![]() |
ედუარდ შევარდნაძე (ტომი VIII) |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
თემატური კატალოგი საქართველოს სახელმწიფო მეთაურები|შევარდნაძე ედუარდ |
თარიღი: 2017 |
აღწერა: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა; პარლამენტის სამეცნიერო-საინფორმაციო უზრუნველყოფის განყოფილება; საქართველოს სახელმწიფოს ხელმძღვანელები საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე – სახელმწიფოს მეთაური (1992 წლის ნოემბერი – 1995 წლის ნოემბერი) მიმართვები, ინტერვიუები თბილისი 2017 UDC (უაკ) 342.511 (479.22) + 929(479.22) ს-323 ე-241 ISSN 1987-5576 ISBN 978-9941-0-9823-9 © საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა სერიის „საქართველოს სახელმწიფოს ხელმძღვანელები“ იდეის ავტორები: პროფ. ემზარ ჯგერენაია, დოქ. დორის ფოგლი რედაქტორ-შემდგენელი: ნატო გაბელაია შემდგენლები: თინათინ სულუხია, კუკური კიღურაძე დაკაბადონება: შალვა პაპალაშვილი |
![]() |
1 *** |
▲ზევით დაბრუნება |
ედუარდ შევარდნაძე
საქართველოს სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე
(1992 წლის მარტი - 1992 წლის ოქტომბერი),
საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე
(1992 წლის ოქტომბერი - 1992 წლის ნოემბერი)
საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე - სახელმწიფოს მეთაური
(1992 წლის ნოემბერი - 1995 წლის ნოემბერი)
საქართველოს პრეზიდენტი
(1995 წლის ნოემბერი - 2003 წლის ნოემბერი)
![]() |
2 1993 წელი - მშვიდობის, დემოკრატიის, ჰუმანიზმის, ახალი გამარჯვებების, ბედნიერების, წინსვლის წელი ყოფილიყოს! |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, სახელმწიფოს მეთაურის, შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ედუარდ შევარდნაძის საახალწლო წერილი ქართველ ერსა და რესპუბლიკაში მცხოვრებ ყველა ხალხს
ძვირფასო მეგობრებო! თანამემამულენო!
მიიწურა 1992 წელი - მეტად მნიშვნელოვანი, ღირსშესანიშნავი, საეტაპო წელი თანამედროვე საქართველოს ცხოვრებაში. მოდის ახალი, 1993 წელი.
დღეს ჩვენ არა მარტო ორი წლის, არამედ ორი საუკუნისა და ორი ათასწლეულის გასაყართანაც ვდგავართ - მეოცე და ოცდამეერთე საუკუნეებისა და მეორე და მესამე ათასწლეულების მიჯნაზე. ეს არის მეტად პასუხსაგები პერიოდი ქართველი ერის, საქართველოში მცხოვრები ყველა ხალხისა და კაცობრიობის ისტორიაში.
როგორც ბიბლიაში წერია, დგას ჟამი სიცოცხლისა და ჟამი სიკვდილისა, მაგრამ ჭირსა შიგან გამაგრება ისე უნდა, ვით ქვით კირსაო, - ბრძანებს დიდი შოთა რუსთაველი და ჩვენი ერი ამ სიბრძნის ერთგულია.
უთქვამთ, ქართველი კაცის სული თვით ბუნებაზე ერთი რეგისტრით მაღლა მღერისო, ალბათ, ეს ასეა, მაგრამ წელს თვით ახალ წელსაც ქართულ სულს ძველებურად, მამაპაპურად არ ულხინს: ომია საქართველოში, სისხლი იღვრება კურთხეულ ქართულ მიწაზე. ბევრ ოჯახში საახალწლო მისალოცის ნაცვლად სამგლოვიარო ბარათები მოდის...
ამიტომ დღეს ტრადიციული საახალწლო, საზეიმო მილოცვის ნაცვლად, ნება მიბოძეთ, ჩემი საახალწლო იმედები, ფიქრები, განცდები და ტკივილები გაგიზიაროთ.
უძველესი ქართული და საკაცობრიო კეთილი ტრადიციაა - ორი წლის გასაყარზე წარსულის შეფასება და მომავლის პერსპექტივების განჭვრეტა.
ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ახალი, 1993 წელი იქნება ომის ღირსეულად დამთავრების და სტაბილური მშვიდობის წელი!
რას ემყარება ეს ჩემი სიტყვა და რწმენა?
იმ დადებით, ისტორიული მნიშვნელობის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ, სოციალურ-ეკონომიკურ გარდაქმნებს, რომლებსაც ადგილი ჰქონდა 1992 წელს.
1992 წელი - უმძიმესი, მაგრამ უმნიშვნელოვანესი ისტორიული გარდაქმნების წელი იყო დემოკრატიული, სუვერენული, დამოუკიდებელი, თავისუფალი საქართველოს მშენებლობაში.
მე აქ მხოლოდ რამდენიმე ფაქტს და ტენდენციას დავასახელებ.
პირველი. 1992 წელს ქართველი ხალხი განთავისუფლდა დიქტატორული რეჟიმისაგან. დაიწყო ახალი ეტაპი საქართველოს ისტორიაში.
სამხედრო საბჭომ შეასრულა თავისი მისია და ადგილი დაუთმო სამოქალაქო ხელისუფლებას.
მეორე. შეიქმნა საქართველოს სახელმწიფო საბჭო, რომელმაც მყარი საფუძველი ჩაუყარა საქართველოს დემოკრატიული, დამოუკიდებელი სახელმწიფოს ფორმირებას, აღდგენილ იქნა საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის ძირითადი პრინციპები.
მესამე. ჩატარდა დემოკრატიული არჩევნები და ჩამოყალიბდა ახალი ტიპის საპარლამენტო რესპუბლიკა. მუშაობას შეუდგა დემოკრატიული პარლამენტი - რესპუბლიკის უზენაესი საკანონმდებლო და წარმომადგენლობითი ორგანო. მივიღეთ კონსტიტუციური კანონი ხელისუფლების შესახებ, რომელმაც რეალობად აქცია საქართველოს ახალი სახელმწიფოს საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებათა ნორმალური ფუნქციონირება. ახალ თვისებრიობაში ავიყვანეთ საქართველოს დემოკრატიული კანონ-შემოქმედება.
მეოთხე. პრაქტიკულად ყალიბდება საქართველოს ახალი დემოკრატიული სახელმწიფო, მისი აღმასრულებელი ხელისუფლება, არჩეულ იქნა სახელმწიფოს მეთაური და შეიქმნა ახალი მთავრობა, რომლებმაც მტკიცედ აიღეს კურსი საქართველოს მცხოვრების თანამედროვე პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ მიღწევათა დონეზე ასაყვანად. ამ დღეებში გამოქვეყნდა სახელმწიფოს მეთაურის საბჭოს შემადგენლობა.
მეხუთე. მტკიცე საფუძველი ჩაეყარა საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლისა და სახალხო მეურნეობის მსოფლიო ეკონომიკაში ინტეგრირების საქმეს, სავალუტო ფონდთან, მსოფლიო ბანკთან, ევროპის ბანკთან და სხვა საერთაშორისო ეკონომიკურ და ფინანსურ ორგანიზაციებთან ურთიერთობას.
მეექვსე. გაძლიერდა მუშაობა ადამიანის უფლებებისა და ეროვნულ უმცირესობათა უფლებების დასაცავად. დაიწყო მშვიდობიანი მოწესრიგება ცხინვალის ზონაში და გარკვეული დადებითი ნაბიჯებიც გადაიდგა ამ რეგიონში ეთნოკონფლიქტების დასაძლევად.
მეშვიდე. სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს საქართველოს ერთიანი ეროვნული დემოკრატიული არმიისა და ფლოტის შესაქმნელად თავდაცვის და ეროვნული უშიშროების განსამტკიცებლად ჩამოყალიბდა ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის სახელმწიფო საბჭო. განმტკიცდა კავშირი ნატოსთან, საზღვარგარეთის მრავალი დემოკრატიული და მშვიდობისმოყვარე ქვეყნების არმიებთან.
მერვე. 1992 წელს საქართველო გახდა გაეროს, იუნესკოს, ევროთათბირისა და მრავალი საერთაშორისო პოლიტიკური და ეკონომიკური ორგანიზაციის წევრი.
საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა ცნო ამერიკის შეერთებული შტატების, ინგლისის, გერმანიის, საფრანგეთის, ესპანეთის, თურქეთის, რუსეთის, ჩინეთის, ირანის, მსოფლიოს ხუთივე კონტინენტის თითქმის ყველა სახელმწიფომ. ეს იყო საქართველოს ახალი სახელმწიფოს დიდი საგარეო-პოლიტიკური და დიპლომატიური ტრიუმფი.
მოკლედ რომ ვთქვათ, გასული წელი დიდი ნიშანსვეტია საქართველოს ისტორიაში.
1992 წელს საქართველოს დამოუკიდებლობამ და დემოკრატიული განვითარების კურსმა საბოლოოდ მიიღო ისტორიულად შეუქცევადი ხასიათი.
ეს ქართველი ერის, საქართველოში მცხოვრები ყველა ხალხის დიდი ისტორიული მონაპოვარია.
ყოველივე ამას ემყარება ჩემი ოპტიმიზმი, ჩემი დასკვნა იმის შესახებ, რომ 1993 წელს აფხაზეთში დამყარდება მშვიდობა, სრულიად საქართველოში კი ჭეშმარიტად დემოკრატიული წესრიგი. მე ასეთი განცხადება გავაკეთე პარლამენტში და ამას დღეს საქვეყნოდ ვადასტურებ.
ეს საქართველოს პარლამენტის, მთავრობის, სახელმწიფოს მეთაურის, შეიარაღებული ძალების, ქართველი და აფხაზი ხალხების, თითოეული ჩვენგანის უმთავრესი ამოცანაა 1993 წელს.
1992 წელს დიდი მნიშვნელობის დადებითი ძვრების გვერდით დიდი ნეგატიური მოვლენებიც გვქონდა.
პირველი და მთავარი ასეთი მოვლენა იყო კონფლიქტი აფხაზეთში, რომელმაც ერთდროულად ეთნოკონფლიქტის, ამ რეგიონში სამოქალაქო ომის, უცხოეთის ინვესტიციისა და სამამულო ომის ნიშანდობლივი თვისებები შეიძინა. ომი არც ქართველ და არც აფხაზ ხალხებს არ სურდათ. ეს ომი თავს მოგვახვიეს აფხაზმა სეპარატისტებმა და ექსტრემისტებმა, რომელთა ზურგს უკან დგანან ძლიერი იმპერიული და ფუნდამენტალისტური ძალები. მათ შორს მიმავალი ზრახვები ამოძრავებთ: მათ სურთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა, აფხაზეთის ჩამოშორება საქართველოსაგან.
ჩვენ ყველა ერსა და რელიგიას პატივს ვცემთ, მაგრამ საქართველოს ტერიტორიული და სახელმწიფოებრივი მთლიანობის ხელყოფას არავის ვაპატიებთ.
მე, როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, სახელმწიფოს მეთაური და საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვაცხადებ ქართველი ერის, საქართველოში მცხოვრები ყველა ხალხის წინაშე, რომ მტრების ეს განზრახვა განწირულია ჩასაფუშავად. ჩვენი საქმე სამართლიანია და მართალი. ჩვენთან არის ცივილიზებული მსოფლიო. საზღვრების ურღვეობა დადასტურებულია არა მარტო კონსტიტუციული ნორმებით, არამედ გაეროსა და ევროთათბირის ფუნდამენტური დოკუმენტებით, საერთაშორისო სამართლის აქტებით, საქართველოს საზღვრები ურღვევია. აფხაზეთი საქართველოა და საქართველოდ დარჩება მარად. ეს ჩვენ განვაცხადეთ გაეროში, ეს ჩვენი სტრატეგიული პოზიციაა.
ჩვენ დღენიადაგ უნდა ვიფიქროთ ქვეყნის თავდაცვითუნარიანობაზე. გულწრფელი მადლობა ყველას, ვინც ამ საშვილიშვილო საქმეში მონაწილეობს. განსაკუთრებით მინდა გამოვყო მოქალაქენი, რომლებმაც ქვეყნის თავდაცვით ფონდში შეიტანეს თავისი დანაზოგი. კვლავაც მოვუწოდებ თანამემამულეთ - ვიზრუნოთ თავდაცვის ფონდის გაძლიერებისათვის.
მეორე დიდი პრობლემა, რომელიც ჩვენს წინაშე დღეს დგას, ეს არის ეკონომიკური კრიზისი, ინფლაცია, წარმოების დაცემა, უმუშევრობა, შიმშილი, დეფიციტი, ფასების ზრდა, სპეკულაცია, მოსახლეობის სოციალური დაცვის დაბალი დონე, უფრო სწორად დაუცველობა.
დღეს, საქართველოში, სამწუხაროდ, მძვინვარებს ენერგეტიკული კრიზისი, მოშლილია მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, მშენებლობა, საჰაერო, საზღვაო, რკინიგზის, საავტომობილო, საქალაქო ტრანსპორტი, ვაჭრობა, საყოფაცხოვრებო მომსახურება, არა გვაქვს ნორმალური განათება, გათბობა, ბევრ ქალაქსა და სოფელს არ ყოფნის პური, მოსახლეობა განიცდის უპრეცედენტო საყოფაცხოვრებო დისკომფორტს და ეკონომიკურ კრიზისს. კატასტროფულად მატულობს ფასები. ასევე კატასტროფულად ეცემა ფასები ინფლაციის გამო.
ფაქტობრივად მოშლილია ეკონომიკა და მთელი მისი ინფრასტრუქტურა.
მძიმე გაჭირვებაში არიან განსაკუთრებით ის სოციალური ფენები, რომლებსაც შედარებით მცირე შემოსავალი აქვთ: სტუდენტები, ლტოლვილები, უმუშევრები, სიღარიბის ზღვარზე დაბლა მყოფი სოციალური მასები.
ფასების ზრდის პროპორციულად უნდა იზრდებოდეს ხელფასები, სტიპენდიები, პენსიები, უნდა გაერთიანდეს საერთაშორისო, სახელმწიფო და კერძო საქველმოქმედო ორგანიზაციების ძალისხმევა ლტოლვილთა და სიღარიბის ზღვართან მისული სოციალური ფენების დასახმარებლად. საქართველოში ლტოლვილთა პრობლემების გადაწყვეტაში გაეროს შესაბამისი და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიც უნდა ჩავრთოთ.
მართალია, მძიმე კრიზისი მარტო საქართველოში როდი სუფევს. ეკონომიკა მოიშალა და ცხოვრების დონე კატასტროფულად დაეცა ყველა დამოუკიდებელ სახელმწიფოში, რომლებიც აღმოცენდნენ ყოფილი საბჭოთა იმპერიისა და აღმოსავლეთ ევროპის სოციალისტური ქვეყნების ისტორიული რღვევის შედეგად.
ეს ობიექტურად ასეა, მაგრამ ასეთ მსჯელობაში სანუგეშო დიდი ვერაფერია. ეს უფრო არსებულის გამართლებაა, ვიდრე მისი გარდაქმნის ცდა. ჩვენ სხვა სტრატეგია და ტაქტიკა უნდა შევიმუშაოთ.
ამოცანა ის არის, რომ თავი დავაღწიოთ კრიზისს და ნორმალური ცხოვრება შევქმნათ რადიკალური ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმების განხორციელების გზით.
ეს არის დღეს ყველა ხელისუფლების პოლიტიკური სიმწიფის მთავარი ობიექტური კრიტერიუმი.
საქართველოს პარლამენტი, მთავრობა, სახელმწიფოს მეთაური, შესაბამისი სამინისტროები, დეპარტამენტები, უწყებები, ადგილობრივი მმართველობის ორგანოები ყველა ღონეს იხმარენ, რათა მომავალი, 1993 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი შედარებით ოპტიმალურად იყოს დაბალანსებული, შემცირდეს კვების პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების საგნების დეფიციტი, გაიზარდოს მოქალაქეთა შემოსავალი, დაბალანსდეს საოჯახო ბიუჯეტები, ნაწილობრივ მაინც გაუმჯობესდეს ცხოვრების ხარისხი.
მესამე დიდი ამოცანა, რომელიც ჩვენს წინაშე დგას - ეს არის ბრძოლა საშიშ კრიმინოგენურ ვითარებასთან.
საქართველოში, ალბათ, ისტორიულად იშვიათად ყოფილა ბანდიტიზმის, ტერორის, მკვლელობის, ადამიანთა მძევლად აყვანის, ქურდობის, მაროდიორობის, ყაჩაღობის, ძარცვა-გლეჯის, სახელმწიფო და კერძო ქონების დატაცების, გაუპატიურების, მექრთამეობის, რეკეტის, მაფიის, ხიდების, გვირაბების, რკინიგზების აფეთქების და სხვა დანაშაულებათა ასეთი ეპიდემია, როგორსაც დღეს ვხედავთ. ეს ბევრი მიზეზითაა გამოწვეული, მაგრამ მთავარი მაინც ის არის, რომ, ერთი მრივ, ომია საქართველოში, მეორე მხრივ, ჯერჯერობით შედარებით სუსტია ახალი სახელმწიფოსა და მისი სამართალდამცავი სტრუქტურების საქმიანობა ამ მიმართულებით.
დღითიდღე სასიკეთოდ უნდა შეიცვალოს კრიმინოგენური სიტუაცია. საკანონმდებლო, აღმასრულებელმა, სასამართლო ხელისუფლებებმა, პოლიციამ, პროკურატურამ, დეპარტამენტებმა, უწყებებმა, მმართველობის ადგილობრივმა ორგანოებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ დამნაშავეობის აღმოსაფხვრელად და მოქალაქეთათვის ცხოვრების, შრომისა და დასვენების ნორმალური პირობების შესაქმნელად.
კანონის უზენაესობამ უნდა დათრგუნოს ბოროტმოქმედთა სამყარო. ხალხს უნდა ვაჩვენოთ დემოკრატიული წესრიგის სიკეთე. მეტი სიმტკიცე და კანონიერი სიმკაცრეა საჭირო წესრიგის დასამყარებლად.
დიდ იმედებს ვამყარებთ 1993 წელს საგარეო-პოლიტიკურ და საგარეო-ეკონომიკურ წარმატებებზე.
ჩვენ გვინდა კეთილმეზობლური, მშვიდობიანი, კონსტრუქციული ურთიერთობა რუსეთთან, თურქეთთან, ირანთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან, ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან, უკრაინასთან, შავი ზღვის აუზის ყველა ქვეყანასთან.
1992 წელს ხელი მოვაწერეთ თურქეთთან მეგობრობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულებას. ჩვენ მივესალმებით იმას, რომ თურქეთი საქართველოს არა მხოლოდ უახლოეს მეზობელს, არამედ მოძმე ქვეყანას უწოდებს. ეს დიდი გარდატეხაა ორი მეზობელი ქვეყნის ურთიერთობის ისტორიაში. უნდა გავუფრთხილდეთ ამ მონაპოვარს.
ამ ახალწლის ღამეს ჩვენ განსაკუთრებით ვფიქრობთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროპის ქვეყნებთან მეგობრულ და კონსტრუქციულ ურთიერთობაზე.
ახალი წლის დასაწყისში გაიმართება საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის ვიზიტი ირანში. ჩვენ დიდ იმედს ვამყარებთ ამ ვიზიტზე. გვსურს საქართველოსა და ირანის ურთიერთობათა ისტორიაში სრულიად ახალი ერა დავამკვიდროთ.
1992 წელი რთული და მძიმე იყო საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობაში. გვინდა ახალ წელს ამ ორ დამოუკიდებელ ქვეყანას შორის კეთილმეზობლური და მეგობრული კონსტრუქციული ურთიერთობა დავამყაროთ. ეს ორივე ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებს შეესაბამება.
ჩვენ მზად ვართ ყველა საკითხი პოლიტიკური დიალოგის გზით მოვაწესრიგოთ და ხელი მოვაწეროთ საქართველოსა და რუსეთის მეგობრობისა და თანამშრომლობის დიდ ხელშეკრულებას.
ჩვენ ძმობა და მეგობრობა გვინდა მსოფლიოს ყველა ქვეყანასთან.
იმედი გვაქვს, რომ მომავალ, 1993 წელს გაერო, იუნესკო, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის თათბირი, მსოფლიოს სავალუტო ფონდი და ბანკი, ევროპის ბანკი, სხვა საერთაშორისო პოლიტიკური, ეკონომიკური, საფინანსო ორგანიზაციები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ საქართველოს ხვალინდელი დღე დღევანდელზე უკეთესი იყოს.
არ არის გაწყვეტილი დროთა და ხალხთა კავშირი და მჯერა, რომ ჩვენი აწმყო, შობილი წარსულისაგან, არის მშობელი უკეთესი მომავლისა.
ახალი, 1993 წელი უნდა იყოს ქართული კულტურის ხსნის, გადარჩენის წელი.
მე მივესალმები საქართველოს მეცნიერების, ლიტერატურის, ხელოვნების, კულტურის, განათლების მოღვაწეებს. ახალ შემოქმედებით წარმატებებს ვუსურვებ მათ.
მე მარად და ყველგან თქვენთან ვარ, ჩემო საქართველო, ჩემო ხალხო! ლხინსა თუ გლოვის სუფრაზეც თქვენთან ვარ. მე თქვენი ახალი წლის იმედიანი მეკვლეცა ვარ და ამ ომში დაღუპული ყველა ვაჟკაცის მგლოვიარე ჭირისუფალიც. მეც თქვენთან ერთად ვარწევ თქვენს აკვნებს და თქვენთან ერთად ქუდმოხდილი და თვალცრემლიანი მივსდევ თქვენი ოჯახებიდან გასვენებულ ყველა გმირის ცხედარს.
მე ახლაც, ახალი წლის ღამესაც, თქვენთან ვარ, ერის რჩეულო ვაჟკაცებო, იმ სანგრებში, რომლებსაც ტყვიას უშენს მტერი.
მე მინდა, ცრემლი შევუმშრალო ქვრივ-ობლებს, პური და ჭერი მივცეთ ყველა ლტოლვილს, მე თქვენზე ვფიქრობ, ჩემი ერის შვილებო, განსაკუთრებით კი მათზე, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს. ვის არ უჭირს დღეს?!
ჭირს, მთელ საქართველოს გვიჭირს, თითოეულ ჩვენგანს, მაგრამ მაინც ახალი წელია, მშობელო ხალხო!
ამიტომ ერთი წუთით შევიშროთ ცრემლი, დავიყუჩოთ ტკივილი და ახალი წელი მივულოცოთ ერთმანეთს. მე მინდა ახალი წელი მივულოცო ყველა მეომარს, ყველა მუშას, ყველა გლეხს, ყველა ინტელიგენტს, ყველა ჭაბუკს და ქალიშვილს, ყველა დედას, ყველა თქვენგანს დავულოცო დედასამშობლო, დედაენა, დედულ-მამული. გოგლა ლეონიძეს ჰქონდა ერთი საოცარი სადღეგრძელო - გოგლაურა: დავლოცოთ ის, ვინც ამ წუთს იბადებაო. ახალი საქართველო იბადება, ახალი ქართველი იბადება! დალოცვილი იყავით მრავალჟამიერ! ბედნიერი იყავით აწდა მარადის!
ვულოცავ ახალ წელს საქართველოში მცხოვრებ ყველა ხალხს!
მეტად უჩვეულო დროში ვცხოვრობთ და ჩემი საახალწლო მიმართვაც უჩვეულოა. საქართველოში საომარი ვითარებაა. ამიტომ ეს მიმართვა არ არის ტრადიციული საახალწლო მიმართვა, როგორც ვთქვი, ეს უფრო ფიქრების, ტკივილების, განცდების, ეჭვებისა და იმედების გაზიარებაა მშობელ ხალხთან, სახელმწიფო მეთაურის საახალწლო მონოლოგია.
არა მოველ მოფენად მახვილისა, არამედ მშვიდობისა, ნათქვამია სახარებაში. ჭეშმარიტად!
დღეს რამდენადაც უნდა მძლავრობდეს კეთილთან ბრძოლაში ბოროტი, რა თავბრუდამხვევიც უნდა იყოს ცხოვრების მორევისა და ბედის ტრიალი, მე მაინც მწამს და მჯერა, რომ ფოლადივით უდრეკი იქნება მუდამ ქართველი კაცის ნება, არასოდეს კაცთმოძულე არ გახდება მისი კაცთმოყვარე გული, მუდამ წმინდა იქნება მისი კათარზისით მოცული სული, ამომწურავი - მისი ეროვნული, სინამდვილის სასიკეთოდ გარდამქმნელი ენერგია, გამორჩეული - მისი სიბრძნე და შორსმჭვრეტელობა.
საქართველოს ყველა ჭეშმარიტ მამულიშვილს, ქართველ ერს, მოძმე მეზობელ ერებს, მსოფლიოს ყველა ხალხს ვულოცავ მომავალ, ახალ წელს!
1993 წელი - მშვიდობის, დემოკრატიის, ჰუმანიზმის, ახალი გამარჯვებების, ბედნიერების, წინსვლის წელი ყოფილიყოს!
მრავალ ახალ წელს, ძვირფასო მეგობრებო!
1992 წლის 31 დეკემბერი.
ქ. თბილისი.
1993 წელი - მშვიდობის, დემოკრატიის, ჰუმანიზმის, ახალი გამარჯვებების, ბედნიერების, წინსვლის წელი ყოფილიყოს! // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 1 იანვარი. - N1(545). - 1 გვ.
![]() |
3 „დღეგრძელი იყავით, დღეგრძელი იყოს ქართული ეკლესია!“ |
▲ზევით დაბრუნება |
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარესს ილია მეორეს
თქვენო უწმიდესობავ! დიდი მოწიწებით და პატივისცემის ნიშნად თავს ვხრი თქვენი ღვაწლის წინაშე ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის აღორძინებისა და განმტკიცების წმიდათა-წმიდა საქმეში და გილოცავთ დაბადების სამოც წლისთავს. გისურვებთ ჯანმრთელობას და დიდ სულიერ ენერგიას საქართველოს საკეთილდღეოდ!
ქართველი კაცის გულსა და გონებაში ოდითგანვე გაერთიანებული იყო რწმენა და მამულის სიყვარული. რწმენამაც გადაგვარჩინა. მტერს ყოველთვის ესმოდა ეს და ალბათ ამიტომ ისტორიულად მისი მახვილი უპირველესად ქართული ეკლესიის წინააღმდეგ იყო მიმართული. გაუძლო საქართველომ ჟამთასვლის მსახვრალ ხელს, ისტორიულ ძნელბედობას გაუძლო. და ეს ალბათ უწინარეს ყოვლისა ისევ და ისევ ქართული ეკლესიის დამსახურებაა, რადგან სწორედ ეკლესია და ჯვარი გახლდათ ის ძალა, რომელიც პატარა და დაუცველ საქართველოს ერთ მუშტად კრავდა განსაცდელის წინაშე.
ისტორია მეორდება, მეორდება სული ისტორიისა. დღეს საქართველოს შინაური თუ გარეშე მტერი ისევ ქართული ეკლესიისაკენ აპარებს ბოროტ მზერას, რადგან ისევ რწმენაში ხედავს საქართველოს გამაერთიანებელ ქვითკირს. თქვენ, თქვენი მაღალი სიმშვიდით, სიბრძნითა და მოყვასის განუზომელი სიყვარულით თქვენს სამწყსოს ერთიანობასა და სიმტკიცეს უნარჩუნებთ, იმ სიმტკიცეს, რომელიც ჰაერივით სჭირდება ჩვენს ახლადფეხადგმულ სახელმწიფოს. მე, როგორც ამ სახელმწიფოს მეთაური და ერისკაცი, როგორც რიგითი მოქალაქე საქართველოსი, დიდ მადლობას მოგახსენებთ ჭეშმარიტი რწმენის მაგალითისთვის, იმ მაგალითისთვის, რომელსაც ყოველთვის გაჰყვება სრულიად საქართველო და თითოეული ქართველი თუ არაქართველი, ვინაც ჩვენს დალოცვილ მიწაზე ცხოვრობს და ვისთვისაც ძვირფასია სამშობლოს კეთილდღეობა.
დღეგრძელი იყავით და თქვენთან ერთად და თქვენი მეთაურობით დღეგრძელი იყოს ქართული ეკლესია!
ედუარდ შევარდნაძე.
„დღეგრძელი იყავით, დღეგრძელი იყოს ქართული ეკლესია!“ / შევარდნაძე ე. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 5 იანვარი. - N2(546). - 1 გვ.
![]() |
4 1993 წელი ჩვენი ქვეყნისათვის გადამწყვეტი წელიწადი იქნება უკეთესობის თვალსაზრისით |
▲ზევით დაბრუნება |
4 იანვრის რადიოინტერვიუ
1993 წელი ჩვენი ქვეყნისათვის გადამწყვეტი წელიწადი უნდა იყოს უკეთესობის თვალსაზრისით, - კვლავ გაიმეორა აფხაზეთში გამართული შეხვედრების დროს ნათქვამი ფრაზა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ - სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ ტრადიციულ ინტერვიუში, რომელიც მან საქართველოს რადიოს კომენტატორს ნატო ონიანს მისცა 4 იანვარს და დასძინა, რომ მისი ეს ოპტიმიზმი პირველ რიგში აფხაზეთში მიღებული შთაბეჭდილებების შედეგია, - გამაოცა ოჩამჩირეში, გალში, განსაკუთრებით კი სოხუმში გამართულმა შეხვედრებმა, - თქვა მან. - უკიდურესი გაჭირვების მიუხედავად, ხალხი მზად არის, თავი დადოს სამშობლოსათვის და ეს კეთდება ყოველგვარი წუწუნის გარეშე, როცა მათ არც შიმშილი აკლიათ და არც სიცივე, არც ავადმყოფობა და არც უაღრესი გაჭირვებით გამოწვეული სხვა უმძიმესი შედეგები. სოხუმში ხელმძღვანელობასთან და სამხედრო ნაწილებთან შეხვედრისას ისეთი განწყობა ვიხილე, რომ იგი პირდაპირ ამართლებს გამოთქმას: „დიდების ღირსი ხარ, შენ, საქართველოვ!“ მთელ საქართველოში ათი პროცენტიც თუ არის ისეთი ხალხი, როგორსაც იქ შევხვდი, - განაგრძო ედუარდ შევარდნაძემ. - საკმარისია იმისათვის, რომ ვიამაყოთ და ვიწამოთ საქართველოს უკვდავება.
აფხაზეთში რთული ვითარებაა. ორი სერიოზული დაპირისპირებული ძალის არსებობა ახლა რეალურია. ამიტომ ყველაზე დიდი სირთულე ის არის, რომ როგორმე მოვძებნოთ დიალოგის გზები. სიმართლე გითხრათ, ამაზე ძალიან ბევრს ვფიქრობ, რადგან, ვხედავ, დაპირისპირებამ დრამატული ხასიათი მიიღო. ამიტომ მინდა, ჩამოვაყალიბო ჩემი შეხედულებები ამ პრობლემასთან დაკავშირებით და მე მგონი, ამას მომავალში შევძლებ.
შეეხო რა აფხაზეთის ომთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს, სახელმწიფოს მეთაურმა ერთგვარი საყვედური გამოთქვა მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა მისამართით. მე მგონია, - თქვა მან, - რომ ჩვენი პრესა, ტელევიზია ერთგვარად მოწყვეტილია ამ ამბებს. ჩვენ აქ საკმაოდ ბევრს ვლაპარაკობთ, სხვადასხვა ვარიანტებს ვამუშავებთ, მაღალ დონეზე აგვყავს ყველაფერი, მაგრამ იქაურ მოვლენებთან კონტაქტი არა გვაქვს. არადა, მთელი ქვეყანა ახლა ამ პრობლემებით უნდა ცხოვრობდეს, რომლებიც აქ არსებობს. ჩვენს თავისუფალ პრესას თუ გადავხედავ, იქ, ფაქტობრივად ვერაფერს ნახავ.
რადიოკომენტატორის შეკითხვაზე, იყო თუ არა მოსალოდნელი მისი სოჭში ჩასვლა, თუკი 2 იანვარს იქ ელცინი და ბუში ერთმანეთს შეხვდებოდნენ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურმა თქვა: ჩვენში ახლა ბევრი გულუბრყვილო აზრი ვრცელდება და ერთ-ერთი ასეთი გულუბრყვილობა ეს აზრი იყო. ასეთი რამ არც ჩაფიქრებული ყოფილა და არც გეგმაში ჰქონია ვინმეს.
შემდეგ საუბარი შეეხო საქართველოს პრესაში სტუდენტთა ორგანიზაციების სახელით გამოქვეყნებულ მიმართვას აფხაზეთის პრობლემებთან დაკავშირებით. მე გავეცანი ამ პუბლიკაციას, - აღნიშნა ედუარდ შევარდნაძემ, - და მადლობა მინდა ვუთხრა ახალგაზრდებს იმისათვის, რომ გული შესტკივათ ამ პრობლემაზე. პუბლიკაციის შინაარსის, ფაქტების ინტერპრეტაციის თვალსაზრისით, კი შეიძლება იყოს რაიმე სადავო, მაგრამ დასაგმობი იქ არაფერია, არც იმ ვარიანტების ხაზგასმა შეიძლება, რომლებსაც ისინი გვთავაზობენ. ამ პუბლიკაციამ დამარწმუნა, რომ ახალგაზრდებთან შეხვედრა საჭიროა და დღის წესრიგში დგას.
ვიმეორებ, განვაგრძობ მუშაობას აფხაზეთის პრობლემებზე, ახლა ამ მუშაობამ სისტემატური ხასიათი მიიღო და დასაჩქარებელია, რადგან სტუდენტთა პუბლიკაციიდან ვიგრძენი, რომ ამ თემის ირგვლივ ჯერ კიდევ ერთგვარი შიმშილია ჩვენს საზოგადოებაში. ვფიქრობ, მიზანშეწონილი იქნება, თუ რაიმე ფორმით ჩვენთანაც და უცხოეთშიც გამოვაქვეყნებთ ჩემს მიერ საპარლამენტო განხილვისათვის გამოტანილ და შემდეგ შევსებულ მასალებს.
მჯერა, მართალი ის იქნება, ვისი აზრიც საბოლოოდ გაიმარჯვებს და სიკეთეს მოიტანს. ჩვენ მომავალზე უნდა ვიფიქროთ. ახლა ეს არის მთავარი. უნდა ვიფიქროთ, აფხაზებზე, რომელთა გვერდითაც უნდა ვიცხოვროთ. თუმცა, ყოველგვარი ნორმის საზღვრებს სცილდება ის ფაქტები, როცა აფხაზთა მხრიდან იბომბება ქალაქი სოხუმი. ჩვენ ისღა დაგვრჩენია, რომ რეაგირება მოვახდინოთ.
რადიოკომენტატორმა სახელმწიფოს მეთაურს სთხოვა კომენტარი გაეკეთებინა საქართველოსა და რუსეთის თავდაცვის მინისტრების მოსკოვში გამართული შეხვედრისა და გაზეთ „იბერია-სპექტრში“ ბატონ თენგიზ კიტოვანის ინტერვიუში გამოთქმული მოსაზრებებისათვის.
- მოსკოვში გამართული შეხვედრის შესახებ ბატონი თენგიზ კიტოვანი ძუნწი კომენტარებით შემოიფარგლა, - აღნიშნა სახელმწიფოს მეთაურმა, - ამიტომ არც მე მინდა განსაკუთრებული მნიშვნელობა მივანიჭო ამ ფაქტს. შეხვედრა ძირითადად იმით დამთავრდა, რომ ყველაფერი განხილულ იქნეს სამთავრობო დონეზე. მაგრამ ამ შეხვედრასაც აქვს თავისი მნიშვნელობა და დიალოგი რუსეთთან უნდა გაგრძელდეს.
რაც შეეხება ინტერვიუს, მე მგონი, ჩემი კომენტარი ზედმეტია, ვფიქრობ მისი კომენტარი თვითონ მკითხველმა უნდა გააკეთოს ჩემი დასკვნების გარეშე. ჩემი მოვალეობაა, არ ავყვე წამიერ განწყობილებებს, შევინარჩუნო სიმშვიდე და სიბრძნე, შეიძლება ეს ცოტა პრეტენზიულად იყოს ნათქვამი.
ინტერვიუს დასასრულს სახელმწიფოს მეთაური შეეხო თავის მომავალ მოსალოდნელ ვიზიტს ირანში და თქვა, რომ იგი ამ ვიზიტზე გარკვეულ იმედებს ამყარებს. - თქვენ იცით, - აღნიშნა მან, - ჩვენი ისტორიული კავშირები ირანთან. ისინი მრავალმხრივ არიან საინტერესო. ბევრი რამ გვაკავშირებდა ამ ქვეყანასთან, მათ შორის მძიმე შედეგებითაც. ეს ვიზიტი ფაქტობრივად პირველი იქნება დამოუკიდებელი სახელმწიფოს მეთაურის რანგში და ვფიქრობ, იგი შინაარსობრივადაც მდიდარი გამოდგება. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებ ეკონომიკურ ურთიერთობებს, რომლებსაც სამართლებრივი ბაზა ექნებათ. ერთი სიტყვით, ხელს მოვაწერთ მნიშვნელოვან დოკუმენტებს, როგორც ეკონომიკურ, ისე პოლიტიკურ სფეროში.
ჩვენ საუბარი გვექნება ირანის ხელმძღვანელებთან ამ რეგიონში, მთელს მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე. იცით, პირველად არ ვხვდები მათ. მე მქონდა შეხვედრა პრეზიდენტ რაფსანჯანისთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, რომელთანაც მეგობრობა მაკავშირებს, თავის დროზე შევხვედრივარ იმამ ჰომეინის და მაშინ მე გახლდით ერთადერთი მოღვაწე რომელიც მას შეხვდა ძალიან რთულ პერიოდში... ასე რომ, მე ირანში ჩასვლის უფლება მაქვს და იმედია, ეს ვიზიტი სასურველ შედეგს მოიტანს.
საქართველოს პარლამენტის პრესცენტრი.
1993 წელი ჩვენი ქვეყნისათვის გადამწყვეტი წელიწადი იქნება უკეთესობის თვალსაზრისით / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა]ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 5 იანვარი. - №2(546). - 1 გვ.
![]() |
5 ახლა ისეთ პირობებში ვიმყოფებით, რომ საქართველომ თავდადებით უნდა იშრომოს და ამასთან თავის ირგვლივ დაამყაროს და შექმნას ბალანსირებული ურთიერთობები |
▲ზევით დაბრუნება |
11 იანვრის რადიოინტერვიუ
- მე ვფიქრობ, პრეტენზიები და შენიშვნები, რომლებსაც ჩვენი ხალხი პარლამენტის მუშაობაზე გამოთქვამს, თანაბრად ეხება ყველას და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, აღმასრულებელ ხელისუფლებას, თუმცა ბუნებრივია პარლამენტიც პასუხისმგებელია ხალხის წინაშე. - თქვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ - სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ თავის ტრადიციულ რადიოინტერვიუში 1993 წლის 11 იანვარს, - მეორეც, როცა პარლამენტის პირველ ნაბიჯებზე ვლაპარაკობთ, ობიექტურნი უნდა ვიყოთ. ეს ის პარლამენტია, რომელშიც თავმოყრილია ჩვენი საზოგადოების ძირითადი პოლიტიკური ძალები, უფრო სწორად ყველა პოლიტიკური ძალა და, მიუხედავად აი ამ მრავალფეროვნებისა, მან მაინც შეძლო ჩაებარებინა თავისი ძალიან რთული გამოცდა და სულ რაღაც თვენახევრის განმავლობაში ბევრი რამის გაკეთება მოახერხა. პირდაპირ ვამბობ, იმ კანონების და გადაწყვეტილებების გარეშე, რომლებიც პარლამენტმა მიიღო, ლაპარაკიც კი ზედმეტი იქნებოდა ისეთი სახელმწიფოს ნორმალურ ფუნქციონირებაზე, რომელიც ახლა იდგამს ფეხს.
ამრიგად, მე მიმაჩნია, რომ პარლამენტმა საკმაოდ დამაჯერებლად დაიწყო მუშაობა და მნიშვნელოვანი ნაბიჯებით იარა, თუმცა იგი ამჟამად კიდევ უფრო დიდი ამოცანების წინაშე დგას. მჯერა, ამ ამოცანებსაც გადაჭრის, გუშინ ჩვენ ზოგიერთ რამეზე ვილაპარაკეთ, საკონსულტაციო შეხვედრა გვქონდა. ეს კარგი კონსტრუქციული შეხვედრა იყო. სერიოზული შენიშვნები გამოითქვა მათ შორის პალამენტის თავმჯდომარის მისამართით, კოლეგიის მისამართით; ბევრი რამ ჩვენს საქმიანობაში მართლაც არის გადასახედი, გადასასინჯი, დასახვეწი და ყველაფერი ეს უნდა გაკეთდეს. მაგრამ მთავარი მაინც ის იქნება, რომ ამ უახლოეს დროში პარლამენტმა ისევ მაქსიმალური დაძაბვით იმუშაოს და მიიღოს მთელი პაკეტი უმნიშვნელოვანესი კანონპროექტებისა ეკონომიკის სფეროში. სამართალდამცავ ორგანოთა საქმიანობის სფეროში მიიღოს მიწის კოდექსი და სხვა დოკუმენტები რომელთა გარეშეც ლაპარაკი გარდაქმნებსა და რეფორმებზე და საერთოდ სახელმწიფოებრივ მშენებლობაზე ზედმეტი იქნება. კიდევ მეტი: ბევრი კანონია აგრეთვე მისაღები ქვეყნის თავდაცვისათვის.
ასე რომ, პარლამენტი ცოცხლობს, მუშაობს, და იგი, ვფიქრობ, თავის იმ დიდ მისიას, რომელიც მას ხალხმა დააკისრა, შეასრულებს.
შეეხო რა აფხაზეთის ომთან დაკავშირებულ პრობლემებს, სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ ამ ომში უკვე შეიძლება გარკვეულ წარმატებებზე ვილაპარკოთ. ეს ეხება ოჩამჩირის ზონასაც და სოხუმის მისადგომებსაც. თქვენ იცით, იყო მცდელობა სოხუმში შემოჭრილიყვნენ და ეს თავდასხმა წარმატებით იქნა მოგერიებული. ამ ფაქტის გამო მინდა გამოვიყენო დღევანდელი შემთხვევა და როგორც უმაღლესმა მთავარსარდალმა მადლობა ვუთხრა ყველა ოპერაციის მონაწილეს, ყველას, ვინც ახლა სამშობლოს ინტერესების სადარაჯოზე დგას ოჩამჩირეშიც, სოხუმშიც. ეს ეხება სარდლობას, ხელმძღვანელობას, ეს ეხება ოფიცრებს და, რა თქმა უნდა, იმ ჯარისკაცებს, რომლებიც სანგრებში დგანან; ეს მადლობა პირველ რიგში ეკუთვნის იმ ოჯახებს, რომლებმაც უახლოესი ძვირფასი ადამიანები დაკარგეს. რაც შეეხება ომის დამთავრების პერსპექტივას, მე უკვე არაერთგზის ვთქვი, რომ ეს არ იქნება ხანგრძლივი ომი. მე შევეცდები უახლოეს ხანებში ზოგიერთი ჩემი მოსაზრება ჩამოვაყალიბო იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი იქნება აფხაზეთში მშვიდობის მიღწევის პერსპექტივები. ახლა ცოტა დრო კიდევ გვჭირდება, რომ შევამოწმო ჩემი მოსაზრებები... მე მჯერა, მშვიდობის დამყარების შემდგომ გვექნება ხანგრძლივი სტაბილური ცხოვრების, სტაბილური მუშაობის პერიოდი და ეს პერიოდი უნდა გამოვიყენოთ იმისათვის რომ საქართველო გახდეს ერთიანი, მართლაც ძლიერი დემოკრატიული ქვეყანა, რომელიც აყვავების გზით მიდის და განვითარდება.
შეეხო რა ირანში თავის მოსალოდნელ ვიზიტს, სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ ეს ვიზიტი შესაძლოა ერთ-ერთი საინტერესო რგოლი აღმოჩნდეს იმისათვის, რომ კავშირი ირანსა და დასავლეთს შორის, ირანსა და კავკასიის სახელმწიფოებს შორის განმტკიცდეს. პირველ რიგში მე მხედველობაში მაქვს ირანის ხელმძღვანელობა, ამ დიდი ქვეყნის მთელი საზოგადოებრიობა. მე არა მგონია, რომ ისინი რაიმე წინააღმდეგობაში იქნებიან იმ პროცესებთან, რომლებიც ევროპას, აზიას და მთელ მსოფლიოს დღეს ახასიათებს. ირანის იზოლირების ნებისმიერი ცდა ყოველთვის უსარგებლოდ მთავრდებოდა და მით უმეტეს უსარგებლო იქნება იგი ჩვენს დროში. ირანი ჩვენი დიდი ისტორიული მეზობელია, იყო ჩვენს ცხოვრებაში ისეთი რამ, რისი მოგონებაც ახლა ძნელია, მაგრამ იყო ისიც, რომ ჩვენ ბევრი რამ გვაერთიანებდა სულიერ, კულტურულ სფეროში, ხალხთა ურთიერთობაში; და თუ რამ იყო დადებითი (და დადებითი მართლაც ბევრი რამ იყო), ალბათ ყველაფერი ეს უნდა გამოვიყენოთ და ვაშენოთ ჩვენი ახალი ურთიერთობანი - ეს იმ ბალანსის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი შეიძლება იყოს, რომელიც საქართველომ თავის ირგვლივ უნდა შექმნას - მე ვგულისხმობ ბალანსირებულ ნორმალურ ურთიერთობებს მსოფლიოს ყველა ქვეყანასთან, განსაკუთრებით მეზობლებთან.
კომენტატორის კითხვაზე, მოახდენს თუ არა იუგოსლავიაში მიმდინარე პროცესები რაიმე გავლენას აფხაზეთის მოვლენებზე, ედუარდ შევარდნაძემ უარყოფითად უპასუხა და იმედი გამოთქვა, რომ ეს მოვლენები იქ ასეთ დრამატულ ხასიათს არ მიიღებს. მე ვფიქრობ, გაეროს უშიშროების საბჭოს რომელიც მთლიანად არის ჩარეული ამ პროცესებში, ეყოფა გამბედაობაც და ძალაც, რომ საქმე აქამდე არ მიიყვანოს. რაც შეეხება რუსეთს, რა თქმა უნდა, რუსეთში შეიძლება შეგროვდეს იმდენი მოხალისე, რომ იქ საკმაო ძალად იქცეს (ისე როგორც ეს აფხაზეთშია), მაგრამ მე მგონი, რუსეთის მთავრობაც მიიღებს ყველა ზომას, რომ ამ მოძრაობას სტიმული არავინ მისცეს. მჯერა, არც ისლამური სახელმწიფოები არ მოიმოქმედებენ ისეთს, რომ იქ ევროპული კონფლიქტის მომასწავებელი რაიმე მოხდეს. დარწმუნებული ვარ, მსოფლიოს პოლიტიკოსები ყველაფერს იღონებენ, რომ სწორედ უშიშროების საბჭოს მიეცეს ასპარეზი ამ ქვეყანაში მოქმედებისათვის.
რაც შეეხება ჩვენს რესპუბლიკას, მე უკვე ვთქვი, რომ უპირველეს ყოვლისა საჭიროა ყველგან დავამყაროთ წესრიგი, და ამას შევძლებთ თუკი, ღონისძიებებს, რომლებსაც ახლა ატარებენ სახელმწიფოს მეთაურის ინსტიტუტები, შესაბამისი სამინისტროები და მთავრობა, მხარს დაუჭერს ხალხი, ამის საფუძველი უკვე არის, ძვრები ამ მხრივ იგრძნობა და მათ სწრაფი განმტკიცება სჭირდება. ვფიქრობ, პოლიცია გამოცოცხლდა, სამართალდამცავი ორგანოებიც უფრო აქტიურად შეუდგნენ დამნაშავეობასთან ბრძოლას და ეს აუცილებლად მინდა აღვნიშნო. ამიტომ ვთხოვთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ კიდევ უფრო აქტიურად დაუჭირონ მხარი ღონისძიებებს, რომლებსაც ახლა ხელისუფლება ახორციელებს წესრიგის აღსადგენად.
მე ვიცი, თუ რა მდგომარეობაა ჩვენს ქალაქებსა და სოფლებში, იქ ჯერ კიდევ ბატონობს განუკითხაობა, მაგრამ ისიც ვიცი, რომ ბევრ რეგიონში საქმე ამ მხრივ დაიძრა, პირველი ნაბიჯები გადაიდგა და ამას მხარდაჭერა სჭირდება. მეორე, რაც ასევე მინდა ჩვენს ხალხს შევახსენო, ის არის, რომ ჩვენ ახლა ზამთარი გვიწყობს მკაცრ გამოცდას და ასეთ პირობებში ჩვენი ყოფა უარესი იქნებოდა, რომ არ შეგვენარჩუნებინა ის ძველი კავშირები, რომლებიც აქამდე გვქონდა გარე სამყაროსთან - თურქმენეთთან, რუსეთთან... რუსეთი ამ დღეებში გვეხმარება და ყოველდღიურად 8 მილიონ კუბურ მეტრ გაზს გვაწვდის. ასევე თურქმენეთი ასრულებს თავის ვალდებულებებს, გამოიძებნა სხვა რესურსებიც და, თუ მთლაც არ იყინებით და მრეწველობაც ასე თუ ისე მუშაობს, ეს ჩვენი ძველი არსებული კავშირების შედეგია. ამიტომ ჩემი აზრით, სანამ ჩვენი ახალი ურთიერთობები არ ჩამოყალიბდება ევროპის ქვეყნებთან, მთელი მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან, ამ კავშირებს უნდა გავუფრთხილდეთ. ამით არავითარი საფრთხე ჩვენს ეროვნულ დამოუკიდებლობას არ ემუქრება, - განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ.
მე უკვე ვთქვი, რომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ომის ღირსეულად დამთავრებისათვის და დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ეს ომი მართლაც ღირსეულად დამთავრდება. ბოლოს და ბოლოს ალბათ მშვიდობიან მორიგებამდე მივალთ, მაგრამ აქედანვე უნდა ვიფიქროთ მშვიდობიან შრომაზეც. სამწუხაროდ, ის რაც შემოდგომაზე უნდა გაგვეკეთებინა, ვერ გავაკეთეთ, ასეულ ათასობით ჰექტარი მიწა მოუხნავი დაგვრჩა, სასწრაფოდ მისაღებია მიწის კოდექსი. გლეხმა ახლა უკვე უნდა იცოდეს რა ეკუთვნის და რა არ ეკუთვნის. რით მოემსახურება მას სამხელმწიფო და რა გარანტიებს მისცემს მას. ერთი სიტყვით, მთელი სპექტრია საკითხებისა, რომლებიც მოგვარებას მოითხოვს. ამასთან როგორც ვთქვი, ქალაქებსაც უნდა მივცეთ მიწა, ყველა ოჯახს უნდა ექნეს საშუალება, რომ მიწაზე დაადგას ფეხი და საზრდო მოიპოვოს. ყველამ უნდა ვიშრომოთ და უნდა გვახსოვდეს: თუკი ახლა მაინც ვსულდგმულობთ, ეს უცხოური დახმარების შედეგია. ალბათ მიაქციეთ ყურადღება ბატონ ბუშის წერილს - ამერიკამ კვლავ 100 ათასი ტონა ხორბალი გამოგვიყო, 10 მილიონი დოლარის ფარგლებში მივიღებთ ბავშვთა პროდუქტებს, უკვე შემოდის 1 მილიონი დოლარის ღირებულების მედიკამენტები. ეს დახმარება რომ არა, ჩვენს საავადმყოფოებში საერთოდ შეუძლებელი იქნებოდა მკურნალობა.
მაგრამ ყოველივე ეს მაინც დროებითი ღონისძიებებია. სხვის იმედად შეიძლება ცოტა ხანს იყო, მაგრამ ყოველთვის ვერ იქნები, არ შეიძლება. ამიტომ, ვფიქრობ, დადგა იმის დრო, რომ ყველამ ხელი გამოვიღოთ, თავდადებით ვიშრომოთ და ვემზადოთ არა ომისათვის, არამედ შრომისათვის, რამაც უნდა შექმნას ჩვენი ხალხის ნორმალური ცხოვრებისათვის საჭირო დოვლათი.
ახლა ძალიან აქტიურ ფაზაშია რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკება. მე ვიცი, რომ ბევრი კითხვა იბადება სამანეთო ზონასთან დაკავშირებით, ალბათ ბატონი რომან გოცირიძე მიაწვდის ხალხს გარკვეულ ინფორმაციას ამის გამო, მაგრამ მე მაინც მინდა ვთხოვო ჩვენს საზოგადოებას, რომ ეჭვის თვალით ნუ შეხედავენ ყველაფერს, რაც კი რუსეთთან მიმართებით კეთდება. გაიხსენონ, რომ კეთილმეზობლობის პირველი ხელშკრულება თურქეთთან დავდეთ, ახლა ირანთან ხელშეკრულების დადებაზე ვლაპარაკობთ და ასეთი მოლაპარაკებები გრძელდება და გრძელდება რუსეთთან, მერე იქნება ვიზიტები უკრაინაში, ყაზახეთში, სხვა ქვეყნებში და ეს იქნება პროცესი, რომელმაც ურთიერთობები ყველასთან უნდა მოაწესრიგოს. რაც შეეხება საკრედიტო პოლიტიკას, სამანეთო ზონაში დარჩენას თუ არ დარჩენას, ეს ისეთი პრობლემურია, რომლებზეც ყველამ უნდა იფიქროს, ყველა მოქალაქემ კარგად უნდა გაიაზროს, თუ რა მოხდება, თუკი დავრჩებით ამ ზონაში. მე კი მაინც უნდა გითხრათ, რომ შედეგი იქნება ძალიან მძიმე, რადგან საკუთარი ვალუტისათვის ჩვენ ჯერჯერობით მზად არა ვართ - განაცხადა ინტერვიუს დასასრულს ედუარდ შევარდნაძემ.
საქართველოს პარლამენტის პრესცენტრი.
ახლა ისეთ პირობებში ვიმყოფებით, რომ საქართველომ თავდადებით უნდა იშრომოს და ამასთან თავის ირგვლივ დაამყაროს და შექმნას ბალანსირებული ურთიერთობები : შევარდნაძე ე. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 12 იანვარი. - №6(550). - 1 გვ.
![]() |
6 ყველანი უნდა გავერთიანდეთ ერთიანი საქართველოსათვის |
▲ზევით დაბრუნება |
რთული ვითარებაა საქართველოში. ამასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის - სახელმწიფოს მეთაურის ედუარდ შევარდნაძის გადაწყვეტილებით 12 იანვარს დაიწყო საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სესია. დილის სხდომის გახსნისას საქართველოს პარლამენტის სპიკერის მოადგილემ რუსუდან ბერიძემ მიულოცა პარლამენტარებს ახალი წელი. შობის დღესასწაული, უსურვა მათ და მათი სახით სრულიად საქართველოს, რომ 1993 წელს მშვიდობა დამკვიდრდეს ჩვენ სამშობლოში.
პარლამენტარებმა დაამტკიცეს მუშაობის დღის წესრიგი, რომელიც მოიცავს ქვეყნისათვის საკმაოდ მნიშვნელოვან და აუცილებელ საკითხებს.
სხდომაზე მოისმინეს დღის წესრიგის პირველ საკითხად გათვალისწინებული ბატონ ედუარდ შევარდნაძის ინფორმაცია.
- თუ ასეთ ძნელ ვითარებაში შეიძლება რაიმე დადებით შედეგებზე საუბარი, - თქვა მან, - ეს არის ის პირველი შედეგები რასაც პარლამენტმა მიაღწია, პრაქტიკულად თვე-ნახევრის განმავლობაში. ახლა ჩვენს საზოგადოებაში ცხარე კამათია პარლამენტის ირგვლივ. ბევრს მიაჩნია, რომ პარლამენტის არჩევა, მისი მუშაობა, შედეგები გარკვულწილად ხელს უწყობენ ქვეყანაში სტაბილიზაციის დამყარებას. ქვეყანას, ასე თუ ისე, გარკვეული აზრით, გამოუჩნდა პატრონი, მუშაობს ხელისუფლების უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, რომელსაც ურთულესი პრობლემები აკისრია ქვეყნის განვითარების ამ ეტაპზე. არის მეორე, საწინააღმდეგო მოსაზრებაც, რომ პარლამენტი ვერ ასრულებს თავის მისიას, ვითარება საქართველოში რთული რჩება, ზოგ სფეროში უარესდება კიდეც. ეს ურთიერთგამომრიცხავი აზრი არ უნდა იწვევდეს ჩვენს გაკვირვებას.
ჩვენი შარშანდელი პოლიტიკური ცხოვრების, საზოგადოებრივი ყოფიერების უმთავრესი შედეგი პარლამენტის არჩევა, კანონიერების აღდგენა, უზენაეობის დამკვიდრებაა. დღეს საქართველოს ჰყავს უმაღლესი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება, სახელმწიფოს მეთაური, თავდაცვის საბჭო, რომლებიც აუცილებელია ასეთ დროს ყველა სახელმწიფოსათვის, განსაკუთრებით კი იმ სახელმწიფოსათვის, რომელიც თავისი დემოკრატიული განვითარების რთულ ეტაპზე იმყოფება და პირველ ნაბიჯებს დგამს.
- ვერ დავეთანხმები იმ ოპონენტებს, - თქვა ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ. - რომლებიც პარლამენტის მიმართ ნეგატიურად არიან განწყობილი. მე მგონი, ეს უცოდინარობის ბრალია, იმიტომ რომ ორი თვის განმავლობაში სრულიად ახალ პარლამენტს ვერ მოსთხოვ იმას, რისი გაკეთებაც პრაქტიკულად შეუძლებელია. ბევრი პარლამენტის მუშაობას ვიცნობ, ბევრ ქვეყანაში დავსწრებივარ პარლამენტის სხდომებს და გარკვეული სიამაყით, ხმაურიანი ფრაზის გარეშე, მინდა განვაცხადო, რომ ჩვენი პარლამენტი გამოირჩევა ინტელექტუალური პოტენციალით, და გარკვეული აზრით, ცალკეული მიმართულებებით, პროფესიონალიზმითაც. ბევრი ჩვენი პარლამენტარი ტოლს არ უდებს განვითარებული ქვეყნების პარლამენტარებს. დაგროვდა გარკვეული ცოდნა, გამოცდილება, დღეს შეიძლება ვილაპარაკოთ ჩვენი საპარლამენტო ცხოვრების საერთაშორისო ავტორიტეტზე, საერთაშორისო კავშირებზე, და იმაზე, რომ ვიაროთ წინ, სრულვყოთ მუშაობის მეთოდები და პრაქტიკა, ავიმაღლოთ ეფექტიანობა. შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა პარლამენტის მუშაობის ორგანიზაციული ფორმების დახვეწაზე, კომისიების მუშაობის უკეთ ორგანიზებაზე.
- ახლა უკვე, - აღნიშნა სახელმწიფოს მეთაურმა, - უფლება გვაქვს მოვთხოვოთ კომისიებს შეუდგნენ აქტიურ მუშაობას. ბევრი საკითხი, რაც პლენარულ სხდომებზე ირჩევა შეიძლება კომისიებზე განიხილონ და შემდეგ უკვე აპრობირებული სახით გამოვიტანოთ სხდომებზე. თუ კომისიებში ნამდვილი შემოქმედებითი მუშაობა აეწყობა, ჩვენი პლენარული სხდომებიც მიიღებს ორგანიზებულ სახეს და უფრო შედეგიანიც იქნება. კომისიების როლი და ავტორიტეტი უნდა ავამაღლოთ. მიმაჩნია, რომ მათ განუსაზღვრელი ასპარეზი აქვთ მუშაობისათვის, უპირველესად კი მათ ამ ეტაპზე უნდა გააძლიერონ კონტაქტები სამინისტროებთან, უწყებებთან, ორგანიზაციებთან.
ერთ-ერთი მწვავე საკითხი არის იმ პროცესის დაჩქარება, რომელსაც კანონშემოქმედება ჰქვია. ახალ ქვეყანაში, რომელიც ახლა იდგამს ფეხს, როგორც დემოკრატიული წარმონაქმნი, დამოუკიდებელი სახელმწიფო, კანონები წარმოუდგენლად საჭიროა. იმ კანონების გარეშე კი, რომელიც ჩვენ მივიღეთ მოძრაობა შეუძლებელი იქნებოდა. უფრო აქტიურად უნდა იმუშაონ იმ ინსტიტუტებმა და სამეცნიერო ცენტრებმა, რომლებიც ჩვენს ბაზაზე არსებობენ. მათ მიერ მოწოდებული მოსაზრებები, წინადადებები უნდა დაეხმაროს კომისიებს და პარლამენტარებს. თუ ეს გზა არ გავიარეთ ძნელია ლაპარაკი ახალი დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობაზე.
ახლა ხშირად ისმის საყვედური: საქართველოში ომის ვითარებაა და ეს არ იგრძნობაო. ამ საყვედურში გარკვეული სიმართლის ელემენტები არის, თქვა ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ. ლაპარაკია აფხაზეთის კონფლიქტზე. ხშირად მითქვამს და ახლაც ვიმეორებ: ჩვენ ომისათვის არ ვემზადებოდით. იგი ჩვენ არ დაგვიწყია. ეს ნამდვილი ჭეშმარიტებაა. ამის დამტკიცება შეიძლება ფაქტებით, დოკუმენტებით, რომ ეს არ იყო საომარი შესვლა აფხაზეთში. ეს იყო ლოკალური მისია, რომელიც დაკავშირებული იყო ბანდიტიზმის წინააღმდეგ ბრძოლასთან და მაგისტრალების დაცვასთან. ამჟამად ყალიბდება გარკვეული მოსაზრებები, თუ რა გზით გამოვიდეთ ამ კრიზისიდან.
ვერავითარ ომს, ვერც შინაურსა და გარეშე კონფლიქტს ვერ მოიგებს ქვეყანა ისეთი ეკონომიკით, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია. ერთობ დარბეული და მოშლილია ჩვენი ეკონომიკა, საკუთარი საარსებო საშუალებები თითქმის ამოწურულია. ასეთ ვითარებაში და ასეთ ფონზე გვიხდება ცხოვრება და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა. და ჩვენ უნდა ვიაროთ ამ გზით, რა გზაც ავირჩიეთ, უნდა გავუძლოთ ამ გზის სირთულეს და დემოკრატიის გამოცდაც უნდა ჩავაბაროთ.
შემდეგ სახელმწიფოს მეთაურმა ილაპარაკა სამანეთო ზონაში საქართველოს დარჩენის აუცილებლობაზე და აღნიშნა: სადღეისოდ პლანეტაზე არ მეგულება უარესი ზონა ვიდრე სამანეთოა, მაგრამ ჩვენ დღეს საერთოდ არავითარი ზონა არა გვაქვს. ამიტომ უნდა დავრჩეთ იქ, ვიდრე გამოსვლას არ გვაიძულებენ. ახლა ეროვნულ ვალუტაზე გადასვლა ნიშნავს იმას, რომ ტომარაში ჩაძვრე და შემდეგ მას თავი მოუკრა. ასეთია ცნობილი სპეციალისტების დასკვნა.
როცა საქართველოს მრეწველობის საკითხებს შეეხო, ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ აღნიშნა რომ მეტალურგიაში, ქიმიურ და საავიაციო მრეწველობაში, ზოგიერთ მანქანათმშენებელ და მსუბუქი მრეწველობის დარგებში შეიმჩნევა გამოცოცხლების სიმპტომები. ეს ის დარგებია, რომლებიც საექსპორტო პროდუქციას ქმნიან და აქ გარკვეულ აღმავლობასთან გვაქვს საქმე. თუ გამოცოცხლდება წარმოება, ჩვენი ბიუჯეტიც იარსებებს.
ვიმეორებ, ჩვენი საკუთარი სასურსათო რესურსები არა თუ შეზღუდულია, არამედ თითქმის ამოწურულია. ჩვენ ახლა ვცხოვრობთ იმ დახმარების ხარჯზე, რომელსაც სხვა ქვეყნებიდან ვიღებთ, რომ ასეთი მეგობრები არა, დღეს საქართველოში სავალალო ვითარება შეიქმნებოდა. ჩვენ ახლა აქტიურად ვმუშაობთ იმისათვის, რომ გავაღრმაოთ და აღვადგინოთ ურთიერთკავშირები მეზობელ სახელმწიფოებთან, კერძოდ რუსეთის ოლქებთან, საწარმო-დაწესებულებებთან, განვავითაროთ ახალი კონტაქტები უკრაინასთან, შუა აზიის რესპუბლიკებთან, დასავლეთის ქვეყნებთან.
ბრალს ნუ ვდებთ ერთამანეთს იმაში, რომ ვიღაცას ვიღაცის მონობის ქვეშ უნდა ამყოფოს საქართველო. ნორმალურად მოაზროვნე ასეთი კაცი მე ჩვენში არ მეგულება. მაგრამ რეალობა - რეალობაა და მას თვალი უნდა გავუსწოროთ ისე, როგორც არსებობს. ხალხი დაძაბულია, მოსახლეობა სულ რაღაცის მოლოდინშია. ხშირად მაქვს შეხვედრები, რომლის დროსაც მეკითხებიან, ხვალ რა არისო მოსალოდნელი, შევინარჩუნებთ თუ არა მშვიდობასო. ყველა პარტიის ლიდერს, ყველა მოქალაქეს მივმართავ თხოვნით, რომ არ სჭირდება ჩვენს ხალხს ზედმეტი დაძაბულობა და განერვიულება. ნუ მივიყვანთ ჩვენს საზოგადოებას იქამდე, რომ იგი უმართავი გახდეს. ყველანი გავიმსჭვალოთ იმ პასუხისმგებლობით, რომელიც სჭირდება დღევანდელ გარდამავალ ეტაპს და რომელსაც ერთობა და ერთიანობა სჭირდება. ვიდავოთ, ვიკამათოთ, მაგრამ - სერიოზულ საკითხებზე, თქვა ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ. ნურავის ვდებთ ბრალს ბოლშევიზმში, ნურავის სურს, დაუპირისპიროს პარლამენტი შეიარაღებულ ძალებს, რომელსაც თქმა არ უნდა, დიდი დამსახურება აქვს. საქართველოს პარლამენტი შეიარაღებულ ძალებს არ დაუპირისპირდება და არც შეიარაღებული ძალები დაუპირისპირდება პარლამენტს და ხელისუფლებას. ეს უნაყოფო, უპერსპექტივო საქმეა და ნურავინ შეეცდება წყლის ამღვრევას. ნურც იმას შეეცდებიან, რომ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის დამსახურება დაუპირისპირონ დღევანდელ პარლამენტს, რომლის ღირსება, განსხვავებით ბევრი სხვა ქვეყნის პარლამენტისაგან, ის არის, რომ აქ წარმოდგენილი არიან ყოფილი დისიდენტები, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერები და ის ყოფილი კომუნისტები, ვინც გაიაზრეს ყველაფერი, რაც ერთიანი, დემოკრატიული სახელმწიფოს აშენებისათვის არის საჭირო, ტოტალიტარული რეჟიმის დროს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წინაშე ნგრევის ამოცანა იდგა. იგი შესრულდა. ახლა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას, რომელსაც ყველა ემხრობა, აღმშენებლობითი მისია ეკისრება. დღეს, ამ ურთულეს და უძნელეს პირობებში ყველანი უნდა გავერთიანდეთ ერთიანი საქართველოსათვის და ჩვენი პლატფორმები ხელს არ უნდა გვიშლიდეს ამ მიზნის განხორციელებაში.
საქართველოს მომავალი აქვს. ამაში ცხადლივ მაშინ ვრწმუნდები ხოლმე, როცა ოჩამჩირეში, სოხუმში ვხვდები იქ მეომარ ბიჭებს, ვხედავ მათ ანთებულ თვალებს, როგორ ურთულეს პირობებში იცავენ საქართველოს.
ჩვენ გვაქვს იმის რწმენა და იმედი, და არც თუ უსაფუძვლოდ, რომ საქართველო ერთ-ერთი აყვავებული ქვეყანა იქნება ახლო მომავალში.
[...]
საქინფორმის საპარლამენტო კორესპონდენტები.
ყველანი უნდა გავერთიანდეთ ერთიანი საქართველოსათვის // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 13 იანვარი. - №7(551). - 1 გვ.
![]() |
7 ქართული თეატრის მოღვაწეებს |
▲ზევით დაბრუნება |
ძვირფასო მეგობრებო,
დღეს უჭირს ჩვენს ქვეყანას, მაგრამ ამ ძნელბედობის ჟამსაც არა გვაქვს უფლება დავივიწყოთ ქართული კულტურისთვის მეტად მნიშვნელოვანი თარიღი - ქართული თეატრის დღე - 14 იანვარი.
მოგილოცავთ ამ დღეს თქვენ და თქვენს ერთგულ მაყურებელს.
ეს დღე განსაკუთრებით მინდა მივულოცო რუსთავის თეატრს, რომლის დაარსებიდან 25 წელი შესრულდა, მივულოცო ამ თეატრის ყველა თაობის მსახიობს, მათ, ვინც დროზე მარჯანიშვილის თეატრის ტრადიციებზე დააფუძნეს ეს თვითმყოფადი თეატრი, მათ, ვინც დღეს ერთგულად და ნიჭიერად ემსახურება თავის მაყურებელს, ამ შესანიშნავი ქალაქის მკვიდრთ.
უჭირს დღეს საქართველოს, უჭირს ქართულ კულტურას, ქართულ თეატრს, მაგრამ ამ გაჭირვებულ ჟამსაც სწორედ ქართულმა თეატრმა, ეროვნული ტრადიციების ღირსეულმა მემკვიდრემ და დამცველმა, გვიჩვენა მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა შეასრულოს თავისი მოვალეობა ყოველმა ჩვენგანმა. ქართველი მსახიობები მარტო სცენაზე კი არ იცავენ და გამოხატავენ ქართულ ინტერესებს, არამედ ბრძოლის ველზეც, იარაღით ხელში.
დიდი მადლობა მათ ამისთვის.
არ შეიძლება ის ხალხი დამარცხდეს თავისუფლებისათვის ბრძოლაში, ვისაც ასეთი მამულიშვილები ჰყავს.
სწორედ ამიტომ ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ, სწორედ ამიტომ ჩვენ ფეხზე უნდა დავაყენოთ საქართველო, ფეხზე უნდა დავაყენოთ ქართული კულტურა. ქართულ თეატრსა და ქართველ მსახიობს, რომელსაც მსოფლიო ტაშს უკრავს, ჩვენ უნდა შევუქმნათ ყველა პირობა ცხოვრებისა და შრომისათვის.
იგი ღირსია ამისა.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დღეს და გისურვებთ მომავალ წელს მშვიდობიან, გახარებულ, ბედნიერ საქართველოში ღირსეულად აღგვენიშნოს ეს დღესასწაული.
ედუარდ შევარდნაძე,
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე,
საქართველოს სახელმწიფოს მეთაური.
ქართული თეატრის მოღვაწეებს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 14 იანვარი. - №8(552). - 1 გვ.
![]() |
8 დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის გზიდან არ გადავუხვევთ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პარლამენტის სხდომის დღიური
[...]
დღეს ჩვენ გვისმენენ და გარკვეულად ყველას აინტერესებს, რა სიტუაციაა პარლამენტში, რადგან ეს ანარეკლია იმისა, რაც საზოგადოებაში ხდება. დღეს საქართველოში არ არის ძალა, რომელმაც შეიძლება სამხედრო ძალა გამოიყენოს ხალხის წინააღმდეგ, ნურავის სურს დაუპირისპიროს პარლამენტი შეიარაღებულ ძალებს. გვეყოფა ის ტკივილები, რაც თავისთავად გვაქვს. დღეს ჩვენი ხალხი სხვა დონეზეა, იმდენი რამ იწვნია მან ამ ბოლო სამ-ოთხ წელიწადში, რომ დღეს სისხლისღვრას არავინ დაუშვებს, ამ ნაბიჯს არ გადადგამს. ერთხელ უკვე ვთქვი და ვიმეორებ, ის, ვინც ცდილობს ერთმანეთს დაუპირისპიროს შეიარაღებული ძალები და პარლამენტი, უნაყოფოდ ირჯება, უნაყოფოდ ღვრის ოფლს.
შემდეგ ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ ილაპარაკა რესპუბლიკაში დამნაშავეთა სამყაროს თარეშზე. ხალხი შეწუხებულია, აღნიშნა მან, - დაიწყო რეალური ხელისუფლების რეალური ბრძოლა ამ საშინელ მოვლენებთან, გაჩნდა პირველი ნეგატიური ჩანასახები, გამოიკვეთა პერსპექტივა. ცხადია, ამ სფეროში წესრიგის დამკვიდრება - ერთ-ორ დღეში ვერ მოხერხდება, მაგრამ ამას მივაღწევთ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს კურსი არ შეჩერდება, მას ბოლომდე მივიყვანთ და წესრიგი დამყარდება.
- ნუ გაგვიკვირდება, თუ საზოგადოების გარკვეული დაძაბულობა პარლამენტსაც გადმოედო, - თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ, - მინდა დავამშვიდო ყველა, რომ ძველად დაშვებული შეცდომები არ განმეორდება, პარლამენტი თავის სიმაღლეზე იქნება და თუ საჭირო გახდება, ხელისუფლებას აიღებს ხელში და არ დაუშვებს რაიმე პროვოკაციულ გამოხტომას. გვეყოფა ის დიდი ტკივილი, რაც აფხაზეთთანაა დაკავშირებული. ჩვენ არასდროს არ გადავუხვევთ დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის გზიდან.
[...]
დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის გზიდან არ გადავუხვევთ : საქართველოს პარლამენტის სხდომის დღიური // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 14 იანვარი. - №8(552). - 1 გვ.
![]() |
9 ნიკოლოზ სანიშვილი - 90 |
▲ზევით დაბრუნება |
ბატონო ნიკოლოზ!
გილოცავთ ჭეშმარიტად ღირსშესანიშნავ თარიღს თქვენს ცხოვრებაში დაბადების 90 წლისთავს! გისურვებთ ჯანის სიმრთელეს და სულის სიმხნევეს!
90 წელი - ეს დიდი გზაა. აქ უკვე ადამიანს შეუძლია შეაჯამოს თავისი ნათქვამი, თავის ნამოქმედარი, თავის ნამოღვაწარი. თქვენ სწორედ იმ ღვაწლმოსილ ადამიანთა რიცხვს ეკუთვნით, ვისაც სრული უფლება აქვს იამაყოს განვლილი გზით, იამაყოს როგორც მოქალაქემ, როგორც პროფესიონალმა. მსოფლიოში აღიარებული კინემატოგრაფის, ქართული კინო სკოლის სათავეებთან მოევლინეთ თქვენ ქართულ საზოგადოებრიობას. ფესვები იქსოვებოდა მხოლოდ მაშინ, გზის დასაწყისში, ხოლო ის რასაც ჩვენ ქართული კინოს აღიარებას ვუწოდებთ, ქართული კინოს სახელს, მერე მოვიდა. თქვენ დიდი წვლილი მიგიძღვით ამ სახელის დამკვიდრებაში. მრავალმხრივია თქვენი, როგორც შემოქმედის ნიჭი, მაგრამ ამჯერად ერთი რამ მინდა გავიხსენო: თქვენ, თქვენი ხელოვნებით ქართველი, ოსი და აფხაზი ხალხის მეგობრობასაც უმღერეთ, მეგობრობას, რომელიც ისტორიულმა ბედუკუღმართობამ დღეს ასე გაბზარა. სწორედ დღეს, საქართველოს ისტორიის ამ უმძიმეს და პასუხსაგებ ეტაპზე, თქვენეული ღრმა მზერა გვჭირდება, ცხოვრებისეული გამოცდილებით დამძიმებული თქვენეული განსჯა და ფიქრი.
გისურვებთ ულევ სულიერ და ფიზიკურ ენერგიას. თქვენი ოჯახის მეგობრებისა და კოლეგების, მოწაფეების, თქვენი საქართველოს საკეთილდღეოდ.
დღეგრძელი იყავით!
ედუარდ შევარდნაძე.
ნიკოლოზ სანიშვილი - 90 // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 15 იანვარი. - №9(553). - 2 გვ.
![]() |
10 „მტკიცედ გვწამს, რომ ომის საშუალებით სადავო საკითხი არ გადაიჭრება“ |
▲ზევით დაბრუნება |
ედუარდ შევარდნაძის ინტერვიუ ირანის ისლამური რესპუბლიკის საინფორმაციო სააგენტოს კორესპონდენტისადმი
1. ხომ ვერ გვეტყოდით, რა მიზნით უნდა ესტუმროთ ირანს და რა საკითხები იქნება განხილვის საგანი.
- თუ ზოგადად ვისაუბრებთ, ვიზიტს ორი უმთავრესი მიზანი აქვს: პირველი არის ის, რომ საქართველომ მსოფლიოს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა შორის ღირსეული ადგილი დაიკავოს. მიზეზთა და მიზეზთა გამო, უკანასკნელი ორი საუკუნის განმავლობაში საქართველო ჯერ რუსეთის იმპერიის, შემდეგ კი საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში აღმოჩნდა და აქედან გამომდინარე, იგი მოკლებული იყო საკუთარი დამოუკიდებელი პოლიტიკის განხორციელების შესაძლებლობას - ეს შეეხება ურთიერთობას არა მარტო ირანთან, არამედ ყველა სხვა ქვეყანასთან. დღეს საქართველო მტკიცედ დაადგა დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის მშენებლობის გზას და ამდენად ბუნებრივია ქართველი ხალხის სწრაფვა, ღირსეული ადგილი დაიკავოს მსოფლიო თანამეგობრობაში და საერთაშორისო ურთიერთობის სისტემაში. მას სურს ყველა ქვეყანასთან ჰქონდეს მეგობრული და თანასწორუფლებიანი ურთიერთობა. ზემოთქმული უწინარეს ყოვლისა შეეხება უშუალო მეზობელსა და ახლო მდებარე ქვეყანას.
მეორე მთავარ მიზანს შეადგენს ქართველი და ირანელი ხალხების პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურულ-სამეურნეო დაახლოება. საქართველოსა და ირანის ხალხები მთელი პერიოდის მანძილზე უახლესი ძაფებით იყვნენ გადაბმულნი, ჩვენი ქვეყნების ისტორია ურთიერთის ისტორიის გარეშე არ არსებობს, და ამიტომ სრულიად ბუნებრივია ისიც, რომ საქართველოს სულიერ და კულტურულ მემკვიდრეობაში მრავლად მოიპოვება სპარსული კულტურის ელემენტები. ქართველ ხალხსაც არც თუ მცირე როლი შეუსრულებია ირანის ისტორიაში. საქართველო-ირანის ურთიერთობების მრავალსაუკუნოვან გზაზე იყო როგორც უაღრესად გულითადი მეგობრობის, ისე გარკვეული სირთულეებით აღსავსე პერიოდები, მაგრამ ვერავინ ვერ უარყოფს იმ ფაქტს, რომ ჩვენი ხალხების ბედი და ისტორია მჭიდროდ არის გადაბმული - ისინი ყოველთვის გვერდიგვერდ იდგნენ. ამიტომ ჩვენი ვიზიტის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია ისტორიისა და ბედის უკუღმართობის გამოსწორება და საქართველოსა და ირანის მეგობრობის აღდგენა და განვითარება. მე მჯერა, რომ ჩვენი დელეგაციის შეხვედრა მის აღმატებულებასთან ბატონ ჰაშემი რაფსანჯანისთან სრულიად ახალ ეტაპს შეუქმნის ჩვენი ქვეყნის ურთიერთობას.
ეს - ზოგადად, კონკრეტულად კი ვიზიტის დროს ყურადღება დაეთმობა ორმხრივი პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურულ-სამეცნიერო ურთიერთობების, რეგიონული თანამშრომლობისა და უსაფრთხოების საკითხებს. ირანში ჩავიტანთ წინადადებებისა და პროექტების პაკეტს, რომელიც ორმხრივი განხილვის საგანი გახდება. მათი დახასიათებისაგან ჯერჯერობით თავს შევიკავებ - უფრო უპრიანი იქნება საუბარი მას შემდეგ, როცა ისინი ხელმოწერილი იქნება და ჩვენი ურთიერთობის საფუძვლად იქცევა.
2. რა აზრის ხართ ჩვენი ქვეყნების ურთიერთობაზე ახლა და მომავალში? როგორ აფასებთ რეგიონული პრობლემების გადაჭრაში ირანისა და საქართველოს თანამშრომლობას?
- კითხვის პირველ ნაწილს მე გარკვეულწილად უკვე ვუპასუხე - ჩვენი ქვეყნებისა და ხალხების ისტორია და კულტურა მჭიდროდ იყო და არის გადაჯაჭვული. რაც შეეხება ჩვენს მომავალ ურთიერთობას, ჩვენი ხალხების მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობის გამოცდილება იმედს იძლევა, რომ იგი უაღრესად მჭიდრო და მრავალფეროვანი იქნება. ირანი, საქართველოს უშუალო სიახლოვეს მდებარე უდიდესი პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული პოტენციალის მქონე სახელმწიფოა. საქართველო, როგორც ზემოთ აღვნიშნე, სულ ცოტა ხნის წინათ დაადგა დამოუკიდებელი განვითარების გზას და ამ გზაზე უამრავ სიძნელეს აწყდება და ალბათ მომავალშიც წააწყდება, მაგრამ იგი საკმაოდ მძლავრ ეკონომიკურ და ინტელექტუალურ-სამეცნიერო პოტენციალს ფლობს. შეიძლება პარადოქსულადაც მოგეჩვენოთ, მაგრამ მან საკმაო გამოცდილება შეიძინა ლოკალური და რეგიონული კონფლიქტების შესწავლისა და მოგვარების დარგშიც. მჯერა, რომ ირანსა და საქართველოს შორის მეგობრობის, თანასწორუფლებიანობისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპებზე დაფუძნებული ურთიერთობა უაღრესად საინტერესო და სასარგებლო ნიმუშებს შეიძენს და მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ჩვენი, და არა მხოლოდ ჩვენი, ორი ქვეყნის ხალხების კეთილდღეობაში.
3. რა აზრის ბრძანდებით რეგიონში ირანის ისლამური რესპუბლიკის როლსა და მიღწევებზე?
- გადაუჭარბებლად უნდა ითქვას, რომ რეგიონის მშვიდობიანი ატმოსფეროს შექმნაში ირანის როლი უაღრესად დიდია. მისი პოლიტიკური, სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური პოტენციალი რეგიონული უსაფრთხოების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გარანტად უნდა იქცეს. მითუმეტეს, რომ საქართველოს მსგავსად, ირანსაც საკმაოდ დაუგროვდა სამწუხარო გამოცდილება - ირანელმა ხალხმა საკუთარ თავზე იწვნია ომის მთელი საშინელება. მე მივესალმები ირანის სამშვიდობო ინიციატივებს მთიანი ყარაბაღის პრობლემის მოგვარების გზაზე და მიმაჩნია, რომ იგი უაღრესად პოზიტიურ როლს ასრულებს ამ მიმართულებით.
4. რას გვეტყოდით იმასთან დაკავშირებით, რომ ზოგიერთი მასობრივი ინფორმაციის საშუალება ირწმუნება, ირანი ცდილობს კავკასიასა და შუა აზიაში შეაღწიოსო?
- როგორც ჩანს ის, ვინც საუბრობს ირანის მცდელობაზე, შეაღწიოს კავკასიასა და შუა აზიაში, სხვადასხვა აზრს დებს ამ ტერმინში. მე იმათ რიცხვს ვეკუთვნი ვინც გაგებით ეკიდება და პოზიტიურად უყურებს ირანის ლტოლვას აღადგინოს და განავითაროს საუკუნის განმავლობაში ჩამოყალიბებული კავშირ-ურთიერთობა ამ ორ უმნიშვნელოვანეს რეგიონთან. ვერავინ უარყოფს ამ ფაქტს, რომ ისტორიის საკმაოდ ხანგრძლივი მონაკვეთის მანძილზე ერთის მხრივ ირანსა და მეორეს მხრივ კავკასიასა და შუა აზიას შორის არსებობდა ძალიან მჭიდრო პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული კავშირ-ურთიერთობა. დღეს ან რეგიონებში წარმოიქმნა დამოუკიდებელი ქვეყნები რომლებიც პირველ ნაბიჯებს დგამენ სუვერენული განვითარების გზაზე და ამ გზაზე უამრავ სიძნელეებს აწყდებიან. ირანი დაინტერესებული უნდა იყოს, რომ მის უშუალო სიახლოვეს შეიქმნას პოლიტიკურად სტაბილური და ეკონომიკურად მძლავრი სახელმწიფოები. ამიტომაც მივესალმები ირანის მცდელობას, ხელი შეუწყოს კავკასიასა და შუა აზიაში სუვერენული ქვეყნების ფეხზე დადგომას და მათთან თანაბარი პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბებას.
5. რა არის, თქვენი აზრით, საქართველოსა და აფხაზებს შორის ომის მიზეზი? რამდენ ხანს გაგრძელდება ომი? რა ღონისძიებები უნდა განხორციელდეს რომ ბოლო მოეღოს კავკასიის რეგიონულ კონფლიქტებს, მათ შორის ყარაბაღის კონფლიქტს?
- უპირველეს ყოვლისა, უნდა აღვნიშნოთ, რომ აფხაზეთში მიმდინარე კონფლიქტი პოლიტიკური ხასიათისაა და არა ეთნიკური, როგორც ამის წარმოდგენას ცდილობენ გარკვეული პოლიტიკური წრეები. ეს სეპარატისტული ძალები, რომლებიც დღეს თავიანთ მოქმედებას აფხაზეთის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის იდეით წარმოგვიდგენენ, ფაქტიურად პროსაბჭოური იმპერიალისტური წრეების დაკვეთას ასრულებენ. ამგვარი ძალების სპექტრი საკმაოდ ფართოა და ჩემს არა ერთ გამოსვლაში მათ ერთი საერთო წითელ-მიხაკისფერი ნიშნით ვაერთიანებ. კავკასიური სეპარატიზმის მეშვეობით ისინი ცდილობენ ხელი შეუშალონ დამოუკიდებელი საქართველოს ჩამოყალიბების იდეას, მოქმედებენ რა პრინციპით გათიშე და იბატონე. მათი მიზანი ნათელია, ყოფილ საბჭოთა ტერიტორიაზე მუდმივი დესტაბილიზაციის კერების შექმნით მაქსიმალურად შეუშალონ ხელი ახლად წარმოქმნილი დამოუკიდებელი სახელმწიფოს ნორმალურ განვითარებას.
რაც შეეხება საქართველოს პოზიციას აფხაზეთის მიმართ, ეს არის ძირძველი ქართული მიწა, რომელზეც უხსოვარი დროიდან ცხოვრობენ ქართველები და აფხაზები, ქართველი ხალხი ვერ შეეგუება საქართველოდან აფხაზეთის გამოყოფას, მით უმეტეს, რომ აქაური მოსახლეობის 17%25-ს შეადგენენ აფხაზები, 45%25-ს - ქართველები, დანარჩენს - სომხები, რუსები და სხვები.
პირადად მე აფხაზთა ავტონომიის, მათი კულტურის, ენის, ტრადიციების, აფხაზური ფენომენის შენარჩუნებისა და განვითარების აქტიური მომხრე ვიყავი და ვარ დღესაც. სწორედ ავტონომიის ფარგლებში იქნება ყოველივე ეს გარანტირებული.
პრობლემის მიმართ ჩვენი მიდგომა ცალსახაა, კონფლიქტი უნდა მოგვარდეს მშვიდობიანი პოლიტიკური გზით და რაც შეიძლება მოკლე ვადებში. ქართველ ხალხს კარგად აქვს შეგნებული, რომ, როგორც მრავალი საუკუნის განმავლობაში ისე მომავალშიც მან აფხაზ ხალხთან ერთად უნდა აშენოს მომავალი საქართველო.
ასეთივეა ჩემი მიდგომა კავკასიაში მიმდინარე კონფლიქტების მიმართაც. მტკიცედ გვწამს, რომ ომის საშუალებით სადავო საკითხი არ გადაიჭრება. კავკასიის რეგიონში მიმდინარე მოვლენები შემაშფოთებელია და დიდი საერთო ძალისხმევა იქნება საჭირო მათ მოსაგვარებლად. ვიმეორებ, ყველა რეგიონული კონფლიქტის მოგვარების, მათ შორის ყარაბაღის პრობლემის გადაჭრის, ერთადერთ ასპარეზად მოლაპარაკების მაგიდა მიმაჩნია.
6. რუსეთი არაერთხელ დაადანაშაულეს იმაში, რომ იგი მფარველობს რა აფხაზებს, მას ემხრობოდა საქართველოსთან ომში. მართლა თუ ასრულებს მოსკოვი რაიმე როლს ამ საქმეში?
როგორ შეაფასებდით საერთოდ რუსეთის როლსა და ადგილს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის, აგრეთვე მოსკოვისა და თბილისის ურთიერთობას?
- მე უკვე აღვნიშნე, თუ ვინ არის დაინტერესებული აფხაზეთში კონფლიქტის ესკალაციით. საერთოდ კი მტკიცედ გვწამს, რომ რუსეთის ხელისუფლებას, მის პრეზიდენტს უდიდესი პოზიტიური როლის შესრულება შეუძლიათ არა მარტო აფხაზეთში, არამედ მთელ ყოფილ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე მიმდინარე ეთნოკონფლიქტების მოგვარების საქმეში. მოსკოვისა და თბილისის კეთილგანწყობილი, ცივილიზებული და თანაბარუფლებიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება, უმნიშვნელოვანესი მომენტია დამოუკიდებლობის გზაზე დამდგარი საქართველოსათვის. დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს ხანში ამ ურთიერთობას ისეთ სასურველ დონეზე ავიყვანთ, რომელიც შეესაბამება რუსი და ქართველი ხალხების ინტერესებს და საბოლოო ანგარიშით კავკასიის რეგიონში მშვიდობის სამსახურში ჩადგება.
7. რა აზრის ბრძანდებით ყოფილი კავშირის დაშლის მიზეზებსა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მომავალზე იმის გათვალისწინებით, რომ რესპუბლიკები განიხილავენ ახალი კავშირის შექმნის შესაძლებლობას?
- საბჭოთა კავშირის დაშლა ობიექტური რეალობით იქნა განპირობებული. კომუნიზმის მიმზიდველი იდეა, რომელმაც თავის დროზე ბევრი ადამიანი აანთო და მის სამსახურში ჩააყენა, უტოპია აღმოჩნდა. საბჭოთა კავშირის დაშლამ უფრო ნათლად დაგვანახა, თუ რამდენ უარყოფითს შეიცავდა და ასაზდროებდა ეს, ჩემი ღრმა რწმენით, კაცობრიობის ისტორიაში უკანასკნელი იმპერია. რაც შეეხება დამოუკიდებელი ქვეყნების თანამეგობრობას, მისი შექმნის იდეას თავიდანვე სკეპტიკურად ვუყურებდი და დღესაც მწამს, რომ ახლადჩამოყალიბებული დამოუკიდებელი ქვეყნების პირდაპირ კავშირურთიერთობას უკეთესი მომავალი აქვს.
„მტკიცედ გვწამს, რომ ომის საშუალებით სადავო საკითხი არ გადაიჭრება“ : ედუარდ შევარდნაძის ინტერვიუ ირანის ისლამური რესპუბლიკის საინფორმაციო სააგენტოს კორესპონდენტისადმი / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 17 იანვარი. - №11(555). - 1 გვ.
![]() |
11 საქართველო-ირანის ურთიერთობაში დაიწყო ახალი ერა |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოსა და ირანის მრავალსაუკუნოვან ურთიერთობათა ისტორიაში დაიწყო ახალი ერა. ამას ადასტურებს საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის შედეგები ამ ქვეყანაში, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ - სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ ქართველ და უცხოელ ჟურნალისტებთან თბილისის აეროპორტში.
- ჩვენ გვღებულობდნენ მეგობრულად და გულითადად, - თქვა მან. - შედეგების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, არ შეიძლება არ ვთქვათ დეკლარაციაზე რომლის პრინციპებითაც განვითარდება ჩვენი ურთიერთობა. არ დარჩა თითქმის არც ერთი სფერო, რომელშიც არ დაგვედო ხელშეკრულება. ეს ეხება როგორც სავაჭრო-ეკონომიკურ, ასევე კულტურის, მეცნიერების, ტრანსპორტის, გაზის მოწოდების, ჯანმრთელობის, ტურიზმის, სპორტის და სხვა საკითხებს. პრაქტიკულად ახალ ცხოვრებას იწყებს ჩვენი ურთიერთობა.
- რაც შეეხება კონფლიქტებს ჩვენს ქვეყანაში, - აღნიშნა ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ, - მათ საღი შეხედულება აქვთ ამ საკითხებზე და ფრთხილ და ფაქიზ დამოკიდებულებას იჩენენ. გამოთქვეს რწმენა, რომ საქართველო მოუვლის ამ საკითხებს. ყველა ჩვენი შეხვედრა გლობალური მნიშვნელობის იყო. მეტად ამაღელვებლად ჩაიარა ფერეიდნელებთან შეხვედრამ. შედეგიანი აღმოჩნდა ჩვენი მინისტრების შეხვედრა თავის კოლეგებთან.
მინდა აღვნიშნო, - განაგრძო სახელმწიფოს მეთაურმა, - ჩვენი მოწვევა საქართველოში ირანის პრეზიდენტმა დიდი კმაყოფილებით მიიღო.
დასასრულს ედუარდ შევარდნაძემ დასძინა, რომ საქართველოს დელეგაციის ვიზიტს ირანის ისლამის რესპუბლიკაში როგორც პირდაპირი მნიშვნელობით, ისე სიმბოლურად, დიდი მნიშვნელობა აქვს.
საქართველო-ირანის ურთიერთობაში დაიწყო ახალი ერა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 21 იანვარი. - №12(556). - 2 გვ.
![]() |
12 ირანში ედუარდ შევარდნაძის ვიზიტის წინ |
▲ზევით დაბრუნება |
19 იანვარს დილით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე - სახელმწიფოს მეთაური ედუარდ შევარდნაძე და მისი თანმხლები პირნი ოფიციალურ ვიზიტად გაფრინდნენ თეირანში. გაფრენის წინ მან თბილისის აეროპორტში პრესკონფერენცია გამართა ქართველი და უცხოელი ჟურნალისტებისათვის.
ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ ვიზიტს საქართველოს, როგორც სუვერენულ და დამოუკიდებელი სახელმწიფოს მომავლისათვის, - განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ. - ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული და გეოპოლიტიკური მდებარეობა როგორც აღმოსავლეთის, ისევე დასავლეთის მრავალი სახელმწიფოს უდიდეს ინტერესს იწვევს. ამიტომ ჩვენ უნდა ვიპოვოთ ჩვენი ადგილი ამ ინტერესების ბალანსში. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, ირანს გარკვეული, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური, ინტერესები აქვს კავკასიის რეგიონში, და მას შეუძლია გარკვეული როლი შეასრულოს კავკასიაში სიტუაციის მოწესრიგებაში.
- ჩემი აზრით, ირანი დაინტერესებულია ამ რეგიონში სტაბილურობით, - თქვა შემდეგ ედუარდ შევარდნაძემ. - ირანთან ჩვენს ურთიერთობაში ახალი ეტაპი იწყება. ვიზიტს წინ უძღოდა დიდი და სერიოზული მოსამზადებელი მუშაობა. ჩვენ მოველით, რომ თეირანში მიღებული იქნება დეკლარაცია, ხელმოწერილი - საქართველო-ირანის შეთანხმებათა პაკეტი ეკონომიკურ, სამეცნიერო, კულტურულ და თანამშრომლობის სხვა სფეროებში.
შევარდნაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ირანთან მრავალმხრივ ურთიერთობათა განვითარება „კი არ ეწინააღმდეგება, არამედ გულისხმობს საქართველოს კეთილმეზობლურ ურთიერთობას რუსეთთან, თურქეთთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან, ევროპის სახელმწიფოებთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და სხვა ქვეყნებთან“.
- ჩვენ რთულ რეგიონში ვცხოვრობთ, აღნიშნა მან. მხედველობაში მაქვს კავკასიაც, ახლო და შუა აღმოსავლეთიც, და, საერთოდ, მსოფლიოში მრავალი მოვლენა მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, სახელმწიფოთა მეთაურების შეხვედრის დროს ჩვენ არ შეიძლება არ შევეხოთ ყველა ამ პრობლემას.
ედუარდ შევარდნაძემ უპასუხა ჟურნალისტების კითხვას რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულების, სხვა შეთანხმებების რატიფიკაციის პერსპექტივებისა და ვადების შესახებ, და თქვა:
- დღეს მთავარი ამოცანაა დავამთავროთ ამ უმნიშვნელოვანესი დოკუმენტების ხელმოსაწერად მომზადება. მათ შორის არის დიდი ხელშეკრულება, შეთანხმებანი საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ჯარების ყოფნის სტატუსისა და ვადების შესახებ, ეკონომიკური შეთანხმება და მთელი რიგი სხვა მორიგებანი. უნდა ითქვას, რომ ნეგატიური იმპულსები ჩვენგან კი არ წასულა, არამედ მოდის რუსეთის პარლამენტისაგან, როცა მან არსებითად აკრძალა მუშაობა ეკონომიკური შეთანხმების დადებისათვის და მოითხოვა, რომ თავდაპირველად მოგვარებულიყო აფხაზეთთან საქართველოს პრობლემები. ჩვენ ეს მივიჩნიეთ საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევის ცდად. ამ დღეებში სასარგებლო, კონსტრუქციული მოლაპარაკება გვქონდა რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელთან, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ბორის პასტუხოვთან. ვფიქრობ, შევძლებთ გადავლახოთ ჩვენს ურთიერთობაში წარმოქმნილი ყველა სიძნელე. ცუდია მხოლოდ, რომ რუსეთთან საქართველოს ურთიერთობის მოგვარება ყოვნდება.
ირანში ედუარდ შევარდნაძის ვიზიტის წინ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 21 იანვარი. - №12(556). - 1 გვ.
![]() |
13 ინტერესების სრული ბალანსია გათვალისწინებული ჩვენს საგარეო ურთიერთობათა კონცეფციაში და სწორედ ამის მიხედვით წარმოჩინდება ჩვენი პოლიტიკის და დიპლომატიის ხელოვნება |
▲ზევით დაბრუნება |
18 იანვრის რადიოინტერვიუ
ორშაბათს, ირანში გამგზავრების წინა დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ - სახელმწიფო მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ ტრადიციული ინტერვიუ მისცა საქართველოს რადიოკომენტატორს ნატო ონიანს. გთავაზობთ ამ ინტერვიუს.
- ბატონო ედუარდ, თქვენ ხვალ ოფიციალური ვიზიტით მიემგზავრებით ირანს. ვიცით, რომ ხელი უნდა მოაწეროთ დოკუმენტების მთელ პაკეტს. როგორც ირანის ოფიციოზი აცხადებს, ამ ქვეყანას კარგა ხანია არ მოუწერია ხელი ასეთ დიდ ხელშეკრულებაზე; თქვენი ვიზიტი მით უფრო საყურადღებოა, რომ სულ ახლახან ირანის პრეზიდენტმა რაფსანჯანიმ ერაყის კონფლიქტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თავისი მტრული დამოკიდებულება ჯერაც არ შეცვალაო...
- ვიზიტს ირანში, რა თქმა უნდა, ყოველმხრივ დიდი მნიშვნელობა აქვს. ცნობილია ჩვენი ქვეყნის ისტორიული ურთიერთობა ამ დიდ ქვეყანასთან. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ირანი 60-მილიონიანი სახელმწიფოა და საკმაოდ დიდი ეკონომიკური და პოლიტიკური პოტენციალი აქვს, ამიტომ, ჩემი აზრით, თუ ამ ვიზიტს წარსულის გახსენებით, აწმყოს გათვალისწინებით და მომავლის ინტერესების თვალსაზრისით შევაფასებთ, შეიძლება ითქვას რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება. მით უმეტეს, რომ როგორც თქვენ ბრძანეთ, მისაღებია მთელი დასტა დოკუმენტებისა, მათ შორის ერთად შემუშავებული დეკლარაციის ტექსტი. ეს გახლავთ ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ძირითადი პრინციპები და ამას მოჰყვება მთელი პაკეტი ეკონომიკის, მეცნიერულ-ტექნიკური თანამშრომლობის, კულტურის, ტრანსპორტის და სხვა სფეროებში.
ჩემი აზრით, თუ ამ ვიზიტს იმ პროცესების გათვალისწინებით შევაფასებთ, რაც ახლა ხდება კავკასიაში, ახლო და შუა აღმოსავლეთში და მხედველობაში მივიღებთ იმ წონას, რომელიც ირანს აქვს რეალურად, მე მგონი ირანის პრეზიდენტთან ჩვენს შეხვედრებსა და საუბრებს არსებითი მნიშვნელობა ექნება სწორედ ამ პროცესებისათვის. ამასთან, თქვენ იცით რომ არსებობს ერთგვარი წინააღმდეგობა და ერთგვარი კომფრონტაციული დამოკიდებულებაც კი დასავლეთის ზოგიერთ სახელმწიფოსა და ირანს შორის. ვფიქრობ, ჩვენი ვიზიტი ასეთ დროს საჭიროც არის. რა თქმა უნდა, ამ ვიზიტის მიზანი ის არ არის, რომ ეს წინააღმდეგობა ერთი ხელის დაკვრით დაიძლიოს და გადაილახოს, მაგრამ, თუკი პოლიტიკურ მოღვაწეებს, რომლებსაც რაღაც ნაბიჯის გადადგმა შეუძლიათ, თუნდაც იგი უმნიშვნელო იყოს მაინც უნდა გადადგან იგი, რომ არსებული წინააღმდეგობა შესუსტდეს. ეს ეხება არა ცალკეულ ქვეყნებს, არამედ საერთოდ დასავლეთსა და აღმოსავლეთს, სამხრეთსა და ჩრდილოეთს შორის წინააღმდეგობებს. ჩვენც გვინდა პატარა წვლილი შევიტანოთ ამ საქმეში და ამას გავაკეთებთ. ესეც არის ჩემი მიზანი, რომ მოვსინჯო თუ რა შეიძლება ამ მხრივ გაკეთდეს. ვნახოთ რა იქნება, უფრო დეტალურ ანგარიშს ირანიდან დაბრუნების შემდეგ ჩაგაბარებთ.
- გასული კვირის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა იყო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ბატონ პასტუხოვის ჩამოსვლა საქართველოში, რომელიც სწორედ ირანის ვიზიტის წინა პერიოდს დაემთხვა. რამდენიმე დღეში იწყება რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკების მესამე რაუნდი. უახლოეს ხანში თქვენ შეხვდებით პრეზიდენტ ელცინს და ხელს მოაწერთ საქართველო-რუსეთის ხელშეკრულებას, თუ ჩვენი მოლაპარაკებები რუსეთთან ისევე გაიწელება, როგორც მაგალითად ესტონეთ-რუსეთის მოლაპარაკებებია? და კიდევ ერთი, შეიძლება უხერხული შეკითხვაც კიდევ თვლის თუ არა ბატონი პასტუხოვი, რომ აუცილებელია საქართველოს თითი დაუქნიონ ან მუშტი მოუღერონ?
- წეღან არ დავასრულე ერთი აზრი, რომ ჩვენი საგარეო ურთიერთობების კონცეფციაში გათვალისწინებულია მოსაზრება, რომელიც ინტერესების ბალანსს გულისხმობს, არსებობს ასეთი გამოთქმა. ჩვენ გვაქვს ჩვენი ინტერესები ზოგიერთ რეგიონში, ისევე როგორც ამ რეგიონების მიმართ სხვებსაც აქვთ თავისი ინტერესები. მაგალითად, ირანს აქვს თავისი ინტერესები კავკასიაში, ისევე როგორც რუსეთს, ან, ვთქვათ, გერმანიას და შეერთებულ შტატებს და ა.შ. აი ამ ინტერესების გათვალისწინებით უნდა ვიმუშაოთ და თუ რამდენად სწორი იქნება ბალანსირებული ეს ინტერესები, ამის მიხედვით გამოჩნდება და შეფასდება ჩვენი დიპლომატიის და პოლიტიკის ხელოვნება. ჩვენ დაგეგმილი გვაქვს, რომ გავააქტიუროთ საგარეო ურთიერთობანი განსაკუთრებით უმაღლეს დონეზე. ის ეტაპი, როცა ჩვენთვის მთავარი იყო სხვათა აღიარება, მათთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება უკვე გავლილია და ახლა ყველა ქვეყანასთან საქმიან ურთიერთობაზე უნდა გადავიდეთ და პოლიტიკური სფეროდან დისკუსიები ეკონომიკის სფეროში გადავიტანოთ. ამ მხრივ ჩვენ ბევრი რამ გვექნება გასაკეთებელი უკრაინასთან, ყაზახეთთან, თურქმენეთთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან, ბევრ რამეს უნდა ველოდოთ ვიზიტიდან გერმანიაში, რომელიც აგრეთვე დაგეგმილია, თუმცა თარიღი ჯერ არ არის განსაზღვრული. მარტო ის, რომ ჩვენ თავი დავაღწიეთ პოლიტიკურ იზოლაციას, აღარ არის საკმარისი, ეს უკვე განვლილი ეტაპია და ახლა იმაზე უნდა ვიფიქროთ რომ რაც შეიძლება მეტი შედეგი მოჰყვეს ჩვენს საერთაშორისო ურთიერთობებს. ამ მხრივ რუსეთი, რა თქმა უნდა, ცენტრალური საკითხთაგანია. ყველაზე მეტი ბუნდოვანება ჯერჯერობით ამ ქვეყანასთან ურთიერთობაში არსებობს და ეს არც არის გასაკვირველი, რადგან 200-ზე მეტი წელიწადი ამ ქვეყნის - როგორც იმპერიული წარმონაქმნის შემადგენლობაში ვიყავით. ამიტომ ამ პროცესს თავის დაღს ასვამს ერთის მხრივ ეკონომიკური მიჯაჭვულობა და უზარმაზარი ბუნებრივი რესურსები, მეორეს მხრივ კი იმის მუდმივი შეგრძნება, რომ სწორედ ამ ქვეყანასთან შეერთების შემდეგ დაკარგა საქართველომ თავისი სუვერენიტეტი, თავისუფლება, დამოუკიდებლობა და ა.შ. ასე რომ „განქორწინების“ ეს პროცესი, თუ შეიძლება ასე ითქვას, ძალიან მტკივნეულია. მაგრამ მე მგონი არც ის იქნება სწორი, რომ ხელაღებით გვეთქვა: რუსეთი თავისთვის იყოს და ჩვენ ჩვენთვის ვიქნებით. ყოველ შემთხვევაში ახლა, ამ ეტაპზე ამის თქმა ნაადრევია. საერთოდ კი ცხადია, ჩვენ ყველა ქვეყანასთან უნდა ვითანამშრომლოთ და მათ შორის რუსეთთანაც. ალბათ შეატყვეთ, ცოტა მეტ ყურადღებას ვუთმობ ახლა ამ კითხვას, მაგრამ ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ მინდა ჩვენმა ყველა მოქალაქემ იფიქროს ამაზე. რაც შეეხება სპარსეთს, ჩვენ შეიძლება იმდენი კავშირები აღარ გვქონდა ამ ბოლო წლებსა და საუკუნეებში მასთან, რამდენიც რუსეთთან, ამიტომ იქ ისე მივდივარ, რომ პარლამენტთან წინასწარი დიდი ბჭობაც არ დამჭირვებია რადგან მასთან არც არის, ასე ვთქვათ, პრობლემური, მოუგვარებელი საკითხები. რუსეთთან ურთიერთობა ჩემი აზრით სხვა რამეა, აქ ჩვენ ყველა საკითხში რაღაც საერთო-ეროვნულ კონსენსუსს უნდა მივაღწიოთ, მათ შორის სამანეთო ზონასთან დაკავშირებით, იმ საკითხებზეც, რომლებზეც ბატონმა რომან გოცირიძემ მოაწერა ხელი ზოგიერთ წინასწარ ხელშეკრულებაში. მე ვფიქრობ ისეთ საკითხებზე, როგორიც არის ეკონომიკური ურთიერთობა და თანამშრომლობა აზრი უნდა ვკითხოთ რუსთაველ მეტალურგებსაც და ქიმიკოსებსაც, თბილისელ ავიამშენებლებსაც, ელმავალმშენებლებსაც, სხვებსა და სხვებს რადგან გასაკვირია, შეძლებენ თუ არა ისინი უახლოეს წლებში ამ კავშირების გარეშე არსებობას. ვიმეორებ, ჩვენ უთუოდ უნდა გავითვალისწინოთ მათი ინტერესები და არ უნდა დავივიწყოთ ის ინტერესიც, რომელსაც ბუნებრივია რუსეთი იჩენს კავკასიისადმი და ამაშიც ვეძებოთ სარგებელი. ხომ შეიძლება ჩვენთვის რაიმე დადებითი და პოზიტიურიც კი იყოს ამ ინტერესებში. ასე რომ, რუსეთის ფაქტორის უგულებელყოფა, ჩემი აზრით დღევანდელი თაობის მხრიდან უპასუხისმგებლობა იქნებოდა, ამიტომ ვთხოვ ყველას, რომ ამისთვის იფიქრონ. იფიქრონ ამაზე კულტურის მოღვაწეებმა, მეცნიერებმა, ჩვენმა კინემატოგრაფისტებმა; ვერ გეტყვით დღეს შევძლებთ თუ არა ჩვენ იმ ბაზრის, ანდა იმ ნედლეულის წყაროების გარეშე არსებობას, რომლებიც რუსეთშია, მაგრამ, მე მგონი, ყოველ შემთხვევაში 2, 3, 4 თუ 5 წლის მანძილზე მაინც ისინი საჭიროა. როცა მე გარდამავალი ეტაპის მნიშვნელობაზე ვლაპარაკობდი და ეს იყო ჩემს წინასაარჩევნო გამოსვლაშიც, იმას ვგულისხმობდი, რომ გარდამავალი ეტაპი ურთულესი და უძნელესი იქნება და თუ რუსეთის ფაქტორი არ გავიაზრეთ და არ შევაფასეთ, შეიძლება ძალიან ძვირი დაგვიჯდეს. „განქორწინების“ პროცესი, როგორც ზემოთ ვთქვი, ძალიან ძნელად მიდის, მეტად მტკივნეულია. მას ამწვავებს ის გარკვეული როლიც, რომელსაც რუსეთი თამაშობს ჩვენს შინაურ კონფლიქტებში აფხაზეთსა და ცხინვალის ზონაში. მინდა ვთქვა, რომ ერთის მხრივ, ჩვენ თავის დროზე შევნიშნეთ და ვაღიარეთ ის დადებითი ფაქტორები, რომლებიც თან ახლავს რუსეთის მონაწილეობას ამ კონფლიქტებში, მაგრამ მერე ცხოვრებამ ისიც გვიჩვენა, რომ ამ მონაწილეობას ბევრი რამ აქვს უარყოფითიც. ამიტომ მე ასეთი გამოთქმაც კი ვიხმარე, რომ რუსეთი ფაქტიურად ერთ-ერთ მხარედ მოგვევლინა ამ კონფლიქტში.
მაგრამ ჩვენ მაინც ცივი გონებით უნდა შევაფასოთ ყოველივე. ბორის პასტუხოვს, რომელიც ახლა თბილისში იყო, ძალიან დიდი ხანია ვიცნობ, ის ელჩი გახლდათ ჯერ ერთ ქვეყანაში, მერე მეორე ქვეყანაში და ჩემს მიერ იყო დანიშნული. მას ვიცნობდი როგორც ძალიან ინიციატივიან და წესიერ პიროვნებას. რა თქმა უნდა, მისი გამოსვლა რუსეთის პარლამენტში ჩვენთვის მიუღებელია. მაგრამ ახლა ამაზე ჩვენ არ გვისაუბრია, რადგან ჩემთვის კარგად არის ცნობილი, რომ ხანდახან დიპლომატები იმას ლაპარაკობენ, რაც დირექტივაში უწერიათ. მეც მაქვს ამის გამოცდილება. ხშირად ის მითქვამს, რაც არათუ ჩემს განწყობას, ჩემს რწმენასაც კი ეწინააღმდეგებოდა. ასეთი იყო წესი ძველად და რუსეთის პოლიტიკაში ეს წესი დარჩა, რომ დიპლომატს, რასაც დაავალებენ, ის თქვას. ჩემი აზრით, ეს გამონათქვამი პასტუხოვის ბუნებიდან და ჩვენს ქვეყანასთან მისი დამოკიდებულებიდან არ უნდა გამომდინარეობდეს, რადგან ის საუბარი, რომელიც თბილისში ჩვენს შორის შედგა, მეტად კონსტრუქციული იყო. ის ჩამოვიდა როგორც პრეზიდენტ ელცინის პირადი წარმომადგენელი. ჩვენ საუბრები გვქონდა, როგორც იტყვიან პირდაპირი და ბატონ თენგიზ კიტოვანის მოსკოვში ყოფნის დროსაც და ახლაც, თბილისში საუბრების დროს დადგა საკითხი უმაღლეს დონეზე შეხვედრის ორგანიზაციის შესახებ. ამაზე უკვე თითქმის ყველა დონეზე შედგა საუბარი. ბატონი რომან გოცირიძეც ამ აზრით დაბრუნდა მოსკოვიდან, რომ, თუ ჩვენ გვინდა რუსეთისაგან მივიღოთ ის, რისი მიღებაც ძალიან გვჭირდება, აუცილებელია შედგეს შეხვედრა უმაღლეს დონეზე. მე ვფიქრობ ამაზე და, როცა ირანიდან დავბრუნდები და გარკვეული შთაბეჭდილებებიც მექნება, ვფიქრობ, ამის შემდეგ ასეთი შეხვედრა უნდა მომწიფდეს ჩემი აზრით, მოლაპარაკების მორიგი რაუნდიც უნდა ჩატარდეს, თუმცა ჩვენი პარლამენტის ბევრი დეპუტატი ფიქრობს, რომ არ უნდა ავჩქარდეთ. ახლა შეიძლება მართლა არ იჩქარონ, მაგრამ ამითიც არაფერი არ მოიგონ. ამიტომ, ამაზეც უნდა ვიფიქროთ.
- კვლავ რთული მდგომარეობაა აფხაზეთში. ბატონი სანდრო კავსაძე ნიუ-იორკს გაემგზავრა და როგორც ვიცით, უშიშროების საბჭოს სხდომაზე უნდა გამოვიდეს. მოახდენს თუ არა ეს გარკვეულ გავლენას ამ გაჭიანურებულ ომზე?
- როცა რუსეთთან უმაღლესი დონის შეხვედრის შესახებ ვლაპარაკობდი, მხედველობაში მქონდა ის, რომ ამ შეხვედრამდე იქნება ვიზიტი სპარსეთში, ბატონ სანდრო კავსაძის შეხვედრები გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, ძალაში იქნება რეზოლუცია, რომელსაც უშიშროების საბჭო ამ საკითხთან დაკავშირებით მიიღებს, მაგრამ მე ვფიქრობ, მსჯელობა მაინც 3 სექტემბრის შეთანხმების ირგვლივ იქნება. როგორციცით, თავის დროზე ფაქტიურად ამ შეთანხმებას დაუჭირა მხარი უშიშროების საბჭომ. ამიტომ ბატონ ელცინთან შეხვედრის თარიღს განვსაზღვრავ იმის გათვალისწინებით, თუ რით დაბრუნდება ბატონი სანდრო კავსაძე ამერიკიდან, როგორი იქნება ჩემი ვიზიტის შედეგები ირანში, რა შედეგს გამოიღებს აგრეთვე მოლაპარაკება ბატონ პასტუხოვთან. შეხვედრის თარიღის განსაზღვრა ცხადია, მოხდება ბატონ ელცინთან ერთად. ამას ხაზგასმით იმიტომ აღვნიშნავ, რომ თუ არ გაირკვა რუსეთთან ურთიერთობა, ომის დამთავრებაზე აფზახეთში ლაპარაკიც კი ძალიან ძნელი იქნება. ეს ყველას აქვს გათვალისწინებული, ვინც რუსეთთან ურთიერთობის მომხრეა და იმათაც კარგად ესმით ვინც ამის კატეგორიული წინააღმდეგია, რომ უამისოდ რუსეთთან ომი მოგვიწევს, აი ასე დგას ეს საკითხი. ალბათ ერთი კვირა თუ 10 დღე კიდევ იქნება საჭირო, რომ ნათლად ჩამოვაყალიბოთ ჩვენი პოზიციები ამ საკითხებზე.
- პარლამენტის 12 იანვრის სხდომამ დიდი საფიქრალი გაუჩინა ჩვენს თანამემამულეებს, სოციალური მომენტებით, აფხაზეთის ომით და სხვა გაჭირვებით ნერვებდაწყვეტილ ხალხს ბუნტის საფრთხე გაუჩნდა. რამდენად რეალურია ეს საფრთხე და თუ არის გართულება მოსალოდნელი?
- მინდა ასე გიპასუხოთ: საერთოდ გაუბრალოება არაფრის არ შეიძლება, თუნდაც ეს ჭორი იყოს, ამის უფლება არა გვაქვს. ყოველ ხუმრობაშიც არის სიმართლის ნაწილი... თუმცა რაკი ჩემი ვიზიტი დაიგეგმა ირანში და ამ ვიზიტზე უარი არ ვთქვი, ეს ფაქტი თქვენს კითხვას თავისთავად უპასუხებს.
- ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბატონი თენგიზ სიგუა საფრანგეთიდან დაბრუნდა, სადაც ვიზიტით იყო და აქაც ბევრი რამ იქნება სასიკეთო ჩვენი ქვეყნისათვის, იმიტომ, რომ სოციალური მომენტი გასათვალისწინებელია, უჭირს ჩვენს ქვეყანას... კვების ელემენტარულ პროდუქტებზეა ლაპარაკი.
- ეს ნაყოფიერი ვიზიტი იყო. ზემოთ შემთხვევით არ ვახსენე, რომ მაღალი დონის შეხვედრებია საჭირო და არა მარტო სახელმწიფოს მეთაურისა, ასეთი შეხვედრები უნდა იყოს არა მარტო ისეთ დიდ სამრეწველო ცენტრებში როგორიც არის, ვთქვათ, ლიონი, სადაც ბატონი სიგუა იმყოფებოდა, არამედ სხვა ქალაქებშიც. ბატონი თენგიზ სიგუას ვიზიტი საკმაოდ საინტერესო და პერსპექტიულია, თუ ბოლომდე მივიყვანთ დაწყებულ საქმეს...
- ისევ სოციალურ მომენტებზე მინდა გკითხოთ. დედაქალაქში ენერგეტიკული კრიზისი იყო მოსალოდნელი, მაგრამ შედარებით უკეთესი მდგომარეობაა...
- რომ ვთქვა, კარგი მდგომარეობაა-მეთქი, არ იქნება სწორი. მე ვიცი, რომ ყველგან არ არის კარგი პირობები, ჯერ კიდევ არის რაიონები, სადაც შუქი საერთოდ არ არის, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა, რომ ჩვენმა ენერგეტიკოსებმა შეუძლებელი შეძლეს. სიმართლე გითხრათ, ამ მხრივ სრულ კატასტროფას ველოდი, იმდენად ცუდი ბალანსით შევხვდით ამ ზამთარს. ეს განაპირობა კომუნიკაციების მოშლამ, სარკინიგზო მაგისტრალების გამოთიშვამ, ენგურჰესის პრაქტიკულმა უმოქმედობამ, მარაგების შემცირებამ და ა.შ. მე ვთხოვ პრესას, რადიოსაც და ტელევიზიასაც, რომ შეხვდნენ ზურაბ კერვალიშვილს, რომელიც ამ კომპლექსს ხელმძღვანელობს მთავრობაში და ის ბევრ რამეს გეტყვით ისეთს რაც ახლა ხალხმა არ იცის. ჩვენ ზოგჯერ მარტო იმას ვხედავთ, რაც ნეგატიურია. პრესაც, ტელევიზიაც, ამ მხრივ ნამდვილად პროფესიონალიზმის მაღალ დონეზე არიან (ესეც თავისთავად ხელს უწყობს ჩვენს საერთო საქმეს), მაგრამ ის, რაც ენერგოსისტემაში მოხდა, ის, რაც საქენერგოს მმართველებმა იური ჭედიამ და მისმა მეგობრებმა შეძლეს, რომლებიც ელექტროქსელების ახალი ხაზების გაყვანას და დანგრეულის აღდგენას აწარმოებენ, ეს ნამდვილი გმირობაა და მას დანახვა უნდა. მათი კოლექტივის 4-5 კაცი დაიღუპა კიდეც. ეს არავინ არ იცის, ამ ხალხმა სიცოცხლე გასწირა იმისათვის რომ ჩვენ შუქი გვქონოდა. ეს ფაქტი იმაზეც მიუთითებს, რომ, როცა მოვინდომებთ, როცა ყველა თავის საქმეს გააკეთებს, მოსახლეობა შვებას იგრძნობს. ამიტომ მინდა, რომ ხალხმა ენერგეტიკოსთა ეს გმირობა იცოდეს.
- თქვენ ორშაბათობით გაქვთ ხოლმე დედაქალაქის ხელმძღვანელობასთან და წინა შეხვედრაზე ითქვა, რომ ქალაქში წესრიგის განმტკიცება აუცილებელია. დაიწყო კიდეც სამხედრო პოლიციასთან ერთობლივი პატრულირება, მაგრამ კრიმინოგენური სიტუაცია კვლავ რთულია და კიდევ უფრო გაართულა ალბათ ამ ფაქტმაც, რომ ქსნის კოლონიიდან 100-ზე მეტი პატიმარი გაიქცა. სხვათაშორის, დაახლოებით ასეთივე მდგომარეობა იყო გასულ წელსაც. რა არის ეს, - უპასუხიმსგებლობა, არაპროფესიონალიზმი თუ კიდევ უფრო შორს მიმავალი დასკვნები უნდა გავაკეთოთ?
- მინდა ცოტა ზოგადად გიპასუხოთ. წეღან გითხარით, რომ სამთავრობო სტრუქტურებში მინისტრების დონეზე ბევრი რამ შეიცვალა, დედაქალაქშიც ზოგი რამ უკეთესობისაკენ იცვლება, მაგრამ ახლა ისეთი დრო დგება, რომ განსაკუთრებული ყურადღება იქნება საჭირო ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებისადმი. თქვენ იცით, რომ მე მაქვს უფლება გადავხედო გამგებელთა შემოქმედებას და, სადაც ეს საჭიროა გავაჯანსაღო მათი რიგები. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინც კარგად მუშაობს, ისიც გადავაყენოთ. არა, ისინი დარჩებიან არჩევნებამდე და იმუშავებენ. მაგრამ, სადაც ეს საჭიროა, უნდა განვამტკიცოთ ეს ძირეული რგოლი. ეს უკვე ნათელია. ახლა, როცა სამინისტროთა მუშაობა ასე თუ ისე გარდაქმნის პროცესში შევიდა, თითქმის ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ იმუშავებენ ადგილობრივი ორგანოები, მათ შორის თბილისშიც და სხვა ქალაქებსა და რაიონებში.
რაც შეეხება პატიმართა გაქცევას ეს მეტად სამწუხარო ფაქტია, და ახლა არ მინდა ძალიან ვატკინო გული შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალ ხელმძღვანელობას, ისინი ძირითადად ახალი ხალხია, მაგრამ ეს მათი ბრალი ნამდვილად არ არის. სამწუხაროდ, ეს იმ ბალღამის ბრალია, რომელიც წლების განმავლობაში გროვდებოდა ამ სამინისტროში და ახლა მან გადმოხეთქა. მე ვფიქრობ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ პატიმრები დაბრუნდნენ იქ სადაც უნდა იმყოფებოდნენ და ასეთი რამ არასდროს აღარ უნდა განმეორდეს.
- მსოფლიოს საზოგადოებრიობის ყურადღების ცენტრში კვლავ მოექცა ერაყი, სადამ ჰუსეინი. როგორ ფიქრობთ, შეძლებს კაცობრიობა მესამე მსოფლიო ომის თავიდან აცილებას თუ პირველი და მეორე მსოფლიო ომების მწარე გამოცდილება კვლავ გამოცდილებად დარჩება?
- მე ვფიქრობ, საღი აზრი მაინც გაიმარჯვებს. იმ მოვლენათა ფონზე, რისი მომსწრეც მე გახლდით, ცივი ომის დამთავრებას ვგულისხმობ, რომელიც ათეული წლების მანძილზე გრძელდებოდა და ასეულობით მილიარდი სახსრები და უზარმაზარი მსხვერპლი მოითხოვა, დღევანდელი პრობლემები არაფერია. რაკი ცივი ომის დამთავრება მოხერხდა, იმპერია დაიშალა და 15 ქვეყანამ თავისუფლება მიიღო, ევროპა გათავისუფლდა და ასეთი შეუძლებელი რამ გაკეთდა. მე არა მგონია ასეთი პრობლემები ვერ გადავლახოთ, როგორიც არის ერაყის მიმართ უშიშროების საბჭოს დადგენილებათა შესრულება, ანდა იგივე უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილება აფხაზეთის კონფლიქტთან დაკავშირებით.
ეს შედარებით ლოკალური პრობლემებია, მაგრამ მე არაერთხელ მითქვამს, რომ მსოფლიოს ემუქრება ერთი დიდი საფრთხე, ეს არის სეპარატიზმი. მე ბევრს ვლაპარაკობ ამაზე, შეიძლება თავიც მოვაბეზრე ვინმეს, მაგრამ სამწუხაროდ, ამ საფრთხეს განიხილავენ მხოლოდ იმ სახელმწიფოთა ფონზე, რომელ სახელმწიფოებშიც ეს აფეთქებები უშუალოდ მიმდინარეობს და რატომღაც ჰგონიათ, რომ მათ სახელმწიფოს და სხვებს ეს აფეთქება არ შეეხება. ცდებიან ისინი. ექსტრემისტული სეპარატიზმი ძალიან საშიში მოვლენაა და შეიძლება უმთავრესი პრობლემა გახდეს ბევრი სახელმწიფოსათვის. შესაძლოა სეპარატისტული მოძრაობა ინტეგრაციის იმ პროცესებს მოედოს, რომელთა გარეშეც თანამედროვე მსოფლიოს ნორმალური ცხოვრება შეუძლებელია. აი, ამიტომ მგონია, რომ ყველა შეხვედრაში ქვეყნების ლიდერებთან ეს საუბრის ერთ-ერთი ძირითადი თემა იქნება.
- სულ მალე 20 იანვარს ამერიკის ძველი პრეზიდენტიჯორჯ ბუში დატოვებს თეთრ სახლს და მის ადგილს დაიკავებს ახალი პრეზიდენტი ბილ კლინტონი. ნიშნავს თუ არა ეს, რომ მოხდება რადიკალური ცვლილებები, თუ ბევრ რამეში მათი აზრები ისევე თანხმდება, როგორც, მაგალითად, ერაყთან მიმართებაში?
- ვფიქრობ, ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკაში, მსოფლიო პრეცესებში მის ადგილსა და როლში რაიმე პოლიტიკურ ცვლილებებს არ უნდა ველოდეთ. პირიქით, ჩემი აზრით, ახალი ადმინისტრაცია შეეცდება კიდევ უფრო აქტიური როლი შეასრულოს მსოფლიოს საერთაშორისო ცხოვრებაში და ეს ჩვენს ინტერესებშიც შედის. რაც შეეხება საქართველოსთან დამოკიდებულებას, ჯორჯ ბუშის ბოლო ნაბიჯი საქართველოსადმი ნამდვილად ამაღელვებელი იყო. ეს გახლდათ მეგობრობისა და თანადგომის საოცარი გამოვლინება - მისგან 100 ათასი ტონა მარცვალი, 10 მილიონი დოლარის ბავშვთა კვების პროდუქტები, 1 მილიონის დოლარის მედიკამენტები მივიღეთ. მე არაერთხელ მომაწვდინეს ხმა ახალი დემოკრატიული ადმინისტრაციის წარმომადგენლებმაც, რომ ზრუნვა და თანადგომა საქართველოსადმი არათუ შესუსტდება, არამედ უფრო გაფართოვდება და კონკრეტული გახდება. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ეს ასე იქნება.
ინტერესების სრული ბალანსია გათვალისწინებული ჩვენს საგარეო ურთიერთობათა კონცეფციაში და სწორედ ამის მიხედვით წარმოჩინდება ჩვენი პოლიტიკის და დიპლომატიის ხელოვნება / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 22 იანვარი. - №13(557). - 1,2 გვ.
![]() |
14 ჩვენ მეგობრებზე ვართ ორიენტირებული და ისინი გვეყოლება ყველგან - როგორც დასავლეთში, ისე ჩრდილოეთში... |
▲ზევით დაბრუნება |
საუბარი რადიო „მაიაკის“ კორესპონდენტთან
- მართლა არის თუ არა მოსალოდნელი სახელმწიფო გადატრიალება საქართველოში? - ამ კითხვით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს - სახელმწიფოს მეთაურს ედუარდ შევარდნაძეს რადიო „მაიაკის“ კორესპონდენტმა, რომელთანაც საუბარი პირდაპირ ეთერში მოაწყო ტელერადიოკომპანია „ოსტანკინოს“ თბილისის ბიურომ 18 იანვარს.
- ხვალ ორდღიანი ვიზიტით მივდივარ ირანში, - უპასუხა კითხვას სახელმწიფოს მეთაურმა, და მგონი, ამით ყველაფერია ნათქვამი. გადატრიალების საფრთხე რომ რეალური იყოს, მაშინ სახელმწიფოს მეთაურმა არ უნდა დატოვოს ქვეყანა. მე წინააღმდეგი ვარ იმის მოთხოვნისა, რომ რომელიმე ქვეყანა, ანდა რომელიმე რეგიონი აუცილებლად მხოლოდ რომელიმე ერთ ქვეყნაზე უნდა იყოს ორიენტირებული. ასეთი მოთხოვნა და თუნდაც ცნება მიუღებელია. ჩვენ მეგობრებს ვეძებთ, მეგობრებზე ვართ ორიენტირებული და ისინი უნდა ვიპოვოთ და ვპოულობთ ყველგან - როგორც დასავლეთში, ისე ჩრდილოეთში და ყველასთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ.
ამჟამად საქართველოში იმყოფება რუსეთის საგარეო მინისტრის მოადგილე ბორის პასტუხოვი, - განაგრძო ედუარდ შევარდნაძემ, - ჩვენ უკვე შევხვდით ერთმანეთს და ეს შეხვედრა პოზიტიური იყო; ჩვენ დღეს კიდევ შევხვდებით ერთმანეთს, განვიხილავთ რუსეთ-საქართველოს შორის უმაღლეს დონეზე შეხვედრის პერსპექტივებს. ამასთან ამ მოლაპარაკებათა დროს ჩვენ გავარკვევთ, თუ რამდენად რეალურია ეს პერსპექტივა, რომ უახლოეს ხანში მოხდეს მისი რეალიზაცია. რამდენიმე დღეში დაიწყება რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებათა მესამე რაუნდი. ვფიქრობ, ჩვენ საბოლოოდ ჩამოვაყალიბებთ ძირითად ხელშეკრულებებს, რომლებსაც ხელი უნდა მოვაწეროთ: ეს იქნება ხელშეკრულებები რუსეთის ჯარების სტატუსის, მათი ჩვენს ქვეყანაში ყოფნის ვადების, ეკონომიკური თანანმშრომლობის შესახებ. ერთი სიტყვით, ეს გახლავთ ხელშეკრულებათა მთელი დასტა, რომლებიც ფაქტიურად მზად არის, მაგრამ დამუშავებას და დახვეწას მოითხოვს.
ამრიგად, ჩვენი მთავარი საზრუნავი ახლა რუსეთ-საქართველოს შორის „დიდი ხელშეკრულების“ მომზადებაა, რომელიც ჩვენს ურთიერთობათა სამართლებრივი დასაყრდენი იქნება. ამიტომ არ უნდა გვიკვირდეს, თუკი ამ ეტაპზე არის და იქნება ერთგვარი შეფერხებები. ჩვენ ხომ ორი საუკუნის მანძილზე ვიყავით რუსეთის შემადგენლობაში და ახლა ასეთ ფონზე, რომელიც არც ისე მარტივია, სამართლებრივი საფუძვლის მქონე დოუმენტის მომზადება არ არის ადვილი, რადგან მან ერთის მხრივ უნდა უზრუნველყოს პატარა ქვეყნის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა, ხოლო მეორე მხრივ უნდა შეინარჩუნოს ყოველივე ის, რაც მისთვის დადებითი იყო ამ ქვეყნის შემადგენლობაში ყოფნისას. აი ეს მომენტი მოითხოვს უდიდეს სიბრძნეს და გამბედაობასაც. მე ვფიქრობ, - თქვა სახელმწიფოს მეთაურმა, - ჩვენ დავძლევთ ყოველივეს და მოვამზადებთ სწორედ ასეთ დოკუმენტს, რომელიც ნამდვილად იქნება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ძირითადი პრინციპების განმსაზღვრელი.
შეეხო რა საქართველოში შექმნილ მდგომარეობს, სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ ჯარისკაცთა და ოფიცერთა დედებს რუსეთში ასაღელვებელი არაფერი აქვთ, მათს შვილებს საქართველოში არავითარი საფრთხე არ ემუქრებათ, ისინი ნორმალურად ცხოვრობენ და მსახურობენ და თუკი არის ცალკეული ინციდენტები, მათ ჩვენც განვიცდით და ვცდილობთ ისინი ყველანაირად თავიდან ავიცილოთ. მინდა დავარწმუნო ყველა, - განგრძო მან, - რომ რუსულ მოსახლეობას ჩვენთან პრობლემები არა აქვს. ყველას შეუძლია დაუკავშირდეს ნებისმიერი რუსი ეროვნების ოჯახს საქართველოში და მათგან გაიგოს როგორ ცხოვრობენ ისინი აქ. ვიმეორებ, თუკი სიძნელეები არის, ეს ყველასათვის საერთოა.
აფხაზეთის კონფლიქტზე საუბრისას, ედუარდ შევარდნაძემ კვლავ გაიმეორა ადრე ნათქვამი, რომ ეს კონფლიქტი დიდხანს ვერ გაგრძელდება, რადგან მას არა აქვს არავითარი საფუძველი, ჩვენსა და აფხაზებს შორის ხომ ყოველთვის კარგი ურთიერთობა იყო. ასე რომ, ამ კონფლიქტს მალე გადავჭრით, - თქვა მან, - როცა გაერთიანებული ერების უშიშროების საბჭოს მივმართავთ, ზოგს ჰგონია, რომ ჩვენ რუსეთის როლის იგნორირებას ვახდენთ, როგორც ჩვენ ვამბობთ ხოლმე, უარვყოფთ რუსეთის ფაქტორს, მაგრამ ეს ასე არ არის. ბატონ პასტუხოვთან ამჟამად სწორედ ამ მიმართულებით ვაწარმოებდით მოლაპარაკებას და იგივე მუშაობა მიდის იმ დელეგაციასთან ერთად, რომელიც ახლა რუსეთიდან ჩვენთან არის ჩამოსული ბატონ ელცინის და რუსეთის ხელმძღვანელობის დავალებით; ვფიქრობთ, მოვნახავთ საინტერესო მოდელს და საინტერესო ვარიანტს, რომ ეს კონფლიქტი მოვაგვაროთ და ვიმეორებ, ეს მოხდება რუსეთის დადებითი ფაქტორის გათვალისწინებით, - თქვა რადიო „მაიაკის“ კორესპონდენტთან საუბრისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ - სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ.
საქართველოს პარლამენტის პრეს-ცენტრი
ჩვენ მეგობრებზე ვართ ორიენტირებული და ისინი გვეყოლება ყველგან - როგორც დასავლეთში, ისე ჩრდილოეთში : საუბარი რადიო „მაიაკის“ კორესპონდენტთან / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 22 იანვარი. - №13(557). - 2 გვ.
![]() |
15 ე. შევარდნაძე - ერაყში გაეროს სამშვიდობო ძალების გაგზავნასთან დაკავშირებით |
▲ზევით დაბრუნება |
დღეს მსოფლიოში ძველი სამყაროს რღვევის პროცესი მიმდინარეობს. ცივი ომის დამთავრების შემდეგ საერთაშორისო ურთიერთობათა ძველი სისტემა ფაქტიურად უკვე აღარ არსებობს, ხოლო ახალი ჯერ კიდევ შესაქმნელია. ახალი პოლიტიკური სტრუქტურების ჩამოყალიბების თანამედროვე პირობებში მსოფლიოში მომრავლდა რეგიონალური და ლოკალური კონფლიქტები, რომლებსაც ხშირ შემთხვევაში საფუძვლად უდევს ეთნიკურ და პოლიტიკურ ნიადაგზე ტერიტორიული გადანაწილების პრეტენზიები.
ასეთ პირობებში უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება გაეროს, კერძოდ კი მის სრულიად ახალ როლს თანამედროვე საერთაშრისო ურთიერთობათა სისტემაში. დღის წესრიგში დგება კონფლიქტების მოწესრიგების საქმეში მისი ავტორიტეტის ამაღლების აუცილებლობა, რაც უპირველეს ყოვლისა დაკავშირებულია გაეროსა და უშიშროების საბჭოს მიერ მეტი პასუხისმგებლობის აღებასთან. ამისათვის კი საჭიროა შეიქმნას უშიშროების საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა რეალიზაციის ქმედითი მექანიზმები. მხოლოდ ასეთ შემთხევევაში იქცევა გაერო მშვიდობის დაცვის ჭეშმარიტ გარანტად მთელს მსოფლიოში.
სწორედ ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ერაყის მხრიდან ერაყ-ქუვეითის საზღვრის დარღვევის თავიდან აცილების მიზნით ერაყის დემილიტარიზებულ ზონაში გაეროს სამშვიდობო ძალების გაგზავნის თაობაზე. ეს გადაწყვეტილება და რაც მთავარია, მისი რეალიზაცია უნდა გახდეს მსოფლიო თანამეგობრობის მიერ ლოკალური და რეგიონალური კონფლიქტების მოგვარების ნიმუში.
სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ საქარათველო დგას იმ ქვეყანათა რიგში, რომლებმაც საკუთარ თავზე იწვნიეს სეპარატიზმისა და ტერიტორიული გადანაწილების მცდელობების მთელი სიმწვავე და ამდენად, სისხლხორცეულადაა დაინტერესებული შეიარაღებული კონფლიქტების შეიარაღებაში. გამოვთქვამთ იმედს, რომ ერაყ-ქუვეითის კონფლიქტის მოგვარება დასაბამს მისცემს საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებული საზღვრებისა და სახელმწიფოების, მათ შორის საქართველოს, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის მცდელობის აღკვეთას.
ჩვენს ძნელსა და რთულ დროში გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა რეალიზაციის მსგავსი მექანიზმების ცხოვრებაში დამკვიდრებით მსოფლიოს თანამეგობრობა თავის თავზე იღებს კოლექტიურ პასუხისმგებლობას მათი განხორციელბისათვის. ეს ხელს შეუწყობს მსოფლიოში სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების გაუმჯობესებას და ურთიერთნდობის ატმოსფეროს გაჯანსაღებას, გამორიცხავს ცალკეულ სახელმწიფოთა თუნდაც სამართლიან ქმედებათა არაადეკვატურ აღქმას.
გვჯერა, რომ სწორედ ასეთი მიდგომა შინაარსით სრულიად ახალ და ჯანსაღ ნიშნებს შესძენს როგორც გაეროს - მსოფლიოს ამ უნიკალური ორგანიზაციის, ისე ხალხთა შორის ურთიერთობათა ახალ სისტემას.
ე. შევარდნაძე - ერაყში გაეროს სამშვიდობო ძალების გაგზავნასთან დაკავშირებით // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 22 იანვარი. - №13(557). - 1 გვ.
![]() |
16 აფხაზეთის ომის დასასრული შორს აღარ არის |
▲ზევით დაბრუნება |
ედუარდ შევარდნაძის ინტერვიუ მოსკოვის რადიოსადგურ „მაიაკის“ კორესპონდენტთან
- რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკების მესამე რაუნდი თბილისში დათქმულ დროს დაიწყო და ვფიქრობ, რაიმე პრობლემები, რომლებიც ხელს შეუშლის მათს გაგრძელებას და წარმატებით დამთავრებას, არ არსებობს, - განაცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ - სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ მოსკოვის რადიოსადგურ „მაიაკის“ კორესპონდენტთან საუბარში დღეს, 25 იანვარს. - ერთადერთი, რაზეც კამათი იყო, ის არის, თუ როგორი წესით მოხდება მომავალში დოკუმენტების ხელმოწერა - ერთად მთელი პაკეტისა, როგორც დიპლომატები ამბობენ, თუ ცალ-ცალკე ხელშეკრულებების მიხედვით. გუშინ ეს საკითხიც გადავწყვიტეთ და დოკუმენტებს ერთად მოვაწერთ ხელს. ამ კვირაში შავ სამუშაოს, თუ შეიძლება ასე ითქვას, მთლიანად დავამთავრებთ, - თქვა ედუარდ შევარდნაძემ.
ამ დღეებში საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე საქართველოს პარლამენტში გამართულ ბჭობასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ ამ ბჭობამ წარმატებით ჩაიარა და ძირითადად დადებითი შეფასება მიეცა ორივე მხარის ძალისხმევას ურთიერთობათა გაუმჯობესებისათვის. რაც შეეხება აფხაზეთის კონფლიქტს, რომელიც გაჭიანურდა, ვფიქრობ, მისი დასასრულიც არ უნდა იყოს შორს, იგი დამთავრდება ან რუსეთის მონაწილეობით, ან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის და უშიშროების საბჭოს სამშვიდობო მისიების წყალობით, - ხაზგასმით აღნიშნა ედუარდ შევარდნაძემ, - სხვათა შორის, რუსეთი ამას გაგებით ეკიდება... მერე კი ამ ღონისძიებებს მოჰყვება ქართველთა და აფხაზთა დიალოგი. თუ ჩვენ მოსკოვის შარშანდელი 3 სექტემბრის შეთანხმებას დავეყრდნობით, აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგება უთუოდ დაჩქარდება და ეს ჩვენ უნდა გავაკეთოთ, რათა თავიდან ავიცილოთ ადამიანთა მსხვერპლი, რომელიც ორივე მხარეს კვლავ არის, - თქვა ედუარდ შევარდნაძემ რადიოსადგურ „მაიაკის“ კორესპონდენტთან საუბარში.
საქართველოს პარლამენტის პრესცენტრი.
აფხაზეთის ომის დასასრული შორს აღარ არის : ე. შევარდნაძის ინტერვიუ მოსკოვის რადიოსადგურ „მაიაკის“ კორესპონდენტთან // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 26 იანვარი. - №15(559). - 2 გვ.
![]() |
17 დამნაშავენი უნდა ვიპოვოთ, დამნაშავეები უნდა დავადგინოთ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის - სახელმწიფოს მეთაურის ედუარდ შევარდნაძის განცხადება ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს 1993 წლის 23 იანვრის სხდომაზე
22 იანვარს, 14 საათსა და 30 წუთზე თავით ფეხებამდე შეიარაღებულ დამნაშავეთა საკმაოდ მრავალრიცხოვანი რაზმი 40-50 კაცის შემადგენლობით თავს დაესხა და გაძარცვა თბილისში, კახეთის გზატკეცილზე დისლოცირებული რუსეთის ფედერაციის მესაზღვრეთა სამხედრო ნაწილი. მათ ადგილზე დახვრიტეს ორი სამხედრო მოსამსახურე, რომელთაგან ერთი უიარაღო იყო, გაიტაცეს 70 ცალი ცეცხლსასროლი იარაღი, ავტომანქანები, მათ შორის ბენზინსაზიდები და ა.შ.
როგორც მოგეხსენებათ, ჩვენდა სამწუხაროდ, ეს პირველი შემთხვევა როდია, როცა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე დისლოცირებული ცალკეული სამხედრო ნაწილების მიმართ ცალკეული მოქალაქეები, ბანდიტური ჯგუფები, სხვას მათ ვერაფერს ვუწოდებ, მიმართავენ ძალმომრეობას. ისინი პრაქტიკულად მოქმედებენ არა მარტო ამ ნაწილების წინააღმდეგ, არამედ საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგაც.
საქართველოში რუსეთის არმიის, რუსეთის ჯარების ყოფნის საკითხი მთავრობათა შორის მოლაპარაკების საგანია, ასეთი მოლაპარაკება ეწყობა. ძალმომრეობასთან დაკავშირებული ყოველგვარი სხვა გამოვლინება, რომელიც გუშინ მოხდა, პრაქტიკულად ნიშნავს საკუთარი ქვეყანა და საკუთარი ხალხი დააყენო ახალი სირთულეებისა და სიძნელეების წინაშე. ასეთ მოქმედებას შეიძლება გამოუსწორებელი, ტრაგიკული შედეგები მოჰყვეს.
ამასთან დაკავშირებით არ შემიძლია არ გამოვთქვა აღშფოთება ჩემი სახელით და კოლეგების სახელით. დღეს რომ პარლამენტი მუშაობდეს, დარწმუნებული ვარ, იგიც შეუერთდებოდა ჩემს ამ განცხადებას. მე მინდა საქართველოს ხელისუფლების, ხელმძღვანელობის სახელით გამოვთქვა სინანული და თანაგრძნობა ამ სამხედრო ნაწილის, მისი პირადი შემადგენლობის, დაღუპულთა ოჯახების მიმართ, ვინც უნდა დაღუპულიყო მკვლელისა და ბანდიტის ხელით, რა ეროვნებისაც უნდა იყოს იგი, რა ქვეყანასაც უნდა წარმოადგენდეს იგი, ჩვენ გულთან ახლოს უნდა მივიტანოთ მისი ტკივილი, რადგან ეს ჩვენი საკუთარი ტკივილია. ეს არის ელემენტარული საერთაშორისო ნორმების დარღვევა, რაც ჩრდილს აყენებს ჩვენს რესპუბლიკას. ერთხელ კიდევ გამოვთქვამ ღრმა სინანულს მომხდარის გამო. ვგმობ ჩადენილ დანაშაულს და ამავე დროს, ჩვენი ხელმძღვანელობის სახელით საჯაროდ ვავალებ გენერალურ პროკურორს ბატონ თ. ნინიძეს, შინაგან საქმეთა მინისტრს ბატონ თ. კიტოვანსა და სხვა შესაბამის ორგანოებს, რაიონების ხელმძღვანელებს, პოლიციის განყოფილებებს, რომ ეს დანაშაული გაიხსნას, ამას მოითხოვს საქართველოს ინტერესები. დამნაშავენი უნდა ვიპოვოთ, დამნაშავენი უნდა დავადგინოთ და უნდა განვუცხადოთ მსოფლიო საზოგადოებას, რომ ეს გაკეთდა არა ქართველი ხალხის ხელით, არამედ ეს გააკეთეს ჩვენი ხალხის მტრებმა. ვფიქრობ, ჩვენი საზოგადოება, საქართველოს საზოგადოებრიობა შეუერთდება ამ სიტყვებს.
დამნაშავენი უნდა ვიპოვოთ, დამნაშავეები უნდა დავადგინოთ : ე. შევარდნაძის განცხადება ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს 1993 წლის 23 იანვრის სხდომაზე // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 26 იანვარი. - №15(559). - 2 გვ.
![]() |
18 ედუარდ შევარდნაძე: რაც შეუძლია, საქართველომ ის წვლილი უნდა შეიტანოს აღმოსავლეთისა და დასავლეთის ურთიერთობათა გაუმჯობესების საქმეში |
▲ზევით დაბრუნება |
25 იანვრის რადიოინტერვიუ
გუშინ, 25 იანვარს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ - სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ ტრადიციული ინტერვიუ მისცა საქართველოს რადიოს კომენტატორს ნატო ონიანს. გთავაზობთ ამ ინტერვიუს.
- გასული კვირის მოვლენათაგან, მთავარი თქვენი ვიზიტი იყო ირანის ისლამურ რესპუბლიკაში. კომუნიკესა და დეკლარაციაში, რომლებსაც ხელი მოაწერეთ, ნათქვამია, რომ მხარეები იზრუნებენ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებისათვის, ტერიტორიული მთლიანობისა და ეროვნულ მმართველობათა შენარჩუნებისათვის. მათში ხაზგასმულია კავკასიის რეგიონის დიდი მნიშვნელობა და ნათქვამია, რომ მხარეები ხელს შეუწყობენ საქართველოში სპარსული, ხოლო ირანში ქართული ენის სწავლებას. აქვე მინდა გამოვყო 2 მუხლი, კერძოდ, მეთერთმეტე მუხლი, რომელშიც ნათქვამია, რომ მხარეებს აქვთ უფლება, განსაზღვრონ მჭიდრო და კონსტრუქციული გზით, კასპიისა და შავი ზღვების სატრანსპორტო მაგისტრალებით დაკავშირების პერსპექტივები და შექმნან ამ სატრანსპორტო მარშრუტების გამოყენების შესაძლებლობა. ამასთან, ორივე მხარე გამოთქვამს სურვილს, რომ შავი ზღვა გამოცხადდეს მშვიდობის, ბირთვული და ქიმიური იარაღებისაგან თავისუფალ ზონად. ჩვენ გვახსოვს, რომ უფრო ადრე, შავი ზღვის აუზის ქვეყნების ეკონომიკური კავშირი შეიქმნა. ხომ არ ნიშნავს ყოველივე ეს იმას, რომ საქართველომ საერთაშორისო დონეზე განამტკიცა თავისი უფლებები შავ ზღვაზე?
- თქვენს კითხვაში ბევრ საკითხზე თავისთავად უკვე არის პასუხი გაცემული. ვიზიტის მნიშვნელობაზე ალბათ, მექნება საშუალება პარლამენტში ვილაპარაკო. ვფიქრობ, ამ ვიზიტის მნიშვნელობა გასცდა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ფარგლებს და მან უფრო ფართო, უფრო გლობალური მნიშვნელობა შეიძინა. რეგიონულ და უფრო ფართო წრის პრობლემებზე გამართულმა ამ დიალოგმა ისეთი ხასიათი მიიღო, რომ ვიზიტის მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზარდა. ამ ვიზიტმა დასაბა მისცა საქართველოს ახალ მისიას, საქართველოს ადგილს შავი ზღვის, კასპიის ზღვის და სპარსეთის ყურის რეგიონში. და არა მარტო ამ რეგიონში, ჩვენს წინაშე გადაიშალა სხვა პერსპექტივაც. ჩვენ შავი ზღვისპირა ქვეყანა ვართ და ამ ვიზიტის შედეგების საფუძველზე მას სხვა წინგადადგმული ნაბიჯებიც უნდა მოჰყვეს. მე იმას ვგულისხმობ, რომ ჩვენ საჭირო ვხდებით კასპიის ზღვისათვის, კასპიის ზღვა კი საჭირო ხდება ჩვენთვის. ამას ალბათ, ყველა ჩვენი მოქალაქე მომავალში უფრო მეტად შეიგრძნობს და გაიგებს, რომ სპარსეთის ყურეში გასვლა - ეს პრაქტიკულად ნიშნავს შუა აღმოსავლეთის ქვეყნებთან, არაბულ სამყაროსთან დაკავშირებას და ძალიან დიდ მასშტაბებს ჩვენი ეკონომიკური და არაეკონომიკური ცხოვრებისათვის. ეს შეიძლება სასიცოცხლო არტერიებად იქცეს საქართველოსათვის, მხედველობაში მაქვს, საავტომობილო, სარკინიგზო, საზღვაო ტრანსპორტის განვითარების პერსპექტივები, რაც უდაოდ გამოიწვევს მთელი ჩვენი ეკონომიკური ცხოვრების გააქტიურებას, ეკონომიკის გამოცოცხლებას და გაძლიერებას. მინდა ხაზი გავუსვა იმასაც, რომ ჩვენი ოპონენტები ამ საკითხში ზოგჯერ სხვადასხვა ვარიანტებს ატრიალებენ. ეძებენ რაღაც წინააღმდეგობებს, ნეგატიურ მომენტებს. მე მსიამოვნებს ეს ასე რომ ხდება, ოპოზიცია უნდა არსებობდეს და მას უნდა ჰქონდეს თავისი აზრი, ოღონდ ეს აზრი ინტრიგანული კი არა, სერიოზული უნდა იყოს. ამბობენ, თითქოს ირანის ვიზიტი იმისათვის იყო საჭირო, რომ მესამე თუ მეოთხე ქვეყნისათვის რაღაც უნდა მიენიშნებინათო. ეს ხომ ნამდვილი ბავშვური მსჯელობა გახლავთ. არავითარი სხვა ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ არ ყოფილა ეს ვიზიტი გათვლილი და მიმართული. მე საერთოდ არა ვარ იმის მომხრე, რომ რომელიღაც ერთ ქვეყანას შევეკრათ და ამით მეორე ქვეყანას გავუსწოროთ ანგარიში, ან ჩვენთვის რაიმე ხელსაყრელი პირობები შევიქმნათ. ყოველთვის არსებობს რაღაც ინტერესების ბალანსი და ჩვენც სწორედ ამას მივყვებით. თუ ამ მხრიდანაც შევხედავთ ირანის ვიზიტს, მას სერიოზული მნიშვნელობა ჰქონდა. თქვენ გახსოვთ ჩემი პირველი ჩასვლა ირანში. მაშინ ირანი მართლა იზოლირებული ქვეყანა იყო, განსაკუთრებით ევროპაში და მსოფლიოშიც მძვინვარებდა ანტიირანული განწყობილებანი. თუ გახსოვთ, ეს მოჰყვა ცნობილი მწერლის რუშდის მიმართ გამოტანილ განაჩენს. ამ დროს მე სირიაში ვიმყოფებოდი და ჩემი შემდგომი ვიზიტი თეირანში უნდა გამართულიყო. მაშინ ზოგიერთმა ჩემმა კოლეგამ მოსკოვიდან დამირეკა და მირჩია, თავი ამერიდებინა ამ ვიზიტისათვის, მაგრამ ეს რჩევა არ მივიღე, მაინც ჩავედი თეირანში და აიათოლა ჰომეინი მოვინახულე. ეს უპრეცედენტო შემთხვევა იყო იმ დროს და ამ არაორდინარულმა ნაბიჯმა ხელი შეუწყო ანტიირანული ხანძრის ჩაქრობას. დღეს ის მწერალიც ცოცხალია და მის ნაწარმოებებს მსოფლიო კითხულობს და ირანის იზოლირებაზეც ცოტას ლაპარაკობენ. მაგრამ, სამწუხაროდ, ჯერ ასეთი კომპლექსი მაინც არსებობს. ჩემი აზრით, ამ ვიზიტის დანიშნულება ისიც იყო, რომ საქართველომ, რაც შეუძლია, ის წვლილი შეიტანოს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობათა გაუმჯობესების საქმეში. და ბოლოს, ორიოდე სიტყვით თუ ვიტყვით, ეს ვიზიტი იყო საქართველოს ხვალინდელ დღეზე ფიქრის გამოვლინებაც და სამომავლოდ გაანგარიშებული დამიზნული მოქმედებაც.
გარდა ამისა, თქვენ ძალიან მგრძნობიარე თემა წამოჭერით, - სპარსული ენის საქართველოში შესწავლის და ქართული ენის ირანში სწავლების შესახებ. ჩემი აზრით, ჩვენ ახლა აქ არა მარტო ევროპული ენები უნდა გვაინტერესებდეს, (ახალგაზრდების საყურადღებოდ ვამბობ ამას), არამედ სპარსულიც. ამ ენის შესწავლაც ისევე სასურველი იქნება ჩვენი ახალგაზრდობის გარკვეული ნაწილისათვის, როგორც დასავლური ენებისა. მე ვიცი, რომ სპარსეთში დიდ ინტერესს იჩენენ ქართული ენისადმი. ეს განსაკუთრებით ხდება იმ საზოგადოებაში, რომელსაც ჩვენი ქართული საზოგადოება შეიძლება ვუწოდოთ. მე მქონდა მათთან შეხვედრა. ეს საოცრად ამაღელვებელი შეხვედრა იყო და ბედნიერი ვარ, რომ ამ ხალხის წინაშე აღარ არის ადრე არსებული ბარიერები, და ისინი თავისუფლად შეძლებენ მიმოსვლას თავიანთ პირველ სამშობლოში. ზოგიერთებმა ისიც კი ითხოვეს, რომ იქნებ რაიმე საქმეს მოჰკიდონ ხელი, ჰქონიათ ამისათვის რაღაც დანაზოგები, რომ ხელი შევუწყოთ ერთმანეთს და ისტორიული ბედუკუღმართობის ეს გადმონაშთი რომელიც აქამდე შემორჩა, როგორმე დავძლიოთ. ეს ხალხი რომ მაინც ცოცხალია იქ და ქართულად ასე თუ ისე ლაპარაკობს, სიამაყეს მგვრის, ამიტომ ჩვენ უნდა წავეხმაროთ მათ მშობლიური ენა უკეთ იცოდნენ.
- ბატონო ედუარდ, მითქმა-მოთქმა გამოიწვია იმანაც, რომ თქვენი ვიზიტი ირანში დაემთხვა ამერიკის პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს და რომ ამ ზეიმს საქართველოდან არავინ დასწრებია...
- ხანდახან არის ხოლმე ასეთი გულუბრყვილო მსჯელობა. საქართველოდან არც უნდა დასწრებოდა ვინმე. თქვენ იცით, არც ბევრი სხვა ქვეყნის წარმომადგენელი დასწრებია ამ ზეიმს. ასეთი რამ არ არის ტრადიციული და არც არავინ ანიჭებს ამას მნიშვნელობას. მე დღეს გავუგზავნე მისალოცი დეპეშა ამერიკის შეერთებული შტატების ახალ პრეზიდენტს, რომელთანაც არჩევის დღიდანვე დამყარდა საკმაოდ კეთილი ურთიერთობა და დამოკიდებულება. იცით, რომ ჩვენს შორის გაიმართა სატელეფონო საუბარი, მერე ერთმანეთს წერილები გავუგზავნეთ, არის სხვა კონტაქტებიც და ამაზე ნურავინ ნუ ღელავს! ჩვენ ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან თუ უკეთესი არა, ისეთი ურთიერთობა მაინც გვექნება, როგორიც ბუშის ადმინისტრაციასთან გვქონდა.
- ჩვენთან დღეს ბევრს დავობენ იმაზე, თუ როგორი პოლიტიკური კურსით მიდის საქართველო. მაშინ, როცა ფერეიდნელმა ქართველებმა თქვენ გაჩუქეს ხალიჩა, რომელსაც აწერია სიტყვები: „ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია!“ და ამით განსაზღვრეს ჩვენი საგარეო პოლიტიკა...
- ამ სიტყვებით მართლაც ბევრი რამ არის ნათქვამი. ვინც დღეს იმას ამტკიცებს, რომ საქართველოს არ გააჩნია თავისი კურსი, არ გააჩნია თავისი დოქტრინა, კონცეფცია და ა.შ. (უყვართ ხოლმე ასეთი ხმაურიანი გამოთქმები) მე მგონი, არ არის სწორი. ასეთი ლაპარაკი ძალიან მაგონებს ჩემი ძველი საქმიანობის დროს, ბოლშევიზმის წლებს, როცა ყველა საკითხზე მოითხოვდნენ მზამზარეულ დოქტრინას და კონცეფციას. მომავალში ყველაფერი იქნება, ახლა კი მთავარია, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი კურსი და ვიცით, ჩვენი ადგილი ამ სამყაროში; მჯერა, რომ საგარეო პოლიტიკის სფეროში ჯერჯერობით საკმაოდ სწორად ვმოქმედებთ. მაგრამ, სამწუხაროდ, საშინაო პოლიტიკაში გვაქვს ბევრი სიძნელეებიც, სირთულეებიც და შეცდომებიც. საგარეო პოლიტიკის სფეროში ჩვენს მოქმედებას კი განსაზღვრავს, რომ ჩვენ აქტიური ნეიტრალიტეტის ქვეყანა ვართ და ასეთად უნდა დავრჩეთ.
- თქვენ პარლამენტში თავი შეიკავეთ ვიზიტის შედეგების შეფასებისაგან და იმიტომ ხომ არ გააკეთეთ, რომ ჯერ კიდევ ხელმიუწვდომელია ხელშეკრულება რუსეთთან, მით უმეტეს, რომ პოლიტიკური აზრით, არ შეიძლება ხელმოწერა, ვიდრე საქართველოდან არ გავა რუსეთის ჯარი და უპირველეს ყოვლისა, არ დატოვებს იგი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს? ამის შესახებ პარლამენტში დებატებიც გაიმართა...
- არა, მე თავი არ შემიკავებია შედეგების შეფასებისაგან. ხვალ ან ზეგ ამას გავაკეთებ. პარლამენტის სხდომას გარკვეული ანგარიში უნდა ჩავაბარო ამ ვიზიტის შედეგებზე. მე, უბრალოდ, დრო მჭირდებოდა, რომ გამეაზრებინა ყველაფერი, რაც მოხდა. რაც შეეხება მეორე საკითხს, კარგია, რომ წამოჭერით ეს პრობლემა. მე მინდა საქართველოს ყველა მოქალაქეს მივმართო და ვთქვა, რომ ახლა მიმდინარეობს რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკება და მინდა, ეს საკითხი ისეთ რანგსა და მასშტაბებში ავიყვანოთ, რომ არავინ არ დარჩეს გულგრილი ამ მოვლენისადმი. რუსეთთან დამოკიდებულებაში ახლა ორი ტენდენცია შეიმჩნევა. ერთი, მე ვიტყოდი, ჯანსაღია და ეს იმ ხალხის გულისთქმაა, რომელსაც კარგად ესმის, რომ არ შეიძლება ასე მექანიკურად და ავტომატურად მოწყდე ქვეყანას, რომლის ნაწილიც 200-250 წლის განმავლობაში იყავი და ეკონომიკით მთლიანად მასზე ხარ მიჯაჭვული, ცხადია, ამ ჯაჭვების დაწყვეტა პრაქტიკულად მთელი ჩვენი ეკონომიკური ცხოვრების შეჩერებას ნიშნავს. ისიც უნდა ვთქვათ, რომ არცთუ უსაფუძვლოა ლაპარაკი იმ ისტორიულ უსამართლობაზე, რომელიც რუსეთის მხრივ ჰქონდა საქართველოს, მაგრამ ჩვენ მაინც არ შეგვიძლია ანგარიში არ გავუწიოთ რეალურად არსებულ იმ ინტეგრაციას, რომელიც ამ ათეული და ასეული წლების განმავლობაში მოხდა. ეს ჩვენი მხრივ ცოტა არ იყოს, დიდი პრობლემებისადმი გულუბრყვილო მიდგომა იქნებოდა.
საპარლამენტო ბჭობის დროს მე ვთქვი, რომ არ შეიძლება არ ვიფიქროთ იმაზეც, რომ ახლა გარდამავალ ეტაპზე ვიმყოფებით და შესაძლოა ორი-სამი წელი, შეიძლება ოთხი წელიც კი დაგვჭირდეს, ამ ეტაპის გასავლელად. ჩვენთვის ამ წლებში აუცილებლობას წარმოადგენს ის, რომ ვეძებოთ ახალი გზები, ახალი ვარიანტები, ხოლო ის, რაც დღეს არის ხელსაყრელი, არ დავკარგოთ და შევინარჩუნოთ. ისიც უნდა შევინარჩუნოთ, რაც ხვალ იქნება ხელსაყრელი რუსეთთან ეკონომიკურ ურთიერთობაში. იმის სანაცვლოდ კი, რაც ხელსაყრელი არ არის, ვიდრე გადავაგდებდეთ, უკვე უნდა გვქონდეს სხვა ვარიანტი. სამწუხარო, ეს ადვილი პროცესი არ არის, ამას დრო სჭირდება. შესანიშნავი იყო ჩვენი მინისტრების ვიზიტი ირანში. მე დავრწმუნდი, რომ ისინი სწორედ შევარჩიეთ, ირანელი კოლეგების ღირსეული პარტნიორები აღმოჩნდნენ. ვხედავ იმასაც, რომ ამ მხრივ, კარგი პერსპექტივებია, ამიტომ, ზოგიერთ სფეროში მართლაც შეიძლება გვქონდეს ალტერნატივა საქმედ და რეალურ მოკავშირედ რომ იქცეს, ამას შესაძლოა, ერთი წელიც კი დასჭირდეს. აი, რატომ მინდა, რომ ჩვენმა ხალხმა ძალიან გაიაზროს ეს პრობლემა, თუ რას ემყარება ჩვენი ურთიერთობა დღეს რუსეთთან და რაში უნდა გამოიხატოს იგი.
ავიღოთ თუნდაც რუსეთის არმიის გარკვეული ნაწილის ორი წლით, ანდა სამი წლით ყოფნის საკითხი საქართველოში. შევხედოთ ამ საკითხს იმ პოზიციიდანაც, რომ თვით რუსეთის ჯარს მიეცეს საშუალება იმისათვის, რომ დასცილდეს საქართველოს ნორმალურად, ნორმალურად გადაწყდეს მისი საბინაო პრობლემები, შეექმნას სხვა პირობები, როგორც ეს გერმანიაში მოხდა. მართალია, ჩვენ არ შეგვიძლია ის, რაც გერმანიაში გაკეთდა, რომ ბინები ავუშენოთ, უზარმაზარი თანხები გავიღოთ და სესხი მივცეთ რუსეთს, მაგრამ ის კი შეგვიძლია, რომ მეგობრებად დავშორდეთ და მომავალშიც მეგობრებად დავრჩეთ. აი, ასე მივმართე პარლამენტს და ასე მივმართავ საქართველოსაც, რომ დღეს არჩევანის წინაშე ვდგავართ და ჩვენი ხვალინდელი და სამომავლო ინტერესებიდან გამომდინარე ბრძნული არჩევანი უნდა გავაკეთოთ და მარტო ემოციებს არ უნდა დავეყრდნოთ.
- სხვათა შორის, პარლამენტართა ერთი წრის უკმაყოფილებას ისიც იწვევს, რომ სახელმწიფო მეთაურის აპარატში არის საპარლამენტო კომისიების პარალელური სტრუქტურები, რომ პრეზიდიუმი შეცვალა კოლეგიამ და საქართველო იმ გზით არ მიდის, რა გზითაც უნდა მიდიოდეს...
- ყველაფერი, რაც გაკეთდა, კანონის ფარგლებში გაკეთდა, ხელისუფლების კანონი ითვალისწინებს, რომ სახელმწიფოს მეთაურს აქვს უფლება შექმნას თავისი აპარატი. უაპარატოდ, რაც გინდა დაარქვი მას, გინდ ბიუროკრატიული და გინდ ბოლშევიკური გადმონაშთი, მაინც ვერც ერთი სახელმწიფო ვერ მუშაობს. მე ისიც უნდა გითხრათ, რომ ზოგიერთი რამ ჩვენ გავიმეორეთ ამერიკის შეერთებული შტატების პრაქტიკიდან. იქ არის უშიშროების საბჭო, არის პრეზიდენტის აპარატი, ჩვენი სტრუქტურა ზუსტი ასლი, რა თქმა უნდა, არ არის, მაგრამ, ვიმეორებ, ზოგი რამ იქიდან არის ნასესხები და ამაში დასაგმობი არაფერია.
რაც შეეხება კოლეგიას, ისიც კანონიერი ორგანოა, რეგლამენტით განისაზღვრა და თვითონ პარლამენტმა გადაწყვიტა. მან ასე თუ ისე, ხელი უნდა შეუწყოს პარლამენტის ნორმალურ მუშაობას, მაგრამ, თუ გინდა, მიზეზი მოძებნო, მას ყველგან მონახავს კაცი.
- აფხაზეთში კვლავ რთული მდგომარეობაა. ერთის მხრივ, აფხაზთა შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები უკვე იწყებენ დიალოგს ქართულ მხარესთან, აფხაზეთის ხსნის კომიტეტი მიმართვას უგზავნის გენერალურ მდივანს და ამ ომში არძინბას კლანს და ჩრდილოეთ კავკასიის დესტრუქციულ ძალებს სდებს ბრალს, იქმნება, თუმცა, ძალიან დიდი სირთულეებით, გაგრის ბატალიონი, ბატონი სანდრო კავსაძე ნიუ-იორკშია სწორედ აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებით, და - მეორე მხრივ, საუბრობენ იმაზეც, რომ აფხაზეთის ომი ერთ კვირაში დასრულება შეიძლებოდა, მაგრამ ხელისუფლება თვითონ აჭიანურებს ამ ომს, რომელიც მას არჩევნების ჩასატარებლად, მოწინააღმდეგეთა შემოსარიგებლად და ეკონომიკურ სიძნელეთა გასამართლებლად სჭირდებაო. პარლამენტართა ნაწილმა აფხაზეთის საკითხებზე სხდომის მოწვევაც კი ითხოვა...
- აფხაზეთში უაზრო ომია (მე ასე ვუწოდებ ამ ომს, რადგან, ყველა ომი საკუთარ ქვეყანაში უაზროა), მაგრამ, როგორც არაერთხელ მითქვამს, იგი ჩვენ არ დაგვიწყია და არც საომრად არ შევსულვართ აფხაზეთში. მაგრამ იმაზე ლაპარაკი, თითქოს ვიღაცა ამ ომს აჭიანურებს, მე მგონი უსამართლობის ზღვარს სცილდება. მე არ მინდა, ვიხმარო ისეთი სიტყვები, როგორიცაა ცილისწამება და სხვა ამგვარი, მაგრამ მე პირველი ვარ, ვინც მოითხოვს ამ ომის დამთავრებას, და ეძებს იმ გზებსაც, რომ იგი რაც შეიძლება მალე დამთავრდეს; არ შეიძლება, ჩვენ აფხაზებთან გაუთავებელი ომი გვქონდეს. აფხაზები ჩვენი ხალხია, ჩვენი ქვეყნის მოქალაქენი არიან და ისევე, როგორც ქართველი ხალხის უბედურება, აფხაზთა უბედურებაც ჩვენს საერთო უბედურებად მიმაჩნია, ამიტომ, მინდა ეს ომი, რაც შეიძლება ჩქარა დამთავრდეს და ყველაფერს ვაკეთებთ ამისათვის. მე იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება ჩვენ, რუსეთის როლსაც დავუბრუნდეთ იმ ფარგლებში, რომლებიც 1992 წლის 3 სექტემბრის შეთანხმებაშია მოცემული. ის კარგი საფუძველი იყო. პირველი კონტრაქტები რუსეთთან იმაზე მიუთითებს, რომ ეს ვარიანტი გამორიცხული არ არის, მაგრამ დაზღვევის გარანტიები უნდა გვქონდეს, ამიტომ გვჭირდება გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, უშიშროების საბჭო... სანდრო კავსაძე სწორედ ასეთი დავალებით იმყოფება ნიუ-იორკში.
ამ დღეებში უნდა შედგეს უშიშროების საბჭოს ახალი სხდომა, ერთი რეზოლუცია უკვე მიღებულია, ახლა ალბათ, იმაზე იქნება ლაპარაკი, რომ ისევ მოხდეს 3 სექტემბრის ხელშეკრულების მხარდაჭერა, რომ პოლიტიკური დიალოგის გზით გადაწყდეს ეს საკითხი, და, თუ რუსეთის მონაწილეობა ასე თუ იქნება აღიარებული, უნდა იყოს სათანადო კონტროლიც, და ეს უნდა განახორციელოს მეთვალყურეთა საკმაოდ დიდმა რაზმმა. ისინი იქნებიან როგორც ევროგაერთიანებიდან, ისე უშიშროების საბჭოდან, და ამ მხრივ, გარანტიები მეტი იქნება, რომ დადებული ხელშეკრულებები, როგორმე გადაწყდეს. მე არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენ უფრო აქტიურად უნდა ვიფიქროთ, უშუალოდ აფხაზებთან დიალოგზე. ასეთი დიალოგი დაიწყო სხვადასხვა ჯგუფებთან, სხვადასხვა ფენის წარმომადგენლებთან, ეს დიალოგი ზოგი ნაყოფიერია, ზოგიც უნაყოფოა, მაგრამ მთავარია, რომ დიალოგი მიმდინარეობს, მე არ გამოვრიცხავ, რომ ორმხრივ ნიადაგზე მოხდეს მორიგება - ქართველთა და აფხაზთა მოლაპარაკების გზით. ისტორიულად იყო ასეთი ფაქტები და პრეცედენტები.
- გაზაფხულზე გაუდის ვადა კონტრაქტს ცხინვალის რეგიონში სამშვიდობო ძალების ყოფნასთან დაკავშირებით. თუ გავითვალისწინებთ, იმას, რომ ცხინვალი, შეიძლება ითქვას, ოსურ ქალაქად იქცა, აგრეთვე, გახშირდა რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელთა ვიზიტი ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკაში, უნდა ვივარაუდოთ, რომ რუსეთი ნელ-ნელა ხვდება სტაბილიზაციის აუცილებლობას კავკასიაში. ასეთ დროს, რამდენად აუცილებლად გეჩვენებათ რუსეთის შეიარაღებული ძალების ყოფნა იქ სამომავლოდ?
- თქვენი გამოთქმა, რომ ცხინვალი ოსურ ქალაქად იქცა, შეიძლება მთლად ზუსტი არ იყოს. ცხინვალი უკვე იყო ისეთი. მე რომ ჩავედი და ცხინვალში შევედი, ფაქტის წინაშე აღმოვჩნდით, იქ ქართველები თითქმის აღარ იყვნენ. მას შემდეგ, პირიქით, თუ მოემატნენ, თორემ აღარ შემცირებულან. მაგრამ ეს მაინც არ ქმნის ამინდს. რუსეთისა და ჩვენი სათანადო ქვედანაყოფები იქ რომ არ ყოფილიყვნენ, შეიძლება მდგომარეობა უარესი ყოფილიყო იმ მოსახლეობისათვისაც, რომელიც ხეობებში ცხოვრობს. ბევრი მათგანი ხომ დაბრუნდა თავის ადგილებში. მე დარწმუნებული ვარ, რომ იგივე პროცესთან გვექნება საქმე ცხინვალშიც. თუკი ახლა ბევრი რამ ჯერ არ კეთდება, ისევ ჩვენი ბრალია. ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, როცა იქ ბატონი თენგიზ სიგუა შევიდა, შევიდნენ მინისტრები, სამთავრობო კომიტეტი, და რეგიონთან დაკავშირებული პრობლემები განიხილეს. მაგრამ ასეთი რამ ეპიზოდურად არ უნდა ხდებოდეს, მუშაობა სისტემური უნდა იყოს და არა მარტო პრემიერ-მინისტრის მხრიდან, არამედ სხვადასხვა მხრიდანაც - იქ უნდა დადიოდნენ მინისტრები, მათი მოადგილეები... უნდა ვიმუშაოთ ოსებთანაც, ქართველებთანაც, თანდათანობით უნდა ვქმნიდეთ სტრუქტურებს, რომლებიც მოგვცემენ იმის საშუალებას, რომ ქართველი ლტოლვილები დავაბრუნოთ ცხინვალში. ამას დრო დასჭირდება. სამწუხაროდ, აფხაზეთმა ჩვენ ჩამოგვაცილა ამ პრობლემებს. მაგრამ დადებითი რაც არის, ის უნდა დავინახოთ. აქ ახლა სისხლი აღარ იღვრება. ეს მთავარია. მართალია, არის რაღაც უსიამოვნებები, მაგრამ პრინციპში აქ მშვიდობა სუფევს და, როგორ გამოვიყენებთ ამ მშვიდობიან პერიოდს, ამაზე იქნება დამოკიდებული რეგიონის ბედიც.
- ვიცით, რომ დღეს თქვენი დაბადების დღეა, თვითონ მესმოდა უამრავი სატელეფონო ზარები, მინდა ვისარგებლო შემთხვევით, მოგილოცოთ ეს დღე და, გისურვოთ დიდხანს სიცოცხლე და მშვიდობა. სხვა შემთხვევაში, ინტერვიუს ალბათ სხვაგვარად წარვმართავდით, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ უკეთესი დღეებიც გვექნება... მახსოვს, თქვენ რომ საგარეო საქმეთა მინისტრი გახდით, თბილისში ასეთი ანეგდოტი გავრცელდა: ედუარდ შევარდნაძეს ბებიამ გარდაცვალების წინ გადასცა ბარათი და უთხრა, როცა შენი კარიერის ზენიტს მიაღწევ, ბარათი მაშინ გახსენიო. გახდა ედუარდ შევარდნაძე შინაგან საქმეთა მინისტრი, გადაწყვიტა, ამ ბარათის გახსნა, მაგრამ გადაიფიქრა, ასე გამეორდა, როცა იგი ცეკას მდივანი და საგარეო საქმეთა მინისტრი გახდა. ახლა მაინტერესებს, ეს ბარათი გახსნილია თუ ახლაც გულის ჯიბეში გიდევთ გაუხსნელი?
- გმადლობთ მოლოცვისათვის. მართლაც უამრავი სატელეფონო ზარი გაისმის და წერილები მოდის მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. მე, თუ შეიძლება, ასე ითქვას, ავკრძალე (თუ ამ აკრძალვამ იმოქმედა), რომ ისინი არ გამოაქვეყნონ, რადგან ახლა არ არის ის დრო, როცა რაღაც იუბილეები და დაბადების დღეები გადავიხადოთ. ბუნებრივია, ყველა ადამიანი დაბადების დღეს თავის ოჯახში ტრადიციულად შეხვდება, მეც ეს ტრადიცია მაქვს ჩემს ოჯახში და ამით ყველაფერი ამოიწურება. რაც შეეხება იმ წერილს, რომელიც ასეთი საიდუმლოებით არის მოცული, ჯერ არ გამიხსნია და როცა გავხსნი, გამოვაქვეყნებ.
ედუარდ შევარდნაძე: რაც შეუძლია, საქართველომ ის წვლილი უნდა შეიტანოს აღმოსავლეთისა და დასავლეთის ურთიერთობათა გაუმჯობესების საქმეში : 25 იანვრის რადიოინტერვიუ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 26 იანვარი. - №15(559). - 1,2 გვ.
![]() |
19 განიხილავდნენ ბიუჯეტს |
▲ზევით დაბრუნება |
ედუარდ შევარდნაძის სიტყვა
[...]
განცხადებისათვის სიტყვა აიღო სახელმწიფოს მეთაურმა - პარლამენტის თავმჯდომარემ ედუარდ შევარდნაძემ: საშუალება მქონდა, თქმა მან, შევხვედროდი ფინანსთა სამინისტროს და ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობას, ზოგიერთ მინისტრს და დეტალურად შემესწავლა ბიუჯეტის შინაარსი, მისი ხარისხი, გარკვეული შეხედულება შემექმნა მის შესახებ. მიმაჩნია, რომ ბიუჯეტის განხილვა დაიწყო ფორმალურად, ეს ნიშნავს იმას, რომ ჯერაც ვერ გავიგეთ, რა ვითარებაა ქვეყანაში და რა გველოდება... იმ შეხვედრაზე გამოითქვა აზრი, რომ ბიუჯეტის შესახებ უნდა ყოფილიყო მინისტრთა კაბინეტის, მთავრობის მოხსენება და არა ფინანსთა მინისტრისა. მაშინ გამოვთქვი მოსაზრება, რომ ძირითად მოხსენებასთან ერთად მოგვესმინა მთელი რიგი თანამოხსენებებისათვისაც. არასწორად მიმაჩნია, როცა ბიუჯეტის განხილვა დაიწყო, პრემიერ-მინისტრისა და ვიცე-პრემიერების, მინისტრების გარეშე. საუბარია ეკონომიკურ კრიზისზე, ფინანსების გაჯანსაღებაზე, რეფორმებზე და ამ დროს, განხილვას არ ესწრებიან სოფლის მეურნეობის, მრეწველობის, ჯანმრთელობის სისტემის, კულტურისა და სხვა დარგების ხელმძღვანელები. მათ უნდა იცოდნენ რა მდგომარეობაში აღმოჩნდებიან ხვალ, სად მიგვიყვანს ეს გზა. ბიუჯეტის ახლანდელი განხილვა მაგონებს ძველ დროს, როცა ბიუჯეტს პრაქტიკულად, მოსკოვში ამტკიცებდნენ, შემდეგ მას რესპუბლიკაში სესიაზე გამოიტანდა ფინანსთა მინისტრი, გამოვიდოდნენ რაიონების წარმომადგენლები და... ფაქტობრივად, ბიუჯეტის დამტკიცება ფორმალურად ხდებოდა. ასეთი პრაქტიკა იქამდე მიგვიყვანს, რომ ეკონომიკური და ფინანსური პრობლემების გაუთვალისწინებლად, პარლამენტის წევრთა მიერ მათი გულდასმით შესწავლის გარეშე თითქმის შეუძლებელი გახდება საგარეო-ეკონომიკური საკითხების განხილვა.
ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა, რომ ერთი-ორი თვის შემდეგ პასუხი უნდა გავცეთ ხალხს, ამიტომ, უნდა ვეძე80 ბოთ ვითარების გაუმჯობესების ყველა გზა. სწორედ ამ გზების შესახებ არაფერია ნათქვამი მოხსენებაში. მიმაჩნია, განაგრძო პარლამენტის თავმჯდომარემ, რომ ბიუჯეტის განხილვაში მონაწილეობა უნდა მიიღონ მინისტრებმა, ქალაქ თბილისის მერმა, ქალაქების - ქუთაისის, ფოთის, აჭარის, აფხაზეთის ხელმძღვანელობამ.
[...]
განიხილავდნენ ბიუჯეტს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 27 იანვარი. - №16(560). - 1 გვ.
![]() |
20 საუბარი ედუარდ შევარდნაძესთან |
▲ზევით დაბრუნება |
27 იანვარს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, სახელმწიფოს მეთაურმა ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ მიიღო რუსეთში, თავისუფალ ქვეყანათა თანამეგობრობასა და საქართველოში საეკლესიო საქველმოქმედო საერთაშორისო ორგანიზაცია „ხსნის არმიის“ მთავარსარდალი რეინდერ შურინკი და ამავე ქვეყნებში სამთავრობო ურთიერთობათა მდივანი სვენ ერიკ იუნგხოლმი.
მათ საქართველოს ხელმძღვანელს მოახსენეს რომ ჩვენს ქვეყანაში უკვე ჩამოტანილია „ხსნის არმიის“ ჰუმანური ტვირთი 32 ტონის ოდენობით. ამჟამად გამოგზავნილია 4 000 ტონა პროდუქტი, რომელიც განაწილდება „ევროპის პროცესის“ წითელი ჯვრისა და „ხსნის არმიის“ სამსახურების მონაწილეობით.
გარდა ამისა „ხსნის არმია“ აპირებს ფართოდ გაშალოს სოციალური დახმარების პროგრამები საქართველოში. უახლოეს ხანში დაგეგმილია უფასო სასადილოების გახსნა, ომის ვეტერანებისა და ინვალიდებისათვის სპეციალური სოციალური დახმარების გამოყოფა.
ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ მაღალი შეფასება მისცა საქველმოქმედო საერთაშორისო ორგანიზაცია „ხსნის არმიის“ მოღვაწეობას, რომელსაც ის საქართველოში ეწევა, და აღნიშნა, რომ ჩვენს ქვეყანას დღეს ძალიან სჭირდება ასეთი უანგარო დახმარება.
სახელმწიფოს მეთაურმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო იმ პროგრამების განვითარებას, რომლებიც ჩვენი საზოგადოების სოციალურად დაუცველი ფენების უკიდურესად მძიმე მდგომარეობის შემსუბუქებას ითვალისწინებს.
სახელმწიფოს მეთაურის პრესსამდივნო.
საუბარი ედუარდ შევარდნაძესთან // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 28 იანვარი. - №17(561). - 1 გვ.
![]() |
21 რომის პაპი, რეიგანი, შევარდნაძე... |
▲ზევით დაბრუნება |
„ოქროს ბეჭედი“ - უნგრეთის გამოჩენილი მედიკოსისა და საზოგადო მოღვაწის ჰერცოგ ლასლო ბათიან შტრასერის პრემია გადეცა 27 იანვარს ედუარდ შევარდნაძეს. საქართველოს სახელმწიფოს მეთაური მესამეა რომის პაპისა და რონალდ რეიგანის შემდეგ, რომელსაც ეს პრესტიჟული პრემია მიენიჭა. იგი ყოველწლიურად ენიჭებათ გამოჩენილ მსოფლიო მოღვაწეებს, რომლებმაც შესამჩნევი პოზიტიური წვლილი შეიტანეს მსოფლიო პოლიტიკაში.
გადასცა რა ბათიანის სახელობის საზოგადოების თავმჯდომარემ პეტერ ვერმესმა ჯილდო ე. შევარდნაძეს, უნგრელი ხალხის სახელით დიდი მადლობა მოახსენა იმ პროცესებში აქტიური მონაწილეობისათვის, რომლებმაც უნგრელ ხალხს შესაძლებლობა მისცა მოეხდინა დღევანდელი არჩევანი.
- საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელიც ბათიანის სახელს ატარებს, აერთიანებს მეცნიერებს, ექიმებს, ლიტერატურისა და ხელოვნების მოღვაწეებს. იგი არის საერთაშორისო პენკლუბის დამოუკიდებელი წევრი, ეწევა საგამომცემლო, საქველმოქმედო საქმიანობას. საზოგადოების ექიმები მსოფლიოში ცნობილი სპეციალისტები არიან ბავშვთა ჰემატოლოგიურ დაავადებათა ხაზით, მკურნალობენ პლანეტის სულ სხვადასხვა რეგიონებში.
ბათიანის ოჯახმა უნგრეთს ბევრი გამოჩენილი მეცნიერი, მეომარი, საზოგადო მოღვაწე მისცა. თავად ბათიანმა სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ააშენა საავადმყოფო და უფასოდ მკურნალობდა ავადმყოფებს, გახდა ლეგენდარული პიროვნება.
ბათიან შტრასერის სახელობის საზოგადოებამ დააფუძნა პრემია „ოქროს ბეჭედი“.
- მოხარული ვარ, ეს ჯილდო გადავცეთ კაცს, რომელმაც ჩვენს თვალწინ შექმნა ისტორია, - თქვა პეტერ ვერმესმა, - რომის პაპისა და რონალდ რეიგანის შემდეგ იგი წილად გხვდათ თქვენ ბათიანის საზოგადოების წევრების ხმათა უმრავლესობით.
ედუარდ შევარდნაძემ მადლობა მოახსენა ბათიანის საზოგადოების თავმჯდომარესა და წევრებს და აღნიშნა, რომ მისთვის ამ საპატიო ჯილდოს გადაცემა მიაჩნია უნგრელი ხალხის მიერ ქართველი ხალხის მხარდაჭერად.
- ჩვენი ქვეყანა ნამდვილად განიცდის დიდ სიძნელეებს, - თქვა მან. - და დიდად ვაფასებთ თქვენს სურვილს გაიზიაროთ ჩვენი ბედი. ამ ჯილდოს ვიღებ განსაკუთრებული მადლობის გრძნობით იმიტომ, რომ დიდად ვაფასებ ნიჭიერ, თავისუფლებისმოყვარე უნგრელ ხალხს, მის შესანიშნავ ინტელიგენციას.
მოხარული ვარ, რომ სწორედ რონალდ რეიგანის შემდეგ მხვდა წილად ეს ჯილდო. ბევრჯერ შევხვედრივარ ამ შესანიშნავ, ჩემი აზრით უნიკალურ კაცს, და ვამაყობ ამით. დიდ იმედს ვამყარებ, რომ კიდევ უფრო მჭიდრო იქნება უნგრელი და ქართველი ხალხების თანამშრომლობა.
[...]
რომის პაპი, რეიგანი, შევარდნაძე... // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 29 იანვარი. - №18(562). - 1 გვ.
![]() |
22 საზოგადოებრივი მოვლენების ანარეკლი |
▲ზევით დაბრუნება |
27 იანვარს საქართველოს პარლამენტის სხდომაზე რესპუბლიკის 1993 წლის პირველი კვარტლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტის გამო გამართული ცხარე კამათის შემდეგ სიტყვა აიღო სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ.
- ალბათ, ამ დარბაზში, და თუ გავითვალისწინებთ ტელეაუდიტორიაშიც, - არ შეიძლება იყოს ერთი მოქალაქე მაინც, ვინც კმაყოფილებას გამოთქვამს ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით. ეს იმიტომ კი არა, რომ მასზე ისეთი ხალხი მუშაობდა, ვინც არ იცის ბიუჯეტის შედგენა. გუშინ ვთქვი, რომ არის ზოგიერთი მოძველებული მიდგომები, მაგრამ, ალბათ, ესეც დასაძლევი ავადმყოფობაა და უცებ არ მოგვარდება. ბიუჯეტი როგორც არაერთხელ ითქვა, ანარეკლია იმისა, რაც ხდება საზოგადოებაში. ხელოვნურად ვერ შევქმნით იმას, რაც საზოგადოებას არა აქვს, სახელმწიფოს არ გააჩნია. ამიტომ თუ მოკლედ ვიტყვით, ეს არის სავალალო შედეგი იმისა, რასაც ჩვენ ვსაქმიანობთ, რასაც წარმოადგენს დღეს ჩვენი ქვეყანა ეკონომიკური, ფინანსური თვალსაზრისით. ნათლად ჩანს, რომ პარლამენტს აქვს დიდი სურვილი შენიშნოს ის ძირითადი ტენდენციები, რომლებსაც მივყავართ უარყოფითი მოვლენისაკენ, აგრეთვე ის ტენდენციები, რომლებმაც შეიძლება გააჯანსაღონ ფინანსური მეურნეობა უახლოეს წლებში. ბევრის გამოსვლაში მე სწორედ ასეთი მიდგომა შევნიშნე. თუ ვილაპარაკებთ ეროვნული სახელმწიფოს მშენებლობის თვალსაწიერიდან, რა არის მთავარი, ალბათ უნდა მივიდეთ იმ დასკვნამდე, რომ თუ ეკონომიკა და ფინანსები არ გაჯანსაღდა, ქვეყანას არ ეშველება, შედეგები კატასტროფული იქნება. ამიტომ, ჩემის აზრით, ყველა პოლიტიკური ძალის, პარტიული თუ უპარტიო მოქალაქის უმთავრეს საქმედ უნდა იქცეს ეკონომიკაზე ზრუნვა. მართალია, არის გარკვეული წინაპირობა - ომი უნდა დამთვრდეს. ომიან პირობებში ძნელია ილაპარაკო ჯანსაღ ეკონომიკაზე, ძნელია გადაწყვიტო ის საკითხები, რომლებზეც აქ სავსებით სწორედ ბრძანებდნენ გამოსული ორატორები.
ჩვენ ავიღეთ ეს კურსი ერთი მიმართულებით და იგი ბოლომდეა მისაყვანი. ვიზიარებ იმ შეშფოთებას და გარკვეულ შენიშვნებს, რომლებსაც გამოთქვამს საზოგადოების ნაწილი ცხინვალის კონფლიქტთან დაკავშირებით, მაგრამ პერსპექტივა აქ რეალურად არსებობს და ჩვენზე იქნება დამოკიდებული, როგორ შევძლებთ აღებული კურსის ბოლომდე მიყვანას. რეალური გამოსავალი არის. მთავარია, შევძლოთ ყურადღების კონცენტრირება ყველა დონეზე. უფრო რთულ კონფლიქტსაც, რომელმაც დიდი ძალა და ენერგია, რესურსები და რეზერვები შეიწირა და, რომელიც ძალიან ძვირად დაუჯდა ჩვენს ქვეყანას, მოევლება, თუ შეთანხმებულად ვიმუშავებთ და ერთმანეთს ჯიბრში არ ჩავუდგებით. რამდენჯერმე ვთქვი და დღესაც ვიმეორებ, რომ ომი ღირსეულად უნდა დავამთავროთ, ღირსეულად უნდა გამოვიდეთ ამ კონფლიქტიდან. მხედველობაში მაქვს ჩვენი სახელმწიფო ინტერესები და აგრეთვე აფხაზი ხალხის ეროვნული ინტერესები, რომლის დაცვის გარანტი მხოლოდ საქართველო შეიძლება იყოს. თანდათან უფრო ფართოვდება აფხაზთა წრე, ვისაც ეს ესმის. როგორ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, პირველ პლანზე დავაყენებდი სწორედ ამ საკითხების მოგვარებას, როგორც ჩვენი ეკონომიკური ცხოვრების გამოცოცხლების და შემდეგ - ეკონომიკური განვითარებისა.
მეორე წინაპირობა ის არის, რომ უნდა აღიკვეთოს შეიარაღებული ადამიანების თარეში. როდესაც ამაზე ვლაპარაკობთ, ხშირად ისეთი რეაქცია მოჰყვება, თითქოს მხედველობაში გვყავს რომელიმე შეიარაღებული რაზმი, ფორმირება. ეს ასე არ არის. ამ ფორმირებათა სახელით ბევრი სარგებლობს და ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე მოწინავე ნაწილს, იმ ადამიანებს, ვინც იარაღით ხელში თავისი სიცოხლის ფასად იცავდა და იცავს ქვეყნის ინტერესებს, ჩრდილი ადგება. მომავალ შეხვედრებზე შინაგან საქმეთა მინისტრიც, გენერალური პროკურორიც და ისინი, ვისაც ეხება წესრიგზე ზრუნვა, უფრო მომზადებული უნდა მოვიდნენ.
ვიცი, რომ მათ აქვთ კონკრეტული გეგმები, მაგრამ საზოგადოებამაც უნდა იცოდეს ამის შესახებ. წესრიგის დამყარება უნდა იყოს ჩვენი უპირველესი ამოცანა. და თუ დამატებითი სახსრები იქნება საჭირო ამისათვის, გაჭირვებისა და სირთულეების მიუხედავად უნდა გამოიძებნოს. თუ ამ წინაპირობას გავართმევთ თავს რაც შეიძლება მცირე დროში, მაშინ, გვექნება საშუალება, უფრო ღრმად, უფრო სერიოზულად ჩავუჯდეთ ჩვენს ეკონომიკურ პრობლემებს.
ბიუჯეტის განხილვის დღევანდელ ეტაპზე სულ სხვა მნიშვნელობა ეძლევათ ვიდრე წინათ. დღეს ბიუჯეტთან დაკავშირებით პრაქტიკულად ვიხილავთ ეკონომიკის მდგომარეობას. ეკონომიკის მოწყვეტა, ცალ-ცალკე ეკონომიკური და ფინანსური პრობლემების განხილვა შეუძლებელია.
აქ ლაპარაკი იყო იმის შესახებ, თქვა შემდეგ სახელმწიფოს მეთაურმა, რომ არ გაგვაჩნია ეკონომიკური განვითარების სტრატეგია. მთლად ასე არ არის. სტრატეგიაა ის, რომ უარი ვთქვით ძველ ეკონომიკაზე, ძველ სისტემაზე, ვაშენებთ ახალ ეკონომიკას, მივდივართ საბაზრო ეკონომიკის გზით. ალბათ ლაპარაკი უნდა იყოს ტაქტიკაზე, რა გზით და რა საშუალებით მივიდეთ ამ მიზნამდე. არის ძალიან გრძელი ეკლიანი გზა, არის შედარებით მოკლე გზაც. ჩემის აზრით ჩვენი მოვალეობა ის არის, რომ კარგად გავიზიაროთ ჩვენი შესაძლებლობები, კარგად შევისწავლოთ სხვა ქვეყნების გამოცდილება. მის შესასწავლად, დრო არ უნდა დაიშუროს არც ერთმა ეკონომიკურმა უწყებამ...
ვერ გავიზიარებდი უიმედო განწყობილებას, რაც ცალკეულ გამოსვლებში გაისმა. არც ასეა საქმე, თუ შევძლებთ კონფლიქტების დაძლევას და მოგვარებას, წესრიგის დამყარებას, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენი ეკონომიკა გამოცოცხლდება და არც ისე დიდი დრო დასჭირდება ამას. როდესაც ვმსჯელობდით ბიუჯეტის საკითხებზე, შევეცადეთ გაგვეგო არსებობს თუ არა დღეს საქართველოში საექსპორტო პროდუქციის წარმოების რაიმე სახელმწიფოებრივი პროგრამა. სამწუხაროდ ასეთი პროგრამა არა გვაქვს. ნუ ვიტყვით იმას, რომ ჩვენი დღევანდელი ეკონომიკა იმდენად დანგრეულია, რომ აღარაფრის გაკეთება არ შეიძლება, ჭიათურელ კაცს დღეს არ უნდა უჭირდეს, არც ზესტაფონელს. ის, რაც იქ გაგვაჩნია, - ოქროა. უნარი არ გვყოფნის მას სასაქონლო სახე მივცეთ. ანდა მოვძებნოთ ისეთი პარტნიორი, რომელსაც ეს აინტერესებს. ჩვენ გვაქვს სტრატეგიული პროდუქცია, მაგრამ არ არსებობს მთლიანი რესპუბლიკური, სახელმწიფოებრივი პროგრამა. არც ისეთი ღატაკი ქვეყანა ვართ რესურსების მხრივ, მაგრამ საჭიროა მათი გამოყენება, ამოძრავება. ამისათვის კი საჭიროა ვითანამშრომლოთ ყველა ქვეყანასთან, ეს იქნება ამერიკის შეერთებული შტატები, რუსეთი, უკრაინა, პოლონეთი თუ სხვა ქვეყანა.
თუ არ ვისწავლეთ რა აინტერესებს ჩვენს უცხოელ პარტნიორს, ისე კაპიტალს ვერ მოვიზიდავთ. დღეს ისეთი დროა, რომ აბსოლუტურად დამოუკიდებელი ეკონომიკური სახელმწიფოები არ არსებობენ. ამერიკის შეერთებული შტატებიც კი - არ არის დამოუკიდებელი ეკონომიკურად, მისი ეკონომიკა ინტეგრირებულია მთელი მსოფლიოს ეკონომიკაზე. ასეა იაპონია და სხვა ქვეყნები. რა თქმა უნდა, საქართველოც ვერ შეძლებს გამოვიდეს მდგომარეობიდან და ვერ გამოიყენებს თავის სიმდიდრეს, თუ არ ვისწავლეთ მუშაობა ჩვენი პარტნიორებისაგან. შემდეგ სახელმწიფოს მეთაურმა ილაპარაკა ქვეყანაში სტაბილურობის საკითზე და აღნიშნა, რომ თუ არ იქნება პოლიტიკური სტაბილურობა, წესრიგი, საზღვარგარეთელი პარტნიორები არ გამოჩნდებიან. ყველა სამინისტროს უნდა ჰქონდეს კრიზისიდან გამოსვლის თავისი პროგრამა, და რომ სამინისტროებში ის კი არ უნდა გადაწყდეს რამდენი ტონა ნავთი რომელ საწარმოს მისცენ, არამედ სამინისტრო უნდა გახდეს ლაბორატორია აზროვნებისათვის, წინადადებების შემუშავებისათვის, პროექტების დამუშავებისათვის. თუ ამ სიმაღლეს ვერ მიაღწევენ ჩვენი სამინისტროები, იოლად ვერ გამოვალთ კრიზისიდან. მარტო ბიუჯეტის იმედზე ყოფნა არ შეიძლება... მოდით, შევთანხმდეთ, ამ დიდი გაჭირვების ჟამს, როდესაც უღრმესი კრიზისიდან უნდა გამოვიდეთ, თქვა ედუარდ შევარდნაძემ, საჭიროა მთავარ საკითხებში ვეძებოთ კონსენსუსი, ვეძებოთ გამოსავალი ერთად და ყველა დისკუსიას ნუ მივიყვანთ დაპირისპირებამდე. ჩემს მოვალეობად მიმაჩნია, რომ ყველასთან ვითანამშრომლო, ვისთანაც კი შეიძლება. დღეს ჩვენი მიზანი ეკონომიკა, ფინანსები, ქვეყნის გადარჩენა, შიმშილის თავიდან აცილება, ბავშვების გადარჩენა, კულტურის, მეცნიერების, განათლების შენარჩუნება და დიდ მსოფლიო ასპარეზზე გასვლაა, როგორც ეკონომიკური ისე პოლიტიკური თვალსაზრისით. საქართველოს აქვს ამის რეალური შანსები და შესაძლებლობები. მე მესმის ყველა სიფრთხილე როდესაც ამა თუ იმ გადაწყვეტილებებს ვიღებთ, უნდა ვიკამათოთ, იმიტომ, რომ შეცდომა გამოირიცხოს, მაგრამ ვიკამათოთ ისე, რომ ზედმეტად ეჭვიანი ნუ ვიქნებით. მე არ ვიცი, დღეს საქართველოში არის თუ არა ნორმალურად მოაზროვნე კაცი, ვინც მიიჩნევს, რომ საქართველომ შეიძლება დამოუკიდებლობა დაკარგოს და შეიძლება ამას შეეგუოს ვინმე.
საპარლამენტო სხდომაზე ძნელი გასარკვევია დავრჩეთ თუ არა სამანეთო ზონაში. საკითხი მოითხოვს კვალიფიციურ გარჩევას. შემოვიღოთ თუ არა ჩვენი საკუთარი ვალუტა. მაგრამ რა მოჰყვება ამას დადებითი და რა უარყოფითი? საკუთარი ვალუტა არ უნდა იყოს თვითმიზანი, რომ ერთი წლის შემდეგ სანანებელი არ გაგვიხდეს - ეს რა დაგვემართაო. ჩვენ შეგვიძლია ერთ თვეში შემოვიტანოთ ეს ფული, დავარიგოთ და დამთავრდეს ამით ყველაფერი. იყო მსგავსი მაგალითები სამხრეთ ამერიკაში, სხვა ქვეყნებში, მაგრამ მათ რამდენჯერმე დასჭირდათ რეფორმის განმეორება, და ნუ დაგავიწყდებათ, რომ იმ ქვეყნებს მსოფლიო სავალუტო ფონდთან და ბანკთან თანამშრომლობის ათეული წლების გამოცდილება აქვთ. სესხებს იღებდნენ, საკმაოდ დიდ სესხებს და მერე არ აბრუნებდნენ. ვერც ჩვენ დავაბრუნებთ. ეს ჩვეულებრივი კანონია - საკუთარ ვალუტაზე გადასვლა უნდა იყოს დაკავშირებული ეკონომიკურ სტაბილურობასთან. ამასთან, აუცილებელი პირობა არის საბანკო სისტემის რეფორმა, რომელიც ჯერ არ დაგვიწყია. საერთოდ ეს ძალიან სერიოზული საკითხია, რომელზეც ნაჩქარევი გადაწყვეტილება არ უნდა მივიღოთ. ჩვენ გვაქვს ჩვენი ვალუტა, - ეს რომ მეთქვა დღეს ბედნიერი კაცი ვიქნებოდი, მაგრამ ჩვენ ჯერჯერობით ამისათვის მზად არა ვართ... ვერ მოვიწონებთ ამ ბიუჯეტს, თქვა ბოლოს ედუარდ შევარდნაძემ, თვით მინისტრსაც არ მოსწონს, არც თქვენ მოგწონთ. მივცეთ თუ არა ხმა? თუ არ დავამტკიცეთ, ქვეყანას ბიუჯეტი არ ექნება. ქვეყანასთან, რომელსაც ბიუჯეტი არა აქვს, ურთიერთობა არავის არ უნდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ჩვენივე ხელით შევზღუდავთ იმ არხებს, საიდანაც შეგვიძლია გარკვეული დახმარება და კრედიტები მივიღოთ. მხედველობაში მაქვს საერთაშორისო ეკონომიკური ორგანიზაციები და სხვადასხვა საზღვარგარეთელი პარტნიორები. შედეგებში კი ჩვენი მოთხოვნები კიდევ და კიდევ უნდა გავამკაცროთ ბიუჯეტის მიმართ. განახლებულ კამათში კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა როგორც მთლიანად კანონპროექტი ბიუჯეტის შესახებ, ისე მისი ცალკეული ფრაგმენტები. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ზოგიერთმა პარლამენტარმა დასვა საკითხი რესპუბლიკის მთავრობისადმი უნდობლობის გამოცხადების შესახებ. ამის მთავარ მოტივაციად მოჰყავდათ ის, რომ მთავრობას არა აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული მოქმედების პროგრამა, მას არ შესწევს უნარი მართოს ქვეყნის ეკონომიკა და სწორედ ამის შედეგია ის ჩიხი, რომელშიც საქართველო მოექცა. შემოვიდა წინადადება, რომ პარლამენტმა მოისმინოს მთავრობის ანგარიში.
[...]
საზოგადოებრივი მოვლენების ანარეკლი // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 29 იანვარი. - №18(562). - 1 გვ.
![]() |
23 „ჩვენ ურთიერთობაში თანასწორობის მომხრე ვართ“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე - სახელმწიფოს მეთაური ედუარდ შევარდნაძე პასუხობს გაზეთ „გიურჯისთანის“ კითხვებს.
- როგორც პრესა იუწყება, თქვენ ოფიციალურ ვიზიტად მიგიწვიეს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, როდის გაიმართება ეს ვიზიტი და როგორია მისი მიზანი?
- ჩვენ აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, პატივცემულ აბულფაზ ელჩიბეისთან გვქონდა, თუ შეიძლება ასე ითქვას, შემხვედრი ინიციატივა. ურთიერთმორიგების საფუძველზე მოლაპარაკება ბაქოში თებერვლის პირველ რიცხვებში დაიწყება.
ამ შეხვედრის მიზანია, შევქმნათ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თვისებრივად ახალი ურთიერთობის სამართლებრივი ბაზა. ჩვენი რესპუბლიკა მოლაპარაკებაზე წარმოდგენილი იქნება დელეგაციით, რომელიც უფლებამოსილია შეთანხმდეს სახელმწიფოთაშორის ურთიერთობის ყველა საკითხზე.
ეს შეხვედრა გარკვეული თვალსაზრისით, შეიძლება შემაჯამებლად მივიჩნიოთ, რადგან ბატონ ელჩიბეისთან გვქონდა არაერთგზისი საუბრები, რომლებმაც გამოავლინეს ურთიერთგაგება და განზრახვათა თანხვედრა.
ჩვენმა დიპლომატებმა, სამინისტროთა და უწყებათა ხელმძღვანელებმა, დიდი ერთობლივი წინასწარი მუშაობა გასწიეს და ახლა, ვიმედოვნებ, ჩვენ შეგვიძლია, ვილაპარაკოთ ყოვლისმომცველ ორმხრივ სახელმწიფო ხელშეკრულებაზე.
- რა საკითხებს შეიცავს მომავალი ხელშეკრულება?
- ხელშეკრულებას, როგორც საქმიანი თანამშრომლობისა და კეთილმეზობლური, მეგობრული ურთიერთობის იურიდიულ საფუძველს, ახლავს შეთანხმებათა და მორიგებათა მთელი პაკეტი, ორივე რესპუბლიკისათვის ყველა საარსებოდ მნიშვნელოვან, აქტუალურ საკითხებზე, რომლებიც შეიცავენ სავაჭრო-ეკონომიკურ შეთანხმებებს, მორიგებების სატრანსპორტო კომუნიკაციებისა და კავშირგაბმულობის საშუალებების თაობაზე, წინადადებებს ორმხრივი ინვესტიციების შესახებ, პროგრამებს ჯანმრთელობის დაცვის, ტურიზმის, მეცნიერული და კულტურული გაცვლის, საპარლამენტთაშორისო კავშირურთიერთობის დარგში. არის აგრეთვე, მთელი რიგი პროექტები რომლებიც ითვალისწინებენ მოსაზღვრე ქვეყნების, კერძოდ ირანისა და თურქეთის, ეკონომიკურ ინტერესებს.
საქართველოს, მაგალითად, შეუძლია, ხელი შეუწყოს სამგზავრო და სატვირთო ტრანზიტის პრობლემათა ოპტიმალურ გადაჭრას, ჩვენ კი განვიცდით ენერგომატარებლების, უწინარესად, ნავთობპროდუქტების მწვავე მოთხოვნილებას. ძირითადი მორიგებების რეალიზაციის პროცესში წარმოიშვა მრავალი სხვა ურთიერთხელსაყრელი წინადადება.
- თუ მოლაპარაკება წარმატებით დამთავრდა, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ საქართველოსათვის ეს იქნება პირველი პოლიტიკური პრეცედენტი ყოფილი კავშირის რესპუბლიკებთან დამოუკიდებელ ორმხრივ ურთიერთობაში?
- დიახ, მორიგი მორიგებების, კერძოდ, რუსეთთან მორიგების გზაზე სასურველია, რომ ეს ხელშეკრულება კეთილი მაგალითი გახდეს. ჩვენი აზრით, აზერბაიჯანთან ხელშეკრულება სცილდება ორმხრივი ინტერესების ფარგლებს. რა თქმა უნდა, ჩვენ აზერბაიჯანთან გვაქვს, როგორც იტყვიან, საკუთარი რეზონი, - ისტორიული, ტრადიციული კავშირურთიერთობის, საზღვრებისა და ეკონომიკური ინტერესების ერთიანობის, ისევე, როგორც იმ რეალობის გათვალისწინებით, რომ აზერბაიჯანში ცხოვრობს მრავალი ქართველი, ხოლო საქართველოში - დაახლოებით ნახევარი მილიონი აზერბაიჯანელი.
მაგრამ თუ მხედველობაში მივიღებთ, რომ ასეთი ტრადიციული ერთიანობის ნიშნები ახასიათებს მთელ კავკასიას, რომ კავკასიის გეოპოლიტიკურ სივრცეში არ შეიძლება დღეს გამოვყოთ პრიორიტეტები, თუ არ დავარღვიეთ წონასწორობა მრავალმხრივ სახელმწიფოთაშორის ურთიერთობაში, ცხადი გახდება, რომ ჩვენ ყველანი მოვალენი ვართ, ყოველგვარი დიპლომატიური ძალისხმევით დავიცვათ ეს წონასწორობა პრინციპული თანასწორობის საფუძველზე. მეგობრულ ურთიერთობას, მეგობრობასა და კეთილმეზობლობას ხომ ჭეშმარიტი გაგებით საფუძვლად უდევს ინტერესებისა და აქტიური საქმიანობის ერთიანობა ამ ინტერესების სასარგებლოდ.
მე მიმაჩნია, რომ აზერბაიჯანთან ჩვენი მოლაპარაკების შედეგიანობაზე მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული ამიერკავკასიაში ვითარების გაჯანსაღებაც.
რა თქმა უნდა, მომავალი დიალოგი გვერდს არ აუვლის ცნობილ კონფლიქტურ სიტუაციებსაც. დაე, ეს იყოს პირველი ნაბიჯი უმაღლესი დონის სამმხრივი შეხვედრის მოწყობის პერსპექტივის გზაზე, რომელიც, - დარწმუნებული ვარ, - ბოლოს და ბოლოს, ჩაუსახავს ადამიანებს კავკასიაში მშვიდობიანი ცდის იმედს. ეს არა მარტო კეთილი სურვილია, არამედ პრინციპული პოლიტიკური პროგრამაა.
კეთილმეზობლობის პოლიტიკის სიცოცხლემედეგობის იმედს გვაძლევს ჩვენი ამასწინდელი მორიგებანი ირანთან, ურთიერთობა თურქეთთან, რომელიც წარმატებით ვითარდება, დიპლომატიური პერსპექტივები ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, სახელშეკრულებო გეგმები სომხეთთან, ჩრდილოეთ კავკასიასთან ურთიერთობაში და, ბოლოს, მოლაპარაკება, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს რუსეთთან.
ჩვენს ძნელ, დაძაბული პოლიტიკური და სოციალური ძვრებით აღსავსე დროში, ჩვენ მაინც უნდა ვისწავლოთ ერთმანეთისათვის ხელის გაწვდენა. ეს ერთადაერთი საღი პოლიტიკაა, რომელსაც არა აქვს სხვა გონივრული ალტერნატივა. თუ გინდა მშვიდად იცხოვრო, ამბობს ხალხური სიბრძნე, ჯანმრთელობა უსურვე მეზობელს.
გაზეთი „გიურჯისთანი“,
1993 წლის 30 იანვარი.
„ჩვენ ურთიერთობაში თანასწორობის მომხრე ვართ“ / შევარდნაძე ე. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 2 თებერვალი. - №20(564). - 1 გვ.
![]() |
24 ედუარდ შევარდნაძე: საქართველოს დამოუკიდებლობისა და ეროვნული თავისუფლების ბედი ახლა ეკონომიკის სფეროში წყდება, სხვა პოლიტიკური საფრთხე ჩვენ არ გვემუქრება |
▲ზევით დაბრუნება |
1 თებერვლის რადიოინტერვიუ
- რუსეთსა და ამერიკას შორის ბალკანეთში, სპარსეთის ყურესა და ამიერკავკასიაში კონფრონტაცია მოსალოდნელი არც არის და არც შეიძლება ამის ტენდენციები გამოიკვეთოს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ - სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შეავარდნაძემ საქართველოს რადიოს კომენტატორ ნატო ონიანთან ტრადიციულ ინტერვიუში 1 თებერვალს. ჯერ ერთი, იმიტომ, - თქვა, მან, - რომ რუსეთს დღეს უამრავი საკუთარი პრობლემა აწუხებს და სხვა რეგიონში გავლენის გაძლიერებაზე ლაპარაკი შეუძლებელია და, მეორეც, - თუმცა გართულებათა პერიოდია, მთელი მსოფლიო მაინც ახალი წესრიგით ცხოვრობს, ყოფილ საბჭოთა კავშირსა და დასავლეთს შორის არსებული კონფრონტაცია დაძლეულია და დღევანდელი პრობლემები დრამატულ ხასიათს ამიტომაც ვერ მიიღებს. თუმცა გარკვეული წინააღმდეგობები ყოველთვის იყო და ამჟამადაც შეიძლება არსებობდეს მაგრამ პოლიტიკის განმსაზღვრელ ფაქტორად ისინი ვერ მოგვევლინება. ყოველ შემთხვევაში, გამორიცხულია დაპირისპირება ამიერკავკასიაში, - განაგრძო მან, - რადგან ვხედავ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ფრთხილ და მოზომილ პოლიტიკას ატარებს ჩვენი რეგიონის მიმართ და ორი ძალა რომ ერთმანეთს დაუპირისპირდეს, ასეთი მოსაზრება საფუძველს მოკლებულია.
გასული კვირის მოვლენებზე საუბრისას ედუარდ შევარდნაძე შეეხო უშიშროების საბჭოს მიერ აფხაზეთში არსებული მდგომარეობის გამო მიღებულ ახალ რეზოლუციას და აღნიშნა, რომ ამ დოკუმენტში, მართალია, დადასტურებულია მოსკოვში 1992 წლის 3 სექტემბერს დადებული შეთანხმების პირობების დაცვის აუცილებლობა და იგი რჩება კონფლიქტის გადაჭრის საფუძვლად და საბაზრო დოკუმენტად, მაგრამ მთავარი მასში სხვა ელემენტები და სხვა შემადგენელი ნაწილებია. კერძოდ კი ის, თქვა სახელმწიფოს მეთაურმა, - რომ ჩვენთან უნდა ჩამოვიდეს ორი, ძალიან ავტორიტეტული მისია. პირველი ეს არის ფაქტების დამდგენი მისია, რომელიც შეისწავლის და მოამზადებს წინადადებებს ისეთ მნიშვნელოვან პრობლემებზე როგორიც არის ადამიანის უფლებები. იგი შეისწავლის ყველაფერს, რაც ჩვენ ძალიან გვაწუხებს, იმასაც, რაც მოხდა გაგრაში და არა მარტო გაგრაში, სხვა რეგიონებშიც. შეიძლება ეს მისია იმის დადგენითაც დაინტერესდეს, თუ ვისი მიზეზით დაიწყო ყველაფერი ამ რეგიონში. იცით, ამაში ჩვენ დაინტერესებული ვართ. მეორე მისიის ამოცანა ის არის, რომ შეისწავლოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შეიარაღებული ძალების მონაწილეობის საკითხი აფხაზეთში. კერძოდ, ეს ეხება რუსეთ-საქართველოს საზღვრის კონტროლს, სარკინიგზო მაგისტრალების დაცვას. დოკუმენტში არის აგრეთვე სხვა მოსაზრებებიც, კერძოდ, გამოთქმულია გაეროს პოლიციის გამოყენების შესაძლებლობაც. მე ვფიქრობ, ყოველივე ეს სრულიად ახალი დადებითი მომენტია ამ რეზოლუციაში, რომლებსაც, ცხადია, ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა ექნება. რაც შეეხება რუსეთის ფაქტორს და მის მონაწილეობას ამ საკითხების გადაწყვეტაში, - განაგრძო სახელმწიფოს მეთაურმა, - მისი უგულვებელყოფა არას გვარგებს. პოლიტიკაში, შეიძლება ბევრი რამ არ გსიამოვნებდეს, მაგრამ ყველა ფაქტორს ანგარიში მაინც უნდა გაუწიო - სხვა საქმეა რა ფორმით გააკეთებ ამას. მე მაქვს ინფორმაცია, რომ უშიშროების საბჭოში რუსეთის წარმომადგენელი ჩვენს ხალხთან ერთად მუშაობდა და ყოველმხრივ ეხმარებოდა. მე ვთვლი, თუკი რუსეთის მონაწილეობის ფაქტორი აფხაზეთის კონფლიქტის გადაწყვეტაში ისეთივე მისაღები იქნება, როგორც ეს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის მომზადების საქმეში იყო, მაშინ საწინააღმდეგო, რა თქმა უნდა, არაფერი არ უნდა გვქონდეს.
შეეხო რა თავის მომავალ ვიზიტს აზერბაიჯანში, ედუარდ შევარდნაძემ თქვა, რომ ამ ვიზიტზეც, ისე, როგორც სხვა დროს, არის სხვადასხვა აზრი. მაგრამ ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ აზერბაიჯანი ჩვენი არა მარტო მეზობელია, არამედ მნიშვნელოვანი პარტნიორიც გახლავთ. აზერბაიჯანს აქვს გარკვეული ინტერესები, რომ შავ ზღვაზე შეეძლოს გასვლა, ჩვენ კი უფრო დიდი ინტერესი გვაქვს, რომ მივიღოთ ენერგორესურსები. ამასთან ერთ-ერთი სასიცოცხლო სარკინიგზო თუ საავტომობილო მაგისტრალები, რომლებიც აღმოსავლეთიდან შემოდის საქართველოში, აზერბაიჯანზე გადის. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ირანში გამართული ვიზიტის შედეგების განხორციელება (მოგეხსენებათ, ირანის ვიზიტი მეტად შედეგიანი იყო), განსაკუთრებით ეკონომიკაში, დიდად არის დამოკიდებული აზერბაიჯანზე, მის ამ საქმეში მონაწილეობაზე. ყველა ჩვენი პროექტის განხორციელებაში, რომელიც ირანთან მოლაპარაკების მიხედვით დაიწყება, აზერბაიჯანს საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება და ბოლოს, ჩვენ მეზობლები, ამიერკავკასიის ქვეყნები ვართ და მე არ გამოვრიცხავ, რომ სწორედ ეს შეხვედრა მისცემს დასაბამს სამი ქვეყნის თანამშრომლობას, სამეულის შეხვედრას უმაღლეს დონეზე. მე არ გამოვრიცხავ, რომ ეს ასე მოხდეს, თუმცა წინასწარ ეს საკითხი განხილული არ ყოფილა. საჭიროა კავკასიას პირველ რიგში კავკასიელებმა მიხედონ თუმცა ნებისმიერი ქვეყნის თუ ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციის კეთილი ნების სამსახურიც უნდა იქნეს გამოყენებული. მთავარი კი უპირველეს ყოვლისა ის არის, რომ ვისწავლოთ და მივეჩვიოთ ერთმანეთთან მეზობლურად ლაპარაკს. მე ვფიქრობ, ამ ვიზიტმა სწორედ ასეთ ურთიერთობათა დაწყებას უნდა ჩაუყაროს საფუძველი.
არაერთხელ მითქვამს და ახლაც ვიმეორებ, - ხაზგასმით აღნიშნა ედუარდ შევარდნაძემ, - რომ, თუ აქაური კონფლიქტები არ გადაიჭრა და კავკასიაში მშვიდობა არ დამყარდა, ეს რეგიონი უმძიმესი პრობლემების წინაშე დააყენებს მთელს მსოფლიოს, რადგან ისინი შესაძლოა ფართომასშტაბიან ომში გადაიზარდოს და მასში ჩართული აღმოჩნდნენ საკმაოდ დიდი სახელმწიფოები. აი ასეთი რეალური საფრთხე არსებობს და ცხადია, არც გვაქვს უფლება არ ვხვდებოდეთ ერთმანეთს და არ ვიწესრიგებდეთ ჩვენს ურთიერთობებს.
ინტერვიუს დროს კომენტატორმა სახელმწიფო მეთაურს მიულოცა ბათიანის ჯილდოს - ოქროს ბეჭდის გადაცემა და ჰკითხა, რამდენად რეალურია უნგრეთიდან და სხვა ქვეყნებიდან ინვესტიციების შემოტანა და ხომ არ არის მოსალოდნელი სამთავრობო კრიზისი ახლო მომავალში. სახელმწიფოს მეთაურმა მადლობა გადაუხადა და დასძინა, რომ ოქროს ბეჭედი, რა თქმა უნდა, ვერ გაამდიდრებს ჩვენს ქვეყანას, მაგრამ, ცხადია, იგი ძალიან სასიამოვნო საჩუქარია, რადგან საქართველოს ხელმძღვანელი ისეთი პიროვნებების გვერდში დააყენეს, რომ კაცმა შეიძლება იამაყოს. რაც შეეხება ინვესტიციებს, - განაგრძო სახელმწიფოს მეთაურმა, - მათი შემოტანის პერსპექტივა რეალურია. უნგრეთს აქვს საშუალება, რომ ჩვენ სერიოზულად დაგვეხმაროს, თუმცა ახლახან გადავიდა საბაზრო ეკონომიკაზე. ასეთივე პერსპექტივა სხვა მხრიდანაც არსებობს. ახლა ჩვენთან თურქეთიდან არის ჩამოსული ბიზნესმენები, ისინი ძირითადად ბანკირები არიან და ქართული წარმოშობის შეძლებული ხალხია. მათ საქართველოსთან განსაკუთრებით ეკონომიკური ურთიერთობა აინტერესებთ. მე მგონი, - თქვა მან, - ჩვენ მათთან ბევრ საინტერესო საკითხზე ვისაუბრებთ. ამასთან, ახლა უკვე თავის კონკრეტულ შედეგს იძლევა ბატონ დემირელის ვიზიტი საქართველოში (სხვათაშორის, ამ ვიზიტზეც იყო ხმაური ჩვენთან). ორ-სამ დღეში თურქეთში მიემგზავრებიან საქართველოს ეროვნული ბანკის მმართველი დემურ დვალიშვილი და ფინანსთა მინისტრი კახი პოპიაშვილი, რომ გააფორმონ ის კრედიტი, რომელზეც თბილისში მოვილაპარაკეთ. ასე რომ, ჩნდება ახალ-ახალი არხები და წყაროები. გუშინაც სავალუტო ფონდის წარმომადგენლებს ვესაუბრეთ, იქიდანაც არის გარკვეული იმედები, მაგრამ ყველაფრის თავი და თავი მაინც შინაური ამბებია. თუ ქვეყანა დამშვიდდება, თუ კონფლიქტებს მოევლება, მაშინ უთუოდ არის იმის იმედი, რომ მსოფლიო თანამეგობრობა გაჭირვებაში არ დაგვტოვებს და დაგვეხმარება. ცხადია, ჩვენც უნდა გამოვიღოთ ხელი, ვიმუშაოთ და წესრიგიც დავამყაროთ.
თუკი დღეს ხელისუფლების მისამართით რაიმე პრეტენზიები არსებობს, და ასეთი პრეტენზიები ახლა არის, პირველ რიგში ალბათ იმის ბრალია, რომ ვერ შევძელით გაგვეტარებინა ისეთი გლობალური ღონისძიებები, რომლებითაც წესრიგს დავამყარებდით დედაქალაქშიც, ტრასებზეც და სხვაგანაც, ქალაქებშიც და რაიონებშიც, - დასძინა სახელმწიფოს მეთაურმა და ანალიზი გაუკეთა რა ამ მხრივ მიმდინარე პოზიტიურ მომენტებს, აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა ახლა ქმნის პოლიციის სპეციალურ დანაყოფებს, რომლებიც ტრასებს გააკონტროლებენ. ქალაქში კი იქმნება ისეთი ორგანიზებული ძალა, რომელიც, თუ საჭირო იქნა, შეიარაღებულ ხალხსაც გაუწევს წინააღმდეგობას. დღეს თავდაცვის საბჭოს სხდომაზე ბევრ მნიშვნელოვან პრობლემაზე გვექნება სერიოზული საუბარი, რომლებიც ამ თემას უკავშირდება, რომ ყველა სამხედრო შენაერთი ყაზარმაში უნდა იყოს, და თუ ქალაქში გამოდის, უიარაღოდ და სპეციალური ნებართვით უნდა გამოდიოდეს!
შეეხო რა რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებას და მის ირგვლივ გამოთქმულ სხვადასხვა მოსაზრებას, სახელმწიფოს მეთაურმა თქვა, რომ ამ თემასთან დაკავშირებით ახლა ცხადია არის დადებითი აზრიც და არის ისეთი კითხვებიც, რომლებსაც მხოლოდ აბსურდული შეიძლება ეწოდოს, რადგან ისეთ რამეს ეხება, რომელშიც დაეჭვების არავითარი საფუძველი არ შეიძლება ამჟამად არსებობდეს. ეს ან გულუბრყვილობის შედეგია, ანდა შეგნებული აქტი, რომ დააბნიონ ადამიანები. მაგრამ როცა ამ მოლაპარაკების კონტურები გამოიკვეთება, - თქვა მან - ჯერ კი მთელი პაკეტი გვაქვს განსახილველი, ჩვენ გვინდა, რომ პარლამენტმა მოახდინოს მისი რატიფიცირება. ჩვენ გვესმის, რომ ყოველივე ეს ძალიან მგრძნობიარე თემასთან არის დაკავშირებული, ამიტომ ალბათ ძირითად მოსაზრებებს მაინც გავაცნობთ პარლამენტს და ან მივიღებთ მის მხარდაჭერას, ან არ მივიღებთ. მაგრამ ვიდრე მოლაპარაკება არ დამთავრებულა, წინასწარ განხილვაზე ლაპარაკი ზედმეტია. რაც შეეხება მსჯელობას იმის შესახებ, თითქოს სნგ-ში, თუ პირდაპირ რუსეთის შემადგენლობაში შევდივართ, მე არა მგონია საქართველოში არსებობდეს ისეთი გულუბრყვილო ვინმე, რომელიც ამას ახლა დაიჯერებს.
შემდეგ საუბარი შეეხო აფხაზეთს და სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ იგი გაგებით ეკიდება ეჭვებს, რომლებიც ამ პრობლემასთან დაკავშირებით არსებობს საზოგადოებაში, რადგან არის ეჭვიანობის რაღაც ობიექტური საფუძველი - ხდება აფხაზური მოსახლეობის დიდი ნაწილის გადაყვანა ტყვარჩელიდან და ოჩამჩირიდან იქითა მხარეს. მაგრამ ასე გაყოფას თვითონ აფხაზები ვერ შეეგუებიან, მათთვის ხომ წარმოუდგენელია სოხუმის, ოჩამჩირის ან ტყვარჩელის დაკარგვა, ისევე როგორც ჩვენთვის არის წარმოუდგენელი გაგრის, ლესელიძის და განთიადის დაკარგვა. ეს გამორიცხული ამბავია. მაშინ ხომ ასწლიანი ომი იქნება! - თქვა მან.
- ამიტომ ასეთ ლაპარაკს არავითარი საფუძველი არა აქვს. ვიმეორებ, ამას არც ერთი მხარე შეეგუება და არც მეორე. მიაქციეთ ყურადღება, ყველა მოლაპარაკებაში, ყველა დონეზე, გაეროშიც და უშიშროების საბჭოშიც (უკვე მეორედ) ხაზგასმით აღინიშნება, რომ საქართველო ერთიანი და მთლიანი უნდა იყოს. იმ დოკუმენტებშიც, რომლებზეც ახლა რუსეთთან მიდის მოლაპარაკება, ხაზგასმით არის ჩაწერილი საქართველოს ერთიანობის, ტერიტორიული მთლიანობის აუცილებლობა. ამიტომ ასეთი ეჭვები, ზემოთ რომ ვლაპარაკობდით, გამორიცხულია, ისევე როგორც გამორიცხულია ლაპარაკი იმის შესახებ, თითქოს ჩვენ სამაჩაბლო დავკარგეთ. არაფერიც არ დაგვიკარგავს. ეს არის გარდამავალი ეტაპი კონფლიქტის მოწესრიგების გზაზე. ჩვენ ერთი კონფლიქტის მოგვარებაში სწორედ ამ გარდამავალ ეტაპზე ვართ, მეორე კონფლიქტი კი უფრო მძიმე და რთულია და დარწმუნებული ვარ, იქაც მალე დადგება მისი ღირსეულად მოგვარების გარდამავალი ეტაპი. რაც შეეხება რუსეთის ჯართან დამოკიდებულებას, თუ როდის უნდა გავიდეს, ანდა რამდენ ხანს დარჩეს იგი ჩვენს ტერიტორიაზე, ეს საკითხები ისე უნდა გადაწყდეს, როგორც ჩვენს ინტერესებს შეესაბამება. მე ერთხელ უკვე ვახსენე რუსეთის პრეზიდენტის ერთი წერილი, რომელშიც იგი მიუთითებდა, რომ, თუ საქართველო იტყვის, მათი მხარე მზად იქნება რაც შეიძლება სწრაფად გაიყვანოს თავისი ჯარი საქართველოს ტერიტორიიდან. ამგვარად, ეს ჩვენი გადასაწყვეტი საკითხია, მაგრამ საჭიროა განვსაზღვროთ ამის დრო შესაბამისი მოლაპარაკებით და ამ პერიოდში მაქსიმალურად გამოვიყენოთ მათი ბაზები და სპეციალისტების გამოცდილება ჩვენი ჯარის ინტერესებისათვის. ეს საჭიროა, რადგან ჩვენ ჯერ ჯარი არა გვყავს. რაც არის, ეს ნამდვილი პატრიოტი ბიჭების ლაშქარია და ეს ლაშქარი იბრძვის ახლა ღირსეულად, - თქვა ედუარდ შევარდნაძემ. - როგორც თქვენ ამბობთ, - მიმართა სახელმწიფოს მეთაურმა კომენტატორს, - ახლა თურმე ლაპარაკობენ სამხრეთის საზღვრის გახსნის საჭიროებაზე. რა თქმა უნდა, საზღვრის გახსნა შეიძლება. ჩვენმა მეზობლებმა აზერბაიჯანმა გახსნა, მაგალითად, საზღვარი თურქეთთან და ირანთან. მე ვერ გეტყვით რა შედეგი მოჰყვება მას, შეიძლება დადებითი მოვლენა იყოს, შეიძლება, არა, ამას შესწავლა, დრო უნდა, მაგრამ ნატოს პირისპირ ყოფნის მომენტზე ლაპარაკი კი ნამდვილი გულუბრყვილობის სფეროს განეკუთვნება, ჯერ ერთი ნატოს ძალები იმ რაოდენობით არ არიან წარმოდგენილი თურქეთში, როგორც ზოგიერთს ჰგონია (განსაკუთრებით ჩვენს მიმდებარე რეგიონებში) და მეორეც, თქვენ წარმოიდგინეთ, რა მოხდება ეს საზღვარი რომ არ არსებობდეს. ახლა სარფში ერთი ვიწრო გასასვლელი გვაქვს საბაჟოს სახით და კარგად ვხედავთ, რა ამბებიც ტრიალებს იქ და მთელი საზღვარი რომ გაიხსნას, მაშინ რაღა იქნება? მე საფრთხეს იქითა მხრიდან კი არ ვგულისხმობ, პირიქით, ასეთი სოციალური დაძაბულობის და არეულობის პირობებში, ჩვენთან რომ სუფევს, ჩვენი მხრიდან ისეთი მოვლენები დაიწყება, რომ საქართველოში შეიძლება ერთი ძირი ხეც აღარ დარჩეს ამოუძირკვავი. ამიტომ, როცა ასეთ ვარიანტს აყენებენ, თუ კი ისინი პოლიტიკური პარტიები არიან და იქ სერიოზული ხალხი იკრიბება, მაშინ ასევე სერიოზულად უნდა განიხილოთ ყველაფერი. ისე კი, ოჯახური განხილვის დონეზე, ლაპარაკი ყველაფერზე შეიძლება.
დასაშვებია, რომ იყოს უამრავი ბლოკი, არსებობდეს უამრავი დაჯგუფება და ა.შ., მაგრამ არ მესმის, რას უნდა ნიშნავდეს ეროვნულ-გამათავისუფლებელ პარტიათა თათბირი თუ შეკრება. მაშინ ჩვენს პარლამენტს რომელ პარტიათა თათბირი ჰქვია და რომელ პარტიათა პარლამენტია? მე მეგონა, რომ ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ყველა ძირითადი ძალა პარლამენტში იყო თავმოყრილი და წარმოდგენილი, ახლა კი რა გამოდის? თუ პარლამენტი არ აკმაყოფილებთ, მაშინ თათბირი დავარქვათ. მე მგონი მაინცდამაინც არც პარლამენტარებს უნდა ახარებდეთ ის ამბავი, რომ თურმე თვითონ კი აღარ არიან ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის შემადგენელი ნაწილი, არამედ რაღაც სხვა ძალა, სხვა თათბირი გაჩნდა მათ მაგივრად. მე მგონი, მეც მაქვს კითხვის დასმის უფლება და ამიტომ ვუსვამ ამ კითხვას იმ ჩემს მეგობრებს, რომლებიც, იკრიბებიან და შეკრების ასეთი სახელწოდება მოიფიქრეს. არც ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნა მიმაჩნია სწორად. ეს ახალი საზრუნავი და ახალი პრობლემა იქნება, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს ჩვენი საზოგადოების შეკავშირებას და სამუდამოდ გათიშოს იგი.
მე ვფიქრობ, - თქვა შემდეგ ედუარდ შევარდნაძემ, - ორი-სამი თვის განმავლობაში ყველაფერი გაირკვა როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკის დარგში და მთვარობა ალბათ დაამტკიცებს თავის სიცოცხლისუნარიანობას. თუ ეს ასე იქნა, მაშინ რისთვისღა გვჭირდება არჩევნები? ჩვენ ჩავატარეთ კანონიერი არჩევნები, დავამტკიცეთ დებულება, ეს დებულება აღიარა მთელმა ხალხმა და ამის საუკეთესო დადასტურება ის იყო, რომ მოსახლეობის დიდმა უმრავლესობამ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა. ახლა, მადლობა ღმერთს, კანონიერ ხელისუფლებაზე ვლაპარაკობთ და ახლა ისევ არჩევნები დავიწყო? მე მგონი, არ უნდა იყოს ეს მთლად სერიოზული ლაპარაკი. მაგრამ თუ მაინც ასე დადგება საკითხი, მაშინ, მე უკვე ვთქვი, რომ ჩვენ ხალხს უნდა დავეკითხოთ. უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ შევიმუშაოთ რეფერენდუმის სერიოზული სისტემა, თუ ტექნოლოგია და ისეთი საკითხები, როგორიც არის, ვთქვათ, არჩევნების მოწყობა, ანდა რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკება (გართულების შემთხვევაში) და სხვა, რეფერენდუმზე გადავიტანოთ.
ბიუჯეტის საკითხის განხილვამ პარლამენტის სხდომაზე თვალნათლივ დაგვანახა, თუ რა მდგომარეობაში ვიმყოფებით, - თქვა დასასრულს სახელმწიფოს მეთაურმა, - ერთის მხრივ უმძიმესი სურათია, მეორეს მხრივ კი საბედნიეროდ, არის გამოცოცხლების ძალიან კარგი ნიშნებიც. ამას ვხედავთ თბილის-რუსთავის მთელ რეგიონებზე; საინტერესო, ჯანსაღი გამოცოცხლება ეტყობა ჩვენს ბიზნესს და მისი როლი თანდათან იზრდება; მიმდინარეობს პრივატიზაციის აქტიური პროცესი და ყოველივემ ახლა უფრო გამოკვეთილი სახე მიიღო. მაგრამ ყველაზე გადაუდებელი საქმე მაინც ის არის, რომ მიწას მივხედოთ. მალე დადგება გაზაფხული და ყველამ თავისი ადგილი უნდა მონახოს ამ საქმეში. თუ ტრაქტორი არ გვყავს, თოხი და ბარი უნდა მოვძებნოთ, რომ სარჩო-საბადებელი გავიჩინოთ და მარტო ჰუმანიტარული დახმარების წყალობას არ ველოდოთ. მე უკვე ვთქვი, რომ გამოიძებნა მიწის რესურსები და ქალაქებმაც უნდა აიღონ თოხი და ბარი, ჩვენ მათ ამაში ყველანაირად შევუწყობთ ხელს. უნდა შეიქმნას ორგანიზაციები, ამხანაგობები. რაიონების გამგებლებმაც უნდა მოჰკიდონ ამ საქმეს ხელი, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ გამოვკვებოთ საკუთარი ოჯახი, საკუთარი თავი და საკუთარი ქვეყანა. გარწმუნებთ, საქართველოს დამოუკიდებლობისა და ეროვნული თავისუფლებისათვის ბრძოლის ბედი ახლა ეკონომიკის სფეროში წყდება, სხვა პოლიტიკური საფრთხე კი ჩვენ არ გვემუქრება. ამიტომ თავდადებული შრომით უნდა დავძლიოთ ჩვენი ეს კრიზისი.
საქართველოს პარლამენტის პრესცენტრი.
ედუარდ შევარდნაძე: საქართველოს დამოუკიდებლობისა და ეროვნული თავისუფლების ბედი ახლა ეკონომიკის სფეროში წყდება, სხვა პოლიტიკური საფრთხე ჩვენ არ გვემუქრება / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 2 თებერვალი. - №20(564). - 1,2 გვ.
![]() |
25 საქმიანი დიალოგი |
▲ზევით დაბრუნება |
1 თებერვალს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ მიიღო თურქეთის საქმიანი წრეების წარმომადგენლები.
საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობისა და თანმშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს. სახელმწიფოს მეთაურმა კმაყოფილება გამოთქვა მათი ვიზიტის გამო, და ხაზგასმით აღნიშნა ორივე ქვეყნის სწრაფვა ურთიერთთანამშრომლობის კიდევ უფრო განმტკიცებისა და გაფართოებისათვის.
შეხვედრაზე ითქვა, რომ ახლახანს შექმნილმა თურქეთ-საქართველოს საქმიანმა საბჭომ, შეიმუშავა მომავალი ერთობლივი მუშაობის პროექტი, სადაც თანამშრომლობით ხუთი ძირითადი სფერო გამოიკვეთა: საბანკო სისტემა - ერთობლივი ბანკების შექმნა და საბანკო ოპერაციების განხორციელება, ტრანსპორტის საკითხი, - გზების მოწესრიგება; ერთიანი, სინქრონული ენერგოსისტემის შექმნა; მოკლე ხანში კავშირგაბმულობის ამოქმედება ორ ქვეყანას შორის; ტურიზმის განვითარება.
- თურქეთის მხარდაჭერა დღეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია, - განაცხადა ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ, - პოლიტიკური ვითარება საქართველოში ძალიან დაძაბულია, მაგრამ გვჯერა, რომ აუცილებლად დავაღწევთ თავს არსებულ სირთულეებს და უცხოეთის ქვეყნებთან კონტაქტებს დავამყარებთ. საქართველოს გეოპოლიტიკურ მდგომარეობას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს და საშუალებას იძლევა პარტნიორობა გაუწიოს ბევრ ქვეყანას. ეს პროცესი უკვე დაიწყო და დღეს მისი შეჩერება არ შეიძლება.
ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ შავი ზღვისპირა ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეის ჩამოყალიბებას, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს საქართველოს ურთიერთობის განვითარებას უცხოეთის ქვეყნებთან. მან აღნიშნა, რომ ირანში შეხვედრის დროს თანამშრომლობის ნათელი პერსექტივები დაისახა.
სახელმწიფოს მეთაურმა დიდი გულისტკივილი გამოხატა აფხაზეთის კონფლიქტით გამოწვეული პოლიტიკური ვითარების გამო, გამოთქვა იმედი, რომ მალე დასრულდება ძმათამკვლელი ომი და ამ რეგიონში მშვიდობა დამყარდება.
სტუმრებმა აღნიშნეს, რომ თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბატონმა დემირელმა მხარი დაუჭირა ამ ვიზიტს და თურქეთ-საქართველოს ეკონომიკურ თანამშრომლობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.
ბოლო დროს თურქეთსა და საქართველოს შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, 50 ათასი ტონა ხორბლის შემოტანასთან დაკავშირებული სამუშაოები დასკვნითს ეტაპზეა. მხარეები საბოლოოდ შეთანხმდნენ თურქეთის მიერ 50-მილიონიანი კრედიტის გამოყოფის საკითხზეც.
საქმიანი დიალოგი // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 3 თებერვალი. - №21(265). - 1 გვ.
![]() |
26 კავკასიის ხალხთა თავისუფლება და დამოუკიდებლობა ჩვენს ხელთაა! |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის - სახელმწიფოს მეთაურის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის აბულფაზ ელჩიბეის სახელით საქართველოს სამთავრობო დელეგაციის პატივსაცემად გამართულ სადილზე.
ბატონო პრეზიდენტო, ძვირფასო მასპინძლებო, რადგან თქვენ წინ დგას ტელეკამერა, მინდა ასევე მივმართო აზერბაიჯანის ყველა მოქალაქეს, ყველა მცხოვრებს, მივესალმო ყველას და გითხრათ გულწრფელი მადლობა ნამდვილად კეთილი მასპინძლობისათვის, შესანიშნავი მიღებისათვის, თანამშრომლობის იმ სურვილისათვის, რომელიც თქვენ გამოავლინეთ და რომელმაც ასეთი დიდი შედეგები მოგვიტანა.
ამ საუკუნეში კავკასიის სახელმწიფოებმა - აზერბაიჯანმა, საქართველომ, სომხეთმა მეორედ მოიპოვეს თავისუფლება. საუკუნის დამდეგს ჩვენ დავკარგეთ მოპოვებული თავისუფლება, დავკარგეთ იმ ძალების ზეგავლენით, რომელთა შესახებაც თქვენ ახლა ბრძანეთ, ბატონო პრეზიდენტო. ჩვენ ამ გაკვეთილიდან სათანადო დასკვნა უნდა გამოვიტანოთ. დღეს სხვა მსოფლიოა და სხვა მსოფლიო წესრიგია. მაგრამ რამდენი მეგობარიც არ უნდა გყავდეს მსოფლიოში, მეზობლების მეგობრობას ვერაფერი შეცვლის. კავკასიის ხალხთა თავისუფლება და დამოუკიდებლობა ჩვენს ხელთაა. ამ თვალსაზრისით, მიმაჩნია, რომ დღევანდელი ჩვენი მოლაპარაკება და ის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტები, რომლებსაც ხელი მოვაწერეთ, ჩვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მტკიცე გარანტიაა.
დღეს კავკასია მსოფლიო საზოგადოებრიობის ყურადღების ცენტრშია. იმპერიის პირობებში, ალბათ, ბევრი ვერ მოძებნიდა, სად იყო კავკასია. დღეს მთელი მსოფლიო შეწუხებულია ჩვენთან შექმნილი ვითარებით. მე მიმაჩნია, რომ ჩვენი დღევანდელი მოლაპარაკება და მისი შედეგები იმის გარანტიას იძლევა, რომ უახლოეს ხანს მსოფლიო გაიცნობს კავკასიას როგორც იმ რეგიონს, რომლის თავზეც მშვიდობიანი და უღრუბლო ცაა. თქვენ დღეს კარგად ბრძანეთ ჩვენს შეხვედრაზე, რომ ჩვენი ურთიერთობა დიდ ტრაგედიებს ემყარება. ეს საუკუნეების გამოცდილებაა. მე მადლობას ვწირავ ყველას იმისათვის, რომ მომეცა საშუალება ახალ ეპოქაში, ახალი დამოუკიდებელი აზერბაიჯანისა და საქართველოს მშენებლობის გადამწყვეტ ეტაპზე ხელი მომეწერა უმნიშვნელოვანესი დოკუმენტისათვის. თქვენ ბრძანეთ და მე გეთანხმებით, ეს ისტორიული დღეა ჩვენი ხალხების ცხოვრებაში. დარწმუნებული ვარ, მომავალი თაობები ასე შეაფასებენ ჩვენი მოლაპარაკების შედეგებს.
მინდა ერთხელ კიდევ გადაგიხადოთ მადლობა გულითადი მასპინძლობისათვის, იმისათვის, რომ თქვენ წვლილი შეიტანეთ დამოუკიდებელი აზერბაიჯანის მშენებლობაში, დიდი და მნიშვნელოვანი წვლილი, მადლობა გადაგიხადოთ გულუხვი მასპინძლობისათვის. ამ მეტად მნიშვნელოვან წუთებში მინდა თქვენ პირადად, ბატონო პრეზიდენტო, თქვენს კოლეგბს, ყველა ოჯახს აზერბაიჯანში, ყველა მოქალაქეს ვუსურვო ბედნიერება, ჯანმრთელობა, ომის ღირსეულად დამთავრება და გისურვოთ ის, რომ აზერბაიჯანის ცა მუდამ უღრუბლო ყოფილიყოს.
მინდა შემოგთავაზოთ ბატონი პრეზიდენტის სადღეგრძელო, შემოგთავაზოთ მისი კოლეგების სადღეგრძელო, ყველა ჩვენი აზერბაიჯანელი მეგობრისა, რომლებიც მონაწილეობდნენ მოლაპარაკებაში და საუცხოო, საუკეთესო პარტნიორობა გაგვიწიეს, შემოგთავაზოთ მთელი აზერბაიჯანის სადღეგრძელო.
კავკასიის ხალხთა თავისუფლება და დამოუკიდებლობა ჩვენს ხელთაა! : საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის - სახელმწიფოს მეთაურის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის აბულფაზ ელჩიბეის სახელით საქართველოს სამთავრობო დელეგაციის პატივსაცემად გამართულ სადილზე // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 5 თებერვალი. - №23(267). - 1 გვ.
![]() |
27 ედუარდ შევარდნაძე: ომის გაგრძელება აფხაზეთში იმათ აძლევს ხელს, ვინც მისი პროვოცირება მოახდინა და იგი თავს მოგვახვია |
▲ზევით დაბრუნება |
8 თებერვლის რადიოინტერვიუ
- ვიზიტი აზერბაიჯანში დიდი მოვლენა იყო ჩვენს საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ - სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ საქართველოს რადიოკომენტატორ ნატო ონიანთან ინტერვიუში, როცა გასული კვირის მოვლენებს შეეხო. - ჩვენს მეზობელ ქვეყანასთან - აზერბაიჯანთან ურთიერთობის მოწესრიგება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მომავალი კავშირები მსოფლიოს დიდ ქვეყნებთან, - თქვა მან, - რადგან ამ ვიზიტის დროს ხელმოწერილი ხელშეკრულება მთლად სტანდარტული დოკუმენტი როდია. გარდა ამისა, რომ იგი კომპლექსურია და ჩვენი ურთიერთობის ყველა სფეროს მოიცავს, მასში ლაპარაკია აგრეთვე ურთიერთუსაფრთხოების გარანტიებზე. მე ამ ფაქტს ხაზგასმით იმიტომ აღვნიშნავ, რომ უსაფრთხოებას საერთოდ ბევრი ასპექტი აქვს - პოლიტიკურიც, ეკონომიკურიც, სოციალურიც და ჩვენ ყველა ამ ასპექტის გარანტიები დავაფიქსირეთ. აი, ეს არის უსაფრთხოება ფართო გაგებით. ამიტომაც გამოირჩევა ბაქოში ხელმოწერილი ხელშეკრულება სხვა სამართლებრივი დოკუმენტებისაგან.
ჩვენ მოვხაზეთ და დავაფიქსირეთ ორმხრივი სასარგებლო ინტერესების წრე და შევთანხმდით, რომ ორივე ქვეყნის ტერიტორიების გამოყენება ამ ინტერესებისათვის აუცილებელია. შავმა ზღვამ დიდი როლი უნდა შეასრულოს ჩვენს ეკონომიკურ ძლიერებაში, ისევე როგორც კასპიის ზღვამ. ირანთან დადებული ხელშეკრულების რეალიზაცია აზერბაიჯანის ფაქტორის გარეშე ფაქტობრივად შეუძლებელი იქნება. ამიტომ ბაქოში ვიზიტით ერთგვარი ციკლი შეიქმნა, რომელიც სამომავლო გეგმების შესრულების გარანტიას იძლევა.
ხელშეკრულებაში ჩადებულია მუხლები, რომლებითაც უზრუნველყოფილია საქართველოში აზერბაიჯანელი, აზერბაიჯანში კი ქართველი მოსახლეობის ყოველგვარი უფლებები, - განაგრძო ედუარდ შევარდნაძემ, - ცალკეა მუხლი, რომელიც ეროვნული უმცირესობების შესაბამისი უფლებების დაცვის, ასიმილაციის გამორიცხვის გარანტიას იძლევა. ერთი სიტყვით, ხელშეკრულებაში ჩაწერილი ეს მუხლები სრულიად შეესაბამება იმ მოთხოვნებს, რომლებსაც ევროპული პროცესები და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდება გვავალდებულებს. ამ მხრივ აზერბაიჯანს აქვს თავისი ინტერესები საქართველოში და ჩვენც გვაქვს ჩვენი ტკივილი საინგილოს სახით. ამიტომ, მე ვთვლი, რომ აქ ასეთი გარანტიების დაფიქსირება აუცილებელი და საჭიროა, რათა ორ ქვეყანას შორის ყოველგვარი გაუგებრობა გამოირიცხოს.
- ხომ არ არის მოსალოდნელი რაიმე მოლაპარაკება დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის იმ ნაწილის შესახებ, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიაზეა, რაკი ასეთ საკითხებზე მოლაპარაკებათა წარმოებას ხელშეკრულების 20 მუხლი ითვალისწინებს? - ჰკითხა კომენტატორმა.
- არის ლაპარაკი აგრეთვე დავით გარეჯის საკითხზე და ასეთი მოლაპარაკება იქნება, - თქვა სახელმწიფოს მეთაურმა, და ვფიქრობ, ამ პრობლემას შედეგებით ადვილად გადავწყვეტთ. შესაძლოა სხვა საკითხებიც წამოიჭრას და ეს იქნება ისეთივე ჩვეულებრივი ნორმა, როგორსაც ცივილიზებული საერთაშორისო ნორმები ითვალისწინებს. მთავარი ახლა ის არის, რომ აზერბაიჯანზე საბჭოურ წლებში არსებული შეხედულებები შეიცვალოს. ეს დიდი მომავლის ქვეყანაა და მასზე ბევრად იქნება დამოკიდებული ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობა, - დასძინა მან.
შეეხო რა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას, მოლაპარაკებათა მესამე რაუნდს, რომელიც ახლახანს დამთავრდა, და საქართველოს პარლამენტში გამართულ დებატებს, ედუარდ შევარდნაძემ თქვა, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ნამდვილად მძიმე ისტორიული მემკვიდრეობა დაგვრჩა, მაგრამ მარტო ამით თუ ვიმსჯელებთ, მაშინ არ ვიცი ვისთან შეიძლება გვქონდეს კარგი ურთიერთობა. თურქეთთან და ირანთან მოვაწერეთ ხელი ხელშეკრულებებს. მათთანაც ოდესღაც არ გვქონდა სახარბიელო ურთიერთობა. რუსეთთანაც ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით ვაწარმოებთ მოლაპარაკებას. ეს ფრაზა ჩემი ინიციატივით აისახა რეზოლუციაში, რომელიც პარლამენტმა მიიღო. უდავოა, რომ აფხაზეთიდან უნდა გავიდეს რუსეთის არმიის ის ნაწილი, რომელიც ეშერაშია განლაგებული და ეს ახლო მომავალში უნდა მოხდეს. ეს უპირველესი ამოცანაა. მეორე ნაწილი კი, რომელიც აგრეთვე აფხაზეთშია, ცალკე უნდა მოვილაპარკოთ და ეს უნდა მოხდეს მაშინ, როცა ჩვენთვის უფრო ხელსაყრელი მომენტი იქნება.
რაც შეეხება რუსეთის ჯარის მთლიანად გაყვანას საქართველოს ტერიტორიიდან, - განაგრძო ედუარდ შევარდნაძემ, - ეს ისეთივე პროცესია როგორც ეს იყო ევროპაში, კერძოდ, გერმანიაში, უნგრეთში, ჩეხეთ-სლოვაკეთში. აქ ძალისმიერი მეთოდების გამოყენება არას გვარებს. ამის დამადასტურებელი მაგალითიც გვაქვს, როცა ამგვარმა მეთოდებმა ბალტიისპირეთის ქვეყნებს სასურველი შედეგი ვერ მოუტანა. პირიქით - ავნო კიდეც, რადგან გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ დაგმო ასეთი ქმედება. მე ვფიქრობ, ჩვენ აქამდე არ უნდა მივიყვანოთ საქმე. უნდა შევინარჩუნოთ ის მხარდაჭერა, რომელსაც გაერთიანებული ერების უშიშროების საბჭო ჩვენდამი გამოხატავს. ასეთი მხარდაჭერის ფაქტი უკვე ორჯერ იყო. სანამ რუსეთთან ურთიერთობის სამართლებრივ ბაზას არ შევქმნით, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ მასზე ვართ დამოკიდებული. მერე, როცა ჩვენს ეკონომიკურ, სოციალურ, პოლიტიკურ ურთიერთობებს ასეთი ბაზა ექნება, მაშინ უკვე შეიძლება დამოუკიდებლობაზე ლაპარაკი. ამიტომ რაც უფრო დაჩქარდება ამ ბაზის შექმნა, ზემოთ რომ ვლაპარაკობდი, ჩვენთვის მით უკეთესი იქნება. ის რაც თურქეთთან, ირანთან, აზერბაიჯანთან გაკეთდა, ეს აუცილებელია რუსეთთანაც მოხდეს.
რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულების მიმართ არც თუ ერთგვაროვანი დამოკიდებულება სულაც არ მიკვირს. იმასაც გაგებით ვეკიდები, როცა რუსეთთან ჩვენი ურთიერთობის „მძიმე გაკვეთილებს“ შეგვახსენებენ, რადგან ჩვენს მეხსიერებაში ჯერ კიდევ ცოცხლობს ყოველივე, რაც გვინახავს, მაგრამ კარგიც რომ იყო, ისიც არ უნდა დავკარგოთ. ახლა ცალმხრივი ინტერესები უნდა გამოვრიცხოთ. მე არ გავურბივარ პასუხისმგებლობას და ისეთ დოკუმენტს არ მოვაწერ ხელს, რომელიც ჩვენს ინტერესებს შელახავს და ვნებას მიაყენებს. ეს ყველამ უნდა იცოდეს.
შემდეგ სახელმწიფოს მეთაური შეეხო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის როლს აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებაში და აღნიშნა, რომ გაერო და მისი გენერალური მდივანი დიდი ყურადღებით ეკიდებიან ამ პრობლემას, მაგრამ მაინც, მე არ მიმაჩნია, რომ გაერო სასწაულმოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციაა. თუ რატომ, ამის შესახებ ბევრჯერ მითქვამს და აღარ გავიმეორებ, - დასძინა მან, მაგრამ მის წესდებაში ბევრი ისეთი რამ არის ჩადებული, რომ იბადება აზრი, თითქოს აი გამოჩნდება ვინმე გაეროდან, ჩამოვა, ნახავს და ყველაფერი მოგვარდება და გადაიჭრება. ვიმეორებ, ეს ასე არ ხდება. თუმცა მათი ჩამოსვლა, ამას ხაზგასმით ვამბობ, ერთ-ერთი დიდი ფაქტორია იმისათვის, რომ ყველაფერი მოვაწესრიგოთ, ოღონდ აუცილებელია მათთან ერთად ჩვენც ავამოქმედოთ ყველა ფაქტორი, რომლებიც ხელს შეუწყობენ ცეცხლის შეწყვეტას, მოლაპარაკებას, რუსეთის ფაქტორის ჩართვას. ჩამოსული დამკვირვებლები კი დაგვეხმარებიან, რომ საერთაშორისო აზრი იყოს ჩვენს მხარეს.
ახლა გაისმის ხმები, თითქოს ხელისუფლება იყოს დაინტერესებული აფხაზეთის ომის გაჭიანურებით და ჩვენი შვილების ხოცვით. ასეთი ბრალდება ხომ სრული უაზრობაა, - თქვა ედუარდ შევარდნაძემ, - უნდა შეგვეძლოს თეთრისა და შავის გარჩევა. აფხაზეთში ომის გაგრძელება იმათ აძლევს ხელს, ვინც მისი პროვოცირება მოახდინა და ეს ომი თავს მოგვახვია. მე ბევრჯერ ვთქვი, რომ ეს არის სეპარატისტ-ექსტრემისტთა ჯგუფი, რომელმაც ხელთ იგდო ძალაუფლება. თუ ვინ უმაგრებს მათ ზურგს, არც ეს უნდა იყოს ძნელი ამოსაცნობი. ეს ის ხალხია, დემოკრატიას რომ ებრძვის რუსეთში და ამით ცხადია ებრძვის რუსეთის პრეზიდენტსაც. მაგრამ, მადლობა ღმერთს, ჩვენც გვაქვს იმის ბერკეტები, რომ ამ ომის ღირსეულად დამთავრება დავაჩქაროთ. ამის პერსპექტივას თვით აფხაზ მამულიშვილთა პოზიციაც ქმნის. მაგალითად, მე მოქალაქეობრივ გმირობად მიმაჩნია ის მიმართვა, რომელიც ცნობილმა აფხაზმა საზოგადო მოღვაწეებმა გაუგზავნეს გაეროს გენერალურ მდივანს და რუსეთის პრეზიდენტს. ჩვენს ურთიერთობას მომავალში ამ ადამიანების პოზიცია განამტკიცებს და გააღრმავებს.
24-25 თებერვალს სტამბოლში შავი ზღვის აუზის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის მონაწილე ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა მოსალოდნელი შეხვედრის ირგვლივ საუბრისას ედუარდ შევარდნაძემ აღნიშნა, რომ შავი ზღვის აუზის ქვეყნების ალიანსი ჯერ მხოლოდ ჩანასახშია, მაგრამ მას დიდი მომავალი აქვს და ამის საფუძველი საერთო ეკონომიკური ინტერესები იქნება. როცა ვნახავთ, რომ ეს ურთიერთობა სასარგებლოა, პერსპექტივა ცხადია უფრო გაიზრდება და იგი კონფლიქტების აღმოფხვრის დიდ წინამძღვრებსაც შექმნის. ჩვენ სხვა ხალხებისაგან კი განვსხვავდებით, - განაგრძო სახელმწიფოს მეთაურმა, - მაგრამ იგივე გვჭირს, რაც სხვებს, რომლებიც დამოუკიდებლობის გზას ადგანან, ჩვენ ჯერ არა ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა, რადგან ახლა ვეძებთ იმის გარანტიებს, რომლებიც დამოუკიდებელ სახელმწიფოს სჭირდება და უნდა ჰქონდეს. სამწუხაროდ, ამ პრობლემისადმი გულუბრყვილო, პრიმიტიული და ზოგჯერ უვიცი მიდგომა სჭარბობს. ერთმა უცხოელმა ამას შუასაუკუნებრივი დონე უწოდა. ნუ გაგვიკვირდება. ეს ყველაფერი არის დამახასიათებელი, ვინც საბჭოთა კავშირის შემდეგ დაადგა დამოუკიდებლობის გზას. ეს ეხება 15 ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას და იუგოსლავიას. მაიმედებს ის, - განაგრძო სახელმწიფოს მეთაურმა, - რომ ჩვენი კონსოლიდაციის პროცესი ადრე დაიწყო. ეს არჩევნებმა დაგვანახა. მაგრამ, ამჩნევთ ალბათ, ვიღაცას მაინც დაჟინებით სურს განაახლოს ძველი პროცესი, როგორმე გაატაროს გათიშვის ხაზი და ამ მხრივ საფიქრალი გვაქვს, მაგრამ საშიში არაფერი გვჭირს.
ინტევრიუს დროს სახელმწიფოს მეთაურმა ხალხს მიულოცა დავით აღმაშენებლის დღე და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 75 წლისთავი, თქვა, რომ დავით აღმაშენებელზე განვლილი 70 წლის მანძილზე ბევრი რამ თქმულა, კონსტანტინე გამსახურდიამ შესანიშნავი ნაწარმოები მიუძღვნა მას, იყო მოწიწებაც და სიამაყეც, მაგრამ მის ნამოღვაწარს დღეს სხვანაირად უნდა შევხედოთ. ჩვენ აუცილებლად გვჭირდება წარსულის ანალიზი. რაც შეცდომები დაგვიშვია, აღარ უნდა გავიმეოროთ, ამიტომ ჩვენს წარსულს ხშირად უნდა ჩავუღრმავდეთ, რადგან აწმყო შობილი წარსულისაგან არის მშობელი ჩვენი მომავლისა. ჩვენ ამჯერად ის წარსული გვაინტერესებს, რომელიც მომავლის მშენებლობაში გვეხმარება. ჩვენი ეროვნული უნივერსიტეტიც ამ მომავლის მშენებლობის დამხმარე მეგზურია.
ინტერვიუს დასასრულს სახელმწიფოს მეთაური, როგორც ყოველთვის, კვლავ დაუბრუნდა ქვეყანაში წესრიგის დაცვის პრობლემებს. მე მინდა ვაღიარო, - განაცხადა მან, - რომ ვერ გავაკეთე ის, რასაც ხალხს დავპირდი. ეს ჩემთან ერთად ეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს, ახალი მინისტრი იქნება, თუ ძველი, ეს ეხება თავდაცვის სამინისტროს, ეს ეხება ყველას, ვისაც ქვეყანაში წესრიგის დაცვის საქმე აკისრია. ჩვენ ამ პრობლემის ირგვლივ კვლავ ვაპირებთ სერიოზულ საუბარს ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოზე. ქალაქის მერიის სამსახურებთან შეხვედრის დროს და საკითხი ასე დგება, ან უნდა გავაკეთოთ ეს საქმე, ანდა ქუდი უნდა დავიხუროთ, წავიდეთ, რომ სხვებმა გააკეთონ. ესეც ხომ კრედიტებთან არ არის დაკავშირებული, არ მესმის, რატომ ვაპარპაშებთ მაფიას...
მე პირობა უნდა მივცე ხალხს, რომ ამ საქმეს მივხედავთ. ეს აუცილებელია, რადგან გამოცოცხლება ეტყობა ჩვენს ეკონომიკას და წესრიგი ამ პროცესს დააჩქარებს, - თქვა დასასრულს სახელმწიფოს მეთაურმა.
საქართველოს პარლამენტის პრესცენტრი.
ედუარდ შევარდნაძე: ომის გაგრძელება აფხაზეთში იმათ აძლევს ხელს, ვინც მისი პროვოცირება მოახდინა და იგი თავს მოგვახვია : 8 თებერვლის რადიოინტერვიუ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 9 თებერვალი. - №26(270). - 1,2 გვ.
![]() |
28 დღის ამოცანა - ბოლო მოეღოს დამნაშავეობას |
▲ზევით დაბრუნება |
8 თებერვალს გამართულ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, სახელმწიფოს მეთაურის ედუარდ შევარდნაძის მორიგ შეხვედრაზე ქალაქ თბილისის მერიის ხელმძღვანელობასთან იხილებოდა ერთადერთი საკითხი, რომელიც ეხებოდა ქალაქში შექმნილ კრიმინოგენულ სიტუაციას და მისი გაუმჯობესების გზებს. ეს პრობლემა ახლა იმდენად გამწვავდა, რომ მან ფაქტობრივად უკანა პლანზე გადასწია ჩვენი სხვა, არცთუ ისეთი უბრალო წყლულები, გაუზვიადებლად შეიძლება ითქვას, რომ ქალაქში სრული თვითნებობა სუფევს, რომლის სათავეებთან დგას პრაქტიკულად ლეგალიზებულ დამნაშავეთა სამყარო. იგი არ განიცდის სიძნელეებს არც შეიარაღებაში, არც სატრანსპორტო საშუალებებში, არც ფინანსებში... ძალმომრეობა, ძარცვა, თავდასხმა არა იმდენად ავტომატური იარაღის გამოყენებით, რამდენადაც კავშირგაბმულობის უახლესი საშუალებების და სხვა ტექნიკური სიახლეების მეშვეობით ჩვეულებრივი მოვლენა გახდა.
ერთი სიტყვით, შეიქმნა ისეთი ვითარება, რომ აქედან გამოსვლისათვის არ კმარა სამართალდამცველი ორგანოების მუშაობა. საჭიროა ყველა სახელმწიფო სტრუქტურის, მთელი საზოგადოებრიობის ერთობლივი ძალისხმევა. სწორედ ამიტომაც, პოლიციის, პროკურატურის მუშაკების გარდა, შეხვედრაზე მიწვეული იყვნენ სამინისტროებისა და უწყებების, ქალაქის, რაიონების, შეიარაღებული ფორმირებების, სამხედრო პოლიციის ხელმძღვანელები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლები, თავიდანვე სახელმწიფოს მეთაურმა დასვა წინადადება, საკითხი განეხილათ კონსტრუქციული სულისკვეთებით, რადგან მხოლოდ ფაქტების კონსტატაცია და ურთიერთბრალდებები საქმეს ვერ უშველიან, ერთად უნდა განისაზღვროს სიტუაციის გაუმჯობესების კონკრეტული გზები.
შეხვედრაზე მოვიდნენ ქალაქის მერი კონსტანტინე გაბაშვილი, ქალაქის პოლიციის სამმართველოს უფროსი დავით ზეიკიძე, სამხედრო პოლიციის უფროსი გია უჩავა, ნაძალადევის რაიონის გამგეობის თავმჯდომარე თამაზ ახვლედიანი, რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელი პოლკოვნიკი გია თორაძე, ქალაქ თბილისის პროკურორი მიხეილ ქურდაძე და სხვები. აღინიშნა, რომ გარკვეული ძალისხმევის მიუხედავად, კრიმინოგენული სიტუაცია თბილისში სულ უფრო უარესდება. დამნაშავეობა დღითიდღე მატულობს, ამასთან, მისი სუბიექტები ხშირად ხდებიან შეიარაღებულ ფორმირებათა და თვით სამართალდამცველ ორგანოთა წარმომადგენლები. მთლიანად ხელმიშვებულია მოზარდებთან მუშაობა, რაც იმის რეალურ საფრთხეს ქმნის, რომ უახლოეს მომავალში ისინი შეემატებიან სამართალდამრღვევთა რიგებს. გამოითქვა მთელი რიგი კონკრეტული წინადადებები, კერძოდ, ითქვა, რომ საჭიროა, შეიქმნას სპეციალური კომისია, როგორც სამართალდამცველი ორგანოების, ისე სამხედრო ფორმირებების წარმომადგენელთა შემადგენლობით, რათა კოორდინაცია გაეწიოს მოქმედებას და აღმოიფხვრას გაუგებრობა ამ ორგანიზაციებს შორის. ბოლო უნდა მოეღოს პრაქტიკას, როცა პირებს, რომლებიც დანაშაულს სჩადიან, ათავისუფლებენ მათი უფროსების ან ამხანაგების უპასუხისმგებლო გამოქომაგების მეოხებით, როგორც ეს მოხდა ამას წინათ, როცა შეიარაღებულ ახალგაზრდათა ჯგუფი სასამართლოს სხდომაზე შეიჭრა და გაათავისუფლა განსასჯელები.
დასასრულ გამოვიდა ედუარდ შევარდნაძე, რომელმაც, როგორც ქვეყნის შეიარაღებული ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა, წარმოადგინა თავისი ბრძანება, სადაც ჩამოთვლილია საქართველოს რესპუბლიკის დედაქალაქში წესრიგის დამყარების კონკრეტული ღონისძიებანი. ამ დოკუმენტის ტექსტი ცალკე ქვეყნდება.
დღის ამოცანა - ბოლო მოეღოს დამნაშავეობას // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 10 თებერვალი. - №27(271). - 1 გვ.
![]() |
29 ჭორებს არავითარი საფუძველი არ გააჩნია |
▲ზევით დაბრუნება |
ედუარდ შევარდნაძის ტელეინტერვიუდან
რუსეთის ერთ-ერთმა რადიოარხმა გადმოსცა ცნობა იმის შესახებ, თითქოს საქართველოს შეიარაღებული ძალები ემზადებოდნენ აჭარაში შესაჭრელად. თქვენ თავიდანვე ამ ფაქტს, ამ ცნობას სრულიად უსაფუძვლო უწოდეთ, მაგრამ დღეს აჭარასთან ახლომდებარე რეგიონში გაიმართა არცთუ დიდი, 200-300 კაციანი მიტინგი, რომლის მონაწილეებმა დაგმეს ასეთი ჩანაფიქრი და პროტესტი გამოთქვეს იმის გამო, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები და მხედრიონი თითქოსდა აჭარაში უნდა შეიჭრან.
როგორ ფიქრობთ, რას ჰგავს უკვე ეს?
- ესე იგი, თუ ლაპარაკია სახელმწიფოებრივ დონეზე, მე მიმაჩნია, რომ არათუ სერიოზული საუბრისთვის, ეჭვისთვისაც კი არ შეიძლება არსებობდეს რაიმე საფუძველი. ძნელია, კაცმა ამაზე უფრო დიდი უგუნურება მოიფიქროს, ვიდრე აჭარაში შეიარაღებული ძალების შეყვანაა. რატომ და რისთვის? თუ სადღაც ქსელავენ ახალ ინტრიგებს, ეს სხვა საკითხია. შეიძლება ჭორებსაც ავრცელებენ იმისათვის, რომ ზედმეტი დაძაბულობა შექმნან საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში და მათ შორის აჭარაშიც. მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე და სახელმწიფოს მეთაური, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არავითარი საფუძველი ამას, ამ ჭორებს არ გააჩნია. შეიძლება, რაღაც ბანდიტურ ჯგუფებს, რომლებიც ისე, როგორც თბილისში, სამწუხაროდ, თარეშობენ, ჰქონდეთ ასეთი სურვილი, ბათუმშიც გაიმეორონ, რასაც აქ აკეთებენ. მაგრამ ეს აღკვეთილი იქნება სახელმწიფოს მიერ და არათუ დაგმობილი, არამედ იზოლირებული იქნებიან. ეს მე მჯერა, თუ ვინმე ლაპარაკობს, ალბათ, ძალიან მცირერიცხოვანი ჯგუფი სადღაც სხვა დონე აქ გამორიცხულია. უაზრობაა, სისულელეა და მხოლოდ საქართველოს მტერს შეუძლია ილაპარაკოს ამაზე.
ჭორებს არავითარი საფუძველი არ გააჩნია : ედუარდ შევარდნაძის ტელეინტერვიუდან // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 11 თებერვალი. - №28(272). - 1 გვ.
![]() |
30 გავერთიანდეთ ყველანი, რომ გადავრჩეთ |
▲ზევით დაბრუნება |
პარლამენტის სხდომის დღიური
[...]
შემდეგ პარლამენტარები შეუდგნენ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხის - „მოქალაქის მიერ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენის, შენახვის, ტარებისა და გამოყენების შესახებ“ კანონპროექტის განხილვას.
ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის სახელით სიტყვა განცხადებისათვის ითხოვა პარლამენტის წევრმა ირაკლი წერეთელმა. მისმა განცხადებამ პარლამენტართა კამათი გამოიწვია.
კამათში გამოვიდნენ პარლამენტის წევრები ირინა სარიშვილი, ლანა ღოღობერიძე, ზურაბ ჟვანია. მათ გამოხატეს თავიანთი პოლიტიკური კონცეფცია ახალი ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობის თაობაზე.
სხდომაზე სიტყვა წარმოთქვა პარლამენტის თავმჯდომარემ - სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ.
- სიმართლე გითხრათ, ვფიქრობდი, რომ სხვაგვარად წარიმართებოდა ჩვენი დღევანდელი მუშაობა. კარგი ცხოვრებით არ არის გამოწვეული, რომ ამ დარბაზში საგანგებო შეხვედრა შედგა და, პრაქტიკულად საგანგებო წესები შემოვიღეთ თბილისში. ყოველ შემთხვევაში, მოსამზადებელი მუშაობა შეიძლება ამისათვის დაიწყოს და ვთქვით: ან ვიქნებით ხელისუფლება პარლამენტის ჩათვლით და წესრიგის დამყარებას დავიწყებთ დედაქალაქიდან, ანდა, მაშინ, სხვა რაღაც უნდა გაკეთდეს, სხვა გზა უნდა ვეძებოთ. ამ მოვლენისაგან საიდუმლო არაფერი შეგვიქმნია. ჩვენ იძულებული ვიყავით გაგვემართა თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს საგანგებო გაფართოებული სხდომა. შემოსულია ინფორმაცია არა მარტო და არა იმდენად პრესის, ტელევიზიის არხების, რისი 10-15 პროცენტი თუ გამოქვეყნდა, არამედ ოფიციალური სადაზვერვო სამსახურების მონაცემები, ათჯერ გადამოწმებული, რომლებიც მიუთითებს იმის შესახებ, რომ გუდაუთის რაიონში პრაქტიკულად მოხდა დიდი ძალების კონცენტრირება, საკმაოდ სერიოზული სამხედრო შესაძლებლობებით. ჩვენ არა გვაქვს უფლება ანგარიში არ გავუწიოთ ოფიციალურ მოხსენებებს, რადგან მათ გააჩნიათ სათანადო წყაროებიც, შემოსული ზოგიერთი სხვა ქვეყნიდანაც, რომ რეალური საფრთხის წინაშე ვდგავართ და იწყება სოხუმზე შეტევა. თუ არ დაიწყება ასეთი შეტევა, ეს მხოლოდ იმის შედეგად, თუ შევძლებთ მივიღოთ სათანადო ზომები მხოლოდ ამით შეიძლება ამის თავიდან აცილება. 10 თებერვალს თავდაცვის საბჭოს სხდომაზე ჩვენ ერთხმად მივიღეთ მთავარსარდლის ბრძანების პროექტი და განვაცხადეთ - ამ დილით ტელევიზიით გადმოიცა, პრესაში გამოქვეყნდება - საფრთხე რეალურია, და იქ ასე წერია, რომ ფიქრის დაშვებაც კი სოხუმის დაკარგვაზე ნიშნავს საქართველოს დანგრევას და ყველაფრის დაღუპვას ერთად, იმისი, რასაც აკეთებდა ყველა ეტაპზე და ყველა საუკუნეში ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობა და განსაკუთრებით ბოლო წლებში, იმისიც, რასაც ჩვენ ვაკეთებთ და უნდა გავაკეთოთ ყველამ ერთად.
სამწუხაროდ, ჩვენი შესაძლებლობები არც ისე მდიდარი და მრავალფეროვანია. მაგრამ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ყველა შეიარაღებული ფორმირება, რომელსაც ახლა იარაღი გააჩნია, ვისაც უნდა ეკუთვნოდეს, მოასწრეს შესვლა საერთო შეიარაღებულ ძალებში თუ ვერ მოასწრეს, ვისაც გული შესტკივა თავის ქვეყანაზე. ყველა რაზმი უნდა გაიგზავნოს სოხუმში, ოჩამჩირეში, რომ ეს ავანტიურა გამოირიცხოს, სოხუმი არ დაიკარგოს, გაგრის ტრაგედია არ განმეორდეს. ასი ათასი კომისია რომ შეიქმნას გაგრის უბედურების გამოსაძიებლად, საქმეს ვერაფერი ვერ უშველის. თუ სოხუმს რაიმე შეეხო მაშინ ჩვენ ყველანი, მაპატიეთ ამ სიტყვისათვის, დოყლაპიები ვიქნებით, თუ იმ უბედურებიდან დასკვნას არ გავაკეთებთ, რომ ყველანი უნდა დავდგეთ იქ, სადაც დღეს საქართველოს ბედი წყდება. მე წუხელ განვაცხადე, რომ, ალბათ, ორი-სამი დღე შეუძლებელი იქნება ჩემი იქ წასვლა, ამ საქმის ორგანიზაციაში უნდა მივიღო მონაწილეობა. რამდენი ხნითაც იქნება საჭირო - ერთი კვირით, ერთი თვით თუ ერთი წლით, და ღმერთმა ნუ ქნას ასე გაგრძელდეს - მე ვიქნები სოხუმში, ვიქნები იქ, სადაც უნდა გადაწყდეს ჩვენი ბედი. ალბათ, ბევრი თქვენგანი ჩემთან ერთად იქნება. ზოგიერთი ნაწილი დღეს და ხვალ გაიგზავნება და იქ უკვე გარკვეული ძალები დაემატა. გუშინწინ შეხვედრა მქონდა ბატონ გენო ადამიასთან, რომელიც აქ ჩამოვიდა. ეს ის კაცია, რომელმაც შეძლო შეექმნა მთელი ბრიგადა. ეს ის კაცია, რომელიც როგორც იტყვიან, პირველი მიდის, პირველი უშვერს შუბლსა და გულს ტყვიას, ბიჭები მას მიჰყვებიან, ძირითადად ადგილობრივი ხალხი. ერთ-ერთ გაზეთში ჩირქი მოსცხეს - ადრე ციხეში იჯდა და რა უფლება აქვს სათავეში ჩაუდგეს ახალგაზრდობის შეიარაღებულ რაზმებსო. ახლა ის რომ, იქ არ იყო, სოხუმი შეიძლება დაკარგული ყოფილიყო, რისთვის ჩამოვიდა? - თბილი ტანსაცმელისათვის და მადლობის ტექსტისათვის ბიჭებისთვის დასარიგებლად. და ითხოვა, რაც შეიძლება დააჩქარეთ რაღაც მედლები, რაღაც დაბეჭდეთ ბიჭებისათვის, რომლებსაც ადამიანური სითბო მოსწყურდათ, შემცვლელი სჭირდებათ, უნდა გითხრათ რომ ბევრი ხალხის გაგზავნა იქნება არც იყოს აუცილებელი, გალის, ოჩამჩირის, გულრიფშის, სოხუმის რაიონის ათასობით მოქალაქე, რამდენიმე ბატალიონი მზად არის ჩაებას ბრძოლაში. დადგეს იქ, სადაც საჭიროა. იარაღი არ არის. იარაღი რომ კანონიერი გზით მივიღოთ, საჭიროა ის მოლაპარაკება დავამთავროთ, რომელზეც დიდი დებატებია დღეს საზოგადოებაში. და ამ მოლაპარაკების გაგრძელების მსურველებს ლამის ერის ინტერესების გამყიდველბი შეარქვან. უნდა მივიღოთ ის იარაღი, კონფლიქტი დამთავრდება თუ არ დამთავრდება, ყველა შემთხვევაში იარაღი საჭიროა. ქონება უნდა გაიყოს. და უნდა მივიღოთ ის წილი, რაც საქართველომ შეიტანა იმ შეიარაღებული ძალების ფორმირებაში, რომელსაც საბჭოთა არმია ერქვა. მაგრამ ეს ყველაფერი სახვალიოა, იარაღი დღესაა საჭირო. დღეს რომ იარაღი გვქონდეს, როგორც მოგახსენეთ, ათი-თხუთმეტი ათასი კაცი აფხაზეთის ქართველობა მზად არის იმისათვის, რომ აიღოს ხელში იარაღი და ჩადგეს ქალაქის, აფხაზეთის და მთლიანად საქართველოს დასაცავად. ამიტომ, იარაღის პრობლემა ნომერ პირველ პრობლემად გვესახება. გუშინ მე იმ ჩემს ბრძანებაში მივმართე მთელ საქართველოს და რადგან ახლა ჩვენ გვისმენენ ტელემაყურებლები განსაკუთრებით მინდა კვლავ გავუსვა თხოვნას ხაზი. მე გთხოვთ, ბატონებო, ვისაც გაგაჩნიათ ავტომატური იარაღი და ვისაც არ შეგიძლიათ ახლა ჩადგეთ მწყობრში, ვინც არ უნდა იყოთ თქვენ, ვინც არ უნდა იყოთ, ამით მინდა დავასახელო ახლა დამნაშავე სამყარო და სხვა, მოგეხსენებათ ხუთი-ექვსი ათასი ავტომატიც რომ იყოს დღეს, ხვალ, ზეგ, ჩვენ გარანტირებული გვექნება სოხუმის, ოჩამჩირის დაცვა და სხვა ამოცანების გადაწყვეტაც. აი, აქ გვჭირდება ჩვენ პარლამენტის დახმარება, მისი მხარდაჭრა, მთელი ხალხის მხარდაჭერა. ვიმეორებ, ეს დღეს ნომერ პირველი პრობლემაა.
ასი პროცენტით ვიყავი და ვარ დარწმუნებული, რომ დღეს პარლამენტი იარაღის შესახებ კანონს მიიღებს. თუ ვერ მივიღეთ, ამას ვერავინ ვერ გაგვიგებს. მაშინ არ გვესმის ის, რაც გვჭირს, რაც შეიძლება ხვალ დაგვემართოს. მე არ მინდა ამ მდგომარეობის დრამატიზირება, არ მინდა დავუშვა აზრიც კი იმის შესახებ, რომ ვიღაცამ შეიძლება გაყიდოს სოხუმი რაღაც ამბიციებისა თუ სხვა რამის გულისათვის. აზრიც კი არ მინდა დავუშვა ამის შესახებ. თუ იარაღი გვექნება, ხვალ-ზეგ ეს საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნება. ამიტომ, მივმართავ და ვთხოვ ყველას, რომელ პარტიას, მოძრაობასა და ბლოკსაც არ უნდა ვეკუთვნოდეთ, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ხვალ-ზეგიდან დაიწყოს იარაღის ნებაყოფლობით ჩაბარება. ჩვენ მზად ვართ შევისყიდოთ ეს იარაღი. ეს უბრალო საკითხი არ არის, ვიმეორებ, ამით დღეს საქართველოსათვის წყდება ძალიან დიდი საქმე. გთხოვთ, რომ დღეს ისე ნუ დავიშლებით, კანონი მიღებული თუ არ იქნება. მაშინ პარლამენტმა გამოთქვას აზრი, რომ ძალაში რჩება ყველა კანონი, რომელიც მოქმედებდა აქამდე, აღარ ვიხილავთ ამ საკითხს და ვიმოქმედოთ იმ კოდექსისა და კანონების მიხედვით, რომლებიც, არვიცი კომუნისტების, თუ გამსახურდიას რეჟიმის დროს იყო. დრო არ ითმენს. მეორე თხოვნა, რომლითაც მივმართავ მოსახლეობას, ესეც კარგი ცხოვრებით არ არის ნაკარნახევი. ჩვენ შევქმენით თავდაცვის ფონდი, შევქმენით იმიტომ რომ ბიუჯეტი არა აქვს სახელმწიფოს, სამი, ოთხი, ხუთი თვეა ხელფასს ვერ ვაძლევთ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ჩარიცხული იყვნენ, როგორც რეზერვისტები და ახლა იბრძვიან. მე შევხვდი მათ: ჩვენ არ გვინდაო, მაგრამ ცოლ-შვილს რა ვუყოთო, რაღაც გაგვიკეთეთ, ხელფასი გადაგვიხადეთო. იმისათვის, რომ დავეხმაროთ დაღუპულთა ოჯახებს, დაჭრილ ბიჭებს, ზოგი სამკურნალოდ გავაგზავნოთ, აუცილებელია, რომ თავდაცვის ფონდი მომძლავრდეს, და თავდაცვის ფონდი უნდა გახდეს ის ფორმა, რომლის მეშვეობითაც ყველა მოქალაქეს აქვს უფლებაც და საშუალებაც მიიღოს მონაწილეობა ერთიანი არმიის მშენებლობაში. მე დღეს კიდევ მივმართავ ყველას, საქართველოს ყველა მოქალაქეს, ბიზნესმენს, ორგანიზაციას, ვისაც აქვს ამის საშუალება, დაგვეხმაროს შევქმნათ ძლიერი თავდაცვის ფონდი და ეს ხელს შეუწყობს ერთიანი და ძლიერი არმიის მშენებლობას.
დღეს ჩვენი ქვეყანა ისეთ მდგომარეობაშია, რომ არ არის საჭირო საკუთარი ხელით შევქმნათ დამატებითი სიძნელეები. კვლავ მივმართავ ყველას - შევწყვიტოთ რუსეთის არმიის ნაწილებზე თავდასხმები. მოქალაქეები აღარ აკეთებენ ამას, ამას ზოგიერთი შეიარაღებული ფორმირება აკეთებს. თუ პარლამენტი იტყვის, რომ საქართველოში არ უნდა დარჩეს რუსეთის არმიის ნაწილები, არავითარი ვადა არ უნდა დავუწესოთ, შევთანხმდეთ ამაზე, მაგრამ, მომეცით უფლება, ვაწარმოო მოლაპარაკება. და როცა მოლაპარაკებას დავამთავრებ, წარმოგიდგენთ ჩემს არგუმენტებს, თუ როგორია ჩემი წარმოდგენა ამ საკითხზე. და მთავრობასაც მიეცით ამის რწმუნება. მაგრამ, ჩვენ არ უნდა მივიდეთ ბარბაროსების დონემდე. ბავშვებითა და ქალებით სავსე ავტობუსი, რომელიც ერთ-ერთ სამხედრო ნაწილს ეკუთვნოდა, გააჩერეს ქარში, ყინვაში, თოვლში, გადმოყარეს ბავშვები და ავტობუსი გაიტაცეს. სამი-ოთხი საათის განმავლობაში ეს ბავშვები უპატრონოდ ეყარნენ. შეეფერება ეს ამბავი ჩვენს წარსულს, ან აწმყოს? ან მომავალს ჩვენსას შეეფერება ეს ამბავი? რით შეიძლება ეს აიხსნას, გამართლდეს? თუ ავტობუსები გვინდა, ხვალ გამოვცემთ ბრძანებას, თავდაცვის საბჭოს დადგენილებას, გამოვაცხადებთ მობილიზაციას, ჩამოვართმევთ ყველა ორგანიზაციას ავტობუსს და გადავცემთ არმიას. მაგრამ ამ გზით არ შეიძლება ვიაროთ, ეს უბედურებამდე მიგვიყვანს, მე ვიცი რა უბედურებამდეც მიგვიყვანს. აი, ამიტომ მივმართავ ყველას, რომ ეს უნდა გამოირიცხოს. წუხელ ღამის 2 საათზე იყო თავდასხმა სამხედრო ნაწილზე. ბატონი თენგიზ სიგუა გვიანობამდე მუშაობდა ქალაქის მერიაში, და ჩვენ შევთანხმდით, რომ ისინი წავიდოდნენ შემთხვევის ადგილზე. ნახავდნენ აღმოჩნდა ოფიციალური ფორმირება, ახალგაზრდა ბიჭები იყვნენ, მოველაპარაკეთ, მშვიდობიანად გავუშვით. სწორია თუ არა ეს? ალბათ, სხვა გამოსავალი წუხელ არ იყო. არ შეიძლება ამ გზით სიარული, ერთხელაც იქნება დაიღვრება სისხლი, მოხდება უბედურება, სანამ არ დამთავრებულა ეს მოლაპარაკება, მანამდე ეს აქციები უნდა შეწყდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ამან შეიძლება უბედურებამდე მიგვიყვანოს.
მე ვთხოვე წუხელ ბატონ არჩილ გოგელიას, ბატონ ვახტანგ აბაშიძეს მოვიფიქროთ მთელი კომპლექსი ღონისძიებებისა, როგორ უნდა დაგვეხმაროს ამ ურთულეს დღეებში პრესა. ახლა კირკიმალი საქმეს ვეღარ უშველის, ახლა საკუთარი პატარა მიზნისათვის ქვეყნის გაჭირვების გამოყენება ბოროტებაა. სანამ გამოვსულვართ ამ მდგომარეობიდან, სანამ ბრძოლა მიდის გადარჩენისათვის, სიცოცხლისათვის, არსებობისათვის, ეს ყველამ უნდა შევიგნოთ და არვის არ უნდა გვგვრიდეს სიამოვნებას, რომ დღეს გაუჭირდა ქვეყანას და ახლა ვიშოვო დროო. სანამ ამ კომპლექსს არ დავძლევთ, ჩვენ შორს ვერ წავალთ. დავძლიოთ ეს კომპლექსი. რადაც უნდა დაჯდეს. და პრესამ, ტელევიზიამ თავისი საქმე უნდა გააკეთოს. თუ ასე არ იქნება, ჩვენ მარტო ლაპარაკით შემოვიფარგლებით დამოუკიდებლობაზე და თავისუფლებაზე.
მინდა ყველას ვთხოვო, ყველა პარტიას, პოლიტიკურ მოძრაობას, საზოგადო მოღვაწეებს, მოქალაქეებს, კვლავ და კვლავ მოვუწოდო ერთობისაკენ და ერთიანობისაკენ. მე ვუერთდები ამ ტრიბუნიდან ნათქვამს. იცით როგორი შთაბეჭდილება მექმნება? უნდა გაგიმხილოთ. ვკითხულობ ბევრ რამეს, რასაც ვასწრებ, ხანდახან სასოწარკვეთის გრძნობა მეუფლება. იმიტომ კი არა, რომ არ შეიძლება ქვეყნის გამოყვანა ამ კრიზისიდან, შეიძლება, ერთადერთი შანსი ახლა გამოვიყვანოთ ქვეყანა კრიზისიდან, ყველაფერი გამოვიყენოთ ამისათვის, თუ რამ ხელოვნება გაგვაჩნია, მხედველობაში მაქვს პოლიტიკა. დიპლომატია, კოლექტიური იქნება თუ თითოეული ჩვენგანის შესაძლებლობა, დრო მოვიგოთ. არის ამის შანსი, არის შანსი იმისა, რომ ქვეყანა გადავარჩინოთ. არის შანსი იმისა, რომ ავაშენოთ ჭეშმარიტად დამოუკიდებელი სახელმწიფო, დემოკრატიული ქვეყანა. მაგრამ, მე ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, რომ ზოგიერთი დასაბამს აძლევს დემოკრატიის დასასრულს, ახალფეხადგმული დემოკრატიის დასასრულს საქართველოში. დემოკრატიის დასრულება შემდეგი სცენარით მოხდება: ახლა ჩვენ ვიმყოფებით ეკონომიკურ ქაოსში. გამოცოცხლების პატარა ნიშნები გამოჩნდა იანვარში, თებერვალში, მარტში უკეთესი იქნება და ასე შემდეგ. მაგრამ მაინც ეკონომიკური ქაოსია. ვიღაც-ვიღაცეებს უნდათ ეს ეკონომიკური ქაოსი გადაზარდონ პოლიტიკურ ქაოსში, სრულ ანარქიაში. ეს იქნება უბედურება საქართველოსათვის, სრული ანარქია დამკვიდრდება. შედეგი ორია: ან დიქტატურა, რომელიც უკვე, ალბათ, ვეღარ შეძლებს ვერაფერს, ანდა საქართველოს დაშლა. და აქ სწორედ ითქვა, როგორც ძველად იყო ისე, ნაწილ-ნაწილ ან სადღაც შეერთდება, ან ერთმანეთს ხოცვა-ჟლეტა ბოლო სიცოცხლემდე, ბოლო ადამიანამდე. რადაც უნდა დაუჯდეთ, უნდათ დაანგრიონ 11 ოქტომბრის არჩევნების შედეგები. ვერ შეძლებთ ამას, ბატონებო! მაგრამ, ჩვენი ხალხი ფეხზეა და ცოცხალია, როგორც არ უნდა უჭირდეს დღეს საქართველოს, ხალხი მხარს არ დაგიჭერთ ამაში. ჩვენ კვლავ მიგვათრევენ იზოლაციის წუმპისაკენ. მსოფლიომ გვცნო, გვეხმარება როგორც შეუძლია ისე. სხვა არავინ არ აგვიყვანს კმაყოფაზე. ჩვენ ცოტა გამოვცოცხლდით, ქვეყნის სახე მივიღთ, დემოკრატიულ გზაზე დავდექით, ახლა კვლავ იწყება გათიშვისაკენ მოწოდება, კვლავ გათიშვისათვის ზრუნვა და ამ გზაზე სიარული. არ მივიღებთ, არ დავადგებით ამ გზას. უნდა გაითვალისწინოთ ეს, ვისაც ეხება. საზოგადოებაში ამ ძალების გარდა, არის სხვა ძალებიც, არიან ჭეშმარიტი პატრიოტები, ნამდვილი გმირები, ადამიანები, რომლებიც მზად არიან შიმშილსაც კი შეეგუონ, ოღონდ იხილონ თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყანა. ვფიქრობ, 80, 85 და შეიძლება 90 პროცენტიც ამ განწყობილებითაა დღეს საქართველოში. ასეთი განწყობით არის უმრავლესობა. და, აი, 11 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს ნუ დაივიწყებთ ნურავინ. ჩვენ ვივლით იმ გზით, რა გზაც ავირჩიეთ. და არა მგონია, რომ დავმარცხდეთ. ჩვენ შეიძლება წავიდეთ რაღაც კომპრომისებზე, შეიძლება რაღაც დავთმოთ, მაგრამ ჩვენ ერთმანეთის უნდა გვესმოდეს, უნდა გვესმოდეს, რომ კომპრომისის გარეშე შუძლებელია პატარა ქვეყანამ დაიმკვიდროს თავისთავადობა. ამ გზით მივდივართ, ზოგიერთი ირანის ვიზიტში ხედავს რაღაც უბედურებას, ზოგი აზერბაიჯანთან მეგობრობის დამყარებაში, ზოგი რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგებაში, ზოგი იმაშიც, ამერიკის შეერთებულ შტატებთან რატომ უნდა ვიყოთ ასეო და ა.შ. მოვიდა დრო არგუმენტირებული პასუხი გავცეთ თუ აქ გულუბრყვილობაა, და მე მზად ვარ ჩავება ამ ბრძოლაში. კმარა უკვე მარტივი კატეგორიებით აზროვნება, დღეს დიდი პოლიტიკის დღეა, დიდი პოლიტიკის დროა. დღეს ყველამ უნდა იგრძნოს თავისი უზარმაზარი პასუხისმგებლობა. რადგან მართლაც გადამწყვეტი მომენტია დღეს. მართლაც გადამწყვეტი ეტაპია საქართველოს ისტორიაში. მეორედ ეს არ განმეორდება. თუ ეს გავუშვით ხელიდან, მაპატიეთ ამ სიტყვისათის, საფლავიდან ამოგვიღებენ ჩვენი შვილები და შვილიშვილები, თუკი ისინი დარჩებიან ამ ქვეყანაზე. მაპატიეთ თუ დღეს პოლიტიზირებული გამოსვლა გამომივიდა. არ მინდოდა ეს ასეთნაირად, მაგრამ ვხედავ დიდ საშიშროებას, რაც ჩვენ გველოდება. მოდით, გავერთიანდეთ. ერთხელ და კიდევ შევთანხმდეთ მთავარი მიზნისათვის საბრძოლველად - ერთიანი, დამოუკიდებელი, დემოკრატიული საქართველოსათვის. სხვა მიზანი ჩვენ არა გვაქვს. მე არ ვიცი, თუ ამ დარბაზში ვინმე ზის, რომ სხვა მიზანი ჰქონდეს. კანონების განხილვისას, დადგენილების მიღებისა და კამათის დროსაც მთელი საქართველო გვისმენს, მთელი საქართველო უყურებს ამ დარბაზს. ჯერ კიდევ შემორჩა პატარა იმედები. მოდით, ნუ გავუცრუვებთ ამ იმედებს ხალხს, რომლებიც 11 ოქტომბერთან იყო დაკავშირებული. ჩვენ არავის არ შევპირებივართ, რომ ხვალ ბედნიერი ცხოვრება იქნება, აღმოვჩნდით ამ უბედურებაში, კონფლიქტების ატმოსფეროში, ეკონომიკურ კრიზისში. არავის არ ვუყენებ ბრალდებას, შეიძლებოდა ბევრი რამის შენარჩუნება, როგორც აზერბაიჯანმა, ყაზახეთმა, უკრაინამ შეინარჩუნა. ისინი სხვა გზით მიდიან, გამოსავალს პოულობენ, ჩვენ ყველაფერი დავანგრიეთ, ყველაფერი დავარბიეთ, დღეს ვეღარ მივიღებთ იმის მაქსიმუმს, რისი მიღებაც გვინდა, ახლა ლაპარაკი უნდა იყოს იმაზე, რომ გადავრჩეთ, აი, ამ გადარჩნისათვის ბრძოლაში გავერთიანდეთ ყველანი. და, მოდით როგორც საჭიროა, გავცეთ პასუხი იმათ, ვინც ამ გაერთიანების წინააღმდეგ გამოდის. პრაქტიკულად, ისევ ახალი გათიშვისაკენ, ისევ ახალი განხეთქილებისაკენ უნდათ წაიყვანონ საქართველო. არ მოხდება ეს ამბავი, დავიცვათ საქართველოს, დავიცავთ ჩვენს ერთობას, დავიცავთ დემოკრატიას.
შესვენების შემდეგ პარლამენტარები კვლავ მიუბრუნდნენ „მოქალაქის მიერ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო იარაღის შეძენის, შენახვის, ტარებისა და გამოყენების შესახებ“ კანონპროექტის განხილვას, რომელზეც მუშაობდნენ მართლწესრიგისა და კანონიერების დაცვის, თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების და იურიდიული კომისიები. პარლამენტის წევრთა უმრავლესობამ მწვავედ გამოხატა თავისი მოსაზრება წარმოდგენილი კანონპროექტის გამო.
სხდომაზე გამოვიდნენ რესპუბლიკის გენერალური პროკურორი თედო ნინიძე, შინაგან საქმეთა მინისტრი თემურ ხაჩიშვილი.
კანონპროექტი არ მიუღიათ. ამით პარლამენტის სხდომამ მუშაობა დაამთავრა.
გავერთიანდეთ ყველანი, რომ გადავრჩეთ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 12 თებერვალი. - №29(273). - 1,2 გვ.
![]() |
31 ედუარდ შევარდნაძე: აფხაზურ კონფლიქტში გაჩნდა მისი მშვიდობიანი გზით მოგვარების ახალი მომენტები, რომლებიც არ გამორიცხავენ ქართულ-აფხაზურ დიალოგსაც |
▲ზევით დაბრუნება |
15 თებერვლის რადიოინტერვიუ
- ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ამ დღეებში მიღებული ბრძანება, რომელიც სოხუმისა და ოჩამჩირის ზონის დაცვის ღონისძიებებს ეხება, შესრულდეს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ - სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ თავის ტრადიციულ რადიოინტერვიუში, რომელიც მან ორშაბათ დილით მისცა საქართველოს რადიოს. - ჩვენ გვაქვს იმის საშუალებები, რომ საზოგადოებაში არსებული ეჭვები სოხუმთან დაკავშირებით გამოირიცხოს, - თქვა მან, და მე მადლობელი ვარ იმ რაზმებისა, იმ ახალგაზრდებისა, რომლებიც ამ ზონაში გაემართნენ. ეს საკმაოდ ძლიერი ძალაა და მინდა დავარწმუნო ყველა, განსაკუთრებით სოხუმელები, რომ მშვიდად უნდა იყვნენ. თუმცა, უნდა ვთქვა, განხორციელებულ ღონისძიებებს საკმარისად არ მივიჩნევთ და ამ მხრივ მუშაობა გრძელდება. ეს საკითხები გუშინ განვიხილეთ თავდაცვის სამინისტროში და იმ დასკვნამდე მივედით, რომ დამატებითი ზომები მიღებული უნდა იქნეს. ეს იყო მეტად ნაყოფიერი, სასარგებლო და საჭირო შეხვედრა და საუბარი გვქონდა როგორც აფხაზეთის კონფლიქტთან დაკავშირებულ საკითხებზე, ისე საერთოდ ჩვენი სამხედრო მშენებლობის დაჩქარების სხვა გადაუდებელ ღონისძიებებზეც.
შეეხო რა აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების გზებს, სახელმწიფოს მეთაურმა გაიხსენა სატელევიზიო პროგრამაში „საღამო მშიდობისა“ ერთ-ერთი ჩეჩენი ბოევიკის სიტყვები: „ქართველებს რომ სდომოდათ, ამ ომს აქამდე მოიგებდნენო“, და, დასძინა, რომ ეს ახლაც შესაძლებელია, მაგრამ ეს ხომ ორივე მხარეს უდიდესი მსხვერპლის ფასად დაუჯდებოდა და ორი მცირერიცხოვანი ხალხის უარესი ტრაგედია იქნებოდა, ამიტომ, ამ საკითხის ასეთნაირად დაყენება და ახსნა არ არის სწორი, - თქვა მან - მაგრამ ასეთი პასუხის შემდეგ, ბუნებრივია, დაისმის კითხვა, არის თუ არა შესაძლებელი მორიგეობა და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოწესრიგება? ხაზგასმით მინდა ვთქვა, - განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა, - რომ გაგრის მოვლენების შემდეგ, როცა სეპარატისტებმა და მათმა მხარდამჭერებმა პირობა გატეხეს და მოლაპარაკებას უღალატეს, კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების შანსი, ცხადია, მინიმუმამდე დავიდა, მაგრამ უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებების მიღებამ კვლავ წარმოაჩინა მშვიდობიანი გზით კონფლიქტის მოგვარების ახალი მომენტები, რომლებიც არ გამორიცხავენ ქართულ-აფხაზურ დიალოგსაც. კონფლიქტის მოწესრიგების ასეთ ვარიანტს, ცხადია, მე უპირატესობას ვანიჭებ, მაგრამ ბევრი რამ გარემოებრივ ფაქტორებზე იქნება დამოკიდებული.
სოხუმთან დაკავშირებით ახლა სხვადასხვა ვერსიებს ავრცელებენ, - თქვა სახელმწიფოს მეთაურმა, - აფხაზეთის ომის ღირსეულად დამთავრების საქმეს ჩემი გადადგომა რომ შველოდეს, ამას ახლავე განვაცხადებდი, მაგრამ ეს ხომ გულუბრყვილოთა და ბრიყვთა ნააზრევია და დაძაბულ ხალხს ასეთი მონაჭორი რა სარგებლობას მოუტანს. მე ვერ დავიჯერებ, რომ ჩვენს რომელიმე ეშელონში იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ვითომდა სოხუმთან დაკავშირებულ რაღაც აქციას ხელს უწყობენ. ვიმეორებ, ეს ბრიყვთა ნააზრევია და მეტი არაფერი.
სახელმწიფოს მეთაური კვლავ დაუბრუნდა დედაქალაქში წესრიგის დამყარების აუცილებლობას და თქვა, რომ თბილისში დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებათა შესახებ გამოცემული მისი ბრძანების შემდეგ განვლილი ოთხი დღის მანძილზე ზოგი რამ უკვე გაკეთდა. ახლა ყოველდღიურად ტარდება შტაბის სხდომები, რომლის მუშაობაში პრემიერ-მინისტრიც მონაწილეობს. ერთი სიტყვით, ყველაფერი მზად არის იმისათვის, რომ დავიწყოთ სერიოზული მუშაობა დედაქალქში წესრიგის დასამყარებლად. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ამოცანაა და ამიტომაც სწორედ ბრძანებით გაფორმდა მისი გადაჭრის ღონისძიებები და არა თხოვნის სახით, როგორც ვაკეთებთ ხოლმე.
შემდეგ საუბარი შეეხო საქართველოს სახელმწიფოს მეთაურისა და ჩეჩნეთის პრეზიდენტის შეხვედრას ბაქოში. მე მივესალმები ჯოხარ დუდაევის ინიციატივას, - თქვა ედუარდ შევარდნაძემ, - ეს სასარგებლო შეხვედრა იყო იმ გაგებით, რომელსაც ჩვენ დღეს კავკასიის ფაქტორს ვუწოდებთ. მალე ჩვენი დიალოგი შედგება სომხეთთან. ან მე ჩავალ ერევანში, ან ბატონი ტერ-პეტროსიანი გვესტუმრება. ჩვენ ახლა უნდა ვეცადოთ აქცენტი სამთა შეხვედრაზე იქნეს გადატანილი. ამასთან, ამ დიალოგში საერთოდ შეიძლება ბატონ დუდაევის და კავკასიის სხვა ლიდერების მონაწილეობაც.
რაკი კავკასიის ფაქტორს შევეხე, მინდა ვთქვა, რომ ახლა ამ იდეის დეფორმირებული გაგება ხდება, - ხაზგასმით აღნიშნა ედუარდ შევარდნაძემ, - სამწუხაროდ, ეს გაგება იმ საერთო მოვლენებიდან არის ამოვარდნილი, რომლებიც მსოფლიოში მიმდინარეობს. პირდაპირ აყენებენ საკითხს: ან კავკასიური სახლი უნდა იყოს, ან არაფერიო. ასე არ შეიძლება. კავკასია ვერ გამოეთიშება ევროპულ პროცესებს, ამიტომ ზემოთმოყვანილი აზრი გულუბრყვილო მსჯელობას ჰგავს. ახლა შავი ზღვის აუზის ქვეყნების ალიანსიც ხდება. ესეც ცალკე პროცესია, მაგრამ ევროპის და მსოფლიოს პროცესებიდან იზოლირებული როდია, მათი ნაწილია. ჩვენს პრობლემებსაც ასეთი გაგებით უნდა შევხედოთ. თუკი კავკასია ცალკე ჩაიკეტება, ამან შეიძლება მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანოს. ჩვენ ყოველნაირად უნდა შევუწყოთ ხელი კავკასიის ფაქტორის ამოქმედების იდეას, მაგრამ იგი თანამედროვე სტანდარტების დონეზე უნდა ავიყვანოთ და უკუვაგდოთ ის პრიმიტიული გაგება, როგორც ეს ზოგიერთს ესმის, - თქვა მან. მდგომარეობის დღევანდელი გამწვავება საქართველოში შემთხვევითი არ არის, - განაგრძო ედუარდ შევარდნაძემ, - რეაქციული ძალები ყოველთვის ადვილად პოულობენ საერთო ენას. რუსეთშიც ასეა. მაგრამ განსხვავება ის არის, რომ რუსეთში მართლაც ძლიერია ეს რეაქციული ძალები, ჩვენთან კი 11 ოქტომბრის არჩევანმა მოპირისპირე მხარეს დასაყრდენი გამოაცალა და ეს პროცესი შეუქცევადი გახადა. ამიტომ ამ არჩევანს არც აქვს ალტერნატივა. ის, რაც 11 ოქტომბრის არჩევნების წინ ითქვა, მისი ალტერნატივის წარმოდგენა ვერავინ ვერ შეძლო, ხოლო ის, რაც წარმოდგენილია, იმდენად მარტივია, რომ ლაპარაკიც არ ღირს. მე არ მინდა ოპონენტებს ვაწყენინო, მაგრამ როცა ექსტრემისტები გამოჩნდებიან არენაზე, მათს გასაგონად, ალბათ, გამოჭრილია გამოთქმა - „ძაღლი ყეფს, ქარავანი კი მიდის“. 11 ოქტომბრის ქარავანი წინ მიიწევს და მას სათავეში უდგანან პროგრესული ძალები, რომლებიც ისე გადაწყვეტენ საქართველოს ბედს, როგორზეც თაობებს უოცნებიათ.
შეეხო რა რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკების შედეგებს, სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტში ამ მოლაპარაკების შედეგების წარდგენა იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ წარიმართება და დამთარდება მოლაპარაკების ახალი რაუნდი მოსკოვში. ბოლო მომენტში, როცა შეხვედრა გაიმართება სახელმწიფო მეთაურთა დონეზე, პარლამენტის აზრი და დახმარება აუცილებელი იქნება. ისე კი, როცა რუსეთთან ვლაპარაკობდი, პრორუსული მოღვაწე ვიყავი, როცა თურქეთთან ხელშკრულება დავდეთ - პრო-თურქული, ხოლო როცა ირანში ჩავედი, მაშინაც იგივე ითქვა და ალბათ, ასე გაგრძელდება, მაგრამ მე პროევროპული მოღვაწეც გახლავართ, რუსეთის ძალები კი პროამერიკულ მოღვაწეობასაც მწამებენ... სინამდვილეში კი მინდა ვთქვა, რომ მე ქართველი მოღვაწე ვარ და ვთვლი, რომ ჩემი პოლიტიკის დასაყრდენი ძალები შეიძლება ყველგან იყვნენ - რუსეთშიც, თურქეთშიც, ევროპაშიც და ამერიკაშიც... ყველამ უნდა იცოდეს, - თქვა ედუარდ შევარდნაძემ, - რომ სახელმწიფოს მეთაურს დღეს აქვს რეალური ძალაუფლება, მაგრამ ჩვენ იმას უნდა მივაქციოთ მთავარი ყურადღება, თუ რა შეუძლია მას და რა არა. სასწაულები არ არსებობს და არც ხდება. ჩვენ უკვე დავანგრიეთ ყველაფერი, რაც გაგვაჩნდა, გავძარცვეთ, რაც კი გასაძარცვი იყო და ასეთ პირობებში ყველაფრის გაკეთება, მე მგონი, შეუძლებელია. მე რეალისტი გახლავართ. ამიტომ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ მხოლოდ ის, რაც გაგვაჩნია და რისი შესაძლებლობაც გვაქვს. მთავარია, დავამყაროთ წესრიგი, თავიდან ავიცილოთ შიმშილი და არ დავუშვათ სოციალური აფეთქება; უნდა გამოვაცოცხლოთ ეკონომიკა და ამის ნიშნები უკვე არის - შარშანდელ იანვართან შედარებით პროცენტული ზრდა იმედის მომცემია.
შემდეგ საუბარი შეეხო მარნეულში სომხეთისაკენ მიმავალი გაზსადენის აფეთქების მორიგ ტერორისტულ ფაქტს. მე მგონი, - თქვა სახელმწიფოს მეთაურმა, - ეს შეგნებული მოქმედებაა და არ უნდა იყოს შემთხვევითი ამბავი. ვიღაცას ძალიან უნდა, რომ აქ დაძაბულობის კერა წარმოიქმნას, გართულდეს ვითარება ორ ხალხს შორის. მაგრამ ჩვენ საქმეს აქამდე არ მივიყვანთ. ამის თავდებია ჩვენი საინტერესო შეხვედრა ბატონ ელჩიბეისთან. ამ რეგიონში არის პრობლემები, მაგრამ იმის შესაძლებლობაც არის, რომ ვითარება გაჯანსაღდეს. ხალხს იქაც ძალიან უჭირს. ამ მდიდარ რაიონებშიც ყველაფერი მოიშალა და იქაურობასაც ზრუნვა და ყურადღება სჭირდება, რომ გაუგებრობები თავიდან ავიცილოთ.
ჩვენ დავანგრიეთ ჩვენი ურთიერთნდობა და ამას თავისი შედეგი მოაქვს, დღეს ყველას უჭირს, მთელ საქართველოს უჭირს და ქვეყნის გადარჩენის ბედი სასწორზეა. ამიტომ ამ უდიდესმა საზრუნავმა, ამ მიზანმა უნდა გაგვაერთიანოს. სამწუხაროა რომ, არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც კვლავ ეჭვის ქვეშ აყენებენ ამ ურთიერთნდობის აღდგენას და ამით საერთო იდეას ეწინააღმდეგებიან... რა შეიძლება ითქვას ამასთან დაკავშირებით: მხოლოდ ერთი რამ, რომ დღეს ჩვენი ქვეყნის ყველა პოლიტიკური მოძრაობის, ყველა მოქალაქის ვალია დაძლიოს პირადი ინტერესები და ხელი შეუწყოს ამ ურთიერთნდობის დამკვიდრებას. თუ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ და იმ ეჭვებს არ მოვხსნით, რომლებიც ხალხში დაითესა, შესაძლოა ყველაფერი ძალიან ცუდად დამთავრდეს. ამიტომ მიმაჩნია დანგრეული ურთიერთნდობის აღდგენა დღევანდელ უპირველეს ამოცანად და ჩვენ ეს ამოცანა უნდა გადავწყვიტოთ.
საქართველოს პარლამენტის პრესცენტრი.
ედუარდ შევარდნაძე: აფხაზურ კონფლიქტში გაჩნდა მისი მშვიდობიანი გზით მოგვარების ახალი მომენტები, რომლებიც არ გამორიცხავენ ქართულ-აფხაზურ დიალოგსაც : 15 თებერვლის რადიოინტერვიუ / შევარდნაძე ე. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 16 თებერვალი. - №31(275). - 1 გვ.
![]() |
32 შემუშავებული იქნება საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პარლამენტის სხდომა
16 თებერვალს საქართველოს პარლამენტის სხდომა, როგორც პარლამენტის სპიკერმა ვახტანგ გოგუაძემ შენიშნა, სასიამოვნო ტრადიციით დაიწყო. მისი წინადადებით პარლამენტარებმა დაბადების 70 წლისთავი მიულოცეს მხატვარსა და საზოგადო მოღვაწეს ოთარ ლითანიშვილს.
სპიკერის მოადგილემ რუსუდან ბერიძემ პარლამენტარებს წარუდგინა კანონპროექტი „საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე. კერძოდ, იგი ითვალისწინებდა „ვაჭრობისა და მატერიალური მომარაგების სამინისტროსათვის“ შეეცვალათ სახელი და ეწოდებინათ „ვაჭრობისა და მატერიალური რესურსების სამინისტრო“. გამოითქვა მესამე წინადადებაც - უწყებისათვის მხოლოდ „ვაჭრობის სამინისტრო“ დაერქმიათ. ამ არცთუ ისე მნიშვნელოვანმა პრობლემამ მაინც გამოიწვია პარლამენტართა დიდი ბჭობა, თუმცა ამას არავითარი შედეგი არ მოჰყოლია.
სიტყვა აიღო საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარემ - სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ. მან მიმოიხილა საქართველოს სახელმწიფოებრიობის ზოგიერთი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ეტაპი და აღნიშნა, რომ საქართველოს სრული დამოუკიდებლობის, თანამედროვე ქართული სახელმწიფოს არსებობისა და განვითარების, დემოკრატიული აღმშენებლობის აუცილებელი პირობაა საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის ტექსტის შემუშავება და მიღება. მან, კერძოდ, თქვა:
ჩვენს სამშობლოს, საქართველოს, სახელმწიფოებრიობის 2300 წლოვანი ტრადიცია აქვს. განგებამ ისე განსაჯა, რომ საქართველომ სწორედ მაშინ დაკარგა დამოუკიდებლობა, როცა მთელი სამყარო დიდ სიახლეთა წინაშე იდგა. მე-19 საუკუნის დასაწყისში ბიუროკრატიულ-დესპოტურმა ცარისტულმა რუსეთმა ერთი-მეორის მიყოლებით შეიერთა ქართული სამეფო-სამთავროები, ამ დროს კი დასავლეთ ევროპის ქვეყნებში წარმოების ახალი წესი იკაფავდა გზას, რამაც საბოლოოდ ამ ქვეყნებში ახალი ტიპის სახელმწიფო წყობის - ბურჟუაზიული დემოკრატიის ჩამოყალიბება განაპირობა.
უეჭველია, რომ სწორედ ჩვენი ქვეყნის ასწლოვანმა კოლონიურმა მდგომარეობამ განაპირობა საქართველოში თანამედროვე ტიპის დემოკრატიული სახელმწიფო წყობის ჩამოყალიბების დაგვიანება. მაგრამ როგორც კი რუსეთის იმპერიის დანგრევამ შექმნა ასეთი შესაძლებლობა, ქართველმა ხალმა მაშინვე ისარგებლა ამით. ჯერ 1917 წლის ნოემბერში გაიმართა ეროვნული ყრილობა, შემდეგ კი ამ ყრილობაზე არჩეულმა ეროვნულმა საბჭომ 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა. აქედანვე დაიწყო დემოკრატიული ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობა, რაც რაღა თქმა უნდა, ამ სახელმწიფოს სამართლებრივი ბაზის შექმნას და, უპირველეს ყოვლისა, მისი კონსტიტუციის შემუშავებას გულისხმობდა.
1918 წლის შემოდგომაზე საქართველოს პარლამენტმა (ასე ეწოდა ამ დროისათვის ეროვნულ საბჭოს) ჩამოაყალიბა საკონსტიტუციო კომისია, რომელიც მოწვეული სპეციალისტების დახმარებითა და სხვა ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით მაშინვე შეუდგა ინტენსიურ მუშაობას. დამფუძნებელი კრების არჩევის შემდეგ კომისია ხელახლა შეიქმნა, განაგრძო მუშაობა და 1920 წლის ნოემბერში საქართველოს კონსტიტუციის საკმაოდ სრულყოფილი პროექტი წარმოადგინა. დამფუძნებელმა კრებამ 1921 წლის თებერვლის საბედისწერო დღეებამდე პროექტის 17 თავიდან მუხლობრივად მხოლოდ ოთხის განხილვა მოასწრო. 21 თებერვალს, როცა თბილისი უკვე ალყაში იყო, დამფუძნებელმა კრებამ დედაქალაქში გამართულ თავის უკანასკნელ სხდომაზე საქართველოს პირველი კონსტიტუცია მიიღო.
ამ ფორუმის მონაწილეებმა. შესანიშნავად იცოდნენ, რომ საქართველოს ბედი იმ დროისათვის უკვე გადაწყვეტილი იყო. მათი მოქალაქეობრივი გმირობის პათოსი ქვეყნის მომავალზე იყო ორიენტირებული. მწამს, რომ დამფუძნებელი კრების მონაწილეებს სჯეროდათ: მათი ნაფიქრალ-ნააზრევი, მათი ნაშრომი მომავალ თავისუფალ საქართველოს დასჭირდებოდა. ეს დროც მოვიდა.
საქართველოს 1921 წლის კონსტიტუცია მაღალი დონის საკანონმდებლო აქტია. მისი ფუძემდებელი პრინციპები და აღიარებულ ნორმათა ის ნაწილი, რომელიც ადამიანის უფლებებს ეხება, სრულიად შეესაბამება თანამედროვე მსოფლიო კონსტიტუციურ და საერთაშორისო-სამართლებრივ სტანდარტებს. ამასთანავე, თუ გავითვალისწინებთ, რომ დემოკრატიული საქართველოს არსებობის სამწლიანი პერიოდი ქრონოლოგიურად. ცარიზმის ასწლოვან და ბოლშევიზმის სამოცდაათწლოვან ბატონობას შორის თავსდება, ანუ არსებითად რუსული კოლონიური მმართველობისა და მისი შესაბამისი კანონმდებლობის ორი სხვადასხვა ვარიანტითაა გარემოცული, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველოს 1921 წლის კონსტიტუცია თანამედროვე ქართული ეროვნული სამართლებრივი აზროვნების უდიდეს მიღწევას, მის ყველაზე სრულყოფილ დოკუმენტს წარმოადგენს.
ამ კონსტიტუციის მიღებით საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ ეროვნულ სახელმწიფოებრიობას მტკიცე სამართლებრივი საფუძველი ჩაუყარა. სამწუხაროდ ქართველ ერს ამ ჯანსაღ საფუძველზე სახელმწიფოებრივი შენობის აგება აღარ დასცალდა. ჩვენ ქვეყანაში საგარეო ინტერვენციის გზით ქართველი ხალხისათვის უცხო და მიუღებელი რეჟიმი დამყარდა, მოხდა საქართველოს ანექსირება, რასაც მისი ჯერ ეგრეთ წოდებულ ამიერკავკასიის ფედერაციაში, შემდეგ კი სსრ კავშირში ძალით შეყვანა მოჰყვა.
თუმცა საბჭოთა ხელისუფლებამ ფორმალურად არ მოსპო საქართველოს რესპუბლიკა, მაგრამ მან რევკომის დეკრეტით დათხოვნილად გამოაცხადა დამფუძნებელი კრება, რითაც დემოკრატიულ საქართველოსთან ფაქტობრივად გადაწყვიტა ყოველგვარი სამართლებრივი კავშირი. შემდგომი პერიოდის კანონშემოქმედებამ ჩვენს ქვეყანაში საქართველოს 4 საბჭოური კონსტიტუცია მოგვცა (1922, 1927, 1937, და 1978 წლებისა, რომლებიც შესაბამისი პერიოდის რუსული საბჭოთა კონსტიტუციების თარგზე იყო გამოჭრილი და ქართულ სამართლებრივ ტრადიციასთან ბევრი საერთო არ ჰქონდა. ამ კონსტიტუციებს სუვერენული სახელმწიფოს ძირითად კანონებს ვერ ვუწოდებთ. ამიტომაც იყო, რომ ისინი ვერ გამოხატავდნენ ქართველი ხალხის ეროვნულ ინტერესებს.
მიუხედავად უუფლებო მდგომარეობისა, ქართველმა ხალხმა 70 წლის მანძილზე არნახული სულიერი სიმტკიცის ფასად შეძლო ენის, კულტურის, ეროვნული ცნობიერებისა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისაკენ დაუოკებელი მისწრაფების შენარჩუნება, რაც 80-90-იან წლებში მასობრივი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ფართოდ გაშლაში აისახა.
როგორც საქართველოში, ისე მის გარეთ 1991-1992 წლების მიჯნაზე მომხდარი მოვლენების შედეგად დღეს საქართველო კვლავ დამოუკიდებელი სახელმწიფოა და ჩვენ აღდგენილი სახელმწიფოებრიობისათვის მყარი სამართლებრივი საფუძვლის შექმნის ამოცანის წინაშე ვდგავართ. რა თქმა უნდა, საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს 1992 წლის 21 თებერვლის დეკლარაციით 1921 წლის კონსტიტუციის ამოქმედება, რაც შემდგომში სახელმწიფო საბჭომაც დაადასტურა, უდიდესი შიდა და საგარეო პოლიტიკური მნიშვნელობის ფაქტია, მაგრამ ამასთანავე აღსანიშნავია ისიც, რომ ეს აქტი მნიშვნელოვანწილად სრულიად გასაგები მიზეზების გამო ნაჩქარევად იყო მომზადებული. აუცილებელი სამართლებრივი უზრუნველყოფის უქონლობამ, კონსტიტუციის დებულებათა უკმარისობამ და, ხშირ შემთხვევაში, არსებულ სახელმწიფო სტრუქტურებთან შეუსაბამობამ ამ კონსტიტუციის აღდგენა არასრულყოფილ იურიდიულ აქტად აქცია. ამან კი, თავის მხრივ, გარკვეული გაუგებრობა გამოიწვია საზოგადოების სახელმწიფო-სამართლებრივ სტრუქტურებში.
შექმნილ ვითარებაში საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოს საბჭოს მიერ საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და ჩატარება ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო. 11 ოქტომბერი დემოკრატიული საქართველოს მშენებლობაში შევა, როგორც უმნიშვნელოვანესი ეტაპი. სწორედ 11 ოქტომბრის კურსმა უნდა მიგვიყვანოს იმ ახალ თვისებრიობამდე, რომელსაც დასრულებული სამართლებრივი საზოგადოება ჰქვია. პარლამენტმა მიიღო დროებითი კანონი სახელმწიფოს ხელისუფლების შესახებ, რომლის საფუძველზე აირჩია სახელმწიფოს მეთაური, შექმნა მთავრობა, სხვადახვა სამსახურები, დანიშნა უმაღლესი თანამდებობის პირები. და, ბუნებრივია, რომ დღის წესრიგში კვლავ დადგა საქართველოს კონსტიტუციის საკითხი: ზოგიერთი ჩვენი თანამოქალაქე თვლის, რომ კონსტიტუციაზე ლაპარაკი ნაადრევია, რომ უფრო სწორია ქვეყანა გამოვიყვანოთ ეკონომიკური და სოციალური კრიზისიდან, თავი გავართვათ კონფლიქტებს, რომლებსაც ეწირებიან ადამიანები, იხარჯება ისედაც განიავებული სახალხო დოვლათის გადარჩენილი მაგარი, ამ საქმეს კი უფრო მეტად „მაგარი ხელი“, ჭკვიანი და შორსმჭვრეტელი დიქტატორი უფრო მოუვლის, ვიდრე კონსტიტუციური გზით არჩეული ხელისუფლება. არა და არა! საქართველო გადარჩება და გამოვა ღრმა კრიზისიდან თუ ჩვენი საზოგადოება ერთიანი იქნება უმაღლესი ეროვნული და სახელმწიფოებრივი ინტერესებისათვის ბრძოლაში, თუ არ გაფლანგავთ ეროვნულ და მოქალაქეობრივ ენერგიას ვიწროდ, პრიმიტიულად გაგებული პარტიული თუ პირადი ამბიციებით ნაკარნახევი მიზნებისათვის ჭიდილში, თუ არ ჩავეფლობით პოლიტიკანობის ჭაობში, სწორედ პრიმიტიული პოლიტიკური აზროვნება და პოლიტიკანური პროვინციალიზმი ემუქრება ჩვენ საზოგადოებას ახალი გათიშვით. სწორედ, კონსტიტუციის შექმნის და მიღების პროცესი იქნება ერთადერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლისა და ახალი დემოკრატიული საქართველოს მშენებლობისა.
ამ საკითხის გადაწყვეტის რამდენიმე გზა არსებობს. მათ შორის ყველაზე მისაღებად ორი გვესახება: სრულიად ახალი, მეექვსე კონსტიტუციის შემუშავება, ან 1921 წლის კონსტიტუციის რეალურად ამოქმედება. არის მთელი რიგი გარემოებები, რომლებიც სწორედ ამ უკანასკნელი ვარიანტის სასარგებლოდ მეტყველებენ.
კერძოდ, საქართველოს პირველი კონსტიტუციის რეალურად აღდგენის შედეგად გაიზრდება საქართველოს, როგორც ხანგრძლივი კონსტიტუციური ისტორიის მქონდე სახელმწიფოს, საერთაშორისო ავტორიტეტი; ავტომატურად ამოქმედდება საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის ყველა ის ჭეშმარიტად დემოკრატიული ნორმა და პრინციპი, რომელთაც დღესაც არ დაუკარგავთ აქტუალობა, ანუ, კონსტიტუციის ეგრეთ წოდებული „ცოცხალი“ ნაწილი; ხელი შეეწყობა საზოგადოების შემდგომ კონსოლიდაციას.
ყველა ეს უპირატესობა, ან სხვა რამ მათი ტოლფასი არ გააჩნია სრულიად ახალი კონსტიტუციის შემუშავების ვარიანტს. ეს უფრო აშკარად ჩანს საქართველოს პირველი კონსტიტუციის ტექსტის დაწვრილებითი ანალიზით. როგორც გამოირკვა, კონსტიტუციის 149 მუხლიდან დაახლოებით ნახევარი დღესაც სავსებით მისაღებია პრაქტიკულად უცვლელი სახით, დაახლოებით მეოთხედი შეიძლება ნაწილობრივ ახალი რედაქციით ჩამოყალიბდეს და მხოლოდ ერთ მეოთხედამდეა სრულიად მიუღებელი.
ამრიგად, უეჭველია, რომ დღეისათვის ყველაზე ოპტიმალურად საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის ახალი, საფუძვლიანად გადამუშავებული რედაქციის მიღება-ამოქმედება უნდა ჩაითვალოს, რასაც ამავე კონსტიტუციის 145-ე მუხლის შესაბამისად „კონსტიტუციის ნაწილობრივ გადასინჯვა“ ეწოდება და პარლამენტის წევრთა არანაკლებ ნახევრის ან 50 000 ამომრჩევლის ინიციატივით ხდება.
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი საქართველოს პირველ კონსტიტუციაში, რომელიც უცილობლივ გადასინჯვას მოითხოვს, არის სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა სისტემა. აშკარაა, რომ ამ კონსტიტუციით გათვალისწინებული სახელმწიფო ხელისუფლების მექანიზმი ვერ შეასრულებს მასზე დაკისრებულ ფუნქციებს. ეჭვი არ მეპარება, რომ 11 ოქტომბრიდან ახალი კონსტიტუციის მიღებამდე განვლილი გზა, დაგროვილი გამოცდილება ახალი დემოკრატიის მშენებლობისა საქართველოს თავისებურებათა გათვალისწინებით, გარდამავალი ეტაპისათვის დამახასიათებელი ძიებანი და ექსპერიმენტები, აგრეთვე უცხოური გამოცდილების გულდასმით შესწავლა დაგვეხმარება შევქმნათ ქვეყნის მართვის თანამედროვე, ეფექტიანი მოდელი.
აქვე ხაზი მინდა გავუსვა ერთ მნიშვნელოვან გარემოებას. მიუხედავად ჩვენი ზოგიერთი ოპონენტის მტკიცებისა, რომ თითქოს დღევადნელი ავტონომიური რესპუბლიკების თვით არსებობაც კი ეწინააღმდეგებოდეს ჩვენს კონსტიტუციას, საქართველოს 1921 წლის კონსტიტუცია როგორც აფხაზეთის, ისე აჭარისათვის ტერიტორიულ ავტონომიას ითვალისწინებდა (იხ. მუხ. 107). რაც შეეხება დღეს არსებული ავტონომიური რესპუბლიკების სახელმწიფოებრივ სტატუსს (საკუთარი კონსტიტუცია და სხვა ატრიბუტები), აქაც საქართველოს პირველ კონსტიტუციასთან არავითარი წინააღმდეგობა არ არის. 108-ე მუხლში შავით თეთრზე წერია: „წინა მუხლში მოხსენებულ ავტონომიურ მმართველობათა დებულებანი შემუშავებული იქნება ცალკე კანონით“. ამ კანონის მიღება, როგორც ცნობილია, თავის დროზე ვერ მოესწრო. ისე, რომ არსებული ავტონომიური რესპუბლიკებისათვის შესაბამისი სტატუსის მინიჭება ახლა ჩვენს ხელშია და, რაც მთავარია, კონსტიტუციის არც ერთ მუხლს არ ეწინააღმდეგება.
საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის ახალი რედაქციის შემუშავების და მიღების კონკრეტული მექანიზმი ასე შეიძლება წარმოვიდგინოთ:
1. საქართველოს პარლამენტმა დაუყოვნებლივ მიიღოს დადგენილება სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნის შესახებ;
2. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ 1993 წლის დეკემბრამდე შეიმუშაოს და შეიტანოს საქართველოს პარლამენტში კონსტიტუციის ახალი რედაქციის პროექტი, რომელიც გამოქვეყნდება საყოველთაო განხილვისათვის;
3. პარლამენტმა კონსტიტუციის ახალი რედაქციის პროექტი განიხილოს 1994 წლის მაის-ივნისში, ხმათა ორი მესამედით მიიღოს საბოლოო ტექსტი და დაინიშნოს რეფერენდუმი;
4. რეფერენდუმი ჩატარდეს 1994 წლის ოქტომბერ-ნოემბერში (ხაზს უსვამ, რომ ეს სავარაუდო ვადებია).
საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის შემუშავება-მიღების ეს მექანიზმი იმითაცაა მომგებიანი, რომ ის ზუსტად იცავს „კონსტიტუციის ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვისათვის“ ამავე კონსტიტუციის მე-17 თავში დაწესებულ ნორმებს (მუხ. 145-147).
[...]
შემუშავებული იქნება საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 17 თებერვალი. - №32(276). - 1 გვ.
![]() |
33 „გადადგომას შეჩვეული ვარ...“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს - სახელმწიფოს მეთაურს ედუარდ შევარდნაძეს ესაუბრა „მოსკოვსკიე ნოვოსტის“ საკუთარი კორესპონდენტი აკაკი მიქაძე
(სხვა გაზეთებიდან)
- მალე მას შემდეგ, რაც სათავეში ჩაუდექით სახელმწიფო საბჭოს, „მოსკოვსკიე ნოვოსტისათვის“ მიცემულ ინტერვიუში თქვენ ბრძანეთ, რომ ყველაზე მეტად გაშინებთ ქაოსი და ანარქია, რომლებიც მაშინ ქვეყანაში სუფევდა. რა გაშინებთ დღეს უპირველეს ყოვლისა?
- ჩვენი სახელმწიფოსათვის ძირითადი საფრთხე ომი კი არა, ეკონომიკური კრიზისია. ჩვენ დავანგრიეთ ის, რაც იყო, უარი ვთქვით ძველ იდეებზე და არსებითად ეკონომიკურ იზოლაციაში აღმოვჩნდით.
- არჩევნების შემდეგ მრავალი იმედოვნებდა, რომ ძველ ხელმძღვანელობას შეცვლიდნენ ახალი ადამიანები. მაგრამ თქვენი დაჟინებული რეკომენდაციით წამყვანი პოსტები დაიკავეს ნაცნობმა პირებმა.
- მაშინ არჩევანი არ გვქონდა. მხედველობაში უნდა ვიქონიოთ, თუ რა სიტუაციაში ყალიბდებოდა მთავრობა. დღეს ბევრს კამათობენ: საქართველოში გადატრიალება იყო თუ რევოლუცია? არსი ეს როდია. ვითარება ექსტრემალური იყო. არსებითად მაშინ დამყარდა სამხედრო მმართველობა. ამჟამად მიმდინარე განახლების პროცესი ბუნებრივია.
- თავის დროზე თქვენ განაცხადეთ, რომ საქართველოს ტანკები აფხაზეთში შეყვანილი იყო კომუნიკაციების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ხოლო ახლახან გენერალმა თენგიზ კიტოვანმა თქვა, აფხაზეთში იმიტომ შევედით, რომ იქ მყოფი ჩეჩნები მოგვესპოო.
- უნდა ვიხელმძღვანელოთ იმით, თუ რა მდგომარეობაში იყო იმ დროს ხელისუფლება. ჩემი სტატუსიც სხვა იყო. ახლა მე სახელმწიფოს მეთაური და უმაღლესი მთავარსარდალი, რეალური ხელისუფლების მქონე კაცი გახლავართ. მე არ მინდა იმის თქმა, რომ მაშინ ფაქტის წინაშე დამაყენეს. ვინმეს მოსპობა რომ გვდომოდა, მე დავიცდიდი და ამას შესაფერის მომენტში ვიზამდი, ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისის პირობებში ომს არ იწყებენ ხოლმე. ხოლო, რაც შეეხება ვინმეს მოსპობის შესახებ განცხადებებს, ეს გაუაზრებელი გამონათქვამებია, და მათთვის პასუხს ვერ ვაგებ. ახლა ჩვენ ვეჩვევით საშინელ სიტყვებს - „ავიღოთ სოხუმი“ ანდა რომელიღაც დასახლებული პუნქტი. თითქოს ომს სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე ვეწეოდეთ. ეს ჩვენი ქალაქები და სოფლებია. ჩვენ თავს მოგვახვიეს ეს ომი.
- მრავალი გააოცა თქვენმა განცხადებამ: „ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოწესრიგების პოლიტიკური საშუალებანი ამოწურულია. თუ ომია, ომი იყოს“.
- ეს მაშინ ითქვა, როცა სხდომებს მართავდა შერეული საკონტროლო კომისია, ხოლო შედეგები არ იყო. გამუდმებით ირღვეოდა შარშან 3 სექტემბერს მოსკოვში მიღწეული შეთანხმების პრინციპები. ეს შეთანხმება გამოიყენეს ფარად ანგარებითი მიზნების მისაღწევად. ჩვენი ნაწილები გამოყვანილ იქნა გაგრიდან. ნეგატიურ როლს ასრულებდნენ რუსეთის ჯარების ის დაჯგუფება, რომელსაც განალაგებენ გუდაუთაში, და მისი სარდლობა.
ძალიან ბევრი რამ, - მაშინაც და ახლაც - დამოკიდებულია რუსეთზე, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის გადაჭრის გასაღები იქ არის. ჩვენ, თითქოსდა შევთანხმდით მთავარ რამეზე, მაგრამ გენერალ სოროკინს, გუდაუთაში ქვეგანაყოფების სარდალს, პერიოდულად ცაში აჰყავს თვითმფრინავები, რათა დაბომბოს ჩვენი პოზიციები და მოსახლეობა. და ეს მაშინ, როცა თითქმის მივედით რუსეთთან დიდმასშტაბიანი ხელშეკრულების ხელმოწერის შესახებ მოლაპარაკების ფინალთან! ვიღაც საქართველოშიც და რუსეთშიც ძალიან დაინტერესებულია იმით, რომ არ დაუშვას ამ შეთანხმების ხელმოწერა. მაგრამ გენერლებს უნდა ესმოდეთ, რომ წყდება სახელმწიფოთა შორის ურთიერთობის ბედი და მათი საქმე არ არის პოლიტიკა.
- დღეს მრავალს აოცებს, რატომ არის დღემდე შევარდნაძე იმ ადამიანების გარემოცვაში, რომლებსაც საეჭვო წარსული აქვთ.
- ანგარიში უნდა გავუწიოთ რეალობას. თუ მხედველობაში გყავთ სამხედრო საბჭოს წევრები, რომელთაც ხელში აიღეს ძალაუფლება, ისინი ხალხმა აირჩია დეპუტატებად. მაგალითად, ჯაბა იოსელიანმა თბილისში ხმების აბსოლუტური უმრავლესობა მიიღო, კიტოვანს მხარი დაუჭირეს სოფლის რაიონში. მაგრამ მოდის პოლიტიკოსთა ახალი თაობა, და ჩვენი ამოცანაა მოვამზადოთ ისინი. მოვა დრო, და მეც მომიხდება წასვლა.
- ოპონენტებს თქვენი გადადგომა დროის საქმედ მიაჩნიათ. ისინი ამას იმით ასაბუთებენ, რომ გარკვეული წრეები მოსკოვში არასოდეს არ გაპატიებენ თქვენ აღმოსავლეთ ევროპიდან ჯარების ფორსირებულ გამოყვანას.
- მე შეჩვეული ვარ გადადგომას. თუ გამოინახება უფრო შესაფერისი კანდიდატურა. მე მზად გახლავართ, მაგრამ, თუ სერიოზულად გნებავთ, რაღაც წრეებს მე არა მარტო არ ვუნდივარ, არამედ ვძულვარ კიდეც. ესენი არიან გავლენიანი ადამიანები. სწორედ მათ ჩააგონეს აფხაზ სეპარატისტებს, რომ შეიძლება მოსწყდნენ და შევიდნენ რუსეთის შემადგენლობაში. ეს ინტრიგის ნაცნობი ტექნოლოგიაა. მე ეს ყურმოკვრით როდი ვიცი. რუსეთი ბოლომდე არ განთავისუფლებულა იმპერიული სენისაგან, ამიტომ რაღაც ძალებს ექმნებათ ასეთი საქმიანობის ასპარეზი. მაგრამ როცა მე ვლაპარაკობ კეთილმეზობლურ ურთიერთობაზე, უპირველეს ყოვლისა, ვენდობი ბორის ელცინს, რუსეთის დემოკრატიულ ძალებს, მე ხელს არ მოვაწერდი 3 სექტემბრის შეთანხმებას, რომ არ მწამდეს პრეზიდენტისა.
- დღემდე პარლამენტს არ დაუმტკიცებია თავდაცვის მინისტრი. აპირებთ თუ არა დაასახელოთ ამ პოსტზე თენგიზ კიტოვანის კანდიდატურა?
- ვფიქრობ, ჯერ არ გადამიწყვეტია. დღეს არსებული წესების დარღვევა ძალიან ძნელია.
მიმდინარეობს ომი, და საჭიროა შესაბამისი რესურსები. იგი სამხედრო კაცი არ გახლავთ, მაგრამ სამხედრო საქმე იცის. არ გამოვრიცხავ, რომ გადაყენების საკითხი შეიძლება მომწიფდეს.
- მრავალს აშინებს თქვენი ძალაუფლების გაძლიერება. როგორც ერთმა დეპუტატმა შენიშნა, თავის დროზე თქვენ საქართველო ხელთათმანივით ჩამოიცვით, თქვენს შემდეგ კი ჯერ ვერავინ ვერ მოახერხა ჩამოეცვა იგი თუნდაც ერთ თითზე.
- ვერ ვიტყოდი, რომ პარლამენტში საშინელი რამ ხდებოდეს. ეს პარლამენტთან თავმჯდომარის ჩვეულებრივი ურთიერთობაა. როცა დავაყენე ნდობის საკითხი, წინააღმდეგ ხმა მისცა სამმა, ოთხმა თავი შეიკავა. თუმცა იგრძნობა, რომ ყალიბდება გარკვეული ოპოზიცია.
- რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში შებრკოლების ლოდად რჩება საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის არმიის სტატუსი. რადიკალური პოლიტიკური პარტიები მოითხოვენ მის დაუყოვნებლივ გაყვანას და მისთვის საოკუპაციო სტატუსის მინიჭებას. შეძლებთ თუ არა საქმე მიიყვანოთ რუსეთთან დიდმასშტაბიანი შეთანხმების ხელმოწერამდე?
- თუნდაც რომ მოვითხოვოთ ჯარების დაუყოვნებლივ გაყვანა, აქედან არაფერი არ გამოვა. ბევრი, რამ უნდა აღვადგინოთ იქიდან, რაც დაინგრა. თუნდაც რომ შევქმნათ საკუთარი არმია, ისმის კითხვა: სად ვიშოვოთ იარაღი, ტექნიკის მარაგნაწილები და ასე შემდეგ?
- ამ ხნის მანძილზე, რაც საქართველოში არ ბძანდებოდით, შეიცვალა თუ არა თქვენი ხალხის ხასიათი და მენტალიტეტი?
- რა თქმა უნდა. როცა დავბრუნდი, გავოცდი. მე ვერ ვიცანი ჩემი ხალხი. დაპირისპირება ბუნებრივი მოვლენა გახდა. იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ადამიანებს სძულთ ერთმანეთი, არ შეუძლიათ ადამიანური საუბარი. დღეს, როცა პარლამენტში სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები კამათობენ, შესვენების დროს მეგობრებივით საუბრობენ. მაგალითად, ირაკლი წერეთელი მოითხოვს ჩემს გადადგომას, მაგრამ ჩვენ ვხვდებით და შეგვიძლია ერთმანეთთან საუბარი. მე შევიყვანე იგი დელეგაციის შემადგენლობაში, რომელიც გაემგზავრება ნატოს შტაბ-ბინაში. მოხარული ვიქნები, თუ იგი დიდ პოლიტიკურ მოღვაწედ ჩამოყალიბდება. უკვე მიმდინარეობს ახალი პოლიტიკური კულტურის ფორმირება. ორი საუკუნის მანძილზე ადამიანები ოცნებობდნენ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობაზე. უცებ ეს შესაძლებელი გახდა, მაგრამ მათ არ იციან, თუ რა არის ეს და როგორ გამოიყენონ იგი. მზად არიან სიცოცხლე გასწირონ თავისუფლებისათვის, მაგრამ არ იციან, როგორ ააშენონ თავიანთი ქვეყანა.
- თქვენი ნათლობის შემდეგ გიორგი გახდით. ახლა შეიძლება ასე მოგმართოთ?
- ჩემს ცხოვრებაში ჭეშმარიტად კარდინალური ცვლილებანი მოხდა. მომიხდა ბევრი რამის ხელახლა გააზრება. ეს ფორმალური აქტი როდია. რაც შეეხება სახელს, იგი არ შემიცვლია, ვრჩები ედუარდად. გიორგი კი აღვიქვი კმაყოფილებით, ასე ერქვა პაპაჩემს.
- აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა, რომლებიც წინანდელი რეჟიმისაგან განთავისუფლდნენ, თავიანთი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის შენება დაიწყეს სახელმწიფო უშიშროების სამსახურების დოსიეების პუბლიკაციით. მზად ხართ თუ არა იგივე ქნათ?
- მე არ გახლავართ ასეთი ნაბიჯის მომხრე. როცა რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრად ვმუშაობდი, დავინტერესდი, რა ხდებოდა 1937 წელს და ისეთი რამ ამოვიკითხე, თმები ყალყზე მიდგებოდა. იყო დასმენები, რომლებსაც ხელს აწერდნენ ადამიანები, მე რომ ვაღმერთებდი. დრო იყო ასეთი, ეს იყო ტოტალიტარული სახელმწიფოს ნაყოფი. ჩვენ უკვე ბოლო მოვუღეთ ამ რეჟიმს და მოდით ავაშენოთ ახალი სახელმწიფო.
„გადადგომას შეჩვეული ვარ...“ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 20 თებერვალი. - №35 (279). - 3 გვ.
![]() |
34 სოხუმის დაბომბვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრებათ რუსეთის არმიის იმ ხელმძღვანელებსა და სარდლებს, რომლებიც გუდაუთაში არიან თავმოყრილი |
▲ზევით დაბრუნება |
- იმ მონაცემებით, რომლებიც ჩვენ გაგვაჩნია, სოხუმის მშვიდობიანი მოსახლეობა დაბომბა თვითმფრინავმა, რომლის ბაზაც გუდაუთაში ბომბორას აეროდრომზე მდებარეობს. ეს არის რუსეთის ავიაცია, და ეს სადავო არ უნდა იყოს, - განაცხადა 22 თებერვალს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ - სახელმწიფოს მეთაურმა სატელევიზიო პროგრამა „ალიონის“ წამყვანთან სულხან მელაძესთან სატელეფონო საუბარში სოხუმიდან, სადაც მეორე დღეა იმყოფება. - თუკი თვითმფრინავი ჩრდილოეთ კავკასიიდან შემოვიდა, - თქვა ედუარდ შევარდნაძემ, იმავე რუსეთის სამხედრო ნაწილებს, რომლებიც გუდაუთაში არიან დისლოცირებული, აქვთ იმის ყველა საშუალება, რომ მსგავსი რამ არ დაუშვან და ჩამოაგდონ ასეთი თვითმფრინავები. ასე რომ, ასეა თუ ისე, ეს დაკავშირებულია იმ ხელმძღვანელობასთან და სარდლობასთან, რომლებიც გუდაუთაში არიან თავმოყრილი. მხედველობაში მყავს რუსეთის არმიის წარმომადგენლები. მე ვფიქრობ, - განაგრძო სახელმწიფოს მეთაურმა, - მათ ეკისრებათ სრული პასუხისმგებლობა იმისათვის, რაც მოხდა. როგორც კი თბილისში დავბრუნდები (აქედან ცოტა შეზღუდული საშუალებები გაგვაჩნია), ალბათ მექნება საშუალება და უფლება იმისა, რომ რუსეთის მთავრობას ველაპარაკო ამის შესახებ.
ტელეკომენტატორის შეკითხვაზე, - ჩამოვიდა თუ არა თქვენთან შეხვედრაზე გუდაუთაში განლაგებული რუსეთის ძალების ხელმძღვანელი გენერალი სოროკინი, სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ ამ მიზეზის გამო, მისი ჩამოსვლა არ მოხერხდა, ანდა, არ იყო ამის შესაძლებლობა. თუმცა ჩემი პირადი წარმომადგენელი იქ იყო და მასთან ერთად, მოლაპარაკებული ვიყავით, რომ იქ ჩვენი ერთი-ორი ოფიცერი აუცილებლად იქნებოდა, როგორც მუდმივი მეთვალყურე და კონტროლს გაუწევდა, რომ ჩვენს საწინააღმდეგო მოქმედებას ადგილი არ ჰქონოდა. სამწუხაროდ, - თქვა ედუარდ შევარდნაძემ, - ეს ასე არ გამოვიდა და ყოველივე ეს მხოლოდ უარყოფითად იმოქმედებს რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკების მეოთხე რაუნდზე. ის სურათი, რაც სოხუმში ვნახეთ, რეალური ნამოქმედარია და ასეთი რამ არც პირველად მომხდარა, - განაგრძო მან, - თითქოს სპეციალურად საცხოვრებელ კვარტლებს და ბინებს ბომბავენ. ეს, რა თქმა უნდა, ართულებს და აძნელებს ისედაც გარკვეულად გართულებულ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას, რაც, ცხადია, არას არგებს რუსი და ქართველი ხალხების ინტერესებს. ისე ჩანს, რომ გარკვეული ძალები ჩვენი ურთიერთობის დაძაბვით არიან დაინტერესებული.
ედუარდ შევარდნაძემ სატელევიზიო სატელეფონო საუბრისას, რომლის სრული ტექსტი საინფორმაციო სააგენტო „კონტაქტმა“ გაავრცელა, შთამბეჭდავი უწოდა ქალაქის მოსახლეობასთან შეხვედრებს და იმ შეხვედრას, რომელიც აფხაზეთის ხსნის კომიტეტთან გაიმართა. უმეტესობა, აფხაზი ინტელიგენციის წარმომადგენლები იყვნენ, - თქვა მან, - და საუბარი იყო იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ მომავალში ერთად აფხაზმა და ქართველებმა. ეს ხალხი მომავალზე ფიქრობს. მიუხედავად ამდენი მსხვერპლისა და უბედურებისა, სოხუმში 90-მდე ქორწინება არის რეგისტრირებული, აქედან, წუხელ მერვე ქორწილი იყო, როცა ქართველმა და აფხაზმა ახალგაზრდებმა ოჯახი შექმნეს ამ ბოლო თვეების განმავლობაში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ეს ორი ხალხი ინარჩუნებს ისტორიულ მემკვიდრეობას, ერთმანეთის მეგობრობისაკენ მისწრაფებას და სურვილს. დარწმუნებული ვარ, რომ ომი მალე დამთავრდება და ორი ხალხი ერთად იცხოვრება და ერთად იქნება ამ დალოცვილ მიწაზე.
საქართველოს პარლამენტის პრესცენტრი.
სოხუმის დაბომბვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრებათ რუსეთის არმიის იმ ხელმძღვანელებსა და სარდლებს, რომლებიც გუდაუთაში არიან თავმოყრილი / შევარდნაძე. ე. ; [ჩაიწერა] სულხან მელაძე // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 23 თებერვალი. - №36(580). - 1 გვ.
![]() |
35 გონების კარნახით, ხვალინდელ დღეზე ფიქრით |
▲ზევით დაბრუნება |
პარლამენტის სხდომის დღიური
23 თებერვალს მუშაობას შეუდგა პარლამენტის მორიგი პლენარული სხდომა, რომელსაც უძღვებოდა პარლამენტის სპიკერის მოადგილე რუსუდან ბერიძე. პარლამენტარებმა მოითხოვეს შემოთავაზებული რეგლამენტისათვის რამდენიმე საკითხის დამატება. მათ შორის, უმთავრესი, ბუნებრივია, იყო 20 თებერვალს რუსეთის სამხედრო თვითმფრინავის მიერ სოხუმის დაბომბვის აქცია, რამაც აღაშფოთა საქართველოს მოსახლეობა. ცხადია, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას ამ ურთულეს სიტუაციაში, პარლამენტარებს და სრულიად საქართველოს აინტერესებთ გაიგონ სინამდვილე სახელმწიფოს მეთაურისაგან, რომელიც, როგორც ცნობილია, ტრაგედიისთანავე ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან თენგიზ სიგუასთან და ვიცე-პრემიერთან ზურაბ კერვალიშვილთან ერთად სოხუმს ჩავიდა და ადგილზე გაეცნო იქ შექმნილ ვითარებას.
პარლამენტის თავმჯდომარემ - სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ გააკეთა ინფორმაცია აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების და, კერძოდ, სოხუმის დაბომბვის გამო. მან თქვა:
- სოხუმში ჩასვლა რამდენიმე ამოცანასთან იყო დაკავშირებული. პარლამენტშიც და პარლამენტის გარეთაც არაერთხელ გამოითქვა გარკვეული შეშფოთება სოხუმის დაცვის პრობლემის გამო. თავდაცვის საბჭოსა და თავდაცვის სამინისტროს გადაწყვტილებით სოხუმში გაემგზავრა სამხედრო სპეციალისტთა დიდი ბრიგადა გენერალ ანატოლი კამკამიძის ხელმძღვანელობით, რათა შეემოწმებინა კორპუსის მზადყოფნა, შეიარაღებული მდგომარეობა, პოზიციები, და რესპუბლიკის ხელმძღვანელობისათვის მოეხსენებინა შექმნილი რეალური ვითარების შესახებ. დაახლოებით ერთ კვირას მუშაობდა ის ჯგუფი იქ და მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ ადგილზე, სამხედროების მონაწილეობით გამერკვია მომხდარი ფაქტი. ეს გახლდათ პირველი ამოცანა.
ბოლო ერთი კვირის, თითქმის ათი დღის განმავლობაში სოხუმში შეიქმნა ურთულესი ვითარება - დაზიანდა მაღალი ძაბვის ხაზი, შეწყდა ელექტროენერგიის მოწოდება, გაჩერდა პურის საცხობები, პრაქტიკულად, ქალაქი სრულმა კრიზისმა მოიცვა, იგი დარჩა პურის, ენერიის, წყლის გარეშე. იმის მიუხედავად, რომ მინისტრთა კაბინეტი იღებს ზომებს - დამატებით შეაქვთ ფქვილი, ქალაქი მაინც შიმშილობს, ვერ ვაწვდით ელექტროენერგიას, წყალს.
ჩემს ჩასვლამდე ამ საკითხის მოსაგვარებლად სოხუმში გაიგზავნა საკმაოდ კვალიფიციური ჯგუფი ბატონ ზურაბ კერვალიშვილის მეთაურობით. ამ ჯგუფმა ადგილზე შეისწავლა ვითარება, დასახა ღონისძიებანი და საჭირო იყო გადაწყვეტილებების ადგილზე მიღება. ეს - მეორე. მესამე კი - იქ ჩასვლა არა მარტო ჩემი პირადი სურვილი, არამედ მოვალეობა იყო, რათა მქონოდა შეხედულება სოხუმში შექმნილ ვითარებაზე, ჩვენს ჯარზე, ოჩამჩირის ზონაზე, შევხვედროდი იმ ფორმირებებს, რომლებიც ახლა ოფიციალურად ფუნქციონირებენ, სოხუმში მომეწვია გენერალი, რომელიც წარმოადგენს რუსეთის შეიარაღებული ძალების სარდლობას გუდაუთაში. თუმცა ეს შეხვედრა არ გაიმართა.
შემოწმება ჩატარდა სოხუმსა და ოჩამჩირის ზონაში. ჩვენი ძალების შეიარაღება ნორმალურია, დღევანდელი შესაძლებლობიდან გამომდინარე იგი არ იწვევს რაიმე შეშფოთებას. ძალიან მძიმე შთაბეჭდილება დატოვა მოხსენებამ, რომ საჭიროა ჩვენი საჯარისო ფორმირებების აუცილებელი საგნებით მომარაგება. გენერალმა თავაძემ თავის ინფორმაციაში მოგვახსენა, რომ ასეთი ყინვების მიუხედავად, იქ მებრძოლ სამი ათას კაცს თბილი ტანსაცმელი არა აქვს. თუმცა თბილისიდან გაიგზავნა იმაზე მეტი, რაც საჭირო იყო. მიმაჩნია, რომ ეს საკითხი განხილვის თემა უნდა გახდეს. როგორც ჩანს, არიან ძალები, რომლებიც ასეთ დროს ხელს ითბობენ... ჩვენ ადგილზე მივიღეთ შესაბამისი გადაწყვეტილებები და ის, რაც დაკავშირებულია კვების პროდუქტებთან, ტანსაცმელთან, უახლოეს დღეებში გადაწყდება. მებრძოლებს საკმაოდ მაღალი საბრძოლო განწყობილება აქვთ. ჩვენი საუბარი ამავე თემაზე გაგრძელდა ოჩამჩირეში. აქაც და სოხუმშიც კარგი ბრიგადები ჩამოყალიბდა. ოჩამჩირეში საკმაოდ გამოცდილი ბატალიონის მეთაურები არიან, საბრძოლო მზადყოფნა კარგია. მე ვადარებ ორი-სამი თვის წინანდელ მდგომარეობას. არმიის ფორმირების საქმე მტკივნეულად მიდის, მაგრამ მაინც ვიწევთ წინ. თავდაცვის საბჭოზე უფრო დეტალურად უნდა განვიხილოთ ყოველივე და მივიღოთ საჭირო გადაწყვეტილებანი.
იმ ჯგუფმა, რომელსაც ბატონი ზურაბ კერვალიშვილი ხელმძღვანელობდა, იმუშავა სოხუმში, ოჩამჩირეში, შემდეგ იყო ფოთში, ქუთაისში, დააზუსტა ჩვენი შესაძლებლობები გენერატორების დამატებით გაგზავნის შესახებ. ჯგუფი იყო იმ ადგილებში, სადაც დაზიანდა მაღალი ძაბვის გადაცემის ხაზი და ენერგეტიკოსებმა პირობა მოგვცეს, რომ ექვს-შვიდ დღეში ხაზს აღადგენენ, სოხუმი მიიღებს ელექტროენერგიის იმ მინიმუმს, რაც უზრუნველყოფს წყლის მიწოდებას, პურის გამოცხობას, რათა ნაწილობრივ მაინც გამოსწორდეს კატასტროფული მდგომარეობა. იმისათვის, რომ სოხუმსა და ოჩამჩირეში გაიგზავნოს თხევადი გაზი, ნავთი, სანთელი, ფქვილი, მივიღეთ დამატებით ზომები.
ძალიან მძიმე განწყობილებაა სოხუმში, მაგრამ მისი მცხოვრებლები მზად არიან დაიცვან ქალაქი.
მე გახლდით დაბომბვის ადგილას. იქ დაიღუპა ადამიანი, არიან დაჭრილები, რვა სახლი დაინგრა. მქონდა ერთსაათიანი საუბრები მოსახლეობასთან. როგორ ატმოსფეროში იქნებოდა ეს საუბრები და ჩემი დამოკიდებულება ამ ფაქტის გამო, იქვე გამოვხატე. მთელი პასუხისმგებლობა მომხდართან, ამ ბარბაროსულ აქტთან დაკავშორებით - ამის შესახებ იმავე საღამოს განვაცხადე პრესკონფერენციაზე - დავაკისრე იმ ადამიანებს, ვისაც აქვს რუსეთის მთავრობის მიერ მინიჭებული უფლება, გასცეს განკარგულება რუსეთის თვითმფრინავის ამ მიზნით გამოყენების თაობაზე. პარლამენტის ტრიბუნიდან ვადასტურებ, რომ ეს არის, ჩემი აზრით, პროვოცირებული, სპეციალურად გამიზნული აქცია იმათ მხრიდან, ვისაც არც თავისი ქვეყნისათვის უნდა სიკეთე, არც თავის მთავრობას და პრეზიდენტს უჭერს მხარს და ვისაც უნდა დამატებითი სიძნელეები შეუქმნას საქართველოს.
სოხუმის ამჟამინდელი დაბომბვა ერთადერთი შემთხვევა არ არის. საცხოვრებელი უბნებისათვის ცეცხლის გახსნის ოცი ფაქტია აღნიშნული, რომლის დროსაც დაიღუპა ოცი ადამიანი, დაიჭრა ექვსასამდე კაცი. დაღუპულთა და დაჭრილთა შორის 40 პროცენტი რუსი ეროვნების მოქალაქენი არიან.
ჩემი განცხადება ამ აქციის გამო გამოქვეყნდა პრესაში. მე მახლდა უცხოელ ჟურნალისტთა ჯგუფი და უცხოეთის საინფორმაციო საშუალებებით არაერთხელ გადაიცა იგი საზღვარგარეთ. მომხრე ვარ, რომ დღეს პარლამენტმა მიიღოს შესაბამისი განცხადება.
შემდეგ ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ ილაპარაკა იმის თაობაზე, რომ რაიონის გამგებლებს მიღებული აქვთ დავალება, საჭიროების შემთხვევაში, ყველა რაიონს სამობილიზაციო მზადყოფნაში ჰყავდეს მოქალაქეები, რომლებსაც იარაღი აქვთ.
როცა კომენტარი გაუკეთა რუსეთის თავდაცვის მინისტრის პავლე გრაჩოვის ამასწინანდელ განცხადებას იმის თაობაზე, რომ რუსეთის ჯარები არ გავლენ ბათუმიდან და აფხაზეთიდან, ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ თქვა: თუ ასეთი აგრესიული განცხადებები გაგრძელდება, ჩვენ ისღა დაგვრჩენია, გამოვაცხადოთ საყოველთაო მობილიზაცია და დავიცვათ ჩვენი ქვეყანა. ეს უკიდურესი გადაწყვეტილებაა. ჩვენ ბევრი ვითმინეთ, ახლაც, ალბათ, ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რასაც ითვალისწინებს საერთაშორისო სამართალი, ვიმოქმედოთ გონების კარნახით, ვიფიქროთ ხვალინდელ დღეზე. რუსეთს ახლა თავისი სირთულეები და სიძნელეები აქვს, მოქმედებენ სხვდასხვა ძალები. ერთის მხრივ, საქართველოში კეთილშობილური მიზნებით რუსეთის სახელმწიფო გზავნის დელეგაციას უზენაესი საბჭოს ეროვნებათა საბჭოს თავმჯდომარის რამაზან აბდულატიპოვის და მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის სერგეი შახრაის შემადგენლობით და მეორე მხრივ, იძლევა ბრძანებას დაბომბეთ ესა თუ ის უბანიო. მე მქონდა შეხვედრა დელგაციასთან და ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ ისინი მზად არიან ეძებონ კონფლიქტის მშვიდობიანად გადაწყვეტის გზები, შემოთავაზებული იყო ასეთი წინადადება, რომ კარგი იქნება, თუ ერთმანეთს შეხვდებიან კავკასიის რეგიონის ქვეყნებისა და რუსეთის ხელმძღვანელობა. მე არ გამომიხატავს აქტიური მხარდაჭერა, რადგან ვთქვი, რომ ნამდვილად უნდა გვქონდეს წარმოდგენილი, რა არის ეს, რით დამთავრდება. მას შემდეგ, რაც არ შესრულდება 3 სექტემბრის ხელშეკრულება, მოიშალა ცხინვალის საკონტროლო სისტემა, აფხაზეთში კი ისეთი მდგომარეობაა, რომ რუსეთს განვიხილავთ კონფლიქტის მონაწილე მხარედ - ეს დავწერე გაეროს გენერალური მდივნის სახელზე გაგზავნილ წერილში - ცოტა ბუნდოვანია დელეგაციის შემოთავაზებული წინადადება.
შევეცდები საუბარი შედგეს ბატონ ელცინთან, რათა არ დავუშვათ მოვლენათა შემდგომი დრამატული განვითარება, გაირკვეს მისი პოზიცია და დამოკიდებულება ამ ფაქტისადმი.
შეეხო რა ამ დღეებში, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მეორე საგანგებო კონფერენციის დროს მომხდარ ინციდენტს, ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა, რომ ამის მოწყობა შეუძლია მხოლოდ პროვოკატორს. - როცა ეს ამბავი სოხუმში შევიტყვე, - თქვა მან, - მაშინვე ვთხოვე ბატონ თედო ნინიძეს, სასწრაფოდ შეექმნა ავტორიტეტიანი საგამოძიებო ჯგუფი, რათა ამას ნათელი მოეფინოს. დაინტერესებული ვარ, რომ გაირკვეს სიმართლე, დადგინდეს ნამდვილი დამნაშავე.
შემდეგ სახელმწიფოს მეთაურმა ილაპარაკა საქართველოს რესპუბლიკაში რუსეთის ფედერაციის უზენაესი საბჭოს ეროვნებათა საბჭოს თავმჯდომარის რამაზან აბდულატიპოვის და რუსეთის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის სერგეი შახრაის სამუშაო ვიზიტის დროს მიღებული კომუნიკეს შესახებ. აღსანიშნავია, რომ მათ ჰქონდათ ამ დოკუმენტის თავიანთი პროექტი და მან მიიღო ისეთი სახე, რომელიც გარკვეულ წინააღმდეგობას, შეშფოთებას იწვევს. ალბათ, გაიმართება დისკუსია და პარლამენტი თავის მოსაზრებას გამოხატავს კომუნიკეს გამო.
მომხრე ვარ, აღნიშნა ბატონმა შევარდნაძემ, დაიწყოს საპარლამენტო დისკუსია რუსეთთან დამოკიდებულების დღევანდელი ეტაპის შესახებ, რათა მთელმა საქართველომ იცოდეს, ვის რა პოზიცია, როგორი ხედვა აქვს. მოვიდა დრო, პარლამენტმა თავისი სიტყვა თქვას ამ საკითხზე. ბატონ ედუარდ შევარდნაძის ინფორმაციამ აზრთა ცხოველი გაზიარება გამოიწვია. მან უპასუხა პარლამენტართა შეკითხვებს. შემდეგ პარლამენტის წევრები შეუდგნენ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხის - საქართველოს რესპუბლიკაში რუსეთის ფედერაციის უზენაესი საბჭოს ეროვნებათა საბჭოს თავმჯდომარის რამაზან აბდულატიპოვის და რუსეთის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის სერგეი შახრაის სამუშაო ვიზიტის დროს მიღებული კომუნიკეს განილვას. პარლამენტმა, ძირითადად, უარყოფითი დამოკიდებულება გამოხატა ამ დოკუმენტის მიმართ, და როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა თენგიზ სიგუამ განაცხადა, კომუნიკე არ ასახავს იმ სულისკვეთებას, რომელშიც მიმდინარეობდა მოლაპარაკება დელეგაციასა და ქართულ მხარეს შორის.
კამათმა საკმაოდ მწვავე ხასიათი მიიღო. მასში მონაწილეობდა სახელმწიფოს მეთაური ედუარდ შევარდნაძე. მან წამოაყენა წინადადება, დოკუმენტი გადაეცეს პარლამენტის საგარეო საქმეთა კომისიას შესაბამისი დასკვნების გასაკეთებლად.
სხდომა გვიანობამდე გაგრძელდა.
გონების კარნახით, ხვალინდელ დღეზე ფიქრით // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 24 თებერვალი. - №37 (581). - 1 გვ.
![]() |
36 ვინ უნდა წაართვას რუსეთს შავი ზღვა?.. |
▲ზევით დაბრუნება |
ედუარდ შევარდნაძის განცხადება
25 თებერვალს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ - სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ პარლამენტის სხდომაზე განცხადება გააკეთა რუსეთის ფედერაცის თავდაცვის მინისტრის პავლე გრაჩოვის მოსალოდნელი ვიზიტის შესახებ აფხაზეთსა და ბათუმში. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ფართოდ განიხილავენ ამ თემას, თითქოს ბატონმა გრაჩოვმა მიიღო ასეთი გადაწყვეტილება გუდაუთასა და ბათუმში დისლოცირებული რუსეთის ჯარების ნაწილების ინსპერირებისათვის.
- პარლამენტის წევრებმა არაერთხელ მომმართეს კითხვით რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრის გენერალ გრაჩოვის მოსალოდნელი ვიზიტის შესახებ ბათუმსა და გუდაუთაში, - თქვა ედუარდ შევარდნაძემ, - ამასთან დაკავშირებით მინდა განვაცხადო, რომ არავითარი წინასწარი კონსულტაციები ამ საკითხზე არ გამართულა. ჩემთვის, ისევე როგორც თქვენთვის, ამ საკითხის დაყენება სრულიად მოულოდნელი იყო. როგორც იტყვიან, დავდექით ფაქტის წინაშე. განსაკუთრებით ცუდი ის არის, რომ ბატონი გრაჩოვის ბათუმში და აფხაზეთში ჩამოსვლას, თუ ეს მოხდება, წინ უძღოდა, რბილად რომ ვთქვათ, მისი მავნე განცხადებები რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებთან დაკავშირებით ბათუმში, გუდაუთაში. რა თქმა უნდა, მხედველობაშია აფხაზეთი, შავი ზღვის რეგიონი საერთოდ. საქართველოსთვის რომ მიუღებელია ასეთი გაგება უცხო ქვეყნის სტრატეგიული ინტერესებისა, თავისთავად ცხადია, მაგრამ ეს განცხადება, ჩემი აზრით, უფრო საშიშია, ვიდრე იგი ერთი შეხვედრით ჩანს, და ამიტომაც ამ ვიზიტის მიმართ არ შეიძლება ერთმნიშვნელოვანი დამოკიდებულება იყოს. ისე გამოდის, რომ ბათუმი და გუდაუთა თავდაცვის მინისტრს აინტერესებს იმის გამო, რომ რუსეთმა არ დაკარგოს შავი ზღვა. ასეა ნათქვამი მის განცხადებაში. კი მაგრამ, ვინ უნდა წაართვას რუსეთს შავი ზღვა? ბუნებრივია, ისმის კითხვა - თურქეთმა, უკრაინამ თუ შავიზღვისპირეთის რომელიმე სხვა სახელმწიფომ? უნდა განვაცხადო, რომ საქართველოსათვის ასეთი „თამაში“ მიუღებელია, რამეთუ ჩვენ თურქეთთანაც, უკრაინასთანაც, შავიზღვისპირეთის სხვა ქვეყნებთანაც, თითქმის ყველა ქვეყანასთან მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობა გვაკავშირებს და სულაც არა გვაქვს სურვილი ჩავდგეთ რომელიმე ძალის სამსახურში ჩვენი მეზობლებისა და მეგობრების წინააღმდეგ, თუნდაც ეს წინააღმდეგობა ოცდამეერთე საუკუნეში გახდეს რეალობა. მე მივესალმები ბატონ გრაჩოვთან შეხვედრას, ვთქვათ, თბილისში ან რომელიმე სხვა რეგიონში ოღონდ წინასწარი მოლაპარაკების, კონსულტაციების შემდეგ, როგორც საერთოდ ეს ხდება სახელმწიფოთა ურთიერთობაში, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის დღევანდელ ეტაპზე ბევრი მწვავე და რთული საკითხი დაგროვდა, ბევრი რამ არის გასარკვევი. გუშინდელ განცხადებაში პარლამენტმა არა მარტო პროტესტი გამოთქვა, არამედ ის პრობლემებიც აღნიშნა, რომლებიც მოითხოვს პასუხს ორი სახელმწიფოს ხელმძღვანელობისაგან. როგორც გითხარით, ბევრი რამ არის გასარკვევი. ამიტომ, ყოველგვარი დიალოგი სასარგებლოა, მათ შორის თავდაცვის მინისტრთანაც. მაგრამ არა ამგვარი გზით და არა ამგვარი ფორმით. ვფიქრობ, ინფორმაციის საშუალებები საკმაოდ ოპერატიულად მუშაობენ და ის, რაც ახლა ვთქვი, ალბათ, ცნობილი გახდება ბატონი გრაჩოვისათვის. მე მგონი, ის, რაც მოგახსენეთ, სულაც არ ნიშნავს მის დაპატიჟებას გუდაუთაში და ბათუმში. თუ ბატონ გრაჩოვს სურს საქართველოში ჩამოსვლა, ვფიქრობ ამისათვის არსებობს ასეთი გზა - სახელმწიფოს მეთაურმა უნდა იცოდეს იმის შესახებ, რომ არსებობს ასეთი სურვილი უნდა გაიმართოს საუბარი, განხილვა, კონსულტაციები ბატონ გრაჩოვის ვიზიტი ბათუმში იგივე არ არის, რაც მისი ვიზიტი როსტოვში. თუ ასეთი აზრი იქნება, მე მას, რა თქმა უნდა, შევთავაზებ ჩამობრძანეს დედაქალაქში, დავსხდებით, ვისაუბრებთ, როგორც ეს სერიოზულ ხალხს და სერიოზულ პოლიტიკოსებს შეეფერებათ. შემდეგ კი მოვილაპარაკებთ, არის თუ არა ამა თუ იმ რეგიონში მისი ჩამოსვლის აუცილებლობა, იმიტომ რომ, ვფიქრობ, ასეთი ვიზიტი არაფერ სიკეთეს არ მოუტანს არც საქართველოს, არც რუსეთს, არც ჩვენს ურთიერთობას და არც შავიზღვისპირეთის ქვეყნების იმ მეგობრული ურთიერთობის განვითარებას, რომელსაც ახლა ეყრება საფუძველი და რომელშიც თვით რუსეთიც აქტიურად მონაწილეობს. აი, ასეთი განცხადების გაკეთება შემიძლია დღეს მე იმ კითხვებთან დაკავშირებით, რომლებიც სავსებით კანონზომიერად დაებადათ პარლამენტის წევრებს.
საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის პრესსამდივნო.
ვინ უნდა წაართვას რუსეთს შავი ზღვა?.. : ედუარდ შევარდნაძის განცხადება // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 26 თებერვალი. - №39(583). - 1 გვ.
![]() |
37 იმედისმომცემი ხელშეკრულება |
▲ზევით დაბრუნება |
ედუარდ შევარდნაძის სიტყვა
პირველ მარტს საქართველოს პარლამენტის სააქტო დარბაზში საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჩიკვაიძემ და ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში კენტ ბრაუნმა საზეიმო ვითარებაში ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობათა შესახებ.
ხელმოწერას ესწრებოდა სახელმწიფოს მეთაური ედუარდ შევარდნაძე. ხელმოწერის შემდეგ ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ და კენტ ბრაუნმა წარმოთქვეს სიტყვები.
ჩვენო სტუმრებო, მე ვფიქრობ, რომ იმ ხელშეკრულებას, რომელსაც დღეს ხელი მოვაწერეთ, უაღრესად დიდი მნიშვნელობა ექნება პირველ რიგში საქართველოსათვის. მე მიმაჩნია, რომ ეს ხელშეკრულება, რომელიც ხელსაყრელ პირობებს უქმნის ორ სახელმწიფოს შორის სავაჭრო ურთიერთობის განვითარებას, მხარდაჭერაა სწორედ ამ ახალი მოძრაობისათვის.
ამ აქტში მე ვხედავ ეკონომიკური ასპექტის გარდა, ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის და სახელმწიფოს მხარდაჭერას იმ პროცესების მიმართ, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს. მე მხედველობაში მაქვს დემოკრატიული საქართველოს მშენებლობის პროცესი, თუ ორივე მხარე გამოიყენებს იმ შესაძლებლობას, რასაც ქმნის ეს ხელშეკრულება, მე ვფიქრობ, ეფექტი ძალიან მაღალი იქნება.
მე მინდა აქ დამსწრე საზოგადოებას, ჩემს თანამემამულეებს მივულოცო ძალიან მნიშვნელოვანი აქტი და მადლობა მოვახსენო ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციას და პირადად პრეზიდენტს, ბატონ კლინტონს იმისათვის, რომ ასე ოპერატიულად გადაწყვიტა ეს დიდმნიშვნელოვანი საკითხი საქართველოსათვის.
იმედისმომცემი ხელშეკრულება // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 2 მარტი. - №32(585). - 1 გვ.
![]() |
38 ედუარდ შევარდნაძე: რუსეთთან ურთიერთობა რთულ ფაზაშია და ეს არა მარტო ჩემს შეშფოთებას იწვევს, არამედ რუსეთში არსებულ იმ ძალებსაც აღელვებს, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ იგი არ შეესაბამება არც ქართველი ხალხის და არც რუსი ხალხის ინტერესებს |
▲ზევით დაბრუნება |
1 მარტის რადიოინტერვიუ
- განვლილი კვირა დაძაბული პერიოდი იყო რესპუბლიკის ცხოვრებაში, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ - სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ თავის ტრადიციულ რადიოინტერვიუში 1 მარტს, როცა წინა კვირის მოვლენები შეაფასა. - ამ მოვლენებისადმი, - თქვა მან, - საქართველოს ხელისუფლებამ უკვე გამოხატა თავისი დამოკიდებულება და იგივე გააკეთა ჩვენმა პარლამენტმაც. რუსეთთან ურთიერთობა ახლა რთულ ფაზაშია და ეს არ მარტო ჩემს შეშფოთებას იწვევს, არამედ ძალიან აღელვებს რუსეთში არსებულ იმ ძალებსაც, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ იგი არ შეესაბამება არც ქართველი ხალხის და არც რუსი ხალხის ინტერესებს. არსებული მდგომარეობა დაამძიმა და გაართულა ბატონ გრაჩოვის ვიზიტმა და მისმა დაუფიქრებელმა განცხადებებმა. თავისთავად ასეთ ვიზიტს ბათუმში ან, ვთქვათ, ქუთაისში, სადაც რუსეთის ჯარის ნაწილები არიან, შეიძლება არ მიეღო ასეთი დრამატული ხასიათი, მაგრამ, როცა უშუალოდ კონფლიქტის ზონაში გამოჩნდება მეორე სახელმწიფოს თავდაცვის მინისტრი, ამას არავითარი გამართლება არა აქვს.
მე მაინც იმის მომხრე ვარ, რომ რუსეთ-საქართველოს დიალოგი გაგრძელდეს. - განაგრძო სახელმწიფოს მეთაურმა, - ამ საკითხს სპეციალურად განიხილავს ჩვენი პარლამენტი, პარლამენტარებს დაურიგდებათ ძირითად ხელშეკრულებათა პროექტები და მათ ექნებათ საშუალება, გამოხატონ თავიანთი დამოკიდებულება. მერე იმ შენიშვნების გათვალისწინებით, რომლებიც პარლამენტზე გამოითქმება, შესაძლებელია გაგრძელდეს მოლაპარაკება. მით უმეტეს, რომ სახელმწიფოს მეთაურს პარლამენტმა დაავალა გააგრძელოს ასეთი მოლაპარაკება კონფლიქტის ზონიდან რუსეთის ჯარების გაყვანის საკითხებზე. ამასთან, არის ზოგადი დავალებაც, რომ ვაწარმოო მოლაპარაკება რუსეთთან. მეოთხე რაუნდი დამამთავრებელი უნდა იყოს. დოკუმენტები კონდიციამდე უნდა მივიდეს, მერე შედგება თუ არ შედგება ხელმოწერაზე მოლაპარაკება, ეს მხარეთა გადასაწყვეტი იქნება. მაგრამ, როგორც საქართველოს, ისე რუსეთის ხელისუფლებას დასჭირდება უფრო ნათლად გამოხატოს თავისი პოზიცია. ამჟამად კი, - განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ - პირდაპირ უნდა ვთქვა, რომ რუსეთს საკმაოდ ნეგატიური პოზიცია უჭირავს ამ პრობლემასთან დაკავშირებით და ეს პოზიცია იმაში მდგომარეობს, რომ ამ ეტაპზე ხელი მოეწეროს ხელშეკრულებას რუსეთის ჯარების სტატუსის შესახებ, ე.ი. გადაწყდეს რუსეთის ჯარების ბედი, ამის შემდეგ მოწესრიგდეს აფხაზეთის კონფლიქტი და მხოლოდ შემდგომ ეტაპზე დადგეს სხვა ხელშეკრულებებზე ხელმოწერის საკითხი. ამ საკითხისადმი და საერთოდ, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის სამართლებრივი ბაზის მომზადების და მასზე ხელმოწერის პრობლემებისადმი ამგვარი მიდგომა არაფრით არ არის გამართლებული, ხაზგასმით თქვა სახელმწიფოს მეთაურმა, - ვფიქრობ, მოლაპარაკებათა მეოთხე რაუნდის დროს ყველაფერი გაირკვევა და გადაწყვეტილებასაც მივიღებთ.
კომენტატორის შეკითხვაზე, თუ რა აზრისაა სახელმწიფოს მეთაური რუსეთის პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლითაც ბატონმა ელცინმა მოითხოვა განსაკუთრებული უფლებები ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მიმართ, ედუარდ შევარდნაძემ თქვა, რომ მას არ ჰქონდა საშუალება მოესმინა რუსეთის პრეზიდენტის ასეთი განცხადება.
მაგრამ თუკი ეს ასეა, აღნიშნა ედუარდ შევარდნაძემ, - იგი შემთხვევითი ფრაზა უნდა იყოს, თუკი შემთხვევითი არ არის, და ამას მართლა მოითხოვენ, ეს უკვე სამწუხარო მოვლენაა. ხომ არ არის ეს იმ ახალი როლის გამოვლინება, რომელიც ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის მიმართ სურთ შეასრულონ?.. მე ამ როლზე წინათაც ვლაპარაკობდი, მაგრამ მაშინ მასში რუსეთის რეაქციულ ძალებს ვგულისხმობდი. ალბათ კარგად გავერკვევი ამ საქმეში და მერე კონკრეტულად ვიტყვი ჩემს აზრს, - დასძინა მან.
შეეხო რა აფხაზეთში, ეშერას ზონაში მდებარე რუსეთის სამხედრო ლაბორატორიის პრობლემას, ედუარდ შევარდნაძემ აღნიშნა, რომ ამ ობიექტთან კონფლიქტის გამწვავების უაზრო მსხვერპლის, ჯარების არასასურველი დისლოკაციის ბევრი მომენტია დაკავშირებული, - გამოსავალს იმაში ვხედავ, - თქვა მან, - რომ ან ამ ლაბორატორიის ერთობლივ დაქვემდებარებაზე ვფიქრობ, ანდა საერთოდ დაკონსერვდეს იგი, რომ ის გამაღიზიანებელი მომენტები, რომლებსაც ობიექტი ქმნის ორი ქვეყნის ურთიერთობაში, როგორმე გამოირიცხოს. ანდა, - განაგრძო სახელმწიფოს მეთაურმა, - მოვიწიოთ შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც მასზე სათანადო კონტროლს დააწესებენ. თუმცა, არა მგონია აქ რაიმე სერიოზული ბირთვული ცდები ტარდებოდეს, მაგრამ მაინც ასე აჯობებს, - დასძინა მან.
კომენტატორის კითხვაზე, მარტში ხომ არ არის მოსალოდნელი პუტჩი რუსეთში, ედუარდ შევარდნაძემ თქვა, რომ, მისი აზრით, პუტჩამდე საქმე არ უნდა მივიდეს, მაგრამ მარტი ნამდვილად მძიმე გამოცდა იქნება რუსეთისათვის. - ეს დეკადა და თვის პირველი ნახევარი ბევრ საკითხს გასცემს პასუხს... პირველ რიგში, ეს ეხება რეფერენდუმის საკითხის გადაწყვეტას, - თქვა სახელმწიფოს მეთაურმა.
შემდეგ საუბარი შეეხო აჭარას. ხომ არ შეიძლება მოხდეს ისე, რომ ეს კუთხე გახდეს მესამე კონფლიქტის კერა საქართველოში? საქართველოს სახელმწიფოს მეთაურმა უარყო ამის შესაძლებლობა. შეიძლება ვცდები, - ხაზგასმით თქვა მან, - მაგრამ ღრმად მჯერა და მწამს, რომ ახალი საკონფლიქტო კერის წარმოქმნა აჭარაში გამორიცხულია. მე ძალიან კარგად ვიცი იქაური მოსახლეობის განწყობილება, რომ აჭარა საქართველოა და საქართველო - აჭარა. ასეთ გამოთქმასაც ხმარობს ხალხი. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ვიზიტი ისეთი ვიზიტი არ არის, რომელმაც შესაძლოა აქ სიტუაციის დრამატიზებამდე მიგვიყვანოს. აჭარაში აქამდე საქმე არ მივა. სხვა საკითხია მისი განცხადებები, რომლებიც მე დავგმე.
სახელმწიფოს მეთაურმა განმარტა ახლახან საქართველოში ირანის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებული საკითხები და აღნიშნა, რომ ეს ვიზიტი მთლიანად სამხედრო თემას არ შეეხებოდა. ჩვენ არ გაგვიხილავს რაიმე კონკრეტული სამხედრო კონტაქტები და, თუკი რაიმე ამ მხრივ იქნება, გამორიცხულია, რუსეთის ფაქტორის გარეშე, რადგან ჩვენი თავდაცვის სფეროს ყველა სამეცნიერო თუ სხვა უწყება ძალიან მჭიდროდ არის დაკავშირებული რუსეთის შესაბამის ცენტრებთან.
ინტერვიუს დროს რადიოკომენტატორმა წამოჭრა ახლახან რუსეთის დელეგაციის თბილისში ყოფნის დროს ხელმოწერილ კომუნიკესთან დაკავშირებული პრობლემა, საპარლამენტო განხილვის საგანი რომ გახდა. ჩვენმა ჯგუფმა, რომელიც კომუნიკეზე მუშაობდა, იჩქარა, - თქვა ედუარდ შევარდნაძემ, - აჩქარება საერთოდ ასეთ დროს არ შეიძლება. მაგრამ ეს არ არის იმ რანგის დოკუმენტი, რომელმაც ახალი ვნებათაღელვა შეიძლება გამოიწვიოს. ახლა მოსკოვში იმყოფება ბატონი სანდრო კავსაძე, იგი განაგრძობს მოლაპარაკებას და შესაძლოა მასში შეიტანონ რაიმე ცვლილებები, - დასძინა მან.
სახელმწიფოს მეთაურმა ინტერვიუს დროს ყურადღება დაუთმო იმ პრობლემებს, რომლებიც სარკინიგზო, საავტომობილო ტრასების და გაზსადენების დაცვას უკავშირდება და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ობიექტები და არტერიები, რომლებიც სომხეთთან გვაკავშირებს, საგანგებო ობიექტებად არის გამოცხადებული და მათი დაცვის წესებიც საგანგებო იქნება... ამ არტერიით, - თქვა მან, - გაზს იღებს სომხეთი, რომლის მდგომარეობაც ძალიან ცუდია, და ამ გზით მარაგდება ნახიჩევანიც. იგივე ითქმის რკინიგზაზეც. საგანგებო ზომები იმიტომ შემოვიღეთ, რომ არ გაგვირთულდეს მდგომარეობა მეზობელ სომხეთთან, აზერბაიჯანთან. ეს აფეთქებები კი სწორედ იმისათვის არის გამიზნული, რომ ასეთი რამ მოხდეს. ამიტომ ეს სამივე ქვეყნის ინტერესებში შედის. ახლა მთავრდება სარკინიგზო პოლიციის რაზმების ფორმირება, - განაგრძო მან, - ისინი დაიცავენ ამ მაგისტრალებს; იქმნება სატრანსპორტო ტრასების დაცვის სპეციალური რაზმები და დაცული იქნება ტრასაც, რომელიც ბოლნისის გავლით მეზობელ ქვეყანასთან გვაკავშირებს. აღდგება თბილისის პოლიციის პოლკიც, რომელიც ასევე ჩაერთვება ამ საქმეში. ცხადია, ამ დანაყოფების შექმნა დიდ სახსრებთან არის დაკავშირებული, მაგრამ ეს სახსრები უნდა გავიღოთ, რომ შემდეგ ტრასებიდან მივიღოთ შესაბამისი უკუგება. ჩვენ ახლა სომხეთთან 15-მდე სხვადასხვა ხელშეკრულება გვაქვს ხელმოსაწერი. ამ დოკუმენტებზე მუშაობა მიმდინარეობს და რაც უფრო მალე დამთავრდება ეს მუშაობა, მით უკეთესი იქნება. ჩვენც გვქონდა სიძნელეები, ისევე როგორც მათ, ახლა კი არის შესაძლებლობა, რომ გაიმართოს ეს ხელმოწერა ან ერევანში, ან თბილისში. ასე რომ, თუ გახსოვთ, ჩვენი პირველი კონტაქტები სომხეთთან იყო, ჯერ მე ვიყავი იქ, მერე ისინი ჩამოვიდნენ და ეს კონტაქტები გაგრძელდება. მალე იქნება ასეთი ვიზიტი უკრაინაში, რომელსაც ასევე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ, შემდეგ შედგება ვიზიტი გერმანიაში. არის ბევრი მიწვევა სხვა ქვეყნებში, მათს შორის ჩინეთშიც. თითქოს რა უნდა სურდეს ამ დიდ ქვეყანას ჩვენს პატარა ქვეყანასთან, მაგრამ თურმე პატარა ქვეყნებსაც შეუძლიათ თავისი წვლილის შეტანა საერთო საკაცობრიო ინტერესებში. ჩვენ კი ამ დიდი ქვეყნის ეკონომიკური ფენომენი ძალიან გვაინტერესებს. ამ უახლოეს დეკადაში გათვალისწინებულია ვიზიტი თურქეთშიც, სხვა ვიზიტებიც იქნება, რომლებიც ხელს შეუწყობენ ქვეყანაში სტაბილურობის დამყარებას და ჩვენს ეკონომიკურ წინსვლას.
მაგრამ დასახულ საბოლოო მიზანს ვერ მივაღწევთ, თუკი ქვეყანა, მთელი ხალხი შრომაში არ ჩაება. ახლა კიდევ გამოგვიგზავნეს 50 ათასი ტონა ხორბალი ამერიკელებმა, მაგრამ მარტო ასეთი დახმარებით ვერ ვიარსებებთ. ვისაც რა შეგვიძლია, ის წვლილი უნდა შევიტანოთ საერთო საქმეში. ყველა ქალაქელმა უნდა მიიღოს მიწის ნაკვეთი, ყველამ ბარსა და თოხს უნდა მოჰკიდოს ხელი და ბოსტნეულით მაინც უზრუნველყოს საკუთარი ოჯახი.
ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ახლა რესპუბლიკის გაზმომარაგება არ შეფერხდეს, - განაგრძო სახელმწიფოს მეთაურმა, - მაგრამ მომავალზე ზრუნვაც არის საჭირო. გაისად ის გაზი, რომელსაც ახლა თურქმენეთიდან ვიღებთ, ნახევარი მილიარდი დოლარი დაჯდება და, თუკი მისი ექვივალენტური რაოდენობის პროდუქციის დამზადება ვერ შევძელით, ისე ამ ენერგომატარებელს ვეღარ მივიღებთ. ამ საკითხების მოსაგვარებლად იმყოფებოდა პრემიერ-მინისტრი ბატონი თენგიზ სიგუა თურქმენეთში და ახლა ამავე მიზნით ჩავიდა ტიუმენში. ვიმეორებ, ახლა კრიზისიდან გამოსვლის რაღაც კონცეფციებზე კი არ უნდა ვლაპარაკობდეთ, არამედ მუხლჩაუხრელად უნდა ვშრომობდეთ, რომ კრიზიდან გამოვიდეთ, ყოველდღიურ შრომას კონცეფცია არ სჭირდება, - თქვა ედუარდ შევარდნაძემ.
საქართველოს პარლამენტის პრეს-ცენტრი.
ედუარდ შევარდნაძე: რუსეთთან ურთიერთობა რთულ ფაზაშია და ეს არა მარტო ჩემს შეშფოთებას იწვევს, არამედ რუსეთში არსებულ იმ ძალებსაც აღელვებს, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ იგი არ შეესაბამება არც ქართველი ხალხის და არც რუსი ხალხის ინტერესებს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 2 მარტი. - №32 (585). - 1 გვ.
![]() |
39 ედუარდ შევარდნაძე: ჩვენ მომავალზე ფიქრი, მასზე ნიადაგ ზრუნვა და ჩვენი დიდი წარსულის პატივისცემა გვაერთიანებს |
▲ზევით დაბრუნება |
8 მარტის რადიოინტერვიუ
- სოხუმის დასაცავად ჩემს იქ ჩასვლამდეც იყო ზომები მიღებული, მაგრამ ჩემი უპირველესი მიზანი ის გახლდათ, რომ პირადად დავრწმუნებულიყავი ამაში, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ - სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ საქართველოს რადიოს კომენტატორ ნატო ონიანთან თავის ტრადიციულ საორშაბათო ინტერვიუში, როცა წინა კვირის მოვლენების ანალიზი გააკეთა. - ოთხი დღის განმავლობაში მე საშუალება მქონდა დეტალურად გავრკვეულიყავი სიტუაციაში ყველა მიმართულებით, - თქვა მან, - და სადაც საჭირო იყო, ზომების მიღება, მიმეღო კიდეც. მე შეხვედრები მქონდა ყველასთან, ვინც კი სოხუმის დაცვასთან არის დაკავშირებული და მინდა დავარწმუნო სოხუმელები, რომ ქალაქი საიმედოდ არის დაცული! სოხუმში ჩემი ჩასვლის მიზანი იყო აგრეთვე ის, რომ ზუსტი წარმოდგენა მქონოდა იმ პროცესებზე, რომლებიც ახლა ჩვენს არმიაში მიმდინარეობს. მოგეხსენებათ, მისი მშენებლობა ექსტრემალურ პირობებში ხდება, მაგრამ მინდა გითხრათ, - ხაზი გაუსვა მან, - რომ სამხედრო კორპუსმა, რომელშიც ახლა ჩვენი ყველა ფორმირება და რაზმი შედის, კარგი შთაბეჭდილება დატოვა. მე ოთხი დღე მოვანდომე მისი საბრძოლო თუ ყოფითი პრობლემების შესწავლას ბატალიონიდან დაწყებული კორპუსის შტაბამდე და ეს შეფასება ამას ემყარება. მე დავრწმუნდი, რომ ჩვენ უკვე ვუახლოვდებით იმ სტანდარტებს, რომელზეც ვფიქრობდით. სულ რაღაც ორ-სამ თვეში გაიზარდა და დავაჟკაცდა ხალხი. საბრძოლო პირობებში ეს ბუნებრივი პროცესია და ეს ზრდა სულ უფრო სწრაფი ტემპით მიდის. კარგი შთაბეჭდილება დატოვეს ბატალიონების, ბრიგადების და თვით კორპუსის ხელმძღვანელებმა. თუ ადრე აქ იშვიათად ნახავდით დაგეგმილ ოპერაციებს, ახლა სამხედრო აზროვნების და მისი პრაქტიკული ხორცშესხმის დონე უკვე საკმაოდ მაღალია, უძნელეს პირობებში მიმდინარეობს ჩვენი არმიის ფორმირება; თუმცა ჩვენ არა გვაქვს საშუალება, ისე როგორც საჭიროა დავეხმაროთ მათ ეკონომიკურად და ფინანსურად. ეს პროცესი მაინც მიდის.
გრაჩოვის ვიზიტსა და მის კონტაქტზე აფხაზეთთან მე ბევრი ვილაპარაკე და მასზე აღარ შევჩერდები, - თქვა ედუარდ შევარდნაძემ, - აქედან მხოლოდ ერთადერთი დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ: ამან არც აფხაზებს და არც ქართველებს არავითარი ხეირი არ მოუტანა. უშუალოდ, გუდაუთელებთან კონტაქტები არ გვქონია, არ მოხერხდა. მაგრამ აფხაზებთან საუბრები იყო და იმედია, ასეთი ურთიერთობა თავის შედეგს გამოიღებს. სოხუმში ჩემი ყოფნის დროს მეტი დროც მქონდა და მეტი საშუალებაც, რომ ყველას შევხვედროდი. ეს ეხება სამხედროებსაც და მოსახლეობასაც. მათი საერთო სულისკვეთებაც უაღრესად კარგ შთაბეჭდილებას სტოვებს. ეს შეიძლება ითქვას გალის რაიონის გამგეობის ხელმძღვანელებზეც, იქაურ სამხედრო ხელმძღვანელებზეც, საერთოდ, ხალხზე, ადგილობრივი მკვიდრი იქნება იგი თუ ლტოლვილი. ყველგან ვხედავდი ერთ ადამიანურ სულისკვეთებას, თავდადებული მოქმედებისათვის, თავგანწირვისათვის მზადყოფნას, საოცარი შემგუებლობის უნარს, რომ როგორმე გადაიტანონ უკიდურესი გაჭირვება. მე შევხვდი დაღუპულ ვაჟკაცთა დედებს - უშვილძიროდ, უსახლკაროდ დარჩენილთ, ყველა დარდი და ვაება ერთად რომ დაატყდათ თავს, და გამაოცა მათმა გაუტეხლობამ, სიბრძნემ, რომ მაინც საქართველოს ერთიანობაზე, მისთვის თავდადებაზე ლაპარაკობენ და ფიქრობენ... შეუძლებელია ამან არ შეგმატოს ძალა. აი, ეს არის ჩემი ოპტიმიზმის საფუძველი. მე შევხვდი მებრძოლს, გვარად ნადარეიშვილს, რომელსაც მთელი ოჯახი ამოუწყვიტეს, იგი ერთ-ერთ ქართულ სოფელში ცხოვრობდა, რომელიც ახლა მოწინააღმდეგეს უკავია. მარტოდმარტო დარჩენილი ამ ადამიანის საფიქრალი და საზრუნავი საქართველოს ერთიანობაა. უკანასკნელ სისხლის წვეთამდე ვიბრძოლებ, ვიდრე არ დავრწმუნდებით, რომ საქართველოს ერთიანობა გარანტირებულიაო, - მითხრა მან, იქ თავიანთი შვილების გვერდით, მამებიც იბრძვიან. ერთ-ერთი მამა გვარად მიქაძე ჩემი იქ ყოფნის დროს დაიღუპა, თავის სამ შვილთან ერთად იდგა სამშობლოს დასაცავად. აი, ასეთი სულისკვეთება მაძლევს, ვიმეორებ, ოპტიმიზმის საფუძველს, - განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ.
შეეხო რა რუსეთ-საქართველოს შ რის მოლაპარაკებებს და ხელშეკრულებებზე ხელმოწერის პერსპექტივას, საქართველოს სახელმწიფოს მეთაურმა თქვა, რომ რუსეთი შეიძლება არ იჩენდეს დიდ ენთუზიაზმს ხელშეკრულების ხელმოსაწერად, მაგრამ საქართველოსაც და რუსეთსაც იმდენად სჭირდებათ ხელშეკრულებათა მთელი ის პაკეტი, რომლის ძირითადი ნაწილი უკვე მზად არის და რომლის შესახებაც ჩვენს პარლამენტშიც გრძელდება საუბარი, რომ ადრე თუ გვიან, ძირითადი ხელშეკრულება მაინც იქნება ხელმოწერილი. - მთავარი ის კი არ არის, თუ რა უნდა შევცვალოთ მასში, ასეთი ცვლილებები შეიძლება მოხდეს, არამედ ის, რომ აუცილებელია ორ ქვეყანას შორის არსებობდეს ურთიერთობათა სამართლებრივი საფუძველი. ეს არ არის ჩვეულებრივ ხელშეკრულებათა შეკვრა, ეს განსაკუთრებული ხელშეკრულებებია და ისინი უნდა დავდოთ განსაკუთრებულ ქვეყანასთან, რომლის შემადგენლობაშიც 200 წელი ვიყავით, - განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ, - ამ ხელშეკრულებაში ჩადებული ყველა პრინციპი და ყველა მიმართულებაც განსაკუთრებულია, რადგან, მათი ხელმოწერა უკვე პრაქტიკულად ნიშნავს იმ ქვეყნის მხრიდან ნამდვილი დამოუკიდებლობის აღიარებას, რომლის შემადგენლობაშიც ვიყავით. ამიტომ ვეკიდებით გაგებით დებატებს, ჩვენს პარლამენტში რომ მიმდინარეობს და, თუ გახსოვთ, მე თვითონ გახლდით ამ განხილვის მომხრე. ჩვენ ისეთი დოკუმენტები უნდა მივიღოთ, რომლებიც დროის გამოცდას გაუძლებს, - დასძინა სახელმწიფოს მეთაურმა.
კომენტატორის შეკითხვაზე, თუ როგორ შეაფასებდა საქართველოს სახელმწიფოს მეთაური ცხინვალის ზონაში მიმდინარე მოვლენებს, რუსეთის მათდამი დამოკიდებულებას და იმ ფაქტს, რომ თითქოს ჩრდილოეთ ოსეთმა სცნო „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტი“, ედუარდ შევარდნაძემ თქვა: მე არ მინდა გავაუბრალოო ეს ამბავი, მაგრამ მას არც რაღაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებ, რადგან რაიმე სამართლებრივი ბაზა მას არ გააჩნია. ისე კი შეიძლება ასეთი რამ გაკეთდეს. რაც შეეხება რუსეთს, ამ ფაქტთან დაკავშირებით, რაიმე საუბარი არ ყოფილა, მაგრამ, ალბათ, მან უნდა გააკეთოს რეაქცია - ჩვენ ხომ ერთად მოვაწერეთ ხელი დაგომისის ხელშეკრულებას. ამ ხელშეკრულებას აქვს საფუძველიც და სამართლებრივი ძალაც.
შეეხო რა თეთრი სახლის მიმართვას რუსეთისა და საქართველოსადმი, ედუარდ შევარდნაძემ თქვა, რომ ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ მოასწრო გარკვეულიყო ყველაზე მწვავე პრობლემებში და კარგად გაერკვია აგრეთვე, კავკასიაში სტაბილურობის მიღწევის გზებშიც. ამ მომართვაში მე დავინახე ის, - განაგრძო სახელმწიფოს მეთაურმა, - რომ ამერიკის ადმინისტრაციამ ისიც კარგად შენიშნა, თუ რა როლი და ადგილი აქვს თვით საქართველოს, აგრეთვე, რუსეთ-საქართველოს კარგ ურთიერთობას ამ ურთულეს ეტაპზე ორივე ქვეყნისათვის, კავკასიის რთული რეგიონისათვის, და მთელი მსოფლიოსათვის. ოკეანისგაღმიდან შენიშნეს და დაინახეს ეს ჩვენი როლი დიდ პოლიტიკაში, ფაქტიურად, ჩვენ ამერიკამ აღმოგვაჩინა, - თქვა სახელმწიფოს მეთაურმა.
კომენტატორის კითხვაზე, ხომ არ არის მოსალოდნელი საპარლამენტო კრიზისი საქართველოში, ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა, რომ ასეთი რამ გამორიცხულია, თუკი, რა თქმა უნდა, ხელოვნურად არ შევქმნით მას. პარლამენტმა უნდა იცოცხლოს და იმუშაოს და ამაში მასაც ხელშეწყობა სჭირდება.
შემდეგ საუბარი შეეხო ორგანიზებული დანაშაულობების წინააღმდეგ ღონისძიებებს და ამ მხრივ, პოლიციის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სხვა ორგანოების აქტიურობას სახელმწიფო მეთაურმა დადებითი შეფასება მისცა. - ამ საქმეში განსაკუთრებით მინდა გამოვყო ქალაქის მერიის და მისი მეთაურის ბატონ კოტე გაბაშვილის ღონისძიებები, რომელთა ეფექტიანობას ყოველმხრივ უწყობენ ხელს ბატონები თენგიზ სიგუა და ჯაბა იოსელიანი, და შედეგებიც არის. - თქვა ედუარდ შევარდნაძემ, - კოორდინაციის ამ საქმეში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და თუ ასე გაგრძელდა, უკეთესი შედეგები გვექნება. ხალხი ამოისუნთქავს, თუკი, რა თქმა უნდა, შევძლებთ და შევავსებთ ფულის ნიშნების დეფიციტსაც. რაკი ჩვენ რუსეთის სამანეთო ზონაში დავრჩით, რუსეთი ვალდებულია ეს გააკეთოს, - განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ, - მაგრამ, სამწუხაროდ, მიღებულმა ზომებმა ჯერჯერობით შედეგი არ გამოიღო. ამიტომ, შესაძლოა, მეც ჩავერთო ამ პრობლემის გადაწყვეტაში და დახმარება ვთხოვო რუსეთის ხელმძღვანელობას, რომ, რაც გვეკუთვნის, უნდა მოგვცენ.
უპასუხა რა რადიოკომენტატორის შეკითხვას, მისი ვითომდა გადადგომის შესახებ გავრცელებულ ხმებთან დაკავშირებით, სახელმწიფოს მეთაურმა უარყო ასეთი ჭორების საფუძვლიანობა. არ ვიცი, ვის როგორ ესახება საქართველოს მომავალი, მაგრამ მე პირადად ვთვლი, რომ ჩემგან გადადგომაზე ლაპარაკიც კი, მეტი რომ არ ვთქვათ, უპასუხისმგებლობა იქნებოდა. - განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ, - მაგრამ, თუკი ხალხი იტყვის, რომ შევარდნაძეზე უკეთ სხვა ვინმე გაართმევს თავს მოვალეობას, სხვა საქმეა. ასეთ ჭორებსა და მითქმა-მოთქმას უფრო ღრმა ჩიხისაკენ მიჰყავს ჩვენი ქვეყანა, და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ამის საშუალება არ მივცეთ იმ ადამიანებს, ვისაც ეს სურს.
- ყოველივე ის, რაც ჩვენს ქვეყანაში მოხდა, რაც დაიმსხვრა და დაიკარგა, უდიდეს გავლენას ახდენს ჩვენს ცნობიერებაზე და ამის გამო, უკვე გაკეთებულიც რჩება შეუნიშნავი. მე რამდენჯერმე განვუცხადე საზღვარგარეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს, რომ საქართველოში დემოკრატიული კურსის დამკვიდრება, მართვის დემოკრატიული სტრუქტურების შექმნა და ჩამოყალიბება ურთულესი პროცესი იყო ჩვენი ქვეყნისათვის და ჩვენ ეს ეტაპი წარმატებით გავიარეთ; ამ საქმეში მარტო ჩვენი წარსული როდი გვაერთიანებს, ჩვენ გვაერთიანებს დიდი წარსულის პატივისცემაც და მომავალზე ფიქრიც და ზრუნვაც. საქართველო იცოცხლებს, იარსებებს და როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური ცხოვრების განვითარების მაღალ დონეს მიაღწევს და ეს არც ისე შორეული ამბავია. ის ფაქტიც, რომ საზოგადოებაში საწინააღმდეგო აზრთა ჭიდილია, არ უნდა გვიკვირდეს, ესეც დემოკრატიის ნიშანია. უფრო ადვილად დიქტატურა ვითარდება, მაგრამ ჩვენ ამ გზით არ წავალთ.
ეს ერთი წელი, რაც საქართველოში დავბრუნდი, მთელი საუკუნეა ჩემთვისაც და ჩვენი ქვეყნისთვისაც. საქართველო გავიდა საერთაშორისო ასპარეზზე, მის ხალხს ეყო იმის სიბრძნე, რომ დასდგომოდა დემოკრატიული განვითარების გზას და ამ ბრძოლაში გარკვეული წვლილი მეც შევიტანე, - თქვა ინტერვიუს დასასრულს ედუარდ შევარდნაძემ. საქართველოს პარლამენტის პრეს-ცენტრი.
ედუარდ შევარდნაძე: ჩვენ მომავალზე ფიქრი, მასზე ნიადაგ ზრუნვა და ჩვენი დიდი წარსულის პატივისცემა გვაერთიანებს / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 9 მარტი. - №46(590). - 1 გვ.
![]() |
40 ედუარდ შევარდნაძის ინტერვიუ უცხოელ ჟურნალისტებს |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარემ - სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ ჰოლანდიის ტელევიზიისათვის მიცემულ ინტერვიუში გამოთქვა თვალსაზრისი საქართველოსა და რუსეთის ხელმძღვანელობისადმი ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიმართვის გამო.
„ამერიკის შეერთებული შტატები რომ შეშფოთებული და შეწუხებულია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის გაუარესებით, - თქვა მან, - სავსებით კანონზომიერია.
ვფიქრობ, რომ ვაშინგტონში სწორად ესმით რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს, თუ არ დამყარდება ნორმალური თანასწორუფლებიანი ურთიერთობა საქართველოსა და რუსეთს შორის.
მათ რუსეთის ზოგიერთ პოლიტიკურ მოღვაწეზე უკეთ აქვთ გაცნობიერებული, თუ რა არის საქართველო რუსეთისათვის და რუსეთი საქართველოსათვის, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიაონობის დარღვევით დაიწყება რუსეთის დაშლაც.
რაც შეეხება საკითხის არსს, პრობლემა ის არის, რომ საქართველო-რუსეთის ურთიერთობას არა აქვს სახელშეკრულებო სამართლებრივი ბაზა. ამასთან დაკავშირებით მიმაჩნია, რომ შექმნილი მდგომარეობიდან თავის დასაღწევად საჭიროა დაჩქარდეს მოლაპარაკების პროცესი, რომელიც გამორიცხავს რაიმე წინასწარი პირობის წაყენებას, და დაიდოს ისეთ შეთანხმებათა პაკეტი, რომლებიც მოაწესრიგებს ჩვენი სახელმწიფოების ურთიერთობის მთელ კომპლექსს.
ამ კონტექსტით ამერიკის შეერთებული შტატების მიმართვა რუსეთისა და საქართველოსადმი მეტად დროულად და მნიშვნელოვნად მესახება“.
ედუარდ შევარდნაძის ინტერვიუ უცხოელ ჟურნალისტებს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 9 მარტი. - №46(590). - 1 გვ.
![]() |
41 საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარემ - სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ ინტერვიუ მისცა იტალიის პარლამენტისა და ევროპარლამენტის წევრს, პოლიტიკურ მოღვაწესა და ჟურნალისტს ბატონ მიქელინის |
▲ზევით დაბრუნება |
ვრცელ საუბარში, შეეხო რა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას, ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ აღნიშნა:
რუსეთის პრეზიდენტი მძიმე მდგომარეობაშია. მასთან დიდი ხნის საქმიანი ურთიერთობა მაკავშირებს და მინდა მჯეროდეს მისი. მჯეროდეს, რომ ელცინი შეგნებით, რწმენით დემოკრატია. რუსეთში დემოკრატიის მონაპოვარი დიდი საფრთხის წინაშე დგას. ელცინს დიდი გმირობა მართებს დემოკრატიის გადასარჩენად. მან ბევრი თანამებრძოლი დაკარგა. მათ გარეშე გართულდება მისი ბრძოლა, მაგრამ დღესდღეობით ელცინს ალტერნატივა არა ჰყავს. დააცალეთ ევროპას ბევრის გაკეთება შეუძლია რუსეთში დემოკრატიის გადასარჩენად. მიუხედავად ჩემი ამჟამინდელი სირთულეებისა ელცინთან ურთიერთობაში, ევროპამ მხარი უნდა დაუჭიროს ელცინს. რეაქციული ძალები ძალიან ძლიერია რუსეთში რიცხობრივად და ეკონომიურადაც. მსოფლიოს პროგრესული საზოგადოება არ დაუჭერს მხარს რეაქციულ რუსეთს, არ ითანამშრომლებს მასთან. ტოტალიტარული რეჟიმი, რომლისკენაც უნდათ წაიყვანონ რუსეთი, ბევრ პრობლემას, უბედურებას მოუტანს ევროპას, მთელ მსოფლიოში. თუ გვინდა, რომ მხარი დავუჭიროთ დემოკრატიულ რუსეთს, მხარი უნდა დავუჭიროთ დემოკრატიის მშენებლობის გზაზე შემდგარ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებსაც. დემოკრატიული სახელმწიფოებით გარშემორტყმულ რუსეთში გაადვილდება დემოკრატიის გამარჯვება. ეს იქნება გარანტია მსოფლიოში მშვიდობიანობისა და დემოკრატიის დამყარებისა.
საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარემ - სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ ინტერვიუ მისცა იტალიის პარლამენტისა და ევროპარლამენტის წევრს, პოლიტიკურ მოღვაწესა და ჟურნალისტს ბატონ მიქელინის // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 9 მარტი. - №46(590). - 1 გვ.
![]() |
42 რუსეთის პრეზიდენტს ბატონ ბორის ელცინს |
▲ზევით დაბრუნება |
ღრმად პატივცემულო ბორის ნიკოლოზის ძევ!
1992 წლის 9 ოქტომბერს ქალაქ ბიშკეკში ხელმოწერილი ერთიანი ფულადი სისტემის შესახებ მრავალმხრივი შეთანხმებისა და იმ სახელმწიფოთა შეთანხმებული ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის შესაბამისად, რომლებმაც შეინარჩუნეს მანეთი კანონიერ საგადამხდელო საშუალებად, აგრეთვე რუსეთ-საქართველოს 1993 წლის 7 იანვრის ორმხრივი შეთანხმებით, რუსეთმა იკისრა ვალდებულება საქართველოს მოთხოვნილება უზრუნველყოს ნაღდი ფულით.
მიუხედავად ამისა, საქართველოს უკვე მეოთხე თვეა არ მიუღია ფულის ნიშნები, რომლებიც გათვალისწინებულია საკასო ბრუნვის პროგნოზული ანგარიშებით, რაც დროულად გადაეცა რუსეთის ცენტრალურ ბანკს, აგრეთვე ფულის ნიშნების თაობაზე განაცხადებით.
რესპუბლიკაში კატასტროფული მდგომარეობა შეიქმნა ხელფასების, პენსიების, დახმარებების, სტიპენდიების გაცემასთან, დამზადებისა და სხვა საჭიროებისათვის აგრარული სექტორის მუშაკთა შრომადღეების ანაზღაურებასთან დაკავშირებით.
დღეისათვის ნაღდი ფულის საერთო დავალიანება გამოანგარიშებით შეადგენს 60 მილიარდ მანეთს, აქედან:
- 1992 წლის დეკემბერში - 10 მილიარდ მანეთს, აქედან ხელფასისა და პენსიების მიხედვით - 8 მილიარდ მანეთს;
- მიმდინარე წლის იანვარში - 16 მილიარდ მანეთს, აქედან ხელფასისა და პენსიების მიხედვით - 12 მილიარდ მანეთს;
- თებერვალში - 14 მილიარდ მანეთს, აქედან ხელფასისა და პენსიების მიხედვით - 10 მილიარდ მანეთს.
დავალიანების დანარჩენი თანხა მოდის მიმდინარე თვის გადახდაზე.
გთხოვთ დახმარებას, რათა საქართველოს გამოეყოს 60 მილიარდი მანეთი ნაღდი ფული, რომელიც საქართველოს არ მიუღია 1992 წლის დეკემბრიდან 1993 წლის მარტის ჩათვლით.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე -
სახელმწიფოს მეთაური
ე. შევარდნაძე.
რუსეთის პრეზიდენტს ბატონ ბორის ელცინს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 10 მარტი. - №47(591). - 1 გვ.
![]() |
43 ედუარდ შევარდნაძე: ახალი მსოფლიო წესრიგის მშენებლობაში საქართველოსაც ჰქონდეს თავისი ადგილი... |
▲ზევით დაბრუნება |
პარლამენტის სხდომის დღიური
9 მარტს გამართული პოლიტიკური დებატების შემდეგ, რომლებიც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს მიეძღვნა, სიტყვა წარმოთქვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ.
დღეს მინდა - თქვა მან, - ჩემი დამოკიდებულება გამოვხატო ჩვენი ქვეყნისათვის ამ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით. მაგრამ, ვიდრე გადავიდოდე საკითხის არსზე, კიდევ ერთხელ მინდა გარკვეული კმაყოფილება გამოვთქვა იმის გამო, რომ განხილვას, ძირითადად, სერიოზული ხასიათი ჰქონდა.
როცა საქართველოს ბედზეა მსჯელობა, ყველა ჩვენგანი უნდა გრძნობდეს უდიდეს პასუხისმგებლობას, ისედაც დიდია საზოგადოებრიობის ტკივილები და მათ დამძიმება არ სჭირდება. სავსებით ნორმალურია კრიტიკული დამოკიდებულება და თუ ვლაპარაკობთ პოლიტიკურ პლურალიზმზე, იმასაც უნდა შევეჩვიოთ, რომ ეს ყველა რანგის ხელმძღვანელს ეხება. მაგრამ ის სტილი, რომელიც ახლა მკვიდრდება ჩვენთან, პრესაშიც, ნაწილობრივ ტელევიზიაშიც, მიუღებელია, ეს არ არის სამართლებრივი სახელმწიფოსაკენ მიმავალი გზა. რამდენად სწორია, მაგალითად, მოთხოვნა, რომ ამ ეტაპზე რუსეთთან საერთოდ გავწყვიტოთ დიპლომატიური ურთიერთობა? ანდა საქართველოს ხელისუფლებაზე ასეთი ლაპარაკი: „უბადრუკი, საცოდავი, მთხოვნელი, მუხლებზე დაჩოქილი ეხვეწება დავდოთ ხელშეკრულება - ეს სამარცხვინოა“. „ეს ხელისუფლება განიცდის ეროვნული თავმოყვარეობის დეფიციტს“ და ა.შ. ასეთი გამოთქმები არც გაზეთს, არც ჩვენს საზოგადოებას არ ამშვენებს, თუ მსჯელობაა - იყოს სერიოზული მსჯელობა და სერიოზული კამათი. ასეთი დისკუსიის პირობებში, შესაძლებელია, ჩვენ შევამოკლოთ გზა ჭეშმარიტებისაკენ. და თუ ლანძღვა-გინებაზე გადავალთ - ეს ჩვენი სისუსტე იქნება. „თუ ასე გაგრძელდა, ჩვენ იძულებული ვიქნებით, მოვუწოდოთ დემონსტრაციებისაკენ და მიტინგებისკენო“. ხელისუფლებასაც აქვს უფლება, მოუწოდოს დემონსტაციებისაკენ. მერე ისევე უნდა შევეჯახოთ ერთმანეთს, ისევ დაიღვრება სისხლი, ნაცვლად იმისა, რომ ვიფიქროთ სერიოზულ საქმეებზე.
როდესაც რუსეთთან ურთიერთობაზე ვლაპარკობთ, კვლავ გაისმის კითხვა - არსებობს თუ არა შემუშავებული კურსი? ვიმეორებ, რომ კურსი არის. ვიცი, რა უნდა გავაკეთოთ და ნათლად მაქვს წარმოდგენილი, როგორი ურთიერთობა უნდა გვქონდეს ჩვენს მეზობლებთან, უფრო შორეულ მეგობრებთან. როცა მოვლენის ერთ მხარეზე ლაპარაკობ, თქვა ედუარდ შევარდნაძემ, მისი მეორე მხარეც უნდა გქონდეს გათვალისწინებული. კერძოდ, მან აღნიშნა, რაოდენ არადამაკმაყოფილებელიც უნდა იყო 1992 წლის 3 სექტემბრის ხელშეკრულება, დაგომისის შეხვედრები და სხვა, ადვილი შესაძლებელია, მათ გარეშე თავიდან ვერ აგვეცილებინა ორ ქვეყანას შორის გლობალური კონფრონტაცია. დღეს ხომ მოვიშველიეთ დაგომისის ხელშეკრულება, როდესაც, ჩრდილოეთ ოსეთის ხელმძღვანელობამ მიიღო სრულიად უგუნური და არასერიოზული განცხადება, იმიტომ, რომ რუსეთმა ამ ხელშეკრულებით მაშინ აღიარა საქართველოს საზღვრები, მისი ერთიანობა, მთლიანობა. ამ დოკუმენტზე ჩემი და ელცინის ხელმოწერის გარდა, არის იმავე გალაზოვის ხელმოწერა, რომელიც აღიარებს საქართველოს ერთიანობას, ტერიტორიულ მთლიანობას, დამოუკიდებლობას და ასე შემდეგ.
როცა თვით ხელშეკრულებას შეეხო, ედუარდ შევარდნაძემ თქვა: მე მგონი, დღეს კამათი იმაზე, არის თუ არა საჭირო ეს ხელშეკრულება, აღარ არის. დღეს ამაზე თითქმის აღარავინ კამათობს იმაზე, რომ რუსეთთან უნდა დამყარდეს ნორმალური, კეთილმეზობლური ურთიერთობა, ლაპარაკი აღარ არის. საუბარი იყო მხოლოდ ცალკეულ ფორმულირებაზე... ვთვლი, რომ ხელშეკრულებათა პროექტები უნდა გამოქვეყნდეს პრესაში, დაე, მთელმა ხალხმა განსაჯოს ისინი.
ჩვენ უნდა ვეცადოთ მაქსიმალურად მივიღოთ ის ვარიანტი, - განაგრძო სახელმწიფოს მეთაურმა, - რომელიც ჩვენ გვაინტერესებს და ხელს გვაძლევს. მაგრამ არის მეორე მხრის ინტერესებიც. ყველაფერი ახლა შეიძლება ვერ გადაწყდეს, მაგრამ ზოგიერთი რამ შეიძლება მომავლისთვისაც გადავდოთ. მიმაჩნია, რომ ამ დიდ ხელშეკრულებაში, ჩადებულია ის, რაც დღეს გვჭირდება, რაც საქართველოს სჭირდება, და რაც, ამავე დროს, არ ეწინააღმდეგება რუსეთის ინტერესებსაც.
ედუარდ შევარდნაძემ დაახასიათა მეგობრობის დეკლარაციები, რომლებიც საქართველოს აქვს ირანთან, თურქეთთან, აზერბაიჯანთან, ასეთივე დოკუმენტები მზადდება სომხეთთან, უკრაინასთან, მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან. - ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ, - განაგრძო მან, - რაც შეიძლება ნაკლები მოწინააღმდეგე გვყავდეს და, რაც შეიძლება მეტი მეგობარი, მეტი თანამდგომი უნდა მოვიპოვოთ. აი, აქ არის საჭირო უზარმაზარი ხელოვნება. პატარა ქვეყანას ასეთი ნგრევის პირობებში გაუჭირდება ააშენოს თავისუფალი და დამოუკიდებელი სახელმწიფო.
ურთირთობათა ამ კომპლექსში რა თქმა უნდა, ყველაზე რთული გადასაწყვეტი სწორედ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის საკითხია. თუნდაც იმიტომ, რომ დღეს რუსეთის, ყოფილი საბჭოთა კავშირის პრობლემა მთელი მსოფლიოსათვის ნომერ პირველი პრობლემაა. ჩვენ ძალიან გვინდა, რომ ახალი მსოფლიო წესრიგის მშენებლობაში საქართველოს ჰქონდეს თავისი, პატარა იქნება თუ დიდი ადგილი. ახალი მსოფლიო წესრიგის მშენებლობა, რა თქმა უნდა, გულისხმობს რუსეთთან ურთიერთობებსაც. ჩვენ ამ ახალი მსოფლიო წესრიგის მშენებლობაში შევიტანთ წვლილს, თუ შევძლებთ, რუსეთთან დავამყაროთ ისეთი ურთიერთობა, რომელიც არ დაარღვევს საერთო ჰარმონიას, რაც ჩვენზეა დამოკიდებული, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, თუ რა გამოვა, კარგია, თუ არა, მსოფლიო დაინახავს ვინ არის მართალი და ვინ არა.
ყველაფრის ხელშეკრულებაში ჩაწერა შეუძლებელია. ბევრი რამ უნდა ვიგულისხმოთ, ბევრი რამ უნდა გავითვალოთ. ხანდახან შევცდებით, მაგრამ შევცდებით არა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ შევცდით, არამედ იმიტომ, რომ მეორე მხარე, რომელთანაც საქმე გვაქვს, არასტაბილურია და ჩვენზე მეტ შეცდომას უშვებს. ბევრი რამ, რაც ჩვენ ძვირად გვიღირს სწორედ იმ შეცდომების შედეგია. განა იმაზე მეტი შეცდომა შეიძლება დაეშვა ამ დიდი ქვეყნის ხელმძღვანელობას, ვიდრე გრაჩოვის გამოგზავნა იყო საქართველოში? შეეძლო თუ არა საქართველოს ეს აეცილებინა თავიდან? პროტესტი გამოვთქვით, მაგრამ ვიზიტი მაინც შედგა. ვინ წააგო და ვინ მოიგო?
მსოფლიოს საზოგადოებრიობის თვალში წააგო რუსეთმა და მოიგო საქართველომ, გუშინ იტალიელ ჟურნალისტებს მივეცი ინტერვიუ: ელცინს ალტერნატივა არ გააჩნია. მას და დემოკრატიულ რუსეთს ევროპამ მხარი უნდა დაუჭიროს, სხვა შემთხვევაში ამ კონტინენტზე უბედურება დატრიალდება. მიმაჩნია, რომ ელცინმა უხეში შეცდომა დაუშვა, როდესაც მოითხოვა რაღაც განსაკუთრებული უფლებები, განსაკუთრებული მისია ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების მიმართ. ეს მისი შეცდომაა, ამ ფაქტზე მსოფლიოში ძალზე ცუდი რეაგირება იყო.
ერთხელ ვთქვი და ახლაც გავიმეორებ რუსეთი ადრე თუ გვიან გაიგებს საქართველოს მნიშვნელობას. აი, ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიგეს საქართველოს მნიშვნელობა, საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობის მნიშვნელობა, არა მარტო რეგიონისათვის, უფრო ფართო მასშტაბითაც. სხვათა შორის, რამდენჯერმე წავაწყდი ასეთ ფრაზას - თუ გვინდა, რომ რუსეთში დემოკრატიამ მოიკიდოს ფეხი და გაიმარჯვოს, უნდა ვიფიქროთ დემოკრატიულ სარტყელზე რუსეთის ირგვლივ, ერთ-ერთი ასეთი ქვეყანა - საქართველოა. ჩვენ როგორმე უნდა გავუძლოთ კრიზისს, რომ კიდევ უფრო მეტად დავჭირდეთ დასავლეთსა თუ აღმოსავლეთს, იმისათვის, რომ ამ სარტყელის ერთ-ერთი შემადგენელი და სამაგალითო ნაწილი იყოს საქართველო, რომ ამ პატარა ქვეყანაში შეიძლება აშენდეს დემოკრატიული საზოგადოება, რომელშიც ხალხი იცხოვრებს ნორმალურად და ადამიანურად, ითანამშრომლებს ერთმანეთთან.
რაღა თქმა უნდა, ყველაზე უფრო მწვავე საკითხი არის საქართველოში რუსეთის ჯარის ყოფნის საკითხი. ლაპარაკი რაზეა, დავა რაზეა? ეს ჯარები უნდა გავიყვანოთ, მაგრამ ნორმალურ სახელმწიფოთაშორის ურთიერთობის დონეზე, ისე, როგორც ეს მოხდა უნგრეთში, ჩეხოსლოვაკეთში, გერმანიაში, პოლონეთში, დაიწყეს ბალტიისპირეთში. ხელშეკრულებაში ყველაფერია ჩაწერილი იმის შესახებ, რომ 1995 წლისათვის რუსეთის ჯარი საქართველოდან გავიდეს. ხელშეკრულება არმიის სტატუსის შესახებ - ფაქტობრივად არის ხელშეკრულება ჯარის გაყვანის შესახებ. ყველაფერი იმასთან არის დაკავშირებული, რომ ეს პროცესი შედარებით უმტკივნეულოდ უნდა განხორციელდეს, ისე, რომ არ მივიდეთ რუსეთ-საქართველოს შორის კონფრონტაციამდე. ერთი ფრაზა იყო აქ ნათქვამი, იმასაც ვუპასუხებ, აფხაზეთიდან ისმის ხმები, რომ რუსეთის თვითმფრინავმა დაგვბომბაო. და არა მარტო ეს ხმები ისმის. ოთხი დღე გახლდით იქ და მე სხვა ხმებიც მესმოდა, გაწამებული ადამიანების, დედების, ბავშვების - მოელაპარაკეთ რუსეთს, ნუთუ არ შეგიძლიათო? და ეს ისმის მთელ მსოფლიოში.
ახლა ორიოდე სიტყვა ეკონომიკასთან დაკავშირებით. ყველა ვხედავთ, რომ ჩვენში ნამდვილი ეკონომიკური, ფინანსური კრიზისი და შიმშილია, თუ ეკონომიკური ურთიერთობა საქართველოსა და რუსეთს შორის არ მოგვარდა, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩვენ გველოდება ნამდვილი კატასტროფა. ვერავითარი ჰუმანური დახმარება ვერ გვიშველის. დაახლოებით სამასი-ოთხასი ათასი კაცი დარჩება უმუშევარი. ეს ახლა, მომავალში კი უფრო უარესი ვითარება იქნება, ყველა ქარხანა გაჩერდება. ასეთი პოლიტიკა თვით საბჭოთა კავშირის არსში იყო ჩადებული. ამ სახელმწიფოზე იყო მიჯაჭვული საქართველო, და არა მარტო საქართველო. ერთი დეტალი სვერდლოვსკში მზადდებოდა, მეორე - კიევში, მესამე - საქართველოში. ახლა, სანამ ახალი კავშირი არ იქნება, ჩვენ უნდა შევეცადოთ, აღვადგინოთ და შევინარჩუნოთ ძველი, რომ როგორმე შიმშილს გადავურჩეთ.
აქ ბევრი ითქვა საქართველოს გეოპოლიტიკურ მდებარეობაზე. იგი მართლაც უნიკალურია. გავა წლები და ჩვენ დიდი შემოსავლები გვექნება სწორედ იმიტომ, რომ სატრანზიტო არხად გადაიქცევა ჩვენი რეგიონი. მაგრამ თუ რუსეთი არ იქნება ჩართული მთელ ამ კომპლექსში, ისე მივიღებთ იმის 30 პროცენტს, რისი მიღებაც შეგვიძლია, შეიძლება ნაკლებსაც. მე მგონია, დღეს ჩვენი ხალხი მომწიფდა იმისათვის, რომ მარტო გრძნობებით აღარ ვიხელმძღვანელოთ. ყველაფერი ეს, პოლიტიკური ურთიერთობის, სახელმწიფოთაშორის ურთიერთობის საკითხები, მათ შორის სამხედრო პრობლემები, ეკონომიკის საკითხები უნდა განვიხილოთ ერთ კომპლექსში. და ერთხელ და სამუდამოდ დავადგეთ ამ ქვეყანასთან თანასწორუფლებიან, კეთილმეზობლურ და ურთიერთსასარგებლო გზას. ვიმეორებ, დღევანდელი მსოფლიო, ახალი წესრიგი ამის საშუალებას იძლევა. ამის თქმისა არც ერთი აუდიტორიის წინაშე არ მეშინია, რაგინდ რადიკალურად განწყობილიც უნდა იყოს, რამეთუ მჯერა; რომ ხვალ და ზეგ ყველა დარწმუნდება, რომ ეს არის ერთადერთი სწორი გზა, ისევე, როგორც თურქეთთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან მეგობრობა, მეგობრობა და ურთიერთდახმარება ამერიკის შეერთებულ შტატებთან, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან და ა.შ. ამ გზით უნდა ვიაროთ, მაგრამ ამისათვის დღევანდელი დღე უნდა გადავარჩინოთ.
სახელწმიფოს მეთაურმა ილაპარაკა იმ ეკონომიკურ და ფინანსურ სიძნელეებზე, რომლებიც დღეს რეალურად, მთელ სიგრძე-სიგანით დგას ქვეყნის წინაშე. ამ პირობებში, - თქვა მან, - უნდა ვიფიქროთ, იმაზე, რომ სამანეთო ზონიდან გამოსვლის მომენტისათვის შევქმნათ ჩვენი საკუთარი რესურსები და რეზერვები. მთელი ეს კომპლექსი, განსაკუთრებით ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები არ ბადებს ეჭვს, რომ ჩვენ მართლაც უნდა ავაშენოთ თვისობრივად ახალი ურთიერთობა ამ დიდ ქვეყანასთან. ამაში ჩვენც ვართ დაინტერესებული, მაგრამ რუსეთიც დაინტერესებულია. დღეს ეს თუ არ ესმით, ხვალ გაიგებენ!
ჟურნალისტებთან ერთ-ერთ შეხვედრაზე ვთქვი და ჩემს კოლეგებსაც მივწერე დასავლეთში, რომ უნდა გაიგოს რუსეთმა, - ღმერთმა ნუ ქნას, - მაგრამ საქართველო რომ დაიშალოს, ამით დაიწყება რუსეთის დაშლაც. ეს კი იქნება უბედურება მთელი მსოფლიოსათვის. ადრე თუ გვიან, ამის არგუმენტები და ფაქტები გვაქვს, რუსეთშიც გაიგებენ ამას.
10 მარტს პარლამენტმა განაგრძო პოლიტიკური დებატები რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის შესახებ.
ედუარდ შევარდნაძე: ახალი მსოფლიო წესრიგის მშენებლობაში საქართველოსაც ჰქონდეს თავისი ადგილი... // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 11 მარტი. - №48-49(593). - 1 გვ.
![]() |
44 ედუარდ შევარდნაძე: ელცინი რუსეთში დემოკრატიული გარდაქმნების გარანტად მიმაჩნია |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარემ - სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ პეტერბურგის ტელევიზიისათვის 12 მარტს მიცემულ ინტერვიუში ასე შეაფასა რუსეთში მიმდინარე მოვლენები:
„ჩვენ ძალიან გვაწუხებს რუსეთის ამჟამინდელი მდგომარეობა, ყრილობაზე შექმნილი ვითარება, რომელიც ფრიად მღელვარედ მიმდინარეობს. სამწუხაროდ, შესამჩნევი ხდება ხელისუფლების ორი შტოს განხეთქილება, აშკარად გამოიკვეთა კონფრონტაციის ტენდენცია პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის. ვფიქრობ, რომ თუ არ მოიძებნა კომპრომისული გადაწყვეტილება, მაშინ დიდი საშიშროება შეექმნება არა მარტო რუსეთს, სადაც ამის შედეგად ასპარეზზე შეიძლება გამოვიდნენ რეაქციული ძალები, არამედ მთელ მსოფლიოს, რადგან ამ შემთხვევაში ჩვენც და მთელ მსოფლიოსაც საქმე ექნება არასტაბილურ რუსეთთან.
ამიტომ მე ვუერთდები დიდი „შვიდეულის“ ხელმძღვანელთა სასწრაფოდ შეკრების იდეას რუსეთის დემოკრატიული ძალების განმტკიცების, პრეზიდენტ ელცინის რეალური მხარდაჭერის მიზნით სასწრაფო ღონისძიებების მისაღებად.
ჩვენი ურთიერთობის ერთგვარი გართულების მიუხედავად, რაც უკანასკნელ დროს წარმოიქმნა, ელცინი რუსეთში დემოკრატიული გარდაქმნის გარანტად მიმაჩნია. ჩვენ ყველამ მას უნდა დავუჭიროთ მხარი. დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა უახლოეს ხანში განვითარების ნორმალურ, ცივილიზებულ დონეს მიაღწევს“.
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოს
მეთაურის პრესსამდივნო
ედუარდ შევარდნაძე: ელცინი რუსეთში დემოკრატიული გარდაქმნების გარანტად მიმაჩნია // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 13 მარტი. - №51-52(596). - 1 გვ.
![]() |
45 ედუარდ შევარდნაძე: სოხუმში მომხდარმა ბოლო ორი დღის მოვლენებმა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა რუსეთის სამშვიდობო მისია აფხაზეთში |
▲ზევით დაბრუნება |
15 მარტის რადიოინტერვიუ
- ის, რაც ამ დღეებში სოხუმში მოხდა და ხდება, ყოველგვარ ზღვარს სცილდება, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ კომენტატორ ნატო ონიანთან თავის ტრადიციულ რადიოინტერვიუში 15 მარტს. - უკიდურესი ზომებით გამოხატული ასეთი უცერემონიო ჩარევა სხვა ქვეყნის საშინაო საქმეებში იმ პროცესების ანარეკლია, რაც რუსეთში ამჟამად მიმდინარეობს, როცა, როგორც ჩვენში იტყვიან, მარცხენამ არ იცის, მარჯვენა რას აკეთებს, - თქვა მან. - მაგრამ ერთი რამ კი ცხადია, რომ ახლა უკვე ნამდვილად დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა საკითხი რუსეთის სამშვიდობო მისიის შესახებ. ამიტომ ბევრი ფიქრი და ჯაფა მოგვიწევს იმისათვის, თუ როგორ უნდა გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან, მით უმეტეს, რომ არსებობენ ისეთი ძალები, რომლებიც შეგნებულად სჩადიან ყოველივეს და ელოდებიან ჩვენს არა მარტო სიტყვიერ, არამედ სხვა რეაქციასაც იქ განლაგებული რუსეთის ჯარების მიმართ. მე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, - განაგრძო სახელმწიფოს მეთაურმა, - რომ ჩვენი ასეთი რეაქციის შემთხვევაში, სურთ დაივიწყონ ფართო მასშტაბის დამსჯელი ოპერაცია. თუკი მე არ ვცდები და მართლაც ასეა, მაშინ ეს უნდა იყოს ყოვლად უპასუხისმგებლო ადამიანების ჩანაფიქრი, რომელსაც ორივე ქვეყნისათვის შეიძლება მძიმე შედეგები მოჰყვეს, რადგან რუსეთის ჯარები აფხაზეთის გარდა, სხვაგანაც არიან განლაგებული. ამიტომ, ვიმეორებ, და მოვუწოდებ ყველას, რომ ახლა ყველაფერი მხოლოდ ასჯერ უნდა გავზომოთ და ავწონოთ და ისე გადავჭრათ. ჩვენის მხრიდან, კომპლექსური ღონისძიებები დასახულია და ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ ეს არ მოხდეს, - თქვა ედუარდ შევარდნაძემ. - ასეთი ნაბიჯები უკვე გადადგმულია; გუშინ სოხუმში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით, განცხადებები გააკეთეს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, აფხაზეთის მინისტრთა საბჭომ; მოვიწვიეთ მოსკოვში აკრედიტებული ჟურნალისტები, რომ თავიანთი თვალით ნახონ ყოველივე. გუშინ სოხუმში სამი მათი კოლეგა დაიღუპა სპეციალისტებთან ერთად, ადრე, გახსოვთ, თენგიზ პაჭკორია დაიჭრა. ყველაფერი ეს უნდა იცოდეს მსოფლიომ; უკვე გვაქვს ცნობები და შესაბამისი კონტაქტებიც იყო, რომ დაჩქარდება საერთაშორისო მისიების ჩამოსვლა და 20 მარტიდან 25 მარტამდე აქ იქნებიან; ისინი დააფიქსირებენ ყველაფერს, რაც ახლა აფხაზეთში ხდება და ეს ამჯერად, ძალიან კარგი ღონისძიება იქნება.
შეეხო რა რუსეთში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და ამ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მიმართულებებს, ედუარდ შევარდნაძემ თქვა, რომ ასეთი დეფორმირებული პოლიტიკა აგონიას უფრო ჰგავს, როცა ცდილობენ, რომ „ორთქლი გამოუშვან“. მაგრამ მე დიდი ყურადღებით ვადევნებ თვალს ყოველივეს და კარგად ვხედავ, რომ რუსეთში არიან ჯანსაღი ძალები და ეს არის, პირველ რიგში, ინტელიგენცია, რომელიც განსაკუთრებულ პროტესტს აცხადებს ასეთი ჩარევის, ასეთი დამსჯელი მისიის წინაარმდეგ. მათ შორის, არიან ჩემი მეგობრებიც, რომლებიც ამას მეუბნებიან. მე უკვე ვთქვი, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ხელიდან გაუშვა რეფერენდუმის ჯერ კიდევ ადრე ჩატარების შესაძლებლობა, რითაც დაიკარგა ძვირფასი დრო, მართალია, საქმე გადატრიალებამდე და სამოქალაქო ომამდე არ მისულა, მაგრამ რუსეთის სახალხო დეპუტატთა ახლანდელი ყრილობის ფინალი ახალი მოვლენების დასაწყისია და ამ მოვლენათა შეფასებას დრო დასჭირდება. ის შიში, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს გაუჩნდა, რომ შეიძლება რუსეთი დაიშალოს მე ადრე გამოვთქვი. სამწუხაროდ, გვიან გაიზიარეს ყოველივე ეს რუსეთის ხელმძღვანელებმა. რეფერენდუმი მარტო პოლიტიკური ძალების განსაზღვრისათვის კი არ არის საჭირო, იგი ხალხის პოლიტიკური მრწამსის და პოზიციის გამოხატულება გახლავთ.
კომენტატორის შეკითხვაზე, უფრო მეტად პრინციპული უნდა ყოფილიყო თუ არა დასავლეთის პოზიცია რუსეთის მოვლენებისადმი, ედუარდ შევარდნაძემ უპასუხა, რომ უფრო პრინციპული პოზიციის დაკავება, ალბათ, საზღვარგარეთის მხრიდან ძნელი იყო. - პრეზიდენტმა კლინტონმა აღნიშნა, რომ მას არ გაუკვირდება, თუკი პრეზიდენტი ელცინი დაითხოვს უზენაეს საბჭოს. ამაზე უფრო მკაცრი პოზიცია შეუძლებელია, - თქვა ედუარდ შევარდნაძემ, - მეც ცალსახად გამოვხატე ჩემი მხარდაჭერა რუსეთის პრეზიდენტისადმი. დასავლეთს, შეუძლია, ფინანსური დახმარება გაუწიოს რუსეთს, სხვა რამ დახმარება შეუძლებელია, - დასძინა მან. - საერთოდ, მარტო რუსეთის მოვლენა არ არის, რომ ბოროტების მატარებელი ადამიანები უფრო ადვილად ერთიანდებიან. კეთილ ადამიანებს ასევე ერთსულოვნება რომ შეეძლოთ, მსოფლიო სულ სხვანაირად იქნებოდა მოწყობილი, - განაგრძო სახელმწიფოს მეთაურმა, - ის, რაც რუსეთის დეპუტატთა ყრილობაზე ხდებოდა, რუსეთის ხალხთა განწყობილება არ არის. რუსეთის საზოგადოება ისე არ ფიქრობს, და ისე არ აზროვნებს, როგორც ეს ყრილობა და ახლა მთავარი ის არის, თუ როგორ და რანაირ ფორმებს მოძებნის პრეზიდენტი ელცინი იმისათვის, რომ ხალხის ამ მისწრაფებაზე გავიდეს. ის ხალხის არჩეულია, მას აქვს ასეთი რეზერვი, მაგრამ თუ როგორ მოხდება მისი გამოყენება, ამაზე ლაპარაკი ჯერ ნაჩქარევად მიმაჩნია.
შეეხო რა რუსეთ-საქართველოს შორის მიმდინარე მოლაპარაკებას, სახელმწიფო მეთაურმა იგი პრობლემატურად მიიჩნია და ხაზი გაუსვა, რომ შეიძლება ვერც დამთავრდეს ჩვენი შეთანხმებები რუსეთთან. რადგან, რუსეთის განწყობილება ისეთია, რომ შეთანხმებებს მხოლოდ ნაწილ-ნაწილ მოეწეროს ხელი (ჯერ, ვთქვათ, სამხედრო შეთანხმებებს, მერე - ეკონომიკურს), ჩვენ კი მათი მთელი პაკეტით. ხელმოწერა გვსურს. ამიტომ, - თქვა სახელმწიფოს მეთაურმა, - სირთულეები იქნება და საბოლოო გადაწყვეტილება ალბათ, ჩემი და რუსეთის პრეზიდენტის შეხვედრის დროს მოხდება.
არის თუ არა მოსალოდნელი საქართველოში ხელისუფლების და მთავრობის კრიზისი? კომენტატორის ამ შეკითხვაზე სახელმწიფოს მეთაურმა დასძინა, რომ ასეთ კრიზისზე ისეთი ენთუზიაზმით ლაპარაკობენ, თითქოს, ამით რაიმე უნდა გვეშველოს. კრიზისი ავადმყოფობაა, - თქვა მან, - და რაკი იგი სენია, არსებობს მისი სამკურნალო საშუალებებიც. ჩვენ ვცდილობთ, რომ საქმე კრიზისამდე არ მივიყვანოთ. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ერთი წავა და მეორე თავისი მოსვლით სიუხვის მდინარეს მოიყვანს, ძალიან ცდება. ამიტომ, ისედაც რთულ ჩვენს მდგომარეობას, ასეთი ლაპარაკით მაინც ნუღარ ვართულებთ. ეს ნამდვილად არ სჭირდება ჩვენს დუხჭირ ცხოვრებას.
წუხელ, როცა ამ რადიოინტერვიუზე ვფიქრობდი, სიმართლე გითხრათ, დიდხანს ვერ გადავწყვიტე, როგორ უნდა მიმემართა ხალხისათვის, რომლის ნაწილს, ამდენი ხანია, პენსიები, სტიპენდიები, ხელფასები არ მიუღია. სამწუხაროდ, ალბათ არ შველის ის, რომ მადლობა ვუთხრა ამ ხალხს მოთმინებისა და სულგრძელობისათვის, რომელსაც იჩენს. მაგრამ მაინც მინდა უდიდესი მადლობა მოვახსენო ყველას, ყველა ოჯახს, ყველა მოქალაქეს, ვინც ყოველივე ამას გაგებით ეკიდება. პირდაპირ ვამბობ, რომ გვიღალატა პარტნიორმა. უმაღლეს დონეზე იყო ხელმოწერილი ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, ჩვენთვის ფულადი ნიშნები, როგორც ტექნიკური კრედიტი, რუსეთს უნდა მოეწოდებინა. ვიმეორებ, ეს კრედიტი ჩვენ გვეკუთვნოდა და ვერ მივიღეთ. აი, ამან შექმნა ასეთი ვითარება. ახლა რუსეთმა პირობა შეცვალა, რომ ის 60 მილიარდი მანეთი, რომელიც რესპუბლიკის მოსახლეობის აუცილებელ მოთხოვნათა დასაკმაყოფილებლად გვჭირდება, იყოს როგორც სახელმწიფო ვალი. ცხადია, ეს პარტნიორობა აღარ არის. ეს, როგორც იტყვიან, უკვე აკრძალული ილეთია. თუკი ჩვენმა ძალისხმევამ არ გაჭრა, იძულებული ვიქნებით, ვალი ავიღოთ და თავი გადავირჩინოთ და დავაჩქაროთ კუპონების შემოღება, რაზეც უკვე მუშაობენ და ალბათ მოკლე ხანში მათ შემოვიღებთ. სიმართლე გითხრათ, მე ეს არ მინდოდა, გახსოვთ, ვთქვი, რომ სანამ არ გამოგვაგდებენ სამანეთო ზონიდან, უნდა დავრჩეთ-მეთქი. ახლა, ჩანს, რუსეთს სურს მოიშოროს პარტნიორები. ჩვენი წარმომადგენლები, პრემიერ-მინისტრის მოადგილე რომან გოცირიძე და ეროვნული ბანკის მმართველი დემურ დვალიშვილი მოსკოვს ჩავლენ და ხვალ-ზეგ ალბათ, გვეცოდინება, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს რუსეთი. ამას თუ დავუმატებთ, რომ სხვა სიძნელეებიც არის - ხალხს სითბო, სინათლე აკლია, მაგალითად, სოხუმში, ამ მხრივ, უკიდურესი ვითარებაა, ცხადი გახდება, თუ რა პრობლემის წინაშე ვდგავართ, ამიტომ, ვეძებთ გამოსავალს და, ვფიქრობ, მოვძებნით მას. დასავლეთი ახლა ძალიან სერიოზულად გვეხმარება, ამერიკამ სამი თვის ხარჯი ხორბალი უნდა გამოგვიგზავნოს, მოდის მედიკამენტები, ბავშვთა კვების პროდუქტები. ამასთან, მე ვფიქრობ, ჩემს დასავლელ კოლეგებს მივმართო წერილით, რომ გაძლიერდეს ეს დახმარება. მაგრამ მთავარი, ვიმეორებ, ის არის, რომ ქვეყანამ თვითონაც გამოიღოს ხელი. თბილისელებისათვის უკვე გამოიყო დასამუშავებელი მიწის ნაკვეთები, სხვაგანაც იგივე იქნება და ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ შიმშილი თავიდან ავიცილოთ, მე მოვუწოდებ ყველას, პოლიტიკურ პარტიებსაც და საზოგადოებრივ ორგანიზაციებსაც, კონსტრუქციულად ვიფიქროთ ამ საკითხებზე, თაოსნობებზე, რომლებიც მათს გადაჭრაში დაგვეხმარება. მე მივესალმები მწვანეთა პარტიისდა მისი ლიდერის ზურაბ ჟვანიას ინიციატივას ქალაქის დასუფთავებისათვის; ზურაბ ჟვანიამ და ირინა სარიშვილმა გამოთქვეს სურვილი, რომ მათი პარტიების წარმომადგენლები წავიდნენ კახეთში. ასეთი მოძრაობა სწორია. ჩვენ იქ უნდა დავდგეთ, სადაც ქვეყნის ბედი წყდება. და ყველა ამისათვის უნდა ვიყოთ მობილიზებული.
კომენტატორის კითხვას - ხომ არ არის ქალაქ თბილისის პროკურორის მიხეილ ქურდაძის მკვლელობა იმის შედეგი, რომ ბოლო დროს, სამართალდამცავმა ორგანოებმა გაააქტიურეს თავიანთი საქმიანობა, სახელმწიფოს მეთაური დაეთანხმა. ეს ერთი მხრივ ასეა, - თქვა მან, - მაგრამ აქტიურობს ის ცენტრიც, რომელიც კარგად იცით, სადაც არის და იქიდან ყველაფერი იმართება. თუმცა, ბევრი რამ, ცხადია, თქვენთვის არ არის ცნობილი, - მიმართა მან კომენტატორს, - ახლა საკმაოდ კარგად მუშაობს ჩვენი საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახური, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტრო. ბოლო ფაქტები მათი აქტიურობის გამოძახილია და არა სოციალური რამ. ეს ჩვენი მტრების ნამოქმედარია და მტრებს მტრულად უნდა მოვექცეთ.
საქართველოს პარლამენტის პრესცენტრი.
ედუარდ შევარდნაძე: სოხუმში მომხდარმა ბოლო ორი დღის მოვლენებმა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა რუსეთის სამშვიდობო მისია აფხაზეთში / შევარდნაძე ე. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 16 მარტი. - №53(597). - 1 გვ.
![]() |
46 ედუარდ შევარდნაძე: ამ რთული, ძნელი გამოცდის დროს უნდა შევძლოთ ღირსეულად გავართვათ თავი ჩვენს წინაშე მდგარ ამოცანას |
▲ზევით დაბრუნება |
გუშინ პარლამენტის სხდომაზე
სოხუმში 15 მარტს დატრიალებულმა ტრაგიკულმა მოვლენებმა - ქალაქის დაბომბვამ, ადამიანების დაღუპვამ, - ერთიანად შეძრა საქართველოს ყველა მოქალაქე. ბუნებრივია დღეს არ არსებობს სხვა უფრო დიდი პრობლემა, ვიდრე სოხუმის გადარჩენაა. საქართველოს პარლამენტის 16 მარტის პლენარული სხდომა, ცხადია, ამ მოვლენას მიეძღვნა. სხდომაზე განცხადება გააკეთა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ - სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ. მან თქვა:
ამ ბოლო დღეებში სოხუმში ძალზე დაიძაბა ვითარება. წუხელ კიდევ უფრო დრამატული ხასიათი მიიღო დაპირისპირებამ. თითქმის მთელი ღამე იბომბებოდა ქალაქი, განსაკუთრებით ის პოზიციები, რომლებიც დაკავებული აქვთ ჩვენი ჯარის ნაწილებს. გათენებისას დიდი ძალებით დაიწყო მასირებული შემოტევა. ორ ადგილას მოხერხდა მოწინავე პოზიციების გარღვევა. დილით მოხერხდა ამ შემოტევის ლოკალიზება. წუხელ და ამ დილით მიმდინარეობდა მძიმე, ძალიან მძიმე ბრძოლები, ბევრი ხალხია დაღუპული, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობა. ჩვენი შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობა, მეთაურები მოქმედებენ ისე, როგორც ეს საჭიროა ექსტრემალურ სიტუაციაში. ადგილზეა გარკვეული რეზერვი, რომლის ნაწილი ჩაება ბრძოლაში. ახლა ვიღებთ ზომებს, რომ ჩვენი ნაწილები გაძლიერდეს. ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რათა შევასრულოთ ის, რაც ითქვა - სოხუმს არ დავთმობთ.
ახლა რამდენიმე სიტყვა მიზეზებთან დაკავშირებით. რასაც ვიტყვი სრულიად საქართველოს საყურადღებოდ, პრესისა და მსოფლიო საზოგადოებრიობის საყურადღებოდ.
თქვენ კარგად იცით, რომ ყოველთვის ფრთხილად ვიყავი, არ მეხმარა ტერმინი რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი. თუმცა აფხაზეთის ომში რუსეთის მოქალაქეთა და რეგულარული ნაწილების, პირველ რიგში მხედველობაში მაქვს ავიაცია, მონაწილეობა სახეზე იყო. წუხანდელი მოვლენების შემდეგ უნდა განვაცხადო, რომ ჩვენ, პრაქტიკულად, საქმე გვაქვს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან. არ ვიცი, რამდენად არის საქმის კურსში რუსეთის პრეზიდენტი, თუ არ არის საქმის კურსში, ეს კიდევ უფრო ართულებს საქმის ვითარებას. რა მიზანი უნდა ჰქონდეს რუსეთს, როცა იქ შინაგანი აშლილობაა და მთელი მსოფლიო შეწუხებულია იმით, რაც რუსეთში ხდება. იმ ძალებმა, რომელთა შესახებაც თქვენ კარგად იცით, გადაწყვიტეს, რომ თავისი შინაგანი აშლილობა მოაწესრიგონ საქართველოში აგრესიის ხარჯზე, „ორთქლი გამოუშვან“, როგორც ამბობენ. ამის დამადასტურებელი ბევრია - გამუდმებული დაბომბვები, ეშერის ნაწილის ირგვლის შექმნილი პრობლემა, სუვერენული სახელმწიფოს მოთხოვნის უგულვებელყოფა, რომ ეს ნაწილი გაყვანილი ყოფილიყო და თავიდან აგვეცილებინა კონფლიქტი, არაფერი არ გაკეთდა.
გუშინ ჩემთან იყო რუსეთის ელჩი, რომელიც მივიღე მისივე თხოვნით და მან განაცხადა, რომ ის უნდა დაბრუნდეს მოსკოვში, რათა მონაწილეობა მიიღოს რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებაში. ვფიქრობ, რომ ეს შემთხვევითი გამოძახება არ არის, ეს საგულისხმო ფაქტია. ყველაფერს რომ ანალიზი გავუკეთე, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს სერიოზულად დაგეგმილი აქციაა. გარკვეულ წრეებს ჰქონდათ წარმოდგენა, როდის უნდა დაწყებულიყო ეს ოპერაცია. თუ დავუჯერებთ სადაზვერვო სამსახურების მონაცემებს, ყველაფერი იგეგმება რუსი სპეციალისტების მიერ. არ მინდა მოვლენებს გავუსწრო, მაგრამ არის სერიოზული საფრთხე ტერორისტული აქტების განხორციელებისა. თუ ეს მოხდება, ესეც, ალბათ, იმ ძალების მიერ იქნება ინსპირირებული და დაგეგმილი. ვის მიმართ და ვის წინააღმდეგ, ამას მომავალი გვიჩვენებს. არის მონაცემები, რომ დღეს მდინარე ფსოუზე გადმოვიდა შეიარაღებული კოლონა. სოხუმის მისადგომებთან კონცენტრირებულია მძიმე ტექნიკა. არაფერი ამის მსგავსი აფხაზეთის მხარეს არა აქვს და არც შეიძლება ჰქონოდა და ვერც ჩრდილოეთ კავკასიიდან შეიძლებოდა მიეღო.
არ მინდა ვილაპარაკო იმაზე, რომ რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებაზე რუსეთის წარმომადგენელთა პოზიცია გამკაცრდა. მათ მიაჩნიათ, რომ ხელშეკრულების სათაურში, რომელსაც ჩვენ დიდ ხელშეკრულებას ვუწოდებთ, სიტყვა - მეგობრობა - არ უნდა იყოს. გართულებებია იმ ფინანსური ვალდებულებების შესრულებაში, რის შესახებაც ვიცე-პრემიერმა რომან გოცირიძემ მოგვახსენა და რომელსაც რუსეთი უნდა ასრულებდეს. ასეთ ვითარებაში ჩვენ მაინც, მიუხედავად ყოველივე ამისა, უნდა გამოვიჩინოთ დიდი სიფრთხილე, წინდახედულება და არ დავუშვათ საქართველოს ტერიტორიაზე დისლოცირებული რუსეთის არმიის ქვედანაყოფების მიმართ რაიმე უკანონო მოქმედება. თუ ეს საჭირო იქნება, რესპულიკის ხელმძღვანელობა იტყვის ამის შესახებ.
მე მივმართავ საქართველოს ყველა მოქალაქეს, ყველა პარტიას, დღეს, ასეთ პირობებში, საქართველოს დამატებითი სიძნელეების შექმნა არ სჭირდება, და ამ სამხედრო ქვედანაყოფებთან ურთიერთობა უნდა იყოს ნორმალური, დამატებითი პრობლემები არ უნდა შეიქმნას.
დარწმუნებული ვარ, რომ მსოფლიო საზოგადოებრიობა არ დარჩება გულგრილი ამ მოვლენებისადმი. მე უკვე მოგახსენეთ, რომ დღეს რუსეთი ჩვენი პლანეტის ყურადღების ცენტრშია. დიდი სახელმწიფოს მეთაურებთან ერთად მეც გავაკეთე განცხადება იმის შესახებ, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ დემოკრატიულ ძალებსა და რუსეთის პრეზიდენტს. ეს ეხმიანება იმას, რაც თქვეს ამერიკის პრეზიდენტმა და წამყვანი ქვეყნების ლიდერებმა.
მინდა გამოვთქვა იმედი, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ყველა მოქალაქე, ვისაც აწუხებს თავისი ქვეყნის ბედი და ავტორიტეტი მსოფლიოში, ყველაფერს კარგად გააანალიზებენ და არ დაუშვებენ კონფლიქტის ესკალაციას. იმედი მაქვს, რომ რუსეთის პრეზიდენტი, როგორც უმაღლესი მთავარსარდალი, მიიღებს გადაწყვეტილებას, რათა დაუყოვნებლივ გაიყვანოს ის ნაწილები ეშერიდან, რომლებიც ასე ძვირად დაუჯდა საქართველოს. თუ ეს ასე არ მოხდება, ჩვენ არაფერი არ დაგვრჩენია, გარდა იმისა, რომ გავაკეთოთ ის, რისი გაკეთებაც შეუძლია საქართველოს.
მე გავფრინდები სოხუმს, ბატონი კიტოვანი და იოსელიანი, ან იქ არიან, ან ცოტა ხანში ჩავლენ. სხვა ზომებიც არის მიღებული. ჩემი ჩასვლის შემდეგ, როცა შევხვდები ქალაქის მოსახლეობას, სამხედრო ნაწილების ხელმძღვანელებს, მეთაურებს, მივიღებთ გადაწყვეტილებას საყოველთაო მობილიზაციის შესახებ. თუ თქვენ მხარს დამიჭერთ, როგორც მთავრსარდალს, ახლა ვაცხადებ საყოველთაო სამობილიზაციო მზადყოფნას. თუ დავრწმუნდები რომ იქ არსებული ძალებით ვერ შევძლებთ სოხუმის დაცვას, სოხუმიდან გამოვაცხადებ საყოველთაო მობილიზაციას.
ამასთან დაკავშირებით მივმართავ საქართველოს ყველა მოქალაქეს, მზად ვიყოთ ამისათვის, მზად ვიყოთ ყველაზე უარესისათვის. დარწმუნებული ვარ ყველა რაიონი თავის სიტყვას იტყვის, ყველა მოქალაქე თავის პოზიციას განსაზღვრავს ამ მძიმე დღეებში. ვისაც შეუძლია იარაღი უნდა აიღოს, რომ ეს განსაცდელი გადავიტანოთ.
განსაკუთრებით მინდა მივმართო დასავლეთ საქართველოს იმ რაიონებს, რომლებიც აფხაზეთს ემიჯნებიან, მადლობის სიტყვით მივმართო სამეგრელოს მოსახლეობას. ბევრი იქ იბრძვის, ეხმარებიან, და მე მჯერა, რომ სამეგრელოს, იმერეთის, სხვა რეგიონების მოსახლეობა სოხუმელებთან იქნებიან, ჩაერთვებიან სოხუმის გადარჩენისათვის ამ გადამწყვეტ ბრძოლაში.
თავდაცვის საბჭოზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენი აქ არყოფნის დროს თავდაცვის საბჭოს უხელმძღვანელოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა თენგიზ სიგუამ. პრაქტიკულად მთელი პოლიცია, სადაზვერვო სამსახური სხვა სამართალდამცავი ორგანოები ყაზარმულ მდგომარეობაზე გადავლენ დღის მეორე ნახევრიდან. ასეთივე მდგომარეობა უნდა გამოცხადდეს ყველა სამინისტროსა და უწყებაში. ამ საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით თავდაცვის საბჭოში დამატებით შეყვანილი არიან ბატონები ზურაბ კერვალიშვილი, ავთანდილ მარგიანი, კოტე გაბაშვილი. მე ვთხოვ ბატონ თენგიზ სიგუას თავდაცვის საბჭო მუდმივ მზადყოფნაში ჰყავდეს, რათა ოპერატიულად მიიღოს გადაწყვეტილებები.
მინდა ვთხოვო პარლამენტს, ყველა პოლიტიკურ პარტიას, ეგრეთ წოდებულ ჩვენს მოწინააღმდეგეებს, ყველა მოქალაქეს, რომ ამ რთული, ძნელი გამოცდის დროს უნდა შევძლოთ გავართვათ თავი ჩვენს წინაშე მდგარ ამოცანას, ყოველგვარი პანიკის, შიშის, ზედმეტი განგაშის გარეშე ყველამ აკეთოს თავისი საქმე.
ვფიქრობ, რომ პარლამენტს შეუძლია გააგრძელოს მუშაობა, შესაძლოა დაგვჭირდეს საგანგებო შეკრებები. საჭიროა, რომ პარლამენტის ყველა წევრი ადგილზე იყოს. ჩემთან იყო რამდენიმე პარლამენტარი, რომლებიც ითხოვენ სოხუმში სასწრაფოდ გამგზავრებას. ვფიქრობ, ასეთ არაორგანიზებულ წასვლას აზრი არა აქვს. მთავარია, ყველა პროცესი იყოს მართვადი. თუ სასწრაფო შეკრება იქნება საჭირო, პარლამენტს ეცნობება ამის შესახებ ტელევიზიით ან სხვა საშუალებებით. ვთხოვ რაიონებიდან არჩეულ პარლამენტარებს მუდმივი კავშირი ჰქონდეთ რეგიონებთან, რომ, როგორც იტყვიან, პირველსავე დაძახილზე, გაკეთდეს ის, რაც აუცილებელი და საჭიროა.
მინდა გამოვთქვა რწმენა, რომ საქართველო ამ მძიმე გამოცდას ღირსეულად გაუძლებს.
ამ შეხვედრის შემდეგ ბატონი ედუარდ შევარდნაძე სოხუმს გაფრინდა.
ედუარდ შევარდნაძე: ამ რთული, ძნელი გამოცდის დროს უნდა შევძლოთ ღირსეულად გავართვათ თავი ჩვენს წინაშე მდგარ ამოცანას // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 17 მარტი. - №54(598). - 1 გვ.
![]() |
47 რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის გადასარჩენად |
▲ზევით დაბრუნება |
17 მარტს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ - სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ წერილი გაუგზავნა რუსეთის პრეზიდენტს ბორის ელცინს
პატივცემულო ბორის ნიკოლოზის ძევ,
თქვენთვის, რა თქმა უნდა, ცნობილია აფხაზეთში მოვლენათა დრამატული განვითარება.
ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით შარშან სექტემბერში მიღწეული მორიგებანი პრაქტიკულად არარად იქცა. ხელშეკრულება, სამწუხაროდ, გამოყენებული იყო ზემოქმედების საშუალებად, რომელმაც პროვოკაციულად გამოიწვია მოქმედება საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებისა და მისი ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ.
განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა შეიქმნა თქვენთვის ცნობილი ძალების მიერ აფხაზეთში განხორციელებული მთელი რიგი აქციების შედეგად. ამის შედეგად ათასობით რუსეთელი მოქალაქე, როგორც დაქირავებულნი, აგრეთვე კადრის სამხედრო მომსახურენი ჩართული აღმოჩნდნენ საქართველოს წინააღმდეგ უშუალო საომარ მოქმედებაში.
იღუპება ასობით ადამიანი მათ შორის მშვიდობიანი მცხოვრებლები, ინგრევა ათასობით ნაგებობა, კომუნიკაციები და საცხოვრებელი სახლები, ბარბაროსულად ნადგურდება მატერიალური ღირებულებანი. მაგრამ მთავარი ის არის, რომ შეიყარა საქართველოსა და რუსეთის ხალხთა კეთილმეზობლური ურთიერთობა.
მე გასაგები მიზეზების გამო ახლა საბრძოლო მოქმედებათა ცენტრში აღმოვჩნდი, მაგრამ მზად ვარ დაუყოვნებლივ განვიხილო შექმნილი მდგომარეობა ადგილზე, თქვენ მიერ ამისათვის უფლებამოსილ ნებისმიერი რანგის წარმომადგენელთან. შესაძლებელია ჩვენი სპეციალური მისიის ჩამოსვლაც მოსკოვში. მეც მზად ვარ ჩამოვიდე მოსკოვში თქვენთან შესახვედრად, აგრეთვე არ არის გამორიცხული სხვა წინადადებათა შესაძლებლობაც, რომლებიც ხელს შეუწყობს შექმნილი მდგომარეობიდან გამოსვლას.
დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთში შექმნილი რთული პოლიტიკური ვითარების მიუხედავად, თქვენ, ბორის ნიკოლოზის ძევ, გამოიყენებთ ყოველგვარ შესაძლებლობას რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის გადასარჩენად და მოვლენათა შემდგომი ტრაგიკული განვითარების თავიდან ასაცილებლად.
ედუარდ შევარდნაძე.
ქ. სოხუმი, 1993 წლის 17 მარტი
რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის გადასარჩენად // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 18 მარტი. - №55(599). - 1 გვ.
![]() |
48 რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების მიერ ქ. სოხუმის მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვის შედეგად დაზარალებულ, უსახლკაროდ დარჩენილ მოქალაქეთათვის დახმარების გაწევის ღონისძიებათა შესახებ |
▲ზევით დაბრუნება |
როგორც არაერთხელ აღინიშნა, რუსეთის ავიაციის სამხედრო-საჰაერო ძალების მიერ ქ. სოხუმის მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვას უმძიმესი შედეგები მოჰყვა. ბოლო სამი თვის განმავლობაში დაიღუპა 110 ადამიანი, დაიჭრა 1000-ზე მეტი კაცი, დაინგრა ან სერიოზულად დაზიანდა 800-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი. ბოლო დღეების განმავლობაში არაერთხელ ვიყავი უშუალო მოწმე ბარბაროსული აქტებისა, რომელთა შედეგად იღუპებიან ან სახიჩრდებიან უდანაშაულო ადამიანები, ბავშვები, ქალები, მოხუცები, ქართველები, რუსები, აფხაზები, სომხები...
ცნობად ვღებულობ აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის ბატონ თამაზ ნადარეიშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ შექმნილია სამთავრობო კომისია დაღუპულთა ოჯახებისადმი დახმარების, ავადმყოფთა მოვლა-პატრონობის, უსახლკაროდ დარჩენილთათვის თავშესაფრის გამოყოფის უზრუნველსაყოფად. დაზარალებული მოქალაქეების, მათი ოჯახის დახმარების უკეთ ორგანიზაციისა და კოორდინაციის მიზნით ვავალებ საქართველოს მინისტრთა კაბინეტის ვიცე-პრემიერს ბატონ ზურაბ კერვალიშვილს შექმნას სპეციალური სამუშაო ჯგუფი და ოპერატიულად გადაწყვიტოს ყველა საკითხი, რომელთა მოგვარებაც აღემატება აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს შესაძლებლობებს.
ბატონმა ზურაბ კერვალიშვილმა ყოველ ათ დღეში მომახსენოს ამ დავალების შესრულების მიმდინარეობის შესახებ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე,
სახელმწიფოს მეთაური
ედუარდ შევარდნაძე.
რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების მიერ ქ. სოხუმის მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვის შედეგად დაზარალებულ, უსახლკაროდ დარჩენილ მოქალაქეთათვის დახმარების გაწევის ღონისძიებათა შესახებ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 18 მარტი. - №55(599). - 1 გვ.
![]() |
49 ედუარდ შევარდნაძე: მადლობას ვუცხადებ სოხუმის ყველა დამცველს |
▲ზევით დაბრუნება |
17 მარტს დილით, საინფორმაციო პროგრამა „ალიონმა“ სოხუმიდან პირდაპირი ეთერით გადასცა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის - სახელმწიფოს მეთაურის, შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის ედუარდ შევარდნაძის ინტერვიუ. მასში, კერძოდ, საუბარია სოხუმში ბოლო დღეებში მიმდინარე ტრაგიკულ მოვლენებზე, ჩვენი საჯარისო შენაერთების საბრძოლო მოქმედებაზე, რომელთა თავდადებისა და გმირობის შედეგად შეტევაზე გადმოსული მტერი უკუგდებულია. 16 მარტს დღის მეორე ნახევარში ქართველმა მეომრებმა გაანადგურეს აფხაზ სეპარატისტთა და დაქირავებულთა რამდენიმე ჯგუფი და სერიოზული ზიანი მიაყენეს მათ. სერიოზული დანაკარგებია ქართველთა მხარესაც.
- როგორც საქართველოს შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, მადლობას ვუცხადებ სოხუმის ყველა დამცველს, - განაცხადა ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ ინტერვიუში. - ისინი, ვინც თავი გამოიჩინეს, წარდგენილი იქნებიან მთავრობის ჯილდოზე, მაგრამ, მთავარი ბრძოლა წინაა. ზოგიერთი პოზიცია ჯერ კიდევ არ დაგვიბრუნებია. სამობილიზაციო მზადყოფნა ძალაში რჩება. მივიღებთ თუ არა გადაწყვეტილებას საყოველთაო მობილიზაციის შესახებ, ნათელი გახდება დღეს ან ხვალ.
სახელმწიფოს მეთაურმა მოუწოდა მოსახლეობას, რომ ჩააბარონ იარაღი, რათა დაეხმარონ ჩვენს მეომრებს, რომლებსაც არ ჰყოფნით იგი.
- გუშინ, - თქვა შემდეგ ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ, - გავუგზავნე წერილი პრეზიდენტ ელცინს. ამ წერილის ტექსტი გამოქვეყნდება პრესაში. გუშინვე ტელეფონით ველაპარაკე ამიერკავკასიაში რუსეთის ჯარების ჯგუფის სარდალს რეუტს. ვფიქრობ, შესაბამისი რეაქცია იქნება. და მაინც, ჩემის აზრით, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების პერსპექტივები ჯერ კიდევ არ არის დაკარგული. დღეს გაგრძელდა აქტიური ბრძოლა ჩვენი პოზიციების აღსადგენად. ღამემ შედარებით მშვიდად ჩაიარა, თუმცა ისევ ბომბავდნენ ქალაქს. განსაკუთრებით დაზიანდა ერთი მრავალსართულიანი სახლი, არიან დაჭრილები. თუ დაბომბვა გაგრძელდება, ჩვენ მივიღებთ საპასუხო ზომებს. მე ახლა არ მინდა, კერძოდ, ისინი დავაკონკრეტო, მაგრამ გუდაუთელებისათვის ეს კარგი არ იქნება...
დღესვე გაიმართება საგანგებო შეკრება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ კიტოვანი, იოსელიანი, ყარყარაშვილი, ნადარეიშვილი, კავსაძე და სხვები. სოხუმელებს განწყობილება აქვთ. ღამით, როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, რეუტი დაუკავშირდა გრაჩოვს და დღეს ელოდება მისგან მითითებებს.
ედუარდ შევარდნაძე: მადლობას ვუცხადებ სოხუმის ყველა დამცველს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 18 მარტი. - №55(599). - 1 გვ.
![]() |
50 ელცინის პლატფორმა - ერთადერთი გამოსავალი |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის - სახელმწიფოს მეთაურის სიტყვა უცხოელი ჟურნალისტებისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე 1993 წლის 21 მარტს
მე მინდა, პირველ რიგში, მადლობა მოვახსენო ჩვენს სტუმრებს საქართველოში ჩამოსვლისათვის. ეს შეესაბამება ჩვენს სურვილს, ჩვენს განწყობას და ჩვენ ძალიან გვესაჭიროება ჟურნალისტების თვალი, ჟურნალისტების ხედვა ყველაფერი იმისა, რაც ხდება საქართველოში. ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ ყველა ქვეყანაში და, საერთოდ, მთელმა მსოფლიომ იცოდეს, სიმართლე, სიმართლე იმ რთულ და წინააღმდეგობრივ პროცესებზე, რომლებთანაც გვაქვს საქმე ჩვენს ქვეყანაში. ვფიქრობ, რომ ამ მოგზაურობის პროცესში თქვენ ბევრს ნახავთ საინტერესოს და თქვენთვის საჭიროს.
სამწუხაროდ, დღევანდელი საქართველო ვერ არის მთლად მზად სტუმრების მისაღებად. ქართველებს ცოტა სხვა ტრადიციები აქვთ სტუმრებთან შეხვედრისა, მაგრამ ვფიქრობ, რომ თქვენ გაგებით შეხვდებით ამას, რამდენადაც დღეს საქმე გვაქვს ეროვნული დამოუკიდებელი სახელმწიფოს ფორმირების ურთულეს პროცესთან, რომელსაც თან სდევს ნამდვილი ეკონომიკური კრიზისი, თითქმის შიმშილობა, სიძნელეები ფინანსების, საბანკო სისტემის სფეროში. პრაქტიკულად, საქართველო ახლა ფინანსური ბლოკადის პირობებში ცხოვრობს. თქვენ შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც გეტყვიან, რომ მათ უკვე ოთხი თვეა არ მიუღიათ ხელფასები, პენსიები და სტიპენდიები. სამწუხაროდ, ეს შედეგია იმ პოლიტიკისა, რომელსაც რუსეთის გარკვეული წრეები ახორციელებენ საქართველოს მიმართ. მე არ მინდა ჩვენი გაჭირვება სხვას გადავაბრალო, მაგრამ ამის შესახებაც უნდა ითქვას.
ყოველივე ამას ართულებს და კიდევ დრამატულ ხასიათს აძლევს კონფლიქტი აფხაზეთში, და ვითარება ცხინვალის ზონაში. მაგრამ განსაკუთრებულ სირთულეებს ქმნის აფხაზეთის კონფლიქტი, რომლის მოუგვარებლობა, მოუწესრიგებლობა დაკავშირებულია სერიოზულ საფრთხესთან მომავალში, როგორც საქართველოსათვის, ისე ჩვენი მეზობელი სახელმწიფოებისთვისაც. ერთი მხრივ, ყველაფერი ეს თითქოს პარადოქსულად გამოიყურება, ერი და ხალხები, რომლებიც ქვეყანაში ცხოვრობენ, თავისუფლების მიღების შემდეგ უნდა გაერთიანებულიყვნენ და თითქოს ასე არ მოხდა. მეორე მხრივ, უნდა გითხრათ, რომ არის ამაში გარკვეული კანონზომიერება. იმპერია დაინგრა და ეს არ იყო დაგეგმილი, დაშლის პროცესი, ყველაფერი წარიმართა სტიქიურად, ძალიან მოკლე დროში. ის სიძნელეები და სირთულეები, რომლებსაც წააწყდა საქართველო და არა მარტო საქართველო, გარკვეულად ობიექტური მიზეზებით უნდა აიხსნას. მე დღეს გამოვყოფდი იმპერიის მსხვრევის და იმპერიის ნგრევის ორ ეტაპს. პირველი შედარებით უმტკივნეულოდ გაიარეს ყოფილმა საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებმა, ვიმეორებ, შედარებით უმტკივნეულოდ. ამ პირველ ეტაპზე მოხდა სუვერენულ სახელმწიფოთა ჩამოყალიბება, დამოუკიდებლობის დეკლარირება, დამოუკიდებლობის გამოცხადება. მაგრამ ეს კიდევ არ ნიშნავს სრულ დამოუკიდებლობას და სრულ თავისუფლებას. უნდა მოგახსენოთ, რომ იმპერიული აზროვნება კვლავ ძალაშია, და არა მარტო აზროვნება, არამედ მოქმედება, პრაქტიკულად მოქმედება. დღეს უნდა ვთქვა, რომ ამ იმპერიული აზროვნების და იმპერიული მოქმედების ცენტრი, ცოტა მძიმეა ამაზე ლაპარაკი, მაგრამ სჯობია, სიმართლე ითქვას, რუსეთის პარლამენტში და სახალხო დეპუტატთა ყრილობაზე. მე მაქვს ამის თქმის უფლება, რამეთუ საქართველომ საკუთარ მაგალითზე რუსეთის პარლამენტში ყველაზე მეტად იწვნია რა არის ასე მკვეთრად გამოკვეთილი იმპერიული აზროვნება. ახლა შესაძლოა ვთქვათ და ვილაპარაკოთ იმაზე, რომ დაიწყო იმპერიის დაშლის და ჭეშმარიტად დამოუკიდებელ სახელმწიფოთა ფორმირების მეორე ეტაპი, ამ მეორე ეტაპზე ორ მოვლენას გამოვკვეთავდი: პირველი, და ჩვენთვის განსაკუთრებით აქტუალური და მწვავე, - რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის გამწვავება, რაც ისევ გარკვეული ძალების აგრესიული მოქმედების შედეგია, რა თქმა უნდა, მხედველობაში მაქვს რუსეთი. ეს ძალიან ძვირად უღირს ისეთ პატარა ქვეყანას, როგორიც არის საქართველო. საქართველო დღევანდელ მეორე ეტაპზე სასინჯ ქვად იქცა. თუ საქართველო გადარჩება, იმპერიული აზროვნება და მოქმედება ნაყოფს არ გამოიღებს, მაშინ უნდა ვთქვათ, რომ იმპერიის დაშლის პროცესი დამთავრდება, იმპერია საბოლოოდ დაიშლება. მეორე, უფრო მთავარი, და მსოფლიოსათვის შემაშფოთებელი, ეს არის მეორე ეტაპისათვის დამახასიათებელი ღრმა პოლიტიკური კრიზისი რუსეთში, დაკავშირებული ეკონომიკურ კრიზისთან. არ მინდა რაღაც წინასწარმეტყველის როლში გამოვიდე, მაგრამ მინდა შეგახსენოთ, რომ მე დიდი ხანია, ვლაპარაკობდი რუსეთის რეაქციული ძალების მხრივ გადატრიალების რეალურ საფრთხეზე. ასეთი პროცესი საპარლამენტო გადატრიალების სახით დაიწყო. სახალხო დეპუტატთა მეშვიდე ყრილობაზე. მე დღეს პირველად ვამბობ, რომ ამ საფრთხის შესახებ რამდენჯერმე მქონდა საშუალება, მეთქვა, პრეზიდენტ ელცინისათვის და დასავლელი კოლეგებისათვის, რომ ეს რეალური საფრთხეა, რომელიც ემუქრება საყოველთაო მშვიდობას... და თუ ეს განხორციელდა, მაშინ კვლავ ცივი ომის რეანიმაციასთან გვექნება საქმე. აი, ამ გადატრიალების მცდელობა და არა მარტო მცდელობა, არამედ გარკვეული შედეგებიც, კლასიკური ფორმით გამოვლინდა მერვე ყრილობაზე რუსეთში. ჩემი აზრით, რუსეთის პრეზიდენტმა დააგვიანა. ის, რაც გუშინ თქვა პრეზიდენტმა ელცინმა, ვიმეორებ, ჩემი აზრით, უნდა თქმულიყო მეშვიდე ყრილობის დამთავრებისთანავე. ვფიქრობ, ბატონი ელცინი გაგებით შეხვდა ჩემს ნათქვამს, რომ მან, ისევე, შეაფასა გადატრიალების ეს საფრთხე. მე ცოტა მეტს ვლაპარაკობ რუსეთზე, ვიდრე საქართველოზე, იმიტომ, რომ საბოლოო ანგარიშით, არა მარტო ქართული დემოკრატიის, არამედ სხვა ქვეყნებში დემოკრატიული მშენებლობის პროცესი დიდად იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რა მოხდება რუსეთში.
დიდი ყურადღებით მოვუსმინე გუშინ პრეზიდენტ ელცინს, ჩავიწერე მისი გამოსვლა და რამდენჯერმე შევეცადე ღრმა, სერიოზული ანალიზი გამეკეთებინა ამ გამოსვლისათვის. ვთვლი, რომ გუშინდელი პლატფორმა ერთადერთი გამოსავალია კრიზისიდან. ელცინს აქვს უფლება, ასეთი პლატფორმა შესთავაზოს ქვეყანას, რამეთუ, იგი არავის მიერ დანიშნული არ არის. იგი ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტია და თუ შევადარებთ, როდის არიან არჩეულები სახალხო დეპუტატები და როდის აირჩევს ელცინი, ჩემი აზრით, ამ განსხვავებას ექნება პრინციპული მნიშვნელობა. სწორედ ეს განსხვავება დიდ უპირატესობას აძლევს ელცინს ყრილობისა და პარლამენტის წინაშე. შეშფოთებას იწვეს შეუთანხმებლობა პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტს შორის. არ ვიცი, რა პერსპექტივაა ამ მხრივ, მაგრამ პრეზიდენტის გუშინდელი გამოსვლის მიხედვით ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ ისინი ერთ პლატფორმაზე დგანან. რუცკოვის შემდგომი განცხადება ვითარებას ართულებს. ახლა ელცინის მოკავშირე - ხალხი, რუსეთის მოსახლეობა უნდა იყოს. ის ხალხი, რომელმაც იგი აირჩია პრეზიდენტად და სახელმწიფოს ბედი ჩააბარა. თუ პრეზიდენტსა და საკანონმდებლო ორგანოებს შორის ბრძოლამ კიდევ უფრო მწვავე ხასიათი მიიღო და დრამატულ კულმინაციას მიაღწია, რუსეთი პოლიტიკურ და ეკონომიკურ ქაოსში აღმოჩნდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რუსეთს, თუ დღეს ასეთი სცენარით განვითარდა მოვლენები, სამოქალაქო ომის საფრთხე ელის. მერე გეტყვით, როგორი ატმოსფეროა ახლა მოსკოვში, პეტერბურგში, ან სხვა ქალაქებში, მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ თითქოს სამოქალაქო ომის სუნი ტრიალებს ჰაერში. ვფიქრობ, ამას სერიოზულ აგნარიშს გაუწევენ რუსეთის შესაბამისი წრეები. იმედი უნდა ვიქონიოთ, რუსეთის მოსახლეობის სიბრძნისა, და იმისა, რომ დემოკრატები რუსეთში იმოქმედებენ უფრო მიზანსწრაფულად, უფრო გაბედულად. მე კარგად ვიცნობ რუსეთის დემოკრატიულ ძალებს, ერთ-ერთი ინიციატორი გახლდით დემოკრატიული მოძრაობის წამოწყებისა რეფორმებისათვის, მქონდა კონტაქტები სხვა ძალებთან და მათ აქვთ უნარი, მწვავე სიტუაციებში, გადამწყვეტ დროს გაერთიანდნენ. ასე იყო აგვისტოს პუტჩის დროს. ჩვენ ყველანი ერთად ვიდექით ბარიკადებზე, უნდა გითხრათ, რომ მე მაშინ პრეზიდენტ ელცინთან ახლო კონტაქტები მქონდა, რამდენჯერმე შევხვდი მას. გუშინდელი ელცინი ძალიან ჰგავდა აგვისტოს მოვლენების გმირს. ჩვენ ყველას გვინდა, რომ მას ნერვებმა არ უღალატოს და ის, რაც გუშინ თქვა, ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანოს. კიდევ ერთი დებულება. მეორე ეტაპი იმპერიის ნგრევისა კიდევ უფრო მტკივნეული და დრამატული იქნება. ალბათ, ძნელია ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ხალხებმა ეს უნდა იცოდნენ. ჯერ კიდევ არ არის იმპერია დანგრეული. ეს იმდენად მტკივნეული იქნება, რომ თუ რუსეთი ქაოსურ ვითარებაში აღმოჩნდა, და ამას სამოქალაქო ომი მოჰყვა, ამ ნგრევის ნამსხვრევები ყოფილი საბჭოთა კავშირის მთელ ტერიტორიას მოეფინება. არც ევროპა გადარჩება. ის, რასაც მოგახსენებთ, და კერძოდ, მიმაჩნია, რომ დღეს, დღევანდელ რუსეთში სწორედ პრეზიდენტი ელცინია ის ძალა, რომელიც გარკვეულ გარანტიებს ქმნის დემოკრატიისა და რეფორმებისათვის, ამის შესახებ მე გუშინ ვუთხარი ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს ბატონ გორს, რომელმაც დარეკა, აინტერესებდა ვითარება საქართველოში და ჩვენ გავუზიარეთ აზრი ერთმანეთს რუსეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. გუშინ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის დავალებით აქ ჩამოვიდა მისი სპეციალური წარმომადგენელი, ელჩი მოსკოვში და მასაც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრისათვის დაახლოებით ასეთი ინფორმაცია გადავეცი. ასეთი ინფორმაცია მიიღეს დასავლეთის თუ აღმოსავლეთის სხვა კოლეგებმა, რომლებთანაც სამუშაო კონტაქტები მაქვს.
და კიდევ ერთი, თუ რუსეთი ელცინის მიერ გამოცხადებული გუშინდელი პლატფორმით ივლის, სამოქალაქო ომს თავიდან აიცილებს. შეიძლება ეს იმდენად მნიშვნელოვანი არ იყოს მსოფლიოსათვის, მაგრამ მაშინ ასეთ შემთხვევაში, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა ძალიან სწრაფად მოგვარდება და თვით რუსეთისათვის აი, ამ პროცესს - საქართველოსთან ნორმალური კეთილმეზობლური, მეგობრული ურთიერთობის დამყარებას, შეიძლება დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს. თქვენ იცით, რომ მე გამოვთქვი მზადყოფნა, რა ფორმითაც უნდა იყოს, საქმიანი კონტაქტებისა პრეზიდენტ ელცინთან. მე მზად ვარ, შევხვდე მას და დავძლიოთ ეს კრიზისი, კრიზისის ეს ფაზა, რომელშიც ახლა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა შევიდა.
და ბოლოს, ახლა ძალიან ბევრს ლაპარაკობენ იმაზე, რომ რუსეთის პრეზიდენტის მოქმედება ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. ეს ალბათ ასეა, თუ ფორმალურად მივუდგებით საკითხს. მაგრამ, ვიმეორებ, ის ხალხის მიერ არის არჩეული და ნურც იმას დავივიწყებთ, როდის არის მიღებული კონსტიტუცია, რომელიც რუსეთში მოქმედებს. ვფიქრობ, ამასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს. მე მგონი, რუსეთის მომავლისათვის, ევროპის მომავლისათვის, საყოველთაო მშვიდობისათვის, ელცინის პლატფორმას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ცოტა გამიგრძელდა ჩემი შესავალი, მაგრამ მინდოდა მეთქვა, თქვენთვის ჩემი წუხანდელი ნაფიქრი და ნააზრევი, გმადლობთ.
ელცინის პლატფორმა - ერთადერთი გამოსავალი : საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის - სახელმწიფოს მეთაურის სიტყვა უცხოელი ჟურნალისტებისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე 1993 წლის 21 მარტს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 23 მარტი. - №58(692). - 1 გვ.
![]() |
51 სრული მხარდაჭერა |
▲ზევით დაბრუნება |
ედუარდ შევარდნაძე ტელეფონით ესაუბრა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტს ელ გორს
20 მარტს, გვიან საღამოს, ამერიკის მხარის ინიციატივით შედგა სატელეფონო საუბარი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს - სახელმწიფოს მეთაურს ედუარდ შევარდნაძესა და ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ ელ გორს შორის
პრეზიდენტისა და თავისი სახელით ელ გორმა გამოხატა ღრმა პატივისცემა და დიდი სიმპატიები ქართველი ხალხისადმი, სრული მხარდაჭერა საქართველოში დღეს მიმდინარე დემოკრატიული პროცესებისადმი.
- ჩვენ თავიდანვე აღვნიშნეთ ჩვენი დამოკიდებულება საქართველოსადმი, პირადად თქვენდამი და ამის შესახებ არაერთხელ განვაცხადეთ. ახლაც ღრმა დაინტერესებით ვადევნებთ თვალყურს თქვენთან მიმდინარე პროცესებს, - აღნიშნა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა - გვაფიქრებს მოვლენათა მსვლელობა აფხაზეთში, თქვენი ურთიერთობის განვითარება რუსეთთან. იმედი გვქავს, რომ არსებული პრობლემები მშვიდობიანი ხერხებით მოგვარდება.
საქართველოს სახელმწიფოს მეთაურმა მადლობა გადაუხადა ამერიკის მხარეს პოლიტიკური, მორალური, მატერიალური მხარდაჭერისათვის.
- მოხდა ისე, - თქვა ედუარდ შევარდნაძემ, - რომ საქართველოს, რომელიც მყარად დაადგა დემოკრატიული განვითარების გზას, ერთგვარ სასინჯ ქვად იქცა, ვინაიდან ის, რაც დღეს აფხაზეთში ხდება, ანარეკლია რუსეთში მიმდინარე მოვლენებისა. მაგრამ თქვენ იცით, თუ როგორ განვითარდა ვითარება რუსეთში, რამაც დიდი გავლენა მოახდინა ჩვენს ურთიერთობაზე. სამწუხაროდ, რუსეთის მიერ ძალის გამოყენება და ჩვენს შინაურ საქმეებში ჩარევა, უკვე მომხდარი ფაქტია, რეალობაა.
- თუმცა, - აღნიშნა ედუარდ შევარდნაძემ, - მე მაინც იმედი მინდა გამოვთქვა, რომ ვითარება სასიკეთოდ შეიცვლება, რადგან ახლახანს მოვუსმინე პრეზიდენტ ელცინის მიმართვას რუსეთის მოქალაქეებისადმი და ვფიქრობ, რუსეთში კომუნისტური პარლამენტის ბატონობა უნდა დამთავრდეს. ამ მხრივ ელცინმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო და დარწმუნებული ვარ, რომ ამერიკის ადმინისტრაცია მხარს დაუჭერს მას.
- მისასალმებელია - თქვა ედუარდ შევარდნაძემ, - რომ პრეზიდენტ ელცინის ადმინისტრაცია ასეთ დაინტერესებას იჩენს საქართველოს, კავკასიის პრობლემებისადმი. რუსეთის პრობლემების გასაღები კავკასიაში დევს. იმედი მაქვს, რომ ეს დაინტერესება შესაბამისად აისახება თქვენს შეხვედრებში, რომლებიც უახლეს ხანს გექნებათ უმაღლეს დონეზე.
ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა ელ გორმა თქვა, რომ საქართველოსა და კავკასიის პრობლემები აუცილებლად დადგება ვანკუვერში უმაღლეს დონეზე შეხვედრის დღის წესრიგში. მანამდე განიხილება მისი მზადების სხვადასხვა ეტაპზეც, კერძოდ, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დროსაც.
- ამერიკის პრეზიდენტი ბილ კლინტონი და მე, - თქვა ვიცე-პრეზიდენტმა ელ გორმა, - სიამოვნებითა და დიდი ინტერესით ველით თქვენთან შეხვედრას ამერიკის შეერთებულ შტატებში, როდესაც თქვენ აქ ჩამობრძანდებით.
- მინდა მადლობა ვუთხრა ამერიკელ ხალხს, - თქვა ედუარდ შევარდნაძემ, - რომ არა თქვენი დახმარება, საქართველო ეკონომიკურად დღეს ბევრად უფრო მძიმე ვითარებაში იქნებოდა. დარწმუნებული იყავით, რომ ქართველი ხალხი ამას არ დაივიწყებს.
საქართველოს სახელმწიფოს მეთაურმა მადლობა გადაუხადა ვიცე-პრეზიდენტს მხარდაჭერისათვის, სიამოვნებით გაიხსენა მასთან ადრინდელი შეხვედრები და იმედი გამოთქვა, რომ მალე იხილავს მას საქართველოშიც.
სრული მხარდაჭერა : ედუარდ შევარდნაძე ტელეფონით ესაუბრა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტს ელ გორს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 23 მარტი. - №58(692). - 1 გვ.
![]() |
52 ედუარდ შევარდნაძე: თუ რუსეთში მდგომარეობა უკიდურესობამდე არ დაიძაბა, მისი სამხედრო ჩარევა აფხაზეთის კონფლიქტში სოხუმის აღების გეგმის ჩაშლის შემდეგ უნდა შესუსტდეს |
▲ზევით დაბრუნება |
22 მარტის რადიოინტერვიუ
ასეთი აზრი გამოთქვა პარლამენტის თავმჯდომარემ - სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ საქართველოს რადიოს კომენტატორ ნატო ონიანთან ინტერვიუში, როცა განვლილი კვირის მოვლენები გააანალიზა. - რუსეთის სამხედრო ჩარევა აფხაზეთის კონფლიქტში რაღაც ისეთ საზღვრამდე მივიდა, რომ იმის იქით გადაბიჯების შემთხვევაში რუსეთი საერთო თვალსაზრისით უკვე ძალიან ბევრ რამეს დაკარგავს; ამის გარანტიაა ჩვენს მიერ მიღებული ბოლოდროინდელი ზომები, - თქვა მან, - ამასთან მთავარი ფაქტორია ჩვენი შეიარაღებული ძალების განწყობა, თავგანწირვა და ბრძოლისუნარიანობის მკვეთრი ზრდა. ამის გარანტიაა ჩვენს მიერ სწორად გააზრებული და გადადგმული პოლიტიკური ნაბიჯები - პარლამენტის სხდომაზე გაკეთებული განცხადება, სოხუმში ჩასვლა, იქ გატარებული ღონისძიებები, რომლებმაც შემოაბრუნა ჩვენსკენ საერთაშორისო საზოგადოებრივი აზრი. ამ ნაბიჯებს, არგუმენტებს, ფაქტებს, რომლებზეც ჩვენ გავაკეთეთ აქცენტი, არა მარტო თავისთავად აქვს დიდი მნიშვნელობა, არამედ პირველ რიგში იმისთვის არის საჭირო, რომ აგრესია შეწყდეს და საქმე არ მივიდეს შეტაკებამდე. ვიმეორებ, ამ ნაბიჯებმა ჩვენ საზოგადოებრივი აზრის ფორმირების თვალსაზრისით ბევრი რამ მოგვიტანა და ახლა მოლაპარაკებათა რეალური გზაც გამოაჩინა. რუსეთის მთავრობამ თავის განცხადებაში უკვე გამოთქვა მოსაზრება, რომ იგი კვლავ რჩება 3 სექტემბრის შეთანხმების პლატფორმაზე, - განაგრძო სახელმწიფოს მეთაურმა, - ჩვენთვის ეს მისაღები პლატფორმაა, რადგან ეს ფაქტიურად ნიშნავს საქართველო-რუსეთის საზღვრის კონტროლზე აყვანას, დაქირავებულთა გაყვანას აფხაზეთის ტერიტორიიდან. მართალია, ამჯერად, ალბათ ძნელი იქნება იმის ამოცნობა, თუ სინამდვილეში რას გულისხმობს თვით რუსეთის მთავრობა, მაგრამ, ის, რაც გაცხადდა, ვიმეორებ, ჩვენთვის სრულიად მისაღები ვარიანტია.
კომენტატორის შეკითხვაზე, ხომ არ გაართულებს სომხეთთან ურთიერთობას გავრცელებული ფაქტი, თითქოს გუდაუთის მხარეს საქართველოს წინააღმდეგ იბრძვის სომეხთა ბატალიონი, სახელმწიფოს მეთაურმა უპასუხა, რომ ამგვარი რამ სრულიად გამორიცხულია. - შეიძლება თავისი სურვილით მართლაც მონაწილეობს რამდენიმე კაცი, - თქვა ედუარდ შევარდნაძემ, - მაგრამ ძირითადი ნაწილი ეს იძულებითი წესით გამოყვანილი ხალხის, ასეთი იძულებით წესით ქართველთა გამოყვანის ფაქტიც არის. ისინიც ძალით არიან ჩარიცხული ნაწილებში. საერთოდ სომეხი ხალხის განწყობა ყველგან, სადაც კი ისინი ცხოვრობენ, თბილისით დაწყებული და ახალციხით დამთავრებული, ნორმალური და კარგია, ისევე როგორც აზერბაიჯანელებისა, რომლებიც, სხვათა შორის, მოითხოვენ ამ ომში ჩვენს მხარეზე მონაწილეობას, მაგრამ ჩვენ არ გვინდა მივცეთ ამ მოძრაობას დიდი მასშტაბები, გარკვეული სიფრთხილით ვეკიდებით ყოველივეს, თუმცა არ არის დასამალავი, რომ ჩვენს შინაგან ჯარებში იბრძვიან აზერბაიჯანელებიც, სომხებიც, სხვა ეროვნებათა წარმომადგენლებიც.
შეეხო რა მდგომარეობას რუსეთში, სახელმწიფოს მეთაურმა კვლავ გაიმეორა მის მიერ წინა გამოსვლებისას გამოთქმული მოსაზრება, რომ რუსეთის პრეზიდენტის ის ნაბიჯი, რომელიც მან გადადგა, ადრე უნდა გადადგმულიყო. ჩემი აღმოჩენა არ არის, სხვებიც აფრთხილებდნენ რუსეთის პრეზიდენტს, რომ რაღაც ძალებს ექნებოდათ გადატრიალების მცდელობა, - მაგრამ, სამწუხაროდ, ბატონმა ელცინმა გაიმეორა ბატონ გორბაჩოვის შეცდომა და ის, რაც სახალხო დეპუტატთა მე-7 ყრილობის შემდეგ უნდა გაეკეთებინა, მხოლოდ მე-8 ყრილობის შემდეგ გააკეთა. ამიტომ მდგომარეობა ძალიან დრამატულია, ჯერჯერობით გარკვეული არაფერი არ არის, - დასძინა მან, - სიმართლე გითხრათ, გუშინდელი რუსეთის უზენაესი საბჭოს სხდომიდან უფრო მეტ აგრესიულობას და ორგანიზაციულობას მოველოდი. მაგრამ ეს ასე არ მოხდა. ახლა უკვე ყველაფერი ხალხმა უნდა გადაწყვიტოს. ამ მხრივ, პრეზიდენტს დიდი მხარდაჭერა აქვს. რუსეთის მსხვილ ცენტრებში ელცინს დაუჭერენ მხარს, სოფლის მოსახლეობა მის მხარეს დადგება. პრეზიდენტი პოპულარული ფიგურაა რუსეთში, მისი არგუმენტიც, რომ ხალხმა აირჩია და იგი პასუხს აგებს მის წინაშე, დიდ როლს თამაშობს. ამ არგუმენტს, ფაქტიურად, არც აქვს ალტერნატივა. ასეთ მდგომარეობაში სხვა ვარიანტი ალბათ მიუღებელია. სახალხო დეპუტატთა ყრილობამ რომ ქვეყანა მართოს, ეს უბედურება იქნებოდა, ირგვლივ დენთის სუნი უმალ დატრიალდება... მაგრამ, ვიმეორებ, მდგომარეობა ისეთია, რომ რაიმეს გამორიცხვა ძალიან ძნელია. - განაგრძო ედუარდ შევარდნაძემ, - მასის დიდი ნაწილი ამ მოვლენებისადმი ინერტული იქნება, ამიტომ, უნდა ვივარაუდოთ, პრეზიდენტს ამ მხრივ ექნება ბრძოლის საშუალება. მთავარია არმია არ გახდეს უმართავი. იგი ახლა ისეთ მდგომარეობაშია, რომ ეს შეიძლება სტიქიურად მოხდეს, რადგან იქ არსებობენ რეაქციული ძალები და დემოკრატიის მხარდამჭერი ძალებიც. თუ ეს სტიქიურობა არ გამოირიცხა, უმართავი პროცესები შესაძლებელია და ქვეყანა სამოქალაქო ომის ზღვართან დადგება. მე უკვე ვთქვი, რომ ასეთი აფეთქების და ქაოსის ტალღა მარტო საქართველოს როდი შეეხება... მაგრამ, თუკი ეს მაინც მოხდა, ყველაზე საშინელი ალბათ ის იქნება, რომ ჩვენ საქმე გვექნება ნატოს ახალ ბლოკთან და შესაძლოა ამოქმედდეს ამ სამხედრო ორგანიზაციის ახალი სტრატეგია, რომელიც პრეზიდენტმა ბუშმა ევროთათბირზე წარმოადგინა. ეს სტრატეგია იმას ითვალისწინებს, რომ არ დაუშვან სამოქალაქო ომი რუსეთში, საბჭოთა კავშირის აღდგენა თავის ფარგლებში გამორიცხულია, როგორც ამას ფიქრობენ გარკვეული ძალები. თუ შევეგუებით იმ აზრს, რომ საბჭოთა კავშირი უნდა აღდგეს, მაშინ რუსეთმა სამოქალაქო ომის სტადია უნდა გაიაროს - ნგრევისა და რღვევის დრო. ეს იქნება დიქტატურის პერიოდი და მის აღდგენას არა აქვს რეალური საფუძველი.
რუსეთში შექმნილი მდგომარეობის ანალიზისას ედუარდ შევარდნაძე კვლავ დაუბრუნდა პრეზიდენტ ელცინის სატელევიზიო გამოსვლას და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ფრაზას, რომელიც ახლო საზღვარგარეთის ქვეყნებს შეეხებოდა. იმპერიის რღვევა ჯერ არ დამთავრებულა, - თქვა სახელმწიფოს მეთაურმა, - ჯერ ურჩხულის საცეცები ისევ მოქმედებენ და ახლო საზღვარგარეთის ქვეყნებთან კონფლიქტი რუსეთს კარგს ვერაფერს მოუტანს. რუსეთის პრეზიდენტმა ეს დაინახა და ამაში მას მხარი უნდა დავუჭიროთ. წარმოიდგინეთ ასეთი კონფლიქტები უკრაინასთან, ყაზახეთთან, კავკასიასთან. რუსეთის ისეთი დაშლა იწყება, რომ მისგან არაფერი აღარ დარჩება. რუსეთთან ჩვენი მოლაპარაკების გაჭიანურება იმის ბრალია, რომ სნგ-ში არ შევედით, ამიტომ, რუსეთთან განსაკუთრებულ ურთიერთობაზე გვაქვს ლაპარაკი. ჩვენმა ქვეყანამ სამართლებრივი საფუძვლები უკვე შეუქმნა მეზობელ აზერბაიჯანთან ურთიერთობას, ეს მალე მოხდება ასევე ჩვენს მეზობელ სომხეთთან, მაგრამ რუსეთთან ამ მხრივ რთულად მიდის საქმე. უპირველესი პრობლემა ჯარის საკითხის გადაწყვეტაა. მეორე პრობლემა გახლავთ ფინანსური საკითხები, რომლებიც ჩვენ ძალიან გვაწუხებს. ეს ორივე პრობლემა ერთმანეთს მჭიდროდ უკავშირდება. თუ ფულადი ნიშნები არ შემოვიდა, ხალხის ისედაც დუხჭირი ცხოვრება კიდევ უფრო გაუარესდება. ახლა რუსეთში მზად არიან გადაწყვიტონ ეს საკითხი, ოღონდ, იგი სურთ გაფორმდეს, როგორც სახელმწიფო სესხი. გუშინ ვითათბირეთ პრემიერ-მინისტრთან ბატონ თენგიზ სიგუასთან ერთად და გადავწყვიტეთ, რომ მოლაპარაკებათა რანგი უნდა ამაღლდეს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ბატონი მიხეილ უკლება, რომელიც ჩვენს დელეგაციას ხელმძღვანელობს, ძალიან საინტერესო პიროვნებაა, მაგრამ ფინანსურ საკითხებზე საუბარს რანგის გაზრდა უთუოდ დასჭირდება, რომ ფულის ნიშნები როგორმე მალე მივიღოთ. ამ მოლაპარაკებისათვის ჩვენ ალბათ, ერთი კვირა დაგვჭირდება, რომ ფული შემოვიტანოთ, თუ ეს არ მოხერხდა, მაშინ საკითხი საკუთარი საშუალებებით უნდა გადავწყვიტოთ. მართალია, ეს არ იქნება მთლიანი გამოსავალი, მაგრამ ამოსუნთქვის საშუალებას მოგვცემს, - თქვა მან.
ახლა აფხაზეთშიც მოლაპარაკების უკეთესი პირობებია, - განაგრძო სახელმწიფოს მეთაურმა, - საერთოდ სამხედრო წარმატება ყოველთვის უკეთეს ნიადაგს უქმნის პოლიტიკურ მოლაპარაკებებს. სოხუმის გადარჩენა, მისი საიმედოდ დაცვა, მოწინააღმდეგის დიდი ზარალი, თვითმფრინავის ჩამოვარდნა, - ანგარიშგასაწევი ფაქტორებია. ადრე იქითა მხარეს კიდევ დაეკარგა ერთი თვითმფრინავი. ჩვენები ამბობდნენ „დავჭერით“ და სადღაც ჩამოვარდაო. ამიტომ არ ატეხეს ხმაური. მანამდე თუ გახსოვთ, ვერტმფრენმა განიცადა კატასტროფა... ვიმეორებ, ეს ანგარიშგასაწევი ფაქტებია. აღიარებენ, რომ სოხუმის ოპერაცია სანიმუშოდ იყო დაგეგმილი, მაგრამ იგი მაინც ჩაიფუშა, ამიტომ, ჩვენი პოზიციები უფრო მყარია. თუკი რუსეთში კანონზომიერად განვითარდა მოვლენები, ბევრი რამ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში უმაღლეს დონეზე უნდა გაირკვეს, - თქვა ედუარდ შევარდნაძემ...
ინტერვიუს დასასრულს, სახელმწიფოს მეთაური კვლავ დაუბრუნდა ქვეყანაში წესრიგის დამყარების პრობლემას და გარკვეულწილად დადებითი შეფასება მისცა ამ მხრივ სამართალდამცავი და შინაგან საქმეთა ორგანოების და დედაქალაქის ხელმძღვანელობის საქმიანობას. დიდ შედეგებზე ლაპარაკი ჯერ ძნელია, - თქვა მან, - მაგრამ ძვრები იგრძნობა, რეალურად უმჯობესდება მდგომარეობა დედაქალაქშიც და სხვა რეგიონებშიც. ამ დღეებში ჩვენ ალბათ, კვლავ დავუბრუნდებით ამ საკითხს და მოვისმენთ ანგარიშებს, თუ როგორ სრულდება ამ მხრივ ჩვენი მოთხოვნები. მე გადაწყვეტილი მაქვს, არ მოვეშვა ამ საქმეს, ვიდრე სრული წესრიგი არ გვექნება.
საქართველოს პარლამენტის პრესცენტრი.
ედუარდ შევარდნაძე: თუ რუსეთში მდგომარეობა უკიდურესობამდე არ დაიძაბა, მისი სამხედრო ჩარევა აფხაზეთის კონფლიქტში სოხუმის აღების გეგმის ჩაშლის შემდეგ უნდა შესუსტდეს : 22 მარტის რადიოინტერვიუ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 23 მარტი. - №58(692). - 1 გვ.
![]() |
53 საქართველო დღეს იმ ქვეყნებთანაა, რომლებსაც ნათლად გამოკვეთილი პოზიცია აქვთ რუსეთის მოვლენებთან დაკავშირებით |
▲ზევით დაბრუნება |
გუშინ პარლამენტის სხდომაზე
23 მარტს პარლამენტის სხდომას ინტერესით ელოდნენ არა მარტო პარლამენტარები, არამედ რესპუბლიკის საზოგადოებრიობაც, რადგან ახლა ყველას ყურადღების ცენტრშია აფხაზეთში მიმდინარე მოვლენები, რუსეთში შექმნილი ვითარება. ამდენად, ბუნებრივია, რომ სწორედ ამ საკითხების ანალიზით დაიწყო სხდომა. ინფორმაცია გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ - სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ. მან, კერძოდ, თქვა:
- ამ ბოლო დღეების მოვლენებთან დაკავშირებით ბევრი რამ ითქვა და ყველაფერი თითქმის დეტალებშია ცნობილი ჩვენი საზგადოებრიობისათვის და, რა თქმა უნდა, პარლამენტისთვისაც. მე მაინც ზოგიერთ მოვლენას შეგახსენებთ, რომელსაც გარკვეული მნიშვნელობა ექნება დღევანდელი საქართველოსათვის და მომავლისათვისაც.
პირველი, ეს არის ის მიზეზი, რომელთანაც დაკავშირებული იყო ჩემი წასვლა სოხუმში. მე უკვე ვთქვი სოხუმზე შემოტევას რა მასშტაბები ჰქონდა, რომ ეს იყო სერიოზულად მომზადებული და მოფიქრებული სამხედრო ოპერაცია თვით სეპარატისტთა ლიდერების აღიარებით, რომელიც ჩაიშალა. ამის შესახებ უკვე ითქვა და გამოქვეყნდა კიდეც, ეს იყო საგანგებოდ დაგეგმილი სამხედრო აქცია და ამ დაგეგმვაში მონაწილეობდნენ უმაღლესი კვალიფიკაციის სხვა ქვეყნის სპეციალისტები. თვითონ დავრწმუნდი, რომ ისინი მონაწილეობდნენ არა მარტო დაგეგმვაში, არამედ განხორციელებაში. მეტი დაზუსტება იმის წყალობით, რომ თავის დროზე იყო მიღებული სერიოზული ზომები სოხუმის დაცვის გასაგრძელებლად. მიუხედავად იმისა, რომ მოხდა რამდენიმე მიმართულებით გარღვევა, საქმეს უშველა ჩვენი მეომრების გმირობამ და ვაჟკაცობამ, ქალაქის მოსახლეობის თავგანწირვამ და რეზერვისტთა ჩასვლამ. ქალაქმა დახმარება მიიღო მაშინ, როცა ვითარება მართლაც კრიტიკული იყო. სეპარატისტების ზარალი ძალიან დიდია, ახლაც არ არის დამთავრებული დაღუპულთა გვამების აკრეფა, გუშინაც დაიკრძალა რამდენიმე. უნდა ვივარაუდოთ, რომ სეპარატისტთა ბანაკში მორალური, ფსიქოლოგიური გავლენა სერიოზული იქნება.
ერთხელ კიდევ მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენი არმიის ფორმირება ნელა, ძნელად მიმდინარეობს, მაგრამ, რომ ის ჩვევები არა, რაც ჩვენმა მეომრებმა შეიძინეს, ძნელი იქნებოდა დასახული ამოცანების შესრულება. თავდადებისა და თავგანწირვის მაგალითები უამრავია. ბევრი სოხუმელი მოქალაქე დაიღუპა, დაიღუპნენ ახალგაზრდები, მქონდა საშუალება ბევრ ოჯახში ვყოფილიყავი, შევხვედროდი დაჭრილ მეომრებს. სოხუმში ბევრი სახლია დანგრეული, მშვიდობიანი მოსახლეობა სერიოზულად დაზარალდა. სოხუმის დაბომბვა შეტევის დღეებში ინტენსიურად მიმდინარეობდა და განსაკუთრებით მწვავე ხასიათი ჰქონდა იმ დღეს, როცა სოხუმში ჩავედი. რამდენიმე სახლი ცენტრში დაინგრა, იქ, სადაც მინისტრთა კაბინეტია, სადაც ყველანი ვმუშაობდით.
სათანადო პოლიტიკური განცხადებებისა და ოპერაციის ჩაშლის შემდეგ სეპარატისტთა მოქმედება შესუსტდა, შეწყდა სოხუმის დაბომბვა. რუსეთის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდებასთან დაკავშირებით გაკეთებულ პოლიტიკურ განცხადებას გარკვეული მნიშვნელობა ჰქონდა და უნდა ვივარაუდოთ, რომ მესამე ძალის აშკარა ჩარევა თუ გამორიცხული არა, შესუსტებული იქნება. შეიძლება გამოირიცხოს კიდეც, ამას მომავალი გვიჩვენებს.
ვფიქრობ, რომ ჩვენი სამხედრო შენაერთები იმოქმედებენ დასახული გეგმის და ამოცანის შესაბამისად, ყველა, ვისაც შეუძლია ადგილზე მიიღოს გადაწყვეტილება, სოხუმში იმყოფება, იქ მოქმედებს შტაბი. ამასთან ერთად, ჩემი აზრით, გარკვეული მნიშვნელობა უნდა მივანიჭოთ იმ პროცესებს, რომლებიც კონფლიქტის მიმდებარე რეგიონში მიმდინარეობს, კერძოდ, გალის რაიონში. წინა ჩასვლის დროს მრავალი შეხვედრა მქონდა გალში, ახლაც ვესაუბრე გალის ხელმძღვანელობას და უნდა გამოვკვეთო ის განწყობილება, რომელიც გალში სუფევს. იქ ნამდვილი საბრძოლო განწყობილებაა და გალელებს ღირსეული წვლილი შეაქვთ აფხაზეთის განთავისუფლების საქმეში და ჩვენს მიერ დასახული ამოცანების განხორციელებაში.
სასიკეთო ძვრები დაიწყო სამეგრელოს ზოგიერთ რეგიონში. ხალხი ფეხზე დადგა. გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ აქაური მცხოვრებლები ითხოვენ აქტიურად იბრძოლონ ერთიანი, მთლიანი საქართველოსათვის, ასობით და ათასობით მოქალაქე აცხადებს სურვილს ჩაერთოს ამ საშვილიშვილო და წმიდა საქმეში. მიმდინარეობს შეხვედრები რაიონების გამგებლებთან, რამდენიმე შეხვედრა იყო ლოთი ქობალიასთან, რომელსაც ესაუბრნენ ბატონები თენგიზ კიტოვანი, დათუაშვილი, გიორგი ხაინდრავა. ვფიქრობ, სახეზე გვაქვს გარკვეული შემობრუნება, რასაც ძალზე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ. ისიც მინდა ვთქვა, რომ სამეგრელოს სხვა რაიონების ბევრი წარმომადგენელი იარაღით ხელში იბრძვის სოხუმში, ოჩამჩირეში, იქ არიან რაზმები, რომლებიც წყვეტენ ჩვენს მიერ დასახულ ამოცანებს. ამ მასობრივ მოძრაობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მადლობა ყველას, ვინც აქტიურობას იჩენს, ვინც მზადაა ჩადგეს საქართველოს ერთიანობისათვის მებრძოლთა რიგებში.
როგორც ცნობილია, პარლამენტმა მიიღო წინადადება, რომ გამოაცხადა სამობილიზაციო მზადყოფნა. ჩვენ მოვისმინეთ რა მასშტაბის სამუშაოები მიმდინარეობს რეგიონებში. ეს გადაწყვეტილება მუშაობს, მოქმედებს. სწორი იყო ის გადაწყვეტილებაც. რომ შევაჩეროთ რაიონების ხელმძღვანელობის შეცვლის პროცესი. მათი ბედი არჩევნების პერიოდში უნდა გადაწყდეს, ასეთ ვითარებაში კი ყველა თავის ადგილზე უნდა დარჩეს. რესპუბლიკა ემზადება საყოველთაო მობილიზაციისათვის, თუ ეს საჭირო იქნება. სამობილიზაციო მზადყოფნის რეჟიმი საშუალებას გვაძლევს, გადავწყვიტოთ ამ ეტაპზე შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ამოცანები. სამინისტროები, უწყებები, ორგანიზაციები, რომლებიც საკმაოდ მკაცრ რეჟიმში მუშაობენ, ასრულებენ მათთვის დასახულ ამოცანებს.
მეორე საკითხი, რომელზეც მინდა შევჩერდე, არის ის, რომ გრძელდება და ღრმავდება ჩვენს საზოგადოებაში კონსოლიდაციის პროცესი. არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ ჩვენი ხალხის შეკავშირებას უფრო მყარი ხასიათი აქვს. ამას კარგ სტიმულს აძლევს პარლამენტის მუშაობა, განცხადებები, რომლებიც ამ ბოლო დროს მიიღო პარლამენტმა, განსაკუთრებით გამოვყოფ 120 დეპუტატის ხელმოწერილ განცხადებას, რასაც ბევრ ქვეყანაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
ყველამ უნდა გაიგოს რა არის სამობილიზაციო მზადყოფნა, როგორ უნდა მუშაობდნენ უწყებები, თითოეული მოქალაქე ამ საგანგებო ვითარებაში. სამობილიზაციო მზადყოფნა ნიშნავს იმას, რომ ყველამ თავისი საქმე აკეთოს, დაწყებული პარლამენტიდან, დამთავრებული მაგისტრალებისა და ხიდების დამცველებით. ასეთ ვითარებაში ხმაურით, ყვირილით, ლანძღვით არაფერი არ გამოვა. რაც შეიძლება, მეტი ურთიერთგაგება და მხარდაჭერაა საჭირო ამ მძიმე დროში და თუ შეცდომებზე ვილაპარაკებთ, ისე ვთქვათ, რომ არ შეურაცხყოფდეს არავის, იყოს კონსტრუქციული სულისკვეთება, შევეცადოთ მხარი დავუჭიროთ ერთმანეთს, კონსტრუქციულ წინადადებებს, პოზიციებს. მნიშვნელოვანია პარლამენტის მუშაობის ორგანიზაციული სულისკვეთება, რომელიც გადაეცემა საზოგადოებრიობას, ასეთი დიდი გულისყურით რომ ადევნებს თვალყურს ჩვენს მუშაობას. ამჩნევს მის დადებითსაც და უარყოფითსაც.
მინდა მივესალმო იმ პარლამენტარებს, რომლებიც აღმოჩნდნენ სოხუმში, ცალკეულ ლიდერებს, რომლებიც იქ დგანან, სადაც უნდა ყოფილიყვნენ, იმ პარლამენტარებს, რომლებიც ახლა ახერხებენ მოიარონ რეგიონები, ადგილზე გაეცნონ ვითარებას, შეხვდნენ ხალხს, ვისაც ახლა საოცრად სჭირდება გასამხნევებელი სიტყვა.
შემდეგ სახელმწიფოს მეთაური შეეხო რუსეთში ამ ბოლო დღეებში მიმდინარე მოვლენებს. - რუსეთთან დაკავშირებით მე ვთქვი, - აღნიშნა ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ, რომ დაიწყო ახალი ეტაპი იმპერიის დაშლისა. არის სირთულეები, კონფლიქტური სიტუაცია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში და პოლიტიკური კრიზისი რუსეთში. თუ ეს კრიზისი მივიდა უკიდურესობამდე, მაშინ შეიძლება საქმე გვექნეს ანარქიასთან, ქაოსთან, რაც აუცილებლად გადაიზრდება სამოქალაქო ომში. ამ აფეთქების ნამსხვრევები, რა თქმა უნდა, მოედება სხვა ქვეყნებსაც და ვერც საქართველო გადარჩება. ამიტომ, ეს მეორე ეტაპი კიდევ უფრო მტკივნეული იქნება, კიდევ უფრო მეტი სიძნელეებით აღსავსე.
ამ ბოლო დღეებში მე მქონდა კონსულტაციები სხვადასხვა კოლეგებთან დასავლეთში და არა მარტო დასავლეთში. ამ კონსულტაციების შედეგად, ჩვენს ექსპერტებთან თათბირის შემდეგ მივედი დასკვნამდე, რომ განმეცხადებინა მხარდაჭერა ელცინის პლატფორმისათვის, მეთქვა იმის შესახებ, რომ დღეს რუსეთის კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი ვარიანტი ეს პლატფორმა, მისი რეალიზაციაა. რუსეთში ყურადღება მიაქციეს ამას იმ ძალებმაც, რომლებიც პრეზიდენტს უჭერენ მხარს, იმათაც, ვინც პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოდიან. თუ თქვენ რუსეთის სატელევიზიო გადაცემებს ადევნებთ თვალყურს, რეალურად არის საფრთხე იმისა, რომ არენაზე გამოვიდეს ყველაზე შავი, ყველაზე საშიში ძალა, ეგრეთ წოდებული ნაციონალ-პატრიოტები, სხვადასხვა ჯურის რეაქციონერები. თქვენ ხედავთ, როგორია დაპირისპირება, არ არის შემთხვევითი ლუკიანოვისა და სხვათა გამოჩენა. ამას სერიოზული ჩაფიქრება, სერიოზული ანალიზი სჭირდება. მაგრამ უნდა ითქვას, რომ თუ რუსეთის პრეზიდენტი იმოქმედებს იმ სულისკვეთებით, რა სულისკვეთებითაც მან თავისი პლატფორმა ჩამოაყალიბა, მას აქვს გამარჯვების დიდი შანსი. ეს შეესაბამება საქართველოს და არა მარტო საქართველოს ინტერესებს. მივესალმები ვაშინგტონში თეთრი სახლის განცხადებას, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი მზად არის შეხვდეს ელცინს მოსკოვში. სწორედ ასეთი ცალსახა მხარდაჭერა სჭირდება დღეს რუსეთის პრეზიდენტს და სწორედ ასეთი სერიოზული დამოკიდებულება შეუწყობს ხელს რუსეთში სტაბილურობის უზრუნველყოფას. ვიმეორებ, მთელი მსოფლიო დაინტერესებულია ამით.
სოხუმის აქციის ავანტურის ჩაშლის, შესაბამისი განცხადებების გაკეთების შემდეგ, მას შემდეგ, რაც საქართველომ დაიკავა გარკვეული პოზიცია რუსეთში მიმდინარე პროცესების მიმართ, ვფიქრობ, უფრო ხელსაყრელი პირობები შეიქმნა იმისათვის, რომ ვილაპარაკოთ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ნორმალურ კალაპოტში ჩაყენებაზე. არის პატარ-პატარა ნიუანსები, გარდა ოფიციალური ცნობებისა, რომელიც მე მაქვს. მგონი შემთხვევითი არ უნდა იყოს, რომ სწორედ ამ დღეებში, საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ ჩრდილოეთ ოსეთის სესიის გადაწყვეტილება უკანონოა ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ ცნობის შესახებ, რომ მას არ გააჩნია სამართლებრივი ბაზა. როგორც ვიცი, რუსეთში ემზადებიან იმისათვის, რომ მოეწყოს რუსეთის პრეზიდენტისა და საქართველოს ხელმძღვანელის უმაღლეს დონეზე შეხვედრა. პარლამენტმა არაერთხელ არცთუ უსაფუძვლოდ დაავალა სახელმწიფოს მეთაურს - პარლამენტის თავმჯდომარეს, აწარმოოს მოლაპარაკება რუსეთის პრეზიდენტთან სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით. მე მგონი, ასეთი შეხვედრისათვის ახლა უფრო ხელსაყრელი პირობებია. როდის მოხდება ეს შეხვედრა, ცოტა ძნელი სათქმელია. ალბათ, ამ დღეებში გაირკვევა. ამდენად, თუ იქნება სათანადო იმპულსები რუსეთის ხელმძღვანელობისაგან, პირადად მე იმის მომხრე ვარ, რომ ასეთი შეხვედრა შედგეს. ეს, რა თქმა უნდა, არ გამორიცხავს იმას, რომ, როდესაც ხელშეკრულებები მომზადდება, რუსეთის პრეზიდენტი შეასრულებს თავის სიტყვას, ჩამოვა თბილისში და მოაწერს ხელს ამ ხელშეკრულებებს. მე ახლა უკეთეს ვარიანტზე ვლაპარაკობ. შეიძლება მოვლენები სხვანაირადაც განვითარდეს. ყველაფრისათვის მზად უნდა ვიყოთ. ჩვენი ბედი ასეთია, რომ საქართველოს კეთილდღეობა თუ სიდუხჭირე დიდად არის დამოკიდებული ჩვენს მეზობლებზე. ამიტომ, უნდა ვეძებოთ ყველაზე უფრო სწორი გზები და არ დავუშვათ სერიოზული შეცდომები.
სახელმწიფოს მეთაურის ინფორმაციამ ცხოველი ინტერესი გამოიწვია. პარლამენტარებმა მრავალი შეკითხვა მისცეს მას და ამომწურავი პასუხები მიიღეს.
პარლამენტის წევრმა მიხეილ მჭედლიძემ პარლამენტართა სახელით მადლობა მოახსენა ბატონ ედუარდ შევარდნაძეს პირადი ვაჟკაცობისათვის, რომელიც მან გამოიჩინა სოხუმისათვის უმძიმეს დღეებში.
საქინფორმის საპარლამენტო კორესპონდენტები.
საქართველო დღეს იმ ქვეყნებთანაა, რომლებსაც ნათლად გამოკვეთილი პოზიცია აქვთ რუსეთის მოვლენებთან დაკავშირებით // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 24 მარტი. - №60(604). - 1 გვ.
![]() |
54 ედუარდ შევარდნაძე რუსეთის სახალხო დეპუტატთა მეცხრე ყრილობის შესახებ |
▲ზევით დაბრუნება |
რუსეთის სახალხო დეპუტატთა მეცხრე ყრილობის მუშაობასთან დაკავშირებით საქართველოს ტელევიზიისათვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ - სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა:
- მოვლენათა განვითარებამ დაადასტურა ჩვენი ვარაუდები. აგრესიულმა, კონსერვატიულმა ძალებმა ვერ გაიმარჯვეს ყრილობაზე, რადგან ყველაფერს ხალხის ნება წყვეტს. წინააღმდეგ შემთხვევაში ყრილობა, ალბათ, სხვა გზას დაადგებოდა.
ბორის ელცინის მხრივ იყო კომპრომისები, მაგრამ მთავარ საკითხში კომპრომისი არ დაუშვია. ჩემი აზრით, უკეთესი იქნებოდა, ასეთი კომპრომისები ნაკლები ყოფილიყო.
თუკი ყრილობაზე ხმების თანაფარდობით ვიმსჯელებთ, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოხდა რეაქციული ძალების კონსოლიდაცია. მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა გასამარჯვებლად.
რუსეთი იმდენად ბუმბერაზი ქვეყანაა, რომ ვერ გამოვრიცხავ მოსალოდნელ ახალ კატაკლიზმებს. მაგრამ, თუ დემოკრატიული ძალები ხალხს დაეყრდნობიან, მათი გამარჯვება ეჭვს არ იწვევს.
ვფიქრობ, რუსეთის პრეზიდენტი განიმტკიცებს პოზიციებს და ჩვენ შევძლებთ შევხვდეთ ერთმანეთს უკვე უახლოეს ხანში, რათა რუსეთმა და საქართველომ იცხოვრონ, როგორც კეთილმა მეზობლებმა.
ედუარდ შევარდნაძე რუსეთის სახალხო დეპუტატთა მეცხრე ყრილობის შესახებ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 30 მარტი. - №65(609). - 1 გვ.
![]() |
55 ედუარდ შევარდნაძე: ელცინს და ჭეშმარიტ დემოკრატებს რუსეთში დიდი ძალისხმევა დასჭირდებათ იმისათვის, რომ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესები შეუქცევადი გახდეს |
▲ზევით დაბრუნება |
29 მარტის რადიოინტერვიუ
- რუსეთში რეაქციამ ვერ გაიმარჯვა; რეაქციულმა ძალებმა რევანში ვერ აიღეს, ჩაიფუშა მათი მცდელობა, რომ ქვეყანა წაეყვანათ ტოტალიტარიზმის გზით, რაზეც მე ადრე არაერთხელ მივანიშნებდი, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ - სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ კომენტატორ ნატო ონიანთან თავის ტრადიციულ რადიოინტერვიუში, როცა რუსეთში მიმდინარე მოვლენები შეაფასა. - ეს მოვლენები დღესაც ყურადღების ცენტრშია, რადგან ჯერ ყველაფერი არ დამთავრებულა. ელცინს და ჭეშმარიტ დემოკრატებს რუსეთში დიდი ძალისხმევა დასჭირდებათ იმისათვის, რომ დემოკრატიზაციის პროცესები შეუქცევადი გახდეს, - თქვა მან. - ამ გამარჯვებაში, განაგრძო ედუარდ შევარდნაძემ, არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა მოსკოველთა და პეტერბურგელთა პოზიციას, ხალხის მხარდაჭერას, რაზეც პრეზიდენტი ელცინიც ლაპარაკობდა გუშინ მიტინგზე გამოსვლის დროს. სხვათა შორის, გუშინდელი ჩემი შეფასებაც, რომელიც საქინფორმის კორესპონდენტთან საუბარში გამოვთქვი, სწორედ ხალხის პოზიციას გულისხმობდა, რომ მსოფლიო დღეს დაინახავს, თუ რომელ გზას აირჩევენ რუსეთის მოქალაქენი - დემოკრატიის, თავისუფლების, ცივილიზაციისა თუ ანარქიის, ქაოსისა და დიდმპყრობელურ შოვინიზმზე დაფუძნებულ დიქტატურას-მეთქი. ბედნიერებაა, რომ მოსკოველებმა და პეტერბურგელებმა დემოკრატიის გეზი მისცეს სხვებს და ამით, ფაქტობრივად, დამთავრდა ბრძოლის ერთი ეტაპი, ახლა, როგორც ვთქვი, მთავარია, ეს პროცესები შეუქცევადი გახდეს. მოვლენები ისე ვითარდება, რომ ლოგიკური განვითარების ჩარჩოებს არ ემორჩილება, ამიტომ, სახალხო დეპუტატთა ყრილობის გარეკვა, როგორც თქვენ ამბობთ, ალბათ საჭირო არ არის. იქნებ ყრილობამ თვითონ გადაწყვიტოს თავისი ბედი. საბედნიეროდ, საქმე აქამდე ჯერ არ მისულა.
შეკითხვაზე, ხომ არ შეუწყო ხელი ელცინის გამარჯვებას რუსეთის სამოქალაქო კავშირის პოზიციამ, სახელმწიფოს მეთაურმა თქვა, რომ ამ კავშირის ლიდერთა პოზიციას, ცხადია, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან, მათ ელცინს დაუჭირეს მხარი. მე კარგად ვიცნობ ბატონებს ვოლსკის და ვლადისლავლევს, მიმუშავია კიდეც მათთან და ვთვლი, რომ მათი კავშირები დიდ სამრეწველო კოლექტივებთან, სამხედრო კომპლექსთან გამოსაყენებელია, ახლა მთავარი ის არის, თუ როგორ განვითარდება სამოქალაქო კავშირის ეს მოძრაობა, იქცევა თუ არა იგი მსხვილ პოლიტიკურ ძალად. მის ლიდერებზე ეს ბევრად არის დამოკიდებული, - თქვა ედუარდ შევარდნაძემ.
სახელმწიფოს მეთაურმა ცოტა გადაჭარბებული უწოდა შეფასებას, რომელიც ჩეჩნეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ, თუკი ხასბულატოვს გადააყენებდნენ, ვითომდა ავტომატურად, ლტოლვილად იქცეოდა ჩეჩნეთში მცხოვრები 250 ათასი რუსი მოქალაქე. ხასბულატოვს მხარს თანამემამულური თანაგრძნობის გამო უჭერენ, ამასთან, მას თავისი კლანიც ჰყავს, თუმცა თავის სამშობლოში არც მოწინააღმდეგენი აკლია. მე მგონი, ეს შეფასება, ზემოთ რომ ვლაპარაკობდით, - მიმართა სახელმწიფოს მეთაურმა კომენტატორს, - ჩეჩნეთში მიმდინარე პროცესების ანარეკლია.
შემდეგ საუბარი შეეხო რუსეთის პრეზიდენტთან მოსალოდნელი შეხვედრის თემას და კომენტატორი დაინტერესდა ხომ არ არის მოსალოდნელი ცვლილებანი რუსეთის ხელისუფლების პოზიციაში აფხაზეთის მოვლენებთან დაკავშირებით.
- ნაჩქარევ დასკვნებს მე არ გავაკეთებდი, - დასძინა სახელმწიფოს მეთაურმა, - რას მოვითხოვთ ჩვენ რუსეთის ხელისუფლებისაგან? იმას, რომ იგი მოვალეა უერთგულოს მოსკოვში 1992 წლის 3 სექტემბრის უმაღლეს დონეზე ხელმოწერილ ხელშეკრულებას. თუ რამდენად შეძლებს ამას ხელისუფლების ის წრე, ვისაც ეს ევალება, ალბათ, დრო გვიჩვენებს. რაც შეეხება აფხაზეთის მოვლენების მშვიდობიანი გზით მოწესრიგებას, ამ საქმეში, მე არაერთხელ გავუსვი ხაზი, ქართულ-აფხაზური დიალოგის აუცილებლობას, - განაგრძო სახელმწიფოს მეთაურმა, - ახლა სეპარატისტებიც დარწმუნდნენ, რომ არა მარტო დიალოგი, არამედ საჭიროა, ქართულ-აფხაზური მოლაპარაკება და ასეთი განწყობილება თანდათან უფრო გაძლიერდება, რადგან აფხაზებიც, სეპარატისტულად განწყობილ ჯგუფს ვგულისხმობ, ბევრ რამეში მოატყუეს და იმედი გაუცრუვდათ. ამიტომ, მჯერა და მწამს, რომ ისინი დღეს თუ ხვალ დაინახავენ, რომ აფხაზი ხალხის, მისი ტრადიციების, მისი კულტურის გადარჩენა მხოლოდ დემოკრატიულ საქართველოში შეიძლება. ვიმეორებ, ამას ისინი დაინახავენ. ჯერჯერობით კი ისინი იმას ხედავენ, რომ უკან დახევა ძნელია; ხვდებიან თავიანთ შეცდომებსაც, მთლიანად აქვთ გააზრებული, რა დიდი ტრაგედია დაატეხეს ხალხს, როცა ომი გააჩაღეს; ისიც კარგად იციან, რომ ხალხის მომავალზე მზრუნველმა ადამიანებმა, ამ საქმეში ძალის გამოყენება უნდა გამორიცხოდა, მით უმეტეს, მასში მესამე ძალა არ უნდა ჩართონ. ახლაც იყო ბატონ არძინბას სატელეფონო ზარი მოსკოვში, ვიცით, ვისი მისამართითაც დარეკა... იმის მოლოდინში იყო, რომ ელცინის ხალხი წავიდოდა ხელისუფლებიდან და მერე, ვინც მოვიდოდა, იმათი მეშვეობით იმოქმედებდა და გამარჯვებას მიაღწევდა.
რადიოკომენტატორმა იკითხა, მოახდენს თუ არა რაიმე გავლენას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბილ კლინტონის და რუსეთის პრეზიდენტის ბორის ელცინის შეხვედრა აფხაზეთის მოვლენებზე. ამერიკის და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის ძირითადი თემა რუსეთის სტაბილურობის საკითხები იქნება. მაგრამ შეიძლება იყოს აზრთა გაზიარებაც, კერძოდ, კავკასიაზე და საქართველოზეც, - უპასუხა ედუარდ შევარდნაძემ. - მე ვფიქრობ, ეს ასეც უნდა იყოს, - დასძინა მან.
შემდეგ საუბარი შეეხო საქართველოს თავდაცვის მინისტრის თენგიზ კიტოვანის ვიზიტის მიზანს ნატოში. ბატონ თენგიზის ვიზიტი ნატოში იმიტომ მოხდა, რომ იქ თავდაცვის მინისტრთა შეხვედრაა, - განმარტა სახელმწიფოს მეთაურმა. - და რაიმე კონკრეტული საკითხები არ იქნება განხილული, მათ შორის, არც ნატოს ახალი სტრატეგია. ამ სამხედრო ორგანიზაციაში ახლა, ალბათ იმაზე უნდა იფიქრონ, რომ მოიძებნოს ისეთი სათანადო ფორმები, რომ ზემოქმედება მოახდინონ უარყოფით პროცესებზე რუსეთში, თუკი ისინი გაგრძელდება და განვითარდება. ბატონ ბუშის დოქტრინაც, რომელზეც მე წინა რადიოინტერვიუში ვლაპარაკობდი, ჯერ კიდევ არ არის მომწიფებული. პირველი ასეთი ნაბიჯები ამ მხრივ, ვფიქრობ, ალბათ პერიფერიული ქვეყნების მიმართ გადაიდგმება; ნატომ ისინი შესაძლოა კავკასიის, საქართველოს მიმართ გადადგას, რადგან, აქვეა თურქეთი, ნატოს ერთ-ერთი ყოველმხრივ ძლიერი ფრთა. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ნატოს აქტიური კონტრაქტების განვითარება საქართველოდან უნდა დაიწყოს, შემდეგ იქნება უკრაინა და ა.შ.
რაც შეეხება თურქეთთან დადებული მეგობრობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულების რატიფიკაციას, ვიცი, რომ იქაური წრეები ყურადღებას აქცევდნენ, რადგან მისი რატიფიკაცია გაჭიანურდა, მაგრამ მე უკვე ვთქვი, თუ რატომ მოხდა ეს - აღნიშნა ედუარდ შევარდნაძემ, - ამჯერად, ვფიქრობ, ჩვენი პარლამენტი ერთსულოვანი იყო და თურქეთ-საქართველოს ურთიერთობებმა კარგი გამოცდა გაიარა.
სახელმწიფოს მეთაურმა ინტერვიუში დიდი ყურადღება დაუთმო კუპონების შემოღებასთან დაკავშირებულ თემას და თქვა, რომ კუპონების შემოღება აუცილებელი ნაბიჯია, რომელსაც თავიდან ვერ ავიცილებდით. მე ვამბობდი, - ხაზგასმით აღნიშნა ედუარდ შევარდნაძემ. - რომ სამანეთო ზონიდან ჯერ არ უნდა გამოვიდეთ-მეთქი. რუსეთის ხელისუფლებაც ასე იყო განწყობილი, რომ რაც შეიძლება ბევრი ქვეყანა დარჩენილიყო სამანეთო ზონაში. მაგრამ ამ ერთი თვის წინათ, შეიცვალა მისი პოზიცია და დაიწყო ჩვენი იქიდან გამოძევება. ვერც გაამტყუნებ. რუსეთი მდიდარი ქვეყანაა და თვითონ უფრო ადვილად მაშინ დაძლევს კრიზისს, როცა ისეთი თანამგზავრი ქვეყნები აღარ ეყოლება, როგორიც ჩვენ ვართ. აი, ამიტომ დაგვჭირდა კუპონების შემოღება. ხალხს დახმარება დასჭირდება, - ხელფასები, პენსიები, სტიპენდიები გასაცემია. ოღონდ ახლა საჭიროა, შევქმნათ კუპონების დამზღვევი მექანიზმი, რომ წონა ჰქონდეს და მალე არ გაუფასურდეს. ეს კი მაშინ მოხერხდება, თუ ამ კუპონებით რაიმეს ყიდვის საშუალება იქნება. ამიტომ, მოინიშნა ეს ჩამონათვალი, რაც კუპონებზე გაიყიდება, ამასთან, კუპონებს შეიძლება 100 პროცენტით უპირატესობა მიენიჭოს პრივატიზაციის დროს, აუქციონებზეც ასე იქნება. ყველაზე მნიშვნელოვანი ეს მოვლენა გლეხობისთვის არის. ხომ არ მოხდება ისე, რომ გლეხი არ გამოიტანს თავის პროდუქციას და არ გაყიდის კუპონებზე ბაზარში?.. ამაზე ახლა ვფიქრობთ. არის ამის დამზღვევი მექანიზმებიც. მაგრამ ეს საკითხები, რაზეც ახლა ვლაპარაკობ, ყველას საზრუნავია. იქნებ იმაზე გვემსჯელა, რომ, რაკი ასეთ იძულებით ნაბიჯზე წავედით, გვეფიქრა ხელფასების გაზრდის ისეთ დონეზე, რომელიც მინიმალურ მოთხოვნებს მაინც უპასუხებს და სამაგიეროდ, გაგვეთავისუფლებინა ფასები. ეს იმისთვის იქნებოდა საჭირო, რომ ჩვენი ბიუჯეტი კუპონების დროს იმდენს ვეღარ აიტანს, რასაც ადრე იტანდა და ახალ კრიზისში აღმოვჩნდებით. ამიტომ, ჩვენ ცოტა ხანს კიდევ არ შემოვიღებთ კუპონებს და გვინდა ყველამ გამოთქვას თავისი აზრი, მათ შორის, პოლიტიკურმა პარტიებმაც.
ცხადია, მესმის, რომ ეს პროცესი, მაინცდამაინც კარგი რამ ვერ არის, მაგრამ რას იზამ. მერე, როცა ჩვენი საკუთარი ძალისხმევით და საზღვარგარეთის დახმარებით შევქმნით სტაბილიზაციის სერიოზულ ფონდს, როცა ჩვენი მრეწველობა მწყობრში ჩადგება, საკუთარი ვალუტაც გვექნება. კუპონები კი ამ გარდამავალი პერიოდისათვის აუცილებელია. ჩვენ ახლა საკუთარ ვალუტაზე გადასვლის გზას ვადგავართ. ძნელია ეს გზა, მაგრამ დამოუკიდებლობისაკენ მიმავალი სხვა გზა არ არსებობს. ჩვენ შეგვიძლია დავრჩეთ სამანეთო ზონაში, მაგრამ მაშინ ჩვენი სუვერენიტეტიდან უნდა დავთმოთ რაიმე, ამას კი ვერ გავაკეთებთ. ამიტომ, ვიცი, ძალიან ძნელი იქნება ეს მომენტი, მაგრამ საბოლოოდ არც ისე უიმედოდ ვარ განწყობილი, ოღონდ მთავარია, მივაღწიოთ კონსოლიდაციას. როცა ამას ვლაპარაკობ და ამ მხრივ ახლა სამართალდამცავ ორგანოებში არსებული მდგომარეობითაც უფრო ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. უდიდესი ძალისხმევის მიუხედავად, ყველა სფეროში და სამართალდამცავ ორგანოებშიც ძალიან ბევრ სიძნელეს აწყდებიან, ბევრი გაუხსნელი საქმეებია. მაგრამ, ვფიქრობ, საქმე წინ წავა. ახლა დამთავრდება იმ საპოლიციო დანაყოფების ფორმირება, რომელმაც სარკინიგზო მაგისტრალები უნდა დაიცვას. ადრე ჩვენ ასეთი რამ გვყავდა და, თუ გახსოვთ, იყო აზრი, ამ საქმეში რუსეთის სამხედრო ნაწილები გამოგვეყენებინა. ახლა ჩვენ ჩვენი დანაყოფი გვეყოლება. იგი გარანტიას გვაძლევს, რომ რკინიგზაზე წესრიგი იქნება. ასევე, მიმდინარეობს საავტომობილო ტრასების პოლიციის ფორმირება, რათა დავიცვათ მოსახლეობის უსაფრთხოება. თუ ტრასაზე უცხოელი მოქალაქეების უსაფრთხოებაც უზრუნველყოფილი იქნება, ამით მოგებაც მოიმატებს. ვფიქრობ, ჩვენი პოლიცია საბოლოო სახეს მიიღებს და წესრიგის დროც უნდა დადგეს.
ჩვენ ახლა ისეთ დაძაბულ დროში ვცხოვრობთ, - თქვა დასასრულს ედუარდ შევარდნაძემ, - რომ ძალიან ცოტა დრო გვრჩება საკუთარი სიამოვნებისათვის. არადა, ადამიანთა კულტურული ცხოვრების მოთხოვნილება შინაგანად არასდროს არ ნელდება, ეს ეხება თეატრს, ლიტერატურას თუ კინოს. ამიტომ, როცა კულტურის გადარჩენაზე ვლაპარაკობთ, ეს საკუთარი გულის კარნახსაც გულისხმობს და იმ ხალხის მხარდაჭერასაც, რომელიც ამ ფრონტზე შრომობს, იბრძვის, არ ნებდება. ახლახან ერთ სპექტაკლზე ვიყავი. მინდა ვთქვა, რომ იქ მე მარტო პირადი სიამოვნებისათვის არ წავსულვარ, ვცადე, ამ ადამიანებსაც დავდგომოდი გვერდით, როგორც შემეძლო. ასეთი თანადგომა, საერთოდ, არცთუ კარგი განწყობის მიუხედავად, ყველამ უნდა შეძლოს, ყველამ უნდა გამოვნახოთ დრო იმისათვის, რომ მივხედოთ თეატრს, კინოსაც, ჩვენს პრესასაც, იმ პრესასაც, რომელიც ჩვენ ყოველდღიურად გვლანძღავს. ერთი სიტყვით, ახლა ყველაფერს მიხედვა სჭირდება.
საქართველოს პარლამენტის პრეს-ცენტრი.
ედუარდ შევარდნაძე: ელცინს და ჭეშმარიტ დემოკრატებს რუსეთში დიდი ძალისხმევა დასჭირდებათ იმისათვის, რომ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესები შეუქცევადი გახდეს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 30 მარტი. - №65(609). - 1 გვ.
![]() |
56 „თუ რუსეთში აფეთქება მოხდა - მისი ნამსხვრევები სხვა ქვეყნებსაც ქვეშ მოიყოლებს“, - ასე მიაჩნია ედუარდ შევარდნაძეს |
▲ზევით დაბრუნება |
თბილისი, 31 მარტი. პრეზიდენტ ელცინის პლათფორმის რეალიზაცია „კრიზისიდან რუსეთის გამოყვანის ერთადერთი საშუალებაა, სხვა რამ წარსულისკენ დაბრუნებას ნიშნავს“, - განაცხადა იტარ-საკდესის კორესპონდენტებისათვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ - სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ. „მემარჯვენეთა მოქმედებით გამოწვეული პოლიტიკური კრიზისი მათთვის არის ხელსაყრელი, როგორც ყოველთვის ასეთ შემთხვევებში, მათ ნაკლებად აწუხებთ რუსეთის გადარჩენა - ბრძოლა მიმდინარეობს ძალაუფლებისათვის, - ხაზგასმით აღნიშნა მან, - ქაოსისა და ანარქიის საფრთხეც კი, და როგორც ამის შედეგი, სამოქალაქო ომიც ვერ აჩერებს წითელ-ხაკისფერ რევანშიზმს“. „თუ რუსეთში აფეთქება მოხდა - მისი ნამსხვრევები სხვა ქვეყნებსაც ქვეშ მოიყოლებს. მათ ვერც საქართველო გადაურჩება“, - მიაჩნია შევარდნაძეს.
„ახლა მთავარია, რომ რეაქცია დამარცხდა, მაგრამ ყველაფერი შეიძლება მოხდეს, თუ ელცინი არ გაამტკიცებს პოზიციებს“, აფრთხილებს იგი. „რუსეთში სტაბილიზაციით მთელი მსოფლიოა დაინტერესებული“.
„მშვიდობა საქართველოს ჰაერივით სჭირდება. მისი გასაღები რუსეთის ხელშია“, განაცხადა შევარდნაძემ, როცა შეეხო ორმხრივი ურთიერთობის პერსპექტივებს. „როგორც ჩემთვის ცნობილი გახდა, რუსეთში დაიწყო მზადება რუსეთის პრეზიდენტისა და საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის უმაღლესი დონის შეხვედრის მოსამზადებლად. საქართველოს პარლამენტმა თავის თავმჯდომარეს დაავალა აწარმოოს მოლაპარაკება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან ორივე მხარისათვის საინტერესო ყველა საკითხზე. ჩემი აზრით, ახლა ყველაზე ხელსაყრელი პირობებია შექმნილი ამ შეხვედრისათვის. „მოსწონს ეს ვინმეს თუ არა, მაგრამ საქართველოს ბედი ისეთია, რომ მისი კეთილდღეობა თუ უბედურება ბევრად არის დამოკიდებული მის მეზობლებზე, განსაკუთრებით ისეთ მეზობელზე, როგორიც რუსეთია“.
„არავითარი, ყველაზე არასახარბიელო დახასიათებაც კი, არ შეიძლება მეტისმეტად მოგეჩვენოს“, - ასეთია საქართველოში შექმნილი პოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაციის მისეული შეფასება. „წარმოების განუწყვეტელ დაქვეითებას, მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის დარგების უმოქმედობას, ეკონიმიკური ბლოკადების უმძიმეს შედეგებს, დასავლეთის ინვესტიციათა ფართოდ მოზიდვის შეუძლებლობას - პოლიტიკური არეულობის გამო - ფინანსურ სფეროში ამასწინათ შექმნილი სერიოზული კრიზისიც დაემატა“.
„კონფლიქტების მოგვარების პოლიტიკური მეთოდების მომხრე ვიყავი და ვარ, - განაცხადა შევარდნაძემ. - კერძოდ - აფხაზეთში. ნორმატიული საფუძველი გვაქვს - მოსკოვის 1992 წლის 3 სექტემბრის შეხვედრის საბოლოო დოკუმენტი. კარგი იქნებოდა, რუსეთსაც დაეცვა მისი დებულებანი. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ეს საკითხი უმჯობესია ქართველებმა და აფხაზებმა გადაწყვიტონ. ჩვენი ინტერესები აქ სავსებით ემთხვევა ერთმანეთს. ეს შეეხება ცხინვალის კონფლიქტსაც. მზად ვარ ნებისმიერი მომენტში მივუჯდე მოლაპარაკების მაგიდას. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ამ მიმართულებით გაერთიანებული ერების ორგანიზაციასა და ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის თათბირთან“.
საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა, როგორც შევარდნაძემ თქვა, გამორიცხავს მისი საგარეო პოლიტიკის „რაიმე ცალმხრივ ორიენტაციას“. „ჩვენ გვაქვს დიდი ხელშეკრულება თურქეთთან და ირანთან, ვითარდება საფუძვლიანი დიალოგი ევროპისა და ამერიკის სახელმწიფოებთან, დადებულია საქართველოს და აზერბაიჯანის მეგობრობის, თანამშრომლობისა და უშიშროების ხელშეკრულება. ასეთივე ხელშეკრულება, დარწმუნებული ვარ, დაიდება სომხეთთან. ვიმედოვნებ, მოხერხდება მუდმივ საფუძველზე სამთა კონსულტაციების მექანიზმის იდეის ხორცშესხმა. უახლოეს მომავალში კიევში გაიმართება საქართველო-უკრაინის უმაღლესი დონის შეხვედრა, რომლის დროსაც ხელმოწერილი იქნება დიდმნიშვნელოვან შეთანხმებათა პაკეტი“. „პარადოქსულია და სამწუხარო, რომ ამ ჯაჭვს ესოდენ დიდი ხანია აკლია საქართველო-რუსეთის მტკიცე რგოლი“, აღნიშნა მან.
„ჩვენ კი არ გვყოფს, არამედ გვაერთიანებს კავკასიონის ქედი, ამ დიდმნიშვნელოვან პოლიტიკურ მიმართულებაზე არ უნდა იყოს წყალგამყოფი,“ თქვა მან ჩრდილოკავკასიელ მეზობლებთან ურთიერთობის შესახებ.
„თუ რუსეთში აფეთქება მოხდა - მისი ნამსხვრევები სხვა ქვეყნებსაც ქვეშ მოიყოლებს“, - ასე მიაჩნია ედუარდ შევარდნაძეს / შევარდნაძე ედუარდ ; [ჩაიწერა] გვრიტიშვილი იგორ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 1 აპრილი. - №67(611). - 1 გვ.
![]() |
57 საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო აკადემიკოსს პეტრე ჟღენტს |
▲ზევით დაბრუნება |
დიდად პატივცემულო ბატონო პეტრე!
გილოცავთ დაბადების 90 და სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის 65 წლისთავს. თქვენ გამორჩეული პიროვნება ბრძანდებით, რომელმაც ხანგრძლივი და უმწიკვლო მოღვაწეობით წარუშლელი კვალი დატოვეთ ქართული აგრარული და განსაკუთრებით აგროეკონომიკური მეცნიერების ფორმირებაში, ეროვნული კადრების აღზრდისა და სასოფლო-სამეურნეო წარმოების განვითარებაში. დღევანდელი ძნელბედობის ჟამს საქართველოს კვლავაც სჭირდება თქვენი ხალასი აზრი და მამულის გაუნელებელი სიყვარული. თქვენი დაბადების საუკუნოვანი იუბილე გვეზეიმოს ბედნიერ და აყვავებულ საქართველოში.
პატივისცემით,
ედუარდ შევარდნაძე
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო აკადემიკოსს პეტრე ჟღენტს / შევარდნაძე ედუარდ ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 2 აპრილი. - №68(612). - 3 გვ.
![]() |
58 ედუარდ შევარდნაძე: შეხვედრას ვანკუვერში ბილ კლინტონსა და ბორის ელცინს შორის დიდი მნიშვნელობა აქვს რუსეთისათვის, მთელი მსოფლიოსათვის და მათ შორის საქართველოსათვისაც |
▲ზევით დაბრუნება |
5 აპრილის რადიოინტერვიუ
ასეთი შეფასება მისცა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ - სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ ვანკუვერის შეხვედრას კომენტატორ ნატო ონიანთან გამართულ თავის ტრადიციულ რადიოინტერვიუში - ამ შეხვედრასთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა ჩვენი ინტერესები, - თქვა ედუარდ შევარდნაძემ, - და ამიტომაც მანამდე იყო ჩვენი კონტაქტები ამერიკის ადმინისტრაციასთან; ეს კონტაქტები იმიტომ კი არ შედგა, რომ რამე გვეთხოვა, არამედ გვინდოდა ამერიკის ადმინისტრაციას ჰქონოდა იმის სრული ინფორმაცია, თუ რა ხდება საქართველოში, მთლიანად კავკასიაში და რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ შემცირდეს რუსეთში არსებული ძალების დაწოლა აქ მიმდინარე პროცესებზე.
მე ჯერ დეტალურად არ შემიძლია იმის თქმა, განაგრძო მან, - თუ როგორ განიხილეს ეს საკითხები, მაგრამ მე მგონი სერიოზული მსჯელობა იყო. ვფიქრობ, ეს შეხვედრა დიდ გავლენას მოახდენს რუსეთის მდგომარეობაზე და მას გარკვეული მნიშვნელობა ექნება მომავალი რეფერენდუმისათვისაც. თუმცა, ისიც უნდა ვთქვათ, რომ რუსეთის პრეზიდენტის ყოველი აქცია, რომელიც დასავლეთს ეხება, რუსეთის მემარჯვენე ძალების მძაფრ რეაქციას იწვევს.
შეეხო რა რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო მეთაურთა შეხვედრას უმაღლეს დონეზე, ედუარდ შევარდნაძემ თქვა: ეს შეხვედრა რომ არ ხერხდება, ამას ჰქონდა თავისი მიზეზები და პირველ რიგში ეს არის რუსეთში მიმდინარე მოვლენები, ქვეყანაში დაძაბული დღეები გრძელდება; იქნებ ეს სწორი გზაც იყოს, რადგან ასეთ დროს მოლაპარაკებებმა შესაძლოა სასურველი შედეგი ვერ მოიტანოს; შეხვედრა კი აუცილებლად იქნება, ეს გარდაუვალია. მის მომზადებას ალბათ ხელს შეუწყობს შეხვედრა სოჭში, სადაც საქართველოს დელეგაციას უხელმძღვანელებს პრემიერ-მინისტრი თენგიზ სიგუა. რუსეთის დელეგაციას თავდაცვის მინისტრი პავლე გრაჩოვი მეთაურობს. თქვენ იცით ჩემი დამოკიდებულება მის განცხადებებთან დკავშირებით და შეიძლება ასეთ პიროვნებასთან გიჭირდეს მტკივნეული საკითხების გადაწყვეტა, მაგრამ იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ შეხვედრა ნაყოფიერი იქნება.
ამ დღეებში გაიმართება ჩემი ვიზიტი უკრაინაში, სადაც პრეზიდენტ ლეონიდ კრავჩუკის მიწვევით მივემგზავრები და ამ ვიზიტს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებ, - თქვა ედუარდ შევარდნაძემ, - რადგან ამ ქვეყანასთან ასევე განსაკუთრებული ინტერესები გვაკავშირებს როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ ასპექტში. ამასთან ჩვენ მეზობლები ვართ და არა მარტო შავი ზღვა გვაერთიანებს, არამედ გვაერთიანებს და გვაახლოვებს ჩვენი ხალხების ტრადიციები, კულტურული, მეცნიერული კონტაქტები და ურთიერთობები. უკრაინას ახალი როლი აკისრია დღევანდელ ევროპაში, როგორც ერთ-ერთ გიგანტურ ქვეყანას, რომელიც ამ კონტინენტის ცენტრში მდებარეობს და თავისი დიდი ეკონომიკური და ბირთვული პოტენციალი აქვს. რაც დრო გავა, მისი, როგორც ევროპის ერთ-ერთი ცენტრალური ქვეყნის როლი, კიდევ უფრო გამოიკვეთება - ქვეყნისა, რომელმაც ევროპის პოლიტიკა უნდა განსაზღვროს!
შემდეგ საუბარი შეეხო აფხაზეთის ომს და სახელმწიფოს მეთაურმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, არაერთგზის ნათქვამი მისეული შეფასება, რომ აფხაზეთის კონფლიქტი სხვაგან დაგეგმილი კონფლიქტია. ის ძალები, რომლებმაც ეს ომი დაგეგმეს, - თქვა ედუარდ შევარდნაძემ, - დღეს ძალიან კარგად არიან ცნობილი და, სხვათა შორის, არც მალავენ თავიანთ ზრახვებს. სეპარატისტებისადმი მათი მორალური, ეკონომიკური და სამხედრო დახმარება ამის გამოვლინებაა. წლების განმავლობაში იგეგმებოდა ეს კონფლიქტი, რომ ასეთ მდგომარეობაში ჩაეყენებინათ ჩვენი ქვეყანა. ვფიქრობ, მისი მოგვარებისათვის დიდი მნიშვნელობა ექნება სოჭის მოლაპარაკებას, თუკი გადაწყდა იქიდან რუსეთის სამხედრო ნაწილების გაყვანის საკითხი. ეს ნაწილები ახლა აქ სიტუაციის გამწვავების და დესტაბილიზაციის მიზნებს ემსახურებიან. ამასთან ცხადია, კონფლიქტის მოგვარებას საბოლოოდ ხელი უნდა შეუწყოს ჩვენმა შეხვედრამ პრეზიდენტ ელცინთან. რუსეთის მომავალი რეფერენდუმის შედეგებიც, ცხადია, თავის გავლენას მოახდენს რუსეთზეც და კავკასიაზეც. მაგრამ, მოგეხსენებათ, თვით რეფერენდუმის პერიოდი, მისი შედეგების შეჯამება შესაძლოა რამდენიმე თვეს გაგრძელდეს, ამიტომ სასურველია ყველაფერი მანამდე მოხდეს.
რადიოკომენტატორმა სახელმწიფო მეთაურს სთხოვა განმარტა ამასწინათ მის მიერ გამოცემული ერთი ბრძანება, რომლითაც ფულადი თანხებით დაჯილდოვდნენ საქართველოში დისლოცირებული რუსეთის ჯარის ერთ-ერთი ნაწილის მეთაურები.
- საქმეში ჩაუხედავი კაცისათვის შესაძლოა მართლაც გაუგებარი იყოს ამ ბრძანების არსი, - უპასუხა ედუარდ შევარდნაძემ, - მაგრამ ამ დაჯილდოებული სამხედროების პოზიცია ამას ნამდვილად იმსახურებს. ჩვენ ბევრი სამხედრო ობიექტი გადმოგვეცა, მაგრამ თითქმის ყველა გაძარცული მივიღეთ. პირველ რიგში ძარცვავდნენ მისი ბინადრები, მერე არც ჩვენ ვაკლებდით ხელს. ამ ნაწილმა კი, რომლის წარმომადგენლებიც დავაჯილდოვეთ, ყველაფერი ხელუხლებელი ჩაგვაბარა. ეს მილიარდობით ქონება გახლავთ და მან თბილისის ცის უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს. ის ბრძანება, რომელიც გამოვეცით, ჩვენი მადლიერების გამოხატვა იყო ამ ადამიანებისადმი.
ყველა საკითხში, რომლებსაც განვიხილავთ, ანდა რამდენადმე ვეხებით, ობიექტურად უნდა გავერკვეთ და ამ დროს ყოველგვარი ვნებათაღელვა უნდა გამოირიცხოს, - თქვა ედუარდ შევარდნაძემ, - ჩვენს საზოგადოებაში გავრცელებული სხვადასხვა ხმების გამო, რომლებიც სამეგრელოს რეგიონთან არის დაკავშირებული. ისევე როგორც სხვა რეგიონები, სამეგრელოც იღებს თავის მონაწილეობას საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისათვის ბრძოლაში, რომლის ბედიც ახლა აფხაზეთში წყდება, - თქვა მან, - აფხაზეთში მრავალი ზუგდიდელი ახალგაზრდა იბრძვის საქართველოს ინტერესების დასაცავად. იქ ჩავიდა საკმაოდ სოლიდური ჯგუფი ხობის გამგებლის მეთაურობით და ეს ჯგუფი უკვე შეუდგა დასახული ამოცანების შესრულებას; აფხაზეთში იმყოფება ფოთის რაზმი; წასასვლელად მზად არიან სენაკელები, აბაშელები, სხვა რაიონებშიც ემზადებიან. ასე რომ სამეგრელოც, ისევე როგორც საქართველოს სხვა კუთხეები, იბრძვის აფხაზეთის ფრონტზე და ამგვარი ვნებათაღელვით მის ამ ბრძოლას ჩრდილი არ უნდა მივაყენოთ. მე მჯერა, თუკი იქ რაიმე შეფერხებები არსებობს ამ მხრივ, ესეც ძალიან მალე დაიძლევა.
რადიოინტერვიუში სახელმწიფოს მეთაურმა დიდი შეფასება მისცა იმ ფაქტს, რომ მუშაობას შეუდგა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია, რომლის პირველი სხდომა გასულ შაბათს გაიმართა. დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ამ ეტაპზე ჩვენ მოვძებნეთ ისეთი მოდელი, რომ ხელისუფლებაში რაიმე გართულება არ არის მოსალოდნელი, - თქვა ედუარდ შევარდნაძემ, - და ამ ორიგინალური გზით მივიწევთ დემოკრატიისაკენ. მე მჯერა, რომ საქართველო იქნება კლასიკური დემოკრატიული ქვეყანა, და ასეთ ქვეყანას ახლა ეყრება საფუძველი, - დასძინა მან.
შემდეგ კომენტატორმა სახელმწიფოს მეთაურს სთხოვა თავისი დამოკიდებულება გამოეხატა 9 აპრილის აქციებისადმი, რომლებიც მოსალოდნელია, - ამ მოსალოდნელი აქციებისადმი ჩემი დამოკიდებულება ერთაზროვანია, - ხაზგასმით აღნიშნა სახელმწიფოს მეთაურმა, - ეს აქციები, რომლებიც მოქმედ კანონმდებლობას არ ეწინააღმდეგება, უნდა მოეწყოს და ჩატარდეს, მაგრამ, რომლებიც პირიქით არის, დაუშვებელია და არც დაიშვება. ამის შესახებ თავისი პოზიცია უკვე გამოხატა ქალაქის მერიამ. მე ვიცი, რომ 9 აპრილს დაგეგმილია აქცია და ეს იქნება მოგონების დღე. 9 აპრილი ეროვნული თვითშეგნების გამოღვიძების დღეა, რომელმაც ზარივით დარეკა და ყველა ქართველი გამოაფხიზლა. ამასთან ეს სამგლოვიარო დღეც არის, რადგან ადამიანები დაიღუპნენ; 9 აპრილი ჩვენი შეშფოთების გამოხატვის დღეა, რუსეთმა ხალხის წინააღმდეგ არმიის ძალა გამოიყენა და, ბოლოს 9 აპრილი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა!
რადიოკომენტატორის ბოლო კითხვა კუპონების შემოღებას და მასთან დაკავშირებულ პრობლემებს შეეხებოდა - კუპონების გამაგრებაზე ლაპარაკი ცოტა ძნელია, მაგრამ ამისათვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, - თქვა ედუარდ შევარდნაძემ, - საერთოდ, კი თვით ნეგატიურ მოვლენებშიც არის რაიმე სარგებელი და ჩვენ ეს სარგებელი უნდა ვეძებოთ და გამოვიტანოთ. მოგეხსენებათ, არ ვაპირებდი სამანეთო ზონიდან გამოსვლას, მაგრამ იძულებული გავხდით, რომ კუპონები შემოგვეღო. ჩვენ ახლა 1000-2000 კილოგრამი ოქრო ან მისი ღირებულების სხვა სიმდიდრე რომ გაგვაჩნდეს, მაშინ, რა თქმა უნდა, ასეთი ლაპარაკი აღარ დაგვჭირდებოდა, მაგრამ იცით რაც გაგვაჩნია.
კუპონების შემოღება იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გადავდივართ დამოუკიდებელ ფულად სისტემაზე, - განაგრძო სახელმწიფოს მეთაურმა, - ეს პირველი ნაბიჯია და გამოცდილებისათვის დადებით მოვლენად მიმაჩნია, მაგრამ იმ ოჯახისათვის, რომელსაც შვილი ჰყავს და უჭირს, შესაძლოა ეს მისაღები განმარტება არ იყოს. მაგრამ ჩვენ საკუთარი ფულის შემოღებას დანგრეული ფულადი სისტემით ვერ შევხვდებით. ჩვენ უნდა შევიმუშაოთ მისი დაცვის მექანიზმები, რომ მას პრივილეგირებული მდგომარეობა შეექმნას. ალბათ უნდა შეიზღუდოს მისი დიდი მასის ქსელში გამოშვება; პრიორიტეტი მიეცემა მანეთზე მისი გაცვლის პროცესსაც, კუპონები უნდა გაამაგროს იმანაც, რომ პრივატიზაციაში იქნება გამოყენებული; პრივილეგია ექნება მას აქციების შეძენაშიც. ცალკეული ობიექტების შესაძენად კი კუპონებს მონოპოლიაც კი უნდა მივანიჭოთ.
მაგრამ სამანეთო ზონიდან ავტომატურად გამოსვლა იქიდან ავტომატურად გამოვარდნას როდი ნიშნავს. არის ხალხი, რომლებსაც თავიანთი ინტერესები მანეთით აქვთ განმტკიცებული რუსეთში და ეს დაცული უნდა იყოს. ალბათ უნდა ვიფიქროთ იმაზეც, რომ კუპონების დროს მაქსიმალურად გავათავისუფლოთ ფასები და ხელფასები კი გავზარდოთ. ეს რთული პროცესი იქნება, მაგრამ ყოველმხრივ შესწავლის შემდეგ ისეთი პროექტი უნდა მივიღოთ, რომელიც ხალხის ინტერესებს შეესაბამება.
ახლა მანეთისა და კუპონების თანაარსებობაზე ვლაპარაკობთ, - განაგრძო სახელმწიფოს მეთაურმა, - მერე კი როგორი დინამიზმითაც განვითარდება ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის სტაბილიზაციის თვალსაზრისით, იმ დინამიზმით განისაზღვრება ამგვარი თანაარსებობა, ერთი სიტყვით, მერე გავარკვევთ რამდენად იქნება ეს ქართველი ხალხის ინტერესების შესაბამისი. საბოლოოდ კი, როცა ჩვენს ფულს შემოვიღებთ, ალბათ დოლარი ჩვენთანაც დაიკავებს თავის ადგილს - საერთოდ კი ამ რთულ პროცესს ღრმა ანალიზი სჭირდება. ადვილი არ არის განვსაზღვროთ რა მოხდება, როგორი კორექტივების შეტანა მოგვიწევს. მაგრამ შესაბამისი კომისია მთავრობაში უკვე მუშაობს, პირადად მეც ვარ ამ საქმეში ჩართული, პრემიერ-მინისტრიც და სხვა კომპეტენტური სამსახურებიც, რომლებსაც ეგ საქმე ეხება და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ნაკლებად დავზარალდეთ, - თქვა დასასრულ ედუარდ შევარდნაძემ.
საქართველოს პარლამენტის პრეს-ცენტრი.
ედუარდ შევარდნაძე: შეხვედრას ვანკუვერში ბილ კლინტონსა და ბორის ელცინს შორის დიდი მნიშვნელობა აქვს რუსეთისათვის, მთელი მსოფლიოსათვის და მათ შორის საქართველოსათვისაც : 5 აპრილის რადიო ინტერვიუდან // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 6 აპრილი. - №71(615). - 1 გვ.
![]() |
59 ახალი ეტაპი საქართველოს სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის საქმეში |
▲ზევით დაბრუნება |
ბატონ ედუარდ შევარდნაძის სიტყვა საქართველოს რესპუბლიკის საკონსტიტუციო კომისიის პირველ სხდომაზე 1993 წლის 3 აპრილს
გაიმართა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის პირველი სხდომა, რომელსაც მისი თავმჯდომარე, ედუარდ შევარდნაძე წარმართავდა. კომისიამ, რომელიც შექმნილია საქართველოს პარლამენტის მიერ, უნდა შეიმუშაოს საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის ახალი რედაქცია და გადასცეს იგი საქართველოს პარლამენტს განსახილველად და რეფერენდუმზე გადასაცემად.
კომისიის სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ კომისიის წევრებს სიტყვით მიმართა ედუარდ შევარდნაძემ. მან თქვა:
ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში მომხდარ მრავალ ისტორიულ მოვლენათა ფონზეც კი დღევანდელი დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია: დღეს, 1993 წლის 3 აპრილს მუშაობას იწყებს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია და ამით იწყება ახალი ეტაპი საქართველოს სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის საქმეში.
ქართველი ერი, ისევე როგორც სხვა ერები, მუდამ ისწრაფოდა თავისი ღირსეული ადგილი დაემკვიდრებინა მსოფლიოს ხალხთა შორის. სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში ამ მიზნის მისაღწევად სხვადასხვა ამოცანების გადაწყვეტა იყო საჭირო, მაგრამ უცვლელი რჩებოდა ამ ამოცანათა გადაწყვეტის მთავარი იარაღი - ძლიერი სახელმწიფო. დღეს, XXI საუკუნის მიჯნაზეც, ქართველ ერს მრავალი უმნიშვნელოვანესი ამოცანის გადაწყვეტა მოუწევს, რათა შეძლოს ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს მსოფლიო ცივილიზაციაში და დღესაც ამ ამოცანათა გადაწყვეტის უმთავრეს პირობად ძლიერი, დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობა რჩება. ამიტომაა, რომ ყოველი საღად მოაზროვნე მოქალაქე თანამედროვეობის უპირველეს საქმედ ერთიანი, დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს ჩამოყლიბებას მიიჩნევს.
ამ ურთულესი პრობლემის გადასაჭრელად პირველ რიგში საჭიროა ვიყოთ რეალისტები და ობიექტური თვალით შევაფასოთ არსებული სიტუაცია. უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს პრაქტიკულად დამოუკიდებელი ეროვნული სახელმწიფოს მშენებლობის დაწყების ეტაპზე ვართ. მართალია, საერთაშორისო საზოგადოებრიობამ მიგვიღო თავის ოჯახში და გვაღიარა სრულუფლებიან სუვერენულ სახელმწიფოდ, მაგრამ დღეს ეს ნაბიჯი უფრო ერთგვარი ავანსია, ვიდრე რეალური ვითარების ადეკვატური ასახვა.
ქართული სახელმწიფოს ასეთი ყოფა მრავალი სუბიექტური და ობიექტური მიზეზებითაა განპირობებული. ბოლო ორი საუკუნის მანძილზე საქართველოს თავზე გადავლილმა ქარტეხილებმა უდიდესი ზიანი მიაყენეს ჩვენს სახელმწიფოებრიობას. მართალია, ეს იდეა არასოდეს მომკვდარა, მაგრამ თითქმის ორასი წლის მანძილზე პრაქტიკული ხორცშესხმის გარეშე რჩებოდა და ამას არ შეიძლებოდა გავლენა არ მოეხდინა ერის თვითშეგნებაზე. ყველაზე სავალალო ის არის, რომ დავკარგეთ დამოუკიდებელი სახელმწიფოებრივი ცხოვრების ჩვევები, ასეთი პრაქტიკული გამოცდილების უქონლობის გამო. ყველას კარგად არ ესმის, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებელობის მოპოვება ჯერ კიდევ ყველაფერს არ ნიშნავს და რომ უფრო რთულია დამოუკიდებელობის შენარჩუნება და განმტკიცება. ჩანს, რომ ბოლომდე ვერც ის გავიაზრეთ, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების მეთოდები და საშუალებები სახელმწიფოს მშენებლობისა და მართვისას შეიძლება ხშირად გამოუსადეგარი იყოს.
ალბათ, სხვებთან ერთად ამ ფაქტორებმაც განაპირობა ის დიდი ტრაგედია, რაც საქართველოში დატრიალდა. დღეს შესაძლოა სხვადასხვა აზრი არსებობდეს ამ მოვლენაზე, მათში მონაწილე პოლიტიკურ ძალებსა თუ პოლიტიკოსებზე. დე, ეს ყველაფერი დრომ და ისტორიამ განსაჯოს, მაგრამ ერთი რამ უდავოა - ჩვენ ყველამ მთელმა ქართველმა ხალხმა ვერ ვუპატრონეთ ახლადფეხადგმულ სახელმწიფოს და მნიშვნელოვნად დავაზიანეთ იგი. კიდევ ვიმეორებ, დღეს არ ვაპირებ მტყუან-მართლის გარჩევას, ვინაიდან სახელმწიფოს ბედის, მისი მომავლისათვის თანაბრად პასუხისმგებელნი ვართ ყველა - ხელისუფლებაც, ოპოზიციაც, თითოეული მოქალაქეც.
ზუსტად ერთი წლის წინ საქართველო მძიმე განსცდელის წინაშე იდგა და იმ დროის მთავარ ამოცანად საყოველთაო არჩევნების მომზადება და ჩატარება მივიჩნიეთ. მაშინ ბევრი გვირჩევდა, ხელი აგვეღო ამ მეტად სარისკო განზრახვაზე, სასწორზე არ შეგვეგდო ახალი ხელისუფლების ბედი, მაგრამ ჩვენ გზიდან არ გადაგვიხვევია - 1993 წლის ოქტომბერმა დაადასტურა, რომ ხალხს შეგნებული აქვს მომენტის მთელი სიმძიმე, ამ ურთულეს სიტუაციაში ენდობა დღევანდელ ხელისუფლებას და სჯერა მისი პოლიტიკისა. ამ ნდობამ გააათკეცა ჩვენი პასუხისმგებლობა.
არჩევნების ჩატარებით და ლეგიტიმური ხელისუფლების შექმნით მნიშვნელოვნად განმტკიცდა ჩვენი რესპუბლიკის პოზიციები, მაგრამ მაინც ბევრი პრობლემა დარჩა. კერძოდ, ძალზე რთული იყო სახელმწიფო სტრუქტურების ჩამოყალიბება სამართლებრივი საფუძვლის რეალურად მოქმედი კონსტიტუციის გარეშე. იძულებულნი გავხდით შეგვექმნა ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების ერთობ ორიგინალური მოდელი. ეს თავადაც კარგად გვესმოდა, რომ იგი სრულად არ შეესაბამება ხელისუფლების დანაწილების პრინციპის კლასიკურ გაგებას, მაგრამ ისიც ცხადია, რომ ხელისუფლების დანაწილების სრულყოფილი მოდელის შექმნა იმ დროს არსებულ ვითარებაში შეუძლებელი იყო. გარდა ამისა, უნდა გაგვეთვალისწინებინა მეზობელი ქვეყნების მწარე გამოცდილებაც, როცა მომხიბლავ თეორიებზე დაფუძნებულ, მაგრამ რეალობას მოწყვეტილ მოდელებს ხშირად ჩიხში შეყავს ხელისუფლება და მისი ცალკეული შტოები უმთავრეს ენერგიას ერთმანეთში კინკლაობას ახმარენ. უნდა მოგახსენოთ, რომ ამ მოდელს თავდაპირველად სიფრთხილით ეკიდებოდნენ უცხოელი სპეციალისტებიც, მაგრამ როცა ღრმად ეცნობიან ქვეყნის მდგომარეობას, მათი დიდი უმრავლესობა ასკვნის, რომ ეს ერთ-ერთი საუკეთესო გამოსავალი იყო.
გარდა ამისა, ხელისუფლების დღევანდელი მოდელი დროებითია და ამის საუკეთესო დასტური ჩვენი დღევანდელი შეკრებაც გახლავთ. სხვათაშორის, ზოგი ახლაც გვირჩევს ჯერჯერობით თავი შევიკავოთ კონსტიტუციის მიღებისაგან და ქვეყანა არსებული კანონებით ვმართოთ. ჩვენ არც ახლა ვეთანხმებით ამ მოსაზრებებს, ვინაიდან ისინი ეწინააღმდეგება დემოკრატიული სახელმწიფოს აღმშენებლობის ლოგიკას. ვერც ჩვენი ხალხი, ვერც თანამედროვე კაცობრიობა ვერ გაგვიგებენ, თუკი გავაჭიანურებთ კონსტიტუციის მიღებას, - ეს გაართულებს ვითარებას ქვეყნის შიგნითაც და, შესაძლოა, დემოკრატიის გზასაც აგვაცდინოს. სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის საქმეში კონსტიტუციის მომზადება და მიღება არჩევნების შემდეგ მეორე საეტაპო მოვლენად უნდა იქცეს. ამდენად, ნურავის გაუკვირდება, თუ ვიტყვი, რომ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას ქვეყნის მომავლის წინაშე ისტორიული პასუხისმგებლობა ეკისრება.
უკვე ბევრი ითქვა და დაიწერა იმაზე, თუ რატომ ვარჩიეთ 1921 წლის საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციაზე მუშაობა და უარი ვთქვით ახალი კონსტიტუციის შემუშავებაზე. ვფიქრობ, დღეისათვის ეს იყო საქართველოს პარლამენტის ბრძნული გადაწყვეტულება, რაც არა მხოლოდ სამართლებრივი მემკვიდრეობითობის შენარჩუნების სურვილით, არამედ დღევანდელ პოლიტიკურ ძალთა კონსოლიდაციისაკენ მისწრაფებითაც არის ნაკარნახევი. საკითხის ასე დასმა ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც ხანგრძლივი კონსტიტუციური ისტორიის მქონე სახელმწიფოს, საერთაშორისო ავტორიტეტის ზრდასაც. ამასთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელი საკონსტიტუციო კომისია 1921 წლის კონსტიტუციის პროექტის შემქმნელი კომისიის მემკვიდრედ გვევლინება.
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას მოუწევს თავდაუზოგავი შრომა, რათა ღირსეულად გააგრძელოს ოციანი წლების თაობისგან მიღებული ესტაფეტა. კომისიის შემადგენლობა, მისი ინტელექტუალური პოტენციალი ამის სრულ გარანტიას იძლევა. აქვე არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ კომისიის გარეთ მრავალი ღირსეული ადამიანი დარჩა. ბევრი მათგანი იმდენად მნიშვნელოვანი საქმითაა დაკავებული, რომ მიზანშეუწონლად ვცანით მათი მოწყვეტა ძირითადი საქმიანობიდან.
ჭეშმარიტი სახელმწიფოებრივი ცხოვრება მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როცა ყველა სფეროში პროფესიონალები იღვწიან. ამიტომ ნურავინ გვიწყენს, რომ პარლამენტმა კომისიაში ძირითადად იურისტები და პოლიტიკოსები მიიწვია. სხვათა შორის, პარლამენტის საკონსტიტუციო კომისიაში არადეპუტატების შეყვანა სხვა სახელმწიფოების პრაქტიკაში მაინცდამაინც გავრცელებული არაა, მაგრამ ჩვენ შეგნებულად წავედით ამაზე და დარწმუნებული ვართ, რომ ამ ნაბიჯს მრავალმხრივი დადებითი შედეგი მოჰყვება.
კონსტიტუციის პროექტზე მუშაობა ძნელი იქნება. ასეთი დონისა და მნიშვნელობის დოკუმენტის შექმნა თავისთავად რთული საქმეა, მაგრამ ჩვენს მდგომარეობაში ამას კიდევ მრავალი ფაქტორი ემატება, ბუმბერაზ ტოტალიტარულ იმპერიაში 70-წლიან ცხოვრებას ბოლო წლების კატაკლიზმები და დღევანდელი განსაცდელი დაერთო. ყოველივე ამას არ შეიძლებოდა უკვალოდ ჩაევლო და გამანადგურებლად არ ემოქმედა ჩვენს ფსიქიკაზე. თითოეული ჩვენგანი ერთგვარად დაღდასმულია წარსულისაგან და ამიტომაა, რომ ზოგჯერ ნერვები გვღალატობს, ზოგჯერ ნებისყოფა აღარ გვყოფნის, ხან სასოწარკვეთაც კი გვეუფლება... მართლა ზეადამიანური ძალისხმევაა საჭირო იმისათვის, რომ დღევანდელ საქართველოში, როცა ყოველდღიურად გვესმის ბრძოლის ველზე დაცემული თუ სინდისგარეცხილი თანამემამულის ხელით განგმირული ბიჭების შეურაცხყოფილი დებისა და დედების ამბავი, მაინც ახერხებდე წონასწორობის შენარჩუნებას, ემოციების დაოკებას და კონსტიტუციაზე ფიქრს. ჩვენ სწორედ ამგვარი ძალისხმევის შინაგანი რესურსები უნდ გამოვძებნოთ, რადგან სხვა არჩევანი არა გვაქვს. ჩვენ პირველ რიგში პასუხს ვაგებთ ჩვენი შვილების წინაშე, იმ ახალგაზრდების წინაშე, რომელთა ნაწილი სანგრებში ზის, ნაწილი კი ამ დარბაზში და მზადაა თავისი წვლილი შეიტანოს საერთო საქმეში, მიუხედავად იმისა, რომ მათი ფსიქიკა, შესაძლოა, ჩვენზე მეტადაა შეძრული. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვერ უზრუნველვყავით მათი მშვიდობიანი ცხოვრება, ისინი მაინც ჩვენს გვერდით არიან, ამიტომ უფლება არა გვაქვს, ყველაფერი არ ვიღონოთ მომავალი თაობების ნორმალური ცხოვრების უზრუნველსაყოფად.
საკონსტიტუციო საბჭოს პასუხისმგებლობას ისიც აძლიერებს, რომ ჩვენს სიტუაციაში ამ დოკუმენტის მიღებას მეტად მრავალმხრივი დატვირთვა ეძლევა: - იგი უნდა გახდეს მომავალი ძლიერი საქართველოს სამართლებრივი საძირკველი;
- მან უნდა შეასრულოს საქართველოს საერთაშორისო სავიზიტო ბარათის ფუნქცია და ხელი შეუწყოს მისი, როგორც თანამედროვე დემოკრატიული ქვეყნის ავტორიტეტის ზრდას;
- კონსტიტუციურ დებულებებზე დაყრდნობით ქართული სახელმწიფოს ისტორიაში პირველად უნდა განხორციელდეს ხელისუფლების დანაწილების კლასიკური პრინციპი, რამაც, თავის მხრივ, უნდა უზრუნველყოს თანამედროვე ტიპის სახელმწიფო მექანიზმის ჩამოყალიბება;
- იგი ქართველი ერის, საქართველოს მთელი მოსახლეობის კონსოლიდაციისა და პოლიტიკური შერიგების საფუძვლად უნდა იქცეს;
- მან უნდა შექმნას საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის გარანტიები თანამედროვე მოთხოვნათა დონეზე: როცა ადამიანის უფლებებზე ვლაპარაკობ, ვგულისხმობ ეროვნულ უმცირესობათა უფლებებსაც;
- მან საფუძველი უნდა ჩაუყაროს ქვეყნის ეკონომიკურ სისტემას, განსაზღვროს საკუთრებითი ურთიერთობის პრინციპები, რათა შესაძლებელი გახდეს ქვეყნის ეკონომიკისათვის სამართლებითი საფუძვლის შექმნა;
- მან უნდა გადაჭრას საქართველოსთვის ისეთი სასიცოცხლო მნიშვნელობის პრობლემა, როგორიცაა სახელმწიფოს ტერიტორიული მოწყობა; კონსტიტუციის ტექსტზე მუშაობა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის პრობლემათა მოგვარების ერთობ არაორდინარულ და ეფექტიან ბერკეტად შეიძლება გადაიქცეს;
- კონსტიტუციაში უნდა დაფიქსირდეს ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის პრინციპები და ფორმები, რათა ბოლო მოეღოს გაუთავებელ ექსპერიმენტებს ამ სფეროში;
- მან საფუძველი უნდა ჩაუყაროს ჭეშმარიტ სასამართლო რეფორმას, რათა ბოლოსდაბოლოს გაჩნდეს ნდობა და პატივისცემა სამართალდამცავი მართლმსაჯულების ორგანოების მიმართ.
მომავალმა კონსტიტუციამ წარმატებით რომ შეასრულოს ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ფუნქცია, ჩვენი აზრით, მასზე მუშაობისას გასათვალისწინებელია შემდეგი ძირითადი მომენტები:
1. 1921 წლის საქართველოს კონსტიტუციის შემუშავების შემდეგ კონსტიტუციონალიზმის თეორიასა და პრაქტიკაში მრავალი საყურადღებო სიახლე გაჩნდა, აღარც საქართველო და მისი ხალხია 20-იანი წლების დონეზე, ამიტომ არანაირი დოგმით და ტაბუდადებული დებულებით არ უნდა შევიზღუდოთ. შესაძლოა, ზოგი მუხლი ამოსაღებიც იყოს, ახალი დებულებებიც დაემატოს, გამორიცხული არაა, რომ კონსტიტუციის კორექტირების საჭიროებაც გაჩნდეს. დარწმუნებული ვართ, 1921 წლის კონსტიტუციის მრავალი დებულება თავისი ღრმადგააზრებულობისა და ფუნდამენტურობის გამო ამგვარ კრიტიკულ მოპყრობასაც გაუძლებს და ახალ რედაქციაში შენარჩუნებული იქნება ძველი სულისკვეთება, განსაკუთრებით ადამიანის უფლებათა სფეროში.
2. დიდი ყურადღება უნდა დავუთმოთ კონსტიტუციის შექმნის სფეროში დაგროვილი საერთაშორისო გამოცდილების შესწავლას. ამის აუცილებლობა მხოლოდ იმით როდია ნაკარნახევი, რომ ჩვენი სახელმწიფო სამართლის მეცნიერები გასაგები მიზეზების გამო ვერ უპასუხებენ თანამედროვე მოთხოვნებს - საერთაშორისო პრაქტიკას გულმოდგინედ სწავლობენ სამართლებრივი კულტურის თვალსაზრისით ყველაზე მოწინავე ქვეყნებშიც კი. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია საერთაშორისო სამართლის მზარდი როლი სახელმწიფოების შიდასამართლებრივ სისტემებში. ცივილიზებულ ქვეყნებში შიდასახელმწიფოებრივი სამართლის სულ უფრო მეტი საკითხი რეგულირდება საერთაშორისო ნორმების შესაბამისად და თუ გვსურს, რომ ჩვენმა კონსტიტუციამ ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს მსოფლიოს ქვეყნების კონსტიტუციებს შორის, მისი ძირითადი დებულებები მსოფლიო სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს.
ამ მხრივ უკვე მიმდინარეობს გარკვეული მუშაობა. რამდენიმე სერიოზულმა საერთაშორისო ორგანიზაციამ და უცხოეთის სამეცნიერო ცენტრმა გამოთქვა სურვილი პრაქტიკული დახმარება აღმოგვიჩინონ ამ საქმეში. ჩატარდა რამდენიმე ღონისძიებაც, რომელთა შედეგებსაც ცალკე გაცნობებთ.
3. ზემოთ საერთაშორისო გამოცდილების შესწავლა-გამოყენებაზე ვილაპარაკე, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი მიზანია საქართველოს კონსტიტუციის შემუშავება და არა რაღაც თეორიული სანიმუშო ვარიანტის შექმნა. კატეგორიულად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ჩვენ არ გამოგვადგება მსოფლიოს არც ერთი ქვეყნის კონსტიტუციის მთლიანი ან ნაწილობრივი გადმოღება. ჩვენ უნდა შევქმნათ საერთაშორისო პრინციპებსა და სტანდარტებზე დაფუძნებული საკუთარი მოდელის კონსტიტუცია, რომელიც საქართველოს წარსულს, თანამედროვეობას და მომავალს, მის გეოპოლიტიკურ მდგომარეობას, კულტურას, ტრადიციებს, თავისებურებებს, ქართველი ხალხის ზნეობას, სამართლისა და სახელმწიფოსადმი დამოკიდებულებას გაითვალისწინებს. ჩვენ ვლაპარაკობთ ქართულ სახელმწიფოზე, ქართულ ფენომენზე, რომელიც სხვადასხვა ეროვნების ხალხთა, რელიგიათა, მსოფლმხედველობათა თანაცხოვრების, თანაარსებობის მრავალსაუკუნოვან უნიკალურ გამოცდილებასაც გულისხმობს, და კონსტიტუციასაც ჩვენთვის ვქმნით. შევეცადოთ, რომ მასში მაქსიმალურად უზრუნველვყოთ პიროვნების თავისუფლება, ადამიანები ქცევის ნორმებით შევზღუდოთ მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ეს აუცილებელია, დავუტოვოთ მათ მეტი თავისუფლება.
4. კონსტიტუციის ტექსტზე მუშაობისას ალბათ საჭირო იქნება სპეციალური სისტემის შექმნა, რათა უყურადღებოდ არ დარჩეს ამ თემაზე გამოთქმული არც ერთი მოსაზრება. მეტიც, ჩვენ უნდა ვთხოვოთ საქართველოს მთელ მოსახლეობას, აქტიურად ჩაებან კომისიის მუშაობაში, გამოგვიგზავნონ თავიანთი მოსაზრებები, შეხედულებები. მართალია, პროექტი გამოქვეყნდება საყოველთაო განხილვისათვის, მაგრამ გაცილებით ეფექტიანი იქნება ფართო საზოგადოების მონაწილეობა კონსტიტუციის შემუშავების საწყისი ეტაპიდანვე. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დავუთმოთ კომისიის მუშაობაში ახალგაზრდა სპეციალისტებისა და სტუდენტების ჩაბმას. ეს დოკუმენტი მნიშვნელოვანწილად მათთვის იქმნება და ამიტომ კარგი იქნება, თუ მას ახლავე გაითავისებენ, მითუმეტეს, რომ ბევრი მათგანი უკვე მუშაობს ამ პრობლემატიკაზე და საკუთარი მოსაზრებებიც გააჩნია.
5. უნდა გვახსოვდეს, რომ კონსტიტუციას რეფერენდუმით იღებს ხალხი და იგი ხალხისთვისვეა გამიზნული, ამიტომ კონსტიტუცია გასაგები უნდა იყოს. ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა ტექსტის მაქსიმალური სისადავე, ერთი მხრივ, და ფართო ახსნა-განმარტებითი მუშაობა, მეორე მხრივ. კომისიამ პირველი დღეებიდანვე უნდა დაიწყოს კონსტიტუციონალიზმის ძირითადი საკითხების გაშუქება მასობრივი ინფორმაციის საშუალებების გამოყენებით. შემდეგ თანდათან საჭირო იქნება კონსტიტუციის კონკრეტული დებულებების განმარტებაც. ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რათა კონსტიტუციის პროექტის განსახილველად გამოქვეყნებისათვის ყველა დაინტერესებულ მოქალაქეს გააჩნდეს საკმარისი ინფორმაცია და ცოდნა კონსტიტუციის ტექსტის კრიტიკული ანალიზისათვის.
6. ნუ დაგვავიწყდება, რომ დღევანდელი ჩვენი სახელმწიფო, სხვა სახის შიმშილთან ერთად, ნორმატიულ შიმშილს განიცდის. არა მგონია, ამ პრობლემის სიმწვავე ნაკლები იყოს კონსტიტუციის მიღების დროისათვის. სამწუხაროდ, სრული დატვირთვით კანონშემოქმედებით სფეროში ვერც პარლამენტი მუშაობს და ამ პროცესს ძირითადი კანონის უქონლობაც აფერხებს, ამიტომ საკონსტიტუციო კომისიამ კონსტიტუციის ტექსტთან ერთად, შესაძლოა მოამზადოს იმ უმთავრესი ორგანული კანონების პროექტებიც, რომელთა მიღება განსაკუთრებით საჭირო იქნება კონსტიტუციის ძალაში შესვლის შემდეგ.
7. ჩვენი მიზანი უნდა იყოს ისეთი კონსტიტუციის შემუშავება, რომელიც მინიმუმ ორ-სამ ათეულ წელს მაინც იმოქმედებს. ამიტომ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ თავი დავაღწიოთ დღევანდელი პოლიტიკური კონიუნქტურის გავლენას და მომავალშიც გამოსადეგი მოდელები შევქმნათ. კონსტიტუციის სტაბილურობა ქვეყნის სტაბილურობის უპირველესი გარანტიაა. თუმცა კონსტიტუციის სტაბილურობისათვის მხოლოდ ეს არ კმარა. საჭიროა მისი დაცვა მომავალში შესაძლო კონიუნქტურისაგანაც, რათა რაიმე პოლიტიკურმა ძალამ კონსტიტუციის „მორგება“ ვერც მაშინ შესძლოს. ამისათვის საჭიროა კონსტიტუციაში ჩაიდოს კონსტიტუციური ცვლილებების განხორციელების სათანადო მექანიზმი. 1921 წლის კონსტიტუციაში ამ მხრივ მეტად საინტერესო დებულებებია, თუმცა გამორიცხული არაა სხვა უფრო ეფექტიანი მოდელის გამოძებნაც.
დღეს საკონსტიტუციო კომისიის პირველი სხდომაა და ალბათ მიზანშეწონილი არ იქნებოდა კონსტიტუციის ცალკეულ დეტალებზე უფრო დაწვრილებითი საუბარი. შევეცადე, თქვენთვის გამეზიარებინა მხოლოდ ზოგიერთი მოსაზრება ჩვენი მომავალი ერთობლივი მუშაობის ძირითადი ასპექტების თაობაზე. შეგნებულად არაფერი მითქვამს სახელმწიფო წესწყობილების შესაძლო მოდელებზეც. იქნება საპარლამენტო თუ საპრეზიდენტო რესპუბლიკა, ძლიერი პარლამენტი თუ ძლიერი აღმასრულებელი ხელისუფლება, თუ ერთიცა და მეორეც. პასუხს მოითხოვს ეს და მრავალი მსგავსი კითხვა. ჩემი თხოვნა იქნებოდა, არ ავჩქარებულიყავით ამ საკითხების გადაწყვეტისას, გულდასმით მოგვესმინა და გაგვეანალიზებინა ყველა პოზიცია და არგუმენტი.
დარწმუნებული ვარ, ჩვენი მომავალი საქმიანობა თითოეული ჩვენთაგანისათვის მეტად საინტერესო და სასარგებლო იქნება. გისურვებთ ერთი წლის თავზე საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის მიღება მიგველოცოს ერთმანეთისათვის. მჯერა, რომ ეს იქნება XXI საუკუნის საქართველოს კონსტიტუცია.
ახალი ეტაპი საქართველოს სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის საქმეში : ბატონ ედუარდ შევარდნაძის სიტყვა საქართველოს რესპუბლიკის საკონსტიტუციო კომისიის პირველ სხდომაზე 1993 წლის 3 აპრილს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 6 აპრილი. - №71(615). - 1,2 გვ.
![]() |
60 დიდია 9 აპრილის ისტორიული მნიშვნელობა საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროებს და უწყებებს, ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს, საქართველოს მოქალაქეებს |
▲ზევით დაბრუნება |
დიდია 9 აპრილის ისტორიული მნიშვნელობა. ეს დღე საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ გამოცხადდა. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს უახლოეს ისტორიაში, ცხრა აპრილს ქართველმა ერმა ერთხმად და თამამად გამოხატა თავისი ნება - ნება თავისუფლებისა, ნება დამოუკიდებლობისა, ნება თავისთავადი განვითრებისა, რაც მთავარია საქართველომ უმანკო, უდანაშაულო სისხლის ფასად სწორედ იმ ტრაგიკულ ღამეს ახალი ძალით შეიგრძნო ერთიანობისა და ერთსულოვნების ფასი და მნიშვნელობა. დიდება მათ ხსოვნას.
როგორც სახელმწიფოს მეთაური, როგორც მოქალაქე საქართველოსი, ვთხოვ ყველას, საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროებს და უწყებებს, ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს, მოქალაქეებს ჩვენი ახალფეხადგმული სახელმწიფოსი, ვაქციოთ ცხრა აპრილი არა მარტო ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის სიმბოლოდ, იმ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისა, რომელმაც ქართულ სახელმწიფოებრიობასთან მიგვიყვანა, არამედ საქართველოს ერთიანობის, ერთობის დღედაც. დაღუპულთა სისხლი ამას ითხოვს ჩვენგან, ახალქართული სახელმწიფოს პირველი მშენებლებისაგან.
სწორედ ამ განწყობით უნდა აღინიშნოს ეს დღე ჩვენს ქვეყანაში.
ედუარდ შევარდნაძე.
დიდია 9 აპრილის ისტორიული მნიშვნელობა : საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროებს და უწყებებს, ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს, საქართველოს მოქალაქეებს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 8 აპრილი. - №73(617). - 1 გვ.
![]() |
61 ძირეული საკითხები უმაღლესი დონის შეხვედრაზე გადაწყდება |
▲ზევით დაბრუნება |
რუსეთ-საქართველოს სოჭის შეხვედრის გამო ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ საქინფორმის კორესპონდენტს უთხრა:
- ჩემი აზრით, ეს შეხვედრა სასარგებლო იყო, თუმცა მიღწეული შეთანხმებით, რა თქმა უნდა, კმაყოფილი არა ვარ.
მოლაპარაკების დაწყებამდეც დიდ იმედებს არ ვამყარებდი იმაზე, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში მოხდებოდა რადიკალური გარღვევა. დღევანდელ ეტაპზე რუსეთსა და საქართველოს შორის იმდენად რთული ურთიერთობაა, განსაკუთრებით აფხაზეთის კონფლიქტთან დაკავშირებით, რომ ერთი და ორი შეხვედრით ძნელია მიიღო არსებითი ხასიათის გადაწყვეტილებები.
მე ვფიქრობ, რომ ამ შეხვედრამ ნიადაგი მოამზადა სამხედრო ექსპერტების, ეკონომისტების მუშაობისათვის, სხვადასხვა პოლიტიკური ასპექტების, მათ შორის რუსეთ-საქართველოს საზღვრის, ჯარის გაყვანისა და მისი სტატუსის პრობლემების მოგვარებისათვის.
სამუშაო ჯგუფების მუშაობის დროს უნდა მომზადდეს საბოლოო გადაწყვეტილებების შესაძლო ვარიანტები, ყველაზე პრინციპულ და ძირეულ საკითხებზე, ალბათ, უმაღლესი დონის შეხვედრაზე მოვილაპარაკებთ.
- ბატონო ედუარდ, თუ არის მიღწეული შეთანხმება თქვენსა და ბატონ ელცინს შორის შეხვედრისა და მოლაპარაკების თაობაზე?
- ასეთი შეთანხმება ჯერჯერობით მიღწეული არ არის, თუმცა, სოჭში ორივე მხარემ გამოკვეთილად აღნიშნა, რომ უმაღლესი დონის შეხვედრა არათუ სასურველი, არამედ აუცილებელი და გარდაუვალია.
იმის გამო, რომ რუსეთში რეფერენდუმია მოსალოდნელი, ვერ გეტყვით, უახლოეს მომავალში ელცინს შეხვედრის საშუალება ექნება თუ არა. ჩემი სამუშაო გრაფიკიც ისეა მოწყობილი (უკრაინაში ვიზიტი და სხვა), რომ, ალბათ, ასეთი შეხვედრის გამართვა ჯერჯერობით შეუძლებელი იქნება.
- სოჭის მოლაპარაკების დაწყებამდე, მისი მიმდინარეობის დროს, ან შემდეგ ხომ არ გქონიათ სატელეფონო საუბარი რუსეთის პრეზიდენტთან?
- არა, არც სატელეფონო საუბარს, არც სხვა კონტაქტებს ადგილი არ ჰქონია.
ძირეული საკითხები უმაღლესი დონის შეხვედრაზე გადაწყდება / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა]საქინფორმის კორესპონდენტი // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 13 აპრილი. - №75(619). - 1 გვ.
![]() |
62 ედუარდ შევარდნაძე: ნებისმიერი „კერძო“ კონფლიქტი კარდინალურად გადაწყდება მხოლოდ კარგად მოგვარებული სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობის საფუძველზე |
▲ზევით დაბრუნება |
მოსკოვი, 15 აპრილი. (იტარსაკდესი) „თუ რუსეთს სურს შეინარჩუნოს შუამავლის მისია, იგი არ უნდა იყოს კონფლიქტის მონაწილე ერთ-ერთი მხარე. ჯერჯერობით კი რუსეთის ყველა მოქმედება მხოლოდ ამწვავებს სიტუაციას აფხაზეთში“, - განაცხადა საქართველოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ. „აფხაზეთის კონფლიქტს აშკარად იყენებენ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის განვითარების შეფერხების საბაბად“, - აღნიშნა მან „მოსკოვსკიე ნოვოსტისათვის“ მიცემულ ინტერვიუში.
„ჩვენ გვაქვს განსახილველად მომზადებული დოკუმენტების პროექტთა მთელი პაკეტი: დიდი ხელშეკრულების, ეკონომიკური შეთანხმებების, ჯარების სტატუსის, საქართველოში მათი ყოფნის ვადების შესახებ შეთანხმებების პროექტები, - თქვა ედუარდ შევარდნაძემ. - მაგრამ რუსეთის უზენაესი საბჭო არსებითად მთავრობას უკრძალავს აწარმოოს ჩვენთან მოლაპარაკება ეკონომიკურ და ზოგიერთ სხვა საკითხებზე, სანამ არ მოწესრიგდება ვითარება აფხაზეთში“. „სწორედ „ცენტრში“, რუსეთის უზენაეს საბჭოში აძლევენ სანქციას სუვერენული საქართველოს საქმეებში პირდაპირ ჩარევას“, - ამტკიცებს იგი.
„ნებისმიერი „კერძო“ კონფლიქტი კარდინალურად შეიძლება გადაწყდეს მხოლოდ კარგად მოგვარებული სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობის საფუძველზე“, ხაზს უსვამს ე. შევარდნაძე. „მზად ვარ - და ეს არაერთხელ საჯაროდ განმიცხადებია - შევხვდე პრეზიდენტ ელცინს. მოსკოვში, თბილისში, ნებისმიერ სხვა ქალაქში“. „თუ ნორმალური ურთიერთობა არ იქნება მთლიანად ჩვენს სახელმწიფოებს შორის, არ უნდა ვიქონიოთ კონკრეტული კონფლიქტების მოწესრიგების იმედი.“
„რუსი და ქართველი ხალხი საუკუნეთა მანძილზე ერთად ცხოვრობდნენ. ისინი მონათესავე სულისკვეთებით, ტრადიციებით ახლობელი ხალხები არიან, - თქვა მან. - არც საქართველოს და არც რუსეთის მთავრობა არ შეიძლება დაინტერესებული იყოს კონფლიქტის გაჩაღებით. არა მგონია, რომ აფხაზეთშიც ძალიან იტაცებდეთ ომის იდეები“. „დიალოგის გზა“ კონფლიქტის მოწესრიგების ერთადერთი გზაა, მიაჩნია ედუარდ შევარდნაძეს
ედუარდ შევარდნაძე: ნებისმიერი „კერძო“ კონფლიქტი კარდინალურად გადაწყდება მხოლოდ კარგად მოგვარებული სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობის საფუძველზე // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 17 აპრილი. - №79(623). - 1 გვ.
![]() |
63 მადლობის წერილი |
▲ზევით დაბრუნება |
როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და სახელმწიფოს მეთაურმა დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ იმისათვის, რომ გულთან მიიტანეთ ქვეყნის სატკივარი, თავდაცვის ფონდის აზრი და მნიშვნელობა ამ უმძიმეს ჟამს და თქვენი წვლილი შეიტანეთ საერთო საქმეში, რომელსაც წმიდათაწმინდა სახელი ჰქვია - საქართველოს განუყოფლობისა და ერთიანობისათვის ბრძოლა.
თავდაცვის ფონდი მხოლოდ მატერიალური მხარდაჭერა როდია, ის მორალური თანდგომაცაა, მადლობა ამ თანდგომისათვის! ის ყოფილიყოს თქვენი, როგორც ადამიანის, როგორც მოქალაქის, როგორც საქართველოს პატრიოტის მომავალი გამარჯვების საწინდარი!
პატივისცემით
ედუარდ შევარდნაძე
მადლობის წერილი // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 17 აპრილი. - №79(623). - 3 გვ.
მადლობის წერილი // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 24 აპრილი. - №84(628). - 3 გვ.
მადლობის წერილი // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 1 მაისი. - №89-90(634). - 3 გვ.
მადლობის წერილი // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 15 მაისი. - №100(644). - 3 გვ.
მადლობის წერილი // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 22 მაისი. - №105-106(650). - 3 გვ.
მადლობის წერილი // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 29 მაისი. - №111-112(657). - 3 გვ.
მადლობის წერილი // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 5 ივნისი. - №117-118(663). - 3 გვ.
მადლობის წერილი // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 12 ივნისი. - №123-124(669). - 3 გვ.
მადლობის წერილი // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 14 აგვისტო. - №178-179(725). - 3 გვ.
მადლობის წერილი // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 19 ივნისი. - №129-130(675). - 3 გვ.
მადლობის წერილი // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 26 ივნისი. - №136-137(683). - 3 გვ.
მადლობის წერილი // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 3 ივლისი. - №142-143(689). - 3 გვ.
მადლობის წერილი // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 10 ივლისი. - №148 - 149(695). - 3 გვ.
მადლობის წერილი // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 17 ივლისი. - №154-155(701). - 9 გვ.
მადლობის წერილი // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 24 ივლისი. - №160-161(707). - 6 გვ.
მადლობის წერილი // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 31 ივლისი. - №166-167(713). - 7 გვ.
მადლობის წერილი // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 7 აგვისტო. - №172-173(719). - 3 გვ.
მადლობის წერილი // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 14 აგვისტო. - №178-179(725). - 3 გვ.
![]() |
64 ედუარდ შევარდნაძე: თუკი რუსეთს დემოკრატიული განვითარების გზით სიარული სურს, არჩევანი ელცინზე უნდა გააკეთოს |
▲ზევით დაბრუნება |
19 აპრილის რადიოინტერვიუ
- აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგებაში უკრაინის ფაქტორი რომ ამოქმედდეს, ამისათვის გაეროს მისიის ჩამოსვლაა საჭირო და მხოლოდ ამ გზით მოლაპარაკების შემდეგ შეიძლება მივიღოთ თანხმობა, რომ უკრაინის სამხედრო ფორმირებები მონაწილეობდნენ იქ, როგორც სამშვიდობო ძალები. - განაცხადა 19 აპრილს საქართველოს რადიოს კომენტატორ ნატო ონიანთან ტრადიციულ საორშაბათო რადიოინტერვიუში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ - სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ. სამწუხაროდ, - თქვა მან, - გაეროს მისიას ჩამოსვლა გაუჭიანურდა, რადგან მსოფლიოში კონფლიქტები ბევრგან ხდება და მარტო ჩვენთან არ არის, მაგრამ, ვფიქრობ, ამ მისიის ჩამოსვლის საკითხი ორ კვირაში გაირკვევა.
შეეხო რა რუსეთის ბოლოდროინდელ მოვლენებს, სახელმწიფოს მეთაურმა შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ კიდევ უფრო გართულდა მდგომარეობა ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში. რუსეთში ახლა არა მარტო ორხელისუფლებიანობაა, - თქვა მან, - არამედ უკვე გამოჩნდა მესამე ხელისუფლებაც - ვიცე-პრეზიდენტის სახით და, თუკი რუსეთს დემოკრატიული განვითარების გზით სიარული სურს, არჩევანი ელცინზე უნდა გააკეთოს. მე მაინც მგონია, - განაგრძო ედუარდ შევარდნაძემ, - რომ რეფერენდუმი არ წყვეტს ყველაფერს, მთავარი მოვლენები მისი დამთავრების შემდეგ განვითარდება. მაგრამ თუ რუსეთის პრეზიდენტი რეფერენდუმში გაიმარჯვებს, მისი კურსის წარმატებას უკეთესი საფუძველი ექნება.
შემთხვევითი არ არის, რომ დასავლეთის დამოკიდებულება ცალკეული ქვეყნებისადმი, მათ შორის რუსეთისადმი, ყველასათვის პერსონიფიცირებულია. ადრე მიხეილ გორბაჩოვი იყო ასეთი პიროვნება, რომელშიც დასავლეთი დამოკრატიის დასაყრდენს ხედავდა, მაგრამ მაშინ რუსეთის დღევანდელი პრეზიდენტიც ავტორიტეტით სარგებლობდა და იყო ერთგვარი არჩევანი... მაგრამ დღეს ასეთი არჩევანის დრო უკვე აღარ არის, ახლა მხოლოდ ელცინია დემოკრატიული რეფორმების კურსის განმსაზღვრელი და მისი ალტერნატივა აღარ არსებობს. ამიტომ წარმოუდგენელია ასპარეზზე რაღაც სხვა კლანის მოსვლა, მაშინ რუსეთს ხანგრძლივი უმძიმესი პერიოდი დაუდგება, - განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ.
შემდეგ სახელმწიფოს მეთაურმა ეკონომიკისადმი დამოკიდებულების შესახებ ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყოველგვარ პოლიტიკას ეკონომიკური პოტენციალი განსაზღვრავს და ამ პრობლემისადმი ამგვარ მიდგომას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენს სინამდვილეში. უკრაინაში ჩემი ვიზიტის დროს დავრწმუნდი, - თქვა ედუარდ შევარდნაძემ, - რომ ეკონომიკა საყოველთაო ზრუნვის ცენტრშია, ყველა სტრუქტურის ყურადღება ამ სფეროსადმია კონცენტრირებული. ჩვენთან კი ჯერ კიდევ ვერ დავაღწიეთ თავი დეკლამაციურობას ჩვენი დამოუკიდებლობის გაგებაში და ზოგჯერ გვავიწყდება, რომ დამოუკიდებლობისა და თავისუფლების საფუძველი ეკონომიკაა. ამიტომ თუ ჩვენ ვერ შევცვლით დამოკიდებულებას ეკონომიკისადმი და ვერ გამოვაცოცხლებთ მას, ჩვენს თავისუფლებას საფრთხე დაემუქრება, და, უნდა ვთქვა, ემუქრება კიდეც.
ჩვენ უნდა ვაიძულოთ საკუთარი თავი, რომ ყველა, პარლამენტიდან დაწყებული და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებით, კერძო ბიზნესით, თუ ყველა სხვა სტრუქტურით დამთავრებული, სწორედ ასეთნაირი გაგებით იყვნენ მობილიზებული. ჩვენ დღეს ბევრად ჩამოვუვარდებით იმ დონეს, რომელიც ტოტალიტარიზმის დროს იყო, მაგრამ უნდა გამოვიყენოთ ის უპირატესობანი, რომელიც ამ სისტემას ჰქონდა, როცა შრომის სხვა სტიმულები და მოტივები მოქმედებს, როცა ჩვენს საკუთარ მარჯვენაზეა დამოკიდებული პირადი კეთილდღეობა. სამწუხაროდ, ეკონომიკისადმი ასეთი დამოკიდებულება, როგორზეც ზემოთ ვლაპარაკობდი, ჩვენთან არ არსებობს. ამიტომ მოვუწოდებ ყველას, რომ ჩვენი მთავარი საზრუნავი ახლა საგაზაფხულო სამუშაოებია... გოჯი მიწაც კი არ უნდა დაგვრჩეს დაუმუშავებელი. ხელშეკრულებები, რომლებიც უკრაინასთან დავდეთ, არ შესრულდება, თუ ჩვენი პროდუქტი, საკუთარი პროდუქცია არ გვექნა, რომ იქიდან სამაგიერო შემოვიტანოთ. ღმერთმა გადმოგვხედა, რომ გვყავს მეგობრები ამერიკაშიც და სხვაგანაც. საიდანაც ჩვენ ახლა დახმარებას ვიღებთ და მათი დახმარება მომავალშიც გაგრძელდება, მაგრამ სულ ასე ხელგაწვდილი ხომ არ ვიქნებით. ერთი რამ უნდა გვახსოვდეს, - თქვა სახელმწიფოს მეთაურმა, - ისინი მაშინ უფრო დაგვეხმარებიან, როცა ჩვენს მონდომებას, ჩვენს შრომით თავდადებას ეკონომიკურ გამოცოცხლებას შეამჩნევენ და დაინახავენ. ამიტომ ეკონომიკური აღორძინებისადმი ზრუნვა ჩვენი უპირველესი ამოცანაა, - ხაზგასმით აღნიშნა ედუარდ შევარდნაძემ და განაგრძო, რომ ამით ქვეყანა თავს დააღწევს განუკითხაობასაც, რადგან მაფიური მოვლენების აქტიურობის მთავარი სტიმული დაძაბუნებული ეკონომიკაა. მაფიური მოვლენები ასეთ პირობებში პოულობს ხელსაყრელ ნიადაგს და თავისუფლად მოქმედებს. მაგრამ ეს მარტო ეკონომიკის სფეროში როდი ხდება, მათი დასაყრდენი სახელმწიფოს სტრუქტურებშია და სწორედ იქიდან იღებენ ისინი სათავეს. ამიტომ ჩვენ მრავალმხრივი მუშაობა გვმართებს, რომ ხელი შევუწყოთ ნამდვილი ბიზნესის განვითარებას და ამავე დროს გავწმინდოთ სახელმწიფო სტრუქტურები ამ მოვლენებისაგან.
შემდეგ საუბარი შეეხო გარკვეული წრეების მიერ ქვეყანაში დესტაბილიზაციის ახალი ტალღის აგორების იმ ცდებს, რომლებიც ამ დღეებში მოხდა ჩვენს დედაქალაქში.
- მე მინდა მივესალმო ჩვენი ტელევიზიის წამოწყებას, რომელმაც ეკრანი დაუთმო აფხაზეთის ფრონტზე მებრძოლ ადამიანებს და საზოგადოებას გააგებინა მათი აზრი გარკვეული წრეების გააქტიურების თაობაზე. მათ გამოსვლებს გულგრილად ვერ მოისმენს კაცი. საერთოდ უნდა ვთქვა, რომ ტელევიზია ბოლო დროს უკეთ აკათებს თავის საქმეს... ნახეთ, როგორ არის ხოლმე კონცენტრირებული მოსკოვის ტელევიზიის გადაცემები. ახლა კეკლუცობის დრო არ არის, სათქმელი უნდა ითქვას და კარგია, რომ ამ მხრივ ჩვენმა ტელევიზიამ ნაბიჯი გადადგა. - თქვა ედუარდ შევარდნაძემ. - ქუჩის ღონისძიებები თავისი დროის რომელიღაც ეტაპზე აუცილებელი იყო და მათ თავიანთი როლი შეასრულეს. ალბათ დადგება დრო, როცა, ამ ხალხის დამსახურებას, რომლებიც მათში მონაწილეობდნენ და ხელისუფლების სტრუქტურებში ვერ ჰპოვეს თავისი ადგილი, სათანადოდ აღვნიშნავთ და დავაფასებთ, რადგან ქუჩაში გამოსვლებით მათ მართლაც ბევრი რამ გააკეთეს, მაგრამ ახლა ამ გზით სიარული ნამდვილად აღარ გვარგებს. მიტინგები შეიძლება იყოს, ოღონდ უნდა იყოს ამისათვის გამოყოფილ სპეციალურ ადგილას, სადაც მომიტინგეებს სახელმწიფო დაიცავს. ისეთ ცენტრალურ ადგილებში მიტინგების ჩატარება, სადაც შეიძლება რაიმე მოხდეს, დაუშვებლად მიმაჩნია, ამის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. შეიძლება პირადად მეც წავიდე იმ მიტინგზე, რომელიც გამოყოფილ ადგილზე ჩატარდება, მაგრამ, მე მგონი, მიტინგები ახლა მაინც უკანდახევა უფროა, ვიდრე წინსვლა და არც მათი მოწყობის დრო და საშუალება გვაქვს, - თქვა სახელმწიფოს მეთაურმა.
რეგიონული პოლიტიკის პრობლემებზე საუბრისას ედუარდ შევარდნაძემ შეშფოთება გამოთქვა ყარაბაღის კონფლიქტის ახალი ესკალაციის გამო და კვლავ გაიმეორა რამდენიმე თვის წინათ მის მიერ გამოთქმული მოსაზრება, რომ ამ კონფლიქტში თავისი ხასიათის გამო შეიძლება ჩათრეული აღმოჩნდენ დიდი სახელმწიფოები. - სამწუხაროდ, ეს პროცესი დაიწყო, - განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ, - და თუ იგი არ შევაჩერეთ, შესაძლოა დიდი ხანძარი დატრიალდეს. სტიქიამ არ უნდა გაიმარჯვოს, თორემ მერე ყველაფერი გვიან იქნება, - თქვა მან.
პოლიტიკას ყოველთვის თან სდევს რომანტიზმის ელემენტები, - განაგრძო შემდეგ ედუარდ შევარდნაძემ, - მაგრამ თანამედროვე პოლიტიკისთვის მაინც პრაგმატიზმი უნდა იყოს და არის კიდეც დამახასიათებელი. ახლა, როცა დასავლეთი რუსეთს ინვესტიციებს უგზავნის, სწორედ პრაგმატიზმია და არა რომანტიზმი, და სხვა დიდი მოვლენების დროსაც ასე უნდა იყოს. პირადად მე პოლიტიკაში პრაგმატიზმის მომხრე ვარ და ჩემს მოღვაწეობაში მისით ვხელმძღვანელობდი, თუმცა, ქართულ პოლიტიკას რომანტიზმი რომ არ ახასიათებდეს, წარმოუდგენელია, - დასძინე მან.
დღეს ხსოვნის დღეა, სულების მოხსენიების დღე, - თქვა ინტერვიუს დასასრულს სახელმწიფოს მეთაურმა - და ყოველი ადამიანი თავის მშობლებს, ახლობლებს იხსენებს და მოიგონებს. ჩემი მშობლები და ძმები ჩემი მასწავლებლები იყვნენ... პირველ რიგში მათ ვიხსენებ. მე ბევრი მეგობარი მყავდა და მათ შორის იყვნენ ისეთნიც, რომლებიც ძალიან მაკლია, მაგალითად, ნოდარ დუმბაძე. იგი დიდი მოვლენა იყო არა მარტო თავისი ნიჭით, არამედ როგორც ადამიანი და როგორც პიროვნება. თუ მასთან საუბრების გახსენების საშუალება მექნა, უთუოდ გავაკეთებ ამას და საზოგადოება დაინახავს, რომ ნოდარ დუმბაძემ ბევრი რამ იწინასწარმეტყველა. 1978 წლის 14 აპრილის ტაქტიკის გამომუშავებისას ის იყო ჩემი მრჩეველი... უნდა გავიხსენო ჩვენი ბიჭები, - თქვა შემდეგ ედუარდ შევარდნაძემ, - რომლებიც დაგვეღუპნენ, სიცოცხლე შესწირეს რა ჩვენს თავისუფლებას, დამოუკიდებლობას და ქვეყნის ერთიანობას. თუ გადავრჩით, პირველი, რასაც გავაკეთებ, ის არის, რომ მუხლს მოვიდრეკ მათი ხსოვნის წინაშე და უდიდეს მოწიწებას და სიყვარულს გადავცემ მათს ოჯახებს, ვილოცებ მათი სულების მოსახსენებლად, მათს სადიდებლად და ფიცს მივცემ, რომ ბოლომდე ვიბრძოლებ იმისათვის, რისთვისაც ისინი იბრძოდნენ, რასაც შეეწირნენ; დავიფიცებ მათი ხსოვნის წინაშე, რომ ყველაფერს გავაკეთებ საქართველოს ერთიანობისათვის, იმ ოცნების აღსრულებისათვის, რასაც თავი შესწირეს და ეს ოცნება იმ ქვეყნად თან წაიყოლეს. ამიტომ მინდა დღეს ყველა მათგანის სახელები გავიხსენო და ალბათ ამას ჩემთან ერთად თითოეული ჩვენგანი გააკეთებს. ჩვენი ყოველი წყენა თუ სატკივარი გვერდზე უნდა გადავდოთ და არაფერი უნდა დავიშუროთ იმისათვის, რომ მათი ოცნება აუხდენელი არ დარჩეს.
სამარადჟამო დიდება მათ!
მოდით, ღმერთის სახელით ყველამ ერთად ვილოცოთ საქართველოს გადარჩენისა და ჩვენი ბიჭების სულთა მოსახსენებლად, - თქვა დასასრულს ედუარდ შევარდნაძემ, - მათი ეს სულები ალბათ ახლა თავს დაგვტრიალებენ, ჩვენს გვერდით არიან და აღმაფრენას განიცდიან, რომ ერთად ვართ, ერთი მიზნისათვის ერთ მუშტად შეკრული და დარაზმული, და ასე უნდა ვიყოთ ბოლომდე, რომ, როცა მათთან შეხვედრის ჟამი ჩამოჰკრავს, პირნათელი და წმინდა წარვდგეთ მათ წინაშე და შეგვეძლოს თამამად წარმოვთქვათ საბოლოო სიტყვები: ბიჭებო, არ გავტყდით, არ გიღალატეთ, აღვასრულეთ თქვენი ოცნება, და აი, მოვედით კიდეც თქვენთან სასუფეველში.
საქართველოს პარლამენტის პრესცენტრი.
ედუარდ შევარდნაძე: თუკი რუსეთს დემოკრატიული განვითარების გზით სიარული სურს, არჩევანი ელცინზე უნდა გააკეთოს / შევარდნაძე ედუარდ ; [ჩაიწერა]ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 21 აპრილი. - №81(625). - 1 გვ.
![]() |
65 „როცა რუსეთის პრეზიდენტს შევხვდები, ჩვენ მოვნახავთ გამოსავალს იმ ჩიხიდან, რომელშიც ამჟამად არის მოქცეული რუსეთსაქართველოს ურთიერთობა“ |
▲ზევით დაბრუნება |
- თუკი რუსეთს დემოკრატიული განვითარების გზით სიარული სურს, მაშინ მან ერთსულოვნად უნდა დაუჭიროს მხარი პრეზიდენტ ელცინის პროგრამას, - განაცხადა 19 აპრილს რადიო პროგრამა „მაიაკის“ კორესპონდენტთან ინტერვიუში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ - სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ. - რაც შეეხება საქართველოს, - თქვა მან, - იგი, ისევე როგორც ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკები, სისხლხორცეულად არის დაინტერესებული რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობით, ამიტომ რუსეთში მოვლენათა დემოკრატიული გზით განვითარდება მის ინტერესებში შედის.
რეფერენდუმის შემდეგ მოველი შეხვედრას რუსეთის პრეზიდენტთან და როცა მას შევხვდები, მჯერა, მოვნახავთ გამოსავალს იმ ჩიხიდან, რომელშიც ამჟამად არის მოქცეული რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა, მინდა ვირწმუნო, - თქვა შემდეგ ედუარდ შევარდნაძემ, - რომ რუსეთის ხალხები ზურგს არ შეაქცევენ პრეზიდენტის პროგრამას და ამით გაიადვილებენ იმ მთავარი პრობლემების გადაჭრას, რომლებიც, ჩემი აზრით, ძირითადად რეფერენდუმის შემდეგ წარმოიქმნება მათი ქვეყნის წინაშე. რუსეთმა ეს მოვლენები ახლა, რეფერენდუმის წინ უნდა დაინახოს და შეაფასოს.
შეეხო რა უკრაინა-საქართველოს მოლაპარაკებებს, ედუარდ შევარდნაძემ კატეგორიულად უარყო მოსაზრება, თითქოს ორ ქვეყანას შორის დაწყებული ურთიერთობანი რომელიმე სხვა ქვეყნის საზიანოდ იყო მიმართული, - ჩვენ, მართალია, უდიდეს მნიშვნელობის ვანიჭებთ უკრაინასთან დაწყებულ დიალოგს, - თქვა სახელმწიფოს მეთაურმა, - მაგრამ იგი არ ეწინააღმდეგება არც ერთ სხვა რომელიმე ქვეყნის ინტერესებს.
პირიქით - მე ვთვლი, რომ ეს დიალოგი უკეთეს ფონს ქმნის რუსეთ-საქართველოს და უკრაინა-რუსეთის ურთიერთობების გაუმჯობესებისათვის და რაიმე დაეჭვების საბაბი ამ შემთხვევაში არ შეიძლება ვინმეს ჰქონდეს, მით უმეტეს, რომ საქართველოს პარლამენტს შესწევს იმის უნარი, რომ საჭიროების შემთხვევაში მიიღოს ყველაზე საღი გადაწყვეტილებები, - თქვა ედუარდ შევარდნაძემ.
„როცა რუსეთის პრეზიდენტს შევხვდები, ჩვენ მოვნახავთ გამოსავალს იმ ჩიხიდან, რომელშიც ამჟამად არის მოქცეული რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა“ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 21 აპრილი. - №81(625). - 1 გვ.
![]() |
66 ედუარდ შევარდნაძე აცხადებს, რომ საქართველო რუსეთთან და უკრაინასთან კეთილმეზობლობას ესწრაფვის |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველო, ისევე როგორც საბჭოთა კავშირის სხვა ყოფილი რესპუბლიკებიც, დიდად არის დაინტერესებული რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობით. ამიტომ რუსეთში მოვლენათა დემოკრატიული გზით განვითარება შეესაბამება მის ინტერესებს, განაცხადა საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარემ - სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ რუსეთისა და საქართველოს ტელერადიოჟურნალისტებისათვის მიცემულ ინტერვიუში.
- რეფერენდუმის შემდეგ მოველი შეხვედრას რუსეთის პრეზიდენტთან, - თქვა ედუარდ შევარდნაძემ. - ვიმედოვნებ, რომ ჩვენ გამოვძებნით გამოსავალს იმ ჩიხიდან, რომელშიც ჯერჯერობით რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაა მოქცეული.
- საქართველო პატარა ქვეყანაა, ამიტომ თავისუფლება და დამოუკიდებლობა ესოდენ დიდი მსხვერპლად უჯდება, მაგრამ ყოველივე ეს გასავლელი გზაა, - აღნიშნა საქართველოს სახელმწიფოს მეთაურმა. - ეს ესმის მსოფლიოს საზოგადოებრიობასაც, რომელიც მხარს უჭერს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებს. სწორედ ამიტომ არის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, გერმანიის კანცლერი, სხვა სახელმწიფოთა ხელმძღვანელები ბორის ელცინის ყურადღებას მიაპყრობენ საქართველოს ამბებს, ხოლო გაეროს უშიშროების საბჭომ ორი რეზოლუცია მიიღო ამ პრობლემის გამო.
შეეხო რა უკრაინა-საქართველოს მოლაპარაკებას, ედუარდ შევარდნაძემ კატეგორიულად უარყო ის აზრი, თითქოს ორ ქვეყანას შორის დამყარებული ურთიერთობა მიმართული იყოს რომელიმე სხვა ქვეყნის წინააღმდეგ. „ჩვენ მართლაც უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ უკრაინასთან დაწყებულ დიალოგს, - ხაზგასმით აღნიშნა მან, - მაგრამ მასთან ურთიერთობა რომელიმე სხვა ქვეყნის, მათ შორის რუსეთის საზიანოდ როდი შენდება. პირიქით, უკრაინისა და საქართველოს მჭიდრო, მეგობრული, თანასწორუფლებიანი ურთიერთობა ხელს შეუწყობს იმას, რომ უფრო სწრაფად მოგვარდეს ამგვარი ურთიერთობა რუსეთსა და უკრაინას შორისაც.
ედუარდ შევარდნაძე აცხადებს, რომ საქართველო რუსეთთან და უკრაინასთან კეთილმეზობლობას ესწრაფვის // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 21 აპრილი. - №81(625). - 2 გვ.
![]() |
67 თუ ერთი კონფლიქტი მოგვარდება, მეორეც უნდა მოგვარდეს! |
▲ზევით დაბრუნება |
ბატონი ედუარდ შევარდნაძე უპასუხებს „საქართველოს რესპუბლიკის“ კორესპონდენტის შეკითხვებს
- დიდი საერთაშორისო რეზონანსი გამოიწვია თქვენი ინიციატივით გამართულმა ორი, ერთმანეთთან მეომარი სახელმწიფოს - სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების შეხვედრამ ანკარაში. ეს არის საერთაშორისო ურთიერთობაში უნიკალური შემთხვევა, ისტორიული აქტი, - ასეთი შეფასებებია მსოფლიო პრესაში. გამოთქმულია ფრიად საინტერესო და საყურადღებო მოსაზრებანი, კომენტარი, მაგრამ ჩვენს მკითხველებს თქვენი - ამ იდეის ავტორისა და რეალიზატორის აზრი აინტერესებთ.
- ეს არ არის გუშინდელი იდეა. ჩვენ ამაზე ვილაპარაკეთ საქართველოს დელეგაციის ვიზიტის დროს ბაქოში, და მაშინვე გამოითქვა აზრი, რომ სასურველი იქნებოდა ამიერკავკასიის სამი ქვეყნის ხელმძღვანელთა შეხვედრა. ამის შესახებ საუბარი მქონდა სომხეთის პრეზიდენტთანაც, როცა იქ ვიზიტად ვიმყოფებოდით, მერე - თბილისშიც. იგიც პრინციპულად იზიარებდა მოსაზრებას, რომ საჭიროა დავიწყოთ დიალოგი უმაღლეს დონეზე.
- რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, არ მინდა, რომ გადაჭარბებული შეფასებები მიეცეს ამ ფაქტს. ისტორია კი ასეთია:
... მე და ბატონი ელჩიბეი შევთანხმდით, რომ თურქეთში შევხვდებოდით ერთმანეთს თურქეთის პრეზიდენტის დასაფლავების დროს. იმაზეც მოვილაპარაკეთ, რომ არ იქნებოდა ცუდი, თუ შევეცდებოდით სომხეთის პრეზიდენტთან კონტაქტის დამყარებას.
სომხეთის პრეზიდენტის თურქეთში ჩასვლის საკითხი არ იყო გადაწყვეტილი - ეტყობა, თურქეთის ხელმძღვანელობასა და სომხეთის ხელმძღვანელობას შორის არ იყო უშუალო ურთიერთობა და ამის გამო იქ სხვა დონის დელეგაცია უნდა ჩასულიყო.
მე გამოვთქვი სურვილი, რომ კარგი იქნებოდა თუ სომხეთი პრეზიდენტით იქნებოდა წარმოდგენილი და თუ ეს მოხერხდებოდა, მივესალმებოდი ამას, რადგან ჩვენ - საქართველოს, აზერბაიჯანის და სომხეთის ხელმძღვანელებს საშუალება მოგვეცემოდა შევხვედროდით ერთმანეთს.
ამის თაობაზე მივაწვდინე ხმა თურქეთის ხელმძღვანელობას. თქვენ იცით, რომ თურქეთში არის გარკვეული დაძაბულობა სომხეთთან ურთიერთობის საკითხში იმ გართულებებიდან გამომდინარე, რაც ყარაბაღშია დღეს. თურქეთიდან შემოთვალეს, რომ მიესალმებოდნენ, თუკი სომხეთის პრეზიდენტიც მიიღებდა მონაწილეობას თურგუთ ოზალის დაკრძალვის ცერემონიალში.
ანკარაში ჯერ ბატონ ელჩიბეის შევხვდი. უნდა გითხრათ, რომ ჩვენს შორის ძალიან კარგი ურთიერთგაგება ჩამოყალიბდა და მან უყოყმანოდ თქვა, რომ სასურველია სამეულის შეხვედრა, მაგრამ თუ ეს რაიმე მიზეზით შეუძლებელი შეიქმნებოდა, მაშინ რომელიმე სხვა ვარიანტი გამოგვენახა.
სამწუხაროდ, ბატონი ტერ-პეტროსიანი ცოტა დაგვიანებით ჩამოვიდა და მასთან შეხვედრა მხოლოდ მეორე დღეს, ნაშუადღევს მოხერხდა. ვისაუბრეთ, საუბარი ძალიან კარგი იყო. შევთანხმდით, რომ უახლოეს დღეებში შედგება ჩვენი ვიზიტი ერევანში და ხელს მოვაწერთ ხელშეკრულებებს. დიალოგის დროს სამთა შეხვედრის საკითხის განხილვისას მივედით იმ დასკვნამდე, რომ ამ ეტაპზე უფრო მიზანშეწონილი იქნებოდა, თუ სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები უშუალოდ შეხვდებოდნენ ერთმანეთს.
ამის ორგანიზაცია ცოტა რთული საქმე იყო - სად, როდის უნდა შეხვედროდენ ერთმანეთს? ამიტომ (მგონი, საკმაოდ საინტერესო ვარიანტი გამოვიდა) შევთანხმდით ბატონ ელჩიბეისთანაც, ბატონ ტერ-პეტროსიანთანაც, რომ ბატონ დემირელის მიერ მოწყობილ მიღებაზე, სადაც ყველა დელეგაცია იყო მიწვეული, სამთავენი შევხვდებოდით ერთმანეთს, მერე ისინი დასხდებოდნენ და ერთმანეთთან მოილაპარაკებდნენ.
ასეთი შეხვედრა, თქვენმა მკითხველებმა უკვე იციან, მართლაც შედგა. აქ იყვნენ უკრაინის პრეზიდენტი ლეონიდ კრავჩუკი, რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერი გიორგი ხიჟა, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩეთინი, მერე სულეიმან დემირელიც გამოჩნდა.
როგორც ვიცი, აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტების საუბარი პირისპირ შეხვედრის დროს საინტერესო და სასარგებლო იყო.
მიმაჩნია, რომ ეს მაინც ერთი ეტაპია. მთავარი სამუშაო მაინც წინაა. არაერთხელ მითქვამს, რომ კონფლიქტების მოწესრიგებაში ყველაზე ნაკლებად კავკასიური ფაქტორია გამოყენებული, ჩვენი - სამეულის შესაძლებლობანი. ამ მხრივ, ვფიქრობ, რომ მართლაც უნიკალური ნაბიჯი გადაიდგა ანკარაში: შეხვედრების ციკლი დაიწყო. ელჩიბეიმ ისიც კი თქვა, რომ ჩვენი შემდგომი რაუნდი შეიძლება ყაზახში მოეწყოსო, ან საქართველოში. პრინციპულად არც ტერ-პეტროსიანია წინააღმდეგი. და მე მგონია, მივდივართ იქითკენ, რომ ხელოვნური ფორსირების გარეშე სამეულის შეხვედრაც რეალობად იქცეს.
- ბევრი სახელმწიფო მოღვაწე, საერთაშორისო ორგანიზაციები ეცადნენ ასეთი შეხვედრის გამართვას, მაგრამ შესაძლებელი მხოლოდ ახლა გახდა. იდეის ავტორის და განმახორციელებლის ავტორიტეტის გარდა კიდევ რა ფაქტორებმა განაპირობა მისი მატერიალიზაცია?
- მე მგონი, მაინც იმან განაპირობა, რომ ყველა დაიღალა უაზრო ომებით კავკასიაში, ყველა - სომხებიც, აზერბაიჯანლებიც, ჩვენც დავიღალეთ, როგორც იტყვიან, არაქათი აღარ გვაქვს. ამდენი ტრაგედია დატრიალდა, იღუპება ხალხი, ამდენი მატერიალური ზარალი. ვფიქრობ, ხალხიც და პოლიტიკური მოღვაწეებიც მომწიფდნენ იმისათვის, რომ მოიძებნოს ამ რთული პრობლემების პოლიტიკური გადაწყვეტილება.
დარწმუნებული ვარ, რომ ყარაბაღის კონფლიქტიც მოგვარდება და იგი, ჩემი აზრით, პირველ რიგში უნდა მოგვარდეს ამიერკავკასიის ფარგლებში და ამიერკავკასიის ძალებით. გაერო დიდი საქმეა, უშიშროების საბჭო, ევროპული სტრუქტურები, შუამავლები - რუსეთი, ყაზახეთი, ყველა, მაგრამ ჩვენი საქმე უპირველეს ყოვლისა ჩვენვე უნდა გადავწყვიტოთ. ჩვენ უკეთ გვესმის ერთმანეთისა, ეს შეხვედრაც სწორედ ამიტომ გახდა შესაძლებელი, და შედეგიანიც ამიტომ გამოდგა.
ვფიქრობ, რომ სამთა შეხვედრა, რომლის პერსპექტივაც საიმედოდ მესახება, რეალურ შედეგებს მოგვცემს საზოგადოებრივი აზრი იმის სასარგებლოდ ყალიბდება, რომ კონფლიქტების დრო დამთავრდა.
აი, ყველაფერმა ამან გახადა შესაძლებელი ეს შეხვედრა.
- აქედან საქართველოს რა? გადაიჭრება ჩვენი პრობლემები? ამ პერსპექტივიდან ჩანს თუ არა მათი გადაწყვეტის გზა?
- უნდა გითხრათ, რომ თუ ყარაბაღის კონფლიქტი არ მოგვარდა, სავსებით რეალურია გლობალურ კონფლიქტში მისი გადაზრდის საფრთხე.
ჩვენთან, საქართველოში, ნახევარი მილიონი სომეხი ცხოვრობს, თითქმის ამდენივე - აზერბაიჯანელი. სამწუხაროდ, უკვე დაიწყო ამ ეროვნების ადამიანების გატაცება, ხიდების, გაზსადენის აფეთქება, მრავალი სხვა. საფრთხე, ამ ბოლო გამწვავებიდან გამომდინარე, იმდენად სერიოზულია, რომ რუსეთიც შეიძლება უფრო ღრმად ჩათრეული აღმოჩნდეს; თურქეთიდან, მთავრობა ზომიერ პოლიტიკას თუ არ გაატარებს, შეიძლება ისე მოხდეს, რომ ასიათასები დაიძრან და ყველაფერი გადაითელება მაშინ. გაითვალისწინეთ ისიც, რომ ირანში, საზღვარზე მილიონობით აზერბაიჯანელი ცხოვრობს. ეს ერთ-ერთი ყველაზე ფეთქებადი რაიონია ახლა.
ამ შეხვედრიდან ჩვენ რა? ის, რომ თუ ეს ყველაფერი გლობალურ კონფლიქტში არ გადაიზრდება და მშვიდობიანად მოწესრიგდება, შედარებით მშვიდ, შედარებით დაწყნარებულ ატმოსფეროში ვიცხოვრებთ ჩვენც და ჩვენი მეზობელი ქვეყნებიც. ეს ერთი, და მეორე, ხომ იცით, რომ კონფლიქტები ისეა ერთმანეთთან დაკავშირებული, რომ თუ ერთი მოგვარდა, მეორეც უნდა მოგვარდეს. აფხაზეთის კონფლიქტიც ამ რიგშია. უნდა გითხრათ, რომ პირველი, რაც გავაკეთე, ერთ პრეზიდენტსაც და მეორესაც ინფორმაცია მივაწოდე, თუ რა მდგომარეობაა აფხაზეთში და როგორ წარმოგვიდგენია ჩვენი მეზობლების მონაწილეობით ამ კონფლიქტის მოგვარება და მოწესრიგება.
ერთმანეთის დახმარებით ჩვენივე და საერთო პრობლემების გადაწყვეტა რეალური და შედეგიანი პოლიტიკაა.
ესაუბრა
არმაზ სანებლიძე.
თუ ერთი კონფლიქტი მოგვარდება, მეორეც უნდა მოგვარდეს! : ბატონი ედუარდ შევარდნაძე უპასუხებს „საქართველოს რესპუბლიკის“ კორესპონდენტის შეკითხვებს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 24 აპრილი. - №84(628). - 1 გვ.
![]() |
68 ეროვნული ვალუტა ჩვენი დამოუკიდებლობის საფუძველია |
▲ზევით დაბრუნება |
თავის გუშინდელ რადიოინტერვიუში სახელმწიფოს მეთაურმა ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ დიდი ყურადღება დაუთმო კუპონებთან დაკავშირებულ ზოგიერთ პრობლემას და უშუალოდ მიმართა რესპუბლიკის ბიზნესმენებსა და კომერციულ სტრუქტურებს.
კუპონების გამოშვება იძულებითი ნაბიჯი იყო, რომელიც ჩვენ გადავდგით, - განაცხადა მან, - მაგრამ ამ ნაბიჯში პოზიტიური მომენტიც აუცილებლად უნდა შევნიშნოთ და დავინახოთ. ეს არის ისეთი ნაბიჯი, რომელსაც დამოუკიდებლობისაკენ მივყავართ, ეს არის ღონისძიება, რომელიც აუცილებელია იმისათვის, რომ შემდგომში ჩვენ გვქონდეს საკუთარი ვალუტა, კუპონი უკვე იქცა ჩვენს ძირითად საბრუნავ საშუალებად. მაგრამ ზოგიერთი რამ მის დასაცავად მაინც გამორჩათ, თუმცა მასზე მუშაობს სპეციალური კომისია, რომელსაც ვიცე-პრემიერი ბატონი გოცირიძე ხელმძღვანელობს, ამაზე მუშაობს აგრეთვე ჩვენი ეროვნული ბანკიც. როცა ასეთი ფასიანი ფულის ნიშანი შემოდის ხმარებაში, საჭიროა მოქმედებდეს კერძო ფასიანი ქაღალდების ბირჟა და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. სამწუხაროდ, ასეთი ბირჟა დახურეს, სამაგიეროდ ასეთი ბირჟა კი არ გაიხსნა. იყო სხვა შეზღუდვებიც. საჭირო იქნება ეს შეცდომები გამოვასწოროთ. მაგრამ როგორიც უნდა იყოს კუპონის წონა, ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ იგი ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობის ატრიბუტია და ყოველნაირად უნდა ვეცადოთ, რომ მას ფასი შევუნარჩუნოთ, ამიტომაც მივმართავ და შევახსენებ ჩვენს კომერცვიულ სტრუქტურებს, რომ მათი გაჩენა და ასპარეზზე გამოსვლა სახელმწიფოს დამსახურებაა, როცა საბაზრო ურთიერთობებს გზა გავუხსენით და ამის დავიწყება ალბათ სწორი არ იქნებოდა. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ბევრი თქვენით არც არის კმაყოფილი, ამიტომ თქვენ სახელმწიფოს კი არ უნდა ებრძოდეთ, პირიქით, ხელი უნდა შეუწყოთ მის წინსვლას და განვითარებას. სახელმწიფო კი, თავის მხრივ, ყველაფერს გავაკეთებთ თქვენი დახმარებისათვის, მაგრამ თქვენც არ უნდა მიმართოთ ისეთ აქციას, რომ კუპონი გაუფასურდეს. ეს ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ გამოსვლა იქნებოდა. მე ვფიქრობ, უნდა ამოქმედდეს თქვენი მოქალაქეობრივი მოვალეობის გრძნობა, როგორც ეს საქართველოს მოქალაქეებს ეკადრებათ, თქვა მან ამ თავის რადიოინტერვიუში.
ეროვნული ვალუტა ჩვენი დამოუკიდებლობის საფუძველია // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 27 აპრილი. - №85(629). - 1 გვ.
![]() |
69 ედუარდ შევარდნაძე: კავკასიის კონფლიქტების მოგვარების გასაღები კავკასიაშივე უნდა ვეძებოთ და ამისათვის ანკარის შეხვედრას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება |
▲ზევით დაბრუნება |
26 აპრილის რადიოინტერვიუ
მსოფლიოს ჯერ კიდევ არა აქვს გაცნობიერებული, თუ რა დიდ საშიშროებას უქადის მას ექსტრემისტული სეპარატიზმი, - თქვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ - სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ კომენტატორ ნატო ონიანთან თავის ტრადიციულ საორშაბათო რადიოინტერვიუში, როცა გასული კვირის მსოფლიო მოვლენებზე ისაუბრა. - ამ საშიშროების შესახებ იყო ლაპარაკი გაერთიანებული ერების უშიშროების საბჭოს სხდომაზე და ერთგვარი იმედი გაჩნდა, რომ ექსტრემისტული სეპარატიზმის წინააღმდეგ ეფექტიანი ღონისძიებები იქნებოდა მიღებული, მაგრამ ამასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა ჯერ-ჯერობით კვლავ აკადემიურ სტილში მიმდინარეობს და ღონისძიებები, რომლებსაც ამ განხილვების დროს იღებენ, არ არის ეფექტური. მე ადრეც ვამბობდი და ახლაც ამ აზრს ვიზიარებ, - განაგრძო ედუარდ შევარდნაძემ, - რომ ამ საქმეში აქტიური ჩარევა უნდა ხდებოდეს და თუ ამის საჭიროება იქნება, თვით სუვერენიტეტის შეხებასაც კი არ უნდა მოვერიდოთ საუბარს. იუგოსლავიაში, კერძოდ, ბოსნიაში მიმდინარე მოვლენები გვიკარნახებს ამის აუცილებლობას.
თავის დროზე მივესალმე და ახლაც მივესალმები ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის მიერ წამოყენებულ პროგრამას, რომელიც ნატოსათვის ახალი ფუნქციებისა და ახალი სტრატეგიის მინიჭებას ითვალისწინებს და მას ეფუძნება მთელი ევროპის უშიშროებაც. ეს იქნება საერთოევროპული ორგანიზაციის ფუნქცია. ამიტომ, პირადად მე, - თქვა ედუარდ შევარდნაძემ, - კონფლიქტების მოგვარების საქმეში ნატოს მონაწილეობით უფრო მეტს მოველი, ვიდრე, ვთქვათ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ჩარევით. მაგრამ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ამ საქმეში აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ და ამ დღეებში ჩვენ ველოდებით კიდეც გაეროს სპეციალურ წარმომადგენელს, რომელზეც ბატონი ბუტროს ბუტროს გალის ჩვენდამი გამოგზავნილ წერილში იყო ლაპარაკი და ეს სპეციალური წარმომადგენელი ჩვენთან ერთად მიიღებს მონაწილეობას აფხაზეთის კონფლიქტის გადაწყვეტაში, - თქვა სახელმწიფოს მეთაურმა.
შემდეგ სახელმწიფოს მეთაურმა პასუხი გასცა რადიოკომენტატორის კითხვას პოლიტიკური პროგნოზების და იმ პასუხისმგებლობის შესახებ, რომელსაც ამ პროგნოზების გამომთქმელი სახელმწიფო მოღვაწე თავის თავზე იღებს ხოლმე. - არამარტო ჩემი პროგნოზები, რომლებსაც ჰქონდა თავისი საფუძველი, არამედ სხვებისაც, რომლებიც გამოუთქვამთ, სამწუხაროდ, უყურადღებოდ დარჩენილა, - თქვა ედუარდ შევარდნაძემ, - ეს გასაგებიც არის. ყოფილ საბჭოთა კავშირში არ იყო ფართო პროგნოზირების კულტურა. ამ საქმეში ძალიან დაბალ დონეზე ვიდექით და ეს ახლაც ასეა. ალბათ, გახსოვთ, პუტინთან დაკავშირებული ჩემი პროგნოზი ყავაზე მარჩიელობას რომ შეადარეს. სამწუხაროდ, ასეთი დამოკიდებულება მერე ძვირი დაჯდა. ამიტომ პროგნოზებს მეტი ანგარიშის გაწევა სჭირდება. როცა ქვეყანაში პროგნოზები არ კეთდება, ანალიტიკური მუშაობა არ მიმდინარეობს, ძნელია მომავალი მოვლენების მართვა, მაგრამ თუ ეს მუშაობა მიდის, ქვეყანა მოსალოდნელი მძიმე მოვლენების თავიდან აცილებას თუ არა, ყოველ შემთხვევაში, მათ შერბილებას მაინც შეძლებს. ამერიკის შეერთებულ შტატებში სპეციალური ცენტრები მუშაობენ ასეთ პროგნოზებზე და ისინ საკმაო სიზუსტით იძლევიან იმის პროგნოზებს, თუ სად რა არის მოსალოდნელი და ამას დიდ ყურადღებას აქცევენ, - დასძინა სახელმწიფოს მეთაურმა.
შეეხო რა აზერბაიჯანის პრეზიდენტ აბულფაზ ელჩიბეისა და სომხეთის პრეზიდენტ ლევონ ტერ-პეტროსიანს შორის ანკარაში მისი თაოსნობით და შუამავლობით გამართულ შეხვედრას საქართველოს სახელმწიფოს მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ, როგორი შედეგიც უნდა მოჰყოლოდა ამ შეხვედრას, სულ ერთია, იგი მაინც იყო და არის დადებითი მოვლენა. იმას არა აქვს მნიშვნელობა, თუ ვისი თაოსნობით მოხდა იგი (თუმცა ისე კი გამოჩნდა, თითქოს სხვა ქვეყნის ინიციატივით შედგა ეს შეხვედრა), მასში მე ვხედავ დიდი საუბრის დასაწყისს და ზრუნვას კავკასიის მშვიდობისათვის, მისი უღრუბლო ცისათვის... ამ შეხვედრით ეს მუშაობა დაიწყო, მას საფუძველი ეყრება, რადგან პრინციპულად შევთანხმდით, რომ ერთიანი ძალით შევუდგებით კავკასიაში არსებული კონფლიქტების მოგვარებისათვის მოღვაწეობას. კავკასიის კონფლიქტებს სხვა კონფლიქტებს ვერ შევადარებთ, - განაგრძო შემდეგ ედუარდ შევარდნაძემ, - ვერ შევადარებთ თუნდაც იგივე იუგოსლავიისასაც კი, რომელიც თავისი მასშტაბით დიდი და საგანგაშოა. კავკასია ბევრად უფრო საშიშია ასეთი თვალსაზრისით, რადგან აქ სრულიად სტიქიურად, რაღაც ძალების მიერ შეიძლება ჩათრეული აღმოჩნდნენ უზარმაზარი სახელმწიფოები და ამ სტიქიამ ყველაფერი გადათელოს. მე მიმაჩნია, - განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა, - რომ კავკასიის კონფლიქტების მოგვარების და თავიდან აცილების გასაღები მაინც კავკასიაშივე უნდა ვეძებოთ, და ანკარაში შემდგარ შეხვედრას ამისათვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. მართალია, არის განსხვავება ყარაბაღის კონფლიქტსა და, ვთქვათ, ცხინვალის კონფლიქტს შორის, მაგრამ, თუ დავაკვირდებით, ერთ კანონზომიერებას მათ შორის მაინც დავინახავთ. ჩვენ დავიწყეთ ეს მუშაობა და დიდი იმედი გვაქვს, რომ საერთაშორისო აზრიც მხარს დაგვიჭერს, უმისოდ გაგვიჭირდება.
ეკონომიკის პრობლემებზე საუბრისას ბატონმა ედუარდმა თქვა, რომ ახლა რესპუბლიკის მთავრობა იხილავს საკითხებს, რომ ფასები და ხელფასები ერთმანეთის თანაფარდობაში მოვიყვანოთ. ხელფასებმა უნდა გაუსწროს ფასების ზრდას ძირითად პროდუქტებზე მაინც, ამიტომ, თუ მთავრობა ფასების გადიდების გადაწყვეტილებას მიიღებს, მაშინ ხელფასების ზრდაც მოხდება. ამ დღეებში პანიკაც კი შეიქმნა იმის გამო, რომ ხორბლის მარაგები მინიმუმამდე შემცირდა და მისი შევსება არ ხერხდებოდა. საბედნიეროდ, უკვე მერამდენედ კვლავ ჩვენმა ოკეანისგაღმელმა მეგობრებმა გვიხსნეს მდგომარეობიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან ბათუმში 30 ათასი ტონა ხორბალი შემოვიდა, დანარჩენი გზაშია, სულ 250 ათასი ტონა ხორბალი უნდა მივიღოთ. მე მინდა, ჩვენმა ხალხმა იცოდეს ამის შესახებ და გამოხატოს თავისი მადლიერება, თქვა ედუარდ შევარდნაძემ.
სახელმწიფოს მეთაურმა არასერიოზულად მიიჩნია მოთხოვნა, რომელიც თითქოს დასავლეთ საქართველოში გაისმა პარლამენტის გადადგომასთან დაკავშირებით. მე არ ვიცი, სად ითქვა ასეთი რამ, მაგრამ, რაკი ასეთი ხმა მოვიდა, საჭიროდ მიმაჩნია განვმარტო, რომ პარლამენტმა ბევრი რამ გააკეთა თავისი არსებობის მანძილზე, - თქვა ედუარდ შევარდნაძემ, - აბა ნახეთ, რამდენი კანონია მიღებული. მე ყველანაირად ვეცდები, თუ შეიძლება ასე ითქვას, ბოლომდე ვიბრძოლებ იმისათვის, რომ პარლამენტმა იმუშაოს. იგი ჩვენი დამოუკიდებლობის აუცილებელი ატრიბუტია და როგორიც უნდა იყოს ჩვენი ავტორიტეტი, ის თავის საქმეს ძირითადად მაინც აკეთებს. ასეთ უპასუხისმგებლო განცხადებებს ბოლო უნდა მოეღოს. ხოლო, რაც შეეხება პარლამენტში მთავრობის გადადგომის მოთხოვნას, - განაგრძო მან, - რომელსაც მე მხარი არ დავუჭირე, ვთვლი, რომ ეს მოთხოვნა პირველი ზარი იყო და მთავრობის კაბინეტმა ეს უნდა გაითვალისწინოს და ასეთნაირად მიიღოს. თუმცა, ისიც უნდა ვთქვა, რომ ჩვენი ქვეყანა ახლა ისეთ კრიზისშია, რომ ვერავითარი კვალიფიციური მთავრობა ვერაფერს ვერ გააკეთებს. ამიტომ თვითმიზანი არ უნდა გახდეს ვინმეს გადადგომა. მუშაობის გასაუმჯობესებლად შეიძლება შეიცვალოს ცალკეული ადამიანები, რომლებიც, ვთქვათ, დაიღალნენ ან ვეღარ მუშაობენ. თუმცა პარლამენტს იმის უფლებაც აქვს, რომ მთავრობის კრიზისის საკითხი დააყენოს და ესეც არ უნდა გამოირიცხოს.
შეეხო რა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მისიას აფხაზეთში, სახელმწიფოს მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს მისია სასარგებლო და საჭირო მისია იყო, ამის შესახებ მე ბევრჯერ აღვნიშნე - თქვა მან, - მაგრამ ისიც ფაქტია, რომ რომელიღაც რაზმის შესვლით აფხაზეთში საქართველო არ გაერთიანებულა. სამეგრელოში სეპარატიზმი არ არსებობს, განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ, - ეს ვიღაცის გამოგონილია. მართალია, მთავრობა ვერ აკონტროლებს მდგომარეობას, ვთქვათ, ჩხოროწყუში, ან წალენჯიხაში, მაგრამ ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ წალენჯიხაში ცალკე რესპუბლიკის შექმნა სურთ. ვიდრე ქობალია აფხაზეთში შევიდოდა, იქ უკვე იყვნენ ჩასული ხობელები, ზუგდიდელები, ფოთელები, მარტვილელები, წალენჯიხელები; ჩხოროწყუს, აბაშის რაზმები, ასე რომ, სამეგრელო იქ არის. მაგრამ ქობალიას რაზმის წასვლას ჰქონდა სიმბოლიური მნიშვნელობა და მე ამას მაშინვე მივესალმე, და ვთქვი, რომ ჩემთვის არა აქვს მნიშვნელობა მის პოლიტიკურ მრწამს. თუკი იგი აფხაზეთში საქართველოს ინტერესებისათვის წავიდა, მე მას მივესალმები-მეთქი.
მე ბოდიშს ვუხდი სამეგრელოს და პირადად მადლობას მოვახსენებ იმ მოხუც ადამიანს, რომრლმაც ყველას გასაგონად დამპატიჟა და მთხოვა იქ ჩასვლა, ვეცდები ეს თხოვნა მას შევუსრულო. მაგრამ საქართველოს ბევრ სხვა კუთხეშიც ვერ შევძელი ჩასვლა, მათ შორის, ვერ ჩავედი რაჭაშიც, რომელიც სტიქიამ დაანგრია...
სახელმწიფოს მეთაურს კომენტატორმა სთხოვა თავისი წინასწარი პროგნოზი გამოეთქვა რუსეთში გამართულ რეფერენდუმთან დაკავშირებით, მაგრამ მან შეფასებისაგან თავი შეიკავა - არ მინდა, რომ ჩემი პროგნოზებით ვინმეს პრობლემები შევუქმნა, - თქვა მან, - მით უმეტეს, რომ ჯერ გასაკეთებელია რეგიონებში, მსხვილ სამრეწველო ცენტრებში რეფერენდუმის მიმდინარეობის ანალიზი. არსებითი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორი იყო აქტიურობა. ამას შემთხვევით არ ვამბობ, შემდეგ ჩემს გამოსვლებში გავშიფრავ, თუ რას ვგულისხმობ. მე მგონი პრეზიდენტის დამაჯერებელ გამარჯვებასთან არ უნდა გვქონდეს საქმე. ასევე შერყეული აღმოჩნდება ალბათ, უზენაესი საბჭოს და სახალხო დეპუტატთა ყრილობის ავტორიტეტი. ამიტომ, სამწუხაროდ, მომავალში შესაძლოა უფრო მეტ გაუგებრობასთან გვქონდეს საქმე. ცოტაც დავიცადოთ და ყველაფერი გაირკვევა. საერთოდ კი, სკეპტიკურია ჩემი შეფასება, - თქვა ედუარდ შევარდნაძემ.
ინტერვიუს დროს საუბარი შეეხო რესპუბლიკაში მომხდარ დანაშაულობათა ფაქტებში, რაზეც სახელმწიფოს მეთაურმა განაცხადა, რომ არ უნდა გამოვყოთ ხოლმე ასე ცალკე სამხედროთა დანაშაული. - რა თქმა უნდა, სამხედროსაც თავისი პატრონი უნდა და მათი ეს პატრონი თავდაცვის სამინისტროა, მან უნდა უპატრონოს მათ, - თქვა ედუარდ შევარდნაძემ, - მეორეც, ისინი ჩვენი შვილები, ჩვენი შვილიშვილები არიან და ჩვენი ბრალია, თუ კი რამ ისე არ არის, როგორც საჭიროა. არის ფაქტები, რომ რეგიონებში მოულოდნელად ჩნდება რაღაც შენაერთები. მე მინდა დავაყენო ეს საკითხი თავდაცვის სამინისტროს წინაშე და გამოვცე მათი აკრძალვის ბრძანება, რომ საერთოდ ასეთი რამ ჩემს გარეშე არ კეთდებოდეს. არავინ არ უნდა დაივიწყოს ის, რომ ასეთი რამ მთავარსარდალთან არის შესათანხმებელი.
- უნდა გვახსოვდეს, - თქვა შემდეგ სახელმწიფოს მეთაურმა, - რომ ჩვენ მეგობრებთან ერთად მტრებიც საკმაოდ გვყავს და ფხიზლად უნდა ვიყოთ. იმპერია რომ კვდება, ყველაფერი მას როდი მიჰყვება. ეს იმპერია ცოცხალი ადამიანების სახით, ჯერ კიდევ არსებობს. ეს ის ადამიანებია, რომლებიც მას ყველა ქვეყანაში ჰყავდა შეგზავნილი. მათი ცენტრი ეს იყო სახელმწიფო სახელმწიფოში, რომელიც ყველაზე საშინელი იმპერიის შენარჩუნების გარანტიაა. ასეთი ხალხი ჩვენთანაც უხვად იყო. მაგრამ ბევრი მათგანი კეთილსინდისიერად შეუდგა სამშობლოს სამსახურს და ჩვენ მათ ვაწინაურებთ და ვაჯილდოებთ კიდეც. მაგრამ არიან რეზიდენტები, რომლებიც, როგორც ადრე, ისე მოქმედებენ. ჩვენ ისინი უნდა გამოვავლინოთ. ისინი ჯაშუშები არიან. მე არ მოვითხოვ იმას, რომ ისინი დავიჭიროთ და გავანადგუროთ, მაგრამ როგორმე მათი შემობრუნება უნდა მოვახერხოთ, რომ სული საბოლოოდ არ მიყიდონ ეშმაკს და ჩადგნენ ჩვენს სამსახურში.
ინტერვიუს დასასრულს სახელმწიფოს მეთაური ნარკომანიის პრობლემას შეეხო და განაცხადა, რომ ამ პრობლემასთან დაკავშირებით მზადდება სახელმწიფო პროგრამა და მასზე ცალკე საუბარი შედგება. - გარდა ჩვენი საშუალებებისა და შესაძლებლობებისა უნდა გამოვიყენოთ საერთაშორისო ძალებიც, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ საქართველო შეიძლება გახდეს ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი ცენტრი.
- ჩვენს საზოგადოებას ბევრი ჭრილობა აქვს, მაგრამ ყველაზე უფრო დიდი სულში ჩარჩენილი ჭრილობაა, რომელთა მკურნალობა უფრო გაჭირდება, ვიდრე იმ ნანგრევების აღდგენა, ქალაქში რომ შემოგვრჩა - თქვა სახელმწიფოს მეთაურმა კამენტატორის შეკითხვის პასუხად, თუ როდის უნდა აღდგეს თბილისის ცენტრალური ნაწილი. - როცა ცენტრის განაშენიანების პროექტს განვიხილავდით, ასე მეგონა, რომ ყველაფერი აშენებული იყო, იმდენად დიდია ახალი ცხოვრების მონატრება; როგორ გვინდა, რომ ისევ გაჩნდეს რუსთაველზე გასეირნების სურვილი, როგორც ადრე იყო, იმედია, რომ მალე ასე იქნება, რადგან ახლა ყალიბდება სპეციალური გაერთიანება და ამ საქმეში ჩაერთვნენ საკმაოდ წონიანი მეცენატებიც, ვფიქრობ, ქალაქის ცენტრი მართლაც ნამდვილ ცენტრს დაემსგავსება. ბევრმა თბილისელმა გადარიცხა ფული ამისათვის, მეც გავიღე ჩემი ჰონორარი - 100 ათასი დოლარი და ეს თანხები დევს, მაგრამ იგი ზღვაში წვეთია. თუმცა, თუ გული გულობს და კაპიკი კაპიკს ემატება, შეიძლება ყველაზე დანგრეული უბანიც კი ნამდვილ ქალაქის ცენტრად აქციო.
საქართველოს პარლამენტის პრესცენტრი.
ედუარდ შევარდნაძე: კავკასიის კონფლიქტების მოგვარების გასაღები კავკასიაშივე უნდა ვეძებოთ და ამისათვის ანკარის შეხვედრას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 27 აპრილი. - №85(629). - 1 გვ.
![]() |
70 მხარში დავუდგეთ სამართალდამცავ ორგანოებს |
▲ზევით დაბრუნება |
26 აპრილს საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში გაიმართა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების აქტივის კრება
აქტივის კრებაზე სიტყვა წარმოთქვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ.
მან კვლავ კრიტიკულად შეაფასა რესპუბლიკაში არსებული მდგომარეობა და მას კრიზისული უწოდა. ამაში ცალკეულ სამინისტროებსა და უწყებებს კი არ მიუძღვით ბრალი, - თქვა მან, - არამედ ეს ჩვენი საერთო სენია, რადგან ვერ ვახერხებთ ყველაფრის ერთ კომპლექსში მოგვარებას და გადაჭრას, ყველა რგოლში გვაკლია ეს კომპლექსური მიდგომა და მისი განუხორციელებლობის მიზეზი ომიანობაც არის, რომლის დაღიც აზის ჩვენს ყოფას ყველგან და ყველაფერში. ხაზგასმით აღნიშნა მან. შეეხო რა საქართველოს შეიარაღებული ძალების მონაწილეობას ქვეყნის ცხოვრებაში, ედუარდ შევარდნაძემ ამასთან დაკავშირებით ერთგვარი საყვედური გამოთქვა აქტივის კრების ორგანიზატორთა მისამართით, რომ სამხედროთა წარმომადგენლები, თავდაცვის სამინისტროს სახით არ მოიწვიეს ამ ღონისძიებაზე. - ჩვენი სამხედროები დღითიდღე იზრდებიან, მათი დღევანდელი შემართება, თავდადება ფრონტის წინა ხაზზე საყოველთაოდ არის აღსანიშნავი - განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა, - და ისინი უნდა გრძნობდნენ, რომ ყურადღების ცენტრში არიან. არმია უნდა ხედავდეს და გრძნობდეს ხალხის ყურადრებას.
სახელმწიფოს მეთაურმა მკაცრად გააკრიტიკა სამართალდამცავი ორგანოები იმისათვის, რომ მაფიოზური კლანები და ჯგუფები, რომლებიც მომრავლდნენ დიდ უბედურებას უქადიან ჩვენს ქვეყანას და მათს წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენი ორგანოები სათანადო სიმტკიცეს ვერ იჩენენ. ეს ჯგუფები და კლანები გამოხრავენ ჩვენს ისედაც დაჩაჩანაკებულ ქვეყანას, - აღნიშნა მან, - თუკი ვერ შევძელით მათი და ნამდვილი ბიზნესის განსხვავება. სახელმწიფოს მეთაურმა ერთგვარი შიში გამოთქვა იმის გამო, რომ ხელოვნური ბარიერი ექმნება ახლადგამოშვებული კუპონის მოქმედებას და ამას შესაბამისი ორგანოები და უწყებები სერიოზულ ყურადღებას არ უთმობენ.
- ჩვენ ძალიან ბევრი მეგობარი გვყავს მსოფლიოში, - თქვა ედუარდ შევარდნაძემ - მათით ვსულდგმულობთ და მათით მოვაღწიეთ აქამდე, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ მარტო მეგობრებით როდი ვართ გარშემორტყმული. იმპერია ფანქრით ნაწერი რაიმე კი არ არის, რომ საშლელი წაუსვა და ყველაფერი გაქრეს. არა, მისი წაშლა ძალიან ძნელია, იგი არა მარტო ხანგრძლივ კვალს ტოვებს შეგნებაში, არამედ კვლავაც ამოძრავებს გარკვეულ ძალებს, როგორმე დაიბრუნონ და აღიდგინონ გავლენა. აი ასეთი იმპერიული იძულებით იბადება კონფლიქტები. ასე დაიბადა აფხაზეთის კონფლიქტი, რომელიც ათობით წლის მანძილზე მზადდებოდა და ხდებოდა სეპარატისტთა სტიმულირება.
ცხადია, ყველაფერი ჯერ არ დამთავრებულა და ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ. ამიტომ დღის წესრიგში დგება ძლიერი სადაზვერვო სამსახურის შექმნის საჭიროება, ოღონდ არა ძველი ყაიდის სამსახურისა, არამედ ახლისა, რომელიც დღევანდელობის მოთხოვნებს ფეხს აუწყობს. როგორც უნდა ეცადოს ვინმე, რომ რომელიმე უწყებასთან შექმნას და ააღორძინოს ის ძველი სადაზვერვო სამსახურები, ისინი დროის მოთხოვნას მაინც ვერ გაუძლებენ, დრო მათ ამოკვეთს, არ დაუშვებს, დასძინა მან და განაგრძო, რომ საქართველოში ახლა უძლიერესი რეზიდენტურა და აგენტურაა შემორჩენილი. საქართველო იმპერიულ ძალებს ყელში აქვს გაჩხერილი და მათთვის მუშაობენ ისეთი ადამიანები, რომლებმაც ვერ უღალატეს თავიანთ ძველ ჩვეულებას, ძველ პატრონებს და კვლავაც განაგრძობენ დასმენას, ინფორმაციის მიწოდებას ძველი შეფებისათვის. მაგრამ როგორც უნდა ეცადონ ისინი, იმპერია მაინც ვეღარ აღდგება, - მე ამას შემთხვევით არ ვამბობ, მაქვს ამის საფუძველი. მოდით, სულს ნუ მივყიდით ნურავის, ჩვენი სული, ხორცი და ჩვენი არსება მხოლოდ საქართველოს ეკუთვნის, - თქვა ედუარდ შევარდნაძემ.
შემდეგ სახელმწიფოს მეთაური შეეხო საქართველოს ერთიანობის აუცილებლობას, რაც საფუძველს გამოაცლიდა ჩვენს არაკეთილმოსურნეთა ამგვარ მცდელობას. - ლოთი ქობალია ჩემში დიდ სიმპათიას იწვევს-მეთქი, რომ ვთქვა, ცხადია, არც თვითონ დამიჯერებს და არც თქვენ, - თქვა მან, - მაგრამ ნამდვილად ბავშვივით გავიხარე, რომ მან და სამეგრელოს რეგიონის ბიჭებმა ასეთი ნაბიჯი გადადგეს საქართველოს ერთიანობისათვის. ჩემთვის არა აქვს მნიშვნელობა მის პოლიტიკურ მრწამსს, თუკი იგი საქართველოსთვის ლოცულობს და ამ ხატით წავიდა იქ. მე მას მივესალმები, მაგრამ, თუკი ცუდი რამ უდევს გულში, მაშინ მას საქართველო არ აპატიებს. ჩვენ ახლა ძალიან გვჭირდება ერთობა და ერთიანობა, - გაიმეორა სახელმწიფოს მეთაურმა.
სახელმწიფოს მეთაურმა დიდი ყურადღება დაუთმო სამართალდამცავი ორგანოების მიერ იმ კანონების დაცვასა და შესრულებას, რომლებსაც დღეს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქვეყანაში სტაბილიზაციის შენარჩუნებისა და გაღრმავებისათვის. იგი შეეხო დადგენილებას უსანქციო მიტინგებისა და მსვლელობების შესახებ და სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდა საყოველთაოდ დაიცვან იგი. იმ მიტინგებსა და მანიფესტაციებზე, რომლებიც სანქცირებული იქნება, ადამიანებს თუნდაც ხელიც რომ გაეკაწროთ, თქვენ აგებთ პასუხს, - განაცხადა მან, - მაგრამ ასევე პასუხს აგებთ უსანქციო მიტინგებზე მოსალოდნელი პროვოკაციებისათვისაც. ამიტომ საქმე აქამდე არ უნდა მივიყვანოთ, თქვა მან და ამის მაგალითად მოიყვანა ფოთში 24 აპრილს გამართული მიტინგი, რომელზეც რესპუბლიკის სხვადასხვა ქალაქიდან შეიარაღებულმა ადამიანებმა სცადეს ჩასვლა, მაგრამ არ გამოუვიდათ. ახლა კვლავ ცდილობენ ვიღაცეები ააგორონ აქციების ტალღა, - განაგრძო ედუარდ შევარდნაძემ, - ისინი იმედს ამყარებენ, რომ აიყოლიებენ ხალხს, რომელსაც ძალიან უჭირს და ამით ხელისუფლებას დამატებით პრობლემებს შეუქმნიან, არადა, პრობლემები ისედაც გვყოფნის. ახლა ამერიკიდან 30 ათასი ტონა ნაჩუქარი ხორბალი რომ არ მიგვეღო, 5 დღის მარაგიღა გვქონდა დარჩენილი. მადლობა ღმერთს, მივიღეთ, სხვა გემებიც უკვე გზაშია. ახლახან 10 მილიონი ეკიუ გამოგვიყო ევროგაერთიანებამ, ნახევარი მილიონი გირვანქა სტერლინგი - ინგლისმა, 2 მილიონი დოლარი - იაპონიამ. გვეხმარებიან, მაგრამ მაინც გვიჭირს და ჩვენმა მტრებმა კარგად იციან, რომ ეს დახმარებაც შეგვიწყდება, თუკი დესტაბილიზაციის ახალ ტალღას ააგორებენ და ამით ხალხს აგვიჯანყებენ, ამიტომ ამ ძალებს წინ უნდა აღვუდგეთ.
ახლა 26 მაისის დღეს აპირებენ ამ აქციათა დაწყებას. მაგრამ 26 მაისს მთელი საქართველო, დამოუკიდებელი საქართველო აღნიშნავს, ხელისუფლება აღნიშნავს ისე, როგორც პარლამენტი გადაწყვეტს და ყველა პატიოსანი მოქალაქეც იქ იქნება. მე მოხარული ვიქნებოდი, რომ ეს დღე დაბრუნების დღედ იქცეს, იმათთვის, რა თქმა უნდა, ვისაც დაბრუნების უფლება აქვს... მე მხედველობაში არა მყავს გამსახურდია - თქვა მან.
თქვენ შეიარაღებული ხალხი ხართ, - მიმართა სახელმწიფოს მეთაურმა აქტივის კრების მონაწილეებს, - მაგრამ არა ავტომატებით (ავტომატები, ვიცი გაკლიათ), არამედ კანონებით და ამ კანონებით უნდა იმოქმედოთ. უნდა უკუვაგდოთ ჭორი და ცილისწამება, თითქოს ძველი სტრუქტურების აღდგენას ვაპირებთ, ძველ კადრებს ვაბრუნებთ და ახალ კადრებს არ ვზრდით. ახალი თაობა მოდის და მას გვერდში უნდა დავუდგეთ, გული რომ არ გაიტეხოს, მხარდაჭერა სჭირდება.
შემდეგ ედუარდ შევარდნაძემ პრესის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ ახლა არის რამდენიმე გაზეთი, რომლებსაც დრო თვითონ უკუაგდებს, რადგან ისინი ტყუილებზეა აგებული, - მაგრამ, ნახეთ, რამდენი კარგი ახალი გაზეთია, რამდენი ახალი სატელევიზიო პროგრამა ჩანს ეთერში, მოდით, მხარი დავუჭიროთ მათს შემომქმედთ, რომლებიც ასევე ახალგაზრდები არიან. ძალიან მსიამოვნებს, - განაგრძო მან, - რომ ახალგაზრდებისნაწერებში ვერ შეხვდებით ბოროტების ელემენტებს. მაშინაც, როცა გვაკრიტიკებენ, ისინი გულწრფელნი რჩებიან. უნდა მივესალმოთ და მხარი დავუჭიროთ მათ. ცხადია, ისინი უნდა გავაკრიტიკოთ, მაგრამ მათ მხარდაჭერაც სჭირდებათ. ავიღოთ, თუნდაც ტელევიზია. იგი ფაქტობრივად აღარ არსებობდა. დავეხმარეთ. ასევე დავეხმარეთ გაზეთებს და ეს აუცილებელია, რადგან საზოგადოების აზრის სწორი ფორმირების გარეშე წინსვლა გაგვიჭირდება, - თქვა მან.
თავის გამოსვლის დასასრულს სახელმწიფოს მეთაური შეეხო აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზებს და კვლავ დაადასტურა ქართულ-აფხაზური სერიოზული დიალოგის აუცილებლობა. ჩვენ ამას ვამბობთ და ვიმეორებთ და მზად ვართ ამისათვის ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, - თქვა მან, - მაგრამ ვეცდებით არ მოვადუნოთ საბრძოლო მზადყოფნაც, ძალაში რჩება სამობილიზაციო მზადყოფნა, რათა, თუ საჭირო გახდა, მოვახდინოთ საყოველთაო მობილიზაცია. ამისათვის ჩვენი სამხედრო ხელმძღვანელები სოხუმში იმყოფებიან და ყველაფერს აკეთებენ. თუ საჭირო იქნება ჩვენც წავალთ და იქ დავდგებით, როგორც ადრე ყოფილა.
აფხაზეთის ომით ქართვლებმა და აფხაზებმა ისტორიული გაკვეთილი მიიღეს, - განაგრძო მან, - მისი შედეგი აშკარაა და იმაში მდგომარეობს, რომ იგი არც ქართვლის და არც აფხაზის სასიკეთო არ არის და არც იქნება. მოიგებს სხვა, მესამე ძალა, რომელმაც უკვე მიიღო რაღაც. და თუ დროზე არ გამოვერკვიეთ ორივენი, ბევრ რამეს დავკარგავთ.
მე არ მინდა უგულებელვყო რუსეთის პრეზიდენტის მონაწილეობა ამ კონფლიქტის გადაწყვეტაში, მივესალმები უკრაინის პრეზიდენტის მონაწილეობას, უშიშროების საბჭოს მონაწილეობას, მაგრამ უმთავრესი ქართვლთა და აფხაზთა თანხმობაა. ამის სიმპტომები ახლა აფხაზთა შეგნებაში გაჩნდა. მივესალმები ამას, მივესალმები აფხაზეთის ეროვნული ხსნის კომიტეტის პოზიციას. იქ ბევრი საინტერესო ხალხია, ისინი აფხაზეთის და საქართველოს პატრიოტები არიან. მათ შეუძლიათ ინიციატივის აღება. ოღონდ ჩვენ გარანტიებიც გვჭირდება, რომ ავანტიურა გამოირიცხოს.
ჩვენ იმის მორალური უფლებაც უნდა გვქონდეს, რომ სხვა კონფლიქტების მოწესრიგებაში მივიღოთ მონაწილეობა, - განაცხადა შემდეგ ედუარდ შევარდნაძემ, - და გვქონდა ამის ცდაც ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით, ეს ჩვენი სატკივარიც არის, რადგან იგი შეიძლება რეგიონალურ უბედურებაში გადაიზარდოს. კმაყოფილი ვამბობ, - თქვა ედუარდ შევარდნაძემ, - რომ ჩვენ შესანიშნავი დამოკიდებულება გვაქვს აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, სომხეთის პრეზიდენტთან. სწორად მოვიქეცით, რომ აზერბაიჯანთან დავდეთ ხელშეკრულება. ასეთივე ხელშეკრულებას მალე სომხეთთანაც მოვაწერთ ხელს. ანკარაში ჩვენს შეხვედრებს დიდი გამოხმაურება ჰქონდა მსოფლიოში, რადგან ყველა ეს კონფლიქტი ერთ კომპლექსში განიხილება. ჩვენ ერთი ცა გვაქვს და ეს ცა მშვიდობიანი და მზიანი უნდა იყოს, კავკასიის ხალხებს გარანტია უნდა ჰქონდეთ, რომ დიდი ტრაგედიის მსხვერპლი არ იქნებიან. თუ ამიერკავკასიაში მშვიდობა იქნება, ჩრდილო კავკასიასაც გადაედება და ეს საბოლოოდ მშვიდ რუსეთსაც ნიშნავს. ეს კი მსოფლიო საზრუნავია და მასში წვლილის შეტანა დიდად საპატიო საქმეა, - თქვა დასასრულ ედუარდ შევარდნაძემ.
მხარში დავუდგეთ სამართალდამცავ ორგანოებს : 25 აპრილს საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში გაიმართა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების აქტივის კრება // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 28 აპრილი. - №86(630). - 1 გვ.
![]() |
71 მის აღმატებულებას, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ბატონ ბ. ნ. ელცინს |
▲ზევით დაბრუნება |
ღრმად პატივცემულო ბორის ნიკოლოზის ძევ, სულითა და გულით გილოცავ დამაჯერებელ გამარჯვებას რეფერენდუმში, რომელმაც დაადასტურა, რომ ჭეშმარიტად საყოველთაო-სახალხო ნდობა მოიპოვეთ პირადად თქვენ და თქვენს მიერ არჩეულმა კურსმა.
ეჭვი არ გვეპარება, რომ რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებას ამიერიდან ახალი სტიმული მიენიჭება და ჩვენი ხალხების ინტერესებისათვის ხელს შეუწყობს მშვიდობისა და კეთილმეზობლობის საქმეს.
გულწრფელად გისურვებთ შემდგომ წარმატებებს რუსეთის ხალხების საკეთილდღეოდ თქვენი უაღრესად ძნელი მისიის განხორციელებაში.
პატივისცემით
ედუარდ შევარდნაძე.
ქ. თბილისი, 1993 წლის 27 აპრილი.
მის აღმატებულებას, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ბატონ ბ. ნ. ელცინს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 28 აპრილი. - №86(630). - 1 გვ.
![]() |
72 ედუარდ შევარდნაძის განცხადება |
▲ზევით დაბრუნება |
28 აპრილს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ - სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ სოხუმში გააკეთა განცხადება, რომელშიც უკვე მერამდენედ, გუდაუთის ხელმძღვანელებს მოუწოდა შეწყვიტონ სოხუმის დაბომბვა და დაიწყონ მშვიდობიანი მოლაპარაკება. - მე მზად ვარ, - განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ, - კონფლიქტის მშვიდობიანი პოლიტიკური გზებით მოგვარებისათვის და დღესვე შემიძლია დავნიშნო ჩემი წარმომადგენლები გუდაუთის და ტყვარჩელის ჯგუფებთან მოსალაპარაკებლად, მაგრამ ეს უნდა მოხდეს პატიოსან ვითარებაში და არა ისე, როგორც გაგრაში იყო.
უკანასკნელ ხანს სოხუმში გუდაუთის ხელმძღვანელთა მიერ გაცემული ბრძანებით დაბომბვების შედეგად დაიღუპა 160 და დასახიჩრდა 500 მშვიდობიანი მცხოვრები, რომელთაგან ძალიან ბევრი რუსი ეროვნებისაა, - განაცხადა შემდეგ ედუარდ შევარდნაძემ, - და, თუკი რუსეთში თავის თანამემამულეებზე გული შესტკივათ, მაშინ უნდა მიიღონ ზომები სოხუმის დაბომბვების შეწყვეტისათვის. მე ამასვე მოვითხოვ გუდაუთის ხელმძღვანელებისაგან, თუ არადა, იძულებული ვიქნები დავეთანხმო სამხედროთა მოთხოვნას, რომ დაიწყონ გუდაუთის და ტყვარჩელის მასირებული დაბომბვა. დადგა დრო დავამთავროთ ეს კონფლიქტი, - ნათქვამია ედუარდ შევარდნაძის ამ განცხადებაში.
ედუარდ შევარდნაძის განცხადება // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 30 აპრილი. - №88(632). - 1 გვ.
![]() |
73 ედუარდ შევარდნაძე: პარლამენტი ისტორიულ საქმეს აკეთებს და მოგვწონს თუ არ მოგვწონს იგი, ჩვენ მოვალენი ვართ მას მხარი დავუჭიროთ |
▲ზევით დაბრუნება |
3 მაისის რადიოინტერვიუ
ორშაბათს, 3 მაისს, დილით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ - სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ ტრადიციული ინტერვიუ მისცა საქართველოს რადიოს კომენტატორს ნატო ონიანს.
- ბატონო ედუარდ, გასულ კვირას, ოთხშაბათს, თქვენ პრემიერ-მინისტრთან ერთად ჩახვედით აფხაზეთში, მაგრამ თქვენს ჩასვლას წინ რამდენიმე აქტი უძღოდა: ორშაბათს თავდაცვის მინისტრმა, ბატონმა თენგიზ კიტოვანმა პრესკონფერენციაზე თქვა, რომ აგვისტოში ჯარების შეჩერება იყო უდიდესი შეცდომა, რომ ზოგიერთი პოლიტიკოსის არასწორმა გადაწყვეტილებამ მიგვიყვანა ამ დღემდე. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ, რადგან ამ ომში სამეგრელო ჩაერთო (იგულისხმება ქობალიას დაჯგუფების შესვლა ოჩამჩირეში), აფხაზები იარაღს დაყრიან და მოსალოდნელია ტყვარჩელში უიარაღოდ შესვლაო. თავდაცვის მინისტრმა ისიც თქვა, რომ არ დაემორჩილება პარლამენტს; სამშაბათს პარლამენტის სხდომაზე ბატონმა თამაზ ნადარეიშვილმა განაცხადა, რომ ამ ომის მოგება მშვიდობიანი გზით, საომარი მოქმედებების გარეშე შეუძლებელია, რომ სოხუმელებს მორალურად წელში წყვეტს ჩვენი ჯარის წარუმატებლობა, უდისციპლინობა, რომ მოქმედებს მაფია. აღნიშნა ისიც, რომ თქვენ, სახელმწიფოს მეთაურს ყველა უწყება სოხუმიდან განსხვავებულ, ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციას გაწვდით. დაბოლოს იყო თქვენი გამოსვლა, რომელშიც აღნიშნეთ, რომ მზად ხართ ყველაფერზე პასუხი აგოთ, რომ დახურულ სხდომაზე ბევრ რამეს ახდით ფარდას...
- გრძელი კითხვაა. ორიოდე სიტყვა მონდა ვთქვა სამეგრელოს ფაქტორის შესახებ. მე მგონი, უნდა დავამთავროთ იმაზე ლაპარაკი, არის თუ არა სამეგრელო ჩართული ჩვენი დამოუკიდებლობისა და ერთიანობისათვის დაწყებულ ამ წმინდა ბრძოლაში. იგი ჩართულია ამ ბრძოლაში და იქ არის, სადაც საჭიროა, - თქვა სახელმწიფოს მეთაურმა. - რაც შეეხება ქობალიას, მისი რაზმი უკან გამობრუნდა. ამის მიზეზი თითქოს ის იყო, რომ დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში, მათ შორის სენაკსა და ხობში გამოჩნდა საგზაო მილიცია. ეს ახალი ფორმირება, საზოგადოებრიობამ იცის, უნდა მოემსახუროს ტრასებს და უზრუნველყოს მათზე მოძრაობის უსაფრთხოება. ასეთი ტრასებია: თბილისი - წითელი ხიდი, თბილისი - დმანისი (სადაც ახლა ბანდები თარეშობენ), თბილისი - სამტრედია; მერე იქნება თბილისი - ბათუმი, თბილისი - ფოთი და ა.შ. ასე რომ, 100 თუ 110-კაციანი ერთი რაზმით ნაკლები იქნება აფხაზეთში, სხვა არაფერი არ მომხდარა. სამეგრელო კი, ვიმეორებ, აფხაზეთის ომში ჩართულია და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებისათვის ბრძოლაში მონაწილეობს. რაც შეეხება ჯარების სოხუმში შეჩერებას, თითქოს დიდი შეცდომა იყო და იგი ზოგიერთი პოლიტიკოსის ბრალია, არ მინდა, რომ ეს თემა ახლა სადისკუსიოდ ვაქციო, მაგრამ თუ ეს მაინც აუცილებელია, მაშინ პირველ რიგში, ის უნდა ვიკითხოთ, საერთოდ რატომ დაიღვარა სისხლი. ახლა ერთმანეთისათვის ხელთათმანების სროლის დრო არ არის და ეს სარგებლობას არაფერს მოგვიტანს. ჩვენს საუბრებში მეტი სიბრძნე გვმართებს, რომ ისედაც განერვიულებული და გაღიზიანებული ხალხი მდგომარეობიდან არ გამოვიყვანოთ, - თქვა მან.
შემდეგ სახელმწიფოს მეთაური შეეხო კომენტატორის კითხვის მეორე ნაწილს ტყვარჩელში შესვლის პერსპექტივის შესახებ და დასძინა, რომ მხედართმთავრები ამაზე ხმამაღლა არ უნდა ლაპარაკობდნენ და მით უმეტეს პრეს-კონფერენციაზე. ის აზრი, რომ თითქოს, გადადგომას დავეკითხებით ხალხს და არა პარლამენტს, არ არის გამართლებული, იმიტომ, რომ პარლამენტი ხალხმა აირჩია და ამის უგულებელყოფა არ შეიძლება. სხვათა შორის, ბატონმა თენგიზმა თავისი წვლილი შეიტანა ამ არჩევნების ორგანიზაციაში და ჩვენი ვალია, მოგვწონს თუ არ მოგვწონს პარლამენტი, ის ისტორიულ საქმეს აკეთებს და მხარი უნდა დავუჭიროთ და დავეხმაროთ, რომ რაც შეიძლება უფრო მალე მოხდეს მისი მუშაობის სრულყოფა, - თქვა ედუარდ შევარდნაძემ და განაგრძო. - ლაპარაკია აგრეთვე, ჯარის წარუმატებლობის შესახებ. მე ამასთან დაკავშირებით მრავალმხრივი და სრულყოფილი ინფორმაცია მაქვს და უნდა ვთქვა, რომ არც ასეა საქმე. მაშინ, ჩვენი შენაერთების გადაადგილების დროს, მათ ჯარის არც სახე ჰქონდათ და არც ფორმა, ახლა კი იგი უკვე ჯარი გახლავთ და სარდლობის გადაწყვეტილების შესრულება შეუძლია. ეს სოხუმის ავანტიურის ჩაშლამაც დაადასტურა. სხვა დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს... ეს არ არის არც რადიოში და არც ტელევიზიაში განსახილველი თემა. მე ვამბობდი და ახლაც ვამბობ, - თქვა შემდეგ სახელმწიფოს მეთაურმა, - რომ აფხაზეთის კონფლიქტის გადაწყვეტის ორი გზა არსებობს და პირველი და უმთავრესი ეს მშვიდობიანი წესით და რიგით მისი მოგვარებაა; მაგრამ, თუკი აქ ყველა გზა მოიჭრება, მაშინ რჩება მეორე ვარიანტი, გაგრძელდება ომი, თუკი, რა თქმა უნდა, მისი წარმოება შეგვიძლია. დღეს მე მინდა პირდაპირ განვაცხადო, - ხაზგასმით აღნიშნა ედუარდ შევარდნაძემ, - რომ არავითარი სურვილი არა მაქვს, ჩემი ცოდვები ვინმეს ავკიდო, ანდა სხვისი ცოდვები მე დავიბრალო. ეს ისეთი რამეა, ხალხი ამას მაინც მიხვდება, მაგრამ დღეს რომ ყველა კოლეგასთან სრული სოლიდარობა უნდა მქონდეს, ეს კი ძალიან კარგად ვიცი, თუკი ერთად ვმუშაობთ, საქმეს სარგებელს მხოლოდ ისეთი მიდგომა მოუტანს, როცა კოლეგები პასუხისმგებლობას იყოფენ. ჩვენ ხალხმა აგვირჩია და იგი ჩვენგან ამას მოელის. მე ადრე რამდენჯერმე ვთქვი, აფხაზეთის ომი ხანგრძლივი იქნება-მეთქი, ამიტომ, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ რაც შეიძლება მალე მოეღოს ბოლო, - თქვა სახელმწიფოს მეთაურმა, - ოღონდ საჭირო იქნება მოვუხმოთ ყველა დამხმარე ძალას ერთად აღებულს, ეს იქნება უცხოეთის ფაქტორის ამოქმედება, ამერიკის შეერთებული შტატების ნათელი პოზიცია ამ კონფლიქტთან დაკავშირებით, თუ უშიშროების საბჭოს მისიის ჩამოსვლა, რომლის აფხაზეთში გამოჩენას დიდი მნიშვნელობა ექნება; ეს ეხება უკრაინის ფაქტორის, კავკასიის ფაქტორის ჩართვასაც და ა.შ., მაგრამ ამასთან, მთავარია თვით ქართველთა და აფხაზთა დიალოგი, რომელიც უკვე სავსებით შესაძლებელია. აშკარად ჩანს, აფხაზეთის ხსნის კომიტეტის საქმიანობის შედეგები. უკანასკნელ ხანს სახეზეა აფხაზ სახელმწიფო მღვაწეთა მთელი რიგი ნაბიჯები ამ მიმართულებით. ასეთ ნაბიჯებს მარტო იმ მამულიშვილთა მხრიდან როდი ვხედავთ, რომლებიც ქართულ-აფხაზური ისტორიული ურთიერთობის აღდგენისა და ამ სამარცხვინო ომის შეწყვეტისათვის თავიდანვე იდგნენ ჩვენს გვერდით, არამედ იმათ შორისაც, ვინც რადიკალურ ფრთას განეკუთვნება. ამასწინათ, „ოსტანკინოს“ ტელევიზიის პროგრამით („წითელი კვადრატი“) გამოვიდა ბატონი სერგეი შამბა. გამოსვლაში იყო ისეთი მომენტები, რომლებიც უკვე მისაღებია; ბატონ ზურაბ ლაბახუასთან ინტერვიუ გამოაქვეყნა „ნეზავისიმაია გაზეტამ“. ამ ინტერვიუში მის მიერ გამოთქმული მოსაზრებები ასევე ბევრ შემთხვევაში მისაღები გახლავთ. ასე რომ, არის ამ გზაზე გარკვეული პროგრესი და ეს გვაძლევს საშუალებას ვიფიქროთ, რომ ომი მალე დამთავრდება.
ამ დღეებში ჩვენ ძალიან განვიცადეთ ჩვენი თვითმფრინავის ჩამოგდების ამბავი, - თქვა შემდეგ სახელმწიფოს მეთაურმა, - მაგრამ უნდა გითხრათ, რომ ეს უდისციპლინობის შედეგი იყო. ჩვენს თვითმფრინავებს დავალება ჰქონდათ, რომ ჩაეხშოთ ის წერტილები საიდანაც ცეცხლს უშენდნენ სოხუმის მშვიდობიან მოსახლეობას; დავალება შეასრულეს, მაგრამ მეორედ მიბრუნდნენ ობიექტზე, რაც ძვირი დაგვიჯდა. ჩვენი მფრინავი გადარჩა, მაგრამ მისი ბედი გაურკვეველია.
შემდეგ სახელმწიფოს მეთაური შეეხო რუსეთის ჯარების კონფლიქტის ზონიდან გაყვანას და აღნიშნა, რომ საკითხი ძალიან პრობლემატურია. რუსეთის მხარე იცნობს ჩვენი პარლამენტის დადგენილებას ამ საკითხსა და კონფლიქტში მის მონაწილეობაზე, რა თქმა უნდა, არა ჩვენს მხარეს. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. მაგრამ ჩვენ, ჩვენს მხრივ, შევეცდებით საერთაშორისო ორგანიზაციის ფაქტორის ამოქნედებას. ჩემთვის - თქვა ედუარდ შევარდნაძემ, - მაინც ძალიან ძნელია იმის განცხადება, რომ იძულებული ვიქნები დავეთანხმო სამხედროებს გუდაუთის დაბომბვაში, თუკი სოხუმის დაბომბვა არ შეწყდება. ჩანს, არძინბას ჯერ კიდევ არა აქვს კარგად გაცნობიერებული, თუ რას ნიშნავს გუდაუთის დაბომბვა. ამიტომ, მოვუწოდებ მას, შეწყვიტოს თავისი ასეთი მოქმედება. მე ვიცი ვინც დგას მის უკან, ვინც უმაგრებს ზურგს. მაგრამ, ვურჩევ, მაინც მოეგოს გონს.
რადიოკომენტატორის შეკითხვაზე ვის აწყობს ომი საქართველოში სახელმწიფოს მეთაურმა თქვა: ვინც საქართველოს ისტორიას იცნობს, მან კარგად უწყის, რომ ჩვენში ყოველთვის იყვნენ ადამიანები, რომლებსაც მხოლოდ თავიანთი ამბიციები და მიზნები ამოძრავებდათ. მე მგონი, ახლაც ასეთ მოვლენასთან გვაქვს საქმე. ამ პირობებში ამის მთავარი მიზეზი ის არის, რომ ქვეყანაში არასტაბილურობაა. მართალია, მოხდა ჩვენი კონსოლიდაცია, მაგრამ ჯერჯერობით ყველაფერი ისე არ არის, რომ ჩვენს წინაშე მდგარი ყველა პრობლემა გადავჭრათ. ამიტომ, მე მიმაჩნია, რომ ჩვენი უპირველესი ამოცანა ეროვნული პრობლემების გადაწყვეტის საქმეში საყოველთაო გაერთიანება გახლავთ, - თქვა ედუარდ შევარდნაძემ, - საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე პირველი შემთხვევაა, როცა დამოუკიდებლობა გამოვაცხადეთ და არის იმის შესაძლებლობა, რომ ავაშენოთ ჭეშმარიტად დამოუკიდებელი ქვეყანა, რომელსაც შეინარჩუნებენ ჩვენი შვილები და შვილიშვილები, რადგან ახლა სხვა დროა. ამისათვის მსოფლიოს მხრიდან ისეთი დიდი გარანტიები არსებობს, რომ თვით დავით აღმაშენებელსაც კი არა ჰქონია. უკვე არსებობს და მოქმედებს საერთაშორისო კანონები, საერთაშორისო ორგანოზაციების - გაეროს, ევროპის გაერთიანებათა მიერ მიღებული აქტები, საგრძნობი და თვალსაჩინოა ცალკეული ქვეყნების თანადგომა და მხარდაჭერა, ასე რომ, თუ ჩვენს შინაურ ამბებს მოვუვლით, თუ ქართველობა ერთმანეთს გაუგებს და მისთვის საქართველოს დამოუკიდებლობის იდეალი იქნება მთავარი, მაშინ ეს თაობა მომავალ თაობებს დაუტოვებს თავისუფალ საქართველოს. ვიმეორებ, ასეთი უდიდესი პერსპექტივის წინაშე არ ყოფილა საქართველო თავის ისტორიაში და საფლავიდან ამოგვიღებენ მომავალი თაობები, ეს რომ ვერ შევასრულოთ. ამიტომ ვთვლი, რომ ნებისმიერი ადამიანი, ვინც ამ მოვლენებში მონაწილეობს, ისტორიული პიროვნებაა. ჩვენ ვიცით ის ისტორიული სახელები, ვინც გელათი და სვეტიცხოველი ააგო, მაგრამ ისინიც ისტორიული გმირები არიან, ვინც დამოუკიდებელი ქვეყნის სამსახურში დგას. ეს შანსი ჩვენ ხელიდან არ უნდა გავუშვათ, - თქვა მან.
ქუთაისში მისი და პრემიერ-მინისტრის ჩასვლის ფაქტთან დაკავშირებით სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ იქ ჩასვლით და იქაური სიტუაციით საოცრად კმაყოფილია. სხვა საკითხებთან ერთად სახალხო ლაშქრის, ბრიგადის შექმნის დასაწყისი მაინტერესებდა, - თქვა მან, - იგი კარგად დაიწყო და მას კარგი მომავალი აქვს. ბევრი შეხვედრა მქონდა ქუთაისში, მწარე შენიშვნებიც მოვისმინე, უკიდურესი გამოთქმებიც იყო, მაგრამ ამ შეხვედრებმა ახალი ენერგია შემმატა, რადგან ყველა იმისათვის არის დარაზმული, რომ ჩვენი ქვეყანა ერთიანი იყოს. ქუთაისში ახლა გამოცოცხლებაა. ამ ქალაქს ყველა უჭერს მხარს, მთავრობაც, სამინისტროებიც, უწყებებიც და მომავალი იმედისმომცემია. ასეა თბილისშიც. აქაც მალე დაიწყება დიდი საქმეები, ამისათვის ემზადებიან. მოვიდა ხალხი, ვინც აზროვნებს და მოქმედებს კიდეც. სხვა რეგიონებშიც ასე იქნება. ერთი სიტყვით, ქუთაისიდან იმედიანად ჩამოვედით, - თქვა მან.
შემდეგ საუბარი შეეხო რუსეთში მიმდინარე მოვლენებს. - ჩემს აზრს ემთხვევა მსოფლიო მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა ანალიზი იმის შესახებ, რომ რუსეთის რეაქციული ძალები შეეცდებოდნენ საქართველოში დაძაბულობის გააქტიურებას. რუსეთში მომხდარ ამბებზე წინასწარ ვამბობდით, რომ რეფერენდუმში ელცინი უთუოდ გაიმარჯვებდა, მაგრამ ამით ყველაფერი არ დამთავრდებოდა და დაპირისპირება გაგრძელდებოდა. ეს ასეც მოხდა. მაგრამ ეს წინასწარმეტყველება არ იყო, ეს ობიექტურობა გახლდათ, კანონზომიერებით გამოწვეული. სამწუხაროდ, თუ ეს დაპირისპირება გაგრძელდა, რთული პერიოდი დადგება. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, მაგრამ მაინც გვინდა რჩევა მივცეთ ამ უდიდეს სახელმწიფოს და მივმართოთ, რომ, ბატონებო, სჯობს თავი დაანებოთ სხვა ქვეყნებს და თქვენს შინაურ საქმეებს მიხედოთ. თუკი ვინმეს დახმარება გინდათ, მაშინ ხელი შეუწყვეთ იმას, რომ განავითაროთ ეკონომიკური ურთიერთობანი. ეს, მერწმუნეთ, თქვენი შინაური საქმის მიხედვაც იქნება. რაც უფრო ბევრი პოლიტიკოსი მიხვდება იმას, რომ პირველ რიგში თავიანთ ქვეყანას უნდა მიხედონ, მით უკეთესია რუსეთისათვის. სხვებზე ფიქრი კი მერეა საჭირო.
სახელმწიფოს მეთაური თავის რადიოინტერვიუში კვლავ დაუბრუნდა კუპონების საკითხს, რომელიც ასე აღელვებს ჩვენს დღევანდელობას. კუპონების პრობლემა რომ რთული იქნებოდა, ამას მეც ვამბობდი და ხალხმაც იცოდა, - თქვა მან, - მაგრამ ეს ნეგატიური მოვლენები, რომლებიც ახლა გამოჩნდა, იმის მაგალითია, რომ უწყებები, რომლებიც ამ საქმეს მართავენ, მოწოდების სიმაღლეზე ვერ აღმოჩდნენ. მაგრამ ახლა უფრო გააქტიურდა შესაბამისი კომისია, რომელსაც რომან გოცირიძე ხელმძღვანელობს, უფრო მეტად ჩაერევა ამ პროცესში ფინანსთა სამინისტროც... საკუთარ ბედნიერებას რომ ხალხის გაჭირვებაზე ააგებს კაცი, ეს დიდი დანაშაულია და არავის არ უნდა ვაპატიოთ. ახლა პრივატიზაციის პროცესიც დაჩქარდება, აუქციონებიც უნდა გავაფართოოთ და თუ ამას გავაკეთებთ, კუპონსაც წონა ექნება; ბირჟის საქმეც მოგვარდა და გამოჩნდა, რომ კუპონების მდგომარეობა არც ისე ცუდია. - თქვა სახელმწიფოს მეთაურმა და დასძინა, - რომ კუპონებმა ჩვენ იმ დროს გვიხსნა მდგომარეობიდან, როცა კაბალურ პირობებს გვთავაზობდნენ. კუპონები უკეთეს მდგომარეობაში იქნება, თუკი მეტი კომპეტენტურობით მოვეკიდებით მის ბედს. მე შევეცდები, მოკლე ხანში შევკრიბო ყველა, ვინც ამ საქმეს განაგებს და ვფიქრობ. გადავწყვეტთ ამ საქმეს, - თქვა მან.
- გასულ კვირას, 1 მაისი დემონსტრაციის გარეშე ჩავატარეთ, კვირის ბოლოს კი - 9 მაისის დღე მოდის, თქვა რადიოკომენტატორმა, - ეს დღე ტკივილიანია ჩვენთვის განსაკუთრებით ახლა, როცა „მაცნეს“ დამთავრებას შიშით ველით, როცა ქალაქში გამოჩნდნენ ხელმოკვეთილი, ფეხმოკვეთილი ბიჭები, ყავარჯენს ჯილდოსავით რომ ატარებენ...
- მე გუშინ ვნახე რამდენიმე დაჭრილი ვაჟკაცი, - თქვა სახელმწიფოს მეთაურმა, - რომლებმაც კიდურები დაკარგეს... მე ქუთაისში მოვინახულე ერთი ახალგაზრდა კაცი, მასაც კიდურები აღარ ჰქონდა და საოცარი იყო მათი განწყობა, რომ პროთეზების გაკეთების შემდეგ საომრად დავბრუნდებითო. ისინი დიდი ადამიანები არიან და მინდა სულით და გულით მივესალმო მათ, ამასთან, აღვუთქვა, რომ მათი და მათთან ერთად მებრძოლი გმირების ადაპტირებისათვის ყველაფერს გავაკეთებთ... მოვიზიდავთ უცხოურ კაპიტალსაც, რომ ისინი მალე ჩადგნენ მწყობრში. ეს უდიდესი საქმეა. რაც შეეხება 9 მაისს, - განაგრძო სახელმწიფოს მეთაურმა, - მინდა მივესალმო იმ ვეტერან ხალხს, რომლებიც, როგორც დღეს ჩვენი ბიჭები საქართველოსათვის, თავს ისე სწირავდნენ თავისუფლებისათვის და პატივი მივაგო 800 ათას ადამიანს ამ თავისუფლებისათვის რომ დაიღუპა.
ინტერვიუს დასასრულს სახელმწიფოს მეთაურმა დადებითად უპასუხა კომენტატორის შეკითხვას: ჰყავს თუ არა მას თავისი გუნდი. მე მადლიერი ვარ იმ ხალხისა, ვინც ჩემს გვერდით არის და ტრიალებს, მაგრამ იმდენი თანამგრძნობი და თანამებრძოლი დგას ჩემს ირგვლივ, რომ გუნდი კი არა, მთელი არმიაა - ასობით და ათასობით ადამიანი.
დღეს სახელმწიფო უნივერსიტეტი არის საზოგადოებრივი აზრის საზომი საქართველოში. ამას წინათ უნივერსიტეტის თანამშრომელთა ერთმა ჯგუფმა ჩემი გადადგომა მოითხოვა. თუ უნივერსიტეტი თვლის, რომ რომელიმე პიროვნება არ უნდა იყოს იმ თანამდებობაზე, რომელზეც არის, მაშინ ის უნდა გადადგეს. არა მგონია, რომ უნივერსიტეტის კოლექტივმა იმ ჯგუფის მოსაზრება გაიზიაროს. მაგრამ არ მინდა, რომ ამან ხელმოწერებისა და კენჭისყრის ფორმა მიიღოს. აი, ეს არის გუნდი, რომელიც იბრძვის და იბრძვის დამოუკიდებლობისათვის და ასეთი გუნდი დღეს ყველგან, ყველა რაიონში არსებობს, - თქვა სახელმწიფოს მეთაურმა.
საქართველოს პარლამენტის პრეს-ცენტრი.
ედუარდ შევარდნაძე: პარლამენტი ისტორიულ საქმეს აკეთებს და მოგვწონს თუ არ მოგვწონს იგი, ჩვენ მოვალენი ვართ მას მხარი დავუჭიროთ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 4 მაისი. - №91(635). - 1 გვ.
![]() |
74 პარლამენტი, ხალხი და არმია ერთიანია |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის - პარლამენტის თავმჯდომარის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა პარლამენტის სხდომაზე 1993 წლის 4 მაისს
შენიშვნები იმის შესახებ, რომ თავდაცვის მინისტრი, ვიცე-პრემიერი დღემდე პარლამენტის მიერ დამტკიცებული არ არის, სავსებით მისაღებია. და ალბათ, პირველ რიგში, ჩემი მისამართით არის ნათქვამი, რადგანაც პრემიერ-მინისტრთან ერთად და მისი წარდგინებით მე უნდა შემოვიტანო ეს საკითხები პარლამენტში განსახილველად, არა თავის მართლებისათვის, არამედ იმისათვის, რომ წარმოვადგინო რეალური ვითარება, რამაც გამოიწვია ეს. როცა მინისტრთა კაბინეტი იქმნებოდა, თქვენ გახსოვთ, რომ ბევრი მინისტრის დამტკიცების დროს წამოიჭრა გარკვეული სიძნელეები. მე შემოვიტანე წინადადება და თქვენის ნებით ბევრი მინისტრის კანდიტატურა უარყოფილი იქნა და სხვა კანდიტატურები დავამტკიცეთ. იყო გარკვეული სირთულეები პრემიერ-მინისტრის დამტკიცების დროსაც, მაგრამ მალე გამოვძებნეთ საერთო ენა და მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რომელიც საჭირო იყო იმ ეტაპისათვის.
მე მაშინ დარწმუნებული არ ვიყავი ვიცე-პრემიერის ან თავდაცვის მინისტრის პოსტზე ბატონ კიტოვანის დამტკიცების წინადადება გავიდოდა. მიმაჩნდა, რომ უმჯობესია შევინარჩუნოთ ის მდგომარეობა, რომელიც ახლა გვაქვს, ვიდრე ის, რომ გავიტანოთ საკითხი და პიროვნება არ დავამტკიცოთ ამ პოსტზე. მე მაშინ მზად არ ვიყავი, შემომეთავაზებინა სხვა კანდიტატურა, ხალხს არ ვიცნობდი, კადრებს არ ვიცნობდი, მათ შორის სამხედრო შენაერთების ხელმძღვანელებს, მეთაურებს. არ მინდა ვთქვა, რომ ვიცე-პრემიერი ან თავდაცვის მინისტრი აუცილებლად სამხედრო პიროვნება, პროფესიონალი იყოს. შეიძლება იყოს სამოქალაქო პირიც, მაგრამ მაშინ ამისათვის მზად არ ვიყავი და ეს პროცესი გაჭიანურდა. დღეს სხვა წარმოდგენა მაქვს იმ არმიაზე, რომელიც რეალურად ჩვენთან არსებობს, მართალია, წვალებითა და ბევრი სირთულეებით, მაგრამ მაინც ხდება მისი ფორმირება, მის კადრებზეც, იმ ქვედანაყოფებზეც, რომელიც არმიას შეადგენს. მე გვარებს ჩამოვთვლი, გენერლები საკმაოდ ბევრიაო ამბობენ, საქმე ეს არ გახლავთ, ხარისხიც არ არის ცუდი. მე არ ვამბობ, რომ ყველა რაღაც უმაღლეს სტანდარტებს უპასუხებდეს, მაგრამ მათ შორის არის დიდი უმრავლესობა გენერლებისა და უფროსი ოფიცრების შემადგენლობისა, ღირსეული ხალხი, რომელსაც შეიძლება მიანდო საქმე, მისცე დავალება და იცი, რომ ეს დავალება შესრულდება. გენერალი კამკამიძე, ბატონები დუმბაძე, ჭუმბურიძე, გურგენიძე, თავაძე, სხვები, სამინისტრო მაქვს მხედველობაში, ბატონი გია ყარყარაშვილი, რომელიც თქვენს თვალწინ გაიზარდა, ვალერი ქაჯაია, რომელიც ახლა დაინიშნა მეორე საარმიო კორპუსის მეთაურად, ალექსანდრე ბარბაქაძე, კობა კობალაძე - სრულიად ახალგაზრდა კაცი, რომელსაც კარგი მომავალი აქვს, გურამ ნიკოლაიშვილი, პაატა დათუაშვილიც ცნობილია თქვენთვის, ზაურ უჩაძე, გია ვაშაკიძე, რომელიც გამოვიდა თქვენს წინაშე და მე მგონი, თქვენ ყველას მოგეწონათ, არა მარტო იმიტომ, რომ კარგად ლაპარაკობს, არამედ კარგადაც იბრძვის, ნუგზარ ჭოჭუა, გია თორაძე, გუჯარ ყურაშვილი, დავით ღვინჯილია, თემურ ზარანდია, გია ნიკოლაიშვილი, გია უჩავა, სოსო ახალაია, პოლკოვნიკი თევზაძე, რომელსაც მე არაერთხელ შევხვდი და სხვები. გუშინწინ მე გახლდით ქუთაისში და იქ 21-ე ბრიგადის ხელმძღვანელობას გავეცანი, გორში ფორმირდება ძალიან საინტერესო ქვედანაყოფი და ა. შ. მე ყველას ახლა არ ჩამოვთვლი და ვერ ჩამოვთვლი, არ არის საჭირო, შემიძლია ვთქვა, რომ ეს ის ბირთვია, რომელიც დღეს მართავს არმიას, ხელმძღვანელობს არმიის ქვედანაყოფებს და დაახლოებით მაქვს წარმოდგენა, როგორი მუშაობა, მუშაობის როგორი სტილია საჭირო ამ ადამიანებთან და ამ ხალხთან.
ამიტომ, ალბათ, მოვიდა დრო იმისათვის, რომ ყველა თანამდებობაზე კანონიერად არჩეული და კანონიერად დანიშნული პიროვნება იყოს. საკითხის ასე დაყენება დროულად მიმაჩნია. აი, ამ ახალგაზრდებს და არა მარტო ამ ახალგაზრდებს, რომელთა გვარები ჩამოვთვალე, თუ ისინი გვისმენენ ახლა, უნდა ვუთხრათ, რომ ჩვენ მათ ვენდობით, პარლამენტი ენდობა მათ. ისინი ხმას აძლევდნენ მაშინ, როცა პარლამენტს ირჩევდნენ და მე დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ენდობიან პარლამენტს.
მე არ შემიძლია შენიშვნა არ მივცე ჩემს მეგობარს და ჩემს კოლეგას, ბატონ თენგიზ კიტოვანს, ყოველგვარი ლაპარაკი იმაზე, რომ არმია, შეიარაღებული ძალები და ხალხი ცალკე არიან და პარლამენტი კი - ცალკე, არ შეიძლება. პარლამენტი, ხალხი და არმია ერთიანია, ერთიანი უნდა იყოს, თუ გვინდა საქართველო იყოს ერთიანი. აი, ამ ერთიანობაზე უნდა ვლაპარაკობდეთ და ამ ერთიანობას უნდა მივაღწიოთ ყოველ მიზეზგარეშე.
როცა გვარები ჩამოვთვალე და ვამბობ, რომ პარლამენტი, სახელმწიფოს მეთაური და მთავარსარდალი მათ ენდობა, ასევე მხედველობაში მაქვს ჩვენი პოლიცია, მადლიერი ვარ იმის, რასაც ესენი აკეთებენ ამ ურთულეს და უძნელეს პირობებში, სადაზვერვო სამსახური. ასევე მინდა ამ ტრიბუნიდან მადლიერების სიტყვით მივმართო მათ ყველა მეთაურს, ყველა პოლიციელს.
ახლა ზოგიერთი დაუზუსტებელი გამოთქმების შესახებ, მეც ვცოდავ ამ მხრივ, ალბათ, ბევრი თქვენგანიც, როცა ამ ტრიბუნასთან დგახართ, მაგრამ ყველანი ფრთხილად უნდა ვიყოთ, როცა ვლაპარაკობთ სერიოზულ სახელმწიფოებრივ პრობლემებზე, რადგან მთელი ჩვენი საზოგადოებრიობის ყურადღება მიჯაჭვულია პარლამენტზე. განცხადება იმის თაობაზე, რომ იარაღი გაგვითავდა და ათი, თხუტმეტი დღის შემდეგ ლამის უიარაღოდ, საომარი მასალების გარეშე უნდა დავრჩეთ, ასე არ არის, ცოტა არასწორი ინფორმაცია აქვს ბატონ თენგიზ კიტოვანს. ვერ გეტყვით, რომ ჩვენ ახლა შეგვიძლია ხუთი წლის მარაგზე ვილაპარაკოთ, მაგრამ იმდენი მარაგი იარაღისა და საომარი მასალებისა, რომ სოხუმის დაცვა გარანტირებული იყოს არა ათი, თხუტმეტი დღით, არამედ უფრო დიდი ხნით, საქართველოს აქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ალბათ, პარლამენტი შეიძლებოდა საერთოდ არ შეკრებილიყო. თუ იმას ვამბობთ, რომ ერთ მხარეს „გრადი“ გამოჩნდა, მაშინ ისიც უნდა ვთქვათ, რომ იმაზე ცოტა მეტი რაოდენობის „გრადის“ სისტემის დანადგარები აქ ახლაც არსებობს და კიდევ იგზავნება... მე მივიღე ინფორმაცია, რომ სოხუმელები შეაშფოთა წუხანდელმა დაბომბვამ და დღევანდელმა განცხადებებმა იმის შესახებ, რომ ხვალინდელი დღე კიდევ უფრო უარესი იქნება. მინდა დავარწმუნო ყველა სოხუმელი, რომ სოხუმში განლაგებული ნაწილების ბრძოლისუნარიანობა არ შესუსტებულა. საკმარისია იარაღიც და საბრძოლო მასალებიც და ამ მხრივ პანიკისათვის არავითარი საფუძველი არ არსებობს. იძულებული ვარ ეს აღვნიშნო იმისათვის, რომ ისედაც გაწამებული ადამიანები, არ გამოვიყვანო წონასწორობიდან. ათასჯერ მითქვამს, რომ გაოცებული და გაკვირვებული ვარ სოხუმელთა გმირობითა და ვაჟკაცობით, მათი გამძლეობით და მე მივმართავ მათ აქედან, რომ რაც ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, ყველაფერი გაკეთდება, რათა სოხუმის დაცვა ეჭვის ქვეშ არ იდგეს, ისე როგორც სხვა სოფლებისა და რაიონებისა, რომლებსაც აკონტროლებენ საქართველოს შეიარაღებული ძალები.
გამოითქვა რამდენიმე მართებული შენიშვნა, რომ ყველაფერს ვაგვიანებთ. პრაქტიკულად მოქმედებს უშიშროებისა და თავდაცვის საბჭო, მაგრამ მისი დებულება ვერ შევქმენით. თავს არ ვიმართლებ, მაგრამ ამის გამოცდილება ჩვენ არ გვქონდა. ვიხელმძღვანელეთ შეერთებული შტატების უშიშროების საბჭოს, აგრეთვე რუსეთის ფედერაციული რესპუბლიკის ანალოგიური სამსახურის დებულებებით, მაგრამ ჩვენს პირობებს ვერც ერთი ვერ მიესადაგა. დაიწერა რამდენიმე ვარიანტი, მუშაობის შეჩერება არ შეიძლება. ვფიქრობ, რომ უახლოეს დღეებში იგი დასრულდება. წუხელ წავიკითხე ბოლო ვარიანტი, მაგრამ ვიცი, რომ მას არ მიიღებთ. ეს ის სტანდარტი არ არის, რომელსაც პარლამენტი მისცემს ხმას. თუმცა გეთანხმებით, რომ დებულების მიღება გაჭიანურდა. ეს ორგანო ძალიან საჭირო და აუცილებელია და მისი სტრუქტურის შესახებ ისეთი კანონი უნდა შევქმნათ, რომელიც მუშაობისა და ცხოვრების რთულ პირობებში, განსაკუთრებით საომარ პირობებში, ერთ-ერთი ცენტრალური რგოლი იქნება ხელისუფლების სისტემაში. უახლოეს დღეებში ამას წარმოვადგენთ.
ჩვენ ბევრი უბედურება გვჭირს იმის გამო, რომ ვერ დამკვიდრდა ერთმმართველობის პრინციპი და ამაში მინდა სრულად დავეთანხმო ბატონ ნოდარ ნათაძეს. ვერავითარ არმიას ვერ შევქმნით და იგი ვერ გადაწყვეტს იმ ამოცანებს, რომელსაც ჩვენი ხალხი აყენებს, თუ ეს პრინციპი არ დამკვიდრდა. მინდა გთხოვოთ, რომ ეს საკითხები განვიხილოთ დახურულ სხდომაზე, რადგან აქ ბევრი რამ არის სათქმელი, ბევრი რამ უნდა გაირკვას. არ მინდა იმის თქმა, რომ ეს გაუპიროვნება ჩვენს ყველაზე ფაქიზ სისტემეში, როგორიცაა თავდაცვითი სისტემა, ვიღაცის ბრალია. აქაც დროის ნაკლებობაა, აქაც გამოუცდელობაა. ახალი ქვეყანა, ახალი სახელმწიფო შენდება და არ არის გასაკვირი, რომ ამ ეტაპზე ასეთი სირთულეები და სიძნელეები იყოს. ერთმმართველობის პრინციპი, ერთის მხრივ, და მეორეს მხრივ ასეთი ფართო დემოკრატიის შეთავსება თუნდაც თავდაცვის სისტემაში, ძალიან რთული და ძნელი ამოცანაა, მაგრამ მაინც უნდა მივიდეთ აქამდე და უნდა შევქმნათ სწორედ ასეთი ცენტრალიზებული სისტემა. კანონი ყველასათვის - რიგითისათვისაც, ოფიცერისთვისაც, გენერალისთვისაც ერთი უნდა იყოს. ეხლა ეს სამწუხაროდ ასე არ არის. როცა დახურული სხდომა იქნება, ბევრი რამის გარჩევას შევძლებთ და პარლამენტარებს ზუსტი წარმოდგენა ექნებათ ამ მოვლენებსა და პროცესებზე.
სამწუხაროა, რომ ბატონი თენგიზ კიტოვანი ახლა აქ არ არის, ვიცი, რომ მას ბევრი გადაუდებელი საქმე აქვს, მაგრამ, სხდომაზე რომ არ მოვიდა, არ ვარგა. მთლად ზნეობრივად და მორალურად გამართლებულად არ მიმაჩნია ლაპარაკი, როცა პიროვნება არ ესწრება, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ პარლამენტის უზენაესობაზე რაკი ვლაპარაკობთ, ყველამ, გვიყვარს იგი თუ არა, მწვავე შენიშვნებს მოვისმენთ თუ არა, ყველა შემთხვევაში პარლამენტს ყველა მოქალაქემ, ყველა თანამდებობის, რანგის პირმა პატივი უნდა სცეს, როგორი დაკავებულიც უნდა იყოს. ეს აუცილებელია და ამიტომ მიჭირს ამაზე ლაპარაკი. ალბათ, ხუთშაბათისათვის უნდა დაინიშნოს დახურული სხდომა. ეს იმისათვის არის საჭირო, რომ განსახილველია სამხედრო საკითხები და საქვეყნოდ არ უნდა ვთქვათ რა რაოდენობის ავტომატი გვაქვს. დახურულ სხდომაზე კი ეს ითქმება. პარლამენტმა შეიძლება იცოდეს ორი თვის მარაგია თუ ხუთი თვის, ან ერთი წლის, რამდენი ოფიცერი გვყავს, სად არის სუსტი ადგილი, მაგრამ არ შეიძლება ამას ყველა უსმენდეს. შემთხვევით არ ვთქვი ერთხელ, რომ რეზიდენტურით არის საქართველო გამოტენილი და ვისი რეზიდენტურაა ეს, თქვენ კარგად იცით. მზად ვარ იმისათვის, რომ წარმოვადგინო ვიცე-პრემიერის, თავდაცვის მინისტრის კანდიტატურა, თანაც არა ერთი და ორი ან სამიც - თუ ეს საჭირო იქნება. აი, ამას დასჭირდა ის თვეები, რომლებიც გავიდა ჩვენი არჩევნებისა და მთავრობის დაკომპლექტების შემდეგ.
კიდავ ერთი საკითხი, ძალიან კარგად მესმის „რესპუბლიკელებისა“ და უნდა გითხრათ, რომ პირველი ჩემი რეაქცია მათ წინადადებაზე ნეგატიური იყო, თუმცა მაშინვე ვთქვი, რომ იგი უსაფუძვლო არ არის. ახლაც მიმაჩნია, რომ სავსაებით საფუძვლიანია საკითხის დაყენება, რათა დავიწყოთ მთავრობის რეორგანიზაცია, რეკონსტრუქცია, ახალი სტრუქტურების შექმნა და ა.შ. მინდა გულახდილად გითხრათ, რომ ეს იმდენ დროს, ენერგიას წაიღებს და იმდენ ნერვიულობასთან იქნება დაკავშირებული, რომ ამას არც ერთი და ორი დღე ეყოფა და არც ერთი და ორი თვე. და თუ ამ დამშეულ ქვეყანაში რამე კეთდება, ისევ ის მთავრობა, ისევ ის სამინისტროები აკეთებენ, ავად თუ კარგად. მთავრობის გარეშე ახლა ამ ქვეყნის არსებობა, რომელიც არ გადასულა საბაზრო ეკონომიკის რელსებზე, წარმოუდგენელია. ნუ შევედრებით იტალიას, სადაც ყოველთვიურად იცვლება მთავრობა, ხანდახან თვეში ორჯერაც. იქ ავტომატურ რეჟიმში მუშაობს ქვეყანა და, როცა მთავრობა არ არის, ცოტა უკეთესადაც კი ცხოვრობს ხოლმე ის ხალხი. ამიტომ, შევთანხმდეთ და დღის წესრიგში დავაყენოთ ვიცე-პრემიერის და თავდაცვის მინისტრის საკითხების გადაწყვეტა. თქვენც იფიქრეთ, მეც მაქვს ზოგიერთი მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით და თუ ხუთშაბათისათვის მზად ვიქნებით, განვიხილოთ. მე მგონი არ ღირს ამ საკითხის გადადება.
პარლამენტი, ხალხი და არმია ერთიანია // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 6 მაისი. - №93(637). - 1 გვ.
![]() |
75 რუსეთ-საქართველოს შეხვედრა უმაღლეს დონეზე ორ ქვეყანას შორის სრულიად ახალ, თანასწორუფლებიან და კეთილმეზობლურ ურთიერთობათა დაწყების საწინდარი უნდა გახდეს |
▲ზევით დაბრუნება |
10 მაისის რადიოინტერვიუ
- რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო მეთაურთა შეხვედრა კარგა ხანია, მომწიფებული იყო და დაგვიანდა კიდეც - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ - სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ საქართველოს რადიოს კომენტატორ ნატო ონიანთან თავის ტრადიციულ რადიოინტერვიუში, როცა 14 მაისს მოსკოვში პრეზიდენტ ბორის ელცინთან მომავალი შეხვედრას შეეხო. - ეს შეხვედრა აუცილებელი იყო და, ვფიქრობ, მისი მნიშვნელობა სერიოზული იქნება, - თქვა მან. - ახლა არ მინდა ზედმეტი ილუზიების შექმნა ამასთან დაკავშირებით, - განაგრძო შემდეგ ედუარდ შევარდნაძემ, - მაგრამ როცა ჩვენი ქვეყნის ისეთ ცალკეულ პრობლემებზე ვლაპარაკობთ, როგორიც არის, მაგალითად, აფხაზეთის კონფლიქტი, სამაჩაბლოში შექმნილი ვითარება, ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობა და ა.შ. უნდა გვახსოვდეს, რომ ამ პრობლემის გასაღები, თუ შეიძლება ასე ითქვას, სწორედ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში დევს. მხედველობაში მაქვს ორ ქვეყანას შორის თანასწორუფლებიანი, კეთილმეზობლური, სრულიად ახალი ურთიერთობანი. მე მგონი, ჩვენი ეს შეხვედრა ასეთ ურთიერთობათა დაწყების საწინდარი უნდა გახდეს. ჩვენს შორის გამართულ სატელეფონო საუბარში სწორედ ამას გავუსვით ხაზი და, ვფიქრობ, უნდა დაიწყოს ახალ ურთიერთობათა შენება, თქვა ედუარდ შევარდნაძემ, - რაც შეეხება აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებას რუსეთ-საქართველოს მოლაპარარაკებათა ფონზე, აქაც მოგვარების ეს გზა ერთი მხრივ, ქართველთა და აფხაზთა დიალოგზე გადის, ხოლო მეორე მხრივ, იგი საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში უნდა ვეძებოთ. ასეთ შემთხვევაში რუსეთის ნეიტრალური პოზიციაც კი მომგებიანია და ძალიან ბევრს ნიშნავს. ცხადია, აღარ ვამბობ ამ სახელმწიფოს აქტიურ პოზიტიურ როლზე იმ პრობლემათა გადაჭრის საქმეში, რომელთა მიმართ საქართველოს პარლამენტმა ცალსახად გამოხატა თავისი დამოკიდებულება. აქვე ისიც მინდა აღვნიშნო, - განაგრძო შემდეგ სახელმწიფოს მეთაურმა, - რომ ამ შეხვედრას იზოლირებულად ვერ განვიხილავთ. ვთქვათ, როცა აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებაზე ვლაპარაკობთ, მხედველობაში უნდა გვქონდეს ისეთი ფაქტორები, როგორიც არის ამ კონფლიქტის მოგვარების საქმეში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უკვე რეალური მონაწილეობა; მისი წარმომადგენლის მიერ, რომ იტყვიან, პირდაპირ შემთხვევის ადგილიდან, დაბომბვის ადგილიდან გაკეთებული განცხადებები, რომლებიც პირველად გაისმა; ევროპული სტრუქტურების და განსაკუთრებით უკრაინის მზადყოფნა, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს ამ საშუამავლო საქმიანობაში; ასეთი იმპულსები უკრაინაში ჩემი ვიზიტის შემდეგ რამდენჯერმე იყო და როგორც კი ხელსაყრელი მომენტი დადგება, ჩვენ, რა თქმა უნდა, მივმართავთ თხოვნით და შეიძლება გამოიძებნოს ურთიერთობის და მუშაობის საინტერესო ფორმები.
მინდა კიდევ ერთი ახალი მომენტი დავუკავშირო აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგებას, დაკავშირებით, - თქვა შემდეგ ედუარდ შევარდნაძემ, - ეს გახლავთ სამთა თანამშრომლობა კავკასიაში, ამიერკავკასიაში. მხედველობაში მაქვს ჩვენი დიალოგი სომხეთთან და აზერბაიჯანთან. რადიომსმენელებს ახსოვთ, - განაგრძო სახელმწიფოს მეთაურმა, - რომ ამის თაობაზე არაერთხელ განმიცხადებია, მაგრამ ანკარის შეხვედრების დროს განსაკუთრებით წარმოჩნდა ჩვენი სამივე სახელმწიფოს როლი და პასუხისმგებლობა საერთოდ კონფლიქტების მოგვარებისათვის ბრძოლაში. აი, ამ ფაქტორთა მთელი კომპლექსი, რომლებიც აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებასათან არის დაკავშირებული. მაგრამ ერთ-ერთი ცენტრალური მათ შორის რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებაა. ვნახოთ რით დამთავრდება იგი. - დასძინა მან.
შეეხო რა რუსეთში ბოლო დროს მომხდარ მოვლენებს და 9 მაისს გამართულ ღონისძიებებს, საქართველოს სახელმწიფოს მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ, როგორც უნდა გართულებულიყო მოვლენები მოსკოვში, სულ ერთია, გავლენას საერთო სიტუაციაზე მაინც ვეღარ მოახდენდა, რადგან აშკარაა, რომ ელცინმა თავისი პოზიციები სერიოზულად გააძლიერა. საქართველოში გამოთქმული პროგნოზები ფაქტობრივად გამართლდა, - განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ, - რომ რუსეთი ივლის დემოკრატიის გზით და ჩვენთვისაც ეს სასარგებლო და სასიხარულო მომენტია. პრეზიდენტ ელცინთან სატელეფონო საუბის დროსაც გამოითქვა ამის დიდი იმედი. რაც შეეხება 9 მაისის დემონსტრაციას მოსკოვში, მართალია იგი ხალხმრავალი იყო, მაგრამ დემოკრატიის მტრებს ის მაინც არ გამოუვიდათ, რაც სურდათ და უნდოდათ. ამიტომ გუშინდელი დღეც პრეზიდენტ ელცინის გამარჯვებად უნდა ჩაითვალოს, ახლა მას დიდი საშუალებები აქვს, რომ იმოქმედოს. ეს გავლენას მოახდენს აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებაზეც.
- გასულ კვირას თქვენი განკარგულებით ფუნქციონირება შეწყვიტა ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭომ და საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ბატონი ჯაბა იოსელიანი გადადგა თანამდებობიდან, ხოლო თავდაცვის მინისტრად დაინიშნა ახალგაზრდა გენერალი გიორგი ყარყარაშვილი. 6 მაისს პარლამენტის სხდომაზე ამ საკითხის განხილვისას თქვენ აღნიშნეთ, რომ საქართველოში არანაირი გადატრიალება არ მოხდება, ამას ხალხი მხარს არ დაუჭერს და, თუ ვინმეს ეს ესიზმრება, იგი მარტო დარჩებაო. თქვენ უკვე მერამდენედ გიხდებათ ამგვარი განცხადებების გაკეთება. თუ შეიძლება გვითხარით, რა არის ასეთი დარწმუნების საფუძველი... ქვეყანაში სტაბილურობის ნიშნები, მოსახლეობის განწყობა, სამართალდამცავი ორგანოების მუშაობა, თუ სხვა რამ? ისიც გვაინტერესებს, საკადრო ცვლილებებს ხომ არ უნდა ველოდეთ სამომავლოდ? - ჰკითხა სახელმწიფოს მეთაურს კომენტატორმა.
- მთავარი საფუძველი მოსახლეობის განწყობაა - ხაზგასმით აღნიშნა ედუარდ შევარდნაძემ - ხალხიც დაიღალა და ქვეყანაც დაიღალა არეულობისაგან და გადატრიალებებსა და კატაკლიზმებზე ფიქრიც კი ზარავს. მეორეც - უკვე ჩამოყალიბდა ხელისუფლებისადმი ნდობა, მხედველობაში მყავს პარლამენტი, და, ახლა გადატრიალება ვინმემ კიდეც რომ მოისურვოს, მას ხალხი პირდაპირ წალეკავს, თუკი ამის მსურველნი (ვიცი, არის ასეთი ხალხიც - ფიქრობენ, ლაპარაკობენ), მთლად უგუნურნი არ არიან, ამან უნდა შეაჩეროს, რადგან, ვიმეორებ, ხალხი წალეკავს, ვინც ამას შეეცდება. ამიტომ ვამბობ, რომ ასეთი საფრთხე გამორიცხულია. არის თუ არა საკადრო ცვლილებები მოსალოდნელი, ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ ვიმუშავებთ და როგორ შევასრულებთ დაკისრებულ მოვალეობას ჩემით დაწყებული და რიგითი სახელმწიფო მოხელით დამთავრებული. თუ წაყენებულ მოთხოვნებს ვერ ვუპასუხებთ, ცხადია, მაშინ ცვლილებები იქნება.
- სხვათა შორის, მოსახლეობის განწყობაზე რომ გკითხეთ, ვიგულისხმე ის უზარმაზარი მხარდაჭერა, რაც გუშინ, ტელევიზიით, თქვენს მიმართ გამოხატა უნივერსიტეტის პროფესურამ, ჩვენმა ცნობილმა მეცნიერებმა, მოღვაწეებმა, - თქვა კომენტატორმა, - ჩვენც დაგვირეკეს ხელნაწერთა ინსტიტუტის თანამშრომლებმა და თავიანთი თანდგომა გამოხატეს. იცით, ამას იმიტომ ვიხსენებ, რომ ცნობილი მიმართვა ზუსტად დაემთხვა მოსკოვის ტელევიზიის მიერ გადაცემულ სიუჟეტს აფხაზეთზე, რომლის შემდეგ გამართული განხილვის დროს თქვენს მიმართ მაინცდამაინც დიდი სიმპათიები არ გამოუხატავს ამ განხილვის ზოგიერთ მონაწილეს. სამწუხაროა, რომ რუსი შოვინისტების აზრი აფხაზეთთან და შევარდნაძესთან მიმართებაში ზუსტად ემთხვევა მიმართვაზე ხელისმომწერთა აზრს.
- მე ერთხელ პარლამენტზე აღვნიშნე და სხვაგანაც ვთქვი, რომ უნივერსიტეტი საზოგადოებრივი აზრის საზომია საქართველოში, - თქვა ედუარდ შევარდნაძემ, - ასე იყო და ახლაც ასეა. ამიტომ ვერ დავმალავ შეშფოთებას, რომელიც ერთ-ერთ გაზეთში დაბეჭდილმა განცხადებამ ჩემში გამოიწვია. მაგრამ მე მადლობელი ვარ უნივერსიტეტისა, რომელიც საქართველოს სინდისს განასახიერებს, რომ ასეთი მხარდაჭერა გამოხატა. არ შემიძლია რაიმე ვთქვა, რადგან არ ვიცი, როგორ გავამართლებ ასეთ დიდ ნდობას. მცდელობას რომ არ დავაკლებ, ეს კი ნამდვილად ვიცი, - დასძინა მან.
შემდეგ საუბარი შეეხო სახელმწიფოს მეთაურის გუშინდელ გამგზავრებას ბოლნისის რაიონში: ბოლნისში ჩემი ჩასვალა, - განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ, - იმით იყო გამოწვეული, რომ იქ შექმნილი მდგომარეობა ფეთქებადსაშიშად ჩავთვალე. მწვავეა დაპირისპირება იქ ჩასახლებულ და ადგილობრივ მაცხოვრებელთა შორის. ჩანს, ეს არ არის ახალი ამბავი. გადაუჭრელი პრობლემები აქ წლების მანძილზე გროვდებოდა, რაშიც ახლა არ შემიძლია ვინმე დავადანაშაულო, არც ადგილობრივი ხელისუფლება, არც ჩასახლებულები და არც ადგილობრივი ხალხი. პრობლემები მართლაც ბევრია, რითაც ადამიანთა ნაწილმა ისარგებლა და შეეცადა ისინი თავიანთი მიზნებისათვის გამოეყენებინა, ცენტრალურ ტრასაზეც კი გაევრცელებინა თავისი გავლენა. ერთი სიტყვით, ყველაფერი ჩაეგდო ხელში. ახლა, როცა ყოველივე ამის კონტროლი გაძლიერდა, და ღონისძიებათა გატარებას შევუდექით, ბუნებრივია, მათმა შემოსავალმა იკლო და შედეგმაც არ დააყოვნა, მდგომარეობა დაიძაბა. ბოლნისში უკვე იყო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ბატონი თ. სიგუა, იყვნენ სხვებიც და იქ გამართული საუბრებით დავრწმუნდით, რომ არსებობს ყველაფრის დაძლევის გულწრფელი სურვილი. მე მივიღებ გადაწყვეტილებას, რომ შეიქმნას კომისია, რომელიც შეისწავლის მდგომარეობას და გადაჭრის პრობლემებსაც. მეტად სამწუხაროა, რომ იქ ერთი ადამიანი დაიღუპა. მინდა გულწრფელად მივუსამძიმრო მის ოჯახს და ბოდიში მოვუხადო, რომ იქ გვიან ღამით ვიყავი და ამიტომ ოჯახში ვერ მივედი... დაიღუპა შესანიშნავი ახალგაზრდა, რომელიც აფხაზეთში იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისათვის.
სამწუხაროდ საქართველოს ტრასები, - განაგრძო შემდეგ ედუარდ შევარდნაძემ, - არათუ საიმედოდ, საერთოდ არ არის დაცული. ამიტომ მათ დასაცავად გადადგმულ ყოველ ახალ ნაბიჯს უნდა მივესალმოთ. ძალიან მოკლე დროში შევძელით საგზაო პოლიციის ჩამოყალიბება. მასში უკვე 1500 კაცია. ახლახან მისი მეთაურის ანგარიში მოვისმინეთ და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ჩვენი ტრასები უნდა ვაქციოთ ქვეყნის შემოსავლის წყაროდ, - ასეთია ამოცანა. ამჟამად კი კაპიკებსაც ვერ ვიღებთ, მილიარდები იკარგება, ვიდრე წესრიგს არ დავამყარებთ თბილისი-წითელი ხიდის, თბილისი-სოხუმის, თბილისი-დმანისის და სხვა ტრასებზე. საგზაო პოლიციის გადაადგილებას მოჰყვა ჩვენი მოწინააღმდეგეების რეაქციაც. მაგრამ ეს დროებითი მოვლენაა, რადგან ამ ახალი შენაერთის პოზიციები უკვე მყარია ისეთ რაიონებშიც, სადაც ასეთი რეაქცია იყო. ვფიქრობ, იქაც წესრიგი იქნება, ეს ეხება სენაკსაც და ხობსაც და ეს ეხება თბილისი-ბათუმის ტრასასაც და სხვა ტრასებსაც.
წესრიგი ტრასებზე დაგვეხმარება, რომ ჩვენს საზღვარგარეთელ მეგობრებს მეტი დახმარების სურვილი გაუჩნდეთ, - განაგრძო ედუარდ შევარდნაძემ, - აგერ უკვე გამოჩნდა „დოიჩე ბანკი“, ევროგაერთიანებამ 10 მილიონი ეკიუ გამოგვიყო, ასევე გამოჩნდებიან სხვებიც, თუკი ჩვენ ჩვენი ერთიანობის და წესრიგის პრობლემას გადავწყვეტთ. ჩვენთვის ძალიან ბევრს აკეთებს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა და დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემი ვიზიტის დროს ამ ქვეყანაში ბევრს მივაღწევთ.
ინტერვიუს დასასრულს საუბარი შეეხო ურთიერთობებს უკრაინასთან და თურქეთთან. - მე უკვე არაერთხელ ვთქვი, უპასუხა სახელმწიფოს მეთაურმა კომენტატორის შეკითხვას, - რომ უკრაინის ფაქტორს ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან ეს ქვეყანა სულ უფრო მზარდ როლს შეასრულებს არა მარტო ჩვენს რეგიონში, არამედ ევროპაში და მსოფლიოშიც, ასევეა თურქეთიც, - თქვა ედუარდ შევარდნაძემ, - ამიტომ კარგი იქნებოდა, რომ მასთან დაწყებულ ამ ფართო ურთიერთობის დროს, პრეზიდენტის პოსტზე გვეხილა ევროპასა და მსოფლიოში ცნობილი ისეთი მოღვაწე, როგორიც ბატონი დემირელია, რომელსაც ენდობიან ხალხებიც და პოლიტიკოსებიც. ეს არის ადამიანი, რომელიც პირველი ჩამოვიდა ჩვენთან და პირველმა მოაწერა ხელი სამეგობრო ხელშეკრულებას. მე მჯერა, რომ თურქეთის მეჯლისი ამ არჩევანს გააკეთებს.
ღმერთმა ქნას, რომ 1993 წელმა, რომელიც სათნოების წლად გამოაცხადა ჩვენმა პარლამენტმა, გაამართლოს ჩვენი იმედები, - თქვა დასასრულს ედუარდ შევარდნაძემ, - ძალიან მინდა, რომ იგი მართლა სათნოების წელი იყოს მთელი ჩვენი ქვეყნისათვის, ყველა ოჯახისათვის, მოქალაქისათვის, ჩვენი პარლამენტისათვის და მისი თავმჯდომარისათვისაც. ის მოძრაობა, რომელიც ქუთაისში დაიწყო, მისასალმებელია. ჩვენს პარლამენტს მხარდაჭერა სჭირდება და უნდა გავაკეთოთ. ყველა ეტაპზე, რომლებიც გავიარეთ, ჩვენი პარლამენტი მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა და მის მიმართ ამისათვის მადლობის მეტი არაფერი მეთქმის.
საქართველოს პარლამენტის პრეს-ცენტრი.
ედუარდ შევარდნაძე: რუსეთ-საქართველოს შეხვედრა უმაღლეს დონეზე ორ ქვეყანას შორის სრულიად ახალ, თანასწორუფლებიან და კეთილმეზობლურ ურთიერთობათა დაწყების საწინდარი უნდა გახდეს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 11 მაისი. - №97(641). - 1 გვ.
![]() |
76 ბატონ ჯეკობ ნიმროდს - საექსპორტო-საიმპორტო საერთაშორისო კორპორაციის გამგეობის თავმჯდომარეს |
▲ზევით დაბრუნება |
ძვირფასო ბატონო
გულითად მადლობას გიძღვნით ჩვენი ქვეყნისადმი გამოჩენილი გულისხმიერებისა და ყურადღების გამო. მძიმე ეკონომიკურ პირობებში თქვენს მიერ მოწოდებული საკვები პროდუქტები უაღრესად შეგვიმსუბიქებს მდგომარეობას. რაც შეეხება ფარმაცევტულ ნაწარმს, ის უკვე მივიღეთ და გადავანაწილეთ დანიშნულებისამებრ.
კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას მთელ ჩვენი ხალხის სახელით და ვიტოვებ შემდგომი თანამშრომლობის იმედს.
გულწრფელად თქვენი
ედუარდ შევარდნაძე.
ბატონ ჯეკობ ნიმროდს - საექსპორტო-საიმპორტო საერთაშორისო კორპორაციის გამგეობის თავმჯდომარეს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 11 მაისი. - №97(641). - 1 გვ.
![]() |
77 ედუარდ შევარდნაძე: ჩვენ უნდა გავარკვიოთ ჩვენი სტრატეგიული ინტერესები რუსეთში და რუსეთთან ურთიერთობაში |
▲ზევით დაბრუნება |
14 მაისს მოსკოვში გაიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის - სახელმწიფოს მეთაურის ედუარდ შევარდნაძისა და რუსეთის პრეზიდენტის ბორის ელცინის შეხვედრა. ამასთან დაკავშირებით საქინფორმის კორესპონდენტმა თამარ მოლაშვილმა რამდენიმე კითხვით მიმართა ბატონ ედუარდ შევარდნაძეს.
- ბატონო ედუარდ, რუსეთის პრეზიდენტის ბორის ელცინის განცხადების თანახმად რუსეთში გამართული რეფერენდუმის შედეგებმა და საქართველოში ბოლო დროს განვითარებულმა პოზიტიურმა მოვლენებმა ხელსაყრელი პირობები შექმნა ორ ქვეყანას შორის ახალ ურთიერთობათა ჩამოყალიბებისათვის. როგორ გესახებათ ეს ახალი ურთიერთობანი და რას ელით 14 მაისს დაგეგმილი უმაღლესი დონის შეხვედრისაგან?
- ორ ქვეყანას შორის ახალი ურთიერთობის შესახებ საუბრის დროს უნდა გავითვალისწინოთ, რომ მომავალი ურთიერთობის პრინციპები უკვე ჩამოყალიბებულია. ეს არისხელშეკრულება თანამშრომლობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობის შესახებ. ჩვენი მიზანია მწვანე გზა გავუხსნათ მოლაპარაკების პროცესს, დავნიშნოთ დელეგაციათა შეხვედრის დასკვნითი რაუნდი. 14 მაისის შეხვედრის დროს განვიხილავთ ეკონომიკურ, სავაჭრო, საბაჟოსა და საზღვრების საკითხებს. ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი აფხაზეთისა და ცხინვალის ზონაში კონფლიქტის მოგვარება იქნება.
მიმაჩნია, რომ 3 სექტემბრის ხელშეკრულებას თავისი მნიშვნელობა არ დაუკარგავს, თუმცა ცხოვრებამ თავისი კორექტივები შეიტანა. კერძოდ, პარლამენტმა არაერთგზის მიიღო გადაწყვეტილება აფხაზეთის ტერიტორიიდან რუსეთის ჯარების გაყვანის შესახებ. ეს ურთულესი საკითხი იქნება. 14 მაისის გამართული დიალოგი და მისი შინაარსი გვიჩვენებს, თუ რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ორივე მხარემ.
- რამდენად არის შესაძლებელი, რომ მხარეები შეთანხმდნენ ძირითადი ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე და რამდენად რეალურია ხელშეკრულების სამხედრო ნაწილში გათვალისწინებულ საკითხთა დადებითად მოგვარება?
- ვფიქრობ რეალურია. წინასწარი მოლაპარაკება და კონსულტაციები ადასტურებს, რომ საქართველოდან ჯარის გაყვანის აზრს რუსეთი უკვე შეეგუა.
- ოფიციალურმა რუსეთმა რამდენჯერმე დააყენა საკითხი ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე არსებულ კონფლიქტურ ზონებში მისთვის განსაკუთრებული უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე. ხომ არ მიგაჩნიათ, რომ იქ, სადაც რუსეთს თავისი ინტერესები აქვს, მაგალითად აფხაზეთში, მას არ შეუძლია იყოს ობიექტური „მსაჯული“?
- მე არაერთხელ გამოვხატე ჩემი დამოკიდებულება ამ პრინციპისადმი. ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე არსებულ კონფლიქტებში რუსეთი ვერ იქნება ობიექტური. აღნიშნულ ტერიტორიაზე მას ჰქონდა და დღესაც აქვს თავისი ინტერესები. ამიტომ უმეტეს შემთხვევაში მისი მოქმედება უანგარო არ იქნება. მე არ მყავს მხედველობაში პრეზიდენტი. ვგულისხმობ იმ ძალებს, რომლებიც გავლენას ახდენენ რუსეთის პოლიტიკაზე. შეიძლება ვამუქებ, მაგრამ დიდი შეცდომა იქნებოდა რუსეთისათვის ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების სამეურვეოდ გადაცემა. ამას არც ერთი ქვეყანა, არც ერთი ხალხი არ მოისურვებს. რუსეთისათვის განსაკუთრებული უფლებების დაკანონება ახალ უბედურებას მოუტანს ამ ხალხებს და თავად რუსეთს.
მეორე მხარეა რუსეთის პოზიტიური მონაწილეობა ამა თუ იმ კონფლიქტის მოწესრიგებაში უშიშროების საბჭოს ეგიდით მის სტრუქტურებში რუსეთის უგულებელყოფა სწორი არ იქნება.
- თქვენ გამოთქვით აზრი რუსეთის ირგვლივ ბუფერული დემოკრატიული სარტყლის შექმნის აუცილებლობის შესახებ. როგორი რეაქცია მოჰყვა ამას რუსეთის ხელისუფლების მხრივ და რამდენად რეალურია ამ იდეის პრაქტიკული განხორციელება?
- ვერ გეტყვით, როგორ გამოეხმაურა რუსეთის ხელმძღვანელობა ამ იდეას, მაგრამ პრეზიდენტს, რომელიც დემოკრატიისა და რეფორმებისათვის იბრძვის, არავითარი საფუძველი არა აქვს არ ემხრობოდეს რუსეთის ირგვლივ ბუფერული დემოკრატიული სარტყელის არსებობას, დემოკრატიული პროცესის განვითარებას.
- ბატონო ედუარდ, მოლაპარაკების დროს, ალბათ, ერთ-ერთი მთავარი იქნება სავაჭრო-ეკონომიკური საკითხები...
- რუსეთთან არსებული ეკონომიკური ურთიერთობანი უნდა შევინარჩუნოთ და ახალი ურთიერთობებიც ვეძებოთ. სავაჭრო ურთიერთობის განვითარების, ინვესტიციების დაცვის ხელშეკრულებების დადება ხელს შეუწყობდა თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის დამყარებას. სხვა მიმართულებებითაც დავიწყეთ ჩვენი ეკონომიკის განვითარება - თურქეთთან, ირანთან, სომხეთთან, აზერბაიჯანთან, უკრაინასთან. უახლოეს ხანში დაგეგმილია ჩემი ვიზიტები გერმანიაში, ჩინეთში. ასე რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარება შეწონასწორებულ ხასიათს მიიღებს. ჯერჯერობით კი ამ საუკუნის ბოლომდე რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობის შეცვლა სხვა რომელიმე ქვეყანასთან ურთიერთობით შეუძლებელია. ჩვენი პროდუქციის რეალიზაცია ხომ ძირითადად რუსეთის, უკრაინის, ყაზახეთის ბაზრებზე შეგვიძლია. თუ ყველაფერი ისე გამოვიდა, როგორც ჩაფიქრებული გვაქვს, დაიწყება საქართველოს ეკონომიკის რეანიმაცია.
- თქვენი აზრით, რუსეთთან ურთიერთობაში რა ძირითადი ხელისშემშლელი ფაქტორები არსებობს?
- ხელისშემშლელი ფაქტორები ბევრია. ეს ის რეაქციული ძალებია, რომელთა შესახებაც არაერთხელ მილაპარაკია. ისინი ზღუდავენ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის განვითარების შესაძლებლობებს. ჩვენშიც არიან ძალები, რომლებმაც ვერ გაიაზრეს, რა არის ნამდვილი თავისუფლება და ნამდვილი დამოუკიდებლობა.
მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი კი კონფლიქტებია. რუსეთის გარკვეულ წრეებს მიაჩნიათ, რომ მათი სტრატეგიული ინტერესები საქართველოში, კერძოდ, აფხაზეთში, დაცული უნდა იყოს.
ვიმედოვნებ, რომ შეხვედრის დროს პრეზიდენტი ელცინი გამოხატავს თავის პოზიციას ამ საკითხში.
ამასთანავე, უნდა გავარკვიოთ ჩვენი სტრატეგიული ინტერესები რუსეთში და რუსეთთან ურთიერთობაში.
ჩვენ უნდა გავარკვიოთ ჩვენი სტრატეგიული ინტერესები რუსეთში და რუსეთთან ურთიერთობაში // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 14 მაისი. - №99(643). - 1 გვ.
![]() |
78 ედუარდ შევარდნაძე კმაყოფილია რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შედეგებით |
▲ზევით დაბრუნება |
პრესკონფერენცია მოსკოვში
იმავე დღეს საქართველოს პარლამენტრის თავმჯდომარემ - სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ და რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა თენგიზ სიგუამ საქართველოს მოსკოვის საელჩოს შენობაში გამართეს პრეს-კონფერენცია.
- ჩვენი საუბრები, - თქვა ედუარდ შევარდნაძემ, - კარგ, გულთბილ ატმოსფეროში გაიმართა. ჩვენთვის მარტო ის როდი იყო ძალზე მნიშვნელოვანი, რომ რუსეთის პრეზიდენტმა გააანალიზა მსოფლიო საზოგადოებრიობის ყურადღების ცენტრში ამ უკანასკნელ ხანს მყოფი მოვლენები. დიდი კმაყოფილებით აღვნიშნავთ: ვეთანხმებით რუსეთის პრეზიდენტის დასკვნებს იმის თაობაზე, რომ რუსეთის დემოკრატიულმა ძალებმა გაუძლეს მკაცრ გამოცდას, მოიპოვეს რეფერენდუმზე ძალზე მნიშვნელოვანი გამარჯვება და შეუქცევადი გახადეს დემოკრატიული გარდაქმნები. თავის მხრივ, თქვა ედუარდ შევარდნაძემ, ჩვენ ვესაუბრეთ რუსეთის პრეზიდენტს იმ სირთულეებზე, რომლებსაც გადააწყდა საქართველო დამოუკიდებელი დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბების ახლანდელ ეტაპზე.
ყურადღების ცენტრში იყო ორმხრივი ურთიერთობა. ამჟამად რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა გართულებულია, რაც მნიშვნელოვანწილად არის განპირობებული როგორც მისი მარეგულირებელი სახელშეკრულებო-სამართლებრივი ბაზის უქონლობით, ისე აფხაზეთში მიმდინარე კონფლიქტით. როგორც ცნობილია, თითქმის მთლიანად არის შეწყვეტილი ეკონომიკური კავშირურთიერთობა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ყალიბდებოდა. და ეს ძალზე ნეგატიურ გავლენას ახდენს საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობაზე.
ყველა ამ და სხვა პრობლემის ირგვლივ გვქონდა გულახდილი საუბარი და მივეცით დავალებები ყველა ჩვენს სამუშაო ჯგუფს დააჩქარონ პოლიტიკური, სამხედრო, ეკონომიკური და სხვა საკითხების შესახებ შეთანხმებათა მომზადება. ჩვენ დავთქვით, რომ ხელსაყრელ პირობებში ამ შეთანხმებებს ხელს მოვაწერთ ივნისის შუა რიცხვებისათვის. ეს ის ვადაა, რომელიც საჭიროა შესაბამისი კორექტივების შეტანისათვის. და არ გამოვრიცხავ, თქვა ედუარდ შევარდნაძემ, რომ შეთანხმებათა მთელ პაკეტს, რომელიც შეიცავს ხელშეკრულებას რუსეთსა და საქართველოს შორის თანასწორუფლებიანი და კეთილმეზობლური ურთიერთობის შესახებ ხელს მოვაწერთ თბილისში. ყოველ შემთხვევაში, ასეთი სურვილი გამოთქვა ბორის ელცინმა.
საბოლოოდ ამ საკითხის თაობაზე ჯერ არ შევთანხმებულვართ, მაგრამ ბორის ელცინი და მისი კოლეგები ამ ხელშეკრულების ხელმოსაწერად საქართველოს დედაქალაქში მოვიწვიეთ.
მოლაპარაკების დროს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აფხაზეთში ცეცხლის შეწყვეტის საკითხს, რომლის მიხედვითაც მიღწეულია მორიგება.
წინასწარი პირობების გარეშე დავთქვით, რომ ცეცხლი უნდა შეწყდეს ფრონტის მთელ ხაზზე, 20 მაისიდან დაწყებული. დღეს ჩვენ შევეცდებით ამ საკითხის თაობაზე შევხვდეთ გუდაუთის ხელმძღვანელობის წარმომადგენლებს. აფხაზებიც დაინტერესებულნი არიან ამით. სავარაუდოა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, მოკლე ვადაში, კონფლიქტის ზონიდან გაყვანილი იქნება მძიმე სამხედრო ტექნიკა. ჩვენ შევეცდებით მივაღწიოთ იმას, რომ შეწყდეს სოხუმისა და სხვა დასახლებული პუნქტებისათვის ცეცხლის დაშენა, მხარი დავუჭირეთ სამხედრო მიზნებისათვის ავიაციის გამოყენების აკრძალვას.
ედუარდ შევარდნაძემ მთელი პასუხისმგებლობით განაცხადა, რომ საქართველოს მხარე დაიცავს ამ პირობებს, გამოთქვა იმედი, რომ აფხაზთა მხარე გაგებით მოეკიდება ამას. ახლა, თქვა საქართველოს სახელმწიფოს მეთაურმა, როცა პრაქტიკულად არ მოქმედებს აფხაზეთში კონფლიქტის მოწესრიგების შესახებ ჩვენს მიერ 1992 წლის 3 სექტემბერს ხელმოწერილი ხელშეკრულება, ჩვენ არ შევდგომივართ ამის მიზეზების გამორკვევას, გადავწყვიტეთ რუსეთის პრეზიდენტთან ერთად შევქმნათ ჩვენი წარმომადგენლების ინსტიტუტი აფხაზეთში, რომლებმაც ორგანიზაცია უნდა გაუწიონ მუშაობას კონფლიქტის ზონაში ქალაქ გუდაუთაში აფხაზეთის ხელმძღვანელობასთან მუდმივი კონტაქტით.
ვიმეორებ, თქვა დასასრულ ედუარდ შევარდნაძემ, რომ მთლიანად კმაყოფილი ვართ გამართული მოლაპარაკებით. ვცდილობდით რა მიგვეღწია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის გარკვეული გაუმჯობესებისათვის, ამით ჩვენ დავსახეთ ხელსაყრელი პერსპექტივა ორ ქვეყანას შორის თვისაბრივად ახალი თანამშრომლობისათვის.
ედუარდ შევარდნაძემ და თენგიზ სიგუამ უპასუხეს ჟურნალისტთა მრავალ შეკითხვას.
[...]
* * *
14 მაისს საღამოს ედუარდ შევარდნაძე და საქართველოს დელეგაციის წევრები თბილისს დაბრუნდნენ. აეროპორტში საქართველოს სახელმწიფოს მეთაურმა უმაღლესი დონის შეხვედრების შედეგების განმარტებისას, ისინი დადებითად შეაფასა.
- მთავარია, - თქვა მან, - რომ მიზანი მიღწეულია - დაიწყო წინსვლა რუსეთ-საქართველოს დამოკიდებულების გაუმჯობესების, ორ ქვეყანას შორის ნორმალურ-სამართლებრივი, ორმხრივ ხელსაყრელი ურთიერთობის დამყარების გზაზე.
გააანალიზა რა რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის პოლიტიკური მნიშვნელობა, ედუარდ შევარდნაძე შეეხო იმ პერსპექტივებს, რომლებსაც გვისახავს გამართული მოლაპარაკება ეკონომიკური თანამშრომლობის დარგში. ამასთან დაკავშირებით მან, კერძოდ, აღნიშნა, რომ ამჟამად იქმნება რეალური შესაძლებლობები გაწყვეტილი სამეურნეო კავშირურთიერთობის აღდგენისათვის, რომელიც ამოქმედდება ჯერ კიდევ სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულების ხელმოწერამდე. უკვე გადაიდგა პირველი ნაბიჯები საქართველოსათვის კრედიტის მიცემის, მარცვლეულის გამოყოფის გზაზე, თუმცა, თვით რუსეთიც აქ სირთულეებს განიცდის. რაც შეეხება თვით ყოვლისმომცველ ხელშეკრულებას, სხვა შეთანხმებებს, რომელთა პროექტები პრაქტიკულად მზად არის, მათ ხელს მოვაწერთ თბილისში, ელცინის საქართველოში დასახული ვიზიტის დროს.
საქინფორმის სპეც. კორ.
ედუარდ შევარდნაძე კმაყოფილია რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შედეგებით : პრესკონფერენცია მოსკოვში // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 15 მაისი. - №100(644). - 2 გვ
![]() |
79 ედუარდ შევარდნაძე: აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარება ახლა უფრო რეალურად მეჩვენება, ვიდრე 1992 წლის 3 სექტემბრის შემდეგ |
▲ზევით დაბრუნება |
17 მაისის რადიოინტერვიუ
- ბატონო ედუარდ, მოსკოვში თქვენი სამუშაო ვიზიტის შემდეგ, როცა აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების იმედი გაჩნდა, კვლავ დაიბომბა სოხუმი. მოსკოვში წასვლის წინ, ქუთაისში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით თქვენ ბრძანეთ, რომ რუს სამხედროებს შეეძლოთ თავიდან აეცილებინათ სისხლისღვრა, რომ ვიღაცას მოლაპარაკების პროცესის ჩაშლა სურდა. ამ ორი ფაქტის დაფიქსირებისას ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები რუსეთის ხელისუფლებასთან კოორდინირებულად არ მოქმედებენ, ყოველ შემთხვევაში მაშინ მაინც, როცა საქმე საქართველოს ეხება... ამ კითხვით დაიწყო საქართველოს რადიოს კომენტატორ ნატო ონიანის ტრადიციული საორშაბათო რადიოინტერვიუ სახელმწიფოს მეთაურთან.
- დიახ, ბევრია ასეთი ხელშემშლელი ფაქტორი, რომლებიც წინ ეღობება და ხელს უშლის რუსეთ-საქართველოს შორის ნორმალური კეთილმეზობლური ურთიერთობის განვითარებას, - თქვა ედუარდ შევარდნაძემ, - ბევრჯერ მითქვამს, რომ ამ ფაქტორთა მასაზრდოებელი ძალები ცოტა როდია რუსეთში და ისინი საკმაოდ ძლიერი არიან, მაგრამ ისიც ცხადია, რომ ასეთი ძალები საქართველოშიც არსებობენ. ქუთაისში მომხდარ ტრაგიკულ ფაქტზე მე უკვე ვთქვი, მაგრამ, რაკი ეს შეკითხვა კვლავ დაისვა, შეიძლება ჩავთვალოთ იგი ამგვარი დესტრუქციული ძალების მოქმედების ერთ-ერთ ნაყოფად. მოსკოვში ყოფნის დროს ჩვენს საელჩოს მოადგა მოპიკეტეთა მცირერიცხოვანი ჯგუფი ჟირინოვსკის მეთაურობით, ისმოდა მისი ჩვეული გამონათქვამები, რომლებიც, მოგეხსენებათ, რუსეთ-საქართველოს შორის კარგ ურთიერთობას არ ქადაგებენ. ვიმეორებ, სამწუხაროდ, ჟირინოვსკის საქართველოშიც ჰყავს მიმდევრები, მაგრამ პირდაპირ მინდა განვაცხადო, რომ გადაწყვეტილი მაქვს ბოლომდე ვიღვაწო და ვიბრძოლო ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გასაუმჯობესებლად! სხვანაირად არც შეიძლება, რადგან საქართველომ ნორმალური ურთიერთობანი დაამყარა უკრაინასთან, თურქეთთან, სომხეთთან, აზერბაიჯანთან, ირანთან, სხვა მეზობელ და უფრო შორეულ ქვეყნებთანაც და რუსეთთან ურთიერთობის გართულება დონ-კიხოტობა იქნება და მეტი არაფერი. რთულია ეს პროცესი, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ მოსკოვის ეს შეხვედრა ამაში დაგვეხმარება და, შეიძლება ითქვას, იგი ერთგვარი ხსნაც იყოს.
შემდეგ საუბარი შეეხო მოსკოვის შეხვედრაზე აფხაზეთში ცეცხლის შეწყვეტის და საბრძოლო პოზიციების წინა ხაზიდან მძიმე ტექნიკისა და არტილერიის გაყვანის შესახებ გამართულ მოლაპარაკებას.
- გუშინ, ტელევიზიით გამოსვლისას, ბ-ნმა თ. კიტოვანმა აღნიშნა, რომ მძიმე ტექნიკისა და არტილერიის გაყვანა, ფაქტობრივად სოხუმის დაკარგვას ნიშნავსო. დამეთანხმებით, ასეთი ეჭვის არსებობაც კი უნდა გამოირიცხოს. ისე, ცხადია, არანაირ შეთანხმებას აზრი არა აქვს, - თქვა კომენტატორმა.
- მე მოვისმინე მოსკოვის შეხვედრის გამო რადიოსა და ტელევიზიაში (ახლა უკვე პრესაშიც გამოჩნდა) კომენტარები და მინდა ვთქვა, - ხაზგასმით აღნიშნა სახელმწიფოს მეთაურმა, - რომ ასეთი შეშფოთების არანაირი საფუძველი არ არესებობს, როგორც ზოგიერთი მოღვაწე გამოთქვამს. მე მგონი, ეს საკითხისადმი გაუბრალოებული მიდგომაა. რაც შეეხება თენგიზ კიტოვანს, მინდა ვთქვა, რომ მე და მას რუსეთთან დამოკიდებულებაში ერთი პოზიცია გვქონდა და ზოგჯერ იმასაც კი მიკიჟინებდნენ, ურთიერთობის გაუარესება შენი ბრალიაო. თუმცა ყოველთვის ამ ურთიერთობის გაუმჯობესების მომხრე ვარ და ვიყავი. როცა მე და რუსეთის პრეზიდენტი ფრონტის წინა ხაზიდან მძიმე ტექნიკის გაყვანაზე ვლაპარაკობდით, ჩვენ დავაფიქსირეთ ის გარანტიებიც, რომლებიც თანაბრად გავრცელდება ყველაზე - ჩვენზეც, რუსეთზეც და გუდაუთის მხარეზეც. ეს საკითხის ელემენტარული გაგება გახლავთ და მასში რაიმე წინააღმდეგობა არ შეიძლება არსებობდეს, ზონიდან უნდა გავიდეს თვითმფრინავებიც, ტანკებიც. რუსეთმა ამ საკითხების განსახილველად უკვე გამოყო თავისი წარმომადგენელი, ასევე გააკეთა თავდაცვის მინისტრმაც. ჩვენი თავდაცვის მინისტრიც ჩართო ამ პროცესში და, მე მგონი, 20 მაისიდან ცეცხლი უნდა შეწყდეს. ამიტომ, - განაგრძო ედუარდ შევარდნაძემ, - მე ვერ ვხედავ რაიმე შეშფოთების საფუძველს. როგორც ჩანს, საჭირო იყო მეტი განმარტებითი მუშაობა, რომ ყველა დეტალი გამხდარიყო ცნობილი. ალბათ, ზოგიერთი ტაშსაც დამიკრავდა, თუკი მე ავდგებოდი და რუსეთის პრეზიდენტს პირდაპირ გამოვუცხადებდი: თუ არ გაიყვანთ იმ თქვენს ჯარს კონფლიქტის ზონიდან, ჩვენს შორის საომარი მდგომარეობა შეიქმნება-მეთქი. მაგრამ ეს ხომ სენსაციური განცხადება იქნებოდა, ტაშს დამიკრავდნენ და მეტი არაფერი. რუსეთთან ურთიერთობაში ჩვენ მძიმე და ეკლიანი გზით გვიწევს სიარული, მაგრამ სხვა გზა არ არსებობს და მიზნის მიღწევის გზა სწორედ ეს არის, მისი გასაღები კი აფხაზეთშია! ამიტომ აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარება ახლა უფრო რეალურად მეჩვენება, ვიდრე 1992 წლის 3 სექტემბრის შემდეგ.
რაც შეეხება აფხაზეთის ზონიდან რუსეთის ჯარების გაყვანას, - განაგრძო ედუარდ შევარდნაძემ, - რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას ჩვენს დონეზე უკვე განვიხილეთ ეს საკითხი და პრინციპული თანხმობა მიღებულია. ეს საუბარი გაგრძელდა თავდაცვის მინისტრების დონეზეც. პავლე გრაჩოვსა და გია ყარყარაშვილს შორის საჭირო და მნიშვნელოვანი მოლაპარაკება გაიმართა. უნდა ვთქვა, რომ ჩვენმა თავდაცვის მინისტრმა ღირსეულად წარმართა პირველი შეხვედრაც და განსაკუთრებით მეორე შეხვედრა. შემდეგში, ალბათ, თვითონ გააცნობს საზოგადოებას ამ საუბრების შინაარსს. რაც მთავარია, არის რუსეთის პრეზიდენტის და რუსეთის თავდაცვის მინისტრის პრინციპული თანხმობა, რომ ეშერის ლაბორატორიიდან გავიდეს რუსეთის სამხედრო შენაერთი. ეხლა საჭიროა ექსპერტები დასხდნენ და, რომ იტყვიან, საქმეს თავი დაადგან. მაგრამ უმთავრესი და უპირველისი საკითხი კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტაა!
შემდეგ რადიოკომენტატორი შეეხო პოლიტიკაში რელიგიური ფაქტორების როლს, რომლის გათამაშებასაც ახლა ცდილობენ ზოგიერთი უკიდურესი მემარცხენე ძალები რუსეთში, რაზედაც სახელმწიფოს მეთაურმა უპასუხა, რომ პოლიტიკაში საერთოდ ყველა ფაქტორი გასათვალისწინებელია, მაგრამ მე არ მიმაჩნია სწორად, - თქვა მან, - რომ პოლიტიკაში რელიგიური ფაქტორისათვის რაღაც საკვანძო ადგილის ძებნა დავიწყოთ და მას დავეყრდნოთ. რელიგიური შემწყნარებლობის ფაქტორი ყველაზე ძლიერი ფაქტორია და ის უნდა გამოვიყენოთ, მით უმეტეს, საქართველოში, სადაც ქრისტიანების გვერდით ცხოვრობენ ებრაელებიც, მაჰმადიანებიც და თანაცხოვრების რაიმე პრობლემა არასდროს ყოფილა. თქვენ ბრძანეთ თურქეთით გვაშინებენო. თურქეთის რაიმე სერიოზული საფრთხე არ არსებობს. მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას, მე მას ვთხოვე, განემარტა, თუ რას ნიშნავს გამოთქმა რუსეთის სტრატეგიული ინტერესები საქართველოში, რომელსაც ასე ხშირად იმეორებენ ამ ქვეყნის ზოგიერთი მოღვაწენი. ნუ მიაქცევთ ამას ყურადღებასო, მითხრა პრეზიდენტმა და სავსებით სწორად დასძინა, რუსეთის სტრატეგიული ინტერესები იმაში მდგომარეობს, რომ რუსეთ-საქართველოს შორის არ იყოს დაძაბული მდგომარეობა, არსებობდეს კეთილმეზობლობა, მრავალმხრივი პარტნიორობა ეკონომიკის და კულტურის ყველა სფეროში, სამხედრო აღმშენებლობაში, მეცნიერებაში... ჩვენ მოვძებნეთ მსოფლიოს დიდ ქვეყნებთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან, გერმანიასთან და სხვებთან კარგი ურთიერთობის გზები, და, თუ რუსეთთან იგივეს არ მივაღწევთ, უმძიმეს მდგომარეობაში აღმოვჩნდებით. ამიტომ, ის იდეები, რომლებსაც ჟირინოვსკები და მათი მიმდევარი ჩვენი თანამემამულენი ავრცელებენ, განწირულია, - დასძინა სახელმწიფოს მეთაურმა.
რესპუბლიკის საშინაო პოლიტიკის პრობლემებზე საუბრისას ედუარდ შევარდნაძემ მეტად აქტუალურად მიიჩნია საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის საკითხების განხილვა, რომელიც საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობდა. არის მოსაზრება, რომ შეიქმნას სამი დონის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები. პირველი დონეა ძირეული რგოლები - სოფლის, დაბის, თემის, ქალაქის თვითმმართველობები, მეორე დონეა (ასევე თვითმმართველობითი) რაიონი, ხოლო მესამე - მხარე, სახელმწიფო მმართველობითი ორგანო. ამრიგად, დაიბადა მხარეების შექმნის იდეა. პროექტის ავტორებს ეს დამუშავებული აქვთ. მე ვფიქრობ, - განაგრძო სახელმწიფოს მეთაურმა, - ჩვენი სახელმწიფოებრიობის ამ გარდამავალ ეტაპზე, რომელიც ფართო გაგებით 2000 წლამდე პერიოდს მოიცავს, ეს რგოლი ქვეყნის ერთიანობის გარანტია იქნება. ამიტომ, თუ პარლამენტში მისი მიღება გაგვიჭირდა, შეიძლება მოსაზრება მოსახლეობასაც დავეკითხოთ. საერთოდ მოსახლეობის აზრის გამოკითხვას ხშირად უნდა მივმართავდეთ. ეს არ არის რეფერენდუმი, ეს საზოგადოებრივი აზრის შესწავლაა, რომ ვიცოდეთ რას ფიქრობს ხალხი. ასეთი პრინციპი კარგად აქვთ დამუშავებული საზღვარგარეთ. სხვათა შორის, მეც, ამდენი ოპონენტები რომ მყავს, ალბათ, არ იქნებოდა ურიგო, მიმემართა მოსახლეობისათვის გამოთქვას თავისი აზრი.
რადიოკომენტატორმა სახელმწიფოს მეთაურს სთხოვა თავისი დამოკიდებულება გამოეხატა 26 მაისის მომავალი თარიღისადმი.
- მე მგონი, ხვალ გამოქვეყნდება ზოგიერთი ჩემი ნააზრევ-ნაფიქრალი ამ დღის გამო, რომელიც ისტორიულია ჩვენი დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში, - განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ, - ეს დღე უნდა აღინიშნოს, მიუხედავად იმისა, რომ საომარ ვითარებაში ვიმყოფებით, უკიდურესი ეკონომიკური მდგომარეობა გვაქვს და ბევრი ჩვენგანი სიდუხჭირის ზღვრამდეა მისული. მაგრამ, მდიდარი იქნება ის თუ ღარიბი, ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქისათვის ეს დღე ღირსსახსოვარი უნდა გახდეს. ამ დღეს მოხდება ჩვენი კანონიერი გასვლა ქუჩაში. მე ჯერ არ ვიცი, რა ფორმით ჩატარდება ღონისძიებანი - მიტინგებით თუ მსვლელობებით, მაგრამ ქუჩაში ყველა გამოვა. 26 მაისამდე ერთ კვირაზე ცოტა მეტი დარჩა, - განაგრძო ედუარდ შევარდნაძემ, - და მინდა მივმართო ყველა რანგის ხელმძღვანელს, ადგილებზეც და ცენტრშიც, მივმართო მთელ მოსახლეობას, რომ ამ დღის მარტო აღნიშვნა არ კმარა, საჭიროა წინასწარ წესრიგში მოვიყვანოთ ჩვენი ეზო-კარი, ჩვენი სოფლები, ჩვენი ქალაქები, რომ როგორც იტყვიან, თმადავარცხნილი შევხვდეთ ამ ისტორიულ დღეს. მე არ გამოვრიცხავ, რომ სახელმწიფოს მეთაურის რაიმე დოკუმენტიც გამოქვეყნდეს ამასთან დაკავშირებით. გადაწყვეტილი მაქვს, შევხვდე თავდაცვის მინისტრს გიორგი ყარყარაშვილს და შინაგან საქმეთა მინისტრს თეიმურაზ ხაჩიშვილს და მოველაპარაკო, რომ თუ მოვასწარით, იქნებ აღლუმიც ჩავატაროთ.
ინტერვიუს დასასრულს სახელმწიფოს მეთაურმა ისაუბრა მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის ახალი სპექტაკლ „ბახტრიონის“ შესახებ, რომელის პრემიერაც ახლახან გაიმართა და იგი მას დაესწრო. როცა მე ვთქვი, რომ ეს არის თანამედროვე, დღევანდელი დღის სპექტაკლი, მთელ სპექტაკლს ვგულისხმობდი და მათ შორის ფინალსაც, - თქვა ედუარდ შევარდნაძემ, - ყველაფერი ძალიან განვიცადე და დიდი ემოციური დატვირთვაც მივიღე. არა მგონია, იყოს ქართველი კაცი, რომელმაც წერა-კითხვა იცის და ვაჟა-ფშაველას არ იცნობდეს. მაგრამ მისი ყოველი ახალი წაკითხვა, ახალი აღმოჩენაა. ეს მართლაც შთამბეჭდავი სპექტაკლია, - განაგრძო მან, - ალბათ, შთაბეჭდილებას ისიც ამძაფრებს, რომ ჩვენი ყოველდღიური სინამდვილეც მასეთივეა. დღევანდელი ომით გაუბედურებულ ბევრ ოჯახში ვყოფილვარ (აფხაზეთში დაღუპულთა ოჯახებს ვგულისხმობ) და ალბათ, სპექტაკლის აღქმა ამიტომაც იყო მძაფრი. მე თეატრის კოლექტივს შევხვდი და მთავარ რეჟისორთან თემურ ჩხეიძესთან საუბარში ვთქვი, რომ, თუკი ჩვენს თეატრში ასეთი ძალუმი სუნთქვა იგრძნობა, ეს უკვე ჩვენი ეროვნული თვითშეგნების გამოვლინების ქვაკუთხედია. ეს პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე და მისი უმაღლესი გამოვლინება უპასუხებს ყოველივე იმას, რასაც დღეს ჩვენს სამშობლოში ვხედავთ, მათ შორის ღალატის პრობლემასაც... არ მინდოდა ასე დამემთავრებინა, მაგრამ ესეც არის.
საქართველოს პარლამენტის პრეს-ცენტრი.
ედუარდ შევარდნაძე: აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარება ახლა უფრო რეალურად მეჩვენება, ვიდრე 1992 წლის 3 სექტემბრის შემდეგ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ონიანი ნ. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 18 მაისი. - №101(645). - 1 გვ.
![]() |
80 მის აღმატებულებას ბატონ სულეიმან დემირელს თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს |
▲ზევით დაბრუნება |
თქვენო აღმატებულებავ,
მთელი საქართველო დიდი კმაყოფილებით და მოწონებით შეხვდა ცნობას, თქვენს - თურქი ხალხის სახელოვანი და ღირსეული შვილის, მსოფლიოში აღიარებული პოლიტიკური მოღვაწის, რესპუბლოკური თურქეთის უახლესი ისტორიის შორსმჭვრეტელი შემოქმედის თურქეთის რესპუბლიკის მეცხრე პრეზიდენტის არჩევის შესახებ.
ჩვენ ეს გულით გვწადდა, რაც არაერთხელ განვაცხადეთ ყველას გასაგონად და მეტად მოხარული ვართ, რომ ჩვენი მოლოდინი გამართლდა
ქართველი ერისა და პირადად ჩემი სახელით გულითადად გილოცავთ ამ დიდ აღიარებას და დარწმუნებული ვარ, რომ დღეიდან ახალი გაქანება მიეცემა ჩვენი ქვეყნების მეგობრობას, კეთილმეზობლობასა და ძმურ თანამშრომლობას, რაც ჩვენი ქვეყნების ხალხებს შორის თვისობრივად ახალი და თანასწორი ურთიერთობის მტკიცე საფუძველი იქნება, ჩვენ ერთად რომ ჩავუყარეთ საფუძველი დაუვიწყარი შეხვედრების დროს საქართველოსა და თურქეთში.
მჯერა, რომ ჩვენი მომავალი დიალოგი მშვენიერ ანკარაში ასეთივე მისწრაფებებით იქნება გამსჭვალული და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოსა და თურქეთის დაახლოებაში, მათი აღმავლობის, კეთილდღეობისა და სუვერენიტეტის განმტკიცებაში, რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობიანი, აღმშენებლობითი თანამშრომლობის სულისკვეთების დამკვიდრებაში.
ვსარგებლობ შემთხვევით და თქვენს აღმატებულებას, ბატონო პრეზიდენტო, ვუსურვებ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას, თქვენი ხელმძღვანელობით კი მეგობარ თურქ ხალხს მშვიდობასა და აყვავებას.
გულწრფელად თქვენი, ედუარდ შევარდნაძე,
საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის
თავმჯდომარე - სახელმწიფოს მეთაური.
მის აღმატებულებას ბატონ სულეიმან დემირელს თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 18 მაისი. - №101(645). - 1 გვ.
![]() |
81 ედუარდ შევარდნაძე: 26 მაისი - თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დიდი ეროვნული დღესასწაული |
▲ზევით დაბრუნება |
მოახლოვდა დიდი თარიღი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში - მიმდინარე წლის 26 მაისს სრულდება საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის 75 წლისთავი.
1918 წლის 26 მაისს ერის ისტორიულ დროთა გაწყვეტილი კავშირის, ერის მოშლილი სახელმწიფოებრიობის აღდგენის დიდი ნიშანსვეტია, ის თვისობრივად სრულიად ახალი ეტაპის დასაწყისია საქართველოს სახელმწიფოებრივ აღმშენებლობაში. დაიბადა ახალი ტიპის სახელმწიფო, აღსდგა არა ცარიზმის მიერ გაუქმებული, ერეკლე II-ისა და გიორგი XII-ის დროინდელი ფეოდალური, დამოუკიდებელ სამთავროებად დაქსაქსული ქართული სახელმწიფო, არამედ XX საუკუნის ევროპული ტიპის დემოკრატიული, ერთიანი სუვერენული ქვეყანა.
ასე გაერთიანებული, შეიძლება ითქვას, საქართველო არ ყოფილა დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის, გიორგი ბრწყინვალის შემდეგ, ხოლო საპარლამენტო, დემოკრატიული სახელმწიფო ის არასოდეს არ ყოფილა 1918 წლის 26 მაისამდე. ამიტომ ძნელია ჯეროვნად არ დავაფასოთ 1918 წლის 26 მაისის აქტის მნიშვნელობა საქართველოს ისტორიაში.
მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრივი ტრადიციის მქონე ჩვენმა სამშობლომ ამ აქტით თავი დააღწია უცხო ბიუროკრატიულ-დესპოტურ წყობას და მისთვის ბუნებრივი, დასავლური, ცივილიზებული განვითარების გზა აირჩია, ახალი ორიენტაცია აიღო, სახელმწიფოსა და სამართლის დარგში მსოფლიო მიღწევების ეროვნულ ნიადაგზე ათვისება იწყო.
1918 წლის 26 მაისმა გამოასწორა ის დიდი უსამართლობა, რამაც საქართველო ბუნებრივი ისტორიული განვითარების გზას საუკუნეზე მეტი ხნით ჩამოაშორა.
1918 წლის 26 მაისი - დროის სამ ისტორიულ სიბრტყეზე ძევს. ის ეკუთვნის წარსულს, თანამედროვეობას და მომავალს. წარსულს ის ამშვენებს, როგორც ქართველი ერის XX საუკუნეში ისტორიული კატასტროფისაგან ხსნის უკვდავი თარიღი, თანამედროვე ეტაპზე - მან დიდი ბიძგი მისცა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას, იმპერიის ნანგრევებზე ახალი, თანამედროვე ქართული სამართლებრივი სახელმწიფოს აღდგენას, მომავლისკენ კი ის დღეს ახალ გზებს კვალავს სახელმწიფოებრივ აღმშენებლობაში, ეკონომიკისა და კულტურის განვითარებაში, მსოფლიო ცივილიზაციის ახალ დონეზე ათვისებაში.
ერთმა მოაზროვნემ შესანიშნავად თქვა: წარსულის კვალი რჩება თანამედროვეობაში, მომავალს კი ფესვები აქვსო გადგმული აწმყოში. აწმყო შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მომავალისა. ლაიბნიცის ეს ფორმულა მოსწონდა ერის მამას - დიდ ილია ჭავჭავაძეს. ამ ფორმულაშია მრავალი ისტორიული მოვლენის გასაღები. ჩვენი აწმყოც წარსულმა შვა. ბრძოლა დამოუკიდებლობის აღდგენისათვის უკვდავი ეროვნული ენერგიის, მრავალ თაობათა ძალისხმევის შედეგი იყო. ეს ერთი თაობის ან ერთი პოლიტიკური პარტიის მონაპოვარი არ არის. ის ერის ისტორიის ლოგიკური განვითარების შედეგს წარმოადგენს.
თავისუფლებისა და სიცოცხლის ღირსი ის არის, ვინც ყოველდღე ამისთვის იბრძვისო, ამბობს ერთი ფილოსოფოსი და პოეტი. საქართველოს ისტორია ამის საოცარი დადასტურებაა. ქართველი ხალხის ბრძოლა თავისუფლებისათვის პრაქტიკულად მაშინვე დაიწყო, როგორც კი ჩვენი ქვეყანა ცარიზმის ორთავიანი არწივის კლანჭებში აღმოჩნდა. გავიხსენოთ ისტორია. ამა თუ იმ ქართული სამეფოსა თუ სამთავროს რუსეთთან შეერთების შემდეგ პირველი 10-12 წლის განმავლობაში, როგორც წესი, იქ აჯანყება ხდებოდა. მაგალითად მთიულეთში - 1804 წელს, კახეთში - 1812 წელს, იმერეთში - 1810-11 წწ. და 1820 წ., გურიაში - 1840 წ., სამეგრელოში - 1857 წ., აფხაზეთში - 1866-67 წწ. ასე იყო ყველა კუთხეში, ყველა რეგიონში.
ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის პირველი ეტაპის უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო, რა თქმა უნდა, 1832 წლის შეთქმულება. ეს თავისუფლებამოწყურებული ერის ისტორიულ თარიღთა ლამაზი თანავარსკვლავედია. არცერთ მათგანს უკვალოდ არ ჩაუვლია.
ეს თარიღებიც ამზადებდნენ 1918 წლის 26 მაისს.
XIX საუკუნის 60-იანი წლებიდან მოყოლებული, საგლეხო რეფორმის შემდეგ, კაპიტალისტური ეკონომიკის ჩამოყალიბებისა და ცარიზმის პოლიტიკური რეჟიმის შესუსტების კვალობაზე, ქართველთა პოლიტიკური და ეროვნული მოძრაობა სულ უფრო მეტ მასშტაბსა და გაქანებას იძენდა.
ერის მამები გამარჯვების გზას მხოლოდ აჯანყებებში არ ხედავდნენ.
დღევანდელ დემოკრატიულ, პლურალისტულ, მრავალპარტიულ საქართველოში ლოგიკურია გავიხსენოთ XIX საუკუნის სამოციანელების, თერგდალეულების, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ისტორიული როლი. ისინი რომ არა, გამთლიანებული ეროვნული ცნობიერება რომ არა, არც 1918 წლის 26 მაისი იქნებოდა.
დიდი ილიასა და მისი თანამებრძოლების მეცადინეობით ჩამოყალიბდა კერძო თუ საზოგადო ინიციატივაზე დამყარებული ისეთი ინსტიტუტები, რომლებიც სახელმწიფოს არმქონე ერის ცხოვრებაში თითქმის სახელმწიფო დაწესებულებათა ფუნქციას ასრულებდნენ. ასეთები იყო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, თბილისის საადგილმამულო ბანკი, საისტორიო საზოგადოება და ა.შ. მათი მეშვეობით ფაქტობრივად საქართველო, შეიძლება ითქვას, ერთგვარ ფარულ ავტონომიას ახორციელებდა. ეს საქართველოს ისტორიის მეტად საინტერესო თავისებურებაა.
ეს ეტაპიც ამზადებდა ისტორიულად 1918 წლის 26 მაისს.
ისტორია გამარტივებულად, ზედაპირულად, სქემატურად კი არ უნდა აღვიქვათ, არამედ მთელი თავისი პოლიტიკური, სოციალური, კულტურული მრავალფეროვნებით, წინააღმდეგობრიობით, სირთულითა და სიღრმით. უნდა ჩავწვდეთ ისტორიის სულს, მის შინაგან ლოგიკას და ყველას ობიექტურად მივუზღათ დამსახურებისამებრ.
მეტად საინტერესოა საქართველოს პოლიტიკურ მოძღვრებათა ისტორიისა და თანამედროვე პოლიტიკის თვალსაზრისით ქართული პოლიტიკური იდეის განვითარების ეტაპები, რომლებიც წინ უძღოდა 1918 წლის 26 მაისის ისტორიულ აქტს.
XX საუკუნის დამდეგს საზოგადოებრივ ასპარეზზე გამოსულპოლიტიკურ პარტიათა შორის, როგორც ცნობილია, წამყვანი ადგილი დაიჭირეს სოციალ-დემოკრატებმა, სოციალ-ფედერალისტებმა, და ეროვნულ-დემოკრატებმა.
ქართველ სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტიამ (ა. ჯორჯაძე, გ. ლასხიშვილი და სხვ.) 1903 წელს თავის ერთ-ერთ უმთავრეს საპროგრამო მიზნად გამოაცხადა, ფედერაციულ საწყისებზე მოწყობილ რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში საქართველოს ავტონომიის იდეა. მათი აზრით, ეს იმპერიის მიერ დარღვეული 1783 წლის ტრაქტატის მოქმედების აღდგენის ტოლფასი იქნებოდა.
ეს პოლიტიკური მოტივი კიდევ უფრო გაძლიერდა სოციალ-ფედერალიზმის წიაღში წარმოშობილი და 1917 წელს ცალკე პარტიად ჩამოყალიბებული ეროვნულ-დემოკრატიული მოძრაობის იდეოლოგიაში, რომელმაც რუსეთ-საქართველოს მომავალი სამართლებრივი ურთიერთობის საფუძვლად სწორედ ზემოთხსენებული ტრაქტატი მიიჩნია. ასე, ნაბიჯნაბიჯ მიიწევდა წინ XX საუკუნეში ქართული პოლიტიკური და სამართლებრივი აზრი ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბებისაკენ, თავისუფლებისაკენ, დამოუკიდებლობისაკენ.
ჩვენ ამ ფაქტს ხაზს ვუსვამთ იმიტომაც, რომ ყველა თანამედროვე პოლიტიკურმა პარტიამ იცოდეს - დღევანდელი საქართველოს ხელისუფლება, ერის მომავალი, ისტორია, არც ერთ პოლიტიკურ მოძრაობას არ დაუკარგავს თავის კონსტრუქციულ წვლილს თანამედროვე ქართული სახელმწიფოებრიობის აღმშენებლობაში. დესტრუქციულმა ოპოზიციამ კი სათანადო დასკვნები უნდა გამოიტანოს ისტორიის გაკვეთილებიდან.
1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ ქართული საზოგადოების წინაშე უკვე პრაქტიკულად დადგა საქართველოს სახელმწიფოებრიობის ამა თუ იმ ფორმით, თუნდაც ავტონომიის სახით აღდგენის საკითხი. ამჯერადაც ინიციატივა სოციალისტ-ფედერალისტებმა და ეროვნულ-დემოკრატებმა აიღეს ხელში. ეს უკანასკნელნი საქართველოს განთავისუფლების იმედებს იმხანად მიმდინარე მსოფლიო ომში გერმანია-ავსტრიის ბლოკის გამარჯვებას უკავშირებდნენ.
ამ ეტაპზე რუსეთზე ორიენტაცია ევროპაზე, კერძოდ გერმანიაზე ორიენტაციამ შეცვალა. ეს იყო ტაქტიკური სვლა, სტრატეგიული მიზანი კი კვლავ სახელმწიფოებრიობის, დამოუკიდებლობის, თავისუფლების აღდგენა იყო. ისიც უნდა შევნიშნოთ, რომ სტრატეგიული მიზანიც ახალი შინაარსით შეივსო - საქართველოს ავტონომიის ნაცვლად სრულიად დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის იდეა დადგა დღის წესრიგში.
არ შეიძლება XX საუკუნის დასასრულის ქართველმა პოლიტიკოსებმა არ მიაქციონ ყურადღება რეალიზმის იმ გრძნობას, რომელიც XX საუკუნის დასაწყისის ქართველ პოლიტიკოსებს ახასიათებდათ. რეალიზმის ეს გრძნობა რომ არა, ისინი ვერ გაიმარჯვებდნენ.
ისინი აკეთებდნენ იმას, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა. საქართველოს ყველაზე გავლენიან პარტიას - სოციალ-დემოკრატიულს (მენშევიკურს) თავისი განსხვავებული სტრატეგია და ტაქტიკა გააჩნდა. ქვეყნის ბედს ისინი მსოფლიო პროლეტარიატის ბედ-იღბალს უკავშირებდნენ, მაგრამ ისტორიულმა პროცესმა, ფრონტსა თუ ზურგში ვითარების შემდგომმა გაუარესებამ, ქართველი სოციალ-დემოკრატები საკუთარ სამშობლოში ვითარების ცოტად თუ ბევრად მაკონტროლებელი ერთიანი ავტორიტეტული პოლიტიკური ცენტრის შექმნის აუცილებლობის წინაშე დააყენა. 1917 წლის სექტემბერში სამივე წამყვანი პარტიის: სოციალ-დემოკრატების, სოციალ-ფედერალისტებისა და ეროვნულ-დემოკრატების წარმომადგენლებმა მოქმედების ერთიანი გეგმის შესამუშავებლად შექმნეს „ინტერპარტიული საბჭო“. ეს კრიზისულ პირობებში პარტიათა კონსენსუსის ისტორიული გაკვეთილია, საიდანაც დასკვნა თანამედროვე პარტიებმაც უნდა გააკეთონ. პარტიულ ინტერესებზე მაღლა ერის ინტერესები უნდა დავაყენოთ.
1917 წლის 25 ოქტომბრის გადატრიალებამ ყოფილი რუსეთის ტერიტორიაზე დამოუკიდებელი სახელმწიფოების შექმნის პროცესი დააჩქარა. დაუყოვნებლივ შეიცვალა საქართველოსა და ამიერკავკასიის პოლიტიკური ძალების სტრატეგია და ტაქტიკა. ეს მეტად საინტერესო გაკვეთილია შეცვლილ პოლიტიკურ ვითარებაზე სწორი რეაგირების თვალსაზრისით.
ამიერკავკასიის ანტიბოლშევიკურმა პარტიებმა შექმნეს ამიერკავკასიის კომისარიატი, როგორც ხელისუფლების დროებითი ორგანო და ყოველგვარი კავშირი გაწყვიტეს საბჭოთა რუსეთთან. გაერთიანებული ამიერკავკასიის მეშვეობით - ეროვნული დამოუკიდებლობისაკენ, ისტორიული ეტაპების გავლით, ასეთი იყო ჩანაფიქრი.
საქართველოს ინტერპარტიულმა საბჭომ 1917 წლის 19 ნოემბერს მოიწვია საქართველოს ეროვნული ყრილობა, რომლის მუშაობა 22 ნოემბერს ეროვნული საბჭოს არჩევით დაგვირგვინდა.
საქართველოს ეროვნულ საბჭოში წარმოდგენილი იყო იმდროინდალი საქართველოს ყველა მნიშვნელოვანი პოლიტიკური პარტია, აგრეთვე უპარტიოები. ეროვნულ საბჭოში არჩეული იყო 60 წევრი (მათ შორის 25 სოციალ-დემოკრატი).
ეროვნული საბჭო თავდაპირველად აღმასრულებელ-განმკარგულებელი ფუნქციებით იფარგლებოდა. ეს ორგანო იყო სრუალიად ახალი მოვლენა საქართველოს ისტორიაში.
ისტორია შიშველი ფაქტოლოგია როდია, მაგრამ ბევრ ისტორიულ ფაქტსა და თარიღს სიმბოლური, ყავლაგაუსვლელი მნიშვნელობა ენიჭება. საქართველოს ეროვნულ საბჭო აღმოჩნდა სწორედ ის ორგანო, რომელსაც ბედმა დიდი ისტორიული მისიის აღსრულება - 1918 წლის 26 მაისს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადება არგუნა.
1918 წლის 9 (22) აპრილს შექმნილი ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკა უდღეური გამოდგა. როგორც ერთი გაზეთი წერდა, დაიშალა ამიერკავკასიის „ბაბილონის გოდოლი“. დღეს, როცა კავკასიის რეგიონის ერთიანობასა და ისტორიულ მისიაზე ვლაპარაკობთ, წარსულის გაკვეთილები უნდა გვახსოვდეს, შეცდომები არ უნდა გავიმეოროთ. ჩვენ დღესაც გვინდა კავკასიისა და ამიერკავკასიის ხალხთა ერთიანობა, ოღონდ სულ სხვა საფუძველზე. ლაპარაკია დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოთა ცივილიზებულ თანამეგობრობაზე კავკასიის რეგიონსა და მსოფლიოში კეთილმეზობლურ და კეთილნაყოფიერ თანამეგობრობაზე - გაეროს, ჰელსინკის, ევროთათბირის პრინციპების საფუძველზე.
1917-1921 წლებში ამიერკავკასიაში რთული ისტორიული ვითარება შეიქმნა.
იმ ისტორიულ სიტუაციაში, რუსეთს ჩამოშორებულმა საქართველოს მმართველმა წრეებმა მთელი იმედი თურქეთის მოკავშირე, რუსეთთან მეომარ გერმანიაზე დაამყარეს. ამ ორიენტაციის მიზეზები და შეფასება ცალკე საუბრის თემაა. აქ მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ იმ პერიოდში - 1918 წლის გაზაფხულ-ზაფხულზე, ამ ორიენტაციამ უდავოდ გაამართლა. ეს სტრატეგია იმდროინდელ ქართველ პოლიტიკოსთა პრაგმატიზმისა და რეალიზმის მაჩვენებელი იყო, მაგრამ მას ტაქტიკური მანევრირების ფართო სპექტრი არ გააჩნდა და საბოლოო ჯამში მაინც საბედისწერო აღმოჩნდა.
დიდი იყო XX საუკუნის დასაწყისში გერმანიის როლი საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის, მშენებლობისა და დაცვის დარგში. 1918 წლის 28 მაისს, ახალფეხადგმულ სახელმწიფოს არსებობის მესამე დღეს, ფოთის პორტში, გერმანულ ხომალდ „მინა ჰორინზე“ ხელმოწერილ იქნა დროებითი შეთანხმება გერმანიასა და საქართველოს შორის, რაც ახალგაზრდა რესპუბლიკის პირველი საერთაშორისო შეთანხმება იყო და იმდროინდელ მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფოს მიერ მის დე-ფაქტო ცნობას ნიშნავდა.
ჩვენ გერმანიასთან დღესაც განსაკუთრებით კეთილნაყოფიერ ურთიერთობა გვაკავშირებს. ისტორიის გაკვეთილების დავიწყება არ შეიძლება.
შემდგომ პერიოდში საქართველოს საზღვრების დაცვისას, გერმანიის შეიარაღებულ ძალებს თვით თავის მოკავშირე თურქებთანაც კი მოუხდათ შეტაკება, რასაც გერმანელთა მხრივაც მოჰყვა მსხვერპლი.
აი, ასეთ ვითარებაში 1918 წლის 25 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასკომმა ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების აუცილებლობის შესახებ. აღმასკომმა დაავალა ამიერკავკასიის სეიმის სოციალ-დემოკრატიულ, არსებითად ქართულ ფრაქციას გაეტანა საკითხი სეიმის სხდომაზე ამიერკავკასიის ფედერაციის დაშლისა და სეიმის თვითლიკვიდაციის შესახებ. შეიქმნა კომისია საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის შესამუშავებლად. ნოე ჟორდანიას დაევალა სეიმის დაშლის შემდეგ მოეწვია ეროვნული საბჭოს სხდომა, რომელიც განიხილავდა და მიიღებდა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს. ეს სამივე გადაწყვეტილება შესრულდა მეორე დღეს, კვირას, 26 მაისს.
არის ისტორიაში დღეები და საათები, რომლებიც საუკუნეების საქმეს აკეთებენ, ერის ბედს წყვეტენ. ასეთი დღეები იდგა საქართველოში 1918 წლის 25-26 მაისს.
დამოუკიდებლობის აქტის შემმუშავებელი კომისია 25 მაისს ნაშუადღევს შეუდგა საქმეს. ნაშუაღამევს აღმასკომი იღებს დამოუკიდებლობის აქტის ნ. ჟორდანიასეულ რედაქციას. სადღეღამისო მუშაობის რეჟიმი ჰქონდათ შემუშავებლი საქართველოს პირველ ხელისუფლებას.
26 მაისის დღის პირველი ნახევარი ამიერკავკასიის სეიმის ბოლო სხდომამ დაიკავა. კამათი საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა. ბოლოს, მაინც, ხმათა დიდი უმრავლესობით, სეიმმა ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკა გაუქმებულად გამოაცხადა.
ამ მოვლენიდან საათ-ნახევრის შემდეგ, საღამოს 5 საათზე, იმავე დარბაზში ნოე ჟორდანიამ გახსნა საქართველოს ეროვნული საბჭოს ისტორიული სხდომა. მეტად საინტერესოა ამ ისტორიული საათებისა და მოვლენების ქრონიკა.
დამოუკიდებლობის აქტში, რომელიც საქართველოს ეროვნულმა საბჭომ 1918 წლის 26 მაისს მიიღო ნათქვამია:
„1. ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებიანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა.
2. დამოუკიდებელ საქართველოს პოლიტიკური ფორმა დემოკრატიული რესპუბლიკაა...“.
საქართველოს ეროვნულმა საბჭომ, რომელმაც დამოუკიდებლობის აქტი მიიღო, ქართველი ხალხის სრულ ნებას გამოხატავდა. მას მხარი დაუჭირა მთელმა საზოგადოებრიობამ, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ თუ საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ (გარდა ბოლშევიკებისა. მათ თავიანთი, განსხვავებული სტრატეგია და ტაქტიკა გააჩნდათ).
რევაზ გაბაშვილი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ცნობილი მოღვაწე, მწერალ ეკატერინე გაბაშვილის ვაჟი, წერდა: „ქართველი ხალხი... დიდი აღტაცებით შეხვდა დამოუკიდებელობის გამოცხადებას. როდესაც პარლამენტში ნოე ჟორდანიამ წაიკითხა დამოუკიდებლობის აქტი და მერე აივნიდან ხალხს გამოუცხადა... მთელი თბილისი... აღტაცებით ტაშს უკრავდა... იმ დღეს ვლასა მგელაძე გაიქცა მამადავითის ეკლესიაში, ზარები დარეკა და ილიასა და აკაკის საფლავებს ჩასძახა: გაიხარეთ, საქართველო დამოუკიდებლი გახდაო!..“. დამოუკიდებლობის აქტის ძალით საქართველო საერთაშორისო არენაზე აღიარებულ, სუვერენულ და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ იქცა.
1918 წლის დამოუკიდებლობის აქტმა შვა საქართველოს უზენაესი საბჭოს მიერ 1991 წლის 9 აპრილს მიღებული დამოუკიდებლობის აქტი. ამ ორი აქტის მემკვიდრეობითობა ცხადია. 1918 წლის დამოუკიდებლობის აქტის ბოლო, მეშვიდე მუხლში ნათქვამი იყო, რომ „დამფუძნებელი კრების მოწვევამდე მთელი საქართველოს მართვა-გამგეობის საქმეს უძღვება ეროვნული საბჭო, რომელიც შევსებული იქნება ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლებით და დროებითი მთავრობა, რომელიც პასუხისმგებელია საბჭოს წინაშე“. ქართველმა ერმა, იმ დღიდანვე, რა დღესაც მოიპოვა დამოუკიდებლობა და თავისუფლება, საქართველოში მცხოვრებ ეროვნულ უმცირესობათა თავისუფლებებზე და უფლებებზე დაიწყო ზრუნვა. და ეს მის პირველსავე სახელმწიფო დოკუმენტში აისახა.
დამოუკიდებლობის აქტის შესაბამისად მოხდა ეროვნული საბჭოს რეორგანიზაცია, გაუქმდა მისი აღმასკომი, გაფართოვდა შემადგენლობა. საბჭოს თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ნ. ჩხეიძე.
ეროვნული საბჭო აღმასრულებელ-განმკარგულებელი ორგანოდან საკანონმდებლო-მაკონტროლებელ ხელისუფლების ორგანოდ იქცა. მას დაევალა უცხო სახელმწიფოებთან დიპლომატიური კავშირის დამყარება, რესპუბლიკის საზღვრების დადგენა, ჯარის შექმნა, ბიუჯეტის დაწესება და სხვა.
1919 წლის მარტში, დამფუძნებელი კრების მოწვევამდე, ეროვნულმა საბჭომ, რომელსაც 1918 წლის 8 ოქტომბრიდან ოფიციალურად საქართველოს პარლამენტი ეწოდა, 128 კანონის მიღება მოასწრო. ეს კანონშემოქმედების იშვიათი ისტორიული ნიმუშია. ნუ გვიწყენს თანამედროვე პარლამენტი, თუ მას საქართველოს პირველი პარლამენტის ამ ისტორიულ გაკვეთილს მაგალითად მოვუყვანთ.
იმ დროიდან იწყება საქართველოში პარლამენტარიზმის ისტორია. დღევანდელი ჩვენი პარლამენტი იმ პირველი ქართული პარლამენტის მემკვიდრეა. იმ პარლამენტში აქვს გადგმული ისტორიული ფესვები ჩვენს უზენაეს, დემოკრატიულ საკანონმდებლო ორგანოს.
26 მაისს შეიქმნა საქართველოს რესპუბლიკის ისტორიაში პირველი დროებითი მთავრობა, რომელიც კოალიციურ საფუძველზე შეადგინა ცნობილმა პოლიტიკურმა მოღვაწემ, სოციალ-დემოკრატმა ნოე რამიშვილმა. სულ მალე, 24 ივნისს ნოე რამიშვილი მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე შეცვალა ნოე ჟორდანიამ.
26 მაისს დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე შექმნილი საქართველოს რესპუბლიკა იყო ჭეშმარიტად დემოკრატიული სახელმწიფო. მას ჰქონდა დამოუკიდებლობის ყველა ატრიბუტი და, მიუხედავად მძიმე საშინაო და საგარეო პირობებისა თავის ფუნქციებს ასრულებდა. დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა არ ითმენდა მის საქმეებში უცხო სახელმწიფოთა ჩარევას და შეძლებისდაგვარად ახერხებდა მის აღკვეთას. მაშინ ჩაეყარა საფუძველი დამოუკიდებელი საქართველოს საგარეო პოლიტიკის ფუძემდებლურ პრინციპებს. ბევრ მათგანს დღესაც არ დაუკარგავს თავისი მნიშვნელობა.
საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას ჰქონდა ჭეშმარიტად დემოკრატიული კონსტიტუცია. ეს იყო პირველი კონსტიტუცია საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში.
ეს კონსტიტუცია აღდგენილ იქნა 1992 წელს სამხედრო საბჭოს მიერ.
ახალი ქართული კონსტიტუცია, რომელიც ამჟამად მუშავდება, იმ პირველი ქართული კონსტიტუციის ახალი რედაქცია იქნება. ქართული კონსტიტუციონალიზმის ისტორია 1921 წლის პირველი ქართული კონსტიტუციით იწყება.
პირველ ქართულ კონსტიტუციას დღეს არა მარტო ისტორიული, არამედ პრაქტიკული დანიშნულებაც აქვს. მეორე წელია ის აწესრიგებს საქართველოს ახალი დამოუკიდებელი რესპუბლიკის სახელმწიფოებრივ აღმშენებლობას.
1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებელობის აქტის საფუძველზე შექმნილ საქართველოს სახელმწიფოს ჰყავდა თავისი შეიარაღებული ძალები: გვარდია და რეგულარული ჯარი, რომელებიც თავგანწირვით იბრძოდნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვისათვის, მისი ისტორიული საზღვრების აღდგენისათვის. იმ წლების სამხედრო მშენებლობის ისტორიულ გამოცოცხლებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოს შეიარაღებული ძალების, არმიისა და ფლოტის ფორმირებისათვის.
საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ქართული ენა ჭეშმარიტად სახელმწიფო ენად იქცა. მშობლიური ენის დარგში თანამედროვე საქართველოს პოლიტიკა იმ ისტორიული ეპოქის გამოცდილებასაც ითვალისწინებს. სწორედ მაშინ ჩაეყარა საფუძველი სკოლისა და სახელმწიფოს მმართველობის ორგანოთა გაეროვნულებას, ეროვნული ეკონომიკის განვითარებას, მოიჭრა ქართული ფული. ეს ისტორიული გამოცდილება დღესაც ფასდაუდებელი განძია.
დამოუკიდებელ საქართველოში მაღალ დონეზე იდგა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა. თანასწორად იყო უზრუნველყოფილი ყველა მოქალაქის სამოქალაქო თუ პოლიტიკური უფლებები, განურჩევლად ეროვნებისა, სარწმუნოებისა, სოციალური მდგომარეობისა, სქესისა და ა.შ.
საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ განვითარების თავისუფალი ასპარეზი მისცა მის ტერიტორიაზე მოსახლე ყველა ერს, გაუხსნა მათ ეროვნული სკოლები, პატივს სცემდა მათ ენებს. საკანონმდებლო ორგანოებში - საქართველოს ეროვნულ საბჭოში, შემდეგ კი დამფუძნებელ კრებაში არჩეული იყვნენ საქართველოში მცხოვრებ ეროვნებათა წარმომადგენლები - აფხაზები, ოსები, რუსები, სომხები, აზერბაიჯანელები, ებრაელები, ბერძნები, გერმანელები. საგულისხმოა, რომ თვით 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტს ქართველ პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწეებთან ერთად ხელს აწერენ საქართველოში მცხოვრებ ხალხთა სრულუფლებიანი წარმომადგენლებიც.
ჯერ კიდევ მაშინ, 1918-1921 წ.წ. ჩაეყარა საფუძველი საქართველოს სახელმწიფოს ეროვნულ პოლიტიკას, რომელიც მაშინდელი მსოფლიო ცივილიზაციის მონაპოვართა დონეზე იდგა.
დღევანდელი საქართველოს პოლიტიკა მცირერიცხოვან ერებთან ურთიერთობის დარგში იმ პოლიტიკის მემკვიდრეა, მისი სრულყოფისა და შემოქმედებითი განვითარების ნაყოფია.
1918-1921 წლებიდან იღებს ასევე სათავეს საქართველოს ეროვნულ-ტერიტორიული მოწყობის დღევანდელი მოდელი და, კერძოდ, მისი უმნიშვნელოვანესი ელემენტები - აფხაზეთისა და აჭარის (სამუსლიმანო საქართველოს) ავტონომიური რესპუბლიკები.
საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა ცნეს უცხოეთის სახელმწიფოებმა: თურქეთმა, გერმანიამ, არგენტინამ, ბელგიამ, საფრანგეთმა, ინგლისმა, იტალიამ, იაპონიამ, პოლონეთმა, ავსტრიამ, რუმინეთმა, მექსიკამ, და სხვებმა. საქართველოს ასეთი საერთაშორისო აღიარება იმითაც იყო განპირობებული, რომ 1920 წლის 7 მაისს თვით საბჭოთა რუსეთმა ცნო საქართველოს დამოუკიდებლობა.
26 მაისი იმ დროიდან საქართველოს უმთავრეს ეროვნულ დღესასწაულად იქცა და ყოველწლიურად ზეიმით, პარადებით, აღლუმებით, სახალხო სეირნობით აღინიშნებოდა.
ვითარება, სამწუხაროდ, მკვეთრად შეიცვალა 1921 წლის 25 თებერვლის შემდეგ, როცა ჩვენს ქვეყანაში, საგარეო ინტერვენციის გზით, საბჭოთა ხელისუფლება დამყარდა.
საბჭოთა საქართველოსა და საბჭოთა კავშირის კონსტიტუციის ყველა რედაქციის თანახმად, ჩვენი ქვეყანა ფორმალურად სუვერენულ სახელმწიფოს წარმოადგენდა, კავშირში ნებაყოფლობით იყო შესული და კავშირიდან „თავისუფალი“ გასვლის უფლებით სარგებლობდა. ამ ნიშნების, ამ რეალიების ისტორიული სათავე სწორედ 26 მაისს გამოცხადებულ დამოუკიდებლობაში უნდა ვეძიოთ.
იმპერიული ხელისუფლება საქართველოს (ისევე, როგორც სხვა მოკავშირე რესპუბლიკების) „სუვერენიტეტს“ განიხილავდა მხოლოდ როგორც უსიამოვნო ფორმალობას, რომლის სრული იურიდიული ლიკვიდაცია ტაქტიკური მოსაზრებით არ იყო მიზანშეწონილი, სსრ კავშირი, კონსტიტუციის თანახმად, „სუვერენულ სახელმწიფოთა ნებაყოფლობით კავშირად“ იწოდებოდა. სინამდვილეში კი მკაცრად ცენტრალიზებულ, უნიტარულ, ბიუროკრატიულ, დიქტატორულ სახელმწიფოს წარმოადგენდა.
ახალი სიცოცხლე შთაებერა 26 მაისის დღესასწაულს გარდაქმნის პერიოდში, კერძოდ, 1989-90 წლებში. ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ძალისხმევითა და საქართველოს იმდროინდელი ხელისუფლების ხელშეწყობით, ქართულმა საზოგადოებრიობამ, პირველად 65 წლის შემდეგ, ოფიციალურად აღნიშნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. განსაკუთრებით მასშტაბური იყო 1990 წლის 26 მაისის დღესასწაული, რომელიც ჩვენი ქვეყნის პრაქტიკულად ყველა კუთხეში, ხალხის დიდი აქტივობითა და ენთუზიაზმით ჩატარდა.
მოსახდენი მოხდა, იმპერია დაიშალა და დღეს დამოუკიდებელი საქართველო კვლავ მსოფლიოს თავისუფალ ერთა თანამეგობრობის სრულუფლებიანი წევრი, გაეროს, იუნესკოს, მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ და ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დედამიწის ხუთივე კონტინენტის 180-ზე მეტი ქვეყნის მიერ აღიარებული ხვდება თავის უმთავრეს ეროვნულ დღესასწაულს - 26 მაისს.
1918 წლის 26 მაისის იდეების მემკვიდრეა თანამედროვე საქართველოს დემოკრატიული სუვერენულ სახელმწიფო.
სახელმწიფო პოლიტიკის სფეროში ამის გამოვლინებაა, პირველ რიგში, სამართლებრივი დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა, 1921 წლის კონსტიტუციის აღდგენა და მისი ახალი რედაქციის შემუშავება, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა, სახელმწიფოსა და სამართლის დარგში მსოფლიო ცივილიზაციის მონაპოვართა ათვისება და ეროვნული სპეციფიკის გათვალისწინებით მათი შემოქმედებითი გამოყენება, პარლამენტარიზმის იდეებისა და დემოკრატიული ჰუმანური კანონშემოქმედების ერთგულება, საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებათა დამოუკიდებლობა და ურთიერთგაწონასწორება, საშინაო და საგარეო პოლიტიკის კონცეფცია, რომლის მთავარი მიზანია საქართველოს მატერიალური და სულიერი აღორძინება, აქტიური ნეიტრალიტეტი, სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის დაცვა და სხვა სახელმწიფოების საშინაო საქმეებში ჩაურევლობა, მსოფლიოს ყველა ქვეყანასთან მშვიდობიანი, ჰუმანური, ცივილიზებული თანამშრომლობა.
ეკონომიკის დარგში 1918 წლის 26 მაისის ისტორიული მემკვიდრეობითობის პრინციპი გულისხმობს სოციალურად ორიენტირებულ საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლას, ღრმა ეკონომიკური და ფინანსური რეფორმების, პრივატიზაციის განხორციელებას, კერძო სექტორის, კერძო ინიციატივის გაძლიერებას, ეროვნული ბაზრის თანამედროვე სტრუქტურებისა და ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებას, მსოფლიო ეკონომიკაში საქართველოს ეკონომიკის ეფექტიან ინტეგრაციას, ექსპორტისა და იმპორტის განვითარებას, უცხოური კაპიტალის მომგებიან დაბანდებას საქართველოში, საინვესტიციო პოლიტიკის მსოფლიო სტანდარტების დონეზე აყვანას, ფულად-საკრედიტო რეფორმას, სამანეთო ეკონომიკური ზონიდან ფაქტობრივად გასვლას, მიმდინარე ეტაპზე კუპონისა და მომდევნო ეტაპზე ქართული ფულის კურსის განმტკიცების, ინფლაციის დაძლევის, ფასწარმოქმნის საბაზრო და სხვა ეკონომიკური ბერკეტების გამოყენების გზით, აგროსამრეწველო კომპლექსის ძირფესვიანი გარდაქმნის, ფერმერთა მოძრაობის გაძლიერების, საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობათა სრულყოფის საფუძველზე და სხვა.
აუცილებელია თავისუფალი მეწარმეობისა და კომერციის განვითარება, წარმოების გამოცოცხლება, კრიზისის დაძლევა, ეკონომიკის სტაბილიზაცია და აღმავლობა, სათანადო ეკონომიკური, სოციალური, სამართლებრივი ბაზის შექმნა.
სოციალურ სფეროში 1918 წლის 26 მაისის იდეების ერთგულება და იმ იდეების შემოქმედებითი განვითარება გულისხმობს სუვერენული საქართველოს მოქალაქეთა სოციალური დაცვის მექანიზმის შექმნას და ამოქმედებას, დასაქმების რაციონალური პოლიტიკის განხორციელებას, ცხოვრების ხარისხის რეალურ გაუმჯობესებას, უმუშევართა, შრომისუნარდაკარგულთა, პენსიონერთა, სიღატაკის ზღვარს მიღმა მოხვედრილ სოციალურ ფენათა, მოსწავლეთა, სტუდენტთა, მრავალშვილიან ოჯახთა სოციალურად დაცვას, მსოფლიოს ცივილიზებული ქვეყნების გამოცდილების ათვისებას, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ფონდების შექმნის საფუძველზე.
აუცილებელია ფასების გათავისუფლება და ხელფასების პროპორციული ზრდა, საოჯახო ბიუჯეტების დაბალანსება, მოსახლეობის მსყიდველობითი უნარის ამაღლება, ჯერ მინიმალური სამომხმარებლო კალათის, ხოლო მომდევნო ეტაპზე - რაციონალური სამომხმარებლო კალათის დონეზე, მოსახლეობის უზრუნველყოფა კვების პროდუქტებით, სამედიცინო (ფიზიოლოგიური) ნორმების დონეზე.
საჭიროა განხორციელდეს განათლების, ჯანდაცვის, საპენსიო, სადაზღვევო, საბინაო-კომუნალური სისტემის რეფორმები.
გარდაუვალია უფასო განათლებისა და სამედიცინო დახმარების გვერდით ამ სფერობში ფასიანი სისტემის შემოღება, მაგრამ იმგვარად, რომ მცირე შემოსავლიანმა ფენებმა მიიღონ სათანადო კომპენსაციები სახელმწიფო და მუნიციპალური ბიუჯეტებიდან, საზოგადოებრივი ფონდებიდან და სხვა წყაროებიდან, თანაც იმ ანგარიშით, რომ ფასიანი განათლება და სამედიცინო დახმარება მათთვის ხელმისაწვდომი გახდეს, სოციალური მისამართი უნდა ჰქონდეს.
საჭიროა ვაუჩერიზაცია, რათა საპრივატიზაციოდ განკუთვნილი ობიექტების შეძენაში მონაწილეობის მიღება შეძლოს მთელმა მოსახლეობამ, - ვაუჩერებით აქციები შეიძინონ და კერძო მესაკუთრენი გახდნენ.
სოციალური დაცვის პოლიტიკა მარტო უმუშევართა, ხელმოკლეთა და ღარიბთა დაცვის პოლიტიკა, მოწყალების, ჰუმანიტარული დახმარების პოლიტიკა როდია. მისი ფილოსოფია უფრო რთულია. სახელმწიფო სოციალური დაცვის პოლიტიკის მთავარი მიზანია სახელმწიფოსა და საზოგადოების სოციალური სტაბილურობა, თავისუფალი მეწარმეობისა და კომერციისათვის საიმედო პირობების შექმნა. ამიტომ სოციალური დაცვის პოლიტიკა იცავს არა მარტო ხელმოკლეს, ღარიბს და ღატაკს, არამედ მილიონერს, ბიზნესმენს, ფერმერს, მენეჯერს, დილერს, ყველას, ვინც მონაწილეობს მატერიალურ და სულიერ ღირებულებათა შექმნაში, ეროვნული შემოსავლის წარმოებაში, ამიტომ სოციალური დაცვის პოლიტიკის განხორციელებისათვის საჭირო საზოგადოებრივი ფონდების შექმნაში აქტიური მონაწილეობა მიიღოს ყველა ბიზნესმენმა, ყველა ფერმერმა, რადგანაც სოციალური პოლიტიკა მათ კეთილდღეობასაც ემსახურება, ის ქმნის წარმოებისათვის საჭირო პოლიტიკურ და სოციალურ გარემოს და ეკონომიკურ სივრცეს.
საჭიროა მოქალაქეთა სოციალური დაცვის სრულყოფის მიზნით შემბანკის სისტემის რეფორმა. პირველ ეტაპზე, ისევე, როგორც მრავალ სხვა ქვეყანაში (რუსეთში, უკრაინაში და ა.შ.), უნდა მოხდეს მოქალაქეთა ანაბრების ინდექსაცია, კომპენსირება ანაბრების ინფლაციისაგან დაცვის მიზნით, მომდევნო ეტეპზე - შემბანკის მთელი სისტემის თუ არა, ნაწილის აქციონირება, მეანაბრეების აქციონერებად გადაქცევა შესაბამისი შემოსავლებით. ეს საჭიროა ფულის მიმოქცევის ტემპების დასაჩქარებლად და კუპონისა და მომდევნო ეტაპზე ქართული ფულის კურსის განსამტკიცებლად, იმავე დროს ღონისძიება არსებითად ასწევს მოსახლეობის მსყიდველობით უნარს და გამოაცოცხლებს წარმოებას.
კულტურის დარგში 1918 წლის 26 მაისის იდეების ერთგულება ნიშნავს - ქართული გენის, საქართველოს ისტორიის, ქართული მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების აყვავებასა და განვითარებას, მატერიალური და სულიერი კულტურის ძეგლების შესწავლას, რესტავრაციას, დაცვას, შემოქმედების, მეცნიერული კვლევის, სამეცნიერო და სასწავლო ცენტრების თავისუფლებას, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის, თბილისის უნივერსიტეტის, სხვა აკადემიათა და უნივერსიტეტთა, სასწავლო სამეცნიერო ცენტრთა განვითარებას მსოფლიო ცივილიზაციის მიღწევათა დონეზე, სტუდენტთა, ასპირანტთა, მეცნიერთა გაცვლას ამერიკის, ევროპის, დანარჩენი მსოფლიოს უდიდეს სამეცნიერო და სასწავლო ცენტრებთან, ქართველ მეცნიერთა შრომების ინტენსიურად გამოცემას უცხოეთში, ქართული ლიტერატურის, თეატრის, კინოს, მუსიკის, სახვითი ხელოვნების, არქიტექტურის, დიზაინის რენესანსს, მხატვრულ ღირებულებათა ფართოდ გატანას მსოფლიო არენაზე, ზრუნვას ქართულ წიგნსა და სტამბაზე, უმაღლესი და საშუალო სკოლის სახელმძღვანელოების შექმნასა და გამოცემაზე, პრესის, რადიოს, ტელევიზიის, მასობრივი კომუნიკაციის საშუალებათა განვითარებას.
ნიშანდობლივია, რომ დიდი კრიზისის ჟამს შეიქმნა ქართული კულტურის ხსნის კომიტეტი.
ერმა უნდა იხსნას კულტურა, კულტურამ უნდა იხსნას ერი.
საქართველოს სახელმწიფო ზრუნავს მის ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა ერის ენის, განათლებისა და კულტურის განვითარებისათვის, ეროვნულ უმცირესობათა უფლებების დასაცავად. ეს კონცეფციაც 1918 წლის 26 მაისის იდეების სულისკვეთებას შეესაბამება.
სულიერი ცხოვრების, რელიგიის დარგში 1918 წლის 26 მაისის იდეების ერთგულება გულისხმობს სახელმწიფოსა და რელიგიის კონსენსუსს, ერთობლივ ზრუნვას ქრისტიანული და არა მარტო ქრისტიანული რელიგიის, ქრისტიანული მორალისა და ღირებულებების აღორძინებისათვის.
ცნობილია ქართული ტოლერანტიზმი, ოდინდელი ისტორიული ტრადიცია - თბილისსა და სრულიად საქართველოში სხვა რელიგიათა შეწყნარება და პატივისცემა.
ჩვენ პატივის ვცემთ ყველა რელიგიას, ყველა კონფესიის წარმომადგენელს.
შემთხვევითი არ არის, რომ 1918 წლის 26 მაისს აღნიშნავენ საქართველოს ქრისტიანულ, მართლმადიდებლურ და კათოლიკურ ტაძრებშიც, მაჰმადიანურ მეჩეთებშიც, იუდაისტურ სინაგოგებშიც... ამ ტრადიციებს უნდა გავუფრთხილდეთ.
ჩვენ დღეს კრიზისული განვითარების ეპოქაში ვცხოვრობთ. ასეთი მდგომარეობაა იმპერიის ნანგრევებზე აღმოცენებულ ყველა ქვეყანაში, მთელ ევრაზიულ სივრცეში.
ფილოსოფოსი და ეკონომისტი ადამ სმიტი ამბობდა, რომ ერის კეთილდღეობისათვის საკმარისია სამი რამ: მშვიდობა, მცირე გადასახადი და ლიბერალური ხელისუფლება.
საქართველოში დღეს გვაქვს ლიბერალური ლეგიტიმური ხელისუფლებაც, მცირე გადასახადებიც, ოღონდ ეგ არის - არ სუფევს მშვიდობა საქართველოს მიწაზე და ეს ამწვავებს საერთო კრიზისს.
სამწუხაროდ, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის სამოცდამეთხუთმეტე წლისთავს ომის პირობებში ვხვდებით. ძმათამკვლელ შეტაკებებში იღუპებიან ჩვენი თანამემამულენი, - ქართველები, აფხაზები, სხვა ეროვნებათა წარმომადგენელები.
საქართველოსა და რუსეთის მეთაურთა ამასწინდელმა უმაღლესი დონის მოსკოვის შეხვედრამ აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების სერიოზული სახელმწიფოებრივი პროგრამა შეიმუშავა. იმედი გვაქვს, რომ აფხაზეთში მალე დამკვიდრდება ნანატრი მშვიდობა.
გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ყველა დაღუპულის ჭირისუფალთ. კონფლიქტის ზონაში მყოფ არმიას კი ვუსურვებ მხნეობას, ჯანმრთელობას, გამარჯვებას.
მინდა მივმართო ჩვენს მოძმე აფხაზ ხალხს და კიდევ ერთხელ განვუცხადო, რომ დამოუკიდებელ, ერთიან საქართველოში დაცული იქნება მისი პოლიტიკური, ეროვნული, ადამიანური უფლებები და ინტერესები.
ჩაქრობის ფაზაშია ქართველთა და ოსთა კონფლიქტი. იმედი მაქვს, რომ ეს სასიკეთო პროცესი ბოლომდე განვითარდება და ცხოვრების ნორმალური რიტმის აღდგენით დაგვირგვინდება. საამისოდ ყველაფერს აკეთებს საქართველოს ხელისუფლება. ის საქართველოში მცხოვრებ ყველა ეროვნულ უმცირესობაზე ზრუნავს.
შარშან 11 ოქტომბერს საქართველომ ერთხელ და სამუდამოდ გააკეთა ისტორიული არჩევანი, გეზი აიღო დემოკრატიისა და თავისუფლების სამუდამოდ დამკვიდრებისაკენ. შეიქმნა ეროვნული პარლამენტი, რომელშიც საზოგადოების სრული პოლიტიკური სპექტრი ღირსეულად არის წარმოდგენილი. პარლამენტი არა მხოლოდ ქართველმა ხალხმა, საქართველოს მთელმა მოსახლეობამ, ყველა ეროვნულმა უმცირესობამ აირჩია. ეს იყო პირველი დიდი ნაბიჯი დემოკრატიზაციის გზაზე. ეს იყო ხელისუფლების სრული ლეგიტიმიზაცია.
მეორე დიდი ნაბიჯი იქნება ახალი კონსტიტუციის მიღება. მისი უმთავრესი პრინციპები, იდეები, როგორც აღვნიშნეთ, ესიტყვება 1921 წლის კონსტიტუციის უმთავრეს პრინციპებსა და იდეებს, თუმცა პრაქტიკულად ეს ახალი ძირითადი კანონი იქნება.
ამ დღეებში მე შევთავაზებ პარლამენტს, მიიღოს გადაწყვეტილება, რომ კონსტიტუციის შემმუშავებელ კომისიასთან ერთად შეიქმნას საქართველოს ახალი სახელმწიფოებრივი სიმბოლიკის - დროშის, გერბის, ჰიმნის - თაობაზე წინადადებათა შემმუშავებელ კომისია.
ჩვენს პარლამენტს უკვე აქვს უდავო მიღწევები. გავიხსენოთ, თუნდაც, ახლადმიღებული მოქალაქეობის კანონი, რომელიც საერთაშორისო იურიდიული და დემოკრატიული სტანდარტების დონეზეა შექმნილი.
ჩვენი სახელმწიფოს ყველა მოქალაქეს სრულიად თანაბარი უფლებები და მოვალეობები დაუმკვიდრდა. არ არსებობს არავითარი დისკრიმინაცია. აქ ჩვენი წინაპრების ღირსეული მემკვიდრეები ვართ. ამიერიდან შექმნილია სამართლებრივი ბაზა საყოველთაო თანასწორუფლებიანობისათვის, ჰარმონიული საზოგადოების აშენებისათვის.
1918-21 წლებისაგან განსხვავებით, დღეს მსოფლიოში მიმდინარე ისტორიულმა პროცესებმა საქართველო საერთაშორისო პოლიტიკის სრულფასოვან სუბიექტად აქცია. იკვეთება ჩვენი ადგილი ცივილიზებულ ერთა თანამეგობრობაში. შორს არ არის ის დრო, როცა ქართულ მიწაზე მშვიდობა დამყარდება, ცა გადაიწმინდება.
ახლა მთავარია ყველამ ვიპოვოთ ჩვენი ადგილი ეროვნული სახელმწიფოს მშენებლობაში. დღეს ყველა მოქალაქე უნდა შრომობდეს, იღვწოდეს უკეთესი მერმისისათვის. სახელმწიფო საიმედოდ იცავს მათ დემოკრატიულ უფლებებს.
1991-92 წწ. დეკემბერ-იანვრის ისტორიული მოვლენები 1918 წლის 26 მაისის იდეების, დემოკრატიის და თავისუფლების იდეების დაცვა იყო დიქტატურისა და მოსალოდნელი ტირანიისაგან.
ქართველმა ხალხმა, ეროვნულმა მოძრაობამ, ჩვენმა სახელოვანმა ინტელიგენციამ, ახალგაზრდობამ, სტუდენტობამ, ქართველმა ქალებმა, პოლიტიკურმა პარტიებმა და მოძრაობებმა, მამულიშვილებმა გააკეთეს ისტორიული არჩევანი: დემოკრატიის და თავისუფლების სასარგებლოდ ზურგი აქციეს დიქტატურისა და ტირანიის გზას.
1992 წლის 11 ოქტომბერს ხალხმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი არჩევანი და ურყევი საფუძველი ჩაუყარა დემოკრატიული, თავისუფალი, დამოუკიდებელი საქართველოს მშენებლობას.
1992 წლის 11 ოქტომბერი 1918 წლის 26 მაისის მემკვიდრეა.
გადაუჭარბებლად ვამბობ, დღევანდელი საქართველოს თითოეული მოქალაქე ისტორიული პიროვნებაა, თითოეულს დღეს ისტორიული მისია აკისრია, რამეთუ სწორედ ახლა იწყება საქართველოს ჭეშმარიტი აღორძინება, ახლა ეყრება საძირკველი ჩვენს მომავალ სახელმწიფოებრივ, მატერიალურ და სულიერ ძლიერებასა და კეთილდღეობას. ეს ფაქტი ყველამ უნდა გაიცნობიეროს.
ქართველების ბედი ქართველთა ხელშია.
მივესალმები იმ ფაქტს, რომ 26 მაისის დღესასწაულის აღსანიშნავად ამ რთულ ვითარებაში დიდი მონდომებით ემზადება მთელი ჩვენი საზოგადოებრიობა.
ჩვენს ხალხს დღეს ყველაზე მეტად სჭირდება კონსენსუსი, შერიგება, შეკავშირება, სწორედ ამ საზეიმო დღეებში უნდა გავუწოდოთ ხელი ერთმანეთს.
საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის სამოცდამეთხთმეტე წლისთავი საყოველთაო კონსოლიდაციის ნიშნით უნდა აღინიშნოს.
მე მივმართავ მშრომელებს, ბიზნესმენებს, მეწარმეებს, ფერმერებს, ჩვენს სახელოვან ინტელიგენციას, პოლიტიკურ პარტიებსა და მოძრაობებს, მოსწავლე და სტუდენტ ახალგაზრდობას, ომისა და შრომის ვეტერანებს, საქართველოს ქალებს, დედებს, დებს, - ვიბრძოლოთ ეროვნული ცნობიერების გამთლიანებისათვის, შევქმნათ ეკონომიკურად და სულიერად ძლიერი საქართველო, ახალი საზოგადოება!
პოლიტიკურ პარტიებად, სხვადასხვა პლატფორმის ოპოზიციებად დაყოფილი ერი უნდა გაერთიანდეს. ეროვნულ-განმათავისუფლებელმა მოძრაობამ აღმშენებლობით ეტაპზე ახალი, პროგრესული, ეროვნული საქმეები უნდა აკეთოს.
ჩემთვის ცნობილია, რომ საქართველოში, მათ შორის მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში, უნივერსიტეტებში, სასწავლებლებში დაგეგმილია 26 მაისისადმი მიძღვნილი მრავალი პოლიტიკური, თეორიული და პრაქტიკული ღონისძიება. პრესაში, რადიოთი, ტელევიზიით გამოვლენ ჩვენი თვალსაჩინო მეცნიერები, მწერლები, ხელოვნების მოღვაწეები ბიზნესმენები, კომერსანტები, რომლებიც გამოთქვამენ თავიანთ მოსაზრებებს დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობის თაობაზე. ჩვენს დღეში მყოფ ერს მხოლოდ ინტელექტუალური ძალების, ერის სულიერი ენერგიისა და მატერიალური რესურსების სრული მობილიზება გადაარჩენს.
ძალიან ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი, მაგრამ უმნიშვნელოვანეს საკითხად მე გამოვყოფდი ძლიერი, ერთიანი არმიისა და ფლოტის, სასაზღვრო ჯერების შექმნის პრობლემას. შეიარაღებული ძალები 26 მაისის იდეების ერთგულნი არიან - ისინი ჩვენი თავისუფლების, დემოკრატიის, დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის დაცვის გარანტს წარმოადგენენ.
მწამს, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე, შეძლებისამებრ შეიტანს თავის წვლილს ამ საშვილიშვილო საქმეში, დაეხმარება თავდაცვის ფონდს.
საჭიროა საქართველოში დემოკრატიული წესრიგის განმტკიცება. ეს პრობლემათა პრობლემაა, უნდა დავძლიოთ კრიზისი, ანარქია და ქაოსი. ბრძოლა გამოვუცხადოთ ფარულ ეკონომიკას, რეკეტს, პოლიტიკურ და ეკონომიკურ მაფიას, ყველგან და ყველაფერში - მხოლოდ კანონი და კანონიერება! აი ეს არის ჩვენი კრედო!
ქართველი ერი მუდამ იყო განთქმული თავისი ზნეობით. რაოდენ მწარეც უნდა იყოს იმის აღიარება, უკანასკნელ ხანს ამ მხრივაც გაგვიჩნდა პრობლემები.
ქართული და საკაცობრიო მორალი უნდა წარმოადგენდეს ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი თავისუფლებისა და დემოკრატიის ბურჯსა და ქვაკუთხედს.
ახალი დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა ჩვენ დავიწყეთ საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე დაყრდნობით, მსოფლიო ცივილიზაციის მიღწევათა გათვალისწინებით და წინ წავალთ დემოკრატიისა და თავისუფლების გზით. XX საუკუნის დასასრულისათვის საქართველო იქნება აყვავების გზაზე დამდგარი ქვეყანა.
26 მაისს აღნიშნავს მთელი ქართველი ხალხი, საქართველოს ყველა ეროვნების მოქალაქე, ყველა სოფელი, ყველა დაბა, ყველა ქალაქი, ყველა საკრებულო, გამგეობა, მერია, ყველა პოლიტიკური პარტია და მოძრაობა, ყველა რეგიონი და ავტონომიური ფორმირება, პარლამენტი, მთავრობა, სახელმწიფო, მთელი საზოგადოება, რადგანაც ეს დღე არის თავისუფლების, დემოკრატიისა და დამოუკიდებლობის ეროვნული და ისტორიული ზეიმი.
ვულოცავ სრულიად საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ისტორიულ დღესასწაულს - 26 მაისს და ვუსურვებ ქართველ ხალხს, საქართველოს ყველა მოქალაქეს დიდ წარმატებას, ბედნიერებას, გამარჯვებას, წინსვლას, სრულფასოვან მატერიალურ და სულიერ ცხოვრებას.
ჩვენ მრავალტანჯული, მაგრამ მაინც ბედნიერი თაობები ვართ - ჩვენ XX და XXI საუკუნისა და მეორე და მესამე ათასწლეულების მიჯნაზე საფუძველს ვუყრით ახალ, დემოკრატიულ, თავისუფალ და სუვერენულ საქართველოს, რომლითაც საუკუნეებსა და ათასწლეულებში იამაყებს მადლიერი შთამომავლობა. ამ რწმენით აღვნიშნავთ დიდ ისტორიულ და ეროვნულ თარიღს - 26 მაისს!
ედუარდ შევარდნაძე: 26 მაისი - თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დიდი ეროვნული დღესასწაული // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 18 მაისი. - №101(645). - 1,2,3 გვ.
![]() |
82 26 მაისის - საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის დღის აღსანიშნავი ღონისძიებების მომზადებისა და ჩატარების შესახებ |
▲ზევით დაბრუნება |
1918 წლის 26 მაისი სრულიად ახალი ეტაპის დასაწყისია საქართველოს სახელმწიფოებრივ აღმშენებლობაში. ამ დღეს მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრივი ტრადიციის მქონე საქართველო დემოკრატიული განვითარების გზას დაადგა - იგი სუვერენულ უფლებათა მატარტებელ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ იქცა.
საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის 75 წლისთავთან დაკავშირებით:
1. მიზანშეწონილად ჩაითვალოს რესპუბლიკაში 26 მაისის - საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის დღის საზეიმოდ აღნიშვნა ავტონომიურ რესპუბლიკებში, ქალაქებში, რაიონებსა და სოფლებში.
2. მოწონებულ იქნეს ქ. თბილისის მერიისა და საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვისა და კულტურის სამინისტროების მიერ 26 მაისის აღსანიშნავად ჩასატარებელ ღონისძიებათა პროგრამა.
3. 1993 წლის 26 მაისს 12 საათზე ქ. თბილისში რესპუბლიკის მოედანზე ჩატარდეს სამხედრო აღლუმი. აღლუმის მომზადება და ჩატარება უზრუნველყონ საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებმა, ქ. თბილისის მერიამ.
4. მოწონებულ იქნეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სხვა სამეცნიერო, კულტურული და სასწავლო დაწესებულებების გეგმები საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის დღის - 26 მაისის ისტორიული მნიშვნელობის წარმოჩენისა და სახელმწიფოებრივი მშენებლობის თანამედროვე ეტაპზე მისი ახლებური გააზრების მიზნით კონფერენციების, სემინარების და სხვა ღონისძიებათა ჩატარების შესახებ.
ე. შევარდნაძე.
26 მაისის - საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის დღის აღსანიშნავი ღონისძიებების მომზადებისა და ჩატარების შესახებ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 20 მაისი. - №103(647). - 1 გვ.
![]() |
83 დღევანდელი დღე ქართველებსა და აფხაზებს აძლევს ისტორიულ შანსს - თავი დააღწიონ კატასტროფას! |
▲ზევით დაბრუნება |
1993 წლის 20 მაისს აფხაზეთში ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის - სახელმწიფო მეთაურის განცხადება
ჩემსა და რუსეთის პრეზიდენტს შორის ამა წლის 14 მაისს მიღწეულ მორიგებათა შესაბამისად, მე გავეცი ბრძანება საქართველოს ჯარებისადმი შეეწყვიტათ ცეცხლი აფხაზეთში 1993 წლის 20 მაისის 9 საათიდან, რაც შეთანხმებული იყო აფხაზეთის თავდაცვის საბჭოსთან სოხუმში. მე მივესალმები გუდაუთის ხელმძღვანელობის მიერ გადადგმულ ანალოგიურ ნაბიჯს და ვიმედოვნებ, რომ ეს ბრძანებები განუხრელად შესრულდება.
ამჟამად, როგორც ეს დათქმული იყო პრეზიდენტ ბორის ელცინთან, ჩვენი პირადი წარმომადგენლები აწარმოებენ მოლაპარაკებას საჭირო პირობებისა და მორიგებათა უზრუნველსაყოფად, რომლებმაც ბოლო უნდა მოუღონ ძმათამკვლელ ომს აფხაზეთში.
აღსანიშნავია ისიც, რომ სწორედ დღეს საქართველოში ჩამოდის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის სპეციალური პირადი წარმომადგენელი, რომელიც უფლებამოსილია ჩაებას აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგების პროცესში.
თითოეული მხარის ხელმძღვანელები ვალდებული არიან უზრუნველყონ ცეცხლის შეწყვეტის პირობების დაცვა. საქართველოს მხრივ ამის გარანტად გამოვდივარ მე და ვკისრულობ ვალდებულებას მოვითხოვო მისი კატეგორიული დაცვა და მოლაპარაკების ნორმალური მიმდინერეობის უზრუნველყოფა. რუსეთის მხრივ ამის გარანტად გამოდის პრეზიდენტი. ჩვენ ორივე ვიმედოვნებთ, რომ გუდაუთის ხელმძღვანელობა აგრეთვე უზრუნველყოფს საიმედო გარანტიებს.
დღევანდელი დღე ქართველებსა და აფხაზებს აძლევს ისტორიულ შანსს თავი დააღწიონ კატასტროფას, რომელსაც სულ უფრო აშკარად გვიქადის ეს ომი. თუ ჩვენ სრულად არ გამოვიყენებთ ამ შანსს, მისი კატასტროფული შედეგები მარტო ჩვენი ხალხების ბედზე როდი მოახდენს გავლენას.
დღეს სწორედ ის დღეა, როცა უნდა დაიწყოს მათი ერთობლივი სვლა მშვიდობისაკენ.
დღეს სწორედ ის დღეა, როცა ფრონტის ხაზის ორივე მხარეს ჩამოვარდნილ სიჩუმეში ყველას გასაგონად უნდა ითქვას: არა აქვთ ქართველებსა და აფხაზებს ისეთი პრობლემები, რომელთა გადაჭრაც არ შეიძლებოდეს მშვიდობიანი დიალოგით. ქართველთა მხარე მისი უმაღლესი წარმომადგენლების სახით მზად არის დაიწყოს სერიოზული დიალოგი იმის შესახებ, თუ როგორ ვიცხოვროთ შემდგომ. დიახ, ვიცხოვროთ და არ ვიხოცებოდეთ, სისხლისგან ვიცლებოდეთ, საეჭვოდ ვხდიდეთ თვით ჩვენი ეთნოსების არსებობას.
მე მინდა ვისარგებლო ჩამოვარდნილი სიჩუმით აგრეთვე იმისათვისაც, რომ ვუთხრა ორივე მხარის მებრძოლებსა და მშვიდობიან მოქალაქეებს: ამ ომში ბევრი სისხლი დაიღვარა, ორივე ხალხმა თავისი საუკეთესო შვილები დაკარგა, დაობლდა ასობით ოჯახი. ჩემთვის გასაგებია შურისგების გრძნობა, რომელიც ბევრ ქართველსა და აფხაზს დაეუფლა, მაგრამ, რაოდენ ძნელიც უნდა იყოს, - ჩვენ მოვალენი ვართ ამაზე მაღლა დავდგეთ და ერთად დავიწყოთ მშვიდობის შენება. სხვა გზა ჩვენ არა გვაქვს. არ არის და არც შეიძლება იყოს აფხაზეთი აფხაზთა და ქართველთა მშვიდობიანი თანცხოვრების გარეშე, როგორც არ შეიძლება იყოს საქართველო მისი განუყოფელი ნაწილის - აფხაზეთის გარეშე.
ყველასთან ერთად, ვისაც ძალუძს ხელი შეუწყოს ცეცხლის შეწყვეტას და მშვიდობიანი დიალოგის დაწყებას, მეც მადლობას მოვახსენებ მსოფლიო გაერთიანებასა და საერთაშორისო საზოგადოებრიობას ჩვენი და პრეზიდენტ ელცინის ინიციატივის მხარდაჭერისათვის.
ედუარდ შევარდნაძე.
1993 წლის 20 მაისი.
დღევანდელი დღე ქართველებსა და აფხაზებს აძლევს ისტორიულ შანსს - თავი დააღწიონ კატასტროფას! : 1993 წლის 20 მაისს აფხაზეთში ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის - სახელმწიფოს მეთაურის განცხადება // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 21 მაისი. - №104(648). - 1 გვ.
![]() |
84 ედუარდ შევარდნაძე: ვიღაცას ძალიან სურს დესტაბილიზაციის ტალღა ააგოროს, ხალხი კი დაიღალა და წესრიგს მოითხოვს, რომ შვებით მაინც ამოისუნთქოს |
▲ზევით დაბრუნება |
24 მაისის რადიოინტერვიუ
- გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის პირადი წარმომადგენლის ედუარდ ბრუნერის და რუსეთის პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის ბორის პასტუხოვის ვიზიტები აფხაზეთში ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო იყო, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომერემ - სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ საქართველოს რადიოს კომენტატორ ნატო ონიანთან გამართულ თავის ტრადიციულ რადიოინტერვიუში. - პასტუხოვს შეხვედრები ჰქონდა სოხუმში, და მისი პროგრამა საკმაოდ დატვირთული იყო. მან ასევე საუბრები გამართა გუდაუთის ხელმძღვანელობასთანაც. როგორც ვიცი, მისი იქაური დიალოგიც საკმაოდ კონკრეტული იყო და ბევრი რამ გაარკვია. რაც შეეხება გაეროს მისიას, ასეთი მაღალი დონის და ასეთი დიდი რწმუნების მისია ჩვენთან პირველად არის ჩამოსული და, როგორც ჩემი კოლეგების მოხსენებებიდან ვიცი, სოხუმშიც და გუდაუთაშიც მას ძალიან სასარგებლო შეხვედრები ჰქონდა, თუმცა რაიმე შედეგებზე ლაპარაკი ჯერ ადრეა. ხვალ მე შევხვდები ამ დელეგაციას და გვექნება კონკრეტული საუბარი, - თქვა ედუარდ შევარდნაძემ და დასძინა, რომ - სამწუხაროდ, აფხაზეთის ირგვლივ დაწყებულ ამ საუბრებისადმი მაინც არსებობს გარკვეული სკეპტიციზმი, რადგან ადრე გამართული საუბრები და შეთანხმებები მაინცდამაინც ვერ იძლევა ოპტიმიზმის საბაბს, მაგრამ, საბედნიეროდ, მაშინდელისაგან განსხვავებით ახლა უკვე სხვა პირობებია და პირველ რიგში, ეს ეხება გაეროს მისიის ჩართვას ამ პროცესში.
საერთოდაც, უკეთესი ატმოსფეროა შექმნილი კონფლიქტების მოგვარებისათვის კავკასიაში, და მე მგონი, ეს ფაქტორებიც იმუშავებენ, - თქვა მან, - ამასთან რუსეთის პრეზიდენტიც უფრო აქტიურად არის განწყობილი იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს კონფლიქტის მშვიდობიანად დამთავრებას. ეს გასაგებიც არის, - განაგრძო ედუარდ შევარდნაძემ, - რადგან უკვე ყველამ კარგად ვიცით, რომ, თუ კონფლიქტი კარგად არ დამთავრდა, მაშინ იგი უფრო საშიშ ხასიათს და მეტ მასშტაბებსაც მიიღებს. ამიტომ, ბუნებრივია, ყველა უნდა ცდილობდეს ახლახან დაწყებული ამ პროცესის გაღრმავებას.
სამწუხაროდ, წუხელ იყო შემაშფოთებელი ფაქტი გუმისთის რაიონშიც, ოჩამჩირის რაიონშიც, დაირღვა შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, მაგრამ დროზე მოხდა მათი ლოკალიზება, ამიტომ ახლა არ მინდა რაიმე ბრალდებები წამოვუყენო მეორე მხარეს, მაგრამ ერთი რამ კი უნდა ითქვას, რომ თუ ახლა არ გამოვიჩენთ განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას, შეიძლება ყოველივე ძალიან ძვირი დაგვიჯდეს. თუკი ახლაც ასეთ შეცდომებს დაუშვებენ მხარეები, მათი გამოსწორება შემდგომში ძალიან ძვირი დაგვიჯდება.
მე ერთი კონკრეტული მოსაზრება მაქვს, და მინდა გუდაუთის ხელმძღვანელობას შევთავაზო, - თქვა სახელმწიფოს მეთაურმა, - ჩვენ შევწყვიტეთ ცეცხლი, მაგრამ, ვთქვათ, ხომ უნდა ვიცოდეთ, სანამდე უნდა გაგრძელდეს ეს, რა შემდგომი ღონისძიებები უნდა განვახორციელოთ და რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ. აი, ამის თაობაზე უნდა მოვეთათბიროთ გაეროს, სხვა დაინტერესებულ ორგანიზაციებს, მათ შორის რუსეთის ხელმძღვანელობას და ა.შ. მე ვფიქრობ, რომ რაღაც დრო არის საჭირო ამ სამშვიდობო ინიციატივისათვის და ეს დრო უნდა განისაზღვროს. ამაზე უკვე იყო ლაპარაკი სოხუმში და, ვფიქრობ, საჭიროა გამოცხადდეს და დაწესდეს სამშვიდობო პაუზა, როგორც მინიმუმ ერთი თვით მაინც, რომ ამ სამშვიდობო ინიციატივის შესახებ აზრები გავუზიაროთ ერთმანეთს და რაღაც გარკვეულ შეთანხმებამდე მივიდეთ, თუ როგორი იქნება კონფლიქტის მოგვარების და მოწესრიგების პირველი ეტაპი და შემდეგ მისი საბოლოო პერიოდიც. თუ ამას გუდაუთის მხარე მიიღებს, ჩვენ შეგვიძლია უფრო ინტენსიურად ვიმუშაოთ იმ ღონისძიებებზე, რომლებიც ამ სამშვიდობო პაუზას უნდა მოჰყვეს. პაუზა კი იმისთვის არის საჭირო, რომ ყველას ყურადღება კონცენტრირებული იყოს, სწორედ იმ საკითხებზე, რომლებიც ცეცხლის შეწყვეტის შემდგომ ნაბიჯებს უნდა მოჰყვეს.
მე, ასე თუ ისე, ვიცნობ კონფლიქტების ისტორიას და ჩვენც არა ვართ გამონაკლისი იმაში, რომ არც ჩვენთან აძლევს ხელს ბევრს ომის დამთავრება, მისი შედეგების ლიკვიდაციაზე ფიქრი და ზრუნვა. მოგეხსენებათ, ასეთი კონფლიქტების და ომების დროს მთელი კლანები წარმოიქმნება ხოლმე, რომლებიც სხვის უბედურებაზე კარგად ითბობენ ხელს. ასეთი რამ, ალბათ ამ კონფლიქტისათვისაც არის დამახასიათებელი, მაგრამ სამშვიდობო საღი ძალები, ჩემი აზრით, აქ ბევრად მეტია. პირველ რიგში, მე მხედველობაში მყავს სოხუმის საზოგადოება და მისი განწყობილება. როგორც კი სოხუმში ცეცხლის შეწყდა, ორი-სამი დღე სიმშვიდემ დაისადგურა, ხალხი ქუჩაში გამოვიდა და, როგორც მითხრეს, მთელი სანაპირო ხალხით იყო სავსე. მაგრამ მათი მზერა მაინც ცისკენ იყო მიპყრობილი, ეშინიათ, ხომ არ დააყრიან კვლავ ჭურვებს და ბომბებს. ასეთი განწყობაა იქ, მათ სურთ, რომ სისხლისღვრა შეწყდეს და მე მგონი, ზოგიერთი ელემენტი და ზოგიერთი წრე, რომლებსაც სხვადასხვა მოსაზრებებით ომის გაგრძელება ხელს აძლევს, ცუდ ამინდს იქ უკვე ვეღარ შექმნიან, - თქვა ედუარდ შევარდნაძემ.
კავკასიის რეგიონში კონფლიქტის მოგვარების ფაქტორებზე საუბრისას სახელმწიფოს მეთაური კვლავ დაუბრუნდა „კავკასიის ფაქტორს“, რომლის შესახებაც წინა რადიოინტერვიუში ჰქონდა საუბარი. როცა კავკასიის ფაქტორზე ვლაპარაკობ, - თქვა მან, - პირველ რიგში მე ვგულისხმობ საქართველოს, რომელიც თანდათანობით გაძლიერდება და თავის მნიშვნელობას შეიძენს. როცა ჩვენ შევძლებთ და ქვეყანაში შევარბილებთ შინაგან დაძაბულობას, ჩვენ მოგვეცემა საშუალება, უფრო მნიშვნელოვანი როლი შევასრულოთ კავკასიაში, ჩვენს რეგიონში, და სხვაგანაც. ჩვენი მდგომარეობა საკმაოდ უნიკალურია, ყველასთან კარგი ურთიერთობა გვაქვს, ერთადერთი სუსტი ადგილი ის არის, რომ ჯერჯერობით ურთიერთობებს სამართლებრივი ბაზა ვერ მოვუმზადეთ რუსეთთან და გარკვეულად ეს ბოჭავს ჩვენს ინიციატივას, მაგრამ მინდა გამოვთქვა იმედი და რწმენა, რომ ყველაფერი მოგვარდება და ჩვენ ხელს მოვაწერთ რუსეთთან ამ სამართლებრივ ხელშეკრულებებს. თუ ეს შედგება, მაშინ მართლაც განსაკუთრებულ მდგომარეობას დაიკავებს ჩვენი ქვეყანა და იგი შეძლებს ბევრი სასარგებლო რამ გააკეთოს მეზობლებისათვისაც და სხვა ქვეყანებისათვისაც. ასე რომ, ის რეგიონალური და ფართო მასშტაბის პოლიტიკა, რომელიც ჩვენთან ჩამოყალიბდა, იმედებს ამართლებს და შედეგებიც ჩანს.
რადიოკომენტატორის შეკითხვაზე, თუ რამდენად სასარგებლოა ის ანალოგიები, რომლებსაც ზოგჯერ 1918 წლის მოვლენებსა და ამჟამად მიმდინარე პროცესებს შორის ავლებენ, ედუარდ შევარდნაძემ თქვა, რომ შესაძლოა ასეთი ანალოგიები და დასაკვნების გამოტანა სასარგებლო იყოს, მაგრამ იმ პირობებისაგან, რომლებიც მაშინდელ საქართველოში იყო, დღევანდელი საქართველო სრულიად განსხვავებულია. დღეს ჩვენი ქვეყნის გარემომცველი სამყარო ხელს უწყობს საქართველოს დამოუკიდებელი და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობას. ამაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ, როცა ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიყავით ლეგიტიმური ხელისუფლება და ბევრი რამ სადავო და საკამათო იყო, მთელმა მსოფლიომ მაინც აღიარა საქართველო და ამით მხარი დაუჭირა იმ პროცესებს, რომელთა თაობაზეც ჩვენ წინასწარ განვაცხადეთ. ვგულისხმობ ჩვენი დემოკრატიული განვითარების გზას. ახლაც ასეა: ის სოლიდარობა და მატერიალური, პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერა რომ არ გვქონოდა, რომლებსაც ახლა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები, საერთაშორისო ორგანიზაციები და ევროპული სტრუქტურები გვიწევენ, ჩვენ პრაქტიკულად, ალბათ, სრულ შიმშილს თავს ვერ დავაღწევდით. ახლა იმაზე ფიქრი და ლაპარაკი, თითქოს რომელიმე ქვეყანას შეუძლია მოახდინოს საქართველოს ანექსია, გამორიცხულია; მაგრამ თუკი ჩვენ მაინც დავმარცხდებით, მაშინ ეს დამარცხება მხოლოდ ჩვენი ბრალი იქნება. ამიტომ ყველაზე უფრო მეტად, რაც ჩვენ გვჭირდება, ის არის, რომ საბოლოოდ დავძლიოთ შინააშლილობის ტენდენცია, მოვაგვაროთ კონფლიქტები და დავამთავროთ ომი. გარე სამყარო კი, რუსეთთან არსებული სირთულეების მიუხედავად, ვიმეორებ, ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლების მშენებლობას. ასე რომ, ის დრო სხვა იყო, სხვა თანაფარდობა არსებობდა, დღეს კი, გიგანტური და მასშტაბური ცვლილებების შედეგად, „პერესტროიკას“ რომ მოჰყვა, და რომელმაც წაშალა დაპირისპირება დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, როცა გათავისუფლდა ევროპა, როცა ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე 15 დამოუკიდებელი სახელმწიფო ჩამოყალიბდა, როცა პოლიტიკას იდეოლოგიური საფუძველი გამოეცალა და მრავალი სხვა, რომელთა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანდა, შეიქმნა კარგი პირობები ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის. თუ ჩვენ ამ შანსს არ გამოვიყენებთ, ეს იქნება უდიდესი დანაშაული თაობების წინაშე, მაგრამ საქმე იქამდე არ მივა, თუმცა მოღალატეობის პრობლემა, ისევე, როგორც სხვა ქვეყნებშიც, ჩვენთანაც ყველა დროის საქართველოში არსებობდა. ჩვენ ისეთი ქვეყანა ვართ, სადაც, როგორც ფოკუსში, ისე იყრის თავს მრავალთა ინტერესები. ბუნებრივია, ამას შედეგად ის მოჰყვა, რომ ისინი ყოველთვის ცდილობდნენ თავისი დასაყრდენი ჰყოლოდათ ქართულ საზოგადოებაში და თუ რა ძვირი დაუჯდა ეს საქართველოს, ყველამ იცის ისტორიიდან. სამწუხაროდ, არც ახლა ვართ თავისუფალი ამ მოვლენებისაგან; გვარებს და მისამართებს არ ვასახელებ, მაგრამ ჩანს და იგრძნობა, თუ ვინ რას წარმოადგენს, ვინ ვის ინტერესებს ემსახურება. ის, ვინც სხვის ინტერესებს ემსახურება, სხვებზე მეტად დებს თავს პატრიოტობაზე და გაიძახის, თითქოს საქართველო იღუპება და გვაფრთხილებს კიდეც, სინამდვილეში კი ზოგიერთი ამ ძალის ზურგს უკან სხვა ხალხი დგას და სხვა ინტერესები იმალება. თუმცა, ცხადია, ეს არ არის დიდი და სერიოზული საფრთხე, რადგან ჩვენი საზოგადოების უმეტესობას აქვს თავისი გამოკვეთილი პოზიცია მოღალატეობის ყოველგვარი გამოვლინების მიმართ და ვფიქრობ, როგორადაც უნდა ეცადონ, ეს ცალკეული ძალები, ისინი მაინც ვერ შეძლებენ ჩვენი ქვეყნის ბედის განსაზღვრას, რადგან საქართველო უკვე რეალურად ადგას დემოკრატიისა და თავისუფლების გზას და ჩვენმა საზოგადოებამ ეს უკვე ირწმუნა. მაგრამ მაინც მოღალატეობა ანგარიშგასაწევი მოვლენაა და ფხიზლად უნდა ვიყოთ, თუმცა მჯერა, იგი ვერას დააკლებს იმ კურსს, რომელიც ავიღეთ.
შეეხო რა რადიოკომენტატორის მიერ დასმულ შეკითხვას იმ გავრცელებული იმფორმაციის გამო, თითქოს 26 მაისისათვის დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ხელისუფლების საწინააღმდეგო მასობრივი გამოსვლები და არ არის გამორიცხული სერიოზული პროვოკაციაც, საქართველოს სახელმწიფოს მეთაურმა თქვა: მე ცოტა მიჭირს ამაზე ლაპარაკი, რადგან თქვენ იცით ჩემი პრინციპული დამოკიდებულება, რომელიც არაერთხელ გამომიხატავს და საქმითაც დამიდასტურებია, რომ ვიღაცის მოკვლას, ვიღაცის მიმართ ტერორს, ვინც არ უნდა იყოს იგი, ჩვენი ხელისუფლება სრულიად გამორიცხავს. თქვენ იცით, თუ რა გზებით და საშუალებებით გვებრძვიან ჩვენ, ვგულისხმობ ჩიქოვანის ქუჩაზე მომხდარ ტერორისტულ აქტს, როცა ჯაბა იოსელიანი სიკვდილს სასწაულმა გადაარჩინა, მაგრამ ხელისუფლებას არც ერთ შემთხვევაში არ უპასუხნია ამგვარი გამოხდომებისათვის, ვიმეორებ, ვინც უნდა ემზადებოდეს ასეთი აქტებისათვის, და ვის მიმართაც უნდა იყოს ისინი მიმართული, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ საერთოდ გამორიცხოს ამგვარი აქტები და საერთოდ ტერორი არ არსებობდეს ჩვენი ქვეყნის სინამდვილეში.
ახლა ერთი ჯგუფი მოგზაურობს საქართველოში და ცდილობს, ისეთი ტალღა ააგოროს, რომელიც საქართველოს დღეს სულაც არ სჭირდება. უნდა გითხრათ, რომ მე ამ ხალხის არ მესმის. არსებობს რაღაც წესი, არსებობს კანონი, სისხლის სამართლის კოდექსი, არსებობს აგრეთვე პარტიების ქცევის და მუშაობის ჩვეულებრივი ეთიკა. მაგრამ, სამწუხაროდ, ყველაფრის იგნორირება ხდება.
ბევრი რამ ვერ ამიხსნია, მაგალითად ის, თუ რა არის ამაში ცუდი, რომ ბატონ კონსტანტინე გამსახურდიას იუბილე აღინიშნოს ღირსეულად, ეს იქნება თბილისში, ქუთაისში, თუ სხვაგან. ჩვენ ვთქვით, რომ მისი იუბილე შემოდგომაზე აღინიშნება ისე, როგორც ეს ეკუთვნის და ეკადრება დიდოსტატს და ქართული ლიტერატურის კლასიკოსს, ახლახან, აბაშის რაიონში მოაწყვეს ღონისძიება. აბაშა ძალიან საინტერესო რაიონია. 3-4 დღის წინ მის გამგებელს ველაპარაკე და გულით გავიხარე, როცა გავიგე, რომ სიმინდი 14 ათას ჰექტარზეა დათესილი. მე მახსოვს, იქ 8 ათასი ჰექტარი რეკორდულად მიგვაჩნდა და დიდი გამარჯვება იყო. 14 ათას ჰექტარი არა მარტო იმ ხალხისათვის არის დიდი სიმდიდრე. როგორ მოახერხეს ეს აბაშელებმა? იმით, რომ საწვავი ჰქონდათ, რომელიც ხელისუფლებამ მისცა, ავად თუ კარგად, ტექნიკითაც და სათადარიგო ნაწილებითაც ისინი ხელისუფლებამ უზრუნველყო, თესლიც ხელისუფლების ხელშეწყობით გამოიყო, შხამ-ქიმიკატებითაც ხელისუფლებამ უნდა მოამარაგოს, სკოლებს ხელისუფლება ინახავს, ასეა ბაგა-ბაღებიც; აბაშას თავისი საკვები არ ჰყოფნის და ხელისუფლებას შეაქვს. ცხადია ეს ასეა სხვა რაიონებშიც. მაგრამ, აი, აქ იკრიბება მიტინგი, რომელსაც ატარებენ ძირითადად თბილისიდან ჩამოსულები და მოუწოდებენ ხალხს, ჩამოვაგდოთ ეს ხელისუფლება და სხვა მოვიყვანოთო. მაგრამ რატომ, რისთვის, ამას ხომ უნდა დასაბუთება; კაცმა შეიძლება რაიმე მოითხოვო, მაგრამ, როცა თქვენ ეს ხელისუფლება ყველაფერში გეხმარებათ, ლუკმაპურს სხვას აკლებს და თქვენ გიგზავნით, თქვენ ამ მოწოდებების პასუხად ის მაინც ხომ შეგეძლოთ გეთქვათ, რომ, ბატონებო, შინ წაბრძანდით-თქო. ამის ნაცვლად, თქვენ 100 კაციანი პურმარილი გადაიხადეთ, იმათაც კარგად მოილხინეს და თბილისში დაბრუნდნენ. ეს მე ვუთხარი რაიონის გამგებელს. მე მიმაჩნია, რომ არ ვარგა ასეთი ამბავი. ჩვენ არც პოლიცია და არც ჯარი არ გამოგვიყენებია მათს წინააღმდეგ და თუ სურვილი აქვთ, შეუძლიათ მანამ იარონ, ვიდრე არ დაიღლებიან, მაგრამ ასეთი რამ ჩვენი ხალხის ინტერესებს, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს არ ემსახურება.
სხვათა შორის, დღე ისე არ ჩაივლის, რომ სამეგრელოდან არ გავრცელდეს ხმა, თითქოს ხელისუფლება რაღაც ახალ ეგზეკუციას, ახალი დამსჯელი ექსპედიციის გაგზავნას აპირებს ამ რაიონში. ამ ხმების გავრცელებას ხელს უწყობს ზოგიერთი ჩვენი დეპუტატიც. რამდენი რაზმი გადაადგილდება, ახალი დამსჯელი ექსპედიცია ჰგონიათ. მინდა ყველას გასაგონად ვთქვა, რომ არ არსებობს ასეთი გეგმები, არავინ არაფერს არ აპირებს. თუმცა, უმძიმესი მდგომარეობაა სამეგრელოში და ალბათ, არც იქნებოდა ცუდი, რომ პოლიციის დამატებითი ძალები იქ ყოფილიყო და წესრიგი დაგვემყარებინა. მაგრამ, მე ვფიქრობ, ამისათვის დიალოგია საჭირო მოსახლეობასთან, თუ როგორ და რა გზით უნდა დავამყაროთ წესრიგი. მაგრამ ვიღაცას ძალიან სურს დესტაბილიზაციის ახალი ტალღა ააგოროს. ხალხი კი დაიღალა, ცოდვაა. იგი წესრიგს მოითხოვს, რომ როგორმე შვებით ამოისუნთქოს. აშკარაა, რომ ვიღაცას ძალიან სურს კვლავ სისხლი დაიღვაროს. ეს უბედურება ჩვენს ქვეყანაში უნდა დამთავრდეს. თუ არ დამთავრდება, მძიმე შედეგი გვექნება. - თქვა ედუარდ შევარდნაძემ.
შემდეგ საუბარი შეეხო ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის გზებს და რადიოკომენტატორმა სახელმწიფოს მეთაურს შეახსენა გამომგონებლები ძმები მაისურაძეები, რომლებსაც სახელმწიფოს მეთაური ბატონების ზაზა კაციაშვილის და მერაბ ბერაძის პუბლიკაციებით გაეცნო და, როგორც ნიჭიერ შემოქმედთ, დიდი დახმარება გაუწია. ისინი ამჟამად იტალიაში მიემგზავრებიან და აქვთ პიზის გადახრილი კოშკის გადარჩენის საკუთარი პროექტი, რომელსაც გამარჯვების შემთხვევაში ქვეყნისათვის სარგებლობის მოტანა შეუძლია - საპრემიო ჯილდო 100 მილიონი დოლარია. ეს იმას ნიშნავს, რომ, მიუხედავად დიდი უბედურებისა, რაც ჩვენს ქვეყანას თავს დაატყდა, ქართველი კაცი მაინც აზროვნებს, იღვწის, ეძიებს და არა მარტო საკუთარი ქვეყნისათვის.
როგორ შეიძლება გამოვიყენოთ საქართველოს უდიდესი ინტელექტუალური შესაძლებლობები? - ასეთი იყო კომენტატორის შეკითხვა.
წუხელ ამაზე გვქონდა საუბარი პრემიერ-მინისტრთან ბატონ თენგიზ სიგუასთან, - უპასუხა სახელმწიფოს მეთაურმა, - და, მიუხედავად იმისა, რომ ახლა ქვეყანაში ყოველი დოლარი აღრიცხვაზეა, მაინც გადავწყვიტეთ, რომ მივცეთ ძმებს - მაისურაძეებს, ამ უნიკალური ნიჭის ხალხს - საშუალება წავიდნენ იტალიაში და წარადგინონ კოშკის გადარჩენის პროექტი. მე მგონი, ეს არის საქართველოს უკვდავება, რომ ჩვენ დღეს საკუთარი ქვეყნის გადარჩენის გზებს ვეძებთ და მაინც არსებობენ ადამიანები, რომლებიც ზოგადსაკაცობრიო იდეალებზე ფიქრობენ. ძმები მაისურაძეები ამ მხრივ გამონაკლისი არ არიან, ბევრია ასეთი ხალხი, რომლებმაც დროს გაასწრეს და ეს ჩვენი კაპიტალია. ზოგიერთი ჩვენი ოპონენტის უღირსმა მცდელობამ, სამწუხაროდ, ამოგვაგდო კალაპოტიდან, ესეც იყო მათი მიზანი, რომ ნერვები მოეშალათ ისეთი ადამიანებისათვის, რომლებიც რაღაც იდეალებზე, ქვეყნის დღევანდელობასა და მომავალზე ფიქრობენ, შეურაცხეყოთ ისინი. მაგრამ ჩვენ ამას არ უნდა ავყვეთ, სწორი გზიდან არ უნდა გადავუხვიოთ. ახლა სწორედ ისეთ ხალხს უნდა ვეყრდნობოდეთ, როგორიც არიან ძმები მაისურაძეები, და ბევრი სხვანიც, რომელთაც საქართველოზე ფიქრით უღამდებათ და უთენდებათ.
ინტერვიუს დასასრულს საუბარი შეეხო ჩვენი შეიარაღებული ძალების მშენებლობის პრობლემებს. მათი რეორგანიზაციის პროცესი გრძელდება და კიდეც მთავრდება, - თქვა ედუარდ შევარდნაძემ, - ახალი ხელმძღვანელობის და ახალი სტრუქტურების დამტკიცებით ჩვენ სერიოზული განაცხადი გავაკეთეთ იმისათვის, რომ არმია უნდა იყოს ერთიანი, განუყოფელი. ჩვენ მივიღეთ ახალი მინისტრის და მისი კოლეგების წინადადებები, მე ხელი მოვაწერე ახალ დანიშვნებს, თავის უფლებებში აღდგა გენერელური შტაბი, შევქმენით ასევე სხვა დანაყოფები, წინასწარ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სასაზღვრო ჯარები შევიდეს ამ სტრუქტურაში და ვიმედოვნებთ, რომ პარლამენტი მხარს დაგვიჭერს. ჩვენი შეიარაღებული ძალები იქნება ერთიანი, განუყოფელი. ახლა ქალაქს ახარებს, რომ ესმის ჯარისკაცთა ხმაური, რომლებიც მოედანზე აღლუმისთვის წვრთნას გადიან, მეც მახარებს ეს, რადგან ეს იქნება ჩვენი შეიარაღებული ძალების ერთიანობის პირველი დემონსტრაცია; რადგან აღლუმის პატაკს მიიღებს ჩვენი ახალ მინისტრი ბატონი გია ყარყარაშვილი. დარწმუნებული ვარ, ეს კარგი პარადი იქნება. მასში მონაწილეობენ ის ქვედანაყოფები, რომლებიც ახლა ძირითადად თბილისში არიან განლაგებული. არმია, არმიის შექმნა ყველას საზრუნავი უნდა იყოს. ამიტომ მე განათლების მუშაკებთან შეხვედრისას ვთქვი, რომ ჩვენი მოზარდი თაობა უნდა შევაჩვიოთ არმიისათვის ყოველმხრივ მზადყოფნას, ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად მზადყოფნის ფაქტორს, რომ თავისი სამშობლო ყველამ დაიცვას. ამისათვის მას პირველი კლასიდან უნდა ვზრდიდეთ.
ჩვენ ახლა რეალურად შევუდექით ერთიანი ძლიერი არმიის მშენებლობას და მინდა მოვუწოდო ყველას, ვინც გვისმენს და ვინც წაიკითხავს ჩვენი გადაცემის ტექსტს, რომ მხარში ამოუდგეს ჩვენი თავდაცვის სამინისტროს, ქვეყნის ხელმძღვანელობას ერთიანი არმიის მშენებლობისათვის ბრძოლაში.
საქართველოს პარლამენტის პრესცენტრი.
ედუარდ შევარდნაძე: ვიღაცას ძალიან სურს დესტაბილიზაციის ტალღა ააგოროს, ხალხი კი დაიღალა და წესრიგს მოითხოვს, რომ შვებით მაინც ამოისუნთქოს : 24 მაისის რადიოინტერვიუ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 25 მაისი. - №107(651). - 1,2 გვ.
![]() |
85 საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის ბრძანებულება თბილისში ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის საკათედრო ტაძრის აგების შესახებ |
▲ზევით დაბრუნება |
ქართველმა ხალხმა დიდი კმაყოფილებით აღიქვა საქართველოს საპატრიარქოს გადაწყვეტილება თბილისში ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი საკათედრო ტაძრის აგების თაობაზე. საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებული არქიტექტორ არჩილ მინდიაშვილის პროექტით აშენდება ტაძარი, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის თხუთმეტსაუკუნოვანი ავტოკეფალიის სიმბოლო უნდა გახდეს. საქართველოს საპატრიარქოსა და უწმინდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორის ინიციატივით წამოწყებულ ამ უდიდეს ეროვნულ საქმეს მხარს უჭერს სახელმწიფო და მზად არის ყოველი ღონე იხმაროს ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ნების აღსასრულებლად.
საქართველოში ისტორიული ძნელბედობის ჟამს ყოველთვის პოულობდა ერი ძალისხმევას კულტურული ცენტრების შესაქმნელად, კულტურის ძეგლების ასაგებად. სულიერებადარღვეული ერის გადარჩენის სიმბოლო იყო ტაძრების მშენებლობა, რაც ამთლიანებდა და აღორძინებდა ქვეყანას. საკათედრო ტაძრის აგება ჩვენს ერს ერთხელ კიდევ შეახსენებს, რომ საქართველო მოფენილია უნიკალური ტაძრებით და ძეგლებით, რომლებიც არანაკლები გაჭირვების ჟამს იგებოდა და მსოფლიო კულტურის საგანძურს წარმოადგენს. დღეს საქართველომ დიდი ხნის ნანატრი აისრულა და კვლავ დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა, მაგრამ დაკარგული სულიერების აღდგენა გაცილებით რთული აღმოჩნდა. სწორედ ერისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ამ მიზნისაკენ გადადგმულ ღირსეულ ნაბიჯად მესახება ახალი საკათედრო ტაძრის აგება.
გამოვთქმავ ღრმა რწმენას, რომ ამ საკათედრო ტაძრის აგებაში გაღებული დიდი თუ მცირე წვლილით თითოეული ჩვენგანი ხელს შეუწყობს ერის გამთლიანებას მთელ საქართველოში.
ამ საშვილიშვილო საქმის ღირსეული დაგვირგვინებისათვის:
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტმა შეიმუშაოს და დაამტკიცოს საჭირო ღონისძიებათა პროგრამა თბილისის საკათედრო ტაძრის მშენებლობის მატერიალურ-ტექნიკური თუ ფინანსური უზრუნველყოფისათვის.
ქ. თბილისის მერიამ ოპერატიულად გადაწყვიტოს ტაძრისათვის ადგილის გამოყოფისა და მშენებლობასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხები.
მიზანშეწონილად ჩაითვალოს, რომ შეიქმნას სპეციალური ფონდი, სადაც თავს მოიყრის საკათედრო ტაძრის მშენებლობისათვის განკუთვნილი მოქალაქეთა და ორგანიზაციებათა შემოწირულობანი.
ე. შევარდნაძე
ქ. თბილისი, 1993 წლის 23 მაისი.
ბრძანებულება : თბილისში ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის საკათედრო ტაძრის აგების შესახებ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 26 მაისი. - №107(652). - 2 გვ.
![]() |
86 21-ე საუკუნეში საქართველო შეაბიჯებს როგორც მატერიალურად და სულიერად აღორძინებული, ბედნიერი ქვეყანა |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის - სახელმწიფოს მეთაურის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე 1993 წლის 26 მაისს
ქალბატონებო და ბატონებო!
პატივცემულო უცხოელო სტუმრებო!
ქართველი ხალხის, ეროვნული პარლამენტის, მინისტრთა კაბინეტისა და პირადად ჩემი სახელით მოგილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დღეს - 26 მაისს და მადლობას გიხდით ამ დღესასწაულში მონაწილეობისათვის, აქ, ამ დარბაზში მობრძანებისათვის.
ქართველი ხალხს, საქართველოს ყველა მოქალაქეს, ყველა ოჯახს მინდა ვუსურვო ბედნიერება, დღეგრძელობა, ეკონომიკური კეთილდღეობა და სულიერი სიმშვიდე, წარმატებები და გამარჯვებები საქართველოს სუვერენიტეტის, დემოკრატიისა და თავისუფლების განმტკიცებისათვის ბრძოლაში, კანონისა და სამართლის უზენაესობის, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დამკვიდრებაში.
მე მინდა მივესალმო დღეს საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებსა და ხალხებს, მსოფლიოს ხალხებს, პარლამენტებსა და მთავრობებს, რომლებმაც ცნეს საქართველოს დამოუკიდებლობა, დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარეს მათთან და ყოველმხრივ უწყობენ ხელს მის ინტეგრირებას მსოფლიოს ხალხთა თანამეგობრობაში.
დიდი პატივისცემით მინდა მივესალმო საზღვარგარეთის ქვეყნების მიერ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ყველა წარმომადგენელს, საერთაშორისო სამშვიდობო მისიების წევრებს, რომლებმაც პატივი დაგვდეს და მონაწილეობა მიიღეს ქართველი ხალხის ამ ეროვნულ დღესასწაულში.
საქართველოს სახელმწიფოებრიობის წერილობითი ისტორია 25 საუკუნეზე მეტს ითვლის, მაგრამ ჩვენს ხალხს სახელმწიფოებრივი წარმონაქმნები გააჩნდა ჯერ კიდევ ჰომეროსის ეპოქაში. ამაზე მეტყველებენ ელინური, რომაული, ბიზანტიური და სხვა უცხოური ძეგლები. როგორც წყაროები ადასტურებენ 2800 წლის წინათ შეიქმნა პირველი ქართული ანბანი, მეოთხე საუკუნის დასაწყისიდან საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგია გახდა. ამავე ეპოქაში დაფუძნდა მსოფლიოში ცნობილი ფაზისის აკადემია. მეთორმეტე საუკუნეში დიდი ქართველი პოეტი და მოაზროვნე შოთა რუსთაველი დგება აღმოსავლური რენესანსის სათავეებთან.
საუკუნეების მანძილზე არაერთხელ გვქონდა ისტორიული აღმავლობის, ძლიერებისა და რენესანსის პერიოდები, როგორც ვახტანგ გორგასლის, დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის, გიორგი ბრწყინვალის ეპოქებში, მაგრამ, სამწუხაროდ, არაერთხელ გვქონდა ძნელბედობის ჟამიც, - მთელი ეპოქებისა და საუკუნეების განმავლობაში, როცა შინაური და გარეშე მტერი ასუსტებდა საქართველოს სახელმწიფოებრიობას, საფრთხეს უქმნიდა ერის თავისუფლებას, მის ფიზიკურ და სულიერ არსებობას.
მე პატარა ისტორიული ექსკურსი შემთხვევით არ შემოგთავაზეთ. დღევანდელი დღე წარსულის, აწმყოსა და მომავლის სიმბოლოდ მესახება. შემთხვევით არ იყო, რომ ჩვენ დილით, ყველამ ერთად დიდი ფარნავაზის ნაკვალევი მოვინახულეთ. დიდ სვეტიცხოველში გეახელით და უწმიდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევა მივიღეთ.
დღეს გაზეთებში გამოქვეყნებულია ჩემი ბრძანებულება თბილისის წმიდა სამების საკათედრო ტაძრის აგების შესახებ, ეს ისტორიული ინიციატივა უწმიდესსა და უნეტარესს ეკუთვნის და ამ მშენებლობას საფუძველი ჩავუყართ. ეს იქნება ახალი საქართველოს უმთავრესი ტაძარი, რომელიც შეაერთებს წარსულს და აწმყოს, გზას გაგვინათებს ოცდამეერთე საუკუნეში.
1918 წლის 26 მაისს ქართველმა ხალხმა აღმართა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დროშა. დღევანდელი საქართველო - საბჭოთა იმპერიის ნანგრევებზე ფენიქსივით გაცოცხლებული დემოკრატიული საქართველოს სახელმწიფო - 1918 წლის 26 მაისის ისტორიული მემკვიდრეა.
დღეს ჩვენი ხალხი დიდი მადლიერების გრძნობით მიმართავს დედამიწის ხუთივე კონტინენტის სახელმწიფოებს, გაეროს, იუნესკოს, ევროთათბირს, ნატოს, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, ყველას, ვინც მოგვილოცა ეს დღესასწაული, ვინც ხელს უწყობს დამოუკიდებელ საქართველოს თავისი ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს მსოფლიოს ხალხთა თანამეგობრობაში.
დღეს არ სუფევს მშვიდობა საქართველოში, მაგრამ გადაიდგა რეალური ნაბიჯები კონფლიქტის მოსაწესრიგებლად.
დაიწყო მოძრაობა დემოკრატიული წესრიგის დასამკვიდრებლად საქართველოს ყველა რეგიონში.
ჩვენ მადლობას ვუხდით გაეროს სამშვიდობო მისიას, უშიშროების საბჭოს, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას საქართველოში მშვიდობის დამყარების მიზნით განხორციელებული მნიშვნელოვანი საერთაშორისო აქციებისათვის, ჰუმანიტარული დახმარებისათვის, პოლიტიკური და ეკონომიკური მხარდაჭერისათვის.
განსაკუთრებით დიდი მადლობა მინდა მოვახსენო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს ბუტროს ბუტროს გალის ობიექტური, მიუკერძოებელი, სამართლიანი პოზიციისათვის, რომელსაც იგი ადგას საქართველოსა და კავკასიის რეგიონის პრობლემების გადაჭრაში.
დამოუკიდებელ საქართველოში მძიმედ, მაგრამ მაინც თანამიმდევრულად, ეტაპობრივად ხორციელდება საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა, საფინანსო რეფორმები, მათ შორის, მიწის რეფორმა, ყალიბდება დიდი, საშუალო და მცირე ბიზნესი, ძლიერდება ფერმერთა მოძრაობა, იქმნება პირობები უცხოური კაპიტალის დამოუკიდებელ საქართველოში დაბანდებისათვის, წარმოების გამოცოცხლებისათვის, ინვესტიციის ოპტიმალური პოლიტიკის განხორციელებისათვის, ექსპორტისა და იმპორტის განვითარებისათვის.
ქართველი ხალხის სახელით დიდი მადლობა მინდა მოვახსენო ამერიკის შეერთებული შტატების, გერმანიის, თურქეთის, რუსეთის, უკრაინის, აზერბაიჯანის, სომხეთის, ისრაელის, ჩინეთის, ირანის, ყაზახეთის, თურქმენეთის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, კანადის, სხვა ქვეყნების მთავრობებს, პარლამენტებს, საქმიან წრეებს საქართველოსთვის მწვავე ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისის პირობებში გაწეული ეკონომიკური და ფინანსური დახმარებისათვის.
საქართველოს დამოუკიდებელი, სუვერენული, თავისუფალი, დემოკრატიული სახელმწიფოს უმაღლესი მიზანია ხალხის მატერიალური და სულიერი კეთილდღეობა, სიღარიბის ზღვარს მიღმა დარჩენილი ფენების, უმუშევრების საიმედო სოციალური დაცვა, ხელფასების, სარგოების, პენსიების, სტიპენდიების ოპტიმალური ზრდა, სოციალურად ორიენტირებული საბაზრო ეკონომიკის ყველა სიკეთის დამკვიდრება ხალხის ყოფა-ცხოვრებაში, კვების პროდუქტებით თითოეული მცხოვრების უზრუნველყოფა, საოჯახო ბიუჯეტის დაბალანსება.
საგარეო პოლიტიკის სფეროში საქართველოს სახელმწიფო ახორციელებს ნეიტრალიტეტს, სხვის საშინაო საქმეებში ჩაურევლობის, სხვა სახელმწიფოთა სუვერენიტეტის პატივისცემის, ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ხელშეუხებლობის, გაეროსა და ევროთათბირის პრინციპებს, პატივს სცემს მთელი ცივილიზებული კაცობრიობის მონაპოვარს.
დიდ იმედებს ვამყარებთ შავი ზღვის ქვეყნების თანამეგობრობასა და ალიანსზე.
ჩვენ კვლავაც კეთილმეზობლური, მშვიდობისმოყვარული ურთიერთობა გვსურს ყველა მეზობელ სახელმწიფოსთან, რომლებთანაც საუკუნოვანი კეთილი დამოკიდებულება გვაკავშირებს.
მიგვაჩნია, რომ სამ სუვერენულ სახელმწიფოს, საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შეუძლიათ კეთილნაყოფიერი გავლენა მოახდინონ არა მარტო ამიერკავკასიის, არამედ კავკასიისა და მსოფლიოს სხვა რეგიონებში მიმდინარე პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ პროცესებზე, მთიანი ყარაბაღის, აფხაზეთის, ცხინვალისა და მთელი რიგი სხვა კონფლიქტების მოგვარებაზე, მრავალი მსოფლიო, გეოპოლიტიკური პრობლემის გადაჭრაზე.
მეგობრებო!
დემოკრატია, რომელსაც თავდაცვა არ ძალუძს, არაფრად არ ღირს.
დღეს მე მივესალმები დემოკრატიული საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, რომლებიც ფორმირების ეტაპზე იმყოფებიან, მაგრამ მტკიცედ დგანან საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ხელშეუხებლობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სადარაჯოზე. მე მივესალმები საქართველოს ერთიან არმიას, საჰაერო და საზღვაო ფლოტს, სახელოვან მესაზღვრეებს! დიდი მადლობა მათ ერთგული სამსახურისათვის!
დღევანდელი აღლუმი იმის ნათელი დადასტურება იყო, რომ ჩვენ აუცილებლად გვეყოლება კარგად გაწვრთნილი, მაღალ დისციპლინებული შეიარაღებული ძალები. მე მინდა მივულოცო პირველი წარმატებები ჩვენს მეომრებს, თავდაცვის მინისტრს გიორგი ყარყარაშვილს და ყველა მის კოლეგას.
ომს, რომელიც საქართველოში მიმდინარეობდა და ჯერაც არ დამთავრებულა, უმსხვერპლოდ არ ჩაუვლია. სახელი და დიდება ამ ომში დაღუპულ ყველა ვაჟკაცს, ვინც თავი შესწირა სამშობლოს დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას! როგორც დიდმა გალაკტიონმა ბრძანა მათ სახელს სამშობლო სანთლებად აინთებს. მათი სახელი უკვდავია!
მე მინდა ნუგეშის სიტყვებით მივმართო მათს ჭირისუფლებს, მამებს, დედებს, ძმებს, დებს, მეუღლეებს, შვილებს, მე მინდა ვანუგეშო ყველა ლტოლვილი, ომში დაჭრილი, უმუშევარი, უსახლკარო... ერი და სახელმწიფო თქვენზე ზრუნავს. დიდი მადლობა მოთმინებისათვის, ადამიანობისათვის, სიძნელეთა სწორად გაგებისათვის. გწამდეთ, ხვალინდელი დღე დღევანდელზე უკეთესი იქნება ქვეყნისათვის და თითოეული თქვენგანისათვის.
1991-1993 წლების დეკემბერ-იანვრის ისტორიულმა მოვლენებმა ახალი პერსპექტივა დასახა საქართველოს დამოუკიდებელი, დემოკრატიული, თავისუფალი სახელმწიფოს მშენებლობაში. ეს იყო ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ახალი გამარჯვება, დიქტატურის უარყოფა დემოკრატიის მიერ.
დღეს ჩვენ მივესალმებით საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ყველა კონსტრუქციულ ნაკადს, ყველა თაობას, ყველა პოლიტიკურ პარტიასა და მოძრაობას, რომლებიც დემოკრატიისა და თავისუფლების სადარაჯოზე დგანან. ეროვნული შერიგებისა და სამოქალაქო მშვიდობისათვის იბრძვიან. პოლიტიკური პლურალიზმი ერის ერთიანობას არ უშლის ხელს, თუ იგი გონიერების ჩარჩოში თავსდება.
დღეს ჩვენ მთაწმინდაზე, წმინდა მთაზე ქედი მოვიხარეთ, თაყვანი ვეცით ჩვენს დიდ წინაპრებს, რომლებმაც დიდი ილიას მეთაურობით თაობებში გააღვიძეს და გაანათეს სული, მებრძოლი სული.
ჩვენ ქედი მოვიხარეთ ბოლო წლების ეროვნული მოძრაობის რაინდის მერაბ კოსტავას განსასვენებლის წინაშე, მამულისათვის წამებული და თავგანწირული გმირი განისვენებს ქართული აზროვნების გიგანტთა შორის და ამით საქართველომ პატივი მიაგო მთელს ეროვნულ მოძრაობას თანამედროვე ეტაპზე.
მივესალმებით ყველა მამულიშვილს, ბიზნესმენს, ფერმერს, კომერსანტს, რომლებსაც თავიანთი წვლილი შეაქვთ დამოუკიდებელი და თავისუფლი საქართველოს ეკონომიკური და პოლიტიკური ძლიერების უზრუნველყოფაში.
დიდი მადლობა საქართველოს ქალაქისა და სოფლის ინტელიგენციას, მოსწავლე და სტუდენტ ახალგაზრდობას. ქალთა მოძრაობას, ომისა და შრომის ვეტერანებს, ყველას, ვინც იღვწის იმისათვის, რომ ხვალინდელი საქართველო დღევანდელზე უკეთესი იყოს.
მალე მივიღებთ 1921 წლის კონსტიტუციის ახალ რედაქციას, ფაქტობრივად ახალ დემოკრატიულ კონსტიტუციას, ვაშენებთ სამართლებრივ სახელმწიფოს, განვამტკიცებთ კანონიერებასა და მართლწესრიგს.
დღევანდელ შეხვედრას საზეიმო განწყობის ელფერი დაჰკრავს, თუმცა საზეიმოდ საქმე სულაც არ გვაქვს. დღევანდელი დღე, გარკვეული აზრით, ჯანსაღი დემოკრატიული ძალების დათვალიერება იყო. იგი იმედის მომცემია.
ამასთან, ჩვენ ერთი წუთითაც არ უნდა დავივიწყოთ, რომ ქვეყანა უღრმეს ეკონომიკურ კრიზისშია. ვილაპარაკოთ შიმშილზე, სიღატაკეზე, როგორც რეალურად არსებულ მოვლენებზე.
აქედან დასკვნა, ყველამ ქვეყნის ეკონომიკისა და ფინანსების გაჯანსაღებას უნდა მოვკიდოთ ხელი. სახელმწიფოს მეთაურით და პარლამენტით დაწყებული და სკოლის მოსწავლით დამთავრებული - ყველამ ეკონომიკაზე უნდა ვიზრუნოთ. დაე, დღევანდელი ჩვენი შეხვედრა დასაწყისი იყოს საერთო-სახალხო მოძრაობისა ეკონომიკის გამოცოცხლების და გაჯანსაღებისათვის, დროული და რაციონალური რეფორმებისათვის, ხალხის კეთილდღეობის გაუმჯობესებისათვის. ახლა თავისუფლების, დამოუკიდებლობის, დემოკრატიის ბედი ეკონომიკის სფეროში წყდება, ჩვენ თუ მკლავებს დავიკაპიწებთ, - ხალხი, დიდი და პატარა გამოგვყვება. მაშ ასე, გზა დავულოცოთ დიდ მოძრაობას საქართველოს ეკონომიკური ძლიერებისათვის, მაშასადამე, რეალური თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, ყველა მოქალაქის კეთილდღეობისათვის!
მე-20 საუკუნისა და 21-ე საუკუნის გზაგასაყართან საქართველო ოპტიმიზმით შეჰყურებს მომავალს.
ჩვენ გვჯერა, რომ 21-ე საუკუნეში, ქრისტეს აქეთ მესამე ათასწლეულში საქართველო შეაბიჯებს როგორც მატერიალურად და სულიერად აღორძინებული, ბედნიერი ქვეყანა. ასეთია ჩვენი მრწამსი.
ვისურვებდი, რომ მრავალი 26 მაისი გვეზეიმოს ერთად.
საქართველოში მიწყივ, დაბადებით სტუმარი ღვთისაა. ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერიაო, - ბრძანებს დიდი რუსთაველი. ჩვენ, ქართველები, მუდამ ვიყავით და ვიქნებით ამ სიბრძნის ერთგული.
გაუმარჯოს დამოუკიდებელ, დემოკრატიულ, თავისუფალ საქართველოს!
მრავალჟამიერ, მშვიდობა, ბედნიერება, სიკეთე, დღეგრძელობა იყოს ქართვულ მიწაზე და მთელ მსოფლიოში!
21-ე საუკუნეში საქართველო შეაბიჯებს როგორც მატერიალურად და სულიერად აღორძინებული, ბედნიერი ქვეყანა : საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის - სახელმწიფოს მეთაურის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე 1993 წლის 26 მაისს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 27 მაისი. - №108(653). - 1 გვ.
![]() |
87 ედუარდ შევარდნაძე: რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა კვლავ რჩება მნიშვნელოვან მომენტად აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების თვალსაზრისით, მიუხედავად იმისა, რომ გაეროს ფაქტორი ახლა მართლაც რეალურად არის ამოქმედებული |
▲ზევით დაბრუნება |
31 მაისის რადიოინტერვიუ
- რეალობაა ის, რომ აფხაზეთში შეჩერებულია სისხლისღვრა, ცეცხლი შეწყვეტილია და შექმნილია იმის პირობები, რომ დავიწყოთ მოლაპარაკების და მორიგების რთული, მაგრამ აუცილებელი პროცესი, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ - სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ საქართველოს რადიოს კომენტატორ ნატო ონიანთან გამართულ თავის ტრადიციულ საორშაბათო ინტერვიუში, - მოთხოვნა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სწორი მოთხოვნა იყო, - თქვა მან, - და გარკვეული პერიოდის მანძილზე გამოცხადებული პაუზა, როგორც მე მას ვუწოდე, მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ადამიანები დამშვიდდნენ და ყველამ, ვინც ამ ტრაგედიის მონაწილეა, იფიქრონ, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ მომავალში. სისხლისღვრის პირობებში ამის გაკეთება შეუძლებელი იყო. ამიტომ არის აუცილებელი ცოტა უფრო ხანგრძლივი პაუზა, - განაგრძო ედუარდ შევარდნაძემ, - თუმცა, სამწუხაროდ, პირდაპირი პასუხი გუდაუთის ხელმძღვანელებისაგან ამ საკითხზე ჯერჯერობით არ მიმიღია. ისინი მხოლოდ იმას ამბობენ, რომ პირველი არ დაარღვევენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კვლავ უნდობლობა და ეჭვია ჩვენს შორის, თითქოს ვიღაცას დროის მოგების საშუალებად სჭირდება ეს პაუზა, თუ ჩვენ ამგვარი ეჭვებისაგან არ გავთავისუფლდით, - განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ, - ძალიან ძნელი იქნება ლაპარაკი არა მარტო პაუზაზე, არამედ სხვა უფრო სერიოზულ ამბებზეც.
მე ყოველთვის ვცდილობდი და ახლაც იმასვე ვცდილობ, რომ ჩემს პარტნიორებს მდგომარეობა არ გავურთულო - განაგრძო შემდეგ სახელმწიფოს მეთაურმა - არ მინდა ისინი ისეთ სიტუაციაში მოექცნენ, საიდანაც გამოსვლა გაუჭირდებათ. ამიტომაც მაქვს იმედი, რომ გუდაუთის ხელმძღვანელები მიპასუხებენ. ასევე ელის მათ პასუხს სოხუმის ხელმძღვანელობა.
თუ ჩვენ პაუზას გავაგრძელებთ, მაშინ უნდა შევთანხმდეთ, რომ გავცვლით ჩვენს წარმომადგენლებს, მათი წარმომადგენელი ჩამოვა სოხუმში, სოხუმისა კი ჩავა გუდაუთაში და ისინი დაამყარებენ საჭირო კონტაქტებს, მაგრამ ამასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ განვითარდება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა.
როგორი ულტიმატუმებიც უნდა წავუყენოთ რუსეთს და როგორაც უნდა შესრულდეს ისინი, ამჟამად რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა კვლავ რჩება მნიშვნელოვან მომენტად აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების თვალსაზრისით, თუმცა გაეროს ფაქტორი, გაეროს დელეგაცია მართლა რეალურად ჩაერთო მის მოწესრიგებაში. იგი უკვე იყო ადგილზე, შეისწავლა მდგომარეობა ერთ მხარესაც, მეორე მხარესაც და მაქვს იმედი, რომ მათი მონაწილეობა სიმბოლიური კი არა, რეალური იქნება. ახლა ველოდებით, რომ კონფლიქტის მოწესრიგებისათვის უახლოეს ხანში კვლავ ჩამოვა 50-60 კაცი - ინსპექტორები და დამკვირვებლები, ძირითადად სამხედრო პირები. თავისთავად ასეთი რაზმის გამოჩენა აფხაზეთში ძალიან მნიშვნელოვანია და თუ ყველა ეს ფაქტორი ამოძრავდა, ამავე დროს სწორად გამოვიყენებთ ევროპის სტრუქტურებსაც, რომლებიც ჯერჯერობით ამ პროცესში არ არიან ჩართული და ამას დაემატება ქართველთა და აფხაზთა შორის ნდობის უმთავრესი ფაქტორიც, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ყველაფერს მოვაგვარებთ, თუმცა გარკვეული სიფრთხილე ყოველთვის უნდა გამოვიჩინოთ... სამწუხაროდ, მწარე გაკვეთილები იყო და ისინი არ უნდა დაგვავიწყდეს, დასძინა მან.
ქართული ჯარის ფორმირება აფხაზეთის კონფლიქტში მოხდა და ამ კონფლიქტიდან ის დასკვნაც უნდა გამოვიტანოთ, - თქვა შემდეგ სახელმწიფოს მეთაურმა, როცა საქართველოს ერთიანი არმიის მშენებლობის საკითხებს შეეხო, - რომ არმია შინააშლილობების მოსაგვარებლად არ უნდა დაგვჭირდეს. აფხაზეთის კონფლიქტში საქმე გვაქვს არა ქართველთა და აფხაზთა ინტერესების შეჯახებასთან და ომთან მათ შორის, არამედ, გარეშე ძალის მონაწილეობასთან. აი, ამ გარეშე ძალის მონაწილეობასთან არის დაკავშირებული ჩვენი შეიარაღებული ძალების ფუნქცია აფხაზეთში და ეს გამართლებულია, რადგან, მისი ძირითადი ფუნქცია გარეშე საფრთხისაგან ქვეყნის დაცვა გახლავთ და ეს გარკვევით არის ჩაწერილი შეიარაღებული ძალების მშენებლობის სახელმწიფო პროგრამაში, რომელიც უკვე გამოვაქვეყნეთ. რაც შეეხება შიდა მოვლენებს, ისინი სხვანაირად უნდა მიგვარდეს და საერთოდ არ უნდა განმეორდეს ის სავალალო მოვლენები, როცა შეიარაღებული ძალები გამოყენებული იყო ამა თუ იმ რაზმების თუ ცალკეული ოპოზიციურად განწყობილი ელემენტების დასაძლევად. მე არ მინდა ახლა ამის ანალიზს შევუდგე, მაგრამ ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში ეს ასეა. ამიტომ ჩვენს შეიარაღებულ ძალებსაც მე განვიხილავ როგორც ქვეყნის უსაფრთხოების გარანტს. მაგრამ ასეთივე გარანტად მე მესახება პირველ რიგში ძლიერი ეკონომიკა საბაზრო რელსებზე გადასული, სწორი და მიზანმიმართული საგარეო პოლიტიკა და კარგად გაწვრთნილი რეგულარული ერთიანი ჯარი, ისეთი, როგორიც თუნდაც ამ დღეებში ვიხილეთ საზეიმო აღლუმზე. თუცა აღლუმი ერთია, სინამდვილე კი მეორე. მაინც მთელმა საქართველომ გაიხარა მისი ხილვით. ცალკეული კუთხიდან კი შეგვახსენებენ, რომ 26 მაისს გამართული აღლუმი ძალიან ჰგავდა კომუნისტურს ტრიბუნაზე დგომით თუ სხვა ატრიბუტებითო. მაგრამ ასე იყო თუ ისე, ეს გახლდათ ქართული ჯარის, ჩვენი ერთიანი შეიარაღებული ძალების აღლუმი. ახლა უკვე დროა, რომ არმია იყოს რეგულარული, და თუკი იბრძვის, ის არ უნდა იბრძოდეს პარტიზანული მეთოდებით. აი ამის თეორიული საფუძვლების მსგავსი დოკუმენტია შეიარაღებული ძალების მშენებლობის პროგრამა, რომელიც მე გამოვაქვეყნე.
შემდეგ რადიოკომენტატორი შეეხო ახლახან პარლამენტში მაშველი კორპუსის სტატუსთან დაკავშირებულ დებატებს და სახელმწიფოს მეთაურს სთხოვა კომენტარი გაეკეთებინა იმ მოსაზრებისათვის, თითქოს საკითხი არ გართულდებოდა, რომ სახელმწიფოს მეთაური განხილვაში დროულად ჩარეულიყო.
- შეიძლება არის გარკვეული სიმართლე ამ მოსაზრებაში, - თქვა ედუარდ შევარდნაძემ, - რომ სჯობდა ცოტა ადრე ჩავრეულიყავი. მაგრამ მინდა გავიმეორო ის, რომ, რაც პარლამენტზე ვთქვი, რომ „მხედრიონი“ არ იქნება შეიარაღებული ძალების ნაწილი. მაგრამ აქვე უნდა ვთქვა ისიც, რომ უმადურობაა უგულებელვყოთ ის დამსახურება, რომელიც ამ ფორმირებას მიუძღვის ბოლო წლების განმავლობაში დღიდან მისი შექმნისა. და კიდევ მინდა ისიც ვთქვა, რომ მაშველთა კორპუსი სხვა არის და რეკეტი კიდევ სხვა. ხშირად ამას აიგივებენ. ჰგონიათ, რაკი მაშველთა კორპუსი შეიქმნება, ამით რეკეტი დაკანონდება, ჯერ ერთი რეკეტი შესაძლოა ცალკეულ „მხედრიონელებთან“ ან ყოფილ ზოგიერთ „გვარდიელებთან“ იყოს დაკავშირებული, მაგრამ რეკეტი ეს არ არის, რეკეტი სხვა რამეა, სხვა მოვლენაა. სულ რომ არ ყოფილიყო, არც „გვარდია“ და არც „მხედრიონი“, ისეთ არასტაბილურ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, რეკეტი მაინც თანამდევი მოვლენა იქნებოდა. თქვენ იცით, რომ რეკეტმა პირდაპირ შეჭამა მოსკოვი, თუმცა, იქ არც „გვარდიაა“ და არც „მხედრიონი“. ამიტომ, მოდით, მათ ნუ დავაბრალებთ. რეკეტი მწვავე სოციალური პროცესების თანამგზავრია.
რაც შეეხება იმას, თითქოს ჩემი ყურადღება მოაკლდა „მხედრიონს“ და სხვებს, შეიძლება ეს სწორია, იქნებ დროულად რომ ჩავრეულიყავი, საქმე აქამდე არ მივიდოდა... თუმცა მე მაინც არ მიმაჩნია, რომ საშინელება მოხდა, სამი დღის განმავლობაში დებატები მიმდინარეობდა, პარლამენტი ვერ მივიდა გარკვეულ დასკვნამდე, შემდეგ ისეთი მოსაზრება და წინადადება შევთავაზეთ, რომელიც მისაღებია პარლამენტისათვის, მთავრობისათვის, საზოგადოებისა და თვით „მხედრიონსათვის“. მე მგონი ზოგიერთ გართულებას ალბათ ცხოვრებაში ვერ ავცდებით, რადგან დროის დეფიციტია და ბევრ რამეს ვერ ვასწრებთ. გვინდა ეს ყველამ გაგვიგოს, - თქვა ედუარდ შევარდნაძემ და განაგრძო, რომ, - ალბათ ასეთი გაგებაც იყო ის, რომ 26 მაისს ექსცესები არ მოჰყოლია და ეს შეიძლება ხელისუფლებისადმი მხარდაჭერადაც აღვიქვათ. ბევრი ჩვენი თანამემამულე მიხვდა, რომ ყველას ერთად გვაკისრია პასუხისმგებლობა ეროვნული ერთიანობისათვის, ქვეყნის მთლიანობისათვის და 26 მაისს სახელმწიფო ინსტიტუტებთან სოლიდარობაც ძირითადად ამის გამოვლინებაც იყო, თუმცა ცალკეულ რაიონებში ამ დღეს თან ახლდა გართულებები. მაგრამ მაინც მინდა მადლობა ვუთხრა ყველას, მათ შორის ოპოზიციურად განწყობილ ძალებსაც (რომლის ნაწილთან დიალოგი, სამწუხაროდ, არ გამოგვდის) იმისათვის, რომ მათი დიდი უმეტესობა მიხვდა ეროვნული დღესასწაულის დროს ერთად ყოფნის აუცილებლობას - განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ.
შემდეგ საუბარი შეეხო ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ახლანდელ ვიზიტს ჩვენს ქვეყანაში. სახელმწიფოს მეთაურმა დადებითად შეაფასა ამ ვიზიტის მნიშვნელობა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის, რაც ორი ქვეყნის ურთიერთობაში პოტენციურად არის ჩადებული, ჯერ არ აგვითვისებია... ძალიან კარგია, - თქვა ედუარდ შევარდნაძემ, - რომ ირანთან კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობა ვითარდება. იგი დიდ შედეგებს ადრე გამოიღებს. რაც შეეხება კითხვას ირანი და რუსეთი, მე ვუპასუხებდი, რომ ორივე ქვეყანას თავისი ადგილი ექნება ჩვენს საგარეო ურთიერთობებში. ვერც ირანი დაიჭერს რუსეთის ადგილს და რუსეთიც ვერ შეცვლის ირანს. ორივენი იმ ინტერესების შემადგენელი რგოლებია, რომლებიც ჩვენი სახელმწიფოს გარეთ მდებარეობს. ასეთივე უნიკალური ადგილი აქვს ჩვენს ინტერესებში ჩვენს სხვა მეზობლებსაც. თურქეთს, სომხეთს, აზერბაიჯანს, უკრაინას და სხვა ქვეყნებს. ამიტომ თუ ირანთან ვართ, ეს იმას როდი ნიშნავს, რომ რუსეთის ფაქტორის იგნორირება ხდება. ასე არ შეიძლება. ამ ეტაპზე ორივე ქვეყანას თავისი ადგილი აქვს და ყველა ქვეყანასთან უნდა გვქონდეს კეთილმეზობლური და ნორმალური ურთიერთობა, მაშინ საქართველო გაიმარჯვებს.
რადიოინტერვიუს დროს სახელმწიფოს მეთაურმა დიდი ყურადღება დაუთმო კუპონებთან დაკავშირებულ პრობლემას და გაიმეორა, რომ მათი შემოღება იყო იძულებითი ნაბიჯი, რომელიც მთელმა რიგმა გარეშე ფაქტორებმა გადაგვადგმევინა. ამასთან მან უპასუხა კომენტატორის კითხვას იმის შესახებ, რომ კუპონებთან დაკავშირებული მწვავე პროცესები ხომ არ დააჩქარებს მთავრობის კრიზისს ჩვენს ქვეყანაში.
- პარლამენტშიც, ტელევიზიითაც და პრესაშიც საინტერესო ლექციები მოვისმინე, თუ როგორ უნდა ყოფილიყო კუპონების შემოღებასთან დაკავშირებული საკითხები გადაჭრილი, - უპასუხა სახელმწიფოს მეთაურმა, - მე მგონი ასეთი მსჯელობა უბრალოდ შეურაცხყოფაა იმ ადამიანებისა, რომლებიც ამ აქციასთან იყვნენ დაკავშირებული, თითქოს მათ არ იცოდნენ რა მოჰყვებოდა კუპონების შემოღებას და წინასწარ ვერ განსაზღვრეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცოდით როგორადაც უნდა მომხდარიყო ყოველივე. მე იმის მომხრეც ვიყავი, რომ კუპონი როგორც პარალელ;ური ერთეული უფრო ადრე ყოფილიყო შემოღებული, მაგრამ მინისტრთა კაბინეტის მაშინდელი ხელმძღვანელები, რომლებიც ამ სფეროს განაგებდნენ, კატეგორიული წინააღმდეგი წავიდნენ. შემდგომ, როცა მთავრობის ახალი დაკომპლექტება მოხდა, უკვე ბევრი რამ შეიცვალა: მაგალითად, გადარიცხვების პრაქტიკა რუსეთში, სხვა ქვეყნებში; ამან კი უდიდესი ცვლილებები გამოიწვია ჩვენს ეკონომიკაში, შეზღუდა ჩვენი შესაძლებლობები. მერე შეიცვალა თვით რუსეთის სახელმწიფოებრივი საფინანსო პოლიტიკაც - ვეღარ მივიღეთ ფულის ნიშნები, რომლებსაც ტრადიციულად ვიღებდით. რუსეთმა არ შეასრულა ვალდებულება, რომელიც იკისრა. 3-4 თვე ხელფასები ფაქტიურად დაურიგებელი გვქონდა და სხვა გამოსავალი აღარ გვქონდა, ქაღალდები უნდა დაგვებეჭდა. დავებეჭდეთ ეს ქაღალდები და დავიწყეთ იმაზე ფიქრი, თუ რით გაგვემაგრებინა იგი. მოიძებნა ასეთი გზებიც, მათ შორის ის, რომ, რაც კი იყიდებოდა, ყველაფერი გაყიდულიყო კუპონებზე... მაგრამ, მოგეხსენებათ, გაჩნდა სიძნელეები ბაზართან, ბენზინთან დაკავშირებით. იმ ხალხს ვერც გაამტყუნებ, ისინი ვერც კვების პროდუქტს და ვერც ბენზინს კუპონებით ვერ იშოვნიდნენ. იყო სხვა გზაც - კუპონების ჩართვა პრივატიზაციის, აქციონერების, აქციების გაყიდვის, აუქციონების მოწყობის პროცესში. სამწუხაროდ ეს არ შესრულდა, მისი მხოლოდ წინაპირობები შეიქმნა, მასშტაბები კი არ ჩანს.
ამჟამად ამ მოვლენების შეფასებისას ხშირად პოპულიზმის ელემენტებს ვამჩნევ, არის დილეტანტური მსჯელობაც. ხანდახან ეს ეხება სახელმწიფო სტრუქტურების მუშაკებსაც და სხვებსაც. არადა, ჩვენ ყველამ დავაკელით ამ საქმეს ხელი და არავის არ უნდა ამის აღიარება, სხვაზე გადაბრალება კი ადვილია, არადა, ეს არ ვარგა. ახლა ზოგიერთებს ერთი სული აქვთ, რომ ეროვნული ვალუტა შემოვიღოთ, თუმცა ყველამ იცის, რომ ის მალევე გაბონდება. იქნებ სჯობდა ჯერ კუპონზე მეტი გვეზრუნა, რომ იგი ვამუშაოთ, შემოვაბრუნოთ, რაღაცნაირად ვარეგულიროთ, როგორც ეს გააკეთეს, მაგალითად, ქუთაისში, და იმ მასშტაბებამდე მივიყვანოთ, რომ ტკივილი თავიდან ავიცილოთ. ასე რომ, ყველამ თავისი საქმე უნდა გააკეთოს. შტაბმა მარტო სხდომები კი არ უნდა მართოს, არამედ გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს. გადაბრალებები კი, თითქოს ეს ბანკის ბრალია, საქმეს არ შველის. ბანკს კი მიაჩნია, რომ შტაბის ბრალია, ფინანსთა მინისტრს მიაჩნია, რომ ვიღაც სხვა არის დამნაშავე. მთავრობას მიაჩნია, რომ ეს საქმე სულ სხვა ვინმეს უნდა გაეკეთებინა, ალბათ სახელმწიფოს მეთაურისათვისაც სხვაზე მისი გადაბრალება მომგებიანი პოზიცია იქნება. მაგრამ მე ვიტყოდი, რომ მძიმე მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის ბედზე პასუხისმგებლობა ყველამ უნდა გავინაწილოთ და დამნაშავის ძებნა ამ საქმეს ვერას უშველის: თუ ვინ არის დამნაშავე, ამას ისტორია გაარჩევს, მაგრამ თუ ახლა მთელ ენერგიას დამნაშავის ძებნას მოვახმართ არ იქნება სწორი. უნდა მოვნახოთ გზა, რომლითაც ვუშველით საქმეს. გარდა იმისა, რაზეც მე ზემოთ ვილაპარაკე, ვგულისხმობ პრივატიზაციას და სხვა პროცესებს, მე მიმაჩნია, რომ ორი მიმართულებით უნდა დავაჩქაროთ მუშაობა. პირველი - უნდა ავამოქმედოთ მაქსიმალურად ქვეყნის შიგნით არსებული რესურსები, გამოვაცოცხლოთ ეკონომიკა და ვაწარმოოთ პროდუქცია, რომელიც კუპონებზე გაიყიდება. მეორე გზა ის არის, რომ კუპონი გავამაგროთ ქვეყნის გარედან, შემოვიტანოთ კრედიტები და პროდუქცია. მაგალითად, უკრაინასთან გვაქვს შეთანხმება, რომ მივიღებთ 30 მილიონი მანეთის ტექნიკურ კრედიტს. ამ ფულით იქ უნდა შევიძინოთ პროდუქტები და ჩამოვიტანოთ, რომლებსაც ჩვენს მოსახლეობას კუპონებზე მივყიდით. სამწუხაროდ, ეს კრედიტი ჯერ გაუფორმებელია. რა არის საჭირო ამისათვის? კომპეტენტური დელეგაცია უნდა ჩავიდეს და მეტი არაფერი. ეს რომ გაფორმებულიყო, ჩვენ ამოვისუნთქავდით. სიმართლე გითხრათ, ამ საყვედურით იმის თქმა სულაც არ მინდა, რომ ვიღაცამ ეს არ მოინდომა, უბრალოდ მოუცლელობაა ამისი ბრალი, მაგრამ ეს მოუცლელობაც უნდა დავძლიოთ და როცა საჭიროა, მეტი ოპერატიულობით უნდა ვიმოქმედოთ. გარკვეულ იმედებს ვამყარებ ჩემს ვიზიტებზე ყაზახეთში, ჩინეთში, გერმანიაში, ისრაელსა და თურქეთში. - თქვა შემდეგ ედუარდ შევარდნაძემ, - ვფიქრობ, ამ ქვეყნებიდან ხელცარიელი არ უნდა დავბრუნდეთ. ბევრი რამ შეიძლება გადაწყდეს, მათ შორის მარცვლეულის საკითხიც, რომ სტაბილური გახდეს მისი მარაგები რესპუბლიკაში. ამ მხრივ ყაზახეთში ჩემს ვიზიტს დიდი მნიშვნელობა აქვს. იქ შეიძლება კრედიტებზეც ვილაპარაკოთ... ვერ ვიტყვი, თითქოს ჩინეთს აქვს საშუალება, რომ რაიმე დიდი კრედიტებით დაგვეხმაროს, მაგრამ ამ ქვეყნის ხელმძღვანელები რომ ნამდვილად არიან ასეთი დახმარებისათვის განწყობილი, ეს ცხადია. ასამოქმედებელია სხვა გარეშე ფაქტორებიც - ევროგაერთიანება, ევრობანკი, სხვა სტრუქტურები. მჯერა, თუკი ჩვენთან მშვიდობა იქნება, კონფლიქტები მოწესრიგდება, სტაბილიზაციას მივაღწევთ, საქართველო მიიღებს კრედიტებს. მე ამის გარანტიები მაქვს.
ახლა დადგა ისეთი მომენტი, რომ ჩემი სამუშაო დროის 70 პროცენტი ეკონომიკას და ფინანსებს მოვახმარო, - განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ, - იმიტომ კი არა, რომ სხვას ეს არ შეუძლია, არა, მიმაჩნია, რომ სახელმწიფო მეთაურისათვის ამაზე უფრო მწვავე პრობლემა არ არსებობს. ამიტომ, როგორც კი დავბრუნდები, მე შევეცდები ჩემი მუშაობის სტილი და მეთოდები გარდავქმნა და მეც და სხვებიც მთელი 180 გრადუსით შემოვბრუნდეთ ეკონომიკისა და ფინანსების პრობლემებისაკენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდება.
ახლახან ერთ-ერთ ტელეგადაცემაში ითქვა, თითქოს სახელმწიფოს მეთაურის ხელფასი 12 კოეფიციენტით განისაზღვრება. მინდა განვმარტო, რომ ეს არ არის მართალი, - თქვა ედუარდ შევარდნაძემ, - მართალია, მე ამ კოეფიციენტს მთავაზობდნენ, რადგან სხვებს სახელმწიფო სტრუქტურებში აქვთ ამ დონის ხელფასი, მაგრამ მე არ მაქვს, რადგან ვთხოვე 9 კოეფიციენტზე მეტი არ დაენიშნათ. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ მიჭირს, მაგრამ წიგნის ჰონორარით მე მაინც მაქვს არსებობის საშუალება და იმიტომ. ეს ისე, სიზუსტისათვის მინდოდა მეთქვა, სიზუსტეს აქვს მნიშვნელობა ყოველ შემთხვევაში, - დასძინა მან.
რაც შეეხება თქვენს შეკითხვას ეროვნული ვალუტის შემოღების შესახებ, - უპასუხა სახელმწიფოს მეთაურმა კომენტატორს, - ჩემი აზრით არ უნდა ავჩქარდეთ, გრძნობებს არ უნდა ავყვეთ, რომ ჩვენი ეროვნული ფულია. პირველ რიგში მას უნდა შევუქმნათ 100-პროცენტიანი იმის გარანტია, რომ მყარი იყოს, ისეთი მყარი, რომ თუ უსულო საგანზე შეიძლება პარტნიორობის ცნება გავავრცელოთ, მაშინ ლარი და დოლარის პარტნიორობა ეჭვს არ უნდა იწვევდეს... სახელით კი ჰგვანან ერთმანეთს, მაგრამ არა მარტო სახელწოდებით, არამედ სასურველია, წონითაც იყვნენ შესაბამისი. თუ ჭკვიანურად მივუდგებით ამ საქმეს და არ ავჩქარდებით, მაშინ ეს საკმაოდ მყარი კურსის ვალუტა იქნება. ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ახლა იმასაც მოითხოვენ, რომ რაც შეიძლება სწრაფად იქნეს ამოღებული მანეთები მიმოქცევიდან და მხოლოდ კუპონზე გადავიდეთ. მაგრამ, სამწუხაროდ, რა ნეგატიური მოვლენები შეიძლება მოჰყვეს მას, ყველა ვერ ხედავს. ამ საქმეში მარტო ჩვენი პოზიცია ალბათ, არ იკმარებს, აზრს მოსახლეობასაც უნდა დავეკითხოთ.
ინტერვიუს დასასრულს სახელმწიფოს მეთაურმა უპასუხა კომენტატორის შეკითხვას - ეკონომიკურ სარგებლიანობასთან ერთად რა პოლიტიკური შედეგები შეიძლება მოჰყვეს მის ვიზიტებს შუა აზიასა და ჩინეთში.
ჩინეთი შორს არის, - უპასუხა სახელმწიფოს მეთაურმა, - მაგრამ დღეს უკვე მსოფლიოს მოსახლეობის ლამის მეოთხე მცხოვრები ჩინელი გახლავთ; თუ 21-ე საუკუნეზე ვილაპარაკებთ, მაშინ ეს განსაკუთრებული ქვეყანა იქნება და ასევე განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს ჩვენი პლანეტის პოლიტიკურ ცხოვრებაში. მე ვიცი, რომ ჩინეთის ხელმძღვანელობა კარგად არის განწყობილი საქართველოს მიმართ, სურს ჩვენთან მეგობრობა, ჩვენი დახმარება და ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვათ. ეს არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული, პირიქით, მე კიდევ ვიმეორებ, რომ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება ცენტრალურ ამოცანად რჩება და ვისთანაც უნდა გვქონდეს ურთიერთობა, იგი მაინც დარჩება ჩვენს მთავარ რგოლად; ყაზახეთის უზარმაზარი ქვეყანაა. შეიძლება ჯერჯერობით ის ამ რანგში არ არის, როგორც მას ეკუთვნის, მაგრამ თავისი სიმდიდრით, მოსახლეობის რაოდენობით, სამხედრო და სამრეწველო პოტენციალით ერთ-ერთი საინტერესო ქვეყანაა არა მარტო ყოფილი საბჭოთა კავშირის სისტემაში. ვფიქრობ, მასთან ურთიერთობასაც დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს. ორივე ქვეყანას აქვთ ინტერესები ჩვენს რეგიონში. ჩინეთსაც აინტერესებს კავკასია, საქართველო, რომელიც სატრანზიტო საშუალებათა მარშრუტების გზაშესაყარზე მდებარეობს; ჩინეთში ძალიან კარგად იციან ძველი აბრეშუმის გზის არსებობა, რომელსაც დღესაც არ დაუკარგავს აზრი. ასევეა ყაზახეთიც და მე მგონი, ამ ქვეყანაშიც გაიგებენ, რომ ყაზახეთი აქტიურად უნდა თანამშრომლობდეს კავკასიის რესპუბლიკებთან. ასე რომ, ინტერესების სფერო ძალიან დიდია. საქართველოს პარლამენტის პრეს-ცენტრი.
ედუარდ შევარდნაძე: რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა კვლავ რჩება მნიშვნელოვან მომენტად აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების თვალსაზრისით, მიუხედავად იმისა, რომ გაეროს ფაქტორი ახლა მართლაც რეალურად არის ამოქმედებული : 31 მაისის რადიოინტერვიუ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 1 ივნისი. - №113(658). - 1 გვ.
ედუარდ შევარდნაძე ოფიციალურ ვიზიტად გაემგზავრა ყაზახეთსა და ჩინეთში
1 ივნისს საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე - სახელმწიფოს მეთაური ედუარდ შევარდნაძე ოფიციალურ ვიზიტად გაემგზავრა ყაზახეთსა და ჩინეთში.
გამგზავრების წინ, როცა შეეხო ყაზახეთს, მან განაცხადა, რომ იგი არის „ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ქვეყანა, რომელმაც დიდი ადგილი უნდა დაიკავოს მსოფლიო რუკაზე თავისი მეცნიერული პოტენციალის, ეკონომიკური შესაძლებლობების, იმის მეოხებით, რაც გასულ წლებში მან გააკეთა“.
- მხედველობაში მაქვს ბაიკონური, შეიარაღებული ძალები, ბირთვული პოტენციალი ამ ქვეყნისა, - თქვა ედუარდ შევარდნაძემ - და მის წინაშე სულ უფრო პერსპექტიული მომავალია დასახული. ამიტომ ასეთ ქვეყანასთან ტრადიციული ურთიერთობის განახლება, რაც მასთან წინათ გვაკავშირებდა, ფრიად საჭიროა. კიდევ უფრო საჭიროა ახალი ურთიერთობის დამყარება.
სახელმწიფოს მეთაურმა განაცხადა, რომ საქართველოს და ყაზახეთის ექსპერტებმა მოამზადეს მორიგებათა პაკეტი, მათ შორის პოლიტიკური დოკუმენტი ურთიერთობის პრინციპების შესახებ, აგრეთვე ეკონომიკური შეთანხმებანი, ხელშეკრულებანი მეცნიერებისა და ტექნიკის, მედიცინის, ტურიზმის დარგში და ბევრ სხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ.
- მიმაჩნია, რომ საქართველოს თანამშრომლობა ყაზახეთთან ერთ-ერთი ყველაზე აქტუალურია, თუ გვინდა, მივაღწიოთ გარდატეხას მრეწველობაში, სახალხო მეურნეობაში მთიანად, - ხაზი გაუსვა ედუარდ შევარდნაძემ, - ამას საფუძვლები ეყრება დღეს, თუმცა ერთგვარი დაგვიანებით. მაინც როგორია ჩვენი ინტერესები? უწინარეს ყოვლისა, ეკონომიკური ურთიერთობა. საქართველო ახლა ყიდულობს დიდძალ ენერგომატარებლებს. გაზს - 9 მილიარდი მანეთისა. ამასთან, მარცვლეული, ზოგიერთი სხვა სახეობის პროდუქცია საკმარისი რაოდენობით ვერ შემოდის. იმედი გვაქვს, რომ შევძლებთ მოველაპარაკოთ ყაზახეთის ხელმძღვანელობას უკვე წლეულს და გაისად გარანტირებული რაოდენობის მოწოდების შესახებ. თუ დავაინტერესებთ ყაზახეთს, სადაც აწარმოებენ ამ რესპუბლიკის მოთხოვნილებებზე თითქმის ერთიორად მეტ მარცვლეულს, მაშინ საქართველოსათვის მარცვლეულის მოწოდების ერთ-ერთი წყარო უზრუნველყოფილი იქნება. გვაქვს სხვა ინტერესებიც. მაგალითად, მეტალურგებს, მანქანათმშენებლებს, ქიმიკოსებს, ელექტრონიკის სფეროს მუშაკებს და ა.შ.
არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება ვაწარმოოთ მოლაპარაკება კრედიტების შესახებ. ახლა ძალიან გვიჭირს კრედიტი, და არა იმდენად დოლარებით, რამდენადაც მანეთებით. ეს უნდა იყოს სახელმწიფოთაშორის კრედიტები. უკრაინასთან, მაგალითდ, დავდეთ ასეთი შეთანხმება. ვაპირებთ დავდოთ შეთანხმება რუსეთთანაც. ხოლო, თუ ამგვარ გარანტიებს ყაზახეთიდანაც მივიღებთ, მაშინ, შეიძლება ითქვას, ვითარება რამდენადმე შემსუბუქდება.
როცა ჩინეთს შეეხო ედუარდ შევარდნაძემ თქვა: „ჩინეთი ისეთი ქვეყანაა, ურომლისოდაც არ წყდება, და არც შეიძლება გადაწყდეს მსოფლიო გაერთიანების არც ერთი სერიოზული საკითხი. არის ამ სახელმწიფოსთან კარგი ურთიერთობის რეალურად დამყარების შანსი და მოვალენი ვართ, ამაზეც ვიფიქროთ, რათა მოვაგვაროთ სადღეისოდ ურთიერთხელსაყრელი კავშირი, ვიფიქროთ მომავალზე.
- ჩვენთვის, - აღნიშნა მან, - დიდი მნიშვნელობა აქვს დეკლარაციას, რომელსაც ხელი უნდა მოვაწეროთ. ეს იქნება პოლიტიკური დოკუმენტი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ძირეულ საკითხებზე, მაინტერესებს ჩინეთის მიერ ეკონომიკური რეფორმების დროს შეძენილი გამოცდილება. ამას მნიშვნელოვანი შედეგი მოჰყვა. პირადად გავეცანი ამ გამოცდილებას, როცა შანხაის თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში ვიყავი, წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე აქ სულ რამდენიმე წლის მანძილზე მოპოვებულმა წარმატებებმა. შესაძლებლობა მქონდა, გავცნობოდი ჩინეთის გამოცდილებას ქვეყნის სხვა ქალაქებშიც, მას შემდეგ ჩინეთში უკეთესობისაკენ ბევრი რამ შეიცვალა. გვაინტერესებს პირდაპირი ეკონომიკური კავშირურთიერთობაც ამ ქვეყანასთან. ჩინეთში, მაგალითად, კლასიკურ დონეზეა დაყენებული მცირეგაბარიტიანი ტექნიკის წარმოება, რომელიც ესოდენ საჭიროა საქართველოსათვის. იქ არის ძალიან იაფი ტექნიკა, რომელიც დიზელის სათბობზე მუშაობს. საზოგადოება „კახეთმა“ რამდენიმე ასეული ერთეული ასეთი ტექნიკა შემოიტანა, რომელიც ეკონომიკური და ძალიან მოხერხებულია. არ გამოვრიცხავ ერთობლივი საწარმოს შექმნის შესაძლებლობას. თუ კრედიტებს მივიღებთ, შეიძლება შევიძინოთ ასეთი მანქანები.
ეს მხოლოდ ერთი საკითხთაგანია, - თქვა შემდეგ სახელმწიფოს მეთაურმა. - გვაქვს სხვა ინტერესებიც. ჩინეთში აწარმოებენ მარცვლეულს, ბრინჯს, ჩვენ გვინდა, დავაინტერესოთ ჩინეთის მხარე - საქართველოდან მივაწოდოთ სასუქები, რომლებზეც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დიდი მოთხოვნაა. სანაცვლოდ, ჩინეთიდან შემოვიტანოთ სხვადასხვა სახეობის მარცვლეული. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან სპეციალისტები, რომლებიც, ასე თუ ისე, იცნობენ ჩინეთის ეკონომიკას. იმედი გვაქვს, რომ ჩინეთიდან, ცარიელი ხელით არ დავბრუნდებით. თანამშრომლობის ფრიად საინტერესო პერსპექტივები ისახება მედიცინის, მეცნიერების, ტექნიკის დარგში. ყველა ამ სფეროს წარმომადგენლები შედიან ჩვენს დელეგაციაში.
დარწმუნებული ვარ, თქვა შევარდნაძემ, რომ ჩინეთის სახით დიდ მეგობარს ვიძენთ. ამ ქვეყანაში სამჯერ მომიწია ჩასვლა. ეს ფრიად მძიმე ხანა იყო საბჭოთა კავშირ-ჩინეთის ურთიერთობის ისტორიაში. შევხვდი სხვადასხვა რანგის ხელმძღვანელებს, მათ შორის დენ სიაოპინსაც. სწორედ ჩვენთან საუბარში წარმოთქვა მან ცნობილი ფრაზა: „დავივიწყოთ წარსული და ვიზრუნოთ მომავლისათვის“. და, მართლაც, ამას მოჰყვა პროცესი, რომლის მეშვეობითაც კვლავ დამეგობრდნენ ეს ქვეყნები. დარწმუნებული ვარ, რომ ჩინეთი დაინტერესებულია, დაამყაროს კარგი ურთიერთობა ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველა რესპუბლიკასთან, და შესაძლოა, ჩვენ განსაკუთრებული საკვანძო პუნქტიც ვიყოთ, რომელიც ჩინეთისათვის ინტერესს წარმოადგენს.
ედუარდ შევარდნაძე ოფიციალურ ვიზიტად გაემგზავრა ყაზახეთსა და ჩინეთში // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 2 ივნისი. - №114(659). - 1 გვ.
![]() |
88 ედუარდ შევარდნაძე აფხაზეთის მოვლენების შესახებ |
▲ზევით დაბრუნება |
ბოლო დღეებში მკვეთრად გამწვავდა აფხაზეთის სიტუაცია. გუდაუთის ხელმძღვანელობა რუსეთის რეაქციული ძალების მხარდაჭერით ყოველ ღონეს ხმარობს, რათა ჩაიშალოს, როგორც მშვიდობიანი მოწესრიგება კონფლიქტის ზონაში, ისე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის დასახული ნორმალიზაცია. საბრძოლო მოქმედების ახალი ესკალაციის, სოხუმის საცხოვრებელი რაიონების ბარბაროსული დაბომბვის შედეგად დაიღუპა და დაიჭრა ათობით მშვიდობიანი მცხოვრები.
6 ივნისს გვიან საღამოს, სოხუმში ჩავიდა პარლამენტის თავმჯდომარე - სახელმწიფოს მეთაური ედუარდ შევარდნაძე. საქართველოს საინფორმაციო სააგენტოს კორესპონდენტისათვის მიცემულ ინტერვიუში მან განაცხადა:
- 7 ივნისს დღის 12 საათამდე ქართველთა მხარეს არც ერთი ტყვია არ გაუსვრია. ზუსტად შუადღისას სოხუმს კვლავ მასირებულად დაუშინეს არტილერიის ცეცხლი. ქალაქის ცენტრში აფეთქდა ათზე მეტი ჭურვი. ცეცხლს დამიზნებით უშენდნენ, რათა კვლავ ყოფილიყო მსხვერპლი მოსახლეობაში. დაიღუპა ათი მშვიდობიანი მცხოვრები, მრავალი შენობა მნიშვნელოვნად დაზიანდა.
- სოხუმში ჩამოვედი, რათა ადგილზე გავცნობოდი ვითარებას და გამერკვია, გუდაუთის დაჯგუფების აგრესიულობა ქართველთა მხარის მოქმედებით ხომ არ იყო გამოწვეული, მაგრამ დავრწმუნდი, მაგრამ დავრწმუნდი, რომ ასეთი დასკვნის გამოტანის არანაირი საფუძველი არ არსებობს.
კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ სეპარატისტები კვლავ აწყობენ სისხლიან აქციებს კონფლიქტის შემდგომი ესკალაციის მიზნით. საქმე გვაქვს გუდაუთის ხელმძღვანელობის აშკარა, კარგად დაგეგმილ პროვოკაციასთან. მათ არ ენაღვლებათ არც მშობელი ხალხი, არც ათასობით ახალგაზრდა, რომლებიც ბრძოლის ველზე იღუპებიან.
ედუარდ შევარდნაძე აფხაზეთის მოვლენების შესახებ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 8 ივნისი. - №119-120(665). - 1 გვ.
![]() |
89 ბრძოლა მსოფლიო საზოგადოებრივი აზრისთვისაც... |
▲ზევით დაბრუნება |
ედუარდ შევარდნაძის ინტერვიუ ტელეპროგრამა „ალიონს“
- ყოველივე იმის შემდეგ, რაც გუშინ სოხუმში მოხდა, თქვენ, როგორც სახელმწიფოს მეთაურს, მიგაჩნიათ თუ არა, რომ კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგების ყოველნაირი პერსპექტივა ამოიწურა?
- მიუხედავად იმისა, რომ სოხუმს კვლავ ცეცხლი გაუხსნეს, მიმაჩნია, რომ მშვიდობიანი მოწესრიგების საშუალებები გარკვეულწილად შეიზღუდა, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის საბოლოოდ ამოწურული. მე ვფიქრობ, რაც ახლა ხდება, არ არის აფხაზი ხალხის და არც ყველა გუდაუთელი ხელმძღვანელის სურვილი. არის ჯგუფი ადამიანებისა, რომლებიც დაბადებული არიან ომისა და კონფრონტაციისათვის. უნდა მოგახსენოთ, რომ ასეთი ადამიანები ქართველთა შორისაც არიან. როცა მშვიდობა მყარდება, მათი დროც მთავრდება.
დაიწყო რა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს შორის ახალი ნორმალიზაციის ეტაპი, ამ ჯგუფმა იგრძნო, რომ მას ფეხქვეშ ნიადაგი ეცლება. ჩემი აზრით, ეს უნდა იყოს ძირითადი მიზეზი იმ ბარბაროსული მოქმედებისა, რომელსაც ბოლო ორი დღის განმავლობაში ჰქონდა ადგილი და რომელთა შედეგადაც საკმაოდ დიდია მსხვერპლი, დაზარალდნენ ადამიანები.
არის მეორე, არანაკლებ პროვოკაციული ნაბიჯიც.
მოგეხსენებათ, რომ სოხუმსა და გუდაუთაში ახლახან იმყოფებოდა გაეროს ავტორიტეტული, მაღალი დელეგაცია და რუსეთის სამშვიდობო მისია, რომლებიც შეხვდნენ გუდაუთის ხელმძღვანელობას. ის, რაც ბოლოს სოხუმში მოხდა, აფხაზ სეპარატისტებს სურთ წარმოაჩინონ, როგორც მათთან შეთანხმებული და მათ მიერ სანქცირებული მოქმედება.
და მესამე, როგორც ჩვენთვის ცნობილია, ზოგიერთი გუდაუთელი ხელმძღვანელი ახლა იმყოფება რუსეთში ისეთ წრეებთან ურთიერთობისათვის, როგორებიც არიან ჟირინოვსკები და ძმანი მათნი. მათ სურთ, შექმნან შთაბეჭდილება, თითქოს რუსეთი კვლავ ებრძვის საქართველოს.
ვფიქრობ, ინტრიგებისა და ბინძური თამაშების მთელმა კომპლექსმა გამოხატულება ჰპოვა ასეთ რეაქციულ გამოხდომებში.
რა უნდა დავუპირისპიროთ ჩვენ ასეთ ქმედებებს? ჩვენ უნდა ვაკეთოთ ის, რასაც ვაკეთებდით. ახლა ჩვენთან ერთად სოხუმში არიან თავდაცვის მინისტრი გია ყარყარაშვილი, საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის უფროსი ირაკლი ბათიაშვილი, გაიცა განკარგულებები, ბრძანებები, ჩვენი შეიარაღებული ძალების რამდენიმე ძლიერი რაზმი უკვე ჩამოვიდა სოხუმში და გაკეთდა ყველაფერი, რაც უნდა გაკეთებულიყო სოხუმის დასაცავად. თუ ასეთი გამოხდომები კვლავ განმეორდება, მაშინ მხოლოდ თავდაცვაზე აღარ ვილაპარაკებთ.
- არაერთხელ აღინიშნა, რომ გუდაუთის ხელმძღვანელობასა და რუსეთის რეაქციულ ძალებს შორის არსებობს ალიანსი. როგორ ფიქრობთ, ხომ არ იყო სოხუმში გუშინ მომხდარი ამბები რუსეთის რეაქციული ძალების ერთგვარი გამოხმაურება საქართველოს დელეგაციის ვიზიტზე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, რომელიც ბრწყინვალედ დამთავრდა? იქნებ, ამ ძალებს არ სურთ შეეგუონ იმას, რომ საქართველოს უნდა რუსეთის გავლენის სფეროდან გასვლა?
- ვფიქრობ, ეს არ უნდა იყოს დაკავშირებული ჩინეთში ვიზიტთან. უფრო მეტად, ეს არის მიზანმიმართული მოქმედება, როგორც რუსეთის რეაქციული ძალებისა, ისე გუდაუთის რეაქციონერებისა საქართველო-რუსეთის ურთიერთობის ნორმალიზაციის წინააღმდეგ. ეს ერთი, და მეორე, რუსეთის რეაქციული ძალები, არანაკლებ არიან შეშფოთებული იმით, რომ რუსეთში გაიმარჯვა, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე, დემოკრატიამ და დემოკრატიულმა მოძრაობამ ელცინის მეთაურობით და ხელმძღვანელობით.
სწორედ ელცინმა აიღო შერიგების, მორიგების, ამ კონფლიქტის მოწესრიგებისა და საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზაციის კურსი. ამას ვერ შეეგუებიან. გაიხსენეთ ის მანიფესტაცია, რომელიც ჩემი მოსკოვში ყოფნისას გაიმართა ჟირინოვსკის მეთაურობით და არა მარტო ჟირინოვსკისა. სამწუხაროდ, ასეთები რუსეთში ბევრნი არიან. ისინი ებრძვიან რუსეთის დემოკრატიულ ძალებს, დემოკრატ ხელმძღვანელებს. ისინი ებრძვიან საქართველოსაც. სამწუხაროდ, ამ ალიანსში ჩართულია გუდაუთის ყველაზე უფრო რეაქციული ფრთა. არ მინდა ყველა გავაიგივო. იგივე გუდაუთაში ბევრია ისეთი, რომელიც რეალურად აფასებს შექმნილ ვითარებას. ისინი თანდათან რწმუნდებიან იმაში, რომ ამ რეაქციულმა ფრთამ აფხაზი ხალხი ჩიხში შეიყვანა. ამ ჩიხიდან გამოსავალი ერთადერთია - რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს მოლაპარაკება ორ მხარეს შორის ნორმალური ცხოვრების დასაწყებად. მე არ გამოვრიცხავ ასეთ ვარიანტს, თუმცა მზად უნდა ვიყოთ სხვა ვარიანტებისათვისაც.
მე ბევრი მიკიჟინებს, რომ მიუხედავად 3 სექტემბერსა და 14 მაისს ელცინთან მიღწეული შეთანხმებისა, კვლავ გრძელდება საომარი მოქმედებები, მაგრამ ამას უკვე მთელი მსოფლიო ხედავს. უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენ უნდა მოვიგოთ არა მარტო ეს ბრძოლები და ღირსეულად გამოვიდეთ ამ ომიდან, არამედ უნდა მოვიგოთ საზოგადოებრივი აზრისათვის ბრძოლაც. ჩვენი პოზიციისა და იმ პოზიციის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რომელიც მსოფლიო საზოგადოებას და, კერძოდ, გაეროს აქვს, ჩვენ ამ ბრძოლას ვიგებთ, იმიტომ რომ თავიდანვე მართალი ვიყავით და ახლაც მართალი ვართ.
- უღრმესი მადლობა.
ბრძოლა მსოფლიო საზოგადოებრივი აზრისთვისაც... : ედუარდ შევარდნაძის ინტერვიუ ტელეპროგრამა „ალიონს“ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 8 ივნისი. - №119-120(665). - 1 გვ.
![]() |
90 ედუარდ შევარდნაძე: რუსეთის ხელმძღვანელობა ბოლოს და ბოლოს რეალურად მიდის იმ დასკვნამდე, რომ მას ისევე სჭირდება ერთიანი, მთლიანი და დემოკრატიული, ძლიერი საქართველო, როგორც საქართველოს სჭირდება ღირსეული პარტნიორი რუსეთის სახით |
▲ზევით დაბრუნება |
14 ივნისის რადიოინტერვიუ
სამწუხაროდ, ისე ხდება, რომ ჩვენ რადიოგადაცემას კვლავ ვერ ვიწყებთ სასიამოვნო თემით. ჩვენს ქვეყანაში კვლავ გაჭირვებაა, ახლა ამას პურის კრიზისიც დაემატა დედაქალაქში და არა მარტო აქ, - თქვა ედუარდ შევარდნაძემ კომენტატორ ნატო ონიანთან თავისი ტრადიციული რადიოინტერვიუს დაწყებისას, - თუ პურის რაოდენობაზე ვილაპარაკებთ, უნდა აღვნიშნო, რომ ახლა გაცილებით მეტი ცხვება, - განაგრძო მან, - მაგრამ მოხმარებაც დიდია. ამის მთავარი მიზეზი ის არის, რომ ხელფასის მატება და პურის გაძვირება ერთდროულად უნდა მომხდარიყო, მაგრამ ეს ასე არ მოხდა, ელემენტარული წესი დაირღვა და, ბუნებრივია, ყველა ოჯახმა მოინდომა ხმელი პურის რეზერვის შექმნა, ნაკლები ხარჯით მისი შეძენა და კანონზომიერი შედეგიც მივიღეთ. თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ იყო სხვა მიზეზებიც, გარკვეული საბოტაჟიც, ამასთან, ცოტა პური როდი გადის რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ... ახლა ამასთან დაკავშირებით ზომები მიღებულია, მაგრამ უკვე გვიანია, თავის მართლება აღარ შეიძლება, პასუხისმგებლობა ყველამ უნდა გავინაწილოთ. აღარ შეიძლება ამდენი წვალება და უკმაყოფილება ისედაც გაუბედურებული ადამიანებისა. ვფიქრობ, დღეს-ხვალ მდგომარეობა უნდა გამოსწორდეს. ჯერ ერთი, ფასი გაძვირდება, მეორეც, 28 ათასი ტონა ხორბალი შემოვა ამერიკის შეერთებული შტატებიდან, მეორე პარტიაც მალე იქნება. ამჟამად რუსეთიდან შემოტანილი ხორბლის მარაგით ვიკვებებით, გვაქვს ყაზახეთიდან ხორბლის შემოსვლის გარანტიაც. ყოველივე ეს გააუმჯობესებს მდგომარეობას, მაგრამ ჩვენი საერთო სატკივარი მაინც ის არის, რომ ჩვენ ჩვენი საკუთარი რესურსები არ გაგვაჩნია, და არ გაგვაჩნია იმიტომ, - თქვა სახელმწიფოს მეთაურმა, - რომ ჩვენი ეკონომიკა, არც სოფლად და არც ქალაქად არ მუშაობს. ამ უმოქმედობის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ პოლიტიკას გადავყევით და სხვა ყველაფერი დაგვავიწყდა... ჩვენ უნდა მივხედოთ ეკონომიკას და თავი უნდა დავანებოთ ამა თუ იმ უბედურების ერთმანეთზე გადაბრალებას. ალბათ, ახალს არაფერს ვამბობ, მაგრამ, თუ ამ გზით ვივლით, უფრო რაციონალურად ავამოქმედებთ საკუთარ შინაგან რეზერვებს, დავამუშავებთ ყოველ მტკაველ მიწას, მერწმუნეთ, უკეთესად ვიქნებით! ამას რომ ვამბობ, ამით, ცხადია არ უარვყოფ გარე რესურსების არსებობასაც, ისინი, ცხადია, არ ამოწურულა, სხვა რომ არ ვთქვათ, მალე უკრაინიდან და სხვა ქვეყნებიდანაც მივიღებთ ასეთ რესურსებს, მაგრამ ჩვენს საკუთარ რესურსებზე ზრუნვა უპირველესი უნდა იყოს. მე მგონი, დედაქალაქში და სხვაგანაც შექმნილ მდგომარეობას ამ კვირაში ბოლო უნდა მოეღოს და მდგომარეობა შემსუბუქდება, - განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ.
შეეხო რა ეროვნული ბანკის მიერ გამოყოფილი საფინანსო კრედიტების თაობაზე პარლამენტში გამართულ დებატებს, სახელმწიფოს მეთაურმა ისინი არამართლზომიერად მიიჩნია. - ამჟამად, - თქვა მან, - მიმდინარეობს იმის შემოწმება თუ რა კრედიტებია გამოყოფილი და დარწმუნებული ვარ, რომ აქ დანაშაული არაფერი იქნება. ეს იმისათვის გაკეთდა, რომ ხელი შეეწყოთ ბიზნესისათვის და შეემსუბუქებინათ ქვეყნის მძიმე მდგომარეობა, მაგრამ, ცხადია, ვერ გამოვრიცხავ იმასაც, რომ შეიძლება აქ რაიმე დარღვევები იყოს, მაგრამ ამის გარკვევა პარლამენტის ტრიბუნიდან არ უნდა ხდებოდეს. ასეთ დროს საჭიროა ორივე მხარეს დეტალურად იყოს გარკვეული ყველაფერი, ეს კი ღია დებატების დროს არ მოხერხდება.
ამასთან დაკავშირებით ერთ რამეს მინდა გავუსვა ხაზი, - განაგრძო სახელმწიფოს მეთაურმა, - ახლა ისეთ პირობებში ვართ, რომ უშეცდომოდ ვერავინ ვერ იმუშავებს, შეცდომები, ცხადია, აქვს ეროვნულ ბანკსაც, მთავრობასაც, სხვებსაც და პარლამენტსაც აქვს შეცდომები. ამიტომ ერთმანეთისადმი გადაბრალება ცოდვად მიმაჩნია.
ამას შენიშვნის სახით ვამბობ, - დასძინა მან და შემდეგ მთავრობის გადადგომის შესახებ პარლამენტში დაყენებული საკითხის თაობაზე განაგრძო საუბარი. - რა თქმა უნდა, - განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა, - ასეთ პირობებში საკითხის ასე დაყენება შესაძლებელია. მაგრამ იბადება კითხვა: უშველის კი ეს საქმეს? გამოგვიყვანენ თუ არა კრიზისიდან ის ადამიანები, რომლებიც ძველს შეცვლიან? და ეს კითხვები უთუოდ პასუხგასაცემია... ჩვენი დღევანდელი მთავრობის კაბინეტი, - განაგრძო ედუარდ შევარდნაძემ - ახალი კაბინეტი გახლავთ, მისი წევრები სწავლობენ და უღრმავდებიან ვითარებას, რომ როგორმე გამოკვეთონ თავიანთი პოზიცია. ახალ კაბინეტს კი სულ მცირე სამი თვე კიდევ მაინც დასჭირდება ამისათვის და ჩვენი პირობები კიდევ უფრო გაუარესდება. ცხადია მე არ გამოვრიცხავ ცალკეული რგოლის შეცვლას, მაგრამ მთლიანად შეცვლით საქმეს კიდევ უფრო გავაფუჭებთ, თუ მე ახლა ისეთ გადაწყვეტილებას მივიღებ, რომ მთავრობა უნდა გადადგეს, ეს ჩემი მხრიდან პოპულიზმი იქნება და მეტი არაფერი, - განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა, - რადგან მე ეს პრაქტიკა კარგად მაქვს შესწავლილი და ასეთი უთავბოლო მოთხოვნები გადადგომის შესახებ სწორად არ შემიძლია ჩავთვალო. ჩემი ზნეობრივი პრინციპებით და მორალით ცოტა სხვანაირად ვუდგები ამ საქმეს. ასეთი კითხვაც დგას: შევითავსო თუ არა აღმასრულებელი ხელისუფლება? ვინც ამ საკითხს აყენებს, მათიც კარგად მესმის, რადგან ისინიც გამოსავალს ეძებენ და არც თუ უსაფუძვლოდ იყენებენ ამ საკითხს ასე. მაგრამ მე პირდაპირ ვუპასუხებდი, რომ ამის გაკეთება ფიზიკურად შეუძლებელია. ამ საკითხის დაყენებას გულწრფელობაც ახლავს, რომ მე მეტი ვიმუშაო ამ საკითხებზე. ამიტომაც გადავწყვიტე, რომ სახელმწიფოს მეთაურთან იმუშაოს ეკონომიკურმა საბჭომ დიდი ფუნქციებით და ეკონომიკის გამოცოცხლება გახდეს მისი ძირითადი მიზანი. ამ საბჭოს ხელმძღვანელობა დაევალა სახელმწიფოს მეთაურს. ვნახოთ რას გავაკეთებთ. ამჯერად, მეტის გაკეთება საჭიროდ არ ჩავთვალე.
რაც შეეხება კუპონების ფასს, - განაგრძო ეკონომიკის თემაზე საუბარი სახელმწიფოს მეთაურმა, - საქართველოს მოსახლეობა, ყველა მოქალაქე უნდა დაგვეხმაროს, რომ იგი გამაგრდეს. ეს დახმარება იმაში გამოიხატება, რომ ყველამ თავდადებით იმუშაოს, - ფერმერით დაწყებული და ჩემით დამთავრებული. შეძლებისდაგვარად უნდა ავამოქმედოთ ყველაფერი, რაც ახლა გაჩერებულია, ამასთან, უთუოდ შემოგვეშველება უცხოური ინვესტიციებიც. მაგრამ ჩვენ იმაზე უნდა ვიზრუნოთ, რომ მარტო ამ გზით არ ხდებოდეს კუპონის გამაგრება. შეიძლება მე ვცდები, მაგრამ მგონი მართალი ვიყავი, როცა ჩვენს ნაჩქარევ გადაწყვეტილებაზე ვლაპარაკობდი, როცა კუპონი ერთადერთ საშუალებად გვინდა გამოცხადდეს. მაგრამ რას იზამ, ესეც კეთდება, რომ შედეგებზე ნაკლებად ვფიქრობთ, ვიმეორებ, ეს ჩვენი ავადმყოფობაა. რაც შეეხება ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, მე გამოვრიცხავ, რომ იგი ამ საკითხებს ანგარების მოზნით მიუდგა. ჩემი აზრით, მას ამოძრავებდა სასარგებლო საქმის კეთების სურვილი. ასეთ დროს, შესაძლოა, ზოგიერთმა ოპერაციამ არ გაამართლოს, ზოგიერთმა კი პირიქით. ისე, ისიც უნდა ვთქვა, რომ ზოგი რამ მართლაც გაკეთდა. ახლა ისიც ვნახოთ, თუ ვინ დგას ამ ოპერაციების უკან. საჭიროა გულზე ხელი დაიდოს ყველამ, ვინც ბანკის პრეზიდენტთან დადიოდა, ვისი თხოვნითაც ეს ოპერაციები ხდებოდა. აქ არის ჩემი თხოვნაც, რომ დახმარებოდნენ იმ ბიზნესმენებს, რომლებიც ჩემთან ყოფილან; მე ვიქრობ, ვერც პრემიერ-მინისტრი, ბატონი თენგიზ სიგუა აუვლიდა გვერდს ასეთ თხოვნებს და მან ცოტა რამ როდი გააკეთა ამ მხრივ. ამ გზით შემოვიტანეთ კარაქიც, სხვა პროდუქტებიც. იგივე ითქმის ვიცე-პრემიერზე რომან გოცირიძეზეც. ამიტომ, ერთ კაცს ნუ მივედავებით. ყველამ უნდა გავინაწილოთ პასუხისმგებლობა. მე მგონი, იმ 141 მილიარდზე დავაც არ იყო ობიექტური. ამ შემთხვევაში, საქართველოს ერთი ფურცელი ქაღალდის გარდა არაფერი დაუკარგავს.
ახლა ქვეყანაში საერთო პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისია და ცხადია, სახეზეა ხელისუფლების კრიზისიც. - განაცხადა შემდეგ ედუარდ შევარდნაძემ - მაგრამ სად უნდა ვეძებოთ აქედან გამოსავალი? ხელისუფლების გადადგომაში? არა მგონია, რომ ეს გვიშველის. ჩემი აზრით, მუხლჩაუხრელი მუშაობაა საჭირო ამ კრიზისის დასაძლევად. ამასთან, არ უნდა იარსებოს ისეთმა პროცესმა, როცა ბევრი, პირიქით, აღრმავებს ამ კრიზისს, ხელს ითბობს მასზე. უკმაყოფილო კაცის პოზაში დგას და ნიშნის მოგებით გვიყურებს - აი მე ხომ გითხარით, ხომ გაგაფრთხილეთო... ამ დროს კი შესანიშნავად იცის, რომ არავის, გენიოსსაც კი არ შეუძლია ამის თავიდან აცილება. ამიტომ ვამბობ, რომ მხოლოდ ერთად უნდა ვიფიქროთ ამ კრიზისიდან გამოსვლის პროგრამაზე. მაგრამ წინასწარ ვიტყვი, ეს არ იქნება ადვილი საქმე ისეთ ქვეყანაში, რომელსაც ექვსი წელი ანგრევდნენ.
მე ვოცნებობ იმ დრეზე, როცა ირაკლი წერეთელი და მისი თაობა მოვა ხელისუფლების სათავეში. - თქვა ედუარდ შევარდნაძემ, - ყველაფერს აქვს თავისი ბუნებრივი დასაწყისი და დასასრული. მაგრამ თუ მე უნდა გადავდგე და ხალხს და საზოგადოებას ეს ასე მიაჩნია, წავალ... რა საჭიროა ამისათვის ვინმე ხარჯავდეს თავის ძალას; განცხადებებითა და ხელმოწერებით ამის გაკეთება უღირსი საქციელია. მხოლოდ ხალხს უნდა ვკითხოთ, საზოგადოებას დავეკითხოთ. იქნებ მე თვითონ ვარ მომხრე, რომ ასე დაისვას საკითხი, ანდა ვღებულობ ასეთ წინადადებას... ანდა შენ უნდა გაჩუმდე. ეს წერეთელსაც ეხება და სხვასაც.
დღეს პოლიტიკური ტერორი ჰყვავის საქართველოში. სხვა ტერორიზმს უფრო ადვილად ეშველება, ვიდრე მას. ცხადია, მისი საფრთხეც არის, მაგრამ არა ისე, როგორც გუშინ. ის უკვე უკან იხევს. შესაბამისი ორგანოები ახლა ბევრს აკეთებენ იმისათვის, რომ ტერორი შეავიწროვონ და აღმოფხვრან. სამწუხაროდ, პოლიტიკურმა ტერორმა ფართო სახე მიიღო. იგივე ირაკლი წერეთლის და მისი მომხრეების მოქმედებაც პოლიტიკური ტერორია. თუკი ის პიროვნება, რომლის შესახებაც ლაპარაკობენ, ნორმალურია, ცხადია, ასეთი ლაპარაკით ისინი ანადგურებენ მას, როგორც ადამიანს...
მე მგონი ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი, აუცილებელი მოვალეობა ის არის, რომ მან ყველაფერს დაარქვას თავისი სახელი. თუ საზოგადოებას ესა თუ ის ადამიანი არ სურს, ცხადია, ის უნდა წავიდეს, მაგრამ თუკი მას ენდობა, მისი სჯერა და მხარდაჭერის ღირსად მიაჩნია, მხარიც უნდა დაუჭიროს, - თქვა სახელმწიფოს მეთაურმა.
შემდეგ ედუარდ შევერდნაძემ უპასუხა კომენტატორის შეკითხვებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მეთაურობით საქართველოში ახლახანს მყოფი დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით და სთხოვა გამოეთქვა აზრი თუ რამდენად აუცილებელი და სასურველია რუსეთის მონაწილეობა აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების საქმეში.
- თუ რამდენად სასურველია იგი, ამის შესახებ მე ადრე უკვე ვთქვი, - უპასუხა სახელმწიფოს მეთაურმა, - მაგრამ, თუკი ჩვენ რეალურ მდგომარეობას გავითვალისწინებთ, მე მგონი უნაყოფო იქნება იმაზე ლაპარაკი, რომ აფხაზეთის კონფლიქტს რუსეთის ფაქტორის გარეშე მოვაწესრიგებთ. მარტო მე რომ ვფიქრობდე ასე, შეიძლება ვინმე არ დამეთანხმოს, მაგრამ, აბა ნახეთ, გაეროს რამდენი დელეგაცია იყო ჩვენთან, ორჯერ უშიშროების საბჭომ მიიღო გადაწყვეტილებანი და რეზოლუციები, ყოველდღიური და ყოველკვირეული კონტაქტები გვაქვს გაეროსთან და ყველას მიაჩნია, რომ რუსეთის გარეშე ეს კონფლიქტი ვერ მოგვარდება. ასეა აღიარებული ყველგან, ყველა დონეზე. ამიტომ თუ ამ კონფლიქტის მოგვარებაზე ვილაპარაკებთ, ალბათ რუსეთის როლის უგულებელყოფა უპასუხისმგებლობა იქნება. მაგრამ აქვე ისიც უნდა ვთქვა, რომ თუკი ეს კონფლიქტი არ მოგვარდა და კვლავ გამწვავდა, მაშინ მასში რუსეთის ხელი იქნება გარეული... აი, ასეთ მიდგომას რეალურად უნდა შევხედოთ. თუ ჩვენ გვინდა, რომ საქართველო ერთიანი, განუყოფელი იყოს, თუ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობასა და თავისუფლებაზე მართლა ვფიქრობთ, და აფხაზეთის კონფლიქტის დამთავრებას ვესწრაფვით, რომ ყველაფერი მოგვარდეს და ახალი ცხოვრება დავიწყოთ, მაშინ ერთი თხოვნა მაქვს ყველასადმი: უფრო სერიოზულად ჩაიხედონ ამ საქმეში და იმ ფაქტებით ილაპარაკონ, რომლებიც რეალური ცხოვრებიდან გამომდინარეობს. თუ ასეთი მიდგომა არ იქნა, ეს საქმე არ მოგვარდება. თუმცა, მე მოხარული ვიქნებოდი, რომ უამისოდ ყოფილიყო მისი გადაწყვეტა შესაძლებელი, ვთქვათ, იმ გზით, რომ მომხდარიყო აფხაზურ-ქართული დიალოგი, მაგრამ, სამწუხაროდ, იგი არ გამოდის, - თქვა მან.
დღეს ძალიან რთულ ამბებთან გვაქვს საქმე. რუსეთთან დამოკიდებულების შესახებ და რუსეთის როლზე სერიოზული მსჯელობის დაწყების თაობაზე ამ ბოლო დროს განვაცხადე. ადრე ამას არ ვამბობდი. ეს მე ვთქვი იმ ზოგიერთი ცვლილების გათვალისწინებით, რომლებიც ამ ქვეყანაში მოხდა. მოეწყო რეფერენდუმი, განმტკიცდა პრეზიდენტის პოზიციები, მეორე პლანზე გადაინაცვლაეს „ჩვენმა მეგობრებმა“, დაიწყო მუშაობა ახალ კონსტიტუციაზე, რომელმაც გარკვეულად უნდა შექმნას დემოკრატიული რუსეთის ახალი სახე, თუკი ასეთი რუსეთი აშენდება; მკვეთრად გამოჩნდა მთელი მსოფლიოს ცივილიზებული სამყაროს პოზიცია, რომ მას მხოლოდ დემოკრატიულ რუსეთთან ექნება საქმე და ა.შ. აი, ეს მნიშვნელოვანი მოვლენებია, რომლებიც რუსეთში ხდება და ჩვენ ისინი არ უნდა გამოგვეპაროს, არ უნდა დაგვრჩეს შეუფასებელი. თუ ამ პროცესს ჩვენ შევაფასებთ, მაშინ შეიძლება გაჩნდეს ზოგიერთი ახალი ნიუანსი რუსეთთან წარმოებულ ჩვენს პოლიტიკაში, მასთან ურთიერთობასა და დამოკიდებულებაში, მათ შორის აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების საქმეში მისი როლის მიმართაც. ეს ნიუანსები ვიგრძენი ახლახან, რუსეთის დელეგაციასთან შეხვედრის დროს.
რაკი ამას ვლაპარაკობ, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ნიუანსებს აქვს გარკვეული რესურსებიც და რეზერვებიც, თუმცა, ეს ჯერ კიდევ არ არის მკვეთრად გამოკვეთილი პოლიტიკა. მაგრამ, მე ვფიქრობ, დგება ისეთი დრო, როცა რუსეთის ხელმძღვანელობა ბოლოს და ბოლოს რეალურად მიდის ისეთ დასკვნამდე, რომ მათ ისევე სჭირდებათ ერთიანი, მთლიანი და დემოკრატიული ძლიერი საქართველო, როგორც საქართველოს სჭირდება ღირსეული პარტნიორი რუსეთის სახით. თუ ეს ასე მოხდა (ამისათვის კიდევ დროა საჭირო, რომ დავრწმუნდეთ), მაშინ, მე მგონი, რუსეთთან პოლიტიკასა და დამოკიდებულებაში ზომიერ ნიუანსებსა და ზოგიერთ კორექტირებაზე უნდა ვილაპარაკოთ. იბადება კითხვაც: შეუძლია თუ არა დასავლეთს, რომ ყველაფერი გაითვალისწინოს და იყოს იმის სრული გარანტი, რომ, თუ ჩვენი ქვეყანა რუსეთთან თანამშრომლობის გარეშე იცხოვრებს და იარსებებს, საქართველო დიდად არ იზარალებს, რადგან ჰყავს დიდი პარტნიორები დასავლეთის სახით? მე ვფიქრობ, დასავლეთი ამისათვის არც ეკონომიკურად, არც ფინანსურად, არც სხვა მხრივ, მზად არ არის.
მე ბევრჯერ მითქვამს, - განაგრძო ედუარდ შევარდნაძემ, - რომ ჩვენ უამრავი მეგობარი გვყავს დასავლეთში - ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროპაში. კარგად იცით, როცა საჭირო იყო პოლიტიკური დემარშები, განცხადებები, ჩვენი ქვეყნის აღიარება, დიპლომატიური ურთიერთობის დამყარება, კრედიტების გამოყოფა და ა.შ. ისინი ამას აკეთებდნენ, მაგრამ დღეს დასავლეთმა საქართველო კმაყოფაზე რომ აიყვანოს და თავისი გავლენის სფეროდ აღიაროს, როგორც ამას ზოგიერთი ჩვენი თანამემამულე ფიქრობდა და ნატოს ჯარების შემოსვლას მოითხოვდა, არ მოხდება. ამას დრო სჭირდება. ამიტომ არის საჭირო დასავლეთთან ბალანსირებული მიდგომა და მეგობრობა და კარგი ურთიერთობა ჩვენს მეზობლებთანაც. ამით შეიძლება მართლა ვიფიქროთ თანასწორუფლებიან პარტნიორობაზე რუსეთთან. ჯერჯერობით კი, მხოლოდ ნიუანსებთან გვაქვს საქმე და უახლოესი დრო გვიჩვენებს, თუ რამდენად იმედისმომცემი იქნება ეს ნიუანსები.
თუ ვინმე დასავლეთზე ორიენტაციის და ამგვარი პოლიტიკის მომხრე არსებობს ამ ქვეყნად, ერთ-ერთი მათგანი მე გახლავართ, - თქვა დასასრულს ედუარდ შევარდნაძემ, - რადგან კარგად ვიცი, რასაც ნიშნავს ეს ქვეყნისათვის. მაგრამ, მოდით, ნურც ზედმეტად შევაფასებთ სიტუაციას, თითქოს ჩვენ დღეს შეგვიძლია რომელიმე მიმართულების, ვთქვათ, რუსეთთან ურთიერთობის იგნორირება და მარტო სხვის იმედზე ყოფნა.
სამწუხაროდ, ეს ჯერჯერობით ასე არ არის.
საქართველოს პარლამენტის პრესცენტრი.
ედუარდ შევარდნაძე: რუსეთის ხელმძღვანელობა ბოლოს და ბოლოს რეალურად მიდის იმ დასკვნამდე, რომ მას ისევე სჭირდება ერთიანი, მთლიანი და დემოკრატიული, ძლიერი საქართველო, როგორც საქართველოს სჭირდება ღირსეული პარტნიორი რუსეთის სახით / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 15 ივნისი. - №125(670). - 1 გვ.
![]() |
91 ედუარდ შევარდნაძე: „ჩვენ ვგრძნობთ მსოფლიო გაერთიანების თანადგომასა და მხარდაჭერას“ |
▲ზევით დაბრუნება |
გერმანიაში თავისი ვიზიტის წინ საქართველო პარლამენტის თავმჯდომარემ - სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ ინტერვიუ მისცა ევროპის პრესსამსახურის კორესპონდენტს.
სახელმწიფოს მეთაურმა გააანალიზა აფხაზეთში შექმნილი ვითარება და ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ფაქტორის გაუთვალისწინებლად ამ კონფლიქტის მოწესრიგება ნაყოფს ვერ გამოიღებს. ჩვენ რეგულარული კონტაქტები გვაქვს გაეროს სხვადასხვა სამსახურთან და მივდივართ ერთ აზრამდე, რომ უნდა გაგრძელდეს მოლაპარაკების პროცესი რუსეთის მონაწილეობით. მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თუ ამ გზას შედეგი არ მოჰყვა, ჩვენ გვექნება უფლება ამისათვის პასუხისმგებლობა რუსეთის ხელისუფლებას დავაკისროთ. საქართველო იცავს თავის ტერიტორიულ მთლიანობას, სახელმწიფო საზღვრების ურღვეობას, ამასთან მთელ თავის დიპლომატიურ ძალისხმევას ახმარს საკითხის პოლიტიკურ გადაწყვეტას.
უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიო გაერთიანება ამ თვალსაზრისით ავლენს პრობლემის სწორ გაგებას. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ხელმძღვანელობამ უკვე გადადგა კონკრეტული ნაბიჯები: საქართველოში ბრძანდებოდა გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ბატონი ედუარდ ბრუნერი, საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი ადგილზე გაეცნობა საქმის ვითარებას, რათა მიეცეს შესაძლებლობა გამოიტანოს თავისი ავტორიტეტული დასკვნა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ბატონ ანდრია კოზირევის ამასწინდელი ვიზიტი საქართველოში აგრეთვე არსებით ნაბიჯად მიგვაჩნია მოწესრიგების თვალსაზრისით. ჩვენთვის აუცილებელია რაც შეიძლება მალე და საბოლოოდ დავამთავროთ კონფლიქტი აფხაზეთში, რადგან ეს კონფლიქტი ხელოვნურად არის გამოწვეული. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მშვიდობასთან ერთად საქართველოში საქმიანი დაინტერესებაც მოვა. ამას უკვე იჩენენ სახელმწიფოები, რომლებთანაც სახელშეკრულებო ურთიერთობა დავამყარეთ.
მსოფლიო წესრიგზე გლობალური მასშტაბით თუ ვიმსჯელებთ, განაგრძო ედუარდ შევარდნაძემ, ჩემი აზრით, „ცივი ომის“ სტადიიდან გამოსვლისას მსოფლიო მთლიანად მომზადებული ვერ აღმოჩნდა ეროვნული, ეთნიკური თუ რელიგიური თვითშეგნების არაადექვატური, სპონტანური და გამწვავებული გამოვლინებებისათვის. რუსეთის მიერ თავისი გავლენის დაკარგვამ, ბუნებრივია, აამოქმედა ცენტრიდანული ძალები, შეიქმნა „ცხელი წერტილები“, ანდა პოტენციურად აფეთქებადსაშიში რეგიონები მკვეთრი ეკონომიკური დაბალანსების გათვალისწინებით.
დღეს ჩვენ ყველამ აუცილებლად უნდა ვეძებოთ ახალი მარეგულირებელი ელემენტები ორმხრივ თუ მრავალმხრივ სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში. საქართველო ცდილობს სწორედ ასე ააგოს თავისი პოლიტიკა - შეწონასწორებულად. ნეიტრალიტეტის, თანასწორუფლებიანობის და ურთიერთდაინტერესების პრინციპებზე დაყრდნობით.
შეეხო რა თავისი მომავალი ვიზიტს გერმანიაში, საქართველოს სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ ჩვენი ორი ქვეყნის საქმიან ურთიერთობას დიდი ხნის ტრადიციები აქვს და, უეჭველია, რეალური პერსპექტივაც. მინდა გავიხსენო ის ფაქტი, რომ ჯერ კიდევ 1918 წელს გერმანია მიესალმა დამოუკიდებელი საქართველოს დაბადებას და მნიშვნელოვან მხარდაჭერას უწევდა მას. სამწუხაროდ ისტორიის ჩარხი უკუღმა შეტრიალდა - თავისუფალმა საქართველომ მხოლოდ 1921 წლის თებერვლის ბოლომდე იარსება. ახლა ჩვენ სახელმწიფო მშენებლობის ურთულეს პროცესს, აღორძინების პროცესს განვიცდით. ამ ძნელ გზაზე ვაწყდებით მრავალ დაბრკოლებას, მათ შორის ხელოვნურსაც, რომლებსაც გვიქმნის როგორც იმპერიული ამბიციები, ასევე შინაგანი წინააღმდეგობანიც.
მაგრამ ჩვენ ვგრძნობთ მსოფლიო გაერთიანების თანადგომასა და მხარდაჭერას. გულწრფელ მადლობას ვუხდით გერმანელ ხალხს, ფედერაციული რესპუბლიკის საქმიანი წრეების წარმომადგენლებს და ხელმძღვანელობას, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა გამოგვიწოდა მეგობრობის ხელი.
უკვე აქტიურად თანამშრომლობენ ჩვენთან საფინანსო, საბანკო, სხვა სფეროების ექსპერტები. საინტერესო პერსპექტივა შეიძლება ჰქონდეს სამეცნიერო და კულტურულ გაცვლას. მაგრამ მთავარი ის არის, რომ სხვადასხვა პრობლემის გამო ურთიერთკონსულტაციების საფუძველზე შესაძლებელი გახდა ისეთი დოკუმენტის მომზადება, როგორიც არის განცხადება სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის საფუძვლების შესახებ. ჩვენ გვესმის, რომ ბევრი რამ ჯერ კიდევ მოსაგვარებელია, რათა ეს თანამშრომლობა ნაყოფიერი იყოს. მზადდება ახალი საკანონმდებლო ბაზა უცხოურ ინვესტიციათა დასაცავად, რომელსაც საფუძვლად უდევს ევროპული სტანდარტები და არსებითად ულტრალიბერალურია. და ჩვენ მოველით, რომ გერმანია, უწინარეს ყოვლისა, ევროპას უჩვენებს საქართველოსთან მჭიდრო და დაინტერესებული თანამშრომლობის მაგალითს.
„ჩვენ ვგრძნობთ მსოფლიო გაერთიანების თანადგომასა და მხარდაჭერას“ / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 18 ივნისი. - №128(673). - 1 გვ.
![]() |
92 უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ბატონ ისლამ ქარიმოვს |
▲ზევით დაბრუნება |
პატივცემულო ისლამ აბდუგანის ძევ,
მადლობას გიხდით იმისათვის, რომ ობიექტური სიძნელეების მიუხედავად, გამოეხმაურეთ ჩვენს თხოვნას და თქვენი ძალისხმევის წყალობით საქართველო კვლავ იღებს გაზს.
ვფიქრობ, რომ ურთიერთდახმარებისათვის ასეთი მზადყოფნა შეიძლება საუკეთესო გარანტი გახდეს ჩვენს ქვეყნებს შორის კეთილი ურთიერთობის განვითარების საქმეში. დარწმუნებული ვარ, რომ როგორც საქართველო, ისე უზბეკეთი წარმატებით დაძლევენ მათ წინაშე მდგომ სირთულეებს. მშვიდობასა და აყვავებას ვუსურვებ თქვენს ხალხს.
პატივისცემით
ედუარდ შევარდნაძე.
უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ბატონ ისლამ ქარიმოვს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 19 ივნისი. - №129-130(675). - 1 გვ.
![]() |
93 ედუარდ შევარდნაძე: დღეს ყველაზე მეტად, ვიდრე ოდესმე, შეკავშირებაზე, პირადული ამბიციების დაძლევასა და საქვეყნო საქმის სამსახურზე უნდა ვიფიქროთ |
▲ზევით დაბრუნება |
21 ივნისის რადიოინტერვიუ
- ბატონო ედუარდ, პარასკევს პარლამენტის სხდომაზე ზოგიერთმა პარლამენტარმა თქვენი გადადგომა მოითხოვა, ზოგიერთმა კი ის, რომ შევარდნაძე დარჩეს მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარედ, რადგან, მათი აზრით, სახელმწიფოს მეთაურის ინსტიტუტი იგივე პრეზიდენტის ინსტიტუტია... ზოგმა პრემიერის თანამდებობის შეთავსებაც შემოგთავაზათ, თქვენ კი ხელისუფლების განმტკიცება და გაძლიერება, სახელმწიფოს მეთაურისათვის დამატებითი უფლებების გადაცემა მოითხოვეთ, რაც მათთვის, ალბათ, სრულიად მოულოდნელი იყო. რას ნიშნავს ეს? - ამ კითხვით მიმართა რადიოკომენტატორმა ნატო ონიანმა საქართველოს სახელმწიფოს მეთაურს ედუარდ შევარდნაძეს თავის ტრადიციულ საორშაბათო რადიოინტერვიუში.
- აი ამ მოთხოვნათა ვარიანტებში თქვენ ყველაფერი არ დაასახელეთ - თქვა სახელმწიფოს მეთაურმა - მე ამასწინათ ერთ-ერთ გაზეთში ამოვიკითხე კიდევ ერთი ასეთი ვერსია, რომ შევარდნაძეს თვითონ სურს წასვლა და ეს დებატებიც შემთხვევითი არ არისო. იქ საკითხი ასე იდგა, რომ შევარდნაძემ საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანოს და მერე... მინიშნება იყო სახრჩობელასაკენ. მთლად ასე არა, მაგრამ დაახლოებით ასე იყო. მე მართლაც მინდა მივიყვანო საქმე ბოლომდე, როგორც კი ამის საშუალება მექნება, ოღონდ ეს შესაძლებელი იქნება მხოლოდ საერთო ნდობის და საერთო მხარდაჭერის პირობებში. ორ ფრონტზე ბრძოლა და მით უმეტეს ბრძოლის მოგება შეუძლებელია დიდი ქვეყნებისთვისაც კი და ეს განსაკუთრებით წარმოუდგენელია ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც ჩვენი დაძაბუნებული სამშობლოა. ამიტომ, ზოგიერთმა ჩემმა პარტნიორმა, უფრო სწორად ოპონენტმა და მოწინააღმდეგემ კარგად იცის, რომ შინაური ფრონტი უფრო მტკივნეულია და ხშირად ეს ქმნის სწორედ ძირითად სირთულეს და სიძნელეს, რომ ჩვენი სახელმწიფო ავაწყოთ. მე მგონი, დღეს ყველაზე მეტად, ვიდრე ოდესმე შეკავშირებაზე, პირადული ამბიციების დაძლევასა და საქვეყნო საქმის სამსახურზე უნდა ვიფიქროთ. ეს ეხება ყველას, ვინც ხელისუფლებაშია და ვისაც თავი ოპოზიციაში წარმოუდგენია. დამატებითი უფლებების მოთხოვნა, - თქვა შემდეგ ედუარდ შევარდნაძემ, - მე ვფიქრობ, კანონზომიერია საქართველოსთვისაც და ნებისმიერი ყველა სხვა ქვეყნისთვისაც, თუკი იგი კრიზისულ მდგომარეობაშია. ასეთ დროს, კანონიერად არაჩეული, კანონის ფარგლებში მოქმედი ძლიერი ხელისუფლება (ჩვენს პირობებში მხედველობაში მაქვს საპარლამენტო უზენაესობის პირობებში მოქმედი ძლიერი ხელისუფლება), გარდუვალი ელემენტი და ფაქტორი გახლავთ იმისათვის, რომ ქვეყანა კრიზისიდან გამოვიდეს.
შეკითხვაზე, ხომ არ იყო დაგვიანებული ასეთი მოთხოვნა, სახელმწიფოს მეთაურმა უპასუხა: შეიძლება იყო დაგვიანებული, მაგრამ ადრე ამ საკითხის დაყენებაც არ გამოვიდოდა. მე ვფიქრობ, - თქვა მან - რომ ჩვენ ყველანი უნდა მოვმწიფებულიყავით იმისათვის, რომ ასე კარდინალურად, რადიკალურად დასმულიყო ეს საკითხი. მე მგონი, შემთხვევითი არ არის ეროვნულ-დემოკრატთა და რესპუბლიკელთა საკმაოდ რევოლუციური და რადიკალური მოსაზრებებიც, რომლებიც თვით პარლამენტის და საზოგადოების წიაღში მომწიფდა. სხვათა შორის, მეც ასევე ვფიქრობდი ამ მიმართულებით, ვფიქრობდი ძლიერ ხელისუფლებაზე, ხელისუფლების გაძლიერებაზე, უფრო სწორედ, სახელმწიფოს გაძლიერებაზე. პრაქტიკულად ამ მიმართულებით ნაბიჯები უკვე გადაიდგა. მაგრამ ახლა ზოგიერთი რამ უნდა გაფორმდეს და ჩამოყალიბდეს. თუ როგორი იქნება ყველაფერი ეს, ამას მომავალი გვიჩვენებს. რაც შეეხება ჩემს პირად სიმკაცრეს, იგი ბევრს არაფერს ნიშნავს, - თქვა სახელმწიფოს მეთაურმა, როცა წინა პარლამენტის სხდომაზე თავის გამოსვლას შეეხო, რომელსაც რადიოკომენტატორმა მკაცრი და ემოციური უწოდა. - მე იმ სხდომაზე ჩამოვთვალე რამდენიმე ისეთი აუცილებელი მიმართულება, რომლებსაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოს სახელმწიფომაც და მთელმა საზოგადოებამ. ეს არის ერთიანი არმიის შექმნა, ეს არის ეკონომიკა და სხვა საკითხები. ასევე ერთ-ერთ უმწვავეს პრობლემად მე ჩავთვალე კორუფცია, მისი დღევანდელი დონე, მასშტაბები და გამოვლინების ბარბაროსული ხასიათი. იგი დაკავშირებულია იარაღის ხმარებასთან, ადამიანის სიცოცხლის საფრთხესთან, ადამიანის გატაცებასთან. ერთი სიტყვით, იგი ვლინდება ყველაზე მახინჯი ისეთი ფორმებით, რომლებიც დეტექტურ ფილმებში გვინახავს. აი, ყველაფერმა ამან მოიკიდა ფეხი ჩვენს სინამდვილეში და ჩვენ მას უნდა ვებრძოლოთ. საზოგადოებისთვის სრულიად მიუღებელი ასეთი დეფორმირებული გამოვლინებების წინააღმდეგ ბრძოლა ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის მხრიდან მეტ სიმკაცრეს მოითხოვს. აქ ლაპარაკია სახელმწიფოებრივ, სამართლებრივ სიმკაცრეზე, რომ კანონი მოქმედებდეს და კანონობდეს და სახელმწიფო სახელმწიფოს ჰგავდეს. აი ამას უნდა მივაღწიოთ, რაც შეიძლება მოკლე დროში. ჩვენი ადამიანებიც ასე არიან განწყობილი, რისთვისაც მათ უდიდეს მადლობას მოვახსენებ... მადლობა მათ სულგრძელობისა და გაგებისათვის, რომ ყოველგვარ გაჭირვებას იტანენ და მზად არიან კვლავ გაუძლონ მას, ოღონდ წესრიგი იყოს და მათ სიცოცხლეს, ოჯახს საფრთხე არ ემუქრებოდეს. ამიტომ სწორედ ასეთ სამართლიან სიმკაცრეს მოითხოვს ხალხი და ჩვენც უნდა ვეცადოთ, რომ აქეთ ავიღოთ კურსი, - განაცხადა მან.
- ბატონო ედუარდ, ამ ბოლო დროს, სულ უფრო და უფრო მეტად საუბრობენ სოციალური აფეთქების საკითხებზე. ამის თაობაზე თქვენც ილაპარაკეთ... დღეს, როცა ჩვენი მოსახლეობა უკიდურეს სოციალურ პირობებში ცხოვრობს, როცა ქვეყანაში ელემენტარულად არ არის პური, არ არსებობს წესრიგი, შევარდნაძე ისევ ამბობს უარს უმრავლესობის ჩამოყალიბებაზე. რატომ? იმიტომ ხომ არა, რომ ვერ ხედავთ პოლიტიკურ ძალას, საყრდენს პოტენციურ უმრავლესობაში, თუ არ გსურთ, რომ უმრავლესობის ჩამოყალიბებამ არ გამოკვეთოს და გაამძაფროს ოპოზიციის საქმიანობა, ანდა იქნებ შევარდნაძე საყრდენს, პოტენციურ საყრდენს სხვა რომელიმე ძალაში ხედავს?.. - ჰკითხა სახელმწიფოს მეთაურს რადიოკომენტატორმა.
- ჩემს პასუხებს მინდა ოდნავ შევუცვალო მიმართულება - თქვა სახელმწიფოს მეთაურმა, - თქვენ ახსენეთ სოციალური აფეთქების საფრთხე და ეს ყველაზე რეალური საფრთხეა დღეს და ვერც ვერავის შეედავები. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენი არიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც სწორედ ამისკენ უბიძგებენ და მოუწოდებენ საზოგადოებას. თუ მათ მოწოდებას გავყევით, მაშინ საქართველო საბოლოოდ განწირულია და დაიღუპება. ამიტომ, ყველამ ერთად უნდა ვიფიქროთ, თუ როგორ უნდა გამოვიდეთ ამ კრიზისიდან, ამ ურთულესი მდგომარეობიდან მშვიდობიანად და ნორმალურად. თუ ყველა ერთად დავიწყებთ ამ გზების ძიებას, უთუოდ ვიპოვით. ასე რომ, უმრავლესობის ფორმირება ძალიან სერიოზული საკითხია და თუ მე დღეს ვერ ვიძლევი ამის პირობას, რომ დღესვე ჩავერთვები მის ფორმირებაში, ეს არავის არ უნდა გაუკვირდეს, რადგან ვეძებ შესაბამის გარანტიებს. მე დარწმუნებული უნდა ვიყო, რომ ეს უმრავლესობა იქნება მყარი და ისე არ მოხდება, რომ დღეს შეკოწიწებული - ხვალ დაიშლება. ვიმეორებ, თუ ასეთი გარანტია არ მექნება, ასეთი უმრავლესობის რიგებში ჩადგომა სახელმწიფოს მეთაურისა და პარლამენტის თავმჯდომარისათვის ცოტა არ იყოს სარისკოა. ეს ერთი და მეორეც - ლაპარაკი უნდა იყოს საპარლამენტო უმრავლესობაზეც... ე.ი. თუ ეს საპარლამენტო უმრავლესობა ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ძალების გაერთიანებამდე მიგვიყვანს, მაშინ აქვს აზრი ყველაფერ ამას და მისთვის უნდა ვიფიქროთ... სხვათა შორის, ახლა ჩანასახის ფორმაშია ეროვნული მოძრაობა - „ერთობა და კეთილდღეობა“. მე ვნახე მისი ზოგიერთი დოკუმენტი. ვერ გეტყვით, რამდენად მოიპოვებს იგი ავტორიტეტს საზოგადოებაში, მაგრამ, ჩემი აზრით, ისეთი პლატფორმის ფორმირებას კი ჰგავს, რომელიც შეიძლება ყველა პატრიოტილი და პროგრესული პოლიტიკური ძალისა და ყველა მოქალაქისათვის მისაღები გახდეს. მე არა მგონია, რომ პოლიტიკური პარტიები უნდა ჩაერთონ მასში, იგი სულ სხვა მოძრაობა უნდა იყოს, როგორც ამას მისი ავტორები აცხადებენ, მაგრამ, თუ საზოგადოებაში გამოიკვეთა ასეთი უმრავლესობის შექმნის პერსპექტივა, მაშინ საპარლამენტო უმრავლესობაზე ლაპარაკი შეიძლება.
- პარლამენტში გამოსვლისას თქვენ ბრძანეთ, რომ უახლოეს მომავალში წარმოადგენთ ახალ სამოქმედო პროგრამას, ახალ პლატფორმას, რაიმე განსაკუთრებულ რადიკალურ ცვლილებებს ხომ არ უნდა ველოდეთ? - ჰკითხა რადიოკომენტატორმა.
- არა მგონია, რომ განსაკუთრებული რადიკალური იყოს რაიმე, რაღაც არაჩვეულებრივს და რევოლუციურს ვერაფერს შევთავაზებ ჩვენს საზოგადოებას, - თქვა სახელმწიფოს მეთაურმა, - ახლა მთავარი ის არის, რომ გადავჭრათ ელემენტალური საკითხები და განვსაზღვროთ გარკვეული პერსპექტივებიც. ასეთი მუშაობა პრაქტიკულად მიმდინარეობს, და, თუ მე პარლამენტში მექნება საუბარი, ეს ალბათ იქნება საუბარი ხელისუფლების განმტკიცებაზე, ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლაზე, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასა და ზოგიერთ სხვა საკითხებზე, რომლებზეც უკვე იყო მსჯელობა პარლამენტში; ეს იქნება ჩამოყალიბებული ზოგიერთი ჩემეული მოსაზრება კრიზისიდან გამოსვლასთან დაკავშირებით. ბევრი რამ უკვე ნათქვამია, ბევრიც ითქმება და შევეცდებით, თავი მოვუყაროთ ყოველივეს და კონსტრუქციული მოსაზრებების ფორმით შევთავაზოთ ქვეყანას. ამას ალბათ ცოტა დრო კიდევ დასჭირდება, რომ მან გარკვეულ კონდიციამდე მისული მოსაზრებების სახე მიიღოს... სამწუხაროდ, ახლა ჩვენ გვიტაცებს ისეთი ტერმინები, როგორიც არის, მაგალითად - პლატფორმა, კონცეფცია, პრიორიტეტები და რატომღაც გვგონია, თითქოს თვით ამ სიტყვებშია ჩადებული სასწაულმოქმედი ძალა. სად არის პლატფორმა, სად არის კურსი, კონცეფციაო, - ხშირად გაიგონებთ და არ გვახსენდება, რომ ეს ასე არ არის, ცხოვრება ცოტა სხვანაირადაა მოწყობილი და ასეთ კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი პატარა ქვეყნა, რომლის ბედი პირდაპირ არის დამოკიდებული გარემომცველ სამყაროზე, ასეთ მყარ კონცეფციებს, მყარ პლატფორმებს თუ პრიორიტეტებს ვერც განსაზღვრავს, ბევრი რამ ხანდახან თვით მუშაობის და თვით ცხოვრების პროცესში ფორმირდება. ცხადია, ბევრი რამის ჩამოყალიბებას მაინც უნდა შევეცადოთ, ის, რაც ხდება, გაანალიზებული უნდა გვქონდეს, ის კი, რაც მომავალში უნდა მოხდეს, გათვალისწინებულ-განჭვრეტილი. მაგრამ იმის იმედი არ უნდა გვქონდეს, რომ ერთ დღეს გამოჩნდება ვიღაც ვუნდერკინდი, ან გენიოსი და ქვეყანას დაანახებს სინათლის გზას. არ არის ასეთი ჯერჯერობით და ამიტომ იმედი იმისა, რომ რაღაც სასწაულმოქმედ პროგრამას შევქმნით, არ უნდა გვქონდეს.
შემდეგ რადიოკომენტატორი შეეხო აფხაზეთის და ყოფილი სამხრეთ ოსეთის სტატუსთან დაკავშირებით რუსეთში გამოთქმულ მოსაზრებებს, რომლებიც ავტონომიის ფორმით საქართველოს შემადგენლობაში ფედერაციულ საწყისებზე მათ გაერთიანებას გულისხმობდა.
- რაკი თქვენ აფხაზეთის სტატუსის საკითხი ახსენეთ, თქვა სახელმწიფოს მეთაურმა, - აქ რეალურად საქმე ისე დგას, რომ პოლიტიკური ძალებიდან, გარდა ბატონ კიტოვანისა, ამ ავტონომიური სტატუსის წინააღმდეგ არავის გაულაშქრია (თუმცა შეიძლება საზოგადოებაში იყვნენ ამის მომხრე გარკვეული ძალებიც), მაგრამ პირადად მე და უმრავლესობა ჩემი კოლეგებისა, იმ აზრისა ვართ, რომ ეს სტატუსი კითხვის ქვეშ უნდა დადგეს. რაც შეეხება ბატონ შახრაის კომიტეტის განცხადებას, რომელიც ამასთან დაკავშირებით მოიყვანეთ, - მიმართა სახელმწიფოს მეთაურმა კომენტატორს, - მე მივაქციე მას ყურადღება და მისი კოლეგა - ჩვენი შესაბამისი კომიტეტის თავმჯდომარე ბატონი სანდრო კავსაძე ახლა მოსკოვშია და მუშაობს შესაბამის საპასუხო განცხადებაზე. ასე რომ, კომიტეტს კომიტეტი უპასუხებს.
შემდეგ საუბარი შეეხო მსოფლიო ეკონომიკური ინტეგრაციის პრობლემებს და კომენტატორმა სთხოვა სახელმწიფოს მეთაურს, გამოეთქვა თავისი მოსაზრება ყოფილი ურთიერთდახმარების საბჭოში შემავალი სოციალისტური ბანაკის ქვეყნების წარმომადგენელთა შეხვედრის შესახებ, რომელიც ბატონ ა. ვოლსკის ინიციატივით უნგრეთში მოეწყო...
- საერთოდ, მინდა მთელ ჩვენს საზოგადოებრიობას ვთხოვო, რომ როცა ლაპარაკია სხვადასხვა სახელმწიფოთა შორის ეკონომიკურ კავშირებზე, ინტეგრაციაზე, საერთოდ ეკონომიკაზე, ამ ამბავს ცოტა ახლებურად უნდა შევხედოთ და ვეცადოთ თავი დავაღწიოთ იმ წარმოდგენას, რაც იყო ყოფილი საბჭოთა კავშირის დროს. ის სხვა ეკონომიკა გახლდათ, სოციალიზმის ეკონომიკა, ტოტალიტალური სახელმწიფოს ეკონომიკა, რომელიც ცენტრიდან კარნახობდა თავის ნებას ქვეყნებს, ხალხებს, რადგან ყველა დამაკავშირებელი არტერია ამ ცენტრში იყრიდა თავს. დღეს დასავლეთ ევროპა, ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკები, მათ შორის რუსეთი, უკრაინა და სხვა გიგანტები, სხვა სახელმწიფოებიც, ძალიან სწრაფი ტემპით გადადიან საბაზრო ეკონომიკაზე, ამიტომ ეს შეუქცევადი პროცესია, თუკი თვით პოლიტიკური სისტემა არ შეიცვალა რუსეთში, ან რომელიმე სხვა ქვეყანაში. ამიტომ, ცოტა ახლებურად უნდა შევხედოთ დღეს მსოფლიოში მიმდინარე ინტეგრაციულ პროცესებს. თქვენ იცით, თუ როგორ არის ინტეგრირებული ევროპა, როგორი პროცესები ვითარდება ჩრდილოეთში, აზიაში, აღმოსავლეთში, წყნარი ოკეანის აუზში. დღეს ისეთი მსოფლიოა, რომ ინტეგრაციას ვერაფერი ვერ შეაჩერებს. ამაზე ფიქრი ახლა სრული დონკიხოტობაა. ამერიკის შეერთებული შტატებიც კი, ასეთი გიგანტი ქვეყანა და იაპონია - ორივე უმაღლეს დონეზე განვითარებული სახელმწიფო - უაღრესად ინტეგრირებული არიან მსოფლიო ეკონომიკასთან. თვით ამერიკის შეერთებული შტატების ბაზაზე იაპონიის კაპიტალი საკმაოდ კარგად გრძნობს თავს, ისევე, როგორც იაპონიაში გრძნობს თავს სხვა ქვეყნის კაპიტალი. ვიმეორებ, ამ პროცესის შეჩერება შეუძლებელია. ჩვენ ძალიან ბევრს ვკარგავთ, რომ თავის დროზე არ იყო აღებული სწორი მიმართულება და მხოლოდ საქართველოსა და კავკასიის ინტეგრაციაზე შევჩერდით. ასე იყო ჩათვლილი, რომ საქართველოს კავკასიის პირობებში შეუძლია იცხოვროს. არ არის ასე, ეს შეუძლებელია. ნახეთ როგორი ტემპით მიმდინარეობს შავი ზღვის აუზის ქვეყანების ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარება. უკვე იქმნება სტრუქტურები, თუმცა ერთი წელიც არ გასულა რაც ამ ალიანსის შექმნის განცხადება გაკეთდა. საქართველო ამ სტრუქტურებში თავის ადგილს დაიკავებს. ესე იგი, ეს იქნება შავი ზღვის აუზის ქვეყანების ეკონომიკური სივრცე. ჩვენ ეს არ გვაშინებს, რადგან ვიცით, რომ იგი საჭიროა და ამასთან გვჯერა, რომ მასში საქართველოს ექსპანსია და მისი დაპყრობის ზრახვები არ დევს. არადა, აქ მონაწილეობს რუსეთიც, თურქეთიც და სხვა ქვეყანებიც. მე მიმაჩნია, რომ რეალურად არსებობს ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების და საქართველოს სივრცეც. ამ სივრცის ახალი კანონები რომ არ მოქმედებდნენ, ხვალვე გაჩერდებოდა ჩვენი ისეთი გიგანტი საწარმო, როგორიც საავიაციო ქარხანაა; ასეთივე ბედი ეწეოდათ მეტალურგებს, ქიმიკოსებს, სხვებს, რომელთა შრომის ნაყოფიც ასე თუ ისე, გვაძლევს ამოსუნთქვის საშუალებას. ეს კოლექტივები ყველანი ინტეგრირებული არიან... რაც შეეხება უნგრეთში შეხვედრას, რომელიც ბატონ ვოლსკის ინიციატივით გაიმართა, მე მას მხარს ვუჭერ და საკმაოდ აქტიურადაც, რადგან იმის რეანიმაცია რაც იყო, არ მოხდება. თუკი, რა თქმა უნდა, არ მოხდა რაღაც საშინელი კატაკლიზმები და ისევ არ მოვიდა ტოტალიტარული რეჟიმი რუსეთში და ზოგიერთ სხვა ქვეყნებში. ამიტომ, ჩვენ უნდა ვივარაუდოთ, რომ ჩვენთვის ხელსაყრელია ყოველივე, რადგან ახალ პირობებში, საბაზრო პირობებში ხდება. იქმნება შავი ზღვისპირა ქვეყნების სივრცე, კასპიისპირა ქვეყნების სივრცე, მერე ალბათ, ცოტა იქით გავალთ და ამ ინტეგრაციაში ჩაერთვებიან სპარსეთის ყურის ქვეყნები. ამასთან დაკავშირებით მინდა სპეციალურად აღვნიშნო ის, რომ ამას წინათ, როცა მე შევხვდი პრეზიდენტ ნაზარბაევს ყაზახეთში, მან ძალიან საინტერესო მოსაზრებები გამაცნო ევროპისა და აზიის ერთიანი სივრცის შექმნის შესახებ. იქ ეკონომიკაც არის მხედველობაში მიღებული, სამართლებრივი საკითხებიც, ეკოლოგიაც და სხვ. მე ბატონ ნაზარბაევს მაშინ განვუცხადე და ახლაც ვადასტურებ, რომ ძალიან აქტიურად ვუჭერ მხარს მის ამ მოსაზრებას. ინტეგრაციულ პროცესებთან დაკავშირებით ასევე საინტერესო მოსაზრება აქვს უკრაინის პრეზიდენტს კრავჩუკს. მე მასაც აქტიურად ვუჭერ მხარს. ასე რომ, ცოტა ახლებურად უნდა შევხედოთ ყოველივეს. რაც შეეხება საფრთხეს - დაიპყრობს თუ არა რუსეთი საქართველოს - უნდა ვთქვა რომ, ვერ დაიპყრობს! როგორი სირთულეებიც და სიძნელეებიც უნდა შეიქმნას ამ ორი ქვეყნის ურთიერთობაში და როგორც უნდა განვითარდეს ინტეგრაციული პროცესები, სულ ერთია, საქართველოს პოლიტიკური თავისუფლება და დამოუკიდებლობა ვერ შეილახება, თუ ჩვენ თვითონ ერთმანეთში კინკლაობით და პირადული ამბიციების წინა პლანზე წამოწევით არ დავღუპავთ ჩვენსავე საქმეს. თუ ჩვენ ერთიანი ვიქნებით, ჩვენი ინტეგრირება მსოფლიო ეკონომიკაში - ევროპული იქნება იგი, აზიური თუ ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეებში - არავითარ საფრთხეს არ შეუქმნის ჩვენს დამოუკიდებლობას. შემდეგ კი, როცა ეკონომიკური ინტეგრირება რეალური იქნება და იგი ნამდვილად იმუშავებს ყველა მიმართულებით, მაშინ პოლიტიკური თავისუფლებისა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის გარანტიებიც გაცილებით მეტი იქნება. პოლიტიკოსები პოლიტიკაზე იფიქრებენ, ეკონომისტები კი ეკონომიკას მიხედავენ.
შეეხო რა მეზობელ აზერბაიჯანში მიმდინარე მოვლენებს, საქართველოს სახელმწიფოს მეთაურმა შეშფოთება გამოთქვა ამასთან დაკავშირებით. - ეს არის მეზობლის და მეგობრის შეშფოთება იმ სიძნელეთა გამო, რომლებსაც ჩვენი მოძმე ხალხი წააწყდა ახლა რეალურად. ერთადერთი სურვილი, რაც მე შემიძლია ახლა გამოვთქვა, - თქვა ედუარდ შევარდნაძემ, - ის არის, რომ აზერბაიჯანელმა ხალხმა გამოიჩინოს ჩვეული სიბრძნე, დიდი წინდახედულება, რომ შეძლოს მოკლე დროში მდგომარეობის სტაბილურობა და ნორმალიზება. ამით საქართველო სისხლხორცეულად არის დაინტერესებული და ჩვენში სტაბილურობაც ძალიან ბევრად იქნება დამოკიდებული ამ ქვეყნებში არსებულ მდგომარეობაზე. ჩემი შეხედულებით, სავსებით შესაძლებელია აზერბაიჯანში ძალთა ისეთი ბალანსის შექმნა, რომელიც ქვეყანას ამ რთული მდგომარეობიდან გამოიყვანს. იქ არიან ძალები ამისათვის. არაერთხელ შევხვედრივარ პრეზიდენტ ელჩიბეის, ახლა ბატონი ალიევი მოვიდა უზენაეს საბჭოში, ვიცი მისი განწყობილება, დიდი ხანია ვიცნობ, სხვა ძალებთანაც მქონდა კონტაქტები და ღრმად მჯერა, ეს ის ხალხია, რომლებსაც შეუძლიათ საერთო ენა გამონახონ თავის ხალხთან და მიაღწიონ სტაბილურობას თავის ქვეყანაში. ერთი ასეთი სურვილიც მაქვს: როცა ჩვენი პოლიტიკური მოღვაწეები, პარლამენტარები თუ სხვები თავიანთ აზრს გამოთქვამენ აზერბაიჯანის მოვლენებზე, ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ, რადგან ახლა იმის ხაზგასმა, თუ ვინ ვისთან არის კარგად, ვინ ვის უჭერს მხარს და ა.შ., უტაქტობაც არის და უზნეობაც. ასეთ დროს ქვეყანამ და ხალხმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს თავისი საკითხები. მე მიმაჩნია, რომ ასეთი ბრძნული დამოკიდებულებით უნდა ვიყოთ, რომ ჩვენ გულთან მიგვაქვს აზერბაიჯანელი ხალხის ტკივილები, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არც გავიფიქრებთ იმას, რომ თუნდაც რომელიმე ჯგუფს ჩვენი აზრი მოვახვიოთ თავს. მე ამ პრინციპზე ვიდექი და ვდგევარ კიდეც.
ინტერვიუს დასასრულს კომენტატორი შეეხო სახელმწიფოს მეთაურის ვიზიტს ბელგიასა და გერმანიაში, სადაც მას კანტის პრემია უნდა მიანიჭონ.
- ამ ვიზიტის შედეგებზე, როცა ჩამოვალ, ცხადია მეტს ვილაპარაკებ, - თქვა ედუარდ შევარდნაძემ, - ახლა კი ზოგადად მინდა ვთქვა, რომ ჩემი ვიზიტი გერმანიასა და ბრიუსელში ჩვენი საგარეო პოლიტიკის მშენებლობის შემადგენელი ნაწილია და ძალიან მნიშვნელოვანიც გახლავთ. იქ, რა თქმა უნდა, საუბარი იქნება გლობალურ პრობლემებზე, ევროპულ პრობლემებზე და ა.შ., მაგრამ ძირითადი საკითხი, განსაკუთრებით გერმანიაში, მაინც იქნება ის, თუ როგორი პრინციპებით უნდა განვითარდეს ახალი საქართველოს ურთიერთობა ამ უმძლავრეს სახელმწიფოსთან. ეს ისეთი ქვეყანაა, რომელიც ამ საუკუნის დასასრულს უფრო მძლავრი და ძლიერი იქნება. ასეთივე საკითხებს შევეხებით ნატოშიც, ევრო გაერთიანებაშიც. ვფიქრობ, საუბრები საჭირო და საინტერესო იქნება.
შარშან, სექტემბერში გამოვთქვი მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ გერმანია და იაპონია უფრო აქტიურად უნდა იყვნენ ჩართული მსოფლიოს მართვის პროცესში, - თქვა ედუარდ შევარდნაძემ, - და ეს მოსაზრება დღესაც მინდა გავიმეორო. ჩვენი პლანეტა მართვადი უნდა გახდეს, მე აქედან გამოვდივარ, ზოგიერთებს კი მიაჩნიათ, რომ ეს ნაჩქარევია. სხვათა შორის, თვით გერმანიის ხელმძღვანელობაც არ თვლის, რომ დღესვე დაისვას ეს საკითხი კენჭისყრაზე, რომ ამას გარკვეული რეფორმები დასჭირდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის და უშიშროების საბჭოსი. მაგრამ მერე რა, რომ დასჭირდება. თუკი არარსებულ ნიადაგზე შეიძლებოდა გაეროს წესდების შექმნა, მაშინ, როცა ომი დამთავრდა, რატომ არ შეუძლია ეს გააკეთოს დღევანდელმა თაობამ, რომელმაც უდიდესი გამოცდილება შეიძინა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. მით უმეტეს, როცა მოხდა არანაკლებ მნიშვნელოვანი მოვლენა - გათავისუფლდა ევროპა, 15 ახალი სახელმწიფო წარმოიქმნა. ამიტომ მიმაჩნია, რომ გაეროს რეფორმის, სერიოზული რეფორმის საკითხი დღის წესრიგში უნდა დადგეს და სრულიად უმტკივნეულოდ გადაწყდება ამ ორი დიდი ქვეყნის უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრად არჩევის საკითხი, - თქვა დასასრულს ედუარდ შევარდნაძემ.
საქართველოს პარლამენტის პრეს-ცენტრი.
ედუარდ შევარდნაძე: დღეს ყველაზე მეტად, ვიდრე ოდესმე, შეკავშირებაზე, პირადული ამბიციების დაძლევასა და საქვეყნო საქმის სამსახურზე უნდა ვიფიქროთ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 22 ივნისი. - №131(677). - 1 გვ.
![]() |
94 მის აღმატებულებას, ქალბატონ თანსუ ჩილერს თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს |
▲ზევით დაბრუნება |
თქვენო აღმატებულებავ!
ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით განსაკუთრებული პატივისცემით მოგილოცავთ თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრად დანიშვნას.
ღრმად მჯერა, რომ ნეგობარი თურქეთის მთავრობა თქვენი ხელმძღვანელობიოთ, კვლავაც გააგრძელებს და კიდევ უფრო განავითარებს და განამტკიცებს ჩვენს ქვეყნებს შორის კეთილმეზობლური, ურთიერთხელსაყრელი და თანასწორუფლებიანი თანამშრომლობის განუხრელ კურსს, რომლის დასახვის დიდი პატივი და ჩვენი ერებისა და მსოფლიოს წინაშე პასუხისმგებლობა თურქეთის პრეზიდენტთან, მის აღმატებულება ბატონ სულეიმან დემირელთან ერთად ჩვენ გვხვდება წილად.
თურქეთის და საქართველოს გაერთიანებული ძალისხმევით და შეჯერებული წინდახედული მშვიდობისმოყვარე პოლიტიკით გლობალური პრობლემების გადაწყვეტა ძალუძთ, როგორც კავკასიის რეგიონში და შავიზღვისპირეთში, ასევე შეუქცევადი ინტეგრირების პროცესში მყოფ ევროპასა და აზიაში.
იმედი მაქვს, რომ ორივე მხარისათვის ამ უმნიშვნელოვანეს და ორმხრივი თანამშრომლობის ძირეულ საკითხთა ფართო წრის კონსტრუქციულ განხილვას უპირატესი ადგილი დაეთმობა ანკარაში ჩვენი შეხვედრების დროს, რაც ახლო მომავალში არის ნავარაუდევი და რომელსაც დიდი ინტერესით და კეთილგანწყობით ველოდები.
ვსარგებლობ შემთხვევით და თქვენს აღმატებულებას და თქვენი სახით მთელ თურქ ხალხს ვუსურვებ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და წინსვლას.
პატივისცემით
ედუარდ შევარდნაძე,
საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის
თავმჯდომარე - სახელმწიფოს მეთაური.
მის აღმატებულებას, ქალბატონ თანსუ ჩილერს თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 25 ივნისი. - №135(681). - 1 გვ.
![]() |
95 ედუარდ შევარდნაძის ვიზიტი ბელგიასა და გერმანიაში |
▲ზევით დაბრუნება |
23 ივნისს საქართველოს სახელმწიფოს მეთაურმა სიტყვა წარმოთქვა ნატოს წევრ სახელმწიფოთა საბჭოს სხდომაზე ნატოს შტაბბინაში
როგორც ცნობილია, გრძელდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის - სახელმწიფოს მეთაურის ედუარდ შევარდნაძის ვიზიტი ბელგიასა და გერმანიაში.
ბრიუსელში გამართული შეხვედრებიდან უმნიშვნელოვანესი იყო ედუარდ შევარდნაძის სტუმრობა ნატოს შტაბბინაში, სადაც იგი თავდაპირველად შეხვდა ამ სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაციის გენერალურ მდივანს მანფრედ ვერნერს.
ბატონმა ვერნერმა ნატოს საბჭოს სახელით მადლობა გადაუხადა ედუარდ შევარდნაძეს და, კერძოდ, აღნიშნა: თქვენ უკვე მეორედ ხართ სტუმრად ჩვენთან. პირველად თქვენი აქ მოსვლა ყველამ აღიქვა, როგორც ნიშანი „ცივი ომის“ დამთავრებისა და ეს იყო მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენა, მაშინ თქვენ პირველმა გატეხეთ ყინული აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობებში. დღეს კი გმასპინძლობთ, როგორც დამოუკიდებელი საქართველოს ხელმძღვანელს. ჩვენი ორგანიზაცია დღეს დიდად არის დაინტერესებული რეგიონული კონფლიქტების მოგვარებით. ამიტომ ვუყურებთ იმედით თქვენს დღევანდელ სტუმრობას ნატოში. საქართველო, - თქვა გენერალურმა მდივანმა, ამჟამად თავისი განვითარების რთულ პერიოდს გადის, მაგრამ ჩვენ გვჯერა მისი ხალხისა, რომელიც უძველესი კულტურის მატარებელია. ჩვენი ალიანსი იმედს გამოთქვამს, რომ თქვენ და თქვენი ქვეყანა დაძლევთ ამ სიძნელეებს და მზად ვართ აქტიურად დაგეხმაროთ ამაში, ნატოს კარგი დამოკიდებულება აქვს საქართველოსთან, დასძინა ბოლოს ბატონმა ვერნერმა. ჩვენ მივიღეთ თქვენი ქვეყანა თანამშრომლობის საბჭოში, მაგრამ გვსურს უფრო მეტი გავაკეთოთ, უკეთესი და უფრო მჭიდრო ურთიერთობა დავამყაროთ საქართველოსთან. თქვენს ვიზიტს ამ მიმართულებით გაჩენილ ახალ შესაძლებლობად განვიხილავთ. ამ მიზნით გთავაზობთ მიმართოთ ნატოს ქვეყნების წარმომადგენელთა საბჭოს, რათა უშუალოდ გაუზიაროთ საქართველოსა და მსოფლიოში არსებულ მდგომარეობაზე საკუთარი მოსაზრებანი, რომელთაც უდიდესი ინტერესით გავეცნობით ყველა.
საქართველოს ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა ნატოს გენერალურ მდივანს მოწვევისა და იმ ყურადღებისათვის, რომელსაც იჩენს ეს ორგანიზაცია ჩვენი ქვეყნის მიმართ. სულ ცოტა ხნის წინათ, თქვა ედუარდ შევარდნაძემ, მართლაც მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენა მოხდა - დასრულდა „ცივი ომი“, რასაც უდიდესი მასშტაბის გლობალური ცვლილებები მოჰყვა. მაგრამ რაოდენ პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს, დღეს ჩვენი პლანეტისათვის კიდევ უფრო რეალური გახდა ნამდვილი ომის საფრთხე. ამის პირველი მიზეზი იმ სოციალურ დაძაბულობაშია, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებში, განსაკუთრებით კი, ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე აღმოცენებულ დამოუკიდებელ სახელმწიფოებში სუფევს. და მეორე - განაგრძო ედუარდ შევარდნაძემ, ეს არის საფრთხე, რომელსაც უქადის მსოფლიოს აგრესიული სეპარატიზმი. ჩვენს მაგალითზე მას იმპერიული ძალები აძლევენ სტიმულს. სამწუხაროდ, ევროპა და სხვა ქვეყნები ჯერ კიდევ ჯეროვან შეფასებას არ აძლევენ ამ ფაქტს, საზოგადოდ ექსტრემისტული საპარატიზმის საშიშროებას, რომელიც არასტაბილურობის ახალ კერებს ბადებს. ჩვენთვის სრულიად ცხადია, დასძინა საქართველოს მეთაურმა, რომ თუ ასეთი ტენდენცია გაგრძელდა, იგი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს „მსოფლიოს ხავერდოვანი რევოლუციის“ ყველა მონაპოვარს, რომლითაც შეგვეძლო გვეამაყა 1989-91 წლებში. ასეთ პირობებში არათუ მცირდება, არამედ განუზომლად იზრდება იმ უნიკალური მისიის მნიშვნელობა, რომელიც აკისრია ნატოს, როგორც სტაბილურობისა და უსაფრთხოების მთავარ გარანტს ევროპაში.
შემდეგ საუბარი შეეხო რეგიონულ კონფლიქტებში ნატოს მონაწილეობის გააქტიურების ფორმებს.
23 ივნისს ედუარდ შევარდნაძემ სიტყვა წარმოთქვა ნატოს წევრ სახელმწიფოთა საბჭოს სხდომაზე. მან, კერძოდ, თქვა:
***
მახსენდება 1990 წლის ზამთრის ის დღე, როდესაც როგორც საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პირველად გადავაბიჯე ნატოს შტაბბინის ზღურბლს.
მღელვარება, რომელიც მაშინ დამეუფლა, გამოწვეული იყო არა მარტო ამ ფაქტის უპრეცედენტობითა და შეხვედრის ემოციური ფონით, არამედ, პირველ რიგში, იმ საუბრების შინაარსით, რომლებიც მაშინ გაიმართა.
თუ პირდაპირ არა, საკმაოდ საგრძნობი ქვეტექსტით მათში გაიჟღერა ორი სამხედრო-პოლიტიკური ბლოკის - ნატოს და ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციის - ფუნქციებისა და სტრატეგიების შესაძლო ტრანსფორმაციის მანამდე უცნობმა ნოტამ.
დღეს კი, გამოვდივარ რა თქვენს წინაშე ახალი სტატუსით, მინდა მოკლედ გადმოქცეთ ამ ვითარების ჩვენეული ხედვა.
პირველი. „ცივი ომისა“ და დასავლეთის და აღმოსავლეთის დაპირისპირების დასრულებამ არ აარიდა სერიოზული საფრთხე დასავლეთის დემოკრატიებსა და მთელ მსოფლიოს. ეს საფრთხე არსებობს და იარსებებს, ვიდრე ახალი სახელმწიფოები - ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკები, და უწინარეს ყოვლისა, რუსეთი, არ მიაღწევენ საბოლოო წარმატებას დემოკრატიული გარდაქმნებისა და ეკონომიკური რეფორმების გზაზე.
სანამ ეს არ მოხდება, ისინი დარჩებიან საყოველთაო მშვიდობისათვის პოტენციური საფრთხის მატარებლად და საერთაშორისო დაძაბულობის პერმანენტულ წყაროდ.
ამ მიმართებით ყველაზე სერიოზულია ნაციონალ-ექსტრემიზმის ტალღის აგორების ტენდენცია, რაც ევროპასა და მის საზღვრებს მახლობლად არასტაბილურობისა და კონფლიქტების ახალ კერებს ქმნის.
ამ პირობებსა და ვითარებაში ნატოს სულაც არ დაუკარგავს ევროპაში სტაბილურობისა და უშიშროების მთავარი სამხედრო-პოლიტიკური გარანტის უნიკალური მისია. პირიქით, მისი მნიშვნელობა იზრდება, და პრობლემა ის არის, თუ როგორ განხორციელდება ეს ახალი ფუნქცია, როგორ მიესადაგება იგი დროის მოთხოვნებს.
მეორე. კრიზისი, რომელმაც პოსტკომუნისტური სივრცე მოიცვა, ღრმავდება. იმპერიული იდეის, ისტორიული მესიანობისა და რუსეთისათვის დემოკრატიული არჩევანის მიმდევართა შორის ბრძოლა დამანგრეველ ბიძგებს იწვევს არა მარტო რუსეთში, არამედ ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოებშიც.
უდიდესი შეცდომა იქნებოდა გვეფიქრა, რომ დემოკრატიულმა ძალებმა პრეზიდენტ ელცინის მეთაურობით საბოლოო გამარჯვება მოიპოვეს „იმპერიული რევანშის პარტიაზე“. ჩვენი აზრით, რუსეთის ხელმძღვანელობის პროგრესული ფრთის რეფორმატორული ძალისხმევის მხარდაჭერა ნომერ პირველი სტრატეგიული ამოცანაა დასავლეთისათვის. იგივე ფორმით შეიძლება აღვნიშნოთ ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე წარმოქმნილი ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოების ღონისძიებები. უამისოდ ზედმეტია სტაბილურ დემოკრატიულ რუსეთზე და შესაბამისად - ახალ მსოფლიო წესზე ლაპარაკი.
მესამე. სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ: ყოფილი საბჭოთა კავშირისა და ევროპის ზოგიერთი ქვეყნის ტერიტორიაზე მოვლენათა კრიზისული განვითარების სწრაფ ტემპს არ მოსდევს ნატოსა და სხვა საერთაშორისო და ევროპული სტრუქტურების მხრივ ადეკვატური რეაქცია. მე ლამის ერთადერთი ვიყავი ჰელსინკში შარშანდელი ივლისის შეხვედრის მონაწილეთაგან, ვინც უპირობოდ დაუჭირა მხარი ჩრდილო ატლანტიკური კავშირისათვის - გაეროსა და ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის თათბირის ეგიდით - ევროპაში სამშვიდობო ფუნქციების მინიჭებას. ერთი წელი გავიდა და რომ მკითხოთ, კონკრეტულად და პრაქტიკულად როგორ გამოვლინდა მშვიდობის შენარჩუნების ეს ახალი სტრატეგია, ვერ გიპასუხებთ.
იმ დროიდან არამც თუ შემცირდა, არამედ, პირიქით, მკვეთრად გაიზარდა ახალი მძლავრი მობილური სამშვიდობო ქვედანაყოფების შექმნის აუცილებლობა, რომლებიც იმოქმედებდნენ ევროთათბირის ეგიდით. სახელმწიფოთა უმრავლესობა, იშვიათი გამონაკლისის გარდა, სიამოვნებით მიიწვევდა მათ შინაკონფლიქტების მოწესრიგებაში მონაწილეობის მისაღებად, რომელთა გადაზრდა სახელმწიფოთაშორის და რეგიონულ კონფლიქტებში სულ უფრო და უფრო ნათელი ხდება. საჭიროა ახალი თვალით შევხედოთ ნატოს წევრ სახელმწიფოთა შემადგენლობას, თამამად მივუდგეთ მის საქმიანობაში აღმოსავლეთ ევროპისა და ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოების უფრო აქტიურად ჩართვის საკითხს.
ამისათვის უკვე წელიწადნახევარია შექმნილია და მოქმედებს ჩრდილო ატლანტიკური თანამშრომლობის საბჭო, რომელიც მოწოდებულია ჩამოაყალიბოს პარტნიორული ურთიერთობები სამხედრო-პოლიტიკურ, სამეცნიერო-ტექნიკურ, ბუნების დაცვისა და სხვა სფეროებში ნატოს წევრ ქვეყნებსა და ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებს, ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებს შორის.
ჩვენ მხარს ვუჭერთ „ჩრდილო ატლანტიკური თანამშრომლობის საბჭოს ახალი დღის წესრიგის“ შვიდივე პუნქტს, რომელიც აშშ-ს დელეგაციამ წარადგინა საერთაშორისო კონფერენციაზე ნოკეჰეისტში.
მშვენიერი ჩანაფიქრია. ჩრდილო ატლანტიკური თანამშრომლობის საბჭო ნატოს პოტენციური წევრებისათვის თავისებური მოსამზადებელი კურსია. ერთი კია, ვშიშობ, სანამ ჩვენ მას გავივლთ, მოვლენები შეიძლება გაუთვალისწინებლად განვითარდეს. ჩვენ ახლა გვჭირდება პრაქტიკული დახმარება. ნატოს სისტემაში ახალი სახელმწიფოების ინტეგრაციის მექანიზმი მთელი დატვირთვით უნდა ამოქმედდეს. თავდაპირველად ევროატლანტიკურ ალიანსს შეეძლო ხელშეკრულებების დადება თითოეულ მათგანთან და ამის საფუძველზე ეთანამშრომლა მათთან.
ცხადია, რომ ეს სახელმწიფოები კიდევ კარგა ხანს ვერ უპასუხებენ ნატოს მოთხოვნებს, თუმცა ნათელია, რომ თავად ეს მოთხოვნები უფრო სრულად უნდა მიესადაგებოდნენ შეცვლილ ვითარებას.
საერთოდ კი უნდა აღინიშნოს, რომ 1989-91 წლების ევროპის მშვიდობიანი რევოლუციის ლიდერებსა და მონაწილეებს შეეძლოთ ევროატლანტიკური ალიანსის უფრო მეტი სოლიდარობის იმედი ჰქონოდათ. ჩვენ დავიწყეთ „ცივი ომის“ კოშმარებისა და თერმობირთვული განადგურების საფრთხისაგან მსოფლიოსა და ევროპის გათავისუფლების პროცესი, რაც ძალიან ძვირად დაგვიჯდა. დასავლეთმა მიიღო ის, რაც უნდოდა - კონტინენტის ცენტრიდან ჯარების მძლავრი კონცენტრაციისა და შესაბამისად ნომერ პირველი მოწინააღმდეგის მოშორება. ამის შედეგად ევროპა გაერთიანდა, ჩვენ კი, - მხედველობაში მაქვს მისი აღმოსავლეთი, ახალი სახელმწიფოები და მათი ხალხები, - პირისპირ დავრჩით აურაცხელ გაჭირვებასა და მუქარასთან, რომელებიც ერთხელაც, როდესაც აგიზგიზდება კავკასია, უკრაინა და ბალტია, უშუალო საფრთხედ გადაიქცევა თქვენთვის.
ჯერ კიდევ არ არის გვიანი, საგრძნობი მატერიალური და ფინანსური დახმარება გაეწიოს ამ ქვეყნებს. ეს შესაძლებელია და უნდა გავრცელდეს კიდეც ეროვნული შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების პროცესზეც. მხედველობაში მაქვს ის, რომ ამან შესაძლოა პოზიტიური ზეგავლენა მოახდინოს სამხედრო-პოლიტიკური დოქტრინებისა და იდეოლოგიების ფორმირებაზე. ასეთი მხარდაჭერა, რომელიც დიდ მატერიალურ ხარჯებთან არ არის დაკავშირებული, კეთილად დააჩნდებოდა ახალი დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის საქმეს.
მეოთხე. ისტორიამ მყარი შეხედულებები ჩამოაყალიბა აფეთქებასაშიშ რეგიონებთან დაკავშირებით. ასეთია, მაგალითად, ბალკანეთი, ისტორიულად „ევროპის დენთის კასრი“, დღესაც რომ იპყრობს საყოველთაო ყურადღებას, თუმცაღა, ინერციით მხედველობის არიდან ვარდება სხვა რეგიონები, რომელთაც საფეთქებლის არანაკლები მარაგი აქვთ. ასეთია კავკასია - ევროპისა და აზიის, დასავლეთისა და აღმოსავლეთის, ჩრდილოეთისა და სამხრეთის მიჯნაზე კრიზისულად მნიშვნელოვანი ზონა. აქ მიმდინარე მოვლენები მოითხოვს პოლიტიკური ოპტიკის სწრაფ გადაკეთებას, მათ შორის ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სისტემაში. კონფლიქტებს მთიანი ყარაბაღის ირგვლივ, აფხაზეთში, აზერბაიჯანში, ვითარებას ჩრდილოეთ კავკასიასა და რუსეთის სამხრეთში შეიძლება მოჰყვეს არა მარტო ამ რეგიონის სახელმწიფოებში დემოკრატიული გარდაქმნების ჩაშლა, არამედ აქ თავმოყრილი მძლავრი გეოპოლიტიკური ძალების შეჯახება.
თქვენი კავშირის სიმბოლო „ქართა ვარდი“ დღეს კიდევ უფრო მკვეთრად უნდა იყოს ორიენტირებული ყველა საშიშ ქროლვაზე, რომელიც წარმოიშობა ევროატლანტიკური კავშირის არეალსა და მისი საზღვრების მახლობლად.
მეხუთე. ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე კონფლიქტების ხასიათი, მასშტაბი და პოტენციური შედეგები ისეთია, რომ მათი მოგვარება არ შეიძლება იყოს ერთი რომელიმე ძალის მონოპოლია, ქვეყანა იქნება ეს, თუ ორგანოზაცია, მხოლოდ საერთაშორისო სტრუქტურების ერთიანი ძალისხმევით, მათი ეფექტიანი ურთიერთმოქმედებით, როდესაც თითეული მათგანი დაეყრდნობა სხვათა პოლიტიკურ მხარდაჭერას და რესურსებს, შეიძლება მივაღწიოთ დადებით შედეგებს. საქართველო, სადაც უკვე მოქმედებენ გაეროსა და ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის თათბირის მისიები, მიესალმებოდა ამ საქმეში ჩრდილოატლანტიკური კავშირის ჩართვას.
ნათლად გვაქვს რა შეგნებული, თუ რა რიგ დიდია მნიშვნელობა საქართველოს ტერიტორიაზე კონფლიქტის მოწესრიგებაში რუსეთის ფაქტორისა, ჩვენ ამავე დროს გვსურს ვხედავდეთ ამ მიმართებით საერთაშორისო და ევროპულ სტრუქტურებთან რუსეთის უფრო მჭიდრო თანამშრომლობას.
საქართველოსთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ამ ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის წარმატებას თუ წარუმატებლობას. ისევე როგორც სხვა ქვეყნები, საქართველო სისხლხორცეულად არის დაინტერესებული მისი სტაბილურობით, რუსეთის დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბებით.
ჩვენ მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ ელცინს და მის მომხრეებს, რომლებიც იზიარებენ ჩვენს აზრს იმის თაობაზე, რომ მშვიდობა საქართველოში, მისი სტაბილურობა, მთლიანობა და საზღვრების ურღვევობა რუსეთის ინტერესებსაც შეესაბამება.
საერთოდ ყველა ჩვენგანმა უნდა იფიქროს რუსეთის ახალ როლზე პოსტკომუნისტურ მსოფლიოში და ხელი შეუწყოს მის პროგრესულ ორიენტაციას.
მეექვსე. დღეს მსოფლიო პოლიტიკის სიმძიმის ცენტრმა ეკონომიკის სფეროში გადაინაცვლა. ვფიქრობ, მომავალში ეს ტენდენცია გაგრძელდება. დღეს კი, უკვე ნათელია, რომ ეკონომიკური საკითხები პრიორიტეტულ მნიშვნელობას იძენენ საერთაშორისო სტაბილურობილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. სწორედ სამეურნეო-ეკონომიკურ ინტერესებს შეუძლიათ დასავლეთის და აღმოსავლეთის ქვეყნების ურთიერთგაგებისა და თანხმობის მძლავრი სტიმულირება, როგორც პოლიტიკის, ისე სამხედრო სფეროებში.
ამ თვალსაზრისით მინდა თქვენი ყურადღება მივაპყრო ევრო-აზიის სატარანსპორტო დერეფნის იდეას. იგი უნდა განვიხილოთ როგორც კავკასიასა და საქართველოზე გამავალი ერთიანი საკომუნიკაციო ორგანიზმი, რომელიც დააკავშირებს რაინ-მაინ-დუნაის სისტემას შავი და კასპიის ზღვების რეგიონებთან, ჩინეთისა და აზიის სხვა სახელმწიფოებთან.
საერთო ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე, ამ საკომუნიკაციო სატარანსპორტო სისტემის ჩამოყალიბება მნიშვნელოვნად შეამცირებს ახალი კონფლიქტების წარმოშობის შესაძლებლობას და უთუოდ გადაიქცევა შავი და კასპიის ზღვების აუზებში კავკასიისა და ცენტრალური აზიის სტაბილურობის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.
ჩრდილოეთისა და ბალტიის ზღვების აუზებთან ამ სისტემის მეშვეობით დამყარებული კავშირი ხელს შეუწყობს არა მარტო დასავლეთ ევროპის ინტეგრაციის გაღრმავებას, არამედ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან კავკასიის, ცენტრალურ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონებთან ამ რეგიონის ქვეყნების (მათი უმრავლესობა ნატოს წევრია) სავაჭრო-ეკონომიკური და პოლიტიკური კონტაქტების გაფართოებასაც.
რარიგ მოულოდნელიც უნდა იყოს, ბატონებო, ესა თუ ის იდეა, არ შეიძლება უარვყოთ იგი მისი არასტანდარტულობის გამო. ჩვენ უჩვეულო დროში ვცხოვრობთ, რომელიც უჩვეულო, არაორდინარულ გადაწყვეტებს მოითხოვს. შესაძლოა, სწორედ ასეთი პროექტების დეფიციტმა გამოავლინა უმაღლესი პოლიტიკური ტექნოლოგიის არასრულყოფილება ევროპასა და მსოფლიოში სწრაფი გარდაქმნების ეპოქაში. გამოცდას, რომელსაც ახლო მომავალი მოგვიტანს, მოუმზადებელი არ უნდა შევხვდეთ.
მადლობელი ვარ ნატოს საბჭოში მოწვევისათვის, რითაც საშუალება მომეცა გამოვსულიყავი თქვენს წინაშე. მადლობელი ვარ ყურადღებისათვის, მზადყოფნისათვის მომისმინოთ და გამიგოთ.
ახლა, როდესაც დარწმუნებული ვარ, რომ ნატოს პასუხისმგებლობა ევროპაში უსაფრთხოებისა და მშვიდობისათვის გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე უწინ, გთხოვთ, ჩვენც მოგვაქციოთ თქვენი ყურადრების სფეროში.
სხდომის მონაწილეებმა მაღალი შეფასება მისცეს ბატონ ედუარდ შევარდნაძის გამოსვლასა და მასში დასახულ წინადადებებს. გაიმართა გულახდილი საუბარი თანამედროვე საჭირბოროტო საკითხებზე, საქართველოში შექმნილ ვითარებაზე. გამოითქვა წინადადებები ნატოსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის ახალი ფორმებისა და შესაძლებლობების ძიების შესახებ.
ბატონები ედუარდ შევარდნაძე და მანფრედ ვერნერი შეხვდნენ პრესის წარმომადგენლებს, რომლებთანაც ისაუბრეს აღნიშნული შეხვედრის შედეგებისა და საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის ნატოში სტუმრობის მნიშვნელობის თაობაზე.
საქართველოს სახელმწიფოს მეთაური შეხვდა და ესაუბრა ევროპაში მოკავშირეთა შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს გენერალ ჯონ შალიკაშვილს. შეხვედრამ საქმიან ვითარებაში ჩაიარა.
ბატონი ედუარდ შევარდნაძე ეწვია მის აღმატებულებას ბელგიის მეფეს ბოდუენს.
გაიმართა შეხვედრა და მოლაპარაკება ბელგიის პრემიერ-მინისტრთან ჟ.ლ. დეჰანთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან ვ. კლისთან, რომლის დროსაც ხელი მოაწერეს ერთობლივ პოლიტიკურ დეკლარაციას და ხელშეკრულებას ინვესტიციების დაცვის შესახებ.
ბატონი ედუარდ შევარდნაძე შეხვდა გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს, აგრეთვე, ევროკომისიის ხელმძღვანელ პირებს. ამ უკანასკნელებთან შეხვედრისას მსჯელობა გაიმართა ევროკომისიის პროექტის თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს „ევროპა-კავკასია-აზიის“ სატრანსპორტო დერეფნის მშენებლობას.
ბელგიის ნამიურის პროვინციის გუბერნატორის ბატონ ე. უეტისა და სხვა ოფიციალურ წარმომადგენელთა ინიციატივით გაიმართა „ედუარდ შევარდნაძის ფონდის“ დაარსების ცერემონიალი. ამ საზოგადოებრივი ორგანიზაციის მიზანია ხელი შეუწყოს დასავლეთ ევროპის მრავალმხრივ თანამშრომლობას აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებთან და ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან, უპირველეს ყოვლისა, საქართველოსთან.
ბატონი ედუარდ შევარდნაძე ესტუმრა ბრიუსელში ახლახან დაარსებულ საქართველოს რესპუბლიკის საელჩოს, რომელიც ერთდროულად აკრედიტირებულია ევროგაერთიანებასა და ნატოში.
ევროგაერთიანებასთან არსებული საქართველოს დიპლომატიური
მისიის პრესსამსახური, საქინფორმის სპეც. კორ.
ედუარდ შევარდნაძის ვიზიტი ბელგიასა და გერმანიაში : 23 ივნისს საქართველოს სახელმწიფოს მეთაურმა სიტყვა წარმოთქვა ნატოს წევრ სახელმწიფოთა საბჭოს სხდომაზე // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 25 ივნისი. - №135(681). - 1 გვ.
![]() |
96 პრესკონფერენცია ბონში |
▲ზევით დაბრუნება |
უდიდეს პრობლემებს, რომლებსაც ამჟამად აწყდება საქართველო, მიეძღვნა ძირითადად გამართული ედუარდ შევარდნაძის პრესკონფერენცია. აქ ხელმოწერილი ერთობლივი განცხადება, აღნიშნა საქართველოს სახელმწიფოს მეთაურმა, მტკიცე ბაზას უქმნის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისა და საქართველოს ყოველმხრივ ხელსაყრელი ურთიერთობის განვითარებას.
რ. ფონ გაიძეკერთან, ჰ. კოლთან დღევანდელი მოლაპარაკების დროს, თქვა მან შემდეგ, განვიხილეთ ყველაზე ფართო წრის საკითხები, როგორც გლობალური, ისე ევროპის განვითარების პრობლემები, სიტუაცია ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში, აგრეთვე კავკასიაში და კონკრეტულად, საქართველოში. „წინათ საქართველოში ხალხი კარგად ცხოვრობდა, - საგანგებოდ გაუსვა მან ხაზი. - მაგრამ ახლა ჩვენს ქვეყანაში მოსახლეობის 85 პროცენტი სიღატაკის ზღვარზეა. მრავალი მათგანი ნამდვილად იტანჯება შიმშილისაგან“.
კითხვაზე, მზად არის თუ არა ოფიციალური ბონი დახმარება გაუწიოს საქართველოს ხელმძღვანელობას ქვეყნის განვითარების ესოდენ დრამატულ პერიოდში, ე. შევარდნაძემ თქვა: „ჩვენ ბონში ვიგრძენით მეგობრული მხარდაჭერა, სოლიდარობა, მზადყოფნა დაგვეხმარონ ესოდენ მძიმე ჟამს.“
„კმაყოფილი ვარ ვიზიტის პირველი დღის შედეგებით, - საგანგებოდ აღნიშნა იტარ-ტასის კორესპონდენტთან საუბარში საქართველოს სახელმწიფოს მეთაურმა. - ვფიქრობ, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისაგან მივიღებთ ყველაფერს, რაც სასწრაფოდ სჭირდება საქართველოს იმისათვის, რომ მოიხსნას დაძაბულობა ქვეყანაში. მაგრამ ძალზე დიდ იმედს ვამყარებთ სხვა გადაწყვეტილებებზეც, კერძოდ, რუსეთთან ჩვენი ურთიერთობის მოწესრიგებაზე. ამჟამად მომზადებულია მთელი რიგი ორმხრივი შეთანხმებანი თქვენს სახელმწიფოსთან, მათ შორის ეკონომიკური და პოლიტიკური. ვიმედოვნებ, რომ მოვახერხებთ აღვადგინოთ ეკონომიკური ურთიერთობა რუსეთთან, რომელიც ათწლეულების მანძილზე ყალიბდებოდა. ჩვენ მზად ვართ, თუნდაც დღეს მოვაწეროთ ხელი მომზადებულ შეთანხმებებს“.
„რა როლის შესრულება შეუძლია გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას საქართველოში ვითარების მოწესრიგებაში?“
„ვფიქრობ, რომ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას, როგორც დიდ სახელმწიფოს, შეუძლია დაგვეხმაროს არა მარტო ეკონომიკურ სფეროში, არამედ პოლიტიკური მოწესრიგების საქმეშიც. გერმანია მონაწილეობს დასავლეთის შვიდი წამყვანი ქვეყნის სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურების მუშაობაში. და მე მგონია, რომ თავის მორიგ სხდომაზე ტოკიოში „შვიდეული“ მოვალეა განიხილოს ის პრობლემები, რომლებიც ახლა ყოფილი საბჭოთა კავშირის სახელმწიფოებს აღელვებთ. მე უკვე ვთქვი და ერთხელ კიდევ ვიმეორებ - საჭიროა უმთავრესად სტაბილურობის მიღწევა რუსეთში. ხოლო „შვიდეულმა“ უნდა განიხილოს საკითხები მის მეზობელ სახელმწიფოებში სიტუაციის შესახებ, რადგან აქ ვითარების დესტაბილიზაციამ შეიძლება ნეგატიური გავლენა მოახდინოს რუსეთის სტაბილურობაზეც.“ - აღნიშნა საქართველოს ხელმძღვანელმა.
ედუარდ შევარდნაძის ვიზიტი გერმანიაში : პრესკონფერენცია ბონში // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 26 ივნისი. - №136-137(683). - 1 გვ.
![]() |
97 „ვცნობ მხოლოდ იმ პოლიტიკას, რომელიც ზნეობრიობის საფუძველზეა დამყარებული“ |
▲ზევით დაბრუნება |
შეხვედრები ბონში
საქართველოს დელეგაციის ბონში ოფიციალური ვიზიტის დროს გაიმართა უმნიშვნელოვანესი შეხვედრები გერმანიის პრეზიდენტთან, კანცლერთან, საქმიან წრეებთან. ამ შეხვედრებს უძღოდა ერთი არაოფიციალური შეხვედრა, რომელიც აქ ჩამოსვლისთანავე გაუმართა საქართველოს სახელმწიფოს მეთაურსა და მის მეუღლეს ცნობილმა პოლიტიკურმა მოღვაწემ ჰანს-დიტრიხ გენშერმა - ედუარდ შევარდნაძის ღირსეულმა პარტნიორმა ევროპასა და მსოფლიოში ახალი აზროვნების დამკვიდრების საქმეში. გენშერი დღესაც უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობს არა მარტო გერმანიაში. მასთან ოჯახში სტუმრობის შემდეგ ბატონები გენშერი და შევარდნაძე გაემართნენ საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც მათ ქართველი და გერმანელი კინემატოგრაფისტები ელოდნენ. აქ ისინი კიდევ ერთხელ შემოუსხდნენ იმ მაგიდას, რომლის ირგვლივ წყდებოდა ევროპისათვის რევოლუციური გარდაქმნის ბედი.
მე ვცნობ მხოლოდ იმ პოლიტიკას, რომელიც ზნეობრიობის საფუძველზეა დამყარებული და რომელიც გამორიცხავს ყოველგვარ უსამართლობას, - თქვა საქართველოს მეთაურმა, - ყოველთვის უზნეობად და უსამართლობად მიმაჩნდა ერის შუაზე გახლეჩა. ამიტომ ვიღვწოდი გერმანიის გაერთიანებისათვის. ამ საერთო ძალისხმევამ გახადა შესაძლებელი საუკუნის ყველაზე დიდი რევოლუცია, რომელმაც არა მარტო გერმანია გაამთლიანა, არამედ მოსპო დაპირისპირება დასავლათსა და აღმოსავლეთს შორის, რამაც კაცობრიობა პრაქტიკულად გაათავისუფლა ბირთვული ომის საფრთხისაგან. მსოფლიო პოლიტიკაში ზნეობამ გაიმარჯვა.
ამავე დროს გენშერისა და შევარდნაძის საუბარი შეეხო იმ საფრთხეებს, რომელიც დგას დღეს მსოფლიოს წინაშე რეგიონული კონფლიქტების, შემორჩენილი იმპერიული აზროვნების, ექსტრემისტული სეპარატიზმის სახით.
24 ივნისი. გერმანიის პრეზიდენტთან რიჰარდ ფონ ვაიცზეკერთან სტუმრობით დაიწყო ედუარდ შევარდნაძის ოფიციალური ვიზიტი ფედერაციულ რესპუბლიკაში. ვილა ჰამერშმიდტში საქართველოს სახელმწიფოს მეთაურსა და მის მეუღლეს, ქართული დელეგაციის წევრებს დახვდნენ გერმანიის პრეზიდენტი მეუღლითურთ ოფიციალური პირების თანხლებით. ფედერალური შტაბის ორკესტრმა შეასრულა საქართველოსა და გერმანიის ეროვნული ჰიმნები, ორი ქვეყნის მეთაურებმა ჩაუარეს ბუნდესვერის საპატიო ყარაულს, რომელშიც წარმოდგენილი იყვნენ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკის სამივე სახეობის ჯარები.
შემდეგ გაიმართა საუბარი, რომლის დასაწყისშივე ბატონმა ვაიცზეკერმა ასე მიმართა ედუარდ შევარდნაძეს: „თქვენ ჩაუყარეთ საფუძველი და გააერთიანეთ გერმანია, ჩვენ ამას არასოდეს დავივიწყებთ. ამიტომ ახლა ერთად გადავწყვიტოთ, თუ რა შეგვიძლია და რა უნდა გავაკეთოთ თქვენთვის, ქართველი ხალხისათვის. ჩვენ ამას ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალებით განვახორციელებთ. გერმანიის პოლიტიკური მიზანია საგრძნობი წვლილი შევიტანოთ საქართველოს შინაური ერთიანობისა და განვითარების საქმეში“.
ასევე, განსაკუთრებული დამოკიდებულება იგრძნობოდა საქართველოსადმი ბონში გამართულ ყველა შეხვედრაზე. ცხადია, მათგან უნდა გამოიყოს უაღრესად მნიშვნელოვანი შეხვედრა გერმანიის ფედერალურ კანცლერთან ჰელმუტ კოლთან, რომელმაც თავიდანვე აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები საქართველოსთან პირველ რიგში ფინანსურ დახმარებას უნდა შეეხოს. მან აუწყა ედუარდ შევარდნაძეს, რომ ახლახან გერმანიის პარლამენტის საფინანსო კომისიამ ცვლილებები შეიტანა კანონში, რაც საქართველოს სასარგებლოდ იქნება გამოყენებული. საკუთარი ქვეყნის წვლილს გარდა ფედერალურ კანცლერმა დახმარება აღუთქვა ჩვენს ქვეყანას ევროგაერთიანების ხაზითაც, სადაც გერმანია დაბეჯითებით დასვამს საკითხს მრავალმილიონიანი კრედიტების გამოყოფის შესახებ.
ედუარდ შევარდნაძემ და ჰელმუტ კოლმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას იმ პრინციპების შესახებ, რომლებიც ამიერიდან საფუძვლად დაედება ჩვენი ქვეყნების ურთიერთობას. ბონში გაფორმდა კიდევ რვა სამთავრობო ხელშეკრულება, რომლებიც შექმნიან სამართლებრივ ბაზას ურთიერთხელსაყრელი და თანასწორი, და როგორც აქ, გერმანიაში აღნიშნავენ - განსაკუთრებული თანამშრომლობისათვის.
გაიმართა შეხვედრები სამთავრობო, ოფიციალურ წრეებთან, მათ შორის გერმანიის ბუნდესტაგის ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირისა და ქრისტიანულ-სოციალისტური კავშირის ფრაქციის თავმჯდომარესთან, ფედერაციულ რესპუბლიკის ეკონომიკური ფრაქციის თავმჯდომარესთან, ფედერაციულ რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების მინისტრთან. მიღწეულ იქნა პრინციპული შეთანხმებები საქართველოსათვის სხვადასხვავადიანი კრედიტების და დახმარებების გამოყოფის თაობაზე. მათ შორის 30 მილიონი მარკის კრედიტზე სოფლის მეურნეობის დასახმარებლად, 20 მილიონი მარკის სასურსათო პროდუქტების შესაძენად, 14 მილიონი მარკა მიზნობრივი ჰუმანური დახმარებისათვის, კერძოდ, ქართველი სპეციალისტების გერმანულ უმაღლეს სასწავლებლებში მოსამზადებლად.
ოფიციალურ პირებთან შეხვედრების გარდა გაიმართა მეტად შედეგიანი შეხვედრა გერმანიის საქმიან წრეებთანაც, „სიმენსის“, „დოიჩე ბანკის“, დაიმლერ-ბენცისა და სხვა ფირმების ხელმძღვანელებთან. 50 მილიონ მარკაზე მეტის გამოყოფას აპირებს ფირმა „სიმენსი“ საქართველოს საჭიროებისათვის, ერთობლივი წარმოებისათვის. ყოველივე ეს აგრეთვე სხვა იმედისმომცემი პროექტები საბოლოოდ დაზუსტდა და გაფორმდა ვიზიტის მსვლელობისას, რომელიც შაბათს დასრულდა.
საქართველოს მეთაურსა და მის მეუღლეს, ქართული დელეგაციას ოფიციალური მიღება გაუმართა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკის პრეზიდენტმა რიჰარდ ფონ ვაიცზეკერმა.
გამართულ სადილზე მისასალმებელი სიტყვები წარმოთქვეს ბატონებმა რიჰარდ ფონ ვაიცზეკერმა და ედუარდ შევარდნაძემ.
ედუარდ შევარდნაძის სიტყვა
ღრმად პატივცემულო ბატონო პრეზიდენტო, ქალბატონებო და ბატონებო,
ბევრი ამაღელვებელი მოგონება მაკავშირებს რაინზე გაშენებულ ამ ქალაქთან. ჩვენ ხშირად შევხვედრივართ აქ, და ყოველთვის მაშინ, როდესაც გერმანიის, ევროპის და მსოფლიოს ბედთან დაკავშირებული საკითხები წყდებოდა. ეს იყო დრო, რომელიც თქვენ, ბატონო პრეზიდენტო, დაახასიათეთ, როგორც კონტინენტისათვის ფუნდამენტური გარდაქმნების ეპოქა. თქვენი სიტყვებით რომ ვთქვა „მთელი თავისი ისტორიის მანძილზე მას არასდროს ჰქონია საგარეო-პოლიტიკური დაძაბულობის შენელების, განიარაღებისა და ძალის გამოყენებაზე უარის თქმის, პოლიტიკაში, ეკონომიკასა და კულტურაში თანამშრომლობაზე დაფუძნებული პლურალიზმის განმტკიცების ესოდენ ხელსაყრელი შანსი“.
პოლიტიკას არ დაუკარგავს ეს შანსი. მან წაშალა გერმანიის სხეულზე გამავალი განხეთქილების ხაზი და ხელი შეუწყო გერმანიის გაერთიანებას, გადალახა ომისშემდგომი ევროპის მოწყობის ანომალიები. საერთოევროპული მშვიდობის არქიტექტურის შექმნა მისაწვდომი აღმოჩნდა.
კარგად მახსოვს ეს საოცარი მღელვარებითა და ეჭვებით, გაცისკროვნებითა და იმედით, სიხარულითა და მალული ცრემლებით აღსავსე დრო ყველასთვის, ვინც ღვთის განგებით ჩართული აღმოჩნდა ამ პროცესში, ძალიან მძიმე იყო ის დრო, გამონაკლისი არც მე გახლავართ.
განსაკუთრებით დამახსომდა 1990 წლის მაისის დღეები, როდესაც აქ, აყვავებულ ბონში, მუშაობა დაიწყო რამდენიმე თვით ადრე კანადის დედაქალაქ ოტავაში კონსტრუირებულმა მექანიზმმა „24“.
ეს დიდებული სტარტი იყო. გადალახეს რა უდიდესი სიძნელეები, პროცესის მონაწილეებმა სწრაფი სვლა დაიწყეს დასახული მიზნისაკენ. მინიმალურ დროში - შესაძლებლობის მაქსიმუმი გაკეთდა. უმთავრესი ის არის, თუ როგორ გაკეთდა ეს: ადამიანებისა და ხალხების ბედზე ძალდაუტანებლად, მათ იმედებთან სრული ჰარმონიითა და ზნეობრივი იმპერატივის ნებით.
როგორც მალე დავრწმუნდით, ეს პროცესი მსოფლიოს განვითარების უფრო ფართო კონტექსტის ნაწილი იყო. ტოტალიტალური რეჟიმებისა და იდეოლოგიების კრახის კვალობაზე რომ მიმდინარეობდა, რომლებიც ძალით ახვევდნენ თავს ამ პროცესის მონაწილეებს ყოფის მათთვის მიუღებელ ნორმებს. ხდებოდა მსოფლიო რევოლუცია - ამგვარი ძვრებისათვის დამახასიათებელი კატასტროფების გარეშე, რევოლუცია, რომელიც აღმოსავლეთ ევროპასა და ყოფილ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოების წარმოშობით აღინიშნა. მათ შორის, ღვთის ნებით, ჩემი სამშობლო აღმოჩნდა.
ქალბატონებო და ბატონებო!
როგორც უკვე მოგახსენეთ, ბონთან და გერმანიასთან ბევრი ამაღელვებელი მოგონება მაკავშირებს, მაგრამ კიდევ უფრი მეტად - იმედი. ჩვენ, ყველანი, ბევრმა არც კი იცის ისე, ამ მოვლენის მონაწილენი ვართ, რომლის მნიშვნელობა მხოლოდ ევროპისა და მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ და აყვავაბულ ქვეყანაში ახლადშობილი დამოუკიდებელი სახელმწიფოს მეთაურის ვიზიტით არ შემოიფარგლება. თანამედროვეობის კონტექსტით ეს მოვლენა წარმოადგენს ახალი დროის ფრიად დამაიმედებელი ტენდენციის ჩასახვის საწინდარს. ეს არის დიდი და ძლიერი სახელმწიფოს თანამშრომლობა პატარა და სუსტ ქვეყანასთან, დაფუძნებული არა რაღაც ვიწრო გაგებით გეოპოლიტიკურ და სტრატეგიულ ინტერესებზე, არამედ კეთილშობილურ მისწრაფებაზე, მხარში ამოუდგე სუსტს, დაეხმარო, რათა წელში გაიმართოს იგი, რადგან, დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ეს არის ძლიერის სტრატეგიულ ინტერესი - ხელი შეუწყოს ისეთი მსოფლიო წესრიგის დამყარებას, რომელსაც არ დაემუქრება სუსტთა სამყაროში არასტაბილურობის, სიღატაკის, გაჭირვებისა და უბედურების საფრთხე.
თუ გნებავთ, ეს მაგალითი და გაკვეთილია მათთვის, ვინც იმპერიული ზრახვებით დაბრმავებული კვლავ ისწრაფვის ძალის მეოხებით დაიცვას თავისი ინტერესები.
ისტორიული ასპექტით კი, ეს მოვლენა მესახება როგორც დროთა დაკარგული კავშირის აღდგენის, ისტორიის გაწყვეტილი ძაფის შეერთების აქტი. სამოცდაათზე მეტი ხნის წინ გერმანიამ დახმარების ხელი გამოუწოდა ჩემს სამშობლოს მისი აღდგენილი ეროვნული სახელმწიფოებრიობის გადასარჩენად. იმ დროის ურთულეს პოლიტიკურ ვითარებაში გერმანია გამოვიდა საქართველოს უშიშროების გარანტად და ევროპის ქვეყნებს შორის პირველმა ცნო იგი. ორივე ქვეყნის საუბედუროდ, თვით გერმანიის საგარეო და საშინაო ძვრების გამო შეწყდა გერმანია-საქართველოს დაახლოების პროცესი, თუმცაღა დღესაც არიან ადამიანები, რომლებსაც ახსოვთ როგორ აცილებდა თბილისი გერმანელებს, როდესაც ისინი საქართველოს ტოვებდნენ. მათი გადმოცემით, ბევრი თვალცრემლიანიც კი იყო.
ბევრმა ჩვენგანმა მაშინაც ვერ დაფარა აღელვება, როცა ამ ცოტა ხნის წინ გერმანია, ასე ვთქვათ, კვლავ დაბრუნდა საქართველოში, როდესაც ერთ-ერთმა პირველმა ევროპის სახელმწიფოებს შორის დაუჭირა მხარი მსოფლიო თანამეგობრობაში და ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის საბჭოში საქართველოს შესვლას, თქვენი კეთილი ნებით, ბატონო პრეზიდენტო, და ფედერალური კანცლერის ბატონ ჰელმუტ კოლის ნებით გამოგვიგზავნა პოლიტიკური და ეკონომიკური სოლიდარობის სიგნალები, დაამყარა საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობა და დანიშნა თავისი ელჩი, დაიწყო რა ამით საქართველოს საერთაშორისო იზოლაციის გარღვევა.
ამასთან, მინდა აღვნიშნო, რომ თბილისში გერმანიის საელჩოს მთელი პერსონალი, ელჩის, ბატონი დალჰოფის მეთაურობით არა მარტო შესანიშნავად წარმოადგენს თავის ქვეყნას, არამედ მშვენივრად წვდება ჩვენი ქვეყნის თანამედროვეობას, ისტორიას, კულტურას, ქართულ ენას, რაც ქართულ-გერმანული ინტელექტუალური და სულიერ-შემოქმედებითი ურთიერთგაცვლის ძველ ტრადიციებს შეესაბამება.
ამ კეთილი გერმანული საქმეების ჩამოთვლისას არ შემიძლია არ გავიხსენო თბილისში ჩემი მეგობრის ჰანს-დიტრიხ გენშერის შარშანდელი ვიზიტი, პოლიტიკურად დასაბუთებული და გულითადი. როგორც ყოველთვის ჰანს-დიტრიხი ჩავიდა იქ, სადაც აუცილებელი იყო მისი ჩასვლა აუცილებელ მომენტში.
გულითადი მადლობა მას და ყველა გერმანელ მეგობარს.
თუმცა, არ მინდა ჩემი სიტყვა შემოიფარგლოს მადლიერებით, ჩვენი წარმატებით თანამშრომლობის კონსტატაციითა და იმედების გამოთქმით. თავად ჩვენი შეხვედრის ადგილი - გაერთიანებული გერმანია ერთიან ევროპაში მოსაზრებებს ბადებს, რომლებიც მინდა გაგიზიაროთ.
„ცივი ომის“ დასრულება და ტოტალიტარული რეჟიმების დამხობა არ მოხდა კატაკლიზმების გარეშე, რამაც ევროპა და მსოფლიო კვლავ საშიშროების წინაშე დააყენა. ეს არის სულთმობრძავი სისტემების უკანასკნელი ბრძოლა. პროვოცირებას უწევენ რა საშინაო და სახელმწიფოთაშორის კონფლიქტებს, მანიპულირებენ რა ექსტრემისტული საპარატიზმით, ნაციონალიზმით, პოლიტიკური და რელიგიური ფუნდამენტალიზმის მიზანდასახულობით, ისინი ითრევენ ქვეყნებსა და ხალხებს სამოქალაქო ომებსა და კონფესიონალურ შინაომებში.
ჩვენს მონაპოვარს კვლავ ემუქრება საფრთხე, რომელმაც, გულახდილად რომ ვთქვათ, მოუმზადებელს მოუსწრო მსოფლიო თანამეგობრობას და უშიშროების ევროპულ სტრუქტურებს.
ჩვენ ვერ უვნებელვყავით „ევროპის დენთის კასრები“. რომელთაც ეხლა ემატება კავკასია - კონტინენტების მიჯნაზე კრიზისულად მნიშვნელოვანი რეგიონი.
იდეა, რომელიც მინდა გამოვხატო, ჰაერში ტრიალებს: „ცივი ომის“ დამთავრებით დასრულდა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთდაპირისპირების ეტაპი. მათი ურთიერთობის შემდგომი ეტაპი თანამშრომლობა უნდა გახდეს, რაც მიზნად ისახავს ახალი სტაბილური მსოფლიო წესრიგის დამყარებას. ამ მიმართულებით ბევრი რამ უკვე გაკეთდა, თუმცა ევროპის პოლიტიკის ცნობილმა მონოცენტრიზმმა შეიძლება შეაფერხოს ეს პროცესი. არამც და არამც არ მალაპარაკებს ჩემი ვიწროეროვნული ინტერესები, როდესაც თხოვნით მივმართავ მსოფლიო თანამეგობრობას განსაკუთრებული ყურადღება მიაპყროს მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეს, ყველას და ახლადწარმოქმნილ დამოუკიდებელ სახელმწიფოებს ცალკ-ცალკე. სრულიად ნათელია, ერთი მხრივ, თუ რამდენად დიდია აქ მიმდინარე პროცესების გავლენა მსოფლიოში საქმის ვითარებაზე, მის შემდგომ განვითარებაზე, მეორე მხრივ კი, - არარსებობა ერთიანი პოლიტიკური სუბიექტისა, რომელიც პასუხს აგებდა ამ სივრცის პროგრესული გარდაქმნისათვის. ამას ვერ შეძლებს ერთი სახელმწიფო, მხოლოდ მსოფლიო თანამეგობრობას, მთელ დასავლეთს შეუძლიათ თავის თავზე აიღონ და განახორციელონ ეს მისია, რომელიც მთლიანად იქნება შეხამებული საყოველთაო უშიშროებისა და მშვიდობის ინტერესებთან.
აქ უაღრესად მნიშვნელოვანია ეკონომიკურ პრობლემათა ჭრილი. ამ კონტექსტში საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელ ორგანოთა სტრუქტურა შეცვლილ რეალობებს უნდა მიესადაგებოდეს, შეუძლებელია ეკონომიკური უშიშროების გლობალური საკითხების გადაჭრა მსოფლიო ეკონომიკური გიგანტების გარეშე. სწორედ ამიტომ, შარშან გაეროს გენერალური ასამბლეის სასიაზე გამოსვლისას წამოვაყენე წინადადება ორგანიზაციის მუდმივი წევრების შემადგენლობის გაფართოებისა და მასში გერმანიისა და იაპონიის ჩართვის შესახებ.
ჩვენ შევაბიჯეთ ახალი კავშირურთიერთობის დამყარერბის ეპოქაში. ხატოვნად რომ ვთქვათ, ისტორია, როგორც თერძი, გვირისტით აერთებს უწინ გახლეჩილ სივრცეებს. ერთიანი ევრაზიული ეკონომიკური სივრცე უტოპიას არ წარმოადგენს, თუ საღად შევაფასებთ ევროპისა და აზიის, აღმოსავლეთისა და დასავლეთის, ჩრდილოეთისა და სამხრეთის, ძველი და ახალი სატრანსპორტო-სატრანზიტო და სხვა მაგისტრალური ურთიერთდაკავშირების არსებულ პროექტებს. ახალ მსოფლიო წესრიგს ახალი კომუნიკაციები სჭირდება. ჩემს თანამემამულეებს, რომლებიც დარწმუნებული არიან, რომ ყველა გზა აზიიდან ევროპაში საქართველოზე გადის, შეუძლიათ ფრიად ხელსაყრელი და რაციონალური წინადადებები შემოგთავაზონ.
ბატონო პრეზიდენტო, რამდენიმე წლის წინ თქვენთან ჩემი პირველი შეხვედრისას თქვენს რეზიდენციში ჰამერშმიდტის სასახლის ვესტიბიულში ჩემთან მოვიდა პატარა გოგონა და მოკრძალებული სუვენირი გადმომცა. მაშინ ვერაფრით დავასაჩუქრე იგი ავტოგრაფის გარდა და დედამისს ვუთხარი, ყოველ ღონეს ვიხმარ იმისათვის, რომ თქვენი შვილი მშვიდობისა და ბედნიერების ვითარებაში გაიზარდოს-მეთქი.
არ ვიცი, რამდენად შევასრულე ჩემი სიტყვა, მაგრამ ეს ვალდებულება ჩემთვის დღემდე ძალაშია. მე დღეს აქ კიდევ იმიტომ ვარ, რომ ბავშვებს, მათ მშობლებს, ჩვენი რესპუბლიკის ყველა მოქალაქეს იმისდა მიუხედავად, რომელ რეგიონში ცხოვრობენ ისინი, ვუსურვებ მშვიდობას, სიხარულს, ავბედითი დროით მოტანილი გაჭირვებიდან თავის რაც შეიძლება სწრაფად დაღწევას. სწორედ ამიტომ უწვდის საქართველო გერმანიას ხელს. - არა მოწყალებისათვის, არამედ მეგობრობისათვის. დღევანდელმა საუბარმა თქვენთან, ბატონო პრეზიდენტო, ბატონ ფედერალურ კანცლერთან ოპტიმიზმი შემმატა მიუხედავად საქართველოში არსებული სიტუაციისა.
დავლოცავ საქართველო-გერმანიის მეგობრობას, თქვენი ქვეყნის ყველა წარმომადგენლის სადღეგრძელოს, ვინც გვეხმარებოდა, გვეხმარება და დაგვეხმარება, რომ გავუძლოთ ძნელბედობას. თქვენი ქვეყნის ხელმძღვანელებს გაუმარჯოთ, თქვენ გაგიმარჯოთ, ბატონო პრეზიდენტო.
„ვცნობ მხოლოდ იმ პოლიტიკას, რომელიც ზნეობრიობის საფუძველზეა დამყარებული“ : შეხვედრები ბონში // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 29 ივნისი. - №138(684). - 1,2 გვ.
![]() |
98 ედუარდ შევარდნაძე: ჩვენი საგარეო პოლიტიკური კურსი გამოკვეთილია და იგი ყველა ქვეყანასთან თანაბრად კარგ, ხელსაყრელ, მეგობრულ ურთიერთობებს გულისხმობს |
▲ზევით დაბრუნება |
28 ივნისის რადიოინტერვიუ
ჩვენი ორიენტაცია და საგარეო პოლიტიკური კურსი გამოკვეთილია და იგი ყველა ქვეყანასთან თანაბრად კარგ, ხელსაყრელ, მეგობრულ ურთიერთობებს გულისხმობს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ - სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ საქართველოს რადიოკომენტატორ ნატო ონიანთან თავის ტრადიციულ საორშაბათო ინტერვიუში, როცა ბელგიასა და გერმანიაში თავის ვიზიტს შეეხო, - ეს ვიზიტიც, - თქვა მან, - ამ მიზანს ისახავდა. ხელოვნებაც სწორედ ის არის, რომ ყველასთან ვითანამშრომლოთ ახლო მეგობარი იქნება იგი, თუ შორეული. ჩვენი გეოგრაფიული და გეოპოლიტიკური მდგომარეობა, შინაგანი პრობლემები და მრავალი სხვა გვიკარნახებს, რომ პოლიტიკაში ვეძებოთ ისეთი ბალანსი, რომელიც საშუალებას მოგვცემს მთელი ჩვენი ყურადღება მობილიზებული იყოს შინაგან პრობლემებზე, ქვეყნის განვითარებაზე - განაგრძო შემდეგ ედუარდ შევარდნაძემ, - და ეს საგარეო ურთიერთობათა სფერო ხელს უწყობდეს საშინაო პოლიტიკის განხორციელებას, ქვეყნის აღდგენას, კრიზისიდან გამოსვლას. აი ამ სერიოზული მიზნების ერთ-ერთი ელემენტი გახლავთ ვიზიტი გერმანიაში, შეხვედრა ბრიუსელში - ნატოს შტაბ-ბინაში და იქ გამართული მოლაპარაკებანი. გვქონდა კონკრეტული ამოცანაც, რომელიც ჩვენი ეკონომიკის კრიზისიდან გამოყვანას უკავშირდება და მე მიმაჩნია, რომ გერმანიასთან სწორედ ასეთი ურთიერთობა, როგორსაც ახლა ჩაეყარა საფუძველი, ამ კრიზისიდან თავის დაღწევის ერთ-ერთი გზა არის.
გერმანიის ხელისუფლებისაგან ჩვენ ბევრი რამ მივიღეთ, და მივიღეთ არა მარტო დაპირებები, ეს გახლავთ რეალური მხარდაჭერა, - თქვა შემდეგ სახელმწიფოს მეთაურმა, - და თუ ჩვენ წარვუდგენთ კარგ, მათთვის მისაღებ და ჩვენთვის ხელსაყრელ პროექტებს, რომლებიც უპასუხებენ საბაზრო ეკონომიკის მოთხოვნებს, დაფინანსების პრობლემები არ გვექნება, მიუხედავად იმისა, რომ არასტაბილური მდგომარეობაა საქართველოში. მსოფლიოში განთქმულმა „სიმენსის“ ფირმამ, მაგალითად, 50 მილიონი მარკის კონტრაქტს მოაწერა ჩვენთან ხელი. გერმანიის სხვა გიგანტი ფირმებიც და ბანკებიც მზად არიან ასეთივე თანამშრომლობისათვის, ოღონდ ჩვენ დაგვჭირდება მთელი ჩვენი მეცნიერული პოტენციალის მობილიზება, რომ მოვამზადოთ სრულყოფილი პროგრამები როგორც ცალკეული დარგების, ისე თვითონ დიდი თუ მცირე მასშტაბის საწარმოების განვითარებისათვის. ვიმეორებ, თუ ასეთ პროგრამებს მოვამზადებთ, ჩვენ მივიღებთ ინვესტიციებს, რომლებსაც შეგვპირდნენ. ამის გარდა, გერმანიის ხელმძღვანელობამ გაგვიწია დახმარება და 20-30 მილიონი მარკის ღირებულების პროდუქტებს შევიძენთ გერმანიის ბაზარზე და შემოვიტანთ საქართველოში. ეს არის, თუ შეიძლება ასე ითქვას, ჰუმანური დახმარება, რომელიც გერმანელმა ხალხმა და ხელისუფლებამ ჩვენთვის საჩუქრის სახით გაიღო. ჩვენ მივიღებთ, აგრეთვე, 30 მილიონ მარკას სოფლის მეურნეობაში გადაუდებელ ამოცანათა გადასაწყვეტად, 10 მილიონი მარკის ტექნიკურ დახმარებას, 4 მილიონ მარკას დამატებითი ჰუმანური დახმარების სახით და მიღებულია პირობა ევროპის გაერთიანებიდან, რომ დამატებით კრედიტებსაც მივიღებთ. თუ ეს პირობები შესრულდა, უნდა ვივარაუდოთ, რომ უახლოეს ხანში ჩვენს ხალხს შეუმსუბუქდება დუხჭირი მდგომარეობა. ასეთ დროს მეგობრების მიერ დახმარების და თანდგომის გამოწვდილი ხელი ძალიან ძვირად ფასობს.
გამოკითხვის შედეგები ჩვენი საგარეო პოლიტიკური კურსის მხარდაჭერის თაობაზე, რომლებიც თქვენ გამაცანით, - მიმართა სახელმწიფოს მეთაურმა რადიოკომენტატორს, - იმას გვიჩვენებს, რომ ჩვენს ხალხს შესანიშნავად აქვს გაცნობიერებული ხელისუფლების მიერ აღებული ამ კურსის მნიშვნელობა და ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს ჩვენი ხალხის სიბრძნეზე.
შეეხო რა რუსეთთან ურთიერთობას საქართველოს სახელმწიფოს მეთაურმა თქვა, რომ ეს ურთიერთობაც ამ ხალხიდან გამომდინარე უნდა განვიხილოთ, რომელზეც ინტერვიუს დასაწყისში იყო ლაპარაკი. - ყველა ხედავს, როგორ აგვარებდა საქართველო თავის ურთიერთობას სხვადასხვა ქვეყნებთან, - თქვა ედუარდ შევარდნაძემ, - რით დავიწყეთ ეს ურთიერთობანი და რით მივდივართ რუსეთთან ურთიერთობამდე. მე მგონი, ეს სავსებით გასაგები კურსი და ხაზი იყო, რომლის შესახებაც ჩვენ არ ვხმაურობდით, მაგრამ ასე თანდათანობით მივედით იქამდე, რომ უკვე დღის წესრიგში დადგა რუსეთის საკითხი, მასთან ურთიერთობის მოგვარების საკითხი. ჩვენი ხალხიც თანდათან მომზადდა ამისათვის. ამასაც დრო სჭირდებოდა და ალბათ დრო სჭირდებოდა იმასაც, რომ რუსეთიც მომზადებულიყო. მე ვერ გეტყვით, როდის შედგება ახალი ხელმოწერები, თუმცა ჩვენი პირობა იყო ივნისში გაგვეკეთებინა ეს, მაგრამ აფხაზეთის საკითხის გამწვავებამ იგი ცოტა ხნით გადადო, თუმცა რუსეთის ხელმძღვანელობა კვლავ რჩება იმ პოზიციაზე, რომ უახლოეს დროში შეიქმნას სამართლებრივი ბაზა საქართველოსა და რუსეთს, რუსეთსა და საქართველოს შორის კეთილმეზობლური და ურთიერთხელსაყრელი ურთიერთობებისა და კავშირებისათვის. რაც შეეხება ნატოს ყურადღების სფეროში ჩვენს ყოფნას, - თქვა შემდეგ სახელმწიფოს მეთაურმა, - ეს, მე მგონი, ისე უნდა გავიგოთ, როგორც დღეს შეუძლია ნატოს. ლაპარაკი სწორედ ყურადღების სფეროზეა, გარკვეულ დახმარებაზე, მაგრამ ამას ნურავინ ისე ნუ გაიგებს, თითქოს ნატო მზად არის, რომ ხვალვე გემები შემოიყვანოს და თავისი ბაზები დააარსოს საქართველოსა და კავკასიაში, ამისათვის ნატო მზად არ არის და ასეთი რამ არც უნდა მოვთხოვოთ. მაგრამ თავისთავად ის, რომ დღეს ამ ორგანიზაციის ტრანსფორმირება მიდის და იგი მშვიდობის დაცვის და სტაბილურობის ერთ-ერთი გარანტი ხდება ევროპაში, ეს ჩვენს ინტერესებშიც შედის. საქართველოს დელეგაციის სტუმრობას, საქმიან შეხვედრებს იქ დიდი ყურადღება დაუთმეს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ნატოს დაინტერესება საქართველოთი აღმავლობის გზით ივლის, მაგრამ ეს სულაც არ ეწინააღმდეგება რუსეთის ინტერესებს, პირიქით, იგი რუსეთის ინტერესებსაც გულისხმობს და იგი ისე არ უნდა განვიხილოთ, თითქოს რუსეთი და ნატო რაღაც დაპირისპირებული ძალებია. არა, ასე არ იქნება და თუ ამის რაიმე ელემენტები შემორჩა, ისინი თანდთან დაიძლევა და გადაილახება.
შემდეგ საუბარი შეეხო იმ ბარბაროსულ დაბომბვას, რომელიც გუდაუთელმა სეპარატისტებმა ქალაქ სოხუმს დაატეხეს თავს. რადიოკომენტატორმა სახელმწიფოს მეთაურს ჰკითხა - ხომ არ იყო იგი გერმანიასა და ბელგიაში მის ვიზიტთან დაკავშირებული. - შეიძლება ეს ასეც იყოს - თქვა ედუარდ შევარდნაძემ, - მაგრამ ეს არ არის მთავარი. ეს უკვე აშკარად წონასწორობადაკარგული ადამიანების ნამოქმედარია. სხვა რა განმარტება უნდა მოვუძებნოთ ამ ადამიანთა ქმედებას, რომლებიც თავისსავე დედაქალაქს ანგრევენ, თავის ხალხს ხოცავენ. ძნელია დაგეძინოს კაცს ყოველივე ამის ნახვის შემდეგ, რაც ამ მშვენიერ ქალაქს დამართეს. მე ვფიქრობ, ეს ბარბაროსული დაბომბვა სოხუმზე იერიშის ნიშანი იყო, მაგრამ იერიში არ გამოუვიდათ, რადგან მეტი ძალა არ ჰქონდათ და ჩვენი ჯარიც მტკიცედ და დამაჯერებლად ფლობდა სიტუაციას. სოხუმი კარგად იყო დაცული და იერიშის მცდელობა ამან ჩაშალა, თუმცა შედეგები, ჩემი თვალით ვნახე, უმძიმესია. - დასძინა სახელმწიფოს მეთაურმა.
სოხუმში მისი ჩასვლის შესახებ საუბრისას სახელმწიფოს მეთაური შეეხო სამეგრელოს რეგიონში არსებულ ვითარებას და თქვა, რომ იქ შექმნილი მდგომარეობა მისი ყოველდღიური ფიქრის საგანია. - მე ვხედავ გამოსავალს ამ მდგომარეობიდან, რომელიც იქ შეიქმნა, - თქვა მან, - და დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერს მოევლება, თუკი, რა თქმა უნდა, გადაწყდება მთავარი საკითხი, რომ ხალხმა იმუშაოს, მიწა მოხნას და დათესოს, მოსავალი მოიწიოს, ჩაი მოკრიფოს, დოვლათი შექმნას... დანარჩენს ყველაფერს მოევლება. არც ისეა საქმე, რომ ახლა ავდგეთ და სამეგრელო განვიხილოთ როგორც რაღაც ცალკე მოვლენა. იქ ცოტა მეტი სიმძაფრე და დაძაბულობაა, ვიდრე რესპუბლიკის სხვა რეგიონებში. მაგრამ, ვფიქრობ, გამოსავალი მოიძებნება და საღი აზრი გაიმარჯვებს, - თქვა ედუარდ შევარდნაძემ.
შემდეგ სახელმწიფოს მეთაური კომენტატორის თხოვნით კვლავ დაუბრუნდა თავის ახლახან გამართულ ვიზიტებს და ვრცლად ისაუბრა უკრაინასთან ურთიერთობის საკითხებზე.
- უკრაინის პრეზიდენტთან ლეონიდ კრავჩუკთან შეხვედრა გერმანიაში წასვლამდე დაიგეგმა და იგი ჩვენი ორი ქვეყნის განსაკუთრებული ურთიერთობების ხასიათიდან გამომდინარეობდა, - თქვა მან, - ეს ჩვეულებრივი პრაქტიკა გახლავთ მეგობარ სახელმწიფოთა ურთიერთობის დროს, რომლებსაც არა მარტო ურთიერთობის, არამედ ურთიერთდახმარების ხელშეკრულებაზე აქვთ ხელი მოწერილი. და არც არის გასაკვირი, რომ ასეთი ქვეყნების ლიდერები შეხვდნენ ერთმანეთს და გაუზიარონ თავიანთი გეგმები. გასაზიარებელი და სათქმელი კიდევ ბევრია.
ჩვენ ძალიან საჭირო და სასარგებლო საუბარი გვქონდა ჩვენთვისაც და უკრაინელებისათვისაც. სამწუხაროდ, ასეთ შეხვედრებს ზოგჯერ განიხილავენ როგორც სხვა ქვეყნის საწინააღმდეგო მოვლენას, მაგრამ ეს ასე არ არის. ჩვენ ერთად ვეძებთ გამოსავალს კრიზისული მდგომარეობიდან და ეს გამოსავალი ომისა და სისხლისღვრის გარეშე რომ მოიძებნოს საჭიროა მეტი შეხვედრები. უფრო ფართო დიალოგი და რაც უფრო ხშირად მოხდება ეს, მით უკეთესია. ამასთან, ისევე როგორც გერმანიაში, უკრაინაშიც გვქონდა გარკვეული ინტერესი, - განაგრძო ედუარდ შევარდნაძემ, - როგორც იცით, ჩვენ ხელი მოვაწერეთ ეკონომიკურ შეთანხმებებს და არის საშუალება, რომ უკრაინიდან ჩამოვიტანოთ ბევრი რამ, მათ შორის ხორბალი, ხორცი, რძის პროდუქტები, რაც ჩვენ ძალიან გვჭირდება. ჩვენს დოკუმენტებში საკმაოდ სოლიდური სიდიდის ციფრებია ჩაწერილი, მაგრამ ვერავინ ვერაფერს ვერ მოგვცემს, თუკი ჩვენც ხელი არ გამოვიღეთ და იმ ქვეყანას, რომელსაც აგრეთვე უჭირს, არ მივაწოდეთ ჩაი, ხილი, ღვინო, სხვა ნაწარმი. ამიტომ ახლა მთავარია არ მივცეთ ვინმეს საშუალება, რომ როგორც შარან, კვლავ დაიტაცოს წლის მოსავალი. ასე რომ არსებობს სიდუხჭირიდან რეალური გამოსავალი.
აი, ეს საკითხები განვიხილეთ პრეზიდენტ კრავჩუკთან, პოლტავაში, ვინიცაში, ხერსონში. უკვე მზად არის ხალხი და ელოდება ჩვენი წარმომადგენლების ჩასვალას. ვიმეორებ, პრეზიდენტ კრავჩუკთან შეხვედრა იყო ძალიან კარგი, საქმიანი და სასარგებლო, - დასძინა ედუარდ შევარდნაძემ.
რაც შეეხება ჩემს შეხვედრებს გერმანიაში და ნატოში და იმ გულთბილ და განსაკუთრებულ დამოკიდებულებას, რომელიც ჩვენდამი გამოიჩინეს, როგორც თქვენ ამბობთ, - მიმართა სახელმწიფოს მეთაურმა რადიოკომენტატორს, - ეს არ არის შემთხვევითი. ეს იყო საპასუხო რეაქცია იმ დამოკიდებულების მიმართ, რომელსაც ჩვენი ხალხი ევროპული პროცესებისადმი იჩენს და გამოხატავს. ვგულისხმობ იმას, რაც მოხდა ევროპაში ბოლო წლების განმავლობაში და იმ საფრთხეს, რომლის წინაშეც რეალურად დღეს დგას ევროპა და მათ შორის საქართველოც, როგორც ევროპული ქვეყანა. მე შევეცადე ამ საშიშროებიდან თავის დაღწევის ზოგიერთი გზების შესახებ მეთქვა ჩემი აზრი და ისიც სწორად იყო აღქმული. ეს საუბარი შემდეგ გაგრძელდა ბონში და ეს იყო მსჯელობა იმ კორექტივების აუცილებლობაზე, რომლებიც არა მარტო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, არამედ საერთოდ დასავლეთმა უნდა შეიტანონ თავის დიდ პოლიტიკაში. ორი სიტყვით, ეს ასეთი ფორმულით შეიძლება გამოიხატოს, რომ მეტი ყურადღება და მეტი ზრუნვა სჭირდება რუსეთს, რადგან მის სტაბილურობაზეა დამოკიდებული სხვა ქვეყნების და ევროპის სტაბილურობაც. და ცხადია, მე ვთქვი, რომ გაცილებით მეტი ზრუნვა სჭირდებათ იმ ქვეყნებსაც, რომლებიც რუსეთის დემოკრატიულ სარტყელს ქმნიან. თუკი ისინი მართლაც იქნებიან სტაბილური დემოკრატიული ქვეყნები, ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთშიც სტაბილურობა იქნება. აი, ამ ფორმულას დასავლეთში გაგებით ხვდებიან და მე ვფიქრობ შვიდეულის შეხვედრაც ამ ნიშნით უნდა წარიმართოს. წინასწარი დოკუმენტებიც ამაზე მიუთითებს, რომ დასავლეთს ახლა უფრო უკეთ ესმის ის პრობლემები, რომლებიც ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებისათვის არის დამახასიათებელი. ამასთან, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთისადმი ყურადღება უნდა შენელდეს, პირიქით იგი უფრო ინტენსიური უნდა გახდეს, მაგრამ ასევე უნდა გაძლიერდეს ზრუნვა იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც დამოუკიდებლობის გზას ადგანან. ეს ეხება საქართველოსაც და იქ ამაზეც გვქონდა ლაპარაკი, - თქვა მან.
კომენტატორის კითხვაზე რა ფუნქცია ექნება ბელგიაში შექმნილ შევარდნაძის ფონდს, სახელმწიფოს მეთაურმა უპასუხა: - ჩვენი ქვეყნის მეგობრებმა გადაწყვიტეს, რომ ასეთი ფონდი შექმნილიყო. მას თვითონ გუბერნატორი უდგას სათავეში. იგი ძირითადად საქველმოქმედო იქნება და ჩვენი ახალგაზრდების მომზადებას მოხმარდება ევროპის ქვეყნებში, მათ შორის ბელგიაში.
ინტერვიუს დასასრულს რადიოკომენტატორი შეეხო ერთი წლის წინათ ტელერადიოკომიტეტის შენობაში შეიარაღებული ჯგუფის შეჭრის ფაქტს.
- შარშანდელი 24 ივნისის გამოსვლას გონებით თუ დავუბრუნდებით, ჩემი აზრით, იგი გვიან უნდა მომხდარიყო და დაგომისის უმაღლესი დონის შეხვედრის გამო დააჩქარეს, ამიტომ მოუმზადებელი აღმოჩნდა და ჩაიშალა, - თქვა სახელმწიფოს მეთაურმა. - არ არის გამორიცხული, რომ მაშინ ვიღაცის იმედი ჰქონდათ. იყო ჯარის ცალკეულ ნაწილებში ღალატის ფაქტებიც, მაგრამ შესაძლოა სხვა უფრო დიდი იმედიც ჰქონდათ. მაგრამ, ჩანს ვერც ამ გამოსვლის მონაწილეებმა და ვერც იმათ, ვისი იმედიც ჰქონდათ, ვერ გაითვალისწინეს თბილისელთა განწყობილება. კარგად მახსოვს, როცა ბატონ ჯაბა იოსელიანთან ერთად ქუჩაში გამოვედით, ასეთი გამოსვლა კი არცთუ უსაფრთხო იყო მაშინ, ვნახეთ ხალხის აზვირთებული რისხვა. ხალხი პირდაპირ მოითხოვდა, ჩვენ დაგვრთეთ ნება, ჩვენ მოვუვლით ამ საქმესო...
თავის ტრადიციულ ინტერვიუში ედუარდ შევარდნაძე შეეხო აზერბაიჯანში შექმნილ რთულ მდგომარეობას და აღნიშნა, რომ იქ მიმდინარე მოვლენებს გულისყურით და დიდი მღელვარებით ადევნებს თვალს. ეს არა მარტო ჩვენი მეზობელი, მეგობარი და მოძმე ხალხია, არამედ ის ქვეყანაც არის, რომლის გარეშე ჩვენ ძალიან გაგვიჭირდებიდა არსებობა - თქვა მან - ახლაც, მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანში ასეთი მძიმე მდგომარეობაა, მაინც ყველაფერს ვღებულობთ ჩვენი მეგობარი ხალხისაგან და ჩვენც ვცდილობთ არავითარი შეფერხება არ იყოს ჩვენი მხრიდან, რაც კი სატრანსპორტო მიმოსვლას და ტვირთზიდვას ეხება. მათ ახლა უჭირთ და მოვალე ვართ ღირსეული მეგობრობა გავუწიოთ.
აზერბაიჯანელი ხალხის არჩევანი ჩვენთვის კანონია და ჩვენ არა მარტო პატივს ვცემთ, არამედ ვთანამშრომლობთ იმ ადამიანებთან, რომლებსაც აზერბაიჯანელი ხალხი ენდობა, - თქვა ედუარდ შევარდნაძემ.
კუპონის კურსზე საუბრისას სახელმწიფოს მეთაურმა თქვა, რომ პატარა დადებითი ტენდენცია არის, მაგრამ ისიც რომ არ დაიკარგოს, მუშაობაა საჭირო. თუ ჩვენ პროდუქტს ვერ შევქმნით, სოფელი არ ამუშავდა, კუპონის ადგილი დოლარმაც რომ დაიკავოს, ვერ უშველის საქმეს, რადგან ნორმალურად ვერ იცხოვრებს ქვეყანა, რომელიც არ მუშაობს. თუ გვინდა კუპონი განმტკიცდეს, ვიმეორებ, უნდა ვიმუშაოთ. თუ ამას შევიგნებთ ყველა, დაწყებული ხელისუფლებით და ყოველი მოქალაქით დამთავრებული, და ამ შეგნების შესაბამისადაც ვიმუშავებთ, ყველაფერი წესრიგში იქნება.
პარლამენტის პრეს-ცენტრი.
ედუარდ შევარდნაძე: ჩვენი საგარეო პოლიტიკური კურსი გამოკვეთილია და იგი ყველა ქვეყანასთან თანაბრად კარგ, ხელსაყრელ, მეგობრულ ურთიერთობებს გულისხმობს / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 29 ივნისი. - №138(684). - 1,2 გვ.
![]() |
99 ედუარდ შევარდნაძის სიტყვა |
▲ზევით დაბრუნება |
ღრმად პატივცემულო პრეზიდენტო,
ღრმად პატივცემულო ბატონო ტეფერ,
ძვირფასო ჰანს-დიტრიხ,
ბერლინელო მეგობრებო,
სულის სიღრმემდე აღელვებული ვარ და მიჭირს დავმალო ეს. აღელვებული ვარ აქ წარმოთქმული სიტყვებით, ჩემთვის კანტის სახელობის პრემიის გადმოცემის ფაქტითა და ადგილით, სადაც ეს ცერემონია ტარდება.
ეს არის ბერლინი, ერთ დროს ნანგრევებად ქცეული, შემდეგ კი მკვდრეთით აღმდგარი, ერთ დროს ორად გაპობილი, გახლეჩილი, დღეს კი მთლიანი, გერმანიის ერთიანობის სიმბოლო.
ეს ის ქალაქი და ქვეყანაა, რომლებიც ჩემი ბედის ნაწილი გახდა. მათ ხსენებაზე ჩემ თავს ვეუბნები: „თუ შესაძლებელი გახდა ბერლინის კედლის მოშორება და გერმანიის გაერთიანება, თვით სახელი, რომელსაც ეს ჯილდო ატარებს, აღმიძრავს სურვილს, ჩემი გულისნადები გაგიზიაროთ, ვისარგებლებ კანტის სახელით, რათა ვთქვა კატეგორიულ იმპერატივზე, რომელიც ერთი შეხედვით თითქოსდა ძალზე აბსტრაქტულია, მაგრამ არსებითად ადამიანთა ურთიერთობის უღრმეს და უკეთილშობილეს საფუძველს გამოხატავს: „მოიქეცი ისე, რომ შენს მოქმედებაში ადამიანი, როგორც ნებისმიერი სხვისი, ისე საკუთარი თავის სახით. ყოველთვის იყოს აგრეთვე მიზანიც. და არასდროს მხოლოდ საშუალება“.
მე ვფიქრობდი ორად გაყოფილი გერმანიის ბედზე ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ამაზე ფიქრიც კი დანაშაულად ითვლებოდა. მე მივედი გერმანიის ერთიანობის აუცილებლობის დასკვნამდე მაშინ, როდესაც ამ იდეის აღიარება საკუთარი ქვეყნის ღალატს უდრიდა. მაგრამ თუ კაცს საკუთარი ხალხისა და ქვეყნისათვის სიკეთე და სამართლიანობა უნდა, როგორ შეიძლება მან იგივე არ უსურვოს სხვა ხალხსა და ქვეყანას?
ეს არის სწორედ ის, რასაც კანტი კატეგორიულ იმპერატივს უწოდებდა.
ეს არის სწორედ ის, რაც ესოდენ აკლია დღევანდელ მსოფლიოს, სადაც ძველი კედლების ნანგრევებიდან ცდილობენ ააგონ ახალი.
მინდა ვისარგებლო კანტის სახელით, რათა კვლავ შევეხო მორალისა და პოლიტიკის შეთავსების პრობლემას. „სუფთა გონების კრიტიკის“ დიდმა ავტორმა, თეორიულად დაასაბუთა თითქოსდა შეუძლებლის, კერძოდ - ზნეობრივი პოლიტიკის, პრაქტიკული შესაძლებლობა. მან ამის არა მარტო შესაძლებლობა, არამედ აუცილებლობაც დაასაბუთა, როგორც კაცობრიობის პრაქტიკული ამოცანა.
ცნობილია, რომ ყოველთვის, როდესაც ევროპული და მსოფლიო აზრი ჩიხში მოექცეოდა ხოლმე, გაისმოდა მოწოდება: „უკან კანტისაკენ“. ეს იმას ნიშნავდა, რომ აზრმა, იდეამ და ფილოსოფიამ სწორი პოზიცია უნდა დაიკავოს, რათა გამოვიდეს კრიზისული მდგომარეობის ჩიხიდან და წავიდეს წინ. დღეს, როდესაც კაცობრიობა დაძაბულად ეძებს გზის მაჩვენებელ შუქურას, ისწრაფვის გამოვიდეს ახალი კრიზისის ლაბირინთიდან, ოდნავ შევცვლიდი ძველ მოწოდებას და ასე ჩამოვაყალიბებდი მას: „წინ, კანტისაკენ“!
ძალზე დროულად მიმაჩნია მორალური პოლიტიკის კანტისეული იდეალის შეხსენება მაშინ, როდესაც აგონიაში მყოფი ტოტალიტარიზმი კვლავ ცდილობს გამოიყვანოს ტყუილისა და მუხანათობის ინსტრუმენტები. დაფაროს თავისი იმპერიული ზრახვები მშვიდობისმოყვარეობისა და რომელიღაც ეთნოეროვნული ჯგუფების დაცვის საფარველით, იყენებს ორმაგ სტანდარტებს, ხელს უწყობს რა ერთის მხრივ ექსტრემიზმს, ხოლო მეორეს მხრივ პირფერულად აღიარებს ტერიტორიული მთლიანობისა და ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოების საზღვრების ურღვეობის პრინციპების ერთგულებას.
მოვალედ ვთვლი თავს მორალური პოლიტიკის იმპერატივების შესახებ ვთქვა სწორედ აქ - ბერლინში, რომელიც როგორც ძალისა და ვერაგობის პოლიტიკის უძლურების, ისე დაუმარცხებელ ზნეობაზე დაფუძნებული პოლიტიკის გამარჯვების სიმბოლოც არის.
ძვირფასო მეგობრებო, მე ვიცი, რომ თქვენ დიდი ხანია ჩაფიქრებული გაქვთ მომანიჭოთ ემანუილ კანტის სახელობის პრემია. თქვენ არაერთხელ გამომიგზავნეთ მოწვევა, მაგრამ ყოველთვის რაღაც რთული ვითარება მიშლიდა ხელს მესარგებლა მოწვევით და ჩამოვსულიყავი. ამჯერად, მე ეს მოვახერხე და ვფიქრობ, რომ დროულად. ამით მინდა ვთქვა, რომ უკეთეს დროს ვერ ვისურვებდი ჩემთვის ამ ფრიად საპატიო ჯილდოს მისაღებად.
უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ ამ ჯილდოს გადმოცემა დაემთხვა ჩვენს ვიზიტს გერმანიაში და საქართველო-გერმანიის დაახლოებით ფართო კონტექსტში ჩაჯდა. ჩვენთვის ფრიად ნიშანდობლივია ის, რომ ეს მოვლენა იმ გამოჩენილი გერმანელი ფილოსოფოსის სახელთან აღმოჩნდა დაკავშირებული, რომლის ნააზრევსაც მოაზროვნე ქართველთა არაერთი თაობა ეზიარა.
მეორეც, იმიტომ, რომ სწორედ ახლა, დღევანდელ ვითარებაში ჩემს ქვეყანას ძალიან სჭირდება მხარდაჭერა და დასაყრდენი. მას ახლა უჭირს, ისე როგორც არასოდეს, და ეს ჯილდო იმდენად მე კი არა, რამდენადაც ჩემს მშობელ ქვეყანას, რომლის ნაწილადაც მე ვრაცხ თავს, ამხნევებს და მომავლის იმედს აღუძრავს.
და, ბოლოს, კანტის სახელობის პრემია რომლითაც დღეს, ასეთ დროსა და ასეთ ადგილას, ჯილდოვდება საქართველოს შვილი, მოწმობს იმას, რომ ძლიერდება ევროპული იდეის მომხრეთა და ამ იდეას ნაზიარებ ახალ სახელმწიფოთა კოალიცია. არსებითად, ამ ცერემონიით პასუხი ეძლევა მათ, ვინც ბრალს გვდებს „საბჭოთა კავშირის დანგრევისა“ და „გერმანიის გაერთიანებაში“.
ვერ დაანგრევ იმას, რისი დანგრევაც არ შეიძლება.
არ შეიძლება არ გააერთიანო ის, რაც გაერთიანებას მოითხოვს.
დაუშვებელია ახალი მსოფლიო და ევროპული წესის შექმნა წარმოაჩინო, როგორც დამანგრეველი პროცესი. ბედნიერი ვარ იმით, რომ აქ, ახლა შემიძლია ვთქვა: ჩვენ დავიწყეთ გარდაქმნის პროცესი ევროპასა და მსოფლიოში, პროცესი, რომლის დროსაც გერმანია გაერთიანდა, ხოლო საქართველომ დამოუკიდებლობას მიაღწია.
ჩემი ძვირფასი მეგობრის ჰანს დიტრიხ გენშერის შემდეგ მოხარული ვარ გავიმეორო თომას მანის სიტყვები: „გერმანული ევროპა კი არა, ევროპული გერმანია“, რომლებშიც მინდა ყოველი ქართველისათვის იდუმალი და ძვირფასი აზრი ჩავაქსოვო, რადგან როგორც დასავლეთის ქრისტიანული ცივილიზაციის ნაწილი, საქართველო ყოველთვის ისწრაფვოდა ყოფილიყო ევროპული ხალხების ოჯახში, კანცლერ ჰელმუტ კოლის სიტყვებით რომ ვთქვათ, ახალი გაერთიანებული ევროპა ჩვენი მომავალიც არის.
თუმცა, ამისათვის კიდევ დაგვჭირდება ბრძოლა. 1989 წელს დაიწყო ბერლინის კედლის ნგრევა, ახლა კი მის ნაცვლად ახალი კედლები აღიმართება, მაინც და მაინც ქვისა და ბეტონის კი არა, მაგრამ კვლავ სიძულვილითა და ძალადობით გამაგრებული. ერთი კედლის დანგრევა ცოტა აღმოჩნდა - საჭიროა წარმოქმნილი სივრცეების გათავისუფლება იმისაგან, რაც ისევ ყოფს ადამიანებსა და ხალხებს, თუ ეს არ გაკეთდა ევროპა დარჩება წარსულის ურჩხულის კლანჭებში და დამოკიდებული იქნება ერთ რომელიმე „გასროლაზე სარაევოში“.
ადამიანებმა და კაცობრიობამ კვლავაც უნდა აითვისონ კანტისეული შემეცნებისა და რწმენის, პასუხისმგებლობისა და თავისუფლების ფუნდამენტური კატეგორიები. მარადიული მშვიდობა ჩვენ საბოლოო მიზნად რჩება.
მე ისე ვერ მივიღებ ემანუელ კანტის სახელობის პრემიას, თუ არ მოვიშველიე მის მიერ დადგენილი ზნეობრივი და სულიერი კანონები.
მით უფრო მიადვილდება ამაზე ლაპარაკი, რომ აქაც და ჩვენი პლანეტის სხვა ადგილებშიც ვხვდები ადამიანებს, რომლებსაც ჯერ კიდევ აოცებთ ვარსკვლავიანი ცა ჩვენს ზემოთ და ზნეობრივი კანონი ჩვენში.
ქალბატონებო და ბატონებო,
უდიდესი მადლობა ასეთი მაღალი პატივისათვის. მადლობას გიხდით ჩემი სამშობლოსა და ჩემი ხალხის სახელით. ვიმყოფები რა აქ, მინდა ვუთხრა მას: მოსახდენი აუცილებლად მოხდება, როგორც ეს უკვე მოხდა და ოდესღაც ხალხისათვის დახურული ბრანდენბურგის ჭიშკარი ფართოდ გაიღო, გაერთიანდა ჩვენი მეგობრის ერთ დროს ორად გახლეჩილი ქვეყანა - გერმანია. ყოველივე ეს მოხდა იმ პირობით, თუ ჩვენი თავისუფლება განმტკიცდა სამართლით, რომელშიც პიროვნების თავისუფლება შერწყმული იქნება საზოგადოების თავისუფლებასთან.
ედუარდ შევარდნაძის სიტყვა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 1 ივლისი. - №140(686). - 1, 2 გვ.
![]() |
100 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის - სახელმწიფოს მეთაურის რადიომიმართვა |
▲ზევით დაბრუნება |
სამეგრელოს ყველა მცხოვრებს!
ძვირფასო მეგობრებო!
ამ წერილით მე მოგმართავთ თქვენ, ბრძენი დიდი ქართველის გიორგი ჭყონდიდელისა და საქართველოს სინდისის - ცოტნე დადიანის ნააკვნარს მკვიდრ ქართველებს! ნიჭიერ, გამრჯე და მშრომელ ადამიანებს!
თქვენი შემოქმედებითი ენერგია, გონება, სული და ნება კვლავ მინდა ემსახუროს საქართველოს ერთობასა და ძლიერებას, საქართველოს დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობას, ახალი საზოგადოების შექმნას, ეკონომიკური და სოციალური რეფორმების განხორციელებას.
ძირძველი ქართული მხარიდან - სამეგრელოს სოფლებიდან და ქალაქებიდან ვღებულობთ წერილებს, დეპეშებს, თხოვნებს, წინადადებებს. ძნელია ყველა მათგანზე პასუხის ცალ-ცალკე გაცემა. ამიტომ გადავწყვიტე ამ მიმართვაში შევეხმიანო მათ და ზოგადად მაინც გამოვხატო ჩემი დამოკიდებულება იმ პრობლემებისადმი, რომლებიც ჩვენ ყველას ერთნაირად გვაღელვებს. სამეგრელოდან შემოსულ წერილებში საქართველოს ყველა კუთხის ურღვევი ერთიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის, ეროვნული ცნობიერების გამთლიანების საკითხი - მთავარ პრობლემად არის დასმული.
დღეს, როგორც არასდროს, გვჭირდება ერთობა და თანადგომა, მით უმეტეს, როცა ძნელბედობის ჟამი დგას სრულიად საქართველოში.
სხვაზე მეტად, სხვადასხვა მიზეზთა გამო, სამეგრელოს გაუჭირდა. ამ მიზეზთა შორის ხელისუფლების მიერ დაშვებული ნაკლოვანებები და შეცდომებიცაა. რატომ მოხდა ასე, მას დრო უნდა და დრო გაარკვევს. ახლა კი სადღეისო და სახვალიო ამოცანებზე მინდოდა მეთქვა რამდენიმე სიტყვა.
განსაცდელშია ვახტანგ გორგასალისა და დავით აღმაშენებლის, თამარ მეფისა და შოთა რუსთაველის, სულხან-საბა ორბელიანისა და ილია ჭავჭავაძის ერი და სამშობლო.
მე მინდა თითოეულმა თვენგანმა ჩვენთან ერთად იფიქროს კრიზისის დაძლევაზე. მივცეთ პური - დამშეულთ, ჭერი - უსახლკაროთ, იმედი - სასოწარკვეთილთ, გავამთლიანოთ გაბზარული სული.
ჯერ კიდევ საომარი მდგომარეობაა აფხაზეთში, ბოლომდე მოგვარებული არ არის კონფლიქტი ცხინვალის ზონაში, სიძნელეებია ზოგიერთ სხვა რეგიონშიც. ამ დროს თუნდაც ერთი კაცის განზე გადგომა - დაუშვებელია.
საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს. ქვეყანა შიმშილისა და ეკონომიკური დეპრესიის წინაშე დგას. უპრეცედენტოა სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი, გასავალი კატასტროფულად სჭარბობს შემოსავალს, კრიზისს განიცდის თითქმის ყველა ოჯახის ბიუჯეტი, გვემუქრება უმუშევრობა, სიღარიბე. ამ სიტუაციას კიდევ უფრო ამწვავებს ხალხის ერთიანობის მოშლის საშიში სოციალური სიმპტომები, ფარული, ეკონომიკაში ფეხმოკიდებული, მაფიოზური კლანები.
მძიმედ მიმდინარეობს ეკონომიკური, ფინანსური რეფორმები, პრივატიზაცია, მათ შორის, მიწის პრივატიზაცია. დაბალეფექტურია არა მხოლოდ სახელმწიფო სექტორი, არამედ კერძო სექტორიც. ჯერ არ არის შექმნილი ქართული ვალუტის ეკონომიკური სივრცე, მძიმედ ყალიბდება კუპონის კურსი.
ასეთ პირობებში, მწვავე კრიზისით მოცული სახელმწიფო, - აფხაზეთის კონფლიქტისა და სამეგრელოს რეგიონში რთული კრიმინოგენური სიტუაციისა და სოციალური არასტაბილურობის გამო, - ყოველდღიურად ხარჯავს 25-30 მილიონ მანეთს, რაც კიდევ უფრო აჩქარებს ქვეყნის ეკონომიკის ნგრევას, ძირს უთხრის თავისუფალ მეწარმეობას, კომერციას, სოციალურ რეფორმებს, საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლას, საბოლოო ჯამში - ერის კეთილდღეობას, საქართველოს აყვავებას.
ვითარება ურთულესია, ამიტომ მე მოგმართავთ ქართულ კუთხეთაგან ისტორიულად ერთ-ერთ უძველეს ქართულ კუთხეს - უძველეს ეგრისს, მის ჯანსაღ ეროვნულ და სოციალურ ძალებს, მოსახლეობის ყველა ფენას, საკრებულოს, გამგებლებს, ადგილობრივი ხელისუფლებისა და მმართველობის სხვა ორგანოებს, ბიზნესმენებს, მეწარმეებს, კომერსანტებს, ყველა სოფელს, ყველა ქალაქს, ყველა ოჯახს, თქვენს მხარეში მოქმედ პოლიტიკურ პარტიებსა და ორგანიზაციებს, ომისა და შრომის ვეტერანებს, ქალთა ორგანიზაციებს, ინტელიგენციას, ახალგაზრდობას, ყველას, ვისთვისაც ძვირფასია ერთიანი საქართველო, მთელი ქართველი ერის კეთილდღეობა, მივიღოთ ყველა ზომა სამეგრელოს რეგიონში სოციალური სტაბილურობის აღსადგენად, სისხლიანი კრიმინოგენური სიტუაციის აღსადგენად, ძარცვა-გლეჯის, რეკეტის, პოლიტიკური და ეკონომიკური მაფიის, ადამიანთა მოტაცების, მექრთამეობის, გამოძალვით, ერის ქონების დატაცების, ყოველგვარი ძალმომრეობის აღმოსაფხვრელად, დემოკრატიული წესრიგის დასამყარებლად.
მე მივმართავ იმ მოქალაქეებსაც, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზით იარაღს მოჰკიდეს ხელი. გვეყოფა მტრობა და დაპირისპირება, შევრიგდეთ და ვიცხოვროთ, ვიბრძოლოთ ხალხის, სამშობლოს ინტერესებისათვის.
ეს თქვენი მამულიშვილური ვალია. საქართველოს ყველა კუთხეა დაინტერესებული სამეგრელოში წესრიგის დამყარებით. სამეგრელოს ტკივილი - მთელი საქართველოს ტკივილია. მწვავედ დგას ცოდვის, დანაშაულისა და სასჯელის პრობლემა. ეს პრობლემა ბრძნულად და მშვიდობიანად უნდა გადაწყდეს.
მიუხედავად კრიზისისა და შინააშლილობისა, მინდა დაგარწმუნოთ: ახალი ქართული სახელმწიფო ძალღონეს იკრებს.
ყალიბდება საქართველოს ახალი სახელმწიფო და სამართალი, ახალი არმია და ფლოტი, შინაგან საქმეთა სამინისტროს და საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის, სამართალდამცავი ორგანოების ახალი დემოკრატიული, ძლიერი სისტემები.
მიმდინარეობს მუშაობა 1921 წლის კონსტიტუციის ახალ რედაქციაზე, ჩატარდება ადგილობრივი ხელისუფლებისა და მმართველობის ორგანოების არჩევნები. თუმცა კრიზისს განიცდიან, მაინც უფრო ეფექტურად მოქმედებენ სახელმწიფო სისტემები.
საქართველოს დამოუკიდებელმა სახელმწიფომ, მისმა საშინაო და საგარეო პოლიტიკამ დიდი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. ჩვენ გვცნობს და მხარს გვიჭერს გაერო, ევროთათბირი, იუნესკო, ნატო, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები, მსოფლიო ბანკი, ევრობანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, პლანეტის თითქმის ყველა ქვეყანა. ვღებულობთ ჰუმანიტარულ დახმარებას ყველა კონტინენტიდან.
ახლო მომავალში სოციალური სტაბილიზაციის, ეკონომიკისა და კულტურის მძლავრი აყვავების გზას დაადგება საქართველო, ყველა მისი კუთხე და რეგიონი.
გადაიდგა რეალური ნაბიჯები მშვიდობის მისაღწევად შიდა ქართლსა და აფხაზეთში.
საქართველოს ხელისუფლებას ყველა საშუალება გააჩნია დაამყაროს წესრიგი სამეგრელოს ქალაქებსა და სოფლებში, ისევე როგორც საქართველოს ნებისმიერ რეგიონში. მაგრამ ვერიდებით ახალ გართულებებს, სისხლისღვრას, სადამსჯელო აქციებს. გვინდა პოლიტიკური, მშვიდობიანი გზით გადავჭრათ მოუგვარებელი საკითხები. დაგვეხმარეთ ამ კეთილშობილური, მშვიდობიანი მისიის შესრულებაში!
დაუშვებელია არამცთუ ახალი შეცდომების ჩადება, არამედ საჭიროა ძველი შეცდომების გამოსწორება და ცოდვათა მონანიება. ეს ერთნაირად ეხება ცენტრსა და პერიფერიას.
საქართველოს დემოკრატიული სახელმწიფო ქმნის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მძლავრ სისტემებს, რომლებიც გამორიცხავენ კონსტიტუციისა და კანონის დარღვევას, ცალკეული სოციალური ფენების დისკრიმინაციას, პოლიციურ და სამხედრო რეპრესიებს. ჩვენი მიზანი სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნაა. ჩვენი გზა - ჰუმანიზმის, დემოკრატიისა და ცივილიზაციის გზაა. ამიტომ ყველამ უნდა დადოს იარაღი, რომელსაც ის უკანონოდ ატარებს.
მშვიდობა და წესრიგი სამეგრელოს ყველა ქალაქსა და სოფელში, მთელ ქვეყანაში წესრიგის აღდგენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
ბავშვობის წლებიდან მოყოლებული კარდაკარ მივლია სამეგრელოში. მრავალ ოჯახში ღამე მითევია, მრავალთათვის ძმობა შემიფიცია. ძველი რეჟიმის დროიდან ცხოვრების ნათელ სხივად შემომრჩა ორჯერ დეპუტატად არჩევა სამეგრელოდან. ვერ გეტყვით, არის კი სადმე დედამიწაზე უფრო ლამაზი და სტუმართმოყვარე კუთხე, ვიდრე სამეგრელოა.
მოვა დრო, ჭრილობებს ერთად მოვიშუშებთ და ვიცხოვრებთ ბედნიერ და აყვავებულ ქვეყანაში.
მე მივმართავ იმ ძირძველ ქართულ კუთხეს, რომელმაც როგორც ზემოთ ვთქვი, ერს მისცა გიორგი ჭყონდიდელი, ცოტნე დადიანი, თედო სახოკია, იონა მეუნარგია, არნოლდ ჩიქობავა, სიმონ ჯანაშია, ილია ვეკუა, კონსტანტინე გამსახურდია, ტერენტი გრანელი, ლეო ქიაჩელი, ალექსანდრე აბაშელი, აკაკი ხორავა, შალვა დადიანი, სიმონ ჩიქოვანი, მრავალი სხვა დიდი ქართველი მეცნიერი, მწერალი, მსახიობი, დიდი მამულიშვილი. ამიტომ იმედი მაქვს ქართულ ეროვნულ იდეას, ისევე უერთგულებთ, როგორც ჩვენი საამაყო მამულიშვილნი.
დიალოგი სამეგრელოს ჯანსაღ სოციალურ ძალებთან არის საერთო ეროვნული, სრულიად საქართველოს მასშტაბის დიდი პოლიტიკური და სოციალური აქცია. ეს გარკვეული თვალსაზრისით არის დიალოგი საქართველოს ყველა კუთხეთა შორის.
მე მინდა დღეს ყურადღება მივაქციო იმ ფაქტს, რომ ბაგრატიონებმა კოლხეთით დაიწყეს სრულიად საქართველოს გაერთიანება. იქიდან ჩაეყარა საფუძველი ერთიან საქართველოს.
დავით აღმაშენებელმა ჭყონდიდელს სრულიად საქართველოს მწიგნობართუხუცესობა უბოძა და მას საქართველოს მეფის სულიერი მამა უწოდა.
ასეთი ფაქტები საუკუნეების მანძილზე ადუღაბებდა ერისა და სახელმწიფოს ურყევ ერთიანობას. ახლა ამ ერთობას არ უნდა გაუჩნდეს ბზარი.
დიდმა ილია ჭავჭავაძემ ბრძანა: სამეგრელოში ჩამოვედი და საქართველო დავინახეო.
აი, ვისგან უნდა აიღოს ეროვნული, ზნეობრივი მაგალითი ყველა ქართველმა საქართველოს აღმშენებლობისა და ეროვნული ცნობიერების გამთლიანებისათვის ბრძოლაში.
ჩვენ გვინდა ეროვნული შერიგება, დავდოთ თოფი და თოხი ავიღოთ ხელში! რაც იყო - იყო! ახალი ცხოვრება დავიწყოთ! ჩვენ სულგრძელობას, ქრისტიანულ მიმტევებლობას, შერიგებას ვპირდებით ყველას, ვინც სამშობლოს ინტერესების სადარაჯოზე დადგება.
კბილი - კბილისა წილ! თვალი - თვალისა წილ! - ეს ჩვენი მორალი არ არის.
გიყვარდეს მოყვასი შენი, გიყვარდეს მტერიც შენი, ვითარცა მოყვასი შენიო, - ასე თქვა იესო ქრისტემ.
ვიკითხოთ „ქართლის ცხოვრება“, სჯობს მოვუსმინოთ საქართველოს ერთიანობის ტაძრებს - არსაკიძის სვეტიცხოვლისა და საქართველოს გამაერთიანებელი პირველი მეფის, ბაგრატ მე-3-ის ბედიის ღვთისმშობლის ტაძრის ზარებს. ზოგჯერ ადამიანთა სულს სატანა ეუფლება, ნუ დავკარგავთ ტაძრის გზას!
სკოლის მერხიდან ახსოვს ყველა ქართველს მშვენიერი ლექსი: ქართლ-კახეთი, იმერეთი, გურია და სამეგრელო, ყველა ჩემი სამშობლოა - საყვარელი საქართველო. მივსდიოთ ამ მცნებას!
ამაოდ ცდილობენ მტრები: - არცერთი ეგრისელი სრულიად საქართველოს არ განუდგება, რადგანაც საქართველო დედაა მისი. საქართველოს ბედნიერება და მშვენიერება მის კუთხეთა მრავალფეროვნებაშია, საქართველოს მრავალფეროვან კუთხეთა ბედნიერება - საქართველოს ერთიანობაში.
ასე ყოფილა, ასე არის და ასე იქნება მარად!
ერი გმობს საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც ხელყოფს, რომელიც გნებავთ, ქართული მხარის ღირსებასა და პატივს. ჩვენ მოვედით ამ ქვეყნად, რომ სიყვარული ვთესოთ და არა სიძულვილი. ჩვენი დიდქართველური და მარადქართული ბუნება ურყევი და სამარადჟამოა.
მე იმედს გამოვთქვამ, რომ მშვიდობა მალე დამყარდება საქართველოში, მთელს კოლხეთში, სრულიად საქართველოში.
ძალა ერთობაშია. ასე გვიცხოვრია საუკუნეების მანძილზე. ასე უნდა ვიცხოვროთ მომავალშიც.
გავიხსენოთ როგორი პატივისცემითა და სიყვარულით წერდნენ სამეგრელოს შესახებ ილია ჭავჭავაძე, ივანე ჯავახიშვილი, აკაკი შანიძე, სიმონ ჯანაშია, სიმონ ყაუხჩიშვილი, შალვა ნუცუბიძე, სხვა დიდი მწერლები, მეცნიერები, ფილოსოფოსები, დიდი მამულიშვილები. მივყვეთ ერის მამების, დიდ მამა-პაპათა ნაკვალევს.
ქართული ეროვნული სახელმწიფო მოითხოვს ერთგულებას, მაგრამ თვითონაც კისრულობს საქართველოს ყველა კუთხის ეკონომიკური და კულტურული აყვავების სულიერი აღორძინების მისიის წარმატებით შესრულებას.
დღეს არ გვილხინს, გვიჭირს, მაგრამ კოლხეთის, სამეგრელოს, ისევე როგორც სრულიად საქართველოს ყველა კუთხის ხვალინდელი დღე ბედნიერი, ნათელი და უღრუბლო იქნება. ამაში ეჭვი არ შევიტანოთ.
იმედი მაქვს, რომ საქართველოს მკვიდრნი ყურად იღებენ ცნობილ სიბრძნეს: რაც მტრობას დაუქცევია, სიყვარულს უშენებია.
იმედი მაქვს, რომ მთელი სამეგრელო მხარში ამოგვიდგება. ერთად დავამყაროთ მშვიდობა აფხაზეთში, სრულიად საქართველოში.
ერთად ვაშენოთ ახალი, დემოკრატიული, დამოუკიდებელი სუვერენული საქართველო - ყველა კუთხის ეკონომიკური და კულტურული კეთილდღეობის ფუძეთაფუძე და საძირკველთა საძირკველი.
დავიწყოთ საქართველოს ისტორიის ახალი ეტაპი, ახალი ფურცელი გადავშალოთ ეროვნულ მატეანეში, ძმურად გავუწოდოთ ხელი ერთმანეთს.
მშვიდობა და ბედნიერება თქვენს კერებს და აკვნებს, თქვენს ოჯახებს, თქვენს ყველა თემსა და სოფელს, თქვენს ყველა დაბასა და ქალაქს. დიდი მადლობა თანადგომისათვის, იმ წვლილისათვის, რომელიც თქვენ უკვე შეგაქვთ და მომავალშიც შეიტანთ ერის ცნობიერების გამთლიანებაში, ერთიანი, ძლიერი, დემოკრატიული, სუვერენული, თავისუფალი საქართველოს მშენებლობაში.
ედუარდ შევარდნაძე.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის - სახელმწიფოს მეთაურის რადიომიმართვა : სამეგრელოს რეგიონის ყველა მცხოვრებს! // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 3 ივლისი. - №142-143(689). - 1 გვ.
![]() |
101 ედუარდ შევარდნაძის წერილი ბუტროს ბუტროს გალის |
▲ზევით დაბრუნება |
თბილისი, 3 ივლისი. საქართველოს საინფორმაციო სააგენტო გვატყობინებს: აფხაზეთის ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფოს მეთაურმა ე. შევარდნაძემ წერილი გაუგზავნა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს ბუტროს ბუტროს გალის, რომელშიც ნათქვამია:
პატივცემულო ბატონო გენერალურო მდივანო,
საგანგებო გარემოებანი მაიძულებენ მოგმართოთ თქვენ.
გაცნობებთ უშუალოდ მოვლენათა ადგილიდან.
იმის გამო, რომ არ წყდება ქალაქ სოხუმის საცხოვრებელი უბნებისათვის საარტილერიო ცეცხლის დაშენა, რაც სულ უფრო ინტენსიურ ხასიათს იძენს, კატასტროფულად იზრდება მსხვერპლთა რიცხვი მშვიდობიან მოსახლეობაში. 1993 წლის 2 ივლისს, აფხაზეთის სეპარატისტულმა დაჯგუფებამ, რომელმაც კიდევ ერთხელ დაარღვია შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და ჩაფუშა პოლიტიკური მოწესრიგების პროცესი, დაიწყო ფართო მასშტაბის შეტევა მთელ ფრონტზე. ცეცხლს უშენენ მსხვილკალიბრიანი ნაღმსატყორცნებიდან, ჰაუბიცებიდან, „გრადის“ ტიპის დანადგარებიდან, იყენებენ მოცულობითი მოქმედების ჭურვებს. ცეცხლს აკონტროლებენ ჰაერიდან „სუ-25“ ტიპის თვითმფრინავები. სანაპიროს რაიონში, რომელსაც აკონტროლებენ რუსეთის მესაზღვრეები, გადმოჰყავთ დესანტი, რომელიც უმეტესწილად შედგება რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთაგან.
ამ მასირებული მოქმედების მიზანია მოსწყვიტონ სოხუმი საქართველოს დანარჩენ ნაწილს და ალყა შემოარტყან მას, შემდეგ კი იერიში მიიტანონ.
ამასთან დაკავშირებით, გაუგებარი ხდება აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგებისადმი მიძღვნილი კონფერენციის მიზანი, რომლის მოწყობა ადრე დასახული იყო ჟენევაში. აგრეთვე გაკვირვებას იწვევს ისიც, რომ გაჭიანურდა კონფლიქტის ზონაში გაეროს სამხედრო მეთვალყურეთა გაგზავნის საკითხი.
ვითარება იმდენად დაძაბულია, რომ მას შეიძლება მოჰყვეს კონფლიქტის მასშტაბის გაუთვალისწინებელი გაფართოება, რაც მაიძულებს კიდევ ერთხელ მოგმართოთ თხოვნით, განიხილოთ ეს საკითხი უშიშროების საბჭოს სხდომაზე.
1993 წლის 2 ივლისი,
ქ. სოხუმი, საქართველოს რესპუბლიკა.
ედუარდ შევარდნაძის წერილი ბუტროს ბუტროს გალის // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 6 ივლისი. - №144(690). - 1 გვ.
![]() |
102 ედუარდ შევარდნაძის ინტერვიუ საქართველოს ტელევიზიისათვის |
▲ზევით დაბრუნება |
5 ივლისს საქართველოს მეთაურმა - საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ედუარდ შევარდნაძემ ინტერვიუ მისცა საქართველოს ტელევიზიას. შეაფასა რა აფხაზეთში, საომარი მოქმედების ზონაში შექმნილი ვითარება, მან აღნიშნა, რომ იქ მიმდინარე მოვლენები უნდა განვიხილოთ ერთიანი კონტექსტით. ეს არის მოწინააღმდეგის კარგად შეიარაღებული და მრავალრიცხოვანი დესანტის - რამდენიმე ასეული კაცის - გადმოსხმა. შეუერთდნენ რა იქ მყოფ ძალებს, მათ შექმნეს საკმაოდ დიდი და მძლავრი დაჯგუფება, სახელმწიფოს მეთაურმა, შექმნილი ვითარების გაანალიზებისას, გამოიტანა დასკვნა, რომ ამ მოქმედებას უნდა მოჰყოლოდა სეპარატისტთა ძალების გააქტიურება სხვა მიმართულებებით, ქალაქ სოხუმის შტურმი და მისი აღება. მაგრამ, ჩვენი ჯარისკაცების, ოფიცრების, გენერლების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა მოახერხეს გარღვევის ოპერატიულად ლოკალიზება.
ედუარდ შევარდნაძემ განსაკუთრებით გაუსვა ხაზი სოხუმელთა სიმტკიცესა და ვაჟკაცობას, რომლებიც მთელი სირთულეებისა და საფრთხის მიუხედავად, არ ტოვებენ მშობლიურ ქალაქს.
შეეხო რა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის ანდრია კოზირევის საკვირაო გამოსვლას ტელევიზიით, სახელმწიფოს მეთაურმა თქვა, რომ როგორც იგი ფიქრობს, რუსეთის მინისტრმა ილაპარაკა იმაზე, რაც დაფიქსირებული იყო 3 სექტემბრის ხელშეკრულებაში. - მე ვაცხადებდი და ახლაც ვაცხადებ, რომ მივესალმები ასეთ მიდგომას: ჩვენ ყოველთვის გვსურდა მშვიდობა, აფხაზებთან არაფერი არ გვაქვს გასაყოფი და საომარი. ყოველთვის ვუჭერდით მხარს აფხაზეთის ავტონომიის სტატუსს და ეს არასდროს არ ყოფილა სადავო არც თბილისში, არც აფხაზეთში, არც სხვა რეგიონებში. და ის, რომ ბატონმა კოზირევმა გააფრთხილა ორივე მხარე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დაცვის თაობაზე, ჩვენ სავსებით გვაძლევს ხელს, რადგან ყოველთვის ვუჭერდით
მხარს ომისა და სისხლისღვრის შეწყვეტას. მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ჩვენ ვერ მოვახერხეთ. ბატონი კოზირევის ეს სიტყვები ეხება იმ მხარეს, რომელიც არღვევს მიღწეულ მორიგებებს, არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად. არ ვაპირებ გავაზვიადო კოზირევის განცხადების მნიშვნელობა და დიდი იმედები დავამყარო მის შედეგებზე, რადგან, თვით პრეზიდენტ ელცინის მიერ ხელმოწერილი უფრო მნიშვნელოვანი დოკუმენტებიც კი პრაქტიკულად გაუფასურებულია. მაგრამ ახლა, როცა საქმეში აქტიურად ჩაება გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, ვფიქრობ, რომ ამ განცხადებას გარკვეული მნიშვნელობა აქვს.
სამშაბათს გაიმართება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს სხდომა, რომელზეც მოისმენენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის ბუტროს ბუტროს გალის მოხსენებას საქართველოში მიმდინარე პროცესებზე და, კერძოდ, აფხაზეთის კონფლიქტის შესახებ. მე გავეცანი ამ მოხსენების შინაარსს და უნდა აღინიშნოს, რომ გაეროს გენერალური მდივნის წინადადებები და შეხედულებები ემთხვევა ჩვენსას. ძნელია ვიფიქროთ, რომ, სულ ცოტა, მეთვალყურეებს მაინც გამოგზავნიან. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოსა და გენერალურ მდივანს აქვთ ეჭვი, რომ გუდაუთის ხელმძღვანელობა არ დაეთანხმება ასეთი ინსტიტუტის ფუნქციონირებას. მაგრამ მე მათ აღვუთქვი, რომ საქართველო და მისი ხელისუფლება ყველა პირობას შექმნის მეთვალყურეთა ნორმალური მუშაობისათვის.
შეეხო რა მთიელ ხალხთა კონფედერაციის განცხადებას ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში შესაძლო ჩარევის შესახებ, ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ დაუშვა ასეთი შესაძლებლობა. თუმცა, თქვა მან, ეს შეიძლება არ მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უფრო გარკვეულ და სამართლიან პოზიციას დაიკავებს. კავკასიის მთიელ ხალხთა მრავალი წარმომადგენელი, ისევე როგორც რუსეთის მოქალაქეები, აქტიურად იბრძვიან სეპარატისტთა მხარეზე. ზემოხსენებული 40-45 პროცენტს რუსეთის მოქალაქეები შეადგენენ. გარეშე ძალების მიერ აფხაზთა მხარის დახმარებას მოწმობს აგრეთვე იარაღის, ტყვია-წამლის მიწოდება, ფინანსური მხარდაჭერა და სხვა. საიდუმლო არ არის, თუ საიდან და რა წყაროებით ჩამოდის ყოველივე ეს. თანაც, რუსეთის ხელმძღვანელობასაც, რა თქმა უნდა, არ ძალუძს მთლიანად აღკვეთოს ასეთი ქმედობა. მაგრამ რუსეთზე, მისი პოზიციის ობიექტურობაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. და ამ კონტექსტით კოზირევის უკანასკნელი გამოსვლა, პასტუხოვთან შეხვედრები იმედს გვინერგავს.
სახელმწიფოს მეთაურმა კმაყოფილებით აღნიშნა, რომ ამ დღეებში მთელი საქართველო გაერთიანდება სეპარატისტებისა და მათი დაქირავებული დამქაშების წინააღმდეგ სამშობლოს სუვერენიტეტისა და საზღვრების ურღვეობისათვის ბრძოლაში. ქვეყნის ყველა რეგიონი ძალზე აქტიურ მონაწილეობას იღებს ამ სამართლიან საქმეში. მან განსაკუთრებით აღნიშნა ოჩამჩირის მისადგომებთან მოწინააღმდეგის დესანტის განადგურებაში ჯაბა იოსელიანის ხელმძღვანელობით მოქმედი სამხედრო შენაერთების, სამეგრელოდან ჩამოსული ლოთი ქობალიას მოხალისეთა რაზმების როლი, ბრძოლებში თენგიზ კიტოვანის აქტიური მონაწილეობა.
ამრიგად, თქვა დასასრულს ბატონმა შევარდნაძემ, დაიწყო ერის, ქვეყნის მთელი ძალების კონსოლიდაციის შეუქცევადი პროცესი. ეს ჩვენი გამარჯვების საწინდარია.
ედუარდ შევარდნაძის ინტერვიუ საქართველოს ტელევიზიისათვის // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 7 ივლისი. - №145(691). - 1 გვ.
![]() |
103 დღეს სოხუმში, აფხაზეთში წყდება საქართველოს ბედი |
▲ზევით დაბრუნება |
ედუარდ შევარდნაძის სიტყვა თავდაცვის საბჭოსა და მინისტრთა საბჭოს ერთობლივ სხდომაზე სოხუმში, 1993 წლის 6 ივლისს
სამწუხაროდ, ომი გრძლდება და ეს ფაქტია, იგი შევიდა თავის ყველაზე სასტიკ ფაზაში, - მე არ შემიძლია, არ გავიხსენო ის, რაც ერთ-ერთმა პიროვნებამ განაცხადა გუდაუთაში. ეს უნდა იცოდეს საქართველომ და მთელმა მსოფლიომ: ქალაქი არ გვაინტერესებს. ჩვენ გვაინტერესებს ტერიტორია. აი, ეს არის პოლიტიკა გუდაუთის ხელმძღვანელობისა - ქალაქის განადგურება, არა მარტო ქალაქის, არამედ პრაქტიკულად, აფხაზეთის იმ ნაწილისა, სადაც არ ცხოვრობენ აფხაზები, ანდა ის აფხაზები არ ცხოვრობენ, რომლებიც მათ ხელს აძლევენ. ეს პოლიტიკა ახლა, პრაქტიკულად ხორციელდება. აქედან, ამ პოლიტიკიდანაა გამომდინარე ქალაქის გაუთავებელი დაბომბვები, სახლების, ოჯახების განადგურება და ყველაფერი ის, რისი მომსწრენიც ვართ. ეს საშიში სენია, უბედურებაა, მე მგონი, მსოფლიომ დაიწყო ამის გაცნობიერება, მაგრამ ძალიან გვიან, სეპარატიზმი - ეს არ არის ეროვნული მოძრაობა, მე ასე ვიტყოდი, გაუმარჯოს ეროვნულ მოძრაობას და ძირს სეპარატიზმი. სეპარატიზმი მიიყვანს ამ პლანეტას უბედურებამდე, დანგრევამდე. ამ სისასტიკემ თავისი კვალი დაამჩნია სოხუმსაც, ყველა სოფელსა და ქალაქს აფხაზეთსა და საქართველოში.
ცხოვრება ცხოვრებაა. ომი - ომია, უნდა ვიცხოვროთ, ვიმუშაოთ ომის კანონებით. საგანგებო, საომარი მდგომარეობა, რომელიც ხელახლა გამოცხადდა, ყველა მოთხოვნა, ამასთან დაკავშირებით უნდა შესრულდეს, და ამაში თავისი როლი უნდა ითამაშოს თავდაცვის საბჭომ. იმის გამო, რომ ახლა აქ არიან სახელმწიფოს მეთაურიც, მთავარსარდალიც, და თავდაცვის მინისტრიც, ქვეყნის თავდაცვის საბჭოს წევრები. შეიძლება ვინმეს მოეჩვენოს, რომ თავდაცვის საბჭო საჭირო არ არის, ეს ასე არ არის. თავდაცვის საბჭო უნდა ამუშავდეს ახალი ძალით, ახალი ენერგიით, და თქვენ გექნებათ ყოველგვარი მხარდაჭერა. შეიძლება თქვენ სამხედრო ოპერაციების გეგმები არ განიხილოთ და არ დაამტკიცოთ, ამისათვის სხვა ხალხია დღეს აქ, ყოველ შემთხვევაში, დროებით ასეა, მაგრამ, რაც დაკავშირებულია საომარ მდგომარეობასთან, მდგომარეობის გაჯანსაღებასთან, ხალხის უშიშროების უზრუნველყოფასთან, წესრიგთან, არმიასთან ურთიერთობას და სხვას, ყველაფერი ეს, რა თქმა უნდა, თავდაცვის საბჭოს საქმეა, იგი უნდა იკრიბებოდეს ყოველდღიურად, იღებდეს გადაწყვეტილებებს ყველა მიმართულებით. ახლა მე ვაცხადებ: ვაძლევ უფლებას თავდაცვის საბჭოსა და მის თავმჯდომარეს, ბატონ თამაზ ნადარეიშვილს, გამოიძახოს ნებისმიერი მინისტრი თბილისიდან, გამოიძახოს საქართველოდან ნებისმიერი გამგებელი. აქ არის ნომერ პირველი გამგებელი, თუ შეიძლება ასე ითქვას, ქალაქ თბილისის მერი, ქალაქ ქუთაისის მერი, გვესწრებიან თერჯოლიდან, არიან სხვებიც. მე მგონი, ისინიც, დამეთანხმებიან, არავისათვის ეს შეურაცხყოფა არ იქნება და ყველა დაემორჩილება ამ კანონს. ეძახიან აფხაზეთში თავდაცვის საბჭოს სხდომაზე და უნდა მიიღონ ის დავალება, რომელსაც აქაური ხელმძღვანელობა ჩათვლის საჭიროდ. დღეს აქ, სოხუმში, აფხაზეთში, წყდება საქართველოს ბედი, მე გთხოვთ, ხვალიდანვე დაიწყოთ ეს მუშაობა. ხვალვე უნდა ჩამოვიდეს აქ ბატონი ზურაბ კერვალიშვილი, ხვალ თუ არა, ზეგ დილით უნდა ჩამოვიდეს ავთანდილ მარგიანი, რომელთანაც თავს იყრის ვაჭრობის, მომარაგების საკითხები და სხვა მთავარი, მოსახლეობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული პრობლემები. ხვალვე უნდა ჩამოვიდეს, უკეთესი იქნება დღესვე ჩამოვიდეს, დარწმუნებული ვარ, ტელევიზია ამას გადასცემს და ისინი ამას მოისმენენ, ფრიდონ ინჯია, ეს არის უპასუხისმგებლობა, არ მეშინია, ამ სიტყვის თქმა, დასაშლელია ის სამინისტრო, რომელმაც იცის, რომ აქ, არ არის არც ტელევიზია, არც რადიო და გაზეთების შემოტანას ვერ ახერხებს, ისე ვიქცევით, თითქოს ეს სხვა ქვეყანაში, სხვა პლანეტაზე ხდებოდეს და არა სოხუმში, საქართველოში. აი, ასეთნაირად დაისმება ყველა მინისტრისა და ყველა ხელმძღვანელის საკითხი. მე უნდა განვაცხადო, რომ ჩვენ აქამდე ვერ გამოვუცხადეთ ბრძოლა დეზერტირებს, ვინც საბრძოლო უბანი მიატოვა და სხვა, ვერ ვებრძვით ეფექტურად მატყუარებს, დღეში ორმოცდაათ ინფორმაციას ვიღებთ, ორმოცდაათიდან ორმოცი ტყუილია და ტყუილია უმაღლეს დონეზე. მე ვაცხადებ, აქ იმ უფლებების ფარგლებში, რომლებიც მომანიჭა პარლამენტმა, მივიღებ გადაწყვეტილებებს გადაყენებაზე, რა თანამდებობაზეც არ უნდა მუშაობდეს. ვინც ტყუილს ამბობს, ის ხალხის მტერია. ომიანობის დროს ამას სხვა შეფასება არ შეიძლება ჰქონდეს.
მე მივესალმები თავდაცვის მინისტრის განცხადებას, მან უკვე მიიღო სხვათაშორის, გუშინ გადაწყვეტილებები. იმ ბატალიონების მეთაურები, რომლებმაც მიატოვეს თავიანთი საბრძოლო უბნები და ამას გამართლება არა აქვს, რამდენიმე კაცი გადააყენა, მოხსნა სამუშაოდან, იმ ბრძანების ფარგლებში, რომელიც მე გამოვეცი ამ პასუხისმგებლობის შესახებ. აქ არის სამხედრო პროკურორი. მისგან მე მოვითხოვ: პოსტის მიტოვება, დეზერტირობა, ამისათვის არავითარი კანონი, არავითარი საველე სასამართლო არ გჭირდებათ, თქვენ შეგიძლიათ, ყველაფერი ეს ოპერატიულად გამოიძიოთ, მეორე დღესვე გადასცეთ ეს სამხედრო პროკურატურას, არის სამხედრო სასამართლო და სამ-ოთხ, ხუთ დღეში გამოძიება დამთავრდეს. კანონით გათვალისწინებულია ათ წლამდე პატიმრობა და სასჯელის უმაღლესი ზომა, როცა მძიმე შედეგებია სახეზე. იმოქმედეთ და იმუშავეთ და დაანახეთ ხალხს, რომ კანონი მოქმედებს. მე ამით იმის თქმა არ მინდა, რომ დახვრეტები და დასჯები დაიწყოს, მაგრამ ფრონტია, ომი - ომია, და ომს თავისი კანონები აქვს. ეს გაითვალისწინეთ, გააკეთეთ, არ გააკეთებთ და თქვენს მიმართ გავრცელდება ის, რაც უნდა გავრცელდეს ომის დროს.
მე კიდევ ვიმეორებ, რომ აქ საუკეთესო, შესანიშნავი ნიმუშებია გმირობისა, ბატონი კოტე გაბაშვილი ამბობდა, მართლაც უცრემლოდ ვერ მოისმენს კაცი იმას, რასაც ეს ბიჭები ამბობენ. მე ვნახე ფრონტის ხაზიდან გამოყვანილი ნახევრად ცოცხალი და ნახევრად მკვდარი კაცი და იგი მაინც ამბობს, მე არაფერი არ მიჭირსო, კიდევ ავდგები და კიდევ წავალ, ვიბრძოლებო. შესანიშნავი მაგალითებია, მაგრამ არიან დეზერტირებიც, რომელთაც პასუხი უნდა მოვთხოვოთ. მე გუშინ გავეცი ბრძანება, რომ ძალიან დიდი ჯგუფი, ყველა, ვინც თავი გამოიჩინა და გამოიჩენს, უნდა დაჯილდოვდეს. მათ შვილებსა და შვილიშვილებს სამახსოვროდ უნდა დარჩეთ მთავრობის ჯილდოები, ორდენები, მედლები, მადლობის წერილები და ა.შ. არავინ არავის მიმართ არ უნდა დარჩეს გულგრილი. ამ ბიჭებმა და მთელმა ჩვენმა მოსახლეობამ, უნდა იცოდეს, რომ ხელისუფლება ამჩნევს, ვინ რას აკეთებს, ვინ როგორ მუშაობს და ვინ როგორ იბრძვის.
საქართველოს ახლა ძალიან უჭირს, მართლა შიმშილობენ ადამიანები, არა მარტო სოხუმში. მაგრამ როგორი ვითარებაც არ უნდა იყოს, სოხუმს, სოხუმელებს უნდა დავეხმაროთ. ამის საშულება არის. მინდა მადლობა ვუთხრა ყველა გამგებელს, ახლა ყველას ვერ ჩამოვთვლი. არც თბილისელებს აქვთ ზედმეტი, არც ქუთაისელებს, არც თერჯოლას და არც სხვას, კახეთიდან იყვნენ ამასწინათ ჩამოსული, ქართლის რაიონებიდან, ქვემო ქართლიდან და ა.შ., მე მივესალმები დღეს ყველას, ვინც დახმარების ხელი გაუწოდა სოხუმს, და მოვუწოდებ მთელ საქართველოს, ვიბრძოლოთ სოხუმისათვის, დავეხმაროთ სოხუმელებს, განსაკუთრებით იმათ, ვინც აქ დარჩა, ეს ნამდვილი მეომრები, ჭეშმარიტი მებრძოლები არიან. მიუხედავად, გაჭირვებისა და რთული პირობებისა, ჩვენ შეგვიძლია სოხუმელებს ვაგრძნობინოთ, რომ საქართველო ზრუნავს ამ ქალაქზე, ზრუნავს აფხაზეთზე, ყველა ეროვნების ადამიანზე, აფხაზეთზე, რომლებსაც მომავალი ეკუთვნით, სომხებზე, ებრაელებზე, ბერძნებზე, რუსებზე და სხვებზე, ყველაზე უნდა ვიზრუნოთ.
მინდა მადლობა მოვახსენო პარლამენტს, აქ არიან პარლამენტარები ჩამოსული, ზოგი ლეგალურად, და ზოგი კი არალეგალურად. მადლობა მინდა მოვახსენო მათ, რომ ისინი ხელისუფლებას მხარს უჭერენ. დღეს ასეა საჭირო. მოვა დრო, დავმშვიდდებით და მერე, ალბათ, დაგვრჩება ბევრი დრო და ენერგია იმისათვის, რომ ვიკამათოთ, ვიდაოთ, დღეს კი თანადგომაა საჭირო. ყველა მხარში უნდა ამოვუდგეთ ერთმანეთს, პარლამენტმა დღეს ეს გამოხატა პრაქტიკულად. ადრეც გაკეთდა ამის შესახებ განცხადება. თქვენ გახსოვთ, როცა სახელმწიფოს მეთაურის უფლებამოსილებაზე იყო ლაპარაკი, უკამათოდ ითქვა - თქვენ გამოიყენეთ თქვენი უფლებები, ჩვენც მოგვთხოვეთ, ქვეყანას მოსთხოვეთ და ომი მოიგეთო. ახლა ბევრი რამ ჩვენზეა დამოკიდებული.
ერთხელ კიდევ მინდა, ძალიან დიდი კამაყოფილება გამოვხატო იმასთან დაკავშირებით, რის შესახებაც ილაპარაკეს ბატონმა ჯანსუღ ჩარკვიანმა და სხვებმა, რომ საქართველოს გამთლიანების პროცესი ნამდვილად დაიწყო. არ მინდა ჩვენ ამაში ვცდებოდეთ და ეს არ არის ტყუილი. სამეგრელოდან დაიძრნენ, ყოველთვის იბრძოდნენ იქაური ბიჭები და ამაზე ორი აზრი არ არსებობდა არასდროს, მაგრამ ახლა სხვა სახით გამოიხატა ეს და საქართველო ახლა წელში გადაწყვეტილი აღარ არის. რაც შეეხება თვითონ ომის პერსპექტივებს, რა თქმა უნდა ომი უნდა მოვიგოთ, ომი ღირსეულად უნდა დავამთავროთ, თქვენ იცით რას ნიშნავს ეს. შემიძლია თბილისში ვიჯდე და იქიდან გავცე განკარგულებები, მაგრამ მე თქვენთან ვარ და ვიქნები, ვიბრძოლებ თქვენთან ერთად, ყველა სოხუმელთან, ყველა საქართველოსთან, პატრიოტთან, ყველა ჩემს მეგობართან ერთად.
მაინც უნდა ვიფიქროთ მშვიდობაზე და ხვალინდელ დღეზე. მოლაპარაკება მიმდინარეობს მოსკოვში რუსეთის მონაწილეობით. არც ამის უგულებელყოფა შეიძლება. მე გთხოვთ, ყველას გთხოვთ, ჩვენს ტელევიზიას და სხვებს, ცეცხლს ნუ შეეთამაშებით. ახლა ეს ორი ღამე რომ სოხუმი მთლად ჯოჯოხეთურად არ იბომბება, ეს იმის შედეგია, რომ მოლაპარაკება მიმდინარეობს, იმის შედეგია, რომ ჩვენ შევხვდით, ვისაუბრეთ, ვილაპარაკეთ, ე.ი. შეიძლება რაღაც ზეგავლენა მოვახდინოთ უკეთესობის თვალსაზრისით. მე არ მინდა არავითარი ილუზიებით ვილაპარაკო, მაგრამ პრინციპში ეს მოლაპარაკება უნდა გაგრძელდეს. დღეს გაეროს უშიშროების საბჭო იხილავს ჩემს წერილს და ჩემს წარდგინებას. არის ყველა პირობა იმისა, რომ უშიშროების საბჭომ მიიღოს კარგი გადაწყვეტილება ჩვენს სასარგებლოდ. ეს უკვე მესამეჯერ იღებს უშიშროების საბჭო საქართველოზე გადაწყვეტილებას. ჩვენ ვერ დავიწუნებთ, რომ საერთაშორისო საზოგადოებრიობა მხარს არ გვიჭერს. მხარს გვიჭერენ. მე დარწმუნებული ვარ, რომ არც დიდი შვიდეული დარჩება გულგრილი საქართველოში ამ მოვლენების მიმართ. პირველი ასეთი სიმპტომები არის, მაგრამ ჯერ ამაზე ლაპარაკი არ ღირს. ამერიკის შეერთებული შტატები, გერმანია, თვითონ რუსეთის ხელმძღვანელობა, სხვები და სხვები, განწყობილნი არიან, რომ საქართველოს მხარი დაუჭირონ ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისათვის ბრძოლაში. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს, არც ეს არის მეორეხარისხოვანი.
ყველაფერი არ არის შავი ფერებით დასანახი, ძალიან გვიჭირს, დეზერტირებიც ვახსენე, მაგრამ მინდა გითხრათ რომ ჩვენს არმიაში სასიკეთო პროცესებია. თქვენ ხედავთ, რომ პროფესიონალებმა, ახალგაზრდობამ მოჰკიდა ხელი და საქმეს უძღვებიან ძალიან კარგად და საინტერესოდ. გუშინწინ მე ვიჯექი იქ, სადაც თავს იყრის ყველა ასეული, ბატალიონი და სტუმრები და ვუკვირდებოდი, როგორ მზადდება გადაწყვეტილებები, ბრძანებები, როგორ მოქმედებს თავდაცვის მინისტრი. უნდა გითხრათ, რომ დრო ძალიან ცოტაა, მაგრამ შემჭიდროებულ დროშიც კი ისინი უცებ გაიზარდნენ, სულ ერთ-ორ თვეში უკვე სხვა ხალხი გახდნენ, სხვა გადაწყვეტილებებს იღებენ. გამორიცხული არ არის დამარცხება, თქვენ იცით, რომ უდიდესი მხედართმთავრებიც კი მარცხდებოდნენ, მაგრამ როცა პროცესზეა ლაპარაკი, ძალიან სასიხარულო პროცესებთან გვაქვს საქმე და მინდა ჩვენ ამას ყველანი მივესალმოთ.
ჩვენ გვექნება საშუალება უახლოეს ორ-სამ დღეში საინტერესო საკითხი გადავწყვიტოთ სოხუმისათვის, ჯარისათვის, იმდენს მოვახერხებთ, რომ პროდუქტების მინიმუმი მაინც მივცეთ მოსახლეობას, ყველა ოჯახს. იმ დახმარებით - 20 მილიონი მარკით, რომელიც ჩვენ გვაჩუქეს გერმანელებმა, შეიძლება 30 ათასი ტონა შაქარი შევიძინოთ, ეს ექვსი თვის ხარჯია საქართველოსათვის, 4-5 ათასი ტონა კარაქი. მე გუშინ უკვე დავავალე პრემიერ-მინისტრს სასწრაფო განაცხადები გააკეთოს. ერთი კვირის განმავლობაში შეიძლება შემოვიდეს პროდუქტები საქართველოში. პირველი რაც იქნება, წამოვა სოხუმსა და აფხაზეთში ჩვენი ჯარისათვის, ჩვენი მოქალაქეებისათვის. რაც გვაქვს, ის მოვიხმაროთ ისე, როგორც საჭიროა.
დარწმუნებული ვარ, რომ დღეს თუ არა ხვალ ან ზეგ მოძრაობა აღსდგება. სავსებით შესაძლებელია იმ ამოცანების შესრულება, რომელიც ახლა ოჩამჩირის დამცველთა წინაშე დგას. ამის იმედი უნდა ვიქონიოთ და ეს ასეც იქნება.
და კიდევ ერთი: საქართველოს და საზოგადოებრიობას არასოდეს ეჭვის ქვეშ არ დაუყენებია აფხაზეთის სტატუსი. აქედან ვაცხადებ ყველას გასაგონად, მთელი მსოფლიოს გასაგონად, აფხაზების გასაგონად, აფხაზებისათვის სრულფასოვანი ავტონომია გარანტირებული იქნება, გარანტირებული იქნება ყველა აფხაზის უფლებები.
ჩვენ არ გავეთიშებით ერთმანეთს და არ დავივიწყებთ რომ აფხაზები და ქართველები საუკუნეების განმავლობაში ერთად ცხოვრობდნენ და კვლავაც ერთად იცხოვრებენ, ეს ყველამ უნდა იცოდეს.
მადლობა ყველა ქალაქს, ყველა სოფელს, ყველას, ვინც მოხალისედ ეწერება, ვინც ახლა, პროდუქტებს აგროვებს სოხუმისათვის, ჯარისათვის. გამოვთქვამ რწმენას, რომ ჩვენი საქმე გაიმარჯვებს. ჩვენი საქმე სამართლიანია.
დღეს სოხუმში, აფხაზეთში წყდება საქართველოს ბედი : ედუარდ შევარდნაძის სიტყვა აფხაზეთის თავდაცვის საბჭოსა და მინისტრთა საბჭოს ერთობლივ სხდომაზე 1993 წლის 6 ივლისს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 8 ივლისი. - №146(692). - 1 გვ.
![]() |
104 ედუარდ შევარდნაძე: „მე ვიქნები ქალაქის გმირ დამცველებთან მანამ, ვიდრე ეს საჭირო იქნება...“ |
▲ზევით დაბრუნება |
სოხუმი. (საქართველოს პარლამენტის პრეს-ცენტრი, რ. ჭელიძე).
8 ივლისს აქ ჩამოვიდნენ საქართველოში აკრედიტებული უცხოური მისიების წარმომადგენლები, რომელთა შორის არიან ამერიკის, გერმანიის, რუსეთის, ირანის ელჩები საქართველოში, ჩინეთის, სომხეთის, ისრაელის დროებითი რწმუნებულები, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მუდმივი წარმომადგენელი. გაეროს სამხედრო და ევროთათბირის მუდმივი მისიების მეთაურები და სხვები. აეროპორტში მათ შეხვდა ბატონი თამაზ ნადარეიშვილი, რომელსაც შემდეგ მათთან ხანგრძლივი საუბარი ჰქონდა. სტუმრები მიიღო ედუარდ შევარდნაძემ.
საქართველოს სახელმწიფოს მეთაურმა მადლობა მოახსენა სტუმრებს ჩამობრძანებისა და თანადგომისათვის და დეტალურად გააცნო როგორც სოხუმში, ისე ოჩამჩირეში შექმნილი ვითარება.
- ვერ ვიფიქრებდი, რომ ეს კონფლიქტი ასეთ სასტიკ სახეს მიიღებდა, - აღნიშნა ედუარდ შევარდნაძემ. - ძალიან დიდია ნგრევა და მსხვერპლი და ეს ყველაფერი სადიზმამდე მიდის. ამ დღეებში საოცარი სისასტიკის მოწმე გავხდი. ერთ-ერთმა გუდაუთელმა ლიდერმა ამ დღეებში განაცხადა, რომ ისინი თურმე ქალაქისათვის კი არ იბრძვიან, არამედ ტერიტორიისათვის. ასე რომ, ქალაქის განადგურება მათთვის ჩვეულებრივი მოვლენა გახლავთ, - თქვა ედუარდ შევარდნაძემ.
შემდეგ ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ სტუმრებს გააცნო გუდაუთელთა მიერ ჩადენილი სისასტიკის ფაქტები და აღნიშნა, რომ ომსაც უნდა ჰქონდეს თავისი კანონები, მაგრამ, სამწუხაროდ, დაპირისპირებული მხარე ყოველგვარ ადამიანურ კანონს უგულებელყოფს.
შეეხო რა კონფლიქტის ესკალაციის მიზეზებს, ედუარდ შევარდნაძემ შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ მცირერიცხოვანი სეპარატისტული დაჯგუფების ხელში აღმოჩნდა დიდძალი თანამედროვე იარაღი და ტექნიკა, რომელიც, ცხადია, ციდან არ ჩამოსულა, ვიღაცამ გაუწოდა და უწვდის დახმარების ხელს.
- არიან რუსეთში გარკვეული ძალები, - თქვა ედუარდ შევარდნაძემ, - რომლებსაც ხელს აძლებს ამ კონფლიქტის შემდგომი გამწვავება და მეტი სისხლისღვრა. მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით და ახლაც იმას ვცდილობთ, რომ არავითარ შემთხვევაში არ ავყვეთ მათ ზრახვებს, ემოციებს და მხოლოდ ცივი გონებით ვიმოქმედოთ. თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენი ასეთი ჰუმანური პოლიტიკა ძვირი დაგვიჯდა, რადგან თვით 1992 წლის 3 სექტემბრის ხელშეკრულებით მეორე მხარემ, ცხადია, მესამე მხარის ხელშეწყობით ისარგებლა. ასეთივე ბედი ეწია 1993 წლის 14 მაისის შეთანხმებასაც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, - დასძინა ედუარდ შევარდნაძემ.
სახელმწიფოს მეთაურმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ თუმცა ყველა ავტორიტეტიანმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, მთელმა დასავლეთმა არაერთაზროვნად აღიარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, ომის გაგრძელებით დაინტერესებული ძალები მაინც უფრო ძლიერი აღმოჩნდნენ... არადა, ჩვენ ბევრს არაფერს ვითხოვთ, ვითხოვთ მეთვალყურეებს, რადგან მართლები ვართ და გვსურს ყველაფერი დავაფიქსიროთ. ახლა კი ეს საკითხი გაერომ განიხილა და უმოკლეს დროში უშიშროების საბჭო მიიღებს რეზოლუციას. იმედია, რომ გადაწყვეტილება დადებითი იქნება, - თქვა ედუარდ შევარდნაძემ.
შემდეგ ედუარდ შევარდნაძემ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ამ კონფლიქტით რუსეთის პოზიტიური დაინტერესება უფრო საგრძნობია და ორი-სამი დღეა სოხუმი ინტენსიურად იბომბება.
მე მჯერა, რომ ეს ხელმძღვანელობის დამსახურებაა - თქვა მან, - მაგრამ, სამწუხაროა, რომ თქვენი ჩამოსვლის წინ კვლავ გაისმა ზალპების ხმა, დაიბობმა ქალაქი.
სახელმწიფოს მეთაურმა ბრალი დასდო ძალებს, რომლებმაც ხელი შეუწყვეს დესანტის გადმოსხმას ოჩამჩირეში. - ის დიდძალი სისხლი, რომელიც ამის გამო ორივე მხარეს დაიღვარა, მათს კისერზეა, - თქვა მან, - ახლა ყველანაირად ცდილობენ სოხუმი ბლოკადაში მოაქციონ. მოჭრან რკინიგზა თბილისიდან, დაახშონ საჰაერო კავშირები და ქალაქი შიმშილით დასცენ. მაგრამ, ცდებიან, ჩვენ ამას არ დავუშვებთ, - დასძინა ედუარდ შევარდნაძემ.
შეეხო რა შვიდეულის შეხვედრას ტოკიოში, სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ იქ რეგიონული კონფლიქტების მოწესრიგებაზეც იქნება საუბარი.
- როცა რუსეთის პრეზიდენტი ტოკიოდან დაბრუნდება, ბევრი რამ გაირკვევა, რადგან აფხაზეთის კონფლიქტის გადაწყვეტა რუსეთის ფაქტორის გარეშე შეუძლებელია, და, ბუნებრივია, რუსეთმა და საქართველომ უნდა გამონახონ ყოველგვარი საშუალება თანამშრომლობისათვის როგორი მწვავეც უნდა იყოს მათი დღევანდელი ურთიერთობა.
სახელმწიფოს მეთაურმა მადლობა მოახსენა უცხოეთის მისიების სახელმწიფოთა მთავრობებს მხარდაჭერისათვის და ბოდიში მოუხადა თურქეთის მხარეს იმის გამო, რომ მიიღო გადაწყვეტილება ამ ქვეყანაში ვიზიტის დროებით გადავადების შესახებ, რაც აფხაზეთში ვითარების გამწვავებასთან არის დაკავშირებული.
დასასრულ ე. შევარდნაძემ თქვა, რომ არ აპირებს სოხუმიდან წასვლას, რადგან თავს მოვალედ თვლის მანამ იდგეს ქალაქის გმირი დამცველების გვერდით, ვიდრე ამის საჭიროება იქნება.
- ჩემი მორალი არ მაძლევს უფლებას, რომ ეს ხალხი გაჭირვებასა და ასეთ რთულ ვითარებაში დავტოვო. ვიმედოვნებ, რომ ეს ომი მალე დამთავრდება, სოხუმი ძველ იერს დაიბრუნებს და აქ ქართველებთან და აფხაზებთან ერთად სხვებიც იცხოვრებენ.
შეხვედრაზე გამოვიდნენ გერმანიის ელჩი ბატონი დალჰოფი და რუსეთის ელჩი ბატონი ზემსკი. ბატონმა დალჰოფმა მისიათა წარმომადგენლების სახელით მადლობა გადაუხადა ედუარდ შევარდნაძეს, რომ ასეთ რთულ ვითარებაში გამონახა დრო მათს მისაღებად.
- მჯერა, - აღნიშნა დალჰოფმა, რომ გამარჯვებას სწორედ ის მხარე მოიპოვებს, რომელიც მშვიდობიანი მოლაპარაკების მომხრეა და ასეთ პოლიტიკას ახორციელებს.
- რუსეთის მხარე ძალიან არის დაინტერესებული, რომ ეს კონფლიქტი მალე მოგვარდეს. - თქვა ბატონმა ზემსკიმ, - და საქართველოსა და რუსეთს შორის დამყარდეს ორმხრივი კეთილმეზობლური ურთიერთობა. და ჩვენი მხარე, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად ძალ-ღონეს არ დაიშურებს ამისათვის.
დიპლომატიურ მისიათა წარმომადგენლებმა დაათვალიერეს დანგრეული ქალქი.
იმავე დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე - სახელმწიფოს მეთაური სოხუმში ცალ-ცალკე შეხვდა გერმანიის საგანგებო და სრულფასოვან ელჩს გიუნტერ დალჰოფს, ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს კენტ ბრაუნს, რუსეთის ფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ვლადიმერ ზემსკის და გაეროს მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში თეოდორ სტარჩევიჩს.
სახელმწიფოს მეთაური აფხაზეთის კონფლიქტთან დაკავშირებული პრობლემების გარდა მათ ესაუბრა საქართველოსა და მათი ქვეყნების ორმხრივი ურთიერთობის საკითხებზე.
8 ივლისს სტუმრები თბილისს დაბრუნდნენ.
ედუარდ შევარდნაძე: „მე ვიქნები ქალაქის გმირ დამცველებთან მანამ, ვიდრე ეს საჭირო იქნება...“ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 10 ივლისი. - №148 - 149(695). - 1 გვ.
![]() |
105 ნიჭი და სიცოცხლე - ერს და სამშობლოს! |
▲ზევით დაბრუნება |
საიუბილეო მისალმება ქართველ მწერლებს, რომელთაც წელს 60 წელი შეუსრულდათ
ძვირფასო მეგობრებო!
მე პატივს ვცემ და დიდად ვაფასებ ყველა თაობის ჭეშმარიტ ქართველ მწერალს, მაგრამ დღეს ამ წერილით მოგმართავთ თქვენ, ჩვენი საუკუნის სამოციანელებს. მოგესალმებით პირადად თქვენ და მთელ თქვენს ლიტერატურულ თაობას.
არ არის შემთხვევითი, რომ ამ წერილით მოგესალმებით სწორედ დღეს, თქვენი თაობის ერთ-ერთი უნიჭიერესი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, უკვე შეიძლება თამამად ითქვას XX საუკუნის ქართული ლიტერატურის კლასიკოსის, ჩვენი დაუვიწყარი მეგობრის ნოდარ დუმბაძის დაბადების დღეს - 14 ივლისს.
ნოდარ დუმბაძე თქვენთან ერთად იყო ქართულ ლიტერატურაში ახალი გზების გამკვალავი, ნოვატორი მწერალი, რომელიც მთელ ქართველ ხალხთან ერთად, მუდამ იდგა ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე, თავისი მაღალნიჭიერი შემოქმედებით წინ მიუძღოდა თავის თაობას და მთელ ხალხს ნათელი მომავლისაკენ - დამოუკიდებელი, თავისუფალი საქართველოსაკენ!
ნოდარ დუმბაძის შემოქმედება ეროვნული მოძრაობის ორგანული, განუყოფელი ნაწილია. ჩვენ დღეს ყველანი ვხედავთ თავისუფლების მზეს, რომელიც ასე შესანიშნავად დახატა ნოდარ დუმბაძემ.
ამ მიმართვით მე მინდა შევეხმიანო ნოდარ დუმბაძეს, მის თაობას, ყველას, ვინც მასთან ერთად მოვიდა ქართულ ლიტერატურაში.
XX საუკუნის ქართული მწერლობის ერთი მეტად ძლიერი ნაკადია თქვენი თაობა, რომელიც 60-იან წლებში დამკვიდრდა სამწერლო ასპარეზზე. წელს ბევრ თქვენთაგანს 60 წელი შეუსრულდა. ბევრს მომავალში შეუსრულდება 60 წელი, ბევრმა კი უკვე გადალახა ეს მიჯნა, ზოგიერთმა ვერც მიაღწია ამ ასაკამდე. ნუგეშად ისღა გვრჩება, - როგორც თქვა ერთმა ბრძენმა: ცხოვრება მოკლეა, მაგრამ ხელოვნება, შემოქმედებაა უსასრულო.
დიდი ბედნიერებაა იყო ქართველი მწერალი, მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი მწერლობის ღირსეული წარმომადგენელი. ორჯერ დიდი ბედნიერებაა იყო თავისუფალი, დამოუკიდებელი, დემოკრატიული საქართველოს მესიტყვე, ერის მხატვრული მემატიანე, ეკუთვნოდე იმ ლიტერატურას, რომელმაც ხალხს, მსოფლიოს მისცა იაკობ ცურტაველი, შოთა რუსთაველი, დავით გურამიშვილი, ნიკოლოზ ბარათაშვილი, ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ვაჟა-ფშაველა, გალაკტიონ ტაბიძე, გიორგი ლეონიძე, გრიგოლ რობაქიძე, პროზაიკოსთა და პოეტთა უკვდავი თანავარსკვლავედი. ისტორიულად მუდამ მაღალი იყო ქართველი მწერლის საზოგადოებრივი დანიშნულება და მისი პასუხისმგებლობა ერის წინაშე. თქვენი თაობაც ამ ეროვნული ტრადიციების ერთგულია.
მე ცა მნიშნავს და ერი მზრდის... ამ მრწამსით აღიზარდა თქვენი თაობა.
მწერალი მართლაც ერის ბაირახტარია. ნაღარასავით უხმობს ხალხს მისი სიტყვა. ასე იყო 1500 წლის მანძილზე, რაც ქართული მწერლობის ძეგლები არსებობს. ასეა დღეს, ასე იქნება მომავალშიც.
სამოციანელების წოდება, რა თქმა უნდა, XIX საუკუნის კლასიკოსთა პრიორიტეტია, მაგრამ მეოცე საუკუნეს თავისი სამოციანელები ჰყავს. დღეს უკვე სამოცი წლის სამოციანელები, ეს ის თაობაა, რომელსაც სხვა შემთხვევაში „პირველსხიველებსაც“ და „ცისკრელებსაც“ ვუწოდებთ.
პირველი სხივი, ჩემი აზრით, არა მარტო მხატვრული მეტაფორაა, არამედ მეტად ღრმა, ტევადი სიბრძნისმეტყველური ფორმულაც არის.
მართალია, 60-იანი წლებიდან დღემდე ქართული ლიტერატურის მთავარ ქმნილებებს მარტო თქვენი თაობა როდი ქმნიდა, არის სხვა მძლავრი ლიტერატურული ნაკადებიც, მაგრამ თქვენი, XX საუკუნის სამოციანელთა წვლილი უნიკალურია.
თქვენმა თაობამ, სხვა თაობებთან ერთად, ეროვნული განთავისუფლებისათვის, შემოქმედებითი თავისუფლებისათვის ბრძოლის მეტად რთული და წინააღმდეგობებით აღსავსე გზა გაიარა.
დღეს თავისუფალ საქართველოში უკვე არსებობს შემოქმედებითი თავისუფლებაც, თავისუფალი პრესა, რადიო, ტელევიზია, გამომცემლობები.
მე მჯერა, თავისუფალ ქართულ ინტელექტს, ნიჭსა და შემოქმედებითს ენერგიას მხატვრული აზროვნების დარგში სასწაულების მოხდენა ძალუძს.
თქვენ ბევრი გააკეთეთ, მაგრამ ხალხი უფრო მეტს ელოდება თქვენგან. ვისაც ღმერთმა მეტი უბოძა, ერიც მეტს ითხოვს მისგან.
მწერლობაში ერთად შობილნი, ვიცი, რომ, მართლაც, ძმებად და მეგობრებად შეეზარდეთ ერთმანეთს და სწორედ ამიტომ ნებას მივცემ თავს ყველას ერთად მოგესალმოთ, არ მინდა ერთმანეთს დაგაცილოთ.
მიუხედავად მოუცლელობისა, მე თქვენი მკითხველი ვიყავი და ვიქნები მარად.
თქვენს შემოქმედებას, თქვენს კრებულებს რომ გადახედავს, ბევრს უკვირს, თითქოს არც კი შეხებია მათ იმპერიული რეჟიმის ხელი. თითქოს თქვენი ნაწარმოებები თავისუფალ საქართველოშია შექმნილი.
შეიძლება დღევანდელმა ოპოზიციამ ეს არ იცის, მაგრამ თქვენ, სამოციანელებმა, ხომ იცით, რომ ჩვენ, ქართველ ხელისუფალთა ერთი დასი, იმპერიის პერიოდშიც გიწყობდით ხელს, როგორც შეგვეძლო, - შემოქმედებითი თავისუფლება გქონდათ, მკაცრი იმპერიული დიქტატის მიუხედავად, ქართველი ხელისუფალნი ხელს ვუწყობდით ყოველივე ეროვნულის, ჭეშმარიტად ქართულის აღზევებას. და არა მარტო მწერლობაში, არამედ თეატრალურ და კინოხელოვნებაში, მხატვრობაში, მუსიკაში, არქიტექტურაში, მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ყველა დარგში. თქვენ ეს იცით. მე ამას იმათ გასაგონად ვამბობ, ვისაც ეს არ ესმის, ვინც ეს ვერ დაინახა.
ჩვენ ყველანი ერთად ვეკუთვნით დიდ ეროვნულ მოძრაობას.
ჩვენ არავის მიცვემთ „ისტორიის პრივატიზაციის“ უფლებას. ერის ისტორია ეკუთვნის ყველას, მთელს ერს და რა ცალკეულ პოლიტიკურ მიმდინარეობას.
მწერლობა, სიტყვის და ნიჭის საოცარი შესაძლებლობის შემწეობით, თვითონაც ქმნის თავისუფლების სამყაროს. თქვენეულმა მხატვრულმა თავისუფლებამაც მოამზადა ჩვენი ხალხი დამოუკიდებლობისა და დემოკრატიისათვის. ამიტომაცაა, რომ ეროვნული მოძრაობის ცნება ამ კონტექსტში გაცილებით ფართოა და ღრმა, ვიდრე მისი ვიწრო ტრადიციული გაგება. ეროვნულ მოძრაობაში მონაწილეობდა ყველა, ვინც ქართული ენის კონსტიტუციურ სტატუსს იცავდა, ვინც იმპერიულ პოლიტიკის ნაცვლად ქართულ, ეროვნულ პოლიტიკას ატარებდა ლიტერატურისა და ხელოვნების სფეროში, იცავდა კულტურის, ისტორიის, არქიტექტურის ძეგლებს, ეროვნულ მოძრაობაში მონაწილეობის ფორმები მრავალფეროვანია.
უფროსი თაობის სხვა მამულიშვილებთან ერთად მეც მხვდა პატივი 50-60-იან წლებში მონაწილეობა მიმეღო „ცისკრის“, შემდეგში კი სხვა გამოცემათა დაარსებასა და დაცვაში, ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის განმტკიცებაში. ჩვენ ძეგლი დავუდგით ქართულ ენას და „დედა-ენას“.
ოქროს კვეთის კანონით მიუდგება ყველა ეპოქა თქვენს ნამოღვაწარს. მთავარი ის არის, რომ თქვენი ღვაწლი აწ და მარადის ეკუთვნის ქართველ ერს, ქართულ მწერლობას და ყველა დრო და თაობა თავის აწონილ სიტყვას იტყვის თქვენზე.
დღეს მე თქვენთან ერთად მინდა მივესალმო თქვენს უფროსსა და უმცროს თაობებს, ჩვენი მწერლობის მეტად საინტერესო და ნიჭიერ წარმომადგენლებს.
ძნელია ლექსის წერა იმ ქვეყანაში, რომელმაც შექმნა „ვეფხისტყაოსანი“, „მერანი“, „განთიადი“, „ლურჯა ცხენები“, ძნელია პროზაული ნაწარმოების შექმნა იმ ლიტერატურაში, რომელმაც ქვეყანას მისცა „ოთარაანთ ქვრივი“, „გველის პერანგი“, „დიდოსტატის მარჯვენა“.
თქვენ თქვენს სათქმელს მაინც ღირსეულად ამბობდით და ამბობთ.
თქვენ ბედნიერი თაობა ხართ, რადგან არა მარტო მოესწარით თავისუფალ, სუვერენულ, დემოკრატიულ საქართველოს დაბადებას, არამედ ღირსეული მწერლური და მოქალაქეობრივი წვლილი შეიტანეთ მის შექმნაში, სასიხარულოა ისიც, რომ თქვენ დღეს შემოქმედებითი სიმწიფისა და აქტივობის ასაკში ხართ. მჯერა, თქვენ არაერთი შესანიშნავი ნაწარმოებით კვლავაც გაამდიდრებთ ქართულ მწერლობას XX და XIX საუკუნეთა გზაგასაყარზე.
მთელი ქართული მწერლობა ფართოდ უნდა გავიდეს მსოფლიო ასპარეზზე.
ძვირფასო მეგობრებო!
დიდია თქვენი სულიერი და ისტორიული მისია. თქვენ ქმნით ახალ მხატვრულ და ესთეტიკურ ღირებულებებს. თქვენ შეგიძლიათ ქვეყანას ცრემლი მოჰგვაროთ და ცრემლი შეუშროთ. თქვენ კარგად იცით, თუ რაოდენ საჭიროა დღეს სწორი ეროვნული, ზნეობრივ-ფსიქოლოგიური ორიენტაცია. თქვენ ერის ჰუმანურ იდეებს გამოხატავთ. მე გთხოვდით, თქვენი ტალანტის ძალით, თქვენი მხატვრული ქმნილებებით კიდევ უფრო შევაყვაროთ ხალხს ქართული ზნეობა, ადათი, სჯული, კანონი, ტრადიცია, ოჯახი, სახელმწიფო. ბევრმა ქართველმა ჯერ კიდევ ვერ გააცნობიერა, რომ ის თავის ეროვნულ სახელმწიფოში ცხოვრობს.
მოგეხსენებათ, სამართლებრივი სახელმწიფო, სამოქალაქო საზოგადოება ეს არის უპირველეს ყოვლისა თავისუფლება, კონსტიტუცია, კანონი, წესრიგი და არა ანარქია და ქაოსი, როგორც ზოგიერთს წარმოუდგენია. კანონისა და წესრიგის წინააღმდეგ გალაშქრებაა. ამ შეგნებით უნდა აღვზარდოთ თითოეული ადამიანი.
ჰამურაბის კანონებს და მონტესკიეს „კანონთა სულს“ თავის დროზე ასეთივე მნიშვნელობა ჰქონდათ ცივილიზაციისათვის, როგორც „გილგამეშის“ ეპოსს ან ტოლსტოის „ომსა და მშვიდობას“. ერთნი კაცობრიობის სამართლებრივ აზროვნებას სრულყოფდნენ, მეორენი - მხატვრულ აზროვნებას.
სახარებაში ნათქვამია, რომ დასაწყისში იყო სიტყვა და ეს სიტყვა იყო ღმერთი. კარგად თქვა ერთმა მოაზროვნემ: მე მგონია, რომ დასაწყისში სიტყვაც იყო და საქმეცო. მეც ასე მგონია.
თქვენი სიტყვა ხომ იგივე საქმეა. სიტყვაა ლიტერატურის პირველი ელემენტი.
ჩვენ ყველამ ჩვენი საქმე უნდა გავაკეთოთ.
ადამიანის, ერის ზნეობრივი, ინტელექტუალური, კულტურული, სულიერი სრულყოფისათვის ბრძოლა არის ჩვენი საერთო მიზანი.
მე კალამი ხელში ავიღე არა იმისათვის, რომ მარტოოდენ დამეფიქსირებინა თქვენი საიუბილეო თარიღი. ესეც სასიამოვნო მისიაა, მაგრამ მე სხვა რამე უფრო მაწუხებს: ერის, მწერლობისა და თქვენი თაობის მწერლების სატკივარი, პრობლემები, თქვენი და მთელი მწერლობის დამოკიდებულება იმ ისტორიული პროცესებისადმი, რომლებიც დღეს საქართველოში მიმდინარეობს. ყალიბდება ახალი სახელმწიფო, ახალი საზოგადოება, ახალი ეკონომიკა, ახალი კულტურა, ახალი ფორმაციის მოქალაქე. ადამიანის სული განიცდის კათარზისს, სულიერი კულტურა - უნდა შევიდეს რენესანსის ფაზაში. ამან თავისი სრულფასოვანი ასახვა უნდა ჰპოვოს ლიტერატურასა და ხელოვნებაში.
გალაკტიონმა თქვა: სხვა მეოცე საუკუნე არასოდეს არ ყოფილაო. ის სხვა ეპოქაზე ითქვა. მე ვიტყოდი: სხვა ასეთი საქართველო, როგორსაც XX საუკუნის დასასრულს ვხედავთ, არასდროს არ ყოფილა. თქვენმა სიტყვამ და აზრმა უნდა შექმნას ამ ეპოქის ხატი, მისი მხატვრული სახე მომავალი საუკუნეებისათვის, მომავალი თაობებისათვის.
დღევანდელ, პლურალისტურ საქართველოში, - სადაც მასობრივი კომუნიკაციის საშუალებებით სიმართლე და სიცრუე, სამწუხაროდ, თითქმის ერთნაირად ვრცელდება, - დიდია ერის, მისი აწმყოსა და მომავლის წინაშე თანამედროვე მწერლის პასუხისმგებლობა. მის მართალ, ობიექტურ, აწონილ სიტყვას ოქროს ფასი დაედება მომავალ საუკუნეებში.
დიდი, სერიოზული მწერლის თვისებაა, გრძნობებს, სიფრთხილით გაუღოს კარი, სიტყვა აწონოს, აზრი შეამოწმოს, თავისი სათქმელი ქართული სიდარბაისლით და სიბრძნით თქვას.
ძვირფასო მეგობრებო!
თქვენ გაქვთ თქვენი მსოფლმხედველობა, მკაფიო მწერლური, ორიგინალური ინდივიდუალურობა, საკუთარი სტილი, ხელწერა, ინტონაცია, საკუთარი სახე, საკუთარი ადგილი ეროვნულ მოძრაობაში, მწერლობასა და ისტორიაში.
კიდევ ერთხელ მოგესალმებით და მოგილოცავთ თითოეულ თქვენგანს პირადად თქვენი და თქვენი თაობის დაბადების დღეს.
ჩემს ნოდარს, ჩემს დიდ მეგობარს, თანამოაზრეს, როგორც მარად ცოცხალს, ვულოცავ დაბადების დღეს, მისი ოცნების ხორცშესხმას - საქართველოს თავისუფლებას და დამოუკიდებლობას.
თქვენი ნიჭი და სიცოცხლე ეკუთვნის ერს და სამშობლოს, თქვენი ხელოვნება - აწმყოს და მომავალს.
გისურვებთ ახალ შემოქმედებით წარმატებებს.
პატივისცემით,
ედუარდ შევარდნაძე.
ნიჭი და სიცოცხლე - ერს და სამშობლოს! : საიუბილეო მისალმება ქართველ მწერლებს, რომელთაც წელს 60 წელი შეუსრულდათ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 14 ივლისი. - №151(697). - 1 გვ.
![]() |
106 მადლობა ყველას თავდადებისა და თავგანწირვისთვის |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის, პარლამენტის თავმჯდომარის ე. შევარდნაძის სიტყვა პარლამენტის სხდომაზე. 1993 წლის 13 ივლისი.
როგორც ცნობილია, ბოლო დროს გამწვავდა მდგომარეობა აფხაზეთში, რაც დაკავშირებულია ძირითადად საკმაოდ ორგანიზებული, კარგად გაწვრთნილი და მრავალრიცხოვანი დესანტის გადმოსხმასთან ოჩამჩირის ზონაში, ტამიშის რაიონში. ეს იყო 600 კაციანი კარგად შეიარაღებული დაჯგუფება, მათ შორის უმეტესობა დაქირავებული, ე.წ. მოხალისეები სხვადასხვა ქვეყნებიდან, რომლებიც მომზადებას გადიოდნენ სპეციალიზირებულ ქვედანაყოფებში. მინდა დავაზუსტო, რომ ისინი არ არიან რეგულარული სამხედრო ნაწილების და ფორმირებების წარმომადგენლები. ეს ის ხალხია, ვინც გაიარა წვრთნა, მონაწილეობდნენ სხვადასხვა საბრძოლო ოპერაციებში, ამ ბოლო დროს კი ჩაერთვნენ აფხაზეთის კონფლიქტში. ამან, აგრეთვე გუდაუთის მხარის გააქტიურებამ შექმნა რეალური საფრთხე სოხუმის დაკარგვისა. სოხუმი აღმოჩნდა სრულ ბლოკადაში, გადაიკეტა რკინიგზა, საავტომობილო მაგისტრალები, გარკვეული სიძნელეები შეიქმნა ჰაერიდანაც. ამასთან დაკავშირებით ჩემს მიერ მინისტრთა კაბინეტშიც და შესაბამის სამინისტროებში, პირველ რიგში თავდაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროებში დაისახა შესაბამის ღონისძიებათა გეგმა. პარლამენტის თანხმობით გავემგზავრე ადგილზე და შესაძლებლობის ფარგლებში ვმონაწილეობდი ამ სერიოზული საფრთხის უვნებელსაყოფად. შედეგები ძირითადად უკვე ცნობილია: ბლოკადა გარღვეულია, ჩატარდა საკმაოდ კარგად ჩაფიქრებული და გამიზნული სამხედრო ოპერაცია, რომელშიც თავდაცვის სამინისტროს გარდა მონაწილეობდნენ მხედრიონის მძლავრი რაზმი, სამეგრელოს რაზმები, სხვადასხვა რაიონების წარმომადგენლები, შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯარები, პოლიციის ქვედანაყოფები, უბრალო მცხოვრებნი. როგორც იცით, ეს ოპერაცია წარმატებით დამთავრდა. ძირითადი ჯგუფი ლიკვიდირებულია. დიდი და სერიოზული საფრთხე თავიდან აცილებულია. გაიგზავნა შესაბამისი ბრიგადები აღდგენითი სამუშაოებისათვის, მათ შორის ენერგეტიკოსები, მუშაობენ ჩვენი გზის მშენებლები, რკინიგზელებმა შეასრულეს საბრძოლო დავალება, აღადგინეს რკინიგზის ხიდები, დაზიანებული ადგილები და პირველი ეშელონი დატვირთული პროდუქტებით და ომისათვის საჭირო მასალებით უკვე შევიდა სოხუმში. მიგვაჩნია, რომ ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა, ყველა ფორმირებამ ღირსეულად ჩააბარა ეს გამოცდები. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ამ დესანტის გადმოსხმის თავიდან აცილება სავსებით შესაძლებელი იყო და საქმე აქამდე არ უნდა მისულიყო. თავი იჩინა ახალგაზრდა სახელმწიფოს დამახასიათებელმა გარკვეულმა უცოდინარობამ, უპასუხისმგებლობამაც, უგულისყურობამ, დაბალმა პროფესიონალიზმმა. სამწუხაროდ, ამ სენს ყოველ ნაბიჯზე ვაწყდებით. და მაინც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ სერიოზულ ამოცანას გავართვით თავი. გარდა ამისა სოხუმში გადავისროლეთ შეიარაღებული ძალების და შეიარაღების ის რაოდენობა, რაც საჭიროა ქალაქის დაცვის გასაძლიერებლად. ამჟამად გუდაუთის მხრიდან კონცენტრირებულია მნიშვნელოვანი ძალები, დიდი რაოდენობის თანამედროვე ტექნიკა. მიმდინარეობს გააფთრებული ბრძოლები. უკანასკნელ დღეებში მდგომარეობა შედარებით სტაბილურია, მაგრამ არ არის გამორიცხული ახალი გართულებები. ჩვენთის ცნობილია მოწინააღმდეგის გეგმები, ამიტომ მიმდინარეობს სოხუმის დამცველთა შევსება ახალი რაზმებით და შესაბამისი შეიარაღებით. ის, რაც გაკეთდა, ვფიქრობ, რომ დღევანდელ მოთხოვნებს პასუხობს. ყოველივე ამის შემდეგ მივეცი მე უფლება ჩემს თავს დავბრუნებულიყავი, თუმცა მე მზადა ვარ, როცა ამას მდგომარეობა მოითხოვს, დავბრუნდე სოხუმში და სხვებთან ერთად მივიღო ის ზომები, რაც აუცილებელი იქნება ქალაქის დასაცავად. სოხუმი დარბეულია, მაგრამ სულისკვეთება, სული სოხუმელებისა უტეხია. დიდი რაოდენობა მოსახლეობისა დარჩა ქალაქში და ღირსეულად იცავს თავის ქალაქს, მიუხედავად იმისა, რომ შიმშილობს, წყალი არ არის, განათება არ არის და თითქმის ყოველდღე მხეცური, ფაშისტური დაბომბვებია, ამ განსაცდელს სოხუმელები იტანენ წუწუნისა და ტირილის გარეშე. მე გამაოცა ამ გმირობამ.
მე მინდა პარლამენტის სახელით კიდევ ერთხელ მივესალმო, კიდევ ერთხელ ვუთხრა მადლობა სოხუმელებს და აფხაზეთის ყველა მცხოვრებს, ვინც ამ ძნელბედობის ჟამს იბრძვის საქართველოს ერთიანობისა და მთლიანობისათვის. უნდა გითხრათ, რომ არა ის ზომები, რომლებიც ადრეც იყო მიღებული სოხუმის დასაცავად და ჩვენი სამხედრო დაჯგუფების გასაძლიერებლად, კატასტროფა გარდაუვალი იყო.
საერთო რაოდენობა შეიარაღებული ძალების და შეიარაღებისა, რაც ეხლა აფხაზეთშია, პასუხობს შესაბამის ამოცანას, რაც იმას ნიშნავს, რომ სწორი ორგანიზაციის შემთხვევაში, ჩვენი სახელმწიფოს ინტერესების დასაცავად ეს სავსებით საკმარისია. მაგრამ ამასთან ერთად მე მინდა ვთხოვო ჩვენ ქალაქებს, რაიონებს, ვიფიქროთ რეზერვებზე, ამის გარეშე საბოლოო მიზნის მიღწევა შეუძლებელი იქნება. დიდი მადლობა ყველას, ვინც მონაწილეობს საერთო საქმეში, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადება როგორც უკიდურესი ზომა, მდგომარეობის შესაძლო გამწვავების შემთხვევისათვის უნდა შემოვინახოთ. იქამდე კი მე ყველას მოვუწოდებ მონაწილეობა მიიღოს სამშობლოს ერთიანობისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში, ჩადგეს ქვეყნის დამცველთა რიგებში. ამ მძიმე დღეებმა სოხუმში მე დამარწმუნა იმაში, რომ როცა დიდი საფრთხე დაემუქრა ჩვენს ქვეყანას ყველამ თავისი ადგილის ძებნა დაიწყო და უმრავლესობამ იპოვა კიდევაც - იმავე სამინისტროებმა, რომელთა მიმართ ჩვენ უამრავი პრეტენზიები გაგვაჩნია, და სავსებით სამართლიანიც. მინისტრთა კაბინეტმა, რომლის ხელმძღვანელები ასრულებდნენ კონკრეტულ დავალებებს. ამ დღეებში მე ვგრძობდი, რომ ეროვნული და სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობის გრძნობამ წამოიწია წინა პლანზე და თუ შეიძლება ლაპარაკი ამ საფრთხის ლოკალიზებაზე და დაძლევაზე, ეს სწორედ ამ ერთიანობისა და გამთლიანების ტენდენციის გამოხატვით მოხდა. მე ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ იმას, რომ ჩვენს სხვა რაიონებთან, რეგიონებთან. კუთხეებთან ერთად, სამეგრელო მთელი მასშტაბით ჩაება ჩვენი ქვეყნის ერთიანობისა და მთლიანობისათვის ბრძოლაში. ამას ჩვენი ქვეყნისათვის ძალიან დიდი, ისტორიული მნიშვნელობა აქვს. მთავარია, რომ ეს ჯანსაღი ტენდენცია განვითარდეს. მთავარია, ამ საერთო სახალხო განწყობილებას დავუჭიროთ მხარი, ყოველმხრივ წავახალისოთ და მადლობა ვუთხრათ იმ ხალხს, ვინც ამ საქმეში თავისი წვლილი შეიტანა. მე უნდა გითხრათ დედაქალაქზეც, რომელმაც განსაკუთრებული როლი შეასრულა, არა მარტო მოხალისეების შეგროვების, შეიარაღებული რაზმებისათვის სათანადო პირობების შექმნის თვალსაზრისით, არამედ იმითაც, რომ ყველაფერი სოხუმის დასაცავად, სხვა საბრძოლო ამოცანების გადასაწყვეტად. თვითონ თბილისელები, დიდი ნაწილი თბილისელებისა, ქალაქის მერის ხელმძღვანელობით იყო იქ, სადაც საჭიროა და სადაც ყველაზე მწვავე იყო სიტუაცია.
ამ 10-11 დღის განმავლობაში მე დავრწმუნდი, რომ პარლამენტის გადაწყვეტილება სახელმწიფოს მეთაურისათვის დამატებითი უფლებების მიღების შესახებ სწორი იყო. ეს უფლებები გამოყენებული იქნა იმისათვის, რომ სათანადო მოთხოვნებით მინისტრებისათვის. უწყებებისათვის, რაიონებისათვის ერთგვარი ორგანიზებულობა და დისციპლინა შეგვეტანა მთელს ამ მოძრაობაში, აფხაზეთში ამოცანების გადაწყვეტისათვის ბრძოლაში.
კიდევ ერთი დასკვნა. ერთნაირი არმიის შექმნის პროცესი ღრმავდება, ფართოვდება და ასეთი არმია მართლაც ფორმირდება. მე უკვე გამოვთქვი ჩემი დამოკიდებულება თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის მიმართ. უნდა გითხრათ, რომ ეს ახალგაზრდა ხალხი, პირველ რიგში ბატონი გია ყარყარაშვილი, რომელსაც დაკისრებული აქვს სამხედრო ფორმირებების საერთო ხელმძღვანელობა, სწრაფად იზრდება, სწრაფად ხდება მისი ფორმირება, როგორც გაბედულად მოქმედი მინისტრისა. სასიკეთო ძვრები შეინიშნება შინაგან ჯარებში, პოლიციაში, თუმცა მე არ მინდა ისეთი სურათი დაიხატოს, თითქოს ეს უკვე გამარჯვებაა და ჩვენ ვართ საბოლოო მიზანთან. ეს ასე არ არის. მაგრამ განვლილი ეტაპი, რომელმაც უნდა განამტკიცოს ჩვენი პოზიციები, რაც გაგვიადვილებს შემდგომი ამოცანების გადაწყვეტას, იქნება ეს სამხედრო თვალსაზრისით და პოლიტიკური მოწესრიგების საკითხები.
მინდა მადლობა ვუთხრა ყველა მებრძოლს, ყველა ჯარისკაცს, ყველა ოფიცერს და გენერალს, ვინც მონაწილეობდა ამ ოპერაციების მომზადებასა და ჩატარებაში. მადლობა ადგილობრივ მოსახლეობას - ყველას თავდადებისა და თავგანწირვისათვის. გმირები არ უნდა დაიკარგონ, უნდა აღვნიშნოთ და დავუტოვოთ შთამომავლობას ერის სამსახურის საუკეთესო მაგალითები. ასეთი დავალება მიცემული აქვს თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, გამგებლებს, რათა ღირსეულად აღნიშნოს ყველას დამსახურება - მათ შორის ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის, მრეწველობის, სოფლის მეურნეობის მუშაკების. მე ასევე მინდა მადლობა მოვახსენო პარლამენტს. თქვენი მხარდაჭერის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია აფხაზეთში ჩვენი ამოცანების გადაწყვეტა.
მე ვილაპარაკე გმირებზე, თავდადებაზე, მაგრამ არის, სამწუხაროდ, დეზერტირობის, პანიკიორობის და უპასუხისმგებლობის მრავალი შემთხვევაც კი დეზერტირობანა უფრო ძვირი უჯდება ქვეყანას და ხალხს, ადამიანებს, ვიდრე ჩვენ ეს წარმოგვიდგენია. ამ საკითხებზე ჩვენ გვქონდა საუბარი შესაბამის მეთაურებთან, მათ სწორად ესმით თავიანთი ამოცანები და ვფიქრობ, რომ ამ მწარე გაკვეთილების ფონზე შესაბამის დასკვნებს გააკეთებენ.
დღეს ძალიან ბევრია დამოკიდებული პრესაზე, განსაკუთრებით ტელევიზიაზე, ამ ბოლო დროს გარკვეული ძვრებია უკეთესობისაკენ. სოხუმში საკმაოდ დიდი ჯგუფია ჟურნალისტებისა, რათა რაც ხდება ფრონტზე ობიექტურად აისახოს, ვაჩვენოთ გმირული სული ჩვენი ოპერაციების ჩატარების დროს. ამისათვის მინდა მათაც მადლობა მოვახსენო.
ჩვენ ყველანი, მთელი პარლამენტი და თქვენთან ერთად მე, უღრმეს სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს, მშობლებს, მეუღლეებს, შვილებს, მეგობრებს, ყველას, სოფლებს, რაიონებს, ქალაქებს.
საქართველო გადარჩება და მათ ხსოვნას ხალხი სანთლებად აანთებს. ეს ყველას უნდა გვჯეროდეს. სამწუხაროდ, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა დაკავშირებულია მსხვერპლთან, ბევრი ადამიანის სიცოცხლესთან და დღესაც ბევრი ეწირება ამ ისტორიულ საქმეს. რომ გვქონდეს საშუალება ყველა ოჯახში მივიდეთ, ყველა ოჯახს მივუსამძიმროთ...
დადებითი თუ უარყოფითი გაკვეთილებიდანაც სათანადო დასკვნები გაკეთდება. პირველ რიგში ლაპარაკი უნდა იყოს წესრიგის და დისციპლინის განმტკიცებაზე ყველგან, ყველა რაიონში, ყველა სოფელში, ლაპარაკი უნდა იყოს დისციპლინის ამაღლებაზე სახელმწიფოს მართვის ყველა რგოლში და ისეთი დისციპლინის დამკვიდრებაზე, რომელიც საომარ პირობებს შეეფერება.
საბოლოო მშვიდობის დამყარდება აფხაზეთშიც და მთლიანად საქართველოშიც რუსეთის გარეშე ძალიან ძნელია, თუ შეუძლებელი არა. მე უკვე ვთქვი, რომ კონფლიქტის მოგვარების გასაღები მოსკოვში დევს.
რუსეთის პოლიტიკაში ბოლო დროს გარკვეული ცვლილებები შეინიშნება. მე მხედველობაში მყავს ის პოლიტიკოსებიც, რომლებიც ასაზრდოებენ აფხაზურ სეპარატიზმს, მე ვფიქრობ, რომ აგრესიული სეპარატიზმის მხარდაჭერა რუსეთს ბუმერანგივით დაუბრუნდება და უბრუნდება კიდეც ცალკეულ შემთხვევებში. ახლა ამის შეგნების პროცესი მიმდინარეობს, რაც ომის ღირსეულად დამთავრების პერსპექტივას აჩენს. თუ რუსეთის პოლიტიკაში კვლავაც გაღრმავდება პოზიტიური ძვრები, მე მინდა განვაცხადო - საქართველო მზად იქნება აქტიური თანამშრომლობისა და მეგობრობისათვის, სიკეთეზე სიკეთით ვუპასუხებთ, კეთილ ნაბიჯზე - გაგებით და თანამშრომლობისათვის მზადყოფნით. მინდა განვაცხადო დღეს პარლამენტის სხდომაზე - ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისათვის. ჩვენ ჩვენი სატკივარი უამრავი გვაქვს და ჩვენთვის უმთავრესი ამოცანაა საქართველოს ერთიანობა და მთლიანობა, საერთოდ საქართველოში მცხოვრები ხალხების ერთიანობა. მაგრამ ჩვენ ასევე გვინდა ვუსურვოთ რუსეთს, რომ ისიც ერთიანი და მთლიანი იყოს. ჩვენ გვინდა ურთიერთობა ეკონომიკურად ერთიან, მაღალგანვითარებულ რუსეთთან. ეს ჩვენს ეროვნულ ინტერესებშია. ასე რომ, საქართველოს ეროვნულ ინტერესებსა და რუსეთის ეროვნულ ინტერესებს შორის წინააღმდეგობა არ არის. თუ ამას ორივე ქვეყნის პოლიტიკოსები კარგად გაიცნობიერებენ, ვფიქრობ, რომ ჩვენ შევძლებთ თანამშრომლობას და ეს კონფლიქტიც ძალიან მალე დამთავრდება, დამთავრდება ისე, როგორც ეს ჩვენს ინტერესებშია, ისე, როგორც ეს აფხაზი ხალხის ინტერესებშია და ისე, როგორც ეს საერთოდ მთელი რეგიონისა და მთელი მსოფლიოს ინტერესებშია.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენის - ტოკიოში დიდი შვიდეულის შეხვედრის შესახებ. ვერ ვიტყვით, რომ დიდი შვიდეულისათის მთავარი საქართველოს საკითხი იყო. მაგრამ ეს საკითხი იხილებოდა ორმხრივი დიალოგის დროს, იხილებოდა საერთო შეხვედრებზეც, ამის შესახებ ითქვა ოფიციალურად პრესკონფერენციაზეც ცალკეული ლიდერების მიერ, კერძოდ აშშ-ს პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება, ბატონმა ელცინმაც, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა, ინგლისის პრემიერმა და სხვებმა. ყველა ამ განცხადებაში გამოხატული იყო დემოკრატიული საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერა და მოწოდება ამ მხარდაჭერისაკენ. როგორ იქნება ეს პრაქტიკულად რეალიზებული მომავალში. ამას დრო გვიჩვენებს. მაგრამ ფსიქოლოგიური, მორალური, პოლიტიკური თვალსაზრისით ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ არა ვართ ბედის ანაბარა მიტოვებული, ჩვენთან დემოკრატიული და პროგრესული სამყაროა. ჩვენ უნდა გავააქტიუროთ დიპლომატიური და პოლიტიკური აქციები რუსეთთან და ევროპული ქვეყნების უშიშროების სტრუქტურებთან თანამშრომლობის თვალსაზრისით. აქ რეზერვები ძალიან დიდია. ამასთან, საჭიროა ახლებურად, ახალი პოზიციებიდან, რეალობისა და იმ განსაცდელის გათვალისწინებით, რომელშიც ახლა არის საქართველო, ახლებურად შევხედოთ ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივებს რუსეთთან, ყველა სხვა სახელმწიფოსთან, რომლებიც ადრე საბჭოთა კავშირში შედიოდნენ. თუ ჩვენ ვერ შევძელით ეკონომიკური კავშირების აღდგენა, ეკონომიკას არაფერი ეშველება. ეკონომიკის ახალი ორიენტაცია დასავლეთის ქვეყნებზე, შედეგს უახლოეს ხანში ვერ მოგვცემს, რეალური შედეგი ცოტა იქნება. ამიტომ მე მინდა გთხოვოთ, რომ მშვიდად, ცივი გონებით გავაანალიზოთ ყველაფერი და ვეძებოთ გამოსავალი. ჩვენ დღეს დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ პოლიტიკურად, მაგრამ ეს პოლიტიკური დამოუკიდებლობა პირობითი იქნება, თუ ეკონომიკა არ ამუშავდა, თუ ეკონომიკა არ ამოძრავდა, თუ პროდუქცია არ შეიქმნა. თუ ეს ეკონომიკური ქაოსი გაგრძელდა, ჩვენი პოლიტიკური დამოუკიდებლობა მართლაც კითხვის ქვეშ დადგება. შეიძლება მოხდეს ისიც, რაც ყველაზე საშინელია, რომელსაც ქვეყნის დაშლა ჰქვია. ამიტომ ვიფიქროთ და მივიღოთ ის გადაწყვეტილება, რომელიც შეესაბამება ქვეყნის ინტერესებს.
მადლობა ყველას თავდადებისა და თავგანწირვისთვის : საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის, პარლამენტის თავმჯდომარის ე. შევარდნაძის სიტყვა პარლამენტის სხდომაზე. 1993 წლის 13 ივლისი. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 15 ივლისი. - №152(698). - 1,2 გვ.
![]() |
107 მის აღმატებულებას ედუარდ შევარდნაძეს საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს |
▲ზევით დაბრუნება |
(ედუარდ შევარდნაძის საპასუხო წერილი უილიამ ჯ. კლინტონს)
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის კლინტონის წერილი - პასუხი მისი და „დიდ შვიდეულში“ შემავალი მისი კოლეგებისადმი ჩემს მიმართვაზე, რომელიც გავგზავნე ტოკიოს შეხვედრის წინ - თავისთავად მრავლისმთქმელია. მას არ სჭირდება რაიმე ახსნა-განმარტებანი და მაინც, ამ წერილმა აღმიძრა სურვილი რამდენიმე სიტყვით მივმართო ჩემს თანამემამულეებს.
ჩვენ მარტონი როდი ვართ მსოფლიოში, ჩვენ გვყავს მრავალი მეგობარი, მათ შორის ისეთი ძლიერი, ძლევამოსილი და გულუხვი, როგორიც არის ამერიკის შეერთებული შტატები.
მოდით გავიხსენოთ, რამდენმა სახელმწიფომ გამოგვიწოდა დახმარების ხელი - იქნება ეს პოლიტიკური, ეკონომიკური თუ ჰუმანური დახმარება. ამ თვალსაზრისით სანიმუშოა ამერიკის შეერთებული შტატების მაგალითი. ამ ქვეყნის ხელმძღვანელთა ძალისხმევით საქართველოს გამოუგზავნეს ჯერ 100 ათასი, შემდეგ კი - 250 ათასი ტონა მარცვლეული. ახლა ჩვენ გამოგვიყოფენ 30 მილიონ დოლარს სურსათის შესაძენად, ეს თანხა კი აღემატება საქართველოს წლიურ ბიუჯეტს. დაგვპირდნენ სხვა სახის დახმარებასაც, რომელიც მოგვცემს საშუალებას გავძლოთ სასტიკი ეკონომიკური კრიზისის პირობებში.
მწამს, რომ ჩვენ გავძლებთ და გავიმარჯვებთ, და მეგობრები დაგვეხმარებიან ამაში. ამას ვახმარ კვლავ მთელ ძალისხმევას, მაგრამ, ამავე დროს, ძირითადად ჩვენი ხალხის იმედი მაქვს. უწინარეს ყოვლისა ჩვენზეა დამოკიდებული ჩვენი აღორძინება, ჩვენი გამარჯვება. თუ არ გადავუხვევთ დემოკრატიულ გარდაქმნათა გზიდან - ჩვენს ძალისხმევას კიდევ უფრო ფართოდ დაუჭერენ მხარს ცივილიზებულ სამყაროში.
ნება მიბოძეთ, თქვენი სახელით გულითადი მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ კლინტონსა და ყველას, ვინც არ გვტოვებს ამ ძნელბედობის ჟამს. ედუარდ შევარდნაძე.
მის აღმატებულებას ედუარდ შევარდნაძეს საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს: ედუარდ შევარდნაძის საპასუხო წერილი უილიამ ჯ. კლინტონს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 17 ივლისი. - №154-155(701). - 1 გვ.
![]() |
108 ედუარდ შევარდნაძე: თუ რუსეთის ხელისუფლება და საზოგადოებრიობა ლოგიკის კანონით იმოქმედებს, მაშინ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში გარდატეხა უნდა მოხდეს |
▲ზევით დაბრუნება |
19 ივლისის რადიოინტერვიუ
- სოხუმში ჩემი ბოლო ჩასვლის მიზანი პირველ რიგში ქალაქის დაცვის დამატებითი ღონისძიებებისათვის ზრუნვა იყო, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ - სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ, რომელიც 18 ივლისს გვიან ღამით დაბრუნდა თბილისში, საქართველოს რადიოს კომენტატორ ნატო ონიანთან გამართულ თავის ტრადიციულ რადიოინტერვიუში. - ადგილობრივ ხელმძღვანელებთან შეხვედრების დროს ჩვენ მთელი რიგი ისეთი საჭირო საკითხები გადავწყვიტეთ, რომლებმაც სოხუმის უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს. - სოხუმში ყოფნისას, - განაგრძო მან, - ხანგრძლივი საუბრები მქონდა თავდაცვის მინისტრთან ბატონ გიორგი ყარყარაშვილთან, სამხედრო ბრიგადების ხელმძღვანელებთან, ზოგიერთი ბატალიონის მეთაურთან, რომლებშიც ბატონი ჯაბა იოსელიანი მონაწილეობდა. ამ საუბრების ძირითადი თემაც სოხუმის დაცვა და მისი საიმედოობის ამაღლება იყო, - თქვა სახელმწიფოს მეთაურმა. - ცვლილებები და გარკვეული ძვრები ამ ფრონტზე ნათელია - ბლოკადა გარღვეულია, ახლა გაცილებით ნაკლებია საფრთხე, მაგრამ, სამწუხაროდ, ძალიან ძვირი დაგვიჯდა ძვრები, დაგვეღუპა და დაგვეჭრა ბევრი მებრძოლი, ოფიცერი, სოხუმის ბევრი მოქალაქე. მაგრამ, ახლა შეიძლება პირდაპირ ითქვას, ქალაქის დაცვის მდგომარეობა გაცილებით უფრო საიმედოა, ვიდრე ეს იყო 15 დღის წინათ. თუმცა, ისიც უნდა ვთქვათ, რომ ამ მხრივ ჯერ კიდევ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი.
გარდა ამისა, სოხუმში ჩემი ჩასვლის მიზანი ისიც იყო, - განაგრძო სახელმწიფოს მეთაურმა, - რომ სოხუმელებთან და იქაურ ხელმძღვანელებთან ერთად გადაგვეწყვიტა აფხაზეთის თავდაცვის და მინისტრთა საბჭოს ხელმძღვანელობის საკითხი. ძალიან ვწუხვარ, რომ ბატონ თამაზ ნადარეიშვილს ჯანმრთელობამ უღალატა, მაგრამ, როგორც სპეციალისტები გვარწმუნებენ, საშიში არაფერია და ბატონი ნადარეიშვილი მალე ჩადგება მწყობრში. სხვათა შორის, დღეს მისი დაბადების დღეა და მინდა სულით და გულით მივულოცო მას ეს დღე და სამშობლოს მაღალი ჯილდო - ვახტანგ გორგასლის ორდენი, რომლითაც იგი ახლახან დავაჯილდოვეთ, - თქვა ედუარდ შევარდნაძემ და განაგრძო: - ჩემი რწმენით, სწორი არჩევანი გავაკეთეთ, რომ აფხაზეთის თავდაცვის და მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტებზე რეკომენდაცია მივეცით ბატონ ჟიული შარტავას კანდიდატურას. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს გადაწყვეტილებას სიამოვნებით და დიდი იმედით შეხვდნენ როგორც სოხუმსა და აფხაზეთში, ისე საერთოდ მთელს საქართველოში. ყოველ შემთხვევაში, ეს ცნობა უკვე გახმაურდა და რაიმე ნეგატიური მოსაზრება მის ირგვლივ ჩემთვის ცნობილი არ არის. მისასალმებელია, რომ ჩვენი გადაწყვეტილება ხელისუფლების მხარდამჭერ პოლიტიკურ ორგანიზაციებთან ერთად სწორედ მიინიჭეს იმ პოლიტპატიმრებმაც, რომლებიც ოპოზიციაში იმყოფებიან. მე მჯერა, - განაგრძო ედუარდ შევარდნაძემ, - ბატონ შარტავას დიდი დრო არ დასჭირდება იმისათვის, რომ ვითარებაში გაერკვეს და საქმეს შეუდგება. საქმე კი ძალიან ბევრია - გაჭირვებული ხალხი მისახედია და აღსადგენია სამართლიანობა. ახლა მთელი საქართველო სოხუმისათვის მუშაობს, ყველგან საკუთარ ლუკმა-პურს იღებენ, რომ იქ გააგზავნონ და, როგორც ირკვევა, იგი დანიშნულების ადგილზე არ მიდის. დიდი სამუშაოების გაგრძელება მოგვიწევს ქალაქის დაცვისათვისაც. ბატონმა შარტავამ ჩვენს თავდაცვის მინისტრთან ბატონ ყარყარაშვილთან უკვე დაამყარა კონტაქტი და იმედი მაქვს, რომ ამ ღონისძიებებსაც მოევლება, - დასძინა ედუარდ შევარდნაძემ.
თავის რადიოინტერვიუში სახელმწიფოს მეთაურმა სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ აფხაზეთში საომარი ვითარების გამწვავებასთან დაკავშირებით გადაიდო მისი ვიზიტები თურქეთსა და ისრაელში. - ჩვენ ამ ვიზიტების გადადებით ბევრი რამ დავკარგეთ, - თქვა მან, - ეს ეხება როგორც პოლიტიკურ, ისე განსაკუთრებით ეკონომიკურ ასპექტებს. მე ნიადაგ ვგრძნობდი და ახლაც ვგრძნობ ამ ქვეყნების მთავრობათა დიდ ინტერესს ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებასა და განვითარების საქმეში. ამიტომ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ დღევანდელ ვითარებაში მათთან მოთათბირებას, მათი აზრის მოსმენის აუცილებლობას. მე ვიცი, რომ ახლახან ბატონმა შიმონ პერესმა გამოხატა თავისი მზადყოფნა ჩვენთან მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ. მაგრამ ეს ჩემთვის ახალი არ არის, ჯერ კიდევ მაშინ, როცა რუსეთ-ისრაელის ურთიერთობა რთული გახლდათ, ჩვენ შესანიშნავი ურთიერთგაგება გვქონდა.
შეეხო რა რუსეთის პრეზიდენტის პირად წარმომადგენელთან ბორის პასტუხოვთან თავის შეხვედრას სოხუმში, ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა, რომ ეს შეხვედრა სასარგებლო იყო, თუმცა კონკრეტული შეთანხმება არ მოხერხდა, სასარგებლო იყო იმით, რომ რუსეთთან დიალოგმა უფრო კონკრეტული ხასიათი მიიღო, - თქვა სახელმწიფოს მეთაურმა, - და მეტი გარკვეულობა ჩანს რუსეთის პოლიტიკაში და არის იმის სიმპტომები, რომ რუსეთმა გააკეთა არჩევანი და ეს არჩევანი გააკეთა არა მარტო მთავრობამ, არამედ იგივე უზენაეს საბჭოში არსებულმა ძალებმაც კი, რომლებიც ჩვენდამი აქამდე ნეგატიურად იყვნენ განწყობილი. დიახ, ეს ძალებიც იცვლიან ჩვენდამი დამოკიდებულებას, განაგრძო ედუარდ შევარდნაძემ, - ისინი ხვდებიან, რომ პოლიტიკურადაც და ეკონომიკურადაც რუსეთს ისევე სჭირდება საქართველო, როგორც საქართველოს - რუსეთი. აი ასეთი რთული და ძნელი გზით მივდივართ უკეთესობისაკენ, ასეთია ჩემი შთაბეჭდილება, - დასძინა მან.
რაც შეეხება უშუალოდ მოლაპარაკებას და შეთანხმების ახალ ვარიანტს, სახელმწიფოს მეთაურმა თქვა, რომ ეს არ არის ახალი იდეა, მაგრამ საკითხის ახლებურად დაყენება კი ნამდვილად არის. რაკი გუდაუთელები აგრესიულად არიან განწყობილი და აქედან გამომდინარე ცდილობენ საკითხის გადაწყვეტას, ჩვენ და რუსეთის მხარემ წამოვაყენეთ კონფლიქტის ზონის დემილიტარიზაციის იდეა. ეს პროცესი ეტაპობრივად გულისხმობს ცეცხლის შეწყვეტას, ჯარების გაყვანასაც, ლტოლვილთა დაბრუნებასაც და საერთოდ ყველა პრობლემის გადაჭრასაც, რაც კონფლიქტთან არის დაკავშირებული. ჩვენი აზრით, დემილიტარიზაცია სრული უნდა იყოს; აღიარებული უნდა იქნეს მისი ეტაპობრივი პრინციპი და შეიქმნას ამ პროცესის საკონტროლო სტრუქტურები. ამ სტრუქტურებში ყველა დაინტერესებულმა მხარემ უნდა მიიღოს მონაწილეობა, მაგრამ წამყვან როლს საერთაშორისო ორგანიზაციები შეასრულებენ. ცხადია, არ უნდა გამოირიცხოს რუსეთის ფაქტორი, რომ ომის დამთავრების ხელშემშლელ ძალებს არ მივცეთ საბაბი, თითქოს ამ ფაქტორს ჩვენ უგულებელვყოფთ. ასეთი პოზიციით ცხადია მეტ დახმარებას გავუწევთ საღ ძალებს. რუსეთს ახლა უჭირს, რადგან კავკასია აფეთქებასაშიში რეგიონია.
ედუარდ შევარდნაძე ამ საკითხზე საუბრისას კვლავ დაუბრუნდა ტოკიოში დიდი შვიდეულის შეხვედრის მოვლენას და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ შეხვედრას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოსათვის. საქართველოს საკითხი, - თქვა მან, - სერიოზული განხილვის საგანი გახდა და იქ მარტო სიტყვებით კი არ შემოიფარგლნენ, ცალკეული დიდი ქვეყნების ლიდერებმა ვალდებულებებიც იკისრეს საქართველოსათვის. ყოველი დასკვნა, რომელიც კი სერიოზულ პრობლემათა ირგვლივ გამომითქვამს, ჩემს მიერ პირადად გაკეთებული ღრმა ანალიზის შედეგია, - განაგრძო ედუარდ შევარდნაძემ, - ჩვენ დრო უნდა მოვიგოთ, რომ საღმა პოლიტიკამ გაიმარჯვოს. მაგრამ ისიც ვიცით, რომ ამგვარ პოლიტიკას ყველა როდი უჭერს მხარს, რადგან მის განსაზღვრას ყველაფრის გაანალიზება სჭირდება და ეს დიდ დროს მოითხოვს, - განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ. - ამიტომ მჯერა, რომ თუ რუსეთის ხელისუფლება და საზოგადოებრიობა საგანთან დამოკიდებულების ლოგიკას არ უღალატებს და ისე იმოქმედებს (უამისოდ კი ცხადია მას დიდი უსიამოვნება შეხვდება), თუ იგი კანონზომიერად იმსჯელებს, მაშინ ჩვენს ურთიერთობაში უნდა მოხდეს გარდატეხა, რადგან ასეთი გარდატეხა, ჩვენთან ჯანსაღი ურთიერთობა რუსეთის ინტერესების სფეროსაც განეკუთვნება. აი ასეთი გახლავთ ჩემი დაკვირვება, - თქვა ედუარდ შევარდნაძემ, - და მივესალმები, რომ ეს პროცესი დაიწყო. თუ როგორ განვითარდება იგი, ახლა ამის თქმა ძნელია, მაგრამ, ჩემი დაკვირვებით, ისეთი ძვრა უნდა მოხდეს.
მე იმდენი ვილაპარაკე სეპარატიზმის საფრთხეზე, რომ მეშინია მთელ მსოფლიოს ამით თავი არ მოვაბეზრო, - განაგრძო სახელმწიფოს მეთაურმა, - მაგრამ მჯერა, რომ ამ გაფრთხილებებს უკვალოდ არ ჩაუვლია. ყველა ჩვენი გამოსვლა, რომელიც ამ საკითხს ეხება, ყველა საღად მოაზროვნე პოლიტიკოსის აზრი ამასთან დაკავშირებით, დიდ სასარგებლო საქმეს აკეთებს. შედეგიც ჩანს. ნახეთ, რამდენი რამ მოხდა ჩვენი ქვეყნის მიმართ მსოფლიოში: სამჯერ მიიღო ჩვენთვის სასრგებლო რეზოლუცია უშიშროების საბჭომ, ჩვენით დაინტერესდა ევროგაერთიანება, იქაც განხილულია ჩვენი საკითხი. თუ აქამდე ნატო შორიდან გვიყურებდა და მისი ინტერესების სფეროში არ ვიყავით, ახლა უკვე ჩვენს საკითხებს განიხილავს და, თუ ჯერჯერობით მათში ვერ ერევა, მისი ეს ყურადღებაც ძალიან მნიშვნელოვანია; ახლა საქართველოს და კავკასიის პრობლემებში რომ უკეთ ერკვევიან საერთაშორისო და ევროპული ორგანიზაციები, ამაში ძალიან დიდია ჩვენი წვლილი, საქართველოს წვლილზე ვლაპარაკობ. გაივლის ცოტა დრო და ალბათ ვნახავთ, თუ როგორ განსაზღვრავენ ჩვენი მეგობრები თავიანთ, საბოლოო პოზიციას, მაგრამ მათი დღევანდელი ყურადღება ჩვენდამი ფასდაუდებელია.
- ახლა საქართველოში გაერთიანების პროცესი მიდის და რაკი ეს პროცესი გარკვეულ მოვლენებთან არის დაკავშირებული, ბუნებრივია რაღაც წინააღმდეგობებთან გვექნება საქმე, - უპასუხა ედუარდ შევარდნაძემ. - არ არის გამორიცხული, რომ ვიღაცა თავისი ინტრიგანული, პოლიტიკანური, თუ გნებავთ ეგოისტური, შესაძლოა ვიწრო კარიერისტული და ფინანსური მიზნებისათვის გამოიყენებს მას. ასეც ხდება და ფაქტი სახეზეა. ბატონ შაშიაშვილის გამოსვლა სწორედ ასეთ გლობალურ პრობლემას შეეხებოდა და მის წინააღმდეგ გალაშქრება იყო. მინდა მხარი დავუჭირო მას, - დასძინა სახელმწიფოს მეთაურმა.
ინტერვიუს დროს სახელმწიფოს მეთაური კვლავ დაუბრუნდა პურის პრობლემებს. ამ დღეებში, - თქვა მან, - მე კვლავ შევხვდი ამ სფეროს მუშაკებს თბილისში. ეს იმიტომ, რომ ამ სფეროში წესრიგი დედაქალაქის მაგალითზე უნდა დავამყაროთ, ვგულისხმობ პურის ცხობის და ვაჭრობის ორგანიზაციას. უპირველეს ყოვლისა მინდა ხალხს ვუთხრა, რომ ჩვენი ამჟამინდელი რესურსებით ქვეყანა პურით გარანტირებულია 6-7 თვე და, ვფიქრობთ, მერეც გადავწყვეტთ პურით მომარაგების საკითხს. მაგრამ ახლა მთავარი მისი სამართლიანი განაწილება გახლავთ, რაც ჩვენ უთუოდ უნდა მოვაგვაროთ. მინდა საზოგადოებრიობამ იცოდეს, - განაგრძო ედუარდ შევარდნაძემ, - რომ ჩვენი საზღვარგარეთელი მეგობრები არა მარტო სიტყვით გვიჭერენ მხარს, არამედ კრედიტებსაც გვაძლევენ. აი ახლა 50 მილიონი დოლარი გამოგვიყო ევროგაერთიანებამ და იგი ძირითადად მარცვლეულის შესაძენად იქნება გამოყენებული. ამერიკის პრეზიდენტის ბატონ კლინტონის წერილში, რომელიც ჩვენ მივიღეთ, ლაპარაკია 30 მილიონი დოლარის დამატებით გამოყოფაზე. ადრე იცით, 250 ათასი ტონა მარცვალი გამოგვიგზავნეს. გერმანია გვიწევს დახმარებას და 20 მილიონი მარკა გამოყო მარცვლეულისა და სხვა სასურსათო პროდუქტების შესაძენად, 30 მილიონი მარკა კი - სოფლის მეურნეობის განვითარების საჭიროებისათვის. თურქეთის დახმარებიდან, რომელიც 50 მილიონ დოლარს შეადგენს, ნაწილი ხორბლის შესაძენად დაიხარჯება.
ამრიგად, მომავალი რეზერვები გვაქვს, ახლა მთავარია პურის ნორმირებულ და გარანტირებულ განაწილებას მივაღწიოთ, - თქვა სახელმწიფოს მეთაურმა, - სწორედ ამ თემაზე მქონდა მწვავე საუბარი ამ სფეროების ხელმძღვანელებთან. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიფიქროთ სიღატაკეში ჩავარდნილ ადამიანებზე, ოჯახებზე. ხანდახან ქუჩაში გასვლა მრცხვენია, ასე მგონია, რომ მარტო მე ვარ დამნაშავე. ამიტომ ყველა, ვისაც ეს ეხება, ასეთივე განწყობით უნდა განიმსჭვალოს - პრემიერიც, ვიცე-პრემიერებიც, მინისტრებიც, კონცერნების ხელმძღვანელებიც... და, როცა მათდამი საყვედურს გამოვთქვამთ, კი არ უნდა გაიბუტონ, პირიქით - მეტი უნდა გააკეთონ. სამწუხაროდ, ეს მარტო პურს არ ეხება. ორი კვირაა ვამბობ, რომ მოსახლეობისათვის შემოვიტანოთ ახალი კარტოფილი. სამწუხაროდ, ყველა ელოდება, რომ ამ საქმეს მათ მაგივრად სხვა ვინმე გააკეთებს, არადა, რა დიდი დახმარება იქნებოდა თბილისისა და ქვეყნის სხვა ცენტრების გაჭირვებული მოსახლეობისათვის. ვაჭრობის სამინისტრომ, რაიონების გამგებლებმა უნდა იცოდნენ, რომ ასეთი საკითხის გადაწყვეტასთან ყველაზე მეტად არის დამოკიდებული, თუ როგორი იქნება მათი მუშაობისადმი ხალხის განწყობა.
ინტერვიუს დასასრულს სახელმწიფოს მეთაური კვლავ აფხაზეთის ომს დაუბრუნდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ იქ გატარებული დღეები დიდ, მძიმე განცდებთანაც არის დაკავშირებული და სიამაყის წუთებთანაც. - მე უფრო მეტად გამიღრმავდა ჩემი ხალხისადმი რწმენა, რადგან ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვხედავდი სამშობლოს თავდავიწყებულ სიყვარულს... ამ ომმა ჩვენ ყველას დაგვანახა, თუ რისი გაკეთება შეუძლია ჩვენს ხალხს და საბოლოოდ გააქარწყლა მავანთა და მავანთა ნიჰილიზმი, თითქოს ქართველებს ბრძოლა არ შეუძლათ. აი ასეთი ნიჰილისტი თვითონ უნდა მოხვდეს იქ და დარწმუნდება, რომ ჩვენ მართლაც დიდი ხალხი ვართ, - თქვა სახელმწიფოს მეთაურმა, - მე ბევრი ოჯახი ვიცი, ორი შვილი რომ დაკარგა, მაგრამ დედაც და მამაც ამ ამბავს ისე შეხვდა, როგორც ნამდვილ ქართველ დედას და ვაჟკაცს სჩვევია. მე ვნახე სოხუმელი ქართველები, აფხაზეთის სხვა ქალაქების და სოფლების მკვიდრნი, საქართველოს სხვა რეგიონებიდან ჩამოსული ვაჟკაცები, თბილისელები, რომელთა გვერდით ყოფნა საამაყოა.
ყველასათვის ნაღდი მაგალითია ნოდარ კანკიას - ერთი სენაკელი ბიჭის გმირობა. იგი მოწინააღმდეგის ბოევიკებით სავსე ტანკს ქვეშ შეუვარდა და მათთან ერთად აფეთქდა, რადგან ხედავდა, იგი ჩვენს პოზიციას და თანამებრძოლებს გადათელვით ემუქრებოდა. ჩვენ არცკი ვიცოდით, რომ ასეთი გმირი იყო ჩვენს გვერდით და ასეთი გადაწყვეტილების მიღება შეეძლო. განა ამ ფაქტის შემდეგ შეიძლება ნიჰილიზმზე ლაპარაკი? ჩვენ მაინც ასე ვიბრძოლებთ და ასე ავაშენებთ ამ ქვეყანას. ამიტო გადავწყვიტეთ ნოდარ კანკიას გმირობის სამშობლოს დიდი ჯილდოთი აღნიშვნა. იგი ახლა სასუფეველშია, მაგრამ მისმა ოჯახმა უნდა იცოდეს, რომ გმირებს სამშობლო ყოველთვის შეამჩნევს და მათს თავდადებას სათანადოდ დააფასებს. ეს უნდა იცოდეს ყველამ.
მივმართავ ქართველებს და მივმართავ აფხაზებს, - თქვა შემდეგ ედუარდ შევარდნაძემ, - რომ გვეყო ამდენი მსხვერპლი, გონს მოვიდეთ, რატომ ვხოცავთ ერთმანეთს. გავიხსენოთ ის, რომ საუკუნეთა მანძილზე ერთად ვიყავით და აქედან გამომდინარე მოვალე ვართ ჩვენვე მოვაგვაროთ ყველაფერი. მინდა მივმართო გუდაუთის ხელმძღვანელობას, რომლებმაც, ჩემი სოხუმში ყოფნის დროს, როცა მოლაპარაკება მიმდინარეობდა, კვლავ ჭურვები დაუშინა სოხუმს. ნუთუ არ ფიქრობთ იმ დღეზე, ბატონებო, რომ ოდესმე სოხუმში ჩამოხვალთ? როგორ უნდა გაუსწოროთ თვალი აქაურ ხალხს?
მე მივესალმები ყველას სამშვიდობო ინიციატივას, ვისგანაც უნდა მომდინარეობდეს იგი, მხარს დავუჭერ ყველა აქციას, რომელიც აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგებას ეხება, მაგრამ პირველ რიგში მე იმის მომხრე ვარ, რომ ჩვენ, ქართველები და აფხაზები დავდგეთ პირისპირ და ჩვენვე დავამყაროთ მშვიდობა ამ მადლიან მიწაზე.
საქართველოს პარლამენტის პრეს-ცენტრი.
ედუარდ შევარდნაძე: თუ რუსეთის ხელისუფლება და საზოგადოებრიობა ლოგიკის კანონით იმოქმედებს, მაშინ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში გარდატეხა უნდა მოხდეს / შევარდნაძე ე. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 20 ივლისი. - №156(702). - 1 გვ.
![]() |
109 აწ და მარადის გაიმარჯვებს სიკეთე! |
▲ზევით დაბრუნება |
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს ალექსი II-ს მის უწმინდესობასა და უნეტარესობას სრულიად საქართველოს პატრიარქს ილია II-ს
თქვენი, - ორი ძმური, უძველესი ქრისტიანული მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა მოძღვართა - მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის, ალექსი II-ისა და სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის საპატრიარქო მიმართვას რუსეთის პრეზიდენტისა და საქართველოს მეთაურისადმი, ორივე ქვეყნის პარლამენტებისა, მთავრობისა და ხალხებისადმი დიდი მნიშვნელობა აქვს.
სწორედ ასე აღიქვა ეს დოკუმენტი ქართველმა ხალხმა, საქართველოს ყოველმა მოქალაქემ, ეკლესიის მრევლმა, ხელისუფლებამ.
თქვენს მიმართვაში წამოჭრილია სასიცოცხლო მნიშვნელობის პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მორალურ-ეთიკური პრობლემები, ხალხთა ძმობისა და მეგობრობის, ომისა და ზავის, კონფლიქტთა მოგვარების, მშვიდობის განმტკიცების მეტად აქტუალური საკითხები, რომლებიც, ქრისტიანულ და ზოგადსაკაცობრიო იდეალებს ემყარება და ამიტომ ჩვენთვის სავსებით გასაგებია და სრულიად მისაღები.
თქვენ მოითხოვთ შეჩერდეს საქართველოს და რუსეთის ხალხთა და სახელმწიფოთა შორის ძმური ურთიერთობის რღვევა, თქვენი სურვილია ამ ჩვენს რთულ დროში, როდესაც ხალხები ცდილობენ ახლებურად ააწყონ ცხოვრება თავისუფლების პირობებში, - ახალი იმპულსი მიეცეს ჩვენი ორი ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი სულიერი ტრადიციების შესაბამის ურთიერთობას, ვიგრძნოთ მეტი პასუხისმგებლობა ჩვენი ერების აწმყოსა და მომავლისათვის, მათი სულიერი და მორალური კათარზისისა და აღორძინებისათვის.
ქართველი ხალხი, საქართველოს პარლამენტი, მთავრობა, ამ სულისკვეთებით ცხოვრობს და იბრძვის.
ნეტარ არიან მშვიდობის მოყვარულნი, კეთილი ნების ადამიანები, ჩვენს ორივე ქვეყანაში, მთელ მსოფლიოში და ორივე სოფელსა შინა.
არა მოვედ მოფენად მახვილისა, არამედ მშვიდობისა, - ნათქვამია საღვთო წერილში.
საქართველოსა და რუსეთის ხალხებს საუკუნეების მანძილზე თიშავდა იმპერიული ძალები, მაგრამ აერთებდა ღვთაებრივი, ქრისტიანული სული და მორალი, დიდი კულტურა და დიდი ცივილიზაცია. ერთმორწმუნე რუსეთთან კავშირს მრავალსაუკუნოვანი და მდიდარი ისტორია აქვს. სიკეთე მოდგმიდან მოდგმას უნდა გადაეცეს.
ისტორიული გზა ხშირად მძიმე და ეკლიანი იყო; მაგრამ ამ გზაზე კეთილისა და ბოროტის ბრძოლა სიკეთის გამარჯვებით უნდა დამთავრდეს. „ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერიაო“, - ამბობს შოთა რუსთაველი.
ისტორიის რეაქციული ძალები ცდილობენ დღეს ეთნოკონფლიქტები, ეჭვი, უნდობლობა და შური დათესონ ჩვენს ხალხებს შორის, მაგრამ ეს უდღეური, ბეცი პოლიტიკა განწირულია დასაღუპავად, ხალხების ერთმანეთზე წაკიდება, სხვათა უბედურებაზე ხელის მოთბობა სასტიკთა, უმეცართა და პოლიტიკან ინტრიგანთა პროფესიაა.
ამ ტიპის პოლიტიკოსები, მათ მიერ შექმნილი პოლიტიკური სისტემები, თქვენი თქმისა არ იყოს, იბადებიან და კვდებიან, მაგრამ ხალხები რჩებიან, ცხოვრობდნენ და იცხოვრებენ კეთილმეზობლურად, ახალი დროისა და პრინციპების შესაბამისად.
თქვენ საქართველო-რუსეთის კეთილმეზობლური ურთიერთობის პრობლემებს განიხილავთ აფხაზეთში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე და მოგვიწოდებთ შეწყდეს სისხლისღვრა და ძმათამკვლელი ომი.
ჩვენი ნანატრი სურვილიც ეს არის.
ჩვენ გვინდა ღირსეულად დამთავრდეს აფხაზეთის კონფლიქტი და ნანატრი მშვიდობა დამყარდეს სრულიად საქართველოში, ამიერკავკასიასა და კავკასიაში, მთელ მსოფლიოში. დავიცვათ ადამიანის უფლებები, ქრისტიანული მორალი, სახელმწიფოთა დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა.
მე პარადად, როგორც სახელმწიფოს მეთაური და მართლმადიდებელი ქრისტიანი, დიდ მადლობას მოგახსენებთ თქვენი წერილისათვის.
გეთანხმებით, საჭიროა სისხლისღვრის დაუყოვნებლივ შეწყვეტა, მშვიდობის მყარი გარანტიების შექმნა, კონფლიქტში ჩაბმული ქვეყნების პრობლემების სამართლიანი გადაჭრა მოლაპარაკებების გზით, ყოველი ხალხის კანონიერი მოთხოვნებისა და ინტერესების გათვალისწინებით.
თქვენ სავსებით სამართლიანად ამბობთ, რომ საჭიროა დამყარდეს ეს მშვიდობა და კაცთმოყვარული, კეთილმეზობლური ურთიერთობა ერთ მიწაზე მცხოვრებ ქართველთა, რუსთა, აფხაზთა, ყველა ერისა და ეროვნების წარმომადგენელთა შორის.
ამ მაღალი იდეალებისათვის იღვწიან საქართველოს ქრისტიანები, მუსლიმანები, იუდეველები, სხვადასხვა მსოფლმხედველობის და რწმენის ადამიანები.
ორი დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფოს - საქართველო-რუსეთის კეთილმეზობლური ურთიერთობა საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვით, ორივე ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებს შეესაბამება.
დიდ მადლობას გიხდით მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს ალექსი II-ს და სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია II-ს იმ ლოცვა-კურთხევისათვის, რომელიც თქვენ ცად აღავლინეთ საქართველოსა და რუსეთის კეთილმეზობლობის, მეგობრობის, ბედნიერებისა და კეთილდღეობისათვის, აფხაზეთში მშვიდობის დამყარებისათვის.
აფხაზეთს ჩვენ კვლავაც ვპირდებით ავტონომიური სტატუსის ხელშეუვალობას, მზად ვართ შევუქმნათ აფხაზ ხალხს ყველა პირობა საკუთარი ენის, კულტურის, ყოფის დაცვისა და განვითარებისათვის ერთიან, დამოუკიდებელ და განუყოფელ საქართველოში.
მეც თქვენსავით ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ღვთის წყალობით ორივე ქვეყანაში, საქართველოსა და რუსეთში აწ და მარადის გაიმარჯვებს სიკეთე, გონიერება და სამართლიანობა.
ედუარდ შევარდნაძე.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე,
სახელმწიფოს მეთაური.
აწ და მარადის გაიმარჯვებს სიკეთე! : მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს ალექსი II-ს მის უწმინდესობასა და უნეტარესობას სრულიად საქართველოს პატრიარქს ილია II-ს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 20 ივლისი. - №156(702). - 1 გვ.
![]() |
110 დაზუსტებულია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების პროექტის ტექსტი |
▲ზევით დაბრუნება |
ოთხშაბათს გვიან საღამოს შედგა სახელმწიფოს მეთაურის ედუარდ შევარდნაძის შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტის პირად წარმომადგენელთან, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ბორის პასტუხოვთან. შეხვედრაზე საბოლოოდ დაზუსტდა კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების პროექტის ტექსტი, რომელიც სამხედრო ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით შეიძლება განსახილველად წარედგინოს საქართველოს პარლამენტს.
- მაგრამ მანამდე, - თქვა სახელმწიფოს მეთაურმა საქინფორმის კორესპონდენტთან საუბარში, - აუცილებელად მიმაჩნია, რომ ამ პროექტს გაეცნონ და დასტური მოგვცენ სოხუმელებმა. ისინი უფრო მძაფრად აღიქვამენ საერთო ვითარებას, ამიტომ მათი აზრი ჩვენთვის გადამწყვეტი იქნება. 22 ივლისს პროექტის ტექსტს განიხილავენ აფხაზეთის თავდაცვის საბჭოსა და მინისტრთა კაბინეტის ერთობლივ სხდომაზე. თანხმობის მიღების შემთხვევაში, მოვიწვევთ პარლამენტის საგანგებო სხდომას პროექტის განსახილველად.
შევარდნაძის აზრით, პროექტზე მუშაობა რთულად მიმდინარეობდა, მაგრამ მთავარია თავიდან ავიცილოთ სისხლისღვრა, ახალი მსხვერპლი.
შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფოს მეთაურის პირადი წარმომადგენელი, ადამიანის უფლებათა დაცვის და ეროვნებათაშორისი ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარე სანდრო კავსაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ უკლება, რუსეთის მხრიდან - საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ვლადიმერ ზემსკი, სხვა ოფიციალური პირნი.
საქინფორმი
დაზუსტებულია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების პროექტის ტექსტი // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 23 ივლისი. - №159(705). - 1 გვ.
![]() |
111 ედუარდ შევარდნაძე: ბრძოლა იწყება, მაგრამ ბრძოლა შედარებით მშვიდობიანი გზებით, მშვიდობისათვის და ომის დამთავრებისათვის |
▲ზევით დაბრუნება |
26 ივლისის რადიოინტერვიუ
მე ამ ბოლო დღეებში საკმაოდ ინტენსიურად მიხდება საუბარი ამ დოკუმენტის შესახებ. მე ვრჩები იმ აზრზე, იმ პოზიციას ვიცავ, რომ გადაწყვეტილება თავისთავად და, ამდენად დოკუმენტი, რომ ახლა უნდა შეწყდეს ცეცხლი, ისტორიული მნიშვნელობისაა - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ - სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ საქართველოს რადიოს კომენტატორ ნატო ონიანთან თავის ტრადიციულ რადიოინტერვიუში, როცა შეეხო კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტისა და მისი კონტროლის მექანიზმის შექმნის შესახებ შეთანხმებას. ამასთან ერთად, თქვა მან, ხაზს ვუსვამ, რომ ეს შუალედური დოკუმენტია. ამას, სხვათა შორის, არცერთი ჩემი ოპონენტი არ ახსენებს. ეს არ არის საბოლოო დოკუმენტი, მან საბოლოო მოწესრიგებამდე, ომის დამთავრებამდე უნდა მიგვიყვანოს. ეს არის ომის დამთავრების პროცესის დასაწყისი. საერთოდ, იდეალური დოკუმენტები ასეთ შემთხვევაში არ დგება. ვფიქრობ, ეს მაინც ერთადერთი გამოსავალია დღევანდელი უღრმესი ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისიდან. აქ მხედველობაში უნდა მივიღოთ, რომ ეს არის შესაძლებლობა, რომელიც ეძლევა საქართველოს - აღადგინოს ტერიტორიული მთლიანობა უსისხლოდ, ახალი დიდი მსხვერპლის გარეშე. მიმაჩნია, რომ ეს ისტორიული შანსია, რომელიც უნდა გამოვიყენოთ. მე არ მინდა იმის თქმა, რომ ეს ყველაფერი გარანტირებულია, ყველა პრობლემა უმტკივნეულოდ მოგვარდება, თუ ხელს მოვაწერთ დოკუმენტს; ბრძოლა იწყება, მაგრამ ბრძოლა შედარებით მშვიდობიანი გზებით, მშვიდობისათვის და ომის დამთავრებისათვის.
ახლა ხშირად მესმის, რომ იცით გვირჩევნია ბრძოლა გავაგრძელოთ, გვირჩევნია შევეწიროთ, საყოველთაო მობილიზაცია გამოვაცხადოთ, მთელი ქვეყანა ფეხზე დავაყენოთ, ვიომოთ ბოლომდე, გამარჯვებამდე და ასე შემდეგ. მე მაქვს უფლება ვილაპარაკო ამ ომზე, მის შედეგებზე, როგორც იტყვიან, მე ზურგში არ დავრჩენილვარ და, ასე თუ ისე, ვიყავი იქ, სადაც უნდა ყოფილიყო სახელმწიფოს მეთაური მთავარსარდალი და მოქალაქე, სახელმწიფოს მოქალაქე. მე უფრო უკეთ, ვინემ სხვამ, ვიცი, რაც არის ეს ომი. ვიცი მისი მთელი საშინელება ორივე მხარისათვის, ქართველებისათვის, აფხაზებისათვის. მე მიმაჩნია, რომ ეს ომი უნდა დავამთავროთ. ხალხი მეტს ვეღარ გაუძლებს, ვეღარ უძლებს უკვე. მე მაკვირვებს იმ მოღვაწეთა გამოსვლები, რომლებიც ვერ გრძნობებ ამას, დაკარგეს იმის შეგრძნება, თუ როგორია ჩვენი ხალხის დღევანდელი მდგომარეობა. ვისი ბრალია ეს, ჩემი თუ სხვისი? მოვა დრო და გაირკვევა ყველაფერი. მაგრამ ჩვენ ხომ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, რომ დამთავრდეს ომი, დავიწყოთ პროცესი, რომელსაც მივყავართ ომის დამთავრებისაკენ, საქართველოს ტერიტორიის გამთლიანებისაკენ. ეს სადავო არავისთვის არ უნდა იყოს. ამ მშვიდობისაკენ მიმავალ გზაზე პოლიტიკური ამბიციები არ უნდა გადაგვეხერგოს, მე მიმაჩნია, რომ ჩვენი დიდი ავადმყოფობა დღეს არის დემაგოგია. პოპულიზმი. სხვათა შორის დამახასიათებელი დემოკრატიისაკენ მიმავალი ლიდერი ყველა ქვეყნისათვის. მაგრამ ჩვენთან ეს განსაკუთრებით გამოიკვეთა. ამიტომ, მე მივიღე ეს გადაწყვეტილება, და ღრმად მჯერა, რომ დღეს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა სწორედ ამ გადაწყვეტილებას დაუჭერს მხარს.
დღეს მე მექნება შეხვედრა ბატონ პასტუხოვთან. ჩვენ ვდაობთ, ვკამათობთ, ბევრ რამეში არ ვეთანხმები, მაგრამ შეთანხმება ამიტომ არის შეთანხმება, ხელშეკრულებას ამიტომ ჰქვია ხელშეკრულება. სხვათა შორის, ამ სიტყვას ჩავუფიქრდეთ - ხელშეკრულება - ე.ი. რაღაცაში ხელს ვიღაც უკრავს, ეს ბრძნული ქართული სიტყვაა და კომპრომისს გულისხმობს, რაღაცის დათმობას - ერთის მხრივ, და რაღაცის მოგებას - მეორეს მხრივ.
მინდა ეს კარგად გააცნობიეროს ჩვენმა საზოგადოებრიობამ, თუ რატომ ვიღებ ჩემს თავზე პასუხისმგებლობას. მე სხვაგვარად არ შემიძლია. ამ შემთხვევაში, ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ იმისათვის, რომ ეს ხელშეკრულება შესრულდეს. და, რაც მთავარია, როდესაც ცეცხლი შეწყდება, დაიწყება მეორე ეტაპი - უფრო რთული და უფრო ძნელი, დიდი ხელშეკრულების მომზადება საბოლოო მოწესრიგებისათვის, სადაც უნდა გადაწყდეს ბევრი საკითხი, მათ შორის, მხედველობაში მაქვს მდინარე ფსოუზე საზღვრის საკითხი. და ეს საკითხი უნდა გადაწყდეს რუსეთთან ხელშეკრულების გაფორმების შედეგად. დარწმუნებული ვარ ჩვენი ხალხი დღეს დაინახავს, რომ ჩვენ, ბოლოს და ბოლოს, მართალი ვართ. დღეს საუბარი მექნება რუსეთის ხელმძღვანელობასთან. ჩვენ, ალბათ უნდა შევთანხმდეთ, როგორ მოვიქცეთ, როდის გაფორმდეს ეს ყველაფერი და ამის შესახებ ტელემაყურებლებს და რადიომსმენელებს აუცილებლად შევატყობინებ დღეს ან ხვალ.
მეორე თავისებურება ამ მომენტისა და იმისა, თუ რატომ ვიღებ მე ამ პასუხისმგებლობას, რომ დღეს მოეწეროს ამას ხელი მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს მწარე გამოცდილება, მწარე გაკვეთილი, როცა რუსეთთან მოვაწერეთ ხელი ხელშეკრულებას და ის არ შესრულდა, დღეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია და ამასაც ჩემი ოპონენტები გვერდს უვლიან, ეს არის რეალური მონაწილეობა გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა, უშიშროების საბჭოში, გაეროს გენერალური მდივნის პირადი წარმომადგენლისა ამ მოლაპარაკებისა და მოწესრიგების პროცესში. უშუალოდ მეთვალყურეებისა და სამშვიდობო ძალების შემოსვლა. ყველა ის ატრიბუტი, რასაც ჰქვია საერთაშორისო ძალების მონაწილეობა კონფლიქტის დაძლევაში, როგორც იტყვიან, სახეზე გვაქვს, ამასაც ნუ გავაუფასურებთ, ეს გავითვალისწინოთ, ეს დავიმახსოვროთ, რომ აქ უკვე სხვა თვალი უყურებს და აკონტროლებს საქართველოსაც. რუსეთსაც და მეორე მხარესაც, რომელთანაც ახლა ჩვენ საომარ მდგომარეობაში ვართ. რაც შეეხება ლაპარაკს იმის შესახებ, რომ, აი, რა მოხდა მერე, ნაპოლეონმა მოსკოვი აიღო და ბოლოს მაინც დამარცხდა. მე მგონია, ასეთი პარალელები ბევრ სასიკეთოს არაფერს მოიტანს. მე მზარავს, როცა ლაპარაკობენ იმაზე, რომ ჩვენ შეიძლება სოხუმი დავთმოთ და დავტოვოთ. ვერ გეტყვით, შეიძლება რაღაც უბედურება დატრიალდეს, რაღაც მოხდეს ასეთი, თუმცა, იმის მიხედვით, რაც არის რეალური ძალები და შესაძლებლობები, თუ ღალატი არ იქნება, სოხუმი არ დაიკარგება, მით უმეტეს, რომ ახლა ამ დოკუმენტის ხელმოწერას, ცეცხლის შეწყვეტას ჩვენ მივუახლოვდით და შეიძლება ეს ამ დღეებში გაფორმდეს. მე კიდევ ვიმეორებ, არ შემიძლია მშვიდად ვილაპარაკო იმაზე, რომ ადამიანებს, ქართველებს ებადებათ ასეთი აზრი. როცა მივიღე ეს გადაწყვეტილება, რომ უნდა მოვაწერო-მეთქი ხელი, უფრო სწორედ, შეიძლება მე კი არა, ჩემმა წარმომადგენელმა მოაწეროს ხელი, მე მაშინ არავითარი ეჭვი არ მქონია. მე სწორი ვარ იმიტომ, რომ არა ერთი და ორი ღამე გამითენებია ამაზე ფიქრში და ათასი ვარიანტი და ათი ათასი შესაძლებლობა გადავხარშე გონებაში და მივედი ამ დასკვნამდე, მაგრამ რახან პარლამენტში ასეთი ვნებათაღელვა იყო და საკმაოდ მძლავრი პოზიცია გამოიკვეთა, და ეს, სხვათა შორის, სატელევიზიო გადაცემებშიც კარგად ჩანს, რომ ბევრი არ ეთანხმება, ამიტომ, მივიღე გუშინ გადაწყვეტილება - გავფრინდე სოხუმსა და ღამის ათი საათიდან დილის შვიდ საათამდე გავატარე ჩვენს სამხედროებთან, ჩვენს შტაბში. შევხვდი თითქმის ყველას, ვისაც უნდა ჰკითხო ასეთ დროს აზრი, შევხვდი სოხუმელებს, მინისტრთა საბჭოს პრეზიდიუმს, მინისტრებს, მოქალაქეებს, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს. უნდა გითხრათ, რომ ჩავედით იმ განწყობილებით, რომ თუ მართლა ვცდები, მე საზომად ამ შემთხვევაში, სოხუმელების განწყობილება მინდოდა გამეგო, და აი, ამ საუბრების, შეხვედრების შედეგად, წუხანდელმა მძიმე ღამემ ერთხელ კიდევ დამარწმუნა, რომ მე ახლა, ამ ეტაპზე მართალი ვარ. მომავალი გვიჩვენებს, შემდეგ რა იქნება, მაგრამ დღეს მე მართალი ვარ ერისა და საკუთარი სინდისის წინაშე. მე რომ სხვა გადაწყვეტილება მივიღო, მაშინ, ალბათ, მე მიმაჩნია, დღეს არის იმის შანსი, რომ ვიბრძოლოთ მშვიდობისათვის, ვიბრძოლოთ ღირსეული ზავისათვის, ქვეყნის ტერიტორიის გამთლიანებისათვის, და ეს შანსი რომ ხელიდან გავუშვათ, მაშინ მართლაცდა სახრჩობელაზე ასასვლელი ვარ, ამ გრძნობით, ამ განწყობილებით დავბრუნდი სოხუმიდან, მე მართალი ვარ დაღუპულთა ხსოვნის წინაშეც, მე ეს ღრმად მჯერა, რომ ის ოჯახებიც კი, რომლებიც ამ უბედურებაში აღმოჩნდნენ, შვილები მარჩენალები დაკარგეს, მიესალმებიან, თუკი ზავი და მშვიდობა დამყარდება. მე განსაკუთრებით მართალი ვარ მათ წინაშე, ვინც შეიძლება დღეს და ხვალ დაიღუპოს. და თუ კონფლიქტი, ომი გაგრძელდა, ეს ათასებზე აღარ იქნება ლაპარაკი. ჩვენ ისეთი ქვეყანა ვართ, რომელსაც შეზღუდული რესურსები აქვს და, შეიძლება ითქვას, რომ ეს რესურსები აღარც კი გაგვაჩნია. ესე იგი, რით უნდა ვიბრძოლოთ? უნდა ვიბრძოლოთ იმ იარაღით, რომელსაც თანამედროვეს ვეღარ დაარქმევ. ამას მოჰყვება უამრავი მსხვერპლი, უამრავი ადამიანი დაიღუპა და, პირველ რიგში, ახალგაზრდობა. მე არ ვიცი, თუ ვინმეს აქვს იმის გამბედაობა, გამოაცხადოს, რომ მას ურჩევნია ნახევარი საქართველო გაწყვიტოს და ასეთ დოკუმენტს ხელი არ მოაწეროს. მე, როგორც იტყვიან, ათასჯერ და ათი ათასჯერ ცივი გონებით განვსაჯე და ისტორიულ პასუხისმგებლობას არ მინდა გავექცე და არც გავექცევი, სანამ პირში სული მიდგას, და სანამ მე ჩემს მოვალეობას ვასრულებ.
როცა კონფლიქტის მოწესრიგებაში საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობის ფაქტორის მნიშვნელობაზე ილაპარაკა, სახელმწიფოს მეთაურმა თქვა, რომ, როცა უშიშროების საბჭომ რამდენჯერმე მიიღო რეზოლუცია, ეს მისი მოთხოვნით იყო. და იქ საკმაოდ სერიოზული შეშფოთებით და სერიოზული ყურადღებით ეკიდებოდნენ ყველა ჩემს წერილს, თქვა ედუარდ შევარდნაძემ, და ამ წერილებს შედეგად ის მოჰყვა, რომ დღეს მთავარი საერთაშორისო ორგანიზაცია ჩართულია და მონაწილეობს ამ კონფლიქტის მოწესრიგებაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია და მე მგონია, ახალი შეცდომები, ანდა შეგნებული დარღვევა ხელშეკრულებისა, ამის შესაძლებლობა, გაცილებით ნაკლებია.
პარლამენტის სხდომაზე აღვნიშნე, რომ რუსეთი, იმის გამო, რომელშიც ეს ქვეყანა აღმოჩნდა, ახლა უფრო მეტად არის დაინტერესებული ამ კონფლიქტის მოწესრიგებით, ვიდრე, თუნდაც, გასული წლის სექტემბერში იყო. ამასაც გარკვეული მნიშვნელობა აქვს. რაც შეეხება იმას, რომ მეუბნებიან, აი ჩვენ მზადა ვართ ვიბრძოლოთ, განვაცხადოთ, რომ ვართ ომის მდგომარეობაში რუსეთთან, რომ ჩვენ გადავიქცევით მეორე ავღანეთად, ტაჯიკეთად და ასე შემდეგ, მინდა მთელი სერიოზულობით განვაცხადო, რომ ამის თქმის უფლება სერიოზულ პოლიტიკოსს არ გააჩნია. მე ვიცი, რა არის ავღანეთი, მე იქ ბევრი რამ ვნახე. ასი წელი დასჭირდება ავღანეთს, რომ ფეხზე წამოდგეს. მილიონ-ნახევარი ადამიანი ამოწყდა, ეს კიდევ არაა ზუსტი აღრიცხვა, მე არ მინდა საქართველოს ეს ბედი ეწიოს, და ნუ ვითამაშებთ ამ სიტყვებით, ის ვინც ამას ამბობს, არ წავა ამ ბრძოლაში, ის პირველი არ ჩადგება მებრძოლთა რიგებში. ლაპარაკი იმის შესახებ, რომ ჩვენ შეიძლება მეორე ავღანეთად ვიქცეთ, არ არის სწორი. პოლიტიკოსებს ეს არ ეკადრებათ. ღმერთმა ნუ ქნას, ისეთი რამ დატრიალდეს საქართველოში, რაც ახლა ტაჯიკეთში ხდება. მე უკვე ვთქვი და კიდევ ვიმეორებ, რომ მთელი ჩვენი ხელოვნება მთელი ჩვენი ჭკუა და გონება მიმართული უნდა იყოს იმისაკენ, რომ იმ გზას, რომელმაც შეიძლება ასეთ ვარიანტამდე მიგვიყვანოს, ავცდეთ. ეს ომი, მე ვიტყოდი, ბრძოლა ნორმალური ურთიერთობებისათვის მოითხოვს სერიოზულ პოლიტიკურ შეფასებას, რომლის შემდეგ საჭიროა მოქმედება. ხშირად ამბობენ, რომ, აი, შევარდნაძის ზურგს უკან პოლიტიკური ძალა არ დგას და ა.შ. მრავალი სხვა არგუმენტიც მოჰყავთ. მე ასე მიმაჩნია - ჩემი დასაყრდენი ჩემი ხალხია და მე ვამაყობ ჩემი ხალხით, რომლის მხარდაჭერასაც ვგრძნობ. სხვათა შორის, გამოკითხვა რომ მოვაწყოთ, თუ ვინ უჭერს ახლა შევარდნაძეს მხარს და ვინ არა, მე მგონი, ეს იქნება დიალოგი იმ პოლიტიკის სასარგებლოდ, რომელსაც მე ვთავაზობ ხალხს. ასე რომ, დასაყრდენი არის. თუმცა, კიდევ შეიძლება ფიქრი იმაზე, თუ როგორი ორგანიზაციული სახე უნდა მიიღოს ხალხის მხარდაჭერამ. როცა ვლაპარაკობთ უფლებების გამოყენებაზე ან განხორციელებაზე, აუცილებელია ზოგიერთი მექანიზმის სრულყოფა, ზოგიერთი პოლიტიკური ინსტრუმენტის შექმნა. ამაზე ვფიქრობ და რაღაც გარკვეულ დასკვნამდე აუცილებლად მივალ, რომელსაც შევთავაზებ საზოგადოებას.
ის გაზრდილი უფლებები, რომლებიც პარლამენტმა მომანიჭა, პირველად გამოვიყენე იმაში, რომ მივიღე გადაწყვეტილება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. სახელმწიფოს მეთაურის უფლების უფრო მნიშვნელოვნად გამოყენება, მე მგონი, ძნელი წარმოსადგენია. მე ვიღებ ისტორიული მნიშვნელობის გადაწყვეტილებას და ესაა ჩემს მიერ უფლების სრულად გამოყენების ერთ-ერთი გამოვლინება. მაგრამ ამით საქმე არ უნდა დამთავრდეს. უნდა შევეცადო და შევეცდები კიდეც, რათა გამოვიყენო ჩემი უფლებები და მდგომარეობა იმისათვის, რომ ხალხს უკეთ ვემსახურო, დავძლიო ის მოვლენები, რომლებიც დღეს ყველას გვაღელვებს და გვაწუხებს.
როცა რუსეთთან ნორმალურ ურთიერთობაზე, კეთილმეზობლობაზე ვლაპარაკობ, სულაც არა მაქვს მხედველობაში, რომ რუსეთის პოლიტიკა განსაკუთრებით იდეალურია ჩვენთვის, - ხაზი გაუსვა სახელმწიფოს მეთაურმა.
კუპონის კურსზე საუბრისას ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ თქვა, რომ ჩვენ ბოლომდე უნდა ამოგვეწურა მანეთის შესაძლებლობა. კუპონები დაბეჭდილი უნდა გვქონოდა და ეროვნული ვალუტა უნდა გამოგვეყენებინა მაშინ, როცა ეს აუცილებელი იქნებოდა. მაგრამ როგორი ვითარებაც უნდა იყოს რუსეთში საშინაო მდგომარეობის თვალსაზრისით, ჩვენ მაინც უნდა ვიზრუნოთ იმისათვის, რომ ორ ქვეყანას შორის იყოს ნორმალური ურთიერთობა, თუ გვინდა, რომ ეკონომიკური სიტუაცია გამოსწორდეს, ფინანსურ მდგომარეობასაც ეშველოს რამე, მეცნიერება კვლავ წამოდგეს ფეხზე. ვიმეორებ: მიუხედავად ნეგატიური ამბებისა, რომლებიც ყველა ჩვენგანს აწუხებს და აფიქრებს, მაინც უნდა ვიფიქროთ ნორმალურ ურთიერთობაზე.
შემდეგ ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ ილაპარაკა იმ მასშტაბებზე, რომლებიც ჩვენში მიიღო კორუფციამ და მაფიოზური ელემენტების ქმედებამ. კორუფცია, მაფიოზური ელემენტების მომრავლება, რთული კრიმინოგენური ვითარება, მკვლელობა, ადამიანის მოტაცება და სხვა, ეს ყველაფერი ომის თანმდევი მოვლენებია. ვერავინ ვერ დამისახელებს ისეთ ქვეყანას, თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელიც ომის მდგომარეობაში აღმოჩნდა და ამ უბედურებებს ასცდა. ამიტომ, კვლავ ვიმეორებ, რომ საჭიროა ომის დამთავრება, უნდა დაიწყოს ეს პროცესი და მაშინ წესრიგის დამყარების მეტი საშუალება გვექნება.
მე ვიცი, თქვა ინტერვიუს დასასრულ ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ, რასაც გვიკიჟინებენ ისინი, ვინც აკრიტიკებს ჩემს გადაწყვეტილებას ამ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის შესახებ. არგუმენტად იშველიებენ იმას, რომ რუსეთი მაინც არ მოგვასვენებს, მაინც იმოქმედებს, იმუშავებს ჩვენს წინააღმდეგ და ა.შ. მაგრამ მე მაინც იგივეს ვუპასუხებ მათ: ომი თუ არ დამთავრდება, ეს საფრთხე კიდევ უფრო დიდი იქნება. მაგრამ თუ აფხაზეთის ომი დამთავრდება, ჩვენ საშუალება მოგვეცემა უფრო ინტენსიურად, უფრო სერიოზულად, პრინციპულად მივხედოთ სამაჩაბლოს, რომ იქ საბოლოო მშვიდობაზე, საბოლოო მოწესრიგებაზე, საზღვრების პრობლემაზე ვილაპარაკოთ, მივხედოთ იმ რეგიონებს, სადაც არის გარკვეული საფრთხე და ეს უკვე გამოიკვეთა. მინდა, განვაცხადო: თუ გვინდა, რუსეთმა ნეგატიური როლი არ შეასრულოს ჩვენს ცხოვრებაში, უნდა ვიფიქროთ მასთან ნორმალურ ურთიერთობაზე. ამჯერად, ეს გარდაუვალია, შემდეგ კი ცხოვრება გვიჩვენებს.
ედუარდ შევარდნაძე: ბრძოლა იწყება, მაგრამ ბრძოლა შედარებით მშვიდობიანი გზებით, მშვიდობისათვის და ომის დამთავრებისათვის : 26 ივლისის რადიოინტერვიუ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 27 ივლისი. - №162(708). - 1, 2 გვ.
![]() |
112 ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ დავამყარებთ მშვიდობას ჩვენს ქვეყანაში |
▲ზევით დაბრუნება |
ქართველ და აფხაზ ხალხებს
თანამემამულენო!
აგერ უკვე თორმეტი თვე სრულდება, რაც აფხაზეთის მიწაზე არ წყდება ძმათამკვლელი ომი. ბევრი საზარელი, ენით აუწერელი რამ მოხდა ამ დროის მანძილზე. ზღვა სისხლი დაიღვარა, სისხლი ძმობისა, ერთი ოჯახისა და ერთი გვარის შვილებისა, რომლებიც ბედის უკუღმართობით ფრონტის ხაზის სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდნენ. ათასობით ოჯახი დარჩა უსახლკაროდ. საკუთარი სამშობლოდან ლტოლვილის ბედი გაიზიარა მრავალმა უდანაშაულო ქართველმა, აფხაზმა, სომეხმა, რუსმა, ბერძენმა თუ სხვა ეროვნების ადამიანმა. ყოველივე ამას გამართლება არა აქვს!
ამ საშინელი ომით დაიღალა ხალხი. დაიღალა აფხაზეთი, დაიღალა ქართველი, სომეხი, ბერძენი თუ რუსი. დაიღალა აფხაზი, დაიღალა სრულიად საქართველო! დღეს უკვე არსებობს ყველა პირობა, რათა სერიოზულად ვილაპარაკოთ მშვიდობაზე, შერიგებაზე. რაოდენ მტკივნეულიც უნდა იყოს ეს პროცესი, მაინც ესაა მხოლოდ გამოსავალი, ესაა ჩვენი საერთო ხსნის გზა.
მართალია, უდავოა, რომ ჩვენი მტრობის გაღვივებაში ლომის წილი გარეშე ძალებს უდევთ, მაგრამ, რაოდენ მნიშვნელოვანიც უნდა იყოს მათი ჩარევა, საბოლოო, გადამწყვეტი სიტყვა მაინც ჩვენ უნდა ვთქვათ. ჩვენ, ორმა უძველესმა მოძმე ხალხმა, უნდა მოვილაპარაკოთ. ქართველთა და აფხაზთა მომავალი თვით ამ ხალხებმა უნდა განსაზღვრონ, თავიანთი ბედი თვითონვე უნდა გადაწყვიტონ. არ არსებობს ჩვენს ხალხებს შორის სადავო არც ერთი საკითხი, რომელსაც ჩვენ ვერ გადავჭრით.
აფხაზთა და ქართველთა ერთობლივმა ძალისხმევამ უნდა გაამთლიანოს ორად გახლეჩილი აფხაზეთი და განამტკიცოს მისი სახელმწიფოებრიობა საქართველოს შემადგენლობაში. უნდა შეიქმნას ისეთი ვითარება, როცა აფხაზი ხალხის კულტურის, ენის, მისი ეროვნული თვითმყოფადობის გადარჩენა და განვითარება გარანტირებული იქნება. ჩვენ უნდა შევუქმნათ ნორმალური არსებობისა და განვითარების ყველა პირობა სომხებს, რუსებს, ბერძნებს, ყველა ეროვნების ადამიანს.
ახლა, როცა ვითარება უკიდურესად დაიძაბა, როცა აფხაზი და ქართველი ხალხების საერთო მტრები აღარაფერს ერიდებიან თავიანთი ბნელი ზრახვების ასასრულებლად, ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რათა მტკიცე საფუძველი შევუქმნათ მშვიდობის დამყარებას რეგიონში. დღეს მთავარია უზრუნველვყოთ ცეცხლის შეწყვეტა. უნდა დავაწესოთ უმკაცრესი კონტროლი, რათა არანაირი იარაღიდან სროლა აღარ წარმოებდეს, აღვკვეცოთ ყოველგვარი პროვოკაცია როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან. დაე, მიიღონ ამ კონტროლში მონაწილეობა გაეროს, მეზობელი რუსეთის წარმომადგენლებმა, მაგრამ მთავარი მაინც ჩვენი თვალი და ყური, ჩვენი სინდისი უნდა იყოს. უდიდესი მონდომება, კეთილი ნება გვმართებს, რათა აღვადგინოთ ცხოვრების ნორმალური პირობები აფხაზეთის ყველა ქალაქსა და რაიონში, შევქმნათ საფუძველი ლტოლვილი ოჯახების საკუთარ კერებზე დასაბრუნებლად.
მე ღრმად მწამს, რომ ქართველი და აფხაზი ხალხები კვლავ მონახავენ გზას ურთიერთის გულებისაკენ. ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ დავამყარებთ მშვიდობას ჩვენს ქვეყანაში, მეგობრული, კონსტრუქციული დიალოგის გზით მოვაგვარებთ ყველა სადავო საქმეს, რაც ბედნიერებისა და აყვავების საწინდარი იქნება, როგორც აფხაზეთის, ისე სრულიად საქართველოს მიწაზე.
ედუარდ შევარდნაძე.
ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ დავამყარებთ მშვიდობას ჩვენს ქვეყანაში: ქართველ და აფხაზ ხალხებს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 27 ივლისი. - №162(708). - 1 გვ.
![]() |
113 ამჯერად ცეცხლი ნამდვილად შეწყდება! |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარის - სახელმწიფოს მეთაურის ედუარდ შევარდნაძის განცხადება
საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტში აფხაზეთში ცეცხლის შეწყვეტისა და მისი შესრულებისადმი კონტროლის მექანიზმის შესახებ შეთანხმების პროექტის განხილვის შესახებ მივიღე გადაწყვეტილება, დაევალოთ საქართველოს სრულუფლებიან წარმომადგენლებს საჭირო შესწორებათა შემდეგ, ხელი მოაწერონ მას.
1992 წლის აგვისტოში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან განვლილი მთელი თერთმეტი თვის მანძილზე ჩვენ ვეძებდით მშვიდობას, ძმათამკვლელი ომის შეწყვეტის გზებს. იმთავითვე ვიცოდით, ვამბობდით, ვარწმუნებდით: გამარჯვებული ამ ომში არ შეიძლება იყვნენ და არც იქნებიან. არ შეიძლება გამარჯვება სისხლისმღვრელ, ერთმანეთის გამანადგურებელ ომში, როცა ერთმანეთს უპირისპირდებიან საერთო მიწის ადამიანები და ერთი სახელმწიფოს მოქალაქეები. ამ ომში ერთადერთი შესაძლო და მისაღები გამარჯვებაა მშვიდობა, სისხლისღვრის, ადამიანთა, ქალაქებისა და სოფლების, ცოცხალი ბუნების მოსპობის შეწყვეტა.
მშვიდობის მიღწევისადმი ჩვენი მისწრაფება დადასტურებულია რამდენიმე შეთანხმებით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, წარმატებული ცდებით - მიგვეპყრო მსოფლიო გაერთიანების ყურადღება აფხაზეთში მიმდინარე კონფლიქტებისადმი, გამოგვეყენებინა გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ავტორიტეტი და შესაძლებლობანი მისი პოლიტიკური საშუალებებით მოწესრიგებისათვის. ჩვენი ინიციატივით გაეროს უშიშროების საბჭომ განიხილა საკითხი კონფლიქტის ზონაში საერთაშორისო მეთვალყურეთა გაგზავნის შესახებ და მიიღო შესაბამისი რეზოლუცია. უკვე მიღებულია მისი განხორციელების პრაქტიკული ღონისძიებანი. ამავე დროს, რუსეთის შუამდგომლობით, ჩემსა და რუსეთის პრეზიდენტს შორის, ამა წლის 14 მაისს მიღწეული შეთანხმების წყალობით, განახლდა სამმხრივი მოლაპარაკება ცეცხლის შეწყვეტის რეალური პირობებისა და მათი დაცვისადმი კონტროლის ქმედითი მექანიზმის შესამუშავებლად.
უეჭველია, გაიზარდა რუსეთის პოზიტიური როლი, რომლის უმაღლესმა პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ მკაფიოდ განსაზღვრა თავისი პოზიცია, რომ რუსეთი დაინტერესებულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობითა და სტაბილურობით.
მივესალმებით რა ამ პოზიციას, რომელიც მთლიანად შეესაბამება ჩვენს, არაერთგზის გამოხატულ თვალსაზრისს კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონში საქართველოს როლისა და ადგილის თაობაზე. ჩვენ ვაცხადებთ, რომ საქართველო კვლავაც ყველა ღონეს იხმარს, რათა იყოს აქ სტაბილურობისა და მშვიდობის საიმედო გარანტი.
ახლა, როცა აფხაზეთში ცეცხლის შეწყვეტას საფუძვლად დაედო დემილიტარიზაციის იდეა და მსოფლიო გაერთიანება ებმება მისი განხორციელების საქმეში, საქართველოს აქვს მეტი შანსი ამ მიზნის მიღწევისათვის. ვიმედოვნებ, რომ ამჯერად ცეცხლი ნამდვილად შეწყდება და ჩვენ შევძლებთ შევუდგეთ მშვიდობიან აღმშენებლობით პროცესს, რომელიც შეიცავს აფხაზეთში კონფლიქტის მოწესრიგების ყველა ასპექტს.
ხელმოსაწერად მომზადებული შეთანხმება შეიცავს ყველა საჭირო პირობას, ალბათ, ერთის გარდა, და მე მინდა, ჩამოვაყალიბო იგი: უწინარეს ყოვლისა, ცეცხლი უნდა შეწყდეს ადამიანთა გონებასა და გულში, რომლებიც ტრაგიკულად ჩათრეული არიან ორი ხალხისათვის ამ კატასტროფულ დაპირისპირებაში.
ეს ძნელი, მაგრამ საარსებოდ აუცილებელი, და ამიტომ - შესაძლებელია. მინდა მწამდეს, რომ ამას გაიგებს ყველა, და ჩვენ კვლავ, უწინდებურად, მშვიდობიანად ვიცხოვრებთ ერთად ერთ მიწაზე, და არ დავიღუპებით ერთად ამ მიწაზე.
თბილისი,
1993 წლის 24 ივლისი.
ამჯერად ცეცხლი ნამდვილად შეწყდება! : საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარის სახელმწიფოს მეთაურის ედუარდ შევარდნაძის განცხადება // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 27 ივლისი. - №162(708). - 1 გვ.
![]() |
114 ედუარდ შევარდნაძე: გადავდგათ ის ნაბიჯი, რომელსაც მშვიდობისაკენ მიმავალ გზას ვუწოდებთ |
▲ზევით დაბრუნება |
24 ივლისის ტელეინტერვიუ
აფხაზეთში ცეცხლის შეწყვეტისა და მისი შესრულებისადმი კონტროლის მექანიზმის შესახებ შეთანხმების პროექტის განხილვისადმი მიძღვნილი საქართველოს პარლამენტის დახურული სხდომის შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ - სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ პირდაპირ ეთერში ინტერვიუ მისცა ჟურნალისტ ვალერი კვარაცხელიას.
ჟურნალისტის თხოვნით სახელმწიფოს მეთაურმა კომენტარი გაუკეთა შემოთავაზებულ პროექტს. მან კერძოდ, თქვა:
- პირველ რიგში, მინდა გამოვთქვა კმაყოფილება იმის გამო, რომ პარლამენტმა ძალიან პრინციპულად განიხილა მოსალოდნელი შეთანხმების ძირითადი საკითხები, და მომცა საშუალება იმისა, რომ უფრო გაბედულად, უფრო მეტი რწმენით, მივიღო გადაწყვეტილება იმის შესახებ, მოვაწეროთ თუ არა ხელი ამ შეთანხმებას. მე მართლაც მოკლე კომენტარს ვაკეთებ, შევეცდები ავხსნა, რას წარმოადგენს ეს შეთანხმება,რა შინაარსი აქვს და რამდენად არის მისაღები და მიუღებელი ჩვენი ინტერესების გათვალისწინებით.
პირველი, რაც ხაზგასმითაა აღნიშნული, ამ პროექტში, (ჯერჯერობით ეს პროექტია), ეს არის პრინციპული კონსტატაცია იმისა, რომ ცეცხლი უნდა შეწყდეს ამა და ამ თარიღიდან, ხოლო თარიღი დადგინდება ხელმოწერის პროცესში. შემდეგი დებულება გახლავთ საკონტროლო მექანიზმის შექმნა. თქვენ გახსოვთ, რომ ასეთი საკონტროლო სისტემა, საკონტროლო მექანიზმი შეიქმნა 3 სექტემბრის შემდეგ, რომელმაც, სამწუხაროდ, ვერ იმუშავა, მაგრამ ყველა შემთხვევაში, თუ ცეცხლი უნდა შეწყდეს, საკონტროლო მექანიზმი უნდა შეიქმნას და ასეთი იდეა, ასეთი დებულება აქ ფიქსირებულია. ამ ეტაპზე კონტროლის განხორციელებაში მონაწილეობას მიიღებს საქართველო, რუსეთი, გუდაუთის დაჯგუფება, რა თქმა უნდა, გაეროს დამკვირვებელთა სპეციალური ჯგუფი. მონაწილეობას მიიღებენ აგრეთვე აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები, შეიქმნება დროებითი, საკმაოდ მრავალრიცხოვანი საკონტროლო ჯგუფები, რომლებიც განლაგდებიან კონფლიქტის მთელ პერიმეტრზე. ეს პროცესი უკვე დაიწყო. მეწინავე ჯგუფი, რომელმაც უნდა დაგეგმოს უცხოელი მეთვალყურეების მონაწილეობა ამ საქმეში, უკვე მუშაობს. ისინი იყვნენ სოხუმში, გუდაუთაში, ისევ სოხუმში და ალბათ, დღეს-ხვალ დაბრუნდებიან თბილისში. ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველად ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, საქართველოში კონფლიქტის მოგვარებაში მონაწილეობას მიიღებენ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, უშიშროების საბჭო, ევროთათბირის წარმომადგენლები. შეიქმნა გაერთიანებული კომისია საბოლოო მოწესრიგებისათვის, რათა მომზადდეს დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც, საერთოდ უნდა მოეღოს ბოლო კონფლიქტს. ამ კომისიის მუშაობაში, როგორც ზემოთ ვთქვით, მონაწილეობას მიიღებენ გაეროს, ევროთათბირის წარმომადგენლები. ასევე აქ გათვალისწინებულია დებულება საერთაშორისო მეთალყურეებისა და სამშვიდობო ძალების გამოყენების შესახებ სხვადასხვა ადგილებზე, მაგალითად, იქ, სადაც დაპირისპირებაა გუმისთის ნაპირებს შორის, ასევე საზღვარზე, ფსოუზე და ზოგიერთ სხვა ცხელ წერტილში, სადაც შეიძლება დაირღვეს შეთანხმება. ამ ძალების შემადგენლობა, მხედველობაში მაქვს სამშვიდობო ძალები, მეთვალყურეები, მათი რაოდენობა და მთელი რიგი სხვა საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია მათს ფუნქციონირებასთან, შეთანხმებული იქნება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან და ამ შეთანხმების საფუძველზე იმოქმედებენ ისინი აფხაზეთში.
შედარებით ახალი იდეა, რომელიც რა თქმა უნდა, სერიოზულ დამუშავებას მოითხოვს, არის მთელი კონფლიქტის ზონის ეტაპობრივი დემილიტარიზაცია. ამგვარად იდეა პირველადგაჩნდა მსგავს დოკუმენტებში და, ვფიქრობ, რომ, თუ სერიოზულად ვიმუშავებთ ამ მოსაზრების ხორცშესხმისათვის, თავისთავად მას დიდი მომავალი აქვს. ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, როგორც საქართველოს შეიარაღებული რაზმები, ასევე აფხაზეთში შემოსული სხვა სამხედრო ფორმირებები ტოვებენ კონფლიქტის ზონას. ეს ჩვენთვის ერთ-ერთი რთული დებულებაა. 3 სექტემბრის შეთანხმებაში არ იყო ლაპარაკი იმის შესახებ, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები კონფლიქტის ზონიდან გამოვლენ, მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ, ამას ხაზს ვუსვამ, რომ დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გაყვანილი ყველა, ვინც შემოსულია აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩრდილოეთიდან და თქვენ იცით, როგორი ძალებია და რა მასშტაბისაა ეს შემოჭრა, მაშინ ვითარება გარკვეულად იცვლება. გარკვეული კომპენსაცია ჩვენი შეიარაღებული რაზმებისა, რომლებიც ახლა იქ იმყოფებიან, უნდა მოხდეს აფხაზეთში მცხოვრები ქართველი მოსახლეობისაგან შედგენილი სამხედრო ნაწილის ბაზაზე. სამხედრო ნაწილს, ვუსვამ მე ხაზს. ეს შეიძლება იყოს პოლკი, ბრიგადა, იმის მიხედვით, თუ რა რაოდენობის ხალხი იქნება საჭირო. ეს ნაწილი შეასრულებს შინაგანი ჯარის ფუნქციებს - დაიცავს სარკინიგზო მაგისტრალებს (ჩვენი ჯარების გადაადგილება აფხაზეთში სწორედ ამ ამოცანასთან იყო დაკავშირებული), სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტებს. გაანგარიშებები, თუ რა რაოდენობის ხალხი, რომელი კომუნიკაციების დაცვა იქნება საჭირო, ცალკე უნდა გაკეთდეს და ცალკე განხილვის საგანი იქნება. მოგეხსენებათ, ახლა აფხაზეთში ასეთი ნაწილების უკმარისობა არ არის. სოხუმში, გულრიფშში, ოჩამჩირის ზონაში, სხვა რეგიონებში მოქალაქეთა საკმაოდ დიდმა რაოდენობამ მიიღო საბრძოლო ნათლობა, და ახლა სოხუმშიც და ოჩამჩირეშიც რამდენიმე სრულფასოვანი ბატალიონი მოქმედებს, იბრძვის და მათ ბაზაზე შესაძლებელია ასეთი ნაწილის ფორმირება. ამავე მიზნებით გუდაუთის ზონაში მოხდება პოლკის ფორმირება. კონფლიქტის ზონიდან გაყვანილი აფხაზეთის მხარის შეიარაღებული ძალების ბაზაზე. მასში თავს მოიყრიან ის მებრძოლები, რომლებიც ახლა სხვადასხვა მიმართულებით არიან გამოყენებული. ისინი ძირითადად დაცვით ფუნქციებს შეასრულებენ. ყოველივე ეს მოხდება გაერთიანებული კომისიის კონტროლის ქვეშ.
როგორც ზემოთ აღვნიშნე, საჭიროების შემთხვევაში მოხდება სამშვიდობო ძალების ფორმირება, ამ ძალებში იქნებიან სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლები. რომელი ქვეყნების - ჯერ ეს დასადგენია, განსასაზღვრია. მათ შემადგენლობაში გაეროს შეთანხმებით და მისი ეგიდით იქნებიან რუსეთის ნაწილებიც. მათი რაოდენობა, შეფარდება, ცალკე მოლაპარაკების საგანი უნდა იყოს.
პროექტში გათვალისწინებულია ზრუნვა ლტოლვილების დაბრუნებაზე, და ეს მეტად მნიშვნელოვნად მიმაჩნია. ცეცხლის შეწყვეტისთანავე დაიწყება ეს მუშაობა, და ჩემი წინადადებაა, ამასთან დაკავშირებით, შეიქმნას გაერთიანებული კომისიების სპეციალური ჯგუფები რეგიონებში, ცალკეულ სოფლებში, და ეს საკმაოდ ვრცელი ქსელი იქნება.
თავისთავად, დემილიტარიზებული ზონა გულისხმობს, რომ მომავალში არ უნდა დარჩეს არცერთი შეიარაღებული ფორმირება. ამასთან დაკავშირებით, საკმაოდ აქტიურად ისმის აფხაზეთში დისლოცირებული რუსეთის ნაწილების ბედის საკითხი. მხედველობაში მაქვს გუდაუთის რაიონში და სოხუმში განლაგებული ნაწილები. ჩვენ შევთანხმდით, და ეს აღნიშნულია პროექტში, რომ ამ ნაწილების ბედი უნდა გადაწყდეს რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკების პროცესში. მოლაპარაკება კი დაიწყება ცეცხლის შეწყვეტისთანავე.
ამ ჯარების საკითხი სწორედ ორ სახელმწიფოს შორის მოლაპარაკების საგანი უნდა იყოს და არა მესამე და მეოთხე ძალისა.
გაეროს ეგიდით, რუსეთის მონაწილეობით, დაუყოვნებლივ დაიწყება მოლაპარაკება კონფლიქტის საბოლოო მოწესრიგებისათვის. ზოგს შეიძლება ეხამუშება - რატომ რუსეთის მონაწილეობითო. მე დღეს პარლამენტზე არაერთხელ გაზგასმით აღვნიშნე, რომ რეალისტები უნდა ვიყოთ და რეალური ვითარებიდან გამოვიდეთ. თუ გვინდა, რომ სერიოზულად ვილაპარაკოთ კონფლიქტის მოწესრიგებაზე, ანგარიში უნდა გავუწიოთ რუსეთის ფაქტორს. ეს ერთი. მეორე - რუსეთის რეალური მონაწილეობა კონფლიქტის მოწესრიგების საქმეში გარკვეულად მის პასუხისმგებლობას უსვამს ხაზს, გულისხმობს ამ პასუხისმგებლობას. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ჩვენთვის და მშვიდობის საერთო ინტერესებისათვის, სავსებით მისაღებია რუსეთის მონაწილეობა კონფლიქტის მოგვარებაში, მათ შორის, მოლაპარაკების პროცესში.
მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ პროექტი, რომელზეც ახლა ვლაპარაკობთ, შუალედურია. თუმცა, აქ არის ცალკეული პოლიტიკური ასპექტებიც, მაგრამ ძირითადად, დაკავშირებულია ცეცხლის შეწყვეტასთან. წარმოდგენილ პროექტში არის ჩამონათვალი იმ პრობლემებისა, რომლებიც უნდა აისახოს საბოლოო დოკუმენტებში. ეს არის რეგიონში მშვიდობის დაცვის პრობლემები, დემილიტარიზაციის საკითხები, სამშვიდობო ძალების გამოყენების მთელი ტექნოლოგია, ეკონომიკური ცხოვრების განახლება და მოწყობა აფხაზეთის ყველა ზონაში, წესრიგის აღდგენა, სამხედრო დამნაშავეთა გამოვლენა, ლაპარაკია იმაზე, ვინც მონაწილეობდა სასტიკ დამსჯელობითს ექსპედიციებში და უსწორდებოდა უდანაშაულო ადამიანებს. ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა, რომელიც დეტალურად უნდა დამუშავდეს, ეს არის ლტოლვილთა დაბრუნების ურთულესი საკითხი. სწორედ ამ საბოლოო დოკუმენტმა უნდა დაარეგულიროს ადამიანის უფლებათა დაცვა, ეროვნულ უმცირესობათა უფლებები და რაც მთავარია, აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსი, რომელიც რა თქმა უნდა, გულისხმობს არჩევნების მოწყობას და შემდგომ პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ ცხოვრებას.
არის ასეთი დებულებაც, რომელმაც პარლამენტში სერიოზული კამათი გამოიწვია, და იგი 3 სექტემბრის ხელშეკრულებაშიც იყო გათვალისწინებული. ეს დებულება ითვალისწინებს კანონიერი ხელისუფლების ნორმალური მუშაობის პირობების შექმნას. დღეს ასეთი შეკითხვაც კი გაისმა, ითვლება თუ არა კანონიერად, ის ხელისუფლება, რომელიც დღეს სოხუმში მუშაობს ბატონი შარტავას, ადრე ბატონი თამაზ ნადარეიშვილის ხელმძღვანელობით, და სხვა იქაური სტრუქტურები. ეს სტრუქტურები ისევე კანონიერია, როგორც სხვა სტრუქტურები აფხაზეთში, რომლებსაც გულისხმობს მეორე მხარე, რადგანაც, ისინი შექმნილია საქართველოს მთავრობისა და ხელისუფლების, პარლამენტის, ჩემი განკარგულებით და მათ კანონიერი არსებობის უფლება აქვთ.
აი, დაახლოებით ასეთია შეთანხმების ეს პროექტი.
კორესპონდენტის შეკითხვაზე, თუ რამ განაპირობა ამ პროექტისადმი ასეთი დამოკიდებულება, იმან, რომ მასში მიღწეულია გარკვეული კონსენსუსი და იგი იმ კონდიციამდეა მიყვანილი, რომ მისაღებია ჩვენთვის, თუ ჩვენ ძალიან გაგვიჭირდა აფხაზეთის ფრონტზე და იძულებული ვართ, ნებისმიერ დოკუმენტს მოვაწეროთ ხელი, ოღონდ ცეცხლი შეწყდეს, სახელმწიფოს მეთაურმა უპასუხა:
- კონფლიქტის დაწყების მეორე დღიდანვე ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ სამშვიდობო ეტაპზე გადავსულიყავით. სწორედ აქედან გამომდინარეობდა 3 სექტემბრის ხელშეკრულება, ჩვენი ზრუნვა იმისათვის, რომ დაწყებულიყო ორმხრივი კონტაქტები, ორმხრივი, სამმხრივი დიალოგი, არაერთი მიმართვა გაერთიანებული ერების ორგანიზაციისადმი და ა.შ. მაგრამ, სამწუხაროდ, ამან შედეგი ვერ მოგვცა, ახლა ჩვენი მთავარი მიზანი არის ომის დამთავრება, ცეცხლის, სისხლისღვრის შეწყვეტა. უნდა გითხრათ, რომ უმძიმეს მდგომარეობაშია საქართველო, ქართველობა, მაგრამ არც აფხაზები არიან დალხინებული. უზარმაზარია მათი მსხვერპლი. რასაც ჩვენ, ალბათ, ისევე განვიცდით, როგორც საკუთარ ტკივილს. ეს ჩვენი ხალხია, ჩვენი მოქალაქეები არიან და სხვაგვარად შეუძლებელია. ამიტომ, შეიძლება ამ დოკუმენტში ზოგი რამ სადავოა, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს არის მშვიდობისაკენ, კონფლიქტის, სისხლისღვრის შეწყვეტისაკენ მიმავალი გზა, მაშინ უნდა ვთქვათ, რომ ეს ის არის, რაც ჩვენ გვჭირდება, რაც საქართველოს ინტერესებს ეხმიანება. საბოლოო მიზნიდან გამომდინარე, მე მიმაჩნია, რომ დღეს სწორედ ის დოკუმენტი გვაქვს ხელთ, რომელიც გარკვეულ ბაზად გამოდგება, საერთო მოწესრიგების პრობლემებთან დაკავშირებული მოლაპარაკებისათვის, არის მოსაზრებებიც, რომ ეს კაპიტულაციაა, საშინელი დათმობაა და ა.შ. მიმაჩნია, რომ მშვიდობის დამყარება, ომის შეწყვეტა საკუთარ ქვეყანაში, თუნდაც გარკვეული კომპრომისის ფასად - უკვე გამარჯვებაა. გულახდილად უნდა გითხრათ: წარმოუდგენელია არ განიცადო, როცა უყურებ რამდენი ახალგაზრდა დაიღუპა, დაიჭრა, დასახიჩრდა, რამდენი ოჯახი გაუბედურდა, რამდენი დედა და მეუღლე შეიმოსა ძაძით. აღარ შეიძლება ამის გაგრძელება. მე არ ვამბობ, რომ მშვიდობას მივაღწიოთ საქართველოს ეროვნული ინტერესების საზიანოდ, მაგრამ საქართველოს მშვიდობა სჭირდება, როგორც ჰაერი და წყალი.
შეთანხმების პროექტისადმი საზოგადოებრიობის გარკვეულ ნაწილში გაჩენილი ეჭვის გამო, თითქოს სამაჩაბლოს გზა მეორდება, ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ თქვა:
- ამგვარი ეჭვები არა მარტო მოქალაქეებს და ცალკეულ პარლამენტარებს ებადებათ, მეც მღრღნის და არც არის დასამალი. რომ არა რუსეთის გარკვეული წრეების მხრიდან დახმარება, სეპარატისტული რეჟიმი, ამდენს ვერ შეძლებდა. მხედველობაში მაქვს ზოგიერთი ძალა, რომელთა მხარდაჭერითაც შეიქმნა, ფაქტობრივად, დაჯგუფების სამხედრო პოტენციალი. მეორეს მხრივ, ამ ეჭვის საფუძველს იძლევა ის, რომ 3 სექტემბრის ხელშეკრულებამ ვერ იმუშავა, რაც ძალიან ძვირად დაგვიჯდა - დაიკარგა გაგრა, ლესელიძე, განთიადი და უამრავი მსხვერპლი და უბედურება დაგვატყდა თავს. არც 14 მაისის შეთანხმება გამოდგა შედეგიანი. მაგრამ მშვიდობის მიღწევა იმიტომაა ძნელი, რომ ეკლიანია მისი გზა და ჩვენ ამ ეკლიან გზაზე უნდა გავიაროთ. მუდმივი ეჭვების გავლენამ ჩვენ შეიძლება აგვაცდინოს სწორ გზას, ეს უნდა გვახსოვდეს. უნდა გადავდგათ ის ნაბიჯი, რომელსაც მშვიდობისაკენ მიმავალ გზას ვუწოდებთ. ვფიქრობ, რომ რუსეთი უნდა იყოს და არის კიდეც სისხლხორცეულად დაინტერესებული ამ კონფლიქტის შეწყვეტით. ჩემი აზრით, თავისი შინაური პრობლემები რუსეთს უკარნახებს, რომ მან დადებითი როლი შეასრულოს, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე მაინც. თუმცა სიფრთხილე გვმართებს, ვიდრე რეალობად არ იქცევა ცეცხლის შეწყვეტა, მეთვალყურეები არ შეუდგებიან მუშაობას, არ მივაღწევთ გარკვეულ გარანტიებს იმისა, რომ აღარ განახლდება კონფლიქტი და საბრძოლო შეტაკებები.
აღსანიშნავია, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს, ევროსტრუქტურების ამგვარი სახით მონაწილეობა, როგორც შეთანხმების პროექტშია მოცემული, პირველად ხდება. უშუალოდ მეთვალყურეების, სამშვიდობო ძალების შემოსვლა არის იმის გარანტია, რომ რუსეთმა თავისი სიტყვა შეასრულოს. ამაში მინდა თავადაც დავრწმუნდე და საზოგადოებრიობაც დავარწმუნო.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, საერთაშორისო ორგანიზაციების, „დიდი შვიდეულის“ მხრიდან მხარდაჭერის რა გარანტიები არსებობს, თუკი რუსეთი ერთხელ კიდევ გატეხავს სიტყვას, სახელმწიფოს მეთაურმა თქვა:
- მე „დიდი შვიდეულის“ თითოეულ ქვეყანას მივმართე წერილობით და პასუხებიც მოდის. პირველი პასუხი მივიღე ამერიკის შეერთებული შტატებიდან. მასში ნათლად არის გამოხატული დიდი ქვეყნის პოზიცია. ჩემი აზრით, ეჭვს არ იწვევს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, ისევე როგორც „შვიდეულის“ სხვა ქვეყნები, იზიარებენ საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებს, მისი ტერიტორიული მთლიანობის დაცვის პოზიციებზე დგანან და მზად არიან, დაგვეხმარონ. მიმაჩნია, რომ ეს ძალიან დიდი ფაქტორია, რაზეც სხვა დროს ოცნებაც კი შეუძლებელი იყო. თუ რუსეთში გამოჩნდებიან ძალები, რომლებიც კვლავ შეეცდებიან, ხელი შეუწყონ საქართველოში არასტაბილურობის გამომწვევ პროცესებს, მე ვფიქრობ, რომ საერთაშორისო საზოგადოებრიობა გულგრილი აღარ დარჩება ამ მოვლენის მიმართ. ეს კარგად იცის რუსეთის ხელმძღვანელობამ, სხვათა შორის, ტოკიოში, დიალოგის დროს ბატონმა ელცინმა არაერთხელ აღნიშნა, რომ იგი, პირადად, და რუსეთის ხელმძღვანელობა დაინტერესებულია, საქმე ჰქონდეს ერთიან, მთლიან, განუყოფელ საქართველოსთან, სტაბილურ ქვეყანასთან, როგორც თავის უახლოეს მეზობელთან, რომელთანაც ისტორიულად ყოველთვის დიდი კავშირები ჰქონდა.
შეკითხვაზე, რომ ახლანდელი სიტუაცია წინააღმდეგობაში ხომ არ არის სახელმწიფოს მეთაურის არაერთგზის ნათქვამთან აფხაზეთში ომის ღირსეულად დამთავრებასთან დაკავშირებით, ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ უპასუხა:
- კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, ეს არის მხოლოდ პროექტი, რომელმაც, თუ ხელს მოვაწერთ, უნდა მიგვიყვანოს ომის ღირსეულად დამთავრებამდე. მე არასოდეს მითქვამს: ჩვენ გავიმარჯვებთ, დავამარცხებთ აფხაზებს. არ არის ასე. ისევ მოვა დრო, როცა ვიტყვით, რომ ძმები ვიყავით და ძმები ვართ. შეუძლებელია იმის თქმა, რომ შენს ხალხს, მის რომელიმე ნაწილს დაამარცხებ. ამიტომ, როდესაც მე ომის ღირსეულად დამთავრებაზე ვლაპარაკობ, მხედვველობაში მაქვს ამ კონფლიქტის ისე დამთავრება, რომ არ იყოს დამარცხებული - არც ქართველობა და არც აფხაზობა. რაც შეეხება ჩვენს საზრუნავს, რომ ვიყოთ ერთიანი, მთლიანი ტერიტორიულად, ეს აღიარებულია რუსეთის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროსტრუქტურების მიერ. ამაზე აღარც აფხაზები დაობენ, ყოველ შემთხვევაში - ახლა. საქართველოს მთლიანობა და განუყოფლობა უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი. სხვა დანარჩენი მოგვარდება.
ჟურნალისტის კითხვაზე, ცოტა ნაჩქარევი ხომ არ იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გუდაუთის დაჯგუფებებისადმი ამას წინათ წაყენებული ულტიმატუმი, მით უმეტეს, დღევანდელი რეალური სიტუაციიდან გამომდინარე, ბატონმა შევარდნაძემ უპასუხა:
- ეს ულტიმატუმი, როგორც ბატონმა გია ყარყარაშვილმა განაცხადა გამოსვლაში, ერთ ლოკალურ ოპერაციასთან იყო დაკავშირებული - სოხუმში შემოჭრის საფრთხესთან. ჩემი აზრით, ამ ღონისძიებას გარკვეული პროფილაქტიკური მნიშვნელობაც ჰქონდა. ამასთან, მან გარკვეულად გამოაფხიზლა და დააიმედა კიდეც პირადი შემადგენლობა, რომელიც შეტევაზე გადასვლას მოითხოვდა. ეს იმის ნიშანიც იყო, რომ შეგვიძლია არა მხოლოდ თავდაცვა, არამედ შეტევაც.
დახურულ სხომაზე ჩვენ ყველაფერი გავარჩიეთ, ვთქვით ისიც, რაც ჯერ არ გვითქვამს - რა რეზერვები, საშუალებები გვაქვს, რამდენ ხანს შეგვიძლია გავუძლოთ ამ ომს. ვერ გეტყვით, რომ თუ ხვალე არ შევწყვიტეთ ომი, საქართველო შიმშილით გაწყდება, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ აფხაზებსაც გაუჭირდებათ და ქართველებსაც. მიუხედავად იმისა, რომ მასშტაბები სულ სხვადასხვაა. არც რესურსები და არც ფინანსური საშუალებები გაუთავებელი ომისათვის საქართველოს არ გააჩნია. ამიტომ ვთქვი, რომ ჩვენი მთავარი ამოცანაა ომისა და სისხლისღვრის დროულად შეწყვეტა. სერიოზული საუბარი იყო სოხუმზე, სოხუმელების ბედზე. მე მინდა დავარწმუნო სოხუმელები: ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით და გავაკეთებთ იმისათვის, რომ სოხუმი არ დაეცეს. ამ შეთანხმების ხელმოწერაც, უწინარეს ყოვლისა, იმით იქნება ნაკარნახევი, რომ სოხუმი გარანტირებული იყოს ყოველგვარი მოულოდნელობისაგან. როცა ვამბობ, რომ მშვიდობას უნდა მივაღწიოთ, სისხლისღვრა უნდა შეწყდეს, მე მგონი, სწორედ იმ ახალგაზრდების ხსოვნას ვცემთ პატივს, რომლებმაც თავი შესწირეს ქვეყანას. ისინი იმისათვის არ იბრძოდნენ, რომ ომი და სისხლისღვრა გაუთავებელი ყოფილიყო. მე მრავალი ოჯახი მინახავს, განსაკუთრებით აფხაზეთში, რომელიც დედისერთას ასაფლავებდა. იქ მისულს, დაღუპულის დედა, როგორც იტყვიან, კისერზე ჩამომკიდებია და უთქვამს: დაე, ჩემი შვილი იყოს უკანასკნელი და მეტი ნურავინ დაიღუპებაო. ასე მსჯელობენ ეს ოჯახები. და ვფიქრობ, რომ სწორედ მათ გულისთქმას ვეხმიანებით, როცა ვფიქრობთ ომის დამთავრებაზე. მე მინდა, რომ ეს ჩემი უბრალო ინტერვიუ კი არა, ჩემი ხალხისადმი მიმართვა იყოს. მე, პრაქტიკულად, მივიღე გადაწყვეტილება, რომ ცოტა კიდევ წავიმუშაოთ და ხელი მოვაწეროთ ამ პროექტს. ეს ჩემი მისიაა, ჩემი მოვალეობა და უფლებაა, უფრო სწორედ, და მინდა მივმართო ჩემს ხალხს: უნდა გამიგოთ, სხვა გზა ჩვენ არა გვაქვს. არც კი მინდა გავიხსენო ლაპარაკი იმის შესახებ, რომ ვიღაცას სპეციალურად მიჰყავდა საქმე აქეთკენ, იმდენად დამამცირებელი და შეურაცხმყოფელია იგი ჩემთვის. არ მეგულება საქართველოში ადამიანი, ვინც უნდა იყოს, რომელ პარტიასა და მიმდინარეობასაც უნდა წარმოადგენდეს, რომ თავისი ქვეყნის საქმე გარდაუვალი კაპიტულაციისაკენ წაიყვანოს. მე მგონი, ეს არა მარტო ყველაფრის პრიმიტიული ახსნაა, არამედ, ცოტა არ იყო, ბოროტი და ცუდი მიდგომაა საქმისადმი. ამიტომ მივმართავ ჩემს ხალხს, რომ დამიჭიროს მხარი. სახელმწიფოს, ერის ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა ვიღაცას უნდა ენდო, ვიღაცამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა თავის თავზე. მე იმიტომ არ დამიყენებია საკითხი დოკუმენტის თაობაზე პარლამენტში, რომ პარლამენტმა იგი მოიწონოს ან არ მოიწონოს. პარლამენტი თავისუფალი უნდა იყოს. პასუხისმგებლობას მე ვიღებ ჩემს თავზე. მაგრამ პარლამენტის მსჯელობა მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, რადგან დავრწმუნდი: ჩემი მოქმედება ამ შემთხვევაში სწორია. უნდა დავიწყოთ, გადავდგათ ეს ძალიან მძიმე ნაბიჯი. შეიძლება ზოგიერთი რამ არ არის მთლად გამართული, არ უპასუხებს ჩვენს ინტერესებს დღევანდელობის თვალსაზრისით, მაგრამ, თუ ვილაპარაკებთ ხვალინდელზე, იმაზე, რომ გადავარჩინოთ ჩვენი ახლაგაზრდობა, ჩვენი ქვეყანა და დავიწყოთ ნორმალური ცხოვრება, ვფიქრობ, რომ სწორი გზით მივდივართ. ვისი ხელით მოხდება ეს - გაეროს, უშიშროების საბჭოს, ევროპული სტრუქტურების დახმარებით თუ რუსეთის მონაწილეობით, მთავარი არ არის. მიმაჩნია, რომ უნდა დავივიწყოთ ბევრი წყენა და მთავარი ამოცანა გადავწყვიტოთ - დავიწყოთ სტაბილური საქართველოსათვის ბრძოლა და შრომა. ამიტომ მინდა ვთხოვო ჩემს ხალხს, სწორად გამიგოს. ჩვენ ძალიან გვჭირდება მხარდაჭერა, ისევე, როგორც ჩვენს ჯარს, იმ ბიჭებს, რომლებიც გარკვეულ ხანს კიდევ დარჩებიან იმ პოზიციებზე, სადაც დგანან.
- თქვენ ხალხის მხარდაჭერა არ გაკლიათ, ხაზი გაუსვა ჟურნალისტმა, - მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ჩვენი საზოგადოებრივი, ეროვნული, სახელმწიფოებრივი ცნობიერება თითქმის დაშლის პირას არის მისული. აქედან, გამომდინარე, არის ნაწილი საზოგადოებრიობისა, რომელიც ყველაფერს ძალიან მუქ ფერებში აღიქვამს. მაგალითად, ბატონმა თენგიზ კიტოვანმა სხდომაზე განაცხადა, რომ ამ დოკუმენტის მიღებას ძალიან ცუდად გაიგებს სამეგრელოს რეგიონი. თქვენ ხედავთ ამის საფუძველს?
- არა მგონია, რომ სამეგრელომ ცუდად მიიღოს ყველაფერი ის, რაც მშვიდობასთან და ომის დამთავრებასთან არის დაკავშირებული. ბევრი ახალგაზრდა შეეწირა ამ ომს სამეგრელოდან. ამას წინათ დავასახელე რამდენიმე მაგალითი. ერთმა სენაკელმა ახალგაზრდამ ნაღმი აიფეთქა, თვითონაც დაიღუპა და 12-13 მოწინააღმდეგეც თან გაიყოლა. ასეთი ბევრია იმ კუთხიდან. მჯერა, რომ ყველა ოჯახს უნდა ომის დამთავრება. რა აქვს ან სამეგრელოს, ან კახეთს, ან რომელიმე სხვა კუთხეს გასაყოფი აფხაზეთისაგან და აფხაზებისაგან. საუკუნეების განმავლობაში ერთმანეთის გვერდით ვცხოვრობდით და ვფიქრობ, ვიცხოვრებთ.
მეორე, რაც ითქვა პარლამენტში და იმავე ავტორის მიერ ინტერვიუებშიც აღინიშნა, რომ მოვიდა დრო, შევარდნაძე წავიდეს, გადადგეს. ბატონი ირაკლი წერეთლისათვის უკვე ნორმად იქცა, ყველა მოსახერხებელ თუ მოუხერხებელ შემთხვევაში დააყენოს საკითხი სახელმწიფოს მეთაურის გადადგომის შესახებ, უნდა განვაცხადო, რომ იქნებ ჩემი ოცნებაც არის, დავამთავრო პოლიტიკური მოღვაწეობა და დავიწყო ის, რასაც უნდა აკეთებდეს ადამიანი ამდენი ნანახისა თუ განცდილის შემდეგ. ვინც უნდა მოითხოვოს ჩემი გადადგომა, ვაცხადებ, რომ არ გადავდგები, სანამ საქმეს ბოლომდე არ მივიყვან. როცა ომი დამთავრდება, როცა დავიწყებთ ნორმალურ ცხოვრებას, ჩავდგებით კალაპოტში, მერე მოთხოვნაც არ იქნება საჭირო. მაგრამ ახლა ვიღაცეების პირადი ამბიციების მიხედვით სახელმწიფოს მეთაური ვერ იმოქმედებს, რადგან ეს ჩემთვის კანონი არ არის. ჩემი კანონი ჩემი ხალხის ხმაა, რომელმაც ამირჩია და მე მოვალე ვარ, ვემსახურო მას, სანამ შემიძლია.
ედუარდ შევარდნაძე: გადავდგათ ის ნაბიჯი, რომელსაც მშვიდობისაკენ მიმავალ გზას ვუწოდებთ : 24 ივლისის ტელეინტერვიუ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] კვარაცხელია ვალერი // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 28 ივლისი. - №163(709). - 1,2 გვ.
![]() |
115 აფხაზეთში მშვიდობისათვის ჩვენი საერთო პასუხისმგებლობა ჩვენგან დიდ სიფხიზლეს მოითხოვს |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარის - სახელმწიფოს მეთაურის მიმართვა
ხელმოწერილია შეთანხმება აფხაზეთში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. დღეს ნაშუადღევს დადუმდება იარაღი. ეს მესამე ცდაა, წერტილი დაესვას ძმათამკვლელ ომს. პირველი ორი მათგანი ჩაიშალა, და ეს ძვირად დაუჯდა ქართველ და აფხაზ ხალხებს. ვიმედოვნებ, რომ მესამე ცდა საბოლოო იქნება, და მშვიდობა, ბოლოს და ბოლოს, სამუდამოდ დაისადგურებს ჩვენს საერთო მიწაზე.
საამისოდ, უწინარეს ყოვლისა, საჭიროა სამშვიდობო პროცესის ყველა მონაწილის - მხარეთა ლიდერების, იმათი, ვინც კონტროლს განახორციელებს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამხედრო მეთვალყურეთა და ცისფერჩაჩქნებიან ჯარისკაცთა უდიდესი პასუხისმგებლობა.
თითოეულ მებრძოლს, ფრონტის ხაზის რომელ მხარესაც უნდა იბრძოდეს იგი, დღეს დასჭირდება ვაჟკაცობა, უფრო მეტი ვაჟკაცობა, მშვიდობის დასამკვიდრებლად, ვიდრე ბრძოლაში სჭირდება.
საამისოდ საჭირო იქნება ჩვენი თანამოქალაქეების - ქართველების, აფხაზების, სომხების, რუსების, ბერძნების, ყველა იმათი ვაჟკაცობა და თავშეკავება, მოთმინება და დიდსულოვნება, ვისაც ომმა ამდენი მსხვერპლი, ჭირ-ვარამი მოუტანა. ძნელია ვინმეს ყოვლისმიმტევებლობისაკენ მოუწოდო, როცა არ მოშუშებულა ჭრილობები, მაგრამ უამისოდ სისხლისღვრა არ შეჩერდება.
მე ვთხოვ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, უშიშროების საბჭოსა და სახელმწიფოს ხელმძღვანელებს, რომლებსაც ისინი მიმართავენ ხელშეწყობისათვის მეთვალყურეთა და საჯარისო კონტინგენტების გამოსაყოფად, - მაქსიმალურად მოკლე ვადებში გადაწყვიტონ ეს საკითხი. გაერთიანებული ერების ორგანიზაციას აქვს შანსი, რომ დაადასტუროს, თუ რაოდენ საფუძვლიანია მისი, როგორც ქვეყნად მთავარი სამშვიდობო ძალის, ავტორიტეტი, და ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვას.
რუსეთის პრეზიდენტი მიესალმა მხარეთა მტკიცე გადაწყვეტილებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. მინდა მჯეროდეს, რომ ეს შეთანხმება იქნება შემობრუნებითი პუნქტი საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობაში, გახსნის საქართველო-რუსეთის დოკუმენტების ხელმოწერის გზას, რაც უდავოდ ხელს შეუწყობს კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობის აღდგენას.
ჩვენ გვინდა მეგობრობითა და თანხმობით ვიცხოვროთ კავკასიის ხალხებთან და ვეუბნებით მათ: კავკასიონის ქედი კი არ გვთიშავს, არამედ გვაერთიანებს ჩვენ.
აფხაზეთში მშვიდობისათვის ჩვენი საერთო პასუხისმგებლობა ჩვენგან დიდ სიფხიზლეს მოითხოვს. ხელმოწერილ შეთანხმებას ბევრი არაკეთილმოსურნე ჰყავს, და ისინი არც მალავენ თავიანთ განზრახვებს. ამ დოკუმენტის შემუშავება ძნელი იყო, და კიდევ უფრო ძნელი - მისი ხელმოწერაა. მე ვიკისრე ერთი ადამიანისათვის მეტისმეტად მძიმე პასუხისმგებლობის ტვირთი, მაგრამ საქმე ეხება არა ჩემს ხვედრს - არამედ ჩემთვის ძვირფასი ადამიანების ბედს, და მხოლოდ მათ შესწევთ ძალა, შეაჩერონ ომი.
დაე, გაიმარჯვოს კეთილმა ნებამ!
ედუარდ შევარდნაძე.
1993 წლის 28 ივლისი, თბილისი.
აფხაზეთში მშვიდობისათვის ჩვენი საერთო პასუხისმგებლობა ჩვენგან დიდ სიფხიზლეს მოითხოვს : საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარის - სახელმწიფოს მეთაურის მიმართვა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 29 ივლისი. - №164(710). - 1 გვ.
![]() |
116 რა უთქვამთ, რა მოუჩმახავთ, რა წიგნი მოუწერიათ... |
▲ზევით დაბრუნება |
სიმართლე კი ასეთია
[...]
მის აღმატებულებას დოქტორ ეგონ კლეპშს, ევროპარლამენტის თავმჯდომარეს.
პატივცემულო ბატონო თავმჯდომარევ, დიდი კმაყოფილებით აღვიქვი თქვენი მოწვევა სტრასბურგში და წინადადება - გამეცნო ევროპარლამენტის წევრებისთვის დღევანდელი სიტუაცია საქართველოში. ეს მდგომარეობა კი იმგვარია, რომ ნამდვილად იმსახურებს მსოფლიო საზოგადოებრიობის ყურადღებას. მხედველობაში მაქვს საქართველოს პრაქტიკულად განადგურებული ეკონომიკა და გაჭიანურებული ომი აფხაზეთში, რომელიც შედეგია რადიკალური სეპარატიზმისა. ამდენად, ცხადია, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი იქნებოდა ჩვენთვის შესაძლებლობა, ჩვენი მოსაზრებები გაგვეზიარებინა ევროპარლამენტის წევრებისთვის და მათი აზრი მოგვესმინა ამ საკითხებთან დაკავშირებით.
სამწუხაროდ, თქვენ მიერ შემოთავაზებულ ვადებში ჩვენი სტრასბურგში სტუმრობა ვერ მოხერხდა იმის გამო, რომ რამდენიმე თვით ადრე ამავე ვადებში დაგეგმილი იყო ვიზიტები ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებში. ამასთან ერთად, ნება მიბოძეთ დაგარწმუნოთ, რომ ევროპარლამენტში გამოსვლა და ევროპარლამენტის დეპუტატებთან აზრთა ურთიერთგაზიარება ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია და ამ შესაძლებლობის უგულებელყოფა ჩვენი მხრიდან ძალზე არასასურველი იქნებოდა. იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენი სტრასბურგში ვიზიტი მაინც შედგება, როგორც ჩვენთვის, ასევე პატივცემული ევროპარლამენტის წევრებისთვის ორმხრივად მისაღებ ვადებში.
ნება მიბოძეთ, დაგიდასტუროთ თქვენ, ბატონო თავმჯდომარევ, და პატივცემულ ევროპარლამენტის წევრებს ჩემი უღრმესი პატივისცემა.
[...]
გულწრფელად თქვენი, ედუარდ შევარდნაძე.
რა უთქვამთ, რა მოუჩმახავთ, რა წიგნი მოუწერიათ... : სიმართლე კი ასეთია // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 29 ივლისი. - №164(710). - 3 გვ.
![]() |
117 ედუარდ შევარდნაძე: მთავარია ომის დამთავრება, სისხლის ღვრის შეწყვეტა, ნორმალური ცხოვრების დაწყება აფხაზეთსა და მთლიანად საქართველოში |
▲ზევით დაბრუნება |
2 აგვისტოს რადიოინტერვიუ
ვფიქრობ, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, განსაკუთრებით უშიშროების საბჭოს მონაწილეობა აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებაში ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, - თქვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ - სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ საქართველოს რადიოს კომენტატორის ნატო ონიანისთვის მიცემულ თავის ტრადიციულ რადიოინტერვიუში. - როცა ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსზე, ყველა სოფელსა და ყველა დასახლებულ პუნქტში ლტოლვილთა დაბრუნებაზე იქნება ლაპარაკი, მე მგონია, ამ ეტაპზე გაერო შეასრულებს თავის განსაკუთრებულ როლს, განსაკუთრებულ მისიას. ამით იმის თქმა არ მინდა, რომ ეს როლი და ამ ორგანიზაციის დანიშნულება მეორეხარისხოვანი იყოს კონფლიქტის მოგვარების ამ პირველ, დასაწყის ეტაპზე. ახლა გაეროსთვის საკმაოდ უჩვეულო ტემპით წყდება მეთვალყურეთა გამოყოფის, სამშვიდობო ძალების ფორმირების საკითხები. თუმცა ჩვენი რეალური მდგომარეობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ეს მაინც გაჭიანურებული გადაწყვეტილებაა, მაგრამ გაეროს სტანდარტებისათვის - ეს თითქმის უპრეცედენტოა. როგორც ვიცი, სწორედ დღეს, ან, უკიდურეს შემთხვევაში, ხვალ უშიშროების საბჭომ უნდა მიიღოს რეკომენდაციები მეთვალყურეთა გამოგზავნის შესახებ. ერთი ასეთი ჯგუფი პრინციპულად უკვე შერჩეულია და, როგორც კი იქნება მიღებული გადაწყვეტილება, იგი მაშინვე გამოჩნდება საქართველოში და შეუდგება პრაქტიკულ მუშაობას.
კიდევ ერთ დეტალზე მინდა გავამახვილო ყურადღება. მოგეხსენებათ, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე მრავალ მწვავე მოვლენასთან გვაქვს საქმე. ეს თავის დროზე დაიწყო ბალტიისპირეთის ქვეყნებში, შემდეგ, გახსოვთ, როგორი დრამატული სიტუაცია შეიქმნა მოლდავეთში, ცენტრალური აზიის ქვეყნებში, კერძოდ, ტაჯიკეთში, სადაც ახლაც ყველაფერი დუღს, ჩრდილოეთ კავკასიაში და ა.შ. აღარაფერს ვამბობ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე, ქართველ-აფხაზთა კონფლიქტი პირველია, რომლის მოგვარებაშიც სრულმასშტაბიანად არის ჩართული გაერთიანებული ერების ორგანიზაცია. ამას კარგად დაკვირვება და კარგი ახსნა სჭირდება. მე არ შემიძლია ახლა გითხრათ, რომ ის ჩვენი ინტერესების ყოველმხრივი დაცვის სრული გარანტიაა, მაგრამ მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი და თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტია, რომ მარტო ერთი სახელმწიფო კი არ არის პასუხისმგებელი ამ უზარმაზარ სივრცეზე წესრიგსა და მშვიდობის დამყარების თვალსაზრისით, არამედ დაიწყო გაეროს უშიშროების საბჭოს, ევროპული სტრუქტურების, ნატოს აქტიური მოქმედება. მე მგონი, ეს მარტო საქართველოს ინტერესებს კი არ ემსახურება, არამედ სხვა ქვეყნების, სხვა ხალხების ინტერესებსაც.
გამოცდილების თვალსაზრისით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა, და, ამასთანავე, საქართველოსთვის მისი პრაქტიკული მნიშვნელობა ძალზე დიდია.
რაც შეეხება რუსეთის მონაწილეობას. მე ვცდილობ, რომ ყურადღებით ვადევნო თვალი, რა იწერება ჩვენთან, რა ქვეყნდება პრესაში, როგორია ცალკეულ ტელეგადაცემათა შეფასებები და ა.შ. და მაინც მგონია, რომ ცოტა ცალმხრივი მიდგომაა. არ არის სრულყოფილი, მრავალმხრივი ანალიზი, რატომ მოხდა ისე, რომ საქართველო მესამედ სწორედ რუსეთთან ერთად და რუსეთთან კავშირით ცდილობს მოაგვაროს და მოაწესრიგოს ეს კონფლიქტი. რა არის ეს, ამ ქვეყანასთან რაღაც მიჯაჭვულობა, ამ ქვეყანაზე მცდარი წარმოდგენა, პოლიტიკურ ორიენტაციაში დაშვებული შეცდომა თუ სხვა რამ, რასთან გვაქვს საქმე? როცა გამოქვეყნებულ მასალებს ვკითხულობ, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს არ სურთ ანდა არ შესწევთ უნარი, ობიექტურად შეაფასონ ის, რაც მოხდა, ერთია, შეიძლებოდა თუ არა ამ კონფლიქტის თავიდან აცილება. ეს ცალკე კვლევის, განსჯის საგანია, მაგრამ როცა დაიწყო ეს კონფლიქტი, ჩვენი საზრუნავი ის იყო, რომ რაც შეიძლება მალე დამთავრებულიყო იგი და არ გადაზრდილიყო დიდ სისხლისღვრაში, დიდ უბედურებაში, რომ არ გაფართოებულიყო მისი მასშტაბები, რომ ამ კონფლიქტში ჩათრეული არ ყოფილიყვნენ არა მარტო მოხალისენი და დაქირავებულნი, არამედ ოფიციალურად ჩრდილოეთ კავკასიის ქვეყნები და ზოგიერთი სხვა მეზობელი ქვეყანა, რომლებიც ასეთი საფრთხის წინაშე იდგნენ. მართალია, ჩვენი ბევრი რამ დავკარგეთ 3 სექტემბრის ხელშეკრულებით და 14 მაისის ხელშეკრულებამაც ვერ გაამართლა თავისი დანიშნულება, და მაინც, რომ არა ყოველივე ეს, არ ვიცით რა მოხდებოდა, შეძლებდა კი, ანდა გააკეთებდა რუსეთი იმას, რომ შეეკავებინა ეს აშკარად აგრესიული მოძრაობა, რათა ათასობით და ათი ათასობით ადამიანი არ შეგროვილყო და არ ჩარეულიყო საქართველოს შინაურ საქმეებში. ახლა მეტყვიან, რომ თუ ასე მოხდებოდა, გაეროში, უშიშროების საბჭოში და სხვაგან ვიჩივლებდითო. მაგრამ, ჩვენ ვიჩივლებდით მას შემდეგ, როცა ეს უკვე მოხდებოდა, როცა დაიღვრებოდა ათასებისა და ათი ათასების სისხლი და როცა ყველაფერი გაჩანაგდებოდა არა მარტო აფხაზეთში. ამიტომ ეს არ არის ვიღაცის აკვიატებული აზრი, რომ გინდა თუ არა, არსებობს რუსეთის ფაქტორი. ეს მკაცრი რეალობაა, რომელსაც ანგარიში უნდა გავუწიოთ. რუსეთის მონაწილეობაზე ლაპარაკი ძნელი იყო სწორედ ამ შესაძლო გართულებათა გათვალისწინებით. ამიტომ იყო 3 სექტემბერი, მერე 14 მაისი, და ბოლოს ის შეთანხმება, რომელსაც ახლა მოვაწერეთ ხელი. რომ ყოფილიყო სხვა გამოსავალი, მოვძებნიდით. ხომ ვხედავთ, რამდენი თვე გავიდა, რაც ჩვენ გაეროში დავიწყეთ მუშაობა. უშიშროების საბჭომ სამი რეზოლუცია მიიღო, მაგრამ, როცა პრაქტიკულად განსჯი, რა შედეგებამდე მიგვიყვანა ყოველივე ამან, რა თქმა უნდა, ეს ჩარევა საკმარისი არ იყო. ამიტომ ვეძებდით მშვიდობის უმოკლეს გზას. 3 სექტემბერს - კონფლიქტის ერთი თვის თავზე, ჩვენ უკვე გადავწყვიტეთ და დავადექით იმ გზას, რომ იგი უნდა შეწყვეტილიყო, უნდა დამთავრებულიყო, რომ არ შეიძლებოდა ამ ომის გაგრძელება. რამდენად სწორი იყო ეს არჩევანი, ამას ისტორია განსჯის, მაგრამ მე სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ. აი, ეს კარგად უნდა გაიგონ ჩვენმა ოპონენტებმაც და ჩვენმა მომხრეებმაც, ყველამ. სხვაგვარად არ შეიძლება, ამ რეალურ სიტუაციას თუ არ გავითვალისწინებთ, დღესაც გართულდება კონფლიქტის მოგვარება.
რამდენად სანდოა რუსეთის მონაწილეობა ამ მწარე გამოცდილების ფონზე, რამდენად სანდოა ის, რასაც კონფლიქტის მოგვარების ახალ ეტაპს ვუწოდებთ? მე ერთ რამეში არ მეპარება ეჭვი. იმის ყოველმხრივი ანალიზი, რაც ხდება რუსეთში, რუსეთის ფარგლებში და მის გარეთ, მისი საგარეო და საშინაო პოლიტიკა, ეკონომიკის, ფინანსების მდგომარეობა, თუნდაც ხალხთა შორის, გართულებული მდგომარეობა ჩრდილოეთ კავკასიაში და სხვა, არ შეიძლება რუსეთის წინაშე სავსებით ობიექტურად არ აყენებდეს აფხაზეთის კონფლიქტის რაც შეიძლება მალე მოგვარების საკითხს. არ შეიძლება რუსეთი დაინტერესებული იყოს ამით, რომ მის საზღვრებთან გრძელდებოდეს სისხლისღვრა. ბუნებრივია, ეს ან ერთი მხრივ, ან მეორე მხრივ გამოიწვევს ჩარევას, არ არის გამორიცხული გართულებები სხვა სახელმწიფოთა მხრივაც. ასეთ სიტუაციაში რეალურად მოაზროვნე პოლიტიკოსები დაინტერესებული უნდა იყვნენ მშვიდობით. ასეთია ობიექტური ახსნა და ანალიზი.
რაც შეეხება დამცავ მექანიზმებს, ჩემი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე უფრო სერიოზული, ეფექტური, უნდა იყოს გაეროს უშიშროების საბჭოს მონაწილეობა. არ შემიძლია ხაზი არ გავუსვა, რომ წინა პერიოდებისაგან განსხვავებით, ახლა უშიშროების საბჭოში რუსეთის წარმომადგენელი სრულად იზიარებს ჩვენს მოსაზრებებს და ეთანხმება ჩვენს მიერ დაყენებულ საკითხებს. მაგალითად, თქვენ გახსოვთ, მე დავაყენე საკითხი, რომ 50 მეთვალყურე ცოტაა აფხაზეთისათვის, რომ ეს რიცხვი 100-მდე უნდა გაზრდილიყო, იგივე საკითხი დააყენა ვორონცოვმა უშიშროების საბჭოს სხომაზე და მოითხოვა ამ საკითხის რაც შეიძლება სწრაფად გადაწყვეტა. ყოველ შემთხვევაში ობიექტური პირობები რუსეთში ისეთნაირად ვითარდება, რომ ეს დიდი ქვეყანა დაინტერესებული უნდა იყოს კონფლიქტის ჩქარა მოგვარებით და იმ საკითხების სამართლიანად გადაწყვეტით, ჩვენ ყველას რომ გვაღელვებს.
კორესპონდენტის კითხვას, ხომ არ მოვიდა დრო, რომ ახსნა მიეცეს ომთან დაკავშირებულ მრავალ ფაქტს, ედუარდ შევარდნაძემ უპასუხა:
უნდა გითხრათ, რომ მე ვიცი, როგორ წარმოიშვა ეს კონფლიქტი, როგორ დადგა ჩვენი ქვეყნის წინაშე ეს პრობლემა და აქ რაღაც შეგნებულ დანაშაულს და შეგნებულ დამნაშავეებს არ უნდა ვეძებდეთ. ეს ძალიან კარგად მესმის. აქ შეცდომები დაშვენული იყო თავიდანვე, პირველი დღიდან დღევანდლამდე. ამ შეცდომებს თავისი ანალიზი სჭირდება. მაგრამ როდესაც შეცდომებზე ვლაპარაკობთ, განწყობილება ისეთი იქმნება, რომ უნდა ვილაპარაკოთ დამნაშავეებზეც. მე მგონი, ახლა მთავარი დამნაშავეების ძებნა კი არ არის, მთავარი ომის დამთავრებაა, მთავარი სისხლის ღვრის შეწყვეტა და ნორმალური ცხოვრების დაწყებაა აფხაზეთსა და მთლიანად საქართველოში. აფხაზეთის ომის დაუმთავრებლად საქართველო ნორმალურ ცხოვრებას ვერ დაიწყებს, ქვეყანა უკვე ისეთ მდგომარეობაშია, რომ ამ ომის გაგრძელებამ შეიძლება ჩვენი ეკონომიკისა და პოლიტიკური სისტემის სრული კრახი გამოიწვიოს. აი, ეს არის მთავარი დღეს. მთავარია ის, რომ ბოლო მოვუღოთ შინააშლილობას. სანამ არ დამთავრდება აფხაზეთის ომი, ეს კონფლიქტები ერთ რეგიონში, თუ სხვა რეგიონებში კვლავ და კვლავ საქართველოს ერთიანობისა და მთლიანობისათვის სერიოზულ საფრთხედ დარჩება. თავის დროზე ყველაფერი დაიწყება, ყველაფერი აიხსნება, სრულად გაანალიზდება, მაგრამ ეს უნდა მოხდეს მას შემდეგ, რაც ჩვენ გადავწყვეტთ ძირითად ამოცანას.
საქართველოს ზოგიერთ რეგიონში, ამ ბოლო ხანს გართულებულ სიტუაციასთან დაკავშირებით, ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ თქვა:
- როგორც ჩვენი ქვეყნის ყველა საღად მოაზროვნე მოქალაქე, მეც ასევე სერიოზულად ვარ შეშფოთებული იმის გამო, რაც ახლა ხდება სენაკში, და, არა მარტო სენაკში, თბილისში, ზოგიერთ სხვა რეგიონში.
უნდა მოგახსენოთ, რომ ყველა მოქალაქე, ყველა რეგიონი რამდენადმე სხვა პასუხისმგებლობით უნდა უდგებოდეს საქართველოს წინაშე მდგომი ამოცანის გადაწყვეტის საკითხებს. ცოტა სხვაგვარად უნდა იყოს გააზრებული ის ურთულესი ეპოქა, რომელშიც ახლა საქართველოს უხდება ცხოვრება. ეს წინააღმდეგობებით აღსავსე ეტაპი დღეს ან შედარებით ნაკლები დანაკარგებით უნდა გავიაროთ, ანდა მოხდება ის, რის გამოსწორებასაც შემდეგ მომავალი თაობები ვეღარ შეძლებენ. ის, რაც ჩვენ თაობებმა მოგვიტანეს საუკუნეთა მანძილზე, ერთიანი და მთლიანი საქართველოა. ახლა არ არის ლაპარაკი, რომ ეს იყო იმპერიის თუ ტოტალიტარული რეჟიმის სისტემაში, მაინც ერთიანი საქართველო იყო, გარანტირებული ჰქონდა ტერიტორიული მთლიანობა, დღეს კი, სამწუხაროდ, სწორედ ტერიტორიული მთლიანობის საკითხი გახდა საეჭვო და ყველაფერი ეს ჩვენი ხელით კეთდება. არ ვიცი, რას ესწრაფვიან ის ძალები, და საით ილტვიან. თუ ცალკეული პოლიტიკური მოღვაწეების ინტერესებს უნდა ანაცვალონ სახელმწიფოს ერთიანობა და მთლიანობა, მაშინ ამ პოლიტიკურ მოღვაწეებზე ვილაპარაკოთ, მათი საკითხი განსაჯოს მთელმა ხალხმა. თუ საჭიროა რაღაც ფორმა მოვძებნოთ, დაე, ხალხმა, ერმა გამოთქვას თავისი აზრი - ვინ უნდა იყოს და ვინ არ უნდა იყოს, ვინ მოვიწვიოთ და ვინ არ უნდა მოვიწვიოთ, თუ ამ ერთეულების ამბიციების მსხვერპლი უნდა გახდეს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამშობლო, ვფიქრობ, ამას ყველა ძალზე სერიოზულად უნდა ჩაუფიქრდეს, რადგან შედეგები შეიძლება უმძიმესი იყოს.
მინდა ავხსნა ის მოვლენები, რომლებიც, ხდება ახლა სენაკში და მანამდე სხვა რაიონებში მოხდა, ვეძებო რაღაც ობიექტური გამართლება, რათა, თუ იგი მოიძებნა, ე.ი. დიალოგისათვის საფუძველი იქნება; მაგრამ ვერ ვპოულობ იმ გამართლებას. თუ ლაპარაკობს ადამიანი ერთიან, მთლიან საქართველოზე, სამშობლოს, ქვეყნის ბედზე, მაშინ ასეთი მოქმედებანი სრულიად საწინააღმდეგო მოვლენაა. მე მაინც მინდა ვიმედოვნებდე, რომ ადრე თუ გვიან ხალხი შეიგნებს, რომ ქვეყნის ინტერესები ყველაფერზე მაღლა უნდა დადგეს. რომელი პოლიტიკური მოღვაწეც უნდა იყოს, თუნდაც გენიალური, მისი ინტერესები, ასე ვთქვათ, წვეთია ზღვაში იმასთან შედარებით, რასაც ქვეყნისა და სამშობლოს ერთიანობის გარანტიები ჰქვია.
გაჩნდა წყება ადამიანებისა, პოლიტიკური ძალებისა, რომლებისთვისაც ტალღის აგორება, ლამის, პროფესიად იქცა. რად უნდა ეს ტალღა, ვის წინააღმდეგაა მიმართული იგი, და საბოლოო ჯამში, საით და რა შედეგებამდე მივყავართ, ამაზე ძალიან ცოტას ფიქრობენ. პოლიტიკა და ინტრიგა თითქოს გაიგივებულია, პოლიტიკა არ არის პოლიტიკანობა. ეს ალბათ, უვიცობაა, პოლიტიკური პროცესების უცოდინარობაა, ან პირადი ამბიციებია, მაგრამ იმდენად პრიმიტიული და ამაზრზენია, ხანდახან გეშინია კიდეც აღიარო, რომ დღევანდელ საქართველოში ასეთ მოვლენასთან გვაქვს საქმე, არადა, ყველა იმაზე უნდა ფიქრობდეს, რომ როგორმე გადავლახოთ ჩვენი საკუთარი პირადი ინტერესები და ვიბრძოლოთ ქვეყნის გადასარჩენად.
და კიდევ ერთი, როცა სიტუაციის გამწვავებაზე ვლაპარაკობთ, ეს იმის მცდელობაა, რომ არ დამთავრდეს ომი აფხაზეთში, კვლავ არასტაბილურობის ქაოსში ჩაითრიონ ქვეყანა. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მე ზოგიერთი სერიოზული კრიტიკული შენიშვნა გამოვთქვი იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ამგვარ პოლიტიკას ეწევიან, მაინც მინდა მჯეროდეს, მაინც მინდა მივმართო მათ: ახლებურად გავიაზროთ ყველაფერი, რაც ხდება და რაც მოხდა, ცხოვრებას არ უნდა ჩამოვრჩეთ, ცხოვრება ისე ვითარდება, ისეთი ტემპით მიდის წინ და ისეთი ახალ-ახალი პრობლემები წამოიჭრება ჩვენს წინაშე, რომ ჩვენი აზროვნება არ უნდა ჩამორჩეს და ამ სწრაფი ცვლილებების გათვალისწინებით, პოლიტიკური ძალების პოზიციების ჩამოყალიბებაც უნდა ხდებოდეს. მე მჯერა, რომ მოსახლეობა სამეგრელოში, სხვა რეგიონებში, მაინც იტყვის თავის გადამწყვეტ სიტყვას, და ეს იქნება საქართველოს ერთიანობისა და მთლიანობის სასარგებლოდ ნათქვამი სიტყვა.
- კულუარებში საკმაოდ ბევრს ლაპარაკობენ ამ მოვლენებში ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების შესაძლო როლზე. საუბარია, მაგალითად, თავდაცვის ყოფილ მინისტრზეც, - ასეთი კითხვით მიმართა ჟურნალისტმა ბატონ ედუარდ შევარდნაძეს.
- ხანდახან ყველაფერი ხდება გაუცნობიერებლად, - უპასუხა სახელმწიფოს მეთაურმა. - როცა ბატონი თენგიზი, მეც და, სხვათა შორის, სხვებიც, ვლაპარაკობდით იმის შესახებ, რომ აფხაზეთის ომში მონაწილეობა ყველას საქმეა, ყველა პოლიტიკური ძალისა, რა თქმა უნდა, ჩვენ მაშინ მართალი ვიყავით. მაგრამ, შემდეგ გაჩნდა შესაძლებლობა, რომ ეს ომი დავამთავროთ და არ მივიყვანოთ უკიდურეს, უმძიმეს შედეგებამდე. როცა გამოიკვეთა ასეთი მოგვარების, მოწესრიგების შესაძლებლობა, ჩვენ წავედით შეთანხმებაზე. ბევრმა ეს ვერ გაიგო, ბევრი ჩამორჩა, მოვლენები ძალიან სწრაფად ვითარდება და შესაბამისი დასკვნების გაკეთება ვერ მოახერხეს, ვერ მოასწრეს. ვფიქრობ, გარკვეულწილად ეს ბატონ თენგიზსაც ეხება. თუმცა, ჩვენ შევხვდით ერთმანეთს სოხუმში, ძალიან სერიოზული, კარგი და საქმიანი საუბარი გვქონდა ისევ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ვერ გეტყვით რამდენად ნაყოფიერია მისი მოღვაწეობა იქ, სენაკსა და სამეგრელოში, და რა ძირითად ამოცანას ექვემდებარება, ემორჩილება, მაგრამ მე მსურს ვირწმუნო, რომ ეს საქართველოს ინტერესებს ემსახურება. და, მაინც, ვიმეორებ და მოვუწოდებ ყველას: მოვლენებს არ ჩამოვრჩეთ.
როცა კორესპონდენტის თხოვნით, სახელმწიფოს მეთაურმა თენგიზ კიტოვანის ამასწინანდელ ინტერვიუს გაუკეთა კომენტარი, მან კერძოდ, აღნიშნა, რომ თავისთავად ეს ინტერვიუ უდაოდ საინტერესო იყო და საინტერესო აზრებიც ამოიკითხა მასში.
სიმართლე გითხრათ, - თქვა მან, - მის მიერ ჩამოყალიბებულ მრავალ დებულებას მივესალმე კიდეც. მაგრამ, ისე, როგორც ყველა სტატიასა თუ ინტერვიუში, არის სადავო მომენტებიც. ჩვენ აქამდე ვლაპარაკობდით ავტონომიებზე და ვიცოდით, რომელ რეგიონზე იყო საუბარი, ახლა კი ავტონომიებთან დაკავშირებით კუთხეების გამოყოფასა და მათ ადმინისტრაციულ-სახელმწიფოებრივ მოწყობაში საკმაოდ დიდი ფეთქებადი მასალაა ჩადებული. ნუ დავივიწყებთ საქართველოს ისტორიას, ნუ დავივიწყებთ ჩვენი წინაპრების მიერ განვლილ გზას, მეტიც - გავიხსენოთ, ყოველივე ეს რაოდენ ძვირად დაუჯდა მრავალსა და მრავალ თაობას, რომლებიც ჩვენამდე ცხოვრობდნენ, ჩვენი კურსი უნდა იყოს ერთიანი, მთლიანი საქართველოს მშენებლობის კურსი, რა თქმა უნდა, იქნება ავტონომიები, მაგრამ ავტონომიურ მოწყობას, მის აღმოცენებას, თავისი პრინციპები და საფუძველი აქვს. რაც შეეხება ადმინისტრაციულ მოწყობას, ამაში წინ არ უნდა ვუსწრებდეთ მოვლენებს, რამეთუ მიმდინარეობს ძალზე ინტენსიური მუშაობა კონსტიტუციის პროექტზე. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ გვექნება ეს კონსტიტუცია, რომელიც გამოქვეყნდება, და მაშინვე იქნება საშუალება, რომ გაიმართოს ფართო დისკუსია ადმინისტრაციულ-სახელმწიფოებრივი მოწყობის საკითხებზე.
პურთან დაკავშირებულ საკითხებზე ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ, კერძოდ, თქვა, რომ ამ კვირის განმავლობაში, ხელისუფლებამ, სახელმწიფოს მეთაურმა უნდა ჩამოაყალიბონ უფრო აქტიური მოქმედების კურსი.
- მე არაერთხელ გავუსვი ხაზი იმის აუცილებლობას, რომ საჭიროა ვიფიქროთ პურის ნორმირებულ განაწილებაზე. აღმასრულებელმა ხელისუფლებამ უნდა დაამუშაოს, თუ როგორ უნდა მოხდეს ეს. ადამიანს უნდა ჰქონდეს გარანტირებული ნორმა, ვერ გეტყვით, რომ სულზე იქნება 1 კილოგრამი, ამის რესურსები ჩვენ არ გაგვაჩნია, მაგრამ მინიმალური რაოდენობა გარანტირებული უნდა იყოს. დანარჩენი, თუ ეკონომია იქნება, შეიძლება სხვა ფორმით გაიყიდოს - თავისუფალ ფასებში და ა.შ.
მე მგონი, რომ, როცა არ სრულდება ნათქვამი, განკარგულება, ეს მეტყველებს სერიოზულ მანკიერებაზე აღმასრულებელი სისტემის მუშაობაში. ამასთან დაკავშირებით მაქვს ზოგიერთი მოსაზრება, პარლამენტმაც დამავალა, რომ ვიზრუნო აღმასრულებელი სისტემის სრულყოფისათვის და, ვფიქრობ, ამ დღეებში გარკვეულ დასკვნებამდე მივალ.
თუ დღევანდელ ეტაპზე ჩვენ ეს სამართლიანი განაწილების საკითხი ვერ გადავწყვიტეთ, მაშინ, ისიც კი, რითაც უცხოელი მეგობრები გვეხმარებიან, არ წავა დანიშნულებისამებრ. აი, მაგალითად, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან უნდა შემოვიტანოთ 24 ათასი ტონა შაქარი. ეს სუფთა დახმარებაა, იგი არ არის დაკავშირებული სესხთან. როგორ უნდა გავანაწილოთ. შეიძლება ისეც მოხდეს, რომ შემოვიტანთ და დაიტაცებენ ისინი, ვისაც შაქარი არ სჭირდება და ვინც ასეთ დროს ხელს ითბობს ხოლმე. ისევ ნორმირებულ განაწილებაზე უნდა ვიფიქროთ, დრო ბევრი აღარაა. აგვისტოს დამლევისა და სექტემბრის დამდეგისათვის შაქრის საკმაოდ დიდი რაოდენობა შემოვა საქართველოში და ეს ყველა ოჯახს დაეტყობა. აი, ამიტომ, ვფიქრობ, რომ უახლოეს დღეებში გარკვეული ღონისძიებები უნდა განვახორციელოთ იმისათვის, რომ სრულვყოთ სახელმწიფო სტრუქტურების მუშაობა და მივიყვანოთ რაღაც გარკვეულ კონდიციამდე, გარკვეულ სტანდარტებამდე. იმის გათვალისწინებით, რაც ახლა დასავლეთ საქართველოში, აფხაზეთში ხდება, როცა გამოჩნდნენ ძალები, რომელთაც სურთ ჩაშალონ მოლაპარაკება, არ დაუშვან დაზავება და სხვა მრავალი, ჩვენ იძულებული ვართ, ვიფიქროთ უფრო მკაცრი რეჟიმის დამყარებისათვის. მე არ ვამბობ, რომ ჩვენ დემოკრატიულ მონაპოვარზე ვთქვათ უარი, მაგრამ წესრიგისათვის ბრძოლა კი უნდა დაიწყოს მთელმა ხალხმა, მთელმა სახელმწიფომ, ყველა სტრუქტურამ, სახელმწიფოებრივი იქნება ეს თუ კერძო. თუ ჩვენ შევძლებთ ახალ რელსებზე, სერიოზულ რეჟიმზე გადასვლას, თუნდაც დროებით, მაშინ, ალბათ, ეს ერთ-ერთი ნაბიჯი იქნება ქვეყნის შველისა და მისი გადარჩენისათვის.
ედუარდ შევარდნაძე: მთავარია ომის დამთავრება, სისხლის ღვრის შეწყვეტა, ნორმალური ცხოვრების დაწყება აფხაზეთსა და მთლიანად საქართველოში : 2 აგვისტოს რადიოინტერვიუ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 3 აგვისტო. - №168(714). - 1 გვ.
![]() |
118 დადგა მოქმედების დრო |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პარლამენტის სხდომის დღიური
6 აგვისტოს მუშაობა განაახლა პარლამენტის საგანგებო სხდომამ. მასზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი თენგიზ სიგუა, რომელმაც პარლამენტს გააცნო დადგენილება მინისტრთა კაბინეტის გადადგომის შესახებ.
შემდეგ სიტყვა აიღო სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ. მან მადლობა გადაუხადა მინისტრთა კაბინეტს გაწეული მუშაობისათვის და იმ სწორი გადაწყვეტილებისათვის, რომელიც მიიღეს რეალური სიტუაციის ღრმა განსჯის შედეგად.
- მე არ შემიძლია, - თქვა ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ, - არ გამოვხატო ჩემი დამოკიდებულება იმ ხალხის მიმართ, რომლებსაც თავის დროზე ნდობა გამოუცხადა პარლამენტმა. ერთი საკითხია ვარგისი იყო თუ უვარგისი ბიუჯეტი - იგი ზუსტი ანარეკლია ჩვენი დუხჭირი ცხოვრებისა. მთავარი ის არის, რომ მინისტრთა კაბინეტმა დაუშვებლად ჩათვალა კონფრონტაციის გაღრმავება საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის. ეს ის ხალხია, ვინც იგრძნო თავისი პასუხისმგებლობა ქვეყნისა და ხალხის წინაშე, და დაუშვებლად ჩათვალა შეუთანხმებლობის გაგრძელება სწორედ ახლა, როდესაც ქვეყანა რეალურად დგას სამოქალაქო ომის წინაშე, და ფაქტობრივად ჯერ კიდევ არ დამთავრებულა ომი აფხაზეთში.
პარლამენტმა მიიღო რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის განცხადება მისი გადადგომის შესახებ. მიღებული დადგენილებით მას ევალება გააგრძელოს თავისი უფლებამოვალეობანი ახალი მინისტრთა კაბინეტის ჩამოყალიბებამდე.
სხდომაზე რამდენიმე დეპუტატმა და ზოგიერთმა ფრაქციამ წარმოადგინეს წინადადება იმის შესახებ, რომ ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე მისი ფუნქციები შეითავსოს სახელმწიფოს მეთაურმა. ამასთან მან უახლოეს დროში პარლამენტს უნდა წარმოუდგინოს პროექტი მინისტრთა კაბინეტის სტრუქტურული ცვლილებების შესახებ.
ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა, რომ ამ საკითხის გადაწყვეტამდე უნდა გაირკვეს ერთი გარემოება. ბატონმა თენგიზ კიტოვანმა, მანამდე კი ირაკლი წერეთელმა და სხვებმაც მოითხოვეს სახელმწიფოს მეთაურის გადადგომა. ეს საკითხი რომ ბოლომდე ამოიწუროს, მოვითხოვ, რომ იგი კენჭისყრაზე იქნეს დაყენებული. ახლა მთელი გულისყურით გვისმენს სრულიად საქართველო და მოსახლეობამ უნდა იცოდეს, ვის ანიჭებს ესოდენ მაღალ უფლებამოსილებას.
ედუარდ შევარდნაძის ამ განცხადების შემდეგ გაიმართა ცხარე კამათი, ითქვა, რომ რამდენიმე კაცის მიერ ნდობის შესახებ საკითხის დაყენება პროცედურულად არ არის გამართლებული. თუ ასეთი პრეცედენტი მოხდება, აღნიშნავდნენ გამომსვლელები, მას უფრო ღრმა საფუძველი უნდა ჰქონდეს და პარლამენტის წინაშე წარმოდგენილი უნდა იყოს ვრცელი მოხსენება. პარლამენტის წევრებმა არასერიოზულად მიიჩნიეს საკითხის ასეთი სახით კენჭისყრაზე დაყენება.
ილაპარაკა რა პრემიერ-მინისტრის პოსტის შეთავაზებაზე, სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ ეს მეტად საპასუხისმგებლო საკითხია, და მას ღრმა ჩაფიქრება უნდა, და თუ ის მაინც შეითავსებს ამ მოვალეობას, შეეცდება, რაც შეიძლება მოკლე დროში პარლამენტს წარმოუდგინოს თავისი მოსაზრებანი მინისტრთა კაბინეტის ახალი სტრუქტურების შესახებ. თუ უახლოეს ერთ თვეში რაღაც გლობალური პრობლემები ვერ გადავწყვიტეთ, - განაცხადა შემდეგ მან, - კარდინალურად ვერ შევცვალეთ დღეს საქართველოში არსებული ვითარება, მაშინ მე მზად ვარ გადავდგე. ამავე დროს სახელმწიფოს მეთაურმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ დადგა კონკრეტული მოქმედების ხანა და საქართველოს ყოველმა მოქალაქემ უნდა გაითავისოს უდიდესი პასუხისმგებლობა სამშობლოს წინაშე.
სახელმწიფოს მეთაური შეეხო რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობის საკითხს, აღნიშნა ამ დიდ ქვეყანასთან ნორმალური, კეთილმეზობლური, თანასწორუფლებიანი თანამშრომლობის დამყარების აუცილებლობა.
შეეხო რა ომის დამთავრებას, ბატონმა შევარდნაძემ განაცხადა, რომ როგორც წესი, ომს მოჰყვება განუკითხაობა. სამწუხაროდ, ვერც ჩვენ გადავურჩით მას ის რაც ეხლა ხდება დედაქალაქში. საქართველოს სხვა ქალაქებში და რაიონებში, დაუშვებელი და აუტანელია. და პირველი, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ - დანაშაულს უნდა აღვუდგეთ წინ.
დასასრულ სახელმწიფოს მეთაურმა განაცხადა: არ მინდოდა დღეს ჩემს გამოსვლაში პირადი ფაქტორი გამერია. როგორც პოლიტიკოსისათვის, ჩემი აქ ჩამოსვლა შეცდომა იყო, მაგრამ, მე, როგორც ქართველმა, ამ ქვეყანაში აღზრდილმა, ვერ შევძელი არ გადამედგა ეს ნაბიჯი. და თუ დავრწმუნდები, რომ ამოვწურე ყველა ჩემი შესაძლებლობა, ვერ შევძლებ მოვუტანო ჩემს ქვეყანას სარგებელი, მე გადავდგები.
პარლამენტმა მიიღო დადგენილება დაევალოს პარლამენტის თავმჯდომარეს - სახელმწიფოს მეთაურს ედუარდ შევარდნაძეს დროებით შეასრულოს საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოვალეობა.
საქინფორმის საპარლამენტო
კორესპონდენტები.
დადგა მოქმედების დრო : პარლამენტის სხდომის დღიური // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 7 აგვისტო. - №172-173(719). - 1 გვ.
![]() |
119 ედუარდ შევარდნაძე: მთავარია, გადავარჩინოთ უმთავრესი მონაპოვარი - დემოკრატია |
▲ზევით დაბრუნება |
9 აგვისტოს რადიოინტერვიუ
- ვფიქრობ, რომ ახლა ხდება ის, რაც ცოტა ადრე უნდა დაწყებულიყო, - თქვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ - სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ, საქართველოს რადიოს კომენტატორის ნატო ონიანის მიცემულ ტრადიციულ რადიოინტერვიუში. - მსოფლიომ, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ, გარკვეული აზრით რუსეთის ხელმძღვანელობამ და სხვა ქვეყნებმა დაიწყეს იმის გაცნობიერება, რომ დღევანდელი მსოფლიოსათვის არ არსებობს ეგრეთ წოდებული წმინდა ლოკალური კონფლიქტი, პატარა ნაპერწკალი შეიძლება გადაიქცეს დიდ ხანძრად, რომელიც მოედება რეგიონს და ხვალ უფრო დიდ მასშტაბს მიიღებს. ჩემი აზრით, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ზოგიერთი სხვა სახელმწიფოს ეს დიპლომატიური გააქტიურება ამასთან არის დაკავშირებული. ვიწყებთ იმის გაგებასა და გაცნობიერებას, რომ დღეს, სანამ ამა თუ იმ კონფლიქტს ფართო მასშტაბი არ მიუღია, სჯობს დაიხარჯოს მეტი დრო, მეტი ენერგია და, თუ გნებავთ, მეტი სახსრები, რათა ჩანასახშივე აღიკვეთოს ის მიზეზები, რომლებსაც კონფლიქტებისაკენ მივყავართ. შემდეგ ეს ათჯერ, ასჯერ, ათასჯერ და უფრო მეტი დაჯდება. მხედველობაში მაქვს ადამიანთა მსხვერპლი. ფინანსურ-ეკონომიკური დანახარჯები და მრავალი სხვა.
ამ ბოლო დროს რუსეთის პოლიტიკაშიც სერიოზული ძვრები ხდება, თუ იმის მიხედვით ვიმსჯელებთ, რასაც ახლა თვალს ვადევნებთ აფხაზეთში. თუმცა ჯერჯერობით საბოლოო შედეგებზე ლაპარაკი ნაადრევია და ნაჩქარევია, მაგრამ, მაინც ის, რაც დავიწყეთ, იმაზე მიუთითებს, რომ გარკვეული დასკვნები დაშვებული შეცდომებიდან და ბოლომდე მიუყვანელი წამოწყებიდან ასე თუ ისე კეთდება.
დღეს მაინც უმთავრესი და უპირველესი ამოცანა ის არის, რომ დამთავრდა ომი, დამთავრდეს ისე, როგორც ეს ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის ინტერესებს შეესაბამება. მაინც მთავარი დასკვნა, ჩემი აზრით, ის უნდა იყოს, რომ საქართველო ტერიტორიულად, როგორც სახელმწიფო, განუყოფელია. და ყოველგვარი ცდა, საიდანაც უნდა მოდიოდეს იგი, გარედან იქნება ეს თუ შინაური სეპარატისტული ძალებიდან, უშედეგოდ დამთავრდება, და რომელ რეგიონშიც უნდა იყვნენ ისინი, იმ დასკვნამდე უნდა მივიდნენ, რომ ყველა პრობლემის გადაწყვეტა მხოლოდ ერთიანი, მთლიანი, განუყოფელი საქართველოს სახელმწიფოს ფარგლებშია შესაძლებელი, მათ შორის იმ პრობლემებისაც, რომლებსაც ეროვნული უმცირესობები სავსებით კანონიერად აყენებენ. უმთავრესი დასკვნა მაინც ის არის, რომ ომით და სისხლისღვრით ვერც ერთ პრობლემას ვერ გადავწყვეტთ ვერც საქართველოში და ვერც სხვა ქვეყნებში. ახლა სხვა დროა, სხვა საუკუნეა, და მე მგონია, სწორედ ამ დასკვნით უნდა იხელმძღვანელოს ყველამ, ვინც სახელმწიფოს სათავეშია, ან ვინც ამა თუ იმ რეგიონში ჯერ კიდევ სეპარატისტულ მიზნებს ისახავს. დღეს ასეთი ამოცანაა ომის დამთავრება, ცეცხლის ბოლომდე შეწყვეტა და მუდმივი, სამუდამო ზავის და მშვიდობის დამკვიდრება ქართულ მიწაზე, განსაკუთრებით, აფხაზეთის პირობებში.
მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობის დაკომპლექტების შესახებ კომენტატორის კითხვის პასუხად სახელმწიფოს მეთაურმა თქვა: ამ მთავრობამ, რომელიც ახლა გადადგა, და რომელიც 8-9 თვის წინათ დაკომპლექტდა, გარკვეული აზრით, თავისი მისია შეასრულა. ეს იყო ჩვენი ცხოვრების ურთულესი და უძნელესი ეტაპი, და ავად თუ კარგად, მეტ-ნაკლებად წარმატებით, ამ ამოცანების გადაწყვეტას ასე თუ ისე თავი გაართვა, თუმცა, როცა ქვეყანა ახალი კრიზისის, ეკონომიკური და ფინანსური კრიზისის წინაშე აღმოჩნდა, ხელისუფლებამ, განსაკუთრებით მინისტრთა კაბინეტმა, შესაფერისი გადაწყვეტილებები ვერ გამოძებნა. ამან გამოიწვია ეს აუცილებელი, არცთუ სასიამოვნო აქცია. დადებითი მხარე, თუ შეიძლება ითქვას, ისიც არის, რომ ასპარეზზე გამოვიდა საინტერესო მოღვაწეების დიდი ჯგუფი, რომლებიც შეიძლება დარჩნენ თავიანთ პოსტზე, შეიძლება სხვა რანგში და სხვა ხარისხში იმუშაონ. საზოგადოებამ, ჩვენმა სახელწმიფომ ბევრი ისეთი მოღვაწე გაიცნო, რომლებიც წინათ ასე თუ ისე ჩრდილში იდგნენ. ისინი სასარგებლო საქმეს შემდგომშიც შეასრულებენ.
ახლა მე ურთულესი და უძნელესი ამოცანის წინაშე ვდგავარ ახალი კაბინეტის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით. არ ვიცი, როგორ მოვახერხებ პარლამენტის ამ დავალების შესრულებას, რამდენად სრულფასოვანი და სისხლსავსე იქნება ეს გუნდი, რამდენად იქნება პროფესიულად მომზადებული და პოლიტიკურად მომწიფებული იმ ამოცანების გადასაჭრელად, რომლებიც ჩვენ წინაშე დგას. პარალელურად იმისა, რომ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ გარკვეული პოლიტიკური სპექტრის წარმოდგენის სასურველობა და აუცილებლობა, უმთავრესი საზომი მაინც უნდა იყოს პროფესიონალიზმი. მარტო პარტიული კუთვნილება, პარტიული მანდატი, რა თქმა უნდა, საქმეს ვერ უშველის. თუ გვინდა, რომ ეროვნული და სახელმწიფოებრივი ინტერესები დადგეს წინა პლანზე, ყველაზე მეტად სწორედ ამას უნდა გავუწიოთ ანგარიში. როცა ლაპარაკია მთავრობის დაკომპლექტებაზე, ან მთავრობის გუნდის შეკვრაზე, სწორედ მაშინ უნდა მივიღოთ მხედველობაში ეროვნული და სახელმწიფოებრივი ინტერესები.
რაც შეეხება მინისტრთა კაბინეტის სტრუქტურულ ცვლილებებს, სტრუქტურული სრულყოფის პრობლემა დგას ყველა ქვეყნის, მათ შორის, დალხინებული ქვეყნების წინაშეც. მაგრამ ნუ წარმოვიდგენთ ისე, რომ იყო 27 სამინისტრო და ახლა კი იქნება 15, და რადგან 15 იქნება, ყველაფერი შესანიშნავად წარიმართება. ასე არ ხდება, ასე არ არის ცხოვრებაში, თუმცა მე ვიზიარებ იმ შენიშვნებს, რომ, ალბათ 27 სამინისტრო ბევრია. მაგრამ როგორ დავაჯგუფოთ, როგორ გავაერთიანოთ, ამ გაერთიანებასაც ხომ დრო და რეორგანიზაცია სჭირდება: სხვადასხვა კოლექტივი ერთმანეთს უნდა შეერწყას, ეს კი არც ისე იოლი საქმეა. ნუ იფიქრებთ ისე, რომ შევარდნაძე წარმოადგენს ახალ სტრუქტურას, იქ დაინიშნება ხალხი და უკვე ხვალ გვექნება ნავთიც, გაზიც, პურიც და წესრიგიც. სამწუხაროდ, ეს ასე არ არის. ახლა ურთულესი ამოცანა ის გახლავთ, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებაში იყვნენ პროფესიონალები, ორგანიზატორები, საქმის მცოდნე, პატიოსანი და წესიერი ადამიანები. შევეცდები, რომ პარლამენტს შევთავაზო ყველაზე მისაღები ვარიანტი. როცა ლაპარაკობენ სტრუქტურაზე, იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს სამინისტროების ფუნქცია, ზოგი ამბობს კაბინეტური სისტემაო, ზოგი სხვა სისტემებსაც ასახელებს. ისინი კი მრავალგვარია - არის ამერიკული სისტემა, საფრანგეთის, ინგლისის, შვეიცარიის, ისრაელისა და სხვა ქვეყნების სისტემები, და ხანდახან, მათ რომ ეცნობი, შურით ივსები. იქ აქვთ საშუალება დასხდნენ და მშვიდად გააკეთონ არჩევანი. ჩვენთან კი ხანძარია, იწვის მთელი ქვეყანა, და აქ გადაწყვეტილებები რაც შეიძლება მალე უნდა მივიღოთ და კრიჭაში არ უნდა ვედგეთ ერთმანეთს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ზოგიერთი წევრის შენარჩუნება აუცილებელი და გარდაუვალი იქნება. რადგან, თუ ამას საჭიროდ მივიჩნევ, მე უნდა შევთავაზო პარლამენტს და მან მხარი უნდა დამიჭიროს. თუ პარლამენტი მხარს არ დამიჭერს, პასუხისმგებლობა თვითონ უნდა იკისროს, ისევე როგორც პასუხისმგებელი უნდა იყოს საზოგადოებაც.
ყველა ვხედავთ, რომელი დესტრუქციული ძალები მოქმედებენ საზოგადოებაში, ჩემი აზრით, ახლა საქართველოში ისეთი ვითარებაა, ყველა პარტიამ, პოლიტიკურმა ძალებმა, ოპოზიციამ თუ პოზიციამ თავიანთი ამბიციები გვერდზე უნდა გადადონ. ყველამ ერთი რამ უნდა გაითავისოს - არის ქვეყნის, ხალხის, სახელმწიფოს გადარჩენის შანსი და ეს შანსი ხელიდან არ უნდა გავუშვათ. მე ვლაპარაკობ შანსზე და არა გარანტიაზე.
როცა ქვეყანა ხანძარშია გახვეული, მარტო ომის ხანძარი არა მაქვს მხედველობაში, - ეს არის ეკონომიკური კრიზისი, ჩვენი დანგრეული სასოფლო მეურნეობა, ასეთ დროს ადამიანებს უნდა ეყოთ ნებისყოფა, რომ ერთმაენთს გაუგონ, ერთმანეთს მხარში ამოუდგნენ და იბრძოლონ ქვეყნის გადარჩენისათვის. რაც შეეხება დესტრუქციულ ძალებს, ისინი იმაზე მეტია, რამდენიც შეიძლება დაიტიოს ისეთმა პატარა ქვეყანამ, როგორიც საქართველოა. აიღეთ, მაგალითად, რომელი რეგიონიც გნებავთ. მე მხოლოდ პოლიტიკური ძალები არ მყავს მხედველობაში, ლაპარაკია კრიმინალურ ელემენტებზე. მაფიოზურ ჯგუფებზე და იმ ძალებზე, რომლებიც, ლამის, კონკურენციას უწევენ სახელმწიფოს, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ისინი არ იძლევიან იმის საშუალებას, რომ ხალხი დაწყნარდეს, დამშვიდდეს და ნორმალურად იმუშაოს. უმთავრესი ამოცანა დღეს, როცა ლაპარაკია ახალი კაბინეტის დაკომპლექტებაზე და რაღაც ახალი ეტაპის დაწყებაზე, ჩვენს ცხოვრებაში, ჩვენს მუშაობაში, ის უნდა იყოს, რომ დამყარდეს წესრიგი ქვეყანაში. ეს ყველას ეხება. შეიძლება დროებით რაღაც დემოკრატიული მონაპოვრებიც კი შეიზღუდოს, რათა დემოკრატია გადარჩეს, ის მონაპოვარი გადარჩეს, რომლებსაც მივაღწიეთ. წუხელ მითხრეს, ერთ-ერთი უცხო ქვეყნის დიპლომატი მოკლესო. თავზარდაცემული ვარ ამ ამბით. თუ ეს ასეა, მაშინ რაღაცა საგანგებო და განსაკუთრებულია საჭირო საქართველოში, რომ ყველაფერი ის, რაც გაკეთდა, ჩვენი იმედები და ოცნებები, წყალს არ გავატანოთ.
- რამდენად გასაგებია დღეს საქართველოსათვის დემოკრატიის იდეა? - ჰკითხა ბატონ ედუარდ შევარდნაძეს კომენტატორმა.
- ნამდვილი დემოკრატიის იდეას ადამიანები წლების განმავლობაში ითვისებენ. ხანდახან ათეული წლების განმავლობაში. დემოკრატიული სახელმწიფოს და დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობას ათეული წლები დასჭირდება. სახელმწიფოს მეთაურის ან პარლამენტის თავვმჯდომარის, თუნდაც პრეზიდენტის არჩევა ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ ეს დემოკრატიული სახელმწიფოა. ჩვენ დემოკრატიული მშენებლობის, დემოკრატიული სახელმწიფოებრიობის გზას დავადექით. და ეს გზა იქნება ზიგზაგებიც, შეიძლება იყოს გარკვეული გადახვევაც, ხელისუფლების ამა თუ იმ ეტაპზე, მთავარია, უმთავრესი, მონაპოვარი გადავარჩინოთ.
დემოკრატიულმა სახელმწიფომ ყველაფერი უნდა შეძლოს, სხვანაირად, სხვა პრინციპებზე დაყრდნობით მივაღწიოთ იმას, რისი მიღწევაც გვსურს, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენი განვითარების დონე ისეთი არ არის, რომ ყველაფერი კეთილი სურვილებისა და კეთილი მოწოდების საფუძველზე გადაწყდეს. ახლა, გარკვეული აზრით, იძულება აუცილებელია. მხედველობაში მაქვს ის, რომ ნამდვილმა ჭეშმარიტმა ეროვნულმა დემოკრატიამ უნდა აიძულოს ანტიდემოკრატიული ძალები ანგარიში გაუწიონ იმას, რასაც სახელმწიფოს და საზოგადოების ინტერესები ჰქვია. ვფიქრობ, რომ საჭიროა რაღაც ახალი შემობრუნება, ახალი ეტაპი, თუნდაც დროებითი.
ინტერვიუში საუბარი შეეხო საქართველოს ურთიერთობას ისრაელთან, სხვა ქვეყნებთან, მათთან კონტაქტების მნიშვნელობას, გამოცდილების გაზიარებას.
სხვა სახელწმიფოებისაგან, აღნიშნა სახელმწიფოს მეთაურმა, ჩვენ უწინარესად ის უნდა ვისწავლოთ და გავიცნობიეროთ, რასაც ჭეშმარიტი ეროვნული ინტერესებისა და ყალბად გაგებული ეროვნული ინტერესების სწორი გაგება ჰქვია. კერძოდ, ისრაელმა, ისე როგორც არაბულმა ქვეყნებმა, წარმატებებს იმით მიაღწიეს, რომ ეროვნული ერთიანობისა და მთლიანობისათვის იბრძოდნენ. მათ შეძლეს გადაელახათ ყოველგვარი შინაგანი წინააღმდეგობანი, დაძლიეს გაორება და დაპირისპირება, თუმცა, ყველა ასეთი სახელმწიფო მრავალპარტიულ სისტემას ეყრდნობოდა. მე ვადევნებ თვალს, რომ, ასეთ სახელმწიფოებში, რომლებიც რთულ გარემოცვაში არიან, რამდენიმე თვის მანძილზე მიმდინარეობს წინასაარჩევნო მრავალპარტიული დაპირისპირება, და როცა იგი დამთავრდება, მერე მთელი ქვეყანა ერთიანი და მთლიანია, და ცხოვრობს ერთი მიზნით. ჩვენ ასეთი გაგებისაგან ძალიან შორს ვართ. ჩვენ უფრო მეტად გვღრღნის და გვჭამს, რომ იტყვიან, რაღაც ძალიან წვრილმანი, პატარა, რომელიც შეიძლება ერთი ადამიანის, ერთი ჯგუფის ან ერთი პარტიის ინტერესებთან იყოს დაკავშირებული. ამ წვრილმანს და ამ პატარას ეწირება დიდი ეროვნული იდეა. როცა ამას გადავლახავთ, ჩვენ ავალთ იმ სიმაღლეზე, რომელზეც დღეს მრავალი ქვეყანა იმყოფება.
ედუარდ შევარდნაძე: მთავარია, გადავარჩინოთ უმთავრესი მონაპოვარი - დემოკრატია // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 10 აგვისტო. - №174(720). - 1 გვ.
![]() |
120 ედუარდ შევარდნაძე უცხადებს სამძიმარს |
▲ზევით დაბრუნება |
ამერიკელი დიპლომატის ტრაგიკულ დაღუპვასთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფოს მეთაურს შეხვდა საქინფორმის კორესპონდენტი.
- იმან, რაც წუხელ თბილისთან ახლოს, ნატახტართან მოხდა, უაღრესად დამამწუხრა, - თქვა ედუარდ შევარდნაძემ. - როგორც წინასწარი მონაცემებიდან ჩანს, უაზრო შემთხვევითობამ ტრაგიკულად იმსხვერპლა ჩვენი მეგობარი, ამერიკელი ხალხის შესანიშნავი წარმომადგენელი, რის გამოც მინდა დიდი გულისტკივილი და სამძიმარი გამოვუცხადო მათ.
ბატონ ფრედ ვუდროფს იმ ხანმოკლე დროის მანძილზე, რაც იგი საქართველოში მოღვაწეობდა, გულთან ახლოს მიჰქონდა ყველა ჩვენი სატკივარი, ცხოვრობდა საქართველოს ინტერესებით.
მისი გამგზავრებაც დაბა ყაზბეგში ექსკურსიაზე ქართული კულტურის, ისტორიის ახლოს გაცნობას ისახავდა მიზნად.
კიდევ ერთხელ ვუცხადებ გულწრფელ სამძიმარს მის ოჯახს, ახლობლებს.
ედუარდ შევარდნაძე უცხადებს სამძიმარს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 11 აგვისტო. - №175(721). - 1 გვ.
![]() |
121 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ - სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ 10 აგვისტოს სამძიმრის ბარათი გაუგზავნა საქართველოში ამერიკის საელჩოს პოლიტიკური განყოფილების თანამშრომლის ფრედ ვუდროფის ოჯახს, რომელშიც ნათქვამია: |
▲ზევით დაბრუნება |
ძვირფასო ქალბატონო ვუდროფ,
ასეთი მწუხარების დროს ძნელია სანუგეშო სიტყვები მოძებნო და ადამიანს ტანჯვა შეუმსუბუქო.
მე მაინც გადავწყვიტე, ჩემო ძვირფასებო, ეს პატარა ბარათი გამოგიგზავნოთ, და ჩემი ხალხის სახელით სამძიმარი გამოვთქვა ფრედის უდროოდ და ტრაგიკულად დაღუპვის გამო.
დარწმუნებული ვარ ეს ბრმა შემთხვევაა. ფრედი ჩამოვიდა საქართველოში, როგორც ჩემი ქვეყნის მეგობარი და ასეთად დარჩება მარად ქართველთა ხსოვნაში.
ღრმა პატივისცემით და თანაგრძნობით,
ედუარდ შევარდნაძე.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ - სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ 10 აგვისტოს სამძიმრის ბარათი გაუგზავნა საქართველოში ამერიკის საელჩოს პოლიტიკური განყოფილების თანამშრომლის ფრედ ვუდროფის ოჯახს, რომელშიც ნათქვამია:// საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 11 აგვისტო. - №175(721). - 1 გვ.
![]() |
122 გულით მოძღვნილი სიკეთე |
▲ზევით დაბრუნება |
[...]
სახელმწიფოს მეთაურმა მადლობის წერილი გაუგზავნა ბატონ თამაზ გორთამაშვილს. მასში ნათქვამია:
„როგორც საქართველოს სახელმწიფოს მეთაურმა და შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმისათვის, რომ გულთან მიიტანეთ ქვეყნის სატკივარი და ამ უმძიმეს ჟამს თქვენი წვლილი შეიტანეთ საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკით უზრუნველყოფის საქმეში.
მადლობა ამ ძვირფასი საჩუქრისა და თანადგომისათვის. ის ყოფილიყოს თქვენი, როგორც ადამიანის, როგორც მოქალაქის, როგორც საქართველოს პატრიოტის მომავალი გამარჯვების საწინდარი.
პატივისცემით
ედუარდ შევარდნაძე“.
გულით მოძღვნილი სიკეთე // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 12 აგვისტო. - №176(722). - 1 გვ.
![]() |
123 ედუარდ შევარდნაძე აფხაზეთის ომის შედეგებს აანალიზებს |
▲ზევით დაბრუნება |
წელიწადი გავიდა მას შემდეგ, რაც ომი დაიწყო აფხაზეთში. გააანალიზა რა ამ ძმათამკვლელი კონფლიქტის შედეგები, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ - სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ საქართველოს ტელევიზიისათვის მიცემულ ინტერვიუში თქვა: - ახლა დრო არ არის ვარკვიოთ, თუ ვინ არის დამნაშავე ამ საზარელი ტრაგედიის გაჩაღებაში. ამ მომენტში მთავარია, რომ შეწყდეს ომი, ბოლო მოეღოს სისხლისღვრას, რადგან ის, თუ რა შეიძლება მოიტანოს კონფლიქტის განგრძობამ, ძნელია წარმოვიდგინოთ, როგორც აფხაზეთისათვის, ისე მთლიანად საქართველოს, მთელი რეგიონებისათვის.
გასული წელი, - აღნიშნა ედუარდ შევარდნაძემ, - მწარე გაკვეთილი უნდა იყოს ჩვენი ორივე ხალხისათვის - ახლანდელი და მომავალი თაობებისათვის. საქართველო, მისი ტერიტორია განუყოფელია. და ეს წელი დამაჯერებლად ადასტურებს, რომ საქართველოს თითოეული ნამდვილი მოქალაქე და არა მარტო ქართველი, ბარიკადის რომელ მხარესაც უნდა იდგეს, მზად არის თავი დადოს მისი მთლიანობისათვის. ახლა უაღრესად საჭიროა, ხაზი გაუსვა მან, რომ კონფლიქტის მოწესრიგების დაწყებული პროცესი არ შეწყდეს, არ ჩაქრეს. ამიტომ ყველამ, მათ შორის, ჩვენმა ოპონენტებმაც, ყველაფერი უნდა იღონონ მშვიდობიანი პროცესის წინ წაწევისათვის.
იძულებული გავხდით გარკვეულ კომპრომისზე წავსულიყავით, - თქვა სახელმწიფოს მეთაურმა, - თუ გნებავთ, რაღაც დაგვეთმო კიდეც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ხელმოწერისას. მაგრამ ეს მოხდა მთავარი მიზნის მიღწევისათვის. ბოლოს და ბოლოს დამთავრდეს ომი, მოშუშდეს მის მიერ მიყენებული მძიმე იარები, აღდგეს არსებული საზღვრები, დანგრეული ქალაქები და სოფლები, დაბრუნდნენ ლტოლვილები - ქართველებიცა და აფხაზებიც, სხვა ეროვნებათა ადამიანებიც მათ მუდმივ საცხოვრებელ ადგილებში.
ედუარდ შევარდნაძემ აღნიშნა, რომ ამ შეთანხმების რეალიზაციის დაწყება დამაიმედებელია და გამოთქვა რწმენა, რომ საქმე ბოლომდე მივა, რომ ქართულ მიწაზე, ბოლოს და ბოლოს, დამკვიდრდება მშვიდობა, მასთან ერთად კი სტაბილურობა მთელ რესპუბლიკაში.
ედუარდ შევარდნაძე აფხაზეთის ომის შედეგებს აანალიზებს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 17 აგვისტო. - №180(726). - 1 გვ.
![]() |
124 საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პარლამენტის სხდომიდან
სავსებით ბუნებრივი და კანონზომიერია ის ინტერესი, რომლითაც ელოდნენ ამ სხდომას პარლამენტარები და სრულიად საქართველო. ახლა, როდესაც სიტუაცია ჩვენს ქვეყანაში საოცრად დაძაბულია, პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა კრიზისმა უფსკრულამდე მიიყვანა ჩვენი სამშობლო. პრემიერ-მინისტრის არჩევას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
ამიტომ პარლამენტის სხდომაზე პირველი სიტყვა სახელმწიფოს მეთაურმა აიღო. მან, კერძოდ, თქვა:
- ლაპარაკი იმის შესახებ, თუ რა ვითარებაში გვიხდება მინისტრთა კაბინეტის ფორმირება, ალბათ, ზედმეტია. უაღრესი დაძაბულობა, თითქმის ეკონომიკური ქაოსი, ადამიანების სოციალური სიღატაკე და ბევრი სხვა რამ დამახასიათებელია დღევანდელი ჩვენი საზოგადოებისათვის. ამას, ბუნებრივია, ართულებს ის, რომ ომი აფხაზეთში, როგორც ამბობენ, კონფლიქტი, ჯერჯერობით არ შეიძლება მოწესრიგებულად ჩაითვალოს. ეს პროცესი მხოლოდ დასაწყის ფაზაშია. ასეთ ვითარებაში ყველა რგოლი უნდა მოქმედებდეს, უნდა მუშაობდეს, და როცა ეს არ ხდება, ვითარება კიდევ უფრო რთულდება და კრიზისიდან გამოსვლა ჭიანურდება. ჩვენს ეკონომიკას დაეტყო გამოცოცხლების ზოგიერთი ტენდენცია, მხედველობაში მაქვს, პირველ რიგში, გარეშე ფაქტორი, საქართველოსათვის სასიცოცხლო მნიშვნელობისა იყო შეხვედრები თურქმენეთში, ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აზერბაიჯანის ხელმძღვანელობასთან საერთო ენის გამონახვა. ორშაბათს დაგეგმილია საქართველოსა და რუსეთის ხელმძღვანელების შეხვედრა. აქაც არის იმის გარკვეული პერსპექტივა, რომ რაღაც ეტაპზე ქვეყანამ სული მოითქვას. მაგრამ, ეს მაინც გარეშე ფაქტორებია. ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ შევძლებთ საკუთარი თავის მოვლას, ქვეყნის პატრონობას. ძნელი საქმეა, მაგრამ, ამაზე უნდა ფიქრობდეს ქვეყანა და ხალხი, ერთად უნდა მოვნახოთ გამოსავალი. როცა ხალხის ბედი ბეწვზე ჰკიდია, მთელი ჩვენი ჭკუა და გონება უნდა მივმართოთ იქითკენ, რომ გვესმოდეს ერთმანეთის.
ამ ბოლო დღეებში მე მქონდა კონსულტაციები პარტიებთან, ფრაქციების ხელმძღვანელებთან, რომელთა დროსაც ცენტრალური საკითხი პრემიერ-მინისტრის დანიშვნა გახლდათ. გუშინ მეორე შეხვედრა გაიმართა და მე შევთავაზე პარლამენტარებს, განეხილათ და პარლამენტის სხდომაზე განსახილველად გაეტანათ ბატონ ოთარ ფაცაციას კანდიდატურა.
შემდეგ სახელმწიფოს მეთაურმა დაახასიათა ბატონი ოთარ ფაცაცია, როგორც გამოცდილი მუშაკი, თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალი, ეკონომიკაში ღრმად ჩახედული, მცოდნე პიროვნება, რომელსაც აქვს უნიკალური თვისება ადამიანებთან ურთიერთობისა, მათ შორის იმათთანაც, ვისთანაც არც ისე იოლია ურთიერთობის მოგვარება.
ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ ხაზი გაუსვა პრემიერ-მინისტრის პოსტზე კანდიდატის იმ საუკეთესო თვისებას, რომელსაც სიტყვის არგატეხვა ჰქვია. შემდეგ მან სთხოვა პარლამენტარებს მხარდაჭერა ამ კანდიდატურის განხილვისა და დამტკიცების პროცესში.
- ამ ეტაპზე, - თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ, - მას დიდი და სასარგებლო საქმის გაკეთება შეუძლია საქართველოსათვის, მთელი სახელმწიფოსათვის და მათ შორის, იმ მშობლიური კუთხისათვის, საიდანაც გადავწყვიტეთ მისი წამოყვანა. შემოთავაზებული კანდიდატურის გამო გაიმართა კამათი. პარლამენტარების აზრი არაერთგვაროვანი იყო, კენჭისყრამ გამოავლინა პარლამენტართა მხარდაჭერა სახელმწიფოს მეთაურის წინადადებებისადმი. ფარული კენჭისყრის შედეგების მიხედვით საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე არჩეულია სამოცდაოთხი წლის ინჟინერი, ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი ოთარ ფაცაცია.
საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს : საქართველოს პარლამენტის სხდომიდან // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 21 აგვისტო. - №184-185(713). - 1 გვ.
![]() |
125 ედუარდ შევარდნაძე: მოსკოვში გამართული შეხვედრები იმის საშუალებას გვაძლევს, რომ ოპტიმისტურად შევაფასოთ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა მისი გაუმჯობესების თვალსაზრისით |
▲ზევით დაბრუნება |
23 აგვისტოს, გვიან ღამით, მოსკოვიდან დაბრუნებისთანავე, თბილისის აეროპორტში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ - სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ ინტერვიუ მისცა საქართველოს რადიოს.
- ეს იყო ძალზე საჭირო შეხვედრები და საჭირო შეთანხმებები ისეთ მეზობელთან, როგორიც რუსეთია, - თქვა სახელმწიფოს მეთაურმა, - არ შემიძლია დიდხანს გაგრძელდეს გაურკვევლობის ვითარება. მე მგონი, თანდათანობით იქითკენ მივდივართ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის, ბოლოს და ბოლოს, დამყარდება ნორმალური, კეთილმეზობლური და ხელსაყრელი ურთიერთობა, კონკრეტულად თუ ვიტყვით, მიღწეულია ურთიერთგაგება აფხაზეთის კონფლიქტის საკითხებში. დასახულია კონკრეტული გზები შემდგომი ნაბიჯების გადასადგმელად, გამოიხატა საერთო პოზიცია იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ, ორი ქვეყნის ლიდერები, მივესალმებით გაერთიანებული ერების ორგანიზაციას, უშიშროების საბჭოს მეთვალყურეთა მონაწილეობას კონფლიქტის მოგვარებაში. მივესალმებით სამშვიდობო ძალების გამოგზავნას.
მე და რუსეთის პრეზიდენტმა მოვილაპარაკეთ, - თქვა შემდეგ ედუარდ შევარდნაძემ, რომ ერთობლივ წერილს გავუგზავნით გაერთიანებული ერების ორგანიზაციას, რომელშიც გამოვხატავთ ჩვენს პოზიციას. გამოვთქვით მზადყოფნა იმისათვის, რომ ყველაფერი ვიღონოთ, რათა, რაც შეიძლება მალე დაიწყოს ლტოლვილთა დაბრუნების პროცესი და, რაღა თქმა უნდა, აღიკვეთოს ისეთი მოვლენები, როგორიც იყო დეპორტაცია, და ეს აღიკვეთება კიდეც. ჩვენ ვისაუბრეთ ამ საკითხის საბოლოო გადაჭრის უფრო ხანგრძლივ პროგრამაზეც, და ასე თუ ისე ურთიერთგაგებას მივაღწიეთ ამ საქმეში. როგორც პრეზიდენტთან, ისე პრემიერ-მინისტრთან მოლაპარაკების დროს შემდეგი ბლოკი საკითხებისა იყო ეკონომიკური ურთიერთობა ამ ეტაპზე, სამომავლო პერსპექტივის გათვალისწინებით. უნდა გითხრათ, რომ მართლაც სისხლხორცეულად ვართ დაინტერესებული იმით, რომ გამოცოცხლდეს ეკონომიკური კავშირურთიერთობა და გარკვეული კრედიტებიც მივიღოთ. არის დაპირება, რომ რამდენიმე დღეში ეს საკითხი გაირკვევა. ამასთან, საქონელბრუნვის შესახებ წინასწარი შეთანხმებანი, რომლებიც არსებობდა, უნდა ამოქმედდეს. არის იმედი, რომ გამოგვიყოფენ გარკვეული რაოდენობის ენერგომატარებლებს, გვპირდებიან გარკვეული რაოდენობის მარცვლეულის მოწოდებასაც. ეს და ზოგიერთი სხვა საკითხის განხილვა, რომლებზეც საუბარი გვქონდა, გვაძლევს საშუალებას ოპტიმისტურად შევაფასოთ ორი ქვეყნის ურთიერთობა გაუმჯობესების თვალსაზრისით. შევთანხმდით, რომ ამ თვის დამლევამდე დაიწყება და დამთავრდება მოლაპარაკების მეხუთე რაუნდი, რომლის მონაწილეებმა საბოლოოდ უნდა შეათანხმონ ყველა ხელშეკრულების ტექსტი. შევთანხმდით აგრეთვე, რომ დოკუმენტების ხელმოწერა საქართველოში მოხდება სექტემბერში, - თქვა ინტერვიუს დასასრულს სახელმწიფოს მეთაურმა.
ედუარდ შევარდნაძე: მოსკოვში გამართული შეხვედრები იმის საშუალებას გვაძლევს, რომ ოპტიმისტურად შევაფასოთ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა მისი გაუმჯობესების თვალსაზრისით : 23 აგვისტოს ინტერვიუ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა]საქართველოს რადიო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 25 აგვისტო. - №187(715). - 1გვ.
![]() |
126 უნაყოფოდ ჩავლილი სამუშაო დღე |
▲ზევით დაბრუნება |
პარლამენტის სხდომის დღიური
ქვეყნის უმთავრეს პრობლემასთან - აღმასრულებელი ხელისუფლების - მინისტრთა კაბინეტის ფორმირებასთან დაკავშირებით ედუარდ შევარდნაძემ თქვა:
[...]
ვიდრე პარლამენტარები რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებენ, კარგად უნდა დაფიქრდნენ იმაზე, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამგვარი მიმართვის გაგზავნას გაეროში. თუ ჩვენ ვთვლით, რომ რუსეთი ჩვენთან ერთად რეალურად მუშაობს აფხაზეთის კონფლიქტის მოსაგვარებლად, მშვიდობის დასამყარებლად, და ეს ნამდვილად ასეა, - განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ, - მაშინ ასეთი სრული უნდობლობა არ უნდა გამოვუცხადოთ მას. სხვა ლოგიკა არ არსებობს: ან ვთანამშრომლობთ რუსეთთან, თუ არა და, გადავწყვიტოთ, რა გზას დავადგეთ.
რაც შეეხება გაეროს სამშვიდობო ძალების შემოყვანას, ეს დღეს და ხვალ ვერ გადაწყდება. ჩემი თხოვნით ადგილზე ვითარების შესასწავლად ჩამოვიდა გენერალური მდივნის კიდევ ერთი პირადი წარმომადგენელი. მე მას დაბეჯითებით ვთხოვე, რომ საკითხი არავითარ შემთხვევაში არ გადაიდოს და ჩქარა გადაწყდეს, თუნდაც სამშვიდობო ბატალიონის გამოგზავნა. მაგრამ, ჯერჯერობით ამის რეალური გარანტია არ არსებობს. მადლობა ღმერთს, ჩვენი თხოვნა გაითვალისწინეს და მეთვალყურეთა რაოდენობა 50 კაციდან 90-მდე გაიზარდა. ეს საკმაოდ მძლავრი რაზმია თავისი ინსპექციებით. მაგრამ მეთვალყურეთა ფუნქცია არ არის ჯარების დაშორიშორება, შეტაკებათა აღკვეთა, მინდა იცოდეთ, - თქვა სახელმწიფოს მეთაურმა, ვერც სამშვიდობო ძალების გამოგზავნაზე გაერო ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ იგი ტორპედირებული იქნება რუსეთის დელეგაციის მიერ. ამიტომ ასეთი მიმართვით ჩვენ ვირჩევთ ომის და არა მშვიდობის გზას. მშვიდობის გზა კი, რომელსაც ჩვენ ვადგავართ, ეკლიანია, რთულია, მაგრამ ერთადერთი მისაღები გზაა.
[...]
უნაყოფოდ ჩავლილი სამუშაო დღე // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 28 აგვისტო. - №189(717). - 1 გვ.
![]() |
127 ეროვნული არმია ყველამ ერთად უნდა ვაშენოთ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პარლამენტის 29 აგვისტოს სხდომაზე ზოგიერთი პარლამენტარის გამოსვლაში გაისმა ქართული ჯარის შეურაცხმყოფელი სიტყვები. ამასთან დაკავშირებით საქინფორმის კორესპონდენტმა სთხოვა განმარტება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს - სახელმწიფოს მეთაურს ედუარდ შევარდნაძეს.
- თავისთავად საკითხის ასე დაყენება, თითქოს ჩვენს ჯარში ყაჩაღები და მაროდიორები არიან, ვისგანაც უნდა მოდიოდეს ეს, დიდი უზნეობაა. ეს გაუგონარი ცინიზმია არა მარტო იმათ მიმართ, ვინც დღეს დგას ქართული ჯარის რიგებში, ვინც მწყობრშია, არამედ იმ ბიჭების სახელისა და ხსოვნის შეგინებაცაა, ვინც საქართველოს ღირსებისათვის გასწირა თავი.
ნურავის ნუ დაავიწყდება - არმიაში ჩვენი შვილები და შვილიშვილები არიან. არმია ჩვენი სისხლი და ხორცია და ცალკეული ფაქტები ჩვენს გაბოროტებას კი არა, გულისტკივილსა და იმის სურვილს უნდა იწვევდეს, რომ ყველამ ერთად ვაშენოთ, შევქმნათ ეროვნული არმია. ჯარი, რეგულარული არმია, მთელი ხალხის ზრუნვითა და, უწინარეს ყოვლისა, პარლამენტართა ამაგით უნდა იქმნებოდეს. თუკი რამ ხდება არმიაში მიუღებელი და დაუშვებელი, ესეც იმის ნაკლია, რაც საზოგადოებაში ხდება. და, საერთოდ, ასეთ უპრეცედენტო, უბოდიშო და ცილისმწამებლურ გამოხდომებს ბოლო უნდა მოეღოს, - აღნიშნა დასასრულს ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ.
ეროვნული არმია ყველამ ერთად უნდა ვაშენოთ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 31 აგვისტო. - №190(718). - 1 გვ.
![]() |
128 დღის წესრიგშია აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურული ცვლილება |
▲ზევით დაბრუნება |
პარლამენტის სხდომის დღიური
29 აგვისტოს საქართველოს პარლამენტის სხდომაზე განიხილეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სახელმწიფოს მეთაურის ედუარდ შევარდნაძის მოხსენება რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის ახალი სტრუქტურის შესახებ. სხდომის დაწყებისთანავე ედუარდ შევარდნაძემ, ვიდრე ძირითად საკითხზე ისაუბრებდა, შეფასება მისცა სამეგრელო-ფოთის ზონაში შექმნილ ვითარებას და მას ურთულესი უწოდა.
- ჩვენ - ხელისუფლებამაც, პარლამენტმაც, პოლიტიკურმა პარტიებმაც, ყველამ მაქსიმუმი ვიღონეთ იმისთვის, რომ შეთანხმების, შერიგების პროცესი, რომელიც დაიწყო, სიტყვიდან საქმიან რელსებზე გადასულიყო, - თქვა სახელმწიფოს მეთაურმა, - მაგრამ, სამწუხაროდ, ვერც აფხაზეთში გამართული აქცია, რომელმაც, რომ იტყვიან, ყინული გაალღო, სხვა დონის საუბრები, რომელიც გაიმართა იმ ლიდერებთან, ვისთანაც რეალურად გვაქვს საქმე, ეტყობა, საკმარისი არ აღმოჩნდა. თუმცა ამ მოლაპარაკებას ისეთი ხასიათი ჰქონდა, რომ ყოველგვარ მოულოდნელობას, ავანტიურას სრულიად გამოვრიცხავდით. სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა. 28 აგვისტოს, გამთენიისას საკმაოდ მრავალრიცხოვანი რაზმები შეიჭრა სენაკში, შემდეგ ხობში, აბაშაში. ეს ამბავი ჩვენთვისაც და იქ მყოფი ჩვენი ნაწილებისთვისაც მოულოდნელი იყო, რადგან 28 აგვისტო წმინდა დღეა და თუ ამ ღამეს ვინმე თავის მოძმეზე აღმართავდა ხელს და სისხლს დაღვრიდა, ნამდვილად ვერ წარმოგვედგინა.
ჩვენი თხოვნით, და ეს თვით პრემიერ-მინისტრის ინიციატივაც იყო, ბატონი ოთარ ფაცაცია ჩავიდა იქ და შეხვედრა ჰქონდა ამ აქციის ლიდერებთან. მოლაპარაკებას, ალბათ, განვაგრძობთ და ყველაფერი გაირკვევა, მაგრამ ის, რაც უკვე მოხდა, ვერავითარი ადამიანური მორალის ჩარჩოებში ვერ ეტევა, - განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ, - ეს აქცია იმას ისახავდა მიზნად, რომ ქვეყანას გადაუკეტონ საარსებო ფოთის მაგისტრალი და, როგორც ამ დილით მითხრეს, მათ ეს უკვე გააკეთეს. არადა, ვინც ეს გააკეთა, ძალიან კარგად იცის, რომ ფოთს ხელისუფლება არ დათმობს, რადგან აქედან მარტო ჩვენი ქვეყანა როდი იღებს ყველაზე საარსებო ტვირთს - ხორბალს. და ლაპარაკია არა მარტო ხორბალზე, არამედ საწვავზეც, სასურსათო პროდუქციაზე, წამლებზე. ამ ნავსადგურზეა დამოკიდებული ჩვენი მეზობლების - სომხეთისა და აზერბაიჯანის მოსახლეობის ხორბლით მომარაგებაც. ახლახან ასეთი ფაქტიც კი მოხდა: პირადად ჩემს სახელზე მოსული ჰუმანური ტვირთი - 40 ტონა სამკურნალო წამლები - სამეგრელოს ერთ-ერთ რაიონში გააჩერეს და დაიტაცეს.
საქართველოს სახელმწიფო მეთაურმა მოუწოდა ძალებს, რომლებიც ამ ფაქტებისა და გუშინდელი სიტუაციის სულისჩამდგმელები არიან, ნუ გაართულებენ ვითარებას, რადგან მათი მიზეზით ქვეყანა შეიძლება კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდეს. თუ ჩვენი ხალხი გადაწყვეტს, რომ ყველამ ერთად ავწიოთ ხელი და ჩავბარდეთ იმ პიროვნებას, რომელიც ყოველივე ამას განაგებს და ხელმძღვანელობს, ალბათ, ვეღარც ჩვენ აღვუდგებით წინ ხალხის გადაწყვეტილებას, მაგრამ, არა მგონია, მთლად ასე იყოს საქმე. თუმცა საქართველოში და სხვაგანაც ცოტა როდია ისეთი ხალხი, რომელიც სიხარულით ჩაბარდება და იარაღსაც მიართმევს. მაგრამ დაფიქრებულან კი ისინი, ვის აძლევს ყოველივე ეს ხელს? ამიტომ მოვუწოდებ მათ მოლაპარაკებისათვის, რათა არ დავუშვათ სისხლისღვრა და ადამიანურად ვთხოვთ, როგორც ქართველი ქართველს, გაიყვანონ რაზმები სენაკიდან და ხობიდან და დავიწყოთ დიალოგი. ნუ ჩააგდებთ შიმშილში ქვეყანას. ამ წმინდა დღეს კაცისკვლისა და სისხლის ღვრისათვის თუ კაცმა არ დაგსაჯათ, ღმერთი უთუოდ დაგსჯით, - თქვა ედუარდ შევარდნაძემ. სახელმწიფოს მეთაურმა მოუწოდა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს, რომლებსაც კონტაქტები აქვთ ამ ძალებთან, ყველაფერი იღონონ იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ სისხლისღვრა. ასევე მივმართავ ცალკეულ პოლიტიკურ მოღვაწეებსაც, - თქვა დასასრულ ედუარდ შევარდნაძემ, - თორემ შემდეგ ყველაფერი გვიან იქნება და მძიმე შედეგებს თავიდან ვეღარ ავიცილებთ.
ამ ინფორმაციის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ წარმოადგინა წინადადებანი და მოსაზრებანი მინისტრთა კაბინეტის სტრუქტურის შესახებ. წარმოდგენილი სქემის მიხედვით ახალ სტრუქტურაში დარჩება 16 სამინისტრო, 19 დეპარტამენტი, რომელთა რიცხვი, პარლამენტართა თანხმობით, გაიზარდა 20-მდე (ამიერიდან შეიქმნება ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტი). იქნება აგრეთვე 3 კორპორაცია, 2 ინსპექცია, 3 კომიტეტი. პარლამენტს დაექვემდებარება შემდეგი უწყებები: პროკურატურა, კონტროლის პალატა, საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახური, სტატისტიკის კომიტეტი, ეროვნული ბანკი.
ამასთან ერთად, გაუქმდება მინისტრთა კაბინეტის პრეზიდიუმი. მთავრობა, როგორც ეს არაერთხელ თქმულა, კაბინეტური სისტემით იმუშავებს. წარმოდგენილი ცვლილებები შეესაბამება გარდამავალი ეტაპის, ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პრინციპებს, მომავალში მინისტრთა კაბინეტის სტრუქტურა შესაბამისად შეიცვლება. მთელი მინისტრთა კაბინეტის, პრემიერ-მინისტრის, ვიცე-პრემიერების, ყველა ხელმძღვანელის საქმიანობა რეფორმისტული უნდა იყოს თავისი არსით, მიზანმიმართულებითა და დანიშნულებით.
სახელმწიფოს მეთაურმა დაწვრილებით გააანალიზა მინისტრთა კაბინეტის სტრუქტურული ცვლილებების აუცილებლობა. აღნიშნა, რომ რიგი უწყებები, როგორიც არის საქენერგო, საქგაზი, საქნავთობი, საქნახშირი, როგორც ცალკეული დეპარტამენტი, სრული ავტონომიით იღვაწებენ.
სახელმწიფოს მეთაურის წარმოდგენილი წინადადებით, უნდა შეიცვალოს მინისტრთა კაბინეტის პარტიის სტატუსი, გაუქმდეს დარგობრივი განყოფილებები. მან მიზანშეწონილად მიიჩნია შეიქმნას სხვადასხვა კომისიები, სახელმწიფო მრჩეველთა სრულყოფილი ინსტიტუტი. დღევანდელი მინისტრთა კაბინეტი გარდამავალი ტიპის საბაზრო ეკონომიკის ჩამოყალიბების გათვალისწინებით იქმნება.
პარლამენტის თავმჯდომარემ განსაკუთრებით ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ მთავრობამ და პარლამენტმა შეთანხმებულად უნდა იმუშაონ.
[...]
საქინფორმის საპარლამენტო კორესპონდენტები.
დღის წესრიგშია აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურული ცვლილება : პარლამენტის სხდომის დღიური // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 31 აგვისტო. - №190(718). - 1,3 გვ.
![]() |
129 ედუარდ შევარდნაძე: უნდა შევქმნათ პოლიტიკური ძალა, რათა საქართველომ მუდამ იაროს დემოკრატიული განვითარების გზით |
▲ზევით დაბრუნება |
30 აგვისტოს რადიოინტერვიუ
- მე გამიჭირდა ახლა ყველა მოვლენის ანალიზი, იმდენად დატვირთული იყო ეს ორი კვირა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ - სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ 30 აგვისტოს რადიოინტერვიუში, როდესაც კომენტატორ ნატო ონიანის თხოვნით გააანალიზა საქართველოში შექმნილი ვითარება. - ძალიან სერიოზული მოვლენები მოხდა ალბათ, ამისათვის ერთი რადიოგამოსვლა საკმარისი არ არის. შევეცდები ზოგადი შტრიხებით შემოვიფარგლო, ქრონოლოგიურად, ზუსტად განვმარტო, რასთან გვაქვს საქმე. დავიწყოთ იმით, თუ როგორ აღვიქვით ჩვენ ყველამ, ხელისუფლებამ და ხელისუფლების ოპონენტებმა, აფხაზეთში ცეცხლის შეწყვეტის, მშვიდობის საკითხი, ის გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და, შესაბამისად, სამშვიდობო აქციების განხორციელებით, საბოლოოდ ამ კონტროლის მოწესრიგების პერსპექტივით, გაეროს უშიშროების საბჭოს მონაწილეობით და, რა თქმა უნდა (სხვაგვარად ეს შეუძლებელი იყო), რუსეთის სამშვიდობო მისიის გათვალისწინებით. მე მგონი, ყველაფრის გასაღები მაინც აქ არის. ჩვენი საზოგადოების დიდმა ნაწილმა ეს სამშვიდობო წამოწყება, შეიძლება ითქვას, აღიქვა როგორც კომპრომისული და, ზერელე შეხედვით, დათმობითაც კი. დათმობით იმ აზრით, რომ ჩვენ მშვიდობისაკენ, ქვეყნის გამთლიანებისაკენ მივდივართ, რაც წამგებიანი არ უნდა იყოს. სამწუხაროდ, ყოველივე ეს ჩვენმა საზრუნავმა ვერ აღიქვა, სათანადოდ ვერ გაიაზრა. მე დარწმუნებული ვიყავი და ჯერ კიდევ დარწმუნებული ვარ, რომ ეს წამოწყება მიგვიყვანს საბოლოო მშვიდობამდე, მიგვიყვანს იქამდე, რომ სისხლისღვრა საბოლოოდ შეწყდა და დაიწყოს ამ კუთხეში მშვიდობიანი და ნორმალური ცხოვრება. თუ ამ შანსს არ გამოვიყენებთ, ეს იქნება უდიდესი დანაშაული ისტორიის წინაშე. რადგან ჩვენმა ოპონენტებმა ერთხელ თქვეს, რომ ეს საქართველოს ინტერესების გაყიდვაა, აფხაზეთის გაყიდვაა, ახლა ამ პოზიციიდან უკან დახევა უჭირთ ან არ სურთ. ამის შემდეგ საჭირო გახდა თავისებური აქციები პარლამენტში, ამას მოჰყვა აფხაზეთში მშვიდობის დამყარებასთან დაკავშირებული მოვლენები.
თქვენ კარგად იცით, რომ სამეგრელოში სენაკის ამჟამინდელი აქცია პირველი არ არის. ასეთივე მოვლენებთან გვქონდა საქმე ამ ორი-სამი კვირის წინათ, რომლებიც, ასე თუ ისე, შედარებით მშვიდობიანად დამთავრდა. მე მგონი, სწორედ აფხაზეთის მშვიდობამ მისცა დასაბამი ვნებათაღელვას პარლამენტში, სწორედ აფხაზეთის სამშვიდობო პროცესმა გაამწარა და, გარკვეული თვალსაზრისით, გააბოროტა კიდეც ჩვენი ხელოვანი ოპონენტების ერთი ნაწილი. ქუთაისელებმა მართლაც შესანიშნავი ინიციატივა გამოიჩინეს, მთელ საქართველოს მოუყარეს თავი, თუმცა ჩვენი ოპონენტები ძალიან ცოტანი იყვნენ იქ. წარმოიდგინეთ, ქართველ კაცს, ქრისტიანს, რა სინდის-ნამუსი, რა რწმენა უნდა ჰქონდეს ერისა და ღმერთის წინაშე, რომ ამ წმინდა დღეს - მარიამობას სისხლი დაღვაროს, საკუთარ ხალხს შეუტიოს. მე ეს ვერაფრით ვერ ამიხსნია, ახლაც მიჭირს ამის ახსნა. რამდენი რამ უსწრებდა ამას წინ - მოლაპარაკება ბატონ ასლან აბაშიძის მონაწილეობით, ჩვენი მოღვაწეების თანდასწრებით. მე მივესალმები ბატონი ასლანის ყველა ინიციატივას, რომლებსაც შეიძლება მშვიდობა და შერიგება მოჰყვეს, ისევე, როგორც ყველა ქართველის და არაქართველის ყოველგვარ ინიციატივას. მე მივესალმები იმას, რომ ბატონი ჯაბა ჩამოვიდა იქ, ისაუბრეს იყო სხვა შეხვედრებიც. თავის დროზე ბატონი კიტოვანი იყო იქ, თუმცა სხვა რაკურსით წარიმართა მსჯელობა ერთ-ერთი სხვა ქვეყნის წარმომადგენლის მონაწილეობით. მე ახლაც მინდა მივმართო ბატონ ასლანს, თუ მას რაიმე შეუძლია, ზეგავლენა მოახდინოს ამ შეიარაღებულ ფორმირებაზე, წუხელ იყო სერიოზული მუქარა, და, არა მარტო მუქარა - მცდელობა, შესულიყვნენ ხონში, იმუქრებოდნენ, ქუთაისში შევალთო და ა. შ. თუ მას შეუძლია ოდნავ, ცოტა რამ მაინც გააკეთოს იმისათვის, რომ შეაჩეროს ეს საშინელება, რომელმაც შეიძლება მართლაც დიდ უბედურებამდე მიგვიყვანოს, მე და ჩვენი ხალხი დიდი მადლიერი ვიქნებით. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებდი ბატონ გია ყარყარაშვილისა და ლოთი ქობალიას საქმიან შეხვედრას. მე მივესალმები იმ შეთანხმებას, რომლებსაც მიაღწია ორივე მხარემ და, სიმართლე გითხრათ, დავიჯერე, რომ ამ შეხვედრის შემდეგ რაიმე მოულოდნელობა არ მოხდებოდა.
რაც შეეხება მოვლენებს პარლამენტში, შეინიშნება იმის აშკარა სურვილი და ისეთი განწყობა, რომ არ ვიმსჯელოთ არსებით საკითხებზე, რომელსაც ახლა ქვეყანა ელოდება, არამედ ვიმსჯელოთ იმ საკითხებზე, რომლებიც დაკავშირებულია ცალკეულ პარტიათა ან პარლამენტართა ამბიციებთან. აი, ასე დაიკარგა ერთი დღე. თუმცა დაკარგული დღეები ერთი და ორი როდი გვქონია. მაგრამ, ასეთი გამწვავება, დაძაბულობის პიკი სწორედ ამ მოვლენებს დაემთხვა. და მე ბევრს ვფიქრობ ახლა, რასთან გვაქვს, ბოლოს და ბოლოს საქმე, რა ტრიალებს ჩვენს თავს და რას უნდა ველოდოთ. არ მინდა ვიფიქრო, რომ ისევ შეთქმულებასთან გვაქვს საქმე. ყოველ შემთხვევაში, უკვე საეჭვო აღარ არის, რომ საქმე გვაქვს ადამიანთა და პოლიტიკურ მოღვაწეთა საკმაოდ ფართო წრის მონაწილეობით წინასწარ მოფიქრებულ და გააზრებულ აქციებთან, რომლებშიც, ჩემი აზრით, ქობალიას დაჯგუფება ინსტრუმენტის როლს ასრულებს. სხვა პოლიტიკური, სერიოზული, ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი ძალები დგანან იმის ზურგს უკან და ისე მოქმედებენ, როგორც მათ სურთ. დღეს არ შემიძლია ისინი დავასახელო, თუმცა საზოგადოებამ კარგად იცის, ვისაც ვგულისხმობ. ყველაზე მძიმე ის არის, რომ იქმნება შთაბეჭდილება, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა ვიმეოროთ მივიღეთ თავისუფლება და ამ დროს ერთი დღეც არ ყოფილა უომოდ. ვისი მიზეზით არის, როგორ მოხდა, ამას იტორია გაარჩევს. როგორც იქნა, ავად თუ კარგად, ჩაცხრა, ჩაქრობის სტადიაშია ცხინვალის კონფლიქტი. ამოსუნთქვის საშუალება რომ გვქონდეს, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამას ბოლომდე მოვაგვარებდით. გუშინ შეწყდა ზარბაზნების გრიალი აფხაზეთში და თითქოს უკვე მოგვწყინდა, და აი, ისევ ომი, მაგრამ ახლა ომი სენაკში, ომი აბაშაში, ომი ხობში, უკვე დაიღვარა სისხლი, უდიდესი საფრთხე შეექმნა ქუთაისს, სამტრედიას, ფოთს. რა არის ეს? ნუთუ მართლა არ შეგვიძლია უომოდ ცხოვრება? ნუთუ ჩვენ განწირული ვართ იმისათვის, რომ აუცილებლად ძმათა სისხლი უნდა ვღვაროთ. ახლა სულ ამაზე ვფიქრობ, რა არის ჩვენი ისტორია, რანი ვართ ჩვენ, ქართველები. ჩვენი ცხოვრების განვლილ ეტაპზე იყო ჩვენი დიდების მწვერვალებიცა და მუდმივი ძმათაკვლა, სისხლისღვრა, მუდმივი შეთქმულებები და ღალატი. ნუთუ თავისუფლება იმისთვის მივიღეთ, რომ ერთმანეთს ვუღალატოთ და ერთმანეთის სისხლი ვღვაროთ. არ მინდა ვიფიქრო, რომ ჩვენ კვლავ ეს ყველაზე საშინელი რამ აღვიდგინეთ ჩვენი ისტორიიდან, ნუთუ გენებში გვაქვს ეს თვისება, რომ არ შეგვიძლია ერთმანეთის მტრობის გარეშე ცხოვრება და არსებობა? ამ უმძიმესი ფიქრებით მივედი ამ დილით სამუშაოზე. მინდა ვიფიქრო, რომ მაინც გამოვძებნით გამოსავალს. ახლა ჩვენთვის მაინც უმთავრესია დავძლიოთ ერთმანეთისადმი შეურიგებლობა. ამას უმძიმესი შედეგები მოჰყვება. გუშინ მივმართე ყველას, ჩემს მომხრეებსა თუ ოპონენტებს, თუ რამ შეუძლიათ (და მათ აქვთ დიდი გავლენა, ბევრი მათგანი შთააგონებს კიდეც ამ შეიარაღებული გამოსვლის ორგანიზატორებს, ასე მოიქცნენ და არა სხვანაირად), გამოიყენონ მთელი გავლენა იმისათვის, რომ შეწყდეს ეს უაზრობა, უგუნურობა, უმეცრება, საშინელება. ხომ უნდა დამთავრდეს ერთხელ და სამუდამოდ ლაპარაკი იმაზე, რომ ერთმა მხარემ სენაკი დაიკავა, ჩვენ სენაკი გავათავისუფლეთ, ისე როგორც ცხინვალი დავიკავეთ, ან სოხუმი დავიკავეთ, ან გავათავისუფლეთ. მრცხვენია, როცა ამაზე ვლაპარაკობთ, ისე ვლაპარაკობთ, თითქოს ვიღაც მომხდურების ტერიტორიას ვიკავებდეთ ან ვათავისუფლებდეთ. მე მინდა ამ შავბნელი მოვლენების ფონზე კვლავ ქუთაისელების ინიციატივა გამოვყო. ეს დიდი დღე იყო და, მოდით, ამაში შევეჯიბროთ ერთმანეთს. მე ვოცნებობ იმ დღეზე, როცა ზუგდიდელები დაიძახებენ და ისინი გამოვლენ ერთიანობისა და მთლიანობის ინიციატივით. მწამს, დადგება ეს დღეც.
კომენტატორის შეკითხვაზე, თუ რატომ არ შექმნა ედუარდ შევარდნაძემ საქართველოში რაიმე პარტია ან საპარლამენტო უმრავლესობა, სახელმწიფოს მეთაურმა უპასუხა: დღემდე ასე ვფიქრობდი, რომ ხელი შემეწყო ჩვენი ერის პოლიტიკურ ძალთა გაერთიანებისა და კონსოლიდაციისათვის, ეს გარკვეულად მოხდა კიდეც: თუნდაც ის არჩევნები, თუნდაც ის მსოფლიო აღიარება საქართველოსი, რომელიც ჯერ კიდევ არ ადგას დემოკრატიული განვითარების გზას. რომ არ ყოფილიყო ეს გამაერთიანებელი როლი გარკვეული ძალებისა, ალბათ, ამას ჩემი ქვეყანა ვერ მიაღწევდა. როცა საქართველოში ჩამოვედი, ვხედავდი, რომ სამოქალაქო ომი თითქმის გარდაუვალი იყო. იმ ეტაპზე ხალხმა ეს თავიდან აიცილა და, მე მგონი, 11 ოქტომბრის არჩევნები ისტორიული მოვლენა გახლდათ. მაგრამ მე მაინც არ შემეძლო იმის დაშვება, რომ რომელიმე პარტიას ან პარლამენტართა ჯგუფს, თუნდაც აბსოლუტურ უმრავლესობას ჩავდგომოდი სათავეში და მე თვითონ შემეწყო ხელი პარლამენტის ასეთი გამოყოფისათვის. ჩემი საარჩევნო პლატფორმა იყო ერთიანი ქვეყნისათვის, მისი გაერთიანებისათვის და, კერძოდ, გაერთიანებული პარლამენტისთვის ერთიანი ბრძოლა. ამიტომ ვერ ვუღალატებდი ჩემს პრინციპებს. ალბათ, ამ დღეებში გამოვალ ამ მოთხოვნით, რომ შეიქმნას საპარლამენტო უმრავლესობა: ვისაც გნებავთ, დადექით ჩემს მხარეს პარლამენტში და ერთად ვიბრძოლოთ იმისათვის, რომ სწრაფად გადავლახოთ ეს უბედურება, რომელიც ახლა როგორც დამანგრეველი ტალღა, ზვირთი, ისე მოდის ჩვენი ქვეყნის წასალეკავად. ჩემთვის ორგანულად შეუთავსებელია მეფიქრა პარტიის შექმნაზე, მიმაჩნია, რომ არა ვარ ამისთვის მოწოდებული და ეს არ უნდა გავაკეთო. მაგრამ ამაზე სერიოზულად ვფიქრობ მას შემდეგ, რაც რამდენიმე წეილიწადია საქართველო შინაომებმა შეჭამეს. ალბათ, უნდა ვიფიქროთ პოლიტიკურ გარანტიენზე, თავისუფლების, ეროვნული დამოუკიდებლობის, ერთიანობის, ჩვენი განვითარების გარანტიებზე. შეიძლება იყოს ამ გარანტიების ფაქტორი მარტო ერთი კაცი ან ადამიანთა ჯგუფი? არ შეიძლება! ამიტომ, მივდივარ იმ დასკვნამდე, რომ შევარდნაძემ და სხვებმაც, ვისაც დღეს გარკვეული პასუხისმგებლობა აკისრია ქვეყნის, ხალხისა და ღმერთის წინაშე, უნდა გადადგან ეს ნაბიჯი. უნდა შევქმნათ პოლიტიკური ძალა, პოლიტიკური გარანტია იმისა, რომ საქართველო აღარ დაუბრუნდება ქაოსს, აღარ დაუბრუნდება ტოტალიტალურ რეჟიმს, რომ საქართველო მუდამ ივლის დემოკრატიული განვითარების გზით, რომელიღაც ეტაპზე ჩვენ დაგვჭირდება ვილაპარაკოთ უფრო ძლიერ ხელისუფლებაზე, იმაზე, რომ ხმა არ გიკანკალებდეს, როცა ლაპარაკობ წესრიგის, ერთიანობის დამყარებაზე, ქვეყნის ინტერესებისათვის ბრძოლაზე. ამისთვის კი პოლიტიკური ძალა იქნება საჭირო. ახლა არა ვარ მზად ჩემს რადიომსმენელს ვუთხრა, როგორი იქნება ეს პოლიტიკური ძალა, მაგრამ მე წავალ ამაზე. ჩვენი ინტელიგენციის უბრწყინვალესი წარმომადგენლები, რომლებსაც შემიძლია დავუჩოქო და ვეამბორო, უწმინდესი ადამიანები მოვიდნენ ჩემთან ქუთაისში და მითხრეს, შენ ვალდებული ხარ რაღაც გააკეთო, შექმნა რაღაც პოლიტიკური ძალა და პარტია, ოღონდ საქართველო უნდა იხსნაო. ამ გარანტიაზეა ლაპარაკი. მე მგონი, დადგა ეს დრო. ალბათ, ამ სიმწრის, უბედურების მოლოდინის წინაშე უნდა დავმდგარიყავით, რომ მე ეს მეთქვა. ჩემთვის ძალიან მძიმეა იმ დასკვნამდე მისვლა, რომ ისევ პარტიებზე დავიწყო ლაპარაკი, მაგრამ სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ. მე იოლად ვერ მივდივარ დასკვნამდე, მაგრამ, თუ გადაწყვეტილება მივიღე, მერე მზად ვარ სიცოცხლე შევწირო ამ წამოწყების ბოლომდე გაყვანას. თუ მე და ჩემი თანამოაზრეები რაღაც პოლიტიკურ ფორმირებას შევქმნით, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოსახლეობის ყველა კეთილი ნების, პატიოსანი, პატრიოტი ადამიანი ამ მოძრაობას მხარს დაუჭერს, მასში გაერთიანდებიან საქართველოს ხსნისა და გადარჩენისათვის.
მინისტრთა კაბინეტის ახალ სტრუქტურებთან დაკავშირებით ედუარდ შევარდნაძემ თქვა: მიმაჩნია, რომ სტრუქტურა, რომელიც მე შევთავაზე პარლამენტს, ერთადერთია ამ ეტაპზე. „რესპუბლიკელებს“ ბევრი საინტერესო მოსაზრება აქვთ, მათ წინათაც გაუზიარებიათ ეს ჩვენი საზოგადოებრიობისათვის. ზოგი რამ მათი პროექტიდან ჩემს მიერ შემოთავაზებულ სტრუქტურებში გათვალისწინებულია, მაგრამ, ზოგის გათვალისწინება არ შეიძლება. ბევრი რამ, რაც საინტერესოდ მეჩვენება, სახვალიოა. დღეს არ არის ჩვენი ქვეყანა ამისათვის მზად. როცა ვამბობთ, იყოს ძლიერი ხელისუფლება, რას ნიშნავს ეს? მარტო შევარდნაძეა ხელისუფლება? ხომ არ შეიძლება მარტო ერთი შევარდნაძე დაჯდეს და აფრქვიოს მთელი ჭეშმარიტება და იქნიოს ხმალიც, როცა საჭიროა. ამიტომ უნდა იყოს სამთავრობო სტრუქტურა ისეთი, რომელიც ინსტრუმენტი იქნება ამ ძლიერი ხელისუფლებისა. ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი მინისტრთა კაბინეტი, რომელიც უპასუხებს ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას და მერე, როცა კრიზისიდან გამოვალთ, ვიფიქროთ იდეალზე.
- პარლამენტის სხდომაზე თქვენ აღნიშნეთ, რომ წლის ბოლომდე საქართველომ უნდა მიიღოს განვითარებადი ქვეყნის სტატუსი, რას ნიშნავს ეს და რა შეღავათებს ჰპირდება იგი ჩვენს ქვეყანას?
- ჩვენი დასავლელი კოლეგები შეგვპირდნენ, რომ მხარს დაუჭერენ საქართველოსთვის განვითარებადი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას. ვერ გეტყვით, რომ, როგორც კი სტატუსს მივიღებთ, იმ წუთში ოქრო აჩხრიალდება ჩვენს ჯიბეებში. ეს ასე არ იქნება, მაგრამ ეს სტატუსი ბევრს იძლევა. მაგალითად, კორეას დღემდე ჰქონდა ეს სტატუსი, ისრაელს და მრავალ სხვა ქვეყანას, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მართლაც სიღატაკისა და შიმშილის პირობებში ცხოვრობდნენ, რასაკვირველია მარტო ამ სტატუსმა არ უშველა, მაგრამ ეს იყო ერთ-ერთი ფაქტორი, რომ განვითარებული ქვეყნები მათ ეხმარებიან. მთელი რიგი ქვეყნების - გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, ამერიკის შეერთებული შტატების ბიუჯეტებში არის სპეციალური მუხლი, რომელშიც გათვალისწინებულია განვითარებადი ქვეყნებისათვის დახმარების ფონდი. თუ ეს სტატუსი მივიღეთ, მაშინ საერთაშორისო ეკონომიკური ორგანიზაციები, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ბანკები და ა.შ. ცოტა უფრო გულუხვი აღმოჩნდებიან კრედიტების გამოყოფის საქმეში.
მაგრამ ჩვენს პარლამენტში ისე ჩაიქროლა ამ სიტყვებმა, ვითომ არაფერი ხდებოდეს. მე ჩემი ცალკეული კოლეგები მყავს მხედველობაში, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ნაწილს არც განვითარებადი ქვეყნის პერსპექტივა აინტერესებს და არც ქვეყნის რეალური განვითარება. მათ აქვთ ერთი მიზეზი, რომ თავიანთი ამბიციებით რაღაცას მიაღწიონ. ამიტომ მივედი იმ დასკვნამდე, რომ პარლამენტში პოლიტიკური უმრავლესობაც და ქვეყანაში პოლიტიკური ძალაც უნდა იყოს. მე ვიცი, რომ ვიღაც-ვიღაცეები წამოიძახებენ, შევარდნაძე კომუნისტურ პარტიას ქმნისო. არა, ეს იქნება დემოკრატიის, მშვიდობის გარანტია, ძლიერი ძალა, რომელმაც საქართველო უნდა მიიყვანოს ჭეშმარიტ დამოუკიდებლობამდე, ჭეშმარიტ დემოკრატიულ წყარომდე.
ედუარდ შევარდნაძე: უნდა შევქმნათ პოლიტიკური ძალა, რათა საქართველომ მუდამ იაროს დემოკრატიული განვითარების გზით : 30 აგვისტოს რადიოინტერვიუ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 31 აგვისტო. - №190(718). - 1 გვ.
![]() |
130 რეფორმების განხორციელება ძლიერი ხელისუფლებით უნდა შევძლოთ |
▲ზევით დაბრუნება |
პარლამენტის სხდომის დღიური
[...]
ეს მწვავე საკითხი იმდენად აღელვებს დღეს სრულიად საქართველოს, რომ სახელმწიფოს მეთაურს მოუხდა სხდომაზე კვლავ გამოსულიყო და ეთქვა, თუ რა ვითარებაა დღეს საქართველოში.
- ახლა რომ გავაკეთოთ იმის ანალიზი, - აღნიშნა ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ, - რა შეცდომები იყო, ვფიქრობ, ეს ისევ უნაყოფო დებატებს გამოიწვევს. ბოლო 7-8 თვის განმავლობაში, არჩევნების, მინისტრთა კაბინეტის ფორმირების შემდეგ, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა, ყველაფერი გაკეთდა ეროვნული ერთიანობისათვის. მე ვერ ვხედავდი და ვერც ახლა ვხედავ საფუძველს, თუ რატომ ვერ უნდა მივაღწიოთ ამას. ცალკეული პიროვნების ინტერესებს, ვინც არ უნდა იყოს იგი, საქართველო არ უნდა შეეწიროს.
შემდეგ სახელმწიფოს მეთაურმა თქვა, რომ ეს იმდენად მტკივნეული არტერიებია სომხეთის, აზერბაიჯანის, სხვა ჩვენი მეზობლებისათვის, რომ, თუ აქ წესრიგი არ აღდა, ამას მძიმე შედეგები მოჰყვება. - შეიძლება ვითარება იმდენად გართულდეს და დაიძაბოს, - აღნიშნა ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ, - რომ ამის წარმოდგენაც კი ძნელი იყოს, შეიძლება გათამაშდეს ტაჯიკეთის მსგავსი ტრაგედია. არის ერთადერთი გამოსავალი: აღდგეს ის მდგომარეობა, რაც იყო ამ სამი დღის წინათ, გაგრძელდეს მოლაპარაკება. ყველამ უნდა გაიგოს ეს - დღევანდელი ხელისუფლების მომხრეებმაც და ოპონენტებმაც - ლაპარაკია საქართველოს გადარჩენაზე. მე ერთხელ კიდევ მივმართავ იმ ადამიანებს, ვინც მიიღო გადაწყვეტილება, რომ ძალის გამოყენებით მოეხდინათ განიარაღება, ხელში ჩაეგდოთ იარაღი და ტექნიკა. ამას სახელმწიფო ვერ შეეგუება. ამის გამოსწორება იოლად შეიძლება, თუ გატაცებული იარაღი და ტექნიკა დაუბრუნდა სახელმწიფოს. ამ მიმართვის პარალელურად მე იძულებული ვარ მივცე მითითება შინაგან ჯარებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროსთან, სხვა სამართალდამცველ ორგანოებთან ერთად, მოვიფიქროთ იმ ღონისძიებათა შესახებ, რომლებიც აუცილებელი იქნება ამ სიტუაციაში, თუ ის გზა, რომელსაც ვთავაზობთ ზუგდიდში მყოფ პიროვნებებს, შედეგს არ მოგვცემს. მე, პარლამენტს, არ გვაქვს უფლება, არ აღვადგინოთ წესრიგი. არ ვაქცევ ყურადღებას ყოფილი პრეზიდენტის განცხადებებს, რომლებიც მან გააკეთა, რომ ამ გზით დაიწყო ე. წ. კანონიერი ხელისუფლების აღდგენა. იქნებ, ამ თვალსაზრისით, აქ საჭიროა გავიგოთ ხალხის აზრი, მაგრამ ნუღარ ვლესავთ ხმალს, ნუ გავაჩაღებთ კონფლიქტის კიდევ ახალ კერას. ვკითხოთ ხალხს და მან განსაჯოს. სახელმწიფოს მეთაურმა გამოთქვა მზადყოფნა, რომ მზადაა გააკეთოს ყველაფერი, თუ საჭიროა, ჩავიდეს ანაკლიაში, ზუგდიდში, რათა თავიდან იქნეს აცილებული მოსალოდნელი უბედურება.
[...]
რეფორმების განხორციელება ძლიერი ხელისუფლებით უნდა შევძლოთ : პარლამენტის სხდომის დღიური // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 1 სექტემბერი. - №191(719). - 1,2 გვ.
![]() |
131 მინისტრთა კაბინეტის ახალი სტრუქტურის შესახებ |
▲ზევით დაბრუნება |
პარლამენტის თავმჯდომარის - სახელმწიფოს მეთაურის ბატონ ედუარდ შევარდნაძის მოხსენება საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის სხდომაზე, 1993 წლის 29 აგვისტოს
ბატონო პარლამენტარებო!
როგორც შევთანხმდით, პარლამენტის დადგენილების შესაბამისად, დღეს მე წარმოგიდგენთ მოსაზრებებს მინისტრთა კაბინეტის ახალი სტრუქტურის შესახებ. შეიძლებოდა ასეთი ინფორმაციით გამობრძანებულიყო პრემიერ-მინისტრი ბატონი ო. ფაცაცია, მაგრამ, ჯერ ერთი, ასეთი დავალება მე მომცა პარლამენტმა და, მეორეც, ბატონ ოთარს ცოტა დრო კიდევ სჭირდება იმისათვის, რომ ამ პრობლემებში, მართვის სტრუქტურებში, მთავრობის საქმეებში უფრო ღრმად ჩაიხედოს. შემდგომში მას ექნება საშუალება, ყველაფერზე, რაც დაკავშირებული არის მინისტრთა კაბინეტთან, თავისი მოსაზრებები წარუდგინოს პარლამენტს და ხალხს.
ხელისუფლების შესახებ კანონის საფუძველზე წარმოგიდგენთ მინისტრთა კაბინეტის ახალი სტრუქტურის პროექტს, რომელიც სახელმწიფოს მეთაურისა და მინისტრთა კაბინეტის შეთანხმებულ პოზიციას გამოხატავს.
მიზანშეწონილად მიგვაჩნია მინისტრთა კაბინეტის შემდეგი სტრუქტურა: 16 სამინისტრო, 3 კომიტეტი, 19 დეპარტამენტი, 2 ინსპექცია, 3 კორპორაცია, 1 კონცერნი.
ბუნებრივია, მათ სათავეში უდგათ პრემიერ-მინისტრი და ვიცე-პრემიერები.
ახალ მინისტრთა კაბინეტში 19 სამინისტროს ნაცვლად - 16 სამინისტროა, 10 კომიტეტის ნაცვლად - 3 კომიტეტი, შემცირებულია სხვა ზოგიერთი სტრუქტურული ქვედანაყოფებიც, თუმცა გაიზარდა დეპარტამენტების რაოდენობაც და მნიშვნელობაც.
სამინისტროების, კომიტეტების, სხვა სტრუქტურების რიცხვი შემცირდა ცალკეულ პარლამენტართა, სახელმწიფო მოხელეთა, ექსპერტთა და სპეციალისტთა აზრისა და სახელმწიფოს მართვის სრულყოფის ინტერესების გათვალისწინებით.
ჩემი აზრით შემცირება ლოგიკურია და დასაბუთებული; და მაინც მთავარია არა იმდენად რაოდენობრივი, რამდენადაც თვისებრივი ცვლილებები, რომლებიც უნდა განიცადოს მინისტრთა კაბინეტმა და საერთოდ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ.
I. ახალი მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში გათვალისწინებულია შემდეგი სამინისტროები: 1. ეკონომიკის სამინისტრო; 2. ფინანსთა სამინისტრო; 3. მრეწველობის სამინისტრო; 4. სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სამინისტრო; 5. სახელმწიფო ქონების სამინისტრო; 6. ვაჭრობისა და მომარაგების სამინისტრო; 7. კავშირგაბმულობის სამინისტრო; 8. შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; 9. გარემოს დაცვის სამინისტრო; 10. საგარეო საქმეთა სამინისტრო; 11. შინაგან საქმეთა სამინისტრო; 12. თავდაცვის სამინისტრო; 13. იუსტიციის სამინისტრო; 14. ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო; 15. განათლების სამინისტრო; 16. კულტურის სამინისტრო.
II. კომიტეტები: 1. საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობათა კომიტეტი; 2. ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეროვნებათაშორის ურთიერთობათა კომიტეტი; 3. ლტოლვილთა და განსახლების კომიტეტი.
III. დეპარტამენტები: 1. მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტი; 2. გეოლოგიის, გეოდეზიისა და კარტოგრაფიის დეპარტამენტი; 3. მატერიალური რეზერვების დეპარტამენტი; 4. მშენებლობის დეპარტამენტი; 5. სატყეო მეურნეობის დეპარტამენტი; 6. დეპარტამენტი „საქენერგო“; 7. დეპარტამენტი „საქნავთობი“; 8. დეპარტამენტი „საქნახშირი“; 9. დეპარტამენტი „საქგაზი“; 10. სარკინიგზო ტრანსპორტის დეპარტამენტი; 11. საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტი; 12. საავიაციო ტრანსპორტის დეპარტამენტი; 13. საზღვაო ტრანსპორტის დეპარტამენტი; 14. სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის დეპარტამენტი; 15. მიწის რესურსებისა და მიწის კადასტრის დეპარტამენტი; 16. არქიტექტურის საქმეთა დეპარტამენტი; 17. საბაჟო დეპარტამენტი; 18. ტურიზმის საქმეთა დეპარტამენტი; 19. სპორტის დეპარტამენტი.
ამ ბოლო დღეებში ახალგაზრდების ერთი ჯგუფის ინიციატივით, საკმაოდ აქტიურად იხილება საკითხი ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის შექმნის შესახებ.
თუ პარლამენტის პრიცნიპული მხარდაჭერა იქნება, მე ვფიქრობ, რომ მიზანშეწონილია ასეთი დეპარტამენტის შექმნა.
ახალგაზრდობის პრობლემები მოითხოვს საერთო კოორდინაციას, საერთო ყურადღებას და შესაძლოა ამაზე სერიოზული მსჯელობა. მე ვგრძნობ, რომ პარლამენტართა გარკვეული ნაწილი მხარს უჭერს ამ წინადადებას. შეიძლება ითქვა, რომ ეს დეპარტამენტიც მინისტრთა კაბინეტის სტრუქტურათა სქემაში გათვალისწინებულად ჩავთვალოთ. ასევე უნდა ითქვას მაშველთა კორპუსის შესახებ, რომელიც სამოქალაქო თავდაცვის და სხვა ასპექტებით უკვე შექმნილია და მუშაობს.
IV. ინსპექციები: 1. საგადასახადო ინსპექცია; 2. ტექნიკური ზედამხედველობის ინსპექცია.
V. სახელმწიფო კორპორაციები: 1. ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის კორპორაცია; 2. პოლიგრაფიისა და საგამომცემლო საქმის კორპორაცია; 3. პურპროდუქტების სახელმწიფო კორპორაცია.
VI. კონცერნი „ნავთობპროდუქტი“.
ასეთია მინისტრთა კაბინეტის ახალი სტრუქტურა.
პარლამენტის წინაშე უშუალოდ ანგარიშვალდებული არიან შემდეგი უწყებები: 1. პროკურატურა; 2. კონტროლის პალატა; 3. სტატისტიკის კომიტეტი; 4. ეროვნული ბანკი; 5. საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახური. ეს სამსახური, როცა მინისტრთა კაბინეტი ბლოკურ სისტემაზე იყო აგებული, შედიოდა იმ ბლოკში, რომელსაც სამართლებრივი და თავდაცვის ორგანოების ბლოკს ვუწოდებდით. დღეს შეიძლება სჯობდეს, (იმდენად სპეციფიკური და საპასუხისმგებლოა ეს სფერო), რომ ეს სამსახური პარლამენტის უშუალო ზედამხედველობის სისტემაში შედიოდეს.
მთავრობის ახალი სტრუქტურა, როგორც მოითხოვდნენ ჩვენი პარლამენტარები, იმუშავებს კაბინეტური სისტემით, შეიძლება ეს არ იყოს კაბინეტური სისტემით მუშაობის კლასიკურიფორმა, მაგრამ საწყისები და ძირითადი საფუძვლები სწორედ ასეთი იქნება. ეს დიდი თვისებრივი გარდაქმნაა.
აი, ძირითადი კონკრეტული ორგანიზაციული სტრუქტურული ცვლილებები, რომლებიც შემოთავაზებულია:
პირველი. გაუქმდა მინისტრთა კაბინეტის პრეზიდიუმი. რა თქმა უნდა, ყველა მისი ფუნქცია, მათ შორის კადრების დამტკიცებისა, ეკისრება უშუალოდ მინისტრთა კაბინეტს.
პრეზიდიუმის არსებობა ეწინააღმდეგება მუშაობის კაბინეტური სისტემის პრინციპებს.
მეორე. სამინისტროების ბლოკებში გაერთიანება ასევე შეუთავსებელია მუშაობის კაბინეტური სისტემის პრინციპებთან;
მესამე. მინისტრთა კაბინეტის სტრუქტურული ცვლილებები ამცირებს მართვის ხარჯებს.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ წლის ბოლომდე ამ საკითხს ერთხელ კიდევ უნდა დავუბრუნდეთ. საჭიროა არა მარტო მინისტრთა კაბინეტისა და სამინისტროების სისტემის, არამედ საერთოდ მმართველობის ხარჯების შემცირება, ჩემი ვარაუდით, ეს სავსებით შესაძლებელია 20%25-ის ფარგლებში. ამ სახის შემცირებები თვითმიზანი არ არის.
მართვის სტრუქტურებიც და მათი ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების ჯამი იცვლება მართვის ოპტიმიზაციის შედეგად, ჩვენი ამოცანების ახლებურად გააზრების, საბაზრო ეკონომიკის ჩამოყალიბების, კრიზისის დაძლევის პროგრამის საფუძველზე.
თუ ხარჯების შემცირებამ მართვის ხარისხი გააუარესა, ასეთ შემცირებას აზრი არა აქვს. ჩვენ ამ თეზისს ვითვალისწინებდით, როცა მართვის ხარჯებს ვამცირებდით.
მინისტრთა კაბინეტის წარმოდგენილი სტრუქტურა შეესაბამება გარდამავალი ეტაპის თავისებურებებს, რადიკალური რეფორმების, სუვერენული, სამართლებრივი სახელმწიფოსა და თავისუფალი საზოგადოების დემოკრატიული განვითარების პრინციპებს.
საზოგადოებისა და სახელმწიფოს ცვლილებებთან ერთად, მომავალში მინისტრთა კაბინეტის სტრუქტურაც შესაბამისად შეიცვლება. ეს ჩვეულებრივი მოვლენა უნდა იყოს. ეს უწყვეტი პროცესია. მთავარია ცვლილებები რაციონალური იყოს.
მთელი მინისტრთა კაბინეტის, პრემიერ-მინისტრის, ვიცე-პრემიერების, ყველა მინისტრისა და უწყების ხელმძღვანელის საქმიანობა, როგორც ჩვენ არა ერთხელ გვითქვამს, რეფორმატორული უნდა იყოს. და არა იმდენად ფორმით და არა მხოლოდ ფორმით, არამედ პირველ რიგში თავისი არსით, მიზანმიმართულებითა და დანიშნულებით, ესაა მთავარი.
რეფორმების განხორციელებაზე მთელი მთავრობა უნდა აგებდეს პასუხს და არა სახელმწიფო მოღვაწეთა და მოხელეთა ცალკეული ჯგუფები. მთლიანად მთავრობა, მთელი მინისტრთა კაბინეტი უნდა იყოს რეფორმატორული თავისი არსით და ბუნებით, სტრატეგიით და ტაქტიკით.
აქედან გამომდინარე, როცა დაკომპლექტდება მინისტრთა კაბინეტი, შეიძლება განვიხილოთ საკითხი რეფორმების შტაბის არსებობის მიზანშეწონილობის შესახებ.
შტაბი შეიძლება დარჩეს, შეიძლება არ დარჩეს. თუ შტაბი არ დარჩება, მაშინ მე ერთ-ერთ გამოსავალს იმაშიც ვხედავ, რომ კვლავ გააგრძელოს მუშაობა სახელმწიფოს მეთაურთან არსებულმა ეკონომიკურმა საბჭომ.
ამ საბჭოს ძირითადი საქმიანობა მიმართული უნდა იყოს რეფორმების, დარდაქმნებისა, ეკონომიკის გლობალური საკითხების სახელმწიფო დონეზე გააზრების, სათანადო პროექტების, პროგრამების შემუშავებისა და შესაბამისი კონტროლის დაწესებისაკენ.
მე არ გამოვრიცხავ, რომ ამ საბჭოს შემადგენლობაში დამატებით შევიყვანოთ ნამდვილი რეფორმატორები, ბიზნესმენები, ხოლო თავმჯდომარის მოადგილედ - ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რეფორმატორი, ეკონომისტი. კონკრეტული კანდიდატურა შეიძლება დღეს არ დავასახელო, მაგრამ არის ორი-სამი ალტერნატიული კანდიდატურა.
ეს მოგვცემს იმის გარანტიას, რომ რეფორმების საკითხი, რეფორმებიც პრობლემა მუდმივად იყოს ხელისუფლების მხედველობის არეში.
ჩვენ ბევრი ვიფიქრეთ პრემიერისა და ვიცე-პრემიერთა ფუნქციებისა და სტატუსის თაობაზე. პრემიერ-მინისტრის შესახებ საკითხი გარკვეულია.
მიგვაჩნია, რომ მინისტრთა კაბინეტში, ახალი სტრუქტურის თანახმად, უნდა იყვნენ ვიცე-პრემიერებიც.
ეს ინსტიტუტი აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ. ვიცი, რომ ეს საკითხი აზრთა გარკვეულ სხვადასხვაობას გამოიწვევს, მაგრამ ამ გარდამავალ ეტაპზე მე პირადად სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ.
თქვენ იკითხავთ: რას აკეთებენ მაშინ მინისტრები, რა საჭიროა ვიცე-პრემიერები?!
მრავალ ქვეყანაში წყდება ეს საკითი?!
ერთი შეხედვით, თითქოს ასეა, მაგრამ თუ ღრმად დავუკვირდებით პრობლემებს, რომლებიც ჩვენს წინაშე დგას გარდამავალ, კრიზისულ პერიოდში, დავინახავთ, რომ საკითხის ამგვარად დაყენება არასწორია.
არ შეიძლება ღრმა კრიზისით მოცულ საქართველოს და, ვთქვათ აყვავებულ შვეციას მთავრობის ერთნაირი სტრუქტურები გააჩნდეთ. ასეთი ფორმალური შედარება უმართებულოა.
ჩვენი მთავრობის სტრუქტურა რომ ასეთია და არა სხვაგვარი, ამას რომელიმე მეორე ქვეყნის მაგალითი კი არ განსაზღვრავს, არამედ ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური ვითარება, მისი კრიზისული მდგომარეობა, მისი თავისებურება, მისი სპეციფიკა, მისი ისტორია, და ის პრობლემები, რომლებიც მან უნდა გადაჭრას დღეს და ხვალ.
ამიტომ არ ჰგავს ერთმანეთს კონტრაპუნქტულად არც ერთი ქვეყნის მთავრობა.
ბუნებრივია, შემოქმედებითად თუ მივუდგებით საკითხს, საქართველოს მინისტრთა კაბინეტის სტრუქტურა ზუსტად არ შეიძლება ემთხვეოდეს არამცთუ სხვა ქვეყნის სტრუქტურის მოდელს, არამედ თავისი ქვეყნის წინა მთავრობის მოდელსაც.
დღეს სავსებით კანონზომიერად დაისვა საკითხი გარდაქმნების აუცილებლობის შესახებ.
ვიცე-პრემიერი არ ცვლის მინისტრს, არც ვიცე-მინისტრს, ის იმ ფუნქციებს ასრულებს, რაც სცილდება მინისტრის და სამინისტროდ შესაძლებლობებს, რაც მოითხოვს სხვადასხვა სამინისტროთა და უწყებათა საქმიანობის კოორდინაციას.
მართალია, მთელი მუშაობის კოორდინაცია, პირველ რიგში, პრემიერ-მინისტრის ფუნქციაა, მაგრამ იმდენად რთულია ეროვნული ეკონომიკის რეფორმების, კრიზისის დაძლევის, მსოფლიო ეკონომიკაში ინტეგრირების პრობლემები და სხვა საკითხები, რომლებზედაც პრემიერ-მინისტრი მუშაობს, რომ ამას მარტო პრემიერ-მინისტრი ფიზიკურად ვერ გაწვდება.
კრიზისული, შერეული, მრავალწყობიანი ეკონომიკა გაცილებით მეტ პრობლემებს აყენებს მთავრობის წინაშე, ვიდრე დინამიურად განვითარებადი, აყვავებული ქვეყნის ეკონომიკა.
როცა ჩვენი ეკონომიკა შედარებით იოლად მართვადი გახდება, ჩვენ შეიძლება შეველიოთ ვიცე-პრემიერებს. დღეს კი ისინი აუცილებლად საჭირონი არიან.
ამავე დროს ისიც უნდა ვთქვათ, რომ დღეს შეიცვალა თვით ვიცე-პრემიერის ფუნქციები. ყოველ შემთხვევაში პრობლემას მე ასე ვხედავ.
ახალი ვიცე-პრემიერის ფუნქციები წინა მთავრობის ვიცე-პრემიერის ფუნქციების იდენტური არ უნდა იყოს. მუშაობის დუბლირება და მინისტრის ინიციატივის ჩახშობა გამორიცხულია.
როგორც გვესახება ჩვენ ვიცე-პრემიერთა საქმიანობა, მათი ფუნქციები.
კონკრეტულად: ერთ-ერთი ვიცე-პრემიერი, დავარქვათ მას პირველი, ცვლის პრემიერს მის არყოფნაში, ხელმძღვანელობს ოპერატიულ მართვას, დაგეგმვას, სამთავრობო პროექტების მომზადებას, სტრატეგიულ გადაწყვეტილებათა მიღებას, კოორდინაციას უწევს ისეთ სახელმწიფო პროგრამებს როგორიც არის - „ენერგეტიკა“, „ტრანსპორტი“, „ბიზნეს მხარდაჭერა“, „სოციალური სფეროს განვითარება“ და სხვ. განხორციელებას, შესაბამისი პროგრამების შემუშავებას, განხილვას და შესრულებას.
ეს ისეთი პროგრამებია, რომელთა განხორციელებას, ვიმეორებ, რამდენიმე სამინისტროსა და უწყების მუშაობის კოორდინაცია სჭირდება. ეს კი შეუძლებელია ვიცე-პრემიერის პოსტის გარეშე, რადგანაც ძნელია ერთმა სამინისტრომ მართოს მეორე სამინისტროს საქმიანობა, საჭიროა მაკოორდინებელი ფიგურა.
სწორედ ასეთი ფიგურაა ვიცე-პრემიერი, მაგრამ საჭიროა მისი ფუნქციები, მუშაობის სტილი და მეთოდები ძირფესვიანად შეიცვალოს დემოკრატიულ საფუძველზე.
გარდა ამისა, საერთაშორისო ეკონომიკური საქმიანობის წარმართვას, სამინისტროთა და უწყებათა შეთანაწყობილ ფუნქციონირებას, სოციალურ, ჰუმანიტარულ, საგანმანათლებლო, კულტურულ მოღვაწეობას, სამეცნიერო პროგრესის განვითარებას, საზოგადოებრივი წესრიგის დამყარებას, განსაკუთრებით ბავშვთა დამნაშავეობის აღმოფხვრას, ნარკობიზნესის წინააღმდეგ ბრძოლას, სახელმწიფო პროგრამების შედგენის ხელმძღვანელობას და განხორციელების პროცესს, სახელმწიფოს ოპტიმალურ მოწყობას და განვითარებას, შესაბამის ორგანოთა ფუნქციონირებას, ბევრი სხვა საკითხის გადაწყვეტას სჭირდება დაინტერესებულ სამინისტროთა, კომიტეტთა, დეპარტამენტთა, კორპორაციათა, ინსპექციათა ერთიანი ძალისხმევა, საუწყებათაშორისო და სარაიონთაშორისო საქმიანობის კოორდინაცია. ეს შეუძლებელია ვიცე-პრემიერის გარეშე.
თითქმის არ არსებობს საქმიანობის სფერო, რომ არ მიმდინარეობდეს ინტეგრაციის პროცესები, საჭირო რომ არ იყოს სათანადო კოორდინაცია.
აშკარაა, რომ სამხედრო მშენებლობის მატერიალური ბაზის შექმნას, თავდაცვის მრეწველობის ინტერესების რეალიზაციას ეკონომიკის სხვადასხვა დარგებში მუშაობას შეთანხმებული საქმიანობა სჭირდება. ეს ჩვენი ეროვნული პროგრამა და მისი გადაწყვეტა შეუძლებელია ვიცე-პრემიერის გარეშე.
ცალკე პრობლემად უნდა გამოიყოს ვიცე-პრემიერის ფუნქციები სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობის დარგში. ჩვენ ახლა ისეთ მდგომარეობაში ვართ, რომ ხალხისა და ქვეყნის ცხოვრების უმნიშვნელოვანესი საკითხების გადაწყვეტა დიდად არის დაკავშირებული მუდმივ საერთაშორისო კონტაქტებთან, სხვა სახელმწიფოებთან ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობის ინტენსიფიკაციასთან, საერთაშორისო ეკონომიკური ორგანიზაციების პოტენციის შესწავლა-გამოყენებასთან, სამთავრობათაშორისო კომისიების სრული მასშტაბით ამოქმედებასთან და ა.შ.
ამ დონეზე საერთაშორისო პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების ეფექტურად წარმართვას, სამინისტროთა და უწყებათა საქმიანობის მიზანდასახულ კოორდინაციას მაღალი სამთავრობო რანგი, ვიცე-პრემიერის რიგი სჭირდება.
სპეციალისტთა და ექსპერტთა დასკვნით მინისტრთა კაბინეტში გარდამავალ პერიოდში საჭიროა 5 ვიცე-პრემიერი, როგორც აქამდე იყო. რომელ ვიცე-პრემიერს რა ფუნქციები დაეკისრება, ეს მდგომარეობის შესაბამისად და ამის მიხედვით, თუ ვის რა უნარი და გამოცდილება გააჩნია. საჭირო იქნება სათანადო კონსულტაციები პარლამენტის შესაბამის სტრუქტურებთან.
გასაგებია, რომ პრემიერ-მინისტრი ახორციელებს საერთო ხელმძღვანელობას მინისტრთა კაბინეტის, აპარატის, სამინისტროების, დეპარტამენტების, სხვა უწყებების საქმიანობაზე და სხვ., მაგრამ ყველა პრობლემას, როგორც ვთქვით, პრემიერი ვერ გაწვდება.
მართვის ყველა დიდ სფეროში პრემიერს უნდა ჰყავდეს დასაყრდენი ფიგურა. პრემიერ-მინისტრი უშუალოდ მუშაობს ყველა მინისტრთან და უწყების ხელმძღვანელთან სამინისტროს პრობლემებზე. მაგრამ იმ პრობლემების გადაწყვეტაში, რომელთა მოწესრიგება მოითხოვს სამინისტროთა მუშაობის კოორდინაციას, ერთი მხრივ, პრემიერს კოორდინაციაში ეხმარება ვიცე-პრემიერი, მეორე მხრივ, ვიცე-პრემიერი მინისტრს ეხმარება სამინისტროს იმ პრობლემების გადაჭრაში, რომლებიც მისი, მინისტრის კომპეტენციას სცილდება. ამიტომ ვიცე-პრემიერი ზედმეტი კი არა, მართვის აუცილებელი რგოლია.
თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ახალი ეკონომიკური მექანიზმების თანდათანობითი და სისტემატური ამოქმედება წარმოადგენს უნივერსალურ პრობლემას ყველა სამეურნეო დარგისათვის.
სახალხო მეურნეობის, როგორც ერთიანი მექანიზმის, მწყობრი ფუნქციონირება ქვეყანაში შეუძლებელი იქნება, თუ გარდამავალი პროცესის ყოველი ეტაპისათვის სტრუქტურული რეორგანიზციის თანამედროვე დონე ურთიერთშეთანხმებულად არ იქნება რეალიზებული ყველა დარგში ერთდროულად. ამ მხრივ დარგები ერთმანეთს არ უნდა ჩამორჩნენ.
დარგთაშორისი პრობლემების გადაწყვეტა, სათანადო პოლიტიკის გააზრება და მისი კოორდინირებული წარმართვა არის შესაბამისი ვიცე-პრემიერის ფუნქცია.
მე, შემიძლია, ცოტა მეტს ვლაპარაკობ ამ ინსტიტუტზე, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ერთ-ერთი სადავო საკითხი იქნება და ამიტომ ჩემს თავს ვაძლევ უფლებას მოვიყვანო სხვადასხვა არგუმენტი ჩემი მოსაზრების სასარგებლოდ, ვიცე-პრემიერთა არსებობის დასაცავად.
ვიცე-პრემიერის რანგი და დონე საჭიროა გაეროს ეკონომიკურ ორგანიზაციებთან, საერთაშოროსი სავალუტო ფონდთან, მსოფლიო ბანკთან, ევრობანკთან, ევროგაერთიანებასთან, იუნესკოსთან, ნატოსთან და მთელ რიგ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საიმედო და ეფექტიანი თანამშრომლობისათვის, ინტერდისციპლინარული, საერთაშორისო ღონისძიებების, პროგრამების, ხელშეკრულებების შესასრულებლად მრავალმხრივი საქმიანობის კოორდინაციისათვის.
ვიცე-პრემიერის დონე, მისი მონაწილეობა აუცილებელია, მაგალითად, ევრაზიის ეკონომიკური დერეფნის ფორმირების პროცესში. მე არ ვამბობ, რომ სპეციალურად ამ დარგში უნდა იყოს ერთი ვიცე-პრემიერი, მაგრამ ერთ-ერთი ვიცე-პრემიერი სხვა საკითხებთან ერთად ამ პროგრამას მართლაც უნდა ჩაუდგეს სათავეში, რადგანაც ის არა მარტო რამდენიმე უწყების საქმიანობის კოორდინაციას, არამედ საშინაო და საგარეო პოლიტიკის ბევრი საკითხის კარდინალურ კორექტირებასაც მოითხოვს.
ავიღოთ სხვა პრობლემა.
საქართველოში თავისუფალი ეკონომიკური ზონების ნორმალურად ჯერ დამკვიდრებისათვის (თუ შემოვიღებთ ასეთ ზონებს), შემდეგ კი მათი ფუნქციონირებისა და მრავალი სხვა კომპლექსური ღონისძიებების კოორდინირებულად წარმართვისათვის უსათუოდ საჭიროა ვიცე-პრემიერის დონე, რადგანაც ერთი სამინისტრო ამ დიდ საქმეს ვერ გაწვდება.
ჩვენ უკვე მრავალ ქვეყანასთან მოვაწერეთ ხელი ხელშეკრულებებს, მათ შორის ეკონომიკის სფეროში. საერთაშორისო პრაქტიკის თანახმად იქმნება სახელმწიფოთაშორისო კომისიები.
სასურველია, რომ ამ კომისიების სათავეში იდგეს მარალი რანგის მოღვაწე, პრაქტიკული გამოცდილება ასეთია: რომელიმე ქვეყანაში თუ ჩადის კომისიის ის თავმჯდომარე, რომელსაც მაღალი, ასე ვთქვათ, ვიცე-პრემიერის რანგი აქვს, მას გზა გახსნილი აქვს პრემიერებისაკენ, პრეზიდენტებისაკენ, პარლამენტებისაკენ და ა.შ. ის მეტს გააკეთებს, ვიდრე რიგითი მინისტრი.
სამთავრობათაშორისო კომისიები, რომელთა შესახებაც მოგახსენეთ, წლის ბოლომდე ჩვენთან თხუთმეტამდე იქნება.
ჩვენ ძალიან დიდ იმედებს ვამყარებთ ისეთ ერთობლივ სამთავრობათაშორისო კომისიებზე, როგორიც არის საქართველო-გერმანიის, საქართველო-თურქეთის, საქართველოირანის, საქართველო-აზერბაიჯანის, საქართველო-უკრაინის, საქართველო-თურქმენეთის, საქართველო-ყაზახეთის კომისიები. ალბათ, მალე დამთავრდება ხელშეკრულებების ხელმოწერა რუსეთთან, სხვა ქვეყნებთან.
ეს უზარმაზარი პრობლემების გადაჭრას მოითხოვს.
მე არ ვამბობ, ყველა კომისიის სათავეში მარტო ვიცე-პრემიერები უნდა იყვნენ, მაგრამ ძირითადად ეს კომისიები უნდა მიჰყავდეთ ვიცე-პრემიერებს.
თუ ასე მოვიქცევით, ჩვენ ბევრ პრობლემას გადავჭრით, რომლებსაც ერისათვის სასიცოხლო მნიშვნელობა აქვს.
აი, ახლა სამთავრობო კრიზისი რომ არ იყოს, ბატონ რომან გოცირიძე დამეთანხმება, ჩვენ გველოდებიან უკრაინაში, ვიცე-პრემიერის დონეზე, რათა გაფორმდეს ხელშეკრულებები საქართველოსათვის საკმაოდ სერიოზული კრედიტების გამოყოფის შესახებ.
ასეთი საგარეო ეკონომიკური აქციები მინისტრების დონეზე ერთ შედეგს მოგვცემს, ვიცე-პრემიერის დონეზე - მეორეს, უკეთესს. ეს არის საქმის არსი.
ანალოგიური მდგომარეობაა სხვა ქვეყნებთან ურთიერთობაშიც. ეს და სხვა არგუმენტები იმაზე მეტყველებენ, რომ საჭიროა ვიცე-პრემიერების პოსტების შენარჩუნება. ერწმუნეთ ჩემს პოლიტიკურ და დიპლომატიურ გამოცდილებას, ეს ასეა.
მე მხოლოდ საქმის ინტერესები მალაპარაკებს.
გადავიდეთ სხვა საკითხებზე.
მინისტრთა კაბინეტის ახალი სტრუქტურის თანახმად გაუქმდა ორი სამინისტრო - ენერგეტიკის სამინისტრო და ტრანსპორტის სამინისტრო. ამით შემცირებულია დღეისათვის, ფაქტობრივად, როგორც პრაქტიკამ დაგვანახა, მართვის ორი ზედმეტი შუალედური რგოლი.
ენერგეტიკის სამინისტროს ნაცვლად სრული დამოუკიდებლობის პირობებში იმუშავებენ დეპარტამენტები: „საქენერგო“, „საქგაზი“, „საქნავთობი“, „საქნახშირი“.
ეს დარგები მოითხოვენ თითქმის სრულ ავტონომიურ ფუნქციონირებას. მართვის თუნდაც ერთი ზედმეტი რგოლი მხოლოდ დამაბრკოლებელ ფაქტორად იქცევა ამ სისტემების ნორმალური მუშაობისთვის.
ჩვენ ადრეც ვიხილავდით ამ საკითხს, მაგრამ მაშინ გარკვეული მიზეზების გამო ჩავთვალეთ დროებით შეგვენარჩუნებინა არსებული სტრუქტურა.
„საქენერგოს“ სამინისტრო იყო სამინისტროში. მას დამოუკიდებლად ფუნქციონირების საშუალება უნდა მივცეთ.
დღის წესრიგში იდგა ტრანსპორტის სამინისტროს რეორგანიზაციის საკითხიც.
მე და ბატონი თენგიზ სიგუა ერთად ვიყავით რკინიგზელებთან შეხვედრაზე და მაშინ ვთქვი, რომ საერთო მოთხოვნა: რკინიგზა დამოუკიდებელი იყოს.
რკინიგზა სახელმწიფოა სახელმწიფოში. ეს უზარმაზარი სისტემაა თავისი თავისებურებებით. სპეციფიკით და ოპერატიული გადაწყვეტილებების მიღების აუცილებლობით. მას ბოჭავდა სამინისტროს სისტემა; ამიტომ გადავწყვიტეთ მივცეთ რკინიგზას დამოუკიდებლად ფუნქციონირების საშუალება.
მომავალში ასევე დამოუკიდებლად, ავტონომიურად იმუშავებენ საზღვაო, სარკინიგზო, საჰაერო და საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტები. ყოველ მათგანს ექნება საქმიანი ურთიერთობა საზღვარგარეთ შესაბამის სტრუქტურებთან.
საერთაშორისო ურთიერთობების გარეშე ვერც ერთი სისტემა ვერ იმუშავებს. არავის მონოპოლია ამ მხრივ არ უნდა არსებობდეს. აღნიშნულ დეპარტამენტებს უნდა მივცეთ საგარეო ეკონომიკური საქმიანობის სრული თავისუფლება.
გაიყო არქიტექტურისა და მშენებლობის სამინისტრო ორ დეპარტამენტად. მე მგონი, ესეც სერიოზული, მომწიფებული საკითხია.
შეიქმნა მშენებლობისა და არქიტექტურის საქმეთა დეპარტამენტები ცალ-ცალკე. აქაც ზემოაღნიშნულის ანალოგიურ მოვლენასთან გვაქვს საქმე.
ჩვენ ამ გადაწყვეტილებით მეტი თავისუფლება და დამოუკიდებლობა მივანიჭეთ სამშენებლო დეპარტამენტს.
მიმდინარეობს ზედმეტად ინტეგრირებული მართვის ორგანოების ოპტიმალური დიფერენციაცია. ამის მაგალითია ის რეორგანიზაციები, რაც განხორციელდა რიგ სამინისტროებსა და უწყებებში, მათ შორის მშენებლობისა და არქიტექტურის მართვის სისტემაში.
დღეს ძლიერდება მშენებლობაში კერძო სექტორი. იზრდება უცხოური ინვესტიციები. შემოდიან საქართველოში უცხოეთის სამშენებლო ფირმები. ჩვენი მშენებლები იმუშავებენ საზღვარგარეთ. გვაქვს დიდი პერსპექტივები. ეს ძალიან კარგია.
საჭიროა ამ პროცესების დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპებით მართვა. სწორედ ამას უზრუნველყოფს შემოთავაზებული რეორგანიზაცია.
მშენებლობის დეპარტამენტმა უნდა უზრუნველყოს მშენებლობის დარგში რეფორმების გატარება. მიმდინარე პროცესების მართვა მაკროეკონომიკური მაჩვენებლის დონეზე. მშენებლობის მოწინავე ტექნოლოგიების დანერგვა და სხვ.
არქიტექტურის დეპარტამენტმა კი უნდა გაატაროს მშენებლობაში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკა, მოახდინოს მონიტორინგი სამშენებლო სფეროში, ხელი შეუწყოს ეროვნული არქიტექტურის განვითარებას და სრულყოფას, ამ სფეროში მიღწევების ათვისებას.
მეცნიერებისა და ტექნიკის კომიტეტი გადაკეთდება მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტად.
ჩემი აზრით, ეს არ უნდა იყოს მარტო აბრის მექანიკური გამოცვლა, მარტოოდენ სახელმწიფოს შეცვლა. როდესაც ჩვენ ამ დეპარტამენტს დავარქვით მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტი, - ეს, პირველ რიგში, ნიშნავს ამ უწყების ორიენტირებას მსოფლიო მეცნიერებისა და ტექნოლოგიის მიღწევებზე, ქართული მეცნიერების განვითარებაზე.
ამ დეპარტამენტმა ხელი უნდა შეუწყოს მეცნიერებისა და ტექნოლოგიური აზრის მიღწევების წარმოებაში რაც შეიძლება კონკურენტუნარიანი სამამულო პროდუქციის გატანას, ეროვნული ეკონომიკის მსოფლიო ეკონომიკაში ინტეგრირებას, სამამულო მეცნიერებაში ფუნდამენტური და გამოყენებითი მიმართულებების განვითარებას მსოფლიო მიღწევების დონეზე და სხვ.
დეპარტამენტმა მჭიდროდ უნდა ითანამშრომლოს მეცნიერებათა აკადემიასთან, დარგობრივ აკადემიებთან, საქართველოსა და მსოფლიო სამეცნიერო-კვლევით ცენტრებთან, საზღვარგარეთის ქვეყნების სამთავრობო სტრუქტურებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, იუნესკოსთან და ა.შ.
მეცნიერებისა და ტექნოლოგიების კომიტეტის დეპარტამენტად ჩამოყალიბება, ერთი მხრივ, მეცნიერებათა აკადემიის სხვა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების დამოუკიდებლობის, ავტონომიურობის მიღწევითაც არის განპირობებული, მეორე მხრივ, მეცნიერებაზე საბიუჯეტო დაფინანსების გარკვეული მიზეზების გამო ერთგვარი შემცირებით და მეცნიერებისათვის განკუთვნილი საზოგადოებრივი ფონდების მნიშვნელობის ზრდით.
დეპარტამენტის საქმიანობის მთავარი მიმართულება, გარდა კოორდინაციისა და მეცნიერების განვითარებისადმი ხელშეწყობისა, უნდა იყოს მეცნიერების, ტექნოლოგიისა და წარმოების კავშირის ყოველმხრივ განმტკიცებას.
ამ ფუნქციების შესრულება უფრო ხელეწიფება დეპარტამენტს, რომელიც ნაკლებად არის შეზღუდული, თავისუფლად ახორციელებს საშინაო და საგარეო აქციებს, გააჩნია სათანადო რწმუნებები შინ და გარეთ პრაქტიკული დანიშნულების საკითხების გადასაწყვეტად.
ჩემი აზრით, ყოველივე ეს შეესაბამება საბაზრო ეკონომიკის ჩამოყალიბების ინტერესებს. მინისტრთა კაბინეტის სტრუქტურულ ცვლილებებში ჩვენ, რაოდენობრივ ცვლილებებთან შედარებით, უპირატესობას თვისებრივ-ცვლილებებს ვანიჭებთ.
საჭიროა თანამედროვე სამინისტროს, კომიტეტის, დეპარტამენტის, ინსპექციის, კორპორაციის - როგორც სამთავრობო სტრუქტურების უფრო ღრმა კონცეპტუალური გააზრება, მეცნიერებისა და პრაქტიკის ახალი სინთეზი, არა საზღვარგარეთული მატრიცების ბრმად გადმოღება. არამედ უცხოეთის გამოცდილების შემოქმედებითი ათვისება. ყველამ უნდა მოვკიდოთ ამ საქმეს ხელი, ვისაც საერთო გვაქვს მართვასთან.
როცა ვაყალიბებთ სამთავრობო სტრუქტურებს, უნდა გვახსოვდეს, რომ ისინი უნდა ახორციელებდნენ როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკას.
საგარეო პოლიტიკა არა მარტო საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობათა კომიტეტის პრეროგატივაა.
ამ კომიტეტზე მე ქვემოთ კიდევ ვილაპარაკებ, თუ როგორ წარმომიდგენია მისი როლი და ადგილი ჩვენს საზოგადოებაში, ჩვენ სახელმწიფოებრივ სტრუქტურაში, აქ კი მხოლოდ იმას მოგახსნებთ, რომ ეს ორი უწყება უცხოეთთან ძირითადად სახელმწიფოს სტრატეგიულ ურთიერთობებს ახორციელებს.
სხვა სამინისტროებს, კომიტეტებს, დეპარტამენტებს, კორპორაციებს, ინსპექციებს ეს ხელს არ უშლის თავისუფლად, დამოუკიდებლად აწარმოონ ეკონომიკური, კულტურული, ურთიერთობა უცხოეთთან. ჩაერთონ სხვადასხვა პროგრამებში, ტექნოლოგიების დამუშავებაში, კორპორაციებში, ჰოლდინგებში, შერეულ კომპანიებში და ა.შ.
ეს არამცთუ სასურველია, აუცილებელიცაა. ყველა სამინისტრო და უწყება უნდა ემსახუროს ეკონომიკურ რეფორმებს, ბიზნესის, კომერციის, ექსპორტისა და იმპორტის განვითარებას.
ამ საქმეში მათ დაეხმარება საგარეო საქმეთა სამინისტრო და საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობათა კომიტეტი.
საგარეო პოლიტიკა არ უნდა მოწყდეს საშინაო პოლიტიკას.
ყველა ფორმამ, ყველა ბანკმა, დიდმა, საშუალო და მცირე ბიზნესმა, კომერციულმა სტრუქტურებმა უნდა დაამყარონ საერთაშორისო ურთიერთობები უცხოელ პარტნიორებთან, ბანკებთან, ფირმებთან, ხელი შეუწყონ უცხოური კაპიტალის დაბანდებას საქართველოში, განავითარონ ექსპორტი და იმპორტი.
ეს შედარებით ახალი საქმეა ჩვენი ქვეყნისათვის. ეს ძალიან დიდი მეცნიერებაა, დიდი ხელოვნებაა და ჩვენ ყველა ერთად უნდა დავეუფლოთ მათ.
ამ და სხვა ფუნქციების რეალიზაციას უნდა მოერგოს მართვის თითოეული სტრუქტურა და მისი ქვედანაყოფი.
ასეთია ზოგიერთი ინსტიტუციონალური, სტრუქტურული, რაოდენობრივი და თვისებრივი ცვლილებები, რომლებიც გათვალისწინებულია მინისტრთა კაბინეტის რეორგანიზაციის წარმოდგენილი პროექტით.
ეს არ არის კოსმეტიკური ცვლილებები, როგორც ზოგიერთი ჩვენი ოპონენტი აცხადებს.
ეს სიღრმისეული, თვისებრივი გარდაქმნის მომცველი რეფორმებია პრემიერ-მინისტრის, ვიცე-პრემიერების, სამინისტროების, კომიტეტების, დეპარტამენტების, ინსპექციების, კორპორაციებისა და სხვა პოსტებისა და უწყებების დონეზე.
ძირფესვიანად უნდა შეიცვალოს მინისტრთა კაბინეტის აპარატის სტატუსი, მუშაობის სტილი, ფორმები და მეთოდები.
მინისტრთა კაბინეტის აპარატში უქმდება დარგობრივი განყოფილებები, ასეთია პრემიერ-მინისტრის, ბატონ ოთარ ფაცაციას და პირადად ჩემი შეხედულება. ამ აზრს იზიარებენ სხვებიც, ვისთანაც ჩვენ გვქონდა წინასწარი კონსულტაციები.
საჭიროა შეიქმნას მუდმივმოქმედი საერთო დანიშნულების სამსახურები: იურიდიული, ინფორმაციული, პრეს-ცენტრი, სამეურნეო უზრუნველყოფის და სხვა.
სხვათა შორის სამეურნეო უზრუნველყოფის სამსახური შეიძლება ერთიანი იყოს პარლამენტის, სახელმწიფოს მეთაურის აპარატისა და მინისტრთა კაბინეტისათვის.
პატარა ქვეყანაში აუცილებელი არ არის რამდენი სახელმწიფო, სამთავრობო სისტემაც არის, იმდენი სამეურნეო უზრუნველყოფის აპარატი თავისი შავი მანქანებით, დიდი საშტატო ერთეულებით, ფართო კაბინეტებით და ა.შ.
სადაც ეს შესაძლებელია და არ ეწინააღმდეგება ჩვენს კანონმდებლობას, ალბათ, იქ ასეთი სამეურნეო უზრუნველყოფის აპარატები უნდა გავაერთიანოთ.
მინისტრთა კაბინეტის აპარატი უნდა ასრულებდეს მხოლოდ კაბინეტის ანალიტიკური, ინფორმაციული, ორგანიზაციულ-ტექნიკური ხელშეწყობის ფუნქციას. იგი უნდა ამზადებდეს სამთავრობო დადგენილებების პროექტებს, როდესაც საქმე ეხება სახელმწიფო პროგრამების შესრულებას და სხვ.
შექმნილი მოთხოვნილების მიხედვით აპარატში შესაძლებელია შეიქმნას სხვადასხვა ტიპის დროებითი კომისიები.
მიზანშეწონილია მინისტრთა კაბინეტის აპარატში სახელმწიფო მრჩეველთა სრულყოფილი ინსტიტუტის შექმნა, რომელიც გაუძღვება სახელმწიფო პროგრამების შედგენას და წარმართვას, შეასრულებს სხვა ფუნქციებს.
მრჩევლები უნდა იყვნენ უმაღლესი რანგისა და კვალიფიკაციის სპეციალისტები, სათანადო ანაზღაურებით და უზრუნველყოფით. მრჩეველთა რაოდენობა დიდი არ უნდა იყოს, იქნება 8-10. თითოეული მათგანი უნდა იყოს პოლიტიკის მთავარ სტრატეგიულ მიმართულებებზე ორიენტირებული და პასუხისმგებელი.
საჭიროა მინისტრთა კაბინეტის საქმიანობის მეთოდოლოგიის სრულყოფა. მთავრობის წევრებს დამოუკიდებლად უნდა მიჰყავდეთ თავისი საქმე, პრობლემები, პროგრამები, სტრატეგიული მიმართულებები; მათ უნდა იმუშაონ პერსპექტივის გათვალისწინებით, აითვისონ თანამედროვე მართვის თეორია და პრაქტიკა, სტრატეგია და ტაქტიკა, გააძლიერონ კონტროლი, მოთხოვნა, დაამყარონ კანონიერება და წესრიგი და დარწმუნებული ვარ საქმეც წინ წავა.
მინისტრთა კაბინეტი ითვალისწინებს, რომ საზოგადოებრივი განვითარების თანამედროვე ეტაპზე სახელმწიფოებრივი მართვის პრობლემებმა მიიღეს კომპლექსური, არსებითად ინტერდისციპილინარული და უნიკალური ხასიათი.
მთავრობას მიაჩნია, რომ საზოგადოებრივი ცხოვრების დღევანდელი პრობლემები ვეღად თავსდებიან არსებული მეურნეობის დარგობრივი დაყოფის სტრუქტურებში.
ამიტომ დღეს საზოგადოების უმნიშვნელოვანესი პრობლემების სახელმწიფოებრივი გადაწყვეტის ძირითადი ფორმაა მიზნობრივი სახელმწიფოებრივი პროგრამები.
ყოველი ასეთი პროგრამა კონკრეტულ შედეგზეა ორიენტირებული.
ყოველი ასეთი პროგრამის სახელმწიფოებრივი კოორდინირებისა და წარმართვის ფუნქცია სამთავრობო სტრუქტურებმა, მათ შორის მრჩეველთა ინსტიტუტმა უნდა შეასრულოს. ამიტომ მრჩევლის თანამდებობრივი ფუნქცია სტრატეგიულ პრობლემაზე ორიენტირებული სახელმწიფო მართვის უზრუნველყოფაა.
დღევანდელ ვითარებაში მინისტრთა კაბინეტის სტრუქტურაში უკვე იკვეთება რამდენიმე დარგში მრჩევლის არსებობის აუცილებლობა, საშუალო და მცირე ბიზნესის დარგში და სხვა.
მინისტრთა კაბინეტის მთავარ მრჩევლად უნდა მივიწვიოთ ქართველი და უცხოელი სპეციალისტები, რაც ხელს შეუწყობს ეროვნული და მსოფლიო გამოცდილების, თეორიისა და პრაქტიკის უკეთ გამოყენებას მინისტრთა კაბინეტის ყოველდღიურ საქმიანობაში.
მრჩევლად შეიძლება მოვიწვიოთ ყოფილი პრემიერ-მინისტრები, ვიცე-პრემიერები, მინისტრები, ვისაც პრაქტიკული მუშაობის, დიდი გამოცდილება გააჩნია: ნიჭიერი ახალგაზრდა მოღვაწეები, მეცნიერები და ა.შ.
უცხოელი სპეციალისტების მოწვევის თვალსაზრისით უნდა გადავდგათ რეალური და კონკრეტული ნაბიჯები. არის პირველი ცდები, მაგრამ ისინი ჯერჯერობით ძალიან უმნიშვნელოა და საქმეს დიდად არ დასტყობია.
ბევრი საშუალება არსებობს და ეს არც ისე ძვირადღირებული სიამოვნებაა.
არის იმის რეალური შესაძლებლობაც, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ევროგაერთიანება და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები, მთელი რიგი ქვეყნები ამ საქმეში დაგვეხმარებიან, მაგრამ საჭიროა ჩვენ მეტი ინიციატივა გამოვიჩინოთ.
წარმოდგენილი პროექტის თანახმად მრჩეველთა ინსტიტუტი მინისტრთა კაბინეტის აპარატის შემადგენლობაში შედის და მის მძლავრ ბირთვს წარმოადგენს.
დღევანდელი მინისტრთა კაბინეტი, მისი სტრუქტურა იქმნება იმ მოთხოვნათა შესაბამისად, რომ ქვეყანა იმყოფება გარდამავალ ეტაპზე, ცენტრალიზებული მართვის ეკონომიკის რღვევისა და საბაზრო ეკონომიკის ჩამოყალიბების პერიოდში, რომ ჩვენ ვართ განვითარებადი ქვეყანა, აქედან გამომდინარე ყველა შედეგით.
არ არის ლოგიკური, როგორც ამას ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი გვთავაზობს, კრიზისით მოცულ განვითარებად ქვეყანაში პოსტინდუსტრიული, მაღალგანვითარებული კაპიტალისტური, სტაბილური საბაზრო ეკონომიკის ქვეყნის მთავრობის ანალოგიური სტრუქტურის მქონე მინისტრთა კაბინეტი ჩამოვაყალიბოთ.
ეს არის უკეთეს შემთხვევაში დილეტანტიზმი და პოპულიზმი, ბრმა მიმბაძველობა და არა საკითხისადმი შემოქმედებითი, პროფესიონალური მიდგომა.
მე, როცა ამ საკითხებზე ვლაპარაკობ, არც ის მინდა ვთქვა, რომ აქამდე არაფერი არ გაკეთებულა და ახლა იწყება ყველაფერი.
ძალიან დიდი სამუშაო შესრულდა წინა პერიოდში მინისტრთა კაბინეტის, პარლამენტის კომისიების მიერ, რეფორმების შტაბის და სხვა სტრუქტურების ჩამოყალიბების, პირველ რიგში რეფორმებისათვის საკანონმდებლო ბაზის შექმნის, სათანადო პრაქტიკული გამოცდილების დაგროვების თვალსაზრისით.
მაგრამ ეს მხოლოდ საწყისი პოზიცია, საწყისი ეტაპია, მთავარი სამუშაო წინ არის.
საჭიროა მინისტრთა კაბინეტმა მართვის ისეთი სისტემა შექმნას, რომელიც ერთდროულად აამოქმედებს პარალიზებულ ეკონომიკას და რეფორმებისა და გარდაქმნების კურსის წყალობით კრიზისიდან იხსნის ქვეყანას. იმავე დროს სოციალურ-ეკონომიკური გარდაქმნების პროცესს ისე წარმართავს, რომ თანდათანობით, გეგმაზომიერად, მოფიქრებულად, ცვლილებათა ადეკვატურად მოხდება საწარმოო ძალთა განთავისუფლება ადმინისტრაციული მუხრუჭებისაგან და მაქსიმალური პირობები შეიქმნება თავისუფალი სამეურნეო განვითარებისათვის. ეს ერთ-ერთი უმთავრესი სტრატეგიული მიზანია.
ასეთი სტრატეგია შესაბამის პირობას უყენებს თვით მართვის სტრუქტურებსაც, გარდაქმნას მოითხოვს მათგანაც. ამიტომ სხვაგვარად, ახლებურად, შემოქმედებითად გავიაზრეთ როგორც ყოველი სამინისტროს სტრუქტურა და ფუნქცია, ასევე მთელი მინისტრთა კაბინეტის ორგანიზაციის პრინციპები, მეთოდები და ფორმები.
მიზანშეწონილია მომავალში, მსოფლიოში მიღებული პრაქტიკის მსგავსად, თითოეული სამინისტრო თანდათანობით განთავისუფლდეს უშუალო სამეურნეო საქმიანობისაგან. ლაპარაკია იმაზე, ვისაც ეს ფუნქცია შემორჩა.
მაგრამ ეს არა ერთჯერადი აქციაა, არამედ ეტაპობრივი პროცესია.
ამჟამად სამინისტროებში შემავალი სამეურნეო ერთეულები უნდა ჩამოყალიბდნენ სახელმწიფო, ჰოლდინგურ კომპანიებად არ რაიმე სხვა ფორმით, რომლებიც ადმინისტრაციულად სამინისტროს უშულო დაქვემდებარებაში არ იქნებიან.
მე მინდა დავარწმუნო ყველა ურწმუნო თომა, რომ მინისტრთა კაბინეტს, სახელმწიფოს მეთაურს სრულიადაც არ სჭირდებათ, რომ სამინისტროებს და უწყებებს ჰქონდეთ სამეურნეო ფუნქციები, როცა ეს გამოწვეული არ არის აუცილებლობით, გარდამავალი, შერეული, მრავალწყობიანი ეკონომიკის განვითარების შინაგანი ლოგიკით.
ბევრი პარლამენტარი, მათ შორის მგონი ბატონი ი. შენგელაიაც, გვთავაზობენ: დეპარტამენტები და სხვა სტრუქტურები დღესვე გარდავქმნათ კომპანიებად, დღეს ეს შეიძლება რთული იყოს, მაგრამ მომავალში ზოგიერთი დეპარტამენტი მართლაც შეიძლება გარდავქმნათ სხვა სტრუქტურებად.
ნახევარი, ერთი წლის შემდეგ ბევრი სამთავრობო სტრუქტურა შეიცვლება და კომპანიების, ჰოლდინგების და სხვა სტრუქტურების ფორმას მიიღებს. ეს ბუნებრივი პროცესია, მაგრამ დღეს უბრალოდ დეპარტამენტის გამოცხადება კომპანიად არაფერს არ მოგვცემს. ჯერ მათი საქმიანობის შინაარსი უნდა გახდეს თვისებრივად სხვაგვარი, მერე მათი სახელწოდებაც შეიცვლება და ფუნქციაც.
ყოველგვარ გარდაქმნას თავისი დრო აქვს, თავისი ნიადაგი და ბაზა სჭირდება.
წინა მინისტრთა კაბინეტს და ახალ მინისტრთა კაბინეტს, სტრუქტურის რეფორმების მიუხედავად, რადიკალურ განსხვავებათა ფონზე მემკვიდრეობითობაც ახასიათებთ.
სამინისტროს ძირითადი ფუნქცია უნდა გახდეს შესაბამისი სოციალურ-ეკონომიკური სფეროს განვითარების სტრატეგიის გამომუშავება და წარმოება. ამ მხრივ ჩვენი შეხედულება და ჩვენი ფილოსოფია წინა კაბინეტის თვალსაზრისისაგან არ განსხვავდება. ეს პრობლემა ამგვარად ესმოდა წინა კაბინეტის ხელმძღვანელობასაც, მაგრამ სათანადო დონეზე ვერ ახორციელებდა.
მართვის ერთადერთი ფორმა უნდა გახდეს მაკროეკონომიკურ და მაკროსოციალურ პირობათა ფორმირება.
სამინისტრომ თავის სისტემაში უნდა შექმნას თავისუფალი და შემოქმედებითი შრომის მაქსიმალური პირობები, უზრუნველჰყოს ამ პირობათა ხელშემწყობი საკანონმდებლო, ორგანიზაციული, ინტელექტუალური და ინფორმაციული ბაზის შექმნა.
ახალ სოციალურ-ეკონომიკურ გარემოში, ინდივიდუალური თავისუფლების და აქტივობის პირობებში, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება აღრიცხვიანობას. ეს ჩვენი საქმიანობის ყველაზე სუსტი და ყველაზე ჩავარდნილი უბანია.
ჩვენ, სამწუხაროდ, არც ვიცით რა გაგვაჩნია ქვეყანაში, რა გადაურჩა დატაცებასა და განიავებას, რას წარმოადგენს ჩვენი ეკონომიკა. მინისტრთა კაბინეტმა უნდა მიხედოს ამ საქმეს.
საჭიროა ანგარიშგებისა და ვალდებულებათა შესრულების უზრუნველყოფის საიმედო სისტემათა ჩამოყალიბება. პრინციპულად უნდა გარდაიქმნას შესაბამის სამსახურთა ორგანიზაცია, ფუნქციონირების ფორმები და ამოცანები.
სამინისტროს სტრუქტურა მნიშვნელოვანწილად უნდა განთავისუფლდეს მყიფე ვერტიკალური დაყოფისაგან, რაც შესაბამისი მინისტრის მოადგილეების ინსტიტუტის არსებობას განსაზღვრავდა.
სამინისტროს შიდა სტრუქტურა, ჩვენი წარმოდგენით, არსებითად უნდა შეიცვალოს.
ახალ სტრუქტურაში მინისტრი, კომიტეტის თავმჯდომარე, დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხდება რეორგანიზაციისა და რეფორმების მთავარი იდეოლოგი და მთავარი უზრუნველმყოფი პირი, მთავარი ორგანიზატორი.
მინისტრის მოადგილის ინსტიტუტის ნაცვლად შემოგვაქვს ვიცე-მინისტრის ინსტიტუტი.
ვიცე-მინისტრს მისი არყოფნისას, იმავე დროს ხელმძღვალობს სამინისტროს სხვადასხვა მიზნობრივ პროგრამებს.
საჭიროა სამინისტროს გააჩნდეს თანაშემწეთა, მრჩეველთა, ექსპერტთა მობილური კორპუსი. არა დიდი, არა მრავალრიცხოვანი, იმდენი, რამდენიც საჭიროა.
მე აქ მოგახსენებთ სამინისტროების სტრუქტურაზე, დანიშნულებაზე და ა.შ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს ყველაფერი კანონად გამოვაცხადოთ. არ არის საჭირო წვრილმანი მეურვეობა.
მინისტრთა კაბინეტი ფუნქციონირებს ხელისუფლების შესახებ კანონის საფუძველზე. ის არის აღმასრულებელ-განმკარგულებელი ხელისუფლების უზენაესი ორგანო.
არ შეიძლება ჩვენ, პარლამენტმა როგორც ამას მოითხოვს აქ წარმოდგენილი ზოგიერთი ალტერნატიული პროექტი, ყველაფერი ინსტრუქციის დონეზე დავუმუშაოთ მინისტრთა კაბინეტს, სამინისტროებს, ჩავაბაროთ მათ და ვუთხრათ: - აქ ყველაფერი წერია, წაიკითხეთ და იხელმძღვანელეთ! არ გაბედოთ გადაუხვიოთ მას!
მას არაფერი აქვს საერთო ხელისუფლების შესახებ კონსტიტუციურ კანონთან, მსოფლიო პრაქტიკასთან.
ჩვენ უნდა შევქმნათ მინისტრთა კაბინეტის სტრუქტურა, ჩამოვაყალიბოთ ძირითადი მიმართულებები, უნდა განვსაზღვროთ ძირითადი ფუნქციები, შემდეგ საქმე უნდა მივანდოთ იმათ, ვისაც დავნიშნავთ და დავამტკიცებთ საკვანძო უბნებზე და უნდა მოვთხოვოთ კიდეც, როგორც უნდა გაატარონ ის კურსი, რომელსაც პარლამენტი განსაზღვრავს ამა თუ იმ მიმართლებით, კერძოდ, რეფორმების განხორციელების სფეროში.
მაგრამ პარლამენტს თავისი ფუნქციები გააჩნია და მინისტრთა კაბინეტს თავისი. მათი გამიჯვნაა საჭირო და არა აღრევა.
პარლამენტს არცა აქვს უფლება მინისტრთა კაბინეტის მოღვაწეობის ყველა წვრილმანში ჩაერიოს. ეს ეწინააღმდეგება ხელისუფლების შესახებ კანონს.
ლაპარაკია არა ცალკეულ „პარლამენტართა დიქტატურაზე“, არამედ კანონის დიქტატურაზე.
ვისაც არ ესმის, რომ საჭიროა ხელისუფლების შტოთა შორის ფუნქციების კონსტიტუციური კანონის საფუძველზე გამიჯვნა, ჩაურევლობა ერთმანეთის ფუნქციებში, მას დემოკრატიის საფუძვლები ცუდად ესმის.
მე ამას ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლის გასაგონად ვამბობ.
ახალი სამინისტროები და დეპარტამენტები ფუნქციონირებენ ახალ ისტორიულ სიტუაციაში, რადიკალური ეკონომიკური რეფორმების პირობებში, გარდაქმნიან ეკონომიკას, მეურნეობას, სოციალურ-კულტურულ გარემოს და თვითონაც უნდა შეიცვალონ ამ გარდაქმნის შესაბამისად.
იცვლება პოლიტიკური და ეკონომიკური წყობა, იცვლება საზოგადოება, ბუნებრივია, სახელმწიფო და ყველა მისი ატრიბუტიც იცვლება.
მეტად საინტერესოდ დგას დღეს სახელმწიფოს, პარლამენტის, მინისტრთა კაბინეტის ეკნომიკურ პრობლემებთან დამოკიდებულების საკითხი.
დღეს სულ სხვა ეკონომიკასთან გვაქვს საქმე.
თავისუფალი ეკონომიკური სისტემის ცენტრალური ფიგურაა მეწარმე.
ძლიერდბა კერძო სექტორი. აღმასრულებელი ხელისუფლება ვალდებულებას იღებს ქვეყანაში შექმნას ინდივიდუალური შრომითი აქტივობის მაქსიმალური ხელშეწყობის, სამეურნეო ინიციატივის პირობები, შექმნას ასეთი ხელშეწყობის მატერიალური, ორგანიზაციული ინტელექტუალური გარემო, მაგრამ ეს დაპირება ცარიელ სიტყვებად არ უნდა დარჩეს.
უნდა გაიმიჯნოს არა მარტო საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებათა ფუნქციები, არამედ სახელმწიფო და კერძო სექტორი; საქმის სასარგებლოდ და არა საზიანოდ, როგორც ეს ხშირად ხდება.
მთავრობის სტრატეგიული კურსი იქეთკენ უნდა იყოს მიმართული, რომ სახელმწიფო მფლობელობაში დარჩეს ის სამეურნეო ერთეულები, რომელთა სხვაგვარად არსებობა და ფუნქციონირება არარაციონალურია. და მხოლოდ ეს ფორმა შეესაბამება სახელმწიფოს ინტერესებს. მათ უნდა წარმოშვან ახალ ნიადაგზე, ახალი ფუნქციებით ეკონომიკის სახელმწიფო სექტორი საბაზრო ეკონომიკის პრინციპზე აგებული.
ახალი პოლიტიკა მოითხოვს ახლებურ აზროვნებას, ახალ ფსიქოლოგიას, სხვაგვარ ინტელექტუალურ დატვირთვას.
სამინისტროებში, დეპარტამენტებში, კორპორაციებში, ინსპექციებში სამუშაოდ უნდა მივიწვიოთ გამოცდილ სახელმწიფო მოხელეთა გვერდით ბიზნესმენები, კომერსანტები, მენეჯერები, ფერმერები, საქმის ხალხი.
მოვიწვიოთ, სახელმწიფო მართვის სისტემაში ჩავრთოთ, ვისაც საბაზრო ეკონომიკა ესმის, - განსაკუთრებით ახალგაზრდობა, ვინც განათლება მიიღო დასავლეთის თანამედროვე უმაღლეს სასწავლებლებში, კოლეჯებში, ვინც იქ დაეუფლა ბიზნესის ხელოვნებასა და მეცნიერებას.
კრიზისის დაძლევა იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ განვითარდება ჩვენთან ბიზნესი, ბიზნესის განვითარება კი მინისტრთა კაბინეტის უმთავრესი საქმეა. ამ გზით მივაღწევთ ეკონომიკურ აღორძინებას.
სამინისტროებსა და წარმოებების ურთიერთობა უნდა დაეყრდნოს საბაზრო, საკონტრაქტო პრინციპებს.
ასეთივე პრინციპზე უნდა ავაგოთ დამოკიდებულება სამინისტროებსა და რეგიონულ მმართველობას შორის. უნდა ამაღლდეს კონტრაქტების როლი.
საკონტრაქტო პრინციპი ფართოდ უნდა დაინერგოს ყველა საწარმოში, ყველა სტრუქტურაში, მართვისა და წარმოების ყველა იერარქიულ დონეზე.
სამინისტროებისა და უწყებების ურთიერთობა სახელმწიფო საწარმოებთან, კერძო სექტორთან, მცირე, საშუალო და დიდ ბიზნესთან, კომერციულ სტრუქტურებთან უნდა ხორციელდებოდეს კანონის, კანონქვემდებარე აქტებისა და კონტრაქტების საფუძველზე.
მე კონტრაქტების განსაკუთრებულ მნიშვნელობას და როლს ხაზს იმიტომ ვუსვამ, მიმაჩნია, რომ ჩვენ დღევანდელი კრიზისული მდგომარეობიდან ვერ გამოვალთ და ქვეყანა კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება, თუ საკონტრაქტო ურთიერთობათა სისტემა არ განვითარდება.
დღეს ჩვენ უნდა გავაფორმოთ ორმხრივი საკონტრაქტო ვალდებულებები. განვსაზღვროთ კონტრაქტების საფუძველზე რას ვკისრულობთ, მაგალითად, რაიონების, ქალაქების წინაშე იმის გათვალისწინებით, თუ რა შეუძლიათ რეალურად სახელმწიფო ან კერძო სტრუქტურებს, რომლებიც თანამშრომლობენ სახელმწიფოსთან - მიაწოდონ რეგიონებს კვების პროდუქტების, სამრეწველო საქონლის თუ სხვა პროდუქციის სახით. თავის მხრივ ქალაქებმა, რაიონებმა უნდა აიღონ საკონტრაქტო ვალდებულებები სახელმწიფოს წინაშე.
ჩვენ ვერავითარ შემთხვევაში ანგარიშს ვერ გავუსწორებთ, ვალს ვერ გადავუხდით საზღვარგარეთის ბევრ ქვეყანას, - მათ შორის, მაგალითად, თურქმენეთს, რომელიც გაზს გვაწვდის, - თუ ასეთი სისტემა არ იქნება აწყობილი. მრავალი სხვა მაგალითის მოყვანა შეიძლება.
დღეს სამწუხაროდ, სავარაუდო ანგარიშებზე არის აგებული ჩვენი ხელშეკრულებები.
ჩვენ პარტნიორებს ვეუბნებით: აი, გაზის საფასურად მოგაწვდით 20-30 ათას ტონა ჩაის, კონიაკს, ღვინოს და ა.შ. სინამდვილეში, როცა საქმე საქმეზე მიდგება უშუალოდ, აღმოჩნდება, რომ რეზერვები სერიოზულად დაანგარიშებული არა გვაქვს. იქ, სადაც იქმნება ეს პროდუქცია, ამ კონტრაქტების შესახებ არაფერი იციან. ეს კი დაუშვებელია. ეს სახელმწიფო პოლიტიკის დონე არ არის.
ახალ საფუძველზე უნდა გადავიდეს ურთიერთობა რაიონებთან, ქალაქებთან, საწარმოებთან, კერძო სექტორთან, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან. სხვა შემთხვევაში ჩვენ ვერ გამოვიკვებავთ თავს და აღმოვჩნდებით კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში, ვიდრე ვართ. სწორედ ამიტომ საკონტრაქტო სისტემას ვაძლევ მე პრინციპულ მნიშვნელობას.
ჩვენ დღეს გვაქვს განვითარებადი ქვეყნის გარდამავალი ტიპის შერეული ეკონომიკა. მას ფაქტობრივად ოთხი სექტორი გააჩნია. შერეული ეკონომიკის სექტორი; მესამე. თავისუფალი საბაზრო სექტორი, რომელიც, სამწუხაროდ, ჯერ ვერ ასრულებს სერიოზულ როლს, და მეოთხე. - ეს არის ჩრდილოვანი ეკონომიკა. საკმაოდ მძლავრი, სექტორი, რომელსაც მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე საკმაოდ დიდი გავლენა აქვს, მაგრამ მის არსებობაზე ჯერ არავინ ფიქრობს. ეს სახელმწიფოს საფიქრალია. მინისტრთა კაბინეტი ამას სათანადო ყურადღებას არ აქცევს.
თუ როგორ მოხდა ის, რომ შეიქმნა ჩრდილოვანი ეკონომიკა, რომელ ეპოქაში და როგორ პირობებში ეს სხვა ამბავია.
დღეს ეს არის ჩვენი რეალობა და მე მინდა ეს საკითხი დავაყენო საპარლამენტო კომისიების, სამინისტროების, მინისტრთა კაბინეტის წინაშე, საერთოდ ყველა მოქალაქის წინაშე, მათ შორის იმ მოქალაქეთა წინაშე, ვინც ამ სექტორს რეალურად ეკუთვნის.
საჭიროა ოთხივე სექტორის მოვლა. საბოლოო ჯამში თავისუფალი ბაზრის სექტორი უნდა დამკვიდრდეს, მაგრამ გარკვეულ ეტაპებზე ოთხივე სექტორთან გვექნება საქმე.
ეს დებულება მარტო კონსტატაციისათვის როდია განკუთვნილი. მინისტრთა კაბინეტმა უნდა შეძლოს თითოეული სექტორის დღევანდელი მდგომარეობის ღრმა ანალიზი და განსაზღვროს სახელმწიფოს ამოცანები ამ დარგში.
მთავრობის ნორმალური და ეფექტური ფუნქციონირებისათვის აუცილებელია, რომ სამთავრობო პოლიტიკური კურსი გასაგები და მისაღები იყოს პარლამენტისათვის, ქვეყნისათვის.
ვფიქრობთ, მინისტრთა კაბინეტში ერთ-ერთ ვიცე-პრემიერს უნდა დაევალოს პარლამენტართან აღმასრულებელი ხელისუფლების ურთიერთობის კოორდინირება, განსაკუთრებით კანონშემოქმედების დარგში.
მე თავის დროზე ამ იდეას ვაყენებდი სხვა მოდულაციით, ვამბობდი, იქნებ ეს ფუნქცია დავაკისროთ სახელმწიფო მინისტრის რანგის მქონე მოხელეს, მრავალი პარლამენტარი მაშინ არ დამეთანხმა.
დღეს მე კვლავ ვაყენებ ამ იდეას.
თუ ჩვენ ვინარჩუნებთ ვიცე-პრემიერების ინსტიტუტს, ურთიერთობა პარლამენტსა და მინისტრთა კაბინეტს შორის იმდენად მნიშვნელოვანია, იმდენად აქტუალურია პარლამენტისა და აღმასრულებელი ხელისუფლების კონსტრუქციული თანამშრომლობა, რომ მე, მაგალითად, ხმას მივცემ იმას, რომ იყოს სპეციალური ვიცე-პრემიერიც კი, რომელიც სხვა გარკვეულ ფუნქციებსაც შეითავსებს, მაგრამ ძირითადად ამ პრობლემაზე იმუშავებს.
რამდენადაც დაჩქარდება კანონშემოქმედებითი საქმიანობა, რამდენადაც ადრე შევქმნით ჩვენ სამართლებრივ ბაზას საბაზრო ეკონომიკისათვის, მით უფრო ჩქარა მოხდება გარდატეხა. საჭიროა მინისტრთა კაბინეტის სისტემატური და კონსტრუქციული მუშაობა პარლამენტის კომისიებთან. ეს ურთიერთობა ხელს უნდა უწყობდეს მეტი ურთიერთობის, სინქრონულობის
უზრუნველყოფას საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებებს შორის.
მინისტრთა კაბინეტის სხვადასხვა რანგის მუშაკები პარლამენტის იშვიათი სტუმრები კი არ უნდა იყვნენ.
ვიცე-პრემიერების, მინისტრების მონაწილეობა პარლამენტის კომისიების სხდომებში, ჩვეულებრივი მოვლენა უნდა იყოს.
ეს ფრაზა არ უნდა დარჩეს, ასე უნდა ავაგოთ მუშაობა.
აქვე მე იმის თქმაც მინდა, რომ ცოტა უფრო დინამიურად ვიმუშაოთ თვითონ პარლამენტის სტრუქტურების სრულყოფისათვის, რაც შეიძლება დავაჩქაროთ ეს პროცესი. ვიცი, რომ სათანადო კომისია მუშაობს. კომისიის ბევრი მოსაზრების შესახებ მე მაქვს წარმოდგენა და თუ პარლამენტის მუშაობის სრულყოფის პროცესი მინისტრთა კაბინეტის სტრუქტურის პარალელურად წარიმართება, ჩვენი საქმე მოიგებს.
საჭიროა უზენაესი საკანონმდებლო და აღმასრულებელ-განმკარგულებელ ხელისუფლებათა არა დაპირისპირება, არა მათ შორის კონფლიქტები, არამედ კონსტრუქციული თანამშრომლობა.
საჭიროა მათი ფუნქციების გამიჯვნა, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის, რომ პარლამენტმაც და მინისტრთა კაბინეტმაც, სახელმწიფოს მეთაურმაც, საერთო ძალისხმევით უკეთ შეასრულონ თავიანთი მოვალეობა ხალხის წინაშე.
ხელისუფლება ერთია, მაგრამ ხალხს რომ უკეთ ემსახურონ, ამიტომ ფუნქციონირებენ ისინი ცალ-ცალკე. ხელისუფლების ყველა შტოს შორის უნდა ვეძიოთ კონსენსუსის გზები და კონსტრუქციული თანამშრომლობა.
არ შეიძლება ნორმალურად ჩაითვალოს ეს ფაქტი, რომელსაც, სამწუხაროდ, ხშირად აქვს ადგილი და რაც ჩვენ სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.
ეს არის პარლამენტსა და მინისტრთა კაბინეტს შორის ერთგვარი დაპირისპირების, კონფრონტაციის გამოვლინება.
მსგავსი რამ რომ არ გამეორდეს, საჭიროა მინისტრთა კაბინეტისა და პარლამენტის სათანადო სტრუქტურებს შორის, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, თანამშრომლობა, კონსენსუსი.
მინისტრთა კაბინეტს უნდა ვეხმარებოდეთ ყველანი. დაპირისპირებამაც გამოიწვია წინა მინისტრთა კაბინეტის წარუმატებლობა. მინისტრთა კაბინეტი უფრო მგრძნობიარე უნდა ყოფილიყო პარლამენტის კრიტიკის მიმართ.
ისიც უნდა ითქვას, პარლამენტმა ეს უნდა იცოდეს, რომ მინისტრთა კაბინეტის დამარცხება პარლამენტის გამარჯვება არ არის. ეს რომ ასე არ იყო, პარლამენტის პოლიტიკური რეიტინგი საქართველოში ახლა სხვა დონეზე იქნებოდა.
მე როცა პარლამენტს ვახსენებ, ჩემს თავს ვგულისხმობ პირველ რიგში და ამიტომ უფრო გაბედულად ვამბობ სათქმელს. დაპირისპირებით, კონფრონტაციით დღეს საქართველოში ავტორიტეტს ვერ მოიხვეჭ. ყველამ უნდა გავიაროთ ის დიდი სკოლა, თუ როგორ უნდა ვითანამშრომლოთ ერთმანეთთან კონფრონტაციისა და დაძაბულობის გარეშე. ამიტომ ლაპარაკი ე.წ. „შემოდგომის მთავრობაზე“, დროებით მთავრობაზე უპასუხისმგებლობაა და ჩემი აზრით, სრულიად ულოგიკო და გაუმართლებელი.
მთარობის ხშირი გამოცვლით ეკონომიკა ვერ გაჯანსაღდება. ჩვენ ძლიერი, მყარი, სტაბილური მინისტრთა კაბინეტი გვინდა.
ახალი მინისტრთა კაბინეტი, რომელიც კაბინეტური სისტემით იმუშავებს, უნდა წარმოადგენდეს მართვის ერთიანი იდეოლოგიის, მხედველობრივი პრინციპების, საერთო ეკნომიკური და პოლიტიკური ორიენტირების მქონე პოლიტიკურ დასს, პოლიტიკურ გუნდს. ასეთია მსოფლიო გამოცდილება.
ახალი მინისტრთა კაბინეტის კონცეფციის თანახმად დაუშვებელია კაბინეტში ისეთი ხელმძღვანელის არსებობა, რომელიც არ იზიარებს საერთო წარმოდგენებს. მთავრობის წევრმა, მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა, რომელიც პრინციპულ უთანხმოებაშია კაბინეტის მიერ დეკლარირებული ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიულ კურსთან, უნდა დატოვოს კაბინეტი.
ასეთია საერთაშორისო პრაქტიკა.
ქვეყნის დღევანდელი მდგომარეობა მოითხოვს მართვის ქმედითობას, კონკრეტულობას, მოქნილობას, რათა პრაქტიკულად გარდავქმნათ ყველა ორგანიზაციული სტრუქტურა შექმნილი მდგომარეობისა და რეალობის შესაბამისად.
როგორც ვთქვით, მინისტრთა კაბინეტი იმუშავებს კაბინეტური სისტემით. ეს, ერთი მხრივ, გულისხმობს ძველი ფორმების, მეთოდების, სტრუქტურების ეტაპობრივ, ლოგიკურ უარყოფას, მეორე მხრივ, სხვა ქვეყნების მინისტრთა კაბინეტის გამოცდილების შემოქმედებითად ათვისებას.
ახალ მთავრობას უახლოეს მომავალში მოუწევს მინიმუმ სამი სტრატეგიული ამოცანის გადაწყვეტა:
პირველი. ეკონომიკური და ფინანსური კრიზისის, ინფლაციის, ენერგეტიკული კრიზისის, კვების პროდუქტების დეფიციტის აღმოფხვრის, კუპონის კურსის ამაღლების, შიმშილის დაძლევის, სიღარიბის ზღვარს მიღმა აღმოჩენილი ფენების სოციალურად დაცვის, ხელფასის ამაღლების, გარკვეულ პროდუქტებზე ფასების რეგულირებისა და იმავდროულად ფასების ლიბერალიზაციის, ეთნოკონფლიქტების მოწესრიგების ქმედითი პოლიტიკის თანამიმდევრული გატარება.
მეორე. სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის ეკონომიკურად მისაღები ხერხებით დაბალანსება და ბიუჯეტის სწრაფად წარდგენა პარლამენტში. ეს ძნელია, მაგრამ უნდა გავაკეთოთ.
მესამე. ხელისუფლებამ უახლოეს დროში უნდა წარმოადგინოს ეროვნული ხსნის პოლიტიკური და ეკონომიკური პროგრამა, საგანგებო ღონისძიებათა კომპლექსი. ასეთი მუშაობა მიმდინარეობს და ის უნდა დაჩქარდეს.
სამივე სტრატეგიული მიმართულებით საქმიანობის გაშლა გადაუდებელი ამოცანაა.
ეკონომიკური რეფორმების მომზადება და განხორციელება ჩვენი სახელმწიფო პოლიტიკის გენერალური კურსია.
პირადად მე, ვფიქრობ, ეს არავი ეჭვს არ უნდა იწვევდეს, - რადიკალური ეკონომიკური რეფორმების პოზიციაზე ვიდექი მუდამ და ვდგავარ ახლაც.
როგორ უნდა განვახორციელოთ რადიკალური რეფორმები? უპირველეს ყოვლისა, მეცნიერულად დასაბუთებული სტრატეგიითა და ტაქტიკით.
საბაზრო ეკონომიკაზე აურზაურითა და ქაოსით გადასვლის მცდელობა სერიოზული პოლიტიკა არ არის.
ამით ჩვენ ძველი ეკონომიკა დავანგრიეთ და ახალი ვერ ავაშენეთ. იმავე დროს მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ ნიჰილისტურ პოზიციაზე არ ვდგევართ.
არც ერთი კანონი, არც ერთი დებულება, არც ერთი დეკრეტი არ დაკარგავს თავის ძალას, რომელიც პოპულიზმით, დემაგოგიით, ვიწრო პარტიული იდეოლოგიით და ინტერესებით არ არის ნაკარნახები. ყველა დოკუმენტი შეინარჩუნებს თავის ღირებულებას, რომელიც ხელს უწყობს საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლას, სამართლებრივ სახელმწიფოს აშენებას.
თანამედროვე სიტუაციაში არსებობს პირობები, რომ ხელისუფლებამ ღირებული რეალური პოლიტიკა განახორციელოს, მაგრამ ხშირად პოპულიზმი, იაფი ავტორიტეტის მოხვეჭის, ქულების დაგროვების სურვილი - ქვეყნის, ერის ინტერესებზე მაღლა დგება.
ეს, სამწუხაროდ ცუდი მოვლენაა, პოლიტიკის ყველა სფეროში, მაგრამ მთლად საშინელებაა, უბედურებაა, როცა პოპულიზმი, დემაგოგია, დილეტანტიზმი ფეხს მოიკიდებს ეკონომიკურ პოლიტიკაში, ის მაშინ მთელი ერის, ყველა ოჯახის კეთილდღეობას ემუქრება, მას ხალხი მიჰყავს სიღატაკისა და გაჩანაგებისაკენ. სამწუხაროდ, დღეს უკვე გვაქვს ასეთი ფაქტები. ამ მხრივ მინისტრთა კაბინეტის წინა შემადგენლობა სერიოზულად სცოდავდა.
ეკონომიკურ რეფორმებზე მთელმა ერმა, მთელმა ქვეყანამ უნდა იმსჯელოს, ხალხის ნებამ და სურვილმა უნდა გაიმარჯვოს.
მაგრამ, საუბედუროდ, რეფორმების სფეროში ზოგჯერ ლამის კანონმდებლებად გვევლინებიან პირები, რომლებიც ეკონომიკურ გარდაქმნებზე უკეთეს შემთხვევაში იაფფასიანი საგაზეთო სტატიებით აქვთ შექმნილი წარმოდგენა, ანდა უცხოური საინფორმაციო ბიულეტენებიდან გადმოქართულებულ ტექსტებს გვთავაზობენ.
ეს ტენდენციები უნდა დავძლიოთ. ალბათ, ასეთი მოვლენები ბუნებრივია რეფორმების პირველ ეტაპზე, მაგრამ ეს სენი მომდევნო ეტაპზე უნდა მოვიშოროთ. ჩვენ დილეტანტებს ვერ ვანდობთ ეკონომიკურ პოლიტიკას და ეკონომიკას.
ვიმეორებ: ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ მასზე დაკისრებული ფუნქციის ეფექტიანი განხორციელების მიზნით უპირველესი მნიშვნელობა ენიჭება მართვის სახელმწიფო სტრუქტურებისათვის ისეთი ფუნქციების მინიჭებას, რომლებიც უპასუხებენ გარდამავალი ეტაპების თავისებურებებს, უზრუნველყოფენ ეკონომიკური რეფორმების თანმიმდევრულ და შეუქცევად განხორციელებას.
სამწუხაროდ, უკანასკნელ პერიოდში განხორციელებულმა ეკონომიკურმა რეფორმებმა სწორად ვერ განსაზღვრეს მართვის სახელმწიფო ორგანოების ფუნქციები, უფლებები და მოვალეობები, ხოლო ძირეული რგოლებისათვის სახელმწიფო ქონების მართვაში განუსაზღვრელი უფლებების მინიჭებამ მათ სამეურნეო-საფინანსო საქმიანობაში ეკონომიკურ ქაოსამდე მოგვიყვანა.
ვერ ჩამოყალიბდა კონტროლის ის სისტემა, რომელიც უნდა ხორციელდებოდეს ასეთ დროს. მინისტრთა კაბინეტმა პასიური პოზიცია დაიჭირა და პროცესმა გარკვეული აზრით ქაოტური ხასიათი მიიღო.
ოპოზიცია ჩვენგან მოითხოვს წესრიგის, კანონიერების დამყარებას, ძლიერი დემოკრატიული აღმასრულებელი ხელისუფლების შექმნას და იმავე დროს ხანდახან თავისი წინადადებებით, საპარლამენტო ობსტრუქციით, ხელს უშლის ძლიერი მინისტრთა კაბინეტის შექმნას. მსგავსი ალოგიზმი სოციალურად საშიშია.
პოლიტიკური კონსულტაციების დროს განსაკუთრებულად დაისვა პრივატიზაციის პრობლემები. ვფიქრობ, ეს სავსებით ლოგიკურია. ეს ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა დღეს.
მოგეხსენებათ, ეკონომიკური რეფორმა მრავალმხრივი და ურთულესი პროცესია, როგორც სისტემატური და სტრუქტურული, ისე ინსტიტუციონალური და სამართლებრივი თვალსაზრისით.
რეფორმის ღერძს ახალი საკუთრებითი ურთიერთობების ჩამოყალიბება წარმოადგენს, რამაც მაქსიმალურად უნდა გაათავისუფლოს სახელმწიფო სამეურნეო საქმიანობისა და მისი ოპერატიული მართვისაგან, მოახდინოს ეკონომიკის დეცენტრალიზება და დემონოპოლიზება, ჩამოაყალიბოს ადამიანში მესაკუთრის ფსიქოლოგია, შექმნას მესაკუთრეთა ფენები. ასეთია სტრატეგიული მიზანი. მას შესაბამისი, ეტაპებზე გათვლილი ტაქტიკა სჭირდება.
მთავრობის სტრატეგიისა და ტაქტიკის თანახმად პრივატიზაციის შედეგად, უპირველს ყოვლისა, უნდა განხორციელდეს არაეფექტიანად მოქმედი სახელმწიფო საკუთრების გარდაქმნა ეფექტიანად მოქმედ კერძო საკუთრებად; მეორე. წარმოების და მიმოქცევის სფეროში სახელმწიფო სექტორმა გზა უნდა დაუთმოს კერძო მეწარმეობას იმ ზომით, რა ზომითაც ეს უკანასკნელი რეალურად დაამტკიცებს თავის უპირატესობებს სახელმწიფო სექტორთან შედარებით. მესამე. უნდა განხორციელდეს თვით სახელმწიფო სექტორის გადაყვანა საბაზრო, კომერციულ საწყისებზე.
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზაციის სახელმწიფო პროგრამით დღეისათვის პრაქტიკულად მიმდინარეობს ე.წ. მცირე პრივატიზაცია: ვაჭრობის, საზოგადოებრივი კვების, საყოფაცხოვრებო მომსახურების, ტრანსპორტის, მრეწველობის, მშენებლობის, სოფლის მეურნეობის და სხვა დარგების წვრილ საწარმოთა, აგრეთვე დაბალრენტაბელური და ზარალიანი საწარმოების კერძო სექტორში მიმოქცევა.
სახელმწიფო ქონების პრივატიზების გზაზე პრაქტიკული ნაბიჯები მიმდინარე წლის მარტიდან გადაიდგა. პროცესმა მოიცვა რესპუბლიკის თითქმის ყველა რეგიონი (გარდა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საომარი ზონებისა). კონკრეტულად 1993 წლის 15 აგვისტოს მონაცემებით რესპუბლიკაში პრივატიზებულია: 119 ბენზინგასამართი ავტომატური სადგური (თანხა - 262,4 მლნ კუპონი), 122 სავაჭრო-საყოფაცხოვრებო ობიექტი (თანხა - 341,5 მლნ. კუპონი), 4 მცირე ჰესი (თანხა - 164,8 მლნ. კუპონი), 7 სასოფლო-სამეურნეო ობიექტი (თანხა - 21,7 მლნ. კუპონი), 2 კვების მრეწველობის ობიექტი (თანხა - 140 მლნ. კუპონი), 4344 სატრანსპორტო ერთეული (თანხა - 395,2 მლნ. კუპონი), მათ შორის აუქციონზე გაიყიდა - 73 ერთეული (თანხა - 19,2 მლნ. კუპონი) და სხვ.
სულ რესპუბლიკაში პრივატიზებულია 328 ობიექტი. ამონაგები თანხის ჯამმა შეადგინა 1 მილიარდ 325,6 მლნ. კუპონი.
მინისტრთა კაბინეტის მიერ უკვე დამტკიცებულია დაახლოებით 5000 საპრივატიზებო ობიექტი.
პარალელურად მიმდინარეობს მსხვილ საწარმოთა აქციონირების პროცესი. შექმნილია ამ პროცესის განხორციელებისათვის ძირითადი საკანონმდებლო-ნორმატიული ბაზა. უკვე დაფუძნებულია 3 სააქციო საზოგადოება. განხილვის სტადიაშია დაახლოებით 50 მსხვილი საწარმოს დოკუმენტაცია. ეს პროცესი ინტენსიურად გრძელდება.
მიმდინარეობს მუშაობა საბარათე-საინვესტიციო ფონდების ჩამოყალიბებისათვის.
პარლამენტმა და მინისტრთა კაბინეტმა უნდა გაითვალისწინონ, რომ პრივატიზაციას ერთგვარად აფერხებს შესაბამისი კანონების მიღების გაჭიანურებული პროცესი.
პრივატიზების უზრუნველმყოფი ღონისძიებებიდან პრიორიტეტულია:
პირველი. კანონმდებლობის სრულყოფა: იჯარის, საკუთრების გამიჯვნის, საბანკო სისტემის, აქციონერების, გაკოტრების, ცეკავშირის და პროფკავშირების ქონების განკარგვის შესახებ და სხვ. კანონების მომზადება, მიღება, კანონებში სათანადო ცვლილებებისა და დამატებების შეტანა;
მეორე. სასწრაფოდ უნდა დამტკიცდეს პრივატიზებიდან ამონაგები თანხების მიზნობრივი განაწილების სქემა. საკითხი პარლამენტს განსახილველად უნდა წარუდგინოს მინისტრთა კაბინეტმა. აღნიშნლი თანხები უმოძრაოდაა და ინფლაციის პირობებში ისინი კატასტროფულად გაუფასურდება. არ უნდა გაჭიანურდეს ამის მოგვარება;
მესამე. როგორც ვთქვი, „სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ“ კანონში დამატებების და ცვლილებების შეტანა აუცილებელია. პროექტი მომზადებულია. შესაბამისმა კომისიებმა უნდა დააჩქარონ მისი შემოტანა. თუ არა და მაშინ პრობლემა უნდა გადავჭრათ დეკრეტის გამოცემით.
მეოთხე. საჭიროა 1994 წლის სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროგრამის განხილვა და მიღება;
მეხუთე. აუცილებელია სახელმწიფო ქონების ინვენტარიზაციის ჩატარების შედეგების განხილვა-შეფასება, ახალი ღონისძიებების დასახვა. ეს მინისტრთა კაბინეტში უნდა გაკეთდეს;
მეექვსე. პრივატიზების პროცესში მონაწილეობის მისაღებად უცვლელი ინვესტორების მოზიდვის პროგრამის შემუშავება და დამტკიცება;
მეშვიდე. აჭარის, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში პრივატიზების პროცესის წარმართვის ერთიანი პოლიტიკის გატარების პრობლემების განხილვა და გადაწყვეტა დაინტერესებულ უწყებებთან და ადგილობრივ ხელმძღვანელებთან ერთად;
მერვე. საპრივატიზაციო ბარათების (ვაუჩერების) გაცემა, სექტემბერი კარს მოგვადგა. ძალიან დიდი სამუშაო ელოდება მინისტრთა კაბინეტის სათანადო სტრუქტურებს.
აუცილებელია პრესაში, ტელევიზიით და რადიოთი პრივატიზების პროცესის მიმდინარეობის სისტემატური რეკლამირება და პროპაგანდა.
პრივატიზაციის პროგრამა მიზნად ისახავს სახელმწიფო საკუთრების კერძო საკუთრებად გარდაქმნას, ქვეყანაში პოლიტიკური ვითარების სტაბილიზაციას, მეურნეობის ყველა ძირითად დარგებში სახელმწიფოს მონოპოლიის ლიკვიდაციის, საკუთრების მრავალფეროვნების დამკვიდრებას, საბაზრო მეურნეობაზე რეალურად გადასვლას; ბიზნესის განვითარებას და ეკონომიკური სისტემის მთლიანად შეცვლას; ქვეყნის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას, არარენტაბელური საწარმოების პრივატიზაციის შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტის განთავისუფლებას ზედმეტი დოტაციისაგან, საკუთრების მრავალფეროვნების დამკვიდრებით მატერიალური წარმოებისა და მომსახურების სფეროში რეალური მეურნეობრიობის დამკვიდრებას და მაღალმწარმოებლური შრომის მოტივაციის შექმნას; სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების განთავისუფლებას მათთვის არადამახასიათებელი ფუნქციისაგან - მეურნეობისაგან, უცხოური ინვესტიციების, უცხოური კაპიტალის დაბანდებას საქართველოში და სხვა.
განსაკუთრებულ მიდგომას საჭიროებს საბანკო სისტემის პრივატიზების (აქციონირების) საკითხი. მე მიმაჩნია, რომ ეს ერთ-ერთი ცენტრალური ამოცანაა, ცენტრალური პრობლემაა დღეს. ჩვენ წინ სერიოზულად ვერ დავძრავთ საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის საქმეს, თუ ეს რეფორმა გაჭიანურდება.
მისაღებია გადაწყვეტილება სოფლად საზოგადოებრივი მეურნეობების რეორგანიზაციის შედეგად დარჩენილი ქონების სასწრაფოდ პრივატიზების შესახებ, რადგანაც იგი ყოველდღიურად იძარცვება და ნადგურდება. ამაზე ბევრჯერ ითქვა, მაგრამ საქმე წინ მაინც არ დაიძრა. უნდა დამთავრდეს ეს განუკითხაობა.
პრივატიზაციის პროგრამა დაჩქარებულად უნდა განხორციელდეს. ეს პარლამენტის, მთელი ხელისუფლების და მათ შორის სახელმწიფოს მეთაურის გადაუდებელი ამოცანაა. ამ პრობლემის გადაჭრაზე ბევრად არის დამოკიდებული ეკონომიკური რეფორმების განხორციელება.
თუ ვილაპარაკებთ პრივატიზაციის პროცესზე, საერთო შთაბეჭდილების მიხედვით, შეიძლება ითქვას შემდეგი:
სახელმწიფო სტრუქტურები მხოლოდ ნომინალურად ითვლებიან სახელმწიფო ქონების მართვის ორგანოებად და თითქმის არავითარი უფლებები არ გააჩნიათ, რომ ზემოქმედება მოახდინონ მის ეფექტიან გამოყენებაზე, თუმცა ამ საკითხებზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ. მე არა მაქვს მხედველობაში სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო, მე სხვა სამთავრობო სტრუქტურებს ვგულისხმობ.
სახელმწიფომ ხელიდან გაუშვა რა საკუთარი ქონების მართვის სადავეები, ვეღარ ახერხებს უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი და საერთო-სახალხო პრობლემების მოსაგვარებლად საჭირო რესურსების ფორმირებას, ხოლო ეკონომიკურ სფეროში დანერგილი და ამოქმედებული არ არის მეტნაკლებად თვითრეგულირებადი მექანიზმი.
ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი და სადღეისო ამოცანაა ისეთი მექანიზმის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფდა საზოგადოებრივ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებას მინიმალურ დონეზე მაინც.
ხელისუფლება, პასუხისმგებელია რა ხალხის ცხოვრების მდგომარეობაზე, ერის სოციალურ დაცვაზე, ვალდებულია უზრუნველყოს საკუთარი ქონების ეფექტიანი გამოყენება არა სამეურნეო სუბიექტთა თავისუფლების დეკლარირებით და შესაბამისად საკუთარი პასუხისმგებლობის მოხსნით, არამედ ამ ქონების რაციონალური გამოყენებით, მის მართვაში საბაზრო მექანიზმის დანერგვის შედეგად მაქსიმალური უკუგების მიღებით.
სწორედ ამ მდგომარეობიდან უნდა განისაზღვროს მართვის ცენტრალური დარგობრივი ორგანოების ფუნქციები, უფლებები და მოვალეობები მიმდინარე ეტაპზე.
მხოლოდ ახალი ტიპის მინისტრთა კაბინეტი დაძლევს კრიზისს.
მე ისევ ვუბრუნდები რეფორმის პერიოდში სამინისტროების როლის გარდაქმნის საკითხს.
მიმაჩნია, რომ დარგობრივ სამინისტროებს გარდამავალ ეტაპზე უნდა მიენიჭოს შემდეგი ძირითადი ფუნქციები:
- დარგში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და რეალიზაცია, დარგის სტრუქტურული რაციონალიზაცია;
- სახელმწიფოს ხელში დარჩენილ აქციათა პაკეტით საწარმოთა მართვაში მონაწილეობა;
- სახელმწიფო სააქციო საზოგადოებათა განვითარების გეგმების განხილვა და დამტკიცება, მათი შესრულების კონტროლი;
- სახელმწიფო სააქციო საზოგადოებათა ბიუჯეტის განხილვა და დამტკიცება, მათ მიერ მსხვილ კომერციულ, ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებზე ნებართვის გაცემა;
- სახელმწიფო სააქციო საზოგადოებაში მმართველთა (მენეჯერთა) კანდიდატების შერჩევა და დანიშვნა, შესაბამისი რეზერვის ფორმირება;
- სახელმწიფოთაშორისი სავაჭრო-ეკონომიკური ხელშეკრულებებით მისაღები ნედლეულისა და რესურსების ბალანსების ფორმირება, მიღებული რესურსების განაწილება, მიღების ორგანიზაცია, სხვა სახელმწიფოსათვის მისაწოდებელი რესურსების ფორმირება, მიწოდების ორგანიზაცია და კონტროლი;
- დარგში საგარეო ეკონომიკური საკითხების ხელმძღვანელობა და კოორდინაცია;
- მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის, პრივატიზაციის, ფასწარმოქმნის, ანტიმონოპოლიური და სხვა საკითხების ხელმძღვანელობა;
- კერძო სექტორის განვითარებისათვის ყოველმხრივი ხელშეწყობა, პასუხისმგებლობა ამ საკითხზე, მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობა. ერთ-ერთი კრიტერიუმი, საზომი სამინისტროს მუშაობისა უნდა იყოს ის, თუ როგორ ვითარდება კერძო ბიზნესი იმ სისტემაში, რომელსაც ასე თუ ისე არეგულირებს ესა თუ ის სამინისტრო, ესა თუ ის სამთავრობო სტრუქტურა;
- გეოლოგიურ-საძიებო საქმეში სახელმწიფო შეკვეთის ფუნქცია და ა.შ.
ძირითადად ამავე პრინციპზე უნდა აიგოს დეპარტამენტების საქმიანობაც დეპარტამენტთა სპეციფიკის გათვალისწინებით.
ასეთია თანამედროვე ფუნქციონალური სამინისტროს მოდელის ძირითადი პარამეტრები. რა თქმა უნდა, ეს მთლად კლასიკური მოდელი არ არის, მაგრამ მნიშვნელოვანი, წინ გადადგმული ნაბიჯია საბაზრო ეკონომიკის ჩამოყალიბებისა და სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე.
გვთავაზობენ საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების კომიტეტის გაუქმებას, უფრო სწორად მის შეერთებას ვაჭრობის სამინისტროსთან. არის სხვა მოსაზრებებიც.
მე ამ აზრს ვიზიარებდი ამ ორი-სამი თვის წინ. საჯაროდ გამოვთქვი ეს მოსაზრება, მაგრამ ახლა, როცა საზღვარგარეთის ქვეყნებთან ურთიერთობის დარგში გარკვეული გამოცდილება დაგროვდა, მე მგონი, ასეთი გადაწყვეტილება ნაჩქარევი იქნება.
ეს დებულება ნათელი რომ იყოს, შევეცდები მოგახსენოთ, თუ როგორ მესახება მე ამ კომიტეტის საქმიანობა.
თქვენ კარგად იცით, ისეთი მცირერიცხოვანი ქვეყნისათვის, როგორიც არის საქართველო, საზღვარგარეთის ქვეყნებთან ურთიერთობა ამ ეტაპზე გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს. ამიტომ, განსხვავებით სხვა სამინისტროებისაგან და უწყებებისაგან, მე დეტალურად შევაჩერებ თქვენს ყურადღებას საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობათა კომიტეტის ფუნქციებზე. ამ კომიტეტს მოეთხოვება:
- საგარეო ეკონომიკური კავშირების განვითარების კონცეფციის ფორმირებისა და საგარეო ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი პრინციპების შესახებ წინადადებათა შემუშავება და მისი განხორციელების ორგანიზაცია; ჩატარებული მუშაობის ანალიზი და შეჯამება;
- საერთაშორისო ეკონომიკურ ორგანიზაციებთან (მსოფლიო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, გაეროს ეკონომიკური ორგანიზაციები და სხვა) მჭიდრო ურთიერთობის დამყარება.
ბევრია ეკონომიკური პროფილის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლებსაც დიდი დახმარების გაწევა შეუძლიათ ჩვენთვის, მაგრამ ამ შესაძლებლობებს ჯერჯერობით ვერ ვიყენებთ.
საქართველომ ამ წლის ბოლოს უნდა მიიღოს განვითარებადი ქვეყნის სტატუსი. ეს დამატებითი რეზერვი იქნება კიდევ იმისათვის, რომ ქვეყანამ შეავსოს თავისი სავალუტო და მატერიალური რესურსები. ამაზეც სერიოზული ფიქრი და ზრუნვაა საჭირო.
კომიტეტს ეკისრება: საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობაში ჩაბმული საქართველოს უწყებების საქმიანობის კოორდინატორის როლის შესრულება, საზღვარგარეთის ქვეყნებთან სავაჭრო-ეკონომიკური და სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისო კომისიების მუშაობაში მონაწილეობა, ყველა საგარეო ეკონომიკური პროგრამის რეალიზაცია და სხვ.
საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობათა კომიტეტმა უნდა უზრუნველყოს:
- სამინისტროების, უწყებების, საწარმოებისა და ორგანიზაციების (მიუხედავად საკუთრების ფორმისა) და მეწარმეთა მიერ საგარეო ბაზარზე სახელმწიფო ინტერესების დაცვის კონტროლი, მათი საგარეო ეკონომიკური საქმიანობის კოორდინაცია;
- საქართველოს სავალუტო ფონდის შევსება, კონკრეტული ვალდებულებების განსაზღვრა და მათი რეალიზაცია;
სავალუტო ფონდზე ზრუნვა ჩვენ უმაღლეს რანგში, უმაღლეს დონეზე უნდა ავიყვანოთ.
იმ ფონდით, რაც ჩვენ დღეს გაგვაჩნია, ქვეყანა ვერ იარსებებს. უკეთეს შემთხვევაში ეს არის ხან მილიონი, ხან 2 მილიონი, ხან 3 მილიონი დოლარი. ეს სულის ამოთქმის საშუალებასაც არ იძლევა. ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ რესურსები სრულად იყოს მობილიზებული და კრიზისის პირობებში ხალხს აუცილებელი პროდუქტების რამდენიმე თვის მარაგი მაინც გააჩნდეს.
აი ამ წინადადებების შემუშავება, საერთაშორისო ბაზარზე კონიუნქტურის შესწავლა, იმ პრობლემის გადაჭრა, რომ ჩვენი პროდუქცია საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამებოდეს, - ამ კომიტეტის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია, მისი მუშაობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება უნდა იყოს.
გარდა ამისა საჭიროა:
- სახელმწიფო პოლიტიკისა და პრიორიტეტების განსაზღვრის დარგში წინადადებათა მომზადება, უცხოური ინვესტიციების ქვეყნის ეკონომიკაში მოზიდვისა და რეალიზაციისათვის ხელშეწყობა;
- მსხვილი საგარეო ეკონომიკური პროექტებისა და პროგრამების კომპლექსური ექსპერტების ორგანიზაცია;
- საზღვარგარეთის ქვეყნებთან საგადასახადო შეთანხმებების, უცხოური კრედიტების მიღებისა და სახელმწიფო კრედიტების გაცემის თაობაზე სამთავრობათაშორისო შეთანხმებებისა და ოქმების მომზადება და ხელმოწერა;
- მსოფლიო სასაქონლო ბაზრების კონიუნქტურის შესწავლა და განვითარების ტენდენციების პროგნოზირება, საგარეო ეკონომიკურ კავშირებში საქართველოს მხრიდან მონაწილეთა მეთოდოლოგიური, საინფორმაციო და საკონსულტაციო უზრუნველყოფა - ფასების, სავალუტო-საფინანსო, საკრედიტო და სამართლებრივ საკითხებში;
ძირითად საექსპორტო და საიმპორტო პროდუქციაზე (მათ შორის სახელმწიფო სავალუტო სახსრებით შესყიდულ პროდუქციაზე) საგარეო სავაჭრო ფასების დონის კონტროლი;
- საქართველოს ტერიტორიაზე საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სახელმწიფო რეგულირება;
- საზღვარგარეთის ქვეყნებში საქართველოს საგარეო ეკონომიკური წარმომადგენლობების მუშაობის ორგანიზაცია;
ასეთი წარმომადგენლობები აუცილებელია. მე მიმაჩნია, რომ უნდა გვყავდეს სავაჭრო წარმომადგენელი იმ ქვეყნებში, რომელთანაც ჩვენ უკვე დავამყარეთ სტაბილური და საკმაოდ დინამიური ეკონომიკური ურთიერთობები.
ვფიქრობ მაღალი რანგის წარმომადგენლები უნდა გვყავდეს მოსკოვში, კიევში, ბაქოში, ნიუ-იორკში, ერევანში, თეირანში, ლონდონში, სტამბულში, ბონში და ა.შ.
სავაჭრო, ეკონომიკური სფეროს მაღალი რანგის წარმომადგენლები არანაკლებ გვჭირდება, ვიდრე ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური წარმომადგენლები - სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩები.
საგარეო ეკონომიკური საქმიანობის განვითარებისათვის, ამ სფეროში კერძო მეწარმეობის აქტივობის ამაღლებისათვის შესაბამისი პირობების შექმნა, საგარეო ეკონომიკური თანამშრომლობის ახალი ფორმების განვითარებისათვის ხელშეწყობა საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობათა კომიტეტის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა.
ახლებურად გვესმის ჩვენი ყველა სამინისტროს, ყველა კომიტეტის, ყველა უწყების ფუნქციები, ამოცანები. არასტანდარტულად, შემოქმედებითად არის გააზრებული მათი სტრუქტურები.
დასასრულ, ერთხელ კიდევ მინდა გავუსვა ხაზი კრიზისის დაძლევის სტრატეგიისა და ტაქტიკის საკითხებს. რა გზას დავადგეთ, რა კურსი ავირჩიოთ?
მოგეხსენებათ ძალიან მოკლედ.
ჩვენ ეკონომიკურ გარდაქმნებს საფუძლად უნდა დავუდოთ, როგორც ზემოთ ითქვა, შერეული, მრავალსექტორიანი მოდელი, რომელიც უზრუნველყოფს საბაზრო ეკონომიკაზე შედარებით უმტკივნეულო გადასვლას და ითვალისწინებს თავისუფალი და რეგულირებადი ბაზრის და სახელმწიფო სექტორის რაციონალურ შეთანაწყობას და შეთავსებადობას.
როგორც იმ წინასწარმა გამოკვლევებმა ცხადყო, მეცნიერებათა აკადემიამ, საინჟინრო აკადემიამ და სხვა ცენტრებმა რომ ჩაატარეს, გარდამავალ პერიოდში ძირითადად სახელმწიფომ, სეხელმწიფო სექტორმა უნდა იკისროს რესპუბლიკის მოსახლეობის ფიზიკური გადარჩენის, მოსალოდნელი შიმშილისა და სიცივისაგან ხსნის, ელემენტარული სასიცოცხლო პირობების შექმნის პრობლემის გადაჭრა. დღევანდელ ეტაპზე სხვა გზა არ არსებობს. კერძო სექტორს ჯერ ეს არ ძალუძს.
ამდენად, სახელმწიფო თავისი ეკონომიკით, საკუთრების ყველა ფორმით, თავის თავზე იღებს ქვეყნის და ხალხის გადარჩენის ფუნქციას.
ახალმა მინისტრთა კაბინეტმა უნდა გადაწყვიტოს ფასებისა და ხელფასების, საოჯახო ბიუჯეტების შემოსავალ-გასავლის დისბალანსის პრობლემა. მთელმა მინისტრთა კაბინეტმა და არა მხოლოდ ცალკეულმა სტრუქტურებმა უნდა იზრუნონ ამ საკითხის გადასაწყვეტად.
სახელმწიფოს, ხელისუფლების ძირითადი, გადაუდებელი ამოცანაა მოსახლეობის მინიმალური სოციალური გარანტიების უზრუნველყოფა, სოციალური დაძაბულობის შენელება.
ეს კი ამ კრიზისულ, ჰიპერინფლაციურ ვითარებაში მოითხოვს დროებით საგანგებო, მობილიზაციური ტიპის სამეურნეო და არა მარტო სამეურნეო რეჟიმს, რომელმაც ასახვა უნდა ჰპოვოს 1993-1994 წ.წ. კონკრეტულ ეკონომიკურ ღონისძიებათა პროგრამაში. ამ დროებით რეჟიმზე ცალკე ვილაპარაკებთ სხვა დროს.
ეკონომიკის კრიზისიდან გამოყვანისა და განსაკუთრებით მისი შემდგომი ზრდის მთავარი სტრატეგიული რეზერვი, რასაკვირველია, საბაზრო ურთიერთობებზე გადასვლის შეძლებისდაგვარად დაჩქარებაა.
როგორი სტრატეგია ავირჩიოთ ამ გზაზე?
როგორც უკვე ითქვა თავიდან უნდა ავიცილოთ ყოველგვარი რევოლუციური, დამანგრეველი, ე.წ. შოკური მოდელები და მეთოდები. რესპუბლიკის კონკრეტული სოციალური, ეკონომიკური, ისტორიული, ეთნო-ფსიქოლოგიური და სხვა პირობების გათვალისწინებით ლაპარაკი უნდა იყოს საბაზრო ურთიერთობებზე დაჩქარებული, მაგრამ მაინც თანდათანობითი, მართვადი, ეტაპობრივი გადასვლის უზრუნველყოფაზე.
ამ მხრივ ყურადღებას იმსახურებს საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის ე.წ. ორსექტორიანი მოდელი, რომელიც კარგად არის ცნობილი მსოფლიო პრაქტიკაში. კერძოდ, საბაზრო ურთიერთობებზე მეურნეობის გადაყვანის ორსექტორიანი ტექნოლოგია თავის დროზე წარმატებით განხორციელდა იაპონიაში, სამხრეთ კორეასა და ტაივანზე. ეს არის სოციალურად გაცილებით უკეთ დაცული მოდელი, რომელიც უზრუნველყოფს ზომიერ, სოციალურ არაფეთქებადსაშიშ, უფრო გააზრებულ, შეწონასწორებულ გადასვლას საბაზრო ურთიერთობებზე, სერიოზული სოციალურ-პოლიტიკური კატაკლიზმებისა და წინააღმდეგობების გარეშე.
ჩვენ ბევრი დავკარგეთ ამ მხრივ, დავაგვიანეთ, მაგრამ ჯერ კიდევ არის საშუალება, რომ მართვად პროცესთან გვქონდეს საქმე.
არსებობს სხვა, როგორც ზემოთ ვთქვი, ალერნატიული მოდელებიც. მაგალითაც, ე.წ. ეკონომიკის „შოკური თერაპიის“ მეთოდი.
რა თქმა უნდა, თუ გვექნება სერიოზული უცხოური ინვესტიციები, (როგორც მინიმუმი - 1,5-2 მილიარდი დოლარის რაოდენობით), ჩვენ შეგვიძლია საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პროცესში ე. წ. „შოკური თერაპიის“ გზაც არ გამოვრიცხოთ. მაგრამ ასეთ შემთხვევაში, დიდი საინვესტიციო ინექციები იქნება საჭირო.
ყველაფერი კარგად უნდა ავწონ-დავწონოთ.
როცა მე დღეს საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის ერთ ფორმას გთავაზობთ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ხვალ მთავრობის კურსში არაფერი შეიცვლება.
გარკვეული დროის შემდეგ, თუ ქვეყანამ მიიღო სერიოზული კრედიტები უცხო ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისაგან, ჩვენ შესაბამის კორექტივებს შევიტანთ წარმოდგენილ პროექტში. დღეს კი პოლიტიკა იმაზეა აგებული, რაც რეალურად გაგვაჩნია.
ეკონომიკის კრიზისიდან გამოყვანისა და განსაკუთრებით მისი შემდგომი ზრდის მთავარი სტრატეგიული რეზერვი, როგორც მოგახსენეთ, ეს არის საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა. სხვა ალტერნატიული კურსი, გზა და რეზერვი ჩვენ არ გაგვაჩნია.
ახალი მინისტრთა კაბინეტი - ეს არის ეკონომიკური და სოციალური რეფორმების დემოკრატიული მთავრობა, იმავე დროს კანონის დიქტატურის მთავრობა.
ჩვენ უნდა შევიმუშაოთ უფრო სრულყოფილი პოლიტიკური კურსი, სტრატეგია და ტაქტიკა.
უნდა შევძლოთ ახალი კანონების დაჩქარებული ტემპით მიღება, მინისტრთა კაბინეტის კვალიფიკაციური მაღალ დონეზე მომზადებული მოღვაწეებით დაკომპლექტება, თანამედროვე ტიპის მინისტრთა კაბინეტის შექმნა.
ახალ ეკონომიკაზე გადაყვანა უნდა გავხადოთ მართვადი პროცესი, ქვეყანამ უნდა მიიღოს მაქსიმალური ეფექტი ეკონომიკის ყველა სექტორისაგან, საკუთრების ყველა ფორმისაგან, ყველა სამინისტროსა და უწყებისაგან.
უნდა შევიმუშაოთ ანტიკრიზისული, ეროვნული ხსნის პროგრამა.
მე არ ვაპირებ დღეს დეტალურად შევჩერდე ალერნატიულ პროექტებზე.
მინდა გითხრათ, რომ ბევრი რამ ამ ალტერნატიულ პროექტებში მისაღებია. ზოგი რამ დღეს შეიძლება გამოვიყენოთ, ზოგი რამ მომავალში. ალტერნატიული პროექტების ბევრი საინტერესო იდეა გათვალისწინებულია ჩემს მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაში. ამას იოლად დაინახავთ თუ შეადარებთ ჩემს მიერ წარმოდგენილ პროექტს ალტერნატიულ პროექტებს. ოპოზიცია ხშირად ვერ ითვალისწინებს იმას, რომ მთავრობის მინისტრთა კაბინეტის ფორმირება სახელმწიფოს მეთაურისა და პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა. მადლობელი ვართ ინიციატივისათვის, მაგრამ უკეთესი იქნება თუ ჩვენ ბოლომდე გვანდობთ ჩვენი ფუნქციის შესრულებას ხელისუფლების, შესახებ კონსტიტუციური კანონის საფუძველზე.
ბევრი საკითხი, შეიძლება ითქვას, ნაადრევად არის დაყენებული დღის წესრიგში. იქნებ, ცოტა მოგვიანებით დავუბრუნდეთ ამ საკითხებს და მაშინ გადავწყვიტოთ. ოპონენტებს აკლიათ მინისტრთა კაბინეტის ფორმირების პრაქტიკული გამოცდილება.
მე პარლამენტს ვთხოვ მხარი დაუჭიროს სახელმწიფოს მეთაურისა და მინისტრთა კაბინეტის მიერ წარმოდგენილ შეჯერებულ და დაბალანსებულ პროექტს.
დღეს გაუთავებელი დისკუსიებისა და დებატების დრო არა გვაქვს. ქვეყანაში კრიზისია, ინფლაცია მძვინვარებს. ოპერატიულად უნდა გადავწყვიტოთ მინისტრთა კაბინეტის სტრუქტურის შეცვლისა და დაკომპლექტების საკითხი.
ისიც უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ გვქონდა ოპოზიციის მიერ წარმოდგენილ ალტერნატიულ პროექტებზე უფრო რადიკალური რეორგანიზაციის პროექტიც, მაგრამ ის მიუღებლად მივიჩნიეთ.
ჯერ საამისო ნიადაგი და ბაზა არ გაგვაჩნია.
მე დღეს შოკურ, კარდინალურ, ვოლუნტარისტულ გარდაქმნებს ვერ დავეთანხმები, რადგან გარკვეული პოლიტიკური მემკვიდრეობითობა, ავია თუ კარგია, უნდა შევინარჩუნოთ. ეს ერის მონაპოვარია, ეს ერის გამოცდილებაა, ეს განვითარების კანონზომიერებაა.
მთლიანი რეორგანიზაცია ძალიან რთული და ძნელი იქნება. ამას დასჭირდება არა ერთი და ორი წელი, ეს მომავლის საქმეა.
მე გთავაზობთ ზოგიერთი სამინისტროს გაუქმებას, ზოგიერთი სამინისტროს გაყოფას. ეს პრაქტიკულად დიდი დროის დახარჯვას არ მოითხოვს, რამეთუ ის დეპარტამენტები, რომელთა შესახებაც მე მოგახსენეთ, უკვე ფუნქციონირებენ.
საჭიროა დავეხმაროთ მათ მუშაობის გაუმჯობესებაში, გარკვეული ცვლილებების განხორციელებაში. დღეს მიუღებელია ის წინადადებები, რომლებიც ორი, სამი, ოთხი სამინისტროს შეერთებას მოითხოვენ. ასეთი რამ შეიძლება დალაგებულ და დაწყნარებულ ქვეყანაში მოხერხდეს. თანაც განვითარების სხვა ეტაპზე, ვიდრე დღეს გვაქვს.
მე არ მიმაჩნია დასაშვებად, რომ დღეს, მაგალითად, გაერთიანდეს საქართველოს მეცნიერება, კულტურა, განათლება და სპორტი ერთ სამინისტროში, როგორც ამას ალტერნატიული პროექტის ავტორები მოითხოვენ. ეს იქნება უმართავი სფერო. და მე დარწმუნებული ვარ, თუ ასეთი გადაწყვეტილება, ღმერთმა ნუ ქნას, მაგრამ მაინც მივიღეთ, 2-3 თვის შემდეგ ისევ დადგება საკითხი მისი გაუქმების შესახებ. დადგება საკითხი ცალკე გამოიყოს მეცნიერება, ცალკე კულტურა და ცალკე განათლება, კვლავ აღსდგა ძველი სტრუქტურა.
განათლების სისტემაში, თქვენ კარგად მოგეხსენებათ, იმდენი პრობლემა არის დაგროვილი, იმდენი საკითხია გადასაწყვეტი, ყოვლად გამორიცხულია ეს სისტემა სხვა სისტემებთან გავაერთიანოთ. ეს იმას ნიშნავს, რომ დარგი დავღუპოთ და ვერც ერთი საკითხი ვერ გადავწყვიტოთ. უნდა დავტოვოთ განათლების სამინისტრო. სხვა გადაწყვეტილებას ერი არ გვაპატიებს.
დღევანდელ ეტაპზე, როცა კულტურის გარჩენის, ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას. საქართველოს კულტურის სამინისტრო უსათუოდ უნდა შევინარჩუნოთ.
ამას წინათ ბატონი გიგა ლორთქიფანიძე ამბობდა, გადავხედოთ სამინისტროთა ფუნქციებს. ახალ ვითარებაში ალბათ, კულტურის სამინისტროს ფუნქციებიც უნდა შეიცვალოს. ეს სწორია, შემოქმედს, ხელოვანს, კულტურის მოღვაწეს თავისუფლება კი არ უნდა შევუზღუდოთ, არამედ, პირიქით, უნდა გავუფართოოთ ასპარეზი, შევუქმნათ შემოქმედებითი ატმოსფერო სათანადო, სოციოკულტურული გარემო, მატერიალურ-ტექნიკული ბაზა, მსოფლიოში უნდა გავიტანოთ უნიკალური ქართული კულტურა.
უნდა დავეხმაროთ თეატრს, კინოს, ლიტერატურას, მუსიკას, ხელოვნების ყველა დარგს.
თუ რამე საამაყო გააჩნია ქართველ ხალხს, - ეს მისი კულტურაა. ნუ წავართმევთ მას ამ კულტურის დაცვისა და განვითარების მძლავრ მექანიზმს - კულტურის სამინისტროს, ბატონო პარლამენტარებო!
ასევე არა მგონია, რომ მეცნიერების დამოუკიდებელი დეპარტამენტის შეერთება სხვა სამინისტროსთან დღეს, როცა მეცნიერებას ჩვენ ტექნოლოგიურ ამოცანებსაც ვაკისრებთ, სწორი იყოს.
ქართული მეცნირება ერის სიამაყეა, მისი ცვილიზაციის საზომია.
ეროვნულ მეცნიერებას ჩვენ უყურადღებოდ ვერ დავტოვებთ. ვერც სამთავრობო სტრუქტურების შემუშავების და ვერც ბიუჯეტის შედგენის დროს ამ ეტაპზე ეს დაუშვებელია. ცალკე უნდა დარჩეს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტი.
ანდა შეიძლება თუ არა, დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, ე.წ. კომუნიკაციების სამინისტროში გავაერთიანოთ ტრანსპორტის ყველა სახეობა (სარკინიგზო, საავტომობილო, საზღვაო, საჰაერო), კავშირგაბმულობა და ტელევიზია! ვიმსჯელოთ. არა მგონია ასეთი პროექტები რეალური იყოს.
მე განწყობილი ვიყავი, ფინანსთა სამინისტრო და ეკონომიკის სამინისტრო შეერთებულიყო, მაგრამ ღრმა ანალიზმა გვიჩვენა, რომ იმდენად ზღვა სამუშაო იქნებოდა შესასრულებელი ამ ორ გაერთიანებულ სამინისტროში, მე ვერც ასეთი სამინისტროს მართვადი სტრუქტურა წარმოვიდგინე და ვერც ის პიროვნება, ვისაც შეუძლია დღეს ასეთ სამინისტროს გაუძღვეს.
შეიძლება ხვალ, ზეგ, გარკვეული დროის შემდეგ, ეს საკითხი ისევ დადგეს დღის წესრიგში, მაგრამ დღეს ეს პრობლემა ვერ გადაწყდება. ურთულესი და უძნელესი ამოცანების წინაშე დაგვაყენებს.
ამიტომ მე მინდა გთხოვოთ, ბატონო დეპუტატებო, ბატონო პარლამენტარებო, რომ ჩვენ მთავრობის ისეთი სტრუქტურა შევქმნათ, რომელიც კი არ გაგვირთულებს საქმეს, რომელიც ახალ სირთულეებს, ახალ სიძნელეებს კი არ შეგვიქმნის, არამედ არსებული პრობლემების გადაჭრას გაგვიადვილებს.
რეორგანიზაცია რეორგანიზაციისათვის კი არ გვინდა. ჩვენ გვინდა რეორგანიზაცია, თუნდაც არსებულის მცირედი გაუმჯობესება, იმისათვის, რომ ეკონომიკისა და კულტურის სფერომ რეალურ სასიკეთო ძვრებსა და რეალურ სასიკეთო შედეგებს მიაღწიოს.
როგორც ვთქვი, არის ზოგიერთი ძალიან მიმზიდველი იდეა ალტერნატიულ პროექტებში.
ვფიქრობ, რომ ხვალ ან ზეგ დღის წესრიგში შეიძლება დავაყენოთ ისინი. ამისათვის ნიადაგი რომ მომზადდეს, რეფორმამ გარკვეული ეტაპები უნდა გაიაროს.
თქვენი ნებართვით, მე კვლავ ვუბრუნდები ახალგაზრდობის პრობლემას. ჩვენ ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტს მინისტრთა კაბინეტის ამ სტრუქტურაში თუ შევიტანთ, მე გმონი, ჩვენც მოვიგებთ და ჩვენი ქვეყანაც. დიდ საქმეს გავაკეთებთ. ახალგაზრდობას მეტი ყურადღება სჭირდება.
გუშინწინდელი დისკუსიის დროს ვთქვი და დღესაც მიმაჩნია მიზანშეწონილად გავიმეორო, რომ თანამდებობის იმ პირებმა, რომლებიც პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს - მინისტრებმა, კომიტეტის თავმჯდომარეებმა და სხვ. აუცილებლად, როგორც წესი, უნდა გაიარონ პარლამენტის კომისიები.
ეს საერთოდ მიღებული, საერთოდ გამართლებული დემოკრატიული, საპარლამენტო პრაქტიკაა.
მაგრამ გთხოვთ ანგარიში გაგვიწიოთ და ეს საპარლამენტო პროცედურა შემოვიღოთ მას შემდეგ, რაც ჩვენ მინისტრთა კაბინეტს დავაკომპლექტებთ.
ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ ამ უახლოეს დღეებში მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტება ძირითადად დავამთავროთ. დრო არ ითმენს. დიდი პრობლემებია გადასაწყვეტი. ქვეყანა კატასტროფის წინაშე დგას. ჩვენ ერისა და ქვეყნის ხსნის სტრატეგია და ტაქტიკა, ეროვნული უსაფრთხოების პროგრამა და საშინაო და საგარეო პოლიტიკის მეცნიერულად დასაბუთებული კურსი ოპერატიულად უნდა განვახორციელოთ.
აი, ეს არის იმ საკითხების მონახაზი, რომლის შესახებაც მე მინდოდა მომეხსენებინა პარლამენტისათვის.
დასასრულს ერთხელ კიდევ მინდა გავუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ საჭიროა ძლიერი სახელმწიფო, ძლიერი მინისტრთა კაბინეტი, რომლებიც აამოქმედებენ კანონს, დაამყარებენ წესრიგს, აღკვეთენ სამართალდარღვევებს, დაიცავენ ადამიანს.
კანონის დემოკრატიული დიქტატურის მისაღწევად გარკვეული, ჰუმანური თვალსაზრისით საგანგებო რეჟიმის მთავრობაა დღეს საჭირო.
ადამიანის უფლებების დასაცავად, რეჟიმის დემოკრატიულ გამკაცრებაში მეტი ჰუმანიზმია, ვიდრე ფაქტობრივად დამნაშავეთა დამცავ ლაბორატორიაში.
დემოკრატია, რომელსაც თავდაცვა არ შეუძლია, ხალხს ვერ დაიცავს. არ შეიძლება ქაოსისა და ანარქიის მთავრობა დემოკრატიული მთავრობა იყოს. დემოკრატია პირველ რიგში ეს წესრიგი და კანონიერებაა.
არ შეიძლება უსამართლობას ითმენდეს სოციალური სამართლიანობის მთავრობა.
ჩვენი ახალი მინისტრთა კაბინეტი კი სწორედ სოციალური სამართლიანობის მთავრობა უნდა იყოს.
მინისტრთა კაბინეტის ახალი სტრუქტურის შესახებ : პარლამენტის თავმჯდომარის - სახელმწიფოს მეთაურის ბატონ ედუარდ შევარდნაძის მოხსენება საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის სხდომაზე, 1993 წლის 29 აგვისტოს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 2 სექტემბერი. - №192(720). - 1,2,3 გვ.
![]() |
132 ერთად დავდგეთ, რათა სწრაფად გადავლახოთ დაბრკოლებები |
▲ზევით დაბრუნება |
[...]
პარლამენტართა წინაშე გამოვიდა პარლამენტის თავმჯდომარე - სახელმწიფოს მეთაური ედუარდ შევარდნაძე. ვიდრე საპარლამენტო უმრავლესობის ამოცანებს შეეხებოდა, სახელმწიფოს მეთაურმა ისაუბრა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრის პავლე გრაჩოვის ვიზიტზე საქართველოში. ამ შეხვედრის დროს განხილული იყო ძალზე სერიოზული მნიშვნელობის პრობლემები, მათ შორის, რუსეთ-საქართველოს მომავალი თანამშრომლობა სამხედრო მშენებლობის სფეროში, რუსეთსა და საქართველოს შორის სასაზღვრო ზოლის მოწყობის საკითხი და სხვა. ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ კმაყოფილებით აღნიშნა, რომ ყველაზე რთულ და ძნელ საკითხებზე მსჯელობის დროსაც კი მიღწეული იყო ურთიერთგაგება. რაც შეეხება რუსეთის სამხედრო ბაზებს საქართველოში, ისინი სამ რეგიონში იქნება - თბილისში, ახალქალაქსა და ბათუმში. ამ შეხვედრის ძირითადი არსია ავაშენოთ ახალი, კეთილმეზობლური, მეგობრული, ურთიერთსასარგებლო ურთიერთობა რუსეთთან.
როცა დასავლეთ საქართველოში შექმნილ ვითარებას შეეხო, სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ იგი იმყოფებოდა აჭარაში, ხანგრძლივი საუბარი ჰქონდა ბატონ ასლან აბაშიძესთან, რომელიც მზადაა გააგრძელოს თავისი მისია იმ დაჯგუფებების ლიდერებთან. უნდა გამოიძებნოს კომპრომისი, თუ გვინდა, რომ სისხლისღვრა ავიცილოთ თავიდან, - ხაზი გაუსვა ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ.
სახელმწიფოს მეთაურმა თქვა, რომ ახლა აბაშაში 400-500 კაცია კონცენტრირებული ქობალიას დაჯგუფებიდან, ამდენივეა ხონის საზღვართან. დიდი ჯგუფია თავმოყრილი ფოთის ირგვლივ. ერთხელ კიდევ უნდა ვეცადოთ, რომ მშვიდობიანი მოლაპარაკებით შედეგს მივაღწიოთ. დღეს-ხვალ გადაწყდება, რომ ზოგიერთი გემი გადავიყვანოთ ბათუმში, რათა რესპუბლიკამ იქიდან მიიღოს საარსებო პროდუქტები.
შემდეგ ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ ისაუბრა საპარლამენტო უმრავლესობის წინაშე მდგარ ამოცანებზე. - თვით ეს ფაქტი უმრავლესობის შექმნისა, ჩვენს შორის არ დაბადებულა, - აღნიშნა მან. - მე თავს ვიკავებდი, არ მინდოდა პარლამენტის გათიშვა, ამას გარკვეული სიძნელეები მოჰყვება, შესაძლებელია საზოგადოებაში ერთგვაროვანი აზრი არ შეიქმნეს. მაგრამ, ჩვენი ცხოვრების ამ უაღრესად ძნელ და რთულ ეტაპზე სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ. საჭირო იქნება გარანტი უმრავლესობისა და უმცირესობის შესახებ, რომ არ მოხდეს ხელისუფლების აზრის უზურპაცია, მაგრამ მუშაობა უნდა დავიწყოთ, უმრავლესობა უნდა ამოქმედდეს. უმრავლესობის შექმნა სულაც არ ნიშნავს ვიღაცის იგნორირებას, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ პარლამენტი შევიდა კრიზისის ფაზაში. ამის მთავარი მიზეზია პარლამენტის არასტაბილური პოზიცია, კინკლაობა, წვრილმანი ინტერესები, საკულისო ბრძოლით გატაცება, რომლებიც განსაკუთრებით გამოიკვეთა ბოლო კვირაში. ეს უნდა შეჩერდეს, როცა პარლამენტში საღი აზრი გაიმარჯვებს, მერე ყველაფერი დალაგდება. საჭიროა მოთმინებით მუშაობა, რათა თავიდან ავიცილოთ დაძაბულობა.
უმთავრესი საზრუნავია ქვეყნის გამოყვანა ღრმა კრიზისიდან, გზების ძიება, რეფორმების თანმიმდევრული განხორციელება, კრიმინოგენური ვითარების გაჯანსაღება, წესრიგის აღდგენა, მოსახლეობის საარსებო პირობებზე, საშინაო პოლიტიკის ჩამოყალიბებაზე, არმიის მშენებლობის საკითხებზე ზრუნვა, უკანონო ფორმირებების ალაგმვა. უნდა განვახორციელოთ საგარეო პოლიტიკის ისეთი კურსი, რომელიც საქართველოს სჭირდება. პარლამენტისა და, განსაკუთრებით, უმრავლესობის საზრუნავია რეალური, მძლავრი აღმასრულებელი ხელისუფლების ჩამოყალიბება, პარლამენტის ქმედითუნარიანობის ამაღლება, მისი სტრუქტურული სრულყოფა, ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები ყველა ერისა და ეროვნების ადამიანთა ინტერესების დაცვა, ქალაქებისა და სოფლებისადმი ყურადღებიანი დამოკიდებულება, ხალხის ცხოვრების სულიერი სფეროს გამდიდრება, და რაც, ძალზე საშური საქმეა, კონფრონტაციის დაძლევა პარლამენტსა და საზოგადოებას, პარლამენტსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის.
მიმაჩნია, თქვა დასასრულ პარლამენტის თავმჯდომარემ, რომ გადაიდგა სერიოზული ნაბიჯი იქითკენ, რომ უკეთ ვითანამშრომლოთ ყველასთან, რათა მივიღოთ ის გადაწყვეტილებები, რომლებიც დღეს სჭირდება ქვეყანას.
[...]
საქინფორმის საპარლამენტო კორესპონდენტები.
ერთად დავდგეთ, რათა სწრაფად გადავლახოთ დაბრკოლებები // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 4 სექტემბერი. - №194 (722). - 1 გვ.
![]() |
133 ედუარდ შევარდნაძე: ჩვენ ერთი ერის შვილები ვართ, ერთი სახელმწიფო ვართ და შეუძლებელია ქართველებმა საერთო ენა ვერ გამოვნახოთ! |
▲ზევით დაბრუნება |
6 სექტემბრის რადიოინტერვიუ
- შეიძლება თუ არა სამოქალაქო ომის თავიდან აცილება? კომენტატორ ნატო ონიანის ამ შეკითხვით დაიწყო 6 სექტემბრის რადიოინტერვიუ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ - სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ.
- ასეთი რეალური საფრთხე სამწუხაროდ, არსებობს. ეს სამოქალაქო ომის გაჩაღების ყველაზე უფრო მწვავე და ყველაზე უფრო რეალური საშიშროებაა. მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ გამოსავალი არ არსებობს. გამოსავალი არის: ყველამ უნდა ვეძებოთ ყოველგვარი გზები, საშუალებები. ბოლოს და ბოლოს, ჩვენი ერთი ერის შვილები ვართ, ერთი სახელმწიფო ვართ. და შეუძლებელია ქართველებმა საერთო ენა ვერ გამოვნახოთ. ხანდახან საშინელი ფიქრები გეუფლება ადამიანს იმ ფონზე, რაც ახლა ჩვენში ხდება. ნუთუ ჩვენი დამახასიათებელი თვისება გახდა ერთმანეთის მტრობა და დაპირისპირება? როცა მიჩუმდა ქვემეხების გუგუნი აფხაზეთში, დაიწყო და გაჩნდა რეალური პერსპექტივა, რომ შეწყდეს არა მარტო ომი, არამედ აფხაზეთის საკითხიც გადაწყდეს ისე, როგორც ეს საქართველოს ინტერესებს, ქართველებისა და აფხაზების, ყველა ხალხის ინტერესებს შეესაბამება, გაჩნდა ახალი კერა, კიდევ უფრო საშიში და კიდევ უფრო ფეთქებადი, ამიტომ, რა თქმა უნდა. ყველა ქართველი დღეს ბევრს ფიქრობს, ძირითადად ამ მოვლენის ირგვლივ ტრიალებს ჩვენი ფიქრი და აზრი. მაინც მგონია, გამოსავალს იმ შემთხვევაში ვიპოვით, თუ განვთავისუფლდებით პოლიტიკური ამბიციებისგან. ეს საშინელი სენია, რომელიც ახლა, როგორც ინფექცია და ეპიდემია, მოედო ძალიან ბევრ პოლიტიკოსს. ამ ამბიციებმა შეიძლება დაგვღუპოს, სწორედ ამ ამბიციებმა შეიძლება ჩაითრიოს ჩვენი ხალხი და საქართველო სამოქალაქო ომში. შეიარაღებულ ფორმირებებთან ლაპარაკი და საერთო ენის გამონახვა შეიძლება. ბევრ საინტერესო საკითხზე შეთანხმდნენ სამხედროები, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ისინი ვიღაცის ბრძანებას ასრულებენ და ეს ბრძანება, სამწუხაროდ, პოლიტიკოსებისგან მოდის, სად არიან ეს პოლიტიკოსები. საქართველოში? ზოგი აქ არის, ზოგი - სხვაგან. პოლიტიკურ ამბიციებზე რომ ვლაპარაკობ, ეს მხოლოდ პირადი ინტერესებია და არა საქართველოსი.
საქართველოს ინტერესებზე ლაპარაკი მხოლოდ სიტყვებია, ლაპარაკი საქართველოს ერთიანობაზე ბევრი პოლიტიკოსისთვის მხოლოდ პირადი კარიერისათვის გზის გაკაფვის საშუალებაა. ჩემი აზრით, ყველამ უნდა ავიმაღლოთ ხმა იმის წინააღმდეგ, რომ ამ პოლიტიკანობამ არ დაღუპოს საქართველო. ამასთან, პირველი, რაც პირადად ჩემთვის და ჩემი კოლეგებისათვის აუცილებელ ამოცანად მესახება, ის არის, რომ უფრო ინტენსიურად უნდა გავაგრძელოთ მოლაპარაკება, შერიგების პროცესი. თუმცა, თითქოს, არაფერი დაგვიკლია, მაგრამ, ვფიქრობ, რომ აქ რეზერვები კიდევ არსებობს. იმაზეც უნდა ვიფიქროთ, რომ აღდგეს წესრიგი, ერთიანი საქართველო მარტო რუკაზე ხომ არ უნდა დარჩეს. ერთიანი საქართველო რეალურია ერთიანი ეკონომიკით, ერთიანი პოლიტიკით, ერთიანი სახელმწიფოებრივი სტრუქტურებით, ინსტიტუტებით. ერთიანი ტერიტორიის გაკონტროლების უფლებით, საშუალებით, რეალური საკონტროლო ბერკეტებით და ა.შ. აი ეს უნდა აღდგეს ყოველ მიზეზს გარეშე, ყოველგვარი გზებითა და საშუალებებით, იქნება ეს პოლიტიკური თუ სხვა. მე არ ვეკუთვნი იმათ რიცხვს, ვინც მხოლოდ შავ ფერებში ხატავს დღევანდელობასა და მომავალს. მაგრამ დღეს ძალიან დიდი უბედურების მომასწავებელი მოვლენების წინაშე ვდგავართ. წინა გამოსვლებში ვილაპარაკე და კვლავ მინდა გავიმეორო, რომ ყოველგვარ შუამავლობას, ყოველგვარ ღონისძიებებს, ვისგანაც უნდა მოდიოდეს იგი, მივესალმები. მე, კერძოდ, ბატონი ასლან აბაშიძე დავასახელე. მივესალმები სხვებსაც, ვინც უნდა იყოს და რომელი კუთხიდანაც, თუ გნებავთ, უცხო ქვეყნის წარმომადგენელი, თუმცა ქართველებს ეს არ უნდა გვჭირდებოდეს, ჩვენ უნდა შევძლოთ ერთმანეთთან საერთო ენის გამონახვა. მე მაინც მინდა დავიჯერო, რომ ჩვენ მივალთ აქამდე.
კითხვა, თუ როგორ აფასებს იგი აჭარაში შექმნილ სიტუაციას, ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ თქვა: პრობლემები, ისევე როგორც სხვა რეგიონებს, აჭარასაც ბევრი აქვს, მაგრამ აჭარის მოსახლეობამ და, უწინარესად მისმა ხელმძღვანელმა, შეინარჩუნეს მშვიდობა, სტაბილურობა და აჭარის ფაქტორი დღეს, როგორც საქართველოს სტაბილური რეგიონისა, ძალიან მნიშვნელოვანია, საერთოდ საქართველოსათვის. ეს სტიმულს აძლევს საერთო-საყოველთაო მოძრაობას წესრიგისათვის, სტაბილურობისა და მშვიდობისათვის საქართველოში. მე არაერთხელ გამომითქვამს ჩემი დამოკიდებულება და გრძნობები ამ კუთხისადმი. ეს საქართველოს უნიკალური მხარეა და შემთხვევითი არ არის, რომ სწორედ იქიდან ისმის მოწოდება ერთიანობისა და საქართველოს გამთლიანებისათვის, და ეს არის არა მარტო მოწოდება, არამედ რეალური ბრუნვა და მოქმედება.
არ შემიძლია არ ვთქვა ისიც, რომ ზოგს აწუხებს ყოველივე ზემოთქმული, ისიც აღელვებს, რომ აჭარაში სტაბილურობაა. დღეს უკვე ბევრი ფაქტია ჩემთვის ცნობილი - წინანდელიც და ახლანდელიც, განსაკუთრებით წინანდელი, როცა ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ აჭარაში შეეგზავნათ დესტრუქციული ძალები, გამოეწვიათ რაღაც ახალი ტალღა, რათა იქაც დაწყებულიყო არეულობა. არის ამის კონკრეტული ფაქტები და ეს საკმაოდ მაღალ სფეროებთან იყო დაკავშირებული. ეს უნდა გამოირიცხოს, ბოლო უნდა მოეღოს საქართველოში ისეთ დამოკიდებულებას, როცა ადამიანები ისევ და ისევ თავიანთი პირადი ამბიციებისა და ინტერესების განსახორციელებლად მზად არიან ყველაფერი იღონონ, რათა რომელიღაც კუთხეში გართულდეს სიტუაცია. აჭარის მთელ მოსახლეობას და მის ხელმძღვანელობას, მის ლიდერს მინდა ერთხელ კიდევ მადლობა ვუთხრა იმისათვის, რომ მათ ეს სიმშვიდე, სტაბილურობა და ნორმალური ცხოვრებისა და მუშაობის პირობები შეინარჩუნეს.
პავლე გრაჩოვის საქართველოში ვიზიტის გამო სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ ეს ვიზიტი ამჯერად არ უკავშირდება აფხაზეთში ან სხვა რეგიონში, მით უმეტეს, სამეგრელოს რეგიონში მიმდინარე პროცესებს.
- ეს უფრო ფართო მასშტაბის აქცია იყო. მოლაპარაკება, რომელიც მქონდა რუსეთის თავდაცვის მინისტრთან, ძირითადად ეხებოდა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის საკითხებს, მათ შორის, ბუნებრივია, რუსეთის შეიარაღებული ძალების ბედს საქართველოში, მათი აქ ყოფნის ვადებს, სტატუსს, შესაბამის პირობებს. საქართველოსა და რუსეთის საზღვრების პრობლემას და სხვა მრავალს. არაფერი უცნაური არ უნდა იყოს იმაში, რომ სწორედ თავდაცვის მინისტრი ჩამოვიდა ამ საკითხების გასარკვევად. უშუალოდ მასთან, მის უწყებასთან, სამინისტროსთან არის ამა თუ იმ ფორმით დაკავშირებული ყველა ეს საკითხი. არსებობს მეორე ფაქტორიც: ახლა ბატონ გრაჩოვის როლი საკმაოდ აქტიურია, იგი ბევრს მოგზაურობს, ჩვენგან ცენტრალურ აზიაში წავიდა და სხვა შეხვედრებიც ექნება. ეს არც არის გასაკვირი, რადგან შეიარაღებული ძალების პრობლემა ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემათაგანია, რა თქმა უნდა, ეკონომიკურ და პოლიტიკურ პრობლემებთან ერთად, ყოფილი საბჭოთა კავშირის მთელ ტერიტორიაზე ცვლილებები და სტაბილურობა, რომელთა შესახებაც ვლაპარაკობთ, დღეს დამოუკიდებელ სახელმწიფოებში მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე პროცესებთან. ამ ფონზე სავსებით კანონზომიერად უნდა მივიჩნიოთ თავდაცვის მინისტრის თუნდაც პოლიტიკური აქტიურობა. ჩვენი საუბრის შემდეგ მე ეჭვი არ მეპარება, რომ მისი აქტიურობა არ უკავშირდება ძველი ტოტალიტარული რეჟიმის აღდგენის მცდელობას. ჩემზე მან საკმაოდ გულახდილი და გულწრფელი ადამიანი შთაბეჭდილება დატოვა, ადამიანის, რომელიც ლაპარაკობს იმას, რასაც ფიქრობს. ჩვენი საუბრისას მან ერთაზროვნად ჩამოაყალიბა თავისი პოზიცია რუსეთში დემოკრატიული პროცესების განვითარების სასარგებლოდ. ამიტომაც, მგონია, ისეთ რთულ ეტაპზე, რომელზეც ახლა რუსეთი იმყოფება, შეიარაღებულ ძალებს და მის ხელმძღვანელს საკვანძო როლის შესრულება შეუძლიათ.
მინისტრთა კაბინეტის სტრუქტურის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ თქვა: ყველაფერი პარლამენტზე იქნება დამოკიდებული, იქნება შეხვედრები, გაიმართება პარლამენტის სხდომა და იმედი მაქვს, რომ დამთავრდება დებატები სტრუქტურების გამო და მივიღებთ გადაწყვეტილებას.
პრესაში გამოქვეყნებული „სანდი ტაიმსიდან“ გადმობეჭდილი ინფორმაციის გამო, სადაც ლაპარაკია რუსეთის გარკვეული სამსახურის დესტრუქციულ მოღვაწეობაზე საქართველოში, სახელმწიფოს მეთაურმა თქვა: ვერ გეტყვით, რომ ამ ინფორმაციაში ყველაფერი სწორია. შეიძლება ცალკეული ფრაზები რეალური მოვლენების ანარეკლი იყოს, მაგრამ რაც შეეხება რუსეთის საელჩოს დესტრუქციულ როლს, არა მგონია, რომ ეს სინამდვილეს შეეფერებოდეს. ცნობილია, რომ რუსეთში საკმაოდ მძლავრი პოლიტიკური ძალები და არა მარტო ეს ძალები, პრობლემას წარმოადგენენ თვითონ რუსეთის პრეზიდენტისათვის, რუსეთის დემოკრატიისათვის, რუსეთის სახელმწიფოსათვის. ამიტომ ძალიან არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ ეს ძალები რაღაც დესტრუქციულ როლს საქართველოს მიმართაც ასრულებდნენ, ან ახლაც ასრულებენ, თუმცა დღეს ფაქტებზე ლაპარაკი არ შემიძლია. იმპერიის დანგრევის შემდეგ ახალ ურთიერთობათა ჩამოყალიბება იმ სახელმწიფოებს შორის, რომლებიც მაშინდელი კავშირის და იმ ტოტალური სისტემის შემადგენლობაში შედიოდნენ, ურთულესი პროცესია. თუნდაც ის, რაც ახლა რუსეთსა და უკრაინას შორის მოხდა, ძალიან დიდი კომპრომისია, რომელიც შეიძლება გაუმართლებლად მოგვეჩვენოს. მე კარგად ვიცნობ უკრაინის პრეზიდენტს და არა მგონია, ერთი ხელის დაკვრით მისულიყო ასეთ გადაწყვეტილებამდე. იგი, ისევე როგორც ძალები, რომლებიც მას მხარს უჭერენ, დარწმუნდნენ, რომ ახლა რუსეთისა და უკრაინის დამოკიდებულების შენარჩუნება უფრო მნიშვნელოვანი ამოცანაა იმავე უკრაინის თავისუფლების, დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის, დემოკრატიული განვითარების გზის შენარჩუნებისათვის, ვიდრე ის ლოკალური საკითხი, რომლის გამოც მან ასეთი კომპრომისული ნაბიჯი გადადგა. ძალიან ძნელი ნაბიჯია, მაგრამ არჩევანი ასეთი იყო: ან საერთო ხსნა იმ მთავარი მონაპოვარისა, რომელსაც თავისუფლება და დამოუკიდებლობა ჰქვია, ანდა - კომპრომისი ამ ეტაპზე. პოლიტიკაში ასეთი რამ ხდება. და ამიტომ არც უნდა გაგვიკვირდეს. ეს არც იმითაა განპირობებული, რომ რუსეთს ასე ნებავს. რუსეთიც ძალიან ბევრ კომპრომისზე მიდის და კიდევაც წავა მომავალში ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთაც. ჩემი აზრით, როგორმე ნერვებმა არ უნდა გვიღალატოს მაშინ, როცა ყოფილი საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში მყოფ სახელმწიფოებს შორის ახალ ურთიერთობათა აშენებაზე ვლაპარაკობთ, უნდა შევეცადოთ, რომ ყველაფერი ცივი გონებით შევაფასოთ.
მე ვოცნებობ, რომ საქართველო მიუახლოვდეს პოლიტიკური კულტურისა და აზროვნების ისეთ დონეს, როგორიც ლიტვაშია, - თქვა სახელმწიფოს მეთაურმა, როცა კომენტატორმა მას ლიტვის ამბები შეახსენა. - მე ვიცნობ ბატონ ლანდსბერგისს, დიდი ხანია ვიცნობ ბატონ ბრაზაუსკასს, და ვიცი, როგორ მიმდინარეობსა ამ ქვეყანაში პოლიტიკური ბრძოლა. ეს იყო ჩვეულებრივი სტანდარტების, ნორმებისა და წესების გათვალისწინებითა და დაცვით, რომლებიც დემოკრატიის გზით მიმავალ ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში უნდა იყოს, ჩვენ კი, ამ მხრივაც, ძალიან ჩამოვრჩით. ჩვენთან ასეთი განწყობაა: პოლიტიკოსობა მემკვიდრეობაა და ძნელად წარმოუდგენია კაცს, რომ წავიდეს თანამდებობიდან, პოლიტიკიდან და იცხოვროს ჩვეულებრივი ცხოვრებით და არ ფიქრობდეს ახალ შეთქმულებებსა და გადატრიალებებზე. ალბათ, ესეც მოსახდელი ჭირია და ეს ეტაპიც უნდა გავიაროთ. ჩვენ, მაღალგანვითარებული და მაღალკულტურული ერი ვართ, მაგრამ პოლიტიკაში ხანდახან დიდ უმეცრებასა და სიბნელეს ვავლენთ. ის, რაც ლიტვაში მოხდა - ერთი ძალის მშვიდობიანი წასვლა და მეორე ძალის მშვიდობიანად მოსვლა, ჩვეულებრივი მოვლენაა. ასეა ყველა ქვეყანაში. ჩვენთან არა: გინდა თუ არა, თუ კაცი ერთხელ მოხვდა თანამდებობაზე და ამბიციები გაუჩნდა, მერე მას მიაჩნია, რომ იგი საშვილიშვილოდ უნდა დარჩეს. არ შეიძლება ცალკეულ მოღვაწეთა ამბიციების მსხვერპლად ვაქციოთ ქვეყნის ინტერესები. ვერავითარ დემოკრატიას ვერ ავაშენებთ, თუ ამას არ შევეგუეთ. ჩვეულებრივად უნდა მიგვაჩნდეს ის, რომ არის დღეს შევარდნაძე და ხვალ იგი უნდა წავიდეს, მოჰკიდოს ხელი იმას, რაც მას უფრო ეხერხება, ვიდრე პოლიტიკა. ეს ყოფილსაც ეხება, დღევანდელსაც და მომავალსაც, ყველამ უნდა გაიაზროს ეს და შეისწავლოს განვითარებულ ქვეყნებში არსებული პრაქტიკა. ამერიკის შეერთებული შტატების რომელი გადარჩეული, წასული პრეზიდენტი გვინახავს, რომ მას შემდეგ დაეწყოს მოძრაობა ხელისუფლების დასაბრუნებლად.
თანამდებობისადმი ლტოლვა არა მარტო პოლიტიკურ ამბიციებთან არის დაკავშირებული, არამედ გარკვეულ კეთილდღეობასთანაც, იმის მოპოვებასთან, რაც მას არ ეკუთვნის. ესეც საგულისხმოა და ეს ეტაპიც გასავლელია. ამიტომ ხალხის მოთხოვნაც, რომ ცოტა მეტი სიმკაცრეა საჭირო, არა მარტო მეტი დემოკრატია, არამედ მეტი წესრიგიც, სავსებით სწორია.
რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის შექმნას, პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა: ამასთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია გარკვეულია. მაგრამ ვერავითარი საპარლამენტო უმრავლესობა ვერ იარსებებს და მყარი ვერ იქნება, თუ საზოგადოებაში არ არის ის ძალა, რომელმაც უნდა განსაზღვროს სახელმწიფოსა და ქვეყნის განვითარების კურსი სხვადასხვა ეტაპზე. ამიტომ მე მივედი იმ დასკვნამდე, რომ ვიფიქროთ, და არა მარტო ვიფიქროთ, გადავდგათ ნაბიჯები პარტიის შესაქმნელად. ნურავის ნუ ელანდება, რომ კომუნისტურის და ბოლშევიკურის მსგავსი რამ იქნება. ეს იქნება პარტია, რომელიც უნდა იყოს დაწყებული პროცესების შეუქცევადობის გარანტია, ეს იქნება ეკონომიკური, კულტურული, მეცნიერული პროგრესის, საქართველო ერთიანობისა და მთლიანობისათვის მებრძოლი, ეკონომიკურ გარდაქმნათა პარტია. მე ამასაც ვიტყოდი: ეს იქნება ახალგაზრდობის პარტია, რომელიც უნდა იყოს განმსაზღვრელი, ტონის მომცემი ამ პოლიტიკურ წარმონაქმნში. ეს იქნება ჭეშმარიტი ბიზნესმენების პარტია და პირველი რეაქცია უკვე ვიცი: ახალი ფენა, რომელიც გამოდის ასპარეზზე, მიესალმება ამ იდეას და ამით იგი უწინარესად მიესალმება წესრიგს, რადგან ბიზნესი ვერ განვითარდება, თუ ქვეყანაში არ იქნება სტაბილურობა და წესრიგი. ამ საკითხებზე ვფიქრობთ და მგონია მოვძებნით ისეთ მოდელს, რომელიც მისაღები იქნება ჩვენი ხალხისა და ჩვენი ქვეყნისთვის, უნდა ვიაროთ ნაბიჯ-ნაბიჯ წინ, დემოკრატიული მძლავრი სახელმწიფოს შექმნის გზაზე.
რა ერქმევა ახალ პარტიას? ჯერ არ გადაგვიწყვეტია. არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება სახელწოდება დამფუძნებელ კრებაზე, კონფერენციაზე ან ყრილობაზე განისაზღვროს, ისევე როგორც მისი მუშაობის ძირითადი მიმართულებები. ეს იქნება დასავლური ტიპის დემოკრატიული პარტია გარკვეული წესრიგით, ორგანიზაციით, სტრუქტურებით.
მინდა მივმართო საქართველოს მოქალაქეებს, იფიქრონ არის თუ არა საჭირო ასეთი პოლიტიკური ძალა და ვისაც ეს პრობლემები აწუხებს, ყველას შეეძლება დაიკავოს ადგილი ამ მოძრაობაში. მინდა მადლობა ვუთხრა ჩვენი ინტელიგენციის საუკეთესო წარმომადგენლების მონაწილეობით დაწყებულ მოძრაობას „ერთობა და აღორძინება“, რომელიც ამ პარტიის შექმნის საფუძველი უნდა გახდეს.
პარლამენტის ვადამდე არჩევნების შესახებ სახელმწიფოს მეთაურმა ბრძანა:
- საჭიროა ვიფიქროთ ამ საკითხზე. ამასთან ერთად დღის წესრიგში დგას კონსტიტუციის მიღება, მიმდინარეობს მასზე ინტენსიური მუშაობა. კონსტიტუციის პროექტი, რომელსაც პარლამენტი მოიწონებს, გამოქვეყნდება, შემდეგ მოეწყობა სახალხო რეფერენდუმი. ვფიქრობ, რომ ეს გზა საკმაოდ საიმედოა. თუ კონსტიტუციაზე მუშაობის პროცესი დაჩქარდება, არც არჩევნები იქნება ცხრა მთას იქით. გარკვეული აზრით მე ვეთანხმები ბატონ ნოდარ ნათაძესა და სხვებსაც, რომლებიც არჩევნების საკითხს აყენებენ. ამაზე სერიოზულად უნდა ვიფიქროთ.
ედუარდ შევარდნაძე: ჩვენ ერთი ერის შვილები ვართ, ერთი სახელმწიფო ვართ და შეუძლებელია ქართველებმა საერთო ენა ვერ გამოვნახოთ! // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 7 სექტემბერი. - №195 (723). - 1 გვ.
![]() |
134 უნდა ვუშველოთ საქართველოს |
▲ზევით დაბრუნება |
[...]
ნუთუ არის ისეთი პრობლემა, - მიმართა სახელმწიფოს მეთაურმა სამეგრელოს მოსახლეობას, - რომ ერთმანეთს ვერ გავუგოთ? ვერ დაველაპარაკოთ? ნუთუ განწირულია საქართველო? მე მჯერა, რომ ჩვენი სისხლი, ჩვენი ქალაქი, სამშობლო ჩვენი არ გადაშენდება. როგორი ძნელიც არ უნდა იყოს - უარი ვთქვათ ვილაპარაკოთ იარაღის ენით.
მე საკმარისზე მეტად მაკრიტიკებენ აფხაზეთის კონფლიქტთან დაკავშირებით მიღებული შეთანხმების გამო, მაგრამ ცეცხლი უნდა შეწყვეტილიყო. უნდა ვადროოთ ერთმანეთს, ვიფიქროთ, ვიაზროვნოთ. მსოფლიო ჩვენთანაა. ყოფილი საბჭოთა კავშირის არცერთ ქვეყანაში ისე ბარბაროსულად არ მოქცეულან, როგორც ჩვენ მოვექეცით ჩვენივე თავს. ვერავითარი პატრონი ამას ვერ მოუვლის, თუკი თბილისელებივით არ გავერთიანდით.
ალბათ, კვირას, მე გამოვაცხადებ საგანგებო მდგომარეობას. საგანგებო მდგომარეობა - ეს წესრიგია ამაზე უარესი, რაც ახლა გვჭირს, არ დაგვემართება, თუნდაც ერთი, ორი ან მეტი თვე დაგვჭირდეს. ყველას მოვუწოდებ წესრიგისაკენ. საგანგებო მდგომარეობის შესახებ კანონი პარლამენტმა უნდა მიიღოს. პარლამენტარები უნდა გაემგზავრონ იქ, საიდანაც ისინი აირჩიეს და ჩაუდგნენ სათავეში მოძრაობას საქართველოს გადასარჩენად. ყველაზე დიდი პარლამენტი საქართველოს ხალხია.
ჩვენ უნდა შევქმნათ ახალი პარტია. ეს პარტია იქნება ახალი პოლიტიკის დამამკვიდრებელი. ის პროცესები კი, რომლებისთვისაც მსოფლიომ აღიარა ჩვენი ქვეყანა, შეუქცევადი იქნება.
უნდა ვუშველოთ საქართველოს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 11 სექტემბერი. - №199(727). - 1 გვ.
![]() |
135 ედუარდ შევარდნაძე: დღეს სხვა დროა და ამის მიხედვით უნდა განვსაზღვროთ ჩვენი მოქმედების კურსი |
▲ზევით დაბრუნება |
13 სექტემბრის რადიოინტერვიუ
დასავლეთ საქართველოში შეხვედრებისა და ქობულეთში მიმდინარე ანალიზით დაიწყო 13 სექტემბრის რადიოინტერვიუ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ - სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ.
- ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო გუშინდელი შეხვედრები დასავლეთ საქართველოში. პირველი მიზანი ის იყო, რომ შევხვედროდი ჩვენს სამთავრობო ფორმირებებს, მოსახლეობას. ჩემზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა მოსახლეობისა და არმიის კონტაქტმა, მათ შორის კეთილგანწყობილმა დამოკიდებულებამ. იქ ყოფნის მეტი დრო ხონში დავყავი, ვიყავი სოფლებში, ვესაუბრე ადგილობრივ მოსახლეობას და ისინი ერთგვარი სიამაყითაც კი ამბობენ: აი, როგორი შვილები ეზრდებაო საქართველოს. ის ახალგაზრდობა, რომელიც ცხენისწყლის აქეთა მხარეს დგას, ჩვენი ქვეყნის მართლაც ღირსეული შვილები არიან. არც ერთი ფორმირებისაგან არ გამოვყოფ „მხედრიონს“, რადგან იგი დღეს იქ ასრულებს სახელმწიფოს მთავრობის დავალებას. უნდა გითხრათ, რომ „მხედრიონის“ სახელმწიფო სტრუქტურაში გაერთიანების საკითხი გადაწყვეტილია, და ეს პროცესი დამთავრებულიც იქნებოდა ცხენისწყალთან და, საერთოდ, ამ რეგიონში ვითარება რომ არ გართულებულიყო.
მე განვაცხადე, რომ დამთავრდა გაუთავებელი შეწყალებისა და მანიფესტაციების დრო. თავის დროზე ამან გარკვეულად იმუშავა ადამიანების შეგნებაზე, მათ განწყობილებაზე. მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი. დღეს სხვა დრო დადგა და ამის მიხედვით უნდა განვსაზღვროთ ჩვენი მოქმედების კურსი.
ერთი შეხედვით, თითქოს, შედეგები სავალალოა, მაგრამ, მეორეს მხრივ, ამ აქციებმა იმ ეტაპზე გარკვეული როლი შეასრულეს მოსახლეობის განწყობილების შექმნისთვის, მთავრობისადმი, ხელისუფლებისადმი ნდობის თვალსაზრისით.
მე ბევრს ვფიქრობ იმაზე, რაც ახლა ხდება ცხენისწყლის იქითა და აქეთა მხარეს. ამერიკელ ჟურნალისტებთან მქონდა შეხვედრა. მათ მდინარე ცხენისწყალთან მომცეს შეკითხვა და ვუპასუხე: ეს აბსურდული სიტუაციაა, როცა ერთი ძმა ამ მხარეს დგას, მეორე - იქით და რომ ჰკითხოს კაცმა, რისთვისაა ეს ყველაფერი, ამდენი იარაღი, ამდენი ხარჯი, დაპირისპირება, ნორმალური ადამიანი ამას ვერც ახსნის. ეს ალოგიკური მოქმედებაა. სამწუხაროდ, ჩვენ ეს ამბავიც თავს მოგვახვიეს და მჯერა, რომ ამ აბსურდულ სიტუაციას ბოლო მოეღება.
რაც შეეხება ქობულეთში მიმდინარე მოლაპარაკებას. იგი უშედეგოდ დამთავრდა. სხვათა შორის, ასეა ყველა კონფლიქტი, ყველა პრობლემა. აქ აუცილებელია მოთმინება. არ შეიძლება პირველივე შეხვედრა წარმატებით დამთავრებულიყო. ამიტომ, იმედგაცრუება არ უნდა დაგვეუფლოს, რადგანაც ვიცი, რომ მოწესრიგებისა და მოგვარების რეზერვი უამრავია და ყველა გზა, რომელიც ახლა გამოიკვეთა, მიდის ძმების მორიგებისკენ. შერიგებისკენ, ერთი სისხლისა და ხორცის ადამიანების თანხმობისკენ. ეს სავსებით შესაძლებელია, თუ ვინმე არ მოისურვებს, მარტო თავის ამბიციას შესწიროს ერისა და ქვეყნის ინტერესები. მე მივესალმები ბატონ ასლან აბაშიძის ინიციატივას და ვთხოვ მას, კვლავ გააგრძელოს იგი, მისთვის ჩვეული ენერგიითა და შემართებით.
კითხვაზე, თუ ვინ აიარაღებს ცხენისწყლის იქითა მხარეს, გარდა პოლიტიკოსებისა, რა ძალებია ჩარეული იმაზე, რაც დღეს სამეგრელოში ხდება, სახელმწიფოს მეთაურმა უპასუხა, რომ ცხენისწყლის იქით შეიარაღების 80-90 პროცენტი სახელმწიფო სტრუქტურებიდან არის გასული. სხვა წყაროები არ არსებობდა, პატარ-პატარა შესაძლებლობის გარდა. სახელმწიფო ფორმირებებს აკლებდნენ და მათ აძლევდნენ. მე ახლა მიჭირს ლაპარაკი იმაზე, თუ ვინ აკეთებდა ამას, მით უმეტეს დღეს, როცა, მაინც ძირითადია, ვიფიქროთ ამ ვითარებიდან გამოსვლაზე. მიმაჩნია, რომ ამაზე ლაპარაკი კიდევ უფრო დაძაბავს სიტუაციას. ისე კი ეს ყველამ შესანიშნავად იცის.
როცა კომენტატორის თხოვნით, რუსეთთან ურთიერთობის საკითხს შეეხო, ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ თქვა: დღეს ოპოზიციურად განწყობილი ძალები, უფრო სწორად, რადიკალური ოპოზიცია და პირდაპირ მტრულად განწყობილი ელემენტები, ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკება არ გაიმართოს. ეს პროცესი არ შედგეს, ხელი არ მოეწეროს ხელშეკრულებას. თუმცა, მოლაპარაკების ბოლო რაუნდმა დაადასტურა, რომ სავსებით შეურიგებლობა არ არის და რეალურია, უახლოეს ორ-სამ კვირაში ამ ხელშეკრულებას ხელი მოვაწეროთ.
რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე როცა ვლაპარაკობთ, რაც შეიძლება ჩქარა უნდა მივაღწიოთ საერთო ეროვნულ კონსენსუსს. მე ამას ხაზს ვუსვამ, ეს იმდენად მგრძნობიარე საკითხია თითოეული ოჯახისათვის, ყველასთვის, რომ მინდა საერთო სახალხო აზრი ჩამოყალიბდეს ამ ახალი ურთიერთობის გამო. მე ვეკუთვნი ადამიანთა იმ ჯგუფს, რომელიც რუსეთთან ახლო და მჭიდრო ურთიერთობის მომხრეა. ამას ახლა უფრო გაბედულად ვამბობ, რადგან ამ ბოლო თვეებმა და ჩვენმა გამწარებულმა ცხოვრებამ ერთხელ კიდევ დამარწმუნა, რომ თუ რუსეთთან არ დავამყარებთ ისეთ ურთიერთობას, რომელიც ერთგვარად საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების გარანტია იქნება, მაშინ ჩვენი ცხოვრება შეიძლება ძალიან მძიმე ვითარებაში განვითარდეს. მინდა რჩევა მივცე ყველას, ნუ ცდილობს რუსეთი კარტი გაათამაშოს საქართველოში, ისევე, როგორც რუსეთში, ნურავინ შეეცდება საქართველოს კარტის გათამაშებას. მე ვიცი, როდის და როგორ უნდა მოგვარდეს ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობა. ეს იცის პრეზიდენტმა ელცინმაც. ჩვენ საკმაოდ კარგი ურთიერთგაგება გვაქვს და მიმაჩნია, რომ ეკონომიკური, პოლიტიკური თუ სხვა ხასიათის ურთიერთობა აუცილებელია. ჩვენ ამას მივაღწევთ, არა რაღაც შორეულ პერსპექტივაში, არამედ, ალბათ, ამ უახლოეს დღეებში და თარიღიც გაირკვევა.
- გასული კვირა წესრიგისათვის ბრძოლის კვირა იყო. შეიქმნა ოპერატიული შტაბი, ითქვა, რომ ქვეყანაში გამოცხადდება საგანგებო მდგომარეობა, დროებით შეიზღუდება დემოკრატია დემოკრატიის გადასარჩენად. სახელმწიფოს მეთაურმა შეითავსა შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი. დაპირება წესრიგის შესახებ დაპირებად დარჩება, თუ ახლა მაინც გამოიღებს რაიმე შედეგს? მით უმეტეს, რომ თქვენ შინაგან საქმეთა ორგანოებში მუშაობის გამოცდილება გაქვთ. თბილისელებთან შეხვედრაზე თქვენ თქვით, რომ ახლა ხვდებით, თუ რატომ მიიღო ერეკლემ თავისი გადაწყვეტილება, რატომ იყო დავით აღმაშენებელი ბრძენიცა და სასტიკიც იმავდროულად, - ასეთი შეკითხვა დაუსვა კომენტატორმა სახელმწიფოს მეთაურს.
გლობალური თვალსაზრისით, - აღნიშნა სახელმწიფოს მეთაურმა, - დღეს საქართველოსათვის წესრიგის პრობლემები ცენტრალური პრობლემებია. შეუძლებელია ეკონომიკურ გარანტიებზე, უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე, სტაბილურობის მიღწევაზე, უბრალო ადამიანურ ურთიერთობაზე, დემოკრატიის გადარჩენაზე ლაპარაკი, თუ წესრიგი არ აღდგება, ახლებური წესრიგი არ დამყარდება. დამოუკიდებელმა ქვეყანამ, დამოუკიდებელმა სახელმწიფომ სხვა წესით უნდა იცხოვროს, საკუთარი კანონმდებლობით დაამყაროს წესრიგი და ისეთი ატმოსფერო შექმნას, როცა ადამიანები, იცხოვრებენ, იშრომებენ და დაისვენებენ ნორმალურ პირობებში. მე შემთხვევით არც ერეკლე გავიხსენე და არც დავით აღმაშენებელი. დღეს იმდენად საშიშ მოვლენად იქცა მაფიოზური კლანები, არარეგისტრირებული, არასახელმწიფო შეიარაღებული ფორმირებები, რომ თუ ეს არ მოისპო, შეიძლება საქართველო მართლა დაიშალოს. ბევრი საფრთხე ემუქრება საქართველოს ერთიანობას და მთლიანობას, მაგრამ ყველაზე დიდი საფრთხე ეს არის. ადამიანებს უკვე აღარ შეუძლიათ ამის მოთმენა და ატანა, რაც გუშინდელმა შეხვედრებმაც დაადასტურეს. ამ პრობლემის გადაჭრა ჩვენზეა დამოკიდებული. ჩვენ ქვეყანაში არის ძალები, რომლებსაც ეს ხელეწიფებათ და ისინი უნდა ამოძრავდნენ.
რაც შეეხება შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტის შეთავსებას, ეს დროებითი მოვლენაა, ამ საგანგებო მდგომარეობის დროს ხაზს ვუსვამ წესრიგის მნიშვნელობას და იმ ორგანოების დანიშნულებას, რომლებმაც, ძირითადად, ეს მძიმე სამუშაო უნდა იტვირთონ, არა მარტო შინაგან საქმეთა სამინისტრომ, არამედ სხვა სამართალდამცავმა ორგანოებმა, პროკურატურამ, სადაზვერვო სამსახურმა და, თავისთავად ცხადია, თავდაცვის სამინისტრომ. მათი შეთანხმებული მუშაობის გარეშე წესრიგზე ლაპარაკი არ მოხერხდება. მრავალი მიზეზის გამო, ჩემთვის ძალიან ძნელი იყო ამ გადაწყვეტილების მიღება. კიდეც მიკვირს, რომ ამას არ მოჰყვა ლაპარაკი, მაგრამ ჯერაც არ არის გვიან, ხვალ-ზეგ იქნება საუბარი ამაზე. მაგრამ, როცა მე ვხედავ გვირაბის ბოლოს სინათლეს, ჩემს ხალხთან ერთად უნდა ვიარო ამ სინათლისკენ.
კითხვაზე - ხომ არ არის საფრთხე, რომ მძაფრ რეაქციას გამოიწვევს წესრიგის დამყარებისათვის გათვალისწინებული ქმედებები, სახელმწიფოს მეთაურმა უპასუხა: თბილისელთა შეხვედრაზე ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მეც და თბილისელებიც ერთი გზით მივდიოდით და ერთდროულად მივედით დასკვნამდე, რომ მეტის მოთმენა აღარ შეიძლება. თბილისელებისა და სრულიად საქართველოს მოსახლეობის აზრი დღეს იდენტურია. ამაში დავრწმუნდი ქუთაისში მოგზაურობის დროსაც. ამ ქალაქში ბევრი რამ კეთდება იმისათვის, რომ ქუთაისმა თავის თავს მოუაროს, უპატრონოს. ქალაქში შეიარაღებული კაცის გამოჩენა იოლი არ არის. როგორც იტყვიან, ძალა მემატება ქუთაისიდან რომ ვბრუნდები. ისე, როგორც იქ, ბევრი სასიკეთო კეთდება ხონში, სამტრედიაში. ზოგიერთ სხვა რეგიონში. თბილისში დაიწყო ეს მოძრაობა. იმერეთის რეგიონში თითქმის ყველა გამგებელს შევხვდი, ვესაუბრე მოსახლეობის წარმომადგენლებს და დავრწმუნდი იმაში, რომ თბილისელთა განწყობილებას ემთხვევა მთელი ქართველი ხალხის სურვილები და განწყობილებები.
რუსთავის ხელმძღვანელობასთან სატელეფონო საუბრის დროსაც გამოიკვეთა ეს აზრი. რუსთაველებმა მთხოვეს, ჩავიდე იქ და თავად ვნახო, როგორ არიან ისინი განწყობილი. ვფიქრობ, ასე იტყვიან კახეთში, გორში, დასავლეთსა თუ აღმოსავლეთში, მთასა თუ ბარში. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ პარლამენტის პოზიცია დაემთხვევა სახალხო პარლამენტართა აზრს.
- თქვენმა გადაწყვეტილებამ პარტიის შექმნის შესახებ, ბევრი ააფორიაქა. ხომ არ ნიშნავს ეს გადაწყვეტილება იმას, რომ საქართველოსთვის დემოკრატიის იდეა ჯერ მაინც ნაადრევი იყო და ჯერ აუცილებელია ქვეყნის გაერთიანება ეროვნული იდეით? - ჰკითხა კომენტატორმა სახელმწიფოს მეთაურს.
- არ იყო ნაადრევი, - ხაზი გაუსვა ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ. - ყველაფერი ეს კანონზომიერია და ბოლო წლების ისტორიაში ისეთი არაფერი მომხდარა, რისი ახსნაც ძნელია. მე ვიცნობ ჩვენი პოლიტიკური მოღვაწეების, ზოგიერთი ოპოზიციონერის ცალკეულ გამოთქმებს, მათ შორის აკაკი ასათიანის ასეთ გამოთქმასაც - შევარდნაძე ლამის სოციალიზმის გზაზე დგებაო. ვინც ახლა პარტიის შექმნაში, ან ზოგიერთი იძულებითი აქციის განხორციელებაში ხედავს სოციალიზმის გზაზე დადგომას, იგი ისტორიაში კარგად ვერ არის ჩახედული. ეს არ ვარგა. ისტორიაში ყველამ კარგად უნდა ჩაიხედოს და განსაკუთრებით, ისტორიკოსებმა. მათ კარგად უნდა გაიაზრონ ის გზა, რომელიც გაიარა საქართველომ სოციალიზმის დროს. ახლა კი ძველი სისტემის ნანგრევებზე შენდება ახალი სახელმწიფო. არ არის ეს ახალი, ამის წარმოდგენა არც ისე ძნელი უნდა იყოს. რაც შეეხება პარტიას, დღეს არ შემიძლია შემოგთავაზოთ მისი წესდება, პროგრამა და სამოქმედო დოკუმენტები. ეს უნდა გააკეთოს დამფუძნებელმა კრებამ, ან კონფერენციამ, რომლისთვისაც ემზადება საინიციატივო ჯგუფი. ეს პარტია იქნება დემოკრატიული განვითარების, პოლიტიკური პლურალიზმის, თავისუფლების, დამოუკიდებლობის გადარჩენის ერთ-ერთი გარანტია. თუ ეს ასე არ იქნება ასეთი პარტია არავის არ სჭირდება. შეიძლება იყოს მეორე პარტია, იგივე ტრადიციონალისტების პარტია იქცეს იმ ძალად, რომელიც ახალი პარტიის პარტნიორი იქნება, თუკი ტრადიციონალისტები სწორ კურსს ჩამოაყალიბებენ, თუმცა ისინი ხშირად ამბობენ, არ არსებობს არავითარი კურსიო. თუ ხალხი აღიარებს ტრადიციონალისტთა ან სხვა პარტიის კურსს, მაშინ ის იქცევა ისეთ დიდ ძალად, რომელიც მე წარმომიდგენია და რომელზეც ვლაპარაკობ.
როცა მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას შეეხოს საუბარი, სახელმწიფოს მეთაურმა თქვა, რომ მინისტრთა კაბინეტი ვერ იქნება იდეალური, ისე, როგორც ვერც ერთი სამსახური.
- მაგრამ, მთელი პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, - თქვა სახელმწიფოს მეთაურმა, - რომ ეს იქნება მუშა კაბინეტი - რეფორმების, წესრიგის, ადამიანებზე ზრუნვის მთავრობა და ამაში მე ეჭვი არ მეპარება. ასეთი სურვილით მოვიდა ყველა, ვინც ჩვენ მოვიწვიეთ. ისინი მოვიდნენ იმ გადაწყვეტილებით, რომ მზად არიან იმუშაონ დღე-ღამეში 24 საათი და ემსახურონ ხალხს.
ახლა ყველაზე დიდი საზრუნავია ზამთარში ჩვენი მოსახლეობის სათბობითა და პროდუქტებით უზრუნველყოფა. ვფიქრობ, ჩვენი მოსახლეობა არ ელოდება, რომ იდეალური ზამთარი იქნება, მაგრამ არც უიმედობის პირობებია, თუ ოდნავ მაინც დაგვცალდა, გამოვიყენოთ ჩვენი შესაძლებლობა და პოტენციალი. დიდი იმედი მაქვს ევროგაერთიანებასთან ჩვენი ურთიერთობისა, მე წერილობით მივმართე დიდ შვიდეულს, ევროპის დიდი სახელმწიფოების თითქმის ყველა მეთაურს, ბატონ დელორს, რომელიც ევროგაერთიანების ცენტრალური ფიგურაა და მისი პასუხი გამოქვეყნდება პრესაში. მან მაცნობა, რომ საქართველოსთვის გამოყოფილი 40 მილიონი ეკიუ ძირითადად მოხმარდება აუცილებელი პროდუქტების - ხორბლის, ცოტაოდენი ცხიმის, მედიკამენტების შეძენას ევროპის ბაზარზე. მე კიდევ ვითხოვე 70 მილიონი ეკიუ და ისიც ჩვენთვის დამაკმაყოფილებელ ასპექტში იხილება. თუ ყველაფერი მოგვარდა და გადაწყდა, ზამთარი და გაზაფხული შეიძლება შედარებით ნორმალურად გავიაროთ. არის სხვა იმედისმომცემი კავშირები. თურქმენეთმა მართლაც ძმური ხელი გამოგვიწოდა, როცა საშუალება მოგვცა, დავალიანება, ვალუტის ნაცვლად, საქართველოში წარმოებული პროდუქციით გადავუხადოთ, სერიოზულად გვეხმარება საწვავით აზერბაიჯანი, ხორბლით - ყახაზეთი. და მაინც, გამოზამთრების გარანტია, მომავალში კი ჩვენი მრეწველობის გამოცოცხლება, მთელი სახალხო მეურნეობის ამოქმედება, რუსეთთან იქნება დაკავშირებული. ვფიქრობ, რომ ამ წლის ბოლომდე საქართველოსა და რუსეთს შორის უნდა ჩამოყალიბდეს ისეთი ნამდვილი ურთიერთობა, ამოქმედდეს ყველა ბერკეტი, რომელიც ქვეყნის ეკონომიკას იხსნის კრიზისიდან.
განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ უხვი დახმარება, რომელსაც გვიწევს ამერიკის შეერთებული შტატები და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა. ახლა ჩვენ, პრაქტიკულად, ამერიკულ ხორბალზე ვართ. არ მინდა დავასახელო, მაგრამ ბევრ რამეს, რაც ამერიკის შეერთებული შტატებიდან მოდის სახელმწიფოს მეთურის სახელზე და ხალხისათვისაა განკუთვნილი, ზოგიერთ რაიონში იტაცებენ. ერთის მხრივ, ხელმძღვანელობას ლანძღავენ. და მეორეს მხრივ, მშვენივრად მიირთმევენ ამ ფქვილით გამომცხვარ პურს და კარაქსაც. სიამოვნებასთან ერთად არ ავიწყდებათ ლანძღონ ის ხელისუფლება, რომელიც ამ დახმარების მიღების გარანტიაა.
დღევანდელი დღის უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ მოვლენას - ამერიკის შეერთებულ შტატებში ისრაელისა და პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციის მხარეებს შორის დოკუმენტის ხელმოწერის მნიშვნელობას, ამ რეგიონში მშვიდობის დამყარებას რომ შეეხო, სახელმწიფოს მეთაურმა თქვა, რომ მან ბევრი იმუშავა თავის დროზე ამ პრობლემაზე. ახალ შეთანხმებაში, ხაზი გაუსვა ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ, არის გათვალისწინებული ბევრი მოსაზრება, რომელიც ათეული წლების მანძილზე დაგროვდა. მინდა გულწრფელად მივესალმო ამ შეთანხმებას, რომელიც უაღრესად გაბედული ნაბიჯია და რომელშიც რელიეფურად გამოიკვეთა ამერიკის შეერთებული შტატების, სხვა სახელმწიფოების როლი. ეს დიდი შერიგების საკმაოდ იმედისმომცემი დასაწყისია და ამავე დროს მაგალითიცაა ჩვენი ურწმუნო თომებისთვისაც. მათ უნდა იცოდნენ, რომ კონფლიქტები, რომლებზეც ახლაა ლაპარაკი, თუნდაც ჩვენი კონფლიქტი, კომპრომისებისა და ურთიერთგაგების გარეშე არ გვარდება ხოლმე. ეს იმის კარგი მაგალითია, თუ როგორ შესძლო ორმა მხარემ ათეული წლების განმავლობაში კონფრონტაციისა და კონფლიქტის, მრავალი სისხლისღვრისა და ადამიანთა მსხვერპლის შედეგად, მიეღო ის გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიეღო. ძნელია იმის თქმა, რომ ეს იქნება სრული გარანტია ცეცხლის შეწყვეტისა და მშვიდობის დამყარებისა ამ რეგიონში, მაგრამ საიმედო ნაბიჯი გადაიდგა და ამას გულწრფელად მივესალმები.
ედუარდ შევარდნაძე: დღეს სხვა დროა და ამის მიხედვით უნდა განვსაზღვროთ ჩვენი მოქმედების კურსი: 13 სექტემბრის რადიოინტერვიუ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა]ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 14 სექტემბერი. - №200(728). - 1 გვ.
![]() |
136 მე არ შემიძლია ვიყო ხელისუფლების სათავეში და ვიცხოვრო იმ ქვეყანაში, რომელსაც მკვლელებისა და ბანდიტების რეპუტაცია ექნება მსოფლიოში |
▲ზევით დაბრუნება |
ედუარდ შევარდნაძის სიტყვა, რომელიც მან წარმოთქვა მიტინგზე 1993 წლის 14 სექტემბერს
მინდა ყველა თქვენთაგანს ბოდიში მოგიხადოთ იმისათვის, რომ გული გატკინეთ. მადლობელი ვარ, რომ აქ მობრძანდით და ერთხელ კიდევ დაანახეთ საქართველოს და მთელ მსოფლიოს, რომ ქართველი ხალხი არსებობს, ქართველი ხალხი ცოცხლობს, აზროვნებს, სჯერა თავისი ქვეყნის მომავლისა და ხედავს ამ მომავლისკენ სავალ გზებს. თქვენ ყველას დაანახეთ დღეს, რომ საქართველო, ქართველი ხალხი არ დაიჩოქებს. თქვენ ყველამ გაიგეთ, რომ საქართველოს შეუძლია ერთიანობისათვის ბრძოლა. საქართველო ერთიანი და მთლიანი იქნება და გადარჩება. მინდა თქვენ დაგარწმუნოთ ჩემს დღევანდელ გადაწყვეტილებაში: ამაში გარკვეული წილი არის ემოციებისა, მაგრამ ეს ნაფიქრია, ნააზრევია, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ სადაც არ უნდა ვიყო, ვიყავი და ვიქნები სისხლი და ხორცი ჩემი ხალხისა. მე თუ გადავწყვიტე გადადგმა, არ წავალ ლექციების წასაკითხად და ფულის შეგროვებას არ ვაპირებ. მე ვიცხოვრებ ისე, როგორც თითოეული თქვენგანი, როგორც მთელი ქვეყანა, ყველამ ფუტკარივით უნდა ვიშრომოთ, სადაც ვიქნებით - ხელისუფლების მწვერვალზე, ვენახში თუ მეტალურგიულ ქარხანაში. ჩემთვის ეს პრობლემა არ არსებობს.
მე არ შემიძლია ვიყო ხელისუფლების სათავეში და ვიცხოვრო იმ ქვეყანაში, რომელსაც მკვლელების და ბანდიტების რეპუტაცია ექნება მსოფლიოში. იყო დრო, როცა საქართველოს ამის გაკეთება არ შეეძლო სხვადასხვა მიზეზთა გამო. დღეს დაგვიანებულია, მაგრამ ყველაფერი დაკარგული არ არის. დღეს ჩვენმა ხალხმა უნდა თქვას, რომ, თუ განწირული არ ვართ ღვთისაგან, ქვეყანა ქვეყანას დავამსგავსოთ. ამდენი მკვლელობა, ძარცვა-გლეჯა, ნარკობიზნესი, ამას ჩვენი ხალხი ვერ შეეგუება. ეს დიდმა კრებამ, დიდმა სახალხო პარლამენტმა, თბილისელთა შეხვედრამ, რომელსაც ეგზალტირებულთა შეხვედრა უწოდეს, მოსთხოვეს სახელმწიფოს მეთაურს, რომ დაიწყოს ბრძოლა წესრიგისათვის. საგანგებო წესების შემოღება ვიღაცას არ მოუგონებია ორიგინალობისათვის. მე პარლამენტში შემოვიტანე წინადადება, რომ მიეღოთ ეს დადგენილება, რომელიც უკეთეს პირობებს ქმნის მკვლელების, დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლისათვის.
მე დღეს არ დავიწყებ აქ არც თავის მართლებას, არც ვინმეს წავუყენებ ბრალდებებს. მაგრამ ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ყველაფერზე მიდიოდნენ იმისათვის, რომ სახელმწიფოს მეთაური გადამდგარიყო, იქამდეც კი, რომ სოხუმის ჩაბარების გეგმას აწყობდნენ, ცალკეულ ჯგუფებს აიარაღებდნენ.
მე ჩემთვის ვფიქრობდი, ნუთუ ერთი კაცის გულისათვის ქართული ქალაქი ვიღაცას უნდა ჩაბარდეს, ერთი კაცისათვის ქართველებმა ერთმანეთი უნდა დახოცონ. იმ ენაზე მე არ შემიძლია ლაპარაკი, რომელზეც ისინი ლაპარაკობენ, მე ვლაპარაკობ იმ ენაზე, რომელიც თქვენ გესმით.
არა ვარ ის კაცი, რომელიც სიტყვას ჰაერზე აბნევს, მე გითხარით, რომ ამ ჩემს დღევანდელ გამოსვლაში ძალიან ცოტა იყო ემოციური დატვირთვა, იქ მეტი აზრი იყო. ნურავის ნუ ჰგონია - სახელმწიფოს მეთაური იქნება თუ პრემიერ-მინისტრი, თუ ის კაცი და ადამიანია, რომ მას თავმოყვარეობა არა აქვს. მე წლების განმავლობაში ვიყავი იმ კომუნისტური რეჟიმის ხელმძღვანელი, და არცთუ ცუდი ხელმძღვანელი. და, როცა დავრწმუნდი, რომ იქ ჩიხი იყო, გზა აღარ იყო, ჩამოვშორდი. რატომ უნდა შეურაცხყონ ჩემი გრძნობები, ჩემი თავმოყვარეობა, მეც ხომ ადამიანი ვარ. პარლამენტმა უნდა გაიგოს, მე იმის თავგადადებული მომხრე ვარ, რომ ადამიანებს ვუთხრათ სიმართლე, როგორი მწარეც უნდა იყოს. მაგრამ ჩვენ ოჯახიშვილები ვართ, ქართულ ტრადიციებზე გაზრდილი და მე არ მინდა, რომ საქართველო და მისი უმაღლესი ორგანო უზრდელობის და უკულტურობის განსახიერება იყოს. ჩვენ თავი მოგვეჭრება მთელ მსოფლიოში. მე არ მჯერა ამ უზნეო, უკულტურო ხალხის და მივმართავ ყველას, ვინც პარლამენტის სხდომათა დარბაზში ზის, პარლამენტი უნდა იყოს ზნეობის და კულტურის განსახიერება, სხვაგვარად ჩვენ ერთად ვერ ვიმუშავებთ.
რა გამოსავალია? უნდა დავრჩე ჩემს თავთან მარტო, უნდა გადავხარშო ყველაფერი, რაც თქვენ თქვით, რომ ყველაფერი დუღს, მთელი საქართველო, სოფელი და ქალაქი.
გთხოვთ გამიგოთ, არავითარი მიტინგი ხვალ საჭირო არ იქნება. ხვალ დილით 10 საათზე მე გამოვალ ტელევიზიით და მთელ საქართველოს ვეტყვი ჩემს სათქმელს.
ორი პირობა იქნება იმისათვის საჭირო, რომ მე სხვა გადაწყვეტილება მივიღო: პირველი, ხვალ შეიკრიბოს პარლამენტი და მიიღოს დადგენილება საგანგებო წესების გამოცხადების შესახებ. მეორე, ხვალ პარლამენტს მოვთხოვთ, თუ უნდა, რომ დავრჩე პარლამენტის თავმჯდომარედ - სახელმწიფოს მეთაურად, გამოცხადდეს პარლამენტის სამი თვით შესვენება, სამი თვით დავითხოვოთ იგი და ვიმუშაოთ ერთად საქართველოს საბედნიეროდ და საკეთილდღეოდ. პარლამენტის სხდომა ხვალ ტრანსლირებული იქნება, ხალხი ნახავს, რაც მოხდება.
ახლა ნება მომეცით, სიტყვა გითხრათ ადამიანური, მამაშვილური, ძმური, მადლობა თქვენ ამ მაღალი შეგნებისათვის, კაცობისათვის, სინათლისათვის, იმ სინათლისათვის, რომელიც აქ მოიტანეთ, მადლობა თქვენ მხარდაჭერისათვის, ყოველივე ჯანსაღი აზრისათვის, რომელიც აქ გამოითქვა და რომელსაც მხარი დაუჭირეთ. მე ვგრძნობ, რომ აქ მთელი საქართველო, საქართველოს სინდისი და ნამუსია. ამიტომ მე მინდა დავამთავრო ჩემი შეხვედრა თქვენთან ჩემო ძვირფასებო, ჩემო სისხლო და ხორცო და საქართველოს მივმართო: უკვდავია საქართველო! არ მოკვდება საქართველო! საქართველო გაიმარჯვებს! უკვდავი ხართ თქვენ!
გაუმარჯოს ერთიანს, მთლიანს, ძლიერს, მაღალკულტურულ საქართველოს! დიდება ჩვენს სამშობლოს, დიდება ჩვენს ხალხს!
აქ მოვიდა ადამიანი, რომელსაც ყველა თქვენგანი, ისე როგორც მე, უღრმეს პატივს ვცემ, ჩვენი სულიერი მამა და მოძღვარი ჩვენი, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, მივცეთ მას საშუალება, რომ წარმოთქვას სიტყვა.
[...]
მე არ შემიძლია ვიყო ხელისუფლების სათავეში და ვიცხოვრო იმ ქვეყანაში, რომელსაც მკვლელებისა და ბანდიტების რეპუტაცია ექნება მსოფლიოში // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 15 სექტემბერი. - №201 (729). - 1 გვ.
![]() |
137 უმაღლესი მიზანი - მთლიანი საქართველოა |
▲ზევით დაბრუნება |
ედუარდ შევარდნაძის საუბარი საქინფორმის კორესპონდენტთან
15 სექტემბერს დასავლეთ საქართველოში სახელმწიფოს მეთაურის ედუარდ შევარდნაძის გამგზავრების წინ საქინფორმის კორესპონდენტმა რამდენიმე კითხვით მიმართა მას.
- რა ხდება დღეს დასავლეთ საქართველოში?
- ექსპრეზიდენტის მომხრეებმა, როგორც იცით, საკმაოდ დიდი ძალები გადასხეს ჯაპანის, დაფნარის მიდამოებში. ამან გადაკვეთა მეორე სასიცოცხლო არტერია. ბათუმი-თბილისი. ეს ძალზე მძიმე შედეგს გამოიღებს თბილისისათვის, ისევე როგორც მთელი საქართველოსათვის. პრაქტიკულად ბათუმიც მარყუჟში აღმოჩნდება, თუ დროზე არ მივმართეთ ღონისძიებებს, საფრთხის წინაშე აღმოჩნდებიან აზერბაიჯანიც და სომხეთიც, რომლებიც ამ არტერიით სულდგმულობენ.
- რა კეთდება ამ საშიშროების აღსაკვეთად?
- დღემდე თავდაცვის სამინისტრო არ იყო აქტიურად ჩაბმული ამ პროცესებში. დასავლეთ საქართველოს პრობლემა - ყველა ჩვენგანის საქმეა. ამიტომ მე ყველას მოვუხმე, თავდაცვის სამინისტროს ყველა შენაერთს, შინაგან ჯარებს, სხვადასხვა ფორმირებებს, რომლებიც სახელმწიფო სტრუქტურებში შედიან და, რაც მთავარია, მთელ ხალხს. როგორც პარლამენტში ვთქვი, მეტის მოთმენა შეუძლებელია, დაიღვარა სისხლი არა მარტო მარიამობის დღეს, არამედ დღესაც, გამთენიისას მოხდა საშინელება. 9 ადამიანი დაიღუპა, ათობით დაჭრილია, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობა, მატარებლის მგზავრები. მკვლელობა-ბანდიტობა გრძელდება. დიდი საფრთხე მოელის ლანჩხუთს, ფოთს, აქვთ გეგმები, რომ ხვალზეგ ვანისა და ზესტაფონის წინააღმდეგ გაილაშქრონ, შემდეგ თეთრ ცხენზე ამხედრებული თბილისში შემოვიდნენ. ამ გეგმებს შესრულება არ უწერია, ეს უგუნურთა გეგმებია, იმათი, ვინც გასწირა საკუთარი თავი და საქართველო.
- თუ ესაუბრეთ ასლან აბაშიძეს, როგორია მისი პოზიცია?
- დილით მქონდა მასთან საუბარი, იგი კიდევ არ კარგავდა იმედს და, როგორც იყო, მიიწვია თავისთან ერთ-ერთი ქობალია და მისი კოლეგები. მაგრამ, როგორც ვიცი, ეს მოწვევა უნაყოფო აღმოჩნდა. სამწუხაროა, რომ აჭარის ხელმძღვანელობის კეთილშობილური მიზანი განუხორციელებელი დარჩა. უნდა შევეცადოთ თავიდან ავიცილოთ ომი, მაგრამ საქართველოს გახლეჩა-განაწილების ნებას არავის მივცემთ - რომელი კუთხეც უნდა იყოს, ვისაც უნდა ეხებოდეს. უმაღლესი მიზანი ჩვენი სამშობლო, საქართველო და მისი ხალხის მთლიანობაა. მიმაჩნია, რომ საქართველო გახდება დამოუკიდებელი და თავისუფალი, და დღეს, ვინც დამოუკიდებელი საქართველოსათვის იბრძვის, დავით აღმაშენებლის მემკვიდრეები არიან. თუ დაგვჭირდება იმ მეთოდებსაც გამოვიყენებთ, რომლებსაც ჩვენი ქვეყნის ეს ყველაზე დიდი მეფე და მოღვაწე იყენებდა. მე მგონი, ეს ბევრს ნიშნავს.
უმაღლესი მიზანი - მთლიანი საქართველოა : ედუარდ შევარდნაძის საუბარი საქინფორმის კორესპონდენტთან // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 17 სექტემბერი. - №203-204 (732). - 1 გვ.
![]() |
138 რუსეთის პრეზიდენტს ბორის ელცინს |
▲ზევით დაბრუნება |
ბორის ნიკოლოზის ძევ,
მოგმართავთ ჩემი სამშობლოსათვის ტრაგიკულ ჟამს. უკვე აღარა მაქვს იმის თავი, რომ რაიმე გთხოვოთ თქვენ, და გაცნობებთ: სოხუმთან თავს იყრიან გუდაუთის დაჯგუფების ტანკები და მძიმე საბრძოლო ტექნიკა. ყოველი წუთი გადამწყვეტია. წუთი-წუთზე მისი ძალები შემოიჭრებიან დაუცველ, თავდაცვის მინიმალურ საშუალებებს მოკლებულ ქალაქში. იგივე ხდება ოჩამჩირის რაიონში, საიდანაც ჩვენ, პატივს ვცემთ რა სოჭის შეთანხმებით ნაკისრ ჩვენს ვალდებულებებსა და თქვენს კეთილ ნებას, გამოვიყვანეთ ცოცხალი ძალა და ტექნიკა. ამის შედეგად თარეშობს უხეში, არაადამიანური ძალა, რომელმაც ფეხქვეშ გათელა სამმხრივი შეთანხმების ფორმა და შინაარსი და რუსეთის - მათი განუხრელი დაცვის გარანტის - როლი. უკვე მესამედ მოატყუეს ჩვენი ხალხი იმათ, ვინც ხელი მოაწერა მორიგებებს და არაფერს აკეთებს მათი შესრულებისათვის.
რა ბრალი მიგვიძღვის რუსეთისა და მსოფლიოს წინაშე? ის ხომ არა, რომ უკვე მერამდენედ ქართველი ერის ისტორიაში ვისურვეთ თავისუფლება და დამოუკიდებლობა?
ყველაფერი, რაც შემიძლია ვთქვა ამის გამო, გითხრათ დღეს, ჩვენი ტელეფონით საუბრის დროს, თქვენ და თქვენს წარმომადგენლებს. ჩვენ განგვაიარაღეს, და ეს იმიტომ მოხდა, რომ დაგიჯერეთ თქვენ. ახლა თავის დასაცავად არაფერი გაგვაჩნია, და მე ისღა მრჩება, რომ გავფრინდე სოხუმს და მის უიარაღო მოქალაქეებთან ერთად შიშველი ხელებით დავიცვა ქალაქი.
ედუარდ შევარდნაძე
1993 წლის 16 სექტემბერი
რუსეთის პრეზიდენტს ბორის ელცინს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 17 სექტემბერი. - №203-204 (732). - 1 გვ.
![]() |
139 შევარდნაძისა და ელცინის სატელეფონო საუბარი |
▲ზევით დაბრუნება |
16 სექტემბერს გაიმართა საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის ედუარდ შევარდნაძისა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ბორის ელცინის სატელეფონო საუბარი. ედუარდ შევარდნაძემ რუსეთის პრეზიდენტს გააცნო აფხაზეთში შექმნილი კატასტროფული სიტუაცია, რომელიც აფხაზ სეპარატისტთა მიერ სოჭის შეთანხმების დარღვევის შედეგია.
- საქართველოს ძალიან ძვირად უჯდება ნაკისრ ვალდებულებათა შესრულება, - უთხრა რუსეთის პრეზიდენტს საქართველოს სახელმწიფოს მეთაურმა. - რუსეთის მხარე კი, უკეთეს შემთხვევაში, სოჭის მორიგებათა დარღვევის გულგრილი მეთვალყურის როლში გამოდის. ძნელია ვირწმუნოთ, რომ ოჩამჩირეზე შეტევა და სოხუმზე ფართო მასშტაბის შესაძლო მოქმედება შეუმჩნევლად იყოს რუსეთისათვის...
ბატონმა ელცინმა განაცხადა, რომ იგი შეშფოთებულია მომხდარი ამბების გამო და დაპირდა, რომ მიიღებს სასწრაფო და გადამჭრელ ზომებს ვითარების გამოსასწორებლად.
- რუსეთი, - თქვა მან, - დაინტერესებულია, რომ საქართველო ერთიანი და სტაბილური იყოს. ეს ჩემი გულწრფელი სურვილია.
დღის მეორე ნახევარში ვითარება სოხუმში კიდევ უფრო გართულდა. იქ გაფრინდა ედუარდ შევარდნაძე. გაფრენის წინ მან სპეციალური დეპეშა გაუგზავნა რუსეთის პრეზიდენტს.
შევარდნაძისა და ელცინის სატელეფონო საუბარი // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 17 სექტემბერი. - №203-204 (732). - 1 გვ.
![]() |
140 სექტემბრის ზარი განსაცდელის ჟამს |
▲ზევით დაბრუნება |
ახალი სასწავლო წელი 20 ენკენისთვეს იწყება
ჩემო თანამემამულენო!
ძნელი შემოდგომით იწყება ახალი სასწავლო წელი. ეტყობა, დიდი ჯაფა მოგვიწევს, დიდი გონიერება და დიდი გაჭირვების გადატანა.
უნდა შევძლოთ ეს ყოველივე.
ამ ძნელბედობის ჟამს მოგმართავთ ყველას - მოსწავლეებსა და მასწავლებლებს, სტუდენტებსა და ლექტორებს, შვილებსა და მშობლებს, ყველას მას, ვინც სწავლობს და ვინს ასწავლის, მოგმართავთ ყველას - ქართველსა და აფხაზს, რუსს და ოსს, სომეხსა და აზერბაიჯანელს, უკრაინელსა და ქურთს, ყველას ვინც აშენებს ჩვენ საერთო სამშობლოს, ერთიანი სახელმწიფოს - ახალი დამოუკიდებელი დემოკრატიული საქართველოს - დღევანდელსა და ხვალინდელ დღეს.
ბევრ თქვენგანს დანგრეული აქვს სასწავლო შენობა, არა აქვს საკუთარი ბინა, არა აქვს წიგნი, არა აქვს რვეული, არა აქვს ტანსაცმელი და საჭმელი, ასეთ დროს სწავლა და სწავლება გმირობის ტოლფარდია.
დიდი მადლობა უნდა მოგახსენოთ ამისათვის.
ჩვენ უნდა მოვერიოთ ამ გაჭირვებას, რადგან სხვა გზა ხსნისა, უბრალოდ, არა გვაქვს. მე იმედი მაქვს, რომ თქვენ ღირსეულად გაუძლებთ ყველა განსაცდელს.
იმასაც ვიტყვი, რომ ყველაზე ძნელი მაინც სულიერი გაჭირვების დაძლევაა - ხშირად საკუთარ თავზე ამაღლება.
ბევრ თქვენგანს ძნელად მოსაშუშებელი ტკივილიც აქვს სულში - სისხლით ნათესავისა თუ ახლობლის, თანამოძმისა თუ თანამოაზრის დაკარგვისა თუ დასახიჩრების, სახლ-კარის დარბევისა თუ ქონების დაკარგვის გამო.
უნდა მოვერიდოთ ამ ტკივილსაც, ისევ მომავლისთვის; არ გავბოროტდეთ, სისხლის აღების წყურვილსა და სიძულვილის ნაცვლად, მიტევება და სიყვარული ჩავასახლოთ ჩვენს სულში, რადგან სისხლის დაღვრასა და სიძულვილს მხოლოდ თვითგანადგურებისაკენ მიჰყავს პიროვნებაც, ხალხიც და სახელმწიფოც.
საქართველო ხომ ის ქვეყანაა, სადაც „ვეფხვი და მოყმეა“ დაწერილი - მიტევებისა და მოყვასის სიყვარულის დიდი ბალადა.
დიდ საქმეს შევუდექით ჩვენ - ახალი სახელმწიფოს მშენებლობას - და სულიერი ამაღლების გარეშე აქ, ეტყობა, ვერაფერი გამოვა.
ღმერთმა განსაცდელი მოგვივლინა ჩვენი ცოდვების გამო და ეს ყველაფერი, რაც გვჭირს, ღვთის სასჯელად უნდა მივიღოთ.
უნდა ვაჯობოთ ყველაფერს - მტერსაც და ჩვენსავე თავში დაბუდებულ ბოროტებასაც.
მე ვიცი, დავძლევთ ამ გაჭირვებებს და ფეხზე დავდგებით - სულიერად განწმენდილნი და ამაღლებულნი. ხვალ საქართველო ის აღარ იქნება, რაც დღესაა.
ხვალ საქართველოში აღარ იქნება სიღატაკე, სიძულვილი, ბოროტება, ხვალ საქართველოში ყველა მის შვილს ექნება უპირობო გარანტია მასში ღვთით ჩადებული ნიჭი და უნარი სრულად გამოავლინოს, ყველასთან თანაბრად იყოს პატრონი იმ ქვეყნისა, საქართველო რომ ჰქვია და პასუხისმგებელიც ამ ქვეყნის ბედზე, თავისი სიცოცხლითა და თავისი ქონებით.
ასეთი ქვეყანა სიყვარულმა უნდა ააშენოს.
ჩვენი ქვეყანა, რომელსაც საქართველო ჰქვია.
ეს ქვეყანა ჩვენია - ყველასი, თანაბრად ყველასი, ვინც დაბადებულა აქ, ვინც ცხოვრობს აქ და ვინც ერთგულია თავისი სამშობლოსი - საქართველოსი. ჩვენია მისი მრავალსაუკუნოვანი ისტროია, მისი დიდი კულტურა, მისი დღევანდელობა და მომავალი.
შეისწავლეთ ეს ისტორია, განიმსჭვალეთ მისი კულტურის ამაღლებული სულით, კიდევ უფრო აამაღლეთ იგი და გადაეცით თქვენს შთამომავლობას, როგორც ხელთქმნილი თუ ხელთუქმნელი ძეგლი და თავად შეჰქმენით ისეთი რამ, რაც გაამდიდრებს ამ კულტურის ტრადიციებს; თავად შეჰქმენით ქვეყანა, დამოუკიდებელი და დემოკრატიული სახელმწიფო, ჩვენი ერთადერთი და ჩვენზე მუდამ მზრუნველი დედა-სამშობლო, ერთიანია სახელმწიფო. თავისი განუმეორებელი ეთნოსითა და განუმეორებელი პიროვნებებით.
ეს სახელმწიფო უნდა შეჰქმნათ თქვენ - მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობთ, სხვადასხვა კულტურული ტრადიციები გაქვთ, სხვადასხვა რელიგია, სხვადასხვა პოლიტიკური მრწამსი, სხვადასხვა ეთნიკური თუ პიროვნული ინტერესები.
ასწავლეთ და ისწავლეთ!
საქართველოს მომავალი დღეს თქვენს ხელთაა!
ედუარდ შევარდნაძე.
სექტემბრის ზარი განსაცდელის ჟამს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 18 სექტემბერი. - №205-206(734). - 1 გვ.
![]() |
141 მადლობას მოვახსენებ ყველას, ვინც კეთილი და ძლიერი ხელი გამოუწოდა და გამოუწვდის საქართველოს |
▲ზევით დაბრუნება |
მიმართვა ჩემი სამშობლოს ყველა მეგობარს!
მოგმართავთ თქვენ ალყაში მოქცეული სოხუმიდან და აღარც კი ვიცი, მოაღწევს თუ არა ჩემი სიტყვები თქვენამდე. ბრძოლები ახლა რამდენიმე უბანში მიმდინარეობს იმ შენობიდან, რომელშიც ჩემს მეგობრებთან ერთად ვიმყოფები, რაც უნდა მოხდეს, მაინც არ დავტოვებ ქალაქს, რომელიც კვლავ ხდება მოტყუებისა და ვერაგობის მსხვერპლი. არ მივატოვებ სოხუმელებს, ტანჯვა და უუფლებობა რომ არგუნა ბედმა საკუთარ ქალაქში, რომელიც უხეში, არაადამიანური ძალის წინაშე ბედის ანაბარა არის დატოვებული. ეს ძალა პირდაპირ საცხოვრებელ უბნებს ბომბავს. ორი განვლილი დღის მანძილზე აქ დაიღუპა 40 და მძიმედ დაიჭრა 253 მშვიდობიანი მცხოვრები. სულ კი ამ ომის დროს დახოცილია 2.081 და მძიმედ არის დაჭრილი 5.802 კაცი.
უკვე მერამდენედ ვეკითხები საკუთარ თავს რა ხდება? რისთვის ხდება ყოველივე?
გუდაუთის ლიდერები ამბობენ, რომ იბრძვიან თავისუფლებისთვის, მშობლიურ მიწაზე ცხოვრების უფლების მოსაპოვებლად. მაგრამ ასეთივე თავისუფლება სწყურია და ასეთივე უფლებების მოპოვებას ცდილობს 240 ათასი ქართველი, რომელთაც საუკუნეთა მანძილზე გაუდგამთ ფესვები აქაურ მიწაზე. ეს მიწა საერთო აკვანია ქართველებისთვისაც და აფხაზებისთვისაც.
ჩვენ აქედან არავის გაძევებას არ ვაპირებთ, მაშინ როცა გუდაუთის დაჯგუფების მფარველთა დანაშაულებრივმა ნებამ განდევნა და გააძევა 150 ათასი ქართველი, რომლებიც ახლა ავადმყოფობითა და შიმშილით იხოცებიან რუსეთისა და საქართველოს ქალაქებში, მათთან ერთად ათასობით აფხაზი, რუსი, სომეხი, აღმოჩნდა აყრილი საკუთარი კერიდან.
ჩვენ არც არავის დაპყრობა განგვიზრახავს - განა შეიძლება საკუთარ მოქალაქეთა დაპყრობა და ოკუპირება საკუთარი მიწისა, რომელიც ჩვენი უძველესი კულტურისა და სახელმწიფოებრიობის კერაა? ჩვენ მხოლოდ რესპუბლიკის სუვერენიტეტის და მართვის სასიცოცხლო არტერიების დაცვას ვცდილობთ, გვსურდა ბოლო მოღებოდა დივერსიასა და ტერორს, და ეს გაგვეკეთებინა ჩვენს აფხაზ თანამოქალაქეებთან ერთად და მათი თანხმობით, აფხაზთა ბანდების ბელადებმა ყველაფერი იცოდნენ. მათ კარგად უწყოდნენ ყოველივე, რომ ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიას ბანდიტები, მოძალადეები, ტერორისტები იყენებდნენ საქართველოს რესპუბლიკის წინააღმდეგ ძირგამომთხრელ ქმედობათა ჩასადენად, მაგრამ ითმენდნენ ყოველივეს და განზრახული ჰქონდათ ეს კოზირი თავისი ინტერესებისათვის გაეთამაშებინათ.
ეს მათ შეძლეს კიდეც და მოახერხეს რუსეთისა და ჩვენი ქვეყნის იმ ძალების უშუალო მხარდაჭერით, და თანამონაწილეობით, რომლებსაც საქართველოს დანაწევრება ჰქონდათ განზრახული. ახლა, როცა ანტიხალხური ძალების მოქმედება თვით საქართველოშიც ერთ ნაკადად შეიკრა, სოჭის ხელშეკრულების, როგორც გუდაუთაში ამბობენ, „სპონტანური“ ძირის გამოთხრა, რუსეთის ზოგიერთი უმაღლესი ჩინის სამხედროთა მოქმედება და რუსეთის პარლამენტის პოლიტიკა ჩვენ გვაძლევს უფლებას ვამტკიცოთ, რომ კარგად კოორდინირებულ და სინქრონიზებულ ერთობლივ შემოტევასთან გვაქვს საქმე. მე მინდა მსოფლიომ შეიგნოს: აფხაზეთი იმპერიის სისხლიანი რევანშის საბრძოლო ველია, „მეორე აგვისტოა“, იმ დენთის კასრია, რომლის მეშვეობითაც არა მარტო შევარდნაძის საქართველო სურთ ააფეთქონ, არამედ ელცინის რუსეთიც.
ამჟამინდელი ჯოჯოხეთის წინაშე ყველა მოვლენა ერთ ლოგიკურ ჯაჭვად ლაგდება. 1992 წლის 3 სექტემბერს ჩვენ მოსკოვში ხელი მოვაწერეთ შემაჯამებელ დოკუმენტს. ჯერ ქაღალდს მელანი არ შეშრობოდა, რომ ეს დოკუმენტი დაქირავებულთა ჩექმებით გათელეს, რომლებმაც უიარაღო გაგრა შტურმით აიღეს. 1993 წლის 14 მაისს დავთქვით: შეგვეწყვიტა ცეცხლი, მაგრამ სოხუმი კვლავ შეტევის ობიექტი გახდა, როგორც ხმელეთიდან, ისე ზღვიდან და ჰაერიდან, ოჩამჩირის რაიონში კი თავით ფეხებამდე შეიარაღებული დესანტი გადმოსხეს და ქალაქი ბლოკადაში მოექცა. დაბოლოს, უკვე მესამედ, ვენდეთ რა რუსეთის სამშვიდობო მისიას, მის, როგორც გარანტისა და შუამავლის როლს, დავდეთ 1993 წლის 27 ივლისს შეთანხმება და პასუხად კვლავ ღალატი მივიღეთ. ...კვლავ აქუხდნენ ქვემეხები, რომლებიც, შეთანხმების შესაბამისად, უნდა გაეზიდათ, აგუგუნდა საბრძოლო ტექნიკის ძრავები, რომლებიც განკომპლექტებული უნდა ყოფილიყო, შეტევაზე გადმოვიდნენ ბოევიკები, რომლებიც თითქოს განიარაღებული ჰყავდათ, და ჩვენ მხოლოდ ისღა დაგვრჩენია, ვთქვათ, რომ ხელშეკრულების შესრულების გარანტმა მხარემ ან არ ისურვა, ან ვერ შეძლო ყოფილიყო გარანტი.
უშედეგო აღმოჩნდა ჩვენი მოლაპარაკება რუსეთის თავდაცვის მინისტრთან გენერალ გრაჩოვთან. თავისთავად კონსტრუქციული მოლაპარაკება, იმავე დღეს დეზავუირებული იყო რუსეთის თავდაცვის მინისტრის ზოგიერთი ხელქვეითის განცხადებებითა და რუსეთის პარლამენტის გადაწყვეტილებით.
არავითარი დადებითი შედეგი არ მოუტანია, ჯერჯერობით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციას და მისი გენერალური მდივნის არაერთგზის მტკიცე განცხადებებს.
ეჭვი არ მეპარება, რომ რუსეთის პრეზიდენტს გულწრფელად სურს ხელი შეუწყოს კონფლიქტის მოწესრიგებას, მაგრამ მას ამაში ხელს უშლის იგივე ძალა, რომელსაც ჩვენი გასრესა სურს.
და მაინც, მე კვლავ მივმართავ ბორის ნიკოლოზის ძე ელცინს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციას უშიშროების საბჭოსა და ბატონ ბუტროს გალის, მთელ პროგრესულ დემოკრატიულ რუსეთს, მთელ მსოფლიო გაერთიანებას მოწოდებით: ნუ დაუშვებთ საზარელ დანაშაულს, შეაჩერეთ პატარა ქვეყნის დასჯა, იხსენით ჩემი სამშობლო და ჩემი ხალხი იმპერიული რეაქციის კოცონზე დაწვისგან. მსოფლიოს უფლება არა აქვს, შეურიგდეს ერთ-ერთი უძველესი ხალხის, დიდი კულტურის შემოქმედისა და მაღალი სულიერი ტრადიციების ქვეყნის მოსპობას.
პატივცემულო ბორის ნიკოლოზის ძევ, თქვენ ბევრი რამ გააკეთეთ საქართველოსათვის, მისთვის უმძიმესი განსაცდელის ჟამს. იქნებ, დადგა დრო, აშკარად თქვათ მის დასაცავად ვაჟკაცური სიტყვა. სიტყვა თქვენი რუსეთის დასაცავად, რადგან ისტორიულად ჩვენი ხალხები მუდამ ერთ ბედს იზიარებდნენ.
იმედს ვამყარებ მეგობარი უკრაინელი ხალხის, მისი პრეზიდენტის დახმარებაზე, რომელთანაც ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებას ურთიერთდახმარების შესახებ. ასევე იმედს ვამყარებ ყოფილი საბჭოთა კავშირის ხალხებისა და რესპუბლიკების, ჩვენი ისტორიული მეზობლების - სომხეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის, ირანის სოლიდარობაზე. ველი დახმარებას ჩვენი დასავლელი მეგობრებისაგან.
მადლობას მოვახსენებ ყველას, ვინც კეთილი და ძლიერი ხელი გამოუწოდა და გამოუწვდის საქართველოს, რომელსაც არარსობის უფსკრულისაკენ უბიძგებენ.
როცა „ცივი ომის“ დამთავრებას ვესწრაფოდი, ძირს ვურყევდი გათიშვისა და გაუცხოების კედლებს, მე ვიბრძოდი ყველა ხალხის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, აზრადაც არ მქონია, რომ კაცობრიობის არსებობისათვის მთავარი საფრთხის თავიდან აცილების შემდეგ სწორედ ჩემს სამშობლოს დაუდგებოდა შავბნელი განთიადი.
იქნებ ვინმემ თქვას, რომ ეს სასოწარკვეთის ამოძახილია, არა! თუ ეს მაინც ამოძახილია, ეს არის სულის, ჩემი და ჩემი ხალხის ამოძახილი და მინდა, რომ ეს ყველამ გაიგონოს. რადგან კაცობრიობა ბედნიერი ვერ იქნება, მშვიდად ვერ ისარგებლებს მშვიდობის სიკეთით, სანამ დაღუპვა ელის თუნდაც ერთს, დაე, ყველაზე მცირერიცხოვან ხალხს.
ამას ვწერ ღამის 3 საათზე. ქალაქს თავს ატყდება ჭურვები, დანგრეულია 1500 საცხოვრებელი სახლი. არ არის წყალი, პური, შუქი, და იფერფლება იმედი. სროლა გრძელდება. ეს-ეს არის რამდენიმე ჭურვი დაეცა სამშობიარო სახლს, სადაც ძუძუმწოვარა ბავშვები და მათი დედები იყვნენ.
არ გემშვიდობებით, გამომშვიდობება არ მინდა. დაე, ღმერთმა არ მოგაკლოთ მშვიდობა და ბედნიერება.
ედუარდ შევარდნაძე.
სოხუმი, 1993 წლის 18 სექტემბერი
მადლობას მოვახსენებ ყველას, ვინც კეთილი და ძლიერი ხელი გამოუწოდა და გამოუწვდის საქართველოს : მიმართვა ჩემი სამშობლოს ყველა მეგობარს! // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 21 სექტემბერი. - №207(735). - 1 გვ.
![]() |
142 წერილი საქართველოს ქალებს! |
▲ზევით დაბრუნება |
ჩემო სათაყვანო ქალბატონებო, დედებო და დებო, შვილებო და შვილიშვილებო, საქართველოს მშვენიერო მანდილოსნებო!
რაღამ უნდა გამაკვირვოს თითქოს და, რაღამ უნდა შემძრას, მაგრამ როდესაც გავიგე თქვენი თავგანწირული და მართლაც ქალური განზრახვის შესახებ - ჩამოხვიდეთ აფხაზეთში და ჩადგეთ მებრძოლ მხარეთა შორის, სული შემეხუთა. როგორ გამწარებულხართ, რამდენი დარდი და ცრემლი გიტარებიათ და როგორ არ გაბოროტებულხართ, როგორი სიყვარულით და სხვისთვის ზრუნვით ხართ აღსავსე.
თქვენთვის ნამდვილად ღირს სიცოცხლეც და სიკვდილიც.
თქვენ, სილამაზისთვის და თაყვანისცემისთვის გაჩენილნი, მძიმე გზას შეუდექით, საქართველოში სიცოცხლის გადარჩენის მძიმე გზას.
თქვენ უნდა მოგბაძონ მსოფლიოს ქალებმა ყველგან - იქ, სადაც იღვრება სისხლი და იქაც, სადაც უზრუნველი და მშვიდია ცხოვრება.
რადგან თქვენი ადამიანური ნაბიჯი სულაც არ ნიშნავს იმას, რომ დედებმა უნდა გადაარჩინონ მხოლოდ საკუთარი შვილები, დებმა - მხოლოდ საკუთარი ძმები, ცოლებმა - მხოლოდ საკუთარი ქმრები.
ეს ყოველივე ბევრად მეტს ნიშნავს - ქალმა უნდა გადაარჩინოს სიცოცხლე, რადგან თავად იგია სიცოცხლის დასაბამი.
გადაარჩინოს არა მარტო საქართველოში, არამედ - მსოფლიოში.
ვისაც ოდნავ მაინც შეუძლია მოვლენათა ანალიზი, ის უნდა მიხვდეს, რომ აფხაზურ-ქართული კონფლიქტი ახლა უფრო მასშტაბურ კონფლიქტში გადაიზარდა, რაც თუ არ ჩაქრა, სულ მალე რუსეთსაც და მსოფლიოსაც გლობალურ კონფლიქტში ჩაითრევს. ეს არის ის, რაც არასდროს არ გათავდება, თუ სიყვარულმა და გონიერებამ არ შეაჩერა.
თქვენ ქალური გუმანით იგრძენით ეს საშიშროება, საქართველოს სხვადასხვა ერის, სხვადასხვა ასაკის, სხვადასხვა რელიგიის აღმსარებელმა ქალებმა.
დიდი მადლობა ამისთვის.
დიდი მადლობა იმისთვის, რომ მარტო საკუთარ სისხლსა და ხორცზე არ ფიქრობთ, რომ მარტო საკუთარი ტკივილით არ მოქმედებთ.
დიდი მადლობა, რომ სხვა მხარესაც უწვდით ხელს, სხვა მხარესაც უთანაგრძნობთ. იქაც შვილმკვდარი დედები დგანან.
დახოცილები დედებმა ერთად უნდა დაიტირონ, ცოცხლები კი ერთად უნდა გადაარჩინონ.
ასეთი დიდსულოვანი და გონივრული ნაბიჯის გადადგმა სწორედაც რომ ვალია „ვეფხისა და მოყმის“ შვილმკვდარი დედის სულიერი მემკვიდრეებისა.
თქვენ ახლაც, როგორც ყოველთვის, სულიერი გაჭირვების ჟამს მამაკაცებზე ძლიერი და სულგრძელი აღმოჩნდით.
თქვენ გინდათ სიყვარულით დაამარცხოთ სიკვდილი, სიძულვილი, ბოროტება... ალბათ ეს ყველაზე სწორი არჩევანია დღევანდელ სიტუაციაში, რადგან დაპირისპირებულთა ამ შეურიგებელ ბრძოლაში მოძალადე თუ გაიმარჯვებს, იგი და მისი შთამომავლობა მაინც მომავალი დამარცხებისთვის იქნება განწირული, რადგან დღეს დამარცხებული, მომავალში ყოველთვის ეცდება რევანშის აღებას.
დიდი უსამართლობაა, რომ ხოცო და ჟლიტო ქართველები იმიტომ, რომ გაყარო ისინი უძველესი მიწიდან, სადაც თუნდაც მატერიალური ძეგლები, თუნდაც მხოლოდ ქართული წარწერები მეტყველებენ იმას, რომ საუკუნეების მანძილზე აფხაზეთი, საქართველოს ერთ-ერთი კუთხე იყო, დიდი კერა ქართული სახელმწიფოებრიობისა და ქართული კულტურისა.
ეს ყველაფერი ისტორიის კუთვნილებაა, რომელსაც ბოროტი და ცრუ მცდელობის მიუხედავად ვერავინ წაშლის. თუმცა დღეს, მეოცე საუკუნის მიწურულს, ეს ყოველივე სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს, რუსი იქნება თუ სომეხი, ბერძენი და ესტონელი, დღევანდელი მკვიდრი აფხაზეთისა თუ მთლიანი საქართველოსი, ნაკლები უფლებებით უნდა სარგებლობდეს, ვიდრე ქართველი და აფხაზი.
თქვენ წინააღმდეგი ხართ ადამიანების ხოცვა-ჟლეტის, ეთნიკური წმენდის, მზაკვრობისა და სიცრუისა... სხვაგვარად არც შეიძლება...
ქალს სიძულვილის გარემოცვაში არსებობა არ შეუძლია, ქალს არ შეუძლია არსებობა იმ მშვენიერების გარეშე, რომელიც ახლა უწყალოდ ნადგურდება, იმ სიწმინდის გარეშე, რომელიც ახლა ყოველ წამს იბილწება...
რა მშვენიერი ხართ ამ თქვენი თავგანწირული მცდელობით, მშვიდობა მოუტანოთ თქვენს მრავალტანჯულ ქვეყანას - საქართველოს, გადაარჩინოთ, დასაღუპად განწირული ადამიანები სიკვდილსა და შეურაცხყოფას...
საოცარი ხართ, და სწორედ ამიტომ მშიერ, სისხლისგან დაცლილ, მაგრამ მაინც ამაყ ჩვენს ქვეყანას ვერავინ დააჩოქებს.
ხმა მიაწვდინეთ რუსეთის დედებსაც, იცოდნენ მათაც, რა ხდება აქ, რომ წინ აღუდგნენ რუსეთის რეაქციონერების ამ მცდელობას, დაიპყრონ და გადააჯიშონ აფხაზეთი.
მშვენიერება თქვენი განზრახვისა მშვენიერს ხდის ყოველ თქვენგანს - ნება მიბოძეთ გეამბოროთ და ნება მიბოძეთ დავუჩოქო ქალს, დედას, რომლის წინაშეც არც ერთ მამაკაცს არა აქვს უფლება ხმლის გაშიშვლებისა.
თქვენი ედუარდ შევარდნაძე.
წერილი საქართველოს ქალებს! // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 22 სექტემბერი. - №208(736). - 1 გვ.
![]() |
143 ედუარდ შევარდნაძე მხარს უჭერს ბორის ელცინს |
▲ზევით დაბრუნება |
- პრეზიდენტ ბორის ელცინის ბრძანებულება ეტაპობრივი კონსტიტუციური რეფორმისა და მისი განხორციელების შესახებ, უთუოდ ხელს შეუწყობს რუსეთში დემოკრატიის დაცვა-განვითარებას, რითაც, უაღრესად არის დაინტერესებული ჩვენი ქვეყანა, ისე, როგორც ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე შექმნილი ყველა დანარჩენი სახელმწიფო, - თქვა ედუარდ შევარდნაძემ საქართველოს საინფორმაციო სააგენტოს კორესპონდენტისათვის მიცემულ ინტერვიუში.
ეს ინტერვიუ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურმა მისცა 22 სექტემბერს დილით სოხუმში, სადაც იგი ხელმძღვანელობს ქალაქის დაცვას, რომელსაც მოულოდნელად შეუტიეს გუდაუთის დაჯგუფების შეიარაღებულმა ფორმირებებმა. მას შემდეგ, რაც მან დაარღვია სოჭის შეთანხმება.
- უკვე არაერთხელ აღვნიშნე, - თქვა აგრეთვე ედუარდ შევარდნაძემ, - რომ ძალა, რომელთანაც საქმე გვაქვს აქ, სოხუმში, აფხაზეთში, მთელ საქართველოში, ელცინსაც, დემოკრატიულ რუსეთსაც უპირისპირდება. იგი მზად არის, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მასშტაბით გააფართოოს რევანშის აფხაზური პლაცდარმი, და სწორედ ამიტომაც, რუსეთსა და მთელ მსოფლიოში კარგად უნდა შეიგნონ, რომ ჩვენ აქ, მარტო ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლეს, საქართველოს თავისუფლებას, ტერიტორიულ მთლიანობასა და დამოუკიდებლობას როდი ვიცავთ.
ედუარდ შევარდნაძე მხარს უჭერს ბორის ელცინს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 23 სექტემბერი. - №209 (737). - 1 გვ.
![]() |
144 „მდგომარეობა სოხუმში უმჯობესდება!“ |
▲ზევით დაბრუნება |
მიუხედავად შექმნილი სიძნელეებისა, 22 სექტემბრის 14 საათისათვის, სახელმწიფოს მეთაურის ხელმძღვანელი ვაჟა ლორთქიფანიძე სპეციალური რადიოკავშირით ესაუბრა ბატონ ედუარდ შევარდნაძეს.
სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ მდგომარეობა სოხუმში უმჯობესდება. გუშინ და დღეს ქალაქში შემოვიდნენ საკმაო ძალები, რომელთა შორის არიან უკვე ნაცადი მეომრები.
დღეისათვის დაგეგმილი იყო სეპარატისტთა გენერალური შეტევა სოხუმზე, მაგრამ მათი ყველა ცდა ჩაიფუშა. ნიშანდობლივია, რომ მოწინააღმდეგეთა რიგებში ძირითადად დაქირავებულნი იბრძვიან.
ჩვენმა მებრძოლებმა დაიბრუნეს სტრატეგიული მნიშვნელობის რამდენიმე პოზიცია და ეს მაშინ, როცა მთავარი ძალები ბრძოლაში ჯერ კიდევ არ ჩაბმულან.
უკეთესი მდგომარეობაა ოჩამჩირის მხარეს. ჩვენი შეიარაღებული ძალები სულ უფრო აქტიურად მოიწევენ სოხუმისაკენ. ახლა ბრძოლები მიმდინარეობს სოფელ კინდღთან მდებარე მაღლობთან, რომელსაც დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ეს ყველაზე რთული უბანია ოჩამჩირე-სოხუმის ტრასაზე.
იქ დღეს მხარდამხარ იბრძვიან და მალე სოხუმში ერთად შემოვლენ ისინი, ვინც ჯერ კიდევ გუშინ უპირისპირდებოდა ერთმანეთს. მე ამ მოვლენას დიდად ვაფასებ და დიდ პოლიტიკურ და ეროვნულ მნიშვნელობას ვანიჭებ. იმედი მაქვს, რომ როცა ისინი სოხუმში, შემოვლენ, ჩვენ დავსხდებით, ვიმსჯელებთ და ისეთ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რაც საქართველოს კეთილდღეობისთვის იქნება აუცილებელი.
დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მათ, ვინც მიუხედავად დიდი გაჭირვებისა, საკუთარი თავგანწირვის ფასად, ყველაფერს აკეთებს აქაური მოსახლეობისა და მეომრების მხარდასაჭერად, საბოლოო ანგარიშით კი საქართველოს გადასარჩენად.
განსაკუთრებული მადლიერებით მინდა აღვნიშნო ჩვენი მეომრების გმირული შემართება საქართველოს ერთიანობისა და ღირსების გადასარჩენად. მიუხედავად უდიდესი გაჭირვებისა, ისინი თითქმის შიშველი ხელებით გმირობის ნამდვილ სასწაულებს ახდენენ, - თქვა საუბრის ბოლოს ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ.
„მდგომარეობა სოხუმში უმჯობესდება!“ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 23 სექტემბერი. - №209 (737). - 1გვ.
![]() |
145 „დღეს აფხაზეთში წყდება საქართველოს ბედი...“ |
▲ზევით დაბრუნება |
22 სექტემბერს, გვიან საღამოს სპეციალური რადიოკავშირის საშუალებით კვლავ შედგა საუბარი ბატონ ედუარდ შევარდნაძესთან, მან სთხოვა სახელმწიფოს მეთაურის აპარატის ხელმძღვანელს ბატონ ვაჟა ლორთქიფანიძეს ეცნობებინა საინფორმაციო საშუალებებისათვის, რომ სოხუმში უფრო ინტენსიურად ხორციელდება ქალაქის დაცვის აუცილებელი ღონისძიებები.
მეომრებმა მიიღეს გარკვეული შევსება. ქალაქის შემოგარენში კვლავ გრძელდება ბრძოლები, არის განაპირა ქუჩებიდან, განსაკუთრებით ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში, ცალკეული ჯგუფების შემოჭრის მცდელობა. ჩვენი მეომრების შეუპოვარი ბრძოლების შედეგად პოზიციები ქალაქში მთლიანად შენარჩუნებულია, საქართველოს შეიარაღებული ძალები სრულ მზადყოფნაში არიან.
დღეს სეპარატისტებმა კიდევ ჩაიდინეს არნახული ვანდალური აქტი, სოხუმის აეროპორტის თავზე სითბური რაკეტებით ჩამოაგდეს სამოქალაქო თვითმფრინავი. მე მახსოვს - თქვა ბატონმა ედუარდმა, - როცა კორეის თვითმფრინავი დაიღუპა, მთელი მსოფლიო შეზანზარდა, სოხუმში კი ორი დღის განმავლობაში, მშვიდობიანი მოქალაქეებით დატვირთული მეორე თვითმფრინავი ჩამოაგდეს. მე მიმაჩნია, რომ ამ ბარბაროსულობამ უნდა შეძრას მთელი მსოფლიო. წარმატებით გრძელდება საქართველოს შეიარაღებული ძალების შეტევა ოჩამჩირის რაიონში, ისინი კიდეც უფრო მიუახლოვდნენ სოხუმს.
თუ ზუგდიდსა და ოჩამჩირის ბლოკადა გაირღვა და სოხუმში ქართველი მეომრები ერთი მიზნით შემოვიდნენ, მაშინ ეს დერეფანი, ზუგდიდი-სოხუმი, თბილისი-სოხუმი, ქუთაისი-სოხუმი, ბათუმი-სოხუმი, აფხაზი სეპარატისტების მიერ შემოთავაზებული დერეფნისაგან განსხვავებით, სამართლიანობის, საქართველოს ერთიანობისა და გამარჯვების დერეფნად იქცევა, ბოლოს და ბოლოს კი ფსოუმდე გავა და აღადგენს ქართველებისა და აფხაზების მრავალსაუკუნოვან ურთიერთობებს, იგი აღარ უნდა დაიკეტოს.
დღეს აფხაზეთში წყდება საქართველოს ბედი. ძალიან უნდათ სეპარატისტებს და მათ მფარველებს, რომ სუხუმის დაცემით დასაბამი მისცენ საქართველოს დაშლას. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი ხალხი, ყველა მოქალაქე, როგორი პოლიტიკური მრწამსისაც არ უნდა იყოს იგი, ამ ძნელბედობის ჟამს საქართველოს ერთიანობისა და მთლიანობისათვის იბრძოლებს - დასძინა საუბრის ბოლოს ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ.
„დღეს აფხაზეთში წყდება საქართველოს ბედი...“ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 24 სექტემბერი. - №210(738). - 1 გვ.
![]() |
146 შევარდნაძე მიმართავს მოხალისეებს |
▲ზევით დაბრუნება |
განახლდა საომარი მოქმედება აფხაზეთში
უცხოეთის პრესიდან: გაზეთი „ფიგარო“; 21.09.93 წ.
აფხაზ სეპარატისტთა მიერ ორ ცეცხლის დაშენას შორის შუალედში ედუარდ შევარდნაძე გამოჩნდა სოხუმში ოფიციალური შენობის აივანზე, რათა მიემართა შეკრებილი ხალხისთვის და გაემხნევებინა ქალაქის დამცველნი. „ეს არის ჩვენი უმაღლესი მთავარსარდალი. მას საგანგებო მისია აკისრიას სოხუმში; იხსნას თავისი ქვეყანა და თავისი ხალხი“, - განაცხადა გელა ჩარკვიანმა, სახელმწიფოს მეთაურის დიპლომატიურმა მრჩეველმა.
გარდაქმნის ხანის ყოფილი დიპლომატისთვის, ედუარდ შევარდნაძისთვის, რომელიც მშობლიურ საქართველოში 1992 წლის მარტში დაბრუნდა, რათა ხელში აეღო მართვა-გამგეობის სადავეები, კარგად არის ცნობილი სიმბოლოების მნიშვნელობა და ძალა. და თუ იგი თავის სიცოცხლეს საფრთხეში აგდებს პატარა, ნახევრადდანგრეულ ზღვისპირა ქალაქში, ეს იმიტომ, რომ იქ წყდება ქვეყნის მომავალი. „სოხუმის დაკარგვა ნიშნავს საქართველოს დასასრულს, იგი გახდება ქვეყნის სრული დაშლის პროცესის პირველი ეტაპი“, - ამტკიცებს გელა ჩარკვიანი.
მოსკოვის ორმაგი თამაში
პატრიოტული არგუმენტები დღეს ნაკლებ გადამწყვეტად მოჩანს, ვიდრე სტრატეგიული მონაცემები. დამოუკიდებელ საქართველოს, რომელზეც იერიში მიიტანეს აფხაზებმა ჩრდილოეთ-დასავლეთიდან, წააწყდა რა დასავლეთში, სამეგრელოში, „ზვიადისტთა“ (ყოფილი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მომხრეთა) შეიარაღებულ გამოსვლებს, ეკონომიკური კრიზისის მარწუხებში მოქცეულს, გაზრდილი მაფიისა და სამხედრო პოლიციის მიერ დასუსტებულს, შესაძლებლობა არა აქვს დაუსხლტეს „დიდი ძმის“ - რუსეთის გავლენას.
ამასობაში მოსკოვი ყოველნაირად ცდილობს არივ-დარიოს საქმეები.
შეთანხმებამ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რომელსაც ხელი მოაწერეს ივლისის დამლევს აფხაზეთში ერთი წლის ომის შემდეგ (არ იკითხება) კაცი რომ შეიწირა, 50 დღესაც ვერ გაუძლო. ხუთშაბათს აფხაზმა სეპარატისტებმა, რომლებსაც სათავეში უდგას ვლადისლავ არძინბა, კვლავ იერიში მიიტანეს სოხუმსა და ოჩამჩირეში.
აფხაზეთში საომარი მოქმედების განახლებიდან ორი დღის შემდეგ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა პავლე გრაჩოვმა პირობა დადო, რომ განალაგებდა რუსეთის არმიის 800 სამხედრო მოსამსახურეს მეომარ მხარეებს შორის ფრონტის მთელ ხაზზე მდინარე გუმისთაზე, სოხუმის მისადგომებთან. მაგრამ გუშინ, როცა მის ჯარისკაცებს ჯერ კიდევ არ ჰქონდათ დატოვებული ყაზარმები, გრაჩოვი აშკარად დადგა აგრესორის მხარეზე და ურჩია ქართველებს წავიდნენ აფხაზეთიდან და მიუსხდნენ არძინბასთან მოლაპარაკების მაგიდას.
„რუსებს რომ სურდეთ, ისინი ორ წუთში შეაჩერებდნენ ხოცვა-ჟლეტას, - ამტკიცებს ერთ-ერთი დასავლელი დიპლომატი, - სწორედ მათ უნდათ უმადლოდნენ აფხაზები თავიანთ შეიარაღებებსა და დახმარებას. რუსები რომ დამდგარიყვნენ მეომარ მხარეთა შორის, ყველაფერი მოგვარებული იქნებოდა“. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წარმომადგენელმა ასე ახსნა ეს მოვლენა: „მათ სჭირდებათ აფხაზეთი, ესე იგი შავ ზღვაზე საქართველოს ტეროტორიის 2/3 რუს მილიტარისტებს ეზიზღებათ შევარდნაძე, რომელიც მოღალატედ მიაჩნიათ, და ფიქრობენ, სანამ შევარდნაძე ქვეყნის ლიდერი იქნება, ისინი კარგავენ კონტროლს რეგიონისადმი“.
სოხუმიდან ედუარდ შევარდნაძემ მოუწოდა ყველა მოხალისეს დადგნენ აფხაზეთის დასაცავად. „ზვიადისტები“, რომლებმაც გამოაცხადეს, რომ „სამშობლო საფრთხეშია“, თითქოსდა, შეუერთდნენ მთავრობის ჯარებს და პირობა დადეს, რომ თავიანთი პოზიციების გავლით გაუშვებდნენ დახმარებას ალყაში მოქცეული სოხუმისათვის.
მაგრამ შიშს კვლავინდებურად ახლავს პატრიოტული აღტკინება. დასავლელი დიპლომატის თქმით, „თუ რუსეთი მხარს დაუჭერს სეპარატისტებს ნაცვლად იმისა, რომ დააშოშმინოს რეგიონი, ყველაზე უარესს უნდა მოველოდეთ“.
სპეციალური კორესპონდენტის
ფილიპ ჟელისაგან.
შევარდნაძე მიმართავს მოხალისეებს - განახლდა საომარი მოქმედება აფხაზეთში // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 24 სექტემბერი. - №210(738). - 1 გვ.
![]() |
147 ედუარდ შევარდნაძის პრესკონფერენცია |
▲ზევით დაბრუნება |
ინფორმაცია სოხუმიდან
23 სექტემბერს სოხუმში გაიმართა სახელმწიფოს მეთაურის ედუარდ შევარდნაძის პრესკონფერენცია ქართველი და უცხოელი ჟურნალისტებისათვის. ქალაქში შექმნილ სიტუაციას მან მეტად რთული უწოდა. აღნიშნა, რომ სოხუმის დამცველი საქართველოს შეიარაღებული ძალები შეუდგნენ ქალაქის უბნებში შემოჭრილი ბოევიკების განდევნას. სოხუმის გაწმენდის ოპერაციები წარმატებით მიმდინარეობს. ბანდიტური დაჯდუფებები ადგილზევე ისპობა. სამწუხაროდ, ჩვენი მხრიდანაც არის მსხვერპლი, თქვა ე. შევარდნაძემ.
შეაფასა რა უახლოესი პერსპექტივები, სახელმწიფოს მეთაურმა ისინი საკმაოდ ოპტიმისტურად დაახასიათა. მისი აზრით, ვითარება შესამჩნევად გაუმჯობესდება მას შემდეგ, რაც ჩვენი დამხმარე ძალები გაარღვევენ ოჩამჩირის ალყას და შევლენ სოხუმში. რეზერვები საკმარისად გვყავს. ჩამოვიდა მებრძოლი ჯგუფი ქუთაისიდან, სხვა რეგიონებმაც გამოგზავნეს დამატებითი ქვეგანაყოფები. წარმატების საწინდარია სატრანსპორტო, და, კერძოდ, სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა ოჩამჩირესთან.
პრესკონფერენციაზე განსაკუთრებული ყურადღების საგანი გახდა სამგზავრო თვითმფრინავებზე აფხაზ სეპარატისტთა თავდასხმის ბოლო ფაქტები. როგორც ცნობილია, 23 სექტემბერს სოხუმის აეროპორტში გუდაუთელმა ბანდიტებმა კიდევ ერთი სამგზავრო თვითმფრინავი ააფეთქეს. აეროპორტის დასაცავად საჭირო გახდა სუ-25 თვითმფრინავის სპეციალური დავალებით გაშვება.
მეთვალყურეთა აზრით, გუდაუთის მხარე დამოუკიდებლად ვერ შეძლებდა სამი დღის განმავლობაში მესამე თვითმფრინავის ჩამოგდებას. ასეთი რამ შეიძლება მხოლოდ უახლოესი, თანამედროვე საშუალებებით, რომლებიც გუდაუთის მხარეს არ გააჩნია. და, რომელთა შემოტანაც შეეძლოთ მხოლოდ კონფლიქტის ზონის ფარგლებს გარედან.
ედუარდ შევარდნაძის პრესკონფერენცია // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 24 სექტემბერი. - №210(738). - 1 გვ.
![]() |
148 გადავარჩინოთ საქართველოს ერთიანობა და მთლიანობა. აქ ძალები საკმარისია! |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოს მეთაურის ბატონ ედუარდ შევარდნაძის მიმართვა სოხუმის მოსახლეობისა და ქალაქის დამცველებისადმი
გუშინ, 24 სექტემბერს 14,30 წუთზე საქართველოს სახელმწიფოს მეთაურმა აფხაზეთის რადიოთი მიმართა სოხუმის მოსახლეობას, ქალაქის დამცველებს. გთავაზობთ ამ რადიოს მიმართვის ტექსტს.
ძვირფასო მეგობრებო, სოხუმელებო, აფხაზეთის, საქართველოს მოქალაქენო! მძიმე დღეები უდგას დღეს მთელ საქართველოს. განსაკუთრებით კი ქალაქ სოხუმს. როგორც იტყვიან, ჭიანჭველებივით შემოესივნენ ამ ჩვენს საყვარელ ქალაქს უცხოელი მომხდურები და აფხაზი სეპარატისტები, მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ სოხუმს იცავს საქართველოს ჯარი, მთელი საქართველო. სოხუმს იცავენ თვით სოხუმელები. მე აღფრთოვანებული ვარ თქვენი გმირობით, ვაჟკაცობითა და თავდადებით. დარწმუნებული ვარ, რომ სოხუმი არ დაეცემა, რამეთუ სოხუმის დაცემით დაიწყება საქართველოს დაცემა. ამას არ დაუშვებს ქართველი ხალხი, ამას არ დაუშვებს ჩვენი სამშობლო. სეპარატისტებს და ავანტიურისტებს, რომლებსაც ისტორია გაასამართლებთ, უნდათ, რომ ქართველმა კაცმა ამ ქართულ ქალაქში აღარ იცხოვროს, ბევრს უნდა, რომ გაგრის ტრაგედია სოხუმშიც გაიმეოროს. ვერ მოესწრებიან ისინი ამას. მე ვიცი, რომ თქვენ კარგად გესმით როგორი ამოცანის წინაშე ვდგავართ. ვიცი, რომ თქვენ ძალიან გიჭირთ, ბევრმა გასაგები მიზეზების გამო დატოვა სოხუმი, მაგრამ თქვენ აქ დარჩით, იმისათვის, რომ იბრძოლოთ სოხუმისა და საქართველოსათვის. როგორც გითხარით, თქვენთან ერთად აქ არის ქართული ჯარი, მოგმართავთ თქვენ, სოხუმის მოქალაქენო, მოგმართავთ ჯარისკაცებს, ოფიცრებს და გენერლებს: მე ვიცი, თუ რა რიგ ძნელია ახლა პოზიციებზე დგომა, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს უფლება შევდრკეთ, ჩვენ ყველანი ჩვენს ადგილებზე უნდა ვიდგეთ. უნდა გავამაგროთ ქალაქი, გადავარჩინოთ სოხუმი და ამით გადავარჩინოთ მთელი საქართველო, მისი ერთიანობა და მთლიანობა. აქ ძალები საკმარისია.
მე მინდა გითხრათ ისიც, რომ აფხაზეთის ხელმძღვანელობა, მინისტრთა საბჭო, ბატონი ჟიული შარტავა, მისი კოლეგები, ქალაქის ხელმძღვანელობა, ქალაქი და მთელი რაიონები, რომლებიც სოხუმს გარს არტყია - ყველანი საბრძოლო მზადყოფნაში არიან. ამას კარგად ხედავს ჩვენი მოწინააღმდეგე და ამიტომაც ასეთი სიძულვილით და ასეთი გამძაფრებით ებრძვის, ანგრევს ჩვენს საყვარელ სოხუმს. მაგრამ მათ ზრახვებს არ უწერია აღსრულება. სულ ცოტა ხანში, რამდენიმე საათის შემდეგ ქალაქში შემოვლენ ახალი ძალები. კოდორს მოადგა მრავალრიცხოვანი ქართული ჯარი თბილისიდან, კახეთიდან, ქართლიდან, იმერეთიდან, განსაკუთრებით სამეგრელოდან, ყოველი კუთხიდან. ლენტეხიდან, რაჭიდან, გურიიდან, ლეჩხუმიდან, სვანეთიდან შემოდიან ჩვენი შვილები, ჩვენი შვილიშვილები იარაღასხმულნი, ტანკებითა და ჯავშანმანქანებით. ისინი ბრძოლით მოიკვლევენ გზას სოხუმისკენ. მე ახლა ველაპარაკე მათ და დამარწმუნეს, რომ დროულად შემოვლენ სოხუმში და ჩვენთან ერთად გადაარჩენენ ჩვენს საყვარელ და ძვირფას ქალაქს. მე მინდა ყველას გთხოვოთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე, შეინარჩუნოთ თქვენთვის ჩვეული გამძლეობა, ვაჟკაცობა და თუ რომელიმე ქუჩაზე, რომელიმე უბანში გამოჩნდება ჩვენი მტერი, მას ისე უნდა დავხვდეთ, როგორც ეს მტერს ეკადრება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ღირსეულად მოვიგებთ ამ ბრძოლას სოხუმისათვის, ჩვენი აფხაზეთისა და ჩვენი საქართველოსათვის.
გისურვებთ ბედნიერებას, ჯანმრთელობას და გამარჯვებას.
გადავარჩინოთ საქართველოს ერთიანობა და მთლიანობა. აქ ძალები საკმარისია! : საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოს მეთაურის ბატონ ედუარდ შევარდნაძის მიმართვა სოხუმის მოსახლეობისა და ქალაქის დამცველებისადმი // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 25 სექტემბერი. - №211-212(740). - 1 გვ.
![]() |
149 რა ხდებოდა სოხუმში |
▲ზევით დაბრუნება |
25 სექტემბერი
სოხუმი, 25 სექტემბერი. დღეს სპეციალური რადიოკავშირით მოხერხდა საუბარი სოხუმში მყოფ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურთან ედუარდ შევარდნაძესთან.
- ქალაქში ყველა სასიცოცხლო სტრატეგიული ცენტრი და არტერია შენარჩუნებულია, - აღნიშნა მან. - ამჟამად ბრძოლები მიმდინარეობს ფუნიკულიორის გასაწმენდად. მოწინააღმდეგე ცოცხალი ძალის დიდ ზარალს განიცდის. მან უკვე ასობით მებრძოლი დაკარგა, დაღუპულთა 80 პროცენტი რუსები, ჩეჩნები და ადიღები არიან. ქალაქის მოსახლეობა მთლიანად მობილიზებულია და ყოველი გოჯი მიწისათვის იბრძვიან, გმირულად ომობს ყველა, ვინც სოხუმის დასაცავად საქართველოს ყველა კუთხიდან თუ დედაქალაქიდან ჩამოვიდა. ახლა მთავარია ჩვენი შეიარაღებული ძალები შემოვიდნენ ოჩამჩირიდან და ამისათვის ყველაფერი კეთდება. მაგრამ, როგორც ადრე აღვნიშნე, ახლა გადაუდებელი და აუცილებელია ყველამ მოაშუროს აფხაზეთს, სადაც ახლა წყდება საქართველოს ბედი.
კორესპონდენტის კითხვაზე, თუ რა აზრისაა ზუგდიდში ყოფილი პრეზიდენტის ჩამოსვლასთან დაკავშირებით, სახელმწიფოს მეთაურმა თქვა: ჩვენ აქ დაკავებული ვართ უფრო
დიდი პრობლემებით, აფხაზეთის, საქართველოს გადარჩენის პრობლემებით და ყველას, ვინც აქ ვიმყოფებით, უპირველესად მხოლოდ ეს პრობლემა გვაწუხებს. ვიმეორებ, ახლა მთავარი აფხაზეთის, საქართველოს გადარჩენაა.
26 სექტემბერი
26 სექტემბერს, ღამის სამ საათზე სახელმწიფოს მეთაურმა ინტერვიუ მისცა საქართველოს ტელევიზიის კორესპონდენტს გურამ გორელიშვილს. გაგაცნობთ ინტერვიუს ტექსტს:
- გუშინდელი 25 სექტემბრის დღე მძიმე გამოდგა, - აღნიშნა ედუარდ შევარდნაძემ, - დღევანდელი კიდევ უფრო ძნელი იქნება. მტერი, პრაქტიკულად, ქალაქშია, დაკავებული აქვთ რკინიგზის სადგური და სხვა სტრატეგიული ობიექტები, ისინი რიცხობრივად მეტნი არიან. 80-90 პროცენტი შემოსულებისა რუსი ბოევიკები არიან, რომლებიც პირველად არ მონაწილეობენ ამ ბრძოლაში, ჩვენ კი სახალხო ლაშქარი გვყავს. ბიჭები ვაჟკაცურად იბრძვიან, ზოგიერთი მათგანი გმირულად დაიღუპა. ძნელია ისეთ გაწვრთნილ რაზმთან ბრძოლა, როგორც რუსი ბოევიკები არიან, იარაღითა და საბრძოლო ტექნიკით მათი უპირატესობა აშკარაა. მათ ისეთი იარაღიც კი გამოიყენეს, რომელიც ამიერკავკასიაში რუსეთის ჯარს საერთოდ არ გააჩნია, მაგრამ სოხუმის დამცველები მაინც ღირსეულად დგანან.
მიუხედავად ასეთი დაძაბული ვითარებისა, დღეს შევხვდით ბატალიონებს, მათ მეთაურებს, რიგით მებრძოლებს, განწყობილება საბრძოლოა: სოხუმისათვის, საქართველოს გადარჩენისათვის - ასეთია მათი დევიზი. რაც შეეხება ძალებს, რომლებიც ახლა ქალაქშია. - აღნიშნა ედუარდ შევარდნაძემ, - ეს ჯერჯერობით, არაა საკმარისი. მართალია, პირველი შევსება უკვე შემოვიდა და ამაში დიდ დამსახურება გია ყარყარაშვილს მიუძღვის, იგი თავად გადმოვიდა მდინარე კოდორის გაღმა, ჩაუდგა სათავეში მოწინავე რაზმს, ბრძოლებით გადალახა მდინარე და სოხუმში შემოვიდა, მაგრამ ეს მაინც მცირეა იმ ამოცანების გადასაწყვეტად, რომლებიც წინ გველის. ველოდებით ახალ შევსებას. სოხუმისკენ თავისი მხედრიონელებით მოემართება გია ვაშაკიძე, სოხუმისკენ მოემართებიან ზუგდიდელები, სხვა დამატებითი რაზმები. ბევრი მათგანი მოადგა კოდორის ხიდს და გვჯერა, რომ მალე შემოვლენ და თუ გადავიტანეთ ეს დილა, და, საერთოდ, დღევანდელი დღე, - ვფიქრობ, რომ მდგომარეობა გაწონასწორდება. ამოცანა უმძიმესი და ურთულესია. გუშინ ქალაქში მიმდინარე ბრძოლებისას თავად გახლდით სოხუმის ცენტრში. ვცდილობდით თავიდან აგვეცილებინა ზოგიერთი არასასურველი მომენტები. ვიმეორებ, უმრავლესობა ღირსეულად იბრძვის, მაგრამ იყო შემთხვევები, როდესაც თვითნებურად მიატოვეს საბრძოლო პოზიციები. სამწუხაროდ, ასეთებიც არიან, მათ წინააღმდეგ კი ბრძოლა იქნება საჭირო და ბრძოლა სასტიკი. დეზერტირი დღეს თავისი ქვეყნის მოღალატეა.
ყველამ იცის, თუ როგორ უჭირს საქართველოს. მისი ბედი დღეს სოხუმში, აფხაზეთში წყდება. წინ მძიმე ბრძოლები გველის, მაგრამ ჩვენ მაინც გავიმარჯვებთ, ასე ფიქრობს დღეს ყოველი ჭეშმარიტი კაცი.
რა ხდებოდა სოხუმში : 25 სექტემბერი, 26 სექტემბერი // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 28 სექტემბერი. - №213(741). - 1 გვ.
![]() |
150 „იცის ღმერთმა, ყველაფერს ვაკეთებდი ამ საშინელი დღის თავიდან ასაცილებლად!..“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის ედუარდ შევარდნაძის განცხადება
27 სექტემბერს, დღის 13 საათზე ქალაქ სოხუმს შემოესივნენ კბილებამდე შეიარაღებული რუსი, ჩეჩენი და აფხაზი ბოევიკები, რომლებმაც ტანკებით და ჯავშნიანი მანქანებით დაიკავეს დღეს სოხუმი. ამ მორიგ ბარბაროსულ აქციას ამჯერად წინ უძღოდა შეთანხმება ცეცხლის დროებით შეწყვეტისა და მოლაპარაკების დაწყების შესახებ. სოხუმის დამპყრობლებმა სიცოცხლეს გამოასალმეს ასობით ადამიანი, დაანგრიეს და დაწვეს სახლები, საცხოვრებელი უბნები, ქალაქის მოსახლეობის მთლიანი ევაკუაცია არ მოხერხდა, მათი სიცოცხლე საფრთხეშია. მრავალტანჯული საქართველო კიდევ ერთი ტრაგედიის ობიექტი გახდა. აფხაზეთში უმოწყალოდ ნადგურდება ქართველი მოსახლეობა. საქართველო დამარცხდა უთანასწორო ძალებთან ომში, რომელიც ერთი დიდი სახელმწიფოს მინისტრის ენით რომ ითქვას, გაჩაღდა ამ ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების უზრუნველსაყოფად საქართველოში. სწორედ იმპერიული ძალების მიერ არის ინსპირირებული აფხაზეთის კონფლიქტი, რის შედეგადაც აფხაზეთის ტერიტორიის ნახევარზე მეტი ოკუპირებულია. სოხუმის გადარჩენა შეიძლებოდა ჯერ კიდევ გუშინ, ეს შეეძლო მხოლოდ რუსეთს - ასეთი თხოვნით მივმართეთ მოსკოვს, გავუგზავნე თანხმობის დეპეშა რუსეთის ხელმძღვანელობას, საქართველოს „სნგ“-ში შესვლის თაობაზე, რომლის წინააღმდეგი ვიყავი ბოლო დრომდე. თანხმობა განვაცხადე რუსეთის თავდაცვის მინისტრის წინადადებაზე, შემოეყვანა საქართველოში დამატებითი შეიარაღებული ძალები აფხაზეთის კონფლიქტთან დაკავშირებით.
ფაქტობრივად საქართველომ დაიჩოქა. ესეც საკმარისი არ აღმოჩნდა, სამწუხაროა, მაგრამ გულახდილად უნდა ვთქვა, რომ გარეშე ძალთა ინტერესები ვერაფერს დაგვაკლებდა, რომ არა შინააშლილობა და თანამოქალაქეთა ღალატი. მოვა დრო და ყველას და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა. სოხუმის დაცემის ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ გარეშე ძალამ კარგად გაითამაშა მოღალატის კოზირი. მე ჩემს თანამებრძოლებთან ერთად შეძრწუნებული ვარ მომხდარით. იცის ღმერთმა, ყველაფერს ვაკეთებდი ამ საშინელი დღის თავიდან ასაცილებლად. ვერ შევძელი. დაე, მაპატიონ თანამედროვეებმა და შთამომავლობამაც.
ედუარდ შევარდნაძე.
„იცის ღმერთმა, ყველაფერს ვაკეთებდი ამ საშინელი დღის თავიდან ასაცილებლად!..“ : საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის ედუარდ შევარდნაძის განცხადება // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 28 სექტემბერი. - №213(741). - 1 გვ.
![]() |
151 ედუარდ შევარდნაძის წერილი ბუტროს გალის |
▲ზევით დაბრუნება |
დიდად პატივცემულო ბატონო გენერალურო მდივანო!
დიდხანს ფიქრის დროს ამ მაძლევს განუწყვეტელი სარაკეტო-საარტილერიო დაბომბვა, რომელიც უკვე კვირაზე მეტია თავს ატყდება სოხუმს. მთელი ჩემი ფიქრები უმწეო ქალებს, მოხუცებს, ბავშვებს დასტრიალებს თავს, რომლებიც დანაშაულებრივი ნების მძევლები აღმოჩნდნენ. მთელი ჩემი საზრუნავი ის არის, თუ როგორ დავიცვა ისინი, საკადრისი პასუხი გავცე მასობრივი ხოცვისა და ნგრევის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს. მხოლოდ ოდნავი მიწყნარების წუთებში თუ ვრჩები ხოლმე მარტოდმარტო საკუთარ თავთან და მეძლევა შესაძლებლობა რაღაცაზე ვიფიქრო. ამ წუთებში გონებაში ვესაუბრები ადამიანებს, რომლებზეც, როგორც ვფიქრობდი, ბევრი რამ იყო დამოკიდებული. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ მათ შორის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი ერთ-ერთი პირველი და მთავარი ჩემი თანამოსაუბრეა.
პოლიტიკოსები ბევრ რამეზე თავიანთი თვალსაწიერიდან მსჯელობენ. მაგრამ ჭეშმარიტებას ხვდები პირადი ტანჯვის, უშუალოდ განცდილი ტკივილების მეშვეობით. გარემოებათა ნებით აღმოვჩნდი რა სიკვდილის პირისპირ, ვიდრე წინათ, ვუყურებდი გაერთიანებული ერების ორგანიზაციას გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან.
როცა საბჭოთა სამხედრო-საჰაერო ძალების რაკეტებით მოსპეს ავიაკომპანია „კორიან ერლაინზის“ სამგზავრო თვითმფრინავი, შეძრწუნებულმა კაცობრიობამ და მსოფლიო საზოგადოებამ ზარები დაარისხეს. სწორედ მაშინ გაისმა პირველად „ბოროტების იმპერია“. სოხუმში მარტო ორი დღის მანძილზე მოსპეს სამოქალაქო ავიაციის 3 თვითმფრინავი 126 მგზავრითურთ, რომელთა შორის სამი თვის ბავშვიც იყო. იმავე დღეებში ჩემს თვალწინ დაბომბეს სამშობიარო სახლი, რომლის ნანგრევებში დაიღუპნენ მშობიარენი და ახალშობილები. იგივე ბედი ხვდა წილად საავადმყოფოს - ახლა უკვე იქ მყოფ დაჭრილთა - ქალაქის მშვიდობიან მცხოვრებთა და დამცველთა საძმო საფლავს.
და მერე? ბომბებსა და ჭურვების აფეთქებების, სასიკვდილოდ განწირულთა კივილს შორის ჩვენამდე არ მოსულა არც ერთი საპროტესტო სიტყვა, აღშფოთებისა და რისხვის არც ერთი შეძახილი. და ახლა ჩემს თავს ვეკითხები, რა ხდება და რით უნდა აიხსნას ასეთი გულგრილობა. იქნებ, ჩვენ იმდენად მოგვქანცა უკანასკნელი დროის საყოველთაო კატასტროფებმა, რომ უკვე ვეღარ ვპოულობთ ძალებს წინ აღვუდგეთ მათ? იქნებ, რაღაცამ უმტყუნა მშვიდობის, მხარდაჭერისა და დაცვის იმ ინსტრუმენტებს, რომლებსაც ერთად ვქმნიდით? იქნებ, ხავსი მოგვეკიდა ბიუროკრატიულად მყუდროებასა და სტრუქტურების კეთილდღეობაში, რომლებიც დაუყოვნებლივ უნდა ეხმაურებოდნენ ნებისმიერ მოწოდებას დახმარების შესახებ? ნუთუ ესოდენ უძლურია მსოფლიო საზოგადოებრიობა, ნუთუ მსოფლიოსათვის დარჩა ეს ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა?
მან უნდა იცოდეს, რომ ბოროტების იმპერია არსებობს და ცხოვრობს, კვლავაც დაუსჯელად თესავს სიკვდილს, აწარმოებს და გზავნის მასობრივი მოსპობის იარაღს, რომელიც აქ, და არა მარტო აქ, ხოცავს მშვიდობიან უდანაშაულო ადამიანებს.
ამას მარტო ჩემს თავს კი არ ვეკითხები, ბატონო გენერალურო მდივანო, თუ რატომ არის, რომ უშიშროების საბჭო არ სვამს კითხვას, საიდან აქვს გუდაუთელთა ხროვის მცირერიცხოვან რაზმებს ესოდენ მძლავრი თანამედროვე იარაღი და ტყვია-წამალი, დასანგრევად მთელ კავკასიას რომ ეყოფა? ვინ უმაგრებს ზურგს ამ ხროვას, ვინ აფინანსებს, ამარაგებს და წარმართავს მას? რატომ არის, რომ არავინ, მათ შორის გაერთიანებული ერების ორგანიზაციაშიც, არ ამხელს ამ ტრაგედიის ჭეშმარიტ მიზეზებს და მათ აშკარა ინსპირატორებს?
ვფიქრობ, რომ ეს რიტორიკული კითხვებია, რომლებიც მგონია, რომ საჯაროდ უნდა დასმულიყო გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში - ისევ და ისევ მშვიდობისა და კაცობრიობის დაცვის ინტერესებისათვის.
არაერთგზის გამიფრთხილებიხართ იმის თაობაზე, თუ რა უმძიმესი შედეგები შეიძლება მოჰყოლოდა ამ კონფლიქტს საყოველთაო უშიშროებისათვის და გულწრფელად მადლობელი ვიყავი ჩემი მიმართვებისადმი გამოჩენილი ყურადღებისათვის. მაგრამ, გთხოვთ ნუ გამინაწყენდებით, თუ გეტყვით, რომ დიდად გამიტყდა გული და იმედები გამიცრუვდა.
კვლავინდებურად ვარ რა ამ პატარა, ოდესღაც უმშვენიერესი ქალაქის ნანგრევებში, მის მკვდარ მიწაზე, მოგმართავთ როგორც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს და კაცს, რომელსაც დიდი ხანია ვიცნობ და პატივს ვცემ, - თხოვნით: გამოიყენეთ მთელი თქვენი ავტორიტეტი, მთელი თქვენი შესაძლებლობანი, რათა შეაჩეროთ ეს ომი და აღადგინოთ აქ მშვიდობა.
გულწრფელად
ედუარდ შევარდნაძე.
სოხუმი, 1993 წლის 22 სექტემბერი.
ედუარდ შევარდნაძის წერილი ბუტროს გალის // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 28 სექტემბერი. - №213(741). - 1 გვ.
![]() |
152 ქვეყნის მთლიანობისთვის - ერთიანი ძალისხმევით |
▲ზევით დაბრუნება |
სახელმწიფოს მეთაურის ბრიფინგი ქართველი და უცხოელი ჟურნალისტებისათვის
ამ ბრიფინგის ინტერესი, ბუნებრივია, დიდი იყო, რადგან ქართველ და უცხოელ ჟურნალისტებს სახელმწიფოს მეთაურის ედუარდ შევარდნაძისგან სოხუმისათვის ბრძოლის თვითმხილველისა და უშუალო მონაწილისაგან უნდა გაეგოთ ჭეშმარიტება იმის შესახებ, რაც იქ მოხდა. როცა ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ მიმოიხილა და გააანალიზა ის, რაც იქ მოხდა. რაც, ამ ათი თვის განმავლობაში თავს დაატყდა სოხუმს, კერძოდ, თქვა: ჩემი დამოკიდებულება უკვე გამოვხატე განცხადებაში, რომელიც სოხუმიდან გამოვგზავნე და იქ გამოთქმული რამდენიმე შეფასება არსებითი ხასიათისაა და პრინციპულად მიმაჩნია.
სოხუმის დაკარგვა უდიდესი მორალური, პოლიტიკური და აუნაზღაურებელი დანაკლისია დღვანდელი საქართველოსთვის. მე ვამბობ დღევანდელი საქართველოსთვის იმიტომ, რომ ხვალ სოხუმი უნდა დავიბრუნოთ. გუშინ 27 სექტემბერს, მე ჩემს გამოთქმებსა და შეფასებებში პირველად ვიხმარე სიტყვა „ოკუპაცია“, „ოკუპირებული ტერიტორია“ დღესაც ამას ვადასტურებ. აფხაზეთის ტერიტორიის ნახევარზე მეტი ოკუპირებულია. ჩემს განცხადებაში გავიხსენე რუსეთის თავდაცვის მინისტრის განცხადება იმის თაობაზე, რომ რუსეთს საქართველოში, კერძოდ, აფხაზეთსა და აჭარაში თავისი სტრატეგიული ინტერესები აქვს. სულ მეშინოდა, რომ მოხდებოდა უარესი, მოხდებოდა ის, რაც მოხდა. ჩემი შთაბეჭდილება ასეთია: სოხუმის აღების გეგმა დამუშავებულია რუსეთის შტაბებში. გენერალური შტაბის უფროსს კოლესნიკოვს არც დაუმალავს - მან თარიღიც კი დაასახელა, როდის დაეცემოდა სოხუმი.
როგორც იცით, თითქმის 10 დღის განმავლობაში სოხუმში ვიყავი, რაც იქ ხდებოდა და მოხდა, ამის აღწერა შეუძლებელია. მე მგონი, გერმანელი ფაშისტების ბოროტმოქმედებათა შემდეგ, ამის მსგავსი არაფერი მომხდარა. ინტერვენტებმა და სეპარატისტებმა დაანგრიეს სოხუმი, დაიღუპა ათეულ ათასობით ადამიანი. ჩემი მონაცემებით, ქალაქში შემოსვლისთანავე მათ დახვრიტეს სრულიად უდანაშაულო ადამიანები, მინისტრთა საბჭოს, სამინისტროების, პოლიციის თანამშრომლები, მოქალაქეები.
ჩვენი მიზანია სოხუმის განთავისუფლება, ოკუპირებული ტერიტორიის დაბრუნება, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. თუ ამას ერთი თაობა ვერ შეძლებს, ამ ამოცანას მეორე თაობა გადაწყვეტს. იმედი მაქვს, რომ ჩემი ხალხი სწორედ გამიგებს ამას.
დღეს საქართველოს ყოველმხრივ უჭირს, ნახევრად მშიერი ქვეყანა ვართ. ჩვენ დავიჩოქეთ, კერძოდ, მხედველობაში მაქვს ჩემი განცხადება, იმ ფარგლებში, რომელშიც საერთოდ დასაშვებია დაჩოქება. მეტს ქართველი ხალხი აღარ დაიქოჩებს. და კიდევ ერთი ჩვენი უბედურება: სოხუმისთვის ბრძოლაში კვლავ იჩინა თავი ჩვენმა შინააშლილობამ. მაგრამ მინდა დღეს გამოვთქვა რწმენა, რომ როგორიც უნდა იყოს ცალკეულ პოლიტიკურ მოღვაწეთა ამბიციები - ფილოსოფიური, იდეოლოგიური, მსოფლმხედველობლური პრინციპების შეუთავსებლობა - საქართველოს მოქალაქეები და მოსახლეობა შეძლებენ გაერთიანებას ქვეყნის მთლიანობისთვის ბრძოლაში.
ახლა უნდა აღვადგინოთ საქართველოს მთლიანობა, გამოვაცოცხლოთ ეკონომიკა და შემდეგ ვიდაოთ ჩვენს შინაურ ამბებზე დასაშვები საყოველთაოდ მიღებული ხერხებით.
ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ მადლობა გადაუხადა ბრიფინგის მონაწილე ქართველ და უცხოელ ჟურნალისტებს თანადგომისთვის, საქართველოში მიმდინარე პროცესების ობიექტურად გაშუქებისთვის. ჩვენ, თქვა მან, მხოლოდ სიმართლე გვინდა, გვინდა ობიექტურად აღვწეროთ ის, რაც საქართველოში და, კერძოდ, აფხაზეთში ხდება. ნურავის ეგონება, რომ სეპარატისტული საფრთხე და უცხო ძალის მხრივ მხარდაჭერა მხოლოდ საქართველოს მოვლენაა. კარგად დავიხსომოთ, იმპერია თავისი ნებით იოლად არ მიდის, იმპერიული აზროვნება, იმპერიული მორალი და იმპერიული პრაქტიკა ჯერ კიდევ ცოცხლობს.
ფართო და მრავალმხრივი იყო ჟურნალისტთა კითხვების სპექტრი. ვინ გააჩაღა ომი აფხაზეთში, ვინ ჩააბარა გაგრა, ხომ არ დადგა დრო, რომ სახელმწიფოს მეთაურმა უპასუხოს ამ კითხვას? მიიღებს თუ არა მონაწილეობას საქართველო ჟენევის შეხვედრაში? რა დახმარებას ელოდება საქართველო დასავლეთისაგან? რა აზრისაა სახელმწიფოს მეთაური დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში შესვლის თაობაზე? ამ და სხვა კითხვებს ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ ამომწურავი პასუხი გასცა.
ჟენევის მომავალ შეხვედრაში საქართველოს მონაწილეობის შესახებ სახელმწიფოს მეთაურმა თქვა, რომ ახლა, როცა რუსეთის საშუამავლო როლი ასეთნაირად იქნა გამოყენებული და გაგებული, ჩვენ იქ არაფერი გვესაქმება.
- რაც შეეხება საქართველოს შესვლას დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში, ეს იყო ჩემი ბოლო შანსის გამოყენება სოხუმისა და აფხაზეთის გადასარჩენად, - აღნიშნა ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ. - ეს გადაწყვეტილება მივიღე ჩემს კოლეგებთან და პარლამენტთან მოუთათბირებლად. ვიმედოვნებდი, რომ პოზიციის ასეთი გამოხატვა სტიმულს მისცემდა სოხუმში განლაგებულ პარაშუტისტთა ბატალიონს სამშვიდობო მისიის შესრულებისათვის. საკმარისი იყო, სოხუმში ერთი ბატალიონი გამოყენებულიყო, რომ სისხლისღვრა და ომი შეწყდებოდა. დღეს, რა თქმა უნდა, მეორედ აღარ მაქვს უფლება ჩემს ხალხთან მოუთათბირებლად მივიღო ასეთი გადაწყვეტიელბა.
ოჩამჩირის რაიონში მიმდინარე საბრძოლო ოპერაციებს რომ შეეხო, სახელწმიფოს მეთაურმა თქვა: იქ მყოფი დაჯგუფების ძირითადი ნაწილი ცდილობდა გაერღვია ზღუდე, რომელიც სეპარატისტებმა სოხუმის მოსასვლელთან, მდინარე კოდორთან აღმართეს, მეორე ნაწილმა კი არ მიიღო გადაწყვეტილება ბრძოლაში ჩაბმის შესახებ. მაგრამ ეს არ არის რეგისტრირებული და ოფიციალურად დაკანონებული სამხედრო ფორმირება. რაც მოხდა ოჩამჩირეში, ამ დაჯგუფებაში, იმ წინააღმდეგობის ანარეკლია, რომელთანაც ჩვენს ცხოვრებაში რეალურად გვაქვს საქმე. ეს დაჯგუფება რომ ჩასულიყო სოხუმის დასაცავად, ქალაქი არ დაეცემოდა.
ახლა სოხუმი მკვდარი, ცარიელი ქალაქია, მოსახლეობა გაიხიზნა.
რაც შეეხება ცნობას აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის ჟიული შარტავას დაღუპვის შესახებ, სახელმწიფოს მეთაურმა თქვა, რომ ვერ იტყვის, რამდენად ზუსტია ეს ცნობა. როცა გუშინ იგი დარწმუნდა, რომ საფრთხე ემუქრებოდა მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის სიცოცხლეს, მისი თხოვნით დაურეკეს მოსკოვში პასტუხოვს, რომელსაც არძინბა დაჰპირდა, რომ გასცემდა ბრძანებას ევაკუაციისთვის დერეფნის შექმნის თაობაზე. მაგრამ ეს არ გააკეთა. თუ ეს ტრაგედია მაინც მოხდა, ეს არა მარტო სეპარატისტების არამედ პასტუხოვისა და მის თანამოაზრეთა სინდისზე იყოს.
დასასრულს ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ თქვა: ქართველობა უნდა გერთიანდეს. იქნებ, მეოცე საუკუნის მიწურულს განვიკურნოთ იმ ჭირისა და ავადმყოფობისაგან, საუკუნეთა განმავლობაში რომ გვანგრევდა.
ქვეყნის მთლიანობისთვის - ერთიანი ძალისხმევით : სახელმწიფოს მეთაურის ბრიფინგი ქართველი და უცხოელი ჟურნალისტებისათვის // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 29 სექტემბერი. - №214(742). - 1 გვ.
![]() |
153 როგორ ვუშველოთ საქართველოს |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს მინისტრთა კაბინეტის რიგგარეშე გაფართოებული სხდომა
[...]
სხდომაზე სიტყვა წარმოთქვა ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ. მან კერძოდ თქვა:
- ომი აფხაზეთში გამძაფრდა. ახლა მთავარია, რომ ჩვენი არმია შეივსოს ახალი ძალებით, ტექნიკით, აუცილებელი საარსებო საშუალებებით კვლავ აღდგეს მხედრული სული, რომელიც, სამწუხაროდ, გარკვეული ძალების დეზინფორმაციისა და გამიზნული მოქმედების წყალობით შესამჩნევად შეირყა. უნდა ვიფიქროთ ხვალინდელ დღეზე.
ამ უმძიმეს სიტუაციაში, აღნიშნა სახელმწიფოს მეთაურმა, თავდადებით იშრომეს კავშირგაბმულობის სამინისტრომ, სატრანსპორტო სამსახურმა, თითქმის შეუძლებელი შეძლეს აფხაზეთისა და საქართველოს ჯანმრთელობის სამინისტროებმა, ბევრი რამ გააკეთეს აჭარამ, ქართლმა, კახეთმა, სვანეთმა, მესხეთმა, გურიამ, იმერეთმა, საქართველოს ყველა კუთხემ. აქტიურად მუშაობს ოჩამჩირეში საკოორდინაციო შტაბი, რომელსაც ვიცე-პრემიერი ავთანდილ მარგიანი ხელმძღვანელობს.
ჩვენი განსაკუთრებული ზრუნვის საგანი ახლა არის ლტოლვილთა, უსახლკაროდ დარჩენილთა უსაფრთხო ზონაში გადმოყვანა და დაბინავება. მათი უმრავლესობა სვანეთში მიდის, აუცილებლად დავეხმაროთ მათ გადაადგილებასა და, შეძლებისდაგვარად, მოვუხსნათ ყველა პრობლემა, რაც ადგილზე შეიძლება შეიქმნას.
როცა სახელმწიფოს მეთაური აფხაზეთის ომში რუსეთის როლს შეეხო, მან აღნიშნა, რომ საკითხი პრინციპულად უნდა დადგეს. თუ რუსეთს სურს ნორმალური ურთიერთობა ჰქონდეს ჩვენთან, მან უნდა დაგვიბრუნოს ჩვენი კუთვნილი ქონება. ამის მორალური უფლება ჩვენ გვაქვს. იმისათვის, რომ სოხუმი გადარჩენილიყო, მე მზად ვიყავი ყველაფერზე დავთანხმებულიყავი, იმაზეც კი, რისი წინააღმდეგიც ვიყავი. რუსეთს განსაკუთრებული ზომების გარეშე შეეძლო გადაერჩინა სოხუმი, მაგრამ მოტყუებული აღმოვჩნდით. ნურავინ იტყვის, მხოლოდ აფხაზებმა დაამარცხეს ქართველები. დღეს დილით სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქთან ილია მეორესთან შეხვედრისას ვთქვი, რომ საქართველო ისეთი ტკბილი ლუკმაა, იმპერია არ დათმობს-მეთქი მას. ამგვარი პოლიტიკის წინააღმდეგ ხმა უნდა აღიმაღლოს ყველამ, რათა რუსეთი კვლავ არ გამოვიდეს ევროპის ჟანდარმის როლში. მე არავის მოვუწოდებ ბრძოლა გამოუცხადოს რუს ხალხს, ჩვენ უნდა ვებრძოლოთ იმპერიულ ძალებს. და აქ საჭიროა შორსმჭვრეტელური, ღრმად გააზრებული პოლიტიკა.
სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ ყველა პრობლემის მოწესრიგებასა და გადაჭრას, რომელიც დაკავშირებულია ჩვენს ტკივილთან - აფხაზეთთან, განახორციელებს სპეციალური ოპერატიული შტაბი პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით.
[...]
როგორ ვუშველოთ საქართველოს : საქართველოს მინისტრთა კაბინეტის გაფართოებული სხდომა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 29 სექტემბერი. - №214(742). - 1, 2 გვ.
![]() |
154 საქართველოს უბედურების მასშტაბი ისეთია, რომ საჭიროა დახმარების სასწრაფო შეთანხმებული საერთაშორისო პროგრამა |
▲ზევით დაბრუნება |
ედუარდ შევარდნაძის განცხადება
პრაქტიკულად დაუცველი სოხუმის ათდღიანი შტურმი, ბარბაროსული ცეცხლი და საცხოვრებელი უბნების დაბომბვა, სამოქალაქო მოსახლეობის გაჟლეტა დამთავრდა მკვდარი ქალაქის აღებით. სისხლიან სასაკლაოზე გადარჩენილი მშვიდობიანი ქართველი მცხოვრებნი იზიარებენ ქუჩის ბრძოლებში ქალაქის დამცველი თავიანთი თანამებრძოლების ხვედრს, მათ ხვრეტენ ადგილზე, რითაც არღვევენ მორალისა და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ მიღებულ ნორმებს. „გაურკვეველ გარემოებაში“, როგორც წერენ მკვლელთა ბანდების სულისჩამდგმელნი, სიკვდილით უსწორდებიან ტყვედ ჩავარდნილებს, მათ შორის და, უპირველეს ყოვლისა, იმ ადამიანებს, რომლებიც ესწრაფვოდნენ მშვიდობას და ყოველ ღონეს ხმარობენ მის მისაღწევად.
სოხუმი რომ აიღეს, რუსმა, ჩეჩენმა, აფხაზმა ბოევიკებმა შემდეგ დაანგრიეს გულრიფშის რაიონი, დაწვეს ქალაქი ოჩამჩირე და ეხლა საფრთხე ემუქრება აფხაზეთის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ქართულ რაიონს, გალის რაიონს და მის ასიათასიან მოსახლეობას.
ეთნიკურმა წმენდამ, რომლის განხორციელებაც სეპარატისტებმა მეთოდურად დაიწყეს მდინარე ფსოუდან, ეხლა მთელი აფხაზეთი მოიცვა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ეთნიკურმა უმცირესობამ პირველად დაამკვიდრა თავისი ძალაუფლება მასობრივი ძალადობისა და ტერორის მეთოდით.
მისი ლიდერები ვერ მიაღწევდნენ ამას გარეშე ძალის დაუხმარებლად. აფხაზური სეპარატიზმი იმპერიული რუსეთის, ეროვნულ-კომუნისტური რევანშის რუსეთის მიერ არის გამოზრდილი, ნასაზრდოები, წახალისებული და წარმართული.
რუსეთის მხარეს, რომელმაც იკისრა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 1993 წლის 27 ივლისის შეთანხმების დადების ინიციატორისა და მისი განუხრელი შესრულების გარანტის როლი, „გამოეპარა“ მისი ჩაფუშვისთვის აქტიური მზადება. მთელი ქვედანაყოფები და ათობით ერთეული მძიმე საბრძოლო ტექნიკა დამალეს ან დატოვეს პოზიციებზე, რათა შეთანხმებულ მომენტში თავს დასტყდომოდნენ სოხუმსა და დასახლებულ პუნქტებს ოჩამჩირის რაიონში. დაუფარავად მიდიოდა ამისათვის მზადება, დაუფარავად ხორციელდებოდა ქართული მოსახლეობის დაშინების აქციები, რომლებსაც ატოვებინებდნენ აფხაზი სეპარატისტების კონტროლს დაქვემდებარებულ ტერიტორიას.
იმ განცხადების მიუხედავად, რომ მკაცრი კონტროლია დაწესებული მდინარე ფსოუზე გამავალი საზღვრისადმი, 16 სექტემბრის შემდეგ აქედან გუდაუთაში რუსეთის მხრიდან დაუბრკოლებლად შედიოდნენ სატრანსპორტო საშუალებები შეიარაღებული დაქირავებულებით, ტექნიკით, ტყვია-წამლით. გომბორის აეროდრომზე ეშვებოდნენ დატვირთული თვითმფრინავები. იერიშისა და დაპყრობის არსენალს განუწყვეტლად ემატებოდა მძიმე ქვემეხებიდან და „გრადის“ ტიპის დანადგარებიდან ქალაქისათვის ცეცხლის დაშენა, რომელთა დროს სოხუმს ყოველდღე ხუთასიდან რვასაამდე ჭურვი ხვდებოდა, მოწმობს, რომ მათი მარაგი არ ილეოდა. დამპყრობლები ბრძოლას უახლესი იარაღით აწარმოებდნენ. საბრძოლო მოქმედების წარმოების ხასიათი, უდავოდ, მათი დაგეგმვისა და წარმოების პროფესიული ხარისხითა და დონით გამოირჩეოდა. მათ ერთიანი ცენტრი მართავდა.
ამ საომარი ავანტიურის სულისჩამდგმელებმა და ორგანიზატოერებმა არანაირი შედეგის წინაშე უკან არ დაიხიეს. შედეგი კი გახლავთ დანგრეული ქალაქი, ათასობით დახოცილი, დაჭრილი, უგზო-უკვლოდ დაკარგული. ამჟამად, ზემო სვანეთის გზებითა და ბილიკებით დასავლეთ საქართველოსკენ მიიწევს 120 ათასი ლტოლვილი, რომლებიც წინაპართა მიწაზე სიკვდილს გაექცნენ. მათ შორის 58 ათასი ბავშვია, 45 ათასი ქალი, დანარჩენები - მოხუცები, ინვალიდები, დაჭრილები. მათი თანამგზავრია შიმშილი, გაყინვის, მასობრივი დაავადების, მკაცრ მაღალმთიანეთში სიკვდილის საფრთხე. მშობლიური ადგილებიდან ათასობით ქართველის აყრით გამოწვეულ ტანჯვას კიდევ უფრო ამძიმებს საერთო-ეროვნული ტრაგედიის გაცნობიერება, რაც დაატრიალა საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაციამ და მისი მთლიანობის დარღვევის უაღრესად გაზრდილმა საშიშროებამ. ნაღალატევი და გაყიდული ხალხი - რა შეიძლება იყოს ამაზე უფრო საშინელი! დიდმპყრობელობისა და ეროვნული მოღალატეობის მსახვრალი ხელით თავს დატეხილი უბედურება კიდევ დიდხანს გაჰყვება საქართველოს. მაგრამ არა მარტო მას. უახლოეს და შორეულ პერსპექტივაში გუდაუთის მფარველთა ორმაგი სტანდარტის პოლიტიკის შედეგები თავს იჩენს მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეზე, და დანარჩენ მსოფლიოსაც გადასწვდება. ჩვენ გაფრთხილებთ: საქართველო მხოლოდ ტოტალური იმპერიული რევანშისათვის დაპროგრამებული მანქანის საცდელი პოლიგონი გახლავთ.
სოხუმის დაცემის შემდეგ ყოველივე ამას განზრახ აფუჩეჩებენ. არ ასახელებენ ტრაგედიის ნამდვილ მიზეზებსა და დამნაშავეებს. მსოფლიო საზოგადოებრიობის მთელი ყურადღება გადააქვთ დაპყრობილი რაიონების მოსახლეობის ჰუმანურ დახმარებაზე, მშვიდობიან მოქალაქეთა ევაკუაციის მასშტაბზე, ოკუპირებული რაიონებიდან ლტოლვილების გამომყვან ხომალდებზე
ჩვენ უდიდეს მადლობას ვიხდით ამ დახმარებისათვის და ვითხოვთ, რაც შეიძლება მეტად გაზარდონ მისი მასშტაბი. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი თანამოქალაქეთა ხსნის აქციებში მონაწილეთა რიცხვი გაიზრდება სხვა ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების - წითელი ჯვრის, გაეროს ლტოლვილთა საქმეების, უზენაესი კომისრის სამმართველოს, თავად გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ხარჯზე. ჩვენდა საუბედუროდ, მისი შესაძლებლობები და პრაქტიკული ძალისხმევა საკმარისი არ აღმოჩნდა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის პოლიტიკური მოწესრიგების, ომის განახლების თავიდან აცილებისათვის. ახლა იძულებული ვართ ვთხოვოთ გაეროს გენერალურ მდივანს, მის საქვეუწყებო ინსტიტუტებს: დაგვეხმარეთ, რათა თუნდაც შიმშილის, სნეულებების, დაღუპვისაგან ვიხსნათ ათიათასობით ჩვენი თანამემამულე - გარეშე ძალის, სეპარატიზმის, ეთნოციდის სტრატეგიული ინტერესების უზრუნველყოფის დანაშაულებრივი პოლიტიკის მსხვერპლნი რომ გახდნენ. ანალოგიული თხოვნით მივმართავთ ამერიკის შეერთებულ შტატებს, გერმანიას, ინგლისს, საფრანგეთს, იტალიას, კანადას, იაპონიას, დასავლეთისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებს. საქართველოს უბედურების მასშტაბი ისეთია, რომ საჭიროა დახმარების სასწრაფო შეთანხმებული საერთაშორისო პროგრამა.
იმედს ვამყარებ რა ყველა იმათ გულმოწყალებასა და გულისხმიერებაზე, თანაგრძნობაზე, ვინც გამოეხმაურება ამ თხოვნას, წინასწარ გიხდით მადლობას ამ დახმარებისათვის.
საქართველოს უბედურების მასშტაბი ისეთია, რომ საჭიროა დახმარების სასწრაფო შეთანხმებული საერთაშორისო პროგრამა : ედუარდ შევარდნაძის განცხადება // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 1 ოქტომბერი. - №216(744). - 1 გვ.
![]() |
155 ედუარდ შევარდნაძე: „ჩვენი უახლოესი მიზანია საქართველოს ერთიანობის აღდგენა და ჩვენი მთლიანობის გარანტიების შექმნა“ |
▲ზევით დაბრუნება |
4 ოტომბრის რადიოინტერვიუ
ყველასთვის ცნობილი მიზეზების გამო, ბოლო ორი კვირაა, პარლამენტის თავმჯდომარის - სახელმწიფოს მეთაურის ედუარდ შევარდნაძის რადიოინტერვიუ არ შემდგარა. ამიტომ, დღევანდელი ვითარების ფონზე სავსებით ბუნებრივია ის ინტერესი, რომელსაც იჩენს საქართველოს მოსახლეობა ამ ინტერვიუსადმი.
- სოხუმის დაცემის შემდეგ აშკარად გამოჩნდა, თუ ვინ ებრძვის საქართველოს, ამას მოჰყვა ფოთის აღება, სადაც იგივე ძალები იყვნენ ჩართული, აფხაზეთში რომ ებრძოდნენ საქართველოს, და ყველაფერი ეს შინა ღალატის შედეგია. მოსახლეობაში გაჩნდა ერთგვარი შიში, რომ დაბრუნდება ექსპრეზიდენტი და საქართველოში 1921 წელი განმეორდება, ანუ მოხდება ქართველთა ხელით საქართველოს დაპყრობა და სხვისი გავლენის ქვეშ მოქცევა. კომენტატორ ნატო ონიანის ამ კითხვით დაიწყო საუბარი სახელმწიფოს მეთაურთან.
- ღალატი, რომლის შესახებაც არის საუბარი, ფაქტია. ეს დამღუპველი მოვლენა აღმოჩნდა სოხუმისათვის ბრძოლაში. შემდეგ კიდევ ბევრი რაიონი დაიკარგა. ვფიქრობ, ღალატისა და მოღალატეთა შტაბის საძებნელად შორს არ უნდა წავიდეთ, ეს შტაბი ახლა ზუგდიდშია დისლოცირებული. ყველაზე სამწუხარო, ჩემთვისაც და ხალხისთვისაც ის არის, რომ ასევე ფაქტია ამ შტაბის ნამდვილი ალიანსი აფხაზ სეპარატისტ-ფაშისტებთან, უცხო ქვეყნის ნაძირალებთან. ესეც უდავოა - ალიანსი, დაწყებული მოსკოვის პუტჩიდან და უფრო ადრეული
პერიოდიდან დღევანდლამდე. ამიტომ, ჩვენი ერის, ჩვენი სახელმწიფოს ყველა მოქალაქის ღირსებისა და ყოფნა-არყოფნის საკითხია ვებრძოლოთ ღალატს, როგორც მოვლენას საქართველოში, მზის სინათლეზე გამოვიყვანოთ მოღალატენი. თუ ასე იქნება და თავს გავართმევთ ამ დიდ ისტორიულ ამოცანას, მაშინ ჩვენი სახელმწიფოს სხვისი გავლენის ქვეშ მოქცევის არავითარი საფრთხე არ უნდა გვაშინებდეს. და მაინც თუ ასეთი საფრთხე რეალურია, ეს მხოლოდ ჩვენი ბედოვლათობის გამო მოხდება. ამიტომ მიმაჩნია, რომ ღალატის პრობლემა უნდა გავაშიშვლოთ. როგორც იტყვიან, ადუღებულ კუპრში ვიხარშებოდი, როცა ვხედავდი, რას ნიშნავს ღალატი რეალურად, როცა მის შედეგად ყოველი მტკაველი მიწა იკარგება.
- აფხაზეთის მოვლენებმა მსოფლიოს დაანახა, რომ ამ პატარა აფხაზეთს საქართველო კი არ ჩაგრავს, არამედ იქ არსებული ფაშისტური სეპარატიზმი ცდილობს დიქტატურის დამყარებას. კონფლიქტის ზონაში არასაკმარისად ეფექტური იყო საერთაშორისო ორგანიზაციების, კერძოდ, გაეროს ჩარევა. შესაძლებელია თუ არა, რომ უახლოეს მომავალში პრაქტიკულად განხორციელდეს გენარალ შალიკაშვილის მიერ შემოთავაზებული წინადადება - ნატოს სწრაფი რეაგირების არმიის შეყვანა კონფლიქტის ზონაში?
ამასთან დაკავშირებით, სახელმწიფო მეთაურმა თქვა, გენერალ შალიკაშვილის ახლახან გამოთქმული მოსაზრებანი კონფლიქტის ზონაში ნატოს სწრაფი რეაგირების არმიის შეყვანის შესახებ, ჩემ მიერ ადრე გამოთქმული მოსაზრების იდენტურიაო. სამწუხაროდ, აღნიშნა მან, მაშინ ამ წინადადების რეალიზება არ მოხერხდა. ახლა სასიხარულო და სასიამოვნოა, რომ ეს მოწოდება გაისმა ამერიკის შეერთებული შტატებიდან - ვაშინგტონიდან, თუმცა იგი მხოლოდ მოწოდების დონეზეა. ამიტომ, არა მგონია, რომ ეს უახლოეს ერთ-ორ თვეში განხორციელდეს, მაგრამ საგულისხმოა ისიც, რომ გენერალი ამ საკითხს არ დასვამდა, თუ არ ექნებოდა გარანტია, რომ მას მხარს უჭერენ თეთრი სახლი და უშიშროების საბჭოს რამდენიმე წევრი მაინც. ამიტომ საკითხი პერსპექტიულია.
კომენტატორი: აფხაზეთის ოკუპაციას და რუსეთის შუამავლის გარანტის როლის შეუსრულებლობას თან დაერთო ჭორები საქართველოში ანტირუსული ისტერიის შესახებ, კერძოდ, კავკასიაში დისლოცირებული რუსეთის არმიის პრესსამსახურის განცხადების გამო, თითქოს საქართველოში მზადდებოდეს ტერორისტული აქტები რუსი სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახების წინააღმდეგ. გუშინწინ კი რუსეთის მთავრობამ სულ სხვაგვარი განცხადება გააკეთა, ასევე საპირისპირო განცხადება გააკეთეს თბილისში რუსეთის დელეგაციის წევრებმაც. ხომ არ იყო ეს მოსკოვის გუშინდელი მოვლენების წინათგრძნობით გამოწვეული?
- ბევრი რამ პოლიტიკაში ძნელად ასახსნელი გახდა. გარკვეული დრო იქნება საჭირო იმისთვის, რომ ყველაფერი ამომწურავად გაანალიზდეს და სრულყოფილი დასკვნებიც იქნეს გამოტანილი. რაც შეეხება პრესსამსახურის განცხადებაში გამოთქმულ ანტირუსულ ისტერიას, ვერ გეტყვით, რომ ანტირუსულ მოვლენებს ახლა ისტერიის ხასიათი ჰქონდეს. მაგრამ თუ იმის მიხედვით ვიმსჯელებთ, რაც აფხაზეთში მივიღეთ რუსეთის შუამავლობის შედეგად, რა თქმა უნდა, მოულოდნელი არ უნდა იყოს ის, რომ საქართველოში რუსეთის პოლიტიკისადმი ჩამოყალიბდეს გარკვეული ნეგატიური დამოკიდებულება. ეს მე უკვე ვთქვი და გუშინაც განვაცხადე, რომ ჩვენ პატიოსნები ვართ რუსეთისადმი დამოკიდებულებაში. რაც შეეხება რუსეთის მთავრობის ბოლო განცხადებას, იგი ძლიერი განცხადებაა, რომელშიც პირველად არის აღიარებული გენოციდის ფაქტი, სეპარატიზმის საფრთხე, სხვათა შორის, სეპარატისტებთან ერთ დაფაზე განიხილა რუსეთმა გამსახურდიას მომხრეები და სხვები. მე მგონი, ეს შემთხვევითი მოვლენა არ არის, ეჭვი არ მეპარება, რომ ეს ბოლო განცხადებაც, ისევე, როგორც მოქმედების ადრინდელი კურსი აფხაზეთთან მიმართებაში, იმის ანარეკლია, რაც რუსეთის საზოგადოებაში ხდებოდა და ხდება. მე ხშირად მაკრიტიკებდნენ პარლამენტშიც და პარლამენტის გარეთაც იმისთვის რომ რუსეთს ორად ვყოფ - დემოკრატიულ და რეაქციულ რუსეთად. საქმე ის გახლავთ, რომ დემოკრატიულ რუსეთს, დემოკრატიულად განწყობილ ხელმძღვანელებს, ანგარიში უნდა გაეწიათ სწორედ იმ რეაქციული რუსეთისათვის, რომლის ძალაც გუშინ გამოვლინდა და დადასტურდა მოსკოვში. ალბათ, რუსეთის ხელმძღვანელობა და, კერძოდ, პრეზიდენტი ადგა იმ კურსს, რომ ანგარიში უნდა გაეწია ამისათვის და გუშინდელ კონფლიქტამდე არ მიეყვანა საქმე. რეაქციული ძალებისათვის ანგარიშის გაწევა საქართველოს ძალიან ძვირად დაუჯდა. არ ვიცი, პრაქტიკულად როგორი იქნება განცხადების შემდგომი მოქმედება, მაგრამ თავისთავად ამ განცხადების გაკეთება, ის, რომ მან იხილა მზის შუქი, უკვე ბევრს ნიშნავს. ეს გარკვეული აზრით, ჩვენი მორალური გამარჯვება და რუსეთის დემოკრატიული ძალების გამარჯვებაც არის.
და კიდევ ერთი მომენტი მინდა შეგახსენოთ: აბა, დავუკვირდეთ, როგორ ემთხვევა ერთმანეთს რეაქციის გამოცოცხლება რუსეთში აგვისტოს პუტჩის დროს და მაშინდელი საქართველოს რეაქციული ხელმძღვანელების რაღაც საოცარი სიხარული და გამოცოცხლება. ეს ხომ ფაქტია, ეს ხომ დადასტურებულია. როგორ ემთხვევა ერთმანეთს რეაქციის მაშინდელი შეტევა თეთრი სახლის წინააღმდეგ და აფხაზი სეპარატისტების განსაკუთრებული სიხარული და სიამოვნება იმის გამო, რომ ბოლოს და ბოლოს, რუსეთის ხელისუფლებაში მოვიდოდნენ ძალები რომლებიც მათ აქტიურად დაუჭერდნენ მხარს. ანდა, ხელშეკრულების დარღვევა აფხაზეთის მხარის მიერ, სოხუმზე შემოტევა, სოხუმის დაცემა, ექსპრეზიდენტის ჩამობრძანება საქართველოში, შიდა სეპარატიზმის გამოცოცხლება და ამ სეპარატისტული ძალების მიერ ორგანიზებული შეტევა ფოთსა და სხვა საარსებო ცენტრებზე და რუსეთი რეაქციის შეტევა დემოკრატიულ რუსეთზე, პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოსვლები, რომლებსაც გუშინ ასეთი ტრაგიკული შედეგები მოჰყვა. ასე რომ, სინქრონულობა დაცულია: რეაქცია რუსეთში - რეაქცია საქართველოში, მასობრივი გამოსვლები დემოკრატიის წინააღმდეგ რუსეთში და დემოკრატიის ჩახშობის ცდები საქართველოში.
მე არაერთხელ მითქვამს, რომ რუსეთის იმპერიაში ჩვენი ორასწლოვანი ყოფნა, რა თქმა უნდა, უკვალოდ არ ჩაივლიდა და ამიტომაც ყველაფერი ის, რაც ამ ბოლო წლების მანძილზე მოხდა რუსეთის საზოგადოებაში, რუსეთის სახელმწიფოში, როგორც მზის შუქი ერთ წვეთ წყალში, ისე აისახა საქართველოშიც. რეაქციის გაძლიერება მოსკოვში, რეაქციულ ძალთა მოსვლა ხელისუფლებაში დამღუპველი იქნება საქართველოსთვის. ეს ნიშნავს ჩვენი სახელმწიფოებრიობის, ერთიანობისა და მთლიანობის დაკარგვას. უნდა გითხრათ ისიც, რომ საქართველოში (ახლა არ ვასახელებ გვარებს, ვინც მისმენს, თვითონ მიხვედება, ვისაც ვგულისხმობ), ზოგიერთები ეთამაშებიან ასეთ ძალებს.
ჩვენი სახელმწიფოს კურსი განსაზღვრულია: ეს არის დემოკრატიული მშენებლობის კურსი, ჩვენ უნდა დავადგეთ მსოფლიო ცივილიზაციისაკენ მიმავალ გზას და არა შუა საუკუნეობრივი სიბნელის გზას. ის მოღვაწენი, რომლებიც იმ შავ ძალებს ეთამაშებიან და ელაქუცებიან, საერთოდ მოსკოვსა და რუსეთში, ცდილობენ, რომ კვლავ შუასაუკუნეობრივი სიბნელისაკენ წაათრიონ საქართველო. არ გამოუვათ ეს, როგორი ძნელიც უნდა იყოს, ჩვენ მაინც სინათლისა და პროგრესისთვის ვიბძოლებთ.
მეტად საგულისხმოა ის ფაქტი, რომ გუშინ რუსეთის რეაქციულ ძალთა მხარეზე ყველაზე აქტიური მებრძოლები იყვნენ ეგრეთ წოდებული მოლდავეთის „გმირები“, დნესტრისპირეთის „გმირები“. მაკაშოვის ხელმძღვანელობით აიღეს და დაარბიეს ქალაქის მერია. სხვათა შორის, აქ გამოჩნდნენ აფხაზეთის ბოევიკებიც, კაზაკები და სხვები, ისინი, ვინც საქართველოს ებრძოდნენ აფხაზეთში. მათ დაიკავეს პოზიცია იქ, სადაც რუსეთის რეაქციის ბედი წყდებოდა. აქედან დასკვნები უნდა გამოვიტანოთ. თუ რუსეთში გაიმარჯვებს დემოკრატია, ეს ძალიან დიდ გავლენას მოახდენს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, მათ შორის, სამართლიანობის გამარჯვებაზე აფხაზეთშიც. რუსეთის დღევანდელი პოზიცია, ჩვენთან ჩამოსული რუსეთის დელეგაციის დამოკიდებულება საქართველოში მიმდინარე მოვლენების მიმართ, ამ ბოლო 2-3 დღის განმავლობაში ჩემი საუბრები რუსეთის ხელმძღვანელობასთან, იმაზე მიუთითებს, რომ ისინი გრძნობდნენ, რაც უნდა მომხდარიყო და მოხდა კიდეც. მაქვს საფუძველი გამოვიტანო დასკვნა, რომ ყოველივე ეს გახდება საქართველოში ვითარების სტაბილიზების ერთ-ერთი ფაქტორი.
მინდა კიდევ ერთხელ დავუბრუნდე რუსეთის მთავრობის განცხადებას. იქ ძალიან მნიშვნელოვანი პასაჟებია, რომლებსაც ჩვენმა საზოგადოებამ ყურადღება უნდა მიაქციოს. აფხაზეთში ქართველთა გენოციდის აღიარება ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა არა მარტო იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი ჩვენი მეზობელი და დიდი სახელმწიფოა, არამედ იმის გათვალისწინებითაც, რომ იგი უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია და არც ერთი სერიოზული გადაწყვეტილება არ გავა უშიშროების საბჭოში, თუ რუსეთმა არ მისცა ხმა. ამიტომ, განცხადებაში გამოთქმულ ზოგიერთ ფრაზას თუ სიტყვას საქართველოსთვის შეიძლება ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდეს. მაგალითად საერთაშორისო ტრიბუნალის მოხსენიება იმ დანაშაულობებთან დაკავშირებით, აფხაზმა სეპარატისტებმა და ფაშისტმა ბოევიკებმა რომ ჩაიდინეს აფხაზეთში. ასე რომ, როგორც შეგვიძლია, სიტყვით თუ პატარა საქმით მაინც, უნდა ვიბრძოლოთ რუსეთის პოზიტიური როლის გაძლიერებისათვის საერთოდ, და, კერძოდ, საქართველოსთვის.
რაც შეეხება ლტოლვილებს: ლტოლვილები, განსაკუთრებით კი ისინი, ვინც ახლა სვანეთში არიან, დღეს საქართველოს ყველაზე დიდი ტკივილია, - თქვა სახელმწიფოს მეთაურმა. - სამწუხაროდ, მე არ მომეცა საშუალება, გამეკეთებინა ყველაფერი, რაც შემეძლო და შემიძლია ლტოლვილების გადასარჩენად. ერთხელ კიდევ მინდა აღვნიშნო, რომ მოღალატეებმა ხელი შეუწყვეს სოხუმის დაცემას, სოხუმის დაკარგვას და პირდაპირი მნიშვნელობით შეიძლება ითქვას, რომ ახლა ისინი ლტოლვილებსაც ებრძვიან. მე უკვე ვთქვი ჩემს პატარა სატელევიზიო გამოსვლაში და მინდა გავიმეორო, რომ გადაწყვეტილი მქონდა გავფრენილიყავი მესტიაში და იქ ლტოლვილებთან ერთად შევრბძოლებოდი იმ უბედურებას. რას ნიშნავს სახელმწიფო მეთაურის ჩასვლა ამა თუ იმ რეგიონში, თქვენ კარგად იცით: მეტი იქნებოდა ყურადღება, მხედველობაში მაქვს მთელი ქვეყნის, მთელი საქართველოს შესაძლებლობათა მობილიზება. იქნებოდა მეტი თანხები, საკვები პროდუქტები, მედიკამენტები, ტრანსპორტი თუ სხვა რამ. სამწუხაროდ, ფოთის წინააღმდეგ ჩვენი „დიდი პატრიოტების“ გალაშქრებამ ამის შესაძლებლობა არ მომცა. არა მარტო ფოთზე, არამედ ქუთაისზე გალაშქრებამ, ხონის დაპყრობამ (მათ ასე მიაჩნიათ, რომ ხონი დაიპყრეს). ყველაფერმა ამან ხელი შეუშალა ლტოლვილების გადარჩენას. მათი ლოგიკა ასეთია: რაც უფრო მეტი ლტოლვილი გამწარდება და დაიღუპება, მით უფრო მეტი იქნება გაბოროტება ხელისუფლების მიმართ. ეს პატარა კაცუნები, პატარა ადამიანებია, რომლებიც მზად არიან შესწირონ საკუთარი ხალხი თავიანთ პოლიტიკურ ამბიციებს. ეს უნდა ითქვას.
ახლა ჩვენი ყველა შესაძლებლობა - სახმელეთო თუ საავიაციო ტრანსპორტი გამოყენებულია იმისთვის, რომ ხალხს ვუშველოთ. გუშინ რაღაც მცირე შეღავათი მიიღეს, გაიგზავნა დიდი რაოდენობით საწვავი, სურსათი, პური, თბილი ტანსაცმელი და სხვა მრავალი. ეს მაინც არ არის საბოლოო გამოსავალი მდგომარეობიდან. 30-35 ათასი კაცის გადმოყვანა ვერტმფრენებით და თუნდაც ავტობუსებით, თითქმის შეუძლებელია. ამიტომ გუშინ რუსეთის დელეგაციასთან საუბრისას შევთანხმდით, რომ რუსეთი ყველაფერს იღონებს, რათა მომზადდეს დერეფანი მთებიდან ზღვისკენ და ამ გზით გადმოვიყვანოთ ძირითადი მასა. გარდა ამისა, მოგვცეს პირობა, რომ დიდი რაოდენობით გამოგვიყოფენ ვერტმფრენებს, სურსათ-სანოვაგეს და სხვა. ასეთივე მუშაობა მიმდინარეობს უკრაინასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მაგრამ ეს უფრო შორეული ამბავია, უშუალო პრობლემის მოგვარება ახლა დიდად არის დამოკიდებული რუსეთის რეალურ დახმარებაზე.
რაც შეეხება პრეზიდენტყოფილისა და მისი მომხრეების მიერ ქუთაისის აღების მცდელობას და ქუთაისის დაკავების სურვილს, ეს საქართველოსთვის ახალი ძირგამომთხრელი გეგმაა. კიდევ ერთი დიდი უბედურება დაგვატყდება თავს, თუ ეს ჩანაფიქრი განხორციელდა. ეს ეროვნული ტრაგედია იქნება და ამის წარმოდგენაც კი შეუძლებელია. მე ვიცი, როგორია თბილისელთა და ქუთაისელთა განწყობილება და მინდა ყველა თბილისელსა და საერთოდ მთელ საქართველოს ვუთხრა, რომ ბედი თბილისისთვის ბრძოლისა, რომელიც, რა თქმა უნდა, დაგეგმილი აქვთ, ქუთაისში წყდება. ამიტომაც მივესალმები თბილისელთა ინიციატივას - უკვე ასობით თბილისელი გაემგზავრა ქუთაისის დასაცავად. ძნელია, როცა თანამემამულეთა შორის დაცვასა და დაპყრობაზეა ლაპარაკი, მაგრამ ჩვენ ამ ფაქტის წინაშე დავდექით და ახლა მას თვალი უნდა გავუსწოროთ. ქუთაისს, ისევე როგორც სამტრედიასა და ჩვენს სხვა რეგიონებს, ეს საშინელი საფრთხე თავიდან უნდა ავაცილოთ.
სიტუაციის მთელი დრამატულობის მიუხედავად, მაინც ვფიქრობ, რომ მდგომარეობიდან გამოსავალი არის. ქართველთა ერთიანობა შორეული პერსპექტივა არ გახლავთ, ესეც დღევანდელი და ხვალინდელი დღის რეალური ამოცანაა. ამის მიღწევა შეძლება. უნდა გაშიშვლდეს ყველაფერი ის, რასაც წინათ წავაფუჩეჩებდით ხოლმე დელიკატური შემოვლებითა და დიპლომატიური მიდგომებით. მანიფესტები, შეწყალებანი და სხვა ღონისძიებანი, ალბათ, საჭირო იყო. ნურავინ შემედავება ამაში, ნურავინ იკავებს ისეთი ბრძენი წინასწარმეტყველის პოზიციას, თითქოს მათ იცოდნენ, წინასწარმეტყველებდნენ, რომ ეს ასე იქნებოდა. მორალურად, ფსიქოლოგიურად, პოლიტიკურად, ეროვნული თვალსაზრისით ჩვენ მართალი ვიყავით და მართალი ვართ. ჩვენ ერთიანობისთვის ვიბრძოდით, ყველას მივეცით საშუალება ჩამდგარიყვნენ საქართველოსთვის მებრძოლთა რიგებში. დღეს, როცა ასეთი მძიმე ვითარებაა შექმნილი და ვხედავთ, რას ნიშნავს საქართველოსთვის ღალატი რეალურად, ეს პრობლემები უნდა გაშიშვლდეს, გვარებიც უნდა დავასახელოთ და დასახელდება კიდეც, მოღალატენიც უნდა დაისაჯონ ჩვენი კანონმდებლობის მთელი სიმკაცრით.
ქართველთა შერიგების, სამოქალაქო მშვიდობის კურსზე როცა მოგახსენებდით, მხედველობაში მქონდა ის, რომ ჩვენ არავის ვთვლით იმედგადაწურულ ხალხად. შემიძლია დაგისახელოთ ასობით, ათასობით ადამიანი, რომლებსაც ბრმად სჯეროდათ ყოფილი პრეზიდენტისა, მაგრამ დღეს აღიარეს ახლანდელი ხელისუფლების, ჩვენი საკანონმდებლო ორგანოს, პარლამენტის კურსი, იბრძოდნენ და იბრძვიან კიდეც ამ კურსის რეალიზებისთვის. რაც შეეხება ბობოყვათის შეხვედრას, მე კარგად მახსოვს ბატონი ასლან აბაშიძის მაშინდელი განცხადება. თავისთავად ამ შეხვედრაში ვხედავდი დადებით საწყისს, ეს კიდევ ერთი ცდა იყო იმისა, რომ დავხმარებოდით ადამიანებს გამოსულიყვნენ საშინელი, შავი ბურუსიდან და გამორკვეულიყვნენ. ამიტომ მე მივესალმე ბატონ ასლან აბაშიძის ინიციატივას, მაგრამ, სამწუხაროდ, მას შედეგი არ მოჰყოლია, უფრო სწორად - საწინააღმდეგო შედეგი მოჰყვა.
- როგორ მიგაჩნიათ, რა ვერ აპატია რუსეთმა ედუარდ შევარდნაძეს?
- რა გავაკეთე მე იმპერიის დასანგრევად, საკმაოდ ცნობილი ამბავია (მოვა დრო, როცა მემუარების წერას დავიწყებ). მაგრამ, მინდა ისიც ვთქვა, რომ ახლა ამით სპეკულაციასაც ბოლო უნდა მოეღოს. რომელ რუსეთს არ აძლევს ხელს შევარდნაძე? მე დარწმუნებული ვარ, შევარდნაძე აბსოლუტურად მიუღებელია იმ რუსეთისთვის, რომელსაც ჩვენ რეაქციულ რუსეთს ვუწოდებთ. აბსოლუტურად მიუღებელია იმ ძალებისთვის, რომლებიც ახლა მიიწევენ ხელისუფლებისკენ. თუ ისინი მიაღწევენ თავიანთ საწადელსა და გადაწყვეტილების რეალიზებას, შევარდნაძემ მყისვე უნდა დატოვოს თავის პოსტი, რადგანაც ეს ნიშნავს დემოკრატიის დასამარებას საქართველოშიც, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს დამოუკიდებელ რეალობას ანგარიში უნდა გავუწიოთ. რაც შეეხება ნორმალურ რუსეთს, ჩემი აზრით, ნორმალურ დემოკრატიულ რუსეთს მაინც შევარდნაძესთან ურჩევნია იქონიოს საქმე. მე ამაში ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული არა იმიტომ, რომ ეს მითხრეს ელცინმა, ან პრემიერ-მინისტრმა, მინისტრებმა და სხვებმა, არამედ იმიტომაც, რომ მე ვიცი დემოკრატიული ძალების განწყობა, რომლებთანაც არ გამიწყვეტია კავშირი, მეგობრული, ადამიანური ურთიერთობა. მე მირეკავენ, მოგზავნიან წერილებს, მამხნევებენ, მხარს მიჭერენ, ეს ხალხი პოლიტიკური ასპარეზიდან არ გასულა და გარკვეულ ძალას წარმოადგენს. სიმართლე გითხრათ, მათთან მეგობრობის გაწყვეტას არც ვაპირებ. უნდა იმეგობრონ არა მარტო სახელმწიფოებმა, არამედ ადამიანებმაც. ყველა მწვავე ეტაპზე მე ან დარეკვით, ან დეპეშით გამოვხატავდი ჩემს პოზიციას, მხარდაჭერას დემოკრატიული რუსეთისა და დემოკრატიული ძალებისადმი. ამით, რა თქმა უნდა, ვფიქრობ ზოგადსაკაცობრიო იდეალებზე, რადგან ამ იდეალების განხორციელება დიდად არის დამოკიდებული რუსეთზე, მაგრამ, უწინარესად, ვფიქრობ ჩემს პატარა ქვეყანაზე, სამშობლოზე. თუ იქ დემოკრატია ვერ გაიმარჯვებს, მაშინ საქართველო სისხლში ამოიხრჩობა, კიდევ უფრო დიდ სისხლის გუბეში ჩავარდება.
ბევრი პოლიტიკური მოღვაწე, ცენტრშიც და ადგილებზე, გამალებული ეძებს საქართველოს ახალი ხელმძღვანელის კანდიდატურას, - თქვა ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ. - ვერ გეტყვით რამდენად წარმატებულია ეს ძებნა. თავად მეც ბევრს ვფიქრობ, ჩემს კოლეგებთან დავასახელე ერთი-ორი პიროვნება, რომლებიც შედარებით უფრო მისაღებად მიმაჩნდა, მაგრამ მათი რეაგირება ისეთი იყო, რომ ახლა ამ საკითხის დაყენება შეუძლებელია. საქმე ცოტა უკეთესად რომ იყოს, შინაურ არეულობას ასეთი აპოგეისთვის რომ არ მიეღწია, მე, ალბათ, მართლაც მთელი პრინციპულობით დავაყენებდი ჩემი გადადგომის საკითხს. მაგრამ დღეს, ასეთი კრიზისის დროს, გაქცევა ქვეყნის ღალატად მიმაჩნია. ამიტომ მინდა ვუთხრა იმ ადამიანებს, რომლებიც გამალებით ეძებენ რომელ ბანაკში გადაბარგდნენ, ვინ შეძლება იყოს ხვალ მთავარი ძალა, ვინ შეძლება მოვიდეს - ისინი მეცოდებიან, მათ მიმართ არავითარი შურისძიების გრძნობა არა მაქვს, რადგან ძალიან პატარები არიან. მათ ქვეყნის ბედი კი არ აწუხებთ, არამედ პატრონის, თბილი ადგილის, თბილი მდგომარეობის პრობლემა. როცა ამას ჩადიან ისეთი ადამიანები, რომელთა საქმიანობა, ასე თუ ისე, სახელმწიფო სტრუქტურებთან, ქვეყნის ბედთან. საზოგადოებრივი აზრის შექმნასთან არის დაკავშირებული, მე ამის გამართლებას ვერ ვპოულობ.
საქართველოს მთლიანობის აღდგენა უახლოესი პერსპექტივა და ახლო მომავალში მისაღწევი სავსებით რეალური მიზანია. ვერავითარი სხვა ქვეყნის დახმარება საქმეს ვერ უშველის, თუ თვითონ ქართველობამ ვერ იპოვა საკუთარ თავში, საკუთარ ქვეყანაში, საკუთარ საზოგადოებაში გაერთიანების უნარი. ვერავითარი უცხო, გარეშე ძალა ამას ჩვენს მაგივრად არ გააკეთებს. ამიტომ მე გარანტირებულად მიმაჩნია უცხოური მხარდაჭერა, დასავლეთის იქნება ეს, თუ აღმოსავლეთის, თუკი ჩვენ თვითონ შევუწყობთ ხელს იმას, რომ ჩვენსკენ იყოს მომართული მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრი, რომლის გარეშეც დღეს ვერც ერთი ქვეყანა ვერ იარსებებს.
ჩვენი ერთიანობის, მთლიანობის აღდგენა დიდად იქნება დამოკიდებული ასევე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე და, ჩემი აზრით, გუშინდელი, დღევანდელი დღე რაღაც შემობრუნების წერტილი უნდა იყოს ამ ურთიერთობაში. და კიდევ ერთი ფაქტორი: ეს გახლავთ საერთაშორისო მხარდაჭერა. მართალია, ზოგჯერ ეს სიმბოლურია, ჯერჯერობით, გაერო, უშისროების საბჭო, თუნდაც ევროთათბირი, ჩვენი ერთიანობისა და მთლიანობის საკითხებზე განცხადებების იქით რეალურად ვერ წავიდნენ (გარდა მეთვალყურეებისა), მაგრამ საფუძველი ჩაყრილია და უნდა ვივარაუდოთ, რომ საერთაშორისო მხარდაჭერა, თუკი ჩვენ მართალი ვიქნებით (და დღეს მართალი ვართ, მომავალშიც მართალი ვიქნებით), ჩვენს მხარეზე იქნება. ამას ძალიან დიდი მომავალი აქვს. რეზერვები არის: ერთი უმთავრესი - ჩვენი საკუთარი შესაძლებლობები, დემოკრატიული რუსეთის და ჩვენი გარემომცველი სამყაროს აქტიური მხარდაჭერა და საერთაშორისო მხარდაჭერაა. ამ რეზერვების გათვალისწინებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ უახლოესი დროის ამოცანა და მიზანია საქართველოს ერთიანობის აღდგენა და ჩვენი მთლიანობის გარანტიების შექმნა.
ედუარდ შევარდნაძე: „ჩვენი უახლოესი მიზანია საქართველოს ერთიანობის აღდგენა და ჩვენი მთლიანობის გარანტიების შექმნა“ : 4 ოქტომბრის რადიოინტერვიუ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 5 ოქტომბერი. - №218(746). - 1,2 გვ.
![]() |
156 სვანეთი გამოცხადებულია ეროვნული უბედურების ზონად |
▲ზევით დაბრუნება |
ედუარდ შევარდნაძის განცხადება
1993 წლის 16 სექტემბერს გუდაუთის მხარემ კიდევ ერთხელ დაარღვია სოჭის 27 ივლისის ხელშეკრულება აფხაზეთში ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე და წამოიწყო ფართომასშტაბიანი შეტევა ქალაქ სოხუმზე. შეთანხმების შედეგად განიარაღებულმა სოხუმის დამცველებმა თავგანწირული და სისხლისმღვრელი ბრძოლების შემდეგ და მათთან ერთად ათი ათასობით მშვიდობიანმა მოსახლეობამ დატოვეს ქალაქი. გუდაუთელი სეპარატისტები ამითაც არ დაკმაყოფილდნენ და გააგრძელეს საბრძოლო მოქმედებები ოჩამჩირე-გალის მიმართულებით. ერთადერთი ხსნა იმ არაადამიანური სიმხეცისა და ბარბაროსობისაგან, როგორსაც იჩენდნენ გუდაუთელთა მიერ დაქირავებული ბოევიკები მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ - მაღალმთიანი სვანეთი რჩებოდა. ამიტომაც ასი ათასზე მეტმა ლტოლვილმა, რომელთა შორისაც უმეტესობა ქალები, ბავშვები და მოხუცები არიან, მთებს შეაფარა თავი.
სვანეთში უკიდურესად მძიმე ვითარება შეიქმნა. ლტოლვილებს შორის არის მსხვერპლი. მოვიდა თოვლი, სიცივისა და შიმშილისაგან უკვე დაიღუპა ათობით ადამიანი, მათ შორის, რაც ყველაზე ტრაგიკულია, ჩვილი ბავშვებიც. საქართველოს ხელმძღვანელობა იღებს ყველა ზომებს ადამიანთა დასახმარებლად. იგზავნება პროდუქტები, თბილი ტანსაცმელი, ტრანსპორტი მათ გამოსაყვანად, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. საქართველოში შექმნილი უმძიმესი ეკონომიკური კრიზისი არ იძლევა საშუალებას განვახორციელოთ ყველა ეფექტური საშუალება გაჭირვებაში ჩავარდნილი მოსახლეობის გადასარჩენად. თუ არ იქნა გატარებული სასწრაფო გადამჭრელი ღონისძიებები, ისედაც კატასტროფული მდგომარეობა კიდევ უფრო დრამატული გახდება.
მდგომარეობას კიდევ უფრო დრამატულს ხდის ყოფილი პრეზიდენტის მომხრეთა მიერ ქვეყნის სასიცოცხლო არტერიების დაკავება.
არსებული სიტუაციის გათვალისწინებით გამოცხადდეს სვანეთის რეგიონი ეროვნული უბედურების ზონად. ვთხოვთ ყველა მეზობელ ქვეყანას, მსოფლიო საზოგადოებრიობას, საერთაშორისო ორგანიზაციებს, ყველა კეთილი ნების ადამიანს - გაითავისონ საქართველოს მოსახლეობის გაჭირვება. ნუ დავუშვებთ ათიათასობით ბავშვის, ქალის, მოხუცის შიმშილითა და სიცივით დაღუპვას.
მთებიდან მოსახლეობის სასწრაფოდ გამოყვანის ყველაზე მოხერხებული საშუალებაა ვერტმფრენები, საქართველოს კი სულ რამდენიმე ცალი მანქანა გააჩნია.
განვიცდით კვების პროდუქტების, თბილი ტანსაცმლის, მედიკამენტების სასტიკ დეფიციტს.
მინდა იცოდეთ: საქართველო ელის და სჯერა თქვენი დახმარებისა, დაყოვნება ჩვენთვის დაღუპვის ტოლფასია!
ღმერთი შეგეწევათ თქვენ კეთილშობილურ საქმეში!
სვანეთი გამოცხადებულია ეროვნული უბედურების ზონად : ედუარდ შევარდნაძის განცხადება // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 5 ოქტომბერი. - №218(746). - 1 გვ.
![]() |
157 ვგმობთ ანტირუსული ისტერიის ნებისმიერ გამოვლინებას |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის განცხადება
ყურადღებით გავეცანი რა რუსეთის ფედერაციის მთავრობის ამა წლის 2 ოქტომბრის განცხადებას, მივესალმები მასში მოცემულ შეფასებებსა და დასკვნებს. განცხადებაში პრაქტიკულად პირველად ყველა საგანს დარქმეული აქვს თავისი სახელი და ეს აიმედებს საქართველოს. იძენს რა საქართველო-რუსეთის ახალი ურთიერთობის წარმატებული მშენებლობის ეფექტიანი ფაქტორის მნიშვნელობას, უკანასკნელი დროის მოვლენებისადმი სამართლიანი და ობიექტური მიდგომა, მათი არაორაზროვანი შეფასება ხელს შეუწყობს ნაყოფიერი გრძელვადიანი თანამშრომლობისა და ჩვენი ხალხებისა და ქვეყნების მეგობრობის საიმედო საფუძვლების შექმნას. სწორედ სამართლისა და სამართლიანობის საწყისებზე, სახელმწიფოთაშორისი თანასწორუფლებიანი მეგობრული ურთიერთობის ამ სავალდებულო წანამძღვრების საიმედო საფუძველზე გვინდა მათი განვითარება.
საქართველო მიესალმება აგრეთვე განცხადებაში ჩამოყალიბებულ აზრს რუსეთის შესახებ, რომელიც „დიდი ხანია განთავისუფლდა ნებისმიერი ქვეყნისადმი ურთიერთობაში „იმპერიულ პრეტენზიათა“ ხარახურისაგან“. მაგრამ ჩვენდა საუბედუროდ, იმპერიული ძალები უბრძოლველად არ სთმობენ პოზიციებს, რასაც მოწმობს მოსკოვის უკანასკნელი ამბები. შემთხვევით არ არის, რომ თითქმის სინქრონულად რეაქცია გადავიდა იერიშზე რუსეთშიც და საქართველოშიც, როგორც ეს იყო 1991 წლის გვისტოს დღეებში, როცა თბილისის მმართველმა ხროვამ და აფხაზური სეპარატიზმის მეთაურებმა სოხუმში მხარი დაუჭირეს საგანგებო ვითარების სახელმწიფო კომიტეტის მოქმედებას. შემთხვევითი არ არის, რომ თითქმის ერთდროულად გამოვიდნენ აშკარა რუსი ულტრები და ექსპრეზიდენტ გამსახურდიას მხედრობა, რომლებმაც წამოიწყეს ბინძური პოლიტიკური ავანტიურები საკუთარ ხალხთა წინააღმდეგ. და სულაც არ არის საჭირო განსაკუთრებული გამჭრიახობა, რათა აჩალოვების, მაკაშოვების, ანპილოვების, ტერეხოვებისა და მათ მსგავსთა ლაშქრის წითელ-მიხაკისფერ მოიერიშეებში დავინახოთ აფხაზეთის ტრაგედიის ჯალათები და „გმირები“.
გონებით ვდგავარ რუსეთის დემოკრატიის დამცველებთან ერთად ბარიკადებზე, როგორც ვიდექი მათ გვერდით 1991 წლის აგვისტოში.
მოსკოვში მიმდინარე ამბებით ღრმად შეშფოთებული, კვლავ ვაცხადებ, რომ მტკიცედ ვუჭერ მხარს პრეზიდენტ ელცინსა და მის თანმოაზრეებს. რუსეთსა და საქართველოში გვიპირისპირდებიან ძალები, რომლებიც საერთო პოზიციებიდან და ერთიანი მიზნებით მოქმედებენ.
მეც და ჩემი კოლეგებიც მტკიცედ ვგმობთ ანტირუსული ისტერიის ნებისმიერ გამოვლინებას, ნებისმიერ გამოხდომებსა და აქტებს რუსეთის მოქალაქეთა წინააღმდეგ. ჩემს არაერთგზის გამონათქვამებში, განცხადებებში, გამოსვლებში მუდამ ვავლებდი მკაფიო ზღვარს დემოკრატიულ რუსეთსა და წითელ-მიხაკისფერი რევანშის რუსულ ძალებს შორის, ვგმობ ექსტრემიზმის ყოველგვარ გამოვლინებას, ჩემი პრაქტიკული საქმიანობით ვესწრაფვი დავუდო მას ზღვარი.
ედუარდ შევარდნაძე.
1993 წლის 3 ოქტომბერი.
ვგმობთ ანტირუსული ისტერიის ნებისმიერ გამოვლინებას : სახელმწიფოს მეთაურის განცხადება // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 5 ოქტომბერი. - №218(746). - 3 გვ.
![]() |
158 ედუარდ შევარდნაძე: „წვალებით, დაგვით და ტანჯვით მოვდივართ, მაგრამ მაინც მოვდივართ ჭეშმარიტების გზით და მივალთ ჭეშმარიტებამდე, უკეთეს ცხოვრებამდე, ერთიანობამდე და მთლიანობამდე, შორს უიმედობა!“ |
▲ზევით დაბრუნება |
10 ოქტომბრის ტელეინტერვიუ
მოსკოვიდან ჩამოსვლისთანავე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ - სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ ინტერვიუ მისცა საქართველოს ტელევიზიას. ბუნებრივია, ამ ტელეინტერვიუს ძირითადი თემა იყო დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში საქართველოს გაწევრიანების საკითხი. სწორედ ამ შეკითხვით დაიწყო ეს ტელეინტერვიუ - როგორ აფასებს სახელმწიფოს მეთაური საქართველოს შესვლას თანამეგობრობაში, როგორ მიაჩნია მას, რომ ეს არის ერთადერთი გამოსავალი შექმნილი სიტუაციიდან, თუ როგორც გარკვეული წრეები ამბობენ, ჩიხში მოქცეული პოლიტიკოსის ნაბიჯი, რომელსაც სხვა გამოსავალი აღარ ჰქონდა?
- მე მგონი, - თქვა ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ, - ეს გადაწყვეტილება, გარკვეულწილად, ემყარება საზოგადოების დიდი ნაწილის განწყობასაც. როცა ქვეყანაში ასეთი ვითარებაა, გადარჩენის იოტისოდენა შანსიც უნდა გამოვიყენოთ. აქ ლაპარაკია არა იმდენად ჩიხში მოქცეული პოლიტიკოსის ძიებაზე, არამედ ობიექტურად არსებული სინამდვილის შეფასებაზე, იმაზე, რომ ქვეყანას მდგომარეობა შეუმსუბუქდეს, გავაძლიეროთ გადარჩენის შესაძლებლობა, გამოვიყენოთ თანამეგობრობის საშუალებები.
მე კატეგორიულად არ ვეთანხმები იმათ, რომელებიც რადიკალური დრამატიზირებით ამბობენ, აი, ახლა დაიღუპა საქართველო, გავყიდეთ საქართველო, უფსკრულისაკენ მივდივართ თანამეგობრობაში შესვლითო. ამას ლამის თვითმკვლელობას ვარქმევთ. მე თხუთმეტჯერ მაინც გადავიკითხე თანამეგობრობის წესდება და მეჩვენება, რომ ეს ჩვეულებრივი ორგანიზაციის, გაერთიანების წესდებაა. ასეთივეა შავიზღვისპირა ქვეყნების ალიანსის დამფუძნებელი დოკუმენტი, ათჯერ უფრო მკაცრია ევროგაერთიანების წესდება. არ მიმაჩნია რომ განგაშის რაიმე საფუძველი არსებობს. როცა მე ეს გადაწყვეტილება მივიღე გარკვეული ნორმების დარღვევით, წინასწარი თათბირებისა და კონსულტაციების გარეშე, დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩვენ ეს გვჭირდება. და თუ კარგად ვიმუშავებთ, მართლაც შეიძლება ჩვენთვის ბევრი რამ სასარგებლო მივიღოთ. ეს არ არის რაიმე უკიდურესობასთან დაკავშირებული, პირიქით, გარკვეული იმედების ჩასახვაა და ამ იმედებს, ამ შესაძლებლობას, როგორი პატარა და მინიმალურიც უნდა იყოს, მხარდაჭერა სჭირდება.
თანმეგობრობის წესდების ვალდებულებებია - უარის თქმა სახელმწიფო მთლიანობის, ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფაზე, საზღვრების ხელშეუხებლობა, საზღვრების აღიარება და შენარჩუნება, სახელმწიფოს შინა და საგარეო პოლიტიკაში ჩაურევლობა. თანამეგობრობა არ არის სახელმწიფო წარმონაქმნი, არც ზემდგომი ორგანიზაცია.
- მაგრამ ხომ არსებობს ტაჯიკეთის მაგალითი, იქ ხომ მოხდა ჩარევა შინაურ საქმეებში?
- ტაჯიკეთის მაგალითი არსებობს და ეს საკმაოდ მძიმე მაგალითია. მე თვითონ არ ვიზიარებდი ამ ჩარევას და ხშირად მითქვამს კიდეც, შეიძლება ტაჯიკეთის მსგავსი რამ საქართველოშიც დატრიალდეს-მეთქი. მაგრამ ისიც ხომ ფაქტია, რომ ჯერ კიდევ არ ვიცით ტაჯიკეთისთვის ჩარევა სჯობია, თუ ჩაურევლობა. იქნებ ჩაურევლობა უფრო მძიმე შედეგით დამთავრებულიყო. მე მგონი, როცა ლაპარაკია სახელმწიფოში ასეთ კრიზისულ ვითარებაზე, შეიძლება ეს მექანიზმიც გამართლებული იყოს.
- სოხუმის დაცემის შემდეგ პრესკონფერენციაზე თქვენ საკმაოდ არაორაზროვნად დაარქვით ამას საქართველოს ერთი ნაწილის ოკუპაცია და ამაში ბრალი დასდეთ რუსეთის გარკვეულ წრეებს. ამ ფონზე როგორ აღიქმება ჩვენი თანამეგობრობაში შესვლა, ანუ არსებობს თუ არა გარანტიები, რომ თუნდაც აფხაზეთის ხელშეკრულების დარღვევის შემდეგ, ის პუნქტები, რაც თქვენ ზემოთ ჩამოთვალეთ, რუსეთის მიერ დაცული იქნება და საერთოდ რა გარანტიები გვაქვს აფხაზეთთან მიმართებაში?
- ძალიან ბევრი გვაქვს ნაფიქრი ამაზე, - თავიდან მე იმის მომხრე ვიყავი, რომ რუსეთთან ჩამოგვეყალიბებინა ძირითადად ორმხრივ ურთიერთობაზე აგებული კავშირები - ეკონომიკური, პოლიტიკური და სხვა, გარკვეული აზრით, სამხედროც, ვიდრე ამ ზონაში ვიმყოფებით და რუსეთის სამხედრო ნაწილები დისლოცირებული არიან ჩვენს ტერიტორიაზე. ვფიქრობდი, რომ ეს იყო ძირითადი გეზი. მას შემდეგ, რაც რუსეთის მონაწილეობა, შუამავლობა აფხაზეთის ამბებში ძალიან ძვირად დაგვიჯდა, ჩემი სიტყვები უკან არ მიმაქვს, მაგრამ კიდევ უფრო ღრმად ჩავფიქრდი - რა გამოსავალი არსებობს?
სიმართლე გითხრათ, ამ გადაწყვეტილებას არ მივიღებდი, რომ არა მოსკოვის ბოლო მოვლენები, რომ არა ამ მოვლენების ჭეშმარიტი სულისჩამდგმელი, შეთქმულებაში მონაწილე პიროვნებებისა და ორგანიზაციების სრული გაშიშვლება. ისინი საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებაშიც მონაწილეობდნენ. დარწმუნებული ვარ, ამას გამოძიება დაადასტურებს. ეს ხალხი რომ არ ჩამოსცილებოდა პოლიტიკურ არენას, მაშინ, ალბათ უფრო ძნელი იქნებოდა ამ გადაწყვეტილების მიღება. მაგრამ, რადგან ეს ძალა მიდის პოლიტიკური, სახელმწიფო არენიდან, ამან გარკვეული ბიძგი მომცა. მეორეც: აფხაზეთის გაკვეთილებმა იმ დასკვნამდე მიმიყვანა, რომ თანამეგობრობის ფარგლებში რუსეთის ნეგატიური როლი და მნიშვნელობა შეიძლება ნაკლები იყოს, ვიდრე ახლა, როდესაც ჩვენ ერთი ერთზე ვართ. თანამეგობრობა არ არის მძლავრი სისტემა ურთიერთკონტროლისა, მაგრამ მას მაინც აქვს შემაკავშირებელი ბერკეტები, სახელმწიფოს მეთაურები ხვდებიან წელიწადში ორ-სამჯერ, უფრო მეტადაც, პრემიერ-მინისტრები - წელიწადში ოთხჯერ, სახელმწიფოს აქვს უფლება თანამეგობრობის სპეციალური სხდომა მოიწვიოს და სახელმწიფოს მეთაურების წინაშე დააყენოს და განიხილოს მწვავე საკითხები.
სხვათა შორის, ამ თანამეგობრობაში რუსეთის უფლებები გარკვეულად შეზღუდულია. მაგალითად, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოში არც ერთი გადაწყვეტილება არ გავა, რომელსაც რუსეთი არ თვლის საჭიროდ. თანამეგობრობაში კი სხვაგვარად არის. შეიძლება, ეს მცირე ნიუანსებია, უმნიშვნელო მომენტებია, მაგრამ საქართველოსთვის, ისეთ ვითარებაში მყოფი ქვეყნისთვის, როგორშიც ჩვენ ვართ, თანამეგობრობა საქართველომ შეიძლება ამისთვისაც გამოიყენოს, რომ თავისი დამოუკიდებლობა განამტკიცოს, ტერიტორიული მთლიანობა აღადგინოს, თავისი იურისდიქცია გაავრცელოს მთელ ტერიტორიაზე.
- საქართველო თანამეგობრობაში შედის მთელი მისი შემადგენლობით, არსებული საზღვრებით, ეს გასაგებია. მაგრამ ხომ არ მოხდება მის შიგა სტრუქტურაში ჩარევა?
- საშინაო და საგარეო პოლიტიკური არევა თანამეგობრობის წესდებით აკრძალულია. ამ პოზიციის ერთგულია ყველა ქვეყანა. ასე რომ, ავტონომია გვექნება ჩვენ თუ ფედერაციული წყობა ან სხვა უნიტარული სისტემა, ეს ჩვენი საქმეა. ეს არის თანამეგობრობის პრინციპი და ჩვენ ვაღიარებთ ამ პრინციპს.
- თანამეგობრობაში ჩვენი გაწევრიანება ხომ არ არის დასავლეთის პოლიტიკის ერთგვარი მარცხი?
- ნუ განვიხილავთ ამ მოვლენას, როგორც დასავლეთის მარცხს. გავითვალისწინოთ, რომ დასავლეთს ახლა კავკასიის მიმართ რაიმე ჩამოყალიბებული პოზიცია, როგორც, ვთქვათ, ევროპის მიმართ, რომელიც ათეული წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა, ან სხვა რეგიონების მიმართ, არა აქვს. კავკასია დასავლეთისთვის ახალი ხილია.
დასავლეთისგან რაიმე პროტესტი ან ნეგატიური დამოკიდებულება გამორიცხულია. დასავლეთის ხელმძღვანელები წერილებში, საუბრებში, კონტაქტებში ყოველთვის ხაზს უსვამენ, მოგეხმარებით, რათა თქვენ რუსეთთან კარგად იყოთო. მათი რჩევაა, რომ დაახლოებული ვიყოთ რუსეთთან, სხვა სახელმწიფოებთან. ისინი ჩვენი ჭეშმარიტი მეგობრები არიან. რეალურად იციან, რომ მათ ხელი არ მიუწვდებათ საქართველოზე და საერთოდ კავკასიაზე ისე, როგორც საჭიროა. რამდენი რამ გავაკეთეთ, ყველაფერი მოისინჯა - დასავლეთი და აღმოსავლეთი, სამხრეთი და ჩრდილოეთი. ვფიქრობ, დასავლეთი გაგებით აღიქვამს მოსკოვში მიღებულ ამ გადაწყვეტილებას და დარწმუნებული ვარ, რომ მიესალმებიან კიდეც ამას.
- შევარდნაძისათვის, როგორც პიროვნებისათვის, პოლიტიკოსისათვის, რამდენად მომგებიანია ეს ნაბიჯი?
- ჩემი მეგობრები და გულშემატკივრები, მხედველობაში მყავს ისინი, ვისთნაც ვმუშაობ, მეუბნებოდნენ: თქვენი ხელით არ უნდა გაკეთდეს ეს, სჯობია თქვენ გადადგეთ და სხვამ გააკეთოსო. მათ მიაჩნიათ, რომ შევარდნაძის ფაქტორი მაინც უნდა დარჩეს ხელუხლებლად, არ უნდა დაინგრეს და არ უნდა დაზიანდეს, მაგრამ, როცა კაცი გულწრფელი ხარ შენს მოქმედებაში და გჯერა, რომ სწორია, საკუთარ თავს და საკუთარ პრესტიჟზე ნაკლებს ფიქრობ.
მოსკოვში ერთ-ერთ შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრს უთხრეს: თქვენ რატომ ხართ განზე, ერთადერთი ხართ? თუ ჩვენ ვცხოვრობთ ამ თანამეგობრობის ფარგლებში, თქვენც ასე იცხოვრეთო. მსგავსი რამ აღინიშნა ოთხეულის შეხვედრაზეც და ითქვა, ერთად რომ ვყოფილიყავით, მაშინ ბევრი საკითხი იოლად გადაწყდებოდაო. იყო მინიშნება, არა რუსეთის, არამედ სხვების მხრიდან, რომ შეიძლებოდა აფხაზეთის მოვლენებიც ცოტა სხვაგვარად განვითარებულიყო.
- შევსულიყავით ამ თანამეგობრობაში, თუკი სოხუმი გადარჩებოდა... თქვენ ხომ გაუგზავნეთ სოხუმიდან მიმართვა ამის შესახებ.
- მაშინ, ეტყობა რუსეთი აგონიაში იყო და ჯერ კიდევ რეაქციული ძალები ახდენდენ გავლენას. მაგალითად, დამატებითი ძალების შემოყვანის საკითხი. სწორედ იმ დღეს ხასბულატოვის ინიციატივით რუსეთის უმაღლესმა საბჭომ ხმათა უმრავლესობით აკრძალა ჯარის ყოველგვარი შემოყვანა. მაშინ სწორედ საქართველო იყო მხედველობაში. გრაჩოვს კი ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ გარკვეული ნაწილი შემოეყვანა, მაგრამ თანხმობა ვერ მიიღო. მე დავურეკე ხასბულატოვს და ვუთხარი, რომ ჩვენი ყოფნა-არყოფნის საკითხი წყდება, გთხოვთ ამაზე იმსჯელოთ და იქნებ რაიმე გამონაკლისი დაუშვათ-მეთქი. მას პასუხი აღარ გაუცია. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ყველაფერი იგეგმებოდა ამ წრეებში, რეაქციულ რუსეთში.
- რა რეალურ შედეგებს მოუტანს ჩვენს დანგრეულ ეკონომიკას, ქვეყანას, სადაც ომია, თანამეგობრობაში გაწევრიანება?
- რა თქმა უნდა, იმის ფიქრი, რომ ჩვენ თანამეგობრობაში შევალთ და ხვალიდან ყველაფერი უხვად იქნება, არარეალურია. მაგრამ საწარმოები უკეთესად ამუშავდებიან, მეტი იქნება ნედლეული და რესურსები, ცოტა მეტი საშუალებები გვექნება საქონლის შემოტანისა, ჩვენი პროდუქცია გავა იმ ბაზარზე, სადაც მასზე მოთხოვნაა. ეს ეკონომიკას გამოაცოცხლებს. ახლა ჩვენი ეკონომიკა სულს ღაფავს, კულტურა, ხელოვნების ყველა დარგი და ყველა სფერო დიდ გასაჭირშია. შეუძლებელია დიდი კულტურა ჰქონდეს ქვეყანას, რომელიც ჩაკეტილია თავის ნაჭუჭში, ისევე როგორც დიდი მეცნიერება იყოს იზოლირებულ ქვეყანაში. ჩვენ რომ გვქონოდა საშუალება დიდ დასავლეთში გავსულიყავით ჩვენი ლიტერატურით, ხელოვნებით, მეცნიერებით, ეკონომიკით, მაშინ არ იქნებოდა თანამეგობრობაში გაერთიანების აუცილებლობა. მე მგონი, ეს უნდა გამოვიყენოთ როგორც საფეხური, როგორც გარკვეული ეტაპი. რუსეთი, უკრაინა, ბელარუსი, სხვები და სხვები განა დასავლეთისაკენ არ მიდიან? ისინი ხომ არიან ინტეგრირებული დასავლეთის ცივილიზაციასთან? თუნდაც ჩვენი წინაპრების მაგალითი გავიხსენოთ - თუ რაღაც პატარა სინათლე გამოჩნდებოდა რუსეთზე გავლით დასავლეთისაკენ, ამას იყენებდნენ. მით უმეტეს ახლა გაცილებით მეტი საშუალებები, შესაძლებლობები, პერსპექტივებია და ასე, თანდათანობით, ბევრი რამის გაკეთება შეიძლება.
- არსებობს მოსაზრება, რომ, თუ საქართველო თანამეგობრობის წევრი გახდება, მაშინ დასავლეთისგან აღარ იქნება დაწოლა რუსეთზე, თუნდაც განცხადებების დონეზე, რადგან ეს ჩაითვლება რუსეთის საშინაო საქმეებში ჩარევად. რამდენად რეალურია ეს?
- თანამეგობრობის წევრობა არავითარ შეზღუდვას არ გულისხმობს. ჩვენ ვრჩებით ისე, როგორც ვიყავით - დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო. მით უმეტეს, დასავლეთისთვის. ასე რომ, პრაქტიკულად დასავლეთთან ჩვენს ურთიერთობებში არაფერი არ შეიცვლება.
- საქართველოს თანამეგობრობაში გაწევრიანების შემდეგ გაჩნდა ასეთი განცდაც - მომხრეები ეცლებიან შევარდნაძეს...
- მე მაინც მგონია, რომ, როცა ხალხი, მომხრეებიც და ოპონენტებიც, ყველაფერში გაერკვევიან, მიხვდებიან, რომ ეს არ არის მცდარი ნაბიჯი. დრო გვიჩვენებს, რომ ეს სწორი გადაწყვეტილებაა. სად გაექცევიან ფაქტებს, როცა არსებობისთვის და სუნთქვისთვის მეტი შესაძლებლობა, მეტი ასპარეზი იქნება და იმით თვითონაც ისარგებლებენ. იმათ, ვინც დღეს მე მწვავედ მაკრიტიკებენ - უმოსკოვოდ ძალიან უჭირთ, კარგად სარგებლობენ იმ სიკეთით, რაც მოსკოვთან, სხვა ქვეყნებთანაა დაკავშირებული, მაგრამ ლოზუნგად მაინც იყენებენ - თანამეგობრობა არ ვარგა, ეს დაღუპვაა, გაყიდვაა და სხვა. მე მაინც მიმაჩნია, რომ ეს დროებითია. მე თავიდან ვამბობდი, თანამეგობრობა ამორფული ორგანიზაციაა-მეთქი. ახლა, როცა წესდება გადავიკითხე, დავრწმუნდი, რომ ეს არ არის უსაფუძვლო, მაგრამ თანამეგობრობა შეიძლება უკრაინისთვის იმდენად მნიშვნელოვანი არ იყოს, რამდენადაც შედარებით პატარა ქვეყნისათვის. თავისთავად უკრაინას და ყაზახეთს დიდი შესაძლებლობები აქვთ და შეუძლიათ სრულიად დამოუკიდებლად, ყოველგვარი თანამეგობრობის გარეშე იარსებონ. ჩვენსავით პატარა ქვეყანას კი უჭირს. თუ ღმერთმა ქნა და ამოქმედდა შავიზღვისპირეთის სახელმწიფოთა ალიანსი, კასპიისზღვისპირა ქვეყნების თანამეგობრობა, შემდეგ სხვა გაერთიანებაზეც შეიძლება ავიღოთ კურსი. მერე და მერე ყველაფერი ეს დაბალანსდება. ჩვენ ვიპოვით ჩვენს ადგილს და გარე სამყაროსთან შეხების წერტილს. ამიტომ დიდი განგაშისთვის არავითარი საფუძველი არ არის.
ნეტავ სხვა არაფერი გვჭირდეს, აფხაზეთი არ გვტკიოდეს, ასე მძიმე არ იყოს სამეგრელოს პრობლემა, არ გვტანჯავდეს და არ გვაწამებდეს გამყიდველობა და ზურგში მახვილის ჩარტყმა. მე მგონი, თანამეგობრობაში შესვლამ ეს გარეშე ნეგატიური ფაქტორები უფრო უნდა შეასუსტოს და მეტი საშუალება მოგვცეს, რომ ჩვენს შიდა ტკივილებს მივხედოთ.
- როგორი საქართველო სჭირდება რუსეთს?
- თუ რუსეთი განვითარდება იმ გზით, რა გზასაც საბოლოოდ დაადგა, ე.ი. დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის გზას, რაც ერთხელ კიდევ დაადასტურეს მოსკოველებმა, დარწმუნებული ვარ, ასეთ რუსეთს უნდა აინტერესებდეს დემოკრატიული, ძლიერი საქართველო. იმიტომ, რომ დემოკრატიული საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კვანძია, როგორც მეზობელი ქვეყანა. მე მგონი, რომ რუსეთმა დაგვიანებით, მაგრამ მაინც დაიწყო ამის გაგება. და თუ კიდევ იქნება რაღაც გადახვევები, გადახრები, კატაკლიზმები, ხელისუფლების სათავეში რეაქციული ძალები მოვლენ, მაშინ საქართველოს მშვიდი ცხოვრება არ უწერია. ამიტომაც ჩვენ სისხლხორცეულად უნდა ვიყოთ დაინტერესებული და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ სტიმული მივცეთ რუსეთში დემოკრატიის განვითარებას, დემოკრატიული ნაკადის მომძლავრებას, მასშტაბურობას. ჩვენ მართლაც რუსეთის ღირსეული პარტნიორის როლი უნდა შევასრულოთ. ღირსეული ადგილი დავიკავოთ ამ თანამეგობრობაში. ჩვენ ეს შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენი პოლიტიკის, აზროვნების, კულტურის დონით და არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევასუსტოთ ჩვენი საერთაშორისო კონტაქტები, რადგან საქართველოს საერთაშორისო არენაზე საკმაოდ მაღალი ავტორიტეტი აქვს. საქართველოს ხმა ესმით, ყურს უგდებენ, ანგარიშს უწევენ საკმაოდ დიდი ქვეყნები. რუსეთი უნდა გრძნობდეს, რომ საერთაშორისო მასშტაბით მის მიმართ ჩამოყალიბებულ პოლიტიკაში საქართველოს წვლილიც არის. ამას რუსეთი აქამდეც გრძნობდა. საქართველოს ხელმძღვანელები ყოველთვის ამტკიცებდნენ, რომ დემოკრატიულ რუსეთს მხარდაჭერა სჭირდება და დასავლეთმა ეს არაერთხელ გამოხატა, მაშინაც კი, როცა ბევრი რამ საეჭვო იყო. ასე წვალებით, დაგვითა და ტანჯვით მოვდივართ, მაგრამ მაინც მოვდივართ ჭეშმარიტების გზით და მივალთ ჭეშმარიტებამდე, უკეთეს ცხოვრებამდე, საქართველოს ერთიანობამდე და მთლიანობამდე.
რა ვქნათ, რომ ვწვალობთ და ამდენი უბედურება დაგვატყდა თავს, ალბათ, ასე ვართ გაჩენილი, ასეთი ბედი გვიწერია, ასე უნდა ვიწვალოთ და ვეწამოთ და მაინც შევინარჩუნოთ თავი, როგორც ცივილიზაციის შემადგენელმა ნაწილმა და ერთ-ერთმა თვალმარგალიტმა, მიუხედავად ჩვენი წინააღმდეგობებისა, ჩვენი ხასიათის და ბუნების კონტრასტებისა, რაც დამახასიათებელია ყველა ჩვენგანისთვის.
- გაეროში გაკეთებულ მოხსენებაში თქვენ აღნიშნეთ, რომ ეს ის საქართველოა, რომელიც ისტორიამ გეოპოლიტიკურ ჯვარს აცვა. საუბედუროდ, ეს დღემდე გრძელდება. მაშინ თქვენ თქვით, რომ საქართველოს დამოუკიდებლობას დიდი სისხლი დასჭირდება. ბატონო ედუარდ, როგორ შევარდნაძეს უყურებს ამ წუთში ჩვენი ტელემაყურებელი, იმედგაცრუებულს, დაღლილს, თუ ისეთს, როგორიც ადრე იყო, საკუთარი არჩევანის სისწორეში, საბოლოო მიზნის მიღწევაში დარწმუნებულს?
- მე არ მწამს იმ პოლიტიკოსისა, რომელსაც გრძნობები გახევებული აქვს. ყოველი პოლიტიკოსი, როგორი გიგანტიც უნდა იყოს, უპირველეს ყოვლისა, ადამიანად რჩება და თავისი ქვეყნის შვილი უნდა იყოს. ის ყველაფერს უნდა გრძნობდეს, განიცდიდეს, იწვოდეს ისე, როგორც ყველა მოქალაქე და იხარჯებოდეს ისე, როგორც ყველა ადამიანი თავისი ნერვებით, განცდებით. თუ ეს ასე არ არის, მაშინ ის ჩვენი დროის პოლიტიკოსი არ არის, მაშინ ის დიქტატორია, რომელსაც ადამიანები ხელს უწყობენ შექმნას ისტორია, თავისი ძეგლი დაიდგას. მე მართლაც ვიწვი და ვიფერფლები იმ ხანძარში, რომელიც ახლა საქართველოშია გაჩაღებული. მაგრამ, შორს უიმედობა! ხანდახან მართლა დგება სასოწარკვეთა. უსინდისობა იქნება, ეს რომ არ ვაღიარო. როგორ შეიძლება სოხუმის დაკარგვამ ასეთი შეგრძნება არ გამოიწვიოს. მაშინ დაინგრა ყველაფერი, გასკდა დედამიწა და ასეთი განცდა ჰქონდა ყველას, ჩემს გაბედულ და ვაჟკაც მეგობრებს, რომლებიც ტყვიას შუბლს უშვერენ. მაგრამ ეს წუთიერი ამბავია. კაცი რომ სიკვდილს ეძებს, როცა შენს ახლოს ათი ბომბი ჩამოვარდება და ფიქრობ, ნეტავ მოხდეს მოსახდენი, ამით იქნებ საქართველო გაერთიანდესო, ესეც წუთიერი ამბავია. მთავარი და განმსაზღვრელი ის არის, რომ მე ძალიან შორს ვარ უიმედობისგან. მე რომ უიმედოთ ვიყო განწყობილი, მაშინ თანამეგობრობაში შესასვლელად ნაბიჯს არ გადავდგამდი. მე მაინც მეგობრობისა და კეთილმეზობლობის იმედი მაქვს.
ედუარდ შევარდნაძე: „წვალებით, დაგვითა და ტანჯვით მოვდივართ, მაგრამ მაინც მოვდივართ ჭეშმარიტების გზით და მივალთ ჭეშმარიტებამდე, უკეთეს ცხოვრებამდე, ერთიანობამდე და მთლიანობამდე. შორს უიმედობა!“ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 12 ოქტომბერი. - №223(751). - 1 გვ.
![]() |
159 ედუარდ შევარდნაძე: თანამეგობრობაში შესვლა არავითარ საფრთხეს არ უქმნის ჩვენს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას |
▲ზევით დაბრუნება |
ედუარდ შევარდნაძის რადიოინტერვიუ
- საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა, საქართველო გახდა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი. ამის თაობაზე მრავალი ურთიერთსაპირისპირო აზრი გამოითქმება, არის მოსაზრება, რომ საქართველომ უარი თქვა თავისუფლებაზე. ბატონმა ჯაბა იოსელიანმა განაცხადა, რომ ედუარდ შევარდნაძემ ვაჟკაცური ნაბიჯი გადადგა, რადგანაც მას შეეძლო წასულიყო, მშვიდად ეცხოვრა, ეწერა მემუარები, მაგრამ სახელმწიფოს მეთაურში ყველაზე მეტად პასუხისმგებლობის გრძნობამ იძალა. ასეა თუ ისე, არსებობს სხვადასხვა, საწინაააღმდეგო მოსაზრებები. არის კიდევ ერთი ასეთი აზრიც, რომ ამ ნაბიჯის შემდეგ შევარდნაძეს, ბოლოს და ბოლოს, ხელ-ფეხი გაეხსნა, მიეცა იმის საშუალება რომ დამოუკიდებლად იმოქმედოს... კომენტატორ ნატო ონიანის ამ შეკითხვით დაიწყო 11 ოქტომბრის რადიოინტერვიუ პარლამენტის თავმჯდომარესთან - სახელმწიფოს მეთაურთან ედუარდ შევარდნაძესთან.
- ბატონმა ჯაბამ, როგორც ყოველთვის, კოლორიტულად და დამაჯერებლად თქვა სათქმელი. მე მართლაც, თითქმის ერთპიროვნულად მივიღე ეს გადაწყვეტილება, თუმცა ვიცოდი ბევრი ჩემი კოლეგის დამოკიდებულება ამ საკითხისადმი. მაგრამ, ერთ რამეში ვიყავი დარწმუნებული, რომ თუ ამ გადაწყვეტილებას მივიღებდი, როგორც მინიმუმი - მოსახლეობის 70 პროცენტი მხარს დამიჭერდა. ასეთი გადაწყვეტილებების მიღების დროს ადამიანმა არ შეიძლება არ გაითვალისწინოს ხალხის აზრი. მოვა დრო და, დარწმუნებული ვარ, ყველა აღიარებს, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. იმათ საყურადღებოდ, ვისაც მიაჩნიათ, რომ ეს საბედისწერო შეცდომაა, თვითმკვლელობაა, შეუთავსებელია ჩვენს ეროვნულ ინტერესებთან, ეროვნულ ღირსებებთან და სხვა, უნდა ვთქვა, რომ, მე მგონი, უმრავლესობას წარმოდგენა არა აქვს ამ ორგანიზაციაზე. მე ახლა ლიდერებზე არ ვლაპარაკობ, ალბათ, მათ წაკითხული აქვთ თანამეგობრობის წესდება, თუმცა, იმის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რას ამბობენ ისინი, ესეც საეჭვო ხდება. სანამ მოსკოვში წავიდოდი, ალბათ, ასჯერ მაინც წავიკითხე თანამეგობრობის წესდება. მისი გაცნობის შემდეგ გიჩნდება უკმარისობის გრძნობა, რადგან თუ ლაპარაკია სერიოზულ გაერთიანებაზე, ეს ძალიან სუსტი წესდებაა. მერე და მერე, როცა განვითარდება ეკონომიკური კავშირები, ფინანსური, საკრედიტო ურთიეთობა და სხვა, ალბათ, ეს გაერთიანება უფრო შეისხამს ხორცს. იგი ძალიან შორსაა ევროგაერთიანებისაგან, რომელშიც ევროპის 12 ქვეყანა შედის, მათ შორის ისეთი გიგანტებიც, როგორიცაა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, საფრანგეთი, ესპანეთი, ინგლისი და სხვები. ევროგაერთიანება მთელი ათი თავით მაღლა დგას, თუ ვიმსჯელებთ ინტეგრაციის მასშტაბებსა და სიღრმეზე. ლაპარაკია არა მარტო ეკონომიკურ ინტეგრაციაზე, არამედ პოლიტიკის, საგარეო პოლიტიკის ინტეგრირებაზე, ლაპარაკია არა სიტყვით, არამედ საქმით, ერთიან სამხედრო სტრატეგიულ სივრცეზე და ასეთი სივრცე, პრაქტიკულად, უკვე მოქმედებს. ბევრ ქვეყანას თავისი შეიარაღებული ძალა, გარკვეული აზრით, სიმბოლურად რჩება... ევროგაერთიანებასთან შედარებით თანამეგობრობა ორგანიზაციულად და სტრუქტურულად საკმაოდ სუსტი წარმონაქმნია. ასე რომ, იგი არავითარ საფრთხეს არ უქმნის ჩვენს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას. როცა ვამბობდი, არ უნდა ვიჩქაროთ ამ გაერთიანებაში შესვლა-მეთქი, სწორედ მისი სუსტი საფუძვლები მქონდა მხედველობაში, მიმაჩნდა, რომ ეს არ მოიტანს იმ ეფექტს, რომელიც საჭირო და აუცილებელია სახელმწიფოსათვის.
მე მივმართავ თხოვნით ყველას, წაიკითხონ თანამეგობრობის წესდება და თუ იქ რაიმეს აღმოაჩენთ, რაც საფრთხეს უქადის საქართველოს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას, საქვეყნოდ მოვიხდი ბოდიშს და ვთხოვ პარლამენტს, არ დაამტკიცონ ჩემს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
სულ ორიოდე სიტყვით ვიტყვი, რომ ყველა სახელმწიფო უარს აცხადებს ამ თანამეგობრობის ფარგლებში ყოველგვარი ტერიტორიული პრეტენზიების წაყენებაზე ერთმანეთის მიმართ. რაც შეეხება ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას, საზღვრების ხელშეუხებლობას, სახელმწიფოს მთლიანობას და ყოველგვარი უკანონო დანაწევრების დაუშვებლობას, ის, რაც ჩვენ ძალიან გვჭირდება და გვაწუხებს - შინა და საგარეო პოლიტიკაში ჩაურევლობას, წესდებაში ხაზგასმულია, რომ თანამეგობრობა არ არის სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი. ეს მიუთითებს იმაზე, რომ იგი არ არის არც ზენაციონალური და არც ზესახელმწიფოებრივი ორგანიზაცია. ამ უფლებებით ის არ სარგებლობს. ხაზგასმით გამოკვეთილია აგრეთვე აზრი იმის შესახებ, რომ კონფლიქტების თავიდან აცილების და კონფლიქტების მოგვარების საქმეში თანამეგობრობამ განსაკუთრებული როლი უნდა შეასრულოს. სიმართლე გითხრათ, განმსაზღვრელი გადაწყვეტილებების მიღებისას ერთ-ერთი ესეც იყო. რატომ არ უნდა გამოვიყენოთ ასეთი შესაძლებლობა ჩვენი ტკივილების მოსაშუშებლად. თანამეგობრობის წესდების შესაბამისად მიუღებელია ძალის გამოყენება სახელმწიფოთა შორის ურთიერთობასა და დამოკიდებულებაში და სხვა მრავალი.
ზოგიერთს ჰგონია, რომ ეკონომიკური სივრცე ლამის ეკონომიკურ დაკაბალებას ნიშნავს. ამ სივრცის ერთ-ერთი ავტორი მეც გახლავართ - ეს სიტყვა და ეს გაგება იმ წლებში დაიბადა, როცა ვლაპარაკობდით დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის კედლის დანგრევაზე და დაპირისპირების დაძლევაზე. მაშინ დავიწყეთ ლაპარაკი საერთო ევროპული სივრცის, ეკონომიკური სივრცის, სამართლებრივი სივრცის, ჰუმანური სივრცის და ა. შ. შესახებ. განა ეს სივრცე ნიშნავს იმას, რომ საზღვრები წალეკა და აღარ არსებობს სუვერენიტეტი? რა თქმა უნდა, არა. მერე ხშირად ვხმარობდით - ევრაზიის სივრცე, სატრანსპორტო, საკომუნიკაციო სივრცეები და ევრაზიის ეკონომიკური სივრცე და, ბოლოს და ბოლოს, ეს პლანეტის მასშტაბითაც გავრცელდება ალბათ, როცა ადამიანები მართლა ინტეგრაციის სიკეთეს გაიგებენ და შეიცნობენ. ასე რომ, ამ მხრივ, აქ არაფერი საშიში და სადარდებელი არ არის.
მეორე საკითხი, არის თუ არა ეს ხსნა ყველაფერი ამ უბედურებისაგან, რაც ჩვენ ახლა გვჭირს. რა თქმა უნდა, არა. ვფიქრობ, რომ აქ ზედმეტი ილუზიები იმისა, რომ რადგან თანამეგობრობაში შევედით, ამოვისუნთქავთ და ყველაფერი თავისთავად მოგვარდება, არ უნდა გვქონდეს, მაგრამ თანამეგობრობის გამოყენება შეიძლება ისევ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ინტერესებისათვის.
ბოლოს და ბოლოს ის საკითხები, რომელიც დაკავშირებულია სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობასთან, თუნდაც გარეშე ფაქტორებთან და გარეშე ფაქტორებმა აფხაზეთთან დამოკიდებულებაში ხომ ძალიან დიდი, თუ არა გადამწყვეტი, როლი შეასრულეს. ესე იგი სად შეიძლება იმის შესახებ მსჯელობა, განხილვა, უშიშროების საბჭოს გარდა, სადაც უშიშროების საბჭოს წევრს ყოველთვის შეუძლია ვეტო დაადოს ამა თუ იმ საკითხს და ის დამთავრებულია. რატომ არ გამოვიყენოთ ეს თანამეგობრობა იმისათვის, რომ ჩვენი გულისტკივილი გამოვხატოთ და იქნებ ამ სახელმწიფოთა მხარდაჭერით ბევრის გაკეთება შევძლოთ.
- გასათვალისწინებელია ისიც, რომ რუსეთში სულ მალე გაიმართება საპარლამენტო არჩევნები, შემდეგ - პრეზიდენტის არჩევნები და ამასთან დაკავშირებით ელცინის ერთ-ერთი გამონათქვამი გავიხსენოთ: პარლამენტში აღარ უნდა შემოვიდნენ პოლიტიკანები. პარლამენტში უნდა შევიდეს ხალხი, რომელიც უშუალოდ საქმეს აკეთებს, ბიზნესთან, ეკონომიკასთან არის დაკავშირებული. თუ ახალი, სხვა ფსიქოლოგიის მქონე რუსეთის ფორმირება დაიწყო, მას ხელს აძლევს ძლიერი, ერთიანი საქართველო. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ბევრი პოლიტიკური ძალა ამ გადაწყვეტილებას უარყოფითად შეხვდა, მათ შორის, თანამდებობის პირები...
- ჩემი გადაწყვეტილება, გარკვეული აზრით დაკავშირებულია იმ მოვლენებთანაც, რომლებიც მოსკოვში მოხდა 3-4 ოქტომბერს, რომ არ მომხდარიყო რუსეთის შავი ძალების ჩამოგდება და მათი გარეკვა პოლიტიკური მოღვაწეობის ასპარეზიდან, გამიჭირდებოდა ამ გადაწყვეტილების მიღება. რადგან დავინახე, რომ რუსეთი იბრძვის და იგი ასე მძლავრად შემობრუნდა დემოკრატიისაკენ, ამან მომცა გარკვეული ბიძგი. და მინდა ჩვენმა რადიომსმენელებმა ამასაც გაუწიონ ანგარიში. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. სხვა საქმეა, რამდენად ღრმად წავა რუსეთის ხელმძღვანელობა ამ შავბნელი ძალების წინააღმდეგ ბრძოლის გასაგრძელებლად, იმიტომ, რომ ეს მარტო ხელისფლების მაღალ ეშალონებს არ ეხება. ჩვენ, სამწუხაროდ, მეტი ზიანი ხელისუფლების საშუალო და დაბალმა ეშელონებმა მოგვიტანეს.
რაც შეეხება ამ გადაწყვეტილებაზე რეაქციას საქართველოში: ბევრმა ძალიან ნაჩქარევი დასკვნები გააკეთა, რასაც ჩვენი ხალხისათვის არაფერი სასიკეთო და სასარგებლო არ მოუტანია და არც მოიტანს, მით უფრო, როცა თანამდებობა, გარკვეული მდგომარეობა გიკავია საზოგადოებაში, პასუხს აგებ ხალხის წინაშე და თუ ხალხს მიაჩნია, რომ საჭირო ხარ, არ უნდა გაიქცე ასეთი კრიზისის დროს.
ძალიან ჩამაფიქრა ირაკლი ბათიაშვილის განცხადებამ. მე ირაკლი შვილივით მიყვარს, ძალიან ჭკვიანი, ერუდირებული ახალგაზრდაა და იგი შემთხვევით არ წარმოვაჩინეთ, შემთხვევით არ მოხდა მისი დანიშვნა და იგი ღირსეულადაც მუშაობდა, ღირსეულად იბრძოდა აფხაზეთში, გაბედული და სინდის-ნამუსიანი კაცია. ამ გადაწყვეტილებაში მას არ ვეთნხმები, მაგრამ მაინც მივიღე გადადგომა. მისი განცხადების ერთ-ერთი მოტივია თანამეგობრობაში შესვლა, მაგრამ მან მანამდე გააკეთა ეს განცხადება აფხაზეთის დაკარგვასთან დაკავშირებით, მინისტრთა საბჭოს სხდომაზე. ამასთან დაკავშირებით მე პრესკონფერენციაზე ვთქვი და ახლაც უნდა გავიმეორო: ვისაც წასვლა უნდა, წავიდეს. ასეთ დროს ვინც წავა, მგონია, იმას დაბრკოლებები არ უნდა შევუქმნათ. დღეს მივიღე ზოგიერთი გადაწყვეტილება საკადრო დანიშვნებთან დაკავშირებით: საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის უფროსად ბატონი ირაკლი მუშაობდა, იგი გავათავისუფლე, რაკი ასე დაჟინებით მოითხოვა, რამდენჯერმე ვთხოვე, ვესაუბრე, ვეხვეწე, მაგრამ არაფერი გამოვიდა და დავნიშნე იგორ გიორგაძე - საკმაოდ ცნობილი სპეციალისტი, ამ დარგის პროფესიონალი. შეიძლება არ იყოს ერთგვაროვანი აზრი, მაგრამ მე მას ვიცნობ, მთელ რიგ რთულ ოპერაციებში თვალყურს ვადევნებდი, როგორ მუშაობდა ის პრაქტიკულად. მოვიდა დრო, სადაზვერვო სამსახური - სახელმწიფო უშიშროების სამსახური ხალხის სამსახურში ჩავაყენოთ. მოვიდა დრო, როცა სახელმწიფო სახელმწიფოს უნდა დაემსგავსოს და სახელმწიფო - ეს არის უშიშროების სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტრო და ზოგიერთი სხვა. შინაგან საქმეთა მინისტრად დავნიშნე ბატონი შოთა კვირაია, რომელიც საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის თავმჯდომარის პირველი მოადგილე იყო. თვითონ ამ სამინისტროდან არის მოსული, საკმაოდ გამოცდილი კაცია, კარგად იცის ოპერატიული მუშაობა, დარწმუნებული ვარ, რომ ის უნარიანი კაცია, პროფესიონალია და, ვფიქრობ ღირსეულად იმუშავებს.
მივიღე გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შესახებაც. მიმაჩნია, რომ ბატონმა დემურ დვალიშვილმა გარკვეული როლი შეასრულა, მაგრამ ამ სისტემაში ლიბერალურ-საკრედიტო პოლიტიკის ფონზე იმდენი რამ მოხდა დაუშვებელი, რომ თვითონაც მიაჩნია, ასე სჯობიაო და განცხადება მომიტანა, მთხოვა განთავისუფლება. დავნიშნე ჩვენთან უკვე საკმაოდ ცნობილი ბანკირი ნოდარ ჯავახიშვილი. იგი კარგი სპეციალისტია, ამას ყველა აღიარებს, ბანკების სისტემების მოღვაწეთა შორის გამორჩეული კაცი. ერთადერთს ამბობენ, ხანდახან ცოტა ჯიუტიაო. მე არ მგონია სიჯიუტეზე იყოს ლაპარაკი, ლაპარაკია, ალბათ პრინციპულობაზე და ბანკში სწორედ ისეთი კაცია საჭირო, რომელიც სახელმწიფოს ინტერესებს დაიცავს.
აი, ასეთი გადაწყვეტილებები მივიღე. ცვლილებები კიდევ არის მოსალოდნელი. მეტყვიან, შენ ვინ გეკითხება, ეს პარლამენტს უნდა დაემტკიცებინა ბანკის პრეზიდენტი, სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელი და ა.შ. მე ხშირად მისაყვედურებენ, მოგეცით დამატებითი უფლებები და მათ არ იყენებო. ახლა ვიყენებ ამ უფლებებს. კიდევაც ვხსნი და კიდევაც ვნიშნავ და ასე გავაგრძელებ. მერე თუ პარლამენტი დამეთანხმება - კარგია, თუ არა და ხალხმა განსაჯოს - ვინ არის მართალი და ვინ არა.
- თანამეგობრობის თემას ხშირად აკავშირებენ აფხაზეთთნ. დღეს აფხაზეთში მართლაც ძალიან რთული ვითარება შეიქმნა. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ იქ საშინელება ტრიალებს, არ წყდება სროლა, არის სრული ანარქია, განუკითახაობა, ეპიდემიის ნიშნები გაჩნდა. გასაგებია, რომ ეს აფხაზური ფაშიზმის შედეგია, მაგრამ ეს ჩვენი ტერიტორიაა და მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვენი მიწა ახლა ოკუპირებულია, გვტკივა მისი ტკივილები. ქართული ჯარი იქ აღარ არის, მაგრამ ვიღაცამ ხომ უნდა გააკონტროლოს ის, რაც ახლა აფხაზეთში ხდება, ვიღაც ხომ უნდა აგებდეს პასუხს.
და კიდევ ერთი კითხვა: არის ინფორმაცია, რომ არძინბა გამალებით რეკავს თბილისში და ითხოვს მოლაპარაკებას, რამდენად სწორია?
- აფხაზეთისათვის ბრძოლის ახალი ეტაპი იწყება. ყველამ კარგად ვიცით, რა უბედურებაც დაგვემართა, მარცხი მარცხია, და ესეც უნდა ვაღიაროთ. რატომ და როგორ მოხდა, ეს ცალკე მსჯელობის საგანი უნდა იყოს, მაგრამ მე არ ვარ ისე განწყობილი, რომ ხელი ჩავიქნიო. მოვა დრო და სამართლიანობა იზეიმებს, სამართლიანობა გაიმარჯვებს, არ შეიძლება ეს ასე არ მოხდეს. სხავდასხვა გზებით უნდა ვიაროთ. გუშინ ბატონ სანდრო კავსაძეს, საგარეო საქმეთა სამინისტროს უკვე დავავალე, სპეციალური კომიტეტია ლევან ალექსიძის ხელმძღვანელობით ფაქტების დასადგენად და შესაგროვებლად. გენოციდთან და ეთნოწმენდასთან დაკავშირებით უნდა მომზადდეს დოკუმენტების მთელი პაკეტი გაეროსა და უშიშროების საბჭოსათვის და უნდა ვიმოქმედოთ. ეს ერთი არსია. და მეორე - ძალიან ინტენსიური მუშაობა რუსეთთან და ამიერიდან უკვე ყველა ჩვენს პარტნიორთან თანამეგობრობაში. მიმაჩნია, რომ ძალიან ბევრის გაკეთება შეუძლია უკრაინას. ახლა უკვე სხვებიც შეგვაწევენ სიტყვას, ჩვენი მეზობლები - სომხეთი, აზერბაიჯანი. ვიცი, რომ დიდი ენთუზიაზმით შეხვდა ყაზახეთის ხელმძღვანელობა ჩვენს შესვლას თანამეგობრობაში. ესენი ყველა გაეროს წევრებია, რუსეთი უშიშროების საბჭოს წევრია. თანამეგობრობის ფარგლებშიც ბევრი რამის გაკეთება შეიძლება. მე მაინც მინდა იმედი გამოვთქვა, რომ ოქტომბრის დასაწყისში მომხდარი ამბები უკვალოდ არ ჩაივლის და შეიძლება ეს აფხაზეთსაც დაეტყოს. ხომ ფაქტია, რომ ბლოკშია არძინბას რეჟიმი და ისინი, ვინც ახლა გარეკეს პოლიტიკური ასპარეზიდან. ეს მთლიანის რაღაც შემადგენელი ნაწილები იყვნენ. ამიტომ მათი პოზიციები ალბათ თანდათანობით შესუსტდება და ამითაც უნდა ვისარგებლოთ. არ უნდა დავივიწყოთ, რომ აფხაზეთში დარჩა ხალხი, ქართველებიც არიან, აფხაზთა შორისაც არიან საღად მოაზროვნე ადამიანები, იქ არიან სხვა ეროვნების წარმომადგენლები და თუ მშვიდობიანი ხერხები ვერ გაჭრის, ჩვენ ყველაფრისათვის მზად უნდა ვიყოთ. და მზად ვიქნებით კიდეც, ამ გზით მივდივართ, ჩვენ უნდა შევქმნათ ძლიერი ძალა, რომელიც გარანტია იქნება საქართველოს ერთიანობისა და მთლიანობისა. როგორც უნდა გვიჭირდეს, ეს მაინც უნდა გავაკეთოთ.
რაც შეეხება არძინბას მცდელობას, მე ვერ ვგრძნობ, რომ ის კარებს ამტვრევს და ძალიან ხშირად მოგვმართავს. ასე არ არის, მაგრამ ვნახავთ, რამდენად იქნება მიზანშეწონილი და დასაშვები მასთან კონტაქტები. ახლა უფრო მეტად იმ არხებით უნდა ვიმუშაოთ, რომელზეც მოგახსენეთ.
- კლინტონის განცხადებას იმის თაობაზე, რომ საქართველომ უნდა ისწავლოს ურთიერთშორის წამოჭრილი საკითხების თვითონ მოგვარება, რომ თუ ქართველები ჭკუას არ ისწავლიან, შეიძლება ისინი განადგურდნენ, მაგრამ ესეც საკუთარ თავს დააბრალონ და ა.შ., საფიქრალი გაგვიჩინა. ძალიან გაუგებარი იყო ეს, რადგან ჩვენ გვახსოვს ის უზარმაზარი დახმარება, რაც ამერიკამ გაგვიწია, ამერიკის ადმინისტრაციის და პირადად პრეზიდენტ კლინტონის არაერთი განცხადება - გნებავთ აფხაზეთთან დამოკიდებულებაში, გნებავთ სხვა საკითხებში, ყოველთვის იყო მხარდაჭერა და თანადგომა. ამ განცხადების შემდგომ ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, რომ თანამეგობრობაში შესვლის შემდგომ დამთავრდა ლამაზი დასავლური ზღაპარი და დაიწყო მკაცრი რუსული რეალობა, მკაცრი, მაგრამ რეალობა და არა ზღაპარი...
- მე წუხელ რომ მოვუსმინე ამ ტექსტს, რომელიც ჩვენმა ტელევიზიამ გადასცა, სიმართლე გითხრათ, რაღაც გაოცებული დავრჩი, იმიტომ, რომ ეს არ არის პრეზიდენტის სიტყვები და პრეზიდენტის სტილი, თუნდაც შეფასების ფორმა. ასეთი რამ შეუძლებელია. მერე დავიწყე ძიება, საიდან არის, როგორ არის, და მითხრეს, ეს გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე გამოსვლიდანაა ამოღებულიო. დღეს ბატონ პეტრე ჩხეიძეს დავურეკე, რომელმაც მითხრა: მე თვითონ ვესწრებოდი მის გამოსვლას და საქართველოზე ლაპარაკი არ ყოფილა, კლინტონს საქართველო საერთოდ არ უხსენებიაო. მერე სხვა წყაროები ვეძებეთ, მისი ბოლო გამოსვლები და ვერსად ვერ აღმოვაჩინეთ ამის მსგავსი რამ. ცოტა უცნაურია, თითქოს ერთ-ერთი დეპუტატი ყოფილა ამერიკის შეერთებულ შტატებში, მას რუსული გაზეთიდან რაღაც პატარა ამონაჭერი გამოუგზავნია და ჩვენს ტელევიზიაში ის გამოიყენეს. მე ტელევიზიას კი არ ვკიცხავ, მაგრამ, თავისთავად, ალბათ, როცა ასეთი ინფორმაცია მოდის, ცოტა მეტი პასუხისმგებლობაა საჭირო, ყველამ მეტად უნდა მოვიკითხოთ წყაროები, საიდან არის, როგორ მოვიდა, რასაც კლინტონს აბრალებენ. შეიძლება მართალიც კი იყოს, რომ ქართველმა ხალხმა, პირველ რიგში, თვითონ უნდა მართოს თავისი თავი, მაგრამ ეს ერთია - როცა ქართველი კაცი ამბობს, და სხვა, როცა ამერიკის პრეზიდენტი ამბობს, რომელიც მართლა მხარში გვიდგას, გვითანაგრძნობს, ჩვენთან ყოველთვის სოლიდარობას უსვამს მხარს, და ასე უცებ 180 გრადუსით შემობრუნება. ვფიქრობ, რომ ეს ერთგვარი იმედის გაცრუებაა ისედაც ნატანჯი და იმედგაცრუებული ხალხისათვის. ასე არ შეიძლება. მე არა მგონია, რომ კლინტონს მსგავსი რამ ეთქვას. როგორც ვიცი, მოსკოვის შეხვედრის შემდეგ, ბატონი ჩხეიძე შეხვდა მის პირად წარმომადგენელს, რომელმაც განაცხადა, ძალიან კარგად გვესმის, თუ რატომ გადადგა შევარდნაძემ ეს ნაბიჯი და ჩვენ ამაში არაფერს არ ვხედვათ ისეთს, რამაც შეიძლება ოდნავი ჩრდილი მიაყენოს საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების მეგობრობასა და ურთიერთობას, ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ ასეთ ურთიერთობასო. ასეთია ოფიციალური ვაშინგტონის რეაქცია და ამიტომ ხელოვნურად არ უნდა იგონებდნენ პრობლემებს.
- რამდენად რეალურია დღეს, რომ მოხდეს საბჭოთა იმპერიის აღდგენა?
- ეს შეუძლებელია. ახლა რუსეთმა რომც მოისურვოს და, ვთქვათ, პატარა სახელმწიფოები ჩაყლაპოს, უკრაინის ჩაყლაპვა აღარ შეიძლება, ანდა ყაზახეთისა, რომელიც თავისი ტერიტორიით საფრანგეთზე 5-ჯერ დიდია, სიმდიდრით კი 5 ევროპაა ერთად. ანდა, ავიღოთ ბელარუსი, უზარმაზარი უზბეკეთი. პატარა ქვეყანა, თავისთავად, არც ერთი არ არის, ყველას თავის ადგილი და წონა აქვს. ჩვენ უნდა განვავითაროთ ეს თანამეგობრობა ისე, როგორც სჭირდება ჩვენს ხალხებსა და სახელმწიფოებს. ამავე დროს, ეს არ იქნება ერთადერთი თანამეგობრობა. მოვა დრო, ევროპა გაერთიანდება, ევროგაერთიანებაშიც გამოჩნდება ადგილები. მწამს, რომ შავიზღვისპირეთის ქვეყნების თანამეგობრობაც ასევე მიიღებს ალიანსის სახეს. აქეთ კასპიის ზღვის ქვეყნები გვეპატიჟებიან და ასეთნაირად, ამ თანამეგობრობებში და ალიანსებში ვიპოვით ჩვენს ადგილს.
- რუსეთის საინფორმაციო წყაროები იუწყებიან, რომ 7 ოქტომბერს გაგრაში ერთმანეთს შეხვდნენ აფხაზეთის ახლანდელი ხელისუფლებისა და აჭარის ხელისუფლების წარმომადგენლები. კერძოდ, საუბარი იყო ბატონ ასლან აბაშიძის - პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის შესახებ. ამ კონტექსტში საინტერესოა ისიც, რომ არძინბა და ქობალია შეხვდნენ ერთმანეთს, შემდეგ კი გამსახურდიამ, გუშინ ზუგდიდში გამართულ მიტინგზე გამოსვლისას თქვა, რომ რესპუბლიკის ფარგლებს გარედან მიიღებს დახმარებასა და იარაღს. ვიცით ისიც, რომ ექსპრეზიდენტის მომხრეთა შორის ჩეჩნებიც იბრძვიან. რას უნდა ველოდეთ უახლოეს მომავალში?
- აჭარის დელეგაციისა და აფხაზეთის დელეგაციის შეხვედრაზე მსჯელობა ახლა არ შემიძლია. საერთოდ, ბატონი ასლანი ყოველთვის მაყენებდა საქმის კურსში, როცა ჰქონდა შეხვედრები არა მარტო საქართველოში, არამედ მრავალი სხვა კონტაქტის თაობაზეც. შეიძლება, მოხდა გაუგებრობა. სატელეფონო კავშირი ვერ ამოქმედდა და ამიტომ კომენტარისაგანაც თავს ვიკავებ. რაც შეეხება არძინბასა და ქობალიას შეხვედრას - ეს გასაკვირი არც არის, ასეც უნდა მომხდარიყო. სოხუმის დაცემა და აფხაზეთში ამ დაჯგუფების პოზიცია წინასწარ იყო დაგეგმილი. განა, რა არის საკვირველი იმაში, რომ ისინი შეხვდნენ ერთმანეთს, შეეცდებიან რაღაც ალიანსის მსგავსი შეაკოწიწონ, თუ გამოუვიდათ, რასაკვირველია. თუმცა, მე მაინც მგონია, რომ ქობალია ამაზე არ უნდა წავიდეს, მაგრამ თუ წავა, მერე თავის თავს უნდა დააბრალოს ჩვენი ხალხის რისხვა და ჩვენი ხალხის დამოკიდებულება. გამსახურდიას შანტაჟი, რომ ის იარაღს შემოიტანს საზღვარგარეთიდან და სხვა ქვეყნებიდან, ალბათ, მისთვის დამახასიათებელი ამბავია. აქ სატრაბახო არაფერი არ არის. შენი ქვეყნის, შენი ხალხის წინააღმდეგ შემოგაქვს იარაღი და, საერთოდ, ეს საშინელი ავანტიურა, მოღალატური გამოსვლაა საქართველოს წინააღმდეგ. საქართველოს ისტორიაში შავი ასოებით ჩაიწერება ყოველივე ეს. უფრო მოღალატური საქციელი ჩვენს დღეებში არც კი შეიძლება წარმოვიდგინოთ. ამიტომ, რა მნიშვნელობა აქვს, რომელი იარაღით გააკეთებს ამას, საკუთარი ფილთა თოფით, თუ გროზნოდან შემოტანილი ტყვიამფრქვევით, ანდა საკუთარი სახელმწიფოსთვის წართმეული „გრადის“ დანადგარებით თუ ტანკებით. უზნეობა და უნამუსობა ერთნაირია ყველა.
ბეიკერთან სატელეფონო საუბრის თაობაზე ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ თქვა:
- მე ახლა ძალიან ბევრი მეგობარი მირეკავს უცხოეთიდან. დღეს რამდენიმე მგრძნობიარე წერილი მივიღე, მათ შორის, მაღალი რანგის პოლიტიკოსისაგანაც. ბეიკერმა აფხაზეთის ამბებთან დაკავშირებით დარეკა. ამ ცოტა ხნის წინათ, როცა მე სოხუმში ვიყავი, მისმა მეუღლემ ისეთი წერილი გამომიგზავნა, რომ უცრემლოდ ვერ წაიკითხავდი კაცი. ახლაც მეკითხება ბატონი ბეიკერი, თუ რისი გაკეთება შეუძლია საქართველოსათვის. მას გადაწყვეტილი აქვს შექმნას ჰუმანური დახმარების ფონდი. ბეიკერს დიდი ავტორიტეტი აქვს და ბევრი სასარგებლოს გაკეთება შეუძლია. რამდენჯერმე გენშერმაც დარეკა. მე ბედნიერი ვარ, რომ პლანეტაზე არიან ადამიანები, რომლებიც არ ივიწყებენ მეგობრობას, სიკეთეს, მიმაჩნია, რომ ზოგადსაკაცობრიო იდეალებისათვის გარკვეული მოღვაწეების ბრძოლამ თავისი კვალი დატოვა და გუშინდელი შეურიგებლობა, კლასობრივი მტრობა, როგორც მაშინ ამბობდნენ, იდეოლოგიური კონტრასტები გადაილახა და დღეს ჩვენი ტკივილი პლანეტის სხვადასხვა კუთხეშიც სტკივათ.
მეიჯორის წერილის თაობაზე სახელმწიფოს მეთაურმა თქვა, რომ იგი მეგობრული მხარდაჭერისა და თანაგრძნობის წერილია. ესეც ახალ ურთიერთობაზე მიუთითებს და მას უნდა ვუფრთხილდებოდეთ. რა თქმა უნდა, ჩვენ მადლიერი ვართ ინგლისელი პრემიერისა, რომელმაც საკმაოდ გულუხვი დახმარება - 200 ათასი გირვანქა სტერლინგი გამოგვიყო და იმასაც გვპირდება, რომ კვლავაც შეეცდება მოძებნოს სხვა გზები.
- მრავალი საკითხი განვიხილეთ, სახელმწიფო მინისტრთან ბატონ ჰოგთან შეხვედრის დროს. იგი ძალზე დაინტერესდა აფხაზეთის ამბებით, ყველა ნიუანსით და ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან, როცა ჩვენ ვიმუშავებთ გაეროს ორგანიზაციებში, უშიშროების საბჭოში, იქ ინგლისზე, როგორც ამ საბჭოს მუდმივ წევრზე, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული და დღევანდელი შეხვედრები ერთგვარად ნიადაგის შემზადებაა იმისათვის, რომ დავიწყოთ ის დიდი ბრძოლა, რომლის შესახებაც ზემოთ მოგახსენებდით.
- რა უნდა დაემართოს კიდევ ქართველ კაცს, რომ ამ ეიფორიიდან გამოვიდეს, დაინახოს, დაფიქრდეს, თუ საით მიგვყავს ქვეყანა, რომლის ბედისათვის ჩვენ ყველა, მეტნაკლებად, ერთნაირად ვაგებთ პასუხს, მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური შეხედულებებისა და მრწამსისა.
- ბევრს ვფიქრობ, თუ როგორ მოხდა ისე, რომ დამოუკიდებლობის მიღების პროცესში საქართველოში ამოტივტივდა შავი ძალა, სად იყო-მეთქი, სულ ამ კითხვას ვუსმევ ჩემს თავს. მე ხომ აქ დავიბადე, გავიზარდე, ყველა საფეხური გავიარე და ყოველთვის ხალხთან ახლოს ვიყავი, ყოველთვის ვამაყობდი იმით, რომ ჩემი ხალხი განსაკუთრებულია თავისი კულტურით, განათლებით, ინტელიგენტობით. ახლა გაოცებული ვარ. ის, რაც აფხაზეთში მოხდა, ის, რაც ჩაიდინეს ცნობილმა ძალებმა, და ის, რაც ახლა სამეგრელოში ხდება, მწამს, რომ სამეგრელოს მოსახლეობის 90 პროცენტი ამას არ იზიარებს, მაგრამ ის 10 პროცენტი ხომ არის. - ეს არის სატირალი და საფიქრალი ჩვენთვის, როგორ ამოვიდა და როგორ გაიზარდა ეს საშინელი ძალა ჩვენს წიაღში. ჩვენ თუ სერიოზულად ვფიქრობთ აფხაზეთის დაბრუნებისათვის და უნდა დავიბრუნოთ კიდეც იგი, სხვა გზა არა გვაქვს, ამ შავ ძალას, საშინელ საფრთხეს, როგორმე უნდა გავართვათ თავი.
გუშინ, თითქოს, სიწყნარე იყო ცხენისწყლის გასწვრივ. დღეს კი ისევ გაუხსნეს ცეცხლი სამტრედიას, ვითომ რომელიმე სხვა სახელმწიფოს ქალაქებს ბომბავდნენ. ისევ დაინგრა სახლები, დაიჭრნენ ადამიანები, იყო ქალაქში შეჭრის მცდელობა და შეიჭრნენ კიდეც, თუმცა შემდეგ გამოდევნეს იქიდან. ისევ ბრძოლები, ისევ შეტაკებები, ხონში შესვლასაც შეეცადნენ. ვერ ისვენებენ. იცით, ამ რამდენიმე დღის წინათ გურიაში შეიჭრნენ, იქაც რამდენიმე კაცი დაიჭრა. ისევ მსხვერპლი ორივე მხრიდან. რა უნდათ, ვის ებრძვიან. ცალკეული მოღვაწეები ამბობენ: იქნებ ისე გავაკეთოთ - გამსახურდიაც გადადგეს და შევარდნაძეცო. ჩემი გადადგომა - ათასჯერ და ათიათასჯერ ვთქვი და კიდევ ვიტყვი, არავითარი პრობლემა არ არის, ოღონდ საქართველოს ეშველოს. რა გადაწყვეტილებაც იქნება საჭირო, იმ გადაწყვეტილებას მივიღებთ. მაგრამ საიდან უნდა გადადგეს გამსახურდია. იქნებ, ექსპრეზიდენტობიდან. არჩევნების შემდეგ ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ყველა ეს საკითხი გადაწყვეტილია, მოგვარებულია და მთელმა მსოფლიომ აღიარა, რომ საქართველომ გაიმარჯვა. ქვეყანა დაადგა დემოკრატიული განვითარების გზას. მაშინ გამსახურდიამდეც ბევრი არჩევნები იყო გამართული საქართველოში, კომუნისტების დროსაც, და რატომ იმათ არ ჰქონდათ ასეთი პრეტენზიები. ასე რომ, მოდით, ყველამ საღად ვიაზროვნოთ, ყველა პარტიამ, პოლიტიკურმა მოღვაწემ და დავთმოთ იქ, სადაც დასათმობია. რაც შეეხება შავი ძალის მიმართ ჩვენს პოლიტიკას, იგი გამოკვეთილი და გარკვეული უნდა იყოს. ამდენი უბედურების შემდეგ ჩვენ ყველამ გამოვიღვიძეთ და ახლა ისევ მიძინების დრო აღარ არის.
ედუარდ შევარდნაძე: თანამეგობრობაში შესვლა არავითარ საფრთხეს არ უქმნის ჩვენს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას : რადიოინტერვიუ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 13 ოქტომბერი. - №224(752). - 1,2 გვ.
![]() |
160 საქართველო გახდება ჩრდილოატლანტიკური ასამბლეის წევრი |
▲ზევით დაბრუნება |
[...]
მის აღმატებულებას ლოიკ ბუვარს,
ჩრდილოატლანტიკური ასამბლეის თავმჯდომარეს პატივცემულო ბატონო თავმჯდომარევ,
მოხარული ვარ, რომ მეძლევა შემთხვევა მოგმართოთ თქვენ და თქვენი სახით ჩრდილოატლანტიკური ასამბლეის სესიის მონაწილეებს.
უკანასკნელი დროის მოვლენებმა ცხადყვეს, რომ იმპერიული ძალები უბრძოლველად არ თმობენ პოზიციებს. ლაპარაკი მაქვს 1991 წლის აგვისტოს მოსკოვის პუტჩის ორგანიზატორებსა და მათს თბილისელ და სოხუმელ მხარდამჭერებზე. ისევე როგორც 1990 წელს, ახლაც, სოხუმის დაცემის შემდეგ, მე კვლავ ვიწინასწარმეტყველე, რომ ეს ძალები ჯერაც ცოცხლობენ და რევანშის ცდა გარდაუვალია. რაოდენ სწრაფად გამართლდა ეს პროგნოზი! ძნელი არ არის მოსკოვში უკანასკნელ დღეებში მოწყობილი სისხლისღვრის ინიციატორთა, აფხაზეთის ტრაგედიის ავტორთა და მათ ხელისშემწყობთა და დასავლეთ საქართველოში სამოქალაქო ომის გამჩაღებელთა ერთიანი ხელწერის ამოცნობა. მათ ხომ მოქმედების ერთიანი დროც შეარჩიეს და ერთიანი გეგმაც ჰქონდათ.
ყოველწლიური სესიის მონაწილეთა ყურადღებას ყოველივე ამას იმიტომ მივაპყრობთ, რომ ერთხელ კიდევ აღვნიშნო - იმპერიის დანგრევით იმპერიული აზროვნება არ დანგრეულა. ეს უკანასკნელი ხანგრძლივი და მტკივნეული პროცესია, მას სისხლიანი აგონია სდევს თან. ახლად აღმოცენებული დამოუკიდებელი სახელმწიფოები იმედის თვალით შეჰყურებენ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, როგორც ევროპაში და არა მხოლოდ ევროპაში, მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტს და ხედავენ მასში ძალას, რომელსაც შეუძლია ამ პროცესის მშვიდობიანი დასრულება. როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის სრულუფლებიანი წევრი, საქართველო მოხარული იქნება ითანამშრომლოს ჩრდილოატლანტიკურ ასამბლეასთან და თავისი მოკრძალებული წვლილი შეიტანოს ახალი, ცივი ომის შემდგომი ევროპის მშენებლობაში.
[...]
გულწრფელად თქვენი,
ედუარდ შევარდნაძე.
საქართველო გახდება ჩრდილოატლანტიკური ასამბლეის წევრი // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 14 ოქტომბერი. - №225 (753). - 1 გვ.
![]() |
161 ედუარდ შევარდნაძე: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწიფოებრიობის მოშლა, დანგრევა, სხვებსაც არ უქადის უკეთეს მომავალს |
▲ზევით დაბრუნება |
18 ოქტომბრის რადიოინტერვიუ
როცა გასული კვირის შედეგები გააანალიზა და კომენტატორ ნატო ონიანის კითხვებს უპასუხა, კერძოდ, იმის თაობაზე, თუ რამდენად სრულდება მთავარსარდლის ბრძანება, ანუ რამდენად დაცულია ქუთაისი, როდის დასრულდება სამთავრობო ფორმირებების მხრიდან მარტოოდენ თავდაცვა, აქვს თუ არა სამთავრობო ჯარებს საკმაო რაოდენობის მძიმე ტექნიკა და იარაღი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ - სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ თავის ტრადიციულ რადიოინტერვიუში განაცხადა:
- იმას, რაც ახლა დასავლეთ საქართველოში ხდება, მე გაერთიანებული ძალების ინტერვენცია ვუწოდე. ეს ის არის, რაც, პრაქტიკულად, აფხაზეთში ხდებოდა, საქართველოს მიმართ აგრესიული გეგმის რეალიზაციის გაგრძელებაა. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ეს ინტერნაციონალიზებული კონფლიქტია, ესე იგი, მასში მონაწილეობენ მრავალი ძალა, სხვადასხვა ერისა და ეროვნების წარმომადგენლები, ბოევიკები. ვიმეორებ, ის, რაც ხდებოდა აფხაზეთში, დღეს გრძელდება სამეგრელოში და ახლა იმერეთის რაიონებს შეესივნენ. გარეშე რეაქციულ ძალებს თავისი გეგმები აქვთ საქართველოში. რა გეგმები იყო ეს, კარგად ჩანს აფხაზეთის მაგალითზე. სამწუხაროდ, ჩვენ მარტონი, პირისპირ აღმოვჩნდით საკუთარ და უცხო შავ ძალებთან ბრძოლაში თავისუფლებისა, დამოუკიდებლობისა და დემოკრატიისათვის. გაეროს უშიშროების საბჭო ძალიან კარგად შედგენილი რეზოლუციების იქეთ ვერ მიდის. აფხაზეთი დროებით, მაგრამ მაინც ჩამოსცილდა საქართველოს.
ვერც დასავლელი მეგობრები გვეხმარებიან რეალურად. მართალია, დიდია თანაგრძნობა, სოლიდარობა, თანადგომის სურვილი, წერილები, სატელეფონო საუბრები და მრავალი სხვა, მაგრამ, პრაქტიკულად, ეს საქმეს ვერ შველის.
გარკვეულ იმედებს ვამყარებ რუსეთზე. და ეს უნდა იცოდეს ჩემმა ხალხმა, თუ რატომ გადავდგი ზოგიერთი ნაბიჯი, რომელიც ბევრმა ასე აგრესიულად აღიქვა საქართველოში. იმედს ვამყარებ იმ რუსეთზე, რომელმაც 3-4 ოქტომბრის ქარიშხალი გადაიტანა. ვფიქრობ, თუ მოვლენები კანონზომიერად განვითარდება, უნდა გამოიკვეთოს რუსეთის პოზიტიური როლი საქართველოს ამ კრიზისიდან გამოსვლაში.
გარკვეულ იმედებს ვამყარებ თანამეგობრობის სოლიდარობაზეც. საქართველო ახალი წევრია და ვფიქრობ, ასეთი თანადგომა და სოლიდარობა უნდა გამოავლინონ, რამეთუ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სახელმწიფოებრიობის მოშლა, დანგრევა, სხვებსაც არ უქადის უკეთეს მომავალს. და თანამეგობრობის წევრი მეტი წილი სახელმწიფოები დაინტერესებული არიან იმით, რომ არ დაირღვეს საზღვრები, არ დაიშალოს ტერიტორიული, სახელმწიფოებრივი მთლიანობა.
ამასთან დაკავშირებით გამოვყოფ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებებს, რომლებიც გამოირჩევიან საღი აზრითა და რეალური აზროვნებით. მინისტრმა ბევრი საჭირო და ობიექტური აზრი გამოთქვა. ახლა მთავარია, რომ მისი აზრი რუსეთის მთელმა ხელმძღვანელობამ გაიზიაროს.
არც ისაა საიდუმლო, რომ მე რუსეთის შესაბამის ხელმძღვანელებთან, კერძოდ რუსეთის მთავრობასთან, სხვადასხვა ეშელონებთან ვაწარმოებ აქტიურ მოლაპარაკებას. ვიტყვი იმასაც, რომ შეიძლება დღევანდელი და ხვალინდელი დღე გადამწყვეტი იყოს. საუბარია იმაზე, თუ როგორ ვითანამშრომლოთ, როგორ უნდა შეებრძოლოს ეს ორი ქვეყანა ინტერვენციას საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ. რა ფორმით, მასშტაბით, ძალით გამოიხატება ეს, ამას გაარკვევს დღევანდელი და ხვალინდელი დღე. ვფიქრობ, მიღებული იქნება ისეთი გადაწყვეტილება, რომელზეც შემეძლება პასუხი ვაგო ჩემი ხალხის წინაშე.
თუ ამჯერადაც იმედი გაცრუვდა, მაშინ მდგომარეობა რთული იქნება, იმიტომ, რომ ამ დილითაც მივიღე ცნობები, თუ ვინ დგას დღეს ქუთაისის პირისპირ, ვინ შემოიჭრა გუშინ სამტრედიაში, ვინ გაუსწორდა მშვიდობიან მოსახლეობას და ჩვენს მებრძოლებს. ეს უკვე ფაქტია; ძირითადად ესენი აფხაზეთში მებრძოლი ბოევიკები არიან.
ქუთაისის დაცვის შესახებ: მთელი ქუთაისი ფეხზე დგას. სიმართლე გითხრათ, ყოველ წუთსა და საათს მაქვს სურვილი ჩემს ქუთათურებთან ერთად ვიყო. ისევე, როგორც, ალბათ, ყველა თბილისელსა და სრულიად საქართველოს. მე მგონი, ამას ქუთათურებიც გრძნობენ, რომლებიც საოცარ ნებისყოფას ავლენენ ყველაფერში და ყველა ნაბიჯზე, ისინი ძალიან დაეხმარნენ სამტრედიას, მაგრამ იქ იმდენად ჭარბი ცოცხალი ძალა და ტექნიკა იყო, რომ დახმარებამ ვერ უშველა. ქუთაისლები ეხმარებიან ხონსაც, გურიის, იმერეთის რაიონებსაც. და პირველ რიგში, იცავენ თავიანთ ქალაქს, სადაც საოცარი ორგანიზებულებაა. მინდა გამოვყო ქალაქის მერი ბატონი თემურ შაშიაშვილი, რომელსაც საოცარი მებრძოლური თვისებები აღმოაჩნდა. იგი ის პიროვნება, მებრძოლი და ლიდერია, რომელიც ღირსეულად უძღვება თავის ქალაქს, თავის ამომრჩევლებს, მის მრევლს. ის შესანიშნავად თანამშრომლობს მეთაურებთან, სამხედრო ოპერაციებზე მომუშავე ჩემს წარმომადგენლებთან. მინდა აღვნიშნო ის ძალიან დიდი ღონისძიებები და გაბედული ოპერაციები, რომლებსაც ახორციელებენ ოზურგეთში, ლანჩხუთში, ვანში, წყალტუბოში, სხვა რაიონებში. ქუთაისის დაცვაში აქტიურად მონაწილეობენ ზესტაფონი, ჭიათურა, ტყიბული, ლეჩხუმი, სვანეთი, თითქმის ყველა რაიონი. ასე რომ, დასავლეთ საქართველოში ასე იოლად ვერ ითარეშებს ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის მტერი.
ჩვენი შეიარაღებული ძალები აფხაზეთის მარცხის შემდეგ ტრავმირებული, დემორალიზებული, დეზორგანიზებული იყო. ბევრმა მეომარმა გამოიარა სვანეთის მთები, სხვადასხვა გზებით ჩამოვიდნენ, უმრავლესობა უიარაღოდ ჩამოვიდა, ტექნიკა იმ მთებში დარჩა. ის საიმედო ტექნიკა კი, რომელიც ჩვენ გვქონდა, სამწუხაროდ, იცით, ვის ხელში აღმოჩნდა. მოვა დრო, გაირკვევა, ვისი წყალობით მოხდა ეს, ითქმება და ყველა თავისას მიიღებს. ახლა თავდაცვის მინისტრის ღონისძიებებითა და მცდელობით ბევრი რამ კეთდება იმ რაზმის შესაკვრელად, რომელმაც თავისი სიტყვა უნდა თქვას დასავლეთ საქართველოში.
რაც შეეხება ტექნიკის თვალსაზრისით ჩვენს მდგომარეობას, ყოველდღე რაღაც გვემატება, ახლა გვაქვს არა დრომოჭმული და გაცვეთილი, არამედ ახალი და საიმედო ტექნიკა, რომელსაც გამოყენება და ათვისება უნდა.
- ჩეჩნები და სხვა ჩრდილოკავკასიელები იყვნენ და არიან აფხაზეთში. ჩეჩნები სამეგრელოში - ამის შესახებ ქობალიამაც გააკეთა განცხადება, ჩეჩნები ხონსა და სამტრედიაში ებრძვიან სამთავრობო ჯარებს, აწიოკებენ და კლავენ მშვიდობიან მოსახლეობას. ის, თუ რა ურთიერთობა აქვს რუსეთს და ჩეჩნეთს ერთმანეთთან, მათი პირადი საქმე და მოსაგვარებელი პრობლემაა. მაგრამ, ასეა თუ ისე, ჩეჩნეთი რუსეთის ფედერაციის შემადგენელი ნაწილია და აქედან გამომდინარე, რაც დღეს საქართველოში ხდება, როცა აფხაზეთი ოკუპირებულია, როცა დასავლეთ საქართველოს ნაწილი ინტერვენირებულია, იღებს თუ არა რუსეთის ფედერაცია რაიმე პასუხისმგებლობას?
- მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩეჩნები ჩვენი მეზობლები არიან, ჭირი და ლხინი ბევრჯერ ერთად გაგვიყვია, კეთილი მეზობლები ვიყავით და ძალიან მინდოდა ასევე დავრჩენილიყავით. ახლაც მიჭირს იმაზე ლაპარაკი, რომ ეს ხალხი საქართველოს წინააღმდეგ იბრძვის. მაგრამ ეს უკვე ფაქტია. ოფიციალური წრეები ხაზს უსვამენ იმას, რომ ესენი მოხალისეები არიან და ჩეჩნეთის მთავრობა არ იზიარებს მათ ამგვარ მოქმედებას, არ აგებს მასზე პასუხს და ისინი ლამის გმობენ კიდეც ამ ეგრეთ წოდებულ მოხალისეთა მოქმედებას. მაგრამ, არა მგონია, რომ ეს მთლად ასე იყოს: ამ ხალხს დაფინანსება, იარაღი, გაწვრთნა სჭირდება და, როგორც ვიცი, ბევრი მათგანი სახელმწიფოებრივ სტრუქტურებშიც ირიცხება. აღარაფერს ვამბობ იმის თაობაზე, რომ ყოფილი პრეზიდენტი ბატონი გამსახურდია განსაკუთრებული მხარდაჭერით, მატერიალური თუ პოლიტიკური მზრუნველობით სარგებლობდა და სარგებლობს დღესაც. სამწუხაროდ, ყველაფერი ეს ძალიან ძვირად დაუჯდა საქართველოს. მაინც მინდა, რომ ჩვენ ყველაფერი გავაკეთოთ ამ ორ ხალხს შორის ნორმალური და კეთილმეზობლური, როგორც ადრე ვამბობდით, ძმური ურთიერთობის განვითარებისათვის, რომელსაც დღეს შავი ლაქა მოეცხო.
რაც შეეხება რუსეთის პასუხისმგებლობას, მას ოფიციალურად არ უცვნია ჩეჩნეთის გამოყოფა რუსეთისაგან და მისი სრული დამოუკიდებლობა. რუსეთი პასუხისმგებელია იმაზე, რასაც მისი ფედერაციის ყველა სუბიექტი მოიმოქმედებს საგარეო პოლიტიკასა და არენაზე. თუ ეს აგრესიაა, მრავალრიცხოვანი რაზმების შემოჭრა, დესტრუქციული ძალებისადმი პირდაპირი ხელშეწყობა და დახმარება, მაშინ პასუხისმგებლობა რუსეთის ხელისუფლებამაც უნდა გაიზიაროს. თუმცა, მე მჯერა, რომ რუსეთის ხელისუფლება არ შეიძლება კმაყოფილი და მადლიერი იყოს ჩეჩნეთის ხელისუფლების მოქმედების ასეთი რეალური შედეგებით. ასე რომ, როცა პასუხისმგებლობაზე ვლაპარაკობთ, ვგულისხმობთ, რომ რუსეთი პასუხისმგებელია ამაზე.
- თქვენ დღეს თბილისის მოსახლეობას უნდა შეხვდეთ. მათ, ვინც დიდ საკონცერტო დარბაზში იკრიბება. თბილისის ცენტრს, რუსთაველის პროსპექტს დღესაც ატყვია ექსპრეზიდენტის მოღვაწეობის კვალი. რას ეტყვით თბილისელებს, არის თუ არა გამსახურდიას გამოცოცხლება შევარდნაძის მიერ დაშვებული ზოგიერთი შეცდომის შედეგი სხვა ყველაფერთან ერთად, რაც ხდება. თუ ეს ასეა, რა შეცდომებზე შეიძლება საუბარი?
- საერთოდ, როცა საქმე კარგად არ არის, მაშინ ყოველთვის ვეძებთ დამნაშავეს. მე არც ერთი წუთით არ გავურბოდი და არც გავურბივარ ამ პასუხისმგებლობას, შეცდომები იყო და, სამწუხაროდ, დღესაც არის შეცდომები. რაც შეეხება გამსახურდიას ფენომენს, ვფიქრობ, რომ არც ესაა შემთხვევითი, ციდან ჩამოვარდნილი მოვლენა. ეს ფენომენი დღევანდელი საქართველოს, ქართული საზოგადოების განვითარების დონითაა განპირობებული. სხვაგვარად ამის ახსნა შეუძლებელია. ვინ უჭერს მხარს გამსახურდიას? გულუბრყვილობა იქნება იმის თქმა, რომ მას არავინ უჭერს მხარს. გარკვეული რაოდენობა - არ ვიცი, ათი, თხუთმეტი პროცენტი, შეიძლება ნაკლები ან მეტი. ვინ არის ეს ხალხი? რა თქმა უნდა, აქ არიან ასე თუ ისე, შედარებით განათლებული ადამიანები. მაგრამ, ძირითადად, ეს საკმაოდ ბნელი ძალაა. ვერ წარმოვიდგენდი, თუ ჩვენს საზოგადოებაში ამ რაოდენობით იქნებოდა ასეთი ბნელი და ფანატიკურად განწყობილი ადამიანი. დღეს, როცა ლაპარაკია ექსპრეზიდენტის მომხრეებსა და საქართველოს ხელისუფლების მომხრეებს შორის ბრძოლაზე, ამას ასეთი სახელი უნდა დავარქვათ: პრინციპში ეს არის ბრძოლა სინათლესა და სიბნელეს შორის, საქართველოს მომავალსა და იმ ძალებს შორის, რომლებიც საქართველოს შუა საუკუნეებისაკენ მიათრევენ. ეს უნდა გაითავისოს, გაიგოს ყველა ქართველმა, ყველა ჩვენმა მოქალაქემ.
ახლა როგორც გინდა ჩათვალეთ, გამსახურდიას ფენომენი შევარდნაძის შეცდომაა, თუ, საერთოდ, ჩვენი უბედურებაა.
- ამ ბოლო კვირაში საქართველოში სიტუაცია დაიძაბა. კეთდება საკმაოდ მკვეთრი განცხადებები იმის შესახებ, რომ ახლანდელი ხელისუფლება განწირულია, ზოგიერთი პოლიტიკური ძალა გვპირდება, რომ ახალი ლიდერი მოძებნილია, მაგრამ არ ასახელებს, უფრთხილდებიან პიროვნებას, ვიღაცა მზის ამოსვლას ელოდება და ამბობს, ღრუბლები უკვე შეწითლებულიაო. შეიქმნა იმიჯი - დადებითი, კარგი, ყველანაირად მისაღები, მაგრამ ზოგჯერ რეალური ძალაუფლების არმქონე შევარდნაძე და ამ დროს ვიღაც მავანი - ძლიერი და ძალაუფლების მქონე, აპირებთ თუ არა იოლად დათმოთ ის უფლება და პასუხისმგებლობა, რომლებიც თქვენ საქართველომ არჩევნების შედეგად მოგანიჭათ?
- ჩემთვის ცნობილია ეს შეფასებები, გამოთქმები, ხანდახან შეურაცხმყოფელი, ძალიან გულუბრყვილო, არასერიოზული და პრიმიტიული, ხანდახან კი სერიოზული და ბევრ კრიტიკულ შენიშვნას ვიზიარებ კიდეც. მე ვაპირებ ვიმოქმედო საქართველოს უმაღლესი ინტერესების შესაბამისად. აქამდე ამისთვის ვიბრძოდი, რაც შემეძლო და როგორც შემეძლო. ახლა ისეთ პირობებში ცხოვრობს ჩვენი ქვეყანა, რომ ყოველდღე რაღაც იცვლება, სამწუხაროდ, ჯერჯერობით უარესობისაკენ. მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, იქნებ საქართველოსთვისაც გამოანათოს მზემ და მჯერა, რომ გამოანათებს.
მე ყველა წამოყენებულ ვარიანტს ვიხილავ, ისიც ვიცი, ვისზე ლაპარაკობენ და ვინც ჰყავთ მხედველობაში ახალი ლიდერის პოსტზე. არც მე დავასახელებ, რომ მერე რაიმე არ დამაბრალონ. მართალია, როგორც ბატონი აკაკი ასათიანი ამბობს, ახლა ვსწავლობ პოლიტიკას, მაგრამ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც გასული წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ხალხმა დამაკისრა, „თუმცა ახალბედა პოლიტიკოსი ვარ“, ვერ გავექცევი. იმის შემდეგ, რაც სოხუმში განვიცადე, ალბათ, ყველა ელოდა, რომ ითქმებოდა - ახლა აღარ შემიძლია, უნდა გადავდგე, ვინც გინდათ მოიწვიეთ. მე არ შემეძლო ეს მეთქვა. ამის შესახებ ვთქვი მაშინ, როცა უნდა მეთქვა. მაგრამ ამ უბედურების შემდეგ, ასეთ უბედურებაში მყოფი ქვეყნისა და ხალხის მიტოვება მე უზნეობად მიმაჩნდა და მიმაჩნია. შეიძლება არ იყო ხელისუფლების სათავეში, მაგრამ გაიქცე და მიატოვო ადამიანები, ეს ჩემი მომავლის ჩარჩოებში, ჩემი მორალის ჩარჩოებში ვერ თავსდება.
ვიცი, რომ ახლა მიმდინარეობს ფარული თუ არაფარული კონსულტაციები, როგორ მოვიქცეთ, რა გავაკეთოთ, იქნებ კოალიციური მთავრობა იყოს საჭირო, იქნებ შევარდნაძე და გამსახურდია შეთანხმდნენ და სხვა. მე ასე ვიტყოდი: ვიმოქმედებ ისე, როგორც ჩემი სინდისი გამიჭრის და მიკარნახებს, როგორც ჩემი პასუხისმგებლობის გრძნობა მიკარნახებს ჩემი ქვეყნისა და ხალხის წინაშე. და, თუ დავრწმუნდები, რომ საქართველოსთვის სხვა ვარიანტი უფრო მისაღებია, ვიდრე შევარდნაძის ვარიანტი, მე დღესვე შემიძლია მივიღო ასეთი გადაწყვეტილება. თუ ვერ დავრწმუნდები, არ წავალ, არ მივიღებ ასეთ გადაწყვეტილებას. და იმ მრჩევლების ჭკუაზე არა და ვერ ვივლი, რომლებიც ასეთ ვარიანტებს ატრიალებენ.
- რუსეთს ხელს აძლევდა შევარდნაძე, რომელიც დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში შესვლაზე მოაწერდა ხელს, მაგრამ ამ თანამეგობრობაში შევარდნაძე ხელსაყრელი არ არის და ყველაფერს გააკეთებენ მის მოსაცილებლად. რამდენად ეთანხმებით ამ აზრს?
- მეც ხშირად მეკითხებიან, აძლევს თუ არა რუსეთს ხელს შევარდნაძე თანამეგობრობაში. მე მგონი, ზედმეტად აზვიადებენ შევარდნაძის ფაქტორის მნიშვნელობას. რატომ არ უნდა აძლევდეს ხელს? თუ შევარდნაძე ადრე სკეპტიკურად იყო ამ ორგანიზაციის მიმართ განწყობილი და ახლა აღიარა, ეს მით უმეტეს, თანამეგობრობის სასარგებლოდ ლაპარაკობს. თუ მხარს არ უჭერდა და ახლა კი გაფორმდა ყველაფერი, აქაც ასეთი ლოგიკაა, რომ რუსეთი წინააღმდეგი არ უნდა იყოს. პრინციპში, მე არ შემიძლია რუსეთის მაგივრად ვილაპარაკო. უახლოესი 2-3 დღე გვიჩვენებს, ვინ აძლევს რუსეთს ხელს, იმის მიხედვით თუ როგორ იმოქმედებს ის საქართველოსათვის ამ უაღრესად კრიზისულ ეტაპზე. ამ კითხვას პასუხი გაეცემა ამ საბედისწერო დღეეებში.
- გუშინ ტელეინტერვიუში თქვენ საკმაოდ მკაცრი განცხადებები გააკეთეთ. არ გაშინებთ, რომ დიქტატორობას დაგწამებენ? მით უფრო, რომ ასეთი აზრიც იყო გავრცელებული - საქართველოს ინტერესები თქვენ გადააყოლეთ თქვენი, როგორც დემოკრატის იმიჯს?
- თუ ჩემს მოქმედებაში გამოიკვეთება სიმკაცრის, მეტი მომთხოვნელობის კურსი, რასაც ზოგიერთი დიქტატურასთან აიგივებს, ეს მხოლოდ და მხოლოდ, დემოკრატიულ მონაპოვართა გადარჩენისა და განმტკიცების, საქართველოს ინტერესებით იქნება ნაკარნახევი. თუ რაიმე შეიზღუდება, როგორც წუხელ ვთქვი, შეიძლება ზოგიერთი გაზეთი დაიხუროს, ზოგიერთ ტელეპროგრამასაც ვუთხრათ უარი, ზოგიერთს ტრიბუნა არ დავუთმოთ, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ დროებითი მოვლენა, დროებითი ღონისძიება, ისევ და ისევ დემოკრატიული საქართველოს ინტერესებისათვის. ასე მესმოდა და მესმის ჩემი სიმკაცრე, თუმცა მას ჯერჯერობით არ მიუღია ისეთი ფორმა, რომ აუტანელი იყოს.
- როდის ვიგრძნობთ სტაბილიზაციის პირველ ნიშნებს?
- საკუთარი ძალებით გაგვიჭირდება ამ ინტერნაციონალიზებული რაზმებისა და შემოსეული ურდოების გაძლება. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული ჩვენს ურთიერთობაზე რუსეთთან, არა მომავალში, არამედ სწორედ ამ დღეებში ეყრება საფუძველი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას და ეს დღეები განსაზღვრავს ამ ურთიერთობის ხასიათს. მე მგონი, რომ პრეზიდენტ ელცინს ეს კარგად ესმის. მრავალი შეხვედრა მქონდა ბატონ ჩერნომირდინთან, სხვებთან, და მრჩება ისეთი შთაბეჭდილება, რომ მათ კარგად ესმით ჩვენი დღევანდელი ვითარება, და რომ ეს დღეები და ჩვენი ურთიერთობის ეს ეტაპი განსაზღვრავს მომავალს, ორი ქვეყნის ურთიერთობის ბედს. დავუცადოთ ამ მოვლენებს. ვფიქრობ, რომ სიმართლემ უნდა გაიმარჯვოს. ქართველი ხალხი და ჩვენი სახელმწიფო მართალ პოზიციებზე იდგნენ და დგანან და არ შეიძლება ასეთი ხალხი დაიჩაგროს და დაბეჩავდეს, დაიშალოს ასეთი სახელმწიფო. მე ასეთ ვარიანტს გამოვრიცხავ.
ედუარდ შევარდნაძე: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწიფოებრიობის მოშლა, დანგრევა, სხვებსაც არ უქადის უკეთეს მომავალს : 18 ოქტომბრის რადიოინტერვიუ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 19 ოქტომბერი. - №227 (755). - 1, 2 გვ.
![]() |
162 მადლიერი ვიქნებით მხარდაჭერისათვის საქართველოსათვის ამ მძიმე და გადამწყვეტ დღეებში |
▲ზევით დაბრუნება |
მიმართვა რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ხალხებსა და მთავრობებს
უმძიმეს ხანას განიცდის საქართველო. ომის სიძნელეებს, რომლებსაც კვლავ ეწირებიან ადამიანები, ემატება ეკონომიკური კატასტროფა, შიმშილის საფრთხე. ექსპრეზიდენტის უკანონო ბანდიტური ფორმირებანი გადამთიელი დაქირავებულების მხარდაჭერით იყენებენ რთულ სიტუაციას, რომელშიც საქართველოს რესპუბლიკა აღმოჩნდა. გადაჭრილია მთავარი არტერია, რომლითაც ხდება სურსათისა და სხვა საარსებოდ მნიშვნელოვანი ტვირთის მიწოდება როგორც საქართველოში, ისე სომხეთსა და აზებაიჯანში. ისინი, ვინც ხელთ იგდო სამტრედია, არ ფიქრობენ ქალებსა და ბავშვებზე, ათასობით ლტოლვილზე, რომლებსაც სხვებზე მეტად შეეხება გზის ბლოკადა.
საქართველოს ჯერჯერობით აკლია ძალები იმისათვის, რომ ალაგმოს უკანონო შეიარაღებული ფორმირებანი, რომლებშიც შედიან სხვა სახელმწიფოებიდან ჩამოსული ექსტრემისტი დაქირავებულები, რომლებიც გამოირჩევიან განსაკუთრებული სისასტიკით, თავისი ადგილი მიუჩინოს სეპარატისტებსა და კრიმინალურ ელემენტებს, რომლებიც ძარცვავენ და ამცირებენ საქართველოს მოქალაქეებს.
ქართველი ერის, რესპუბლიკის მთავრობის სახელით მოვუწოდებ რუსეთის, აზერბიჯანისა და სომხეთის ხალხებსა და მთავრობებს დაეხმარონ საქართველოს დაიბრუნოს მშვიდობა და სიმშვიდე, დაიცვას ტერიტორიული მთლიანობა[,] მისი დემოკრატიისა და თავისუფლების არჩევანი.
გთხოვთ სასწრაფოდ განახორციელოთ ერთობლივი ღონისძიებანი რკინიგზის შეუფერხებელად მუშაობის უზრუნველსაყოფად, რომლითაც ხდება ამიერკავკასიის სიცოცხლის უზრუნველყოფა. ასეთივე თხოვნით მიმართავს საქართველოს რესპუბლიკა, რომელიც აპირებს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში შესვლას, ამ თანამეგობრობის ყველა სახელმწიფოს მეთაურებსაც.
მადლიერი ვიქნებით მხარდაჭერისათვის საქართველოსათვის ამ მძიმე და გადამწყვეტ დღეებში.
ედუარდ შევარდნაძე.
1993 წლის 18 ოქტომბერი.
მადლიერი ვიქნებით მხარდაჭერისათვის საქართველოსათვის ამ მძიმე და გადამწყვეტ დღეებში : მიმართვა რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ხალხებსა და მთავრობებს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 20 ოქტომბერი. - №228(756). - 1 გვ.
![]() |
163 დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში შესვლა ერთადერთი სწორი და გონივრული ნაბიჯია |
▲ზევით დაბრუნება |
24 ოქტომბრის ტელეინტერვიუ
24 ოქტომბერს ტელეკომპანია „ოსტანკინოს“ სტუდია „რეზონანსმა“ პირდაპირი ეთერით გამართა დიალოგი საქართველოს სახელმწიფოს მეთაურთან ედუარდ შევარდნაძესთან.
- აფხაზეთში ტრაგიკული ამბების შემდეგ, რომელთა შედეგად ათასობით ადამიანი დაიღუპა, ლტოლვილთა ნაკადებმა შეადგინა დაახლოებით ორასი ათასი, - თქვა ედუარდ შევარდნაძემ. - სიტუაცია კიდევ უფრო გააღრმავა ექსპრეზიდენტის მომხრეთა ანტისახალხო, ანტისახელმწიფო გამოსვლამ. მხოლოდ ამ ბოლო ხანს დაისახა სტაბილიზაციის ტენდენციები. მაგრამ ვითარება კვლავ კრიზისულია. ინფლაციის უმაღლესმა დონემ, ხალხის ეკონომიკურმა გაღატაკებამ, მძიმე კრიმინოგენურმა ვითარებამ გვაიძულა შემოგვეღო საგანგებო წესები, მთელ რიგ ქალაქებში დაგვეწესებინა კომენდანტის საათი.
ედუარდ შევარდნაძის თქმით, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში შესვლა ერთდროულად ლოგიკური ნაბიჯიც არის და მკვეთრი შემობრუნებაც. თავდაპირველად ფრთხილად ვეკიდებოდი ამ პრობლემას, ქვეყანაში საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით. მაგრამ მას შემდეგ, რაც გართულდა ვითარება აფხაზეთში, მთლიანად საქართველოში, რუსეთთან და ყოფილ რესპუბლიკებთან უფრო მჭიდრო ურთიერთობის დამყარების წარუმატებელი ცდების შემდეგ, გადავდგი ეს ნაბიჯი. რაც შეეხება ზეგავლენას, საქართველო ის ქვეყანა არ გახლავთ, რომელზეც შეძლება ზეგავლენის მოხდენა. არც მე გახლავართ ის ხელმძღვანელი, რომელიც ზეგავლენით იღებს გადაწყვეტილებას. ბევრი ვიფიქრე და მივედი დასკვნამდე, რომ ამ ეტაპზე ეს ერთადერთი სწორი, გონივრული გადაწყვეტილებაა... დარწმუნებული ვარ, რომ ახლა ხალხის 75-80 პროცენტი მხარს უჭერს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში შესვლას. ხოლო, რაც შეეხება კრიტიკას ოპოზიციის მხრივ, ეს ნორმალური მოვლენაა. ცხოვრება გვიჩვენებს, რომ სწორი ნაბიჯი გადავდგი... ამას ადასტურებს პარლამენტართა უმრავლესობაც, რომლებმაც მოიწონეს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში შესვლა.
ედუარდ შევარდნაძეს მიაჩნია, რომ საქართველო თავიდანვე რომ შესულიყო დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში, სამოქალაქო ომისა და აფხაზეთში მომხდარი მოვლენების თავიდან აცილების მეტი შანსი იქნებოდა. „მაგრამ არიან ქვეყნები, რომლებმაც, მიუხედავად იმისა, რომ თავიდანვე დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრები იყვნენ, მაინც ვერ აიცილეს თავიდან სამოქალაქო ომი. მე მხედველობაში ტაჯიკეთი მყავს“.
როგორც სახელმწიფოს მეთაურმა თქვა, თანამეგობრობაში შესვლის გადაწყვეტილება მნიშვნელოვანწილად განაპირობა მოსკოვში 3-4 ოქტომბრის ამბებმა, რადგან პოლიტიკური სარბიელიდან წავიდნენ ის ძალები, რომლებსაც სურდათ დაებრუნებინათ რუსეთში ტოტალური რეჟიმი.
„ახლა შეგვიძლია ლაპარაკი ჩვენს სახელმწიფოებს შორის თანასწორუფლებიან და ორივე მხარისათვის ხელსაყრელ ურთიერთობაზე. ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ ერთამნეთს, რადგან საქართველოში მომხადრი მოვლენები ბუმერანგივით უბრუნდება რუსეთს. და ეს პროგნოზი განსაკუთრებული ნიჭის კი არა, დაკვირვებისა და ანალიზის შედეგია“.
შეეხო რა საქართველოში შექმნილ სიტუაციას, ე. შევარდნაძემ თქვა: „როდესაც დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში შევდივართ, რა თქმა უნდა, ვიმედოვნებთ, რომ დაგვეხმარებიან რკინიგზის მაგისტრალის დაცვაში, რომელიც მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსათვის, ასევე სომხეთისა და აზერბაიჯანისათვის. ამ მაგისტრალის ნორმალური ფუნქციონირებით დაინტერესებულია რუსეთიც. ამაზე შევთანხმდით ჩვენ - 4 სახელმწიფოს მეთაურები. მაგრამ, პრაქტიკულად ჯერ არაფერი არ გაკეთებულა. რაც შეეხება სამხედრო დახმარებას, ლაპარაკია იმ შეიარაღების გადაცემაზე, რომელიც ჩვენ გვერგება. ჩვენ ხელი მოვაწერეთ ყველა სამხედრო შეთანხმებას, განვსაზღვრეთ ჯარების სტატუსი, მათი ყოფნის ვადები. რუსეთმა თავის მხრივ იკისრა ვალდებულებანი და არავითარ სამხედრო ჩარევაზე ლაპარაკიც კი არ შეიძლება“.
რაც შეეხება საქართველოს შემდგომ პოლიტიკურ მოწყობას, შევარდნაძის აზრით, ამაზე ლაპარაკი ნაადრევია. მიმდინარეობს მუშაობა ახალ კონსტიტუციაზე, საბოლოოდ საკითხი გადაწყდება საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმის გზით. მაგრამ უკვე დღეს შეგვიძლია მოგცეთ გარანტია, რომ ყველა ხალხის, მათ შორის აფხაზი და ოსი ხალხების, უფლებები დაცული იქნება საერთაშორისო სტანდარტების დონეზე.
- მრავალს აინტერესებს ჩვენი შემდგომი ურთიერთობა აფხაზეთთან, - თქვა შევარდნაძემ. - მაგრამ, უწინარეს ყოვლისა, საერთაშორისო ორგანიზაციები და თანამეგობრობის ქვეყნები უნდა გაერკვნენ იმაში, თუ რა მოხდა აფხაზეთში. პრინციპული შეფასება უნდა მივცეთ იმას, რომ ათობით ადამიანი მხოლოდ იმიტომ დახვრიტეს, რომ ისინი ქართველები იყვნენ. და ეს უაღრესად მნიშვნელოვანია.
რაც შეეხება აფხაზეთთან დიალოგს, ლაპარაკი შეიძლება დიალოგზე იმ აფხაზ ხელმძღვანელებთან, რომლებიც არ იზიარებენ აფხაზთა ახლანდელი მმართველი დაჯგუფების შეხედულებებს. ამასთან, რუსეთმა უნდა შეასრულოს და შეუძლია კიდეც შეასრულოს შეუცვლელი როლი.
შეკითხვებს შორის იყო ასეთიც: შესაძლებელია თუ არა მომავალში საქართველოს პრეტენზიები შავი ზღვის ფლოტის ნაწილზე?
- საქართველოს აქვს უფლება და უნდა ჰქონდეს კიდეც პრეტენზია შავი ზღვის ფლოტის გარკვეულ წილზე, - თქვა შევარდნაძემ, - მაგრამ ამ პრობლემის დასმა დროული არ არის იდეის რეალიზაციაში უამრავი პრაქტიკული სიძნელის, აგრეთვე იმის გამო, რომ საქართველოს არ გააჩნია სახსრები შავი ზღვის ფლოტის შემადგენლობიდან სამხედრო-საზღვაო შენაერთის შენახვისათვის.
შევარდნაძემ მადლობა გადაუხადა რუსეთს, უკრაინას, აზერბაიჯანს, სომხეთს იმ მასშტაბური დახმარებისათვის, რომელიც გაუწიეს „უბედურების ზონიდან“ ადამიანთა გადარჩენაში. „ჩვენ შემდგომშიც გვაქვს მათი დახმარების იმედი, რადგან 200 ათას ლტოლვილს ვერ უზრუნველვყოფთ საკუთარი ძალებით. მით უმეტეს, რომ დასავლეთ საქართველოში არასტაბილური ვითარებაა - მიმდინარეობს საომარი მოქმედება. მართალია, გამსახურდიას პოლიტიკურ ავანტიურიზმს პერსპექტივა არა აქვს, მაგრამ იტანჯება ხალხი და ჩვენ გადამჭრელ ღონისძიებებს უნდა მივმართო“. როცა შეიარაღებული გამოსვლები დაიწყო, მე შევთავაზე რეფერენდუმის მოწყობა, მაგრამ ხალხმა მხარი არ დაუჭირა ამ იდეას, რადგან მიაჩნია, რომ გამსახურდიას არა აქვს პლატფორმა, არა აქვს პროგრამა, არა აქვს მსოფლმხედველობრივი პრინციპები. ხალხს ესმის, რომ გამსახურდიას ავანტიურიზმს ბოლო უნდა მოეღოს!
სახელმწიფოს მეთაური იმედოვნებს, რომ საქართველოში სტაბილიზაცია მალე იქნება მიღწეული და გაიმართება ბორის ელცინის ვიზიტი საქართველოში. დაგეგმილია ვიქტორ ჩერნომირდინის ვიზიტიც. რაც შეეხება მის ვიზიტებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, თურქეთში, ისრაელსა და საფრანგეთში, რომლებსაც დიდი პოლიტიკური და ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს, შევარდნაძის თქმით, ყველაფერი დამოკიდებულია ქვეყანაში შექმნილ სიტუაციაზე.
დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში შესვლა ერთადერთი სწორი და გონივრული ნაბიჯია / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 26 ოქტომბერი. - №232(760). - 1 გვ.
![]() |
164 გონს მოეგეთ, იარაღი დაყარეთ და მშვიდობიან შრომას დაუბრუნდით! |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის - სახელმწიფოს მეთაურის ედუარდ შევარდნაძის მიმართვა საქართველოს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ თანამოქალაქეებსა და გამსახურდია-ქობალიას უკანონო საჯარისო ფორმირებებს
თანამემამულენო! ინტერვენციამ და ძმათამკვლელმა სამოქალაქო ომმა, ქაოსმა და ანარქიამ კატასტროფამდე მიიყვანა საქართველოს დროებით ოკუპირებული რაიონები, სოფლები და ქალაქები, ააწიოკა მშვიდობიანი მოსახლეობა, დიდია მსხვერპლი. უკიდურესად გამძაფრდა ეკონომიკური კრიზისი.
250 ათასამდე ლტოლვილი გვყავს. მოსახლეობის 80 პროცენტი სიღატაკის ზღვარს მიღმა იმყოფება.
აფხაზეთში ხდება ქართული მოსახლეობის ტოტალური ნაცისტური გენოციდი, ნეოფაშისტური ეთნიკური წმენდა, უდანაშაულო ადამიანთა დახვრეტა.
გაიბზარა ეროვნული ცნობიერება, დაირღვა და დროებით მოიშალა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა.
ველური დაქირავებული ბანდები, გადამთიელები, კაცისმკვლელები დათარეშობენ საქართველოს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე, წვავენ სახლებს, ეწევიან მაოხრებლობას, ყაჩაღობებს, მკვლელობებს, შეურაცხყოფენ ქალებს, აკვნებში ახრჩობენ ბავშვებს.
ბლოკირებულია საქართველოს ბევრი სასიცოცხლო არტერია, სარკინიგზო და ავტომაგისტრალი, ნავსადგურები, საწარმოო ობიექტები.
ასეული მილიარდის ზარალი მიაყენა ომმა საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, რუსეთის ეკონომიკას, მრეწველობას, სოფლის მეურნეობას.
თუ ეს ტოტალური ნგრევა არ შეჩერდა, კატასტროფა გარდაუვალია.
საქართველოს, რუსეთის, აზებაიჯანისა და სომხეთის - ოთხი დამოუკიდებელი სახელმწიფოს მეთაურთა ამასწინდელმა შეხვედრამ უმაღლეს დონეზე შეიმუშავა საქართველოსა და ამიერკავკასიის რეგიონში სარკინიგზო და ავტომაგისტრალების საიმედო დაცვის ღონისძიებანი.
მივმართავ ყველას, ვინც გამსახურდია-ქობალიას უკანონო ფორმირებებში იბრძვის. აზრი არა აქვს თქვენს წინააღმდეგობას, საქართველოს სამთავრობო ჯარები - რა დღეს, რა ხვალ - მთლიანად გაწმენდენ ყველა ოკუპირებულ ტერიტორიას. ამიტომ მოგიწოდებთ დაყაროთ იარაღი ან გადმოხვიდეთ სამთავრობო ჯარების მხარეზე. ერთიანი ძალით ვებრძოლოთ მტერს!
ყველას, ვინც არ არის სამხედრო დამნაშავე, ვინც შეცდა ან მოტყუვდა, - ცხოვრებაში ყველაფერი ხდება, - საქართველოს სახელმწიფო, პირადად მე, როგორც სახელმწიფოს მეთაური, მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე გპირდებით შეწყალებას, ჰუმანურ მოპყრობას, საკუთარ ოჯახებსა და ცოლ-შვილში მშვიდობიან დაბრუნებას. ამიტომ გირჩევთ დროზე დაყაროთ იარაღი, ან აჯანყდეთ გამსახურდია-ქობალიას ბანდიტური დაჯგუფების წინააღმდეგ.
პატიებას გპირდებით ყველას, ვისაც, დანაშაული არა აქვს ჩადენილი და ვინც ჩვენი საერთო მტრის წინააღმდეგ ბრძოლით გამოისყიდის ცოდვებს.
გამსახურდია და ქობალია, მათი ამფსონები საკუთარი ხალხის სისხლიანი ჯალათები გახდნენ. ამიტომ მათ მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და გენერალური პროკურორის მიერ გაცემულია ორდერი მათი დაპატიმრების მიმართ.
სასტიკად დაისჯებიან მკვლელები, მაოხრებელები, ბანდიტები.
სამხედრო დამნაშავენი დაისჯებიან საქართველოს კანონების მთელი სიმკაცრით, საერთაშორისო ტრიბუნალის გასაჩივრებით.
მოქალაქენო!
დროა მოეგოთ გონს! ნებაყოფლობით ჩააბაროთ მთავრობას იარაღი და დაუბრუნდეთ მშვიდობიან შრომასა და ცხოვრებას, ჩაებით სუვერენული, ტერიტორიულად მთლიანი და განუყოფელი ახალი საქართველოს მშენებლობაში.
ედუარდ შევარდნაძე,
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე -
სახელმწიფოს მეთაური.
თბილისი, 1993 წლის 25 ოქტომბერი.
გონს მოეგეთ, იარაღი დაყარეთ და მშვიდობიან შრომას დაუბრუნდით! : საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის - სახელმწიფოს მეთაურის ედუარდ შევარდნაძის მიმართვა საქართველოს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ თანამოქალაქეებსა და გამსახურდია-ქობალიას უკანონო საჯარისო ფორმირებებს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 26 ოქტომბერი. - №232(760). - 1 გვ.
![]() |
165 ედუარდ შევარდნაძე: „აფხაზეთის დაკარგვა მოღალატეთა სინდისზეა. ჩვენ არ უნდა წაგვეგო აფხაზეთის ომი და არც წავაგებდით, რადგან პირველი დღიდან დაწყებული ბოლომდე მართალი ვიყავით“ |
▲ზევით დაბრუნება |
25 ოქტომბრის რადიოინტერვიუ
კომენტატორ ნატო ონიანისთვის მიცემულ თავის ტრადიციულ რადიოინტერვიუში პარლამენტის თავმჯდომარემ - სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ გააანალიზა ბოლო ერთი კვირის მოვლენები. განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო დასავლეთ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს.
სამოქალაქო ომი, თქვა მან, რომლისაც ყველას ასე გვეშინოდა, სამწუხაროდ, გარდუვალი აღმოჩნდა. ახლა ბევრი მსაყვედურობს, რომ არა თქვენი შერიგების, შეწყალებისა და დანდობის კურსი, ვითარება შეძლება სხვაგვარი ყოფილიყოო. უნდა გითხრათ, რომ ეს კურსი სწორი იყო და მან თავისი გარკვეული შედეგი მოგვიტანა. ჩვენი ხალხის დიდი უმრავლესობა, სწორედ იმის გამო, რომ ჩვენ შერიგების, გაერთიანების, გამთლიანების კურსს დავადეგით, ხელისუფლებას უჭერს მხარს. და არა მარტო ჩვენი ხალხი. დღეს მთელი მსოფლიო იზიარებს ჩვენს პოზიციას აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებით, ერთსულოვნად კიცხავს და გმობს ექსპრეზიდენტის მოქმედებას. ეს სწორედ იმის შედეგია, რომ ჩვენ არ გვინდოდა სამოქალაქო ომი, არ გვინდოდა ძმათაკვლა, მომხრე ვიყავით შერიგების, ეროვნული ერთობის, სახელმწიფოს გაერთიანებისა და გამთლიანების. ახლა კი ვინც ამას ხელს უშლის და ამ კურსის წინააღმდეგ იბრძვის, ის პოლიტიკურად, მორალურად და ყოველმხრივ გაკოტრებულია არა მარტო საკუთარი ხალხის, არამედ მსოფლიოს თვალშიც. შეიძლება ეგ გზა ძვირი დაგვიჯდა, ეკლიანი იყო, მაგრამ იგი ერთადერთი სწორი გზა იყო.
ჩვენს ხალხს და მსოფლიოსაც უნდა დაენახა რას წარმოადგენს გამსახურდია, რომ მის პიროვნებაში გარდა შოვინისტური დემაგოგიისა და პოპულიზმისა, ფაშისტური პოზიციისა, სხვა არაფერია. ეს არის შავბნელი ძალა, მოღალატის იდეოლოგიის მატარებელი პიროვნება რომლის სინდისზეც არის ღალატი აფხაზეთისათვის ბრძოლაში, ღალატი ერთიანი საქართველოსათვის ბრძოლაში.
ერთი წუთითაც არ მეპარება ეჭვი, რომ ეს ძალები უახლოეს დღეებში დამარცხდებიან. მსჯელობა, თუ რას წარმოადგენს ეს ხალხი, იმის მიხედვითაც შეიძლება, რაც მათ ამ დღეებში ჩაიდინეს დასავლეთ საქართველოში. არ ვლაპარაკობ იმაზე, თუ რამდენი სახლი დაინგრა, რამდენი ადამიანი დაიღუპა, ყველაფერი ეს ცნობილია. ხომ ფაქტია, რომ მათ დაიტაცეს ხუთი ათასი ტონა შაქარი - გერმანიის დახმარება და დაარიგეს, ეს არის ერთი მეათედი იმისა, რაც დაიტაცეს. დანარჩენი წავიდა გროზნოში, საწყობებში, გაიტანეს გემებით. 5 გემით გაიტანეს ფერადი და შავი ლითონები, გაძარცვეს ფოთი, ბანკებიდან გაიტანეს ფოთის პორტის კუთვნილი დოლარები, მიითვისეს ათიათასობით დოლარი, ყველაფერი გაძარცვეს და გაატყავეს, რისი გაძარცვა და გატყავებაც შეიძლებოდა და ცოტაოდენი ხალხს წაუგდეს. სამტრედიაში, მაგალითად, 5 კუპონად გაყიდეს პური. აქედან ჩანს, რომ სამტრედიაში ისინი შევიდნენ რაღაც ერთი კვირით ან ერთი თვით, რადგან იცოდნენ, რომ ნაქურდალი და ნაძარცვი მხოლოდ ამ დროისათვის ეყოფოდათ, ნაწილი გამოუყვეს ხალხს, რათა მათდამი განეწყოთ. მაგრამ სამტრედიაში ერთ კაცსაც ვერ ნახავთ, რომ ეს სერიოზულად მიეღოს. ყველაფერი ეს საქართველოს, მისი ხალხის საკუთრება იყო. აქედან ჩანს მათი პოლიტიკა საქართველოს გაყოფასა და გახლეჩაზე რომაა გამიზნული და გაანგარიშებული.
- სამოქალაქო ომი საქართველომ თავიდან ვერ აიცილა. ამის ბოლო შანსი იყო სოხუმისათვის ბრძოლა. იქ ჩვენ დავმარცხდებოდით თუ გავიმარჯვებდით, ერთად გავიმარჯვებდით, ერთად დავმარცხდებოდით. საინტერესოა ოფიციალური ხელისუფლების დამოკიდებულება ქობალიას რაზმებისადმი. საკმაოდ სარწმუნო წყაროებიდან ვიცით, რომ, როცა ქობალიას 9 ახალგაზრდა გამოექცა, 7 დაიჭირეს და დახვრიტეს. არის სხვა ასეთი ფაქტებიც. ზუგდიდიდანაც დაიწყო ოჯახების ემიგრაცია თბილისში, მაგრამ მათ არ უშვებენ...
- აფხაზეთის დაკარგვა მოღალატეთა სინდისზეა. ჩვენ არ უნდა წაგვეგო აფხაზეთის ომი და არც წავაგებდით, რადგან ჩვენ პირველი დღიდან დაწყებული ბოლომდე, მართალი ვიყავით. ამიტომაც არის დღეს მთელი მსოფლიო ჩვენთან. კიდევ და კიდევ მინდა ყველა ჩემმა თანამოძმემ იცოდეს, რომ ჩვენი სინდისი სუფთაა აფხაზეთის მიმართაც, საქართველოს მიმართაც და საერთოდაც. ქობალიასა და პრეზიდენტყოფილის მომხრეების ღალატი რომ არა, დღეს ჩვენ აფხაზეთის პრობლემები გადაწყვეტილი გვექნებოდა ჩვენი ხალხის, ქვეყნის ინტერესების შესაბამისად და, მათ შორის, აფხაზეთის ინტერესების შესაბამისადაც.
ხშირად კითხულობენ - ბევრს ლაპარაკობენ მოღალატეებზე და ვინ არიან ისინიო. ბევრის სახელი მომავალში დასახელდება. დღეს საქართველოს მთავარი მოღალატე და მთავარი მტერი არის გამსახურდია და მისი ბრმა თაყვანისმცემლები. ეს უნდა დამთავრდეს. მე დღეს მივიღებ დამატებით გადაწყვეტილებებსა და ღონისძიებებს, რომ რაც შეიძლება ჩქარა დამთავრდეს ეს უბედურება. ეს მათ უნდა იცოდნენ. ალბათ, ისმენენ ამ გადაცემას და კარგია, თუ ისმენენ. ყველაფერს გავაკეთებთ ძალების კონცენტრაციის გაზრდისთვის. ჩვენ გვაქვს იმის საშუალება, რომ გვყავდეს აუცილებელი ცოცხალი ძალა და ახალი ტექნიკა. ყველაფერს გადავისვრით დასავლეთში იმისთვის, რომ რაც შეიძლება ჩქარა დამთავრდეს ეს ომი, მოვიშუშოთ ჭრილობები, განვიკურნოთ ამ ავადმყოფობისგან.
მინდა ვუთხრა ყველა მებრძოლს, ვინც ქობალიას რაზმებშია გაერთიანებული და ვინც, ჯერჯერობით, ექსპრეზიდენტის მხარეზე დგას, რომ არის ორი გამოსავალი: ან განადგურება, ან დანებება. არავითარი სხვა გამოსავალი არ არის. ტყუილა ნურავინ ოცნებობს სხვა შედეგზე, ვერავითარი სხვა ძალა მას ვერ უშველის. თუ ვინმე გაბედავს და კიდევ მოიწვევს აფხაზეთიდან დამატებით რაზმებს, მაშინ ჩვენ სულ სხვა ძალას ჩავრევთ, ისეთ ძალას, რომელიც მართლა გადათელავს ყველაფერს. მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს. ამიტომ მოვუწოდებ ყველას, აირჩიონ მეორე გამოსავალი - დანებება, იარაღის ჩაბარება და წავიდნენ სახლებში, მიხედონ თავიანთ ოჯახებს, ყველა დაადგეს თავისი სახლის გზას. ეს ეხება იმათ, ვინც დიდი დამნაშავე - სახელმწიფო დამნაშავე არ არის. რაც შეეხება დიდ დამნაშავეებს - ეს ცალკე საუბრის თემაა და საქართველოს ხელისუფლების ცალკე ზრუნვის საგანი გახდება.
ყველამ გაიგოს, რომ გამსახურდია და ქობალია - ეს გათიშული და გახლეჩილი საქართველოა. ვისაც უნდა, რომ კვლავ გახლიჩოს და დაგლიჯოს საქართველო, იმას შეუძლია ბოლომდე შემორჩეს ექსპრეზიდენტსა და მის მომხრეებს. მე მგონი, ასეთი ძალიან ცოტა გამოჩნდება. მოვუწოდებ ყველას, სანამ გვიანი არაა, სანამ მეტი სისხლი არ დაღვრილა, დადონ იარაღი, წავიდნენ თავიანთ სახლებში, ან ჩაბარდნენ ხელისუფლებას. ჩვენ მათ ვუპატრონებთ ისე, როგორც უნდა უპატრონოს თავის მოქალაქეებს ხელისუფლებამ.
რაც შეეხება სისასტიკეს, რომლის შესახებაც თქვენ ბრძანეთ, მე უფრო მეტი ფაქტი ვიცი. მრცხვენია კიდეც იმის აღიარება, რომ საქართველოში ასეთი რამ ხდება. საიდან ამდენი სისასტიკე! ის, რაც აფხაზმა სეპარატისტებმა და მათმა დაქირავებულმა ბანდებმა აფხაზეთში ჩაიდინეს, ეს უდიდესი საშინელებაა, მაგრამ ამას სჩადიოდა მტერი, გადამთიელი, სხვა ქვეყნიდან ჩამოსული ბოევიკი. მაგრამ, როცა ქართველი კაცი ასეთ სისასტიკეს იჩენს, ათობით, ასობით ადამიანს უსპობს სიცოცხლეს, ამას რა ახსნა უნდა მოენახოს? რატომ დახვრიტეს ის რუსი ბიჭები? ისინი ხომ გზას ასცდნენ, აღმოჩნდენენ მათ გარემოცვაში. ბიჭები ჩაიგდეს ხელში და ერთი საათის შემდეგ დახვრიტეს. ეს ფაქტი კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ ისინი ბარბაროსები არიან, ისინი ქართველები არ არიან, ისინი საქართველოს მტრები არიან. ეს უნდა გაითვალისწინოს ქობალიას რაზმის ყველა წევრმა.
მოსახლეობაში გავრცელებული ეჭვის შესახებ, რომ პრეზიდენტყოფილს კვლავ გააპარებენ საქართველოდან და მოსახერხებელი მომენტისთვის შეინახავენ, ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ თქვა:
- ალბათ, ასეთი გეგმა არსებობს. როგორც ვიცი, ექსპრეზიდენტი და მისი მომხრეები ფოთში ეძებდნენ მისადგომებს, გემებს, გასასვლელს. უნდა ვუთხრა მათ, რომ ეს გასასვლელები შეზღუდულია. მათი სეინერების გარდა, იქ სხვა გემებიც დგას, რომლებიც ყველაფერს გასინჯავენ და გაცხრილავენ. მათ გაქცევის სხვა გზაც აქვთ: სენაკის, ფოთის აეროპორტები, გადასასვლელები და ა. შ. მაგრამ მთავარი ეს არ არის - ისინი ხომ გაქცევის სპეციალისტები არიან და პირველად როდი გარბიან. ალბათ, ახლაც ამ გზას აირჩევენ, თუმცა გენერალურმა პროკურორმა გასცა სანქცია და შესაბამის ორგანოებს მისცა დავალება, რომ იგი დააპატიმრონ. ვფიქრობ, რომ ეს ერთადერთი სწორი გამოსავალია, რომ სახელმწიფო დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს თავისი ხალხის წინაშე. ადრე თუ გვიან ეს მოხდება.
მინდა განვაცხადო: თუ რომელიმე სახელმწიფო, რომელიმე ხალხი თავისი ნებით და არა სახელმწიფოს სანქციით შეიფარებენ გამსახურდიას და მის მომხრეებს, უნდა იცოდნენ, რომ ისინი საქართველოს მტრებს შეიფარებენ.
ჩემი აზრით, ამ დღეებში კიდევ უფრო გამოიკვეთება და ჩამოყალიბდება გამსახურდია-არძინბას ალიანსი. მე მგონი, ორთავემ ერთად უნდა ეძებონ გასაქცევი გზა.
- ოზურგეთის ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოწინააღმდეგე მხარესთან აწარმოა მოლაპარაკება და მოლაპარაკების გარანტი იყო ბატონი ასლან აბაშიძე. ოზურგეთი ნეიტრალურ ზონად გამოცხადეს. შემდეგ როგორც მოსალოდნელი იყო, შეთანხმება დაირღვა და ოზურგეთში შევიდნენ რევანშისტული ძალები. საპასუხოდ, დაინტერესებულმა ადამიანებმა გაავრცელეს ჭორები, თითქოს სამთავრობო ჯარები აპირებენ აჭარაში შესვლას და ამას ისეთი შეშფოთება ახლდა, თითქოს აჭარა სხვა სახელმწიფოს ტერიტორია იყოს. ეს პოლიტიკანური თამაშები და ორსულიანი სპექტაკლები საქართველოში კვლავაც გრძელდება...
- მე ვიცი, რომ ოზურგეთლები საბრძოლველად იყვნენ განწყობილი და კიდეც იბრძოლეს სასახელოდ და ვაჟკაცურად, მედგრად იდგნენ მალთაყვასთან სხვა დასახლებული პუნქტების, სოფლების დასაცავად. ბოლოს მოხდა ისე, რომ არც სამთავრობო ძალებს ეყოთ ნებისყოფა, შერჩენილიყვნენ თავიანთ პოზიციებზე და დაიწყო ისეთი თამაში, რომელიც ღირსებას არ მატებს მასში მონაწილეებს. გარანტიებზე ლაპარაკი შეიძლება მხოლოდ მაშინ, როცა გაქვს გარანტია, რომ ის შესრულდება. და ეს პირველად არ ხდება. იყო გაცემული ასეთი გარანტიები, რომ სენაკი, ხონი არ დაიკარგება, ვიღაცა შუაში ჩადგება, ვიღაცა ვიღაცას ზურგში ესვრის, დაარღვევს ამას. ყველაფერი ეს, უბრალოდ, დაპირებებით ვაჭრობაა. პოლიტიკაში ასეთი რამ არ შეიძლება და ვფიქრობ, რომ ამ მოვლენებიდან ყველა სათანადო დასკვნას გააკეთებს.
რაც შეეხება იმას, რომ აჭარის საზღვარზე ხდება სამთავრობო ჯარების კონცენტრირება, ეს პირველად არ მესმის. დღეს, შემიძლია ვთქვა, რომ ვფლობ სიტუაციას, ვიცი, ვინ სად დგას, ვინ სად უნდა გადაჯგუფდეს, საით უნდა გადაადგილდეს. არავითარი ასეთი გეგმა ჩვენს შეიარაღებულ ძალებს ამ ხუთი თვის განმავლობაში არც ჰქონია და არც აქვთ. ღმერთმა ნუ ქნას რომ საქართველოს ხელისუფლება იმ ჭკუაზე დადგეს, აჭარის წინააღმდეგ ხელი აღმართოს. რატომ უნდა გაკეთდეს ეს, ამას ხომ არავითარი აზრი არა აქვს და თუ ვინმეს ეს ძალიან სჭირდება, სხვა მიზეზი მოძებნოს. შეიძლება ვიღაც ბანდიტს, ქურდს ეს უნდოდეს, მაგრამ ყველამ შეერთებული ძალით უნდა განვაიარაღოთ ისინი და გამოვრეკოთ.
- რუსეთის ტელევიზიისთვის მიცემულ თქვენს ინტერვიუში კვლავ იყო შეხსენება საქართველოს ფედერაციული მოწყობის შესახებ. თანამეგობრობაში გაწევრიანების შემდეგ რეალურია თუ არა იმის საფრთხე, რომ ავტონომიებთან მიმართებაში საქართველოს აიძულებენ მისთვის არასასურველ რაიმე დათმობაზე წავიდეს და ამ შემთხვევაში რამდენად დაგვიცავს იურიდიულად და პოლიტიკურად დასავლეთის, გაეროს, თუ რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიალური მთლიანობის ცნობა?
- მე მგონი, ეს კითხვა გუშინაც ნაადრევი იყო და ამაზე მსჯელობა დღესაც ნაადრევია. მე ვუპასუხე, რომ მიმდინარეობს მუშაობა კონსტიტუციაზე, რომელიც, ალბათ, დამთავრდება პარლამენტის მიერ დაწესებულ ვადებში და საბოლოოდ კონსტიტუციამ და რეფერენდუმმა უნდა გასცეს პასუხი იმას, თუ როგორი იქნება საქართველოს სახელმწიფო მოწყობა. არ ვარ ამის მომხრე, რომ აუცილებლად ფედერაციული წყობა იყოს. ზოგს წარმოუდგენია, რომ თუ ფედერაციული წყობა იქნება, ეს იმას ნიშნავს, რომ უსახო და უძარღვო სახელმწიფო იქნებაო. ეს ასე არ არის. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა ფედერაციულ პრინციპებზეა აგებული და აშენებული და ღმერთმა ინებოს, რომ ჩვენც მივაღწიოთ ცენტრალიზმის, წესრიგის ისეთ დონეს, როგორიც ამ ქვეყანაშია. ფედერალიზმი მარტო ავტონომიებთან არ არის დაკავშირებული. აქ საერთო მოწყობაზე უნდა იყოს ლაპარაკი, მაგრამ როგორი იქნება სახელმწიფო - ფედერაციული თუ უნიტარული, ეს საკონსტიტუციო კომისიაში დებატების დროს უნდა გავარკვიოთ. საბოლოო ჯამში ხალხმა უნდა გასცეს პასუხი ამ შეკითხვას.
როცა მრავალი ქვეყნის დახმარებაზე ილაპარაკა, რომელიც საქართველომ ამ უაღრესად მძიმე დღეებში მიიღო, ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ ხაზი გაუსვა, რომ ამ თანადგომის შედეგად ჩვენმა მეგობრებმა ათასობით ადამიანის სიცოცხლე იხსნეს.
- ამ დღეებში, რაც ჩვენ თანამეგობრობაში შესვლის გადაწყვეტილება მივიღეთ, განსაკუთრებით გააქტიურდა დასავლეთი: ამერიკის პრეზიდენტის წერილი, მრავალი სხვა მომართვა, უამრავი დელეგაციის ვიზიტი, თითქმის ყოველდღიური დიდი დახმარება... ამით იმის თქმა მინდა, რომ ჩვენდამი დამოკიდებულება უარესობის თვალსაზრისით კი არ შეიცვალა, როგორც ამას ზოგიერთი ჩემი ოპონენტი გვიკიჟინებს, პირიქით, უფრო მეტი სიმპათიები, ნდობა და მხარდაჭერაა. იციან, რომ ეს რთული მდგომარეობიდან ერთადერთი გამოსავალი იყო და ასეთი გადაწყვეტილება უნდა მიეღოთ სახელმწიფოს მეთაურსაც და სახელმწიფოსაც.
სწორედ რომ მხარდაჭერის გამოხატულებაა ის, თუ რა დროს მიიღო ამერიკის პრეზიდენტმა გადაწყვეტილება, რომ ვაშინგტონში მიიწვიოს საქართველოს სახელმწიფოს მეთაური. ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს თანამეგობრობაში შესვლის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ფონზე. ეს იმაზე ლაპარაკობს, რომ ჩვენი ორიენტაციები არ იცვლება. ისინი სწორად იყო არჩეული, მათ შორის, თანამეგობრობაში შესვლა, ურთიერთობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროპასთან, ევროგაერთიანებასთან, ნატოსთან და ა.შ. ამიტომ დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენდამი დახმარების მასშტაბები კიდევ უფრო გაიზრდება.
განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო უკრაინელების სითბო და მზრუნველობა. რომ არ ყოფილიყო ის 15-20 შვეულმფრენი, დამხმარე პერსონალი, სათადარიგო ნაწილები, საოცარი ორგანიზაცია, ალბათ, ვერ შევძლებდით უბედურების ზონიდან ხალხის გამოყვანას. მათ 2-3 დღეში პრაქტიკულად გადაწყვიტეს ლტოლვილთა ბედი. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ძალიან დიდი მადლობა შევუთვალო უკრაინის პრეზიდენტს ბატონ ლეონიდ კრავჩუკს და უკრაინის ხელმძღვანელობას, უკრაინელ ხალხს ამ ძმური დახმარებისათვის.
დიდი დახმარება გაგვიწია რუსეთმა: საქართველოში განლაგებულმა რუსეთის ჯარების ჯგუფმა, ბატონმა რეუტმა. მათი 30-მდე მძიმეწონიანი მანქანა მუშაობდა სვანეთში, ასევე გამოყოფილი იყო შვეულმფრენების გარკვეული რაოდენობა. ყველაფერი ეს უნდა დავაფასოთ.
არავითარი უფლება არა მაქვს ჩემი ხალხის სახელით მადლობა არ შევუთვალო გაეროს, უშიშროების საბჭოს, მის მუდმივ და დროებით წევრებს, რომელთა მონაწილეობითაც საქართველოს შესახებ მიღებულია ოთხი რეზოლუცია და ოთხივე ერთმანეთზე უკეთესი. მათში გამოხატულია მხარდაჭერა, თანაგრძნობა, თანადგომა. ბოლო რეზოლუციაც, რომელიც ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობით მიიღეს, ძალიან მნიშვნელოვანია. პრაქტიკულად მასში შეფასებულია ის, რაც მოხდა აფხაზეთში, განსაზღვრულია გზებიც, თუ როგორ უნდა მოწესრიგდეს ეს კონფლიქტი. გაეროს გენერალური მდივანი ძალიან მგრძნობიარეა ჩვენი პრობლემების მიმართ, მას არცერთი საკითხი და პატარა წერილიც კი უყურადღებოდ არ დაუტოვებია. მაგრამ შედეგები მაინც ისეთი არ არის, როგორიც უნდა იყოს.
რაც შეეხება საკითხს, თუ როგორი უნდა იყოს სამომავლოდ გაერო, იგი სერიოზულ ჩაღრმავებას, ახლებურ მიდგომას მოითხოვს. ლაპარაკი უნდა იყოს გაეროს სერიოზულ რეორგანიზაციაზე, რეკონსტრუქციაზე. ეს ძალიან ძნელი, რთული საკითხია. და თუ ამას დიდმა სახელმწიფოებმა უშიშროების საბჭოს მუდმივმა წევრებმა არ მოკიდეს ხელი, ალბათ, საქმე წინ ვერ წავა.
მე ვიცი გენერალური მდივნის ბევრი საღი მოსაზრება, თუ როგორ უნდა ამაღლდეს გაეროსა და მისი უშიშროების საბჭოს ეფექტიანობა. მაგრამ ეს ასე იოლად არ წყდება, რადგან, ყველაფერი დამოკიდებულია დიდ სახელმწიფოებზე, უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებზე. დარწმუნებული ვარ, რომ მოვა დრო და უახლოეს წლებში გაერო გახდება ის ორგანიზაცია, რომელიც პასუხისმგებელი იქნება წესრიგზე და მშვიდობაზე მთელს პლანეტაზე. ამაში ეჭვი არ უნდა გვეპარებოდეს.
ცოტა მოგვიანებით, როცა დავმშვიდდებით და ჩვენს ქვეყანაში წესრიგი დამყარდება, საქართველოსაც ექნება უფლება და საშუალება თავისი საჭირო და საყურადღებო მოსაზრებები გამოთქვას გაეროს შემდგომი ბედის, მისი მუშაობის ამაღლების ეფექტიანობის შესახებ.
ედუარდ შევარდნაძე: „აფხაზეთის დაკარგვა მოღალატეთა სინდისზეა. ჩვენ არ უნდა წაგვეგო აფხაზეთის ომი და არც წავაგებდით, რადგან პირველი დღიდან დაწყებული ბოლომდე მართალი ვიყავით“ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 26 ოქტომბერი. - №232(760). - 1,2 გვ.
![]() |
166 ჯერ კიდევ არ არის გვიან!.. |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, სახელმწიფოს მეთაურის მიმართვა სამეგრელოს მოსახლეობისადმი
საქართველოსთვის ამ საბედისწერო დღეებში, როგორც ეს არაერთხელ ყოფილა ქართველი ხალხის ისტორიაში, მოგმართავთ სამეგრელოს ყველა რაიონის, ქალაქისა და სოფლის მცხოვრებთ, გადამწყვეტი წვლილი შეიტანოთ ჩვენი ქვეყნის ერთიანობისა და მთლიანობისთვის გაჩაღებულ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში.
მოვლენები ისე განვითარდა, რომ ყველას და ყველაფერს თავისი სახელი დაერქვა, ყველამ აჩვენა თავისი ჭეშმარიტი სახე. ამ ისტორიულ დღეებში თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ასობით და ათასობით ადამიანის სიცოცხლე, გადაარჩინოთ საქართველო. ამისთვის საჭიროა მოუწოდოთ ყოფილი პრეზიდენტის შეიარაღებულ მომხრეებს დაყარონ იარაღი და შეწყვიტონ უაზრო ომი საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, რამეთუ ამ ომის გაგრძელება დამღუპველი იქნება საქართველოსთვის, ათასობით და ასიათასობით ადამიანისთვის, მათი ოჯახებისთვის.
ხელისუფლებამ არაერთხელ მოუწოდა უკანონო შეიარაღებული რაზმების წევრებს დაუყოვნებლივ დაუბრუნდნენ თავიანთ სახლებს, შეუდგნენ მშვიდობიან შრომას, აღმშენებლობას. ჯერ კიდევ არ არის გვიან ზურგი შეაქციოთ ავანტიურისტ პოლიტიკანთა და ქვეყნის მოღალატეთა მცირე ჯგუფს, რომლებმაც თქვენ შეგაცდინეს და საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ იარაღი აგაღებინეს ხელში. ომს თავისი სასტიკი კანონები აქვს. ომის დროს იღუპებიან უდანაშაულო ადამიანები, იძარცვება, ნადგურდება თაობათა მიერ შექმნილი სიმდიდრე, იწვება და იბუგება საცხოვრებელი სახლები, სკოლები. ყველა ამ უბედურებას თავიდან ავიცილებთ, თუ შესრულდება ხელისუფლების მოწოდება - შეწყდება შეიარაღებული წინააღმდეგობა და იარაღი ჩაბარდება დანიშნულებისამებრ. მაშინ აღარ იქნება აუცილებლობა იმისა, რომ სამთავრობო ჯარები შევიდნენ ქალაქებსა და სოფლებში. ისინი დაუბრუნდებიან თავიანთი დისლოკაციის ადგილებს, წესრიგს კი პოლიცია დაიცავს მთელ მოსახლეობასთან ერთად. მე მოგიწოდებთ, დავდგეთ ერთად, და თუ იარაღს ავისხამთ, მივმართოთ იგი ჩვენი საერთო მტრის წინააღმდეგ, ვიბრძოლოთ საქართველოს ერთიანობისა და მთლიანობის აღდგენისათვის.
ედუარდ შევარდნაძე.
ჯერ კიდევ არ არის გვიან!.. : საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, სახელმწიფოს მეთაურის მიმართვა სამეგრელოს მოსახლეობისადმი // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 3 ნოემბერი. - №238(766). - 1 გვ.
![]() |
167 ჟურნალისტების სიცოცხლე და სამუშაო ხელშეუხებელია |
▲ზევით დაბრუნება |
ამ სტრიქონებს ვწერ დასავლეთ საქართველოში, იმ ადგილის მახლობლად, სადაც მოხდა საზარელი დანაშაული.
28 ოქტომბერს ქალაქ ხობში დახვრიტეს ჟურნალისტი დავით ბოლქვაძე. იგი 24 წლისა იყო. საომარი მოქმედების ზონაში იგი ასრულებდა საქართველოს ტელევიზიისა და „დაბლიუ-ტი-ენის“ სატელევიზიო კომპანიის რეპორტიორის პროფესიულ მოვალეობას, კრებდა და ავრცელებდა ობიექტურ ინფორმაციას დასავლეთ საქართველოში მიმდინარე ტრაგიკული მოვლენების შესახებ.
იგი დახვრიტეს იმათ, ვინც გააჩაღა ეს ტრაგედია. მისი მკვლელები დათოსთან ერთად სიმართლის მოსპობასაც აპირებდნენ. გამსახურდიას ხროვის ბოროტმა განზრახვამ, რომელმაც ომი გამოუცხადა საკუთარ ხალხს, ხელჰყო ადამიანის სიცოცხლისგან განუყოფელი თავისუფლება და „ჭეშმარიტების უფლება“.
დავით ბოლქვაძემ ბოლომდე მოიხადა თავისი მოქალაქეობრივი, ეროვნული და პროფესიული ვალი, საკუთარი სიცოცხლის ფასად დაგვანახა სინამდვილე სამშობლოსა და კაცობრიობის წინააღმდეგ მებრძოლი დამნაშავეების შესახებ. მისი საქმიანობა, ცხოვრება და სიკვდილი ახლა მოგვიწოდებს მოვიხადოთ ჩვენი ადამიანური ვალი.
ჟურნალისტს ომში იცავს კანონი და მისი პროფესია. თუ იგი არ მონაწილეობს საომარ მოქმედებაში როგორც კომბატანტი, თავისი პროფესიისათვის საჭირო იარაღის გარდა სხვა არავითარი იარაღით არ არის აღჭურვილი, მოქმედებს საერთაშორისო სამართლისა და პროფესიული ეთიკის ფარგლებში - მისი სიცოცხლე ხელშეუხებელია. მაგრამ ის, ვინც არ სჯერდება მშვიდობიანი მცხოვრებლების მიმართ მასობრივ ანგარიშსწორებას, როგორც ეს მოხდა აფხაზეთსა და დასავლეთ საქართველოში, არც ამას თაკილობს, რომ ჟურნალისტის სიცოცხლე ხელჰყოს. ეთნიკურ წმენდას ემატება პროფესიული წმენდაც - სპობენ რეპორტიორებს.
ჩვენ არ ვიცით, თუ რა ბედი ეწია ოცდაათზე მეტ ქართველ ჟურნალისტს, რომლებიც აშუქებდნენ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს. გუდაუთის დილეგებში ჰყავთ დატყვევებული გაზეთ „დემოკრატიჩესკაია აბხაზიას“ რედაქტორი იური გავა, გაერთიანებული პრეს-ცენტრის თანამშრომელი ალექსანდრე ბერულავა და სხვები. იმაში, თუ როგორ ეპყრობიან და როგორ აპირებენ მოეპყრონ მათ, როგორ ჩქმალავენ თუნდაც უმცირეს ინფორმაციას მათი ადგილსამყოფელისა და ბედის შესახებ, ნათლად ვლინდება ხელწერა, ძალზე რომ წააგავს მოსკოვში ამბოხების ორგანიზატორთა მოქმედებას, რომლებმაც პროვოკაციულად გამოიწვიეს თავდასხმა ჟურნალისტებზე, ზვიადისტთა ბანდების მიერ ჩადენილ დანაშაულს, ქართველი ხალხის გენოციდის სულისჩამდგმელებისა და მფარველთა ქმედებას.
საშა იოსელიანი მოკლეს გუმისთაზე ტელეკამერით ხელში, დათო ბოლქვაძე - აბსოლუტურად უიარაღო. ჟურნალისტებისადმი ანგარიშსწორების მრავალი ფაქტია უკანასკნელი წლების ისტორიაში, მაგრამ ასეთი რამ ჯერ არ მომხდარა.
სულით ხორცამდე შემძრა ყოველივე ამან. დათოსა და მისი ყველა დაღუპული კოლეგის ნათელი ხსოვნის სახელით ვთხოვ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ჟურნალისტთა ყველა გაერთიანებას: აღიმაღლეთ პროტესტის ხმა თავისუფალი ინფორმაციის მომწოდებელთა მოსპობის წინააღმდეგ; მიაღწიეთ იმას, რომ მათი მკვლელები გადასცენ საერთაშორისო ტრიბუნალს, მოითხოვეთ პრესის ყველა ტყვედაყვანილი მუშაკის განთავისუფლება; დაგვეხმარეთ უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ძებნაში.
იმედი მაქვს, რომ ჩემი მეგობრები - ჟურნალისტები მსოფლიოს ყველა ქვეყანაში გამოიჩენენ კორპორაციულ სოლიდარობას: გამოიყენეთ მთელი თქვენი ძალაუფლება - ასეთ ვითარებაში იგი უპირველესია. მაქვს სამართალდამცველი მოძრაობის, ყველა იმ ადამიანის მხარდაჭერის იმედი, ვისაც კარგად აქვს შეგნებული, რომ ძალა, რომელიც ხელყოფს ჟურნალისტთა სიცოცხლეს, საფრთხეს უქმნის მშვიდობას, თავისუფლებასა და დემოკრატიას.
ედუარდ შევარდნაძე.
1993 წლის 8 ნოემბერი.
ჟურნალისტების სიცოცხლე და სამუშაო ხელშეუხებელია // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 9 ნოემბერი. - №242 (770). - 1 გვ.
![]() |
168 ედუარდ შევარდნაძე: ხელისუფლება ინტენსიურად მუშაობს, რათა დასავლეთ საქართველოში აღდგეს ცხოვრების ნორმალური რიტმი |
▲ზევით დაბრუნება |
15 ნოემბრის რადიოინტერვიუ
ბუნებრივია, დღეს ყველა ჩვენგანის ყურადღება დასავლეთ საქართველოსაკენ არის მიპყრობილი. ახლა იქ შედარებით მშვიდი სიტუაციაა. რა ზომებს იღებს ქვეყნის ხელისუფლება შემდგომი სტაბილიზაციისთვის და სად გაქრა ექსპრეზიდენტის მომხრეთა საკმაოდ დიდი შეიარაღებული რაზმი? - კომენტატორ ნატო ონიანის ამ შეკითხვით დაიწყო 15 ნოემბრის რადიოინტერვიუ პარლამენტის თავმჯდომარესთან - სახელმწიფოს მეთაურთან ედუარდ შევარდნაძესთან.
- დასავლეთ საქართველოში მართლაც გამოიკვეთა სტაბილურობის გარკვეული ტენდენციები და ძირითადი წინააღმდეგობა ექსპრეზიდენტის მომხრეებისა, რომლებშიც უმეტესად ბანდიტური და მძარცველთა ჯგუფები იყო გაერთიანებული, დაძლეულია. ხელისუფლება ერთობ ინტენსიურად მუშაობს, რათა აღდგეს ცხოვრების ნორმალური რიტმი. მოგეხსენებათ, რომ ამ რეგიონში ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად იმყოფება, აფხაზეთიდან გამოდევნილი ათი ათასობით ადამიანი.
ბუნებრივია, ეს კიდევ უფრო ამძიმებს გარეომოებას. ჩვენ მაინც ვცდილობთ შევქმნათ ცხოვრებისა და მუშაობის ელემენტარული პირობები. რაიონებში ძირითადად დაიწყო პურის ცხობა, იქმნება სტრუქტურები ადგილობრივ ორგანოებში აფხაზეთიდან გამოდევნილთა აღრიცხვის გასაუმჯობესებლად, ჰუმანური დახმარების ორგანიზებულად მიწოდებისათვის, რათა ყველაფერი სამართლიანობის პრინციპზე იყოს აგებული.
ცნობილია, რომ ფოთი, მაგალითად, ორი თვის განმავლობაში წყალს არ იღებდა, ასე იყო სენაკშიც, არ იყო ელექტროენერგია. ახლა წყალმომარაგება, ასე თუ ისე, გარანტირებულია თითქმის ყველა რაიონში, განსაკუთრებით კი ფოთსა და სენაკში, სადაც ამის მწვავე ნაკლებობა იყო. ამ რაიონებს მიეწოდება ელექტროენერგია, აღდგენილია კავშირგაბმულობის საშუალებებიც და, ბოლოს და ბოლოს, დასავლეთ საქართველოს თითქმის ყველა რაიონი იღებს საქართველოს რადიო და ტელეგადაცემებს. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მუშაობას იწყებენ სკოლები, საავადმყოფოები, სამართალდამცავი ორგანოები.
ჩვენი ჩასვლისას, პრაქტიკულად სამართალდამცავი ორგანოების მუშაკთაგან მესამედი თუ იყო ადგილზე, დანარჩენი ან დათხოვნილი იყო, ან თვითონ მიატოვა სამუშაო. ყველაფერი ეს მოსაგვარებელი გახდა. პროცესი ახლაც მიმდინარეობს. საკმაოდ აქტიურად მოქმედებს იქ საგანგებო კომიტეტი, ეხმარებიან რესპუბლიკის სამინისტროები და უწყებები. უკვე მეორედ გაემგზავრა ბატონი ზ. კერვალიშვილი მინისტრების ჯგუფთან ერთად. იგი იყო ზუგდიდში, ხობში და მიიღო საკმაოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ცხოვრების რიტმის აღსადგენად. ბევრი პრობლემაა მოსაგვარებელი წალენჯიხის, ჩხოროწყუსა და მარტვილის რაიონებში. პრემიერ-მინისტრი ბატონი ო. ფაცაცია წუხელ გაემგზავრა ფოთში. დღეს იქნება ზუგდიდსა და ზოგიერთ სხვა რაიონში, დარჩება იქ იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც საჭიროა. იქ არიან ჩვენი სამხედრო პირები. კერძოდ, ზუგდიდში ფუნქციონირებს მთავარი სამხედრო შტაბი ბატონ ნიკოლაიშვილის ხელმძღვანელობით. ეს, თავისთავად, კეთილსასურველ გავლენას ახდენს იქ შექმნილ ვითარებაზე. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ პირველი დადებითი ნაბიჯებია.
კვლავ დიდი სიძნელეებია ელემენტარული საგნებით, პროდუქტებით მოსახლეობის მომარაგებაში, რაც, ერთი მხრივ, ჩვენს გარკვეულ განგაშს იწვევს, მაგრამ, მეორე მხრივ, გასაგებიც უნდა იყოს, რადგან ბანდიტური ჯგუფებისა და რაზმების საკმაოდ ხანგრძლივმა თარეშმა ძალიან მძიმე კვალი დატოვა.
ახლა ამ რაზმების ერთი ნაწილი აფხაზეთის ტერიტორიაზეა. ჩვენი ზუსტი მონაცემებით, ზოგიერთი მათგანი, კერძოდ, ისინი, რომლებიც განსახურდიას უახლოეს გარემოცვას წარმოადგენენ, პრაქტიკულად არძინბას მებრძოლებთან, მის ბოევიკებთან გაერთიანდნენ. უფრო სწორად, ეს გაერთიანება ადრეც არსებობდა, ახლა კი ფაქტობრივადაც მოხდა მათი გაერთიანება. როგორც უნდა უარყონ კონფედერატებმა და სხვებმა, ეს ფაქტია. ჩვენ ტყვეებიც გვყავს, რომლებიც ადასტურებენ, რომ აფხაზეთში იბრძოდნენ ჩეჩნები, აფხაზი ბოევიკები, იყვნენ ოსებიც ჩრდილოეთიდან, ზოგიერთი სხვა ეროვნების წარმომადგენლები, კაზაკები, სხვა დაქირავებულები. იგივე ხალხი იბრძოდა სამეგრელოშიც. ახლა მიმდინარეობს გამოძიება და ეჭვი არ მეპარება, რომ ყველაფერი ეს დადასტურდება და ჩვენი მოსახლეობა ყველაფერს გაიგებს.
დღესდღეობით უმთავრესია რეგიონში წესრიგის სრული აღდგენა და დამყარება. იქ კიდევ გაიგზავნა პოლიციის დამატებითი ძალები, რომლებიც ქალაქებსა და სოფლებში წესრიგისთვის აგებენ პასუხს. უნდა აღინიშნოს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო კარგად ართმევს თავს პრობლემებს.
ასე რომ, მოსახლეობას შეიძლება იმედი ჰქონდეს, რომ პოლიცია მათ გვერდით იქნება და დაიცავს მათს ინტერესებს. მე ახლა აქ ყურადღებას უფრო მეტად სამეგრელოზე ვამახვილებ, მაგრამ იგივე შეიძლება ითქვას სამტრედიაზე, ხონზე, ლანჩხუთზე, ოზურგეთსა და ზოგიერთ სხვა რაიონზე, სადაც მოასწრეს შესვლა ქობალიას რაზმებმა და თავიანთი კვალი დატოვეს.
როცა დასავლეთ საქართველოში გარკვეულ სტაბილურობაზე ვლაპარაკობთ, რა თქმა უნდა, მხედველობაში არა მაქვს აფხაზეთი, უნდა გამოვყოთ თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული რაზმების, მხედრიონის, შინაგანი ჯარებისა და მოსახლეობის იმ ნაწილის ძალიან დიდი, გადამწყვეტი როლი, რომლებიც აქტიურად გვიჭერდნენ მხარს. უიმისოდ შეუძლებელი იქნებოდა შეიარაღებული ბანდიტების განდევნა. ვფიქრობ, ამ მხრივ ძალიან დიდი საქმე გაკეთდა. მოვა დრო და ვიტყვით ამას, დავასახელებთ ყველას, ვინც თავი გამოიჩინა.
რაც შეეხება იმ დიდად სამწუხარო და დასანან ფაქტებს, რომლებიც დაკავშირებულია მაროდიორობასთან, უნდა გითხრათ, რომ ამ რაიონებში ყოფნისას მე თვითონ გავხდი მოწმე ათობით და ასობით ქურდისა და მძარცველის მხილებისა, რომლებსაც არავითარი კავშირი არა აქვთ საომარ ოპერაციებთან, საერთოდ ჩვენს შეიარაღებულ ფორმირებებთან. ისინი თავს ხან გვარდიის, ხან მხედრიონის, ხან კი შინაგანი ჯარების წარმომადგენლებად ასაღებენ. სამწუხაროდ და სამარცხვინოდ, ზოგიერთი ჩვენი ჯარისკაცი და ოფიცერი საკუთარ ქვეყანაში მართლაც დაადგა მძარცველობისა და მაროდიორობის გზას. ამ მოვლენისადმი მეთაურების მხრიდან შეინიშნება ერთგვარი შემრიგებლური დამოკიდებულება. მე არაერთხელ მითქვამს დადებითი და საქებარი სიტყვები ჩვენი თავდაცვის სამინისტროს, მხედრიონის, შინაგანი ჯარების მისამართით. მაგრამ ახლა, როცა მძარცველობისა და მაროდიორობის ფაქტებმა ასე შეგვაწუხა და, უპირველს ყოვლისა შეაწუხა მოსახლეობა, უნდა გამოითქვას სერიოზული შენიშვნებიც. ვფიქრობ, თავდაცვის სამინისტროს გაცილებით მეტის გაკეთება შეუძლია.
ახლა დასავლეთ საქართველოში უნდა მოქმედებდეს სამხედრო პოლიციის სპეციალური სადამსჯელო რაზმი. ასეთი ბრძანება დაიწერა, პოლიციას დავალება მიეცა. ამ საქმეს გამოცდილი მუშაკი ბორის ივანოვი ხელმძღვანელობს. მას რამდენჯერმე მე თვითონ მივეცი პერსონალური დავალება, მაგრამ არ შესრულდა ისე, როგორც უნდა შესრულებულიყო. ასეთივე დავალება მიიღო გენერალმა ლანჩავამ, რომელიც შინაგან ჯარებს ხელმძღვანელობდა იმ დღეებში. არაფერი არ გაკეთებულა. მთავარსარდლის ბრძანების შეუსრულებლობისთვის გადაწყვეტილი მაქვს ერთსაც მოვთხოვო პასუხი და მეორესაც. ათჯერ ნაკლები იქნებოდა წინააღმდეგობა დასავლეთ საქართველოს ამ რაიონებში, ძარცვა-გლეჯა რომ არ ყოფილიყო. ეს მარტო სამეგრელოს არ ეხება, ნაკლები როდი გადაიტანა სამტრედიამაც. ასეთივე ფაქტები იყო, სამწუხაროდ, ხონსა და ზოგიერთ სხვა რაიონშიც. ყველამ უნდა მოჰკიდოს ხელი მაროდიორობის წინააღმდეგ ბრძოლას, ყველამ უნდა შეიგნოს, რომ საკუთარ ქვეყანაში მაროდიორობა და საკუთარი ხალხის ძარცვა ეროვნული უბედურებაა. მე არ ვაჭარბებ, როცა ამას ვამბობ. ხანდახან ვხედავდი ამ ფაქტებს, მაგრამ უძლური ვიყავი. მაგალითად, სამტრედიიდან სამეგრელოს რაიონებისაკენ მომავალმა დავინახე მანქანების მთელი წყება. ყველაფრიდან ჩანდა, ნაძარცვი და გატაცებული მანქანები რომ იყო. სათანადო დავალების გაცემის შემდეგ დადასტურდა, რომ ეს მართლაც ასეა. ზოგიერთი ოჯახიდან ყველაფერი გაიტანეს, რის გატანაც შეიძლებოდა. მე არ ვამბობ, რომ ამას ჩვენი ჯარისა და სამხედრო ფორმირებების დიდი ნაწილი
აკეთებს. ვიმეორებ, ალბათ, ვერც ერთი მემატი[ა]ნე ვერ აღწერს ჩვენი ბიჭების გმირობას, რომლის მოწმეც მე თვითონ ვარ, მაგრამ რაღაც ნაწილი რომ ამას სჩადის, ყველაფერი წყალში იყრება. ამიტომ მიმაჩნია: ყველა მეთაურმა, თავდაცვის სამინისტროს, მხედრიონისა თუ შინაგანი ჯარების, მოხალისეების მთელმა სისტემამ, ყველამ უნდა დაისახოს ამოცანად ასეთი სამარცხვინო მოვლენის აღმოფხვრა. მე გავეცი ბრძანება, მაროდიორების მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში ისინი ადგილზე გაანადგურონ. ამის მსგავსი ერთი-ორჯერ უკვე გაკეთდა, მაგრამ ეს საკმარისი არ არის.
უნდა ვთქვა ისიც, რომ ჩვენი იმედები ვერ გაამართლა სამხედრო პროკურატურამ. მე ხშირად ადგილებზე - რაიონებსა და ქალაქებში ვხვდები ბატონ შუშანაშვილს. მაგრამ მისი გაკეთებული ჯერ არაფერი მინახავს. ლაპარაკი იმაზე, რომ კანონები არა გვაქვს, კანონები უნდა გავამკაცროთ, ახლა პროექტებს შევადგენთო, საქმეს ვერ შველის. ჩემი აზრით, სამხედრო პროკურატურას გაცილებით მეტის გაკეთება შეუძლია. კატეგორიულად ვაცხადებ, რომ უკმაყოფილო ვარ სამხედრო პოლიციის საქმიანობით, სამხედრო პორკურატურის და საერთოდ, ამ სფეროსა და ამ დარგში პროკურატურის მუშაობით. მაროდიორები საქართველოს მტრები არიან. ვინც საკუთარ ხალხს ძარცვავს, იმ კაცს უფლებაც არა აქვს დაიცვას თავისი სამშობლო, თავისი მიწა-წყალი და თავისი ხალხი.
ასევე არანაკლებ უკმაყოფილებას გამოვთქვამ პროკურატურის იმ მუშაკების მიმართ, რომლებიც ვალდებული იყვნენ აქამდე თავიდან ბოლომდე გამოეძიებინათ გამსახურდიასა და მისი დანაშაულებრივი დაჯგუფების საქმეები. ეს ეხება შინაგან საქმეთა სამინისტროსაც და უშიშროების სამსახურსაც. მე მათ ვუბრძანებ, რომ ხელი მოჰკიდონ ამ საქმეს. გამოიძიონ ყველაფერი - რა გააკეთეს, რა დაუშავეს გამსახურდიამ და მისმა ამფსონებმა საქართველოს. მხედველობაში მაქვს კრიმინალური დანაშაული და არა პოლიტიკური თვალსაზრისი. მე ვნახე თუ რა დანაშაული ჩაიდინეს მათ ქართველი კაცისა და საქართველოს წინაშე. ყველაფერი ეს უნდა გამოვიტანოთ დღის სინათლეზე, უნდა გაცხადდეს და არა მხოლოდ სიტყვით. ყველა მოქალაქემ უნდა გაიგოს, ვისთან ჰქონდათ საქმე, ვინ იყო ყოფილი პრეზიდენტი და რას წარმოადგენს ეს დაჯგუფება, რომელმაც ამდენი ტკივილი მიაყენა ქვეყანას. ახლა დიდი ბრიგადაა შექმნილი, დასავლეთ საქართველოში მუშაობს გენერალური პროკურორი, უშიშროების სამსახურის საკმაოდ მძალავრი რაზმი, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურები და, ვფიქრობ, უახლესი ერთი-ორი თვის განმავლობაში საქართველო ყველაფერს გაიგებს.
ჩემი აზრით, როცა ამიერიდან გამსახურდიაზე ვილაპარაკებთ, უნდა ვილაპარაკოთ არა როგორც პოლიტიკოსზე, არამედ როგორც ჩვეულებრივ დამნაშავესა და ბოროტმოქმედზე. ეს ყველამ უნდა გაიგოს, ყველამ, ვინც მისი მოწინააღმდეგეა და ვინც ფანატიკურად მისი ერთგული იყო აქამდე.
- გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთობლივი მოქმედების გეგმები დასახა რამდენიმე პოლიტიკურმა პარტიამ: მონარქისტებმა, ტრადიციონალისტებმა, კოსტავას საზოგადოებამ, ილია ჭავჭავაძის საზოგადოებამ, ქარტია-91-მა. ეს ის პარტიებია, რომლებიც ზოგჯერ შეურიგებელიც იყვნენ ერთამანეთის მიმართ. ხომ არ არის შევარდნაძე ამ პოლიტიკურ ძალასთან მარტო? ეს ხომ ოპოზიციურად განწყობილი პარტიებია?
- ალბათ, ასეთი ბლოკის შექმნა სავსებით მოსალოდნელი იყო და პრაქტიკულად კიდეც არსებობდა, ახლა კი დაიწყო გაფორმების პროცესი. არ ვიცი, რამდენად მყარი იქნება ეს ბლოკი. მე არაერთხელ განმიცხადებია, რომ დამჭირდება გამოვიდე ინიციატივით პოლიტიკური ძალის - პარტიის შექმნის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ოფიციალურად განვაცხადე, მაინც მიჭირდა ამ ნაბიჯის გადადგმა, რადგან, ასეა თუ ისე, ეს ერთგვარ დაძაბულობას აღრმავებს, ოპოზიციასთან გამოიწვევს დაპირისპირებას და წინააღმდეგობას. მინდოდა როგორმე გამეჭიანურებინა ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ ჩვენი ოპონენტების გადაწყვეტილების შემდეგ, უფლება არა მაქვს არ დავაჩქარო ეს პროცესი. ახლა, როგორც იტყვიან, გამოწვევა უნდა მივიღოთ და შევქმნათ პოლიტიკური ორგანიზმი, პოლიტიკური მექანიზმი. დღეს მიჭირს თქმა, რა სახელწოდება ექნება, როგორი იქნება პროგრამა და დეკლარაცია, მაგრამ ღრმად ვარ დაწმუნებული, რომ ეს იქნება საქართველოში ძირითადი წამყვანი პოლიტიკური ძალა და იმდენად მძლავრი, რომ დაე, გამინაწყენდნენ ჩემი პოლიტიკური ოპონენტები, მაგრამ ვერავითარი ბლოკი მას ვერ შეედრება, ძირითადად თავისი შემადგენლობით, იმ მიზნებიდან გამომდინარე, რომლებსაც ეს პოლიტიკური ძალა ისახავს. და შეიძლება, არც ის იყოს მთლად მეათეხარისხოვანი, რომ იქ შევარდნაძე იქნება. წინასწარ მინდა განვაცხადო, მე და ჩემი თანამოაზრენი მზად ვართ, რათა მომავალში, როცა ეს პოლიტიკური ძალა გაფორმდება, ვითანამშრომლოთ ყველა გონიერ და ნორმალურ პოლიტიკოსთან და პოლიტიკურ ძალებთან.
- ამას წინათ განაცხადეთ, აფხაზეთს დავიბრუნებთ სამხედრო ან პოლიტიკური გზითო. საკმაოდ რთული სიტუაცია შეიქმნა: გამსახურდიას მომხრეები აფხაზეთის ტერიტორიაზე არიან, როგორც ოფიციალური წყაროები ამბობენ, თავადაც იქ არის. ბოლო დღეებში არძინბას მხრიდან ისეთი პროვოკაციული განცხადებები კეთდება, როგორიც ომის დაწყების პირველ დღეებში კეთდებოდა. როგორ განვითარდება მოვლენები?
- ომის დაწყების წინა პერიოდიდან მოკიდებული და უფრო შორეული წარსულიდანაც, ყველაფერი სცენარის მიხედვით ვითარდებოდა და ეს სცენარი მარტო არძინბას შედგენილი არ იყო. ამ სცენარის ავტორები საკმაოდ დიდი ძალისა და გავლენის მქონე ხალხი იყო, არა მარტო და არა იმდენად აფხაზეთში, არამედ სხვა ქვეყანაში. არძინბას ახლანდელი გამოსვლები ცხადყოფს, რომ ის ავტორები, რომლებიც მასთან თანამშრომლობდნენ, აღარ ჩანან. ზოგი მოთავსებულია იქ, სადაც უნდა მოთავსებულიყვნენ 3-4 ოქტომბრის მოვლენების შემდეგ. ზოგს კიდევ ამის ხალისი აღარ აქვს, რადგანაც ფიქრობს, შეიძლება იგივე ბედი ეწიოს, რაც ხასბულატოვს, რუცკოის, მაკაშოვსა და სხვებს. მაგრამ ეს სულაც არ აუბრალოებს ჩვენს ამოცანებს. ვიმეორებ, რომ არცერთი ქართველი და საქართველოს არცერთი მოქალაქე არ შეეგუება აფხაზეთის დაკარგვას, აფხაზეთის გამოყოფას. სხვათა შორის, არც რუსეთი ეგუება ამას. ახალი კონსტიტუციის პროექტში (ვითომ ეს არ იცის არძინბამ, ისე მოაქვს თავი) აღარ არის პუნქტი გამოყოფის უფლების შესახებ და სუვერენიტეტიც სხვაგვარად არის განმარტებული. წინათ ხშირად გვიკიჟინებდნენ, აიღეთ მაგალითიო. რა თქმა უნდა, ავიღებთ, და ჩვენ ვიცით რა უნდა გავაკეთოთ.
ჩვენ ყველა გზას გამოვიყენებთ სამართლიანობის აღსადგენად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ერთიანობის დასაცავად. არც პოლიტიკურ მოწესრიგებაზე ვამბობთ უარს: ჟენევაში შეხვედრაზე გაიგზავნება ჩვენი ძალიან ავტორიტეტული დელეგაცია, არც სხვა გზების ძიებაზე ვიტყვით უარს.
კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ჩვენი დაბრუნება აფხაზეთში, კერძოდ აფხაზეთიდან ათი ათასობით დევნილის დაბრუნება არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ აფხაზებს ისე მოვექცევით, როგორც არძინბას ბანდიტური ჯგუფი მოექცა ქართულ მოსახლეობას.
ამასწინათ აფხაზეთიდან დევნილი ერთი მანდილოსანი შემხვდა და მიამბო, როგორ აწამეს მისი ოჯახი, როგორ ამოუწყვიტეს ოჯახის ყველა წევრი. მხოლოდ იგი გადარჩა და გადაარჩინა მოხუცმა აფხაზმა, რომელმაც 15-20 დღე თავის სახლში შეიფარა ქართველი ქალი.
ჩვენ სულაც არ ვაპირებთ აფხაზ ხალხზე შურისძიებას. დარწმუნებული ვარ, აფხაზები კვლავ დარჩებიან ქართველების ძმებად და მეგობრებად, მიუხედავად ამდენი უბედურებისა და ტკივილისა. ჩვენ არ გვინდა, რომ არძინბას დანაშაულობანი მთელ აფხაზ ხალხზე გავრცელდეს. მინდა ჩემი ხმა როგორმე მისწვდეს ყველა აფხაზს. თუ ქართველები დაბრუნდებიან აფხაზეთში, აფხაზები და ქართველები კვლავ ერთად იცხოვრებენ ახალ პირობებში, ახალ ეპოქაში, თუ შეიძლება ასე ითქვას, როგორც ნათესავები, მეგობრები და კეთილისმყოფელნი. არძინბას განცხადებებს ეტყობა გარკვეული ნერვიულობაც, უსისტემობაც და ისიც, რომ ამას ლაპარაკობს კაცი, რომელმაც უმძიმესი დანაშაული ჩაიდინა არა მარტო ქართველების, არამედ კაცობრიობის წინაშე და ახლა მოსვენებას უკარგავს იმის ფიქრი, რომ სამართალმა უნდა თქვას თავისი სიტყვა.
ედუარდ შევარდნაძე: ხელისუფლება ინტენსიურად მუშაობს, რათა დასავლეთ საქართველოში აღდგეს ცხოვრების ნორმალური რიტმი // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 16 ნოემბერი. - №246(774). - 1 გვ.
![]() |
169 შეიქმნა საქართველოს მოქალაქეთა კავშირი |
▲ზევით დაბრუნება |
ედუარდ შევარდნაძე სათავეში ჩაუდგა საქართველოს მოქალაქეთა კავშირს - საერთო-ეროვნულ დემოკრატიულ პოლიტიკურ ორგანიზაციას, რომელიც 21 ნოემბერს დაფუძნდა თბილისში საქართველოს რესპუბლიკის ყველა რეგიონის, ეროვნების, ფენის, კონფესიის წარმომადგნელეთა კრებაზე. „შევარდნაძის პარტიის“, როგორც მას უწოდებენ ორგანიზაციის შექმნის ინიციატორები, ბირთვი შეადგინეს თბილისის მოქალაქეთა კავშირის წევრებმა, რომელიც ჩამოყალიბდა ექსპრეზიდენტის მომხრეებისადმი სამხედრო დაპირისპირების დღეებში, როგორც დესტრუქციული რადიკალიზმის ალტერნატიული ძალა, საქართველოს მწვანეთა პარტიამ, რეგიონულმა გაერთიანებებმა, პოლიტიკურმა პარტიებმა და ლიბერალურ-ცენტრისტული ორიენტაციის მოძრაობებმა.
- ჩვენი მოქალაქეების კავშირი, - თქვა ედუარდ შევარდნაძემ, შეკრებილთა წინაშე გამოსვლისას, - ჩვენს პარტიულ კუთვნილებაზე მაღლა დგას. ამიტომ საქართველოს მოქალაქეთა კავშირი არ არის პარტიული გაერთიანება ამ ცნების ჩვეულებრივი მნიშვნელობით. ჩვენ თავი მიგვაჩნია საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი დემოკრატიული მოძრაობის, ქართული სახელმწიფოებრიობის აღორძინებისთვის, ჩვენი სამშობლოს ნამდვილი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციების მემკვიდრეებად, ორიენტაციას ვიღებთ ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებზე და ამიტომაც ჩვენს საქმიანობას საფუძვლად ვუდებთ პიროვნების უფლებების, ჩვენს მიწა-წყალზე დამკვიდრებული ყველა ეროვნების წარმომადგენლების უფლებების პრინციპებს.
ჩვენ შევქმენით კავშირი ერთაშორისი მშვიდობის საკეთილდღეოდ და მტკიცედ ვართ დარწმუნებული, რომ მეგობრობითა და თანხმობით ვიცხოვრებთ აფხაზებთან, ოსებთან, სომხებთან, აზერბაიჯანელებთან, რუსებთან, როგორც ყოველთვის ვცხოვრობდით.
ჩვენ შევქმენით კავშირი მომავლის, და მაშასადამე - ჩვენი ახალგაზრდობის საკეთილდღეოდ. მისი ნდობის მოპოვება ნამდვილი დამოუკიდებლობის მოპოვების ადეკვატურია. ჩვენს ამოცანად ის მიგვაჩნია, რომ ასპარეზზე გამოვიყვანოთ პოლიტიკოსთა ახალი თაობა, რომლებსაც უნარი შესწევს დაამკვიდრონ ქვეყნის ცხოვრებაში აღმშენებლობითი საწყისი და შეაჩერონ ნგრევა, რომლის ტალღაზე ამოტივტივდა ზოგიერთი პოლიტიკური პარტია.
ჩვენ შევქმენით კავშირი აღმშენებლობის საკეთილდღეოდ და ამიტომ იგი მოაზროვნე ადამიანთა კავშირია, რომლის ინტელექტი ღარიბი დანგრეული ქვეყნის მთავარი მონაპოვარი და იმედია.
ჩვენ შევქმენით კავშირი ჩვენი სამშობლოს მთლიანობის აღდგენისთვის და ამიტომ აქ მოვიწვიეთ ყველა, ვისაც უნარი შესწევს იმოქმედოს ამისთვის. საქართველოს უკლებლივ ყველა რეგიონი მისი ერთიანობის მთავარი ღერძია.
ჩვენ უკომპრომისო ვიქნებით დანაშაულებრივი ბანდების თარეშთან ბრძოლაში, რომლებმაც, ფაქტობრივად, კიდევ ერთი ომი გამოუცხადეს ჩვენს ხალხს.
უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენ გვყავს მეგობრები მსოფლიოში და ისინი ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა დაგვეხმარონ დემოკრატიული საქართველოს მშენებლობაში. ამის მაგალითია ამერიკის შეერთებულ შტატებში შექმნილი ავტორიტეტული ორგანიზაციის საქმიანობა, რომელშიც შევიდნენ ამ ქვეყნის გამოჩენილი ადამიანები. ასეთივე გაერთიანებები და ფონდები შეიქმნა მრავალ სხვა სახელმწიფოში...
ედუარდ შევარდნაძის გამოსვლის მრავალი მთავარი დებულება აისახა კრებაზე მიღებულ საქართველოს მოქალაქეთა კავშირის დეკლარაციაში.
კრებაზე აირჩეს დროებითი ხელმძღვანელი ორგანოები, რომლებიც მოამზადებენ საქართველოს მოქალაქეთა კავშირის დამფუძნებელ ყრილობას.
შეიქმნა საქართველოს მოქალაქეთა კავშირი // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 26 ნოემბერი. - №251 (779). - 1 გვ.
![]() |
170 ედუარდ შევარდნაძე: საქართველოს მოქალაქეთა კავშირი დიდხანს იმოღვაწებს, იცხოვრებს, იცოცხლებს და იმუშავებს საქართველოს საკეთილდღეოდ |
▲ზევით დაბრუნება |
22 ნოემბრის რადიოინტერვიუ
- გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენა გახდა საქართველოს მოქალაქეთა კავშირის შექმნა. როგორი იქნება ეს კავშირი, რა მიზნები და ამოცანები ექნება მას? კომენტატორ ნატო ონიანის ამ შეკითხვით დაიწყო ტრადიციული რადიოინტერვიუ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან - სახელმწიფოს მეთაურთან ედუარდ შევარდნაძესთან:
- საქართველოს მოქალაქეთა კავშირი პოლიტიკური მოძრაობაა და იგი შეიქმნა სწორედ მაშინ, როცა უნდა შექმნილიყო. მე, რა თქმა უნდა, ყურადღებას ვაქცევდი იმ საყვედურსა და შენიშვნებს, რომლებიც ჩემი მისამართით გამოითქმებოდა, რატომ არ იქმნება პარტია, რატომ არ ქმნის შევარდნაძე თავის დასაყრდენ პოლიტიკურ ძალასო. მე არ ვჩქარობდი ამ გადაწყვეტილების მიღებას. გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეთა კავშირის შექმნის შესახებ მაშინ მივიღეთ, როცა ეს საკითხი მომწიფდა, საზოგადოება დარწმუნდა და მომზადდა ამისთვის. რა არის იგი და რა მიზნებს ისახავს, ამაზე ახლა არ შევჩერდები, რადგან მიღებულია დეკლარაცია, რომელიც, ალბათ, გამოქვეყნდება და საქართველოს მოქალაქეებს ერთხელ კიდევ ექნებათ საშუალება წაიკითხონ იგი, ჩაუფიქრდნენ ყველა ფრაზას, ყოველ სიტყვას. მე მხოლოდ ორიოდე ფრაზას გავიმეორებ, რომელიც უკვე ვთქვი. მოქალაქეთა კავშირი არის ორგანიზაცია, რომელიც ახლა მოდის აღმშენებლობის ტალღაზე, უფრო სწორი იქნება ითქვას, რომ ამ კავშირმა ჩვენს ქვეყანაში აღმშენებლობის ტალღა უნდა ააზვირთოს. ამით განსხვავდება იგი სხვა პარტიებისა და პოლიტიკური მოძრაობებისგან. მისი უმთავრესი ამოცანა აღმშენებლობითია და ამით იწყებს თავის ცხოვრებას.
ეს დროებითი, პოლიტიკური კონიუნქტურით ნაკარნახევი მოვლენა არ არის. ჩემი აზრით, იგი ისეთი ორგანოა, რომელიც დიდხანს იმოღვაწებს, იცხოვრებს, იცოცხლებს და იმუშავებს საქართველოს საკეთილდღეოდ. საქართველოს მოქალაქეთა კავშირი - ეს არის დღევანდელი თუ მომავლის ხელისუფლების პოლიტიკური საფუძველი. ამ პოლიტიკური ძალის მოქმედების არეალი მთელი საქართველოა. მისი საზურუნავია მოქალაქე, პიროვნება და არა პარტიები. ეს არის კავშირის გენერალური ხაზი და მისი უმთავრესი ამოცანა. ეჭვი არ მეპარება, რომ საქართველოს მოქალაქეთა კავშირი მრავალრიცხოვანი იქნება. დღეს ვიკრიბებით კავშირის ხელმძღვანელი ბირთვი და ვფიქრობ, მხარს დამიჭერენ კოლეგები, თუ დავაწესებთ პარტიის კოლექტიური წევრების კატეგორიასაც, ცალკეული კოლექტივების შემოსვლას ამ კავშირის შემადგენლობაში. უკვე ათობით წერილი გვაქვს გიგანტური კოლექტივებისგან, რომელთაც სურთ გახდნენ კავშირის კოლექტიური წევრი. ასე რომ, ეს მართლაც დიდი ძალა იქნება, რომელიც, ვიმეორებ, დღევანდელი და მომავალი ხელისუფლების პოლიტიკური ძალა გახდება.
ითქვა, რომ ეს კავშირი დასავლური ტიპის ორგანიზაცია იქნება. კითხვაზე, რას ნიშნავს ეს და ამ ბოლო დროს შექმნილ ოპოზიციურ გაერთიანებასთან ერთად ხომ არ გამოჩნდება მესამე ძალა, სახელმწიფოს მეთაურმა უპასუხა:
- როცა დასავლურ ორიენტაციაზე ვლაპარაკობთ, ამაში განსაკუთრებული და არაჩვეულებრივი აზრი არ არის ჩადებული. უპირველეს ყოვლისა ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ორგანიზაციის საფუძველია დემოკრატიული ღირებულებანი, დემოკრატიული ფასეულობანი. და, როცა დემოკრატიულ სტრუქტურებსა და ინსტიტუტებზე ვლაპარაკობთ, დასავლეთის ორიენტაციას ვუსვამთ ხაზს, რადგან დემოკრატიამ უფრო მეტად ფეხი დასავლეთში აიდგა. ჩვენი კავშირი სწორედ ამ ფასეულობებზე აგებული ძალა იქნება.
ერთ-ერთი უმთავრესი გზა ის სტრუქტურები იქნება, რომელთა მეშვეობითაც თავის დროზე საქართველოს მოქალაქეთა კავშირი მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, ისე, როგორც ეს არის გამოკვეთილი დასავლეთის პარტიებსა და ინსტიტუტებში, არჩევნებში გამარჯვება თვითმიზანი როდია. ეს კავშირს დასჭირდება იმისთვის, რომ უკეთ დაიცვას საქართველოს მოქალაქეთა ინტერესები. რაც შეეხება ეკონომიკას, ეს არის რადიკალური რეფორმების გზა და ჩვენ ამ გზას მივყვებით. ამ გზით წავიდა თავის დროზე დასავლეთის ბევრი, დღეს უკვე ეკონომიკურად აყვავებული ქვეყანა, ამ გზით მიდის რუსეთი. კონკურენციის აღიარება, მოქალაქეთა კეთილდღეობისთვის, სამართლიანობისთვის ბრძოლა, მეწარმეობის თავისუფლება - ქვაკუთხედია ჩვენი კავშირისა.
რაც შეეხება მესამე ძალას, იგი შეიძლება მართლაც მოვიდეს. ჩვენთან ახლა უამრავი პარტიაა. რამდენად სიცოცხლისუნარიანი იქნებიან ეს გაერთიანებები - ამას მომავალი დაგვანახებს. მე მივესალმები ყოველგვარ გაერთიანებას, რომელიც ემსახურება ქვეყნის ინტერესებს.
არ შეიძლება ქვეყანაში იყოს 100 პარტია და ასივეს ქვეყნის მართვის პრეტენზია ჰქონდეს. საქართველოს მოქალაქეთა კავშირის შექმნა იმის დასაწყისია, რომ მივუახლოვდეთ ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების ცივილიზებულ ნორმებს.
ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს მოქალაქეთა კავშირი - ეს მმართველი პოლიტიკური ძალა არის და იქნება მომავალში. ამაში ვხედავ საქართველოს სტაბილურობისა და ქვეყანაში სიმშვიდის გარანტიას. იქნება თუ არა კავშირი ეროვნული იდეოლოგიის ავტორი - ამაზე კავშირი იმუშავებს და თუ იგი წამყვანი პოლიტიკური ძალა გახდება, ბუნებრივია, ამ სფეროშიც უნდა განსაზღვროს ამინდი. მე მგონი, რომ თავისი პოტენციალით, მას ეს ხელეწიფება. კავშირი ასპარეზზე გამოვიდა მზადყოფნით - იკისროს პასუხისმგებლობა მოქალაქეთა და ქვეყნის წინაშე.
- მომწიფდა თუ არა ახალი საპარლამენტო არჩევნების იდეა?
- არჩევნების იდეას ახლა ძალიან აქტიურად იხილავენ საქართველოს პოლიტიკურ წრეებში და არცთუ უსაფუძვლოდ. რაც შეეხება შესაძლებლობას, რომ პოლიტიკური მოძრაობა ან პარტია შეიქმნას არჩევნების წინ, ესეც დასაშვებია. მაგრამ, მიმაჩნია, რომ ეს გარკვეული აზრით, ამომრჩევლების მოტყუებას, მათ შეცდომაში შეყვანას ნიშნავს. ამ დროს პოლიტიკურ პარტიას თუ ძალას შეუძლია ყველაფერი დაჰპირდეს ხალხს არჩევნებში გამარჯვებისათვის. უამრავი ასეთი ფაქტია ცნობილი, როცა ბევრი იყო დაპირება და მერე დადგა იმედგაცრუების ჟამი. ამ გზით საქართველოს მოქალაქეთა კავშირი არ ივლის. ჩვენ არჩევნებამდე ვიკისრეთ მძიმე ტვირთი, დიდი პასუხისმგებლობა და არჩევნებამდე უნდა ვაჩვენოთ ხალხს რანი ვართ, რა შეგვიძლია და მოქალაქეებმა საქმით და არა დაპირებებით უნდა იმსჯელონ ჩვენზე. კავშირის დეკლარაციაში, რომელიც გამოქვეყნდება, არ არის დაპირებები, ჩვენ განვსაზღვრეთ კურსი, ამოცანები და, როგორც ვთქვი, საქმით უნდა დავამტკიცოთ, რა შეგვიძლია და რანი ვართ.
- დასავლეთ საქართველოში სიტუაცია ნელნელა რეგულირდება. მაგრამ საკმაოდ ბევრია ისეთი ძალა, ვისაც ომის დასრულება არ სურს...
- ხალხი დაიღალა არა მარტო უწესრიგობით, არამედ წესრიგის დამყარების აუცილებლობაზე ლაპარაკითაც. ახლა საკითხის გადადება, სხვა ღონისძიებების, გზების ძიება, მე მგონი, ფუჭად დროის დაკარგვას ნიშნავს. რადაც უნდა დაგვიჯდეს წესრიგი უნდა დავამყაროთ და დავამყარებთ კიდევაც. ამისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის საგანგებო წესები, რომლის გაგრძელების შესახებ მივიღე გადაწყვეტილება და ვფიქრობ, პარლამენტი დაადასტურებს. შექმნილი საგანგებო კომიტეტი მოქმედებს, მუშაობს, ძირითადი სიმძიმე მაინც სამართალდამცავმა ორგანოებმა - შინაგან საქმეთა, უშიშროების სამინისტროებმა უნდა იკისრონ. მათ გვერდში უნდა დაუდგეს თავდაცვის სამინისტრო, სამხედრო პოლიციითა და პროკურატურით და ყველამ თავისი საქმე აკეთოს. წესრიგის დამყარება სავსებით შესაძლებელია. გარკვეულწილად მადლიერებით უნდა ვთქვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო, პრაქტიკულად, შიშველი ხელებით ებრძვის დამნაშავეებს, ისევე, როგორც უშიშროების სამსახური. მათ საკმაოდ დიდი დახმარება აღმოუჩინეს რუსეთის შესაბამისმა სამსახურებმა. ლაპარაკია იარაღზე, ტექნიკაზე. უნდა მივესალმო ბატონების გიორგაძის, კვირაიას ძალისხმევას, რომლებმაც მოძებნეს საერთო ენა თავის რუს კოლეგებთან და ამ დღეებში მათი სისტემები მიიღებენ სათანადო დახმარებას, შესაბამის მატერიალურ ძალას და შევძლებთ დავამყაროთ ქვეყანაში წესრიგი.
კომენტატორის თხოვნით, სახელმწიფოს მეთაური დედაქალაქის პურით უზრუნველყოფის საკითხს შეეხო. მან, კერძოდ, აღნიშნა:
- ქალაქის მერიაში მე ვთქვი და ახლაც ვიმეორებ - უახლოეს დღეებში უნდა მივაღწიოთ იმას, რომ დედაქალაქში მოწესრიგდეს პურით ვაჭრობის საკითხი და დედაქალაქის მაგალითზე დავამყაროთ წესრიგი მთელ რესპუბლიკაში. რაც გვაქვს, ის სამართლიანად უნდა განაწილდეს. არავინ კითხულობს, საიდან მოდის ეს ხორბალი, ჩვენ ხომ მას არ ვაწარმოებთ. ახლა ჩვენი ყურადღება იმაზეა გადატანილი, სად და როგორ ვიშოვოთ ხორბალი და სხვა აუცილებელი პროდუქტები. თუ ამ პრობლემის მოგვარებას შევძლებთ - უნდა ვიზრუნოთ სამართლიან განაწილებაზე. ამ სფეროში, ჩემი დაკვირვებით, მართლაც გვაქვს საქმე ორგანიზებულ დანაშაულთან, მაფიასთან. მაგალითად, 60 ტონა პური გამოიტანეს ერთ-ერთი ქარხნიდან და გაყიდეს რაიონში, რომელიც სხვა სახელმწიფოს ესაზღვრება. მაფია ახლა ხედავს, რომ ლუკმა-პური ეცლება ხელიდან და ამიტომ გააფთრებულ წინააღმდეგობას უწევს პურის ნორმირებულ გაყიდვას, იცის, რომ, თუ ეს მოხდება, ქურდობისა და ძარცვის ნაკლები შესაძლებლობა ექნება. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ უკიდურეს ზომებს მივმართავთ, თვით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემამდე, ვინც უნდა იყოს, რა რანგის პირიც უნდა მონაწილეობდეს ამ უბედურებაში, მაქინაციებში. მე მივიღე შეპირება ქალაქის, კონცერნის ხელმძღვანელობის, შესაბამისი თანამდებობის პირებისა, რომ უახლოეს დღეებში წესრიგი დამყარდება პურით ვაჭრობის საქმეში. და, თუ ეს არ გაკეთდება, მოსახლეობა გაიგებს, ვინ არის კონკრეტული დამნაშავე, ვინ მოიხსნება თანამდებობიდან, ვინ მიეცემა პასუხისგებაში.
უნდა ითქვას, რომ დახმარებისა და კრედიტების მიუხედავად, არც მომავალი წელი იქნება დალხინებული. შარშან მე წამოვიწყე სერიოზული მოძრაობა იმისათვის, რომ ქალაქის მოსახლეობას დაურიგდეს აუთვისებელი მიწები; დაე, ეს იყოს მცირე ფართობი, მაგრამ იგი უნდა დამუშავდეს. ახლა თბილისში დაბრუნდება ბატონი ოთარ ფაცაცია და შევიტანთ წინადადებას, რომ შეიქმნას სპეციალური სამთავრობო კომისია პრემიერ-მინისტრის მეთაურობით, რათა მიწები ორგანიზებულად გაუნაწილდეს დედაქალაქს, სამრეწველო ცენტრებს, სხვა ქალაქებს. მე მახსოვს ბავშვობაში, ომის დროს მთელი მოსახლეობა ქალაქგარეთ იყო გასული, მცირე მოსავალს მაინც მოიწევდა ხოლმე. ასე უნდა გავაკეთოთ ახლა, რათა შიმშილი თავიდან ავიცილოთ.
ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ სულით და გულით მიულოცა ქართველ ხალხს გიორგობის დღესასწაული, უსურვა მას მშვიდობა და ბედნიერება.
ედუარდ შევარდნაძე: საქართველოს მოქალაქეთა კავშირი დიდხანს იმოღვაწებს, იცხოვრებს, იცოცხლებს და იმუშავებს საქართველოს საკეთილდღეოდ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 26 ნოემბერი. - №251 (779). - 1 გვ.
![]() |
171 ედუარდ შევარდნაძე: ახალი საპარლამენტო არჩევნები რეალური პოლიტიკური ძალების, რეალური გავლენებისა და რეალური ავტორიტეტების დამკვიდრებამდე მიგვიყვანს |
▲ზევით დაბრუნება |
29 ნოემბრის რადიოინტერვიუ
- პარლამენტის 25 ნოემბრის სხდომაზე გამოიკვეთა ახალი საპარლამენტო არჩევნების იდეა. გახდება თუ არა ახალი საპარლამენტო არჩევნები საქართველოს ცხოვრებაში ის რუბიკონი, რომელიც განსხვავებული პოზიციის მქონე პოლიტიკურ ძალებს რაღაც კონსენსუსის მოძებნაში დაეხმარება? - კომენტატორ ნატო ონიანის ამ კითხვით დაიწყო პარლამენტის თავმჯდომარის - სახელმწიფოს მეთაურის ედუარდ შევარდნაძის რადიოინტერვიუ.
- პარლამენტის ეს სხდომა სერიოზულ გაკვეთილად უნდა იქცეს თვითონ პარლამენტის, დემოკრატიული ძალებისა და მთელი ჩვენი მოსახლეობისთვის. ზოგადად თუ ვიტყვით, ერთხელ კიდევ შეიძლება ხაზი გაესვეს იმას, რომ ქვეყანა და ხალხი ფხიზლად უნდა იყვნენ, რადგან რეალურად არსებობენ ძალები, რომელთაც სურთ გადაგვახვევინონ დემოკრატიული განვითარების, ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის გზიდან, რომლითაც ჩვენ უნდა ვიაროთ. ასეთი ძალები არსებობენ ჩვენს საზოგადოებაში და მათ შორის - პარლამენტშიც. ამაზე ყველამ უნდა ვიფიქროთ და არ უნდა გაუბრალოვდეს ის, რაც მოხდა, - თქვა სახელმწიფოს მეთაურმა.
რაც შეეხება ახალი არჩევნების იდეას, რომლის შესახებაც ითქვა ჩემს გამოსვლაში, იმ კონტექსტით, რომ დავაჩქაროთ კონსტიტუციაზე მუშაობის პროცესი, და შესაბამისად, დავაჩქაროთ არჩევნების გამართვა, იგი საკმაოდ მომწიფებულია, თუმცა სადღეისო არ არის. უახლოეს ერთ-ორ თვეში ამის გაკეთება შეუძლებელია, მაგრამ აუცილებელია ამ საკითხზე ფიქრი. ჩემი აზრით, ახალი არჩევნები რეალური პოლიტიკური ძალების, რეალური გავლენებისა და რეალური ავტორიტეტების დამკვიდრებამდე მიგვიყვანს. იმისათვის, რომ წინა არჩევნებში ფართო პოლიტიკური სპექტრი გამოსულიყო ასპარეზზე, არჩევნების დებულებაც და მისი მთელი სისტემაც ამ მიზანს დაექვემდებარება. ხალხი ვერც კი გაერკვა, ბოლოს და ბოლოს, თუ ვინ და როგორ უნდა აერჩიათ. მე ვიტყოდი, რომ სათბურის პირობები შეიქმნა მრავალი მცირერიცხოვანი და არცთუ გავლენიანი პოლიტიკური პარტიების და პოლიტიკოსების ბლოკების პარლამენტში არჩევისთვის. მე როდი ვამბობს, რომ ეს ცუდია, ალბათ, ასე უნდა ყოფილიყო. უნდა შემოწმებულიყო, თუ ვინ რას წარმოადგენს, რომელ პარტიას რა გააჩნია, რამდენად შეუძლია იკისროს პასუხისმგებლობა არა სიტყვით, არამედ საქმით. მომავალი არჩევნები რეალურ ძალთა ასპარეზზე გამოსვლა და დამკვიდრება იქნება. ასე ვხედავ მე ახალი, მომავალი არჩევნების პერსპექტივას.
ხშირად, როცა ამა თუ იმ ქვეყანაში უღრმესი კრიზისია, პოლიტიკურ ასპარეზზე გამოდის ოპოზიციური ძალა, რომელიც სწორედ ამ ოპოზიციურ ტალღაზე ცდილობს ქულების დაგროვებას, რაღაც პროგრამის შემუშავებას და ამ პროგრამის საფუძველზე არჩევნებში გამარჯვებას, ბუნებრივია, იმ იმედით, რომ დაიმკვიდრებს ადგილს სახელმწიფო ხელისუფლებაში. განსხვავებით ამისა, და ეს არც ისე ხშირი შემთხვევაა პრაქტიკაში, საქართველოს მოქალაქეთა კავშირი ასპარეზზე გამოდის არა ოპოზიციური მოწოდებებით, ლოზუნგებითა და პრინციპებით, არამედ გამოდის იმ ლოზინგით, რომ გადავარჩინოთ ქვეყანა. მისი ამოცანაა არა ხელისუფლების რომელიმე ნორმალური პოლიტიკური ძალის წინააღმდეგ ბრძოლა, არამედ ქყვეყნის გადარჩენის იდეა ხელისუფლებასთან ერთად და მისი დახმარებით. ასეთია ჩვენი კავშირის მიზანი, მიუხედავად იმისა, თუ რას უწოდებენ მას, ზოგი კომუნისტობაში სდებს ბრალს და ა.შ. ხალხი გაარკვევს - ვინ რას წარმოადგენს. ვფიქრობ, რომ პოლიტიკური არჩევანი, რომელიც გააკეთა საქართველოს მოქალაქეთა კავშირმა და მისმა დამფუძნებელმა ორგანიზაციებმა, ერთადერთი სწორი და სერიოზული მიდგომაა ქვეყნის დღევანდელი პრობლემებისადმი. კავშირი ის ძალაა, რომლის მიზანი არ იქნება ხალხის აღშფოთების გამოწვევა სირთულეთა გამო და განტევების ვაცის ძებნა. ამას დიდი ჭკუა და გონება არ სჭირდება. ეს ყველა დიდ თუ პატარა პარტიას შეუძლია, რაც შესანიშნავადაც ჩანს ჩვენს პარლამენტში. კავშირის მიზანი ის არის, რომ რეალურად ვიბრძოლოთ მოსახლეობის ინტერესებისათვის მთელ ხალხთან ერთად.
გუშინ, მაგალითად გამგეობამ განიხილა პურით ვაჭრობის საკითხი. მოიარეს პურის ქარხნები, მაღაზიები, შეხვდნენ ათასობით ადამიანს და ბევრი რამ საგულისხმო და ძალზე მნიშვნელოვანი მიკარნახეს იმისთვის, რომ პრაქტიკული ღონისძიებანი განვახროციელოთ პურით ვაჭრობის გასაუმჯობესებლად. ასევე გუშინ ძალიან მწვავედ და სერიოზულად დადგა საკითხი ენერგეტიკულ კრიზისთან დაკავშირებით, როგორ უნდა მოწესრიგდეს ეს სისტემა. და გუშინვე გარკვეული რამ გაკეთდა იმისთვის, რომ ის რესურსები, რომლებიც აქვს სახელმწიფოს, უფრო რაციონალურად გამოვიყენოთ. მე ასე მესახება, რომ კავშირისთვის უმთავრესი მიზანი უნდა იყოს ის, რაც ხალხს აძლევს ხელს, და არა ის, თუ როგორ შეიძლება წარმართო შეწუხებული ადამიანის გულისტკივილი ვიღაცის წინააღმდეგ, იმ მიზნით, რომ ვიღაცა დაამხო, გადააყენო და მისი ადგილი შენ დაიკავო.
- პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას აღნიშნეს, რომ საგანგებო წესების მეორე ეტაპი მოხმარდება მაფიოზური სინდიკატების განადგურებას. დაისჯება განურჩევლად ყველა დამნაშავე. ძალისმიერ სტრუქტურებს, დღევანდელი მდგომარეობით თუ ვიმსჯელებთ, რამდენად რეალურად შეუძლიათ ამ დაპირების შესრულება, არსებობს ამის გარანტიები?
- ძალისმიერი სტრუქტურები, რა თქმა უნდა, საკვანძო, უმთავრესი საკითხია. მათი ნორმალური ფუნქციონირების გარეშე შეუძლებელია ვილაპარაკოთ მაფიოზური კლანების შევიწროვებასა და განადგურებაზე, წესრიგის დამყარებაზე. ამ სტრუქტურების დღევანდელი მდგომარეობა სრულ გარანტიას ვერ ქმნის, მაგრამ მათი გაძლიერების პროცესი ყოველდღიურად მიმდინარეობს, ისინი იწრთობიან ამ ბრძოლაში. პარლამენტის სხდომაზე მე უკვე ვთქვი მაგრამ პარლამენტმა სასხვათაშორისოდ ჩათვალა, გვერდი აუარა საერთოდ დასავლეთ საქართველოში მიმდინარე პროცესებს. რომ არა დასავლეთ საქართველოში მიმდინარე პროცესები, ყოფილი პრეზიდენტის მომხრეთა შემოსევა, ჩვენ სხვანაირი წესრიგი გვექნებოდა. ამან დიდი დრო, ენერგია და ძალა შეიწირა და, გარკვეული აზრით, ხელი შეუშალა ამ სრუქტურების ფორმირებასაც. თუმცა, დასავლეთ საქართველოში თავდაცვის სამინისტროს მოქმედებიდან, მხედრიონზე მე უკვე ვილაპარაკე, პოლიციის, უშიშროების ორგანოების, პროკურატურის წარმომადგენელთა საქმიანობიდან - ნათლად გამოიკვეთა და ჩანს, რომ ამ სტრუქტურებს შეუძლიათ გადაწყვიტონ სერიოზული ამოცანები. ახლა იმ რაიონებში, სადაც პრეზიდენტყოფილის ძალები დათარეშობდნენ, შედარებითი სიმშვიდეა, შედარებით ნორმალურად მიმდინარეობს იარაღის ჩაბარების, ხალხის გამოყვანის პროცესი და, ასე თუ ისე, წესრიგია დაცული, ცხოვრება თანდათანობით უბრუნდება ნორმალურ რიტმს. და ამას, ძირითადად ზემოთხსენებული სტრუქტურები აკეთებენ. დღეს მთელი საქართველოდან 4-5 ათასი პოლიციელია მობილიზებული დასავლეთში.
ბევრი რამ კეთდება უშიშროების სისტემის სრულყოფისთვის. ტალახის ბევრი გუნდა მესროლეს პირადად მე უშიშროების სამსახურის შექმნასთან დაკავშირებით. უფრო სწორედ, მას სახელი შეეცვალა, მაგრამ მარტო სახელი კი არა, შინაარსიც უნდა შეიცვალოს. ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, უნდა მოხდეს ამ სამსახურის ფორმირება ისეთი სტანდარტების შესაბამისად, როგორებიც არსებობს დემოკრატიულ ქვეყნებში. ვერავითარი დემოკრატია ვერ გაიმარჯვებს ვერც ერთ ქვეყანაში, თუ უშიშროების სამსახურს თავისი სტრუქტურები არა აქვს. და ეს ეხება პოლიციასაც, სხვა სამართალდამცავ ორგანოებსაც. ვინც ამასთან დაკავშირებით საკმაოდ დაუნდობლად მაკრიტიკებდა პარლამენტის სხდომაზე, იმათ თავიანთი პაწაწინა პარტიული და ეგოისტური ინტერესები ამოძრავებდათ. მე კი იმაზე, რაც ამ ბოლო დროს გაკეთდა პოლიციაში, უშიშროების სამსახურში, პროკურატურის ორგანოებში და სხვაგან, საკმაოდ დიდ იმედებს ვამყარებ. დღეს ყველაზე დიდი პრობლემაა შეიარაღებულ ფორმირებათა საკითხი. თუ კანოენიერი შეიარაღებული რაზმები შევიყვანეთ ყაზარმებში, და ეს ყოველ მიზეზ გარეშე უნდა გააკეთოს თავდაცვის სამინისტრომ, მაშინ საკითხის ძალზე მნიშვნელოვანი მხარე იქნება გადაწყვეტილი. ხოლო თუ უკანონო ფორმირებები ავლაგმეთ, ეს უკვე წესრიგის სრული გარანტიაა. ამის შესაძლებლობა კი რეალურად არსებობს.
ვფიქრობ, ბევრის გაკეთება შეუძლიათ თავდაცვის სამინისტროს, უშიშროების სამსახურს, პოლიციას. დარწმუნებული ვარ, ეს ამოცანა გადაწყდება და უახლოეს დროში. მოსახლეობამ შეღავათი უნდა იგრძნოს.
- ამას წინათ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯაბა იოსელიანის მანქანა ააფეთქეს. ისეთი შეგრძნება დაგვეუფლა, თითქოს ყველაფერი თავიდან დაიწყო. უფრო ადრე იყო ბატონ გია ყარყარაშვილის მანქანის აფეთქების ცდა, მაგრამ, საბედნიეროდ, იგი ჩაიშალა. ეს ტერორისტული აქტები, ტერორიზმი პოლიტიკასა და ჩვენს ცხოვრებაში გრძელდება. პრესაში გამოჩნდა ინფორმაცია, რომ „ყვარლის ტყის“ საქმე დასრულდა და ორი ფრაზით იყო ნათქვამი მისი შედეგების შესახებ. გამოძიება მიმდინარეობს და მოსახლეობას შედეგები არა აქვს. მას, ალბათ, ისეთი შეგრძნება უჩნდება, რომ არაფერი არ კეთდება რეალურად ამ მიმართულებით...
- ტერორიზმი ერთ-ერთი ყველაზე საშიში მოვლენაა საქართველოში. გარკვეული წინააღმდეგობის მქონე მსოფლიო ქვეყნებიც კი ერთიანდებიან ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში და ეს ცნობილი პრაქტიკაა. სამწუხაროდ, ჩვენთან, ისევე როგორც სხვა მიმართულებით, ეს ბრძოლა საკმარისი სიმწვავით არ მიმდინარეობს. თუნდაც ის, რაც ბატონ ჯაბას შეემთხვა, ხომ წინასწარ მოფიქრებული, მომზადებული ტერორისტული აქტი იყო. ყველასგან, ვისაც ეს ეხება, მოვითხოვ, რომ დანაშაული ყოველ მიზეზს გარეშე გაიხსნას და დამნაშავე მოიძებნოს, ისევე როგორც უნდა მოიძებნოს დამნაშავე და გაიხსნას ის საქმე, რომელიც ეხება თავდაცვის მინისტრის მანქანის აფეთქების მცდელობას დასავლეთ საქართველოში. ვიცი, რომ გამოძიება მიმდინარეობს, ბატონმა გიორგაძემ და სხვებმა მომახსენეს, რომ აქვთ სერიოზული მონაცემები. თუმცა, მარტო ეს როდია. მაგალითად, მოკლეს ქალაქის პროკურორი და... ყველას დაავიწყდა, თითქოს არაფერი მომხდარა. დაავიწყდა პოლიციას, უშიშროების შესაბამის სამსახურებს, ქალაქსა და ხელისუფლებასაც. ამაზე საზიზღარი ტერორისტული აქტი მე არ ვიცი.
ჩემს სერიოზულ აღშფოთებას იწვევს ის, რომ დასავლეთ საქართველოში მომხდარი ასეთი სერიოზული ამბავი, ისე როგორც ყვარლის საქმე, თითქოს შეუმჩნეველი დარჩათ ჩვენს პრესას, პოლიტიკურ პარტიებს. ყვარლის საქმის გახსნისა და დამნაშავეთა იზოლირების შედეგად ჩვენ დიდი უბედურება ავიცილეთ თავიდან, იქ ძალიან ცუდი საქმე მზადდებოდა, დაახლოებით იმ მასშტაბებისა, რაც დასავლეთ საქართველოში მოხდა. ასეთი რამ ავიცილეთ თავიდან და მართლაც, ყოველივე ეს ერთ პატარა საგაზეთო ცნობაში აისახა. დიდ პატივს ვცემ ჩვენს უზენაეს სასამართლოს, მის ხელმძღვანელს, ძალიან ერუდირებულ და ცნობილ პიროვნებას და მიმაჩნია, რომ მათ სერიოზულად, სოლიდურად მიჰყავთ ეს ძალზე მნიშვნელოვანი საქმე. მაგრამ მე ვერც უზენაეს სასამართლოს და ვერც იუსტიციის სამინისტროს ვერ დავეთანხმები ასეთ პრაქტიკაში. როცა სასამართლო პროცესი გაიმართა ქვეყანა უნდა შეზანზარებულიყო. მახსოვს, არც ისე დიდი ხნის წინათ, ზარებს რეკდნენ. ახლა კი გაიმართა სასამართლო, სასჯელის უმაღლესი ზომა არ მოქმედებს გაუგებარი მიზეზების გამო და არც გაზეთები, სამწუხაროდ არც ტელევიზია და არც სხვა საშუალებები არ შეეცადნენ გამოექვეყნებინათ ყოველივე ეს, რათა ადამიანებს გაუჩნდეთ რწმენა, რომ დანაშაული დაუსჯელი არ დარჩება, ვინც უნდა იყოს, რა პიროვნებაც, დამნაშავე დაისჯება. ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით, მე უკვე მივეცი მითითება: უნდა შეიქმნას სპეციალური მძლავრი ქვედანაყოფები უშიშროების, პოლიციის სამსახურებში, ცენტრშიც და ადგილებზეც. ტერორიზმს უნდა გამოვუცხადოთ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა.
სხვათა შორის, რამდენი მუქარა რჩება რეაგირების გარეშე! ამას წინათ პარლამენტში შედგა სერიოზული დებატები, შემდეგ შეიკრიბა უმრავლესობა. მე არ დავასახელებ ახლა გვარს, არ მჭირდება, თუმცა ალბათ, ესეც საინტერესოა, გამოდის ერთი ადამიანი, პარლამენტის შენობის წინ შეკრებილ მოქალაქეთა ჯგუფთან და აცხადებს ასეთ რამეს (ცოტა ქუჩური სიტყვაა): „რა გინდათ, რას მოსულხართ აქ. ხომ იცით, რომ ეს პიროვნება ერთ ათ დღეში დაიბრიდება“. მე მიმაჩნია, რომ ეს კაცი უნდა გამოიძახონ, დაკითხონ და თუ საჭიროა, პასუხისგებაშიც უნდა გადასცენ. ჩემს აღშფოთებას იწვევს, როცა ვინმე ვინც არ უნდა იყოს იგი, პარლამენტში იარაღით შემოდის. ამას წინათ იყო შემთხვევა, როცა ერთ-ერთმა პიროვნებამ გააშიშვლა იარაღი. ესე იგი, ტერორიზმის ელემენტები თვით პარლამენტშიც არ არის აღმოფხვრილი. ვფიქრობ, ყოველივე ამას ბოლო უნდა მოეღოს. შემაშფოთებელია მუქარა ადამიანების მიმართ, მოქალაქეთა გატაცება - ესეც ტერორისტულ დანაშაულობათა სფეროს ეხება და ამასაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს.
ჩიქოვანის ქუჩაზე მომხდარი ფაქტის გამოძიება, როგორც ვიცი, დამთავრდა, მაგრამ ეს პროცესი უნდა იყოს ტრანსლირებული მთელს საქართველოში. ეს ისეთი გაკვეთილი უნდა გახდეს, რომ ყველა ტერორისტს მადა დაეკარგოს.
ტერორიზმი არის სახელმწიფოს მიმართაც. მაგალითად, ენერგეტიკაში რომ ასეთი უბედურება გვჭირს, ამის ერთ-ერთი მიზეზი ის გახლავთ, რომ ხაშურის რაიონში ხუთი მაღალი ძაბვის ანძა ააფეთქეს, რომელთა აღდგენასაც ერთი თვე გადაჰყვა მთელი სახელმწიფო. არ მესმის, ისინი, ვინც ეს მოიმოქმედა, ტერორისტები არ არიან? ეს არის ტერორი მთელი სახელმწიფოს, ხალხის, საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ.
გუშინ უშიშროების მინისტრმა ბატონმა გიორგაძემ, მომახსენა, რომ ხაშურის საქმე ჯერ კიდევ გაუხსნელია, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, კვალს მიაგნებენ. თბილისთან იყო შემხვევა, ორი თუ სამი ანძა ააფეთქეს 6-7 თვის წინათ. უშიშროების სამსახურმა გახსნა საქმე, დამთავრდა გამოძიება. ახლა ვნახოთ, როგორ ჩატარდება ეს სასამართლო პროცესი, როგორ განაჩენს გამოიტანან ჩვენი მოსამართლეები. მე არ მინდა წინასწარ ჩავერიო. ღმერთმა დამიფაროს იმ სურვილისაგან, რომ სასამართლოს რაღაც ვუკარნახო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესიც ისე უფერულად და უკვალოდ ჩაივლის, როგორც ჩაიარა ყვარლის საქმემ. როცა დანაშაული გაიხსნება, ყველამ უნდა გაიგოს, როგორი მხეცური და ბინძური დანაშაულია ჩადენილი. არ უნდა დარჩეს ეს რეაგირებისა და სათანადო ინფორმაციული უზრუნველყოფის გარეშე.
- პარლამენტის სხდომაზე თქვენ თქვით, რომ გამოძიებამ უნდა დაადგინოს, თუ რამ მიიყვანა რეანიმაციამდე ზვიადისტური მოძრაობა.
- როცა მის რეანიმაციაზე ვლაპარაკობდი, მხედველობაში მქონდა ის, რომ სერიოზულ, შეიარაღებულ ძალად გადაქცევამდე მან დღის წესრიგში რეალურად დააყენა არსებული ხელისუფლების დამხობა-გადატრიალება და შავი ძალის გაბატონება საქართველოში. ეს ხომ თავისთავად არ მომხდარა, გაჩნდა იარაღი, ფინანსები, დიდი რაოდენობით ტექნიკა, დოლარები, იდეოლოგები, პროპაგანდისტები, პროვოკაციული მიმართულების გაზეთები და პრაქტიკულად, პროვინციული ფაშიზმი. ე.ი. არა მარტო იდეოლოგია, არამედ პრაქტიკა და რეალური სამხედრო ძალა იმისა, რომ ეს პროვინციული ფაშიზმი მოსულიყო ხელისუფლებაში. ყველაფერი ეს მოითხოვს გამოძიებას, გამოკვლევას, დადგენა-დადასტურებას და შემდეგ გასამართლებას.
- ჩეჩნეთის პრეზიდენტმა დუდაევმა გააკეთა განცხადება, რომ დროა დაირაზმოს მუსლიმანური სამყარო ამერიკის, დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგ. თუ ასეთი რამ მოხდა, ამ შემთხვევაში, გარდა საერთო ინტერესებისა და ინტერესთა დაახლოებისა, მოსალოდნელია თუ არა რუსეთის გამოკვეთილი საგარეო კურსის ჩამოყალიბება საქართველოს მიმართ და იმავე დასავლეთის, ამერიკის რუსეთთან მიმართებაში?
- სიმართლე გითხრათ, გამაოცა ბატონი დუდაევის ამ განცხადებამ. არ ვიცი, შეიძლება ცოტა საინფორმაციო საშუალებებმაც გადააჭარბეს. ხდება ხოლმე ასე. მე ერთხელ მასთან მქონდა შეხვედრა ბაქოში, ეს ცნობილი ფაქტია. მაშინ იგი სხვაგვარად მსჯელობდა, სხვა კაცი იყო, სხვა საკითხებზეც გვქონდა საკმაოდ საინტერესო საუბარი. თუ ისეა ნათქვამი, როგორც მე მომაწოდეს, ეს ყველასთვის სერიოზული დაფიქრების საგანი უნდა გახდეს, იმიტომ, რომ პოლიტიკური მოღვაწე შემთხვევით ასეთ ფრაზას ვერ ისვრის - რაღაც საფუძველი, გარანტიები არსებობს, რაღაც ძალები დგანან ამის უკან. მე ამაში ძალიან დიდ საშიშროებას ვხედავ, ვხედავ სამყაროს მუსლიმანურ თუ ქრისტიანულ სფეროებად გათიშვის საშინელ საფრთხეს. ეს იმდენად საშიში პოზიციაა, რომ მარტო სიტყვებიც რომ იყოს, ჩემი აზრით, ძალიან სერიოზულ ჩაფიქრებას მოითხოვს, პირველ ყოვლისა, თვით მსოფლიო გიგანტების მხრივ, მხედველობაში მაქვს ამერიკის შეერთებული შტატები, ევროპის უდიდესი ქვეყნები, მთელი დასავლეთი, რა თქმა უნდა, მხედველობაში მაქვს რუსეთი და მისი ხელისუფლება, ისევე როგორც ისლამური სახელმწიფოები.
დარწმუნებლი ვარ, რომ ჩვენი მეზობელი თურქეთი ამის მსგავსს არაფერს არ გაიმეორებს, არ გაიზიარებს, პირიქით. ის სრულიად საწინააღმდეგო პოზიციაზე დგას. დარწმუნებული ვარ, სხვა ისლამური სახელმწიფოებიც ამისაგან ძალიან შორს დადგებიან. თუმცა, ვიმეორებ, ალბათ, ამ განცხადების უკან დგანან გარკვეული ძალები. სამწუხაროდ, ჩვენს სამყაროს, ჩვენი კაცობრიობის ისტორიული გაკვეთილებიდან ჯერ კიდევ ვერ გამოაქვს საჭირო დასკვნები. ცივი ომის დამთავრების შემდეგ ერთგვარმა გულარხეინობის განწობილებებმა დაისადგურა. ეს დაუშვებელია და ეს ძალიან ძვირად დაუჯდება მსოფლიოს. მიმაჩნია, რომ ასეთ განცხადებებზე სათანადო რეაგირებაა საჭირო და არა იმდენად სიტყვებით, რამდენადაც - საქმით. ვიმეორებ, ამ განცხადებაში ვხედავ ახალი გათიშვის საშინელ საფრთხეს. ამიტომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რუსეთმა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ, უშიშროების საბჭომ, ევროთათბირმა იგი შეუმჩნეველი არ უნდა დატოვონ. დარწმუნებული ვარ, ეს ასეც მოხდება.
- ორ კვირაში რუსეთში არჩევნები გაიმართება. რას ელით ამ არჩევნებისაგან როგორც პოლიტიკოსი და როგორც სახელმწიფოს მეთაური?
- რა თქმა უნდა, მე არათუ ველი, არამედ ძალიან ბევრს ვფიქრობ და მინდა მჯეროდეს, რომ გაიმარჯვებენ დემოკრატიული ძალები. წინასაარჩევნო კამპანიის შთაბეჭდილება მთლად აღმაფრთოვანებელი ვერ არის და ეს სერიოზულად მაფიქრებს. ახლა ხომ მაინც ხედავენ ჩემი ოპონენტები, რომ რეალურად არსებობს ორი რუსეთი - დემოკრატიული და რეაქციული. ნუღარ იქნებიან ისინი გულუბრყვილონი და ნუ დადგებიან იმ დემაგოგიურ პოზიციაზე, რომ სულ ერთია რუსეთი დემოკრატიული იქნება თუ რეაქციული. არ არის სულერთი! რეაქციული რუსეთი საქართველოს დასამარებას ნიშნავს, ამიტომ, ამ არჩევნებს, რა თქმა უნდა, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ და ვფიქრობ, რომ შედეგები დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ გამოიყენებენ დარჩენილ დროს პოლიტიკური ძალები. ჯერჯერობით, ჩემი აზრით, დემოკრატიულ ძალებს აკლიათ მიზანსწრაფულობა, ერთიანობის აუცილებლობის შეცნობა. დარჩენილ დროში შეიძლება ბევრი რამ გაირკვეს და შეიძლება გამოვთქვათ რწმენა, რომ რუსეთში დემოკრატია გაიმარჯვებს.
- 25 ნოემბერს აფხაზეთში შემორჩენილ ქართველებსაც ცეცხლი გაუხსნეს აფხაზებმა. 30 ნოემბერს ჟენევაში აფხაზეთის პრობლემასთან დაკავშირებით მოლაპარაკება იმართება, რომელშიც ქართული მხარეც იღებს მონაწილეობას. ამდენი იმედგაცრუების შემდეგ რა მნიშვნელობა ექნება ჩვენთვის ჟენევის მოლაპარაკების შედეგებს?
- ეს შეხვედრა ყველა შემთხვევაში სასარგებლოა. თუ მშვიდობიანი გადაწყვეტა შედგება, ჩვენი მიზანიც ეს არის, ამისკენ ვისწრაფოდით ყოველთვის და ვისწრაფვით ახლაც. თუ არა და მსოფლიო ერთხელ კიდევ დაინახავს ექსტრემისტ-სეპარატისტთა ნამდვილ სახეს და ესეც გაგვიადვილებს, საბოლოო ანგარიშით, აფხაზეთის პრობლემის გადაჭრას.
რაც შეეხება ამ ახალ ავანტიურას, რომლის შესახებაც უკვე გაკეთდა განცხადებები და რომელთაც მეც ვუერთდები, მინდა ძალიან დიდი იმედი გამოვთქვა, რომ რუსეთის ხელისუფლება, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, უშიშროების საბჭო დაუყოვნებლივ ჩაერევიან ამ საქმეში. წინააღმდეგ შემთხვევაში, თვით ჟენევის მოლაპარაკებას ემუქრება საფრთხე. ეს სეპარატისტთა ნაცადი მეთოდია - სწორედ დიდმნიშვნელოვანი შეხვედრების წინ, ან შეთანხმებათა შემდეგ, რაღაც პროვოკაციული ნაბიჯი გადადგან. ამ ავანტიურის ერთ-ერთი მიზეზი, ალბათ, ამ შეხვედრის ჩაშლაა და მგონია, რომ რუსეთმა ეს არ უნდა დაუშვას. რუსეთს შეუძლია გავლენა მოახდინოს აფხაზ სეპარატისტთა ასეთ საქმიანობაზე. ვფიქრობ, რომ ყველაფერი გაკეთდება, რათა ეს ავანტიურა აღიკვეთოს.
ედუარდ შევარდნაძე: ახალი საპარლამენტო არჩევნები რეალური პოლიტიკური ძალების, რეალური გავლენებისა და რეალური ავტორიტეტების დამკვიდრებამდე მიგვიყვანს / შევარდნაძე ედუარდ ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 30 ნოემბერი. - №253 (781). - 1 გვ.
![]() |
172 ეს ქვეყანა თქვენი და თქვენი შთამომავლობისაა |
▲ზევით დაბრუნება |
ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის პრეზიდენტს, ახალგაზრდა მეცნიერებს
ჩემო მეგობრებო, დიდი კმაყოფილებითა და მადლიერებით მივიღე თქვენი მხარდაჭერის ბარათი იმ მართლაც ძნელსა და რთულ საქმეში, საქართველოს სამართლებრივი სახელმწიფოს შენება რომ ჰქვია.
ეს მომავლის საქართველოა და იგი, უპირველეს ყოვლისა, თქვენ უნდა ააშენოთ.
ჩემთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ თქვენთან ერთად საქართველოს ახალგაზრდობის უმეტესობა საქმითა და ბრძოლით აქტიურად გვიჭერს მხარს ქვეყნის გადარჩენაში, ახალი სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში. ამიტომ ეს წერილი მარტო თქვენი მომართვის კი არა, იმ თანადგომის გამოძახილიცაა, რომელსაც ყოველდღე ვგრძნობ საქართველოს ახალგაზრდობისაგან.
ახლა ჩვენ, ყველა, საქართველოს გადარჩენისათის ვიბრძვით, ქვეყანა გაჭირვებისა და ნგრევის უკანასკნელ ზღვარზეა მისული და თუ ეს საშინელება არ შევაჩერეთ, მაშინ ასაშენებელიც აღარაფერი გვექნება.
თქვენ, მეცნიერებმა, შესანიშნავად იცით ეს და, ეტყობა, ამიტომაცაა, რომ ახალგაზრდა ქართველი მეცნიერები უშუალო მონაწილეობას ღებულობენ საქართველოს მთლიანობის დაცვაში. კაბინეტებისა და ლაბორატორიების თავგანწირულმა პროფესიონალებმა ბრძოლის ველზეც სწორედ პროფესიონალიზმითა და თავგანწირვით გამოიჩინეთ თავი.
დიდი მადლობა თქვენ ამისათვის, დიდი მადლობა მთლიანად თქვენ თაობას, რომელიც თავდაუზოგავად იბრძვის არა მარტო საქართველოს მთლიანობის შენარჩუნების, არამედ მისი ეროვნული ღირსების გადასარჩენად.
თქვენზეა დღეს დამოკიდებული, როგორი იქნება ხვალ საქართველო, მათხოვარი და დამონებული ქვეყანა, სადაც ძალადობა, უვიცობა, უღმერთობა და ყაჩაღობა იქნება გამეფებული, თუ თავისუფალი, დემოკრატიული და მდიდარი სახელმწიფო, სადაც ყველას, ეროვნებისა და სარწმუნოების მიუხედავად, ექნება ყველა უფლება და საშუალება მისთვის ღვთით ბოძებული ნიჭი სრულად გამოავლინოს, სადაც ადამიანი თავისუფალი იქნება თავის არჩევანში და სადაც ადამიანებს ერთმანეთი მართლა ეყვარებათ.
თუ ღვთის გზაზე შემდგარი საქართველო გინდათ, თავად თქვენ უნდა შეუდგეთ ამ გზას, თუ გინდათ საქართველო ღირსეული წევრი გახდეს ცივილიზებული სამყაროსი, უპირველეს ყოვლისა, თავად თქვენ უნდა იყოთ მაღალცივილიზებულნი, მაღალზნეობრივნი, მაღალგონიერნი და მუყაითნი, ყველა პიროვნული ღირსებით შემკულნი და მოყვასის სიყვარულით სავსენი. თქვენ ახლა იცავთ ჩვენს სამშობლოს, აშენებთ ჩვენს სახელმწიფოს, მტრისა და მოყვრის წინაშე წარმოადგენთ მას და ჩვენი ქვეყანა ხვალ იქნება ისეთი, როგორიც დღეს თქვენ ხართ, რადგან ახალგაზრდობა სახეა ქვეყნის მომავლისა.
სწორედ ამიტომ მინდა მივმართო ყველას, საქართველოს მთელ ახალგაზრდობას. ყველა მათ, ვინც ცხოვრობს ჩვენს ქვეყანაში, განურჩევლად სქესისა, ეროვნებისა, სარწმუნოებისა და პოლიტიკური შეხედულებისა, ყველა მათ, ვინც ცხოვრობს საქართველოს გარეთაც, მაგრამ თავი საქართველოს შვილად მიაჩნია და გრძნობს პასუხისმგებლობას საქართველოს აწმყოსა და მომავალზე.
აქვე გთხოვთ, ამ სიტყვებს ჭკუის დარიგებად ნუ მიიღებთ, უბრალოდ, მინდა ყოველივე იმაზე გაგიზიაროთ ჩემი აზრი, რაზეც დღეს ფაქტობრივად ყველა ფიქრობს, რაც ყველას სტკივა.
ჩვენი დედასამშობლო დღეს დაშლის პირას დგას და იგი არა მარტო თქვენ უნდა გადაარჩინოთ თქვენს მამებთან და პაპებთან ერთად, არამედ ააშენოთ კიდეც მომავლის ქვეყანა, ის თავისუფალი საქართველო, რომელზეც თქვენი წინაპრები ოცნებობდნენ საუკუნეების მანძილზე.
ქვეყანას ყველა ერთანირად სჭირდება - მეცნიერიც და მხედარიც, გლეხიცა და ხელოვანიც, მუშაცა და ბიზნესმენიც, სპორტსმენიც და პოლიტიკოსიც, ქალიცა და კაციც, მოხუციცა და ახალგაზრდაც. მათ გარეშე აწყობილი სახელმწიფო არ არსებობს და სწორედ მათი მისწრაფებით გაერთიანება აქცევს ქვეყანას სახელმწიფოდ.
სწორედ ამ მისწრაფებამ - დამოუკიდებელი, დემოკრატიული, მდიდარი და ძლიერი საქართველოს აშენების წმინდა მიზანმა უნდა გაგვაერთიანოს ყველა.
ვისაც ეს ყოველივე გულწრფელად სურს, მასთან ყოველთვის შეიძლება და აუცილებელიცაა საერთო ენის გამონახვა.
მძიმე დღეში ვართ ჩვენ ახლა და მაინც თავისუფალი და დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნის გზაზე მეტად მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით: იურიდიულად დამოუკიდებელი, საერთაშორისო სამართლის სუბიექტი სახელმწიფო გავხდით, პოლიტიკური დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ.
ეს უდავო გამარჯვებაა ჩვენი ხალხისა.
მაგრამ მათხოვარი და დამარცხებული ქვეყანა ვერასდროს ვერ იქნება თავისუფალი თავის მისწრაფებებსა და თავის ქმედებაში.
ეკონომიკური თავისუფლების, ქვეყნის გამთლიანებისა და გაძლიერებისაკენ ჩვენ ჯერ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი.
ჩვენ უნდა მოვამზადოთ საქართველოს ეკონომიკა დამოუკიდებელად არსებობისათვის, განვავითაროთ მისი ორმხრივად მომგებიანი კავშირები მსოფლიოს ქვეყნებთან, ჩავრთოთ მსოფლიოს ეკონომიკურ სისტემაში, შევინარჩუნოთ ძველი და მოვიპოვოთ ახალი ბაზრები.
სწორედ ჩვენ უნდა შევქმნათ მობილური, თანამედროვე ცოდნითა და იარაღით აღჭურვილი ჯარი, რომელიც ჯეროვნად დაიცავს ქვეყნის ტერიტორიასა და მის ღირსებას ნებისმიერი მტრისაგან.
სწორედ ჩვენ უნდა გადავარჩინოთ და განვავითაროთ ჩვენი ხელოვნება, მწერლობა, მეცნიერება, განათლება, სპორტი დამოუკიდებელი ქვეყნის მოთხოვნილებებისა და შესაძლებლობების კვალობაზე.
გადავარჩინოთ ყველა ის საუკეთესო, რაც ქართველ კაცს საუკუნეებში გამოუტარებია, უკუვაგდოთ ყველაფერი ის, რაც ეროვნულ ცნობიერებას შეურაცხყოფს პროვინციულობით, ეგოიზმით, უმეცრებით.
გადავარჩინოთ და ავამაღლოთ ქართული სული, რათა ვიყოთ მაღალზნეობრიობის მაგალითი, არა მარტო ჩვენი შთამომავლობისათვის, არამედ მტრისთვისაც და მოყვრისთვისაც.
ჩვენ წინ ბევრი ბრძოლა მოგველის, ახლობელი თუ შორეული, ქართველი კაცი, ბოლოს და ბოლოს ბრძოლისთვისაა გაჩენილი.
დასაბრუნებელია აფხაზეთი, წესრიგია დასამყარებელი შიდა ქართლში, მშვიდობამ უნდა დაისადგუროს არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ ჩვენს ოჯახებშიც.
შეძრწუნებული ქართული სული დასამშვიდებელია, ფაშიზმისა და ლექის აღზევების კოშმარი - დასავიწყებელი, შავი სახადი - მოსახდელი, დანგრეული, გაძარცული და გაპარტახებული ქვეყანა - აღსადგენი.
მოკლედ, თვისობრივად ახალი სახელმწიფო უნდა აშენდეს და ახალი საზოგადოება უნდა ჩამოყალიბდეს, რომელიც ვერ მოითმენს მონობას, კერპთაყვანისმცემლობას, პროვინციულ ფაშიზმს.
ყოველივე ამის მიღწევისათვის მარტო კეთილი სურვილი, ზღვარდაუდებელი ემოცია და კარგი ლოზუნგები ნადვილად არა კმარა.
ახლებური მიდგომა უნდა ყოველივეს - ახლებური განსჯა, ახლებური გააზრება, ახლებური ქმედება, ახალი ენერგია. მოკლედ, უნდა ის სიახლე, რომლისკენაც სწორედ ახალგაზრდობაა უფრო მიდრეკილი, თუნდაც თავისი ასაკის გამო.
სწორედ ჩვენმა ახალგზადობამ უნდა ისწავლოს თავისუფალი სამყაროსაგან ყოველივე საუკეთესო ქვეყნის მართვაში, ეკონომიკის გაძღოლაში, ყოველდღიურ ცხოვრებაში. ჩვენ არ უნდა დავკარგოთ ჩვენი თავისუფლება, მაგრამ უნდა ვიცხოვროთ, ვიაზროვნოთ და ვიმუშაოთ იმ სტანდატებით, რომელიც დასავლური ცივილიზაციისათვის არის სავალდებულო.
რა დასამალია და, ჩვენ ხომ ყველა, მეტნაკლებად, საბჭოთა სინამდვილიდან მოვდივართ და რაც უფრო მალე გავთავისუფლდებით ტოტალიტარული აზროვნების ტვირთისაგან, მით უფრო მალე მივაღწევთ ჩვენს უმთავრეს მიზანს - თავისუფალ საქართველოში ჭეშმარიტად დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებას.
ამ საქმეში თქვენ გადამწყვეტი სიტყვა უნდა თქვათ.
მთავარია სიღრმისეულად გავითავისოთ დემოკრატიული აზროვნებისა და ცხოვრების წესები, საზოგადოებრივი ურთიერთობის ყველა სფეროში გავატაროთ ისინი, პოლიტიკური, ეკონომიკური, ზნეობრივი პროცესები თავისუფალი ქვეყნის თავისუფალი მოქალაქეების პოზიციებიდან ვმართოთ.
სწორედ თქვენ და თქვენმა თაობამ შტამპებისაგან თავისუფალი გონებითა და სიახლისადმი მგრძნობიარე დამოკიდებულებით უნდა თქვათ ახალი სიტყვა არა მარტო მეცნიერებასა და ხელოვნებაში, არამედ სახელმწიფოებრივი მართვის ყველა სფეროში.
ეს მხოლოდ სიტყვები არაა, არამედ ჩვენი სავსებით გააზრებული და შორსგამიზნული სახელმწიფო პოლიტიკაა, რომელიც ყველამ უნდა გაითვალისწინოს - ახალგაზდები უნდა მოვიდნენ და მართონ ქვეყანა, გამოაცოცხლონ ეკონომიკა, შექმნან დამოუკიდებელი ქვეყნისათვის საჭირო სამსახურები და უხელმძღვანელონ მათ.
ყოველივე ამას სჭირდება სწორედ ის დაულეველი ახალგაზრდული ენერგია, რომელიც თქვენ გაქვთ, მაგრამ ყოველივე ამას სჭირდება ის ახალი ცოდნაც, რომელიც ყველას გვაკლია და ყველამ უნდა შევიძინოთ, დიდმაც და პატარამაც.
ჩვენ ყველამ უნდა ვისწავლოთ დასავლური ტიპის სახელმწიფოს, თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყნის მართვა-გამგებლობა, მივეჩვიოთ ერთმანეთის მოსმენას და ერთმანეთის აზრის გათვალისწინებას, პიროვნულ, ტომობრივ, კლანურ თუ პარტიულ ინტერესებზე მაღლა სახელმწიფოს ინტერესების დაყენებას.
ჩვენ ყველანი უნდა მივუსხდეთ მერხებს, რომ ვიაზროვნოთ ცივილიზებული სამყაროს დონეზე, რათა მსოფლიოს თანამეგობრობის ღირსეული წევრი გავხდეთ.
ქვეყანა, სადაც ყაჩაღობა, ქურდობა, კაცისკვლა, ტყუილი, სიზარმაცე და მზაკვრობა ნორმად იქცევა, არავის არ სურს სამეგობროდ და რა გაერთიანებაშიც არ უნდა იყოს იგი, შინაგანად თავისუფალი ვერ იქნება.
ჩვენ უნდა გავათავისუფლოთ ჩვენი ქვეყანა ყოველივე ამისაგან.
ჩვენ უნდა გავათავისუფლოთ საქართველო დამონებული ქვეყნისა და დამონებული ადამიანების კომპლექსებისაგან.
ძნელია, მაგრამ ეს ყველაფერი მაინც, ძირითადად, თქვენი, ახალგაზრდების, გასაკეთებელია, რადგან თქვენ მომავალნი ხართ, რადგან ეს ბედკრული ქვეყანა თქვენი და თქვენი შთამომავლობისაა, ვინც ახლა გაფართოებული თვალებით შემოგცქერით და მათი, ვინც ჯერ არ მოსულა ამ ქვეყნად.
დაბოლოს, მინდა უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ თქვენ, ახალგაზრდა მეცნიერებს, იმისთვის, რომ ამ სულიერი და მატერიალური გაჭირვების ჟამს, როდესაც მეცნიერული მუშაობისათვის ფაქტობრივად არავითარი პირობები არ არსებობს, თქვენ არ ღალატობთ თქვენს საქმეს.
ახლა სწორედ ჩვენმა ინტელექტმა, ჩვენმა მეცნიერულმა გონმა, ჩვენი მოწოდების ერთგულებამ უნდა გვიშველოს. მთავარია, შევინარჩუნოთ საქართველოში მეცნიერული აზრის ფეთქვა, მთავარია, გადავარჩინოთ წამყვანი მეცნიერული სკოლები, შევაჩეროთ ინტელექტის გადინება, მთავარია მეცნიერული ინტერესები მივუსადაგოთ დამოუკიდებელი საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და მეცნიერება ჩვენი საზოგადოებისათვის ვაქციოთ არა მარტო პრესტიჟულ, არამედ მომგებიან საქმედაც.
ახალ საზოგადოებაში, ახალ ურთიერთობებში, ახალ საქართველოში მეცნიერებამ, ისევე, როგორც ყოველმა ჩვენგანმა, უნდა მონახოს თავისი ღირსეული ადგილი.
თქვენ ერის ინტელექტუალური ელიტა ხართ.
ელიტას კი ბევრი მოეთხოვება, როგორც გაჭირვების, ისე დალხინების ჟამს.
სწორედ თქვენზე და თქვენს თაობაზეა მნიშვნელოვნად დამოკიდებული გადარჩება თუ არა დღეს საქართველო და როგორი იქნება იგი ხვალ.
კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას.
ედუარდ შევარდნაძე.
ეს ქვეყანა თქვენი და თქვენი შთამომავლობისაა : ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის პრეზიდენტს, ახალგაზრდა მეცნიერებს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 1 დეკემბერი. - №254(782). - 1 გვ.
![]() |
173 ედუარდ შევარდნაძე: მწამს ჩემი სამშობლოს ბედნიერი მომავლისა |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის ბატონ ედუარდ შევარდნაძის პასუხები ბელგიური გაზეთის „ლე სუარის“ კორესპონდენტ ბატონ პოლ მატილის კითხვებზე
- დღეისათვის საქართველო დაქუცმაცებული სახელმწიფოა. კონფლიქტმა სამხრეთ ოსეთში, აფხაზეთში განცდილმა მარცხის სიმწარემ, სამოქალაქო ომმა, თქვენივე გამოთქმა რომ ვიხმაროთ, „დააჩოქეს“ ქვეყანა. ყოფილი საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი აყვავებული რესპუბლიკის დღევანდელი ეკონომიკა კატასტროფულ მდგომარეობაშია. საქართველო იძულებული შეიქნა „დახმარებისათვის“ ხელახლა მიემართა რუსეთისათვის. ღირდა თუ არა დამოუკიდებლობა ამ ფასად?
- დამოუკიდებლობა ყოველთვის ძვირად უჯდება ყველას, ადამიანი იქნება ეს თუ ქვეყანა, მით უფრო ძვირად, - რაც უფრო დიდხანს გრძელდება მონობა. ჩვენს შემთხვევაში საზღაური, მართლაც რომ, განუზომლად დიდი გამოდგა. ეს საზღაური ჩვენ წილად გვარგუნა არა მარტო ჩვენმა ისტორიამ, სამოცდაათწლიანმა იმპერიულმა უღელმა, არამედ სრულიად ირაციონალურმა, მე ვიტყოდი ზვიადისტური რეჟიმის უგუნურმა „პოლიტიკამაც“, ამაშია სწორედ ამჟამინდელი ეკონომიკური ქაოსის, ეთნოკონფლიქტების, სამოქალაქო ომის, შეგნების მასობრივად დაბინდვის სათავე და ფესვები. რუსეთის რეაქციულმა ძალებმა არ დააყოვნეს და ისარგებლეს ყოველივე ამით. მათი მოქმედება მარტო საქართველოთი არ შემოიფარგლებოდა. ამას მოწმობს 3-4 ოქტომბრის მოსკოვის მოვლენებიც. ვფიქრობ, მოსკოვში რევანშისტული ძალების დამარცხების კვალობაზე ქართულ-რუსული ურთიერთობა ახალ ფაზაში შევიდა.
- შორიდან ისე ჩანს, რომ რუსეთი ორმაგ თამაშს ეწეოდა კონფლიქტებში, რომლებმაც საქართველო განადგურების გზაზე დააყენეს. ჩვენი სპეციალისტების აზრით, რუსეთი ჯერ დაეხმარა აფხაზებს საქართველოს წინააღმდეგ ომში, შემდეგ კი დახმარება გაუწია ქართველებს ყოფილი პრეზიდენტის გამსახურდიას მომხრეთა შეტევების მოგერიებაში.
როგორი შეფასება უნდა მიეცეს რუსეთის ამ ორმაგ თამაშს საქართველოში და მთლიანად რეგიონში?
საქართველოს შესვლა „სნგ“-ში, ე. ი. რუსეთისკენ შემობრუნება, თქვენი ქვეყნისათვის რუსეთის ბოლო დახმარების საფასურის გადახდა ხომ არ არის?
- გეთანხმებით, რომ რუსეთის პოლიტიკა საქართველოს მიმართ წინააღმდეგობრივი იყო. ეს აიხსნება თვით რუსეთში, მის მმართველ წრეებში უკანასკნელი წლების მანძილზე არსებულ ძალთა პოლარიზაციით და დაპირისპირებით, მაგრამ არავითარ „იძულებასა“ და „საფასურზე“ არ შეიძლება ლაპარაკი, რუსეთში რეაქციონერთა დამარცხების შემდეგ, დათბობა ჩვენი ორი ქვეყნის ურთიერთობაში, ვფიქრობ, ბუნებრივი პროცესი უნდა იყოს.
- რუსეთმა ითხოვა საერთაშორისო მანდატი და საერთაშორისო მატერიალური დახმარება, კერძოდ, გაეროსაგან, რათა „დააშოშმინოს“ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები.
სამართლიანად მოიქცა თუ არა დასავლეთი, რომ არ გასცა ეს მანდატი, რომელიც რუსეთის არმიას სამხედრო აქციების ჩატარების უფლებას მისცემდა რუსეთის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ?
შეიძლება ითქვას, რომ საქართველო რჩება რუსეთის გავლენის სფეროში? ეს იმის მაუწყებელი ხომ არ არის, რომ დასავლეთი მზადაა აღიაროს რუსეთის მოქმედების თავისუფლება ყოფილი საბჭოთა კავშირის ფარგლებში? როგორია თქვენი აზრი: უნდა მიეცეს რუსეთს იმის მანდატი, რომ მან შეძლოს გააგზავნოს თავისი ჯარები ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში? ხომ არ ხედავთ თქვენ ამაში იმპერიის განახლების მცდელობას? „სნგ“ ხომ არ არის ამ „ნეოიმპერიალისტური“ პოლიტიკის ინსტრუმენტი?
- ჩემი აზრით, არც ერთ ქვეყანას არ უნდა მიეცეს იმგვარი მანდატი, რაც მას უფლებას მიანიჭებს გასწიოს გაეროს ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციათა მაგივრობა. რაც შეეხება რუსეთის ჯარების გამოყენებას ამა თუ იმ ყოფილ რესპუბლიკაში, ეს უნდა ხდებოდეს ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე.
რაც შეეხება „გავლენის სფეროებს“, მიმაჩნია, რომ გავლენა ითვალისწინებს ორმხრივი ინტერესების ოპტიმალურ რეალიზაციას. ამ თვალსაზრისით ისეთ ორ მეზობელ ქვეყანას, როგორიცაა რუსეთი და საქართველო, სჭირდება ინტერესების თანხვედრა და შეჯერება. რუსეთისთვის საქართველო ისეთივე სტრატეგიული თანამოკავშირეა, როგორც რუსეთი საქართველოსთვის. მთავარია ინტერესების ინტერპრეტირება და მათი განხორციელების მეთოდები.
იმპერიათა განახლების მცდელობა კი სრულიად უპერსპექტივო საქმიანობად მიმაჩნია. ვფიქრობ, ეს უკვე ყველა გონიერ პოლიტიკოსს აქვს გაცნობიერებული.
- წინათ „იმპერიულ“ იდეებს იყენებდნენ რუსეთის პარლამენტის მხოლოდ კონსერვატიული პოლიტიკის მომხრეები და სამხედრო იერარქიის ნაწილი (რუსეთის). დღეს როგორ მიაჩნიათ თბილისში: დოქტრინა, რუსეთის ინტერესების დაცვის შესახებ „ახლო საზღვარგარეთში“, ხომ არ არის კრემლისა და პრეზიდენტ ელცინის გუნდის ოფიციალური დოქტრინაც?
რას ფიქრობთ თქვენ „ახლო აღმოსავლეთის“ დოქტრინაზე? ხომ არ გახსენებთ იგი „ბრეჟნევისეულ დოქტრინას“ სოციალისტური ქვეყნების შეზღუდული სუვერენიტეტის შესახებ? საქართველოში რუსეთს ჰყავს თავისი ჯარი და აქვს სამხედრო ბაზები. ხომ არ არის ეს ამ დოქტრინის პრაქტიკული გამოხატულება? რეალურად რა ხასიათის ინტერესები აქვს რუსეთს საქართველოში და საერთოდ კავკასიაში? ამ კონტექსტში როგორი იყო თქვენი რეაქცია და დამოკიდებულება მოსკოვის ოქტომბრის კრიზისის მიმართ? რას იტყვით ამ კრიზისის შედეგებზე?
- სამი-ოთხი ოქტომბრის ამბები, როგორც უკვე აღვნიშნე, ელცინისა და მისი მომხრეების შთამბეჭდავი გამარჯვებით დამთავრდა, თუმცა, ცხადია, არ არის გამორიცხული ცალკეულ რეაქციულ ძალთა მიერ იმპერიული პოლიტიკის რეანიმირების მცდელობები. მაგრამ ეს მცდელობები მარცხისთვისაა განწირული. პრეზიდენტი ელცინი და მისი თანამოაზრენი, ჩემი აზრით, ხედავენ „ახალი საზღვარგარეთის“ ქვეყნებთან ცივილიზებული, თანასწორუფლებიანი ურთიერთობის აუცილებლობას. ამიტომ ვიმედოვნებ, რუსეთსა და მის მეზობელ ახალგაზრდა სახელმწიფოებს შორის დამყარდება ისეთივე ურთიერთობა, როგორიც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მის მეზობლებს შორის არსებობს.
- როგორ გესახებათ საქართველოს სახელმწიფოს მომავალი? თქვენი აზრით შესაძლებელი იქნება აფხაზეთის დაბრუნება? შესაძლებლად მიგაჩნიათ „ეთნიკური წმენდისა“ და ქართველთა მასობრივი გასახლების შედეგების გადალახვა?
- მე არაერთგზის აღმინიშნავს, რომ მწამს ჩემი სამშობლოს ბედნიერი მომავლისა. სხვაგვარად არ ჩავუდგებოდი სათავეში საქართველოს ხელისუფლებას.
აფხაზეთის პრობლემა არასოდეს ყოფილა ქართველ-აფხაზთა დაპირისპირების პრობლემა. აფხაზეთში (ისევე, როგორც ცხინვალის რეგიონში) ერთმანეთს დაუპირისპირდნენ იმპერიული და დემოკრატიული ძალები. საქართველოში ეს ყოველთვის გვესმოდა. ამ ბოლო დროს კი, თუ საზღვარგარეთელ ჟურნალისტთა, პოლიტიკოსთა და მეცნიერთა გამოსვლებით ვიმსჯელებთ, კონფლიქტის ნამდვილ არსს საერთაშორისო დონეზეც ჩაწვდნენ. მე მწამს, რომ აფხაზეთში აღდგება სამართლიანობა, დაბრუნდებიან ლტოლვილები, ამ დალოცვილ მიწა-წყალზე კვლავაც გავრცელდება რესპუბლიკის ხელისუფლების იურისდიქცია. სხვაგვარად არ შეიძლება მოხდეს, რადგან რეაქციული ძალები, წითელ-მიხაკისფერნი, დამარცხებისათვის არიან განწირული.
ვფიქრობ, დღეს ამას თვით არძინბაც კი ხვდება.
- მრავალი საუკუნის მანძილზე საქართველო იყო ტოლერანტული, ეთნიკური თანაარსებობისა და ცხოვრების მოყვარე ქვეყანა. დღეს იგი კლანების, განგსტერებისა და ძალაუფლების მოყვარულთა ხელშია. თქვენ საქართველოს დაუბრუნდით როგორც „დაკარგული შვილი“, რათა ფეხზე დაგეყენებინათ ქვეყანა ზვიად გამსახურდიას კატასტროფული პერიოდის შემდეგ. და, მაინც შედეგი სავალალოა. აქვს თუ არა საქართველოს კვლავ შანსი, რომ გახდეს ისეთივე ქვეყანა, როგორიც ის წინათ იყო. თქვენთან ერთად თუ თქვენს გარეშე? თქვენ აღარაგყავთ მეგობრები. ერთნი, თქვენ გსაყვედურობენ აფხაზეთში განცდილი მარცხის გამო. მეორენი - ბრალს გდებენ „ღალატში“ და გიწოდებენ რუსეთის „პროკონსულს“.
ხომ არ მიიჩნევთ თავს საკუთარი ხალხის გამო სასოწარკვეთილ მდგომარეობაში მყოფ ლიდერად? თქვენ ხელმძღვანელობდით ქვეყანას „კომუნიზმის“ დროს და მის შემდგომ პერიოდში. რას უპასუხებდით თქვენივე ხალხს, თქვენთვის რომ ეთქვათ: კომუნიზმის დროს არ იყო არც ომები და არც შიმშილი?
- საქართველოს მომავლის თაობაზე რომ იმედიანად ვარ განწყობილი, უკვე მოგახსენეთ.
თანამემამულეთა თანადგომას ყოველთვის ვგრძნობ. მადლობა მათ. ვერ დაგეთანხმებით, რომ მეგობრები აღარ მყავს; მე დღეს ნამდვილად ბევრი მაკრიტიკებს. მაგრამ განა კრიტიკა მტრობას ნიშნავს? პირიქით, კრიტიკა ჩემდამი ხშირად კეთილმოსურნეა და მეხმარება კიდეც.
რაც შეეხება „კომუნისტურ იდილიას“, რაზედაც დღეს ზოგიერთი ლაპარაკობს, სწორედ იმ „იდილიის“ შედეგია დღევანდელი ნგრევა, ქაოსი და უბედურებანი.
- წლების განმავლობაში, „პერესტროიკის“ დიპლომატიის სათავეში ყოფნისას, თქვენ შეიძინეთ საერთაშორისო რანგის პოლიტიკოსის სახელი და მოიპოვეთ დიდი პოპულარობა დასავლეთში, რადგან თქვენში დაინახეს საბჭოთა კავშირის „დამაშოშმინებლის“ თვისებები.
თქვენით აღტაცებულმა დასავლეთმა გააკეთა თუ არა რაიმე საქართველოსთვის, როდესაც თქვენ მას „პერესტროიკის“ მიერ გაკეთებული საქმისათვის „ვალის“ გადახდა მოთხოვეთ? თქვენ ახლახან განაცხადეთ, რომ დასავლეთს აქვს მორალური უფლება დაგეხმაროთ, რადგან თქვენ მას მილიარდობით დოლარი დაუზოგეთ. რისი გაკეთება შეუძლია ამჟამად დასავლეთს საქართველოს გადარჩენისთვის?
- მე არასოდეს მომითხოვია დასავლეთისთვის „ვალის გადახდა“, ვთქვი მხოლოდ, რომ ცივი ომის დამთავრების შედეგად დაიზოგა მილიარდობით დოლარი, რომელთა გარკვეული ნაწილი უნდა მოხმარდეს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს, რათა მათ დაძლიონ თავიანთი მძიმე პრობლემები. დასავლეთი, ცხადია, გვეხმარება, რისთვისაც მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის, მაგრამ ვფიქრობთ, დახმარება შეიძლებოდა ყოფილიყო უფრო შთამბეჭდავი როგორც მატერიალური თვალსაზრისით, ისე ყოფილ რესპუბლიკებში მიმდინარე პროცესებზე უფრო ოპერატიული და ეფექტიანი რეაგირების მხრივაც.
- საქართველო სამაგალითო „შემთხვევა“ ხომ არ არის კომუნიზმიდან თავდაღწეულთათვის? დასავლეთმა ხომ არ უნდა გაითვალისწინოს ეს შემთხვევა თავისი სტრატეგიის ჩამოყალიბებისას რუსეთის მიმართ?
- დიახ, საქართველოს ბედი გარკვეული თვალსაზრისით სამაგალითოა. ქართველ ხალხს თავისუფლებისა და დემოკრატიისაკენ თავდაუზოგავი ლტოლვა ძვირად დაუსვეს ყველა ჯურის რეაქციონერებმა. მე გეთანხმებით, რომ დასავლეთმა უნდა გაითვალისწინოს, რაოდენ მძიმეა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებისათვის ცივილიზებული სახელმწიფოებრიობის მშენებლობა. დასავლეთი, ჩემი ღრმა რწმენით, უნდა ცდილობდეს შეუმსუბუქოს ახალგაზრდა რესპუბლიკებს გზის სირთულე.
დაბოლოს, ბატონო მატილ, არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ პირადად თქვენ დიდი წვლილი მიგიძღვით საქართველოს შესახებ საერთაშორისო აზრის სწორად, სამართლიანად შემუშავებაში. მე ვიცნობ თქვენს პატიოსან, მაღალპროფესიონალურ პუბლიკაციებს და მინდა პირადად ჩემი, აგრეთვე მთელი ქართველი ხალხის სახელით უღრმესი მადლობა მოგახსენოთ.
გაზეთი „ლე სუარი“
29 ნოემბერი, 1993 წ.
ედუარდ შევარდნაძე: მწამს ჩემი სამშობლოს ბედნიერი მომავლისა : საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის ბატონ ედუარდ შევარდნაძის პასუხები ბელგიური გაზეთის „ლე სუარის“ კორესპონდენტ ბატონ პოლ მატილის კითხვებზე / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] მატილი პოლ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 3 დეკემბერი. - №256(784). - 1,2 გვ.
![]() |
174 ედუარდ შევარდნაძე: ჩვენი ხალხის სიბრძნე, ჭკუა, გონება, წინდახედულება იხსნის ქვეყანას! |
▲ზევით დაბრუნება |
6 დეკემბრის რადიოინტერვიუ
- გასულ კვირას ბელარუსის აქამდე აუხსნელი უარი თანხმობით შეიცვალა და საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სრულუფლებიანი წევრი გახდა. დღეს ხშირად გაიგონებთ: ქვეყანა პოლიტიკურად და ეკონომიკურად გეგმაზომიერად, მიზანმიმართულად ინგრეოდა და პარტახდებოდა, რათა საქართველო თანამეგობრობის წევრი გამხდარიყო, იძულებული ყოფილიყო უარი ეთქვა დამოუკიდებლობაზე და შესულიყო ამ თანამეგობრობაში. სხვათა შორის, იმასაც ამბობენ, რომ დასავლეთი ამ ნაბიჯს ერთმნიშვნელოვნად უარყოფითად აღიქვამს და მას მიიჩნევს სახელმწიფოს მეთაურის პოლიტიკურ მარცხად, - კომენტატორ ნატო ონიანის ამ კითხვაზე პასუხით დაიწყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის - სახელმწიფოს მეთაურის ედუარდ შევარდნაძის ტრადიციული რადიოინტერვიუ.
- ბელარუსის უარის შესახებ, რომ საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი გამხდარიყო, საკმაოდ ბევრი ითქვა, განსაკუთრებით, ჩვენი ოპოზიციის მხრიდან. მიმაჩნდა, რომ ეს დროებითი ამბავია, თავისი გარკვეული სიძნელეები და გაუგებრობა ჰქონდათ ჩვენს ბელარუს მეგობრებს. ისე, როგორც ველოდით, ყველაფერი გაირკვა და ამ ორი დღის წინათ შედგა საუბარი ბელარუსის ხელმძღვანელებთან მათივე ინიციატივით. შემეხმიანა ბატონი შუშკევიჩი. მე მას მეგობრული წერილი გავუგზავნე და მის პასუხად სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ ბელარუსში, ისე როგორც სხვა ქვეყნებში, ერთხმად მიიღეს საქართველოს თანამეგობრობაში შესვლის გადაწყვეტილება, რომ აქ რამდენიმე დღეში ჩამოვლენ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წარმომადგენლები და გვეტყვიან, თუ რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ შემდგომში, რა უნდა გავაკეთოთ პროცედურასთან დაკავშირებით.
იმ ცნობილი ბრალდების შესახებ, რომ ვიღაცას დასჭირდა ქვეყანა დაანგრიოს, ხალხი სასოწარკვეთამდე მიიყვანოს და ამით შეამზადოს ნიადაგი თანამეგობრობაში შესვლისათვის, მიჭირს წარმოვიდგინო უფრო მეტი უვიცობა და უზნეობა, ვიდრე ეს ბრალდებაა. მსურს ვთქვა, რომ ქვეყნის ნგრევა დაიწყო 80-იანი წლების მეორე ნახევრიდან. ვისაც ეს აინტერესებს, აიღოს სტატისტიკა, ციფრები, ტენდენციები და ნახოს, თუ ეკონომიკის საკმაოდ მაღალი მწვერვალებიდან როგორ თანდათანობით ეშვებოდა ქვეყანა, როგორ ეცემოდა ეკონომიკური მაჩვენებლები და მივექანებოდით იმ ჭაობისაკენ, რომელშიც აღმოჩნდა ჩვენი ეკონომიკა და სახალხო მეურნეობა. ეს ჯერ კიდევ კომუნისტების რეჟიმის დროს დაიწყო.
შემდეგ იგი, გასაგები მიზეზების გამო, კიდევ უფრო გაღრმავდა და ბოლო წლებში დრამატული ხასიათი მიიღო. მე არაერთხელ მითქვამს, რომ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში შესვლა არ არის ისეთი მოვლენა, რომელიც ერთი ხელის დაკვრით მოაგვარებს ჩვენს ყველა პრობლემას. ამ თანამეგობრობისათვის არცერთ მის წევრ ქვეყანას ასე არ შეუხედავს, და ვერც ჩვენ შევხედავთ. ეს ხელშემწყობი ფაქტორია, რომელსაც ჭკუა-გონებით, გამოცდილებით უნდა გამოყენება. თანამეგობრობაში გაწევრიანება - ეს არის კანონზომიერება, და არა ჭირვეულობა, როგორც ზოგიერთს მიაჩნია. ვფიქრობ, რომ თუ ჩვენ გამოვიყენებთ ამ თანამეგობრობის მიერ შექმნილ ყველა შესაძლებლობას, მაშინ, შეიძლება, ჩვენი ეკონომიკა შედარებით მოკლე ვადაში გამოვიდეს კრიზისული მდგომარეობიდან, რადგან ეს არის გზა ინტეგრაციისაკენ, ეკონომიკათა ინტეგრირებისაკენ, კავშირების აღდგენისაკენ, სამუშაო ადგილების შექმნისაკენ და ეს გზა არ შეიძლება არ დასრულდეს გარკვეული შედეგებით, წარმატებებით.
კიდევ ერთი დეტალის შესახებ: თავისი ნეგატიური, უარყოფითი დამოკიდებულება რომ გაამართლოს და რაღაც დამატებითი არგუმენტები გამონახოს, ზოგიერთი პოლიტიკოსი ევროპას მოიშველიებს ხოლმე, ვითომცდა იქ ეს ნაბიჯი საშინლად აღიქვეს, მიაჩნიათ, რომ ეს შევარდნაძის შეცდომაა, რომ საქართველოს ეს ნაბიჯი არ უნდა გადაედგაო და სხვა. სიმართლე გითხრათ, მე არ გამიწყვეტია კავშირი ევროპის სერიოზულ პოლიტიკურ მოღვაწეებთან, მათ შორის სახელმწიფო მეთაურებთანაც, არის მიმოწერა, ბევრი ქვეყნდება კიდეც. მე ვლაპარაკობ სერიოზული პოლიტიკის დონეზე და არა სალონებსა და კულისებში მოსმენილი აზრის შესახებ. სავსებით სერიოზულად ვამტკიცებ და ვიმეორებ, რომ ევროპის თითქმის ყველა ქვეყნის ხელმძღვანელობა გაგებით და მოწონებით შეხვდა საქართველოს ამ ნაბიჯს, რადგან ევროპას, პირველ რიგში, აინტერესებს, სტაბილური საქართველო, სტაბილური ყოფილი საბჭოთა კავშირი და ის ქვეყნები, რომლებიც დღეს თანამეგობრობაში შედიან. ევროპას სულაც არა აქვს იმის საშუალება, რომ თავის კმაყოფაზე აიყვანოს საქართველო, ანდა რომელიმე სხვა ქვეყანა. ამიტომ, იგი იმ გზის მომხრეა, რომელიც უზრუნველყოფს სტაბილურობასა და მათ ეკონომიკურ აღმავლობას.
ასეთი ფრაზაც ითქვა, ევროპაში ვერ ვნახე კაცი, რომელიც არ ამტყუნებდეს შევარდნაძეს თანამეგობრობაში შესვლის გამოო. ეს ასე არ არის და მე არ შემიძლია არ გამოვთქვა ჩემი გულისტკივილი. ევროპაში მოგზაურობის საშუალება ბევრს ეძლევა იმისათვის, რომ იქ სიმართლე ილაპარაკოს და აქ სიმართლე ჩამოიტანოს. მინდა ასეთი კითხვა დავსვა: მაჩვენეთ, თუნდაც ერთი სერიოზული რეალისტი პოლიტიკოსი ევროპაში, რომელიც ჩვენ სხვა გზას შემოგვთავაზებდა და იტყოდა: ჩვენ გვაქვს ისეთი მძლავრი გაერთიანება, როგორიცაა ევროგაერთიანება, ამიტომ, თანამეგობრობაში ნუ შეხვალთ და შემობრძანდით ევროგაერთიანებაში. ან თქვენ არ გინდათ კოლექტიური უსაფრთხოება თანამეგობრობასთან დაკავშირებით, ჩვენ გვაქვს მძლავრი სამხედრო ორგანიზაცია - ნატო, მზად ვართ მიგიღოთ მის წევრად, ხომ არავინ თქვა ეს. ვერც იტყოდნენ. როცა აქ ზოგიერთები ამბობენ, ნატო გვიშველისო და სხვა, მე მიმაჩნია, რომ ეს გულუბრყვილობაა. ყველაფერს თავისი დრო და ეტაპი აქვს, და როცა ამ ეტაპს გადაახტები, მაშინ დაისჯები. პრაქტიკულად ვერც გადაახტები, ამის თავი ჩვენ არ გვქონდა. შენი საკმაოდ უსუსური პოზიცია რომ გაამართლო, არ არის საჭირო ზედმეტი რამის მოგონება, ევროპა არაფერ შუაში არ არის. დარწმუნებული ვარ, ევროპა მიესალმება და მხარს უჭერს შევარდნაძის პოლიტიკას თანამეგობრობასთან მიმართებაში, ისე როგორც სხვა მიმართულებითაც. ამას ზედმეტი თავდაჯერებით როდი ვამბობ, ევროპას დღეს სხვა რამის გაკეთება არ ძალუძს, რითაც შეუძლია, გვეხმარება კიდეც: მაგრამ მეტის გაკეთება პრაქტიკულად შეუძლებელია.
ისიც უნდა გითხრათ, რომ 5-6 თვის წინათ წყდებოდა საქართველოსთვის განვითარებადი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხი. ძირითადად, ეს ევროპის ქვეყნებს უნდა გადაეწყვიტათ. ვერ გადაწყვიტეს, თუმცა, მარტო ხმის მიცემა იყო საჭირო. ვერ გადაწყვიტეს, იმიტომ, რომ ეს დაკავშირებულია გარკვეულ ხარჯებთან. და როცა ამ ხარჯების დაანგარიშება დაიწყეს, მაშინ თქვეს, უმჯობესი იქნება თავი შევიკავოთო, ამჯერად საქართველომ დაიცადოს 6-7 თვე და შემდეგ დავუბრუნდეთ ამ საკითხსო. ამიტომ, თანამეგობრობაში შესვლას ევროპის ყველა საღად და ნორმალურად მოაზროვნე პოლიტიკოსი წინ არ აღუდგა და მათ ამის შესახებ უარყოფითი აზრი არა აქვთ.
- როცა ამ დღეებში ჟენევაში დამთავრებულ ქართულ-აფხაზური მოლაპარაკების შედეგებსა და ხელმოწერილ გაგების მემორანდუმს შეეხო, ედუარდ შევარდნაძემ თქვა:
- ჟენევაში მიღებული დოკუმენტისადმი ჩემს დამოკიდებულებას საბოლოოდ მაშინ გამოვხატავ, როცა დელეგაცია დაბრუნდება, რადგანაც, ყველაფერი დოკუმენტში ვერ ჩაეტევა, და როგორც ბატონმა ჯაბა იოსელიანმა და დელეგაციის სხვა წევრებმა ტელეფონით მითხრეს, ბევრი რამ სიტყვიერი შეთანხმების დონეზეა და ამიტომ, დელეგაციის დაბრუნებას უნდა დაველოდოთ. ვფიქრობ, რომ ყველაფერი კომპლექსურად უნდა გავიაზროთ და გავიაზრებთ კიდეც. როცა ჟენევის შედეგებზე ვლაპარაკობთ, უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ჩვენი უმთავრესი მიზანია, მოსახლეობის, რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნება. რა ხერხითაც უნდა იყოს ეს, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების სათანადო გარანტიებით. ჟენევაში ხელმოწერილი მემორანდუმი, თავისი შინაარსით, ამ ამოცანას შეესაბამება. თუ როგორი იქნება გარანტიები, ამას უახლოესი დღეები გვიჩვენებს. ვიცი, რომ ახლა უშიშროების საბჭოში ძალიან ინტენსიურად მუშაობენ. ერთ-ორ კვირაში ეს საკითხები უნდა გაირკვეს და ამის შემდეგ შეიძლება ვილაპარაკოთ ჟენევის შეხვედრის ავ-კარგზე.
ინტერვიუში ვრცელი ადგილი დაეთმო პურის პრობლემას: - რა კეთდება და რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მოსახლეობამ პურის უმცირესი ულუფა ნორმალურად მიიღოს და ხომ არ ფიქრობთ, რომ ამ და სხვა მრავალი პრობლემის გადაჭრას შეუწყობს ხელს ის, რაც ამასწინათ დაიწყეს ქუთაისში, როცა შექმნეს სპეცჯგუფი, რომელსაც ევალება ქალაქში წესრიგის დაცვა და მაკონტროლებელი ორგანოების კონტროლიც კი...
- ამაზე კარგა ხანია ვლაპარაკობ და ვცდილობდი კიდეც განმეხორციელებინა, მაგრამ, სამწუხაროდ, ბევრმა არ დამიჭირა მხარი. ეს შეგვეძლო რამდენიმე თვის წინათ გაგვეკეთებინა და მოვიგებდით, პურის ნორმირებულ განაწილებაზე რომ გადავსულიყავით. ეს პროცესი გაჭიანურდა ობიექტური და დასაბუთებული მიზეზების გამო, რაც, ძირითადად, ენერგოშემცველების კრიზისთანაა დაკავშირებული. ამან გამოიწვია ზოგიერთი პურის ქარხნის, საცხობის მუშაობის შეფერხება და ამის გამო, ბუნებრივია, შემცირდა გასაყიდად გამოსატანი რესურსები. მაგრამ, საკმაოდ მოქნილი და მძლავრი მაფია მოქმედებს, რომელსაც ჯერჯერობით ვერ მოვკიდეთ ხელი. ვფიქრობთ, რომ ამ დღეებში საბოლოოდ უნდა გადაწყდეს პურის ნორმირებული განაწილების საკითხი.
რამდენადაც ქარხნების შესაძლებლობა არ გვაძლევს იმის გარანტიას, რომ შედარებით მაღალი ნორმა, რომელიც ახლა გვინდოდა დაგვეწესებინა, იყოს გარანტირებული მოსახლეობისათვის, დაიბადა აზრი იმის თაობაზე, რომ მოსახლეობამ მიიღოს ფქვილი და 300 გრამი გამომცხვარი პური. ასე იქნება უახლოესი 2-3 კვირის განმავლობაში. ამასობაში ჩვენ შეიძლება მივიღოთ ენერგოშემცველები, ევროგაერთიანებამ გამოგვიყო კრედიტებისა და ჰუმანური დახმარების გარკვეული რაოდენობა, ასევე გვეხმარება რუსეთი კრედიტებით, და ამ კრედიტებით უკვე დავიწყეთ მაზუთისა და სხვა საწვავის შეძენა რუსეთში, აზერბაიჯანიდან ვიღებთ გარკვეულ დახმარებას და, ვფიქრობთ, რომ ამ 2-3 კვირის შემდეგ მივაღწევთ იმ ნორმას, რომელიც აუცილებელია, მინიმალურია მოსახლეობისათვის.
რამდენი ადამიანია, რომ დგას მთელი დღის განმავლობაში და პურს ვერ იღებს. ამაზე დიდი უსამართლობა რა უნდა იყოს. მიმაჩნია, რომ ხვალ-ზეგ, ყოველმიზეზგარეშე, უნდა გადავიდეთ ნორმირებულ განაწილებაზე თბილისში, როგორც ეს გააკეთეს ქუთაისში, ფოთში, რუსთავში და სხვა ქალაქებში.
ის სისტემა, რომელიც ახლა შეიმუშავა ქალაქის მერიამ, გამორიცხავს ყოველგვარ გაუგებრობას ნორმირებული პურის მიღებაში. შეიძლება წარმოიშვას რაიმე სირთულეები ისევ ენერგომომარაგებასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს ერთი ან ორი დღე თუ გაგრძელდება. პრინციპში, სისტემა იმუშავებს. რაც შეეხება სპეციალურ ჯგუფებს, ისეთი, როგორიც ქუთაისში შეიქმნა, ვფიქრობ, ეს ყურადღებას იმსახურებს.
- საქართველოში შექმნილი გართულებული სოციალური ფონი ხომ არ გამოიწვევს იმას, რომ ყოველივე ეს პოლიტიკურ უკმაყოფილებაში გადაიზარდოს? ან სოციალურ უკმაყოფილებას მისცენ პოლიტიკური შეფერილობა?
- სოციალური უკმაყოფილების გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის სერიოზული საფრთხეა და ის ძალები, რომლებსაც აქვთ განწყობა და სურვილი, ამით ისარგებლონ, საკმაოზე მეტია. დარწმუნებული ვარ, ხალხი მათ არ აჰყვება. რა გამოვა, ასე ვთქვათ, თუ მოხდა სოციალური ბუნტი, როგორც ახლა ხშირად ამბობენ. ეს რომ მოხდეს, ვფიქრობ, ჩვენ დავკარგავთ იმ მინიმუმსაც, კი, რაც გვაქვს და რასაც ვიღებთ.
ვის უნდა მოსთხოვო, რომ ცხოვრების დღევანდელზე უკეთესი პირობები ჰქონდეს მოსახლეობას. რა თქმა უნდა, ხელისუფლებას. ამ ხელისუფლებას კი იმაზე მეტის გაკეთება, რაც ახლა კეთდება, დღეს არ შეუძლია, თუ ქვეყანაში სტაბილურობა არ იქნება მიღწეული და მთელი ქვეყანა არ იბრძოლებს წესრიგის დამყარების, პოლიტიკური სტაბილურობისთვის, იმასაც ვერ მივიღებთ, რასაც ახლა ვიღებთ ევროპისგან, ამერიკის შეერთებული შტატებისგან. ახლა ყაზახეთმაც მარცვლეულის გარკვეული რაოდენობა გამოგვიყო. მაგრამ, ყველგან აუცილებელი პირობა იმისა, რომ ჩვენ დახმარება მივიღოთ, არის ის, რომ ქვეყანაში იყოს სტაბილურობა. ბუნტისთვის არავინ არაფერს არ მოგვემს.
როცა ამ სოციალური ბუნტის შესაძლებლობაზე ლაპარაკობენ, მე ჩემი ოპონენტების სიბრძნეზე მეტად ხალხის სიბრძნის, წინდახედულების, ჭკუისა და გონიერების იმედი მაქვს. სწორედ ჭკუა-გონება, სიბრძნე და შრომის წყურვილი, რომელიც ახლა არის ჩვენს ხალხში დაგუბებული, და ხელისუფლების ხელშეწყობა, იხსნის ქვეყანას გაჭირვებისგან.
შემთხვევითი როდია, რომ აქცენტი გადავიტანე ჩვენი ხალხის სიბრძნესა და ჭკუა-გონებაზე. ჩვენ უნდა ვებრძოლოთ იმ ნიჰილიზმს, რომელიც ახლა დამკვიდრდა: ვითომცდა ქართველებს აღარც შრომა შეუძლიათ, აღარც ჭკუა-გონება უჭრით და რაღაც საშინელება დაემართად - გადაგვარდნენ და გადაშენდნენო. სულაც არ არის ასე. ვიმეორებ, რომ ჩვენი ხალხის სიბრძნე და ჭკუა-გონება ქვეყანას იხსნის.
ამასთან დაკავშირებით უნდა შევედავო და არ შემიძლია არ გამოვთქვა აღშფოთება იმის გამო, რაც ჩემში გამოიწვია ერთ-ერთი მწერლის ერთმა ფრაზამ. მის სინდისზე იყოს ყველაფერი სხვა დანარჩენი, რაც მან ინტერვიუში თქვა. ვფიქრობ, რომ ბატონმა რეზო ჯაფარიძემ, რომელსაც ჩვენი ხალხი უდიდეს პატივს სცემს, როგორც დიდ მწერალს, მას ღირსეული პასუხი გასცა „საქართველოს რესპუბლიკაში“. და ამიტომ, სხვა საკითხებზე აღარ შევჩერდები. მაგრამ პირდაპირ შემძრა, შემაძრწუნა ფრაზამ, რომ დღევანდელი ქართველისათვის ტვინი გადაიქცა რუდიმენტად, რომელიც მას არც სჭირდება და არც ხმარობსო. ღმერთო ჩემო, ამის თქმა შენს ხალხზე, შენს მშობელ ერზე ხომ უზნეობა და საშინელებაა. მიმაჩნია, რომ ასეთი მოთქმა-გოდება, მით უმეტეს, შეურაცხყოფამდე მისული უიმედობა, ხალხს არაფერს სასიკეთოს არ მოუტანს. ამაზე უფრო მძიმე მდგომარეობაში ყოფილა საქართველო და იგი გადარჩენილა. მე ვხედავ ამ გადარჩენის გზებს და აუცილებლად გამოვალთ ამ მდგომარეობიდან, თუ ასეთი წუწუნი, საკუთარი ხალხის გინება ნაკლებად იქნება.
- დღეს, რატომღაც ყველა ილია ჭავჭავაძის პოზიციიდან ლაპარაკობს. მაგრამ, რისი უფლებაც ჰქონდა ილიას, ის კი ასეთ რამეს არ იტყოდა, ამ უფლებას მოპოვება უნდა...
- არ ვიცი, ეს მწერალი ილიას დონეზე თუ ამაღლდა, შეიძლება მან მოიპოვოს ამისი უფლება. მე, ცოტა არ იყოს, ეჭვი მეპარება.
- გასული კვირის საინტერესო ფაქტებთან დაკავშირებით ედუარდ შევარდნაძემ ილაპარაკა ფოთიდან რუსეთის სამხედრო ძალების გასვლის, ბათუმში შეხვედრების შესახებ. მან, კერძოდ, თქვა:
- მინდა გამოვხატო ჩემი სულიერი კმაყოფილება იმის გამო, რომ ასეთი გაჭირვების დროს შეიქმნა ოპერა, გაიმართა სპექტაკლი „აბესალომ და ეთერი“ - ეს იმედით გვავსებს ყველას.
რაც შეეხება ფოთიდან მეზღვაურების გასვლას, მინდა ვთქვა, რომ შავი ზღვის ფლოტმა თავისი საქმე გააკეთა და დიდი დახმარება აღმოგვიჩინა. მხოლოდ მადლობის სიტყვებით მივმართავ შავი ზღვის ფლოტის სარდლობას.
თუ რატომ მოხდა ნაადრევი, შეუთანხმებელი წასვლა - ეს ცალკე განხილვის საგანია, ამით ძალიან დიდი ზიანი ჩვენთვის არ მოუყენებიათ და, პრინციპში, ეს სავსებით მოსალოდნელი ნაბიჯი იყო. ამის დრამატიზება ახლა საჭირო არ არის. თუმცა, ამას ჩვენს სახელმწიფოთაშორის ურთიერთობის საკითხებთან დაკავშირებით კიდევ დავუბრუნდებით.
რაც შეეხება ბათუმის დივიზიის მონახულებას, ეს სავსებით კანონზომიერი ნაბიჯია. ეს დივიზია მონაწილეობს საქართველოში სარკინიგზო და სხვა მაგისტრალების დაცვაში, რამდენიმე ჯავშნოსანი ჯგუფი მონაწილეობს პიკეტებში, ამოცანას ოფიცრები და ჯარისკაცები მაღალ დონეზე, მთელი პასუხისმგებლობით ასრულებენ. მე ვალდებულად ჩავთვალე თავი გამომეხატა მადლიერება ამ დივიზიის მიმართ ჩვენი ხალხისა და ხელისუფლების სახელით. ვფიქრობ, რომ ასეთი შეხვედრები იშვიათი მოვლენა არ უნდა იყოს. თუ ჩვენს ტერიტორიაზე არის უცხო ქვეყნის ჯარები და ასეთი ხელშეკრულება ხელმოწერილია, ჩვენ უნდა გვქონდეს მათთან ნორმალური ადამიანური ურთიერთობა. ასეთი ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი გადავდგი მე ბათუმში.
- გასულ კვირას სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს ტატიშვილების ცნობილი დაჯგუფება. ლოგიკურად ჩნდება კითხვა - ვინ იქნება შემდეგი? როცა წლების განმავლობაში ყველას თვალწინ არსებობდა ასეთი ძლიერი დაჯგუფება, გასაგებია, რომ მათ მფარველები ჰყავდათ...
- ამ შეკითხვას ასეთნაირად განვავითარებდი: ეს ეპიზოდია თუ სერიოზული მუშაობის დასაწყისი? საგანგებო ვითარებამ ჩვენ ჩამოგვაცილა უმთავრეს პრობლემას - დამნაშავეთა წინააღმდეგ ბრძოლას. ახლაც ძალიან გვიჭირს, პოლიციის დიდი ძალები დასავლეთ საქართველოში არიან და ეს რომ ასე არ იყოს, შედეგები გაცილებით უკეთესი იქნებოდა.
ეს არის სერიოზული ბრძოლის დასაწყისი მაფიოზურ კლანებთან და დამნაშავეთა სამყაროსთან. ჩვენი პოლიციის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ეს ოპერაცია მათ სწორად დაგეგმეს და კანონიერების დაცვით, სათანადო ძალებისა და ტექნიკის გამოყენებით განახორციელეს.
მთავარია, რომ ეს არ იყოს ერთადერთი ეპიზოდი. მე ასე მესახება: ეს არის სერიოზული მუშაობის დასაწყისი იმისათვის, რომ ორგანიზებულ დანაშაულს, რომელიც ასე აწუხებს ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს საზღვარგარეთელ მეგობრებსაც, ბოლო მოეღოს.
პოლიციისა და პროკურატურის ორგანოების საყურადღებოდ ვამბობ, რომ მთავარია გამოვლინდეს, თუ ვინ უმაგრებს ზურგს მაფიოზურ კლანებს, ვინ იდგა ამავე ტატიშვილების უკან, საიდანაა ამდენი სამხედრო ტექნიკა, მანქანები, იარაღი და სხვა. ვინ იყო ასეთი გულუხვობით რომ აჯილდოებდა ამ ჯგუფს სახელმწიფო საკუთრებისა და ქონების ხარჯზე. ამ კითხვებს უნდა გაეცეს პასუხი. დარწმუნებული ვარ, საგამოძიებო ორგანოები ამას შესძლებენ.
ზოგიერთი რამ, რათა მაფიოზურ კლანებს, როგორც ანტისახელმწიფოებრივ მოვლენას, მიაყენოს სერიოზული დარტყმა, ჩაფიქრებული აქვვს უშიშროების სისტემას. ასეთივე გეგმები აქვთ პროკურატურის ორგანოებსაც. თუ ყველანი დაირაზმებიან, ვითარება უახლოს მომავალში გამოსწორდება.
როცა დამნაშავეებთან ბრძოლა მწვავდება, ძალიან მნიშვნელოვანია დაცული იყოს კანონიერება, რომლისგანაც პატარა გადახრაც კი შეიძლება ძვირად დაგვიჯდეს. კანონიერების დარღვევის ერთი შემთხვევაც კი - ეს ლაქაა დემოკრატიული სახელმწიფოს სხეულზე, რომელიც მას არ სჭირდება. დემოკრატიულ სახელმწიფოს შეუძლია კანონის ფარგლებში წესრიგი დაამყაროს ქვეყანაში. მხოლოდ კანონიერი გზებით აღდგენილი წესრიგია მტკიცე და საიმედო, რადგან ჭუჭყიანი ხელებით დამყარებული წესრიგი არავის არ სჭირდება, იგი მხოლოდ დროებითი მოვლენა და მოჩვენებითი წესრიგია.
ამიტომ, მოვუწოდებთ ყველას, ვინც ახლა ჩართულია ამ დიდ ბრძოლაში, მე ვიტყოდი, ჩვენი ხალხის თვითგანწმენდისთვის ბრძოლაში, რომ კანონიერების დაცვისა და წესრიგის განმტკიცებისთვის ბრძოლა საჭიროა სუფთა ხელებითა და სუფთა სინდისით. მჯერა, რომ ეს დიდი მოძრაობა სწორედ ამ გზით წარიმართება.
ედუარდ შევარდნაძე: ჩვენი ხალხის სიბრძნე, ჭკუა, გონება, წინდახედულება იხსნის ქვეყანას! / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 8 დეკემბერი. - №258(786). - 1 გვ.
![]() |
175 ვოცნებობ, რომ ვიხილო, როგორ იბადება ახალი აზრი, საქართველოს ახალი პოლიტიკური აზროვნება! |
▲ზევით დაბრუნება |
აღმოსავლეთ-დასავლეთის ურთიერთმიმართების კვლევის ცენტრის იდეა ძალიან დროულია
დიდი ინტერესით გავეცანი რესპუბლიკური გაზეთების ფურცლებზე გამოქვეყნებულ სტატიას - „საქართველო აღმოსავლეთ-დასავლეთის ურთიერთობათა კონტექსტში“. მისი ავტორები - ჩვენი ქვეყნის გამოჩენილი საზოგადო მოღვაწენი და მეცნიერნი - გვთავაზობენ შევქმნათ თბილისში აღმოსავლეთ-დასავლეთის ურთიერთობათა კვლევის საერთაშორისო ცენტრი.
რამდენად აქტუალურია ეს იდეა საქართველოსთვის? არის გამართლებული თვით დაყენება ამ საკითხისა ქვეყანაში, რომლის ხალხი დღეს მოკლებულია საარსებოდ ყველაზე აუცილებელს და, როგორც იტყვიან, უკანასკნელ ძალებს იკრებს თავის გადასარჩენად? მეტისმეტი ფუფუნება ხომ არ არის ახალი სამეცნიერო ცენტრის შექმნა ნგრევისა და შიმშილის დროს, როცა ღრმა კრიზისიდან გამოსვლის გზები ჯერ კიდევ არ არის გამოძებნილი?
ამგავარი კითხვები უთუოდ მრავალ ჩვენს თანამემამულეს დაებადება. მეც დამებადა ეს კითხვები და მათზე პასუხის ძიებამ შემდეგ დასკვნამდე მიმიყვანა.
თვით ეს იდეა, მისი გაჩენისა და ჩამოყალიბების ფაქტი, ავტორთა წრე, მათი აზროვნების დონე მეტყველებს, რომ ჩვენ, როგორც ერს, ეთნოსს გვაქვს გადარჩენის შანსი. არაფერია დაკარგული, ყველა პრობლემა გადაილახება თუკი მუშაობს აზრი. აზრს შეუძლია დაამარცხოს უხეში ძალის კულტი, უზნეობა, აბსურდი.
იდეის ავტორები საქართველოს ისტორიული ტრადიციის ერთგულნი არიან. ჩვენი წინაპრები ხომ სამშობლოსათვის ყველაზე მძიმე ჟამსაც კი ფიქრობდნენ აღმშენებლობაზე. ეს ფიქრი სძენდათ გაძლების, გამარჯვების ძალას. სწორედ ამგვარი ფიქრის ნაყოფია აღმოსავლეთ-დასავლეთის ურთიერთობათა კვლევის საერთაშორისო ცენტრის იდეა.
იდეის ავტორებს ღრმად აქვთ გაცნობიერებული ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ-სტრატეგიული ინტერესები, ეყრდნობიან სამეცნიერო, ისტორიულ-კულტურულ ფასეულობებს. შევხედოთ შემოთავაზებულ იდეას პრაქტიკული თვალსაზრისით. თუ ქვეყანაში არაფერი იქმნება, თუ ქვეყანა მოცულია დესტრუქციით და ქაოსით, თუ მთავარ ფიგურად სოციალურ-პოლიტიკური ინტერიერისა ხდება შეიარაღებული მოძალადე, ასეთი ქვეყანა განწირულია სიმარტოვისთვის, იზოლაციისთვის ცივილიზებული სამყაროს მხრივ. ხოლო თუ ქვეყანა, მიუხედავად წიაღისეული საბადოებით სიღარიბისა, ავითარებს სულიერ, ინტელექტუალურ ძალებს და შესწევს უნარი შესთავაზოს მსოფლიოს კონკურენტუნარიანი იდეები, მას გარანტირებული აქვს თანასწორუფლებიანი წევრის სტატუსით ჩაბმა საკაცობრიო ცხოვრებაში, გარანტირებული აქვს წარმატება და აყვავება. ამის დასტურია ბედი მრავალი დიდი თუ მცირე ქვეყნისა, რომლებიც განიცდიან მატერიალური რესურსების დეფიციტს, მაგრამ სამეცნიერო აზრის განვითარების გზით უდიდეს წარმატებებს მიაღწიეს, აღორძინდნენ. აღადგინეს მეორე მსოფლიო ომისგან იავარქმნილი ქალაქები და სოფლები.
ასეთსავე ბედს ვუსურვებ ჩვენს სამშობლოს და ამ კონტექსტში განვიხილავ ყველა, თუნდაც ოდნავ ღირსეულ ახალ იდეას. აქვე არ შემიძლია არ ვთქვა, რომ ეროვნული მესიანიზმი, იზოლაციონიზმი აბსოლუტურად უპერსპექტივო და დამღუპველია.
ყოველივე ამაზე ბევრს ვფიქრობდი, როცა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტიდან გადადგომის შემდეგ ვქმნიდი საგარეოპოლიტიკურ ასოციაციას. იმჟამად ყოფილ კავშირში ალტერნატიური აზროვნება მხოლოდ ფეხს იდგამდა. ჩვენ პრაქტიკულად ცარიელ ადგილზე ვიწყებდით. ფასდაუდებელი სამსახური გაგვიწია დასავლეთის მრავალრიცხოვანი დამოუკიდებელი კვლევის ცენტრების უდიდესმა გამოცდილებამ. მე გავეცანი ჰარვარდის უნივერსიტეტის კენედის სახელობის ინსტიტუტს, ბრაუნის უნივერსიტეტის უოტსონის სახელობის ინსტიტუტს, კარტერის ცენტრს ემორის (ქ. ატლანტა) უნივერსიტეტთან, ჰუვერის მშვიდობის, ომისა და რევოლუციის ინსტიტუტს, კარნეგის ფონდს, ნიუ-იორკისა და ვაშინგტონის პოლიტიკურ ცენტრებს. გავეცანი აგრეთვე სამეცნიერო ცენტრებს ბოსტონში, რომში, გორიციაში. შევისწავლე მათი საქმიანობა, დავდე სათანამშრომლო ხელშეკრულებები.
ყველა ეს სამეცნიერო დაწესებულება, პირველყოვლისა, ზრუნავს იმაზე, რომ მათი შრომის ნაყოფი პრაქტიკულად იქნას გამოყენებული. თავის მხრივ, სახელმწიფოებრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები დიდ დაინტერესებას იჩენენ აღნიშნულ დაწესებულებათა თეორიული მონაპოვრებისადმი. საყოველთაოდ ცნობილია, მაგალითად, რაოდენ ფართოდ გამოიყენება კარტერის ცენტრის რეკომენდაციები შინაგანი კონფლიქტების მოგვარებისა და ტელეინფორმაციის თავისუფლად გაცვლის საქმეში.
გარკვეულ მიზეზთა გამო სამშობლოს განშორებული, ვოცნებობდი იმ დროზე, როცა საშუალება მომეცემოდა საქართველოს სამსახურში ჩამეყენებინა თანამედროვე მსოფლიოს პოლიტიკური და პოლიტოლოგიური აზრის მიღწევები. დღეს დადგა ამის დრო. მაგრამ ხელს გვიშლის წარსულის მძიმე მემკვიდრეობა - ნგრევა, ქაოსი და მაინც არ ვკარგავ იმედს. წინადადება, რომელიც შემოგვთავაზა მეცნიერთა და საზოგადო მოღვაწეთა ჯგუფმა, და განსაკუთრებით სასიამოვნოა, რომ მათ შორის არის უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II, იძლევა ჩემი დიდი ხნის ნაფიქრალის განხორციელების საშუალებას.
აღმოსავლეთ-დასავლეთის ურთიერთმიმართების კვლევის ცენტრის იდეა ძალიან დროულია. ცენტრისათვის შერჩეული ადგილიც - თბილისი, საქართველო - აბსოლუტურად ზუსტია ყველა თვალსაზრისით. მხოლოდ ამასაც შეუძლია მიიპყროს მსოფლიო საზოგადოებრიობის ყურადღება, რომ აღარაფერი ვთქვათ კვლევის განცხადებულ პრობლემატიკაზე, რაც უაღრესად აქტუალურია ახალი მსოფლწესრიგის ფორმირების პირობებში. ქართველთა ეთნიკური და რელიგიურ-კონფესიური ტოლერანტობის ფენომენი კვლავაც არსებობს, მიუხედავად პროვინციული რადიკალიზმის ამოფრქვევისა უკანასკნელ წლებში, და ეს ფენომენი არა მხოლოდ უნდა შევისწავლოთ, გავიზიაროთ, არამედ უნდა ჩავაყენოთ დღევანდელობის სამსახურში. საგარეო ურთიერთობათა სფეროში ცენტრს შეუძლია შეიმუშაოს გზამკვლევი ნიმუში იმისა, თუ როგორ უნდა გადაიჭრას ახალი პრობლემები, წარმოშობილი მსოფლიო ძალთა ბიპოლარული ბალანსის დარღვევის შედეგად. ხოლო „შინაურ“ სიტუაციებში ზემოაღნიშნული ფენომენი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნისათვის ტრადიციული ფასეულობების აღორძინებას და საზოგადოებრივი თვალსაზრისის განთავისუფლებას მახინჯი, ავადმყოფური მითებისაგან.
ცენტრისათვის საჭირო სამეცნიერო ძალები, ბაზა და შესაძლებლობანი საქართველოს აქვს. არის შანსი მოვიწვიოთ თანამედროვეობის გამოჩენილი მოაზროვნეები, დავიხმაროთ საზღვარგარეთის სამეცნიერო ცენტრები და ფონდები.
პირადად მე გპირდებით, რომ გადავცემ ცენტრს ყველა ნაშრომს, მასალას, მათ შორის საარქივოს, გამოვიყენებ ჩემს ყველა კავშირს და საერთოდ მაქსიმალური ძალისხმევით ჩავებმები ამ ჭეშმარიტად მამულიშვილურ საქმეში.
ვოცნებობ, რომ ვიხილო, როგორ იბადება ახალი აზრი, საქართველოს ახალი პოლიტიკური აზროვნება. ამიტომ ვთხოვ ცენტრის დამფუძნებლებს, მოიზიდონ ახლებურად, მწვავედ, არაორდინარულად მოაზროვნე ახალგაზრდები. ეს თაობა უკვე გამოსულია. თუ მან ჯერჯერობით ვერ შეძლო სრულად გამოევლინა თავისი პოტენციალი, ამის მიზეზია უქონლობა ასპარეზისა, ნიჭის რეალიზების საშუალებისა. დაე, ცენტრი გახდეს ერთ-ერთი ასეთი ასპარეზი.
მადლობას ვუძღვნი ყველას, ვინც მონაწილეობს ამ მშვენიერი იდეის განხორციელებაში და ვუსურვებ მათ დიდ წარმატებას.
ედუარდ შევარდნაძე
ვოცნებობ, რომ ვიხილო, როგორ იბადება ახალი აზრი, საქართველოს ახალი პოლიტიკური აზროვნება! : აღმოსავლეთ-დასავლეთის ურთიერთმიმართების კვლევის ცენტრის იდეა ძალიან დროულია // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 14 დეკემბერი. - №262 (790). - 1 გვ.
![]() |
176 ედუარდ შევარდნაძე: წესრიგის აღდგენა და კრიმინოგენური ვითარების გაჯანსაღება ყველა პრობლემის გადაწყვეტის გასაღებია |
▲ზევით დაბრუნება |
13 დეკემბრის რადიოინტერვიუ
ტრადიციული რადიოინტერვიუ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ - სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ თანამედროვე რუსეთის ისტორიაში 12 დეკემბრის მნიშვნელოვანი მოვლენის შესახებ საუბრით დაიწყო:
- რა თქმა უნდა, გუშინდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანი იყო რუსეთისათვის, მნიშვნელოვანი იყო ეს დღე ჩვენთვისაც. დარწმუნებული ვარ, ბევრი, ვისაც კი ჰქონდა ამის საშუალება და მიეწოდებოდა ელექტროენერგია, ალბათ, გათენებამდე ვერ მოსცილდა ტელეეკრანს. არ ვაპირებ დეტალური ანალიზის გაკეთებას. ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში პირველი სიტყვა თვით რუსეთის ხელმძღვანელობამ და მისმა პრეზიდენტმა უნდა თქვან. მაგრამ რამდენიმე სიტყვით მაინც ვიტყვი: მიმაჩნია, რომ მოულოდნელი არაფერი მომხდარა. თუ წინასაარჩევნო კამპანიის ანალიზს გავაკეთებთ, განსაკუთრებით, 3-4 ოქტომბრის მოვლენების შემდეგ, ვფიქრობ, რომ ეს სავსებით კანონზომიერი შედეგია. თუ ვილაპარაკებთ მთავარ პოზიტიურ მხარეზე, რუსეთისათვის ისტორიული მნიშვნელობის შედეგზე, რასაც ასევე დიდი მნიშვნელობა ექნება სხვა ქვეყნებისათვის, ეს არის კონსტიტუციის მიღება. როგორც წინასწარი მონაცემებიდან ჩანს, კონსტიტუცია მიღებულად უნდა ჩაითვალოს. ეს რუსეთის დემოკრატიის უდავოდ დიდი გამარჯვებაა, რასაც ვერ დაჩრდილავს ხმის მიცემის შედეგები, როგორიც არ უნდა იყოს იგი და საკანონმდებლო ორგანოებში ადგილების განაწილება.
მინდა მივულოცო პრეზიდენტ ელცინს, მეგობარ რუს ხალხს ამ დიდი მიჯნის გადალახვა - მხედველობაში მაქვს კონსტიტუციის მიღება.
რაც შეეხება არჩევნებს, მე ძალიან არ გავვრცელდები და მხოლოდ ორი სიტყვით შემოვიფარგლები: ეს მოვლენა ყველასთვის გაკვეთილია, გაკვეთილია ჩვენთვისაც. ჩვენში ყველაზე საშინელი დესტრუქციული ძალა, რომელსაც მე პროვინციული ფაშიზმი და შავი ძალა ვუწოდე, პრინციპში დამარცხდა. ახლა არენაზე შეიძლება სხვები გამოვიდნენ, სხვა ხელმოცარულები გაერთიანდნენ. როცა არჩევნების გაკვეთილზე ვლაპარაკობთ, ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. ამასთან, როცა ვამბობ, მოულოდნელი არაფერი მომხდარა-მეთქი, ვგულისხმობ ჩემს კოლეგებსა და თანამოაზრეებთან ერთად მიღებულ გადაწყვეტილებას საქართველოში ძლიერი პოლიტიკური ძალის შექმნის შესახებ, მხედველობაში მაქვს საქართველოს მოქალაქეთა კავშირი. ეს ძალა თავისთავად კონსტრუქციული და პოზიტიური ძალა იქნება. ამავე დროს, იგი უნდა დაუპირისპირდეს და დაუპირისპირდება კიდეც იმ ძალებს, რომელთაც ქვეყნის გადარჩენისთვის ბრძოლაში არ სურთ ითანამშრომლონ ყველასთან, დაუპირისპირდება, მათ, ვინც დაადგება ავანტიურისტულ გზას, ისეთს, როგორსაც ჩვენი პროვინციული ფაშიზმი და მისი მესვეურები დაადგნენ.
საქართველოს მოქალაქეთა კავშირზე მე ძალიან დიდ იმედებს ვამყარებ და მოვუწოდებ ყველას, ვისაც გარკვეული ინტერესი აქვს, ნუ დააგვიანებენ, განსაზღვრონ თავისი პოზიცია. ეს ძალა ითანამშრომლებს ყველასთან, ვინც იბრძვის საქართველოში დემოკრატიისა და ქვეყნის გადასარჩენად.
ვიმეორებ, რუსეთში ჩატარებული არჩევნების ჩემი მთავარი კომენტარია: გუშინდელი მოვლენა - ეს არის გაკვეთილი ყველასათვის.
გასული კვირის საინტერესო მოვლენებზე, რაიონის გამგებლებთან, უწყებათა, სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელებთან შეხვედრების შესახებ სახელმწიფოს მეთაურმა თქვა:
- რაც შეეხება გამართულ შეკრებებს, ერთხელ კიდევ მინდა გავუსვა ხაზი: ახლა წესრიგის აღდგენა და კრიმინოგენური ვითარების გაჯანსაღება ყველა პრობლემის გადაწყვეტის გასაღებია. მე როდი ვამბობ, რომ ამით დღესვე აყვავდება საქართველო. მაგრამ, იგივე პურის ნორმირებული განაწილება თბილისში, ქუთაისში, რუსთავში სხვა ქალაქებსა და რაიონებში, როგორც ნახეთ, დადებითი მოვლენაა და ეს შეუძლებელი იქნებოდა, რომ ელემენტარული წესრიგი არ დამყარებულიყო. მოგეხსენებათ, რომ იყო თავდასხმები პურის ქარხნებზე, მაღაზიებზე, გაიტაცეს პურის გადასაზიდი მანქანები და სხვა. იმის შედეგად, რომ პოლიციამ და, განსაკუთრებით მინდა გამოვყო, თავდაცვის სამინისტრომ სერიოზულად მოჰკიდეს ხელი პურის ქარხნების დაცვას, ვითარება გამოსწორდა. სწორედ ამან მოგვცა საშუალება გადავსულიყავით პურის შედარებით უფრო სამართლიან განაწილებაზე, რათა ადამიანმა ის მინიმალური ნორმა მაინც მიიღოს, რაც დღევანდელ ეტაპზე არსებობისთვის არის აუცილებელი. არ ვამბობ, რომ ეს იდეალური ფორმაა. განა ჩვენ არ ვიცით, რომ 300 გრამი პური ძალიან ცოტაა. ამას ვერც ფქვილის დამატება და საბოლოო ჯამში 430 გრამის გაცემაც ვერ აანაზღაურებს. ესეც მინიმალურია, ესეც ძალიან ცოტაა, მაგრამ ასეთი პირობები მაინც ჯობია, ვიდრე განუკითხაობა, პურის მაღაზიებთან გაუთავებელი რიგები და მთელი რიგი სირთულეები. ეს ერთი მაგალითიც კი იმაზე მიუთითებს, რომ სოციალურ-ეკონომიკურ სფეროებში, ყველა სხვა მიმართულებით შეიძლება უკეთესი ვითარება შეიქმნას, თუ ქვეყანაში აღდგება და დამყარდება წესრიგი. გარდა იმისა, რომ პოლიცია შემართული უნდა იყოს, მან, ასევე პროკურატურამ და უშიშროების სისტემამ, უნდა იმუშაონ საგანგებო წესების მოთხოვნათა შესაბამისად: აუცილებელია მთელი ქვეყანა, საქართველოს მთელი საზოგადოება გაერთიანდეს და დაირაზმოს, რომ ეს სიტყვები მარტო სიტყვებად არ დარჩეს. თავისთავად საგანგებო წესების მეორე ეტაპის გამოცხადება არაფერს ნიშნავს, თუ იგი საქმით არ განმტკიცდა. დარწმუნებლი ვარ, რომ დღეს ჩვენს ქვეყანას ყველა საშუალება აქვს წესრიგის დასამყარებლად და იგი დამყარდება კიდეც, თუ მთელი საზოგადოება გამოაცხადებს ამ საქმეს ეროვნული მოძრაობის, ქვეყნის გადარჩენისათვის ბრძოლის ერთ-ერთ უმთავრეს და უახლოეს ამოცანად. ვიმეორებ, ამისათვის მთელი საზოგადოება, ყველა ოჯახი, საქართველოს ყველა მოქალაქე ფეხზე უნდა დავდგეთ.
პურის განაწილება, ასე თუ ისე, სასურველი მიმართულებით მიდის, თუ ტრასებზეც წესრიგი აღდგება, საქართველოს ეროვნული შემოსავალი, მისი ბიუჯეტი სერიოზულად განმტკიცდება.
გუშინ გამგებლებმა მოითხოვეს, კერძოდ, დედოფლისწყაროს გამგებელმა, რომ როგორმე დაინიშნოს მატარებელი, რომელიც დედოფლისწყაროდან გადმოიყვანს ხალხს თბილისამდე, ძირითადად მათ, ვისაც უნდა თბილისში პროდუქტების შემოტანა და მისი რეალიზაცია. ისიც ითქვა, რომ აზერბაიჯანის მიმდებარე რაიონებს, რომლებიც საკმაოდ მსუყედ ცხოვრობენ, კარგი მოსავალი აქვთ და შეუძლიათ პროდუქტების შემოტანა, მათაც უნდათ დაინიშნოს მატარებელი, რათა შეძლონ თბილისში ივაჭრონ თავიანთი პროდუქტებით. ითქვა ასევე იმის შესახებაც, რომ ნინოწმინდიდან, ახალქალაქიდან შემოსატანია დიდი რაოდენობით კარტოფილი, არის ხორცი, საკმაოდ მაღალი ხარისხის რძის პროდუქტები. ხალხს უნდა თბილისში შემოსვლა და ვაჭრობა, მაგრამ, სამწუხაროდ, ტრასები პრაქტიკულად გაუვალია. ტრასებზე ბარბაროსულ კანონად იქცა ავტობუსების, მსუბუქი მანქანების, მატარებლების ძარცვა. ამიტომაც მიმაჩნია - ეს დღევანდელი საქართველოსთვის პრინციპული საკითხია - რომ ტრასებზე ყოველ მიზეზგარეშე უნდა დამყარდეს წესრიგი. ამისათვის, თუ საჭიროა, მე და პრემიერ-მინისტრიც კი პოლიციასთან ერთად დავდგებით ფიზიკურად ტრასაზე.
გუშინწინ თათბირზე ვთქვი, პოლიციის გარდა ტრასებზე არავინ დავინახოთ-მეთქი. როგორც აღვნიშნეთ, პოლიციაც არ არის მთლად ანგელოზი და მასაც ბევრი ცოდვა აწევს, მაგრამ ერთ სისტემაში უფრო დავამყარებთ წესრიგს. დღეს გამოვცემ სახელმწიფოს მეთაურისა და უმაღლესი მთავარსარდლის ბრძანებას იმის შესახებ, რომ აეკრძალოს ყველა სისტემას, ვინც უნდა იყოს ის, ტრასებზე დგომა. ეს მხოლოდ პოლიციის საქმეა. პოლიციას და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოვთხოვე და ამ ბრძანებაში კვლავაც მოვითხოვ, რომ ტრასებზე შექმნილი მდგომარეობისთვის თავად იკისრონ მთელი პასუხისმგებლობა.
- ამ შეხვედრაზე ერთი ასეთი ფრაზაც ითქვა: არ არის საჭირო ღია კარების მტვრევა. გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ვინ დგას საბანკო სისტემებში შექმნილი დარღვევების უკან. ხუთშაბათს, პარლამენტის სხდომაზე, ბატონმა თენგიზ სიგუამ წამოსწია ეს საკითხი. კონტროლის პალატის თავმჯდომარე აცხადებს, რომ არსებობს საკმაო მასალები, საზოგადოება ელის, რომ ბოლოს და ბოლოს გაირკვევა, თუ ვის გაჰქონდა კრედიტები უკანონოდ. უამრავი ლაპარაკია იმის შესახებ, თუ რომელი კომერციული სტრუქტურები დგანან ზოგიერთი პოლიტიკური ორგანიზაციის უკან, ვისი ხელშეწყობით გადის საქართველოდან სტრატეგიული მნიშვნელობის ნედლეული და სხვა. ხომ არ მოხდება რაიმე ზეწოლა გამოძიებაზე?
- ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ვიღაცას უნდა მოასწროს, ვიდრე არ დაგვიანდება, რაღაც კაპიტალი დააგროვოს. ყოფილი პრემიერ-მინისტრი ღია კარს ამტვრევს-მეთქი იმიტომ ვთქვი, რომ გავეცანი წინასწარი შემოწმების მასალებს. ეს ჩემი დავალებითა და თხოვნით გააკეთა კონტროლის პალატამ. საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას, ზოგიერთ სხვა ოპერატიულ სამსახურს, უშიშროებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს, ასევე ჩემგან ჰქონდათ მიღებული მითითება, რომ დაეგროვებინათ მასალები, თუ რა მოხდა სინამდვილეში ამ სისტემაში. მე წარმომიდგინეს კონტროლის პალატის და კომისიის წინასწარი შემოწმების შედეგები და მივიღე გადაწყვეტილება ბანკის პრეზიდენტის გადაყენებაზე, სხვათა შორის, მისივე თხოვნით. ამასთან ერთად, დავნიშნე გლობალური გამოძიება. კარგად ვიცი, რომ, ხანდახან, კეთილი სურვილებით ხდებოდა კრედიტების გაცემა, იქნებ ქვეყანაში რაღაცა შემოვიდესო. და როცა ქვეყანაში შიმშილია, არ არის გამორიცხული, რომ ასეთი რამ მოხდეს. თანაც, კრედიტების გაცემა და გადარიცხვები ადრე პერიოდში თითქმის ყველა რესპუბლიკაში, ყველა ქვეყანაში ხდებოდა. ამიტომ ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არა აქვს საპარლამენტო გნიასსა და დებატებს. მნიშვნელოვანია ის, თუ არსებითად რასთან გვაქვს საქმე, დანაშაულია ეს, თუ ადამიანური შეცდომა, რომელიც ხანდახან კეთილი სურვილებითა და ნებით არის ნაკარნახევი.
ჩემს მიერ მიცემული დავალების შემდეგ სწორედ ამ სფეროში აღძრულია 20-მდე სისხლის სამართლის საქმე. ბევრი რამ გაირკვა. კიდევ უფრო მეტი გაირკვევა და სრული წარმოდგენა გვექნება იმის შესახებ, დანაშაულია ეს, უცოდინარობა თუ შეცდომა. ვფიქრობ, რომ ამის გარკვევის გარეშე პარლამენტს ამ თემაზე მსჯელობა არ შეუძლია. უნდა გაირკვეს ისიც, თუ როგორი ურთიერთობა იყო ბანკსა და მთავრობას შორის, ბანკსა და სახელმწიფოს მეთაურს შორის, რა განკარგულებები იცემოდა. მართალია, ბანკის პრეზიდენტს შეეძლო არ შეესრულებინა არც ერთი განკარგულება, რადგან ეროვნული ბანკი სრული ავტონომიით სარგებლობს და იგი პარლამენტს ემორჩილება, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ ქვეყანაში შექმნილი მძიმე სიტუაციის დროს ბანკის პრეზიდენტი ანგარიშს უწევს პრემიერსაც, სახელმწიფოს მეთაურსაც. ასეთი რეზოლუციები პრემიერის, ვიცე-პრემიერებისა ძალიან ბევრია. არის ჩემი რეზოლუციებიც, თითოეულ მათგანზე პასუხს ვაგებ. ვიცი, რითაც იყო ეს განპირობებული. არც ერთი რეზოლუცია არ იყო ისეთი, გინდა თუ არა გაეცითო. ლაპარაკი იყო იმაზე, თუ მიზანშეწონილია, თუ სასარგებლოა ქვეყნისათვის, თუ რაღაცა შემოვა ქვეყანაში და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი გასარკვევია.
გამოძიების წინაშე დავაყენე ამოცანა: შეამოწმონ არა მარტო 1993 წელი, არამედ 1992 წელიც, რისიც ბევრს ეშინია და, მე მგონი, ამიტომაც ჩქარობენ. ყველაფერი უნდა შემოწმდეს. ვფიქრობ, სწორედ 1992 წელია თანხების გაზიდვის თვალსაზრისით ძალზე საეჭვო წელი. ეს არ ნიშნავს, რომ ვიღაცას ბრალს ვდებ. ან მაშინდელ ხელმძღვანელებს, ან იმათ, ვინც მაშინ პასუხს აგებდა. ყველაფერი უნდა გაირკვეს და პარლამენტს სიმართლე მოხსენდეს. ამიტომ ვამბობ, რომ არ არის საჭირო ღია კარების მტვრევა და ისედაც დაძაბული ურთიერთობის კიდევ უფრო დაძაბვა.
- გასულ კვირას ამერიკაში საქართველოს თანადგომის ფონდმა ჰუმანური დახმარების ტვირთი ჩამოიტანა - რამდენიმე ტონა მედიკამენტი. როგორც მათ პრესკონფერენციაზე თქვეს, ამერიკაში თქვენი ვიზიტისთვის მოამზადებენ თქვენს შეხვედრებს ამერიკის ფინანსურ წრეებთან. მათ ძალიან დიდი პროგრამა აქვთ. ამ ფონდის შემადგენლობაში სერიოზული პოლიტიკოსები არიან. როგორ ფიქრობთ, დღევანდელ სიტუაციაში საქართველოსათვის რა მნიშვნელობა აქვს ამგვარ დახმარებას?
- ვინც დასავლეთში კარგად იცის ჩვენი მდგომარეობა და ჩვენი ხალხის გასაჭირი, განსაკუთრებით, აფხაზეთის მოვლენებთან დაკავშირებით, ყველა ეძებს გზებს, სახელმწიფოებრივი თუ საზოგადოებრივი, კერძო ბიზნესის სახით, რომ საქართველოს დახმარება აღმოუჩინოს. ამასთან დაკავშირებით ჩემს ვიზიტს ამერიკის შეერთებულ შტატებში გარკვეული მნიშვნელობა აქვს. ვერ გეტყვით, როდის შედგება იგი, ეს დამოკიდებული იქნება ჩვენში არსებულ ვითარებაზე. თუმცა ასეთი ვიზიტი საქართველოსთვის საარსებოდ საჭიროა. ისევე როგორც ვიზიტი თურქეთში, საფრანგეთში, ისრაელსა და სხვა ქვეყნებში, საიდანაც მოწვევები გვაქვს.
ამერიკელების დახმარებას, და ამაზე ბევრჯერ მითქვამს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მილიონების ხორბალი მოგვაწოდეს. გადასაყრელი არავის არაფერი აქვს, გვეხმარებიან იმიტომ, რომ ჩვენ დავადექით დემოკრატიული განვითარების გზას და სჯერად ჩვენი.
რაც შეეხება ამ კომიტეტის შექმნას - მე მასზე დიდ იმედებს ვამყარებ. ეს ხსნის იმედია და ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ ვიმუშავებთ ჩვენ თვითონ ამ კომიტეტთან, როგორ ინფორმაციას მივაწვდით არსებულ ვითარებაზე. ვერ გეტყვით, რომ ჩვენი საელჩო იქ სამაგალითოდ მუშაობდეს. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით მე ვერ ვგრძნობ ამას. ალბათ აქედანაც ცუდად ვეხმარებით. მხედველობაში მაქვს საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობის კომიტეტი, საგარეო საქმეთა სამინისტრო. ახლა ყველა შემართული უნდა იყოს, რითაც შეიძლება დაეხმაროს ქვეყანას. ამ კომიტეტს ძალიან ბევრი შეუძლია. იქ არიან შესანიშნავი მოღვაწეები, ჩემი მეგობრები - ბეიკერი, შულცი, ანდრეასი - ერთ-ერთი უდიდესი ბიზნესმენი ამერიკის შეერთებული შტატებისა, ბიზნესმენი კენტალი, სენატორი კრესტონი, ეიზენჰაუერი და მრავალი სხვა. თუ არ ვცდები, ახლა მათ ედუარდ კენედიც შეუერთდა, ასევე ბჟეზინსკიც, რომელსაც ამ დღეებში აქ ველოდებით. რა თქმა უნდა, ამ ხალხს ბევრი შეუძლია.
ვფიქრობ, რომ მარტო საელჩოს მუშაობაც არ კმარა. სხვათა შორის, ჩვენ ახლა ეკონომიკურ საკითხებში წარმომადგენელი დავნიშნეთ - თბილისის მერიის ყოფილი პრემიერი გია ცაგარელი, ძალიან გონებამახვილი და ფართო მასშტაბის მოაზროვნე, კერძოდ, ეკონომიკის სფეროში. მასზე დიდ იმედებს ვამყარებთ. მან შესანიშნავად იცის ენა, იცის ჩვენი ეკონომიკაც, იცის, რა გვჭირდება და რა გვინდა. ამის პარალელურად, ცუდი არ იქნებოდა, რომ ჩვენთან შექმნილიყო საზოგადოებრივი კომიტეტის მსგავსი რამ, რომელიც ითანამშრომლებს ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედ კომიტეტთან, სხვათა შორის, ასეთი მოძრაობა, თუ ჩვენ ხელს შევუწყობთ, ამერიკის შეერთებული შტატების მსგავსად, ევროპაშიც შეიძელება გამოიკვეთოს. არის ბევრი მსურველი - გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში და ზოგიერთ სხვა ქვეყნებში - შეიქმნას არა სახელმწიფოებრივი, არამედ საზოგადოებრივი სტრუქტურა, რომელიც იმუშავებს საქართველოში დემოკრატიის ინტერესების, საქართველოს გადარჩენისათვის.
- თავის დროზე, როცა შავი ზღვის ქვეყნების ალიანსი შეიქმნა, მას ძალიან დიდი იმედით ვუყურებდით. ამ ბოლო დროს, თითქოს ყურადღება მოდუნდა მის მიმართ. როგორც ვიცით, ახლა ამ ეკონომიკურ კავშირში საქართველოს თავმჯდომარეობის პერიოდი მოდის. თქვენი აზრით, ნიშნავს ეს რამეს თუ არა საქართველოსათვის, მით უმეტეს, დღევანდელი პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე?
- მე ერთხელ ვთქვი, რომ რაღაც გაუგებრობა მოხდა და ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა ამ ქვეყნებში, რომ თითქოს, საქართველო უარს ამბობს თავმჯდომარეობაზე ამ შემდგომ პერიოდში. ჯერ კიდევ ვერ დავადგინე, საიდან მოდის ეს, ვისთანაა დაკავშირებული, საგარეო საქმეთა სამინისტროსა თუ სხვასთან. რატომ დამკვიდრდა ასეთი აზრი, რომ ჩვენ ღარიბი ქვეყანა ვართ, ხარჯებს ვერ ავიღებთ და ამიტომ უარი უნდა ვთქვათ. ღარიბი ქვეყანა რომ ვართ და ჯერჯერობით სტაბილური ვითარება რომ არ არის, სწორედ ამიტომ არ უნდა თქვას საქართველომ უარი თავმჯდომარეობაზე. მომავალი წლის პირველი ნახევრის განმავლობაში საქართველო უნდა იყოს ამ ქვეყნების ალიანსის თავმჯდომარე და თავისთავად ეს არა მარტო პრესტიჟულია, არამედ ძალიან სასარგებლო და საჭირო. ჩემი პრაქტიკიდან მახსოვს: ისეთი მდიდარი ქვეყნების, როგორებიც არიან ავსტრია, შვეიცარია, ხელმძღვანელები იბრძოდნენ, რომ მიეღოთ უფლება ვენაში ან ჟენევაში, ან მათი ქვეყნების რომელიმე სხვა ქალაქებში ღონისძიების გასამართავად, რადგან, ამასთან დაკავშირებულია მთელი რიგი სიკეთე, მათ შორის, ვაჭრობის გამოცოცხლება და მრავალი სხვა. მიმაჩნია, რომ ასეთ მისიაზე საქართველომ უარი არ უნდა თქვას. თუ საბოლოოდ გადაწყდება ამ ქვეყნების გაერთიანებაში ჩვენი თავმჯდომარეობის საკითხი, მაშინ ჩვენ ღირსეულად უნდა შევასრულოთ ეს მისია. მინდა ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ გაჯანსაღდება კრიმინოგენური ვითარება. ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ აქ საგარეო საქმეთა მინისტრები, უფრო მაღალი რანგის პირები ჩამოვიდნენ და ეს რაიმე რისკთან იყოს დაკავშირებული. ამიტომაც, მგონია, საქართველოში ამ ღონისძიების გატარება - სახელის, პრესტიჟის სასარგებლო საქმეა.
- გუშინ თქვენ ოპერის თეატრში ბრძანდებოდით ნინო რამიშვილის, ოდისეი დიმიტრიადის და ზურაბ ანჯაფარიძის საღამოზე. ეს ის სახელებია, რომლებითაც სამართლიანად ამაყობს საქართველო. მაგრამ, დღეს, სამწუხაროდ, საქართველოდან მიდიან არა მხოლოდ ბიზნესმენები, არამედ ინტელექტუალური ძალები. როგორ ფიქრობთ ამ ნაკადის შეჩერებას?
- მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ქალბატონ მანანა დოიჯაშვილს და მის კოლეგებს, ვინც ამ საღამოს ორგანიზაცია მოაწყო, ბატონებს კოტე მახარაძეს, ჯანსუღ კახიძეს და სხვებს შესანიშნავი ღონისძიებისათვის. ხანდახან, როცა ზოგიერთ გაზეთს წაიკითხავ და ტელეგადაცემას ნახავ, ადამიანს ხელები ჩამოგიცვივდება, გინდა ცხოვრებას დაანებო თავი, სიცოცხლეზეც კი თქვა უარი. იმიტომ კი არ ვამბობ, რომ ეს არარეალურია. მართლაც უმძიმესი ვითარებაა. მაგრამ ამ დროსაც კი, როცა ადამიანები მიდიან ბრძოლაში და ბევრმა იცის, რომ იქედან ცოცხალი ვერც დაბრუნდება, მაინც თავის მოვალეობად რაცხს, თუკი ამის საშუალება არის, სპექტაკლი ნახოს, ან მუსიკა მოისმინოს. ეს განსაკუთრებით გაჭირვების ჟამს სჭირდება ადამიანს. მე გუშინ მივესალმე ამ კორიფეებს, რამდენიმე სიტყვაც ვუთხარი. მართლაც კორიფეები არიან ქალბატონი ნინო რამიშვილი, ბატონი ოდისეი დიმიტრიადი, განსაკუთრებული ქართული ფენომენი ზურაბ ანჯაფარიძე, მართლაც ეს ბრწყინვალე სამეული. როგორი ატმოსფერო იყო იქ, იმ ორი საათის განმავლობაში ადამიანები ხელოვნებით ცოცხლობდნენ და ყველა იქ მყოფიც საქართველოზე ფიქრობდა, ფიქრობდა არა იმაზე, როგორ დაიღუპება საქართველო, არამედ იმაზე, როგორ გადარჩება საქართველო, როგორ შეეშველება ქართველი ხალხის მიერ საუკუნეების მანძილზე შექმნილი დიდი ხელოვნება ქვეყნის გადარჩენასა და აღორძინებას.
გული მწყდება, თუ ეს საღამო ვერ ჩაიწერა ტელევიზიამ. იმიტომ, რომ იმდენად ჭკვიანურად, კარგად, ყოველგვარი ზედმეტობის გარეშე იყო ეს ჩაფიქრებული და იმდენად გულწრფელი იყო დამოკიდებულება ამ დიდი სამეულისადმი, რომ ცოდვა იქნება, ეს ქართველმა ხალხმა ვერ ნახოს.
ჩვენი სიმბოლური ჯილდო, რომელიც დაკანონებული კია, მაგრამ ჯერ დაბეჭდილი არ არის, მე მათ ვერ ჩავაბარე. სხვათა შორის, ბატონ ოდისეის დავპირდი, რომ ჯილდოს ჩავაბარებ საბერძნეთში, სადაც თვითონ მიემგზავრება. მე გამოვხატე ხელისუფლების დამოკიდებულება ამ სამი დიდი ადამიანისადმი.
რაც შეეხება ტალანტების, ინტელექტის გადინება-გასვლის პრობლემას, მგონია, რომ ამას, ჯერჯერობით, კატასტროფული სახე არ მიუღია. ტყუილია, რომ საზღვარგარეთ წასულია ნახევარი მილიონი ახალგაზრდა. არაფერი ამის მსგავსი არ არის. ლაპარაკია 5-10 ათასზე. დაახლოებით ვიცი, ვინც წავიდა - მეცნიერები, ხელოვნების მოღვაწეები. მე ბერლინში ვნახე გია ყანჩელი და ვისაუბრეთ. მიმაჩნია, რომ ძალიან დიდი საქმე კეთდება. გიამ იქ გაიტანა ქართული მუსიკა იმ მასშტაბით, რომელსაც ჩვენ ვერც კი წარმოვიდგენდით. ჯანსუღ კახიძემ უდირიჟორა უზარმაზარ შეკრებას ელისეის მინდორზე, სადაც ლამის 100 ათასი კაცი იყო. მარტო ამისათვის რომ წასულიყო ორი თვით ან ერთი წლით, რათა ქართულ სადირიჟორო სკოლაზე წარმოდგენა შექმნოდათ, ღირდა ეს. როგორ შეიძლება ვინმემ წარმოიდგინოს, რომ ლიანა ისაკაძე სამუდამოდ დარჩება საზღვარგარეთ. იგი იქ ამკვიდრებს წარმოდგენას ქართულ ხელოვნებაზე, ქართულ საშემსრულებლო სკოლაზე, ქართულ კულტურაზე. გავა გარკვეული დრო და იგი გამდიდრებული დაბრუნდება საქართველოში. არ არსებობს ტალანტი სრულყოფილი, თუ იგი არ ეზიარა საგანძურს, რომელსაც ევროპული კულტურა, მუსიკა, მხატვრობა ჰქვია.
ბევრ წერილს ვიღებ შესანიშნავი გამოხმაურებით ჩვენი ახალგაზრდების შესახებ ამერიკის შეერთებული შტატებიდან, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან, საფრანგეთიდან. შესანიშნავი ახალგაზრდობა წავიდა იქ იმისათვის, რომ ისწავლონ. მე მგონი, ჩვენ ამ გაჭირვების დროს უნდა მივესალმოთ და ხელი შევუწყოთ ამგავრ ინიციატივას. რაღაც ნაწილი შეიძლება დარჩეს იქ, მაგრამ ესეც არაა დაკარგული. საქართველოს მოქალაქეთა კავშირის დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ უცხოეთშიაც შეიქმნება მისი ფილიალები და განყოფილებები და იქ დარჩენილებსაც ექნებათ საშუალება იცხოვრონ საქართველოს ცხოვრებით. ასე რომ, ამაში, თავისთავად, მე დიდ საფრთხეს ვერ ვხედავ. პირიქით, მიმაჩნია, რომ მეტია დადებითი და პოზიტიური, ვიდრე უარყოფითი.
ედუარდ შევარდნაძე: წესრიგის აღდგენა და კრიმინოგენური ვითარების გაჯანსაღება ყველა პრობლემის გადაწყვეტის გასაღებია // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 14 დეკემბერი. - №262 (790). - 1,2 გვ.
![]() |
177 ეს დროის მოთხოვნაა |
▲ზევით დაბრუნება |
15 დეკემბერს თბილისში გაიმართა აღმოსავლეთდასავლეთის ურთიერთობის საერთაშორისო კვლევითი ცენტრის პრეზენტაცია
საქართველოს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში დიდმნიშვნელოვანი მოვლენაა თბილისში აღმოსავლეთ-დასავლეთის ურთიერთობის საერთაშორისო კვლევითი ცენტრის შექმნა. მისი პრეზენტაცია 15 დეკემბერს გაიმართა რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის გიორგი წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში, რომლის ბაზაზეც შეიქმნა ახალი ორგანიზაცია.
საზეიმო ცერემონიის გახსნისას ცენტრის თავმჯდომარემ აკადემიკოსმა თამაზ გამყრელიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ცენტრის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის დაპირისპირების პრობლემების კვლევა, საქართველოს გადაქცევა მათი გლობალური პოლიტიკური დიალოგის საკვანძო ცენტრად, კულტურის, ეროვნული და რელიგიური ტოლერანტობის შესწავლა და განზოგადება.
სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აკურთხა ახალი საერთაშორისო კვლევითი ცენტრი. მან, კერძოდ, აღნიშნა, რომ საქართველოს პოლიტიკური დიალოგისა და კონფესიური ურთიერთობის დიდი ტრადიციები აქვს, რომლებიც სამაგალითო შეიძლება გახდეს მთელი მსოფლიოსთვის. აქ მშვიდობითა და თანხმობით ცხოვრობენ ქრისტიანები, მაჰმადიანები, იუდეველები, სხვა სარწმუნოებათა ადამიანები. მათ შორის არასოდეს ყოფილა უთანხმოებანი რელიგიურ ნიადაგზე. ილია მეორემ, რომელიც ცენტრის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორია, დალოცა იგი. მოხარული ვარ, თქვა მან, რომ ჩვენი სახელმწიფოს მეთაური დათანხმდა იყოს მისი პრეზიდენტი.
პრეზენტაციაზე გამოვიდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე - სახელმწიფოს მეთაური, აღმოსავლეთ-დასავლეთის ურთიერთობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე. მან აღნიშნა:
- ჩვენ დავაარსეთ და ვხსნით ცენტრს საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანეს მომენტში. იგი იხსნება ეპოქათა მიჯნაზე. ესაა ეპოქა ტოტალიტარიზმის მსხვრევის და პოსტსაბჭოური გარდაქმნებისა, ეპოქა - დაწყებული მსოფლიოში ბიპოლარული დაპირისპირების დასრულების შემდეგ. ტოტალიტარიზმმა შეწყვიტა არსებობა, თუმცა დაგვიტოვა ყალბი დოქტრინებისა და იდეოლოგიის ნანგრევები, რომელთა განხორციელებას მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ამ დოქტრინებს მეტამითური უწოდა ჩვენმა პატივცემულმა სტუმარმა ბატონმა ზბიგნევ ბჟეზინსკიმ. მაგრამ მათ წარმოშვეს სრულიად არამითური მეტატერორიზმი და ხალხის მეტაგანადგურება იდეოლოგიური მოსაზრებებით.
მომდევნო ეპოქაც - პოსტკომუნისტური, პოსტსაბჭოური - დესტრუქციით აღინიშნა. ტოტალიტარიზმი და ფუნდამენტალიზმი უბრძოლველად არ თმობენ პოზიციას. ამ თვალსაზრისით ჩვენი - საქართველოს, კავკასიის - მაგალითი ყველაზე უფრო საგულისხმოა.
სწორედ ამიტომ არის კანონზომიერი ცენტრის შექმნა აქ, საქართველოში, თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ წერტილში. ჩვენ ვქმნით ცენტრს არა მხოლოდ ეპოქალურ სნეულებათა შესასწავლად, არამედ მათ სამკურნალოდაც.
იდეოლოგიებმა, როგორც უკვე ვთქვი, ახლო წარსულში მიიღეს ტოტალურად თვითმიზნური ხასიათი. ისინი გაბატონდნენ ადამიანის საქმიანობის უკლებლივ ყველა სფეროზე. თვით სახელმწიფოთა შორის ურთიერთობაში, დიპლომატიაშიც კი, სადაც საღ აზრსა და ლოგიკას უნდა ჰქონოდა პრიმატი, იდეოლოგიამ დაიქვემდებარა ყველაფერი, იგი თვით სახელმწიფოს ინტერესებზე მაღლა დადგა. ამის შედეგად სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობანი იდეოლოგიის ტყვედ იქცა. იდეოლოგიის ტყვედ იქცა ომისა და მშვიდობის, განიარაღების, ადამიანთა უფლებების, სიცოცხლისა და სიმშვიდის საკითხებიც.
თავის დროზე ჩვენ დავაყენეთ საერთაშორისო ურთერთობათა დეიდეოლოგიზაციის საკითხი და არა მხოლოდ დავაყენეთ, არამედ პრაქტიკულად გამოვრიცხეთ კიდეც იდეოლოგიური მიდგომა ამ სფეროში. ეს იყო თავგანწირული ცდა სახელმწიფოთა ურთიერთობის გათავისუფლებისა იდეოლოგიზებული, სხვა სიტყვებით, კლასობრივი მიდგომისაგან, რამაც გათიშა მსოფლიო. ჩვენ უარვყავით თეზისი იმის შესახებ, რომ მშვიდობიანი თანაარსებობა არის კლასობრივი ბრძოლის სპეციფიკური ფორმა. სამაგიეროდ, ნათლად ვთქვით: „ორი სისტემის დაპირისპირება არ არის თანამედორვე ეპოქის მამოძრავებელი ძალა, რომ თუ ეს დაპირისპირება გაგრძელდება, კაცობრიობა კატასტროფის წინაშე დადგება“.
ამასთან დაკავშირებით მახსენდება ერთი ეპიზოდი: შეერთებული შტატების მაშინდელმა სახელმწიფო მდივანმა ჯორჯ შულცმა არ დაიჯერა, რომ მე ამგვარი განცხადება გავაკეთე და ელჩი მეტლოკი გამომიგზავნა. მე დავადასტურე: „დიახ, ნამდვილად ასე ვთქვით“. ამით დაიწყო შემხვედრი მოძრაობა საბჭოთა კავშირ-ამერიკის, აღმოსავეთ-დასავლეთის ურთიერთობაში. დაიწყო ცივი ომისდროინდელი დაძაბულობის განმუხტვა, დათბა მსოფლიო კლიმატი. ჩამოიგლიჯა „რკინის ფარდა“.
მსოფლიოს გათიშვის დაძლევის, დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის დაპირისპირების გადალახვის მსოფლმხედველობრივი საფუძველი გახლდათ კლასობრივისა და ზოგადკაცობრიულის ჩვენეული პერესტროიკისეული გაგება, რაც თითქმის გადატრიალებას ნიშნავდა ბოლო წლების თეორიულ აზროვნებაში.
დღეს ბევრს პაექრობენ, როდის დასრულდა ცივი ომი - მალტაში შეხვედრის დროს თუ ბერლინის კედლის დანგრევისას, „ხავერდოვანი რევოლუციის“ გამარჯვებით თუ გერმანიის გაერთიანებით? მე ვამტკიცებ, რომ ცივი ომი დასრულდა მაშინ, როდესაც მომწიფდა ახალი აზრი, როცა გავაცნობიერეთ არსებული ბიპოლარიზმის არაბუნებრივობა, დამღუპველობა და როცა ამბოხებულმა გონმა წარმოშვა დოქტრინებისა და კონცეფციების ალტერნატივა.
ყოველივე ეს უაღრესად აქტუალურია საქართველოსთვის. ჩვენში ხომ საზოგადოებრივი შეგნება დიდი ხნით აღმოჩნდა ფსევდოიდეებისა და ცრუწარმოდგენების ტყვეობაში. სწორედ ამ ტყვეობის პრაქტიკული გამოვლინება გახლდათ პროვინციული ფაშიზმი გამსახურდიას სახით და აგრესიული სეპარატიზმი, რომელიც ასე ტრაგიკულ მასშტაბებში განვითარდა აფხაზეთში. ყოველივე ეს ასუსტებს სახელმწიფო ხელისუფლებას, თიშავს ხალხს. ჩვენ გვჭირდება ერთადერთი ხელისუფლება - ცოცხალი, შემოქმედებითი აზრისა და, მჯერა, ცენტრი ხელს შეუწყობს ამგვარი აზრის ფორმირებას.
ზემოთქმულთან დაკავშირებით მინდა ჩვენს სტუმარს შევახსენო 1991 წლის შემოდგომა, როცა ის და მე ერთმანეთს უნდა შევხვედროდით ოსაკაში, სადაც ტარდებოდა საერთაშორისო კონფერენცია. შეხვედრა არ შედგა; საბჭოთა კავშირში მომხდარმა მღელვარე ამბებმა მე მოსკოვში ჩამტოვეს. ჩვენ მოგვიანებით, ნოემბერში შევხვდით საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროში. ბატონმა ბჟეზინსკიმ თავისი პროგნოზი გამანდო მსოფლიოს მომავალთან დაკავშირებით. ეს იყო შეშფოთება პოლიტიკური მოაზროვნისა, რომელიც თავის მოვალეობად თვლის არა მხოლოდ წინასწარგანჭვრეტას, არამედ, პირველ ყოვლისა, ადამიანთა გაფრთხილებას.
კაცობრიობა ბევრ უბედურებას აიცილებდა, პატიოსანი და ნათელი მოაზროვნეებისთვის რომ ეგდო ყური. ჯერ კიდევ სამოციან წლებში სტრატეგიულ კვლევათა ცენტრის ლიდერმა იწინასწარმეტყველა, რომ საბჭოთა კავშირი შეიძლება დაანგრიოს ერთაშორისმა წინააღმდეგობებმა. არც მაშინ, არც მერე კრემლში ეს არავინ იღო ყურად. ამერიკელი მოაზროვნე „ქორად“ ჩათვალეს. ხოლო მისი გამონათქვამი - იდეოლოგიურ დივერსიად. დრომ უჩვენა, ვინ იყო მართალი.
ვისურვებდი, რომ ჩვენს ცენტრში იქმნებოდეს სერიოზული პროგნოზები, რომელთაც გაითვალისწინებენ პოლიტიკოსები საქართველოშიც და მის საზღვრებს გარეთაც. ვისურვებდი, რომ კვლევა-ძიება აქ მსოფლიოს სტანდარტების დონეზე წარმოებდეს. ბატონი ბჟეზინსკის ჩვენთან ყოფნა ჩემთვის არის დასტური იმისა, რომ სწორედ ასეთი მასშტაბის საქმიანობას ვესწრაფვით.
დიახ, ბატონებო, დიდად მოხარული ვარ, გაუწყოთ, რომ ბატონმა ბჟეზინსკიმ დაგვდო პატივი და ხდება ჩვენი ცენტრის საპატიო წევრი. კეთილი იყოს თქვენი საქართველოში ჩამობრძანება. გმადლობთ, რომ გვესტუმრეთ, და მონაწილეობას მიიღებთ ჩვენს საქმეებში.
დაბოლოს, ახლა ძნელბედობა და სიდუხჭირეა საქართველოში. მინდა ჩემს ხალხს ვუთხრა - არ შეიძლება ასე გაგრ- ძელდეს დიდხანს, არ შეიძლება 21-ე საუკუნის მიჯნაზე კაცობრიობა შეეგუოს ერების, ხალხების დაყოფას ორ სფეროდ - ღარიბთა, დამშეულთა და მდიდართა, ბედნიერთა და უბედურთა სფეროებად. იქნება ერთი სფერო - ბედნიერი მოაზროვნე ხალხთა თანამეგობრობა. წარმატებას ვუსურვებ ცენტრს, მთელ მის კოლექტივს.
[...]
ეს დროის მოთხოვნაა : 15 დეკემბერს თბილისში გაიმართა აღმოსავლეთ-დასავლეთის ურთიერთობის საერთაშორისო კვლევითი ცენტრის პრეზენტაცია // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 16 დეკემბერი. - №264 (792). - 1 გვ.
![]() |
178 უწინარესად ენერგეტიკული პრობლემები უნდა გადავწყვიტოთ! |
▲ზევით დაბრუნება |
ედუარდ შევარდნაძის 20 დეკემბრის რადიოინტერვიუ
- გასულ კვირას კვლავ ყურადღების ცენტრში იყო ფულად-საკრედიტო პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხები. ექსპრემიერმა საკმაოდ სერიოზული ბრალდება წამოგიყენათ. მან თქვა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გადაწყვიტა საქართველოში სტაბილიზაციის ფონდის შექმნის მიზნით 200 მილიონი დოლარი გადმოერიცხა, თუკი ეროვნული ბანკი თავის ფულად-საკრედიტო პოლიტიკას შეცვლიდა. თქვენ კი ეს წერილი გადამალეთ, რომ ხალხს უსასოობის განცდა გასჩენოდა და თანამეგობრობაში შესვლაზე დაგთანხმებოდათ, - კომენტატორ ნატო ონიანის ამ შეკითხვით დაიწყო პარლამენტის თავმჯდომარის - სახელმწიფოს მეთაურის ედუარდ შევარდნაძის ტრადიციული რადიოინტერვიუ.
- ამ კითხვასთან დაკავშირებით მომიხდება არასერიოზულ პრობლემაზე სერიოზული პასუხის გაცემა. ასეთი წერილი სავალუტო ფონდიდან მართლაც მივიღეთ. სავალუტო ფონდმა ჩამოაყალიბა თავისი პირობები, თუ რა შემთხვევაში შეიძლებოდა საქართველოს სტაბილიზაციის ფონდის შესაქმნელად მიეღო გარკვეული კრედიტი. ლაპარაკი იყო 60-დან 70-მდე მილიონ დოლარზე. წამოყენებული იყო რეკომენდაციების მთელი კომპლექსი - ფინანსური სფერო და ურთიერთობა, კანონმდებლობა, ბიუჯეტის გასავალ-შემოსავალი, სოციალური ხარჯების შემცირება-მოწესრიგება და სხვა მრავალი.
შემიძლია გამოვაქვეყნო ის წერილი. არაფერი საიდუმლო აქ არ არის. მასში, რა თქმა უნდა, იყო ლაპარაკი საკრედიტო პოლიტიკაზეც, როგორც აქ წამოყენებული პირობების ერთერთ ელემენტზე. ამ დოკუმენტზე არის ჩემი რეზოლუცია მაშინდელი ვიცე-პრემიერისათვის ბატონ რომან გოცირიძისთვის: სასწრაფოდ შეისწავლეთ და მიეცით მსვლელობა.
ეს საკითხი ახლაც შესწავლის სტადიაშია. სავალუტო ფონდთან ჩვენ ბვერი რამ გვაქვს გასარკვევი. მიუხედავად იმისა, რომ წინა მინისტრთა კაბინეტიდან ბევრმა იმოგზაურა ვაშინგტონში, გამოვიდა კიდეც იქ სიტყვით, ესწრებოდა სხვადასხვა ფორუმებს, ურთიერთობა, ჯერჯერობით, მაინც არ არის აგებული მყარ, საქმიან საფუძველზე.
მე ვემზადები შეერთებულ შტატებში გასამგზავრებლად. მანამდე იქ ჩავლენ ჩემი წარმომადგენლები. არ გამოვრიცხავ, რომ გავაგზავნო ბატონი ჯავახიშვილი, ან ფინანსთა მინისტრი, ან ორივენი ერთად. ჩემი იქ ყოფნის დროს მექნება საკმაოდ ხანგრძლივი საუბრები სავალუტო ფონდის ხელმძღვანელობასთან თუ როგორ ვითანამშრომლოთ შემდგომში, რა პირობებია გასათვალისწინებელი, ბუნებრივია, ამის შესახებ საზოგადოება ინფორმირებული იქნება.
რამდენად ზნეობრივია თუ უზნეო ბატონ თენგიზის გამოსვლები, ეს თვითონ მკითხველმა და მსმენელმა განსაჯოს და იმსჯელოს. ქვეყანა კრიზისში შეიყვანო, ხალხი აშიმშილო იმისათვის, რომ თანამეგობრობაში შეხვიდე, ამის საფუძველი მოიპოვო - ეს რომ თქვა, გაბოროტებამ, ალბათ, გონება უნდა დაგიბინდოს და დაგინისლოს, არ ვიცი, რა ჭირს და რა დაემართ მას.
რაც შეეხება ფულად-საკრედიტო პოლიტიკას, გადაწყვეტილებები მიღებულია, ყველაფერი შემოწმებულია. ამ რამდენიმე დღის წინათ გაიმართა სამართალდამცავი ორგანოებისა და საკონტროლო სისტემების მუშაკთა დიდი თათბირი, მოვისმინე მათ მიერ განხორციელებული მუშაობის პირველი შედეგები. მუშაობა ინტენსიურად მიმდინარეობს. ყველაფერი გაირკვევა, ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა და სათანადოდ შეფასდება.
ვფიქრობ, ამ ეტაპზე გასაკეთებელზე მეტი გაკეთდა, კერძოდ, დიდი წინასწარი შემოწმების გარეშე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ბატონი დემურ დვალიშვილი გადადგა. შემდეგ სამართალდამცავი ორგანოების მონაწილეობით დაინიშნა შემოწმებები. ყველა ეპიზოდი ცნობილია: რა გაიცა, ვინ წაიღო, რამდენად საფუძვლიანი და სამართლიანი იყო ეს გადაწყვეტილებები. ყველაფერი შეფასდება კანონის პოზიციებიდან.
მე იმის განკარგულებაც გავეცი, რომ შემოწმების შედეგები გამრავლდეს და დაეგზავნოს ყველა პარლამენტარს, არაფერი საიდუმლო ამაში არ არის.
ბანდიტურ ჯგუფებთან ბოლო დროს გააქტიურებული ბრძოლის მიმდინარეობის შესახებ სახელმწიფოს მეთაურმა თქვა:
- დასკვნა ასეთია: შინაგან საქმეთა სამინისტროში და სხვა სამართალდამცავ ორგანოებში ბანდიტური ჯგუფების შესასწავლად მუშაობა ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარეობდა და ახლა მოხდა მისი რეალიზაცია. აქამდე რატომ არ მოხდა? იმიტომ, რომ ჩვენი ყურადღება დაკავშირებული იყო ჯერ აფხაზეთის ომთან, მერე კი დასავლეთ საქართველოს პრობლემებთან, ჩვენს წინაშე სხვა ამოცანები იდგა და ამის გამო დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლას ვერ ექცეოდა ისეთი ყურადღება, როგორსაც ეს პრობლემა იმსახურებს.
არ შემიძლია ერთხელ კიდევ არ აღვნიშნო იმ აქციების მნიშვნელობა, რაც დასავლეთ საქართველოში განხორციელდა. უმთავრესი შედეგი კი ის არის, რომ სამეგრელომ ამოისუნთქა და ამოისუნთქა საქართველომაც. მე სწორედ ამას ვგულისხმობდი, როცა ვამბობდი, ამ კუთხეს მზრუნველობით უნდა მივხედოთ-მეთქი, ისე როგორც ყველა ჩვენს რეგიონს, რაიონს. ვფიქრობ, რომ ახლა დაიწყო გაჯანსაღების პროცესები, იქმნება შედარებით ნორმალური ცხოვრების პირობები. სწორედ ამან მოგვცა საშუალება, რომ უფრო ინტენსიურად და ორგანიზებულად ვიმუშაოთ დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე.
მინდა ერთხელ კიდევ აღვნიშნო შინაგან საქმეთა სამინისტროს გააქტიურება დამნაშავეობის და, განსაკუთრებით, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში. ორივე ოპერაცია - „სვირის საძმოსა“ და ქუთაისისა, ასევე სხვებიც, რომლებიც ჯერ არ არის ცნობილი და, დარწმუნებული ვარ, დაგეგმილი აქვს სამინისტროს, ეს იმის შესახებ ლაპარაკობს, რომ საქართველოში არიან ძალები, კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროში, რომელთაც შეუძლიათ ქვეყანაში წესრიგი დაამყარონ.
ზოგიერთი პოლიტიკური ძალები ამასთან დაკავშირებით ბევრს ნერვიულობენ, ზოგიერთი წინასწარ იზღვევს თავს. მე ასე ვიტყოდი: პოლიტიკური ძალები ბანდიტურ ფორმირებებს, საერთოდ, შეიარაღებულ ფორმირებებს არ უნდა ქმნიდნენ. თუ ქმნიან, პასუხს აგებენ. მინდა ყველა დავარწმუნო, რომ ყველაფერი კანონის ფარგლებში მოხდება, კანონს ვერავინ გადაუხვევს. ასე რომ, ვისაც კანონი არ დაურღვევია, შეუძლია მშვიდად იყოს, ვინც დაარღვია, იმან, ალბათ, უნდა იფიქროს...
გასულ კვირას საქართველოს მოქალაქეთა კავშირის ინიციატივით გამართული ბიზნესმენებთან შეხვედრის შესახებ ედუარდ შევარდნაძემ აღნიშნა:
- ახალი წლიდან საქართველოში შემოდის ინგლისის აღიარებული ფირმა, რომელსაც ჩრდილოეთის ზღვაში ნავთობის მოპოვების დიდი გამოცდილება აქვს. გაზის საძიებო სამუშაოებთან დაკავშირებით ჩვენთან იმუშავებენ ამერიკელები, ავსტრალიელები. გადაწყდა, რომ თბილისთან ახლოს აშენდება შედარებით მინიატურული ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა, დაახლოებით, 3-4 ათასი ტონის სიმძლავრით და ამასთან ერთად გაიზრდება ნავთობის მოპოვება თბილისის მიმდებარე რაიონებში. ეს საშუალებას მოგვცემს შევქმათ აუცილებელი მარაგი განსაკუთრებული შემთხვევებისთვის, შევქმნათ რეზერვი ნორმალური განათებისა და გათბობისთვის, თვითმფრინავების, სასწრაფო დახმარების მანქანების და სხვა საშუალებების დაუბრკოლებელი ექსპლოატაციისთვის.
გერმანელები კომუნიკაციებში მილიონებს აბანდებენ. ფირმა „სიმენსმა“ 50 მილიონი მარკის დაბანდებაზე მიიღო გადაწყვეტილება საქართველოში კავშირგაბმულობის საშუალებათა განვითარებისათვის. შემდეგ იყო „ტენდერი“ - გაიმარჯვა ავსტრალიურმა ფირმამ, რომელიც 13 მილიონ დოლარს ჩადებს საქმისათვის. მომავალი წლიდან დაიწყება ეს სამუშაოები. კომუნიკაციები ყველაფრის საფუძველია და ეს მათ კარგად ესმით.
განახლდა მოლაპარაკება ფოთთან, ბათუმთან დაკავშირებით. ის, რაც ადრე მხოლოდ მოსაზრების დონეზე იყო, ახლა უკვე რეალურ და კონკრეტულ გამოხატულებას იღებს.
ჩვენ გასანაწილებელი გვექნება 30 მილიონი გერმანული მარკა, რომელიც ასევე კრედიტის სახით უნდა მივიღოთ. ახლა მთავრდება თურქული კრედიტის განაწილება. ყველაფერ ამაში ჩართული იქნებიან ჩვენი უცხოელი პარტნიორები. ჩემი და მოქალაქეთა კავშირიდან ჩემი კოლეგების შეხვედრა ბიზნესმენებთან სიმბოლური იყო. ჩვენ ასევე გადავწყვიტეთ: შეიქმნება ბიზნესცენტრი და ამ ცენტრში თვეში ერთხელ გვექნება შეხვედრები, რომლებზეც განვიხილავთ ქართული ბიზნესისთვის საჭირბოროტო პრობლემებს. ბიზნესმენებთან შეხვედრაზე ვთქვი და ახლაც ვიმეორებ: საქართველოს ეკონომიკა მხოლოდ თანამედროვე ბიზნესის მეშვეობით გამოვა მდგომარეობიდან და ნამდვილ, პატიოსან ბიზნესს მოვლა-პატრონობა, მეთვალყურეობა და დახმარება სჭირდება.
მე ვხედავ, რომ მოვიდა საინტერესო ადამიანების ჯგუფი. მათ შორის არიან ახალგაზრდები, მათთან ერთად ეკონომიკის სხვადასხვა სფეროს გამოცდილი ადამიანები.
კომენტატორის კითხვაზე, აქვს თუ არა რაიმე ჩანაფიქრი ქვეყნის ხელისუფლებას ენერგეტიკული პრობლემების მოსაგვარებლად, სახელმწიფოს მეთაურმა თქვა:
- სამწუხაროდ, ადრეულ წლებში საკმაოდ მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტების მიერ მომზადებული საქართველოში ენერგეტიკის განვითარების გეგმები გარკვეული მიზეზების გამო არ განხორციელდა. ენერგეტიკული კრიზისი, საშინელი გაჭირვება, რასაც დღეს განვიცდით, იმ პოლიტიკის შედეგია, რომელსაც წლების განმავლობაში ახორციელებდა ხელისუფლება. ჩვენ კი, ჯერჯერობით, გარდატეხას ვერ მივაღწიეთ.
ჩვენი ღონისძიებები ორ ეტაპად უნდა გაიყოს: პირველი ის, რაც დღეს, ხვალ ან მომავალ სეზონში აუცილებლად უნდა გაკეთდეს. და მეორე, უფრო პერსპექტიული მოსაზრებების ჩამოყალიბება, რომლებმაც გარკვეული გეგმის ხასიათი უნდა მიიღონ და მათ სარეალიზაციოდ აუცილებელი იქნება უცხოური კაპიტალის მონაწილეობა.
ამასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება მივიღე, რომ შეიქმნას სახელმწიფო კომისია - სამუშაო ჯგუფი, რომელმაც უნდა მოამზადოს სახელმწიფო პროგრამა, დაახლოებით ათწლიანი პერსპექტივით - რა რესურსები აქვს საქართველოს და როგორ უნდა გამოვიყენოთ იგი. ჩვენ ვერ ვაფასებთ იმ უზარმაზარ სიმდიდრეს, რომელსაც ჰიდრორესურსები ჰქვია. თუ ვიანგარიშებთ რა რაოდენობის რესურსები მოდის ერთ კვადრატულ კილომეტრზე, საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ამ უზარმაზარი სიმდიდრის მხოლოდ რამდენიმე პროცენტია გამოყენებული. ზოგიერთი მტკიცებით, მხოლოდ 12 პროცენტია გამოყენებული, ბოლო მონაცემებით კი - 4-5 პროცენტი. როცა დასავლეთმა ხელი მოჰკიდა ატომური ელექტროსადგურების მშენებლობას და განვითარებას, მას უკვე ათვისებული ჰქონდა თავისი რესურსების 70-80 პროცენტი.
როგორ გამოვიყენოთ ეს რესურსები? უფრო ეფექტური იქნება, უპირველეს ყოვლისა, ხელი მოვკიდოთ მცირე ჰესების მშენებლობას. აქ ბევრი ინიციატივაა, საზოგადოებრივ საწყისებზე იქმნება ძალიან საინტერესო ასოციაცია. მიმაჩნია, რომ ამ მხრივ ტელევიზიამაც დაიწყო საინტერესო მუშაობა. მაგრამ საჭიროა უფრო სისტემური და მეცნიერული მიდგომა, სახელმწიფო პროგრამის დამუშავება. ასევე საჭიროა დიდი ელექტროსადგურების მშენებლობა, რა თქმა უნდა, ეკოლოგიის ყველა მოთხოვნის გათვალისწინებით, რათა გარემომცველ ბუნებას არავითარი ზიანი არ მიადგეს.
მეორე - ეს არის ჩვენი ნახშირი, რომლის გამოყენებაზე ამ ბოლო დროს დავიწყეთ სერიოზული ლაპარაკი. აქაც საკმაოდ დიდი საშუალებები გვაქვს. გერმანიაში, სხვა ქვეყნებში არიან პარტნიორები-ბიზნესმენები, რომელთაც აინტერესებთ სწორედ ეს მიმართულება. შეიძლება გამოიძებნოს დაფინანსების წყარო, კერძოდ, მე უკვე ვთქვი, რომ ჩვენთან შემოდიან ნავთობის კომპანიები. მე დარწმუნებული ვარ, რომ 5-6 თვის შემდეგ, უფრო სწორად, მომავალი წლის სეზონისათვის, გარკვეული შედეგები გვექნება. ესეც მნიშვნელოვანი წყაროა. ამას დაემატება მზის ენერგია, მიწისქვეშა თბილი და ცხელი წყლები, რითაც მდიდარია საქართველო და სხვა. ყველაფერი ამისათვის უნდა შეიქმნას სახელმწიფო პროგრამა. თუ მიიღებენ ჩემი კოლეგები, შეიძლება მე ვუხელმძღვანელო ამ პროგრამის განხორციელებას. ენერგეტიკული პრობლემების გადაწყვეტის გარეშე კრიზისიდან გამოსვლასა და ნორმალური ცხოვრების ფაზაში შესვლაზე ლაპარაკი ზედმეტია.
- ამ კვირაში თურქმენეთში დაგეგმილია თქვენი ვიზიტი, შეხვედრა უმაღლეს დონეზე. რას ელოდებით ამ ვიზიტისგან და როგორ ფიქრობთ. რამდენად შეძლებთ ამჯერად საქართველოსთვის დახმარების მიღებას?
- ჩვენ თუ ახლა რაიმეთი ვსულდგმულობთ, ეს არის თურქმენეთისგან მოწოდებული გაზი, რომელსაც ვიღებთ უზბეკეთზე და ყაზახეთზე ტრანზიტით. სიმართლე გითხრათ, ჩვენ ტრანზიტის გადასახდელი 80 მილიონი დოლარი უფრო გვიჭირს, ვიდრე თვით ამ გაზის ღირებულების გადახდა. ვერ გეტყვით, რით დამთავრდება ჩემი ვიზიტი. თუ მივაღწიეთ ვალის დაფარვის ვადების გადავადებას - დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. მერე კი უნდა ვიფიქროთ, სავალუტო ფონდიდან, ან ევროგაერთიანებიდან, ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან კრედიტების მიღებაზე, რომლითაც შეიძლება ვალი დავფაროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში მართლა ურთულეს კრიზისში აღმოჩნდება მთელი ჩვენი სახალხო მეურნეობა და მოსახლეობა. ვფიქრობ, რომ რაღაც ანგარიშს გაგვიწევენ.
ამ ვიზიტის ძირითადი მიზანი არის ჩემი და ჩემი კოლეგების მონაწილეობა თანამეგობრობის ქვეყნების აშგაბადის შეხვედრაში, რომელიც უმაღლეს დონეზე გაიმართება. აქ შეიკრიბებიან სახელმწიფოთა მეთაურები, პრემიერ-მინისტრები, საგარეო საქმეთა, თავდაცვის მინისტრები და მათი ექსპერტები. ვიმუშავებთ ორ დღეს, მინისტრები მესამე დღესაც იმუშავებენ. გარკვეული იმედებით მივდივარ იქ. დოკუმენტები და გადაწყვეტილებათა პროექტები ძირითადად მოიცავენ ეკონომიკურ სფეროს და ურთიერთობას სამხედრო სფეროში, რომლის კურსი უფრო ლიბერალიზაციისკენ არის აღებული. დოკუმენტები, რომელთაც გავეცანი, ჯერჯერობით მისაღებია. რაც შეეხება ეკონომიკის სფეროს, აქ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხების საკმაოდ დიდი პაკეტია. გუშინ მქონდა შეხვედრა ყველა დაინტერესებული სამინისტროსა და უწყების მონაწილეობით და ჩვენ მივედით იმ დასკვნამდე, რომ ამ დოკუმენტებში ჩამოყალიბებული მიმართულებები ჩვენს ინტერესებს შეესაბამება.
როცა ყურადღებით ვეცნობი თანამეგობრობის მარეგლამენტირებელ დოკუმენტებს, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ თანამეგობრობაში წინა პლანზე სწორედ ეკონომიკური ურთიერთობა წამოვა, ჩვენ ეს სავსებით გვაძლევს ხელს.
- გასულ კვირას გამოიცა თქვენი ბრძანებულება კრიზისის დაძლევის შესახებ. გასულ კვირასვე ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ საქართველოს განვითარებადი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა. რას ნიშნავს დღეს ეს საქართველოსათვის და რა ურთიერთკავშირშია ეს ორი ფაქტი ერთმანეთთან?
- ბრძანებულებაში ლაპარაკია იმაზე, რომ დამთავრდეს კრიზისიდან გამოსვლის პროგრამის შედგენა. ამაზე დიდი ხანია მუშაობენ მინისტრთა კაბინეტი, ეკონომიკის სამინისტრო, სხვა სამინისტროები, უწყებები და ჩამოყალიბდა გარკვეული მოსაზრებები. მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ზოგიერთ მასალას გავეცანი და მიმაჩნია, რომ საჭიროა სერიოზული კორექტივების შეტანა, ამ მოსაზრებების დახვეწა და სისტემაში მოყვანა. მუშაობა იანვრის ბოლომდე დამთავრდება და გარკვეულ სახეს მიიღებს. ეს იქნება სახელმწიფოს მეთაურის დოკუმენტი, მოხსენება ან ინფორმაცია, ან მინისტრთა კაბინეტის მოხსენება, რომელიც შემდეგ წარედგინება საზოგადოებას. ვფიქრობ, რომ დოკუმენტით პარლამენტიც დაინტერესდება.
სულაც არ არის შემხვევითი, რომ ამ დოკუმენტის მომზადება დაემთხვა საქართველოსთვის განვითარებადი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას. ეს სტატუსი, თუ მას საქმის ცოდნით გამოვიყენებთ და სათანადო შეუპოვრობას გამოვიჩენთ, ბევრ რამეს გადაწყვეტს დადებითად. როცა ჩვენ შევადგენთ კრიზისიდან გამოსვლის პროგრამებს, ეს სტატუსი საშუალებას მოგვცემს, რომ ამ პროგრამების დასაფინანსებლად ვეძებოთ რეალური წყაროები. თუ არ ვცდები, 24 ქვეყანაა, რომლებიც წყვეტენ საკითხს, მიანიჭონ თუ არა ამა თუ იმ ქვეყანას განვითარებადის სტატუსი. განვითარებულ ქვეყნებს ბიუჯეტის გარკვეული ნაწილი აქვთ გამოყოფილი განვითარებადი ქვეყნებისათვის დახმარების აღმოსაჩენად. ამავე დროს, უმრავლეს ქვეყნებში, საკმაოდ სერიოზული შეღავათებია ბანკების, კერძო სექტორის, კერძო ბიზნესისა და იმ ბიზნესმენთა მიმართ, რომლებიც თავიანთ სახსრებს დააბანდებენ განვითარებად ქვეყნებში. ამ პროცესს სახელმწიფო აძლევს სტიმულს. მე გარკვეული იმედით ვუყურებ ამას და ვფიქრობ, რომ სწორი შეხამებაა - კრიზისიდან გამოსვლის პროგრამების მომზადება და ამავე დროს დამატებითი წყარო იმისა, რომ ზოგიერთი მნიშვნელოვანი პროგრამა დაფინანსდეს ამ სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით.
გამოჩენილი ამერიკელი მოღვაწის ზბიგნევ ბჟეზინსკის საქართველოში სტუმრობასთან დაკავშირებით ედუარდ შევარდნაძემ თქვა:
- ბჟეზინსკი თანამედროვეობის შორსმჭვრეტელი პოლიტიკოსია. ბუნებრივია, მას აინტერესებდა, რა ხდება ყოფილ საბჭოთა კავშირში, რა პროცესები მიმდინარეობს და როგორ ხედავს ეს აღიარებული სპეციალისტი და მეცნიერი ამ მოვლენებს. ამისათვის მას უნდა ემოგზაურა სხვადასხვა ქვეყანაში, თავის ვიზიტს დაასრულებდა უკრაინაში. მის პროგრამაში საქართველო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლი იყო. ვფიქრობ, ბჟეზინსკი დარწმუნდა იმაში, რომ საქართველოს გადასახედიდან ბევრი რამ უფრო თვალნათლივ ჩანს, ვიდრე ზოგიერთი სხვა ქვეყნის დედაქალაქებიდან. აქ ძალიან საინტერესო საუბრები გაიმართა და მე სულიერი კმაყოფილება მივიღე ამ მაღალი ინტელექტის პოლიტიკოსთან ურთიერთობით. ძირითად მოვლენებზე ყოფილი საბჭოთა კავშირის ფარგლებში და, არა მარტო ამ ფარგლებში, ჩვენი შეხედულებები ემთხვევა, მათ შორის, საქართველოში მიმდინარე პროცესებზე. ჩვენთვის ბევრი რამ იყო საყურადღებო. კმაყოფილი ვარ იმით, რომ შეხვედრა-სემინარს, რომელიც დასავლეთ-აღმოსავლეთის ქვეყნების საერთაშორისო კვლევით ცენტრში მოეწყო, ესწრებოდა ბევრი ჩვენი პოლიტიკოსი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. ვფიქრობ, ბატონმა ბჟეზინსკიმაც ბევრი რამ საყურადღებო მოისმინა და ჩვენმა აუდიტორიამაც საკმაოდ კარგი გაკვეთილი მიიღო.
- თქვენ იცით, რომ დადის ხმები იმის შესახებ, თითქოს სამი თვით, ზოგიერთების თქმით, 6 თვით მიემგზავრებით ამერიკაში თუ გერმანიაში სამკურნალოდ და შემდეგ აღარ დაბრუნდებით. თქვენს აპარატში მომცეს ასეთი ინფორმაცია, რომ თქვენი ჩამოსვლიდან დღემდე აფხაზეთში დაჰყავით 49 დღე, დასავლეთ საქართველოში - 16 დღე, 6-ჯერ იყავით სამაჩაბლოში. როგორც ჩანს, გამოჩნდნენ მადლიერი ადამიანები, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ შევარდნაძემ უნდა დაისვენოს...
- როგორც ჩანს, საშვებულებო და სამკურნალო ლიმიტები ამოწურული მქონია. თუ სერიოზულად ვიტყვი, სამკურნალოდ არა, მაგრამ საზღვარგარეთ მართლა წასასვლელი ვარ. რამდენიმე ვიზიტი გადავდე, მათ შორის, დანიშნული ვიზიტები თურქეთში, ისრაელში. მელოდებიან საფრანგეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, სხვა ქვეყნებში. ეს გასართობი ვიზიტები არ არის. გადადებულმა ვიზიტებმა ბევრი რამ დაგვაკარგვინა, მათ შორის ინვესტიციების მოპოვების, მეტი ჰუმანური დახმარების მიღების თვალსაზრისით და სხვა. ამიტომ, წასვლა აუცილებელია, მაგრამ არა 6 თვით ან 3 თვით, არამედ თითოეულ ქვეყანაში 3-3 დღით, ან უფრო მოკლე დროითაც.
ეტყობა, ზოგიერთს ბევრი დრო აქვს და არ იცის რაში დახარჯოს იგი. სწორედ უსაქმურობაში იბადება ჭორები. მე კი მინდა, რომ ჩვენს ქვეყანაში რაც შეიძლება ნაკლები ჭორი იყოს, მით უმეტეს ბოროტი ჭორი.
უწინარესად ენერგეტიკული პრობლემები უნდა გადავწყვიტოთ! / შევარდნაძე ედუარდ ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 21 დეკემბერი. - №267(795). - 1 გვ.
![]() |
179 ედუარდ შევარდნაძე: გასული პოლიტიკური წლის უმთავრესი შედეგია საქართველოს რეალური გამთლიანების პროცესის დაწყება, ერთიანი საქართველოსათვის საფუძვლის ჩაყრა |
▲ზევით დაბრუნება |
27 დეკემბრის რადიოინტერვიუ
თავისი ტრადიციული რადიოინტერვიუ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ - სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ კომენტატორ ნატო ონიანის თხოვნით დაიწყო გასული კვირის მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენის - დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი ქვეყნებისა და მთავრობათა მეთაურების აშგაბადის შეხვედრის შედეგების შეფასებით.
- აშგაბადის შეხვედრის პირველი, ზოგადი შეფასება, უკვე გამოვთქვი. ეს მნიშვნელოვანი ეტაპი იყო თანამეგობრობის ცხოვრებაში, რომელიც ორი წლის არსებობის ისტორიას ითვლის. ეს შეხვედრა გამოირჩეოდა ერთსულოვნების სულისკვეთებით.
აქვს თუ არა მომავალი თანამეგობრობას, იარსებებს იგი თუ არა? მე მხოლოდ რამდენიმე ზოგად პრინციპს შევეხები. თანამეგობრობის მთავარი მიმზიდველი ცენტრი და მისი ინიციატორი რუსეთია და ამ წარმონაქმნის ბედი, რა თქმა უნდა, დამოკიდებული იქნება სწორედ რუსეთზე და რუსეთში მიმდინარე პროცესებზე. ჩემი აზრით, თანამეგობრობას ექნება მომავალი და იგი ჩამოყალიბდება ნდობისა და თანამშრომლობის ორგანიზმად, თუ რუსეთი კვლავაც დემოკრატიული გარდაქმნების გზით ივლის. წინააღმდეგ შემთხვევაში თანამეგობრობა დაიშლება. ამასთან, ხაზს გავუსვამდი მეორე დებულებას, რომ ეს თანამეგობრობა, თავისთავად, მასში შემავალი ქვეყნების და, მათ შორის, რუსეთის დემოკრატიული განვითარების ერთ-ერთი ფაქტორი გახდება. ამ დასკვნამდე მივედი აშგაბადში გამართული საუბრების შედეგად. თანამეგობრობა სიცოცხლისუნარიანი წარმონაქმნი იქნება, თუ იგი რეალურად აღუდგება წინ აგრესიულ სეპარატიზმს და იგი რეალურად გახდება სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობის საიმედო გარანტი.
მე მანამდეც მქონდა კონტაქტები ამ ქვეყნების ლიდერებთან და ახლა პირველად გაისმა მათი შეშფოთების ხმა სეპარატისტულ მოძრაობასთან დაკავშირებით. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, შარშან გაეროში გამოსვლის დროსაც განვაცხადე, რომ აგრესიული სეპარატიზმი ერთ-ერთი უდიდესი საფრთხეა ჩვენი პლანეტისთვის. ეს ნათლად გამოიკვეთა და ამიტომ თანამეგობრობის ყველა წევრს სურს, რომ სწორედ ეს ორგანიზაცია გახდეს აგრესიული სეპარატიზმის დაძლევისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთ-ერთი გარანტი.
და კიდევ ერთი დებულება: თანამეგობრობა ყველასათვის საჭირო ორგანიზმად გადაიქცევა, თუ იგი მისი წევრი ქვეყნების ეკონომიკათა ინტეგრირების გარანტად მოგვევლინება. ასეთი ინტეგრირების გარეშე ვერც ერთი ქვეყანა ვერ გამოვა ღრმა ეკონომიკური კრიზისიდან და ვერ დაამკვიდრებს საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს, ვერ გადაჭრის სოციალურ პრობლემებს. თუ სოციალური პრობლემები ვერ გადაწყდა, ბუნებრივია, ყოველთვის იქნება მოსალოდნელი სოციალური აფეთქებანი, რომლებიც შეიძლება სეპარატისტულ მოძრაობაზე უფრო საშიშიც კი იყოს. დღევანდელ ეტაპზე სოციალური პრობლემები ყველაზე მწვავე და მგრძნობიარეა, და ჩემი აზრით, თანამეგობრობის ფარგლებსა და ჩარჩოებში ინტეგრაციული პროცესების განვითარების ბაზაზე სავსებით შესაძლებელია მრავალი სოციალური პრობლემის გადაჭრა.
აი, ეს დებულებებია, რომლებიც მინდოდა გამეცნო რადიომსმენელებისათვის. არის სხვა მომენტებიც. სწორედ ამიტომ ვთქვი, რომ ჩვენი გადაწყვეტილება თანამეგობრობაში შესვლის შესახებ სწორია და იგი რევიზიას არ საჭიროებს. სხვათა შორის, მე ერთი დებულება ციტატადაც მოვიყვანე: კოლექტიური უშიშროების პრინციპების შესახებ დოკუმენტში, რომელსაც ხელი მოვაწერეთ და რომლის მექანიზმიც ახლა შევიდა ძალაში, ჩაწერილია, რომ სწორედ ეს მექანიზმი არის თანამეგობრობის ქვეყნებში ტერიტორიული მთლიანობისა და სტაბილურობის ერთ-ერთი მთავარი გარანტი.
- თქვენ აღნიშნეთ, თუ რუსეთი დემოკრატიული განვითარების გზით არ წავა, დაიშლება თანამეგობრობაო. მაშინ, რა, აღდგება იმპერია?
- არა. იმპერია არ აღდგება. მაშინ, ყველა ქვეყანა თავისი გზით წავა და, ალბათ, მოხდება შემდეგი: უფრო მეტი აქცენტი იქნება გადატანილი რეგიონულ გაერთიანებებზე, ვთქვათ, ცენტრალური აზიის, კავკასიის ანდა სხვა რომელიმე რეგიონისა.
- აშგაბადში პრეზიდენტ ელცინსაც შეხვდით. თქვენი ინტერვიუდან ასეთი ფრაგმენტი მინდა გავიხსენო: რაც, შეეხება აფხაზეთს, ასე მგონია, რუსეთის პრეზიდენტს ახლა უკეთ ესმის ამ საკითხის სიმწვავე ჩვენთვისაც, კავკასიისთვისაც და რუსეთისთვისაც. თბილისში ჩამოსულ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციასთან, სხვა საკითხებთან ერთად, აფხაზეთის პრობლემებზეც იქნებოდა საუბარი. რამდენად არის შესაძლებელი აფხაზეთის პრობლემის მოგვარება და რამდენად ემთხვევა საქართველო-რუსეთის ურთიერთობის გააქტიურება საქართველოს თანამეგობრობაში გაწევრიანებას?
- ბატონ ელცინთან შეხვედრის შთაბეჭდილებაზე მე უკვე ვილაპარაკე. აქ ჩამოვიდა დელეგაცია ავტორიტეტული დიპლომატების შემადგენლობით, მათთან არიან სამხედროებიც. დღეს, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის თვალსაზრისით, უმთავრესი საკითხი ჩვენი, და არა მარტო ჩვენი, ორი სატკივარია - აფხაზეთი და სამაჩაბლო, ცხინვალის ზონა. მე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს, გარკვეული თვალსაზრისით და მასშტაბებით, რუსეთის სატკივარიც არის. ამიტომ აფხაზეთი და სამაჩაბლო, როგორც იტყვიან, სასინჯი ქვაა. აქ მოწმდება ჩვენი კავშირურთიერთობის საიმედოობა და სიმყარე. არ მინდა ვთქვა, რომ აფხაზეთის საკითხი უნდა გადაწყდეს მარტო ქართველთა ინტერესების გათვალისწინებით. აფხაზეთის საკითხი, ისევე როგორც სამაჩაბლოსი, უნდა გადაწყდეს ყველა მოქალაქის ინტერესების გათვალისწინებით. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი უბედურება დატრიალდა, მაინც მიმაჩნია, რომ ახლა პრობლემის მოგვარების უკეთესი პერსპექტივაა, ვიდრე ოდესმე. თუნდაც იმიტომ, რომ როგორც ვთქვი, რუსეთს, ჩემი დაკვირვებით, უფრო სწორად ესმის, რა საფრთხესთან იქნება დაკავშირებული ამ საკითხის მოუგვარებლობა საქართველოსთვისაც და საერთოდ კავკასიის რეგიონისათვის, მათ შორის რუსეთისთვისაც. ელცინთან საუბარიც და რუსეთის დელეგაციასთან შეხვედრებიც, ასე მინდა ვთქვა, დამაიმედებელია. ყველანი ერთიანი ვართ, და, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს უმთავრესი და უპირველესი ამოცანა გახლავთ ლტოლვილთა დაბრუნება და მათი უსაფრთხოება. ეს თუ უმთავრეს ამოცანად დარჩება და შევქმნით უსაფრთხოების გარანტიებს, მაშინ გაბედულად და დაბეჯითებით შეიძლება ვთქვათ, რომ უახლოეს დროში აფხაზეთის, ისევე როგორც სამაჩაბლოს საკითხი, გადაწყდება.
რუსეთში არჩევნების შედეგებზე სახელმწიფოს მეთაურმა თქვა:
- არჩევნების შედეგები მსოფლიოს ანალიტიკოსების დაკვირვების და შესწავლის უმთავრესი საგანია. ერთხელ ვთქვი და ვიმეორებ, რომ ეს შედეგები მოულოდნელი არ ყოფილა. ეს, ალბათ, ასეც უნდა მომხდარიყო. ვფიქრობ, რუსეთის საზოგადოებაში იწყება ძალიან იმედისმომცემი გამოფხიზლების პროცესი. თურმე, ის ძალა, რომელიც საკმაოდ საშიშია რუსეთისთვისაც და მსოფლისთვისაც, შეიძლება შეუმჩნევლად შემოიპაროს, გამოვიდეს სარბიელზე. რუსეთი ჩაუფიქრდა ამას და, დარწმუნებული ვარ, შესაბამის დასკვნებს გამოიტანს.
გასულ კვირას მომხდარი აბსურდული ფაქტის - ძალისმიერი სტრუქტურების ხელმძღვანელთა ინციდენტის შესახებ ედუარდ შევარდნაძემ აღნიშნა, რომ გამოსცა განკარგულება სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ პრემიერ-მინისტრ ოთარ ფაცაციას ხელმძღვანელობით. ფაქტია - ასეთი რამ დაუშვებელია, სახელმწიფოში არ უნდა ხდებოდეს. კომისიამ უნდა წარმოადგინოს დასკვნა, რატომ და როგორ მოხდა, გადაწყვეტილებას კი მე მივიღებ.
რაც შეეხება გასული კვირის დაძაბულ კრიმინოგენურ ვითარებას, სახელმწიფოს მეთაურმა თქვა, რომ წესრიგის დამყარება ჩვენივე ძალებით უნდა შევძლოთ. როცა ჩვენ გაგვიჭირდა და რკინიგზის ნორმალურ ფუნქციონირებასთან დაკავშირებით აუცილებელ ზომად მივიჩნიეთ ის, რაც, კერძოდ, ფოთში გაკეთდა - მეზღვაურების შემოყვანა, ბათუმის დივიზიის დახმარებით რამდენიმე პიკეტის დაყენება დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა რაიონში - იყო დროებითი ღონისძიება. მეზღვაურები შემდეგ გავიდნენ, პიკეტები მოიხსნა და საქართველოს პოლიცია ასე თუ ისე იცავს წესრიგს ფოთში, სენაკსა და სხვა რაიონებში. ღრმად მწამს, რომ თუ დავით ზეიკიძე და სხვები ხელს მოჰკიდებენ საქმეს, ისე როგორც საჭიროა, ძალები სავსებით საკმარისია. ქალაქის პოლიციაში მუშაობს 3-4 ათასი კაცი, ბევრია გამოცდილი მუშაკიც, ახალგაზრდაც, პოლიციას, პრაქტიკულად, მხარში უდგას მთელი ქალაქი, მთელი საზოგადოებრიობა. ჩვენ ცოტა გვაკლია მობილიზაციის, ორგანიზაციის უნარი და ვფიქრობ, ახალი წლიდან ამ თვალსაზრისით ზოგიერთ დასკვნას გამოვიტანთ, რათა არ ვიყოთ სხვა ქვეყნის ძალის იმედად. არ მიმაჩნია, რომ ეს საჭირო იყოს.
ახალი სამგზავრო თვითმფრინავის იაკ-58 გამოცდასთან დაკავშირებით, რომელიც თბილისის საავიაციო ქარხანაში აეწყო, ედუარდ შევარდნაძემ ხაზგასმით აღნიშნა:
- ჩემთვის ეს დღე, ის რამდენიმე საათი, რაც ქარხნის კოლექტივში დავყავი, ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი წუთები იყო ჩემი თბილისში ყოფნის განმავლობაში. მე ვთქვი, რომ ეს სიმბოლური მოვლენაა და არა მარტო სიმბოლური. იგი ჩვენთნ სერიოზული პოტენციური ინჟინრული აზრის არსებობაზე მეტყველებს. იმაზე, რომ ჩვენ გვყავს მაღალპროფესიონალი მუშები, სპეციალისტები, კონსტრუქტორები. ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ დაარწმუნა ყველა, თუ რა მნიშვნელობა აქვს ინტეგრაციულ პროცესს. არავითარი თვითმფრინავის მოდელი არ შეიქმნებოდა და გამოცდა არ შედგებოდა, რომ არ ყოფილიყო კავშირი, რომელიც ჯერ კიდევ შემორჩა რუსეთის საკონსტრუქტორო ორგანიზაციებს, ქარხნებსა და ჩვენს ქარხანას. ჩემი აზრით, სწორედ ესაა მხედველობაში მისაღები. სასიხარულოა ჩვენი მუშებისა და ინჟინრების ნებისყოფა, მათი უნარი შექმნან, ააშენონ, იაზროვნონ, იმოქმედონ და ეს თვისებები მარტო საავიაციო ქარხნისთვის არ არის დამახასიათებელი, პოტენციალი სხვაგანაც არის შემორჩენილი.
- ორი წელი გავიდა სახალხო აჯანყებიდან, როგორც თქვენ უწოდეთ მას, ორი წლის შემდეგ როგორ თვლით - რა იყო ეს - პუტჩი, სახელმწიფო გადატრიალება, სამხედრო გადატრიალება, დემოკრატიული რევოლუცია, სახალხო აჯანყება თუ კიდევ სხვა რამ?
- ამ მოვლენის ჩემი პირველი შეფასება იყო სახალხო აჯანყება. ახლა ვფიქრობ, რომ 22 დეკემბერი პროვინციული ფაშიზმის დამხობასა და მისი დამარცხების დაწყებას ნიშნავდა. ამ პროვინციული ფაშიზმის, როგორც მოვლენის წინააღმდეგ გამოვიდა ხალხი, საზოგადოების საუკეთესო ნაწილი, სამხედროები, მაგრამ არა მარტი ისინი, ინტელიგენცია, ახალგაზრდობა, საქართველოს მოქალაქენი. ეს პროცესი დაიწყო მაშინ და, რა თქმა უნდა, მხოლოდ იმ გამოსვლით არ დამთავრებულა. იგი უფრო ხანგრძლივი გამოდგა და, მე ვიტყოდი: ქართულ-აფხაზური ფაშიზმი რომ არა, დღეს საქართველო სულ სხვა სიმაღლეზე იქნებოდა, სხვა ქვეყანა, სხვა პირობები, ცხოვრების სხვა დონე გვექნებოდა. ამიტომაც ის, რაც 22 დეკემბერს დაიწყო, ისტორიულ მოვლენად მიმაჩნია. თითქმის ორი წელიწადი დაგვჭირდა, რომ გარკვეული გარდატეხა შეგვეტანა ამ საქმეში, თუმცა გასაკეთებელი კიდევ ბევრია.
- ცნობილი პოლიტიკოსის ალექსანდრე იაკოვლევის „ოსტანკინოს“ ხელმძღვანელად დანიშვნასთან დაკავშირებით, ედუარდ შევარდნაძემ თქვა, რომ იგი „პერესტროიკის“ და დემოკრატიის ერთ-ერთი თვალსაჩინო ლიდერი და ავტორია. სხვათა შორის, ელცინმა აშგაბადში განაცხადა, რომ ტელევიზიის ხელმძღვანელი მხოლოდ მას ემორჩილება, უფრო სწორად, მასთან ექნება მხოლოდ საქმე. ამ გადაწყვეტილებაში მე ვხედავ ელცინის რეაგირებას იმაზე, რაც მოხდა რუსეთში და რამაც ასე შეაშფოთა არა მარტო რუსეთის საზოგადოებრიობა, არამედ მთელი მსოფლიოც. ეს ერთგვარი საკომპენსაციო და გასანეიტრალებელი სვლა არის. ვფიქრობ, ეს არჩევანი და ეს სვლა ნამდვილად მიგნებული და გამართლებულია.
მეორე ძალიან მნიშვნელოვანი მხარე ის არის, რომ ტელევიზია დემოკრატიული გარდაქმნების უმნიშვნელოვანესი პირობა უნდა გახდეს რუსეთშიც და, რა თქმა უნდა საქართველოშიც.
- გასულ კვირას, 21 დეკემბერს სტალინის დაბადების დღე იყო და იგი გორელებმა, სტალინის მშობლიურმა ქალაქმა განსაკუთრებულად აღნიშნეს. ისტორიის გადასახედიდან სტალინი არ იყო შემთხვევითი ფიგურა, სტალინის ფენომენი დღესაც ყურადღების ცენტრშია და კიდევ დიდხანს იქნება. როგორ მიიჩნევთ, ვინ იყო სტალინი - დიდი პოლიტიკოსი, თუ, როგორც ამბობენ, დიდი ავანტიურისტი?
- მე არაერთხელ მითქვამს, რომ სტალინი განსაკუთრებული ფენომენია და ამ ფენომენის შესწავლა დღევანდელ და მომავალ თაობათა ვალია. როგორიც უნდა იყოს იგი - ეს არის უზარმაზარი მოვლენა მსოფლიოს ისტორიაში. ურიგო არ იქნება, თუ სწორედ გორში შეიქმნება ასეთი ცენტრი. ნუ დაგვავიწყდება, რომ ისტორიის გაკვეთილები - ცხოვრების გაკვეთილებია, ხოლო ადამიანებისთვის, კაცობრიობისთვის კი ყველა გაკვეთილი საჭიროა.
ვინ იყო სტალინი, ალბათ, ეს ცალკე საუბრის თემაა. ზოგადად მხოლოდ ასე ვიტყოდი: მსოფლიო ისტორიაში იგი ერთ-ერთი ყველაზე დიდი დიქტატორი იყო აქედან გამომდინარე ყველა შედეგით. ამ დიქტატურის უარყოფით მხარეებზე ბევრი რამ დაიწერა. გარკვეული აზრით დემოკრატიულად განწყობილმა მოქალაქეებმა ყოფილ საბჭოთა კავშირში და არა მარტო აქ, სტალინის მიერ შექმნილ ტოტალიტარული საოცარი მანქანის ნგრევაში თავიანთი წვლილი შეიტანეს. სხვა რომ არაფერი ყოფილიყო, სტალინის ფენომენის შესწავლა იმიტომაც არის საჭირო და აუცილებელი, რომ ისეთი საშინელი სენის დამარცხება და განადგურება, როგორიცაა ფაშიზმი, რომლის მინიატურული გამოვლინება საქართველოშიც ვნახეთ, სწორედ სტალინის სახელთანაა დაკავშირებული და ეს არ შეიძლება დაივიწყოს კაცობრიობამ და ქართველობამაც.
- რას მიიჩნევთ გასული პოლიტიკური წლის უმთავრეს შედეგებად და როგორ დაახასიათებდით ამ წელს?
- წლის ბოლომდე მექნება საშუალება ვრცლად ვილაპარაკო ამ შედეგებზე. ახლა კი ერთ-ერთ უმთავრეს მოვლენაზე გავამახვილებ თქვენს ყურადღებას.
გასული პოლიტიკური წლის უმთავრესი შედეგი, ჩემი აზრით, საქართველოს რეალური გამთლიანების პროცესის დაწყება, ერთიანი საქართველოსთვის საფუძველის ჩაყრა იყო იმ მთელი რიგი მოვლენების, კატაკლიზმების ფონზე, რომლებმაც ქვეყანა რეალური გახლეჩის საფრთხემდე მიიყვანა და პრაქტიკულად თითქმის გახლიჩა კიდეც. მთავარი კი ამ პროცესში სამეგრელოა. უდიდესი მნიშვნელობის რამ მოხდა: სამეგრელო მრავალი ტანჯვის შემდეგ გათავისუფლდა საშინელი ტვირთისგან და მე ამ მოვლენას განსაკუთრებულად გამოვყოფ.
ედუარდ შევარდნაძე: გასული პოლიტიკური წლის უმთავრესი შედეგია საქართველოს რეალური გამთლიანების პროცესის დაწყება, ერთიანი საქართველოსათვის საფუძვლის ჩაყრა / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 28 დეკემბერი. - №272(800). - 1 გვ.
![]() |
180 პირთა საძიებელი |
▲ზევით დაბრუნება |
ა
აბაშელი ალექსანდრე
აბაშიძე ასლან
აბაშიძე ვახტანგ
აბდულატიპოვი რამაზან
ადამია გენო
ალექსი II (მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი)
ალექსიძე ლევან
ალიევი ჰეიდარ
ანპილოვი 680
ანჯაფარიძე ზურაბ
არსაკიძე
არძინბა ვლადისლავ
ასათიანი აკაკი
აჩალოვი
ახალაია სოსო
ახვლედიანი თამაზ
ბ
ბაგრატ მესამე
ბაგრატიონები
ბათიან შტრასერი (შტრატმანი) ლასლო
ბათიაშვილი ირაკლი
ბარათაშვილი ნიკოლოზ
ბეიკერი ჯეიმს ა. (ჯიმ)
ბერაძე მერაბ
ბერიძე რუსუდან
ბერულავა ალექსანდრე
ბოდუენი (ბელგიის მეფე)
ბოლქვაძე დავით
ბჟეზინსკი ზბიგნევ
ბრაზაუსკასი ალგირდას
ბრაუნი კენტ
ბრეჟნევი
ბრუნერი ედუარდ
ბუვარი ლოიკ
ბუტროს ბუტროს გალი (ღალი)
ბუში ჯორჯ
გ
გაბაშვილი კონსტანტინე
გაბაშვილი ეკატერინე
გაბაშვილი რევაზ
გავა იური
გაიძეკერი რ. ფონ
გალაზოვი ახსარბეკ (აღსარბეკ) ხაჯიმურზას ძე
გამსახურდია ზვიად (პრეზიდენტყოფილი, ექსპრეზიდენტი, ყოფილი პრეზიდენტი)
გამსახურდია კონსტანტინე
გამყრელიძე თამაზ
გენშერი ჰანს-დიტრიხ
გვრიტიშვილი იგორ
გიორგაძე იგორ
გიორგი XII
გიორგი ბრწყინვალე
გიორგი ჭყონდიდელი
გოგელია არჩილ
გოგუაძე ვახტანგ
გორბაჩოვი მიხეილ
გორელიშვილი გურამ
გორთამაშვილი თამაზ
გოცირიძე რომან
გრაჩოვი პავლე
გურამიშვილი დავით
გურგენიძე
დ
Давид Возобновитель (დავით აღმაშენებელი)
დადიანი შალვა
დადიანი ცოტნე
დავით IV აღმაშენებელი
დათუაშვილი პაატა
დალჰოფი გიუნტერ
დემირელი სულეიმან
დენ სიაოპინი
დეჰანი ჟ. ლ.
დვალიშვილი დემურ
დიმიტრიადი ოდისეი
დოიჯაშვილი მანანა
დუდაევი ჯოხარ (ჯოჰარ)
დუმბაძე ნოდარ
დუმბაძე
ე
ეიზენჰაუერი
ელჩიბეი აბულფაზ
ელცინი ბორის
ერეკლე II (პატარა კახი)
ვ
ვაიცზეკერი რიჰარდ ფონ
ვაჟა-ფშაველა
ვაშაკიძე გია
ვახტანგ გორგასალი
ვეკუა ილია
ვერმესი პეტერ
ვერნერი მანფრედ
ვლადისლავლევი
ვოლსკი არკადი
ვორონცოვი იული
ვუდროფი ფრედ
ზ
ზარანდია თემურ
ზეიკიძე დავით
ზემსკი ვლადიმერ
თ
თავაძე (გენერალი)
თამარ მეფე
თევზაძე დავით
თორაძე გია
თურგუთ ოზალი
ი
იაკობ ცურტაველი
იაკოვლევი ალექსანდრე
იესო ქრისტე (ნაზარეველი)
ივანოვი ბორის
ილია მეორე (კათოლიკოს-პატრიარქი)
ინჯია ფრიდონ
იოსელიანი ჯაბა
იოსელიანი საშა
ისაკაძე ლიანა
იუნგხოლმი სვენ ერიკ
კ
კავსაძე სანდრო
კამკამიძე ანატოლი
კანკია ნოდარ
კაციაშვილი ზაზა
კახიძე ჯანსუღ
კენედი ჯონ
კენედი ედუარდ
კენტალი
კერვალიშვილი ზურაბ
კვარაცხელია ვალერი
კვირაია შოთა
კიტოვანი თენგიზ
კლისი ვ.
კლეპში ეგონ
კლინტონი უილიამ ჯეფერსონ (ბილ)
კოზირევი ანდრია
კოლესნიკოვი [ვლადიმერ]
კოლი ჰელმუტ
კოსტავა მერაბ
კრავჩუკი ლეონიდ
კრესტონი
ლ
ლაბახუა ზურაბ
ლანჩავა (გენერალი)
ლასხიშვილი გ.
ლეონიძე გიორგი (გოგლა)
ლითანიშვილი ოთარ
ლორთქიფანიძე გიგა
ლორთქიფანიძე ვაჟა
მ
მაისურაძეები (ძმები)
მაკაშოვი
მანი თომას
მარგიანი ავთანდილ
მარჯანიშვილი კოტე
მატილი პოლ
მახარაძე კოტე
მგელაძე ვლასა
მეიჯორი ჯონ
მელაძე სულხან
მეუნარგია იონა
მინდიაშვილი არჩილ
მიქაძე აკაკი
მიქაძე (მებრძოლი)
მოლაშვილი თამარ
მონტესკიე
მჭედლიძე მიხეილ
ნ
ნადარეიშვილი (მებრძოლი)
ნადარეიშვილი თამაზ
ნაზარბაევი ნურსულთან
ნათაძე ნოდარ
ნაპოლეონი
ნიკოლაიშვილი გურამ
ნიკოლაიშვილი გია
ნიმროდი ჯეკობ
ნინიძე თედო
ნუცუბიძე შალვა
ო
ონიანი ნატო
ორბელიანი სულხან-საბა
პ
პასტუხოვი ბორის
პაჭკორია თენგიზ
პოპიაშვილი კახი
ჟ
ჟვანია ზურაბ
ჟირინოვსკი ვლადიმერ
ჟორდანია ნოე
ჟღენტი პეტრე
რ
რამიშვილი ნინო
რამიშვილი ნოე
რაფსანჯანი აქბარ ჰაშემი
რეიგანი რონალდ
რეუტი თევდორე
რობაქიძე გრიგოლ
რუცკოი ალექსანდრე
ს
სანებლიძე არმაზ
სანიშვილი ნიკოლოზ
სარიშვილი ირინა
სახოკია თედო
სიგუა თენგიზ
სოროკინი (გენერალი)
სტალინი იოსებ
სტარჩევიჩი თეოდორ
ტ
ტაბიძე გალაკტიონ
ტერენტი გრანელი
ტერეხოვი
ტერ-პეტროსიანი ლევონ
ტოლსტოილევ
უ
უეტი ე.
უკლება მიხეილ
უჩავა გია
უჩაძე ზაურ
ფ
ფარნავაზი
ფაცაცია ოთარ
ქ
ქარიმოვი (კარიმოვი) ისლამ აბდუგანის ძე
ქიაჩელი ლეო
ქობალია ვახტანგ (ლოთი)
ქურდაძე მიხეილ
ღ
ღვინჯილია დავით
ღოღობერიძე ლანა
ყ
ყანჩელი გია
ყარყარაშვილი გიორგი (გია)
ყაუხჩიშვილი სიმონ
ყურაშვილი გუჯარ
შ
შალიკაშვილი ჯონ (მალხაზ)
შამბა სერგეი
შანიძე აკაკი
შარტავა ჟიული
შაშიაშვილი თეიმურაზ (თემურ)
შახრაი სერგეი
შენგელაია ი.
შოთა რუსთაველი (რუსთველი)
შულცი ჯორჯ
შუშანაშვილი
შუშკევიჩი
ჩ
ჩარკვიანი გელა
ჩარკვიანი ჯანსუღ
ჩეთინი
ჩერნომირდინი ვიქტორ სტეფანეს ძე
ჩიკვაიძე ალექსანდრე
ჩილერი თანსუ
ჩიქობავა არნოლდ
ჩიქოვანი სიმონ
ჩხეიძე თემურ
ჩხეიძე ნ.
ჩხეიძე პეტრე
წ
წერეთელი აკაკი
წერეთელი ირაკლი
ჭ
ჭავჭავაძე ილია (მართალი)
ჭედია იური
ჭელიძე რამი
ჭოჭუა ნუგზარ
ჭუმბურიძე ჯემალ
ხ
ხაინდრავა გიორგი
ხასბულატოვი რუსლან იმრანის ძე
ხაჩიშვილი თეიმურაზ (თემურ)
ჯ
ჯანაშია სიმონ
ჯაფარიძე რეზო
ჯორჯაძე ა.
ჰ
ჰამურაბი (ჰამურაბის კანონები)
ჰოგი დაგლას
ჰომეინი
ჰომეროსი
ჰუსეინი სადამ
![]() |
181 ადგილის საძიებელი |
▲ზევით დაბრუნება |
ა
„აბრეშუმის გზა“
აბაშა
ავსტრალია
ავსტრია
ავღანეთი
აზერბაიჯანი
აზია
ამერიკა
ამერიკის შეერთებული შტატები (აშშ)
ამიერკავკასია
ამიერკავკასიის ფედერაცია (ფედერაციული რესპუბლიკა)
ანკარა (ანგორა)
არგენტინა
ატლანტა
აფხაზეთი
აღმოსავლეთი ევროპა
აშგაბადი (აშგაბათი, აშხაბადი)
აჭარა
ახალქალაქი
ახალციხე
ახლო აღმოსავლეთი
ბ
ბათუმი
ბალკანეთი
ბალტიისპირეთი
ბაქო
ბედია
ბელგია
ბერლინი
ბიზანტია
ბიშკეკი
ბოლნისი
ბონი
ბოსნია
ბოსტონი
ბრიუსელი
გ
გაგრა
გალი
განთიადი
გელათი
გერმანია (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა)
გორი
გორიცია
გროზნო
გუდაუთა
გულრიფში
გუმისთა
გურია
დ
დაგომისი
დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი
დასავლეთი ევროპა
დასავლეთი საქართველო
დედოფლისწყარო
დიდი ბრიტანეთი
დიდი კავკასიონი
დმანისი
დნესტრისპირეთი
დუნაი
ე
ევრაზია
ევროპა
ენგურჰესი
ერაყი
ერევანი
ესპანეთი
ესტონეთი
ეშერა
ვ
ვანი
ვანკუვერი
ვარშავა
ვაშინგტონი
ვენა
ვინიცა
ზ
ზემო სვანეთი
ზესტაფონი
ზუგდიდი
თ
თბილისი
თერჯოლა
თურქეთი
თურქმენეთი
ი
იაპონია
იმერეთი
ინგლისი
ირანი
ისრაელი
იტალია
იუგოსლავია
კ
კავკასია
კანადა
კასპიის ზღვა
კასპიისპირეთი
კასპიის ზღვის აუზი
კახეთი
კიევი
კინდღი
კოდორი
კოლხეთი
კორეა (გაერთიანებული)
ლ
ლანჩხუთი
ლენტეხი
ლესელიძე
ლეჩხუმი
ლიონი
ლიტვა
ლონდონი
მ
მარნეული
მარტვილი
მესხეთი
მექსიკა
მთაწმინდა
მოლდავეთი (მოლდოვა)
მოსკოვი
ნ
ნაძალადევი
ნინოწმინდა
ნიუ-იორკი
ო
ოზურგეთი
ოტავა
ოჩამჩირე
პ
პალესტინა
პოლონეთი
პოლტავა
ჟ
ჟენევა
რ
რაჭა
რომი
როსტოვი
რუმინეთი
რუსეთი
რუსთაველის პროსპექტი
რუსთავი
ს
საბერძნეთი
საბჭოთა კავშირი (სსრკ, საბჭოთა იმპერია)
სამაჩაბლო
სამეგრელო
სამტრედია
სამხრეთ კორეა
სამხრეთ ოსეთი
სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
სამხრეთი ამერიკა
სარფი 99,
საფრანგეთი
სენაკი
სვანეთი
სვერდლოვსკი
სვეტიცხოველი
სლოვაკეთი
სომხეთი
სოჭი
სოხუმი
სპარსეთი
სპარსეთის ყურე
სტამბოლი
ტ
ტაივანი
ტამიში
ტაჯიკეთი
ტოკიო
ტყვარჩელი
ტყიბული
უ
უზბეკეთი
უკრაინა
უნგრეთი
ფ
ფაზისი
ფოთი
ფსოუ
ქ
ქართლი
ქვემო ქართლი
ქობულეთი
ქუვეითი (კუვეიტი)
ქუთაისი
ყ
ყაზახეთი
ყაზბეგი
ყარაბაღი (მთიანი ყარაბაღი)
შ
შავი ზღვა
შავი ზღვის აუზი (შავიზღვისპირეთი)
შანხაი
შვეიცარია
შიდა ქართლი
შუა აზია
შუა აღმოსავლეთი
ჩ
ჩეჩნეთი
ჩეხეთი
ჩეხოსლოვაკია (ჩეხოსლოვაკეთი)
ჩინეთი
ჩიქოვანის ქუჩა
ჩრდილოეთ (ჩრდილო) ოსეთი
ჩრდილოეთ კავკასია (ჩრდილოეთკავკასიური)
ჩხოროწყუ
ც
ცენტრალური აზია
ცხენისწყალი
ცხინვალი
წ
წალენჯიხა
წითელი ხიდი
წყალტუბო
წყნარი ოკეანის აუზი
ჭ
ჭიათურა
ხ
ხაშური
ხერსონი
ხობი
ხონი
ჰ
ჰამერშმიდტი (ვილა, სასახლე)
ჰელსინკი
![]() |
182 საგნობრივი საძიებელი |
▲ზევით დაბრუნება |
ა
აგვისტოს პუტჩი
ამერიკის ადმინისტრაცია
ანარქია
აშშ საელჩო
აღმავლობა
აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები
ახლო აღმოსავლეთის დოქტრინა
ბ
ბანდიტიზმი
ბლოკადა
ბიუჯეტის დეფიციტი
ბიუჯეტის დეფიციტი
ბერლინის კედელი
ბრეჟნევის დოქტრინა
გ
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდება
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია
განხეთქილება
გერმანიის გაერთიანება
დ
დამოუკიდებლობა
დამოუკიდებლობის აქტი
დასავლეთის ქვეყნები
დესტაბილიზაცია
დემოკრატიული გარდაქმნა
დემოკრატიული, დემოკრატია
დემოკრატიული არჩევნები
დესტრუქციული ძალები
დიპლომატიური მისიები
ე
ემიგრაცია
ეთნოკონფლიქტები
„ენერგეტიკა“
„ეროვნული ხსნის კომიტეტი“
ეროვნული ცნობიერება
ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა
ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკა
ეკონომიკა
ეკონომიკური ქაოსი
ეკონომიკურ კრიზისი
ეროვნულ-დემოკრატიული პარტია
ეროვნული დამოუკიდებლობის პარტია
თ
თავისუფალი მეწარმეობა
თავდაცვის სამინისტრო
თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა
თავისუფლება
თანამეგობრობა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ი
იუნესკო
იმპერიული პოლიტიკა
იუსტიციის სამინისტრო
იმპერიული ძალები
კ
კონფლიქტი
კორუფცია
კოლონიური მმართველობა
კომუნისტური პარტია
კომუნიზმი
კომუნისტური რეჟიმი
კომუნისტური პარლამენტი
კონსტიტუცია
კონფრონტაცია
კონცეფცია
მ
მაჰმადიანთა საზოგადოება
მოსკოვის პუტჩი
მინისტრთა კაბინეტი
მიტინგი
მუსლიმანური სამყარო
მთავრობის გადადგომა
„მრეწველობა“
მსოფლიო ომი
მსოფლიო ცივილიზაცია
მსოფლმხედველობა
მსოფლიოს უკანასკნელი იმპერია
მხედრიონის კრიმინალური ჯგუფები
მშვიდობის დაცვის კომიტეტი
ნ
ნატო (ჩრდილო ატლანტიკური კავშირი)
ნეოიმპერიალისტური პოლიტიკა
ო
ოპოზიცია
პ
პოლიტიკური მიზნები
პოლიტიკური სტაბილურობა
პოლიტპატიმარი
პოლიტიკური დამოუკიდებლობა
პოლიტიკური ძალა
პროვოკაცია
„პერესტროიკა“
რ
რეზოლუცია
რეფერენდუმი
რეგიონალური კონფლიქტები
რეგიონალური კონფლიქტები
რუსეთის იმპერია
ს
საბოტაჟი
საქინფორმი
სახელმწიფო გადატრიალება
სამშვიდობო მისია
საბჭოთა იმპერია
საერთაშორისო თანამეგობრობა
სუვერენული, დემოკრატიული სახელმწიფოები
საქართველოს მეცნიერებათა აკადემია
საქნავთობი
საქენერგო
„საქგაზი“
„საქნახშირი“
საქართველოს მოქალაქეთა კავშირი
საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტრო
საქართველოს რესპუბლიკის ვაჭრობის სამინისტრო
საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრო
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა
საბჭოთა იმპერია
საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრო
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო
სამშვიდობო მისია
საეკლესიო საქველმოქმედო ორგანიზაცია „ხსნის არმია“
საქველმოქმედო აქციები
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
საქართველოს ანექსია
საბჭოთა კავშირის რესპუბლიკები
„საბჭოთა კავშირის დანგრევა“
საგარეო-პოლიტიკური
საქართველოს სახელმწიფოებრიობა
სსრ კავშირის კონსტიტუცია
სუვერენული საქართველო
სახელმწიფო საბჭო
სოციალური კრიზისი
ტ
ტოტალიტარული რეჟიმი
ტერიტორიული მთლიანობა
ტოტალიტარიზმი
უ
უზურპაცია
უტოპია
ქ
ქართველი ერი
ქართული ჯარი
ყ
ყოფილი კავშირის ქვეყნები
შ
შეიარაღებული კონფლიქტი
ც
ცივი ომი
9 აპრილის ტრაგედია
ხ
„ხავერდოვანი რევოლუცია“
ხელისუფლება
ჯ
ჯორჯ ბუშის დოქტრინა
ჰ
ჰელსინკის ხელშეკრულება
ჰუმანური
![]() |
183 ბიბლიოგრაფიული საძიებელი |
▲ზევით დაბრუნება |
1. 1993 წელი - მშვიდობის, დემოკრატიის, ჰუმანიზმის, ახალი გამარჯვებების, ბედნიერების, წინსვლის წელი ყოფილიყოს! // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 1 იანვარი. - №1(545). - 1 გვ.
2. „დღეგრძელი იყავით, დღეგრძელი იყოს ქართული ეკლესია!“ / შევარდნაძე ე. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 5 იანვარი. - №2(546). - 1 გვ.
3. 1993 წელი ჩვენი ქვეყნისათვის გადამწყვეტი წელიწადი იქნება უკეთესობის თვალსაზრისით / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა]ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 5 იანვარი. - №2(546). - 1 გვ.
4. ახლა ისეთ პირობებში ვიმყოფებით, რომ საქართველომ თავდადებით უნდა იშრომოს და ამასთან თავის ირგვლივ დაამყაროს და შექმნას ბალანსირებული ურთიერთობები : შევარდნაძე ე. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 12 იანვარი. - №6(550). - 1 გვ.
5. ყველანი უნდა გავერთიანდეთ ერთიანი საქართველოსათვის // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 13 იანვარი. - №7(551). - 1 გვ.
6. ქართული თეატრის მოღვაწეებს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 14 იანვარი. - №8(552). - 1 გვ.
7. დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის გზიდან არ გადავუხვევთ : საქართველოს პარლამენტის სხდომის დღიური // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 14 იანვარი. - №8(552). - 1 გვ.
8. ნიკოლოზ სანიშვილი - 90 // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 15 იანვარი. - №9(553). - 2 გვ.
9. „მტკიცედ გვწამს, რომ ომის საშუალებით სადავო საკითხი არ გადაიჭრება“ : ედუარდ შევარდნაძის ინტერვიუ ირანის ისლამური რესპუბლიკის საინფორმაციო სააგენტოს კორესპონდენტისადმი / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 17 იანვარი. - №11(555). - 1 გვ.
10. საქართველო-ირანის ურთიერთობაში დაიწყო ახალი ერა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 21 იანვარი. - №12(556). - 2 გვ.
11. ირანში ედუარდ შევარდნაძის ვიზიტის წინ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 21 იანვარი. - №12(556). - 1 გვ.
12. ინტერესების სრული ბალანსია გათვალისწინებული ჩვენს საგარეო ურთიერთობათა კონცეფციაში და სწორედ ამის მიხედვით წარმოჩინდება ჩვენი პოლიტიკის და დიპლომატიის ხელოვნება / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 22 იანვარი. - №13(557). - 1,2 გვ.
13. ჩვენ მეგობრებზე ვართ ორიენტირებული და ისინი გვეყოლება ყველგან - როგორც დასავლეთში, ისე ჩრდილოეთში : საუბარი რადიო „მაიაკის“ კორესპონდენტთან / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 22 იანვარი. - №13(557). - 2 გვ.
14. ე. შევარდნაძე - ერაყში გაეროს სამშვიდობო ძალების გაგზავნასთან დაკავშირებით // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 22 იანვარი. - №13(557). - 1 გვ.
15. აფხაზეთის ომის დასასრული შორს აღარ არის : ე. შევარდნაძის ინტერვიუ მოსკოვის რადიოსადგურ „მაიაკის“ კორესპონდენტთან // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 26 იანვარი. - №15(559). - 2 გვ.
16. დამნაშავენი უნდა ვიპოვოთ, დამნაშავეები უნდა დავადგინოთ : ე. შევარდნაძის განცხადება ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს 1993 წლის 23 იანვრის სხდომაზე // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 26 იანვარი. - №15(559). - 2 გვ.
17. ედუარდ შევარდნაძე: რაც შეუძლია, საქართველომ ის წვლილი უნდა შეიტანოს აღმოსავლეთისა და დასავლეთის ურთიერთობათა გაუმჯობესების საქმეში : 25 იანვრის რადიოინტერვიუ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 26 იანვარი. - №15(559). - 1,2 გვ.
18. განიხილავდნენ ბიუჯეტს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 27 იანვარი. - №16(560). - 1 გვ.
19. საუბარი ედუარდ შევარდნაძესთან // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 28 იანვარი. - №17(561). - 1 გვ.
20. რომის პაპი, რეიგანი, შევარდნაძე... // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 29 იანვარი. - №18(562). - 1 გვ.
21. საზოგადოებრივი მოვლენების ანარეკლი // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 29 იანვარი. - №18(562). - 1 გვ.
22. „ჩვენ ურთიერთობაში თანასწორობის მომხრე ვართ“ / შევარდნაძე ე. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 2 თებერვალი. - №20(564). - 1 გვ.
23. ედუარდ შევარდნაძე: საქართველოს დამოუკიდებლობისა და ეროვნული თავისუფლების ბედი ახლა ეკონომიკის სფეროში წყდება, სხვა პოლიტიკური საფრთხე ჩვენ არ გვემუქრება / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 2 თებერვალი. - №20(564). - 1,2 გვ.
24. საქმიანი დიალოგი // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 3 თებერვალი. - №21(265). - 1 გვ.
25. კავკასიის ხალხთა თავისუფლება და დამოუკიდებლობა ჩვენს ხელთაა! : საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის - სახელმწიფოს მეთაურის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის აბულფაზ ელჩიბეის სახელით საქართველოს სამთავრობო დელეგაციის პატივსაცემად გამართულ სადილზე // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 5 თებერვალი. - №23(267). - 1 გვ.
26. ედუარდ შევარდნაძე: ომის გაგრძელება აფხაზეთში იმათ აძლევს ხელს, ვინც მისი პროვოცირება მოახდინა და იგი თავს მოგვახვია : 8 თებერვლის რადიოინტერვიუ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 9 თებერვალი. - №26(270). - 1,2 გვ.
27. დღის ამოცანა - ბოლო მოეღოს დამნაშავეობას // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 10 თებერვალი. - №27(271). - 1 გვ.
28. ჭორებს არავითარი საფუძველი არ გააჩნია : ედუარდ შევარდნაძის ტელეინტერვიუდან // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 11 თებერვალი. - №28(272). - 1 გვ.
29. გავერთიანდეთ ყველანი, რომ გადავრჩეთ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 12 თებერვალი. - №29(273). - 1,2 გვ.
30. ედუარდ შევარდნაძე: აფხაზურ კონფლიქტში გაჩნდა მისი მშვიდობიანი გზით მოგვარების ახალი მომენტები, რომლებიც არ გამორიცხავენ ქართულ-აფხაზურ დიალოგსაც : 15 თებერვლის რადიოინტერვიუ / შევარდნაძე ე. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 16 თებერვალი. - №31(275). - 1 გვ.
31. შემუშავებული იქნება საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 17 თებერვალი. - №32(276). - 1 გვ.
32. „გადადგომას შეჩვეული ვარ...“ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 20 თებერვალი. - №35 (279). - 3 გვ.
33. სოხუმის დაბომბვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრებათ რუსეთის არმიის იმ ხელმძღვანელებსა და სარდლებს, რომლებიც გუდაუთაში არიან თავმოყრილი / შევარდნაძე. ე. ; [ჩაიწერა] სულხან მელაძე // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 23 თებერვალი. - №36(580). - 1 გვ.
34. გონების კარნახით, ხვალინდელ დღეზე ფიქრით // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 24 თებერვალი. - №37 (581). - 1 გვ.
35. ვინ უნდა წაართვას რუსეთს შავი ზღვა?.. : ედუარდ შევარდნაძის განცხადება // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 26 თებერვალი. - №39(583). - 1 გვ.
36. იმედისმომცემი ხელშეკრულება // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 2 მარტი. - №32(585). - 1 გვ.
37. ედუარდ შევარდნაძე: რუსეთთან ურთიერთობა რთულ ფაზაშია და ეს არა მარტო ჩემს შეშფოთებას იწვევს, არამედ რუსეთში არსებულ იმ ძალებსაც აღელვებს, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ იგი არ შეესაბამება არც ქართველი ხალხის და არც რუსი ხალხის ინტერესებს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 2 მარტი. - №32 (585). - 1 გვ.
38. ედუარდ შევარდნაძე: ჩვენ მომავალზე ფიქრი, მასზე ნიადაგ ზრუნვა და ჩვენი დიდი წარსულის პატივისცემა გვაერთიანებს / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 9 მარტი. - №46(590). - 1 გვ.
39. ედუარდ შევარდნაძის ინტერვიუ უცხოელ ჟურნალისტებს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 9 მარტი. - №46(590). - 1 გვ.
40. საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარემ - სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ ინტერვიუ მისცა იტალიის პარლამენტისა და ევროპარლამენტის წევრს, პოლიტიკურ მოღვაწესა და ჟურნალისტს ბატონ მიქელინის // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 9 მარტი. - №46(590). - 1 გვ.
41. რუსეთის პრეზიდენტს ბატონ ბორის ელცინს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 10 მარტი. - №47(591). - 1 გვ.
42. ედუარდ შევარდნაძე: ახალი მსოფლიო წესრიგის მშენებლობაში საქართველოსაც ჰქონდეს თავისი ადგილი... // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 11 მარტი. - №48-49(593). - 1 გვ.
43. ედუარდ შევარდნაძე: ელცინი რუსეთში დემოკრატიული გარდაქმნების გარანტად მიმაჩნია // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 13 მარტი. - №51-52(596). - 1 გვ.
44. ედუარდ შევარდნაძე: სოხუმში მომხდარმა ბოლო ორი დღის მოვლენებმა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა რუსეთის სამშვიდობო მისია აფხაზეთში / შევარდნაძე ე. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 16 მარტი. - №53(597). - 1 გვ.
45. ედუარდ შევარდნაძე: ამ რთული, ძნელი გამოცდის დროს უნდა შევძლოთ ღირსეულად გავართვათ თავი ჩვენს წინაშე მდგარ ამოცანას // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 17 მარტი. - №54(598). - 1 გვ. 46. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის გადასარჩენად // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 18 მარტი. - №55(599). - 1 გვ.
47. რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების მიერ ქ. სოხუმის მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვის შედეგად დაზარალებულ, უსახლკაროდ დარჩენილ მოქალაქეთათვის დახმარების გაწევის ღონისძიებათა შესახებ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 18 მარტი. - №55(599). - 1 გვ.
48. ედუარდ შევარდნაძე: მადლობას ვუცხადებ სოხუმის ყველა დამცველს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 18 მარტი. - №55(599). - 1 გვ.
49. ელცინის პლატფორმა - ერთადერთი გამოსავალი : საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის - სახელმწიფოს მეთაურის სიტყვა უცხოელი ჟურნალისტებისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე 1993 წლის 21 მარტს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 23 მარტი. - №58(692). - 1 გვ.
50. სრული მხარდაჭერა : ედუარდ შევარდნაძე ტელეფონით ესაუბრა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტს ელ გორს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 23 მარტი. - №58(692). - 1 გვ.
51. ედუარდ შევარდნაძე: თუ რუსეთში მდგომარეობა უკიდურესობამდე არ დაიძაბა, მისი სამხედრო ჩარევა აფხაზეთის კონფლიქტში სოხუმის აღების გეგმის ჩაშლის შემდეგ უნდა შესუსტდეს : 22 მარტის რადიოინტერვიუ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 23 მარტი. - №58(692). - 1 გვ.
52. საქართველო დღეს იმ ქვეყნებთანაა, რომლებსაც ნათლად გამოკვეთილი პოზიცია აქვთ რუსეთის მოვლენებთან დაკავშირებით // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 24 მარტი. - №60(604). - 1 გვ.
53. ედუარდ შევარდნაძე რუსეთის სახალხო დეპუტატთა მეცხრე ყრილობის შესახებ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 30 მარტი. - №65(609). - 1 გვ.
54. ედუარდ შევარდნაძე: ელცინს და ჭეშმარიტ დემოკრატებს რუსეთში დიდი ძალისხმევა დასჭირდებათ იმისათვის, რომ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესები შეუქცევადი გახდეს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 30 მარტი. - №65(609). - 1 გვ.
55. „თუ რუსეთში აფეთქება მოხდა - მისი ნამსხვრევები სხვა ქვეყნებსაც ქვეშ მოიყოლებს“, - ასე მიაჩნია ედუარდ შევარდნაძეს / შევარდნაძე ედუარდ ; [ჩაიწერა] გვრიტიშვილი იგორ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 1 აპრილი. - №67(611). - 1 გვ.
56. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო აკადემიკოსს პეტრე ჟღენტს / შევარდნაძე ედუარდ ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 2 აპრილი. - №68(612). - 3 გვ.
57. ედუარდ შევარდნაძე: შეხვედრას ვანკუვერში ბილ კლინტონსა და ბორის ელცინს შორის დიდი მნიშვნელობა აქვს რუსეთისათვის, მთელი მსოფლიოსათვის და მათ შორის საქართველოსათვისაც : 5 აპრილის რადიო ინტერვიუდან // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 6 აპრილი. - №71(615). - 1 გვ.
58. ახალი ეტაპი საქართველოს სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის საქმეში : ბატონ ედუარდ შევარდნაძის სიტყვა საქართველოს რესპუბლიკის საკონსტიტუციო კომისიის პირველ სხდომაზე 1993 წლის 3 აპრილს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 6 აპრილი. - №71(615). - 1,2 გვ.
59. დიდია 9 აპრილის ისტორიული მნიშვნელობა : საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროებს და უწყებებს, ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს, საქართველოს მოქალაქეებს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 8 აპრილი. - №73(617). - 1 გვ.
60. ძირეული საკითხები უმაღლესი დონის შეხვედრაზე გადაწყდება / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა]საქინფორმის კორესპონდენტი // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 13 აპრილი. - №75(619). - 1 გვ.
61. ედუარდ შევარდნაძე: ნებისმიერი „კერძო“ კონფლიქტი კარდინალურად გადაწყდება მხოლოდ კარგად მოგვარებული სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობის საფუძველზე // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 17 აპრილი. - №79(623). - 1 გვ.
62. ედუარდ შევარდნაძე: თუკი რუსეთს დემოკრატიული განვითარების გზით სიარული სურს, არჩევანი ელცინზე უნდა გააკეთოს / შევარდნაძე ედუარდ ; [ჩაიწერა]ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 21 აპრილი. - №81(625). - 1 გვ.
63. „როცა რუსეთის პრეზიდენტს შევხვდები, ჩვენ მოვნახავთ გამოსავალს იმ ჩიხიდან, რომელშიც ამჟამად არის მოქცეული რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა“ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 21 აპრილი. - №81(625). - 1 გვ.
64. ედუარდ შევარდნაძე აცხადებს, რომ საქართველო რუსეთთან და უკრაინასთან კეთილმეზობლობას ესწრაფვის // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 21 აპრილი. - №81(625). - 2 გვ.
65. თუ ერთი კონფლიქტი მოგვარდება, მეორეც უნდა მოგვარდეს! : ბატონი ედუარდ შევარდნაძე უპასუხებს „საქართველოს რესპუბლიკის“ კორესპონდენტის შეკითხვებს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 24 აპრილი. - №84(628). - 1 გვ.
66. ეროვნული ვალუტა ჩვენი დამოუკიდებლობის საფუძველია // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 27 აპრილი. - №85(629). - 1 გვ.
67. ედუარდ შევარდნაძე: კავკასიის კონფლიქტების მოგვარების გასაღები კავკასიაშივე უნდა ვეძებოთ და ამისათვის ანკარის შეხვედრას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 27 აპრილი. - №85(629). - 1 გვ.
68. მხარში დავუდგეთ სამართალდამცავ ორგანოებს : 25 აპრილს საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში გაიმართა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების აქტივის კრება // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 28 აპრილი. - №86(630). - 1 გვ.
69. მის აღმატებულებას, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ბატონ ბ. ნ. ელცინს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 28 აპრილი. - №86(630). - 1 გვ.
70. ედუარდ შევარდნაძის განცხადება // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 30 აპრილი. - №88(632). - 1 გვ.
71. ედუარდ შევარდნაძე: პარლამენტი ისტორიულ საქმეს აკეთებს და მოგვწონს თუ არ მოგვწონს იგი, ჩვენ მოვალენი ვართ მას მხარი დავუჭიროთ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 4 მაისი. - №91(635). - 1 გვ.
72. პარლამენტი, ხალხი და არმია ერთიანია // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 6 მაისი. - №93(637). - 1 გვ.
73. ედუარდ შევარდნაძე: რუსეთ-საქართველოს შეხვედრა უმაღლეს დონეზე ორ ქვეყანას შორის სრულიად ახალ, თანასწორუფლებიან და კეთილმეზობლურ ურთიერთობათა დაწყების საწინდარი უნდა გახდეს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 11 მაისი. - №97(641). - 1 გვ. 74. ბატონ ჯეკობ ნიმროდს - საექსპორტო-საიმპორტო საერთაშორისო კორპორაციის გამგეობის თავმჯდომარეს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 11 მაისი. - №97(641). - 1 გვ.
75. ჩვენ უნდა გავარკვიოთ ჩვენი სტრატეგიული ინტერესები რუსეთში და რუსეთთან ურთიერთობაში // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 14 მაისი. - №99(643). - 1 გვ.
76. ედუარდ შევარდნაძე კმაყოფილია რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შედეგებით : პრესკონფერენცია მოსკოვში // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 15 მაისი. - №100(644). - 2 გვ
77. ედუარდ შევარდნაძე: აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარება ახლა უფრო რეალურად მეჩვენება, ვიდრე 1992 წლის 3 სექტემბრის შემდეგ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ონიანი ნ. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 18 მაისი. - №101(645). - 1 გვ.
78. მის აღმატებულებას ბატონ სულეიმან დემირელს თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 18 მაისი. - №101(645). - 1 გვ.
79. ედუარდ შევარდნაძე: 26 მაისი - თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დიდი ეროვნული დღესასწაული // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 18 მაისი. - №101(645). - 1,2,3 გვ.
80. 26 მაისის - საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის დღის აღსანიშნავი ღონისძიებების მომზადებისა და ჩატარების შესახებ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 20 მაისი. - №103(647). - 1 გვ.
81. დღევანდელი დღე ქართველებსა და აფხაზებს აძლევს ისტორიულ შანსს - თავი დააღწიონ კატასტროფას! : 1993 წლის 20 მაისს აფხაზეთში ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის - სახელმწიფოს მეთაურის განცხადება // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 21 მაისი. - №104(648). - 1 გვ.
857
82. ედუარდ შევარდნაძე: ვიღაცას ძალიან სურს დესტაბილიზაციის ტალღა ააგოროს, ხალხი კი დაიღალა და წესრიგს მოითხოვს, რომ შვებით მაინც ამოისუნთქოს : 24 მაისის რადიოინტერვიუ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 25 მაისი. - №107(651). - 1,2 გვ.
83. ბრძანებულება : თბილისში ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის საკათედრო ტაძრის აგების შესახებ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 26 მაისი. - №107(652). - 2 გვ.
84. 21-ე საუკუნეში საქართველო შეაბიჯებს როგორც მატერიალურად და სულიერად აღორძინებული, ბედნიერი ქვეყანა : საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის - სახელმწიფოს მეთაურის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე 1993 წლის 26 მაისს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 27 მაისი. - №108(653). - 1 გვ.
85. ედუარდ შევარდნაძე: რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა კვლავ რჩება მნიშვნელოვან მომენტად აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების თვალსაზრისით, მიუხედავად იმისა, რომ გაეროს ფაქტორი ახლა მართლაც რეალურად არის ამოქმედებული : 31 მაისის რადიოინტერვიუ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 1 ივნისი. - №113(658). - 1 გვ.
86. ედუარდ შევარდნაძე ოფიციალურ ვიზიტად გაემგზავრა ყაზახეთსა და ჩინეთში // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 2 ივნისი. - №114(659). - 1 გვ.
87. ედუარდ შევარდნაძე აფხაზეთის მოვლენების შესახებ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 8 ივნისი. - №119-120(665). - 1 გვ.
88. ბრძოლა მსოფლიო საზოგადოებრივი აზრისთვისაც... : ედუარდ შევარდნაძის ინტერვიუ ტელეპროგრამა „ალიონს“ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 8 ივნისი. - №119-120(665). - 1 გვ.
89. ედუარდ შევარდნაძე: რუსეთის ხელმძღვანელობა ბოლოს და ბოლოს რეალურად მიდის იმ დასკვნამდე, რომ მას ისევე სჭირდება ერთიანი, მთლიანი და დემოკრატიული, ძლიერი საქართველო, როგორც საქართველოს სჭირდება ღირსეული პარტნიორი რუსეთის სახით / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 15 ივნისი. - №125(670). - 1 გვ.
90. „ჩვენ ვგრძნობთ მსოფლიო გაერთიანების თანადგომასა და მხარდაჭერას“ / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 18 ივნისი. - №128(673). - 1 გვ.
91. უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ბატონ ისლამ ქარიმოვს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 19 ივნისი. - №129-130(675). - 1 გვ.
92. ედუარდ შევარდნაძე: დღეს ყველაზე მეტად, ვიდრე ოდესმე, შეკავშირებაზე, პირადული ამბიციების დაძლევასა და საქვეყნო საქმის სამსახურზე უნდა ვიფიქროთ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 22 ივნისი. - №131(677). - 1 გვ.
93. მის აღმატებულებას, ქალბატონ თანსუ ჩილერს თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 25 ივნისი. - №135(681). - 1 გვ.
94. ედუარდ შევარდნაძის ვიზიტი ბელგიასა და გერმანიაში : 23 ივნისს საქართველოს სახელმწიფოს მეთაურმა სიტყვა წარმოთქვა ნატოს წევრ სახელმწიფოთა საბჭოს სხდომაზე // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 25 ივნისი. - №135(681). - 1 გვ.
95. ედუარდ შევარდნაძის ვიზიტი გერმანიაში : პრესკონფერენცია ბონში // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 26 ივნისი. - №136-137(683). - 1 გვ.
96. „ვცნობ მხოლოდ იმ პოლიტიკას, რომელიც ზნეობრიობის საფუძველზეა დამყარებული“ : შეხვედრები ბონში // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 29 ივნისი. - №138(684). - 1,2 გვ.
97. ედუარდ შევარდნაძე: ჩვენი საგარეო პოლიტიკური კურსი გამოკვეთილია და იგი ყველა ქვეყანასთან თანაბრად კარგ, ხელსაყრელ, მეგობრულ ურთიერთობებს გულისხმობს / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 29 ივნისი. - №138(684). - 1,2 გვ.
98. ედუარდ შევარდნაძის სიტყვა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 1 ივლისი. - №140(686). - 1, 2 გვ.
99. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის - სახელმწიფოს მეთაურის რადიომიმართვა : სამეგრელოს რეგიონის ყველა მცხოვრებს! // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 3 ივლისი. - №142-143(689). - 1 გვ.
100. ედუარდ შევარდნაძის წერილი ბუტროს ბუტროს გალის // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 6 ივლისი. - №144(690). - 1 გვ.
101. ედუარდ შევარდნაძის ინტერვიუ საქართველოს ტელევიზიისათვის // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 7 ივლისი. - №145(691). - 1 გვ.
102. დღეს სოხუმში, აფხაზეთში წყდება საქართველოს ბედი : ედუარდ შევარდნაძის სიტყვა აფხაზეთის თავდაცვის საბჭოსა და მინისტრთა საბჭოს ერთობლივ სხდომაზე 1993 წლის 6 ივლისს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 8 ივლისი. - №146(692). - 1 გვ.
103. ედუარდ შევარდნაძე: „მე ვიქნები ქალაქის გმირ დამცველებთან მანამ, ვიდრე ეს საჭირო იქნება...“ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 10 ივლისი. - №148 - 149(695). - 1 გვ.
104. ნიჭი და სიცოცხლე - ერს და სამშობლოს! : საიუბილეო მისალმება ქართველ მწერლებს, რომელთაც წელს 60 წელი შეუსრულდათ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 14 ივლისი. - №151(697). - 1 გვ.
105. მადლობა ყველას თავდადებისა და თავგანწირვისთვის : საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის, პარლამენტის თავმჯდომარის ე. შევარდნაძის სიტყვა პარლამენტის სხდომაზე. 1993 წლის 13 ივლისი. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 15 ივლისი. - №152(698). - 1,2 გვ.
106. მის აღმატებულებას ედუარდ შევარდნაძეს საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს: ედუარდ შევარდნაძის საპასუხო წერილი უილიამ ჯ. კლინტონს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 17 ივლისი. - №154-155(701). - 1 გვ.
107. ედუარდ შევარდნაძე: თუ რუსეთის ხელისუფლება და საზოგადოებრიობა ლოგიკის კანონით იმოქმედებს, მაშინ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში გარდატეხა უნდა მოხდეს / შევარდნაძე ე. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 20 ივლისი. - №156(702). - 1 გვ.
108. აწ და მარადის გაიმარჯვებს სიკეთე! : მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს ალექსი II-ს მის უწმინდესობასა და უნეტარესობას სრულიად საქართველოს პატრიარქს ილია II-ს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 20 ივლისი. - №156(702). - 1 გვ.
109. დაზუსტებულია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების პროექტის ტექსტი // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 23 ივლისი. - №159(705). - 1 გვ.
110. ედუარდ შევარდნაძე: ბრძოლა იწყება, მაგრამ ბრძოლა შედარებით მშვიდობიანი გზებით, მშვიდობისათვის და ომის დამთავრებისათვის : 26 ივლისის რადიოინტერვიუ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 27 ივლისი. - №162(708). - 1, 2 გვ.
111. ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ დავამყარებთ მშვიდობას ჩვენს ქვეყანაში: ქართველ და აფხაზ ხალხებს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 27 ივლისი. - №162(708). - 1 გვ.
112. ამჯერად ცეცხლი ნამდვილად შეწყდება! : საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარის სახელმწიფოს მეთაურის ედუარდ შევარდნაძის განცხადება // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 27 ივლისი. - №162(708). - 1 გვ.
113. ედუარდ შევარდნაძე: გადავდგათ ის ნაბიჯი, რომელსაც მშვიდობისაკენ მიმავალ გზას ვუწოდებთ : 24 ივლისის ტელეინტერვიუ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] კვარაცხელია ვალერი // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 28 ივლისი. - №163(709). - 1,2 გვ.
114. აფხაზეთში მშვიდობისათვის ჩვენი საერთო პასუხისმგებლობა ჩვენგან დიდ სიფხიზლეს მოითხოვს : საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარის - სახელმწიფოს მეთაურის მიმართვა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 29 ივლისი. - №164(710). - 1 გვ.
115. რა უთქვამთ, რა მოუჩმახავთ, რა წიგნი მოუწერიათ... : სიმართლე კი ასეთია // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 29 ივლისი. - №164(710). - 3 გვ.
116. ედუარდ შევარდნაძე: მთავარია ომის დამთავრება, სისხლის ღვრის შეწყვეტა, ნორმალური ცხოვრების დაწყება აფხაზეთსა და მთლიანად საქართველოში : 2 აგვისტოს რადიოინტერვიუ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 3 აგვისტო. - №168(714). - 1 გვ.
117. დადგა მოქმედების დრო : პარლამენტის სხდომის დღიური // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 7 აგვისტო. - №172-173(719). - 1 გვ.
118. ედუარდ შევარდნაძე: მთავარია, გადავარჩინოთ უმთავრესი მონაპოვარი - დემოკრატია // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 10 აგვისტო. - №174(720). - 1 გვ.
119. ედუარდ შევარდნაძე უცხადებს სამძიმარს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 11 აგვისტო. - №175(721). - 1 გვ.
120. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ - სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ 10 აგვისტოს სამძიმრის ბარათი გაუგზავნა საქართველოში ამერიკის საელჩოს პოლიტიკური განყოფილების თანამშრომლის ფრედ ვუდროფის ოჯახს, რომელშიც ნათქვამია:// საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 11 აგვისტო. - №175(721). - 1 გვ.
121. გულით მოძღვნილი სიკეთე // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 12 აგვისტო. - №176(722). - 1 გვ.
122. ედუარდ შევარდნაძე აფხაზეთის ომის შედეგებს აანალიზებს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 17 აგვისტო. - №180(726). - 1 გვ.
123. საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს : საქართველოს პარლამენტის სხდომიდან // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 21 აგვისტო. - №184-185(713). - 1 გვ.
124. ედუარდ შევარდნაძე: მოსკოვში გამართული შეხვედრები იმის საშუალებას გვაძლევს, რომ ოპტიმისტურად შევაფასოთ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა მისი გაუმჯობესების თვალსაზრისით : 23 აგვისტოს ინტერვიუ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა]საქართველოს რადიო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 25 აგვისტო. - №187(715). - 1გვ.
125. უნაყოფოდ ჩავლილი სამუშაო დღე // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 28 აგვისტო. - №189(717). - 1 გვ.
126. ეროვნული არმია ყველამ ერთად უნდა ვაშენოთ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 31 აგვისტო. - №190(718). - 1 გვ.
127. დღის წესრიგშია აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურული ცვლილება : პარლამენტის სხდომის დღიური // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 31 აგვისტო. - №190(718). - 1,3 გვ.
128. ედუარდ შევარდნაძე: უნდა შევქმნათ პოლიტიკური ძალა, რათა საქართველომ მუდამ იაროს დემოკრატიული განვითარების გზით : 30 აგვისტოს რადიოინტერვიუ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 31 აგვისტო. - №190(718). - 1 გვ.
129. რეფორმების განხორციელება ძლიერი ხელისუფლებით უნდა შევძლოთ : პარლამენტის სხდომის დღიური // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 1 სექტემბერი. - №191(719). - 1,2 გვ.
130. მინისტრთა კაბინეტის ახალი სტრუქტურის შესახებ : პარლამენტის თავმჯდომარის - სახელმწიფოს მეთაურის ბატონ ედუარდ შევარდნაძის მოხსენება საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის სხდომაზე, 1993 წლის 29 აგვისტოს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 2 სექტემბერი. - №192(720). - 1,2,3 გვ.
131. ერთად დავდგეთ, რათა სწრაფად გადავლახოთ დაბრკოლებები // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 4 სექტემბერი. - №194 (722). - 1 გვ.
132. ედუარდ შევარდნაძე: ჩვენ ერთი ერის შვილები ვართ, ერთი სახელმწიფო ვართ და შეუძლებელია ქართველებმა საერთო ენა ვერ გამოვნახოთ! // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 7 სექტემბერი. - №195 (723). - 1 გვ.
133. უნდა ვუშველოთ საქართველოს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 11 სექტემბერი. - №199(727). - 1 გვ.
134. ედუარდ შევარდნაძე: დღეს სხვა დროა და ამის მიხედვით უნდა განვსაზღვროთ ჩვენი მოქმედების კურსი: 13 სექტემბრის რადიოინტერვიუ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა]ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 14 სექტემბერი. - №200(728). - 1 გვ.
135. მე არ შემიძლია ვიყო ხელისუფლების სათავეში და ვიცხოვრო იმ ქვეყანაში, რომელსაც მკვლელებისა და ბანდიტების რეპუტაცია ექნება მსოფლიოში // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 15 სექტემბერი. - №201 (729). - 1 გვ.
136. უმაღლესი მიზანი - მთლიანი საქართველოა : ედუარდ შევარდნაძის საუბარი საქინფორმის კორესპონდენტთან // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 17 სექტემბერი. - №203-204 (732). - 1 გვ.
137. რუსეთის პრეზიდენტს ბორის ელცინს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 17 სექტემბერი. - №203-204 (732). - 1 გვ.
138. შევარდნაძისა და ელცინის სატელეფონო საუბარი // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 17 სექტემბერი. - №203-204 (732). - 1 გვ.
139. სექტემბრის ზარი განსაცდელის ჟამს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 18 სექტემბერი. - №205-206(734). - 1 გვ.
140. მადლობას მოვახსენებ ყველას, ვინც კეთილი და ძლიერი ხელი გამოუწოდა და გამოუწვდის საქართველოს : მიმართვა ჩემი სამშობლოს ყველა მეგობარს! // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 21 სექტემბერი. - №207(735). - 1 გვ.
141. წერილი საქართველოს ქალებს! // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 22 სექტემბერი. - №208(736). - 1 გვ.
142. ედუარდ შევარდნაძე მხარს უჭერს ბორის ელცინს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 23 სექტემბერი. - №209 (737). - 1 გვ.
143. „მდგომარეობა სოხუმში უმჯობესდება!“ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 23 სექტემბერი. - №209 (737). - 1გვ.
144. „დღეს აფხაზეთში წყდება საქართველოს ბედი...“ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 24 სექტემბერი. - №210(738). - 1 გვ.
145. შევარდნაძე მიმართავს მოხალისეებს = განახლდა საომარი მოქმედება აფხაზეთში // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 24 სექტემბერი. - №210(738). - 1 გვ.
146. ედუარდ შევარდნაძის პრესკონფერენცია // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 24 სექტემბერი. - №210(738). - 1 გვ.
147. გადავარჩინოთ საქართველოს ერთიანობა და მთლიანობა. აქ ძალები საკმარისია! : საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოს მეთაურის ბატონ ედუარდ შევარდნაძის მიმართვა სოხუმის მოსახლეობისა და ქალაქის დამცველებისადმი // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 25 სექტემბერი. - №211-212(740). - 1 გვ.
148. რა ხდებოდა სოხუმში : 25 სექტემბერი, 26 სექტემბერი // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 28 სექტემბერი. - №213(741). - 1 გვ.
149. „იცის ღმერთმა, ყველაფერს ვაკეთებდი ამ საშინელი დღის თავიდან ასაცილებლად!..“ : საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის ედუარდ შევარდნაძის განცხადება // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 28 სექტემბერი. - №213(741). - 1 გვ.
150. ედუარდ შევარდნაძის წერილი ბუტროს გალის // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 28 სექტემბერი. - №213(741). - 1 გვ.
151. ქვეყნის მთლიანობისთვის - ერთიანი ძალისხმევით : სახელმწიფოს მეთაურის ბრიფინგი ქართველი და უცხოელი ჟურნალისტებისათვის // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 29 სექტემბერი. - №214(742). - 1 გვ.
152. როგორ ვუშველოთ საქართველოს : საქართველოს მინისტრთა კაბინეტის გაფართოებული სხდომა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 29 სექტემბერი. - №214(742). - 1, 2 გვ.
153. საქართველოს უბედურების მასშტაბი ისეთია, რომ საჭიროა დახმარების სასწრაფო შეთანხმებული საერთაშორისო პროგრამა : ედუარდ შევარდნაძის განცხადება // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 1 ოქტომბერი. - №216(744). - 1 გვ.
154. ედუარდ შევარდნაძე: „ჩვენი უახლოესი მიზანია საქართველოს ერთიანობის აღდგენა და ჩვენი მთლიანობის გარანტიების შექმნა“ : 4 ოქტომბრის რადიოინტერვიუ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 5 ოქტომბერი. - №218(746). - 1,2 გვ.
155. სვანეთი გამოცხადებულია ეროვნული უბედურების ზონად : ედუარდ შევარდნაძის განცხადება // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 5 ოქტომბერი. - №218(746). - 1 გვ.
156. ვგმობთ ანტირუსული ისტერიის ნებისმიერ გამოვლინებას : სახელმწიფოს მეთაურის განცხადება // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 5 ოქტომბერი. - №218(746). - 3 გვ.
157. ედუარდ შევარდნაძე: „წვალებით, დაგვითა და ტანჯვით მოვდივართ, მაგრამ მაინც მოვდივართ ჭეშმარიტების გზით და მივალთ ჭეშმარიტებამდე, უკეთეს ცხოვრებამდე, ერთიანობამდე და მთლიანობამდე. შორს უიმედობა!“ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 12 ოქტომბერი. - №223(751). - 1 გვ.
158. ედუარდ შევარდნაძე: თანამეგობრობაში შესვლა არავითარ საფრთხეს არ უქმნის ჩვენს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას : რადიოინტერვიუ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 13 ოქტომბერი. - №224(752). - 1,2 გვ.
159. საქართველო გახდება ჩრდილოატლანტიკური ასამბლეის წევრი // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 14 ოქტომბერი. - №225 (753). - 1 გვ.
160. ედუარდ შევარდნაძე: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწიფოებრიობის მოშლა, დანგრევა, სხვებსაც არ უქადის უკეთეს მომავალს : 18 ოქტომბრის რადიოინტერვიუ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 19 ოქტომბერი. - №227 (755). - 1, 2 გვ.
161. მადლიერი ვიქნებით მხარდაჭერისათვის საქართველოსათვის ამ მძიმე და გადამწყვეტ დღეებში : მიმართვა რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ხალხებსა და მთავრობებს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 20 ოქტომბერი. - №228(756). - 1 გვ.
162. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში შესვლა ერთადერთი სწორი და გონივრული ნაბიჯია / შევარდნაძე ე. ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 26 ოქტომბერი. - №232(760). - 1 გვ. 719
163. გონს მოეგეთ, იარაღი დაყარეთ და მშვიდობიან შრომას დაუბრუნდით! : საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის - სახელმწიფოს მეთაურის ედუარდ შევარდნაძის მიმართვა საქართველოს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ თანამოქალაქეებსა და გამსახურდია-ქობალიას უკანონო საჯარისო ფორმირებებს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 26 ოქტომბერი. - №232(760). - 1 გვ.
164. ედუარდ შევარდნაძე: „აფხაზეთის დაკარგვა მოღალატეთა სინდისზეა. ჩვენ არ უნდა წაგვეგო აფხაზეთის ომი და არც წავაგებდით, რადგან პირველი დღიდან დაწყებული ბოლომდე მართალი ვიყავით“ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 26 ოქტომბერი. - №232(760). - 1,2 გვ.
165. ჯერ კიდევ არ არის გვიან!.. : საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, სახელმწიფოს მეთაურის მიმართვა სამეგრელოს მოსახლეობისადმი // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 3 ნოემბერი. - №238(766). - 1 გვ.
166. ჟურნალისტების სიცოცხლე და სამუშაო ხელშეუხებელია // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 9 ნოემბერი. - №242 (770). - 1 გვ.
167. ედუარდ შევარდნაძე: ხელისუფლება ინტენსიურად მუშაობს, რათა დასავლეთ საქართველოში აღდგეს ცხოვრების ნორმალური რიტმი // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 16 ნოემბერი. - №246(774). - 1 გვ.
168. შეიქმნა საქართველოს მოქალაქეთა კავშირი // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 26 ნოემბერი. - №251 (779). - 1 გვ.
169. ედუარდ შევარდნაძე: საქართველოს მოქალაქეთა კავშირი დიდხანს იმოღვაწებს, იცხოვრებს, იცოცხლებს და იმუშავებს საქართველოს საკეთილდღეოდ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 26 ნოემბერი. - №251 (779). - 1 გვ.
170. ედუარდ შევარდნაძე: ახალი საპარლამენტო არჩევნები რეალური პოლიტიკური ძალების, რეალური გავლენებისა და რეალური ავტორიტეტების დამკვიდრებამდე მიგვიყვანს / შევარდნაძე ედუარდ ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 30 ნოემბერი. - №253 (781). - 1 გვ.
171. ეს ქვეყანა თქვენი და თქვენი შთამომავლობისაა : ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის პრეზიდენტს, ახალგაზრდა მეცნიერებს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 1 დეკემბერი. - №254(782). - 1 გვ.
172. ედუარდ შევარდნაძე: მწამს ჩემი სამშობლოს ბედნიერი მომავლისა : საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის ბატონ ედუარდ შევარდნაძის პასუხები ბელგიური გაზეთის „ლე სუარის“ კორესპონდენტ ბატონ პოლ მატილის კითხვებზე / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] მატილი პოლ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 3 დეკემბერი. - №256(784). - 1,2 გვ.
173. ედუარდ შევარდნაძე: ჩვენი ხალხის სიბრძნე, ჭკუა, გონება, წინდახედულება იხსნის ქვეყანას! / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 8 დეკემბერი. - №258(786). - 1 გვ.
174. ვოცნებობ, რომ ვიხილო, როგორ იბადება ახალი აზრი, საქართველოს ახალი პოლიტიკური აზროვნება! : აღმოსავლეთ-დასავლეთის ურთიერთმიმართების კვლევის ცენტრის იდეა ძალიან დროულია // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 14 დეკემბერი. - №262 (790). - 1 გვ.
175. ედუარდ შევარდნაძე: წესრიგის აღდგენა და კრიმინოგენური ვითარების გაჯანსაღება ყველა პრობლემის გადაწყვეტის გასაღებია // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 14 დეკემბერი. - №262 (790). - 1,2 გვ.
176. ეს დროის მოთხოვნაა : 15 დეკემბერს თბილისში გაიმართა აღმოსავლეთ-დასავლეთის ურთიერთობის საერთაშორისო კვლევითი ცენტრის პრეზენტაცია // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 16 დეკემბერი. - №264 (792). - 1 გვ.
177. უწინარესად ენერგეტიკული პრობლემები უნდა გადავწყვიტოთ! / შევარდნაძე ედუარდ ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 21 დეკემბერი. - №267(795). - 1 გვ.
178. ედუარდ შევარდნაძე: გასული პოლიტიკური წლის უმთავრესი შედეგია საქართველოს რეალური გამთლიანების პროცესის დაწყება, ერთიანი საქართველოსათვის საფუძვლის ჩაყრა / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1993. - 28 დეკემბერი. - №272(800). - 1 გვ.