონალური და მსოფლიო სისტემების გონივრული ბალანსი.

მომავალ წელს გაეროს მუდმივი წარმომადგენლობა გაიხსნება თბილისში და ის მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს ჩვენი რეგიონის ცხოვრებაში და აქ ადამიანთა უფლებების დაცვის, ეროვნულ უმცირესობათა პრობლემების სამართლიანი მოწესრიგების საიმედო ინსტრუმენტი გახდება.

საჭიროა დაიწეროს საქართველოს მრავალათასწლიანი დიპლომატიის ისტორია, შეიქმნას ქართული დიპლომატიის თეორიისა და პრაქტიკის სამეცნიერო ცენტრი, ქართველ დიპლომატთა კადრების მომზადების ეროვნული კერა - ქართული დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი.

უნდა მივიღოთ მოქალაქეობის კანონი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ნორმებისა და ევროპული სტანდარტების დონეზე. ეს ახალი პარლამენტის პირველი რიგის ამოცანაა.

მინდა ერთი პრობლემა დავაყენო საკითხის განხილვის წესით: იქნებ შემოვიღოთ უცხოეთში მცხოვრებ ქართველთათვის ორმაგი მოქალაქეობის სტატუსი. დაე, ყველა საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი პატრიოტი იმავე დროს საქართველოს სახელმწიფოს მოქალაქე იყოს.

დღეს პოლიტიკაში ერთმანეთს ებრძვიან დრომოჭმული კონსერვატორული, ავტორიტარული და ტოტალიტარული რეჟიმისა და ახალი, დემოკრატიული, ჰუმანური წყობილების ისტორიული ძალები. ისტორიის მთავარ პოლიტიკურ მამოძრავებელ ფაქტორს დემოკრატიისა და თავისუფლების ძალები წარმოადგენს, მათ ეკუთვნის მომავალი.

პოლიტიკური დიქტატურის ნანგრევებზე საბოლოოდ მკვიდრდება დემოკრატიული, პარლამენტური ქართული სახელმწიფო. ეს ტრადიციული გაგებით არც ფედერაციაა და არც კონფედერაცია. ეს არის ურღვევი, ახალი ტიპის ერთიანი ქართული სახელმწიფო, რომელიც გულისხმობს ავტონომიური ფორმირებების არსებობას საზღვრების ხელშეუხებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის პირობებში.

მე ავტონომიების მომხრე ვარ, მაგრამ არიან ძალები - ავტონომიის მოწინააღმდეგენი. მიდის პოლიტიკური დისკუსიები ამ საკითხზე. არის საკმაოდ დიდი ნაწილი ჩვენი საზოგადოებისა, რომელიც თვლის, რომ ავტონომიების ასეთი სახით არსებობას გამართლება არა აქვს. მე პირადად მომხრე ვარ იმისა, რომ ავტონომიები არსებობდეს ერთიანი, მთლიანი და ძლიერი საქართველოს, ქართული სახელმწიფოს ჩარჩოებში.

მიმდინარე პოლიტიკური თუ სამხედრო ბატალიების მიღმა ჩვენ ისტორიის განვითარების მაგისტრალური, სტრატეგიული მიმართულება უნდა დავინახოთ და დავიცვათ. ძველისა და ახლის ისტორიულ და ფილოსოფიურ ბრძოლაში ახალი იმარჯვებს, მაგრამ, სამწუხაროდ, დიდი სისხლისა და მსხვერპლის ფასად.

ჯეფერსონი ამბობდა, ამერიკული დემოკრატიის სიცოცხლის ხე სისხლით არის მორწყულიო. ქართული დემოკრატიის სიცოცხლის ხეც, ხე ცნობადისა, კეთილისა და ბოროტისა, ჩვენდა სამწუხაროდ, სისხლით მოირწყო. ის მამულისათვის გაღებული სისხლია.

ჩვენი პოლიტიკური და სამართლებრივი შეხედულებები გულისხმობს ახალი ტიპის დემოკრატიული, ეროვნული სახელმწიფოს შექმნას, საქართველოში დემოკრატიული ტიპის ახალი საზოგადოების ფორმირებას მსოფლიო ცივილიზაციის მიღწევების გათვალისწინებით, ახალი კონსტიტუციის მიღებას, ახალი ტიპის პარლამენტის სტრუქტურის, მუშაობის სტილისა და მეთოდების შემუშავებას, მართლწესრიგის დამკვიდრებას, ახალი მსოფლიო წესრიგის დონეზე, საქართველოს მოქალაქის სტატუსის შემოღებას, ახალი ქართული პასპორტების გაცემას და სხვა.

ამომრჩეველთა წერილებიდან, დეპეშებიდან, წინასაარჩევნო მასალებიდან ჩანს, რომ საქართველოს მცხოვრებლებს აინტერესებთ, თუ როგორ წარმოუდგენია პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ასარჩევ კანდიდატს მომავალი პარლამენტის სტრუქტურა, მისი ფუნქციონირება, მუშაობის ფორმები, სტილი და მეთოდები, კომისიების საქმიანობა, დეპუტატის სტატუსი, კანონ-პროექტების შემუშავების პროცედურა, პარტიულ ფრაქციებთან, ოპოზიციასთან, ამომრჩეველთან ურთიერთობა, მათი განაწესის ხორცშესხმა, მსოფლიო პარლამენტებთან თანამშრომლობა და სხვ.

ამ საკითხზე მოკლედ თუ გავცემთ პასუხს. ვიტყოდი, რომ მსოფლიოს ყველა ტიპის პარლამენტს ვიცნობ, მათ შორის აშშ, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, იაპონიის და სხვა მოწინავე დემოკრატიული ქვეყნების პარლამენტებს, არაერთხელ შევხვედრივარ მათ მესვეურებს, გავსულვარ მათი მაღალი ტრიბუნიდან. მინდა დავარწმუნო ამომრჩევლები, თითოეული თქვენთაგანი, თუ აგვირჩევენ, შევეცდებით, ყველაფერს ვიღონებთ იმისათვის, რომ საქართველოს ახალი პარლამენტი მსოფლიო დემოკრატიული პარლამენტების მიღწევათა კონცენტრირებულ გამოხატულებას წარმოადგენდეს. ასეთია ჩანაფიქრი.

ჩვენი მომავალი პარლამენტი მსოფლიოს ყველაზე დემოკრატიულ პარლამენტთა დონეზე უნდა დადგეს. ეს არის ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი მიზანი, ჩემი პოლიტიკური ფილოსოფიის ერთ-ერთი უმთავრესი პოსტულატი.

პარლამენტის საარჩევნო დებულებაზე მუშაობისას სახელმწიფო საბჭო ისახავდა ერთ მთავარ მიზანს: შეექმნა ამომრჩევლებისათვის თავისუფალი ნების, ხოლო არჩევნებში მონაწილე პარტიებისა და ინდივიდებისათვის - მათი შესაძლებლობების მაქსიმალური გამოვლენის გარანტიები. ჩვენ გვინდა პარლამენტში წარმოდგენილი იყოს ყველა ძირითადი პოლიტიკური პარტია და ძალა, რომლებიც ხალხს საკუთარი მისწრაფებების გამომხატველად მიაჩნია.

სწორედ ამ მიზანმა განაპირობა საარჩევნო დებულების თავისებურებანი, მათ შორის - პარლამენტის თავმჯდომარის არჩევის შემოთავაზებული წესი. ეს ნოვაცია არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური ძალების შეთანხმების შედეგი იყო, მათი კოლექტიური ნების გამომხატველი აქცია და არა ვინმეს მიერ თავს მოხვეული იურიდიული ნოველა. რა თქმა უნდა, საარჩევნო დებულება, რომელიც სახელმწიფო საბჭომ შესთავაზა ხალხს, ნაკლოვანებებისაგან დაზღვეული ვერ იქნება, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ იგი ხანგრძლივი შრომის, კომპრომისების ნაყოფია და ასახავს იმ სინამდვილეს, რომელშიც ამჟამად ჩვენი ქვეყანა იმყოფება.

მომავალმა პარლამენტმა, როგორვ ვთქვით, უნდა მოამზადოს და შეიმუშაოს ახალი კონსტიტუცია, რომელშიაც ქართული და თანამედროვე პარლამენტარიზმის გამოცდილების საფუძველზე აისახება ხელისუფლების და მმართველობის უმაღლესი და ადგილობრივი ორგანოების სტრუქტურა, მართლმსაჯულების სისტემა, ეროვნულ-სახელმწიფოებრივი მოწყობის, მოქალაქეობის, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების ფუნდამენტური საკითხები.

პარლამენტის მიერ მოწონებული კონსტიტუციის პროექტი, ალბათ, უნდა იქცეს საყოველთაო-სახალხო განხილვის საგნად, მხოლოდ ამგვარად მომზადებული და დამტკიცებული კონსტიტუცია შეიძლება გახდეს ქვეყნის სოციალური და პოლიტიკური ცხოვრების სტაბილურობის, დემოკრატიის, ქვეყნის ერთიანობის, ტერიტორიული მთლიანობის, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების მყარი გარანტი.

კონსტიტუციური პრობლემები ვერ გადაწყდება არგუმენტირებული მეცნიერული დასკვნების გარეშე. დარწმუნებული ვარ, ახალი კონსტიტუცია საქართველოს მრავალსაუკუნოვანი პოლიტიკური და იურიდიული კულტურის შესატყვისი დოკუმენტი იქნება, მაგრამ მის შემუშავებას და მიღებას დრო სჭირდება.

ვიდრე კონსტიტუციის პროექტი მომზადდებოდეს და მიიღებოდეს, ალბათ, პარლამენტმა უნდა მიიღოს საკანონმდებლო აქტი, რომელიც ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური ვითარების გათვალისწინებით მოაწესრიგებს ხელისუფლების და მმართველობის უმაღლესი და ადგილობრივი ორგანოების შექმნისა და საქმიანობის საკთხებს. ეს უნდა იყოს კანონი „სახელმწიფო ხელისუფლების შესახებ“.

სახელმწიფო მმართველობის ფორმა, რომელიც ამ კანონმა უნდა განამტკიცოს, მესახება როგორც პარლამენტური რესპუბლიკა. მოცემულ ეტაპზე სწორედ ეს ფორმა შეესაბამება ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ძალთა თანაფარდობას, საარჩევნო დებულების მოთხოვნებს, დეკემბერ-იანვრის მოვლენების სულისკვეთებას.

მომავალი პარლამენტური რესპუბლიკა მესახება, როგორც სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ორგანოების ისეთი სტრუქტურა, სადაც პარლამენტი პოლიტიკური ცხოვრების მთავარი ორგანოა. იგი ეწევა არა მხოლოდ საკანონმდებლო საქმიანობას, არამედ ახორციელებს უმაღლეს კონტროლს აღმასრულებელ ხელისუფლებაზე. კონტროლი ხორციელდება სამი ძირითადი მიმართულებით: სახელმწიფო სახსრების ხარჯვაზე, მთავრობის საქმიანობის კანონიერებასა და მთავრობის შემადგენლობაზე, ანუ საკადრო პოლიტიკის სახით. ესაა ის ძირითადი სადავეები, რითაც პარლამენტმა უნდა განახორციელოს თავისი ხელისუფლების უზენაესობა.

იმაზე, თუ რაოდენ ეფექტიანად შეასრულებს ამ ფუნქციებს პარლამენტი, ბევრადაა დამოკიდებული ცხოვრების სტაბილურობა სახელმწიფოში. თუმცა ჩვენში პარლამენტარიზმის ერთგვარი გამოცდილება უკვე არსებობს, დასამალი არაა, რომ პროფესიული პარლამენტისაგან ჯერ კიდევ შორსა ვართ. პარლამენტარიზმი თავისებური კულტურული მოვლენაა, ანუ სამართლებრივი, ზნეობრივი, პოლიტიკური ნორმებისა და ტრადიციების სისტემაა, რომლებიც ხანგრძლივი პრაქტიკით უნდა ჩამოყალიბდეს. ამის გარეშე შეუძლებელია დემოკრატიის განვითარება, სახელმწიფო მართვის ცივილიზებული ფორმების დამკვიდრება.

მინდა ყველა პოლიტიკური პარტია დავარწმუნო იმაში, რომ არა მარტო უმრავლესობის, არამედ უმცირესობის უფლებებიც მომავალ პარლამენტში კონსტიტუციურად გარანტირებული იქნება.

უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო თავისი არსებობით უნდა იძლეოდეს პლურალიზმისა და მრავალპარტიულობის სტიმულს.

მრავალპარტიულობა ავტორიტარიზმისაგან საზოგადეობის დაცვის ერთ-ერთი ძირითადი მექანიზმია. ჩვენ დაინტერესებული უნდა ვიყოთ პოლიტიკური პარტიების ფორმირებით, მათი განვითარებით. მომავალი პარლამენტური ცხოვრება მე მესახება, არა როგორც უმრავლესობის დემოკრატია, არამედ როგორც კონსენსუსის, კომპრომისის, პოლიტიკური აზროვნების სინთეზის ძიება. შესაბამისად, ჯერ ხელისუფლების შესახებ კანონში, შემდეგ კონსტიტუციაში უნდა ჩამოყალიბდეს სათანადო იურიდიული გარანტიები პარლამენტში პარტიული ჯგუფებისა თუ ფრაქციების უფლებათა უზრუნველსაყოფად.

უდავოდ ჭეშმარიტებაა, რომ ცხოვრების შედარებით სტაბილური პირობების უზრუნველსაყოფად, ისეთ ვითარებაში, როგორშიაც ამჟამად საქართველო იმყოფება, აუცილებელია ძლიერი მმართველობა. ბუნებრივია, წამოიჭრება კითხვა, როგორღა უნდა შევუხამოთ ძლიერი ცენტრალიზებული მმართველობა ხელისუფლებათა დანაწილების კლასიკურ დოქტრინას, რომელიც დემოკრატიის ძირითადი პრინციპია?

ხელისუფლებათა დანაწილების დოქტრინას ახასიათებს მოქნილობა. იგი საუკეთესოდ ეხამება ამა თუ იმ ქვეყანაში შექმნილ კონკრეტულ ვითარებას. სწორედ კონკრეტულ ისტორიულ გარემოებებთან შეხამებით დანერგეს იგი სახელმწიფოებრივ პრაქტიკაში სხვადასხვა ქვეყნების პოლიტიკოსებმა, კერძოდ, ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციური სისტემის მამამთავრებმა.

საგულისხმოა, რომ ხელისუფლებათა დანაწილების დოქტრინა თავის წმინდა კლასიკური ფორმით, არცერთ სახელმწიფოში არ დამკვიდრებულა. შეიძლება გავიხსენოთ თუნდაც ამ დოქტრინის ამერიკული ნაირსახეობა, რომელიც ცნობილია „შეკავება-გაწონასწორების“ სისტემის სახელწოდებით.

მოცემულ ისტორიულ ეტაპზე ხელისუფლებათა დანაწილების კონცეფციის ჩვენეული ვარიანტის მიზანი უნდა იყოს ძლიერი, ცენტრალიზებული მმართველობის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს ერთიანობას, ტერიტორიულ მთლიანობას, სახელმწიფოებრივ უშიშროებას, მოქალაქეთა უფლებების და თავისუფლებების, მათი მშვიდობიანი ცხოვრების დაცვას, ეროვნულ უმცირესობათა უფლებების დაცვის გარანტიებს.

სახელმწიფო ხელისუფლების დანაწილების პრინციპი კი არ გამორიცხავს, არამედ, პირიქით გულისხმობს კიდეც სხვადასხვა სფეროს ორგანოების ერთობლივ მონაწილეობას უმნიშვნელოვანესი საკითხების გადაწყვეტაში. ცხადია, ამან არ უნდა გამოიწვიოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ფუნქციების აღრევა და შესაბამისი ორგანოების დამოუკიდებლობის შერყევა.

სახელმწიფო ხელისუფლებათა დანაწილების დოქტრინა სულაც არ გულისხმობს რაღაცნაირი სამხელისუფლებიანობის შექმნას. ხელისუფლების წყარო არის ხალხი და შესაბამისად უზენაესი სახელმწიფო ხელისუფლებაც ერთიანია. არსებითია, მოხდეს ფუნქციათა გამიჯვნა და ურთიერთგაწონასწორება, რათა არცერთ ორგანოს არ მიეცეს შეუზღუდავი ძალაუფლება.

ისეთ ვითარებაში, რომელშიაც ამჟამად საქართველო იმყოფება, არსებობს გადაუდებელი ამოცანების წრე, რომლებსაც ერთმანეთისგან სრულიად დამოუკიდებლად ვერც პარლამენტი გაართმევს თავს და ვერც აღმასრულებელი ხელისუფლება. ბუნებრივად წარმოიშვება ისეთი მექანიზმის შექმნის აუცილებლობა, რომელსაც პარლამენტისგან დელიგირებული ექნება სამართალდამცავი, კონტროლისა და ორგანიზატორული ფუნქციები განსაზღვრულ საკითხებზე და განსაზღვრული ვადით, ამასთანავე იგი უზრუნველყოფს აღმასრულებელი ორგანოების შეთანხმებულ კოორდინირებულ ფუნქციონირებას. სახელმწიფო მექანიზმის ასეთი რგოლი მესახება არა ვინმეს მარტო ერთპიროვნული ხელისუფლების, არამედ კოლეგიალური ორგანოს სახით, რომელიც პასუხისმგებელი იქნება პარლამენტის წინაშე. ეს უნდა იყოს ახალი ტიპის სახელმწიფო საბჭოს მსგავსი წარმონაქმნი პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, 10-15 კაცის შემადგენლობით.

არაორაზროვნად მინდა განვაცხადო, ასეთი ორგანოს ფარგლებში, კატეგორიულად მოვითხოვ, შეიქმნას თავდაცვის სახელმწიფო საბჭო ან ეროვნული უშიშროების საბჭო, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე უხელმძღვანელებს. ბოლო მოვლენებმა დაადასტურეს, რომ ჩვენ დავუშვით უხეში პოლიტიკური შეცდომა, როცა ამ რამდენიმე თვის წინ უარი ვთქვით ასეთი ინსტიტუტის შექმნის აუცილებლობაზე. ასეთი რგოლის შექმნა აუცილებელია თუნდაც იმიტომ, რომ საპარლამენტო რესპუბლიკა იყოს ძლიერი, მყარი და დაცული.

ლოგიკურია დაისვას კითხვა: როგორ საზოგადოებას ვაშენებთ? რა არის ეს? წმინდა კაპიტალიზმია თუ შეინიშნება სოციალიზმისკენ მიბრუნების ტენდენციები?

ვაშენებთ ეროვნულ სახელმწიფოს ცივილიზაციის თანამედროვე მოთხოვნების, თანამედროვე დემოკრატიული სტანდარტების გათვალისწინებით. მე 1988 წელს, ერთ-ერთ ჩემს გამოსვლაში, ნიუ-იორკში ვთქვი, რომ მომავლის საზოგადოება იქნება სინთეზი იმისა, რაც კი რამ პროგრესული შეუქმნია კაცობრიობას ყველა საზოგადოებრივ-პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური ფორმაციის დროს, თავისი განვითარების ყველა ეტაპზე. ეს პოლიტიკური ფილოსოფია უნდა დაედოს საფუძვლად საქართველოს ახალი სახელმწიფოს მშენებლობას.

ქართული სახელმწიფოს მშენებლობის კონცეფციაში კონცენტრირებული გამოხატულება უნდა ჰპოვოს ჩვენმა ისტორიულმა ტრადიციამ, ერის ინტელექტმა, ეროვნულმა სულიერმა ენერგიამ და მსოფლიო გამოცდილების შემოქმედებითად ათვისების უნარმა. უნდა დავამტკიცოთ, რომ ჩვენ არა მარტო დაწინაურებული ცივილიზებული ქვეყნების გამოცდილების ათვისება და გამეორება ძალგვიძს, არამედ მისი შემოქმედებითად განვითარებაც.

პოლიტიკურმა პარტიებმა და საპარლამენტო ფრაქციებმა აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღონ მთავრობის ფორმირებაში, მინისტრების პორტფელების განაწილებასა და სხვა ინსტიტუციონალურ საქმიანობაში. არჩევნები ჯერ არ ჩატარებულა, მაგრამ მინისტრების პორტფელების განაწილებისათვის უკვე მიდის ბრძოლა კულუარებში.

ამომრჩევლები მეკითხებიან: როგორ წარმოუდგენია კანდიდატს სასამართლო ხელისუფლებასთან პარლამენტის ურთიერთობა?

საჭიროა არა მარტო ხელისუფლების დემოკრატიული დაყოფა, დიფერენცირება სამ დამოუკიდებელ ნაწილად: საკანონმდებლო (პარლამენტი), აღმასრულებელი (სახელმწიფო საბჭო, მინისტრთა კაბინეტი) და სასამართლო (კონსტიტუციური სასამართლო, სენატი, მაგისტრატურა და სხვ.), არამედ მათი საქმიანობის კოორდინაცია და წარმართვა კონსტიტუციისა და კანონის უზენაესობის საფუძველზე, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიტიკური სტრუქტურების ფუნქციონირებაში დაუძლეველი დისბალანსი გვექნება.

კანონმა „სახელმწიფო ხელისუფლების შესახებ“, ახალმა კონსტიტუციამ განსაკუთრებული ადგილი უნდა დაუთმონ რესპუბლიკაში ჭეშმარიტად დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლების ჩამოყალიბებას.

როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ორგანოების საქმიანობაში კანონიერებაზე კონტროლის ფუნქცია უნდა დაეკისროს კონსტიტუციურ სასამართლოს. კონსტიტუციური სასამართლო, უზენაეს სასამართლოსთან, საოლქო და ადგილობრივ სასამართლოსთან ერთად უნდა შეადგენდეს რესპუბლიკის სასამართლოების სისტემას, რომლის ორგანიზაციული ხელმძღვანელობა უნდა დაეკისროს ერთ ორგანოს. იგი შეასრულებს დასავლური მაგისტრატურის საბჭოს ფუნქციებს. ეს სახელწოდება პირობითია, ამაზე იმსჯელებს ახლად არჩეული პარლამენტი, მთავარია არსი.

შემდგომში, ალბათ, მოსამართლეებს (და არა მარტო მათ) მიენიჭებათ უფლებამოსილება კონსტიტუციურ სასამართლოში აღძრან საკითხი ამა თუ იმ კანონის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ.

სრულფასოვანი სასამართლო ხელისუფლების ფორმირება შეადგენს სასამართლო რეფორმის საგანს, რომლის განხორციელება უახლოესი მომავლის ამოცანაა.

პარლამენტი განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოეკიდოს ადგილობრივი თვითმმართველობის მოწესრიგებას.

თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილებათა წრე საჭიროა განისაზღვროს ისე, რომ მათ შეძლონ ქვემდებარე ტერიტორიაზე დამოუკიდებლად გადაწყვიტონ ადგილობრივი მნიშვნელობის ყველა ძირითადი საკითხი. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რაც შეიძლება სწრაფად უნდა შევუდგეთ ადგილობრივ მმართველობის ორგანოების არჩევნებისათვის მზადებას და ეს პროცესი არ უნდა გაჭიანურდეს.

მთავრობა, ხელისუფლების ყველა იერარქიული დონე კანონგამგონე უნდა იყოს. არა პიროვნება, არა პარტია, არამედ კანონი უნდა მართავდეს ქვეყანას. უნდა შევქმნათ საქართველოს სამართლებრივი სახელმწიფო. კონსტიტუციისა და კანონის უზენაესობა სამართლებრივი სახელმწიფოს კრედო და საფუძველთა საფუძველი უნდა იყოს.

დღეს ამომრჩევლებს მეტად აწუხებთ დესტაბილიზაცია, ტერორი, კრიმინოგენური სიტუაციის გართულება.

მე მიმაჩნია, ახალი, ცივილიზებული წესრიგის დამყარება შეუძლებელია, თუ არ იქნება ძლიერი ხელისუფლება, თუ უფრო ეფექტიანად არ ამოქმედდა პოლიცია, სასამართლო, პროკურატურა, ადვოკატურა, საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახური ცენტრში და ადგილებზე. ამ საქმეში დიდი როლი უნდა შეასრულონ საკრებულოებმა და გამგეობებმა.

უნდა დავძლიოთ ისეთი სამარცხვინო სენი, როგორიცაა ადამიანის მოტაცება, ფულის გამოძალვა, ქრთამი, რეკეტი, მაფიოზური ფორმირებების პარპაში მათ შორის პოლიტიკასა და ეკონომიკაში, ნარკობიზნესი, ყაჩაღობა, ძარცვა, ბანდიტიზმი და მრავალი სხვა ნეგატიური მოვლენა, რომლებიც კატასტროფით ემუქრება ქვეყანას.

ეროვნული უშიშროების სტრუქტურამ, რომლის შესახებაც ზემოთ მოგახსენეთ, უნდა შეგვაძლებინოს წესრიგის დამყარება, განუკითხაობისა და ქაოსის მდგომარეობიდან გამოსვლა.

თუ ჩემს წინადადებას ამომრჩევლები ხმის მიცემით დაადასტურებენ, მე შევეცდები მოსახლეობის მხარდაჭერაზე დაყრდნობით, პარლამენტის, მთავრობის თანადგომით, შევუქმნა ადამიანებს ცხოვრებისა და შრომის ნორმალური პირობები.

რა თქმა უნდა, აღმასრულებელ სისტემაში უდიდესი და უმნიშვნელოვანესი სამუშაო უნდა შეასრულოს მთავრობამ, რომლის დაკომპლექტებასაც, დარწმუნებული ვარ, ჩვენ ყველანი უდიდესი პასუხისმგებლობით მოვეკიდებით.

IV

ახალმა პარლამენტმა და ახალმა მთავრობამ მშრომელთა მასების, ყოველი ადამიანის სოციალური დაცვის დასაბუთებული, პოლიტიკურად მისაღები და ეკონომიკურად რეალური პროგრამა უნდა შეიმუშაონ და განახორციელონ. ეს უნდა იყოს სოციალური პროცესების მართვის პოლიტიკური ინსტრუმენტი.

ამჟამად სოციალურ სფეროში მიმდინარეობს ძველი საზოგადოების კლასებისა და სოციალური ფენების რღვევა და ახალი სოციალური სტრუქტურების ჩამოყალიბება. ეს ობიექტური, გარდაუვალი, ისტორიული მოვლენაა. ისტორიის არენაზე სხვა ძალები გამოდიან. მკვიდრდება საბაზრო ეკონომიკა, კონკურენცია, აქედან გამომდინარე ყველა პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური შედეგით.

დღეს სოციალურ ძვრებს ახლავს ახალი სოციალური ძალებისა და ჯგუფების ფორმირება. გაჩნდნენ ბიზნესმენები, ფერმერები, მენეჯერები, ბანკირები, მილიონერები და ა.შ. ამ პროცესს გონივრული პოლიტიკის დონეზე სჭირდება მართვა. ახლებურად დგება თანასწორობისა და სამართლიანობის პრობლემები.

ჩვენ უნდა ვიფიქროთ, უნდა ვიზრუნოთ ჩვენი ქართული ბიზნესის ფორმირებისათვის. დიდი ბიზნესის გარეშე არ იქნება საბაზრო ეკონომიკა, მაგრამ ეს სწორედ ქართული ბიზნესი უნდა იყოს. უნდა მოხდეს ქართველი ბიზნესმენის ფორმირება, რომელსაც ექნება განსაკუთრებული პასუხისმგებლობა თავისი ქვეყნისა და ხალხის წინაშე, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკონომიკის, კულტურის და სულიერი ცხოვრების მიმართ და ა.შ.

დღის წესრიგში დგას ქართული ბიზნესისა და ქართველი ბიზნესმენის, მამულიშვილის ფორმირების პრობლემა.

სახელმწიფო საბჭოს, მთავრობას, პირადად მე, მიგვაჩნია, რომ ამომრჩევლებს, ხალხს სიმართლე უნდა ვუთხრათ იმის შესახებ, რომ საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პირველ ეტაპს საზოგადოების დიდი ნაწილის გარკვეული გაღარიბება მოჰყვება. ეს ბაზრის, კონკურენციის თანმხლები ობიექტური პროცესია და ვერსად წაუვალთ მას. ეს მკაცრი სინამდვილეა.

პარლამენტმა, ხელისუფლებამ ამთავითვე უნდა იზრუნონ იმისათვის, რომ ავიცილოთ ყველაზე უარესი და უმძიმესი სოციალური შედეგები, პირველ რიგში შიმშილი და ადამიანთა გაღატაკება. ეს პრობლემათა პრობლემაა.

სოციალური პროგრამა ეკონომიკასა და პოლიტიკაში მიღწეული წარმატებების კონცენტრირებული გამოხატულებაა. სოციალური პროგრამა აჯამებს იმას, თუ რას აძლევს საზოგადოება ადამიანს და ადამიანი - საზოგადოებას. ამიტომ პირველ რიგში ადამიანთა სოციალური დაცვის ჩემეული გაგება, ეკონომიკური რეფორმის პირველ ეტაპზე, გულისხმობს ისეთი პოლიტიკის გატარებას, რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქეს უზრუნველყოფს საარსებო მინიმუმით (კომუნალური მომსახურება, კვება, ხელფასი, ტანსაცმელი ა.შ.). საარსებო მინიმუმი კი მეცნიერულ დონეზე უნდა განისაზღვროს.

საჭიროა საბაზრო ეკონომიკის პირობებში ბიუჯეტის ოპტიმალურად დაბალანსება, პირველი მოთხოვნილების საგნებით, კვების პროდუქტებით და სხვა საქონლით ბაზრის გაჯერება მოხმარების სამედიცინო (ფიზიოლოგიური) ნორმების დონეზე, ადამიანის სხვა მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება.

პროდუქტების მოხმარების ნორმების ეროვნული და მსოფლიო სტანდარტების შედარება გვიჩვენებს, რომ მოსახლეობის მომარაგების და პროდუქტების მოხმარების თვალსაზრისით ჩვენ დღეს ერთ-ერთ ბოლო ადგილზე ვართ ევროპაში და ჩამოვრჩებით აზიის მრავალ ქვეყანას, ბევრ განვითარებად სახელმწიფოსაც კი. მწარე სინამდვილეა, მაგრამ ერს სიმართლე უნდა ვუთხრათ.

შექმნილი ვითარება ემუქრება ცოცხალი და მომავალი თაობების ჯანმრთელობას ქართველი ერის დემოგრაფიულ პერსპექტივას, მცირდება შობადობა, იზრდება მცირეწლოვანთა სიკვდილიანობა. საშიშროება ელის ეროვნულ გენოფონდს. თუ ეს პროცესები არ შევაჩერეთ სოციალური და ეროვნული კატასტროფაა მოსალოდნელი.

ჩვენ მცირემიწაწყლიანი ქვეყანა ვართ და საქართველოს რამდენიმე თვეს თუ ყოფნის საკუთარი წარმოების კვების პროდუქტები. ჩვენ იმპორტზე ვართ დამოკიდებული. იმპორტი უპირატესად უცხოურ ვალუტას მოითხოვს. უცხოური ვალუტა კი ეკონომიკის დაქვეითების, წარმოების ერთი მესამედით დაცემისა და სხვა მიზეზების გამო, საქართველოს სახელმწიფო ხაზინას არ გააჩნია. იძულებული ვართ ჯერჯერობით მივმართოთ უპირატესად ძველ ეკონომიკურ კავშირებს, უფრო სამანეთო ზონის ბაზარს, ვიდრე სადოლარო ან სამარკო ეკონომიკური სივრცის ქვეყნებს. მნიშვნელოვანი ფაქტორია ის დახმარება, რასაც ევროპა და აშშ გვიწევენ. თუ მივაღწევთ პოლიტიკურ სტაბილიზაციას, თუ მოვწესრიგდებით, თუ ვიცხოვრებთ ისე, როგორც ნორმალური ხალხი და ნორმალური ერები ცხოვრობენ, ჩვენ კიდევ უფრო დიდ დახმარებას მივიღებთ ევროპისაგან, ამერიკის შეერთებული შტატებისაგან, სხვა ქვეყნებისაგან. ეს ერთი.

მეორე. აუცილებელია ინფლაციის შეჩერება, საბაზრო ფასებისა და მოქალაქეთა მყიდველობითი უნარის დაბალანსება, მათი ურთიერთშესაბამისობაში მოყვანა, საოჯახო ბიუჯეტის ინფლაციური და დევალვაციური კრიზისიდან გამოყვანა, ფასებისა და ხელფასების პროპორციული ზრდა.

მე ზემოთ უკვე ვთქვი, კიდევ გავიმეორებ: ფასები უნდა გათავისუფლდეს, მაგრამ პარალელურად ამისა უნდა იზრდებოდეს ხელფასები, პენსიები, სტიპენდიები.

მესამე: უმუშევრობა საბაზრო ეკონომიკის პირობებში, სამწუხაროდ გარდაუვალი, ნეგატიური მოვლენაა. დღეს საქართველოში 70 ათასი უმუშევარია. მომავალ წელს ეს ციფრი კიდევ უფრო გაიზრდება. უნდა განვახორციელოთ უმუშევრობასთან ბრძოლისა და უმუშევართა სოციალური დაცვის საგანგებო პროგრამა. ამ საკითხზე მუშაობენ მთავრობა და სახელმწიფო საბჭო, შესაბამისი სამინისტროები და დეპარტამენტები. საჭიროა უფრო ინტენსიური და ეფექტიანი მუშაობა ამ მიმართულებით.

მეოთხე. საჭიროა სიღარიბის ზღვარს მიღმა დარჩენილი, მცირეშემოსავლიანი ფენების სოციალური დაცვა, კომპენსაციების სისტემის სრულყოფა. დღეს სიღარიბის ზღვარს მიღმა იმყოფება საქართველოს მოსახლეობის 20-25 პროცენტი. ეს ერის სოციალური უბედურება და იმავე დროს სოციალურად ფეთქებადი მასაა.

მეხუთე. როგორც ვთქვი, უნდა ვსრულვყოთ გადასახადების სისტემა, ვაუჩერების, სერთიფიკატების, ბონების შემოღებისა და გამოყენების პრაქტიკა და სხვ. ცნობისათვის: რუსეთის მთავრობის 1 ვაუჩერი 10 ათასი მანეთი ღირს. რუსეთი ამ მიზნით 2 ტრილიონზე მეტ მანეთს ხარჯავს. მეტად დიდია ვაუჩერიზაციის სირთულეები საქართველოში, მაგრამ მისი განხორციელება აუცილებლობას წარმოადგენს. ეს მოსახლეობის სოციალური დაცვის ერთ-ერთი ქმედითი ღონისძიებაა.

მეექვსე. საჭიროა სტუდენტი და მოსწავლე ახალგაზრდობის, ომისა და შრომის ვეტერანების, მრავალშვილიანი ოჯახების, ობოლი, უდედმამო ბავშვების, შრომის უნარდაკარგულთა, მოსახლეობის სხვა ფენების სოციალური დაცვის ფართო პროგრამის რეალიზაცია. სახელმწიფო ფონდების პარალელურად უნდა ჩამოყალიბდეს კერძო საპენსიო ფონდები, სამედიცინო დაზღვევის კომპანიები, შრომის ბირჟები, საქველმოქმედო დაწესებულებები, აუცილებელია დასაქმების ახალი ტიპის სამსახურების შექმნა.

მე დარწმუნებული ვარ, რომ კერძო ფონდების ფორმირებაში მონაწილეობას მიიღებენ ჩვენი უცხოელი პარტნიორები და უცხოელი კოლეგები, რომლებსაც პერსპექტიულად მიაჩნიათ საქართველოსთან ეკონომიკური თანამშრომლობა, არსებობენ სხვადასხვა უმდიდრესი მსოფლიო ფონდები, უნდა დავამყაროთ მათთან კავშირები. ეს არხი ეფექტიანად უნდა გამოვიყენოთ.

განსაკუთრებით მინდოდა მეთქვა სტუდენტობაზე, მოსწავლე ახლაგზარდობაზე. ყველა რეზერვი, ყველა შესაძლებლობა უნდა ავამოქმედოთ საქართველოს ხვალინდელი დღის უზრუნველსაყოფად. ახალგაზრდობას პატიება უნდა ვთხოვოთ იმისათვის, რაც უფროსმა თაობებმა მისთვის ვერ გააკეთეს, მაგრამ მე მჯერა, რომ უკეთესი დრო მოვა, 21-ე საუკუნის მიჯნაზე საქართველო ერთ-ერთი საინტერესო მაღალგანვითარებული და უზრუნველყოფილი ქვეყანა იქნება. ამას კი მხოლოდ ყველა თაობის, მათ შორის ახალგაზრდობის აქტიური შრომით, სწავლით და თაობათა თანადგომით მივაღწევთ, ჩემო უმცროსო მეგობრებო! ახალგაზრდობის საკითხი - საკითხთა საკითხია ჩვენთვის.

ახალგაზრდობის სოციალური დაცვა მთელი ერის საქმეა.

მე მივმართავ ქართველ დედებს, ქართველ ქალებს, რომლებიც ერთ-ერთი უმთავრესი მამოძრავებელი ძალაა ჩვენი საზოგადაებისა, ჩვენი ძარღვია, როგორც იტყვიან, ჩვენი ძლიერების წყაროა. მე კარგად ვიცი თითოეულმა ჩვენგანმაც შესანიშნავად იცის, რამდენი ცრემლი იღვრება, რამდენი უბედურება ტრიალებს ირგვლივ, როგორი მძიმე წუთები და მძიმე დღეები დგას თქვენს ოჯახებში. მაგრამ მე იმედი მაქვს თქვენი სულგრძელობისა, თქვენი ვაჟკაცობისა, თქვენი თავდადებისა, ჩვენი ქვეყნის წინაშე. მე იმედი მაქვს იმისა, რომ თქვენ ამ ურთულეს დღეებში, განსაკუთრებით 11 ოქტომბერს, დადგებით იქ, სადაც ჩვენი ხალხია და გადაწყვეტთ არჩევნების საკითხებს ისე, როგორც ეს თქვენი ოჯახების, შვილების, შვილიშვილების ინტერესებს შეესაბამება.

მეშვიდე. უნდა ამაღლდეს მთავრობის, პოლიტიკური პარტიების, კონსტრუქციული ოპოზიციის, პროფკავშირების, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების როლი მშრომელთა სოციალურ დაცვაში. საჭიროა ამ მიმართულებით სამთავრობო სტრუქტურების მუშაობის უკეთ კოორდინირება და უკეთ კორექტირება. მე უკვე გამოვთქვი აზრი იმის შესახებ, რომ მიზანშეწონილია კონსტრუქციული ცვლილებები მოხდეს სამთავრობო სტრუქტურებში, კერძოდ, გაიყოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის უწყებები, რომ თითოეულმა მათგანმა უკეთ შეასრულოს მასზედ დაკისრებული ფუნქცია.

მერვე. აუცილებელია ეკოლოგიური გარემოს დაცვა, მასშტაბური ღონისძიებების გატარება. ეს პრობლემაა. პარლამენტი, დარწმუნებული ვარ, დაამტკიცებს სახელმწიფო ეკოლოგიურ პროგრამას, მოაწყობს სახალხო რეფერენდუმს ამ საკითხზე.

მეცხე. ხელფასების ფასებთან შესაბამისობაში მოყვანისა და კერძოდ, ფონდების შექმნის დაფინანსების ევროპული და ამერიკული მტკიცებებისა და მოდელების გამოყენების გზით. უმტკივნეულოდ უნდა განხორციელდეს უფასო და ფასიან სამედიცინო მომსახურებასა და ფასიან საშუალო და უმაღლესი განათლების სისტემაზე გადასვლა, გარკვეულ მასშტაბებში უფასო განათლებისა და სამედიცინო დახმარების ქსელის შენარჩუნებით. ნიჭიერი და უნარიანი ახალგაზრდობა ერის საუნჯეა. არც ერთი ახალგაზრდა არ უნდა დაიჩაგროს, ყველას ფართო გზა უნდა გაეხსნას კულტურისა და განათლებისაკენ. ნიჭიერი ახალგაზრდობის სოციალური დაცვის მიზნით სახელმწიფომ განსაკუთრებული ღონისძიებები უნდა გაატაროს. ნიჭი არ უნდა დაეკარგოს ერს.

დღის წესრიგში დადგენა სახალხო განათლების, საშუალო და უმაღლესი სკოლის რეფორმა. ეხლა ეს სისტემა თითქმის სტიქიურად ვითარდება, რაც ძვირად უჯდება ქვეყანას. ახალი პარლამენტის, ახალი ხელისუფლების ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი ამ სფეროს მოწესრიგება უნდა იყოს.

როგორც ვთქვი, ასევე გარდაუვალია ერის სასიკეთოდ ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ძირფესვიანი რეფორმაც.

სამართლებრივ სახელმწიფოში სოციალურ დაცვას ექვემდებარება არა მარტო ცალკეული სოციალური ფენები, არამედ მოსახლეობის ყველა ფენა. ესაა ჩვენი კონცეფციის ძირითადი არსი.

ასეთია ხალხის სოციალური დაცვის სფეროში პირველი ეტაპის ამოცანები, პირველი ეტაპი კრიზისითა და ანარქიით მოცული ერის სოციალურად გადარჩენის პროგრამას გულისხმობს.

მეორე ეტაპზე კი სოციალური დაცვის პოლიტიკა ცხოვრების ხარისხის ფილოსოფიაზე უნდა ავაგოთ. ეს კი ცხოვრების დონის მსოფლიო სტანდარტზე ორიენტაციას ნიშავს.

V

კონკრეტულ სოციალურ გამოკვლევებში, ამომრჩეველთა წერილებში აშკარად არის გამოკვეთილი საკითხები, როგორია პარლამენტის თავმჯდომარედ ასარჩევი კანდიდატის შეხედულებანი ეროვნული თავდაცვის დარგში.

საქართველოს სამხედრო დოქტრინა ცივილიზებული, ჰუმანური და მშვიდობისმოყვარულია. მას გააჩნია თავისი პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და სამხედრო-თავდაცვითი ასპექტები. ჩვენ აქტიური ნეიტრალიტეტის პოლიტიკას ვიცავთ და აქტიური თავდაცვის პოზიციაზე ვდგავართ, მაგრამ საკადრის პასუხს გავცემ ყველა აგრესორს საკუთარ ძალებსა და ერთა მსოფლიო თანამეგობრობაზე დაყრდნობით.

ძნელია ამ თემაზე აუღელვებლად ლაპარაკი დღეს, როდესაც საქართველოს ცალკეულ რეგიონებში ომი მძვინვარებს.

ეს ისედაც რთული პრობლემაა, მაგრამ მას დღეს ზედმეტად ართულებს, ერთი მხრივ, დესტაბილიზაცია, რომელიც სუფევს რესპუბლიკაში და, მეორე მხრივ, საქართველოს შეცვლილი გეოპოლიტიკური მდგომარეობა დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ. ძველი გარანტიები მოიშალა, ახალი შექმნილი არ არის, გარდამავალი პერიოდი კი მეტად არასტაბილურია და საშიშფეთქებადი.

ფაქტია: თავისუფლების მოპოვებაზე უფრო ძნელია მისი დაცვა, რადგანაც თავისუფლების მოპოვება ხანგრძლივი, მაგრამ ერთჯერადი ისტორიული აქტია, მისი დაცვა კი - მარადიული. მით უფრო საპატიო მისია აკისრია საქართველოს არმიას, საჰაერო და საზღვაო ქვედანაყოფებს, ჯარისკაცებს, ოფიცრობას, გენერალიტეტს.

საქართველოში დღეს, ერთი მხრივ, აქა-იქ გვაქვს სამოქალაქო ომის კერები, მეორე მხრივ, პრაქტიკულად მიმდინარეობს სამამულო ომისათვის მზადება, მესამე მხრივ, ეთნოკონფლიქტებშია გადაზრდილი მწვავე, პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური კრიზისები. და ეს ყველაფერი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ემუქრება.

მაშასადამე, არმია და ფლოტი, რომლებსაც ჩვენ ახლა ვქმნით, პირველ რიგში უნდა ემსახურებოდნენ საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის, რესპუბლიკის სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო საზღვრების, რესპუბლიკის კონსტიტუციური, დემოკრატიული წყობილების, ეროვნული უსაფრთხოების დაცვას.

საქართველოს პოლიტიკური ორიენტაცია თანდათანობით დასავლური, უპირატესად ევროპაცენტრული და ამერიკაცენტრული ხდება. ეს პოლიტიკის სტრატეგიული მიმართულებაა, მაგრამ ის არ არის მიმართული მესამე ქვეყნების წინააღმდეგ. ეს სრულებით არ ნიშნავს ტრადიციული მეგობრული კავშირების გაწყვეტას ისტორიულ მეზობლებთან.

ჩვენ თუ ხელი ავიღეთ ისტორიულ მეზობლებთან - რუსეთთან, თურქეთთან, უკრაინასთან, ირანთან, სომხეთთან, აზერბაიჯანთან, ჩრდილო კავკასიის ხალხებთან თანაარსებობაზე, თვითონ ვერ ვიარსებებთ. მაშასადამე, ჩვენი სამხედრო დოქტრინა, ჩვენი საერთაშორისო სამხედრო კავშირები მხოლოდ თავდაცვითი, ჰუმანური და ცივილიზებული უნდა იყოს. ისინი არასოდეს არ უნდა იყვნენ მიმართული არამცთუ ჩვენი მეზობლების, არამედ საერთოდ არც ერთი მესამე მხრის მიმართ, თუ მესამე მხარე ჩვენს წინააღმდეგ აგრესიას არ მიმართავს.

დღეს ჩვენ რთულ არასტაბილურ გეოპოლიტიკურ გარემოში ვიმყოფებით, სადაც ერთმანეთს ეჯახება მსოფლიოს გიგანტური სახელმწიფოების, ცივილიზაციებისა და ფუნდამენტური რელიგიური და იდეოლოგიური მოძრაობების სამკვდრო-სასიცოცხლო ინტერესები. ამას ითვალისწინებს ჩვენი სახელმწიფო დოქტრინა.

უნდა ჩამოყალიბდეს საქართველოს ერთიანი და მხოლოდ ერთიანი შეიარაღებული ძალების და სამხედრო მრეწველობის შექმნის თანამედროვე კონცეფცია. საქართველოს არმიისა და საზღვაო და საჰაერო ფლოტის, სამხედრო მრეწველობის შექმნის დოქტრინას საფუძვლად უნდა დაედოს გონივრული საკმარისობის იდეა.

საერთო ევროპული და ამერიკული ნორმების შესაბამისად ქვეყნის თავდაცვის ძალები არ უნდა აღემატებოდეს მთელი მოსახლეობის 0,6-0,8%-ს. ვფიქრობთ, საქართველოს არმიის პირადი შემადგენლობა მშვიდობიანობის დროს 20-25 ათას კაცს არ უნდა სჭარბობდეს. ომიანობის დროს კი ქუდზე კაცი უნდა დადგეს ფეხზე.

უნდა ამაღლდეს თავდაცვის სამინისტროს როლი და ავტორიტეტი, საკვანძო თანამდებობები პროფესიონალებმა უნდა დაიკავონ.

რუსეთის არმიის ცალკეული ქვედანაყოფები თუ მოისურვებენ საქართველოს შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შესვლას, ეს უნდა ჩავთვალოთ უაღრესად დადებით და საჭირო ნაბიჯად. ეს არის თანამედროვე არმიის სწრაფად და იაფად შექმნის ერთ-ერთი ნაცადი გზა.

რაც შეეხება რუსეთის არმიის ბედს საქართველოში, მე არაერთხელ აღმინიშნავს და ეხლაც მინდა ვთქვა: ჩვენ საკითხის ცივილიზებული, ნორმალური მოლაპარაკების გზით გადაწყვეტის მომხრენი ვართ.

აფხაზეთის ამბებში უაღრესად ნეგატიურად გამოიკვეთა ზოგიერთი რუსი გენერლის როლი. გვარები მე უკვე დავასახელე. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ საქართველოსთან მიმართებაში იგი იმავე „ავღანური“ პრინციპით ხელმძღვანელობს. ასეთი „მეგობრების“ მეოხებით დაიკავეს ექსტრემისტებმა და გადამთიელებმა გაგრა, განთიადი, ლესელიძე. ისინი ამაოდ ფიქრობენ, რომ პენსიაზე გასვლის შემდეგ „განსაკუთრებული დამსახურებისათვის“ მათ დანაპირებ ადგილ-მამულს უბოძებენ ქართულ მიწაზე.

ფსოუზე, საქართველოს ჭიშკართან ქართული ჯარი ჩადგება. დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთის ზოგიერთი უმაღლესი რანგის სახელმწიფო მოღვაწე გაიგებს, თუ რას ნიშნავს სახელმწიფო სუვერენიტეტი და რა მნიშვნელობა აქვს საზღვარს სუვერენული სახელმწიფოსათვის.

ჩემი მკაცრი შენიშვნები არ ეხება საქართველოში განლაგებულ, თქვენთვის კარგად ცნობილ სამხედრო ფორმირებებს, მათ მხედართმთავრებს. ისინი რესპუბლიკაში დარჩებიან იმ ვადებისა და სტატუსის ფარგლებში, რომლებიც რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულებით განისაზღვრება. ხოლო როცა ისინი დატოვებენ საქართველოს, ჩვენ ეს ძალიან გვინდა, რომ მათ თან წაიღონ კეთილი მოგონებები ჩვენს ხალხზე, მის კულტურაზე, ჰუმანიზმზე.

სასურველია დაარსდეს საქართველოს სამხედრო აკადემია.

საქართველოს ეროვნული არმია უნდა თანამშრომლობდეს მსოფლიოს დემოკრატიული ქვეყნების არმიებთან, ნატოსთან, რუსეთისა და თურქეთის არმიებთან, უნდა სწავლობდეს თანამედროვე მსოფლიო სამხედრო გამოცდილებას, ის აღჭურვილი უნდა იყოს თანამედროვე შეიარაღებით, სტრატეგიითა და ტაქტიკით. ის მშვიდობის, თავისუფლებისა და დემოკრატიის არმია უნდა იყოს.

საქართველომ უნდა მიიღოს ყოფილი ამიერკავკასიის სამხედრო ოლქისაგან თავისი კანონიერი წილი: საბრძოლო ტექნიკა, მატერიალურ-ტექნიკური და სასწავლო ბაზები, შავი ზღვის ფლოტის შესაბამისი წილები და სხვა ქონება. ამ საკითხზე დადგენილება უკვე მიიღო სახელმწიფო საბჭომ, რომელიც უსათუოდ უნდა განხორციელდეს, მაგრამ ამას დრო სჭირდება.

ერთხელ კიდევ მინდა ვთქვა, ჩვენს მეზობლებთან ურთიერთობის გამწვავება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს არ შეესაბამება.

დამოუკიდებელი საქართველო მთვარეზე ვერ გადასახლდება. უნდა მას ეს თუ არ უნდა, მან უნდა იცხოვროს რუსეთის და თურქეთის, სხვა მეზობლების გვერდით. ამიტომ კეთილმეზობლური ურთიერთობა გვმართებს ორივე დიდ ქვეყანასთან. კეთილ ურთიერთობას რუსეთთან და თურქეთთან, სხვა მეზობლებთან გონიერი ქართველისათვის ალტერნატივა არ გააჩნია.

დღეს მწვავედ დგას ოფიცერთა ეროვნული კადრების მომზადების საკითხი. ჩვენ მიგვაჩნია, რომ საჭიროა: პირველი. საქართველოს არმიაში მოვიწვიოთ ის ქართველი ოფიცრები, რომლებიც ამჟამად რუსეთის შეიარაღებულ ჯარში მსახურობენ, ახლა 150-200 ახალგაზრდა ამთავრებს სამხედრო აკადემიას. ყველა ამ ახალგაზრდას ვთხოვთ ჩამოვიდნენ და ემსახურონ თავიანთ სამშობლოს, ჩვენ შევუქმნით აქ მათ სათანადო პირობებს. მეორე. აუცილებელია გაფორმდეს სათანადო კონტრაქტები საქართველოს არმიაში უცხოელი სპეციალისტების მოსაწვევად, საჭიროა ნატოს და ნეიტრალური ქვეყნების არმიების გამოცდილების ათვისება. მესამე. არ გაგვაჩნია ეროვნული არმიისათვის სათანადო მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ამიტომ, - რამდენადაც არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ოპოზიცია ამ აზრს, - სხვა გზა არა გვაქვს, ჯერჯერობით უნდა გამოვიყენოთ რუსეთის შეიარაღებული ძალების შესაბამისი ბაზები ქართული ჯარის წვრთნისა და ფორმირებისათვის, ამ არმიის მეთაურები და გენერლები.

ჩვენ გვესმის ოპოზიციის გულისტკივილი, მაგრამ მათაც უნდა იცოდნენ, რომ საქართველოს სამხედრო საბჭოში, მთავრობაში მათზე ნაკლები პატრიოტები და მამულიშვილები არ სხედან. ჩვენ კარგად გვესმის, რომ საჭიროა უცხოეთის შეიარაღებული ჯარების გაყვანა, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო აქვს, დროის განსაზღვრას კი ისევ დრო სჭირდება. პოლიტიკაში იმას კი ვერ გააკეთებ რაც გსურს, არამედ რაც შესაძლებელია.

ქართველი ხალხის სამხედრო გენია საქვეყნოდ არის აღიარებული. დავით აღმაშენებლის არმია არა მარტო სამხედრო თვალსაზრისით იყო უძლიერესი, არამედ მორალური თვალსაზრისითაც. ჩვენ უნდა ავაღორძინოთ ჩვენი ეროვნული არმიის პატრიოტიზმის, ჰუმანიზმის, სამშობლოსათვის თავგანწირვის გრძნობის ტრადიციები, განვამტკიცოდ დისციპლინა, შევქმნათ სტრატეგიული და ტაქტიკური აზროვნების თანამედროვე თეორია და პრაქტიკა, სათანადო დასკვნები გამოვიტანოთ წარუმატებლობიდან, მხედველობაში მაქვს საომარი მოქმედება გაგრასთან და მისი შედეგები.

ჩვენ დიდად ვაფასებთ საქართველოს გვარდიას, მხედრიონის, სხვა სამხედრო ფორმირებების ისტორიულ მისიას. ამასთან, კატეგორიულად ვაყენებთ საკითხს ერთიანი კარგად ორგანიზებული, კარგად გაწვრთნილი არმიის შექმნის შესახებ. ახალი ეტაპი ახალ ამოცანებს გვიყენებს. ახალ ამოცანებს ახალი თანამედროვე არმია სჭირდება, ერთიანი ხელმძღვანელობით ერთიანი მმართველობით. თანდათანობით უნდა გადავიდეთ ნებით დაქირავებულთა ინსტიტუტის დამკვიდრებაზე, ეს ყველაზე ეფექტიანი ფორმაა სამხედრო მშენებლობისა.

VI

ჩვენს ხალხს, ამომრჩევლებს აწუხებთ ეთნოკონფლიქტები, ცხელი წერტილები რესპუბლიკის რუკაზე. ხელისუფლებამ უნდა შეიმუშაოს ეთნოკონფლიქტების დაძლევისა და ეროვნებათაშორის კონსენსუსის მიღწევის პროგრამა. ეს სავსებით შესაძლებელია.

ფართო საზოგადოებრიობამ კარგად იცის აფხაზეთის კონფლიქტის გამომწვევი მიზეზები, კრიზისის მთავარი ტენდენციები და შედეგები. აფხაზმა ექსტრემისტებმა და სეპარატისტებმა აფხაზეთში დაამკვიდრეს დესტაბილიზაცია, ანარქია და ქაოსი, დაარღვიეს საქართველოს კონსტიტუცია, არაკანონიერად „აღადგინეს“ 1925 წლის ე.წ. აფხაზეთის კონსტიტუცია და საშიშროება შეუქმნეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, შესძლეს უპრეცედენტო პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო კრიზისის პროვოცირება. მე კიდევ ვიმეორებ, იქ ქართული ჯარი საბრძოლველად არ შესულა. ჩვენ არ ვაპირებდით არავისთან ბრძოლას, არც აფხაზებთან, არც რუსებთან. ჩვენს ჯარს ჰქონდა თავისი მისია სათანადო მაგისტრალების და კომუნიკაციების დაცვა და ა.შ. მაგრამ აფხაზმა ექსტრემისტებმა შესძლეს პროვოცირება შეტაკებებისა და შემდეგ უკვე შეუძლებელი გახდა ამ კონფლიქტის დაძლევა. აფხაზეთის კონფლიქტის გადაჭრის ე.წ. „აფხაზური პროგრამის“ ანალიზი გვიჩვენებს, რომ ის ანტიკონსტიტუციური და ანტიდემოკრატიულია და ამდენად ცივილიზებული პოლიტიკისთვის მიუღებელი.

დღეს აფხაზეთში შექმნილი ვითარება ისტორიული კონფლიქტების განვითარების შედეგია, მას ღრმა ფესვები აქვს წარსულში.

თუ სწორად ვერ გავაანალიზებთ იქ მიმდინარე პროცესებს ვერასოდეს ვერ დავარეგულირებთ მათ. კარგად უნდა გავერკვეთ შინაგან და გარეგან ფაქტორებში, რომ სწორი პოლიტიკა შევიმუშაოთ.

პირველი. აფხაზეთის საშინაო კონფლიქტი გამწვავდა და ის გადაიზარდა ე.წ. კავკასიის მთის ხალხთა კონფედერაციის შეიარაღებული ძალების აგრესიაში, აგრესიამ ანექსიის ხასიათი მიიღო და დღეს ინტერვენტები აკონტროლებენ გუდაუთისა და გაგრის რაიონებს. მათ ფეხქვეშ გათელეს საერთაშორისო სამართლის ცივილიზებული ნორმები და ბარბაროსობას და ვანდალიზმს ავლენდნენ დაპყრობილ ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ. ასეთია პრობლემის ფაქტოლოგიური მხარე.

მეორე. საჭიროა ამ ფაქტების ინტერპრეტაცია. ლოკალური სამოქალაქო ომისა და ეთნოკონფლიქტების კერები გადაიზარდა მასშტაბურ საომარ მოქმედებაში და ომმა საქართველოსთვის სამამულო ხასიათი მიიღო, აქედან გამომდინარე ყველა სოციალური და პოლიტიკური შედეგით.

მესამე. ვინ დგას ქართველთმოძულე აფხაზი ექსტრემისტების უკან? პირველ რიგში ე.წ. კავკასიის მთის ხალხთა კონფედერაცია, რომელიც ამჟამად თავს კავკასიის ხალხთა კონფედერაციად ასაღებს და რომელსაც შორს მიმავალი გეგმები გააჩნია. რუსეთის ბევრმა ხელმძღვანელმა ეს პრობლემა ბოლომდე ჯერჯერობით ვერ გააცნობიერა და ამიტომ ამ მოვლენებში სხვა მიმართულებით ერევა.

კბილებამდე შეიარაღებულ რაზმებში რომლებიც აფხაზი ექსტრემისტების მხარეზე იბრძვიან, უმრავლესობას რუსეთის მოქალაქენი წარმოადგენენ.

კონფედერაციის ჯარები აფხაზეთის კონფლიქტს კავკასიის მეორე ომის ერთ-ერთ ეპიზოდად მიიჩნევენ. მეორე ომის ერთ-ერთი შედეგი, მათი ჩანაფიქრით, საქართველოსაგან აფხაზეთის ჩამოშორება უნდა გახდეს.

აფხაზეთში ომის მიზეზი ამ პრობლემატიკაში უნდა ვეძებოთ, სიყალბეა იმის მტკიცება, რომ აფხაზეთის კონფლიქტი თითქოს დეკემბერ-იანვრის მოვლენებმა წარმოშვეს. ამ კონფლიქტის გამომწვევი მიზეზები უფრო ღრმაა.

საქართველოს ჯარების დისლოკაციის შეცვლა აფხაზმა ექსტრემისტებმა და შანიბოვის კონფედერაციის დაქირავებულმა ბანდებმა ომის საბაბად გამოიყენეს. ომის ნამდვილი მიზეზი კი ის არის, რაც ზემოთ მოგახსენეთ: საქართველოს ტერიტორიის ხელყოფა, აფხაზეთის ჩამოშორება საქართველოსაგან.

ბევრი ცდილობს კონფლიქტის მიზეზები რელიგიური ფაქტორით ახსნას. ამასთან დაკავშირებით ვაცხადებ: ჩვენი დამოკიდებულება მუსულმანურ ხალხებთან დიდი ხანია გარკვეულია. ჩვენ გვინდა მეგობრობა და ძმობა ყველა მუსლიმანთან, ყველა თურქულენოვან ქვეყანასთან და ხალხთან, რადგანაც ზოგადსაკაცობრიო იდეალები ერთია და განუყოფელი: ჰუმანიზმი, დემოკრატია, თავისუფლება, ძმობა, მეგობრობა ერთიანად ძვირფასია ყველასთვის განურჩევლად სარწმუნოების, ეროვნებისა და რასისა.

ჩვენ ვებრძვით რეაქციულ მოძღვრებებს: მუსულმანურ ფუნდამენტალისტური იქნება ის, ბოლშევიკური თუ ფაშისტური წარმომავლობისა.

მთავარი საკითხია რა ვაკეთოთ? ერთი მხრივ, აქტიურად უნდა ჩავრთოთ აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიან მოწესრიგებაში გაეროს სწრაფი რეაგირების შენაერთები, ევროპარლამენტი, ნატოს სამშვიდობო ძალები, საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის ჰელსინკის მოძრაობა, მსოფლიო ინფორმაციის საშუალებები. უნდა გითხრათ, რომ გუშინ შედგა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა, რომელმაც იმსჯელა აფხაზეთის კონფლიქტის თაობაზე, სხდომა მთელი ორი საათი მიმდინარეობდა. განხილვას საფუძვლად ჩვენი განცხადება დაედო. შეგვატყობინეს, რომ უახლოეს დღეებში ჩამოვა გაეროს გენერალური მდივნის პირადი წარმომადგენელი, სპეციალური დელეგაცია გაეროს გენერალური მდივნის მოადგილის ხელმძღვანელობით იმისათვის, რომ გაერკვეს აფხაზეთში შექმნილ მდგომარეობაში და დაგვეხმაროს მის სამართლიან მოწესრიგებაში. მეორე მხრივ, უნდა შესრულდეს შეთანხმება აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების საკთხზე. აქ განსაკუთრებულია რუსეთის პასუხისმგებლობა.

კონფლიქტის გადაჭრა სახედრო გზით, სამწუხაროდ, დღეს თანდათანობით აქტუალურ ხასიათს იღებს. ამისთვის მზად უნდა ვიყოთ.

აფხაზეთის კონფლიქტის პოლიტიკური გზით მოწესრიგების აუცილებელი პირობაა აფხაზთა და უცხოელ დაქირავებულთა რაზმების დაუყოვნებლივ დაბრუნება იმ პოზიციებზე, რომლებიც მათ პირველი ოქტომბრისათვის ეჭირათ. სხვანაირად ახალი დოკუმენტების მიღებას, ახალი განცხადებების დეკლარირებას აზრი არა აქვს.

მე არ გამოვრიცხავ აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებაში, შემდგომ ეტაპზე შავი ზღვის ქვეყნების ალიანსის, განსაკუთრებით კი თურქეთის უფრო აქტიურ მონაწილეობას. მოსასინჯი სამუშაო უკვე შესრულდა. დაე, რუსეთიც მონაწილეობდეს, დაე, თურქეთმაც თქვას თავისი სიტყვა, შავი ზღვის აუზის ქვეყნების ალიანსმაც, რადგანაც საფრთხე, რომელიც არსებობს, დიდია, ისეთი პოტენციალისაა, რომ შეიძლება საერთაშორისო კონფლიქტში გადაიზარდოს.

ჩვენ უპირატესობას ვანიჭებთ შერიგების სტრატეგიასა და ტაქტიკას, მოვითხოვთ „მესამე ძალის“ დათრგუნვას, ე.წ. მთიელ ხალხთა კონფედერაციის საჯარისო შენაერთების გაყვანას საქართველოს ტერიტორიიდან.

ჩვენ გაეროს მაღალი ტრიბუნიდან განვაცხადეთ, რომ აფხაზეთი - საქართველოს განუყოფელი ტერიტორია იყო, არის და იქნება მუდამ! ის საქართველოს წმიდათაწმიდა, ძირძველი მიწაა.

ჩვენ არასოდეს არ შევურიგდებით ქართველთა დისკრიმინაციას აფხაზეთში, ე.ი თვით საქართველოში.

მე გაეროში ვთქვი, აფხაზეთის პარლამენტში ერთი აფხაზი დეპუტატის ასარჩევად საჭირო იყო ამომრჩეველთა სამჯერ ნაკლები ხმა ვიდრე ქართველი დეპუტატის ასარჩევად, ეს ხომ აფხაზთა ეთნოდიქტატურაა აფხაზეთში მცხოვრებ ქართველების მიმართ?!

„მთიელთა და გადამთიელთა კონფედერაციის“ დაქირავებული ჯარის ინტერვენცია საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა აღიკვეთოს. რუსეთის პარლამენტის მიერ აფხაზეთში შექმნილი კონფლიქტის შესახებ მიღებული რეზოლუცია საქართველოს საშინაო საქმეებში უხეში, უპრეცედენტო ჩარევის ნიმუშია და მას შეიძლება შორს მიმავალი ნეგატიური შედეგები მოჰყვეს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში.

მიუხედავად ნეგატიური მოვლენებისა, ჩვენი პოლიტიკა პოზიტიური და მოქნილი უნდა იყოს. პოლიტიკურ ცნობიერებაში არ უნდა გავაიგივოთ აფხაზი სეპარატისტები, ექსტრემისტები და აფხაზი ხალხი. ექსტრემისტების ბანდებთან ბრძოლაში აფხაზი ხალხის ჯანსაღი ძალები გვერდით უნდა ამოვიყენოთ. მე კიდევ ერთხელ ვაცხადებ: არ არსებობს ისეთი პრობლემები ქართველთა და აფხაზთა ურთიერთობაში, რომელთა მოგვარება არ შეიძლებოდეს.

მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ქართველი და აფხაზი ხალხები დასძლევენ ამ კონფლიქტს. ჩემს ისტორიულ ოპტიმიზმს რეალური საფუძველი გააჩნია. ამის გარანტიას იძლევა ქართველ-აფხაზთა მეგობრობის ისტორიული ტრადიციები.

საჭიროა აფხაზეთის პერმანენტული კონფლიქტების მოგვარებაში აფხაზეთში მცხოვრებ ქართველთა როლის ახლებური გააზრება და პოლიტიკაში მათი აქტივობის ამაღლება.

მე ნიუ-იორკშიც და მოსკოვშიც განვაცხადე, რომ შეთქმულებაში საქართველოს წინააღმდეგ მონაწილეობენ არა მარტო ჩრდილოეთ კავკასიის მთიელთა დაქირავებული რაზმები, არამედ რუსეთის რეაქციული ძალებიც, მათ შორის ე.წ. „წითელ-მიხაკისფერი“ რეაქცია, რომელიც ჰკრავს ალიანსს უკიდურეს ფუნდამენტალისტებთან შინაზრდილ ფაშიზმთან და სეპარატისტებთან.

აფხაზეთის საკითხში ჩვენ უნდა განვასხვავოთ რუსეთის პრეზიდენტისა და პარლამენტის პოზიციები, პროგრესული და რეაქციული ძალების მოქმედება.

გაერო მალე განიხილავს ეროვნულ უმცირესობათა უფლებების დეკლარაციის პროექტს. მე დავაყენე საკითხი ეროვნულ უმცირესობათა არა მარტო უფლებების, არამედ პასუხისმგებლობის შესახებაც. ჩემი ღრმა რწმენით არ არსებობს უფლებები პასუხისმგებლობის გარეშე.

საქართველოში არსებობს მეორე დიდი კონფლიქტური გორდიას კვანძი. ეს შიდა ქართლის, სამაჩაბლოს, ე.წ. სამხრეთ ოსეთის კონფლიქტია. ამ კონფლიქტის პოლიტიკური მოგვარების ისტორიული გაკვეთილი და გამოცდილებაც ბევრს გვასწავლის. აუცილებელია დღევანდელი მდგომარეობის ობიექტური შეფასება, მომავლის პერსპექტივების სწორად განსაზღვრა, ქართველი და ოსი ხალხების საუკუნოებრივი მეგობრობის აღდგენა.

ცხინვალის ზონაში კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგების შედეგები უნდა განვამტკიცოთ. უნდა აღვნიშნო ამ ზონაში მშვიდობიანი გზით კონფლიქტის მოგვარების პირველ ეტაპზე რუსეთის და განსაკუთრებით ჩრდილო ოსეთის ხელმძღვანელობის ერთი ნაწილის კონსტრუქციული როლი.

ერის სასიცოცხლო პრობლემების დამუშავებაში პოლიტიკურ ინსტიტუტებთან ერთად დიდი როლი უნდა შეასრულოს მეცნიერებათა აკადემიამ. უნდა დაარსდეს ეროვნულ ურთიერთობათა, ეთნიკურ უმცირესობათა და ავტონომიურ ფორმირებათა პრობლემების შემსწავლელი ცენტრი. საჭიროა სტრატეგიული და ტაქტიკური, სამეცნიერო-პრაქტიკული რეკომენდაციების შემუშავება.

მე მივმართავ საქართველოში მცხოვრებ ყველა ხალხს, მოვუწოდებ მათ თანამშრომლობისა, ძმობისა და მეგობრობისაკენ, არჩევის შემთხვევაში, პარლამენტის და მისი თავმჯდომარეც იძლევიან მათი უფლებების დაცვის სრულ გარანტიებს.

ყველამ უნდა გავიგოთ, რომ ყოფილი პრეზიდენტი და მისი მფარველები ხელს გვიშლიან ხალთა მეგობრობის განმტკიცებაში. მათ მიერ დატრიალებული ტრაგედია პოლიტიკურ აპოკალიფსს გვაგონებს. რამდენი კაცია დაღუპული მათ მიერ ინსპირირებულ კონფლიქტებში, მათ შორის სამხედრო კონფლიქტებში?! რამდენი მილიარდის ზარალი მიაყენეს მათ საქართველოს ეკონომიკას? ეს მეტად სამწუხარო, დამაფიქრებელი უარყოფითი ტენდენციაა. მაგრამ ამ ნეგატიურმა მოვლენებმა პოზიტიური პროცესიც დააჩქარეს: მრავალ პარტიად, პოლიტიკურ და ეთნიკურ ბანაკად დაშლილი ერი გაერთიანდა სამშობლოს დასაცავად, მოხდა ერის საოცარი კონსოლიდაცია.

ქართველ ერს განსაცდელის ჟამს გვერდში ამოუდგნენ საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები, ისინი შეიარაღებულ ფორმირებებშიც მონაწილეობენ. დიდ მადლობას ვეუბნებით ყველა მათგანს ამ მაღალი ტრიბუნიდან. ეს ჩვენი დიდი ისტორიული მონაპოვარია და მას არასოდეს დაივიწყებს ხალხთა ძმობის ქართული მატიანე.

VII

დღეს, სამწუხაროდ ღრმა კრიზისს განიცდის არა მარტო ეკონომიკა და პოლიტიკა არამედ კულტურაც. ამიტომ ხელისუფლების დონეზე მუშავდება პროგრამა მეცნიერებისა და კულტურის დარგში, რომელიც ქართველი ერის მეცნიერების განათლების, კულტურის აღორძინებასა და მსოფლიო ცივილიზაციასთან მის სისხლხორცეულად დაკავშირებას ისახავს მიზნად.

მე უნდა გითხრათ, რომ ისეთი პატარა ქვეყანა როგორც საქართველოა, ვერ გავა ფონს, ვერ გავა მსოფლიო და ევროპული სტანდარტების დონეზე, თუ მეცნიერება არ აღორძინდა. ეს ძალიან დიდი კაპიტალია. ჩვენი ეროვნული პოტენციალი, ინტელექტუალური პოტენციალი ძალიან მაღალია. სწორედ აქ, ამ სფეროში გვაქვს იმედი ჩვენი საზღვარგარეთელი მეგობრებისა და პარტნიორების დახმარებისა. დიდი სამეცნიერო ცენტრები ევროპაში მზად არიან ჩვენთან ითანამშრომლონ, დაეხმარონ ჩვენს ახალგაზრდობას, აითვისოს მეცნიერების მიღწევები. დიდი მეცნიერული პროგრესის გარეშე ჩვენ ვერ მივაღწიეთ დიდ ეკონომიკურ პროგრესს. ეს უნდა დავიმახსოვროთ და მეცნიერება ჩვენი ყოველდღიური საზრუნავი უნდა იყოს.

რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, უნდა განვახორციელოთ კულტურული კრიზისის დაძლევის ეროვნული პროგრამა. ერთხელ ვთქვი და ახლაც ვიმეორებ: ქართველმა ხალხმა უნდა იხსნას კულტურა, კულტურამ უნდა იხსნას ქართველი ხალხი. ქართული კულტურის ხსნის კომიტეტის შექმნას დიდი ეროვნული მნიშვნელობა ექნება.

ქართული კულტურა, მოგეხსენებათ, ერთ-ერთი უძველესი და უნიკალური კულტურაა მსოფლიოში. არ შეიძლება ქართველი კაცის გული კანონიერი სიამაყის გრძნობით არ აივსოს როცა თვალს ავლებს მშობლიური კულტურის ისტორიას. 23 საუკუნის წინათ შეიქმნა ქართული ანბანი. 1600 წლის წინათ მივიღეთ ქრისტიანობა. 15 საუკუნის წინ დაიწერა დღემდე შემორჩენილი პირველი ქართული მხატვრული ნაწარმოები. V საუკუნეში გვყავდა დიდი, მსოფლიო მნიშვნელობის ფილოსოფოსი პეტრე ივერი (ფსევდო დიონისე არეოპაგელი). IV-VI საუკუნეებში უკვე გვქონდა ფაზისის, უფრო გვიან გელათისა და იყალთოს აკადემიები. XII საუკუნეში შეიქმნა აღმოსავლური რენესანსის გენიალური ქმნილება „ვეფხისტყაოსანი“, რუსთაველი დანტეს მთელი საუკუნით უსწრებს წინ.

ჭეშმარიტად მსოფლიო მნიშვნელობისაა ჩვენი მეცნიერება, ლიტერატურა, ხელოვნება, მუსიკა, არქიტექტურა, თეატრი, კინო, ქორეოგრაფია, მხატვრობა... რომელი ერთი დავასახელო! დიდია მიღწევები მატერიალური და სულიერი კულტურის ყველა დარგში, სპორტში.

ჩვენ ვამაყობთ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიით, თანამედროვე ქართველი მეცნიერებით, რომელთა სახელებს მსოფლიო იცნობს.

ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ ყველა თაობამ აითვისოს ეროვნული ცივილიზაციის მონაპოვარი, კულტურის სულიერი კაპიტალი, უნდა მოახდინოს არა მარტო მისი რეპროდუცირება, არამედ თავისი წვლილიც უნდა შეიტანოს მეცნიერების, განათლების, კულტურის განვითარებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში გაწყდება დროთა კავშირი და შეჩერდება პროგრესი. ასეთია ჟამთა სვლის ულმობელი კანონი.

პარლამენტმა, ხელისუფლებამ, განათლების სამინისტრომ, კულტურის სამინისტრომ, მეცნიერებათა აკადემიამ, უნივერსიტეტებმა, შემოქმედებითმა კავშირებმა აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღონ ქართული ენის, ქართული კულტურის, ქართული მეცნიერების, მწერლობის, ხელოვნების აღორძინებისა და განვითარების კომპლექსური გლობალური, ეროვნული პროგრამის შემუშავებასა და ხორცშესხმაში.

საქართველო უკვე გახდა იუნესკოს წევრი. საჭიროა იუნესკოსთან თანამშრომლობის ეროვნული პროგრამის შემუშავება.

მიზანშეწონილად მიმაჩნია საზღარგარეთ მხოვრებ ქართველთა მსოფლიო კონგრესის ჩატარება თბილისში. მსოფლიოს ქართველთა საერთაშორისო მუდმივმოქმედი ასამბლეის დაარსება ჩვენს დედაქალაქში, ფილიალებით ნიუ-იორკში, პარიზში, ლონდონში, მოსკოვში, პეტერბურგში, სტამბოლში...

უნდა ვიზრუნოთ ეროვნულ უმცირესობათა კულტურებზე: ქვეყნის ცივილიზებულობის დონე ეროვნულ უმცირესობებზე ზრუნვაშიც, სხვა ხალხთა კულტურებისადმი დამოკიდებულებითაც განისაზღვრება.

ჩვენი ვალია დღეს სახელმწიფო ზრუნვა არ მოვაკლოთ ქართული წიგნის, ქართული სახელმძღვანელოების გამოცემას. მასებისთვის ხელმისაწვდომი უნდა გავხადოთ ისინი.

იზრდება პრესის, რადიოს, ტელევიზიის, ინფორმაციის სამინისტროს ამოცანები. უნდა გავიცნობიეროთ დადებითი და უარყოფითი ტენდენციები ამ დარგში, რეალურად შევაფასოთ მსოფლიო ინფორმაციულ ომში, კონცეფციათა და იდეათა ბრძოლაში ჩვენი მონაწილეობის რეიტინგი და პერსპექტივები.

საქართველოს პრესა, რადიო, ტელევიზია, საინფორმაციო სააგენტოები, ინფორმაციის საშუალებათა მთელი სისტემა მსოფლიო სტანდარტების დონეზე უნდა მუშაობდეს, უნდა ვიზრუნოთ მათ მატერიალურ-ტექნიკურ ბაზაზე.

არჩევნების დღეებში უნდა შევქმნათ და მომავალში მუდმივად უნდა მოქმედებდეს მსოფლიო საინფორმაციო სამსახური, უნდა მოვაწყოთ ტელეხიდები სხვადასხვა ქვეყნების დედაქალაქებთან, მსოფლიო კულტურულ ცენტრებთან.

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას უნდა ჰქონდეს შემოქმედებითი კონტაქტები მსოფლიოს ყველა წამყვანი ქვეყნის აკადემიებთან; ყოველწლიურად უნდა ეწყობოდეს მსოფლიო ქართველოლოგთა კონგრესი თბილისში. საქართველომ უნდა ისწავლოს მსოფლიო და ევროპული მასშტაბის პოლიტიკური, მეცნიერული კონგრესების, ფესტივალების, ოლიმპიადების, ბანკებისა და საერთაშორისო საფინანსო ცენტრების ხაზით მნიშვნელოვან შეკრებათა, ფორუმთა მასპინძლობა.

VIII

ქრისტიანულ მსოფლიოსთან საქართველოს დემოკრატიული სახელმწიფოს ურთიერთობაში დიდი როლის შესრულება შეუძლიათ ქართულ ეკლესიას, საქართველოს საპატრიარქოს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს.

ქრისტიანული მორალი კაცობრიობის ცივილიზაციის უდიდესი მონაპოვარია. მე მივმართავ ყველას, ვისაც სწამს ღმერთი: გიყვარდეთ მოყვასი თქვენი!

ლამაზია ჩვენი მითიც და რეალობაც.

მოგეხსენებათ, საქართველოში ქრისტიანობა, როგორც სახელმწიფო რელიგია 337 წელს იქნა მიღებული, მაგრამ პირველი ქრისტიანები დასავლეთ საქართველოში ჯერ კიდევ I საუკუნეში გამოჩნდნენ. საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა.

ქრისტიანულმა რელიგიამ მოიტანა ქართული მესიანური სული და ქართველის რწმენა ეროვნული ძალებისადმი. X საუკუნის ქართველი პოეტი ამბობს: მეორედ მოსვლის ჟამს ღმერთი ქართულ ენაზე განიკითხავსო მსოფლიოს. მე ვფიქრობ, ეს მხოლოდ პოეტური მეტაფორაა და არ ვიცი, განიკითხავს თუ არა ამ ენაზე ღმერთი მსოფლიოს, მაგრამ არ რწმენამ რომ გადაარჩინა ქართული ენა, ქართველი ერი, - ეს ფაქტია.

უნდა გავუფრთხილდეთ ქართულ ენას, სუვერენული საქართველოს სახელმწიფო ენას, რუსთველის ენას, ილიას, აკაკის, ვაჟას, გალაკტიონის ენას. დავიცვათ ქართული კულტურის ძეგლები.

ცნობილია ქართული ტოლერანტიზმი, სტუმართმოყვარეობა, ჰუმანიზმი.

საქართველოში მუდამ თანაარსებობდნენ სხვადასხვა რელიგიები: ქრისტიანობა, ისლამი, იუდაიზმი, ეკლესია, სინაგოგა, მეჩეთი.

ქრისტიანი მეფის დავით აღმაშენებლის კარზე მოღვაწეობდნენ მაჰმადიანი პოეტები, ფილოსოფოსები, მოაზროვნენი. ეს ქართული ისტორიული ტრადიციაა და ისტორიული გაკვეთილია. დღეს, როგორც არასდროს, საჭიროა რელიგიათა თანაარსებობა ჰუმანიზმისა და კაცთა მოდგმის გადასარჩენად, საქართველოს როგორც ცივილიზებული ქვეყნის, საერთაშორისო პრესტიჟისა და ავტორიტეტის განსამტკიცებლად, მსოფლიო პოლიტიკასა და კულტურაში სათანადო წვლილის შესატანად.

პარლამენტმა, ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა იღონონ ერის, ენისა და რწმენის გადასარჩენად ქართული სულის კათარზისისა და რენესანსისათვის.

ქალბატონებო და ბატონებო! მეგობრებო!

მე ისევ პარლამენტის არჩევნების თემას ვუბრუნდები. პირველი, რის შესახებაც მინდა ვთქვა გახლავთ სიტყვა ამომრჩევლის პასუხისმგებლობის შესახებ. ნუ დავივიწყებთ როგორი ურთულესი დაძაბულობის და ნახევრად ქაოსის პირობებში ცხოვრობს ჩვენი ქვეყანა. ასეთი მდგომარეობიდან მისი გამოყვანა შეუძლია ღირსეული დეპუტატებით შევსებულ პარლამენტს. დღეს მეტად, ვიდრე ოდესმე გვჭირდება ფუტკარივით მშრომელი, საქმიანი, მცოდნე, განათლებული და პატიოსანი ხალხი.

დემაგოგებმა და პოპულისტებმა, მოთაფლული სიტყვების ოსტატებმა, იაფფასიანმა კრიტიკოსებმა და პოლიტიკანებმა წარყვნეს ქვეყანა. იყავით ფრთხილად!

გთხოვთ, ძვირფასო მეგობრებო, მართლაც და შვიდჯერ გაზომეთ და ერთხელ გასჭერით. თქვენს არჩევანზე იქნება დამოკიდებული საქართველოს ბედი, მისი ხვალინდელი დღე.

მეორე: მინდა იცოდეთ, პარლამენტის თავმჯდომარის ხალხის მიერ არჩევის იდეა მეკუთვნის არა მე, არამედ სახელმწიფო საბჭოს.

მე, თუ ამირჩევენ ამ საპატიო თანამდებობაზე ვეცდები გავამართლო ხალხისა და სახელმწიფო საბჭოს ეს დიდი ნდობა, მთელი ძალ-ღონე, ენერგია, გამოცდილება მოვახმარო ახალი დემოკრატიული, თავისუფალი, დამოუკიდებელი, სუვერენული საქართველოს აშენებას.

მე მინდა ჩემი ერი ყველაზე მდიდარი და ბედნიერი ერი იყოს მსოფლიოში, უღრუბლო იყოს მისი ხვალინდელი ზეცა.

უწყვეტია ჩვენი ისტორიის დროთა კავშირი. აწმყო შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მომავლისა, - ლაიბნიცის ამ სიტყვებით გვმოძღვრავს აწ და მარადის ერის მამა დიდი ილია.

- არა კაცს ჰკლა! - გვეუბნება ქრისტიანული მორალი. სისხლი არასოდეს არ უნდა დაიღვაროს, მაგრამ თუ დაღვრილი სისხლის შეწყნარება მაინც შესაძლებელია, მხოლოდ იმიტომ, რომ მას ერის უზენაესი იდეალების განხორციელება ითხოვს მსხვერპლად. გამართლება არა აქვს, მაგრამ მისაღები ახსნა მოეპოვება.

მარად ნათელში ამყოფოს განგებამ მამულისათვის დაცემული ყველა გმირი. ფეხზე ადგომით პატივი ვცეთ მათ ხსოვნას.

ჩვენ ის ერი ვართ, ვინც შექმნა მსოფლიო ჰუმანიზმის ხალხური შედევრი „ლექსი ვეფხვისა და მოყმისა“. გახსოვთ როგორ დასტირის ქართველი დედა თავის დაღუპულ შვილს და რა სიტყვებს ამბობს: იქნება ვეფხვის დედაი ჩემზე მწარედა ტირისო. ჩვენ ის ერი არა ვართ, სხვისი ტკივილი არ გავიზიაროთ. ჩვენ ყველა დედის ტკივილი გვაწუხებს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, მე ვიქნები ის, თუ სხვა, არა მარტო და არა მხოლოდ ქართველთა, არამედ საქართველოში მცხოვრები ყველა ხალხის ლიდერი უნდა იყოს. ასეთია ჩემი შეხედულება.

თავდება მეორე ათასწლეული ქრისტეს დაბადებიდან. კიდევ რამდენიმე წელიწადი და დაიწყება ქრისტიანული კაცობრიობის ისტორიაში მესამე ათასწლეული, საქართველო შეაბიჯებს 21-ე საუკუნეში. მეტად მნიშვნელოვანი ისტორიული გზაგასაყარია. ორი საუკუნისა და ორი ათასწლეულის გზაჯვარედინია. ეს საოცარ პასუხისმგებლობას აკისრებს ქართველი ერის ცოცხალ თაობებს.

გადავავლოთ თვალი საქართველოს ისტორიას, ჩავწვდეთ მის ფილოსოფიურ სულს, როგორც დიდი ივანე ჯავახიშვილი, ჩავწვდეთ მსოფლიო ისტორიის სულს. ფაქტოლოგია თავისთავად ისტორია როდია, ფაქტის ფილოსოფიური ინტერპრეტაციიდან იწყება ისტორიის არსისა და საზრისის წვდომა. დავეუფლოთ ამ ხელოვნებას, ჩავწვდეთ ისტორიულისა და ლოგიკურის დიალექტიკას და უფრო დიდ სამსახურს გავუწევთ მშობლიურ ერს, დედა-საქართველოს, მსოფლიო ცივილიზაციას, ერთა თანამეგობრობას.

ერის მამა, დიდი ილია ჭავჭავაძე არის ჩემთვის ერისადმი

მამულიშვილური სამსახურის ეტალონი. ის იყო და არის ერის

გონება და სინდისი.

მე პროფესიით და მოწოდებით ისტორიკოსი და პედაგოგი, პოლიტიკოსი და დიპლომატი გახლავართ, ადამიანური არსებით - პატრიოტი, ჰუმანისტი, მამულიშვილი. ჩემი ოპონენტების გასაგონად მინდა ვთქვა, როგორც დიდი გალაკტიონი იტყოდა: წვეთი სისხლის არ არის ჩემში არა ქართველის. ქართულია ჩემი სიტყვაც, გრძნობაც და საქმეც.

მე მინდა ამ მაღალი ტრიბუნიდან ერს ვუთხრა: ჭირშიც და ლხინშიც, მარად და ყველგან, მშობლიურო საქართველოვ მე ვარ შენთანა!

ყველა პოლიტიკურ პარტიას მოვუწოდებ პოლიტიკური კონსენსუსისა და ცივილიზებული თანამშრომლობისაკენ, ერს - კონსოლიდაციისაკენ, ხალხებს - ძმობისა და მეგობრობისაკენ!

დაე, ნანატრი მშვიდობა და ბედნიერება სამარადჟამოდ დამკვიდრდეს ქართულ მიწაზე!

ვაშენოთ ახალი, დემოკრატიული საქართველო / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 10 ოქტომბერი. - N210-211(490). - 1,2,3,4,5 გვ.

73 გაეროს გენერალურ მდივანს მის აღმატებულებას ბატონ ბუტროს ბუტროს გალის

▲ზევით დაბრუნება


პატივცემულო ბ-ნო გენერალურო მდივანო, კვლავ მიმდინარეობს და სულ უფრო ფართო მასშტაბს იძენს სამხედრო აგრესია, რომელიც ჩრდილოეთიდან შემოჭრილმა დაქირავებულმა და აფხაზმა სეპარატისტებმა გააჩაღეს საქართველოს - გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სუვერენული წევრი სახელმწიფოს წინააღმდეგ. დღემდე, მშვიდობიანი დადებითი შედეგები არ მოჰყოლია.

ოკუპირებული ტერიტორიიდან სარწმუნო წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, აქ მიმდინარეობს მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი ჟლეტა, წამება, გაუპატიურება და სხვა არაადამიანური მოქმედება. ძნელია იმის დაჯერება, რომ ასეთი ბარბაროსული აქტები ხდება მეოცე საუკუნეში.

საქართველოს მთავრობის სახელით მინდა თქვენი მეშვეობით მივმართო უშიშროების საბჭოს წევრებს განიხილოს ომის ბოროტმოქმედებათა გამომკვლევი კომისიის შექმნის საკითხი, რათა შესწავლილ და მოგროვებულ იქნეს საქართველოში ჩადენილ არაადამიანურ ქმედობათა მამტკიცებელი ფაქტები. საქართველო მზად არის ყოველმხრივ ითანამშრომლონ ასეთ კომისიასთან და მოაწოდოს მას ფოტოსურათები, ვიდეოფილმები, თვითმხილველთა ჩვენებები და სხვა შესაბამისი საჭირო მასალა.

მინდა გაცნობოთ, რომ ანალოგიური წერილით მივმართეთ უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეს და ვთხოვთ, გაევრეცელებინა იგი საბჭოს ოფიციალური დოკუმენტის სახით.

ნება მომეცით, ბ-ნო გენერალურო მდივანო, დაგიდასტუროთ ჩემი უღრმესი პატივისცემა თქვენდამი.

ედუარდ შევარდნაძე,
სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე.

გაეროს გენერალურ მდივანს მის აღმატებულებას ბატონ ბუტროს ბუტროს გალის / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 10 ოქტომბერი. - N210-211(490). - 7 გვ.

74 ედუარდ შევარდნაძე: ხვალიდან ყველამ უნდა იგრძნოს უდიდესი პასუხისმგებლობა ქვეყნის მომავლისათვის

▲ზევით დაბრუნება


1992 წლის 11 ოქტომბრის ტელეინტერვიუ

დაიხსომეთ ეს დღე, 1992 წლის 11 ოქტომბერი ჩვენს ისტორიაში დარჩება, ძვირფასო თანამემამულენო, - თქვა ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ ინტერვიუში, რომელიც საქართველოს ტელევიზიას მისცა 11 ოქტომბერს, გვიან ღამით, არჩევნების დამთავრების შემდეგ, როცა უკვე ცნობილი გახდა, რომ არჩევნებმა წარმატებით ჩაიარა და ერთსულოვნად დაუჭირეს მხარი მის კანდიდატურას ახალი პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე.

ეს დღე, - განაგრძო მან, - მარტო შემობრუნების მომენტი კი არ არის ჩვენს ცხოვრებაში, არამედ ჭეშმარიტი დემოკრატიის დამკვიდრების მომასწავებელია და მე მას იმ იმედების და რწმენის დღეს დავარქმევდი, რა იმედებითა და რწმენითაც მოვიდა საზოგადოებრიობა საარჩევნო ყუთებთან.

მე ყურადღებით ვადევნებდი თვალს არჩევნების მიმდინარეობას და დიდ სიამაყეს და სიხარულს ვგრძნობდი, რომ საარჩევნო უბნებში მოდიოდნენ, თუმცა გატანჯულ-გაწამებულნი, მაგრამ არა დაბეჩავებულნი, რთული ცხოვრებით დაღლილ-დაქანცულნი, მაგრამ არა წაქცეულნი, არამედ მხნე და მედგარი ადამიანები და მათს თვალებში ბრწყინავდა იმის რწმენა, რომ საქართველოს სწორედ ისეთი მომავალი ექნება, როგორიც ჩვენ გვინდა, რომელზეც ვოცნებობთ.

მე შემიძლია მუხლი მოვიდრიკო ჩემი ხალხის წინაშე და ქედი მოვუხარო მას სიბრძნის გამოჩენისა მიმტევებლობისათვის. რა გაჭირვებას არ გაუძლო, რა უბედურება არ დატრიალდა მის თავზე, მაგრამ მაინც გვენდო და ერთადერთი სწორი გზა აირჩია - გზა, რომელმაც სამშვიდობოს უნდა გაიყვანოს.

მართალი გითხრათ, მთლად დარწმუნებული არ ვიყავი, თუ ასეთი მხარდაჭერა იქნებოდა, მაგრამ ხალხის სიბრძნე მაინც მწამდა. ამიტომ, თუმცა აქეთ-იქიდან ითხოვდნენ გადაგვედო არჩევნები, მაინც დაბეჯითებით მოვითხოვდით მის ჩატარებას. ჩემი ვარაუდი და პროგნოზი აქაც გამართლდა და ეს ორმაგად სასიხარულოა, რადგან მსოფლიო პრაქტიკაში, ალბათ, ვერ მონახავ ისეთ ქვეყანას, რომელსაც ასეთი ქაოსის პირობებში, როგორც ჩვენში იყო, ამდაგვარი არჩევანი გაეკეთებინოს.

ბედნიერი ვარ, რომ ასეთი მხარდაჭერა მოხდა, ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან ჩვენ არ მოვატყუეთ მსოფლიო, რომელიც გვენდო, თუმცა შეეძლო არც გვნდობოდა. მსოფლიომ ჩვენი მიცემული სიტყვა ირწმუნა და ჩვენ მისი ნდობა გავამართლეთ. ეს მთავარია, რადგან მხარში დაგვიდგნენ და გვიდგანან ევროპისა და ამერიკის უდიდესი სახელმწიფოები, მხარში გვედგნენ და ამიერიდან კიდევ უფრო გვედგებიან საერთაშორისო პოლიტიკური და ეკონომიკური ორგანიზაციები. ამიტომ ვარ მადლობელი ყველასი. ვიმეორებ, ახლა ჩვენი სინდისი მათ წინაშე სუფთაა - რასაც მათ დავპირდით ყველაფერი შევასრულეთ.

ჩვენ დავადექით დემოკრატიის გზას. ეს უდიდესი რისკი იყო შფოთიანი ქვეყნის პირობებში, რადგან მეორე გზა მხოლოდ ავტორიტარულ რეჟიმთან მიდის. მაგრამ ჩვენ მხოლოდ სწორი, მხოლოდ პერსპექტიული გზა ავირჩიეთ და მას დავადექით. ახლა კი ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. მაგრამ, ახლა, ალბათ, ვეღარაფერმა ვეღარ უნდა შეგვიშალოს ხელი, რადგან ხალხის პოზიცია გამოხატულია. მე გამაკვირვა ჩვენი საზოგადოების აქტიურობამ. გამაკვირვა, რა ბეჯითად იდგნენ ეს დაქანცული ადამიანები გრძელ რიგებში საარჩევნო უბნებთან. მე ვნახე რიგში მდგარი ინვალიდები, შეუძლოდ მდგარი ხალხი... ეს იყო საოცარი მოვლენა. ამიტომ დარჩება იგი ჩვენს მეხსიერებაში, ყველა ჩვენი მოკეთის მეხსიერებაში, ასეთი აქტიურობა იყო ყველგან, მოსკოვშიც კი, სადაც უამრავი ჩვენი რესპუბლიკის მოქალაქე მივიდა წარმომადგენლობაში გამართულ საარჩევნო უბანში; აქტიურობა იყო აფხაზეთში - სოხუმში, გულრიფშში, თვით ოჩამჩირეში, პირდაპირ ფრონტის ხაზზე, სადაც ახლა საქართველოს, აფხაზეთის ბედი წყდება. მადლობა ამ ადამიანებს, რომლებიც ასეთ ვითარებაში არ კარგავენ პოლიტიკურ სიბრძნეს.

გამაოცა ცხინვალის რეგიონმა, იქაურმა გატანჯულმა ხალხმა, - განაგრძო ედუარდ შევარდნაძემ, - ამ რეგიონში თითქმის არ დარჩენილა ამომრჩეველი, რომ თავისი ვალი არ მოეხადოს. ასე მოხდა ცხინვალშიც, სადაც გარკვეულმა ძალებმა „აკრძალეს“ არჩევნებში მონაწილეობა, მაგრამ მაინც შევიდა იქ ხალხი და მოითხოვა ხმის მიცემა.

აღარაფერს ვამბობ ჩვენს აჭარაზე, სადაც ამომრჩეველთა თითქმის 90% მივიდა საარჩევნო ყუთებთან. ასევე იყო თბილისში, რესპუბლიკის ბევრ რაიონში.

მე ვთვლი, 11 ოქტომბერს იმედის დღე უნდა დაერქვას-მეთქი. ეს კი ნიშნავს, რომ ხვალიდან ყველამ უნდა იგრძნოს უდიდესი პასუხისმგებლობა ქვეყნის მომავალისათვის, მათ შორის - მეც. ყველაზე ცუდი ხალხის იმედგაცრუებაა და ღმერთმა ნუ ქნას ეს დაგვემართოს. ხალხმა ახალ კურსს, ძალიან ძნელ კურსს დაუჭირა მხარი და ჩვენ არა გვაქვს უფლება მისი იმედი არ გავამართლოთ.

რა უნდა გაკეთდეს უწინარესად? ხვალ ან ზეგ უნდა შეიქმნას უშიშროების, ეროვნული თავდაცვის საბჭო. ჩვენი ყოფა ახლა სამამულო ომს ჰგავს. ამიტომ ჩემი და ჩვენი ახლად არჩეული დეპუტატების პირველი ნაბიჯები ის იქნება, რომ ქვეყანაში დამყარდეს წესრიგი. ვიმეორებ, ახლა მთავარია წესრიგის დამყარება. ძალიან მალე უნდა იგრძონოს ხალხმა, რომ მოვიდა კანონიერი ხელისუფლება და იგი ბოლოს მოუღებს ყოველგვარ უკანონობას და უსამართლობას, ბანდიტიზმს, ნარკომანიას, სხვა დანაშაულს. ჩვენ ყველაფერი უნდა ვიღონოთ საიმისოდ, რომ ხალხის მდგომარეობა შევამსუბუქოთ, მოდის ზამთარი, რთული პერიოდი, ამიტომ იმის მინიმუმი მაინც უნდა მივცეთ ხალხს, რაც სჭირდება. თუ ამას მოვახერხებთ ეს დიდი ბედნიერება იქნება.

აღინიშნა რა საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეროვნების მოსახლეობის აქტიურობა არჩევნების დღეს, ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ რუსულად თქვა: მე მინდა დიდი მადლიერებით მივმართო რესპუბლიკის სხვადასხვა ეროვნების მოქალაქეებს - რუსებს, სომხებს, აზერბაიჯანელებს, ებრაელებს, ოსებს, ბერძნებს, ქურთებს, აფხაზთა იმ ნაწილს, რომლებმაც ამ ძნელბედობის ჟამს მხარი დაუჭირეს ჩვენს დემოკრატიულ კურსს. კვლავ ვადასტურებ ჩემს ადრე ნათქვამს, რომ მრავალეროვანი სახელმწიფოს მშენებლობის ჩემეული შეხედულება, რაზეც მათთან მქონდა საუბარი და რასაც დავპირდი, არ შეიცვლება, და იგი უთუოდ ხორცს შეისხავს.

არჩევნებში მონაწილეობის საერთო მაჩვენებელი, წინასწარი მონაცემებით, 78-80 პროცენტია, - თქვა შემდეგ ედუარდ შევარდნაძემ, - 7 რაიონში არჩევნები არ გამართულა. მაგრამ ამ რაიონების მოსახლეობასთან გაბუტვას არ ვაპირებ. კარგად მესმის მათი მდგომარეობა და მჯერა: გაივლის ცოტა დრო, და როცა ყველაფერი დაწყნარდება, ისინიც იტყვიან თავიანთ სიტყვას. ამრიგად, თუ საერთო მაჩვენებელს ამ რაიონების ამომრჩეველთა პროცენტულ რაოდენობას გამოვაკლებთ, 70 პროცენტი მაინც გამოდის. კლასიკურ დემოკრატიულ ქვეყნებშიც კი 50-60 პროცენტი დიდ გამარჯვებად ითვლება. ამიტომ არჩევნების შედეგები ფრიად დამაჯერებელი და შთამბეჭდავია.

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო
საბჭოს პრესცენტრი.

ედუარდ შევარდნაძე: ხვალიდან ყველამ უნდა იგრძნოს უდიდესი პასუხისმგებლობა ქვეყნის მომავლისათვის / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 13 ოქტომბერი. - N212-213(492). - 1,5 გვ.

75 ახლა ძალზე მნიშვნელოვანია გავამართლოთ იმედები

▲ზევით დაბრუნება


ედუარდ შევარდნაძის პრესკონფერენცია

12 ოქტომბერს თბილისში, სასტუმრო „მეტეხის“ საკონფერენციო დარბაზში საქართველოს სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარემ ედუარდ შევარდნაძემ, რომელმაც წინა დღით

გამართულ რესპუბლიკის პარლამენტის არჩევნებში, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის პოსტის კანდიდატმა, ამომრჩეველთა ხმების აბსოლუტური უმრავლესობა მიიღო, გამართა პრესკონფერენცია ქართველი და უცხოელი ჟურნალისტებისათვის.

პრესკონფერენციის გახსნისას ედუარდ შევარდნაძემ მადლიერების სიტყვებით მიმართა ყველა საზღვარგარეთელ ექსპერტ-მეთვალყურესა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლებს, რომლებიც ჩამოვიდნენ საქართველოში იმისთვის, რომ მსოფლიოს გააგებინონ სიმართლე საქართველოს, აქ მიმდინარე პროცესების, არჩევნების მსვლელობის შესახებ, რომლებსაც როგორც მან თქვა, ისტორიული მნიშვნელობა აქვს საქართველოს ბედისათვის. სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარემ დიდი და გულწრფელი მადლიერების სიტყვებით მოიხსენია საქართველოს მოსახლეობა, რესპუბლიკის ყველა მოქალაქე, რომლებმაც ახლანდელი ძნელბედობის მიუხედავად, დაუჭირეს მხარი ახალ ხელისუფლებას, მის კურსს - დემოკრატიულ გარდაქმნებს რომ ისახავს მიზნად, და აქტიური მონაწილეობა მიიღეს ახალი პარლამენტის არჩევნებში.

ედუარდ შევარდნაძემ კმაყოფილებით გაუსვა ხაზი ამომრჩეველთა დიდ პროცენტს, რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა კენჭისყრაში დღეისათვის თვით ისეთ ცხელ რეგიონშიც კი, როგორიც არის აფხაზეთი, ახსნა ეს იმით, რომ ადამიანებს ჩაესახათ იმედი, იგრძნეს, რომ ახალი ხელისუფლება შეძლებს კონფლიქტის მოგვარებას ავტონომიურ რესპუბლიკაში. ახლა ძალზე მნიშვნელოვანია, განაცხადა მან, გავამართლოთ ეს იმედები. აღინიშნა, რომ ამომრჩეველთა ძალზე დიდი პროცენტია დაფიქსირებული იმ რეგიონებშიც, სადაც კომპაქტურად ცხოვრობენ ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლები. როგორც არჩევნების წინასწარმა შედეგებმა ცხადყვეს, არა მარტო ქართველებმა, არამედ რუსებმა, სომხებმა, აზერბაიჯანელებმა, ოსებმა, ბერძნებმა, ებრაელებმა, ქურთებმა, ყველა ეროვნებათა წარმომადგენლებმა აქტიურად დაადასტურეს, რომ ერთგულობენ იმ რთულ, მაგრამ პერსპექტიულ დემოკრატიულ გზას, რომელსაც ადგას საქართველო და აპირებს კვლავაც მტკიცედ იაროს ამ გზით.

შეეხო რა დღეისათვის რესპუბლიკის წინაშე მდგომ პრობლემებს, ედუარდ შევარდნაძემ დაწვრილებით ილაპარაკა იმ სირთულეებზე, რომლებიც წარმოიქმნა რუსეთთან ურთიერთობაში. მან, კერძოდ, დამსწრეთ აცნობა, რომ დღისით შედგა მისი სატელეფონო საუბარი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან ბორის ელცინთან, რომელმაც მიულოცა მას დამაჯერებელი გამარჯვება არჩევნებში. ამ საუბრის დროს, თქვა ედუარდ შევარდნაძემ, განვიხილეთ აგრეთვე ჩვენი მომავალი შეხვედრის საკითხი. იგი შეიძლება გაიმართოს ხვალ ან რამდენიმე დღის შემდეგ, აღნიშნა მან. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რაოდენ სწრაფად დასრულდება მუშაობა დოკუმენტის პროექტზე, რომელიც უნდა მივიღოთ ამ შეხვედრაზე. ერთი რამ ცხადია, თქვა ე. შევარდნაძემ: ახალი დოკუმენტი უთუოდ უნდა უწყობდეს ხელს ჯერ კიდევ 3 სექტემბერს მოსკოვში აფხაზეთის შესახებ ჩვენს მიერ ხელმოწერილ შეთანხმებათა განხორციელებას. კითხვაზე, თუ სად შეიძლება გაიმართოს საქართველოსა და რუსეთის ხელმძღვანელთა უმაღლესი დონის შეხვედრა, ედუარდ შევარდნაძემ დაასახელა სოხუმის რაიონი.

საქართველოს სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარემ უპასუხა ჟურნალისტთა მრავალ კითხვას.

ახლა ძალზე მნიშვნელოვანია გავამართლოთ იმედები / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 13 ოქტომბერი. - N212-213(492). - 1 გვ.

76 ედუარდ შევარდნაძე: ჩვენ ყველას ერთი დიდი მდინარეღა დაგვრჩა გადასაცური და, მჯერა, ერთად გადავცურავთ

▲ზევით დაბრუნება


ორშაბათის ტრადიციული რადიოინტერვიუ

- მივესალმები რადიომსმენელებს და უწინარესად, რაც უნდა ვთქვა, ეს არის დიდი მადლიერების სიტყვები იმ საყოველთაო ნდობის გამო, რომელიც ხალხმა არჩევნების დროს გამომიცხადა. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ მთელი ჩემი ცოდნა და გამოცდილება, დარჩენილი სიცოცხლის ყოველი წუთი ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის ზრუნვას მოხმარდება, - განაცხადა ორშაბათს, 19 ოქტომბერს საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარემ ედუარდ შევარდნაძემ თავის ტრადიციულ ინტერვიუში რადიოკომენტატორ ნატო ონიანთან.

ის საქართველო, რომლის ხელმძღვანელიც ადრე ვიყავი, და დღევანდელი ჩვენი ქვეყანა როგორც ცა და დედამიწა ისე განსხვავდება ერთმანთისაგან. იმ წლებში ჩვენ არ ვიცოდით, თუ ასე მალე მოხდებოდა ყველაფერი, ასე მალე მივაღწევდით თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას და სრულიად ახალი ქვეყნის მშენებლობას შევუდგებოდით.

როცა ოთხმოციანი წლების მიწურულს და ოთხმოცდაათიანი წლების დამდეგს უკვე ნათელი გახდა, რომ საბჭოთა კავშირი ვეღარ იარსებებდა, ვხედავდი, რომ მისი რღვევის პროცესი და ახალი ქვეყნის ფორმირება თანდათანობით უნდა მომხდარიყო და მისი მართვის სადავეები ხელიდან არ გაგვექცეოდა... მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა. ამიტომ ამ უზარმაზარმა სახელმწიფო წარმონაქმნმა, რომლის ყველა უჯრედი ერთმანეთთან იყო დაკავშირებული, ერთიანად დაიწყო რღვევა ყველა დონეზე და მის ცივილიზებულ კალაპოტში მოქცევა უკვე აღარავითარ ძალას აღარ შეეძლო. ამიტომაც დავდექით ასეთი მძიმე ამოცანების წინაშე. მართალია, ჩვენ ახლა ბედნიერი ვართ, რომ ნანატრ თავისუფლებას მივაღწიეთ, როგორც იტყვიან, „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნის“, მაგრამ იგი ძალიან ძვირადღირებული ბედნიერებაა. კვლავ არსებობს ცხელი წერტილები საქართველოს რუკაზე, ფაქტობრივად ისეთ ომში ვართ ჩაბმული, რომ მას შეიძლება სამამულოც კი ეწოდოს, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, ახლა უფრო იმედიანად ვარ განწყობილი, ვიდრე ამ ორი-სამი თვის წინათ. ეს კი არჩევნების შედეგია, რომლის დროსაც ჩვენმა ხალხმა დიდი სიბრძნე და წინდახედულება გამოიჩინა. ფაქტობრივად მოხდა ჯანსაღი ძალების კონსოლიდაცია, რისთვისაც ვირჯებოდით და რისკენაც ყველას მოვუწოდებდით. გამოერკვნენ თვით ისეთი ადამიანებიც კი, რომლებსაც რთულ პოლიტიკურ სიტუაციაში გარკვევა უჭირდათ. ეს ძალიან დამაიმედებელი პროცესი გახლავთ და მან შესაძლოა ჩვენს შემდეგ წინსვლა დიდი სარგებლობა მოუტანოს. ამიტომ მჯერა, რომ უთუოდ მოვიშუშებთ ჭრილობებს, ეკონომიკაშიც მივაღწევთ ძვრებს, და, რაც მთავარია, ხალხს შევუმსუბუქებთ მდგომარეობას, რომელსაც ნანატრ თავისუფლებასთან ერთად მძიმე ხვედრი ერგო წილად. ამისათვის ჩვენ ყველაფერი უნდა ვიღონოთ.

შეეხო რა მიმდინარე კვირის მთავარ ამოცანებს, საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ აფხაზეთის მოვლენებთან დაკავშირებული საკითხების გარდა, რომლებიც ფაქტობრივად ყოველდღიურ დაძაბულ მუშაობას მოითხოვს, ამ კვირაში ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იქნება რესპუბლიკის პარლამენტის სხდომის მოწვევა და ხელისუფლების საკითხის გადაწყვეტა. ჩვენი მთავრობა მუშაობს, იგი შეასრულებს თავის მოვალეობას, მაგრამ წესი წესია. მეორეც, ჩვენ გადასაწყვეტი გვაქვს შიდასაპარლამენტო ფუნქციები, კომისიათა ფუნქციები, ურთიერთობა აღმასრულებელ ხელისუფლებასთან. ეს ისეთი საკითხებია, რომლებზეც დისკუსიის დროც კი არ გვრჩება, რაც შეიძლება სწრაფად უნდა გადავწყვიტოთ. უპირველეს ყოვლისა უნდა მივიღოთ კანონი ხელისუფლების შესახებ. ჩვენ პარლამენტური რესპუბლიკა ვართ და პარლამენტი იქნება ის მთავარი რგოლი, სადაც უნდა გადაწყდეს ჩვენი ქვეყნის განვითარების ბევრი საკითხი. მაგრამ, თუ ჩვენ ძლიერი ხელისუფლება არ გვეყოლა, გაგვიჭირდება. ამიტომ ძლიერი ხელისუფლების შექმნას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ.

ჩვენს ქვეყანაში არსებული მრავალპარტიულობა ბუნებრივი მოვლენაა და ამას რეალურად ვუყურებთ, მაგრამ იმედიც გვაქვს, რომ პარტიული ინტერესები საერთო-საქვეყნო ინტერესებს არ დაუპირისპირდება და მთავარ საკითხებზე დიდ დროს არ დავხარჯავთ. დრო ახლა ჩვენი ყველაზე დიდი დეფიციტია, აღნიშნა ედუარდ შევარდნაძემ.

აფხაზეთის მოვლენებზე საუბრისას რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარემ იქ შექმნილ ვითარებას უკიდურესად დაძაბული უწოდა. ჩვენ ხელთ გვქონდა შესანიშნავი ბაზა, რომ მშვიდობიანი პოლიტიკური მეთოდებით გადაგვეწყვიტა იქაური საკითხები, - თქვა მან, - ეს იყო მოსკოვში 3 სექტემბერს ხელმოწერილი ხელშეკრულება, მაგრამ სამწუხაროდ, ამ დოკუმენტისადმი არა მარტო აფხაზ ლიდერთა მხრიდან, არამედ თვით რუსეთშიც კი არ არსებობს ერთგვაროვანი დამოკიდებულება. რუსეთის პრეზიდენტის აზრს ბევრი იზიარებს რუსეთში, ბევრმა მოიწონა მისი ასეთი წინგადადგმული ნაბიჯი, მაგრამ იმდენი წყალქვეშა მეჩეთი აღმოჩნდა, რომ წინსვლა შეფერხდა. ფაქტობრივად კი ის მივიღეთ, რომ ეს ხელშეკრულება შირმად გამოიყენეს, რათა გაგრაზე შეტევა დაეწყოთ, ჩვენი ძალები კი ამისთვის მზად არ აღმოჩნდნენ. ახლა რუსეთის საშუამავლო მისია შესუსტებულია. რუსეთს ფაქტობრივად აღარ დარჩა ბევრი რეზერვი, რომ ეს მისია შეასრულოს. აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების საკონტროლო კომისიის რუსეთის წარმომადგენელმა წევრებმა, რომლებიც გუდაუთასა და სოჭში მოქმედებდნენ, თავისი მისია ვერ შეასრულეს, რადგან საკითხების ძალისმიერი მეთოდებით გამოყენებას დაუთმეს უფრო მეტად მთელი თავიანთი ყურადღება და პოლიტიკურმა მეთოდებმა უკანა პლანზე გადაიწია. მათ ცხინვალის რეგიონის ვარიანტის გადმოღება სცადეს აფხაზეთში. აფხაზეთი კი სულ სხვა რეგიონია. ამიტომ ეს ვარიანტი არ გამოდგა. სამწუხაროდ, მათი დარწმუნება გაჭირდა.

შემდეგ საუბარი შეეხო საერთაშორისო გამოხმაურებებს აფხაზეთის მოვლენებთან დაკავშირებით. საერთაშორისო საზოგადოებრივი აზრი, თქვენ ამჩნევთ, ჩვენს სასარგებლოდ არის, - აღნიშნა ედუარდ შევარდნაძემ. - ჩემი აზრით, საყოველთაო მხარდაჭერა პოვა ჩემმა იმ მოსაზრებამ, რომ ერთ-ერთი დიდი საფრთხე თანამედროვეობისათვის, რომელმაც შესაძლოა დიდი საერთაშორისო არეულობა გამოიწვიოს, ექსტრემიზმთან შერწყმული სეპარატიზმის. ნელა, მაგრამ რუსეთშიც იწყებენ იმის გაგებას, რომ მარტო იუგოსლავიაში და საქართველოში კი არა, შესაძლოა ეს საკითხი იქაც დადგეს და დიდი ვნება მოუტანოს მას.

ამიტომ, როცა სეპარატიზმზე ვლაპარაკობ (და ჩვენ ყველაფერს ვიღონებთ იმისათვის, რომ ჩვენთან იგი არ არსებობდეს), ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ საქართველოში მცხოვრებ ხალხებს წავართმევთ თავის უფლებებს. არა, მე ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენ საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით უნდა ვიმოქმედოთ და ეს სტანდარტები უნდა გახდეს ჩვენთან მცხოვრები ყველა ეროვნების ადამიანთა უფლებების დაცვის გარანტი. მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ, როცა ეროვნულ უმცირესობათა უფლებებზეა ლაპარაკი, იქვე არ უნდა გვავიწყდებოდეს მათი პასუხისმგებლობაც ერთიანი ქვეყნის მშენებლობაში. ისინი ყველანი ერთად უნდა ზრუნვადნენ მისი წინსვლისა და აყვავებისათვის და ეს მათი უფლებების დაცვის საწინდარიც იქნება. მე რამდენჯერმე ვთქვი და ახლაც მინდა გავიმეორო, - თქვა შემდეგ ედუარდ შევარდნაძემ, - რომ დემოკრატიის ერთ-ერთი საზომია ადამიანის უფლებების დაცვა, საერთოდ ადამიანისა და არა მარტო ეროვნული უმცირესობისა. ამიტომ, თუ ჩვენ, ვთქვათ, აფხაზეთში მარტო აფხაზთა ინტერესების დაცვისთვის ვიზრუნებთ (თუმცა, ეს ზრუნვა, ცხადია, საჭიროა) და სხვების ინტერესებს დავივიწყებთ, ეს კარგ შედეგამდე არ მიგვიყვანს. ამიტომ, ვიმეორებ, ყველა ადამიანისათვის ზრუნვა, ყველა ეროვნების ადამიანთა უფლებების დაცვაა საჭირო.

რადიოკომენტატორის კითხვაზე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები სამეგრელოში, საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ კონტაქტები და მოლაპარაკება იქაურ ძალებთან მიმდინარეობს, ამიტომ მშვიდობიანი გზით ამ საქმის მოგვარების გზები ამოწურული არ არის. ბევრი მათგანი ფიქრობს, რომ წავიდეს აფახაზეთში და იქ მოიხადოს ვალი საქართველოს წინაშე. ჩემი მონაცემებით, - თქვა მან, - სოხუმში შესაძლოა მოხდეს კიდევ ერთი შეხვედრა ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ამ რაზმების ლიდერთა შორის. თუმცა აქამდე ასეთი შეხვედრები ბევრი იყო, მაგრამ სასურველი შედეგი არ მოუტანია. არადა, კარგი იქნებოდა, რომ შეთანხმება მომხდარიყო, - დასძინა მან. - მე მჯერა, რომ ამ კუთხის მოსახლეობა გამოიჩენს სიბრძნეს და გამბედაობას, არ დაუჭერს მხარს სხვა მიმართულებით ამ პროცესების განვითარების ცდას და მონახავს თავის მისიას ერთიანი საქართველოს მშენებლობის საქმეში. მე ძალიან განვიცდი, რომ ასეთი არანორმალური ვითარებაა სამეგრელოში - ზუგდიდში, წალენჯიხაში, ნაწილობრივ ჩხოროწყუში. ორი კვირაა იქ პურიც კი არ გამომცხვარა. მოსახლეობა უკიდურესად გაჭირვებულია. სამწუხაროდ, იქ ვერაფრის შეტანა ვერ ხერხდება. ჩვენ გვაქვს ამჟამად იმის საშუალება, რომ რაიმე მივაწოდოთ ამ კუთხეს, სადაც ამჟამად აფხაზეთიდან გადმოსული ლტოლვილებიც არიან, მაგრამ წესრიგი თუ არ დამყარდა და ამ სამსახურებს მუშაობის ელემენტარული პირობები არ შეექმნათ, არაფერი გამოვა.

წესრიგი საჭიროა ყველგან. მაფიასთან ბრძოლა რთული იქნება, მაგრამ უნდა განვასხვაოთ ერთმანეთისაგან მაფია და ბიზნესი, მათ შორის ძალიან დიდი სხვაობაა. ბიზნესი თვითონ არის დაინტერესებული, რომ მაფია არ არსებობდეს, მაგრამ ეს უკანასკნელი სერიოზული მოვლენაა, ეს მარტო პურის რიგებს არ ეხება. პური თბილისში იმდენი ცხვება, რომ რიგები არ უნდა არსებობდეს, მაგრამ პურის შეტანა ჭირს მაღაზიებში. ასევეა საწვავის შემოტანის საქმეც. ეს სფეროები ახლა გარკვეული პირების ხელშია და ისინი ცდილობენ იმდენი შემოიტანონ, რამდენიც დიდი ფასების შენარჩუნებას უზრუნველყოფს. ასეთ ხალხს ბიზნესთან, ცხადია, საერთო არაფერი აქვს. ამიტომ, როცა ძლიერ ხელისუფლებაზე ვლაპარაკობ, მის ფუნქციაში სწორედ ასეთი მოვლენების წინააღმდეგ პრინციპულ მოქმედებასაც ვგულისხმობ. ორგანიზებული დანაშაული არც ერთ ქვეყანაში არ რჩება დაუსჯელი. ამასთან დაკავშირებით ხშირად იხსენებენ ძნელ დროს და ამბობენ, ერთ მდინარეში კაცი ორჯერ ვერ შევაო. პოლიტიკოსს არ შეუძლია მარტო დინებას მიჰყვეს და არ მიიღოს მეორე გადაწყვეტილება, რომ დინების საწინააღმდეგოდაც იაროს და მოერიოს. ეს, ცხადია, რთული საქმეა, რადგან შესაძლოა დინება ისეთი მძლავრი იყოს, რომ ვერ გაუძლოს, მაგრამ ცდა არ უნდა დააკლოს. როცა სამშობლოში ვბრუნდებოდი, ვიცოდი, რომ ძალიან ხშირად უნდა მევლო დინების წინააღმდეგ, ახლა კი, ვფირობ, ეს საჭირო აღარ იქნება, რადგან ჩვენ ყველას ერთი დიდი მდინარეღა დაგვრჩა გადასაცური, და მჯერა - მას ერთად გადავცურავთ.

ედუარდ შევარდნაძე: ჩვენ ყველას ერთი დიდი მდინარეღა დაგვრჩა გადასაცური და, მჯერა, ერთად გადავცურავთ / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 20 ოქტომბერი. - N215 (494). - 1,2 გვ.

77 ქართულად გამოიცა „ჩემი არჩევანი“

▲ზევით დაბრუნება


ახლახან გამომცემლობა „განათლებამ“ გამოსცა თანამედროვეობის გამოჩენილი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწის ედუარდ შევარდნაძის წიგნი - „ჩემი არჩევანი“ („დემოკრატიისა და თავისუფლების დასაცავად“).

ავტორი მოგვითხრობს თავისი ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ. განსაკუთრებული ადგილი ეთმობა ედუარდ შევარდნაძის მოღვაწეობას დიდ პოლიტიკაში - მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი სახელმწიფოს, ყოფილი საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე მის მუშაობას.

„ჩემი არჩევანი“ უკვე გამოიცა 15 ქვეყანაში - გერმანიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, საფრანგეთში, ინგლისში, იაპონიაში, რუსეთში და სხვ.

წიგნს ახლავს ავტორის წინასიტყვა, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ:

ამ წიგნის საქართველოში გამოცემის ინიციატორებმა მთხოვეს წინასიტყვაობა დამეწერა. არ გამომივიდა (ჯოჯოხეთური მოუცლელობის გამო). გადავწყვიტე რამდენიმე სიტყვით შემოვიფარგლო. რაღა თქმა უნდა, ამ ფრაზებს წინათქმის პრეტენზია არა აქვს.

ჩემმა კეთილმა მეგობარმა ჰანს-დიტრიხ გენშერმა თბილისში ყოფნისას მის მშობლიურ ქალაქ ჰალეში ჩვენი მოგზაურობა გაიხსენა. მე მას მართლაც მივმართე სევდიანმა და გულდაწყვეტილმა (რაზეც ვიყავი გულდაწყვეტილი, სხვა დროს ვიტყვი), მეღირსება, კი საქართველოში გიმასპინძლო-მეთქი? იმასაც ვიტყვი და გენშერიც დამიდასტურებს: როცა ჩვენ თანამედროვეობის ურთულეს პრობლემებს ვიხილავდით, დაუჭერიათ მომენტები, როცა მე განსახილველი საკითხის ნაცვლად სხვა საგანზე გადამიტანია ფიქრი. მქონდა ასეთი „ფიქრიანი პაუზები“ დიდი დიალოგის დროსაც კი და მე გენშერისთვის გამიმხელია, რომ ამ წამიერი „გამოთიშვის“ მიზეზი ჩემი სამშობლოა-მეთქი.

განგებამ ასე ინება: პატარა ქვეყნის, მცირერიცხოვანი ერის წარმომადგენელი იმ გიგანტური სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის ოლიმპზე აღმოჩნდა, რომელსაც საბჭოთა კავშირი ერქვა. ამ უმაღლესი გადასახედიდან, მთელი პლანეტა რომ ხელისგულივით მოჩანდა, ჩემი თვალმარგალიტი, ჩემი საქართველო თავისი თვალისმომჭრელი კიაფით შემახსენებდა თავს. იგი მეუბნებოდა: იყავ ფრთხილად, იმოღვაწე ღირსეულად, აკეთე სხვა ხალხებისთვის ის, რასაც შენი ქვეყნისათვის მოიმოქმედებდიო.

ღმერთმანი, ვცდილობდი ამ შეგონების ერთგული ვყოფილიყავი. როგორ შევძლო ეს, ნაწილობრივ ამ პატარა წიგნიდანაც ჩანს. უფრო მეტი სათქმელი და დასაწერი მომავლის საქმეა.

ჩემო მკითხველო, მე არაერთხელ მითქვამს, რომ სამშობლოში მე დავბრუნდები მთელი ჩემი განვლილი გზით, დამსახურებებითა და შეცდომებით, მთელი ჩემი ტვირთითა და პოლიტიკური კაპიტალით. ყველაფერი, რაც გამაჩნია, რასაც შევქმნი და რასაც დავწერ, საქართველოს კუთვნილებაა. დავბრუნდები იმისათვის, რომ აღარასოდეს დავტოვო ჩემი ქვეყანა, მოვახმარო მას დარჩენილი ძალები, ცოდნა, გამოცდილება, სახელი და დიდება, აღიარება ჩემი (თუ კი ასეთი ფენომენი არსებობს მსოფლიოში.

ჩემო მკითხველო, ჩემო ქვეყანავ, ძნელბედობის ჟამი დაგვადგა. რომ გადავრჩეთ, ბეწვის ხიდზე უნდა ვიაროთ. ეს შესაძლებელია. ახლა მთავარია არ შევდრკეთ, სასოწარკვეთას არ მივეცეთ, მხარი მხარს მივცეთ, ერთმანეთს გავუფრთხილდეთ, ერთმანეთი დავინდოთ.

საქართველო ღვთისწილი ქვეყანაა, მას გადაშენება არ უწერია. მე ღრმად მწამს, რომ ჩვენ ვივლით ჰუმანიზმის, დემოკრატიის გზით და ავაშენებთ ახალ, თავისუფალ, დამოუკიდებელ და ბედნიერ სახელმწიფოს.

ედუარდ შევარდნაძე.
20.09.92 წელი.
თბილისი.

ქართულად გამოიცა „ჩემი არჩევანი“ / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 21 ოქტომბერი. - N216 (495). - 1 გვ.

78 ახალი საქართველოს საამაყოდ!

▲ზევით დაბრუნება


ქართული თურქოლოგიის პატრიარქს
აკადემიკოს სერგი ჯიქიას

ღრმად პატივცემულო ბატონო სერგი, გულითადად მოგილოცავთ დაბადების დღეს ჩვენი ქვეყნის გამოჩენილ მეცნიერსა და საზოგადო მოღვაწეს.

მთელი თქვენი შეგნებული ცხოვრება თქვენ ქართული მეცნიერების წინსვლასა და აღმავლობას მიუძღვენით.

დიდი ქართველი მამულიშვილების ივანე ჯავახიშვილის, კორნელი კეკელიძის, აკაკი შანიძის, გიორგი ახვლედიანის მიერ მირონცხებული მოქალაქე, მეცნიერი და მოღვაწე, სრულიად ახალგაზრდა, თურქოლოგიის საფუძვლების დასაუფლებლად სტამბოლის უნივერსიტეტში ბრძანდებოდით მივლინებული, სადაც დიდი მონდომებით შეისწავლეთ ქართულ-თურქული ისტორიულ-ლიტერატურული ურთიერთობანი.

ჯერ კიდევ ნახევარი საუკუნის წინათ თქვენ თბილისის უნივერსიტეტში ჩამოაყალიბეთ თურქოლოგიის კათედრა, მოგვიანებით კი აკადემიკოს გიორგი წერეთელთან და სხვა გამოჩენილ მეცნიერებთან ერთად იყავით უნივერსიტეტში აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტისა და შემდგომ, აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის შექმნის თაოსანი. ამ ინსტიტუტში დღემდე უცვლელად ხელმძღვანელობთ თურქოლოგიის განყოფილებას.

თქვენ უდიდესი აღიარება მოგიტანათ „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის“ პუბლიკაციამ და მეცნიერულმა ანალიზმა, აგრეთვე სხვა ფუნდამენტურმა ნაშრომებმა, რომლებიც ქართული მეცნიერების საგანძურში შევიდა.

კიდევ ერთხელ გილოცავთ დაბადების დღეს. ჯანმრთელობას და ბედნიერებას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახს. იდღეგრძელეთ ჩვენი საყვარელი ქვეყნის, ახალი საქართველოს საამაყოდ და სასიკეთოდ.

პატივისცემით
ედუარდ შევარდნაძე.

ახალი საქართველოს საამაყოდ! / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 22 ოქტომბერი. - N217 (496). - 1 გვ.

79 ძლიერი პარლამენტი არ გამორიცხავს ძლიერ ხელისუფლებას

▲ზევით დაბრუნება


ედუარდ შევარდნაძის 26 ოქტომბრის რადიოინტერვიუ

ახლა მთელი ქვეყანა პარლამენტის შეკრებას ელოდება, - თქვა ედუარდ შევარდნაძემ თავის ტრადიციულ რადიოინტერვიუში ორშაბათს 26 ოქტომბერს რადიოკომენტატორთან ნატო ონიანთან საუბარში, როცა განვლილი კვირის მოვლენები გააანალიზა. - პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება მას შემდეგ, რაც ცენტრალური საარჩევნო კომისია, რომელიც ახლა ინტენსიურად მუშაობს, გამოაცხადებს საბოლოო შედეგებს.

ჩვენ გვაკრიტიკებენ, თითქოს პარლამენტის შეკრება გაჭიანურდა. მაგრამ არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამების პროცესი რთული გამოდგა, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დეტალურად უნდა გაარკვიოს ყველაფერი, მათ შორის - გაუგებრობებიც. ამიტომ პარლამენტის სხდომის მოწვევის უფლება არა გვაქვს. ეს მუშაობა ახლა მთავრდება და ორ-სამ დღეში სხდომა გაიმართება.

ვთქვი და ახლაც ვიმეორებ: ჩვენი მთავარი საზრუნავი ის არის, რომ ჩვენმა ახალმა პარლამენტმა სწრაფად მიიღოს კანონი ხელისუფლების შესახებ, რომლის მიღებაზეც ბევრად არის დამოკიდებული რამდენად რადიკალური იქნება ცვლილებები საკადრო პოლიტიკაში. ზოგადად, ჩემი შეხედულება ისეთია, რომ გარკვეული ძვრები უნდა მოხდეს, ეს ამ რთული ეტაპისათვის აუცილებელია. ამიტომ ვთხოვ ყველას - მოიკრიბოთ მოთმინება და დაველოდოთ ამ კანონის მიღებას, რომლის შემდეგაც ყველაფერი ჩამოყალიბდება.

მე მომხრე ვარ პრინციპისა, რომ საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკა იყოს, - განაგრძო ედუარდ შევარდნაძემ, - რომელსაც ძლიერი აღმასრულებელი ხელისუფლება ეყოლება. ძლიერი პარლამენტი არ გამორიცხავს ძლიერ ხელისუფლებას. დემოკრატიას დაცვა სჭირდება. მადლობა ღმერთს, ახლა პარლამენტი გვყავს, ხელისუფლება კი უნდა შეიქმნას.

თქვენ გახსოვთ, ამ თემაზე იყო კამათი, თუ როგორი გზით წავსულიყავით. მაშინაც პრეზიდენტის არჩევის წინააღმდეგი ვიყავი. ისე უნდა გავაკეთოთ, რომ ხელისუფლება პარლამენტის დაუზარალებლად გავაძლიეროთ. ხედავთ, რა დრამატული წინააღმდეგობებია რუსეთში, როგორ ძნელად წყდება უმნიშვნელოვანესი პრობლემები. ჩვენ გვაქვს იმის საშუალება, რომ ჩვენივე სიტუაციისა და მდგომარეობის შესაბამისი მოდელი შევქმნათ და ეს საშუალება უნდა გამოვიყენოთ.

შეეხო რა ამ დღეებში რუსეთის ჯარების შტაბის შენობასთან გამართული მიტინგის და მანიფესტაციის მოთხოვნებს. ედუარდ შევარდნაძემ აღნიშნა, რომ ამ თემაზე საუბრისას ყოველთვის უნდა ვითვალისწინებდეთ დროის ფაქტორს და სწორად ვირჩევდეთ მას. გადაწყვეტილებაც მაშინ უნდა მივიღოთ, როცა საამისო დრო დადგება. ამჟამად კი, ისეთი ხანა გვიდგას და, ვფიქრობ, ისეთი დრო მოდის, რომ ყველა ასპექტის, ყველა ნიუანსის გაუთვალისწინებლად რაიმე ნაბიჯი არ უნდა გადავდგათ და ამ საკითზე გადაწყვეტილება ისე არ უნდა მივიღოთ.

მეტსაც ვიტყვი: ჩვენ არავითარი უფლება არა გვაქვს თბილისი საჰაერო თავდაცვის სისტემის გარეშე დავტოვოთ! თუ რომელიმე ორგანიზაციას აქვს რაიმე სხვა საშუალება ამ საკითხის გადასაწყვეტად, მზად ვარ მოვიწვიო და განვიხილო იგი, მაგრამ მანამდე ქალაქს დაუცველს ვერ დავტოვებთ. ჩვენთან ახლო რეგიონებში არიან ძალები, რომლებსაც შეუძლიათ დაგვბომბონ კიდეც... მერე ამ საქმეს მიტინგი ვეღარ უშველის.

რადიოკომენტატორის შეკითხვაზე, თუ რა უშველის აფხაზეთში შექმნილ ვითარებას, ედუარდ შევარდნაძემ შენიშნა: ჩემი აზრით, პირველ რიგში გვიშველის აფხაზურ-ქართული ურთიერთობა. მე მჯერა, - თქვა მან, - დადგება დრო, როცა ორივე ერი თავის ბედს თვითონვე გადაწყვეტს, ყოველგვარი უცხო ჩარევის გარეშე, მაგრამ ახლა ჯერ ეს დრო არ დამდგარა. ამიტომ ყველა სხვა ფაქტორი, რომლებიც აქაურ ვითარებაზე მოქმედებს, უთუოდ უნდა იქნეს გათვალისწინებული.

პირველ რიგში ეს გახლავთ რუსეთის ფაქტორი, ავიღოთ საქართველო-რუსეთის საზღვარი: ის, რომ რუსეთს არ ჰქონდა ჩაკეტილი, ალბათ წაგვლეკავდნენ. ამიტომ ზოგჯერ ჩურჩულით რომ ამბობენ, რა უნდათ, რატომ მონაწილეობენ ამ საკითხების გადაწყვეტაშიო, არ არის სერიოზული მსჯელობა.

თვით საერთაშორისო ორგანიზაციებიც არ არიან ჯერ მზად იმისთვის, რომ ჩაერიონ ამ საქმეში, - განაგრძო ედუარდ შევარდნაძემ, - მაგრამ, რაც მათ გააკეთეს საკითხის განხილვით, რეზოლუციის მიღებით დაწყებული და კეთილი ნების მისიების გამოგზავნით დამთავრებული, ამან ხელი შეუწყო ჩვენი პოზიციების გამაგრებას. ეს დიდი გარანტია იყო ჩვენთვის, რომელსაც ანგარიში უნდა გაუწიონ აფხაზეთშიც და რუსეთშიც.

ჩვენ ამჟამად ამ საერთაშორისო ორგანიზაციებთან რთულ პირობებში ურთიერთობის პრაქტიკას გავდივართ. ხვალ იქნებ მშვიდობა იყოს ჩვენს მიწაზე, ამიტომ თავდაცვის მეტი გარანტიები გვჭირდება. მოგეხსენებათ, ნატოს სტატუსი ფაქტობრივად ახალ თვისობრივ მდგომარეობაში გადადის, ამიტომ ასეთი საკითხებისადმი მიდგომა ასეთი სტრატეგიული მდგომარეობისადმი მიდგომის ნაწილია.

შეეხო რა ამჟამად რუსეთში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას, ედუარდ შევარდნაძემ გულისტკივილი და შეშფოთება გამოთქვა უკანასკნელი მოვლენების გამო. ის, რაც რუსეთში ხდება, ისევე მაწუხებს, როგორც ყოველივე ის, რაც ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს, - თქვა მან, - რადგან რუსეთთან მრავალმხრივ ვართ დაკავშირებული, ეს ეკონომიკური კავშირები იქნება თუ კულტურული. ამიტომ ჩვენ უნდა ვილოცოთ, თუ შეიძლება ასე ითქვას, იმისთვის, რომ რუსეთში დემოკრატიულმა ძალებმა გაიმარჯვონ. სახალხო დეპუტატთა ყრილობის გადადება ბორის ელცინმა ვერ შეძლო. ეს იმას ნიშნავს, რომ სერიოზული ბრძოლაა მოსალოდნელი. მაგრამ ვიმედოვნებ, რომ რუსეთის პრეზიდენტი, გამოიყენებს თავის რეზერვებს, პირველ რიგში საპრეზიდენტო ხელისუფლებას; მეორეც - მას შეუძლია დაეყრდნოს სამხედრო კომპლექსში არსებულ უდიდეს საღ ძალებს (საბედნიეროდ, ისინი იქ ბევრნი არიან), რომელთა ინტერესები დემოკრატიისაკენ იხრება. ეს არის მეცნიერთა გავლენიანი სფერო, ჭკვიანი ხალხი. ამიტომ მათთან შეკავშირება შესაძლებელია. მათი ძალა სერიოზული დასაყრდენი შეიძლება გახდეს. მე მიმაჩნია, რომ ბორის ელცინისა და არკადი ვოლსკის ურთიერთობა გარკვეულწილად ეფექტიანი იქნებოდა.

შემდეგ ედუარდ შევარდნაძემ რესპუბლიკის ზამთრისათვის მზადების პრობლემებზე ისაუბრა, და აღნიშნა, რომ, რაც რესურსები არსებობს ყველაფერი ამოქმედდება, რათა მოსახლეობას ზამთრის გადატანა გაუადვილდეს. 10-15 დღეში შემოვა ევროპის კრედიტებით შეძენილი პროდუქტების 4-5 თვის მარაგი; ეს კრედიტები აქამდე არ დახარჯულა. ისე, იყო აზრი, რომ იგი არჩევნების წინ დაგვეხარჯა და მაშინ შემოგვეტანა, მაგრამ კარგია, რომ ასე არ გავაკეთეთ, არ იქნებოდა სწორი. სხვანაირად გაგვიგებდა ამას ჩვენი ხალხი და მართალიც იქნებოდა.

რაც შეეხება გათბობას, თანდათან ვაგვარებთ ურთიერთობას თურქმენეთთან და აზერბაიჯანთან ამ საქმეში და, ვფიქრობ, დიდი პრობლემა არ უნდა შეგვექმნას.

მაგრამ არის ერთი მართლაც დიდი პრობლემა, რომელიც გადასაწყვეტი გვაქვს. მოგეხსენებათ დღითიდღე მატულობს ფასები გაზსა და სხვა ენერგო რესურსებზე, ჩვენთან კი ფასები უცვლელია. ამიტომ, თუ არ გავზარდეთ ხელფასები, პენსიები, სტიპენდიები და სხვა სახის ანაზღაურებანი და სამაგიეროდ არ გავათავისუფლეთ ფასები, ძალიან გაგვიჭირდება. რატომ არ გვყოფნის პური, როცა იგი წინანდელზე ბევრად უფრო მეტი ცხვება? იმიტომ, რომ მისი რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ გადინება დიდია და დღითიდღე იზრდება. ასე გააქვთ ფქვილიც. პურის ასეთი ბარბაროსული ხარჯვა ჩვენ ახლა არ შეგვიძლია.

სიძნელეები ბევრია. მომავალი ხელისუფლება ბევრ ასეთ სიძნელეებს მიიღებს, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის რომ ხალხს მინიმუმი მაინც მივცეთ და ურთულესი ყოფა შევუმსუბუქოთ.

სახელმწიფო საბჭოს პრესცენტრი.

ძლიერი პარლამენტი არ გამორიცხავს ძლიერ ხელისუფლებას / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 27 ოქტომბერი. - N221(500). - 1,2 გვ.

80 ედუარდ შევარდნაძე: რუსეთის ჯარის საქართველოდან გაყვანა ნორმალური, ცივილიზებული გზით უნდა გადაწყდეს

▲ზევით დაბრუნება


25 ოქტომბერს საღამოს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ედუარდ შევარდნაძემ ინტერვიუ მისცა საქართველოს ტელევიზიას და გამოხატა თავისი დამოკიდებულება 23 ოქტომბერს თბილისში რუსეთის ჯარების დაჯგუფების შტაბის შენობასთან გამართული მიტინგისა და მანიფესტაციის მონაწილეთა მოთხოვნებისადმი. - ამ მიტინგზე და მანიფესტაციის დროს, როგორც ვიცი, ორი საკითხი გამოიკვეთა, - თქვა ედუარდ შევარდნაძემ, - პირველი ეხება აფხაზეთში მყოფ რუსეთის საჯარისო ნაწილებს. მომიტინგეებმა კატეგორიულად მოითხოვეს, რომ რუსეთის ჯარები არ უნდა ერეოდნენ საქართველოს შინაურ საქმეებში. მართლაც ამ ჯარების ზოგიერთი გენერლის მისიით აფხაზეთში ფაქტობრივად იზღუდება ჩვენი ძალები და უწინარესად ეს ეხება მონოპოლიას საჰაერო სივრცეზე. ჩვენს ავიაციას ისინი აფრენის უფლებას არ აძლევენ. ამ მოთხოვნას მომიტინგეები სრულიად სამართლიანად აყენებენ და მეც ვუერთდები მათ. მიმაჩნია, რომ საჭიროა ამ საქმეში დამყარდეს წესრიგი. ჩვენ ვართ პატრონი ამ სივრცისა და ჩვენვე უნდა განვსაზღვრავდეთ მისი გამოყენების წესსაც. ეს ელემენტარული ამბავია და სხვას ამის უფლებას ვერც მივცემთ.

მაგრამ მეორე საკითხია მომიტინგეთა მოთხოვნა საოკუპაციო ჯარების და მათი გაყვანის საქმეში, განაგრძო ედუარდ შევარდნაძემ. - მე მინდა ვთხოვო ყველა მომიტინგესა და მანიფესტაციის მონაწილეს, აგრეთვე საქართველოს მოქალაქეებს, რომ ამ საკითხზე საუბრისას მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინონ, რადგან საქართველო ფაქტობრივად ომშია ჩაბმული და დამატებით პრობლემებს ნუღა შექმნიან. ამ საკითხში პასუხისმგებლობა გვეკისრება ყველას. ვთქვათ, მივეცით ასეთი წინადადება რუსეთის მხარეს და მან რეალურად შეასრულა იგი, დაიწყო ჯარების გაყვანა. ხომ უნდა გვქონდეს წინასწარ გააზრებული, რა პრაქტიკულ შედეგებს მოგვიტანს იგი. მინდა საქართველოს მოსახლეობამ იცოდეს, რომ რუსეთის ეს ნაწილები ჩვენთან ერთად აგებენ პასუხს საქართველოს საჰაერო სივრცის დაცვისათვის. ეს გახლავთ საჰაერო თავდაცვის ურთულესი სისტემა, რომელიც მრავალი მილიარდი მანეთი ღირს, უძვირფასესი და უიშვიათესი ტექნიკა, რომლის შექმნა დიდ სახელმწიფოებსაც კი უჭირთ. ეს სისტემა უთვალთვალებს მთელ სივრცეს, აფიქსირებს ყველა მოძრაობას და საჭიროების შემთხვევაში გადასცემს ავიაგამანადგურებელთა ესკადრელიას, რომ შესაბამისი ზომები მიიღონ. ეს სისტემა უზუსტესი ავტომატური რეჟიმით მუშაობს. ამიტომ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ჯერ არა გვყავს ასეთი ესკადრილიები.

ვთქვათ, ეს ტექნიკა ჩვენ გადმოგვცეს, დაგვიტოვეს. რა მოხდება ამით. სულ ერთია, ვერ გამოვიყენებთ, მისი ამთვისებელი არავინ გვეყოლება და ყველაფერი დაგვენგრევა, როგორც ეს ბევრს მოსვლია. ეს ჩვენი სიმდიდრეა და მას გაფრთხილება სჭირდება, გაფრთხილება კი ის იქნება, რომ ერთი წლის თუ ორი წლის მანძილზე ავითვისოთ ეს სისტემა და მერე დავიტოვოთ, რომ გვექნეს საკუთარი თავის დაცვის საშუალება. თუ ეს არ გვექნება, მაშინ, მართლაც, ნებისმიერს შეუძლია თბილისი „უბედურების ზონად“ გამოაცხადოს და რეალურად ამისათვის მხოლოდ რამდენიმე თვითმფრინავი იქნება საჭირო.

აქედან გამომდინარე, გვაქვს თუ არა უფლება, რომ ასეთი არასერიოზული ნაბიჯი გადავდგათ? დასკვნების გამოტანა ძნელი არ უნდა იყოს.

ჩემი ოპონენტები, ალბათ, მეტყვიან: აი, ბატონო, გეთანხმებით, ეს ასეა, ეს ჯარები დარჩნენ, მაგრამ სხვები წავიდნენო. ამასთან დაკავშირებით მინდა ვთქვა, რომ ასეთი პროცესი თანდათანობით ისედაც მიმდინარეობს და საკმაოდ ინტენსიურადაც. მაგრამ თუ სხვებს გაიყვანთ, ამასაც წაიღებენ, რადგან ეს სისტემა მათი თავდაცვისთვისაც ხომ არის საჭირო? თუ თვითონ აღარ იქნებიან, თავდაცვაც აღარ დასჭირდებათ. ამიტომ, ვიმეორებ, ეს არ არის ადვილად გადასაწყვეტი საკითხი და მისი გადაჭრა მოლაპარაკების გარეშე არ შეიძლება. ეს მოხდება მას შემდეგ, როცა რუსეთთან დიდ ხელშეკრულებას დავდებთ, როცა განვსაზღვრავთ მათი გასვლის ვადებს, თუ რამდენ ხანს უნდა დარჩნენ ისინი. რუსეთის მხარე ახლაც თანახმაა, რომ საჰაერო თავდაცვის ნაწილები ორმაგ დაქვემდებარებაში იყოს. ამიტომ არ უნდა შევეჯიბროთ ერთმანეთს, ვინ უფრო დიდი პატრიოტია. ვიმეორებ, ისინი შეიძლება აქედან გავიდნენ, მაგრამ ჩვენ დავრჩებით სრულიად დაუცავი.

ამიტომ, - განაგრძო ედუარდ შევარდნაძემ, - მოვუწოდებ ყველას: ეს არ არის მიტინგზე გადასაწყვეტი საკითხი. ეს ჩვენი საერთო სივრცის, საერთო სახლის დაცვის საკითხია. თქვენ გახსოვთ, რა უბედურება დაგვატყდა თავს გორში, როცა მცდარი გადაწყვეტილების გამო ჩვენი შესანიშნავი ახალგაზრდები დავკარგეთ, რომლებმაც ტექნიკის ძალით წართმევა სცადეს. მე მესმის, რომ, თუ სადმე რესპუბლიკის გარეთ ტექნიკის გატანას შეეცდებიან, იქ მორიგეობა უნდა დაწესდეს და არ მივცეთ ამის უფლება, მაგრამ ცალკეულ ნაწილებზე თავდასხმა, სამხედრო მანქანების ხელყოფა სრულიად უნდა გამოირიცხოს. ჩვენ ჩვენი ომი გვეყოფა, იმას უნდა მივხედოთ და ახალი ომის წამოწყება რუსეთის სამხედრო ნაწილებთან კარგს არაფერს მოგვიტანს, არ არის საჭირო, მით უმეტეს, რომ არც შეესაბამება ჩვენს კულტურას, ჩვენს ტრადიციებს.

ყველაფერი უნდა გადაწყდეს ნორმალური, ცივილიზებული ურთიერთობის ფარგლებში.

მერწმუნეთ, რუსეთის ჯარები, როცა ჩვენ ვიტყვით, მაშინ გავლენ, მაგრამ ჩვენ არ უნდა შევცდეთ, როდის წარმოვთქვათ ეს სიტყვები. ჩვენ ჯერ საკუთარი ჯარიც კი არა გვყავს, არც შესაბამისი კადრები გვყავს, გამოცდილებაც გვჭირდება, ამიტომ აჩქარება არას გვარგებს.

ედუარდ შევარდნაძე: რუსეთის ჯარის საქართველოდან გაყვანა ნორმალური, ცივილიზებული გზით უნდა გადაწყდეს / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 27 ოქტომბერი. - N221(500). - 1,2 გვ.

81 ქვეყნისთვის ამ ძნელბედობის ჟამს მიმართვა მეცხვარეებს

▲ზევით დაბრუნება


ძვირფასო მეცხვარეებო!

საქართველოს რესპუბლიკის ახლად არჩეული პარლამენტისა და მთელი ქართველი ხალხის სახელით მოგმართავთ ქვეყნისათვის ამ ძნელბედობის ჟამს თქვენ, ჩვენ სახელოვან მეცხვარეებს, რთული და ვაჟკაცური დარგის მუშაკებს, გამოიჩინოთ ჩვეული სიბრძნე და ყოველივე ღონე იხმაროთ ყიზლარის საძოვრებზე ცხვრის გამოსაზამთრებლად. რესპუბლიკის ხელისუფლება ყველაფერს იღონებს ცხვრის გადაყვანის უსაფრთხოებისთვის, მეცხვარეებისა და მათი ოჯახის ნორმალური საყოფაცხოვრებო პირობების შესაქმნელად.

მომთაბარე მეცხვარეობის შენარჩუნებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ხალხისათვის, მით უმეტეს - ყაზბეგის, დუშეთის და ახალგორის მოსახლეობისათვის, მეტიც - განაპირობებს ამ რაიონების დემოგრაფიას, ტრადიციებს და ხალხის ხასიათს.

გვწამს, ძვირფასო მეცხვარეებო, რომ პირნათლად მოიხდით ვალს თქვენი სამშობლოს წინაშე.

დაე, მუდამ გფარავდეთ ღმერთი.

ე. შევარდნაძე.

ქვეყნისთვის ამ ძნელბედობის ჟამს / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 27 ოქტომბერი. - N221(500). - 1 გვ.

82 ედუარდ შევარდნაძე: ქართული კულტურა ყოველდღიური ზრუნვის საგანი უნდა იყოს და იქნება კიდეც

▲ზევით დაბრუნება


როგორ მოვუაროთ და გადავარჩინოთ ქართული კულტურა, რა უნდა ვიღონოთ, ყველა იმ სიძნელეთა გადასალახავად, ამჟამად ასე მძიმე ტვირთად რომ აწევს რესპუბლიკის შემოქმედებით კავშირებს, კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებებს, უწყებებს. ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე გაიმართა ღრმა და დაინტერესებული სჯა-ბაასი ქართული კულტურის გადარჩენის კომიტეტის 26 ოქტომბრის გაფართოებულ სხდომაზე. მის მუშაობაში მონაწილეობდნენ ქართული კულტურის თვალსაჩინო წარმომადგენლები, სახელმწიფო საბჭოს წევრები, რესპუბლიკის მთავრობის, სამინისტროების ხელმძღვანელები. სხდომა შესავალი სიტყვით გაიხსნა ქართული კულტურის გადარჩენის კომიტეტის თავმჯდომარემ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ედუარდ შევარდნაძემ.

- ყველამ კარგად ვიცით, რა უმძიმეს და ურთულეს პირობებში ცხოვრობს დღეს ჩვენი ხალხი, - თქვა მან. - არ არის გადაჭარბებული ის გამოთქმა, რომ თითქმის სამამულო ომის პირობებში გვიხდება მუშაობა, თავის დაცვა, ეროვნული ღირსების გადარჩენა და, მიუხედავად ამისა, იმედისმომცემია ის, რომ ჩვენი საზოგადოებრიობა, ჩვენი ერი ფიქრობს არა მარტო დღევანდელ დღეზე, არამედ - ხვალინდელზეც, იმაზე, როგორ იცხოვროს ხვალ, რას დავუტოვებთ შთამომავლობას, როგორ ქვეყანას ავაშენებთ და როგორ გავასრულებთ ამ საუკუნეს. ჩვენ ყველანი ისე ვართ განწყობილი, რომ ახალ საუკუნეში საქართველო შეაბიჯებს როგორც სრულიად ახალი ქვეყანა, რომელსაც სრულიად სხვა საზოგადოება ეყოლება. ამაზე ფიქრობს დღეს ჩვენი ხალხი, მიუხედავად გაჭირვებისა, შიმშილისა, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყოველდღე იღუპებიან ჩვენი ერის საუკეთესო შვილები. და რაოდენ დიდი სულიერი სიმხნევეა საჭირო იმისათვის, რომ ხალხმა იფიქროს ხვალინდელ დღეზე. ჩვენი ერის ეს საუკეთესო თვისება - იმედი, რწმენა 11 ოქტომბრის არჩევანში გამოიხატა. მე შევხვდი უცხოეთიდან ჩამოსულ მეთვალყურეებს, გამოცდილ პოლიტიკურ მოღვაწეებს, რომლებიც არაერთ ქვეყანაში ყოფილან, დასწრებიან არჩევნებს. ისინი გულწრფელ გაკვირვებას გამოხატავდნენ: არ გვეგონა, ასეთ ვითარებაში ხალხი ამგვარ ერთსულოვან მზადყოფნას თუ გამოიჩენდა, როცა ლაპარაკი დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობაზეაო. მრავალმა მათგანმა მოიწერა წერილი. გამოგზავნა ოფიციალური დასკვნები. მალე ცნობილი გახდება არჩევნების საბოლოო შედეგები. ის, რაც მოხდა 11 ოქტომბერს როგორადაც უნდა განვითარდეს მოვლენები საქართველოში, მაინც გვაძლევს უფლებას ვთქვათ, რომ ჩვენს ხალხს არ უწერია გადაშენება, ჩვენ უნდა გადავრჩეთ, უახლოეს მომავალში ავაშენოთ ისეთი სახელმწიფო, რომელზეც ვოცნებობდით საუკუნეთა მანძილზე. ასეთ ურთულეს პირობებში მნიშვნელოვანი და დამახასიათებელია ჩვენი ხალხისათვის ის, რომ დღეს ჩვენ კულტურაზე, მის გადარჩენაზე ვმსჯელობთ. ვმსჯელობთ იმაზე, თუ როგორ ვიხსნათ კულტურა არა მარტო ჩვენი ხალხისათვის, არამედ მსოფლიო ცივილიზაციისათვის, რადგან იგი ამ ცივილიზაციის ერთ-ერთი უნიკალური, განუმეორებელი შემადგენელი ნაწილია. ამ ძნელბედობის ჟამს ჩვენი ხალხი ფიქრობს, რომ მსოფლიოს არ დაეკარგოს ერთ-ერთი უნიკალური მონაპოვარი. აი, ასეთ საოცარ ფენომენთან გვაქვს საქმე - ერთი მხრივ, - დიდი გაჭირვება, ომი, სისხლისღვრა, წინ - მძიმე ზამთარი, შიმშილი გველის, და მეორე მხირვ - ხალხის მზადყოფნა აშენოს დემოკრატიული წყობილება, და საზოგადოების საუკეთესო ნაწილი იკრიბება, რათა იმსჯელოს კულტურის გადარჩენაზე. ჩვენი სულიერი სამყაროს გამდიდრებაზე. ყოველივე ამისათვის მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ხალხს, ყველას, ვინც გვენდო და კვლავაც გვენდობა.

არ დავმალავ და გეტყვით - აფხაზეთში კვლავ დაძაბული ვითარებაა. დღესაც იყო მცდელობა, რომ უცხოელთა დაქირავებული რაზმები შემოჭრილიყვნენ, მაგრამ ჩვენმა შეიარაღებულმა ფორმირებებმა გაართვეს თავი რთულ ამოცანას. ეს კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ გამოთქმა - სამამულო ომის მდგომარეობაში ვიმყოფებითო - სწორია. ასეთი ფართო შემადგენლობით ჩვენი შეხვედრა პირველია, - თქვა დასასრულ ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ. - თუ ღმერთმა ხელი მოგვიმართა, უფრო ხშირად, უფრო გაფართოებული შემადგენლობით უნდა შევხვდეთ ერთმანეთს. შემდეგ სხდომაზე ინფორმაციები გააკეთეს ქართული კულტურის თვალსაჩინო წარმომადგენლებმა - კულტურულ დაწესებულებათა და უწყებათა, შემოქმედებითი კავშირების ხელმძღვანელებმა, მეცნიერებმა, სამინისტროთა ხელმძღვანელებმა, თეატრის, კინოსა და მუსიკის მოღვაწეებმა - ირაკლი ციციშვილმა, ლერი მეძმარიაშვილმა, ვახტანგ ბერიძემ, თამაზ გამყრელიძემ, რეზო ამაშუკელმა, ნოდარ ლომოურმა, როინ მეტრეველმა, ზურაბ მახარაძემ, ნიკორწმინდელმა ეპისკოპოსმა დავითმა, გურამ ფანჯიკიძემ, გიგა ლორთქიფანიძემ, თენგიზ ბუაჩიძემ, ელგუჯა ამაშუკელმა, ჯანსუღ ჩარკვიანმა, ელდარ შენგელაიამ, რეზო ჩხეიძემ, დათო მაღრაძემ, ალექსანდრე ქანთარიამ, სულხან ნასიძემ, თემო გოცაძემ, ალექსი მაჭავარიანმა, საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კობა პოპიაშვილმა, კონსერვატორიის პრორექტორმა რუსუდან წურწუმიამ და სხვებმა. თითოეული მათგანის გამოსვლას წითელ ზოლად გასდევდა აზრი იმის თაობაზე, რომ უპირველესი სავიზიტო ბარათი, რომლითაც ქართველი ერი უნდა წარსდგეს მსოფლიოს ცივილიზაციის წინაშე, არის მწერლობა და ხელოვნება. ამიტომ ერისა და ხელისუფლების ძალისხმევა უნდა მოხმარდეს კულტურის განვითარებას, რადგან მწერლობა, ხელოვნება ეკუთვნის ხალხს, ეკუთვნის სახელმწიფოს. პერსპექტიულია იუნესკოსთან ურთიერთობა. ითქვა იმის შესახებაც, რომ ვერცერთ ქვეყანაში ვერ ინახავს თავს კულტურა, მაგრამ სახელმწიფოს დახმარებით იგი ვითარდება. მწვავედ დაისვა ის საკითხი, რომ კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებები, შემოქმედებითი კავშირები, თეატრები უნდა განთავისუფლდნენ სახელმწიფო გადასახადებისაგან, დროულად იქნეს მიღებული გადაწყვეტილება, რომ საქართველოს თეატრები საბიუჯეტო ორგანიზაციებად გადაიქცნენ. სხდომაზე ფართო მსჯელობის საგნად იქცა ქართული ხუროთმოძღვრული და წერილობითი ძეგლების მოვლა-პატრონობა და დაცვა, კინოსა და მხატვრობის, თეატრის, მუსიკალური ცხოვრების შემდგომი განვითარებისათვის საჭირო ღონისძიებათა ხორცშესხმის აუცილებლობა. გამოთქვა მოსაზრება, რომ ამ დიდი ფიზიკური და სულიერი შეჭირვების ჟამს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა გამოიყოს გარკვეული თანხა ქართული კულტურისათვის. დღეს ორ ფრონტზე გვიხდება ბრძოლა: ქართველი ხალხი კვლავ უნდა შემოვაბრუნოთ დიდი ქართული კულტურისაკენ და დავიცვათ ქართული მიწა-წყალი. ბევრი დაეცა ამ ომში. პოეტმა ჯანსუღ ჩარკვიანმა დასვა წინადადება გაკეთდეს რაღაც აღმნიშვნელი იმ ღირსეული ადამიანებისათვის, რომლებიც სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იცავდნენ ქართულ მიწასა და ქართულ კულტურას. ცნობილია, რომ საქართველოს კულტურის ფონდთან არსებულმა საზოგადოება „თბილისელმა“, მისმა შესანიშნავმა, მანდილოსნებმა დაიწყეს „ოქროს ფონდის“ შექმნა. ეს დიდი მამულიშვილური საქმე ყოველმხრივი მხარდაჭერის ღირსია. ჩვენი გადაუდებელი ამოცანაა, აღინიშნა სხდომაზე, შევინარჩუნოთ შესანიშნავი ქართული ტრადიციები, რომლებსაც ემუქრება განადგურების, გაქრობისა და დაკნინების საფრთხე.

გამომსვლელებმა ბევრი საყურადღებო წინადადება დააყენეს და მრავალ საჭირბოროტო პრობლემას შეეხნენ, მაგრამ მთავარი თითოეული მათგანის გამოსვლაში მაინც იყო ხელშეწყობა ეროვნული მშვიდობის მიღწევისათვის, ერის კულტურის, მისი სულიერი ძალისა და ეფექტიანობის შენარჩუნება-გაძლიერება, მთლიანად ქართული კულტურის გადარჩენა და განვითარება:

სხდომის შედეგები შეაჯამა ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ. მან, კერძოდ თქვა: სავსებით სწორად აღინიშნა ის, რომ კულტურას სახელმწიფო, ხალხი, კანონი უნდა იცავდეს და კანონი უნდა იყოს მისი ფარი. ასეთი კანონი - მთელი კომპლექსი კანონმდებლობისა - უნდა მივიღოთ და ჩვენ ეს უნდა ვთხოვოთ ახალ პარლამენტს. შევეცდებით, კულტურული ცხოვრების, მეცნიერების საკითხები იყოს ახალი პარლამენტის და ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელობის ყურადღების ცენტრში. ხშირად გაიგონებ, აი, ქვეყანა იწვის, თქვენ კი კულტურისთვის მოიცალეთო. ეს ობივატელური ლაპარაკია, ეს ობივატელობაა. ჩვენ ამ გზას არ უნდა დავადგეთ. როგორც უნდა გვიჭირდეს, ჩვენ უნდა ვიფიქროთ კულტურაზე. საქმე ეხება ჩვენს მომავალს, ჩვენს სულიერ სიწმინდეს, სისპეტაკეს, გაწმენდას. ვფიქრობ, რომ თავის დროზე შემთხვევით როდი ითქვა უბრწყინვალესი და უმშვენიერესი ფრაზა, მშვენიერება სამყაროს გადაარჩენსო. მწამს, რომ ეს შეიცავს უდიდეს ფილოსოფიას, ცხოვრებისეულ განზოგადებას და იგი ჩვენს დღევანდელ სინამდვილეს მიესადაგება. ყველაფერი უნდა ვიღონოთ იმისათვის, რომ არ შეწყდეს ეს მაჯისცემა, რომ კულტურა მოქმედებდეს. იგი ყოველდღიური ზრუნვის საგანი უნდა იყოს და იქნება კიდეც. უმთავრესი ამოცანაა ის, რომ გადავიდეთ ნამდვილ საქმეებზე, ცოცხალ, კონკრეტულ ნაბიჯებზე კულტურის გადარჩენის საქმეში. არ არის ნორმალური მოვლენა, როცა სახელმწიფო საბჭოს, მთავრობის სხდომებზე არაერთხელ გაისმოდა საკითხი კულტურის დაწესებულებების გადასახადებისაგან განთავისუფლების შესახებ. თუ ეს საკითხი არ გადავწყვიტეთ, ალბათ, ლამაზ ფრაზებს არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. არ მსურს იმის თქმა, თითქოს ვიღაცას არ უნდა ამ საკითხის გადაწყვეტა. ასეთი დაძაბული ფინანსური კრიზისის პირობებში ეს რთული საქმეა. მაგრამ ერთად უნდა ვეძებოთ გზა ამ საკითხის მოსაგვარებლად. კულტურა ვერ გადარჩება ფინანსური ბაზის მოუგვარებლად. აქ ითქვა, რომ ფინანსთა სამინისტრო და კულტურა პარტნიორები უნდა ვიყოთო. დიახ, კულტურის, პარტნიორები უნდა იყვნენ ფინანსთა სამინისტრო, ბანკი, კერძო ბანკები. იქ, გულშემატკივარი ხალხი უნდა იყოს, რომელიც ისევე გაითავისებს კულტურის პრობლემებს, როგორც კულტურის თითოეული მოღვაწე. თუ შემოქმედებითმა კავშირებმა, თეატრებმა არ მოჰკიდეს ხელი ბიზნესს, ფინანსური ბაზა ვერ შეიქმნება. ბიზნესი დაინტერესებული უნდა იყოს იმით, რომ მისი მოსვლა ამ სფეროში წახალისდება. უნდა შეიქმნას კანონმდებლობა. სამუშაო გეგმაში ჩვენ გვაქვს ასეთი თემა - ქართული კულტურა და ქართული ბიზნესი. მომავალი ბიზნესს, ახალ ეკონომიკას, საბაზრო ეკონომიკას ეკუთვნის. უკან მობრუნება შეუძლებელია. ქართველი ბიზნესმენის კატეგორია განსაკუთრებული უნდა იყოს და ამისთვის მთელმა საზოგადოებრიობამ უნდა იზრუნოს. შემდეგ ქართული კულტურის გადარჩენის კომიტეტის თავმჯდომარემ ილაპარაკა რაიონული თეატრებისათვის აუცილებელი საკითხების მოგვარებაზე, ქართული ეკლესიის, მისი ხელმძღვანელობის კეთილ დამოკიდებულებაზე კულტურის მიმართ. გულისტკივილით ითქვა, რომ არ უნდა შევეგუოთ საკუთარ ქალაქში ჩამონგრეულ შენობებს, დანაგვიანებულ ქუჩებს, ითქვა ისიც, რომ რაც გვაქვს იმასაც ვერ ვუვლით. - მე ვნახე, - აღნიშნა ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ, - ელგუჯა ამაშუკელის ნამუშევარი - დავით აღმაშენებლის ძეგლი. იგი თითქმის მზად არის. მერაბ ბერძენიშვილთან ასევე ვნახე დავით აღმაშენებლის ძეგლი, ქეთევან წამებულის ქანდაკება - შესანიშნავი ნაწარმოები, რომელმაც შემძრა. რატომ არ ვდგამთ ამ ქმნილებებს, საჭიროა ამ საქმის მოგვარება. მთლად ნუ დავისაწყლებთ თავს, არის ხალხი, რომლებიც სხედან, რაღაცას აკეთებენ, ეს უნდა გამოვაჩინოთ. ეს იმ ბიჭებსაც სჭირდებათ, რომლებიც იქ სისხლს ღვრიან. მეტი ოპტიმიზმი, მეტი რწმენაა საჭირო. ახალი ქვეყნის მშენებლობაში მეტი ინიციატივა უნდა გამოვიჩინოთ. თუ ჩვენი ცნობილი მოღვაწეები ხვდებოდნენ რუსეთის, უკრაინის ფრონტებზე მეომრებს, რატომ არ ვდგავართ იქ, სადაც ჩვენი ბიჭები ომობენ. სოხუმში ჩვენმა მეომრებმა შემოგვჩივლეს, ადამიანური სიტყვა მოგვენატრაო. რატომ არ უნდა ჩავიდეთ მათთან, მეც თქვენთან ერთად წამოვალ, გული გავუთბოთ მათ, იგრძნონ, რომ ისინი სამშობლოს დამცველები არიან. ხელოვნებამ ამ მძიმე დღეებში თავისი სიტყვა უნდა თქვას. - მინდა დაგარწმუნოთ, - თქვა დასასრულ ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ, - იმ დიდი მხარდაჭერის საპასუხოდ თქვენ და ჩვენმა ხალხმა რომ აღმომიჩინეთ არჩევნებში, რომლის გამართვა ეროვნული გმირობა იყო, ამ გმირობის საპასუხოდ ყველაფერს ვიღონებ ქართული კულტურის, ქართული ლიტერატურის აღმავლობისათვის.

ედუარდ შევარდნაძე: ქართული კულტურა ყოველდღიური ზრუნვის საგანი უნდა იყოს და იქნება კიდეც / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 28 ოქტომბერი. - N222(501). - 2 გვ.

83 მის აღმატებულებას ბატონ სულეიმან დემირელს, თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს

▲ზევით დაბრუნება


ბატონო პრემიერ-მინისტრო,

ნება მიბოძეთ მთელი ქართველი ხალხის სახელით გულითადად მოგილოცოთ თქვენ და თქვენი სახით მეგობარ თურქ ხალხს დიდი ეროვნული დღესასწაული - თურქეთის რესპუბლიკის 69-ე წლისთავი.

ჩემთვის დაუვიწყარია ჩვენი შეხვედრები, საუბრები და აზრთა შეჯერება, რასაც შედეგად მოჰყვა საქართველოსა და თურქეთს შორის თბილისში დადებული მნიშვნელოვანი ხელშეკრულებები. ამ დოკომუნტებს ჩვენ მოვაწერეთ ხელი, რითაც დიდი პასუხისმგებლობა ვიტვირთეთ ჩვენი ერების წინაშე, და ღრმად მწამს, რომ ხელს შეუწყობს მათ წინსვლას დემოკრატიული, სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული განვითარების გზაზე, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა, რომლის მიზანია რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარება, უეჭველად კეთილ ნაყოფს გამოიღებს ერთა ურთიერთობაში ცივილიზებული, ჰუმანური პრინციპების დამკვიდრების, ნებისმიერი პრობლემის მშვიდობიანი მოწესრიგების საქმეში.

ვსარგებლობ შემთხვევით და დიდ მადლობას მოგახსენებთ იმ გულითადი მოლოცვისათვის, რომელიც გამომიგზავნეთ პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევასთან დაკავშირებით. გისურვებთ ბედნიერებასა და ჯანმრთელობას პირადად თქვენ, და მთელი ქართველი ერის სახელით - აყვავებასა და წარმატებებს მეგობარ თურქ ხალხს.

გულწრფელად თქვენი
ედუარდ შევარდნაძე.

მის აღმატებულებას ბატონ სულეიმან დემირელს, თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 29 ოქტომბერი. - N223(502). - 1 გვ.

84 შეხვედრები ახალგაზრდობასთან სისტემურ ხასიათს მიიღებს

▲ზევით დაბრუნება


ასე განაცხადა საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარემ ედუარდ შევარდნაძემ, 27 ოქტომბერს, სტუდენტური და ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე.

რა აწუხებს უწინარეს ყოვლისა, ქართველ ახალგაზრდობას? სამშობლოს, მისი ტერიტორიული ხელუხლებლობის, ერთიანობის, იმ მეგობრებისა და ამხანაგების ბედი, რომლებიც იარაღით ხელში თავგანწირულად ებრძვიან მომხდურ მტერს, იმათი ხვედრი, იმათი ხვედრი, ვინც თავისი სიცოცხლე სამშობლოს საკურთხეველზე მიიტანა, ვინც ლტოლვილის მწარე მწარე ბედი იგემა.

არანაკლებ აინტერესებთ მათ საკუთარი და მთლიანად თავიანთი თაობის მომავალი, ის, თუ როგორ შეძლებს შემდგომში განახორციელოს თავისი იდეალები, გამოიყენოს მიღებული ცოდნა და არგოს მშობლიურ ქვეყანას.

- მინდა მოგესალმოთ და მადლობა გითხრათ ამ ინიციატივისთვის, - თქვა ბატონმა, ედუარდ შევარდნაძემ. - ჩვენი შეხვედრა აუცილებელი იყო და უფრო ადრე უნდა შემდგარიყო, მაგრამ ვერ მოხერხდა გასაგები მიზეზების გამო. მინდა ჩვენი საუბარი არაოფიციალური, გულწრფელი იყოს, მოიცვას ყველა ის საკითხები, რომლებიც ერთნაირად გვაწუხებს დღეს ყველას. მოგეხსენებათ, რა ვითარება შეიქმნა დეკემბერ-იანვრის ამბების შემდეგ. ისიც იცით, რომ ჩვენი ოპონენტები ამტკიცებენ, თითქოს, თუ საქართველოს გარკვეული წარმატებები აქვს საერთაშორისო სარბიელზე, საშინაო პრობლემები მოუგვარებელია და ცოტა რამ კეთდება მათ მოსაგვარებლადო. მე არ ვიზიარებ მათ აზრს. ვფიქრობთ, რომ ისეთ პირობებში რომელშიც ჩვენ გვიხდება მუშაობა, ბევრი ხელისუფლება ვერ მიიღებდა გადაწყვეტილებას, ჩაეტარებინა თავისუფალი არჩევნები. ჩვენ ძალზე გაბედული ნაბიჯი გადავდგით, თანაც მაშინ, როდესაც რეალურად იდგა საზოგადოების ორნაწილად საბოლოოდ გახლეჩის საშიშროება. საბედნიეროდ, ყოველივე წარმატებით დაგვირგვინდა. 11 ოქტომბერმა ეს ცხადყო. საერთაშორისო მეთვალყურენიც ასეთივე აზრის არიან და თავიანთი საბოლოო დასკვნა გამოგზავნეს კიდეც.

ჩემი აზრით, არჩევნების შედეგად, მივიღეთ ჩვენი ხალხის კონსოლიდაციის, შეკავშირების, ერთსულოვნების ფაქტორი. სწორედ ეს არის იმის საწინდარი და გარკვეულ იმედს გვაძლევს, რომ ახლად არჩეული პარლამენტი ასე თუ ისე, გადაჭრის არსებულ პრობლემებს, იმ დიდ ამოცანებს, რომლებიც ჩვენს წინაშე დგას.

არ დავმალავ, მდგომარეობა უაღრესად რთულია. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც აფხაზეთში მოხდა.

შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა ახალგაზრდების კითხვებს, კონკრეტული შეფასება მისცა აფხაზეთისა და ოსურ პრობლემებს, ილაპარაკა ამ პრობლემების მშვიდობიანად გადაწყვეტის გზების ძიებაზე, ამავე დროს, განცხადა: ნურავის ეგონება, თითქოს შევეგუეთ გაგრის და განთიადის დაკარგვას, არა და არა. დიდი მნიშვნელობა ენიჭება ხალხის შერიგებას, განაგრძო მან, - საბედნიეროდ, ამის ფაქტიც გვაქვს, თითქოსდა რამდენიმე დღეში გაერკვა ვითარებაში გალის რაიონის მოსახლეობა. მათ 150-კაციანი რაზმი შეკრეს და დაქირავებული მოთარეშეების საკმაოდ საშიში ბანდა მოსპეს. კიდევ 500-მა კაცმა განაცხადა სურვილი იარაღით ხელში დაიცვას თავისი მიწა-წყალი და გაამაგროს სოხუმის მისადგომები.

პარლამენტის თავმჯდომარის და ახალგაზრდობის დიალოგში დიდი ადგილი დაეთმო თავდაცვის საბჭოს შექმნას და მის მისიას, სახელმწიფოში წესრიგის დამყარებას, ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, რუსეთთან ურთიერთობას, პირველ ეტაპზე რეგულარული ქართული არმიის, ხოლო შემდეგ, პროფესიული არმიის შექმნას, ახლად არჩეული პარლამენტის სტრუქტურას, საკადრო პოლიტიკას, და ახალგაზრდობის პრობლემებს.

გაიმართა მართლაც გულწრფელი და გულთბილი საუბარი, რომელმაც ნათლად წარმოაჩინა მთავრობის უდიდესი დაინტერესება ახალგაზრდობის მომავლით, საქართველოს აღორძინებასა და განახლებაში მათი კონკრეტული მონაწილეობით.

შეხვედრები ახალგაზრდობასთან სისტემურ ხასიათს მიიღებს / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 29 ოქტომბერი. - N223(502). - 1 გვ.

85 ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა უეჭველად კეთილ ნაყოფს გამოიღებს

▲ზევით დაბრუნება


მის აღმატებულებას ბატონ თურგუთ ოზალს,
თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს

გულითადად ვულოცავ თქვენს აღმატებულებას და თქვენი სახით მეგობარ თურქ ხალხს ეროვნულ დღესასწაულს - თურქეთის რესპუბლიკის 69-ე წლისთავს.

კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, რომ უკანასკნელ ხანს ურთიერთობანი ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის ორივე მხარისთვის სასარგებლოდ და ნაყოფიერად ვითარდება. მტკიცედ მწამს, რომ ეს თანამშრომლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს უშიშროებისა და სტაბილურობის ატმოსფეროს დამყარებას კავკასიაში და შავი ზღვის რეგიონში, კეთილდღეობას მოუტანს რეგიონში მცხოვრებ ყველა ხალხებს.

საქართველომ გააკეთა ურყევი არჩევანი - იაროს დემოკრატიული, სამართლიანი, ცივილიზებული გზით და ყველა თავისი პრობლემა გადაწყვიტოს მშვიდობიანი მეთოდებით, ადამიანის უფლებების პატივისცემისა და პოლიტიკური დიალოგის საფუძველზე. ეს არის ჩვენი გზა და წარმოქმნილი სირთულეების მიუხედავად ჩვენ მას არ გადავუხვევთ.

ვსარგებლობ შემთხვევით და დიდ მადლობას მოგახსენებთ 1992 წლის 11 ოქტომბერს საქართველოში გამართული პარლამენტის არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით თქვენი გულთბილი მოლოცვისთვის. გისურვებთ, ბატონო პრეზიდენტო, ბედნიერებასა და ჯანმრთელობას.

გულითადი პატივისცემით

ედუარდ შევარდნაძე.

ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა უეჭველად კეთილ ნაყოფს გამოიღებს / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 29 ოქტომბერი. - N223(502). - 1 გვ.

86 ედუარდ შევარდნაძე: ახლა საჭიროა, რაც შეიძლება სწრაფად დაკომპლექტდეს ხელისუფლება, პარლამენტის სტრუქტურები და დაუყოვნებლივ შევუდგეთ ჩვენთვის საარსებო საკითხების გადაწყვეტას

▲ზევით დაბრუნება


1992 წლის 2 ნოემბრის რადიოინტერვიუ

- გასული თვე რთული და დაძაბული იყო, - თქვა საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარემ ედუარდ შევარდნაძემ ტრადიციულ რადიოინტერვიუში კომენტატორ ნატო ონიანთან საუბრის დროს, როცა განვლილი მოვლენები გააანალიზა. - და ეს თვე მარტო იმით კი არ იყო რთული, რომ პურის რიგები იდგა ქალაქში, არამედ იმითაც, რომ ხელისუფლებამ ვერ შეძლო რაიმე მნიშვნელოვანი ძვრები მოეხდინა ჩვენს ცხოვრებაში, მაგრამ არჩევნების შემდეგ სერიოზული სამზადისი დაიწყო იმისათვის, რომ პარლამენტის პირველი სხდომები კარგ დონეზე გაიმართოს, რომ რაც შეიძლება სწრაფად დაკომპლექტდეს ხელისუფლება, პარლამენტის სტრუქტურები და დაუყოვნებლივ შევუდგეთ ჩვენთვის საარსებო საკითხების გადაწყვეტას.

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ საყოველთაოდ გაცხადებული სიტყვები დემოკრატიის შესახებ მარტო ლიტონ სიტყვებად არ დარჩეს და საქმით განმტკიცდეს. ამიტომ დიდ იმედს ვამყარებთ პარლამენტის პირველი სესიის მუშაობაზე, რომელიც ოთხშაბათისათვის არის დანიშნული, - განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ. და თქვა, რომ ძალიან ბევრი რამ იქნება იმაზე დამოკიდებული, თუ რა საქმიანად გაიმართება ეს სხდომები; ჩვენ ახლა ფაქტობრივად საომარ ვითარებაში მოგვიხდება მუშაობა და აუცილებელია ყველა დეპუტატი გრძნობდეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას რათა არ დავკარგოთ დრო კამათსა და დისკუსიებში და მივიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები. პირველ რიგში უნდა მივიღოთ კანონი ხელისუფლების შესახებ და შევქმნათ საფუძველი ძლიერი პარლამენტისათვის, რათა შევძლოთ ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებში გარდატეხის შეტანა. ეს ეხება აფხაზეთსაც და სხვასაც. ამიტომ, ვიმეორებ, საჭიროა ყველამ ერთად მოვკიდოთ ხელი ამ პრობლემათა გადაჭრას და დავაჩქაროთ მათი მოწესრიგება.

შეეხო რა რუსეთის ჯარების სტატუსს და სამხედრო ობიექტებზე თავდასხმის ფაქტებს, ედუარდ შევარდნაძემ თქვა: რომ ფაქტები, რომლებიც ხდება, შეუთავსებელია ჩვენი დღევანდელი მდგომარეობისა და საერთოდ ჩვენი ყოფისათვის (წუხელაც მოხდა თავდასხმა რუსეთის ჯარის ობიექტზე, გაიტაცეს იარაღი). შეუთავსებელია-მეთქი, იმიტომ ვამბობ, რომ გვირთულებს ისედაც ძნელ მდგომარეობას. მოგეხსენებათ, არ გვაქვს დალხინებული ვითარება აფხაზეთში, ცხინვალის რეგიონშიც არის გართულებები და ვინც უნდა სჩადიოდეს ამას, უნდა ახსოვდეს, რომ ცეცხლს ეთამაშება. არაერთხელ მითქვამს და ახლაც ყველას გასაგონად ვამბობ: ეს საკითხები უნდა გადაწყდეს მხოლოდ ჩვენი ინტერესების გათვალისწინებით, რათა გამოირიცხოს ყველა გართულება.

რადიოკომენტატორის შეკითხვაზე, როგორ აფასებს სამეგრელოში მოქმედი ექსპრეზიდენტის მომხრე შეიარაღებული რაზმების მეთაურთა განცხადებებს, დადგნენ აფხაზეთში ეროვნული ჯარის გვერდით და დაიცვან ქვეყნის საერთო ინტერესები, ედუარდ შევარდნაძემ თქვა: ეგრეთ წოდებული „ზვიადისტების“ ჩვენი ეროვნული საქმეებისაკენ შემობრუნება ახალი ამბავი არ არის. აფხაზეთი და მისი დედაქალაქი ამის მაგალითია. იქ ძალიან ბევრი იყო ასეთი ხალხი და გავლენაც დიდი ჰქონდათ. მაგრამ ახლა იქ ამაზე არავინ აღარ ლაპარაკობს, ყველა გაერთიანდა და აფხაზეთისათვის იბრძვის. რაც შეეხება ქობალიების რაზმებს, ჩვენ ჯერ კიდევ ადრე, როცა აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტი არც არსებობდა, მაშინ ვაწარმოებდით მოლაპარაკებას ვახტანგ და ჯემალ ქობალიებთან, რათა როგორმე დაეყარათ იარაღი და თავიდან აგვეცილებინა გართულებები სამეგრელოს რეგიონში. მანიფესტიც გამოვაცხადეთ, რომლითაც ფაქტობრივად შევუნდეთ ყველას, მათ შორის 24 ივნისის მოვლენების მონაწილეებსაც.

მაგრამ ახლა, როცა ჩვენ გვიჭირს და ასეთი რამ ხდება, ძალიან კარგია. ეს იმას ნიშნავს, რომ სწორი ვიყავით, სხვა ნაბიჯები რომ არ გადავდგით. მართალია, 200 კაცით მეტი გვეყოლება თუ ნაკლები აფხაზეთში, ამას, შეიძლება, არც ჰქონდეს მნიშვნელობა, მაგრამ ასეთ ფაქტს მივესალმები. მით უმეტეს, რომ აქ ახლა ყველგან იქმნება ახალი ბატალიონები. საოცრება ხდება გალში. მინდა მივესალმო გალელებს, რომლებმაც დაინახეს თუ არა საფრთხე, საქართველოს ერთიანობას რომ შეექმნა, ერთ მუშტად შეიკრნენ. მთელი სამურზაყანო დარაზმეს.

ასე რომ, როცა ქობალიების განცხადებაზე ვლაპარაკობთ, სამხედრო ძალას კი არ ვგულისხმობთ, არამედ იმ მთავარ მომენტს, რომ საქართველოში ყველას აქვს და ეძლევა კიდეც უფლება დადგეს სამშობლოს სადარაჯოზე. ღრმად მჯერა, - თქვა ედუარდ შევარდნაძემ, - რომ ქობალიები გულწრფელნი არიან, ასეთ განცხადებას რომ აკეთებენ, და მათ ასევე გულწრფელად სურთ ჩადგნენ სამშობლოს ერთიანობის შენარჩუნების სამსახურში.

ვიმეორებ, ეს არ არის ის ძალა, რომელსაც შეუძლია ჩვენ რაიმე გვავნოს. მაგრამ არა მგონია, რომ მათი იარაღი საქართველოს წინააღმდეგ შემობრუნდეს. რაც შეეხება იმას, თითქოს ვიღაცას აფხაზეთში წასვლის შემდეგ უნდა მათი განადგურება, ეს არ არის სერიოზული ლაპარაკი, რადგან, ჩვენ მიერ აქამდე გადადგმული ყველა ნაბიჯი, პირიქით, სულ სხვა რამეზე მეტყველებს. და საერთოდ, მე არც ასეთი ლაპარაკის და არც ასეთი ნაბიჯის მომხრე ვარ. ჩვენ ყველას შევუქმნით იმის პირობებს, რომ ემსახუროს თავის სამშობლოს. ცხადია, არსებობს რაღაც მორალური ფორმები და ვალდებულებები იმათ წინაშე, ვისთანაც დაკავშირებული იყავი და არც ეს უნდა დავივიწყოთ, რომ მათაც სჭირდებათ მოთათბირება გროზნოში... არც ამის წინააღმდეგი ვარ, ოღონდ ჩადგნენ ქვეყნის და ხალხის სამსახურში.

შეეხო რა საქართველოში არსებული ავტონომიის სტატუსის შესახებ ედუარდ შევარდნაძემ აღნიშნა: მე ვიცი, რომ მარტო თენგიზ კიტოვანი არ ფიქრობს ასე, არის გარკვეული ჯგუფები, რომლებსაც დღევანდელი ჩვენი ავტონომიური დანაყოფები კომუნისტურ გადმონაშთად მიაჩნიათ, და მათი აზრით, ეს უნდა გამოსწორდეს. პირადად მე ასე არ ვფიქრობ არც აფხაზეთის და, მით უმეტეს, არც აჭარის მიმართ. საზოგადოების დიდი ნაწილიც ამ აზრისაა. გაივლის დრო, ჩვენ დავლაგდებით და უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ისინი რეალური ავტონომიები გახდნენ, მიეცეთ ფართო უფლებები, მოწესრიგდეს, დალაგდეს, და გაიმიჯნოს კიდეც ჩვენი ურთიერთობანი. რა ცუდი დამოკიდებულებაც არ უნდა გვქონდეს აფხაზ სეპარატისტებთან, ისინი აფხაზ ხალხში არ უნდა ავურიოთ. იქ ახლა თვითონ აფხაზები აღდგნენ იმისათვის, რომ იხსნან თავიანთი ხალხი, ფიქრობენ, ეროვნული ხსნის კომიტეტიც შექმნან, ჩვენ ყოველმხრივ დავუჭერთ მხარს მათ ძალისხმევას, რომ ერთხელ და სამუდამოდ ვიცოდეთ: აფხაზები და ქართველები ერთად ცხოვრობდნენ ამ მიწაზე და ერთად უნდა ვიცხოვროთ, რადგან ჩვენ ნათესავები ვართ და ნათესავებს ვერავინ ვერ შეუშლის ხელს ერთად იცხოვრონ, სხვათა შორის ვერც ის ამბები, რაც სეპარატისტებმა და ექსტრემისტებმა დაგვმართეს. ბატონი თენგიზ კიტოვანის ბევრ მოსაზრებას ვიზიარებ, მაგრამ ამ აზრს ვერ გავიზიარებ, - თქვა ედუარდ შევარდნაძემ. - მის განცხადებას მოჰყვა ცხინვალის რეგიონის ოსთა ლიდერების განცხადებებიც. მაგრამ ჩვენ ახლა ამ საკითხს არ ვიხილავთ. ცხინვალის რეგიონში ლაპარაკია ორ ხალხს შორის ურთიერთობის აღდგენაზე, იქ დანგრეული მეურნეობის და საერთოდ ყოფის მოწესრიგებაზე, საერთო შერიგებაზე. რაც შეეხება ადმინისტრაციულ დაყოფას, ეს მეორე ეტაპზე დასაყენებელი და გადასაწყვეტი საკითხია. ისე კი, ჩემი აზრი ასეთია: ის, რაც ხელოვნურად არის შეკოწიწებული, არ უნდა არსებობდეს.

შემდეგ ედუარდ შევარდნაძემ შეშფოთება გამოთქვა ჩრდილოეთ კავკასიაში შექმნილი ვითარების გამო და აღნიშნა, რომ ამ რეგიონში მდგომარეობის მოსალოდნელი გართულების შესახებ მან რამდენჯერმე გამოთქვა თავისი პროგნოზი. კონფლიქტი ინგუშებსა და ოსებს შორის სერიოზული კონფლიქტია, - თქვა მან. - რუსეთმა იქ სადესანტო ნაწილები გადასხა, რათა კონფლიქტში ჩაბმული მხარეები გამიჯნონ. მაგრამ, ჩემი აზრით, ეს აქცია დაგვიანებულია. სისხლი უკვე დაიღვარა, მთელი რიგი პოზიციები ინგუშებმა დაიკავეს. ახლა სისხლისღვრის შეწყვეტაც რომ მოხერხდეს, პრობლემა მაინც დარჩება. ჩრდილოეთ კავკასიის ამ რეგიონში მომხდარ კონფლიქტს შეუძლია დაგვაზარალოს, რადგან იქ გადის ჩვენთვის სასიცოცხლო როგორც სატრანსპორტო, ისე გაზსადენი მაგისტრალები. თუ მხარეთა მოლაპარაკება მოხერხდა, ჩვენ შეიძლება მივიღოთ მონაწილეობა მოწესრიგებაში. ამასთან, როცა ჩვენი მეზობელი ხალხები ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ერთმანეთთან, ჩვენი საშინაო პრობლემების მოწესრიგება შესაძლოა გაადვილდეს, მაგრამ ამისთვის საჭიროა რეალურად მოქმედი ძლიერი ხელისუფლება.

შეეხო რა რუსეთში მიმდინარე მოვლენებს და მიხეილ გორბაჩოვის გამოსვლას ტელევიზიით, ედურდ შევარდნაძემ აღნიშნა: არა მგონია, იყოს იმის დიდი პერსპექტივა, რომ მიხეილ გორბაჩოვი დაუბრუნდეს დიდ პოლიტიკურ ასპარეზს. მე არ ვამართლებ არც ელცინს, და არც გორბაჩოვს, ერთმანეთთან ჭიდილმა ამ ორ პოლიტიკურ მოღვაწეს სერიოზული ზიანი მოუტანა. თუ მიხეილ გორბაჩოვი დაინტერესებულია, მაშინ ორივემ უნდა დაივიწყოს ყოველგვარი წყენა და მიხედოს პრობლემებს. მათგან ძალიან დიდი საფრთხეა მოსალოდნელი. არასტაბილური რუსეთი ყოველთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს, მე ეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციაშიც ვთქვი, მაგრამ როცა ამაზე ვლაპარაკობ, სამწუხაროდ, ვერ ვხედავ, რომ ვინმე გრძნობდეს ამ საფრთხეს.

მე იმის თქმა კი არ მსურს, რომ ყველაფერი ხელიდან წასული და დაკარგულია, არა, თუ პრეზიდენტი ამ პრობლემებს დროულად მოჰკიდებს ხელს მას შეუძლია განამტკიცოს პოზიციები, რადგან უმალვე პოვებს მხარდაჭერას როგორც შინ, ისე გარეთ. ოღონდ, ვიმეორებ, მალე უნდა მოჰკიდოს ხელი ამ საქმეს. რუსეთში დემოკრატიის გამარჯვებით ჩვენც უპირველესად ვართ დაინტერესებული, და, მართალია, ბევრი რამის გაკეთება არ შეგვიძლია, მაგრამ სურვილიც ცოტას როდი ნიშნავს.

რადიოკომენტატორის კითხვაზე, როგორ გადაწყვეტს მომავალი პარლამენტი სხდომების ტელევიზიით ტრანსლაციის საკითხს, - ედუარდ შევარდნაძემ თქვა, რომ პარლამენტის მუშაობის მსოფლიო გამოცდილებით, სხდომების პირდაპირი ტრანსლაცია არსად არ ხდება. თუ არ ვცდები, ინგლისში დააპირეს, მაგრამ იმედი არ გაუმართლდათ და აღარ გააგრძელეს ეს საქმე. ტელევიზიით პირდაპირი ტრანსლაცია ზღუდავს პარლამენტის წევრებს იმაში, რომ საკითხთა განხილვა თავისუფლად და აბსოლუტური გულახდილობის ვითარებაში მიმდინარეობდეს, რადგან ასეთ დროს პარლამენტის წევრი ანგარიშს უწევს თავის მხარდამჭერ აუდიტორიას. ამიტომ პირადად მე არა ვარ იმის მომხრე, რომ სხდომები მთლიანად გადაიცეს. და ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ საზოგადოების პოლიტიზირების პრობლემა მაწუხებს, უბრალოდ ვფიქრობ, როგორი იქნება მისი შეგუების ელემენტი, როცა სხდომა შესაძლოა მთელ დღეს გაგრძელდეს. რის შედეგადაც ტელევიზიის ორი პროგრამიდან ერთი, ისიც მთავარი, მას დაეთმობა. მე ასე ვფიქრობ, მაგრამ ყველა პარლამენტარი როდი ფიქრობს ასე. სამწუხაროდ, მე უმცირესობა ვარ. ამიტომ ამ საკითხს პარლამენტი გადაწყვეტს. მაგრამ მარტო ეს არ მაწუხებს, მაწუხებს ის, რომ სხდომები სანახაობად არ იქცეს. ტელევიზიის ფაქტორი მას სანახაობით ელფერს მიანიჭებს და არ მინდა, რომ ეს ჩვენს პარლამენტს დაემართოს. ცხადია, უნდა იყოს რეპორტაჟები, გაშუქდეს ძირითადი საკითხები, უნდა მომზადდეს სიუჟეტები. მაგრამ, არა მგონია, რამე მოვიგოთ იმით, რომ ეს ერთი, ორი ან სამი კვირის მანძილზე გაგრძელდეს, მოსაწყენი გახდება.

ესეც არ იყოს, ჯერ არ ვიცით ჩვენი დეპუტატების შესაძლებლობანი, ხოლო ტელევიზია შეიძლება შემზღუდავი ფაქტორი გახდეს. ასეთი ფაქტორები კი რაც შეიძლება ნაკლები უნდა იყოს, - თქვა დასასრულ ედუარდ შევარდნაძემ.

სახელმწიფო საბჭოს პრესცენტრი.

ედუარდ შევარდნაძე: ახლა საჭიროა, რაც შეიძლება სწრაფად დაკომპლექტდეს ხელისუფლება, პარლამენტის სტრუქტურები და დაუყოვნებლივ შევუდგეთ ჩვენთვის საარსებო საკითხების გადაწყვეტას / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 3 ნოემბერი. - N225(504). - 1 გვ.

87 ქვეყნის გათავისუფლება არ არის მარტოოდენ დროშის აღმართვა

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი მუშაობას შეუდგა

[...]

სხდომაზე სიტყვა წარმოთქვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ედუარდ შევარდნაძემ.

მე მიზნად არ დამისახავს, აღნიშნა მან, - წარმოვდგე თქვენს წინაშე პროგრამით. ბევრი რამ ჩემი მოსაზრებიდან იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა იმუშაოს პარლამენტმა, თუ როგორ წარმომიდგენია პარლამენტური რესპუბლიკა, ის ამოცანები, რომლებიც დღეს ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე დგას, უკვე ითქვა ჩემს წინასაარჩევნო გამოსვლაში და ამის გამეორება დღეს საჭიროდ აღარ მიმაჩნია. უფრო მიზანშეწონილი იქნება დღეს მხოლოდ რამდენიმე პრინციპზე შევჩერდე და ეს იქნება ზოგადი აღნიშვნა იმისა, რაც ჩვენ ყველას ერთად გვაწუხებს.

ნება მიბოძეთ მოგმართოთ ყველას - ჩვენს ხალხს, საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვინც ესოდენ დიდი ნდობა გამომიცხადა ჩვენი ქვეყნისათვის ასეთ ძნელბედობის ჟამს. პირადად მე თერთმეტი ოქტომბრის არჩევნებში ჩემს გამარჯვებაში ვხედავ ჩვენი ხალხის საუკეთესო თვისებებს - დიდსულოვნებას, დაუოკებელ სწრაფვას თავისუფლებისაკენ, დემოკრატიისაკენ. ამაში ვხედავ ჩვენი ხალხის საოცარ ბუნებას, მის სულგრძელობას, მის წინდახედულობას, მის უნიკალურ უნარს მიმტევებლობისა. ამ სიტყვას განსაკუთრებით ვუსვავ ხაზს, რადგან ყველამ კარგად იცით, ვინ ვარ, რა გზა გავიარე და რით მოვედი დღევანდელ დღემდე. ჩვენს ხალხს შეეძლო ეთქვა, ჩვენ გვირჩევნია სხვა პიროვნება, პიროვნება, რომელიც არ არის დამძიმებული ძველი ტვირთით, პიროვნება, რომელიც ახალ სუნთქვას მოიტანს ჩვენს ცხოვრებაში. ერთ მასალაში, რომელიც გამოქვეყნდა, მე ვთქვი, რომ დავბრუნდი ჩემს ქვეყანაში, რათა ჩემს ხალხს ვემსახურო, ვთქვი, რომ მქონდა საშუალება ვყოფილიყავი იმ ოლიმპზე, რომელიც მეჭირა ყოფილ სსრ კავშირში და რომლის გადასახედიდანაც ხელისგულივით მოჩანს სამყარო, მე იქ ყოფნამ ბევრი რამ მომცა. ჩემს ქვეყანაში დავბრუნდი მთელი ჩემი გამოცდილებით, ტანჯვა-წამებით გამოვლილი გზით, იმით რაც ხდებოდა ჩემს სულში, ჩემი წარმოდგენებით სამყაროზე. ეს გზა კი სულაც არ იყო უეკლო და უშეცდომო. დავბრუნდი გარკვეული დამსახურებით, ავტორიტეტით ქვეყანაში და მსოფლიოში და გთხოვთ ეს ტრაბახად არ ჩამომართვათ. ჩემი მსოფლმხედველობის გარდაქმნა ჩემს ხალხს არ გამორჩენია, ყველაფერი ეს მხედველობაში მიიღო და ნდობა გამოუცხადა იმ კაცს, რომელიც ცამეტი წლის განმავლობაში აქ კომუნისტურ ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა, ეს საოცარი ნდობაა. მინდა დავარწმუნო ჩემი ხალხი, დაგარწმუნოთ თქვენც - ყველაფერს ვიღონებ, მთელ ჩემს ძალებს, ცოდნას, გამოცდილებას - შეცდომებიც ხომ გამოცდილებაა - მოვახმარ დემოკრატიული საქართველოს მშენებლობას. გარწმუნებთ, რომ ასე იქნება. ნაყოფს გამოიღებს ეს მუშაობა თქვენთან ერთად, ამას მომავალი გვიჩვენებს.

არჩევნები, რომელზეც ჩვენ ბევრს ვლაპარაკობდით და გარკვეულ იმედებს ვამყარებდით, გაიმართა. ბედნიერი ვარ, ასეთ პარლამენტთან გვაქვს საქმე და ხელისუფლების უმაღლეს ორგანოში წარმოდგენილია მთელი პოლიტიკური სპექტრი, მეტად თუ ნაკლებად მნიშვნელოვანი პარტია, ბლოკი, დამოუკიდებლები, ყველა რაიონის წარმომადგენელი. არჩევნებში არავინ არ დამარცხებულა, გაიმარჯვა ჩვენმა ხალხმა, საღმა აზრმა, დემოკრატიისა და თავისუფლებისაკენ სწრაფვამ. არჩევნების დღეს ჩვენ ნდობის დღე, რწმენის დღე დავარქვით, ჩვენ მოვიპოვეთ ყველაზე ძვირფასი, რისი მოპოვებაც შეუძლია ადამიანს - ხალხის რწმენა და ხალხის ნდობა. შვიდი-რვა თვის მანძილზე ჩვენ მოვიპოვეთ მსოფლიო აღიარება თითქმის ყველა ქვეყნისა, ყველა სახელმწიფოსი. ჩვენ მოვიპოვეთ მსოფლიოს პროგრესული კაცობრიობის ერთსულოვანი მხარდაჭერა, ეს ორი უმნიშვნელოვანესი მონაპოვარი, ორი ფაქტორი გვაძლევს ძალას და გარანტიას, რომ შევასრულებთ ყველაფერს, რასაც დავპირდით ჩვენ ხალხს. სწორედ ეს არის უდიდესი მონაპოვარი საქართველოს დემოკრატიისა და თავისუფლებისათვის.

წინასაარჩევნო კამათის დროს, განაგრძო ედუარდ შევარდნაძემ. ბევრი ორატორი აღნიშნავდა, რომ გარკვეული მხარდაჭერა მოვიპოვეთ საგარეო პოლიტიკაში, რაც შეეხება საშინაო პოლიტიკას იგი ხელისუფლებას საერთოდ არ გააჩნია. მე ამ თეზისის ირგვლივ არ ვდაობდი, დღეს კი შემიძლია შევედავო. ჩვენს წინაშე იდგა ურთულესი ამოცანა - უნდა მიგვეღწია ჩვენი საზოგადოების გამთლიანებისათვის, უნდა შეგვძლებოდა და შევძელით ჩვენი საზოგადოებრიობის ძირითადი ნაწილის კონსოლიდაცია, ერთიანი, განუყოფელი საქართველოსათვის ბრძოლა. დღეს უფრო იმედიანად გამოვიყურებით, ვიდრე რამდენიმე ხნის წინათ.

არჩევნების შედეგები მიუთითებს, რომ ჩვენ ერთ-ერთი ამოცანის ნაწილი მაინც გადავწყვიტეთ. ეს არის 11 ოქტომბრის არჩევნების შედეგები. ამ ტენდენციამ ერთიანობისთვის ზრუნვამ თავისი შედეგი მოგვცა. ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯებია. 11 ოქტომბრის ისტორიული მნიშვნელობა ისიც არის, რომ ჩვენმა ხალხმა კარგად გაარჩია, სად არის ყალბი დემოკრატია, რომელია ყალბი დემოკრატიისაკენ მიმავალი გზა, და რომელია გზა ტაძრისკენ, როგორც ეს ბატონ თენგიზ აბულაძის ფილმშია, გზა ნამდვილი დემოკრატიისკენ. ამ კითხვას გაეცა პასუხი. სამართლიანი იქნება, თუ ვიტყვი, რომ ჩვენი ხალხი სხეულით გრძნობს, სად სიმართლეა და სად - სიყალბე. მადლობა ყველას, ვინც გზა გაუკაფა დემოკრატიისკენ ჩვენს ლაშქრობას, ჩვენს სახალხო მოძრაობას.

ურთულეს დროში, უძნელეს პირობებში ვცხოვრობთ. - თქვა შემდეგ ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ. - ამჟამად აფხაზეთში ჩვენი ბიჭები იღუპებიან. გუშინ აფხაზეთში თხუთმეტი ბიჭი დაიღუპა. მათ შორის - 5 ავღანელი. ავღანეთი მოიარეს და აქ დაიღუპნენ... და მაინც, მიუხედავად ამ ძნელბედობისა, ეროვნული გმირობა იყო. როცა დავიწყეთ ლაპარაკი დემოკრატიული გზის ძიებაზე. ჩვენ უნდა ავაშენოთ, ყოველ მიზეზ გარეშე, შევქმნათ დემოკრატიული სტრუქტურები.

ორი ამოცანა დგას ჩვენი პარლამენტის წინაშე: უზრუნველყოს კანონის უზენაესობა ქვეყნის, პარლამენტის, დემოკრატიის, მოქალაქეთა დასაცავად, მათი უფლებების დასაცავად, მათი მთავარი უფლების - სიცოცხლის დასაცავად. ჩვენ უნდა შევქმნათ ძლიერი ხელისუფლება პარლამენტთან ერთად, ძლიერი ხელისუფლება, რომელიც პარლამენტის წინაშე ვალდებულია და ამით ერთხელ კიდევ ესმება ხაზი პარლამენტის უზენაესობას.

დემოკრატიას დაცვა სჭირდება - ეს არაერთხელ თქმულა, მისი დაცვა ძვირად უჯდება ხალხს. იმ დემოკრატიისგან დაცვა, რომლის ყლორტები საქართველოში ახლა გამოდის კვირტებიდან. უნდა შეიქმნას ქმედუნარიანი ხელისუფლება, რომელიც დაიცავს ქვეყანას, შეძლებს მისი ერთიანობის შენარჩუნებას.

პარლამენტისა და აღმასრულებელი ხელისუფლების ფორმირება, - აღნიშნა შემდეგ ბატონმა შევარდნაძემ, - ხდება საომარ და სამობილიზაციო პირობებში. დიდი მნიშვნელობა ენიჭება ხელისუფლების ეფექტიანობას, მთელი ძალების კონცეტრაციას იმ ამოცანების გადასაწყვეტად, რომლებიც ქვეყანას და ხალხს გადაარჩენს.

ილაპარაკა რა გარდამავალი ეტაპის ქართული მოდელის თავისებურებებზე, რომელიც არ არის, ხელისუფლების კლასიკური გამიჯვნის მაგალითი, ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ აღნიშნა, რომ ავტორთა მიერ შემოთავაზებულ ხელისუფლების პროექტს იგი აქტიურად უჭერს მხარს, ძლიერი ხელისუფლება გამორიცხავს ყოველგვარი ავტორიტარიზმის გამოვლინებას დიქტატურისკენ მისწრაფებას.

- ხალხი ელოდება მუშაობას, საქმიან მიდგომას, უნაყოფო და თვითმიზნური დისკუსიების უარყოფას. ამ დარბაზის გარეთ, სხვა საქართველოა, სადაც ხალხი იღუპება, შიმშილობს; სკოლები ნორმალურად ვერ მუშაობენ, საავადმყოფოებს მედიკამენტები არ ჰყოფნით, ბევრი შიმშილით იღუპება, კულტურა დაღუპვის პირზეა. ყოველთვის თვალწინ უნდა გვედგას ჩვენი რეალური ქვეყანა, ის ხალხი, რომელმაც, ჩვენ წარმოგვგზავნა.

ის მოდელი, რომელსაც გვთავაზობენ, გულისხმობს, რომ უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელი გარკვეული ფორმით ითავსებს სხვა ფუნქციებსაც. შეიძლება აქ უცებ ყველა ვერ გაერკვეს. როცა ამ აზრის ფორმირებაზე ვფიქრობდით, ვითვალისწინებდით იმას, რომ ჩვენ გვაქვს მწარე გამოცდილება სხვა სახელმწიფოებისა, როცა გაუთავებელი ომი ხელისუფლებასა და პარლამენტს შორის მძიმე შედეგებით მთავრდება. ამ მძიმე ეტაპზე გვინდა ვუთხრათ ჩვენს ხალხს, რომ პარლამენტის უზენაესობის პირობებში ვიმოქმედებთ ეფექტიანად, რათა ხედავდეს ხალხი, რომ არის ხელისუფლება, რომელსაც შეუძლია წინ წარუძღვეს ერს. ახლა რამდენიმე უმთავრესი პრობლემაა, რომელთაგან უმთავრესია ომის დამთავრება, საომარი ვითარების დამთავრება, მაგრამ დამთავრება ღირსეულად, ისე, როგორც ეს ჩვენს სახელმწიფოებრივ ინტერესებს შეესაბამება. მარტო ერთი ერის ინტერესებს არ ვგულისხმობ, არამედ საქართველოში მცხოვრები ყველა ეროვნების ადამიანებსაც, რომლებსაც სჭირდებათ ერთიანი ძლიერი სახელმწიფო. ამ მიზნისათვის ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ.

თავის სიტყვაში, ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ ფართო ადგილი დაუთმო ერთიანი ეროვნული ჯარის მშენებლობის გადაუდებელი ამოცანის ანალიზს - სახელი და დიდება ყველას ვინც იბრძვის საქართველოს სადარაჯოზე, ვინც თავი გასწირა, - აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. ეს ძალა რომ არა, ის მხედართმთავრები რომ არა, რომლებიც ამ ბიჭებს მიუძღვიან, კატასტროფამდე მივიდოდით. ჩვენ გვჭირდება კარგად გაწვრთნილი ქართული არმია, ერთიანი ჯარი. ერთიანი არმიის მშენებლობა უნდა გახდეს ყველა ოჯახის საპატიო ზრუნვის საგანი, თუ გვინდა სერიოზულად ვილაპარაკოთ ქვეყნის ერთიანობასა და თავისუფლებაზე. და თუ ეს პროექტი მიღებული იქნება, უპირველესი ამოცანაა მოიძებნოს ორგანიზაციული ფორმა, რომ უახლოეს ხანში ქვეყანაში დავამყაროთ წესრიგი. გაუმართლებელია ის, რაც დღეს საქართველოში ხდება. კაპიკი იქნება ჩვენი ფასი, თუ უახლოეს დღეებში ვერ ვაგრძნობინებთ ხალხს, რომ წესრიგს დავამყარებთ, რათა ადამიანს არ ეშინოდეს ნორმალურად იცხოვროს, ქუჩაში გამოვიდეს, ბოლო მოუღოს ბანდიტთა თარეშს. ვისაც შეუძლია იბრძოლოს ჩვენთან ერთად, მზად ვართ ყველასთან ვითანამშრომლოთ.

უნდა შევქმნათ სოციალური დაცვის რეალურად მოქმედი ინსტიტუტები. საბაზრო ეკონომიკას ერთბაშად არ მოაქვს დოვლათი, ჩვენ ახლა ამ ეკონომიკის ანბანს ვსწავლობთ. ასეთ პირობებში მნიშვნელოვანია იყოს ისეთი წარმონაქმნები, რომ მივცეთ ადამიანს ცხოვრებისათვის აუცილებელი საჭირო მინიმუმის გარანტია.

ილაპარაკა რა ფასების განთავისუფლებაზე, ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ თქვა, რომ რესპუბლიკის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ფასები გაიზრდება, მაგრამ შესაბამისად გაიზრდება ხელფასებიც. ეს ორი პარალელური პროცესი განუყოფელი და გაუთიშავი უნდა იყოს.

როცა მსოფლიოს ქვეყნების საქართველოსთვის დახმარების საკითხს შეეხო, ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ, კერძოდ თქვა: რომ არ ყოფილიყო ის სამოცდაათი მილიონი ეკიუ, რომელიც ევროგაერთიანებამ გამოყო, ჩვენ პირველ იანვარს შიმშილით დავიწყებდით. ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის გადაწყვეტილებით, ჩვენ მივიღებთ 40 მილიონ დოლარს, თურქეთი დაგვპირდა 50 მილიონ დოლარს. ეს თანხები ავსებს ბიუჯეტს და გვაძლევს საშუალებას, მივცეთ ჩვენს ხალხს საარსებო მინიმუმი.

შემდეგ ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ ილაპარაკა კულტურის ხსნის კომიტეტის შექმნის აუცილებლობაზე, იმაზე, რომ არ შეიძლება დავუშვათ ადამიანის სულიერი გაღარიბება, განსაკუთრებული ზრუნვა გვმართებს ქართული კულტურის, ქართული მეცნიერების, ქართული აზროვნების სკოლის გადასარჩენად, იმ მეცნიერული მიმართულებების გადასარჩენად, რომლებიც უნიკალურია მსოფლიო მასშტაბით. ესეც ჩვენი ყოველდღიური ზრუნვის საგანი იქნება.

ედუარდ შევარდნაძის გამოსვლაში დიდი ადგილი დაეთმო ეკონომიკის პრობლემებს, კერძოდ, პრივატიზაციას, რომელზეც ბევრი ლაპარაკია, მაგრამ პრაქტიკული ნაბიჯები ჯერაც არ გადადგმულა, ხალხმა რიგიანად ვერც კი გაიგო, რა არის პრივატიზაცია.

საგარეო პოლიტიკის საკითხებს რომ დაუბრუნდა, ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ აღნიშნა, რომ უფრო აქტიურად უნდა ვითანამშრომლოთ მსოფლიო და ევროპის ბანკებთან, რომლებიც შეძლებდნენ უფრო მეტი დახმარების გაღებას იმისთვის, რომ მოვამზადოთ ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის და სოციალური სფეროს რეალური პროგრამები. მაგრამ ამ პროგრამების დამუშავება ჭიანურდება, ომის პირობებში კი მათი დროული ფორმირება უნდა მოხდეს. ეს ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა. ჩვენ გვჭირდება, რომ კრედიტები სხვა ქვეყნებიდანაც მივიღოთ. ამას კი დრო უნდა. საჭიროა ხელისუფლების ცალკეულმა წარმომადგენლებმა იმოგზაურონ, ხელშეკრულებები გააფორმონ, შექმნან ბაზა იმის გათვალისწინებით რაც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება. უწინარესად, ჩვენ მეზობლებთან უნდა ჩამოვაყალიბოთ ურთიერთობა. ჰაერში ჩამოკიდებული არ უნდა იყოს რუსეთთან ურთიერთობა. უახლოეს ხანებში უნდა შევუთანხმდეთ რუსეთის ხელმძღვანელობას და მოვაწეროთ ხელი ორ ქვეყანას შორის დიდ ხელშეკრულებას, განისაზღვროს სტატუსი იმ ჯარების აქ ყოფნის შესახებ, რომელზედაც ახლა ბევრს ლაპარაკობენ. ჩვენ დემოკრატიულ რუსეთს ცალკეულ მოღვაწეებთან არ ვაიგივებთ. ქართველი ხალხი მხარს უჭერს დემოკრატიულად არჩეულ რუსეთის პრეზიდენტს.

ჩვენ სწორ გზას ვადგავართ თურქეთთან ურთიერთობაში, ირანთან ურთიერთობაში, რომლის პრეზიდენტისაგან ამასწინად წერილი მივიღეთ და შეიძლება ერთ თვეში ვიზიტიც მოეწყოს ამ ქვეყანაში. კარგი ურთიერთობა გვაქვს სომხეთთან, აზერბაიჯანთან, ევროპის ქვეყნებთან, ამერიკასთან. ხშირად მეკითხებიან, ამერიკაში დემოკრატებმა რომ გაიმარჯვონ, რა მოხდებაო. ბუში, ბეიკერი ჩვენი მეგობრები იყვნენ და მათგან დიდი დახმარებაც მივიღეთ. შეიცვლება თუ არა ამერიკის ადმინისტრაციის კურსი საქართველოს მიმართ? არჩევნების წინ ჩვენ გვქონდა სათანადო კონტაქტები ამერიკის დღევანდელ არჩევნებში გამარჯვებული ხელისუფლების წარმომადგენლებთან. მათ მოგვცეს გარანტია იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების თანამშრომლობა საქართველოსთან უფრო მჭიდრო და რეალური გახდება. ვფიქრობ, რომ ამერიკის ახლანდელი ადმინისტრაცია შეეცდება მეტი ყურადღება დაუთმოს არა მარტო საქართველოს, არამედ მთელს კავკასიას, მის მიმდებარე რეგიონს, იმ პროცესებს, რომლებიც ვითარდება ყოფილი სსრ კავშირის ტერიტორიაზე. ახლანდელი ადმინისტრაცია შეეცდება, მოკლე დროში განსაზღვროს თავისი პოლიტიკა და სტრატეგია. ამ მხრივ, გული საგულეს უნდა გვქონდეს. აღარაფერს ვამბობ გერმანიის, იაპონიის, ევროპის ქვეყნების დაინტერესებაზე საქართველოთი.

თავისი სიტყვის დასასრულს, ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ ერთხელ კიდევ მოახსენა მადლობა იმ მხარდაჭერისა და ნდობისათვის, რომელიც ქართველმა ხალხმა მას გამოუცხადა.

[...]

ქვეყნის გათავისუფლება არ არის მარტოოდენ დროშის აღმართვა / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 5 ნოემბერი. - N227(506). - 1,2 გვ.

88 ედუარდ შევარდნაძე: ჩვენ ყველაფერი უნდა ვიღონოთ იმისთვის, რომ ღირსეულად გამოვიდეთ აფხაზეთის ომიდან, რომელშიც ამდენი ხალხი იღუპება

▲ზევით დაბრუნება


ტრადიციული საორშაბათო რადიოინტერვიუ

- პარლამენტის მუშაობის პირველი დღეებით კმაყოფილი ვარ, - განაცხადა ორშაბათს, 9 ნოემბერს თავის ტრადიციულ რადიოინტერვიუში საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარემ - სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ კომენტატორ ნატო ონიანთან საუბრისას. - პარლამენტმა, ჩემი აზრით, შეთანხმებულად იმუშავა და არ უნდა გვიკვირდეს, რომ იქ აზრთა სხვადასხვაობა სუფევდა. ასეთი სხვადასხვაობა საზოგადოებრივი ანარეკლია და იქ არსებულ განწყობილებას გამოხატავს. ერთგვარი დაძაბულობაც, რომელიც თან ახლდა პარლამენტის მუშაობას, ამითვე უნდა აიხსნას. ერთი სიტყვით, შემიძლია ვთქვა, რომ პარლამენტი ნორმალურად, სწორედ ისე შეუდგა მუშაობას, როგორც უნდა შესდგომოდა. ჩვენ მოკლე ხანში შევძელით რეგლამენტის მიღება. ბევრი დიდი გამოცდილების მქონე პარლამენტი ვერ მოახერხებდა ამას ასე მცირე დროში ისიც ასეთ ვითარებაში. ჩვენ მივიღეთ კანონი სახელმწიფო ხელისუფლების შესახებ. ეს აუცილებლად გასაკეთებელი საქმე იყო, რადგან 1921 წლის კონსტიტუცია, რომელიც ადრე აღვადგინეთ, ვერ ამოქმედდა, ვერ გვეხმარება, ამიტომ ჩვენი მთავარი დასაყრდენი ახალი კანონი იქნება, ის შეასრულებს დროებით ამ ფუნქციას.

მე მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ჩვენს პარლამენტს თავისი ფუნქციების ასე ოპერატიულად ჩამოყალიბებისათვის და იმისთვისაც, რომ დააკანონა ეროვნული უშიშროების ინსტიტუტი, რომელმაც საშუალება უნდა მოგვცეს რესპუბლიკა ღირსეულად გამოვიყვანოთ საომარი მდგომარეობიდან, - განაგრძო სახელმწიფოს მეთაურმა. - ჩვენ ამ ინსტიტუტზე ძალიან დიდ იმედებს ვამყარებთ და მუშაობა ფაქტობრივად უკვე დაწყებულია. გუშინ ჩვენმა ეროვნულმა საბჭომ უკვე ჩამოაყალიბა იმ პროგრამის მონახაზი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს და იმოქმედოს. ალბათ ცოტა დრო დამჭირდება, რომ ამ პროგრამაზე წავიმუშაო და მერე მას პარლამენტს წარვუდგენ. ამ სტრუქტურის ჩამოყალიბებით დიდი საქმე გაკეთდა. თქვენ იცით, რომ ასეთი ინსტიტუტი ყველა ქვეყანაში მოქმედებს.

პარლამენტის სხდომაზე პრემიერ-მინისტრის დანიშვნის პროცედურასთან დაკავშირებით რადიოკომენტატორის მიერ დასმულ შეკითხვაზე სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ ასეთ პროცედურასაც გაგებით უნდა შევხვდეთ ხოლმე. ხმისდამთვლელი ტექნიკის გაუმართაობაში ტელემაყურებლებიც დარწმუნდნენ. წინა დღეს გვიან ღამემდე მოგვიხდა მუშაობა, ცხარე კამათი იყო, ამ კამათში ყველამ ვერ მიიღო მონაწილეობა. ჩვენ კი გვინდოდა ყველას გამოეხატა თავისი პოზიცია, ამიტომ გადავწყვიტეთ, კენჭისყრა უფრო დამშვიდებულ ატმოსფეროში ჩატარებულიყო. შეიძლება სხვადასხვა იყოს დამოკიდებულება პიროვნებისადმი, ხელმძღვანელისადმი, ამ შემთხვევაში მთავრობის მეთაურს ვგულისხმობ, მაგრამ ასეთ დროს ერთი რამ უნდა გვახსოვდეს, რომ როცა ამ დამოკიდებულებას ამჟღავნებს, ხალხი თავისი პირადული ეკონომიკური მდგომარეობით ხელმძღვანელობს და, აქედან გამომდინარე, აფასებს ყველაფერს, თუ როგორია მდგომარეობა მის სოფელში, ქალაქში. მდგომარეობა კი, მოგეხსენებათ, სახარბიელო არ არის. ამიტომ, ვიმეორებ, ამას ჩვენ ამ გაგებით უნდა შევხვდეთ.

ვფიქრობ, - თქვა სახელმწიფოს მეთაურმა, - რომ პარლამენტის წევრთა უმრავლესობა, დიდი ნაწილი საღად მოაზროვნეა და მჯერა, მათთან ბევრი სერიოზული გადაწყვეტილება წინააღმდეგობის გარეშე იქნება მიღებული.

შემდეგ ედუარდ შევარდნაძე შეეხო აფხაზეთში შექმნილ ვითარებას და აღნიშნა, რომ მისი, როგორც სახელმწიფოს მეთაურის და მთავარსარდლის მოვალეობაა, დღეიდან შეუდგეს მუშაობას იმისათვის, რომ ღირსეულად გამოვიდეს ამ ომიდან. სადაც ამდენი ხალხი იღუპება. ჩემთვის, აღნიშნა მან. ახლა ძნელია ვთქვა ყველაფერი, რასაც მოვიმოქმედებ, მაგრამ ვიტყვი იმას, რომ ჩვენი ყველა რეზერვი, მთელი რესურსები მაქსიმალურად უნდა ამუშავდეს. ახლა ჩვენ ვქმნით საბჭოს სტრუქტურებს, ისინი სამხედრო საქმის სპეციალისტებით და კონსულტანტებით დაკომპლექტდება.

პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, მეც და მთავრობამაც, ის არის, რომ მოვთხოვოთ ყველას, შეასრულოს დაკისრებული მოვალეობა. უნდა გითხრათ, ბევრი ჩვენი ხელმძღვანელი ამ მოვალეობას ისე ვერ ასრულებს, როგორც საჭიროა. სოხუმის მაგალითი ავიღოთ. ქალაქი უკიდურესად აუტანელ მდგომარეობაში აღმოჩნდა - წყალი არ არის, ტრანსპორტი არ მუშაობს, სინათლე არა აქვთ. ასეთი სიტუაცია ჩვენი ხელმძღვანელებისთვის, ცხადია, საგანგებო უნდა ყოფილიყო და ის მინისტრები, რომლებსაც ეს საკითხები ეხებათ, დაუყოვნებლივ უნდა ჩასულიყვნენ იქ, თვით ცეცხლის ხაზზე გასვლაც რომ გამხდარიყო საჭირო. ეს იგივე პოსტია, სადაც ახლა ისინი უნდა იდგნენ. არავის არ აქვს უფლება, საქმე მიატოვოს და ახლა ასეთი ფუფუნების ნება მისცეს საკუთარ თავს. უფრო მეტიც, გუშინ გავიგე, რომ მთელი თვე, თურმე, სოხუმში გაზი არ ყოფილა, სადღაც გაზსადენი გაწყვეტილა, აღდგენაზე კი არავის უფიქრია...

ახლა ის დროა, რომ ყველამ იღონოს ის, რაც შეუძლია მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, მათ შორის, შესაბამის ზომებს მიიღებს თავდაცვის სახელმწიფო საბჭოც. თუ ასე არ მოხდა, მე მგონი, პარლამენტი დაგვიჭერს მხარს, რომ ვუთხრათ ამ ხალხს, სხვებს დაუთმონ ადგილი.

შეეხო რა საქართველოში გაეროს დროებითი წარმომადგენლობის გახსნის ფაქტს, ედუარდ შევარდნაძემ აღნიშნა, რომ ამ ფაქტს დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი რესპუბლიკისთვის. ამ წარმომადგენლობის ფუნქცია ის იქნება, რომ გაეროს და სხვა საერთაშორისო ინსტიტუტებს მიაწოდოს საკუთარი ოპერატიული ინფორმაცია, რომლის ობიექტურობაშიც ეჭვის შეტანა უკვე აღარავის შეუძლია. წარმომადგენლობას ახლა თავისი ოფისი სჭირდება, ისევე, როგორც მთელი რიგი ქვეყნის საელჩოებს, რომლებიც შენობების მიღებას ელოდებიან. სამწუხაროდ, გვიჭირს, ამ საქმეშიც - შენობები ზოგი გაყიდულია, ზოგი გაჩუქებული.

პარლამენტის პრესცენტრი.

ედუარდ შევარდნაძე: ჩვენ ყველაფერი უნდა ვიღონოთ იმისთვის, რომ ღირსეულად გამოვიდეთ აფხაზეთის ომიდან, რომელშიც ამდენი ხალხი იღუპება / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 10 ნოემბერი. - N231(510). - 1,3 გვ.

89 ბატონ ბილ კლინტონს

▲ზევით დაბრუნება


პატივცემულო ბატონო კლინტონ,

ნება მიბოძეთ, სულითა და გულით მოგილოცოთ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოსტზე არჩევა.

მინდა ვირწმუნო, რომ თქვენ მიერ თქვენი დიდი ქვეყნისათვის გამოცხადებული ახალი სტარტი ასეთივე დიდად სასიკეთო იქნება მსოფლიოსათვის, სადაც დღეს ჭეშმარიტად ეპოქალური ცვლილებები ხდება.

ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოები, რომლებმაც თავისუფლებისა და დემოკრატიის გზა აირჩიეს, და მათ შორის - ჩემი სამშობლო საქართველოც, იმედით შეჰყურებს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომლის ძლიერება და აყვავება ყოველთვის იყო დასაყრდენი იმათთვის, ვინც ახალ ჰორიზონტებს ესწრაფვის.

გისურვებთ დიდ წარმატებას.

გულწრფელად თქვენი

ედუარდ შევარდნაძე.

ბატონ ბილ კლინტონს / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 12 ნოემბერი. - N233(512). - 1 გვ.

90 ბატონ ჯორჯ ბუშს

▲ზევით დაბრუნება


ძვირფასო ჯორჯ,

მიზეზთა და მიზეზთა გამო ვერ შევძელი მეპასუხა თქვენს ბოლო წერილზე, რომელშიც შეშფოთებას გამოთქვამდით საქართველოსა და კავკასიაში შექმნილი სიტუაცისს გამო და მატყობინებდით, თუ რა ნაბიჯები გადადგით ჩვენს მხარდასაჭერად.

თქვენდამი ჩემი მადლიერება სცილდება წერილში აღნიშნული საკითხების ფარგლებს. თქვენი გულუხვი და კეთილი ჟესტით - სასურსათო დახმარების გამოყოფით - თქვენ იმედი ჩაუსახეთ კრიზისითა და ომით გაწამებულ ადამიანებს.

ჩვენმა ურთიერთობამ, ჩვენმა კონტაქტებმა, ჩვენმა თანამშრომლობამ შესანიშნავი ნაყოფი გამოიღო. პარტნიორობის ურთიერთობამ, რომელშიც მეც ვმონაწილეობ, მსოფლიოს ახალი ჰორიზონტები გადაუშალა. თქვენ ბევრი რამ გააკეთეთ ამისათვის. დამთავრდა „ცივი ომი“, დაიმსხვრა „რკინის ფარდა“, დაინგრა ხალხთა შორის კედლები. „უდაბნოს ქარიშხალმა“ შეაჩერა აგრესორი. უამრავმა ქვეყანამ, და მათ შორის ჩემმა სამშობლობამ, დამოუკიდებლობა მოიპოვეს.

თქვენი ეს დამსახურება მარტოოდენ ისტორიის კუთვნილებად არ დარჩება, იგი ბევრად განსაზღვრავს აწმყოსა და მომავალს.

გისურვებთ ბედნიერებას თქვენ და თქვენს ახლობლებს.

იმედი მაქვს, ჩვენ კვლავ შევხვდებით ერთმანეთს.

გულწრფელად თქვენი

ედუარდ შევარდნაძე.

ბატონ ჯორჯ ბუშს / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 12 ნოემბერი. - N233(512). - 1 გვ.

91 გაერთიანებული ერების გენერალურ მდივანს მის აღმატებულებას ბ-ნ ბუტროს ბუტროს გალის

▲ზევით დაბრუნება


პატივცემულო ბ-ნო გენერალურო მდივანო!

ნება მიბოძეთ, კიდევ ერთხელ გამოვთქვა მთელი ქართველი ხალხის და პირადად ჩემი უდიდესი მადლიერების გრძნობა ჩემს ქვეყანაში და მთელ მსოფლიოში მშვიდობის განმტკიცებისათვის მიმართული თქვენი დიდი ძალისხმევის გამო.

საქართველომ დიდი მადლიერებით აღიქვა გაეროს ფაქტების დამდგენი მისიის ჩამობრძანება, როგორც მნიშვნელოვანი ნაბიჯი კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზაზე, ისევე, როგორც ამ დელეგაციის ორი ექსპერტის დარჩენა საქართველოში ამ მიმართულებით შემდგომი ღონისძიებების გატარების მიზნით: ვითარება საქართველოში კვლავ დაძაბულია. ფაქტია, რომ საქართველომ კეთილსინდისიერად შეასრულა მოსკოვის 3 სექტემბრის შეთანხმების ის ვალდებულებები, რომლებსაც სისტემატურად არღვევენ მოლაპარაკების დანარჩენი მხარეები. საქართველოს რესპუბლიკა ისწრაფვის განუხრელად შეასრულოს ყველა ის ვალდებულება, რომელიც მან იკისრა, როგორც გაერთიანებული ერების ორიგანიზაციის წევრმა.

დიდია გაეროს, აგრეთვე ევროპული სტრუქტურების დაინტერესება ჩვენი პრობლემებით, თუმცა, სამწუხაროდ, დღეს ჩვენ არ შეგვიძლია ვილაპარაკოთ აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგებისათვის გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებზე. არადა კონფლიქტი არ ცხრება, დაპირისპირება ღრმავდება. მსხვერპლი მატულობს. აფხაზი სეპარატისტები და დაქირავებული სხვა ქვეყნის მოქალაქენი კვლავ ახორციელებელ მნიშვნელოვან სამხედრო ოპერაციებს, ყოველდღიურად მატულობს დაღუპულთა რიცხვი, საქართველო აივსო აფხაზეთიდან გამოქცეული ლტოლვილებით.

კვლავ და კვლავ, ჩვენ უდიდეს იმედებს ვამყარებთ საერთაშორისო ორგანიზაციების და პირველ რიგში გაეროს უშიშროების საბჭოს სწრაფ და ქმედით მოქმედებაზე, ვინაიდან, საუბედუროდ, დროის ლიმიტი კრიტიკულ ზღვარს აღწევს. ვიცი, გაეროს შესაძლებლობებიც გარკვეულად შეზღდულია, მაგრამ უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული რეზოლუციის კვლავ დადასტურებაც კი დადებითი ნაბიჯი იქნებოდა კონფლიქტის მოწესრიგების ბრძოლის ამ ეტაპზე.

სამწუხაროდ, ჩემი პროგნოზი კავკასიაში კონფლიქტის არეალის გაფართოების შესახებ უკვე ცხადი ხდება. მოგეხსენებათ, რომ ჩრდილოეთ ოსეთსა და ინგუშებს შორის უკვე ნამდვილი ომი დაიწყო. რეგიონში კი თითქმის არ არსებობს რეალური მექანიზმი არამც თუ ამ ომის ჩაცხრომისა, არამედ ლოკალიზებისაც კი. კიდევ ერთი კავკასიური ომი კატასტროფას მოასწავებს არა მარტო კავკასიისათვის.

იუგოსლავიის მაგალითი კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რა დამანგრეველი შედეგები მოჰყვა დაყოვნებას. მით უმეტეს, რომ კავკასია, იუგოსლავიისაგან განსხვავებით, ევროპის პერიფერიაზე იმყოფება, იგი სულ ცოტა ხნის წინათ ეზიარა დამოუკიდებლობას და გარკვეულწილად ყამირს წარმოადგენს საერთაშორისო ძალების თანამშრომლობის თვალსაზრისით. აქ ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემთხვევაში მისი შეჩერება გაცილებით უფრო რთული ამოცანა იქნება მსოფლიო თანამეგობრობისათვის.

გთხოვთ, კიდევ ერთხელ მიაპყროთ თქვენი ყურადღება აღნიშნულ მდგომარეობას, რათა უფრო ქმედითი, პრაქტიკული ნაბიჯები გადაიდგას დღევანდელი მსოფლიოსათვის ასე საჭირო მშვიდობისა და სტაბილურობის უძნელეს გზაზე.

ღრმა პატივისცემით,

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე,
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო მეთაური
ედუარდ შევარდნაძე.

გაერთიანებული ერების გენერალურ მდივანს მის აღმატებულებას ბ-ნ ბუტროს ბუტროს გალის / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 12 ნოემბერი. - N233(512). - 1 გვ.

92 მარადიული პოეზია

▲ზევით დაბრუნება


ასი წლის გალაკტიონ ტაბიძე

დიდი გალაკტიონი, როგორც ყოველთვის,
საქართველოსთან არის!

დღეს საქართველოს ძნელბედობის ჟამს, ომისა და გაჭირვების დროს, ჩვენ განსაკუთრებული სულისკვეთებით აღვნიშნავთ გალაკტიონის დაბადების ასი წლისთავს, რადგან იგი იმ ბიჭების პოეტია, რომელნიც იცავენ საქართველოს, იმ მოხუცების პოეტია, რომელთაც უჭირთ და სცივათ, იმ ყმაწვილთა პოეტია, რომელნიც ჯერაც არ დაბადებულან, მაგრამ მოვლენ და ახალ საქართველოს ააშენებენ.

სწორედ ამიტომ, რაც არ უნდა იყოს და როგორც არ უნდა გვიჭირდეს, ახალ საქართველოში ჩვენ თავისი უნდა მივაგოთ იმ დიდ პოეტს, რომელმაც ქართული სულის ტკივილიანი ისტორია დაუტოვა შთამომავლობას, მარადიული პოეზია, რომელიც დღესაც უპასუხებს ჩვენს ტკივილებს, ჩვენს სწრაფვას მშვენიერებისაკენ, ამაღლებისაკენ, ადამიანურობისაკენ.

გალაკტიონთან ჩემი თაობის ადამიანთა დამოკიდებულება თავდაპირველად ქრესტომათიულ ხასიათს ატარებდა. ჩვენთვის და პირადად ჩემთვის, იგი უპირატესად რევოლუციის პოეტი იყო, მისი მეხოტბე, მისი ტრიბუნი, ცხოვრებაში კი - იქნებ საკმაოდ მოუწყობელი, ბოჰემური პიროვნებაც.

მაგრამ არც ერთი და არც მეორე არ იყო გალაკტიონი. იყო და არც იყო. ჩვენ ვხედავდით მას ასეთად და ამ კუთხით მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენი თვალთახედვა იყო შეზღუდული, ჩვენ სხვაგვარად დანახვა არ შეგვეძლო, სხვაგვარად მოსმენა არ შეგვეძლო, - ასეთი იყო ჩვენი თვალი და ასეთი - ჩვენი ყური.

წლების შემდეგ, მე ვრწმუნდები, რომ იგი მარტო მაშინ კი არ იყო უცნობი ჩვენთვის, არამედ ახლაც მნიშვნელოვანწილად უცნობად რჩება, რადგან იგი ყოველთვის უპასუხებს დროს, და ჩვენ მხოლოდ იმის დანახვა ძალგვიძს, რის საშუალებასაც დრო და თავად ჩვენი ცოდნა, ნიჭი და ინტუიცია გვაძლევს.

ჩვენ გავიზარდეთ გალაკტიონის ქრესტომათიულ ლექსებზე, ჩვენ ზეპირად ვიცით ეს ლექსები, მაგრამ ჩვენთვის არავის უსწავლებია ისეთი ლექსები, როგორიცაა „ბრმა ცალი თვალით“ ან „ორად გაიპო წითელი კლდე“. ჩვენ ახალგაზრდობაში არც წაგვიკითხავს ეს ლექსები, რადგან დიდი პოეტის შემოქმედებაში ვეძებდით და ვკითხულობდით იმას, რის დანახვასაც გვიკარნახებდნენ, რაც ჩვენ აღზრდით უნდა დაგვენახა.

ადრე არასდროს შემიმჩნევია, რომ ჯერ კიდევ ოციან წლებში უთქვამს გალაკტიონს მეოცე საუკუნეზე - „ეს საუკუნე მეფისტოფელი“, არც ჩვენს ქვეყანაზე ნათქვამი შემიმჩნევია - „სამშობლო შავი ლიუციფერის“, სადაც არასდროს არ ყოფილა ნაზარეველი.

ათი წლის წინ გალაკტიონის ოთხმოცდაათი წლის იუბილესთან დაკავშირებით ვწერდი:

„გალაკტიონი ცხოვრებაში ჭეშმარიტი რევოლუციონერი იყო. რევოლუციის მედროშე და მომღერალი გახლდათ, ამავე დროს მან პოეზიაშიც მოახდინა რევოლუცია. რევოლუციონერი - ცხოვრებაში, რევოლუციონერი - პოეზიაში, რევოლუცია იყო მისი სტიქია. ასეთი გიგანტური ფიგურაა გალაკტიონი“.

ახლაც ამ აზრზე ვდგავარ, მაგრამ ერთი დამატებით: გალაკტიონმა რევოლუციაში ისიც დაინახა, რაც, სამწუხაროდ, ყოველ რევოლუციას ახლავს - სისხლი, ცრემლი, ტკივილი. მან იგრძნო ტრაგიზმი რევოლუციისა და განჭვრიტა მისი ტრაგიკული შედეგებიც, რაც, მარტო მის ქვეყანას კი არა, თავად მასაც შეეხო მთელი ულმობელობით.

გენიოსები უბრალო მკითხველთაგან განსხვავებით, მოვლენებს ბევრად უფრო სრულად და ღრმად აღიქვამენ. ისინი, სხეულით ამწამიერობის ტყვენი, სულით მარადიულობას ესაუბრებიან და ჩვენ, უბრალო მოკვდავთ, მხოლოდ ექო გვესმის ამ საუბრისა. ამ ექოს მოსმენასაც დიდი ნიჭი უნდა, ღვთიური სხივის ანარეკლის დანახვას კი - მახვილი თვალი.

დიდი პოეზია დიდ მკითხველთან ერთად იქმნება.

ამრიგად, ჩვენ, როგორც მკითხველნი, ვალში ვართ გალაკტიონის წინაშე. მაგრამ არა მხოლოდ გალაკტიონის. ჩვენ ვალში ვართ ქართული მწერლობის, ქართული ხელოვნების წინაშეც, რადგან ფაქტობრივად ხელახლაა გადასააზრებელი ქართული ხელოვნებისა და მწერლობის ისტორია, თავისი სიღრმისეული პლასტებით, თავისი პირუთვნელი შეფასებებით, თავისი ახლობელი თუ შორეული კავშირების წარმოჩენით, როგორც საკუთარ, ისე მსოფლიო კულტურის ტრადიციებთან.

ხელახლა გადააზრებაზე, პირუთვნელ შეფასებებზე რომ ვლაპარაკობ, მხედველობაში მაქვს ხანგრძლივი მეცნიერული კვლევის, წინამორბედ და თანამედროვე შემოქმედთა სულში წვდომის ღრმა პროცესი; ჭეშმარიტების და სამართლიანობის დადგენას და აღდგენას ფაქიზი სული და უმაღლესი ეროვნული პასუხისმგებლობის გრძნობა სჭირდება. ღმერთმა დაგვიფაროს ახალი „კამპანიებისა“ და „ლაშქრობებისაგან“. ჭეშმარიტების ტაძართან მხოლოდ ჭეშმარიტი მეცნიერება მიგვიყვანს.

ასე რომ, იქნებ სწორედ ისევ გალაკტიონმა, მისი ასი წლის იუბილემ გვიბიძგოს აქეთ - შევხედოთ სინამდვილეს ისე, როგორც ის არის.

ჩვენი სინამდვილე კი რთულია, მრავალფეროვანი, წინააღმდეგობებით აღსავსე. ჩვენს ქვეყანას წარსულ ცოდვათაგან განწმენდის ჟამი დაუდგა. სიკეთე, კაცთმოყვარეობა, ძმათა სიყვარული - ქართველთა ეს ოდინდელი თვისებები: კვლავ დაიმკვიდრებენ თავიანთ ადგილს ჩვენი ხალხის ცნობიერებაში. მაგრამ განწმენდის გზა მრავალი სიძნელის დაძლევაზე გადის, სინათლისაკენ მავალის ხვედრი ტანჯვაა. ჭირთა თმენა, შეჭირვების ლაღად და ღირსეულად ატანა გვმართებს განსაკუთრებით დღეს, ჩვენი სამშობლოსა და ერის დიდი გამოცდის ჟამს.

1925 წელს გალაკტიონი სასოწარკვეთით კითხულობდა: „როგორ შევიძლოთ უღვთისმშობლობა?“ ეს იყო საბედისწერო შეკითხვა, რომელსაც ჩვენმა სამშობლომ - ღვთისმშობლის წილხვდომილმა ქვეყანამ, სისხლითა და ვედრებით გასცა პასუხი. როგორც ვნახეთ, მართლა არ შეიძლება უღვთისმშობლოდ ცხოვრება, არ შეიძლება უნაზარეველოდ ცხოვრება, არ შეიძლება უსიყვარულოდ ცხოვრება.

საქართველო დღეს უბრუნდება თავის თავს.

და დიდი გალაკტიონიც, როგორც ყოველთვის, მასთან არის. მარადიული პოეზია. ასი წლის გალაკტიონ ტაბიძე / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 17 ნოემბერი. - N236(515). - 1 გვ.

93 ედუარდ შევარდნაძე: მსოფლიომ ჯერ კიდევ ვერ გაიგო, რას ნიშნავს ექსტრემიზმს შერწყმული სეპარატიზმი. ამ მოვლენას ვერც რუსეთში მისცეს სათანადო შეფასება

▲ზევით დაბრუნება


16 ნოემბრის რადიოინტერვიუ

გასული კვირა მეტად მრავალფეროვანი მოვლენებით აღინიშნა, იმდენად დინამიკურად ვითარდებოდა მოვლენები, რომ ჭირს ანალიზი, - თქვა საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის მეთაურმა - პარლამენტის თავმჯდომარემ ედუარდ შევარდნაძემ ორშაბათს, 16 ნოემბერს ტრადიციული რადიოინტერვიუს დროს კომენტატორ ნატო ონიანთან საუბარში. - უპირველეს ყოვლისა, ყურადღებას იპყრობს ჩრდილოეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენები, ჩემი აზრით, რაც იქ მოხდა, უნდა მომხდარიყო და ამის თაობაზე მე უკვე მქონდა საუბარი გაეროში გამოსვლის დროს. როგორც ჩანს, რაკი არ მოხერხდა იქ მიმდინარე პროცესების მართვა, არ მოიძებნა ვითარების განმუხტვის საშუალებანი, ამ პროცესს წინ ვერაფერი ვერ დაუდგებოდა. როგორც იტყვიან, საქმე აქამდე ბუნებრივად უნდა მისულიყო.

რამდენჯერ ვთქვი და ახლაც მინდა გავიმეორო, - ხაზი გაუსვა სახელმწიფოს მეთაურმა, - რომ მსოფლიომ ჯერ ვერ გაიგო, თუ რას ნიშნავს ექსტრემიზმს შერწყმული სეპარატიზმი. ამ მოვლენას ვერც რუსეთში მისცეს, სამწუხაროდ, სათანადო შეფასება. არადა, კვლავ ვიმეორებ, ეს პროცესი უდიდეს საფრთხეს უქადის მთელ მსოფლიოს. მოგეხსენებათ, ეს პროცესი კავკასიაში დაიწყო და იუგოსლავიაში გაგრძელდა. ჩემი აზრით, რუსეთი სერიოზულად უნდა ჩაუფიქრდეს ამ პროცესს და მისცეს მას ასევე სერიოზული შეფასება. ჩრდილოეთ კავკასიაში მომხდარი ერთი კვირის მოვლენები იმას მოწმობენ, რომ რუსეთმა ამ საქმეს მოჰკიდა ხელი, ეს უკვე აშკარად ჩანს. მაგრამ არა მგონია, რომ რუსეთის ჩეჩნეთისადმი დამოკიდებულება ომში გადაიზარდოს. ეს მძიმე მოვლენა იქნება თვით რუსეთისათვის და, ცხადია, უფრო უარესი ჩეჩნეთისათვის, მაგრამ დაძაბული ვითარება ამ რეგიონში დარჩება. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ რუსეთმა ვერ შეძლო რაიმე დადებითი ზემოქმედება მოეხდინა კავკასიის ხალხთა კონფედერაციის მოღვაწეობაზე, სამართლებრივი თვალსაზრისით დასახულმა მისმა ღონისძიებებმა, შეიძლება ითქვას, პირიქით, უარესი შედეგი მოიტანა და ეს მომენტიც უთუოდ საყურადღებოა და ვფიქრობ, რუსეთი ამას უნდა ჩაუფიქრდეს.

რაც შეეხება რუსეთ-უკრაინის ურთიერთობას, რომელიც განვლილ კვირაში კვლავ ყურადღების ცენტრში მოექცა, მე ვფიქრობ, იგი არ მიიღებს დრამატულ ხასიათს, - თქვა ედუარდ შევარდნაძემ. - ამ ორი ქვეყნის ისტორია, ორივე ხალხის ბედი ისე მჭიდროდ არის ერთმანეთთან დაკავშირებული, რომ ეს მომენტები დაძლევს ყოველგვარ წინააღმდეგობას. ისე ერთი მომენტიც უთუოდ უშლის ხელს ამ ურთიერთობას - ეს დამოუკიდებელი ქვეყნების თანამეგობრობის არსებობა გახლავთ. თანამეგობრობა რომ არ იყოს, ეს ორი ქვეყანა უფრო ადვილად მონახავდა საერთო ენას. ის ფაქტი, რომ ჩვენ არ ვიჩქარეთ თანამეგობრობაში შესვლა, უთუოდ ჩვენი კურსის გამარჯვება იყო, - დასძინა ედუარდ შევარდნაძემ.

შემდეგ საუბარი შეეხო რუსეთის სამთავრობო დელეგაციის ჩამოსვლას საქართველოში, რომელიც საქართველოს მხარესთან ამჟამად მოლაპარაკებას აწარმოებს ორ ქვეყანას შორის დიდი ხელშეკრულების დასადებად, სახელმწიფოს მეთაურმა ხაზი გაუსვა ამ მისიის დიდ მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ, თუმცა ეს მისია ცოტა დაგვიანებულია, მაგრამ, როგორც იტყვიან, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.

საერთოდ რუსეთმა, დაგვიანებით დაამყარა ჩვენთან დიპლომატიური ურთიერთობაც, დაგვიანებით დანიშნა თავისი ელჩიც საქართველოში, ამით, მე მგონი, რუსეთმა ბევრი ვერაფერი მოიგო და შეიძლება არც არაფერი წაუგია, მაგრამ ის ფაქტი, რომ რუსეთის ელჩი რამდენიმე თვით გვიან გამოჩნდა საქართველოში, ვიდრე, ვთქვათ, ამერიკის შეერთებული შტატების, ანდა გერმანიისა, ეს უკვე ცოტა რაიმეზე არ მეტყველებს.

საერთოდ კი უნდა ვთქვა, - განაგრძო ედუარდ შევარდნაძემ, - რომ რუსეთის ელჩი საკმაოდ კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს. მე შევნიშნე, რომ იგი გრძნობს ყოველივე ამას, რაზეც ზემოთ ვლაპარაკობდი და ამთავითვე შეეცდება, ალბათ, აქტიური მუშაობით მოახდინოს ყველაფრის კომპენსაცია. ასეთივე პოზიციაზეა სამთავრობო დელეგაციაც, რომელიც დიდ ხელშეკრულებაზე მუშაობს. და როგორი დამოკიდებულებაც უნდა ჰქონდეს ჩვენი საზოგადოების ნაწილს რუსეთის პოლიტიკისადმი, მისი საქართველოში განლაგებული ჯარების სტატუსისადმი, რუსეთის ფაქტორის გარეშე ჩვენი მდგომარეობა შეიძლება კიდევ უფრო გართულდეს, ჯერ კიდევ მოქმედი ეკონომიკური კავშირები რომ გადაიჭრას, ჩვენ კიდევ უფრო უარეს ვითარებაში აღმოვჩნდებით. აი, ასეთი პოზიციიდან უნდა მივუდგეთ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებს.

კომენტატორის შეკითხვაზე, თუ როგორ შეაფასებდა სახელმწიფოს მეთაური პარლამენტის კომისიებისა და მისი თავმჯდომარეების არჩევასთან დაკავშირებით შექმნილ საზოგადოებრივ აზრს, ედუარდ შევარდნაძემ დასძინა, რომ არ არის საჭირო ასეთი მომენტების დრამატიზება. ზოგს მოსწონს ეს არჩევნები, ზოგს არ მოსწონს. ეს ახალი დემოკრატიისათვის ჩვეულებრივი პროცესია. მუშაობის მომენტში გამოჩნდებიან ეს ადამიანები. მთავარი ის არის, რომ მიუხედავად სირთულეებისა, პარლამენტი შეუდგა მუშაობას და თავი გაართვა წამოჭრილ პრობლემებს.

შემდეგ ედუარდ შევარდნაძე შეეხო პურის ფასების გაზრდასთან დაკავშირებულ პრობლემას და აღნიშნა, რომ ფასების მომატების პარალელურად სახელმწიფომ გამოყო საკომპენსაციო თანხები და თუ ისინი არ არის მიღებული, ეს ადგილობრივ ხელისუფალთა დანაშაულია და პასუხი მათ უნდა მოვთხოვოთ. რა თქმა უნდა, ჩვენც უნდა ჩავიხედოთ ამ საქმეში, მაგრამ, ვიმეორებ, პასუხისმგებლობა ადგილობრივ ხელისუფლებას ეკისრება.

რადიოკომენტატორმა განვლილი კვირის მოვლენებიდან გამოჰყო სატელეფონო საუბარი, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს მეთაურსა და ამერიკის ახლად არჩეულ პრეზიდენტს ბილ კლინტონს შორის გაიმართა.

- ამასთან დაკავშირებით არ მინდა ბევრი ვილაპარაკო, - აღნიშნა ედუარდ შევარდნაძემ, - მაგრამ ამ ფაქტით დასტურდება, რომ საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობა არათუ გაცივდება და შეფერხდება, არამედ კიდევ უფრო გაფართოვდება და გაღრმავდება, ეს კი თავისთავად ძალიან საინტერესო ფაქტია. ჩვენ რომ ანგარიშს გვიწევენ, ამერიკის პრეზიდენტის იმ ფრაზებიდანაც ჩანს, რომლებიც მან ჩვენი შემდგომი საუბრების და ურთიერთობის ფორმებს მიუძღვნა.

წინ დიდი პრობლემები გვიდევს, - თქვა ედუარდ შევარდნაძემ, - პარლამენტში განსახილველია აფხაზეთის საკითხი, რომელსაც მე ცოტა სხვანაირად ვუყურებ, ვიდრე ჩემი კოლეგები, პირდაპირ ვამბობ, მე ყველა საკითხის გადაწყვეტაში ვმონაწილეობდი, რომელიც აფხაზეთს შეეხებოდა და შემიძლია ბევრი რამეც დავიბრალო, მაგრამ უმჯობესია ეს გააკეთოს სპეციალურმა კომისიამ, რომელიც ამაზე მუშაობს. მან უნდა გვითხრას, თუ რატომ დაყოვდნა ჩვენი ძალები სოხუმში. და რას აკეთებდნენ იქ ოთხი დღის მანძილზე, ვიმეორებ, ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ პასუხისმგებლობას ვიხსნი, რეალურ სიტუაციას ვაფიქსირებ. რაც შეეხება გუდაუთას, ეს საკითხი უფრო რთული გახლავთ, რადგან წინასწარ არ იყო გარკვეული ურთიერთობა იქ დისლოცირებულ რუსეთის სამხედრო შენაერთებთან. მე არ ვიცი, აქვთ თუ არა სახელმწიფოს ხელმძღვანელებს ცეცხლთან თამაშის ასეთი უფლება. ახლა ისეთი დროა, რომ გადაბრალება-გადმობრალება ერთგვარ სენად გადაიქცა და ყველამ ერთად უნდა ვეცადოთ, რომ ამ სენისაგან განვიკურნოთ. სამწუხაროდ, დამნაშავის იქ ძებნა, სადაც არ უნდა ეძებდე, სისხლის გამოდენის სურვილი, თუ შეიძლება ასეთი გამოთქმა ვიხმაროთ, ახლა ბევრს აქვს. ამის თაობაზე ხვალ გვექნება საუბარი პარლამენტის სხდომაზე. საერთოდ კი, ალბათ, ცოტა დროა საჭირო, რომ ყველაფერში მშვიდად გავერკვეთ. ეს ცოტა დრო უნდა მოვითმინოთ.

შეეხო რა მთავრობის კაბინეტის განახლების საკითხს, სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ ეს პარლამენტის გადასაწყვეტი საკითხია. პირადად ჩემი მოსაზრება კი ის გახლავთ, - თქვა მან, - რომ იგი მოითხოვს გადახალისებას. არ მინდა ვთქვა, რომ ყველა უნდა წავიდეს, მაგრამ იქ უნდა მოვიდეს ისეთი ხალხიც, რომელიც სწრაფად მოახერხებს ადაპტაციას, რომ შედეგებიც სწაფადვე მივიღოთ. ბატონ სიგუასთან კონსულტაციები უკვე გვქონდა და, ვფიქრობ, ამ კვირაში საკვანძო მომენტები უნდა შეივსოს. ვნებათაღელვა ახლა ამ საკითხებზე დიდია, იმასაც ამბობენ, თითქოს იქნება გაფიცვები, პროტესტები, ეს არასერიოზულ ლაპარაკად მიმაჩნია. ჩვენ ასეთ საკითხებს იმ კუთხიდან უნდა შევხედოთ, თუ რას ფიქრობს ხალხი, თუ ვის უჭერს მხარს. თუ ხალხი დაუჭერს მხარს, მაშინ ყოველგვარ მუქარას გავუგებთ.

მთავარია, ამთავითვე მივხედოთ ზამთრის პრობლემებს. მე ვფიქრობ, ეს ზამთარი ზოგიერთ საკითხში ცოტა უკეთესი იქნება, თუ რაიმე უბედურება არ დატრიალდა. რესპუბლიკის მომარაგება გაზით უზრუნველყოფილი უნდა იყოს. სახსრები გამოიძებნა, მილიარდებია გადარიცხული თურქმენეთში. ამასთან, როგორც კი საშუალება იქნება, ჩვენ ამ საკითხზე მოლაპარაკებას დავიწყებთ ირანთან. ასეთივე რადიკალური ზომები იქნება მიღებული ელექტროენერგიით მომარაგებისათვისაც. სამწუხაროდ, დიდი სიძნელეებია საწვავით მომარაგებაში. ვიცი, რა ღირს ბენზინი, როგორ წვალობს ხალხი, მაგრამ საუბედუროდ, ჩვენი რესურსები ფაქტობრივად ამოწურულია. მე არაერთხელ გამოვთქვი შენიშვნა საქნავთობკონცერნის მიმართ. რადგან ვთვლი, რომ შეიძლებოდა საქმე უკეთ გვქონოდა, რომ არა ტყუილები. მეუბნებოდნენ, ამდენი შემოვა, იმდენი შემოვაო, და არაფერიც არ შემოვიდა. საერთოდ, როგორც ჩანს უნდა გამოვიმუშაოთ რაღაცნაირი მკაცრი მიდგომა ასეთი ტყუილებისადმი.

გუშინ ბათუმში გალხდით, - განაგრძო ედუარდ შევარდნაძემ, - ვიყავი ნავთობგადამმუშავებელ ქარხანაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი რეზერვიც, სამწუხაროდ, გამოუყენებელია. ასევეა სურსათზე. ვიარეთ ევროპაში, ვილაპარაკეთ კონტრაქტებზე, მერე გაძვირდა ყველაფერი და დავრჩით ასე. არ ვიცი, რას მივაწერო ასეთი რამ - ჩვენს უსუსურობას თუ უპასუხისმგებლობას?

ახლა რატომ არ არის გამოყენებული ბათუმის ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის რეზერვები? მადლობა ღმერთს, ჩვენ ჩვენი საკუთარი ნავთობიც მოგვეპოვება, მაგრამ მისი ბათუმის ქარხანაში მიწოდება გაძნელდა, რადგან ზესტაფონიდან დაწყებული, ვიდრე ბათუმამდე პირდაპირ „ნადირობენ“ ამ ნავთობსადენზე, ამტვრევენ და ხვრეტენ მას, როგორც კი ნავთობს გავუშვებთ. გუშინ ლანჩხუთში გაბურღეს ეს მილსადენი. სამწუხაროდ, ადგილობრივმა ორგანოებმა ვერ შესძლეს ამ ფაქტების თავიდან აცილება. როგორც ჩანს, მოგვიწევს თავდაცვის საბჭოს სხდომაზე გამოძახება ყველა ამ რაიონის ადგილობრივი ხელმძღვანელობისა და უნდა მიეცეს მათს პოზიციას შესაბამისი შეფასება. სხვა გზა არა გვაქვს.

ედუარდ შევარდნაძე: მსოფლიომ ჯერ კიდევ ვერ გაიგო, რას ნიშნავს ექსტრემიზმს შერწყმული სეპარატიზმი. ამ მოვლენას ვერც რუსეთში მისცეს სათანადო შეფასება / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 17 ნოემბერი. - N236(515). - 1,2 გვ.

94 ედუარდ შევარდნაძე: საქართველოს დღეს მრავალპროფილიანი პოლიტიკა სჭირდება

▲ზევით დაბრუნება


ორშაბათის რადიოინტერვიუ - 23 ნოემბერი

მივესალმები რადიომსმენელებს, ვულოცავ ყველას გიორგობის დღესასწაულს და მიუხედავად იმისა, რომ მძიმე დროა, ვისურვებ, ამ დღეს მშვიდობა შეეტანოს ყველა მათგანის ოჯახში, - თქვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ - სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ რადიოკომენტატორ ნატო ონიანთან საუბრის დასაწყისში. შემდეგ მან გაანალიზა განვლილი კვირის მოვლენები. კერძოდ, აღნიშნა, რომ განვლილი დღეები მართლაც დატვირთული და დაძაბული იყო. პარლამენტმა მოისმინა ჩემი მოხსენება აფხაზეთთან დაკავშირებით. ეს იყო ცდა, გაგვეაზრებინა ყოველივე, თუ რა მოხდა აფხაზეთში, რატომ აღმოჩნდა ჩათრეული საქართველო ამ შინაურ კონფლიქტში, რატომ შეეტაკნენ ერთმანეთს აფხაზები და ქართველები, რა პრობლემებია ამჟამად და არის თუ არა ამ პრობლემებიდან გამოსავალი. მე პარლამენტში გამოსვლის დროს ვთქვი და ახლაც ვიმეორებ - ის გამოსვლა ხმამაღალი ფიქრი უფრო იყო, ვიდრე უკვე ნაპოვნი გამოსავალი, მაგრამ ამისათვის ცდა კი ნამდვილად არ დაგვიკლია.

პარლამენტმა შექმნა სპეციალური კომისია აფხაზეთთან დაკავშირებით. ეს კომისია გააგრძელებს მუშაობას და შექმნის დოკუმენტს, რომელიც საპარლამენტო დოკუმენტი იქნება თავისი დასკვნით, წინადადებებითა და რეკომენდაციებით, თუ როგორ დავაღწიოთ თავი შექმნილ მდგომარეობას. ასე რომ, პრაქტიკული მუშაობა ამ საკითხზე ინტენსიურად იწყება.

გუდაუთაში მიღწეული შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მაინც დადებითი მოვლენაა, - აღნიშნა ედუარდ შევარდნაძემ, რადგან ამ მონაკვეთზე იყო უსიამოვნო შეტაკებები. მე არ მინდა, რომელიმე მხარე დავადანაშაულო, მაგრამ ეს ინციდენტები ხდებოდა რუსეთის ჯარის ნაწილებსა და ქართული ჯარის ნაწილებს შორის. შეთანხმებით, ვფიქრობთ, ამ მოვლენებს ადგილი აღარ ექნება. საერთოდ კი უკანასკნელ ხანს საქართველოს ტერიტორიაზე დისლოცირებული რუსეთის ჯარების რაოდენობა თანდათან მცირდება, - განაგრძო სახელმწიფოს მეთაურმა, - ამჟამად, როცა ამ სამხედრო ოლქმა ჯარების დაჯგუფების სახელწოდება მიიღო, მისი პირადი შემადგენლობა ორ-სამჯერ ნაკლებია წინანდელთა შედარებით და მათი რაოდენობის კლების ეს სერიოზული ტენდენცია შენარჩუნებული იქნება.

ამასთან, არის ჯარების ისეთი სახეობანი, რომელთა დარჩენით ჩვენ თვით უნდა ვიყოთ დაინტერესებული. ეს არის საჰაერო თავდაცვის და სასაზღვრო დაცვის ნაწილები. რუსეთის ჯარის სტატუსზე მოლაპარაკების პირველი რაუნდი თბილისში უკვე გაიმართა, მეორე რაუნდი მოსკოვში გაგრძელდება და, ალბათ, გადაწყდება, თუ რა სტატუსი ექნებათ რუსეთის ჯარებს. ამ საკითხზე შესაძლოა დისკუსიები პარლამენტშიც გაიმართოს.

შეეხო რა პარლამენტის მუშაობას, პარლამენტის თავმჯდომარემ - სახელმწიფოს მეთაურმა თქვა, რომ მოუმზადებელი საკითხების განხილვას პარლამენტში ძალიან დიდი დრო მიაქვს, არადა, დრო ჩვენთვის ახლა ყველაზე ძვირფასია, საერთოდ კი პარლამენტის მუშაობა უთუოდ ნაყოფიერი იყო. ფაქტობრივად, ჩვენ დავიწყეთ სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობა. სახელმწიფო კანონის მიღება დიდი და სერიოზული ნაბიჯი იყო ამ ეტაპზე. მივიღეთ რეგლამენტი, რომლის განხილვასაც ბევრ პარლამენტში კვირეები სჭირდება; განვიხილეთ და მივიღეთ კანონი აღმასრულებელი ხელისუფლების შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს მთავრობის სტრუქტურები. იყო ორი აზრი, რომ ან მთლიანად შეგვენარჩუნებინა ისინი, ან მთლიანად განახლებულიყო. ორივე ეს აზრი შეჯერდა და პარლამენტმა დღევანდელი დღის შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო. ამიტომ ვაფასებ ჩვენს მუშაობას ოპტიმისტურად. და თუკი მის მუშაობაში ტელეეკრანთან მსხდომ საზოგადოებას ჯერ კიდევ ბევრი რამ არ მოსწონს, მჯერა, ესეც დროებითი ამბავია. ყველაფერი მომწიფდება და დალაგდება.

ყველაზე მტკივნეული საკითხი ახლა მთავრობის კაბინეტის შექმნა გალხავთ, - განაგრძო ედუარდ შევარდნაძემ, - თუ ვინ უნდა წავიდეს და ვინ უნდა დარჩეს. არის ასეთი აზრიც, რომ, თუ მთლიანად არ შეიცვალა, არაფერი არ გაკეთდება. ჩემი პირადი მოსაზრებით, კაბინეტი უნდა შეიცვალოს. ვფიქრობ ამას უნდა შევეგუოთ. ახლა ომია და სწრაფი რეფორმები აუცილებელია, სხვა ყაიდის ხალხია საჭირო. მოვძებნით თუ არა მათ, ეს მეორე საკითხია, მაგრამ ამისათვის კონსულტაციები ბატონ სიგუასთან გრძელდება. მე ვფიქრობ, ბევრი საინტერესო მოსაზრება უკვე არსებობს. არ ვიცი, გაიზიარებს თუ არ მას პარლამენტი, მაგრამ, მიმაჩნია, რომ ისევე, როგორც პარლამენტშია, მთავრობაშიც უნდა იყვნენ წარმოდგენილი ძირითადი პოლიტიკური ძალები, რომლებიც ჩვენთან ერთად იკისრებენ ამჟამად არსებული მდგომარეობიდან გამოსვლის უმძიმეს პასუხისმგებლობას. სიმართლე გითხრათ, ქუჩაში გამოსვლა მეუხერხულება. პურის რიგები, უბენზინობა, გაჭირვება, და სიდუხჭირე, უამრავი რამ აკლია ხალხს. ბევრი, რაც უნდა გაკეთებულიყო, არ გაკეთდა. ასე მგონია, ყველაფერი ეს ჩემი ბრალია... თუმცა, ესეც არის - სახელმწიფოს მეთაური ყველაფერზე აგებს პასუხს.

რადიოკომენტატორის შეკითხვაზე, თუ როგორ შეაფასებდა სახელმწიფოს მეთაური რუსეთთან მომავალი დიდი ხელშეკრულების გამო გამოთქმულ მოსაზრებას, თითქოს ახალი გეორგიევსკის ტრაქტატი მზადდებოდეს, ედუარდ შევარდნაძემ, კერძოდ, დასძინა: საკითხის ასეთნაირად დაყენება, როგორც ზოგიერთი მსჯელობს, არ შეიძლება. ახლა სხვა დროა, შუა საუკუნეები არ არის, ამიტომ ამ მხარისაკენ უნდა გვქონდეს ორიენტაცია თუ იმ მხარისაკენ, ასე პირდაპირ თქმა სწორი არ იქნებოდა. ამჟამად მანევრირების საშუალებები განუსაზღვრელია. ამიტომ საქართველოს დღეს მრავალპროფილიანი პოლიტიკა სჭირდება. გულუბრყვილობა იქნება, რომ უარვყოთ რუსეთის სამეცნიერო პოტენციალი, თუნდაც სამხედრო თვალსაზრისი. ზოგიერთის აზრით, დღესვე უნდა ავდგეთ, ნატოს დავუკავშირდეთ და ამით ყველაფერი დამთავრდება. მაგრამ ეს ასე არ არის. მართალია, პერსპექტივაში ნატოს ფუნქციები ძალიან გაფართოვდა, მაგრამ ამ ფუნქციასთან ბევრი ჯერ მხოლოდ თეორიულ სტადიაშია. პირველ რიგში ეს ეხება პოლიტიკურ კონფლიქტებს, რომელთა გადაწყვეტაში ნატოს მისია, ვიმეორებ, თეორიულ ჩანასახშია და თავისი შესაძლებლობებით ჩვენამდე რომ მოაღწიოს, დიდ დრო დასჭირდება. ამიტომ ახლა იმის თქვა, რომ რუსეთთან ყოველგვარი ურთიერთობა უნდა გავწყვიტოთ და ამერიკასთან უნდა ვიყოთ, არ არის მთლად სერიოზული მსჯელობა. ესპანეთს ათი წელი დასჭირდება იმისათვის, რომ ევროგაერთიანებაში ჩართულიყო, პორტუგალიას - 12. ასე ადვილად არ ხდება, რომ დაწერ განცხადებას და მაშინვე წევრად მიგიღებენ. ჩვენ განსაზღვრული უნდა გვქონდეს და გვაქვს კიდეც ჩვენი საერთო ორიენტაცია ფართო გაგებით - ეს გახლავთ ევროპული კულტურა, ევროპული ცივილიზაცია. ამიტომ საქართველო აღარ უნდა მოხვდეს მთლიანად ვინმეს გავლენაში და აღარც მოხვდება, რადგან ახლა სხვა წესრიგია მსოფლიოში. თუ რუსეთი ისეთ ნაბიჯს გადადგამს როგორ ნაბიჯზეც ზოგიერთები გვაფრთხილებენ, მაშინ თვითონ რუსეთი დაკარგავს ყველაფერს, თვით აღმოჩნდება იზოლაციაში. ამიტომ მას არ შეუძლია ზურგი შეაქციოს მსოფლიო წესრიგის ასეთ პროცესს, თუკი რა თქმა უნდა, რუსეთში სხვა ძალა არ გაიმარჯვებს. მაგრამ, მერწმუნეთ, ეს სხვა ძალა ისევე საშიშია მსოფლიოსათვის, როგორც საქართველოსათვის.

შემდეგ საუბარი შეეხო გალაკტიონის 100 წლისთავის იუბილეს, რომელიც ახლახან გაიმართა. მე გამოვხატე ჩემი დამოკიდებულება ამ მოვლენებისადმი და მინდა გავიმეორო, აღნიშნა მან, რომ გალაკტიონი ჩემი ოცნების პოეტია. იგი რევოლუციის სიმბოლო გახლავთ. მე რომელიმე კონკრეტულ რევოლუციაზე კი არ ვლაპარაკობ, არამედ დღევანდელ, ხვალინდელ და მარადიულ გარდამქმნელ, სრულმყოფ ღირებულებებს ვგულისხმობ, რომლითაც ჩვენ ვსაზრდოობთ და კიდევ მრავალი თაობა ისაზრდოებს.

- თქვენი დამოკიდებულება რელიგიისადმი და ხართ თუ არა მონათლული? - ჰკითხა რადიოკომენტატორმა.

- ვარ მონათლული, მაგრამ არა ადრეულ ასაკში. ეს რიტუალი უწმინდესსა და უნეტარესთან, ბატონ ილია მეორესთან არის დაკავშირებული და ჩემი ნათლობის სახელი გახლავთ გიორგი. ჩემს კაბინეტში ღვთისმშობლის ხატია. ადრე ჩემს სამუშაო კაბინეტებში სხვა სურათებიც ყოფილა. მაშინ მე მჯეროდა იმ ხატებისა, მაგრამ, მინდა გითხრათ, ეჭვებიც მქონდა. საერთოდ ხატი არ არის იმის ნიშანი, რომ განწმენდილი ხარ. განწმენდა მსოფლმხედველობრივი ევოლუციის შედეგია. მაგალითად, მე არავინ არ მაიძულებდა პარტიიდან გავსულიყავი. აქამდე ჩემი მსოფლმხედველობით მივედი და ამ გზითვე კარდინალურად შეიცვალა ჩემი დამოკიდებულება რელიგიისადმი, ქრისტიანობისადმი. სხვა ბევრ რაიმესაც ეხება ეს. თუ ჩვენ ამას ჩვენს ხალხზე განვავრცობთ, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასეთმა ევოლუციამ, ასეთმა რწმენამ უნდა გადაგვარჩინოს.

ჩვენ ყოველთვის უზენაესი ძალის თვალთახედვის არეში ვართ და იგია ჩვენი ქცევის, ჩვენი ყოფის მსაჯული. თუ ეს დავივიწყეთ, ცოდვას ჩავიდენთ საკუთარი სულის, ხალხის, ქვეყნის წინაშე. ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება იმ უზენაესი ძალის განსჯის საგანია, რასაც უნდა ვაკეთებდეთ, ის ყველაფერს ხედავს.

განწმენდის ეს პროცესი წინააღმდეგობრივი იყო და არის. შესაძლოა ბევრ რამეს ვერ ჩავწვდით, შეიძლება ბევრი რამ ისე ვერ გავაკეთეთ როგორც საჭირო იყო, მაგრამ ახლა იმ უზენაესის მონაწილეობის გარეშე საყოველთაო განწმენდა არ მოხდება. ამიტომ თითოეული ჩვენგანი პიროვნულად ასეთი შეგნებით უნდა მივიდეს ამ გაგებასთან.

საქართველოს პარლამენტის პრესცენტრი.

ედუარდ შევარდნაძე: საქართველოს დღეს მრავალპროფილიანი პოლიტიკა სჭირდება / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 25 ნოემბერი. - N241(520). - 1,2 გვ.

95 ედუარდ შევარდნაძე: თუ ხელი არ გავანძრიეთ, არაფერი გვეშველება

▲ზევით დაბრუნება


ორშაბათის რადიოინტერვიუ 30 ნოემბერი

განვლილი კვირის მოვლენებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება მომავალი საქართველოსთვის. ჩვენ მათი მომსწრე ვართ და ისინი ჩვეულებრივ მიმდინარე მოვლენებად მიგვაჩნია, მაგრამ მერე, რაც დრო გავა, მათი მნიშვნელობა სულ უფრო გაიზრდება და თაობები მიხვდებიან, რომ ამ მოვლენებმა უდიდესი როლი შეასრულა დემოკრატიული საქართველოს მშენებლობაში. ჩვენ ახლა გვყავს პარლამენტი, გვყავს მთავრობა და მათი ჩამოყალიბება ისეთივე რთულ და მძიმე დროში გვიხდებოდა, როგორ დროშიც პარლამენტის არჩევნების ჩატარება მოგვიხდა. მაგრამ, მადლობა ღმერთს, უკვე გვაქვს საშუალება მეტი დრო ხალხზე, ქვეყნის მძიმე მდგომარეობიდან გამოყვანაზე ფიქრს დავუთმეთ. ახლა კონკრეტული ღონისძიებების დროა და არა ფუჭი პაექრობისა. სიმართლის გარკვევის სურვილი, რომელიც ასეთი კამათის დროს ჩნდება ხოლმე, ბუნებრივია, მაგრამ იგი შურისძიებაში არ უნდა გადაიზარდოს. პარლამენტის წინა სხდომაზე, რომელსაც არ ვესწრებოდი, ასეთი რამ ფაქტობრივად მოხდა. ჩვენ ახლა არა ვართ მზად იმისათვის, რომ ვქექოთ ერთმანეთის განვლილი გზა. თვით იმ ახალგაზრდებმა, რომლებიც პარლამენტში მოვიდნენ, ძალიან რთული და ძნელი გზა განვლეს და, ვფიქრობ, ეს თუნდაც ამიტომ არ არის საჭირო. ამასთანავე არ მინდა, რომ წინა პარლამენტის მსგავსი რამ გაკეთდეს. ჩვენ ახლა სწორ გზას ვადგავართ და ამ გზიდან არ უნდა გადავუხვიოთ. ასეთ ძნელად ასახსნელ მოვლენებზე მსჯელობა კი სასურველი სულაც არ არის, რადგან იგი ჩრდილს აყენებს პარლამენტს. ჩვენ უნდა გვახსოვდეს თუ რა ჩრდილი მიადგა საქართველოს წინა პარლამენტს ამგვარი ლაპარაკით და არა მარტო მას. იგივე მოხდა ბალტიისპირეთშიც. ამიტომ გვმართებს სიფრთხილე.

ახლახან ვთქვი და ახლაც მინდა გავიმეორო, ჩემი რწმენით, ჩვენი ყოველი ნაბიჯი უზენაესის თვალთახედვის არეშია. ის ყოვლისშემძლეა და გვიშველის, მაგრამ თუ ხელი არ გავანძრიეთ არაფერი არ გვეშველება. ჩვენ გვიშველის თავდადებული შრომა და საზღვარგარეთის ქვეყნების დახმარება. ეს დახმარება რომ არ ყოფილიყო, ჩვენი მდგომარეობა უფრო რთული იქნებოდა. ჩვენ შეგვეძლო საზღვარგარეთიდან აქამდე უფრო მეტი რამ მიგვეღო, მაგრამ, უკვე ვთქვი, რომ ბევრი რამ ვერ გავაკეთეთ ამისათვის. თუმცა დაკარგული არაფერია, შეიძლება ამ ნაკლის გამოსწორება. ეს ეხება პურის მარაგსაც. მალე იმდენი უნდა შემოვიდეს, რომ შიში, რომელიც ამასთან დაკავშირებით არსებობს, აღარ იქნება. ოღონდ მისი განაწილება უთუოდ სამართლიანად უნდა მოხდეს და საამისო ფორმებზე უნდა ვიფიქროთ. მერე კიდევ გვექნება საშუალება ევროპაშიც ვიშოვოთ რაიმე, რუსეთთანაც გაფორმდება ეკონომიკური ხელშეკრულება...

სამწუხაროდ, რუსეთთან ურთიერთობაში მხოლოდ ცალმხრივი დამოკიდებულება ჭარბობს და ჩვენ ახლა არა ვართ მზად იმისათვის, რომ ამ გზით ვიაროთ. მაპატიეთ, მე დავიღალე ამგვარ დილეტანტიზმთან ბრძოლით. რაც უფრო დავაჩქარებთ რუსეთთან ორმხრივი დიდი ხელშეკრულების დადებას, მით უფრო მალე გვექნება მეტი შეღავათი.

ახლა ციტრუსების დიდი მოსავალი გვაქვს და მისი გასაღების პრობლემა დადგა. სად უნდა გავიტანოთ იგი? ევროპას და სხვასაც ციტრუსით ვერ გავაკვირვებთ. ესე იგი გვრჩება რუსეთის ბაზარი. ამიტომ, ვიმეორებ, დროა გადავლახოთ საკუთარი წინსვლის შემაფერხებელი ჩვენი ეს შინაგანი ბარიერი და მივხვდეთ, რომ ამგვარი ურთიერთობა აუცილებელია ჩვენთვის და რუსეთისთვისაც.

შეეხო რა საქართველოს ერთიანი ჯარის ჩამოყალიბების პრობლემას, სახელმწიფოს მეთაურმა თქვა: საბედნიეროდ, ერთიანი ქართული ჯარის შექმნა ქვემოდან დაიწყო -აფხაზეთს ვგულისხმობ. იქ არსებული ყველა სამხედრო ფორმირება უკვე ერთიან სარდლობას ემორჩილება. იქ ახლა ისინი გაფორმდნენ როგორც კორპუსი და ამ ამ კორპუსს ჰყავს თავისი სარდალი და შტაბი. შესაძლოა იყოს დარჩენილი რაიმე შეუსაბამობა, მთლად იდეალურად ყველგან არ იყოს საქმე, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ეს პროცესი დაიწყო და კორპუსის გაფორმება მოხდა. თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილედ და სარდლად დაინიშნა გენერალ-ლეიტენანტი ანატოლი კამკამიძე. ამით საერთო არმიის ორგანიზაციული სტრუქტურა ჩამოყალიბდა. სირთულე გვაქვს თბილისში. ბევრს არ სურს ყაზარმებში შესვლა. ვიმეორებ, ეს სიძნელე არის, და ალბათ, ამას დედაქალაქში ყველა გრძნობს, ამიტომ, იმ ელემენტების საკითხი, რომლებიც ახლა გვარდიელების სახელით სარგებლობენ და მოქმედებენ, უნდა გადაწყდეს და, ვფიქრობ, მერე იგი ორგანიზაციულადაც გადაწყდება.

რადიოკომენტატორის კითხვაზე, თუ რა ზომებს იღებს საქართველოს ხელისუფლება გაგრის ზონაში დარჩენილი ქართული მოასხლეობის დასაცავად, საქართველოს მეთაურმა თქვა: გაგრა და ლესელიძე ჩვენი ტკივილია. ღმერთმა იცის, ჩვენ იქ საომრად არ წავსულვართ. ჩვენ თავს მოგვახვიეს და ჩაგვითრიეს ამ ომში, და მათაც, ვინც ეს გააკეთა ეს ძალიან ძვირად დაუჯდა. ჩვენ ბევრი თანამოძმე დავკარგეთ. მე არ მინდა ახლა იმ ზომებზე ვისაუბრო, რომლებსაც ჩვენ ვიღებთ ამ ოკუპირებულ ტერიტორიაზე. არც იმ ხალხს ჩავაგდებ საფრთხეში, ვინც გვეხმარება. ვიმეორებ, ჩვენ არასოდეს არ ვიყავით საომარი ოპერაციების გაძლიერების მომხრენი, მაგრამ ოჩამჩირის ზონაში ბოლო ხანს კვლავ იყო ისეთი გამოხდომები, რომ იძულებული ვიქნებით გავაძლიეროთ საომარი ოპერაციები.

შემდეგ სახელმწიფოს მეთაური შეეხო აფხაზეთში შექმნილი ხელისუფლების ახალი სტრუქტურების ურთიერთობის შესახებ ეჭვებს, თითქოს აქ შეიძლება მოხდეს რაიმე კონფლიქტი, არავითარი საფუძველი არა აქვს. იქ სამხედროებს აქვთ უპირატესობა, მათ შორის, მართვის საკითხებშიც, მაგრამ მთავრობაც საჭიროა და სახელმწიფო მინისტრის ინსტიტუტიც. ბატონი ხაინდრავა შესანიშნავი პიროვნებაა, მას საუკეთესო კონტაქტები აქვს ყველასთან, მათ შორის აფხაზ ინტელიგენციასთან. ასე რომ, ყველა მათგანი შეუცვლელია თავის ადგილზე. მე პირადად შევხვდი ყველას და მჯერა, რომ მათი მუშაობა კოლეგიალურად წარიმართება და პირადი ინტერესები სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა არასოდეს არ დადგება.

შემდეგ საუბარი შეეხო საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეროვნების ადამიანთა ურთიერთობის საკითხებს. სახელმწიფოს მეთაურმა დიდი კმაყოფილებით აღნიშნა, რომ ეს ურთიერთობები არ გამრუდდა თვით ასეთი დიდი ძნელბედობის ჟამსაც კი, როგორიც ახლა გვიდგას, და არის ამის დამადასტურებელი უამრავი ფაქტი. მე ახლახან ტელევიზიაში შეხვედრისას აღვნიშნე, - თქვა ედუარდ შევარდნაძემ, - რომ ყოველი ასეთი ფაქტი უნდა გამოვიყენოთ ამ ურთიერთობათა გასაღრმავებლად. ყოველი ასეთი ნაპერწკალი უნდა გავაღვივოთ, რომ მისი სითბო და ნათელი ყველას გადასწვდეს. რამდენი ქართველი შეიფარეს აფხაზებმა, და პირიქით; რამდენი ფაქტი ვიცით ოსთა და ქართველთა ასეთივე დამოკიდებულებისა. აი, ასეთი ფაქტები შეავსებს ჩვენი სახელმწიფოებრივი მოწყობის საგანძურს. მჯერა, გავა ეს მძიმე დრო და ნორმალურად ვიცხოვრებთ. ამას წინათ, საავადმყოფოებში დაჭრილი მეომრები მოვინახულე, - განაგრძო სახელმწიფოს მეთაურმა. - და იქ ვნახე ერთი რუსი ახალგაზრდა, რომელიც ორჯერ დაიჭრა საქართველოს ინტერესებისთვის ბრძოლაში. ქვემო ქართლის რაიონებშიც კარგი მოძრაობაა, რომ აზერბაიჯანელი ახალგაზრდები დადგნენ აფხაზეთში ჩვენს მეომართა გვერდით.

იყო ინფორმაცია, თითქოს აფხაზთა მხარეს ე.წ. თურქი მესხები იბრძვიან, მაგრამ მე მაქვს ფაქტები, როცა ეს ხალხი ჩვენს გვერდით დასადგომად არის მზად. სომხების თანადგომის მაგალითები კი იცით.

ხალხში ახლა არის განწყობილება, რომ საჭიროა ძლიერი ხელი, და ამას იმით ასაბუთებენ, რომ მობეზრდათ ეს უწესრიგობა, მაგრამ დიქტატორულ პრინციპებს მე მხარს არ დავუჭერ და არც შეიძლება ასეთი პირობები შეიქმნას ჩვენს ყოფაში. ჩვენ ცოტა დრო გვჭირდება, რომ ყველაფერი მოვაწესრიგოთ, რადგან, ახლა უკვე გვყავს კანონიერი ხელისუფლება, გვექნება კარგი კანონები და უნდა იყოს მათი კარგი შემსრულებელი, თუ შეიძლება ასე ითქვას. ესე იგი, გვჭირდება ძლიერი ხელისუფლება და ჩვენ ასეთ დონემდე უნდა ავმაღლდეთ.

- არის თუ არა მოსალოდნელი ახალი სახელმწიფო გადატრიალება? - ჰკითხა რადიოკომენტატორმა სახელმწიფოს მეთაურს.

- უცნაური კითხვაა, უპასუხა მან, - არ ვიცი, სწორი იქნება თუ არა ამ თემაზე ლაპარაკი, ამდენი გადატრიალების შემდეგ. იქნებ გულში ვინმე მართლაც ფიქრობდეს ამას, მაგრამ, უნდა გითხრათ, ახლა ავანტიურების და გადატრიალების დრო არ არის, და ვინმე რომ შეეცადოს კიდეც, თუნდაც ის, ვისაც რეალური ძალაუფლება აქვს, თუნდაც სახელმწიფოს მეთაურიც იყოს (ხანდახან სახელმწიფოს მეთაურებიც გამოდიან ხოლმე გადატრიალების ინიციატორებად), ხალხი წალეკავს. რაღა დროს გადატრიალებაზე ლაპარაკია. ახლა იმაზე უნდა იყოს ლაპარაკი, რომ დროულად დავამთავროთ ომი და ამისათვის მივიღოთ საგანგებო ზომები, რათა ყველაფერი გაკეთდეს აფხაზეთშიც და სხვაგანაც. ახლა იმაზე ფიქრის დრო არ არის, თუ ვინ რომელი პოსტი უნდა დაიკავოს. ამიტომ, არა მგონია, ეს რეალური საფრთხე იყოს. თუ ვინმეს ეს აწუხებს, შეუძლია მშვიდად იყოს და იმასაც ვურჩევდი: ნუღარ ფიქრობს ამაზე და ამ ფიქრში დროს ნუ კარგავს. ეს ახლა არ არის რეალური საფრთხე საქართველოსათვის, - თქვა ედუარდ შევარდნაძემ.

საქართველოს პარლამენტის პრესცენტრი.

ედუარდ შევარდნაძე: თუ ხელი არ გავანძრიეთ, არაფერი გვეშველება // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 1 დეკემბერი. - N245(524). - 1 გვ.

96 იკვალება ქართული გზა დემოკრატიისაკენ

▲ზევით დაბრუნება


რეპორტაჟი პარლამენტის სხდომიდან

ინტერვიუ პარლამენტის თავმჯდომარესთან - სახელმწიფოს მეთაურთან ედუარდ შევარდნაძესთან გუშინ, სხდომებს შორის, შესვენებისას შედგა, ფოიეში, „დემოკრატიული უბრალოების“ რეკლამირების გარეშე. ბუნებრივად.

რამდენიმე წუთის წინ, პარლამენტმა ხუთი ახალი მინისტრი დაამტკიცა.

- მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობის ფორმირება ფაქტობრივად დამთავრდა. რა გრძნობა ჭარბობს თქვენში, ბატონო ედუარდ?

რა გრძნობა ჭარბობს? გამოუცდელობის მიუხედავად, პარლამენტი მაინც თავის სიმაღლეზე აღმოჩნდა და მინისტრთა კაბინეტი, ჩვენი პირობების გათვალისწინებით, დაკომპლექტდა საკმაოდ საინტერესოდ და კარგად. ეს ლაპარაკობს იმაზე, რომ პარლამენტართა არჩევაში ხალხი არ შემცდარა. თუმცა, გამოუცდელობის ელემენტი არსებობდა და არის. ბუნებრივია ეს.

- ახალი მთავრობის ამ შემადგენლობაში ექსპერიმენტის ელემენტიც არის? თუ არა?

- ჩვენთან ახლა ყველაფერი ექსპერიმენტებთანაა დაკავშირებული. თვით არჩევნებიც, პარლამენტის თავმჯდომარის და სახელმწიფოს მეთაურის არჩევაც, პარლამენტის შემადგენლობაც, კაბინეტის დაკომპლექტებაც სხვადასხვა პარტიებისა და ბლოკების წარმომადგენლებისაგან და ასე შემდეგ. ყველაფერი ექსპერიმენტია. მე ვთქვი, რომ ეს ქართული გზაა დემოკრატიისაკენ.

- წინასაარჩევნო შეხვედრაზე თქვით.

- დიახ, ქართული გზაა. არ არის ეს არც ხმაურიანი ფრაზა და არც ის, რომ მსოფლიო პოლიტიკის პრაქტიკაში რაღაც ახალ სიტყვას ვამბობთ, მაგრამ...

- მაგრამ არის.

- არის. და ამის თქმა არ უნდა გვერიდებოდეს. ჩვენ იმ გზით მივდივართ, რომელიც ჩვენს რეალურ პირობებს ესადაგება და, ბუნებრივია, რომ ჩვენ უკეთ გვესმის, ვიდრე, თუნდაც, ევროპულ ინსტიტუტებს, ჩვენი რეალობა და ჩვენი თავისებურებანი. ჩემის აზრით, ბედნიერებაა, რომ ჩვენ არ გვეშინია ამ სიახლეების, უცნობი გზების, ხანდახან სრულიად არაორდინარული გადაწყვეტილებების. აი, მაგალითად, ჩვენმა საყოველთაო-სახალხო არჩევნებმა ევროპაში ირონიული შეფასებაც კი გამოიწვია: რა არის ეს, მსგავსი არაფერი გვინახავსო! ახლა კი მიაჩნიათ, რომ ეს ნაბიჯი ძალიან ჭკვიანური იყო. ევროპაში ამჟამად ბევრი თვლის, რომ იგივე მეთოდი ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნებში რომ გამოეყენებინათ, შესაძლებელია, არ ყოფილიყო ის გაუთავებელი ომი პარლამენტსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის, რომელმაც ბევრი დრო დააკარგვინა ამ ქვეყნებს.

- ბატონო ედუარდ, დროებითი მთავრობის პრაქტიკულად მთელი შემადგენლობა წავიდა. გული ხომ არ გწყდებათ ამ ხალხზე? ძალიან ძნელ პერიოდში ერთად გიწევდათ მუშაობა.

- დამნაშავედ ვგრძნობ თავს, ამ ხალხს რომ ვერ შევხვდი. ბევრი მათგანი ღირსეული ადამიანია. მჯერა, რომ ისინი თავიანთ შესაფერის ადგილს დაიკავებენ ჩვენ საზოგადოებაში. წარსულთა შორის არიან ისეთებიც, ვისაც დარჩენის უფლება არ ჰქონდა. ხალხს ასე მიაჩნდა - ისინი უნდა წასულიყვნენ. პარლამენტის სიმწიფე და სიბრძნე იმაშიც გამოიხატება, რომ იგი არც აქ შეცდა.

მანამდე კი, როგორც გითხარით, პარლამენტი მინისტრთა კაბინეტის რამდენიმე ვაკანტურ ადგილზე მინისტრებს ამტკიცებდა, ოთხდღიანი შესვენების შემდეგ.

დასაწყისშივე ემოციური მუხტი სხდომაზე დეპუტატმა ბარამიძემ შეიტანა: საქართველოში ომი და ამ ომის შესახებ სხდომების დაწყების წინ ინფორმაცია მოვისმინოთო.

თითქოს ამ წინადადებას უპასუხაო, ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ დეპუტატებს ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს წუხანდელი სხდომის შესახებ მიაწოდა მოკლე ინფორმაცია, მიღებულია გადაწყვეტილებები - ზოგი სამხედრო, ზოგი - პოლიტიკური, ერთიცა და მეორეც არც თუ საჯაროდ გამოსატანი.

ომია.

ამოსუნთქვამდე

საქმე არც ისე ცუდადაა, როგორც ჩანს. გაცილებით უარესადაა.

ჩვენს სოციალურ გაჭირვებაზე და სახელმწიფოსა და ოჯახის ბიუჯეტის ერთიან უსახსრობაზე მოგახსენებთ.

კი, - დემოკრატიულმა ხელისუფლებამ მოახერხა და ერთნახევარჯერ გაგვიზარდა მუშა-მოსამსახურეებს საშუალო ხელფასის მსყიდველობითი უნარი.

მაგრამ, რა დონიდან?

ჩახედვაც კი საშიშია იმ ორმოში, რომელშიც ჩაგვყარა და ჩაგვაქცია პოსტკომუნისტური ხელისუფლების „ეკონომიკურმა პოლიტიკამ“: ფართოდ რეკლამირებული ფასების სტაბილიზაციის შედეგად, 1992 წლის დასაწყისისათვის, მოსახლეობის მსყიდველობითი უნარი ისე დაეცა, რომ რუსეთი რა არის, იქაურ დონეზე 4-5-ჯერ დაბლა აღმოვჩნდით, გაორმაგდა იმათი რიცხვი, ვინც თითო კილოგრამზე ნაკლებ ხორცსა და შაქარს მოიხმარდა, ისინი კი, ვინც 300 გრამ კარაქს ძლივ-ძლივობით გასწვდებოდა, უკვე სამჯერ მეტნი არიან წინა წელთან შედარებით.

ასეთ პირობებში (სხვას ყველაფერს თავი დავანებოთ) მოვიდა მთავრობის ახალი კაბინეტი, რომლის პერსონალურ შემადგენლობას აგერ მეორე კვირაა, ამტკიცებს პარლამენტი.

არჩეულებს ულოცავენ გულწრფელად. მართლაც, დიდი პატივია.

მაგრამ...

მაგრამ პრობლემების ამ წარღვნაში, მათაც და პარლამენტისთვის მათ წარმდგენთაც, უპირველეს ყოვლისა, მადლობა უნდა ვუთხრათ თანხმობისათვის, დათანხმებისათვის.

ყველა ვერ გაბედავდა

მურთაზ ზანკალიანმა (ვინც სხდომის ტრანსლაციას უყურებდა, დაგვემოწმება) ვაჭრობის მინისტრად წარდგენისას დეპუტატებს გაანდო - ვყოყმანობდიო თანხმობის მიცემას.

- რატომ, ბატონო მურთაზ?

საქართველოს რესპუბლიკის ვაჭრობის ახალმა მინისტრმა, რომელმაც ამოსუნთქვაც ვერ მოასწრო კენჭის ყრის შემდეგ, გვიპასუხა:

- ახლაც, არ ვიცი, სწორი გავაკეთე თუ არა პირადად ჩემთვის. გუშინ შვიდის ნახევარზე შემომთავაზეს ეს თანამდებობა. პროფესიის თვალსაზრისით არ მეშინია, გამოცდილებაც მაქვს. ჩემი პოზიცია ასე ყალიბდება - ჯერ საქართველო გადავარჩინოთ, მერე მივხედოთ საკუთარ თავს და ოჯახს. რადგან ვგრძნობ, რომ რაღაცის გაკეთება მაინც შემიძლია, ამიტომ დავთანხმდი. თუ არ გამომივიდა, დამერწმუნეთ, არც გადადგომა გამიჭირდება.

სერიოზულ მუშაობაზე ჩვენს დარგში მაშინ შეიძლება ლაპარაკი, როდესაც მოიხსნება საომარი და კრიმინოგენული სიტუაცია.

- შევძლებთ კი საქართველოს გადარჩენას? თქვენ ხომ ადამიანთა ბიოლოგიური გადარჩენა ახსენეთ სხდომაზე.

- ჩვენ ფაქტობრივად გადარჩენილები ვართ. სად გადავრჩით იცით? როცა ფასების ლიბერალიზაცია გამოვაცხადეთ და ბაზარში პროდუქტი არ გამოილია, მაშინ გადავრჩით. ჩვენ შევძლებთ, რომ შიმშილით არ მოვკლათ თანამემამულეები. საკმარისია, გადავწყვიტოთ ნავთობპროდუქტებისა და პურის საკითხი და გადარჩენილები ვართ. მაღალ ფასებს კი საბაზრო ეკონომიკა მოაწესრიგებს. უფრო ზუსტად, საბაზრო ეკონომიკისა და არსებული ეკონომიკის კარგი შეხამებით ჩვენ შევძლებთ გადარჩენას. ეს არის „ურა-ოპტიმიზმი“. ამის არა მარტო იმედი მაქვს, არამედ ვხედავ, ამ პროცესებს.

ესე იგი, მაინც საქმე არც ისე ცუდად ყოფილა, როგორც ჩანს, როდესაც ვაჭრობის მინისტრს გადარჩენის იმედი აქვს.

დაინტერესებულმა ადამიანებმა იციან, რომ საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი, სპორტული ტერმინოლოგია რომ მოვიხმოთ, პირველი ცდით ვერ იქნა ათვისებული. ზუსტად ერთი კვირის თავზე პარლამენტის ბარიერი წარმატებით დაძლია მეორე კანდიდატმა - თეიმურაზ მამაცაშვილმა, რომელიც, რასაკვირველია, უმალ ჟურნალისტთა რკალში მოექცა.

- რა ემოცია გეძალებათ ამ წუთში სხვაზე მეტად?

-გაორებული გრძნობა მაქვს, რადგან, საქმე, რომელიც მანდეს, რთული და საპასუხისმგებლოა. გასაკეთებელი უამრავია, ამიტომ, დიდი მნიშვნელობა ექნება იმას, თუ როგორ დავაკომპლექტებთ კოლექტივს, რომელმაც ეს ტვირთი უნდა ზიდოს.

ისე, ემოციაზე მეტად ამ წუთში ფიქრი მეძალება: რესპუბლიკაში ხორბლის შემოტანაზე პასუხისმგებლობა ჩვენ დაგვაკისრეს. პარლამენტში ბანკიდან მივედი, აკრედიტივი იყო გასახსნელი. აქედანაც ისევ იქ მივდივარ, ამიტომ ამ წუთში მთლიანად ამ პრობლემით ვარ დაკავებული.

იმაზე უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე მოძმის დაპურებაა, არაფერი გვეგულება. ბატონ თეიმურაზს ბანკისაკენ გზას ვულოცავთ და წარმოგიდგენთ კონსტანტინე სალიას, რომელიც ეს-ესაა ტურიზმის კომიტეტის თავმჯდომარედ დაამტკიცეს. „სამომავლოდ იმედიანად ვარ განწყობილი“, - თქვა მან.

- რას ეფუძნება თქვენი ოპტიმიზმი?

- ჩვენი ორივე ხალხის - ქართველთა და აფხაზთა გონიერებას. ღრმად მწამს და მჯერა, რომ ყველაფერი თავის რიგით წავა, ყველაფერი მოგვარდება, გონიერება გაიმარჯვებს და ბოლოსდაბოლოს ვიცხოვრებთ ისე, როგორც გვეკადრება.

- როგორ გგონიათ, საქართველო მომავალში გახდება დიდი ტურიზმის ქვეყანა?

- ჯერ მშვიდობა უნდა დამყარდეს. ვიდრე ქვეყანაში ომია, შორეულ პერსპექტივაზე კი არა, ხვალინდელ დღეზე არ შეიძლება ლაპარაკი. ისე, რასაკვირველია, ყველაფერი უნდა ვიღონოთ იმისათვის, რომ გავხდეთ ასეთი ქვეყანა, ეს სახელმწიფო ბიუჯეტს ძალზე სასიკეთოდ დაეტყობა.

პარლამენტის სხდომის დაწვრილებით ანგარიშს საქინფორმის ჩვენი კოლეგები წარმოგიდგენენ გაზეთის დღევანდელ ნომერში.

გალინა ხარებაშვილი,
არმაზ ძალიძე,
„სრ“ საპარლამენტო კორესპონდენტები.

იკვალება ქართული გზა დემოკრატიისაკენ / შევარდნაძე ედუარდ ; [ჩაიწერა] ხარებაშვილი გალინა, ძალიძე არმაზ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 2 დეკემბერი. - N246(525). - 1,2 გვ.

97 რადიკალური გარდაქმნების გზით

▲ზევით დაბრუნება


ახლად შექმნილი მინისტრთა კაბინეტის
პირველი სხდომიდან

როგორც ვიუწყებოდით 2 დეკემბერს გაიმართა ახლად შექმნილი მინისტრთა კაბინეტის პირველი სხდომა, რომელმაც განიხილა ამჟამინდელი ეტაპის საჭირბოროტო სოციალურ-ეკონომიკური საკითხები.

სხდომაზე სიტყვა წარმოთქვა საქართველოს სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ.

- საკითხების დღევანდელი განხილვა, - თქვა, კერძოდ, მან, - ადასტურებს, რომ ჩვენ ვითარების გაუმჯობესებაზე კი არ უნდა ვილაპარაკოთ, არამედ რადიკალურ გარდაქმნებზე. ვითარება ისეთია, რომ ასეთი გზების ძიება დაკავშირებულია ურთულეს მოვლენებთან, ურთულეს პირობებთან. დღეს ჩვენ პრაქტიკულად საქმე გვაქვს ახალ კაბინეტთან თავისი შემადგენლობით, და თვისებრივი განსხვავება წინა კაბინეტისაგან ის არის, რომ დღევანდელი მთავრობა, მინისტრთა კაბინეტი, სახელმწიფოს მეთაური კანონიერი, ხალხის არჩეული არიან, და თავისთავად ეს ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს. უწინარესად ეს ნიშნავს, რომ მინისტრთა ახალი კაბინეტი, რომელსაც გამოცხადებული აქვს ხალხის არჩეული პარლამენტის ნდობა, მიზანსწრაფულად გააზრებულად, გაბედულად უნდა მოქმედებდეს, ოპერატიულად უნდა წყვეტდეს საკითხებს, რომლებიც ჩვენს წინაშე დგას. ახალი კაბინეტი, ახალი ხელისუფლება უფრო მეტად უნდა იყოს დარწმუნებული საკუთარ ძალებში, საკუთარ თავში, მას ხალხის მანდატი აქვს. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ ავიცილოთ ის საბედისწერო შეცდომა, რომელსაც ვერ ასცდნენ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები, სადაც გათავებელი ჭიდილია პარლამენტსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის. ჩვენ გარკვეული მოდელი მოვძებნეთ. ის, რომ კანონიერები ვართ, აქტიური მოქმედების გარანტიაა.

პირველი, რაც მინდა გითხრათ, ეს არის მჭიდრო თანამშრომლობა პარლამენტთან, შესაბამის საპარლამენტო კომისიებთან და, რაღა თქმა უნდა, სხვადასხვა სტრუქტურებთან, მათ შორის სახელმწიფოს მეთაურის აპარატთან, - თქვა ედუარდ შევარდნაძემ. ალბათ, უმადურობა იქნებოდა არ გვეთქვა, რომ ყოფილი კაბინეტი ვიცე-პრემიერები ბატონი თენგიზ სიგუას მეთაურობით, მინისტრები ურთულეს პირობებში, ომიანობის პერიოდში, ასე თუ ისე გარკვეულ ბაზას ქმნიდნენ და ამდენად თქვენი მოღვაწეობა ცარიელ ადგილზე არ იწყება. ამას მე შემთხვევით არ აღვნიშნავ. ცუდ სტილად და მეთოდად მიმაჩნია, რომ ესა თუ ის ხელმძღვანელი მუშაკი თავის მოღვაწეობას თავისი წინამორბედის ლანძღვა-გინებით და კრიტიკით იწყებს. ამისათვის არც დრო გვაქვს და არც ჩვენი ხასიათიდან მომდინარეობს ეს. ჩვენი ნიჭი და უნარი უნდა მოვახმაროთ მთავარ საქმეს ცოცხალ, შემოქმედებით, ორგანიზაციულ-პრაქტიკულ საკითხებს. ამასთან, საწყისი ეტაპისათვის დრო არა გვაქვს. დღეს ყველა სრულ სამუშაო ფორმაში უნდა იყოს და რაც შეიძლება ნაკლები დრო დაიხარჯოს იმის ქექვაში, თუ რა შეცდომები, რა გადახრები იყო. უმთავრესი საზრუნავი იყოს მთავარი მიმართულებების განსაზღვრა, მათი ჩამოყალიბება, მუშაობის მეთოდების ფორმირება. მხედველობაში მაქვს ყველა ჩვენგანის, უწინარესად სახელმწიფოს მეთაურის ინსტიტუტი, მინისტრთა კაბინეტი.

ძირითადად ჩვენი მიზანი ის უნდა იყოს, რომ გავიაზროთ გლობალური პრობლემები, მართვის პრობლემები, დავამუშაოთ ისინი მეცნიერულად, მაგრამ გვახსოვდეს ერთი რამ: არც ერთი გლობალური საკითხი არ გადაიჭრება, რაგინდ მეცნიერულ დონეზეც უნდა იყოს განსაზღვრული, თუ სამინისტრო ვერ წვდება დეტალებს, თუ მინისტრმა არ იცის დეტალები. სხვაგვარად გლობალურ პრობლემებზე ლაპარაკი ლიტონ ფრაზებად დარჩება. ეს რთული პროცესია. ეს მისია ხელქვეითების ამოცანა უნდა გახდეს, მათ უნდა შეძლონ ამის გადაწყვეტა, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა ისინი დარწმუნებული იქნებიან, რომ ეს მათმა მინისტრმა იცის, საქმის კურსშია, წარმოდგენა აქვს ამ დეტალებზე და მინისტრს უნარი შესწევს სათანადო ორგანიზაცია გაუწიოს დელეგირების ამ რთულ პროცესს.

ყველა ჩვენგანის ერთ-ერთ სერიოზულ ნაკლად მიმაჩნია რეალური ცხოვრებისაგან გარკვეული მოწყვეტა. ეს ნაკლი დრომ მოიტანა. ჩემი აზრით, სულ ცოტა კვირაში ორ დღეს, უკეთესია - სამ დღეს მინისტრები, კომიტეტების თავმჯდომარეები უნდა იყვნენ იქ, სადაც ადამიანის ბედი წყდება, წარმოება იქნება ეს, სკოლა, საავადმყოფო თუ თეატრი. მაშინ ის დეტალებიც გვეცოდინება და გლობალური პრობლემებიც. ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა ის არის, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ადგილობრივი სტრუქტურების ფორმირებაც იმ მოთხოვნების შესაბამისად, რომლებსაც ახალი კანონი გვიკარნახებს, მალე მივაღწიოთ ამ ქვეგანაყოფების გამართულ მუშაობას.

ბიუჯეტზე - ასე მწვავედ რომ დგას საკითხი, - აღნიშნა ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ, - უნდა მოგახსენოთ, რომ ვერავითარ გამოსავალს ვერ ვიპოვით, თუ არ იქნა ახლებური მიდგომა - უნარი დეტალებში წვდომისა, დეტალებიდან კი გლობალურისაკენ წინსვლა. ჩვენ არ ვიცით, რას და რამდენს ვკარგავთ, რა რესურსები გვაქვს - დაწყებული ლითონით და დამთავრებული მაკულატურით. დრო არის ასეთი, ომიანობაა და ამისათვის არც კი გვცალია. ის ფაქტი, რომ ციტრუსების დიდ მოსავალს ვერ ვიყენებთ იმისთვის, რომ რესპუბლიკაში რაიმე შემოვიტანოთ, იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენი რესურსები და შესაძლებლობები გააზრებული არ გვაქვს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ შევუზღუდოთ დამოუკიდებლობა და ავტონომია საწარმოებსა და ორგანიზაციებს. ეს რესურსები კარგად უნდა ვიცოდეთ და ორგანიზაციებს დავეხმაროთ, რომ უფრო მეტი სარგებლობის კოეფიციენტით მოიხმარონ თავიანთი დოვლათი. თუ ქვეყანაში წესრიგი არ იქნა, არავითარი ბიუჯეტი არ იმუშავებს. მაგალითად, თუ არ ამუშავდება საგადასახადო სისტემა, არავითარი ბიუჯეტი არ შედგება. ყველაფერი ეს იქნება ქვიშაზე აგებული და მარტო ქაღალდზე დარჩება. რადაც უნდა დაგვიჯდეს, უნდა შევძლოთ საგადასახადო კანონმდებლობის სრულყოფა და ამ სისტემისა და კანონმდებლობის შესრულება. სახელმწიფო სალაროში რომ არაფერი შემოდის, ეს იმის დასტურია, რომ სახელმწიფო თავის ფუნქციას ვერ ასრულებს სახელმწიფოს თავდაცვის უნარი ვერ ექნება, თუ არ მუშაობს მისი საგადასახადო სისტემა. მიმაჩნია, რომ უახლოესი დღეების, უახლოესი კვირებისთვის ჩვენი საერთო ამოცანაა სრულვყოთ საგადასახადო კანონმდებლობა და შევქმნათ იმის გარანტიები, რომ ყველა ასრულებდეს და ემორჩილებოდეს ამ საგადასახადო კანონმდებლობას.

შემდეგ ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ თავის სიტყვაში ვრცელი ადგილი დაუთმო საბაჟო სამსახურის მნიშვნელობას, საბაჟო სისტემის ამუშავებას, რომელსაც შეუძლია შემოსავლის საკმაოდ სერიოზული წყარო გახდეს. სახელმწიფოს მეთაურმა თქვა, რომ აუცილებელია საავტომობილო ტრასებზე წესრიგის დამყარება.

- ეს ტრასებიც, - თქვა შემდეგ მან, - შემოსავლის წყაროდ უნდა იქცეს. ბევრი რამ უნდა გააკეთონ საკანონმდებლო ორგანოებმა, კანონშემოქმედებითმა ორგანიზაციებმა, საკონტროლო სისტემამ.

სერიოზული ინსტიტუტი უნდა გახდეს საგადასახადო ინსპექცია. დღეს ფინანსთა სამინისტროს არ უნდა ჰქონდეს უფრო სერიოზული ამოცანა, ვიდრე ის, რომ საგადასახადო ინსპექციას თავისი ადგილი მიუჩინოს. ყველა ქვეყანაში იგი მაღალ საფეხურზეა. ეს ის ინსტიტუტია, რომელიც საბიუჯეტო შემოსავლის მიღების გარანტიაა. ეს პრობლემა გადადებას არ ექვემდებარება, რაც შეიძლება ჩქარა უნდა გადაწყდეს. ყველაფერი უნდა ჩამოყალიბდეს უახლესი სამუშაო გეგმის სახით. დღეს უკვე გამოიკვეთა, როგორ მდგომარეობაშია ჩვენი ბიუჯეტი, არ ვარ დარწმუნებული, რომ ბიუჯეტზე ზრუნვით იწყება და ამით მთავრდება ყველა მინისტრის სამუშაო დღე. სხვაგვარად, უამისოდ, არავითარი დამოუკიდებლობა და არავითარი თავდაცვა არ იქნება. თუ ჩვენ კვლავაც გაბედულად ვივლით პროგრესული რეფორმების გზით, გვექნება სტაბილიზაცია, გაჩნდება რეზერვები, მივიღებთ ბანკისაგან, ცალკეული ქვეყნებისაგან. ოღონდ თვითონაც ხელი უნდა გავანძრიოთ. მსოფლიო ეკნომიკურ ცენტრებს ჩვენზე მძიმე მდგომარეობაში მყოფი ქვეყნები გამოუყვანიათ რთული სიტუაციიდან - ჩვენც ასევე დაგვეხმარებიან, თუ მათ ექნებათ რწმენა, რომ ყოველი დოლარი საქმიანი კაცის, მცოდნე მოღვაწის ხელში მოხვდება, რომელმაც იცის მისი ყადრი და პასუხისმგებლობაც აქვს იმ ფონდის წინაშე. ამას არსებითი მნიშვნელობა აქვს.

შემდეგ ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ თავის სიტყვაში დიდი ადგილი დაუთმო წარმოების სფეროს გამოცოცხლების საკითხებს და იგი უპირველეს ამოცანათა რიგში ჩააყენა, - მთელი ჩვენი საზოგადოება უნდა შემობრუნდეს წარმოებისაკენ, - აღნიშნა მან, - ეკონომიკისაკენ, ეხება თუ არ ეხება მას, თუ შეიძლება ასე ითქვას, პირველკლასელით დაწყებული და პენსიონერით დამთავრებული, ყველამ უნდა იფიქროს ეკონომიკაზე, ფინანსებზე, ბიუჯეტზე. მხოლოდ მაშინ შეიძლება მოკლე დროში რაღაც ეფექტი მივიღოთ.

ილაპარაკა რა საწარმოების ახლებურად მუშაობის სტილსა და მეთოდებზე, პრივატიზაციის საკითხებზე, სახელმწიფოს მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ წინა პლანზე საწარმოების საქმიანობაში უნდა იყოს წამოწეული კომერციული საწყისები. ესეც ახალი დროის დამახასიათებელია. თუ სახელმწიფო საწარმოს შეუძლია იმუშაოს გამართულად, რენტაბელურად, მაშინ მისი პრივატიზება არ უნდა ვიჩქაროთ. იქ სხვა პროცესები წავა, პრივატიზაცია სხვა ეტაპზე დაიწყება, თუ ასეთ საწარმოებს სურთ შეინარჩუნონ არსებული ეკონომიკური, ფინანსური ინსტიტუტები, სახელმწიფო ბიუჯეტის ინტერესები წინა პლანზე უნდა დააყენონ. სახელმწიფო სექტორმა უნდა იფიქროს ბიზნესზე - სახელმწიფო და კერძო ბიზნესზე. სახელმწიფო ბიზნესი შეიძლება ისევე საინტერესო იყოს საბაზრო ეკონომიკის პირობებში, როგორც კერძო. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ რეფორმებისადმი ერთგვარი სკეპტიკური დამოკიდებულება ჩამოვაყალიბოთ. საჭიროა დავძლიოთ ნამდვილი რადიკალური რეფორმებისადმი პრიმიტიული, პროვინციალური დამოკიდებულება, ვიმოქმედოთ გაბედულად და სწრაფად, რადგან ჩვენს განკარგულებაში ძალიან ცოტა დროა.

თავის სიტყვაში ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ პირველი რიგის ამოცანად დასახა სასურსათო პროგრამის შემუშავება. - ეს პრობლემები ჩვენ გვაღელვებს და გვაწუხებს, - თქვა მან. უნდა შევძლოთ ჩვენი საშუალებების გათვლა და იმის გაანგარიშება, თუ რეალურად რისი შემოტანა შეგვიძლია. პირველ რიგში იმათ უნდა დავუჭიროთ მხარი, ვისაც რისიმე შემოტანის საშუალება და ამის ნიჭი და უნარი აქვს. პრივატიზაციის დროსაც მათ უნდა მივცეთ უპირატესობა. ეს კანონად უნდა იქცეს და მაშინ შეიძლება გამოსავალი გამოვძებნოთ.

შემდეგ სახელმწიფოს მეთაურმა ილაპარაკა ეკონომიკის სამინისტროს როლსა და დანიშნულებაზე, რომელმაც გარდა იმისა, რომ უნდა გააანალიზოს არსებული სიტუაცია, უნდა მოგვაწოდოს გარკვეული მოსაზრებები, დაგვისახოს კრიზისიდან თავის დაღწევის რეალური გზები.

შეეხო რა ენერგეტიკული უზრუნველყოფის პროგრამას, სახელმწიფოს მეთაურმა წამოაყენა რიგი პრაქტიკული წინადადებები, რომელთა რეალიზაცია საშურია ენერგეტიკაში, - აღნიშნა მან, - უნდა იყოს მოკლევადიანი პროგრამა, რაც ამ ზამთრისა და ადრე გაზაფხულისათვის არის საჭირო, და უფრო გრძელვადიანი, პერსპექტიული გეგმები.

თავის სიტყვაში მან უფრო ფართო ადგილი დაუთმო მიწის პრივატიზაციის საკითხებს, რომლებიც საკმაოდ სწრაფი ტემპით განხორციელდა. ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ აღნიშნა, რომ ქალაქების ყველა მცხოვრებს, ვისაც აქვს სურვილი ფეხი დაადგას მიწას, დაამუშაოს იგი, უნდა მივცეთ მიწის რაღაც რაოდენობა, ყოველმხრივ წავახალისოთ ეს მოძრაობა - მოძრაობა სოფლისაკენ. თუკი ვინმეს მოუნდება, თუკი ვინმეს შეუძლია თოხი დაიჭიროს ხელში, იმუშაოს მიწის ნაკვეთზე, საკუთარ ოჯახს შეაშველოს ხელი, მათ მხარი უნდა დავუჭიროთ. ამაზე უნდა იფიქროთ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, რაიონების გამგებლებმა, სახელმწიფოს მეთაურმა დადებითი შეფასება მისცა ამ მხრივ კახეთში გადადგმულ ნაბიჯებს.

ასეთი რთული ცხოვრების პირობებში მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ჩვენი საზოგადოების სოციალურად ყველაზე დაუცველი ნაწილი - პენსიონერები, სტუდენტები, ბავშვები, აღნიშნა შემდეგ ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ. - შესაბამისი სამინისტროები ამ ხალხის ინტერესების სადარაჯოზე უნდა დადგნენ და აგრძნობინონ მათ, რომ მთავრობას არა აქვს უფრო დიდი და მთავარი საზრუნავი, ვიდრე ამ ადამიანებზე ზრუნვა. არ უნდა გავურბოდეთ მწვავე საკითხებს. მე სინდისი მქეჯნის, როცა ვხედავ, რა ხდება პურის რიგებში. უნდა მივიდეთ იქ, სადაც პურის რიგებია, ავუხსნათ და გავაგებინოთ მიზეზები, ბოდიში მაინც მოვუხადოთ მათ. თუ ასე არ მოვიქცევით, ახალი მთავრობა ძალიან მალე დაძველდება და ამას კი იცით რაც მოჰყვება. უნდა ვიფიქროთ ისეთ უზარმაზარ რეზერვზე, ინტელექტუალურ სიმდიდრეზე, როგორიცაა ჩვენი მეცნიერება. რა დევს მათ ლაბორატორიებში, რაც შეიძლება ხვალ-ზეგ, ერთი წლის შემდეგ საქმეში ჩავდოთ, ამაზე ნათელი წარმოდგენა არ გვაქვს. განსაკუთრებით მინდა გამოვკვეთო მეცნიერებათა აკადემიის და მეცნიერებისა და ტექნიკის კომიტეტის როლი. ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ მაღალი შეფასება მისცა ბიოქიმიის ინსტიტუტის მეცნიერული კვლევის შედეგებს, სადაც ბევრი სასიკეთო და სასარგებლო საქმე კეთდება. მან აგრეთვე მოიყვანა რუსთავის აზოტის ქარხნის მაგალითი, რომელიც ევროპული სტანდარტების დონეზე მომუშავე საწარმოა.

სახელმწიფოს მეთაური შეეხო ჩვენი ყოფის ერთ-ერთ უმწვავეს პრობლემას - ლტოლვილთა პრობლემას, და აღნიშნა, რომ ლტოლვილთა და განსახლების კომიტეტებმა, ყველა სამინისტრომ გარკვეული ძვრები უნდა მოახდინონ მათი პრობლემის მოგვარების საქმეში.

ბატონი ედუარდ შევარდნაძე შეჩერდა აგრეთვე საქართველოში საელჩოებისათვის შესაფერისი შენობების გადაცემის საკითხზე და გამოთქვა რწმენა, რომ სამინისტროები და კომიტეტები გაგებით მოეკიდებიან ამ პრესტიჟულ პრობლემას და შეუქმნიან საელჩოებს მუშაობის სათანადო პირობებს.

სახელმწიფოს მეთაურმა ილაპარაკა უმთავრეს პრობლემაზე - სამინისტროებისა და უწყებების, რა თქმა უნდა, მთავრობისა და სახელმწიფოს მეთაურის აპარატის მუშაობის სამხედრო რეჟიმზე გადაყვანაზე. ეს რეჟიმი ნიშნავს, რომ ყველა უნდა მუშაობდეს ისე, როგორც შეეფერება საომარ ვითარებას. საქართველოში ნამდვილი ომია, აღნიშნა მან. - ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ ომი არ ყოფილიყო. აფხაზეთში საომრად არ შევსულვართ. ჩვენ იგი თავს მოგვახვიეს. ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვისაც, რომ ომი შეწყვეტილიყო და კონფლიქტი მშვიდობიანად მოგვარებულიყო. ეს კი იმისათვის, გამოიყენეს, რომ გაგრა წაგვართვეს. იყო კიდევ იმპულსები იმისა, რომ დაგვეწყო მოლაპარაკება, მაგრამ სოფელ კოჩარაში ამოწყვიტეს ათობით ქართველი, გადაწვეს სახლები. პირდაპირი დამიზნებით ცეცხლი გაუხსნეს სოხუმის ბაზარს. დაიღუპნენ და დაიჭრნენ ადამიანები. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ბატონი არძინბა დაბრუნდა მოსკოვიდან. ვისთან აქვს კონკრეტულად მას საქმე, თქვენ კარგად იცით. იქ არსებობს ფრთა, რომელიც ისევე ებრძვის ელცინს, როგორც ჩვენ, ისევე ებრძვის რუსეთის დემოკრატიას, როგორც ქართულ დემოკრატიას.

პირველი ჯგუფი შეიარაღებული მოხალისეებისა თბილისიდან უკვე გაემგზავრა. წავა სხვა ჯგუფებიც, თუ ომია, ომი უნდა იყოს. როცა შეიგნებენ, რომ ომი არ შეიძლება, მაშინ დავჯდებით მოსალაპარაკებლად. მთელი ჩვენი საქმიანობა თავდაცვის ინტერესებზე უნდა იყოს გაანგარიშებული. ჩვენ ახლა გვიჭირს, თანხები არა გვაქვს, იარაღი გვაკლია. უნდა მივმართოთ მთელ ჩვენს მოსახლეობას, იმ ბიზნესმენებს, ვინც ფეხი მოიდგა, რომ დაეხმარონ ამ გაჭირვების ჟამს ჩვენს ქვეყანას რითაც შეუძლიათ. თუ თავდაცვაა - თავდაცვა უნდა იყოს, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ხალხმა უნდა იცოდეს, ვინ რით დაგვეხმარება, რა შემოიტანა, რაში დაიხარჯება თითოეული კაპიკი. თუ ასე მივუდგებით პრობლემას, გარწმუნებთ, ომს მალე დავამთავრებთ და მაშინ ყველა საკითხს მივხედავთ. ხანგრძლივად ვერც ჩვენ ვიომებთ და ვერც აფხაზები.

ეს უაზრო ომია. ისე უნდა ვქნათ, როგორც ნამდვილი ქართველებისა და აფხაზების ინტერესები მოითხოვს. ეს უნდა იცოდეს ყველამ. უნდა შეიგნონ იმათაც, ვინც იქ დგას, რომ ისინი მთელი საქართველოს ყურადღების ცენტრში არიან და თუ ასე ვიმოქმედებთ, მოკლე დროში შეგვეძლება ამ კრიზისიდან გამოვიდეთ და დავიწყოთ ნორმალური ცხოვრება. მაშინ უცხოეთის ბიზნესიც იმუშავებს, კრედიტებსაც მივიღებთ და ცხოვრება გაადვილდება.

ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ ილაპარაკა რუსეთთან ხელშეკრულების მზადების თაობაზე და აღნიშნა, რომ ამ საქმეში ყველა სამინისტრომ და კომიტეტმა უნდა მიიღოს მონაწილეობა.

დასასრულ ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ ახლად შექმნილ მინისტრთა კაბინეტს მიულოცა ის ნდობა, რომელიც გამოუცხადა მას ჩვენმა ხალხმა, პარლამენტმა, და გამოთქვა რწმენა, რომ მინისტრთა კაბინეტი იმუშავებს კოლეგიალურად და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ხალხის იმედი გაამართლოს.

რადიკალური გარდაქმნების გზით / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 4 დეკემბერი. - N248(527). - 1,2 გვ.

98 ედუარდ შევარდნაძე: აფხაზეთის ავტონომია უნდა იყოს ნამდვილი, რეალური, ხოლო მისი ხელისუფლება - თავისუფალი გზით არჩეული

▲ზევით დაბრუნება


7 დეკემბრის რადიოინტერვიუ

ყველაფერი უნდა ვიღონოთ იმისათვის, რომ ღირსეულად დავამთავროთ ომი აფხაზეთში. ამ დასკვნამდე მისვლა ჩემთვის ძალიან ძნელი იყო, რადგან ყოველთვის კომპრომისის და შერიგების მკვეთრად გამოხატულ პოზიციაზე ვიდექი და ვდგავარ. მაგრამ ახლა, ძალით თავსმოხვეულ ამ ომში, ჩვენი ანალიზით, ამის ყველა შანსი ამოწურულია. უნდა გავაკეთოთ ის, რაზეც საქართველოში ამჟამად ყველა ოჯახი, ყველა მოქალაქე ოცნებობს და ბოლო მოვუღოთ ასეთ ვითარებას უმოკლესი გზით, თუნდაც იგი ეკლიანი იყოს. სხვა გამოსავალი არ არის, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ - სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ თავის ტრადიციულ რადიოინტერვიუში კომენტატორ ნატო ონიანთან საუბრისას. - ამიტომ, - განაგრძო მან, - საქართველომ თვითონ უნდა გადაწყვიტოს სკუთარი ბედი, უნდა დაიცვას თავისი დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა და ვისაც როგორ შეუძლია, ყველამ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს ამ საქმეში. ვიმეორებ, ასეთი გადაწყვეტილება საკუთარ თავთან ჭიდილში მიღებული გადაწყვეტილებაა და არ არის არც ჩემი რწმენა და არც გულისთქმა. ახლა ისეთი დროა, შემთხევითობა უნდა გამოვრიცხოთ, რადგან იგი ძალიან ძვირი დაგვიჯდა. აფხაზეთში მიმდინარე ოპერაციებს ამჟამად პროფესიონალები წარმართავენ. მათ შესწევთ უნარი, ყველაფერი სწორად გაიაზრონ და ისე აკეთონ საქმე. გვაქვს საკმარისი რესურსებიც იმისათვის, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს ჩანაფიქრის რეალიზაცია. ცხადია, რაიმე თარიღზე არ ვლაპარაკობ, არც აფხაზთა განადგურებას ვგულისხმობ, როგორც ამას გვაბრალებენ ექსტრემისტები. მე მხედველობაში მაქვს პროცესები, რომლებიც აფხაზეთში დაიწყო და ღრმავდება. იქ, მოგეხსენებათ, შეიქმნა მთავრობა ბატონ თამაზ ნადარეიშვილის მეთაურობით, რომელიც შეუდგა აქტიურ საქმიანობას. უკვე მოქმედებს ხსნის კომიტეტი, რომელსაც სათავეში ჩაუდგა კარგი მამულიშვილი ბატონი ლორიკ მარშანია. იგი მარტო არ არის და მას გვერდში დაუდგნენ სხვა აფხაზებიც, მათ ძალისხმევას მხარს უჭერენ სხვა ეროვნებათა ადამიანებიც. ასე რომ, დაიწყო პროცესი, რომელსაც შედეგად, ჩვენი აზრით, აქ ნორმალური ვითარების დამკვიდრება უნდა მოჰყვეს.

მოვლენების ასეთი განვითარების დროს, კერძოდ, ხვალ რა იქნება, ამის თქმა ძნელია, - განაგრძო ედუარდ შევარდნაძემ - მაგრამ საერთოდ, მიმაჩნია, რომ ყველაფერი უნდა დამთავრდეს ღირსეულად და, ვიმეორებ, ეს ვინმეს განადგურებას კი არ აღნიშნავს, არამედ ისეთი მომენტის დადგომას, როცა შესაძლოა, კვლავ გამოჩნდეს შანსი, რომლის არსებობაზეც ზემოთ ვლაპარაკობდი.

შეეხო რა აფხაზეთის მომავლის საკითხს, სახელმწიფო მეთაურმა გამორიცხა ამ მხრივ, რაიმე პრობლემების, არსებობა. 1992 წლის 3 სექტემბრის შეთანხმებაში, რომელსაც მოსკოვში მოვაწერეთ ხელი, - თქვა ედუარდ შევარდნაძემ, - არის ძალიან კარგი იდეები, რომლებიც დემოკრატიის განვითარებას და თავისუფალი არჩევნების ჩატარებას ეხება. მე ვფიქრობ, აფხაზეთში უნდა შევინარჩუნოთ ავტონომია და ეს ავტონომია უნდა იყოს არა ფორმალური, არამედ ნამდვილი, რეალური, ოღონდ მისი ხელისუფლება თავისუფალი გზით უნდა იქნეს არჩეული. ჩემი აზრით, ქართველებსა და აფხაზებს შორის ეს იქნება ბოლო კონფლიქტი.

ჩვენ კვლავ გვიკიჟინებენ იმის გამო, თუ რატომ შევედით აფხაზეთში. ჩანს, ზოგიერთი ჭეშმარიტება ათასჯერ უნდა გავიმეორო, რომ გასაგები გახდეს. ჩვენ აფხაზეთში საომრად არ წავსულვართ. ეს განზრახვა რომ გვქონოდა, სხვანაირად ვიქნებოდით მომზადებული და სამ დღეში ყველაფერი დამთვარდებოდა. აქედან გამომდინარე, ვიმეორებ, არ შევსულვართ ომისათვის. მაგრამ რაც შეეხება ჩვენს დღევანდელ სამხედრო პოტენციალს, იგი საკმარისია იმისათვის, რომ აქ შექმნილ პრობლემებს გავართვათ თავი. ჩვენ საკმაო სამრეწველო და სამეცნიერო პოტენციალიც გაგვაჩნია, რომ მომავალსაც იმედის თვალით ვუყურებდეთ. ჩვენი მეცნიერება ისეთ პროექტებს გვთავაზობს, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება.

უპასუხა რა, რადიოკომენტატორის კითხვას ახლახან აზერბაიჯანში გაკეთებული ერთი განცხადების შესახებ, სახელმწიფოს მეთაურმა განმარტა, რომ, როცა საქართველოს წინააღმდეგ არსებულ შეთქმულებაზე ლაპარაკობდა, არ ჰყოლია მხედველობაში აზერბაიჯანის ხელმძღვანელობა. მე მინდა, რადიომსმენელებს ვუთხრა, - თქვა ედუარდ შევარდნაძემ, - რომ უკანასკნელ ხანს, ბევრი სასიკეთო ნაბიჯი გადაიდგა მეზობელ აზერბაიჯანთან ურთიერთობის გასაფართოებლად. ეს ჩვენი მეგობარი ხალხია და მომავალშიც მათთან ურთიერთობაში ამ პრინციპს ვუერთგულებთ. ახლახან, სახალხო ფრონტის ყრილობაზე გამოსვლისას, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ბატონმა ელჩიბეიმ ხაზი გაუსვა საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობის აუცილებლობას, მაგრამ ამ ყრილობაზე იყო კრიტიკული გამოსვლებიც ჩვენს მიმართ. ვფიქრობ, ამ გამოსვლებს ჰქონდა საფუძველი. ჩვენთან მოხდა აზერბაიჯანელი მოსახლეობის შევიწროების ცალკეული ფაქტები, რომლებსაც ჩვენ წინ აღვუდექით და მომავალშიც არ დავუშვებთ. მაგრამ ჩვენთან მომხდარმა ამგვარმა ცალკეულმა ფაქტებმა, თუ საინგილოში მომხდარმა ზოგიერთმა ამბებმა ვფიქრობ, არ უნდა გააფუჭოს ჩვენი ურთიერთობა და ვერც გააფუჭებს.

შეეხო რა რუსეთის სახალხო დეპუტატთა ყრილობის მიმდინარეობას, სახელმწიფოს მეთაურმა, კერძოდ თქვა: ვფიქრობ, ჩვენს მიერ ადრე გამოთქმული მოსაზრებები რუსეთის ყრილობასთან დაკავშირებით, გამართლდა. მე ვამბობდი, - აღნიშნა ედუარდ შევარდნაძემ, - რომ პრეზიდენტ ელცინს გაუჭირდებოდა, მაგრამ მას ქონდა იმის მიზეზები და შესაძლებლობები, რომ ძალაუფლება არა თუ შეენარჩუნებინა, არამედ, განემტკიცებინა კიდეც, ოღონდ, ამისათვის მსხვერპლის გაღება მოუწევს-მეთქი. ეს მსხვერპლი მან გაიღო კიდეც და ახლა, ჩანს, მისი პოზიციები შენარჩუნებული და მყარია. ვიმეორებ, ჩვენთვის ეს არ ყოფილა მოულოდნელი. მე ვთქვი და ვიმეორებ, რომ პრეზიდენტი ელცინი დღეს რუსეთში ნამდვილად არის დემოკრატიის ინტერესების გამომხატველი, რაც, ცხადია, ჩვენთვის ახლობელი პოზიცია გახლავთ.

შემდეგ საუბარი შეეხო ქვეყანაში წესრიგის დამყარების ღონისძიებებს. ამასთან დაკავშირებით, სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების დანაყოფი შეუდგა ამ მხრივ მუშაობას. წესრიგი დედაქალაქშიც დამყარდება და რესპუბლიკის ტრასებზეც, მათ შორის რკინიგზაზეც.

ის, რაც ახლა საბაჟოებში ხდება (სხვათაშორის უნდა ვთქვათ, რომ საბაჟოები არც არსებობენ), ეს ჩვენი სახელმწიფოს სისუსტის მაჩვენებელია, - თქვა სახელმწიფოს მეთაურმა. არადა, ყველა ნორმალური ქვეყანა ამით იწყებს არსებობას. ამ ადგილებში გამეფებულია საოცარი უწესრიგობა და საბაჟო სამსახური კიდეც რომ ამოქმედდეს, წესრიგი მაინც ვერ იქნება, თუ ტრასებზე არ დამყარდა. ამიტომ, ეს ერთმანეთზე გადაჯაჭვული პროცესებია. საბაჟოს უწყების ხელმძღვანელად ახლა პარლამენტის წევრი ბატონი ქადაგიშვილი დაინიშნა და, ვიმედოვნებთ, რომ წესრიგი გვექნება.

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები, ბუნებრივია, პარლამენტის მუშაობაზე ახდენს გავლენას, მაგრამ პარლამენტს ჯერჯერობით ყოფნის იმის წინდახედულებაც და სიბრძნეც, რომ სწორი გადაწყვეტილებები მიიღოს, - თქვა სახელმწიფოს მეთაურმა. შემდეგ იგი შეეხო საპარლამენტო ფრაქციების შექმნის ფაქტს და ეს მოვლენა შეაფასა, როგორც ნორმალური. ფრაქციების შექმნის ფაქტი ნორმალური მოვლენაა. პარლამენტში არის დაბალი პოლიტიკური კულტურის გამოვლენის შემთხვევები, მაგრამ ეს არ უნდა გვიკვირდეს, რადგან, ასეთი რამ ყველა ქვეყანაში შეიძლება მოხდეს, წინააღმდეგობრივი მოვლენები ყველგან შეიძლება წარმოიქმნას. მაგრამ ეს არ არის მთავარი. რაკი ამოქმედდნენ ჩვენი საპარლამენტო კომისიები, უკვე არსებობს ფრაქციები, მუშაობს აპარატი, - მჯერა, ყველაფერი დალაგდება, - დასძინა დასასრულ ედუარდ შევარდნაძემ.

საქართველოს პარლამენტის პრესცენტრი.

ედუარდ შევარდნაძე: აფხაზეთის ავტონომია უნდა იყოს ნამდვილი, რეალური, ხოლო მისი ხელისუფლება - თავისუფალი გზით არჩეული / შევარდნაძე ე. ; საქართველოს პარლამენტის პრესცენტრი // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 8 დეკემბერი. - N250(529). - 1 გვ.

99 გამოცხადდეს სახალხო მოძრაობა თავდაცვის ფონდის შესაქმნელად!

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის - სახელმწიფოს მეთაურის
მიმართვა

საქართველოს მოსახლეობას, საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ყველა თანამემამულეს, რესპუბლიკის საწარმოებსა და დაწესებულებებს, კომერციულ სტრუქტურებს, ბიზნესმენებს

ძნელბედობა საქართველოს ისტორიული ხვედრი, მისი შინაარსია. საქართველო გეორგია - მიწათმოქმედთა ქვეყანაა, იგი არასოდეს ყოფილა აგრესორი. აგრესიის მსხვერპლი და ობიექტი კი მრავალგზის. დღესაც სწორედ ასეთი მძიმე დღე დაუდგა ჩვენს ქვეყანას. ამჯერად ის საშინელება, რომელსაც ომი ჰქვია, საკუთარი მიწა-წყლის ერთიანობისათვის ბრძოლა, ჩვენი ხვედრია, ჩვენა ვართ ამ ომის მომსწრენი და თვითმხილველნი. ამ ძნელბედობის ჟამს საქართველოს თითოეული მოქალაქის წმიდათა-წმინდა ვალია მთელი თავისი ნიჭი, უნარი და ძალისხმევა მოახმაროს სამშობლოს ერთიანობისათვის ბრძოლას. მით უმეტეს, რომ სამშობლოს უჭირს, უჭირს პოლიტიკურად, ეკონომიკურად, ფსიქოლოგიურად. ომი მხოლოდ ქუდზე კაცი არაა, არც სამშობლოს სამსხვერპლოზე მიტანილი ჩვენი ბიჭების წმინდა სისხლი. ომს უზარმაზარი ეკონომიკური რესურსები სჭირდება, უზარმაზარი ფინანსური ბაზა, რომელიც ასე აკლია ჩანასახოვან მდგომარეობაში მყოფ ჩვენს სახელმწიფოს, მის არმიას.

ყოველივე ზემოთანქვამიდან გამომდინარე, როგორც სახელმწიფოს მეთაური, მივმართავ სრულიად საქართველოს და საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ყველა თანამემამულეს, გამოცხადდეს სახალხო მოძრაობა თავდაცვის ფონდის შესაქმნელად. ეროვნულ ბანკში უკვე გაიხსნა თავდაცვის ფონდის ანგარიში, სადაც ჩაირიცხება მთელი ის ფინანსური რესურსები, რომელთაც ამ მაღალი მიზნისთვის გაიღებენ წარმოება-დაწესებულებები თუ კერძო პირები, კომერციული სტრუქტურები თუ საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი ბიზნესმენები, ყველა, ვისთვისაც ძვირფასია საქართველოს მომავალი. მხოლოდ ამ გზით შევძლებთ მთელი ჩვენი ეკონომიკური პოტენციალის სამშობლოს დაცვის ინტერესებისათვის მაქსიმალურ ამუშავებას. თავდაცვის ფონდი ორგანიზაციას გაუწევს აგრეთვე მოსახლეობიდან თბილი ტანსაცმლისა თუ იმ სხვა საჭირო ნივთების შეგროვებას, რომლებიც ესოდენ აუცილებელია დღეს ჩვენი მებრძოლებისა თუ ლტოლვილთათვის.

ვფიქრობ, ეს ნაბიჯი, ეს ძალისხმევა ეროვნული, პატრიოტული ვალის მოხდის ტოლფასია. საქართველოს ყველა მოქალაქის, ჩვენი ქვეყნის ყველა მეგობრისათვის.

თავდაცვის ფონდის საქმიანობა საპარლამენტო კონტროლს დაექვემდებარება. ზედმიწევნით ზუსტად აღინუსხება შეტანილი სახსრები თუ შეწირულობანი, ის, თუ კონკრეტულად რას მოხმარდება ეს ყველაფერი. ამის შესახებ სისტემატურად იქნება ინფორმირებული ფართო საზოგადოებრიობა.

ფონდის შექმნაში მონაწილე ქალაქების, რაიონების, წარმოება-დაწესებულებების სიები, იმ მოქალაქეთა გვარები, რომლებიც ამას მოისურვებენ, გამოქვეყნდება პრესაში.

დღეს საქართველოს უჭირს და უჭირს არა მარტო ბრძოლის ველზე. ეს გაჭირვება კი თითოეული ჩვენგანის გაჭირვებაა. მოვუხმოთ ჩვენი წინაპრების სულს, მათ მწარე გამოცდილებას და იმ საშუალებებით, რაც გვაქვს, იმ ძალით, რაც გაგვაჩნია, დავდგეთ ჩვენი ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე.

ედუარდ შევარდნაძე.

რედაქციისაგან: თავდაცვის ფონდის ანგარიშია: 000700409 - საქართველოს რესპუბლიკის ბანკის საოპერაციო სამმართველო, მფო - 521006.

გამოცხადდეს სახალხო მოძრაობა თავდაცვის ფონდის შესაქმნელად! / შევარდნაძე ე. ; საქართველოს პარლამენტის პრესცენტრი // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 10 დეკემბერი. - N252(531). - 1 გვ.

100 დიალოგი : საქართველო - იტალია

▲ზევით დაბრუნება


11 დეკემბერს იტალიელი ჟურნალისტების თხოვნით გაიმართა სატელეფონო დიალოგი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს - სახელმწიფოს მეთაურს ედუარდ შევრდნაძესა და ცნობილ იტალიელ სახელმწიფო მოღვაწე ჯულიო ანდრეოტის შორის, რომელიც პირდაპირი ეთერით გადასცა იტალიის რადიომ.

ბატონი ჯულიო ანდრეოტი მიესალმა ბატონ ედუარდ შევარდნაძეს და გამოთქვა სიხარული, რომ მიეცა საშუალება ერთობლივად აზრის გამოთქმისა მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.

შევარდნაძე: - ვიზიარებ თქვენს აზრს. მეც მიმაჩნია, რომ მოგვეცა შესანიშნავი შესაძლებლობა აზრის გაზიარებისა. რომელი პრობლემით დავიწყოთ?

ანდრეოტი: - ჩემი აზრით, პირველ რიგში, საჭიროა შევქმნათ პოლიტიკური დიალოგის კლიმატი მთელ მსოფლიოში, ვისაუბროთ მშვიდობიანად, გამოვრიცხოთ იარაღი, გერმანიის გაერთიანებამ უკვე შექმნა მშვიდობიანი თანაარსებობის შესაძლებლობა. მივესალმები იმ ფაქტს, რომ ევროპის უშიშროების საბჭომ გადაწყვიტა დახმარების ხელი გაუწოდოს ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებს, პირველ რიგში მცირე ერებს. ამ ქვეყნებში არსებული ეკონომიკური თუ სხვა პრობლემების დაძლევა და ამ საქმეში მათდამი დახმარება ისევ მშვიდობის განმტკიცების გარანტია იქნება. თქვენი აზრი?

შევარდნაძე: - გეთანხმებით, მთელ მსოფლიოში ახლა მართლაც შესანიშნავი კლიმატია შექმნილი პოლიტიკური დიალოგისათვის, პირველ რიგში, ამ გზით უნდა გადაწყდეს ყველა პრობლემა ბოლო დროს მოხდა ისტორიული ძვრები, დაძლეულია წინააღმდეგობა დასავლეთსა და აღმოსავლეთ ქვეყნებს შორის, რაც გამოწვეული იყო პოლიტიკისადმი კლასობრივი მიდგომით და მისი იდეოლოგიიზაციით, ბერლინის კედელი სიმბოლურად ყოფდა დასავლეთსა და აღმოსავლეთს რკინის ფარდით. დღეს სულ სხვა პირობებია. შეგვიძლია ვილაპარაკოთ ახალ მსოფლიო სტრუქტურებზე. ამაში, თქვენი, ბატონო ანდრეოტი, წვლილი უდაოდ დიდია.

ჩვენ ჯერ კიდევ ვერ გავაცნობიერეთ, თუ რა მოხდა საბჭოთა კავშირში. დაიშალა ეს უაზრმაზარი წარმონაქმნი და მის ადგილას მივიღეთ 15 დამოუკიდებელი სახელმწიფო. თუ მსოფლიო არ გაიზიარებს ამ მოვლენის მნიშვნელობას, მან შეიძლება უარყოფითი სახე მიიღოს. რუსეთში ახლა მართლაც სახიფათო პროცესები მიმდინარეობს. დემოკრატიის გამარჯვების შემთხვევაში მსოფლიო თავისუფლად ამოისუნთქავს, ხოლო თუ რეაქციული ძალები გაიმარჯვებენ, ამას ცივი ომი მოჰყვება, რომელიც შეიძლება ცხელშიც გადაიზარდოს.

ანდრეოტი: - გეთანხმებით, ეს მართლაც საშიში პროცესია, რომელიც ყველას გვაშფოთებს, რადგან საბჭოთა კავშირში ბირთვული იარაღი ჯერ არსებობს. საჭიროა დემოკრატიული გზით ნეგატიური ძალების გაწონასწორება. პირველ რიგში, ვთვლი, რომ საჭიროა განიარაღება.

შევარდნაძე: - უნდა გითხრათ, რომ განიარაღების პროცესის შეჩერება დამღუპველი იქნება მთელი პლანეტისათვის. თუ ყოფილ საბჭოთა კავშირში დემოკრატიული პროცესები შეფერხდა, საქმე ტოტალიტარული სისტემების შექმნისაკენ წავა, რაც შეიარაღების ახალ ტალღას გულისხმობს. განიარაღების პროცესის შეჩერება მხოლოდ დემოკრატიული ძალების დამარცხებას შეუძლია.

ანდრეოტი: - ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ლიტვაში არჩევნების შემდეგ კვლავ მოვიდა სათავეში ძველი სისტემა. გორბაჩოვმა ლონდონში შვიდეულის შეხვედრაზე თქვა, რომ იგი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებს ნელ-ნელა მისცემდა თავისუფლებას, რაზეც დასავლეთი არ თანხმდებოდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს ქვეყნები არ იყვნენ მზად თავისუფლებისათვის, გასაგებია, რომ კომუნისტურმა გზამ თავისი კვალი ყველგან დატოვა. მაგრამ ლიტვის მაგალითმა მაინც გაგვაოცა.

შევარდნაძე: - ლიტვაში მიმდინარე ცვლილებები კანონზომიერია. აქაც იყო გულუბრყვილო დამოკიდებულება დამოუკიდებლობისა და დემოკრატიისადმი. იქაც დაახლოებით ისეთივე პროცესი მოხდა, როგორც საქართველოში. ხალხი დაიღალა პოპულისტური დაპირებებით. და მოითხოვს რეალისტური პოლიტიკის გატარებას. მე ვიცნობ ლიტვის დღევანდელ მეთაურს ბრაზაუსკასს, რომელიც ჯერ კიდევ უძრაობის პერიოდში იცავდა დემოკრატიულ პრინციპებს და ლიტვის დამოუკიდებლობისათვის იბრძოდა. მისთვის მთავარია, არ შეილახოს პიროვნების თავისუფლება, ადამიანის უფლებები, რამაც შეიძლება გადამწყვეტი როლი შეასრულა მის უკან დაბრუნებაში. გარდა ამისა, ხალხს პროფესიონალები სჭირდება, ვინც რეალურად შესძლებს დამოუკიდებლობის შენარჩუნებას. ჩვენთანაც დემოკრატიის დროშით პოპულიზმი და ავტოკრატია დამკვიდრდა, მაგრამ ადამიანები სწრაფად გაერკვნენ შექმნილ მდგომარეობაში და საქართველო დადგა იმ მოღვაწეთა მხარეზე, რომლებმაც, მიუხედავად თავისი წარსულისა, დემოკრატიის პრინციპები აღიარეს უმთავრეს ორიენტირად. ეს ორი მოვლენა გარკვეულად ერთმანეთს ენათესავება.

ანდრეოტი: - რა ახალ აზრს შემოგვთავაზებთ?

შევარდნაძე: - ვფიქრობ, დღევანდელ მსოფლიოში ვერ გაიცნობიერეს საფრთხე, რომელიც ემუქრება მშვიდობას ექსტრემისტული სეპარატიზმის სახით. მისი განვითარება და გავრცელება კატასტროფა იქნება მსოფლიოსათვის. ვფიქრობ, რომ ის კონფლიქტები, რომლებიც დღეს მსოფლიოს აწუხებს, იმიტომაც ვითარდება, რომ მსოფლიომ ეს საფრთხე ჯერ კიდევ რეალურად ვერ შეაფასა. გაერო და უშიშროების ევროპული სტრუქტურები ვერ აღმოჩნდნენ იმ სიმაღლეზე, რომ ამ კონფლიქტების მოწესრიგებაში უფრო აქტიური როლი შეასრულონ, არადა, საჭიროა ამ კონფლიქტების ლოკალიზაცია და საბოლოო ჯამში მოწესრიგება. უნდა მოხდეს უშიშროების საბჭოში და ევროპულ სტრუქტურებში დამკვიდრებული ზედმეტად აკადემიური სტილის გადახედვა ამ კონფლიქტებისადმი დამოკიდებულებაში. შიდა კონფლიქტები კი ამასობაში შეიძლება რეგიონულ უთანხმოებად იქცეს და უფრო ფართო მასშტაბის კონფლიქტებში გადაიზარდოს. ჩემი აზრით, უშიშროების საბჭომ და ევროპის სტრუქტურებმა უფრო მრავალრიცხოვანი საჯარისო ფორმირებები უნდა შექმნან, რათა დაგვეხმარონ კონფლიქტების ლოკალიზებაში.

ანდრეოტი: - მართალია, არსებობს ისეთი კრიტიკული მდგომარეობაც, რომლის გადაწყვეტა შეუძლებელია ძალის გარეშე, მას შემდეგ, რაც ყველა მშვიდობიანი გზა ამოიწურება. ნატო მუდამ მშვიდობის მისიას ასრულებდა, მაგრამ ბოლო დროს იუგოსლავიაში მშვიდობიანი გზით რომ აღარაფერი გამოვიდა, იძულებული გახდა სამხედრო ძალები შეეყვანა. მაგრამ თქვენთან საუბრიდან ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ თქვენ მაინც პოლიტიკური დიალოგის მომხრე ხართ.

შევარდნაძე: - მართალი ბრძანდებით, ჩვენ დიალოგის ძალისა გვჯერა და არა ძალის პოლიტიკისა. მე მივესალმები ამერიკის შეერთებული შტატების ახალ კურსს ნატოს როლის შესახებ, მაგრამ, როცა კონფლიქტი გარდაუვალია, ნატომ შეიძლება უფრო გადამჭრელი ზომებიც მიიღოს. მაგალითად, საქართველოში მიმდინარე კონფლიქტში შუამავლის როლი რუსეთს დაეკისრა, რასაც ეჭვით უყურებენ საქართველოში.

აქ რომ ევროპის მშვიდობიანი შეიარაღებული ძალები მოქმედებდნენ, აფხაზეთის ომი უკვე დამთავრებული იქნებოდა. საჭიროა უფრო გაბედული მოქმედება, მაგრამ, რა თქმა უნდა, დიალოგს მაინც უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ.

ანდრეოტი: - ნატოს ხელმძღვანელობასთან შეხვედრისას საუბარი იყო იმაზე, რომ უნდა შექმნილიყო ახალი ინსტიტუტი. ნატოს მთავარი მიზანია მშვიდობის შენარჩუნება. და, ალბათ, ამიტომაც არის საჭირო მისი უფრო აქტიურად გამოყენება. მალე ჰამბურგში შედგება დასავლეთ ევროპის ქვეყნების შეხვედრა, სადაც დღის წესრიგში იქნება საკითხი თუ როგორ გადაიჭრას აღმოსავლეთ ევროპაში არსებული პრობლემები.

შევარდნაძე: - როცა ლაპარაკია ნატოს ახალ როლზე, აქტიურად უნდა ჩაერთონ ყოფილი საბჭოთა კავშირის ის ქვეყნები, რომლებიც ევროპის კონტინენტზე არის. მე, პირადად სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას კამათში ნატოს ახალი როლის შესახებ.

ანდრეოტი: - ახალგაზრდები ინტერესით ადევნებენ თვალს განახლების პროცესებს?

შევარდნაძე: - ჩვენ საინტერესო ახალგაზრდობა გვყავს, რომელსაც მოწინავე პოზიციები ეკავა დემოკრატიისათვის ბრძოლაში. მთავარია, რომ ისინი გულგრილი არ არიან დღევანდელობისადმი, უფრო მეტიც, ისინი გზებს ეძებენ, როგორ გამოიყვანონ ქვეყანა კრიზისიდან და განსაზღვრონ საკუთარი როლი მომავლის შენებაში. ბედნიერი ვარ, რომ ასეთი შესანიშნავი ახალგაზრდობა გვყავს.

ანდრეოტი: - სანამ სსრკ-აშშ შორის მდგომარეობა დაძაბული იყო, ორივე მხარე ცდილობდა დახმარებოდა აფრიკის ქვეყნებს, ორივე მხარე თავის მაქსიმუმს აკეთებდა პოლიტიკური დივიდენდების მისაღებად. ახლა კი მათ არავინ ეხმარება. თუ ჩვენ ყველა ერთად არ ვისაუბრებთ მშვიდობაზე, მთელი მსოფლიო არ გაერთიანდება, შედეგს ვერ მივაღწევთ. თქვენ რას ფიქრობთ აფრიკის ქვეყნების პრობლემაზე?

შევარდნაძე: - დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის მტრობის დაძლევა არ ნიშნავს, რომ წინააღმდეგობები მთლიანად დაძლეულია, მანამ, სანამ არსებობს:

1. ექსტრემისტული სეპარატიზმი. 2. რუსეთში ტოტალიტარული რეჟიმის რეანიმაციის საფრთხე, 3. რეალური წინააღმდეგობა ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის, ანუ წინააღმდეგობა სიღარიბესა და სიმდიდრეს შორის. ეს ძალზე სერიოზული საკითხია, რომელიც თუ დროზე არ გადაიჭრა, დაუძლეველი და გლობალური გახდება. იქნებ საქართველომ და იტალიამ ერთობლივად გამოიჩინონ ინიციატივა და დავიწყოთ დიდი დიალოგი ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის, მხედველობაში მაქვს აფრიკაც. ამ წინააღმდეგობის დაძლევის გზების მოსაძებნად.

ანდრეოტი: - შესანიშნავი იდეაა. ალბათ იტალიის მთავრობაც დაგვეთანხმება და იქნებ ამ თემაზე ახლო მომავალში სემინარიც მოგვეწყო. თქვენი გუშინდელი გამოსვლა პარლამენტში ძალზე შემაშფოთებელი იყო. თქვენ თქვით, რომ რუსული ჯარის ნაწილებმა საქართველოს ტერიტორიის ნაწილი დაიკავა. ეს შეესაბამება სინამდვილეს თუ ჟურნალისთა ფანტაზიის ნაყოფია?

შევარდნაძე: - რუსეთის ჯარი სამშვიდობო მისიით შემოვიდა აფხაზეთში. სამწუხაროდ, ზოგიერთი ნაწილი უხეშად ერევა ჩვენს საქმეებში. გუშინ ამ ჯარის თვითმფრინავებმა მშვიდობიანი მოსახლეობა დაბომბეს, დაიღუპა 11 კაცი, მე მაინც ვფიქრობ, რომ მემარჯვენე გენერლებმა ისარგებლეს რუსეთის რთული მდგომარეობით, იმით, რომ პრეზიდენტი ელცინი დაკავებულია სხვა პრობლემებით.

ანდრეოტი: - სამწუხაროდ, მაგრამ თქვენი საუბრის ტონმა, ისეთი შთაბეჭდილება დატოვეს, თითქოს ეს ცივი ომის დასაწყისია.

შევარდნაძე - დიახ, ამის საშიშროება მართლაც არსებობს. მე გუშინ პარლამენტში გავაკეთე ჩემი განცხადება და გამოვხატე ჩემი დამოკიდებულება რუსეთში მიმდინარე პროცესებისადმი. ვფიქრობ, სწორი იყო რომ ელცინმა რეფერენდუმის საკითხი დააყენა. ძნელი სათქმელია, რა მოხდება 24 იანვრამდე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, თუ რეფერენდუმს დღეს ჩაატარებდნენ, ელცინი მიიღებდა მხარდაჭერას. ეს კი დემოკრატიული ძალების ძლიერებაზე მიუთითებს. უნდა ვთქვა, რომ ჩემთვის არ იყო მოულოდნელი გუშინდელი ფაქტი, ელემენტარული ანალიზიც კი ამაზე მიუთითებდა.

ანდრეოტი: - მადლობას მოგახსენებთ. ჩვენ პარლამენტარებისაგან შევქმნით ჯგუფს იმ პრობლემების შესასწავლად, რაც თქვენ დააყენეთ. საქართველოს ეკონომიკა რა მდგომარეობაშია?

შევარდნაძე: - ძალიან მძიმე, შიმშილის ზღვარზე ვართ. საქართველოს ეკონომიკა საბჭოთა კავშირის დანამატი იყო. მისი დაშლის შემდეგ მარტონი აღმოვჩნდით და ძალზე გაგვიჭირდა. მადლობას ვუხდით იტალიელებს, თქვენს მთავრობას, პირადად თქვენ მხარდაჭერისათვის, საქართველოში გამოგზავნილი ჰუმანიტარული დახმარებისათვის. მე მჯერა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობა დამყარდება.

დიდი მადლობა.

დიალოგი : საქართველო - იტალია // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 12 დეკემბერი. - N253(532). - 1,2 გვ

101 ჩვენ გულგრილი ვერ ვიქნებით იმის მიმართ, რაც რუსეთში ხდება

▲ზევით დაბრუნება


ედუარდ შევარდნაძის განცხადება რუსეთის
მოვლენების გამო

უნდა მოგახსენოთ, რომ ჩემთვის პირადად, რაც დღეს ხდება რუსეთის სახალხო დეპუტატთა ყრილობაზე, არც მოულოდნელი ყოფილა და არც გასაკვირი. განცხადება „წითელ-მიხაკისფერთა“ მხრივ რეალური საფრთხის შესახებ მე არაერთხელ გამიკეთებია. ერთ-ერთ ჩემს ინტერვიუში, რომელიც გაზეთ „ნიუ-იორკ ტაიმსს“ მივეცი, ვთქვი, რომ მას მსოფლიო საზოგადოებრიობის მხარდაჭერა სჭირდება. ნიუ-იორკიდან დაბრუნების შემდეგ მოსკოვში შევხვდი რუსეთის პრეზიდენტს და ის, ცოტა არ იყოს, ნაწყენი დამხვდა. მან განაცხადა, რომ ჩემი შიში გადაჭარბებულია. როგორც ხედავთ, ეს ასე არ არის. ჩემი აზრით, რუსეთის დემოკრატიული მონაპოვრები სერიოზული კითხვის ქვეშ დადგა. ბუნებრივია, ეს შეშფოთებას იწვევს და არა მარტო საქართველოში. თქვენ, ალბათ, შენიშნავდით ყრილობის დარბაზში ჩვენი ე.წ. „მეგობრების“ ე.წ. ფიზიონომიებს, რომელთა განცხადებები ექსტრემისტთა და სეპარატისტთა მხარდასაჭერად არაერთხელ მოგისმენიათ. და არა მარტო განცხადებაზეა ლაპარაკი, არამედ მოქმედებებზეც. მხედველობაში მაქვს მოქმედება დემოკრატიული, თავისუფალი, ერთიანი საქართველოს წინააღმდეგ. რეფერენდუმის იდეა, რომელიც პრეზიდენტმა წამოაყენა, ჩემის აზრით, კარგა ხნის ნაფიქრია. მე მგონია, პრეზიდენტმა, ელცინმა გადადგა ის ნაბიჯი, რაც უნდა გადაედგა. სწორედ რუსეთის მოქალაქეებმა უნდა გადაწყვიტონ რეფორმების, დემოკრატიის ბედი და, საბოლოო ჯამში, ამ სახელმწიფოს ბედი. შეიძლება ვინმემ თქვას, რომ ეს განცხადება ცოტა ნაჩქარევია. მე არ გამოვრიცხავ, რომ ყრილობაზე რაღაც კომპრომისის ძიება დაიწყონ, მაგრამ ჩვენი დამოკიდებულების გამოხატვა იმის მიმართ, რაც დღეს ხდება, სახვალიოდ არ უნდა გადაგვედო, რადგან შეიძლება ამას გარკვეული მნიშვნელობა ჰქონდეს მსოფლიო საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაში.

ეს პირველი, რაც მინდოდა მეთქვა.

საქართველოს ხელისუფლებას არაერთხელ განუცხადებია, რომ იგი სისხლხორცეულად არის დაინტერესებული რუსეთში დემოკრატიულ მონაპოვართა დამკვიდრებითა და განვითარებით. ჩვენი ვალია ერთხელ კიდევ დავადასტუროთ ეს ჩვენი სისხლხორცეული დაინტერესება დემოკრატიის გამარჯვებაში. ძალაში რჩება ჩვენი არაერთგზის განცხადება იმის შესახებ, რომ მე პირადად ვენდობი რუსეთის პრეზიდენტს და აქედან გამომდინარეა იმ ხელშეკრულებათა ხელმოწერის ფაქტიც, რომელიც არცთუ ისე სადავო იყო ჩვენი საზოგადოებისათვის. ისიც მინდა ვთქვა, რომ ჩვენ უხილავი თუ ხილული ძაფებით სერიოზულად ვართ დაკავშირებული რუსეთთან და ამიტომაც არ შეიძლება გულგრილი ვიყოთ იქ მიმდინარე პროცესებისადმი.

მესამე. მე მგონი, მსოფლიო საზოგადოებრიობა არ უნდა დარჩეს გულგრილი იმ ყველაფრისადმი, რაც რუსეთში ხდება. გულგრილობა შეიძლება ძვირად დაუჯდეს მსოფლიოს, ძალიან ძვირად. მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბება დემოკრატულ გარდაქმნათა და ამ გარდაქმნათა ლიდერების მიმართ მხარდაჭერის თვალსაზრისით მეტად მნიშვნელოვანია. მე მგონია, ამ სერიოზული გამოცდის დღეებში მსოფლიოს ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა განსაზღვროს თავისი პოზიცია და გამოთქვას კიდეც. რა თქმა უნდა, ეს სულაც არ ნიშნავს რუსეთის საშინაო საქმეებში ჩარევას. რუსეთში დემოკრატიულ მონაპოვრებზე უარის თქმა, ჩემის ღრმა რწმენით, ახალი „ცივი ომის“ დაწყებას ნიშნავს. ეს ყველაზე უფრო რბილი შედეგია, რაც შესაძლებელიც არის და მოსალოდნელიც. როგორი იქნება სხვა შედეგები, მე მგონი, ყველას შეუძლია წარმოიდგინოს.

და მეოთხე. რუსეთთან დაწყებული მოლაპარაკება, რომლის მეორე რაუნდიც მიმდინარეობს ახლა და ამით ეს პროცესი არ დამთავრდება, უნდა გაგრძელდეს. ერთადერთი, რასაც საქართველო მოითხოვს, ის არის, რომ შეწყდეს რუსეთის რეაქციული ძალების ჩარევა საქართველოს შინაურ საქმეებში. მე არ მინდა ახლა დავაზუსტო, თუ რას ნიშნავს ეს და რასთან არის დაკავშირებული, მაგრამ ვფიქრობ, რომ საკითხის ასე დაყენება სავსებით კანონზომიერი და სამართლიანია, ობიექტურია. კიდევ ვიმეორებ, რომ საქართველო, რა თქმა უნდა, ვერ იქნება გულგრილი ყველაფრისადმი, რაც რუსეთში ხდება და, ჩემის აზრით, დღეისათვის ასე შეიძლებოდა მას, საქართველოს, მის ხელისუფლებას თავისი აზრი ჩამოეყალიბებინა ამის თაობაზე.

ჩვენ გულგრილი ვერ ვიქნებით იმის მიმართ, რაც რუსეთში ხდება // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 12 დეკემბერი. - N253(532). - 1 გვ.

102 ედუარდ შევარდნაძე: აფხაზი სეპარატისტები ნამდვილად იყვნენ შეთქმული მიხაკისფერ მოძრაობასთან და მათი ალიანსი ეჭვს აღარ იწვევს

▲ზევით დაბრუნება


14 დეკემბრის რადიოინტერვიუ

- დღეს მართლაც არის იმის საფუძველი, რომ აფხაზეთის ომზე ვილაპარაკოთ, თუმცა მის მიზეზებსა და შედეგებზე საუბარი ჯერ ნაადრევია. ოთხი თვე შესრულდა დღეს, რაც ეს თავსმოხვეული ომი მიმდინარეობს. ამ ომისთვის სეპარატისტები და ექსტრემისტები კარგა ხანს ემზადებოდნენ და მათ თავიანთი მხარდამჭერებიც ჰყავდათ. ყოველივე ამას უკვე აეხადა ფარდა, ყველაფერი გამომზეურდა, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ - სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ რადიოკომენტატორ ნატო ონიანთან საუბარში, როცა განვლილი კვირის, მოვლენები გააანალიზა. - სამწუხაროდ, ომი აფხაზეთში გრძელდება, მაგრამ ჩვენ ყოველ ღონეს ვხმარობთ, და კვლავაც ვიხმართ იმისათვის, რომ იგი ღირსეულად დავამთავროთ ისე, როგორც ეს ერთიანი საქართველოს ინტერესებს სჭირდება. მინდა გავამხნევო აფხაზი ექსტრემისტების მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე მყოფი ადამიანები და პირობა მივცე, რომ მათ უპატრონოდ არ დავტოვებთ და ამის იმედი უნდა ჰქონდეთ. იგივე მინდა ვუთხრა ჩვენს მებრძოლებს, მოსახლეობას, რომელმაც ხელში იარაღი აიღო და იბრძვის, ყველას, ვისთვისაც ძვირფასია სამშობლოს ბედი და მისთვის სიცოცხლეს სწირავს.

ჩვენ ახლახან მოვუწოდეთ ყველას, რომ საჭიროა შევქმნათ ეროვნული თავდაცვის ფონდი და მისი დანიშნულება ერთიანი არმიის შექმნასთან იქნება დაკავშირებული. ამჯამად არა გვყავს არმია, ამიტომ, ყველაფერს თავიდან რომ ვიწყებთ, თვით ამ საწყის პროცესში უნდა დავამყაროთ იდეალური წესრიგი. ცხადია, უპირველესად ეს ეხება მატერიალურ-ტექნიკურ და ფინანსურ მხარეს. ახლა ამ სფეროში ყველაფერი სტიქიურად მიმდინარეობს, ვისაც როგორ მოესურვება, ისე მიაქვს ტექნიკა და ავტომანქანები საწარმოებიდან, იტაცებენ კერძო ავტომობილებს - გაიძარცვა ჩვენი მრეწველობა, გაიძარცვა ხალხი. ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ომის საჭიროების მიზეზით ჩადენილი ასეთი ქმედება უნდა შეწყდეს ამიერიდან. თუკი საჭირო იქნება, ეს უნდა მოხდეს მხოლოდ მას შემდეგ, როცა მიღებული იქნება თავდაცვის საბჭოს და მთავრობის განკარგულება. ეროვნული თავდაცვის ფონდი იმისათვის არის აუცილებელი, რომ შევიძინოთ საჭირო იარაღი, ხელფასები მივცეთ არმიის ნაწილებს, დადგა დრო მებრძოლებთან გაფორმდეს შესაბამისი კონტრაქტები, ჯარისკაცებმა დადონ ფიცი და ყველაფერი ეს ისე გაკეთდეს, როგორც საჭიროა. არ გამოვრიცხავ, რომ გვყავდეს დაქირავებული სპეციალისტებიც, ხალხი, რომელიც დაგვეხმარება და ჩვენთან ერთად იბრძოლებს; სახსრები საჭიროა აფხაზეთის ომში დაღუპულთა და დაზარალებულთა ოჯახების დასახმარებლად და, რა თქმა უნდა, ცოტა სახსრები როდი დასჭირდება სამხედრო კადრების მომზადებას. ცხადია, ყველაფერს, რაც ზემოთ ჩამოვთვალე, ჩვენი ბიუჯეტი ვერ გასწვდება და ვერ გაუძლებს. სწორედ ამან გამაბედინა ის თხოვნა, რომლითაც ფონდის შესაქმნელად ჩვენს ხალხს მივმართე, თუმცა, ვიცი მისი უდიდესი სიდუხჭირეც და გაჭირვებაც. მახარებს, რომ ასეთ პირობებში მყოფმა ხალხმა ფონდის შესაქმნელად მაინც გამოთქვა ნამდვილი მზადყოფნა. მოძრაობა უკვე დაიწყო. გუშინ რუსთავში გაიმართა ღონისძიება, რომლის დროსაც 15 მილიონი მანეთი შეგროვდა. ასეა თბილისშიც, სხვაგანაც, ეს იმედისმომცემი ფაქტებია. მოგეხსენებათ, მთელი ეს თანხები შედის ფონდში, რომლის ანგარიშიც ეროვნულ ბანკშია გახსნილი. ეს იმიტომ ვქენით, რომ ყოველი მანეთი დანიშნულებისამებრ იყოს გამოყენებული. მე ვთხოვე ბატონ ჭაბუა ამირეჯიბს, და იგი ჩაუდგა ამ ფონდს სათავეში. ფონდის გადანაწილების მექანიზმიც ჩამოყალიბდება და ამ განწყობილებისადმი საპარლამენტო ზედამხედველობაც დაწესდება. არ გამოვრიცხავ, რომ დიდმა თანხებმა მოიყაროს თავი, ამიტომ შეიძლება შეიქმნას ბანკიც, რომელიც დაგვეხმარება ჩამოვაყალიბოთ კარგად გაწვრთნილი პროფესიული არმია. ჩვენ რომ ამისთვის ზრუნვა ადრე დაგვეწყო, აფხაზეთის ომი კარგა ხნის დამთავრებული იქნებოდა და ამდენ მსხვერპლსაც არ გავიღებდით.

შემდეგ სახელმწიფოს მეთაური შეეხო წესრიგს რკინიგზაზე და თქვა, რომ ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხი გადასაწყვეტი. ამ რამდენიმე დღის წინათ, თბილის-სოხუმის სარკინიგზო მიმოსვლა აღვადგინეთ, ეს ფაქტი სასიხარულო იყო ყველასათვის, განსაკუთრებით კი სოხუმიდან ლტოლვილი მოსახლეობისათვის. ხალხმა შვებით ამოისუნთქა, თავისი ნათესავებისა და ახლობლების ნახვის იმედი მიეცა. მაგრამ ტერორისტებმა კვლავ შეაფერხეს ეს საქმე - ააფეთქეს ხიდი მდინარე ენგურზე. წუხელ სენაკშიც განმეორდა იგივე. აი, ამას შვრებიან საქართველოს მტრები, სხვა შეფასება შეუძლებელია. იძულებული ვიქნები, თავდაცვის საბჭოს წინაშე დავაყენო საკითხი და გამოვცე განკარგულება ან ბრძანება, რომ ამის ჩამდენი ბანდიტები ადგილზე იქნენ განადგურებული. ვიცით, ეს ცუდი ბრძანებაა, მაგრამ ეს ფაქტები მიმაჩნია ხალხის მტრების მიერ ჩადენილ ქმედებად. და, როგორც მთავარსარდალს მაქვს უფლება, გამოვცე ასეთი ბრძანება.

თქვენ გახსოვთ, - თქვა შემდეგ სახელმწიფოს მეთაურმა, - რომ წინათ ჩვენ უკვე გვქონდა შემოღებული საგანგებო წესები რკინიგზაზე. მაგრამ, სამწუხაროდ, მას არავითარი სამართლებრივი ბაზა არ გააჩნდა. ახლა ამასაც გავაკეთებთ. შეიქმნება სატრანსპორტო პოლიციის ერთიანი სისტემაც, რომელშიც შევა რკინიგზის გასამხედროებული დაცვა და მას ავტომატური იარაღიც ექნება და მძიმე ტექნიკაც. სწორედ ამ პოლიციას მიეცემა ის ბრძანება, ზემოთ რომ მოგახსენებდით. ბანდიტებს, სამშობლოს ამ მტრებს, სურთ წელში გაწყვიტონ ჩვენი ქვეყანა. ჩვენ ეს უნდა გავიაზროთ. ამიტომ გაერთაინებულ სატრანსპორტო პოლიციაზე დიდ იმედს ვამყარებთ. მის მთავარსარდლად დაინიშნა გია გულუა, იგი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეც არის და რკინიგზის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეც იქნება ტვირთზიდვის უსაფრთხოების დარგში. იმედი მაქვს, მალე რკინიგზაზე წესრიგს დავამყარებთ.

შეეხო რა რუსეთში შექმნილ სიტუაციას, სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა: რუსეთში მდგომარეობის გამწვავების ზოგიერთი მიზეზის თაობაზე ამ ბოლო ხანს, არაერთი მოსაზრება გამოვთქვი, კერძოდ, საზღვარგარეთის პრესაშიც. თუ ამ გამწვავების მიზეზებს რუსეთში ვინმე ვერ ხედავდა, ძალიან საწყენია. ჩემი აზრით, დესტაბილიზაცია შეიძლება ყველასთვის მძიმედ დამთავრდეს. კომპრომისი, რომელიც იქ მოხდა და რომელმაც შექმნილი მდგომარეობიდან გამოსვლისა და ვითარების სტაბილიზაციის სწორი გზა დაგვანახა, პრეზიდენტის მიერ რეფერენდუმის გამოცხადებასთან არის დაკავშირებული და ჩემი აზრით, სიმპტომატურია ყრილობის დეპუტატთა წამყვანი ნაწილის რეალისტურ პოზიციებზე დადგომაც. მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ იქ არიან ძალები, რომელიც აფხაზ სეპარატისტებს უჭერენ მხარს, არის რუსეთის გენერალიტეტი, რომელიც მათ ეხმარებათ. ყოველივე ამაში კარგად უნდა გავერკვეთ.

რადიოკომენტატორის შეკითხვაზე, თუ რა აზრისაა პრეზიდენტყოფილის ევროპის ქვეყნებში ყოფნის შესახებ, სახელმწიფოს მეთაურმა თქვა, რომ ევროპაში და სხვაგანაც ბევრ პრეზიდენტყოფილს უმოგზაურია და გამსახურდიაც არ არის გამონაკლისი. მაგრამ ახლა ეს არის საკმაოდ ცნობილი ტერორისტის ვოიაჟი, რადგან უკვე გარკვეულია ყველაფერი, რომ იმ რასობრივი ტერორისტული აქტების ორგანიზატორიც თვითონ იყო, თუმცა, პირადად არ მონაწილეობდა მათში და არ ისროდა. ევროპამ ეს უნდა გაიგოს. ვიცი, რომ იქ მაინცდამაინც არ უყვართ ტერორისტები.

შემდეგ ედუარდ შევარდნაძე შეეხო გაზეთ „დენში“ გამოქვეყნებულ ზურაბ აჩბას წერილს, რომელშიც აფხაზეთი რუსეთად არის გამოცხადებული და სათაურიც ასეთი აქვს და თქვა: ასეთი მოსაზრება ახალი არ არის. აფხაზები ეპატიჟებოდნენ რუს გენერლებსა და ოფიცრებს მადლიან ქართულ მიწაზე, რათა აქ დასახლებულიყვნენ და ებრძოლათ ქართველების წინააღმდეგ. აჩბას პუბლიკაცია ერთხელ კიდევ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ აფხაზი სეპარატისტები ნამდვილად იყვნენ შეთქმული ამ მიხაკისფერ მოძრაობასთან და მათი ალიანსი ეჭვს აღარ იწვევს. ამასთან დაკავშირებით, მინდა აფხაზებს ვუთხრა: დროა გამოერკვნენ, დაინახონ და გაიაზრონ, ვისთან აქვთ საქმე. ახლა სოხუმში ერთი აფხაზი მოქალაქე მეხუთე სართულიდან გადმოხტა, თავი მოიკლა. წერილში, რომელიც დატოვა, ნათქვამია, სიცოცხლეს ისწრაფებს სეპარატისტთა მოქმედების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად. უმძიმესი პროტესტია. მაგრამ მწამს, რომ ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება, აფხაზები თანდათან გამოერკვევიან და მიხვდებიან, ვინ არის მათი მტერი და ვინ - მოყვარე.

სახელმწიფოს მეთაურმა რადიოინტერვიუს დროს დიდი ყურადღება დაუთმო რესპუბლიკის დედაქალაქში წესრიგის დამყარების პრობლემებს და თქვა, რომ პირველი ნაბიჯები ამ მხრივ გადაიდგა, თუმცა რაიმე შედეგებზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია. მაგრამ ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება ქალაქის აქტივთან ყოველკვირეულ შეხვედრებზე და მოთხოვნაც კვლავ სერიოზული და ძალიან მკაცრი იქნება, ვიდრე საყოველთაო წესრიგი არ დამყარდება. წესრიგის დამყარება დედაქალაქით უნდა დავიწყოთ. თუ დედაქალაქში იქნება წესრიგი, სხვაგანაც იქნება. ამიტომ მივმართავ თბილისელებს, რომ ჩვენ უნდა ვუჩვენოთ საქართველოს ამის მაგალითი. წესრიგს ეკონომიკის გაჯანსაღებაც მოსდევს. ამის პირველი ნიშნებიც არის. ჩვენი ეკონომიკა თანდათან გამოდის სტაგნაციის პერიოდიდან. სამინისტროები შეუდგნენ მუშაობას, ამოქმედდნენ საწარმოები. ეს დიდი იმედია. ახლახანს საინტერესო შეხვედრა გვქონდა მშენებლებთან, ყველა მონდომებულია, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი სამშენებლო პოტენციალი, მისი კადრები, რადგან მწამს, მოვა დრო, და მძლავრი სამშენებლო ორგანიზაციები კვლავ დაგვჭირდება, ისინი არ უნდა ვეძებოთ საზღვარგარეთ.

შემდეგ საუბარი შეეხო ცივი ომის საფრთხეს, რომლის საშიშროებაზე სახელმწიფოს მეთაურის ერთ-ერთ გამოსვლაში იყო ლაპარაკი. ცივი ომის საფრთხე რუსეთში არსებულ არასტაბილურ ვითარებას დავუკავშირე, - განმარტა მან, - მაგრამ, თუ ექსტრემისტულ სეპარატიზმს ბოლო არ მოეღო და იგი გავრცელდა, მაშინ ცივი ომი კი არა, შეიძლება ცხელი ომიც დაიწყოს. სხვათა შორის, ტელეფონით საუბრისას ამ ჩემს მოსაზრებას დაეთანხმა ბატონი ანდრეოტი, რომლის აზრსაც დიდ ანგარიშს ვუწევ. შემდეგ ედუარდ შევარდნაძე შეეხო ბატონ ჯონ შალიკაშვილის ძმასთან ოთარ შალიკაშვილთან შეხვედრას და თქვა, რომ იგი საქართველოში ჩამოვიდა როგორც თავისი წინაპრების შთამომავალი. იგი ძალიან საინტერესო პიროვნებაა და მიაჩნია, რომ საქართველო მისთვის ისეთივე სამშობლოა, როგორც ამერიკის შეერთებული შტატები.

- ამას წინათ კინემატოგრაფისტებთან შეხვედრისას თქვენ გადატრიალებაზე ლაპარაკობდით, მაგრამ იმით შემოიფარგლეთ, რომ აღნიშნეთ, თუ ვინმე გადატრიალებაზე ფიქრობს, საკუთარ საწოლში გადატრიალდესო. მაგრამ გადატრიალება მარტო ქუჩაში ტანკების გამოსვლას არ ნიშნავს. ხომ არ არის მოსალოდნელი, მოხდეს დაპირისპირება თუნდაც პარლამენტსა და მის თავმჯდომარეს შორის, თქვენსა და იმ პარლამენტს შორის, რომელსაც მიაჩნია, რომ იგი უფუნქციოდ დარჩა, რადგან ხელისუფლების უზურპაცია თქვენ მოახდინეთ? - ჰკითხა რადიოკომენტატორმა.

- სხვათა შორის, იმ ფრაზიდან ერთი ადგილი გამოტოვეს, - დასძინა ედუარდ შევარდნაძემ, - მე ვთქვი, რომ, თუ ვინმეს გადატრიალება უნდა, გადატრიალდეს თავის ლოგინში და რომელ გვერდზეც დაწვება, იმის მიხედვით განსაზღვროს, თუ ვისთან სძინავს. ეს ამბავი ცოტა იმიტომ კი არ გავაშარჟე, რომ მახვილსიტყვაობაზე მქონდა რაიმე პრეტენზია, არა, მე იმას ვგულისხმობდი, რომ ამჟამად სრულიად უპასუხისმგებლო ადამიანებს შეუძლიათ ლაპარაკი რაღაც გადატრიალებებსა და ხელისუფლების საწინააღმდეგო ღონისძიებებზე. უნდა გითხრათ, რომ ის შეხვედრა კინემატოგრაფისტებთან ძალიან საინტერესო იყო, რომ სრულიად არ იმსახურებდა იმ გესლიან გამოთქმებს, ზოგიერთი გაზეთიდან რომ გაისმა. თავისთავად ის ფაქტი, რომ ომიანობის დროს კინემატოგრაფიის მუშაკები ხვდებიან სახელმწიფოს მეთაურს და, ავია თუ კარგი, საუბარი რაღაც დონეზე მაინც მიმდინარეობს, თავისთავად უკვე უნდა იყოს მისასალმებელი. ამიტომ გამაოცა, ვიმეორებ, ზოგიერთ გაზეთში გამოთქმულმა ღვარძლიანმა შეფასებამ. მე არ მლანძღავდნენ, მაგრამ იმ ხალხ უყენებდნენ პრეტენზიას, ვინც იქ სიტყვით გამოვიდა. უნდა გითხრათ, ეს საკმაოდ სერიოზული გამოსვლები იყო. ჩვენ ომის მდგომარეობაში ვიმყოფებით და ასეთი პრეტენზია შეხვედრებს არ უნდა წავუყენოთ, რადგან ისინი შეიძლება მხოლოდ სიმბოლური იყოს და მათაც უნდა მივესალმოთ. მაგრამ იმ ღვარძლისაგან, რომელიც ჩვენშია ჩაგუბებული, ნუ მიწყენს ზოგიერთი ჟურნალისტი, უნდა გავთავისუფლდეთ. ეს ქვეყანას სჭირდება და ყველამ უნდა შევძლოთ აღვიჭურვოთ ახალი პასუხისმგებლობით და ისე შევხედოთ ომიანობის ხანას, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანას დაუდგა და მასში ცხოვრება უხდება.

რაც შეეხება სხვა ფორმის გადატრიალებას, თუ ხელისუფლების სხვა ფორმით შეცვლას, ამის თაობაზე მე პარლამენტში უკვე ვთქვი, რომ თუ გამოჩნდება ისეთი ადამიანი, რომელიც შეძლებს საქმის უკეთ გაძღოლას, პარლამენტს შეუძლია საკითხი გადაწყვიტოს. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. საკითხი იდგა იმის შესახებ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენება უნდა გადაწყვიტოს სახალხო რეფერენდუმმა, და ეს სავსებით კანონზომიერია, რადგან პარლამენტის თავმჯდომარე ხალხის მიერ არის არჩეული. მე ამის წინააღმდეგ გამოვედი და ვთქვი, რომ თუ პარლამენტი მოითხოვს, მეც უნდა დავემორჩილო პარლამენტის ნებას-მეთქი. ასეთი გზით ყველაფერი შეიძლება მოხდეს. თუმცა მე არავის არ მოვუწოდებ ამისათვის. მთავარია ის, რომ ამაზე არ უნდა იყოს საუბარი. ახლა იმაზე უნდა ვფიქრობდეთ, თუ როგორ გამოვიდეთ ამ ომიდან, როგორ გავერთიანდეთ, როგორ დავიწყოთ ნორმალური ცხოვრება, როგორ ვაშენოთ ქვეყანა და ცოტა მაინც როგორ დავეხმაროთ გაჭირვებულ ადამიანებს. ახლა ქვეყნის გადარჩენაზე უნდა იყოს ლაპარაკი, და არა რაღაც ჯანყზე, რაღაც გადატრიალებაზე.

მე მგონი, საკმარისია, რაც მოხდა, რაც განიცადა ქართველმა ხალხმა. დროა, ყველაფერი დამთავრდეს და დაიწყოს მშვიდობიანი ცხოვრება.

საქართველოს პარლამენტის პრესცენტრი.

ედუარდ შევარდნაძე: აფხაზი სეპარატისტები ნამდვილად იყვნენ შეთქმული მიხაკისფერ მოძრაობასთან და მათი ალიანსი ეჭვს აღარ იწვევს / შევარდნაძე ე. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 15 დეკემბერი. - N254(533). - 1,2 გვ.

103 ედუარდ შევარდნაძე: არცერთი ნაბიჯი არ უნდა გადაიდგას ჩვენი ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ

▲ზევით დაბრუნება


პარლამენტის 15 დეკემბრის სხდომაზე დაისვა საკითხი მოესმინათ სახელმწიფოს მეთაურის ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რამდენად სწორია ის ცნობა, რომელიც წინა დღით გაავრცელეს რუსეთის რადიოტელეკომპანიამ და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებმა. ლაპარაკია იმაზე, თითქოს ხელმოწერილი იყოს ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც აფხაზეთიდან უნდა გავიდნენ ქართული საჯარისო შენაერთები.

გთავაზობთ ბატონ ედუარდ შევარდნაძის გამოსვლას ამ საკითხთან დაკავშირებით.

დღეს ომია საქართველოში და ამის შეხსენება ალბათ აღარავის სჭირდება. ვფიქრობ, საინფორმაციო საშუალებები და ტელევიზია გვაძლევს ინფორმაციას, რომელიც ასე თუ ისე, რეალურად ასახავს სინამდვილეს. ვიცი, ბევრი კითხვა დაიბადა იმის გამო, რომ გუშინ რუსეთისა და ჩვენმა ტელევიზიამაც გადასცა ცნობა იმის შესახებ, რომ თითქოს მიღწეულია შეთანხმება ქართველთა და აფხაზურ მხარეთა შორის შეხვედრის დროს. თუმცა ამ დილით, მე მგონი, წუხელაც, იყო თავდაცვის სამინისტროს რეაგირება, განმარტება - რა იყო სწორი და რა არა. სანამ პრაქტიკულ საკითხებზე გადავიდოდე, ერთ პრინციპულ საკითხზე შევჩერდები.

დღეს, როდესაც უმძიმესი მდგომარეობაა შექმნილი, როდესაც ყოველდღე მატულობს მსხვერპლი, ვფიქრობ, დეპუტატებმა ეჭვის ქვეშ არ უნდა დააყენონ მოლაპარაკების პროცესის გაგრძელების საკითხი, მისი შეწყვეტა არ შეიძლება, რადგან მრავალმხრივ აუცილებელი და საჭიროა. მოლაპარაკებები აუცილებელია, თუნდაც იმიტომ, რომ არიან ტყვეები, არიან ბრძოლაში დაღუპულები. კვლავ მრავალი საკითხია დღის წესრიგში, რომლებზეც მხოლოდ მოლაპარაკების შედეგად თუ მივაღწევთ შეთანხმებას. ასეთი შეხვედრები აუცილებელია. აფხაზეთი მაინც ერთიანი ორგანიზმია და შიმშილის თავიდან ასაცილებლად, სხვა საკითხების მოსაგვარებლად, შეთანხმებაა საჭირო. ყოველთვის არა, მაგრამ რაღაცის მოგვარება მაინც ხერხდება ხოლმე. ამ ბოლო დღეებში, არა ჩვენი ინიციატივით, ფაქტიურად დაისვა დღის წესრიგში საკითხი მოლაპარაკების შესახებ: რა პირობებში შეიძლება შეწყდეს ცეცხლი და ა.შ. თავდაცვის საბჭომ იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება შეხვედრის შესახებ, რომელიც შედგა გუდაუთაში. მასში სამხედროებთან ერთად მონაწილეობდნენ ირაკლი ბათიაშვილი და ავთანდილ იოსელიანი. მიღწეული შეთანხმებით ცეცხლი სამი დღით შეწყდა. შემდეგ, მეორედ დაისვა საკითხი. ამ შემთხვევაში, ინიციატივით გამოვიდნენ ყოფილი ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის, ამჯერად რუსეთის სამხედრო ფორმირებების ხელმძღვანელები. აფხაზთა მხარე კვლავ აყენებს საკითხს მხარეთა შეხვედრის შესახებ, მაგრამ რადგან პირველმა შეთანხმებამ მხოლოდ 3 დღიანი შეთანხმების საშუალება მოგვცა, ამჯერად, ვიფიქრეთ, რომ მომავალი შეხვედრა მხოლოდ სამხედროების დონეზე მოეწყოს.

ასეთი შეხვედრები აქამდეც გვქონდა პრაქტიკაში, რაც გარკვეული მიღწევებით თავდებოდა. კონფლიქტის პირველი დღიდანვე შეხვედრები ჰქონდათ გია ყარყარაშვილს და სხვებს. ასეთი შეხვედრა შედგა, მასში მონაწილეობდა ავთანდილ ცქიტიშვილი და ორი წარმომადგენელი საექსპერტო ჯგუფიდან. აფხაზურმა მხარემ წამოაყენა თავისი მოთხოვნები, რომელთაც თვლის საბაზისოდ, და მიაჩნია, რომ მათ საფუძველზე, შეიძლება კომპრომისის მიღწევა. ქართულმა მხარემ უარყო ეს, რადგან ცენტრალურ საკითხად მოთხოვნაში ქართული ჯარის გამოყვანა დგას. ეს საკითხი ჯერ კიდევ მოსკოვის შეხვედრაზე დააყენეს. სამაგიეროდ, ამბობენ, რომ უცხოელ ჯარისკაცებს გაიყვანენ აფხაზეთიდან და მათ რუსეთის ჯარები შეცვლიან. ეს, რა თქმა უნდა, უარყოფილი იქნა და შეთანხმება მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტით, ისიც რამდენიმე დღით შემოიფარგლა. გუშინ 5-6 საათის განმავლობაში, თავდაცვის საბჭომ იმუშავა, მოისმინა ინფორმაცია. დავეთანხმეთ წინადადებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, მაგრამ ძირითად საკითხებში ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა.

ჩვენ მიგვაჩნდა და დღესაც მიგვაჩნია, რომ ქართული ჯარის იქ ყოფნის საკითხი ყველაზე პრინციპულია და პოზიციის შეცვლა გამორიცხულია.

ამიტომ, ამ მოლაპარაკებისათვის ჩვენ განსაკუთრებული მნიშვნელობა არ მიგვინიჭებია, რუსეთის საინფორმაციო საშუალებებისაგან განსხვავებით, ეს ერთი, რიგითი მოლაპარაკება იყო. მიმაჩნია, რომ შეხვედრები მომავალშიც უნდა გაგრძელდეს, უნდა იფიქროთ, ხვალინდელ დღეზეც.

შეიძლებოდა ასეთი კურსის აღებაც: არავითარი მოლაპარაკება-შეხვედრები. ომი ომია და ვიომოთ ბოლომდე. მე ვფიქრობ, რომ საღი აზრის პრინციპებიდან გამომდინარე, საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, ეს საკითხი ერთ-ერთი ცენტრალურია. შეხვედრაზე, რომელზეც ევროგაერთიანების თითქმის ყველა ქვეყანაა წარმოდენილი, კონფლიქტის საკითხი უახლოეს ხანებში კვლავ დაისმევა უშიშროების საბჭოში, განიხილავენ ჩვენთან სპეციალურად ჩამოსული დელეგაციის მუშაობის შედეგებს. ასეთ ვითარებაში, დაუშვებელია, რომ საქართველომ უარი თქვას მოლაპარაკების პროცესზე. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯი გადაიდგას.

მდგომარეობა გარკვეულად გაართულა ცნობამ იმის შესახებ, რომ ჩამოაგდეს შვეულმფრენს. წინასწარი მონაცემებით, საქართველოს საჯარისო ფორმირებებს ამ საქმესთან საერთო არაფერი აქვთ. ეს იმ ზონაშია, სადაც საქართველოს პოზიციები არ არის. თან ჩვენი ტექნიკური საშუალებებით ასეთ მანძილზე ჩვენი მხარე ვერ დააზიანებდა შვეულმფრენს.

თუმცა, ეს რომ მომხდარიყო, ვთქვათ ჩამოგვეგდო, დანაშაული არ იქნებოდა, რადგან მიღწეული შეთანხმებით, ტყვარჩელის მოსახლეობისათვის ჰუმანური ტვირთით სავსე შვეულმფრენები ჯერ სოხუმში უნდა დაშვებულიყვნენ, სადაც შეამოწმებდნენ ტვირთს. რადგან, ამ შემთხვევაში აფხაზურმა მხარემ დაარღვია შეთანხმება, ჩვენ გვქონდა იმის უფლება, რომ გამოგვეყენებინა ძალა.

რუსეთის ინფორმაციის საშუალებებმა რამდენჯერმე შეცვალეს ამ ინფორმაციის გადმოცემის ფორმა, ნელ-ნელა არბილებდნენ. უნდა გითხრათ ისიც, რომ შვეულმფრენს აცილებდა სუ-25 მარკის რუსეთის თვითმფრინავი. ესეც კანონის დარღვევაა. რუსეთის მხარე უცერემონიოდ არღვევს საქართველოს ხელისუფლების მიერ დადგენილ საჰაერო კოდექსს. ამ თვითმფრინავების თარეში ჩვენი ქალაქების თავზე ბარბაროსული აქციაა, ქართული მხრის წინააღმდეგ. ეს განსაკუთრებით ითქმის ოჩამჩირეს დაბომბვაზე, სადაც პრაქტიკულად არ იყო საომარი ოპერაციები. ამ აქციას მშვიდობიანი მოსახლეობა შეეწირა, 11 კაცი. ვიმეორებ, ჰუმანური დახმარება ტყვარჩელში მხოლოდ სოხუმის გავლით უნდა გაიგზავნოს.

ახლა ერთი უსიამოვნო პროცესის შესახებ. ის ნაწილები, რომლებიც გადაიღალნენ (მეომრებს ჯანმრთელობა შეერყათ), გამოდიან კონფლიქტის ზონიდან. მათ ადგილს სხვები იკავებენ. ეს პროცესი კონფლიქტის დამთავრებამდე არ უნდა შეწყდეს. ერთ-ერთი სამხედრო მონაპოვარი ის იყო, რომ სოხუმ-თბილისს შორის სარკინიგზო მიმოსვლა გაიხსნა, რამაც გაგვიადვილა მუშაობა. ახლა ხიდი ისევ ააფეთქეს. ადრე თავს ვიკავებდი მსგავსი გამოთქმებისაგან, ახლა კი ვაცხადებ - საქმე გვაქვს საქართველოს მტრებთან. ეს იმ რეგიონის მოსახლეობის ნამოქმედარი არ არის, ეს გამორიცხულია. ისინი ბანდიტები არ არიან. ეს არის ერთი ჯგუფი - საქართველოს მტრები. ისინი ადგილზევე განადგურდნენ, ყოველგვარი ულტიმატუმების გარეშე. ამ აფეთქებამ კვლავ შეგვიქმნა სირთულეები ჯარის მომარაგების საკითხში.

ახლა ემოციებთან დაკავშირებით.

იქნებ, პარლამენტმა ყოველდღე იმუშაოს და ჩვენი ურთიერთობა, - თავდაცვის საბჭოს მთავარსარდალი მყავს მხედველობაში, სხვა პრინციპებზე უნდა იყოს აგებული. თავდაცვის საბჭოს მიმართ არავითარი ეჭვის საბაბი არ არსებობს. პარლამენტის სამხედრო კომისიის თავმჯდომარე ნოდარ ნათაძე ჩვენ შევიყვანეთ თავდაცვის საბჭოში. ეს უპრეცედენტო შემთხვევაა. ეს იმისთვის გავაკეთეთ, რომ იქ ყოფილიყო ადამიანი, რომელიც პარლამენტართა იმ ნაწილის განწყობილებას გადმოგვცემდა, რომელსაც ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიმართ შენიშვნა გაუჩნდება. ასეთი საშუალება არსებობს ჩვენთან.

თავდაცვის საბჭომ უფრო აქტიურად შეიძლება იმუშაოს აფხაზური საკითხების კომისიასთან. გული მწყდება, რომ ბატონ ივლიანე ხაინდრავას მხარი არ დაუჭირეთ. მართალია, მე და მას განსხვავებული აზრები და პოზიციები გვაქვს, მაგრამ მას პატივს ვცემ, როგორც ისეთ პიროვნებას, რომელსაც შეუძლია დაიცვას საკუთარი მოსაზრება რთულ სიტუაციაშიც. ვფიქრობ, თუ ის კომისიის ხელმძღვანელი იქნებოდა, თავდაცვის საბჭოსთან ურთიერთობაც უფრო სხვაგვარი იქნებოდა. თავდაცვის საბჭოს არ შეუძლია, ყველაფერზე დაუფარავად ილაპარაკოს პარლამენტში, რადგან სხდომები პირდაპირ გადაიცემა. უფრო მწვავე საკითხების განხილვისას, დახურული სხდომები უნდა ჩატარდეს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოსახლეობას არ ვენდობით. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენს ნათქვამს კეთილმოსურნეებთან ერთად მოწინააღმდეგენიც ისმენენ.

გუშინ თავდაცვის საბჭომ რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. მათ შორისაა ერთიანი ჯარების შექმნა და ამასთან დაკავშირებულ პრობლემათა მთელი კომპლექსი. ჩვენ ყოველდღე თუ არა, დღეგამოშვებით მაინც ვიკრიბებით. და თუ ყველაფერი ისე არ კეთდება, როგორც სასურველია, ამას ობიექტური მიზეზები გააჩნია. საჭიროა, რესურსები, მათ ძებნას ჭირდება დრო, რომელიც არ გაგვაჩნია. კმაყოფილი ვიქნები, თუ აფხაზეთის კომისიის საკითხს დროულად და ისე გადავწყვეტდით, როგორც იყო შემოთავაზებული.

კიდევ ერთი, ძალზე რთული საკითხია გადასაწყვეტი - რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკების საკითხი.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებამ, რომელიც მან გუშინ გააკეთა ჰელსინკში, ძალზე გაურკვეველ მდგომარეობაში ჩამაყენა. ბატონმა ჩიკვაიძემ დარეკა და თქვა, რომ საშინელება ხდებაო, რომ ფაქტობრივად „ბუნტია“ არა მარტო ყოფილ საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების, არამედ ევროპული ქვეყნების წარმომადგენლებში, თუმცა, გუშინ საღამოსვე გაკეთდა მეორე განცხადებაც.

მეორე, რუსეთის პარლამენტმა გამოაქვეყნა უცნაური განცხადება, იმის შესახებ, რომ იგი მოუწოდებს ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებს, განიხილონ საკითხი კონფედერაციაში შესვლის შესახებ, ფედერაციაში შესვლის შესახებ. ესეც გაუგებარია. ამიტომ, ნება მომეცით, ხვალამდე ვიფიქრო, ჩაიშალოს თუ არა რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკება, ან შეიძლება შეჩერდეს მანამ, სანამ გავერკვევით რას ნიშნავს კოზირევის ურთიერთგამომთიშველი განცხადებები, ან რუსეთის პარლამენტის პოზიცია. ამიტომ, ნება მომეცით, ვიფიქრო, თუ რა განცხადება უნდა გააკეთოს ამ საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტმა.

ედუარდ შევარდნაძე: არცერთი ნაბიჯი არ უნდა გადაიდგას ჩვენი ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ / ე. შევარდნაძე // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 16 დეკემბერი. - N255(534). - 1 გვ.

104 დამნაშავეთა წინააღმდეგ ბრძოლა დღითიდღე გამძაფრდა

▲ზევით დაბრუნება


შეხვედრა ქალაქის ხელმძღვანელებთან მაფიოზური კლანები საბაზრო ეკონომიკის განვითარების საშიში მტრები არიან. ამიტომ დაუძინებელ ბრძოლას ვუცხადებთ მათ - განაცხადა 14 დეკემბერს ქალაქ თბილისის ხელმძღვანელობასთან ტრადიციად დამკვიდრებული შეხვედრის დროს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ - სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ.

ქალაქის პროკურორის მიხეილ ქურდაძის ინფორმაციის თანახმად მთელი წლის განმავლობაში თბილისში ჩადენილი ხუთი ათასი დანაშაულიდან წინასწარ გამოძიებული და სასამართლომდე მიტანილია მხოლოდ ცხრაასი საქმე. დანაშაულის გაუხსნელობის მიზეზით შეჩერებულია 3200 საქმის გამოძიება. აღნიშნული რაოდენობის დანაშაულთა გამოძიებაზე მხოლოდ ოცდაცამეტი გამომძიებელი მუშაობდა.

პირდაპირ კატასტროფულია, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში თბილისში დამნაშავეთა ხელით დაიღუპა თითქმის იმდენივე ახალგაზრდა, რამდენიც აფხაზეთის ომში.

ბატონ ქურდაძის თქმით, დანაშაულთა გახსნის ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორი ის არის, რომ საზოგადოებრივი აზრი ხშირად დამნაშავეთა სამყაროს მხარეზე იხრება. დაუცველია არა მარტო მოქალაქე, არამედ სამართალდამცავი ორგანოს მუშაკიც.

თუ სტრუქტურულად არ შეიცვალა სამართალდამცავი ორგანოები, მდგომარეობის გამოსწორება შეუძლებელი იქნება.

ქალაქის პოლიციის სამმართველოს უფროსის დავით ზეიკიძის აზრით, რეკეტის განვითარებამ ასეთ ეტაპს მიაღწია, რომ მასთან ბრძოლა დიდ პრობლემებთან არის დაკავშირებული. სამწუხაროა, აღნიშნა მან, რომ ხშირად დანაშაულს შეიარაღებული ფორმირებების წევრები და გვარდიელის ყალბი წიგნაკით გათამამებული ახალგაზრდები სჩადიან. სასამართლოს უფროსის თქმით, დამნაშავეთა განთავისუფლების მიზნით სხვადასხვა ინსტანციიდან ხშირად რეკავენ, რაც მას აფიქრებინებს, რომ პოლიციის ორგანოს ზოგიერთ თანამშრომელს კავშირი აქვს დამნაშავეთა სამყაროსთან.

მისივე მონაცემებით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში დაკავებულია რამდენიმე შენიღბულ დამნაშავეთა ჯგუფი. ჩადენილ დანაშაულთა 75 პროცენტი უკვე გახსნილია.

შეხვედრაზე კმაყოფილებითა და იმედით აღინიშნა, რომ რკინიგზის მაგისტრალების დაცვის მიზნით შეიქმნა სატრანსპორტო პოლიცია რკინიგზის გასამხედროებული დაცვისა და სატრანსპორტო პოლიციის ბაზაზე.

სახელმწიფოს მეთაურის ბრძანებით ტრანსპორტის პოლიციის მუშაკებს დამნაშავეთა მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში უფლება ეძლევათ შემთხვევის ადგილზე გაანადგურონ ბოროტმოქმედნი.

ქალაქის ხელმძღვანელებთან შეხვედრის დროს საუბარი თბილისის მართვის ახალ სტრუქტურებსაც შეეხო.

შეხვედრის შედეგები შეაჯამა ედუარდ შევარდნაძემ.

დამნაშავეთა წინააღმდეგ ბრძოლა დღითიდღე გამძაფრდა / ე. შევარდნაძე // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 17 დეკემბერი. - N256(535). - 2 გვ.

105 მის აღმატებულებას ბატონ ვ. ს. ჩერნომირდინს რუსეთის ფედერაციის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს

▲ზევით დაბრუნება


პატივცემულო ვიქტორ სტეფანეს ძევ!

სულითა და გულით გილოცავთ რუსეთის ფედერაციის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტის დაკავებას და დიდ წარმატებებს გისურვებთ ამ უაღრესად ძნელ და პასუხსაგენ ასპარეზზე.

ეს მოლოცვა იმდენადვე გულწრფელია, რამდენადაც დიდია სურვილი ვაშენოთ ახალი სრულფასოვანი ურთიერთობა საქართველოსა და რუსეთს შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციების შესაბამისად, ჩვენი ქვეყნებისა და ხალხების კეთილდღეობისათვის.

ნება მიბოძეთ მოგახსენოთ, რომ პრეზიდენტ ბ. ელცინის არჩევანი უმძიმესი კრიზისის რთულ პირობებში ის არჩევანია, რომელსაც მიესალმებიან საქართველოშიც, სადაც თქვენ ახსოვხართ და გაფასებენ, როგორც შესანიშნავ ხელმძღვანელს, დიდ სპეციალისტსა და კეთილ გულისხმიერ ადამიანს.

ვიმედოვნებთ, შევძლებთ ისეთი საქმიანი კონტაქტების დამყარებას, რომლებიც ხელს შეუწყობს თქვენს მიერ განხორციელებული გარდაქმნების წარმატებას და ღირსეულად დაგვაძლევინებს ჩვენი დროის სირთულეებს.

კიდევ ერთხელ გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს.

ე. შევარდნაძე.

მის აღმატებულებას ბატონ ვ. ს. ჩერნომირდინს რუსეთის ფედერაციის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს / ე. შევარდნაძე // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 17 დეკემბერი. - N256(535). - 1 გვ.

106 წესრიგის დასამყარებლად უკვე გადაიდგა პირველი ნაბიჯები

▲ზევით დაბრუნება


ედუარდ შევარდნაძის 21 დეკემბრის რადიოინტერვიუ

- არ მინდა კვლავ გავიმეორო ის პრობლემები რომლებიც საქართველოს პარლამენტის განცხადების მიზეზი გახდა - ეს იყო იძულებითი ნაბიჯი რომელიც ჩვენ უნდა გადაგვედგა და გადავდგით კიდეც. მაგრამ, მაინც, გულისტკივილით უნდა აღვნიშნო, რომ ამ განცხადების მიღება დაგვჭირდა ისეთ ფონზე, როცა საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობა მოწესრიგების, დალაგების გზას ადგა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ - სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ თავის ტრადიციულ რადიოინტერვიუში კომენტატორ ნატო ონიანთან, როცა განვლილი კვირის მოვლენები გააანალიზა.

- რუსეთში ახლა რთული პროცესები მიმდინარეობს, - განგრძო მან. - და საგარეო საქმეთა მინისტრის ანდრია კოზირევის განცხადებები, რომლებზეც მთელი მსოფლიო ალაპარაკდა, ამ ქვეყანაში არსებული მძაფრი წინააღმდეგობებისა და შინაგანი ბრძოლების ანარეკლია. არ გავიმეორებ ამ პროცესების თუ წინააღმდეგობების მიზეზებს, მათზე ბევრჯერ მისაუბრია, მაგრამ სხვა საქმეა, რამდენად უნდა იყოს გამართლებული საგარეო საქმეთა მინისტრის ასეთი ფორმის გამოსვლები... მე მგონი, ეს უფრო თამაშს გავდა, ბავშვს თითს რომ დაუქნევენ, ჭკუით თუ არ იქნები ასე და ასე დაგემართებაო. ალბათ სხვა ფორმით შეიძლებოდა ამის გაკეთება, რომ შემდეგ თავის მართლება არ ყოფილიყო საჭირო. ისე კი, მსოფლიომ მართლაც რომ უნდა იცოდეს, როგორია რუსეთი სინამდვილეში და ვის უნდა დაუჭიროს მხარი. ამაზე ლაპარაკი აუცილებელია.

შეეხო რა საერთაშორისო ორგანიზაციების როლს და თანამედროვე მსოფლიოს პროცესებში მონაწილეობას, საქართველოს სახელმწიფოს მეთაურმა კვლავ გაიმეორა თავისი მოსაზრება იმის შესახებ, რომ უშიშროების ევროპული სტრუქტურები და თვით გაერთიანებული ერების სტრუქტურებიც აკადემიური სტილით მუშაობენ და ისე მოქმედებენ, თითქოს ოპერატიული რეაგირება არ იყოს საჭირო. ადრე, როცა მსოფლიოში ორი ბანაკი არსებობდა, - თქვა ედუარდ შევარდნაძემ, - ისინი უპირისპირდებობდნენ და აწონასწორებდნენ კიდეც ერთმანეთს. მაგრამ ახლა მშვიდობის გარანტი საერთაშორისო სტრუქტურები უნდა იყოს და მათი ოპერატიული მოქმედება დროის მოთხოვნაა. ყველაფერი, რაც იუგოსლავიაში მოხდა, ასეთი დაგვიანებული მოქმედების შედეგია, თუმცა, უნდა ვთქვა, საერთაშორისო ორგანიზაციები ამჟამად იუგოსლავიაში საკმაოდ აქტიურად მუშაობენ.

შემდეგ საუბარი შეეხო აფხაზეთში რუსეთის სამხედრო ვერტმფრენის დაღუპვის გამო, იქაური ოფიციალური პირების მიერ ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებს, რომლებიც რუსეთის საინფორმაციო წყაროებით გადაიცა. საქართველოს სახელმწიფოს მეთაურმა ამასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ - თავისთავად სხვა ქვეყნის სამხედრო ვერტმფრენის გამოჩენა სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ისიც სამხედრო თვითმფრინავების თანხლებით, ყველა საერთაშორისო ნორმის დარღვევაა და ამას დამრღვევი მხარე ვერაფრით ვერ გაამართლებს. მეორე მხრის მიერ მისი აღკვეთა კი ნებისმიერ შემთხევევაში გამართლებული იქნებოდა.

ამიტომ, ვინ როგორი არგუმენტიც უნდა მოიშველიოს, ყველა საფუძველს არის მოკლებული, მით უმეტეს, რომ ამ ვერტმფრენში ქართველი ტყვეებიც იყვნენ და მას ქართველთა მხარე არ ჩამოაგდებდა, - განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.

ახლა ბევრს ლაპარაკობენ იმის შესახებ, თუ რისთვის გვჭირდება რუსეთი და რისთვის ვჭირდებით ჩვენ მას. თუ რისთვის გვჭირდება ჩვენ რუსეთი - ეს გარკვეულია, და ამის გამეორება არ არის საჭირო. მართალია, რუსეთი უჩვენოდ არ დაიღუპება, მაგრამ საქართველო მასაც რომ სჭირდება, ესეც ცხადია. არასტაბილური ამიერკავკასია არასტაბილური კავკასიაა, კავკასია კი რუსეთიც არის. მე მგონი, გაითვითცნობიერებენ საქართველოს როლს კავკასიის სტაბილიზაციის საქმეში, თუ კი ეს ჯერ არ გაუკეთებიათ. ამდენად, საქართველო რუსეთს სჭირდება.

რადიოკომენტატორის კითხვაზე - ხომ არ არის საქართველოში სოციალური აფეთქების საფრთხე, სახელმწიფოს მეთაურმა განაცხადა - კრიმინოგენური ვითარება საქართველოში კვლავ რთულია, მაგრამ წესრიგის დასამყარებლად თბილისში უკვე გადაიდგა პირველი ნაბიჯები. საჭიროა თბილისელებმა მხარი დაუჭირონ პოლიციას. ასეთი ღონისძიებები დასავლეთ საქართველოშიც დაიწყება. უახლოეს ხანში ჩვენ შეიძლება მივაღწიოთ წესრიგს, მაგრამ სოციალური დაძაბულობა დარჩება. ამიტომ, სოციალური აფეთქება ახლა ადვილია, არის ისეთი ხალხიც, რომელიც გვაშინებს, რომ ქუჩაში გამოვა. მაგრამ ასეთი რამ არ მოხდება, აქამდე საქმეს არ მივუშვებთ, რადგან თუ კი დავინახავთ, რომ ვიღაც უკეთ აკეთებს სადღეისო საქმეს, ვიდრე ჩვენ, გზის დათმობის პრობლემა არ იქნება. არა მგონია, რაიმე მოიგოს, თუ კი ვინმე ჩვენს გაგდებას მოინდომებს. ეს ქარის წისქვილებთან ბრძოლას დაემსგავსება და არ უნდა მოხდეს, - თქვა დასასრულ ედუარდ შევარდნაძემ.

წესრიგის დასამყარებლად უკვე გადაიდგა პირველი ნაბიჯები / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 22 დეკემბერი. - N259(538). - 1 გვ.

107 „დარწმუნებული ვარ, რომ ხვალ ჩემი საქართველო აყვავებული და ბედნიერი იქნება“

▲ზევით დაბრუნება


ედუარდ შევარდნაძემ ინტერვიუ მისცა იტალიის ტელევიზიას

პაოლო ბერნარი, იტალიის „რაი-2“ ტელეკომენტატორი ღელავდა: - ამ ინტერვიუს მთელი იტალია ელოდება, რადგან კარგად იცნობს ბატონ ედუარდ შევარდნაძეს, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს პოლიტიკოსს, რომელმაც შეცვალა ჩვენი სამყარო. ამასთანავე არ შემიძლია არ დავამატო ისიც, რომ იტალიას უყვარს ედუარდ შევარდნაძე. ამიტომ გასაგებია ჩემი ღელვა. სულ რამდენიმე დღის წინათ შედგა სატელეფონო საუბარი ბატონ ედუარდსა და ბატონ ანდრეოტის შორის, რომელმაც მთელი იტალიური საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია. ამასობაში ტელეოპერატორებმა მოამზადეს სოფიტები, კიდევ ერთხელ შეამოწმეს აპარატურა და N1 მზადყოფნა გამოცხადდა.

ოთახში შემოვიდა ბატონი ედუარდი, ღიმილით მიესალმა სტუმრებს და დაიწყო ინტერვიუ, რომელიც ჩვენი აზრით, არც ქართველი მკითხველისათვის უნდა იყოს უინტერესო.

კითხვა: ინტერვიუ მინდა დავიწყო მეტად მნიშვნელოვანი საკითხით - თქვენი ნათლობის შესახებ, როგორ მოხდა ეს?

ედუარდ შევარდნაძე: ალბათ, უფრო საინტერესოა, როგორ მივედი ამ მნიშვნელოვან ფაქტამდე ჩემს ცხოვრებაში, როგორ შეიცვალა ჩემი მსოფლმხედველობა. ეს ძნელი ბრძოლის შედეგია. მერწმუნეთ, კომუნისტური იდეოლოგიიდან მისვლა ქრისტიანულ ფილოსოფიამდე იოლი საქმე არ არის. ეს მეტად რთული პროცესია.

კითხვა: იტალიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თქვენი ნათლობის ფაქტი - ეს თქვენი პოლიტიკური კარიერის აუცილებელი გზაა.

ედუარდ შევარდნაძე: ეს ასე არ არის. ეს არის ჩემი ახალი მსოფლმხედველობის ფაქტი. ეს იმიტომ კი არ მოხდა, რომ პოლიტიკას სჭირდებოდა. პოლიტიკაშიც რომ არ ვყოფილიყავი, მე მაინც მივიდოდი ამ დასკვნამდე.

კითხვა: რა გინდოდათ ამ ფაქტით გეთქვათ მსოფლიოსთვის?

ედუარდ შევარდნაძე: მე მოვიგე ყველაზე ძნელი ბრძოლა - ბრძოლა საკუთარ თავთან.

კითხვა: შეასრულეს თუ არა რაიმე როლი თქვენს გადაწყვეტილებაში კერძო პიროვნებებმა?

ედუარდ შევარდნაძე: როგორც ყოველი ადამიანი, რასაკვირველია, მეც გარემოცვაში ვიმყოფები. მაგრამ, ამ შემთხვევაში, მე ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ მხოლოდ ჩემს პიროვნებაში მიმდინარეობდა მთავარი პროცესები. ეს იყო ბრძოლა საკუთარ თავთან.

კითხვა: თქვენმა ოჯახმა თუ შეასრულა დადებითი როლი ამ გადაწყვეტილებაში?

ედუარდ შევარდნაძე: რაც შეეხება ჩემს ოჯახს, ჩვენ ერთად მივდიოდით ამ გზით: მეუღლე, შვილები, შვილიშვილები.

კითხვა: თქვენ ქრისტიანული ერის შვილი ბრძანდებოდით. როდის იგრძენით, რომ უნდა გახდეთ ქრისტიანი, როდესაც დაემხო კომუნისტური იდეოლოგია, თუ უფრო ადრე?

ედუარდ შევარდნაძე: მაშინაც კი ვგრძნობდი და მესმოდა ყველაფერი, როცა მწამდა და მჯეროდა კომუნისტური იდეოლოგიისა. ცნობილია, რომ ჩემმა სამშობლომ, საქართველომ მეოთხე საუკუნეში მიიღო ქრისტიანობა, ფაქტობრივად კი ზოგიერთმა რეგიონმა უფრო ადრეც. საქართველოსათვის ამ ფაქტმა ერთის მხრივ, გიგანტური როლი შეასრულა კულტურის, ზნე-ჩვეულების, ლიტერატურის და, ბოლოს, მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში, მეორე მხრივ, საქართველომ საუკუნეების მანძილზე სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლის გზა განვლო მუსულმანური ქვეყნების გარემოცვაში. კიდევ ერთი რამ არის გასათვალისწინებელი: ამ პროცესების შედეგად მიუხედავად მრავალსაუკუნოვანი და უსასტიკესი ბრძოლებისა, ცხოვრებამ თავისი ქნა და საქართველოში ჩამოყალიბდა სხვადასხვა რელიგიების თანაარსებობის უნიკალური ფენომენი.

კითხვა: ბატონო პრეზიდენტო, თქვენ დაბრუნდით საქართველოში. ამ ფაქტმა ხომ არ დაბადა ეჭვი, რომ თქვენ იმიტომ იწამეთ ქრისტიანობა, რომ ეს პოლიტიკას სჭირდებოდა?

ედუარდ შევარდნაძე: დიახ, არის ასეთი ეჭვი. ყველა პოლიტიკოსის ბედია, რომ ყოველი მისი ნაბიჯი ეჭვს იწვევს, მაგრამ მე პოლიტიკაში ყოველთვის პატიოსნების მომხრე ვარ. პატიოსნების პრინციპებზე ვდგავარ. ამას ხალხი ადრე თუ გვიან იგებს...

კითხვა: ბატონო პრეზიდენტო, რადგან საქართველო რეგიონში ქრისტიანობის კუნძულია, ხომ არ გააღრმავებს ეს ფაქტორი მის იზოლაციას?

ედუარდ შევარდნაძე: არა მგონია. საქართველოში არსებობს სხვადასხვა რელიგიების თანაარსებობის უნიკალური ცხოვრებისეული გამოცდილება. ჩვენთან ნებისმიერი რელიგიის სრული თავისუფლებაა. ისლამის რელიგიის ასიათასობით მორწმუნეა. 26 საუკუნეა, რაც ებრაელები ცხოვრობენ საქართველოში. აქ არიან კათოლიკები. გრიგორიანელები - სომხები და სხვა. რაც შეეხება პირადად ჩემს ურთიერთობას მუსულმანურ სამყაროსთან, - აქ პრობლემები არა მაქვს და არ მექნება. მე კარგი ურთიერთობა მაქვს თურქეთის ხელმძღვანელობასთან, ასევე კარგი ურთიერთობა მაქვს ირანთან.

კითხვა: ბატონო პრეზიდენტო, ვინ არის დღეს თქვენი ღმერთი?

ედუარდ შევარდნაძე: ვინ არის ჩემი ღმერთი? მე ფანატიკოსი არ ვარ. წარმოდგენილი მაქვს, რომ არის უზენაესი ძალა, რომლის მხედველობის არეში ვართ ყველა. ეს უზენაესი ძალა განსჯის ჩვენს სიმართლეს, ჩვენს პატიოსნებას, ჰუმანიზმს, კაცთმოყვარეობას, სიკეთეს. ეს ძალა ჩემთვის არის ღმერთი, ხორციელქმნილი, სიტყვა, ლოგოსი.

კითხვა: დავბრუნდეთ წარსულში. ჩავატაროთ ისტორიული წიაღსვლა, როდესაც თქვენ იყავით კომუნისტური იდეოლოგიის ლიდერი, თქვენ იცოდით, რომ მარქსიზმი არ უტოვებს რელიგიას ადგილს, თქვენ კი არ იყავით ქრისტიანული რელიგიის მოწინააღმდეგე, რას ნიშნავს ეს?

ედუარდ შევარდნაძე: მარქსიზმი მე კარგად შევისწავლე, არ ვიცი, კარგია ეს თუ არა. ალბათ, კარგია, საფუძვლიანმა შესწავლამ და ცხოვრებისეულმა პრაქტიკამ მიმიყვანა დასკვნამდე, რომ ყველაფერი უნდა შეიცვალოს, თორემ მსოფლიო დაიღუპება. ეს არის მთავარი.

კითხვა: როდის მიხვედით ამ დასკვნამდე?

ედუარდ შევარდნაძე: თარიღის დასახელება შეუძებელია, ადამიანი არ მიდის ამ დასკვნამდე ერთ დღეში და თუ გინდ ერთ წელიწადშიც. ეს იყო პროცესი, ხანგრძლივი პროცესი. რეალურმა ცხოვრებამ დამარწმუნა, რომ ის, რაც ხდება მსოფლიოში - იდეოლოგიური და კლასობრივი გათიშვა, ცივი ომი - მიიყვანს მსოფლიოს კატასტროფამდე. და ამ დასკვნამდე შეუძლებელია ადამიანი მივიდეს რაღაც გარკვეულ კონკრეტულ დღეს.

კითხვა: ბატონო პრეზიდენტო, როგორ აფასებთ დღეს თქვენ წარსულ პოლიტიკურ ასპარეზს?

ედუარდ შევარდნაძე: შეიძლება ეს არ იყოს თავმდაბალი კაცის პასუხი. მაგრამ მე კმაყოფილი ვარ ჩემი თავისა. მე შევძელი თითქმის შეუძლებელი.

კითხვა: ისტორია რომ დავაბრუნოთ უკან, რას არ აკეთებდით დღეს და რას ისურვებდით, რომ გაგეკეთებინათ?

ედუარდ შევარდნაძე: თუ ის ეპოქა იქნებოდა, რომელშიც მე ვცხოვრობდი, მაშინ უნდა გამევლო ის გზა, რომელიც გავიარე. მე ხომ ჩემი ეპოქის შვილი ვარ, საკუთარი თავისადმი პრეტენზიების წაყენებაც ობიექტური უნდა იყოს. მაგრამ ერთს მაინც ვიტყვი: ჩემი მშობლები ოცნებობდნენ, რომ მე ექიმი ვყოფილიყავი. მგონია, მათთვის რომ დამეჯერებინა, კარგი ექიმი დავდგებოდი. იქნებ ასე სჯობდა (?!)

კითხვა: დღეს თქვენ ბრძანდებით იმ პატარა ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც საომარ მდგომარეობაშია. თქვენ, რომელმაც ითამაშეთ ისტორიული როლი მსოფლიოს გარდაქმნაში, შეგეძლოთ გეცხოვრათ საზღვარგარეთ და საკმაოდ უზრუნველადაც, რამ გადაგადგმევინათ ეს ნაბიჯი?

ედუარდ შევარდნაძე: სიყვარულმა, ჩემი ქვეყნის სიყვარულმა და პასუხისმგებლობამ. დღეს ჩემი ქვეყანა ისეთ მდგომარეობაშია, რომ არ შემეძლო სხვა არჩევანი გამეკეთებინა. უჩემოდ ძნელი იქნებოდა ჩემი ქვეყნისათვის. ჩემი მონაწილეობა აუცილებელი იყო ჩემი სამშობლოს დემოკრატიული გზის მშენებლობაში. დანაშაული იქნებოდა, რომ ამ დროს ჩემთვის ოაზისი მეძებნა.

კითხვა: რწმენამ, რელიგიურმა რწმენამ თუ შეასრულა გარკვეული როლი ამ გადაწყვეტილებაში?

ედუარდ შევარდნაძე: ყველაფერმა ერთად. ეს საკითხი - ერთ კონტექსტში უნდა განვიხილოთ - ბრძოლა თავისუფლებისათვის, დემოკრატიისათვის, ქრისტიანობისათვის.

კითხვა: როგორ შეაფასებდით ვითარებას თქვენს ქვეყანაში?

ედუარდ შევარდნაძე: ძალიან მძიმე ვითარებაა. და რომ არა დიდი სიყვარული იტალიისადმი, მისი ხალხისადმი, ისე ვარ დაკავებული, რომ ვერ მოვიცლიდი ინტერვიუსათვის. შეზღუდულია ხორბლის რესურსები, არა გვაქვს საწვავი, ძველი იმპერია ისე იყო აწყობილი, რომ ყველა რესპუბლიკა ერთმანეთზე იყო დამოკიდებული, ყველა ერთად კი - ცენტრზე. აი რატომ აღმოვჩნდით უძლურ მდგომარეობაში. მაგრამ მე იმედს არ ვკარგავ. საქართველოს უფრო მძიმე განსაცდელიც გადაუტანია. ღმერთი ჩვენთან არის.

კითხვა: რა ხდება აფხაზეთში, რატომ არის ამდენი მსხვერპლი?

ედუარდ შევარდნაძე: ეს რუსეთის რეაქციული ძალების ბრალია, მე მათ წითელ-მიხაკისფერ ჭირს ვუწოდებ, რომელიც აფხაზური სეპარატიზმის წისქვილზე ასხამს წყალს. დღეს რეალური საფრთხე დაემუქრა საქართველოს მთლიანობას, მაგრამ საქართველო არც ერთ გოჯ მიწას არ დათმობს, ეს შეუძლებელია.

კითხვა: ბატონო პრეზიდენტო, სულ რამდენიმე დღის წინათ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სტოკჰოლმში განცხადება გააკეთა, რომ რუსეთი არ დათმობს თავის ინტერესებს ყოფილ რესპუბლიკებში, და თუ დასჭირდა, ძალასაც კი გამოიყენებს. თქვენ რა შეფასებას მისცემთ ამას?

ედუარდ შევარდნაძე: როდესაც მან ეს განცხადება გააკეთა, მერე დააზუსტა, რომ ეს იმ ძალების აზრია, რომლებიც პრეზიდენტ ელცინს ებრძვიანო. მაგრამ, უნდა ვივარაუდოთ, რომ ასეთი საფრთხე არ არის გამორიცხული. ჩვენ ამას აფხაზეთის მაგალითზეც ვხედავთ.

კითხვა: ბატონო პრეზიდენტო, თუ რომელიმე რესპუბლიკა კონფლიქტშია რუსეთთან და მას გააჩნია ბირთვული იარაღი, არის თუ არა შესაძლებელი, რომ ის მან გამოიყენოს?

ედუარდ შევარდნაძე: ბირთვული იარაღის გამოყენებას გამოვრიცხავ. მსოფლიოს ვეღარავინ გაყოფს ორ ნაწილად, მე რესპუბლიკებსაც ვგულისხმობ. ბირთვულ ომს გამოვრიცხავ. დღეს ეს საფრთხე რეალურად არ არსებობს და ვამაყობ, რომ ჩემი წვლილიც არის ამ დიდ საქმეში.

კითხვა: თქვენ და გორბაჩოვი ბრძანდებით გარდაქმნის მამამთავრები. შეიძლება თუ არა, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირი დაუბრუნდეს ტოტალიტარულ სისტემას?

ედუარდ შევარდნაძე: მე არაერთხელ ვაფართხილე დიქტატურის საფრთხეზე. სამწუხაროდ, ჩემი მწარე პროგნოზი გამართლდა. მხედველობაში მაქვს მოსკოვის აგვისტოს პუტჩი. დღესაც მიმაჩნია, რომ ასეთი საფრთხე არსებობს. და თუ ეს მოხდა, შეიძლება გადაიზარდოს ცივ ომად მსოფლიო მასშტაბით, და არა მარტო ცივ ომად.

კითხვა: ბატონო პრეზიდენტო, როცა თქვენ იყავით საგარეო საქმეთა მინისტრი, კარგი ურთიერთობა გქონდათ ბატონ რეიგანთან, ბატონ ბუშთან. ახლა როცა თქვენ პატარა ქვეყნის პრეზიდენტი ხართ, როგორი იქნება თქვენი ურთიერთობა პრეზიდენტ კლინტონთან?

ედუარდ შევარდნაძე: ახლა სხვა დროა, მაგალითად, ბატონ რეიგანს მე შევხვდი 30-ჯერ, ასევე ხშირად ვხვდებოდი ბატონ ბუშს. მაგრამ ასევე კეთილი განწყობა მაქვს პრეზიდენტ ქლინტონთან. ამას მოწმობს ჩვენი სატელეფონო საუბარი ამ რამდენიმე ხნის წინათ. ჩვენ შევთანხმდით, რომ არ არსებობს არავითარი ფორმალური ბარიერები ჩვენი ურთიერთობისათვის. ჩვენ შეიძლება დაველაპარაკოთ ერთმანეთს ნებისმიერ საკითხებზე, რაც გვაინტერესებს.

კითხვა: ბატონო პრეზიდენტო, დღეს მსოფლიოში, სამწუხაროდ, ძალის პოლიტიკა იმარჯვებს დიალოგის პოლიტიკაზე. თქვენი აზრი?

ედუარდ შევარდნაძე: თქვენ იცით ჩემი საუბრის შესახებ ბატონ ანდრეოტისთან. ჩვენ ვილაპარაკეთ წინააღმდეგობებზე - ექსტრემისტულ სეპარატიზმზე, რომელიც მოიტანს ქაოსს. საფრთხე არსებობს მდიდარ და ღარიბ სამყაროს, სამხრეთსა და ჩრდილოეთს შორის დაპირისპირებაში. არსებობს საფრთხე, რომ ეს დაპირისპირება გადაიზარდოს დიდ უბედურებაში. თავის დროზე მე შევთავაზე უშიშროების საბჭოს, რომ ისეთი პოტენციურად ძლიერი ქვეყნები, როგორებიცაა გერმანია და იაპონია, გამხდარიყვნენ უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები. საჭიროა მივიღოთ კონსტრუქციული ზომები. დროა, ზოგადი მოწოდებებიდან გადავიდეთ რეალურ საქმეებზე. ესაა პრობლემის ხსნა.

კითხვა: ბატონო პრეზიდენტო, ქრისტიანული მოძღვრებით ოჯახი არის ადამიანის ცხოვრების მთავარი ქვაკუთხედი. თქვენ იზიარებთ ამ შეხედულებას?

ედუარდ შევარდნაძე: აბსოლუტურად.

კითხვა: ბატონო პრეზიდენტო, თქვენ ღებულობთ გადაწყვეტილებებს მეტად რთულ სიტუაციებში. რას ეფუძნება თქვენი გადაწყვეტილებები?

ედუარდ შევარდნაძე: რწმენას. მაგრამ ჩემი რწმენა ემყარება სერიოზულ ანალიზს. დარწმუნებული ვარ, რომ ხვალ ჩემი საქართველო აყვავებული და ბედნიერი ქვეყანა იქნება. ჩემი რწმენა ემყარება ჩემი ქვეყნის გეოპოლიტიკურ მდგომარეობას. ჩემი გადაწყვეტილებები ქრისტიანულ რწმენაზეც არის დაფუძნებული. იცით, თუ რელიგიური რწმენა შთაუნერგავს ადამიანს კაცთმოყვარეობას, სიკეთეს, ჰუმანიზმს და პოლიტიკაში გადადის, მაშინ პოლიტიკა ღებულობს ადამიანურ სახეს. მისი საფუძველი კი სიკეთის წყაროდ იქცევა.

კითხვა: ეს თქვენი აზრია?

ედუარდ შევარდნაძე: დიახ, მე ყოველთვის ასე ვფიქრობდი, რადგან ეს ჩემთვის პრინციპული საკითხია. მე პოლიტიკაში, როგორც ზემოთაც მოგახსენეთ, პატიოსნების მომხრე ვარ. ეს ჩემი კრედოა.

იტალიის ტელეკომენტატორი: დიდი მადლობა, ბატონო პრეზიდენტო.

ედუარდ შევარდნაძე: მე მივესალმები იტალიელ ხალხს, ძალიან მიყვარს იტალიელები და იტალია. მაგრამ... საქართველო - უპირველეს ყოვლისა!

„დარწმუნებული ვარ, რომ ხვალ ჩემი საქართველო აყვავებული და ბედნიერი იქნება“ / ე. შევარდნაძე // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 22 დეკემბერი. - N259(538). - 1,2 გვ.

108 განიხილავენ სამხედრო კანონების პაკეტს

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პარლამენტის დღიური

23 დეკემბერს პარლამენტის დილის სხდომაზე სიტყვა აიღო სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ. მან, კერძოდ თქვა:

თქვენ იცით: ჩვენ ჯერ არა გვაქვს რაიმე ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ პარლამენტის მიერ ერთსულოვნად მიღებული განცხადების შემდეგ რაიმე შეიცვალა რუსეთის პოლიტიკაში აფხაზეთთან დაკავშირებით. მხედველობაში არა მაქვს „დიდი პოლიტიკა“, მე ვულისხმობ იმ სამხედრო ნაწილების მოქმედებას, რომლის შესახებაც აქ ჩამოვაყალიბეთ აზრი და რომელთა შესახებაც ჩვენ პროტესტი გამოვხატეთ. უნდა ვთქვა, რომ გუშინაც ორჯერ იყო სოხუმის თავზე საჰაერო სივრცის დარღვევის შემთხვევა, დაფრინავდნენ სამხედრო თვითმფრინავები. იმ დილითაც განმეორდა ეს. ამასთან დაკავშირებით მინდა ერთხელ კიდევ განვაცხადო, ერთხელ კიდევ, ვინაიდან გუშინ ჩემი დავალებით ასეთი განცხადება გაკეთდა, მაგრამ დღეს უკვე პარლამენტის ტრიბუნიდან უნდა ითქვას, რომ იმ ვერტმფრენის დაღუპვასთან დაკავშირებით, უდანაშაულო ადამიანთა მსხვერპლი რომ მოჰყვა, მთელი პასუხისმგებლობა ეკისრებათ იმ სამხედრო პირებს, მათ შორის იმ გენერლებს, რომელთა რეზიდენცია გუდაუთაშია. მათ გასცეს ბრძანება, რომ სამხედრო ვერტმფრენები და მოიერიშე სამხედრო თვითმფრინავი სამოქალაქო პირებითურთ, იარაღით და ქართველ ტყვეებთან ერთად გაეგზავნათ ტყვარჩელში, აკრძალული მარშრუტით, ხელისუფლების ნებართვის გარეშე. ეს თითქოს ელემენტარული ჭეშმარიტებაა და ყველამ ვიცით, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ იმისათვის, რომ ეს გაიგონოს მთელმა მსოფლიომ. დღეს პარლამენტის სხდომაზე ვაცხადებ - მთელი პასუხისმგებლობა ყოველი ადამიანის, ყოველი ბავშვის სიცოცხლისათვის ეკისრებათ იმათ, ვინც ბრძანება გასცა დაერღვიათ საქართველოს საჰაერო სივრცე, უგულებელყოთ საქართველოს სუვერენული უფლებები, რასაც ისინი საკმაოდ ხშირად სჩადიან.

ამის გარდა, ალბათ, საგულისხმოა ისიც, რომ ბავშვებთან და ტყვეებთან ერთად იყვნენ აფხაზი მოთარეშეები. სულ კი ვერტმფრენში სამოცი კაცი იმყოფებოდა. რუსეთის საინფორმაციო საშუალებებმა გადმოსცეს ეგრეთ წოდებული დაზუსტებული მონაცემი, თითქოს ოცდათოთხმეტი კაცია დაღუპული. ეს იმისათვის სჭირდებათ, რომ ამტკიცონ, თითქოს ვერტმფრენი გადატვირთული არ ყოფილა. მაგრამ არსებობს დაღუპულთა სია, რომელშიც სამოცზე მეტი ადამიანია დასახელებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ვერტმფრენი გადატვირთული იყო და ეს გადატვირთვა შეიძლებოდა ყოფილიყო კატასტროფის მიზეზი. მასში იმყოფებოდნენ აფხაზი მოთარეშეებიც, მათ შორის ერთ-ერთი ცნობილი ავაზაკი, რომელმაც აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შტურმის დროს სხეულის მძიმე დაზიანება მიაყენა მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრს გივი ლომინაძეს. აქედან უკვე გასაგებია, თუ რა მიზნებით გაგზავნეს ეს სამხედრო თვითმფრინავები და იმ მარშრუტით, რომელიც თქვენთვის ცნობილია. ამ დაზუსტებებს შეიძლება ჰქონდეს პრინციპული მნიშვნელობა ჩვენი საზოგადოებრიობისათვის, რუსეთის საზოგადოებრიობისა და მსოფლიო აზრისათვის. სათანადო განცხადებები ჩემი დავალებით უკვე გაკეთდა პრესაში.

დღეს რა მდგომარეობაა. როგორც გახსოვთ, ამ რამდენიმე დღის წინათ თითქოსდა მიღწეული იყო შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. სინამდვილეში ეს შეთანხმება არ სრულდება. როგორც ყოველთვის, გუშინაც აფხაზთა მხარემ დაარღვია იგი გუმისთის რაიონში. ამ დილითაც იყო შეტევის მცდელობა ოჩამჩირის რაიონში. რა თქმა უნდა, ეს შეტევა მოგერიებულია, მაგრამ მე აღვნიშნავ თავად ფაქტს, რომ აფხაზ ექსტრემისტებს შეთანხმება მხოლოდ იმიტომ სჭირდებათ, რათა დრო მოიგონ, ხელსაყრელი პირობები შექმნან ამა თუ იმ სამხერო ამოცანის გადასაწყვეტად.

უნდა მოგაწოდოთ ერთი ინფორმაცია. გუშინ ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭო შეიკრიბა და საკმაოდ საფუძვლიანად, მრავალმხრივი ინფორმაციის ბაზაზე განიხილა იქ შექმნილი სამხედრო, პოლიტიკური მდგომარეობა და მიიღო ყველა საჭირო გადაწყვეტილება. უფრო კონკრეტულად ამის შესახებ ინფორმაციას ცოტა მოგვიანებით მოგაწვდით, შეიძლება ხვალ ან ზეგ. კეთდება ყველაფერი, რათა აღდგეს ცხოვრების ნორმალური პირობები ქალაქ სოხუმში, ოჩამჩირეში, სხვა ქალაქებსა და რაიონებში. ასევე განისაზღვრა ზოგიერთი სხვა ამოცანაც. უშიშროების საბჭომ წინასწარ განიხილა ეს კანონპროექტები, რომლებიც თქვენს განსახილველად არის დღეს წარმოდგენილი. იყო შენიშვნები და ვთხოვთ პარლამენტს, ამ შენიშვნების გათვალისწინებით, განიხილონ ისინი. გუშინ განვიხილეთ საკმაოდ დიდი კანონი, ამას კვლავ დაუბრუნდება უშიშროების საბჭო. ეს არის კანონი იარაღის შესახებ. ესეც ძალიან სერიოზული კანონპროექტია და მას დიდი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს მომავლისათვის.

ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ ილაპარაკა აგრეთვე ქალაქ თბილისის ხელმძღვანელობასთან მორიგი შეხვედრის შესახებ, რომელიც ტრადიციად იქცა. მან, კერძოდ, აღნიშნა, რომ ამ ბოლო დროს განხორციელებული ღონისძიებების შედეგად აღინიშნება მცირე, მაგრამ შესამჩნევი ძვრები ქალაქის ცხოვრებაში: დაწყებულია მუშაობა თბილისში წესრიგის დასამყარებლად, დანაშაულობათა აღსაკვეთად, ქალაქის მოსახლეობის პროდუქტებით მომარაგებისა და ქუჩების დასუფთავების სამსახურების ასამოქმედებლად. უახლოეს დროში ბუნებრივ აირზე იმუშავებენ ნაგვის, პურის, სასწრაფო დახმარების მანქანები და ამით ერთგვარად შემსუბუქდება ბენზინის უქონლობით გამოწვეული მრავალი გასაჭირი, რომელიც ესოდენ მძიმედ აწევს დღეს ჩვენს დედაქალაქს.

მინისტრთა კაბინეტმა მიიღო გადაწყვეტილება ქალაქის უფლებათა გაფართოების შესახებ. მას მიენიჭა მეტი ავტონომია, მაგრამ უფლებებთან ერთად გაიზრდება ხელმძღვანელთა პასუხისმგებლობაც.

განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ტრანსპორტის, კერძოდ, რკინიგზის ახლანდელ მძიმე მდგომარეობას. აღინიშნა, რომ საშინლად იძარცვება რკინიგზა, რომელმაც დღეისათვის 18 მილიარდი მანეთის ზარალი განიცადა. და ეს ეხება არა მარტო დასავლეთის რეგიონებს, კერძოდ სამეგრელოს, არამედ მთელ საქართველოს ტერიტორიას, სადაც გადის რკინიგზის ხაზები. ეს ნამდვილი ბარბაროსობაა და ქართველმა ხალხმა ამის შესახებ ყველაფერი უნდა იცოდეს. საზღვარგარეთ გასაყიდად იპარავენ სპილენძის ელექტროგაყვანილობას. იპარავენ არა მარტო მკვლელები, ბანდიტები, ყაჩაღები, არამედ რიგითი მოქალაქეებიც კი. და ისინი არ ფიქრობენ არათუ საკუთარ თავზე, არამედ საკუთარ შვილებზე, მომავალზე.

შეიცვალა სატრანსპორტო პოლიციის ხელმძღვანელობა. ამ სამსახურის უფროსად დანიშნულია გია გულუა. რკინიგზის პოლიციას შეუერთდა გასამხედროებული დაცვა - ათასზე მეტი კაცი. ამიერიდან განსაკუთრებით სახიფათო მონაკვეთებზე მატარებლებს გააცილებს შეიარაღებული დაცვა.

შემდეგ ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ პარლამენტარებს განსახილველად შესთავაზა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ჯილდოების დაწესების კანონპროექტი. მისი მიხედვით იმ მოქალაქეთა დასაჯილდოებლად, რომელთაც გმირობა, მამაცობა გამოიჩენს სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლებში, განსაკუთრებული პირადი წვლილი მიუძღვით დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში, უნდა დაწესებულიყო საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ჯილდოები - ორდენები და მედლები: დავით აღმაშენებლის ორდენი, ორდენი „ღირსეული მამულიშვილი“, მედლები - „მხედრული მამაცობისათვის“, „საბრძოლო დამსახურებისათვის“ და „უმწიკვლო სამსახურისათვის“.

წარმოდგენილ პროექტს დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდნენ პარლამენტის წევრებიც. მათ შემოიტანეს მთელი რიგი საინტერესო წინადადებები, იყო შენიშვნებიც. კანონპროექტი საბოლოოდ დაიხვეწება საპარლამენტო კომისიებისა და ფრაქციების წარმომადგენელთა შეკრებაზე და მას უახლოეს დროში გამოიტანენ დასამტკიცებლად.

სხდომის მონაწილეებმა წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი იმათ ხსოვნას, ვინც ზუსტად ერთი წლის წინათ - 1991 წლის 22 დეკემბერს შეეწირა საქართველოში ექსპრეზიდენტის ტოტალიტარული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას.

პარლამენტართა სერიოზული მსჯელობის საგნად იქცა სხდომაზე განსახილველად წარმოდგენილი კანონპროექტი საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის შესახებ. მან აზრთა დიდი სხვადასხვაობა გამოიწვია. კერძოდ, ეს შეეხებოდა პირველი თავის პირველ და მეორე მუხლებს: „საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის საფუძვლები“ და „საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის პოლიტიკის პრინციპები“. საკმაოდ ხანგრძლივი კამათის შემდეგ სათანადო პრინციპული შენიშვნების გათვალისწინებით კანონპროექტი მიიღეს.

პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო საქართველოს რესპუბლიკის კანონი სამხედრო მდგომარეობის სამართლებრივი რეჟიმის შესახებ.

საღამოს სხდომის უდიდესი ნაწილი დაეთმო „საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის ცვლილებათა და დამატებათა“ კანონპროექტის განხილვას.

სხდომამ გვიანობამდე გასტანა.

განიხილავენ სამხედრო კანონების პაკეტს / ე. შევარდნაძე // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 23 დეკემბერი. - N260(539). - 1 გვ.

109 „იძულებული ვარ ვთქვა“

▲ზევით დაბრუნება


ინტერვიუ შესვენების დროს

ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ უპასუხა „საქართველოს რესპუბლიკის“ საპარლამენტო კორესპონდენტის შეკითხვას:

- წინა სამშაბათს თბილის-სოხუმის მატარებელზე ყაჩაღური თავდასხმა თქვენ შეაფასეთ როგორც ქართველი ხალხის მტრების მოქმედება. დღეს ისევ რკინიგზასთან დაკავშირებით - კვლავ მკაცრი შეფასება - 18 მილიარდი მანეთის ზარალი, რაც დივერსიული აქტებით, ძარცვითა და ყაჩაღობით რკინიგზამ განიცადა, - თქვით თქვენ, არ არის მარტო პოლიტიკური მტრების ნამოქმედარი და ამის შესახებ სრული სიმართლე ხალხმა უნდა იცოდეს.

- უპირველეს ყოვლისა, უნდა გამოქვეყნდეს მასალა იმის შესახებ, თუ რა მოხდა რკინიგზაზე, რა დაემართა, რა დღეში ჩააგდეს; უნდა გამოქვეყნდეს, რომ წარმოდგენა გვქონდეს, რა უბედურების ჩადენა შეგვიძლია საკუთარი ქვეყნის, საკუთარი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ. გუშინ შეჯამებული ინფორმაცია რომ მოვისმინე, თუ რა მოხდა საქართველოს რკინიგზაზე, როგორ გავაჩანაგეთ ეს სიმდიდრე, როგორ გავანადგურეთ, ამან შემზარა და შემაძრწუნა, იქამდე, რომ როგორც ვიკადრო, მაგრამ იძულებული ვარ ვთქვა, - მე მრცხვენია, რომ მოქალაქე ვარ იმ ქვეყნის, რომელშიც ასე ბარბაროსულად ექცევიან ეროვნულ სიმდიდრეს, რომელიც გარკვეული საფუძველია ჩვენი ეკონომიკური და პოლიტიკური თავისუფლებისა.

„იძულებული ვარ ვთქვა“ / ე. შევარდნაძე // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 23 დეკემბერი. - N260(539). - 1 გვ.

110 ედუარდ შევარდნაძის პასუხი „იზვესტიის“ კითხვაზე

▲ზევით დაბრუნება


„იმედი გვაქვს, რომ რუსეთი საქართველოსთან ურთიერთობაში ბოლოს და ბოლოს განსაზღვრავს პერსპექტიულ პრიორიტეტებს“ - ედუარდ შევარდნაძე

ედუარდ შევარდნაძე: „იმედი გვაქვს, რომ რუსეთი საქართველოსთან ურთიერთობაში ბოლოს და ბოლოს განსაზღვრავს პერსპექტიულ პრიორიტეტებს“.

როგორც უკვე ვიუწყებოდით, საქართველოს პარლამენტმა გააკეთა განცხადება, რომელშიც ქართველ-აფხაზთა კონფლიქტის ესკალაცია უშუალოდ არის დაკავშირებული რუსეთის ფედერაციის ხელისუფალთა პოზიციასა და მისი შეიარაღებული ძალების მოქმედებაზე. ამას ბრალდებული მხარის საპასუხო რეაქცია ოფიციალურად ჯერჯერობით არ მოჰყოლია, მაგრამ თბილისის დოკუმენტს უკვე ცალსახად განმარტავენ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებსა და პოლიტიკურ წრეებში.

ამასთან დაკავშირებით „იზვესტიამ“ სთხოვა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოს მეთაურს, პარლამენტის თავმჯდომარეს ედუარდ შევარდნაძეს ეპასუხა კითხვაზე: ნიშნავს თუ არა ასეთი ნაბიჯი რუსეთ-საქართველოს მორიგებათა ფაქტობრივ დენონსაციას და საქართველოს გასვლას ურთიერთინტერესების სფეროდან?

პარლამენტი უფლებამოსილია თავისი ხალხის სახელით განსაზღვროს საკუთარი დამოკიდებულება პოლიტიკური რეალიებისადმი. მიგვაჩნია, რომ ეს განცხადება განაპირობა საარსებო საჭიროებამ. ეს კონფრონტაცია კი არა, იძულებითი პრევენტული ღონისძიებაა, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს, დავადასტუროთ სადღეისოდ შექმნილი ვითარება და თავიდან ავიცილოთ მოვლენათა შემდგომი ნეგატიური განვითარება. ეს არის იმის სერიოზული ჩაფიქრების საბაბიც, თუ რა გვინდა ერთმანეთისაგან და რისკენ მივდივართ.

ეს აქტი დენონსაციად ვერ ჩაითვლება, რადგან მხოლოდ იმის დენონსაცია შეიძლება, რამაც იურიდიულად დამკვიდრებულ ორმხრივ ვალდებულებათა ფორმა შეიძინა.

ყოვლისმომცველი სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულება, რომელსაც გულწრფელად ვესწრაფოდით, სამწუხაროდ არ გვაქვს, და არა ჩვენი მიზეზით. მოლაპარაკების ყოველ ეტაპზე წარმოიქმნებოდა ახალი კოლიზიები, რომლებიც მოითხოვდნენ ახალ კომპრომისებს, რაზეც შეგნებულად მივდიოდით. მაგრამ არის ზღვარიც, რომლის იქით იბადება ეჭვი, სიცოცხლისუნარიანია თუ არა კომპრომისების პრინციპი.

დღეს სამართლიანად გვისვამენ კითხვას, რა ფასი აქვს იმ კეთილ ინიციატივას, რომელიც 3 სექტემბერს მოსკოვში აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების მორიგებით დამთავრდა, თუ უშუალოდ ამის კვალდაკვალ რუსეთის პარლამენტმა მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რომელიც პირდაპირ აძლევდა სანქციას ჩარევას სხვა სუვერენული სახელმწიფოს საქმეებში და ფაქტობრივად პროვოკაციულად გამოიწვია კიდეც დამპყრობლური ოპერაციები აფხაზეთში?

ჩვენ გვეკითხებიან: რაზე მოურიგდით სახელმწიფოს, რომელმაც ვერ გამონახა შესაძლებლობა განესაზღვრა თავისი დამოკიდებულება საკუთარი მოქალაქეებისადმი. შეუფერხებლად, იარაღით რომ კვეთავენ სახელმწიფო საზღვარს, როგორც ფასიანი დაქირავებულები, მათ შორის თვითმოქმედი კონფედერაციის დროშებით? ესეც ყბადაღებული „ინტერნაციონალური მოვალეობაა“?

ჩვენ გვეკითხებიან: რა უფლებით მოქმედებენ საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ჯარები, რომლებიც არ ექვემდებარებიან თავის დროზე საქართველოში დისლოცირებული სამხედრო ოლქის შტაბის სარდლობას და ეწოდებათ „სამშვიდობო ძალები“? ვინ და რა უფლებამოსილებანი მისცა ამ ძალებს? მარტო უკანასკნელ სამ თვეში რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მოახდინეს ათზე მეტი საავიაციო და საარტილერიო დარტყმა, მათ შორის ცეცხლი დაუშინეს საცხოვრებელ რაიონებს, რის შედეგად, დაიღუპა ათობით მშვიდობიანი მცხოვრები. ეს და სხვა უცილობელი ფაქტები მოწმობენ, რომ აფხაზეთში დისლოცირებული ჯარები აქტიურად მონაწილეობენ ეგრეთ წოდებული „პარტიზანული მოძრაობის“ მხარეზე.

განა ასეთ სიტუაციაში ვინმეს არაბუნებრივად მოეჩვენება პარლამენტის მოთხოვნა კონფლიქტის ზონიდან სხვა სახელმწიფოს ჯარების გაყვანის შესახებ?

უკანასკნელი მაგალითი: რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების ვერტმფრენის კატასტროფა ყოველგვარი გამოძიების გარეშე სასწრაფოდ იძენს ანტიქართულ ინერპრეტაციას. არადა, არის მონაცემები, რომ ვერტმფრენს ავარია შეემთხვა გადამეტტვირთვისა (24-ადგილიან მანქანაში იჯდა 60-ზე მეტი კაცი) და დაწყებული ხანძრის შედეგად შემთხვევის ადგილის შემოწმებამ ცხადყო, რომ ვერტმფრენით, რომელიც თითქოს ჰუმანურ რეისს ასრულებდა, გადაჰყავდათ სამხედრო ტყვეები - ქართველები, აგრეთვე, იქ იყო შეიარაღება და ტყვია-წამალი, მაგრამ მთავარია, რომ რუსეთის სამხედრო თვითმფრინავები რესპუბლიკის სუვერენულ ტერიტორიაზე დაფრინავენ. შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების სანქციის გარეშე, დათქმული პირობებისა და საჰაერო სივრცის კოდექსის დარღვევით.

ჩვენს სახელშეკრულებო პროცესს ვერ განვახორციელებთ პირობებში, როცა ჩვენს არაერთგზის პროტესტებს უგულებელყოფენ ყველა დონეზე, ობიექტურ ინფორმაციას კი საგულდაგულოდ ჩქმალავენ.

საინფორმაციო ბლოკადას უკანასკნელი ადგილი როდი უკავია ვნებათაღელვის გაძლიერებაში. ხდება საზოგადოებრივი აზრის მიზანიმიმართული დეზორიენტაცია. თავიდანვე წარმოქმნილი დაპირისპირება „ქართულ-აფხაზური კონფლიქტით“ არის მონიშნული. რაკი დანერგეს ეს განსაზღვრა პოლიტიკურ ხმარებაში მსოფლიო საზოგადოებრივ აზრს ამრიგად უჩიჩინებენ, რომ მიმდინარეობს ომი ორ სახელმწიფოს, ორ ხალხს შორის, სადაც მცირერიცხოვანი, ბუნებრივია, მსხვერპლია.

ჩვენსავე ტერიტორიაზე ჩვენთვის თავს მოხვეული ომი გარედან წაქეზებული პოლიტიკური ავანტიურის ტრაგიკული შედეგია.

საკმარისია, თვალი გავადევნოთ ამ კონფლიქტის წინა ისტორიას, რათა მივხვდეთ: აშკარაა კლასიკური სეპარატიზმის ყველა სიმპტომი, საქართველომ გამოაცხადა თუ არა თავისი სუვერენობა, აფხაზეთმა მაშინვე სოციალისტურ რესპუბლიკად გამოაცხადა თავი და მოითხოვა კავშირის შემადგენლობაში შესვლა. იშლება კავშირი, და აფხაზეთის პოლიტიკური ლიდერები „ხელსა და გულს“ სთავაზობენ მთიელ ხალხთა კონფედერაციას, რომელიც აფხაზეთში დაუყოვნებლივ მართავს თავის ყრილობას, თან ამასობაში სოხუმს კონფედერაციის დედაქალაქად აცხადებს. რთულდება სიტუაცია ჩრდილოეთ კავკასიაში და აფხაზეთში ჩნდებიან ემისრები საკმაოდ კარგად ცნობილი რუსეთის ფრაქცია „სოიუზიდან“. პარალელურად, ყოველი შემთხვევისათვის ადასტურებენ ჟირინოვსკისთან ალიანსსაც. ასე თუ ისე, მესამე ძალის ფაქტორი მუდმივად არსებობს, ამასთან, აშკარად გამოხატული ანტიქართული ორიენტაციით. იქმნება მონონაციონალური აფხაზური შეიარაღებული ძალები. ობსტრუქციას უწყობენ ქართული ეროვნების კადრებს, უწინარეს ყოვლისა, ავტონომიური რესპუბლიკის უზენაეს საბჭოსა და სახელმწიფო დაწესებულებებში კონფლიქტამდე დიდი ხნით ადრე, აფხაზეთში მიიწვიეს დაქირავებული სამხედრო სპეციალისტები, რომლებიც მოხიბლეს დიდი ფულისა და ზღვისპირა სახლების მიცემის დაპირებით.

და რაოდენ უცნაურადაც უნდა გეჩვენოთ, ანტიქართული მოძრაობის ინიციატორებს არასოდეს არ უცდიათ რეფერენდუმის გზით გაერკვიათ მოსახლეობის აზრი ამის თაობაზე. მიზეზი უბრალოა: აფხაზები, რომლებიც ავტონომიური რესპუბლიკის მცხოვრებთა საერთო რიცხვის დაახლოებით 18%-ს შეადგენენ, ხალხის პოლიტიკურ ნებას ვერ განსაზღვრავენ; უფრო მეტიც, უმრავლესობა ამ 18%-დან სულაც არ აფასებს ცალსახად თავისი „განმათავისუფლებლების“ მისწრაფებებს, რაკი ხედავს თუ რა უსაგნოდ და დანაშაულებრივად იღვრება სისხლი.

საერთაშორისო სამართლის ვერავითარი ნორმა ვერ იგუებს სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისა და მისი ისტორიულად ჩამოყალიბებული საზღვრების გადასინჯვის ძალისმიერ ცდებს.

სწორედ ეს არის ერთადერთი მისაღები საწყისი პუნქტი ნებისმიერი მოლაპარაკებისა და ხელშეკრულებებისათვის, რომლებზეც უარი არ გვითქვამს და არც ვამბობთ არავითარ გარემოებაში.

მაგრამ ომი მიმდინარეობს, და საქართველოში სულ უფრო მტკიცდება რწმენა: რუსეთის ძალისმიერი ზეგავლენა რომ არა, ქართველები და აფხაზები უკვე გამოძებნიდნენ ორივე მხარისათვის მისაღებ გამოსავალსო.

როგორც ეტყობა, ზოგიერთ პოლიტიკოსს ობიექტური დასკვნების გამოტანაში ხელს უშლის ანალოგიებით აზროვნების ჩვევა: „მეორე ლიბანი, მეორე იუგოსლავია, მეორე ყარაბაღი...“ ყოველი მოვლენა თვითსაკმარისია თავის მიზეზობრივ-შედეგობრივ კავშირთა სისტემაში და საკუთარი ფესვები აქვს. ასეთი ოპონენტების პოზიციაში ჩანს ცდა, შეუნაცვლონ ადგილები მიზეზსა და შედეგს: ომი შეწყვიტეთ აფხაზეთში, ჩვენ კი მოლაპარაკების მაგიდას მივუსხდებითო, მეორე დღეს ხომ მოლაპარაკება, უწინარეს ყოვლისა, იმისთვის არის საჭირო, რომ თითოეულმა მხარემ იკისროს ამ ომისათვის პასუხისმგებლობის თავისი წილი. კავკასიის ომის ხანძარი ყველას მიწვდება. არადა, თუ ობიექტურობას გზას უღობავს ემოციები, მაშასადამე, ალბათ, უნდა მივმართოთ სამედიატორო სასამართლოს მსოფლიო საზოგადოების, საერთაშორისო ორგანიზაციების სახით.

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას დიდი ხნის ვრცელი ისტორია აქვს, რომელიც, უნდა ითქვას, მოწმობს, რომ ურთიერთობა ყოველთვის როდი იყო თანასწორუფლებიანი, როდი ითვალისწინებდა ორმხრივ ინტერესებს.

ახლა სხვა დროა, და ამ დრომ უკვე მოგვცა ახალი და ჭკუის სასწავლებელი გაკვეთილი, რომელსაც ანალოგიები არ ჰქონიათ წარსულ ისტორიაში.

ერთი მათგანი ასეთია: ახლანდელი მსოფლიო წყობა, გამორიცხავს პროიმპერიული გეოპოლიტიკური მადის გამოვლინებას, რა პროვოკაციულ მოწოდებებსაც უნდა გამოთქვამდნენ სახელგატეხილი უნიის აღორძინებისათვის.

დიახ, რუსეთისა და საქართველოს კეთილმეზობლური ურთიერთობა კავკასიის რეგიონში სტაბილურობის გადამწყვეტი ფაქტორია.

მაგრამ კეთილმეზობლობა შესაძლებელია, თუ არის ურთიერთპატივისცემა, თანასწორი უფლებები და თანასწორი ვალდებულებანი. როგორც ცნობილია, ჯოჯოხეთის გზა კეთილი ზრახვების ფუჭი დაპირებებით არის მოკირწყლული.

ჩვენ ვითვალისწინებთ რუსეთში ძალთა და განწყობილებათა რთულ განლაგებას. მაგრამ რა პოლიტიკური მოტივიც უნდა მწიფდებოდეს, იმპერიის ნანგრევებზე, ჩვენ ვეყრდნობოდით და ვეყრდნობით ჯანსაღ დემოკრატიულ ძალებს და იმედი გვაქვს, რომ რუსეთის სახელმწიფო მოღვაწენი, ბოლოს და ბოლოს, მიაგნებენ რეალური და გონივრული პერსპექტივის მქონე პოლიტიკურ პრიორიტეტებს.

თბილისი, 1992 წლის 20 დეკემბერი.

ედუარდ შევარდნაძის პასუხი „იზვესტიის“ კითხვაზე // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 24 დეკემბერი. - N261(540). - 1 გვ.

111 დროა, ხმა აღვიმაღლოთ უსირცხვილო სიცრუის პასუხად!

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის, პარლამენტის თავმჯდომარის ედუარდ შევარდნაძის მიმართვა საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ რუს მოსახლეობას, ყველა მოქალაქეს

ძვირფასო თანამოქალაქენო!

ჩემი დღევანდელი მიმართვა განაპირობა იმან, რომ რუსეთის უზენაეს საბჭოში განიხილავენ საკითხს საქართველოს მდგომარეობის შესახებ და საკითხის ასე დაყენება ნორმა ხდება რუსეთის პარლამენტისათვის.

ჩვენი სოციალური გაჭირვების და პოლიტიკური ძვრების მძიმე დრო დაგვიდგა. და, რაც მთავარია, საქართველოში ომია, რომელიც თავს მოგვახვიეს ჩვენსავე ტერიტორიაზე, სულ ახალახალ მსხვერპლს რომ მოითხოვს.

ძნელია, ასეთ სიტუაციაში გამონახო სიტყვები, რომლებიც იმის იმედს ჩაუსახავს კაცს, რომ მალე დამყარდება მშვიდობა და დაგვიდგება კეთილდღეობის ხანა. მაგრამ მჯერა, რომ საქმის კეთილად დასასრულის რწმენა ცოცხლობს თითოეულ ჩვენგანში, ყველა იმ ადამიანში, ვინც, როგორც მოქალაქე იზიარებს ქართველი ხალხის უფლებას, დაიცვას თავისი სახელმწიფოებრიობა.

მკაფიო მოქალაქეობრივ პოზიციაზე დგომა განსაკუთრებით აქტუალურია დღეს, როცა სუვერენულ სახელმწიფოსა და მისი ხალხის წინააღმდეგ ძალისმიერ მოქმედებას თან სდევს უცერემონიო პოლიტიკური ზეგავლენა. პროპაგანდის საშუალებებით მიზანმიმართულად ახდენენ საზოგადოებრივი აზრის დეზორიენტაციას, ცდილობენ მსოფლიო დაარწმუნონ, რომ საქართველოში ილახება ადამიანის უფლებები, ხოლო კონფრონტაცია აფხაზეთში, სხვა არა არის რა, თუ არა ომი ორ ქვეყანას, ორ ხალხს შორის.

სწორედ ასეთ კვალიფიკაციას აძლევს მოვლენებს რუსეთის ხელისუფლების ბევრი წარმომადგენელი, რომლებმაც არსებითად სანქცია მისცეს სხვა სუვერენული სახელმწიფოს საქმეებში პირდაპირ ჩარევას. ამის შედეგად ჩაიფუშა მოლაპარაკება. პროვოკაციულად გამოიწვიეს დამპყრობლური ოპერაციები აფხაზეთში.

ახლა იგივე ძალები ამწვავებენ ვითარებას, და ამისათვის ნებისმიერ საბაბს იყენებენ ანტიქართული კამპანიის გაჩაღების მიზნით. ამჯერად მათ გამოადგათ რუსეთის საჰაერო-სამხედრო ძალების ვერტმფრენთან დაკავშირებული შემთხვევა.

ამ დროს არავინ არ უარყოფს იმას, რომ აფხაზ სეპარატისტთა მხარეზე იბრძვიან რუსეთის მოქალაქეები, ამასთან უკვე არამარტო როგორც დაქირავებულები, არამედ რუსეთის რეგულარული ჯარების შემადგენლობაში. ამ აქციის გასამართლებლად, რომელიც ფეხქვეშ თელავს საერთაშორისო ურთიერთობის ყველა ცივილიზებულ ნორმას, აყენებენ კარგად ცნობილ მოსაზრებას - „რუსულენოვანი მოსახლეობის დაცვას“. როგორც ჩანს, სხვა არგუმენტები აღარ დარჩა, რადგან მსოფლიოში სერიოზულად უკვე აღარავინ აღიქვამს აფხაზური სეპარატიზმის იდელოგთა მიერ თვითგამორკვევის უფლების ისეთ აბსურდულ ექსტრემისტულ განმარტებას, როცა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის უმრავლესობის აზრის გაუთვალისწინებლად მის განხორციელებას ლამობენ სახელმწიფო საზღვრების ძალით გადაკეთების მეშვეობით.

გვესმოდა, რომ ვერავითარი საბაბი ვერ გაამართლებს საქართველოს პოტენციური დაშლისათვის გამიზნულ მისწრაფებებს და სრული უფლებით ველოდით, რომ რუსეთი გონივრულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებდა. უფრო მეტიც, ჩვენ, როგორც ცნობილია, ვემზადებოდით რუსეთ-საქართველოს ყოვლისმომცველი ხელშეკრულების დადებისათვის, რომელიც, საერთო აზრით, მარტო თვისებრივად ახალ საფუძველს კი არ ჩაუყრიდა კეთილმეზობლურ ურთიერთობას, არამედ შეიძლებოდა კავკასიაში მშვიდობის გარანტიც გამხდარიყო.

სამწუხაროდ, რუსეთის გარკვეულ პოლიტიკურ წრეებში სხვა ინტერესებმა იმძლავრა. „გათიშე და იბატონეს“ პრინციპის სხვა ისტორიული მემკვიდრეობითობა მოეწონათ ფიცხელ პოლიტიკოსებს. ისღა რჩებოდა, რომ ომით გაპოხიერებულ ნიადაგზე დაეთესათ რაღაც მითი საქართველოში რუსების დევნისა და ცდილობენ ამით გაემართლებინათ ყოველი ძალისმიერი აქცია.

არაერთგზის და სხვადასხვა დონეზე კეთდებოდა განცხადებები, რომლებსაც ასეთი სარჩული ედო. მსგავს გამოხტომებზე განსაკუთრებული რეაქცია არ გამოგვივლენია და, უწინარეს ყოვლისა იმიტომ, რომ ვერ ვხედავდით ჩვენთან რაიმე სპეციფიკური რუსული პრობლემა წამოჭრილიყო. რუსებიც, ქართველებიც, და ყველა სხვა ხალხები თანაბარ პირობებში იმყოფებიან და ერთი საზრუნავით ცხოვრობენ.

მაგრამ, ყოველგვარ მოთმინებას აქვს საზღვარი. ოფიციალური რუსეთი სულ უფრო აქტიურად გვახვევს თავს თავის ტონს, მოითხოვს „ინსინუაციების“ შეწყვეტას და „ეთნიკური რუსების დაცვას“.

თუ რა სახის შეიძლება იყოს ეს დაცვა, ამაზე გულახდილად გამოთქვა თავისი აზრი ამასწინელ სესიაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ბ. პასტუხოვმა: „დროა დავიცვათ აფხაზეთში მცხოვრები თითქმის 100 ათასი რუსის, და საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ნახევარი მილიონი რუსის სიცოცხლე“. „ჩვენ - თქვა შემდეგ მინისტრის მოადგილემ. - უნდა გამოვიყენოთ ზეგავლენის ყველა საშუალება, თითი დავუქნიოთ და ჩვენი მჯიღის ძალაც ვანახოთ“.

მხოლოდ ასე, და არა სხვაგვარად, ისე, როგორც თავის დროზე მოლდოვაში მოხდა.

სწორედ ამ მიზეზით გახდა ახლა აუცილებელი მოგმართოთ თქვენ და, უწინარეს ყოვლისა, ვკითხოთ ჩვენს რუს თანამოქალაქეებს: რა ხსნაზე ან რა გენოციდზე ლაპარაკობენ მაინც?

იქნებ დროა, ხმა ავიმაღლოთ უსირცხვილო სიცრუის პასუხად: მაშ რაღა უნდა ვთქვათ საკუთარ სამშობლოში დევნილ ათასობით ქართველზე, აფხაზეთის ტერიტორიაზე ბარბაროსულად დახოცილ ათობით მშვიდობიან მცხოვრებზე?

თავად ისტორიამ განაპირობა და ბედმა ინება, რომ საქართველო მშობლიური სახლი გამხდარიყო ასიათასობით რუსისათვის, ისე როგორც მრავალი სხვა ეროვნების ადამიანებისათვის. ჩვენ ვალდებული ვართ პასუხისმგებლობა ვიკისროთ და ვკისრულობთ კიდეც იმისათვის, რომ თანაბარი შესაძლებლობები შევუქმნათ ყველას, რადგან სამოქალაქო საზოგადოების საძირკველი, რომელსაც ვაშენებთ, იქნება ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების უზენაესობა, რაც სრულად შეესაბამება საერთაშორისო აქტებს. ამ პრიორიტეტის გარანტიას ვიძლეოდით, როცა მსოფლიო გაერთიანებაში შევდიოდით.

მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი. საერთო ძალისხმევით მოვაწყოთ ჩვენი სახლი იმათთან ერთად, რომელმაც გააკეთა არჩევანი და საქართველოში პოვა სამშობლო, ნათესაობა და მეგობრები, ვინც ქართველ ხალხთან ერთად იზიარებს მის ყველა გასაჭირს, და მაშასადამე მომავლისათვის საერთო პასუხისმგებლობასაც.

გულწრფელ მადლობას ვუხდით ყველას ვინც ხედავს და აფასებს კეთილ ურთიერთობას, ვინც სოლიდარობას გვიცხადებს, ვინც არ წამოეგო პროვოკაციებს, მხარში ამოგვიდა, გაერთიანდა სხვადასხვა ეროვნების ადამიანთა მრავალ საზოგადოებრივ მოძრაობაში სამართლიანობის, და მაშასადამე, თავისუფალი, დამოუკიდებელი საქართველოს დაცვისათვის.

ამ საერთო გზაზე ჯერ კიდევ ბევრი დაბრკოლებაა აღმართული, ბევრი ობიექტური და სუბიექტური მიზეზი არსებობს, რომლებიც ხელს უშლის ჩანაფიქრის უფრო მტკიცე და მიზანმიმართულ განხორციელებას. მაგრამ გვწამს ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების უკეთესი მერმისისა.

ჩვენ ვაპირებთ მშვიდობითა და თანხმობით ვიცხოვროთ ყველა მეზობელთან და, რაღა თქმა უნდა, რუსეთთან. ამიტომ ყოველთვის ვიყავით და ვართ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში სხვა მემკვიდრეობითობის - კულტურული კავშირების, სულიერი ურთიერთობის, ინტელექტუალური და საქმიანი თანამშრომლობის, ყოველივე იმის მემკვიდრეობითობის მომხრე, რომელიც რუსეთისა და საქართველოს საუკეთესო შვილებს ნაანდერძევი ტრადიციებით არის ნაკურთხი ისტორიულად.

შემთხვევითი როდია, რომ სწორედ დღეს, როცა არსებითად ომის მდგომარეობაში ვართ, მოვუწოდებთ რესპუბლიკის ტერიტორიაზე სამსახურში მყოფ რუსეთის მეომრებს ასევე პასუხისმგებლობით გააკეთონ არჩევანი. და, თუ სურვილი ექნებათ, ჩადგნენ საქართველოს არმიის რიგებში, ახლა რომ იქმნება. სადაც მათ ყველა საჭირო პირობა შეექმნებათ.

საქართველოს თავისი სახელმწიფოებრიობის მთელი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში არასდროს პირველს არ გამოუცხადებია ომი. არასდროს არ უძებნია მტრები და არავისთვის არ უთქვამს უარი თავშესაფარზე. ასეთია, საბედნიეროდ, ზოგჯერ კი მისთვის საუბედუროდ. ამ ქვეყნის ხასიათი, მისი გენეტიკური მენტალიტეტი. ასეთი იქნება იგი კვლავაც ყველასთვის, ვინც ჩვენთან მშვიდობით მოვა.

ე. შევარდნაძე.
1992 წლის 25 დეკემბერი.

დროა, ხმა აღვიმაღლოთ უსირცხვილო სიცრუის პასუხად! / ე. შევარდნაძე // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 26 დეკემბერი. - N262(541). - 1,2 გვ.

112 ედუარდ შევარდნაძე: ჩვენ უმძიმესი წელი განვვლეთ, რომელიც ისტორიაში შევა როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი წელიწადი დემოკრატიული მშენებლობის გზაზე

▲ზევით დაბრუნება


28 დეკემბრის რადიოინტერვიუ

- მე მგონი, მსოფლიოში ბევრი არ მოიძებნება ისეთი ქვეყანა, რომელსაც ერთ წელიწადში იმდენი მნიშვნელოვანი ძვრა და მასშტაბური მოვლენა გადაეტანოს, როგორიც საქართველოს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ - სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ თავის ტრადიციულ რადიოინტერვიუში კომენტატორ ნატო ონიანთან საუბარში. - ალბათ, ესეც საქართველოს ბედია, - თქვა მან. - ამ მოვლენათა მარტო ჩამოთვლაც კი კმარა, რომ დარწმუნდე, თუ რაოდენ ურთულესი პერიოდი იყო იგი ჩვენი ქვეყნისათვის, შარშანდელი დეკემბრის მოვლენების შემდეგ მოხდა სახელმწიფო საბჭოს ფორმირება, რომლის მიზანიც იყო დემოკრატიული არჩევნების მომზადება და პარლამენტის არჩევა. შემდეგ დაიწყო ხელისუფლების ფორმირება, ჩამოყალიბდა მთავრობის სტრუქტურები, აირჩიეს სახელმწიფოს მეთაური. დადებითი ძვრები მოხდა ცხინვალის ზონაში; წინ გადადგმული ნაბიჯია, როცა იქ სისხლი აღარ იღვრება და შერიგებაზე ვლაპარაკობთ. წელს დაიწყო აფხაზეთის მოვლენები, რომლებიც თავს მოგვახვიეს თავისი უმძიმესი შედეგებით, მსხვერპლითურთ... ერთი სიტყვით, ვიმეორებ, ამ მოვლენების მარტო ჩამოთვლაც კი მოწმობს, რომ უმძიმესი წელი განვვლეთ, რომელიც ისტორიაში შევა როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი წელიწადი ერთიანი დემოკრატიული საქართველოს მშენებლობის გზაზე და ჩვენ ამ გზას საკმაოდ დამაჯერებლად დავადექით. მჯერა, რომ ტკივილები, რომლებიც თან ახლავს ამ გზით ჩვენს სიარულს, აღარ იქნება.

მე, როგორც სახელმწიფოს მეთაურმა და მთავარსარდალმა, საქართველოს ყველა სამინისტროსა და უწყების ხელმძღვანელთა წინაშე დავაყენე საკითხი, რომ ყველაფერი გავაკეთოთ აფხაზეთის და ქალაქ სოხუმის მოსახლეობის და საჯარისო ნაწილების ეკონომიკური და სოციალური პირობების გასაუმჯობესებლად. სოხუმი არ უნდა მოწყდეს საქართველოს. მას უნდა ჰქონდეს სინათლეც, გათბობაც, ტრანსპორტიც, უნდა მოქმედებდეს რკინიგზაც. ასეთი ამოცანა დადგა ყველას წინაშე და გუშინწინ დაიწყო სამხედრო ოპერაციები. რკინიგზის მოქმედება აღდგენილია, ეშელონები დაიძრნენ. მაგრამ, სამწუხაროდ, არის მსხვერპლი, დაგვეღუპნენ შესანიშნავი ადამიანები: მაისურაძე, გელაშვილი და სხვები. მინდა ჩემი გულითადი სამძიმარი ვუთხრა მათს ოჯახებს და თუკი ეს შესაძლებელია, მინდა იგულონ ჩვენ მათთან ერთად ვგლოვობთ ვაჟკაცთა დაღუპვის გამო.

კომენტატორის შეკითხვაზე, არის თუ არა მოსალოდნელი 29 დეკემბერს მოსკოვში საქართველოსა და რუსეთს შორის რაიმე მოლაპარაკებისათვის შეხვედრა, რომელზეც პარლამენტის წინა სხდომაზე იყო ლაპარაკი ბურუსითაა მოცული და კონკრეტულად რაიმეს თქმა ძნელია. ჯერ საერთოდ არაფერი ვიცოდით მის შესახებ, მერე ბატონმა კიტოვანმა მიიღო რუსეთის თავდაცვის მინისტრის გრაჩოვის მიწვევა. მაგრამ ორი დღეა გრაჩოვს ვეძებდით და ვერ მივაკვლიეთ. როგორც ჩანს, იგი 29-ში მოსკოვში არ იქნება. ჩემი აზრით, საერთოდ დიალოგი სამხედრო ქონების გაყოფის შესახებ საჭიროა და უნდა გაგრძელდეს, მაგრამ რაც შეეხება შეხვედრას, რომელზეც პარლამენტის სხდომაზე იყო საუბარი, მისი ბედი ჯერ გაურკვეველია.

შემდეგ საუბარი შეეხო იმ საშიშროებას, რომელიც შესაძლოა მოჰყვეს რუსეთის ზოგიერთი წრის მცდელობას, რომ რუსეთი კვლავ ასრულებდეს თავის ძველ როლს, რომელსაც იგი ევროპაში ასრულებდა, როცა ამ როლზე ვლაპარაკობთ, ამით მარტო იმის კონსტანტაციას კი არ ვახდენთ, რაც რუსეთში ხდება, არამედ ეს რუსეთის ერთგვარი გაფრთხილებაც არის, - თქვა ედუარდ შევარდნაძემ - რა თქმა უნდა, რუსეთს არ სურს, რომ ასეთი მისიით მოევლინოს მსოფლიოს. ეს მას არავითარ სარგებლობას არ მოუტანს, პირიქით. მაგრამ ასეთი პრაქტიკა თუ მაინც გაგრძელდა, იგი რუსეთს პოლიტიკურ იზოლაციამდე მიიყვანს... მეორეც, რუსეთის ამ როლზე საუბრით ვაფრთხილებ ევროპას, რომ საჭიროა სიფხიზლე და დემოკრატიული ძალების ხელშეწყობა. ვიმეორებ, მე კვლავ ვრჩები იმ პოზიციაზე, რომ გვინდა ვითანამშრომლოთ რუსეთთან, ოღონდ ისეთ რუსეთთან, რომელიც აღიარებს და უერთგულებს დღევანდელი ურთიერთობის დამარეგულირებელ და მომწესრიგებელ საერთაშორისო სტანდარტებს. საქართველოში ავღანიზაცია არ შეიძლება მოხდეს, ასეთი საშიშროების შემთხევევაში ჩვენ ყველა მოვლენას თავის სახელს დავარქმევთ... მაგრამ ისეთი წინათგრძნობა მაქვს, რომ რუსეთის წრეები გაანალიზებენ საქართველოსთან ურთიერთობას და განაახლებენ დიალოგს.

გასული კვირის მოვლენებზე საუბრისას, სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვან მოვლენად უნდა მივიჩნიოთ სახელმწიფო ჯილდოების დაწესების ფაქტი. ეს ჯილდოები დამსახურებას არ დაუკარგავს ჩვენს ისტორიაში იმათ, ვინც ახლა იბრძვის სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის და ვინც მისთვის ბრძოლას შეეწირა. ყველას თავისი უნდა მიეზღოს, ყველამ უნდა იცოდეს, რომ დამსახურებას სამშობლო არავის არ დაუკარგავს. ბოლო საუკუნეების მანძილზე ჩვენ პირველად გვეძლევა საშუალება გვქონდეს ერთიანი საქართველოს საკუთარი ჯილდოები.

წინა კვირის მეორე მნიშვნელოვანი მოვლენა სახელმწიფოს მეთაურთან საკონსულტაციო საბჭოს შექმნა იყო, მასში შევიდნენ ღირსეული მამულიშვილები, რომელთა ავტორიტეტი საყოველთაოდ არის ცნობილი. ჩვენ შევეცადეთ, რომ მასში შესულიყვნენ საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეროვნების ადამიანები. ჩვენს ამ ნაბიჯს დადებითი გამოხმაურება მოჰყვა.

მესამე მოვლენა - ეს იყო ცხინვალის რეგიონის სამთავრობო კომისიის გამსვლელი სხდომის გამართვა ცხინვალში, რომელსაც მთავრობის მეთაური ბატონი სიგუა ხელმძღვანელობდა. ამ სხდომის მუშაობაში 28 სამინისტროსა და უწყების ხელმძღვანელი მონაწილეობდა. მიღებულია დამაიმედებელი გადაწყვეტილებები.

რაც შეეხება ჩვენს საახალწლო განწყობას, რთულია ახალა ამაზე ლაპარაკი, რადგან ომიანობის დროა, მაგრამ ახალი წელი მაინც ახალი წელია და თუკი ხალხს ბევრით ვერაფრით გავახარებთ, იმის მინიმუმი მაინც უნდა მივცეთ, რომ ახალი წელი აღნიშნოს. ამის რესურსები გამოიძებნა და ვეცდებით იგი ყველას ერგოს... თუმცა არის ხალხი, რომლებიც ჩვენს გაჭირვებას საკუთარი მიზნებისთვის იყენებს. მაგრამ, როცა ექსპრეზიდენტის მომხრეებზე ვლაპარაკობთ, მგონია ცოტას ვაჭარბებთ, რადგან კაცს, რომელიც ცნობილ ტერორისტად არის აღიარებული, არა მგონია მხარდამჭერები ჰყავდეს. ტერორისტები არსად არავის არ უყვარს. სამწუხაროდ, გვყავს ექსტრემისტები, მაგრამ ესეც კანონზომიერია, რადგან ასეთი რამ ხდება მაშინ, როცა ძველი დრო მიდის და ახალი მოდის. ზოგს მუშტის პოლიტიკა მოსწონს, ზოგს თანამდებობა უნდა, ზოგი მოხვეჭაზე ოცნებობს. ზოგიც უბრალოდ ახირებული კაცია. ასეთი ხალხი ყოველთვის არსებობს. არ შეიძლება ბანდიტი, დივერსანტი და მკვლელი იყოს დემოკრატიული მშენებლობის მომხრე. ბოროტი ძალა უფრო იოლად ერთიანდება, ვიდრე კეთილი, ესეც კანონზომიერებაა. თუმცა, საბედნიეროდ, სიკეთის მომხრე ჩვენთან გაცილებით მეტია და ეს უდიდესი მიღწევაა. ყველა ცივილიზებულ სახელმწიფოში პოლიცია საზოგადოების საიმედო დასაყრდენი ძალაა, იმისთვის, რომ კანონი კანონობდეს. ამიტომ საქართველო ამ მხრივ გამონაკლისი არ იქნება. პოლიციას ყველაფერი უნდა ჰქონდეს ამ ამოცანის შესასრულებლად, მაგრამ ჩვენი საზრუნავი მარტო ეს არ არის. ჩვენი საზრუნავია ერთიანი არმიის შექმნა. მალე ჩვენი პარლამენტი ამასთან დაკავშირებით მიიღებს დოკუმენტთა წყებას, რომლებიც ერთიანი არმიის შექმნის საფუძველი გახდება. ამდენი მსხვერპლი აფხაზეთში იმის ბრალია, რომ არ არის შეკრული ერთიანი სამხედრო ორგანიზმი, თქვა დასასრულ ედუარდ შევარდნაძემ.

საქართველოს პარლამენტის პრესცენტრი.

ედუარდ შევარდნაძე: ჩვენ უმძიმესი წელი განვვლეთ, რომელიც ისტორიაში შევა როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი წელიწადი დემოკრატიული მშენებლობის გზაზე // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 29 დეკემბერი. - N263(542). - 1 გვ.

113 ედუარდ შევარდნაძე:

▲ზევით დაბრუნება


ეს მასალა ქვეყნდება ჩემი თხოვნით, მინდა საქართველოს ყველა მოქალაქემ გაიგოს - რანი ვართ და რას ჩავდივართ, როგორ ვჭრით ტოტს, რომელზეც ვსხედვართ, როგორ ვანადგურებთ ეროვნულ სიმდიდრეს, რომელიც არა მარტო დღევანდელ თაობას, ჩვენ შვილებსა და შვილიშვილებსაც ეკუთვნით.

აქ ჩამოთვლილი ბოროტმოქმედებანი მხოლოდ ნაწილია იმისა, რაც საქართველოში, ხდება ავტომაგისტრალებზე, ქარხნებში, ფაბრიკებში, ტრანსპორტზე, ვაჭრობაში და ა.შ.

არის კი გამოსავალი?

არის! ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს, ხელისუფლება ეროვნული სიმდიდრის დაცვის საქმეს უნდა ჩაუდგეს სათავეში, პოლიციელი თავის საგუშაგოზე უნდა აგებდეს პასუხს, მაგრამ თუ ყოველი მოქალაქე თავის მოქალაქეობრივ ვალს არ იხდის, დამოკიდებული და თავისუფალი ქვეყანა არ აშენდება.

იქნებ, ყველამ ერთად ვიფიქროთ და ვიზრუნოთ ჩვენს სატკივარზე, მის განკურნებაზე.

ედუარდ შევარდნაძე: // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 29 დეკემბერი. - N263(542). - 2 გვ.

114 საახალწლო მილოცვა

▲ზევით დაბრუნება


აკაკი წერეთლის სახელობის საბავშვო ფონდს

გაზეთ „მშობლიური კერის“ საშუალებით ახალ, 1993 წელს, ვულოცავთ რესპუბლიკის ბავშვთა სახლების და სკოლა-ინტერნატების აღსაზრდელებს, პედაგოგიურ კოლექტივებს, მამაშვილურად ვლოცავ და სიყვარულით მივესალმები დედა-საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში გმირულად დაღუპულთა შვილებს, რომელთაც ობლობასა და მარტოობას არასოდეს აგრძნობინებს ჩვენი ერი.

წარმატებას ვუსურვებ საქართველოს აკაკი წერეთლის სახელობის საბავშვო ფონდს თავისი კეთილშობილური მიზნების განხორციელებაში.

ჩვენი ქალაქების, რაიონების, სამინისტროების, წარმოება-დაწესებულებათა მესვეურებს ვთხოვ დაუჭირონ მხარი საბავშვო ფონდის ღონისძიებებს ობოლი და მშობლიურ მზრუნველობას მოკლებული ბავშვებისათვის დახმარების საქმეში.

იმედი მაქვს, ჩვენი სახელოვანი ბიზნესმენებიც, თავიანთი დიდი წინაპრების - ზუბალაშვილების, სარაჯიშვილების, ხოშტარიების და სხვათა მაგალითისამებრ, ხელს გაუმართავენ გაჭირვებაში ჩავარდნილ ნორჩ თვისტომებს.

მშვიდობიანი და ბედნიერი ახალი წელი გაგთენებოდეთ, ძვირფასო თანამემამულენო!

მშვიდობიანი და ბედნიერი ახალი წელი დასდგომოდეს სრულიად საქართველოს!

ედუარდ შევარდნაძე.

საახალწლო მილოცვა : აკაკი წერეთლის სახელობის საბავშვო ფონდს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 31 დეკემბერი. - N265(544). - 1 გვ.

115 ედუარდ შევარდნაძე: პარლამენტმა ბევრი რამ გააკეთა...

▲ზევით დაბრუნება


ამ წლის ბოლო სხდომაზე

29 დეკემბრის სხდომით პარლამენტმა დაასრულა საშემოდგომო სესია და საშობაო არდადეგები დაუდგა. სხდომაზე სიტყვა წარმოთქვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ - სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ.

მან თქვა:

- დღევანდელი სხდომა ბოლო შეხვედრაა, პარლამენტს რამდენიმე დღე შესვენება ექნება. და თუმცა ამ წლის ბოლო სხდომა გარკვეულად დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობს, მაინც მინდა ვთქვა, რომ ძალიან მოკლე დროში ჩვენმა პარლამენტმა ბევრი რამ გააკეთა, რაც ალბათ, გაუჭირდებოდა პროფესიულად უფრო მომზადებულ პარლამენტებს. ის, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, ბუნებრივად, ყოველ ჩვენგანში იწვევს შინაგან დაძაბულობას, ნერვიულობას, ეჭვიანობასაც, უნდობლობის ელემენტებსაც. მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც ბევრი მოვახერხეთ და ის ძალისხმევა, ენერგია, რომელიც დაიხარჯა არჩევნების მომზადებისა და ჩატარებისათვის, და თუ პარლამენტის მუშაობის შედეგების მიხედვითაც ვიმსჯელებთ, ვფიქრობ, წყალში ჩაყრილი შრომა არ არის. პარლამენტმა ბევრი გააკეთა, ბევრი ისეთი კანონი მივიღეთ, ურომლისოდაც ნორმალურად ვერ იმუშავებდა მთავრობა, ხელისუფლება, მათ შორის ისეთი კანონებიც, რომლებიც აუცილებელი იყო ჩვენი ეკონომიკის პირველი ნაბიჯებისათვის, ელემენტარული წესრიგის დამყარებისათვის. ყველაფერს სამართლებრივი ბაზა სჭირდება და სწორედ ამ ბაზის შექმნა დაიწყო პარლამენტმა.

არ მინდა მეორეხარისხოვნად ჩავთვალოთ პარლამენტის ის დამსახურებაც, რომ დღეს საქართველოს კანონიერი ხელისუფლება ჰყავს, არა მარტო პარლამენტის სახით, არამედ მთავრობა, სახელმწიფოს მეთაური, მინისტრები... ამას დიდი მნიშნელობა აქვს სადღეისოდ და უფრო მეტად ჩვენი პერსპექტივების თვალსაზრისით.

ამასთან ერთად, გულახდილად უნდა ითქვას, ვერ გავიგე ზოგიერთი მინიშნებანი იმის შესახებ, რომ ახლაც ინიშნებიან თანამდებობებზე ისეთი პირები, რომლებიც ხალხს სძულთ. ბევრი რამ აღელვების ფონზეა ნათქვამი. არ მინდა, ახლა ვინმეს შევეკამათო და არც ახალი დისკუსია წამოვიწყო, მაგრამ, მე მგონი, რომ რაც პარლამენტთანაა დაკავშირებული და მის დანიშვნებთან, ჩვენ არ შევმცდარვართ და ისეთი არავინ დაგვინიშნია, ვინც ხალხს აღიზიანებს, ყოველ შემთხვევაში, - დღესდღეობით.

პირველი ინფორმაციები, რომლებიც ახალი მინისტრებისაგან მოვისმინეთ, იმაზე მიუთითებს, რომ პარლამენტს არა აქვს საქმე სერიოზულ შეცდომებთან. ამ პირობებში, როგორც კი შეიძლებოდა, შერჩევა - ჩვენი რიგებიდან, თვითონ პარლამენტიდან, პარლამენტის გარედანაც - ასე თუ ისე, ნორმალური მთავრობა ჩამოყალიბდა და პროგრესული, ახლებურად მოაზროვნე ხალხი მოვიდა რომელთა მიმართაც, ჩემი აზრით, მოსახლეობას პრეტენზიები არა აქვს. და თუ რომელიმე ჩვენგანი ამას იგრძნობს, ვიმეორებ, უნდა გვეყოს ვაჟკაცობა, დაწყებული სახელმწიფოს მეთაურით და დამთავრებული აპარატის რიგითი მუშაკებით, რათა ადგილი დავუთმოთ ღირსეულთ, ვისაც უფრო უკეთ გამოუვა საქმე.

ამიტომ მიმაჩნია, რომ პარლამენტმა მოკლე დროის განმავლობაში დიდი საქმე გააკეთა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვსაყვედურობთ ერთმანეთს ზოგჯერ არაკორექტული გამოსვლების, ზედმეტი ემოციურობის გამო, მაინც პარლამენტის საბოლოო გადაწყვეტილებები გამართლებულია. ჩვენ მაინც მივდიოდით, ასე ვთქვათ, კონსენსუსამდე, ერთიანობამდე, ურომლისოდაც პარლამენტს ასეთ პირობებში, ომიანობის პირობებში, მუშაობა არ შეუძლია.

და კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებ მე, ისევე, როგორც თითოეული თქვენთაგანი. ესაა ის, რომ არ არის კითხვის ქვეშ დაყენებული პარლამენტის უზენაესობა. ყოველ შემთხვევაში, ეს მე არ მიგრძვნია. ხოლო თუ ეს ასე არის და ამის საფრთხე გამოიკვეთა, მაშინ ეს სპეციალური მსჯელობის საგანი უნდა გახდეს. მე სავსებით გულწრფელი ვიყავი და დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ჩვენ საპარლამენტო სკოლა უნდა გავიაროთ. ჩვენ შევქმნით კონსტიტუციას ყველაზე დემოკრატიული ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით, ჩვენი ისტორიის, ჩვენი ტრადიციების გათვალისწინებით, ამის შემდეგ შეიძლება საქართველო საპრეზიდენტო რესპუბლიკა იყოს, შეიძლება საპარლამენტო იყოს. ეს სხვა ამბავია. მაგრამ დღეს, მიუხედავად ომიანობისა და უძნელესი პირობებისა, ნახევრად შიმშილისა თუ მთლიანად შიმშილობისა არა, ჩვენ ეს ძნელი სკოლა მაინც უნდა გავიაროთ. როგორი ძნელიც არ უნდა იყოს ეს გზა, ხანდახან ჩვენი ხასიათების ორგანულად შეუთავსებლობაც კი, ყოველ მიზეზგარეშე უნდა გავიაროთ. სხვაგვარად დემოკრატიის სრულყოფისა და განვითარების მეორე ეტაპამდე ჩვენ ვერ მივალთ.

მე მგონი, ჩვენი მუშაობის, ვიტყოდი ცხოვრების მოკლე პერიოდი იმას ადასტურებს, რომ ჩვენ, ასე თუ ისე, მივდივართ ამ გზით. მივდივართ წვალებით, ნაბიჯ-ნაბიჯ, ხანდახან ეს გზა ძალიან მტკივნეული და ეკლიანია, მაგრამ მაინც მივდივარ და დარწმუნებული ვარ, რომ კვლავაც ვივლით.

ეს მინდოდა გამომეხატა და მეთქვა, რათა ახალ შეხვედრამდე არ დავცილდეთ ერთმანეთს იმ განწყობილებით, რომ ეს ფუჭად დახარჯული დრო არის. ჩვენ სერიოზულ საქმეს ვუყრით საფუძველს, ძალიან სერიოზულ, ძალიან საჭირო, სახვალიო და საშვილიშვილო საქმეს.

თუ ახალი წლის შეხვედრაზე ასეთ პირობებში შეიძლება ლაპარაკი ამ თვალსაზრისით, თითოეული თქვენგანი შეიძლება, ასე ვთქვათ, სუფთა სინდისით შეხვდეს ახალ წელს, რადგანაც ყოველმა თქვენგანმა გააკეთა იმის მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც ასეთ რთულ და ძნელ პირობებში. ახალ გზაზე დადგომის პირობებში შეიძლებოდა. იმას როდი ვამბობ, რომ ეს მხოლოდ ვალია უკვე, რომ ყველაფერი გაკეთდა. ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯებია.

მინდა, როგორც კოლეგებს, როგორც თანამებრძოლებს მოგმართოთ მადლიერების და მადლობის სიტყვებით თანამშრომლობისათვის. მათ შორის იმათაც, რომლებიც სახელმწიფო მეთაურს, სამართლიანად თუ უსამართლოდ წაარტყამენ ხოლმე წკიპურტს, რადგან უამისოდ საპარლამენტო ცხოვრება არ არსებობს. ესეც სკოლაა, ესეც უნდა გავიაროთ.

მადლობას გწირავთ თანამშრომლობისათვის, ურთიერთგაგების ატმოსფეროს შექმნისათვის, რომელიც, ასე თუ ისე, ჩვენი პარლამენტის მუშაობის ძირითადი ტენდენციაა.

როცა სახელმწიფოს მეთაური შეეხო საქართველოს რესპუბლიკის სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის კანონის განხილვის საკითხებს, მან აღნიშნა: სასურველი იყო, რომ ჩვენი მუშაობა ამ კანონთან დაკავშირებით დამთავრებულიყო. როგორც სავსებით სწორად ითქვა, შეიძლება ეს არ არის სრულყოფილი კანონი. ჩვენ, რა თქმა უნდა, დავუბრუნდებით ორი-სამი თვის შემდეგ ამ კანონს, ბევრი რამ გასააზრებელი იქნება, მუდმივად ვერ ვიცხოვრებთ ომიანობის პირობებში. არაერთხელ მითქვამს და ახლაც ვიმეორებ, რომ არ შეიძლება ეს ომი გაუთავებელი იყოს და დადგება დრო, როცა საშუალება გვექნება უფრო აკადემიურად მივუდგეთ დოკუმენტების მომზადებას, მათ განხილვას არ ვიჩქარებთ. სამართლიანად გვსაყვედურობენ, რომ ასე აჩქარების პირობებში ასეთი სერიოზული კანონების მიღება ცოტა ძნელია და რთული. შეიძლება ადამიანმა უძილო ღამეებიც გაატაროს თითოეულ დებულებაზე ფიქრში, მაგრამ, როცა მე შევთავაზე კომისიებსა და თავდაცვის საბჭოს მოემზადებინათ შემოეტანათ ეს კანონი, მხედველობაში მქონდა ის რთული პირობები, რომელშიც ჩვენ ახლა ვცხოვრობთ. ამ კანონის გარეშე ცხოვრება დღეს შეიძლება და ქვეყანა არ დაიქცევა თუ მაშინ მივიღებთ, როცა არდადეგებიდან დაბრუნდებით.

ეს თქვენი საქმეა, მაგრამ მე უნდა გითხრათ იმ ხალხის, იმ ბიჭების განწყობილების თაობაზე, ვინც ჩვენ ვერ გაგვიგებს. თუ რამ არაკორექტული ითქვა გვარდიის, მხედრიონის მიმართ, ან თუ არაკორექტული დაიწერა. ვისაც არ უნდა ეხებოდეს ეს, ყველას მაგივრად პარლამენტის სახელით ვიხდი ბოდიშს, უნდა გითხრათ, რომ ბევრი რეგულარული არმია ვერ გაუძლებს იმ განსაცდელსაც რასაც ახლა ეს ბიჭები უძლებენ.

ყველას მინდა ბოდიში მოვუხადო: იმისათვის, თუ რამ უკადრისი ითქვა ან პარლამენტში, ან სხვაგან გვარდიისა და მხედრიონის, სხვა ქვეგანაყოფების მიმართ. იმ ბიჭების მიმართ, ვინც ფრონტზე იბრძოლა - და ვინც მათ ეხმარება და ამზადებს - ეს კი ძირითადი მასა - და თუ ისინი ახლა გვისმენენ ოჩამჩირეში ან სოხუმში, მინდა თქვენი სახელით ვუთხრა: ჩვენ თქვენთანა ვართ.

ვიცი, რომ მათ ძალიან უჭირთ - ახლახან ველაპარაკე გენერალ კამკამიძეს, ბატონ ჯაბა იოსელიანს, პაატა დათუაშვილს. გია ყარყარაშვილს ვერ დავუკავშირდი, როგორც კი კავშირი აღსდგება, იმასაც დაველაპარაკები. გუშინ აქ წამოაყენეს წინადადება, რომ იქნებ სოხუმში გამსვლელი სესია გავმართოთო. სოხუმშიც ჩავალთ და ოჩამჩირეშიც, არც ერთი ჩვენგანი არ შედრკება. თუ საჭიროა ქვეყნისა და სამშობლოს ინტერესებისათვის, ჩვენ ამას გავაკეთებთ. ეს თქვენ გესმოდეთ ბიჭებო! და ნუ მიაქცევთ ყურადღებას იმას, თუ სადმე ისეთი რამ ითქვა, რაც გულს გატკენთ და რისი ღირსიც შეიძლება არ იყოს ბევრი თქვენი თანამებრძოლი.

კატეგორიულად არ ვეთანხმები არც ერთ ჩემს კოლეგას, ვინც რაღაც დაპირისპირებაზე ლაპარაკობს პოლიციასა, გვარდიასა, მხედრიონსა და სამხედრო ფორმირებებს შორის. ცალკეული ინციდენტები ოჯახშიც არის, ორ ძმას შორისაც ხდება ხოლმე. სწორედ რაღაც ინციდენტი რომ იყო, მეორე დღესვე 150 მილიციელი დაირაზმა და გაფრინდა აფხაზეთში. - და ახლა ისინი მოწინავე პოზიციებზე გვარდიელებთან, მხედრიონელებთან, სხვებთან ერთად იბრძვიან ოჩამჩირეში. ნუ შევქმნით მოგონილ წინააღმდეგობებს, ისედაც გვეყოფა ჩვენი სირთულეები და სიძნელეები. დღეს ჩვენ მფრინავი გმირი დავიტირეთ. გუშინ ოზურგეთის პოლიციის უფროსი - ერთი თვის წინათ დანიშნული კაცი, რომლის დანიშვნასაც მთელი რაიონი მიესალმა, მოკლეს ბანდიტებმა. მასთან ერთად დაიღუპა ორი მილიციის მუშაკი, დაიჭრა რამდენიმე კაცი. განა ეს გმირობა არ არის, განა ეს ფრონტი არ არის?

რამდენჯერმე თქმულა ტრიბუნიდან, რომ ყოველღამე მილიციის ერთი ან ორი მუშაკი იღუპება. გუშინწინაც ორი კაცი დაიღუპა თბილისში. ასე რომ, ნუ შევქმნით ამ ხელოვნურ დაპირისპირებას, ხელოვნურ წინააღმდეგობებს. საჭიროა და ხელი შევუწყოთ საზოგადოებაში იმ აზრის ფორმირებას, რომ ჩვენ არმიაც გვჭირდება და პოლიციაც. ერთიც ჩვენი და მეორეც, ორივე განუყოფელია ჩვენი სხეულისა, ჩვენი ცხოვრებისა და სიცოცხლისა.

თქვენ სავსებით კანონიერ მოთხოვნებს აყენებთ, რომ ჯერ ჩამოვაყალიბოთ არმიის კონცეფცია, დოქტრინა. მაგრამ, გვყოფნის კი დრო. გავაკეთოთ ისე, რაც საჭიროა? მე მაინც მგონია, რომ გარკვეული სახით ეს დოქტრინა სახელმწიფო საბჭოში იყო წარმოდგენილი და იგი, ასე თუ ისე კარგი საფუძველია, რომელიც გვაძლევს საშუალებას შევქმნათ ერთიანი არმია. ეს კანონიც, რომელიც ახლა უნდა მივიღოთ, ამ დოქტრინის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. ჩვენ ცოტა სხვა გზით მივდივართ, ცხოვრება გვაიძულებს მივიღოთ აუცილებელი კანონი.

დღეს ასეთი აზრი გამოითქვა, გვითხარით, რამდენი ოფიცერი გვყავს ან რამდენი ოფიცერია საჭიროო. ეს ყველაფერი ერთმანეთთანაა დაკავშირებული: ოფიცერი იმდენია საჭირო, რამდენსაც ჯარისკაცთა რაოდენობა მოითხოვს. 250 ქართველი ახალგაზრდა ამთავრებს ახლა აკადემიებს სხვადასხვა ქვეყნებში. ჩვენ უნდა შეგვეძლოს ისინი მოვიწვიოთ. მაგრამ როგორ უნდა მოვიწვიოთ, როცა არ ვიცით, როგორი კონტინგენტი იქნება. მე არ გეუბნებით, რომ ჩვენ ყველაზე ძლიერი არმია უნდა გვყავდეს. შეიძლება ხუთი ათასი კაცი გვყავდეს, შეიძლება ოცი ათასი, ოცდაათი ათასი. ეს, ალბათ, იმის მიხედვით უნდა განვსაზღვროთ, რა კონტინგენტი იქნება გასაწვევი. ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ყველას გაგიწვევთ. გერმანიაში, მაგალითად, სამხედრო მოვალეობა უნდა მოიხადოს მილიონობით ადამიანმა, მაგრამ მათი ჭერი არის სამასი ათასი კაცი - სამას ათას ჯარისკაცზე მეტის უფლება გერმანიას არ აქვს. ჩვენც ასე ვიქნებით, ალბათ, და ყველას არ მოუწევს არმიაში სამსახური. მაგრამ შეიძლება დადგეს დრო, როცა საჭირო იქნება, ყველამ აიღოს იარაღი, ვისაც შეუძლია იარაღის დაჭერა მშვიდობიანობის დროსაც კი. ამიტომ მეგონა, რომ დღეს ამ კანონის მიღებას, პრინციპული მნიშვნელობა ექნებოდა იმისათვის, რომ წარმოდგენა გვქონოდა, რა კონტინგენტთან გვექნებოდა საქმე, რა რაოდენობის ხალხი იქნებოდა. თუ რა კონტინგენტი გვეყოლება, იმის მიხედვით უნდა ჩამოვაყალიბოთ აზრი ჯარების სახეობებზე, ამაზეც იქნება დამოკიდებული ის, თუ როდის გავა რუსეთის ჯარი საქართველოდან. ნუ გგონიათ, რუსეთის ხელმძღვანელობა ისეთ დათმობაზე წავა: სამხედრო-საჰაერო დაცვას, აგრეთვე საზღვარზე ხალხს დატოვებს და სხვას გაიყვანს. ასე არ იქნება, ალბათ, ისინიც თავის ინტერესებს გაითვალისწინებენ. შეგვიძლია თუ არ შეგვიძლია დღეს საზღვრის გაშიშვლება? სად გვჭირდება დღეს კიდევ ახალი საზღვრების, სასაზღვრო ხაზების მშენებლობა? ყველაფერი ეს ისევ და ისევ დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა კონტინგენტი გვეყოლება.

ის, რომ ახლა ჩვენ კონტინგენტი არა გვაყავს, ჯერ ერთი, მორალურად მოქმედებს, და მეორეც, ის ბაზები, რომლებიც ჩვენ მივიღეთ, უკვე გაჩანაგებულია. ახალციხეში რუსეთის არმიას სანიმუშო დივიზია ჰყავდა. რაც გამოსატანი იყო, გამოვიტანეთ, იქ სულ რაღაც 50 კაცი დავტოვეთ. ახლა იქ ყველაფერი დარბეული და დანგრეულია, უმჯობესია თავიდან ავაშენოთ ახალი ქალაქი, ვიდრე იქ შეიყვანო ხალხი. ასეა სამტრედიაში, სავალალო მდგომარეობაშია მერიის აეროდრომი. ნიავდება და ჩანაგდება კოპიტნარის უნიკალური აეროდრომი, ასე იქნება სხვებიც.

ჩვენ თანდათანობით ვიღებთ ამ ქონებას. სადაც მოვასწარით გასაწვევი კონტინგენტის შეყვანა, კერძოდ ყოფილ მერვე პოლკში, იგი ათვისებულია. თუმცა იქ არ არის იდეალური პირობები, მაგრამ არაფერი დაიკარგა და ხალხი მზადდება ჩვეულებრივი შინაგანი ჯარებისათვის. ან გორის სატანკო პოლკი. როგორც კი გაგვიჩნდა კონტინგენტი, შევიყვანეთ ჯარისკაცები, ტექნიკა, და დღეს იქ ნორმალური სამხედრო ნაწილია. და, როგორც იტყვიან, გული საგულეს გვაქვს. რაღაც რომ გართულდეს, ის თავის მისიას, თავის ამოცანას შეასრულებს. ამიტომ ისევ და ისევ ვუსვამ ხაზს იმას, რომ ჩვენ უნდა გვქონდეს წარმოდგენა, რა კონტინგენტთან გვექნება საქმე, საომარ ვითარებაში რა რაოდენობის ხალხი აისხამს იარაღს.

რაც შეეხება განსახილველი კანონის 27-ე მუხლს, მე პირადად ის ყველაზე უფრო მისაღებად მიმაჩნდა, თუმცა ვეთანხმები იმათაც, რომ ყველა ქართველმა ახალგაზრდამ უნდა გაიაროს სავალდებულო სამხედრო სამსახური. მაგრამ ალბათ ეს ძნელი იქნება იმიტომ, რომ ვიმეორებ, სულ ომიანობის მოლოდინში ხომ არ ვიქნებით. და როცა კონცეფციაზე ვლაპარაკობთ, მხედველობაში გვაქვს აქტიური ნეიტრალიტეტი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მშვიდობისმოყვარე ქვეყანა უნდა ვიყოთ, ყველა მეზობელთან კარგად უნდა ვიცხოვროთ და ჩვენი იმედი მაინც ჩვენი ინტელექტუალური პოტენციალი უნდა იყოს - მეცნიერება, ხელოვნება, ლიტერატურა და ა.შ.

თავის სიტყვის დასასრულს ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ ერთხელ კიდევ მიმართა მადლიერების სიტყვებით პარლამენტარებს ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის.

- მინდა მივმართო მადლობის სიტყვებით მთელს ჩვენს ქვეყანას, ყველა ოჯახს, - თქვა მან - და ვუსურვო, რომ ასეთი ახალი წელი არ განმეორებულიყოს, ასეთი მძიმე, ასეთი რთული, როცა სიხარული სიხარულს არ ჰგავს, ახალი წელი - ახალ წელს. დარწმუნებული ვარ, მომავალი წელი საქართველოსათვის, თითოეული ოჯახისათვის, თითოეული თქვენგანისათვის სხვანაირი იქნება.

ედუარდ შევარდნაძე: პარლამენტმა ბევრი რამ გააკეთა... // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 31 დეკემბერი. - N265(544). - 1 გვ.

116 პირთა საძიებელი

▲ზევით დაბრუნება


ადვაძე ვალერიან

ამაშუკელი ელგუჯა

ამაშუკელი რეზო

ამირეჯიბი ჭაბუა

ანდრეოტი ჯულიო

არძინბა ვლადისლავ

ასლანიდი პავლე

აჩბა ზურაბ

ახვლედიანი გიორგი

ბათიაშვილი ირაკლი

ბარამიძე (დეპუტატი) [გიორგი]

ბატონო ალექსანდრე! [ბარამიძე]

ბეიკერი [ჯეიმს ა. (ჯიმ)]

ბერიძე ვახტანგ

ბერძენიშვილი მერაბ

ბოგომოლოვი იგორ

ბოტია

ბრაზაუსკასი ალგირდას

ბუაჩიძე თენგიზ

ბუტროს ბუტროს გალი (ღალი)

ბუში ჯორჯ

გამბაროვი ისა

გამსახურდია ზვიად (პრეზიდენტყოფილი, ექსპრეზიდენტი, ყოფილი პრეზიდენტი)

გამყრელიძე თამაზ

გელაშვილი

გენშერი ჰანს-დიტრიხ

გენშერი ბარბარა

გვენცაძე რომან

გიორგი მესამე

გოგუაძე ვახტანგ

გორბაჩოვი მიხეილ

გორდია (გორდიას კვანძი)

გოცაძე თემო

გრაჩოვი პავლე

გულუა გია

დავით IV აღმაშენებელი

დავითი (ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი)

დალჰოფი გიუნტერ

დანტე

დარასელია მიხეილ

დემირელი სულეიმან

დიუმა როლან

ელჩიბეი აბულფაზ

ელცინი ბორის

ვაიცზეკერი რიჰარდ ფონ

ვაჟა-ფშაველა

ვირსალაძე ელისო

ვოლსკი არკადი

ზანკალიანი მურთაზ

ზეიკიძე დავით

ზუბალაშვილები, ძმები

თურგუთ ოზალი

ილია მეორე (კათოლიკოს-პატრიარქი)

იოსელიანი ავთანდილ

იოსელიანი ჯაბა

კავსაძე სანდრო

კამკამიძე ანატოლი

კარმოკოვი ხ.

კეკელიძე კორნელი

კიტოვანი თენგიზ

კლინტონი უილიამ ჯეფერსონ (ბილ)

კოზირევი ანდრია

კოივისტო მაუნო

კოკოვი ვ.

კონდრატიევი გიორგი

კრავჩუკი ლეონიდ

კულუმბეგოვი ტორეზ

ლაბახუა ზურაბ

ლიუციფერი

ლობჟანიძე

ლომინაძე გივი (გია?)

ლომოური ნოდარ

ლორთქიფანიძე გიგა

მაისურაძე

გიორგი მაისურაძე

მახარაძე ზურაბ

მეფისტოფელი

მამაცაშვილი თეიმურაზ

მარშანია ლორიკ

მაღრაძე დათო

მაჭავარიანი ალექსი

მეტრეველი როინ 30,

მეძმარიაშვილი ლერი

მიტერანი ფრანსუა

მონტესკიე

ნადარეიშვილი თამაზ

ნათაძე ნოდარ

ნასიძე სულხან

ნიკოლაიშვილი თენგიზ

ონიანი ნატო

პასტუხოვი ბორის

პატრიკეევი ვ. ო.

პეტრე იბერი (ივერი; ფსევდო დიონისე არეოპაგელი)

პოპიაშვილი კობა

ჟირინოვსკი ვლადიმერ

რაბინი იცხაკ

რეიგანი რონალდ

რუსო [ჟან-ჟაკ]

რუცკოი ალექსანდრე

სავიჩევი ვ.

სალარიძე დავით (დათო)

სალია კონსტანტინე

სარალიძე დავით

სარაჯიშვილი [დავით]

სიგუა თენგიზ

სომარუგა კორნელიო

სტალინი იოსებ

ტაბიძე გალაკტიონ

ტერ-პეტროსიანი ლევონ

ურიგაშვილი ბესიკ

ფანჯიკიძე გურამ

ფაცაცია ოთარ

ფრიდრიხ პირველი ბარბაროსა

ქადაგიშვილი [ირაკლი]

ქანთარია ალექსანდრე

ქეთევან წამებული

ქობალია ვახტანგ (ლოთი)

ქობალია ჯემალ

ქურდაძე მიხეილ

ყარყარაშვილი გიორგი (გია)

შალიკაშვილი ჯონ (მალხაზ)

შალიკაშვილი ოთარ

შანიძე აკაკი

შანიძე მზექალა

შაშიაშვილი თეიმურაზ (თემურ)

შენგელაია ელდარ

შევარდნაძე ედუარდ (გიორგი)

შინქუბა ბაგრატ

შოთა რუსთაველი (რუსთველი)

შულენბურგი, (გრაფი) ფონ

ჩარკვიანი ჯანსუღ

ჩეთინი

ჩერნომირდინი ვიქტორ სტეფანეს ძე

ჩიკვაიძე [ალექსანდრე]

ჩიქოვანი გალინა

ჩიქოვანი სიმონ

ჩხეიძე რეზო

ციციშვილი ირაკლი

ცქიტიშვილი ავთანდილ

ძალიძე არმაზ

წერეთელი გიორგი

წურწუმია რუსუდან

</Metadata>

</Description>

-->

ჭავჭავაძე ილია (მართალი)

ჭანტურია გიორგი (გია)

ხაზალია ზიბერტ

ხაინდრავა ივლიანე

ხარებაშვილი გალინა

ხასბულატოვი რუსლან იმრანის ძე

ხოშტარიები

ჯეფერსონი თომას

ჯიქია სერგი

ჯორჯაძე ირაკლი

ჰემინგუეი

117 ადგილის საძიებელი

▲ზევით დაბრუნება


აბაშა

ავნევი

ავღანეთი

აზერბაიჯანი

აზია

ამერიკა

ამერიკის შეერთებული შტატები (აშშ)

ამიერკავკასია

ამიერკავკასიის ფედერაცია (ფედერაციული რესპუბლიკა)

ანქვაბი (ანქუაბი) ალექსანდრე

აფრიკა

აფხაზეთი

აღმოსავლეთი ევროპა

აღმოსავლეთი საქართველო

აჭარა

ახალგორი

ახალციხე

ახლო აღმოსავლეთი

ბაგრატ შინქუბა

ბათუმი

ბალკანეთი

ბერლინი

ბზიფი

ბიჭვინთა

ბონი

ბოსნია

ბოსფორის სრუტე

ბრესტი

ბრიუსელი

გაგრა

გალი

განთიადი

გელათი

გეორგიევსკი

გერმანია (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა)

გორი

გროზნო

გუდაუთა

გულრიფში

გუმისთა

გურია

გურჯისტანის ვილაიეთი

დაგომისი

დასავლეთი ევროპა

დასავლეთი საქართველო

დიდი ბრიტანეთი

დიდი კავკასიონი

დუშეთი

ევრაზია

ევროპა

ენგური

ერაყი

ესპანეთი

ეშერა

ვარშავა

ვაშინგტონი

ვენა

ვინდხუკი

ზაარლანდი

ზესტაფონი

თბილისი

თელავი

თელეთი

თურქეთი

თურქმენეთი

თუშეთი

იაპონია

იმერეთი

ინგლისი

ირანი

ისრაელი

იტალია

იუგოსლავია

იყალთო

კავკასია

კახეთი

კოლხეთი

კოჩარა

კულაში

ლანჩხუთი

ლესელიძე

ლიტვა

ლონდონი

მარტვილი

მესხეთ-ჯავახეთი

მოლდავეთი (მოლდოვა)

მოსკოვი

მცირე კავკასიონი

ნამიბია

ნიკორწმინდა

ნიუ-იორკი

ოზურგეთი

ოტავა

ოჩამჩირე

პალესტინა

პარიზი

პოლონეთი

პორტუგალია

რაჭა-ლეჩხუმი

რუსეთი

რუსთაველის პროსპექტი

რუსთავი

(სანქტ-)პეტერბურგი

საბერძნეთი

საბჭოთა კავშირი (სსრკ)

სამაჩაბლო

სამეგრელო

სამტრედია

სამურზაყანო

სამხრეთ ოსეთი

სასახლე „ფინლანდია“

საფრანგეთი

სენაკი

სვანეთი

სომხეთი

სოჭი

სოხუმი

სტამბოლი

სტოკჰოლმი

ტაჯიკეთი

ტყვარჩელი

უკრაინა

ფაზისი

ფინეთი

ფოთი

ფსოუ

ფშავ-ხევსურეთი

ქართლი

ქვემო ქართლი

ქუთაისი

ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკა

ყაზახეთი

ყაზბეგი

ყარაბაღი (მთიანი ყარაბაღი)

ყვარელი

ყიზლარი

ყორნისი

შავი ზღვა

შავი ზღვის აუზი (შავიზღვისპირეთი)

შიდა ქართლი

შუა აზია

ჩერნობილი

ჩეჩნეთი

ჩეხეთ-სლოვაკეთი [ ჩეხოსლოვაკეთი]

ჩიქოვანის ქუჩა

ჩრდილოეთ (ჩრდილო) ოსეთი

ჩრდილოეთ კავკასია (ჩრდილოეთკავკასიური)

ჩხოროწყუ

ცხინვალი

წალენჯიხა

წყალტუბო

ჭოროხი

ხობი

ჯექსონ-ჰოული

ჰალე

ჰამბურგი

ჰელესპონტი

ჰელსინკი

ჰიუსტონი

118 საგნობრივი საძიებელი

▲ზევით დაბრუნება


ანტაგონისტური კლასი

აღმავლობა

ამერიკის ადმინისტრაცია

ამიერკავკასიის სამხედრო ოლქი

ანარქია

აგვისტოს პუტჩი

ანარქია, დესტაბილიზაცია

აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები

ბანდიტიზმი

ბერლინის კედელი

ბილის პრინციპები

ბლოკადა

განხეთქილება

გეოპოლიტიკური ცენტრი

გერმანიის „აღმოსავლეთის პოლიტიკა“

გერმანიის გაერთიანება

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია

„დემოკრატიული რეფორმების მოძრაობა“

„დომინოს ეფექტი“

დამოუკიდებლობა

დასავლეთის ქვეყნები

დესტრუქციული ძალები

დესტაბილიზაცია

დემოკრატია, დემოკრატიული

დეკლარაცია სუვერენიტეტის შესახებ

დემოკრატიული არჩევნები

დემოკრატიული გარდაქმნა

დეპუტატთა ჯგუფი „სოიუზი“

დისლოცირებული ჯარები

„ეროვნული ხსნის კომიტეტი“

„ენერგეტიკა“

ევროპელები

ეკონომიკა

ეკონომიკური ქაოსი

ერის გათიშვა

ერის ერთობა

ეროვნებათშორისი

ეროვნული ბიზნესი

ეროვნული გათიშულობა

ეროვნული სული

ეროვნული თანხმობა

ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა

ეროვნულ-კულტურული წყობა

ეროვნულ-დემოკრატიული პარტია

ეროვნული გვარდია

ეკონომიკური კრიზისი

ეთნოკონფლიქტები

ვაი-პატრიოტიზმი

თავდაცვის სამთავრობო კომისია

თავისუფალი არჩევნები

თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

თავისუფალი მეწარმეობა

თავისუფლება

თანამეგობრობა

თავდაცვის სამინისტრო

იუნესკო

იუსტიციის სამინისტრო

ისტორიის ულმობელი ბორბალი

ინფორმაციული ომი

კლასობრივი ომები, ბრძოლა56,

კომპრესია

კომუნისტური პარტია

კომპრომისების პოლიტიკა

კონცეფცია

კონფლიქტი

„მრეწველობა“

მრავალპარტიულობა

მესიანური იდეოლოგია

მკვდრეთით აღდგომა

მონოგრაფია

მორალური და ფიზიკური ტერორი

მსოფლიო ომი

მსოფლიო ცივილიზაცია

მსოფლიოს უკანასკნელი იმპერია

მსოფლმხედველობა

მხედრიონის კრიმინალური ჯგუფები

მიტინგი

მინისტრთა კაბინეტი

ნატო

ორმაგი მოქალაქეობა

ოსი ექსტრემისტები

ოპოზიცია

პატრიოტიზმი

პოლარული აზრები

პოლიტიკური მიზნები

პოლიტიკური სარფიანობა

პოლიტიკური სტაბილურობა

პოლიტიკური ძალა

პოსტკომუნისტური ხანა

პროვოკაცია

რეალისტური პოლიტიკა

რეაქციული ძალები

რეზოლუცია

რეფერენდუმი

რუსეთის იმპერია

რუსთველოლოგიური

საბჭოთა კავშირი

საბჭოთა კავშირის რესპუბლიკები

საგარეო-პოლიტიკური

სამაგიდო წიგნი

სარწმუნოებრივი შუღლი

სახალხო-სამეურნეო კომპლექსი

სახელმწიფო საბჭო

სოციალური კრიზისი

სოციალური ჰარმონია

საერთაშორისო თანამეგობრობა

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა

საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

საყოველთაო-სახალხო არჩევნები

საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლება

საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს სასამართლო

საქინფორმი

საბოტაჟი

საქართველოს მეცნიერებათა აკადემია

სავალდებულო სამხედრო სამსახური

სახელმწიფო სუვერენიტეტი

სახალხო ფრონტი

სახელმწიფო გადატრიალება

სამხედრო საზღვაო ძალები

სუვერენული საქართველო

„ტრანსკავკასიის მექანიზმი“

ტოტალიტარიზმი

ტოტალიტარული რეჟიმი

ტერიტორიული მთლიანობა

უკანონო სამხედრო ფორმირება

უზენაესი საბჭოს სესია

უზურპაცია

უტოპია

ფრაქცია „სოიუზი“

ქარტეხილთა ოკეანე

ქართული ჯარი

ქართული გვარდია

ქართველი ერი

ყოფილი კავშირის ქვეყნები

შეიარაღებული კონფლიქტი

შინაური კონფრონტაცია

ცივი ომი

ცენტრალური საარჩევნო კომისია

ძმათა შუღლი

ხალხთა თვითგამორკვევის უფლება

ჰუმანური

119 ბიბლიოგრაფიული საძიებელი

▲ზევით დაბრუნება


1. ედუარდ შევარდნაძე: „ჩემი გადაწყვეტილება არ არის მხოლოდ ჩემი პირადი არჩევანი“... / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 7 მარტი. - N41(314). - 1 გვ.

2. განცხადება თბილისში გამომგზავრების წინ / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 7 მარტი. - N41(314). - 1 გვ.

3. ედუარდ შევარდნაძე: „მე ჩამოვედი იმისათვის, რომ მკლავები დავიკაპიწო და ჩემს ხალხთან ერთად ვიშრომო და ვიღვაწო ჩვენი სამშობლოს გადასარჩენად!“ / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 10 მარტი. - N42(315). - 1 გვ.

4. არჩევნების შემდეგ უფრო ადვილი იქნება რესპუბლიკაში დემოკრატიული სტრუქტურების დამკვიდრება : ედუარდ შევარდნაძის პრესკონფერენცია / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 10 მარტი. - N42(315). - 1 გვ.

5. მის აღმატებულებას ბატონთურგუთოზალს, თურქეთისრესპუბლიკის პრეზიდენტს / ე. შევარდნაძე, თ. სიგუა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 17 მარტი. - N45 (319). - 1 გვ.

6. ედუარდ შევარდნაძე: „უნივერსიტეტში ვხედავ მთელ საქართველოს, მას ენიჭება უნიკალური როლი ერის ერთობაში, პოლიტიკურ სტაბილიზაციაში, ეკონომიკისა და განათლების აღმავლობაში“ / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 21 მარტი. - N48(321). - 1,2 გვ.

7. კედლის აქეთა მხარეს / ედუარდ შევარდნაძე // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 2 აპრილი. - N53 (326). - 1 გვ.

8. წერილი იუბილარს / ედუარდ შევარდნაძე // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 4 აპრილი. - N54 (327). - 3 გვ.

9. „შეიძლება წავაგო კიდეც, მაგრამ საქართველოში არდაბრუნება არ შემეძლო“ : ათი კითხვა ედუარდ შევარდნაძეს / ედუარდ შევარდნაძე // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 11 აპრილი. - N59 (338). - 2 გვ.

10. ბატონ ედუარდ შევარდნაძის სიტყვა, წარმოთქმული ბატონ ჰანს დიტრიხ გენშერის პატივსაცემად გამართულ სადილზე / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 14 აპრილი. - N60(339). - 1 გვ.

11. საიუბილეო მისალმება ბაგრატ შინქუბას / ედუარდ შევარდნაძე // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 22 მაისი. - N86 (365). - 1 გვ.

12. ედუარდ შევარდნაძე: მჯერა, აღორძინდება საქართველო! / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 26 მაისი. - N88(367). - 1 გვ.

13. ცხინვალი, ბატონ ტორეზ კულუმბეგოვს / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 26 მაისი. - N88(367). - 1 გვ.

14. მილოცვა : მიხეილ დარასელიას / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 26 მაისი. - N88(367). - 5 გვ.

15. სადილი საპატიო სტუმრის პატივსაცემად : ედუარდ შევარდნაძის სიტყვა / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 27 მაისი. - N90(369). - 1,2 გვ.

16. მის აღმატებულებას, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ბატონ ლევონ ტერ-პეტროსიანს / ედუარდ შევარდნაძე // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 30 მაისი. - N93 (372). - 1 გვ.

17. მის აღმატებულებას, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ბატონ ისა გამბაროვს / ედუარდ შევარდნაძე // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 30 მაისი. - N93 (372). - 1 გვ.

18. ეროვნული მშვიდობა, თანხმობა, შერიგება განყენებული სიტყვები აღარ არის / ედუარდ შევარდნაძე // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 6 ივნისი. - N98 (377). - 1,2 გვ.

19. მომავლის გარანტად / ედუარდ შევარდნაძე // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 13 ივნისი. - N103 (382). - 2 გვ.

20. ქართველი ხალხის მტრებმა საქართველოს ესროლეს, ესროლეს მუხანათურად! / ედუარდ შევარდნაძე // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 16 ივნისი. - N104 (383). - 1 გვ.

21. რ. ხასბულატოვის განცხადება განმარტა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარემ / ედუარდ შევარდნაძე // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 17 ივნისი. - N105-106 (384-385). - 1 გვ.

22. რაოდენ პატარაც უნდა იყოს საქართველო, იგი არავის არ მისცემს უფლებას, რომ ელაპარაკოს იმპერიული დიქტატის ენით! / ედუარდ შევარდნაძე // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 17 ივნისი. - N105- 106 (384-385). - 1 გვ.

23. ხორციელდება უშუალო აგრესია საქართველოს წინააღმდეგ / ედუარდ შევარდნაძე // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 20 ივნისი. - N110 (389). - 1 გვ.

24. ჩვენ ყველანი პასუხისმგებელი ვართ მომავლის წინაშე. თუ საკუთარი თავისათვის არა, ჩვენი ხალხების გულისთვის უნდა დავფიქრდეთ იმაზე, თუ რა პასუხის გაცემა მოგვიწევს მათთვის. / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 23 ივნისი. - N111(390). - 1 გვ.

25. სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის ინტერვიუ საქართველოს ტელევიზიას / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 25 ივნისი. - N114 (393). - 1 გვ.

26. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის ედუარდ შევარდნაძის მიმართვა საქართველოს მოსახლეობისადმი / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 25 ივნისი. - N114(393). - 1 გვ.

27. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის ედუარდ შევარდნაძის განცხადება / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 25 ივნისი. - N114 (393). - 1 გვ. 28. გადარჩენის გზა თანამოქმედებასა და თანამშრომლობაშია / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 27 ივნისი. - N116 (395). - 1 გვ.

29. ედუარდ შევარდნაძე: „დიდი მადლობა თბილისელებს, მთლიანად ქართველ ხალხს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდობას!“ / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 30 ივნისი. - N117 (396). - 1 გვ.

30. გადავარჩინოთ ქართული კულტურა / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 1 ივლისი. - N118-119 (398). - 1 გვ.

31. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, მის აღმატებულებას ბატონ ჯორჯ ბუშს / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 4 ივლისი. - N121 (400). - 1 გვ.

32. ქართული მწერლობის კიდევ ერთი აღიარება / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 4 ივლისი. - N121 (400). - 3 გვ.

33. საქართველო კისრულობს ვალდებულებას იმოქმედოს მხოლოდ და მხოლოდ თანხმობის საფუძველზე / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 10 ივლისი. - N126 (405). - 1 გვ.

34. სამძიმარი : არავის თავდადება და ღვაწლი უკვალოდ არ ჩაივლის... / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 11 ივლისი. - N127 (406). - 1 გვ.

35. ჩვენ ავაშენებთ დემოკრატიულ სახელმწიფოს! / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 11 ივლისი. - N127 (406). - 1,2 გვ.

36. მის აღმატებულებას ბატონ როლან დიუმას, საფრანგეთის რესპუბლიკის სახელმწიფო მინისტრსა და საგარეო ურთიერთობის მინისტრს / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 14 ივლისი. - N128 (407). - 1 გვ.

37. მის აღმატებულებას ბატონ იცხაკ რაბინს, ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრს / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 14 ივლისი. - N128 (407). - 1 გვ.

38. მის აღმატებულებას ბატონ ფრანსუა მიტერანს, საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 14 ივლისი. - N128 (407). - 1 გვ.

39. ქვეყნისა და ხალხის ბედზე პასუხისმგებლობის შეგნებით / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 17 ივლისი. - N131(410). - 1გვ.

40. ედუარდ შევარდნაძე: მეორედ მოსვლა / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 18 ივლისი. - N132 (411). - 2 გვ.

41. მოლოდინის, ერთობის, შერიგების მძიმე დღეები / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 24 ივლისი. - N136 (415). - 1 გვ.

42. შეხვედრა საქართველოს სახელმწიფო საბჭოში / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 31 ივლისი. - N143 (422). - 2 გვ.

43. სადილი საპატიო სტუმრის პატივსაცემად / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 31 ივლისი. - N143(422). - 2 გვ.

44. დაიხსომეთ ეს დღე! / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 1 აგვისტო. - N144(423). - 1გვ.

45. სამოქალაქო მშვიდობისა და ეროვნული თანხმობის დამკვიდრების მიზნით! / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 5 აგვისტო. - N147(426). - 1 გვ.

46. ამ დღეებში წყდება ჩვენი ყოფნა-არყოფნის საკითხი! / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 13 აგვისტო. - N153 (432). - 1 გვ.

47. ედუარდ შევარდნაძემ მოუწოდა აფხაზებს, ქართველებს, ყველას - არ დაუშვან მდგომარეობის გართულება / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 15 აგვისტო. - N155 (434). - 1 გვ.

48. ედუარდ შევარდნაძე: აფხაზი ხალხის ეროვნულ ინტერესებს საფრთხე არ მოელის / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 18 აგვისტო. - N156 (436). - 1 გვ.

49. ედუარდ შევარდნაძე: ყველას მოკავშირე ვიქნები, ვინც საქართველოს სიკეთისათვის, დემოკრატიისათვის იბრძვის! / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 25 აგვისტო. - N161 (440). - 1,2 გვ.

50. გაეროს წევრებს შორის გასავრცელებლად / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 25 აგვისტო. - N161 (440). - 1 გვ.

51. საუბედუროდ, ყველა ჩვენი ცდა - ქვაკუთხედად დავაყენოთ პოლიტიკური დიალოგი - ჯერჯერობით პოზიტიური გამოხმაურების გარეშე რჩება / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 27 აგვისტო. - N163 (442). - 1 გვ.

52. ედუარდ შევარდნაძის განცხადება / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 27 აგვისტო. - N163 (442). - 1 გვ.

53. ღრმა სინანულთან ერთად გულითადი მადლობა / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 29 აგვისტო. - N165(444). - 1 გვ.

54. თავიდან ავიცილოთ დიდი ომი კავკასიაში / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 29 აგვისტო. - N165 (444). - 1 გვ.

55. ჩვენი ყმაწვილების ქუჩებში გამოფენა კი არ გაართულებს მდგომარეობას, არამედ გაალამაზებს ჩვენს ყოფას! / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 1 სექტემბერი. - N166-167 (446). - 1 გვ.

56. ედუარდ შევარდნაძე: ასეთ ომებში ვერავინ ვერ იმარჯვებს - ყველა მარცხდება / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 4 სექტემბერი. - N170(449). - 2 გვ.

57.თელავის მუსიკალური ფესტივალის მონაწილეებს / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 5 სექტემბერი. - N171 (450). - 1 გვ.

58.ედუარდ შევარდნაძე: ჩვენ სრული საფუძველი გვაქვს მოვთხოვოთ ყველას, მათ შორის აფხაზეთის ხელმძღვანელებსაც, რომ შეასრულონ მოსკოვში ხელმოწერილი ხელშეკრულება / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 8 სექტემბერი. - N172(451). - 1,2 გვ.

59. განუხრელად შესრულდება! / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 8 სექტემბერი. - N172(451). - 1 გვ.

60. „ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს“... / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 12 სექტემბერი. - N176-177(456). - 1 გვ.

61. ედუარდ შევარდნაძე: იმ ნაწილების წინააღმდეგ, რომლებიც არ დაემორჩილებიან შეთანხმების მოთხოვნებს აფხაზეთში, ძალა იქნება გამოყენებული... / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 15 სექტემბერი. - N178(457). - 1,2 გვ.

62. ედუარდ შევარდნაძე: არჩევნებზეა ახლა დამოკიდებული ჩვენი ხალხისა და ჩვენი ქვეყნის ბედი / შევარდნაძე ე. ; საქართველოს სახელმწიფო საბჭოს პრესცენტრი // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 23 სექტემბერი. - N187-188(467). - 1 გვ.

63. მე აქ ჩამოვედი, რათა საქართველოსთვის არ დამეკარგა დღესდღეობით ერთადერთი შანსი - მემცნო მსოფლიოსთვის ჩემი ქვეყნის იმედები და ზრახვანი, მეთქვა სიმართლე და უარმეყო სიცრუე / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 29 სექტემბერი. - N194-195(474). - 1,2 გვ.

64. დადგა დრო, რომ დავადგინოთ ფაქტები, მივცეთ შეფასება ყოველივე იმას, რაც მოხდა / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 30 სექტემბერი. - N196-197 (476). - 1,7 გვ.

65. როგორ სჭირდებოდა იგი თავისუფალ საქართველოს! / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 1 ოქტომბერი. - N198-199 (478). - 1 გვ.

66. შეჭირვებული მოყვასის ერთგული, უღალატო და საიმედო შემწე / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 2 ოქტომბერი. - N200 (479). - 1 გვ.

67. სამძიმრის დეპეშა პავლე ასლანიდის ოჯახს / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 2 ოქტომბერი. - N200 (479). - 1 გვ.

68. ედუარდ შევარდნაძე: ჩვენი დიაგნოზი, რომ საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებასთან გვაქვს საქმე, გაგრაში მომხდარმა მოვლენებმაც დაადასტურა / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 6 ოქტომბერი - N203 (482). - 1,2 გვ.

69. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ბატონ ბორის ელცინს / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 6 ოქტომბერი - N203 (482). - 2 გვ.

70. ედუარდ შევარდნაძის პრესკონფერენცია / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 7 ოქტომბერი - N204 (483). - 1 გვ.

71. ვაშენოთ ახალი, დემოკრატიული საქართველო / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 10 ოქტომბერი. - N210-211(490). - 1,2,3,4,5 გვ.

72. გაეროს გენერალურ მდივანს მის აღმატებულებას ბატონ ბუტროს ბუტროს გალის / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 10 ოქტომბერი. - N210-211(490). - 7 გვ.

73. ედუარდ შევარდნაძე: ხვალიდან ყველამ უნდა იგრძნოს უდიდესი პასუხისმგებლობა ქვეყნის მომავლისათვის / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 13 ოქტომბერი. - N212-213(492). - 1,5 გვ.

74. ახლა ძალზე მნიშვნელოვანია გავამართლოთ იმედები / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 13 ოქტომბერი. - N212-213(492). - 1 გვ.

75. ედუარდ შევარდნაძე: ჩვენ ყველას ერთი დიდი მდინარეღა დაგვრჩა გადასაცური და, მჯერა, ერთად გადავცურავთ / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 20 ოქტომბერი. - N215 (494). - 1,2 გვ.

76. ქართულად გამოიცა „ჩემი არჩევანი“ / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 21 ოქტომბერი. - N216 (495). - 1 გვ.

77. ახალი საქართველოს საამაყოდ! / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 22 ოქტომბერი. - N217 (496). - 1 გვ.

78. ძლიერი პარლამენტი არ გამორიცხავს ძლიერ ხელისუფლებას / შევარ­დნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 27 ოქტომბერი. - N221(500). - 1,2 გვ.

79. ედუარდ შევარდნაძე: რუსეთის ჯარის საქართველოდან გაყვანა ნორმალური, ცივილიზებული გზით უნდა გადაწყდეს / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 27 ოქტომბერი. - N221(500). - 1,2 გვ.

80. ქვეყნისთვის ამ ძნელბედობის ჟამს / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 27 ოქტომბერი. - N221(500). - 1 გვ.

81. ედუარდ შევარდნაძე: ქართული კულტურა ყოველდღიური ზრუნვის საგანი უნდა იყოს და იქნება კიდეც / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 28 ოქტომბერი. - N222(501). - 2 გვ.

82. მის აღმატებულებას ბატონ სულეიმან დემირელს, თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 29 ოქტომბერი. - N223(502). - 1 გვ.

83. შეხვედრები ახალგაზრდობასთან სისტემურ ხასიათს მიიღებს / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 29 ოქტომბერი. - N223(502). - 1 გვ.

84. ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა უეჭველად კეთილ ნაყოფს გამოიღებს / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 29 ოქტომბერი. - N223(502). - 1 გვ.

85. ედუარდ შევარდნაძე: ახლა საჭიროა, რაც შეიძლება სწრაფად დაკომპლექტდეს ხელისუფლება, პარლამენტის სტრუქტურები და დაუყოვნებლივ შევუდგეთ ჩვენთვის საარსებო საკითხების გადაწყვეტას / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 3 ნოემბერი. - N225(504). - 1 გვ.

86. ქვეყნის გათავისუფლება არ არის მარტოოდენ დროშის აღმართვა / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 5 ნოემბერი. - N227(506). - 1,2 გვ.

87. ედუარდ შევარდნაძე: ჩვენ ყველაფერი უნდა ვიღონოთ იმისთვის, რომ ღირსეულად გამოვიდეთ აფხაზეთის ომიდან, რომელშიც ამდენი ხალხი იღუპება / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 10 ნოემბერი. - N231(510). - 1,3 გვ.

88. ბატონ ბილ კლინტონს / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 12 ნოემბერი. - N233(512). - 1 გვ.

89. ბატონ ჯორჯ ბუშს / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 12 ნოემბერი. - N233(512). - 1 გვ.

90. გაერთიანებული ერების გენერალურ მდივანს მის აღმატებულებას ბ-ნ ბუტროს ბუტროს გალის / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 12 ნოემბერი. - N233(512). - 1 გვ.

91. მარადიული პოეზია. ასი წლის გალაკტიონ ტაბიძე / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 17 ნოემბერი. - N236(515). - 1 გვ.

92. ედუარდ შევარდნაძე: მსოფლიომ ჯერ კიდევ ვერ გაიგო, რას ნიშნავს ექსტრემიზმს შერწყმული სეპარატიზმი. ამ მოვლენას ვერც რუსეთში მისცეს სათანადო შეფასება / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 17 ნოემბერი. - N236(515). - 1,2 გვ.

93. ედუარდ შევარდნაძე: საქართველოს დღეს მრავალპროფილიანი პოლიტიკა სჭირდება / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 25 ნოემბერი. - N241(520). - 1,2 გვ.

94. ედუარდ შევარდნაძე: თუ ხელი არ გავანძრიეთ, არაფერი გვეშველება // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 1 დეკემბერი. - N245(524). - 1 გვ.

95. იკვალება ქართული გზა დემოკრატიისაკენ / შევარდნაძე ედუარდ ; [ჩაიწერა] ხარებაშვილი გალინა, ძალიძე არმაზ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 2 დეკემბერი. - N246(525). - 1,2 გვ.

96. რადიკალური გარდაქმნების გზით / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 4 დეკემბერი. - N248(527). - 1,2 გვ.

97. ედუარდ შევარდნაძე: აფხაზეთის ავტონომია უნდა იყოს ნამდვილი, რეალური, ხოლო მისი ხელისუფლება - თავისუფალი გზით არჩეული / შევარდნაძეე.;საქართველოსპარლამენტისპრესცენტრი//საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 8 დეკემბერი. - N250(529). - 1 გვ.

98. რედაქციისაგან: თავდაცვის ფონდის ანგარიშია: 000700409 - საქართველოს რესპუბლიკის ბანკის საოპერაციო სამმართველო, მფო - 521006.

99. გამოცხადდეს სახალხო მოძრაობა თავდაცვის ფონდის შესაქმნელად! / შევარდნაძე ე. ; საქართველოს პარლამენტის პრესცენტრი // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 10 დეკემბერი. - N252(531). - 1 გვ.

100. დიალოგი : საქართველო - იტალია // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 12 დეკემბერი. - N253(532). - 1,2 გვ

101. ჩვენ გულგრილი ვერ ვიქნებით იმის მიმართ, რაც რუსეთში ხდება // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 12 დეკემბერი. - N253(532). - 1 გვ.

102. ედუარდ შევარდნაძე: აფხაზი სეპარატისტები ნამდვილად იყვნენ შეთქმული მიხაკისფერ მოძრაობასთან და მათი ალიანსი ეჭვს აღარ იწვევს / შევარდნაძე ე. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 15 დეკემბერი. - N254(533). - 1,2 გვ.

103. ედუარდ შევარდნაძე: არცერთი ნაბიჯი არ უნდა გადაიდგას ჩვენი ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ / ე. შევარდნაძე // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 16 დეკემბერი. - N255(534). - 1 გვ.

104. დამნაშავეთა წინააღმდეგ ბრძოლა დღითიდღე გამძაფრდა / ე. შევარდნაძე // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 17 დეკემბერი. - N256(535). - 2 გვ.

105. მის აღმატებულებას ბატონ ვ. ს. ჩერნომირდინს რუსეთის ფედერაციის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს / ე. შევარდნაძე // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 17 დეკემბერი. - N256(535). - 1 გვ.

106. წესრიგის დასამყარებლად უკვე გადაიდგა პირველი ნაბიჯები / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 22 დეკემბერი. - N259(538). - 1 გვ.

107. „დარწმუნებული ვარ, რომ ხვალ ჩემი საქართველო აყვავებული და ბედნიერი იქნება“ / ე. შევარდნაძე // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 22 დეკემბერი. - N259(538). - 1,2 გვ.

108. განიხილავენ სამხედრო კანონების პაკეტს / ე. შევარდნაძე // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 23 დეკემბერი. - N260(539). - 1 გვ.

109. „იძულებული ვარ ვთქვა“ / ე. შევარდნაძე // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 23 დეკემბერი. - N260(539). - 1 გვ.

110. ედუარდ შევარდნაძის პასუხი „იზვესტიის“ კითხვაზე // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 24 დეკემბერი. - N261(540). - 1 გვ.

111. დროა, ხმა აღვიმაღლოთ უსირცხვილო სიცრუის პასუხად! / ე. შევარდნაძე // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 26 დეკემბერი. - N262(541). - 1,2 გვ.

112. ედუარდ შევარდნაძე: ჩვენ უმძიმესი წელი განვვლეთ, რომელიც ისტორიაში შევა როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი წელიწადი დემოკრატიული მშენებლობის გზაზე // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 29 დეკემბერი. - N263(542). - 1 გვ.

113. ედუარდ შევარდნაძე: // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 29 დეკემბერი. - N263(542). - 2 გვ.

114. საახალწლო მილოცვა : აკაკი წერეთლის სახელობის საბავშვო ფონდს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 31 დეკემბერი. - N265(544). - 1 გვ.

115. ედუარდ შევარდნაძე: პარლამენტმა ბევრი რამ გააკეთა... // საქართველოს რესპუბლიკა. - 1992. - 31 დეკემბერი. - N265(544). - 1 გვ.