The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ედუარდ შევარდნაძე (ტომი XI)

ედუარდ შევარდნაძე (ტომი XI)


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი საქართველოს სახელმწიფო მეთაურები|შევარდნაძე ედუარდ
თარიღი: 2017
აღწერა: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა; პარლამენტის სამეცნიერო-საინფორმაციო უზრუნველყოფის განყოფილება; საქართველოს სახელმწიფოს ხელმძღვანელები; საქართველოს პრეზიდენტი (1995 წლის ნოემბერი – 2003 წლის ნოემბერი) მიმართვები, ინტერვიუები თბილისი 2017 UDC (უაკ) 342.511 (479.22) + 929(479.22) ს-323 ე-241 ISSN 1987-5576 ISBN 978-9941-0-9826-0 © საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა სერიის „საქართველოს სახელმწიფოს ხელმძღვანელები“ იდეის ავტორები: პროფ. ემზარ ჯგერენაია დოქ. დორის ფოგლი რედაქტორ-შემდგენელი: ნატო გაბელაია შემდგენლები: თინათინ სულუხია, კუკური კიღურაძე დაკაბადონება: შალვა პაპალაშვილი



1 ***

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ედუარდ შევარდნაძე

საქართველოს სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე

(1992 წლის მარტი - 1992 წლის ოქტომბერი),

საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე

(1992 წლის ოქტომბერი - 1992 წლის ნოემბერი)

საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე -

სახელმწიფოს მეთაური

(1992 წლის ნოემბერი - 1995 წლის ნოემბერი)

საქართველოს პრეზიდენტი

(1995 წლის ნოემბერი - 2003 წლის ნოემბერი)

2 „მშვიდობა თქვენს ჭერს, თქვენს ოჯახებს, თქვენს აკვნებს, ყველა სოფელს, ყველა დაბასა და ქალაქს, კეთილო ადამიანებო“

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის საახალწლო მილოცვა საქართველოს მოსახლეობისადმი

ძვირფასო მეგობრებო, თანამემამულენო! იწურება 1995 წლის უკანასკნელი წუთები. 1994 წლის ბოლოს, თუ გახსენდებათ, მე გაცნობეთ, რომ მომდევნო, 1995 წელი, შემობრუნების წელი იქნება-მეთქი.

ვფიქრობ, ეს პროგნოზი საკმაოდ ზუსტად ასახავს ახლა უკვე განვლილი წლის ადგილს საქართველოს 3000-წლოვან ისტორიაში და ეს სულაც არ არის გაზვიადება. განვლილ წელს მე დავარქმევდი რწმენის დაბრუნების, იმედის გაღვიძების, მრავალი კეთილი საქმის დაწყებისა და და ბევრი წამოწყების დასრულების წელს, ნგრევის დამთავრების და შენების დაწყების წელს. რა თქმა უნდა, გასული წლის უმთავრესი მოვლენა ახალი კონსტიტუციის შემუშავება, მიღება და ამოქმედება გახლავთ. ჩვენ კონსტიტუციურ ქვეყანაში ვცხოვრობთ და სწორედ ეს არის ქვეყნის დამოუკიდებლობის, თავისუფლების, ტერიტორიული განუყოფლობის, დემოკრატიული განვითარების მთავარი ნიშანსვეტი. დღეს თუ რამ გვაქვს მოსალოცი და სასიხარულო, ეს სწორედ საქართველოს კონსტიტუციაა და სახელმწიფოს ამ ძირითადი კანონის შესაბამისად ცხოვრების დაწყება გახლავთ.

გილოცავთ.

კონსტიტუციის საფუძველზე მიმდინარე წელს უკვე ჩატარდა პარლამენტისა და პრეზიდენტის არჩევნები. უკვე დაიწყო და ხორციელდება საკანონმდებლო და საპრეზიდენტო აღმასრულებელი ხელისუფლების ისტორიული მნიშვნელობის კონსტიტუციური რეფორმები, რომლებიც გაგრძელდება ეტაპობრივად და რომელიც დღითიდღე სიკეთეს, მატერიალურ და სულიერ კეთილდღეობას მოუტანს საქართველოს ყველა მოქალაქეს. ფიცის დადების დღეს პრეზიდენტის საპროგრამო გამოსვლაში მე ვთქვი და დღესაც საჭიროდ მიმაჩნია გავიმეორო, რომ პრეზიდენტის პოლიტიკის სტრატეგიული მიზნებია სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობა, ღია დემოკრატიული სამოქალაქო საზოგადოების ფორმირება, საბაზრო ეკონომიკის შექმნა და მისი ეფექტიანი ინტეგრირება მსოფლიო ეკონომიკაში, ყველა სტრატეგიული მიმართულებით გადაიდგა გადამწყვეტი ნაბიჯები როგორც პოლიტიკაში, ისე ეკონომიკაში, კულტურაში, ერის მატერიალურ და კულტურულ ცხოვრებაში. მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ის პრეზიდენტია, ვისი მოქალაქენიც ბედნიერი არიან. სწორედ ეს არის ჩემი ყოველდღიური ზრუნვის უზენაესი საგანი და ცხოვრების მიზანი. ამასვე ვფიქრობ მე მკაცრი ზამთრის ამ ცივ ახალი წლის ღამესაც, როცა მოგმართავთ ამ საახალწლო, მოსალმებით. ვიცი, თბილი სიტყვებით ცივ ბინას ვერ გაათბობ, მაგრამ ერთ რამეს გპირდებით: ყველაფერს გავაკეთებთ მეც და ჩემი კოლეგებიც, რათა ეს ბოლო ცივი ზამთარი იყოს, მომავალში სითბოც გვექნება და სიკეთეც.

ძველი და ახალი წლების გასაყარზე მინდა მადლობა ვუთხრა ხალხს, თითოეულ მოქალაქეს, თითოეულ თვენგანს მოთმინებისათვის, კრიზისის ვაჟკაცურად გადატანისათვის, გაუსაძლისის გაძლებისათვის, ნდობისათვის, მაღალი მოქალაქეობრივი შეგნებისათვის, რაც ყველაზე მეტად აისახა 5 ნოემბერს ჩატარებულ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში. მინდა დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ პრეზიდენტის პოლიტიკის ფილოსოფია მარტივია და გასაგები. ახალ 1996 წელს და მომდევნო წლებში პრეზიდენტისა და პარლამენტის მთავარი საზრუნავი იქნება ადამიანი, მოქალაქე, მისი მატერიალური და სულიერი კეთილდღეობა, ყველა ოჯახის, ყველა დედის, ყველა ბავშვის ბედნიერება. სხვა საზრუნავი, სხვა საფიქრალი არც პრეზიდენტს, არც პარლამენტს, ხელისუფლების არც ერთ სხვა სტრუქტურას არა აქვს და არც შეიძლება ჰქონდეს.

უდავოა, გასულ წელს ბევრი რამ გაკეთდა საშინაო და საგარეო პოლიტიკაში, მაგრამ მე მაინც განსაკუთრებით გამოვყოფდი როგორც ერთ-ერთ უმთავრესს და უმნიშვნელოვანესს, ქართული ჯარის შექმნას. დიახ შეიქმნა ქართული ჯარი, რომელსაც შეუძლია ბევრი ამოცანა გადაწყვიტოს, და ამ მოვლენას გილოცავთ ძვირფასო მეგობრებო. ახალი წლის ღამეს მე, როგორც პრეზიდენტი და შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, მივესალმები შეიარაღებულ ძალებს, რომლებიც ვაჟკაცურად დგანან სამშობლოს დამოუკიდებლობის სადარაჯოზე. მათზე დიდ იმედებს ამყარებს ქართველი ხალხი, დარწმუნებული ვარ, ისინი გაამართლებენ ამ იმედებს და ამ ძალიან დიდ ნდობას, მზად იქნებიან თავიანთი ისტორიული მისიის შესასრულებლად ქვეყნის მთლიანობისათვის ბრძოლაში, თუკი ეს გარდაუვალი იქნება.

გასული წელი იყო კანონიერების, მართლწესრიგის განმტკიცებისა და დამნაშავეებთან, განსაკუთრებით, სახელმწიფო დამნაშავეებთან ბრძოლაში ისტორიული გარდატეხის წელი. ახალი წლის ღამეს მე მივესალმები ეროვნულ პოლიციას, იუსტიციის, პროკურატურის, შინაგან საქმეთა ორგანოების მუშაკებს, შინაგან თუ სასაზღვრო ჯარებს, სახელმწიფო უშიშროების სამსახურს, რომლებიც დაიცავენ ყოველი ოჯახის, ყოველი მოქალაქის, ჩვენი სახელმწიფოს სიმშვიდეს, უფლებებს, კეთილდღეობას. მათ გამანადგურებელი დარტყმა მიაყენეს დამნაშავე ელემენტებს, მაფიოზურ კლანებს, ტერორიზმს, რეკეტს, მექრთამეობას, სხვა საშიშ დამნაშავეებს. მე მათ მადლობას ვუცხადებ.

ჩვენი უპირველესი საზრუნავი და ზრუნვის საგანია ეკონომიკა. გასულ წელს მოხდა დიდი გარდაქმნები ფულად-საკრედიტო პოლიტიკაში. განხორციელდა საბანკო და საფინანსო რეფორმები. შემოვიღეთ ახალი ქართული ვალუტა - ლარი, რომლის კურსი მტკიცე, საიმედო და მაღალია. ნელი ტემპით, მაგრამ მაინც იზრდება ეროვნული შემოსავალი, ფეხზე დგება ბიზნესი, კომერცია, ფინანსები, ბანკები. ერთგვარად გამოცოცხლდა წარმოება, მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, ტრანსპორტი, მეურნეობის სხვა დარგები. ფასდაუდებელ დახმარებას გვიწევს მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ევრობანკი, სხვა ეკონომიკური და ფინანსური ორგანიზაციები. მიმდინარეობს ახალ საფუძველზე თანამეგობრობის ქვეყნებთან მოშლილი ეკონომიკური კავშირურთიერთობების აღდგენა. ვითარდება საქართველოს საგარეო ეკონომიკური ურთიერთობა ევროპისა და ამერიკის, მსოფლიოს ხუთივე კონტინენტის ქვეყნებთან, მთელი ამ კომპლექსებიდან მე გამოვყოფდი ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ფართომასშტაბიან დახმარებას, რაც ასეულ მილიონობით დოლარით გამოიხატა. ჩვენი ხალხი სამუდამოდ, საშვილიშვილოდ მადლიერი იქნება ამ დახმარებისათვის.

სოციალური და ეკონომიკური განვითარების პროგნოზის თანახმად, თანდათან, ეტაპობრივად გაიზრდება ხელფასები, სტიპენდიები, პენსიები. ყოველთვიური ხელფასები ორ-სამ წელიწადში სახელმწიფო სექტორში მიაღწევს 200-250 ლარს, კერძო სექტორში - 250-300 ლარს, შეიძლება მეტიც იყოს. შეიქმნება 500 000 სამუშაო ადგილი, სულ მომავალ 5 წელიწადში დასაქმდება 1 მილიონი ადამიანი. დაბრუნდებიან ქვეყნიდან დროებით წასული მოქალაქეები. საქართველო იცხოვრებს სისხლსავსე ეკონომიკური ცხოვრებით.

ახალი წლის ღამეს მივესალმები საქართველოს მეწარმეებს, ბიზნესმენებს, კომერსანტებს, ბანკირებს, ფერმერებს, ყველას, ვინც ქმნის საქართველოს საბაზრო ეკონომიკას, იბრძვის როგორც პირადი, ისე ხალხის კეთილდღეობისათვის. რეფორმების ეპოქაში ყალიბდება ახალი თავისუფალი ადამიანი, რომელიც სახელმწიფო ხელშეწყობის ვითარებაში თვითონ ქმნის თავის ბედნიერ ცხოვრებას, ქვეყნის ბედნიერებას. ეკონომიკური რეფორმების განხორციელება პრეზიდენტის პოლიტიკის საფუძველთა საფუძველია და ხელისუფლება ამ კურსს არ გადაუხვევს.

მე მივესალმები საქართველოს ინტელიგენციას, მეცნიერებს, ლიტერატურისა და ხელოვნების მოღვაწეებს, პედაგოგებს, ინჟინრებს, ექიმებს, ეკონომისტებს, იურისტებს, ყველა პროფესიის ადამიანებს, ვუსურვებ მათ წარმატებასა და გამარჯვებას. საქართველოს მეცნიერება, კულტურა, ლიტერატურა და ხელოვნება უფრო ინტენსიურად და მასშტაბურად უნდა გავიდეს მომავალ წელს მსოფლიო ასპარეზზე. მე ვიზრუნებ ამისათვის, უფრო აქტიურად იმოქმედებს ქართული კულტურის ხსნის კომიტეტი, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, უნდა მოვუაროთ ერის ნიჭიერ ინტელექტს, შემოქმედებით ენერგიას, როგორც თვალის ჩინს, უმთავრეს ეროვნულ კაპიტალს.

მე მივესალმები საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს, განსაკუთრებით 5 ნოემბრის არჩევნებში გამარჯვებულ ძალებს, პარლამენტარებს, რომლებსაც ხალხმა გამოუცხადა უმაღლესი ნდობა. მივმართავ კონსტრუქციული წინადადებით საპარლამენტო და პარლამენტს გარეთ მოქმედ ოპოზიციას, მივაღწიოთ ეროვნულ კონსენსუსს და ეს 1996 წელი გაბზარული ეროვნული ცნობიერების საბოლოო გამთელების წელი ყოფილიყოს. ერთად ვიღვაწოთ სამშობლოსა და ხალხის საკეთილდღეოდ.

მადლიერების სიტყვებით მივმართავ ავტონომიურ, სამხარეო და ადგილობრივი მუნიციპალური მმართველობის ორგანოებს, მათ ბევრი რამ, ძალიან ბევრი რამ გააკეთეს ქალაქისა და სოფლის მოსახლეობის მხარდასაჭერად ძალიან ძნელ სიტუაციებში. დამდეგი 1996 წელი მათი კარდინალური რეფორმების წელია. ვუსურვებ მათ წარმატებას და გამარჯვებას საერთო სახელმწიფოებრივი და რეგიონული პრობლემების გადაჭრაში. ვუსურვებ აგრეთვე, რომ მთელი აღმასრულებელი ხელისუფლება -სამინისტროები, უწყებები მაქსიმალური დამოუკიდებლობის ფუნქციონირების პროცესში მკვეთრად შემობრუნდნენ ადგილობრივი, ესე იგი, მოქალაქეთა გადაუჭრელი პრობლემებისაკენ.

ახალი წლის ღამეს მე მივესალმები საქართველოს ქალებს, ჩვენს დედებს, მეუღლეებს, ასულებს. დღეს ქართველი ამაყად მოღვაწეობს დამოუკიდებელი სახელმწიფოს პოლიტიკურ-საზოგადოებრივ ასპარეზზე. ჩვენს ღირსეულ ქალებს ვხედავთ თავისუფალი საქართველოს პარლამენტართა, მინისტრთა, პოლიტიკური პარტიების ლიდერთა, მეცნიერთა და ხელოვანთა შორის. მომავალში მათი რიცხვი, დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო გაიზრდება ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სტრუქტურასა და სფეროში.

განსაკუთრებით სათუთად, პასუხისმგებლობის გრძნობით მივესალმები საქართველოს ნიჭიერ და შრომისმოყვარე ახალგაზრდობას, ჩვენს სტუდენტობას, მოსწავლეებს, ჩვენს ხვალინდელ დღეს, ჩვენს მომავალს.

მივესალმები საქართველოს სპორტსმენებს, ვუსურვებ მომავალ ოლიმპიურ წელს ახალ გამარჯვებებს, ახალ რეკორდებს. მთელი ქვეყანა უნდა ცდილობდეს შეუქმნას მათ შესაბამისი პირობები. ახალგაზრდობაზე ზრუნვა პრეზიდენტის პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა და ასე დარჩება ბოლომდე. განათლების სისტემის კარდინალური რეფორმა, ისევე როგორც ჯანმრთელობის სისტემისა, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს ქვეყანაში, ახალგაზრდობაზე სახელმწიფო ზრუნვის ნათელი მაგალითი უნდა გახდეს, ახალ ეპოქას, დამოუკიდებელ საქართველოს - ახალი ადამიანი, ასეთია ჩვენი დევიზი.

მე მივესალმები ასევე ომისა და შრომის ვეტერანებს, ინვალიდებს, პენსიონერებს, ქვრივებს, ობლებს. ხელისუფლება შეძლებისდაგვარად ზრუნავს, ხოლო მომავალ წელს მეტს გააკეთებს მათი სოციალური დაცვისა და პენსიების გაზრდის მიზნით, სხვა შეღავათებისა და შემოსავლების გასაზრდელად, რეფორმებმა და გარდაქმნებმა კეთილდღეობა უნდა მოუტანოს თითოეულ მათგანს. ნუგეშის სიტყვებით მივმართავ იმ ოჯახებს, ვინც დაკარგა მარჩენალი, მამა, დედა, და, ძმა, შვილი აფხაზეთის და ცხინვალის ეთნოკონფლიქტებში, სამოქალაქო ომებში. მათი სახელი და ამაგი ახსოვს სამშობლოს და არასოდეს დაივიწყებს მათ.

ახალი წლის ღამეს ყველაზე დიდი გულისტკივილით და იმედებით ვესალმები ლტოლვილებს, იძულებით ადგილნაცვალ პირებს და მინდა დავარწმუნო ისინი, რომ პრეზიდენტი, პარლამენტი, მთელი ჩვენი საზოგადოება, მთელი ხელისუფლება ზრუნავს მათზე, მათი სატკივარი ხელისუფლების სატკივარია, მე ერთხელ ვთქვი, კვლავ გავიმეორებ: სანამ ვერ აღვადგენთ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენ ყველანი, ვინც უნდა ვიყოთ, ლტოლვილის მდგომარეობაში ვიმყოფებით. მე მივესალმები დროებით ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ თანამემამულეებს: ქართველებს, აფხაზებს, ოსებს, სომხებსა თუ რუსებს, რომლებიც სასოებით ელოდებიან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და ამ საფუძველზე კეთილდღეობას. გჯეროდეთ, ძვირფასო მეგობრებო, მალე დადგება ეს ნანატრი ჟამი. ვინც დღეს ასე არ ფიქრობს, ხვალ მაინც ამ პოზიციაზე დადგება. ასეთია ცხოვრების ლოგიკა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა აღვადგინოთ ჩატეხილი ხიდი და ვიცხოვროთ ერთად, როგორც ძმებმა ერთიან და მთლიან საქართველოში და ყველა ზომას მივიღებ, რათა შედეგიანი ქართულ-ოსური და ქართულ-აფხაზური დიალოგი შედგეს, განვითარდეს და ბოლოს და ბოლოს მივაღწიოთ სამართლიან გადაწყვეტილებებს. ამის გარანტია არის ჩვენი სუვერენული სახელმწიფოს სამშვიდობო საშინაო და საგარეო პოლიტიკა. საშინაო და საგარეო ეკონომიკურმა ურთიერთობამ ბევრი სიკეთე მოუტანა საქართველოს ხალხს, ჩვენს ეკონომიკასა და კულტურას 1995 წელს. შეიქმნა მყარი საფუძველი, რომ დამდეგ ახალ წელს უფრო ეფექტიანი საშინაო და საგარეო პოლიტიკა განვახორციელოთ. როგორც იცით, საერთაშორისო ორგანიზაციებმა, მრავალმა ქვეყანამ საქართველო დიდ სატრანზიტო ქვეყანად, საკვანძო სახელმწიფოდ აღიარა და ეს უდიდეს სიკეთეს მოუტანს ყველა რეგიონს, მთელ სახელმწიფოს, მათ შორის აჭარას, აფხაზეთს, ყოფილ სამხრეთ ოსეთს. განსაკუთრებით საგულისხმოა გაეროს, უშიშროების საბჭოს, ევროუშიშროების ორგანიზაციის, თანამეგობრობის ქვეყნების როლი აფხაზეთისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის პრობლემების მშვიდობიანი მოგვარების, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საქმეში. მსოფლიოს საერთაშორისო ორგანიზაციებმა დაგმეს აფხაზი სეპარატისტების მიერ ქართული მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი ეთნოწმენდა და ეთნოგენოციდი. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ პოლიტიკური კონფლიქტები მშვიდობიანი პოლიტიკური მოლაპარაკების გზით მოვაწესრიგოთ, მაგრამ თუ ამ პოლიტიკამ სასურველ შედეგამდე არ მიგვიყვანა, არ გამოვრიცხავთ სხვა მეთოდების გამოყენებასაც კონსტიტუციის, საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და გაეროს პრინციპების დაცვით. 1996 წელი გადამწყვეტი უნდა იყოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საქმეში. ეს ჩემი, როგორც პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლება და მოვალეობა გახლავთ. საქართველოს ყველა მოქალაქეს სურს დაიჯეროს, რომ ჩვენი დიდი მეზობელი, რუსეთი თავის გადამწყვეტ სიტყვას იტყვის ამ ისტორიული მისიის შესრულებაში, რითაც განამტკიცებს საუკუნოვან მეგობრობასა და ძმობას ჩვენს ხალხებს შორის. ჩვენ აგრესიის მსხვერპლი ვართ. ჩვენი კონსტიტუციური მოვალეობაა დავიცვათ თავი აგრესიისაგან ჩვენს ხელთ არსებული ყველა კანონიერი საშუალებებით.

ამ ახალი წლის ღამეს მე მივესალმები გაეროს, მსოფლიოს სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს და ვუსურვებ მათ წარმატებებს მსოფლიოში მშვიდობისა და კეთილდღეობის, სიმართლისა და სამართლიანობის დამყარების საქმეში, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, საერთაშორისო სამართლის ნორმების, საკაცობრიო იდეალების გამარჯვებისათვის ბრძოლაში. მშვიდობა კავკასიის რეგიონში, მშვიდობა და სამართლიანობა აფხაზეთში, ყარაბაღში, ჩეჩნეთში ცხინვალის რეგიონში. გლობალურმა და რეგიონულმა პოლიტიკამ უფრო დაბალანსებული სახე უნდა მიიღოს. პროგრესი ისრაელთა და არაბთა კონფლიქტში, სასიკეთო ძვრები იუგოსლავიის კრიზისის მოგვარებაში იმაზე მიგვანიშნებს, რომ მსოფლიომ კავკასიის რეგიონს და მის პრობლემებს უფრო მეტი ყურადღება უნდა მიაპყროს. ვფიქრობ, 1996 წელი ამ მხრივაც დიდმნიშვნელოვანი იქნება, რა შედეგითაც უნდა დამთავრდეს საბოლოოდ პარლამენტისა და პრეზიდენტის არჩევნები რუსეთში, რა ძალებიც არ უნდა მოვიდნენ ქვეყნის სათავეში, მაინც პოლიტიკურმა სიბრძნემ უნდა გაიმარჯვოს ორი სუვერენული სახელმწიფოს - რუსეთ-საქართველოს ახალი ურთიერთობის მშენებლობაში. ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ ყველასთან, ვისაც მანდატს მისცემს მისი ხალხი, ვითანამშრომლოთ ორივე ქვეყნისა და დანარჩენი მსოფლიოს საკეთილდღეოდ.

საუკეთესო სურვილებით მივესალმები საქართველოს მეზობელ ქვეყნებს და მეზობელ ხალხებს, საქართველოს ხალხს სურს კეთილმეზობლური, მშვიდობიანი თანაარსებობა თურქეთის, ირანის, რუსეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, უკრაინის, ჩრდილოეთ კავკასიის, თანამეგობრობის, ბისეკის, შავი ზღვის აუზის ქვეყნების ხალხებთან. მე მივესალმები მთელი მსოფლიოს ხალხებს, სახელმწიფოებსა და მათ ხელმძღვანელებს და ვუსურვებ მათ ბედნიერებასა და გამარჯვებას ახალ, 1996 წელს.

გულთბილი გრძნობებით მივმართავ საქართველოში აკრედიტებულ საზღვარგარეთის დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო ორგანიზაციათა წარმომადგენლობას, ჩვენს მეგობრებს - მადლობა მათ მხარდაჭერისა და თანაგრძნობისათვის.

მივესალმები საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს, დიპლომატებს, სავაჭრო წარმომადგენლებს, ყოველთა ქართველთა მსოფლიო კონგრესის წარმომადგენლებს, საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვინც ახალ წელს უცხოეთში ხვდება. მინდა მათ იცოდნენ, რომ სამშობლო, პრეზიდენტი ფიქრობს და ზრუნავს მათზე. ბედნიერებასა და წარმატებას ვუსურვებ საქართველოში მცხოვრებ ყველა ეროვნების მოქალაქეებს: სომხებს, აზერბაიჯანელებს, აფხაზებს, ოსებს, რუსებს, ებრაელებს, ქურთებს, უკრაინელებს, ასირიელებს, ყველა ერის შვილს, ვინც საქართველოს მოქალაქეა - ის საქართველოს შვილია, ჩვენი სახლიკაცია. 1995 წელი ადამიანთა, ხალხთა, სახელმწიფოთა შორის თანხმობის, ძმობის, კონსენსუსის, კულტურათა დიალოგის წლად გამოცხადდა მსოფლიო საზოგადოებრიობის მიერ. გაიმართა იუნესკოს სპეციალური კონგრესი თბილისში, მართლაც და დიდი მსოფლიოს კულტურათა დიალოგი მომავალშიც გაგრძელდება, ის არ ამოიწურება ერთი წლით, ან ერთი კონგრესით.

მივესალმები იუნესკოს, რომელმაც საქართველოს კულტურის ძეგლები კაცობრიობის საგანძურს მიაკუთვნა და იცავს მათ. იუნესკოსთან ურთიერთობა კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს და გაფართოვდეს. ჩვენმა დიდმა მეფემ დავით აღმაშენებელმა გვიანდერძა და მოგვცა ტოლერანტობის ისტორიული გაკვეთილები. ჩვენ სახარება და „ვეფხისტყაოსანი“ გვასწავლის კაცთმოყვარეობას, შემწყნარებლობას, ქრისტეს მცნებაა: „გიყვარდეს მოყვასი შენი ვითარცა თავი შენი“. ისტორიაში ის იმარჯვებს, ვისაც მოყვასი უყვარს. „ვინც მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია“ - გვმოძღვრავს შოთა რუსთაველი. ვიყოთ ერთგულნი ჩვენი გმირი წინაპრებისა და ხალხის დიდი ისტორიული ტრადიციებისა! მე გულთბილი სურვილებით ვულოცავ ახალ წელს ყველა ეროვნებისა და კონფესიის, ყველა პროგრესული მსოფლმხედველობის, კეთილი ნების ადამიანებს საქართველოსა და მთელ მსოფლიოში.

სულით და გულით მივესალმები საქართველოს სამოციქულო ეკლესიას, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს, ყველა ქრისტიანს. ვულოცავ მათ დიდ რელიგიურ დღესასწაულს - ქრისტეშობას. ბედნიერება მოეტანოს მათთვის ახალ, 1996 წელს. ღმერთმა დალოცოს ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის - საქართველოს ყველა მცხოვრები, ყველა ოჯახი. ღვთის მადლი მოჰფენოდეს ჩვენს მრავალტანჯულ სამშობლოს. მე ვამაყობ, რომ თქვენი საახალწლო მეკვლე ვარ, ძვირფასო მეგობრებო, ძვირფასო თანამემამულენო. გიხაროდეთ, ჩვენთან არს ღმერთი!

მშვიდობა თქვენს ჭერს, თქვენს ოჯახებს, თქვენს აკვნებს, ყველა სოფელს, ყველა დაბასა და ქალაქს, კეთილო ადამიანებო.

ბედნიერი ახალი წელი გაგთენებოდეთ ყველას, მრვალჟამიერ იცოცხლეთ და იბედნიერეთ!

გმადლობთ!

„მშვიდობა თქვენს ჭერს, თქვენს ოჯახებს, თქვენს აკვნებს, ყველა სოფელს, ყველა დაბასა და ქალაქს, კეთილო ადამიანებო“ : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის მილოცვა საქართველოს მოსახლეობისადმი // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 4 იანვარი. - 1(2114). - 1,2 გვ.

3 „დღეს საქართველო მსოფლიოში აღიარებული ქვეყანაა, რომელიც ასე გაბედულად დაადგა ჭეშმარიტი დემოკრატიისა და ღრმა ეკონომიკური გარდაქმნების გზას“

▲ზევით დაბრუნება


თქვენ ორი კვირის მანძილზე არ შეხვედრიხართ რადიომსმენელენს - შობა-ახალი წლის კვირა იყო. გუშინ კი სიონის საკათედრო ტაძრიდან მიულოცეთ ქვეყანას შობის ბრწყინვალე დღესასწაული. იქამდე - ახალი 1996 წელი, რომელიც უფრო გვაახლოებს მეოცე საუკუნის დასასრულს, - მეორე ათასწლეულს, თუმცა, თქვენ საახალწლო მილოცვაში, როგორც ყოველთვის, აქცენტი მომავალზე და ოცხამეერთე საუკუნეზე გადაიტანეთ. ოცდამეერთე საუკუნეში, საქართველო, ასე ვთქვათ, თქვენი პრეზიდენტობის პერიოდში შევა. როგორი იქნება ეს საქართველო, როგორ ხედავთ მას?

ჟურნალისტ ნატო ონიანის ამ შეკითხვის პასუხად, საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ თავის ტრადიციულ რადიოინტერვიუში განაცხადა:

- ახლანდელი შობა-ახალი წელი უდავოდ განსხვავდებოდა წინა წლებისაგან. ვერ ვიტყვი, რომ ყველა ოჯახი და ყველა მოქალაქე ერთნაირი გუნება-განწყობილებით შეხვდა ბრწყინვალე დღესასწაულს, მაგრამ არც არავინ დაობს იმას, რომ საერთო მდგომარეობა გაუმჯობესდა და ახლა უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვცხოვრობთ სახელმწიფოში, რომელსაც ხელეწიფება დაიცვას თავისი მოქალაქე, შეუქმნას მას შრომისა და შემოქმედების ხელსაყრელი გარემო.

დღეს საქართველო მსოფლიოში აღიარებული ქვეყანაა, რომელიც ასე გაბედულად დაადგა ჭეშმარიტი დემოკრატიისა და ღრმა ეკონომიკური გარდაქმნების გზას, ეს კურსი მთელმა ჩვენმა ხალხმა ახალი კონსტიტუციის მიღებით და 5 ნოემბერს, ასე ვიტყოდი, ტრიუმფით ჩატარებული არჩევნების შედეგებით გამოხატა.

ჩემი პასუხი თქვენს კითხვაზე მოკლე იქნება. როგორც საპრეზიდენტო პროგრამაში ითქვა, ორი სამი წელი დაგვჭირდება იმისათვის, რომ ქვეყანა გაერთიანდეს, გამთლიანდეს, რათა ნორმალური ცხოვრების დონეს მივაღწიოთ. ხოლო ოცდამეერთე საუკუნეში საქართველო შევა, როგორც სრულყოფილი დემოკრატიისა და ეკონომიკურად აღორძინებული ქვეყანა. 1996 წლის ამოცანებიდან, მე, როგორც უმთავრეს და უმნიშვნელოვანესს, გამოვყოფდი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას.

- გასული კვირის განმავლობაში, პირველად ქვეყნის ცხოვრებაში პრეზიდენტის საახალწლო ნაძვის ხის ზეიმი მოეწყო ობოლ, მზრუნველობას მოკლებულ და ლტოლვილ ბავშვთათვის. ეს ბავშვები, ალბათ, მალე დაბრუნდებიან აფხაზეთში და, ალბათ, არ გაიზიარებენ სანაიების ოჯახის ბედს. ამ ფაქტთან დაკავშირებით, თქვენ გააკეთეთ განცხადება, რომელშიც ძალიან მკაცრი შეფასება მიეცით, როგორც რუსეთის სამშვიდობო ძალებს, ისე უცხოელ მეთვალყურეებს. ხომ არ დაამატებდით რაიმეს თქვენს კომენტარს?

- ალბათ, მხოლოდ რამდენიმე სიტყვას. გალში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით, მინდა კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ ყოველივე ეს ცეცხლთან თამაშია. გარკვეული ძალების მიერ სამშვიდობო პროცესის ჩასაშლელად პროვოცირებული ბარბაროსული აქტია. თანამეგობრობის ქვეყნების მეთაურთა მოსკოვის შეხვედრაზე საქართველო თავის სათქმელს იტყვის. თანამეგობრობას, განსაკუთრებით რუსეთს, გაეროსთან ერთად ყველა ბერკეტი ხელთ უპყრია აფხაზეთის კონფლიქტის მოსაგვარებლად. ერთი რამ უნდა გავიგოთ ყველამ, ვინც ამ პროცესში ვმონაწილეობთ: სეპარატისტები, რომელთაც ასიათასობით ადამიანის გენოციდი და ეთნოწმენდა სურთ დააკანონონ, ხვეწნა-მუდარით, ე.ი. მარტო მოლაპარაკებითა და მარტო პოლიტიკური დიალოგის წყალობით სამართლიანობის აღდგენაზე არ წავლენ. პოლიტიკური და ძალისმიერი მეთოდების შეხამება ერთადერთი გზაა კავკასიის ამ ყველაზე მგრძნობიარე რეგიონში მშვიდობის აღსადგენად, გაწამებული და გაუბედურებული ადამიანების მშობლიურ კუთხეში დასაბრუნებლად. ბოსნიის მაგალითით ყველაზე რელიეფურად ჩანს, როგორ უნდა შეახამოს დღეს კაცობრიობამ, თუ მას მშვიდობა უნდა, პოლიტიკური და ძალისმიერი მეთოდები.

მშვიდობა აფხაზეთში სიკეთეს მოუტანს მთელ კავკასიას, რუსეთს, ჩვენს მეზობელ თურქეთს. სხვა მეზობლებს; თუნდაც იმიტომ, რომ აღდგება საარსებო მნიშვნელობის სატრანსპორტო კომუნიკაციები, რკინიგზა, საავტომობილო მაგისტრალები, რაც თავისთავად უდიდესი სტიმული იქნება მთელი რეგიონის ეკონომიკური აღორძინებისათვის.

- საქართველოში მსოფლიოში ცნობილი ფირმა „შევრონ ოვერსი“ შემოდის, ეს მართლაც ღირსშესანიშნავი და აღსანიშნავი მოვლენაა და, უწინარესად, მანიშნებელია იმისა, რომ ქვეყანა თანდათან დამშვიდდა და დაწყნარდა. სხვათა შორის, ეს ახალი წლის ღამემაც კარგად დაგვანახა. როცა, ალბათ, პირველად ამ ბოლო წლების განმავლობაში ქალაქში ავტომატის ხმა აღარ ისმოდა...

- მივესალმები მსოფლიოში სახელგანთქმული „შევრონ ოვერსის“ ხელმძღვანელობის, მისი პრეზიდენტის ბატონ რიჩარდ ჰერმან მაცკეს ჩამობრძანებას, მის კოლეგებს. ამ კომპანიასთან როგორც იტყვიან, ძველი ნაცნობობა მაკავშირებს, კარგად ვიცი მისი გიგანტური შესაძლებლობები, ეს მაღალი მისიაც დაკავშირებულია საქართველოს, როგორც ევრაზიის დერეფნის, ერთ-ერთ საკვანძო სახელმწიფოდ აღიარებასთან, ქვეყნის სტაბილურობასა და პარტნიორულ საიმედოობასთან.

დღეს უკვე დაიწყება ჩვენი შეხვედრები, მოლაპარაკებები, გაგრძელდება ხვალ, ზეგ და, ალბათ, მექნება საშუალება, უფრო დეტალურად გამოვთქვა ჩემი მოსაზრებები.

- ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში, ტრადიციულად, ამ თემით ვიწყებდით ხოლმე ჩვენს ინტერვიუებს, მაგრამ, ახლა, რატომღაც, იგი ბოლოს მოექცა - გასული კვირის ეკონომიკა.

- 1996 წელს ჩვენი ეკონომიკა სერიოზული, რთული და მასშტაბური ამოცანების წინაშე დგას, როგორც მოგეხსენებათ, პრეზიდენტის ეკონომიკური პროგრამის თანახმად, წლევანდელი წელი წარმოების რეაბილიტაციის, საგრძნობი, დაახლოებით ასე ვანგარიშობ, 15 ანდა 20-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდისა და მოსახლეობის კეთილდღეობის შესამჩნევი გაუმჯობესების წელი უნდა გახდეს, შარშანდელი წელი ამის რეალურ საფუძველს გვაძლევს. ინფლაცია, რომელიც წინა წლებში ეკონომიკის დაქვეითებისა და მოსახლეობის გაღატაკების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იყო, შეზღუდულია. როგორც ჩვენთან არის მიღებული ეს გამოთქმა, - ალაგმულია, კლასიკურ მაგალითად ქცეული ფულადი რეფორმა - ლარის მყარი კურსი - საერთაშორისო დონეზეა აღიარებული. ამ ფაქტს ადასტურებს ხუთშაბათსა და პარასკევს გამართული ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟის სესიებიც: ლარის კურსი ამერიკული დოლარის მიმართ კვლავ 1,23-ის დონეზეა დაფიქსირებული, ფულადი სისტემის განმტკიცება საფუძველს ქმნის თვისებრივად ახალი მიდგომები გამოვიყენოთ საბიუჯეტო სფეროშიც.

ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის ქვაკუთხედი იქნება 1996 წლის ბიუჯეტი, რომლის პროექტის განხილვას რამდენიმე დღე ეძღვნება მთავრობის საკმაოდ დატვირთული, შინაარსიანი და შედეგიანი მუშაობა. გუშინწინ თითქმის მთელი დღის განმავლობაში ვმუშაობდით და კიდევ დაგვჭირდება რამდენიმე შეხვედრა. სხდომა მიმდინარეობდა პრეზიდენტის ხელმძღვანელობით. ბიუჯეტის პარამეტრებსა და მთავარ მახასიათებლებზე საუბარი წინ არის, მაგრამ დღესვე შეიძლება ითქვას, რომ წლევანდელი ბიუჯეტი აგრძელებს რეფორმის კურსს და იგი მნიშვნელოვანი ეტაპი იქნება საპრეზიდენტო პროგრამის რეალიზაციაში. ახალი ბიუჯეტი, რომელიც რეფორმებს ამკვიდრებს, რეფორმატორული ბიუჯეტი, - ასეთია ზოგადი შეფასება, პროექტი ითვალისწინებს ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტების შეხამებას, საკუთარი შემოსავლების ზრდას, ხარჯების ეფექტიანობის ამაღლებას, საგადასახადო და საფინანსო დისციპლინის განმტკიცებას. ყველა მეწარმისათვის თანასწორუფლებიანი კონკრეტული საგადასახადო ეკონომიკური გარემოს ჩამოყალიბებას, ითვალისწინებს ჩვენი შესაძლებლობების საფუძველზე სოციალური სფეროსათვის გამოყოფილი სახსრების გადიდებას, საკუთარი საგადასახადო და არასაგადასახადო შემოსავლების მკვეთრ ზრდას (ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია), კერძოდ, თუ 1995 წლისათვის, წინასწარი შეფასებით შემოსავლები შეადგენდა ქვეყნის შიდა მთლიანი პროდუქტის 5,2 პროცენტს, მათ შორის, საგადასახადო შემოსავლების 3,7 პროცენტს, ეს მაჩვენებლები შესაბამისად, გაიზრდება 8,5 პროცენტითა და 6,7 პროცენტის დონემდე.

ასეთი რთული ამოცანების დაძლევის საფუძველს ქმნის შარშან მიღწეული შედეგები საგადასახადო სფეროში (ჩვენ შევეჩვიეთ ზოგიერთ ციფრს, მაგარამ ისინი ძალიან შთამბეჭდავია და იმედის მომცემი). 1995 წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტის საერთო შემოსავლებმა 216 მილიონი ლარი შეადგინა, რაც სამნახევარჯერ აღემატება 1994 წლის დონეს. არა მგონია, იყოს სხვა ქვეყანა, რომელსაც ეს შედეგები ჰქონდეს. საგადასახადო ორგანოების მიერ შარშან ამოღებული გადასახადები წინა წლის მაჩვენებელზე ორნახევარჯერ მეტია. აკრეფილი შემოსავლების მაღალი ტემპი აქვს საბაჟო დეპარტამენტსაც, რომელმაც წლის მანძილზე 9 მილიონი ლარის ეკვივალენტური სხვადასხვა ვალუტა შეიტანა ბიუჯეტში, რაც რამდენჯერმე აღემატება წინა წლის მაჩვენებლებს. თუმცა ეს ციფრი ჯერ კიდევ ჩამორჩება ამ სფეროში არსებულ პოტენციალს. ვფიქრობთ, რომ მიმდინარე წელს შემოსავლები ამ სფეროდან რამდენჯერმე უნდა გაიზარდოს.

ეკონომიკის სამინისტროს შეფასებით, 1995 წელს მიღწეულია მთლიანი შიდაპროდუქტის ვარდნის შეჩერება, ხოლო ცალკეულ ქვედარგებსა და კომპლექსებში გარკვეული ზრდაც, რამდენჯერმე უკვე ვთქვი, რომ ეს ეხება მანქანათმშენებლობას, მსუბუქ მრეწველობას და ზოგიერთ სხვა დარგს. ეს შეჩერება არის საფუძველი, რომელმაც მიმდინარე წელს უნდა მოგვცეს ჩვენი ეკონომიკური პოტენციალის 15-20-პროცენტიანი ზრდა.

კიდევ უფრო ხელშესახებია შედეგები სოფლის მეურნეობაში. 1995 წელს ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით მარცვლეულის წარმოება სიმინდის ჩათვლით 15 პროცენტით გადიდდა (ეს როგორც მინიმუმი). 16 პროცენტით გაიზარდა ყურძნის, 8 პროცენტით ხილის წარმოება. მეცხოველეობაში პირუტყვის სულადობის მატებასთან ერთად აღინიშნება ხორცისა და რძის წარმოების მატება. სხვათა შორის, ფასები ხორცსა და რძეზე, რძის პროდუქტებზე, გაცილებით ნაკლები იქნებოდა, უკეთესად რომ იყოს ორგანიზებული ამ პროდუქტების შემოტანა და ხელის შეწყობა მოსახლეობისათვის, რომელსაც სურს პროდუქტები ჩამოიტანოს დედაქალაქსა და სხვა სამრეწველო ცენტრებში. აღნიშნული საკითხი სპეციალური მსჯელობის საგანი უნდა გახდეს.

სოფლის მეურნეობის აღმავლობა შეუქცევადი გახდება, როცა მიწის რეფორმის თაობაზე პარლამენტი კანონს მიიღებს. ეს უახლოეს მომავალში უნდა მოხდეს. კანონის რამდენიმე ვარიანტი მომზადებულია და, ვფიქრობ, რომ პარლამენტი უახლოეს დღეებში დაბრუნდება ამ ერთ-ერთი ყველაზე კარდინალური პრობლემის განხილვასა და მოგვარებას. საქართველოს ეკონომიკის ბედს ბევრად განსაზღვრავს ტრანსპორტი. რკინიგზაზე მდგომარეობის გამოსწორების ნიშნებზე უკვე იყო რამდენჯერმე საუბარი, აქ მართლაც სასიკეთო ძვრებია. ამასთან 1995 წლის შეფასებისას არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ საქართველო სულ უფრო გამოკვეთილად იქცევა სატრანზიტო ქვეყანად. განსაკუთრებით, კასპიის პირველადი ნავთობის ტრანსპორტირების მარშრუტების საკითხის გადაწყვეტის შემდეგ. 1996 წელი უკვე მოიტანს რეალურ შედეგებს ამ მართლაც საუკუნის პროექტის რეალიზაციის გზაზე.

წარმოების აღორძინების მნიშვნელოვანი შესაძლებლობები უნდა შეიქმნას კერძო პრივატიზაციისა და აქციონირების პროცესში. 1995 წლის დამდეგისათვის პრივატიზებული იყო 2500-მდე მცირე საწარმო. წლის დამლევისათვის კი - 6500, რაც შეეხება საშუალო და მსხვილ საწარმოებს, 840 სააქციო საზოგადოებიდან 150 საკონტროლო პაკეტი უკვე გამოსყიდულია. უახლოეს ხანებში მათი რიცხვი კიდევ 200-ით გაიზრდება. საკონტროლო პაკეტების გამოსყიდვის დაჩქარებას ხელს უწყობს საპრივატიზაციო ბარათების უფრო მეტად გამოყენება, სადღეისოდ ვაუჩერი მიღებული აქვს (სხვათა შორის, საწყენია, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა კადრს მიღმა რჩება და ჩვენი კომენტატორები თითქოს ამას ვერ ამჩნევენ) 3 მილიონ 250 ათას კაცს, ანუ მოსახლეობის თითქმის 75 პროცენტს.

ჩვენი დიდი და მცირე გეგმების რეალიზაცია გადამწყვეტწილად არის დამოკიდებული ენერგეტიკაზე. შარშან, პირველად უკანასკნელ წლებში, ელექტროენერგიის გამომუშავების ოდენობა შენარჩუნებული იყო 7 მილიარდი კილოვატსაათის დონეზე. ამასთან 25 პროცენტით გადიდდა ჰიდროსადგურებში გამომუშავებული ენერგია. სერიოზული აღდგენითი და სარეკონსტრუქციო სამუშაოები განხორციელდა თბილსრესში. მიუხედავად დაბრკოლებებისა, საქმე მაინც თითქმის ბოლომდეა მიყვანილი და ეს გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მიმდინარე წელი მრეწველობაში, და არა მარტო მრეწველობაში, შედარებით ნორმალურად დავიწყოთ. გამოიძებნა ჩვენი მეგობრების - ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის დახმარებით სათბობის მოწოდების შესაძლებლობაც. ენერგიით ქვეყნის სტაბილური უზრუნველყოფისათვის ძალზე ბევრი რამაა გასაკეთებელი, მაგრამ თუ ელექტრომოხმარების ლიმიტები დაცული იქნება და მოხმარებული ენერგიის საფასურის გადახდა გაუმჯობესდება, რეალურად შესაძლებელია ზამთრის მეტნაკლებად დამაკმაყოფილებლად დამთავრება.

და ბოლოს, რამდენიმე სიტყვა მინდა კვლავ ენერგოკრიზისთან დაკავშირებით ვთქვა. ენერგოკრიზისის დაძლევის გასაღები (დღეს ეს უკვე გაბედულად უნდა ითქვას) მოხმარებული ენერგიის საფასურის გადახდაა. ფინანსურად საქენერგო გაკოტრებამდეა მისული. ამ თემაზე ჩემი საუბრის მიზანი ის არის, რომ საქართველოს ყველა მოქალაქემ, ყველა მეწარმემ, ყველა დირექტორმა გაიგოს - მივაღწევთ მოხმარებული ელექტროენერგიის ანაზღაურებას იმ ფარგლებში, როგორც ჩვენ ვხარჯავთ - გვექნება ელექტროენერგია. გასულ წელს ამოქმედებული სიმძლავრეები და ის, რასაც მიმდინარე წელს გავაკეთებთ (ალბათ, წელს მივუბრუნდებით მეათე ბლოკის სიმძლავრეების აღდგენას) ამის სრულ შესაძლებლობას იძლევა. საჭიროა, რომ ყველა ჩავერთოთ ამ პროცესში, დღეს საქენერგოს წინაშე დავალიანება შეადგენს თითქმის 100 მილიონ ლარს. დღეს საქენერგოს ეს თანხა რომ ჰქონდეს, ყველა აღდგენით სამუშაოს წარმატებით შევასრულებდით. მომავალი წლის სეზონამდე ავამოქმედებდით დამატებით სიმძლავრეებს და დავიწყებდით სათბობის შეძენას იმისათვის, რომ მომავალ წელს ამაზე დრო აღარ დაიხარჯოს.

ამიტომ ყველა სამთავრობო სტრუქტურამ, ჩვენმა პრესამ, ტელევიზიამ სპეციალური პროგრამები და რუბრიკები უნდა მიუძღვნან ამ პრობლემის მოგვარებას, რომელსაც დღეს სახელმწიფოსათვის, მე ასე ვიტყოდი, საარსებო და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

„დღეს საქართველო მსოფლიოში აღიარებული ქვეყანაა, რომელიც ასე გაბედულად დაადგა ჭეშმარიტი დემოკრატიისა და ღრმა ეკონომიკური გარდაქმნების გზას“ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა]ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 9 იანვარი. - 4(2117). - 1,2 გვ.

4 თენგიზი: დიდი პოლიტიკა დიდი ნავთობის გარშემო ჩვენს განზრახვათა სერიოზულობის შემოწმება

▲ზევით დაბრუნება


[...]

უკანასკნელ ხანს პრესაში დაიწყო დისკუსია საბჭოთა კავშირ-ამერიკის პროექტის „თენგიზშევროილის“ განხორციელების მიზანშეწონილობის შესახებ“, და, პირველმა ეს პრობლემა წამოსწია „მოსკოვსკიე ნოვოსტიმ“.

თვით ამ საკითხის საზოგადოებრივი განხილვის ფაქტი სასიხარულოა, ეს მოწმობს, რომ ბოლო მოეღო წარსულ პრაქტიკას, როცა ჩუმად იდებოდა მრავალმილიარდიანი გარიგებანი, ჩვენი ქვეყნისათვის ხშირად საკმაო ზარალით მთავრდებოდა ხოლმე.

ახლა უფრო ნაკლებად მინდა ვისაუბრო ამ პროექტის ტექნიკურ თუ ეკონომიკურ დასაბუთებაზე, თუმცა ისინი ჩემთვის საკმაოდ დამაჯერებელია.

უფრო სასარგებლო იქნება, ჩემი აზრით, ვილაპარაკოთ სულ სხვა რამეზე.

თენგიზის საბადოზე სჯა-ბაასი დიდი ხანია მიმდინარეობს, ისევე როგორც საკუთარი ძალებით მისი ათვისების ცდებზე. ამ საქმეზე 1979 წლის დამლევიდან უკვე დაიხარჯა ორი მილიარდი რუბლი, მაგრამ უკუგება ჯერჯერობით, არსებითად, არ არის.

ამიტომ ამ ფონზე საკმაოდ საფუძვლიანად გამოიყურებოდა გადაწყვეტილება მიგვემართა უცხოელი პარტნიორებისათვის.

რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მოლაპარაკება ფირმა „შევრონთან“ წარმოებს უკვე დაახლოებით ოთხი წელიწადია. ამ დროის განმავლობაში განისაზღვრა ერთობლივი პროექტის რეალიზაციის არა მარტო ტექნიკური და ფინანსური პირობები, არამედ მოეწყო სხვადასხვაგვარი ექსპერტიზებიც, რომლებიც ადასტურებენ მისი განხორციელების მინაზშეწონილობას.

უცხოური კაპიტალის მოზიდვა ჩვენს ეკონომიკაში პირდაპირი საწარმოო ინვესტიციების სახით, ჩვენთვის შედარებით ახალი საქმეა, მაგრამ დაკავშირებულია საბჭოთა კავშირში დასავლეთის ფირმების საქმიანობისადმი ეჭვიანი დამოკიდებულების ჩვენს ძველ სინდრომთან. ეს არც უნდა გაგვიკვირდეს, რადგან ბავშვობიდანვე გვინერგავენ აზრს, რომ კაპიტალისტები მხოლოდ იმას აკეთებენ, რომ „ძარცვავენ“ სხვა სახელმწიფოებს, მცირე ფასად ყიდულობენ მათ სიმდიდრეებს.

შეიძლება, რა თქმა უნდა, გავყიდოთ ნედლეული, შეიძლება არც გავყიდოთ. ჩვენ რომ მდიდრულად ვცხოვრობდეთ სხვა წყაროების ხარჯზე, ალბათ, უნდა გავუფრთხილდეთ ნავთობსაც, გაზსაც, მადანსაც, ხე-ტყესაც და სხვა დანარჩენსაც. როგორც ვარიანტი, კარგი იქნებოდა ჩვენ თავად მარჯვედ და ყაირათიანად განგვეხორციელებინა ჩვენი რესურსების ექსპლოატაცია ისე, რომ ზიანი არ მიგვეყენებინა არც ადამიანებისათვის და არც ბუნებისათვის, მაგრამ ეს არ გამოგვდის. და აქ იბადება კითხვა, როგორ მოვიქცეთ? გავაგრძელოთ ჩვენი ბუნებრივი სიმდიდრეების უგუნური, ზოგჯერ კი ბარბაროსული „ათვისება“ თუ მივმართოთ უფრო მცოდნე და მარჯვე ადამიანებს, რომლებსაც აქვთ მოწინავე ტექნოლოგიაც, საქმის ეფექტიანი და მომგებიანი წარმოების გამოცდილებაც?

უკანასკნელ ხანს ჩვენ ბევრი რამ ხელახლა გავიაზრეთ და ახლაც ასე ვიქცევით, უფრო რეალისტურად ვუყურებთ საკუთარ თავსაც და სხვებსაც. უცხოური ინვესტიციების საკითხსაც დროა მივუდგეთ ახლებურად, წარმოდგენებისა და ცოდნის თანამედროვე დონეზე.

უცხოური ინვესტიციები - ეს ყველაფერთან ერთად, ალტერნატიული ეკონომიკური სექტორის შექმნის გზა, შეჯიბრების, კონკურენციის დონის ამაღლება, ერთი სიტყვით, ის არის, რაც ეკონომიკური განვითარებისა და მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის მამოძრავებელია.

უცხოური ინვესტიციების მოზიდვა ერთობლივ საწარმოთა შექმნის მეშვეობით დაე ნელა, ძნელად ზოგჯერ ხარვეზებითაც კი, მაგრამ უკვე იძლევა პირველ ნაყოფს. არადა, ამ დაბანდებათა ოდენობა ხომ ჯერჯერობით სულ 3-4 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. შედარებისათვის ვიტყვით, რომ უნგრეთში ეს ციფრი სამჯერ მეტია.

ერთობლივი საწარმო „თენგიზშევროილი“ არსებითად, ქვეყნის ეკონომიკაში უცხოური კაპიტალის პირველი ფართომასშტაბიანი მოზიდვის ცდაა. და ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ ერთობლივ წარმოებაში დაბანდებაც.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ამასწინდელი მოგზაურობის დროს მომიწია შეხვედრა ბევრ პოლიტიკურ მოღვაწესთან და უდიდესი კორპორაციების წარმომადგენლებთან. პრაქტიკულად თითოეული მათგანი ასე თუ ისე დაინტერესებული იყო საქმის ვითარებით ამ ერთობლივ საწარმოსთან დაკავშირებით. ამერიკის შეერთებულ შტატებში არ მალავენ, რომ ამ პროექტის წარმატებისა თუ წარუმატებლობის მიხედვით იმსჯელებენ საქმიან საფუძველზე თანამშრომლობის ჩვენს რეალურ მზადყოფნაზე.

ჩვენ ველოდით სსრ კავშირში უცხოური ინვესტიციების შესახებ კანონის მიღებას. იგი მიღებულია. და მერე? კანონი, იქნებ, ურიგო არ არის, მაგრამ როგორ დავარწმუნოთ უცხოური კორპორაციები გამოჰყონ პირდაპირი ინვესტიციები, შექმნან ერთობლივი წარმოებები სსრ კავშირში, თუ ერთობლივ საწარმოთა ორგანიზაციაც კი მოითხოვს კოლოსალურ ძალისხმევას და ესოდენ ხანგრძლივ დროს? თანაც რისკს არასტაბილური პოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაციის პირობებში.

ამა თუ იმ მიდგომის, შედეგების აწონ-დაწონვის დროს, არ უნდა დავივიწყოთ, რომ ერთობლივი საწარმოს „თენგიზშევროილის“ დაფუძნებისათვის მუშაობა თავისთავად კი არა, არამედ საბჭოთა კავშირისა და ამერიკის კონსორციუმებს შორის შეთანხმების ფარგლებში წარმოებს. ამ შეთანხმებით გათვალისწინებულია სახალხო მოხმრების საქონლის, ფარმაცევტიკის, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამუშავების, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სპეციალურ პროგრამათა რეალიზაციის მთელ რიგ წარმოებათა შექმნა.

მარტო 1991 წელს პირველ სტადიაზე გათვალისწინებული იყო რვა ერთობლივი საწარმოს შექმნა, რომლებიც გამოუშვებდნენ 700 მილიონ რუბლზე მეტი თანხის პროდუქციას.

ერთობლივი საწარმოები ქვეყანას მისცემენ პროდუქციას, რომელიც სსრ კავშირში არ გამოდის და საზღვარგარეთ ვყიდულობთ. ალბათ ფართო საზოგადოებრიობამ არ იცის, რომ ჩვენს ქვეყანაში თამბაქოს ნაწარმის ნაკლებობის გამო, თამბაქო და მასალები სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ქარს მიაქვს - ცალკეული წლების მანძილზე ასობით მილიონი დოლარი იხარჯება მათ შესაძენად. თამბაქოს ნაწარმის გამომშვები და თამბაქოს მოვლა-მოყვანის ახალი აგროტექნიკური ხერხების დანერგვის ერთობლივი საწარმოები, რომლებიც ამ შეთანხმების ფარგლებში შეიქმნება, გარკვეულწილად შეამცირებენ თავისუფალი კონვერტირებადი ვალუტის დანახარჯებს.

გეთანხმებით, იქნებ, ეს არც იყოს ის პრობლემა, რომელიც ყველას აწუხებს, მაგრამ რა მოვუხერხოთ ფარმაცევტული პრეპარატების, ბავშვთა ჰიგიენის საგნების წარმოებას? ისინიც ხომ ერთობლივი საწარმოს „თენგიზშევროლის“ ორბიტაშია. მთლიანად „თენგიზშევროლის“ პროექტის ფარგლებში რუსეთის, უკრაინის ტერიტორიაზე ერთობლივ საწარმოთა ქსელის შექმნის პროგრამა და ყაზახეთის დაჩქარებული ეკონომიკური განვითარების პროგრამა შესაძლებლობას მოგვცემს ვაწარმოოთ წელიწადში დაახლოებით 20 მილიარდი რუბლის საქონელი.

ამ პროექტს მივიჩნევდი მთელი რიგი დარგების განვითარებისა და განახლების კატალიზატორად, ქვეყანაში საბაზრო ურთიერთობის სისტემის განვითარებისა და განმტკიცების მძლავრ ეკონომიკურ ფაქტორად. თუ გნებავთ, ეკონომიკის გარდაქმნის ჩვენს განზრახვათა სერიოზულობის შემოწმების საშუალებად.

[...]

ედუარდ შევარდნაძე.

თენგიზი: დიდი პოლიტიკა დიდი ნავთობის გარშემო : ჩვენს განზრახვათა სერიოზულობის შემოწმება // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 9 იანვარი. - 4(2117). - 2 გვ.

5 „მომავლის საქართველო თქვენმა ოცნებებმა და თქვენმა ხელებმა უნდა შექმნან“

▲ზევით დაბრუნება


7 იანვარს, ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულის დღეს ბორჯომში გაიხსნა პროგრამა „XXI საუკუნის ახალი სახელები“.

საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ მისასალმებელი წერილი გაუგზავნა ამ პროგრამის მონაწილეებს. წერილში ნათქვამია:

„ჩემო პატარა თანამემამულენო,

უკვე რამდენიმე დღეა, რაც ახალმა წელმა შემოაბიჯა ჩვენს ქვეყანაში, წელმა, რომელმაც თქვენ სიჭაბუკეს მიგაახლოვათ, მთელი კაცობრიობა კი - ოცდამეერთე საუკუნეს.

თქვენ, დღევანდელი ბავშვები, ხვალინდელი საქართველო ხართ, და როგორც იქნებით, თქვენ, ისეთი იქნება ჩვენი ქვეყანა ოცდამეერთე საუკუნეში.

მომავლის საქართველო თქვენმა ოცნებებმა და თქვენმა ხელებმა უნდა შექმნან.

ბორჯომსა და ბაკურიანში თქვენი შეკრების დროს თქვენს საუბრებსა და კამათში, თქვენს ხელოვნებაში, თქვენს შეჯიბრში გამოიკვეთება კონტურები იმ ქვეყნისა, რომლისთვისაც ვიღვწვით და რომელსაც ვაშენებთ თქვენთვის და თქვენი თანატოლებისთვის.

ეს ქვეყანა ოცდამეერთე საუკუნის საქართველოა. ამიტომაც ჰქვია თქვენს თავშეყრას „ოცდამეერთე საუკუნის ახალი სახელები“.

დღევანდელ საქართველოს თქვენი თვალებით ოცდამეერთე საუკუნე შემოსცქერის.

სწორედ თქვენს შორისაა საძებარი ოცდამეერთე საუკუნის დიდი მწერალი და დიდი მხატვარი, დიდი მეცნიერი და დიდი სპორტსმენი.

დაიმახსოვრეთ ერთმანეთი.

თქვენ საქართველო უნდა ასახელოთ.

გისურვებთ თქვენში ღვთით ჩადებული ნიჭი ბოლომდე გამოგევლინოთ, ყოფილიყოთ ღირსი თქვენი დიდი ქვეყნისა და დიდი ხალხისა.

სიამოვნებით დაგილოცავთ გზას, გზას, რომელიც ოცდამეერთე საუკუნისკენ მიდის.

ედუარდ შევარდნაძე,
თბილისი“.

„მომავლის საქართველო თქვენმა ოცნებებმა და თქვენმა ხელებმა უნდა შექმნან“ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 9 იანვარი. - 4(2117). - 1 გვ.

6 საქართველოს პრეზიდენტის კომენტარი:

▲ზევით დაბრუნება


დღეს გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“ აქვეყნებს ვრცელ ინფორმაციას მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის მასობრივი გადაუხდელობის თაობაზე, რაც ჩვენში არსებული ენერგოკრიზისის მიზეზია. დეპარტამენტ „საქენერგოს“ არ მიუღია, დააკლდა კოლოსალური თანხები, თითქმის 100 მლნ. ლარი, რაც დაახლოებით 8 თვის განმავლობაში მიწოდებული ელექტროენერგიის ღირებულების ტოლფასია. ამ მიზეზით, ცხადია, სისტემაში, თვეობით გაუცემელია ხელფასები, სავალალო მდგომარეობაშია ელექტროსადგურები, ქსელები, ვერ ხერხდება ელემენტარულად აუცილებელი სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების შესრულება. ასე გაგრძელება, უბრალოდ, შეუძლებელია, საერთოდ და განსაკუთრებით, ზამთრის პირობებში, როცა დიდი თანხებია საჭირო ელექტროენერგიის გამოსამუშავებლად, სათბობის შესაძენად. ვფიქრობ, განსაკუთრებული მტკიცება არ უნდა ესაჭიროებოდეს იმ გარემოებას, რომ ელექტროენერგია, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა საქონელი თუ მომსახურება, არ შეიძლება უფასო იყოს.

მოვითხოვ მინისტრებისაგან, სამხარეო რწმუნებულებისაგან, ქალაქების მერებისა და რაიონების გამგებლებისაგან, ბანკების, საწარმოებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელებისაგან, თავიანთი პირადი პასუხისმგებლობით ყოველდღიურ კონტროლზე აიყვანონ ენერგიის საფასურის გადახდის, დავალიანების მკვეთრი შემცირების საკითხი და უზრუნველყონ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში არსებითი გარდატეხის შეტანა ამ სფეროში.

ჩვენ ყველამ უნდა გავიცნობიეროთ, რომ ენერგოკრიზისიდან გამოსვლა შესაძლებელია, და, ეს მოხდება მოკლე დროში, მაგრამ ამ ისტორიული ამოცანის გადასაწყვეტად, სასიცოცხლოდ აუცილებელია მოხმარებული ენერგიის ღირებულების გადახდის ორგანიზაცია.

ასეთი მონაცემების გამოქვეყნება მოხდება სისტემატურად, სათანადო ორგანიზაციული და ადმინისტრაციული ზომების მიღებით.

ედუარდ შევარდნაძე.

საქართველოს პრეზიდენტის კომენტარი: // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 10 იანვარი. - 5 (2118). - 1 გვ.

7 „ჩვენი ქორწინება უთანასწორო იყო...“

▲ზევით დაბრუნება


- 80-იანი წლების დამდეგიდან საქართველო-რუსეთის ურთიერთობა ერთობ რთულად, ზოგჯერ კი დრამატულადაც მიმდინარეობდა. როგორ გგონიათ, რატომ წარიმართა ორი მართლმადიდებელი, სულისკვეთებით ახლობელი კულტურების მატარებელი ერის ურთიერთობა ესოდენ არასახარბიელოდ?

- დრამატიზმი, უდავოდ, იყო. მაგრამ ის მარტო საქართველო-რუსეთის ურთიერთობაში არ ყოფილა. ბევრი ყოფილი მოძმე ხალხი წაეკიდა ერთმანეთს. ეს დასანანია, მაგრამ გასაოცარი სულაც არ არის. ამდენი ხნის ერთობლივი ცხოვრების შემდეგ ძალზე ძნელია, მშვიდობიანი გაყრის იმედი იქონიო. მეტადრე, თუ ქორწინება უთანასწორო იყო, ხოლო განქორწინება ნიშნავს არა ურთიერთობის სრულ შეწყვეტას, არამედ ახალი ცივილიზებული ერთობლივი ცხოვრების აშენების საჭიროებას.

იყო სუბიექტური ხასიათის მიზეზებიც, ჩვენს რესპუბლიკაში ხელისუფლების სათავეში მოექცნენ ადამიანები, რომლებსაც, მეტი რომ არა ვთქვათ რა, პრიმიტიულად ესმოდათ საქართველოს ადგილი მსოფლიო პოლიტიკურ პროცესში. პირველ რიგში მათ ვერ შეეგნოთ, რაოდენ დიდი მნიშვნელობა ენიჭება ჩვენი სამშობლოს სვე-ბედში რუსეთის ფაქტორს, სწორედ ამას მოჰყვა ძლიერ მეზობელთან კონფლიქტი. დაძაბულობამ საქართველო-რუსეთის ურთიერთობაში პიკს მიაღწია. ამან თავისი კვალი დატოვა საზოგადოებრიობის მნიშვნელოვანი ნაწილის შეგნებაში მას შემდეგაც კი, რაც საქართველოში დაამხეს პროვინციულ-ფაშისტური რეჟიმი. სწორედ ამიტომ ახალ ხელისუფლებასაც დიდხანს გაუჭირდა რადიკალური ნაბიჯების გადადგმა რუსეთთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად...

დღეს ჩვენ ამ ურთიერთობას პრიორიტეტულად, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ. ავიღოთ, თუნდაც ორი ყველაზე რთული პრობლემა წარმოიშვას მეზობელ სახელმწიფოებს შორის - საზღვრების დაცვა და სამხედრო ბაზები, საქართველოს ხელმძღვანელობამ ეს პრობლემა რუსეთის ინტერესების სრული გათვალისწინებით გადაწყვიტა. ჩვენ დავთანხმდით ამას ორ ქვეყანას შორის ნდობის მიღწევის გულისათვის.

- ქართველი კაცისათვის არ არსებობს აფხაზეთზე უფრო მტკივნეული პრობლემა... 1989 წელს აფხაზეთში ანტიქართული მოვლენების დროს თქვენ, როგორც საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი, სოხუმში ჩამობრძანდით და შეხვდით გაფიცულ აფხაზ ინტელიგენციას, შეპირდით, რომ ყველა მოთხოვნას შეუსრულებდით. ასე მიიღო აფხაზმა ხალხმა, რომელიც იმ დროს დაახლოებით ოთხმოცი ათას კაცს შეადგენდა, თავისი უნივერსიტეტი, აფხაზურენოვანი ტელევიზია, აფხაზური ენისა და ლიტერატურის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, ყოველგვარი შემოქმედებითი კავშირები, რვა აფხაზურენოვანი ჟურნალ-გაზეთი და სხვ. გაფართოვდა აფხაზური ენის შესწავლა, აფხაზებს გაცილებით მეტი დიდი სახელმწიფო თანამდებობანი ეკავათ, ვიდრე ქართველებს, რომლებიც ავტონომიაში მათ სიმრავლით ერთისამად სჭარბობდნენ... ამ ცოტა ხნის წინ თბილისში გამოქვეყნდა მონოგრაფია, რომელშიც დოკუმენტების, ფაქტების, ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე ნაჩვენებია, რომ პრაქტიკულად, საბჭოთა კავშირის ხალხთან არც ერთს, მათ შორის, არც ქართველებს, და არც რუსებს, არ ჰქონიათ იმდენი პრივილეგიები, რამდენიც აფხაზებს. და მაინც, აფხაზეთში ჩვენ ყოველივე ამის პასუხად მივიღეთ სეპარატიზმი, საშინელი, ფანატიკური სეპარატიზმი, რატომ?

- დავიწყებ იმით, რომ სულაც არ ვნანობ ყოველივეს, რაც აფხაზეთის, აფხაზი ხალხის ეკონომიკური და კულტურული აღმავლობისათვის გამიკეთებია. აფხაზთა კულტურული თავისთავადობის შენარჩუნება ქართველების, როგორც უფრო მრავალრიცხოვანი ხალხის მოვალეობაა.

რაც შეეხება სეპარატიზმს, შესანიშნავად ვიცი, როგორ აღვივებდნენ მას ყველაზე რეაქციული ძალები ათწლეულების განმავლობაში... ამიტომ არის, რომ სეპარატისტთა მოთავენი ასე უტიფრად იქცეოდნენ და იქცევიან.

და კიდევ, მინდა გავუსვა ხაზი: 1992 წლის აგვისტოში, ქართული ჯარი აფხაზეთში შევიდა კომუნიკაციების დაცვის მიზნით. მე მოვითხოვდი, რომ სამხედროები არ შესულიყვნენ დასახლებულ პუნქტებში, მაგრამ იმ დროს რეალური ძალა იმათ ხელში იყო, ვინც სხვაგვარად აზროვნებდა...

აფხაზეთის საკითხი საქართველოსა და რუსეთის მომავალი ურთიერთობის ქვაკუთხედია. თუკი რუსეთში ვინმე იმედოვნებს, რომ შეძლებს წაგლიჯოს აფხაზეთი საქართველოს, ან რომ აფხაზეთი მხოლოდ ფორმალურად დარჩება საქართველოს შემადგენლობაში, მათ უნდა იცოდნენ, რომ ასეთი მიდგომა დაანგრევს და დაღუპავს ჩვენი ორი ქვეყნის მეგობრობას. ბორის ელცინს ესმის ეს და ყოველ ღონეს ხმარობს, რათა აფხაზეთი საქართველოს ორგანულ ნაწილად დარჩეს. მაგრამ, სამწუხაროდ, რუსეთში არიან ადამიანები, რომლებიც სხვაგვარად ფიქრობენ. ისინი რომ არა, მაშინ არც იქნება დაბრკოლებანი ორი მართლმადიდებელი ერის - ქართველებისა და რუსების საუკუნოვანი მეგობრობის გზაზე.

ესაუბრა
თემურ მირიანაშვილი.
ჟურნალი „ოგონიოკი“, 2, 1996 წ.

„ჩვენი ქორწინება უთანასწორო იყო...“ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] მირიანაშვილი თემური // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 13 იანვარი. - 7 (2120). - 1 გვ.

8 „გადაუჭარბებლად ვიტყვი, თუ კავკასიის ხანძრების ჩაქრობა გაჭიანურდა, საქმე გვექნება უფრო გლობალური მნიშვნელობის ნეგატიურ მოვლენებთან...“

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 15 იანვრის რადიოინტერვიუ

- გასული ეკონომიკური კვირა მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ქვეყნისათვის. საქართველოს ეწვია „შევრონის“ პრეზიდენტი ბატონი მაცკე და როგორც მან აღნიშნა, ეს ვიზიტი საინტერესო და ბევრის მომტანი იყო მისთვის. თქვენ წინა ინტერვიუში აღნიშნეთ, რომ საქართველო თანდათან ხდება ევრაზიული დერეფნის ერთ-ერთი საკვანძო სახელმწიფო. გარდა ამისა, გასულ კვირას თქვენი სამუშაო დროის უდიდესი ნაწილი საქართველოს ბიუჯეტის განხილვას მიეძღვნა. ჟურნალისტ ნატო ონიანის ამ შეკითხვის პასუხად საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ თავის ტრადიცულ რადიოინტერვიუში განაცხადა:

- როგორც უკვე ითქვა, წინა კვირა აღინიშნა ქვეყნის ეკონომიკური ცხოვრებისათვის მნიშვნელოვანი მოვლენებით. განსაკუთრებით ხაზგასასმელია პრეზიდენტის ხელმძღვანელობით გამართული მთავრობის სხდომა, რომლის მუშაობაშიც სამხარეო რწმუნებულებიც, ცალკეული გამგებლებიც მონაწილეობდნენ, რომელიც მიეძღვნა საქართველოს 1996 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ყოველმხრივ და სიღრმისეულ განხილვას. განხილვამ ერთხელ კიდევ დაადასტურა ქვეყანაში რეფორმატორული კურსის მძლავრი მხარდაჭერა და დიდი სიცოცხლისუნარიანობა, ამ კურსის რეალიზაციაში სახელმწიფო ბიუჯეტის, როგორც ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის უმთავრესი ინსტრუმენტის გადამწყვეტი როლი. ამავე დროს პროექტმა გვიჩვენა, რომ ქვეყნის ეკონომიკური აღორძინებისთვის აუცილებელია ცენტრალური და ადგილობრივი ორგანოების ურთიერთშეთანხმებული, პარტნიორული მუშაობა. ეს შესაძლებლობას მოგვცემს რეალურად მივაღწიოთ 1996 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ისეთ დაძაბულ პარამეტრებს, როგორიცაა წინა წელთან შედარებით ბიუჯეტის საერთო შემოსავლების 2,7-ჯერ, ხოლო 1994 წელთან შედარებით თითქმის ათჯერ მატება და ამ საფუძველზე ბიუჯეტის საერთო შემოსავალში საკუთარი საგადასახადო შემოსავლების 18 პროცენტიდან 60 პროცენტამდე გადიდება.

ამასთან, საგადასახადო შემოსავლების სწრაფი მატების მიუხედავად, 1996 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებული პროგრამების რეალიზაციაში, რომელთა დაფინანსების თანხა 1,8-ჯერ გაიზრდება, კვლავ მნიშვნელოვანი იქნება საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების წილი. გრანტებისა და უცხოური კრედიტების სახით ბიუჯეტი მიიღებს სულ ცოტა 250 მილიონ ლარს, რაც ეკონომიკური რეფორმის სისტემური და სტრუქტურული გარდაქმნების სერიოზული გარანტია გახდება. მაგრამ, ცხადია, კრედიტები და გრანტები იმისათვის გვეძლევა, რომ უფრო მეტად გავზარდოთ საკუთარი შესაძლებლობები. სწორედ ამიტომ, ევროკავშირიდან მიღებული მარცვლეულის გრანტების მნიშვნელოვანი ნაწილი მოხმარდება არა მარტო სოციალური ხარჯების დაფინანსებას, არამედ წარმოების, ამ შემთხვევაში, სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობას.

1996 წლის ბიუჯეტის დაძაბული, მაგრამ რეალური საშემოსავლო ნაწილის შესრულებაში მეურნეობის განვითარების უზრუნველყოფასთან ერთად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საგადასახადო და საბაჟო ორგანოების ეფექტიან მუშაობას. წინასწარი შეფასებით იანვრის პირველ ნახევარში მოსალოდნელი საგადასახადო შემოსავლები 7 მილიონი ლარით განისაზღვრება, რაც თითქმის ორჯერ აღემატება შარშანდელ შესაბამის დონეს. ტემპი უაღრესად სწრაფია, მაგრამ იგი მაინც დაჩქარებას მოითხოვს. მათ შორის, საბაჟო დეპარტამენტის მხრიდანაც, რომელმაც იანვრის 10 დღეში 320 ათასი ლარი გადარიცხა ბიუჯეტში. ეს არ არის საკმარისი.

ბიუჯეტის შესრულების ფინანსური სტაბილურობის წინაპირობებს განსაზღვრავს ლარის კურსის სიმტკიცე. არ მინდა ვუღალატო ტრადიციას და მსურს ლარზეც ვთქვა ორიოდე სიტყვა: გასულ კვირაში, როცა შიდასავალუტო ბაზარზე ამერიკული დოლარის ბანკნოტებზე მოთხოვნის ზრდა აღინიშნა, ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე ეროვნულმა ბანკმა ერთნახევარი მილიონი დოლარი გამოიტანა, რითაც უზრუნველყო ლარის კურსის უცვლელობა და დოლარის ბანკნოტური კურსის დარეგულირებაც.

მართალია ნელი ტემპით, მაგრამ მაინც ცხადი ხდება საკრედიტო ბაზრის გამოცოცხლება. წინა კვირის სამშაბათს გამართულ ოცდამეათე საკრედიტო აუქციონზე გაყიდული ერთკვირიანი საკრედიტო რესურსების საპროცენტო განაკვეთი წლიური 24 პროცენტის დონეზე აღინიშნა. ხოლო სამშაბათს, პირველად ჩვენი საკრედიტო აუქციონის პრაქტიკაში, სახსრების განთავსება ერთი კვირის ნაცვლად ერთი თვის ვადით მოხდა. მართალია, ჯერჯერობით, განთავსებული სახსრები ეკონომიკის მოთხოვნებთან შედარებით მეტად მოკრძალებულია, მაგრამ სათანადო სიმპტომების წარმოჩენა იმედს იძლევა, რომ ეს პროცესი დაჩქარდება და ამაზე ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.

სწორედ ეკონომიკის გამოცოცხლების ამგვარი ნიშნები, პოლიტიკური სტაბილურობა, ქვეყნის საერთაშორისო ავტორიტეტის ზრდა რეალურ საფუძველს ქმნის საქართველოს ინტეგრაციისათვის საერთაშორისო სამეურნეო კავშირებში. ამ თვალსაზრისით ძნელია გადაჭარბებით შეფასდეს განვლილ კვირაში მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი სამრეწველო-საფინანსო გრანდის „შევრონ ოვერსის“ დელეგაციის ვიტიზი საქართველოში კორპორაციის პრეზიდენტის ბატონ რიჩარდ მაცკეს მეთაურობით. ეს არის ერთ-ერთი საყოველთაოდ ცნობილი კორპორაცია იმ საერთაშორისო კონსორციუმის 16 წევრიდან, რომელიც დღეისათვის კასპიის აუზის ნავთობის ბედს განსაზღვრავს. კორპორაცია „შევრონის“ ხელმძღვანელობას, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო, აინტერესებს საქართველოს შესაძლებლობები, კერძოდ, ნავთობსადენისა და რკინიგზის მდგომარეობა, რომლითაც ნავთობი უნდა მიეწოდოს შავი ზღვის ნავსადგურებს. მათ მოინახულეს სუფსა, სადაც ინტენსიურად მიმდინარეობს ნავთობის ძიება. სტუმრებმა დაათვალიერეს ნავთობის ტერმინალები, იყვნენ ფოთსა და ბათუმში, სადაც შეისწავლეს სანავსადგურო ნაგებობების მდგომარეობა და შესაძლებლობა. ეს იყო პირველი ვიზიტი და მას ძირითადად განცობის ხასიათი ჰქონდა. ურთიერთთანამშრომლობის კონკრეტული მიზნები და ხასიათი მოგვიანებით განისაზღვრება ქართველ კოლეგებთან ერთად.

სხვათა შორის, რუსეთის ზოგიერთ გაზეთში ამ ვიზიტთან დაკავშირებით გამოჩნდა არცთუ ისე მთლად გასაგები კომენტარები, რომ საქართველოს მხრიდან ადგილი აქვს რაღაც კონკურენციას რუსეთის ნავთობსადენების ტრასის მიმართ და ასე შემდეგ. ეს ასე სულაც არ არის. „შევრონი“ ძირითადად მუშაობს ყაზახეთში, სადაც ნავთობის მართლაცდა გიგანტური მარაგებია და ის უკვე ჭაბურღილების ექსპლუატაციას ეწევა. ყოველწლიურად „შევრონი“ მოიპოვებს 4-5 მილიონ ტონა ნავთობს და ეს ნავთობი ნოვოროსიისკზე გადის. მას გეგმაში აქვს, რომ ამ ნავთობის ამოღების ზრდის პარალელურად კვლავ განავითაროს რუსეთის ტერიტორიაზე მილსადენები, მაგრამ, როგორც სარეზერვო პარალელური, მათ შესაძლებლად მიაჩნიათ შეისწავლონ სხვა ვარიანტიც (ლაპარაკია ყაზახეთის ნავთობზე). ასე რომ, ზედმეტი ხმაური რაიმე კონკურენციაზე, შეჯიბრზე და ასე შემდეგ, ვფიქრობ, საფუძველს მოკლებულია.

ვეხები რა უცხოურ ინვესტიციებს, ზემოაღნიშნულთან ერთად, არ შემიძლია არ აღვნიშნო ბატონ ნიკო ლეკიშვილის წარმატებული ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, მისი შეხვედრები ამერიკის საქმიან წრეებთან, დიალოგი პოლიტიკოსებთან. უცხოური ბიზნესი, როგორც იტყვიან, დაიძრა საქართველოსაკენ და მათ მომზადებული უნდა დავხვდეთ ჩვენი მაღალი კულტურით სათანადო ბიზნესგეგმების შედგენის დარგში, სათანადო პროექტების მომზადებისა და მათთან სათანადო დიალოგის წარმოების სფეროში.

ასე რომ, ამ მხრივ, ქვეყანას კარგი მომავალი აქვს.

ახლა ორიოდე სიტყვა ელექტროენერგიასთან დაკავშირებით: ელექტროენერგიის საშუალო სადღეღამისო მოხმარებამ 19,5 მილიონი კილოვატსაათი შეადგინა, წარმოებამ კი - 18,5 მილიონი კილოვატსაათი. წარმოებასა და მოხმარებას შორის სხვაობის დაფარვა ხდებოდა რუსეთიდან და თურქეთიდან მიღებული ელექტროენერგიის ხარჯზე. უკვე ამოქმედდა „კავკასიონი“. ასეთ უაღრესად დაძაბულ პირობებში, ცხადია, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ელექტროენერგიის მომჭირნეობით ხარჯვა. მაგრამ, სამწუხაროდ, კონტროლის გაძლიერების მიუხედავად, დადგენილი ლიმიტების გადახარჯვა გრძელდება. კერძოდ, ქუთაის-წყალტუბოს ზონასა და სამტრედიაში 10 დღეში დახარჯულია ლიმიტზე სამჯერ მეტი, გადამეტებული ხარჯვა დაუშვეს ზუგდიდმა - 22 პროცენტით, ხონმა - 60 პროცენტით, ტყიბულმა -120 პროცენტით, მარნეულმა - 83 პროცენტით, თბილისმა - 18 პროცენტით და ასე შემდეგ. ამიტომაც არის, რომ მთელი რიგი რაიონები დღეებისა და კვირების განმავლობაში გამოთიშული არიან. 1996 წელს „საქენერგოს“ საქმიანობაში ძირითადი აქცენტი გადატანილი იქნება ელექტროენერგიის რეალიზაციის თანხების ამოღებაზე. ამ საქმეში არსებითი მიღწევა მარტო „საქენერგოს“ ძალისხმევით შეუძლებელია. რესპუბლიკის ყველა მმართველობითმა თუ სამეურნეო რგოლმა, მოსახლეობამ უნდა გაითავისოს, რომ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდა ენერგოკრიზისიდან გამოსვლის უმთავრესი პირობაა და მთელი მუშაობა მთავრობისა და აღმასრულებელი ხელისუფლებისა, სწორედ ამას მოხმარდება. მიმდინარე წლის 10 იანვარს რესპუბლიკის პრესაში გამოქვეყნდა ელექტროენერგიის ურჩ გადამხდელთა სია, ძირითადად, ჩამოთვლილი იყო რაიონები. მომავალში ეს მასალები უფრო დეტალიზებული იქნება. ანალოგიური მასალის გამოქვეყნება გაგრძელდება, მაგრამ გამოქვეყნება თვითმიზანი არ არის - თუ დასკვნები არ იქნება გამოტანილი, მას ობიექტურად უმკაცრესი ზომები მოჰყვება. ეს შეიძლება შეეხოს ცალკეულ გამგებლებს, მერებს, მინისტრებსაც, თვით სამუშაოდან დათხოვნამდეც კი. ამასთან აუცილებელია ქვეყანას ჰქონდეს საკანონმდებლო ბაზა, რაც უზრუნველყოფს ენერგიის საფასურის გადახდის ეფექტიანი სისტემის შექმნას.

ასეთია გასული კვირის განმავლობაში ჩვენი ეკონომიკური ცხოვრების მოკლე მიმოხილვა.

- ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც აფხაზეთის ომი დაიწყო, სხვადასხვა საჯარო გამოსვლასა თუ ინტერვიუში მრავალგზის გილაპარაკიათ აგრესიული სეპარატიზმის შესახებ, გითქვამთ, რომ თუ მის წინააღმდეგ ბრძოლა არ გაძლიერდა, ეს სენი გავრცელდება და ბუმერანგივით (ეს თქვენი ტერმინია) მიუბრუნდება იმათ, ვინც ამ უბედურების გავრცელებას უწყობს ხელს. პრინციპში, ბოლო პერიოდში რუსეთში ორი ასეთი მაგალითი იყო: ბუდიონოვსკისა და გასულ კვირას დაწყებული მოვლენები ყიზლარში. აქედან გამომდინარე, ალბათ თანამეგობრობის ქვეყნების უმაღლესი დონის შეხვედრაზე, სადაც თქვენ გაემგზავრებით, აფხაზეთის თემაზე უფრო მკვეთრად და უფრომწვავედ იქნება მსჯელობა. და კიდევ ერთი კითხვა ამასთან დაკავშირებით: ვიცით, რომ იგორ გიორგაძე დღემდე მოსკოვშია. მოახდენს ეს რაიმე გავლენას თქვენს ვიზიტზე?

- საქმე ის გახლავთ, რომ ცალკეულ სახელმწიფოთა დეზინტეგრაციის საფრთხე რეალურ ხასიათს იღებს. აგრესიული სეპარატიზმი თავის საქმეს აკეთებს. დეზინტეგრაციის ტენდენციების განვითარებას დამანგრეველი შედეგები შეიძლება მოჰყვეს ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობას, უწინარესად რუსეთს, ყველა საშუალება აქვთ შეაჩერონ და გააუვნებელყონ აგრესიული სეპარატიზმი, გაააქტიურონ მის ასალაგმად განხორციელებული ღონისძიებები. მით უმეტეს, რომ აგრესიული სეპარატიზმის მკვებავ წყაროდ უცხოური ინექციები გვევლინება ფინანსების, იარაღის, გაწვრთნილი ბოევიკების სახით. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობამ უკვე მიიღო დოკუმენტები, რომლებიც სამართლებრივ ბაზას წარმოადგენს ორგანიზაციის წევრ ცალკეულ სახელმწიფოებში შექმნილი, არანორმალური ვითარების გამოსასწორებლად. ასეთი გახლავთ ალმათის ცნობილი მემორანდუმი, მინსკის შეხვედრის განცხადება, სახელმწიფოთა კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ დოკუმენტები და მრავალი სხვა.

საგულისხმოა, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმებზე დამყარებული პრინციპული მოქმედება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს და მთელი მსოფლიოს მხარდაჭერას იღებს.

არ მინდა, რომ მოსკოვის შეხვედრიდან ველოდოთ იმაზე მეტს, ვიდრე ეს რეალურად არის შესაძლებელი. ხშირად მეკითხებიან: რა მიზანი აქვს მოსკოვში თქვენს წასვლას, რა მიზანი აქვს საკითხის განხილვას თანამეგობრობის ქვეყნების მეთაურთა დონეზე და სხვა მრავალი. ჩვენ ვალდებული ვართ ბოლომდე ამოვწუროთ მშვიდობიანი მოწესრიგების ყველა გზა და ყველა შანსი, რომელიც კი არსებობს, მათ შორის, თანამეგობრობის ხაზითაც.

დარწმუნებული ვარ თანამეგობრობის წევრი სახელმწიფოების აქტიურ მხარდაჭერაში. წინასწარი მოლაპარაკება თითქმის ყველა სახელმწიფოს ყველა მეთაურთან და საგარეო საქმეთა მინისტრებთან გვქონდა. ზოგიერთ ქვეყანაში თავად ბატონი ირაკლი მენაღარიშვილი იყო, ზოგან - მისი მოადგილეები, ჩემი პირადი წარმომადგენლები.

რაღა თქმა უნდა, ძირითადი ტვირთი აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებაში რუსეთის წილად მოდის. ამ ეტაპზე სხვა გამოსავალი არ არის. რუსეთი ხომ რეალურად აღმოჩნდა ჩართული ამ პროცესში. კონფლიქტის აღმოცენების პირველ დღეებშივე. ამიტომაც, ეს მძიმე ტვირთი ერთად უნდა ვზიდოთ და რაც უფრო ადრე გადავჭრით პრობლემას, მით უფრო მეტი იქნება უსაფრთხოების გარანტიები ამიერკავკასიისა და თვით რუსეთისთვისაც. რა თქმა უნდა, უწინარესად, მხედველობაში მაქვს აფხაზეთი, აფხაზეთის კონფლიქტი, რომელზეც მსჯელობა იქნება. ჩეჩნეთსა და დაღესტანში განვითარებულმა ტრაგიკულმა მოვლენებმა ამაში დაგვარწმუნეს.

გადაუჭარბებლად ვიტყვი, თუ კავკასიის ხანძრების ჩაქრობა გაჭიანურდა, საქმე გვექნება უფრო გლობალური მნიშვნელობის ნეგატიურ მოვლენებთან, რაც მიუღებელია თანამეგობრობის ყველა ქვეყნისათვის და, მიუღებელია, რა თქმა უნდა, მთელი მსოფლიოსათვის.

რაც შეეხება ჩემს ვიზიტს მოსკოვში, ჩემს ჩასვლასა და მონაწილეობას თანამეგობრობის ქვეყნების მეთაურთა შეხვედრაში და გიორგაძის ფაქტორს: სიმართლე გითხრათ, ამას ძალიან დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე. მიმაჩნდა, და მიმაჩნია, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა და ჩვენი ურთიერთობა თანამეგობრობის ყველა ქვეყანასთან, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რამდენიმე ცნობილი ტერორისტის ბედი. ვფიქრობ, რომ ამ საკითხში, ადრე თუ გვიან, სათანადო სინათლე იქნება შეტანილი და ეს არ გახდება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დაძაბულობის ახალი წყარო და ახალი საგანი.

- რაც შეეხება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას, გასულ კვირას, რუსეთის პრეზიდენტმა საგარეო უწყების ახალი ხელმძღვანელი დანიშნა, არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ საქართველოში, ალბათ, მეტად პოპულარული პიროვნება, ბატონი ევგენი პრიმაკოვი. ალბათ, ესეც გარკვეულ ცვლილებებს შეიტანს ორმხრივ ურთიერთობაში. თუმცა, შეიძლება ეს გარეშე თვალისათვის ნაკლებად შესამჩნევი და დასანახი იყოს. და, კიდევ: საქართველოს პარლამენტის ერთ-ერთ სხდომაზე უკვე ამ კვირაში ფრაქცია „უმრავლესობა“ აპირებს რუსეთთან დადებული ყოველმხრივი ხელშეკრულების რატიფიკაციის მოთხოვნას. რას ნიშნავს ეს ჩვენთვის, რას მოგვიტანს იგი?

- მე ასე ვფიქრობ, რომ რუსეთთან დიდი ხელშეკრულების (მე ასე ვუწოდებ ამ ხელშეკრულებას) რატიფიცირება უდავოდდროულია. ეს ის ხელშეკრულებაა, რომელიც ორივე მხარის საარსებო ინტერესებს შეესაბამება. მაშ, რატომ გავაჭიანუროთ რატიფიკაცია, რა შედეგი მოჰყვება გაჭიანურებას? რატომ გავაჭიანუროთ მაშინ, როცა ამისათვის სათანადო საფუძველი არ არსებობს. მარტო იმიტომ, რომ თავის დროზე, სათათბიროში პრობლემები წარმოიქმნა? სხვათა შორის, ეს არის ერთადერთი არგუმენტი. არა მგონია, რომ ლოდინის პოლიტიკა ამ შემთხვევაში სწორი იყოს, ჩვენ სხვა ხელშეკრულებათა რატიფიკაციაც გველოდება. მანევრირების საშუალება, თუ საქმე მანევრირებაზე მიდგება, კვლავაც გვექნება. ვიმეორებ, ეს ის ხელშეკრულებაა, რომელიც ორივე მხარის და, რა თქმა უნდა, საქართველოს ინტერესებს აბსოლუტურად შეესაბამება და შეეფერება.

რაც შეეხება ევგენი პრიმაკოვის დანიშვნას, რა თქმა უნდა, აქ ჩემი კომენტარი იქნებ უადგილოც იყოს, რადგან, სხვა სახელმწიფოს საკადრო პოლიტიკაზეა ლაპარაკი. მაგრამ მაინც გავიმეორებდი ჩემს პირველ რეაქციას, რაც იმით გამოიხატება,რომ პრიმაკოვის დანიშვნა უდავოდ გააძლიერებს რუსეთის დიპლომატიის აქტუალურობას და ეს მისასალმებელია. თანაც, აქტიურობის გაძლიერება, ჩემი აზრით, შეეხება რუსეთის პოლიტიკის ყველა მიმართულებას.

- დაბოლოს, გუშინ 14 იანვარი იყო, ქართული თეატრის დღე. ქართული თეატრის დღე ეკონომიკური კრიზისის პერიოდში - ეს, ალბათ, ცალკე თემაა. მიუხედავად იმისა, რომ კულტურის ხსნის კომიტეტი ქვეყანაში თქვენი ჩამოსვლის შემდეგ რამდენიმე თვეში შეიქმნა, მიუხედავად იმისა, რომ არის გარკვეული მცდელობები, განხორციელდა გარკვეული ღონისძიებები, პრინციპში, დღეს ქართულ თეატრს მაინც უჭირს და ქართველ მსახიობებს გაყინულ დარბაზებში უხდებათ მუშაობა, რაღაც სიმბოლური ანაზღაურების პირობებში...

- ცოტა დაგვიანებით, მაგრამ მაინც, ქართული თეატრის დღეს ვულოცავ ყველა თეატრალურ მოღვაწეს, ყველა მაყურებელს და მთელ საქართველოს.

საქართველო წარმოუდგენელია თეატრის გარეშე. იქნება ეს ქართული ფენომენის ერთი უმნიშვნელოვანესი გამოვლინებაც იყო - ორგანული შერწყმა ხელოვნებასთან, საერთოდ, კულტურასთან. საამაყოა, რომ უამრავი ტკივილის მიუხედავად, თეატრი აღმავლობის გზაზეა და იგი კიდევ უფრო მეტ მაღალ მწვერვალებს დაიპყრობს თანამედროვე ხელოვნებაში. ხელისუფლება ამისათვის, რაც მის განკარგულებაშია, ყველა საშუალებასა და ყველა ძალას გამოიყენებს, მათ შორის, ისეთ საგანგებო ღონისძიებებსაც, როგორიც იყო თავის დროზე, კულტურის ხსნის კომიტეტის შექმნა.

სიმბოლურია ამ დღეს პოლიკარპე კაკაბაძის, ამ ნამდვილი გენიალური დრამატურგის ძეგლის გახსნა. მისი შემოქმედება, ყოველ შემთხვევაში, ასე მგონია, მსოფლიო მიღწევების დონეზეა და დროა, ვიფიქროთ, მისი ნაწარმოებების სხვა ენებზე გამოცემისათვის, სხვა ქვეყნების მაყურებელთათვის სცენაზე განსახიერებული პიესების დემონსტრირებისათვის. ეს მართლაც ჩვენი დროის ერთ-ერთი დიდი დრამატურგი გახლავთ და მისასლმებელია, რომ თბილისელებმა დროულად მოახერხეს მისი ძეგლის დადგმა და ამით მისი ხსოვნის უკვდავყოფა.

„გადაუჭარბებლად ვიტყვი, თუ კავკასიის ხანძრების ჩაქრობა გაჭიანურდა, საქმე გვექნება უფრო გლობალური მნიშვნელობის ნეგატიურ მოვლენებთან...“ / რადიოინტერვიუ ; [ჩაიწერა]ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 16 იანვარი. - 8 (2121). - 1,2 გვ.

9 „ვიმედოვნებ, პარლამენტის წევრები ჯეროვან ყურადღებას მიაპყრობენ იმ მეტად პასუხსაგებ ამოცანებს, რაც ქვეყნის ხელისუფლების წინაშე დგას...“

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტის მიმართვა საქართველოს პარლამენტს

პატივცემულო პარლამენტის წევრებო!

კონსტიტუციის მიღება უმნიშვნელოვანესი მოვლენაა ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეროვნული სახელმწიფოებრიობის ისტორიაში დაწყებულია ახალი ხანა, რომლის შინაარსსა და განვითარებას საქართველოს ძირითადი კანონი განსაზღვრავს. კონსტიტუცია ითვალისწინებს ისეთი პოლიტიკური და იურიდიული ინსტიტუტების შემოღებას, რომლებიც ღია სამოქალაქო საზოგადოების, საბაზრო ეკონომიკის, სამართლებრივი სახელმწიფოს დამკვიდრების აუცილებელი გარანტიებია, ძირითადი კანონი იძლევა ასეთი ინსტიტუტების მოწყობისა და ფუნქციონირების არსებით პრინციპებს, ფუძემდებლურ დებულებებს, რომლებსაც ხორცი უნდა შეასხას მიმდინარე სამართალშემოქმედებამ ორგანული კანონების, თუ სხვა სამართლებრივი აქტების სახით. უამაქტებოდ ვერ დამკვიდრდება ძირითადი კანონით დეკლარირებული ღირებულებანი.

ხელისუფლების დანაწილების კონსტიტუციური პრინციპი, ხელისუფლებათა ურთიერთგაწონასწორება და ურთიერთკონტროლი ძნელი წარმოსადგენია საკონსტიტუციო სასამართლოს გარეშე, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ კონსტიტუციური მოთხოვნების რეალიზაცია - სახალხო დამცველის, საერთო სასამართლოების, პროკურატურის, ხელისუფლების სხვა რგოლების ინსტიტუციური მოწყობის გარეშე. კონსტიტუცია იძლევა ქვეყნის სახელმწიფო წყობილების უმთავრეს პოსტულატს, როცა საქართველოს აღიარებს როგორც დამოუკიდებელ, ერთიან და განუყოფელ სახელმწიფოს. ამასთან, ტერიტორიული მოწყობის უმნიშვნელოვანესი საკითხები, რომლებიც ორგანულად უკავშირდება არსებულ პოლიტიკურ რეალობებს, მმართველობის დეცენტრალიზაციას, თვითმმართველობის პრინციპების რეალიზაციას, ჯერ კიდევ გადასაწყვეტია. მისაღებია კანონები, რომლებიც განსაზღვრავენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შექმნის წესს, მათ უფლებამოსილებას, ურთიერთობას სახელმწიფო ორგანოებთან.

საჯაროობა, პლურალიზმი, პრესის, სიტყვის, სინდისის, აღმსარებლობის თავისუფლება კონსტიტუციით აღიარებული ღირებულებებია. კონსტიტუცია იძლევა მათი დამკვიდრების ახალ პოლიტიკურ და იურიდიულ გარანტიებს. ამასთან, ძირითადი კანონი ითხოვს ამ ღირებულებათა განხორციელებისათვის მყარ იურიდიულ რეგლამენტაციას, რათა არ შეილახოს საზოგადოების უსაფრთხოების ინტერესები, ადამიანთა უფლებები და თავისუფლებები. ახალი კონსტიტუციის მოთხოვნებს უნდა შეესატყვისოს კანონმდებლობა პოლიტიკური პარტიების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, რელიგიური გაერთიანებების, რეფერენდუმების, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესახებ.

საქართველოში სოციალურ საბაზრო ეკონომიკაზე ორიენტირებული რეფორმების მიმდინარეობა შეუქცევად პროცესად იქცა. კონსტიტუციამ აღიარა საკუთრების ხელშეუხებლობა, შრომის თავისუფლება, თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარება, როგორც ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრინციპი. უკვე არსებობს მნიშვნელოვანი იურიდიული საფუძვლები საბაზრო ეკონომიკის დამკვიდრებისათვის. მაგრამ დასამალი არ არის, რომ იგი სრულად ვერ პასუხობს მეწარმის ინტერესებს, ვერ იძლევა შრომითი უფლებების დაცვის, შრომის სამართლიანი ანაზღაურების, მომხმარებელთა უფლებების ჯეროვან გარანტიებს, ამასთან, კანონმდებლობაშიც ხშირად ვაწყდებით დრომოჭმულ მიდგომებს, ურთიერთსაწინააღმდეგო დებულებებს. გადაუდებელ აუცილებლობად იქცა ქონებრივ ურთიერთობათა მომწესრიგებელი, ერთიანი ფუძემდებელი სამართლებრივი აქტის მიღება სამოქალაქო კოდექსის სახით. მისასალმებელია, რომ სამოქალაქო სამართლის კოდექსის პროექტი უკვე მომზადდა სამართლებრივი რეფორმის სახელმწიფო კომისიის მიერ და იმედია, პარლამენტი მას განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს. უახლოეს პერიოდში მისაღებია აგრეთვე შრომის კანონთა ახალი კოდექსი, რომელიც კონსტიტუციური პრინციპების საფუძველზე ახლებურად მოაწესრიგებს შრომით ურთიერთობებს, მუშა-მოსამსახურეთა შრომისა და დასვენების გარანტიებს, ინდივიდუალური და კოლექტიური შრომითი დავების გადაწყვეტის წესს, შრომის ანაზღაურების, შეღავათებისა და კომპენსაციების საკითხებს, შრომის უსაფრთხო და ჯანსაღ პირობებს შეუქმნის ყველა მშრომელს, ქალებს, არასრულწლოვანებს. ახალი რეალობების შესაბამისად გადასინჯვას ითხოვს კანონი სახელმწიფო მოსამსახურეთა შესახებ, რათა მმართველობის ორგანოებში მოვიზიდოთ მაღალი რანგის სპეციალისტები, ღირსეული, პატიოსანი ადამიანები.

პარლამენტმა წელს განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოს მიწათსარგებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. საჭიროა უპირველეს ყოვლისა მოხდეს იმ ზედაპირული მიდგომის შეცვლა, რასაც ადგილი ჰქონდა ამ სფეროში. საჭიროა, განმტკიცდეს ყველანაირი უძრავი ქონების საკუთრების უფლება, გაძლიერდეს კერძო მესაკუთრეთა უფლებები და ამასთან სახელმწიფოს მიერ აუცილებელი კონტროლის უფლება. საჭიროა კანონმა მოაწესრიგოს ქალაქებისა და სოფლების დაგეგმარებისა და კონტროლის საკითხები მთელ ქვეყანაში, დაარეგულიროს მიწათსარგებლობა და განაშენიანება ისე, რომ არ დაზიანდეს გარემო და ქვეყნის ეროვნული სიმდიდრე. კანონმა ამასთანავე, უნდა განსაზღვროს ცენტრალური და მმართველობის ადგილობრივი ორგანოების უფლებები უძრავ ქონებაზე გადასახადების აკრეფის საქმეში. საჭიროა განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს იმ ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმებს, რომლის მიხედვითაც სოფლის მეურნეობა განვითარდება. იმედია, ახალი პარლამენტი თავისი სამართალშემოქმედებით შეავსებს სიცარიელეს, რაც ამ სფეროში ქვეყნის კანონმდებლობაში არსებობს.

პარლამენტმა ასევე ჯეროვანი ყურადღება უნდა დაუთმოს რეფორმებს, რომლებიც დაწყებულია ჯანმრთელობის დაცვის და განათლების სფეროში. კონსტიტუციამ ამ სფეროში აღიარა როგორც სახელმწიფო, ისე არასახელმწიფო სექტორების განვითარების მიზანშეწონილობა, ამასთან, მოითხოვა ჯეროვანი გარანტიები სახელმწიფოს ხარჯზე განათლების მიღებისა და სამეცნიერო დახმარების უზრუნველყოფის სახით.

იმ აქტებთან ერთად, რომლებიც მიზნად ისახავენ ახალი საზოგადოებრივი ურთიერთობების ჩამოყალიბებას, მიმდინარე სამართალშემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი უნდა დაიკავოს სამართლებრივმა აქტებმა, რომლებიც იცავენ ამ საზოგადოებრივ ურთიერთობებს, საზოგადოებრივ წესრიგს, ქვეყნის უსაფრთხოებას, ადამიანთა უფლებებსა და თავისუფლებებს. სწორედ მომწესრიგებელი და დაცვითი ნორმები ქმნიან ერთობლიობაში სრულყოფილ სამართლებრივ სისტემას. ამიტომ გადაუდებელ აუცილებლობად იქცა ახალი სისხლის სამართლის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა სასჯელის აღსრულების კოდექსების მიღება. სწორეს ეს აქტები სახელმწიფოებრივი ღონისძიებების მეშვეობით უნდა იქცნენ დაცვის გარანტიებად ყოველგვარი ხელყოფისაგან. სხვა არაიურიდიულ ღონისძიებებთან ერთად. ეს კოდექსები კი სრულყოფილად ვერ ამუშავდება შესაბამისი პროცესუალური ფორმების გარეშე. ამიტომაც, საშური საქმეა სისხლის სამართლისა და სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსების მიღება. ყველა ეს აქტები უნდა აამუშაონ სახელმწიფო ინსტიტუტებმა - სასამართლოებმა, პროკურატურამ, ადვოკატურამ, ნოტარიატმა, შინაგან საქმეთა, უშიშროების ორგანოებმა. მიმდინარე სამართალშემოქმედებაში საგულისხმო ადგილი უნდა დაეთმოს ამ ინსტიტუტების მოწყობასა და საქმიანობას. განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს კანონმდებლობა სამხედრო აღმშენებლობის სფეროში.

ამ მიმართვაში ყურადღება შევაჩერე იმ ძირითად აქტებზე, რომელთა მიღება გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს ახალი კონსტიტუციის დებულებათა ამოქმედებისათვის. ამასთან არ შევჩერდები ყველა სამართლებრივ აქტებზე, რომლებიც ასევე მისაღებია. შეიძლება ითქვას, რომ წინ არის კოლოსალური სამუშაო, რომელიც პარლამენტის წევრების დიდ ძალისხმევას ითხოვს. მათი მიღება პარლამენტის წევრების პროფესიული, სამსახურებრივი, მოქალაქეობრივი ვალია, ისე როგორც კონსტიტუციის მიღება პარლამენტის წინა შემადგენლობის ვალს წარმოადგენდა.

აღმასრულებელ ხელისუფლებაში, სამინისტროებში, სახელმწიფო უწყებებში განსაზღვრული სამუშაო უკვე ჩატარდა სამართალშემოქმედებითი მუშაობის მომზადების მიზნით. პრეზიდენტის განკარგულებით კანონშემოქმედებითი მუშაობა უნდა იქცეს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებად. ამ საქმიანობისათვის პრეზიდენტის წინაშე პასუხს აგებენ მინისტრები და სახელმწიფო უწყებათა ხელმძღვანელები. სამინისტროებში ეს სამუშაო გაპიროვნებულია მინისტრების მოადგილეებზე პარლამენტთან ურთიერთობის დარგში. აღმასრულებელ ხელისუფლებაში სამართალშემოქმედებითი საქმიანობის კოორდინაცია ეკისრება იუსტიციის სამინისტროს. მოქმედების ვადა გაუგრძელდება სამართლებრივი რეფორმების სახელმწიფო კომისიას. გათვალისწინებულია სხვა ღონისძიებანი ამ სამუშაოების ორგანიზაციული და მატერიალური უზრუნველყოფისათვის.

არ შეიძლება ცალკე არ ითქვას ერთი გარემოების შესახებ. ვიდრე ახალი აქტები მომზადდება, პარლამენტი მეტი ყურადღებით უნდა მოეკიდოს იმ კანონპროექტებს, რომლებიც დიდი ხანია წარმოდგენილია განსახილველად სამინისტროებისა და სახელმწიფო უწყებების მიერ. მათ შორის განსაკუთრებით გამოვყოფდი კანონპროექტებს: „კორუფციასთან ბრძოლის შესახებ“, „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“. „საბაჟო ტარიფების შესახებ“, „საბაჟო კოდექსს“, „ნოტარიანის შესახებ“, „სასამართლოს შესახებ“, „გაკოტრების შესახებ“, „კურორტების შესახებ“, „ბინათმშენებლობის შესახებ“, „წიაღით სარგებლობის წესების შესახებ“. „მონოპოლიური საქმიანობის და კონკურენციის შესახებ“, „ოპერატიულ-სამძიებრო ღონისძიებათა შესახებ“, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“, „ეროვნულ უმცირესობათა შესახებ“, ცვლილებები და დამატებები სისხლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში, რომლებიც მეურნეობის ახალ პირობებთან დაკავშირებულ სამართლადარღვევებს შეეხება. ეს ის აქტებია, რომლებიც, მართალია, კონსტიტუციის მიღებამდე მომზადდა, მაგრამ თავიანთი შინაარსით სრულიად შეესაბამებიან ახალი კონსტიტუციის სულისკვეთებას.

ვიმედოვნებ, პარლამენტის წევრები ჯეროვან ყურადღებას მიაპყრობენ იმ მეტად პასუხსაგებ ამოცანებს, რაც ქვეყნის ხელისუფლების წინაშე დგას კონსტიტუციის უზენაესობის დამკვიდრებისა და ეროვნული სამართალშემოქმედებისგანვითარების თვალსაზრისით.

ედუარდ შევარდნაძე.

„ვიმედოვნებ, პარლამენტის წევრები ჯეროვან ყურადღებას მიაპყრობენ იმ მეტად პასუხსაგებ ამოცანებს, რაც ქვეყნის ხელისუფლების წინაშე დგას...“ : საქართველოს პრეზიდენტის მიმართვა საქართველოს პარლამენტს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 17 იანვარი. - 9(2122). - 1 გვ.

10 „რომ არ ყოფილიყო აფხაზეთის ტრაგედია, არ იქნებოდა სხვა დანარჩენიც“

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის განცხადება

აღმაშფოთებელი ტერორისტული აქცია ტრაპიზონში, ჩეჩნეთის ტრაგედია, ისევე როგორც ბარბაროსული ტერორისტული აქტები ბუდიონოვსკსა და ყიზლარში, დასაბამს აფხაზეთიდან იღებენ.

მასობრივმა დახვრეტებმა, სხვადასხვა ეროვნების ხალხთა გენოციდმა და ეთნოწმენდამ, რომელიც აფხაზმა სეპარატისტებმა და უცხოელმა ბოევიკებმა მოაწყეს, დაუსჯელი დარჩა. რომ არ ყოფილიყო აფხაზეთის ტრაგედია, არ იქნებოდა სხვა დანარჩენიც.

დარწმუნებული ვარ, რომ მეგობარი თურქეთი და მისი მთავრობა ყველა ღონეს იხმარენ უდანაშაულო ადამიანთა გადასარჩენად.

„რომ არ ყოფილიყო აფხაზეთის ტრაგედია, არ იქნებოდა სხვა დანარჩენიც“ : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის განცხადება // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 18 იანვარი. - 10 (2123). - 1 გვ.

11 საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის განცხადება

▲ზევით დაბრუნება


დღეს, 1996 წლის 19 იანვარს, მოსკოვში დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სახელმწიფოთა მეთაურების საბჭომ მიიღო გადაწყვეტილებანი აფხაზეთში (საქართველო) კონფლიქტის მოწესრიგებისა და ამ კონფლიქტის ზონაში მშვიდობის მხარდამჭერი კოლექტიური ძალების ყოფნის ვადისა და მანდატის გაგრძელების შესახებ.

დაადასტურეს რა თავიანთი წინანდელი გადაწყვეტილებანი, რომლებიც ეხება კონფლიქტს აფხაზეთში, საქართველო და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სახელმწიფოთა მეთაურების უცვლელ ერთგულებას ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ისინი ავითარებენ თანამეგობრობის საერთო თანამიმდევრულ შეთანხმებულ კურსს, რომლის მიზანია სეპარატიზმის აღკვეთა, საფრთხეს რომ უქმნის უშიშროებასა და მშვიდობას ჩვენს სახელმწიფოებში.

გამოვთქვამთ რა კმაყოფილებას, ამ გადაწყვეტილებებში გამოკვეთილი პოზიციების არაორაზროვნების გამო, აგრეთვე, რწმენას, რომ ისინი ხელს შეუწყობენ კონფლიქტის ყოვლისმომცველი პოლიტიკური მოწესრიგების მიღწევას, საჭიროდ მიმაჩნია განვაცხადო შემდეგი:

აფხაზეთი, როგორც საქართველოს განუყოფელი ნაწილი, ასევე იმ ძალისხმევის განუყოფელი ნაწილია, რომლის მიზანია ჩვენი ქვეყნის მრავალეროვანი მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესება. აფხაზეთში მცხოვრები ყველა მოქალაქე, მათი ეროვნების, პოლიტიკური უპირატესობის, კონფლიქტში მონაწილეობის დონის მიუხედავად, საქართველოს მოქალაქენი არიან, რომელთა უფლებები, საჭიროებანი, საზრუნავი, მოთხოვნილებანი, ისევე სულერთი არ არის ჩვენთვის, როგორც თავიანთი ისტორიული საცხოვრებელი ადგილებიდან განდევნილი ათასობით ლტოლვილის მდგომარეობა.

თავისი შესაძლებლობებისა და რესურსების კვალობაზე საქართველოს მთავრობა კვლავაც მზად არის გაუწიოს შეძლებისდაგვარი დახმარება აფხაზეთის მოსახლეობასაც. საქართველო კვლავ ადასტურებს, რომ მზად არის გამოჰყოს და აფხაზეთის მცხოვრებლებს გაუნაწილოს ჰუმანური და ჩვენი ქვეყნის მხარდასაჭერად გამოგზავნილ სხვა დახმარებათა წილი. ასევე, აუცილებლად მიმაჩნია, განვაცხადო, რომ სახელმწიფოთა მეთაურების საბჭოს მიერ დღევანდელი გადაწყვეტილებებით გათვალისწინებული კონფლიქტის მოწესრიგების ღონისძიებანი, არავითარ შემთხვევაში არ არის მიმართული საქართველოს მოქალაქეთა - აფხაზთა, რუსთა, ქართველთა, სომეხთა, ოსთა და სხვათა უფლებების, მატერიალური და სხვა მდგომარეობის წინააღმდეგ, ისევე, როგორც აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ თანამეგობრობის ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს მოქალაქეთა წინააღმდეგ.

ახლანდელი უბედურებებისა და გაჭირვების წყაროა აგრესიული სეპარატიზმი, რომელიც ავთვისებიანი სიმსივნესავით ანადგურებს ბევრი სახელმწიფოს ქსოვილს. ამის მაგალითი მარტო ჩვენი ქვეყანა როდია. სწორედ ამ საფრთხის გაცნობიერებამ აიძულა თანამეგობრობის სახელმწიფოები რუსეთის მეთაურობით, მიეღო ახლანდელი გადაწყვეტილებანი.

მადლობას მოვახსენებ პრეზიდენტ ელცინსა და ყველა ჩემს კოლეგას საბჭოში ღონისძიებებისათვის, რომლებსაც ახორციელებენ ჩემი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, აფხაზეთში და მის გარშემო მშვიდობის აღდგენისათვის.

მოსკოვი, 1996 წლის 19 იანვარი.

საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის განცხადება // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 20 იანვარი. - 11 (2124). - 2 გვ.

12 „გაერომ, ევროკავშირმა, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობამ, რუსეთის პრეზიდენტმა და, რა თქმა უნდა, საქართველომ მშვიდობის გზა ავირჩიეთ და არა მგონია, ვინმემ ეს გზა უარყოს და ომის ვარიანტს დაუჭიროს მხარი“

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 22 იანვრის რადიოინტერვიუ

- იმის გათვალისწინებით, რომ ეს კვირა მაინც უმნიშვნელოვანესი იყო აფხაზეთთან მიმართებაში, გვაინტერესებს, აპირებთ თუ არა ილაპარაკოთ ეკონომიკის პრობლემებზე, როგორც წესი, ინტერვიუებს ამ თემით ვიწყებთ. 19 იანვრის უმაღლესი დონის შეხვედრამ გამორჩეულ ვითარებაში ჩაიარა. ალბათ, შეიძლება ითქვას, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში პირველად მიიღეს ძალიან სერიოზული და ქმედითი დოკუმენტი აფხაზური სეპარატიზმის წინააღმდეგ, შეიძლება ითქვას, საერთოდ სეპარატიზმის წინააღმდეგ, და პირველად, ალბათ, სრულად ამოქმედდება ის ეკონომიკური სანქციები, რომლებსაც ქართული მხარე ამდენი ხანია ითხოვდა. გარდა ამისა, შეიცვლება სამშვიდობო ძალების მანდატი, - ჟურნალისტ ნატო ონიანის ამ შეკითხვის პასუხად საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ თავის ტრადიციულ რადიოინტერვიუში განაცხადა:

- რაც შეეხება ეკონომიკური განვითარების განხილვას, ამ საკითხს შემდეგი კვირისათვის გადავიტანდი. თვის ბოლოს გაიმართება პრეზიდენტის შეხვედრა ეკონომიკური სფეროს, მხარეების, ქალაქებისა და რაიონების ხელმძღვანელებთან. ვთხოვ რადიომსმენელებს, ისევე, როგორც ტელემაყურებლებს, თვალყური ადევნონ ამ თათბირის მუშაობას. შევეცდებით წარმოვადგინოთ ჩვენი სახალხო მეურნეობის საქმიანობის ანალიზი გასული წლის განმავლობაში, ეს საკმაოდ დეტალური ანალიზი იქნება. მათ შორის, არსებითად განვიხილოთ მდგომარეობა სოციალურ სფეროში და განვსაზღვროთ ამოცანები მიმდინარე წლისთვისაც. შევეცდებით ასეთი ანალიზი წარმოვადგინოთ რაიონების, ქალაქებისა და მხარეების მიხედვითაც. ეს იქნება პრინციპული საუბარი მკაცრი მოთხოვნებით, იმის გათვალისწინებით, რომ 1996 წელი მართლაც გარდატეხის წელი გახდეს მთელი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ცხოვრებისა და სოციალური სფეროს პრობლემებზე აქტიური ზემოქმედების თვალსაზრისით.

ახლა, შედარებით მოკლედ, მოსკოვის შეხვედრაზე, რადგან მეც საკმაოდ ბევრი ვისაუბრე და წუხანდელი რადიო და ტელეგადაცემებიც ძალიან დატვირთული იყო ამ თემით. ვფიქრობ, რომ ჩემი კოლეგების განმარტებებიც, მათ შორის, თქვენი გადაცემაც, ბევრ კითხვაზე იძლევა პასუხს. მაგრამ, მაინც შევეხები ზოგიერთ ასპექტს.

დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა მოსკოვის შეხვედრით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და ახალი კუთხით გამოჩნდა მთელი მსოფლიოს თვალში. კერძოდ, ლაპარაკია იმაზე, რომ აყენებს რა წევრი ქვეყნების ეკონომიკური, ტექნიკური თუ მეცნიერული ინტეგრაციის პრობლემებს, როგორც პრიორიტეტულს, თანამეგობრობა თავის სიტყვას ამბობს, როგორც ამ ორგანიზაციაში შემავალი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის განუყოფლობისა და დამოუკიდებლობის გარანტი. სწორედ მოსკოვის შეხვედრაზე გამოჩნდა ეს თავისებურება ამ ორგანიზაციისა, რა თქმა უნდა, გაეროს, ევროკავშირთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად. ეს მიმართულება დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მუშაობაში გამოიკვეთა სწორედ აფხაზეთის საკითხის განხილვის დროს. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა დაიმკვიდრებს ადგილს, როგორც რეგიონალური საერთაშორისო ორგანიზაცია, თუკი იგი მომავალშიც ცალკეულ სახელმწიფოთა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ინტერესებს სწორად შეახამებს თანამეგობრობისათვის დამახასიათებელ საერთო ტენდენციებს, კერძოდ, ისეთს, როგორიცაა ინტეგრაციული პროცესები. მხოლოდ ასეთი შეხამების პირობებშია შესაძლებელი საერთაშორისო ორგანიზაციის განვითარება და საერთაშორისო ორგანიზაციის ავტორიტეტის დამკვიდრება.

- ძალიან საყურადღებო იყო კიდევ ერთი მომენტი. თქვენ ინტერვიუში ბრძანეთ, რომ ელცინთან შეხვედრის დროს მან განსაკუთრებული ყურადღება მიაპყრო იმას, რომ საქართველოს პარლამენტმა მოახდინა რუსეთთან დადებული ყოველმხრივი ხელშეკრულების, როგორც ჩვენ ვუწოდებთ, დიდ ხელშეკრულებას რატიფიცირება და მან ეს ძალიან კარგად აღიქვა. როგორ ფიქრობთ, გააკეთებს თუ არა რუსეთის სახელმწიფო სათათბირო რაიმე რეაგირებას 19 იანვრის უმაღლესი დონის შეხვედრაზე მიღებულ დოკუმენტზე, რუსეთის სათათბირო, რომელიც თავისი შემადგენლობით, ძალიან ჭრელია...

- მე მოკლედ გიპასუხებთ.

რუსეთ-საქართველოს დიდი ხელშეკრულების რატიფიცირება საქართველოს პარლამენტის მიერ გამიზნული ნაბიჯია. საქართველოს ახალმა პარლამენტმა პირველმა გამოხატა, როგორც ვამბობთ, ხოლმე, „კეთილი ნება“ რუსეთთან ახალი ურთიერთობის მშენებლობაში, რუსეთის სათათბიროში შესანიშნავად იციან, რომ რატიფიცირებას ექვემდებარება ხელშეკრულებათა მთელი პაკეტი, მათ შორის, ხელშეკრულება რუსეთის ბაზების შესახებ საქართველოში.

რა თქმა უნდა, ჩვენ ველოდებით, რომ რუსეთის პარლამენტისათვის შეუმჩნეველი არ დარჩება ქართველ პარლამენტართა მიერ გადადგმული პირველი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი. ვფიქრობ, რომ უნდა იყოს მიღებული რაღაც შემხვედრი ზომები.

- ძალიან თვალში საცემი იყო ის განწყობა და ტონი, რაც საერთოდ შეიმჩნეოდა საქართველოსთან და მის ლიდერთან დამოკიდებულებაში. პრეზიდენტმა ელცინმა რამდენჯერმე ახსენა საქართველოს პრეზიდენტი თავის პრესკონფერენციაზე, ახსნა საქართველოს პრობლემა - აფხაზეთის პრობლემა და ძალიან მწვავედ. საინტერესო იყო კიდევ ერთი მომენტი: თანამეგობრობის ლიდერები, განსაკუთრებით კი, პრეზიდენტი ელცინი როგორი ტონით ლაპარაკობდნენ აგრესიული სეპარატიზმის საფრთხეზე, იმ საფრთხეზე, რასაც ქართული პოლიტიკა უკვე აფხაზეთის კონფლიქტიდან მოყოლებული დღის წესრიგში აყენებს ფაქტობრივად ყველა დონის შეხვედრაზე...

- სიმართლე გითხრათ, მოსკოვში, სხდომის დამთავრების შემდეგ მოვინახულე ყველა პრეზიდენტი, რა თქმა უნდა, ჩემი გრძნობები და დამოკიდებულება მათ გადავეცი. მართლაც, ეს იყო, უნიკალური შემთხვევა ასეთი საყოველთაო მხარდაჭერისა, გარდა ერთი დელეგაციისა. მაგრამ, მაინც მინდა დღევანდელი შემთხვევით ვისარგებლო და მადლობა შევუთვალო ყველა პრეზიდენტს, ვინც ასე აქტიურად დაგვიჭირა მხარი მოსკოვის შეხვედრაზე. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლიერებით მივმართავ რუსეთის პრეზიდენტს ბორის ელცინს. გაიხსენეთ მისი კატეგორიული განცხადებები პრესკონფერენციაზე (და არა მარტო პრესკონფერენციაზე), როგორ მიმართა მან ჟურნალისტებს: თქვენ მიგაჩნდათ, რომ ჩაიშლებოდა ეს შეხვედრა, რადგან, გეგონათ, რომ არ მივიღებდით შევარდნაძის განცხადებას. მინდა, ამჯერადაც მოგისამძიმროთ, - ეს წინადადება მიღებულია. ამ განცხადებას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მართლაც უმრავლესობა იძლეოდა პროგნოზს, რომ საქართველოს წინადადებები ვერ გავა და მას მხარს არ დაუჭერენ. ამიტომაც, ელცინის ასეთი კატეგორიული ტონი, მართლაც ძალიან დასაფასებელია და მნიშვნელოვანი, და, რაც მთავარია, იმედის მომცემი.

ახლა მინდა შევეხო ასეთ საკითხს, შეიძლება თუ არა, სათათბირომ მხარი დაუჭიროს აფხაზ სეპარატისტებს. მე ამას შემთხვევით არ ვამბობ. ვიცი, რომ აფხაზი სეპარატისტების წარმომადგენლები სხედან მოსკოვში, სათათბიროში და ცდილობენ, როგორმე რაღაც განცხადებას მიაღწიონ, ან რაღაც სხვა დოკუმენტი მიიღონ. ამიტომ, ვაყენებ საკითხს - შეიძლება თუ არა, სათათბირომ მხარი დაუჭიროს აფხაზ სეპარატისტებს, რომელთა სინდისზეა ქართველთა, რუსთა, სომეხთა, ბერძენთა ეთნოწმენდა, რაც აღიარებულია ევროკავშირისა და გაეროს მიერ, ხოლო უშიშროების საბჭოს ბოლო რეზოლუციაში ლაპარაკია სეპარატისტების მიერ განხორციელებულ ეთნომკვლელობაზე. სხვათა შორის, უშიშროების საბჭო ძალიან იშვიათად იყენებს ასეთ გამონათქვამებს და ასეთ ტერმინებს.

დავუშვათ, მხარი დაუჭირეს აფხაზურ სეპარატიზმს, მაშინ, რატომ უნდა იყოს იგნორირებული სეპარატისტული მოძრაობა რუსეთში? რატომ არ უნდა დაიცვან ჩეჩნური ან სხვა შეფერილობის სეპარატიზმი? ლოგიკა ასეთია.

ამიტომაც, ვფიქრობ, რომ რუსეთის უმაღლეს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება აგრესიული, მთელი მსოფლიოს მიერ დაგმობილი აფხაზური სეპარატიზმის მხარდაჭერა და ამით, საკუთარი სახელმწიფოს ინტერესების უგულებელყოფა.

- მინდა გავიხსენო არცთუ შორეული წარსული - აფხაზეთის ომის თუ შემდგომი პერიოდი, როცა ნებისმიერი განცხადება - სატელევიზიო იქნებოდა, თუ პრესით, ანდა ჟურნალისტის გაკეთებული, ჩვენში შეშფოთებას იწვევდა და არა მხოლოდ აღშფოთებას აფხაზეთთან მიმართებაში. და, ამ დროს, თანამეგობრობის უმაღლესი დონის შეხვედრა იღებს ასეთ დოკუმენტებს და არც თქვენს, არც სახელმწიფო მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის თუ ექსპერტების ტონში, განსაკუთრებით პრეზიდენტის გამოსვლაში არ იგრძნობოდა შურისმაძიებლური და მოზეიმე განწყობა...

- თქვენ მნიშვნელოვანი მომენტი შენიშნეთ ჩვენს გამოსვლებსა და მოქმედებაში, რომელიც ამ დღეებში ხდებოდა. მე ასე დავაყენებდი საკითხს: როგორ მოიქცევა საქართველო ჩვენს მიერ აღნიშნული დოკუმენტების ხელმოწერის შემდეგ? მხედველობაში მაქვს სანქციები და ზოგიერთი სხვა დოკუმენტი. მინდა ყველამ მიაქციოს ყურადღება, მათ შორის, გუდაუთის ხელისუფლებამ და აფხაზეთის ტერიტორიაზე ახლა მცხოვრებმა ყველა მოქალაქემ, რომ:

პირველი - ჩვენ წინადადებით შევდივართ დაუყოვნებლივ განახლდეს მოლაპარაკება (სამმხრივი იქნება, ოთხმხრივი, თუ ორმხრივი - ყოველგვარ ფორმაზე თანახმა ვარ) პოლიტიკური მოწესრიგების საკითხებზე, და რაც შეიძლება ჩქარა მივიღოთ დოკუმენტი, რომელიც ამას საფუძველს ჩაუყრის. ძალაშია ჩვენი პრინციპული მიდგომა. მინდა კვლავ და კვლავ მთელი მსოფლიოს გასაგონად განვაცხადო: იქნება რა აფხაზეთი საქართველოს ერთიანი სახელმწიფოს ფედერაციის სუბიექტი, იგი ისარგებლებს ასეთი სუბიექტებისათვის განსაზღვრული მსოფლიო სტანდარტების უმაღლესი დონით, აფხაზეთს ექნება თავისი კონსტიტუცია, თავისი გერბი, თავისი დროშა, ჰიმნი, თავისი პარლამენტი, უმაღლესი სასამართლო და სახელმწიფოებრიობის სხვა მრავალი ატრიბუტი.

მეორე - როცა ლაპარაკია სეპარატიზმის იზოლაციაზე, აქ სულაც არაა ნაგულისხმევი ის, რომ არ მოხდეს საარსებო პროდუქტების და სხვა აუცილებელი საგნების შეტანა მოსახლეობისათვის, და, ასე ვთქვათ, შიმშილით ამოვწყვიტოთ იქაური მოქალაქეები. პროდუქტების შეტანა დასაშვებია, ისე როგორც ბევრი სხვა რამ, მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობით და საქართველოს მეშვეობით. იარაღის შეტანა თავისთავად აკრძალულია, როგორც საქართველოდან, ისე სხვა კუთხიდან, მაგრამ, ვიმეორებ, რაც შეეხება საარსებო პროდუქტებს და აუცილებელ საგნებს, ამის შეტანა შეიძლება მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობით და საქართველოს მეშვეობით.

მესამე - მე უკვე განვაცხადე და კვლავაც ვადასტურებ: აფხაზეთში მცხოვრები პირები საქართველოს მოქალაქენი არიან, ჩვენ მზად ვართ გავუნაწილოთ მათ ყველაფერი, რასაც ჩვენ ვღებულობთ და რაც გვაქვს, თუ გნებავთ, უკანასკნელი ლუკმა-პურიც კი (რა თქმა უნდა, თუ აფხაზეთის ახლანდელი რეჟიმი ხელს არ შეგვიშლის).

და მეოთხე - დევნილთა დაბრუნება, აფხაზეთის სტატუსის განსაზღვრა, რაც სწრაფად უნდა მოხდეს, საშუალებას მოგვცემს ოპერატიულად დავიწყოთ რკინიგზისა და საავტომობილო ტრასების აღდგენა (და ეს არის მილიარდობით და მილიარდობით შემოსავალი), მოვიზიდოთ ასევე მილიარდობით უცხოური ინვესტიციები ამ კუთხის აღდგენისა და აყვავებისათვის (მე ვიცი, რომ მრავალი ინვესტორი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, მათ შორის რუსეთშიც, მზად არის ამისათვის), და უკვე წელს ვიფიქროთ საკურორტო და ტურისტული სეზონის გახსნაზე.

არის თუ არა ალტერნატივა? დიახ, ალტერნატივა არის, მაგრამ იგი დაკავშირებულია ომთან, ახალ სისხლისღვრასთან, ახალ მსხვერპლთან.

გაერომ, ევროკავშირმა, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობამ, რუსეთის პრეზიდენტმა და, რა თქმა უნდა, საქართველომ, პირველი გზა ავირჩიეთ და არა მგონია, მშვიდობის გზა უარყოს და ომის ვარიანტს დაუჭიროს მხარი.

- გარდა აგრესიული სეპარატიზმისა, ალბათ, არის კიდევ ერთი უდიდესი საფრთხე დღევანდელი მსოფლიოსათვის - საერთაშორისო ტერორიზმი, რომლის გამოვლინებასაც ყოველდღე თუ არა, ყოველ კვირას მაინც ვიგებთ. გასულ კვირას ტერორიზმის კიდევ ერთი ფაქტი დაფიქსირდა - ბორან „ავრასიასთან“ დაკავშირებულ მოვლენას ვგულისხმობ. თქვენ ეს ფაქტიც ბუდიონოვსკის, ყიზლარისა და უწინარეს ყოვლისა, აფხაზეთის მოვლენებს დაუკავშირეთ.

- დიახ, ასეთი რამ ვთქვი, მათ შორის მოსკოვის შეხვედრაზეც. ჩეჩნეთის მოვლენები, ისე როგორც ყველაფერი, რაც მოხდა ბუდიონოვსკში, ყიზლარში, პერვომაისკოეში და, შემდეგ - გემის გატაცება, სათავეს იღებს აფხაზეთის ტრაგედიიდან. რომ არ ყოფილიყო აფხაზეთი, არ იქნებოდა ეს მოვლენები.

რაც შეეხება გემ „ავრასიის“ გატაცებას, რომელზეც საქართველოს მოქალაქეებიც იყვნენ, ამ ფაქტმა, რა თქმა უნდა, დიდი შეშფოთება გამოიწვია ჩვენს საზოგადოებრიობაში. მადლობა უფალს, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდა. მსურს კიდევ ერთხელ ღრმა მადლიერების სიტყვებით მივმართო პრეზიდენტ დემირელსა და პრემიერ-მინისტრ თანსუ ჩილერს, ასე ბრწყინვალედ განხორციელებული ოპერაციისათვის ხომალდზე მყოფ მგზავრთა გადასარჩენად.

რაც შეეხება ცნობას იმის შესახებ, რომ ტერორისტთა შორის ორი მოქალაქეა აჭარიდან, ეს თავიდან ბოლომდე მონაჭორია. არაფერი ამის მსგავსი არ არის. სამწუხაროდ, გამტაცებელთა შორის აღმოჩნდა ერთი მოქალაქე აფხაზეთიდან რაულ გიძბა, რაც რა თქმა უნდა, სინანულს იწვევს.

- და ბოლოს, ერთი კითხვა ნავთობთან დაკავშირებით. როცა საუბარი იყო ბაქო-სუფსის ნავთობსადენზე, როგორც სხვაგან, განსაკუთრებით კი საქართველოში გარკვეული პოლიტიკური ძალები აცხადებდნენ, რომ საქართველოს მთავრობა ამისათვის არაფერს არ აკეთებს, ნავთობსადენი საქართველოზე არ გაივლისო და ასე შემდეგ, მოხდა ისე, რომ შარშან, 9 ოქტომბერს, ყოველივე ეს ჩვენს სასარგებლოდ დასრულდა და აი, გასულ კვირას აზერბაიჯანის ნავთობის საერთაშორისო საოპერაციო კომპანიის პრეზიდენტმა ნატიკ ალიევმა პრესისათვის გააკეთა განცხადება, რომ „შევრონმა“ მიიღო ბაქოს ოფიციალური წინადადება ბაქო-სუფსის ნავთობსადენის გამოსაყენებლად ყაზახეთის საბაჟოსათვის. ესე იგი, ბაქო-სუფსის ნავთობსადენი გაატარებს არა მარტო აზერბაიჯანის ადრეულ ნავთობს, არამედ ყაზახეთიდან მიღებულ ნედლეულსაც. ამ ფაქტს იმიტომ აღვნიშნავ ხაზგასმით, რომ ამის თაობაზე თქვენ საუბარი გქონდათ პრეზიდენტ ელცინთან შეხვედრის დროს...

- რაც შეეხება „შევრონს“ და იმ პერსპექტივას, რომლის შესახებაც ჩვენ „შევრონის“ პრეზიდენტთან ვისაუბრეთ (ყაზახეთის ნავთობის ნაწილობრივ საქართველოზე გამოტარების შესახებ), ეს უკვე ცნობილია ჩვენი მოსახლეობისათვის. იმასაც გეტყვით, რომ თვით „შევრონის“ პრეზიდენტმაც ასე განაცხადა: ჩვენ ამჯერად 4-5 მილიონი ტონა ნავთობი გაგვაქვს ყაზახეთიდან რუსეთზე გავლით, და არც ვაპირებთ ამ ტრასაზე უარი ვთქვათ. პირიქით, ტიხორეცკაია-ნოვოროსიისკის მიმართულებით ახალ მილებს ვაწყობთ და გასაზიდი ნავთობის ეს მოცულობა კიდევ უფრო გაიზრდება რუსეთის მიმართულებით. მაგრამ, ამავე დროს, მან ისიც აღიარა, რომ საქართველოს მიმართულებით ბევრი რამის გაკეთება შეიძლება, განსაკუთრებით გემების გამოტარება, ნავთობის ბარჯებით, ცისტერნებით გამოტანა და ასე შემდეგ. ეს უფრო მოკლე გზაა ევროპისაკენ, განსაკუთრებით ბალკანეთისაკენ, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების, უკრაინისკენ და სხვა.

მოსკოვის შეხვედრის ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი ის არის, რომ პრეზიდენტ ელცინთან ჩემს შეხვედრაზე გარკვევით ითქვა: რაც შეეხება ნავთობსადენს, ჩრდილოეთის თუ დასავლეთის მიმართულებას, რუსეთი და საქართველო კონკურენტები არ არიან. გამოყენებული იქნება ის მილსადენი, რომელიც უფრო ადრე შეძლებს ნავთობის გატარებას. ამასთან, პარალელური მარშრუტი სულაც არ ნიშნავს მეორე ვარიანტის გამორიცხვას. ექსპლოატაციაში შეიძლება იყოს როგორც ერთი, ისე მეორე. ვფიქრობ, ამ შეთანხმებას რუსეთის პრეზიდენტთან დიდი სამომავლო მნიშვნელობა ენიჭება, ძალზე დიდი პერსპექტივა აქვს. სკეპტიკოსებსა და სპეკულიანტურ მანიპულაციათა მოყვარულებს, როგორც იტყვიან, კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ. სხვათა შორის, იმედი მაქვს, არც პირველად და არც უკანასკნელად.

„გაერომ, ევროკავშირმა, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობამ, რუსეთის პრეზიდენტმა და, რა თქმა უნდა, საქართველომ მშვიდობის გზა ავირჩიეთ და არა მგონია, ვინმემ ეს გზა უარყოს და ომის ვარიანტს დაუჭიროს მხარი“ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა]ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 23 იანვარი. - 12(2125). - 1,2 გვ.

13 საქართველო არასდროს არ შეურიგდება თავისი ტერიტორიის ძალადურ გახლეჩას!

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის გამოსვლა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი სახელმწიფოების მეთაურთა საბჭოს სხდომაზე

პატივცემულო ბატონო თავმჯდომარევ,
პატივცემულო სახელმწიფოთა მეთაურებო,

გულისტკივილით უნდა აღვნიშნო, რომ დღეს კვლავ მიწევს თქვენი მაღალი ყურადღება მივაპყრო ჩვენი თანამეგობრობის ერთ-ერთ ყველაზე სისხლიან ჭრილობას. აგერ უკვე მესამე წელია, რაც საომარი მოქმედება შეწყდა საქართველოს ამ ერთ დროს აყვავებულ მხარეში, ხოლო ამ მიწა-წყალზე, ადამიანთა ენით აუწერელ ტანჯვას არა და არ უჩანს ბოლო.

თქვენთვის ყველასათვის იმდენად დაწვრილებით არის ცნობილი კონფლიქტის ისტორია, რომ, ვფიქორბ, არ არის საჭირო მისი მოყოლა. მხოლოდ იმას აღვნიშნავ, რომ მთელი ამ ხნის მანძილზე, ჩვენ ყოველ ღონეს ვხმარობდით და ზოგჯერ შეუძლებელსაც ვაკეთებდით, რათა შერიგების გზები გამოგვეხსნა. რომ ვამბობ, ჩვენ, ვგულისხმობ არა მარტო საქართველოს სახელმწიფოს, არამედ ჩვენს მეგობრებსაც, უწინარესად, რუსეთის ფედერაციას, ჩვენი თანამეგობრობის სახელმწიფოებს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციას, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციას. ჩვენ ხელი მოვაწერეთ 1994 წლის 4 აპრილის განცხადებას კონფლიქტის პოლიტიკური მოწესრიგების ღონისძიებათა შესახებ, რომლითაც აფხაზეთს ვაძლევდით გარანტიას, რომ კონფლიქტის მოწესრიგების შემდეგ ექნებოდა თავისი კონსტიტუცია, თავისი პარლამენტი, უმაღლესი სასამართლო, ჰიმნი, გერბი, სახელმწიფოებრიობის სხვა ატრიბუტები. ჩვენ არაერთხელ დაგვიდასტურებია, რომ მზად ვართ, აფხაზეთს მივცეთ ფედერაციის სუბიექტის სტატუსი მსოფლიო პრაქტიკაში მიღებული რაც შეიძლება ფართო უფლებებით. მაგრამ სამშვიდობოდ გაწვდილი ხელი მუდამ აწყდებოდა კონსტრუქციული დიალოგის წარმოების სურვილის უქონლობის ცივ კედელს. ასე მუხანათურად დაარღვიეს 1992 წლის 3 სექტემბრის, 1993 წლის 27 ივნისის შეთანხმებები, სრული გულგრილობით უგულებელყოფენ ლტოლვილთა და იძულებით ადგილნაცვალ პირთა ნებაყოფლობითი დაბრუნების შესახებ ოთხმხრივ შეთანხმებას. აფხაზეთის ახლანდელ ხელისუფალთ არცერთი შემხვედრი ნაბიჯი არ გადმოუდგამთ. დღეს უკვე დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამის მიზეზია სრული დაუსჯელობის შეგნება არა მარტო საომარი მოქმედების დროს ჩადენილი სამხედრო დანაშაულობებისათვის, არა მარტო მათ კონტროლს დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ჩადენილი ძალმომრეობისა და უკანონობისათვის, არამედ იმის გამოც, რომ აჭიანურებენ და ფაქტობრივად, შლიან მოლაპარაკების პროცესს. ეთნიკური წმენდა საომარი მოქმედების დროსაც და მის შემდეგაც, როგორც ეს არის ნათქვამი ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის თათბირის მონაწილე სახელმწიფოთა ბუდაპეშტის უმაღლესი დონის შეხვედრის საბოლოო დოკუმენტში, კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩადენილი ეთნიკური მკვლელობანი, როგორც ეს არის აღნიშნული გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს ბოლო რეზოლუციაში, მიუღებლობა ადგილნაცვალი პირებისა და ლტოლვილების დაბრუნების გრაფიკია, რომელიც შეიმუშავა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ლტოლვილების საქმეთა უმღლესი კომისრის სამსახურმა და მიიღეს საქართველოს მხარემ და რუსეთის ფედერაციამ, განუწყვეტელი მხეცობა, განსაკუთრებით გალის რაიონში.

აფხაზეთის სეპარატისტულმა რეჟიმმა თავხედურად უგულებელყო ჩვენი პრინციპული განცხადებები, მხედველობაში მაქვს 1995 წლის 10 თებერვლის მემორანდუმი და 1995 წლის 26 მაისის განცხადება. დღეს საკითხი ასე დგას: შეუძლია თუ არა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობას დაიცვას ერთ-ერთი თავისი წევრი სახელმწიფოს განუხრელი დემოკრატიული განვითარება, შესწევს თუ არა ერთობლივი და გადამჭრელი მოქმედების ძალა მის ტერიტორიაზე სამართლიანობის, მშვიდობისა და სტაბილურობის აღსადგენად, შეუძლია თუ არა ძლიოს ერთ სახელმწიფოში აგრესიული სეპარატიზმის ბოროტებას და ამით წინ აღუდგეს თანამეგობრობის მთელ სივრცეში დესტაბილიზაციისა და შეიარაღებული კონფლიქტების ჯაჭვურ რეაქციად მის გადაზრდას? ჩეჩნეთის, ბუდიონოვსკის, ყიზლარის მოვლენები, მგზავრებიანი ხომალდის გატაცება აფხაზეთის ტრაგედიის გაგრძელებაა.

ამგვარი კონფლიქტების მოწესრიგების პრაქტიკა მოწმობს, რომ ეფექტის მიღწევა შეიძლება მხოლოდ დარწმუნების ძალისა და იძულების ძალის შეხამებით. სწორედ ამ ღონისძიებათა შეხამებას მოჰყვა ბალკანეთის ვითარების მოწესრიგების პროცესში მრავალი წლის ჩიხიდან მნიშვნელოვანი გარღვევა.

დადგა ჩვენი რიგიც, დავამტკიცოთ მსოფლიოში უდიდესი რეგიონული ორგანიზაციის ქმედუნარიანობა. მიგვაჩნია, რომ ახლა არსებულმა მანდატმა, კონფლიქტის ზონაში მშვიდობის მხარდამჭერი კოლექტიური ძალებისა, რომლებმაც უთუოდ დიდი როლი შეასრულეს ცეცხლის შეწყვეტის საქმეში, ამოწურა თავისი შესაძლებლობანი. დღეს მშვიდობის მხარდამჭერი ძალები სასაზღვრო ჯარებად გადაიქცნენ, არ ერევიან კონფლიქტის ზონის სიღრმეში მომხდარ ჭეშმარიტად ტრაგიკულ მოვლენებში. ცხადი ხდება, რომ საჭიროა გამოვიყენოთ ძალები, რომლებსაც მანდატი აქვთ მინიჭებული უკანონო ფორმირებათა განიარაღებისათვის, კონსტიტუციური წესრიგის დამყარების, ლტოლვილთა დაბრუნებისა და დაცვისათვის. ბუნებრივია, რომ სამშვიდობო ოპერაცია უნდა დაიწყოს კონფლიქტის მთელ ზონაში მდინარე ენგურიდან მდინარე ფსოუმდე. დადგა დრო, განხორციელდეს კარდინალური ღონისძიებანი, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წესდების მე-12 მუხლისა და 1995 წლის 10 თებერვლის მემორანდუმის მე-4 პუნქტის შესაბამისად. ჩვენ მთლიანად შეგნებული გვაქვს ამ აქციის სერიოზულობა და გვესმის, რომ მისი ყველა დეტალის დამუშავება ამ შეხვედრაზე შეუძლებელია. მაგრამ, მოვითხოვ მიღებულ იქნეს სწორედ ასეთი მიდგომა, იმედი გვაქვს, მხარდაჭერისა და მოგიწოდებთ ერთი, მაქსიმუმ ორი თვის მანძილზე ავამოქმედოთ იგი. ამ დროის განმავლობაში შეიძლება მორიგება არსებული მანდატის ტექნიკური გაგრძელების შესახებ. მიგვაჩნია, რომ მანდატის გაგრძელების ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება გამოიწვევს მხოლოდ ახალ გართულებებს, ახალ აფეთქებებს.

მაგრამ, რაც დაუყოვნებლივ უნდა განხორციელდეს, ეს არის სეპარატისტული რეჟიმის სრული პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო იზოლაციის ღონისძიებანი. მოგიწოდებთ, ამ სხდომაზე მიიღოთ ჩვენს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი გუდაუთის ხელისუფლებაზე ზემოქმედების ღონისძიებათა შესახებ და მოუწოდოთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებს, შეუერთდნენ მას.

პატივცემულო კოლეგებო! სასწორზეა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ავტორიტეტი, პრესტიჟი და სიცოცხლისუნარიანობა. ან ჩვენ დაუყოვნებლივ დავიწყებთ აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის მიმართ იძულების ყველაზე გადამწყვეტი ზომების მიღებას, ან ხელს მოვაწერთ იმას, რომ არ შეგვწევს უნარი ადეკვატური რეაგირება მოვახდინოთ დროის მოთხოვნებზე. დარწმუნებული ვართ, რომ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა გამოიჩენს სიბრძნესა და სიმტკიცეს, ბოლოს მოუღებს ამ გაჭიანურებულ კონფლიქტს, რომელიც საფრთხეს უქმნის მთელ ჩვენს თანამეგობრობას. მაგრამ, ჩემს მოვალეობად მიმაჩნია, ამ მაღალი კრების წინაშე პირდაპირ და მტკიცედ განვაცხადო: საქართველო არასოდეს არ შეურიგდება თავისი ტერიტორიის ძალადურ გახლეჩას და თუ იგი დადგება არასასურველი, მაგრამ გარდაუვალი არჩევანის წინაშე, იძულებული იქნება, გამონახოს აფხაზეთში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის სხვა გზები.

საქართველო არასდროს არ შეურიგდება თავისი ტერიტორიის ძალადურ გახლეჩას! // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 24 იანვარი. - 13(2126). - 1 გვ.

14 საქართველო-გერმანია: ჭეშმარიტად სამაგალითო ურთიერთობა

▲ზევით დაბრუნება


24 იანვარს გაიმართა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ვიცე-კანცლერის, საგარეო საქმეთა ფედერალური მინისტრის კლაუს კინკელისა და მისი თანმხლები დელეგაციის პატივსაცემად გაიმართა ოფიციალური სადილი.

სადილზე სიტყვები წარმოთქვეს საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ და ბატონმა კლაუს კინკელმა.

ედუარდ შევარდნაძის სიტყვა

პატივცემულო ბატონო ვიცე კანცლერო
და საგარეო საქმეთა მინისტრო,
ქალბატონებო და ბატონებო,

ყოველთვის სასიხარულოა მეგობრებთან შეხვედრა, მით უმეტეს, ისეთ მეგობრებთან, რომლებიც პირველად ადგამენ ფეხს ქართულ მიწა-წყალზე. დღეს ვმასპინძლობთ ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე უფრო დიდი მეგობარი ქვეყნის წარგზავნილს, ბატონ კლაუს კინკელს და მასთან ერთად ძვირფას გერმანელ სტუმარს.

ჩვენ გვაქვს უფლება ვთქვათ, რომ გერმანიამ და საქართველომ მეგობრობის ხანგრძლივი გზა განვლეს. დღეს არ შეიძლება ვილაპარაკოთ ჩვენს ამჟამინდელ, ჭეშმარიტად სამაგალითო ურთიერთობაზე და არ გავიხსენოთ ჩვენი დიდი წინაპრები, რომლებიც ჯერ კიდევ საუკუნის დამდეგს უყრიდნენ სათავეს ამ ურთიერთობას, არ გავიხსენოთ, რომ გერმანიამ ერთ-ერთმა პირველმა სცნო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, არ გავიხსენო გერმანიის პირველი ელჩი საქართველოში გრაფი ფონ შულენბურგი, არ გავიხსენო „სიმენსის“ კომპანია, რომელმაც პირველმა დააფუძნა ტელეგრაფი საქართველოში, არ გავიხსენოთ გერმანული დასახლებები, რომლებიც სწორედ იმ უბანში იყვნენ განლაგებული, სადაც დღეს გერმანიის საელჩოა. გერმანიამ დიდი კვალი დაამჩნია საქართველოს იმითაც, რომ გერმანიაში ევროპულ კულტურასა და ევროპულ განათლებას ეზიარებოდნენ საქართველოს გამოჩენილი მწერლები, მეცნიერები. ასევე არ შეიძლება არ ვახსენოთ ძმური ურთიერთობა ზაარის მხარესა და საქართველოს შორის, რომელიც დამყარდა ჯერ კიდევ იმ დროს, როცა „ცივი ომის“, დასასრული და ბერლინის კედლის დაცემა ყველაზე თამამ მეოცნებეთაც კი არარეალურად მოეჩვენებოდათ.

ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ ბატონი ჰანს დიტრიხ გენშერის ისტორიულ ვიზიტს საქართველოში. ეს იყო მსოფლიოს დიდ სახელმწიფოთაგან პირველი საგარეო საქმეთა მინისტრის სტუმრობა ჩვენთან. მაგრამ, ჩვენ ის მხოლოდ ამით არ დაგვამახსოვრდა. საქართველოს თანამედროვე ისტორიაში იმ უმძიმეს წელს გერმანიამ მტკიცედ განაცხადა: მწამს, რომ მოვა დრო, როცა საქართველო ჩადგება მსოფლიოს მოწინავე სახელმწიფოთა რიგებში.

ამ წლების მანძილზე მთელი ჩვენი ძალისხმევა სწორედ ამ მიზნის განხორციელებას ხმარდებოდა. მინდა განვაცხადო, რომ დღეს საქართველო ის იარაღია, რაც თუნდაც ერთი წლის წინათ. ჩვენ შევძელით განვთავისუფლებულიყავით მათგან ვისაც ქვეყნის მომავალი წარმოედგინა დანაშაულებრივი კლანების დაპირისპირების ასპარეზად. ჩვენ ჩავატარეთ ჭეშმარიტად დემოკრატიული არჩევნები, ჩვენ დავიწყეთ ძირეული ეკონომიკური და საფინანსო რეფორმების განხორციელება. ჩვენ საქვეყნოდ განვაცხადეთ, რომ შეუქცევლად დავადექით ცივილიზებული, სამართლებრივი სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის გზას. და თუ დღეს სახეზეა წინსვლის პირველი ნიშნები, ეს არა მარტო ჩვენი, არამედ საქართველოს ყველა მეგობრის, ყველა დემოკრატიული სახელმწიფოს, მათ შორის, თქვენი დიდი ქვეყნის გამარჯვებაცაა.

ფასდაუდებელია გერმანიის როლი საქართველოს ეკონომიკის გაჯანსაღებაში. ჩვენმა ხალხმა კარგად იცის, თუ რა როლს ასრულებენ ამ სქმეში „დოიჩე ბანკი“ და „სიმენსი“ ტურისტული თუ ავიაკომპანიები, თუ რა დახმარებას უწევენ გერმანიის მთავრობის კრედიტები ჩვენს ენერგეტიკას და სოფლის მეურნეობას. განსაკუთრებით, მადლიერი ვართ ჩვენი კადრების მომზადებისათვის. ჩვენ ასევე კარგად ვიცით, თუ რა როლს ასრულებს გერმანია საზოგადოდ ევროკავშირში და, კერძოდ, ევროკავშირის მიერ საქართველოსათვის გაწეულ დახმარებაში. რომ არა ყოველივე ეს, შესაძლოა, ჩვენ ძალზე დიდხანს ვერ გვეხილა შუქი გვირაბის ბოლოს.

ამავე დროს, არ შემიძლია ორიოდე სიტყვით არ შევჩერდე იმაზე, რის გარეშეც ჩვენი საბოლოო მიზნები მიუღწეველი დარჩება. ესაა საქართველოში მიმდინარე კონფლიქტები და ამით გამოწვეული ასეულობით ათასი ადამიანის ენით აუწერელი ტანჯვა. ბევრჯერ მითქვამს და დღესაც ვადასტურებ, რომ აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიანი, პოლიტიკური ხერხებით მოგვარება ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. მაგრამ, მშვიდობაზე საუბარი შესაძლებელია მხოლოდ მასთან, ვისაც ამ საუბრის შესმენა სურს. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის უმაღლესი დონის მოსკოვის ამასწინანდელ შეხვედრაზე ჩვენ აღვნიშნეთ, რომ გაჭიანურებული კონფლიქტების მოგვარების თანამედროვე პრაქტიკა სულ უფრო უხამებს ერთმანეთს დარწმუნების ძალას და იძულების ძალას. ამის ნათელი მაგალითია, ტრიუმფალური გარღვევა ბალკანებზე. შესაძლოა დადგა დრო, და ამ აზრს დაეთანხმნენ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ლიდერები, კავკასიაშიც მივბაძოთ ნატოს პრაქტიკას და ბოლო მოვუღოთ დანაშაულებრივი რეჟიმის დაუსჯელ მოქმედებებს. თუ არადა, რაღა აზრი აქვს გაეროსა თუ ევროუშიშროების ორგანიზაციის არაერთგზის რეზოლუციებსა თუ განცხადებებს, „ეთნიკური წმენდისა“ თუ „ეთნიკური მკვლელობების“ შესახებ? კონფლიქტები კავკასიაში საფრთხეს უქმნიან არა მარტო რეგიონის ქვეყნების მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას, არამედ ევროპა-აზიის იმ სატრანსპორტო დერეფნის იდეასაც, რომლის განხორციელება, შესაძლოა, საუკუნეების მიჯნაზე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე თამამი და საყოველთაოდ მომგებიანი პროექტი გახდება.

ბატონო მინისტრო, მოვიშველიებ თქვენს გამოთქმას და ვიტყვი, რომ ჩვენ მივესალმებით „გერმანიის დაბრუნებას კავკასიაში“. და ეს არის არა უბრალოდ მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი სახელმწიფოს, არამედ ძლიერი და ერთგული მეგობრის დაბრუნება. ნება მიბოძეთ, ქალბატონებო და ბატონებო, შემოგთავაზოთ ბატონ კლაუს კინკელის, გერმანელი სტუმრების და მათი სახით ჩვენი დიდი მეგობრის - გერმანიის, დიდი გერმანელი ხალხის სადღეგრძელო.

„საქართველო-გერმანია: ჭეშმარიტად სამაგალითო ურთიერთობა“ : ედუარდ შევარდნაძის სიტყვა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 26 იანვარი. - 15(2128). - 1,2 გვ.

15 საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

▲ზევით დაბრუნება


დიპლომატიური ფოსტა

საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებასთან დაკავშირებით მისალოცი დეპეშა გაუგზავნა პალესტინის ეროვნული ავტონომიის პრეზიდენტს იასირ არაფატს. დეპეშაში, კერძოდ, ნათქვამია:

„პატივცემულო ბატონო პრეზიდენტო,

მაქვს პატივი საქართველოს ხალხის და პირადად ჩემი სახელით გულითადად მოგილოცოთ საპრეზიდენტო არჩევნებში ესოდენ დამაჯერებელი გამარჯვება.

მოხარული ვარ, რომ თქვენისთანა გამოჩენილმა პიროვნებამ, რომელსაც მსოფლიო კარგად იცნობს და რომელთანაც მე დიდი ხნის პირადი ურთიერთობა მაკავშირებს, მონახა თავის თავში ძალა გადაელახა ადრე მრავალი წლის მანძილზე გადაულახავი დაბრკოლებები და იქცა ახლო აღმოსავლეთში ტრიუმფალური გარღვევის თანაავტორად. ჩვენ ხშირად გვისაუბრია რეგიონის მომავალზე და დღეს უკვე რეალობად იქცა ის, რაც ადრე დაუჯერებელი იყო.

გამოვთქვამ იმედს, რომ თქვენი პრეზიდენტობის პერიოდში ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესი საბოლოოდ შეუქცევადი გახდება.

გულწრფელად თქვენი
ედუარდ შევარდნაძე.
1996 წლის 25 იანვარი“.

საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 27 იანვარი. - 16(2129). - 1 გვ.

16 „დღევანდელი მსოფლიო დიდი ხნით აღარ შეეგუება ცხელი წერტილების არსებობას, მათ შორის, კავკასიაში“

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 29 იანვრის რადიოინტერვიუ

- გასული ეკონომიკური კვირა კვლავ ლარის სტაბილურობითა და ენერგეტიკული კრიზისით აღინიშნა. ამ კრიზისის მიუხედავად, ქვეყანაში ეკონომიკური სტაბილიზაციის პროცესი დგება და, ამას ჩვენი უცხოელი პარტნიორებიც აღიარებენ, თუ, ერთი მხრივ, გასულ კვირას საქართველოში სტუმრად მყოფი გაეროს სასურსათო პროგრამის ხელმძღვანელის კატერინ ბერტინის განცხადება საქართველოს ჰუმანური დახმარების თანდათან შემცირების შესახებ, შესაძლოა არცთუ სასიამოვნო მოსასმენი იყოს, მეორე მხრივ, ეს ერთ-ერთი ნიშანია იმისა, რომ ქვეყანაში გრძელდება ეკონომიკური სტაბილიზაციის პროცესი.

მთავრობის გუშინდელ გაფართოებულ სხდომაზე შეჯამდა წლის შედეგები და ითქვა, რომ მოსალოდნელია პურზე ფასის აწევა, გამომდინარე საერთაშორისო ბაზარზე ხორბალზე ფასების ზრდიდან... ჟურნალისტ ნატო ონიანის ამ შეკითხვის პასუხად საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ თავის ტრადიციულ რადიოინტერვიუში განაცხადა:

- ენერგეტიკული კრიზისიდან გამოსვლის გზებზე მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე გაიმართა ფუნდამენტური საუბარი. კრიზისის დაძლევა პრაქტიკულად დაწყებულია. განსაკუთრებით იმედის მომცემია საერთაშორისო ორგანიზაციების, უცხოელი პარტნიორების, განსაკუთრებით კი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის უანგარო დახმარება, ასევე სხვა ქვეყნებისა, რომლებმაც საწვავი გამოგვიყვეს, მხედველობაში მაქვს ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები, რომელმაც 100 ათას ტონაზე მეტი მაზუთი გამოჰყო და სხვა. გარკვეულ პერსპექტივებს ქმნის „კავკასიონის“ 500-კილოვატიანი მაღალი ძაბვის ხაზის აღდგენა, თბილსრესში შედარებით გამართული სიმძლავრეები, რომლებსაც ძალიან დიდი შრომა და ხარჯები დასჭირდა. არის საკუთარი გაზისა და ნავთობის არსებობის ნიშნებიც, ამის მიუხედავად, როგორც გუშინდელ თათბირზე აღვნიშნე, ახლა ყველაფრის გასაღები მოხმარებული ელექტროენერგიის გადახდის უზრუნველყოფაა. თუ ამ სფეროში რადიკალური ცვლილება არ მოხდება და მოხმარებული ელექტროენერგიის გადახდას არ მოვაწესრიგებთ, ქვეყანა ენერგეტიკული კრიზისიდან ვერ გამოვა და ეს ტანჯვა-წამება კიდევ რამდენიმე წელიწადს გაგრძელდება.

„საქენერგოს“ დავალიანებამ კატასტროფულ ციფრებს მიაღწია (მე არც კი ვასახელებ, მეუხერხულება კიდეც მათი დასახელება). გამომუშავებული ელექტროენერგიის ანაზღაურება „საქენერგოს“ მუშაკების ხელფასებისთვისაც არ არის საკმარისი და მათ 5-6 თვის განმავლობაში ხელფასი არ მიუღიათ. ვცოდავთ ყველანი - სახელმწიფო ორგანიზაციები, კერძო ბიზნესი თუ ქვეყნის მოქალაქენი. მოვიდა დრო, მთელმა ქვეყანამ ჩათვალოს, გაითავისოს, რომ ენერგეტიკა ყველას საზრუნავია, ენერგეტიკა თითოეული ოჯახისა და მთელი სახელმწიფოს კეთილდღეობის საფუძველია. უამისოდ ნამდვილი სტაბილურობა და კეთილდღეობა ვერ დადგება. ღონისძიებები შემუშავებულია. ყველა მოქალაქეს, ყველა სახელმწიფო მოღვაწეს, ყველა პიროვნებას მოვუწოდებ აქტიურად დაგვიჭიროს მხარი ამ საშვილიშვილო საქმის მოგვარებაში.

რაც შეეხება ქალბატონ ბერტინის განცხადებას ჰუმანური დახმარების შემცირების შესახებ, ეს სავსებით გასაგებია. თუმცა, არის სხვა განცხადებებიც, რომ გარკვეული დროის განმავლობაში, ერთი-ორი წელიწადი საქართველოს კიდევ დასჭირდება ჰუმანური დახმარება. კერძოდ, ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩვენი მეგობრები სწორედ ასე არიან განწყობილი. მაგრამ, ეტყობა ტენდენცია მაინც გამოიკვეთა.

უცხოეთში საქართველოს ავტორიტეტი დღითიდღე იზრდება და თანდათან ჩამოყალიბდა სავსებით სწორი დამოკიდებულება - მეტი დახარჯონ ქვეყნის ეკონომიკაში ინვესტიციებისათვის, ვიდრე ერთდროულ დახმარებებსა და გრანტებში. ეს სწორი გზაა და იმას მიგვანიშნებს, რომ უცხოელ ინვესტორებთან, ბიზნესმენებთან, ბანკირებთან თანამშრომლობით სულ მოკლე დროში შეგვიძლია მივაღწიოთ მკვეთრ, რა თქმა უნდა, უწინარესად, წარმოების სფეროში და ამით შევქმნათ, ცხოვრების ნორმალური პირობები.

რაც შეეხება პურის გაძვირებაზე ლაპარაკს, ეს აქცია განპირობებულია მსოფლიო ბაზარზე ჩამოყალიბებული მაღალი ფასებით. უნდა გითხრათ, რომ მსოფლიო ბაზარი მომავალშიც მოახდენს ჩვენზე გავლენას, სხვაგვარად ინტეგრირების პროცესი წარმოუდგენელია. ხოლო იმისათვის, რომ მოსახლეობა სოციალურად დავიცვათ, მოხდება მომატებული თანხის სრული კომპენსირება. ამავე დროს, ჩვენ განსაკუთრებულ ზომებს ვიღებთ ქვეყანაში მარცვლეულის წარმოების განვითარებისა და სხვადასხვა ქვეყნებიდან ხორბლის შემოტანის სტიმულირებისათვის. ხორბლის შემოტანა იქნება ერთადერთი სახეობა იმპორტისა, რომელიც არ დაიბეგრება. ვიმეორებ, ერთადერთი, სხვა ყოველგვარი შეღავათები და ყოველგვარი განთავისუფლება გადასახადებისაგან, მოიხსნება. ყოველ შემთხვევაში, პარლამენტი ასეა განწყობილი. ვფიქრობ, ბევრი მეწარმე და ბიზნესმენი იგრძნობს ამ სიტყვებში ხორბლის ბიზნესის პერსპექტიულობას. ხორბლის ბაზარზე აქტიური ზემოქმედება ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. ესე იგი, ერთი მხრივ, ქვეყანაში ბიზნესისათვის პურზე ფასები მისაღები და ხელსაყრელი იქნება, მეორე მხრივ, გადასახადებისაგან განთავისუფლება შემოტანილ ხორბალზე ძალიან დიდ სტიმულს მისცემს ბიზნესმენების დაინტერესებას ამ სფეროთი. მე მათ ვარწმუნებ, რომ ეს იქნება საინტერესეო ბიზნესი - მომგებიანი მათთვისაც და მოსახლეობისთვისაც.

- შაბათის სხდომაზე, რომელშიც ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, სასიხარულოა, რომ ახლა აღარ იყო ლაპარაკი, ისე როგორც წინა თათბირზე, ტერორიზმზე, აქტუალურია იმ ტერორისტული აქტების ძიების პროცესი და შედეგები, რომლებიც აქამდე იყო ქვეყანაში. თქვენ კონკრეტული და პრინციპული არცთუ ძნელად მისახვედრი მაგალითები დაასახელეთ მთავრობის უმაღლეს ეშელონებში გამეფებული კორუფციის შესახებ. იბადება ასეთი კითხვა: ნუთუ შევარდნაძემ არ იცოდა იმ დანაშაულობათა შესახებ, რომლებსაც კონკრეტული თანამდებობის პირები სჩადიოდნენ? ამას საკმაოდ ხმამაღლა ამბობდნენ იმავე პარლამენტის სხდომებზეც და გარკვეული ინფორმაცია იყო მოსახლეობაშიც. და, კიდევ ასეთი კითხვა: როცა ქვეყანაში ტერორიზმმა, თუ შეიძლება ასე ითქვას, თავის ზეობას მიაღწია, თქვენ შექმენით კომისია, რომელსაც ჯაბა იოსელიანი ჩაუდგა სათავეში. შემდგომი მოვლენები, ამ კომისიის ზოგიერთი წევრის ბედი, ყველასათვის ცნობილია. ხომ არ აპირებთ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კომისიის შექმნას?

- ჩემი პასუხი, შეიძლება, ზოგადი იყოს. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა სახელმწიფოს მომძლავრების პარალელურად განვითარდა. უძლური და სამოქალაქო ომის ქარცეცხლში გახვეული ქვეყანა არათუ ებრძვის, არამედ ხანდახან გულისხმობს კიდეც კორუმპირებულ კლანთა ბატონობას. სამწუხაროდ, ასეთია ისტორიის გაკვეთილები. ჩვენ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა მაშინ დავიწყეთ, როცა სახელმწიფო ფეხზე დადგა და შესაბამისი ბერკეტებიც გაჩნდა. ცარიელი ხელით კორუფციას, ტერორიზმსა და ბანდიტიზმს ვერავინ ვერ შეებრძოლება. ნაადრევი ლოზუნგები და მოწოდებები ჰაერში მოქნეულ ხმალს დაემსგავსებოდა. მრავალი კორუმპირებული პიროვნებაა მხილებული უმაღლეს თუ საშუალო ეშელონებში. მოსახლეობას ამის შესახებ ინფორმაციას საკმაოდ დეტალურად ვაწვდით. მთავარი მაინც ის არის, რომ კონსტიტუციის საფუძველზე შექმნილი ახალი სტრუქტურები იძლევა საშუალებას, რათა მოვშალოთ, მოვანგრიოთ, ის ბარიერები, რომლებიც სპეციალურად იყო შექმნილი გამოძალვებისა და მექრთამეობისათვის, საქმის გაჭიანურებისა და ბიუროკრატიზმისათვის. მინისტრთა კაბინეტის გაუქმება ამ მხრივ ერთი დიდმნიშვნელოვანი ნაბიჯია და მომავალში ამაზე ბევრი რამის თქმა შეიძლება, ჯერ, იქნებ, ცოტა ნაადრევი იყოს. სულაც არ მინდა ვთქვა, რომ იოლ გამარჯვებას უნდა ველოდეთ. ეს იქნება საკმაოდ ხანგრძლივი და ძნელი ბრძოლა პტიოსნებისათვის, საზოგადოებაში მაღალი ზნეობისათვის, ჭეშმარიტი ბიზნესისათვის, რომელიც თავის ხალხს, თავის ქვეყანას ემსახურება და ყოველი ადამიანის პირად კეთილდღეობას გულისხმობს.

რაც შეეხება კომისიებს, ვფიქრობ, ასეთი კომისიები საჭირო აღარ იქნება, რადგანაც პარლამენტმა უკვე მიიღო კანონი უშიშროების საბჭოს შესახებ. ეს არის უკვე კანონიერი საგანგებო ორგანო, რომელმაც უნდა მოახდინოს კოორდინაცია ქვეყნის თავდაცვასთან, უსაფრთხოებასთან, უშიშროებასთან დაკავშირებული საკითხებისა, მათ შორის, რა თქმა უნდა, მხედველობაში იქნება ტერორიზმი, კორუფცია თუ ზოგიერთი სხვა მოვლენა, რომელიც სახელმწიფოს ძლიერებას აღუდგება წინ.

- გაფართოებულ სხდომაზე მინისტრმა კვირაიამ აღნიშნა, რომ აფხაზეთში უაღრესად დაიძაბა ვითარება, რომ სოხუმი ნელ-ნელა ხდება საერთაშორისო ტერორიზმის ერთ-ერთი ცენტრი. გუშინ, შეიძლება ასე ითქვას, 19 იანვრის შედეგების რეალური განხორციელება დაიწყო, იმდენად, რამდენადაც გაეროს უშიშროების საბჭომ, როგორც თქვენ ვარაუდობდით, მხარი დაუჭირა თანამეგობრობის ქვეყნების მოთხოვნას - ეკონომიკური თუ სხვა სახის სანქციები გაატაროს სეპარატისტთა მიმართ. რას უნდა ველოდოთ მომავალში? მით უმეტეს, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის მოწესრიგების თემაზე თქვენ შაბათის სხდომაზეც განსაკუთრებული ყურადღებით ისაუბრეთ. და, კიდევ, ერთი მომენტი: ხომ არ ფიქრობთ, რომ თუკი ეს პროცესი მაინც გაიწელა, მაინც გაჭიანურდა, კონფლიქტის მოწესრიგების ბოსნიის ვარიანტის აუცილებლობა დადგება დღის წესრიგში...

- აფხაზეთში რომ რთული მდგომარეობაა, ეს საყოველთაოდ ცნობილია. ეს კიდევ უფრო აძლიერებს განგაშისა და სინანულის გრძნობას თითოეულ ჩვენგანში, და მათ შორის, ჩემშიც. სინანულის შესახებ ვამბობ იმიტომ, რომ დიდი ხნის წინათ იყო შესაძლებელი დაწყებული კონფლიქტის მოგვარება, ჯერ კიდევ 1992 წლის 3 სექტემბრის, მე ასე ვიტყოდი სამართლიანი ხელშეკრულების საფუძველზე და ყველაფერი ეს უბედურება შეიძლება თავიდან ყოფილიყო აცილებული. სამწუხაროდ, მოვლენები შემდგომ სეპარატისტთა და მათ უცხოელ მფარველთა და მხარდამჭერთა სცენარით განვითარდა. ახლა, როგორც ადრეც მითქვამს, წრე შეიკრა. უშიშროების საბჭო, ევროკავშირი, თანამეგობრობის ქვეყნები (მთელი თავისი რეზოლუციებით, გადაწყვეტილებებით, კატეგორიული მოთხოვნებით), ყველანი ერთსულოვანი არიან იმაში, რომ აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია და სამართლიანობა, რაც შეიძლება ჩქარა უნდა აღდგეს. ეთნოწმენდისა და გენოციდის შედეგები (ეთნოწმენდა და გენოციდი უკვე ცნეს საერთაშორისო ორგანიზაციებმა) რაც შეიძლება ჩქარა უნდა იქნეს დაძლეული.

როგორც ვიცით, მიღებულია გადაწყვეტილება ეკონომიკური სანქციების შესახებ, რასაც მხარს უჭერენ საერთაშორისო მასშტაბითაც. აქტიური მუშაობა მიმდინარეობს სამშვიდობო ძალების მანდატის საკითხზე - უნდა დაველოდოთ შედეგებს. ვფიქრობ, პროცესი დაჩქარდება.

რაც შეეხება ბოსნიის ვარიანტს, მე ასე ვიტყოდი: მსოფლიო საზოგადოებრიობამ სწორი დასკვნები გამოიტანა ცივი ომის დამთავრების შემდგომი ეტაპის შეცდომებისაგან. ეს ყველაზე კლასიკურად ბოსნიაში გამოჩნდა. უნდა ვივარაუდოთ (არა მგონია ვცდებოდეთ ამ შეფასებაში), რომ დღევანდელი მსოფლიო დიდი ხნით აღარ შეეგუება ცხელი წერტილების არსებობას, მათ შორის კავკასიაში. რადგან ეს ცხელი წერტილები საფრთხეს უქმნის სხვა ქვეყნებსა და სხვა რეგიონებსაც. ასე, რომ კონფლიქტის გაჭიანურების შემთხვევაში მრავალი ვარიანტის განხილვა იქნება მოსალოდნელი. ხანძარი კი უსათუოდ უნდა ჩაქრეს და ჩაქრება კიდეც. გაცილებით უკეთესია, აფხაზეთის მმართველებს ეყოთ გამბედაობა გადადგან ის ნაბიჯი ჩვენთან ერთად, რომელსაც ორი ხალხი შერიგებისაკენ და კონფლიქტის დაძლევისაკენ მივყავართ.

- კავკასიაში კონფლიქტებსა და კავკასიის ცხელ წერტილებზე ისაუბრა თავის გამოსვლაში თბილისში ვიზიტად მყოფმა გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალურმა მინისტრმა კლაუს კინკელმა. შეიძლება ითქვას, რომ მისი ვიზიტი ერთ-ერთი ძირითადი მიზანი იყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა და საქართველოს, როგორც „ევრაზიური დერეფნის“ ცენტრალური სახელმწიფოსადმი მხარდაჭერა, ჩვენს ქვეყანასთან ეკონომიკური კონტაქტების დამყარება. ბატონმა კინკელმა ერთი ძალიან საინტერესო ფრაზა თქვა, რომ კავკასიურ კოოპერაციაზე ლაპარაკობდა: „ის ქვეყნები, რომლებიც ერთმანეთთან ეკონომიკურად თანამშრომლობენ, ერთმანეთს არ ეომებიან..“

- ჩვენი საუბრების სფერო საკმაოდ ვრცელი იყო - ეს პრესკონფერენციაზე ვთქვი და ახლა განმეორება, ვფიქრობ, საჭირო არ არის, მათ შორის, კავკასიური პრობლემებიც, კონფლიქტების მოგვარება, ფართო მასშტაბის ეკონომიკური თანამშრომლობა და სხვა. მე უფრო სხვა მხრივ მინდოდა აღმენიშნა ამ ვიზიტის მნიშვნელობა. ბატონი კინკელის ვიზიტის დატვირთვა, შინაარსი, მისი გამოსვლები იმ პოლიტიკის გამოხატულებაა, რომლემსაც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა ახორციელებს საქართველოს მიმართ დაწყებული 1992 წლიდან, ბატონ გენშერის ცნობილი ვიზიტის შემდეგ. კლაუს კინკელმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თავისი გულახდილობით, გულწრფელობით, ქვეყნის და ხალხის, მისი ისტორიისა და კულტურის მიმართ განსაკუთრებული სიმპათიებით. თავისი გამოსვლებით მან ქვეყნის მოქალაქეებს კიდევ უფრო მეტი იმედისა და ოპტიმიზმის საფუძველი მისცა.

- სხვათა შორის, ბატონმა კინკელმა ასეთი ფრაზა თქვა, რომ თავის დროზე შევარდნაძემ დიდი როლი შეასრულა გერმანიის გაერთიანებაში. დადგა დრო, რომ ჩვენ მას და მის ქვეყანას სამაგიერო გადავუხადოთო...

- საქმე ის გახლავთ, რომ დასავლეთშიც თუ აღმოსავლეთშიც ასე ბევრი ამბობს. მაგრამ, არც თუ იშვიათაც ამ სიტყვებს საქმე არ მოჰყვება. გერმანიის მხრიდან კი მართლაც დიდია მადლიერების გრძნობა (არ ვამბობ, რომ მე გადავწყვიტე ეს საკითხი, მაგრამ გარკვეული როლი შევასრულე) გერმანელი ხალხი ამას გამოხატავს არა მარტო სიტყვებით, არამედ უფრო მეტად საქმით, ვიმეორებ, მისმა გამოსვლებმა მეტი იმედისა და ოპტიმიზმის საფუძველი მისცა ხალხს.

უაღრესად მნიშვნელოვანია ბატონ კინკელთან ერთად გერმანელ ბიზნესმენთა მძლავრი ჯგუფის ჩამოსვლა. ჩამოვიდნენ მსოფლიოში ძალიან ცნობილი ფირმები და მათი ხელმძღვანელები. გამოიკვეთა დიდმასშტაბიანი პროექტები საქართველოსა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის ახალ ხარისხში აყვანისათვის.

- მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა განსხვავებული პროგნოზები, რუსეთი ევროსაბჭოს სრულუფლებიან წევრად მიიღეს. თქვენი კომენტარი...

- ჩემი კომენტარი ასეთი იქნება: მინდა გულწრფელად მივესალმო რუსეთის ევროსაბჭოს სრულუფლებიან წევრად მიღებას. ეს დიდმნიშვნელოვან მოვლენად მიმაჩნია. ეს აქტი რომ მომხდარიყო, უფრო სასარგებლო იქნებოდა. საერთოდ, რაც უფრო ღრმად იქნება ჩვენი დიდი მეზობელი ინტეგრირებული ევროპულ თუ სხვა საერთაშორისო სტრუქტურებში, მით უკეთესია რუსეთისთვისაც და მსოფლიოსთვისაც.

„დღევანდელი მსოფლიო დიდი ხნით აღარ შეეგუება ცხელი წერტილების არსებობას, მათ შორის, კავკასიაში“ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 30 იანვარი. - 17(2130). - 1,2 გვ.

17 საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა

▲ზევით დაბრუნება


ჩვენი ბოლო შეხვედრიდან განვლილ პერიოდში მართლაც დიდი მნიშვნელობის ცვლილებები მოხდა. უწინარეს ყოვლისა, მხედველობაში მაქვს 1995 წლის 5 ნოემბერს ჩატარებული პრეზიდენტისა და პარლამენტის არჩევნები. როგორც მოგახსენეთ, საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ერთსულოვნად ჩატარება ქართველი ხალხის გონიერებად აღიქვა მსოფლიომ. არჩევნებში მოქალაქეთა კავშირმა, აღორძინების კავშირმა და პრეზიდენტის პროგრამის მხარდამჭერმა პოლიტიკურმა ძალებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს. უმთავრესი დასკვნა ის გახლავთ, რომ საქართველოში გაიმარჯვა დემოკრატიამ, რეფორმების კურსმა, რომ არჩევნები ჩატარდა კონსტიტუციისა და საარჩევნო კანონის შესაბამისად. გაბედულად შეიძლება ითქვას, რომ გაიმარჯვა საქართველოს მოქალაქეთა სიბრძნემ, როგორც უკვე ითქვა დღეს ამ ტრიბუნიდან, და შორსმჭრეტველობამ. მათ არა მარტო პრეზიდენტსა და მის პროგრამას დაუჭირეს მხარი, არამედ, თუ შეიძლება ასე ითქვას, მათი დამსახურებაა, რომ ამ კურსის მხარდამჭერნი ახლად არჩეულ პარლამენტში ეგრეთ წოდებულ საკონსტიტუციო უმრავლესობას, ანუ ხმის მიმცემთა ორ მესამედზე მეტს ქმნიან. ეს მართლაც უნიკალური შემთხვევა გახლავთ. არჩევნების შედეგები იმის სრულ გარანტიას იძლევა, რომ ქვეყანაში მშვიდობის, სტაბილურობის, შემოქმედების ატმოსფერო დამკვიდრდება.

გასული წელი იყო კანონიერების, მართლწესრიგის განმტკიცებისა და დამნაშავეებთან, განსაკუთრებით, სახელმწიფო დამნაშავეებთან ბრძოლაში გარდატეხის წელი. უდიდესია ამ გარდატეხაში ეროვნული პოლიციის, შინაგან საქმეთა ორგანოების, პროკურატურის, იუსტიციის მუშაკთა წილი. მათ გამანადგურებელი დარტყმა მიაყენეს დამნაშავე ელემენტებს, მაფიოზურ კლანებს, ტერორიზმს, რეკეტს, მექრთამეობას, სხვა საშიშ დამნაშავეობას.

მომხსენებლებმა დეტალურად მიმოიხილეს გასული წლის შედეგები, მაგრამ მაინც მინდა შევჩერდე რამდენიმე ციფრზე, რომელიც ნათელ სურათს იძლევა კანონიერების განმტკიცებისა და ადამიანთა უფლებების დაცვის საქმეში მიღწეულ მნიშვნელოვან შედეგებზე.

გასულ წელს, წინა წლებთან შედარებით, ქვეყანაში 10 ათას მოსახლეზე დამნაშავეობის დონე შემცირდა თითქმის 30 პროცენტით.

1995 წელს ქვეყანაში რეგისტრირებულია ყველა სახის 15.700 დანაშაული, რაც 2.000 ერთეულით, ანუ 10 პროცენტით ნაკლებია 1994 წელთან შედარებით. რა თქმა უნდა, ეს ციფრები შედარებით პირობითია, მაგრამ ლაპარაკია ტენდენციებზე, ტენდენცია კი ნათელია.

მძიმე კატეგორიის დანაშაულმა შეადგინა 4729, 1125 ერთეულით, ანუ 19,2 პროცენტით ნაკლები.

მე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებ იმ სტატისტიკას, რომელიც ეხება, მაგალითად, განზრახ მკვლელობებს, სხეულის მძიმე დაზიანებას და ზოგიერთ სხვა მძიმე დანაშაულს, რომლის დაფარვა და მიჩქმალვა პრაქტიკულად შეუძლებელია.

განზრახ მკვლელობა - რეგისტრირებულია 391 ფაქტი, 187 ერთეულით, ანუ 35 პროცენტით ნაკლები.

სხეულის მძიმე დაზიანება - 288 შემთხვევა, საკმაოდ ნაკლები, ვიდრე 1994 წელს.

იგივე ითქმის სახელმწიფო ქონების ყაჩაღობაზე, პირადი ქონების ყაჩაღობაზე, ადამიანების გატაცებასა და სხვა მრავალ დანაშაულზე.

როდესაც ვაანალიზებთ გასული წლის შედეგებს, განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ ტერორიზმის წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და რესპუბლიკის პროკურატურის მიერ განხორციელებული ღონისძიებები.

მაშინ, როდესაც ხელი მოვაწერე ეგრეთ წოდებულ მაშველთა კორპუსის - „მხედრიონის“ გაუქმების ბრძანებულებას, აღვნიშნე, რომ ამის მეოხებით დადგა აღსასრული ლეგალიზებული ბანდიტიზმისა, ამ ორგანიზაციის დაკანონებით სურდათ „სახელმწიფო ინტერესებისა და მოთხოვნილებების“ შირმის მიღმა ფართო მასშტაბით გაეგრძელებინათ დანაშაულობანი. საქართველოში ხომ (ახლა უნდა ითქვას პირდაპირ) ჩამოყალიბდა სრულიად ახალი ტიპის მაფია, რომლის შემადგენლობაში გაერთიანდნენ სხვადასხვა შეხედულების მატარებლები, ყოფილი კომუნისტური ნომენკლატურა და დამნაშავეთა სამყაროს ლიდერები, ცალკეული ყოფილი სამხედროები და სხვა. მათ უზნეო მისწრაფების საფუძველზე სურდათ გამოეყენებინათ იშვიათი შანსი: აშენებულიყვნენ ქვეყნის უბედურების ხარჯზე, ესარგებლათ ყოველგვარი შესაძლებლობით სოციალური მაროდიორობისათვის. და ისინიც, ყოვლად უტიფრად და უნამუსოდ, ზედიზედ რამდენიმე წლის განმავლობაში დათარეშობდნენ ქვეყანაში, კლავდნენ, ძარცვავდნენ, ცდილობდნენ დაუფარავი ცინიზმით ქურდული სამყაროს იდეოლოგიის დამკვიდრებას. მაშველთა კორპუსში მოკალათებული დამნაშავეთა ჯგუფის თავკაცები, როგორც მოგეხსენებათ, მხილებული არიან (რა თქმა უნდა, ბევრი რამ კიდევ არის გასაკეთებელი და ამოსაძირკვი), მათთან ერთად მხილებულია უშიშროების სამინისტროს ზოგიერთი ყოფილი ხელმძღვანელი, რომლებიც რამდენიმე ტერორისტული აქტის დამკვეთი და შემსრულებლები იყვნენ. საქმეს იძიებს რესპუბლიკის პროკურატურა. მინდა კიდევ ერთხელ მივმართო ბატონებს ჯამლეთ ბაბილაშვილს, რევაზ ყიფიანს, რომ უზრუნველყონ კანონის სრული დაცვით საქმის ობიექტური და სრულყოფილი გამოძიება. ჯერჯერობით კიდევ ბევრ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი. ხოლო, რაც შეეხება საერთაშორისო მასშტაბის ტერორისტსა და უეჭველ აგენტს, მკვლელსა და მოღალატეს გიორგაძეს, მას ყველა შემთხვევაში სავალალო აღსასრული მოელის, ის აუცილებლად, ადრე თუ გვიან, წარსდგება მართლმსაჯულების წინაშე.

ამ საქმეების სამართლიან გამოძიებას ჩვენთვის პოლიტიკური მნიშვნელობაც აქვს. თუ გვინდა ავაშენოთ ისეთი დემოკრატიული საზოგადოება, სადაც გამორიცხული იქნება შანტაჟი, მუქარა, იარაღით დაშინება, მოსყიდვა-მოქრთამვა. თუკი ჩვენ, ვინც დღეს ამ დარბაზში ვართ, მოვინდომებთ, შევძლებთ საქართველო გამოეთხოვოს ტერორს. ყველამ ერთად ენერგიულად უნდა ვიმუშაოთ ამის მისაღწევად.

აღმასრულებელი ხელისუფლების პრინციპულად ახალი სტრუქტურა, რომელიც პარლამენტთან ნაყოფიერი თანამშრომლობით დამტკიცდა, გაანგარიშებულია ქვეყნის ეკონომიკაში რადიკალურ გარდაქმნათა განხორციელების გათვალისწინებით. ეს არის სტრუქტურა, რომელმაც სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის ტემპი უნდა გააძლიეროს და ქვეყანაში საბოლოოდ დაამკვიდროს სტაბილურობა, აღმშენებლობისა და შემოქმედების ატმოსფერო.

მაგრამ სტრუქტურა, რა თქმა უნდა, თავისთავად ვერ იმუშავებს. ყველაფერი დამოკიდებული იქნება ადამიანებზე, ლიდერებზე. ჩემი წარდგინებით პარლამენტმა თითქმის ერთხმად დაამტკიცა მინისტრებად ბატონები თედო ნინიძე, შოთა კვირაია, კახა თარგამაძე. ამ დღეებში პარლამენტი განიხილავს ბატონ ჯამლეთ ბაბილაშვილის კანდიდატურას გენერალური პროკურორის პოსტზე და იმედი მაქვს, რომ ბატონი ჯამლეთიც ასევე მხარდაჭერას მიიღებს ჩვენი პარლამენტისგან. მე უკვე დავნიშნე მინისტრების პირველი მოადგილეები, შევხვდი ფაქტობრივად ყველა მოადგილეს, რომლებიც მინისტრებმა წარმოადგინეს.

მართალია, ძალიან მცირე დროა გასული მათი დამტკიცებიდან, მაგრამ კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების პრინციპულად ახალ სტრუქტურაში, თავისი როლი კარგად გაიაზრა ყველა ჩემს მიერ ზემოთ დასახელებულმა მინისტრმა. განსაკუთრებით მძიმეა ბატონ შოთა კვირაიას ხვედრი, რომელიც უშიშროების სამინისტროს უმძიმეს პირობებში ჩაუდგა სათავეში. არ მინდა ვრცლად ვილაპარაკო ამ სამინისტროში შექმნილ სიტუაციაზე, მიზეზებზე, მაგრამ ფაქტია, რომ სამინისტროს, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოების გარანტი უნდა იყოს, მისი კორუმპირებული, უზნეო და მოღალატე, ტერორისტი ხელმძღვანელების წყალობით, მნიშვნელოვნად შეებღალა ავტორიტეტი ჩვენს საზოგადოებაში. ბატონ შოთას, მის თანამოაზროვნეებთან ერთად, მოუწევს ურთულესი სამუშაოს შესრულება მოიშოროს და გაწმინდოს სამინისტრო უღირსი პირებისაგან და, ამავე დროს, არ ატკინოს გული, გვერდში ამოიყენოს და ენდოს წესიერ, უმწიკვლო და მაღალი რანგის პროფესიონალებს, რომლებიც ამ სამინისტროში საკმაოდ არიან. ეს მუშაობა უკვე დაიწყო და მინდა გამოვთქვა რწმენა, რომ უშიშროების სამინისტრო მალე დააღწევს თავს კრიზისს და ქვეყნის სამსახურში ჩადგება. აქვე არ შემიძლია მადლობით არ მოვიხსენიო ბატონ შოთა კვირაიას მოღვაწეობა შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე. ქვეყნისათვის მართლაც უმძიმეს დღეებში, როცა ქაოსი და განუკითხაობა სუფევდა, მისი თაოსნობით ჩატარებულმა ფართომასშტაბიანმა ღონისძიებებმა, სხვა აქციებმა უდავოდ ფასდაუდებელი როლი შეასრულა სტაბილიზაციისა და კანონიერების აღდგენის საქმეში.

ყურადღებით ვადევნებ თვალყურს ბატონ კახა თარგამაძის მუშაობას შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე. მან ახლახან დაიწყო ეს საქმიანობა. მე ვთხოვ რწმუნებულებს, მერებს, გამგებლებს მხარი დაუჭირონ შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობას სამინისტროს სისტემის რეფორმის კონცეფციის განხორციელებაში. სამინისტროსა და მისი რგოლების სტრუქტურების დახვეწაში. ამ რეფორმაზე დღეს უკვე ისაუბრა ბატონმა კახა თარგამაძემ: იქმნება კრიმინალური და ადმინისტრაციული პოლიციის დეპარტამენტები, შემცირდა და ოპტიმალური სახე მიეცა ცენტრალური აპარატის სამსახურებს.

პოლიციის რეფორმის ძირითადი პრინციპი მდგომარეობს იმაში, რომ შინაგან საქმეთა ადგილობრივ ორგანოებს დაქვემდებარებაში გადაეცათ ყველა საპოლიციო ფუნქციის მქონე დანაყოფი, რომლებიც ვერტიკალურად ემორჩილებოდნენ ცენტრს, სამაგიეროდ, დაეკისრათ მთლიანი პასუხისმგებლობა სამოქმედო ტერიტორიაზე დამნაშავეობასთან ბრძოლისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მდგომარეობაზე. ეს მოვლენა, უდავოდ ხაზს უსვამს პრეზიდენტის რწმუნებულების, მერებისა და გამგებლების პასუხისმგებლობას.

ვფიქრობ, რომ სამინისტრომ, თბილისის მერიასთან ერთად, დროულად დაუჭირა მხარი ქალაქის მთავარი სამმართველოს წინადადებას თბილისის საგზაო-საპატრულო და საპატრულო-საგუშაგო სამსახურის ლეგიონების მკვეთრი შემცირებისა და შემცირებული პირადი შემადგენლობის რაიონის პოლიციებზე გადაცემის შესახებ.

ასევე უდავოდ სწორია გადაწყვეტილება ადრე ცენტრალიზებულ და რეგიონულ პრინციპებზე მოქმედი საგზაო პოლიციის სარეგისტრაციო-საგამოცდო სამსახურის რეორგანიზაციისა და ავტოტრანსპორტის რეგისტრაციის ფუნქციების პოლიციის საქალაქო და რაიონულ განყოფილებაზე გადაცემის შესახებ. ასევე მართებულია გადაწყვეტილება აეროპორტის პოლიციისა და ტერიტორიული პოლიციის სამოქმედო ტერიტორიის გამიჯვნის შესახებ. შეიძლება ეს ცოტა ზედმეტ დეტალიზებად მოგეჩვენოთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ რეფორმა დეტალების გარეშე არ ხორციელდება. რეფორმის არსი სწორედ დეტალებშია. განსაკუთრებით მინდა გამოვყო და მხარი დავუჭირო რეფორმის შედეგად პოლიციის უბნის ინსპექტორის ინსტიტუტის თვისებრივად განახლებას. კრიმინალური პოლიციიდან ამ კატეგორიის თანამშრომელთა ადმინისტრაციულ პოლიციაში შეყვანა საშუალებას იძლევა აღდგეს უბნის ინსპექტორთა როლი და მნიშვნელობა. სხვათა შორის, ეს ჩვენი გამონაგონი არ არის, ასეა მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. ამ კატეგორიის მუშაკების, თანამშრომლებს მართლაც განსაკუთრებული მისია აკისრიათ.

განსაზღვრულია შინაგანი ჯარის სტრუქტურული სრულყოფა. ბატონმა კახა თარგამაძემ დღეს ისაუბრა რამდენიმე ჩემი ახალი დავალების შესრულების მიმდინარეობის შესახებ, როგორც აღინიშნა, დაინტერესებულ უწყებებთან ერთად, მუშავდება სისხლის სამართლის საქმეების მოძრაობის, აღრიცხვიანობის ახალი სისტემა, ასევე ნარკომანიის გავრცელების, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული პროგრამა.

ცოტა უფრო დეტალურად ამ საკითხზე.

როდესაც ვლაპარაკობთ მართლწესრიგის განმტკიცებაზე, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებაზე, ერის მორალურ და ეკონომიკურ აღორძინებაზე, უწინარესად, უნდა ვიფიქროთ ნარკომანიის გავრცელების და ქვეყანაში ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მკვეთრ გაძლიერებაზე. მოვიდა ეს დრო და ამ საქმეს ხელი უნდა მოჰკიდოს მთელმა საზოგადოებამ, მთელმა სახელმწიფომ.

უნდა გვახსოვდეს, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ცხელ წერტილებში მიმდინარე საომარი მოქმედებების დაფინანსების ერთ-ერთი წყარო სწორედ ნარკოტიკების უკანონო ვაჭრობით მიღებული თანხებია და ამიტომაც განსაკუთრებით ძნელია ამ ავადმყოფობასთან ომი. მე მგონი ნათელია ისიც, რომ ანალოგიური კერები ჩვენთანაც არის. ამას თუ დავუმატებთ ნარკობიზნესის განვითარებისათვის ქვეყნის მეტად ხელსაყრელ გეოგრაფიულ მდებარეობას, საერთაშორისო და სავაჭრო კონტაქტების გლობალურ მასშტაბებში გაძლიერებას, მისი ევრაზიის დერეფნად გადაქცევის პერსპექტივით, ნავთობსადენისა და მისი მიმდებარე ინფრასტრუქტურის განვითარებას. შეიძლება ითქვას, რომ ექსტრემალური ზომების მიუღებლობის შემთხვევაში, კავკასია, და, პირველ რიგში, საქართველო ნარკოტიკების სატრანზიტო გადაზიდვების ქვეყანა შეიძლება გახდეს.

ყოველივეს საერთაშორისო სპეცსამსახურები და ნარკობიზნესის წინააღმდეგ მებრძოლი სტრუქტურებიც ამტკიცებენ. მათი აზრით, საერთაშორისო ნარკობიზნესი აშკარა და განსაკუთრებულ ინტერესს იჩენს ეგრეთ წოდებულ „კავკასიის ტრასისადმი“, რომლის უდიდესი ნაწილი საქართველოზე გადის და რომელიც აზიიდან ევროპაში ნარკოტიკების ჯერჯერობით უმოკლესი და ნაკლებად კონტროლირებადი გზაა. ამასვე ხელს უწყობს ის, რომ ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივი ბაზა საქართველოში საგრძნობლად ჩამორჩება თანამედროვე მსოფლიოს სტანდარტებს და შექმნილი მძიმე სიტუაციის არაადეკვატურია. იგი ხელშემწყობი ფაქტორი გახდება საერთაშორისო ნარკობიზნესისათვის, რათა ნარკოტიკების უკანონო ვაჭრობით ნაშოვნი თანხები საქართველოს სახელმწიფო საფინანსო და კომერციული სტრუქტურების მეშვეობით „გააკეთილშობილოს“, რაც, როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისითაც, დამღუპველი იქნება საქართველოსათვის.

1961 წლის ნარკოტიკებს 1971 წლის ფსიქოტროპული ნივთიერებების და 1988 წლის ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კონვენციები რატიფიცირებულია მსოფლიოს 140 ქვეყნის მიერ.

ჩვენ სერიოზულად უნდა ჩაგვაფიქროს იმ გარემოებამ, რომ სამწუხაროდ, საქართველოს, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ, არ გადაუდგამს არც ერთი ნაბიჯი, ნარკომანიის გავრცელებისა და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლაში საერთაშორისო თანამშრომლობაში მონაწილეობის მისაღებად, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ნარკოტიკების უკანონო ბრუნვამ, მისი არა სამედიცინო მიზნებით გამოყენებამ და შედეგად ნარკომანიით დაავადებულ პირთა რაოდენობის ზრდამ ყოველგვარ კრიტიკულ ზღვარს გადააბიჯა.

მიმაჩნია, რომ ნარკოტიკების ბოროტად გამოყენების ზრდა, ამ სფეროში ორგანიზებული დანაშაულის მკვეთრი გაძლიერება, მის წინააღმდეგ ბრძოლის ერთიანი სტრატეგიის არარსებობა, ქვეყნის უსაფრთხოებას სერიოზულად ემუქრება და მოითხოვს ამ სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარებას, რაც გულისხმობს სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოების, უწყებების, სამინისტროებისა და არასამთავრობო სტრუქტურების ხანგრძლივ პერსპექტივაში ერთიან, შეთანხმებულ, კოორდინირებულ მოქმედებას.

ქვეყანაში ასეთი მუშაობის ორგანიზაციებისა და წარმართვისათვის, უპირველესად, საჭიროა ნარკომანიის გავრცელების და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების სახელმწიფო პროგრამის შემუშავება. ასეთ პროგრამაზე, როგორც აქ უკვე ითქვა, მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ვფიქრობ უფრო აქტიურად ჩაებმებიან უშიშროების, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების სამინისტროები სხვა დაინტერესებულ უწყებებთან ერთად.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დღეებში წარმოადგენს პროგრამას, რომელიც ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე განხილვის საგანი გახდება. როგორც იცით, უშიშროების საბჭოს თაობაზე კანონი ჩვენმა პარლამენტმა უკვე მიიღო და ამ დღეებში გვექნება საშუალება, მოვახდინოთ მისი ფორმირება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, რესპუბლიკის პროკურატურასთან, უშიშროებისა და იუსტიციის სამინისტროებთან ერთად ასევე აქტიურად მუშაობს რიგ სხვა პრობლემებზე.

მინდა გამოვთქვა რწმენა, რომ მინისტრი შეძლებს დაწყებული რეფორმების ბოლომდე მიყვანას, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მართლწესრიგის განმტკიცებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საქმეს, რაშიც ჩვენ ყველა ვპირდებით აქტიურ მხარდაჭერასა და თანადგომას.

აქვე მინდა დავავალო ბატონებს შოთა კვირაიას, ჯამლეთ ბაბილაშვილს, კახა თარგამაძეს, თედო ნინიძეს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნების ძალისხმევის კოორდინაციის მიზნით, შეიმუშაონ სპეციალური პროგრამა, რომელსაც წინასწარ დავუგზავნით თანამეგობრობის ქვეყნების ხელმძღვანელებს და განსახილველად შევიტანთ ამ ქვეყნების ლიდერთა მომავალ შეხვედრაზე, რომელიც მაისში გაიმართება. ალბათ, კანონზომიერი იქნება, თუ საქართველო გამოვა ასეთი ინიციატივით. უნდა გითხრათ, რომ ასეთი დავალება რამდენიმე თვის წინათ მიიღო უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელობამ, მაგრამ მაშინ მათ მიზნები ამ დავალებასთან წინააღმდეგობაში მოდიოდა. დაღესტანსა და თურქეთში ტერორისტების მიერ განხორციელებულმა აქტებმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა ერთიანი პროგრამის მიღებისა და ამოქმედების აუცილებლობა თანამეგობრობის ქვეყნების დიდ სივრცეში.

გენერალური პროკურორის პოსტზე ბატონ ჯამლეთ ბაბილაშვილის დამტკიცების შემდეგ მე განვიხილავ პროკურატურის ორგანოების რეფორმის პროგრამას, რომელიც უკვე შემუშავებულია პარლამენტის შესაბამის კომიტეტებში. იმედი მაქვს, რომ დროულად მოხდება პროკურატურის წინადადებების განხილვა კონსტიტუციის მიღებასთან დაკავშირებით მათი ფუნქციების შეცვლის შესახებ. დღეს მე არ მინდა დეტალურად შევჩერდე ამ საკითხებზე, მაგრამ გაურკვევლობა, რომელიც ამჟამად არსებობს, მხოლოდ საზიანოა. პროკურატურის ხელმძღვანელობას, ყველა მის მეირ დაყენებულ საკითხზე, არგუმენტირებული პასუხი უნდა გაეცეს და ჩვენ ეს ძალიან სერიოზულად უნდა განვიხილოთ.

კონსტიტუციის შესაბამისად საქართველოში დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფოს აღმშენებლობა, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა, თავისუფალი ეკონომიკის განვითარება, მართლმსაჯულების განხორციელება არსებითად არის დამოკიდებული საკანონმდებლო აქტების შემუშავებაზე, რომლებიც ახლებურად მოაწესრიგებენ უმნიშვნელოვანეს საზოგადოებრივ ურთიერთობებს თანამედროვე სამართლებრივი აზროვნების, განვითარებული ქვეყნების საკანონმდებლო პრაქტიკის მიღწევების, ეროვნული ტრადიციების გათვალისწინებით.

დამნაშავეობასთან წარმოებული ბრძოლის ეფექტიანობა განსაკუთრებით დამოკიდებულია მკაცრად რეგლამენტირებული სამართლებრივი ბაზის არსებობასთან. ამ მხრივ ბევრი რამ კეთდება, განსაკუთრებით იუსტიციის სამინისტროს, ძალოვანი სტრუქტურების, საფინანსო და საკონტროლო სამსახურების, დარგობრივი სამინისტროების, მმართველობის ადგილობრივი ორგანოების მხრიდან. მომზადდა მთელი რიგი ფუძემდებლური კანონპროექტი, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა აქვთ ქვეყნის სამართლებრივი, ეკონომიკური და სოციალური განვითარებისათვის. მაგალითად, კანონები: „სასამართლოს შესახებ“, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“. „კორუფციასთან ბრძოლის შესახებ“ და სხვა. ჩვენ სათანადოდ ვაფასებთ იუსტიციის სამინისტროს მთელი კოლექტივის საქმიანობას, რომელმაც გასულ წელს პარლამენტში წარმოადგინა 14 კანონპროექტი, და რა თქმა უნდა, იმ პირების საქმიანობას, რომლებიც თანამშრომლობენ იუსტიციის სამინისტროსთან.

მიუხედავად გაწეული მუშაობისა, სამართალშემოქმედებითი საქმიანობა ჩამორჩება თანამედროვე ცხოვრების მოთხოვნებს, საზოგადოებრივ ურთიერთობათა ბევრი სფერო ძველი, სხვა სოციალური და სხვა პოლიტიკური წყობილების შესაბამისი სამართლებრივი ნორმებით წესრიგდება. - ჯერ კიდევ ძველ სისტემაში ვცხოვრობთ, ჯერ კიდევ ძველ სისტემაში გვიხდება მუშაობა. ამიტომაც აქვს ამ სფეროში კანონშემოქმედებას გადამწყვეტი მნიშვნელობა. ახალი საზოგადოებრივი ურთიერთობის, განსაკუთრებით თანამედროვე ეკონომიკური საქმიანობის პირობებში დამნაშავეობის წინააღმდეგ წარმოებული ბრძოლის გააქტიურებას ხელს უშლის შესაბამისი იურიდიული მოუწესრიგებლობა - შესამუშავებელია ახალი სისხლის სამართლის, შრომის, ადმინისტრაციული, პენიტენციალური, საპროცესო სამართლის კოდექსები, რომელთა გარეშე შეუძლებელია მიმდინარე კანონმდებლობის განვითარება, დამნაშავეობასთან სისტემური ბრძოლის წარმოება. როგორც სავსებით სწორედ აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა ბატონმა თედო ნინიძემ, საჭიროა ახლებურად მოეწყოს სამართალდაცვის, გამოძიების, პროკურატურის, სასამართლოების ორგანიზაცია და საქმიანობის პრინციპები. სწორედ ამის უზრუნველსაყოფად საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან შექმნილმა სამართლებრივი რეფორმის სახელმწიფო კომისიამ, რომლის შემადგენლობაში არიან საქვეყნოდ ცნობილი სწავლული და პრაქტიკოსი იურისტები, განსაკუთრებით უნდა გააქტიუროს მუშაობა, რათა მიმდინარე წელს წარუდგინოს პარლამენტს განხილვისათვის სისხლის სამართლის, სისხლის სამართლის საპროცესო, სამოქალაქო სამართლის, საპროცესო, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსები. ეს ნამდვილი რევოლუციაა, ნამდვილი სახელმწიფოებრივი რევოლუცია, რომლის განხორციელების ტემპი რაც შეიძლება უნდა დავაჩქაროთ.

განსაკუთრებით მინდა შევჩერდე სამოქალაქო კოდექსზე, რომელიც ოთხწლიანი მუშაობის შემდეგ იუსტიციის სამინისტროსთან არსებულმა სამოქალაქო კოდექსის შემმუშავებელმა კომისიამ წარმოგვიდგინა. კომისიამ დიდი მუშაობა გასწია ჩვენთვის უაღრესად პატივსაცემი პიროვნების, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამოქალაქო სამართლის კათედრის გამგის, პროფესორ სერგო ჯორბენაძის ხელმძღვანელობით. მომზადებულია კონსტიტუციის ტოლფასი დოკუმენტი, რომელიც 1481 მუხლს მოიცავს. ეს არის რამდენიმე ტომი. მართლაც, გაკვირვებას იწვევს, შედარებით მოკლე დროში როგორ შეძლეს ჩვენმა სპეციალისტებმა, მეცნიერებმა ასეთი დიდი ნაშრომის მომზადება.

სამოქალაქო კოდექსი საბაზრო ეკონომიკის სამართლებრივი უზრუნველყოფის ფუძემდებლურ საკანონმდებლო აქტად გვევლინება. ახალი კოდექსი საბოლოოდ გადაწყვეტს სამოქალაქო საზოგადოების, აშენების, საბაზრო ეკონომიკის ჩამოყალიბების, მეწარმეობის, საკუთრების, პიროვნების თავისუფლების უზრუნველყოფის, ეკონომიკური ურთიერთობის მონაწილეთა, ინტელექტუალური შემოქმედების წარმომადგენელთა უფლებების დაცვის საკითხებს. მოკლედ, ხელთ გვაქვს დოკუმენტი, რომელიც უახლოეს პერიოდში მიღებასა და ამოქმედებას საჭიროებს; დოკუმენტი, რომელიც განსაკუთრებით შეუწყობს ხელს ამჟამად სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის სფეროში წარმოშობილი ატროფირებული დამგირავებლის, გამსესხებლის, მეანაბრისა და სხვა პრობლემებს, რომლებმაც განსაკუთრებულად უარყოფითი კვალი დატოვეს ქვეყნის ცხოვრებაში. სხვაგვარად, ამ საკანონმდებლო ბაზის გარეშე ჩვენი ცხოვრება, მათ შორის, ეკონომიკის სფეროშიც, არ მოწესრიგდება.

კიდევ ერთი მიმართულება, რომელზეც მიმდინარე წელს მოგვიწევს უფრო ინტენსიური და მიზანმიმართული მუშაობა.

გასულ წელს, დამნაშავეობასთან ბრძოლის გააქტიურებას, ამ პრობლემის წინააღმდეგ ერთობლივი საქმიანობის უზრუნველყოფას, ერთი ქვეყნის ფიზიკურ და იურიდიულ პირთა სამეურნეო, ქონებრივ და სხვა უფლებათა დაცვის პირობების შექმნას მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე, განსაკუთრებით შეუწყო ხელი სახელმწიფოთაშორისმა შეთანხმებებმა. ამ მიზნით, საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1993 წლის 10 თებერვლის №18 ბრძანებულებით საქართველოს იუსტიციის მინისტრს მიეცა საქართველოსა და უცხო სახელმწიფოებს შორის სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ ხელშეკრულებათა დადების თაობაზე მოლაპარაკებების გამართვისა და ამ ხელშეკრულებების ხელმოწერის უფლებამოსილება. ამ ხელშეკრულებებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ისეთი საკითხების გადაწყვეტისათვის, როგორიც არის სამართლებრივი დახმარება სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზე, დანაშაულში ეჭვმიტანილ პირთა, მსჯავრდებულ პირთა გადაცემა, სასჯელის მოსახდელად იმ სახელმწიფოთათვის, რომლის მოქალაქეებიც ისინი არიან. ამ მხრივაც, ძალიან დიდი სამუშაოა შესასრულებელი.

მნიშვნელოვანია აგრეთვე, საერთაშორისო ურთიერთობის დოკუმენტებთან მიერთების ტენდენცია, რომელიც განსაკუთრებით გამოიკვეთა ბოლო წლებში. ეს პროცესი აუცილებლად უნდა დაჩქარდეს.

სხვათა შორის, ზოგიერთს შეიძლება გაუკვირდეს კიდეც, რატომ ვამახვილებ ასეთ საკითხებზე ყურადღებას. დამნაშავეობა, მისი დღევანდელი დონე არ არის ერთი ქვეყნის მოვლენა. მაფიოზური კლანები და გაერთიანებები, რომლის შესახებაც ზემოთ მოგახსენებდით, არ არის მარტო ნაციონალური მოვლენა და მარტო საქართველოს საზღვრებით შემოფარგლული. ბევრი პარტნიორი იმ ხალხისა, ვინც ახლა იზოლირებულია, დღეს იმყოფება გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ამერიკაში, საფრანგეთში, აღარ ვლაპარაკობ რუსეთზე და სხვა ისეთ სახელმწიფოებზე, სადაც გზა, ასე ვთქვათ, გაკვალულია, ამიტომ, ასეთი სამართლებრივი ნორმებისა და სახელმწიფოთა ურთიერთდახმარების გარეშე, პრაქტიკულად, შეუძლებელია ამოვძირკვოთ ის საშიში მოვლენები, რომლებზეც ზემოთ იყო ლაპარაკი.

მინდა კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ იუსტიციის მინისტრი, ბატონი თედო ნინიძე, რომელიც გამოირჩევა თავისი მაღალი პროფესიონალიზმით, ინტელექტითა და კომპეტენტურობით, კვლავაც გააგრძელებს ნაყოფიერ კანონ-შემოქმედებით მუშაობას. ამავე დროს სასამართლო რეფორმის განხორციელების პერიოდში, შეძლებს რეფორმით გათვალისწინებული სამინისტროს ახალი გაზრდილი უფლებების რეალურ განხორციელებას.

ზემოაღნიშნული საკანონმდებლო აქტების მიღება, ისევე როგორც საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ცხოვრების სხვა სფეროებში, სათანადო საკანონმდებლო ბაზის შექმნა, განსაკუთრებულ ძალისხმევას მოითხოვს, უწინარეს ყოვლისა, აღმასრულებელი ხელისუფლებისაგან. მე გამოვეცი განკარგულება, რომლითაც, დამტკიცდა 1996 წელს აღმასრულებელ ხელისუფლებაში მოსამზადებელი კანონპროექტების ნუსხა. გათვალისწინებულია ოთხმოცზე მეტი უმნიშვნელოვანესი საკანონმდებლო აქტის პროექტის მომზადება, რომლებიც პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივის წესით გადაეცემა საქართველოს პარლამენტს განხილვისა და დამტკიცებისათვის.

ამ აქტების მომზადებაზე პრეზიდენტის წინაშე უშუალოდ პასუხს აგებენ მინისტრები და სახელმწიფო უწყებათა ხელმძღვანელები. კანონშემოქმედებითი მუშაობა უნდა იქცეს აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებად.

რა თქმა უნდა, სამართალშემოქმედებით პროცესში განსაკუთრებული როლი აკისრია პარლამენტს. კანონშემოქმედება მისი ძირითადი ფუნქციაა. სამართალშემოქმედების სფეროში ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანების თაობაზე მე საქართველოს პარლამენტს გავუგზავნე მიმართვა, რომელშიც ყურადღება შევაჩერე იმ ძირითად საკანონმდებლო აქტებზე, რომელთა მიღება გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს ახალი კონსტიტუციის დებულებათა ამოქმედებისა და სამართლებრივი რეფორმის განხორციელებისათვის. ვიმედოვნებ, პარლამენტის წევრები ჯეროვან ყურადღებას მიაპყრობენ ამ მეტად საპასუხისმგებლო ამოცანების გადაჭრას და არ შეანელებენ სამართალშემოქმედებითი მექანიზმის მუშაობას.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სამართალშემოქმედებით პროცესში აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებათა შორის ნორმალური ურთიერთობის უზრუნველყოფის მიზნით, პრეზიდენტთან შეიქმნა სოციალური სამსახური, რომელსაც ხელმძღვანელობს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ბატონი ჯონი ხეცურიანი. ამ სამსახურში ხელისუფლებათა დანაწილებისა და ურთიერთგამიჯვნის პირობებში ხელი უნდა შეუწყოს სამართალშემოქმედებითი საქმიანობის კოორდინაციას კანონპროექტების მომზადების საწყისი სტადიიდან კანონის მიღებამდე. ამ პროცესში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ხელისუფლების ორივე შტოს შეთანხმებულ მუშაობას იმისათვის, რომ ხშირად არ გვიხდებოდეს ურთიერთკონტროლისა და ურთიერთგაწონასწორების კონსტიტუციური მექანიზმების გამოყენება.

უშიშროებისა და სამართალდამცავ ორგანოებში მიმდინარე რეფორმებზე დღეს სპეციალურად შევჩერდი. ქვეყნის პრეზიდენტის საპროგრამო გამოსვლაში ჩამოყალიბებულია ამოცანების პრაქტიკული განხორციელების მიმდინარეობისადმი კონტროლი ყველა სამინისტროს, სახელმწიფო კანცელარიის შესაბამისი სტრუქტურების უპირველესი ამოცანაა. ვავალებ მინისტრებს: ჩვენი მომავალი შეხვედრების დროს, ეს იქნება კვარტალის თუ ნახევარი წლის მუშაობის შედეგების შეჯამება, თქვენს გამოსვლებში ერთ-ერთი მთავარი ლეიტმოტივი, უწინარესად ამ ამოცანების შესრულების მიმდინარეობა უნდა იყოს.

მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო პრეზიდენტის საპროგრამო გამოსვლაში ფორმირებული ამოცანა.

საჭიროა შინაგან საქმეთა სამინისტროს, პოლიციის, მუნიციპალური პოლიციის, უშიშროების სამინისტროს, შინაგანი ჯარების, პროკურატურის, სხვა სამართალდამცავი ორგანოების სტრუქტურისა და საქმიანობის რეფორმები, მათი შემდეგი განმტკიცება ახალი კონსტიტუციის შესაბამისად და მოქმედი კანონმდებლობის სრულყოფის საფუძველზე. სასამართლო რეფორმა განხილულ იქნება როგორც საერთო რეფორმების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი. მან უნდა მოიცვას მართლმსაჯულების მთელი სისტემის საკანონმდებლო უზრუნველყოფისა და ორგანიზაციულ გარდაქმნათა კომპლექსი. ცხადია, ამ ღონისძიებებს არ ექნება თვითმიზნური ხასიათი. საჭიროა, მართლმსაჯულებას ჩამოსცილდეს ის ელემენტები, რომლებიც ნიშანდობლივია ტოტალიტარული პოლიტიკური რეჟიმისათვის. სასამართლომ უნდა განამტკიცოს უმთავრესი თვისება - მხოლოდ კანონისადმი დამორჩილებული სასამართლო ხელისუფლებისა. რეფორმამ უნდა შეცვალოს საზოგადოებაში მართლმსაჯულების დანიშნულება, სასამართლოს სტატუსი.

სხვათა შორის, უნდა გითხრათ, რომ როდესაც სასამართლოებზე ვიწყებთ ლაპარაკს, სასამართლოების ახალ სტატუსზე, სასამართლო ხელისუფლებაზე ახალ ვითარებასა და ახალი წყობის პირობებში, ჩვენ მაინც ძველი ტრადიციებისკენ ვიყურებით: ვინ იქნება ზედამხედველი, ვინ უპატრონებს, ვინ გააკონტროლებს სასამართლოებს. დღეს ეს უმწვავესი პრობლემაა, მაგრამ ჩვენ უნდა წავიდეთ მხოლოდ და მხოლოდ იმ გზით, რომელიც გაკვალა კონსტიტუციამ. და, თუ კონტროლის ფორმებსა და სისტემებზე იქნება ლაპარაკი, სასამართლო რეფორმაში ეს ფორმებიც სათანადოდ იქნება გათვალისწინებული. მხედველობაში მაქვს სწორედ სასამართლო ინსტანციების მიერ განხორციელებული ეს უაღრესად სერიოზული ფუნქცია.

ასეა ფორმულირებული ამოცანა პრეზიდენტის საპროგრამო გამოსვლაში. მე ეს პროგრამა, როგორც მოგეხსენებათ, გავიტანე არჩევნებზე, როგორც საერთო სახალხო რეფერენდუმზე. არჩევნების შედეგებით ხალხმა ნდობა გამოუცხადა ამ პროგრამას. ამიტომ სიტყვა, რომელიც ხალხს მივეცი, აუცილებლად უნდა შესრულდეს. და ეს არ იყო მხოლოდ ჩემი სიტყვა. იგი ყველა თქვენგანის სახელით იყო ნათქვამი. დაწესდა უმკაცრესი კონტროლი შესრულების მიმდინარეობაზე. გთხოვთ, გაითავისოთ ეს დავალება და ყველამ საკუთარი ადგილი იპოვოთ მისი თანამიმდევრული განხორციელების საქმეში.

ახლა კი რამდენიმე სიტყვა კონკრეტულ საკითხებზე:

პირველი: მომთხოვნელობისა და პასუხისმგებლობის გაზრდის აუცილებლობის შესახებ. დღეს აქ მინისტრებმა ისაუბრეს იმ რაიონებზე, სადაც გაუარესდა კრიმინოგენური სიტუაცია. ეს განსაკუთრებით ეხება საგარეჯოს, გორის, ხაშურის, სამტრედიის, ჭიათურის რაიონებს, სადაც იმატა რეგისტრირებული მძიმე დანაშაულის რაოდენობამ. შეიძლება ეს გააქტიურებისა და აღრიცხვის მოწესრიგების შედეგიც არის. არ გამოვრიცხავ.

მომავლისათვის უნდა შევთანხმდეთ: უშიშროებისა და სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელებმა ასეთი სახის შეხვედრების წინ, კოლეგიის სპეციალურ სხდომაზე იმსჯელეს იმ დაქვემდებარებული სამხარეო ქალაქებისა თუ რაიონების შესაბამისი სტრუქტურების ხელმძღვანელთა პასუხისმგებლობის შესახებ, სადაც რეალურად გაუარესდა სიტუაცია. იზრდება დანაშაული, დაბალია გახსნის მაჩვენებლები და ასე შემდეგ, ხოლო მინისტრებმა კი მოგვახსენონ მიღებული კონკრეტული ზომების შესახებ. ამ ტრიბუნიდან ნაკლოვანებებისა და დანაშაულობათა მხილება არ უნდა ხდებოდეს - აქ მოსვლამდე უნდა იყოს კონკრეტული ღონისძიებები განხორციელებული.

მეორე: მიმდინარე წელს, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს კორუფციის, ტერორიზმის, რეკეტისა და ორგანიზაციული დანაშაულის სხვა სახეების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხს.

იმედია, პარლამენტი უახლოეს მომავალში განიხილავს კანონპროექტს „კორუფციასთან ბრძოლის შესახებ“, ამ კანონის მოთხოვნათა შესრულება იქნება უშიშროებისა და სამართალდამცავი ორგანოების მუშაობის ეფექტიანობის შეფასებს ძირითადი კრიტერიუმი.

სხვათა შორის, დღეს ბევრი ლაპარაკი იყო იმის შესახებ, რომ გადასახადს არ იხდიან, შემოსავლებს მალავენ და სხვა. ეს ყველაფერი ამ კანონშია გათვალისწინებული ძლიერი სანქციებით. ასე რომ, ბევრს დაეკარგება სურვილი, იცხოვროს და იმუშაოს იმ მეთოდით, რომლითაც დღეს ცხოვრობს და მუშაობს.

კორუფციის თავიდან აცილება, გამოვლენა და აღკვეთა მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის უმთავრესი გარანტიაა.

უნდა ვაღიაროთ, რომ გასულ წელს, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა უფრო ეპიზოდურ ხასიათს ატარებდა. სამართალდამცავმა და მაკონტროლებელმა ორგანოებმა ვერ შეძლეს გაეშიშვლებინათ და კანონით გათვალისწინებული პასუხი მოეთხოვათ მაფიოზური კლანების ბევრი აღიარებული წარმომადგენლისათვის. მაფიოზებმა სახელმწიფო სტრუქტურების მაღალ ეშელონებშიც შეაღწიეს, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობამაც განაპირობა მინისტრთა კაბინეტის ძველებურ მოდელზე უარის თქმა. უნდა გითხრათ, რომ მე დღეს არ ვაძლევ ჩემს თავს უფლებას, ვილაპარაკო იმაზე, რაც მინისტრთა კაბინეტში ხდებოდა. ბევრ რამეს კიდევ სჭირდება გადამოწმება. ჩვენ, მართლაც ბრძნული გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც კონსტიტუციაში ჩაიწერა, რომ მინისტრთა კაბინეტი, როგორც ასეთი, საჭირო აღარ არის და პრეზიდენტმა, მინისტრებზე გასვლით, ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით, უშუალოდ უნდა მართოს ქვეყანა. მე უკვე რამდენიმე კვირაა ვმუშაობ, ვეცნობი დოკუმენტებს, ფაქტებს და სიმართლე გითხრათ, ხანდახან მართლაც გამაოგნებელ ფაქტებს ვაწყდები. ეს დაკავშირებულია ცალკეული ვიცე-პრემიერების, აპარატის, განყოფილების საქმიანობასთან და ასე შემდეგ. ის, რაზეც აქ აღშფოთებით ლაპარაკობდნენ თემურ შაშიაშვილი და სხვები, სათავეს სწორედ აქედან იღებს და მე არ გამოვრიცხავ, რომ ზოგიერთებს, რომლებიც ახლა წასულები არიან (ვინც ღირსეული იყო, დაინიშნა). მობრუნება მოუწევთ, რათა პასუხი აგონ თავისი ხალხისა და ქვეყნის წინაშე.

თქვენთვის ცნობილია, რომ პასუხისგებაში მიცემული და დაპატიმრებულია რკინიგზის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი რემი ვაშაკიძე. წარმოუდგენელია იმ ზიანის აღწერა, რომელიც ამ კაცმა 3-4 წლის განმავლობაში მოუტანა სისტემას, იმდენად დიდია ზარალი, რომ მისი ციფრებში გადაყვანა შეუძლებელია.

გასული წლის 23 დეკემბერს, ჩემი განკარგულების საფუძველზე კორუფციასა და გამომძალველობასთან შემრიგებლობისათვის ახალციხის რაიონის გამგეობის თავმჯდომარის მოვალეობისაგან განთავისუფლდა ნუგზარ სარჯველაძე.

მიმდინარე წლის 23 იანვარს, ასევე ჩემი განკარგულების საფუძველზე, კორუფციისათვის ხელშეწყობისა და სახელმწიფო სახსრების ხარჯვაში დაშვებული კანონსაწინააღმდეგო ქმედების გამო ადიგენის რაიონის გამგეობის თავმჯდომარის თანამდებობიდან განთავისუფლდა მიხეილ თუმანიშვილი, რომელიც სამხარეო პროკურატურის მიერ ამჟამად დაკავებულია და მიცემულია სისხლის სამართლის პასუხისგებაში. ვთხოვ ბატონ ჯამლეთ ბაბილაშვილს, რომ პირადად განახორციელოს კონტროლი ამ საქმის გამოძიებაზე. მე შემეძლო ეს მაგალითები არ დამესახელებინა, მაგრამ ვასახელებ იმისათვის, რომ ეს იყოს გამაფრთხილებელი ზარის დარეკვა ყველასათვის, ყველა რაიონისა და ყველა ქალაქისათვის, ეს არის სერიოზული გაფრთხილება პრეზიდენტისა და მთელი ხელისუფლების მხრიდან. წესრიგი უნდა დამყარდეს, და, თუ რაიონში პირველი კაცი არის კორუმპირებული, იქ ზედმეტია ლაპარაკი წესრიგსა და სახელმწიფოებრივ აღმშენებლობაზე.

უმძიმესი ვითარებაა შექმნილი სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სატყეო მეურნეობაში, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მასალებიდან ირკვევა, უკანასკნელი წლების მანძილზე, არნახული მასშტაბები მიიღო ხე-ტყის უკანონო ჭრამ, შემდგომში საზღვარგარეთ გატანისა და რეალიზაციის მიზნით, გიგლა ბარამიძემ საკმაოდ თვალნათლივ დაგვანახა, რა სისტემა მოქმედებდა ამ რეგიონში. სატყეო მეორნეობათა და ადგილობრივი ორგანოების ხელშეწყობითა და ზოგჯერ დანაშაულებრივი დაუდევრობით ჩამოყალიბდა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფები, რომლებიც უმოწყალოდ აჩანაგებენ ეროვნულ სიმდიდრეს და სხვადასხვა ორგანოების, ძირითადად, მინისტრთა კაბინეტის მიერ გაცემული დოკუმენტების საშუალებით დანაშაულებრივ ბიზნესს ეწევიან, ვითომ - ბიზნესს. ეს ბიზნესი არ არის, ამჟამად ამ რეგიონში მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ბრიგადა, როგორც ირკვევა, ადიგენისა და ახალციხის სატყეო მეურნეობათა ხელმძღვანელების მიერ დიდი ოდენობით ხე-ტყე გაცემულ იქნა სხვადასხვა ფირმებზე ძველ საპრეისკურანტო ფასებში, რითაც მნიშვნელოვნად იზარალა სახელმწიფო ბიუჯეტმა, ასეთი წესით, ადიგენის სატყეო მეურნეობიდან 1000 კუბური მეტრი სამასალე ხე-ტყე გადაეცა ფირმა „პეგის“, 2-3-ჯერ მეტი - ადიგენის გამგეობასთან არსებულ კომერციულ ცენტრს.

აქვე უნდა აღვნიშნო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ბატონ გიგლა ბარამიძის შემტევი და უკომპრომისო მუშაობა.

ხე-ტყის უკანონო ჭრა მარტო ამ რეგიონისათვის არ არის დამახასიათებელი, უარესი მდგომარეობაა ლენტეხის რაიონში. სხვათა შორის, ეს არის ყოვლად უპატრონოდ მიტოვებული რაიონი, თითქოს საქართველოს ტერიტორია არ იყოს. მე ამაში დავრწმუნდი, როცა არჩევნებისათვის ვემზადებოდი, შემოწმებისას მხოლოდ დაბა ლენტეხისა და სოფელ ხელედის ტერიტორიაზე სახერხებსა და საამქროებში აღმოაჩინეს 2000 კუბური მეტრი მრგვალი მორი და 400 კუბური მეტრი დახერხილი მასალა, რომელზეც პასუხისმგებელმა პირებმა მოპოვების კანონიერების დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტები ვერ წარმოადგინეს. ესე იგი მოპარულია, ნაძარცვია, ასევე სათანადო ლიცენზიის გარეშე აბაშის სარკინიგზო ჩიხში დააფიქსირეს 500 კუბური მეტრი წიფლის ჯიშის მრგვალი მორები, რომლებიც ფოთის ფირმა „განთიადს“ გაჰქონდა საზღვარგარეთ, ბევრს სცოდავენ ამ საქმეში საბაჟო სამსახურებიც.

მინდა ვთხოვო ბატონ კახა თარგამაძეს ხე-ტყის უკანონო ჭრისა და რეალიზაციის საკითხის შემოწმების შედეგებზე წარმომიდგინოს დეტალური ანგარიში, რომლის საფუძველზეც მივიღებ სათანადო გადაწყვეტილებას და ეს გადაწყვეტილება იქნება ძალიან მკაცრი. მე მაკვირვებს, რას აკეთებს ეგრეთ წოდებული ეკოლოგიის პოლიცია და გთხოვთ, ეს გაარკვიოთ, ბატონო კახა, ვის რაში სჭირდება პოლიცია, რომელიც ასე გულდამშვიდებით უყურებს, როგორ ჩანაგდება ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სიმდიდრე. თუ ჩვენ აქ სათანადო ბარიერებს არ აღვმართავთ და ამ უბედურებას ბოლოს არ მოვუღებთ, ბორჯომის ხეობისაგან, რომელიც ჩვენი სიამაყეა და მომავალში უზარმაზარი პერსპექტივა აქვს, აღარაფერი დარჩება, გარდა მოტიტვლებული მთაგორებისა. ასე იქნება სხვა რეგიონებშიც. ამ ხალხს, რომლისათვისაც არ არსებობს პატრიოტიზმი, სინდისი, მომავალი თაობების და ქვეყნების ინტერესები, ხომ ვერ შეაჩერებ... მე დარწმუნებული ვარ, რომ ეკოლოგიის სამინისტროც უფრო გაბედულ სიტყვას იტყვის, როდესაც საქმე შეეხება ქვეყნის ბუნებრივი სიმდიდრეების გადარჩენას.

კანონის პროექტში, რომელიც განსახილველად წარვუდგინე პარლამენტს, ჩამოთვლილია კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი ორგანოები: საქართველოს შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების სამინისტროები, რესპუბლიკის პროკურატურა, კონტროლის პალატა, ფინანსთა სამინისტრო, მასში შემავალი საგადასახადო ინსპექციათა და საბაჟო დეპარტამენტით, საქართველოს ეროვნული ბანკი, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში კორუფციასთან ბრძოლაში მონაწილეობენ სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოების საკონტროლო და იურიდიული სამსახურები. მოკლედ, სტრუქტურები, რომლებიც უნდა ებრძოდნენ კორუფციას, ბევრია, შედეგი კი - სავსებით არადამაკმაყოფილებელი. პირველ ყოვლისა, აქ ჩამოთვლილი სამინისტროებისა და უწყებების ხელმძღვანელები აგებენ პასუხს კორუფციის წინააღმდეგ შემტევი და სისტემატური, გეგმაზომიერი მუშაობის წარმართვისათვის. ხალხმა უნდა ირწმუნოს, რომ თქვენ, ძვირფასო მეგობრებო, შეგწევთ ძალა, გაქვთ უნარი და, რაც მთავარია, მორალური უფლება, გამოუცხადოთ სასტიკი ბრძოლა კორუფციას, როგორც მოვლენას და ამხილოთ კორუმპირებული პირები. ამ მოთხვნების შესრულებისათვის თქვენს მიერ გაწეული მუშაობის პირველ შედეგებს შევაფასებ მიმდინარე წლის პირველი ნახევრის შედეგების შეჯამებისას. მაშინ იქნება სავსებით კონკრეტული ლაპარაკი კონკრეტულ სამინისტროებზე, მინისტრებზე, მათ მოადგილეებსა და სამსახურების ხელმძღვანელებზე.

რისთვის არსებობს სახელმწიფო დაწესებულება - სატყეო დეპარტამენტი, რომლებისგანაც მე არც ერთი სიგნალი არ მიმიღია იმის შესახებ, რომ საქართველოს ტყეები ჩანაგდება, ტყეებს საფრთხე ემუქრება. მე მგონი, ძირითადი უბედურება ამ დეპარტამენტში იწყება. მისი ხელმძღვანელი, მიჭირს ამ სიტყვის თქმა, ან დოყლაპიაა, ან თვითინ არის კორუმპირებული. სხვა ახსნა შეუძლებელია.

მესამე: დღეს თქვენს წინაშე გამოვიდა ბატონი ვახტანგ აბაშიძე. მისთვის შემთხვევით არ მიმიცია სიტყვა, ამ რამდენიმე დღის წინათ ამავე საკითხზე მე მივიღე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ბატონ მინდია უგრეხელიძის სპეციალური წერილი. საქმე ეხება სახელმწიფოებრივ-სამართლებრივ საკითხებზე მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა პროდუქციის ხარისხის დონის ამაღლებას. ლაპარაკი არ არის კრიტიკის ქარ-ცეცხლის ან სიმწვავის შენელებაზე - ლაპრაკია პროფესიონალურ დონეზე.

საქართველოს სახელმწიფოებრივ-სამართლებრივი ცხოვრების ახლებურად მოწყობის შესაძლებლობამ და საამისოდ დაწყებულმა საკანონმდებლო გარდაქმნებმა მწვავედ დააყენა დღის წესრიგში მოქალაქეთა სამართლებრივი ცოდნის, მათი მართლშეგნებისა და სამართლებრივი კულტურის დონის შესაბამისი ამაღლების აუცილებლობა. თვით იდეალური კონსტიტუცია და მასთან სრულ შესაბამისობაში მიღებული კანონებიც კი ფუჭი შეიძლება აღმოჩნდნენ და ვერ განახორციელონ სოციალური ცხოვრების დარეგულირების ფუნქცია, თუ არ იქნა უზრუნველყოფილი სამართლებრივი ცოდნის, მართლშეგნებისა და სამართლებრივი კულტურის შესატყვისი დონე.

ცხადია, ამ საქმეში გადამწყვეტი სიტყვა ეკუთვნის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს. მაგრამ ეგრეთ წოდებული „მას მედია“. მრავალწლოვანი იდეოლოგიური დოგმატიზმისა და მისგან დამოუკიდებელი სხვა მიზეზების გამო თავად საჭიროებს დახმარებას, სამართლებრივი თემატიკის გაშუქება ქართული ჟურნალისტიკის ყველაზე უფრო სუსტი და განუვითარებელი რგოლია (მე არ მინდა ჟურნალისტებს ვაწყენინო, ეს მათი ბრალიც არ არის - ახლა გვიხდება ამ ამოცანების გადაწყვეტა) ამ მხრივ, ჩვენს ჟურნალ-გაზეთებში სუფევს მიუტევებელი განუკითხაობა, რაც ამუხრუჭებს საზოგადოებრივ განვითარებას, წარმოშობს სოციალურ კონფლიქტებს, კიდევ უფრო ძაბავს კრიმინოგენურ ვითარებას, იგი არცთუ იშვიათად გამოხატულებას პოულობს მართლსაწინააღმდეგო ფორმით (მაგალითად, ადამიანის პატივისა და ღირსების შეურაცხმყოფელი პუბლიკაციები), ყოველივე ეს სახელს უტეხს საქართველოს საერთაშორისო საზოგადოების წინაშე, გვიკარგავს ნდობას და პარტნიორებს საქმიან პოლიტიკურ წრეებში.

აღნიშნული ვითარების გამოსწორება, უწინარეს ყოვლისა, თავად ჟურნალისტების, თითოეული მათგანის მოქალაქეობრივი, ზნეობრივი და პროფესიული ვალია. ეს ჩემი სურვილებია, მეგობრული სურვილები. მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ერთიანი პროგრამის შემუშავება, რომელიც ორგანიზებულს გახდიდა სამართლის საკითხებში მასობრივი ინფორმაციის სისტემურ და გეგმაზომიერ ამაღლებას, უზრუნველყოფდა ერთგვარ საზოგადოებრივ და პროფესიულ კონტროლს, პასუხისმგებლობას პუბლიკაციების სამარლებრივ შინაარსსა და ხარისხზე („კონტროლი“ არამცდაარამც არ გულისხმობს ცენზურის მსგავსი ინსტიტუტის აღდგენას). ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების დეიდეოლოგიზაცია კულტურული, აღმზრდელობითი და განმანათლებლური საშუალებების გამოყენებაზე უარის თქმას არ უნდა მოასწავებდეს, არამედ, პირიქით, უნდა გულისხმობდეს სწორედ მათ მაქსიმალურად ამოქმედებას დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობის სამსახურში.

მიზანშეწონილად მიმაჩნია, რომ პარლამენტის განთლების, კულტურისა და იურიდიული პროფილის კომიტეტთა წარმომადგენლების, აგრეთვე შესაბამისი სამინისტროების, ჟურნალისტთა კავშირის, მეცნიერებათა აკადემიისა და უნივერსიტეტის მესვეურთა, სხვა დაინტერესებულ და კომპეტენტურ უწყებათა თუ დაწესებულებათა აუცილებელი მონაწილეობით შემუშავდეს კომპლექსურ ღონისძიებათა გეგმა ან პროგრამა, რომელიც ხელს შეუწყობს სახელმწიფოებრივ-სამართლებრივ საკითხებზე მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა პროდუქციის ხარისხობრივი დონის ამაღლებას, საამისოდ გარკვეული ორიენტირების შემუშავებას. უნდა შეიქმნას სამართლის საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტთა მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების კარგად გააზრებული მწყობრი სისტემა. როდესაც მე ამ ამოცანებს ვაყენებ შესაბამისი უწყებების წინაშე, სრულიად არ ვხსნი პასუხისმგებლობას უშუალოდ სახელმწიფო დაწესებულებებს, თუნდაც პრეზიდენტის კანცელარიას, ან სახელმწიფო ბიუჯეტს, რომელმაც უნდა გაითვალისწინოს სათანადო სახსრები, რათა ჟურნალისტთა ამ კატეგორიის მომზადება მაინც იყოს დაფინანსებული უნივერსიტეტში, ან სხვა დაწესებულებებში.

მხარდასაჭერია, უდავოდ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ბატონ მინდია უგრეხელიძის ინიციატივა უზენაესი სასამართლოს პრესცენტრთან შეიქმნას ერთგვარი მუდმივმოქმედი საკონსულტაციო ცენტრი, სადაც სასამართლოს საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტებს საშუალება ექნებათ მიიღონ საჭირო ინფორმაცია თუ რეკომენდაციები სამართლებრივი ჟურნალისტიკის, მათთვის საინტერესო საკითხებზე.

რაც შეეხება საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გასულ წელს წვევამდელთა გაწვევის შედეგებს: ვფიქრობ, ამ აუდიტორიას არ სჭირდება იმის მტკიცება, რომ შეიარაღებული ძალები არის სახელმწიფო უშიშროების გარანტი და იგი ყველა სახელმწიფოებრივ სტრუქტურას ავალებს გაითავისოს შეიარაღებული ძალების ფორმირების საქმე, მიიღოს აქტიური მონაწილეობა მისი აღმშენებლობის პროცესში.

აუცილებლად მიმაჩნია განვაცხადო, რომ ახალი კონსტიტუციის საფუძველზე უნდა განხორციელდეს ფართო მასშტაბის ეროვნული უსაფრთხოების პროგრამა, შემდგომი რეფორმებისა და რეორგანიზაციების გზით უნდა ამაღლდეს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა და თანამედროვე ცივილიზაციის დონეზე მოხდეს საქართველოს შეიარაღებული ძალების საბოლოო ფორმირება, მათი ბრძოლისუნარიანობის შემდგომი ზრდა. მე უკვე ბევრი ვილაპარაკე იმის შესახებ, რომ ამ მხრივ ბოლო ხანებში თითქმის შეუძლებელი გაკეთდა.

ჩვენი სამხედრო დოქტრინა და სამხედრო აღმშენებლობის პროგრამა (კონცეფცია), რა თქმა უნდა, თავდაცვითია. ჩვენ არავის ვუყენებთ ტერიტორიულ პრეტენზიებს, კატეგორიულად უარვყოფთ ომს, ძალით დამუქრებას, ან ძალის გამოყენებას, როგორც საერთაშორისო პრობლემების გადაწყვეტის საშუალებას. ამავე დროს მიგვაჩნია, რომ ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა უნდა უზრუნველყონ ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა.

როგორც ჩემს საპროგრამო გამოსვლაში აღვნიშნე, ჩემი ძირითადი კრედო გახლავთ, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის პრობლემის გადაჭრა მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით, ქართველთა, სხვა ეროვნების ხალხების გენოციდისა და ეთნოწმენდის შედეგების საბოლოო აღმოფხვრა, ლტოლვილი მოსახლეობის მშობლიურ ადგილებში უპირობო დაბრუნება. ხოლო, თუ აფხაზ სეპარატისტთა რეჟიმი, რომელმაც უცხო ძალა კარნახით და უშუალო გადამწყვეტი ჩარევით უკვე ჩაიდინა უმძიმესი დანაშაული კაცობრიობის წინაშე. გონს არ მოეგო და თუ ეს გარდაუვალი გახდა, არ გამოვრიცხავ სხვა მეთოდების გამოყენებას საერთაშორისო სამართლის ნორმების, გაეროსა და ევროკავშირის ორგანიზაციების პრინციპების დაცვით.

შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობის ამაღლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა მისი პირადი შემადგენლობა ხარისხიანი დაკომპლექტება.

როგორც შეიარაღებული ძალების რიგებში გაწვევის შედეგები გვიჩვენებს, მოქალაქეთა გაწვევა შეიარაღებულ ძალებში 1995 წელს განხორციელდა უფრო ორგანიზებულად, ვიდრე გასულ წლებში და სამხედრო შენაერთები, ნაწილები ძირითადად ფიზიკურად ჯანსაღი და მაღალი პატრიოტული სულისკვეთების მქონე ახალგაზრდებით დაკომპლექტდა. საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის მიერ დამტკიცებული დავალება შეიარაღებულ ძალებში გაწვევის შესახებ შესრულდა მთლიანად, მაგრამ უნდა ვუსაყვედურო ახმეტის, ბორჯომის, ყაზბეგის, წალენჯიხის რაიონების გამგებლებს (გვარებს არ ჩამოვთვლი), რომლებმაც გაწვევის დავალებები სანახევროდაც ვერ შეასრულეს. ეს დაუშვებელია და მომავალში ამ საკითხებზე მსჯელობა ცოტა უფრო მკაცრი იქნება.

უნდა არსებობდეს, ალბათ, ინტერნაციონალური რაზმები, სადაც არაქართველები თავს უცხო სხეულებად არ იგრძნობენ. გარდატეხას უცებ ვერ მივაღწევთ, მაგრამ ეს სამუშაო უნდა დავიწყოთ, უნდა ჩავრთოთ მასში ფსიქოლოგები, პედაგოგები, ეს ძალიან სერიოზული საქმეა. უნდა გითხრათ, რომ აზერბაიჯანელი, სომეხი მოსახლეობით დასახლებული რაიონები აქტიურად მონაწილეობენ ჩვენს ცხოვრებაში. არჩევნებში მონაწილეობის ყველაზე მაღალი პროცენტი, სხვათა შორის, აზერბაიჯანულ რეგიონებში იყო, სადაც მოსახლეობა აქტიურად არის განწყობილი, ისინი თავს, რა თქმა უნდა, საქართველოს მოქალაქეებად თვლიან, უნდა დავეხმაროთ, რათა მათ, როგორც ჩვენი ქვეყნის შვილებმა, ბოლომდე მოიხადონ ვალი სახელმწიფოს წინაშე.

ძალიან ბევრი აქვთ გასაკეთებელი ჯანმრთელობის დაცვისა და განათლების სამინისტროებს იმისათვის, რომ ჯარში მიდიოდეს ახალგაზრდების მომზადებული კონტინგენტი.

მთელი რიგი ქალაქებისა და რაიონების პროკურატურის და პოლიციის ადგილობრივმა ორგანოებმა არ მიიღეს გადამჭრელი ზომები იმ წვევამდელთა მიმართ, რომლებმაც თავი აარიდეს გასაწვევ უბნებში გამოცხადებას. დეზერტირობას საქართველოში ბოლო უნდა მოეღოს. 10-15 წლის წინათ ჩვენ, ალბათ, ვერც კი ვიოცნებებდით ისეთ ინსტიტუტზე, როგორიც არის ქართული ჯარი. და დღეს, როცა გვაქვს დამოუკიდებელი სახელმწიფო. ვაშენებთ დამოუკიდებელ, დემოკრატიულ ქვეყანას, შეიქმნა საკუთარი ჯარი - არა მგონია, არსებობდეს იმაზე სამარცხვინო და მძიმე მოვლენა, ვიდრე დეზერტირობა საკუთარი ქვეყნის წინაშე. ამიტომაც, თუ რაიმე აკლია ჩვენს კანონმდებლობას, მივიღოთ ზომები იმისათვის, რომ აღარავის გაუჩნდეს სურვილი თავი აარიდოს სამხედრო სამსახურს.

1996 წელს შეიარაღებულ ძალებში წვევამდელთა გაწვევის უკეთ მომზადებისა და მისი ორგანიზებულად ჩატარების მიზნით საჭიროდ მიმაჩნია:

- საქართველოს თავდაცვის და იუსტიციით სამინისტროებმა, სხვა დაინტერესებულ სამინისტროებთან და უწყებებთან ერთად მოამზადონ ახალი კანონპროექტი „სამხედრო ვალდებულების შესახებ“, რადგან 1992 წელს მიღებული კანონის ძირითადი დებულებები უკვე მოძველებულია.

- მომზადდეს და ერთი თვის ვადაში წარედგინოს საქართველოს პრეზიდენტს წინადადებები რესპუბლიკური მიმღებ-გამანაწილებელი პუნქტის თანამედროვე მოთხოვნის დონეზე მუშაობის უზრუნველყოფისა და მისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების შესახებ. უნდა გამოიძებნოს სათანადო თანხები, მინიმალური რაოდენობის მაინც.

მხარეების სახელმწიფო რწმუნებულებმა, ქალაქების მერებმა, რაიონებისა და ქალაქების გამგეობებმა:

- თავიანთ ბიუჯეტში გაითვალისწინონ შესაბამისი სახსრების გამოყოფა შეიარაღებულ ძალებში წვევამდელთა გაწვევის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით:

- გაწვევის პერიოდში უზრუნველყონ სამხედრო კომისარიატები შესაბამისი შენობებით, სამედიცინო კომისიებისათვის საჭირო ინვენტარით, აღმოუჩინონ მათ საჭირო დახმრება სხვა აუცილებელი საკითხების მოგვარებისათვის.

წვევამდელთა გაწვევის გამოცხადებისთანავე შექმნან სპეციალური ჯგუფი ქალაქის მერის, რაიონებისა და ქალაქის გამგეობის თავმჯდომარის მეთაურობით, რომელიც შეიარაღებულ ძალებში გაწვევის პერიოდში კონტროლს გაუწევს გაწვევასთან დაკავშირებულ საკითხებზე საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების შესრულების მიმდინარეობას.

არის მთელი რიგი სხვა კონკრეტული სახის დავალებები, მიმდინარე წელს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში წვევამდელთა გაწვევის შესახებ, რომელიც ფორმულირებული იქნება პრეზიდენტის განკარგულებაში.

მინდა გავაფრთხილო ქალაქების მერები, რაიონების გამგებლები, ხელმძღვანელები, სამხედრო კომისიები, რომ წვევამდელების გაწვევის შესახებ მიღებული დავალების შეუსრულებლობის შემთხვევაში დაისმება საკითხი დაკავებულ თანამდებობასთან მათი შეუსაბამობის შესახებ და ეს არ არის დაშინება - ეს მართლაც ასე იქნება.

და, ბოლოს, მოსკოვში დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნების ლიდერთა შეხვედრის შედეგების შესახებ, რაზეც ბევრი რამ ითქვა, მაინც მინდა თქვენი ყურადღება მივაპყრო, რამდენადაც ეს ჩვენს ცხოვრებაში შედარებით ახლებური მოვლენაა.

დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მონაწილე ქვეყნების სახელმწიფოს მეთაურთა შეხვედრა მოსკოვში 1996 წლის 19 იანვარს ამ ორგანიზაციის პოლიტიკური საქმიანობის უმნიშვნელოვანეს ათვლის წერტილად უნდა ჩაითვალოს. თანამეგობრობის მონაწილე სახელმწიფოების პირველი პირების დონეზე მიღებულია გადაწყვეტილებები, რომლებიც აგრესული სეპარატიზმის აღმოფხვრისა და მონაწილე ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის დაცვისათვის მტკიცე ზომებს ითვალისწინებენ. კარგად არის ცნობილი, რომ საქართველო ყოველთვის იბრძოდა და იბრძვის აფხაზეთში კონფლიქტს მშვიდობიანი გადაწყვეტისათვის იმ პირობით, რომ ისინი, ვინც დღეს აკონტროლებენ აფხაზეთის თითქმის მთელ ტერიტორიას, დაუყოვნებლივ გაუხსნიან კარებს ყველა ლტოლვილსა და გადაადგილებულ პირებს, რომლებსაც სურთ დაუბრუნდნენ თავის მშობლიურ კერებს, მიიღებენ აფხაზეთის სტატუსის იმ მოდელს რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ გაეროსთან და სხვა შუამავლებთან, რუსეთის ხელმძღვანელობასთან ერთად. ეს არის ფართო უფლებების მქონე სუბიექტი ფედერაციულ საწყისებზე აგებულ სახელმწიფოში. ამის შესახებ მე არა ერთხელ გამომითქვამს მოსაზრება ჩემს გამოსვლებში და დღეს კიდევ გავიმეორებ: რა უნდა მოითხოვოს ავტონომიურმა ან სხვა სახის სახელმწიფოებრივმა ფორმირებამ ერთიანი სახელმწიფოს ფარგლებში იმაზე მეტი, ვიდრე ჩვენ ვაძლევთ? ეს არის სახელმწიფოებრიობის ისეთი ატრიბუტები, როგორიც არის კონსტიტუცია, პარლამენტი, უმაღლესი სასამართლო, პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო... სხვათა შორის, როდესაც ამის თაობაზე ითქვა მოსკოვის შეხვედრაზე, რამდენიმე ჩემმა კოლეგამ კიდეც გაიკვირვა, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ მსოფლიო სტანდარტების მიხედვით და ვიყოთსამართლიანი იმ სიკეთით, რასაც ჩვენ ვპირდებით აფხაზეთს, ისარგებლებენ აფხაზებიც, ქართველებიც, რუსებიც, სომხებიც, ყველა ვინც იქ ცხოვრობდა და ვინც დაუბრუნდება თავის მშობლიურ კერას.

მიუხედავად გაეროს და თანამეგობრობის, კერძოდ, რუსეთის დიპლომატიის წადილისა აფხაზი სეპარატისტები, რომლებსაც გარკვეული რეაქციული ძალები ბარაქიანად კვებავდნენ და კვებავენ, როგორც სამხედრო-პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური საშუალებებით, ჯიუტად უარყოფენ კონფლიქტის საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობით მოგვარებას. განაგრძობენ ეთნოწმენდას ანუ გენოციდს.

თუ პირველ ხანებში მსოფლიოს საზოგადოებას, უწინარესად, საინფორმაციო საშუალებების ძლიერი დეზინფორმაციული საქმიანობის გამო, მეტ-ნაკლებად სჯეროდა აფხაზ სეპარატისტთა ვითომდა სამართლიანი ბრძოლისა, ჩვენმა აქტიურობამ გაეროში, ევროკავშირსა და თანამეგობრობაში სასურველი ნაყოფი გამოიღო - მსოფლიომ დაინახა აგრესიული სეპარატიზმის საშინელი, ბარბაროსული სახე. დღითი დღე მკაცრდებოდა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების ტონი აფხაზ სეპარატისტთა მიმართ. ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოთა პირველი პირების ბუდაპეშტის შეხვედრაზე 1995 წლის დეკემბერში პირველად დაიგმო ეთნოწმენდა, რომელსაც აფხაზი სეპარატისტები ეწეოდნენ და ეწევიან. ეს დასკვნები გაიზიარა გაეროს უშიშროების საბჭომ თავის ახლახან მიღებულ დოკუმენტებში განსაკუთრებით ამა წლის 12 იანვარს მიღებულ რეზოლუციაში, რომელშიც „ეთნიკური მკვლელობის“ ტერმინიც კი გამოიყენება და აფხაზ სეპარატისტებს ედებათ ბრალი კონფლიქტის მშვიდობიანი გზის გამონახვის პროცესის ჩაშლაში.

დიდი მუშაობა გავწიეთ თანამეგობრობის ფარგლებში. მინდა შეგახსენოთ რამდენიმე მომენტი: ჯერ კიდევ ალმათში უმაღლეს დონეზე შეხვედრისას შევძელით დაგვერწმუნებინა კოლეგები აგრესიული სეპარატიზმის საჯაროდ დაგმობისა და მისი იზოლაციის აუცილებლობაში. მემორანდუმში, რომელიც ხელმოწერილ იქნა ამა წლის 19 იანვარს, კანონგარეშედ გამოცხადდა არა მარტო სეპარატიზმის, ნაციონალიზმის, შოვინიზმისა და ფაშიზმის პროპაგანდა, არამედ სეპარატისტული რეჟიმისათვის ნებისმიერი დახმარების გაწევა.

აფხაზეთში ბოლო ხანებში შექმნილი სიტუაცია, სამშვიდობო ჯარების არაეფექტიანობა (მათ ზურგს უკან და თვალწინაც გრძელდებოდა მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტა), გვიკარნახებდა მშვიდობიანი იერიშის გაძლიერების აუცილებლობას. ჩეჩნეთში მიმდინარე მოვლენები გვაძლევდა იმედს, რომ რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო წრეები ამჯერად უფრო გაგებით მოეკიდებიან ორ მთავარ მოთხოვნას - შევცვალოთ სამშვიდობო ძალების მანდატი ლტოლვილთა დაბრუნებისა და მათი უსაფრთხოების უფრო ქმედითი უზრუნველყოფისათვის და მიღებულიყო აფხაზ სეპარატისტთა მიმართ ზემოქმედების რეალური ზომები, რათა დროულად გადაწყვეტილიყო პოლიტიკური საკითხები, კერძოდ, საქართველოს საზღვრებს შიგნით აფხაზეთის სტატუსის მოდელი.

მზადება 19 იანვრის შეხვედრისათვის ადრევე დავიწყეთ. დეტალურად შემუშავებულ წინადადებებს, რომლებიც დაიგზავნა თანამეგობრობის მონაწილე ქვეყნებში, მოჰყვა პრეზიდენტის მიერ ნდობით აღჭურვილ პირთა გაგზავნა. საგარეო საქმეთა მინისტრმა და მისმა მოადგილეებმა დიდი მუშაობა გასწიეს ამ მიმართულებით. ექსპერტთა ჯგუფი გაიგზავნა მოსკოვშიც. ასეთი ერთობლივი მუშაობის შედეგად მომზადდა ორმაგი ბაზისი - თანამეგობრობის სახელმწიფოების პრეზიდენტთა დადებითი, ვიტყოდი, აქტიურად დადებითი პოზიცია, და საბოლოოდ შემუშავებული წინადადებები, რომლებსაც მხარს უჭერდნენ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროები.

როგორც უკვე ცნობილია, მოსკოვის სამიტმა მიიღო ორი უაღრესად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რადგანაც, ჩვენ მიერ შეთავაზებული წინადადებები სამშვიდობო ძალების მანდატის სერიოზულ შეცვლას ითვალისწინებდა, გადაწყდა, რომ ერთი თვის ვადაში საქართველოს, ხაზს ვუსვამ, საქართველოს წინადადებათა საფუძველზე უნდა შემუშავდეს ახალი მანდატი და დამტკიცდეს იგი სამუშაო ანუ გამოკითხვის წესით. ესე იგი სპეციალური შეკრება არ იქნება საჭირო. მხოლოდ იმ შემთხვევაში სამშვიდობო ძალები, რომლებსაც ამჯერად მხოლოდ სამი თვით გაუგრძელდათ აფხაზეთში ყოფნის ვადა, დარჩებიან კონფლიქტის ზონაში. არსებული სახის მანდატით სამშვიდობო ძალების ყოფნას აფხაზეთში არავითარი აზრი არა აქვს და ეს კარგად ესმით დღეს იმათ, ვისაც ეს ეხება. პარალელურად, დღეიდანვე ამუშავდება ზომები, რომლებიც ისახავენ აფხაზ სეპარატისტთა სრულ პოლიტიკურ, სამხედრო, სავაჭრო, ეკონომიკურ, ფინანსურ და სხვა მიმართულებით იზოლაციას.

პირველად საერთაშორისო სახის დოკუმენტში აისახა ჩვენი მოთხოვნა - არა მარტო დაგმობილ იქნეს სეპარატიზმი, არამედ გამოყენებულ იქნეს ზემოქმედების კოლექტიური ღონისძიებანი.

გადაწყვეტილება „აფხაზეთში (საქართველო) კონფლიქტის მოწესრიგების შესახებ“ არა მარტო ცალსახად აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, არამეს ახალ ფორმულასაც განმარტავს - თანამეგობრობის სახელმწიფოების მეთაურები ადასტურებენ, რომ აფხაზეთი არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი, ამიტომ ისინი აკრძალავენ ყოველგვარ სამხედრო და სხვა სახის დახმარებას, ხოლო საქართველოს მთავრობის გარეშე არ განახორციელებენ სავაჭრო-ეკონომიკურ, საფინანსო, სატრანსპორტო და სხვა ოპერაციებს აფხაზური მხარის ხელისუფლებასთან; მონაწილე სახელმწიფოები არ დაუშვებენ თავის ტერიტორიებზე აფხაზეთის ოფიციალური წარმომადგენლობების, აგრეთვე იმ პირების ფუნქციონირებას, რომლებიც ოფიციალურად წარმოადგენენ ამ ხელისუფლებას.

უნდა ითქვას, ზოგიერთი ფორმულა უკვე პლენარულ სხდომაზე დაზუსტდა ჩვენი პრინციპული პოზიციის გათვალისწინებითა და უზბეკეთის, უკრაინის, აზერბაიჯანის, მოლდოვის, ყაზახეთის, სომხეთისა და სხვა ლიდერთა აქტიური მხარდაჭერით, რაც რუსეთის პრეზიდენტმაც გაიზიარა.

დასახული ღონისძიებანი განიხილება როგორც ერთადერთი საშუალება აფხაზ სეპარატისტთა მოთოკვისა და იძულებისათვის. დაადგენენ პრობლემის კონსტრუქციული გადაწყვეტის გზას, რათა თავიდან ავიცილოთ ახალი სისხლისმღვრელი კონფლიქტი.

ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ საქართველო არ განიხილავს ამ ზომებს როგორც აფხაზეთში მცხოვრებ ადამიანთა შიმშილით განადგურების საშუალებას. პირიქით, ჩვენ ყველა ზომას მივიღებთ, რათა იმ მოსახლეობას, რომელიც დარჩა კონფლიქტის ზონაში ან ვინც ახლო მომავალში დაბრუნდება თავის სახლებში, არ შეექმნას რაიმე სიძნელე ამ მხრივ, მაგრამ ყველა ასეთი ღონისძიება უნდა ხორციელდებოდეს საქართველოს მთავრობის ნებართვითა და კონტროლით.

მას შემდეგ, რაც გაერო მხარს დაუჭერს ზემოქმედების ზომებს (და მე იმედი მაქვს, რომ მხარს დაუჭერს და მოუწოდებს სხვა ქვეყნებს მიბაძონ თანამეგობრობის მაგალითს), აფხაზ სეპარატისტთა იზოლაცია მსოფლიო მასშტაბს მიიღებს, როგორც ხედავთ, მოსკოვის შეხვედრა მართლაც იქცა საქართველოს დიპლომატიის სამართლიანი მოთხოვნის აღიარების დღედ.

დადგა დრო, აქტიურად ჩავებათ ზემოქმედების ზომების რეალიზაციის საქმეში. აქ ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული მესაზღვრეებზე. ყველა ძალოვანმა სამინისტრომ თავისი როლი უნდა შეასრულოს, გადრა ამისა, ფინანსთა სამინისტრომ, საბაჟო დეპარტამენტმა, სხვა სამინისტროებმა და დეპარტამენტებმა ღრმად უნდა შეისწავლონ მიღებული გადაწყვეტილება, დაუკავშირდნენ თავის მონათესავე სამინისტროებსა და უწყებებს თანამეგობრობის ქვეყნებში და მათთან ერთად დასახონ ღონისძიებანი ამ გადაწყვეტილების მაქსიმალური ეფექტიანობით გამოყენებისათვის. მთელ ამ მუშაობას კოორდინაციას გაუწევს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

რაც შეეხება მანდატის განსაზღვრას, მანდატის შინაარსის, საგნის განსაზღვრას, ამ საქმეში ძალიან დიდი იმედი გვაქვს ბატონი ნადიბაიძის მუშაობისა, მის კოლეგებთან ერთად. ვფიქრობ, რომ ეს თვე გადამწყვეტი იქნება სწორედ მანდატის შინაარსის განსაზღვრის თვალსაზრისით.

თანდათან იკვეთება ქართულ-ოსური კონფლიქტის შედარებით სწრაფად მოგვარების პერსპექტივაც. ჩვენ უფრო გაბედულად უნდა ვიმუშაოთ (მე მინდა ამის შესახებ დღეს ვთქვა საყოველთაოდ და საჯაროდ), ამ რეგიონის პოლიტიკური სტატუსის საკითხზე, რეალურად დავიწყოთ ქართული და ოსი ლტოლვილების დაბრუნება იმ ადგილებში, საიდანაც ისინი განდევნეს. საქართველოს ისტორიაში სამარცხვინო ლაქად დარჩება ოსი მოქალაქეების გაძევება თბილისიდან, ბორჯომის ხეობიდან, სხვა რეგიონებიდან. ახალი კონსტიტუცია იმის გარანტიას იძლევა, (ვლაპარაკობ ოსებისა და ყველა ეროვნული უმცირესობის საყურადღებოდ), რომ აღარასოდეს მსგავსი რამ არ განმეორდება. ამასთან, ცხინვალში უნდა გაიგონ, რომ რუსეთის სამშვიდობო ბატალიონის იქ ყოფნა დროებითი მოვლენაა. ამის შესახებ მე და ბატონ ელცინს გვქონდა საუბარი. დაახლოებით განისაზღვრა კონტურებიც, როდემდე შეიძლება გაგრძელდეს ამ ბატალიონის იქ ყოფნა. საჭირო და აუცილებელია ქართველებმა და ოსებმა, რაც შეიძლება ჩქარა მოძებნონ შეთანხმებისა და შერიგების გზები. ეს ტენდენციები დაიწყო, უნდა გითხრათ, რომ გორელები და შიდა ქართლის რაიონების ხელმძღვანელები აქტიურად მუშაობენ, მოსახლეობა უკვე კონტაქტშია ერთმანეთთან და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ორი ხალხის შერიგების პროცესი რაც შეიძლება აქტიურად წარიმართოს.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი ვალია და ამ მისიის აუცილებელი განხორციელების იმედით ვამთავრებთ ჩვენს შეხვედრას.

საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 30 იანვარი. - 17(2130). - 1,2,3 გვ.

18 მოლაპარაკების დაჩქარებით, შერიგებით აფხაზეთშიც და მთელ საქართველოშიც ნორმალური ცხოვრება დაისადგურებს

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 5 თებერვლის რადიოინტერვიუ

საქართველოს პრეზიდენტმა 5 თებერვლის რადიოინტერვიუ, რომელსაც ჟურნალისტი ნატო ონიანი უძღვებოდა, ეკონომიკური სფეროს ანალიზით დაიწყო.

- რამდენიმე სიტყვა მინდა ვთქვა იანვრის თვეში სახალხო მეურნეობის მუშაობის შედეგებზე. მართალია, სრული, დაზუსტებული ცნობები იანვარში ეკონომიკის ფუნქციონირების შესახებ ჯერ ხელთ არა გვაქვს, მაგრამ ოპერატიული მონაცემები გვაძლევს შესაძლებლობას ვილაპარაკოთ რეალურ სიტუაციაზე, რიგ დადებით თუ უარყობით ტენდენციებზე.

ქვეყნის ეკონომიკური ცხოვრების ნომერ პირველ პრობლემად კვლავ 1996 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა რჩება, რაც ამჟამად პარლამენტის კომიტეტებში პრაქტიკულად დამთავრდა. უახლოეს დღეებში განხილვის შედეგების მიხედვთ პროექტი დაზუსტდება და კონსტიტუციის შესაბამისად პრეზიდენტი წარუდგენს პარლამენტის პლენარულ სხდომას. უნდა ითქვას, რომ ცნობილი მიზეზების გამო (არჩევნები, კონსტიტუციის ძალაში შესვლა მხოლოდ 25 ნოემბრიდან და ზოგიერთ სხვა) ბიუჯეტის შედგენისა და განხილვის ვადები შემჭიდროვდა. მაგრამ ასეთი ხანგრძლივი მსჯელობა ბიუჯეტის პროექტის შესახებ საქართველოში არასოდეს არ ყოფილა, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ჩვენთან უკვე აღარ არის ხარჯების ნუსხა, არამედ ქვეყნის ძირითადი ეკონომიკური დოკუმენტია, რომლის სრულყოფაში უაღრესად დიდად არის დაინტერესებული როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო ხელისუფლება, ყველა მოქალაქე. ამგვარად დაინტერესებამ საგრძნობლად სრულყო თავდაპირველი პროექტი, რომლის მოკლე დროში დამტკიცება 1996 წლის სოციალურ-ეკონომიკური პროგრამის რეალიზაციის მთავარი პირობა იქნება. მან მნიშვნელოვანწილად უნდა მოხსნას იმ პრობლემათა ნაწილი მაინც, რომლებიც ამჟამად არის ფინანსთა სამინისტროს, საგადასახადო, საბაჟო სამსახურის საქმიანობაში, როგორც შემოსავლების მობილიზაციის, ასევე მთელი რიგი მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ღონისძიებების დაფინანსებაში, განსაკუთრებით, სოციალურ სფეროში.

აღნიშნული პრობლემები რომ სერიოზულია, ამას იანვრის შედეგებიც მეტყველებს. იანვარში საბაჟო სისტემიდან სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხულია მილიონ ოთხასი ათასი ლარი, რაც ორნახევარჯერ აღემატება 1995 წლის იანვრის ფაქტობრივ მაჩვენებელს. მაგრამ, ეს თანხა ჯერჯერობით საპროგნოზო მოცულობის მხოლოდ 76 პროცენტს შეადგენს. საქმე ის გახლავთ, რომ პროგნოზის განსაზღვრისას ნაგულისხმევი იყო საგადასახადო სისტემის მოწესრიგების მთელ რიგ ღონისძიებათა რეალიზაცია, რომლებიც 1996 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტითაა გათვალისწინებული. უნდა ვთქვა, რომ ჯერჯერობით არ გვაკმაყოფილებს თვით საბაჟო დეპარტამენტისა და მთელი სისტემის საქმიანობა.

საგადასახადო ინსპექციის წინასწარი მონაცემებით, ცენტრალური და ტერიტორიული ბიუჯეტის აკრეფილი საგადასახადო შემოსავლები სავარაუდოდ 14,5 მილიონ ლარს შეადგენს, რაც 3,7-ჯერ აღემატება შარშანდელ იანვარში მიღწეულ დონეს. აღნიშნული მოწმობს, რომ აუცილებელია როგორც შემოსავლების მობილიზაციის ტემპის გაძლიერება, ისე შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება, რომ დარიცხული თანხები დროულად და სრულად იყოს მოხვედრილი ცენტრალური ბიუჯეტის ანგარიშზე. ამაზე გვქონდა ძალიან პრინციპული საუბარი მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე.

ბიუჯეტის შევსებაში გადამწყვეტი სიტყვა მაინც წარმოებამ უნდა თქვას. ეკონომიკის სამინისტროს ოპერატიული მონაცემებით, მწვავე ენერგეტიკული კრიზისის მიუხედავად, მრეწველობის დეპარტამენტის, ჰოლდინგ, „საქსამთომეტალურგიისა“ და ჰოლდინგ „საქსამთოქიმიის“ საწარმოების მიხედვით იანვარში წარმოებულია 7 მილიონ 200 ათასი ლარის სასაქონლო პროდუქცია, რაც სერიოზულად უსწრებს 1995 წლის იანვრის დონეს. მართალია, იანვარში ელექტროენერგიის მკვეთრი შეზღუდვების გამო ეკონომიკის სამინისტროს მრეწველობის დეპარტამენტის სისტემაში მხოლოდ 20 პროცენტი მუშაობდა, მაგრამ მაინც შესაძლებელი გახდა წარმოების მოცულობის მნიშვნელოვანი მატება. ამავე დეპარტამენტის საწარმოებმა, მათივე მონაცემებით, აწარმოეს 3 მილიონი ლარის პროდუქცია, რაც ერთნახევარჯერ მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ესეც სასიხარულო ტენდენციაა. დეპარტამენტის სისტემაში წარმოებული პროდუქციის 75 პროცენტი მოდის რუსთავის ქიმკომბინატზე. აღინიშნება ასევე მსუბუქი მრეწველობის პროდუქციის მატება, რაც ძირითადად განაპირობა ქუთაისის ორი სააქციო საზოგადოების „კოლხური აბრეშუმისა“ და „იმერეთის“ მიღწევებმა.

სამწუხაროდ, სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ჯერჯერობით არ გააჩნია ოპერატიული მონაცემები, დროა უკვე ჰქონდეთ.

საერთოდ, სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მოუწევს ძირეულად გადახედოს არა მარტო გადამმუშავებელი მრეწველობის ფუნქციონირების პროცესების მართვის მეთოდებს, არამედ გააძლიეროს საკუთარი როლი სასურსათო პოლიტიკის განხორციელებაში, მათ შორის, ქვეყნის ხორბლით უზრუნველყოფის საქმეში. ეს მათ არაერთხელ შევახსენე.

ბოლო დღეებში საზოგადოებრიობის ყურადღება მიპყრობილი იყო პურის ფასების მომატების საკითხისადმი. მინდა ამ საკითხზეც ორიოდე სიტყვა ვთქვა. ეკონომიკის, ფინანსთა, სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების, სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროებმა მიიღეს ეს გადაწყვეტილება ფასთასხვაობის სრული კომპენსაციის პირობებში (სამწუხაროდ, ჩვენს პროპაგანდაში ამ მთავარ მხარეს ყოველთვის არ ექცევა ყურადღება - ჩვენ 15 დღით ადრე შევძელით კომპენსაციის განხორციელება). საცალო ფასების გადიდება, როგორც გამოცხადებულია, მოხდა 15 თებერვლიდან. ცხადია, ეს მაინც იძულებითი ღონისძიებაა, რომელიც განპირობებულია საკუთარი რესურსების სიმწირითა და მსოფლიო ბაზარზე მარცვლეულის ფასის გაორმაგებით (ბოლო წლების განმავლობაში ასეთი რამ არ მომხდარა). შარშან ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის დახმარებით საქართველომ თითქმის ნახევარი მილიონი ტონა ხორბალი მიიღო, მაგრამ მათი დახმარების პოლიტიკა უკვე ორიენტაციას იღებს ჩვენი საკუთარი შესაძლებლობის გააქტიურებაზე. პურის რეალიზაციით ამოღებული თანხების მნიშვნელოვანი ნაწილი მოხმარდება საკუთარი წარმოების განვითარებას. ამასთან, უნდა გადაწყდეს პურპროდუქტების კორპორაციაში გარკვეული საბრუნავი კაპიტალის ჩამოყალიბების ამოცანა, რათა შევძლოთ მარცვლეულის რესურსების დამოუკიდებლად შეძენა. პური ხომ სწრაფადრეალიზებადი პროდუქტია და მასზე მოთხოვნის მოცულობა პრაქტიკულად სტაბილურია. ეს კი გარანტირებულს ხდის პურის ბიზნესს. ბიზნესმენებს ახლა ძალიან დიდი საშუალება აქვთ. ჩვენ წინადადება შეგვაქვს პარლამენტში, რომ მარტო ხორბალი იყოს პროდუქციის ის სახეობა, რომელიც არ დაიბეგრება, რაც ძალიან დიდი სტიმული უნდა გახდეს ხორბლის შემოტანისა და წარმოებისათვის ქვეყანაში.

იმის მიუხედავად, რომ იანვარში ჩვენმა ენერგოსისტემამ გამოიმუშავა 583 მილიონ კილოვატსაათი ელექტროენერგია, ანუ გასული წლის იანვართან შედარებით 8,5 პროცენტით მეტი, ვითარება ენერგოსისტემაში კვლავ და კვლავ რთულია. ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობას ბოლო უნდა მოეღოს, სხვაგვარად ენერგოკრიზისიდან ქვეყანა ვერ გამოვა. ელექტროენერგიის წარმოებისათვის სათბობის მინიმალური რაოდენობის შეძენის უზრუნველსაყოფად 1996 წლის 31 იანვარს გამოიცა პრეზიდენტის ბრძანებულება, რომლის ძალითაც ქალაქებსა და რაიონებს დაევალათ 5 თებერვლამდე დაფარონ დებიტორული დავალიანებები, როგორც მინიმუმი, 10 პროცენტით, ხოლო ელექტროენერგიის მსხვილ მომხმარებლებს - 25 პროცენტით. ეს, როგორც კანონი, ისე უნდა მიეღო ყველას. რეგიონული მმართველობის ყველა რგოლის პირველ პირებს დაკისრებული აქვთ პერსონალური პასუხისმგებლობა ამ კამპანიის ორგანიზებულად და დროულად დამთავრებისათვის. მომავალი ინტერვიუსათვის, ალბათ, გვექნება მკაცრი საუბარი იმათ მიმართ, ვინც აღნიშნულ დავალებას თავს ვერ გაართმევს.

დავრწმუნდი, რომ, თუ მოვინდომებთ, ძალიან ბევრის გაკეთება შეიძლება. რესპუბლიკურ შეხვედრაზე - მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე გამოითქვა სერიოზული შენიშვნები სამტრედიის რაიონის მისამართით, რის შემდეგაც სამტრედიის რაიონში გრაფიკსაც იცავენ და გადასახდელი თანხებიც გადაურიცხეს საქენერგოს. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობის სიტყვებით მივმართო რაიონის გამგებელს ნოდარ ძნელაძეს და რაიონის მთელ მოსახლეობასაც.

ასეთია ზოგიერთი მოსაზრება ეკონომიკასთან დაკავშირებით.

- კვლავ ეკონომიკის თემას განვაგრძობთ. გუშინ სამგორის რაიონში გაზის ჭაბურღილი მოინახულეთ. პრინციპში, ბოლო ხანს, ენერგეტიკის თვალსაზრისით, ქვეყანაში ბევრი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. დავიწყებ იმით, რომ ჯერ იყო სუფსის მოედანი, შემდეგ ერთობლივი ქართულ-ინგლისური ნავთობკომპანია, შემდეგ - „შევრონის“ პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში, და აი, უკვე შვეიცარული კომპანია „ნეშიონალ პეტროლიუმი“ და მისი საძიებო სამუშაოები, კვლავ ერთობლივი კომპანია „იორის ველი“ და პირველი შედეგები. გუშინ თქვენ აპრობაციას დაესწარით და მთელი ქვეყნის მოსახლეობის გასაგონად განაცხადეთ, რომ გვექნება სითბო და გაზი...

- საქართველოსადმი ნავთობის უდიდესი კომპანიების ინტერესი, რა თქმა უნდა, შემთხვევითი არ არის. თავის დროზე გახლდით სუფსაში, პირველმა ჭაბურღილმა, როგორც იტყვიან, პირველი ნიშანი მოგვცა - ამოღება დღე-ღამეში 20-25 ტონას შეადგენს, სამუშაოები გაგრძელდება. მიმდინარეობს სხვა მოედნების ათვისებაც, კერძოდ, აღმოსავლეთ საქართველოში. მაგრამ გაზის საბადოები თბილისის გარშემო მაინც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. როგორც უცხოელი და ჩვენი სპეციალისტებიც ამტკიცებენ, საქმე გვაქვს სერიოზულ მარაგთან. ციფრებს არ ვასახელებ (ასტრონომიულ ციფრებს მისახელებენ, მეუხერხულება კიდეც ამის დასახელება), არ ვასახელებ მხოლოდ და მხოლოდ გარკვეული სიფრთხილის გამო. ხანდახან ათასჯერ გადამოწმებული პროგნოზებიც არ ამართლებს ხოლმე. ისე კი, შემიძლია ვთქვა, რომ საბადოები მნიშვნელოვანი (ამაზე უკვე აღარავინ არ დაობს) და თუ ბურღვის ტემპს დავაჩქარებთ, უნდა დავაჩქაროთ კიდეც, ხელშესახებ შედეგს ადრე მივიღებთ. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ გაზსადენების მთელი სისტემა ჩვენთან აშენებულია, მწყობრშია და ამისთვის დიდი კაპიტალდაბანდებების ძიება საჭირო არ იქნება. ესე იგი, თუ მივიღებთ გაზს, იგი თითქმის ავტომატურად შეიძლება ჩაერთოს სისტემაში. ვიქონიოთ იმედი, რომ იქნება დიდი გაზი.

- გასულ კვირას რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თანამეგობრობის ქვეყნებთან ურთიერთობის კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ტიხონოვმა, ფაქტობრივად, პირველმა დაარღვია 19 იანვრის უმაღლესი დონის შეხვედრის გადაწყვეტილება. ვგულისხმობ არძინბასთან ერთობლივ პრესკონფერენციას. პრინციპში, ეს არძინბას პრესკონფერენცია იყო, მაგრამ ტიხონოვმაც გააკეთა იქ განცხადებები. შემდეგ არძინბა შეხვდა ვიცე-პრემიერს ბოლშაკოვს, საგარეო საქმეთა მინისტრს პრიმაკოვს. კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი: როგორც ჩვენი უშიშროების სამსახური იუწყება, ფაქტობრივად სოხუმის ნავსადგური გახსნილია, როგორ ნაბიჯს გადადგამს ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლება? ჯერჯერობით იყო პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება და მიმართვა რუსეთის სათათბიროს თავმჯდომარისადმი...

- რაც შეეხება ტიხონოვის განცხადებებს, კომენტარებს არ შევუდგები. თქვენ მიაქციეთ ყურადღება ბატონ ზურაბ ჟვანიას კატეგორიულ განცხადებას მის გამოსვლასთან დაკავშირებით. მინდა ვთქვა, რომ მის შეფასებებს აბსოლუტურად ვიზიარებ და ვუერთდები. თანამეგობრობის ქვეყნების 19 იანვრის გადაწყვეტილებებმა ფართო რეზონანსი მიიღო საერთაშორისო მასშტაბით და, რა თქმა უნდა, თანამეგობრობის სივრცეშიც. ახლა გაცილებით უკეთესი ფონია მოლაპარაკებისა და კონფლიქტის მოგვარებისათვის და გააქტიურების პროცესი - ბატონ პრიმაკოვთან არძინბას გამოძახება, შეხვედრა ბოლშაკოვთან და სხვა სახელმწიფო მოღვაწეებთან - რა თქმა უნდა, შემთხვევითი არ არის. მოსკოვში მრავალმხრივი მოლაპარაკების პროცესი მიმდინარეობს.

საზღვარი დაიკეტება, ამის თაობაზე გვაქვს პრინციპული შეთანხმება, გამოვიდა ჩემი ბრძანებულება. ბუნებრივია, მე მესმის აფხაზეთში დარჩენილი მოსახლეობის შეშფოთება ამ ეკონომიკურ სანქციებთან და შეზღუდვებთან დაკავშირებით. მე განვაცხადე, რომ ისინი ჩვენი მოქალაქენი არიან და არ ვფიქრობ მათ ბედის ანაბარად მიტოვებას - რაც აუცილებელია არსებობისათვის, ისინი მიიღებენ, მაგრამ მიიღებენ საქართველოს მთავრობის თანახმად, ისე, როგორც 19 იანვარს მოსკოვში მიღებულ გადაწყვეტილებაშია აღნიშნული. ეს გადაწყვეტილება კი ასე უნდა გვესმოდეს და ასე უნდა შესრულდეს.

მე ვთავაზობ აფხაზეთის ხელმძღვანელებს, იქ დარჩენილ მოსახლეობას: დავაჩქაროთ მოლაპარაკება, დროულად განვახორციელოთ შერიგების პროცესი და აფხაზეთიც და მთელი საქართველო ძალიან ადრე დაუბრუნდებიან ცხოვრების ნორმალურ რიტმს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ერთიანი სახელმწიფოს ფარგლებში აფხაზეთის რესპუბლიკას ექნება თავისი კონსტიტუცია, თავისი პარლამენტი, ჰიმნი, დროშა, გერბი, უმაღლესი სასამართლო და აღმასრულებელი სტუქტურები, სხვა მრავალი სახელმწიფოებრივი ატრიბუტი. კონფლიქტის დაძლევისთანავე დაიწყება მოსახლეობის ორგანიზებული დაბრუნება, აღდგება რკინიგზა (ეს შეიძლება ძალიან სწრაფად გაკეთდეს - ორ-სამ თვეში), საავტომობილო ტრასები (კიდევ უფრო სწრაფად), დაიწყება უცხოური კაპიტალის დიდი ოდენობით მოდინება. მაქვს უკვე გარანტიები, რომ რუსეთის კაპიტალს, დასავლეთის კაპიტალს ძალიან აინტერესებთ ეს რეგიონი. ამის შედეგად, ორ-სამ წელიწადში აფხაზეთი, ჭრილობებმოშუშებული, აყვავებული მხარე იქნება. ძალიან მინდა, რომ ეს სიტყვები მოისმინონ იქ დარჩენილმა მოქალაქეებმა. რასაც ახლა ვამბობ, ამაში არ არის იოტისოდენა გადაჭარბება. ყველაფერი ასე იქნება.

- ამ ბოლო პერიოდში საქართველო მრავალი ვიზიტის მომსწრე ყოფილა. მაგრამ, ალბათ, განსაკუთრებულად შთამბეჭდავი და გამორჩეული იყო კინკელის ვიზიტი საქართველოში...

- თქვენ იცით, რომ ძალიან დატვირთული და კონკრეტული შეხვედრები იყო, მათ შორის, საქმიან წრეებთან. კინკელმა ინვესტორთა ძალიან დიდი რაზმი ჩამოიყვანა, მათ შორის, ისეთი კომპანია, როგორიცაა „სიმენსი“, სხვა ცნობილი კომპანიები. ისინი დარწმუნდნენ, რომ საქართველოსთან ურთიერთობა ხელსაყრელია. გარდა ამისა, საჯაროდ და საქვეყნოდ ერთხელ კიდევ განაცხადა, რომ გერმანია კისრულობს ვალდებულებებს აქტიურად დაეხმაროს საქართველოს კრიზისიდან გამოსვლაში.

არის თუ არა რაიმე პრაქტიკული შედეგი? გუშინ მივიღე გერმანიაში ჩვენი ელჩის ბატონ კოტე გაბაშვილის და საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობის მინისტრების ბატონ კოტე ზალდასტანიშვილის შეტყობინება იმის შესახებ, რომ ეკონომიკური თანამშრომლობის, საგარეო, საქმეთა და ფინანსთა ფედერალური სამინისტროების მიერ შექმნილმა სამინისტროთაშორისო კომისიამ ეკონომიკის ფედერალური სამინისტროს თავმჯდომარეობით 30 იანვარს გამართულ სხდომაზე მიიღო ჩვენი ქვეყნისათის მეტად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, საქართველოსათვის გერმანულ კერძო კრედიტებზე „ჰერმესის“ გარანტიების გაცემის ხაზის შესახებ. ეს ძალიან დიდი მოვლენაა. აქამდე „ჰერმესი“ - გერმანიის მთავარი სადაზღვევო კომპანია - საქართველოს განიხილავდა, როგორც არასტაბილურ ქვეყანას და ის პრაქტიკულად პოტენციურ ინვესტორებს დაზღვევას, გარანტიებს არ აძლევდა. უამისოდ კი ლაპარაკი ინვესტიციების მოზიდვაზე ზედმეტია. ახლა ეს ხაზი გახსნილია, რაც დიდ იმედებს გვაძლევს, რომ გერმანული ბიზნესი საქართველოში გაბედულად შემოვა, „ჰერმესი“ საკრედიტო ხაზის გახსნის ფონზე მნიშვნელოვანია, რომ გერმანიაში აქტიურად იხილება საქართველოს ენერგეტიკული პრობლემები, მათ შორის, თბილსრესის მეათე ბლოკის დამთავრების პერსპექტივა და ამ საქმეში, გერმანიის მონაწილეობა უკვე მიმდინარე წლის შემოდგომაზე.

მოლაპარაკების დაჩქარებით, შერიგებით აფხაზეთშიც და მთელ საქართველოშიც ნორმალური ცხოვრება დაისადგურებს / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 6 თებერვალი. - 21(2134). - 1,3 გვ.

19 „იქ სადაც თქვენ ხართ, მუდამ ჭეშმარიტი დღესასწაულია“

▲ზევით დაბრუნება


ბატონ მიხეილ თუმანიშვილს

ბატონო მიშა,

დაბადების 75 წლისთავსა და თქვენი პირმშოს - კინომსახიობის თეატრის დაარსების 20 წლისთავს გილოცავთ.

მე ვამაყობ იმით, რომ ჩვენს შორის დადის თანამედროვეობის დიდი რეჟისორი, დიდი პედაგოგი და ხელოვნების ჭეშმარიტი დამფასებლების არსთამპყრობელი, ყველასაგან გამორჩეული და ყველას მიერ აღიარებული განსაკუთრებული ხელოვანი - მიხეილ თუმანიშვილი.

ძნელია, რაიმე ახალი გითხრათ, რადგან ყველამ იცის, თქვენ, ქართული თეატრის რეფორმატორმა, პრინციპულად შეცვალეთ ქართული თეატრალური აზროვნება და აღზარდეთ ახალი ტიპის მსახიობთა, რეჟისორთა და მაყურებელთა მთელი თაობები.

იქ, სადაც თქვენ ხართ, მუდამ ჭეშმარიტი დღესასწაულია. დიდი მადლობა ამისათვის.

გავიგე, ახალი სპექტაკლის დადგმა დაგიწყიათ. დარწმუნებული ვარ, ისიც თქვენი დიდოსტატობის, სიბრძნისა და მუდმივი ახალგაზრდობის კიდევ ერთი ბრწყინვალე დასტური იქნება.

იმედი მაქვს, პრემიერაზე კიდევ ერთხელ დაგიდასტურებთ ჩემს პატივისცემასა და სიყვარულს.

პატივისცემით
ედუარდ შევარდნაძე.

„იქ სადაც თქვენ ხართ, მუდამ ჭეშმარიტი დღესასწაულია“ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 7 თებერვალი. - 22(2135). - 1 გვ.

20 კრიზისის დაძლევის, მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის, დიდი რეფორმებისა და საბაზრო ეკონომიკის ფორმირების სახელმწიფო ბიუჯეტი

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის მოხსენება 1995 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წინასწარი შედეგებისა და 1996 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ პარლამენტის სხდომაზე 1996 წლის 9 თებერვალს

1. კონსტიტუცია და ბიუჯეტი

ბატონო პარლამენტარებო!

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს კონსტიტუციის 98-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტია უფლებამოსილი პარლამენტს და ხალხს წარუდგინოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი.

კონსტიტუციის ეს მოთხოვნა იმაზე მიგვანიშნებს, რომ ბიუჯეტი უპირველესი საზრუნავია ქვეყნის, განსაკუთრებით მისი განვითარების გარდამავალ ეტაპზე. ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლება პარლამენტთან ერთად ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის, კეთილდღეობის უზრუნველყოფის ამ უმთავრესი ბაზისის შექმნისა და აღსრულების გარანტად გვევლინება.

ნება მიბოძეთ, აღვასრულო ჩემი კონსტიტუციური მოვალეობა და ძირითადი კანონის თანახმად წარვუდგინო პარლამენტს განსახილველად და დასამტკიცებლად 1996 წლის ბიუჯეტის პროექტი, კანონპროექტი ახალი ბიუჯეტის შესახებ და მოხსენება, ყოველ შემთხვევაში, ძირითადი ინფორმაცია 1995 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წინასწარი შედეგებისა და 1996 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ.

სულ მოხსენება 1995 წლის ბიუჯეტის შესრულების საბოლოო შედეგების თაობაზე კონსტიტუციის თანახმად პრეზიდენტის მიერ პარლამენტში წარმოდგენილი იქნება მიმდინარე წლის 1 აპრილამდე.

კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტს არა მარტო შემოაქვს ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში, არამედ ხელსაც აწერს სახელმწიფო ბიუჯეტს და ბუნებრივია, ის პასუხს აგებს მასზე.

მე კარგად მესმის, რომ ეს კონსტიტუციური ნორმა კიდევ უფრო აძლიერებს პრეზიდენტის პასუხისმგებლობას პარლამენტის, ხალხისა და, თუ გნებავთ, ქვეყნის ისტორიის წინაშეც და სწორედ ამიტომ, პრეზიდენტი და შესაბამისი სამინისტროები, მთელი აღმასრულებელი ხელისუფლება დიდი პასუხისმგებლობით, მე ვიტყოდი, წინდახედულობის, სიფრთხილის გრძნობით მოეკიდა ფაქტობრივად პირველი, მეტნაკლებად დაბალანსებული ბიუჯეტის შედგენას, საბაზრო ეკონომიკის, დამოუკიდებელი სამართლებრივი სახელმწიფოს ბიუჯეტშემოქმედების მეთოდოლოგიას, ბიუჯეტის პროექტის ყოველ ფინანსურ დეტალს, ყოველ სტატისტიკურ მონაცემს, ყოველ პრიორიტეტს, და ეს გასაგებია, რადგანაც ჩვენ ბიუჯეტის სახით საქმე გვაქვს არა იმდენად „ციფრების ჯამთან“, „ფედერალურ ბუხჰალტრულ გროსბუხთან“, და, მაშასადამე, არა მხოლოდ ფინანსურ გეგმასთან და დოკუმენტთან, არამედ, შეიძლება ითქვას, უპირატესად, პოლიტიკურ დოკუმენტთან. რადგანაც პოლიტიკის რეალიზაცია მთელ მის მრავალფეროვნებაში ძირითადად ბიუჯეტის შესრულების პროცესში ხდება.

წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტის შემუშავებასა და განხილვაში დიდი მონაწილეობა მიიღეს, პირველ რიგში, ფინანსთა სამინისტრომ, ეკონომიკის სამინისტრომ, ეროვნულმა ბანკმა, ყველა სამინისტრომ და უწყებამ. საკონსულტაციო ეკონომიკურმა საბჭომ, რომელიც ახლა იწყებს მოქმედებას, სახელმწიფო კანცელარიამ, ავტონომიურმა წარმონაქმნებმა, სამხარეო ადმინისტრაციებმა, პრეზიდენტის რწმუნებულებმა, გამგებლებმა, მერებმა, სამოქალაქო საზოგადოების სხვა სტრუქტურებმა.

განსაკუთრებით ხაზი მინდა გავუსვა იმ ფაქტორს, რომ ბიუჯეტის შემუშავებაში შეძლებისდაგვარად მონაწილეობდნენ მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, ეკონომიკის სამინისტოს სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და სხვა სამეცნიერო ცენტრები.

ხელისუფლების ყველა სტრუქტურამ მეტი უნდა გააკეთოს პოლიტიკის მეცნიერული საფუძვლების განმტკიცებისათვის.

ჩვენ დავრწმუნდით, რომ არის ამის მკაცრი საჭიროება. 1996 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს თავისებურებანი და სპეციფიკური ნიშნები აქვს. ის წარმოადგენს პრეზიდენტის აღმასრულებელი ხელისუფლების ანტიკრიზისული, ინდიკატური, 2000 წლამდე და უფრო შორეული პერსპექტივისათვის გათვლილი პროგრამის პარამეტრების საფუძველზე ეკონომიკური, ფინანსური, სოციალური კრიზისის დაძლევისა და მაკროეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილიზაციის ერთწლიან, საფინანსო წელზე გამოთვლილ ფინანსურ-ეკონომიკურ სამოქმედო პროგრამას.

კოორდინატორი, რა თქმა უნდა, იყო ფინანსთა სამინისტრო, რომელიც ამჟამად რეფორმირებული და რეორგანიზებულია პარლამენტის მიერ აღმასრულებელი ხელისუფლების შესახებ მიღებული ახალი კანონის შესაბამისად და რომლის შემადგენლობაში შევიდნენ საგადასახადო ინსპექცია და საბაჟო დეპარტამენტი. ეს სტრუქტურული და ინსტიტუციური ცვლილებები ბიუჯეტის პროექტის თვისებრიობასაც დაეტყო.

ეს იმას ადასტურებს, რომ სწორია პრეზიდენტისა და პარლამენტის გადაწყვეტილება სამინისტროს რეფომის თაობაზე.

მეორე - ბიუჯეტის პროექტში შესაძლებლობის ფარგლებში აისახა ეკონომიკური და სოციალური განვითარების პროგნოზები, ინდიკატური გეგმის მოთხოვნები, ძირითადი პრიორიტეტები, ტენდენციები, და მიმართულებანი, ვიმეორებ, შესაძლებლობის ფარგლებში, ამდენად ეს ერთწლიანი გეგმა ლოგიკურად მიბმულია პერსპექტიულ, ინდიკატურ მონაცემებთან და წარმოადგენს მის ორგანულ ნაწილს.

ამ საქმიანობის კოორდინატორი იყო ძირითადად ეკონომიკის სამინისტრო, რომელიც ამჟამად ფუნქციონირებს რეფორმირებული და სტრუქტურულად და ინსტიტუციურად რეორგანიზებული სახით პარლამენტის იმ დადგენილების საფუძველზე, რომელზეც უკვე გვქონდა საუბარი.

მესამე - ბიუჯეტის ფულად-საკრედიტო, სავალუტო პოლიტიკის ნაწილის კოორდინატორი, ფინანსთა სამინისტროსთან ერთად, ბუნებრივია, იყო ეროვნული ბანკი, რომელიც თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია, ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე, მაგრამ ის, იმავე დროს, როგორც ვამბობთ, ბანკთა ბანკი და მთავრობის ფისკალური აგენტია. მოგეხსენებათ კონსტიტუციაში მოხსენებული მთავრობა საპრეზიდენტო, აღმასრულებელი ხელისუფლებაა, რადგანაც რეფორმების შედეგად მინისტრთა კაბინეტი ტრადიციული სახით უკვე არ არსებობს. ამდენად, გარკვეულია საპრეზიდენტო ხელისუფლების, პარლამენტისა და ეროვნული ბანკის ინტერესები და ფუნქციები ბიუჯეტის შედგენის დროს.

მეოთხე - ბიუჯეტის შედგენა შეუძლებელია სოციალ-ეკონომიკური ინფორმაციის, სტატისტიკის თანამედროვე სამსახურის გარეშე, ეს ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემაა, რომელიც დღეს ჩვენს წინაშე დგას. სწორედ ეს სამსახური აძლევს სტატისტიკური ინფორმაციით არსებითად პირველად საფუძველს ფინანსთა სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროს, ეროვნულ ბანკს, სამინისტროებსა და უწყებებს და ა.შ. ამჯერად ამ სამსახურმა გარკვეული წვლილი შეიტანა სახელმწიფო ბიუჯეტის შედგენაში. მაგრამ მისგან მეტს მოველით და ჩვენი ამოცანაა, უახლოეს 2-3 თვეში ამ სამსახურის საქმიანობა გაიმართოს.

1997 წლის ბიუჯეტის შესადგენად ყველა სამთავრობო სტრუქტურამ, მათ შორის, სოციალურ-ეკონომიკური ინფორმაციის სამსახურმა ახლავე უნდა დაიწყოს მუშაობა 1997 წლის ბიუჯეტზე. მუშაობა ყველამ ერთად ახლავე უნდა დავიწყოთ.

მეხუთე - საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის რეკომენდაციების გათვალისწინებისა და დახმარების გარეშე ჩვენ ვერ შევძლებდით 1996 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შედგენას.

ჩვენ დიდ მადლობას ვუხდით საერთაშორისო სავალუტო ფონდს, მსოფლიო ბანკს, ევროკავშირს, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს საქართველოსათვის გაწეული მხარდაჭერისათვის.

ამასთან საჭიროა ფინანსთა სამინისტრომ, ეკონომიკის სამინისტრომ, ეროვნულმა ბანკმა, სხვა სამინისტროებმა და უწყებებმა რეფორმების განხორციელების დროს უფრო ანალიტიკურად, შემოქმედებითად და ეფექტიანად გამოიყენონ საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკის, სხვა ორგანიზაციების რეკომენდაციები, აუცილებელია უფრო მყარად დავდგეთ ეროვნულ ნიადაგზე სიტყვითაც და საქმითაც, თეორიულადაც და პრაქტიკულადაც, წინააღმდეგ შემთხვევაში მსოფლიო თანამეგობრობა ვერ დაამყარებს საქართველოსთან პარტნიორულ ურთიერთობას, რაც ასე აუცილებელია ჩვენი სუვერენიტეტის შემდგომი განმტკიცებისა და მსოფლიო ეკონომიკაში ეფექტიანი ადაპტირებისათვის.

ბიუჯეტის პროექტის პარლამენტში ოფიციალურად შემოტანამდე პრეზიდენტს, ბიუჯეტის პროექტის ავტორებს ჰქონდათ კონსულტაციები და საქმიანი კონტაქტები პარლამენტის თავმჯდომარესთან, მის მოადგილეებთან, საქართველოს პარლამენტის კომიტეტებთან, ქვეკომიტეტებთან, ფრაქციებთან, რასაც წინ უძღოდა პროექტის ერთგვარი განხილვა მთავრობაში პრეზიდენტის მონაწილეობით, 6 დღის განმავლობაში.

18 იანვარს შედგა პარლამენტის ბიუროს სხდომა, სადაც ფინანსთა მინისტრმა წარადგინა 1996 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის სამუშაო ვარიანტი ძირითადი პარამეტრების შესათანხმებლად, 22 იანვრიდან 6 თებერვლამდე პარლამენტის ყველა კომიტეტი ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად გარკვეულად შეთანხმდნენ ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრების განსაზღვრაში.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მოამზადა ბიუჯეტის პროექტზე საპარლამენტო დასკვნა, რომელიც განიხილა პარლამენტის ბიურომ.

ასეთი ინტენსიური მუშაობა პარლამენტისათვის საქართველოს ისტორიაში, მე მგონი, პირველია, როცა ყველა დეპუტატი ასეთი დიდი გულისყურითა და გულდასმით იხილავს სახელმწიფოს ერთ-ერთ უმთავრეს დოკუმენტს, ამისთვის მინდა მადლობა მოგახსენოთ ყველას.

შემდეგ ფინანსთა მინისტრმა წარუდგინა პრეზიდენტს ბიუჯეტის პროექტების საბოლოო ვარიანტი, სადაც შესაძლებლობის ფარგლებში შეტანილი იქნა ის ცვლილებები, რომლებსაც ითხოვენ პარლამენტის კომიტეტები და ცალკეული დეპუტატები.

დასკვნით ეტაპზე საქართველოს პრეზიდენტმა ოფიციალური დოკუმენტით მიმართა პარლამენტს და გადასცა ეს კანონპროექტი.

უნდა აღინიშნოს, რომ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ამ საკითხებთან დაკავშირებით გამოიკვეთა სხვადასხვა აზრი, კერძოდ, რომ ჯერ მიღებული იქნას კანონი საბიუჯეტო სისტემისა და უფლებების შესახებ (უფრო სწორედ, შეტანილ იქნეს ცვლილებები 1993 წლის 20 მარტს მიღებულ კანონში) და მერე კი კანონი 1996 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ, მაგრამ ეს გამოიწვევს ბიუჯეტის მიღების დიდი ხნით დაგვიანებას, რაც დიდ ზიანს მიაყენებს ეკონომიკას. პარლამენტმა გაიზიარა ეს წინადადება და მიმდინარე წლის 6 თებერვალს თვის პლენარულ სხდომაზე კანონში შეიტანა შესაძლო ცვლილებები, არა ყველა ცვლილება, რომლებიც აუცილებელია, მაგრამ ის ცვლილებები, რომლებიც დღეისათვის არის შესაძლებელი.

ამ პროცედურებიდან გამომდინარე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ბიუჯეტის გატანა დღემდე ვერ მოხერხდა.

მადლობას ვეუბნებით საპარლამენტო სტრუქტურებსა და პარლამენტარებს, რომლებმაც აქტიური კონსტრუქციული მონაწილეობა მიიღეს ბიუჯეტის პროექტის წინასწარ განხილვასა და აპრობაციაში.

ეს ყველაფერი გაკეთდა არა იმიტომ, რომ ვინმეს სურს თავიდან აიცილოს პერსონალური პასუხისმგებლობა, არამედ იმიტომ, რომ მიზანშეწონილია მოიძებნოს ბიუჯეტის შედგენისა და შემუშავებაში უმაღლესი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებათა საქმიანი თანამშრომლობის დღემდე არსებულზე უფრო რაციონალური, ოპტიმალური მეთოდები, მიდგომები, და გზები, და ეს დამკვიდრდეს, როგორც პრაქტიკა. მადლობა ღმერთს, დღევანდელი პარლამენტი თავისუფალია იმ პოლიტიკანური ცთუნებისაგან, რასაც ჰქვია ბიუჯეტის ჩაგდება, რაც დამახასიათებელია ბევრი სახელმწიფოსათვის, და ამ საფუძველზე მთავრობის შეცვლა. ჩვენ ყველანი ერთი მიმართულებით, ქვეყნის აღმშენებლობითი პროცესისათვის ყოველმხრივი მხარდაჭერის სულისკვეთებით ვმოქმედებთ.

მოგეხსენებათ, კონსტიტუციის თანახმად საქართველოს პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით იღებს კანონს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ.

იმედს გამოვთქვამ, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი მიღებული იქნება პარლამენტის მიერ.

იმავე დროს, უნდა ითქვას, რომ საჭიროა გააქტიურდეს კანონშემოქმედებითი საქმიანობა ბიუჯეტის შედგენისა და მიღების წესის არასრულყოფის მიზნით, ახალი კონსტიტუციის მოთხოვნების საფუძველზე.

1996 წლის ბიუჯეტი შედგენილია კონსტიტუციამდელი, 1993 წლის კანონის მიხედვით, იმ წელს ბიუჯეტი, ფაქტობრივად, არ გვქონდა, მაგრამ გვქონდა კანონი ბიუჯეტის შესახებ, წელს ბიუჯეტი გვაქვს, მაგრამ, სამაგიეროდ, კანონი არა გვაქვს იმ დონეზე, რომ ახალი კონსტიტუციის მოთხოვნებს შეესაბამებოდეს.

საჭიროა აღმასრულებელი ხელისუფლების, პირველ რიგში, სახელმწიფო მინისტრის, ფინანსთა სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროს, საკანონმდებლო ხელისუფლების, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების პოლიტიკის, საკონსტიტუციო, იურიდიულ საკითხთა და კანონიერების კომიტეტის, სხვა სტრუქტურების თანამშრომლობა, რომ მიმდინარე წლის 1 აპრილამდე ასეთი ახალი კანონი მივიღოთ.

ეს ხელს შეუწყობს მომავალი, 1997 წლის ბიუჯეტის დროულად და მაღალ დონეზე შედგენას და განახორციელებს, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას. ამის თაობაზე დროულად, ამთავითვე უნდა ვიზრუნოთ.

მოგეხსენებათ, კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტს პარლამენტს წარუდგენს 1 ოქტომბრამდე.

გასულ წელს, სამწუხაროდ, ეს ვერ მოხერხდა, მართალია, კონსტიტუცია მიღებულ იქნა 1995 წლის 23 აგვისტოს, მაგრამ პრეზიდენტის და პარლამენტის არჩევნები გაიმართა უფრო გვიან, 5 ნოემბერს, კონსტიტუცია ძალაში შევიდა 25 ნოემბერს, ახალი პარლამენტის ფუნქციონირების დაწყების შემდეგ.

გარდა ამისა, ცნობილია, რომ ჩვენი ბიუჯეტის შემდგენისა და დეფიციტის ლიკვიდაციაში აქტიურად მონაწილეობდნენ საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, ევროკავშირი და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები, მაგრამ ფინანსთა სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროს, ეროვნული ბანკის, სხვა უწყებების ურთიერთობა ამ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ბიუჯეტის საკითხებზე მათი რეკომენდაციების შესწავლა და გათვალისწინება ობიექტური მიზეზების გამო გაჭიანურდა, საბოლოო გადაწყვეტილებები დღემდე არ არის მიღებული, თუმცა ძირითადი საკონტროლო მონაცემები შეთანხმებულია და გათვალისწინებულია ბიუჯეტში. ამ მონაცემების გარეშე, რა თქმა უნდა, ბალანსი არ გამოვიდოდა.

წელს ფაქტის წინაშე ვდგავართ, მაგრამ მომავალში აღმასრულებელმა ხელისუფლებამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუშვას ბიუჯეტის პარლამენტში შეტანის თუნდაც ერთი დღით გადადება და გაჭიანურება.

კონსტიტუციური მოთხოვნა აუცილებლად ყოველ მიზეზს გარეშე უნდა სრულდებოდეს და ამის მაგალითს პრეზიდენტი და მთლიანად აღმასრულებელი ხელისუფლება უნდა იძლეოდნენ.

1995 წლის ბიუჯეტის შესრულების წინასწარი შედეგები წინა პარლამენტს უნდა მოესმინა, ბიუჯეტის შესრულების საბოლოო შედეგების შესახებ პრეზიდენტის მოხსენება მოქმედმა პარლამენტმა უნდა მოისმინოს საბიუჯეტო წლის დამთავრებიდან არა უგვიანეს სამი თვისა, ე. ი. მიმდინარე წლის 1 აპრილამდე.

კონსტიტუციის თანახმად, თუ პარლამენტმა ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე ვერ მოახერხა ბიუჯეტის მიღება, მაშინ სახელმწიფოს მიერ ადრე ნაკისრ ვალდებულებათა შესასრულებლად აუცილებელი ხარჯები დაიფარება წინა წლის ბიუჯეტის მიხედვით, სწორედ ასეთი ვითარება გვაქვს 1996 წლის იანვარში, უფრო სწორად, თებერვალში, რაც მთლად ნორმალური არ არის, ამიტომ საჭიროა 1996 წლის ბიუჯეტის პარლამენტში ოპტიმალურ ვადაში განხილვა და დამტკიცება, რომ ქვეყანაში თებერვალსა და მარტშიც იგივე მდგომარეობა არ შეგვექმნას, რაც იანვარში გვქონდა.

აქვე არ შეიძლება ორიოდე სიტყვა არ ითქვას კონსტიტუციის იმ მოთხოვნის შესახებ, რომლის თანახმადაც წელიწადში ორჯერ ბიუჯეტის შესრულების წინასწარი და სრული ანგარიშის წარდგენის დროს, კონტროლის პალატა პარლამენტს წარუდგენს მოხსენებას მთავრობის ანგარიშთან დაკავშირებით.

ეს კონსტიტუციური მოთხოვნა პრაქტიკაში, ფაქტობრივად, პირველად ხორციელდება. ამასთან დაკავშირებით, საჭირო იქნება საპროცედურო საკითხების გადაჭრა. ამ საკითხში საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებათა ურთიერთთანამშრომლობის თეორიის, მეთოდიკისა და პრაქტიკის გარკვევა და სათანადო ნორმატიული დოკუმენტების მიღება, და ეს პროცედურული საკითხები სულაც არ არის მეორეხარისხოვანი. ყოველივე ამას წინასწარ უნდა განსაზღვრა და დამუშავება.

სავსებით კანონზომიერია ის ფაქტი, რომ ახალ კონსტიტუციაში მთელი მეექვსე თავი ეძღვნება სახელმწიფო ფინანსებსა და კონტროლს, ეს ქმნის მყარ კონსტიტუციურ ბაზას სახელმწიფო ბიუჯეტის ისეთ დონეზე შესადგენად, რომ მან ხელი შეუწყოს დემოკრატიული სამართლებრივი სახელმწიფოს, სამოქალაქო საზოგადოების, საბაზრო ეკონომიკის ფორმირების, საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებათა ნორმალურ ფუნქციონირებას, საქართველოს სახელმწიფოს ძლიერებასა და მოქალაქეთა სოციალურ დაცვას.

მე ერთხელ ვთქვი და ახლაც ვიმეორებ: უნდა მოვიფიქროთ მოქმედების ისეთი სტრატეგია და ტაქტიკა, რომ ბიუჯეტს ხალხიც იწონებდეს, და ამ მოწონებას სახალხო განხილვის ხასიათი ჰქონდეს, რადგანაც ბიუჯეტი სახელმწიფოსა და მის მოქალაქეთა ქონების შექმნისა და განაწილების სოციალური ინსტრუმენტია და საჭიროა ხალხის უშუალო თანხმობაც, ყოველ შემთხვევაში, მოსახლეობის პოზიციის გათვალისწინება. წარმოდგენილი ბიუჯეტი შეესაბამება პრეზიდენტის პროგრამას, რომელიც არჩევნებზე, საერო-სახალხო რეფერენდუმზე, როგორც მე ვთქვი, იქნა გატანილი და ხალხის მოწონება დაიმსახურა, რაც ხმის მიცემაში გამოიხატა.

II. 1995 წლის ბიუჯეტის შესრულების წინასწარი შედეგები

კეთილნაყოფიერი ეკონომიკური გარემოს ჩამოყალიბებაში გადამწყვეტი როლი შეასრულა შარშანდელი ბიუჯეტის შესრულებამ იმ ფორმით, რა ფორმითაც თქვენ ეს წარმოდგენილი გაქვთ.

წინა მოწვევის პარლამენტის მიერ დამტკიცებული გეგმით შარშანდელი ბიუჯეტის შემოსავლებისა და გრანტების საერთო თანხა განისაზღვრა 256 მლნ ლარით, მაგრამ ბიუჯეტის აღსრულების პროცესში, ეკონომიკის ფუნქციონირების კვალობაზე, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი ყოველკვარტალურად განიცდიდა კორექტირებას და, საბოლოო ანგარიშით, ამ თანხამ 218 მლნ ლარი შეადგინა.

მე ვიცი, რომ ამასთან დაკავშირებით არის სავსებით კანონზომიერი კითხვები, მაგრამ, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ამ კორექტირებაში ყველაფერი ჩვენზე არ იყო დამოკიდებული. კორექტირების ხარისხი და დონე დამოკიდებული იყო იმაზე, როგორ ურთიერთობაში იქნებოდნენ ჩვენთან საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი. სწორედ მათი პოზიციიდან გამომდინარე ჩვენ იძულებული ვიყავით ოპერატიულად შეგვეტანა ეს ცვლილებები ბიუჯეტში. ფაქტობრივმა შემოსავლებმა და გრანტებით მიღებულმა სახსრებმა 216 მლნ ლარი მოგვცა.

დაზუსტება, უწინარეს ყოვლისა, შეეხო საგადასახადო შემოსავლებს, რომელთა თანხა თავდაპირველი გეგმიური 190 მლნ ლარის ნაცვლად 180 მლნ ლარით განისაზღვრა.

თავდაპირველი გეგმის მნიშვნელოვანი კორექტირება განხორციელდა აქციზის, საბაჟო გადასახადისა და მოგების გადასახადის სფეროში. კორექტირებული იქნა ფიზიკურ პირთა საშემოსავლო გადასახადი (აქ არის ციფრები, რომლებიც თქვენთვის დარიგებულ დოკუმენტებშია წარმოდგენილი).

საგადასახადო და არასაგადასახადო შემოსავლების დაზუსტებული გეგმები მთლიანად გადაჭარბებით არის შესრულებული, აგრეთვე საშემოსავლო (111%25) დამატებული ღირებულების (101%25) და სხვა გადასახადებიც (115,5%25).

ეს ბიუჯეტის შესრულების დადებითი მხარეებია, გვაქვს რა თქმა უნდა, უარყოფითი მონაცემებიც. ბიუჯეტში ყოველგვარი კორექტირება მომავალში მხოლოდ პარლამენტის თანხმობით იქნება შესაძლებელი. ზოგიერთის დაუდევრობა ამ საკითხში თავიდან უნდა ავიცილოთ და დავიწყოთ ცხოვრება ისე, როგორც გვიკარნახებს კონსტიტუცია, რომელიც ჩვენ თვითონ შევქმენით და რომელიც მოიწონა ჩვენმა ხალხმა.

სამწუხაროდ, მნიშვნელოვანი კორექტირების მიუხედავად, მაინც ვერ მოხერხდა აქციზის, მოგების, საბაჟო გადასახადების გეგმების შესრულება, ამ საკითხს უფრო ღრმად უნდა შესწავლა საპრეზიდენტო ხელისუფლებისა და პარლამენტის საერთო ძალისხმევით.

წინასწარი ანგარიშით მნიშვნელოვანია გადაჭარბებული გრანტების (70 მლნ ლარი 55,5 მლნ ლარის ნაცვლად) თავდაპირველი გეგმა, თუმცა, დაზუსტებული პროგრამა აქაც არ არის რეალიზებული.

საგადასახადო შემოსავლების გეგმის კორექტირება დაკავშირებული იყო, უწინარეს ყოვლისა, იმ არახელსაყრელ ვითარებასთან, რომელიც ჩამოყალიბდა რუსეთის ფედერაციისა და თანამეგობრობის სხვა ქვეყნებთან სამეურნეო კავშირების სერიოზული შეფერხებებით, რაც გამოიწვია ჩრდილოეთ კავკასიის, ჩეჩნეთის საომარი კონფლიქტის და აფხაზეთის გამო, საქართველოს, ფაქტობრივად, სატრანსპორტო ბლოკადაში მოქცევამ.

თუ საგარეო-ეკონომიკურ პრიორიტეტზე ვილაპარაკებთ, უნდა ვთქვა, რომ ხელისუფლების უპირველესი ამოცანა არის, ხელი შეუწყოს სამეურნეო-ეკონომიკური კავშირების აღდგენას რუსეთთან, უკრაინასთან, ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, ბუნებრივია, ჩვენს მეზობლებთან - აზერბაიჯანთან, სომხეთთან და სხვებთან, რომლებიც გვაძლევდა ბაზარს, რომელიც ჯერ კიდევ არ არის დაკარგული და რომელიც სათანადო გარანტიას ქმნიდა წარმოების აღმავლობისათვის.

ამ ფაქტორმა არსებითად შეზღუდა, როგორც საქართველოს ძირითადი საექსპორტო პროდუქციის რეალიზაციის შესაძლებლობანი ტრადიციულ ბაზრებზე, ისე მეურნეობის სხვა დარგების პოტენციურ სიმძლავრეთა დატვირთვა.

ამ პირობებში, კორექტირების გარკვეული საფუძველი გახდა ცალკეული დარგებისა და მიმართულებებისათვის საგადასახადო წნეხის შერბილების გზით წარმოების რეაბილიტაციის მცდელობის კონცეფცია, თუმცა, უნდა ითქვას, რომ ამ მიდგომამ, პრაქტიკულად, იმედები მთლად ვერ გაამართლა.

მთლიანობაში 1995 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვრა 355 მლნ ლარის ოდენობით, საიდანაც 182 მლნ ლარის დაფინანსება მოხდა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის კრედიტების ხარჯზე. გთხოვთ, მიაქციოთ ყურადღება: 182 მლნ ლარის დაფინანსებაა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის დახმარებით.

ხარჯების გადამეტებამ დამტკიცებულ გეგმაზე 24 მლნ ლარი, ანუ 7 პროცენტი შეადგინა.

1995 წლის ბიუჯეტის, რა თქმა უნდა, ითვალისწინებდა ეროვნული მეურნეობის სექტორულ დაფინანსებას, მაგრამ ის ფრიად უმნიშვნელო იყო.

აღსანიშნავია 1995 წელს სოციალურ პროგრამებზე გაღებული თანხების სიდიდე, მან 1995 წელს თითქმის 34 მლნ ლარს მიაღწია. აქედან, 21 მლნ ლარი გაიხარჯა იძულებით გადაადგილებული პირების დახმარებისათვის.

ბავშვთა დახმარებას მოხმარდა 8 მლნ ლარი.

ჯანმრთელობის დაცვის ხარჯებმა შეადგინა 7,5 მლნ ლარი.

უნდა აღინიშნოს, რომ 1995 წლის ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში გარდატეხის დაწყების წელი იყო.

აქ დაიწყო რადიკალური რეფორმების განხორციელება, პროგრამის შემუშავებაში ქართველ სპეციალისტებთან ერთად მონაწილეობდნენ ჩვენი უცხოელი მეგობრებიც, მათ შორის, მსოფლიო ბანკის ექსპერტები, ამ პროგრამის განხორციელება სრული მასშტაბით დაიწყება მიმდინარე წელს და, დარწმუნებული ვარ, წარმატებითაც.

1995 წლის კაპიტალურმა დანახარჯებმა შეადგინა 28 მლნ ლარი (მე ვამრგვალებ ციფრებს), აქედან მნიშვნელოვანი იყო სამცხე-ჯავახეთში, კერძოდ, ახალციხეში საბაჟო შენობის და გზის მშენებლობის დაფინანსება თურქეთის საზღვრამდე.

ასევე აეროპორტის რეკონსტრუქციისათვის გაღებული თანხები (ეს კრედიტები გახლავთ), რაც მთლიანობაში 4 მლნ ლარს შეადგენს, ეს იყო მიზნობრივად გაღებული თანხები, რამაც შემდგომში, კერძოდ კი მიმდინარე წელს, დიდი შემოსავლები უნდა მოგვცეს ბიუჯეტში.

ახალციხის საბაჟოს გახსნას დიდი ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს, აქ გათვალისწინებულია მთელი რიგი ინფრასტრუქტურების ჩამოყალიბება, შერბილდება დასაქმების, დემოგრაფიის პრობლემებიც და გადაიჭრება სხვა მწვავე საკითხები, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ახალი საბაჟოს გახსნა, ამაზე მიუთითებს ის გამოცდილება, რომელიც ჩვენ აჭარაში, კერძოდ, სარფის საბაჟოზე შევიძინეთ.

მიუხედავად დოტაციების პრაქტიკაზე უარის თქმისა, შარშან ბიუჯეტიდან წმინდა დაკრედიტებამ „საქგაზზე“ და „პურპროდუქტების“ კორპორაციაზე შეადგინა 30 მლნ ლარზე მეტი, აქედან „საქგაზზე“ მოდის 26 მლნ ლარი. რა თქმა უნდა, ეს ტენდენცია საბაზრო ეკონომიკის ბიუჯეტისათვის მიუღებელია, მაგრამ ის ადამიანების ფიზიკური არსებობისათვის, ხალხის გადარჩენისათვის აუცილებელი ქმედება იყო.

აუცილებელია მომხმარებელმა გადაიხადოს როგორც ბუნებრივი გაზის, ასევე ელექტროენერგიის საფასურიც, ჩვენ ამაზე ბოლო დროს ბევრს ვსაუბრობთ, მაგრამ დღეს პარლამენტის ყურადღებაც მინდა გავამახვილო, თორემ ბიუჯეტს ასეთი ხარჯები მძიმედ დააწვება, დეფიციტი და საგარეო ვალი დიდად გაიზრდება, გამომდინარე აქედან და კიდევ სხვა ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით, 1995 წლის ბიუჯეტიდან ვადაგადაცილებული პროცენტების გადასახდელად გაღებული იქნა 46 მლნ ლარი.

საბიუჯეტო ორგანიზაციებზე ხელფასების სახით 1995 წელს გაიხარჯება 28 მლნ ლარი, ხოლო ხარჯებმა საქონელსა და მომსახურებაზე შეადგინა 54 მლნ ლარი.

პარლამენტს უნდა მოვახსენო, რომ ეკონომიკური და ფინანსური სტაბილიზაციის საქმეში მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, ცხადია, ეკონომიკური კრიზისი დაძლეული არ არის.

მართალია, ეკონომიკის სამინისტროს შეფასებით შარშან მთლიანი შიდა პროდუქტის დაცემა შეჩერდა, სოფლის მეურნეობასა და ვაჭრობაში მიღწეულია გარკვეული ზრდა, მაგრამ მიუხედავად დაცემის ტემპების მკვეთრი შენელებისა, ქვეყნის სამრეწველო პოტენციალი უკიდურესად დაბალ დონეზეა დატვირთული, დაახლოებით 15-20 პროცენტის დონეზე.

მთლიანი შიდა პროდუქტის დონე 1990 წლის მაჩვენებლის 20-25 პროცენტს არ აღემატება.

განსაკუთრებით რთული ვითარებაა მოსახლეობის ცალკეული ფენების ცხოვრების დონის თვალსაზრისით.

ოფიციალური სტატისტიკით მინიმალური სამომხმარებლო კალათის ღირებულებამ 1996 წლის იანვრის დასაწყისში 98 ლარი შეადგინა, ნორმატიული მინიმალური ხელფასი 48 ლარია, მაშინ როცა მინიმალური ხელფასი ამ ნორმატივის 8 პროცენტს არ აღემატება, სიღარიბის ზღვარზე ქვემოთ მდგომ მოსახლეობის ფენებს ხსნა სჭირდება. მდგომარეობა მეტად სერიოზულია და ჩენი ბიუჯეტი გარკვეული პროცენტებით ამას უპასუხებს.

ამავე დროს, არ შეიძლება ხაზგასმით არ აღინიშნოს, რომ ოფიციალური სტატისტიკა ეკონომიკურ პროცესებს უაღრესად ზედაპირულად ასახავს, ჩრდილოვანი ეკონომიკის, სხვა ეკონომიკური დეფორმაციის პირობებში, სამწუხაროდ, მოსახლეობის რეალური შემოსავლები ოფიციალური სტატისტიკით არც არის მოცემული, არ ვიცით, რა ხდება ქვეყნის ეკონომიკაში.

ავიღოთ, თუნდაც, ასეთი ფაქტი: ქვეყანაში დაახლოებით 600 ათასი კაცი თვითდასაქმებულია არარეგისტრირებულ სამუშაოზე. ეს არის ხელზე ვაჭრობა, ბაზრობები, ჯიხურები, საშუამავლო საქმიანობა, პირად დამხმარე მეურნეობაში მუშაობა და სხვა. მე ამას წინათ ერთ-ერთ თათბირზე მოვიტანე ციფრი - 950 ათას ოჯახს აქვს მიწის ნაკვეთები იმ ნორმით, რომელიც პრივატიზაციის პროცესში დაწესდა. ასევე ქალაქში მცხოვრებ 850 ათას ოჯახს. არავინ იცის, რა შემოსავლებს იღებენ ისინი ამ ნაკვეთებიდან, და როგორ შევუწყოთ ხელი სოფლისა თუ ქალაქის მოსახლეობას, რომ ეს სიმდიდრე გამოვიყენოთ როგორც მატი, ასევე სახელმწიფოს საკეთილდღეოდ. ამ კატეგორიის მოსახლეობის შემოსავლები, როგორც აღვნიშნე, აღრიცხული არ არის, ყოველივე ეს კი ამცირებს საბიუჯეტო შესაძლებლობებს და ზღუდავს ჩვენს რესურსებს მოსახლეობის მართლად დაუცველი ფენებისათვის მეტ-ნაკლებად ხელშესახები დახმარების გაწევისათვის.

ძალზე მძიმე პრობლემაა ლტოლვილებისათვის ღირსეული პირობების შექმნა. ცხადია, ამ პრობლემის გადაწყვეტის საფუძველი პოლიტიკურ სფეროში ძევს, მანამდე კი მიუხედავად იმისა, რომ მთლიანი ხარჯები ბიუჯეტის სერიოზულ წილს, თითქმის 7 პროცენტს წარმოადგენს, თითოეულ მათგანზე გაწეული სახსრები მაინც ძალზე არასაკმარისია უცხოური ჰუმანური დახმარების გათვალისწინებითაც კი.

ხელფასების, პენსიების და შემწეობათა დაბალი დონე ბევრადაა განპირობებული საგადასახადო სფეროში არსებული სიძნელეებით.

არაერთხელ აღნიშნულა საგადასახადო ინსპექციის მიღწევები, გარკვეული, თუმცა ძალზე არასაკმარისი ძვრები არის საბაჟო საქმიანობაშიც, მაგრამ საბაჟო სამსახურმა, მინდა ვუთხრა ბატონ გურამ მამულაშვილს, იანვრის მონაცემები ვერ შეასრულა. თუ იგივე გამეორდება თებერვალშიც, ჩვენ იძულებული გავხდებით, დავცილდეთ მას. საბაჟო სამსახურში ძალიან სერიოზული რესურსებია და ის, რომ წელს მეტი ამოვიღეთ, ვიდრე შარშან, ჯერ კიდევ ყველაფერს არ ნიშნავს. უნდა სრულდებოდეს ის საკონტროლო მონაცემები, რომლებიც დამტკიცებული იქნება პარლამენტის მიერ.

ეს მხოლოდ საგადასახადო ინსპექციისა და საბაჟო დეპარტამენტის პრობლემები არ არის, ეს მთელი ხელისუფლების პრობლემებია.

მე შემოვიფარგლებოდი ამ ინფორმაციით 1995 წლის ბიუჯეტის შესრულების წინასწარი შედეგების მოკლე მიმოხილვის თვალსაზრისით, რადგანაც ჯერ ერთი, მეტი ყურადღება მინდა დავუთმო 1996 წლის ბიუჯეტს და, გარდა ამისა, 31 მარტამდე პარლამენტს მოხსენება წერილობით, უფრო დეტალური, სრულყოფილი ინფორმაცია გასული წლის ბიუჯეტის შესახებ.

ამ ნაკლოვანებათა ფონზე, რომლებიც სრულიადაც არ ამოწურავენ ჩვენს პრობლემებს, 1996 წლის ბიუჯეტის პროექტის შემუშავებამ ახლებური პრინციპები და ახალი თეორიულ-მეთოდოლოგიური და პრაქტიკული მიდგომები მოითხოვა, რაც ნაწილობრივ შევძელით, ნაწილობრივ - ვერა.

III. 1996 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ძირითადი პარამეტრების შესახებ.

1996 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი აგრძელებს და აფართოებს გასული წლის საბიუჯეტო რეფორმის ღონისძიებებს. მთლიანად იგი აგებულია პრეზიდენტის პროგრამის ძირითადი მოთხოვნების და საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის რეკომენდაციების გათვალისწინებით, კერძოდ, 1996 წელს ნავარაუდევია მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის განმტკიცების სტრუქტურული რეფორმების გაძლიერების საფუძველზე ეკონომიკური ზრდისათვის სათანადო პირობების შექმნა.

ამის გარეშე შეუძლებელია შემოვაბრუნოთ წინა წლებში ჩამოყალიბებული მოსახლეობის ცხოვრების დონის დაცემის ტენდენცია, მკვეთრად ავამაღლოთ მოქალაქეთა კეთილდღეობა. ეკონომიკური ზრდის პირობების შექმნისათვის აუცილებელია სრულად ავამოქმედოთ ჩვენს განკარგულებაში არსებული რეზერვები, განსაკუთრებით კი უმთავრესი რეზერვი - ჩვენი მოქალაქეების სამეურნეო აქტივობა, მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ ხელი შევუწყოთ მეწარმეებს, შევუქმნათ მათ საბაზრო ეკონომიკის პირობებში ნაყოფიერად ფუნქციონირების საშუალება, განსაკუთრებით საშუალო და მცირე ბიზნესი მაქვს მხედველობაში.

ეს და მრავალი სხვა ფაქტორი ადეკვატურ ასახვას პოულობს ბიუჯეტში.

ერთი მხრივ, მსოფლიო ბანკის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ევროკავშირის, სხვა საერთაშორისო ეკონომიკური ორგანიზაციების გადამწყვეტი როლი რეფორმების განხორციელებაში უდავოდ აღსანიშნავია. ზოგიერთები ამტკიცებენ თითქოს ეს აფერხებს საქართველოს ეკონომიკური სუვერენიტეტის, ეკონომიკური დამოუკიდებლობის პროცესს, მაგრამ ასეთი მსჯელობა სწორი არ არის. პირიქით, სწორედ მსოფლიო ბანკის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის დახმარებით აღწევს საქართველო ეკონომიკურ დამოუკიდებლობას, სწორედ ამ მიზანს ისახავენ მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი, და ამის შესახებ მიუთითებს ათობით სახელმწიფოსთან მათი ურთიერთობის პროცესი.

ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეკონომიკის რეალური ზრდისათვის საკმარისი არ არის ჩვენს განკარგულებაში არსებული ეროვნული რესურსები, რომელთა ამოქმედება დღეს შეგვიძლია, მიმდინარე ეტაპზე ჩვენ მოკლებული ვართ შესაძლებლობებს დამოუკიდებლად ვაწარმოოთ სერიოზული საინვესტიციო პოლიტიკა. საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის იმ შედეგების გათვალისწინებით, რომლებმაც 1995 წელს შესაძლებლობა მოგვცა შეგვეზღუდა ინფლაცია, დაგვებალანსებინა ბიუჯეტის ხარჯები, შემოგვეღო ეროვნული ვალუტა, მოგვეხდინა მნიშვნელოვანი ინსტიტუციური ცვლილებები, განზრახულია 1996-1998 წლებში ახალი საშუალოვადიანი, სამწლიანი პროგრამის განხორციელება. ამ პროგრამის მხარადასაჭერად საჭირო იქნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის დახმარებით სტრუქტურული გარდაქმნების გაფართოებული დაფინანსების მექანიზმისა და განვითარების საერთაშორისო ასოციაციის მეშვეობით სტრუქტურული გარდაქმნის კრედიტის გამოყენება.

შეუძლებელია იმ სამწლიანი პროგრამის შედგენა და რეალიზაცია, რომლის შესახებაც ვილაპარაკე ჩემს საპრეზიდენტო პროგრამასა და შემდგომ გამოსვლებშიც, იმ დახმარების გარეშე, რომლის მიღების გარანტიაც, ასე თუ ისე, უკვე გვაქვს.

1996 წლისათვის, რომელიც სამწლიანი პროგრამის პირველი და ერთ-ერთი მთავარი ეტაპი იქნება, გათვალისწინებულია შემდეგი ძირითადი მაკროეკონომიკური მიზნები: წლიური ზრდის ტემპი მინიმუმ 8 პროცენტის დონეზე, მხედველობაში მაქვს ეროვნული პროდუქტის წარმოება, თუმცა მინდა გითხრათ, რომ არის რეალური შესაძლებლობა ქვეყანაში მივაღწიოთ 10-15 პროცენტს, რაც იქნება დამატებითი რესურსები ხალხის სოციალური პირობების გაუმჯობესებისათვის. ინფლაციის მაჩვენებლის ოპტიმალური დარეგულირება - ჩვენ ვვარაუდობთ შევინარჩუნოთ ეს დონე 29 პროცენტის ფარგლებში (წლის განმავლობაში არა უმეტეს 29 პროცენტისა) და ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვების 2-3 თვის იმპორტის დონეზე ფორმირება.

წარმოდგენილ კანონპროექტში „სახელმწიფო ბიუჯეტის“ ახალი ცნება, ახალი კონცეფციაა რეალიზებული.

1996 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი შედგება სამი უმთავრესი კომპონენტისაგან, ეს არის 1) საქართველოს სახელმწიფოს ცენტრალური ბიუჯეტი; 2) საქართველოს ტერიტორიული ერთეულების (ავტონომიების, სხვა ტერიტორიული ერთეულების) ბიუჯეტები; 3) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტგარეშე ფონდები.

ასეა გამთლიანებული „სახელმწიფო ბიუჯეტის“ ცნებაში, დეფინიციაში მთელი საბიუჯეტო სისტემა.

მასში ასახა ჰპოვა ბიუჯეტის ახალმა, რეფორმისტულმა სტრუქტურამ.

რეფორმების შედგების კვალდაკვალ ეკონომიკის გამოცოცხლების შესაბამისად, ბუნებრივია, ცხოვრება თავის კორექტივებს შეიტანს ამ სტრუქტურაში, როგორც ბიუჯეტის, ასევე ინდიკატური გეგმის მონაცემებში, კერძოდ, თქვენ გახსოვთ სახელმწიფოს მეთაურის ბრძანებულება ადგილობრივი თვითმმართველობების უფლებების გაზრდის შესახებ, ლაპარაკია სოფლების, დაბებისა, რაიონული დაქვემდებარების ქალაქების უფლებებზე, ბუნებრივია, უწინარესად, იგულისხმება მათი ბიუჯეტები და ფინანსთა სამინისტროს, მთელ აღმასრულებელ ხელისუფლებას დასჭირდება 1997 წლისთვის იფიქრონ ამ კატეგორიაზე. უნდა დავეხმაროთ მეთოდურად და ორგანიზაციულად, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის ცნება მოიცავდეს სახელმწიფოს მთელ ტერიტორიას ცენტრიდან სოფლებამდე. მაშინ გვექნება საქმე სრულყოფილ ბიუჯეტთან.

სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები და გასავლები შემდეგნაირად არის დაბალანსებული: შემოსავლები - 55 მილიონი და ხარჯები 784 მილიონი ლარი.

შემოსავლებზე ხარჯების გადამეტება, ანუ დეფიციტის ზღვრული ოდენობა შეადგენს 229 მილიონ ლარს, რაც სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების 29 პროცენტია, შეიძლება ითქვას, თითქმის მესამედი.

პროექტის თანახმად დეფიციტი უნდა დაიფაროს ფინანსირების შიდა და საგარეო წყაროებიდან, შიდა წყაროებიდან - (ეროვნული ბანკის კრედიტი) 110 მილიონი ლარით (მე მინდა ეს ციფრები იცოდეს ყველა პარლამენტარმა), ხოლო საგარეო წყაროს წარმოადგენს მსოფლიო ბანკის კრედიტები 118 მილიონი ლარი, რაც შარშანდელთან შედარებით 47 მლნ ლარით მეტია.

„საქართველოს სახელმწიფოს ცენტრალური ბიუჯეტიც“ ახალი ცნებაა, ის თითქმის შეესაბამება „რესპუბლიკურ ბიუჯეტს“, მაგრამ ტერმინი გარკვეულად მიჯნავს ერთმანეთისგან ცენტრალური და ადგილობრივი ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებს, თუმცა ორივე სახის ბიუჯეტი, როგორც ცენტრალური, ასევე ტერიტორიული ერთეულებისა, საბოლოოდ მაინც ერთიანი „სახელმწიფო ბიუჯეტის“ ცნებაში შედის.

სახელმწიფო ბიუჯეტის საერთო მოცულობიდან ცენტრალურ ბიუჯეტში გათვალისწინებულია შემოსავლები 329 მლმ ლარის, ხოლო ხარჯები 558 მლნ ლარის ოდენობით.

ამრიგად, დეფიციტის ზღვრული ოდენობა და დაფინანსების შიდა და საგარეო წყაროები მთლიანად ცენტრალურ ბიუჯეტზე მოდის.

ამავე დროს, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საკუთრივ საქართველოს სახელმწიფოს ცენტრალური ბიუჯეტის ხარჯების მიმართ დეფიციტის ზღვრული ოდენობა 41 პროცენტს შეადგენს (ერთიანი სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების მიმართ კი ის 29 პროცენტზე ოდნავ მეტია).

ეს ბევრ რამეზე მეტყველებს.

კანონპროექტით საქართველოს ტერიტორიული ერთეულების 1996 წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს შემოსავლის ნაწილში 137 მილიონ ლარს, ხარჯების ნაწილში - 135 მილიონ ლარს. მინდა ყურადღება მიაქციოთ, რომ ლაპარაკია ადგილობრივ ბიუჯეტებზე. როდესაც ჩვენ ვარჩევთ ცენტრალური ბიუჯეტის ცალკეულ სტატიებს მუხლებს, იქ შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ, მაგალითად, განათლებაზე იხარჯება 4,4 პროცენტი, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, თუ რამდენი დაიხარჯება დედაქალაქში, რაიონებში ამ 137 მილიონიდან, მაშინ განათლებაზე გაწეული ხარჯები იქნება არა 4,4 პროცენტი, არამედ 8-9 პროცენტი რესპუბლიკის მასშტაბით. ამიტომ ადგილობრივი ბიუჯეტების ცნება ძალზე საყურადღებოა, განსაკუთრებით, მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატებისათვის.

ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებზე როცა ვსაუბრობთ, მხედველობაში გვაქვს აფხაზეთის, აჭარის მხარეებში შემავალი რაიონების, ქალაქების ბიუჯეტები.

თითოეულ მათგანზე მე სიტყვას არ გავაგრძელებ, რადგანაც, ჯერ ერთი, წარმოდგენილ კანონპროექტში მოკლედ, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ვრცლად, სათანადოდ არის ასახული ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტები, და, მეორეც, ქვემოთ ჩვენ კიდევ გვექნება საუბარი მათზე სახელმწიფო ბიუჯეტის სხვადასხვა პრობლემის გარჩევასთან დაკავშირებით.

წარმოდგენილია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტგარეშე ფონდების სახელმწიფო ბიუჯეტში კონსოლიდაციის გარკვეული მოდელი, მათი შემოსავალ-გასავლების ბალანსის პროექტი, ეს ძალიან საყურადღებო მოვლენაა, რომელსაც მომავალში დიდი პერსპექტივა აქვს. შემოსავლების ნაწილი ითვალისწინებს 93 მლნ ლარს, გასავლის ნაწილი - 154 მლნ ლარს.

საქართველოს სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის შემოსავალი 72 მლნ ლარია (ეს ძალზე მნიშვნელოვანი ციფრებია), გასავალი - 11 მილიონი, დასაქმების ერთიანი სახელმწიფო ფონდის შემოსავალი - 2,2 მლნ ლარი, გასავალი 2,2 მლნ ლარი, საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის ცენტრალური სახელმწიფო ფონდის შემოსავალი - 7,5 მლნ ლარი, გასავალი - 24 მლნ ლარი, საქართველოს ერთიანი საგზაო ფონდის შემოსავლები - ეს სიახლეა - 11,5 მლნ ლარი, გასავლები - 17, 5 მლნ ლარი.

თქვენ იცით, რომ თუ საგზაო მეურნეობა, გზები წესრიგში არ მოვიყვანეთ, ლაპარაკი ზედმეტია ჩვენი ბიზნესის და, საერთოდ, სახალხო მეურნეობის განვითარების სერიოზულ მასშტაბებზე. შარშან ჩვენ, პრაქტიკულად, ცარიელი ხელებით ვმუშაობდით და ამიტომაც დაინგრა საქართველოს გზები. და არა მარტო შარშან - მთელი 6-7 წლის განმავლობაში ჩვენ გზებისთვის არ მიგვიხედია. ეს იქნება პირველი წელი, როცა ფონდი მოგვცემს საშუალებას, მივხედოთ და ელემენტარული წესრიგი მაინც დავამყაროთ ტრასებზე.

ამ ფონდებზე შედარებით დაწვრილებით იმიტომ ვჩერდები, რომ მათ პირდაპირი კავშირი აქვთ სოციალური დაცვის პროგრამასთან, რომლის მიმართ ასე მგრძნობიარეა მთელი ჩვენი მოსახლეობა და ყველა ჩვენგანი.

1996 წლიდან საგრძნობლად იქნება შემცირებული საქართველოს სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდში სამეურნეო სუბიექტების მიერ შრომის ანაზღაურების ფონდიდან ანარიცხების ოდენობა (37 პროცენტიდან 29 პროცენტამდე). ასევე შემცირდება ანარიცხები საქართველოს დასაქმების ერთიან სახელმწიფო ფონდში (შესაბამისად 3-დან 1 პროცენტამდე), თუმცა თქვენ უკვე დარწმუნდით, რომ ეს ციფრები ორმაგდება და სამმაგდება.

ეს უკანასკნელი ღონისძიება, ერთი მხრივ, გარკვეულწილად ხელს შეუწყობს წარმოებული პროდუქციისა და გაწეული მომსახურების თვითღირებულების შემცირებას. თუმცა, მეორე მხრივ, საქართველოს მოსახლეობის ასაკობრივ სტრუქტურაში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, იგი გავლენას არ მოახდენს სოციალური დაცვის იმ რესურსების შემადგენლობასა და მოცულობაზე, რაც გაიცემა სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდიდან, გარდა ამისა, ამ ფონდს ცენტრალური ბიუჯეტიდან გაეწევა სათანადო ფინანსური დახმარება. შემოსავალზე ხარჯების გადანამატი შეივსება საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან.

რაც უფრო შეუწყობს ხელს მეწარმეობას და გავაუმჯობესებთ აღრიცხვას, მით უფრო გაიზრდება შემოსავალი და ამ ფონდების ოფიციალური როლი.

ასეთია ის მთავარი შემადგენელი ნაწილები: ცენტრალური ბიუჯეტი, ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტები და ბიუჯეტგარეშე სახელმწიფო ფონდები, რომლებიც ქმნის 1996 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს.

სახელმწიფო ბიუჯეტის ეს სამი ძირითადი კომპონენტი დეტალურადაა გადმოცემული სახელმწიფო ბიუჯეტის დოკუმენტთა პაკეტში, კერძოდ, თერთმეტ დოკუმენტში, რომლებიც ძალზე მნიშვნელოვანია, მათი შესწავლა აუცილებელია ყველა ჩვენგანისთვის.

ყველა ეს დოკუმენტი შედგენილია საქართველოს 1995 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წინასწარი მაჩვენებლის გათვალისწინებით, ეს მაჩვენებლებიც თან ერთვის საბიუჯეტო დოკუმენტთა პაკეტს, მათ გაეცნენ პარლამენტის კომიტეტები და ფრაქციები, მათი გაცნობა შეუძლია თითოეულ პარლამენტარს.

მე გამოვდივარ იმ რეალობიდან, რომ ბიუჯეტის განმკარგავი, ბიუჯეტზე პასუხისმგებელი პარლამენტია, ე.ი. სახელმწიფოს არსებობის უმთავრესი საფუძველი - ბიუჯეტი - პარლამენტთან არის დაკავშირებული, პარლამენტის გარეშე შეუძლებელია მასში კორექტირების შეტანა, ამიტომ კარგად უნდა ვიცოდეთ, რასთან გვაქვს საქმე. ამის გამო, შესაძლოა ზედმეტ დეტალიზებას ვახდენ იმისას, რაც ბევრმა თქვენგანმა იცის.

IV. სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები

პროექტები ითვალისწინებს საკუთარი საგადასახადო და არასაგადასახადო შემოსავლების მკვეთრ ზრდას, კერძოდ, თუ 1995 წლისათვის, წინასწარი შეფასებით, ეს შემოსავლები შეადგენდა ქვეყნის შიდა მთლიანი პროდუქტის 5,2 პროცენტს, მათ შორის საგადასახადო შემოსავლები - 3,7 პროცენტს, წელს ეს მაჩვენებლები გაიზრდება შესაბამისად 9,4 და 6,7 პროცენტამდე.

თუმცა ეს სულაც არ არის საკმარისი და საჭიროა ბიუჯეტის შესრულების პროცესში საგადასახადო ორგანოებმა კვლავ გააძლიერონ მუშაობა შემოსავლების აღრიცხვისა და ამოღებისათვის.

როგორც ზემოთქმულიდან ჩანს, სახელმწიფო შემოსავლების მოცულობის ზრდა ძირითადად უნდა განხორციელდეს საგადასახადო შემოსავლების მკვეთრი გადიდებით. ეს საგადასახადო-საბიუჯეტო პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულებაა, 1995 წლის საგადასახადო შემოსავლების წინასწარი ფაქტობრივი მაჩვენებელი, რაც დღეს 130 მლნ ლარს შეადგენს, 1996 წლის ბოლოსათვის უნდა გაიზარდოს 380 მლნ ლარამდე, ანუ თითქმის 3-ჯერ, მათ შორის, დამატებული ღირებულების გადასახადი 57 მლნ ლარიდან 150 მლნ ლარამდე, ანუ 2,5-ჯერ, მოგების გადასახადი 25 მლნ ლარიდან 70 მლნ ლარამდე, ანუ თითქმის 3-ჯერ, აქციზი 2,8 მლნ ლარიდან 34 მლნ ლარამდე, ანუ 12-ჯერ, საბაჟო გადასახადი - 6 მლნ ლარიდან 26 მლნ ლარამდე, ანუ 4,5-ჯერ, ხოლო საშემოსავლო გადასახადი 18,5 მლნ ლარიდან 39 მლნ ლარამდე.

ამ ციფრებს, ამ ფაქტებს, ამ ტენდენციებს ახსნა სჭირდება. მოსახლეობას უნდა ვაჩვენოთ, რა პროცესების შედეგია ყოველივე ეს.

საგადასახადო შემოსავლების საპროექტო მაჩვენებლების ასეთი მკვეთრი ზრდა ორი მიზეზით აიხსნება: პირველი, ეს არის ის რეალური მაკროეკონომიკური სიტუაცია, რაც 1995 წელს განხორციელებული სტრუქტურული რეფორმების შედეგად ჩამოყალიბდა, მეორე, 1995 წლის ქვეყნის ეკონომიკაში დაცემის ტემპების მკვეთრმა შენელებამ, რაც 1996 წლის განმავლობაში გატარებული ეკონომიკური და ფანანსური პოლიტიკის შედეგად მოხდა, წლის ბოლოსათვის უნდა უზრუნველყოს წარმოების წლიური ზრდის ტემპის, სულ ცოტა 8 პროცენტით, არის შესაძლებელი, ვიბრძოლოთ 10-15 პროცენტით ზრდისათვის.

1996 წლის განმავლობაში უნდა მოხდეს ეროვნული ბანკის საერთაშორისო სარეზერვო პოზიციის შემდგომი გამტკიცება და 1996 წელი შემოღებული სრულფასოვანი ეროვნული ვალუტის - ლარის სტაბილურობის შენარჩუნება.

მთავრობა კრებს გადასახადებს და აკუმულირებულ ფინანსურ რესურსებს ანაწილებს მის მიერვე განსაზღვრული პრიორიტეტებიდან გამომდინარე, პრიორიტეტების დადგენა კი მეცნიერება და ხელოვნებაა, რაც, თავის მხრივ, გამომდინარეობს სამართლებრივი სახელმწიფოსა და საბაზრო ეკონომიკის პრინციპებიდან.

საგადასახადო-საბიუჯეტო პოლიტიკაში ამ ცვლილებების გამო ჩვენი დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფოს ბუნება არ შეცვლილა.

ხელისუფლების საქმიანობა მაშინ არის ეფექტიანი, როდესაც ის სრულად ახდენს კუთვნილი შემოსავლების მობილიზაციას და სწორი პრიორიტეტული მიმართულებებით იყენებს მათ.

აუცილებელია ყველამ გააცნობიეროს, რომ წარმოდგენილი ბიუჯეტი არის ჩვენი სახელმწიფოს მთავარი საფინანსო გეგმა. ვერ შესრულდება მისი ხარჯების ნაწილში განსაზღვრული სახელმწიფო ვალდებულებები, თუკი არ შესრულდა შემოსავლების ნაწილში დაგეგმილი მაჩვენებლები, ე.ი. დაზარალდება მოქალაქე.

ყოველივე ეს ნორმალურ პირობებში მცხოვრები ხალხისათვის ანბანურ ჭეშმარიტებას წარმოადგენს, მაგრამ ჩვენში ყოველივე ამას დიდი ახსნა-განმარტება სჭირდება, რადგანაც ცხოვრების ნორმალური პირობები ჯერჯერობით არა გვაქვს.

ჩვენ, პარლამენტი და აღმასრულებელი ხელისუფლება არაფერს არ ვქმნით, ჩვენ ხალხმა გვანდო, სხვა რწმუნებებთან ერთად, ხალხის მიერ შექმნილი სახელმწიფო დოვლათის მოვლა და განაწილება. ეს უდიდესი ნდობა და პასუხისმგებლობაა, და ყოველივე ბიუჯეტის მიღებით, ჩვენი მაღალი პროფესიონალიზმით და პოლიტიკური ზნეობით უნდა დავამტკიცოთ, რომ ღირსი ვართ ელექტორატის ასეთი მაღალი ნდობისა.

გამოითქმება აზრები საგადასახადო განაკვეთების არარეალურობის, მათი მაღალი დონის გამო, მეტია უკმაყოფილება საგადასახადო სისტემის მოუქნელობის და გაუმართაობის გამო, რაც ყველაზე მეტად სამწუხაროა.

ჩვენს გადასახადის გადამხდელებს ყველაზე მეტად აწუხებთ ამ სფეროში დაშვებული სუბიექტივიზმი, ხშირად გაუმართლებელი მიზეზებით გამოწვეული საგადასახადო შეღავათების არსებობა და მთელი რიგი სხვა ფაქტორები, რომლებიც უარყოფითად მოქმედებს რეფორმების განხორციელებაზე.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, ჩვენი ქვეყნის ფისკალური პოლიტიკის გამტარებელი ორგანიზაციები, მეწარმეთა სხვადასხვა გაერთიანებები ერთსულოვნად მიგვანიშნებს, რომ ამჟამად საქართველოში ეკონომიკური ზრდის უმთავრესი შემაფერხებელი მიზეზია საგადასახადო შეღავათები, რომელთა სწრაფი ლიკვიდაცია შექმნიდა ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის კარგ პირობებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით ბიუჯეტის პროექტის მნიშვნელოვანი თავისებურებაა ამ საგადასახადო შეღავათებზე უარის თქმა, რომლებიც არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს მეწარმეებს და იმავდროულად იწვევს ბიუჯეტის შემოსავლების მნიშვნელოვან დანაკარგს.

საგადასახადო შეღავათები დაყვანილია მინიმუმამდე დასაბეგრი საქონლის სოციალური მნიშვნელობის გათვალისწინებით (სამედიცინო პრეპარატების ექვსი სახეობა, სასკოლო სახელმძღვანელოები, საკულტო საქონელი და შეიძლება აქ დაემატოს პრესა). ეს ღონისძიება არსებითად გაზრდის როგორც ბიუჯეტის შემოსავლებს, ასევე შექმნის კონკურენციის ხელსაყრელ გარემოს, ასეთი პრობლემების გადაწყვეტაში ვლინდება ბიუჯეტის მეშვეობით საბაზრო ეკონომიკის პროცესების მართვა.

სადამდე მიგვიყვანა ამ შეღავათებმა? თითქოს იყო კეთილი სურვილები და ჰუმანური მოსაზრებები, სინამდვილეში კი მოხდა საგადასახადო პოლიტიკის სრული დეფორმაცია, რის შედეგადაც ბიუჯეტს ენით აუწერელი ზარალი მიადგა. უამრავი განკარგულება, გაიცემოდა სხვადასხვა ფირმებისთვის შეღავათების გასაწევად და პრაქტიკულად ყველა ფირმა ამ შეღავათებით სარგებლობდა, როგორი სამწუხაროც უნდა იყოს, ეს ყველაფერი დაკავშირებული იყო ყოფილი მინისტრთა კაბინეტის ზოგიერთი თანამშრომლის საქმიანობასთან. ამ პრაქტიკას ბოლო უნდა მოეღოს.

არ შეიძლება ბიუჯეტს ჩვენ შევხედოთ მხოლოდ ბუხჰალტრული ბალანსის პოზიციიდან, რა თქმა უნდა, ამას რა დიდი ჭკუა უნდა, საჭიროა ყველა შეღავათის გაუქმება, მაგრამ ის შეღავათები, რომლებზეც ზევით მოგახსენეთ, აუცილებელია მოსახლეობის სოციალური დაცვისათვის. ეს ფინანსური დისბალანსი სოციალური და პოლიტიკური ბალანსით არის კომპენსირებული.

მედიკამენტების 6 სახეობაზე შეღავათების დაწესება - ნიშნავს მილიონობით უპოვარი, სიღარიბის ზღვარზე მდგარი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას, ამიტომ ეს „ფინანსური დისბალანსი“ დიდი სოციალური და პოლიტიკური ბალანსითაა კომპენსირებული, იგივე ითქმის სასკოლო სახელმძღვანელოებზე გავრცელებულ შეღავათებზე. ეს ასი ათასობით უპოვარ ბავშვზე, ქვეყნის მომავალზე ზრუნვაა, იგივე ითქმის საკულტო საქონელზე, ეს არის მილიონობით ღარიბ მორწმუნეზე ზრუნვა, მათი თანადგომა სახელმწიფოს უფრო მეტი უღირს, ვიდრე ხატისა და სანთლის გაყიდვის დაბეგვრიდან მიღებული თანხა, ჩვენ ისედაც შევზღუდეთ ეკლესიის, საპატრიარქოს შეღავათები, იმ საპატრიარქოსი, რომელსაც მთელი საერთო ხელისუფლება და მთელი ჩვენი ხალხი ასე აფასებს.

ბიუჯეტის შედგენა მოვლენების შესაძლო განვითარების წინასწარ ხედვას და პროგნოზირებას მოითხოვს.

ჩვენ ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ მივხედოთ და ფეხზე დავაყენოთ ტელევიზია. ჩვენ მისი მეშვეობით გვაქვს კონტაქტი ჩვენს ხალხთან და, ამავე დროს, ტელევიზია გახდა ის სფერო, რომელიც ასპარეზია ხელოვნებისათვის, ლიტერატურისათვის, სულიერებისათვის. ასევე, შეღავათები უნდა შეეხოს ჩვენს პრესას, სახელმწიფო პრესა იქნება, როგორც მას პირობითად ვუწოდებთ, თუ თავისუფალი პრესა. ეს საკითხი წარმოდგენილ დოკუმენტებში არ არის შეტანილი, მაგრამ თუ თქვენ მხარს დაუჭერთ, ეს წინადადება დაემატება. ვფიქრობ, რომ ამით პრესა ცოტა სულს მოითქვამს და იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ თუ ჩვენ მივაღწევთ წარმოების მაღალ დონეს. იქნებ წლის მეორე ნახევრიდან, პარლამენტთან ერთად, შევძლოთ პრესისათვის, გამოცემებისათვის სპეციალური ფონდის დაარსება, რათა ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სფერო ჩვენი სულიერებისა არ ჩაქრეს.

აუცილებელია მოსალოდნელი პროცესების მართვა, რათა თავიდან მაქსიმალურად იქნეს აცილებული ფასების შესაძლო მყისიერად ზრდა, პირველადი მოხმარების საქონლის დეფიციტის წარმოქმნა და სხვა, ეს უწინარესად, ფინანსთა სამინისტრომ, ეკონომიკის სამინისტრომ, ეკონომიკურმა საბჭომ უნდა განჭვრიტონ.

დადგენილი შეღავათების სისტემის მკვეთრი შეზღუდვით 1996 წლის 1 მარტიდან ბიუჯეტის პროექტის თანახმად, გაუქმდება ძირითადად ყველა, გარდა ზემოთ ჩამოთვლილი საგადასახადო შეღავათებისა, არის მოსაზრება, რომ ეს შეღავათები გაუქმდეს კანონის გამოქვეყნების დღიდან. ალბათ, ეს უფრო სწორი იქნება, რადგან 1 მარტამდე დრო ბევრია და კიდევ ბევრი ბოროტმოქმედების მომსწრე ვიქნებით.

ერთიანი საგადასახადო პოლიტიკის გატარებისა და მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობით დამტკიცებული დებულებების დაცვის მიზნით 1996 წელს უნდა გაუქმდეს ან მკვეთრად შეიზღუდოს წინა წლებში უმაღლესი აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ტერიტორიული ერთეულების ორგანოების ცალკეული გადაწყვეტილებებით შემოღებული ფიქსირებული გადასახადების სისტემა. კერძოდ, ეს ეხება ისეთ ფიქსირებულ (პირობით-საანგარიშო) გადასახადებს, როგორიცაა: ე.წ. „საფირმო“ და ანალოგიური ტიპის ადგილობრივი გადასახადები, საქართველოში შემოტანილ ნავთობპროდუქტებზე ათი პროცენტის ოდენობით ნატურალური გადასახადი და სხვა.

ნაცვლად მრავალგვარი „საფირმო“ გადასახადებისა, რომლებიც გასულ წლებში შემოღებულ იქნა ტერიტორიული მმართველობის ორგანოების მიერ, წარმოდგენილი კანონით შემოღებული უნდა იქნას ერთიანი ფიქსირებული გადასახადი ორ კვადრატულ მეტრამდე ფართობის მქონე სავაჭრო და საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტებზე, ხოლო საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანილი ნავთობპროდუქტების ნატურალური გადასახადი შეიცვლება, მართალია, ისევ ფიქსირებული ხასიათის, მაგრამ უფრო ცივილიზებული აქციზური ხასიათის გადასახადით, რაც ერთ ტონა შემოტანილ ბენზინზე 60 ლარს შეადგენს.

ამ საკითხზე საკმაო დავა და კამათი იყო. სავალუტო ფონდი გვთავაზობდა სრული საგადასახადო სისტემის გავრცელებას ბენზინზე და სხვა ნავთობპროდუქტებზე. ეს ნიშნავს, რომ ბენზინისა და სხვა საწვავის ფასი გაიზრდებოდა დაახლოებით 60-65 პროცენტით. ეს კი გამოიწვევდა ფასების ზრდას ყველაფერზე, რაც იყიდება, შეეხებოდა სამომხმარებლო ბაზარს, მომსახურებას, ყველაფერს. ამიტომ შევეცადეთ დაგვერწმუნებინა სავალუტო ფონდი, რომ ეს იყოს პირველი ეტაპი და როდესაც ქვეყანა ფეხზე დადგება და საკუთარი ენერგოშემცველები ექნება, შევძლებთ აღვადგინოთ სრულფასოვანი საგადასახადო სისტემა ნავთობზეც, ბენზინზეც და ა.შ.

არ ვიცი, მოასწარით თუ არა შეგექმნათ წარმოდგენა აქციზურ მარკებთან დაკავშირებით. რა არის აქციზური მარკები, რატომ არის მისი შემოღება აუცილებელი? აუცილებელია, რათა გამოირიცხოს ყოველგვარი მაქინაცია, ტყუილი და ერთხელ და სამუდამოდ მოწესრიგდეს აღრიცხვა. ვფიქრობ, რომ აქციზური მარკები 1 აპრილისათვის შემოვიღოთ. გთხოვთ მხარდაჭერას ამ საკითხში, რადგან მისი გადაწყვეტა დავეხმაროთ წესრიგის დამყარებაში.

საგადასახადო პოლიტიკის სრულყოფისა და შემდგომი გაუმჯობესების მიზნით, აგრეთვე იმის გათვალისწინებით, რომ არსებულ საგადასახადო სისტემაში უკანასკნელ წლებში შეტანილია მრავალი ცვლილება და შესწორება, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ექსპერტებთან ერთად შემუშავდა ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტი, რომელიც 1 ივლისისათვის წარედგინება პარლამენტს.

საერთოდ უნდა ითქვას, რომ ნებისმიერი ცვლილება საგადასახადო პოლიტიკაში, მათ შორის, გადასახადებისგან გათავისუფლების ან შეღავათების მიცემა შეთანხმებული უნდა იყოს საპარლამენტო კომიტეტებთან, პარლამენტთან და საერთაშორისო სავალუტო ფონდთანაც.

უკვე იანვრიდან დაიწყო გადამხდელების კომპლექსური შესწავლა, რომელმაც უნდა მოიცვას ყველა სამოქალაქო და რეგიონული რგოლის საგადასახადო სამსახური. ეს პროცესი დამთავრდა 1 ივნისისათვის.

ცალკე სტრუქტურად ჩამოყალიბდება მსხვილ გადამხდელების შესწავლის ინსპექცია. ასეთი გადამხდელების რიცხვი საქართველოში დაახლოებით 250-ია.

მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება გადასახადების აღრიცხვის, მათი ამაღლების, მთლიანად არსებული დებულებების, ინსტრუქციების მოქმედებისა და საერთოდ ტექნიკური პროცედურის ეფექტიანობის ამაღლებისათვის.

1 მარტამდე განსაზღვრულია გადაიხედოს: საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევაზე საჯარიმო სანქციები; გადასახადების დარიცხვის, სანქციებისა და აუდიტის წესი; საგადასახადო სისტემის მუშაკთა სტიმულირების ღონისძიებები და სხვა.

ბიუჯეტის თაობაზე წარმოდგენილი კანონპროექტით გათვალისწინებულია 1996 წელს რიგი ღონისძიებების განხორციელება, რაც გარკვეულად ხელს შეუწყობს მეწარმეობის განვითარებასა და საექსპორტო საქონლის წარმოების მოცულობის ზრდას, კერძოდ, ექსპორტის სტიმულირების მიზნით საბაჟო გადასახადებისაგან გათავისუფლდება ყველა იმპორტული საქონელი, რომელიც ქართველი მეწარმეების მიერ მთლიანად გამოიყენება საექსპორტო საქონლის დამზადებისათვის.

საბაჟო სისტემიდან შედარებით დაბალი შემოსავლების გამო დიდი მნიშვნელობა ენიჭება ამ სფეროში არსებული ჩამორჩენის დაძლევის მიმართულებით სათანადო ღონისძიებების გატარებას.

უკვე თებერვლიდან უნდა დაიწყოს იმპორტირებულ საქონელზე გადასახადების წინასწარი გადახდის პრაქტიკა.

1 მარტამდე დამთავრდება ამ სისტემის საგადასახადო ინსპექციის მიერ შემუშავებული დაბეგვრის სარეგისტრაციო ნომრებზე გადასვლა, რომლის მითითებაც აუცილებელი იქნება საბაჟო დეკლარაციაში საქონლის, როგორც ექსპორტის, ისე იმპორტის დროს.

აღნიშნული ღონისძიება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს აღრიცხვიანობას საბაჟო სისტემაში და შესაბამისად მინიმუმამდე დაიყვანს არაკონტროლირებადი ტვირთის მოძრაობის შესაძლებლობას. ამასთან, აღნიშნული დაბეგვრის სარეგისტრაციო ნორმები ინტეგრირებული იქნება სპეციალურ კომპიუტერულ სისტემაში, რომელშიც ამჟამად ინერგება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან ერთად მუშავდება საბაჟო სისტემის რეფორმის პროგრამა.

1 ივნისიდან უნდა შემუშავდეს აღნიშნული ღონისძიებების განხორციელების კონკრეტული გრაფიკი. ამას იმიტომ მოგახსენებთ, რომ ეს პირდაპირ კავშირშია ბიუჯეტის შემოსავლების ზრდასთან.

საბიუჯეტო შემოსავლების ზრდის პრობლემის განხილვისას აუცილებლად უნდა ითქვას ე.წ. ჩრდილოვანი ეკონომიკის ფენომენის თაობაზე, რომელმაც საქართველოში, როგორც ცნობილია, საკმაოდ დიდი მასშტაბები მიიღო, მე ამას ვამბობ ყველა იმ მოქალაქის საყურადღებოდ, ვისაც ეს ეხება: საქმე გვაქვს როგორც მოქმედი კანონმდებლობით აკრძალული სამეურნეო საქმიანობის შემთხვევებთან, ისე კანონის დარღვევითა და გვერდის ავლით მოღვაწეობასთან, შემოსავლების დამალვასა და გადასახადების არგადახდასთან, რაც, საბოლოო ჯამში, ამცირებს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს, ე.ი. აუარესებს მოსახლეობის ცხოვრების პირობებს.

როდესაც ჩრდილოვან ეკონომიკაზე ვმსჯელობთ, ერთმანეთისგან აუცილებლად უნდა გავმიჯნოთ ორი პრინციპულად განსხვავებული მოვლენა: ორგანიზებული, სათანადო კავშირებითა და ინფორმაციით უზრუნველყოფილი დამნაშავენი და, შეიძლება ითქვას, გულუბრყვილო, პრიმიტიული სამართალდამრღვევები. პირველ შემთხვევაში საქმე გვაქვს ქვეყნის ეკონომიკის წინააღმდეგ ჩადენილ შეგნებულ დივერსიასთან, მაფიასთან, მცდელობასთან ეროვნულ ინტერესებზე მაღლა დააყენონ პიროვნული ინტერესები, ისინი არაფრის წინაშე უკან არ იხევენ, ქვეყნის კანონები ფარატინა ქაღალდად მიაჩნიათ. ხშირად არის მცდელობა დანაშაულებრივი კავშირი დაამყარონ სახელმწიფოს მაღალი რანგის მოხელეებთან. ახლა, როცა ხელი მოვკიდე იმის გარკვევას, რაც ხდებოდა მინისტრთა კაბინეტში, დავრწმუნდი, რომ იქაც და სხვა სტრუქტურებშიც ბევრი სცოდავდა სწორედ ამ კავშირების მხრივ, და ხანდახან კიდეც ახერხებდა მათ დამყარებას.

მეორე შემთხვევაში საქმე გვაქვს თვითდასაქმებულ მშრომელ ადამიანთან, რომელიც საკუთარი შესაძლებლობების შეზღუდულობის გამო ჯერ ვერ გახდა მეწარმე. ვერ შექმნა საკუთარი ინიციატივის საბაზრო ეკონომიკაში სამართლებრივი დამკვიდრების საფუძველი. პირველი ჯგუფის წარმომადგენლებს ჩვენ ვერ ვეგუებით. ამიტომ მკაცრად უნდა მოვთხოვოთ სახელმწიფო მინისტრს, ეროვნული უშიშროების საბჭოს, ყველა სამართალდამცავ ორგანოს, მინისტრებს, უწყებათა ხელმძღვანელებს, ხელისუფლების ყველა სტრუქტურას, არ შეასუსტონ ბრძოლა ჩრდილოვანი ეკონომიკის ელიტასთან (ასეთი მითითებები ჩვენმა სტრუქტურებმა უკვე მისცეს ადგილებზე), რომლებმაც შექმნეს თავიანთი კაპიტალის დანაშაულებრივი ზრდის საკუთარი პირობები და ამ პირობებს სთავაზობენ სახელმწიფო ორგანიზაციებს. ამ ბრძოლისათვის არსებობს საკანონმდებლო ბაზა, ამის გარანტიას იძლევა ჩვენი კონსტიტუციაც.

ჩრდილოვანი ეკონომიკის მეორე ჯგუფის წარმომადგენლებს კი უნდა დავეხმაროთ, უნდა მოვახერხოთ მათი ჩაბმა კანონით დაცულ და კანონის მეთვალყურეობით მიმდინარე პროცესებში. ამ მიმართულებით განსაკუთრებით უნდა იმუშაონ ეკონომიკის, იუსტიციის, ფინანსთა სამინისტროებმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. ხელი შევუწყოთ მათ აითვისონ მეურნეობის გაძღოლის ფორმები და მეთოდები, მოვაწყოთ სემინარული მუშაობა, ისწავლონ ელემენტარული საბანკო ოპერაციების განხორციელება, კონტრაქტების გაფორმება, საბაზრო გარიგებების წესები. ჩრდილოვანი ეკონომიკის ამ ნაწილის ლეგალიზაცია აუცილებელია.

გარდა ამისა, საჭიროა დავეხმაროთ პრივატიზაციის ლაბირინთებში დაბნეულ პირს, თუ წვრილი ფერმერების, ვაჭრების, ხელოსნებისა თუ სხვა სახის ნახევრადდასაქმებულ თუ თვითდასაქმებულ მოქალაქეებისადმი გარკვეულ ლოიალურობას გამოვიჩენთ, შეურიგებლები უნდა ვიყოთ მსხვილი კომერსანტის, ან მეწარმის ნიღაბს ამოფარებული კანონის დამრღვევებისადმი. სწორედ მათ წინააღმდეგ საბრძოლველად უნდა ავამოქმედოთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალება.

არ შეიძლება არ აღინიშნოს ჩრდილოვანი ეკონომიკის ახალი წარმონაქმნი - არგადახდები. ჩვენი მოქალაქეების, საწარმოებისა და დაწესებულებების ხელმძღვანელთა ნაწილი შეეგუა იმ ფაქტს, რომ შეუძლია, მაგალითად, მოიხმაროს ელექტროენერგია, წყალი, ისარგებლოს კომუნალური მომსახურებით და არ გადაიხადოს საფასური. ეს ჩვეულებრივი ცხოვრების წესად იქცა. მათ გასაგონად მინდა ვთქვა, რომ ხელისუფლების ყველა სტრუქტურა მზად არის შეძლებისდაგვარად დაეხმაროს მათ, მაგრამ ისინიც, თავის მხრივ, არ უნდა გაურბოდნენ საკუთარ ვალდებულებას სახელმწიფოსა და სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე. ეს კრიმინალური სამყაროა, ეს შავი ბიზნესის სფეროა.

სახელმწიფო დამნაშავეებთან, პოლიტიკურ და ეკონომიკურ მაფიასთან, ტერორთან, რეკეტთან, კორუფციასთან ბრძოლამ დიდი დარტყმა მიაყენა ჩრდილოვან ეკონომიკას, მაგრამ ჩრდილოვანი ეკონომიკის დიდ მასშტაბებზე კვლავაც მეტყველებს საგადასახადო ინსპექციის მიერ სხვადასხვა სამეურნეო სუბიექტების შემოწმების შედეგად გამოვლენილი დამალული შემოსავლების უამრავი ფაქტი.

საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევა, რომელიც გადასახადების დამალვასა და შემოსავლების შესახებ საგადასახადო ორგანოებისათვის სათანადო დეკლარაციების წარუდგენლობით გამოიხატება, ყველა ქვეყანაში მკაცრად ისჯება და ამრიგად ფინანსური და ადმინისტრაციული ზემოქმედების ღონისძიებები გადამხდელსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის რეგულირების ერთ-ერთი მძლავრი ბერკეტია.

ჩვენ გვაქვს ლიბერალური საგადასახადო პოლიტიკის გატარება, რითაც ბიძგი უნდა მიეცეს მეწარმეობის განვითარებას, საარჩევნო კამპანიის დროს შეხვედრაზე მე მეწარმეებს გარკვეული პირობები მივეცი. ამ წლის ბიუჯეტში ყველაფრის გათვალისწინება შეუძლებელია. მაგრამ ვფიქრობ, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი ამ მხრივ მისაღები უნდა იყოს ჩვენი მეწარმეებისათვის. მაგრამ, ამასთან ერთად, საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევა და ბიუჯეტის წინაშე ვალდებულებების შეუსრულებლობა მკაცრი ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით უნდა რეგულირდებოდეს.

მართალია, უკანასკნელ წლებში ამ მხრივ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, ბრძოლა გაძლიერდა, შეიქმნა სათანადო სამართლებრივი ბაზა, მაგრამ გასაკეთებელი კვლავ ძალიან ბევრია.

საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევას მარტო და ძირითადად სასამართლო წესით ვერ შევებრძოლებით. აქ ეფექტიანად უნდა მუშავდებოდეს სხვადასხვა მექანიზმი, სხვათა შორის, სასამართლოშიც, ჩვენ ერთსულოვნად მივეცით ხმა საკონსტიტუციო დებულებას იმის შესახებ, რომ სასამართლოები დამოუკიდებლები არიან, არავის აქვს მათ საქმიანობაში ჩარევის უფლება, მაგრამ განუკითხაობა სასამართლო სფეროში უნდა დამთავრდეს. მოვიფიქროთ, პარლამენტთან ერთად, რა გზებით შეიძლება წესრიგის დამყარება სასამართლო სისტემაში. არ მინდა შეურაცხყოფა მივაყენო ყველა მოსამართლეს, მაგრამ ის, რასაც ვერ ახერხებენ შინაგან საქმეთა და უშიშროების სისტემაში, ხდება სასამართლო სტრუქტურებში. გთხოვთ, კარგად და სერიოზულად იფიქროთ ამის შესახებ, გადსაწყვეტი იქნება, ალბათ, ზოგიერთი საკადრო პრობლემაც.

კვლავ გადახდის კულტურასთან დაკავშირებით:

ბევრ ქვეყანაში სწორედ საგადასახადო ორგანოების უფლებაშია ფინანსური და ადმინისტრაციული ღონისძიებების გატარება და მხოლოდ ცალკეულ შემთხვევაში, როდესაც საქმე გვაქვს სისხლის სამართლის დანაშაულთან, საქმეს იხილავს სასამართლო.

საინტერესოა ამ მხრივ ამერიკის შეერთებული შტატების გამოცდილება, ამ ქვეყანაში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს საგადასახადო დეკლარაციის დაგვიანებით წარდგენისათვის დააჯარიმოს გადამხდელი გადასახადი თანხის 5 პროცენტიდან 25 პროცენტამდე, წარდგენის ვადის დარღვევის პერიოდის მიხედვით. ამავე დროს, დეკლარაციაში შემოსავლების არასრულად ასახვის შემთხვევაში ჯარიმის თანხა, რასაც ისევ საგადასახადო ორგანო აკისრებს, 20 პროცენტიდან 75 პროცენტამდეა.

ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ თუ სამუშაოს მიმცემმა არ დაუკავა გადასახადი და არ გადარიცხა ბიუჯეტში, ჯარიმის თანხა 100 პროცენტს აღწევს, რასავ ისევ საგადასახადო ორგანო აკისრებს კანონის დამრღვევს. მივმართე ბატონ დავით სალარიძეს: თქვენ ბევრი უნდა იფიქრით იმაზე, რომ ის გამოცდილება, რომელიც დაგროვდა მსოფლიოში, გამოიყენოთ.

კიდევ უფრო მკაცრი ღონისძიებებია გათვალისწინებული ამერიკის კანონით შემოსავლების განზრახ დამალვისათვის. ამ შემთხვევაში ჯარიმის თანხა 25 ათასი დოლარიდან 100 ათას დოლარამდეა, ან კანონი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5 წლის ვადით.

საფრანგეთში შემოსავლების დამალვის მხილების ფუნქცია საგადასახადო ორგანოს კომპეტენციაშია და ჯარიმის თანხა გადასახდელების 80 პროცენტს შეადგენს.

საწარმოთა ფინანსური მდგომარეობის გამო ჩვენს ქვეყანაში დიდი პრობლემაა ბიუჯეტის კუთვნილი თანხების გადაუხდელობა. ამჟამად ბიუჯეტის წინაშე დავალიანება 45 მილიონ ლარს შეადგენს, აქაც საკანონმდებლო ვაკუუმთან გვაქვს საქმე. ვერ ამოქმედდა გაკოტრების შესახებ კანონმდებლობა. აქაც სხვა ქვეყნების გამოცდილებას უნდა დავესესხოთ, აშშ-ში თუ საწარმო არ იხდის გადასახადს, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადამხდელისათვის წინასწარ შეტყობინების შემდეგ ყადაღა დაადოს მის ქონებას და მოახდინოს მისი რეალიზაცია აუქციონის მეშვეობით, ამონაგები თანხები კი ჩარიცხოს ბიუჯეტში დავალიანების დასაფარავად.

ამ უარყოფითი მოვლენების აღმოსაფხვრელად, უწინარეს ყოვლისა, საჭიროა როგორც საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა და კანონის ამოქმედება, ისე მთლიანად მართვის სისტემის გაუმჯობესება, ამ თვალსაზრისით დიდი ამოცანები დგას აღმასრულებელი ხელისუფლების, მათ შორის, სამხარეო ადმინისტრაციების, რაიონული, საქალაქო ხელმძღვანელების წინაშე.

სახელმწიფო შემოსავლების ზრდა 1996 წელს უზრუნველყოფილი იქნება იმ ძირეული სტრუქტურული ცვლილებებითაც, რაც უნდა განხორციელდეს ამ წლის განმავლობაში სახელმწიფო სექტორში.

აქ უნდა შევეხოთ საკითხს დამატებული ღირებულების, მიწის გადასახადის, მოგებისა და დროებითი ფიქსირებული „საფირმო“ გადასახადები და ანარიცხების ეკონომიკური ნორმატივების შესახებ.

ბიუჯეტის პროექტის განხილვის პროცესში განსაკუთრებით გამოიკვეთა რეგიონული მმართველობის როლის გაზრდის აუცილებლობა, მთავარი ინსტრუმენტი ამისათვის საგადასახადო განაკვეთების ნორმატივების ცენტრალურ და ადგილობრივ ბიუჯეტებს შორის ურთიერთმისაღები განაწილების უზრუნველყოფაა.

ამ განაწილების ვექტორი ადგილობრივი ბიუჯეტებისაკენ უნდა მივმართოთ, ამასთან, ადგილობრივ ბიუჯეტებში საგადასახადო შემოსავლების კონცენტრაციის გაძლიერება უნდა დაემყაროს პირველ რიგში სოციალური განვითარების ხარჯების გეგმაზომიერ გადატანას ადგილებზე.

ამავე დროს, საბიუჯეტო მოწყობის კანონის დაზუსტებისას, რაც უახლოეს ხანში უნდა განხორციელდეს, ერთხელ და სამუდამოდ მკვეთრად უნდა გაიმიჯნოს ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტების შემოსავლები და ხარჯები, ამასთან, როგორც ცენტრალურმა, ისე ადგილობრივმა ორგანოებმა ყველა ზომა უნდა მიიღონ გადასახადების ყველა სახეობის ამოსაღებად.

მერს თუ გამგებელს, მით უმეტეს, პრეზიდენტის რწმუნებულს არა აქვს უფლება მხოლოდ ადგილობრივი ინტერესების თვალთახედვით მიუდგეს ბიუჯეტის შესრულებას, საჭიროა საერთო სახელმწიფო და ადგილობრივი ინტერესების შეხამება.

გამომდინარე იმ თანაფარდობიდან, რაც 1996 წელს ჩამოყალიბდა საქართველოს ცენტრალური და ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების ვალდებულებებში და აგრეთვე იმის გათვალისწინებით, თუ როგორია ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების მიერ ერთ მოსახლეზე გაწეული ფაქტობრივი ხარჯების ჩამოყალიბებული დონეები, წარმოდგენილი კანონპროექტით გათვალისწინებულია 1996 წელს ბიუჯეტებს შორის სახელმწიფო საგადასახადო შემოსავლების განაწილების ნორმატივები.

სახელმწიფო გადასახადებიდან ანარიცხების ნორმატივები, რომელიც წარმოდგენილია ბიუჯეტის პროექტში, ჩამოყალიბდა აჭარის მინისტრთა საბჭოს, მხარეებში საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულების, თბილისის, სხვა ქალაქების მერიებისა და რიგი რაიონების გამგეობების მიერ გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებათა კვალობაზე და წარმოადგენს ფართო განხილვის შედეგს, რომელიც გაიმართა თქვენთან და საქართველოს პრეზიდენტთან.

სახელმწიფო გადასახადების გადანაწილების წარმოდგენილი მექანიზმი, ნაცვლად ადრე არსებულისა, უფრო მეტ სტიმულს აძლევს როგორც საქალაქო და რაიონული, ისე სამხარეო დონის ადმინისტრაციების ხელმძღვანელებს იზრუნონ შესაბამისი რეგიონის ეკონომიკის აღორძინებაზე. ბევრ რამეს ექსპერიმენტის ხასიათი აქვს და მიმდინარე წელი გვიჩვენებს, რამდენად სწორია ჩვენი ესა თუ ის არჩევანი.

ბიუჯეტის პროექტის განხილვამდე ქვემო ქართლსა და იმერეთში, საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულის მიერ წარმოდგენილი წინადადებების გათვალისწინებით, ფინანსთა სამინისტროში შემუშავდა სამხარეო ადმინისტრაციებისათვის გარკვეული ფინანსური რესურსების შექმნის მიზნით სახელმწიფო ფონდების ფორმირების მექანიზმი.

ამ ფონდის საშუალებით განხორციელდება მხარის სოციალური და ეკონომიკური განვითარების ერთობლივი პროგრამებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებების დაფინანსება.

ეს მექანიზმი ამჟამად საქართველოს პრეზიდენტის დავალების შესაბამისად განიხილება თითოეული მხარის ადმინისტრაციის მიერ ფინანსთა სამინისტროსთან ერთად და კანონპროექტის თანახმად საბოლოო სახით წარმოდგენილი იქნება საქართველოს პარლამენტში „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შედგენის, მიღებისა და შესრულების წესის შესახებ“ კანონპროექტში 1996 წლის 1 აპრილამდე.

ბიუჯეტის პროექტის პრეზიდენტთან განხილვის შედეგად, სამინისტროებმა და უწყებების, ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენელთა მიერ გამოთქმული შენიშვნების საფუძველზე, პროექტში შეტანილ იქნა შემდეგი ცვლილებები:

1. გარკვეულწილად შეიცვალა ცენტრალურ და ტერიტორიულ ერთეულებს შორის საგადასახადო შემოსავლებიდან ანარიცხების ნორმატივების, აღნიშნული ცვლილება ძირითადად მიმართულია ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლების ზრდისაკენ, კერძოდ, დამატებული ღირებულების გადასახადის ნორმატივი ტერიტორიული ბიუჯეტისათვის (რაც ადგილზე უნდა დარჩეს) შეადგენს 80 პროცენტს, მოგების გადასახადი - 50 პროცენტს, ფიზიკურ პირთა საშემოსავლო გადასახადი - 50 პროცენტს, მიწის გადასახადი - 50 პროცენტს. ამასთან, გარდა აქციზსა და საბაჟო გადასახადისა, ყველა სხვა სახელმწიფო და ადგილობრივი გადასახადის (ქონების, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, გარემოზე ზემოქმედების და სხვა) 100 პროცენტი ჩაირიცხება ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტში.

2. კანონში შევიდა მუხლები, რომლებითაც მმართველობის ადგილობრივ ორგანოებს მიეცათ დამატებითი უფლებები (ეს ყველაფერი, ექსპერიმენტების სახით, აპრობირებულია სხვადასხვა რაიონებში და მხოლოდ ამიტომ შემოგთავაზეთ, როგორც კანონის შემადგენელი ნაწილი), კანონში შევიდა მუხლები, რომლებითაც მმართველობის ადგილობრივ ორგანოებს მიეცათ დამატებითი უფლებები, კერძოდ, ნება დაერთოთ დამოუკიდებლად გადაწყვიტონ გამოუყენებელ ძირითად ფონდებზე ქონების გადასახადისაგან ცალკეული მეურნეობების განთავისუფლება-არგანთავისუფლების საკითხი, ვიცი, რომ ამ საკითხზე დავა იყო კომიტეტებში. თუ ჩემი აზრი გაინტერესებთ, სხავგვარი მიდგომა შეუძლებელია. ეს ისეთი მოცულობის საქმიანობაა, რომ თუ იგი ცენტრალიზებული იქნება, ბიუროკრატიზმის ისეთ სისტემამდე მიგვიყვანს, რომლის დაძლევა პრობლემა გახდება.

- უფლება მიეცათ დააწესონ დანამატი იმ გადასახადებზე, რომლებიც მთლიანად რჩება ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტში, ან მოახდინონ ამ გადასახადების დიფერენცირება იმ პირობით, რომ ტერიტორიის მიხედვით შენარჩუნებული იქნეს კანონით დადგენილი გადასახადის საშუალო განაკვეთი.

3. დაკმაყოფილებული იქნა აჭარის მინისტრთა საბჭოს თხოვნა და აჭარის ბიუჯეტის ხარჯების ნაწილი გაიზარდა პირველ ვარიანტში 1,422 ათასი ლარით, ხოლო კონსულტაციების შემდეგ ამ თანხას დაემატა 1 მლნ. ლარი.

4. დაკმაყოფილდა ზესტაფონისა და სხვა რაიონების თხოვნა.

5. ქ. თბილისის ბიუჯეტში საგადასახადო ნორმატივები სხვა ტერიტორიული ბიუჯეტების ნორმატივებთან შედარებით გაიზარდა ხუთ-ხუთი პროცენტით, კერძოდ;

- დამატებული ღირებულების გადასახადი ანარიცხის ოდენობა დაწესდა 35 პროცენტის დონეზე;

- ფიზიკურ პირთა საშემოსავლო გადასახადი - 55 პროცენტი;

- მოგების გადასახადი („საფირმო“ გადასახადის ჩათვლით) - 55 პროცენტი.

აღნიშნული ცვლილებების შედეგად თბილისის ბიუჯეტის ხარჯები (შემოსავლების ზრდის კვალობაზე) გაიზარდა 7,6 მილიონი ლარით, შესაბამისად ცენტრალური ბიუჯეტიდან მოიხსნა ისეთი ხარჯების დაფინანსება, როგორიცაა: ქ. თბილისის მეტროს მშენებლობა (2000 ათასი ლარი), 1990-91 წლების ცნობილი მოვლენების შედეგად, რუსთაველის პროსპექტზე დანგრეული საცხოვრებელი სახლების მშენებლობა - (1500 ათასი ლარი), რაც, რა თქმა უნდა, მცირეა მაგრამ მუშაობის შედეგების შესაბამისად, შეიძლება გამოიძებნოს მისი გაზრდის საშუალება. „დინამოს“ სტადიონის ტრიბუნების რეკონსტრუქცია (500 ათასი ლარი) და კომპლექს „საქართველოს მატიანეს“ მშენებლობა (500 ათასი ლარი). მთლიანად, ჯამში 4,500 ათასი ლარის ოდენობით.

6. გარკვეული ცვლილებები განიცადა კავშირგაბმულობის, რკინიგზის, საჰაერო ტრანსპორტისა და საქენერგოს ცალკეული ობიექტების ბიუჯეტთან ანგარიშსწორებამ, იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული სისტემის სრულ სამეურნეო ანგარიშზე გადაყვანა ჯერჯერობით არ არის დამთავრებული. აგრეთვე, მათი დიდი დავალიანების გამო, როგორც ქვეყნის შიგნით არსებული სამეურნეო სუბიექტებთან, ისე სხვა ქვეყნებთან, მათი შემოსავლების დაგეგმვა მხოლოდ ერთ ბიუჯეტში მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული, ამდენად, მათი მდგომარეობის სტაბილიზაციამდე და დავალიანების გასტუმრებამდე გათვალისწინებულია მხოლოდ დამატებული ღირებულებისა და მოგების გადასახადის აკუმულირება ცენტრალურ ბიუჯეტში.

7. ექსპერიმენტის სახით ჩამოყალიბდა ახალი მექანიზმი ქუთაისის ბიუჯეტის ცენტრალურ ბიუჯეტთან ურთიერთობაში, წლის განმავლობაში ქუთაისის ბიუჯეტში მთლიანად ირიცხება მის ტერიტორიაზე მიღებული გადასახადები. ამასთან, ცენტრალურ ბიუჯეტში ქუთაისიდან გადმოირიცხება ფიქსირებული თანხა 9 მლნ ლარის ოდენობით, თანაბარი ნაწილებით წლის განმავლობაში, ზემოთ აღნიშნულის შედეგად ქუთაისის ბიუჯეტის ხარჯები გაიზრდება 2 მლნ 810 ათასი ლარით.

8. ზემოაღნიშნული ცვლილებების შესაბამისად, ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების შემოსავლები შეადგენს 146 მლნ 695 ათას ლარს (ნაცვლად 112,313 ათასისა), იგი გაიზრდება 34 მლნ 382 ათასი ლარით, საიდანაც ტრანსფერების სახით ცენტრალური ბიუჯეტის საშუალებით დაიფარება 23 მლნ 188 ათასი ლარი, ხოლო დანარჩენი თანხა გადანაწილდება პრეზიდენტის სამხარეო რწმუნებულების მიერ, გარდა ამისა, განსაკუთრებით მცირე შემოსავლის მქონე რაიონებისათვის ბიუჯეტიდან დამატებით გამოიყოფა 3 მლნ 433 ათასი, ნაცვლად თავდაპირველი ვარიანტით გათვალისწინებული 2 მლნ 487 ათასი ლარისა.

9. გარდა ამისა, სხვადასხვა წინადადებებისა და შენიშვნების გათვალისწინებით, ბიუჯეტის ხარჯებში დამატებით იქნა შეტანილი შემდეგი ცვლილებები:

- 1996 წლის ზაფხულის ოლიმპიადაში საქართველოს დელეგაციის მონაწილეობისათვის დამატებით გათვალისწინებული იქნა 1 მლნ ლარი;

- თავდაცვის სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებანი გაიზარდა 1 მლნ ლარით, ძირითადად, ლაპარაკია მედიკამენტებზე, ჩვენი ჯარის სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესებაზე.

- საკონსტიტუციო სასამართლოსათვის ცენტრალურ ბიუჯეტში დამატებით გათვალისწინებული იქნა 33 ათასი ლარი;

- გაიზარდა სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს აპარატის ხარჯები;

- ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დამატებით გამოეყო 100 ათასი ლარი;

- განათლების სამინისტროს შენახვის ხარჯები ადმინისტრაციული შენობის აღდგენის დასაფინანსებლად გაიზარდა 250 ათასი ლარით.

- 3 მლნ 500 ლარამდე, ანუ 1 მლნ. ლარით გაიზარდა პარლამენტის შენობის აღდგენითი სამუშაოების დაფინანსება და სხვ.

10. საგადასახადო შეღავათების გაუქმებამ შეიძლება გამოიწვიო სიძნელეები კულტურის სფეროს ზოგიერთი დაწესებულების ფინანსურ მდგომარეობაში. კანონში გათვალისწინებულია ამ ორგანიზაციათა დანაკარგების შევსების მექანიზმი, შეღავათების გაუქმების შემდეგ ბიუჯეტში გადასარიცხი გადასახადების მოცულობის ფარგლებში დასაბრუნებელი თანხები გათვალისწინებული იქნება გადასახადების განაწილების მიხედვით, შესაბამის ბიუჯეტში, რა საერთაშორისო სტრანდარტებიც უნდა მოქმედებდნენ, ჩვენ ვერ შევადგენთ ისეთ ბიუჯეტს, რომელიც ქართული კულტურის, მეცნიერების, ლიტერატურისა, თეატრის, ხელოვნების რენესანსის ნაცვლად, მათ დეგრადაციას გამოიწვევს.

11. გარდა ამისა, გათვალისწინებული იქნა სხვადასხვა სამინისტროებისა და უწყებების შენიშვნები.

V. სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები

საქართველოს 1996 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებულია 784 მლნ. ლარის ოდენობით ხარჯების გაწევა, რაც 1995 წლის შესაბამისი ბიუჯეტის წინასწარ ფაქტობრივ მაჩვენებელზე თითქმის 2-ჯერ მეტია.

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების დაფინანსება 1996 წელს საკუთარი შემოსავლებით, უზრუნველყოფილია თითქმის 65 პროცენტით, მაშინ, როდესაც 1995 წელს ეს მაჩვენებელი 39 პროცენტს შეადგენდა.

ბიუჯეტის დეფიციტი, რომელიც დაგეგმილი იყო 229 მლნ. ლარის ოდენობით, 1996 წელს შეადგენს შიდა ერთობლივი პროდუქტის 4 პროცენტს, რაც 1995 წლის შესაბამის მაჩვენებელზე ერთი პუნქტით ნაკლებია.

საერთოდ დეფიციტის ოდენობა 1996 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებული ხარჯების მიმართ შეადგენს 29 პროცენტს, რაც 1995 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 17 პუნქტით ნაკლებია.

საქართველოს 1996 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების საერთო მოცულობიდან საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტის ხარჯების მოცულობა შეადგენს 559 მლნ ლარს, რაც 1995 წლის ფაქტობრივ წინასწარ მაჩვენებელზე 1,8-ჯერ მეტია.

ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტის საერთო მოცულობა 1996 წელს გაანგარიშებულია 137 მლნ ლარის ოდენობით, რაც 1995 წლის ფაქტობრივი შესრულების მაჩვენებელს 61 პროცენტით აღემატება.

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტგარეშე ფონდების ხარჯების მოცულობა 1996 წელს დადგენილია 155 მლნ ლარის ოდენობით. სხვაობა ამ ფონდების შემოსავლებსა და გასავლებს შორის განსაზღვრულია 61,0 მლნ ლარით, რაც იფარება საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი სუბსიდიებით. აქედან საქართველოს სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს უნდა გადაეცეს 38 მლნ ლარი, საგზაო ფონდს - 6,0 მლნ ლარი. ხოლო ჯანმრთელობის დაცვის ფონდს - 17 მლნ ლარი.

საქართველოს 1996 წლის ცენტრალური ბიუჯეტის სტრუქტურა გამომდინარე იმ მიზნებიდან, რომლებიც ამ ბიუჯეტს აკისრია სტრუქტურული რეფორმების საშუალოვადიანი სამწლიანი პროგრამის მიხედვით, 1995 წლის ბიუჯეტის სტრუქტურასთან შედარებით, გარკვეულწილად შეიცვალა. ასე, მაგალითად, 1995 წელს საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტის ინვესტიციურ პროგრამაზე, ანუ კაპიტალური დაბანდებების დაფინანსებაზე გათვალისწინებული იყო სულ 4,0 მლნ ლარი, ხოლო 1996 წლის ცენტრალური ბიუჯეტი ითვალისწინებს თითქმის 48 მლნ ლარს.

საქართველოს 1996 წლის ცენტრალურ ბიუჯეტში განსაკუთრებული ყურადღება აქვს დათმობილი მოსახლეობის სოციალური დაცვის ღონისძიებების განხორციელებას.

კონსტიტუციაში ნათქვამია, რომ სავალდებულოა გადასახადების და მოსაკრებლების გადახდა კანონით დადგენილი ოდენობით და წესით, მაგრამ მოსახლეობის დიდი ნაწილი ვერ იხდის კანონით დაწესებულ გადასახადებს, რადგანაც ის არ არის გადახდისუნარიანი, მისი ხელფასი საარსებო მინიმუმზე ნაკლებია. ეს ეხება მოსახლეობის დიდ ნაწილს.

აღმასრულებელმა ხელისუფლებამ, სახელმწიფო მინისტრმა, სამინისტროებმა და უწყებებმა უნდა შეიმუშაონ განსაკუთრებული სახელმწიფო პროგრამა საარსებო მინიმუმთან ხელფასის გათანაბრების დარგში.

1. სოციალურად დაუცველი ჯგუფების პრობლემა. მსოფლიო ბანკის ტექნიკური დახმარების საფუძველზე დაიწყო მოსახლეობის განსაკუთრებით დაუცველი სოციალური ჯგუფების გამოვლენის პროექტის რეალიზაცია, რომელიც მოწოდებულია მიზნობრივი მისამართობრივი გახადის სოციალური დახმარების მთელი სისტემა.

2. საპენსიო ასაკის პრობლემა და კერძოდ საპენსიო ფონდები. გათვალისწინებულია ცვლილებები საპენსიო ასაკში. კერძოდ, მისი ზრდა ქალებისათვის 60 წლამდე. მამაკაცებისათვის 65 წლამდე (მათთვის, ვინც ჯერ არ გასულა პენსიაზე).

გათვალისწინებულია უახლოეს დროში კერძო საპენსიო ფონდების შესახებ კანონის მიღება. ვეტერანების საკითხს, რომელიც ამ ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული, უნდა დავუბრუნდეთ პირველი კვარტალის შედეგების მიხედვით.

3. ხელფასებისა და გასაცემლების გაზრდა. სოციალური დაცვის სისტემის მიზნობრიობის ამაღლების საფუძველზე შესაძლებელი გახდა დაზოგილი სახსრები მიმართულიყო სხვადასხვა გასაცემლების ზრდაზე, რაც აუცილებელი იქნება საბიუჯეტო სფეროში ხელფასების ზრდის პროპორციულად.

1996 წლის ცენტრალური ბიუჯეტის პროექტის მიხედვით საბიუჯეტო სფეროში დასაქმებულ მუშაკთა საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება გაანგარიშებულია 30 ლარის ოდენობით, მათ შორის, ხელისუფლებისა და მმართველობის ორგანოებში - 20 ლარი, განათლებაში - 14 ლარი, მეცნიერებაში - 16 ლარი, ხოლო ძალოვან სტრუქტურებსა და სასამართლო ხელისუფლების ორგანოებში - 55-60 ლარის ოდენობით.

1996 წლის 15 თებერვლიდან პურზე ფასების საშუალოდ 40 პროცენტით ზრდის პირობებში, მსოფლიო ბაზარზე პურის ფასების ზრდის გამო გათვალისწინებულია კომპენსაციის გაცემა მოსახლეობის თითქმის ყველა ფენისათვის. მოწესრიგდება ასევე ბიზნესის, ელექტროენერგიის ფასები, გათვალისწინებული იქნება მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციები.

1996 წელს შრომის ანაზღაურების მინიმალური დონე გაიზრდება 35 პროცენტით, პენსიები და შემწეობები - 17 პროცენტით.

ამავე დროს 1996 წლის 1 ივლისიდან გათვალისწინებულია საბიუჯეტო სფეროს მუშაკთა შრომის ანაზღაურების, პენსიების, ბავშვთა დახმარების, ლტოლვილთა შემწეობებისა და სტუდენტთა სტიპენდიების გადიდება 25 პროცენტით. ამ ღონისძიებებს მოხმარდება 40,0 მლნ ლარზე მეტი.

4. ინფლაციის შემცირება. ფასების ზრდა. 1996 წელს ინფლაციის ტემპი მნიშვნელოვნად შემცირდება რა სამომხმარებლო ფასების მოსალოდნელი ზრდის პირობებში, საშუალოდ წლის განმავლობაში არ გადააჭარბებს 29 პროცენტს.

ამ პირობებში საშუალო ხელფასი საბიუჯეტო სფეროში მომუშავესათვის, პენსიები და შემწეობების ოდენობა 35-40 პროცენტით გაიზრდება.

5. ჯანდაცვის დარგის რეფორმები. მაღალი ტემპით მიმდინარეობს რეფორმები ჯანმრთელობის დაცვის სფეროში. ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დაფინანსებას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოხმარდება 25 მლნ ლარზე მეტი, რაც 1995 წლის დონეს 2-ჯერ აღემატება. და მაინც საგანგებო ღონისძიებებია გასატარებელი, რომ ღარიბ მოსახლეობას ჯანდაცვის სისტემის რეფორმით გამოწვეული დროებითი სოციალური წნეხი, უფასო სამედიცინო დახმარების სისტემიდან ფასიანზე გადასვლის პროცესის ზეწოლა შევუმსუბუქოთ. ამ მიზანს ემსახურება ბიუჯეტი, ბიუჯეტგარეშე სახელმწიფო ფონდები.

6. უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმა. მოკავშირე რესპუბლიკებს შორის საქართველოს პირველი ადგილი ეკავა უმაღლესი განათლების მქონე მოსახლეობის კოეფიციენტის მიხედვით, ჰქონდა მაღალგანვითარებული განათლების სისტემა, მაგრამ დღევანდელი ვითარების გათვალისწინებით, შეუძლებელია ამ სფეროზე უწინდელი დონის ხარჯების გაღება. ამდენად, ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს აღადგინოს განათლების სისტემა თანდათან, ეტაპობრივად, განახორციელოს მიზანმიმართული, ეკონომიკურად გამართლებული და ეფექტიანი ღონისძიებები. ამ მიზნით შექმნილია სპეციალური სამთავრობო კომისია.

1996 წელს საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტის პროექტით განათლების სისტემაში რეფორმების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით გათვალისწინებულია 5 პროცენტამდე, მაგრამ ადგილობრივი დანახარჯების ჩათვლით შეიძლება 10 პროცენტიც გამოვიდეს. განათლების სისტემაში, ისევე როგორც ჯანდაცვაში, რეფორმები საკმაოდ მტკივნეულად მიმდინარეობს, განსაკუთრებით ფასიან სწავლებაზე გადასვლა. ნურავინ ნუ გააუბრალოებს ამ სოციალურად მტკივნეულ პროცესებს. საჭიროა მეტი სიბრძნე და მეტი ფინანსური სახსრები რეფორმების განხორციელებისათვის. ამისთვის უნდა ვიზრუნოთ ყველამ ერთად.

რა არის ჩვენი უმთავრესი ამოცანა? ჯერ ერთი წარმოების ზრდა და ამ ბაზარზე ბიუჯეტის გაძლიერება. მეორე, იმ ხალხის გადარჩენა, რომლებიც ვერ ახერხებენ ადაპტირებას ახალ პირობებში და მესამე, საქართველოს ინტელექტუალური პოტენციალის არა მარტო შენარჩუნება, არამედ გამდიდრება. ამასთან დაკავშირებით, დაიბადა იდეა, რომ გამოიძებნოს სახსრები 1000-2000 სტიპენდიის დაწესებისათვის ყველაზე ნიჭიერი ახალგაზრდებისათვის, ბავშვებისათვის. მაგრამ ამ საკითხის გადაწყვეტა რეალურად შეგვეძლება, ალბათ, წლის პირველი ნახევრის შემდეგ.

7. ერთჯერადი დახმარების ფონდები. მიუხედავად განხორციელებული ღონისძიებებისა, სოციალურ სფეროში კვლავ რჩება მრავალი გადაუჭრელი პრობლემა, რომლებიც საქართველოს მთავრობის ზრუნვის მთავარ ობიექტად დარჩება 1996 წელსაც.

ამ პრობლემების ნაწილობრივ გადაწყვეტის მიზნით საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტი მარტოხელა პენსიონერების, ლტოლვილების, ინვალიდების და უმწეო მდგომარეობაში ჩავარდნილი სხვა მოქალაქეებისათვის ერთჯერადი დახმარების მიზნით ითვალისწინებს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროებთან სპეციალური დახმარების ფონდების შექმნას, ჯერჯერობით ლაპარაკია 200 ათას ლარზე, წლის მეორე ნახევარში ეს ციფრი შეიძლება გაორმაგდეს.

ასეთი ტიპის დახმარებისათვის სპეციალური ფონდები გათვალისწინებულია ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებშიც.

საქართველოს 1996 წლის ცენტრალური ბიუჯეტის სტრუქტურაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სახელმწიფო ვალების (რომელიც ერთ მილიარდ აშშ დოლარს აღემატება) მომსახურების საკითხს. ამ მიზნით წლის განმავლობაში უნდა გამოიყოს 91 მლნ ლარამდე.

რა თქმა უნდა, კარგი ცხოვრებისგან არ არის, რომ ჩვენ ვალები გვაქვს. მაგრამ მათ გარეშე ხალხისა და ქვეყნის ფიზიკური გადარჩენა შეუძლებელი იქნებოდა. მეორეც, მსოფლიო თანამეგობრობაში მიმდინარეობს პროცესები, როდესაც ეკონომიკა ვითარდება, ვალების დაფარვა ხერხდება, ხდება მათი რესტრუქტურიზაცია. ამავე დროს დაიწყო მოძრაობა, რომ ამ ქვეყნებს, რომლებსაც უჭირთ, აპატიონ ეს ვალები. მაგალითად, ევროგაერთიანების ჩვენ 135 მლნ დოლარი გვმართებს. ახლა ეძებენ გზებს, რომ ამ ვალის მხოლოდ პროცენტები გადაგვახდევინონ. ამიტომ ვალების დაფარვის პრობლემებს უიმედოდ არ ვუყურებთ. მათი მომსახურებისათვის ბიუჯეტში შესაბამისი თანხებია გათვალისწინებული. ამასთან, იმისათვის, რომ ვალების მომსახურება არ იყოს გაბნეული სხვადასხვა სტრუქტურებში, ამიერიდან პარლამენტისა და პრეზიდენტის წინაშე საგარეო ვალების მომსახურებაზე პასუხისმგებელი ერთადერთი ორგანო იქნება ფინანსთა სამინისტრო.

მიუხედავად იმისა, რომ 1996 წელს საგარეო ვალების მომსახურებისა და დაფარვისათვის საჭირო სახსრების მოცულობა მნიშვნელოვნად აღემატება ბიუჯეტში გათვალისწინებულს, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან შეთანხმებით, და მათი ხელშეწყობით, ვალების რესტრუქტურიზაციის საქმეში, 1996 წელს ბიუჯეტი ითვალისწინებს ცალკეულ მოვალეზე თანაბარ ვალის საერთო მოცულობის 4 პროცენტის ოდენობით მომსახურებაზე სახსრების გამოყოფას.

მოგეხსენებათ, კონსტიტუციის თანახმად, ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, აგრეთვე, საერთაშორისო ვალდებულებათა შესასრულებლად, საქართველოს ჰყავს არმია, შეიარაღებული ძალები, რომლებსაც შენახვა უნდა.

მინდა შეგახსენოთ, რომ სამხედრო ძალების რაოდენობას ეროვნული უშიშროების საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.

მაშასადამე, პრეზიდენტმა და პარლამენტმა, ერთი მხრივ, უნდა გაითვალისწინონ, რომ სახელმწიფოს სამხედრო დოქტრინით გონივრულად უნდა იქნეს განსაზღვრული შეიარაღებული ძალების რაოდენობა და შეიარაღების დონე, მეორე მხრივ, აუცილებლად უნდა ვიქონიოთ მხედველობაში რეალურად არსებული საბიუჯეტო რესურსები და სახელმწიფოს მატერიალური შესაძლებლობანი, საერთაშორისო საბიუჯეტო პრაქტიკაში მიღებული ნორმატივები. მესამე ის, რომ ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ შეიარაღებული ძალების ფორმირება დამთავრდეს და საქმე გვქონდეს სრულფასოვან შეიარაღებულ ძალებთან.

სწორედ ასეთი მიდგომით განისაზღვრა პარლამენტში წარმოდგენილი ბიუჯეტში თავდაცვის ხარჯები.

1996 წლის ცენტრალურ ბიუჯეტში თავდაცვის ხარჯები შეადგენს 65 მლნ. ლარს, ანუ ბიუჯეტის მთელი ხარჯების 11,6 პროცენტს, რაც პროცენტულად 1995 წლის მაჩვენებლის დონეზეა, თუმცა, აბსოლუტურად გაცილებით მეტია.

ასევე სამართალდამცავ ორგანოებთან დაკავშირებით: თუ შარშან, დავხარჯეთ 41 მლნ ლარი, 1996 წლის ცენტრალური ბიუჯეტით გაანგარიშებულია 67 მლნ ლარი.

ხელისუფლებისა და მმართველობის ცენტრალური ორგანოების დასაფინანსებლად საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან 1996 წელს უნდა გამოიყოს 25 მლნ ლარი, რაც საერთო ხარჯების მიმართ შეადგენს 4,6 პროცენტს, მაშინ, როცა 1995 წლის ფაქტობრივი მონაცემებით ეს მაჩვენებელი შეადგენდა 19 მლნ ლარს, ანუ 6,1 პროცენტს.

ასეთია 1996 წლის ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები.

ზემოთ მე მოგახსენეთ საპრეზიდენტო, აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებში ბიუჯეტის პროექტის წინასწარი განხილვის შესახებ. ასეთივე განხილვა, როგორც გითხარით, გაიმართა პარლამენტის კომიტეტებში. პარლამენტში ორკვირიანი განხილვის შემდეგ გაიმართა შემთანხმებელი სამუშაო შეხვედრა კომიტეტების თავმჯდომარეების, პარლამენტარების ფინანსთა სამინისტროსა და სახელმწიფო კანცელარიის წარმომადგენლების მონაწილეობით. ამ განხილვის შედეგად გავითვალისწინეთ ზოგიერთი ცვლილება, რაც საყურადღებოა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა თურქმენეთის ვადის დასაფარად საქართველოს ტერიტორიაზე წარმოებული პროდუქტის შესაძენად და თურქმენეთში გადატვირთვისათვის (ე.ი. აქ ვაძლევთ სტიმულს წარმოებას) საქართველოს ეროვნული ბანკის მეშვეობით გამოყო 12 მლნ ლარი. ამასთან დაკავშირებით, ბიუჯეტის ხარჯები გაიზარდა 12 მილიონით.

ცენტრალური ბიუჯეტის ხარჯების შემცირების შედეგად გადიდდა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტები 8,5 მლნ ლარით, აქედან, თბილისის, ფოთის, რუსთავის, წყალტუბოს, ბოლნისის, ზესტაფონის, მცხეთის, თელავის, თიანეთის და სხვა რაიონების ხარჯები.

ქუთაისთან დაკავშირებით, ქუთაისიდან ფიქსირებული თანხის 9 მლნ ლარის ამოღების სანაცვლოდ ქუთაისის მერის თანხმობით საქართველოს ცენტრალურ და ქუთაისის ბიუჯეტებს შორის ანგარიშსწორება მოხდება არსებული ნორმატივების შესაბამისად. ამასთან, შემოღებული იქნა სახელმწიფო გადასახადებისაგან ზეგეგმიური შემოსავლების გადანაწილების ახალი წახალისების მექანიზმი, ესეც ექსპერიმენტია, რომლის მიხედვითაც, გეგმის 102,5 პროცენტის ზევით შესრულების შემთხვევაში ტერიტორიული ერთეულის ბიუჯეტი დამატებით მიიღებს შემოსავლის 30-40-50 პროცენტამდე, ხოლო მხარის ადმინისტრაცია - 10 პროცენტს. აი ფონდის შევსების წყარო, რომელზეც მოგახსენეთ.

დამატებითი ღირებულების გადასახადით არ დაიბეგრება ხორბალი, საქართველოს საპატრიარქოს ნებართვით ტაძრებისა და ეკლესიების მშენებლობა, რესტავრაცია და ა.შ.

რაც შეეხება ხორბალს - საჭიროა საქართველოს ბიზნესი დაინტერესდეს ხორბლით. თუ ჩვენ ხორბლის შემოტანაზე საბაჟო გადასახადს დავაწესებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ რამდენიმე თვის შემდეგ, როცა ჰუმანური დახმარების რესურსები ამოიწურება, ავტომატურად, 50-60 პროცენტით გაძვირდება პური, შესაძლოა 100 პროცენტითაც. ამიტომ, უნდა დავაინტერესოთ ქართველი ბიზნესმენები. ხორბლის შემოტანა უნდა იყოს მომგებიანი საქმე, ამიტომ დავაყენეთ საკითხი ამგვარად, მიუხედავად იმისა, რომ სავალუტო ფონდი კატეგორიულად მოითხოვდა ხორბლის დაბეგვრას.

დივიდენდების სახით მიღებულ შემოსავალზე საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი განისაზღვრება 10 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანილ ნავთობპროდუქტებზე საბაჟო, აქციზისა და დამატებული ღირებულების გადასახადის ნაცვლად შემოღებულ იქნა ფიქსირებული გადასახადი 15 პროცენტის ოდენობით.

ყოველგვარი შეღავათები გაუქმდება ბიუჯეტის შესახებ კანონის მიღებისთანავე.

კანონპროექტიდან მთელი რიგი დავალებები შეტანილი იქნება პარლამენტის დადგენილების პროექტში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხარეო ორგანოების ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით ხარჯები გაიზარდა 1,400 ათასი ლარით.

ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრის შენახვის ხარჯები გადიდდა 810 ათასი ლარით, მარჯანიშვილის თეატრისა - 345 ათასი ლარით, რუსთაველის თეატრისა - 418 ათასი ლარით.

პარლამენტის შენახვის ხარჯები გადიდა 350 ათასი ლარით.

საკანონმდებლო აქტების მომზადებასთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს ხარჯები იზრდება 157 ათასი ლარით, საელჩოების შენახვის ხარჯები - 134 ათასი ლარით, კონსტიტუციური სასამართლოს ხარჯები - 586 ათასი ლარით.

1996 წლის სახელმწიფო ცენტრალური ბიუჯეტის დეფიციტი გადიდდა 12 მლნ ლარით.

ასე რომ, ძირითადი შენიშვნები, რომლებიც გამოითქვა კომიტეტებში, ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარის დონეზე ძირითადად, ჩემი აზრით, გათვალისწინებულია.

VI. სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების კონტროლი საპრეზიდენტო, აღმასრულებელი და საპარლამენტო, საკანონმდებლო ხელისუფლების მიერ

1996 წლის ბიუჯეტის პროექტი ითვალისწინებს რიგ ღონისძიებებს, რომლებიც მიმართულია საბიუჯეტო სახსრების ხარჯებისადმი კონტროლის გაძლიერებაზე. ამ მიზნით 1996 წელს იკრძალება წლის დასაწყისისათვის არსებული საშტატო ერთეულების რიცხოვნობის გადიდება საბიუჯეტო ორგანიზაციებში.

ამასთან, განათლების რეფორმა ითვალისწინებს 1996 წელს ათი ათასი საშტატო ერთეულის შემცირებას.

შემცირდა სახელმწიფოს მეთაურის და მინისტრთა კაბინეტის აპარატი და კიდევ მცირდება.

ხარჯებზე კონტროლს გააძლიერებს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო დეპარტამენტი.

ხაზინის ფუნქციონირება გულისხმობს საბიუჯეტო სახსრების მართვის ახალ პრინციპებს, რომლებიც რადიკალურად განსხვავებულია ძველისაგან. კერძოდ, სახელმწიფოს ყველა შემოსავალი თავს იყრის კონსოლიდირებულ ფონდში, ხოლო ყველა გასავალი ხორციელდება ამ ფონდიდან, გარდა ამისა, საბიუჯეტო სახსრები გადაეცემა არა უშუალოდ სამინისტროს და შემდეგ მისი მეშვეობით დაქვემდებარებულ საბიუჯეტო დაწესებულებას, არამედ იმ ორგანიზაციას, რომელმაც გაუწია მათ მომსახურება.

აღნიშნული კი გამორიცხავს საბიუჯეტო დაწესებულებების ანგარიშზე თავისუფალი სახსრების უმოქმედოდ გაჩერებას და იქმნება კონსოლიდირებულ ფონდში არსებული სახსრების რაციონალურად გამოყენების შესაძლებლობა.

ხაზინამ აგრეთვე უნდა აღრიცხოს ეროვნული ბანკიდან და საერთაშორისო საფინანსო ორგანოებიდან ბიუჯეტის დეფიციტის შესავსებად მიღებული და სხვა ორგანიზაციებზე ბიუჯეტიდან გაცემული სესხები, დააწესოს კონტროლი ამ სესხების დაბრუნების თავისდროულობაზე.

ზემოთ აღნიშნული ფუნქციების შესრულებისათვის ფინანსთა სამინისტროში შეიქმნა ცენტრალური სახაზინო დეპარტამენტი. ასეთი სამსახურები უკვე ფუნქციონირებს თბილისსა და გორში.

პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა სახაზინო სამსახურის შექმნისათვის სხვა რეგიონებშიც. ვფიქრობთ სექტემბრისათვის დამთავრდეს ეს მუშაობა.

ხაზინა საბიუჯეტო დაწესებულებების გარეშე არავითარ საბუღალტრო ოპერაციებს არ ასრულებს. ნებისმიერი თანხის გადარიცხვა მხოლოდ მათი უშუალო დავალებით ხორციელდება.

კონტროლის პატარა, განსაკუთრებულ ხაზგასმას მოითხოვს ბიუჯეტის შესრულების საქმეში კონტროლის პალატის როლი, რადგანაც კონსტიტუციამ მას მიანიჭა სახელმწიფო სახსრებისა და სახელმწიფოს სხვა მატერიალურ ფასეულობათა გამოყენებისა და ხარჯვის ზედამხედველობა. როგორც ცნობილია, კონტროლის პალატა უფლებამოსილია შეამოწმოს საფინანსო-სამეურნეო კონტროლის სახელმწიფო ორგანოთა საქმიანობა, წარუდგინოს პარლამენტს საგადასახადო კანონმდებლობის სრულყოფილი წინადადებები. სწორედ ეს გვჭირდება დღეს ყველაზე მეტად ბიუჯეტის ფორმირებასა და შესრულებასთან დაკავშირებით.

ზევით ითქვა ამის შესახებ, რომ პრეზიდენტის მიერ ბიუჯეტის შესრულების წინასწარი და სრული ანგარიშის წარდგენის დროს კონტროლის პალატა პარლამენტს წარუდგენს მოხსენებას ორჯერ მთავრობის, აღმასრულებელი ხელისუფლების ანგარიშთან დაკავშირებით, ხოლო წელიწადში ერთხელ - თავად კონტროლის პალატის საქმიანობის შესახებ.

ეს სამი, კონსტიტუციით გათვალისწინებული დოკუმენტი ყოველდღიური თანამშრომლობის შედეგი უნდა იყოს. ვფიქრობ, პარლამენტმა უნდა გაუწიოს მეტი ქმედითი კონტროლი კონტროლის პალატას, განსაკუთრებით ბიუჯეტის შესრულებისათვის გაწეული მუშაობის ანალიტიკური შეფასების თვალსაზრისით.

ერთი სიტყვით, ყველა ბერკეტი უნდა ავამოქმედოთ ბიუჯეტის შესასრულებლად, სხვა გზა არ არის. განსაკუთრებული ფუნქციები აკისრია ეროვნულ ბანკს ბიუჯეტის შესრულებაში, რადგანაც კონსტიტუციის თანახმად ფულად-საკრედიტო სისტემის ფუნქციონირებას უზრუნველყოფს სწორედ საქართველოს ეროვნული ბანკი, ის შეიმუშავებს და ახორციელებს ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკას პარლამენტის, ხელისუფლების მიერ განსაზღვრული ძირითადი მიმართულებების შესაბამისად.

პრეზიდენტი, აღმასრულებელი ხელისუფლება, მოსახლეობა დიდად არიან დაინტერესებული, რომ პარლამენტმა სწორად განსაზღვროს ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებანი ბიუჯეტის ამოქმედებისა და შესრულების თვალსაზრისით, რადგანაც ეს ეროვნული ბანკის სამოქმედო პროგრამაც არის. ეროვნული ბანკი, მართალია, დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში, მაგრამ იმავე დროს კონსტიტუციის თანახმად, ეროვნული ბანკი არის საქართველოს მთავრობის ბანკირიც და ფისკალური აგენტიც.

დამოუკიდებლობა ამბიციური თვითმიზანი არ არის. ის სახელმწიფოს ინტერესების უკეთ დაკმაყოფილებას უნდა ემსახურებოდეს კონსტიტუციისა და კანონის საფუძველზე.

ეს ფუნქციები ზედმიწევნით სკრუპულოზურად უნდა განახორციელოს ბანკთა ბანკმა - ეროვნულმა ბანკმა კონსტიტუციის, ეროვნული კანონისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად.

კონსტიტუცია უდიდეს უფლებებს ანიჭებს პრეზიდენტსა და პარლამენტს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და ბანკის საბჭოს, მათი პოლიტიკის ფორმირებისა და საქმიანობის დარგში.

უმაღლესმა აღმასრულებელმა და საკანონმდებლო ხელისუფლებებმა ყველაფერი უნდა იღონონ, ყველა პირობა უნდა შექმნან იმისათვის, რომ ეროვნული ბანკი მეტი ეფექტიანობით უწყობდეს ხელს ბიუჯეტის შესრულებას კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში.

1996 წლის ბიუჯეტის შესრულების ერთ-ერთი წინაპირობაა ეკონომიკის გამოცოცხლება, რომელიც უკვე დაიწყო საქართველოში. მიმდინარე წლისათვის ქვეყანაში მთლიანი შიდაპროდუქციის მოცულობის პროგნოზი მიღებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის ექსპერტების გაანგარიშების დონეზე. რეზერვები ამოუწურავია, მაგრამ ერთხელ კიდევ მინდა მთელი აღმასრულებელი ხელისუფლების საყურადღებოდ გავიმეორო, რომ ყველაფრის საფუძველი შეიძლება გახდეს აღრიცხვის, სტატისტიკის მოწესრიგება. საქართველოში უკვე დაძლეულია წარმოების დაცემის ტენდენცია და მეურნეობის ცალკეულ სფეროებში გარკვეული ზრდაც კია დაფიქსირებული. ამ მხრივ აღსანიშნავია სოფლის მეურნეობა, მრეწველობის ცალკეული დარგები, გამოცოცხლება ეტყობა მშენებლობას და, განსაკუთრებით, ტრანსპორტს. ცალკეული დარგების შესახებ ციფრობრივი მონაცემები, სავარაუდოა, რომ მაღალი ტემპებით გაიზრდება, მაგრამ ამაში მნიშვნელოვანი ფაქტორის როლს, როგორც ვთქვით, ჩრდილოვანი ეკონომიკის ლეგალიზაცია და აღრიცხვიანობის სისტემის მოწესრიგება შეასრულებს. მიუხედავად ამისა, 1996 წლის ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებულია ფინანსირება, რომელიც სამეურნეო სფეროს შემდგომი განვითარებისათვის არის გათვალისწინებული და 49 მლნ ლარს შეადგენს. ეკონომიკური რეფორმების ფარგლებში განსახორციელებელ სხვა ღონისძიებებთან ერთად უზრუნველყოფს წარმოების რეალური მოცულობის გადიდებას 10 პროცენტამდე.

ზრდის შედარებით მაღალი ტემპები მოსალოდნელია სამრეწველო საწარმოებში, დაახლოებით 20%25-ის დონეზე. მრეწველობას გარკვეული იმპულსი უნდა მისცეს თავდაცვის, შინაგან საქმეთა, უშიშროების სამინისტროებისათვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ხარჯზე როგორც მსუბუქი მრეწველობის, ისე მანქანათმშენებლობის საწარმეობისათვის შეკვეთების მიცემამ. ეს საკმაოდ სოლიდური მოცულობაა. იგი სამრეწველო საწარმოებს ერთგვარი ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს და პერსპექტივაში ამ საწარმოების სტაბილური მუშაობის წინაპირობას შექმნის.

წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტი ითვალისწინებს გარკვეული თანხების გამოყოფას ენერგეტიკული კომპლექსის რეაბილიტაციისათვის და აქ ერთხელ კიდევ მინდა გავიმეორო, რომ თუ ჩვენ გადახდა არ ვისწავლეთ, ყველა ზურგს მოგვაქცევს. თუ პირველ კვარტალში ამ საკითხში გარდატეხა არ მოხდება, გამგებლებისა და მერების ყოფნა-არყოფნის საკითხი დაისმება. სხვა გამოსავალი არ არსებობს.

პროექტით გათვალისწინებულია სოფლის მეურნეობის დაფინანსებაზე 11 მლნ ლარის გამოყოფა. თუ გავითვალისწინებთ, რომ მიმდინარე წელს სოფლის მეურნეობაზე მიმართული იქნება საპარტნიორო ფონდის სახსრები - 17 მლნ ლარზე მეტი - უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ დარგში წარმოების დონე სულ ცოტა 8-10 პროცენტით გაიზრდება.

განსაკუთრებით კარგი პერსპექტივები ისახება ტრანსპორტის განვითარების თვალსაზრისით. ქვეყნის საუკეთესო გეოპოლიტიკური მდებარეობის გამოყენებით ამ დარგში რეალური გადაზიდვების მოცულობა მოსალოდნელია სულ ცოტა 10 პროცენტით გაიზარდოს. ამას ხელს უწყობს საქართველოს, როგორც სატრანზიტო დერეფნის გამოყენება. მთელი აღმასრულებელი ხელისუფლება, საპარლამენტო კომიტეტები უნდა დავეხმაროთ ტრანსპორტის გაერთიანებას, რათა მან დიდი წვლილი შეიტანოს ქვეყნის ბიუჯეტში.

ქვეყანაში, რომელიც ეკონომიკურ გამოცოცხლებას იწყებს, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს სამშენებლო კომპლექსი. მართალია, პირველ ეტაპზე, წარმოების გამოცოცხლებისა და ზრდის ტენდენციების ჩამოყალიბებაში ძირითად როლს არსებული სიმძლავრეების ამოქმედება შეასრულებს, მაგრამ ამის გარეშე ეფექტიანი ფუნქციონირება სათანადო ინფრასტრუქტურის შექმნისა და ცალკეული ახალი კომპლექსის მშენებლობის გარეშე შეუძლებელი გახდება. ამიტომ სამშენებლო ინდუსტრიის ამოქმედება (მისი სათანადო ფინანსირება ბიუჯეტის პროექტით უკვე გათვალისწინებულია), ამ დარგის განვითარების დიდ პერსპექტივებს სახავს.

ამას ემატება უცხოური ინვესტიციები, რომლებიც ემსახურება არა მარტო ცალკეული კონკრეტული პროექტების, არამედ საერთაშორისო მნიშვნელობის ობიექტების დაფინანსებასაც.

საქართველოს საშინაო და საერთაშორისო მდგომარეობა დღეს, როგორც არასდროს, ხელს უწყობს რეფორმების გატარებას, მაკროეკონომიკურ სტაბილიზაციას, ანტიკრიზისული პროგრამის, ინდიკატური გეგმის განხორციელებას.

ბიუჯეტის შესრულებას უთუოდ შეუწყობს ხელს ამას წინათ თანამეგობრობის ქვეყნების სამიტის მიერ მიღებული დოკუმენტები აფხაზეთის პრობლემის დარეგულირების შესახებ. ამ პირობებში, ბიუჯეტის განხორციელება ახალი წარმატების საწინდარი იქნება.

იმედს გამოვთქვამ, რომ უზენაესი საკანონმდებლო ორგანო, - საქართველოს პარლამენტი დაამტკიცებს წარმოდგენილ კანონპროექტს 1996 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ და ამით ხელს შეუწყობს კრიზისის დაძლევას, მაკროეკონომიკურ სტაბილიზაციას, კარდინალური რეფორმების განხორციელებას, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, მასების სოციალურ დაცვას, რესპუბლიკის დონის ამაღლებას.

გმადლობთ ყურადღებისათვის!

კრიზისის დაძლევის, მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის, დიდი რეფორმებისა და საბაზრო ეკონომიკის ფორმირების სახელმწიფო ბიუჯეტი // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 10 თებერვალი. - 25 (2138). - 1,2,3,4 გვ.

21 „1996 წლის ბიუჯეტის შედგენისა და დამტკიცების პროცესმა თვალნათლივ დაგვარწმუნა, რომ საქართველო სრული მასშტაბით შეუდგა კონსტიტუციური აღმშენებლობის პროცესს“

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 12 თებერვლის რადიოინტერვიუ

- გასული კვირის მოვლენათაგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ დამტკიცდა 1996 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი. თქვენივე შეფასებით საქართველოს პარლამენტმა ძალზე კონსტრუქციულად იმუშავა და უმოკლეს დროში მიიღო ძალიან სერიოზული დოკუმენტი. გასული კვირა აღინიშნა ასევე უცხოეთიდან ჩამოსულ სტუმართა სიმრავლით. საქართველოში იყვნენ ნავთობის ცნობილი ფირმების ხელმძღვანელები, წარმომადგენლები, კერძოდ, „ეი-თი ენდ თი“, „ინტერკონ ინტერნეიშნლი“, ბატონი გულბენკიანი პორტუგალიიდან, ევროკომისიის პირველი დეპარტამენტის განყოფილების ხელმძღვანელი ბატონი ფოტიადისი და სხვა მრავალი. აქ იყო სომხეთის დელეგაცია, რომელსაც შეხვდით და დაიგეგმა ორი ქვეყნის ლიდერთა შეხვედრა. ეს ყველაფერი, ალბათ, კომპონენტია იმ მნიშვნელოვანი დარგისა, რომელსაც ეკონომიკა ჰქვია. თუ შეიძლება, თქვენი კომენტარი... - ჟურნალისტ ციური ბაჯელიძის ამ შეკითხვის პასუხად საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა:

- ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური ცხოვრების უმთავრესი მოვლენა იყო პარასკევს საქართველოს პარლამენტის მიერ პრეზიდენტის მოხსენების საფუძველზე საქართველოს 1996 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცება. ეს მართალც საეტაპო მნიშვნელობის დოკუმენტია, რამდენადაც მოიცავს კრიზისის დაძლევის, მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის, დიდი რეფორმებისა და საბაზრო ეკონომიკის ფორმირების, საპრეზიდენტო პროგრამის რეალიზაციის მნიშვნელოვან მონაკვეთს. ამასთან, 1996 წლის ბიუჯეტის შედგენისა და დამტკიცების პროცესმა თვალნათლივ დაგვარწმუნა, რომ საქართველო სრული მასშტაბით შეუდგა კონსტიტუციური აღმშენებლობის პროცესს. ძალიან მკვეთრად გამოიხატა საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერა პრეზიდენტის პოლიტიკისადმი. სახეზეა საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების კონსტრუქციული თანამშრომლობის დიდი ეფექტიანობა.

1996 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითადი მახასიათებლები, თვისებრივი და რაოდენობრივი პარამეტრები, რეფორმატორული ტენდენციები, შესრულების ამოცანები, პრობლემები და მათი გადაჭრის გზები ვრცლად არის დახასიათებული პრეზიდენტის მიერ პარლამენტისადმი წარდგენილ მოხსენებაში. საზოგადოებრიობას შესაძლებლობა ჰქონდა გასცნობოდა ამ მოხსენებას მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით. რაც შეეხება აღმასრულებელ ხელისუფლებას, მის ყველა რგოლს - სამინისტროებს, უწყებებს, ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოებს, სამხარეო, რაიონულ და საქალაქო ადმინისტრაციებს, მათ თანამიმდევრულად, სისტემატურად უნდა უზრუნველყონ 1996 წლის ბიუჯეტის შემოსავლების გეგმების შესრულება, სოციალურ-ეკონომიკური პროგრამების რეალიზაცია. ამაზე დაწესდება ყოველდღიური კონტროლი. ამ კონტროლის შესახებ, ბუნებრივია, ინფორმაციას მიიღებს მოსახლეობა.

სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცებას უკვე აქვს საერთაშორისო რეზონანსი. გუშინ საქართველოში ჩამოვიდა საერთაშორისო სავალუტო მისია ბატონ შადმან ვალავის ხელმძღვანელობით, რათა საბოლოოდ მოამზადოს ფონდის დირექტორთა საბჭოზე განსახილველად საქართველოში სტრუქტურული გარდაქმნების სამწლიანი პროგრამის დაფინანსების საკითხი (სამწლიანი პროგრამის შესახებ უკვე ვილაპარაკე ჩემს მოხსენებაში პარლამენტის სხდომაზე). 1996 წლის ბიუჯეტის იმ სახით დამტკიცება, რომლითაც იგი პრეზიდენტმა პარლამენტს წარუდგინა, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკისათვის საქართველოს ხელისუფლების მიერ რადიკალური ეკონომიკური რეფორმების გაგრძელების განაცხადი და საჭირო დაფინანსების გამოყოფის უმნიშვნელოვანესი პირობა იყო. ეს პირობა შესრულებულია. საჭიროა, პარლამენტმა დააჩქაროს კომერციული ბანკების და, განსაკუთრებით, მიწის შესახებ კანონის მიღება, რაც ასევე, საფუძველია ხსენებულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად ფართომასშტაბიანი პროგრამების განხორციელებისათვის.

ამასთან, პატარა შენიშვნის სახით მინდა ვთქვა, რომ ის ხმაური, რაც პარლამენტში მიწის კანონის შეტანასთან არის დაკავშირებული, ცოტა ნაჩქარევია. ბევრი საქმის კურსში არ არის, თუ რაზეა ლაპარაკი. მინდა განვაცხადო, რომ არავითარი საფუძველი არ არსებობს ვნებათაღელვისათვის.

საშუალება იქნება მაღალ დონეზე მოეწყოს წინასწარი განხილვა საზოგადოებრიობის მიერ რაიონებშიც, ქალაქებშიც, ბუნებრივია, ცენტრშიც. ამავე დროს, ისიც მინდა გითხრათ, რომ პრეზიდენტს თავისი აზრი მიწის კანონის შესახებ ჯერჯერობით არ გამოუთქვამს. ასე რომ, ძირითადი სამუშაო წინ არის. სასურველია, რომ დისკუსიები მიწის კანონთან დაკავშირებით, შეიძლება სხვადასხვა ვარიანტებიც გამოქვეყნდეს პრესაში, წარიმართოს მშვიდად, ზედმეტი ვნებათაღელვის გარეშე, რადგანაც ეს უმწვავესი საკითხია, ურთულესი პრობლემაა. ვფიქრობ, რომ ერთობლივი ღონისძიებებითა და საშუალებებით ჩვენ მივიღებთ ყველაზე უფრო ჭკვიანურ და გამართლებულ გადაწყვეტილებას.

ზემოთ ნახსენები პროგრამების რეალიზაცია კი კრიზისის სამომავლოდ დაძლევის, მსოფლიო მეურნეობაში ქვეყნის ინტეგრაციის დაჩქარების სერიოზული ინდიკატორია. დემოკრატიზაციის დაჩქარებასთან ერთად სწორედ იგი განაპირობებს დასავლეთის როგორც სამთავრობო სტრუქტურებთან, ისე უმძლავრეს კერძო საფინანსო-ეკონომიკურ კომპანიებთან ურთიერთობის გაცხოველებას.

განვლილი კვირა ამ თვალსაზრისით მეტად ინტენსიური იყო. ევროკომისიის დელეგაციასთან განვიხილეთ საქართველოსათვის კვლავაც მწვავე - ხორბლის პერსპექტივასთან დაკავშირებით საქართველოს საგზაო-სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხი საქართველოს საზღვაო-სანაოსნოს ჩათვლით. აღინიშნა, რომ ამ და სხვა სფეროში, როგორიც არის სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა, საკონსულტაციო დახმარებიდან რეალურ დახმარებაზე გადასვლის დროს ჩვენი ქვეყანა სულ უფრო მეტ შესაძლებლობას იძენს მსოფლიოს წამყვან კომპანიებთან ღირსეული პარტნიორობის დასამყარებლად. ამის დასტურია ამერიკის შეერთებული შტატების წრეების, მსოფლიოს უმსხვილესი საკომუნიკაციო კომპანიის (ეს მართლაც უმთავრესი კომპანია გახლავთ), „ეი-თი ენდ თის“, საკონსულტაციო-საინფორმაციო კომპანიის „ინტერკონ ინტერნეიშნლის“ დელეგაციების ვიზიტი. ხელი მოვაწერეთ დოკუმენტებს თანამშრომლობისა და პარტნიორობის შესახებ, როგორც საქართველოს მთავრობასთან, ისე საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციასთან.

საქართველოში ნავთობისა და გაზის საძიებო-სადაზვერვო სამუშაოთა ერთობლივად წარმართვის დაწყების სურვილი გამოთქვეს პორტუგალიის საკმაოდ აღიარებულმა და მსოფლიოში ცნობილი ნავთობის კომპანიის „პარტექსის“ წარმომადგენლებმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის დროს.

ენერგეტიკის, ტრანსპორტის, საკომუნიკაციო სისტემების, საბაჟო კავშირის სფეროში თანამშრომლობის შემდგომი განმტკიცების საკითხი განვიხილეთ სომხეთის რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაციის სტუმრობისას. მიგვაჩნია, რომ ეს იყო ერთი ეტაპი სომხეთის პრეზიდენტის ვიზიტის მოსამზადებლად საქართველოში. მოსკოვში მქონდა შეხვედრა ბატონ ლევონ ტერ-პეტროსიანთან და შევთანხმდით, რომ ასეთი შეხვედრა გაიმართება გაზაფხულის დამდეგს ან თბილისში ან ბორჯომში.

რაც შეეხება საშინაო პრობლემებს ეკონომიკაში, მათგან წამყვან ადგილს, ცხადია, ბიუჯეტი იკავებს. ფინანსთა სამინისტროს ცნობით, გასულ კვირაში ცენტრალური ბიუჯეტის საშუალო დღიური შემოსავალი 342 ათას ლარს შეადგენდა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე თითქმის ერთნახევარჯერ მეტია, მაგრამ ჯერ კიდევ ჩამორჩება პროგნოზით გათვალისწინებულ დონეს - ნახევარ მილიონ ლარს. ეს მინდა ყველამ იცოდეს, რომ ჩვენ ყოველდღიურად ნახევარ მილიონ ლარს უნდა ვიღებდეთ ბიუჯეტში. ამრიგად, აუცილებელია, რომ სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციამ და განსაკუთრებით საბაჟო დეპარტამენტმა გააძლიერონ საგადასახადო შემოსავლების მობილიზაცია, მინიმუმამდე უნდა შემცირდეს ამოღებული თანხების ცენტრალური ბიუჯეტის ანგარიშზე მოხვედრის დრო, მით უმეტეს, რომ გადასახადების აკრეფის სფეროში მთელი რიგი პროგრესული ტენდენციები შეიმჩნევა. საგადასახადო ინსპექციის მონაცემებით, იანვარში თბილისში, მაგალითად, ამოღებული საგადასახადო შემოსავლები 3,3-ჯერ გაიზარდა, ხოლო რუსთავში - 5-ჯერ და ა. შ. ცხადია, სხვა რეგიონებშიც უნდა შეძლონ შემოსავლების მატების ტემპის უზრუნველყოფა, რა თქმა უნდა, წარმოების გამოცოცხლების ბაზაზე.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ თუ შარშან იანვარში კერძოდ პრივატიზებულ (გთხოვთ ამას მიაქციოთ ყურადღება, ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა) და აქციონირებულ საწარმოთა ხვედრითი წილი ბიუჯეტში 23 პროცენტს შეადგენდა, წლევანდელი იანვრის მაჩვენებლებით ამ მონაცემებმა 65 პროცენტს გადააჭარბა. ამ საბაზრო ეკონომიკის დამკვიდრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარამეტრი და მაჩვენებელია.

და კიდევ, საქენერგოს ინფორმაციის შედეგად მოხმარებული ელექტროენერგიის დებიტორული დავალიანების ნაწილობრივი დაფარვის შესახებ პრეზიდენტის ბრძანებულების შესრულება 7 თებერვლისათვის უზრუნველყვეს ქალაქმა რუსთავმა, დუშეთის, დედოფლისწყაროს, ბოლნისის, ლანჩხუთის, ნინოწმინდის, ოზურგეთის, დმანისის, სამტრედიის, ზუგდიდის, სიღნაღის რაიონებმა. კარგი მაჩვენებლები აქვთ აგრეთვე ხობის, ჩოხატაურის, ახალქალაქის, თეთრიწყაროს, თელავის, ზესტაფონისა და ჩხოროწყუს რაიონებს. სამტრედია ვახსენე, მაგრამ მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო - სამტრედიელებმა სწორი დასკვნა გამოიტანეს კრიტიკიდან და ახლა მოწინავეთა რიგებში არიან.

ამასთან, საქენერგოს ინფორმაციით, 9 თებერვლისათვის არადამაკმაყოფილებლად მიმდინარეობდა დავალიანების დაფარვა აჭარაში, ქუთაისში, წყალტუბოში, ბაღდათის, ტყიბულის, ვანის, საჩხერის, ამბროლაურის, ონისა და თიანეთის რაიონებში. სამწუხაროდ, ჩამორჩენა იყო ქალაქ თბილისშიც.

ასეთია ეკონომიკური სფეროს მიმოხილვის ზოგიერთი ასპექტი.

- 15 თებერვლიდან ძვირდება პური. ამის შესახებ არაერთხელ ითქვა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით. ალბათ, მოქალაქეთა უმრავლესობამ სწორად აღიქვა, მართალია, ხელისუფლებისათვის არაპოპულარული, მაგრამ აუცილებლობით გამოწვეული ნაბიჯი. ალბათ, ზედმეტი არ იქნება, თუ კიდევ ერთხელ განვუმარტავთ მოსახლეობას ამ ნაბიჯის გარდაუვალობას...

- პურის ფასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი იმ გარემოებას, რომ ჩვენ თანდათანობით ვხდებით მსოფლიო ეკონომიკაში ინტეგრირებული ქვეყანა. ბუნებრივია, იქ მიმდინარე პროცესები საქართველოსაც შეეხება. ცნობილია, რომ ხორბლის ფასები მსოფლიო ბაზარზე (სხვადასხვა მიზეზების გამო, ძირითადად, ალბათ, ეს მოსავალთან არის დაკავშირებული) გაორმაგდა. მთავარია, მათი ზეგავლენა ჩვენს ქვეყანაში მწვავედ არ აისახოს მოსახლეობის ცხოვრების პირობებზე და თუკი ეს მოსალოდნელი იქნება, შევარბილოთ. ჩვენ შევეცადეთ, ქვეყნის შეზღუდული რესურსების ფარგლებში სწორედ ასე გვემოქმედა. ფასების ზრდა სრულად არის კომპენსირებული ფულადი ანაზღაურებით მოსახლეობის სხვადასხვა ფენების შემოსავლების დიფერენციაციის გათვალისწინებით. საერთოდ, მომავალში, პურთან დაკავშირებით ბევრი რამ გვექნება გადასწყვეტი. მთავარია, ხელი მოვაწეროთ საკუთარი მარცვლეულის წარმოებასა და იმპორტისათის ხელსაყრელი პირობების შექმნას. სწორედ ამით ვხელმძღვანელობდი, როცა პარლამენტს ვთხოვე, რომ ხორბლის იმპორტი არ დაებეგრა საბაჟო გადასახადით, ესე იგი სტიმული უნდა მივცეთ ჩვენს საკუთარ ბიზნესმენებს, ამ სფეროს მოღვაწეებს, რომ ისინი მატერიალურად და ფინანსურად იყვნენ დაინტერესებული ხორბლის შესყიდვით საერთაშორისო ბაზარზე, ხორბლის წარმოებით ქვეყანაში და შემდეგ მისი რეალიზაციით.

- გასულ კვირას მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე თქვენ ვრცლად ილაპარაკეთ იმის შესახებ, რომ ქვეყანაში ფეხმოკიდებულ ეგრეთ წოდებულ ჩრდილოვან ეკონომიკას და მის დამკვიდრებას ხელს უწყობდნენ მაღალი თანამდებობის პირნი, მათ შორის, ვიცე-პრემიერები. თუ საიდუმლო არ არის, ვის გულისხმობდით?

- საიდუმლო რომ არ ყოფილიყო, ხომ დავასახელებდი გვარს... ეს ხუმრობით. ისე კი, ამ საკითხზე არის კონკრეტული ფაქტები, გვარები სავსებით შეგნებულად არ დასახელებულა. დარღვევები მართლაც აღმაშფოთებელია.

გუშინწინ გამართულ უშიშროების საბჭოს პირველ სხდომაზე ვთქვი, რომ დავალებას ვაძლევ გენერალურ პროკურორს, კონტროლის პალატას, შინაგან საქმეთა სამინისტროს, მოაწყონ დოკუმენტური რევიზია მინისტრთა კაბინეტის საქმიანობისა, ძირითადად, ფინანსური ოპერაციების საკითხებზე, ბოლო 5-6 წლის განმავლობაში. დაველოდოთ შემოწმების შედეგებს, რომელიც სრულ სურათს მოგვცემს და მისამართებზეც შემდეგ გვექნება საუბარი. მგონია, ეს უფრო სამართლიანი იქნება.

- ბოლო შეკითხვა ყველაზე მტკივნეულს - აფხაზეთს ეხება. მიუხედავად სამიტის გადაწყვეტილებისა, მიუხედავად ათასგზის მიღებული დადგენილებისა, სეპარატისტები, კვლავ არღვევენ, იგნორირებას უკეთებენ მათ... აფხაზეთიდან მიღებულმა ბოლო ინფორმაციებმა კვლავ შეგვაშფოთა. თუ შეიძლება, თქვენი კომენტარი...

- აფხაზეთში კონფლიქტთან დაკავშირებით ეს წელი ინტენსიური აქციებით დაიწყო - შეგახსენებთ თანამეგობრობის ქვეყნების სახელმწიფოთა მეთაურების შეხვედრაზე მიღებულ პრინციპულ გადაწყვეტილებებს. მნიშვნელოვანია, რომ ამ დოკუმენტებს აქტიურად დაუჭირეს მხარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა, აგრეთვე სხვა ქვეყნებმა. გაცხოველებული მუშაობა მიმდინარეობს სამშვიდობო ძალების მანდატზე. ვმუშაობთ დოკუმენტზე, რომელიც საფუძვლად უნდა დაედოს კონფლიქტის მოგვარებას, მხედველობაში მაქვს ლტოლვილთა დაბრუნება, აფხაზეთის სტატუსის განსაზღვრა ერთიანი სახელმწიფოს ფარგლებში, რკინიგზის აღდგენა და სხვა მრავალი. აქტიური ღონისძიებები მიმდინარეობს რუსეთის აღმასრულებელი და საკანონმდებლო სტრუქტურებთან კავშირების ახლებურად გააზრების თვალსაზრისით, იმ ცვლილებების გათვალისწინებით, რაც იქ მოხდა. აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებაში მოსალოდნელია გაეროსა და ჩვენი მეგობარი ქვეყნების (მხედველობაში გვაქვს ამერიკის შეერთებული შტატები, საფრანგეთი, რუსეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი), აგრეთვე ევროკავშირის სერიოზული გააქტიურება. ამისათვის ყველა პირობა არსებობს.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით, მეორე საკითხზეც გაკვრით შევჩერდე და მივმართო ოსურ მხარეს, იმ რეგიონის ხელმძღვანელებს, ჩაებან აქტიურ დიალოგში ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების საკითხებზე. დრო გადის, არ შეიძლება ჩაითვალოს, რომ რუსეთის სამშვიდობო ბატალიონი ცხინვალში სამუდამოდ დაბინავდა. ანუ ვიანგარიშოთ ჩვენც და ოსურმა მხარემაც, რომ ბატალიონის იქ ყოფნა დროებითი მოვლენაა, თუმცა, თავისთავად, ის ძალიან დადებით როლს ასრულებს. ვიმეორებ, დრო არ უნდა დაიკარგოს ურთიერთგაგებისა და გამართლებული კომპრომისების საფუძველზე სავსებით შესაძლებელია მოკლე დროში მივაღწიოთ შეთანხმებას ქართველებსა და ოსებს შორის და ამ კონფლიქტსაც ბოლო მოვუღოთ.

„1996 წლის ბიუჯეტის შედგენისა და დამტკიცების პროცესმა თვალნათლივ დაგვარწმუნა, რომ საქართველო სრული მასშტაბით შეუდგა კონსტიტუციური აღმშენებლობის პროცესს“ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ბაჯელიძე ციური // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 13 თებერვალი. - 26 (2139). - 1,2 გვ.

22 დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის ახალი ფურცელი

▲ზევით დაბრუნება


ეროვნული უშიშროების საბჭოს პირველი სხდომა

10 თებერვალს გაიმართა ეროვნული უშიშროების საბჭოს პირველი სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საქართველოს პრეზიდენტი, ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე ედუარდ შევარდნაძე.

შესავალ სიტყვაში საქართველოს პრეზიდენტმა, კერძოდ, განაცხადა:

- დღევანდელი ჩვენი სხდომით ქვეყანაში საქმიანობას იწყებს სრულიად ახალი ინსტიტუტი - ეროვნული უშიშროების საბჭო, რომელიც შეიქმნა საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად და მოწოდებულია საქართველოს სამხედრო აღმშენებლობის, ქვეყნის თავდაცვის ორგანიზაციისა და სახელმწიფოს სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

ეს არის დიდმნიშვნელოვანი მოვლენა ქვეყნის ცხოვრებაში, კიდევ ერთი დამადასტურებელი საბუთი იმისა, რომ ჩვენ ვცდილობთ ვაშენოთ და ნამდვილად ვაშენებთ კიდეც კარგად ორგანიზებულ ქართულ დემოკრატიულ სახელმწიფოს, რომელზეც ოცნებობს თაობები.

იმედია, ეროვნული უშიშროების საბჭოს პირველი შემადგენლობა ღირსეულად შეასრულებს თავის მისია, მის მიერ გაკვალული გზა და საქმიანობა იქნება ის ქვაკუთხედი, რომელსაც დაეფუძნება უშიშროების საბჭოს მუშაობა მომავალში.

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პარლამენტმა მიმდინარე წლის 24 იანვარს საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად მიიღო კანონი ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ. კანონმა განსაზღვრა ეროვნული უშიშროების საბჭოს სტატუსი როგორც საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანოსი სამხედრო აღმშენებლობისა და თავდაცვის ორგანიზაციის, ქვეყნის უშიშროებასთან დაკავშირებული საშინაო და საგარეო პოლიტიკის, სტაბილურობისა და მართლწესრიგის უზრუნველყოფის სტრატეგიულ საკითხებზე გადაწყვეტილებათა მისაღებად.

კანონმა ასევე მკაფიოდ განსაზღვრა ეროვნული უშიშროების საბჭოს უფლებამოსილება, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტის ნებით მოიცავს სახელმწიფოს უშიშროებასთან დაკავშირებულ პრაქტიკულად ყველა საკითხსა და პრობლემას.

კანონის მომზადებისას ჩვენ გამოვიყენეთ სხვა ქვეყნების გამოცდილება ანალოგიური ინსტიტუტების ფუნქციონირების საქმეში.

დღევანდელი აზრთა გაზიარების შემდეგ ვაპირებ ეროვნული უშიშროების საბჭოს თითოეულ წევრს დავავალო ქვეყნის უშიშროებასთან დაკავშირებული ამა თუ იმ სპეციალური პრობლემის გადაჭრის გზების ძიება და ამისათვის გამიზნული საქმიანობის გაძღოლა. შეიძლება მოხდეს ფუნქციების ერთგვარი განაწილება საბჭოს წევრებს შორის იმ მიმართულებების მიხედვით, რომლებსაც ისინი ემსახურებიან.

რა თქმა უნდა, უპირველესი, რითაც დაკავებული უნდა იყოს უშიშროების საბჭო, ეს არის კონფლიქტი აფხაზეთში და ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების უმნიშვნელოვანესი ასპექტები.

უნდა დამთავრდეს მდგომარეობა, როცა კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებული ყველა საკითხი ცალკეულ პიროვნებათა პრეროგატივას წარმოადგენს. თქვენ გახსოვთ, როგორ ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს გაეროსთან, უშიშროების საბჭოსთან, რუსეთის მხარესთან, გახსოვთ შეხვედრები აფხაზებთან, ოსურ მხარესთან და ა.შ. ყველა ძირეული პოზიცია, პრაქტიკულად, სერიოზული განხილვის გარეშე თანხმდებოდა ერთ პიროვნებასთან. ამის გამო, ამ პროცესში ზოგიერთი უზუსტობა და, შესაძლოა, შეცდომაც იყო დაშვებული. უშიშროების საბჭო უნდა იყოს ის სტრუქტურა, რომელიც შეისწავლის განსახილველი საკითხების, შეთანხმებების ყველა ასპექტს. სწორედ ჩვენ ვაძლევთ სანქციას და, შესაძლოა, დავამტკიცოთ კიდეც ჩვენი წარმომადგენლები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვასა და გადაწყვეტაში. ვფიქრობ, ეს პრაქტიკულად ახალი ეტაპია ამ სფეროში ჩვენი მიდგომის თვალსაზრისით.

იმ მრავალრიცხოვან საკითხთა შორის, რომლებზეც მუშაობა მოუწევთ ეროვნული უშიშროების საბჭოსა და მის აპარატს, ერთ-ერთი მთავარი იქნება ეროვნული უშიშროების კონცეფციის, ეროვნული უშიშროების დოქტრინის შემუშავება, რადგან ამ დოქტრინაზე დიდად იქნება დამოკიდებული ქვეყნის სამომავლო საშინაო და საგარეო პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო, მთლიანად სახელმწიფოებრივი კურსი, ხოლო დოქტრინა თავისთავად ამ კურსის შემადგენელი ნაწილი იქნება.

ეროვნული უშიშროების კონცეფციის შემუშავება არ არის ერთი და ორი დღის საქმე, მაგრამ იგი არც წლობით უნდა გაჭიანურდეს. ვფიქრობ, ერთი წელიწადი, იქნებ, ნაკლებიც, საკმარისი დრო იქნება მის შესამუშავებლად, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ პერიოდს რაციონალურად გამოვიყენებთ, კონცეფციაზე სამუშაოდ მოვიზიდავთ ჩვენს ავტორიტეტიან მეცნიერებს, პროფესიონალებს, ქვეყნის ერთგულ ხალხს და მუშაობას უახლოეს დღეებში შევუდგებით. ამ მიზნით, თუ საჭირო გახდა, შეიძლება ვიფიქროთ მუდმივი ან დროებითი კომისიის შექმნაზე. შესაძლოა, ეროვნული უშიშროების კონცეფციის შემმუშავებელი ალტერნატიული ჯგუფებიც შეიქმნას. ვფიქრობ, რომ ამ საქმიანობაში ძალიან აქტიურად ჩაებმებიან პარლამენტის წევრები, საერთოდ, პარლამენტი, რადგანაც ლაპარაკია ზოგადსახელმწიფოებრივ, ზოგადეროვნულ საკითხებზე, აქ ყველასათვის მოიძებნება ადგილი.

ეროვნული უშიშროების საბჭოს საქმიანობის განსაკუთრებული ყურადღების საგანი უნდა გახდეს სამხედრო მშენებლობისა და განმტკიცების პროგრამების განხილვა, მათი განხორციელების ორგანიზაციის უზრუნველყოფის გზების ძიება, სამხედრო მრეწველობის ფუნქციონირებისა და განვითარების პერსპექტივა, სამხედრო სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების კოორდინაცია, სამხედრო კადრების მომზადების, განაწილების, სამხედრო სამსახურში გაწვევისა და მობილიზაციის საკითხები, ძლიერი ქართული შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების მიმდინარე პროცესებისათვის აქტიური ხელშეწყობა და მხარდაჭერა ეროვნული უშიშროების საბჭოს საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებაა. იმედია, თავდაცვის მინისტრი ბატონი ვარდიკო ნადიბაიძე უნარიანად და საქმის სასარგებლოდ გამოიყენებს ამ შესაძლებლობას.

უმთავრესი დოკუმენტი, რომლებსაც პარლამენტში წარდგენამდე უახლოეს პერიოდში განიხილავს ეროვნული უშიშროების საბჭო - თქვენ იცით, რომ საკითხი საქართველოს შეიარაღებული ძალების რიცხოვნების შესახებ, აგრეთვე, ზოგიერთი სხვა, სწორედ უშიშროების საბჭომ უნდა შეიტანოს პარლამენტში, - საქართველოს სამხედრო დოქტრინა და საქართველოს სამხედრო აღმშენებლობის პროგრამა (კონცეფცია) იქნება.

საბჭოს სხდომაზე სისტემატურად უნდა განვიხილოთ საშინაო და საგარეო პოლიტიკის ისეთი უმნიშვნელოვანესი საკითხები, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება სახელმწიფოს თავდაცვისა და უშიშროების უზრუნველყოფას, მათ შორის, კოლექტიური უშიშროების სისტემებთან საქართველოს თანამშრომლობას. საგარეო-პოლიტიკური კურსის ყველა მნიშვნელოვანი ასპექტი, სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებდეთ, აპრობაციას უნდა გადიოდეს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე (ვთხოვ ბატონ ირაკლი მენაღარიშვილს, გაითვალისწინოს ყოველივე ეს და წარმოადგინოს შესაბამისი წინადადებანი). როდესაც ვლაპარაკობ სახელმწიფოს უშიშროებაზე, უშიშროების პრობლემის განხილვაზე, რა თქმა უნდა, მხედველობაში მაქვს საგარეო-პოლიტიკური კურსის ფორმირების ძირეული საკითხები. ისევე, როგორც კონფლიქტებთან და ზოგიერთ სხვა პრობლემასთან დაკავშირებით საგარეო-პოლიტიკური კურსის ფორმირების, ასე ვთქვათ, სამზარეულო, სწორედ უშიშროების საბჭო უნდა იყოს.

ეს ინსტიტუტი, მოწოდებულია, აგრეთვე, კოორდინაცია გაუწიოს თავდაცვის, სახელმწიფო უშიშროების, დამნაშავეობასთან ბრძოლისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სამსახურების საქმიანობას უშიშროების, მართლწესრიგისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის სტრატეგიულ საკითხებში, ხოლო საგანგებო სიტუაციებისას შეიმუშაოს წინადადებანი მძიმე პოლიტიკური სოციალური, ეკონომიკური, ეკოლოგიური და სხვა შედეგების თავიდან ასაცილებლად და აღმოსაფხვრელად.

არის კიდევ ერთი საგულისხმო საკითხი, რომელიც აუცილებლად უნდა გახდეს უშიშროების საბჭოს ზრუნვის ობიექტი, ეს არის შედარებით ახალი მოვლენები - ნავთობსადენების, ეგრეთ წოდებული დასავლეთის მიმართულება, რომელიც უკვე აღიარებული და დაკანონებულია, აგრეთვე, ევრაზიის დერეფნის განვითარების პერსპექტივა. ამ მხრივ, ერთ-ერთი საკვანძო ქვეყანა სწორედ საქართველო ხდება თავისი ნავსადგურებით, რკინიგზით, ავტომაგისტრალებით, ავიაციით, საზღვაო ტრანსპორტით, აქედან გამომდინარე, უსაფრთხოება და სტაბილურობა საქართველოში იქნება გარანტი ამ პროექტების განხორციელებისა. ყოველივე ეს კი უშიშროების საბჭოს მხედველობის არეში უნდა იყოს.

ეროვნული უშიშროების საბჭომ ჩემი დავალებით უნდა აკონტროლოს სამინისტროების, სახელმწიფო დეპარტამენტების, მთავარი სამმართველოების, კორპორაციებისა და სხვა სახელმწიფო უწყებები, ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო მმართველობისა და მმართველობის ადგილობრივი ორგანოების საქმიანობა უშიშროებისა და თავდაცვის, სტაბილურობისა და მართლწესრიგის სფეროში. ამ ორგანომ თავისი სიტყვა უნდა თქვას საქართველოსათვის საარსებოდ მნიშვნელოვანი ობიექტების საიმედო დაცვისა და უსაფრთხო ფუნქციონირებისათვის საჭირო ღონისძიებათა შემუშავების, განხორციელების ორგანიზაციისა და კონტროლის სფეროში.

საბჭოს საქმიანობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება უნდა გახდეს საერთაშორისო კონფლიქტების ზონებში შექმნილი მდგომარეობა (იგულისხმება არა მხოლოდ ჩვენში არსებული, არამედ სხვა საერთაშორისო კონფლიქტებიც) და პერსპექტივის შესწავლა ამ კონფლიქტების მოგვარებაში საქართველოს მონაწილეობის თვალსაზრისით. ბუნებრივია, ჩვენ ამ მისიასაც ვერ ავცდებით. მანვე უნდა განიხილოს საქართველოს მიერ დადებული ან აღიარებული საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად ქვეყნის საზღვრებს გარეთ უშიშროების უზრუნველყოფის ღონისძიებებში საქართველოს მონაწილეობის, სახელმწიფოს თავდაცვის მიზნით განსაკუთრებულ, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ქვეყანაში სხვა სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების შემოყვანის, გამოყენებისა და გადაადგილების საკითხები. რა თქმა უნდა, წინასწარ განხილული და შესწავლილი საკითხების შემდგომში პარლამენტში შეტანით.

ვფიქრობ, ჩემს მიერ ჩამოთვლილ საკითხთა ნუსხაც კი ნათლად მოწმობს, თუ რა მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს ეროვნული უშიშროების საბჭომ ქვეყნის ცხოვრებაში.

კანონის თანახმად, ეროვნული უშიშროების საბჭოს ორგანიზაციულ-ტექნიკური და ინფორმაციულ-ანალიტიკური საქმიანობა უნდა უზრუნველყოს მისმა აპარატმა, რომელსაც ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ხელმძღვანელობს. აპარატი არ უნდა იყოს მრავალრიცხოვანი, იგი უნდა შედგებოდეს უაღრესად კვალიფიციური სპეციალისტებისა და პროფესიონალებისაგან, ამიტომ, ვთხოვ ყველა სამინისტროსა და უწყებას მოახდინონ დელეგირება იმ მუშაკებისა, რომელთაც შეუძლიათ ამ ამოცანების შესრულება.

აპარატის შემოქმედებით, ინიციატივიან მუშაობაზე დიდად იქნება დამოკიდებული უშიშროების საბჭოს გამართული საქმიანობა. ამ მიზნით აპარატში შექმნილია სამხედრო მრჩეველთა, სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის, უშიშროების საკითხთა, საინფორმაციო-ანალიტიკური და საიმედო დოკუმენტებზე მუშაობის განყოფილებები, რომელთა ხელმძღვანელებად დაინიშნენ შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე თანამშრომლები. ისინი, იმედია ღირსეულად შეასრულებენ მათზე დაკისრებულ ფუნქციებს. ამჟამად მიმდინარეობს საბჭოს აპარატის კადრებით დაკომპლექტების პროცესი, ვფიქრობ, შევძლებთ თავი მოვუყაროთ სანდო, ინიციატივიან და პროფესიულად კარგად მომზადებულ ადამიანებს. აქ ერთი პრობლემაც არის: არ უნდა იყოს არავითარი პარალელიზმი, ყველას უნდა ჰქონდეს თავისი საქმე.

აპარატი უნდა ასრულებდეს ერთგვარი შუამავლის როლს სამინისტროების და უშიშროების საბჭოს მუშაობის კოორდინაციის თვალსაზრისით, უნდა იყოს „იდეების მომწოდებელი“, რათა განისაზღვროს უშიშროების სტრატეგიის ოპტიმალური გზები.

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნისა და შესაბამისი აპარატის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია გააკონტროლოს ეროვნული უშიშროების საკითხებზე საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების, განკარგულებებისა და სხვა აქტების შესრულება.

მინდა ვთხოვო საბჭოს წევრ მინისტრებს, რომ უშუალო პასუხისმგებლობა დააკისრონ თავიანთ პირველ მოადგილეებს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატთან და მის შესაბამის განყოფილებებთან საქმიანი ურთიერთობისა და კონტაქტის დამყარებისათვის, რათა უფრო ეფექტიანი გავხადოთ ჩვენი საქმიანობა.

კანონის თანახმად, ეროვნული უშიშროების საბჭოს თავისი საქმიანობის ძირითადი ამოცანების შესასრულებლად ფუნქციურ ან რეგიონულ საფუძველზე შეუძლია შექმნას მუდმივი ან დროებითი საუწყებათშორისო სამუშაო ჯგუფები, კომისიები. ამ კომისიებში ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, შევისწავლოთ ეროვნული უშიშროების საკითხებთან დაკავშირებული ყველა მთავარი პრობლემა და შევიმუშაოთ მათი გადაჭრისათვის საჭირო რეკომენდაციები. კომისიებში მუშაობისათვის კონსულტანტებად უნდა მოვიწვიოთ ავტორიტეტიანი, ინიციატივიანი, არაორდინარული აზროვნების მეცნიერები და სპეციალისტები. მადლობა ღმერთს, რომ საქართველოში ასეთი ხალხი არის.

ვიმეორებ, კანონის თანახმად, ეროვნული უშიშროების საბჭო არის სათათბირო ორგანო, რომელიც არ იღებს გადაწყვეტილებებს, მაგრამ მჯერა, რომ საჭირო იქნება ის ინსტიტუტი, რომელიც მირჩევს და გამიწევს დახმარებას ეროვნული უშიშროების უზრუნველყოფის იმ საშინაო, საგარეო, სამხედრო, სადაზვერვო, ეკონომიკური და სოციალური ასპექტების ინტეგრირებაში, რომლებიც შეეხება სახელმწიფოს უშიშროებას, ჩვენი საზღვრების უსაფრთხოებას, ახდენს და კვლავაც მოახდენს გავლენას ჩვენი ქვეყნის ბედზე.

ვთხოვ ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრებს ყურადღებით შეისწავლონ, ერთხელ კიდევ გადახედონ, გაითავისონ საქართველოს კანონი „ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ“ - მე მადლობელი ვარ პარლამენტისა, რომელმაც საკმაოდ ოპერატიულად მიიღო ეს კანონი - რათა ჩვენ ვიმოქმედოთ კანონის ჩარჩოებში და, ამავე დროს, მაქსიმალურად გამოვიყენოთ კონსტიტუციათა და კანონით მონიჭებული უფლებები.

ეროვნული უშიშროების საბჭო არ იქნება მთავრობასთან დაპირისპირებული ორგანო და არც მისი მუშაობის დუბლირებას მოახდენს, მაგრამ ეს საბჭო, მისი მუდმივი ან დროებითი კომისიები, მისი აპარატი უნდა გახდნენ ჩემი მთავარი დასაყრდენი ეროვნული უშიშროების პოლიტიკის შემუშავების, განვითარებისა და განხორციელების საქმეში.

დიდ იმედს გამოვთქვამ, რომ უშიშროების საბჭოს საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი იქნებიან ჩვენი ადმინისტრაციის წარმომადგენლები ადგილებზე (მხედველობაში მაქვს სამხარეო ადმინისტრაცია). რწმუნებულების ადგილი ჩვენ, ალბათ, სპეციალურად უნდა გავიაზროთ, შესაძლოა, მათ სამხარეო წოდებებიც ჰქონდეთ, რათა თითოეული მათგანი თვლიდეს, რომ მათ ტერიტორიებზე არსებული სამხედრო ნაწილები მათი ზრუნვის საგანია, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი რწმუნებულები, მერები, გამგებლები გაგებით შეხვდებიან ყოველივე იმას, რასაც გვიკარნახებს კანონი უშიშროების საბჭოს შესახებ.

იმ სტრუქტურებში, რომლებიც ზემოთ ჩამოვთვალე და რომლებიც დასაყრდენია პრეზიდენტისა, უწინარეს ყოვლისა, ვგულისხმობ ავტონომიებს, რომელთაც ხვალ შეიძლება სხვა ფორმა მიეცეთ. აქ დღეს აფხაზეთია წარმოდგენილი, კანონის თანახმად, უშიშროების საბჭოს მუშაობაში მუდმივად მონაწილეობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, როდესაც აღდგება საქართველოს იურისდიქცია მის მთელ ტერიტორიაზე, საბჭოს შემადგენლობაში შემოვლენ სხვა სუბიექტებიც.

დღეს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის ერთი ახალი ფურცელი იწერება. დარწმუნებული ვარ, თითოეულ ჩვენგანს გაცნობიერებული აქვს ეროვნული უშიშროების საბჭოს როლი და მნიშვნელობა ქართული სახელმწიფოს მშენებლობის დღევანდელ ეტაპზე.

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის ახალი ფურცელი : ეროვნული უშიშროების საბჭოს პირველი სხდომა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 13 თებერვალი. - 26 (2139). - 1 გვ.

23 ქალბატონ მზექალა შანიძეს

▲ზევით დაბრუნება


მილოცვა

ქალბატონო მზექალა,

მომიტევეთ, რომ დაბადების დღეს დაგვიანებით გილოცავთ, მაგრამ არ მომელოცა არ იქნებოდა, რადგან თქვენ, დიდი მამის ღირსეულმა შვილმა და თავად შესანიშნავმა მეცნიერმა, ყველას უჩვენეთ მაგალითი იმისა, რომ ქვეყანას უჭირს, მეცნიერმა თავისი კაბინეტის სიმყუდროვე წამიერად მაინც უნდა დათმოს და ხალხს უთხრას ის ჭეშმარიტი სიტყვა, რასაც მისგან ქვეყანა მოელის.

თქვენ, ძველი ქართული ტექსტების შესანიშნავმა მკვლევარმა, თანამედროვე ცხოვრების სირთულესაც შესანიშნავად აუღეთ ალღო და დადექით იქ, სადაც ქვეყანას ყველაზე მეტად უჭირდა.

თქვენ ყოველთვის ღრმა მეცნიერი და მიუდგომელი, მკაცრი პედაგოგი ბრძანდებოდით და ბრძანდებით.

იმედი მაქვს, დღესაც და მომავალშიც ასეთივე სიღრმით, მიუდგომლობითა და სიმკაცრით, მაგრამ სამართლიანად განსჯით იმ რთულ პროცესს, რომელსაც ახალი საქართველოს შენება ჰქვია და თქვენც მიიღებთ მონაწილეობას ამ პროცესში.

კიდევ ერთხელ გილოცავთ და ყოველივე კარგს გისურვებთ.

პატივისცემით
ედუარდ შევარდნაძე.

მილოცვა : ქალბატონ მზექალა შანიძეს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 14 თებერვალი. - 27 (2140). - 1 გვ.

24 სეპარატიზმის სარკე

▲ზევით დაბრუნება


ედუარდ შევარდნაძე პირველად უამბობს საქართველო-აფხაზეთის ომის დაწყების საიდუმლოებებს „მოსკოვსკი კომსომოლეცის“ კორესპონდენტს

სიტუაციას, რომელშიც ახლა საქართველო აღმოჩნდა, შეიძლება შევხედოთ როგორც ჩვენს მომავალს - დროთა განმავლობაში რუსეთსაც ასევე მოუწევს „კოჭი უგოროს“ ჩეჩნეთს, ხან დაყვავებით, ხან დამუქრებით, რათა ძალით დააბრუნოს მოძმე ხალხების ოჯახში. ერთი შეხედვით, აფხაზეთისა და ჩეჩნეთის ისტორია მართლაც წააგავს ერთმანეთს და, როგორც თავად შევარდნაძემ ბრძანა, „რომ არ ყოფილიყო აფხაზეთი, არც ჩეჩნეთი იქნებოდა“, მხედველობაში ჰქონდა რა ავტონომიის გამოყოფის პრეცედენტი, მაგალითი.

რაც მთავარია, ყველაფერი ასევე დაიწყო - საქართველოს ხელისუფლებამ, ისევე როგორც რუსეთის ხელისუფლებამ, მოახდინეს თავიანთ ტერიტორიაზე ომის პროვოცირება, როცა 1992 წლის ზაფხულში აფხაზეთში ჯარები შეიყვანეს, თუმცა სინამდვილეში იგეგმებოდა „წესრიგის დამყარებისათვის გამიზნული ოპერაციის“ მსგავსი რამ.

ჩეჩნეთის ომის ისტორიას უამრავი ანალოგი აქვს. რაღაც უმნიშვნელო დეტალებიც კი მეორდება, მაგრამ რაკი აფხაზეთისა და ჩეჩნეთის ომები ასე წააგავს ერთმანეთს, ალბათ, ორი კონფლიქტის შემდგომი განვითარებაც მსგავსი იქნება. მართლაცდა, აქ ვერავითარ ორიგინალურ გადაწყვეტილებას ვერ მოიგონებ. ცნობილია, რომ ამბოხებულ ავტონომიას იმორჩილებენ მხოლოდ სამი გზით: ან ომით (ეს უკვე სცადეს საქართველომაც და რუსეთმაც), ან მოლაპარაკებით (ესეც სცადეს), ან ეკონომიკური სანქციებით (საქართველო ამას უკვე მიმართავს, ჩვენ ჯერ არა). რუსეთი ერთგვარად მეტად ხელსაყრელ მდგომარეობაში აღმოჩნდა - ჩვენ შეგვიძია თვალი ვადევნოთ იმას, რას შვრება საქართველო აფხაზეთის მიმართ. ვისწავლოთ მათ შეცდომებზე, გამოვიყენოთ მათი დადებითი გამოცდილება. და არ გამოვიგონოთ ჩვენი ველოსიპედი.

- ბატონო ედუარდ, მაინც როგორ დაიწყო ყველაფერი? როგორ მოხდა აფხაზეთში ჯარების შეყვანის გადაწყვეტილების მიღება?

- ამაზე არასდროს მილაპარაკია, მაგრამ ახლა, როგორც ჩანს, დადგა დრო გიამბოთ. ამაში ჩვენც მიგვიძღვის ბრალი და ეს უნდა ვაღიაროთ.

1992 წლის ზაფხულში ასეთი სიტუაცია იყო - აფხაზეთის ტერიტორიაზე გაუთავებლად ხდებოდა რკინიგზის შემადგენლობებზე და სხვა ტრანსპორტზე თავდასხმები, პრაქტიკულად ყოველდღე. ზარალი უზარმაზარი იყო - იგი 10 მილიარდ მანეთს აღემატებოდა. ხომ წარმოგიდგენიათ, რას ნიშნავდა ეს თანხა 1992 წელს. თანაც ზარალი ადგებოდა არა მარტო საქართველოს, არამედ რუსეთსაც, სომხეთსაც და აზერბაიჯანსაც, იმიტომ, რომ ამ სახელმწიფოთა კუთვნილი ტვირთი ამ გზებით გადაჰქონდათ. გარდა ამისა, ბოლო არ უჩანდა მკვლელობისა და ადამიანთა გატაცების შემთხვევებს. გატაცებული იყვნენ საქართველოს ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი, პრეზიდენტის პირადი თანაშემწე.

რაღაც უნდა გვეღონა. 11 აგვისტოს გაიმართა საქართველოს სახელმწიფო საბჭოს საგანგებო სხდომა, რომელზეც განვიხილეთ ეს საკითხი.

- რა ორგანო იყო ეს სახელმწიფო საბჭო?

- 1991 წლის დეკემბერში გამსახურდიას დამხობის შემდეგ საქართველოში ახალ არჩევნებამდე გარდამავალი პერიოდისათვის შეიქმნა სამხედრო საბჭო. ამ საბჭოში სამნი იყვნენ - ჯაბა იოსელიანი, თენგიზ კიტოვანი და თენგიზ სიგუა. შემდეგ,როცა გაზაფხულზე საქართველოში დავბრუნდი, სამხედრო საბჭო გარდაიქმნა სახელმწიფო საბჭოდ. ხელმძღვანელები ვიყავით ჩვენ ოთხნი, ყველას თანაბარი უფლებები გვქონდა, მაგალითად, სახელმწიფო საბჭოს ნებისმიერ წევრს შეეძლო ვეტო დაედო დანარჩენების მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისათვის, რა თქმა უნდა, ეს არ იყო ლეგიტიმური ორგანო, ხალხს იგი არ აურჩევია.

- იყო თუ არა სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულო მისი ყველა წევრისათვის?

- საქმეც ის გახლავთ, რომ არა. მაგალითად, კიტოვანს შეეძლო შეესრულებინა და შეეძლო არ შეესრულებინა. ასეც მოხდა.

მაშინ, იმ საგანგებო სხდომაზე მივიღეთ გადაწყვეტილება დაგვეცვა რკინიგზის ყველაზე „სახიფათო“ მონაკვეთი - ლესელიძიდან სამტრედიამდე, რომელიც მთელ აფხაზეთსა და დასავლეთ საქართველოზე გადიოდა. შემუშავდა სქემა. გზების დაცვისათვის შეყვანილი სამთავრობო ჯარები არ უნდა შესულიყვნენ დასახლებულ პუნქტებსა და „ადამიანთა თავშეყრის ადგილებში“. გეგმის თანახმად, ისინი დისლოცირებული უნდა ყოფილიყვნენ სამ ბაზაზე - სოხუმის, ლესელიძისა და სამტრედიის რაიონებში. ქვეგანაყოფს უნდა დაეცვა რკინიგზის შემადგენლობა (დაგეგმილი იყო სპეციალური პლატფორმების გამოყენება, რომლებზეც დადგმული იქნებოდა საარტილერიო ქვემეხები სხვაგვარად შეუძლებელი იყო, ვინაიდან ბანდიტები თავით-ფეხებამდე იყვნენ შეიარაღებული) და გაჰყოლოდა მატარებელს სამტრედიამდე, დაეცვათ იგი ყველაზე სახიფათო მონაკვეთზე. იქ მატარებელი უნდა გაეჩერებინათ, დაესვენათ. ამ დროს კი მეორე ქვეგანაყოფი მორიგ შემადგენლობას გამოჰყვებოდა, და ეს ყველაფერი როგორც დაგეგმილი იყო, უნდა განხორციელებულიყო აფხაზურ „ომონთან“ და პოლიციასთან ერთად.

- იცოდა ეს ამბავი აფხაზეთის მთავრობამ? შეუთანხმეთ მათ ოპერაციის დეტალები?

- აფხაზეთში იცოდნენ ამის შესახებ. სხდომის შემდეგ პირადად დავურეკე არძინბას და ველაპარაკე ამის თაობაზე. პრინციპულად, იგი თანახმა იყო. კიტოვანს დავავალეთ გადაფრენილიყო აფხაზეთში და გაეცნო მათთვის ოპერაციის დეტალები, ყველაფერი დაწვრილებით შეეთანხმებინა, მაგრამ კიტოვანი არ წავიდა. ამის ნაცვლად დაბრუნდა თბილისში და დაიწყო მზადება ჯარების შეყვანისათვის.

- როგორ შეეძლო, ასე მოქცეულიყო...

- თავისებური კაცია, უმართავი. ხომ წარმოგიდგენიათ, რა დაემართებოდა ციხეებში ნაჯდომ კაცს, უცებ რომ გახდებოდა ვიცე-პრემიერი, შემდეგ კი თავდაცვის მინისტრი. იგი ფიქრობდა, რომ როგორც მინისტრმა, მარტო მან იცოდა თუ რომელი გადაწვეტილება იქნებოდა სწორი. სახელმწიფო საბჭოს წევრის სტატუსი კი, პრინციპულად, ნებას აძლევდა ემოქმედა ისე, რომ არ გაეთვალისწინებინა საერთო გადაწყვეტილება. ეს იყო ჩვენი პირველი შეცდომა - კიტოვანის უპასუხისმგებლობის გამო ვერ მოვახერხეთ შეგვეთანხმებინა არძინბასთან რკინიგზის გაკონტროლების ოპერაციის სქემა.

14 აგვისტოს სამთავრობო ჯარები შევიდნენ აფხაზეთში, გალის რაიონი განვლეს უმტკივნეულოდ - იქ ძირითადად ქართველი მოსახლეობა ცხოვრობდა, პირველი შეტაკება საქართველოს ჯარებსა და აფხაზურ პოლიციას შორის მოხდა ოჩამჩირის რაიონში, იქ პირველად დაიღვარა სისხლი, დაიღუპნენ ადამიანები. კიტოვანი, რა თქმა უნდა. ამან არ გააჩერა და ჯარები სოხუმს მიადგნენ.

- კი მაგრამ, სახელმწიფო საბჭოს მიერ დამტკიცებული სქემით ჯარები ხომ არ უნდა შესულიყვნენ ქალაქში?

- დიახ, მე მაშინვე კატეგორიულად ვუბრძანე კიტოვანს (მართალია, ბრძანება შუამავლის მეშვეობით გადავეცი, თავად მისი ნახვა ვერ მოხერხდა), სოხუმში არ შესულიყო. ამავე დროს, ტელეფონით ველაპარაკე ელცინს, ის მაშინ სოჭში ისვენებდა, მან მითხრა: „ყურადღებით ვადევნებ თვალს სიტუაციას და ვფიქრობ, რომ თქვენ სერიოზულ ავანტიურაში გითრევენ, რას უპირებთ სოხუმს“?

მე ვუპასუხე, რომ ჩემის ფიქრითაც, რაღაც ცუდი რამ ხდებოდა. ავუხსენი, რაზე ვიყავით შეთანხმებული და ვუთხარი, რომ ჩემი მითითებები, სამწუხაროდ, ბოლომდე არ შესრულდა. ხოლო რაც შეეხებოდა სოხუმს (ელცინმაც მოითხოვა ეს). პირობა მივეცი, რომ სოხუმში არ შევიდოდით, რომ ამას არ დავუშვებდი.

- ცდილობდა თუ არა არძინბა იმ დღეებში თქვენთან დაკავშირებას?

- ყოველივე ამან ორ თუ სამ დღეს გასტანა. თვითონ არძინბამაც დამირეკა, დამირეკეს მისმა თანაშემწეებმა, პრემიერის პირველმა მოადგილემ. ქართველებიც რეკავდნენ, ისინიც ითხოვდნენ, არ შეგვეშვა ჯარები ქალაქში, მე შევუთანხმდი არძინბას - თუმცა კი დაგვიანებით, რომ ვაიძულებდი პრემიერ-მინისტრ სიგუას და მინისტრ კიტოვანს ჩასულიყვნენ მასთან და ემსჯელათ შექმნილი სიტუაციის შესახებ. ამჯერად ისინი დამემორჩილნენ, გაფრინდნენ სოხუმში, მაგრამ არძინბამ არ ისურვა მათთან შეხვედრა. მაშინ ის უკვე სადღაც, რუსეთის მესაზღვრეების საგუშაგოზე იმყოფებოდა. არ ვიცი, შეეშინდა შეხვედრა, არ ვიცი, უნდოდა ამ ომის დაწყება.

სიგუა და კიტოვანი დაბრუნდნენ, ჩემი მითითება ქალაქში ჯარები არ შესულიყვნენ, ძალაში რჩებოდა, მაგრამ კიტოვანი მაინც იღებს გადაწყვეტილებას და შედის სოხუმში. იქ მათ რამდენიმე დღე დასჭირდათ. იმაზე უკვე აღარაფერს ვამბობ, რა დაუშვებელი ფორმით მოქმედებნენ. ქალაქში დაჰქროდნენ ტანკები, ჯავშნიანი მანქანები, მთავრობის სასახლიდან დროშა ჩამოხსნეს, თითქოს უცხო ქვეყანაში იყვნენ... ბევრი რამ, რაც მაშინ მოხდა, გაუმართლებელია და ნორმალურ მოვლენად ვერ ჩაითვლება.

- უწევდნენ თუ არა წინააღმდეგობას აფხაზი სამხედროები?

- არა, დიდი არაფერი წინააღმდეგობა გაუწევიათ. ძალები უთანასწორო იყო. თანაც მერე იქ ჩვენი დამატებითი ქვეგანაყოფები გაიგზავნა. მოსახლეობა კი იქ ძირითადად ქართული იყო, ასე რომ, მათაც არ გაუწევიათ წინააღმდეგობა.

ერთადერთი, რაც მაშინ შევძელი, შევაჩერე გუდაუთაზე იერიში. გუდაუთიდან სოხუმამდე სულ ოცდათხუტმეტი კილომეტრია. გუდაუთაში რომ შესულიყვნენ, ეს გამოიწვევდა ათიათასობით ადამიანის განადგურებას და ეს თითქმის მთლიანად აფხაზი მოსახლეობა იქნებოდა, იქ თავი მოიყარეს აფხაზეთის სხვადასხვა რაიონებიდან ჩასულმა ლტოლვილებმა.

- ესე იგი, ამჯერად შესძელით კიტოვანის დაოკება?

- არა, სიტუაცია შეიცვალა. იქ მოწინავე რაზმებს ყარყარაშვილი მეთაურობდა (შემდეგ იგი თავდაცვის მინისტრი გახდა). მან რამდენჯერმე დამირეკა და მე ვეუბნებოდი, თუ ანგარიშს მიწევთ, გიკრძალავთ გუდაუთაზე წასვლას-მეთქი.

- ელცინს მეტი აღარ დაკავშირებიხართ?

- სწორედ მაშინ კიდევ ერთხელ ველაპარაკე ბორის ელცინს. განვიხილეთ სიტუაცია და შევთანხმდით, რადაც უნდა დაგვჯდომოდა, არ დაგვეშვა ეს აქცია - გუდაუთის აღება.

ჩვენს სამხედროებთან კამათის დროს ჩემი არგუმენტი იყო ის ფაქტი, რომ გუდაუთაში დისლოცირებულია რუსეთის საკმაოდ ძლიერი საჯარისო ნაწილი და, ჩვენ თუ ქალაქში შევალთ, - შეტაკება რუსეთის ჯარებთან გარდაუვალი იქნება, საერთოდ, ამ შემთხვევაში დამიჯერეს.

- მაშასადამე, გუდაუთაზე იერიში აღარ მიგიტანიათ, მაგრამ სოხუმში ჯარები დარჩნენ?

- თითქმის ორი წლის განმავლობაში იქ იმყოფებოდნენ ჩვენი ქვედანაყოფები, შენდებოდა თავდაცვითი ზღუდეები როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან. მაგრამ სოხუმის აღებისთანავე, 1992 წლის 3 სექტემბერს, ყველა შევიკრიბეთ მოსკოვში და ხელი მოვაწერეთ დაზავების შეთანხმებას. უნდა შეწყვეტილიყო ყოველგვარი სამხედრო მოქმედება და ჯარები გამოგვეყვანა აფხაზეთიდან. მოსკოვის ხელისუფლების თანხმობით, იქ რჩებოდა მხოლოდ ის ნაწილები, რომლებიც საჭირო იყო რკინიგზის დასაცავად. ამ საბოლოო დაზავებას ხელი მოაწერეს ელცინმა, შევარდნაძემ, არძინბამ და ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების ყველა ხელმძღვანელმა (დუდაევის გარდა).

სამწუხაროდ, შეთანხმების ხელმოწერის მეორე თუ მესამე დღესვე აფხაზებმა და დაქირავებულებმა - ჩვენ მათ დაქირავებულებს ვუწოდებთ, თუმცა, სინამდვილეში იქ იბრძოდნენ რეგულარული არმიის ცალკეული ნაწილები - წამოიწყეს დიდი იერიში გაგრის მიმართულებით, შემდეგ კი სოხუმის მხარესაც წამოვიდნენ, და შეთანხმება ამით ჩაიშალა.

- რეგულარული არმიის - რომლის? რუსეთისა?

- ალბათ. აბა სხვას კიდევ ვის ჰყავდა იქ რეგულარული არმია... მონაწილეობდა ათასობით სამხედრო, უკვე არაფერს ვამბობ ჩეჩნებზე, კაზაკებსა და კავკასიის სხვა ხალხების წარმომადგენლებზე, ერთი სიტყვით, ეს იყო ნამდვილი შემოსევა იმ ქალაქებსა და სოფლებზე, რომლებშიც ქართველები ცხოვრობდნენ.

ამ ტრაგედიის დაწყების შემდეგ ჩვენ ოთხჯერ მოვაწერეთ ხელი სხვადასხვა შეთანხმებას დაზავების შესახებ (ამ საქმეში ყოველთვის მონაწილეობდა რუსეთის წარმომადგენელი), და ყოველი ხელმოწერის შემდეგ ახალი იერიში იწყებოდა. მაგალითად, 1993 წლის შემოდგომაზე ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც როგორც ჩვენ, ისე იმათ, უნდა გაგვეყვანა მძიმე ტექნიკა. ჩვენ ნამდვილად გავიყვანეთ ტექნიკა, აფხაზებმა კი დაიტოვეს იგი და თითქმის ორი კვირის შემდეგ დაიწყო ახალი შეტევა სოხუმზე, საბოლოოდ, ქალაქი აიღეს კიდეც.

- იცით, საიდან იღებდა აფხაზური მხარე მძიმე ტექნიკას? ომის დაწყებისთვის ხომ, როგორც თქვენ ამბობდით, მათ საერთოდ არ ჰყავდათ არმია, მარტო ომონელები და პოლიცია იბრძოდნენ.

- ამარაგებდნენ. როგორც ჩვენ ჩვეულებრივ ვამბობთ ხოლმე, ამარაგებდნენ რეაქციული ძალები. აფხაზეთის მთელი ნახევარმილიონიანი მოსახლეობიდან აფხაზები მხოლოდ 17 პროცენტს შეადგენდნენ. ფიზიკურად შეუძლებელია, რომ ჩვიდმეტმა პროცენტმა მოუწყოს გენოციდი და ეთნიკური წმენდა დანარჩენ ოთხმოცდასამ პროცენტს. ასე რომ, მათ უდიდეს დახმარებას უწევდნენ - იქნება ეს ფინანსური, სამხედრო, თუ სრულიად თანამედროვე ტექნიკა. მე თვითონაც მუდმივად ვიმყოფებოდი სოხუმში შტურმის დროს. ვიცი, თუ რას ნიშნავს „გრადის“ ტიპის დანადგარი და ავიადაბომბვა. იქ ჩამოაგდეს სუ-27 ტიპის თვითმფრინავი, ჩემი თვალით ვნახე. საიდან უნდა ჰქონოდათ იგი აფხაზებს?

- საქართველოში თვითმხილველები ლაპარაკობენ მასობრივ მკვლელობებზე, დახვრეტაზე, დამსჯელ ოპერაციებზე, რომლებიც ხდებოდა მაშინ აფხაზეთში...

- იქ ფაქტობრივად ეთნიკური წმენდა მიმდინარეობდა. აფხაზეთის ნახევარმილიონიანი მოსახლეობიდან, რომლის ნახევარს ქართველები შეადგენდნენ, სამასი ათასი გამოდევნეს. არა მარტო ქართველები, არამედ სომხები, რუსები, ბერძნები. ათასობით ადამიანი დახვრიტეს. ეს არის ადამიანის სიცოცხლის უფლების ყველაზე საზარელი და აღმაშფოთებელი დარღვევა, რომელიც მოხდა მიმდინარე საუკუნის დამლევს. ეთნიკური წმენდის ფაქტი აღიარა ევროკავშირის სახელმწიფოთა მეთაურების თათბირმა ბუდაპეშტში - ორმოცდათორმეტი სახელმწიფოს წარმომადგენლებმა. ეს დოკუმენტი რამდენჯერმე დაიმოწმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭომაც თავის რეზოლუციებში.

აი, მოკლედ ყოველივე ის, რაც მოხდა. ამაშინ ბრალი საქართველოს ხელმძღვანელობასაც მიუძღვის - ყველაფერი როდი გაკეთებულა დიდი პასუხისმგებლობის გრძნობით. კერძოდ, ის რომ, არძინბას არ გააცნეს რკინიგზათა დაცვის სქემა. იყო მხოლოდ წინასწარი მორიგება, მაგრამ ოპერაციაში აფხაზური პოლიციის მონაწილეობის დეტალები დათქმული არ ყოფილა. და მეორეც, რაც, როგორც ვფიქრობთ, ჩვენს სინდისზე მოდის, არ შესრულებულა ბრძანება იმის თაობაზე, რომ დაუშვებელი იყო სოხუმში ჯარების შეყვანა. ეს მაშინდელი თავდაცვის სამინისტროს მხრივ გამოჩენილი აღმაშფოთებელი უპასუხისმგებლობა იყო. მაგრამ სამწუხაროდ, ვერც შევარდნაძე ვერ მოიხსნის პასუხისმგებლობას.

ამის მიუხედავად, მაინც ვფიქრობ, რომ აფხაზეთის ხელმძღვანელობა არძინბას სახით ემზადებოდა ომისათვის და ეძებდა საბაბს. მიმდინარეობდა სამზადისი, ქირაობდნენ საუკეთესო სამხედრო სპეციალისტებს, ხდებოდა მოსახლეობის იდეოლოგიური მომზადება. აფხაზეთი ემზადებოდა ომისთვის, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. სწორედ ამიტომ, რკინიგზის დაცვის ოპერაცია მათ გამოიყენეს, როგორც ომის დაწყების საბაბი, თუმცა, თავისთავად, ოპერაცია აბსოლუტურად „უწყინარი“ იყო - ასეთ სიტუაციაში. ჩვენ შეგვიძლია შევუთანხმდეთ ნებისმიერ ქვეყანას მატარებლების ერთობლივი დაცვის შესახებ. ეს ნორმალური პრაქტიკაა.

- ახლა, როცა უკვე ორ წელიწადზე მეტი გავიდა, თქვენი აზრით, რა უნდა გაკეთდეს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოწესრიგებისათვის?

- საჭიროა მოლაპარაკება, რადაც უნდა დაგვიჯდეს ეს. სხვა გზა არ არის. არსებობს, რა თქმა უნდა, ძალის გამოყენების ვარიანტი, მაგრამ, ყველაფერი უნდა ვიღონოთ იმისათვის, რომ მივაღწიოთ შერიგებას. ამ წლების განმავლობაში დავდეთ რამდენიმე შეთანხმება, დაპირსპირების ხაზზე ჩადგნენ რუსეთის სამშვიდობო ძალები, მაგრამ მიღწეული მორიგებანი მაინც არ სრულდება. ლტოლვილები შინ ვერ დაბრუნებულან.

იანვარში დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სახელმწიფოთა მეთაურების საბჭოზე მივიღეთ ახალი გადაწყვეტილება - გამოვიყენოთ ეკონომიკური სანქციები აფხაზეთის წინააღმდეგ საგარეო კონტაქტებისაგან სრულ იზოლაციაში მოვაქციოთ სეპარატისტები.

- მაგრამ, ეს ნიშნავს იმას, რომ აფხაზეთი უბრალოდ, შიმშილით უნდა მოკლან?

- არა, საქონლის მიწოდება გამორიცხული არ არის. უბრალოდ, ყველაფერი უნდა გაიგზავნოს საქართველოს ტერიტორიაზე გავლით. საქართველოს მთავრობის ტერიტორიის გავლით. საქართველოს მთავრობის ნებართვით. აფხაზეთში შეიძლება სურსათის, წამლების ჩატანა. სხვა სახელმწიფოებმა რომ არც გააკეთონ ეს, საკუთარ მოვალეობად მიგვაჩნია აფხაზების დამარცხება. ჩვენ თვითონ ჩავიტანთ იქ ყოველივე იმას, რაც საჭიროა ადამიანების ცხოვრებისათვის. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს ის სრული იზოლაცია როდია, რომელიც, ვთქვათ, გამოყენებული იყო ერაყის მიმართ. ჩვენ არ ვეწინააღმდეგებით იმას, რომ აფხაზეთმა მიიღოს ელექტროენერგია, თუმცა, მის საფასურს საქართველო იხდის. მაგალითად, უკვე ახლა ჩვენ გვაქვს რუსეთის ვალი 80 მილიარდი რუბლი იმ ელექტროენერგიისათვის, რომელსაც იყენებს აფხაზეთი, ჩვენ ამის წინააღმდეგი არ ვართ.

- ამ გზით რის მიღწევას აპირებთ?

- ჩვენ უნდა ვაიძულოთ აფხაზთა ხელმძღვანელობა მიუჯდეს მოლაპარაკების მაგიდას, დაასრულოს მოლაპარაკების პროცესი და უზრუნველყოს ადამიანების დაბრუნება შინ, სხვათა შორის, ოთხი თვის წინათ, მოსკოვში ხელმოწერილი იყო მემორანდუმი, რომელიც განსაზღვრავს აფხაზეთის სტატუსს საქართველოს ფედერაციულ სახელმწიფოში. მაგრამ შემდეგ აფხაზურმა მხარემ უარი თქვა უკვე ხელმოწერილ დოკუმენტზე. ისინი სპეციალურად აჭიანურებენ მოლაპარაკებას. სურთ დააკანონონ ეთნიკური წმენდის შედეგები. თანდათანობით ჩაასახლონ აფხაზეთში სხვადასხვა ქვეყნიდან სეპარატისტული რეჟიმისადმი მორჩილი ადამიანები, 1,5 ათასი ასეთი ოჯახი იქ უკვე დასახლდა.

- აფხაზეთში იმყოფება მრავალი რუსი სამხედრო, მათ შორის სამშვიდობო ძალების წარმომადგენლებიც. ორი წლის განმავლობაში მათ ჩამოუყალიბდათ თავისებური, „ხელისუფლების ინფრასტრუქტურა“, - მათ აქვთ სახლები და აგარაკები, აკონტროლებენ გზებს, ტრანზიტს, შოულობენ ფულს. ეს არალეგიტიმური ხელისუფლებაა, მაგრამ იგი არსებობს, და ისინი შეეცდებიან მის შენარჩუნებას. მათ არ სჭირდებათ საქართველოს შემადგენლობაში შემავალი აფხაზეთი.

- იცით, ალბათ, რომ, ნებისმიერი არმია - სამშვიდობო იქნება იგი თუ სხვა - როცა უმოქმედოდაა იწყებს ხრწნას. აქაც, ენგურის „ქართულ“ ნაპირზე, იგივე ამბავი ხდება სამშვიდობო ძალებში. მაგრამ ახლა მუშავდება სამშვიდობო ძალების ახალი მანდატი, ახალი ფუნქციები - შეიძლება მათ დაეკისროთ პოლიციის ფუნქციები, შეიძლება შეიქმნას კომენდატურები. ნუ იდგებიან უსაქმოდ, იმოქმედონ. ჩვენ გვჭირდება ძალა, რომელიც გარანტიას შეუქმნის ადამიანთა უსაფრთხო დაბრუნებას.

- მაგრამ, მაინც, როგორ განსაზღვრავთ აფხაზეთის სტატუსს?

- აფხაზეთი არის რესპუბლიკა, რომელსაც აქვს თავისი კონსტიტუცია, პარლამენტი, უზენაესი სასამართლო და სახელმწიფოებრიობის სხვა ატრიბუტები, აქვს წარმომადგენლობის კვოტა საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებში. სინამდვილეში, ჩვენ მათ მაქსიმალურ შესაძლებლობებს ვთავაზოვთ. მაგალითისათვის, ჩრდილოეთ ოსეთს რუსეთის შემადგენლობაში გაცილებით ნაკლები უფლებები აქვს.

- აფხაზებს კი რა სურთ?

- დამოუკიდებლობა. სინამდვილეში, მათ არ სურთ რუსეთთან შეერთება, თუმცა, ასეთ განცხადებებს, კი აკეთებენ. ეს ბლეფია, მათ სულ სხვა გეგმები აქვთ, გაცილებით უფრო ვერაგული და შორსგამიზნული.

- რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები გვთავაზობენ ჩეჩნეთის პრობლემის ორიგინალურ გადაჭრას - ყველა ჩეჩენის გადასახლებას აფხაზეთში. როგორ უყურებთ ამ ვარიანტს?

- მათ უკვე წამოაყენეს ასეთი ვარიანტი და ზოგიერთები ჩამოსახლდნენ კიდეც, მაგრამ მათი რიცხვი არცთუ ისე დიდია. სახელმწიფო დონეზე კი ასეთი გადაწყვეტილების მიღება დაუშვებელია, თუ ასეა, გადაასახლონ ისინი მოსკოვის ოლქში, - რაღა, მაინცდამაინც, აფხაზეთში?

- სამშვიდობო ძალებს მიეცემათ „პოლიციის“ მანდატი, ლტოლვილები დაიწყებენ შინ დაბრუნებას. სეპარატისტთა რაზმები იძულებული გახდებიან წავიდნენ მთებში - ყველაფერი მოხდება სცენარის მიხედვით. არ გეშინიათ კონფლიქტის ავღანიზაციის?

- მოსკოვში ხელმოწერილ მემორანდუმში, აღნიშნულია, რომ ეტაპობრივად მოხდება ამჟამად აფხაზეთში არსებული შეიარაღებული ძალების გაერთიანება ჩვენს შეიარაღებულ ძალებთან. აქ თანდათანობით შეიძლება გამოინახოს საერთო ენა და საერთო ინტერესები.

საერთოდ კი, თუკი სიტუაცია სტაბილური გახდება, უწინარს ყოვლისა, აღვადგენთ რკინიგზას, გამოჩნდებიან ინვესტორები, და ორი-სამი წლის განმავლობაში ეს მხარე აყვავდება. თუ, რა თქმა უნდა, ეყოფათ პოლიტიკური ნება ვლადისლავ არძინბასა და მის კოლეგებს ასეთი თამამი გადაწყვეტილების მისაღებად.

სხვა გზა კი არ არის - სხვა გზა მხოლოდ საომარია. ეს ჩვენ არ გვსურს, და ამიტომ, ახლა, დაჟინებით მოვითხოვთ იმას, რომ შემოღებულ იქნეს ეკონომიკური სანქციები პრობლემის მშვიდობიანი გზით გადაჭრის მიზნით.

- არ გეშინიათ, რომ ყოფითს დონეზე მოხდება შეტაკებები დაბრუნებულ ქართველ ლტოლვილებსა და აფხაზებს შორის?

- რა თქმა უნდა, ასეთი შეხლა-შემოხლაც იქნება. მაგრამ, თუ სამშვიდობო ძალები იკისრებენ ადამიანების დაცვას. ყველაფერი შედარებით ნორმალურად ჩაივლის. თანაც, ჩვენც ვაპირებთ მივიღოთ ამ საქმეში მონაწილეობა: არ შევუშვათ აფხაზეთში აგრესიულად განწყობილი ლტოლვილები, თუნდაც, ამ ეტაპზე. მაგრამ, როცა ნამდვილად დაიწყება შერიგების პროცესი, ადამიანებს ბევრი რამ დაავიწყდებათ, რეალური ცხოვრება აიძულებთ მათ, ყურადღება გაამახვილონ არა იმაზე, რაც მოხდა, არამედ იფიქრონ დღევანდელ დღეზე, მომავალზე, ყველაფერი მოგვარდება. თანაც, ჩვენ მაინც ნათესავები ვართ. არ არის ისეთი ქართული ოჯახი, დამოყვრებული რომ არ იყოს აფხაზეთთან ან მეგობრები არ ჰყავდეს აფხაზეთში.

ასე რომ, ვფიქრობ: დადგა დრო, როგორც აფხაზებმა, ისე ქართველებმა, გამოიჩინონ კეთილი ნება, სიმტკიცე, გაბედულება, სიბრძნე და დაძლიონ ის საზარელი შედეგები, რომლებიც დაგვიტოვა კონფლიქტმა, თვითონ რომ ვქმნით.

ესაუბრა
იულია ვალინინა,
გაზ, „მოსკოვსკი კომსომოლეცი“.
10.II.1996 წ.

სეპარატიზმის სარკე / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ვალინინა იულია // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 14 თებერვალი. - 27 (2140). - 1,2 გვ.

25 „შერიგება, სამართლიანობის ზეიმი ჩვენს საერთო ინტერესებს შეესაბამება“

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 19 თებერვლის რადიოინტერვიუ

- გასული ეკონომიკური კვირა მეტად საინტერესო იყო, იგი რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტით აღინიშნა. საქართველოში მიმდინარე გაბედული ეკონომიკური რეფორმები უყურადღებოდ არ რჩება. გასულ კვირას, თქვენ შეხვდით ფირმა „სიმენსის“, უზბეკეთის ექსპერტთა დელეგაციებს, ქართულ-ინგლისური ნავთობკომპანიის ინგლისელ დამფუძნებლებს, მსოფლიოში ცნობილი სამშენებლო ფირმის „ბეხტერის“ ვიცე-პრეზიდენტს ჩარლზ პარტეპს. გარდა ამისა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა ჩვენი ბიუჯეტის თაობაზე განაცხადა, რომ ეს არის პოსტსაბჭოთა სივრცეში მიღებული ყველაზე კარგი ბიუჯეტი. თუმცა, საერთაშორისო ეკონომიკური სტრუქტურები კრედიტის მისაღებად კიდევ ორ აუცილებელ პირობას გვიყენებენ: სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ და კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ კანონების მიღებას. ეს კანონპროექტი გასული კვირის მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე, რომელსაც თქვენ ესწრებოდით, უკვე განიხილეს. საინტერესოა, ასევე, იანვრის თვის ბიუჯეტის შედეგები და პირველი მონაცემები.

ჟურნალისტ ნატო ონიანის ამ შეკითხვის პასუხად საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ თავის ტრადიციულ რადიოინტერვიუში განაცხადა:

- განვლილი კვირა აღინიშნა აღმასრულებელ ხელისუფლებაში საკანონმდებლო ინიციატივის ინტენსიური რეალიზაციით. მთავრობის სხდომაზე პრეზიდენტის ხელმძღვანელობით განვიხილეთ მთელი რიგი კანონპროექტები, რომლებსაც ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს საქართველოს კონსტიტუციის პრინციპებზე დაყრდნობით, საზოგადოების ცხოვრების დემოკრატიზაციის, საბაზრო ეკონომიკის დამკვიდრების და, საერთოდ, ქართული სახელმწიფოებრიობის აღმშენებლობის ამოცანათა გადასაწყვეტად, კერძოდ, თანამედროვე ცივილიზაციის დონეზე საზოგადოებრივი ცხოვრების მოწყობისათვის კონსტიტუციის შემდეგ (მე ყოველ შემთხვევაში ასე ვფიქრობ) უმაღლესი რანგის სამართლებრივ გარანტად და წინაპირობად უნდა იქნეს მიჩნეული საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსი, რომლის პროექტს საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს წარუდგენს. კოდექსის პროექტი, რომლის შედგენაზე ოთხი წლის განმავლობაში მუშაობდა სპეციალური კომისია, ცნობილი მეცნიერის, იურისტის, ბატონ სერგო ჯორბენაძის ხელმძღვანელობით, მოიცავს 1481 მუხლს. იგი შედგება ექვსი წიგნისაგან. ეს გახლავთ: პირველი - სამოქალაქო კოდექსის ზოგადი დებულებანი; მეორე - სანივთო ქონებრივი სამართალი; მესამე - ვალდებულებათა სამართალი; მეოთხე - ინტელექტუალური საკუთრების სამართალი; მეხუთე - საოჯახო სამართალი. კოდექსის პროექტის თითქმის ყველა ნორმაში ისეთი სიახლეა განმტკიცებული, რომელიც იურიდიულ რეალობად აქცევს აქამდე პოლიტიკურ მიზანდასახულობათა ფორმით არსებულ სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისა და საბაზრო ეკონომიკის დამკვიდრების საარსებოდ აუცილებელ პრინციპებს, ეხება ეს მეწარმეობის, საკუთრების უფლების, მათ შორის, ინტელექტუალური საკუთრების უფლების განხორციელების, სამოქალაქო ურთიერთობაში სახელმწიფოს მონაწილეობის, საბინაო, საოჯახო, თუ მემკვიდრეობითი სამართლის საკითხებს. პროექტში გათვალისწინებულია თანამედროვე სამოქალაქო სამართლის თითქმის ყველა მიღწევა, დასავლეთის განვითარებული ქვეყნების გამოცდილება ამ სფეროში და ჩვენი ქვეყნის სინამდვილე, რაც განპირობებულია გარდამავალი ეპოქის თავისებურებებით.

ძალზე მნიშვნელოვანია კანონის პროექტი საქართველოში კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ, რომელიც კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება მეწარმეობისა და ეკონომიკური ლიბერალიზაციის გზაზე. იგი ხელს შეუწყობს საფინანსო-საკრედიტო რესურსების ბაზრის ჩამოყალიბებას, ბანკებისადმი მოსახლეობის ნდობის მოპოვებას. ამ კანონის მიღებით დამთავრდება საბანკო რეფორმების გარდამავალი ეტაპი და საქართველოს საბანკო სისტემა ორიარუსიანი სახით სამართლებრივ საფუძველზე დაიწყებს ფუნქციონირებას.

განსაკუთრებით დიდი საზოგადოებრივი რეზონანსი აქვს კანონპროექტს „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“. ეს პროექტი, რომელიც წელიწადნახევარზე მეტია საპარლამენტო და სამთავრობო წრეებისა და სპეციალისტების მსჯელობის საგანია, ახლახან გამოქვეყნდა პრესაში. მიმდინარეობს პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა, იხილავენ მას ადგილებზეც. პროექტი ჯერჯერობით პრეზიდენტს არ წარუდგენია პარლამენტისათვის, რამდენადაც მიწის საკითხი ქვეყნისათვის, ქართველი ერისათვის ბედის განმსაზღვრელია, უდიდესია პასუხისმგებლობა არა მარტო დღევანდელი, არამედ მომავალი თაობების წინაშეც. ამ კანონის მიღებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქვეყანაში რეფორმების განხორციელებისათვის, მასზეა დამოკიდებული საბაზრო ეკონომიკის რეალური დამკვიდრება, უცხოური კაპიტალის მოდინება. ყოველივე ეს კი მიწის ლეგალური ბაზრის გარეშე ვერ ჩამოყალიბდება. ამასთან, მიწაზე კერძო საკუთრების დაკანონებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმ მილიონზე მეტი ოჯახისათვის (მე ერთხელ ეს ციფრი დავასახელე - 950 ათასამდე ოჯახი ფლობს მიწას, უფრო სწორად, მიმაგრებული აქვს მიწის ნაკვეთები და 350 ათასამდე ოჯახი ქალაქში ასევე ფლობს საკარმიდამო, საბაღე, საბოსტნე, სააგარაკე ნაკვეთებს). ხალხი დარწმუნებულია, რომ მიწის ნაკვეთებს უკან აღარავინ წაართმევს და მისი ეფექტიანი გამოყენებისათვის კაპიტალის დაბანდება გამართლებულია. გლეხი, მიწის მფლობელია, მიწას მოუვლის. ეს მიწა კი ამჟამად საშინელ მდგომარეობაშია.

ამავე დროს საქართველოს სინამდვილეში მიწის კანონის მიღება უაღრესად პოლიტიზირებულ პრობლემად იქცა. საზოგადოების ერთი ნაწილი, მათ შორის, შემოქმედი ინტელიგენციის წარმომადგენლები შიშობენ, რომ მიწის საკუთრების შემოღება ეროვნულ ინტერესებს შელახავს. მათი სიფრთხილე ბუნებრივი და გასაგებია. მიწის საკითხი ქართველი კაცისათვის ყოფნა-არყოფნის დონეზე აღიქმება. ამის გადასაწყვეტად ყველა მოსაზრება უნდა განვიხილოთ და შევაჯეროთ, გავიაზროთ, არის თუ არა შეშფოთების საფუძველი.

კანონპროექტში მიწის გასხვისება შეზღუდვების მთელი სისტემითაა წარმოდგენილი: მემკვიდრეებისათვის შესყიდვის უპირატესი უფლება, ნაკვეთის დაქუცმაცების აღკვეთის წესები და ნაკვეთების გამსხვილების სტიმულირება, გასხვისებაზე სპეციალური ნებართვის საჭიროება და სხვა, რომლებმაც უნდა გამორიცხონ არასასურველი ტენდენციები. კანონის მიღების კატეგორიული ტონით უარყოფას, როგორც ამას ზოგირთი მოღვაწე პრესაში აკეთებს, სჯობს შემოთავაზებული მექანიზმის სიღრმისეულად გააზრება. ამ მიზნით, პრეზიდენტის დავალებით იურისტთა, აგროსისტემის, სხვა სპეციალისტთა მონაწილეობით მუშაობს სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც პარლამენტის შესაბამისი კომიტეტების წარმომადგენლებთან ერთად განაზოგადებს დადებით და უარყოფით არგუმენტებს და მოსაზრებებს, ვფიქრობ, ამგვარი საყოველთაო-სახალხო და საჯარო მსჯელობის საფუძველზე, სოციოლოგიური გამოკითხვის გათვალისწინებით, შევთანხმდებით კანონის ძირითად პოსტულატებზე და მივიღებთ გადაწყვეტილებას პროექტის საბოლოო ვარიანტის პარლამენტში შეტანის თაობაზე. აქვე მინდა ვთქვა, რომ ამ ბოლო კვირეების განმავლობაში ძალიან საინტერესო პრაქტიკა ყალიბდება პარლამენტის კომიტეტებსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის თანამშრომლობის თვალსაზრისით არა პარლამენტის ფარგლებში, არამედ, პარლამენტის ფარგლებს გარეთაც, ჯერ კიდევ მაშინ, როცა პროექტი, ასე ვთქვათ, სამზარეულოშია. მინდა დიდი კმაყოფილება გამოვთქვა ამის გამო. ვფიქრობ, ეს პრაქტიკა ყოველმხრივი მხარდაჭერის ღირსია. დროსაც გაცილებით ვამოკლებთ.

განვლილი კვირა გაჯერებული იყო მნიშვნელოვანი შეხვედრებით საერთაშორისო დონეზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ვიზიტის შედეგები არის. პრეზიდენტთან შეხვედრისას მისიამ კმაყოფილება გამოთქვა ქვეყანაში რეფორმების გაღრმავების გამო. აღინიშნა, რომ მისთვის შეღავათიანი სესხის გამოსაყოფად კრედიტორებთან მოლაპარაკება შედეგიანად მიმდინარეობს, მისიამ მაღალ დონეზე შეაფასა პარლამენტის

მიერ ბიუჯეტის დამტკიცება. მათი აზრით, ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო (ასე ვთქვათ) ბიუჯეტი, რომელიც პოსტკომუნისტურმა ქვეყნებმა მიიღეს.

როგორ სტიმულს აძლევს ეს ბიუჯეტი ახალ რეფორმებს? ვფიქრობ, ამ თვალსაზრისით იყო დანახული ჩვენი ბიუჯეტი და მისი პროგრესულობა, სწორედ ამ კუთხით აღინიშნა.

თქვენ უკვე ჩამოთვალეთ მსოფლიოს უდიდესი კომპანიები, რომლებიც იყვნენ სტუმრად და ამ ურთიერთობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თუკი ისევ რეფორმების გზით ვივლით. გამოვყოფდი უზბეკეთის რესპუბლიკის ექსპერტების სტუმრობას. ისინი აქ პრეზიდენტის დავალებით ჩამოვიდნენ. ტაშკენტში ვიზიტის დროს ბატონმა ქარიმოვმა და მე ძალიან დეტალურად განვიხილეთ ეგრეთ წოდებული დერეფნის პერსპექტივები. ექსპერტებმა დაათვალიერეს ჩვენი სატრანსპორტო გზები, ფოთის ნავსადგური, დაინტერესდნენ ბათუმით, თუმცა იქ ჩასვლა ვერ მოასწრეს, მაგრამ მიიღეს ყველა მონაცემი, მათი აზრით, ყველა პირობა არსებობს, რომ საქართველოს გავლით ევროპასა და ამერიკაში გაიტანონ უზბეკური ბამბა, სასუქი, სასოფლო-სამეურნეო მანქანები, ხოლო უზბეკეთმა მიიღოს ხორბალი, ჩაი, შაქარი და სხვა პროდუქტები, რაც მას საერთოდ დასავლეთიდან მიაქვს. ასეთსავე ინტერესს იჩენენ ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნებიც.

საგადასახადო ინსპექციის მონაცემებით, წლის დამდეგიდან აკრეფილი საგადასახადო შემოსავლები, როგორც ცენტრალურ, ისე ტერიტორიულ ბიუჯეტებში 19 მილიონ ლარამდე აღწევს, რაც 200 ათასი ლარით, ანუ 1,1 პროცენტით აღემატება ბიუჯეტის განსაზღვრულ მაჩვენებელს და 5 მილიონ 700 ათასი ლარით, ანუ 43 პროცენტით - გასული წლის შესაბამისი პერიოდის დონეს. ამასთან, საგადასახადო ინსპექციის ინფორმაციით ამოღებული თანხები ცენტრალურ და კრედიტორულ ბიუჯეტებს შორის, 1996 წლის ბიუჯეტის კანონის ამოქმედებამდე, ჯერჯერობით, კვლავ ძველი ნორმატივებით ნაწილდება. ხდება აგრეთვე ბანკებს შორის თანხების გადარიცხვების შეფერხებები. ხვალ ან ზეგ სპეციალურად უნდა შევხვდე საბანკო დაწესებულებებს, შესაბამის მინისტრებს და ერთხელ და საბოლოოდ გადარიცხვების შეფერხებებს ბოლო უნდა მოეღოს, ეს პირდაპირ ახალ ჭირად იქცა ჩვენი ქვეყნისათვის. ამის გამო, ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური ბიუჯეტის საკუთარი შემოსავლები, გრანტების გარეშე, შეადგენს 6 მილიონ 800 ათას ლარს (ხედავთ, როგორი განსხვავებაა - რამდენი იყო შემოსავალი, რამდენია პრაქტიკულად შემოტანილი), ცენტრალური ბიუჯეტის ანგარიშზე მისი ნახევარიც კი არ მოხვდა. ეს გახლავთ პროგნოზით გათვალისწინებული თანხის 51 პროცენტი მაშინ, როცა, ფაქტობრივად, პროგნოზით გათვალისწინებული შემოსავლები გადაჭარბებით შესრულდა.

რა თქმა უნდა, ბიუჯეტის შესახებ კანონის ამოქმედებასთან ერთად ეს საკითხიც მოწესრიგდება, მაგრამ ვითარების სიღრმისეული შესწავლის მიზნით საჭიროა ფინანსთა სამინისტრომ, საგადასახადო-სახაზინო სამსახურებმა, ადგილობრივი მმართველობის ორგანოებმა და ბანკებმა ერთად, ოპერატიულად გაანალიზონ არსებული ვითარება და სისტემატური კონტროლი დააწესონ ბანკებს შორის თანხების განაწილების სისწორისადმი და დააჩქარონ თანხების მოძრაობა.

კვლავ და კვლავ გასაძლიერებელია საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობა, რომელმაც განვლილი თვენახევრის მანძილზე ბიუჯეტში შეიტანა მილიონ 800 ათასი ლარი. მაგრამ, ფინანსთა სამინისტროს ცნობით, გეგმის შესრულებას 30 პროცენტი დააკლდა. მართალია, გადასახადებიდან განთავისუფლების გაუქმება ძალაში გეგმით გათვალისწინებულ ვადაზე მოგვიანებით - 1 მარტიდან შედის, მაგრამ რეზერვები ამ სფეროში სრულად არ არის ბოლომდე გამოყენებული.

საქენერგოსთან დაკავშირებით. საქენერგოს კრიზისული ფინანსური მდგომარეობის ნაწილობრივი დაძლევის მიზნით პრეზიდენტის ბრძანებულებით გათვალისწინებული პირველი ეტაპის ვადა ამოიწურა, სამწუხაროდ, 15 თებერვლის მდგომარეობით, დავალებით გათვალისწინებული 8 მილიონი ლარის ნაცვლად საქენერგოში გადაირიცხა 4,5 მილიონი ლარი ანუ 52 პროცენტი. 15 თებერვლისათვის დავალების უზრუნველყოფა ვერ შეძლეს (როგორი სამწუხაროც უნდა იყოს, უნდა დავასახელო ეს რეგიონები): აჭარა - შესრულებულია 11 პროცენტით, ქუთაისი - 14 პროცენტით, თბილისი - 45 პროცენტით, კასპი - 30 პროცენტით, ახალგორი - 35 პროცენტით და ასე შემდეგ: ნულოვან პოზიციაზე არიან თბილისის საავიაციო ქარხანა, კასპის ცემენტის ქარხანა, გორის გაერთიანება „ლაინი“ (ამ გაერთიანებას ჩვენ სერიოზულად უნდა მივხედოთ, იქ ყველაფერი წესრიგში არ არის, ხელმძღვანელობის თვალსაზრისით. ამაზე უკვე მქონდა საუბარი ბატონ ბადრი ხატიძესთან). დასახლებულმა რეგიონებმა და საწარმოებმა უნდა უზრუნველყონ ჩამორჩენის დაძლევა უმოკლეს დროში, ხოლო შემდგომში უნდა დაიფაროს არა მარტო ძველი დავალიანება, არამედ დროულად და სრულად ანაზღაურდეს ენერგიის მოხმარება.

ასეთია ეკონომიკური მიმოხილვის ძირითადი მომენტები.

- გასულ კვირას კვლავ ყურადღების ცენტრში იყო აფხაზეთის თემა და ამასთან დაკავშირებით რამდენიმე საინტერესო მომენტი: საქართველოში ჩამოვიდა სასაზღვრო ჯარების სარდალი ნიკოლაევი; ხშირდება პრიმაკოვ-არძინბას შეხვედრები; თურქეთის პრეზიდენტი დემირელი თავის წერილში აფხაზეთის პრობლემის სამართლიანად გადაწყვეტაზე საუბრობს და აცხადებს, რომ აფხაზეთის მომავალი ბედი ერთიანი საქართველოს ფარგლებში უნდა გადაწყდეს. არძინბა ფედერალურ კავშირზე საუბრობს და რუსეთის სამშვიდობო ძალების აფხაზეთის ტერიტორიიდან გაყვანის წინააღმდეგია. მინისტრი გრაჩოვი, რომელმაც გასულ კვირას ორი საინტერესო განცხადება გააკეთა, არძინბას ამ აზრს არ იზიარებს. და, პრინციპში, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ რვა თვის შესვენების შემდეგ ქართველები და აფხაზები კვლავ მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდნენ. იყო ძალიან მნიშვნელოვანი მსჯელობა თანამეგობრობის ქვეყნების საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომებზე, რომლებსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეც ესწრებოდა...

- 19 იანვრის გადაწყვეტილებათა მიღების შემდეგ, განსაკუთრებით გააქტიურდა რუსეთის საშუამავლო მისია (მას მხოლოდ საშუამავლოსაც არ დავარქმევდი), იგრძნობა მეტი შეტევითობა და სურვილი იმისა, რომ დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანოთ. მოლაპარაკების ახალი ეტაპი პრეზიდენტ ელცინის პირად დავალებებთან, მის განკარგულებებთან არის დაკავშირებული.

კმაყოფილება უნდა გამოვთქვა ევგენი პრიმაკოვის სამშვიდობო პროცესში აქტიური ჩართვით. ახალ ვითარებაში ახლებურად მოქმედებს ამჟამად მისი პირველი მოადგილე ბორის პასტუხოვი. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებ პავლე გრაჩოვის არაორაზროვან და პრინციპულ განცხადებებს. თავისი სიტყვა თქვა პეტერბურგის საპარლამენტთაშორისო ასამბლეამ. რუსეთის სათათბიროში ზოგიერთი გაუგებრობის შემდეგ სანქტ-პეტერბურგის განცხადებას სხვა მნიშვნელობა და სხვა წონა აქვს. გულწრფელი კმაყოფილებით აღვნიშნავ საპარლამენტთაშორისო ასამბლეაზე ჩვენი დელეგაციის, ბატონ ზურაბ ჟვანიას წარმატებულ საქმიანობას, პრონციპულობას და დასახული მიზნისათვის ბრძოლის კარგ უნარს.

ნაყოფიერი იყო გენერალ ნიკოლაევის ვიზიტი თბილისში, რომლის დროსაც, როგორც ცენტრალური საკითხი. განვიხილეთ 19 იანვრის გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობა.

ასევე დიდად ვაფასებ თურქეთის პრეზიდენტის სულეიმან დემირელის უკვე ტრადიციულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხში, რაც მან ჩემდამი გამოგზავნილ მორიგ წერილში გამოხატა.

რაც შეეხება ბატონ არძინბას ახალ წინადადებებს, რომლებიც მან ჩამოაყალიბა, უნდა გითხრათ, რომ მათში სიახლე ბევრი არაფერია. რა თქმა უნდა, თავისი არსით ეს წინადადებები მიუღებელია, მაგრამ უმნიშვნელო ძვრები (ძალიან გამოცდილი თვალი ამას შენიშნავს) მაინც არის. თუმცა ისიც უნდა ვთქვა, რომ გუდაუთელთა ლიდერის ნდობა ძალიან რთული საკითხია. დაწყებული 1992 წლის 3 სექტემბრიდან ჩვენ ამის მწარე გაკვეთილები გვაქვს. კიდევ ერთხელ მივაპყრობ რადიომსმენელების ყურადღებას, თუ რას ვთავაზობთ აფხაზეთს: აფხაზეთი მიიღებს სახელმწიფოებრიობის ისეთ უმნიშვნელოვანეს ატრიბუტებს, როგორიცაა კონსტიტუცია, პარლამენტი, ჰიმნი, გერბი, დროშა, უმაღლესი სასამართლო ორგანოები, უზარმაზარი უფლებები ეკონომიკის, კულტურის სფეროში და სხვა. ცენტრს დარჩება მხოლოდ ის უფლებები, რაც აუცილებელია ერთიანი სახელმწიფოს არსებობისათვის. ვფიქრობ, რომ ამ ბაზაზე მოლაპარაკების ინტენსიურად გაგრძელება სავსებით შესაძლებელია. ახლა უმთავრესია დავიწყოთ მოსახლეობის უმტკივნეულოდ დაბრუნება, რასაც თავისთავად მოყვება გაუცხოების დაძლევა, ტკივილების გაყუჩება, კლიმატის გათბობა. არსებობს თუ არა სხვა გზა? არსებობს, მაგრამ იგი სისხლიანია, იგი მსხვერპლიანია. სანამ ამ გზას ავირჩევდეთ, მოვუწოდებ ქართველებსა და აფხაზებს, აფხაზებსა და ქართველებს: შერიგება, სამართლიანობის ზეიმი ჩვენს საერთო ინტერესებს შეესაბამება. გამოვიყენოთ წინაპართა ბრძნული გამოცდილება და აღვადგინოთ ძმობისა და ნათესაობის საუკუნებრივი ტრადიციები.

რაც შეეხება ბატონ არძინბასთან ნეიტრალურ ტერიტორიაზე შეხვედრის იდეას (ეს იდეა მან მოსკოვში პრესკონფერენციაზე წამოაყენა). მოგეხსენებათ, მე უკვე ვიყავი ნეიტრალურ, თუ არანეიტრალურ ტერიტორიაზე - გახლდით გუდაუთაშიც, ახლა აფხაზთა ლიდერს ვიწვევ თბილისში, გნებავთ, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, საქართველოს რომელ კუთხეშიც გნებავთ.

ახლა სამშვიდობო ჯარების გაყვანის თაობაზე, რის შესახებაც ბატონმა გრაჩოვმა ბრძანა: ვფიქრობ, გრაჩოვი მართალია - რატომ უნდა დახარჯოს რუსეთმა მილიარდები და რისკის ქვეშ დააყენოს ათასობით ჭაბუკის სიცოცხლე, თუკი რეალური შედეგი არ არის? თუ მოლაპარაკებათა დროს რეალური პროგრესი არ იქნება მიღწეული და ხალხის დაბრუნებაში გარდატეხა არ მოხდება, ჯარის გაყვანა მწარე სინამდვილე გახდება. სხვათა შორის, ეს ეხება (როგორც ჩემთან შეხვედრისას ბატონმა ელცინმა განაცხადა) იმ სამშვიდობო ძალებსაც, რომლებიც ცხინვალში დგანან. ამიტომ უნდა იჩქარონ ჩვენმა მეგობრებმა, სადაც უნდა იყვნენ ისინი, სოხუმში, ცხინვალსა თუ სხვაგან - უნდა დავამთავროთ მოლაპარაკების სამშვიდობო პროცესი.

- საუბარი აფხაზეთზე იქნება თუ ცხინვალზე, ყველა ეს პრობლემა დამოკიდებულია საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზე. ბოლო კვირის განმავლობაში ელცინმა თანხმობა განაცხადა კენჭი იყაროს პრეზიდენტის პოსტზე. რუსეთში კი საკმაოდ რთული პოლიტიკური ვითარებაა, ელცინის ყველაზე რეალურ ოპონენტად ექსპერტები ზიუგანოვის კანდიდატურას ასახელებენ. საქართველოში კომუნისტური თუ პროკომუნისტური შეფერილობის ძალები ამასთან დაკავშირებით უკვე ამოძრავდნენ - ვთქვათ, იგივე პანტელეიმონ გიორგაძის კომპარტია. როგორ მიგაჩნიათ, შეიცვლება თუ არა მნიშვნელოვანწილად საქართველო-რუსეთის ურთიერთობა, თუ ხელისუფლების სათავეში, ვთქვათ, მოვა ზიუგანოვი და იგი გახდება რუსეთის პრეზიდენტი?

- ამ თემაზე მსჯელობა ცოტა დელიკატურია, მაგრამ მაინც რამდენიმე სიტყვით შევეცდები პოზიცია ჩამოვაყალიბო. მოხდება თუ არა ხელისუფლების შეცვლა, ამას მოახლოებული პრეზიდენტის არჩევნები გვიჩვენებს. ელცინს გამარჯვების ძალიან დიდი შანსი აქვს. მისი გამარჯვება რეფორმების გაგრძელების, საგარეო პოლიტიკური კურსის სტაბილურობის უკვე ჩამოყალიბებულ პრიორიტეტთა საკითხში მემკვიდრეობითობის შენარჩუნებას მოასწავებს. პრიორიტეტებს რომ ვამბობ, მხედველობაში მაქვს რუსეთის საგარეო პოლიტიკა, რომელიც ამ ბოლო დროს საკმაოდ კარგად გამოიკვეთა.

ამ 15 დღის წინათ რუსეთის ტელევიზიის ერთ-ერთი პროგრამის კითხვა ასეთი იყო: წამოაყენებს თუ არა ელცინი თავის კანდიდატურას პრეზიდენტის არჩევნებში და რას ფიქრობს შევარდნაძე ამ საკითხზე? მე ასე ვუპასუხე: მე რომ მის მდგომარეობაში ვიყო რუსეთის დღევანდელი ვითარების გათვალისწინებით, აუცილებლად ვიყრიდი-მეთქი კენჭს.

გახდება თუ არა მეორედ ელცინი პრეზიდენტი, ყველაზე მეტად ეს თვით ბატონ ელცინზეა დამოკიდებული. მხედველობაში მაქვს, როგორ წარმართავს იგი წინასაარჩევნო კამპანიას. ყველა წინაპირობა არსებობს, რომ მან გაიმარჯვოს. თუმცა არც სხვა ვარიანტების გამორიცხვა შეიძლება.

რაც შეეხება ეგრეთ წოდებულ სხვა ძალებს, რომლებიც სათათბიროში ან ფედერაციის საბჭოში მოვიდნენ, სანქტ-პეტერბურგის შეხვედრებმა დაადასტურა, რომ თანამშრომლობა შესაძლებელია. იმ კანონზომიერების უკუშექცევა გლობალური მასშტაბით, რაც ცივი ომის დამთავრებას მოჰყვა, არავის ძალუძს.

ბატონ პანტელეიმონის მრავალგზის განცხადებებთან დაკავშირებით - საერთოდ ვცდილობ რეაგირება არ მოვახდინო მათზე. როგორი შეფერილობისაც უნდა იყოს პანტელეიმონი, კომუნისტური თუ სხვა, იგი არ წარმოადგენს ძალას. ილაპარაკოს იმ კაცმა - უხარია, რომ ლაპარაკობს და ილაპარაკოს, რამდენიც უნდა.

„შერიგება, სამართლიანობის ზეიმი ჩვენს საერთო ინტერესებს შეესაბამება“ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა]ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 20 თებერვალი. - 30(2143). - 1,2 გვ.

26 მნიშვნელოვანი ნაბიჯი ეროვნული, სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბებისათვის

▲ზევით დაბრუნება


22 თებერვალს სახელმწიფო კანცელარიის შენობაში საქართველოს პრეზიდენტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კანონპროექტის წარდგენასთან დაკავშირებით გაიმართა ბრიფინგი, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრი თედო ნინიძე, საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის სამსახურის უფროსი ჯონი ხეცურიანი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამოქალაქო სამართლის კათედრის გამგე, პროფესორი სერგო ჯორბენაძე.

საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ვახტანგ აბაშიძემ დამსწრეთ გააცნო საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის მიმართვა პარლამენტისადმი, რომელშიც კერძოდ, ნათქვამია:

სამოქალაქო კოდექსის მიღება, თქმა არ უნდა, საეტაპო მოვლენაა ყოველი ქვეყნის ცხოვრებაში. ისტორიულად სამოქალაქო კოდექსები საფუძველს უყრიდნენ და განამტკიცებდნენ სამოქალაქო საზოგადოებას.

ამ კოდექსებში ჩამოყალიბებული ნორმებისა და პრინციპების მეშვეობით მტკიცდებოდა პიროვნების, საკუთრების, მეწარმეობის თავისუფლების, ოჯახის ხელშეუხებლობის საფუძვლები, რომლებსაც დასავლეთის განვითარებული ქვეყნები ხალხის მუხლჩაუხრელი შრომითა და რუდუნებით დღევანდელ კეთილდღეობამდე მიჰყავდათ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი საქართველოს ხალხის კეთილდღეობის სამართლებრივი საფუძველი უნდა გახდეს.

წარმოდგენილი პროექტი ეყრდნობა სამოქალაქო სამართლის ისტორიულ გამოცდილებას, როგორც სპეციალისტები ადასტურებენ, მასში შეძლებისდაგვარად ასახულია თანამედროვე ცივილისტიკის უახლესი მიღწევები. საგულისხმოა, რომ კოდექსი შედგენილია ქართველი იურისტების მიერ უცხოელ სპეციალისტებთან თანამშრომლობით და შეესაბამება როგორც საქართველოს რეალიებს, ისე განვითარებული საბაზრო ეკონომიკის მოთხოვნებს.

პარლამენტის წევრების ყურადღებას მივაპყრობდი შემდეგ უმნიშვნელოვანეს პრობლემებს, რომლებიც ახლებურად არის გადაწყვეტილი წარმოდგენილ კანონპროექტში. უწინარეს ყოვლისა, საყურადღებოა მონაწილეების მიმართ. კერძოდ, ქონებრივ ურთიერთობათა მონაწილეები თანასწორუფლებიანი სუბიექტები არიან. კერძო-სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო ისეთივე უფლებებით სარგებლობს, როგორც კერძო პირები. ამიერიდან სახელმწიფოს თანასწორუფლებიან კონკურენციაში მოუხდება თავისი კომერციული უნარის დადასტურება დაწყებული ეკონომიკური და სამართლებრივი რეფორმის გზაზე ეს უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია. სამოქალაქო კოდექსის ეს ნაწილი იძლევა ისეთი იურიდიული პირების დაწვრილებით რეგლამენტაციას, რომლებიც უცნობი იყო ჩვენი სინამდვილისათვის.

კოდექსი ავითარებს საქართველოს კონსტიტუციის დებულებას საკუთრების როგორც ძირითადი უფლების ხელშეუხებლობის შესახებ, იძლევა მოძრავი და უძრავი ნივთების ლეგალურ ცნებებს და ფართოდ უღებს კარს ისეთ ინსტიტუტებს, რომელთა გარეშე წარმოუდგენელია სრულყოფილი საკუთრება. საკუთრების თავისუფლებებთან ერთად პროექტი მის შეზღუდვებსაც ითვალისწინებს, რაც განპირობებულია სოციალური ჰარმონიისა და საზოგადო კეთილდღეობის უზრუნველყოფის მიზნებით.

თვალის ერთი გადავლებითაც კი განსაკუთრებული სიახლეებით გამოირჩევა კოდექსის ის ნაწილი, რომელიც ვალდებულებით სამართალს ეძღვნება. შეიძლება ითქვას, რომ შეივსო ის იურიდიული ვაკუუმი, რომელიც არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობების სფეროში. შემოდის სახელშეკრულებო ურთიერთობათა ახალი ფორმები, რომლებიც დღემდე უცხო იყო ჩვენი სინამდვილისათვის. პრინციპი - ნებადართულია ყველაფერი, რაც კანონით აკრძალული არ არის, ყველაზე თვალსაჩინო სწორედ ვალდებულებით ურთიერთობებში ვლინდება. იმავდროულად კოდექსი იძლევა საბაზრო ეკონომიკის პირობებში ეკონომიურად არაძლიერი დაცვის გარანტიებს.

განსაკუთრებულ ყურადღებას მივაპყრობდი აგრეთვე კოდექსის იმ ნაწილს, რომელიც ინტელექტუალური საკუთრების სამართალს ეძღვნება. ქვეყნის ინტელექტუალური პოტენციალის დაცვა, მისი ხელშეწყობა და საერთაშორისო არენაზე ფართოდ გატანა საქართველოს სახელმწიფოს ეროვნული ამოცანაა. მისასალმებელია, რომ სპეციალისტების მტკიცებით, კოდექსის ამ ნაწილშიც ასახულია ავტორთა უფლებების დაცვის თანამედროვე მიღწევები.

კოდექსი გამორჩეულ ადგილს უთმობს საოჯახო ურთიერთობებს, როგორც საზოგადოების უმთავრეს დასაყრდენს, ეროვნულ ტრადიციებთან ერთად საოჯახო და მემკვიდრეობის სამართლის ნორმებში თანამედროვე საზოგადოების პრობლემებიც არის ასახული. პროექტი ცდილობს საოჯახო და სამემკვიდრეო ურთიერთობებში მოსალოდნელი კონფლიქტები ზნეობრივი პოსტულატების საფუძველზე მოაწესრიგოს.

ყურადსაღებია ის ტერმინოლოგიური სიახლეები, რომლებიც ობიექტში აისახება და უთუოდ შემოქმედებითი ძალისხმევის შედეგია. შეიძლება ბევრი რამ აქ სადავოც იყოს, მაგრამ ქართული იურიდიული ენის სრულქმნა და მისი თანამედროვე რეალიებიდან მისადაგება უიმისოდ წარმოუდგენელია.

კოდექსის შემუშავებაში მონაწილეობდა ქართველი თეორიტიკოსი და პრაქტიკოსი ცივილისტების დიდი ჯგუფი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამოქალაქო სამართლის კათედრის გამგის, პროფესორ სერგო ჯორბენაძის მაღალი მეცნიერული და ორგანიზებული უნარის, ეროვნული სამართლებრივი სისტემის ჩამოყალიბებისადმი უმაღლესი პასუხისმგებლობის შედეგია, რომ ოთხწლიანი დაძაბული შემოქმედებითი შრომით სწავლულ და პრაქტიკოს იურისტთა ამ ჯგუფმა მოამზადა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის პროექტი, რომელიც ექვსი წიგნისა და 1481 მუხლისაგან შედგება.

შესრულებულია დიდი სამუშაო და კოდექსში გაცხადებულ სულისკვეთებას პარლამენტარები, იმედია, მხარს დაუჭერენ.

ედუარდ შევარდნაძე.

მნიშვნელოვანი ნაბიჯი ეროვნული, სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბებისათვის // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 23 თებერვალი. - 33 (2146). - 1 გვ.

27 „კანონი მიწის საკუთრების შესახებ არა მარტო ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური განაცხადია მეურნეობრიობის ტოტალიტარული სისტემის საბოლოო უარყოფის გზაზე“

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 26 თებერვლის რადიოინტერვიუ

საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ, თავისი ტრადიციული რადიოინტერვიუ, რომელსაც ჟურნალისტი ნატო ონიანი უძღვებოდა, გასული ეკონომიკური კვირის ანალიზით დაიწყო.

- ქვეყნის საშინაო პოლიტიკურ-ეკონომიკური ცხოვრების უმთავრეს თემას განვლილ კვირაში ისევ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ კანონპროექტი წარმოადგენდა. დღევანდელი ჩვენი საზოგადოებისათვის, ეს მართლაცდა ყველაზე აქტუალური საკითხია.

საზოგადოებრივი აზრი, საპარლამენტო დებატები ერთმნიშვნელოვნად მოწმობს, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა (ვიმეორებ, მნიშვნელოვანი უმრავლესობა), ვინც უაღრესად დიდად არის დაინტერესებული ქართული მიწის ბედით, ქვეყნის ეკონომიკის აღორძინებით, და ვინც საქმეში ჩახედულია, მხარს უჭერს ამ პროექტს. ვიმეორებ: კანონპროექტს მხარს უჭერს დიდი უმრავლესობა. ასეთი გამოკითხვები, საზოგადოებრივი აზრის შესწავლა თბილისში კარგა ხანია მიმდინარეობს, ასევე ცალკეულ რაიონებში, კერძოდ, ბოლოს დუშეთის რაიონში მოეწყო საზოგადოებრივი აზრის ფუნდამენტური გამოკვლევა.

მიწაზე კერძო საკუთრების აღიარება, რა თქმა უნდა, უმთავრესი საკითხია და სწორედ ამ კითხვას უპასუხებს კანონპროექტი, რომელიც პარლამენტმა განიხილა.

საქმე ის გახლავთ, რომ საბაზრო ურთიერთობის რეალურად დამკვიდრებას და ახალი ეკონომიკის, ახალი სახელმწიფოს მშენებლობას ჩვენ ვერ მივიჩნევთ შეუქცევად პროცესად, თუ არ გადაწყდა მიწის საკუთრების საკითხი. ყოველივე ეს გასულ პარასკევს პარლამენტის მიერ კანონპროექტის პირველი წაკითხვით, მიღების დროს დადასტურდა. ამასთან, საქართველოსათვის ამ უპირველესი მნიშვნელობის პრობლემის მოწესრიგება მოითხოვს კანონპროექტის სერიოზულ დახვეწას, მის ყოველმხრივ შეჯერებას. ამის შესახებ იყო საუბარი გუშინდელ რესპუბლიკურ თათბირზე, რომლის მუშაობაში მონაწილეობდნენ სამხარეო ადმინისტრაციათა ხელმძღვანელები, რაიონების გამგებლები, ქალაქების მერები, სამინისტროთა და უწყებათა ხელმძღვანელები, მეცნიერები, პრესისა და ტელევიზიის წარმომადგენლები. ძალზე საყურადღებო შენიშვნები და წინადადებები გამოითქვა, და იმისათვის, რომ ისინი განვაზოგადოთ და ავსახოთ პროექტში, სახელმწიფო მინისტრის ხელმძღვანელობით შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი. ვფიქრობ, ის შენიშვნებიც, რომლებიც გუშინ გამოითქვა, პარლამენტისათვის საგულისხმო იქნება. პროექტზე შემდგომი მუშაობისას, რა თქმა უნდა, აუცილებელია ვითანამშრომლოთ და მოვუსმინოთ ყველა ოპონენტს, ვისაც საქმიანი და კონსტრუქციული შენიშვნები აქვს პროექტის ცალკეული მუხლის, ცალკეული სიტყვების მიმართაც კი (სიტყვებში სერიოზული ნიუანსები და სერიოზული აზრია ჩადებული). ასევე, დასაბუთებულად უნდა უარვყოთ თუნდაც ყველაზე მიუღებელი შენიშვნა, რათა მოსახლეობა დარწმუნდეს, რომ კანონის მიღების კონკრეტული მიზანი არ არის, როგორც ახლა ამბობენ, მარტო მსოფლიო ბანკიდან და სავალუტო ფონდიდან კრედიტის გამოყოფა. ეს ერთ-ერთი ასპექტია, თუ მივიღებთ კანონს, უფრო იოლად გადაწყდება. კანონის მიუღებლობის შემთხვევაში კრედიტი შეიძლება მაინც მივიღოთ, რუსეთს ასეთი კანონი არ მიუღია, მაგამ კრედიტი მისცეს, ისევე როგორც ზოგიერთ სხვა ქვეყანას. ეს თემა სასპეკულაციოდ არ უნდა გამოვიყენოთ. აქ მთავარი ის არის, რომ ამ კანონის გარეშე ვერ განხორციელდა სრულფასოვანი აგრარული რეფორმა, იგი აუცილებელია მიწის ბაზრის ჩამოსაყალიბებლად. კანონი არა მარტო ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური განაცხადია მეურნეობრიობის ტოტალიტარული სისტემის საბოლოო უარყოფის გზაზე. უფრო დეტალურად ამ საკითხზე გუშინდელ თათბირზე ვილაპარაკე, ტელემაყურებელსა და რადიომსმენელს საშუალება ექნება მოუსმინოს ამ არგუმენტებს ჩემი გამოსვლიდანაც და სხვა ორატორების გამოსვლებიდანაც. ვფიქრობ, გუშინ ის ხალხი იყო წარმოდგენილი, ვინც ყველაზე უფრო ახლოა მოქალაქეებთან, ახლოა ამ პრობლემასთანაც. საინტერესო იქნება, თუ მოხერხდება ამის გაცნობა ჩვენი საზოგადოებრიობისათვის, რითაც სასარგებლო საქმე გაკეთდება.

თანამედროვე ცივილიზებული საკრედიტო ბაზრის ჩამოყალიბებისათვის, მეწარმეობისათის დიდმნიშვნელოვანია კანონი ბანკის შესახებ, რომელიც პარლამენტმა განვლილ კვირაში მიიღო. გადაუჭარბებლად ვიტყვი, რომ ეს კიდევ ერთი ეტაპია, ახალი ეკონომიკური ურთიერთობის ფორმირებაში, უფრო ზუსტად და კონკრეტულად თუ ვიტყვით, ორიარუსიანი საბანკო სისტემის შექმნაში.

რამდენიმე სიტყვით ბიუჯეტთან დაკავშირებით. ამაზეც იყო გუშინ საუბარი. 1996 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის ამოქმედება, რა თქმა უნდა, მოაწესრიგებს ბევრ პრობლემას, რომლებიც წლის დამდეგიდან წარმოიშვა ბიუჯეტის შემოსავლების ფორმირების პროცესში. ამასთანავე, ფინანსთა სამინისტრომ, სახაზინო, საგადასახადო, საბაჟო სამსახურებმა დაინტერესებულ სამინისტროებთან და უწყებებთან ერთად დიდი მუშაობა უნდა გასწიოს კანონის ცალკეული დებულებებისა და მუხლების კომენტირების, სათანადო ინსტრუქციებისა და განმარტებების უმოკლეს დროში შესამუშავებლად. ძალიან დიდი ორგანიზაციული სამუშაოა შესასრულებელი. ეს საგრძნობლად გაუადვილებს საწარმოებს, იურიდიულ პირებსა თუ რეგიონულ ორგანოებს ბიუჯეტის შესრულებისათვის გაწეულ მუშაობას. მხედველობაში მაქვს როგორც რესპუბლიკური, ცენტრალური ბიუჯეტი, ისე ადგილობრივი ბიუჯეტები. ადგილობრივ ბიუჯეტებზე არანაკლებ ვზრუნავთ, ვიდრე ცენტრალური ბიუჯეტის შესრულებისათვის. ამ მხრივ, საინტერესოა ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ტერიტორიული ბიუჯეტის შემოსავლების შესრულების შესახებ 1996 წლის იანვრის შედეგების მიხედვით. გეგმები გადაჭარბებით არის შესრულებული შიდა ქართლში - 121 პროცენტით (გუშინ მხარის ხელმძღვანელებს მადლობა გადავუხადე), მცხეთა-მთიანეთში - 109 პროცენტით, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 105 პროცენტით (ვიცით, როგორ უჭირს ამ მხარეს, მაგრამ მაინც მოხერხდა ეს). რაიონებიდან განსაკუთრებით გამოირჩევიან გორის რაიონი - 166 პროცენტი, თელავი - 140 პროცენტი, საჩხერე - 162, აბაშა - 170, თეთრიწყარო - 127 და ზოგიერთი სხვა რაიონი. გუშინ იძულებული ვიყავი დამესახელებინა ისინიც, ვისაც ასეთი მაჩვენებლები არა აქვთ. იანვარში, მაგალითად, შემოსავლების ამოღებაში სერიოზული სიძნელეები ჰქონდათ გურიის მხარეს - 64 პროცენტი, იმერეთის მხარეს - 67 პროცენტი, ქვემო ქართლის მხარეს - 79, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას - 72 პროცენტი, აგრეთვე რუსთავის, ზესტაფონის, ოზურგეთის, ყვარლის, საგარეჯოსა და სხვა რაიონებს. ვფიქრობ, ეს სიძნელეები დროებითი ხასიათისაა და მათი დაძლევა შესაძლებელია.

რაც შეეხება მთლიანად სახელმწიფოს ბიუჯეტს, საგადასახადო სამსახურის მიერ წლის დამდეგიდან საგადასახადო შემოსავლების სახით ცენტრალურ და ტერიტორიულ ბიუჯეტებში ამოღებულია 22 მილიონ 30 ათასი ლარი. ცენტრალური ბიუჯეტის მთლიანმა შემოსავლებმა გრანტებისა და არასაგადასახადო შემოსავლების ჩათვლით ჯერჯერობით 13,5 მილიონი ლარი შეადგინა, რაც საგრძნობლად ჩამორჩება პროგნოზს. მდგომარეობა თანდათან უნდა მოგვარდეს ბიუჯეტის მიღებასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტის კვალობაზე. ამასთან, ბიუჯეტის შესრულების შედეგი იანვარ-თებერვლის მონაცემების მიხედვით მთავრობის სხდომაზე სპეციალურად იქნება განხილული და სადაც შევნიშნავთ, რომ საქმე არ გამოდის უპასუხისმგებლობის ან გულგრილობის გამო, რა თქმა უნდა, შესაბამის ორგანიზაციულ ზომებს მივიღებთ თვით ცალკეული პირების თანამდებობიდან გადაყენებამდეც.

კიდევ ერთი საგულისხმო მომენტი. სოცეკონომიმფორმმა შეაჯამა 1996 წლის იანვარში სამრეწველო წარმოების შედეგები. იანვარში წარმოებულია 33,5 მილიონი ლარის სამრეწველო პროდუქცია. პირველად, წარმოების დაცემის ხანგრძლივი, მრავალწლიანი პროცესის შემდეგ მიღწეულია სამრეწველო პროდუქციის 1,5 მილიონი ლარით, ანუ 4,2 პროცენტით გაზრდა წინა წლის იანვართან შედარებით. მართალია, აბსოლუტურ მოცულობაში ეს ბევრს არ ნიშნავს, მაგრამ, ლაპარაკია გაჯანსაღების ტენდენციაზე.

პროდუქციის წარმოების ზრდას მიაღწიეს ტყიბულის, ფოთის, რუსთავის, ზესტაფონის, თერჯოლის, ხაშურის, მარნეულის, ბორჯომის და სხვა რაიონების ტერიტორიებზე განლაგებულმა სამრეწველო საწარმოებმა (მომავალშიც შევეცდები, რომ წინა პლანზე წამოვწიო ქალაქებისა და რაიონების როლი, როცა ეკონომიკურ ანალიზს ვთავაზობ მოსახლეობას).

ამავე დროს წარმოების მოცულობა შეამცირეს თბილისში, აჭარაში, ქუთაისში, ჭიათურაში, ფოთში, ზუგდიდში, წყალტუბოში, კასპში, სამტრედიაში, გურჯაანში, ლაგოდეხში, საგარეჯოში და ზოგიერთ სხვა რაიონში განლაგებულმა საწარმოებმა.

იანვრის შედეგების განმტკიცების ტენდენციით ხასიათდება თებერვალიც, ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით თებერვლის მეორე დეკადაში მრეწველობის დეპარტამენტმა აწარმოა თითქმის მილიონი ლარის პროდუქცია, რაც დაახლოებით ორჯერ აღემატება პირველი დეკადის ანალოგიურ მაჩვენებელს. სულ წლის დამდეგიდან კი დეპარტამენტის სისტემაში წარმოებულია 5 მილიონი ლარის პროდუქცია, რაც 2,5-ჯერ მეტია (გთხოვთ, ამას მიაქციოთ ყურადღება) შარშან პირველ ორ თვეში წარმოებულ პროდუქციაზე.

განვლილ კვირას საქართველოში რამდენიმე საინტერესო ვიზიტი იყო. მათ შორის გახლდათ გერმანიის ბუნდესტაგის კავკასიის ჯგუფის წევრები ბატონ ვილი ვიმერის ხელმძღვანელობით, რომელიც ამავდროულად არის ევროორგანიზაციის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი. საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრისას აღინიშნა, რომ აუცილებელია კავკასიაში დამყარდეს სტაბილურობა და გაფართოვდეს ევროპა-აზიის დერეფანი. ევროპელებთან ურთიერთობის პროცესში უკვე ვგრძნობ, რომ ევროპამ გაიგო, თუ რა არის ევრაზიის დერეფანი, რომელმაც ამიერკავკასიაზე უნდა გაიაროს, და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ითქვა, თუ რა დიდი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს ევროპის თანამეგობრობის ინტეგრაციაში.

ჩვენი ქვეყნის სატრანსპორტო სისტემის შემდგომი განვითარების საკითხები იყო განხილული პრეზიდენტთან მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობის შეხვედრის დროსაც. საუბარი იყო ტრანსპორტის სარეაბილიტაციო სესხის გამოყოფაზე, საქართველოს ტრანსპორტის რესტრუქტურიზაციის პროექტზე. აღინიშნა, თუ რა როლს ასრულებს რკინიგზა და საერთოდ ტრანსპორტი ნავთობის ტრანსპორტირებისას. მიმდინარე წელი პირველი წელია, როცა მსოფლიო ბანკი და ევროპული საფინანსო სტრუქტურებიც სერიოზულ ინვესტიციებს ახორციელებენ საქართველოს ტრანსპორტის რეაბილიტაციაში. ეს ეხება რკინიგზას, საავტომობილო გზებს, საკმაოდ სოლიდური სახსრები შემოვა, რაც საშუალებას მოგვცემს ამჯერად ვიფიქროთ გზების მოწესრიგებაზე, გავზარდოთ მათი გამტარუნარიანობა.

გერმანული სამშენებლო საკონსულტაციო ფირმის „ლარ ლანგენის“ თავმჯდომარის ინტერესების სფეროს შეადგენდა საქართველოში შესაძლო ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის პერსპექტივების განხილვა.

იუნესკოს ხაზით განხორციელებულმა აქციამ - კონფერენციამ, მისმა მიმდინარეობამ, შინაარსმა ნამდვილად გვიჩვენა, თუ რა პერსპექტივა აქვს ენერგიის არასტანდარტული სახეობების განვითარებას საქართველოში.

საკმაოდ კარგი, უმაღლეს დონეზე დამუშავებული რეკომენდაციები გამოითქვა.

მივესალმები იუნესკოს წამოწყებას სამხრეთ საქართველოში, ვარძიის მიდამოებში თანამედროვე ქართული სოფლის გაშენების თაობაზე.

რაც შეეხება კასპიის ნავთობსადენის დასავლეთის მიმართულების საბოლოო ვარიანტს, ყველა ასპექტის განხილვა და დოკუმენტის ხელმოწერა მოხდება თბილისში, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის ვიზიტის დროს, რომელსაც საქართველოს ხელმძღვანელობა ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. შეგახსენებთ, რომ ეგრეთ წოდებული ჩრდილოეთის მიმართულების საკითხები განიხილეს მოსკოვში და შესაბამისად იქვე გაიმართა ხელმოწერის ცერემონია. ახლა თბილისის ჯერია.

პრეზიდენტმა მიიღო ასევე, საქართველო-ესპანეთის ერთობლივი კორპორაციის წარმომადგენლები. კორპორაცია მუშაობს პროექტებზე, რომლებიც სოციალურად დაუცველი ფენებისა და ინვალიდების დახმარებას, სოფლის მეურნეობისა და კულტურის სფეროების ხელშეწყობას ითვალისწინებს. ეს არ არის გრანდიოზული პროექტები, მაგრამ ძალიან ნათლად ჩანს, თუ რა შეიძლება გაკეთდეს უცხოური ინვესტორების მონაწილეობით სოციალურად დაუცველი ფენებისათვის სამუშაო უბნების გამოსაყოფად და დამატებითი სახსრების გამოსაძებნად.

მინდოდა დღეს შევხებოდი საქენერგოს ხაზით შექმნილ მდგომარეობას, იმას, თუ როგორ სრულდება პრეზიდენტის ბრძანებულება თანხების ამოღებასთან დაკავშირებით. გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა. ახლა უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ დამატებით შემოსულია 5,5 მილიონამდე ლარი და ეს სულის მოთქმის საშუალებას გვაძლევს. აგრეთვე, იმის საშუალებასაც, რომ გაზი შევისყიდოთ რუსეთიდან და ამით ვამუშაოთ თბილსრესი, მაგრამ, მთლიანად საკონტროლო დავალება ჯერჯერობით შესრულებული არ არის, თუმცა, ყინული მაინც დაიძრა.

- გასულ კვირას აქტიური იყო აფხაზეთის თემა. ამის შესახებ საუბარი იყო ბუნდესტაგის დელეგაციის წევრთა პრესკონფერენციაზეც. საინტერესო იყო ერთი განცხადება, რომელიც ვლადისლავ არძინბამ გააკეთა. მან თქვა, რომ თქვენთან შეხვედრის სურვილი აქვს და რომ კმაყოფილია რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან, განსაკუთრებით კი პრიმაკოვთან შეხვედრებით, რუსეთის ხელისუფლების პოზიცია აფხაზეთთან დამოკიდებულებაში მას ძალიან მოსწონს და აკმაყოფილებს. არძინბას განცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე, ორშაბათის რადიოინტერვიუში თქვენ დაახლოებით იგივე ბრძანეთ, რომ კმაყოფილი ხართ რუსეთის პოზიციით და განსაკუთრებით გამოჰყავით პრიმაკოვის პოზიცია, პრეზიდენტ ელცინისა და გრაჩოვის განცხადებები... არ შეიძლება ორივე მხარე კმაყოფილი იყოს ერთი და იგივე პროცესით... ორიოდე სიტყვით მინდა გითხრათ, რომ ამ ბოლო დროს იგრძნობა არა მარტო საერთაშორისო ორგანიზაციების, ვთქვათ, გაეროს, მისი უშიშროების საბჭოს გააქტიურება, არამედ ევროპის, მისი ცალკეული ქვეყნების, კერძოდ, გერმანიისა და ზოგიერთი სხვა სახელმწიფოს, ევროპული სტრუქტურების გააქტიურება, სამშვიდობო პროცესში მათი დაინტერესება და უშუალოდ ჩართვა, რასაც უდავოდ მივესალმები.

რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, უნდა ითქვას, რომ დიდი კმაყოფილებისათვის საფუძველი საერთოდ არ არსებობს, არც ჩვენთვის, და არც აფხაზეთისათვის. თუმცა, როგორც ვთქვი, სრულიად უმნიშვნელო პროგრესი მაინც არის. პოლიტიკაში ხშირად ხდება ხოლმე - კმაყოფილი კაცის პოზიცია ხელსაყრელია და პოზასაც შესაბამისს იღებს ხოლმე.

რაც შეეხება რეალურ სურათს, დაწყებული 19 იანვრიდან, მართლაც საქმე გვაქვს თანამეგობრობისა და რუსეთის პოზიციის უფრო მკვეთრად, ნათლად ფორმირებასთან. რუსეთთან ერთად, სწორედ თანამეგობრობას ვუსვამ ხაზს. სხვათა შორის, საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მიერ სანქტ-პეტერბურგში მიღებული განცხადება უაღრესად ნიშანდობლივია მიმდინარე პროცესების ფონზე. ვფიქრობ, ეს განცხადება როგორმე აფხაზეთში მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმა უნდა მოისმინონ. კონფლიქტის დროული და მშვიდობიანი მოგვარება აფხაზთა და ქართველთა, მთელი კავკასიის, შავი ზღვისპირეთის ქვეყნების საარსებო ინტერესებსაც. ისიც მინდა დავძინო, რომ ვლადისლავ არძინბას ეგრეთ წოდებული ახალი ინიციატივების (მინდა სამართლიანი ვიყო) რაციონალური მარცვალი, რომელიც, როგორც იტყვიან, შეუიარაღებელი თვალით ძნელად შესამჩნევია, ყოველ შემთხვევაში, ჩემი მხედველობის მიღმა არ დარჩენილა და ეს უნდა იცოდეს აფხაზთა მხარემ.

და, ბოლოს. დრო აქტიური სამშვიდობო პროცესისათვის სულ უფრო ცოტა და ცოტა რჩება. აქედან დასკვნა უნდა გამოვიტანოთ ჩვენც და უნდა გამოიტანონ გუდაუთის ლიდერებმაც.

- გასულ კვირას, გამოქვეყნდა პრეზიდენტ ელცინის მიმართვა „რუსეთი, რომლისთვისაც ჩვენ ყველანი პასუხს ვაგებთ“. ფაქტობრივად, ეს არის მიმართვა ამომრჩევლებისადმი, დეპუტატებისადმი. ამ მიმართვაში დაფიქსირებულია ძალიან ბევრი საინტერესო მომენტი. მინდა გთხოვოთ ამ მიმართვის კომენტარი. და კიდევ ერთი საინტერესო მოვლენა: რუსეთში სოციალ-დემოკრატიული პარტია ჩამოყალიბდა, რომელსაც ცნობილი მოღვაწე გაბრიელ პოპოვი ჩაუდგა სათავეში.

- ჩემი კომენტარი ორივე საკითხზე ძალიან მოკლე იქნება იმიტომ, რომ საქმე ეხება სხვა ქვეყნის პროცესებს. რა თქმა უნდა, ბორის ელცინის გამოსვლას ყურადღებით გავეცანი. ჩემი აზრი ასეთია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა მოახერხა ქვეყნის ამომრჩეველთა უმრავლესობისათვის მისაღები პლატფორმის ჩამოყალიბება, რამაც შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს არჩევნების პროცესში და არჩევნების შედეგების თვალსაზრისით.

რაც შეეხება რუსეთში ნამდვილი სოციალ-დემოკრატიული მოძრაობის ჩამოყალიბებას, იგი უდავოდ მისასალმებელია, თუმცა, ჩემი აზრით, დაგვიანებულია. ამ ფაქტებისადმი მთლად გულგრილი ვერ ვიქნები თუნდაც იმიტომ, რომ ამ პარტიის დაფუძნების ერთ-ერთი ბაზა გახლდათ, როგორც ეს გაბრიელ პოპოვმა განაცხადა, დემოკრატიულ რეფორმათა მოძრაობა, რომლის ერთ-ერთი დამაარსებელი თავის დროზე მეც გახლდით და რომელმაც, სამწუხაროდ, შემდგომში ვერ მიიღო ის მასშტაბი, როგორიც ჩაფიქრებული გვქონდა.

- და, ბოლოს, ერთი ასეთი კითხვა. პრეზიდენტი ელცინი ამ მიმართვაში ლაპარაკობს კონფლიქტებზე, განსაკუთრებით, ჩეჩნეთის პრობლემაზე. თუმცა, ამ ბოლო ერთი კვირის რუსულ პრესას თუ გადავხედავთ და რუსულ ტელევიზიასაც გავადევნებთ თვალს, გასაგებია, რომ გარკვეული გართულება უკვე შეიმჩნევა ინგუშეთშიც. გუშინ, ტელევიზიით ამის თაობაზე ლაპარაკობდა ინგუშეთის პრეზიდენტი აუშევი. ეს პრობლემა სხვა კუთხით მინდა დადგეს: ომი არ არის მარტო ტერიტორიების გადანაწილება, ომი არ არის მარტო პოლიტიკა. ომი არის უამრავი ადამიანის ბედი, რომელიც ამ პროცესს ეწირება... ჩვენ კარგად ვიცით, რასაც ნიშნავს ეს - უამრავი გამწარებული ადამიანი, რომელმაც დატოვა თავისი საცხოვრებელი ადგილი...

- გეთანხმებით, რომ კავკასიაში, კერძოდ, ჩრდილოეთ კავკასიაში ბევრი სირთულეა. კავკასიაში გართულებათა ფონზე უფრო აქტიურად უნდა ვეძებოთ გზები შერიგებისაკენ.

მინდოდა ორიოდე სიტყვა მეთქვა ქართულ-ოსურ კონფლიქტთან დაკავშირებით. არ გამოვრიცხავ, რომ მოკლე ხანში შეიძლება გარკვეული დადებითი ტენდენციების ჩამოყალიბებას მივაღწიოთ. მაგრამ, სანამ დიდ პოლიტიკურ მოლაპარაკებაზე, დიდ პოლიტიკურ გარიგებაზე, შერიგებაზე იქნება ლაპარაკი, მთავარია კონკრეტული და პრაქტიკული ნაბიჯები გადაიდგას. მინდა ვთქვა, რამდენიმე სიტყვა ოსი ეროვნების იმ პირების შესახებ, რომლებიც იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ საქართველო, თავიანთი მშობლიური კერები ქვეყანაში მაშინ შექმნილი განუკითხაობისა და ძალადობის გამო. ისინი ჩვენი მოქალაქეები არიან - მე ასე მიმაჩნია. შეიძლება, დღეს სხვა ქვეყნის პასპორტები აქვთ, მაგრამ მჯერა, რომ ადრე თუ გვიან, სამართლიანობა აღდგება. ჩვენ მზად ვართ, განვიხილოთ მათი ეტაპობრივი გარანტირებული მშვიდობიანი დაბრუნების საკითხი. რა თქმა უნდა, ვგულისხმობ, რომ ქართველი დევნილები ცხინვალიდან ასევე, ეტაპობრივად და ასევე მშვიდობიანად დაბრუნდებიან მშობლიურ კუთხეში. ამ პროცესის დაწყება იქნება ძალიან დიდი ნაბიჯი საბოლოო მშვიდობიანი მოწესრიგებისაკენ და პოლიტიკური გზით ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარებისაკენ...

„კანონი მიწის საკუთრების შესახებ არა მარტო ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური განაცხადია მეურნეობრიობის ტოტალიტარული სისტემის საბოლოო უარყოფის გზაზე“ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა]ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 28 თებერვალი. - 35 (2148). - 1,2 გვ.

28 მიწის შესახებ კანონის მიღება ეროვნული ეკონომიკის აღორძინების მძლავრი ბერკეტია

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა 1996 წლის 25 თებერვლის თათბირზე

[...]

„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ კანონის პროექტი ეროვნული კანონმდებლობის სრულყოფის გზაზე დიდმნიშვნელოვანი მოვლენაა და მისი განხილვის პროცესს დავარქმევდი არა მარტო ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური, სახელმწიფოებრივი, ეროვნული, საშვილიშვილო მნიშვნელობის მოვლენას. მიწაზე კერძო საკუთრების აღიარება ყველა ჩვენგანისათვის ნიშნავს საბოლოოდ უარის თქმას ტოტალიტარული სისტემის მიერ შექმნილი მეურნეობრიობის ფორმაზე.

როცა ვამბობთ, რომ ვაშენებთ ახალ სახელმწიფოს, ახალ წყობას, შესაძლოა მრავალი, ძალზე მიმზიდველი და საინტერესო წინადადება წინადადებადვე დარჩეს მანამ, სანამ არ გადაწყდება ძირეული, არსებითი მნიშვნელობის საკითხები, რომელთა შორის უმთავრესია მიწის პრობლემა. ასე იყო ყველა დროში და ასეა დღესაც.

როცა მთავრობის სხდომაზე ვიხილავდით ამ საკითხს (შემდეგ დისკუსია პარლამენტში გაგრძელდა), სავსებით სწორად ითქვა, - ბატონმა ნოდარ ჭითანავამ, ბატონმა ბაკურ გულუამ და სხვებმა ილაპარაკეს ამის შესახებ თავიანთ გამოსვლებში, - რომ უნდა შევჩერდეთ ერთ, მთავარ პრობლემაზე, პასუხი უნდა გაეცეს მთავარ კითხვას - ვაღიარებთ თუ არა მოქალაქის საკუთრების უფლებას სასოფლო-სამეურნეო მიწაზე, კერძო საკუთრებას მიწაზე, და, მეორე, ვაღიარებთ თუ არა მიწის გაყიდვის, გასხვისების უფლებას (თუ გნებავთ, სხვა სიტყვა, სხვა ტერმინი მოვძებნოთ, კიდევ უფრო მისაღები). ეს არის უმთავრესი საკითხი საბაზრო ეკონომიკის პრინციპების თვალსაზრისით. ყველა სხვა დანარჩენი, რაც კანონის პროექტშია ჩადებული, დეტალებია და ემსახურება იმას, რომ ეს ორი არსებითი ხასიათის უფლება შესაბამისად იყოს განმარტებული. შემდეგში მას მოჰყვება მრავალი დაზუსტება, კანონების მთელი წყება, რომლებიც უნდა მიიღოს პარლამენტმა.

სავსებით ვიზიარებ იმ ადამიანების შეშფოთებას, ვინც თვლის, რომ მიწაზე კერძო საკუთრებისა და მიწის გასხვისების უფლებების დაკანონებას, როგორც ვამბობთ, - მიწის ბაზრის შექმნას, შეიძლება მოჰყვეს ნეგატიური შედეგები. წარმოუდგენელი და არაბუნებრივი იქნებოდა, საგანგაშო აზრი რომ არ გამოთქმულიყო. ეს არა მარტო საქართველოს პრობლემაა - ისეთმა უხვწვიმიანმა ქვეყნებმაც კი, როგორებიცაა რუსეთი, უკრაინა, ყაზახეთი და სხვები, ჯერჯერობით ვერ შეძლეს მიეღოთ კანონი მიწის შესახებ და ეპასუხათ ამ ორ ძირითად კითხვაზე.

ამდენად, ურთულეს პრობლემას მოვკიდეთ ხელი და შევეხეთ, ალბათ, ყველაზე უფრო მგრძნობიარე და მტკივნეულ ნერვებს, რომლებითაც არის დაკავშირებული მიწასთან, მამულთან, სამშობლოსთან თითოეული ადამიანის განცდა და პასუხისმგებლობის გრძნობა დღევანდელობისა და მომავალი თაობების წინაშე. ამიტომ არ ვედავები იმ ადამიანებს, იმ ოპონენტებს, რომლებიც გულწრფელად გამოთქვამენ ეჭვებს.

ჩვენმა მეგობარმა, მწერალმა გურამ ფანჯიკიძემ თქვა, რომ ის არ არის ამ საქმის სპეციალისტი, მაგრამ კარგად იცის ლიტერატურა და ისტორია და იცის, რომ მიწის საკითხთან დაკავშირებით საქართველოში ისტორიულ წარსულში ყოფილა მომენტები, რომლებიც იძლეოდნენ შეშფოთების საფუძველს. მან დასვა კითხვა: ხომ არ არის კანონის პროექტი ნაჩქარევად შედგენილი?

მისი საუბარი ჩემთან ასეთ ხასიათს ატარებდა: გამოვაქვეყნოთ კანონპროექტი, რომელსაც განიხილავენ სპეციალისტები, გლეხობა, ინტელიგენცია. რატომ უნდა ვიყოთ წინააღმდეგი, თუ ასეთი პრინციპული, ისტორიული მნიშვნელობის კანონი საერთო-სახელმწიფოებრივი და ეროვნული კონსენსუსის გზით იქნება მიღებული?

ასეთია მწერალ გურამ ფანჯიკიძის პოზიცია. ასე ბევრი მსჯელობს.

ამავე დროს, არის ოპონენტების გარკვეული კატეგორია, რომელსაც უფრო მეტად ამოძრავებს ერთგვარი ანგარებითი მიზანი - თუნდაც დროებით. ერთგვარი პოპულიზმის გზით დააგროვოს პოლიტიკური კაპიტალი და მხარდაჭერა მოიპოვოს მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში. სამწუხაროდ, ოპონენტების ამ კატეგორიას ხშირად ჩვენ კვალიფიციურად ვერ ვპასუხობთ, ანდა ჩვენი პასუხი ყოველთვის არ მიდის ადრესატამდე.

ახლა იმ მოქალაქეების საყურადღებოდ, რომლებიც გულწრფელად არიან შეშფოთებულნი, ვაითუ გაიყიდოს საქართველო. ხშირად გვახსენებენ, რომ დიდმა ილია ჭავჭავაძემ შექმნა სპეციალური ბანკი, რათა გადაერჩინა ქართული მამული, ქართული მიწა და ა. შ. ამის გახსენება შეიძლება უადგილო არ იყოს, მაგრამ ერთი რამ გვავიწყდება - ჩვენ სხვა დროში, სხვა სახელმწიფოში ვცხოვრობთ, ილია ჭავჭავაძის დროს სხვა პირობები იყო.

ილია ჭავჭავაძის დროს არ არსებობდა საქართველოს სახელმწიფო. ის დიდი, მსოფლიო იმპერიის ორ განაპირა გუბერნიას წარმოადგენდა და მას უცხო მეფისნაცვალი მართავდა ცარიზმის კანონებით. ამიტომ კერძო ინიციატივას უდიდესი ეროვნული მნიშვნელობა ჰქონდა. დღეს სულ სხვა სიტუაციაა. ჩვენ მიწის კანონს ვიღებთ საქართველოს დამოუკიდებელი, სუვერენული, ეროვნული სახელმწიფოს არსებობის პირობებში, რომელსაც საშუალება აქვს სახელმწიფო კონტროლი გაუწიოს მიწას და მის ყიდვა-გაყიდვასაც. მიწის კანონის პროექტში ჩადებულია ეს მექანიზმი.

თუ ჩვენ ვეგუებით იმ აზრს, რომ შეიძლება აღდგეს საბჭოთა კავშირი, შეიძლება აღდგეს ტოტალიტარული სისტემა, ყველაფერი ძველ ყაიდაზე გარდაიქმნას და იმ ძველ სისტემას დავუბრუნდეთ, მაშინ მართლაც არის შეშფოთების საფუძველი.

მაგრამ, თუ ჩვენ ვაღიარებთ და ვიბრძვით იმისათვის, რომ ვიყოთ დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია მართოს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, მაშინ უნდა ვთქვათ, რომ დღეს სულ სხვა სამართლებრივი, სახელმწიფოებრივი ბერკეტები არსებობს იმისათის, რომ წარსული ტრაგედიები თუ ნეგატიური მოვლენები აღარ განმეორდეს. საქართველო დღევანდელმა სახელმწიფომ, რომელიც კონსტიტუციურად, ლეგიტიმური, დამოუკიდებელია და კიდევ უფრო დამოუკიდებელი იქნება ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერის პირობებში (და სწორედ ამ მიზანს ემსახურება კანონის პროექტი მიწის შესახებ), არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუშვას და არც დაუშვებს იმას, რაც სამოქალაქო საზოგადოებას, ერისა და საქართველოში მცხოვრები მოქალაქეების ინტერესების საწინააღმდეგოდ იქნება მიმართული.

ყველა პროცესი ქვეყნის, სახელმწიფოს და ხალხის ინტერესების სასარგებლოდ და მხარდასაჭერად უნდა წარიმართოს. ასეთია სტრატეგიული მიზანი.

მიწის საკუთრების შესახებ კანონის პროექტის განხილვა მრავალასპექტიანი საკითხია, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, ფსიქოლოგიური, სახელმწიფოებრივი, ეროვნული და მოქალაქეობრივი თვალსაზრისით. შეიძლება ითქვას, რომ იგი არის დიდი ეკონომიკური რეფორმების, სოციალური და პოლიტიკური გარდაქმნებისა და გარდატეხის უმთავრესი საფუძველი.

ეს არის ყველაზე უფრო რეალური და ყველაზე უფრო პერსპექტიული ნაბიჯი იმისათვის, რომ საქართველოში შეიქმნას მესაკუთრეთა ფენა.

საყურადღებო იყო ზოგიერთი ორატორის გამოსვლა. მათ აღნიშნეს, რომ იყო დრო, როცა მოხდა მიწის ნაციონალიზაცია, მაგრამ ამან მიწის საკითხი ვერ გადაჭრა. შემდეგ საქართველომ რაღაცნაირად შეინარჩუნა შედარებით დიდი საკარმიდამო მიწის ნაკვეთები, მაგრამ, თქვენ იცით, რომ მიწის პრობლემა მაინც ვერ მოგვარდება, მიწით სარგებლობა მაინც პირობითი იყო და მიწების ჩამოჭრა ყოველთვის ხდებოდა.

დამოუკიდებლობის მიღების შემდეგაც თითქოს მიმდინარეობდა მიწის რეფორმა, მაგრამ ისიც დაბალეფექტიანი, ქაოტური, უნაყოფო გამოდგა.

მთელი პასუხისმგებლობით შეიძლება ითქვას, რომ მიწის საკითხს რეალურად წყვეტს წარმოდგენილი კანონის პროექტი და ეს ისტორიული შანსი ხელიდან არ უნდა გავუშვათ. სანამ გლეხი, თუ გნებავთ, ინტელიგენტი, რომელსაც მიწასთან აქვს საქმე, არ დარწმუნდება, რომ ეს მისი კერძო საკუთრებაა, რომ ის წმინდათაწმიდაა, ხელშეუვალია, ვერავინ მას ვერ ჩამოაჭრის და ჩამოართმევს მიწას, - მანამდე მისი დამოკიდებულება მიწისადმი იქნება ცალმხრივი და ეკონომიკურად არაეფექტიანი.

მიმაჩნია, რომ კანონის პროექტი თავის ძირითად დებულებებსა და მონაცემებში პასუხობს დღევანდელი და მომავალი საქართველოს ყველა ძირითად მოთხოვნას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კამათში ხანდახან გამოითქმება ისეთი აზრი, თითქოს ზოგს უნდა, მიწის საკითხი საქართველოს მოქალაქეთა ერთი ჯგუფისათვის იყოს სასარგებლო და მეორესათვის - არა. აქ ეროვნულ საკითხს აყენებენ ხანდახან. ყველა დაყენებული საკითხი პასუხს მოითხოვს.

ვერ ვფარავ სიხარულს, რამდენად პოლიტიკურად, მოქალაქეობრივად, სახელმწიფოებრივად სერიოზული მსჯელობა მიმდინარეობს დღეს. აზრი იმის შესახებ, რომ მიწაზე საკუთრების უფლება მხოლოდ ქართველმა მიიღოს, არის უძველესი დროის ყველაზე უარესი გადმონაშთი, რომელიც ჩვენ მემკვიდრეობად მიგვიღია. ეს ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, სამართლებრივი სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების პრინციპებს, რომ არაფერი ვთქვათ საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე.

მისასალმებელი იყო პარლამენტის სხდომაზე მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა. რატომ არ არის საქართველოს სრულუფლებიანი მოქალაქე ის პიროვნება, რომელიც, თუნდაც, ერთი საუკუნის წინათ ჩამოვიდა საცხოვრებლად ჩვენს ქვეყანაში? რატომ ვუყურებთ მას, როგორც უცხო პირს? იგი არ არის უცხო სხეული. რაც უფრო მკვიდრად იქნება იგი დაკავშირებული საქართველოსთან - ყველაზე მკვიდრად დამაკავშირებელი კი მიწაა, - მით უფრო ღირსეული მოქალაქე იქნება საქართველოსი.

არსებობს მენტალიტეტი, რომლის თანახმადაც სხვა ეროვნების საქართველოს მოქალაქე მის მიერ შესყიდულ ქართულ მიწას თითქოს მოახმარს არა საქართველოს, არამედ სხვა ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. შეიძლება არსებობენ ასეთი მტრული ელემენტებიც, მაგრამ მათ უნდა იცოდნენ, რომ ასეთ მოვლენებს აღკვეთავს კონსტიტუცია, კანონი, საქართველოს ეროვნული სამართლებრივი სახელმწიფო.

ამ ერთი მუჭა „სოციალური ელემენტების“ გამო არ შეიძლება საქართველოში საბაზრო ეკონომიკის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის შეჩერება. მიწის ბაზარიც უნდა შევქმნათ და ქართული მიწაც უნდა დავიცვათ. ეს შეუძლია საქართველოს ეროვნულ-სამართლებრივ სახელმწიფოს.

იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს სახელმწიფოებრიობას, მის დამოუკიდებლობას, ქართველი ხალხის ინტერესებს, საქართველოში მცხოვრები სხვა ეროვნების მოქალაქეთა ინტერესებს რაიმე საშიშროება დაემუქრება, ამოქმედდება ბერკეტი, რომელსაც ჰქვია სახელმწიფოს მართვა, კანონი, სამართალი.

ეს პროცესი სახელმწიფოებრივად უნდა ვმართოთ. სახელმწიფოს ექნება მიწის უპირატესი შესყიდვის უფლება. ეს სავსებით მისაღებია. ასეთი პრაქტიკა სხვა სახელმწიფოებშიც არსებობს (ლაპარაკია ისეთ შემთხვევებზე, როცა, სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია გასასხვისებელი მიწა მოქალაქემ კი არა, არამედ სახელმწიფომ შეიძინოს).

თუკი მოქალაქე ყიდის მიწის ნაკვეთს, სახელმწიფოს შეუძლია, თუ ეს მის ინტერესებშია, მან შეისყიდოს და არა სხვამ მიწის ეს ნაკვეთი. ვფიქრობ, ამაზე უკეთესი გარანტია არ არსებობს. მათ წინააღმდეგ, ვისაც მიწის გაყიდვა უნდა იმ მიზნით, რომ საქართველოს ზიანი მიადგეს, ჩვენ გვაქვს რეალური ბერკეტი - კანონი, სამართალი, მართვა, ბანკი, ფინანსები. ეს ხომ სახელმწიფოს ხელშია!

რა თქმა უნდა, ამ თვალსაზრისით აუცილებელია შემუშავდეს სათანადო დადგენილება, ან ეს დებულება კანონში აისახოს გარკვეული ფორმით.

ასეთი იდეა ქალბატონმა როზა ლორთქიფანიძემაც წამოაყენა. სხვა საკითხია, როგორი იქნება ბერკეტი - სახელმწიფო ფონდი იქნება იგი, თუ, სახელმწიფო ან კერძო ბანკი. სხვათა შორის, ჩვენი ბანკირები უნდა ხვდებოდნენ, რომ აქ ძალიან დიდი პროცესია დაწყებული და მას მათი ადეკვატური რეაგირება უნდა მოჰყვეს. არ ვიცი, საადგილმამულო ბანკს დავარქმევთ, თუ სახელმწიფო ფონდს, მაგრამ ჩვენ უნდა შევქმნათ რეალური ფინანსური, საბანკო და სხვა სახელმწიფოებრივი ბერკეტები იმისათვის, რომ სწორედ მოსახლეობის ორ მესამედს, ცოტა მეტსაც, მიწის მესაკუთრეების უფლება მიენიჭოს.

რეალური ხდება მიწის გადანაწილება, მიწის მფლობელობა კანონის საფუძველზე. მიწის მფლობელი ხდება საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი. ეს კანონმა და სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს. რაც შეეხება სოფელს, სოფლის მასშტაბით ყველა თანაბარ პირობებში უნდა ჩავაყენოთ. სოფლის ინტელიგენტს ხანდახან შეიძლება გარკვეული უპირატესობაც კი მივანიჭოთ.

ჯერ კიდევ შარშან და შარშანწინ, როცა გადავწყვიტეთ, რომ მიწის ასეთ გლობალურ რეფორმაზე წავიდოდით, მოვუწოდებდი დედაქალაქის მოსახლეობას, ხელისუფლებას (ბატონმა ავთანდილ მარგიანმა განსაკუთრებული დავალებაც კი მიიღო), რომ გამოყოფილიყო სპეციალური ნაკვეთები და ვიბრძოდით იმისათვის, რომ მიწის ყველა ფართობი ათვისებულიყო.

სხვათა შორის, ქალაქში ბევრი რამ გაკეთდა, ბევრმა აიღო მიწის ნაკვეთი. ჩვენ ახლაც უნდა გავაგრძელოთ ეს კურსი, ქალაქის მოსახლეობას უნდა მივცეთ საშუალება, ათასობით და ათიათასობით ჰექტარი თავისუფალ მიწაზე სააგარაკო თუ საბოსტნე ნაკვეთების მიღებისა, რომლებიც შემდგომში მოქალაქეს დაუკანონდება როგორც მისი კერძო საკუთრება.

ამგვარად, მიწის მესაკუთრე ხდება თითქმის მთელი საქართველო, მათ შორის, ქალაქის მოსახლეობა, რომელმაც ბევრი რამ გააკეთა საქართველოს კეთილდღეობისათვის, კრიზისის დროს ბევრი გასაჭირი გადაიტანა და ახლაც სხვაზე ნაკლებად არ უჭირს.

მე მოვუწოდებ ყველას, თბილისელებს, ქუთაისელებს, რუსთაველებს, სხვა ქალაქების მცხოვრებთ, სანამ გვიან არ არის, დავეუფლოთ მიწის ნაკვეთებს იმ ადგილებში, სადაც ეს შესაძლებელია.

სათანადო სტრუქტურებმა დღეიდანვე უნდა იზრუნოთ იმაზე, რომ საქართველოს ნებისმიერმა მოქალაქემ, ვინც დღემდე ვერ მიიღო მიწის ნაკვეთი, უსათუოდ მიიღოს იგი. ნუ დაგვავიწყდება, რომ ეს კანონი არა მხოლოდ მიწის ყიდვა-გაყიდვას აწესებს, არამედ მიწის მესაკუთრეთა ფენას ქმნის და ეკონომიკური კრიზისის დაძლევის საშუალებაა.

მე მინდა, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე სისხლხორცეულად იყოს დაკავშირებული მიწასთან. აი, მაშინ გვექნება საქმე ადამიანთა სხვა ფსიქოლოგიასთან, მიწასთან სულ სხვა დამოკიდებულებასთან და ნამდვილ სახელმწიფოებრივ აზროვნებასთან, რომელიც სწორედ მიწის მფლობელთა, მეწარმეთა ფენის ჩამოყალიბებასთან იქნება დაკავშირებული.

განსაკუთრებული საკითხია მიწის შესახებ კანონის ამოქმედების, მიწის ბაზრის მართვის ინსტრუმენტის ჩამოყალიბება. როგორი უნდა იყოს იგი? მე ზოგადად ასე ვიტყოდი: ამ პროცესების მართვის ინსტიტუტი არ უნდა იყოს ძალიან ცენტრალიზებული, მაგრამ არც მთლად უძარღვო უნდა იყოს იგი. ის უნდა შევუხამოთ იმ ფართო უფლებებს, რომლებიც ჩვენ უკვე მივანიჭეთ ადგილობრივ თვითმმართველებს. მხედველობაში მაქვს სოფლის, დაბის, რაიონული დაქვემდებარების ქალაქების მმართველობები და სხვა სტრუქტურები.

უნდა მივიდეთ გარკვეული, ოპტიმალური მოდელის შექმნამდე, და, თუკი ამ პროცესების მართვისათვის ასეთი რეალური სისტემა შეიქმნება, ვფიქრობ არაფერი არ უნდა იყოს საშიში იმაში, რომ მიწა მიეცემა კერძო მფლობელობაში საქართველოს ნებისმიერი ეროვნების მოქალაქეს, რადგანაც, ნებისმიერი ეროვნების საქართველოს მოქალაქე საქართველოს ეროვნულ კანონებს ემორჩილება. საქართველოს მოქალაქეობა თავის მხრივ, ნებისმიერი მეწარმისა და მფლობელისათვის უდიდესი ნდობაცაა და უდიდესი მოვალეობაც.

დარწმუნებული ვარ, თუ პარლამენტში ძალიან არ გაჭიანურდება მიწის შესახებ კანონის პროექტის განხილვა და მას დროულად მივიღებთ, - წლეულს უკვე გვექნება ძალიან მაღალი სოციალური და მეურნეობრივი ეფექტი.

იგი გამოხატული იქნება სოფლის მეურნეობის პროდუქციაში, მეცხოველეობაში და, რაც მთავარია, აისახება საბაზრო ურთიერთობებში, ფასწარმოქმნის პროცესში, ბაზრის საქონლით გაჯერებაში და სხვა პროცესებში.

შემოდგომისათვის საქართველოს ბაზარი სხვანაირი იქნება. ვერ გეტყვით, რამდენი პროცენტი იქნება მატება - ათი, თხუთმეტი თუ მეტი, მაგრამ ერთწლიანი კულტურების მოსავლიანობის ზრდის სფეროში წლეულს უკვე მივიღებთ შესამჩნევ ეფექტს.

როცა ვლაპარაკობთ, რომ საქართველოს ხალხი კრიზისს, შიმშილს გადაურჩება, მხედველობაში გვაქვს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების გაზრდა, რესურსების მარაგის შექმნა. ეს კი შეუძლებელია მიწის რეფორმის, მიწის კანონის მიღების გარეშე. თუ ამ კანონს მივიღებთ, მაშინ ყველა ოჯახს ექნება საშუალება შექმნას პროდუქცია. ამ პროცესს სახელმწიფოც მხარს დაუჭერს. ჩვენ გვინდა ამ გზით ქვეყანა და ყოველი ოჯახი რაც შეიძლება ადრე გამოვიდეს კრიზისიდან.

კიდევ ერთი თემა, რომელიც აღელვებს საზოგადოების გარკვეულ ნაწილს - მდიდარი უცხოელები ხომ არ იყიდიან საქართველოს მიწებს. ეს ყველაფერი ასე უბრალოდ არ ხდება. დღევანდელი ვითარება რომ შევინარჩუნოთ და ავკრძალოთ მიწის იჯარით გაცემა უცხოელ ინვესტორებზე, ძალიან გაგვიჭირდება, რადგანაც არ ვიცით, როდის გახდება საქართველო ისეთი ეკონომიკური სიძლიერის ქვეყანა, რომელიც შეძლებს დამოუკიდებლად გადაწყვიტოს მიწათმოქმედების რთული პრობლემები. განსაკუთრებით მხედველობაში უნდა ვიქონიოთ დამლაშებული, ჭაობიანი და სხვა ასათვისებელი მიწები.

ათვისებული მიწების ნახევარზე მეტი კოლხეთში ისევ დაჭაობდა.

მოვიყვან სხვა მაგალითს. ათი ათასი ჰექტარი მიწა გამოიყო თავის დროზე და ათეულ მილიონობით მაშინდელი მანეთი დაიხარჯა წნორის კომპლექსის მშენებლობაში.

ეს იყო ეგრეთ წოდებული „ჩილევიჩის პროექტი“. უზარმაზარი კომპლექსი აშენდა, 15.000 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი შემოვიყვანეთ. წადით და ნახეთ ახლა, რა დღეშია წნორის კომპლექსი. აღარაფერი აღარ დარჩა, ყველაფერი განადგურდა, ბოსლების სახურავიც კი აღარ არის. არაფერს ვამბობ თვით მეცხოველეობაზე.

რა არის ცუდი, ჩილევიჩი იქნება თუ სხვა, ვისაც აქვს საშუალება, შემოვიდეს, ჩადოს თავისუფალი ინვესტიციები გარკვეული პირობებით, საქართველოს სუვერენული სახელმწიფოს დემოკრატიული კონტროლით, წნორის კომპლექსში თუ კოლხეთში?! იქ სამუშაოს იშოვის ჩვენი ხალხი. გარკვეულწილად გადაიჭრება უმუშევრობის, დასაქმების პრობლემა.

ინვესტორი გვაძლევს გარანტიას, რომ საქართველოში იმუშავებს 10 ან 15 წლის განმავლობაში, ამოიღებს იმ თანხას, რომელიც დახარჯა, მიიღებს გარკვეულ მოგებას და შემდეგ ან წავა, ან დარჩება აქ, როგორც მოქალაქე. მთავარია, საქართველოს ეკონომიკაზე საქართველოს სახელმწიფომ არ დაკარგოს კონტროლი. ეს კი არ მოხდება.

არაფერი არ არის საშიში უცხო კაპიტალის გონივრულად დაბანდებაში, თუ ჩვენ გვინდა სერიოზულად ვიფიქროთ საქართველოს მიწის გადარჩენაზე.

ანდა, ავიღოთ ასეთი მაგალითი. ვინ მოუვლის დამეწყრილ მიწას, როდის გავძლიერდებით ეკონომიკურად, ისე, რომ დავძლიოთ ის მეწყრული მოვლენები, რომლებიც ანგრევს აჭარას და მთიანი რაიონების ასი ათასობით ჰექტარ ფართობს?

თუ ვინმე არ მოვიხმარეთ, არ მოვიწვიეთ, და არ დავაინტერესეთ, არაფერი გამოვა. რა თქმა უნდა, სჯობს საკუთარი სახსრებით შევძლოთ ამის გაკეთება, მაგრამ, სამწუხაროდ, დღეს ეს ჩვენს ძალღონეს აღემატება. ამიტომ მივდივართ ამ გზით, რომელიც აპრობირებულია მთელ მსოფლიოში.

ეს მხოლოდ სოფლის მეურნეობას არ ეხება. უცხოური კაპიტალი უნდა დაბანდდეს მეურნეობის ყველა სფეროში. სულაც არ არის სოციალურად საშიში, რომ თუნდაც, რუსთავის მეტალურგიული ქარხანა უცხოელმა ინვესტორმა იყიდოს და მისი სიმძლავრე 3-4-ჯერ გაზარდოს.

დღეს სხვა გამოსავალი არა გვაქვს. უცხოური კაპიტალი უნდა შემოვიდეს, რომ ეკონომიკა გამოცოცხლდეს, მაგრამ ამასთანავე სახელმწიფომ ერთოვნული ბაზარი, ეროვნული ეკონომიკა საიმედოდ უნდა დაიცვას. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ეს გარანტირებულია.

მე თანხმობა მივეცი, შემოვიყვანოთ ზესტაფონში უცხოელი ინვესტორი, რომელიც შემოიტანს 70-80, შემდეგში, თუ საჭირო იქნება - 500 მეგავატ ელექტროენერგიას იმისათვის, რომ ზესტაფონის ქარხანა მუშაობდეს სრული დატვირთვით. ეს გამოაცოცხლებს მრეწველობის უნიკალურ დარგს, რომელიც დღეს თითქმის ჩამკვდარია კრიზისის გამო. იგივე ითქმის ჭიათურაზე.

ეს იმას ნიშნავს, რომ საბაზრო ეკონომიკის პრინციპებით, უცხოური კაპიტალის აქ დაბანდების პირობებში ყოველწლიურად მარტო ეს ერთი ობიექტი საქართველოს ბიუჯეტში მინიმუმ 10 მილიონ დოლარს შემოიტანს.

ან ავიღოთ ასეთი პრობლემა. რა მნიშვნელობა აქვს, დირექტორთა საბჭოში სამი ქართველი იქნება და სამი რუსი, თუ ერთით ნაკლები, ან ერთით მეტი? ამ პროცესებს ქვეყნის ტერიტორიაზე მართავს საქართველოს კანონი. მაშასადამე, ის რუსიც და ის ქართველიც საქართველოს კანონს უნდა დაემორჩილოს, რადგან შეუვალია საქართველოს სუვერენიტეტი და კანონის უზენაესობა, როგორც კონსტიტუციური, დემოკრატიული პრინციპი. ჩვენ უნდა წავიდეთ იმ გზით, რა გზითაც მიდის მოწინავე მსოფლიო.

ამ ელემენტარულ ჭეშმარიტებებს მხოლოდ იმიტომ მივაპყრობ თქვენს ყურადღებას, რომ ოპოზიციის მსჯელობა მათ შესახებ ხანდახან ძალიან პრიმიტიულია, დილეტანტურია და მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენში ბევრი ინდივიდი, პიროვნება, ჯერ კიდევ ტოტალიტარული სისტემის ჭაობში იმყოფება, - თითქოს საიდანღაც უბერავს ძველი სიო, რომელიც ძველ სისტემას დაგვიბრუნებს.

გახსოვდეთ, საქართველო არ დაუბრუნდება ძველ დროს საჭიროა ეკონომიკის, მეურნეობრიობის ახალი მენტალიტეტი, ახალი მსოფლმხედველობა.

ამიტომ ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს გაბედული გადაწყვეტილების მიღებისა საბაზრო ეკონომიკის, სამართლებრივი სახელმწიფოს, სამოქალაქო საზოგადოების პრინციპების გათვალისწინებით.

სიმართლე გითხრათ, ჩვენზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მიწის შესახებ კანონპროექტის პარლამენტში განხილვამ. იქ იყო დილეტანტური გამოსვლებიც, მაგრამ უმრავლესობა მსჯელობდა სერიოზულად. პარლამენტმა საღად და კარგად გამოკვეთა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული პრობლემები. დიდმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს.

ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ სწორი გზით მივდივართ. ვერ დავეთანხმები განცხადებას, რომ იყო დრო, როცა ყველაფერს მოსკოვიდან გვიკარნახებდნენ, ახლა ვაშინგტონიდან გვკარნახობენ და დამოუკიდებლობას ვკარგავთო.

მხედველობაში აქვთ მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი.

განა შეიძლება ასეთ დონეზე პოლიტიკის ანალიზი? მსოფლიო ბანკისა და სავალუტო ფონდის დახმარება სწორედ დამოუკიდებელ საქართველოს განმტკიცებას გულისხმობს.

განა შეიძლება მაშინდელი ძველი სისტემის შედარება იმ ურთიერთობასთან, რომელიც ჩვენ დღეს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და მსოფლიო ბანკთან გვაქვს?

საქმე ის კი არ არის, რომ ჩვენ დახმარების გარეშე ვერ ვიცხოვრებთ. თუმცა ეს პრობლემა გარკვეულ ეტაპზე არსებობდა და ნაწილობრივ ახლაც არსებობს. არაერთხელ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ ეს არის ის ორგანიზაციები, რომლებმაც მსოფლიოს ბევრი ქვეყანა ამოიყვანეს სიღატაკისა და უბედურების ჭაობიდან. ისინი ყველაფერს აკეთებენ, ყველა ინსტრუმენტს იყენებენ ჩვენი ვალების რესტრუქტურიზაციისათვის, მოლაპარაკებას აწარმოებენ, რომ ეს რესტუქტურიზაცია მოხდეს რაც შეიძლება დაბალი პროცენტით, რათა არ აღმოვჩნდეთ ვალების ჭაობში, გვირჩევენ, როგორ გავისტუმროთ ისინი, თვითონვე აწარმოებენ მოლაპარაკებას დონორ ქვეყნებთან, რომ დემოკრატიული საქართველოს მომავალი იყოს უკეთესი. საქართველოსადმი მსოფლიო ბანკისა და სავალუტო ფონდის დამოკიდებულება იმპერიულ ტოტალიტარულ რეჟიმთან არ უნდა გავათანაბროთ. ეს დიდი გაუგებრობაა. ეს შეცდომაა.

მე, როგორც პიროვნებას და ქვეყნის პრეზიდენტს, ვერავინ მაიძულებს მივიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო იქნება.

ასი პროცენტით რომ არ ვიყო დარწმუნებული, რომ დღევანდელ თაობებსაც და 21-ე საუკუნის საქართველოსაც სწორედ ეს ისტორიული გადაწყვეტილება სჭირდება, ხელს არ მოვაწერდი მიწის შესახებ კანონის პროექტს და არ შევიტანდი პარლამენტში.

თუ ვინმემ იცის, მეც ვიცი მიწის ფასი და მესმის, რას ნიშნავს აქ აჩქარებული და დაუფიქრებელი გადაწყვეტილების მიღება.

რატომ გგონიათ, ბატონებო, რომ მხოლოდ თქვენ ხართ პატრიოტები და სხვა - არა?

ძალიან კარგად მესმის, რომ მასობრივი კომუნიკაციების, პრესის, რადიოს, ტელევიზიის ის სისტემა, რომელიც ადრე არსებობდა, შეიცვალა. მაშინდელი გაზეთ „კომუნისტის“ ტირაჟი 600 000 ეგზემპლარს შეადგენდა, „სოფლის ცხოვრებისა“ - 500 ათასს. ყველა ოჯახში ლამის ბიბლიოთეკა იყო გახსნილი.

დღეს სხვა ვითარებაა. ეროვნული პრესის, რადიოს, ტელევიზიის პრობლემებს სხვა პრინციპებით უნდა გადაწყვეტა.

მასობრივი კომუნიკაციის საშუალებებს უნდა შევუქმნათ საჭირო პირობები, რადგანაც ყველა კანონპროექტს სჭირდება ხალხის ცნობიერებამდე დაყვანა, ეროვნული სამართლიანობის იდეის დონეზე გაანალიზება.

ახლა თუ შედარებით უმტკივნეულოდ მიმდინარეობს მიწის შესახებ კანონპროექტის განხილვა, ამაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს ჩვენმა რადიომ და ტელევიზიამ.

უნდა გითხრათ, რომ მთავრობის სხდომის დამთავრებისთანავე, მეორე დღესვე დაიწყო ძალიან აქტიური განმარტებითი მუშაობა რადიოთი და ტელევიზიით.

ზოგიერთი რამ გავაკეთეთ იმ მხრივაც, რომ რის გამოქვეყნებაც შეიძლებოდა, პრესაში, რადიოსა და ტელევიზიაში, გამოვაქვეყნეთ, თუმცა აქაც დავუშვით ცალკეული ნაკლოვანებები. ვფიქრობ, გამოსაქვეყნებელი იყო მიწის კანონპროექტის შესახებ ჩემი წერილი პარლამენტის სახელზე, რომელიც გამოხატავდა პრეზიდენტის პოზიციას და პრეზიდენტის პოლიტიკის ზოგიერთ აქტუალურ საკითხს განმარტავდა.

არ უნდა შეიქმნას ისეთი შთაბეჭდილება, რომ პრეზიდენტი რაღაცას ელოდება და არ არის დარწმუნებული ამ საქმის სიმართლეში. მით უმეტეს, რომ ეს ასე არ არის.

მინდა მივმართო პრეზიდენტის რწმუნებულებს, გამგებლებს, სოფლების ხელმძღვანელებს, გადაჭრან მოსახლეობის ინფორმაციული უზრუნველყოფის საკითხი. ეს ხალხსაც სჭირდება და მთავრობასაც.

ძალიან კარგად მახსოვს, სამამულო ომის წლებში ხალხი გაზეთებს ვერ იღებდა, ამიტომ თბილისშიც და რაიონულ ცენტრებშიც იყო სპეციალური საგაზეთო ვიტრინები და იქ ვკითხულობდით გაზეთებს. დილით ადრე პირველ ინფორმაციას იქ ვიღებდით ხოლმე.

კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს შევამოწმებინე და ზოგიერთ რაიონში გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“ სულ ორი ან სამი ცალია გამოწერილი.

ასეთ პირობებში როგორ უნდა მოეწყოს მხარეებში, რაიონებში, ქალაქებში, სოფლებში განმარტებითი მუშაობა?!

დღეს, მეგობრებო, თქვენ ყველას, ავად თუ კარგად, ისეთი ბიუჯეტი გაქვთ, რომ ყველა თქვენგანს შეუძლია გამოიწეროს „საქართველოს რესპუბლიკა“, „სვაბოდნაია გრუზია“, საქართველოში გამომავალი სომხური და აზერბაიჯანული გაზეთები, აგრეთვე სხვა გაზეთები, რომლებიც ამ პრობლემებს აშუქებენ.

თუ მოეწყობა საგაზეთო ვიტრინა სოფლის თუ რაიონის ცენტრში, ხალხი მივა და წაიკითხავს გაზეთს. ყველა გლეხს აინტერესებს კანონპროექტი მიწის საკუთრების შესახებ. ადგილობრივმა გაზეთებმა, ტელე-რადიო ცენტრებმა და პროგრამებმა, ვფიქრობ, მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ კანონპროექტებს, სხვა დოკუმენტებს.

უწინარეს ყოვლისა, ყველამ უნდა გამოიწეროს ის გაზეთები, რომლებიც აქვეყნებენ კანონებს, სახელმწიფოს პრეზიდენტის პრინციპულ, საპროგრამო გამოსვლებს, სახელმწიფო მინისტრის გამოსვლებს, მთავრობის დადგენილებებს და იმ მასალებს, რომლებიც ასახავს პოლიტიკას, მის ფორმირებას და ემსახურება პოლიტიკის ცხოვრებაში განხორციელებას.

სხვანაირად ხალხი მოვლენების კურსში ვერ იქნება, ხოლო სიბნელეში მყოფი ხალხი სოციალურად, თუ გნებავთ, პოლიტიკურად, ყველაზე საშიშია.

პოლიტიკური და თეორიული დონე, რომელიც დღეს გამოიკვეთა ჩვენს შეხვედრაზე მიწის კანონპროექტის თაობაზე, სავსებით საკმარისია იმისათვის, რომ მოსახლეობამ სწორად გაიგოს ყველაფერი, რაც ქვეყანაში ხდება.

ბატონ ნიკო ლეკიშვილს ვეთანხმები, რომ სანამ ჩვენ ელემენტარული წესრიგი არ გვექნება კონტროლისა და შესრულების დარგში, მანამდე ძნელია ილაპარაკო სრულ სახელმწიფოებრივ წესრიგზე.

მეტი გულისყური სჭირდება იმ მოქალაქეებთან მუშაობას, რომელთაც არ ესმით ქართული ენა. ამ პრობლემას თავს ნუ ავარიდებთ.

სახელმწიფო ენა ყველამ უნდა ისწავლოს, მაგრამ ჩვენ უნდა შევქმნათ პირობები იმისათვის, რომ ამ ენისადმი, კულტურისადმი პატივისცემას მივაღწიოთ სხვა ერებისა და ენებისადმი ჩვენი პატივისცემითაც.

ესეც განმარტებითი მუშაობისა და ჩვენი საქმიანობის კულტურის ერთი სერიოზული ნაკლია, რომელიც უნდა გამოსწორდეს.

არის მთელი რიგი სხვა პრობლემები. მათ შორის, მიწის შემდეგ ერთ-ერთი უმთავრესია პურის პრობლემა, იგი აქ ბატონმა მიხეილ ჭკუასელმა წამოჭრა, რომელსაც მერე ბატონმა თემურ შაშიაშვილმა და სხვა გამომსვლელებმაც დაუჭირეს მხარი.

სასიხარულოა, რომ სწორედ გამგებლები და რწმუნებულები აყენებენ საკითხებს ასე აქტიურად და პრინციპულად პურის პრობლემის, პურზე ფასის გათავისუფლების თაობაზე, ვიცი, რომ, როგორც მიწის კანონის პროექტის გარშემო აქაც დაიძაბა მდგომარეობა, რაიონებში იმდენად არა, როგორც პოლიტიკურ პარტიებსა და ძალებში.

თუ თათბირის მსვლელობა გადაიცემა ტელევიზიით, ჩემი გამოსვლის შემდეგ ოპოზიციონერები იტყვიან: შევარდნაძე აპირებს კიდევ უფრო გააღატაკოს მოსახლეობაო. ეს დემაგოგიაა და პოპულიზმი.

როგორც მიწის შესახებ კანონის მიღების საკითხში იყო გაუგებრობა, ასეა აქაც და ამ მდგომარეობის მოთმენა შეუძლებელია.

საქმე ის არის, რომ საქართველო ამთავრებს თავისი ცხოვრების ერთ ეტაპს - ჰუმანიტარული დახმარების წყალობით ცხოვრებას. აღარ არის ეს წყარო, ამოიწურა.

გვეუბნებიან - ჩვენ ინვესტიციებით მოვდივართ, მოგეხსენებათ, მაგრამ თქვენ თვითონ უნდა იმუშაოთ და შექმნათ პროდუქცია.

ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით, რომ ხორბლის შემოტანაზე გადასახადს არ ვახდევინებთ. ეს არის უზარმაზარი სტიმული. იმ ფასების პირობებშიც კი რომლებიც ახლა გვაქვს და რომლებსაც „სახელმწიფო ფასებს“ ვუწოდებთ, ხორბლის ბიზნესი ძალიან მომგებიანი და, ვიტყოდი, ყველაზე მომგებიანი ბიზნესია. ვერ მიპატიებია იმ ხალხისათვის, ვისაც შეცდომა გაეპარა კანონში გადასახადებიდან გათავისუფლების შესახებ. ამას ვამბობ მთელი საზოგადოების გასაგონად: შეცდომაა, რომ ვადები არ განგვისაზღვრავს, ეს შეცდომა უნდა გამოვასწოროთ. დე, ყველამ იცოდეს ეს, ვისაც ხორბლის შემოტანა შეუძლია.

უკვე გაჩნდნენ მყიდველები. ბატონმა ვანო ჩხარტიშვილმა უკვე დაამყარა სათანადო კონტაქტები და გამოძებნა სახსრები 150-200 ათასი ტონა ხორბლის შემოსატანად.

ბატონმა ნიკო ლეკიშვილმა მომახსენა, რომ გვყავს რამდენიმე ჯგუფი ბიზნესმენების, რომლებსაც ასევე სურთ შემოიტანონ ხორბალი და ის უფრო იაფადაც შეიძლება გავყიდოთ გარკვეული დროის შემდეგ, ვიდრე დღეს ვყიდით.

ხორბლის შემოტანით, ხორბლის ბიზნესის განვითარებით, ჩვენ ბევრ პრობლემას გადავჭრიდით, მაგრამ უნდა მივხედოთ სხვა პრობლემებსაც.

ეს საკითხები, პურის პრობლემის გადაჭრის საკითხები მიწის პრობლემას უკავშირდება. როგორც კი მოსახლეობა იგრძნობს, რომ ხორბლისა და სიმინდის მოყვანა სარფიანი საქმეა, გარწმუნებთ, რომ 1-2 წელიწადში მთლიანად დავამუშავებთ იმ მიწებს, რომლებიც დღეს მოცდენილია. ამით ძალიან დიდი სტიმული შეიქმნება იმისათვის, რომ საკუთარი ხორბლის წარმოების ოპტიმალურად გადიდების დიდი ხნის ოცნება ავისრულოთ.

ეს არის დღეს გადაწყვეტილი საკითხი, ჩვენ ამისათვის გვაქვს გარკვეული დრო.

ამასთან დაკავშირებით, კარგი მოსაზრებები აქვთ სოფლის მეურნეობისა და და სურსათის სამინისტროს, სახელმწიფო მინისტრს, სხვა მინისტრებს, კორპორაციასაც და ვფიქრობთ, რომ გამგებლებთან, რწმუნებულებთან ერთად ცვლილებები პურის შემოტანაში, წარმოებასა და გაყიდვაში ისეთი ტემპებითა და მასშტაბით უნდა განვახორციელოთ, რომ ეს პროცესი მოსახლეობისათვის მასიმალურად ხელსაყრელი იყოს და არა საზიანო.

განხილულ საკითხებთან დაკავშირებით, ვფიქრობ, საჭიროა შეიქმნას ჯგუფი ბატონ ნიკო ლეკიშვილის ხელმძღვანელობით, მასში შევიდნენ თედო ნინიძე, გულუა, ნოდარ ჭითანავა, მერაბ ჩხენკელი, პეტრე მამრაძე, დავით იაკობიძე, ზურაბ ქათამაძე, თემურ ფიფია და პრეზიდენტის რწმუნებულები.

უნდა მომზადდეს სამუშაო დოკუმენტი პარლამენტისთვის და ამ დოკუმენტის ვიზირება პრეზიდენტის წრმუნებულებმა უნდა მოახდინონ.

ის დოკუმენტები პარლამენტის შესაბამისმა კომიტეტმა უნდა გაითვალისწინოს თავის მუშაობაში.

აქ ძალიან მნიშვნელოვანი, ვიტყოდი, ფუნდამენტური მოსაზრებები გამოითქვა.

ვთხოვ აპარატის სათანადო სპეციალისტებს, ჩაერთონ ამ საქმიანობაში და უახლოეს დროში, იქნებ, ერთ კვირაში, ეს მუშაობა დამთავრდეს. კარგი იქნება, თუ პარლამენტის კომიტეტის წარმომადგენელიც მიიღებს მონაწილეობას ამ საქმეში.

ახლა ორი სიტყვა 1996 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით. აი, როგორ გამოიყურება იანვრის თვის შესრულების გეგმა: ერთის მხრივ, თითქოს არის დადებითი ძვრები და ტენდენციები, მეორე მხრივ, გარკვეული შეშფოთების გამოხატვის საფუძველიც გვაქვს.

ყველა რაიონს არ ჩამოვთვლი, დავასახელებ ზოგიერთს: კახეთის მხარემ იანვრის თვის საბიუჯეტო გეგმა 87 %25-ით შეასრულა, მაშინ, როდესაც, თელავმა 140%25-ით გადაწყვიტა ამოცანა, სიღნაღმა - 104%25-ით. ე.ი. რეზერვები, რესურსები და საშუალებები არსებობს.

იმერეთის ზონამ - 67%25-ით შეასრულა იანვრის თვის გეგმა. ეს მძიმე შემთხვევაა. ვითარება უნდა გამოსწორდეს.

სამეგრელო - ზემო სვანეთმა 94%25-ით შეასრულა იანვრის თვის საბიუჯეტო გეგმა, მაგრამ ზუგდიდმა და ზუგდიდის რაიონმა - 162%25-ით, აბაშის რაიონმა - 170%25-ით.

შიდა ქართლის მხარემ - 121%25-ით შეასრულა იანვრის გეგმა. მადლობა მინდა ვუთხრა მხარის ხელმძღვანელობას. გორმა - 166%25-ით, ქარელმა - 114%25-ით, ხაშურმა - 106%25-ით, ე.ი. სადაც ძალიან მოინდომეს, იქ საქმე გამოდის.

ქვემო ქართლმა 79%25-ით შეასრულა იანვრის გეგმა მაჩვენებელი დაპირებების ადეკვატური არ არის, თუმცა აქაც არის ზოგიერთი სანიმუშო რაიონი: გარდაბანი - (98%25), დმანისი (113%25), წალკა (100%25) და სხვა.

გურიას იმერეთის მხარეზე კიდევ უფრო უარესი მონაცემები აქვს - (64%25), რასაც არავითარი გამართლება არ გააჩნია.

სიძნელეები არის, ვიცი, მაგრამ ისინი უნდა დავძლიოთ. ინიციატივები და წამოწყებები კარგია, მაგრამ მოვიდა დრო, როცა ყველაფერმა გამოხატულება უნდა ჰპოვოს ბიუჯეტსა და ეკონომიკურ მაჩვენებლებში.

სამცხე-ჯავახეთმა იანვრის გეგმა შეასრულა - 94%25-ით, თითქოს არა უშავს, მაგრამ ცოტა მეტი რომ მოგენდომებინათ, ეს მაჩვენებელი უკეთესი იქნებოდა, თუმცა, ამ მხარეშიც არის რაიონები, რომელთაც სამაგალითო მაჩვენებლები აქვთ.

მცხეთა-მთიანეთის მხარემ გეგმა შეასრულა - 109%25-ით, ახალგორმა - 114%25, მცხეთის რაიონმა - 108%25-ით. ამჯერად, ყაზბეგსაც კარგი მაჩვენებლები აქვს.

რაჭა-ლეჩხუმის მხარემ - 105%25-ით შეასრულა იანვრის გეგმა.არ მგონია, ვინმეს უფრო მეტად უჭირდეს, ვიდრე ამ მხარეს, მაგრამ ვალდებულება ვალდებულებაა და მას თავს ართმევენ.

ორი სიტყვა მრეწველობასთან დაკავშირებით. პირველად, მთელი ამ წლების მანძილზე წარმოების ვარდნის პროცესი არა მარტო შეჩერდა, არამედ გარკვეული წინსვლაც გვაქვს.

მიუხედავად იმისა, რომ ენერგეტიკული კრიზისი გრძელდება და იანვარი ამ მხრივ გამონაკლისი არ იყო, მრეწველობაში 33 მილიონ 500 ათასი ლარის პროდუქცია მაინც შეიქმნა. ეს 1,5 მილიონი ლარით, ე.ი. 4-4,5%25-ით მეტია შარშანდელთან შედარებით, ამ წლების განმავლობაში, პირველად გვაქვს განვითარების დადებითი ტენდენცია. დარწმუნებული ვარ, თუ მოვინდომებთ, თებერვლის ბოლოს და, განსაკუთრებით, მარტის თვეში, პირველ კვარტალში შეიძლება სერიოზულ გარდატეხას მივაღწიოთ. ყველამ მიაქციეთ ამას ყურადღება. ყველამ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს ამ საქმეში.

მაქვს შენიშვნები: აჭარაში საბიუჯეტო გეგმის შესრულება იანვარში 59%25-ია, თბილისში წინა წელთან შედარებით 10%25 კლებაა. ბატონ ბადრი შოშიტაიშვილს უნდა ვუთხრა: მიმაჩნია, რომ თბილისის ეს 10%25 უფრო მძიმეა, ვიდრე მთელი დანარჩენი საქართველოსი.

ქუთაისმა 32%25-ით შეასრულა იანვრის გეგმა, ჭიათურამ - 24%25-ით, ზოგიერთი სხვა რაიონიც ჩამორჩა.

ამას იმიტომ მოგახსენებთ, ყველას ძალიან გვინდა, ეს კვარტალი დიდი გარდატეხის დასაწყისი იყოს. სირთულეებისა და სიძნელეების მიუხედავად, ეს სავსებით შესაძლებელია.

მაქსიმალურად მობილიზებული უნდა იყვნენ რაიონული, საქალაქო, სამხარეო ადმინისტრაციები, ცენტრალური აპარატი, სამინისტროები, მინისტრები. ვერავის ვაპატიებთ უპასუხისმგებლობას, პოზიციების დათმობას, როგორი კარგი ურთიერთობაც უნდა გვქონდეს.

მე, მაგალითად, გამოვაცხადე, რომ სპეციალურად მოვისმენ საბაჟო სამსახურის ორი თვის საქმიანობის ანგარიშს და სწორედ ამ შედეგების შესაბამისად ვიმსჯელებთ სამსახურისა და მისი ხელმძღვანელების შემდგომ ბედზე.

საბაჟოში ახალი კადრები მოვიდა, შედეგები თითქოს ცუდი არ არის, წინა წლებთან შედარებაც არ შეიძლება, მაგრამ რეალური შესაძლებლობები მხოლოდ 20-30 პროცენტით არის გამოყენებული. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით, ასეა. ვნახოთ რას გვიჩვენებს თებერვლის თვე.

არ მინდა ვისარგებლო დაზუსტებული მონაცემებით, მაგრამ ჩანს, ზოგიერთები საბაჟო სამსახურშიც და სხვაგანაც გასცემენ ისეთ განკარგულებებს, რომლებსაც ან საფუძველი არა აქვს, ან ეწინააღმდეგება კანონს, ცენტრალური ბიუჯეტის ინტერესებს.

ყველაფერი ეს მიგვიყვანს მძიმე შედეგამდე.

ცალკეულ კონკრეტულ გამოვლინებასთან დაკავშირებით, მივიღებთ ზომებს. წინასწარ არავის ვაშინებ, ყველას პატივს ვცემ, ყველა მიყვარს, მაგრამ საქართველოზე მეტად - არავინ.

ამიტომ, ასე უნდა მიმართოთ თქვენც ყველას. ვინც გემორჩილებათ; ვინც არ გემორჩილებათ, დაიმორჩილეთ, ზოგი ადმინისტრაციულად, ზოგი - ეკონომიკური ბერკეტების მეშვეობით, კანონის უზენაესობით, სახელმწიფო პრინციპებით.

მინდა მადლობა გადავუხადო სახელმწიფო კანცელარიის სოციოლოგიურ სამსახურს, რომელიც დუშეთის გამგებლობასთან ერთად დუშეთის მოსახლეობის საზოგადოებრივი აზრის ძალიან საინტერესო გამოკვლევა ჩაატარა, ისევე, როგორც დედაქალაქში.

ამ გამოკვლევებმა დაადასტურა, რომ თუ ჩვენ, ხელისუფლება ვმოქმედებთ გაბედულად, ვმოქმედებთ ჩვენივე მოსახლეობის განწობილების მიხედვით.

გთხოვთ, ეს ყველამ იქონიოთ მხედველობაში. ხალხი მხარს უჭერს ხელისუფლებას, მათ შორის, მიწის კანონპროექტს, რომლის განხილვასაც უკვე შეუდგა პარლამენტი.

მიწის შესახებ ახალი კანონი ხელს შეუწყობს საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, სამართლებრივი სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების განმტკიცებასა და წინსვლას.

მიწის კანონპროექტი ამ დარგში მსოფლიო და ეროვნული გამოცდილების დონეზეა შექმნილი, და დარწმუნებული ვარ, მას მიიღებს პარლამენტი და მხარს დაუჭერს ხალხი.

არ არსებობს არავითარი ეროვნული და სოციალური საშიშროება ამ კანონპროექტთან დაკავშირებით. პირიქით, ეს კანონი ხელს შეუწყობს აგრარული სექტორისა და მთელი ეკონომიკის აყვავებას, ხალხის კეთილდღეობას.

მიწის შესახებ კანონის მიღება ეროვნული ეკონომიკის აღორძინების მძლავრი ბერკეტია : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა 1996 წლის 25 თებერვლის თათბირზე // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 2 მარტი. - 37(2150). - 1,2,3 გვ.

29 „შეუძლებელია რეალური ეკონომიკური პროგრესი ჭეშმარიტ ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგებოდეს“

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 4 მარტის რადიოინტერვიუ

საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ ორშაბათის რადიოინტერვიუ, რომელსაც ჟურნალისტი ნატო ონიანი უძღვებოდა, ტრადიციულად, ეკონომიკური მიმოხილვით დაიწყო;

- თებერვლის ბოლო კვირა მეტად მნიშვნელოვანი იყო ეკონომიკური რეფორმების ბედისათვის საქართველოში. საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორთა საბჭომ 28 თებერვალს მიიღო ჩვენი ქვეყნისათვის მართლაც საეტაპო, საარსებოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება - საქართველოს მთავრობის ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმების პროგრამის უზრუნველსაყოფად 1996-98 წლებისათვის 246 მილიონი დოლარის საერთო თანხის გრძელვადიანი შეღავათიანი კრედიტის გამოყოფის თაობაზე. პრაქტიკულად, ეს არის დახმარება. სამწლიანი პროგრამა მიზნად ისახავს წარმოების რეაბილიტაციასა და სტრუქტურული გარდაქმნების განხორციელებას. ამასთან, იგი არსებითად საქართველოსკენ გზას უხსნის განვითარების საერთაშორისო ასოციაციის კრედიტებს, დაახლოებით, 65 მილიონი დოლარის ოდენობით, რის თაობაზეც, მსოფლიო ბანკის დირექტორთა საბჭო იმსჯელებს აპრილის დამდეგს.

საერთოდ კი, ამ ფინანსურ დახმარებათა გათვალისწინებით რეალიზებული იქნება საქართველოს პრეზიდენტის ეკონომიკური პროგრამის ის მიმართულებანი, რომლებიც საერთაშორისო ეკონომიკურ ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობას ითვალისწინებს. ამასთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და მსოფლიო ბანკთან ახალი პროგრამების მიღება მეტად კეთილნაყოფიერ მაკროეკონომიკურ და პოლიტიკურ გარემოს ქმნის განვითარებული ქვეყნებიდან ინვესტიციების, უწინარესად, კერძო ინვესტიციების ფართოდ მოზიდვისათვის. ეს სიკეთე ყველა რეგიონს შეეხება და ყველა რეგიონი ამას სამ წელიწადში იგრძნობს, თუ რას ნიშნავს ასეთი მასშტაბის დახმარება საქართველოსათვის. ვფიქრობ, რომ აფხაზეთშიც და ცხინვალის რეგიონშიც გაიგებენ, თუ რამდენად საზიანოა საქართველოდან იზოლირებულად ყოფნა, საზიანოა მთლიანად ამ რეგიონებისათვის და საზიანოა ყოველი ოჯახისა და ყოველი მოქალაქისათვის.

ამ ფონზე, მეტად მნიშვნელოვანია გავაგრძელოთ საბაზრო ეკონომიკისათვის საჭირო სამართლებრივი ბაზის შექმნა. განსაკუთრებით კი შემდგომ. მნიშვნელოვანია, რომ დავხვეწოთ, და რაც შეიძლება. სრულყოფილი სახით მივიღოთ კანონი სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრების შესახებ, რათა მტკიცედ დარწმუნდეს ჩვენი საზოგადოების ყველა ფენა, ყველა მოქალაქე, რომ შეუძლებელია რეალური ეკონომიკური პროგრესი ჭეშმარიტ ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგებოდეს.

მართალია, შეჯამებული სტატისტიკური მონაცემები ჯერჯერობით ხელთ არა გვაქვს, მაგრამ ორი თვის შედეგებით იკვეთება (ყოველ შემთხვევაში, პირველი შედეგები ასეთია), დადებითი ტენდენციები მრეწველობის სფეროში. კერძოდ, ეკონომიკის სამინისტროს მრეწველობის დეპარტამენტის ცნობით ამ სისტემის საწარმოებმა, რომელთა უმრავლესობა იანვარ-თებერვალში ამოქმედდა, 7 მილიონ ლარზე მეტი პროდუქცია შექმნას, რაც შარშანდელზე თითქმის სამჯერ მეტია. ამასთან, თებერვლის მესამე დეკადაში, წარმოებულია 2 მილიონ ლარზე მეტი პროდუქცია, პირველი ოცი დღის ერთნახევარი მილიონის ნაცვლად, რაც იმას მოწმობს, რომ ბოლო დეკადაში მკვეთრად გადიდდა წარმოების სადღეღამისო მოცულობა. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, თებერვლის ბოლო დეკადაში, მართალია, მცირე დატვირთვის, მაგრამ მაინც ამუშავდა ჭიათურმანგანუმი, ჰოლდინგ „სამთო ქიმიის“ სამი საწარმო. ესენია: წყალტუბოში - საქგუმბრინი, ოზურგეთში - ასკანდი, ამბროლაურში - ქიმიური ქარხანა. ამ ჰოლდინგის დანარჩენი 7 საწარმო მზად არის მიმდინარე თვეში დაიწყოს ფუნქციონირება.

გარკვეულ იმედს იძლევა სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ოპერატიული მონაცემები კვების მრეწველობის ოპერატიული მონაცემები კვების მრეწველობის თაობაზე. კერძოდ: ორ თვეში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, წარმოებულია 80 ათასი დეკალიტრით მეტი ღვინო, 59 ათასი დეკალიტრით მეტი კონიაკი, 134 ათასი ბოთლით მეტი შამპანური.

უალკოჰოლო სასმელების წარმოებამ 160 ათასი დეკალიტრი შეადგინა შარშანდელი იანვარ-თებერვლის 60 ათასი დეკალიტრის ნაცვლად, ლუდისა - 70 ათასი დეკალიტრი, 15 ათასის ნაცვლად; მინერალური წყლების წარმოებამ 2,5 მილიონი ბოთლი შეადგინა (ეს თითქმის მთლიანად „ბორჯომზე“ მოდის), მაშინ, როცა შარშან ამავე პერიოდში მინერალური წყალი საერთოდ, არ ჩამოსხმულა. დასახულია პროგრამა, მარტში თითქმის 5 მილიონი ბოთლი „ბორჯომის“, ხოლო აპრილიდან - 5,5-6 მილიონი ბოთლის ჩამოსასხმელად. სულ 1996 წელს განზრახულია ეს წარმოება გავზარდოთ 60 მილიონ ბოთლამდე. რამდენადაც მახსოვს, წინა საბჭოთა პერიოდში აქ 400 მილიონ ბოთლს ასხამდნენ.

10 მარტისათვის გათვალისწინებულია ხაშურის მინის ტარის ქარხნის ამოქმედებაც, მიმდინარეობს ტარის ქარხნის ამოქმედებაც, მიმდინარეობს საკონსერვო საწარმოების სეზონისათვის მზადების სამუშაოები. გარდაბნის საკონსერვო ქარხანამ კი უკვე გამოუშვა 11 ათასი პირობითი ქილა კონსერვი, ხოლო გორის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებამ „სამეგობრომ“ გერმანიაში გადატვირთა 250 ათასი მარკის ღირებულების ვაშლის კონცენტრირებული წვენი (და ეს კარგი სიმპტომია).

შემობრუნება დაიწყო საბიუჯეტო გადასახადების აკრეფაშიც. საგადასახადო ინსპექციის ცნობით, თებერვალში აკრეფილი შემოსვალები 4 მილიონი ლარით, ანუ 36 პროცენტით ჭარბობს იანვრის შემოსავლებს და 15 მილიონ ლარს შეადგენს. აღნიშნულის შედეგად ორ თვეში, წინასწარი შეფასებით, მიღებულია 26 მილიონ ლარზე მეტი, ანუ გეგმის 101 პროცენტი. ეს ორჯერ აღემატება შარშანდელი პერიოდის ორი თვის შემოსავალს. განსაკუთრებით დიდი გადაჭარბებით სრულდება დამატებითი ღირებულების გადასახადის გეგმა 108,6 პროცენტი.

ფინანსთა სამინისტროს შეფასებით, საბაჟო დეპარტამენტმა ვერ შეასრულა ორი თვის საპროგნოზო მონაცემები და დააკლო 1,5 მილიონი ლარი. ეს საკითხი სხვა საკითხებთან ერთად ამ დღეებში მთავრობის სპეციალური მსჯელობის საგანი გახდება.

ეკონომიკის გამოცოცხლების რიტმის დაჩქარება დიდად არის დამოკიდებული გაზაფხულის დადგომის კვალობაზე ენერგოსისტემის ფუნქციონირების მოსალოდნელ გაუმჯობესებაზე. ამავე დროს გადამწყვეტ მნიშვნელობას ინარჩუნებს მოხმარებული ენერგიის ამოღების გაუმჯობესება. ეს კვლავ რჩება პრობლემათა პრობლემად. ამ მხრივ გარკვეული დადებითი ზეგავლენა ჰქონდა პრეზიდენტის ცნობილ ბრძანებულებას დავალიანების დაფარვის ღონისძიებათა შესახებ. მართალია, დაგეგმილი თანხების ამოღება ჯერჯერობით სრულად ვერ არის უზრუნველყოფილი, მაგრამ მნიშვნელოვანი შედეგებია მიღწეული საქენერგოსთან ანგარიშსწორებაში. კერძოდ, საქენერგომ მომხარებლებისაგან თებერვლის თვეში მიიღო ფულადი თანხა და მთელი რიგი მატერიალური ფასეულობები, რომელთა საერთო ღირებულება ორჯერ აღემატება იანვრის და წინა პერიოდის საშუალო მაჩვენებელს, რაც ერთგვარად გააუმჯობესებს სისტემის ფინანსურ მდგომარეობას. ამავე დროს, საქენერგოს ოპერატიული მონაცემებით, ელექტროენერგიის გადაუხდელი საფასურის თანხა ამჟამად 114 მილიონ ლარს აღწევს. დავალიანების მაქსიმალურად შემცირება თითოეული საწარმოს ხელმძღვანელის, სამხარეო რწმუნებულის, გამგებლებისა და მერის უპირველესი ამოცანაა.

როგორც აღვნიშნე, ამ დღეებში მთავრობის სხდომაზე სპეციალურად იქნება განხილული როგორც ბიუჯეტის შესრულების, ისე ელექტოენერგიის საფასურის ამოღების მდგომარეობა, საერთოდ ეკონომიკაში არსებული ვითარება, დაისახება ქმედითი და, საჭიროების შემთხვევაში, მკაცრი ღონისძიებებიც.

მივესალმები სადაზღვევო კომპანიების გაერთიანებას, რასაც უდავოდ დიდი მნიშვნელობა ექნება ქართული ბიზნესის განვითარებისათვის, უცხოური ინვესტიციების მოზიდვისა და, საბოლოო ანგარიშით, ქვეყნის ეკონომიკის აღმავლობისათვის.

- რამდენიმე წუთის წინ დასრულდა თქვენი შეხვედრა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. ვიცით, რომ მეშჰედ-სარაქსის სარკინიგზო მაგისტრალის გახსნაზე მაისში დაგპატიჟათ დოქტორმა ველაიათიმ. იყო სხვა მნიშვნელოვანი საკითხებიც...

- ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან ალი-აქბარ ველაიათისთან გაიმართა უაღრესად საჭირო და მნიშვნელოვანი საუბარი. მისი ჩამოსვლის უმთავრესი მიზანი იყო ის, რომ ჩემთვის გადმოეცა პრეზიდენტების ბატონ რაფსანჯანისა და ბატონ ნიაზოვის მიწვევა მეშჰედ-სარაქსის რკინიგზის მაგისტრალის გახსნის ცერემონიალში, რომელიც მაისისათვის არის დანიშნული. უნდა ვთქვა, რომ ირანის პრეზიდენტი ამ შეხვედრას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.

შეიძლება ბევრმა არც იცოდეს, რომ ეს მაგისტრალი ქართველმა სპეციალისტებმა დააპროექტეს. მისი საექსპლუატაციოდ გადაცემა მნიშვნელოვანი მოვლენაა ცენტრალური აზიის, კავკასიის, თურქეთის, სპარსეთის ყურის ქვეყნებისთვის, და უფრო ფართო არეალისათვისაც. ჩვენ კმაყოფილებით აღვნიშნეთ, რომ ირანის პრეზიდენტის ღირსსახსოვარი ვიზიტის შემდეგ ორი ქვეყნის ურთიერთობა დინამიკურად აღმავალი გზით ვითარდება. განვიხილეთ კონკრეტული პროექტები, მოვილაპარაკეთ ჩვენი კავშირურთიერთობის სამართლებრივი ბაზის, კერძოდ, საბაჟო ხელშეკრულებებისა და ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმების მომზადების თაობაზე, ხაზგასმულია, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ერთხელ კიდევ დაადასტურა, რომ მისი სახელმწიფო აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და, საერთოდ, ჩვენში სტაბილურობისა და მშვიდობის დამკვიდრების პრობლემას. ვიმსჯელოთ რეგიონისა და კავკასიის მიმდებარე ქვეყნების აქტიური როლის შესახებ მშვიდობიანი, სტაბილური კავკასიისათვის ერთობლივ ძალისხმევაში. ირანი მზად არის მონაწილეობა მიიღოს ამ უაღრესად მნიშვნელოვან პროცესში.

- კვირის ბოლოს საქართველოს ეწვევა აზერბაიჯანის პრეზიდენტი ჰეიდარ ალიევი. სხვა საკითხებთან ერთად ვიზიტის ცენტრალური თემა გახდება კასპიის ადრეული ნავთობის საქართველოზე ტრანსპორტირების საკითხი. ეს, ალბათ, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი. პრეზიდენტ ალიევის ჩამოსვლას დიდი ხანია ელოდებიან საქართველოში. და კიდევ ერთი ვიზიტის შესახებ: საქართველოში უნდა ჩამობრძანდეს თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის თავმჯდომარე მუსტაფა ქალემლი...

- ჰეიდარ ალიევის ვიზიტს ჩვენში მიიჩნევენ ერთ-ერთ ცენტრალურ მოვლენად საგარეო ურთიერთობების თვალსაზრისით. ეს ვიზიტი განამტკიცებს აზერბაიჯანთან ჩვენს ისტორიულ, ტრადიციულ ურთიერთობას და სტიმულს მისცემს ძმური კავშირის განვითარებას ორ ქვეყანას, ორ ხალხს შორის ახლო და შორეულ პერსპექტივაში. ჩვენი დიალოგის საგანი იქნება არა მარტო ორმხრივი ურთიერთობა, არამედ განსაკუთრებული მდგომარეობა რეგიონში, კავკასიაში მშვიდობის დამკვიდრების ძირითადი პრინციპები, აგრეთვე გლობალური პოლიტიკის ცალკეული ასპექტები. მათ შორის, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი დაკავშირებული იქნება კასპიის ნავთობის მარშრუტის, ეგრეთ წოდებულ, დასავლეთის მიმართულებასთან. ცნობილია, რომ ეს საკითხი განისაზღვრა და ჩვენ ხელს მოვაწერთ ამ ისტორიულ დოკუმენტს.

თუ გავითვალისწინებთ, რომ უახლოეს დროში დაგეგმილია ჩემი და სომხეთის პრეზიდენტის ლევონ ტერ-პეტროსიანის ფუნდამენტური შეხვედრა, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ დღის წესრიგში დგება მშვიდობიანი კავკასიისათვის ბრძოლაში თვით კავკასიური ფაქტორის გააქტიურების ამოცანა („კავკასიური დიალოგი“, როგორც ეს გამოთქმა ბატონმა ახსარბეკ გალაზოვმა იხმარა), რა თქმა უნდა, ჩვენი მეზობლების, უწინარესად, რუსეთის, თურქეთის, ირანისა და სხვა ქვეყნების მონაწილეობითაც.

მიმდინარე წლის გაზაფხული ძალიან დიდი პოლიტიკური აქტიურობით იქნება აღნიშნული. მათ შორის მისასალმებელია თურქეთის მეჯლისის ახალი თავმჯდომარის მუსტაფა ქალემლის ვიზიტი, რომელთანაც, დარწმუნებული ვარ, გაიმართება ორი ქვეყნისათვის დამახასიათებელი საქმიანი და უაღრესად მეგობრული დიალოგი.

- გასულ კვირას, ისევე როგორც მთელ წინასაარჩევნო პერიოდში, ძალიან საინტერესო იყო რუსეთში მიმდინარე პროცესები. ალბათ ეს განსაკუთრებით კარგად აისახება რუსეთის პრესაში. კვლავ გამოიკვეთა ერთი თემა: გარკვეული პოლიტიკური ძალები საუბრობენ იმის შესახებ, რომ არსებობს საბჭოთა კავშირის აღდგენის შანსი. რამდენად რეალურად მიიჩნევთ ამ პერსპექტივას?

- მსჯელობა ამ თემაზე, მით უმეტეს, ამ პრობლემის დღის წესრიგში დაყენება, ანაქრონიზმად მიმაჩნია და მინდა შემდეგი განვაცხადო: დროა, პოლიტიკოსებმაც და, უბრალოდ, მოქალაქეებმაც, გააცნობიერონ, რომ საბჭოთა კავშირის აღდგენის ყოველგვარი ცდა, თუნდაც ლოზუნგების დონეზე, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის დაშლის დასაწყისი გახდება. თუ რას მოუტანს რუსეთს თანამეგობრობის შესაძლო დეზინტეგრაცია, ამაზე ყველას ღრმად ჩაფიქრება მართებს.

- საქართველოს საშინაო პოლიტიკისათვის აფხაზეთის საკითხი კვლავ უმწვავეს თემად რჩება. 19 იანვრის სამიტზე რუსეთის სამშვიდობო ძალებისათვის ახალი მანდატისა და საპოლიციო ფუნქციების მინიჭებაზე იყო ლაპარაკი. რა მდგომარეობაა ამ მხრივ, შესრულდება თუ არა ამჯერად თანამეგობრობის სახელმწიფოების მეთაურთა ერთობლივი გადაწყვეტილება აფხაზეთის მიმართ?

- სამშვიდობო ძალების მანდატზე მუშაობის პროცესი სერიოზულ საფუძველს გვაძლევს გარკვეული შეშფოთებისათვის. დრო, მართალია, კიდევ არის - იქნებ საქმე უკეთ წარიმართოს, ვიმედოვნებ და ძალიან მინდა, რომ ასე მოხდეს, მაგრამ, თუ თანამეგობრობის მოსკოვის სამიტამდე, რომელიც 19 მაისს გაიმართება, რეალური ძვრები არ მოხდა, რუსეთის საშუამავლო მისიის ეფექტიანობის საკითხი, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი კითხვის ქვეშ დადგება.

მე სამშვიდობო მისიის აქტიური მომხრე ვიყავი და დღესაც ვრჩები. ბუნებრივია, შეიძლება დაისვას კითხვა: რა იქნება შემდეგ? თუ ვერ მივიღეთ ის შედეგი, რომელსაც ველოდებით და ელოდება მთელი მსოფლიო, საჭირო იქნება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, მისი უშიშროების საბჭოს, ევროპული სტრუქტურების რადიკალური გააქტიურება. ვფიქრობ, რომ ამისათვის ისინი მზად იქნებიან. არ მინდა ახლა ანალოგია გავავლო ბოსნიასა და აფხაზეთს შორის, მაგრამ რეზერვები არსებობს და ისინი აუცილებლად იქნება გამოყენებული. ყველამ უნდა გააცნობიეროს ეს, აფხაზეთში სეპარატისტული რეჟიმის მეთაურებმაც, შესაბამისმა ხელმძღვანელებმა რუსეთშიც და სხვა ქვეყნებშიც, რომ კავკასიაში მშვიდობის პრობლემა, მშვიდობიანი კავკასია უკვე მარტო საკუთრივ ჩვენი საქმე აღარ არის, ეს მსოფლიო მასშტაბის პრობლემაა და აქედან გამომდინარე - მრავალი და მრავალი ქვეყნის, ყველა საერთაშორისო სტრუქტურის უაღრესად დიდი დაინტერესება მშვიდობიანი კავკასიით გრძელდება.

- გუშინ ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო საქართველოსათვის. საფუძველი ჩაეყარა წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობას. სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ასეთი შეფასება მისცა ამ დღეს: დამთავრდა ჟამი ნგრევისა, საქართველო უბრუნდება თავის ფესვებს.

- წმინდა სამების ტაძარი, რომელიც, როგორც გუშინ ვთქვი, უზენაესის შთაგონებით შენდება, ახალი, ერთიანი, ძლიერი და აყვავებული საქართველოს სიმბოლო იქნება. სწორედ ამ ტაძრით შევდივართ მესამე ათწლეულში. ეჭვი არ მეპარება, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე, შესაძლებლობის ფარგლებში, თუნდაც ეს ერთი თეთრი ან ერთი ლარი იყოს, შეიტანს წვლილს ამ მართლაცდა საუკუნის პროექტის განხორციელებაში.

„შეუძლებელია რეალური ეკონომიკური პროგრესი ჭეშმარიტ ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგებოდეს“ : რადიოინტერვიუ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა]ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 5 მარტი. - 38(2151). - 1,2 გვ.

30 საგარეო-პოლიტიკური საქმიანობის სამი ყველაზე მთავარი საზრუნავია სამშობლოს უშიშროება, სამშობლოს კეთილდღეობა და სამშობლოს სახელი

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის გამოსვლა საგარეო საქმეთა სამინისტროს მუშაკებთან და დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე 1996 წლის 28 თებერვალს

ჩემი გამოსვლის დასაწყისშივე აღვნიშნავ, რომ მინისტრის ბატონ ირაკლი მენაღარიშვილის მოხსენებაში და ელჩების გამოსვლებში თავმოყრილი მთელი ინფორმაცია უაღრესად ღრმა შთაბეჭდილებას ტოვებს. საკმაოდ პროფესიული ანალიზი და ფაქტობრივი მასალები და წინადადებები მოითხოვს იმას, რომ ჩვენს შეხვედრას მოჰყვეს პრეზიდენტის სპეციალური განკარგულება, რომელიც მოაწესრიგებს დღევანდელ შეკრებაზე წამოჭრილ პრობლემებს.

გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი დღევანდელი შეკრება ქართული პოლიტიკისა და დიპლომატიისათვის თავისებურად ისტორიულია. აგერ უკვე სამი წელიწადია, რაც არსებობს ქართული დიპლომატიური კორპუსი. ამ ხნის მანძილზე ჩვენ შეიძლება ადრეც შევკრებილიყავით, მაგრამ ჩავთვალეთ, რომ სწორედ ახლა დაგროვდა ის გამოცდილება, რომელიც პირველი დასკვნების გამოტანის საშუალებას იძლევა. სწორედ ახლა მიეცა ჩვენს ქვეყანას საშუალება, რომ აწარმოოს საგარეო ურთიერთობები ისე, როგორც შეეფერება დემოკრატიული ღირებულებებისადმი ერთგულ საერთაშორისო თანამეგობრობის ღირსეულ წევრს. სწორედ ახლა მიმდინარეობს ძველი წყობის საბოლოო დემონტაჟი და, როგორც ბოლო ხანებში იციან თქმა, გამოჩნდა შუქი გვირაბის ბოლოს. სწორედ ახლა მთელი ჩვენი სახელმწიფო პოლიტიკა, და მათ შორის საგარეოც, სულ უფრო ნაკლებად ავლენს გარე ფაქტორებზე სპონტანური რეაგირების ნიშნებს და სულ უფრო იძენს მიზანმიმართულ, სისტემურ ხასიათს. სწორედ ახლა იწყება თვისობრივად ახალი ეტაპი სახელმწიფოებრიობის მშენებლობაში და, მაშასადამე, დიპლომატიაშიც.

არსებობდა თუ არა ქართული ეროვნული დიპლომატია საბჭოთა პერიოდში? კლასიკური სახით - არა. მაგრამ არსებობდა პოლიტიკა, გაანგარიშებული ეროვნული თვითმყოფადობის, ეროვნული კულტურის, ხელოვნების განვითარებაზე, ეროვნული მეურნეობრიობის საკუთარ ფუძეზე მშენებლობაზე, ეროვნული კადრების მომზადებაზე, ეროვნული მეცნიერების განვითარებაზე, ეროვნული ენერგიის საჭირო მიმართულებით, სამომავლო ინტერესების შესაბამისად გამოღვიძებასა და წარმართვაზე. დასახული მიზნების რეალიზაცია, სასურველ შედეგამდე მისვლა მოითხოვდა ალესილი სამართებლის პირზე სიარულს, ვინაიდან მთელი ეს ურთულესი სამუშაო ისე უნდა წარმართულიყო, რომ არ გამოეწვია ცენტრის მწვავე რეაქცია. ცენტრი უნდა დაგვერწმუნებინა, რომ ეს მის ინტერესებშიც არის, რომ ეს სრულ ჰარმონიაშია ერთიანი კავშირის ინტერესებთან, განსაკუთრებული სირთულე იმაში მდგომარეობდა, რომ ამ პოლიტიკას, მე ასე ვიტყოდი, უმაღლესი რანგის დიპლომატიას, ოფიციალური სახე არ ჰქონდა, მას არ ქმნიდა ადამიანთა, თანამოაზრეთა გუნდი. ჩანაფიქრის თუ ნააზრევის გამხელა მხოლოდ საკუთარ თავთან შეიძლებოდა. ხანდახან თანამოაზრეები მოქმედებდნენ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, ჩანაფიქრის ერთმანეთისათვის გაუმხელელად. იმხანად თავის ქვეყანაზე, მის აწყმოზე და მომავალზე მზრუნავ მოღვაწეს არა მარტო გონების დაძაბვა, არამედ პოლიტიკის და დიპლომატიის ხელოვნების ურთულეს ლაბირინთებში უხდებოდა გზის გაკვალვა. იქნებ უხერხულიც იყოს ამაზე ლაპარაკი, მაგრამ, როცა 1985 წელს მსოფლიო პოლიტიკისა და დიპლომატიის ოკეანეში გადამიშვეს, ისე მომეჩვენა, რომ ცურვა დიდი ხნის ნასწავლი მქონდა და მოსკოვსა და ვაშინგტონს ან მოსკოვსა და ბონს შორის ურთიერთობა საიდუმლოს ამოხსნა სულაც არ იყო უფრო რთული ამოცანა, ვიდრე მოსკოვისა და თბილისის, თითქოს, ერთი შეხედვით, დიდი ხნის წინ გარკვეული და ნათელი ურთიერთობებისა. ამ უკანასკნელში წყალქვეშა დინებები და ნაღმები გაცილებით მეტი იყო, ვიდრე პირველში.

ამ დარბაზში შევკრიბეთ ის ადამიანები, ვინც უკანასკნელი სამი წლის მანძილზე, ავად თუ კარგად, ფაქტობრივად ქმნიდა ახალი ქართული დიპლომატიის ისტორიას. აქვე ვიტყოდი, რომ ამ პროცესში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს ბ-ნ ალექსანდრე ჩიკვაიძეს. ამავე დროს, ბევრი თქვენგანი ერთმანეთს მხოლოდ სახელებით, სატელეფონო საუბრებით ან დიპლომატიური მიწერმოწერით თუ იცნობს. დამოუკიდებლობის მოპოვებამდე საქართველოს არც ჰყოლია დიპლომატიური კორპუსი და ეს გასაგებიც არის - ჩვენი ქვეყანა სრულფასოვან საგარეო ურთიერთობებს არ აწარმოებდა. ხანგრძლივი სახელმწიფოებრიობის მქონე ქვეყნებში დიპლომატები - ეს პროფესიონალთა თავისებური კასტაა დაწერილი თუ დაუწერელი ტრადიციებით, მემკვიდრეობითობით, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი კორპორატიულობის გრძნობით. ჩვენში ეს ფენა მხოლოდ ახლა იქმნება. თქვენი ყოველი მოქმედება პრეცედენტს ქმნის ქართულ დიპლომატიაში. და ეს სამართლიანად უნდა იწვევდეს სიამაყის და სიხარულის გრძნობას, რადგან ბედმა წილად გარგუნათ უნიკალური შანსი - საკუთარი წვლილი შეიტანოთ ახალი საქართველოს საგარეო პოლიტიკის საფუძვლების შექმნაში, მისი დიპლომატიური სკოლის ჩამოყალიბებაში. მაგრამ სიხარულსა და სიამაყეს თან უნდა სდევდეს პასუხისმგებლობის გრძნობა; სრული გააზრება იმისა, რომ თქვენი ყოველი ნაბიჯი გავლენას ახდენს ქვეყნის საგარეო ურთიერთობებზე, და რამდენადაც დღეს არათუ მცირე, ზესახელმწიფოებიც კი ვერ არსებობენ გარე სამყაროსგან იზოლირებულად, ამ ურთიერთობებს უდიდესი მნიშვნელობა აქვთ საქართველოს სახელმწიფოსათვის, მისი ყოველი მოქალაქის კეთილდღეობისთვის. თქვენ პირველები წარმოაჩენთ საქართველოს დიდ საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე და ხიდი უნდა გახდეთ მათთვის, ვინც თქვენს შემდეგ მოვა.

ყველა, ვინც დღევანდელი მსოფლიოს საგარეო პოლიტიკას აყალიბებს თუ წარმართავს, კაცობრიობის ყველაზე ხანგრძლივი ომის - „ცივი ომის“ სუსხიდან მოვედით. და ყველანი, ვინც ამ დარბაზში შევიკრიბეთ, გვსურს ეს თუ არა, გარკვეული დროის მანძილზე კიდევ ვიგრძნობთ ამ სუსხს. დიახ, ბერლინის კედელი დაეცა, მაგრამ, სამწუხაროდ, მსოფლიო და, მაშასადამე საქართველოც დღეს ისეთი არ არის, როგორიც შეიძლებოდა ყოფილიყო, ჩვენ ყველანი რომ „ცივი ომის“ დასასრულს მომზადებულნი შევხვედროდით. ვინ, თუ არა ჩვენმა ტანჯულმა ქვეყანამ იცის, თუ რა შედეგი მოიტანა მსოფლიოში გამეფებულმა გამარჯვებით გამოწვეულმა ეიფორიამ, თუ რა შედეგი მოაქვს იმის გაუცნობიერებლობას, რომ „ცივი ომის“ დასასრული და მისი რეციდივების აღმოფხვრა ერთჯერადი აქტი კი არა, ხანგრძლივი, მტკივნეული და გამარჯვებებით თუ იმედგაცრუებებით აღსავსე პროცესია.

და მაინც, როგორი წინააღმდეგობრივიც უნდა იყოს დღევანდელი მსოფლიო, იგი თვისობრივად განსხვავდება გუშინდელისაგან. ოთხმოციან წლებში მომხდარმა ტექნიკურმა ძვრებმა, რომელთაც გადაჭარბების გარეშე შეიძლება ვუწოდოთ, ამ საუკუნის უდიდესი რევოლუცია, გაათავისუფლეს იგი ბიპოლარული დაპირისპირების მძიმე ტვირთისგან. წარსულის სისხლიანი რევოლუციებისგან განსხვავებით, იგი არ ატარებდა კლასობრივ ხასიათს და არ ისახავდა მიზნად საზოგადოების რომელიმე ფენის მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდებას. ეს რევოლუცია ჩაისახა და განვითარდა ღირებულებათა სფეროში და ემსახურებოდა საზოგადოებრივი ცხოვრებისა და პოლიტიკის იდეოლოგიური ქიმერებისგან გათავისუფლებას. კერძოდ, საგარეო პოლიტიკაში ვიწრო კლასობრივი, იდეოლოგიზირებული მიდგომების ნაცვლად დამკვიდრდა ზოგადსაკაცობრიო ღირებულებათა პრიმატი, საერთაშორისო პოლიტიკა, დიპლომატია, გათავისუფლდნენ კლასობრივ-იდეოლოგიური კლანჭებისაგან. რამაც ისტორიულად მოკლე ვადაში მოახდინა პარადიგმული ხასიათის ცვლილებები. „ცივი ომი“, რომელიც ყოველ წამს შეიძლებოდა ბირთვულ ხანძრად აალებულიყო და მოსდებოდა მთელს პლანეტას, დამთავრდა. იდეოლოგიურ დოგმათა ტყვეობისგან გათავისუფლდნენ ადამიანები, ხალხები, ქვეყნები და მათ შორის ჩვენი სამშობლოც.

ახლად მოპოვებულმა თავისუფლებამ წარმოშვა აქამდე უცნობი ან იქნებ, უბრალოდ, მივიწყებული მძაფრი პრობლემები, გამოათავისუფლა დესტრუქციული ინსტინქტები, ანგარებიანი ძალების თარეში. თავისუფლების მოპოვებამდე ათეული წლობით რუდუნებით გამოღვიძებულმა ეროვნულმა ენერგიამ ვაი ხელმძღვანელთა და ვაი ლიდერთა წყალობით, გარკვეული აზრით დამანგრეველი ფუნქცია შეიძინა. ბოლო წლებში საქართველომ ყველაფერი იწვნია - შეიარაღებული შიდა კონფლიქტები, სამოქალაქო ომები, კრიმინალური ბაკქანალიები და სახელმწიფოებრიობის ნგრევა. ყველაფერი ნულიდან უნდა დაგვეწყო.

საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო აღიარების პირველივე დღეებიდან, ანუ მას შემდეგ, რაც საქართველოს ხალხს, პრაქტიკულად პირველად მისი ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე, მიეცა თავისი ნების თავისუფლად გამოხატვის საშუალება, ჩვენმა ქვეყანამ მტკიცედ და ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ დაადგა დემოკრატიის და საბაზრო ეკონომიკის მშენებლობის გზას. თუმცა ჩვენ მაშინვე გვქონდა გაცნობიერებული, რომ ამ გზით სიარული არ იქნებოდა ადვილი, რადგან ჭეშმარიტი დემოკრატიის დამკვიდრებას დიდი დრო და მსხვერპლი დასჭირდა ახლა უკვე ისეთ განვითარებულ ქვეყნებშიც კი, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატები, გერმანია და საფრანგეთია. გარდა ამისა, როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენ მემკვიდრეობით გვერგო პარალიზებული ქვეყანა, სადაც განუკითხავად დათარეშობდნენ სხვადასხვა სახის შეიარაღებული ბანდები. ამგვარ სიტუაციაში, როდესაც ხალხი უაღრესად შეჭირვებული იყო ქვეყანაში არსებული ქაოსით, განუკითხაობით და პირდაპირ მოითხოვდა კანონიერების აღდგენას ნებისმიერი ფორმით და საშუალებით, დიდი იყო დიქტატურის გზით წესრიგის დამყარების ცდუნება. ამგვარი ცდუნების პირისპირ, თუ ისტორიას გადავხედავთ, მარტო ჩვენ როდი აღმოვჩენილვართ.

და მაშინ ჩვენ გადავწყვიტეთ გვევლო გრძელი, ქანცგამწყვეტი, ურწმუნოთათვის მცდარი, მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან ერთადერთი სწორი გზით. ჩვენდა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ქართული პოლიტიკური აზრი დროის მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა და ქვეყანაში გამეფებული დანაშაულებრივი კლანებისა და ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში მოკალათებული ტერორისტების ზრახვებს დაუპირისპირა ქვეყნის ძირითადი კანონის, კონსტიტუციის შექმნის პროცესი. მე, როგორც ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარე, არ შემიძლია არ აღვნიშნო ის დამსახურება, რომელიც ყოფილ პარლამენტს მიუძღვის ქვეყნის წინაშე. მიუხედავად პარტიული და კერძო ინტერესებით გამოწვეული ზოგიერთი წინააღმდეგობისა, პარლამენტი მთლიანობაში იშვიათი ერთსულოვნებითა და პასუხისმგებლობით მოეკიდა ამ მართლაცდა საშვილიშვილო საქმეს. შედეგად მივიღეთ მსოფლიო დონის კონსტიტუცია, რომელიც კანონის უზენაესობის, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მტკიცე გარანტია.

ახალი კონსტიტუციის ბაზაზე, პირველად ქვეყნის ისტორიაში, შესაძლებელი გახდა ჭეშმარიტი დემოკრატიისათვის აუცილებელი ხელისუფლების დაყოფის პრინციპის განხორციელება, რომელიც ძლიერი საპარლამენტო და საპრეზიდენტო ინსტიტუტებისა და დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლების შექმნაში მდგომარეობს.

5 ნოემბერს საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები ხალხის ნების თავისუფალი და დემოკრატიული გამოხატვის ჭეშმარიტი მაგალითია. ამგვარი განცხადებისთვის საფუძველს გვაძლევს ის უმთავრესი შეფასება, რომელიც ჩვენს არჩევნებს მისცა ისეთმა კომპეტენტურმა და ავტორიტეტულმა, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების დამცველმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, როგორც ევროპის საბჭოა. ამავე აზრის იყვნენ არჩევნებზე ჩამოსული დამკვირვებლები ევროპარლამენტთან, ევროპაში უშიშროების და თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეიდან, გაეროდან და მრავალი სხვა საერთაშორისო ორგანიზაციიდან თუ სახელმწიფოდან.

დღეს მოქმედი პარლამენტის არჩევით ახალი ეტაპი დაიწყო საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ხუთპროცენტიანი ბარიერის შემოღებამ შესაძლებელი გახადა პარლამენტში მოხვედრილიყვნენ მხოლოდ ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც რეალურად წარმოადგენენ საზოგადოების დიდი უმრავლესობის ინტერესებს. ჩვენ დიდ იმედს ვამყარებთ ახალ პარლამენტზე. ამის საფუძველს გვაძლევს მისი მუშაობის სტილი, რომელიც გამოირჩევა საშური პროფესიონალიზმით, ფრაქციებს შორის თანამშრომლობის სურვილით, დროისა და ქვეყნის წინაშე დასმული პრობლემური ამოცანების მძაფრი შეგრძნებით. შეიძლება ითქვას, რომ ისე როგორც ძველ პარლამენტზე იყო დამოკიდებული კონსტიტუციის მიღების და შესაბამისად კანონიერების აღდგენის ბედი, ასევე, ახალი პარლამენტისა და პრეზიდენტის ხელშია ეკონომიკური რეფორმების ეფექტიანად განხორციელებისა და, შესაბამისად, ეკონომიკური აღმავლობის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საქმე. მთავარია, პარლამენტი არ ჩამორჩეს ცხოვრების მაჯისცემად, დროულად მიიღოს ყველა კანონი, რომელიც რეფორმის განხორციელებისათვის არის საჭირო. საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების განვითარებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქართული საპარლამენტო კულტურის ფორმირებაში და ამ მხრივ ჩვენი ელჩების ინფორმაციები და ინიციატივები მისასალმებელია. უკვე გვაქვს ამის საუკეთესო მაგალითები - აღვნიშნავ ბ-ნ ვაჟა ლორთქიფანიძის მუშაობას რუსეთის არცთუ იოლ პარლამენტთან.

არანაკლებ დატვირთვით და მონდომებით უნდა იმუშაოს ხელისუფლების აღმასრულებელმა რგოლმაც, რომლის სტრუქტურული და საკადრო გადახალისების პროცესი უკვე თითქმის დასრულდა. უნდა ვაღიაროთ, რომ ხელისუფლების ამ რგოლში, კომუნისტური რეჟიმიდან მოყოლებული ჩვენი რეფორმების დაწყებამდე, არც რაოდენობრივად და არც თვისებრივად, ბიუროკრატიული აპარატი არსებითად არ შეცვლილა. მმართველობის სისტემის ახლახან ჩატარებული გამარტივება მისი ეფექტიანი ფუნქციონირების საწინდარია. უცხოური გამოცდილება აქაც ფანქრით ხელში უნდა შევისწავლოთ, განვაზოგადოთ და საკუთარ ნიადაგში ჩავნერგოთ. აქაც დიდი იქნება თქვენი ინიციატივიანი და დაინტერესებული საქმიანობის როლი.

მოგეხსენებათ, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, კონსტიტუციის შესაბამისად შეიქმნა საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო კანცელარია. ეს სრულიად ახალი ინსტიტუტია ჩვენი ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების ისტორიაში და ის უნდა გადაიქცეს მძლავრ ბერკეტად, რომლის საშუალებითაც პრეზიდენტი განახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას. კანცელარია უნდა იქცეს ქვეყნის ყველაზე დიდ რეფორმატორულ ცენტრად და უნდა დაკომპლექტდეს მხოლოდ უაღრესად კეთილსინდისიერი და კვალიფიციური სპეციალისტებით.

რამდენიმე სიტყვით შევეხები იმ ეკონომიკურ რფორმებს, რომლებიც საქართველოს მთავრობის რეფორმების ჯგუფის ხელმძღვანელობითა და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების რეკომენდაციებით უკვე წელიწადნახევარზე მეტია მიმდინარეობს. უნდა გითხრათ, რომ ამ რეფორმების მიზანი მხოლოდ ეკონომიკის გარდაქმნა და აღმავლობა როდია. მათი წარმატებით განხორციელების შემთხვევაში ჩვენს ქვეყანაში შეიქმნება მერიტოკრატიული, სამოქალაქო საზოგადოება. პრივატიზაცია, ძლიერი კერძო სექტორის ჩამოყალიბება, მიწაზე კერძო საკუთრების შემოღება, რისკენაც მიმართულია ეს ცვლილებები ხელს შეუწყობს საშუალო კლასის - მეწარმეთა და გადასახადების გადამხდელთა საზოგადოების ჩამოყალიბებას, ისე როგორც ეს არის ყველა მოწინავე განვითარებულ ქვეყანაში. ამდენად, ჩვენთვის ამ რეფორმების ბედი ორმაგად ძვირფასია. ერთის მხრივ, მათი გამარჯვება ჩვენს ხალხს მოუტანს ეკონომიკურ კეთილდღეობას, ხოლო, მეორე მხრივ, ეს იქნება ჩვენს ქვეყანაში ყოველგვარი ტოტალიტარიზმისა თუ ავტორიტარიზმის გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის გარანტია.

ჩვენ ხშირად ვაცხადებთ, რომ საქართველომ უნდა დაიკავოს ღირსეული ადგილი მოწინავე, ცივილიზებული ქვეყნების ოჯახში, მაგრამ გვიფიქრია კი იმაზე, თუ რა არის ამისათვის გასაკეთებელი? ვაცნობიერებთ კი იმ აზრს, რომ მხოლოდ მსოფლიო ეკონომიკაში ინტეგრირებით მოვახერხებთ ჩვენი ეკონომიკის აყვავებას და სამართლიანი სამოქალაქო საზოგადოების დამკვიდრებას? ამის მისაღწევად კი საჭიროა დავიცვათ თამაშის ის წესები, რომლებსაც გვთავაზობს საერთაშორისო საზოგადოებრიობა, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ისევ ჩავეშვებით იზოლაციონიზმისა და სტაგნაციის ჭაობში. ხოლო თუ რას ნიშნავს ეს, თქვენ კარგად იცით ჩვენი ქვეყნის უახლოესი ისტორიის მაგალითი. ქართული სახელმწიფოს ელჩები საზღვარგარეთ ჩვენი მთავარი ეკონომიკური წარმომადგენლები და, თუ გნებავთ, მთავარი მრჩეველები არიან. თქვენ არ გაქვთ უფრო მაღალი ამოცანა, ვიდრე ქვეყნის ეკონომიკის აღმავლობა და ამ პროცესში თქვენი წვლილის შეტანაა. თქვენი მუშაობის ხარისხი ამ მიზნის მისაღწევად ბრძოლაში მონაწილეობის დონით განისაზღვრება.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი რეალური დამოუკიდებლობის მოპოვების გზაზე ეროვნული ფულის შემოღება იყო. მკაცრი და თანამიმდევრული მონეტარული პოლიტიკის წყალობით ქართული ვალუტა უკვე ერთი წელიწადია ერთ-ერთი მყარი ფულადი ერთეულია მრავალი ქვეყნის ფულად ერთეულთა შორის. ახლა მთავარია აღებული ტემპი კიდევ უფრო დაჩქარდეს, განმტკიცდეს და გაფართოვდეს საკანონმდებლო ბაზა, რომელიც უპასუხებს საერთაშორისო მოთხოვნებს. დროა ერთხელ და სამუდამოდ შევიგნოთ, რომ ამ რეფორმების განხორციელება დროის აუცილებელი მოთხოვნაა და არა რომელიმე ფინანსური თუ პოლიტიკური ცენტრის ახირება ან დიქტატი, როგორც ჩვენი საზოგადოების ზოგიერთი წევრი ფიქრობს. მე მტკიცედ მწამს, რომ საქართველო ერთ-ერთი სამაგალითო ქვეყანა გახდება ყოფილ სოციალისტურ ქვეყნებს შორის გარდამავალი ეტაპის წარმატებით დაძლევის თვალსაზრისით.

ასეთია ის შიდაპოლიტიკური ფონი, რომელზეც ამ ხნის მანძილზე გვიხდებოდა საგარეო ურთიერთობების განხორციელება. შევეცდები ძალზე მოკლედ მიმოვიხილო საქართველოს მიერ საერთაშორისო ასპარეზზე უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში განვლილი გზა და შევეხო იმ პრიორიტეტულ მიმართულებებსაც, რომლებიც მომავალში განსაზღვრავს ჩვენი სახელმწიფოს ადგილს მსოფლიოში. მინდა შეგახსენოთ, რომ თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე არაერთი ტრიუმფიც უზეიმია და მარცხიც განუცდია. ჩვენი დიდი პოლიტიკოსების გამოცდილება გვასწავლის, რომ განგების მიერ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე უფრო შფოთიან რეგიონში განლაგებული ჩვენი ქვეყანა მაშინ აღწევდა გამარჯვებას, როცა მისი საგარეო პოლიტიკის უზენაესი მიზანი სახელმწიფოს უსაფრთხოება და მოქალაქეთა კეთილდღეობა იყო და, პირიქით, მარცხი თან გვდევდა, როცა ჩვენს მიერვე გამოგონილი ან თავს მოხვეული ქიმერების ტყვეობაში აღმოვჩნდებოდით ხოლმე. საქართველოს უახლესმა ისტორიამ, სხვასთან ერთად ეს გაკვეთილიც ჩაგვიტარა: ქვეყნის საგარეო პოლიტიკა არ უნდა იქცეს ერთი შეხედვით მიმზიდველი ფსევდორომანტიული და, ამგვარად, რეალობას მოწყვეტილი იდეებისა თუ თეორიული პოსტულატების განხორციელების ასპარეზად. საქართველოსთვის გაუმართლებელი ფუფუნება იქნებოდა რაიმე სხვა საგარეო პოლიტიკური ორიენტირის ძიება გარდა მეგობრობისა ყველა სახელმწიფოსთან, ახლოსთან თუ შორეულთან, შესაძლოა პოლიტიკაში სიტყვა „მეგობრობა“ ოდნავ არაპროფესიულად ჟღერდეს, მაგრამ სხვასთან ერთად სწორედ ამ პრინციპის განხორციელებამ გახადა შესაძლებელი ჩვენი გამოსვლა საგარეო პოლიტიკური იზოლაციიდან, სწორედ მან შეუწყო ხელი ევროპის მიერ ჩვენს აღიარებას ევროპა-აზიის სატრანსპორტო დერეფნის შემადგენელ ნაწილად და მანვე აქცია საქართველო 21-ე საუკუნის უდიდესი საბადოებიდან ნავთობის ტრანსპორტირებისთვის მიმზიდველ სატრანზიტო ქვეყნად.

სოციოლოგების თქმით, დღევანდელი მსოფლიო დაემსგავსა „გლობალურ სოფელს“, სადაც ინფორმაცია უმალ ვრცელდება და ყველა ყველაზეა დამოკიდებული. მართლაც, საგარეო ფაქტორები სულ უფრო ხშირად ახდენს გავლენას თვით ეკონომიკური გიგანტების შიდაპოლიტიკურ გადაწყვეტილებებზეც კი. აღარას ვამბობ ახლადაღმოცენებულ მცირე სახელმწიფოებზე, რომელთათვისაც გარე სამყაროს გავლენა ხშირ შემთხვევაში განმსაზღვრელია, ამას იმიტომ შეგახსენებთ, რომ კარგად გვქონდეს გააზრებული საგარეო ურთიერთობების როლი ჩვენი ქვეყნის არსებობაში. რომ არა ჩვენი მეგობრების გადამწყვეტი პოლიტიკური, ფინანსური, ჰუმანიტარული და მორალური დახმარება მაშინ, როცა ჩვენი ყოფა-არყოფნის საკითხი წყდებოდა, შესაძლოა მომხდარიყო ყველაზე უარესი - დაწყებულიყო ქვეყნის დაშლის შეუქცევადი პროცესი. სხვათა შორის, ის დახმარება ნდობის ერთგვარი ავანსი იყო სახელმწიფოსთვის, რომელიც იმ პერიოდში ვერც დემოკრატიული პრინციპების და ვერც ადამიანის უფლებების დაცვის ერთგულებით ვერ დაიკვეხნიდა. ერთგვარი სიამაყის გრძნობით მინდა განვაცხადო, რომ საქართველო ამ ნდობის სიმაღლეზე აღმოჩნდა. ჩვენ დღესაც გვეხმარებიან, ფასდაუდებელია ამერიკის შეერთებული შტატების, გერმანიის, მთლიანად ევროკავშირის, თურქეთის, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, გაეროს, ევროუშიშროების ორგანიზაციის ყოველდღიური ზრუნვა საქართველოზე. ჯერ კიდევ სამიოდე წლის წინათ, გაპარტახებული, ომების ცეცხლში გახვეული ჩვენი სახელმწიფო დღეს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრია. საქართველო წევრია ნატოს პროგრამისა „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ და ხელი აქვს მოწერილი ნატოსთან ინდივიდუალური თანამშრომლობის პროგრამაზე. პარაფირებულია და ხელმოსაწერად მზად არის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმება ევროკავშირთან - ევროპის 15 უდიდესი სახელმწიფოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ გაერთიანებასთან. მიმდინარეობს აქტიური მუშაობა საქართველოსთვის ევროპის საბჭოში „სპეციალური სტუმრის“ სტატუსის მისანიჭებლად, საქართველო გახდა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ალიანსის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი. შექმნილია სახელშეკრულებო ბაზა მსოფლიოს 25-ზე მეტ ქვეყანასთან.

ცალკე მინდა შევჩერდე დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაზე. რა თქმა უნდა, აქ ცენტრალური საკითხი რუსეთთან ურთიერთობაა. ამ საკითხზე დიდხანს არ შევჩერდები, ვინაიდან ბ-ნმა ვაჟა ლორთქიფანიძემ საკმაოდ დამაჯერებლად ილაპარაკა ამ თემაზე. მე თავის დროზე ვთქვი, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა არის და იქნება განსაკუთრებული და, ჩემი აზრით, ამ სიტყვაში ჩადებულია ის ძირითადი ამოცანა, რომელიც ორივე სახელმწიფომ ერთად უნდა გადაწყვიტოს ორ დამოუკიდებელ სახელმწიფოს შორის ახალი ურთიერთობების მშენებლობის პროცესში. რაც შეეხება თანამეგობრობას, ამ ძალზე დიდი პოტენციალის მქონე რეგიონულ საერთაშორისო ორგანიზაციაში გაერთიანებული არის ქვეყნები, რომელთაც ხანგრძლივი თანაცხოვრების გამოცდილება გააჩნიათ. ეს თითოეული ჩვენგანის კაპიტალია და მისი გონიერად, ვიმეორებ გონიერად გამოყენებაზე დიდად არის დამოკიდებული თანამეგობრობის ყოველი წევრის უსაფრთხოება, კეთილდღეობა და თვით ორგანიზაციის ცხოველმყოფელობა. კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, რომ ორგანიზაცია დინამიურად ვითარდება და მასში სულ უფრო ფეხს იკიდებს ცივილიზებული ინტეგრაციული სისტემებისთვის დამახასიათებელი ურთიერთობათა ნორმები. ამასთან ერთად, ბოლო ხანს გაისმის მოწოდებები საბჭოთა კავშირის აღდგენის თაობაზე. ძნელი წარმოსადგენი არაა, თუ როგორი ანაქრონიზმი იქნებოდა საბჭოთა კავშირი დღევანდელ მსოფლიოში. მაგრამ, არ შემიძლია, შეშფოთებით არ აღვნიშნო, რომ ეს აბსურდული და ერთი შეხედვით, გულუბრყვილო განცხადებები ძირს უთხრის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის იდეას და შეიძლება იქცეს თანამეგობრობის დასასრულის დასაწყისად.

საერთაშორისო ურთიერთობებში ფართოდ არის გავრცელებული სასიცოცხლო ინტერესების სფეროს ცნება. ზესახელმწიფოებისგან განსხვავებით, რომლებისთვისაც ლამის დედამიწის მეორე ნახევარსფეროში მიმდინარე მოვლენები წარმოადგენს ყოფნა-არყოფნის საკითხს, მცირე სახელმწიფოთათვის ეს არეალი გაცილებით უფრო ვიწროა. საქართველოს არსებობის ზონაა კავკასია. ჩვენ აქ ვართ და აქ ვიქნებით. ეს არის ჩვენი სასიცოცხლო ინტერესების სფერო. კავკასიაში პოლიტიკური სიტუაციის სტაბილიზაცია და გრძელვადიანი მშვიდობის მყარი გარანტიების შექმნა, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების და მისი კეთილდღეობის უზრუნველყოფის ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორია. დღეს, ისევე როგორც მრავალჯერ მისი ისტორიის მანძილზე, კავკასიაში კვლავ იღვრება სისხლი. დღეს იგი ქცეულა ულმობელი დაპირისპირების, ქსენოფობიის, ველური ნაციონალიზმისა და აგრესიული სეპარატიზმის სათარეშო ასპარეზად. დროა, რეგიონის ყველა სახელმწიფომ - რუსეთმა, თურქეთმა, ირანმა, სომხეთმა, აზერბაიჯანმა, საქართველომ - ერთად ვიფიქროთ კავკასიის ჰარმონიულ მომავალზე. სიკვდილი და ნგრევა ბევრი იყო. ახლა უნდა დადგეს „ჟამი სიცოცხლისა“ კავკასიაში. მიმაჩნია რომ აუცილებელია ჩამოყალიბდეს ის ქცევის კოდექსი, ის ძირითადი პრინციპები, რომელთა დაცვა რეგიონის ყველა სახელმწიფოს, ყველა ხალხის მიერ იქცევა მშვიდობიანი თანაარსებობის გარანტად.

1. სახელმწიფო საზღვრების აღდგენა საერთაშორისოდ ცნობილ ფარგლებში. ამის შემდეგ უარი უნდა ითქვას ნებისმიერ ტერიტორიულ პრეტენზიაზე, ხოლო კონფლიქტის წამოწყება დაუყოვნებლივ კოლექტიურად დაიგმოს და აილაგმოს შეერთებული ძალებით.

2. ადამიანის უფლებების დაცვა ყველგან და ყოველთვის მშიდობისა და სტაბილურობის აღდგენა და შენარჩუნება შეუძლებელი იქნება ამ ფუძემდებელი პრინციპის გარეშე.

3. სატრანსპორტო და სხვა კომუნიკაციების დაცვა და მათი ბლოკირების სრული მიუღებლობა. ხელსაყრელი მდებარეობა კავკასიის ერთ-ერთ უმთავრესი პოლიტიკური და ეკონომიკური რესურსია და მისი გამოყენებით რეგიონს გლობალური მნიშვნელობის სატრანზიტო ფუნქციის შეძენა შეუძლია. ამიტომაც, კომუნიკაციების ხელყოფა უნდა განიხილებოდეს, როგორც დანაშაულებრივი აქტი, მიმართული მთელი რეგიონის კეთილდღეობის წინააღმდეგ.

4. თანამშრომლობა ბუნების დაცვასა და სტიქიური უბედურებების შედეგების ლიკვიდაციაში. კავკასიის ბიოსისტემა უნიკალურია. კავკასიაში წარმოდგენილია მსოფლიოს თითქმის ყველა გეოგრაფიული ზონის ნიშანი. განუმეორებელი მცენარეული და ცხოველთა სამყაროს დაცვა უნდა გახდეს რეგიონის ქვეყნების ერთობლივი ზრუნვის საგანი. ეს კავკასიაში საერთაშორისო ტურიზმის და მაშასადამე, კაპიტალის მოზიდვის, სამუშაო ადგილების შექმნის შესანიშავ პერსპექტივას სახავს, მჭიდრო თანამშრომლობაა აუცილებელი შავი და კასპიის ზღვების ეკოლოგიის საკითხებში. ამავე დროს, კავკასია არის დამანგრეველი მიწისძვრების, ზვავების, მეწყერების ზონა. ვინ, თუ არა უახლოესმა მეზობლებმა უნდა გაუწოდონ ერთმანეთს ხელი ასეთი უბედურების ჟამს.

5. ეთნიკური და კონფესიური შემწყნარებლობა, ექსტრემისტული ნაციონალიზმის და ქსენოფობიის ერთობლივი დაგმობა. ეთნიკური და ენობრივი თვალსაზრისით კავკასია მსოფლიოს ყველაზე მრავალფეროვანი რეგიონია. იგი მსოფლიო მასშტაბის ნაკრძალია. ეს მას სილამაზეს მატებს, მაგრამ ზოგჯერ კონფლიქტების მიზეზიც ხდება. საბედნიეროდ, აქ არსებობს ტოლერანტობის ძლიერი ტრადიცია, რომელიც უნდა დავუპირისპიროთ სიძულვილის შესაძლო რეციდივებს.

6. კავკასიისთვის საერთაშორისო პროექტების, უცხოური ინვესტიციების ყოველმხრივი მხარდაჭერა. მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა. აქ უკვე იყო საუბარი ერთ ისეთ ინიციატივაზე, კერძოდ, კავკასიის სამეწარმეო ამერიკულ ფონდზე.

ყველა აქ ჩამოთვლილი პრინციპი უნივერსალურია. მხოლოდ მათი ამგვარი დაჯგუფება და პრიორიტეტების განსაზღვრაა დამახასიათებელი ჩვენი რეგიონისთვის. ამ საკითხებზე არაერთგზის მისაუბრია რეგიონის სახელმწიფოთა ლიდერებთან, ყველანი იზიარებენ ამ პრინციპებს. მიმაჩნია რომ მათ საფუძველზე უნდა ჩამოყალიბდეს ფაქტი „მშვიდობიანი კავკასია“. ეს იქნება არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ორგანიზაცია, არამედ კავკასიის სახელმწიფოთა ვალდებულება ერთხელ და სამუდამოდ ბოლო მოუღონ ნებისმიერი სახის დაპირისპირებას რეგიონში და აქციონ ის მშვიდობისა და კეთილდღეობის კერად. უახლოეს დღეებში დაგეგმილია ჩემი შეხვედრები ჰეიდარ ალიევთან, ლევონ ტერ-პეტროსიანთან, იგეგმება ვიზიტი მოსკოვში, შეხვედრა პრეზიდენტ ელცინთან, მიღწეულია შეთანხმება ანკარაში ვიზიტის თაობაზე, სადაც შედგება დიალოგი პრეზიდენტ დემირელთან, ამ დღეებში აქ ჩამოვა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი დოქტორი ველაიათი, სისტემატური კონსულტაციები მიმდინარეობს დასავლეთის სახელმწიფოებთან, რომელთა ინტერესი კავკასიისადმი მკვეთრად გაიზარდა, კავკასიით დაინტერესებულია დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მრავალი ქვეყანა, აქტიურად ვითარდება ჩვენი ურთიერთობები ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებსა და ხალხებთან. ასეთ მრავალმხრივ დიალოგში ვაპირებთ ჩვენ „მშვიდობიანი კავკასიის“ იდეის განვითარებას, გამდიდრებას და დახვეწას.

სწორი არ იქნებოდა, რომ ჩემს გამოსვლაში არ შევხებოდი საქართველოში მიმდინარე კონფლიქტებს. უკანასკნელ ხანს ერთგვარი გააქტიურება შეიმჩნევა ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგების პროცესში. ადრეც მითქვამს და ახლაც გავიმეორებ: ეს იყო ხელოვნურად შექმნილი კონფლიქტი. საფუძველი ქართველთა და ოსთა დაპირისპირებისა არ არსებობს. საქართველოში იმხანად გამეფებული განუკითხაობის გამო ბევრი ჩვენი ოსური ეროვნების თანამოქალაქე იძულებული გახდა მიეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. ჩვენ მივესალმებოდით მათ მშობლიურ კერებთან დაბრუნებას და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ხელი შევუწყოთ ამ პროცესს რეგიონიდან ცნობილი მიზეზების გამო, აყრილი ქართული მოსახლეობის დაბრუნებასთან ერთად.

აფხაზეთის კონფლიქტის ისტორიასა და მოლაპარაკების მსვლელობაზე საუბარი ამ აუდიტორიაში უხერხულადაც კი მეჩვენება. მით უმეტეს, რომ ბევრი თქვენგანი უშუალოდ მნაწილეობს მოწესრიგების პროცესში მისი დაწყების პირველი დღიდან. ჩვენ თავიდანვე გვიკიჟინებდნენ, რომ პროცესის ინტერნაციონალიზაცია კარგს არაფერს მოგვიტანდა, პირიქით, საერთაშორისო ასპარეზზე გაიყვანდა ჩვენს მოწინააღმდეგეს და ლამის საერთაშორისო სამართალსუბიექტად აქცევდა მას. მაგრამ, მოდით ვნახოთ, რა მოხდა სინამდვილეში. კონფლიქტთან დაკავშირებით, გაეროს პირველი, 1993 წლის ივნისის და ბოლო, 1996 წლის იანვრის რეზოლუციების ტექსტების უბრალო შედარებაც კი ნათელჰყოფს, თუ როგორ იცვლებოდა მსოფლიო თანამეგობრობის მიდგომა საღი აზრის და სამართლიანობის სასარგებლოდ. თავიდან, მიუხედავად აგრესიული სეპარატიზმის სრულიად აშკარა დანაშაულებებისა, საქართველოს სახელმწიფო და მეამბოხე სეპარატისტები თანაბრად მოიხსენიებოდნენ, როგორც კონფლიქტში მონაწილე მხარეები და გაეროს მოწოდებები ერთნაირად გვეხებოდა ჩვენც - საკუთარი ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი და ომის, მშვიდობიანი მოსახლეობის გენოციდის სულისჩამდგმელთაც - საერთაშორისო თანამეგობრობის წევრი სახელმწიფოს ერთიანობის იარაღის ძალით დაშლის მოსურნეთ, დიახ, ასეთი მიდგომა მიუღებელი იყო. მაშინ, გაერო არ აღმოჩნდა მზად სათანადო რეაგირება მოეხდინა ახალი თაობის აგრესიებზე. დღეს სულ სხვა სურათია: ერთი მხრივ, ეს არის დემოკრატიის, საბაზრო ეკონომიკის და ადამიანის უფლებათა დაცვის გზაზე დამდგარი საერთაშორისო თანამეგობრობის ღირსეული წევრი - სახელმწიფო თავისი კონსტიტუციით, ლეგიტიმური პრეზიდენტითა და პარლამენტით. მას უპირისპირდება ეთნიკური წმენდისა და ეთნიკური მკვლელობების ჩამდენი დანაშაულებრივი რეჟიმი, რომელიც ჯიუტად განაგრძობს „ომში გამარჯვებულის“ როლის თამაშს და არა და არ სურს, მიიღოს ქცევის ის ნორმები, რომლებისკენაც მას მთელი მსოფლიო მოუწოდებს. ჩვენ არ გვსურს მოწესრიგების კონფრონტაციული გზა. ჩვენ წავედით კომპრომისებზე, როცა დავთანხმდით არაპოლიტიკური, წმინდა ჰუმანიტარული საკითხი - ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულთა უპირობო დაბრუნება განგვეხილა წმინდა პოლიტიკური საკითხის - აფხაზეთის სტატუსის პარალელურად ჩვენ წავედით კომპრომისზე, როცა დავთანხმდით მხოლოდ პოლიტიკური საკითხების განხილვაზე. აღარ შევუდგები ახლად თუ ადრე მიღებული რეზოლუციების, განცხადებებისა და შეთანხმებების ანალიზს. ვიტყვი, რომ სულ ახლახანს ჩვენ კიდევ ერთხელ დაწვრილებით გავაცანით გაეროს გენერალურ მდივანს, უშიშროების საბჭოს, ევროკავშირს, ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციას ის წინადადებები, რომლებსაც აფხაზთა მხარეს ვთავაზობთ და რომლებიც გულისხმობენ აფხაზეთისთვის, როგორც ფედერაციის სუბიექტისთვის მსოფლიოში არსებული ყველაზე მაღალი სტანდარტებით გათვალისწინებულ უფლებებს. მინდა მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადო: ჩვენ გავიარეთ გზის ჩვენი ნაწილი და ამაზე უფრო შორს წასვლა იქნებოდა სეპარატისტებისთვის იარაღით და გარეშე ძალის დახმარებით მიღწეულის დაკანონება. გარდა იმისა, რომ ჩვენ ამას არასდროს დავთანხმდებით, ღირს ამ აუდიტორიაში იმაზე საუბარი, თუ რას მოუტანდა ამგვარი პრეცედენტი დღევანდელ მსოფლიოს? სწორედ ამან განაპირობა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მოსკოვის ამასწინდელი უმაღლესი დონის შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილება აფხაზური სეპარატიზმის პოლიტიკური, ეკონომიკურ და მორალური იზოლაციის შესახებ. ეს გადაწყვეტილება უპრეცედენტოა თანამეგობრობის ისტორიაში, ისევე, როგორც უპრეცედენტოა სეპარატისტთა გამოწვევა თანამეგობრობისადმი. არაერთხელ აღმინიშნავს და კვლავ ვიმეორებ, რათა არავითარი საფუძველი არ დავუტოვო სპეკულაციებს ამ თემაზე: კონფლიქტის ზონაში დარჩენილი ჩვენი თანამოქალაქეების ბედი, მათი ეთნიკური წარმომავლობის მიუხედავად, ჩვენ ისევე გვაწუხებს, როგორც საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისა. ჩვენ ვიცით, თუ როგორ უჭირს აქ დარჩენილ მოსახლეობას. ამიტომაც, ჩვენი დაჟინებული მოთხოვნით მათ ყოველგვარი სახის დახმარება უნდა მიეწოდებოდეს, მაგრამ მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობით. აფხაზეთი საქართველოს ნაწილია და ამ საკითხის ნებისმიერი სხვა ფორმით დაყენება ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ დარწმუნებულნი უნდა ვიყოთ, რომ ამგვარი დახმარება ემსახურება გაჭირვებაში ჩავარდნილ მოსახლეობას, და არა რეჟიმის არსებობის გახანგრძლივებას. სხვათა შორის, მსგავსი განცხადება გააკეთა ამას წინათ, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ბ-ნმა გრაჩოვმა, როცა აღნიშნა, რომ მშვიდობის დამცველი ძალების ხიშტები, ფაქტობრივად, სეპარატისტთა მთავრობის არსებობას ახანგრძლივებს. მსოფლიო თანამეგობრობა მიესალმა ჩვენი მოთხოვნით მიღებულ გადაწყვეტილებას და ამით კიდევ ერთხელ, შესაძლოა, უკანასკნელად, გააფრთხილა სეპარატისტული რეჟიმი - გონს მოეგოს და დათანხმდეს კონფლიქტის მოწესრიგების მშვიდობიან გზას.

დღეს რომ აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგებაში პოლიტიკური, ზნეობრივი, თუნდაც, დიპლომატიური სასწორი ჩვენს მხარეს გადმოიხარა, უდავო ფაქტია, ეს ბევრი თქვენთაგანის დამსახურებაც არის და ამ მხრივ, განსაკუთრებით გამოვყოფდი ბ-ნ ვაჟა ლორთქიფანიძის როლს. საერთოდ, უნდა აღვნიშნო, რომ სახელმწიფოებრიობის მშენებლობის პირველ ეტაპზე, გამოუცდელობისა და რთული სამუშაო პირობების მიუხედავად, ჩვენმა დიპლომატიურმა სამსახურებმა მთლიანობაში მეტნაკლებად შეძლეს მათზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულება. მაგრამ, საჭიროა მეტი თავდადება და მუდმივი წინსვლა.

ძალზე მოკლედ შევჩერდები ზოგიერთ პრაქტიკულ საკითხზე. დღეს უკვე ისახება ახალი საელჩოების გახსნის აუცილებლობა. ახლახან გავხსენით საელჩო საბერძნეთში, წლის ბოლომდე გავხსნით ისრაელში. ძალზე სერიოზულად უნდა ვიფიქროთ, ამ თვალსაზრისით, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე - ჩეხეთზე, სლოვაკეთზე, უნგრეთზე, პოლონეთზე, ბალკანეთის ქვეყნებზე, თანამეგობრობის სახელმწიფოებზე - უზბეკეთზე, ბელორუსიაზე, ზოგიერთ სხვა ქვეყანაზე. აუცილებელია, საქართველოს ჰქონდეს თუნდაც მცირერიცხოვანი წარმომადგენლობა გაეროს ევროპის განყოფილებაში, ჟენევაში, სადაც თავმოყრილია მსოფლიოს ამ ყველაზე დიდი საერთაშორისო ორგანიზაციის ათეულობით სპეციალიზებული ორგანო, კომიტეტი, კომისია თუ სამსახური, სერიოზულად არის მოწესრიგებული საელჩოებსა და სამინისტროს შორის ინფორმაციის გაცვლის საკითხი. იმას, რასაც საელჩოები აწვდიან ცენტრს, მეტი სისტემატიზება სჭირდება. საელჩოებში უნდა მუშაობდეს ხალხი, რომელსაც ძალუძს ანალიზი გაუკეთოს იმას, რაც ხდება შესაბამის ქვეყანაში და მოგვაწოდოს ის ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია საქართველოსთვის. საერთოდ, საგარეო საქმეთა სამინისტრო უნდა იყოს საერთაშორისო პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, მათ შორის საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების მთავრი კოორდინატორი, რა თქმა უნდა, ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობათა სამინისტროსთან ერთად. ეს ორი სამინისტრო უნდა წარმოვიდგინოთ, როგორც ერთიანი ორგანიზმი, დროა დამყარდეს მჭიდრო თანამშრომლობა მათ შორის, დაუშვებელია, დღევანდელი პრაქტიკა, როცა რომელიმე მინისტრი, ან თუნდაც ხელისუფლების სხვა წარმომადგენელი თუ დელეგაცია, მიემგზავრება უცხო ქვეყანაში და ამ ქვეყანაში ჩვენი ელჩი მხოლოდ მათი ჩასვლის შემდეგ იგებს ვიზიტის შესახებ. ჩვენ უკვე სახელმწიფო ვართ და ჩვენი ქცევაც საერთაშორისო არენაზე უნდა ადასტურებდეს ამას. ამავე დროს, მე ვთხოვე ბ-ნ ზალდასტანიშვილს, რომელმაც ცუდად არ დაიწყო თავის მოღვაწეობა ახალ თანამდებობაზე, სხვათა შორის, ისევე, როგორც ბ-მა მენაღარიშვილმა, შექმნას იმ ხელშეკრულებების ბანკი, რომლებიც იდება, თუნდაც, ცალკეულ ბიზნესმენებს შორის.

თუმცა, ამის პოტენციალი გაგვაჩნია, მაგრამ უახლოეს მომავალში სახელმწიფო ვერ შექმნის საგარეო ურთიერთობების საკითხებში სპეციალურ კვლევით ცენტრებს. სწორედ საგარეო საქმეთა სამინისტრო უნდა იქცეს ამ მიმართულებით სტრატეგიულ და სხვა სახის კვლევათა მთავარ ცენტრად. ამ მიზნით, სამინისტრომ თავი უნდა მოაბას აღმოსავლეთ-დასავლეთის ცენტრის საქმიანობას, გამოიყენოს სახელმწიფო უნივერსიტეტის, სხვა უმაღლესი სასწავლებლების, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების პოტენციალი. აუცილებელია ამ საქმიანობაში რეგიონული ორგანიზაციების ჩართვა. სამინისტრომ უნდა ითანამშრომლოს აჭარის, აფხაზეთის, ანუ მომავალი ფედერაციის სუბიექტების შესაბამის სამსახურებთან.

მე მივესალმები იმას, რომ ჩვენს დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობენ ჩვენი მეცნიერები, სხვადასხვა სამინისტროთა და უწყებათა ხელმძღვანელები, ჩვენი გუბერნატორები, მივესალმები იმას, რომ აქ გვესწრება, აჭარის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე - ბ-ნი ალექსანდრე გობრონიძე. ჩვენ ისინი შემთხვევით არ მოვიწვიეთ. ამით ხაზს ვუსვამთ, იმას, რომ ქვეყნის საგარეო-პოლიტიკური და საგარეო-ეკონომიკური კურსი იქმნება ყველას, მათ შორის, რა თქმა უნდა, ავტონომიური ფორმირებები, მომავალში ფედერაციის სუბიექტების მონაწილეობით. ჩვენი ხელოვნება ის უნდა იყოს, რომ მთელი ქვეყანა ჩავრთოთ ამ უზარმაზარ შემოქმედებით პროცესში. სხვაგვარად დამოუკიდებელი დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნა ძნელი და შეუძლებელიც კი იქნება.

და ბოლოს, შეგახსენებთ, თუ რა არის საგარეო-პოლიტიკური საქმიანობის სამი ყველაზე მთავარი საზრუნავი - სამშობლოს უშიშროება, სამშობლოს კეთილდღეობა და სამშობლოს სახელი. გამოვთქვამ იმედს, ჩვენი შემდეგი შეხვედრისთვის თქვენი მეცადინეობით ამ სამი მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგმება.

საგარეო-პოლიტიკური საქმიანობის სამი ყველაზე მთავარი საზრუნავია სამშობლოს უშიშროება, სამშობლოს კეთილდღეობა და სამშობლოს სახელი : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის გამოსვლა საგარეო საქმეთა სამინისტროს მუშაკებთან და დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე 1996 წლის 28 თებერვალს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 5 მარტი. - 38(2151). - 1,2,3 გვ.

31 „დღეს ჩვენი რეგიონი მსოფლიოს სახელმწიფოთა მხედველობის არეშია და მშვიდობიანი კავკასია ყველა მათგანის ეროვნულ თუ გლობალურ ინტერესებს შეესაბამება“

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 11 მარტის რადიოინტერვიუ

- გასული პოლიტიკური კვირის უმნიშვნელოვანესი მოვლენა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის ვიზიტი იყო. წინა ინტერვიუში თქვენ ილაპარაკეთ ამ ვიზიტისა და მისი უდიდესი მნიშვნელობის შესახებ. ვიზიტის საერთო შედეგები ასეთია: 15 ხელმოწერილი ხელშეკრულება, მათ შორის ორი ქვეყნის მეგობრობის, თანამშრომლობისა და ორმხრივი ურთიერთობის განმტკიცების შესახებ; დეკლარაცია კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და თანამშრომლობის შესახებ და საქართველოს ტერიტორიაზე კასპიის ნავთობის ტრანზიტის შესახებ ხელშეკრულებათა მთელი პაკეტი. შეიძლება ითქვას, რომ ევრაზიის დერეფნის იდეა უკვე ამოქმედდა, - ერთის მხრივ, საქართველო ხდება სატრანზიტო ქვეყანა, მეორე მხრივ კი, - კასპიის ნავთობი პოლიტიკური სტაბილურობის ერთერთ ფაქტორად გვევლინება... - ჟურნალისტ ნატო ონიანის ამ შეკითხვის პასუხად საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ თავის ტრადიციულ რადიოინტერვიუში განაცხადა:

- გასულ კვირას ქვეყნის ეკონომიკურ-პოლიტიკური ცხოვრება მართლაც აღსავსე იყო უაღრესად მნიშვნელოვანი საერთაშორისო დონის შეხვედრებით. ცხადია, მათ შორის წინა პლანზე დგას აზერბაიჯანის პრეზიდენტის ბატონ ჰეიდარ ალიევის ვიზიტი, რომლის თანმხლებ წარმომადგენლობითს დელეგაციაში პრემიერ-მინისტრთან ერთად რესპუბლიკის თითქმის ყველა წამყვანი სამინისტროსა და უწყების ხელმძღვანელები შედიოდნენ. ეს ვიზიტი გადაუჭარბებლად შეიძლება შეფასდეს, როგორც საეტაპო მოვლენა არა მარტო ჩვენი ორი ქვეყნის, არამედ მთლიანად კავკასიის დღევანდელი თუ სტრატეგიული - როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური - ინტერესების ურთიერთდაბალანსებისა და შემდგომი განვითარებისათვის. ორი ქვეყნის მეთაურთა ხელმოწერით განმტკიცდა დეკლარაცია კავკასიის რეგიონში მშვიდობის, უშიშროებისა და თანამშრომლობის შესახებ. ხელი მოვაწერეთ აგრეთვე შეთანხმებათა სამ პაკეტს, რომლებიც შეეხება საქართველოს ტერიტორიაზე კავკასიის ადრეული ნავთობის ტრანსპორტირებას. ორი ქვეყნის ეკონომიკურ ურთიერთობათა ახალ ეტაპს საფუძვლად დაედება შეთანხმებანი ვაჭრობის, ინვესტიციების, კავშირგაბმულობის, ნაოსნობის, სოფლის მეურნეობის, სურსათის და სხვა სფეროებში. ვფიქრობ, მართლაც ისტორიული საქმე გაკეთდა. სწორედ ასე აღიქვეს საქართველოს მოქალაქეებმა ეს ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი.

გასულ კვირაშივე ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ალი აქბარ ვილაიეთისა და საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრისას აღინიშნა, რომ შეთანხმებანი, რომლებსაც საქართველოში პრეზიდენტ რაფსანჯანის ვიზიტის დროს მივაღწიეთ, თანდათან შედის ძალაში; ენერგეტიკოსები უკვე მუშაობენ ჟინვალჰესში, იწყება ქუთაისის ავტოქარხანასთან გაფორმებული ხელშეკრულების განხორციელება, მალე ჩამოვა დელეგაცია საბაჟო საკითხების დასაზუსტებლად. რეგიონში ჩვენი ქვეყნის მაღალ ავტორიტეტზე მეტყველებს ირანისა და თურქმენეთის პრეზიდენტების მიერ საქართველოს პრეზიდენტის მოწვევა ირანში მეშჰედ-სარახსის სარკინიგზო კვანძის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად. ბუნებრივია, იქ მარტო ზეიმი არ იქნება, - გაიმართება მნიშვნელოვანი შეხვედრები, საინტერესო დიალოგი და საუბრები.

გაეროს გადაუდებელ ჰუმანიტარული დახმარების განყოფილების დირექტორთან ძალზე მნიშვნელოვანი შეხვედრის დროს ჩვენ წამოვჭერით საკითხი იმის თაობაზე, რომ მდგომარეობა საქართველოში ჯერ კიდევ მძიმეა და ამიტომ საჭიროა დავარწმუნოთ დონორი ქვეყნები, თუნდაც ერთი წლით გაგვიგრძელონ დახმარების გაწევა. მანამდე კი ჩვენ ძალები უნდა მოვიკრიბოთ და შევძლოთ საკუთარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება.

განსაკუთრებით გამოვყოფდი შეხვედრებს თურქეთის დიდი ეროვნული კრების თავმჯდომარესთან ბატონ მუსტაფა ქალემლისთან. საუბრისას, პოლიტიკური პროცესების ანალიზთან ერთად, ჩვენ შევეხეთ საქართველო-თურქეთის ეკონომიკურურთიერთობას, ევრაზიის დიდ პროექტში ეგრეთ წოდებული დასავლეთის მიმართულების ნავთობსადენის მშენებლობისა და შესაბამისად, ინფრასტრუქტურის და საკომუნიკაციო სისტემების შექმნის მნიშვნელობას და სხვა ამოცანებს ამ დარგში. თურქეთის დიდი ეროვნული კრების თავმჯდომარემ თავისი პირველი ვიზიტი საქართველოში რომ განახორციელა, თავისთავად მრავლისმეტყველია. გაიმართა უაღრესად საჭირო დიალოგი კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის პრობლემებზე.

ასევე გამორჩეული და სისხლსავსე იყო განვლილ კვირაში საშინაო-ეკონომიკური ცხოვრების რიტმი. მინდა შთაბეჭდილება გავუზიარო რადიომსმენელებს. მთავრობის სხდომაზე ქვეყნის ეკონომიკის ფუნქციონირების ორი თვის შედეგებისგანხილვამ ცხადყო, რომ მწვავე ენერგეტიკული კრიზისის მიუხედავად, შარშან დაწყებული ეკონომიკური გარემოს გაჯანსაღება წელსაც გრძელდება, მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის პროცესი ქვეყნის ეკონომიკური ზრდით გამოიხატება. ეკონომიკის სამინისტროს ოპერატიული მონაცემებით, ორ თვეში სახელმწიფო სექტორში წარმოებული სამრეწველო პროდუქცია 25 პროცენტით აღემატება შარშანდელი შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. მართალია, ეს მაღალი პროცენტი იმითაც არის განპირობებული, რომ სახელმწიფო საწარმოებს შარშან დაბალი საბაზრო მაჩვენებელი ჰქონდა, მაგრამ როგორც არა ერთხელ ითქვა, აქ მთავარია თვით ტენდენციის გამოკვლევა. ტენდენცია კი - 25 პროცენტით ზრდა - არც-თუ დაბალი მაჩვენებელია. წინასწარი შეფასებით, კერძო სექტორის ჩათვლითაც, სამრეწველო წარმოების ზრდის ტემპი მჭიდროდ უახლოვდება პრეზიდენტის საპროგრამო ამოცანათა გადაწყვეტისათვის განსაზღვრულ წლიურ მაჩვენებელს. როგორც ადრე მოგახსენეთ, ეს 8-დან 10 პროცენტამდე უნდა იყოს, რაც, ვფიქრობ, პირველ კვარტალში გარანტირებული იქნება.

ორი თვე სამრეწველო პროდუქციის წარმოების ზრდით დაამთავრეს იმერეთის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლის, ასევე, ქალაქების - თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, მარნეულისა და სხვა სამრეწველო საწარმოებმა.

მიუხედავად ამისა, საერთო მდგომარეობა სასურველისგან ჯერ კიდევ შორს არის. საკმარისია ითქვას, რომ განვლილ ორ თვეში საქართველოს 800-ზე მეტი სამრეწველო საწარმოდან ნახევარზე მეტი გაჩერებული იყო ან მცირე დატვირთვით მუშაობდა. ასევე, კერძო სექტორის შედარებით ნელი ტემპიც, ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, უნდა აიხსნას, რომ იგი მნიშვნელოვანწილად კვლავ და კვლავ სრულად არ არის მოცული. ამ საკითხებზე ძალიან მწვავე სჯა-ბაასი გაიმართა მთავრობის სხდომაზე.

მთავრობის სხდომაზე 1996 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის საკითხის განხილვისას აღინიშნა, რომ გადაჭარბებით დაიწყეს ტერიტორიული ბიუჯეტის ვალდებულებათა შესრულება თბილისში - 102 პროცენტი, შიდა ქართლში - 113 პროცენტი, იმერეთში - 102 პროცენტი, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის ზონაში - 104 პროცენტი, რაჭა-ლეჩხუმში - 109 პროცენტი, გარკვეული სიძნელეები აქვთ ამ მხრივ დედოფლისწყაროს, სიღნაღის, ყვარლის, ჩხოროწყუს, ხობის, ბორჯომის, ნინოწმინდისა და სხვა რაიონებს. დარწმუნებული ვარ, ამ რაიონების ხელმძღვანელები ყველაფერს იღონებს ნაკლოვანებათა გამოსასწორებლად.

სხდომაზე დაისახა ღონისძიებანი დარიცხული თანხების ცენტრალური ბიუჯეტის ანგარიშზე დროულად მოხვედრისათვის, ტერიტორიულ და ცენტრალურ ბიუჯეტს შორის სახსრების სწორად განაწილებისათვის, აგრეთვე, მთლიანად ტერიტორიული და ცენტრალური ბიუჯეტის შემოსავალთა დავალებების რეალიზაციისა და აღებული ტემპის გაძლიერებისათვის, წლიური საპროგრამო მაჩვენებლის უთუოდ შესრულებისათვის, ეს აუცილებელია, რათა დაუყოვნებლივ და დადგენილ ვადებში გაიცეს ხელფასები, პენსიები, სტიპენდიები...

პირველი მარტიდან ინდივიდუალური საგადასახადო შეღავათების გაუქმების საფუძველზე საგადასახადო ბაზა გაფართოების პირობებში თვის პირველ კვირაში საგადასახადო ინსპექციის მიერ აკრეფილი საგადასახადო შემოსავალი 4,5 მილიონ ლარს შეადგენს. წლის დასაწყისიდან კი ბიუჯეტში ინსპექციის მიერ მობილიზებულია 30,5 მილიონი ლარი, რაც შეესაბამება ნავარაუდევ მაჩვენებელს და 15 მილიონი ლარით, ანუ თითქმის ორჯერ აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის დონეს.

შეღავათების გაუქმებამ ხელსაყრელი პირობები უნდა შეუქმნას საბაჟო დეპარტამენტს, რომლის ახალი ხელმძღვანელობის წინაშე მთელი სიმწვავით დგას საბაჟო ორგანოების მიერ წლის დასაწყისიდან დაშვებული ჩამორჩენის დაძლევისა და საგეგმო-საპროგნოზო პარამეტრებზე გასვლისა და გადაჭარბების რთული, მაგრამ სავსებით რეალური ამოცანები.

როგორც მოგეხსენებათ, მთავრობის სხდომაზე ჩვენ მივიღეთ პირადად ჩემთვის საკმაოდ მძიმე გადაწყვეტილება საბაჟოს ხელმძღვანელობის განახლების შესახებ.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, თუ 29 თებერვლისათვის ცენტრალური ბიუჯეტის შემოსავლის ანგარიშზე ჩარიცხულმა თანხამ თითქმის 18 მილიონი ლარი შეადგინა, 7 მარტისათვის ეს მაჩვენებელი 21,5 მილიონ ლარამდე, ანუ 20 პროცენტით გაიზარდა. ესე იგი, აქ სწორედ ის მექანიზმები, ის შესაძლებლობანი მოქმედებდა, რომელთა შესახებაც ზემოთ ვილაპარაკე. მათ შორის, გრანტებით მიღებული შემოსავლის თანხამ თითქმის 8 მილიონ ლარს მიაღწია, ანუ ზრდამ 10-მდე პროცენტი შეადგინა.

ფინანსთა სამინისტროს შეფასებით, ასეთი ტემპი იმედს იძლევა, რომ მარტის მოსალოდნელი შესრულების გათვალისწინებით, პირველი კვარტალის გეგმა მთლიანობაში შესრულდება.

მთავრობის სხდომაზე, ასევე ფართო მსჯელობის საგნად იქცა ცალკეული რეგიონების, ქალაქების, რაიონების ხელმძღვანელთა მუშაობა მოხმარებული ელექტროენერგიის დავალიანების დაფარვის მიზნით პრეზიდენტის ცნობილი ბრძანებულების დავალებათა შესრულების უზრუნველსაყოფად. მართალია, გაწეული მუშაობის შედეგად, „საქენერგოს“ ცნობით, ვითარება აშკარად სასიკეთოდ შეიცვალა (თებერვალში ამოღებულია რეალიზებული ელექტროენერგიის ღირებულების 45 პროცენტი. ასეთი რამ არ მომხდარა მთელი ამ ხუთი წლის განმავლობაში), მაგრამ მდგომარეობა ჯერ ისევ მძიმეა და საქენერგოსადმი დებიტორული დავალიანება 7 მარტისათვის 115 მილიონ ლარს აღემატება. და ეს მაშინ, როცა მარტში სისტემისათვის საჭირო ბუნებრივი გაზის საიმპორტო ღირებულება 3,5 მილიონი დოლარია. მართალია, ამ თანხის ნაწილი უკვე გადახდილია, მაგრამ უახლოეს პერიოდში დასაფარავია დარჩენილი ნაწილიც. ამიტომ მაქსიმალურად უნდა დაჩქარდეს მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დროული და სრული ანაზღაურების ღონისძიებათა განხორციელება.

გამორიცხული არ არის, რომ მოსკოვში ჩემი ყოფნის დროს მოვილაპარაკებთ იმის შესახებ, რომ რუსეთიდან მივიღოთ ელექტროენერგია, რომლის საფასური უნდა გადავიხადოთ. თუ გადახდის პრობლემა მოგვარდება, მაშინ, ალბათ, უკვე მიმდინარე წლის ზაფხულიდან და შემდეგ მომავალ სეზონშიც გვექნება დამატებითი რესურსი იმისათვის, რომ ელექტროენერგიის კრიზისი ასეთი მასშტაბით აღარ განმეორდეს.

- შეიძლება ითქვას, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებისათვის ყველაზე მთავარი და მტკივნეული პრობლემა უმთავრესად სეპარატიზმის ნიადაგზე აღმოცენებული კონფლიქტებია. თბილისში ხელი მოაწერეთ დეკლარაციას კავკასიის რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და თანამშრომლობის შესახებ, ანუ დეკლარაციას „მშვიდობიანი კავკასიისათვის“, როგორც მას უკვე უწოდეს. სავარაუდოა, რომ თბილისის დოკუმენტი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ამ თვალსაზრისით. რატომ დაგვიანდა ასეთი დოკუმენტების მიღება? გასაგებია, რომ კასპიის ნავთობთან დაკავებულ პროექტს დროც სჭირდებოდა, მაგრამ ორმხრივი ინტერესი აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ყოველთვის არსებობდა. თქვენი ჩამობრძანების დღიდანვე დაიწყო ინტენსიური მოძრაობა ამ ქვეყნისაკენ, და მაინც, მხოლოდ ახლა მოვაწერეთ ხელი დიდ ხელშეკრულებას აზერბაიჯანთან, მაშინ როცა ასეთი ხელშეკრულებები არსებობს თურქეთთან, ირანთან, რუსეთთან, უკრაინასთან, საფრანგეთთან... რამ გამოიწვია ეს? რატომ დაგვიანდა უახლოეს მეზობელთან თუნდაც ამ ხელშეკრულების გაფორმება?

- ჩვენ მცდელობა არ დაგვიკლია. გახსოვთ, ალბათ, ჩემი ვიზიტი ამ ორი წლინახევრის - სამი წლის წინათ ბაქოში, გარკვეულ ხელშეკრულებებს ხელი მოვაწერეთ, მაგრამ აზერბაიჯანთან ურთიერთობის ხარისხი, დღეს უკვე შეიძლება ასე ითქვას - დონე, რომელსაც ახლა მივაღწიეთ, უნდა შექმნილიყო. ორი ქვეყანა უნდა მომზადებულიყო ასეთი დონისათვის.

რაც შეეხება თბილისის დეკლარაციას, მთელი მისი ღირსება და მნიშვნელობა ის არის, რომ ეს ინიციატივები მაშინ წამოვაყენეთ, როცა ამისათვის ნიადაგი მომწიფდა, როცა მთელი კავკასია, მისი სახელმწიფოები და ხალხები მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა. კავკასია აღარ არის მარტო ერთ ან სახელმწიფოთა რაღაც ცალკეული დაჯგუფების ინტერესების საგანი, დღეს ჩვენი რეგიონი მსოფლიოს სახელმწიფოთა მხედველობისარეშია და მშვიდობიანი კავკასია ყველა მათგანის ეროვნულ თუ გლობალურ ინტერესებს შეესაბამება.

დეკლარაციის ღირსება ის არის, რომ ჩვენი პლანეტის ამ ურთულეს რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფისა და მშვიდობიანი კავკასიისათვის ბრძოლაში თვით კავკასიის ფაქტორი ამოქმედდება. აქ მცხოვრებ ხალხებს მეზობლობის, მეგობრობისა და, თუ გნებავთ, ნათესაობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები გვაქვს. რატომ არ უნდა გავიხსენოთ და ავამოქმედოთ ის, რაც, როგორც წინაპართა სიბრძნე, მემკვიდრეობით მიგვიღია? ამ დეკლარაციამ, ასე ვიტყოდი, შეიძლება ისტორიული მნიშვნელობა მოიპოვოს რეგიონის თვალსაზრისით და უფრო ფართო მასშტაბითაც.

კავკასიაში ბევრი ფიქრობს ისე, როგორც ეს დეკლარაციაშია ჩამოყალიბებული. კარგა ხნის წინათ კავკასიური დიალოგის იდეა აღსარბეკ გალაზოვმა წამოაყენა. მან კიდევ გაიმეორა თავის მოსაზრებანი ამასთან დაკავშირებით და გარკვეული მექანიზმიც შემოგვთავაზა.

დარწმუნებული ვარ, რომ მოსკოვში ბატონ ბორის ელცინთან ჩემი შეხვედრა ბევრის მთქმელი იქნება მშვიდობიანი კავკასიის მშენებლობის საქმეში. როგორც იცით, ასეთი პრინციპული შეთანხმება მიღწეული არის. რუსეთის წამყვანი როლის გარეშე ლაპარაკი მშვიდობიან კავკასიაზე, რა თქმა უნდა, გამორიცხულია.

ძალიან ბევრს მოველი სომხეთის პრეზიდენტის ბატონ ლევონ ტერ-პეტროსიანის ვიზიტისგან, რომელზეც პრინციპულ შეთანხმებას მოსკოვში მივაღწიეთ 18 იანვარს გამართული შეხვედრის დროს.

აპრილის პირველ დეკადაში დაგეგმილია ჩემი ვიზიტი თურქეთში. ბუნებრივია, „მშვიდობიანი კავკასია“ ჩვენი დიალოგის ძირითადი თემა იქნება. დანიშნულია სხვა ღონისძიებანიც, რომელთა გამოცხადება იქნებ ნაადრევი იყოს.

როცა მე კავკასიაში მრავალ სახელმწიფოს სტრატეგიულ ინტერესებზე ვლაპარაკობ, რა თქმა უნდა, მხედველობაში მაქვს აგრეთვე ევრაზიის დერეფანიც, რომელიც უკვე მოწოდება ან კეთილი სურვილი კი აღარ არის, არამედ რეალური პროექტი გახლავთ, რომელიც შესაბამისად ფინანსდება კიდეც, გარკვეულწილად ფუნქციონირებს და რომლის უმნიშვნელოვანესი არტერიაც სწორედ კასპიის ნავთობსადენია. შემდეგ იქნება გაზსადენები, ავტო და სარკინიგზო მაგისტრალები, საჰაერო მარშრუტები და სხვა მრავალი, რომლებიც დაკავშირებული იქნება ისტორიულ „აბრეშუმის გზასთან“. ასე რომ, ყველაფერი ეს უკვე მოქმედებს და ყველაფერი ძალაში შედის.

„დღეს ჩვენი რეგიონი მსოფლიოს სახელმწიფოთა მხედველობის არეშია და მშვიდობიანი კავკასია ყველა მათგანის ეროვნულ თუ გლობალურ ინტერესებს შეესაბამება“ / რადიოინტერვიუ ; [ჩაიწერა]ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 12 მარტი. - 44 (2157). - 1,2 გვ.

32 „ვერავითარი ძალა ვერ შეაჩერებს ჩვენი ხალხის სწრაფვას ააშენოს თავისუფალი, ძლიერი, დემოკრატიული სახელმწიფო“

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 18 მარტის რადიოინტერვიუ

- განვლილი ეკონომიკური კვირის მნიშვნელოვანი მომენტებიდან საყურადღებო იყო თქვენი შეხვედრა ნავთობის საერთაშორისო საოპერაციო კონსორციუმის ხელმძღვანელთან ტერი ადამსთან. გასულ კვირას, თქვენ აგრეთვე, შეხვდით ევროკავშირის ელჩს საქართველოში დენის ქორბოის და ევრაზიის დერეფნის ერთ-ერთი პროექტის ავტორს დანიელ სტრობანსს. ფაქტობრივად, ევრაზიის დერეფნის იდეა ხორცს ისხამს, და, კიდეც ერთი თემა: ორ დღეში საქართველოს ეწვევა თურქმენეთის პრეზიდენტი საფარმურატ ნიაზოვი. თქვენ რამდენიმეჯერ ბრძანდებოდით თურქმენეთში, საქართველოში ახსოვთ ის დიდი დახმარება, თურქმენეთმა რომ გაუწია ჩვენს ქვეყანას. რას უნდა ველოდეთ კონკრეტულად ამ ვიზიტისაგან და ხომ არ შეიძლება, ისიც ევრაზიის დერეფნის ერთერთ აუცილებელ შემადგენელ ნაწილად მივიჩნიოთ? - ჟურნალისტ ნატო ონიანის ამ შეკითხვის პასუხად, საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ თავის ტრადიციულ რადიოინტერვიუში განაცხადა:

- საქართველოს ჩვეულებრივ ყოველდღიურობად იქცა შეხვედრები და მოლაპარაკება საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობის პრობლემებზე, რომლებიც მსოფლიო სამეურნეო კავშირებში ჩვენი ქვეყნის ინტეგრირების ინტენსიურ პროცესებს ასახავს. ამ თვალსაზრისით, აღსანიშნავია, განვლილი კვირის დამდეგს ნავთობის საერთაშორისო საოპერაციო კონსორციუმის პრეზიდენტის ბატონ ტერი ადამსისა და საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრისას, ეგრეთ წოდებული დასავლეთის მიმართულების ნავთობსადენის თაობაზე ხელმოწერილ შეთანხმებათა რეალიზაციის პირველი ეტაპის პრიორიტეტული ამოცანების განხილვა. ეს ამოცანები გულისხმობს საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი ნავთობსადენის, სარკინიგზო და საავტომობილო მაგისტრალების რეკონსტრუქცია-კეთილმოწყობას, ტერმინალების საერთაშორისო სტანდარტების დონეზე მშენებლობას და სხვა სამუშაოებს. პროექტის განხორციელებას დიდი ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს არა მარტო ნავთობის გადაზიდვის შედეგად შემოსავლის მიღების, არამედ ეკონომიკის მრავალი სექტორის გამოცოცხლების შესაძლებლობათა გამოყენების თვალსაზრისითაც, გაიზრდება სატრანზიტო ტვირთზიდვის მოცულობა, ქვეყნის მრავალი სამშენებლო თუ სხვა ორგანიზაცია მიიღებს შეკვეთას, შეიქმნება სამუშაო ადგილები. ამასთანავე, ეს საკითხი თავისი მნიშვნელობით მარტო საქართველოს ინტერესებით არ შემოიფარგლება. მსოფლიოს მრავალი ქვეყნის, მათ შორის რუსეთის, თურქეთის, დასავლეთის ქეყნების ფირმები და ორგანიზაციები დაინტერესებული არიან ამ საქმით. ეს დაადასტურა 15 მარტს ევროკავშირის სატრანსპორტო დერეფნის კომისიის თავმჯდომარესთან ბატონ დანიელ სტრობანსთან და მასთან ერთად, ბატონ ქორბოისთან შეხვედრამ, რომელიც ძალიან საინტერესოდ წარიმართა. ევროკავშირი და მსოფლიო ბანკი გვაძლევენ კრედიტს სარკინიგზო და საავტომობილო მაგისტრალების რეკონსტრუქციისათვის. ჩვენმა მოსახლეობამ კარგად იცის, თუ რა მდგომარეობაშია დღეს ჩვენი ავტომაგისტრალები და რკინიგზა. ასეთი მძლავრი მსოფლიო საფინანსო ცენტრების ჩართვას საქმეში, რა თქმა უნდა, საარსებო მნიშვნელობა აქვს. ჩვენი დასავლელი პარტნიორები უკვე ხედავენ, რომ საქართველო სატრანზიტო ქვეყანა უნდა გახდეს.

საარსებო მნიშვნელობის პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებთან ერთად საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის სატრანზიტო შესაძლებლობათა გამოყენების საკითხი ერთ-ერთი წამყვანი თემა იქნება ამ კვირაში დაგეგმილი ისეთი უმნიშვნელოვანესი ვიზიტების დროს, როგორიც არის, მაგალითად, თურქმენეთის პრეზიდენტის, ბატონ ნიაზოვის ჩამოსვლა საქართველოში. ცნობილია, რომ პრეზიდენტი ნიაზოვი თითქმის შეუძლებელს აკეთებს საქართველოს მხარდასაჭერად. ვფიქრობ, ამჯერადაც მასთან შეხვედრა სწორედ ამ მხარდაჭერის აშკარა დემონსტრირება იქნება.

ასევე უაღრესად მნიშვნელოვანია ჩემი შეხვედრები რუსეთის პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და სხვა ხელმძღვანელებთან, რომლებთანაც მოლაპარაკებისას ეკონომიკურ პრობლემებს შორის ცენტრალურ ადგილს, ცხადია, საქართველოს ვალების რესტრუქტურიზაციის საკითხი დაიკავებს. საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, რუსეთისა და თურქმენეთის ხელმძღვანელების კეთილი განწყობა იმედს იძლევა, რომ ამ თემაზე მოლაპარაკება წარმატებით დამთავრდეს. ეს კი ჩვენი ეკონომიკური პროგრამების თანმიმდევრული რეალიზაციის მეტად არსებითი პირობაა.

მინდა რამდენიმე სიტყვით შევეხო ზოგიერთ ეკონომიკურ და ფინანსურ პრობლემას. ცხადია, მთავარი და გადამწყვეტი ქვეყნის ეკონომიკის ეფექტიანი ფუნქციონირებაა. ამ თვალსაზრისით კი უმთავრეს ინდიკატორად ფინანსური სტაბილიზაციის უზრუნველყოფა რჩება. ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას ამ მხრივ უწინარესად ვალუტის კურსის სტაბილურობით აფასებენ. საქართველოს მიღწევები ამ სფეროში ეჭვს არ იწვევს. ეროვნული ვალუტის - ლარის კურსის საიმედოობა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა და ამ ბოლო ხანებში მას რაიმე სერიოზული ცვლილება არ განუცდია.

წლევანდელ ეკონომიკურ გეგმებში წამყვანი ადგილი სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებას უკავია. ცალკეული ობიექტური თუ სუბიექტური ფაქტორის გამო წლის დასაწყისის შედეგები არცთუ ისე მაღალი იყო. მართალია, უკანასკნელ ორ კვირაში ერთგვარი დადებითი ძვრები შეიმჩნევა, მაგრამ საიმედო ტემპი ჯერ კიდევ არ არის მიღწეული.

აგადასახადო ინსპექციის წინასწარი მონაცემებით, წლის დასაწყისიდან აკრეფილმა საგადასახადო შემოსავალმა 35 მილიონი ლარი შეადგინა, რაც თითქმის ორჯერ აღემატება შარშანდელ ორთვე-ნახევარში მიღწეულ დონეს. უკეთესობის ნიშნები ჩნდება საბაჟო დეპარტამენტის მონაცემებშიც. მარტის პირველ ნახევარში საბაჟოდან მიღებული შემოსავალი თითქმის 2 მილიონ ლარს აღწევს და ამ თვის დავალებაც უკვე 70 პროცენტით არის შესრულებული. ამავე დროს, ყოველმხრივ უნდა გაძლიერდეს და მეტი ყურადღება დაეთმოს წარმოების გამოცოცხლების ტემპის დაჩქარებას. დაზუსტებული მონაცემებით, მრეწველობის საქმიანობის მაჩვენებლები იანვარ-თებერვალში უფრო მაღალი აღმოჩნდა, ვიდრე წინასწარი შეფასებით იყო გათვალისწინებული. კერძოდ, წარმოების მატებამ თითქმის 11,5 პროცენტი შეადგინა. ასეთივე ტემპით გაიზარდა სამომხმარებლო საქონლის გამოშვება. აქედან მსუბუქი მრეწველობის წარმოების მატებამ 21 პროცენტს გადააჭარბა, რაც განსაკუთრებით სასიხარულო და მისასალმებელია. წინასწარი მონაცემებით, უკეთესი შედეგებია მშენებლობაში, ვაჭრობაში, საყოფაცხოვრებო მომსახურებასა და ზოგიერთ სხვა დარგში.

ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, წინა პერიოდთან შედარებით მარტის პირველ დეკადაში მეტი პროდუქციაა წარმოებული ჰოლდინგ „საქმეტალურგიის“ საწარმოებში. მზარდი მაჩვენებლები აქვს ქუთაისის მრეწველობას, პოზიტიური ძვრები მოხდა მარნეულში, ქარელში, მარტვილსა და სხვა რაიონებში, რომლებსაც, ცხადია, სხვა ქალაქებმა და რაიონებმაც უნდა აუბან მხარი.

სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ცნობით, 12 მარტისათვის საგაზაფხულო კულტურებისათვის მოხნულია 97 ათასი ჰექტარი, თავიანთი კულტურების დასათესად გამოყოფილია 450 ტონა თესლი, საკმარისია ბოსტნეულის, ბაღჩეულობისა და სიმინდის თესლის რაოდენობაც. 19 რაიონში გაიხსნა სასუქებისა და შხამქიმიკატების სარეალიზაციო მაღაზიები. ამავე დროს გასაკეთებელიც ძალიან ბევრია. სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების გაცხარებული სეზონია და იმაზე, თუ როგორ გავართმევთ თავს ამოცანებს, დიდად იქნება დამოკიდებული ჩვენი ხალხის კეთილდღეობა. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ამ ამოცანებს ჩვენი მოსახლეობა წარმატებით გაართმევს თავს.

- განვლილ კვირაში საქართველოს ეწვია ჩრდილოეთ ოსეთის პრეზიდენტი ახსარბეკ გალაზოვი. ერთია შეხვედრა ოფიციალურ პირებს შორის, მაგრამ, როცა სტადიონზე შეკრებილი ათასობით ადამიანის თვალწინ ქართველი და ოსი პოლიტიკოსები თუ სპორტსმენები ერთმანეთის მიმართ კეთილ დამოკიდებულებას იჩენენ და ხალხი ამას აბსოლუტურად ნორმალურად და ადეკვატურად აღიქვამს, ეს, ალბათ, უკვე აღარ არის მარტოოდენ ეტიკეტი და შეიძლება კონფლიქტებისა და, საერთოდ, სეპარატიზმის წინააღმდეგ მიმართულ ერთგვარ აქციადაც მივიჩნიოთ, რომელშიც კონფლიქტის ორივე მხარე მონაწილეობდა. გალაზოვთან პირისპირ შეხვედრისას განიხილებოდა კავკასიური დიალოგის იდეა და „მშვიდობიანი კავკასიისათვის“ ინიციატივა...

- პრეზიდენტ გალაზოვის სტუმრობა, ქართულ-ოსური სპორტის დღესასწაული თავისთავად უნიკლაური მოვლენაა და იმ პოტენციალზე მიგვანიშნებს, რომელიც კავკასიის, კერძოდ კი, ქართველთა და ოსთა მეგობრობის მრავალსაუკუნოვან ტრადიციებშია ჩადებული. ჩვენი საუბარი „მშვიდობიანი კავკასიის“, კავკასიური დიალოგის შესახებ უაღრესად საინტერესო და შედეგიანი იყო. იგი იმავე კონტექსტით მიმდინარეობდა, როგორითაც მოლაპარაკება პრეზიდენტ ალიევთან. ახსარბეკ გალაზოვის მოსაზრებანი ძალიან ღრმად შეისწავლეს და ყოველმხრივ ვუჭერ მხარს. ჩემი აზრით ამ დიალოგს უდიდესი მომავალი აქვს.

- ალბათ, შეიძლება ითქვას, რომ გადაწყვეტის უფრო რთულ ეტაპზეა ქართულ-აფხაზური კონფლიქტი. 19 აპრილს წყდება რუსეთის სამშვიდობო ძალების მანდატის მოქმედება კონფლიქტის ზონაში. დღეს იწყება თქვენი ოფიციალური ვიზიტი მოსკოვში. ვიზიტის უმთავრესი თემა, ალბათ, სწორედ ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტები იქნება...

- ბევრი მეკითხება, რას უნდა ველოდეთ ამ ვიზიტისაგან. მე ასე ვუპასუხებდი: მოლოდინი, ალბათ, იმაზე მეტი არ უნდა იყოს, ვიდრე შესაძლებელია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის დღევანდელ ეტაპზე, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ არც რუსეთია დალხინებული. ეს დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტის პირველი ვიზიტია რუსეთში. ვფიქრობ, ორი ქვეყნის მრავალსაუკუნოვან წინააღმდეგობრივ ურთიერთობათა ფონზე, თავისთავად ეს ფაქტიც ბევრს ნიშნავს და ბევრ რამეზე მეტყველებს. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ საქართველოს რეალური დამოუკიდებლობა თვით რუსეთის მიერ მოპოვებული სუვერენიტეტის ფონზე გახდა შესაძლებელი. დღეს საქმე გვაქვს ახალ რუსეთთან, ახალ საქართველოსთან. ტკივილებიც, როგორც იტყვიან, თანაბარი გვაქვს და ბევრი საარსებო ინტერესებიც ერთმანეთს ემთხვევა. ასე რომ, ვიზიტი ყველა შემთხვევაში, თუ ეს გადაჭარბებული არ არის, ისტორიული იქნება, თუნდაც იმიტომ, რომ იგი პირველი ოფიციალური ვიზიტია.

მადლობელი ვარ ბატონ ბორის ელცინისა, რომლის ინიციატივითაც ეწყობა ეს შეხვედრა, რუსულ-ქართული დიალოგის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი იქნება კავკასიის პრობლემებზე ყურადღების კონცენტრირება და, რაღა თქმა უნდა, აფახაზეთისა და ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების პერსპექტივები. როგორი იქნება შედეგები, რას მივაღწევთ კონკრეტულად, ამას, ალბათ, დაბრუნების შემდეგ მოგახსენებთ.

- ვიზიტი, ალბათ, მით უფრო საინტერესო იქნება იმ ფონზე, რაც დღეს რუსეთში და რუსეთის გარშემო ხდება. გასულ კვირაში, 15 მარტს, რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ რაღაც გაუგებარი გადაწყვეტილება მიიღო - ბელოვეჟის 1991 წლის 12 დეკემბრის შეთანხმების დენონსაციის შესახებ. მართალია, ამ გადაწყვეტილებას კანონის ძალა არა აქვს, მაგრამ თავისთავად ფაქტი, უთუოდ, დამაფიქრებელია, როგორც ტენდენცია თანამედროვე რუსული პოლიტიკის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილისა...

- ჩემი მოკლე კომენტარი ამ თემაზე რადიომსმენელებმა, ალბათ, უკვე მოისმინეს. იმის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რა რეაქცია მოჰყვა მთელ მსოფლიოში სათათბიროს მიერ მიღებულ ამ გადაწყვეტილებას, განსაკუთრებით კი თანამეგობრობის ქვეყნების ლიდერების, მათ შორის ჩვენი უახლოესი ორი მეზობლის - სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის პრინციპულ შეფასებებს, შეიძლება დავასკვნათ: კომუნისტებმა ყველაზე დიდი ზიანი საკუთარ ინტერესებს მიაყენეს იქამდე, რომ ასეთი პლატფორმით საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებაც კი (თეორიულადაც რომ წარმოვიდგინოთ) მათი საბოლოო დამარცხების ტოლფასი იქნება. ამ ფონზე კიდევ უფრო ნათლად გამოიკვეთა პრეზიდენტ ელცინის ფიგურა. მას ძალუძს წინ აღუდგეს ძალებს, რომლებიც დამოუკიდებელ სახელმწიფოებს, უწინარესად რუსეთს, ტოტალიტარული სისტემისაკენ მიაქანებენ.

რაც შეეხება საქართველოს, მთელი საზოგადოება, მისი პარლამენტი, ხელისუფლება აღშფოთებული და შეძრწუნებული არიან იმის გამო, რაც მოხდა. ამოცანა ის არის, რომ ვიყოთ ფხიზლად, გავაათკეცოთ ძალა და ენერგია ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის განსამტკიცებლად, ხალხის კეთილდღეობის დონის ასამაღლებლად. ჩვენ უამრავი მეგობარი შევიძინეთ მთელ პლანეტაზე, მილიონობით გულწრფელი გულშემატკივარი გვყავს რუსეთში, თანამეგობრობის ქვეყნებში და ვერავითარი ძალა ვერ შეაჩერებს ჩვენი ხალხის სწრაფვას ააშენოს თავისუფალი, ძლიერი, დემოკრატიული სახელმწიფო. ალბათ, კანონზომიერია, რომ, მაგალითად, მოქალაქეთა კავშირის სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და პარტიებთან ერთად, აპირებს განსაკუთრებით აღნიშნოს 31 მარტი - საქართველოში რეფერენდუმის გამართვის თარიღი, ასევე სპეციალურ ღონისძიებებს გეგმავს საქართველოს პარლამენტი. ასეთია საქართველოს რეაქცია ზემოაღნიშნულ საკითხებზე.

„ვერავითარი ძალა ვერ შეაჩერებს ჩვენი ხალხის სწრაფვას ააშენოს თავისუფალი, ძლიერი, დემოკრატიული სახელმწიფო“ : შევარდნაძე ედუარდ ; [ჩაიწერა]ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 19 მარტი. - 50 (2163). - 1 გვ.

33 საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა კრემლში ოფიციალური ვიზიტის აღსანიშნავ საზეიმო დარბაზობაზე

▲ზევით დაბრუნება


დიდად პატივცემულო ბორის ნიკოლოზის ძევ,
ძვირფასო მეგობრებო,

სულ ორი წელი გვაშორებს იმ ღირსსახსოვარ დღეს, როცა საქართველო მასპინძლობდა რუსეთის ფედერაციის საპატიო დელეგაციას დიდად პატივცემული ბორის ნიკოლოზის ძეელცინის მეთაურობით.

ამ ხნის მანძილზე იყო ზოგი რამ, რაც გვინდოდა დაგვევიწყებინა და ისტორიული არქივისათვის ჩაგვებარებინა. მაგრამ ბევრი რამ უნდა შევინარჩუნოთ, რათა წვითა და დაგვით მოპოვებული შენაძენი განავითარონ და განამტკიცონ მომავალმა თაობებმა.

ჩვენი ხელმოწერით განმტკიცებულ დოკუმენტს მეგობრობის, კეთილმეზობლობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულება ვუწოდეთ. ჩვენ არ გვიძებნია ახალი სიტყვები რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის ახალი ფურცლების დასასათაურებლად. მეგობრობა და კეთილმეზობლობა იყო ოდითგანვე ჩვენი ხალხების ურთიერთობის თანამგზავრი, რომლებსაც სასიცოცხლო ძალას მატებდა სულიერი ნათესაობის ფესვმაგარი სისტემა და, მიუხედავად ზოგჯერ წარმოქმნილი დაბრკოლებებისა, წმიდათა წმიდა ტრადიციების ხსოვნა ყოველთვის გაათბობს ჩვენს გულს.

ასევე საუკუნეთა სიღრმიდან, ჯერ კიდე მეთორმეტე საუკუნიდან იღებს სათავეს რუსეთ-საქართველოს ოფიციალური ურთიერთობის ისტორიაც. მაგრამ, მოსკოვში ეს ჩვენი ჩამოსვლა განსაკუთრებულია - დამოუკიდებელი, სუვერენული, დემოკრატიული საქართველოს მეთაური პირველად ჩამოდის ოფიციალურ სახელმწიფო ვიზიტად დამოუკიდებელ, სუვერენულ, დემოკრატიულ რუსეთში. რუსეთში, რომელსაც ჩვენ ვენდობით, რუსეთში, რომელთან მეგობრობითაც ვამაყობთ.

ურთიერთნდობა ჩვენი უდიდესი კაპიტალია. ჩვენი ურთიერთობის უკანასკნელმა რამდენიმე წელმა მხოლოდ დაადასტურა ის, რომ ჭეშმარიტი მეგობრობა ჭეშმარიტ ნდობას ეფუძნება. ამ წლებმა დაადასტურა, რომ ხიშტი არ არის საუკეთესო საყრდენი, რომელზეც შეიძლება აშენდეს ხალხთა ურთიერთობა. და პირველი, ვინც ეს გაიცნობიერა, იყო დიდი რუსეთი, რომელიც სამუდამოდ განთავისუფლდა იდეოლოგიური დოგმებისა და იმპერიული ამბიციების ტყვეობისაგან. მე არაერთხელ განმიცხადებია და კვლავ გავიმეორებ: თავისუფალი რუსეთი რომ არა, არ იქნებოდა ყოფილი საბჭოთა კავშირის ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოები.

ნოსტალგია წარსულის გამო, რომელიც მძიმედ გადაიტანეს და უარყვეს თავად ხალხებმა, არა მარტო გულუბრყვილობაა, დამღუპველიც არის. ბოლო ხანს სულ უფრო დაბეჯითებით გვსაყვედურობენ საბჭოთა სახელმწიფოს დაშლას. ჩვენ ვალდებული ვიყავით გვებრძოლა მისთვის, რადაც უნდა დაგვჯდომოდა.

გვიჯდებოდა კი ეს წარმოუდგენელ ფასად - სამოქალაქო ომის გიგანტურ ხანძრად, რომლის კერები უკვე ჩნდებოდა ყველგან - კავკასიაში, ბალტიისპირეთში, შუა აზიაში, ყაზახეთში, რუსეთის მთელ რიგ რაიონებში. და დარწმუნებული არა ვარ, რომ დედამიწის ერთ მეექვსედზე გამოღებული ეს ხანძარი არ გასცდებოდა ამ გეოგრაფიულ ფარგლებს. ბელოვეჟის შეთანხმებებმა არსებითად, მარტოოდენ ჩვენი ხალხები როდი იხსნა იუგოსლავიის სავალალო ვარიანტით მოვლენათა განვითარებისაგან. ვადა დააკავებდა ხალხებს ხიშტებითა და ტყუილებით. არაერთგზის დაღვრილი სისხლი საქვეყნოდ ღაღადებდა ამას.

ვინ, თუ არა ჩემმა მრავალტანჯულმა სამშობლომ, იცის ამ სისხლის ფასი. თუ ამ დარბაზში გვაქვს რაიმე სათქმელი, ეს არის ბორის ნიკოლოზის ძე ელცინის ჩამოსვლა 1989 წელს. იქნებ, ზოგიერთ აქ დამსწრე ჩვენს რუს მეგობარს არ ახსოვს, მაგრამ ჩვენ ვერასოდეს დავივიწყებთ, რომ თქვენ, ბორის ნიკოლოზის ძევ, ჯერ კიდევ სსრ კავშირის უზენაესი საბჭოს დეპუტატი, ჩამობრძანდით თბილისში, რათა ქართველ ხალხთან ერთდ გაგეზიარებინათ 9 აპრილის მწუხარება და ტკივილი. უკვე მაშინ გაკეთდა არჩევანი. ზიგისათვის ეს იყო არჩევანი მესანგრის ნიჩბის სასარგებლოდ, ზოგისათვის კი დუმილი ან უუნარობა ელაპარაკა საკუთარ ხალხთან. ზოგისათვის - არჩევანი საღი აზრის, დემოკრატიისა და სამართლიანობის სასარგებლოდ. უკვე მაშინ საქართველოსათვის თქვენ განასახიერებდით დემოკრატიულ რუსეთს, ჰუმანისტურ რუსეთს, საკაცობრიო ღირებულებათა ერთგულ რუსეთს, რუსეთს რომელმაც შეიგნო, რომ ჯერ კიდევ მაშინ ერთიანი სახელმწიფოს ხალხთა შემდგომი ჰარმონიული თანაარსებობა შესაძლებელი იყო მხოლოდ პრინციპულად სხვა საფუძველზე.

ამასთან დაკავშირებით მინდა ვთქვა, რომ საბჭოთა კავშირის აღორძინების ნებისმიერ ცდებს ან თუნდაც ამაზე ლაპარაკს შეუძლია მხოლოდ მოსპოს ურთიერთნდობის ნორჩი ყლორტები და ძირი გამოუთხაროს დაწყებულ ინტეგრაციულ პროცესს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში. უფრო მეტიც, ეს შეიძლება გახდეს თანამეგობრობის დასასრულის დასაწყისი, რასაც სრულიად გაუთვალისწინებელი შედეგები შეიძლება მოჰყვეს ევრაზიის მთელ სივრცეში.

მაშინ, როცა თქვენ პირველ ოფიციალურ ვიზიტად ეწვიეთ საქართველოს როგორც რუსეთის პრეზიდენტი, ჩვენ ორივენი ვსაუბრობდით ჩვენი სახელმწიფოების სტრატეგიულ პარტნიორობაზე. დღეს ცხადზე უცხადესია, რომ ჩვენი სტრატეგიული ინტერესების დამთხვევის არეალი კავკასიაა - ჩვენი საერთო ტკივილი და ჩვენი საერთო მომავალი, დღეს კავკასიისაკენ, როგორც პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული წერტილისაკენ არის მოპყრობილი საყოველთაო ყურადღება. მაგრამ ესოდენ დიდი ინტერესის პირველი მიზეზი სრულიად არ გახლავთ ადგილობრივი შეიარაღებული კონფლიქტები. ისინი მეორეულია, თუმცა მავანისათვის ხელსაყრელია ადგილები შეუცვალოს მიზეზსა და შედეგს. კავკასიის უნიკალურობა დღეს ის არის, რომ მშვიდობიანი კავკასია ხელსაყრელია რეგიონის ყველა სახელმწიფოსათვის. ასეთი მიდგომა აისახა ჩვენს ახლანდელ მოლაპარაკებაშიც. ჩვენ მადლობელი ვართ, რომ გაგებით მოეკიდებიან სახელმწიფოთა თანამშრომლობის ჩვენეულ იდეას „მშვიდობიანი კავკასია“, რომელიც ღია იქნება ყველასათვის, ვისაც კავკასია ერთიან პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ სივრცედ წარმოუდგენია და ცნობს ყველა მოსაზღვრე სახელმწიფოს ფართო, მრავალპლანიანი და გრძელვადიანი თანამშრომლობის აქტუალურობას. საერთაშორისო ურთიერთობათა ეს თავისებური რეგიონული კოდექსი შეიძლება იმ ახალი ევროპული არქიტექტურის შენობის ერთ-ერთი ბურჯი გახდეს, რომელსაც ვაგებთ.

მაგრამ ვერავითარი წესრიგი ვერ დამყარდება კავკასიაში, თუ ტონის მიმცემი აგრესიული სეპარატიზმი იქნება. მხოლოდ მისი აღმოფხვრის შემდეგ გახდება შესაძლებელი ლაპარაკი სახელმწიფოთა შორის სტაბილურ და საფუძვლიან ურთიერთობაზე. საქართველოს გოჯი მიწაც არ არის არაქართული. სანამ არ აღდგება სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა, სანამ ეთნიკური წმენდის უკლებლივ ყველა მსხვერპლი არ დაუბრუნდება თავის კერას, საქართველოში, და მაშასადამე, რეგიონშიც ვერ დამყარდება დიდი ხნის ნანატრი მშვიდობა. საყოველთაოდ ცნობილია, რომ საქართველო სთავაზობს აფხაზეთის ფედერაციის სუბიექტის სტატუსს უფლებამოსილებათა და უფლებებით, რომლებიც შეესაბამება უმაღლეს მსოფლიო სტანდარტებს. აფხაზეთს ექნება თავისი კონსტიტუცია, პარლამენტი, გერბი, ჰიმნი, დროშა და სახელმწიფოებრიობის სხვა ატრიბუტები. ბორის ნიკოლოზის ძის მიერ წამოყენებული „დიდი კავკასიის“ იდეის, „მშვიდობიანი კავკასიის“ შესახებ ჩვენი ინიციატივისა და თბილისის დეკლარაციის პრინციპების განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ იმ პირობით, თუ მოგვარდება არსებული კონფლიქტები რუსეთის გადამწყვეტი მონაწილეობით. ჩვენ დიდად ვაფასებთ რუსეთის პრეზიდენტის პრინციპულ პოზიციას იმ საკითხში, რომ საჭიროა სწრაფად აღდგეს სამართლიანობა აფხაზეთის კონფლიქტისა და ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში, მოხდეს ადამიანთა უსაფრთხო დაბრუნება მუდმივ საცხოვრებელ ადგილებში, შეიქმნას მათთვის უსაფრთხოების გარანტიები. ჩვენმა საუბრებმა ერთხელ კიდევ დაადასტურა, რომ ორივე ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს შეესაბამება. ისე, რომ ვხედავდეთ ერთმანეთს განუყოფელს, დამოუკიდებელს, რომელთაც ძალუძთ იტვირთონ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტთა როლი.

ძვირფასო მეგობრებო, დღეს ჩვენ გრძელი გზის დასაწყისში ვართ, მაგრამ, დავადექით ამ გზას ერთად, მხარდამხარ, რაც ერთხელ კიდევ ვიგრძენი აქ, როცა ახლებურად აღვიქვი მოსკოვი შთაბეჭდილებებით აღსავსე, ამ ორ დღეში. კრემლის ამ დიდებულ დარბაზში, ბრწყინვალე წახნაგოვან პალატაში, სადაც გრძნობ რუსეთის ისტორიის მძლავრ სუნთქვას, მე ვხედავ მეგობართა სახეებს და ეს ფრთას ასხამს ჩემს იმედებს, განგვიმტკიცებს ჩვენი არჩევნის პერსპექტიულობის რწმენას.

თავს ნებას მივცემ ვთხოვო პატივცემულ ბორის ნიკოლოზის ძეს თამადის უფლება და ვადღეგრძელო ახალი რუსეთი, მისი პრეზიდენტი, ყველა რუსეთელი, სიმწრით რომ მოიპოვეს ამ მადლიან მიწაზე ბედნიერად ცხოვრების უფლება.

საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა კრემლში ოფიციალური ვიზიტის აღსანიშნავ საზეიმო დარბაზობაზე // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 21-22 მარტი. - 52-53 (2165-2166). - 1,2 გვ.

34 „საქართველო არის და დარჩება თავისუფალ, დამოუკიდებელ და დემოკრატიულ სახელმწიფოდ“

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 25 მარტის რადიოინტერვიუ

- გასული კვირის უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო 18-19 მარტს თქვენი პირველი ოფიციალური ვიზიტი მოსკოვში. თქვენ შეხვდით რუსეთის პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, ფედერაციული საბჭოს თავმჯდომარეს, მოსკოვის მერს, საგარეო საქმეთა მინისტრს. ხელი მოაწერეთ ერთობლივ დეკლარაციას და ჩვენთვის საჭირო და სიანტერესო მრავალი ეკონომიკური ხასიათის შეთანხმებას. განვლილ კვირასვე თბილისს ოფიციალურ ვიზიტად ეწვია თურქმენეთის პრეზიდენტი საფარმურატ ნიაზოვი. ხელმოწერილ იქნა ეკონომიკური ხასიათის შეთანხმებები, მათ შორის, ისევე როგორც რუსეთთან, აღსანიშნავია საქართველოს ვალების რესტრუქტურიზაციის საკითხი. გასულ კვირას გაიმართა აგრეთვე ეკონომიკური საბჭოს პირველი სხდომა, რომელიც განვლილი ეკონომიკური კვირის მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. და რადგან მოსკოვის ვიზიტი ვახსენეთ, ეკონომიკური თემის შემდეგ, საინტერესო იქნება თქვენი კომენტარი იმასთან დაკავშირებით, თუ რა პოლიტიკური ასპექტები ჰქონდა ამ ვიზიტს. ალბათ, უმთავრესი სწორედ ეს იყო. მოსკოვში ვიზიტის დროს მთავარი ყურადღება მიეპყრო კონფლიქტების თემას, განსაკუთრებით, აფხაზეთის კონფლიქტს. ბორის ელცინის გადაწყვეტილებას აფხაზეთში სანქციების რეალურად განხორციელებასთან დაკავშირებით სეპარატისტთა მკვეთრი რეაქცია მოჰყვა. გუშინ გადაიცა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ არძინბა შეხვდა სასაზღვრო ჯარების სარდალს ნიკოლაევს. როგორი იქნება თქვენი და ხელისუფლების რეაქცია, თუ იგი მაინც თბილისში გრაჩოვის ვიზიტის შედეგებს დაელოდება? - ჟურნალისტ ნატო ონიანის ამ შეკითხვის პასუხად საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ თავის ტრადიციულ რადიოინტერვიუში განაცხადა:

- გასულ კვირას რუსეთის ფედერაციაში საქართველო პრეზიდენტის პირველ ოფიციალურ ვიზიტს, შეიძება ითქვას, საეტაპო მნიშვნელობა აქვს ორი მეგობარი ქვეყნის ურთიერთობის ისტორიაში. ვიზიტი, რომლის შედეგები, ბუნებრივია, ვრცლად გაშუქდა რუსეთისა და საქართველოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში, დიდად ნაყოფიერი იყო.

უწინარესად გამოვყოფდი ეკონომიკურ ასპექტს, ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარება-გაღრმავებას. ახლა სხვაგვარად მას ინტეგრაციულ პროცესებს უწოდებენ, ინტეგრაცია კი სხვა არაფერია, თუ არა ეკონომიკური თანამშრომლობა, ისევე, როგორც თანამშრომლობა სხვა დარგებში. ამაზე მეტყველებს თუნდაც მოსკოვში ხელმოწერილი დოკუმენტების ნუსხა. შეთანხმება 1996-1997 წლებში სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ გზას უხსნის საქართველოს ნაწარმს რუსეთის ბაზარზე და, ამავე დროს, შესაძლებლობას გვაძლევს მივიღოთ გარკვეული რაოდენობის საწვავი. უაღრესად მნიშვნელოვანია გარიგება 150 ათასი ტონა მარცვლეულის შემოტანის თაობაზე, თუ შეიქმნება და გაიცვლება შესაბამისი პროდუქცია. ჩვენი ქვეყნისათვის არსებითს საკითხებს აწესრიგებს შეთანხმება სავაჭრო ნაოსნობის შესახებ. ეკონომიკურ-პოლიტიკური ურთიერთობის განმტკიცებისათვის ფუძემდებელია კასპიის ენერგოშემცველების ტრანსპორტირებისას ერთხელ კიდევ უმაღლეს დონეზე დადასტურდეს ორივე ქვეყნის ინტერესების დაცვის აუცილებლობა და გაირკვეს, რომ არავითარი წინააღმდეგობა რუსეთსა და საქართველოს შორის პრაქტიკულად არ არსებობს. ეს დეკლარაციაშიც აღინიშნა.

საქართველოში ენერგეტიკული კრიზისის დაძლევის თვალსაზრისით ძნელია გადაჭარბებით შეფასდეს შეთანხმება სააქციო საზოგადოების „საქრუსეთენერგოს“ შექმნის თაობაზე, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ელექტროენერგიით მომარაგების სტაბილურობა ჩვენი საწარმოების მიერ ეკონომიკური პარტნიორობის ელემენტარული პირობების დაცვის შემთხვევაში. საქართველოში სტრუქტურული გარდაქმნებისა და ეკონომიკური პროგრამების რეალიზაციის დიდმნიშვნელოვანი პირობაა შეთანხმება იმის თაობაზე, რომ ერთი თვის ვადაში რუსეთთან ხელს მოვაწერთ დოკუმენტს საკმაოდ სოლიდური ვალის რესტრუქტურიზაციის შესახებ.

ეს, ასე ვთქვათ, ვიზიტის ძირითადი ეკონომიკური ასპექტებია. ვიმეორებ, განსაკუთრებით გამოვყოფდი იმ შეთანხმების მნიშვნელობას, რომელიც ენერგოშემცველების მოწოდებას შეეხება, მხოლოდ ერთი პირობით, რომ უნდა ვისწავლოთ მოხმარებული ელექტროენერგიისათვის საჭირო სახსრების წინასწარ გადახდა. თუ ამას შევძლებთ, მაშინ ყოველდღიურად 300-400 და უფრო მეტ მეგავატ ელექტროენერგიას მივიღებთ „კავკასიონის“ მეშვეობით. ეს არის ის მაღალი ძაბვის ხაზი, რომელიც კავკასიონზე გადმოდის და რომლის ბაზაზეც, ფაქტობრივად, შეიქმნა ეს ერთობლივი სააქციო საზოგადოება.

ეს ძალიან ზოგადად, რადგან უკვე ბევრი დაიწერა ვიზიტის პოლიტიკური ასპექტების შესახებ. აქედან ერთს გამოვყოფდი, გარდა დეკლარაციისა, რომელშიც აღნიშნულია ძირითადი მომენტები და ძირითადი დებულებები პრეზიდენტ ელცინთან შეხვედრისას შემუშავდა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის საბჭოს 19 იანვრის გადაწყვეტილების შესრულების მექანიზმი. დაიწყო ამ შეთანხმების რეალიზაციაც, თუმცა, გულახდილად თუ ვიტყვი, ბოლომდე არა ვარ დარწმუნებული, რომ პრეზიდენტის შეთანხმება თანამიმდევრულად შესრულდება. ამაზე მიუთითებს გენერალ ნიკოლაევის, ასე ვიტყოდი, ელვისებური გამგზავრება სოჭსა და სოხუმში. თუ პრეზიდენტების გადაწყვეტილება არ შესრულდა, ბუნებრივია, ჩვენი რეაქციაც ადეკვატური იქნება. მაშინ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება ჩვენი საზღვრების ერთობლივი დაცვის შესახებ ხელშეკრულების რატიფიცირების პრობლემა და ჩვენი ურთიერთობის სხვა მრავალი კომპონენტიც, ბუნებრივია, რამდენადმე გართულებულ პირობებში იქნება განხილული.

რაც შეეხება პრიმაკოვისა და გრაჩოვის ვიზიტს, ბუნებრივია, გარკვეულ შედეგებთან უდავოდ გვექნება საქმე, ხოლო, რამდენად შთამბეჭდავი იქნება ეს შედეგები, ამას უახლოესი დრო გვიჩვენებს. როგორც იცით, პრიმაკოვის პროგნოზები და მისი განცხადებები ამასთან დაკავშირებით საკმაოდ ოპტიმისტურია.

ვუბრუნდები ეკონომიკის თემას. რესტრუქტურიზებული ვალის თანხის თვალსაზრისით მეტად წონადია, ვიტყოდი, ყველაზე მნიშვნელოვანია თურქმენეთთან - ჩვენს უმსხვილეს კრედიტორთან შეთანხმება, რომელსაც ხელი მოეწერა თურქმენეთის პრეზიდენტ ნიაზოვის თბილისში ვიზიტის დროს, რომელიც მოსკოვის მოლაპარაკების მეორე დღეს გაიმართა. ამ მეგობარი ქვეყნის ლიდერთან შეხვედრისას გამოიკვეთა საქართველოს სატრანსპორტო და სატრანზიტო პოტენციალის ერთობლივი გამოყენების სერიოზული პერსპექტივა. ბატონ ნიაზოვს ვუთხარი, რომ ჩვენ მისი ქვეყანა მეგობრად მიგვაჩნია, რომელმაც მართლაცდა ფასდაუდებელი სამსახური გაგვიწია უმძიმეს წლებში და, როგორც იტყვიან, არ დაგვახჩო ვალებით და არ მოგვთხოვა გაზის მოხმარების დანახარჯების დაუყოვნებლივ გადახდა. ახლა მოიძებნა ისეთი ოპტიმალური გადაწყვეტილება, რომელიც საშუალებას მოგვცემს ფეხზე დავდგეთ და შემდეგ ნელ-ნელა ნაბიჯ-ნაბიჯ დავიწყოთ ამ ვალების დაბრუნება.

აქვე უნდა დავძინო, რომ ვიზიტმა საოცრად გულთბილ, მეგობრულ და საქმიან ვითარებაში ჩაიარა. მინდა რადიომსმენელმა გაითვალისწინოს ისიც, რომ თურქმენეთს უდიდესი მომავალი აქვს თავისი თითქმის ამოუწურავ ბუნებრივ სიმდიდრეთა გამო. თუ არ ვცდები, თურქმენეთის გაზისა და ნავთობის ერთობლივი მარაგი ლამის 30-33 პროცენტს შეადგენს მსოფლიო მასშტაბით (წარმოიდგინეთ, რა არის ეს შედარებით პატარა ქვეყნისათვის). თავად ნიაზოვმა თქვა, რომ ჯერ მხოლოდ თურქმენეთის ტერიტორიის მესამედია შესწავლილი.

ამ ინტენსიურმა საგარეო-ეკონომიკურმა ურთიერთობამ, მწვავე ენერგეტიკული პრობლემების მიუხედავად, უნდა შექმნას საქართველოს ეკონომიკის ფუნქციონირების რიტმის ნორმალიზების საფუძველი. ამისათვის აუცილებელია თანმიმდევრული და სისტემური მუშაობა პრეზიდენტის ეკონომიკური პროგრამის განუხრელი განხორციელებისათვის. ყველა უწყებას, ყველა სამინისტროს და ყველა რეგიონს შევახსენებ, რომ პრეზიდენტის პროგრამა აუცილებელი სამუშაო დოკუმენტია ყველა სახელმწიფო მოხელისათვის. ამ პროგრამის რეალიზაციის პროცესის ხელშეწყობის სერიოზული ინსტრუმენტი უნდა გახდეს საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საკონსულტაციო ეკონომიკური საბჭო, რომლის პირველი სხდომა შაბათს გაიმართა. ცხადია, ეს საბჭო არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს მთავრობის პარალელური თუ მადუბლირებელი ორგანო. მისი დანიშნულებაა პრეზიდენტს, რომელიც საბჭოს თავმჯდომარეა, მისცეს შესაძლებლობა გაეცნოს არა მარტო ოფიციალური სტრუქტურებისა და მთავრობის წევრების თვალსაზრისს, არამედ განსაჯოს კიდეც მეცნიერი ეკონომისტების, ბიზნესმენების, საქმიანი წრეების თვალსაზრისი, წინადადებანი და მოსაზრებანი უმწვავესი და ყველაზე აქტუალური სამეურნეო და სოციალური პრობლემების შესახებ.

პირველმა სხდომამ განამტკიცა იმედი, რომ საბჭო პრობლემური და ფუნდამენტური ეკონომიკური საკითხების გადაწყვეტის გზების ძიების სიცოცხლისუნარიანი და ქმედითი მექანიზმი გახდება. ამას ადასტურებს საფუძვლიანი განხილვის შედეგად მიღებული საბჭოს მუშაობის გეგმა, განსაკუთრებით, რეკომენდაციები, რომლებიც სხდომაზე შემუშავდა ისეთი აქტუალური პრობლემების გამო, როგორიც არის თავისუფალი სავაჭრო ზონების ჩამოყალიბებისათვის საკანონმდებლო ბაზის შექმნა და შესაბამისი პროექტის შეტანა პარლამენტში, ეროვნული ბანკის შესახებ კანონის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანა, მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობის 1996 წლის პროგრამა, ვაჭრობისა და მომსახურების სფეროში საკონტროლო-საკასო აპარატების დანერგვის დაჩქარება, პურ-პროდუქტების მრეწველობის სისტემის სრული რეორგანიზაცია. ამ უკანასკნელი პრობლემის შესახებ ამ დღეებში მიღებული იქნება პრეზიდენტის ბრძანებულება. შევეცდები, ეს იყოს უაღრესად კონკრეტული პროგრამა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ქვეყანაში პურის თავისუფალი ბაზრის ჩამოყალიბება. უწინარეს ყოვლისა, ამ საარსებო პროდუქტით მოსახლეობის უზრუნველყოფის არათუ დღევანდელი მდგომარეობის შენარჩუნება, არამედ ხელშესახები გაუმჯობესებაც.

დასავლეთის ჰუმანური დახმარება, რომელმაც ჩვენ სამი უმძიმესი წელიწადი გადაგვატანინა, უსასრულოდ ვერ გაგრძელდება. ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის შესაბამისი პროგრამები წლის პირველ ნახევარში იწურება. ეკონომიკის სტაბილიზაცია, ლარის კურსის განმტკიცება, პრივატიზაციის პროცესი ყველა პირობას ქმნის, რათა ჩამოვაყალიბოთ ქვეყნის პურით უზრუნველყოფის თანამედროვე ცივილიზებული სისტემა, უპირატესად, საკუთარ ფინანსურ შესაძლებლობებზე დაყრდნობით. ამ მიმართულებით სვლა კანონზომიერი და გარდაუვალია. ქვეყნის ბიუჯეტში გათვალისწინებულია პურის თავისუფალი ბაზრის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით მოსახლეობის სოციალური დაცვისათვის საჭირო სახსრები. ჩვენ ახლა გვაქვს მარცვლეულის სათანადო მარაგი, რათა გარდამავალი ეტაპი შედარებით უმტკივნეულოდ გავიაროთ და სწორედ ეს მარაგი უნდა გამოვიყენოთ რეორგანიზაციის ამ პროცესის დასაჩქარებლად.

მე უკვე ვთქვი ისიც, რომ ხორბლის შემოტანა განთავისუფლებულია ყოველგვარი საბაჟო გადასახადისაგან. არ გამოვრიცხავ, რომ იქნება სხვა შეღავათებიც. ასე რომ, პურის შემომტანი ბიზნესმენები დაინტერესდებიან ამ საქმიანობით და ეს მომგებიანი იქნება მათთვისაც და მოსახლეობისთვისაც. რა თქმა უნდა, ამას ყველაფერს მკაცრ მეთვალყურეობას გაუწევს სახელმწიფო.

ამ საეტაპო მნიშვნელობის რეფორმატორული ღონისძიების განხორციელება პასუხისმგებლობის დონის თვალსაზრისით ლარის შემოღებას უტოლდება. ამიტომ შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელსაც ხელმძღვანელობს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი ბაკურ გულუა. ამ კომისიაში შედიან მთავრობის წევრები, თითქმის ყველა მინისტრი, რომლებიც ამ სფეროსთან არიან დაკავშირებული. კომისიამ უნდა უზრუნველყოს პროცესის წარმართვა წინასწარ დასახული, საერთაშორისო დონეზე აპრობირებული გეგმის მიხედვით. აქვე მინდა ვთქვა ისიც, რომ პურპროდუქტების კორპორაციამ, საერთოდ მთელმა სისტემამ ძალიან დიდი მისია შეასრულა, მათ კეთილსინდისიერად იმუშავეს ძირითადად ყველა რთულ კრიზისულ სიტუაციებში და, დარწმუნებული ვარ, ისინი ამ რეორგანიზაციულ სისტემაშიც თავიანთ ადგილს იპოვნიან.

სამწუხაროდ, ჩვენს ეკონომიკურ ცხოვრებაში მარტო თავისთავად გასაგებ, გარდამავალი პერიოდის სირთულეებსა და პრობლემებს როდი ვაწყდებით. საკმაოდ მძიმე შედეგები მოჰყვა ძლიერ ქარიშხალს, რომელმაც ამას წინათ გადაუარა იმერეთსა და სამეგრელოს. შეიქმნა ზარალის დამდგენი და სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სახელმწიფო კომისია, რომელიც ადგილობრივ ორგანოებთან მჭიდრო კავშირით იმუშავებს. საბედნიეროდ, მსხვერპლი არ არის. თუმცა, მატერიალური და ფინანსური ზარალი ძალიან დიდია. ქარიშხალმა კიდევ უფრო დაამძიმა ენერგეტიკაში არსებული ისედაც რთული ვითარება, რის გამოც უნდა დაჩქარდეს ხელშეკრულებათა გაფორმება „საქრუსეთენერგოსთან“ ელექტროენერგიის მოწოდების საფასურის წინასწარი გადახდის პირობით, რაც საშუალებას მოგვცემს დავაჩქაროთ წარმოების გამოცოცხლების ტემპი და დავძლიოთ ამ ბოლო დღეებში გართულებული სიტუაცია.

საგადასახადო ინსპექციის ცნობით, წლის დამდეგიდან აკრეფილია და ცენტრალურ და ადგილობრივ ბიუჯეტებში ჩაირიცხა 38,5 მილიონი ლარი, საგადასახადო შემოსავალი. ეს 20 მილიონი ლარით, ანუ ორჯერ აღემატება შარშანდელ მაჩვენებელს. ამავე დროს, ინსპექციის ცნობით, ძნელად მიმდინარეობს შემოსავლის მობილიზება ცალკეულ რეგიონებში. საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა ქუთაისში (ალბათ, ქარიშხალმაც იმოქმედა), აქ სერიოზული ჩამორჩენაა, ასეთივე ვითარებაა რუსთავში და ზოგიერთ სხვა რეგიონში, რომლებსაც ახლა არ ჩამოვთვლი. ჩვენ ძალიან საფუძვლიანად შევაჯამებთ პირველი კვარტალის შედეგებს და ამაზე იქ ვილაპარაკებ.

საბაჟო დეპარტამენტის მიერ წლის დასაწყისიდან აკრეფილი 6 მილიონი ლარი. დეპარტამენტის შეფასებით, მარტის შემოსავლის სავარაუდო ოდენობა 4,5 მილიონ ლარს მიაღწევს, რაც უზრუნველყოფს პირველი ორი თვის ჩამორჩენის დაძლევას, საბაჟო დეპარტამენტში. როგორც ადრეც მითქვამს, ძალიან სასიკეთო ძვრებია.

გაზაფხულის დადგომასთან დაკავშირებით, ყურადღებას იმსახურებს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის წინადადება, 30 მარტიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გამწვანება-გატყევების, ტყეების, მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობის ერთთვიურის მოწყობის შესახებ. ათას ჰექტარამდე ფართობზე დაირგვება სხვადასხვა სახეობის 2,5 მილიონი ძირი ნერგი. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით, იმ ზარალის ფონზე, რომელიც ამ ბოლო წლებში მივაყენეთ ჩვენს ტყეებსა და მწვანე ნარგავებს. არ გამოვრიცხავ, რომ ამ დღეებში გამოვა ქვეყნის პრეზიდენტის სპეციალური განკარგულება ან ბრძანებულება ამ ერთთვიურის ორგანიზაციულად ჩატარების შესახებ.

- კვლავ მოსკოვის თემას დავუბრუნდეთ. თქვენ გარკვეული შეფასება მიეცით სათათბიროს 15 მარტის გადაწყვეტილებას. მოსკოვში ყოფნისას არ შეხვდით გენადი სელეზნიოვს. ამან გარკვეული დაინტერესება და, თუ შეიძლება ითქვას, ხმაური გამოიწვია რუსეთის პრესაში. მოსკოვიდან დაბრუნების შემდეგ, შეგიძლიათ რაიმე დაუმატოთ თქვენს პოზიციას? ალბათ, იქაც ბევრი რამ შეიცვალა - პრეზიდენტთან და ჩერნომირდინთან შეხვედრისას ბევრი რა გამოიკვეთა...

- მე თვალს ვადევნებ ყოველგვარ პრესას და მინდა გითხრათ, რომ ზოგიერთ გაზეთში ცალკეულ მოძრაობათა თუ პარტიათა ლიდერები, ძირითადად ისინი, რომლებიც სხვადასხვა მიზეზთა გამო ვერ მოხვდნენ პარლამენტში (მიზეზი, ალბათ, თავის თავში უნდა ეძებონ), ხშირად აძლევენ თავს უფლებას თქვან, „სახელმწიფომ არ იცის, რისთვის მიდის ამა თუ იმ ქვეყანაში“ ანდა „მას საგარეო პოლიტიკა არა აქვსო“. ეს ნურავის ეწყინება, უწიგნურობის ბრალია. ჩემი აზრით, ადამიანი, რომელსაც პოლიტიკური მოღვაწეობის პრეტენზია აქვს, პრეზიდენტის პროგრამას უნდა იცნობდეს. პრეზიდენტის წინასაარჩევნო პროგრამამ განსაზღვრა ჩვენი საგარეო-პოლიტიკური კურსი, თუ მეტი არა, მთელი ხუთი წლისათვის, უფრო შორეული პერსპექტივაც. ასე რომ, აქ არავითარი იმპულსური მოქმედება არ ყოფილა, ყველაფერი გამიზნული და გააზრებულია, ისევე, როგორც ჩემი წინადადება თანამეგობრობის ქვეყნების მეთაურთა საბჭოს შეკრების თაობაზე. გაიმართება იგი თუ არა, ეს სხვა საკითხია, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს ისეთი წინადადება იყო, რომელმაც მსოფლიო საზოგადოებრიობის ძალიან დიდი ყურადღება დაიმსახურა. არ არის გამორიცხული, რომ 19 მაისამდე, როცა რიგითი შეხვედრა უნდა გაიმართოს, საჭიროების შემთხვევაში, ეს წინადადება შეიძლება რეალიზებული იყოს. ელცინი და ბევრი სხვა პრეზიდენტი ამ წინადადებას ძალიან დადებითად გამოეხმაურნენ. იქნება თუ არა საჭიროება, ამას კონსულტაციები გვიჩვენებს.

რაც შეეხება შეხვედრას სათათბიროში, აქ, მართალია, დრო ძალიან ცოტა იყო (ეს შეხვედრა, სხვათა შორის, ჩვენი ინიციატივით არ ყოფილა დაგეგმილი, იგი საგარეო საქმეთა სამინისტრომ შემოგვთავაზა და ჩვენ უარი არ გვითქვამს, რადგან ვფიქრობდით, რომ შეიძლებოდა სასარგებლო ყოფილიყო). მაგრამ იმ გადაწყვეტილების შემდეგ, რომელიც სათათბირომ მიიღო, შეხვედრას უკვე აზრი აღარ ექნებოდა. ეს გაუგებარი იქნებოდა, არა მარტო ბევრი ჩვენი თანამემამულისათვის, არამედ მსოფლიო საზოგადოებრივი აზრისათვისაც. ახლა ლაპარაკი იმაზე, მისულიყავი და გეთქვა - შენ ნორმალური ხარ თუ არანორმალურიო, ეს გულუბრყვილობაა. და ამიტომ, ვფიქრობ, საქართველოს პრეზიდენტის მიერ განხორციელებული დემარში უფრო გამიზნული და მიზანმიმართული გახლდათ.

ახლა კონკრეტულად 15 მარტის გადაწყვეტილების სკანდალურობასა და გაუმართლებლობაზე ბევრი ითქვა. მე მხოლოდ ერთ ელემენტს დავუმატებდი; დღეს ძალიან ბევრს ლაპარაკობენ აღმოსავლეთით ნატოს გაფართოების მიზანშეუწონლობაზე, და ეს ძალიან სერიოზული საკითხია. სწორედ სათათბიროს გადაწყვეტილება (მინდა ამას განსაკუთრებით გავუსვა ხაზი) აძლევს სტიმულს - ნატოს გაფართოების პროცესის დაჩქარებას და ამ ორგანიზაციაში, რაც შეიძლება მეტი სახელმწიფოს გაერთიანებას. ისევ გაჩნდა შიში საბჭოთა კავშირის შესაძლო აღდგენის გამო. ცივი ომის შემდგომი პერიოდის დათბობას ძალზე იოლად შეიძლება მოჰყვეს ცივი გამჭოლი ქარები და ამიტომაც, ყველა პოლიტიკური მოღვაწე განსაკუთრებული პასუხისმგებლობით უნდა ეკიდებოდეს მიღებულ გადაწყვეტილებებს. ეს ეხება სათათბიროსაც და ყველა ჩვენგანსაც. ასეთია ჩემი კომენტარი ამ საკითხთან დაკავშირებით.

- მას შემდეგ, რაც ამ ბოლო ხანს, აქტიურად ლაპარაკობენ საბჭოთა კავშირის აღდგენის შესაძლებლობაზე, ზოგიერთმა პოსტსაბჭოურმა ქვეყანამ უკვე განსაზღვრა საკუთარი ბედი და საკუთარი პოზიცია. გვაქვს ბელარუსის მაგალითი. მოსალოდნელია, დაიდოს ხელშეკრულება, ბელარუს-ყაზახეთ-რუსეთსა და ყირგიზეთს შორის. რა პოზიციას დაიკავებს ამ თვალსაზრისით საქართველო?

- აქ მიდგომა სხვადასხვაგვარაია. ერთია - ბელარუსის მიდგომა, მეორე- ყაზახეთის და ყირგიზეთისა. როგორც ვიცი, ყაზახეთისა და ყირგიზეთის მიდგომაში უფრო მეტად ლაპარაკია, ინტეგრირებაზე, ინტეგრაციის გაღრმავებაზე და ჩვენც არა ვართ ამის წინააღმდეგი - ეკონომიკური, მეცნიერული, ტექნიკური და სხვაგვარი ინტეგრაცია - სავსებით ნორმალური მოვლენაა. ბელარუსი გამონაკლისია. საქართველოს მაგალითით თუ ვიმსჯელებთ, საბჭოთა კავშირის აღდგენა აბსურდია. ამ თემაზე საუბრისას ჩემი და ელცინის პოზიციები არ განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. მან კიდეც გაუსვა ხაზი იმას, რომ ძირითადად საკითხებზე ჩვენი შეხედულებანი ან იდენტურია, ან ძალიან ახლოსაა და ერთმანეთს ემთხვევა. რაც შეეხება საქართველოს, ვიმეორებ, ეს ჩვენს პირობებში აბსურდულია, ამ იდეას მხოლოდ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის მცირე ნაწილი და მათი ლიდერები თუ მიესალმებიან, და არა სხვები. საერთოდ კი ნორმალური ადამიანი, მით უმეტეს - პოლიტიკური მოღვაწე, როგორ და რა უფლებით იტყვის უარს თავისი ხალხის თავისუფლებაზე? თავისუფლების წართმევა მხოლოდ იძულებით შეიძლება. საქართველო არის და დარჩება თავისუფალ, დამოუკიდებელ და დემოკრატიულ სახელმწიფოდ, რომელიც ღრმა ინტეგრაციული პროცესების მომხრეა, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ფარგლებში, ასევე, შავი ზღვისპირა ქვეყნების ეკონომიკურ ალიანსში, ევროკავშირისა თუ დასავლეთის სხვა ქვეყნების მიმართაც. ჩვენი პრინციპული პოზიცია ასეთია: ინტეგრირება მსოფლიო ეკონომიკის ყველა რეგიონთან, სადაც კი ხელი მიგვიწვდება რამდენადაც ეს შეესაბამება ჩვენს ეროვნულ, სახელმწიფოებრივ ინტერესებს, და თითოეული მოქალაქის ინტერესებს.

„საქართველო არის და დარჩება თავისუფალ, დამოუკიდებელ და დემოკრატიულ სახელმწიფოდ“ : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 25 მარტის რადიოინტერვიუ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 26 მარტი - 55 (2168). - 1,2 გვ.

35 საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა

▲ზევით დაბრუნება


ღრმად პატივცემულო ბატონო პრეზიდენტო ილიესკუ,
პატივცემულო სტუმრებო,
ქალბატონებო და ბატონებო,

თითქმის ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რომ მე და ჩემს კოლეგებს წილად გვხვდა ბედნიერება, ვწვეოდით ულამაზეს ბუქარესტს, რომელიც მასპინძლობდა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ალიანსის უმაღლესი დონის შეხვედრას. ქალაქი ჯერ კიდევ იშუშებდა ძველისა და ახლის უმოწყალო დაპირისპირებით მიყენებულ ჭრილობებს, ქვეყანას ჯერაც ეტყობოდა გადატანილი ქარტეხილების კვალი. მაგრამ გზაჯვარედინებზე აღარ იდგნენ ტანკები, ქალაქში აღარ ისმოდა სროლის ხმა. ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრად ყოფნისას ჩემი რუმინეთში უკანასკნელი გასვლის შემდეგ სახელმწიფოში თვალნათელი პროგრესი იგრძნობოდა. იკვეთებოდა ხელმძღვანელობის ახალი კურსის პირველი შედეგები, რომლებიც ჯერ კიდევ 1989 წლის დეკემბრის მიწურულს, ტირანიის წინააღმდეგ მიმართული რევოლუციის პირველივე საათებში ჩამოაყალიბა ეროვნული ხსნის ფრონტის საბჭომ. ყოველ ჩვენგანს კარგად ახსოვს, რომ შექმნის დღიდან მას სათავეში ედგა შემდგომში თავისუფალი, დემოკრატიული რუმინეთის პრეზიდენტი, გამოჩენილი მეცნიერი და მამაცი პიროვნება, ჩვენი დიდი მეგობარი და დღევანდელი დიდად სასურველი სტუმარი იონ ილიესკუ.

განგებამ ასე ინება, რომ ხალხსაც მოუწია ნგრევისა და სამოქალაქო დაპირისპირების გზით სიარული იმ იდეალებისკენ, რომელთათვისაც დაიღვარა უდანაშაულო სისხლი ბუქარესტსა და ტიმოშოარაში. საქართველომ გაიარა ომების, ეკონომიკის კატასტროფული ვარდნის, ჰიპერინფლაციის პერიოდი და დღეს იქცა ქვეყნად, რომელსაც ძალუძს ღირსეული პარტნიორობა გაუწიოს ყველა მეგობარ სახელმწიფოს. ამაზე მეტყველებს ჩვენს შორის სულ უფრო მზარდი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. ამაზე მეტყველებს „ხელშეკრულება საქართველოსა და რუმინეთს შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ“, რომელსაც დღეს ხელი მოვაწერეთ, ამაზე მეტყველებს საკითხთა ის ფართო სპექტრი, რომელიც განვიხილეთ პრეზიდენტ ილიესკუსთან საუბრისას.

როდესაც ჩვენს დღევანდელ საუბრებსა თუ, საზოგადოდ, ჩვენს ქვეყნებს შორის დიალოგზე ვლაპარაკობთ, არ შეიძლება არ გავიხსენოთ ჩვენი ხალხების სულიერი სიახლოვე, რომელიც საუკუნეების სიღრმესა და ერთ სარწმუნოებაში იღებს სათავეს. არ შეიძლება არ გავიხსენოთ ადამიანები, რომლებიც საფუძველს უყრიდნენ რუმინელ და ქართველ ხალხებს შორის ურღვევ მეგობრობას და მათ შორის გამორჩეული - ჩვენი დიდი წინაპარი, გამოჩენილი რუმინელი განმანათლებელი, საეკლესიო და საზოგადო მოღვაწე, რუმინელი მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული ანთიმოზ ივერიელი, თქვენს ქვეყანაში ივერიანუდ წოდებული.

ასეთივე სულიერი სიახლოვე გვაკავშირებს ყოფილი სოციალისტური ბლოკის ბევრ ქვეყანასთან. მათთან ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში ჩამოყალიბებული ურთიერთობანი უთუოდ ჩვენი კაპიტალია. მათ ხომ, გარკვეულწილად, უკვე გაიარეს ეს გზა, რომელიც ჩვენ ჯერ კიდევ გასავლელი გვაქვს. სახელმწიფოებრიობის მშენებლობის მათი გამოცდილება ჩვენ უნდა შევისწავლოთ და ჩვენს პირობებს მივუსადაგოთ. ეს გაგვიადვილებს ხალხთა ევროპულ ოჯახში შესვლას და დააჩქარებს ჩვენი ქვეყნის ევროპაში ეკნომიკურ და პოლიტიკურ ინტეგრაციას. ჩვენ მივესალმებით ევროკავშირში რუმინეთის მიერ ასოცირებული წევრის სტატუსის მიღებას.

ცალკე მსურს მივაპყრო თქვენი ყურადღება საკითხს, რომელიც ჩვენი ორი ქვეყნისთვის საარსებოდ მნიშვნელოვნად მიმაჩნია. მხედველობაში მაქვს ევროპა-აზიის სატრანსპორტო დერეფანი. ევროკავშირის ეს, გადაუჭარბებლად ვიტყვი, პლანეტარული მასშტაბის პროექტი ორი კონტინენტის ეკონომიკური და კულტურული დაახლოების უნიკალურ შესაძლებლობებს ქმნის. მისი წყალობით კავკასიისა და ცენტრალური აზიის სახელმწიფოები ორმხრივად სასარგებლო კავშირურთიერთობებს დაამყარებენ დასავლეთ და ცენტრალური ევროპის განვითარებულ სახელმწიფოებთან. სხვასთან ერთად, ამ საკითხებზე სერიოზულად ვიმსჯელეთ ამას წინათ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ბატონ ჰეიდარ ალიევის და თურქმენეთის პრეზიდენტ ბატონ საფარმურატ ნიაზოვის თბილისში ვიზიტების დროს. უფრო ადრე ტაშკენტში, კერძოდ კი გასული წლის სექტემბერში, ევროპა-აზიის სატრანსპორტო დერეფნის პროექტი ჩემი და უზბეკეთის პრეზიდენტის ბატონ ისლამ ქარიმოვის საუბრების ერთ-ერთი ცენტრალური თემა გახლდათ. ასევე შემიძლია ვთქვა პრეზიდენტ ნაზარბაევთან საუბრებზე. რუმინეთს და საქართველოს, რომლებიც შავი ზღვის სანაპირო სახელმწიფოებს წარმოადგენენ, ამ პროექტში განსაკუთრებული ადგილი უკავიათ. ჩვენს ქვეყნებში მშვიდობასა და სტაბილურობაზე, ჩვენს სახელმწიფოებს შორის სანიმუშო ურთიერთობაზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საუკუნის პროექტის დაწყება და წარმატებით განხორციელება. და ეს ის ბედნიერი შემთხვევაა, როცა ხალხებს შორის ჭეშმარიტად მეგობრული დამოკიდებულება და ურთიერთსიმპათია ემთხვევა ქვეყნების გრძელვადიან პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესებს.

ამავე დროს, იმის შესახებაც უნდა ითქვას, ურომლისოდაც ვერ დამყარდება სამართლიანი და, მაშასადამე, ხანგრძლივი მშვიდობა კავკასიაში. მხედველობაში მაქვს რეგიონში მიმდინარე კონფლიქტები და მათი გამჩაღებელი აგრესიული სეპარატისტული რეჟიმები, რომლებიც არა მხოლოდ ფეხქვეშ თელავენ ადამიანთა თანაცხოვრების ყველა ცივილიზებულ ნორმას, არამედ ხელს უშლიან მეზობელი სახელმწიფოებისა და რეგიონების ჩართვას გლობალურ ინტეგრაციულ სისტემებში. სამწუხაროდ, სეპარატიზმის პრობლემა მხლოდ საქართველოს პრობლემა როდია, ჩვენ მადლობელი ვართ რუმინეთის ხელმძღვანელობის, რომელიც ყველა საერთაშორისო ფორუმზე უპირობოდ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ბატონ პრეზიდენტთან საუბრისას ჩვენ განვიხილეთ ინიციატივა, თბილისის დეკლარაცია, რომელსაც ჩემთან ერთად პრეზიდენტმა ალიევმა მოაწერა ხელი, „მშვიდობიანი კავკასია“ და აღვნიშნეთ, რომ რუმინეთი, როგორც რეგიონში სტაბილურობით უშალოდ დაინტერესებული მხარე, ყოველმხრივ თანადგომას გაუწევს მას.

ძალზე მოკლედ შევჩერდები შავი ზღვის ეკონომიკურ ალიანსზე. მისი მომავლის თაობაზე საქართველოს და რუმინეთის შეხედულებები ერთმანეთს ემთხვევა. ჩვენ ორივეს გვსურს ბისეკი ვაქციოთ სრულფასოვან რეგიონულ საერთაშორისო ორგანიზაციად, რომელიც ეკონომიკურთან ერთად მეტ ყურადღებას დაუთმობს პოლიტიკურ თანამშრომლობასაც და მიაღწევს ევროპული სისტემებისთვის დამახასიათებელ ინტეგრაციულ დონეს. ვფიქრობ, რომ ეს კონტინენტის ახალი უსაფრთხოების არქიტექტურის ინეტერესებს შეესაბამება და არანაირად არ ეწინააღმდეგება რომელიმე ქვეყნის თუ ორგანიზაციის მიზნებს.

ქალბატონებო და ბატონებო,

დღეს განსაკუთრებული დღეა ჩვენი ქვეყნებისთვის, დღეს ახალი ფურცელი ჩაიწერა ჩვენი ხალხების მრავალსაუკუნოვანი, თანაარსებობის ისტორიაში. ნება მიბოძეთ, ჩემი წვლილი შევიტანო ამ საზეიმო განწყობაში და შემოგთავაზოთ მოძმე რუმინელი ხალხის და მისი ხელმძღვანელის, ჩვენი დიდი მეგობრის პრეზიდენტ იონ ილიესკუს, ყველა მისი თანმხლები პირის სადღეგრძელო.

[...]

საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა : საქართველოს პრეზიდენტის სახელით რუმინეთის სახელმწიფოს ხელმძღვანელის პატივსაცემად 26 მარტს გაიმართა ოფიციალური სადილი, რომლის დროს ედუარდ შევარდნაძემ და იონ ილიესკუმ სადღეგრძელოები წარმოთქვეს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 28 მარტი. - 57 (2170). - 1 გვ.

36 ქართული ენციკლოპედიის მთავარ რედაქტორს ბატონ ავთანდილ საყვარელიძეს, ქართული ენციკლოპედიის თანამშრომლებსა და ავტორებს

▲ზევით დაბრუნება


მილოცვა

ბატონებო, ამ წერილით თქვენი მრავალწლიანი და თავდაუზოგავი შრომის ღირსეული შედეგი და ქართული ენციკლოპედიის რედაქციის დაარსების ოცდაათი წლის იუბილე მინდა მოგილოცოთ, ენციკლოპედიისა, რომელიც სწორედ ის საშვილიშვილო საქმეა, რომელსაც საძირკველი საბჭოთა საქართველოში ჩაეყარა და რომლითაც სამართლიანად შეგვიძლია ვიამაყოთ.

ქართულმა საბჭოთა ენციკლოპედიამ, ერთ-ერთმა პირველმა ენციკლოპედიამ საბჭოთა სივრცეში, შეძლო დაეფიქსირებინა, გაენალიზებინა და წინ წამოეწია მრავალსაუკუნოვანი ქართული ისტორიის ისეთი ფაქტები, საკითხები და პრობლემები, რომლებშიც თვალნათლივ წარმოჩნდა არა მარტო ჩვენი არსებობა ისტორიაში, არამედ, ჩვენი, როგორც ერის, დანიშნულებაცა და იდეალებიც. დამოუკიდებელი და თავისუფალი ქართული სახელმწიფოსთვის ქართული ენციკლოპედიის მნიშვნელობა საზოგადოებრივი აზროვნების ჩამოყალიბებასა, სახელმწიფოებრივი ორიენტირების განსაზღვრასა და ახალგაზრდობის აღზრდაში მეტად მნიშვნელოვანია.

ისიც სათქმელია, რომ როგორც ჩვენი ისტორიის, ისე ჩვენს გარშემო სახელმწიფოებთან ჩვენი ურთიერთობის ისტორიისა და ამა თუ იმ ფაქტთა თუ პრობლემათა ზუსტი წარმოდგენისა და პირუთვნელი შეფასებისათვის დღეს, განსხვავებით წარსულისაგან, მართლაც არის შექმნილი შესაბამისი პირობები, რადგან პოლიტიკური არ განსაზღვრავს მათ მუშაობას, ვინც ქმნის ამ დიდ წიგნს.

ქართულმა ენციკლოპედიამ ახლებურად უნდა გაიაზროს და გააკეთოს ბევრი რამ ისეთ ძნელ პირობებში, როდესაც მხოლოდ თავისი საქმის მნიშვნელობის შეგრძნება, უმაღლესი პროფესიონალიზმი და საკუთარ სიცოცხლედქცეული საქვეყნო საქმე თუ დაგაძლევინებთ ბევრ სირთულეს.

ისინიც აღსანიშნავია, რომ ქართული ენციკლოპედიის რედაქციამ მოამზადა ენციკლოპედიურ-სალექსიკონო ხასიათის ბევრი მნიშვნელოვანი გამოცემა, რაც მეტად სჭირდებოდა და სჭირდება ჩვენს ერს.

ასეთი მუშაობა კვლავაც უნდა გაგრძელდეს.

სწორედ ამიტომ სახელმწიფო ვალდებულია მხარში ამოუდგეს ქართულ ენციკლოპედიას.

სწორედ ამ მხარდაჭერის გამოვლენა იყო ჩემი №242 განკარგულება ქართული ენციკლოპედიის მხარდაჭერის შესახებ. იქ დასახული ღონისძიებანი უნდა შესრულდეს.

ქართული ენციკლოპედია ქართული მეცნიერების დიდ ტრადიციებს ეყრდნობა, ქართულ ენციკლოპედიას სათავეში დიდი ქართველები ედგნენ. მე იმედი მაქვს, დღეს თავისუფალ საქართველოში, ქართული ენციკლოპედია ღირსეულად გააგრძელებს ამ ტრადიციებს და ღირსეულ მემკვიდრედ დარჩება ამ დიდი ქართველებისა.

კიდევ ერთხელ გილოცავთ და გთხოვთ, მუდამ თქვენს გვერდით მიგულოთ თქვენს მამულიშვილურ საქმეში.

პატივისცემით,
ედუარდ შევარდნაძე.
25 მარტი, 1996 წელი.

მილოცვა : ქართული ენციკლოპედიის მთავარ რედაქტორს ბატონ ავთანდილ საყვარელიძეს, ქართული ენციკლოპედიის თანამშრომლებსა და ავტორებს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 30 მარტი. - 59-60 (2173). - 1 გვ.

37 „საქართველო უახლოეს ხანში გახდება ეკონომიკურად განვითარებული, სულიერად აღორძინებული, ტერიტორიულად გამთლიანებული“

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 1 აპრილის რადიოინტერვიუ

- განვლილი ეკონომიკური კვირა რამდენიმე საინტერესო მომენტით აღინიშნა. კერძოდ, გაიმართა მთავრობის სხდომა, თქვენ შეხვდით მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს. გერმანიამ ახალი კრედიტი გამოყო ჩვენი ენერგეტიკის დასახმარებლად, გუშინ თბილისში დამთავრდა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის დღეები. გასული კვირის ცენტრალური მოვლენა იყო, ალბათ, საქართველოში რუმინეთის პრეზიდენტის იონ ილიესკუს ოფიციალური ვიზიტი. დაიდო ხელშეკრულებები, მათ შორის, ეკონომიკის სფეროშიც, შეიძლება ითქვას, რომ რუმინეთი ბისეკის კიდევ ერთი ქვეყანაა, რომელსაც საქართველოსთან ურთიერთობის სამართლებლივი ბაზა აქვს, - ასე დაიწყო ჟურნალისტმა ნატო ონიანმა ტრადიციული რადიოინტერვიუ, საქართველოს პრეზიდენტთან ედუარდ შევარდნაძესთან.

- განვლილი კვირა, - განაცხადა ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ, - ისევე, როგორც მთლიანად წლევანდელი მარტი, საერთაშორისო დონის აქტიური, მრავალფეროვანი და ნაყოფიერი შეხვედრებით გამოირჩეოდა, რაც, ბუნებრივია, აჩქარებს ქვეყანაში მიმდინარე დადებით ეკონომიკურ პროცესებს და თანაც - არცთუ შორეული პერსპექტივისათვის. ამას უნდა მოჰყვეს საქართველოს გადაქცევა ფართომასშტაბიანი ტრანსკონტინენტური სავაჭრო-ეკონომიკური ურთოერთობების პლაცდარმად. ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა რუმინეთის პრეზიდენტის იონ ილიესკუს ვიზიტის დროს, როცა მოლაპარაკებების ერთ-ერთი ძირითადი თემა იყო თანამშრომლობა ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის პრაქტიკული ფუნქციონირების საკითხებსა და კერძოდ, საზღვაო-საბორნე ტვირთზიდვის პრობლემების გადაწყვეტის საქმეში, ამასთან გამოიკვეთა რუმინეთის დაინტერესება საქართველოში ნავთობის მოძიება-მოპოვებისა და გადამუშავების პროცესით, აგრეთვე, ნავთობსადენის და გაზის საცავების მშენებლობაში მონაწილეობით. გარდა ამისა, რუმინეთის მხარე დაინტერესებულია პერსპექტივაში საქართველოში მანგანუმის მოპოვებით, ხის დასამუშავებელ და ფარმაცევტულ მრეწველობაში თანამშრომლობის შესაძლებლობით. მოგეხსენებათ, რომ რუმინეთს, ხის დამუშავების ძალიან დიდი გამოცდილება აქვს. მისი ავეჯი საკმაოდ პოპულარულია სხვადასხვა ქვეყნის ბაზრებზე. ვიზიტის დროს ხელი მოვაწერეთ მთელ რიგ შეთანხმებებს სოციალ - ეკონომიკური ურთიერთობის სფეროში, რომლებიც მოიცავს ტურიზმს, სამეცნიერო-ტექნიკურ, საჰაერო, საზღვაო, საავტომობილო ტრანსპორტსა და სხვა დარგებს.

ქვეყნის საშინაო-ეკონომიკური ცხოვრების მოვლენებიდან ყურადღებას იპყრობს საქართველოს მთავრობის მორიგი სხდომის შედეგები. სხომაზე, რომელსაც პრეზიდენტი უძღვებოდა, განვიხილეთ კანონპროექტი „საბიუჯეტო სისტემებისა და უფლებების შესახებ“, რომელშიც აისახა ბიუჯეტის შემუშავების, განხილვისა და მიღების წესში კონსტიტუციით გათვალისწინებული ცვლილებები. საბიუჯეტო სისტემის პრინციპულად ახლებურ საფუძველზე აგება, როცა წარმოდგენილი იქნება ერთიანი სისტემის შექმნელი სამი დამოუკიდებელი რგოლი (ეს ყველამ უნდა ვიცოდეთ) - ცენტრალური ბიუჯეტი, ცენტრალური ერთეულების ბიუჯეტები და სპეციალური სახელმწიფო ფონდები (ყოველი ბიუჯეტგარეშე ფონდები), ქმნის სახელმწიფო ფინანსების ერთიანობის გარანტიას, რაც ქვეყნის ფედერალური მოწყობის პირობებში გადამწყვეტ მნიშვნელობას შეიძენს. კანონპროექტში აისახა ბიუჯეტის შესრულებაში სახაზინო სისტემის მოქმედების საკითხი და ამ პროცესის დაჩქარების ამოცანა.

სხდომაზე მოვისმინეთ ქვეყნის 1995 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიში. წინა წლებისგან განსხვავებით, 1995 წლის ბიუჯეტისათვის დამახასიათებელი იყო გაწეული ხარჯების რეალური დაფინანსება - ამავე დროს, გასული წლის ბიუჯეტი უნდა ჩაითვალოს, საბიუჯეტო რეფორმის საწყის ეტაპად, რომლისთვისაც დამახასიათებელი იყო მთელი რიგი ნაკლოვანებანი: საკუთარ შემოსავალთა ნაკლებობა, წლის განმავლობაში გადასახადების გეგმების მნიშვნელოვანი კორექტირება, საგრძნობი შემცირების მიუხედავად, დაზუსტებული გეგმების შეუსრულებლობა და სხვა. აღნიშნულ ნაკლოვანებათა გამოსწორება გათვალისწინებულია მიმდინარე წლის ბიუჯეტში.

სხდომამ პარლამენტისათვის წარსადგენად მოიწონა „სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწების იჯარის დებულების“ პროექტი, რომლის მიღებაც აგრარული რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება იქნება.

პირველი კვარტალი გუშინ მიიწურა. შედეგების შეჯამების შესაძლებლობა ჯერ არ გვაქვს. კვარტლის ბოლო დღეებში კი ასეთი ვითარება ჩამოყალიბდა: უწინარეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს ლარის კურსის სტაბილურობის შენარჩუნება. პარასკევს 29 მარტს, დოლარის მიმართ მისი ოფიციალური კურსი 1,26-ს შეადგენდა (იგი ამ დონეზე დარჩა). ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟის ბრუნვამ კვირის მნაძილზე თითქმის ორ მილიონ დოლარს მიაღწია. აქედან, ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ ინვესტიციათა მოცულობამ მილიონ 700 ათასი დოლარი შეადგინა.

საგადასახადო ინსპექციის მონაცემებით, მარტში აკრეფილი შემოასავალი 17,5 მილიონს შეადგენს. პირველ კვარტალში საგადასახადო შემოსავლის სახით მობილიზებულია 44 მილიონი დოლარი, რაც შეესაბამება საგეგმო მაჩვენებელს და ორჯერ და მეტად აღემატება შარშანდელ დონეს.

საბაჟო დეპარტამენტიდან 29 მარტისათვის, წლის დასაწყისიდან ბიუჯეტში ჩარიცხულია 7 მილიონ ლარზე მეტი, რაც თითქმის სამჯერ აღემატება გასული წლის შესაბამის დონეს.

ოპერატიული შეფასების პირობებში, ბუნებრივია, ფინანსთა სამინისტროს რამდენადმე განსხვავებული მონაცემები აქვს, მაგრამ მთლიანობაში, ისიც მიიჩნევს, რომ საგადასახადო შემოსავლის საერთო მოცულობა 50 მილიონ ლარს შეადგენს. ეს ნიშნავს, რომ საბიუჯეტო საგადასახადო შემოსავლის მიხედვით პირველი კვარტლის გეგმა შესრულდება.

ბუნებრივია, ბიუჯეტის შესრულების უმთავრეს პირობად წარმოების გამოცოცხლება რჩება, ამ თვალსაზრისით, ენერგეტიკული პრობლემების გამწვავების გამო, მარტი მეტად მძიმე თვე გამოდგა. მთლიანად მრეწველობის მუშაობის მაჩვენებლები ჯერჯერობით დაჯამებული არ არის, მაგრამ მრეწველობის დეპარტამენტი, რომლის სისტემა დარგის მხოლოდ ნაწილს მოიცავს, საიმედო ინფორმაციას იძლევა. კერძოდ, დეპარტამენტის ოპერატიული მონაცმებით, სისტემის სამრეწველო საწარმოების მიერ მარტში წარმოებული პროდუქციის მოსალოდნელი მოცულობა 7.7 მილიონ ლარს შეადგენს, იანვარ-თებერვალში, ეს მაჩვენებელი 3,5-4 მილიონ ლარს უდრიდა, მთლიანად კვარტალში წარმოებული პროდუქციის მოცულობამ 15.5 მილიონი ლარი შეადგინა, რაც ორჯერ აღემატება შარშანდელ დონეს. კვარტალში წარმოებული პროდუქციის რეალიზაციის კვალობაზე, დეპარტამენტის შეაფსებით, ბიუჯეტი მიიღებს 2,5 მილიონ ლარს. მიუხედავად ამისა, თუ გავითვალსიწინებთ, რომ ჯერჯერობით, დეპრტამენტის საწარმოთა მხოლოდ 20-25 პროცენტი მუშაობს, მდგომარეობა რა თქმა უნდა დამაკმაყოფილებელი არ არის და სამუშაო აქ ძალიან ბევრია.

მსოფლიო ბანკის წარმოადგენლებთან შეხვედრა იმით არის საინტერესო, რომ მათ ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოში მიმდინარე ღრმა გარდაქმნები, რეფორმების ფართო მასშტაბი და თანამიმდევრულობა, დაადასტურეს, რომ მზად არიან საგრძნობი მონაწილოება მიიღონ ენერგეტიკის, რკინიგზის, საავტომობილო გზების, ნავსადგურების რეაბილიტაციაში. გვაცნობეს, რომ საქართველოში გაიხსნება მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობა, რასაც, უდავოდ, დიდი მნიშვნელობა ექნება. ყველა ეს საკითხი - თუ რა მოცულობით მივიღებთ კრეედიტებს, 20 აპრილისათვის განიხილება.

რადგან ენერგეტიკა ვახსენე, იმასაც დავძენ, რომ გერმანიის ვიცე-კანცლერის კლაუს კინკელის ვიზიტის შემდეგ, ამ ქვეყნის მთავრობამ, როგორც ოფიციალური წერილით მაცნობა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალურმა მინისტრმა, მიიღო გადაწყვეტილება, 50 მილიონი გერმანული მარკა გამოუყოს საქართველოს ენერგეტიკის სექტორის მოსაწერიგებლად, სიმძლავრეთა გასადიდებლად. უღრმეს მადლობას გამოვხატავ ჩემი გერმანელი მეგობრების მიმართ, რომლებიც ყველანაირად ხელს უწყობენ დამოუკიდებელი საქართველოს მშვიდობიანი აღმშენებლობის პროცესს.

რაც შეეხება რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის დღეებს, დამერწმუნებით - მთელმა თბილისმა გულით გაიხარა. ამ უნიკალური და მრავალი გაჭივრების მნახველ კუთხეში დაიწყო შემოქმედებითი ცხოვრება, აღმშენებლობა, მივესალმები და მადლიერების სიტყვებით მივმართავ მხარის ყველა მცხოვრებს, ხელმძღვანელებს, რომლებიც ინიციატივიანად და თავდაუზოგავად იღვწიან.

- მოსკოვში თქვენი ვიზიტის შემდეგ, შეიძლება ითქვას, გარკვეული რეალური ნაბიჯები გადაიდგა აფხაზ სეპარატისტებთან მიმართებაში. დღეს თქვენ შეხვდებით რუსეთის თავდაცვის მინისტრს პავლე გრაჩოვს. ამ ვიზიტს თბილისში დიდი ხანია ელიან, ფაქტობრივად, მოსკოვიდან თქვენი დაბრუნების შემდეგ. ამ ფონზე, ალბათ, უფრო საინტერესო იქნება ეს შეხვედრა...

- რუსეთის თავდაცვის მინისტრის გენარალ პავლე გრაჩოვის ვიზიტი უკვე დაიწყო. დღეს გაიმართება მასთან ჩემი პირველი შეხვედრა. სამუშაო ჯგუფები უკვე მუშაობენ, განსახილველ პრობლემათაგან გამოვყოფდი ორ საკითხს: უპირეველესად, ეს არის აფხაზეთის პრობლემები, რომლებსაც რა თქმა უნდა განვიხილავთ, რაოდენ მწვავეც და რთულიც უნდა იყოს. როგორი იქნება შედეგები, ახლა ძნელი სათქმელია, რა თქმა უნდა, ეს მსჯელობა თავდაცვის მინისტრის რწმუნებათა ფარგლებში გაიმართება, ხოლო ეს რწმუნებანი, მოგეხსენებათ საკმაოდ ფართოა. თავდაცვის მინისტრის ჩამოსვლა განპირობებულია ჩემი და ბატონ ბორის ელცინის შეთანხმებით.

მეორე აქტუალური საკითხია საქართველოს შეიარაღებული ძალების მდგომარეობის განხილვა და ორი ქვეყნის სამინისტროთა შორის თანამშრომლობის გაფართოება. მოგეხსენებათ, საქართველოს სამხედრო პოტენციალის თანამედროვე კონდიციამდე მიყვანა რუსეთის მონაწილოების გარეშე შეუძლებელია. ჩვენი ადრე დადებული შეთანხმებებით გათვალსიწინებულია სერიოზული დახმარება. ასეთი დახმარება საკმაოდ წარმატებულად მიმდინარეობს და ვფქირობ, დღევანდელი დიალოგი ახალი სტიმულის მიმცემი აღმოჩნდება. რა თქმა უნდა, ვიმსჯელებთ მშვიდობიანი კავკასიის პრობლემებზე, ინიციატივათა განვითარების პერსპექტივაზე. ბუნებრივია, შევეცდები მივიღო ზუსტი ინფორმაცია ბატონ ელცინის ინიციატივებთან დაკავშირებით, რომლებიც ჩეჩნეთში მშვიდობის დამყარების პრობლემას ეხება.

დღესვე გაიმართება თავდაცვის სამინისტროების კოლეგიათა ერთობლივი სხდომა, რომელიც ბევრ კონკრეტულ პრობლემას განიხილავს ორი უწყების თანამშრომლობის გაფართოებასთან დაკავშირებით.

- ორი დღის შემდეგ გაიმართება თქვენი ვიზიტი თურქეთში. შეიძლება თუ არა ითქვას, რომ მოსკოვში ვიზიტის შემდეგ თურქეთში გამგზავრება რაღაც გარკვეულ ლოგიკას შეიცავს?

- ეს დიდი ხნის დაგეგმილი ვიზიტია, მინდა ასე ვთქვა: საქართველო-თურქეთის ურთიერთობა, იმ სქემის მიხედვით ვითარდება, რომელიც უმაღლესი დონის შეხვედრების დროს განისაზღვრა. სულ რაღაც 2-3 წელიწადში ძალიან სწარფი ტემპით განვითარდა სრულიად ახალი თანასწორუფლებიანი და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის. სიმართლე გითხრათ, როცა პირველ ხელშეკრულებებს ვაწერდით ხელს მე და ბატონი დემირელი, არც ვფიქრობდით, თუ ასე დინამიკურად წარიმართებოდა ჩვენი ქვეყნების ურთიერთობა.

ჩემი ვიზიტი ანკარაში, ბუნებრივია, ამ ურთიერთობას ახალ ხარისხს მიანიჭებს, მომზადებულია ბევრი ხელშეკრულება. საფუძვლიანი დიალოგი გვექნება პრეზიდენტ სულეიმან დემირელთან, პრემიერ-მინისტრთან, სხვა გამოჩენილ პოლიტიკურ და სახელმწიფო მოღვაწეებთან. საერთოდ, თურქეთმა და მისმა ხელმძღვანელობამ მრავალჯერ გამოგვიწოდეს მეგობრული ხელი და ჩვენი ხალხიც ამას არ დაივიწყებს.

- და ბოლოს, გუშინ საქართველომ 31 მარტის რეფერენდუმის ხუთი წლისთავი იზეიმა. ეს თარიღი მოქალაქეთა კავშირმა ფორუმით აღნიშნა. გუშინვე საქართველს პარლამენტში გაიმართა დარბაზობა. იქაც და ფილარმონიაშიც თქვენ ბრძანეთ, რომ მიუხედავად იმისა, თუ ვინ მოვა ხელისუფლების სათავეში რუსეთში, აფხაზეთი და ცხინვალი საქართველოს განუყოფელი ნაწილი იქნება, რომ დღეს უკვე სხვა დროა, და არა ის, როცა რუსეთის სათავეში რომელიმე ახალი მეფის მოსვლა ახალი ტერიტორიების შემომტკიცებით აღინიშნებოდა. სამწუხაროდ, საქართველოში რეფერენდუმიდან მოყოლებული, ზოგჯერ რეალობა არ ემთხვეოდა ჩვენს სურვილებს, მაგრამ, ასე იყო თუ ისე, ხალხმა პრინციპულად თავისი ნება ძალიან მტკიცედ გამოხატა და ეს ბოლო არჩევნებშიც დაადასტურა, როცა, ბევრი სხვა პოსტსოციალისტური ქვეყნისგან განსხვავებით, ხმა არ მისცა კომუნისტებს...

- 31 მარტის რეფერენდუმი საქართველომ, ჩემი აზრით, ღირსეულად აღნიშნა. საქართველოს მოქალაქენი ახლა კიდევ უფრო მეტი რწმენით აშენებენ თავისუფალ და დამოუკიდებელ ქვეყანას. ეს თვალნათლივ დასასტურდა გუშინდელ ფორუმებზე, განსაკუთრებით მოქალაქეთა კავშირის ფორუმსა და დარბაზობაზე, რომელიც ბატონ ზურაბ ჟვანიას ინიციტივით გამართა საქართველოს პარლამენტმა, და ზოგიერთ სხვა ღონისძიებაზე. თავისუფალი და დამოუკიდებელი ქვეყნის მშენებლობა ისეთი ტემპით განვითარდა, განსაკუთრებით ამ ბოლო დროს, რომ ეჭვი არ მეპარება, საქართველო უახლოეს ხანში გახდება ეკონომიკურად განვითარებული, სულიერად აღორძინებული, ტერიტორიულად გამთლიანებული ქვეყანა. ასეთი სულისკვეთება სუფევს დღევანდელ საქართველოში. მთავარი ძალა, ვინც ეს უნდა შეძლოს, ჩვენი ხალხი და ჩვენი მოსახლეობაა სხვა ქვეყნებთან ურთიერთობაში.

რაც შეეხება გარკვეულ ცვლილებებს ცალკეულ ქვეყნებში, მათ შორის რუსეთში, ეს კიდეც რომ მოხდეს, დარწმუნებული ვარ საქართველოს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობაზე ვერ იმოქმედებს.

გუშინდელმა დღემ კიდევ ერთ რამეში დაგვარწმუნა, კერძოდ იმაში, რომ ეროვნული და მოქალაქეობრივი სიფხიზლე არ უნდა მოვადუნოთ და არ უნდა მივიძინოთ.

„საქართველო უახლოეს ხანში გახდება ეკონომიკურად განვითარებული, სულიერად აღორძინებული, ტერიტორიულად გამთლიანებული“ / შევარდნაძე ედუარდ ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 2 აპრილი. - 61 (2174). - 1,2 გვ.

38 ქართველი ხალხი არაფერში არ გაცვლის თავისუფლებას!

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს დამოუკიდებლობის სახალხო რეფერენდუმის ხუთი წლისთავთან დაკავშირებული დარბაზობა საქართველოს პარლამენტში

[...]

დარბაზობაზე სიტყვა წარმოთქვა საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ.

- დღეს მეორედ მიხდება გამოსვლა ამ თარიღთან დაკავშირებით. პირველი შეხვედრა გახლდათ ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, სადაც შეიკრიბა ჩვენი ხალხის მრავალრიცხოვანი წარმომადგენელი.

დღეს აქ უნდა გამოვხატო დიდი მადლიერება პარლამენტის, მისი თავმჯდომარის ბატონ ზურაბ ჟვანიას, საერთოდ, პარლამენტის ხელმძღვანელობის მიმართ, რომლებმაც გადაწყვიტეს ოფიციალურ სახელმწიფო დონეზე საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელთა, მისი უწმინდესობის მონაწილეობით და ჩვენს სტუმრებთან, მეგობრებთან ერთად აღნიშნონ საქართველოს დამოუკიდებლობის თაობაზე რეფერენდუმის გამართვის 5 წლისთავი. ისტორიისათვის ეს ძალიან მცირე მონაკვეთია, მაგრამ იმ თაობებისათვის, ვინც დღეს ცხოვრობს და ვინც უნდა აშენოს და იცხოვროს ახალ საქართველოში, ეს დაუვიწყარი 5 წელიწადია. 5 წელი ქარტეხილების, სამოქალაქო ომების, პოლიტიკური კონფლიქტების, ნგრევისა და ამავე დროს შენების დასაწყისი. საქართველოს სახელმწიფოებრივი კურსის, საგარეო და საშინაო პოლიტიკის განსაზღვრის, ჩამოყალიბების წლები, ასეთი კურსი, ასეთი პოლიტიკა განისაზღვრა და, მიუხედავად გარკვეული წინააღმდეგობებისა, ხალხმა ეს პოლიტიკა და კურსი მიიღო და აღიარა, როგორც თავისი რწმენა, მე ვიტყოდი: ეს ყველაზე უკეთესად გამოხატა გასული წლის 5 ნოემბრის არჩევნებმა. სწორედ ჩვენი ხალხის ნებითა და მისი სურვილით ვიმყოფებით ჩვენ აქ და ფაქტობრივად აღვნიშნავთ საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების 5 წლისთავს. მიუხედავად კატაკლიზმებისა, უაზრმაზარი მსხვერპლისა და ნგრევისა, ალბათ, ამ 5 წლის გაკვეთილების გარეშე ვერ დავადგებოდით ჩვენს მიერ არჩეულ გზას თავისუფლების, დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის და დემოკრატიული განვითარების გზას. ჩვენ ბედნიერი ვართ, სწორედ ის თაობა, ვინც დღეს მონაწილეობს საქართველოს აღმშენებლობაში, ბედნიერია იმით, რომ დღევანდელი საქართველო აღიარებულია, საერთაშორისო სამართლის სუბიექტია, გაეროს წევრია, ევროპის სტრუქტურების შემადგენელი ნაწილია. სულ ორი-სამი წლის შემდეგ ჩვენ ხელშეკრულებას გავაფორმებთ ევროკავშირთან, ეს იქნება ყოვლისმომცველი ხელშეკრულება, რაც თავისთავად უკვე ნიშნავს ევროპის მიერ საქართველოს, როგორც პარტნიორის, აღიარებას. ჩვენ დიდ კმაყოფილებას გამოვთქვამთ იმის გამო, რომ საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ერთ-ერთი აქტიური წევრია.

სწორედ ამგვარი თანამეგობრობა შეიქმნა თავის დროზე და ჩვენ გავხდით დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი. უნდა გითხრათ, რომ ყველა საერთაშორისო და რეგიონალურ ორგანიზაციაში დღეს საქართველოს ანგარიშს ეწევენ, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს და მის ინტერესებს იცავენ, იცავენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ინტერესებს. ასევე არ შემიძლია ხაზი არ გავუსვა იმ გარემოებას, რომ ჩვენ ასევე, ღირსეული წევრი ვართ შავიზღვისპირა ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციისა, რომელსაც, ისევე როგორც თანამეგობრობას, დიდი მომავალი აქვს. საქართველოში დაწყებულ აღმშენებლობით პროცესებს დღეს ყველა აღიარებს. ის, რომ საერთაშორისო ბანკი, მსოფლიო სავალუტო ფონდი, ევროპისა და მსოფლიო საფინანსო ორგანიზაციები შემობრუნდნენ ჩვენსკენ, სჯერათ ჩვენი რეფორმებისა, დადასტურებულია ერთ-ერთ ცნობაში - ამას წინათ რომ წავიკითხე. საქართველო ის ქვეყანაა, რომელიც რეფორმების თვალსაზრისით, ყველაზე წინ არის. ეს თავისთავად ნიშნავს იმას, რომ ჩვენდამი ნდობის ფაქტორი უაღრესად მაღალია და შეესაბამება ჩვენი ხალხის დღევანდელ და მომავალი თაობების ინტერესებს.

დღევანდელ შეკრებაზე ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაისმა ერთგვარი შეშფოთება, მათ შორის, ჩემს გამოსვლაშიც, იმ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც რუსეთის სათათბირომ მიიღო და რომელიც, პრაქტიკულად, საბჭოთა კავშირის, აღდგენას, ე.ი. ძველისაკენ, ტოტალიტარიზმისაკენ, ბოლშევიზმისაკენ დაბრუნების მოწოდებას. დღეს ვთქვი და ახლაც ვიმეორებ, ჩვენ ყველას გვინდა, თითქმის მთელ ქვეყანას, მათ ვინც პარლამენტშია და ვინც პარლამენტს გარეთ არის, ყველა მოქალაქეს ჩვენ დიდ მეზობელთან - რუსეთთან ნამდვილად კეთილმეზობლური, მეგობრული, თუ გნებავთ, ძმური, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ, თანასწორთა ურთიერთობა, როცა ძმათა შორის ხაზი ესმის რაღაც უპირატესობას, იქ კეთილმეზობლობაზე, კეთილმეგობრობაზე ლაპარაკი ზედმეტია. მიმაჩნია, რომ სახელმწიფო სათათბირომ მიიღო უგუნური გადაწყვეტილება და ჩვენ მხარს ვუჭერთ რუსეთის პრეზიდენტს ბატონ ბორის ელცინს, რომელმაც პირველმა აღიმაღლა ხმა ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ და მას სკანდალური უწოდა.

დღეს ამ დარბაზში ჩვენი ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებთან, აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, პატივცემულ სტუმრებთან ერთად ვაცხადებ, რომ საქართველო არასოდეს არ გახდება ნაწილი რომელიმე სახელმწიფოსი. ის იქნება თანასწორთა შორის თანასწორი. ჩვენ ვითანამშრომლებთ ყოველგვარ გაერთიანებებში, მაგრამ ვითანამშრომლებთ, როგორც თანასწორუფლებიანი, თანასწორი ქვეყანა. დაე ყველამ, დაიმახსოვროს, შინაურმაც და გარეულმაც (მხარეთა შორის, შინაურებშიც ბევრია ისეთი, ვისაც ძველისკენ უჭირავს თვალი), ვინც ძველისკენ მიათრევს ქვეყანას, ყოველ შემთხვევაში ასეთი სურვილი აქვთ, ძალიან კარგად უნდა იცოდნენ და დაიმახსოვრონ საბოლოოდ, რომ ქართველი ხალხი არაფერში, არავითარ სიკეთეში, არავითარ სიმდიდრეში, არავითარ დახმარებაში არ გაცვლის იმას, რასაცჰქვია თავისუფლება. თავისუფლება, რომელიც მოპოვებულია არა დღევანდელი და გუშინდელი თაობების მიერ, არამედ თავისუფლება, რომელსაც საუკუნეთა განმავლობაში შეეწირნენ ჩვენი ხალხის საუკეთესო შვილები, მსოფლიოს ამ უძველესი ქვეყნის სხვადასხვა დროის, სხვადასხვა ეპოქის, სხვადასხვა საუკუნეთა მოქალაქეები. მინდა დავამთავრო ჩემი გამოსვლა იმით, რომ შემოგთავაზოთ სადღეგრძელო, უფრო სწორად, წარმოვთქვა ეს სიტყვები: გაუმარჯოს თავისუფალ, დამოუკიდებელ, დემოკრატიულ, ერთიან, მთლიან და ბედნიერ საქართველოს!

პარლამენტის პრესსამსახური - საქინფორმი.

ქართველი ხალხი არაფერში არ გაცვლის თავისუფლებას! : საქართველოს დამოუკიდებლობის სახალხო რეფერენდუმის ხუთი წლისთავთან დაკავშირებული დარბაზობა საქართველოს პარლამენტში // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 3 აპრილი. - 62 (2175). - 1 გვ.

39 თურქეთისა და საქართველოს პრეზიდენტებს სჯერათ ორი ქვეყნის კეთილმეზობლური თანამშრომლობა

▲ზევით დაბრუნება


ედუარდ შევარდნაძის დატოვებული ჩანაწერი მუსტაფა ქემალ ათათურქის მავზოლოეუმის მუზეუმის საპატიო სტუმართა წიგნში:

[...]

ორ წელიწადზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც მქონდა პატივი, რომ ამ ღირსახსოვარ წიგნში ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით გულითადი მოწიწება და უღრმესი პატივისცემა გამომეხატა ახალი თურქეთის დამაარსებლის, დიდი ქემალ ათათურქისადმი.

მას შემდეგ განვლილმა პერიოდმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მსოფლიოს განვითარების გადამწყვეტი ფაქტორია თურქეთის პირველი პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული მარადიული ანდერძი - „მშვიდობა ქვეყანაში, მშვიდობა მსოფლიოში!“

დიდ ქემალ ათათურქს თავისი სამშობლოს აღმოსავლეთით - კავკასიაში საიმედო და ღირსეულ მეზობელ ქვეყნად ძლიერი საქართველოს სახელმწიფო მიაჩნდა.

დღეს დამოუკიდებელი, სუვერენული საქართველო მტკიცედ ადგას დემოკრატიული აღმავლობისა და აღმშენებლობის გზას, ღირსეულ ადგილს იმკვიდრებს მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებს შორის.

ჩევნი ქვეყნების უანგარო თანამშრომლობა იმის ნათელი მაგალითია, თუ როგორი უნდა იყოს ურთიერთობა ჭეშმარიტ მეგობრებსა და კეთილ მეზობლებს შორის.

დიდება და დღეგრძელობა ჩვენს მეგობარ და მოძმე თურქ ხალხს, მის ბრძენ ლიდერებს!

დაუვიწყარი ხსოვნა საქართველოს დიდ მეგობარს მუსტაფა ქემალ ათათურქს!

ედუარდ შევარდნაძე,
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი.
1996 წლის 3 აპრილი.

[...]

ედუარდ შევარდნაძის სიტყვა წარმოთქმული მისი თურქეთში, ანკარაში, ვიზიტისას

ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო,

ბატონებო და ქალბატონებო, დიდად მოხარული ვარ, რომ კვლავ ვიმყოფები ჩვენი დიდი მეგობარი ქვეყნის თურქეთის მიწაზე, სტუმართმოყვარე, ახლობელი ადამიანებით გარშემორტყმული. მე უდიდესი სიამოვნებით მოველი შეხვედრებსა და საუბრებს ჩემს გულუხვ მასპინძელთან - პრეზიდენტ სულეიმან დემირელთან, რომლის მეგობრობა სულიერად მამდიდრებს და მეამაყება. მიხარია, რომ ჩვენი შეხვედრები თურქეთსა და საქართველოში კეთილ ტრადიციად იქცა და უწყვეტი, ურთიერთსასარგებლო დიალოგის ფორმა მიიღო.

მინდა კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ ისტორიულად ხანმოკლე პერიოდში თურქეთმა და საქართველომ მეგობრობისა და თანამშრომლობის დიდი გზა განვლეს. შეიქმნა ურთიერთობათა სოლიდური სამართლებლივი საფუძველი, რომელმაც გზა გაუხსნა ურთიერთსასარგებლო ეკონომიკურ და კულტურულ კავშირებს. ჩვენი ხალხების დაახლოებას და დამეგობრებას.

მინდა ისიც გითხრათ, რომ საქართველო, რომელსაც გაჭივრების ჟამს თქვენ არაერთხელ გამოუწოდეთ დახმარების ხელი, დღეს აღმავლობის გზაზე დგას. დაიწყო ჯერ კიდევ მოკრძალებული, მაგრამ უწყვეტი ეკონომიკური აღმასვლა; ქვეყანაში დამკვიდრდა წესრიგი; ახალი კონსტიტუციის საფუძველზე ხალხმა აირჩია პარლამენტი და პრეზიდენტი. ჭეშმარიტი დემოკარატიის მშენებლობის პროცესი შეუქცევადი გახდა. და მაინც, საგრძნობი დადებითი ძვრების მიუხედავად, პრობლემები უხვად გვაქვს. ჩვენი მთავარი ტკივილი კვლავ მოუწესრიგებელი კონფლიქტები და დარღვეული ტერიტორიული მთლიანობაა. ჩვენ მადლობელი ვართ თურქეთის ხელმძღვანელობის და პირადად ბატონი პრეზიდენტისა მათი ურყევი პოზიციისათვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხის მიმართ. მინდა იცოდეთ, რომ ჩვენს ამასწინანდელ ინიციატივას, რომელსაც „მშვიდობიანი კავკასია“ ვუწოდეთ და რომელიც ჰარმონიული თანაარსებობის პრინციპებს შეიცავს, ინტერესით შეხვდნენ რეგიონის ქვეყნების ხელმძღვანელები და საერთაშორისო თანამეგობრობა. ამავე სულიკვეთებით არის განმსჭვალული „თბილისის დეკლარაცია“ რომელსაც ხელი მოვაწერეთ ახლახან პრეზიდენტ ალიევის ვიზიტის დროს.

ბატონ სულეიმან დემირელთან საუბრისას, ჩვენ ამ თემასაც შევეხებით. მე ვიზიტისგან ბევრს მოველი, როგორც ორმხრივი ურთიერთობის განვითარების, ისე რეგიონში სიმშვიდისა და სტაბილურობის დამყარების თვალსაზრისით.

დავამთავრებ იმით, რითაც დავიწყე, - ბედნიერი ვარ, რომ კვლავ მეგობარ თურქეთში, ვიმყოფები თქვენთან ერთად ძვირფასო მეგობრებო.

თურქეთისა და საქართველოს პრეზიდენტებს სჯერათ ორი ქვეყნის კეთილმეზობლური თანამშრომლობა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 4 აპრილი. - 63 (2176). - 1 გვ.

40 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმასწავლებლებსა და სტუდენტებს

▲ზევით დაბრუნება


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გიორგი შარვაშიძის დაბადების 150 წლისთავის აღნიშვნა მეტად მნიშვნელოვანი კულტურული და პოლიტიკური მოვლენა გახლავთ ჩვენი დღევანდელი ცხოვრებისა.

გიორგი შარვაშიძე, მრავალმხრივად განათლებული და თავადაც მრავალმხრივი პიროვნება, ამავე დროს, სიმბოლოა ქართულ-აფხაზური ერთობისა, რომელიც საუკუნეთა მანძილზე ჩამოყალიბდა და მას ჩრდილი ვერ უნდა მიაყენოს სისხლიანმა, მაგრამ მაინც წარმავალმა კონფლიქტებმა.

წლები გავა, ჩვენ აღარ ვიქნებით ამ ქვეყნად და საქართველოში მხოლოდ ტკივილიან მოვლენად დარჩება ის, რომ ოდესღაც სხვათა დახმარებით და საკუთარი უგუნურებით ქართველთა და აფხაზთა შორის სისხლი დაიღვარა, მერე ესეც დაავიწყდება ხალხს, მაგრამ ისეთი ადამიანები, ისეთი სიმბოლოები, როგორიც გიორგი შარვაშიძეა, ყოველთვის ემახსოვრებათ.

და კიდევ ის, რომ ურთეიერთობათა გამწვავების დროს, როცა ჭრილობა ჯერ კიდევ შეუხორცებელი იყო, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ - მასწავლებლებმა და სტუდენტებმა თავისი მიაგეს გიორგი შარვაშიძეს - საქართველოს, ამდენად აფხაზეთის ერთგულ და სასახელო შვილს.

ეს ბადებს იმედს.

პატივისცემით,
ედუარდ შევარდნაძე.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 4 აპრილი. - 63 (2176). - 1 გვ.

41 პრეზიდენტის სამძიმარი

▲ზევით დაბრუნება


3 აპრილს სასტუმრო „აფხაზეთში“ მომხდარი ხანძრის შესახებ, რომლის შედეგად დაიღუპნენ ადამიანები, ბევრმა კი მძიმე დამწვრობა მიიღო, თურქეთში ჩემი ოფიციალური ვიზიტის დროს შევიტყვე.

ამ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით შეიქმნა სახელმწიფო კომისია, რომელიც შეისწავლის ხანძრის მიზეზებს.

ყველა მატერიალური ზარალი შეიძლება ანაზღაურდეს,საბოლოოდ თქვენს ეზო-კუთხეს დაუბრუნდებით - აუნაზღაურებელი მხოლოდ იმ ადამიანთა სიცოცხლეა, ხანძარმა რომ იმსხვერპლა.

გულწრფელ სამძიმარს გიცხადებთ თავს დატეხილი კიდევ ერთი უბედურების გამო.

ედუარდ შევარდნაძე.
1994 წლის 4 აპრილი.

პრეზიდენტის სამძიმარი // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 6 აპრილი. - 65-66 (2179). - 1 გვ.

42 მის აღმატებულებას უილიამ ჯ. კლინტონს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს

▲ზევით დაბრუნება


პატივცემულო ბატონო პრეზიდენტო,

შეგვაძრწუნა დუბროვნიკის მახლობლად მომხდარმა ტრაგედიამ, ჩვენთვის ძალზე ნაცნობია ის პრობლემები, რომელთა გადასაჭრელადაც იღვწოდნენ ბალკანეთში რონ ბრაუნი და მისი გუნდის წევრები.

რაოდენ ძნელიც უნდა იყოს, მისი ოჯახის წევრებისთვის ამ უმძიმესი დანაკარგის გადატანა, მათი და მთელი თქვენი ხალხის ტკივილს შეამსუბუქებს იმის გაცნობიერება, რომ რონ ბრაუნი და მისი კოლეგები დაიღუპნენ იმ იდეალებისთვის, რომელთათვისაც ამერიკელი ხალხის საუკეთესო შვილებს დაუდიათ თავი - გაჭივრებულთათვის დახმარების ერთგული ხელის გაწვდენა მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში, თუნდაც ამერიკის შეერთებული შტატებიდან ასე შორს.

გთხოვთ გადასცეთ ქართველი ხალხის და პირადად ჩემი ღრმა სამძიმარი ყველა დაღუპულის ოჯახს.

გულწრფელად თქვენი
ედუარდ შევარდნაძე.
5 აპრილი, 1996 წ.

მის აღმატებულებას, უილიამ ჯ. კლინტონს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 6 აპრილი. - 65-66 (2179). - 1 გვ.

43 „დადგა დრო, როცა კავკასიის რეგიონის სახელმწიფოებმა თვითონ უნდა იზრუნონ თავიანთი არსებობის არეალზე“

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა თურქეთის მეჯლისში

პატივცემულო ბატონო თავმჯდომარევ,
ბატონო პარლამენტის წევრებო,
ქალბატონებო და ბატონებო,

როდესაც თქვენს წინაშე გამოსვლაზე ვფიქრობდი, უწინარესად გამახსენდა ის ძირითადი ფასეულობა, ან იქნებ ტვირთი, რაც ჩვენს ორ მეზობელ ქვეყანას და მათ ხალხებს განგებამ არგუნა - მხედველობაში მაქვს გეოგრაფიული და ისტორიული ადგილი ორ სამყაროს შორის, ცივილიზაციების, რელიგიების და კულტურების შესაყარზე.

დარწმუნებული ვარ, რომ ამასვე ფიქრობდა თურქი ხალხის დიდი შვილი მუსტაფა ქემალ ათათურქი, როდესაც თქვენს წინამორბედებს, თურქეთის დიდი ეროვნული ასაბლეის წევრებს მოუწოდებდა, განევითარებინათ მეგობრული ურთიერთობანი, როგორც აღმოსავლურ, ისე დასავლურ სამყაროსთან.

გასაოცარია, რა აქტიურად ჟღერს ჩვენს დროშიც მისი სიტყვები: „დღეს მსოფლიოს ყველა ერი მეტად თუ ნაკლებად უკავშირდება ერთმანეთს და ეს პროცესი გრძელდება. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ვინმე თავისი ქვეყნის არსებობასა და ბედნიერებაზე ფიქრობს, მან მსოფლიოს ყველა ქვეყნის კეთილდღეობასა და ბედნიერებაზე უნდა იფიქროს და თუ ვინმე აფასებს მისი საკუთარი ქვეყნის ბედნიერებს, მან მსოფლიოს ყველა ქვეყნის ბედნიერებაზე უნდა იზრუნოს“.

თუმცა, დღევანდელ საქართველოში მიმდინარე დინამიური პროცესები ნაკლებად განაწყობენ ადამიანს წარსულზე ფიქრებზე, მე ხშირად ვიხედები უკან, თვალს ვავლებ ჩემი და ჩემი მეგობრების მიერ 80-იან წლებში განვლილ გზას და საკუთარ თავს ვეკითხები: ხომ არ სჯობდა მაშინდელი, თუნდაც კომფრონტაციული, თუნდაც მოწინააღმედეგე ბანაკის მოსპობის იდეოლოგიით გაჟღენთილი, თუნდაც კედლით გაყოფილი, მაგრამ თავისებურად მოწესრიგებული და განჭვრეტადი მსოფლიო დღევანდელ დეიდეოლოგიზირებულს, გაერთიანებულს, მაგრამ, გარკვეულად. ქაოტურსა და განუჭვრეტადს. დამეთანხმებით, ეს კითხვა ბუნებრივია პოლიტიკოსისთვის, რომელიც განგების ნებით მე-20 საუკუნის უდიდესი რევოლუციის ეპიცენტრში აღმოჩნდა და რომელმაც საკუთარი სამშობლოს მაგალითზე განიცადა პოსტკონფრონტაციული მსოფლიოს ყველა განსაცდელი - სამოქალაქო ომებითა და მაფიოზური კლანების დაპირისპირებით დაწყებული და ეკონომიკური კატასტროფითა და შიმშილით დამთავრებული. და მე მინდა პირდაპირ კითხვას პირდაპირვე ვუპასუხო: - დღევანდელი პრობლემები არაფერია იმ საფრთხესთან შედარებით, რომელიც თვით ადამიანთა მოდგმას ემუქრებოდა განადგურებით. სწორედ კედლის რღვევამ მისცა მანამდე მტრულ სახელმწიფოებს საშუალება. გაერთიანებული ძალით უპასუხონ ახალი დროის გამოწვევებს, თანამედროევეობის ისეთ საშიშ სნეულებებს, როგორიცაა, ერთი მხრივ - აგრესიული სეპარატიზმი, ტერორიზმი, ველური ნაციონალიზმი, ქსენოფობია, მეორეს მხრივ - ეკონომიკური ჩამორჩენილობა, სოციალური დაძაბულობა. ეკოლოგიური კატასტროფები. დღეს, როცა აშკარაა, რომ მსოფლიო თანამეგობრობამ ერთად უნდა იზრუნოს ერთა ბედნიერი და სამართლიანი თანაცხოვრებისათვის, დიდი ათათურქის ამ სიტყვებს ყოველ ჩვენგანი მოაწერდა ხელს.

სწორედ ამაზე ვფიქრობდი, როცა გუშინ მავზოლეუმში მივედი და პატივი მივაგე მის ხსოვნას. ვფიქრობდი იმაზეც, თუ რა დიდი გზა გაიარეს საქართველომ და თურქეთმა დროის ამ მოკლე მონაკვეთში, რაც ჩემმა ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა. დღეს ჩვენ უკვე გვაქვს საფუძველი ვილაპარაკოდ პირველ წარმატებებზე. გაფორმებულია ჩვენი სრულმასშტაბიან ურთიერთობათა სამართლებლივი ბაზა, დღესაც ხელი მოეწერა თურქეთ-საქართველოს ერთობლივ დეკლარაციას. მთელ რიგ დოკუმენტებს, საზღვარგარეთის ქვეყნებიდან, თურქეთი იქცა საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად, უპირველეს პარტნიორად, ჩვენს შორის უკვე მოქმედებს ორი საბაჟო - გამშვები პუნქტი. რაც ყველაზე მთავარია და რასაც ვერავითარი სტატისტიკა ვერ აღრიცხავს - გაიდო მეგობრობის ხიდი ხალხებს შორის.

ორმხრივ ურთიერთობათა საკითხებს ძირითადი ადგილი დავუთმეთ პრეზიდენტ დემირელთან მოლაპარაკებების დროს. ორივეს კარგად გვესმის, რომ ჩვენს დინამიურ დროში არც ერთი წუთით არ შეიძლება იმ პროცესის შეჩერება, რომელსაც ჩვენი ქვეყნების. როგორც ორი თანასწორუფლებიანი დამოუკიდებელი სახელმწიფოს პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული დაახლოევებისაკენ მივყავართ.

ეს იყო ჩემი ძალიან საინტერესო საუბარი თანამედროვეობის დიდ პოლიტიკოსთან. ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ იმ ერთობლივი პრაქტიკული საქმიანობის შესახებაც, რომელიც უნდა გავწიოთ რეგიონში არსებული კონფლიქტების პოლიტიკური მოწესრიგებისა და ამის საფუძველზე სტაბილური მშვიდობისა და უსაფრთხოების კლიმატის შექმნისათვის, მსოფლიო ეკონომიკურ და პოლიტიკურ პროცესებში ჩვენი ქვეყნების როლის გაძლიერებისათვის.

ჩვენ კვლავ დავადასტურეთ, რომ ჩვენი სახელმწიფოების მეთაურებთან და მთავრობებთან ერთად, ამ საქმეში უდიდესი წვლილის შეტანა შეუძლიათ ჩვენი ქვეყნის პარლამენტებსაც.

თავს ნებას მივცემ, მხოლოდ შეგახსენოთ აღნიშნული, რადგან პარლამენტების თანამშრომლობის თაობაზე სულ ცოტა ხნის წინათ, მისი თბილისში ვიზიტის დროს, დაწვრილებითი საუბარი მქონდა დიდი ეროვნული კრების თავმჯდომარესთან ღრმად პატივცემულ ბატონ მუსტაფა ქალემლისთან, რომლის გამოსვლა საქართველოს პარლამენტში უმნიშვნელოვანეს მოვლენად იქცა ჩვენი ქვეყნების ურთიერთობაში.

ნება მიბოძეთ შევჩერდე რამდენიმე საკითხზე, რომელთაც ჩემი აზრით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ჩვენი ორი ქვეყნის, რეგიონის და საერთაშორისო თანამეგობრობისათვის.

პირველი და ძირითადი, ჩვენი აზრით, არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოწესრიგება და რეგიონში სტაბილური მშვიდობისა და უსაფრთხოების პირობრბის შექმნაა.

ჩვენ ვიცით, თუ რა რიგ საარსებოდაა თურქეთი დაინტერესებული ჩვენს რეგიონში მეგობრული თანამშრომლობის, სატბილური და უსაფრთხო კლიმატის შექმნით ამას ადასტურებს ის მხარდაჭერა, რომელსაც თურქეთი გვიწევს აფხაზეთის პრობლემის მოგვარების საქმეში. ამასთანავე, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და თურქეთის პარლამენტში კიდევ ერთხელ დავადასტურო საქართველოს ურყევი პოზიცია აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიანი და სამართლებლივი მოწესრიგების მიმართ. კონფლიქტის მოგვარების შემდეგ აფხაზეთს ექნება მსოფლიოში მიღებული ფედერაციის სუბიექტისთვის დამახასიათებელი ყველაზე ფართო უფლებები: საკუთარი კონსტიტუცია, გერბი, ჰიმნი, პარლამენტი, უმაღლესი სასამართლო, სახელმწიფოებრიობის სხვა მრავალი ატრიბუტი. მაგრამ ჩვენ არასდროს დავუშვებთ ომითა და გარეშე ძალების დახმარებით მოპოვებულის უსამართლოდ დაკანონებას. არავითარი ილუზია არ უნდა არსებობდეს იმის თაობაზე, თითქოს საქართველოს ხალხი და მასთან ერთად მსოფლიო თანამეგობრობა ოდესმე შეურიგდება სამი ათასი ლტოლვილისა და იძულებით ადგილნაცვალის ენით აუწერელ ტანჯვას. თავს მოვალედ ვთვლი თქვენ წინაშე განვაცხადო: აფხაზეთის კონფლიქტი არ მოგვარდება მანამ სანამ საქართველოს იურისდიქცია არ გავრცელდება მის მთელს ტერიტორიაზე. ამ პოზიციამ სრული მხარდაჭერა პოვა თურქეთის ხელმძღვანელებთან ჩვენი საუბრების დროს, რაც აისახა კიდევ პრეზიდენტ სულეიმან დემირელისა და ჩემს მიერ ხელმოწერილ დეკალარაციაში.

ჩვენი რეგიონი ვერ შეიძენს მსოფლიო ეკონომიკური სისტემისათვის მნიშვნელოვანი ელემენტის როლს მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების გარეშე. მაგრამ, მეორე მხრივ, მსოფლიოს ეკონომიკისათის მნიშვნელოვანი რეგიონალური პროექტების სწრაფი და წარმატებული განხორციელება უეჭველად დააჩქარებს მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებისათვის მიმართულ მრავალმხრივ ძალისხმევას. სწორედ მსოფლიო ეკონომიკისთვის ასეთ მნიშვნელოვან პროექტებად გვესახება მთლიანად რეგიონისათვის აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის სატრანზიტო-დამაკავშირებელი ხიდის ფუნქციის მინიჭება და როგორც მისი მნიშვნელოვანი შემადგენელი ელემენტი - ენერგოშემცველების ტრანზიტი. თურქეთმა და საქართველომ უკვე ბევრი რამ გააკეთეს ამ მიმართულებით, მაგრამ ჩვენ შევთანხმდით, რომ საჭიროა კიდევ უფრო გავააქტიუროთ ჩვენი ძალისხმევა.

ჩვენ დავადასტურეთ, აგრეთვე, ჩვენი საერთო პოზიცია იმის თაობაზე, რომ აღნიშნული სფერო უნდა იქცეს არა რეგიონში არა ჯანსაღი მეტოქობის და მასზე გავლენის მოპოვების ინსტრუმენტად, არამედ ნაყოფიერი თანამშრომლობის და ურთიერთხელსაყრელი საქმიანობის ასპარეზად ყველა დაინტერესებული მხარის ინტერესების გათვალისწინებით.

სწორედ ამ მიზნების მიღწევას ითვალისწინებს ჩვენი ახალი ინიციატივა „მშვიდობიანი კავკასია“ მისმა პრინციპებმა ასახვა პოვეს დოკუმენტში, რომელსაც „თბილისის დეკლარაცია“ ეწოდა და რომელსაც მე და ბატონმა ალიევმა მოვაწერეთ ხელი, მათი განხორციელება რეგიონის ყველა სახელმწიფოს ინტერესს უნდა წარმოადგენდეს, რამდენადაც ისინი უნივერსალურნი არიან. ისინი გულისხმობენ რეგიონის სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში, ადამიანის უფლებათა და ძირითად თვისუფლებათა, მათ შორის ეროვნულ უმცირესობათა დაცვას ყველგან და ყოველთვის, თანამშრომლობას სატრანსპორტო და სხვა კომუნიკაციების დაცვასა და განვითარებაში, თანამშრომლობას კავკასიის უნიკალური ბუნების დაცვაში, გადარჩენაში, ტექნოგენური, სტიქიური უბედურებების და შეიარაღებული კონფლიქტების შედეგების ლიკვიდაციის საკითხებში, ტურიზმის განვითარებაში, ეთნიკურ და კონფესიურ შემწყნარებლობას, საერთაშორისო პროექტების აქტიურ მხარდაჭერას და ინვესტიციების მოზიდვას.

კმაყოფილებით აღვნიშნავ, რომ ჩვენი გუშინდელი საუბრებისას ინიციატივას „მშვიდობიანი კავკასია“ მხარი დაუჭირა პრეზიდენტმა დემირელმა. მიგვაჩნია, რომ დადგა დრო, როცა კავკასიის სახელმწიფოებმა და მათ შორის ჩვენმა სახელმწიფოებმა, თვითონ უნდა იზრუნონ თავიანთი არსებობის არეალზე. ამ საკითხზე მე საუბარი მქონდა რუსეთის პრეზიდენტთან ბატონ ბორის ელცინთან, რომლის ჩეჩნეთში კონფლიქტის მოწესრიგების ამასწინდელი გეგმა, შესაძლოა კავკასიაში ხანგძლივი მშვიდობის დამყარების პირველ რეალურ ნაბიჯად იქცეს. საუბარი მქონდა ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების ზოგიერთ ლიდერთან. ვფიქრობ, ამ ინიციატივას მომავალი აქვს. თბილისში ვიზიტისას ჩვენი ინიციატივა გაიზიარა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა დოქტორმა ველაიათიმ, ხოლო აზერბაიჯანის პრეზიდენტ ალიევის თბილისში ამასწინდელი ვიზიტის დროს მის და ჩემ მიერ ხელმოწერილი „თბილისის დეკლარაციით“ დაიწყო რეგიონის სახელმწიფოთა ძალისხმევის გაერთიანება ამ კეთილშობილური მიზნების მისაღწევად.

თურქეთს როგორც რეგიონის უმნიშვნელოვანეს სახელმწიფოს, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია კავკასიის მომავალზე, საქართველო მზად არის თქვენს დიდ ქვეყანასთან და სხვა ქვეყნებთან ერთად იტვირთოს კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობისათვის პასუხსიმგებლობის მძიმე უღელი.

ჩვენ მადლობელი ვართ თურქეთის, მისი ხელმძღვანელობის და მისი ხალხის, რომელთაც უდიდესი დახმარება აღმოგვიჩინეს ჩვენი დამოუკიდებლობის ჩამოყალიბების პროცესში და დარწმუნებული ვართ, რომ ახლოა ის დრო, როდესაც საქართველო, როგორც ღირსეული პარტნიორი, გვერდით დაუდგება მეგობარ და მეზობელ თურქეთს არა მხოლოდ ორმხრივ ურთიერთობაში, არამედ ჩვენი რეგიონის და საერთაშორისო პრობლემების გადაჭრის საქმეშიც.

ამ უმაღლესი ტრიბუნიდან მინდა განვაცხადო, როგორც უნდა იყოს რეაქციული ძალების სურვილი, საქართველო არ დასთმობს თავისუფლების და დემოკრატიის გზას. საქართველო მომავლისკენ იყურება და არ მისტირის წარსულს. ჩვენი ხალხი მტკიცედ დაადგა დემოკრატიის და საბაზრო ეკონომიკის გზას. ქვეყანაში აღიკვეთა დანაშაულებრივი კლანების თარეში, რომლებიც ლამობდნენ საქართველო თავიან სათარეშო ასპარეზად ექციათ. მსოფლიოს წამყვანი საფინანსო ინსტიტუტების დახმარებით დღეს ჩვენ გვაქვს მყარი ეროვნული ვალუტა. წარმატებით დასრულდა ძირეული ფინანსურ-ეკონომიკური და სამართლებლივი რეფორმების პირველი ეტაპი.

საქართველოში ჩატარდა ჭეშმარიტად სამართლიანი, დემოკრატიული საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები, აგერ უკვე ნახევარი წელია, რაც ქვეყანა ცხოვრობს ახალი კონსტიტუციით. ყოველივე ეს საუკეთესო გარანტიია იმისა, რომ ძველისკენ დაბრუნება აღარ მოხდება.

საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი არის და იქნება ყველა სახელმწიფოსთან მეგობრობა და საუკეთესო დამოკიდებულება. ჩვენ გვსურს და მზად ვართ, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობასა და შავი ზღვის ეკონომიკურ ალიანსში მჭიდრო ინტეგრაციისთვის, ევროპული ინტეგრაციისთვის, მაგრამ საქართველო აღარასდროს გახდება რომელიმე სახელმწიფოს შემადგენელი ნაწილი. ყოფილ საბჭოთა სივრცეზე ერთიანი სახელმწიფოს აღდგენის ამასწინანდელი მცდელობა სხვას არაფერს მოიტანს, თუ არა ქაოსს, ნგრევას, და საბოლოო ანაგარიშით, დესტაბილიზაციის პლანეტარული მასშტაბის კერის წარმოშობას, ეკონომიკური თუ პოლიტიკური ინტეგრაცია, ჩვენი ქვეყნისთვის მხოლოდ მაშინ იქნება გამართლებული, თუკი ის ხელს შეუწყობს მის გაძლიერებას, ეკონომიკურ აღმავლობას, მოქალაქეთა კეთილდღეობის ზრდას და მაშასადამე დამოუკიდებლობის განმტკიცებას.

პატივცემულო ბატონო თავმჯდომარევ, ბატონო პარლამენტის წევრებო,

დღეს მთავრდება ჩვენი ოფიციალური ვიზიტი თქვენ დიდი და მშვენიერ ქვეყანაში. მე ბედნიერი ვარ რომ წილად მხვდა პატივი ვყოფილიყავი საქართველოს პირველი პრეზიდენტი, რომელიც ამ კედლებში სიტყვით გამოვიდა. მინდა კიდევ ერთხელ მოგესალმოთ, მადლობა გითხრათ გულითადი დახვედრისათვის და ვუსურვო თურქეთსა და საქართველოს ხალხების ბედნიერი მომავალი.

გმადლობთ ყურადღებისათვის.

გაუმარჯოს ძლიერ და აყვავებულ თურქეთს, გაუმარჯოს თურქეთის და საქართველოს მეგობრობას.

„დადგა დრო, როცა კავკასიის რეგიონის სახელმწიფოებმა თვითონ უნდა იზრუნონ თავიანთი არსებობის არეალზე“ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 6 აპრილი. - 65-66 (2179). - 1 გვ.

44 „ლაპარაკი უნდა იყოს არა ქართულ-აფხაზურ, არამედ პოლიტიკურ კონფლიქტზე აფხაზეთში“

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 8 აპრილის რადიოინტერვიუ

- განვლილ კვირას თქვენ ოფიციალური ვიზიტით ეწვიეთ თურქეთის რესპუბლიკას, ხელმოწერილი როგორც ერთობლივი დეკლარაცია, ისე ეკონომიკური ხასიათის შეთანხმებები. რა მნიშვნელობა ჰქონდა თურქეთის ვიზიტს, თუნდაც რუსეთში მიმდინარე მოვლენების ფონზე?

- თურქეთში ვიზიტი ყოველმხრივ შედეგიანია, მართლაც, შეგვიძლია ვილაპრაკოთ ორი ქვეყნის ურთიერთობის ახალ ხარისხზე, მათ შორის ნდობის ახალ დონეზე. ეს მე ანკარაშიც ვთქვი. და სწორედ ეს გახლავთ იმის საუკეთესო მაგალითი, თუ როგორ უნდა ვითარდებოდეს მეზობელი ქვეყნების კავშირურთიერთობანი მათი მასშტაბის მიუხედავად. ეს იყო ჭეშმარიტად თანასწორთა ძალიან საინტერესო დიალოგი, რა თქმა უნდა, უწინარესად პრეზიდნეტ დემირელის დამსახურებაა. ვიზიტი ორი მეზობელი სახელმწიფოს სავაჭრო-ეკონომკური ურთიოერთობის გაფართოებისა და განვითარების ლოგიკური გაგრძელება იყო. პოლიტიკურ ასპეტქებზე აღარ განვაგრძობ საუბარს. თქვენს გადაცემებში უკვე კარგად და ვრცლად ილაპარაკეთ ამის შესახებ. სწორედ ამ ასპექტს გამოვყოფდი ამჯერად - სავაჭრო-ეკონომიკურ და სხვა ურთიერთობას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ტრანსპორტისა და საერთოდ, კომუნიკაციების მოქნილი და მძლავრი ინფრასტრუქტურის შექმნისათვის გამიზნული კონკრეტული ღონისძიებანი, რომლებიც მოლაპარაკებების შედეგად გამოიკვეთა, მეტად ხელსაყრელ პირობებს შექმნის კასპიის ზღვის აუზიდან საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიათა გავლით საერთაშორისო ბაზრებისკენ ნავთობისა და ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების პროექტის რეალური განხორციელებისათვის, იმ ტვირთის გატარებისათვის, რომელიც ცენტრალური აზიიდან, ირანიდან და სხვა ქვეყნებიდან იგზავნება დასავლეთისაკენ და პირიქით - მოდის აქეთ. ხელმოწერილი სამთავრობოთაშორისო შეთანხმებები და ოქმები კავშირგაბმულობის, საბაჟო საზღვარზე გამტარი პუნქტების, ტექნიკისა და მეცნიერების დარგში თანამშრომლობის, ენერგეტიკის რკინიგზისა და ინფრასტრუქტურის სხვა ქსელების შეერთების. საინფორმაციო სფეროში თანამშრომლობის შესახებ და სხვა.

მეტად მნიშვნელოვანი იქნება თურქეთის მონაწილეობა საქართველოს საზღვაო ნავსადგურებისა და აეროპორტების, რკინიგზის მაგისტრალებისა და ავტოტრასების განვითარებასა და ერთობლივ გამოყენებაშიც, აგრეთევე ელექტროენერგიით საქართველოს უზრუნველყოფის ხელშეწყობაში, ამ სფეროში ერთობლივი პროგრამის შემუშავებაში.

აღნიშნულ პროექტებში მონაწილოებას მიიღებენ (ამის სურვილი უკვე გამოთქვეს) თურქეთის საქმიანი წრეების წარმომადგენლები, ბიზნესმენები. არ შეიძლება არ აღინიშნოს, თურქეთის მხარის თანხმობა კრედიტის რესტრუქტურიზაციის თაობაზე, რის გამოც საბოლოო გადაწყვეტილებას თურქეთის მეჯლისი მიიღებს. თურქეთის ხელმძღვანელობამ, როგორც პრეზიდენტმა, ისე ახლანდელმა და მომავალმა პრემიერ - მინისტრმა დაადატურეს, რომ თურქეთი თანახმაა გამოუყოს საქართველოს კიდევ 100 მილიონი დოლარი მიზნობრივი კრედიტი, მიზნობრივი ესე იგი პროექტების სარეალიზაციოდ.

ორ ქვეყანას შორის გაფართოვდება თანამშრომლობა უცხოური ინვესტიციების მოზიდვისა და ტურიზმის განვითარებისათვის და ასე შემდეგ. ასე რომ, ვიზიტი მართლაც შედეგიანი იყო.

- თურქეთთან ესოდენ გულთბილი და განსაკუთრებულად ხაზგასმული ურთიერთობა, რომელიც ამ ვიზიტის დროს იგრძნობოდა, მით უმეტეს, როცა ეგრეთ წოდებული, „პროტოკოლით“ არ არის გათვალისწინებული პრეზიდენტი ხვდებოდეს და აცილებდეს მეორე ქვეყნის პრეზიდენტს, ხომ არ გამოიწვევს რუსეთთან, რეგიონის უმნიშვნელოვანეს ქვეყანასთან და ჩვენს ძველ მეზობელთან ურთიერთობის გარკვეულ გართულებას? გასულ კვირას საქართველოს რუსეთის თავდაცვის მინისტრი გრაჩოვი ეწვია, გთხოვთ ორიოდე სიტყვა გვითხრათ ამ ვიზიტის შესახებ.

- უნდა დაგეთანხმოთ, რომ ვიზიტი მართლაც განსაკუთრებულ ვითარებაში მიმდინარეობდა, ეს იყო გულთბილი, მეგობრული და კეთილმოსურნე ვითარება. თურქეთთან კეთილმეზობლობა და მეგობრობა სულაც არ უშლის ხელს რუსეთთან აღმავალი გზით მიმავალ ურთიერთობის განვითარებას. სამივე ქვეყანას ბევრი საერთო ინტერესი გვაქვს. განსაკუთრებით ეს ეხება კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთ მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას. რაც უფრო მტკიცე და საიმედო იქნება როგორც რუსეთთან, ასევე თურქეთთან საქართველოს კავშირურთიერთობა, მით უფრო აქტიური იქნება ჩვენი როლი მშვიდობიანი კავკასიისთვის ბრძოლაში. რასაკვირველია, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი უპირველესი ამოცანაა განვავითაროდ ჭეშმარიტად ძმური ურთიერთობა უახლოეს მეზობლებთან - აზერბაიჯანთან და სომხეთთან. ვფიქრობ, ეს ყველა ჩვენ მოქალაქეს ესმის. რაც შეეხება რუსეთის თავდაცვის მინისტის პავლე გრაჩოვის ვიზიტს, დამეთანხმებით, იგი მაღალ დონეზე, საერთო ინტერესების გათვალისწინების ნიშნით მიმდინარეობდა და, დარწმუნებული ვარ, ხელს შეუწყობს საქართველოს თავდაცვითი პოტენციალის, ჩვენი შეიარაღებული ძალების მშენებლობის გაძლიერებასა და გაუმჯობესებას, კავკასიაში სტაბილურობის განმტკიცებას.

- თურქეთში ამ ოფიციალური ვიზიტის პოლიტიკური მხარის გარდა, იყო ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური შეთანხმებები. მაგალითად, თურქული კრედიტები და ასე შემდეგ. ეს უწინარესად ეკონომიკური რეფორმის შედგეგია, რომელიც ძნელად, მაგრამ მაინც მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში...

- რამდენიმე სიტყვა ეკონომიკურ სფეროში მიმდინარე პროცესებზე. ჯერ ერთი მინდა გითხრათ, რომ საქართველომ უკვე დაიმკვიდრა რეფორმატორი ქვეყნის სახელი. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს ჩვენი განვითარების პერსპექტივისათვის.

ახლა უფრო კონკრეტულად: მიმდინარე წლის დამდეგს ქვეყანაში შესამჩნევად გაჯანსაღდა ეკონომიკური გარემო და შესაბამისად გაუმჯობესდა ეკონომიკის ფუნქციონირების შედეგები. მრეწველობის დეპარტამენტის მიღწევებთან ერთად, რაზეც წინა კვირას იყო საუბარი, აღსაღნიშნავია ჰოლდინგ „საქსამთომეტალურგის“ საწარმოთა საქმიანობის შედეგებიც (იცით, რომ ეს ძალიან დიდი სამეურნეო წარმონაქმნია) რუსთავის მეტალურგიული ქარხნისა და მადნეულის სამთო-მამდიდრებელი კომბინატის მიერ პირველ კვარტალში წარმოებულია 11,5 მილიონი ლარის პროდუქცია, რაც 27 პროცენტით აღემატება შარშანდელი შესაბამისი პერიოდის დონეს. შარშანდელთან შედარებით წარმოებულია 1,5-ჯერ მეტი ნაგლინი, 3-ჯერ მეტი ფოლადი მილები და სხვა.

მარტის მესამე დეკადაში ამოქმედდა ჰოლდინგ „საქსამთოქიმიის“ 5 საწარმო და ამჟამად მასში შემავალი 10 საწარმოდან უკვე ფუნქციონირებს 8. იანვარ-თებერვალში მნიშვნელოვანი ჩამორჩენის მიუხედავად, ჰოლდინგის საწარმოებმა მარტში დაძლიეს იგი და პირველი კვარტლის შედეგებით აწარმოეს 2,5-ჯერ მეტი პროდუქცია, ვიდრე შარშან შესაბამის პერიოდში.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ქალაქის სამრეწველო საწარმოებში მარტის მესამე დეკადაში პროდუქციის წარმოების მკვეთრი ზრდის შედეგად. შესაძლებელი გახდა მნიშვნელოვანწილად დაძლეულიყო თვის პირველ ორ დეკადაში შექმნილი სირთულეები. პირველ კვარტალში წარმოებულია 60 მილიონი ლარის პროდუქცია, რაც 6-დან 8 პროცენტამდე აღემატება შარშანდელ დონეს (ეს პროცენტები კიდევ დაზუსტდება)

აპრილში ეს დადებითი ტენდენციები მკვეთრად უნდა გაფართოვდეს და განმტკიცდეს. მით უმეტეს, რომ „საქენერგოს“ დეპარტამენტის მონაცემებით, აპრილის პირველი დღეებიდანვე შეიმჩნევა ელექტროენერგიის წარმოების ზრდის ტენდენციის განახლება. ელექტროენერგიის სადღეღამისო გამომუშავებამ 17 მილიონ კილოვატსაათს გადააჭარბა. მაშინ, როცა მარტში 14-15 მილიონ კილოვატსაათს შეადგენდა. გაცილებით მაღალია ელექტროენერგიის ხარისხიც. გამომუშავებულ ელექტროენერგიაში იზრდება ჰიდროენერგეტიკის წილიც. იქნება ქვეყნის სამრეწველო პოტენციალის სულ უფრო მეტად ამოქმედების რეალური შესაძლებლობა.

წინა კვირის ეკონომიკურ მიმოხილვაში უკვე ითქვა, რომ შესრულდა ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლის პირველი კვარტლის გეგმა. გადაჭარბებულია დამატებითი ღირებულების გადასახადის გეგმაც - 120 პროცენტით, ფიზიკურ პირთა საშემოსავლო გადასახადის გეგმა - 107 პროცენტით, აგრეთვე მიწის, ქონების, ბუნებრივი რესურსების გამოყენებისთვის გადასახადების გეგმები და სხვა.

საგადასახადო ინსპექციის ცნობით, ბიუჯეტის პირველი კვარტლის შემოსავლის შესრულების საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს თბილისმა, კახეთის, სამეგრელოს, მცხეთა-მთიანეთისა და რაჭა-ლეჩხუმის მხარეებმა. ქალაქ თბილისში ბიუჯეტის ფაქტობრივმა შემოსავალმა 24 მილიონი ლარი შეადგინა, რაც მთელი რესპუბლიკის შემოსავლის 54,5 პროცენტია. კახეთის მხარეში გეგმა შესრულდა თითქმის 102 პროცენტით, სამეგრელოს მხარეში-124 პროცენტით (მადლობელი ვარ მხარის ხელმძღვანელობისა), მცხეთა-მთიანეთის მხარეში 109 პროცენტით (ესეც ძალიან მაღალია) რაჭა-ლეჩხუმის მხარეში - თითქმის 105 პროცენტით.

ამასთანავე ბიუჯეტის შემოსავლის მობილიზაცია ზოგან ჯერ კიდევ დაძაბულად მიმდინარეობს. ძალიან გაუჭირდათ აჭარაში, სადაც ბიუჯეტის ფაქტობრივმა შემოსავალმა 3, 3 მილიონი ლარი შეადგინა. გეგმა კი 4.3 მილიონს ითვალისწინებდა. ამავე პერიოდში გაუჭირდათ აგრეთვე იმერეთშიც, რომელმაც ბიუჯეტის შემოსავალს 3 მილიონი ლარი დააკლო, საპროგნოზო მონაცმები მხოლოდ 55 პოცენტის დონეზე შესრულდა. რეგიონებმა რომლებმაც ვერ უზრუნველყვეს ბიუჯეტის შემოსავლის გეგმების შესრულება, უნდა განახორციელონ ღონისძიებანი ჩამორჩენის უმოკლეს დროში დასაძლევად. აპრილში შედარებით უკეთესი პირობებია. განსაკუთრებით ელექტროენერგიით სტაბილურად მომარაგების გამო. ვიმედოვნებთ, რომ ჩამორჩენილი მხარეებიც და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაც, რა თქმა უნდა თავიანთ სიტყვას იტყვიან ჩამორჩენის დაძლევაში.

საგადასახადო შემოსავლის გეგმის რეალიზაციასთან ერთად მთლიანად პირველი კვარტლის ბიუჯეტის შესრულებაში გარკვეული სირთულეები წარმოიქმნა სხვა სახის შემოსავალთან დაკავშირებით - ეს გახლავთ გრანტები და არასაგადასახადო შემოსავალი.

გრანტებით მიღებული (ამას მინდა განსაკუთრებული ყურადღება მივაპყრო, მჯერა, რომ მისმენს ის, ვინც უნდა მისმენდეს) ხორბლისა და ფქვილის რეალიზაციის შედეგად, შემოსავლის გეგმას 1996 წლის პირველ კვარტალში, ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, თითქმის 5 მილიონი ლარი დააკლდა. ეს ყოვლად გაუმართლებელია. საგადასახადო ინსპექციის ცნობით, ამ მხრივ ბიუჯეტის წინაშე დავალიანება აქვთ ფოთის წისქვილქარხანას (მივაპყრობ ბატონ ნადარაიას ყურადღებას) ქუთაისის პურპროდუქტების კომბინატს - 660 ათასი ლარი (მე უკვე გამოვთქვი შენიშვნა ქუთაისელთა საყურადღებოდ) ნავთლუღის პურპროდუქტების კომპინატს - 503 ათასი ლარი (დარწმუნებული ვარ ქალაქის მერია გაერკვევა ამაში) ოზურგეთის პურპროდუქტების კომბინატს - 398 ათასი ლარი (ბატონი ჭკუასელი ალბათ, მიაქცევს ყურადღებას).

იმედი მაქვს და მინდა მჯეროდეს, რომ სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრომ უკვე მოიკრიბა ძალა და თავის შესაბამის ფუნქციებს შეასრულებს ისე, როგორც საჭიროა, აგრეთვე - ფინანსთა სამინისტრო, საგადასახადო ინსპექცია, კონტროლის პალატა და ბანკები კონკრეტულ ღონისძიებებს განახორციელებენ აღნიშნული მდგომარეობის სასწრაფოდ გამოსწორებისთვის. ყოველ შემთხვევაში, ეს ჩამორჩენა აპრილში უნდა დავძლიოთ.

პირველი კვარტლის ბიუჯეტის შესრულების შედეგები მსჯელობის საგანი გახდება მთავრობის სპეციალურ სხდომაზე, რომელიც აპრილის მეორე ნახევარში გაიმართება და ამ საკითხებს იქ უფრო დეტალურად განვიხილავთ.

- გასულ კვირას საქართველოს პარლამენტმა იმსჯელა აფხაზეთის საკითხზე. 10 აპრილს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წინაშე თქვენი გამოსვლაა დაგეგმილი. თქვენ ესწრებოდით ამ განხილვას. როგორია თქვენი კომენტარი ამასთან დაკავშირებით და კიდევ : განვლილ კვირას აფხაზეთიდან ლტოლვილები ყრილობაზე შეიკრიბნენ და ფაქტობრივად გადამწყვეტი ღონისძიებებისკენ მოუწოდეს ერთმანეთს...

- პარლამენტში აფხაზეთის საკითხის განხილვისას მეტი დრამატიზმი და მეტი რადიკალიზმი იყო მოსალოდნელი. სიმართლე გითხრათ, კმაყოფილი ვარ იმით, რომ პარლამენტართა უმრავლესობა საღი და რეალური პოზიციებიდან აფასებს მდგომარეობას. საბოლოო სურათი, რა თქმა უნდა, მომავალ სხდომაზე, ესე იგი ზეგ გამოიკვეთება. იმედი მაქვს, რომ პარლამენტი პრინციპულად შეაფასებს ყველაფერს, რაც მოხდა, და როგორც იტყვიან, კარს არ გამოიჯახუნებს კონფლიქტების მოგვარების რეალური გზების ძიებისას.

მისასალმებელია ის გამოსვლებიც, რომელთა ავტორები ცდილობენ საკუთარი ცოდვებიც დაინახონ, ესე იგი საქართველოს ხელისუფლების, ან როგორც ხშირად არის მიღებული, ქართული მხარის შეცდომებიც აღიარონ. მე ვეთანხმები დეპუტატთა იმ ნაწილის გამოსვლებს, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ლაპარაკი უნდა იყოს არა ქართულ - აფხაზურ, არამედ აფხაზეთში პოლიტიკურ კომფლიქტზე, რომელსაც შედეგად მოჰყვა ქართველთა ეთნიკური წმენდა და გენოციდი. სხვათა შორის, სწორედ ასე აფასებს ამ კონფლიქტს, ამ მოვლენას გაერო. ასეთივე გამოთქმა იხმარა ბატონმა ელცინმაც - „კონფლიქტი აფხაზეთში“, რომლის შეფასებასაც უდავოდ დიდი მნიშვნელობა აქვს. მე ჯერ არა მაქვს მონაცემები იმის შეახებ, თუ როგორი რეაქციაა თვით აფხაზეთში, მაგრამ არის გარკვეული მტკივნეული გამოხმაურება იმ სანქციებთან დაკავშირებით, რომლებიც თანამეგობრობის სახელმწიფოთა მეთაურების უმაღლესი დონის თათბირის გადაწყვეტილებით ხორციელდება აფხაზეთის მიმართ. სხვათა შორის, ჩემი თხოვნის გარეშე, თურქეთის ხელმძღვანელებმა განაცხადეს, რომ ყველა გემი რომლებიც შემოვლენ შავ ზღვაში ჰუმანური დახმარების შემოსატანად, წინასწარი შეტყობინებით და გარკვეული ნორმებით გაივლიან შემოწმებას ქალაქ ფოთში და მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების ნებართვით შევლენ შემდეგ აფხაზეთში. უნდა გითხრათ, რომ ჩვენ სულაც არ ვაპირებთ სასტიკ ბლოკადას, გვესმის, რომ იქ დარჩენილ მოსახლეობას მინიმალური მომსახურება სჭირდება, აუცილებელია კვების პროდუქტები. მომავალში ჩვენ შევეცდებით ამ მხრივ უფრო სულგრძელნი ვიყოთ, ვიდრე სხვები - ჩვენს მიმართ. აუცილებელია მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების ნებართვა, როგორც ეს თანამეგობრობის სახელმწიფოთა ხელმძღვანელთა უმაღლესი დონის თათბირზე მოვილაპარაკეთ. გარკვეული შეზღუდვები იგრძნეს ახლა კავშირგაბმულობის საშუალებებთან დაკავშირებით. უნდა გითხრათ რომ სანამ რუსეთი, როგორც იტყვიან ჩაჭრიდა, აკრძალავდა სატელეფონო და სხვა საუბრებს რუსეთზე გამავალი ხაზებით, მანამდე ჩვენ მივიღეთ ზომები, რათა თბილისიდან დამყარებულიყო კავშირი სოხუმამდე, ყველა სხვა ქალაქამდე და რაიონამდე. ასეთი გამართული კავშირგაბმულობის საშუალებები ახლა რეალურად არსებობს და სოხუმიდან მათ შეუძლიათ ელეპარაკონ მოსკოვსაც, ნიუ-იორკსაც და ვაშინგტონსაც, ოღონდ თბილისზე გავლით. ასეთი დაზუსტების გაკეთება მინდოდა.

ორიოდე სიტყვა ლტოლვილთა ყრილობასთან დაკავშირებით: ეს ყრილობა მნიშვნელოვანი მოვლენაა. იქ ბევრი საინტერესო აზრი გამოითქვა (მე თვალყურს ვადევნებ, მაგრამ სამწუხაროდ ვერ წავედი დროის სასტიკი დეფიციტის გამო, ისე კი საქმის კურსში ვარ) იქ გამოთქმული საინტერესო აზრები უდავოდ დაეხმარება პარლამენტს ყველა რაციონალური გადაწყვეტილების მიღებაში. არ გამოვრიცხავ რომ ყრილობის დამთავრების შემდეგ შევხვდე მონაწილეთა ჯგუფს და მათთან ერთად ვიმსჯელო მიღებული გადაწყვეტილების შესრულების გზებზე. როგორც ვიცი, ამ დროს ბატონი ზურაბ ჟვანია აპირებს მისვლას და ასე თუ ისე, ხელმძღვანელობას ექნება საშუალება წარმოდგენა იქონიოს იქ გამართული დიალოგის თაობაზე.

- რამდენიმე თვეში თბილისს ლიტვის პრეზიდენტი ალგირდას ბრაზაუსკასი ეწვევა, ლიტვა ის ქვეყანაა, რომელმაც, პრინციპში, დაახლოებით ისეთი გზა განვლო, როგორიც საქართველომ. საქართველოსა და ბალტიისპირეთის რესპუბლიკების ურთიერთობა, სამწუხაროდ, დიდი ინტენსიურობით არ გამოირჩეოდა. ხომ არ შეიძლება ითქვას, რომ ბრაზაუსკასის ეს ნაბიჯი რუსეთში მიმდინარე მოვლენათა ფონზეა გადადგმული?

- ჩვენ რამდენჯერმე მოვიწვიეთ ბატონი ბრაზაუსკასი საქართველოში. მას ახლა მიეცა ჩამოსვლის შესაძლებლობა. მისი სტუმრობა ბევრი რამით არის ღირსშესანიშნავი. ჯერ ერთი, თუ პირადულზე ვილაპარაკებთ, ჩვენ დიდი ხნის მეგობრები და თანამოაზრენი ვართ. მეორეც, ბალტიისპირეთთან საქართველოს ურთიერთობა დაკონსერვებულია, არადა, ამ ქვეყნებთან ბევრი რამ გავაკვშირებდა მეგობრული თუ ტრადიციული თვალსაზრისით. ამავე დროს, რეფორმების მხრივ ლიტვა ერთ-ერთი წინწასული სახელმწიფოა და მისი გამოცდილების გაზიარება ბევრ რამეს შეგვძენს. ამავე დროს, უდავოდ სასარგებლო იქნება ორივე სახელმწიფოს ხელმძღვანელთა შეხედულებების შეჯერება მსოფლიოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. საქართველო მიესალმება ლიტვის პრეზიდნეტის სტუმრობას ჩვენს დედაქალაქში.

- მომავალ კვირას, ორი მნიშვნელოვანი თარიღი მოდის - 9 აპრილი და 14 აპრილი. ორივესადმი საქართველოს გარკვეული დამოკიდებულება აქვს...

- მე მოკლედ გიპასუხებთ: 9 აპრილი და 14 აპრილი ღირსახსოვარი თარიღებია ჩვენი ხალხის ცხოვრებაში. ეს მარტოოდენ სიტყვები არ უნდა იყოს. ამიტომაც ერთიც და მეორეც, ღირსეულად და სახელმწიფოებრივ დონეზე უნდა აღინიშნოს. თქვენ იცით, რომ საქართველოს პარლამენტმა, რომელსაც ვესწრებოდი, უკვე მიიღო გადაწყვეტილება, 9 აპრილის სახელმწიფოებრივ დონეზე აღნიშვნის შესახებ.

„ლაპარაკი უნდა იყოს არა ქართულ-აფხაზურ, არამედ პოლიტიკურ კონფლიქტზე აფხაზეთში“ / შევარდნაძე ე ; [ჩაიწერა]ნატო ონიანი // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 9 აპრილი. - 67 (2180). - 1,2 გვ.

45 „დღევანდელი საქართველო არის მემკვიდრე იმ იდეებისა და ხორცშესხმა იმ იდეალებისა, რისთვისაც დაიღუპნენ 9 აპრილის გმირები“

▲ზევით დაბრუნება


ედუარდ შევარდნაძის სიტყვა 9 აპრილის აღნიშვნისას პარლამენტის შენობის წინ - დღეს ისტორიული ხსოვნის დღეა - გახსენება 1989 წლის

9 აპრილისა და 1991 წლის 9 აპრილისა. მინდა მადლობის სიტყვებით მივმართო საქართველოს პარლამენტს, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება, რათა დღეს აქ ასეთი შემადგენლობით შევკრებილიყავით და ქედი მოგვეხარა დაღუპულთა წინაშე, პატივი მიგვეგო მათი ხსოვნისადმი, მადლობა გვეთქვა გმირებისათვის, სამშობლოსათვის თავგანწირული ადამიანებისთვის, მათთვის, ვინც, აღარ არის ჩვენს რიგებში და მათთვისაც ვინც ჩვენთან ერთად იბრძვის ერთიანი, დამოუკიდებელი და თავისუფალი საქართველოსათვის.

1989 წლის 9 აპრილის ამბავმა მთელი მსოფლიო მოიარა და მერე კიდევ დიდი ხნის განმავლობაში, მას არაერთხელ დაუბრუნდა პროგრესული კაცობრიობა. არაერთხელ გაიხსენეს ამ ტრაგიკული ღამის ამბავი. მახსოვს, როგორი შეშფოთებით ადევნებდნენ მაშინ თვალყურს ჩვენი მეგობრები რუსეთში, უკრაინაში, ბალტიისპირეთში, ცენტრალურ აზიაში, ჩვენი უახლოესი მეზობლები - სომხები, აზერბაიჯანელები.

მახსოვს, დღევანდელი პეტერბურგის მერის ანატოლი სობჩაკის მართალი სიტყვები, რომელიც საგანგებო კომისიას ხელმძღვანელობდა და რომელმაც მთელ მსოფლიოს უთხრა სასტიკი სიმართლე 9 აპრილის ტრაგედიის შესახებ.

მახსოვს მაშინდელი იმპერიის უმაღლესი საბჭოს დეპუტატთა ნახევარზე მეტი, რომლებმაც მაშინდელი პროკურორის მოხსენების პროტესტის ნიშნად, უმაღლესი საბჭოს სხდომათა დარბაზი დატოვა.

მაგონდება იმ დღეს თითქმის მარტოდ ჩამოსული ბორის ელცინი, რომელმაც ქართველ ხალხს რუსი ინტელიგენციისა და პროგრესული კაცობრიობის სახელით სამძიმარი გამოუცხადა. ასე იყო მთელ მსოფლიოში.

ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს არც ერთი დღე ჩვენი ქვეყნის ისტორიიდან. არც უძველესი, არც ძველი და არც უახლესი. 9 აპრილი ჩვენი ქვეყნის გმირობის და თავგანწირვის მაგალითია. 9 აპრილი მაგალითია უდანაშაულო ადამიანების მსხვერპლად მიტანისა. 9 აპრილი მაგალითია იმისა რომ ჩვენს შორის მაშინაც იყვნენ მშიშარნი და იყვენენ პროვოკატორებიც მყავან ისინი, რომლებიც კაბინეტში გამოკეტილი იღებდნენ ცნობებს, რა ხდებოდა მოედანზე თავისი ხალხის, თავისი ქვეყნის ნამდვილი პატრიოტი, ნამდვილი ხელმძღვანელი, ნამდვილი ლიდერი პირველი უნდა აღუდგეს წინ ტანკებს, შეიარაღებულ ძალას, რომელიც ქვეყნის სიცოცხლეს და თავისუფლებას ემუქრება.

მადლობელი ვარ პარლამენტისა იმისათვის, რომ დღევანდელი დღე სახელმწიფოებრივ დონეზე აღინიშნება. სწორედ დღევანდელი ქართული სახელმწიფო, საქართველო ეროვნული, მრავალეროვანი, დემოკრატიული და თავისუფალი, არის მემკვიდრე იმ იდეებისა და ხორცშესხმა იმ იდეებისა, რისთვისაც დაიღუპნენ 9 აპრილის გმირები, აქ, ამ მოედანზე, თავისუფლების იდეალების გამოსახატავად მოსული ადამიანები.

ჩვენ დღეს გვიჭირს, ქვეყანა არ არის გამთლიანებული, მაგრამ საქართველო სახელმწიფოა. საქართველო აღიარებულია მთელ მსოფლიოში, როგორც ქვეყანა, რომელიც მტკიცედ დაადგა დემოკრატიული, დამოუკიდებელი, თავისუფალი განვითარების გზას, თავისუფალი ეკონომიკის და თავისუფალი აზროვნების გზას, ამ გზას საქართველო აღარასოდეს არ გადაუხვევს, როგორც უნდა იყოს წინააღმდეგობა და როგორიც უნდა იყოს სირთულე.

მინდა ქედი მოვიხარო იმ ადამიანების ხსოვნის წინაშე, რომლებიც აქ დაიღუპნენ. მინდა ერთხლე კიდევ მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებს, დედებს, მამებს, ძმებს, შვილებს, ყველა ნათესავს, ყველა მეგობარს. მინდა გამოვთქვა რწმენა, რომ ჩვენ ყველანი ერთად, მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, მსოფლმხედველობრივი განსხვავებისა, ვივლით ხელიხელჩაკიდებული, ერთიანი, მთლიანი, გამთლიანებული, დემოკრატიული საქართველოს მშენებლობისათვის ბრძოლაში.

[...]

საქინფორმი.

„დღევანდელი საქართველო არის მემკვიდრე იმ იდეებისა და ხორცშესხმა იმ იდეალებისა, რისთვისაც დაიღუპნენ 9 აპრილის გმირები“ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 11 აპრილი. - 68(2181). - 1 გვ.

46 „შერიგების გარდა სხვა გზა არა აქვთ არც ქართველებს და არც აფხაზებს“

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 15 აპრილის რადიოინტერვიუ

- გასული კვირა რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტით აღინიშნა, დღევანდელი რადიონტერვიუს კი მაინც გუშინდელი ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულით დავიწყებ. გუშინ მართლმადიდებელმა საქართველომ მთელ ქრისტიანულ სამყაროსთან ერთად იზეიმა ეს დღე. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული განვლილ კვირას სიმბოლურად ქართული ენის დღეს - 14 აპრილს დაემთხვა. 14 აპრილი ამდენი ხნის შემდეგაც ყურადღების ცენტრშია, თუნდაც იმიტომ, რომ მაშინ საქართველო დიდ უბედურებას გადაურჩა. გუშინ 1978 წელის 14 აპრილს ერთ-ერთმა ინიციატორმა ასეთი რამ გაიხსენა: დავით ჩხიკვიშვილმა - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაშინდელმა რექტორმა ჩუმად უთხრა თურმე სტუდენტებს: - ნუ გეშინიათ, რაც გინდათ, ჰქენით, ყველაფერი კარგად იქნებაო. თქვენ არაერთხელ გაიხსენეთ ეს დღე, რომლის ამსახველი კადრებიც გასაგები მიზეზების გამო, არ შემორჩა, ყოველ შემთხვევაში, ჯერ არ ჩანს. დარჩა თუ არა ისეთი რამ, რაც აქამდე არ გითქვამთ? - ჟურნალისტ ნატო ონიანის ამ კითხვის პასუხად საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ თავის ტრადიციულ რადიოინტერვიუში განაცხადა:

- ერთხელ კიდევ მინდა მივულოცო ჩემს ხალხს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაული. მჯერა, რომ უზენაესის ნებით ყოველი აღდგომა საქართველოს ახალ სიხარულს, ახალ წარმატებებსა და ძლიერებას მოუტანს.

დღეს ხსოვნის დღეა. ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქესთან ერთად უნდა გავიხსენოთ ჩვენი ახლობლები, ქვეყნისთვის თავშეწირულები, ადამიანები, რომლებმაც ამაგი დასდეს საქართველოს და დღეს ჩვენ შორის აღარ არიან.

რაც შეეხება 14 აპრილს, შესანიშნავია, რომ გუშინდელი დღესასწაული დედაენის დღეს და „სტუდენტური გაზაფხულის“ დაწყებას დაემთხვა. გუშინ მე გამოვთქვი მოსაზრება, დედაენის ძეგლთან ყოველწლიური შეკრება და ამ თარიღის აღნიშვნა ტრადიციად ვაქციოთ-მეთქი. სხვათა შორის, ასეთივე ტრადიცია შეიძლება დამკვიდრდეს სხვადასხვა ქალაქსა და რაიონში, მხარეებში. მიმაჩნია და მიმაჩნია, რომ 14 აპრილი უნიკალური მოვლენაა საქართველოს ისტორიაში. როგორც გუშინ ვთქვი, იმ დღეს ჩვენმა ხალხმა იმპერიის ერთი კედელი მოანგრია, ყოველ შემთხვევაში საქართველოსათვის და დამოუკიდებლობისკენ მიმავალ გზაზე ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. ეს იყო ერთსულოვნების, სიმამაცის, სიბრძნის ნამდვილი ზეიმი. ბედნიერი ვარ, რომ მეც და იმდროინდელი ხელმძღვანელობიდან ჩემი კოლეგებიც, თუ გადაჭარბებული არ იქნება ასე ვიტყოდი, ისტორიული ამოცანის დონეზე აღმოვჩნდით. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლიერებით ვიხსენებთ ჩვენს ინტელიგენციას და ახალგაზრდობას.

რაც შეეხება იმას, თუ რა შეიძლება კიდევ გავიხსენოთ, გასახსენებელი ბევრია, მაგრამ მინდა ვთხოვო, ვისაც ეხება, რომ მაინც მოვიძიოთ ის კადრები, რომლებიც იმ დღეებს ასახავს, თუნდაც, მაშინდელი უმაღლესი საბჭოს სხდომა და მთელი ის მოვლენები, რუსთაველის გამზირზე რომ ხდებოდა. ეს იყო დაუვიწყარი დღეები და თუ კადრები არ არის შემორჩენილი, დიდი დანაშაული ჩაგვიდენია. ეს კადრები კი, ალბათ, ბევრ რამეს მეტყველებს. ცოტასაც კიდევ დავიტოვებ მომავლისათვის.

- გასულ კვირას საქართველოს ლიტვის პრეზიდენტი ეწვია. დაიდო ხელშეკრულებები, მათ შორის, კომუნიკაციების შესახებ, ეკონომიკური ხასიათის ხელშეკრულებები და კვლავ საუბარი შეეხო ევრაზიის დერეფანს.

- პოსტსაბჭოურ ქვეყნებთან ურთიერთხელსაყრელი თანასწორუფლებიანი ეკონომიკური და კულტურული კავშირურთიერთობის ახალ დემოკარტიულ და საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე აღდგენის პროცესის ორგანულ ნაწილად უნდა იქნეს მიჩნეული. განვლილ კვირაში ლიტვის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში. ვიზიტის შედეგად ხელმოწერილ შეთანხმებებს, რომლებიც ითვალისწინებს ურთიერთობასა და თანამშრომლობას სავაჭრო-ეკონომიკურ, სპორტისა და ტურიზმის, საბაჟო საქმეში, საჰაერო და საავტომობილო ტრანსპორტის მიმოსვლის სფეროებში, უდავოდ, პოზიტიური გავლენა ექნება მთლიანად ბალტიისპირეთისა და კავკასიის რეგიონებისათვის. ასე მიაჩნია ლიტვის მხარესაც და ასე მიგვაჩნია ჩვენც.

ნიშანდობლივია, განვლილ კვირაში საქართველოს პრეზიდენტის მიერ გერმანული ფირმების „მარტინ ბაუერისა“ და „მარტინ ბაუერნიდელისტის“ პრეზიდენტების მიღება. ამ ფირმების მიერ ჩვენს ქვეყანასთან დადებული ხელშეკრულებები, რომელთა რეალიზაციაც უკვე დაიწყო, ითვალისწინებს საქართველოში ჩაის წარმოების აღორძინებას, მარცვლეულის, კერძოდ, ხორბლის შემოტანას, კვების მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგის განვითარებას. პერსპექტივაში დაგეგმილია ხეხილის, ხილკენკროვანთა, ბოსტნეულისა და კვების მრეწველობის დარგების ხელშეწყობა. ძალიან საინტერესო ფირმებია და ძალიან საინტერესო, მასშტაბური საქმე დაიწყო.

ასეთი კავშირურთიერთობის გაღრმავებასა და გაფართოებას ჩვენი ქვეყნისთვის საარსებო მნიშვნელობა აქვს აგროსამრეწველო კომპლექსის პოტენციალის ეფექტიანად გამოყენებასთან დაკავშირებით. თუ იმასაც ვიტყვით, რომ ევროკავშირი, ასევე ამერიკის შეერთებული შტატები და ზოგიერთი სხვა ქვეყანა ძალიან დიდ ყურადღებას იჩენენ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და გადამმუშავებელი მრეწველობის მიმართ, ნათელი იქნება ის პერსპექტივა, რომელიც უახლოეს ხანს გველოდება.

უდავოდ მხარდაჭერას იმსახურებს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ინიციატივა, რომლის საფუძველზე აღდგომისწინა დღეებში მეფრინველეობის ფაბრიკებიდან შემოიტანეს და ქალაქ თბილისის მოსახლოებას მიჰყიდეს 270 ათასი ცალი კვერცხი (ეს ძალიან ცოტაა, მაგრამ დასაწყისისათვის კარგია), 50 ტონა ფრინველის ხორცი, ასევე ღორის, ცხვრის, საქონლის ხორცი და ყველი, რომლებიც მოსახლეობამ შეადრებით იაფად შეიძინა. ამავე დროს, ეს მხოლოდ პირველი მოკრძალებული ნაბიჯია. რა თქმა უნდა, ყველა ოჯახს არ შეხვდებოდა ეს პროდუქტი, მაგრამ ასეთი ერთდროეული ღონისძიებანი გარკვეულ გავლენას ახდენს ფასების სტაბილიზაციაზე და ასეთი ფასები ხელმისაწვდომი ხდება ყველა ოჯახისათვის.

არ შეიძლება არ შევნიშნოთ კვების მრეწველობაში წარმოქმნილი დადებითი ტენდენციები. სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ოპერატიული მონაცემებით, პირველ კვარტალში სისტემაში (პურპროდუქტების მრეწველობის გარდა) წარმოებულია 23 პროცენტით მეტი პროდუქცია, ვიდრე შარშან პირველ კვარტალში. გაიზარდა ღვინის, კონიაკის, შამპანურის, საკონდიტრო ნაწარმის, შაქრის, მინერალური წყლების, ლუდის, უალკოჰოლო სასმელების და სხვა პროდუქციის წარმოება. ეს სერიოზული ზრდაა, სასიხარულოა და საიმედო ცვლილებაა უკეთესობისაკენ.

პირველ კვარტალში საკმაოდ მაღალ მაჩვენებლებს მიაღწიეს მრეწველობის სხვადასხვა დარგში, კერძოდ, სოციალურ-ეკონომიკური ინფორმაციის დეპარტამენტის წინასწარი მონაცემებით, (ელექტროენერგეტიკისა და პურის მრეწველობის გარდა), პროდუქციის გამოშვების მატებამ 24 პროცენტი შეადგინა, ხოლო ამ დარგების გათვალისწინებით - 5 პროცენტი.

წინა წლების ფონზე, როცა შეუჩერებლივ გრძელდებოდა დაქვეითება, ეს საკმაოდ კარგი მიღწევაა. თვალნათლივ მკვიდრდება წარმოების გამოცოცხლების ტენდენცია, მაგრამ, ამავე დროს, წარმოების ზრდის ტემპი ჯერჯერობით აშკარად არ არის საკმარისი პრეზიდნეტის პროგრამით გათვალისწინებული ამოცანების თვალსაზრისით და ამ ამოცანების ფონზე. ამიტომ აპრილიდან მოყოლებული, აღარ უნდა დავუშვად წარმოების ტემპის შენელება, მით უმეტეს, რომ გაზაფხულის დადგომასთან დაკავშირებით ელექტროენერგიით უზრუნველყოფაში მდგომარეობა თანდათან გაუმჯობესდა. პირველი ნიშნები უკვე არის: ელექტროენერგიას იღებენ ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა, ჭიათურა, რუსთავის ქიმიური კომბინატი (სხვა ორგანიზაციებს არ ჩამოვთვლი) თუმცა რუსთავის ქიმიურ კომბინატში კვლავ რჩება პრობლემები, რომელთა მოგვარებასაც უკვე დროა საგნობრივად შეუდგენენ ეკონომიკის სამინისტრო, მრეწველობის დეპარტამენტი და რა თქმა უნდა, უწინარესად, წარმოების ხელმძღავენლობა. არ შეიძლება მუდმივად ვალების გადატანაზე ფიქრი. საჭიროა წარმოების იმ მინიმალური დონის მიღწევა, რომელიც ზარალიან მუშაობას გამორიცხავს. თუ ამისათვის აუცილებელია კომბინატის რესტრუქტურიზაცია, დროულად უნდა განხორცილედეს საჭირო ღონისძიებები.

ქვეყანაში წარმოების მატების დაჩქარებისათვის სისტემური ეკონომური საფუძვლები საკმაო დონეზეა მომზადებული. ძალიან საინტერესოა, მაგალითად, ასეთი ტენდენცია - კერძო საკუთრება მყარად იკიდებს ფეხს. უკანასკნელი მონაცემებით უკვე პრივატიზებულია 7.100-ზე მეტი საშუალო და მცირე საწარმო, დასაქმებულია 100.000-ზე მეტი კაცი, რომელთა საშუალო ხელფასი 4-5 ჯერ აღემატება სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა ხელფასს. ამასთან, აქციონირებულია 900-მდე მსხვილი საწარმო, რომელთა აქციების მესაკუთრე გახდა 230 ათასზე მეტი კაცი. საბარათო აუქციონებზე უსასყიდლოთ, ვაუჩერების მეშვეობით გატანილია 210 მილიონი ამერიკული დოლარის ღირებულების სახელმწიფო ქონება, საიდანაც აქციების სახით გაიყიდა 60 მილიონისაზე მეტი. ეს ციფრები უახლოესი სამი თვის განმავლობაში კიდევ უფრო გაიზრდება.

საგადასახადო სამსახურის მონაცემებით, 1-12 აპრილს საგადასახადო შემოსავალმა ცენტრალური და ტერიტორიული ბიუჯეტების შემოსავალში 7,5 მილიონი ლარი უნდა შეადგინოს, ანუ წლის დასაწყისიდან ეს თანხა 50 მილიონ ლარს აღწევს. საბაჟო დეპარტამენტის ცნობით, წლის დასაწყისიდან 12 აპრილის ჩათვლით ბიუჯეტში გადარიცხულია 8,5 მილიონი ლარი, ანუ თითქმის იმდენივე, რამდენიც მთლიანად გასული თვის განმავლობაში. მარტო აპრილის თოთხმეტ დღეში ბიუჯეტში ჩარიცხულია თითქმის 2 მილიონი ლარი, რაც ერთ-ნახევარჯერ აღემატება წინა თვის მაჩვენებელს.

ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, დადებითი ძვრებია მიღწეული ცენტრალური ბიუჯეტის შემოსავლის მობილიზაციის საქმეში. კერძოდ, თუ პირველი აპრილისთვის ცენტრალური ბიუჯეტის საკუთარი საგადასახადო და არასაგადასახადო შემოსავლის მოცულობა (უგრანტებოდ) 23,5 მილიონ ლარს შეადგენდა, აპრილის პირველი დეკადის ბოლოს იგი 27,5 მილიონ ლარამდე გაიზარდა. ამ შემოსავლის (საყურადღებოა ეს მონაცემები) საშუალო დღიურმა მაჩვენებელმა 385 ათასი ლარი შეადგინა, რაც 47 პროცენტით აღემატება პირველი კვარტალის შესაბამის მაჩვენებელს. თუმცა, ჯერჯერობით, ადრე დაშვებული ჩამორჩენა დაძლეული არ არის. განსაკუთრებით შესამჩნევი სიძნელეებია გრანტებით მიღებული ხორბლისა და ფქვილის რეალიზაციის შედეგად ამონაგები სახსრების ამოღებაში, რასაც ასევე განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა სჭირდება. ამ თემის გამო იქმნება საგანგებო მსჯელობა მთავრობის სხდომაზე და, ალბათ, დაგვჭირდება გარკვეული ორგანიზაციული ზომების მიღებაც.

- განვლილ კვირას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თარიღი აღინიშნა - 9 აპრილი, დღე, რომელიც, ალბათ, დიდხანს დარჩება საქართველოს ისტორიაში და კვლავაც იქნება მსჯელობა მის შესახებ. 9 აპრილი აფხაზეთის მოვლენებს მოჰყვა, გასულ კვირას დაპირებისამებრ თქვენ გამოხვედით საქართველოს პარლამენტში, სადაც აფხაზეთის საკითხი განიხილეს. ოთხშაბათს პარლამენტი, ალბათ, გადამწყვეტ სიტყვას იტყვის. იქამდე კი ბაბურინი და ლებედი აფხაზეთში იმყოფებიან, ფაქტობრივად, სანახევროდ სრულდება 19 მარტის გადაწყვეტილება გემების გაკონტროლების შეახებ. ზურაბ ჟვანია კი აცხადებს, რომ შესაძლოა დაისვას და გადაწყდეს კონფლიქტის ზონიდან რუსეთის სამშვიდობო ძალების გაყვანის საკითხი. ამ წინადადებას, პრინციპულად, პარლამენტის გარეთ დარჩენილი ზოგიერთი პარტიაც უჭერს მხარს...

- 9 აპრილთან დაკავშირებით. მე ბევრი ვილაპარაკე. ახლა არ არის აუცილებელი გამეორება.

რაც შეეხება აფხაზეთის კონფლიქტს, რომელიც პარლამენტში განიხლეს, ჩემი გამოსვლა გადაიცა რადიოთი, ტელევიზიით (თუ არ ვცდები ორჯერ) მინდა ვთქვა, რომ შევეცადე საზოგადოებრობიობისთვის მიმეწოდებინა კონფლიქტის გამომწვევი მიზეზებისა და მოგვარების გზების ჩემეული ხედვა. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა საპარლამენტო დისკუსიამ, კომპეტენტურობამ, მოვლენათა ღრმა ცოდნამ და მოვლენათა შეფასების ობიექტურობამ. აი, რა არის დამახასიათებელი ამ თემაზე საპარლამენტო დებატებისათვის. ჩემი აზრით, ჯერ კიდევ ზოგიერთი რამ გვაქვს სათქმელი საკუთარი შეცდომების შესახებაც. რაც შეეხება პარლამენტის სხდომაზე ამ მოვლენების გამო მთელი სიმკაცრით ჩამოყალიბებულ შეფასებებს, ალბათ, ამაზე კიდევ იქნება საჭირო მსჯელობა არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც - საერთაშორისო ორგანიზაციებში, ევროპულ სტრუქტურებში და თანამეგობრობის ხაზითაც. ეჭვი არ მეპარება, რომ მიღებული დადგენილება კარგი ორიენტირი გახდება ქართველთა და აფხაზთა ისტორიული შერიგების დასაჩქარებლად, შერიგების გარდა სხვა გზა არ აქვთ არც ქართველებს და არც აფხაზებს. დარწმუნებული ვარ, ისინი მივლენ ამ დასკვნამდე. მხედველობაში მყავს ის ხალხი, რომლებიც დღემდე აგრესიულად არიან განწყობილი. ვგულისხმობ, რომ პარლამენტი კვლავ არაერთხელ იმსჯელებს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის პრობლემებზე და თავის დიდ წვლილს შეიტანს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში. ვფიქრობ, პარლამენტმა გაიზიარა ჩემი შეხედულებები ერთიანი სახელმწიფოს ფარგლებში აფხაზეთის განსაკუთრებული სტასტუსის შესახებ. თუ ეს შეაბამისად აისახება გადაწყვეტილებაში, ამას სერიოზული მნიშვნელობა ექნება თვით კონფლიქტის მოგვარებისთვისაც, რადგან სტატუსის განსაზღვრის პრობლემა ერთ-ერთი უმთავრესია მოლაპარაკების პროცეში.

- ხვალ თბილისში ჩამოდის ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი ციან ჩიცენი. ჩინეთში თქვენი ვიზიტის შემდეგ საკმაო ხანმა განვლო. ამ პერიოდში უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, როგორც ევრაზიის დერეფანთან, ასევე „აბრეშუმის გზასთან“ დაკავშირებით.

- ჩინეთის ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის ციან ჩიცენის ვიზიტი სერიოზული მოვლენაა და იმაზე მიგვანიშნებს, მსოფლიოს ამ გიგანტური ქვეყნის ინტერესების სფეროში კავკასიაც მოექცა. მოგეხსენებათ ჩინეთი უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია და იგი გამორჩეული აქტიურობით უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მის განუყოფლობას, რაც არაერთხელ დადასტურდა უშიშროების საბჭოს სხდომაზე, აფხაზეთის კონფლიქტის საკითხის განხილვისას.

ჩინეთში ვიზიტის დროს ჩვენი დელეგაციის მიმართ დიდი სითბო და ყურადღება გამოიჩინეს ჩინეთის ხელმძღვანელობამ და მოსახლეობამ. ეჭვი არ მეპარება, რომ საქართველო ასევე გულითადად უმასპინძლებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ჩამოსულ საპატიო სტუმრებს. ბუნებრივია, გაიმართება საქმიანი საუბრები ევრაზიის სივრცეში შექმნილ მდგომარეობაზე ამ ერთიანი კონტინენტის მასშტაბით (ამჯერად ევროპასა და აზიას განიხილავენ როგორც ერთიან კონტინენტს) ეკონომიკური ინტეგრაციის პრინციპულ საკითხებზე. ვფიქრობ გვექნება საუბრები ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის პერსპექტივებზე, რამდენადაც ჩინეთი ბოლო დროს გარკვეულ ინტერესს იჩენს ამ პროექტისადმი, რა თქმა უნდა, ვითარებისადმი კავკასიაში. ალბათ, სხვა თემებიც იქნება, მაგრამ, ჩემი აზრით, ძირითადად ამ საკითხებზე იქნება კონცენტრირებული ჩვენი ყურადღება.

„შერიგების გარდა სხვა გზა არა აქვთ არც ქართველებს და არც აფხაზებს“ / შევარდნაძე. ; [ჩაიწერა] ნატო ონიანი // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 17 აპრილი. - 71 (2184). - 1,2 გვ.

47 „შენი სახით საქართველომ კიდევ ერთი მეგობარი შეიძინა“

▲ზევით დაბრუნება


ძვირფასო ლარი,

დიდად გამახარა შენმა წერილმა. ოფიციალურ კორესპონდენციებს შორის, რომლებსაც მე ვღებულობ, შენი ბარათი ნამდვილად სასიამოვნო სიურპრიზია.

ჩემი შვილიშვილი ლაშა დაახლოებით შენი ტოლია და მან უკვე ბევრი რამ იცის გერმანიის შესახებ. ძალიან სასიამოვნოა, რომ შენც, გერმანელი ბიჭუნა, დაინტერესებული ხარ საქართველოთი და შეიტყვე ახალი ქართული ვალუტის შესახებ. ძველ ქართულ ენაზე ლარი საგანძურს ნიშნავს და მასზე ჩვენ გამოვსახეთ ქართული კულტურის მოღვაწეები. ამ ფულზე, რომელსაც შენ გიგზავნით, ცნობილი ქართველი მხატვრის ფიროსმანის პორტრეტია.

მე ბევრი მეგობარი მყავს გერმანიაში და იმედი მაქვს, რომ შენი სახით საქართველომ კიდევ ერთი მეგობარი შეიძინა. კეთილი სურვილებით,

ედუარდ შევარდნაძე.

„შენი სახით საქართველომ კიდევ ერთი მეგობარი შეიძინა“ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 17 აპრილი. - 71 (2184). - 1 გვ.

48 ამიერკავკასიის რესპუბლიკებმა გუშინ ხელი მოაწერეს შეთანხმებას ევროკავშირთან პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ

▲ზევით დაბრუნება


მადლობა ევროპას!

ბატონ ედუარდ შევარდნაძის სიტყვა წარმოთქმული შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიაზე

პატივცემულო ქალბატონო თავმჯდომარევ,
პატივცემულო ვან-დენ ბრუკ,
პატივცემულო, ბატონო პრეზიდენტო ალიევ,
პატივცემულო ბატონო პრეზიდენტო ტერ-პეტროსიან,
პატივცემულო საბჭოს წევრებო,
ბატონებო და ქალბატონებო,

ევროკავშირთან პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებაზე ხელმოწერა მნიშვნელოვანი ნიშანსვეტია ჩემი სამშობლოს - საქართველოს ისტორიაში. ჩვენი მოაზროვნე წინაპრები გამუდმებით ეძებდნენ ევროპასთან დაახლოვების გზებს და დღეს მათი ნაფიქრალი, უკვე შეიძლება ითქვას, რეალურ კონტურებს იძენს - გადაიდგა პირველი კონკრეტული ნაბიჯი ევროპასთან ინტეგრაციის მიმართულებით.

ევროპასთან დაახლოვება ქართველი მოღვაწეებისთვის არასდროს ყოფილა უბრალო ახირება. ისინი ნათლად აცნობიერებდნენ იმ უცილებელ ჭეშმარიტებას, რომ ბოლო საუკუნეების მანძილზე სწორედ აქ ჩაისახა და ვითარდებოდა აზროვნების ის პარადიგმი, რომელიც მომავალში ხელს შეუწყობდა ადამიანთა მოდგმას გათავისუფლებულიყო მისივე ხელით შექმნილი ბორკილებისაგან და უკუეგდო საუკუნოვანი დახავსული ქიმერები, რომლებმაც უთვალავი ადამიანის ბედნიერება და სიცოცხლე შეიწირეს. საბოლოო ტრიუმფი გონებას ჯერაც არ უზეიმია, მათ შორის თვით ევროპის კონტინენტზეც, მაგრამ, განა შეიძლება არ დავინახოდ ის, რომ ხანგრძლივი სისხლიანი პაექრობებით გათანგულმა ევროპამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეძლო დაემყარებინა ძველ მეტოქეთა შორის აქამდე არნახული ხასიათის სახელმწიფოებრივი ურთიერთობები. განა შეიძლება არ ვაღიაროთ, რომ დღევანდელი ევროპის კავშირი ცივილიზებული ინტეგრაციის მაგალითს წარმოადგენს და ამ თვალსაზრისით გზას უკვალავს დანარჩენ მსოფლიოს, მათ შორის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობას და შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ალიანსს - ორ მზარდ რეგიონულ ორგანიზაციას, რომელთა წევრიცაა საქართველო. საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის განვითარება არათუ არ ეწინააღმდეგება ამ ორგანიზაციების ინტერესებს, არამედ ხელს უწყობს მათ შემდგომ წინსვლას, მომავლის მსოფლიო წესრიგი მე სწორედ ამგვარი, ურთიერთდაკავშირებული რეგიონული წარმონაქმნების ერთობლიობად მესახება, რომელიც საბოლოოდ ერთიან სივრცედ იქცევა. მხოლოდ ამგვარად ორგანიზებულ კაცობრიობას ძალუძს შეუქმნას ადამიანებს უსაფრთხო და თავისუფალი ცხოვრების პირობები. ახლა, როცა „ცივი ომის“ იდეოლოგიური დაპირისპირება შეიცვალა ზოგადასაკაცობრიო ღირებულებათა ერთობლივმა აღიარებამ, ახალი ჰარმონიული პლანეტარული წესრიგის ჩამოყალიბება უფრო რეალური ჩანს, ვიდრე ოდესმე.

ამ თვალსაზრისით, სრულიად განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება ევროპული სტრუქტურების ურთიერთობას ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოებთან. თუკი რამეს ძალუძს შეუქცევადი გახადოს მათში დემოკრატიული გარდაქმნებისა და საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პროცესი, მათი ტერიტორიული მთლიანობის, ეროვნულ უმცირესობათა და ადამიანთა უფლებათა დაცვა, მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ეს, პირველ რიგში, ევროკავშირის აღმოსავლეთით გაფართოებაა. ჩვენ მივესალმებით ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა მიერ ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს, განსაკუთრებული კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო რუსეთისა და ევროკავშირის ურთიერთობის მზარდი დინამიკა, რადგან მიმაჩნია, რომ სწორედ ევროპული სტრუქტურებისა და რუსეთის ურთიერთობის ხასიათი მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს ხვალინდელ დღეს. საქართველო მიესალმება, აგრეთვე, თურქეთის გაწევრიანებას ევროკავშირის საბაჟო კავშირში. ყოველივე ეს გვაძლევს საფუძველს მომავალში რეალურად ვიფიქროთ ევრაზიული უსაფრთხოების საყოველთაო სისტემის ჩამოყალიბებაზე.

იმ განსაკუთრებული ურთიერთობების დამყარება ევროკავშირსა და კავკასიის სახელმწიფოებს შორის, რომლის მონაწილენიც ჩვენ ვართ უკანასკნელი რამდენიმე წლის მანძლზე, და რომლის პირველი ეტპაის წარმატებით დასრულებასაც დღეს ესოდენ საზეიმოდ აღვნიშნავთ, ევროკავშირის ბრძნული პოლიტიკისა და მომავლის ჭვრეტის უნარის მკაფიო დასტურია. სავსებით ბუნებრივია ევროკავშირის სურვილი ამიერკავკასიის სამივე სახელმწიფომ ერთდროულად გააფორმოს ეს შეთანხმება. უკვე რამდენიმე წელია, რაც ევროკავშირი თავის კავკასიური პოლიტიკით საქმით ადასტურებს, რომ მის გრძელვადიან ინტერესებშია მშვიდობიანი, სტაბილური აყვავებული კავკასია. საკვები პროდუქტების მომარაგების ორმა პროგრამამ გადამწყვეტი წვლილი შეიტანა არა მარტო ჩვენი ქვეყნების და ჩვენს მოქალაქეთა ფიზიკურ გადარჩენაში, არამედ ერთგვარ სასინჯ ქვადაც იქცა ევროპა-ამიერკავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის პროექტის განხორციელების საქმეში, ამ, გადაუჭარბებლად ვიტყვი, საუკუნის პროექტის წყალობით კავკასია აღიდგენს თავის ისტორიულ ფუნქციას - შემაკავშირებელი ხიდი გახდება კონტინენტებსა და ცივილიზაციებს შორის. ჩვენი მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება გვასწავლის, რომ ეს კავკასიის სახელმწიფოების და ხალხების უსაფრთხოების საუკეთესო გარანტიაა.

თავისთავად ის ფაქტი, რომ ამიერკავკასიის სახელმწიფოთა ხელმძღვანელები დღეს ერთად შეგვკრიბა საერთო მიზანმა, ღრმად სიმბოლურია და ოპტიმიზმის მომგვრელი. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ჩვენი მომავლის ხედვა იდენტურია, რომ ჩვენ ერთი და იმავე იდეალების დამკვიდრებას ვესწრაფვით. ვფიქრობ, რომ ჩვენი ერთად ყოფნა ნაწილობრივ იმ უკეთესობისკენ შეცვლილ ახალ რეალობასაც ასახავს, რომელიც თუნდაც ძალიან ნელა, მაგრამ მაინც ფეხს იკიდებს მრავალტანჯულ კავკასიაში. და ბოლოს, ჩვენი ერთად ყოფნა გვისახავს იმედს, რომ ამ ბოლო ხანს ამოქმედებული კავკასიური ფაქტორი დინამიკურად განვითარდება და სხვა კეთილისმყოფელ ძალებთან ერთად, საფუძველს ჩაუყრის მომავლის მშვიდობიან კავკასიას.

ამ ძალებს შორის ერთ-ერთი სწორედ ევროკავშირია, რომელიც არა მარტო გზას უკვალავს მსოფლიოში საინტეგრაციო პროცესებს, არამედ დახმარების ხელს უწვდის მათ, ვინც ზოგადასაკაცობრიო ღირებულებათა ერთგულების გზას ირჩევს. ჩემი ქვეყნის უკანასკნელი წლების გამოცდილება მაგალითია იმისა, თუ რისი მოტანა შეუძლია მეგობრების თანადგომას. ის, რაც ჩემს ქვეყანას უკანასკნელ წლებში გადახდა, იმდენად საზარელია, რომ ხანდახან უკან მიხედვა და გახსენებაც კი მიმძიმს. საქართველომ, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, გამოიარა ჯოჯოხეთი. ეს იყო ჰობსისეული „ყველას ომი ყველას წინააღმდეგ“ ეს იყო კრიმინალური ბანდების ბაკქანალიები, რომელთაც ქვეყანა დაჰყვეს გავლენის სფეროებად და სათარეშო ასპარეზად აქციეს იგი, ეს იყო შეუპოვარი და ჯერაც დაუმთავრებელი ბრძოლა ველური ნაციონალიზმის სენით შეპყრობილი, ეთნიკური წმენდის ჩამდენი დანაშაულებრივი სეპარატისტული რეჟიმის წინააღმდეგ, ეს იყო დრო, როცა ცოტაც, და მაფიური დაჯგუფებები საბოლოოდ განჭოლავდნენ სახელისუფლო სტრუქტურებს, მტკიცედ დაიმკვიდრებდნენ მათში ადგილს და საქართველო ხანგრძლივი დროის მანძილზე იქცეოდა კრიმინალურ სახელმწიფოდ. სწორედ მაშინ, ჯერ კიდევ 1992 წლის ზაფხულში მიიღო ევროკავშირმა საქართველოსთვის ისტორიული გადაწყვეტილება დახმარების შესახებ. შემდგომში ამან, სხვა ჩვენი მეგობრების დახმარებასთან ერთად შესაძლებელი გახადა თვისებრივი ცვლილებები ქართული სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების პროცესში. ქვეყანაში აილაგმა უკანონო შეიარაღებული ფორმირებები, დამყარდა წესრიგი. უკვე ნახევარი წელია, რაც მიმოქცევაშია მყარი ეროვნული ვალუტა, მიმდინარეობს ძირეული ეკონომიკური რეფორმები. კმაყოფილებით აღვნიშნავ იმას, რომ ამ ბოლო დროს გამოჩნდა რეალური პროგრესი ქართულ-ოსური კონფლიქტების მოგვარების საქმეშიც. ფასდაუდებელი იყო ევროკავშირის დახმარება გასული წლის საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების მომზადებასა და ჩატარებაში. დღეს საქართველოს, როგორც ჩვენს მეზობლებს, ჰყავს თავისუფალი, სამართლიანი გზით არჩეული პარლამენტი და პრეზიდენტი, აქვს ახალი კონსტიტუცია. შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ საქართველო მტკიცედ დაადგა იმ გზას, რომელიც, გვჯერა, არც თუ შორეულ მომავალში დაგვიმკვიდრებს თანასწორუფლებიანი წევრის ადგილს თქვენს რიგებში და თუ თქვენ ხანდახან ეკითხებით თქვენს თავს, რა შეიძლება ევროკავშირმა მიითვალოს თავის დამსახურებად, შეგიძლიათ იგულისხმოთ, რომ სხვა მრავალთან ერთად, ერთი ქვეყნის გადარჩენასა და მის სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბებაში თქვენს კავშირს ძალზე დიდი წვლილი მიუძღვის. ერთადერთი, რაც ჩვენ ვერ შევძელით ბნელ წარსულში დაგვეტოვებინა, ეს არის კონფლიქტი აფხაზეთში. მინდა გავიმეორო, რაც არაერთხელ მითქვამს: კონფლიქტის მოწესრიგების შემდეგ აფხაზეთს, როგორც ერთიანი საქართველოს ფედერაციულ სუბიექტს, ექნება განსაკუთრებული სტატუსი, რაც გულისხმობს საკუთარ პარლამენტს, კონსტიტუციას, ჰიმნს, გერბს, დროშას, სახელმწიფოებრიობის სხვა ატრიბუტებს. გვჯერა რომ ჩვენს მიერ არჩეული ეს გზა - სწორი გზაა. ძლიერი ქართული სახელმწიფოს შექმნა ამ გაჭიანურებული კონფლიქტის სწრაფი და მშვიდობიანი მოწესრიგების საუკეთესო საშუალება იქნება.

აგერ უკვე მეშვიდე წელია, რაც დაინგრა კედელი, რომელიც ჰყოფდა ევროპას, ჰყოფდა მსოფლიოს. როგორც პოლიტიკოსს და პიროვნებას, რომელიც ამ მოვლენების შუაგულში ტრიალებდა, არაერთხელ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ: ჩვენ ყველანი, დასავლეთიც და აღმოსავლეთიც მოუმზადებელნი შევხვდით ამ საუკუნის ყველაზე ხანგრძლივი ომის - „ცივი ომის“ დასრულებას. ჩვენ ვერ გავიაზრეთ, რომ „ცივი ომის“ დამთავრება თავისთავად არ ნიშნავდა კაცობრიობის ყველაზე ნათელი იდეალების ზეიმს. დღეს უკვე ცხადია, რომ ჩვენ ვიმყოფებოდით „ცივი ომიდან“ ახალი მსოფლიო წესრიგისკენ გარდამავალ ეტაპზე, რომელიც ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოებისადმი განვითარებული სახელმწიფოების განსაკუთრებულ დამოკიდებულებას გულისხმობს. ევროკავშირის დღევანდელი აღმოსავლური სტრატეგია მოწმობს, რომ დამთავრდა ის დრო, როცა ამგავრი მიდგომის აუცილებლობა ჯერ კიდევ მტკიცებას საჭიროებდა. თანდათანობით იწყება ახალი ეტაპი, ეტაპი იმ მარტივი ჭეშმარიტების გააზრებისა, რომ დღევანდელ მსოფლიოში, საკუთარი კეთილდღეობა განუყოფლადაა დაკავშირებული, საერთო კეთილდღეობასთან, რომ მშვიდობა საკუთარ სახლში შეუძლებელია მეზობლის სახლში მშვიდობის გარეშე, რომ, რაგინდ დიდიც უნდა იყოს გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში ინვესტიციების დაკარგვის რისკი, ის განუზომლად მცირეა იმ რისკთან შეადრებით, რომელსაც შეიცავს მათში ტოტალიტარიზმის აღდგენის საფრთხე.

ჯერ კიდევ ჯორჯ მარშალი, ომის შემდგომი ევროპის აღდგენის გეგმის სწრაფად მიღების აუცილებლობაზე რომ ლაპარაკობდა, აღნიშნავდა, რომ არ შეიძლება ექიმების ხანგრძლივ კონსილიუმს ავადმყოფი შეეწიროს. საქართველოსათვის და მჯერა, მთელი ამიერკავკასიისათვის, დღეს ეს კონსილიუმი დამთავრდა. ავადმყოფის სიცოცხლეს აღარაფერი ემუქრება. მადლობა თქვენ ამისათვის, მადლობა ევროპას!

ამიერკავკასიის რესპუბლიკებმა გუშინ ხელი მოაწერეს შეთანხმებას ევროკავშირთან პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ : ბატონ ედუარდ შევარდნაძის სიტყვა წარმოთქმული შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიაზე // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 23 აპრილი. - 76 (2189). - 1 გვ.

49 დაიხსომეთ ეს დღე - 22 აპრილი

▲ზევით დაბრუნება


- დაიხსომეთ ეს დღე - 22 აპრილი, გვითხრა ჟურნალისტებს ედუარდ შევარდნაძემ თვითმრინავის, ეგრეთ წოდებულ, პრესის სალონში გამოსულმა, როგორც კი აკრიფა ხომალდმა, დადგენილი სიმაღლე და ჩაქრა ტაბლო ქამრების აუცილებელი შეკვრის კატეგორიული მოთხოვნით. - დაიხსომეთ ეს დღე - 22 აპრილი, ევროპასთან, ევროპის თანამეგობრობასთან საქართველოს შეერთების ისტორიული დღე.

საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბარი სწორედ ამ მოვლენის შეფასებით დაიწყო და ისტორიული უწოდა მას. საქართველო, შეიძლება ითქვას, უკვე სხვა თვისობრიობაში ევროპასთან ურთიერთობის ახალ სტადიაში შევიდა. ამ მოვლენის მნიშვნელობაზე ბევრი ითქმება და დაიწერება, ამჯერად ერთ გარემოებას მივაქცევთ მკითხველის ყურადღებას: საქართველო ევროკავშირთან პარტნიორობას ურთიერთთანამშრომლობის აქტიური ფორმით - საკუთარი წინადადებების შეტანით იწყებს, რომლებიც, ერთის მხრივ, კავკასიის რეგიონში სტაბილურობის მისაღწევად არის გამიზნული, მეორე მხრივ, თვით ევროკავშირის საქმიანობის ეფექტიანობის ასამაღლებლად.

საქართველოს პრეზიდენტმა შესთავაზა ევროპის ქვეყნების ამ გაერთიანებას გააქტიუროს თავისი მონაწილეობა კავკასიაში სტაბილურობის განმტკიცებაში. - ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ საკმაოდ გაგებით შეხვდნენ ამ წინადადებას და მოეწონათ ეს იდეა. - თქვა ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტმა, - და კიდევ ერთი, - კარგი იქნება, ევროკავშირმა ცოტა მოგვიანებით განაცხადოს, რომ იგი მზად იქნება მატერიალურად, ფინანსურად, დაეხმაროს დაზარალებულ რეგიონებს, მზად იქნება სერიოზული ინვესტიციები გაიღოს იმ პირობით, თუ კონფლიქტები მოგვარდება. ეს იქნება სერიოზული სტიმული იმ მოსახლეობისათის, რომლებიც ამჟამინდელი კონფლიქტების ზონაში ცხოვრობს. ვფიქრობ, ნატოს გენერალურ მდივანსაც და ევროკავშირის ხელმძღვანელობასაც მოეწონათ ეს იდეა, რადგან იგი შეიარაღებულ ჩარევასთან არ არის დაკავშირებული, მშვიდობიანი აქცია გახლავთ.

ახლა ძალიან ბევრი არის დამოკიდებული იმ დინამიკაზე, რომელიც იუგოსლავიაში განვითარდება. თუ ამ რეგიონში პროცესები დაჩქარდა, ეს მისცემს საშუალებას ევროპას, რომ მეტი ყურადღება დაუთმოს კავკასიას, ამიერკავკასიის სახელმწიფოებს. ჩემი შთაბეჭდილება ისეთია, რომ ამ ქვეყნების, ევროკავშირის ქვეყნების ხელმძღვანელებმა ბევრი იფიქრეს მანამ, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ. ახლა ისინი დარწმუნდნენ, რომ კავკასია უმნიშვნელოვანესი რგოლია ევროპასა და აზიას შორის, სტაბილური კავკასიის გარეშე ძნელია ილაპარაკო მყარ კავშირებზე ამ ორ კონტინეტს შორის.

- ამიერკავკასიაში კონფლიქტების მოგვარებასთან აქ ისტორიული აქტის კავშირზე შეკითხვას რომ უპასუხა, ედუარდ შევარდნაძემ თქვა:

- ევროკავშირის ხელმძღვანელობამ სწორედ გათვალა ისიც, რომ სამივე პრეზიდენტი ერთად მიგვიწვია, რითაც მოგვცა ნიშანი - ითანამშრომლეთ ერთმანეთთან, ისწავლეთ მოძებნოთ საერთო ენა. ვფიქრობ ორივე პრეზიდნეტი - აზერბაიჯანისა და სომხეთისა - სწორედ ასე არიან განწყობილნი და იმედი ვიქონიოთ, რომ მათი ქვეყნების ურთიერთობის მოწესრიგება შორეული პერსპეტივა არ არის. ევროკავშირთან, ევროპასთან დაახლოვება, უწინარეს ყოვლისა, გულისხმობს რეგიონულ თანაცხოვრებას. ეს ჩვენ შესაძლებლობას გვაძლევს რუსეთთან, დსთ სხვა ქვეყნებთან ვითანამშრომლოთ როგორც თანასწორუფლებიანმა ქვეყნებმა, მეტი წონა შეიძინეს კავკასიის სახელმწიფოებმა, გაცილებით მეტი, ვიდრე აქამდე ჰქონდათ. კიდევ ბევრი ნიუანსია. მაგალითად, მგონია, რომ დღეიდან და ამას იქეთ ძალიან ბევრი ინვესტორი შემოვა, რადგან თვით ხელშეკრულება, რომელიც უნიკალური, ყოვლისმომცველია, ამის ფართო შესაძლებლობებს სახავს.

უაღრესად, საგულისხმოა, - აღნიშნა შემდეგ ედუარდ შევარდნაძემ, - რომ ნატოს შტაბბინაში ყოფნისას ჩვენ სამხედრო საკითხებზე კი არ ვლაპარაკობდით, არამედ მეცნიერების განვითარებაზე, მეცნიერული პროგრამების დაფინანსებაზე. ისიც საგულისხმოა, რომ თუ შეიარაღებულ ძალებს დაეხმარებიან, არა საბრძოლო მასალით, არამედ იმით, რაც ჩვენ ყველაზე მეტად გვიჭირს - სასწავლო მოწყობილობა, სწავლება, მეთოდური დახმარება და სხვა.

ვიცი, ხმაურს ატეხენ იმის გამო, რომ ნატოს გენერალური მდივანი საქართველოში მოვიწვიე. ბატონი ხავიერ სოლანა ძალიან საინტერესო პიროვნებაა. აგვისტო-სექტემბრისათვის შეიძლება ჩამოვიდეს თბილისში და ესეც ჩვეულებრივი მოვლენაა, არაფერი არ არის ამაში გასაკვირი, ეს არც დსთ საწინააღმდეგო აქციაა. თუ ვინმე რაღაც მიზეზების ძებნას შეეცდება, ტყუილად მოცდება. პირიქით, ჩვენ მომხრე ვართ იმისა, რომ ნატო დაუახლოვდეს რუსეთს, რუსეთი დაუახლოვდეს ნატოს: არც ერთი წააგებს, არც მეორე.

- ამასთან დაკავშირებით, შეიძლება თუ არა ისეთი პარადოქსული დასკვნის გაკეთება, რომ ევროკავშირთან დაახლოვება დსთ ქვეყნებს და თავად ამ კავშირს გააძლიერებს?

- ევროკავშირთან დაახლოვება ჩვენ საშუალებას გვაძლევს უფრო აქტიური როლი შევასრულოთ დსთ-ში, პოზიტიური გავლენა მოვახდინოთ იმ პროცესებზე, რომლებიც ამ თანამეგობრობაში ვითარდება. თუ დსთ იმ გზით წავიდა, როგორითაც რუსეთი და ბელარუსი, ამისგან არაფერი გამოვა.

ევროკავშირთან ჩვენი ურთიერთობა თავისთავად დიდი და მნიშვნელოვანი არგუმენტია, რომელსაც არა მარტო განყენებული მნიშვნელობა აქვს, არამედ, მატერიალურიც და ფინანსურიც.

თუ დსთ ისე განვითარდება, როგორც ჩაფიქრებულია, ჩვენ აქტიურ მონაწილეობას მივიღებთ, თუ სხვა გზით წავლენ, მაშინ... მაშინ ჩვენ მარტონი აღარ ვართ, კავკასია მხოლოდ თავის თავს აღარ არის მინდობილი. ეს არის მთავარი.

„დრონის“ (გიორგი ჩოჩიშვილის) შეკითხვა: - შესძლებს კი ჩვენი აღმასრულებელი ხელისუფლება იმ ამოცანების რეალიზაციას, რომლებიც ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ დგება მის წინაშე?

- მე თქვენ უნდა გკითხოთ, როგორ შეძლებს პრესა იგივეს გაკეთებას? იხუმრა პრეზიდენტმა და დასძინა: - რა თქმა უნდა, სხვა სტანდარტები გვინდა, სხვა პოლიტიკური კულტურა, თუნდაც - დიპლომატიური, სხვა ცოდნა, სხვა პროფესიონალიზმი ეკონომიკაში.

სხვათა შორის, მე ვნახე ამერიკული ცენტრი, აქ ინფორმაციის უმაღლესი დონეა. ჩვენზე უკეთესად იციან, მაგალითად, რა ხდება საქართველოში. ასეთი დონე გვჭირდება და უნდა მივაღწიოთ კიდეც, რადგან არაფერი შეუძლებელი არ არის. ის კადრები, რომლებიც ახლა მოღვაწეობენ საზოგადოებრივ ასპარეზზე, ის ახალგაზრდობა, რომელმაც უკვე გაიარა ევროპული სკოლა, და არა მარტო ევროპული (და კიდევ ბევრი გაივლის ამ სკოლას), კარგად აუღებენ ყველაფერ ამას ალღოს.

- ჩვენმა მკითხველებმა იციან, რომ ლუქსემბურგში ყოფნის პერიოდში საქართველოს პრეზიდენტისადმი განსაკუთრებული ყურადღებიანი დამოკიდებულება გამოიჩინა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კლაუს კინკელმა. იგი ჩამოვიდა ლუქსემბურგში, დაესწრო ხელშეკრულებაზე ხელმოწერის ცერემონიალს, ეწვია ბატონ ედუარდ შევარდნაძეს, ისაუბრეს. - ხომ არ ნიშნავს ეს ბატონ კლაუს კინკელის განსაკუთრებულ დამოკიდებულებას საქართველოსადმი? - ასეთი შეკითხვა მისცა „კავკასიონის“ მთავარმა რედაქტორმა ვასილ მაღლაფერიძემ პრეზიდენტს.

- ფორმალურად - არა ფაქტობრივად კი. - უპასუხა ედუარდ შევარდნაძემ. - ამ შეხვედრის დროს მართლაც გამოიკვეთა გერმანიის განსაკუთრებული დამოკიდებულება საქართველოსადმი. არ გამოვრიცხავ, რომ განვითარებული სახელმწიფოების სიმპათიები ფორმალურად არა, მაგრამ პრაქტიკულად მაინც გარკვეულად განაწილებულია. მაგალითად, საფრანგეთი სომხეთის პრობლემების გადაჭრით უფრო მეტად არის დაინტერესებული, ინგლისი-აზერბაიჯანისა, გერმანია-საქართველოსი. მე მგონი, ჩვენ წაგებული არა ვართ. თუმცა ინგლისელებთანაც შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს ფრანგებთანაც, სხვებთანაც.

შეიძლება შენიშნეთ კიდეც კლაუს კინკელი ძალიან დაძაბული რომ იყო სხდომის დროს (ჟურნალისტებმა ზოგმა შევნიშნეთ ზოგმა - არა. მაგრამ ედუარდ შევარდნაძემ იმ სხდომაზე სიტყვის წარმოთქმისას ეს რომ დააფიქსირა, მართლა საოცრებათა სფეროდან არის), ისე განიცდიდა საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის გამოსვლას, როგორც საკუთარს, ან უფრო მეტად და ძალიან კმაყოფილი დარჩა.

- ბატონო ედუარდ, პრესკონფერენციაზე თქვენ სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს შორის, შუაში იჯექით - „საქართველოს რესპუბლიკის“ შეკითხვა „განმუხტისათვის“.

- ხან მე ვიყავი შუაში, ხან სომხეთის, ხან აზებაიჯანისა. თუ ამიერკავკასიაში არსებულ პრობლემებს არ მივიღებთ მხედველობაში, სამივენი შესანიშნავად ვართ ერთმანეთთან - პასუხებიც იმავე ტონალობაში იყო.

- რა რეაქცია მოჰყვა სახელმწიფო სათათბიროს გადაწყვეტილებას სსრ კავშირის აღდგენის შესახებ? - „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორის ლაშა ტუღუშის შეკითხვა.

- სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების ერთმნიშვნელოვნად უარყოფითი დამოკიდებულება. თანაც, არა მარტო ოფიციალური შეხვედრების დროს, არამედ ჩვეულებრივ ურთიერთობებშიც. ეს ქვეყნები იოტისოდენა დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს არ დასთმობენ.

ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, ამიერკავკასიის სახელმწიფოებისათვის, სწორედ აქ, ევროპაში აშკარად გვეთქვა იმის შესახებ, რომ ჩვენ არა თუ არ ვიზიარებთ „დუმის“ გადაწყვეტილებას, არამედ შეურიგებელი მოწინააღმდეგენი ვართ მისი. 19 მაისს, დსთ ქვეყნების ლოდერთა შეხვედრაზე ბევრი იტყვის ამის შესახებ. რაც უფრო მეტ ასეთ სკანდალურ გადაწყვეტილებას მიიღებს დუმა, მით უფრო მძიმე შედეგები მოჰყვება ამას რუსეთისათვის.

თვითმფრინავში გამართულ ამ სახელდახელო პრესკონფერენციას წინ უსწრებდა მოვლენები, რომელთა მიმოხილვას აქვე გთავაზობთ.

მაია ალუდაური,
არმაზ სანებლიძე

დაიხსომეთ ეს დღე - 22 აპრილი / შევარდნაძე ედუარდ ; [ჩაიწერა] ალუდაური მაია // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 25 აპრილი. - 78 (2191). - 1,3 გვ.

50 „როგორც რუსეთის, ისე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიები, მათი ლიდერები ორივე ქვეყანაში დემოკრატიული გარდაქმნების, ეკონომიკური რეფორმების, ჩვენი ხალხების სულიერი აღორძინების დაწყებული პროცესების შეუქცევადობის პოზიციაზე დგანან“

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 29 აპრილის რადიოინტერვიუ

- გასული კვირა ევროკავშირთან თანამშრომლობისა და პარტნიორობის შეთანხმების ხელმოწერით დაიწყო. ამ შეთანხმებას დიდი მნიშვნელობა აქვს ამიერკავკასიის ქვეყნებისათვის როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით. ლუქსემბურგში სამივე ქვეყნის პრეზიდენტი ერთად წარსდგა ევროკავშირის წინაშე. ევროკავშირთან დადებული შეთანხმება უწინარესად, ალბათ, იმ მხარდაჭერის კიდევ ერთი მიმანიშენებლია, რომლებსაც ევროპის სტრუქტურები უწევენ საქართველოში მიმდინარე რეფორმებს და რადგან ეს შეთანხმება ეკონომიკურ ასპექტებს ითვალისწინებს, თუ შეიძლება გვითხარით რამდენიმე სიტყვა გასული კვირის ეკონომიკურ მოვლენებთან დაკავშირებითაც,- ჟურნალისტ ნატო ონიანის ამ შეკითხვის პასუხად საქართველოს პრეზიდენტმა ადუარდ შევარდნაძემ თავის ტრადიციულ რადიოინტერვიუში განაცხადა:

- საერთაშორისო თანამეგობრობაში საქართველოს ინტეგრაციის საეტაპო მოვლენად უნდა შეფასდეს ამიერკავკასიის ქვეყნებთან ერთად ევროკავშირთან საქართველოს პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმების ხელმოწერა. ევროკავშირს უდიდესი წვლილი მიუძღვის საქართველოსათვის ეკონომიკური დახმარების გაწევაში. ოთხ წელიწადში ჩვენი ქვეყნისთვის ჰუმანური და ტექნიკური შემწეობის სახით ათეულმილიონობით ეკიუ დაიხარჯა. ევროკავშირის აღმოსავლეთით გაფართოება და ხელმოწერილი შეთანხმება სამართლებლივ საფუძველს უქმნის მომავალში როგორც პოლიტიკური, ისე სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის განვითარებას. საქართველოსათვის ეს ნიშნავს სუვერენიტეტის განმტკიცებას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ქვეყანაში დემოკრატიული გარდაქმნებისა და საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პროცესის შეუქცევადობის გარანტიას.

ვიზიტის დროს დიდი ბიზნესის წარმომადგენლებსა და გავლენიან საზოგადო მოღვაწეებთან საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრისას აღინიშნა, რომ საქართველოში კაპიტალის დაბანდება მარტო კასპიის ნავთობის ტრანსპორტირების, ისტორიული „აბრეშუმის გზის“ აღდგენის, ევროპა-კავკასია-აზიის დერეფნის რეალური პერსპექტივით როდია მიმზიდველი და სასარგებლო. საქართველოში ინვესტირებისთვის მეტად ხელსაყრელი, ვრცელი სფეროა: ჰიდრორესურსების ათვისება, ტურიზმისა და საკურორტო მეურნეობის განვითარება და სხვა მრავალი. ამაზეც ვილაპარაკე ბრიუსელში, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ქვეყანაში შექმნილია უცხოური ინვესტიციების გარანტირებული დაცვისათვის საჭირო საკანონმდებლო ბაზა. დამყარდა ისეთი წესრიგი, რომელიც შეესაბამება ამ ინტერესებს.

შეთანხმების ეკონომიკური ნაწილი ითვალსიწინებს თანამშრომლობას ევროპის ქვეყნებსა და ევროსტრუქტურებთან პრაქტიკულად ეკონომიკის ყველა სფეროში - იქნება ეს მრეწველობა, მშენებლობა, ენერგეტიკა, საინფორმაციო-საკომუნიკაციო სფერო, მეცნიერება, ტექნოლოგიები, საფინანსო, ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, საბაჟო თანამშრომლობა თუ თითქმის ყველა სხვა სფერო. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ევროკავშირი, როგორც ცივილიზებული ინტეგრაციის მკაფიო მაგალითი, მასთან დადებული შეთანხმებით კი არ ზღუდავს და ეწინააღმდეგება ჩვენს ქვეყნის ვალდებულებებს სხვა ქვეყნებისა და სხვა ორგანიზაციების წინაშე, არამედ, პრიქით, გზას უკვალავს, თუნდაც დამოუკიდებელი ქვეყნების თანამეგობრობისა და შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ალიანსს.

გასული კვირის ანალიზის შესაბამისად შევეხები ჩვენს ეკონომიკურ მდგომარეობას: სათანადო საინფორმაციო უწყებების მასალების საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ პირველი კვარტლის შეჯამებული შედგები ცხადყოფს გასულ წელს ეკონომიკის სტაბილიზაციის პროცესებიდან გამოცოცხლების და აღმავლობის რთულ გზაზე თანდათანობით გადასვლას. პირველ კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობამ 624 მილიონი ლარი შეადგინა. ეს 14 პროცენტით მეტია, 1995 წლის პირველ კვარტალთან შეადრებით, წარმოებული პროდუქციის ზრდა აღინიშნა ეროვნული ეკონომიკის ყველა დარგში მშენებლობის გარდა. სოფლის მეურნეობაში ამ მაჩვენებელმა 134 პროცენტში შეადგინა, ტრანსპორტზე - თითქმის 110, კავშირგაბმულობაზე - 111, ვაჭრობაში - 151. საცალო საქონელთბრუნვის საერთო მოცულობაში 80 პროცენტი კერძო სექტორზე მოდის, მაშინ როცა გასული წლის შესაბამის პერიოდში ეს მაჩვენებელი 70 პროცენტს შეადგენდა. ქალაქების თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის საქალაქო ბაზრებში პირველ კვარტალში რეალიზებულია 48 მილიონი ლარის სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია, ანუ შარშანდელ შესაბამის პერიოდთან შედარებით 22 პროცენტით მეტი.

წინა რადიოინტერვიუში უკვე აღვნიშნე, რომ ენერგეტიკაში შექმნილი მძიმე ვითარების მიუხედავად, პირველ კვარტალში, როცა ქვეყანაში სამრეწველო პროდუქციის წარმოება 105 პროცენტით გაიზარდა, ამ მაჩვენებელმა თბილისში შეადგინა 108 პროცენტი, ესე იგი, ქვეყანაში წარმოებული სამრეწველო პროდუქციის ნახევარზე მეტი, ქვემო ქართლის მხარეში - 148, სამცხე-ჯავახეთში - 141 პროცენტი. მრეწველობის ასეთი სტარტი უდავოდ კარგი დასაწყისია. სამრეწველო პროდუქციის ზრდა აღინიშნა სამეგრელოსა და ზემო სვანეთის მხარეში და შიდა ქართლში. მაგრამ, კვლავ უნდა ითქვას, რომ ჯერჯერობით საკმარისი არ არის. სერიოზული ჩამორჩენაა ზოგიერთ მხარეში, ქალაქსა და რაიონში, რასაც სერიოზული გაანალიზება და დასკვნების გამოტანა სჭირდება, რათა მეორე კვარტალის შედეგებით სამრეწველო წარმოების მოცულობის სასურველ მიჯნას მივაღწიოთ. პრეზიდენტის პროგნოზით, ეს ნიშნავს 10-15 პროცენტით ზრდას. რაიონებსა და ქალაქებს ამჯერად არ ვასახელებ, მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე ეს ყველაფერი აღინიშნა და შესაბამის ხელმძღავნელებს საჭირო დავალებებიც მიეცა.

ეკონომიკის სამინისტროს შეაფსებით, თანდათანობით მატულობს საწარმოთა სამეურნეო აქტიურობა. ამ მიზნით, აუცილებელია, ბოლოს და ბოლოს გადაიჭრას რუსთავის „აზოტის“, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნისა და ჭიათურმანგანუმის სტაბილური ენერგომომარაგების პრობლემები. ამ მხრივ, საქენერგომ, ბატონმა ზუბიტაშვილმა უკვე ბევრი რამ გააკეთეს, მაგრამ ბევრი რამ ახლა თვით ამ კოლექტივების ხელმძღავენელებს აქვთ მოსაგვარებელი.

ქვეყნის ენერგოსისტემის ფუნქციონირებაში აპრილის პირველ ნახევარში ხელსაყრელი დამაიმედებელი პირობების შექმნის შემდეგ, მდგომარეობა ამ სფეროში გასული კვირიდან კვლავ დაიძაბა. სახსრების უქონლობის გამო, საწვავის ღირებულების გადაუხდელობის შედეგად, შეწყდა ბუნებრივი გაზის მიწოდება და პირველ რიგში შეუწყდა თბილსრესს. ჰიდროსადგურებში ენერგიის საშუალო სადღეღამისო გამომუშავების 11 მილიონი კილოვატსაათიდან 15 მილიონ კილოვატსაათამდე გაზრდამ ვერ მოახდინა საერთო ჩავარდნის კომპენსირება და ელექტოენერგიის წარმოების და მოხმარების მაჩვენებლები კვლავ შემცირდა. საგანგებო ღონისძიებები უნდა განხორციელდეს ფინანსური რესურსების მობილიზაციის გასაუმჯობესებლად. საქენერგოს მონაცემებით, აპრილის დასაწყისიდან მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური გადახდილი აქვს მომხმარებელთა მხოლოდ 15-20 პროცენტს, მაშინ, როცა, მარტო თბილსრესს თვეში 5,5 მილიონი ლარი სჭირდება, არაფერი რომ არ ვთქვათ წყალდიდობის სეზონისათვის მოსამზადებელ სარემონტო-აღდგენით სამუშაოებზე, სისტემის სესხის დაფარვასა და თვეობით გაუცემელ ხელფასებზე. უახლოეს ხანში გაანალიზდება ელექტროენერგიის საფასურის გადახდევინების საქმეში შექმნილი ვითარება და თითოეული რეგიონის, რაიონისა და ქალაქის მიხედვით სათანადო შეფასება მიეცემა მათი ხელმძღვანელების საქმიანობას ამ საარსებო საკითხის მოგვარების თვალსაზრისით. ჩემი აზრით, თუ ახალვე არ მოვაგვარეთ თანხების ანაზღაურების საკითხი, მომავალი ზამთარი კარგს არაფერს გვიქადის. სწორედ შემოსული თანხების ბაზაზე უნდა მოხდეს თბილსრესისათვის მაზუთის და სხვა საწავავის აუცილებელი მარაგის შექმნა. ყველა მოქალაქემ ახლავე უნდა გაიაზროს, როგორი მძიმე გამოცდა გველოდება მომავალ ზამთარში, თუ ეს პრობლემები არ გადაწყდა.

მთავრობის წინა სხდომაზე 1996 წლის პირველი კვარტლის ბიუჯეტის შემოსავლის ფორმირებაში არსებული სიძნელეების გათვალისწინებით, კონკრეტული ღონისძიებანი დაისახა, რომელთა საფუძველზე უზრუნველყოფილი უნდა იყოს ნახევარი წლის საგეგმო მაჩვენებლების უთუოდ შესრულება. აქ გადამწყვეტი სიტყვა, რა თქმა უნდა, საგადასახადო სამსახურმა უნდა თქვას, რომლის ოპერატიული მონაცემებითაც, აპრილის განვლილ სამ კვირაში აკრეფილი საგადასახადო შემოსავალი 17 მილიონ ლარს, ხოლო წლის დასაწყისიდან 56 მილიონ ლარს შეადგენს. ეს შეესაბამება საპროგნოზო პარამეტრებს და 30 მილიონი ლარით, ანუ თითქმის ორჯერ აღემატება შარშანდელ შესაბამის დონეს, საგადასახადო ორგანოებმა აპრილის განვლილ პერიოდში 300-მდე ორგანიზაცია შეამოწმეს, რის შედეგადაც, საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევათა გამო ბიუჯეტის სასარგებლოდ დამატებით არის დარიცხული 2 მილიონი ლარი. აქედან ბიუჯეტში უკვე რეალურად ჩაირიცხა ნახევარ მილიონზე მეტი ლარი. აპრილის დამდეგიდან 25 აპრილის ჩათვლით საბაჟო სისტემიდან საბიუჯეტო შემოსავლის სახით მიღებულია 3,5 მილინი ლარი, ხოლო წლის დასაწყისიდან - 10 მილიონ ლარზე მეტი, რაც 11 პროცენტით აღემატება მთლიანად 1995 წელს მიღებულ შემოსავალს. მიუხედავად ამისა, 1996 წლის აპრილის საპროგნოზო დავალებათა შესრულება საბაჟო დეპარტამენტის განსაკუთრებულ ძალისხმევას მოითხოვს.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ჯერ კიდევ რთული ვითარებაა ცენტრალური ბიუჯეტის საგეგმო მაჩვენებლების შესრულების საქმეში. ამ ბიუჯეტის საკუთარი საგადასახადო და არასადაგადასახადო შემოსავლის მიხედვით, 26 აპრილისათვის მიღებულმა სახსრებმა 10 მილიონი ლარი შეადგინა (თვის საგეგმო დავალება კი 20 მილიონ ლარს შეადგენს) ესე იგი მხოლოდ 50 პროცენტი.

ჩამორჩენაა პურის ფქვილისა და ხორბლის რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავლის მობილიზაციის საქმეში. საგადასახადო ინსპექციის ინფორმაციით, კვლავ დიდი ვადაგადაცილებული დავალიანებები აქვთ ფოთის წისქვილკომბინატს, მარნეულის, კაჭრეთის, გორის პურპროდუქტების კომბინატებს. ამ ობიქტებს იმიტომ ვასახელებ, რომ ბატონ გულუასა და ბატონ ბურჯანაძის ყურადღება მივიპყრო. მომავალ ორშაბათამდე ეს მდგომარეობა თუ არ გამოსწორდა, იძულებული ვიქნები, ცოტა უფრო სხვა ფორმულირებანი შევთავაზო ჩვენს საზოგადოებას.ამ სფეროში ორგანიზაციის და რესტრუქტურიზაციის უაღრესად პასუხსაგები ეტაპის წინ, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფინანსური პრობლემის ერთხელ და საბოლოო მოგვარებას.

ასეთია ჩვენი ეკონომიკური ცხოვრების მოკლე მიმოხილვა ევროკავშირთან დადებული ხელშეკრულების ფონზე.

- ბრიუსელში ყოფნისას თქვენ ნატოს გენერალურ მდივანს ხავიერ სოლანას შეხვდით. ეს არ იყო თქვენი, როგორც თუნდაც დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტის პირველი ვიზიტი ნატოში. ევროკავშირსა თუ ნატოში გამოსვლისას თქვენ განსაკუთრებული ყურადღება მიანიჭეთ რუსეთთან ევროკავშირის და ნატოს ურთიერთობას.

- ნატოში შეხვედრის შინაარსზე მე უკვე ვილაპარაკე. გამეორება საჭირო არ არის. რაც შეეხება კონკრეტულ კითხვას, მე ასე გიპასუხებდით: რუსეთსა და ნატოს ურთიერთობა თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი ცენტრალური პრობლემაა. ნატოში საუბრებიდან მე ისეთი დასკვნა გამოვიტანე, რომ ამ ორგანიზაციის გაფართოება მიმდინარე წლის ამოცანათა რიგში არ დგას. ჩემი აზრით, ეს საკმარისი დროა იმისათვის, რომ ორივე მხარემ ეძებოს საკითხის ისეთი გადაწყვეტის გზები, რომლებიც გამორიცხავს ახალ კონფრონტაციას, ახალ დაპირისპირებას, და კიდევ უფრო განამტკიცებს ცივი ომის დამთავრების შემდეგ დამკვიდრებულ ინტეგრაციულ პროცესებს ცხოვრების ყველა სფეროში - როგორც ევროპაში, ისე მთელი ევრაზიის სივრცეში.

- საქართველოში ხუთდღიან ვიზიტად იმყოფება სრულიად რუსეთის და მოსკოვის პატრიარქი ალექსი მეორე. დღეს თქვენ შეხვდებით მას...

- სრულიად რუსეთის და მოსკოვის პატრიარქის ალექსი მეორის ვიზიტი საქართველოში, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მოვლენაა. მისი საუბრები სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქთან, მის უწმინდესობასთან ილია მეორესთან, მათი ერთობლივი წირვა-ლოცვა სიონსა და სვეტიცხოველში წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს. ვიზიტის მნიშვნელობა უფრო ფართოა, ვიდრე ეკელსიათა შორის კავშირურთიერთობის საკითხები. პრაქტიკულად, ეს არის დიალოგი ორი ერთ მორწმუნე ხალხის, ორი სახელმწიფოს ურთიერთობის კარდინალურ საკითხებზე. განსაკუთრებით, ორი ხალხის სულიერი აღორძინების გზებსა და პერსპექტივაზე. სწორედ ამ მიმართულებით წარიმართა ჩემი პირველი შეხვედრები და პირველი საუბრები და ალბათ, ეს დღევანდელი შეხვედრის დროსაც გაგრძელდება. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ როგორც რუსეთის, ისე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიები, მათი ლიდერები ორივე ქვეყანაში დემოკრატიული გარდაქმნების, ეკონომიკური რეფორმების, ჩვენი ხალხების სულიერი აღორძინების დაწყებული პროცესების შეუქცევადობის პოზიციაზე დგანან და განსაკუთრებულ სიმხნევეს მატებენ ორივე ქვეყნის საერთო ხელისუფლებას, მათ პრეზიდენტებს ცხოვრების ახალი წესის დამკვიდრებისათვის ძნელ, მაგრამ ისტორიულად გარდაუვალ გზაზე.

- ევროკავშირთან დადებული ხელშეკრულების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მომენტად საერთაშორისო ასპარეზზე ამ სამი ქვეყნის პრეზიდენტების ერთად გამოჩენა მიიჩნიეს. თბილისში დაიწყო სომხეთის კულტურის დღეები. ნებისმიერი ფაქტი, რომელიც ჩვენ უახლოეს მეზობელთან გვაკავშირებს, ალბათ, უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენთვის...

- მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, რაც ადრე უკვე მოგახსენეთ: ერთდროულად სამ სახელმწიფოსთან ხელმოწერას ის მნიშვნელობა ჰქონდა, რომ ახალი სტიმული მიენიჭა შიდაკავკასიურ ინტეგრაციულ პროცესს, რეგიონის დონეზე თანამშრომლობას და ბოლოს და, ბოლოს, კავკასიაში მშვიდობის დამყარებას. პრაქტიკულად, ევროკავშირმა (ცნობილია ამ ორგანიზაციის წონა და მნიშვნელობა მსოფლიოში) მოგვცა იმის ნიშანი, რომ ჩვენ, სამივე სახელმწიფომ გამოვძებოთ შინაგანი რესურსები და საშუალებანი, რათა დავძლიოთ ის სირთულეები, რომლებსაც ახლა ვაწყდებით, მათ შორის, კონფლიქქტები და ავამოქმედოთ, როგორც ვამბობდი, კავკასიური ფაქტორი.

რაც შეეხება სომხეთის კულტურულ დღეებს, მინდა მის მონაწილეებს გულითადად მივესალმო, გუშინდელმა შეხვედრებმა განსაკუთრებული გულითადობისა და დიდი აღმავლობის ვითარებაში ჩაიარა. ღონისძიებები გრძელდება. ყველა გაგვახარა არა მარტო ერევნიდან ჩამოსული ჩვენი სტუმრების (მინდა მადლობა მოვახსენო მათ ამისათვის) მაღალმა ხელოვნებამ, არამედ აგრეთვე ახალქალაქის და ნინოწმინდის რაიონების თვითმოქმედი კოლექტივების შესანიშნავმა გამოსვლებმა, თბილისელ სომეხ მოქალაქეთა კარგმა პროფესიონალიზმმა.

დღევანდელ კავკასიაში და არა მარტო კავკასიაში, ხელოვნება მშვიდობისა და მეგობრობის, სტაბილურობის დამკვიდრების ფუნქციას იძენს. მე ამას გადაუჭარბებლად ვამბობ. საქართველოს ამ მხრივ მართალაც შეუძლია ორიგინალური სიტყვა თქვას. ჩვენი ვალია ყოველმხრივ შევუწყოდ ხელი ამ საშვილიშვილო საქმეს.

„როგორც რუსეთის, ისე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიები, მათი ლიდერები ორივე ქვეყანაში დემოკრატიული გარდაქმნების, ეკონომიკური რეფორმების, ჩვენი ხალხების სულიერი აღორძინების დაწყებული პროცესების შეუქცევადობის პოზიციაზე დგანან“ / შევარდნაძე ედუარდ ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 30 აპრილი. - 82 (2195). - 1,2 გვ.

51 „9 მაისი შეგვახსენებს წარსულის გაკვეთილებს, მოგვიწოდებს მშვიდობისათვის, ხალხთა შორის თანხმობისა და მეგობრობისათვის“

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 6 მაისის რადიოინტერვიუ

საქართველოს პრეზიდენტთან ტრადიციული რადიოინტერვიუ ჟურნალისტმა ნატო ონიანმა ქვეყნის ეკონომიკური რეფორმების განხორციელების, განსაკუთრებით კი ლარის სტაბილურობის საქმეში საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების დახმარების შესახებ შეკითხვით დაიწყო.

- განვლილი კვირა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მაღალი რანგის წარმომადგენლებთან ინტენსიური კონტაქტებით აღინიშნა, მსოფლიო ბანკის მისია, რომელსაც ევროპის ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორი ბატონი ბაზილ კოვალსკი ხელმძღვანელობდა, მიზნად ისახავდა მაისის ბოლოსათვის პარიზში განზრახულ იმ დონორ ქვეყნებთან საკონსულტაციო შეხვედრის მომზადებას, რომლებიც საქართველოში განსახორციელებელ პროგრამებს აფინანსებენ.

ამ უაღრესად პასუხსაგები შეხვედრის წარმატებით მოწყობისთვის მსოფლიო ბანკის მისიამ შეაფასა ღონისძიებები, რომლებიც საქართველოში ხორციელდება უკვე დაწყებული ინსტიტუციური თანამშრომლობის, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის, ჯანმრთელობის დაცვის სისტემის რეფორმის პროგრამების რეალიზაციისათვის, აგრეთვე, ტრანსპორტის, ენერგეტიკის რეაბილიტაციის მოსამზადებელი სამუშაოებეის, სოფლის მეურნეობის განვითარების, სოციალური საინვესტიციო ფონდის და სხვა პროექტების ხორცშესხმისათვის. ამ მიმართულებით გამოყოფილი სახსრები ათეულ მილიონობით დოლარს შეადგენს. თუ გავითვალისწინებთ, რომ შარშან ბიუჯეტის დეფიციტის დასაფარავად მსოფლიო ბანკმა 75 მილიონი დოლარი, ხოლო სულ ახლახან, 18 აპრილს, 1996 წლის ბიუჯეტის ღონისძებათა დასაფინანსებლად სტრუქტურული გარდაქმნის კრედიტის ფარგლებში 65 მილიონი დოლარი გამოყო, ცხადი ხდება ამ საერთაშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს ურთიერთობის მასშტაბი და ფორმები, მისი უდიდესი საარსებო მნიშვნელობა ეკონომიკის პრიორიტეტული სექტორების რეფორმირებისათვის.

ამ პროექტების განხორციელების შესაძლებლობა შექმნა მაკროეკონომიკური სტაბილიზაციისა და სისტემური გარდაქმნების შესახებ სახელმწიფო მეთაურის ცნობილი ბრძანებულებით გათვალისწინებული იმ ანტიკრიზისული ღონისძიებების თანამიმდევრულმა რეალიზაციამ, რომელიც საქართველოში უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მჭიდრო თანამშრომლობით იქნა უზრუნველყოფილი. კერძოდ, ეს ღონისძიებები ხორციელდებოდა და ხორციელდება პრეზიდენტის ფონდის მიერ გამოყოფილი სისტემური ტრანსფორმაციის დაფინანსებით (ეს არის 80 მილიონი დოლარი) სტენდბაი - სარეზერვო კრედიტის (119 მილიონი დოლარი) და წლევანდელი სტრუქტურული გარდაქმნების დაფინანსების გაფართოებული მექანიზმის სამწლიანი პროგრამის ფარგლებში მიღებული ახალი კრედიტის (246 მილიონი დოლარი) სახსრების ხარჯზე.

სწორედ ამ უკანასკნელი პროგრამის რეალიზაციის პირობებისა და მისი მიმდინარეობის შეასასწავლად იმყოფება ამჟამად საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია, რომელსაც საქართველოს საზოგადოებრიობისთვის, კარგად ცნობილი და ჩვენი ქვეყნის მეგობრად აღიარებული ბატონი შადმან ვალავი ხელმძღვანელობს. მასთან თანამშრომლობით საქართველოში მიღწეულია ინფლაციის ტემპის მინიმუმადე შემცირება, ეროვნული ვალუტის შემოღების პროგრამის რეალიზაცია და მისი გაცვლითი კურსის შთამბეჭდავი სტაბილურობა, ისაფის პროგრამის შეთანხმება, რომლის მთავარი მიზანია წარმოების რეაბილიტაცია და მოსახლეობის სოციალური დაცვის გაუმჯოებესება. ეს სამწლიანი პროგრამა საყრდენი რგოლია პრეზიდენტის ეკონომიკური პროგრამისა, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის დიდმა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი. მე სპეციალურად საჭიროდ მივიჩნიე შევჩერებულიყავი ამ მოცულობებზე, გაკვრით. მაინც დამესახელებინა ზოგიერთი ციფრი, რათა საქართველოს მოქალაქეებს წარმოდგენა ჰქონდეთ, თუ როგორია საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის თანამშრომლობის მასშტაბი საქართველოს მიმართ, და წარმოვიდგინოთ ჩვენი ქვეყანა ამ დახმარებისა და თანამშრომლობის გარეშე. ალბათ, ეს საშინელება იქნებოდა. სამწლიანი პროგრამის ფარგლებ- ში მიღებული კრედიტის -246 მილიონი დოლარი - ერთ ერთი უმთვარესი ამოცანა და მიზანი ის არის, რომ გარანტირებული იყოს ლარის სტაბილურობა უახლოესი სამი წლის განმავლობაში. ეს სავსებით რეალურია. უამისოდ გარდაუვალია ინფლაციური პროცესების განვითარება.

ცხადია, რომ ანტიკრიზისული პროგრამის პირველი ეტაპის წარმატებით დამთავრების მუხედავად, რაც ფინანსური სტაბილიზაციის მიღწევითა და ეროვნული ვალუტის შემოღებით, პრივატიზაციისა და აქციონირების მასშტაბური, ღონისძიებებით აღინიშნა, საქართველოში რეფორმები ფინიშთან ჯერ არ მისულა. იგი თანამედროვე ვითარებაში უფრო დინამიკური და ყოვლისმომცველი უნდა გახდეს. კვლავ მწვავეა საბიუჯეტო-საგადასახადო სისტემის, ენერგეტიკული და სასურსათო სექტორის პრობლემები, მრეწველობაში რეაბილიტაციის პროცესი საწყის ეტაპზეა, - ყოველივე ეს განაპირობებს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობის გაღრმავება-განვითარების აუცილებლობას რეფორმის ახლანდელი ეტაპი, ისევე, როგორც წინა სტადია, მარტივად და ადვილად განსახორციელებელი როდია. საჭიროა სტრუქტურული გარდაქმნები, რომლებმაც საბაზრო ურთიერთობათა რეალური დამკვიდრება უნდა უზრუნველყოს, სამეურნეო-ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტისადმი მიდგომათა ძირეულ შეცვლას მოითხოვს და ყოველივე აქედან გამომდინარეობს იმ რეკომენდაციების მნიშვნელობა, რომლებსაც სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის უმაღლესი რანგის სპეციალისტებისა და პროფესიონალებისგან ვიღებთ.

რადიომსმენელებმა უნდა იცოდნენ, რომ რთული ვითარებაა ბიუჯეტში ფინანსური რესურსების მობილიზაციის თვალსაზრისით. მართალია, საბაჟო დეპარტამენტის ცნობით, მარტსა და აპრილში ბიუჯეტში ჩარიცხულმა სახსრებმა (8.7 მილიონი დოლარი) მთლიანად ოთხ თვეში ჩარიცხული თანხის 75 პროცენტი შეადგინა, მარტო აპრილში მიღებულია ოთხ მილიონნახევარი ლარი, რაც თავის მხრივ, მარტის შემოსავალს თითქმის 20 პროცენტით აღემატება, მაგრამ ოთხ თვეში მიღებული შემოსავალი ჯერ კიდევ საგეგმო მოცულობის მხოლოდ 93 პროცენტს შეადგენს.

საგადასახადო სამსახურის წინასწარი მონაცემებით, აქ უფრო მძიმე მდგომარეობაა. აპრილის ბიუჯეტის მოსალოდნელი საგადასახადო შემოსავალი, 18 მილიონ ლარს აღწევს, მთლიანად ოთხ თვეში კი 62 მილიონს, მაგრამ ეს საკმარისი არ არის: ცალკეულ სახეობათა გადასახადების მიხედვით, გეგმების შეუსრულებლობა მნიშვნელოვან სიძნელეს ქმნის, კერძოდ აქციზის ჩარიცხვის დავალება საგადასახადო სამსახურის ხაზით ოთხ თვეში შესრულდა მხოლოდ 38 პროცენტით, საბაჟოს მიერ აქციზის გადასახადი კი 21 პროცენტით. ეს მოვლენა სერიოზულ, სიღმისეულ შესწავლას და საგანგებო ზომების განხორციელებას მოითხოვს.

მნიშვნელოვანი თანხები აკლდება ბიუჯეტს ცალკეული მხარეების, რეგიონების, ქალაქების მიერ დაშვებული ჩამორჩენის გამო. ამჯერად არ ჩამოვთვლი, ეს, ალბათ, უმჯობესია შემდეგისათვის გადავდოთ, რადგანაც ვაპირებ დავავალო ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტორებს, პრეზიდენტის რეგიონულ სამსახურს, წარმომიდგინონ კონკრეტული წინადადებები ცალკეულ რაიონებისა და უწყებებში ჩამორჩენის მიზეზებზე და სათანადო მოსაზრებანი საკადრო ცვლილებათა განხორციელების შესახებ.

აღნიშნული ვითარება, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად განაპირობებს ჩამორჩენას ცენტრალური ბიუჯეტის შემოსავლის ფორმირებაში. ფინანსთა სამინისტროს ცნობით, აპრილში საკუთარი და გრანტებით მიღებული სახსრების მოცულობა შეადგენს 17 მილიონ ლარს, ანუ თვით გეგმა მხოლოდ 67 პროცენტით შესრულდა.

ცენტრალური ბიუჯეტის გეგმის შეუსრულებლობის ერთ-ერთი ფაქტორი კვლავ ბანკებს შორის გადარიცხვებში შეფერხებანია. საგადასახადო ინსპექციის მონაცემებით, აპრილში აკრეფილი საგადასახადო შემოსავლიდან თითქმის 3 მილიონი ლარი დაგვიანებით ჩაირიცხა ცენტრალური ბიუჯეტის ანგარიშზე, ეს დასაგმობი პრაქტიკაა, ეს არაერთხელ თქმულა, ახლა კი, ალბათ, პრაქტიკული ზომებია მისაღები.

არსებული რეზერვების სრულად გამოყენებისა და შექმნილი სიძნელეების დასაძლევად დასახული ღონისძიებების განხორციელების შედეგად, საგადასახადო და საბაჟო სამსახურების შეფასებით, სავსებით რეალურია ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლის 1996 წლის მაისის და მთლიანად ნახევარი წლის საგეგმო ორიენტირების შესრულება. ამაზე იქნება დამოკიდებული ის, რასაც ხშირად ვამბობთ ხოლმე, - აუცილებელია გაიზარდოს მინიმალური ხელფასები, პენსიები, სტიპენდიები და ასე შემდეგ. თუ წლის პირველი ნახევრის ეს საშემოსავლო ნაწილი არ შესრულდა, მაშინ ეს დანაპირები, რომელსაც საარსებო მნიშვნელობა აქვს ჩვენი ხალხისათვის, ალბათ, ძნელად განსახორციელებელი იქნება.

- ქართული ჯარის მშენებლობა დღეს ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა არის. გასულ კვირას, თქვენ ალგეთის სასწავლო პოლიგონზე, თავდაცვის სამინისტოს მიერ მოწყობილ სასწავლო დათვალიერებას დაესწარით. საკმაოდ მაღალი შეფასება მიეცით მათი მომზადების დონეს. მოსკოვის ტელევიზიით გადაიცა სიუჟეტი, რომელშიც ითქვა, რომ ამ დათვალიერებას უამრავი ადამიანი ესწრებოდა, თუმცა მხოლოდ 4 ტანკი და სამი ვერტმფრენი გამოიყვანეს და ეს ყველაფერი დაახლოებით 150 ათასი ლარი დაუჯდა სახელმწიფოსო. თქვენი კომენტარი...

- ჩემი კომენტარი ასეთია: სამხედრო სწავლებამ ჩანაფიქრის სისწორით, დასახული ამოცანის შესრულების მაღალი პროფესიონალიზმით და შესრულებული ძალების სახეობათა ზუსტი თანამოქმედებით ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. მრავალ ასეთ სწავლებას დავსწრებივარ ძველ და ახალ დროში უნდა გითხრათ, რომ ეს მართლაც შთამბეჭდავი იყო, თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობამ, გენერალიტეტმა, ოფიცრებმა, ჯარისკაცებმა მაღალი შეფასება და უმაღლესი მთავრსარდლის მადლობა დაიმსახურეს. ახლა მთავარი ამოცანა ის არის, რომ ანალოგიური სწავლება-დათვალიერებანი გაიმართოს ბატალიონების ბრიგადების დონეზე, სხვადასხვა უწყებების დაქვემდებარებში მყოფი საბრძოლო ნაწილების მონაწილეობით. ამას გარკვეული დრო დასჭირდება, მაგრამ ეს აუცილებელია. განვმარტავ, რომ ეს სწავლება ასეულის დონეზე იყო. ტექნიკაც და აღჭურვილობაც იმდენი გამოიყვანეს, რამდენიც ჩანაფიქრის რეალიზაციისათვის იყო საჭირო.

დღეს თამამად შემიძლა მოვახსენო საქართველოს მოქალაქეებს, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალებთან თანამეგობრობით საქართველოს სახელმწიფომ უმოკლეს დროში შესძლო საკუთარი თავდაცვითი პოტენციალის შექმნა, რაც ქვეყნის თავისუფლების, დემოკრატიული განვითარების, ტერიტორიული მთლიანობის ერთი უმთავრესი პირობა გახლავთ. შეირაღებული ძალების შემდგომი განვითარება დიდად იქნება დამოკიდებული ქვეყნის ეკონომიკის მდგომარეობაზე, ბიუჯეტის შესრულებაზე, ქვეყნის თავდაცვის გაძლიერებისათვის ყველა რეგიონის, ყველა ოჯახისა და ყოველი მოქალაქის ზრუნვაზე.

- რამდენიმე დღეში მთელი მსოფლიო ფაშიზმზე გამარჯვების დღეს იზეიმებს, დღეს, რომელიც მილიონობით ადამიანის, მათ შორის, ძალიან ბევრი ჩვენი თანამემამულის სიცოცლის ფასად მოვიდა. ომის მონაწილეთა რიცხვი თანდათანობით კლებულობს, თუმცა მატულობს პრობლემები, განსაკუთრებით ბოლო წლებში მათ სოციალურ დაცვასთან დაკავშირებით, რომლებიც სახელმწიფოში არსებული პრობლემებიდან გამომდინარეობს...

- 9 მაისი ახლოვდება, ფაშიზმზე გამარჯვების დღე მთელ პლანეტაზე აღინიშნება. რა თქმა უნდა, აღინიშნება იგი საქართველოშიც, რადგან, ასე ვიტყოდი, საქართველოს წვლილი განსაკუთრებულია იმ დიდ ისტორიულ საქმეში. ეს ზეიმი იმითაც არის განსაკუთრებული მნიშვნელობის, რომ შეგვახსენებს წარსულის გაკვეთილებს, მოგვიწოდებს მშვიდობისათვის, ხალხთა შორის თანხმობისა და მეგობრობისათვის ყველას ვულოცავ მოახლოვებულ დღესასწაულს, განსაკუთრებით ჩვენს ვეტერანებს, ნაომარ და გატანჯულ ადამიანებს.

ყველა ქალაქი და რაიონი, ყველა უწყება ვალდებულია იზრუნოს და ყურადღება არ მოაკლოს ომის მონაწილეებსა და მათ ოჯახებს. პრეზიდენტის აპარატი ამ მხრივ შეამოწმებს რაიონებში გამართული ღონისძიებების ეფექტიანობას.

სამწუხაროდ, წინა პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ვეტერანების შესახებ სრულად არ ამოქმედებულა. ძირითადი პრობლემა (მინდა ეს ჩვენმა ვეტერანებმა, ჩემმა მეგობრებმა იცოდნენ) ბოუჯეტის საშემოსავლო ნაწილის სიმწირისა და ქვეყნის გაჭირვების შედეგია. იმედი მაქვს, რომ ეკონომიკის ფუნქციონირების ნახევარი წლის შედეგები მოგვცემს საშუალებას დავუბრუნდეთ მიღებული კანონის უმთავრესი მოთხოვნის - პენსიების გადიდების, სხვა დახმარებათა უზრუნველყოფის საკითხს და მივიღოთ რეალური გადაწყვეტილებები. მიუხედავად გაჭივრებისა, მჯერა, რომ 9 მაისი ღირსეულად აღინიშნება.

- როდესაც ქვეყნის ეკონომიკაზე ვლაპარაკობთ, ალბათ, ერთ-ერთი უმთავრესი ის ინტელექტუალური პოტენციალია, რომელიც აქვს საქართველოს. ეს თქვენ არაერთხელ აღგინიშნავთ და კიდევე ერთხელ აღნიშნეთ განვლილ კვირას კოსმოსური კვლევის ინსტიტუტში ყოფნისას...

- ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამ ინსტიტუტის სახელწოდება იქნება (ჯერ ერთი, იგი აღიარებულია როგორც დამოუკიდებელი სამეცნიერო დაწესებულება) - კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტი. ამ ინსტიტუტის საქმიანობა, რომელიც გუშინ მოვინახულე, იმის დასტურია, რომ ქვეყნის შემოქმედებითი, სამეცნიერო პოტენციალი, ყველაფრის მიუხედავად, მსოფლიო სტანდარტების დონეზეა. ამ ინსტიტუტის მიერ შექმნილი კოსმოსური ნაკეთობანი მეცნიერული და საინჟირნო აზრის ბრწყინვალე ნიმუშებია. ახლა შეიქმნა საქართველოს მეცნიერების მიღწევათა ექსპორტის რეალური შესაძლებლობა. ეს კი ქვეყნის უდიდესი კაპიტალია, რომელსაც გონივრული და დროული გამოყენება სჭირდება და ჩვენმა უწყებებმა ეს უნდა ისწავლონ. სხვათა შორის, ერთ-ერთი პროექტი, რომელიც კავშირგაბმულობის კოსმოსურ საშუალებებს უკავშირდება და რომლის განხორციელება სავსებით შესაძლებელია უახლოეს დროში, დაახლოებითი გამოანგარიშებით (თუ პროექტი რეალიზებული იქნება საქართველოს მონაწილეობით) ქვეყნისთვის წელიწადში 200-300 მილიონამდე დოლარ შემოსავალს ნიშნავს.

რაც შეეხება თვით ამ მეცნიერულ მიმდინარეობას, გუშინ მივიღე გადაწყვეტილება გამოვცე პრეზიდენტის ბრძანებულება, რომელშიც აისახება შესაბამისი ამოცანები და აღინიშნება საჭირო ხელშემწყობი პირობებიც. მივიღე გადაწყვეტილება, რათა, ასე ვიტყოდი, გმირული კოლექტივის წევრები, რომლებმაც ჯოჯოხეთურ გამოცდას გაუძლეს და ქვეყანას ეს სიმდიდრე შეუნარჩუნეს, მთავრობის ჯილდოებით აღვნიშნოთ.

„9 მაისი შეგვახსენებს წარსულის გაკვეთილებს, მოგვიწოდებს მშვიდობისათვის, ხალხთა შორის თანხმობისა და მეგობრობისათვის“ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა]ნატო ონიანი // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 7 მაისი. - 87 (2190). - 1,2 გვ.

52 საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის ხელმძღვანელობას

▲ზევით დაბრუნება


ქალბატონებო და ბატონებო,

ნება მიბოძეთ, თქვენი ინსტიტუტის დაარსების ორმოცდაათ წლისთვათან დაკავშირებით, მოგესალმოთ და გავიხსენო ის წლები, როდესაც ახლოს ვიყავი თქვენთან, გავიხსენო ის ადამიანები, რომლებთანაც პირადი, გულთბილი ურთიერთობა მაკავშირებდა.

პარადოქსია და კანონზომიერიც, რომ კომუნისტური სისტემის მიერ ორმოცდაათი წლის წინათ პირველ აპრილს დაარსებული ეს ინსტიტუტი, დამაარსებლის ჩანაფიქრის საწინააღმდეგოდ, იდეოლოგიურ იარაღად კი არ იქცა, არამედ თავისუფალი ფილოსოფიური აზროვნების კერად, არა მარტო საქართველოში, არამედ, მთელს საბჭოთა კავშირში.

მარტო ის რად ღირს, რომ ინსტიტუტის თაოსნობით საბჭოთა კავშირში კანონიერი სტატუსი მიიღო სამმა მანამდე აკრძალულმა ფილოსოფიურმა დისციპლინამ - ღირებულების ფილოსოფიურმა თეორიამ (აქსიოლოგიამ) ფილოსოფიურმა ანთროპოლოგიამ და კულტურის ფილოსოფიამ...

მარტო ის რად ღირს, რომ თქვენს ინსტიტუტში მოღვაწეობდნენ დიდი მეცნიერები - შალვა ნუცუბიძე, სერგი დანელია, კოტე ბაქრაძე, სავლე წერეთელი, ლევან გოკიელი, ანგია ბოჭორიშვილი, შალვა ხიდაშელი, ზურაბ კაკაბაძე, მერაბ მამარდაშვილი...

თქვენი აზრი მაშინაც თავისუფალი იყო...

სწორედ ამიტომ, მე ყოველთვის გიდასტურებდით ჩემს დიდ პატივისცემას და ნება მიბოძეთ, ახლაც გამოვხატო ჩემი უდიდესი პატივისცემა ყოველი თქვენთაგანისადმი.

დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ თავისუფალ საქართველოში ჭეშმარიტი ფილოსოფია თავის კუთვნილ ადგილს დაიკავებს სკოლაშიც, უმაღლეს სასწავლებელშიც და თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაშიც.

პატივისცემით,
ედუარდ შევარდნაძე.

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის ხელმძღვანელობას // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 7 მაისი. - 87 (2190). - 3 გვ.

53 გაზეთ „ვრასტანის“ ჟურნალისტებს

▲ზევით დაბრუნება


გულითადად გილოცავთ იუბილეს, გაზეთმა „ვრასტანმა“, რომელიც რამდენიმე ათეული წელია ორი მოძმე ხალხის მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთგაგების გაღრმავების საქმეს ემსახურება, დიდი როლი შეასრულა სიკეთის, ძმობისა და ერთობის დაუღლელ ქადაგებაში, ისეთ ღწვაში ორი ძირძველი ერის წარსულსა და მომავალს რომ ეკადრება.

მჯერა, თქვენი გაზეთი კვლავაც შეუწყობს ხელს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებს, კავკასიის რეგიონსა და მთელს მსოფლიოში მშვიდობიანი შრომითი აღმშენებლობის იდეების პროპაგანდას, ქართველი და სომეხი ხალხების მეგობრობის განმტკიცებას.

პატივისცემით
ედუარდ შევარდნაძე.

გაზეთ „ვრასტანის“ ჟურნალისტებს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 8 მაისი. - 88 (2191). - 1 გვ.

54 „დღეს ყველა თავს მდაბლად ვხრით დიდი ხელოვნის მიხეილ თუმანიშვილის ცხედრის წინაშე“

▲ზევით დაბრუნება


მიხეილ თუმანიშვილის, ქართული თეატრის დიდი რეფორმატორის, გარდაცვალება ქართული კულტურის აუნაზღაურებელი დანაკარგია.

სულ ახლახან აღტაცებულნი და მადლიერნი ტაშს ვუკრავდით ამ ბრძენსა და უბერებელ ხელოვანს, დღეს კი მეოცე საუკუნის დიდ რეჟისორს გულისტკივილით ვეთხოვებით.

მაგრამ მისი გარდაცვალებით ქართულ თეატრში მიხეილ თუმანიშვილის ეპოქა არ მთავრდება, რადგან მიხეილ თუმანიშვილის რეჟისორული, პედაგოგიური და მოქალაქობრივი პრინციპები, მისი მუდმივი ჟინი ახლის ძიებისა, მის მოწაფეებშია მის მიერვე ჩანერგილი - რეჟისორებში, მსახიობებში, მაყურებლებში...

მიხეილ თუმანიშვილმა თავის მემკვიდრეებად დატოვა დიდი რეჟიოსრები და დიდი მსახიობები, მაგრამ მეორე მიხეილ თუმანიშვილი - მრავალნიჭიერი და მრავალმხრივი, მაღალგანვითარებული და მაღალზნეობრივი, დიდომგადახდილი და დიდგანსაცდელგამოვლილი, სულითა და გარეგნობით ერთნაირად მშვენიერი, არც არის და აღარც იქნება.

ამა წლის თებერვალში მე საშუალება მქონდა, მისთვის ბარათით მიმელოცა დაბადების სამოცდათხუთმეტი წლისთავი და ჩემი სიყვარული, ჩემი თაყვანისცემა და მადლიერება გამომეხატა.

მისი, უაღრესად ეროვნული და უაღრესად ზოგადკაცობრიული ხელოვნის ცხოვრება უმდიდრესი კაცის ცხოვრება იყო, რადგან იგი საკუთარი ხელებით ძერწავდა მეფეებს და უფლისწულებს, მდაბიოთ და დიდებულთ, ჯარისკაცებს და გლეხებს, უმშვენერიეს ქალბატონებს და მახინჯ დედაკაცებს.

მიხეილ თუმანიშვილი ამ სიმდიდრეს ჩვენთვის ჰქმნიდა და მისი სიკვდილით ყველა ჩვენგანში მოკვდა ნაწილი რაღაც ამაღლებულისა და წმინდისა. და მაინც, ყველაზე დიდ ტკივილს დღეს მისი ოჯახი და მისი თეატრი განიცდიან.

ერთადერთი ნუგეში მათთვის მხოლოდ ის იქნება, რომ ამ დიდ ტკივილში მათ გვერდით მთელი საქართველოა და რომ დღეს ყველა თავს მდაბლად ვხრით დიდი ხელოვნის მიხეილ თუმანიშვილის ცხედრის წინაშე.

ედუარდ შევარდნაძე.

„დღეს ყველა თავს მდაბლად ვხრით დიდი ხელოვნის მიხეილ თუმანიშვილის ცხედრის წინაშე“ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 16 მაისი. - 93 (2206). - 1 გვ.

55 პრეზიდენტ დემირელზე თავდასხმის გამო

▲ზევით დაბრუნება


როგორც ცნობილი გახდა, 18 მაისს ქალაქ იზმიტში, გამოფენის გახსნის დროს, 48 წლის პისტოლეტით შეიარაღებულა ფარმაცევტმა, იბრაჰიმ გიუმრიუკჩუოღლუმ სცადა თავს დასხმოდა თურქეთის პრეზიდენტს სულეიმან დემირელს, საბედნიეროდ, პრეზიდენტი ტერორისტს გადაურჩა.

ამ აღმაშფოთებელ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ, დეპეშა გაუგზავნა ბატონ სულეიმან დემირელს, რომელშიც, კერძოდ, ნათქვამია:

„დაუჯერებელია, რომ მოიძებნა ადამიანი, ვინც ხელი აღმართა თურქი ხალხის დიდი ლიდერი, დღევანდელობის გამოჩენილი მოღვაწის სიცოცხლის ხელსაყოფად.

განგებამ ისე ინება, რომ ბოროტ ჩანაფიქრს არ ეწერა აღსულება. ქართველი ხალხი ბედნიერია, რომ მისი დიდი მეგობარი სულეიმან დემირელი უვნებელია და ის კვლავ გააგრძელებს თვაის დაუღალავ საქმიანობას, რომლის მიზანია დიდი თურქეთის აყვავება და ხალხთა შორის მშვიდობისა და მეგობრობის დამკვიდრება.

გკოცნით, გეხვევით,
მარად თქვენი
ე. შევარდნაძე“.

პრეზიდენტ დემირელზე თავდასხმის გამო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 21 მაისი. - 96 (2209). - 1 გვ.

56 „ჩვენ გაბედულად მივდივართ წინ ძლიერი, ერთიანი და აყვავებული ქვეყნის მშენებლობის გზით“

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 20 მაისის რადიოინტერვიუ

- გასული ეკონომიკური კვირის უმნიშვნელოვანესი მოვლენა უდავოდ იყო თქვენი ვიზიტი ირანში და მეშხედ-სარახს-თეჯენის რკინიგზის ხაზის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა. ამ ფაქტს უდიდესი პოლიტიკური მნიშვნელობაც აქვს. დაიწყო „აბრეშუმის გზის“ აღორძინება, რომელიც ევრაზიის დერეფნის ძირითადი ნაწილი იქნება. ამაზე ქართული საგარეო პოლიტიკა ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინათ ლაპარაკობდა. გაიმართა თქვენი შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტებთან. თურქმენეთის სარახსში ხელმოწერილია ორი დოკუმენტი - ხელშეკრულება და შეთანხმება საქართველოს, აზერბაიჯანს, თურქმენეთსა და უზბეკეთს შორის რკინიგზის სფეროში თანამშრომლობის შესახებ და კიდევ ერთი ფაქტი გასული კვირის ეკონომიკური ცხოვრებიდან: პარლამენტში განიხილეს 1995 წლის ბიუჯეტის შესრულების შედეგები და არსებული უზარმაზარი დანახარჯების გამო საქმე გამოძიებისთვის გადაეცა პროკურატურას... - ჟურნალისტ ნატო ონიანის ამ კითხვის პასუხად საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ თავის ტრადიციულ რადიოინტერვიუში განაცხადა:

- მსოფლიო მეურნეობაში ინტეგრაციული პროცესების ერთ-ერთ ძირითად მიმართულებად თანდათანობით უფრო ნათლად იკვეთება ევროპასა და აზიას შორის სატრანსპორტო დერეფნის იდეის რეალიზაციის პრაქტიკული ღონისძიებები, „დიდი აბრეშუმის გზის“ აღორძინება - აღდგენის გზაზე გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები. ამის კიდევ ერთი თვალსაჩინო დადასტურებაა განვლილ კვირას, ირანისა და თურქმენეთის დამაკავშირებელი სარკინიგზო მაგისტრალის გახსნა, რომლის საზეიმო ცერემონიაზე მიწვეული იყო საქართველოს დელეგაცია ქვეყნის პრეზიდენტის მეთაურობით.

ამ სარკინიგზო არტერიას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სამხრეთისა და ჩრდილოეთის. ცენტრალური აზიის ქვეყნების სპარსეთის ყურესთან, ამიერკავკასიასა და ევროპასთან დაკავშირებისათვის.

ეკონომიკურ კავშირურთიერთობათა ინტენსიური განვითარების თვალსაზრისით იგი ჩვენს ქვეყანასაც საყურადღებო პერსპეტივას უსახავს - სპარსეთის ყურის ნავსადგურის მეშვეობით სატრანსპორტო კავშირი დაამყაროს შორეული აღმოსავლეთის სახელმწიფოებთან, აგრეთვე ხმელეთიდან შემოვლით ცენტრალური აზიის ქვეყნებთან.

ბევრი მნიშვნელოვანი და პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემების გადასაჭრელად კარგ მასტიმულირებელ გარემოს შექმნის ამ ვიზიტის დროს ირანის, თურქმენეთის, აზერბაიჯანის, უზბეკეთის, თურქეთის, სომხეთის, ტაჯიკეთის, ყირგიზეთის, პაკისტანის, ავღანეთის პრეზიდენტებთან გამართული საქმიანი საუბრები, აგრეთვე საუბარი უკრაინის დელეგაციასთან. მეტად მნიშვნელოვანია ის, რომ ხელმოწერილია ხელშეკრულება რკინიგზის საქმიანობის კოორდინაციის შესახებ და შეთანხმება სატრანზიტო ტვირთზიდვის რეგულირების სფეროში საქართველოს, აზერბაიჯანს, თურქმენეთსა და უზბეკეთს შორის. ეს ამ დიდი ღონისძიების ერთ-ერთი ცენტრალური მოვლენა იყო.

საყურადღებოა ისიც, რომ პრინციპში მიღწეულია შეთანხმება ჩვენი ქვეყნის მიერ 1994 წელს ირანიდან მიღებული გაზის საფასურის - ეს გახლავთ 12-13 მილიონი ამერიკული დოლარი - გადახდის გადავადების შესახებ, რაზეც მივიღეთ პრეზიდენტ რაფსანჯანის თანხმობა.

წმინდა პოლიტიკურ ასპექტებთან ერთად მნიშვნელოვანი ეკონომიკური დატვირთვა ჰქონდა ასევე განვლილ კვირაში მოსკოვში გამართულ ვიზიტსაც. ამაზე, ალბათ, ღირს ცალკე ითქვას რამოდენიმე სიტყვა.

რაც შეეხება ეკონომიკური ცხოვრების სხვადასხვა მიმართულებასა და სფეროს, აქ აღსაღნიშნავია, 4 თვის განმავლობაში წარმოების შიდა პროდუქტის თითქმის 14 პროცენტით ზრდა, რაც ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია მრავალ სახელმწიფოთა შორის, რომლებიც ახალი ეკონომიკის მშენებლობის გზას ადგანან. ამავე დროს არადამაკმაყოფილებელია მრეწველობის რიგი დარგების ზრდის ტემპი. მართალია, მთლიანად მრეწველობაში, საქენერგოსაა და პურპროდუქტების სისტემის საწარმოთა მიერ გამოშვებული პროდუქციის გარდა, წარმოების ზრდის ტემპი 118 პროცენტს შეადგენს, მაგრამ იგი საკმარისი არ აღმოჩნდა არსებულ ორ ქვედარგში გარდატეხის პროცესში წარმოების მოცულობის შემცირების კომპენსირებისათვის. სამწუხაროდ, ეს ასეა, ამ ორ დარგს ძალიან უჭირს.

კვლავ პრობლემატურია მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების ანაზღაურების საკითხი. ბოლო კვირაში საქენერგოსადმი დებიტორული დავალიანება კიდევ 5 მილიონი ლარით გაიზარდა და 125 მილიონი ლარი შეადგინა. დიდი დავალიანება აქვთ თბილისს, ქუთაისს, რუსთავს, ფოთს, ასევე გორის, ზუგდიდის, მარნეულის და სხვა რაიონებს. ასეთ ვითარებას უკვე ვეღარ შევურიგდებით. ყველამ უნდა გაითავისოს, რომ ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობა მომავალ ზამთარში ენერგეტიკული კრიზისის უკიდურესად გამწვავებას ნიშნავს. საქენერგოს რომ ახლა ეს თანხა ჰქონდეს - 120 მილიონი ლარი, ჩვენ მაზუთისა და სხვა ენერგიაშემცველების იმდენ მარაგს დავაგროვებთ, რომ საშუალება გვექნება თბილსრესი ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე და მთელი დატვირთვით ვამუშაოთ ზამთრის განმავლობაში. ასე რომ, ნორმალური გამოზამთრება ისევ ჩვენზე - მომხმარებლებზეა დამოკიდებული. თუ მოვაგვარებთ ამ პრობლემას - გადავიხდით გადასახადს, საშუალება გვექნება, შევქმნად სათანადო მარაგი.

ამ ფონზე აღსაღნიშნავია სამკერვალო მრეწველობის გარკვეული გამოცოცხლება, გაიზარდა ასევე შავი ლითონების მზა ნაგლინის, ფოლადის მილების, ელექტროძრავების, სინთეზური ამონიუმის, მინერალური სასუქების, ცემენტის და სხვ. წარმოება. ყველაფერი ეს მისასალმებელია.

ოთხი თვის შედეგების მიხედვით, წარმოების მაღალი ტემპით ხასიათდებოდა რაჭა-ლეჩხუმის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის, აგრეთვე შიდა ქართლის მხარეების სამრეწველო საწარმოების მუშაობა. ამასთანავე მცხეთა-მთიანეთის, კახეთის, იმერეთისა და აჭარის საწარმოებმა საგრძნობლად შეამცირეს სამრეწველო პროდუქციის გამოშვება, რაც მნიშვნელოვანწილად კვარტლის ბოლომდე უნდა იქნას დაძლეული. ასეთი რეზერვები და რესურსები ამ რეგიონებს აქვთ.

სოფლად გრძელდება საგაზაფხულო ხვნა-თესვის სამუშაოები. სოფლის მეურნეობის და სურსათის სამინისტროს ოპერატიული მონაცემებით, 16 მაისისათვის მოხნულია 395 ათასი ჰექტარი და დათესილია 255 ათასი ჰექტარი, რაც გაზაფხულზე მოსახნავი და დასათესი მთელი ფართობის შესაბამისად 76 და 49 პროცენტს შეადგენს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ხვნა-თესვის ოპტიმალური ვადა თვეზე ნაკლები დარჩა, ადგილზე საჭიროა მეტი აქტიურობა, განსაკუთრებით შეეხება ეს სამცხე-ჯავახეთს.

მაისის პირველ ორ კვირაში შეიმჩნევა საგადასახადო შემოსავლის ზრდა. საშუალო დღიურმა შემოსავალმა 800 ათას ლარს მიაღწია, იანვარ-აპრილში საშუალოდ 250 ათასი ლარის ნაცვლად. საგადასახადო ინსპექციის მიერ ორ კვირაში აკრეფილია 12 მილიონი ლარი გადასახადი, რაც მაისის გეგმის შესრულების საფუძველს ქმნის. წლის დასაწყისიდან ბიუჯეტში მობილიზებულია 74 მილიონი ლარი, რაც 38 მილიონი ლარით აღემატება შარშანდელი შესაბამისი პერიოდის დონეს.

მაისის დამდეგიდან ერთგავრად გააქტიურდა აგეთვე მუშაობა ხორბლისა და ფქვილის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხების ბიუჯეტში ჩარიცხვის უზრუნველსაყოფად. პირველ კვარტალთან შედარებით წისქვილქარხნებსა და წისქვილკომბინატების ვადაგადაცილებული დებიტორული დავალიანება 550 ათასი ლარით შემცირდა, აქედან განვლილ კვირაში დავალიანებამ 140 ათასი ლარით იკლო. გახსოვთ, რომ წინა გადაცემაში ჩვენ სერიოზული შენიშვნები გამოვთქვით და მე მადლობელი ვარ იმათი, ვინც სათანადო დასკვნები გამიტანა.

16 მაისისათვის საბაჟო ორგანოების ანგარიშზე ჩარიცხულია 2 მილიონ ლარზე მეტი საბიუჯეტო შემოსავალი, მაგრამ თუ გავითავლისწინებთ, რომ თვის ბოლომდე პროგნოზული დავალების შესასრულებლად კიდევ 4 მილიონ ლარზე მეტი თანხაა საჭირო, დეპარტამენტს მეტად დაძაბული მუშაობა მოუწევს.

რაც შეეხება ქვეყნის ცენტრალურ ბიუჯეტს, ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მაისის პირველ ნახევარში სავარაუდო 11 მილიონი ლარიდან ფაქტობრივად მიღებულია 7,5 მილიონი ანუ 65 პროცენტი. ლაპრაკია ცენტრალურ ბიუჯეტზე. ასე რომ, მაისში, აპრილთან შედარებით, ცენტრალური ბიუჯეტის საშუალო დღიური შემოსავლის 674 ათას ლარამდე მატება სრულიად არ არის საკმარისი თვიური საგეგმო მოცულობის შესასრულებლად და მით უმეტეს ადრე დაშვებული ჩამორჩენის დასაძლევად.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ისევე როგორც პირველ კვარტალში, მეორე კვარტლის განვლილ პერიოდშიც გვაქვს ცენტრალური ბიუჯეტის კუთვნილი საგადასახადო შემოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილის უკანონოდ დატოვებისა და გამოყენების ფაქტები, რაც ერთხელ და სამუდამოდ უნდა აღიკვეთოს.

რაც შეეხება გასული წლის ბიუჯეტის შესახებ დებატებს პარლამენტში, ცნობილია, რომ პრაქტიკულად ამ ბოლო წლებში ეს ბიუჯეტის შედგენის პირველი ცდა იყო. თან ამას დაემთხვა არჩევნები - ახალი პარლამენტი, ახალი მიდგომები, კონსტიტუციის სრულიად ახალი დამოკიდებულება ბიუჯეტის მიმართ და ამის გამო, ზოგიერთი გაუგებრობა შეიძლება მართლაც არსებობდა. ჩემი აზრით, პარლამენტი სწორად მოიქცა, როცა ეს სადავო საკითხები საგამოძიებო ორგანოებს გადასცა. დრამატიზაციისათვის არავითარ საფუძველს არ ვხედავ. საგამოძიებო ორგანოებმა კარგად და ყურადღებით უნდა ნახონ თუ სადმე ბოროტმოქმედებაა (თუმცა, მე არა ვარ დარწმუნებული, რომ დიდ მასშტაბებთან გვქონდეს საქმე) ახალი საბიუჯეტო ურთიერთობა ახლა ყალიბდება და ამ ეტაპზე გარკვეულ ვნებათაღელვას იწვევს ბიუჯეტთან დაკავშირებული ყველა საკითხი.

- თქვენ ორი დღის წინათ დაბრუნდით მოსკოვიდან, სადაც თანამეგობრობის წევრი სახელმწიფოების მეთაურთა მე-20 შეკრება გაიმართა, გარდა ელცინის წინასაარჩევნო მხარდაჭერისა, მოსკოვში განიხილეს აფხაზეთის საკითხი, სამშვიდობო ძალების ყოფნის მანდატი ორი თვით გაგრძელდა და რაც მთავარია, ხელი მოაწერეს ქართულ-ოსურ მემორანდუმს. გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამ კონფლიქტის მოგვარების გზაზე...

- მოსკოვში ვიზიტთან დაკავშირებით მე საკმაოდ დეტალურად ვილაპარაკე პრესკონფერენციაზე შაბათს. ზოგიერთ მომენტს კვლავ გავუსვამ ხაზს. ფრიად სასარგებლო იყო საუბარი რუსეთის პრეზიდენტთან ბორის ელცინთან... ჩვენ განვიხილეთ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის დღევანდელი მდომარეობა. ეს შეხვედრა 16 მაისს გაიმართა - სამიტამდე ერთი დღით ადრე. გადავწყვიტეთ ვალების რესტრუქტურიზაციის საკმაოდ რთული საკითხი. ყურადღება გავამახვილეთ ქართულ-ოსური კონფლიქტების მოწესრიგების კარგ პერსპექტივაზე, ვიმსჯელეთ რუსეთში პრეზიდენტის არჩევნებისათვის მზადებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ორივე მხარემ გარკვეული უკმაყოფილება გამოვთქვით იმის გამო, თუ როგორ მიმდინარეობს აფხაზეთში კონფლიქტების მოგვარების საკითხი.

შეხვედრის დამთავრებისთანავე გაიმათა საუბარი ლუდვიგ ჩიბიროვისა და მისი კოლეგების, აგრეთვე, ახსარბეკ გალაზოვის მონაწილეობით. ხელმოწერილია ურთიერთნდობისა და უშიშროების შესახებ დოკუმენტი, რომელსაც დარწმუნებული ვარ, ისტორიული დანიშნულება ექნება ორ მოძმე ხალხს შორის ავანტიურისტი პოლიტიკანების მიერ გაჩაღებული სისხლისმღვრელი ომის შედეგების დაძლევისა და შერიგების პროცესის ბოლომდე მიყვანისათვის.

როგორც პრესკონფერენციაზე ვთქვი, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული საქართველოს ხელისუფლებაზე, ჩვენს სამინისტროებზე, უწყებებსა და რეგიონებზე, ჩვენს ინიციატივიან და შორსმჭვრეტელურ საქმიანობაზე. ქართველებისა და ოსების შერიგებისათვის მოძრაობა დაიწყო მოსახლოებასა და მოქალაქეებში და ეს დიდი მოვლენაა. კვალავ და კვლავ გავიმეორებ ახსარბეკ გალაზოვის აქტიურ მონაწილეობას კონფლიქტების მოსაგვარებლად.

რუსეთის წარმატებული სამშვიდობო მისიის პარალელურად, აღსაღნიშნავია ევროგაერთიანების მისიის, ელჩის ბოდენის ფრიად სასარგებლო საქმიანობა. მე ასევე ავღნიშნე რუსეთის სამშვიდობო ძალების სარდლის გენერალ მერკურიევის დადებითი როლი სამშვიდობო პროცესის განვითარებაში...

როგორც ცნობილია, სახელმწიფოთა მეთაურებმა მიიღეს გადაწყვეტილება, ორი თვით გაუგრძელდეს ვადა სამშვიდობო ძალებს აფხაზეთში იმ პირობით, რომ ამ ხნის განმავლობაში დასრულდება მუშაობა ახალ მანდატზე. ასეთი დავალება მიიღეს საგარეო საქმეთა მინისტრებმა და თავდაცვის უწყებათა ხელმძღვანელებმა.

დარწმუნებილი ვარ, ჩვენ ყველაფერი უნდა ვიღონოთ (არის ამის საფუძველი), რათა მანდატზე მუშაობის პარალელურად კვლავაც ვეცადოთ გამოვძებნოთ გზები მშვიდობიანი მოწესრიგებისათვის, კერძოდ (მე უკვე ვთქვი პრესკონფერენციაზე და ახლაც ვადასტურებ) მზად ვართ ორმხრივი კონტაქტებისათის ყველა დონეზე - იქნებიან ეს დეპუტატები თუ უბრალოდ რიგითი მოქალაქეები, ან უფრო მაღალი რანგის მოღვაწეები.

რაც შეეხება თვით სამიტის დღის წესრიგს, მისი მუშაობის შედგებს, მე გამოვყოფდი პრეზიდენტების იმ განცხადების მნიშვნელობას, რომელიც რუსეთში დემოკრატიული პროცესის მხარდაჭერას მიეძღვნა. ამ განცხადებაში თვალნათლივ გამოჩნდა სახელმწიფოთა მეთაურების მიერ რეფორმების იმ კურსის სრული მხარდაჭერა, რომლის ბოლომდე მიყვანის გარანტიც პრეზიდენტი ელცინი გახლავთ. წინასაარჩევნო პერიოდში დამოუკიდებელი ქვეყნების პრეზიდენტთა პოზიციას შეიძლება მნიშვნელოვანი შედეგი მოჰყვეს. ეს ფაქტი იმაზეც მითითებს, რო იზრდება თანამეგობრობის, როგორც საერთაშორისო რეგიონული ორგანიზაციის როლი. ამას მეტყველებს ისიც, რომ გაეროს გენერალური მდივანი, სპეციალურად ჩამოვიდა მოსკოვის სამიტზე გამოსასვლელად. გაიმართა საკმაოდ საინტერესო საუბარი გენერალურ მდივანსა და პრეზიდენტებს შორის.

- გუშინწინ გამოაცხადეს, რომ მოხდა თავდასხმა თურქეთის პრეზიდენტ სულეიმან დემირელზე. იგი პირადმა მცველმა გადაარჩინა. თქვენ კარგად უწყით, თუ რას ნიშნავს ეს. თანაც უკვე მერამდენე ფაქტია, როცა პოლიტიკოსებს ებრძვიან არა პოზიციით, არამედ ძალით...

- სულეიმან დემირელზე თავდასხმამ, როგორც ამბობენ, სულით ხორცამდე აღმაშფოთა. თურქეთში ამჟამად გარკვეული სიძნელეებია პოლიტიკური ცხოვრების თვალსაზრისით. ცხადია, რა მიზანსაც ისახავდნენ ბოროტმოქმედნი, როცა ქვეყნის სტაბილურობისა და ერთიანობის მთავარი გარანტის, სიცოცხლის ხელყოფა განიზრახეს. მადლობა ღმერთს, ყველაფერი კარგად დამთავრდა.

პრეზიდენტისადმი ჩემს დეპეშაში, გამოვხატე პირადად ჩემი და ჩემი ხალხის გრძნობები და ჩვენი დამოკიდებულება ამ ფაქტის მიმართ.

- და ბოლოს, მაისის თვე საზეიმო დღეებით დატვირთული გამოდგა. 26 მაისს დასრულდება სტუდენტური დღეები, რომელმაც 14 აპრილს აიღო სტარტი. ხვალ დაიწყება ტრადიციული „თბილისური გაზაფხული“ და რაც მთავარია, აღინიშნება 26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე...

- 26 მაისს დიდ დღესასწაულს წინასწარ ვულოცავ ჩემს ხალხს. ამ დღეს გაიმართება დიდი აღლუმი, რომლის ერთგვარ პრელუდიასაც წარმოადგენდა უშიშროების სამინისტროს საბრძოლო ბრიგადის გუშინდელი წრთვნა მუხროვანში. წრთვნამ შესანიშნავად ჩაიარა.

ეროვნული დამოუკიდებლობის დღეს ეძღვნება „თბილისური გაზაფხული“, რომლის სული და გული ახალგაზრდობაა, განსაკუთრებით სტუდენტობა. „თბილისურ გაზაფხულში“ აქტიურად მონაწილეობენ ქართული ხელოვნების ყველა თაობის წარმომადგენლები, სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული შემსრულებლები.

დღესასწაულისათვის, როგორც ვიცი, საგანგებოდ ემზადება აჭარა. ასევე საგანგებოდ აღინიშნება 26 მაისი საქართველოს ყველა მხარეში, ქალაქებში, რაიონებსა და სოფლებში. 26 მაისს ზეიმით აღნიშვნის უფლებას გვაძლევს ის რეალური, გადაუჭარბებლად ვიტყვი, ისტორიული ნაბიჯები, რომლებიც უკვე გადაიდგა ქართული სახელმწიფოებრიობის მშენებლობის გზაზე, ჩვენ ტანჯვითა და წამებით, მაგრამ მაინც გაბედულად მივდივართ წინ ძლიერი, ერთიანი და აყვავებული ქვეყნის მშენებლობის გზით.

„ჩვენ გაბედულად მივდივართ წინ ძლიერი, ერთიანი და აყვავებული ქვეყნის მშენებლობის გზით“ / შევარდნაძე ედუარდ ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 21 მაისი. - 96 (2209). - 1,2 გვ.

57 „მჯერა, რომ მშვიდობის ნაკადები შეერთდებიან და კავკასია აყვავებულ რეგიონად, ხალხთა მშვიდობიან ოაზისად იქცევა“

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 27 მაისის რადიოინტერვიუ

- გუშინ საქართველომ თავისი უპირველესი დღესასწაული - დამოუკიდებლობის დღე იზეიმა. გუშინ დილიდანვე ზეიმობდა თბილისი. დღე დაიწყო რესპუბლიკის მოედანზე სამხედრო აღლუმით და შუაღამემდე გაგრძელდა. 26 მაისს დაემთხვა „თბილისური გაზაფხული“ დღეები და აღდგენილი სტუდენტური დღეების დახურვა. გუშინ ყველა ქართველი თავისებურად ზეიმობდა და აღნიშნავდა ამ დღეს... - ჟურნალისტ ნატო ონიანის ამ შეკითხვის პასუხად საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ თავის ტრადიციულ რადიოინტერვიუში განაცხადა

- ეროვნული დამოიკიდებლობის დღე საქართველოში ასეთი მასშტაბით და ასე ღირსეულად პირველად აღინიშნა. დიდი აღმავლობით გაიმართა ღონისძიებები აჭარაში მხარეებში რაიონებსა და ქალაქებში. ეს კარგად ჩანდა იმ სატელევიზიო გადაცემებიდანაც, რომლებსაც ყველანი ვადევნებდით თვალს. ყოველივე ეს შთამბეჭდავი იყო, მაგრამ მე მაინც ორ მოვლენას გამოვყოფდი - ეს არის სტუდენტური დღეები და შეიარაღებული ძალების აღლუმი. სტუდენტობამ გაახარა საქართველო. როგორც გუშინ ვთქვი, ყველა ხედავს, რომ ქვეყნის მომავალი, ჩვენი ხვალინდელი დღე საიმედო ხელში იქნება. მადლიერების სიტყვებით მივმართავ სტუდენტებს, ლექტორებს, პროფესორ-მასწავლებლებს, მთელს ახალგაზრდობას სიხარულის და ბედნიერების მონიჭებისათვის. მინდა ახალგაზრდებს ვუთხრა: დაე, თქვენს გულში ჩემო მეგობრებო, სამუდამო გაზაფხულმა დაისადგუროს.

სამხედრო აღლუმი იმის ნათელი დადასტურებაა, რომ ქართველმა ხალხმა შექმნა თავისი სახელმწიფო, რომლის საიმედო ფარი ქვეყნის შეიარაღებული ძალებია. მართლაცდა, ძალიან ლამაზი და ძლიერი აღლუმი იყო. შეიარაღებულ ძალებსა და ქართულ არმიაზე ზრუნვა კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს. საამაყო და დიდად საპასუხისმგებლოა იმსახურო დამოუკიდებელი სამშობლოს ჯარში, ჩვენ ისეთ მდგომარეობას უნდა მივაღწიოთ, რომ, როგორც წესი, ჯარის სკოლის გავლა ყველა ახალგაზდის მოვალეობად ითვლებოდეს. ეს შეესაბამება ქვეყნის ინტერესებს არა მარტო თავადაცვის პრობლემებიდან გამომდინარე, არამედ თვით ჩვენი ახალგაზრდების გაჯანსაღების, მათი სულიერი და ფიზიკური სიძლიერის თვალსაზრისითაც.

ასევე გაგვახარეს სპორტსმენებმა, მომავალმა მეცნიერებმა, მხატვრებმა, მუსკოსებმა, თეატრის მოღვაწეებმა. ყველას დიდ მადლობას ვწირავ.

ასევე მინდა მადლობა მოვახსენო სამართლადამცავ ორგანოებს მთელს ქვეყანაში, კარგი საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფისათვის.

- განვლილი კვირის ეკონომიკური მოვლენებიდან უმნიშვნელოვანესი, ალბათ, მთავრობის გაფართოებული სხდომა იყო, რომელზეც განიხილეს პურის ფასების განთავისუფლების საკითხი. რამდენად აუცილებელი იყო ეს ამ ეტაპზე? მით უმეტეს, რომ ჩვენი მოსახლოების დიდი ნაწილისთვის იგი მძიმე დარტყმა იქნება და კიდევ გასული ეკონომიკური კვირის ერთი მოვლენა: როდესაც ვლაპარაკობთ მნიშვნელოვან პროექტებზე, კერძოდ, ევრაზიის დერეფანსა თუ „აბრეშუმის გზაზე“ უპირველესი საკითხი ჩვენი გზებია, რომლებიც მოგეხსენებათ, სავალალო მდგომარეობაშია. ამასთან დაკავშირებით, გასულ კვირას გაიმართა თათბირი, რომელსაც თქვენ ესწრებოდით...

- განვლილი კვირის ქყვეყნის საშინაო ეკონომიკური ცხოვრების მოვლენებიდან აღსაღნიშნავია საქართველოს მთავრობის მორიგი სხდომა, რომელზეც სხვა პრობლემებთან ერთად, განხილული იყო პურსი ფასების მოსალოდნელ ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით განსახორციელებელი მოსახლეობის სოციალური დაცვის ღონისძიებები, უწინარესად ეს განვიხილეთ, რადგან, მოსახლეობის სოცილური დაცვის ღონისძიებების გარეშე, რა თქმა უნდა პურის ფასების ლიბერალიზაციაზე ლაპარაკი არ შეიძლება.

პურის ფასების განთავისუფლება, შეიძლება ითქვას, ყველაზე რადიკალური ნაბიჯია ანტიკრიზისული პროგრამის განხორციელების დაწყების დღიდან, და ეს არანაკლებ და შეიძლება, უფრო მეტ ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ პასუხისმგებლობასაც აკისრებს ხელისუფლების ყველა რგოლს, ვიდრე შარშან წარმატებით განხორციელებული ფულის რეფორმა. პურის ფასების განთავისუფლება მოვლენათა შემთხვევითი დამთხვევის შედეგი კი არ არის, არამედ ლოგიკური და ერთ-ერთი დამამთავრებელი ეტაპია თავისუფალი ეკონომიკური ურთიერთობისა და რეალური ბაზრის დამკვიდრების გზაზე.

დღეისთვის საქართველო უკვე მივიდა იმ ზღვრამდე, როცა დასავლეთის სახელმწიფოთა მიერ მარცვლეულის ჰუმანიტარული მოწოდების პროგრამები ამოიწურა. ამ პროგრამებმა გადამწყვეტი როლი შეასრულა ჩვენი რეფორმების განხორციელებაში, მძიმე სოციალური ფონის განეიტრალებაში, ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილიზაციის მიღწევაში. მარტო შარშან, ნახევარ მილიონ ტონამდე მარცვლეული მივიღეთ უფასოდ ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ხაზით, წელსაც მიღებულია მათგან 100 ათას ტონაზე მეტი ხორბალი და ფქვილი. ჰუმანიტარული დახმარება გათვლილი იყო მარცვლეულის ადგილობრივი წარმოების განვითარებასა და საკუთარი რესურსებით მარცველულის იმპორტის მექანიზმების ჩამოყალიბებაზე.

პურპროდუქტების სისტემის რესტრუქტურიზაციის და რეორგანიზაციის თაობაზე სახელმწიფოს მეთაურის - პრეზიდენტის, გადაწყვეტილებათა თანმიმდევრული განხორციელების შედეგად, ამჟამად ძირითადად ჩამოყალიბებულია პურით უზრუნველყოფის საქმეში კერძო ინიციატივის განვითარების, კონკურენციული გარემოსა და თავისუფალი ფასწარმოქმნის დამკვიდრების ინსტიტუციური საფუძველი.

წელს, ოთხი თვის მანძილზე, ქვეყანაში შემოტანილი 115 ათასი ტონა ხორბლიდან 18 ათასამდე ტონა, ანუ შარშანდელთან შეადრებით ერთ-ნახევარჯერ მეტი, კერძო სტრუქტურების მიერ არის შემოტანილი, საკმაოდ დიდი რაოდენობის მარცვლეული კი გზაშია. მისი წილი მთელ იმპორტში უკვე ახლა 20 პროცენტს აღწევს და ძალიან სწრაფად გაიზრდება. რაც შეეხება ფქვილს, აქ აშკარაა კერძო სექტორის გაბატონება. სულ ქვეყანაში იმპორტირებული 74 ათასი ტონიდან 61 ათასი ტონა კომერციულ ორგანიზაციებსა და კერძო პირებზე მოდის. ხორბლის იმპორტს დიდ სტიმულს აძლევს საბაჟო გადასახადებისაგან გათავისუფლება, რაც სახელმწიფოს მიერ დაწესებულ სხვა შეღავათებთან ერთად პურის ბიზნესს ხელსაყრელს ხდის და ამავე დროს ქმნის სტაბილური ფასების შენარჩუნების პირობებს.

ცალკეული დადებითი ძვრების მიუხედავად, რა თქმა უნდა, თვითდამშვიდება არ შეიძლება. პურის ცხობაში რაიმე წყვეტილობის თავიდან აცილების მიზნით, განზრახულია ხორბლისა და ფქვილის რეზერვების შექმნა ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფის, აგრეთვე, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დამატებით 50 ათასი ტონა ჰუმანიტარული ხორბლის მოწოდების ხარჯზე. ასეთი გარანტია უკვე მივიღეთ შეერთებული შტატების ადმინისტრაციიდან.

მიუხედავად აღნიშნულისა, პურის ფასების ლიბერალიზაციის მოლოდინი მოსახლეობის დიდი ფენისათვის მტკივნეული პროცესია, ამიტომ, პურის ფასების სავარუდო გადიდებამდე გათვალისწინებულია მოსახლეობის სოციალური დაცვის ღონისძიებების განხორციელება. კერძოდ, გათვალისწინებულია ფასების შესაძლო მატების სრული კომპენსაცია ხელფასის, პენსიის, დახმარებისა და შემწეობის შესაბამისი ზრდით ქვეყნის ცენტრალური ბიუჯეტის სახსრების ხარჯზე. ამის შესახებ ამ დღეებში ტელემაყურებლებს დეტალურად ესაუბრება ოთხი მინისტრი და მოქალაქეები მიიღებენ ზუსტ ინფორმაციას. თუმცა, მთელი ამ საქმის კარგი ორგანიზაციის პირობებში სავსებით შესაძლებელია, ძირითადად, ხაზს ვუსვამ, პურის დღევანდელი ფასების შენარჩუნება ან ძალიან უმნიშვნელო მომატება.

პურის ფასების ლიბერალიზაციის სოციალური შედეგების რეგულირებისათვის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა მმართველობის როგორც ცენტრალური, ისე, განსაკუთრებით, სამხარეო და ადგილობრივი რგოლების დონეზე, საბაზრო პრინციპების დაცვის პირობებში, არ დავუშვათ პურპროდუქტებით მოსახლოების უზრუნველყოფის წყვეტილობა, მცირე ჯგუფების ხელში წარმოებისა და ვაჭრობის კონცენტრაცია და ბაზრის მონოპოლიზება. სამხარეო, რაიონულ და საქალაქო ხელისუფალთ ეკისრებათ მთელი პასუხისმგებლობა ფასების სტაბილურობისათვის და ამ მიზნით მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ ადგილობრივი მატერიალური და ეკონომიკური პოტენციალი, საბაზრო ეკონომიკის რეგიონული, ეროვნული და საერთაშორისო გამოცდილება. ყოველმხრივ მხარდაჭერასა და განზოგადებას იმსახურებს ქვემო ქართლის ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული ღონისძიებები, რომელმაც შექმნა მხარის საჭიროებისათვის ხორბლის საიმედო მარაგი და იმის გარანტიები, რომ ფასები სტაბილური იქნება და არ გაიზრდება. ამ პასუხსაგები ღონისძიების განხორციელებისათვის შექმნილია სამთავრობო კომისია სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის ბატონ ბაკურ გულუას ხელმძღვანელობით. კომისიაში შედიან ყველა რანგის ხელმძღვანელები (ვინც საჭიროა ამ საქმისათვის) კომისია უკვე მოქმედებს და მისი მუშაობა ყოველდღიურად იქნება მოსახლეობის ყურადღების ცენტრში.

შემდეგი საკითხი: ჩვენი ქვეყნის სატრანსპორტო არტერიის, კომუნიკაციების და საერთოდ მძლავრი ინფრასტრუქტურის შექმნის პრობლემები უპირველეს მნიშვნელობას იძენს საქართველოს სატრანზიტო ქვეყნად გადაქცევის პრაქტიკული განხორციელების გზის ყოველ მომდევნო ეტაპზე. ამიტომაც ჩვენი საკომუნიკაციო სისტემით, მისი სრულყოფისა და განვითარების საკითხებით დაინტერესება სცილდება თანამეგობრობისა და შავი ზღვის აუზის ქვეყნების ინტერესების სფეროს და მათი რიცხვი შეიძლება ითქვას, დღითი დღე მატულობს. ამ პროცესის ფონზე განსაკუთრებით იზრდება სატრანსპორტო ქსელის აღდგენა-განვითარების საქმეში საკუთრივ ჩვენი ძალისხმევის მნიშვნელობა. სწორედ ამაზე იყო საუბარი გასულ კვირას, საქართველოს საავტომობილო გზების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციის ღონისძიებათა განხორციელების საპრეზიდენტო პროგრამის ჩამოყალიბებისათვის პრეზიდენტთან გამართულ სპეციალურ თათბირზე. საქართველოს სატრანსპორტო სისტემაში საავტომობილო გზებსა და მაგისტრალებს, სახელმწიფოთა შორის ურთიერთობის ფუნქციასთან ერთად, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭებათ ქვეყნის შიდაეკონომიკური, რეგიონთაშორისი კავშირების შემდეგომი გაღრმავებისათვის, როგორც პრიორიტეტული მარშუტების, ისე მთლიანად საქართველოს საავტომობილი გზების რეაბილიტაციის უმოკლეს ვადაში განხორციელება და მომავალში ამ გზების გამტარუნარიანობის გაზრდისთვის გამიზნული მოდერნიზაციის ზოგიერთი სამუშაოს დაგეგმვა-შესრულება საქართველოს საავტომობილო, სარკინიგზო, საგზაო ტრანსპორტისა და სხვა სახეობათა გზების განვითარების სტრატეგიული ამოცანაა. ჩვენ ასე შევთანხმდით, ეს ღონისძიებები გაიყოფა ორ ეტაპად. პირველი ეტაპია, ასე ვთქვათ, გზების ელემენტარული მოწესრიგება, ეს წელს უნდა შესრულდეს, განსაკუთრებით ეხება ეს მაგისტრალური მნიშვნელობისა და დანიშნულების გზებს და მეორე ეტაპი, უფრო ფუნდამენტური ღონისძიებები, რომლებსაც გარკვეული სახსრები სჭირდება. აქვე მინდა ვაცნობო მსმენელებს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები, უწინარესად, მსოფლიო ბანკი, საკმაოდ იმედიანად არიან განწყობილნი და ჩვენც ასე განგვაწყობენ. ისინი გვარწუნებენ, რომ თუ იქნება ინტენსიური მუშაობა მაგისტრალების კეთილმოწყობის და განვითარებისათის, სათანადო კრედიტებს გამოყოფენ.

და კიდევ ორიოდე საკითხი: ქვეყნის ბიუჯეტის როლის თანდათანობით გაძლიერებასთან ერთად სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება მის შემოსავალზე განუხრელი ზრუნვა. საგადასახადო ინსპექციამ მარტო განვლილ კვირაში შემოწმებულ 50-მდე ორგანიზაციას საფინანსო დისციპლინისა და საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის ბიუჯეტის სასარგებლოდ დამატებით დაარიცხა ნახევარი მილიონი ლარი. გაწეული მუშაობის შედეგად, ოპერატიული მონაცემებით, მაისის სამ კვირაში აკრეფილმა საგადასახადო შემოსავალმა 14 მილიონი, წლის დასაწყისიდან კი 76 მილიონი ლარი შეადგინა.

საბაჟო სისტემიდან შემოსულმა ამ შემოსავალმა 1-დან 24 მაისის ჩათვლით თითქმის 4 მილიონ ლარს მიაღწია. თვის ბოლომდე კი სულ 5 მილიონი ლარის შემოსავალს ვარაუდობენ, შეიძლება მეტიც იყოს. ეს, რასაკვირველია, საბაჟოს არსებობის მანძილზე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, მაგრამ საპროგნოზო დავალებების შესრულება სისტემის მუშაკების უფრო მეტად გააქტიურებას მოითხოვს.

და კიდევ ერთი: მთავრობის სხდომაზე ასევე განსაკუთრებული მსჯელობის საგანი იყო ენერგოსისტემაში არსებული მდგომარეობის დაძლევის გზების გამოძებნა. ელეტროენერგეტიკაში პრობლემის არსი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაა, რომლის გადაწყვეტის საგანგებო ღონისძიებები აისახა პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულების პროექტში. იგი ითვალისწინებს მოსახმარი ელეტროენერგიის ღირებულების ყოველთვიურ საავანსო გადახდას და მის დაფარვას მომდევნო თვის 10 რიცხვამდე ელექტროენერგეტიკული სექტორის მართვის საბაზრო პრინციპებზე გადასვლას, მოხმარებული ელეტროენერგიის აღრიცხვის მოწესრიგებას და ამისათვის ქალაქებისა და რაიონების ენერგოკომპანიების, ადგილობრივი ხელმძღვანელების სრულ პასუხისმგებლობას, ელეტროენერგეტიკის ოპერატიულ მართვასა და რეჟიმების რეგულირებაში სხვადასხვა, ორგანოების ადმინისტრაციული ჩარევის აკრძალვას და სხვა გადაუდებელ ღონისძიებებს.

მინდა ყველა მოქალაქემ, საწარმომ და მეწარმემ ახლავე გაუწიოს ანგარიში იმ გარემოებას, რომ სწორად მოხმარებული ელექტროენერგიის ანაზღაურებაზე იქნება დამოკიდებული მომავალ ზამთარში ენერგიაშემცველების საიმედო რეზერვის შექმნა, ესე იგი, ნორმალური გამოზამთრების უზრუნველყოფა. ყველაფერი ჩვენს ხელთაა როგორი იქნება ზამთარი, ეს ჩვენზეა დამოკიდებული.

- გასულ კვირას საქართველოს ერთდღიან ვიზიტად ეწვია რუსეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ალექსი ნოლშაკოვი. „მშვიდობიანი კავკასიისათვის“ ინიციატივამ ლოგიკური განვითარება მას შემდეგ პოვა, რაც თბილისის დოკუმენტს ხელი მოაწერეს პრეზიდენტმა ალიევმა და თქვენ. შემდეგ იყო ახსარბეკ გალაზოვის ვიზიტი. მოსკოვში ვიზიტის დროს ელცინთან საუბრისას თქვენ განიხილეთ ეს თემა. ამავე თემაზე იყო საუბარი ლუქსემბურგში შეხვედრისას და აი, 3 ივნისს კისლოვოდსკში შეიკრიბებიან კავკასიის ქვეყნების ლიდერები და რუსეთის პრეზიდენტი. თქვენ პრეზიდენტ ელცინისგან უკვე მიიღეთ მოწვევა, რათა შეთანხმდეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობისათვის აუცილებელ გარკვეულ პრინციპებზე. რამდენად შედეგიანი იქნება, თქვენი აზრით, ეს შეხვედრა, მით უმეტეს, რუსეთში მოსალოდნელი პრეზიდენტის არჩევნების წინ?

- კისლოვოდსკის შეხვედრამ შეიძლება ისტორიული როლი შეასრულოს კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების საქმეში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოთხი პრეზიდენტის გარდა შეხვედრაზე მოწვეულნი არიან ჩრდილოეთ კავკასიის ლიდერები. ომებისა და კონფლიქტებისაგან ყველა დაიღალა. სამიტის წარმატებას უდავოდ შეუწყობს ხელს მშვიდობიანი კავკასიისათვის უკვე გაჩაღებული მოძრაობა. თქვენ სავსებით სამართლიანად ახსენეთ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ბატონ ალიევის ვიზიტი საქართველოში, ბატონ გალაზოვის ჩამოსვლა და საერთოდ მისი უაღრესად პოზიტიური როლი კონფლიქტების, კერძოდ, ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარებაში. ჩვენ ასევე დიდი და სერიოზული კონსულტაციები გვქონდა და დღესაც გვაქვს სომხეთის ხელმძღვანელობასთან, მის პრეზიდენტთან ბატონ ტერ-პეტროსიანთან, რომლის ვიზიტი უახლოეს დღეებში გაიმართება საქართველოში და „მშვიდობიანი კავკასიის“ თემა ერთ-ერთი მთავარი და წამყვანი იქნება.

სამიტის წარმატებას უდავოდ შეუწყობს ხელს „მშვიდობიანი კავკასიისათვი“ არა მარტო სახელმწიფოებრივ დონეზე, არამედ ლიტერატურის, კულტურის, ხელოვნების წარმომადგენლების, სპორტსმენებისა და საზოგადოების სხვა ფენების დონეზე გაჩაღებული მოძრაობა მჯერა (არ მინდა ხმაურიანი ფრაზა იყოს) რომ მშვიდობის ნაკადები შეერთდებიან და კავკასია აყვავებულ რეგიონად, ხალხთა მშვიდობიან ოაზისად იქცევა.

კისლოვოდსკის შეხვედრას დიდი მნიშვნელობა ენიჭება რუსეთში პრეზიდენტის არჩევნების თვალსაზრისითაც. ჩვენ ერთხელ კიდევ გვექნება შესაძლებლობა გამოვხატოდ პრეზიდენტ ელცინის ერთსულოვანი მხარდაჭერა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „მშვიდობიანი კავკასიის“ პრობლემებთან დაკავშირებული კისლოვოდსკის შეხვედრა სწორედ პრეზიდენტ ელცინის ინიციატივით ეწყობა. მისი მიმართვები ამიერკავკასიის ქვეყნების პრეზიდენტებისადმი უკვე გამოქვეყნდა და ჩემი აზრით, მისი მონაწილეობა და ინიციატივები იმის გარკვეული გარანტიაა, რომ ეს წამოწყებული საქმე ბოლომდე იქნება მიყვანილი.

- და ბოლოს, ხვალ იწყება უზბეკეთის პრეზიდენტის ისლამ კარიმოვის ვიზიტი საქართველოში. ამაზე თქვენ ჯერ კიდევ მეშხედში შეთანხმდით და იმთავითვე დიდი შეფასება მიეცით მოსალოდნელ ვიზიტს...

- მე ასე ვიტყოდი, რომ საქართველოში კარგად იცნობენ პრეზიდენტ ისლამ კარიმოვს, იციან მისი ჭეშმარიტად მეგობრული და ძმური დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნისადმი, იციან ისიც, რომ პრეზიდენტი კარიმოვი არის პიროვნება, რომელიც სიტყვითა და საქმით მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს საკითხები თანამეგობრობის ქვეყნების უმაღლესი დონის შეხვედრებზე განიხილება. მხარს უჭერს ჩვენს ბრძოლას სეპარატიზმის წინააღმდეგ. იგი ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ კავშირურთიერთობათა ფართო მასშტაბისთ განვითარების მომხრეა. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისათვის, განსაკუთრებით სატრანზიტო ტვირთზიდვისათვის.

ჩვენ გულითადად მივესალმებით მის სტუმრობას და ვუსურვებთ მოძმე უზბეკეთს აყავებასა და ბედნიერებას.

„მჯერა, რომ მშვიდობის ნაკადები შეერთდებიან და კავკასია აყვავებულ რეგიონად, ხალხთა მშვიდობიან ოაზისად იქცევა“ / შევარდნაძე ედუარდ ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 28 მაისი. - 102 (2215). - 1,2 გვ.

58 „ჩვენი ხალხი და ჩვენი სახელმწიფო ამაყად მიაბიჯებს ცივილიზებული გზით, დემოკრატიის დამკვიდრებისა და თავისუფლების გარანტიების შექმნის გზით“

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა თბილისის მერიაში გამართულ დარბაზობაზე 1996 წლის 26 მაისს

ამიერიდან, როცა ჩვენ ეჭვი აღარ გვეპარება, რომ საქართველოს სახელმწიფო ჩამოყალიბდა როგორც თანამედროვე ტიპის, თანამედროვე დემოკარატიის ქვეყანა, შეგვიძლია ვილაპარაკოდ იმაზე, რომ 26 მაისი საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის დღეა. სახელმწიფოებრიობის აღდგენის პროცესი ისეთ საიმედო ფაზაში შევიდა, რაც უკვე უფლებას გვაძლევს ვთქვათ, რომ ჩვენი ხალხი და ჩვენი სახელმწიფო ამაყად მიაბიჯებს ცივილიზებული გზით, დემოკრატიის დამკვიდრებისა და თავისუფლების გარანტიების შექმნის გზით. მე უფრო გაბედულად ვლაპარაკობ ამაზე, იმის გათვალისწინებით და იმ შთაბეჭდილებათა გავლენით, ჩემზე, ჩემს მეგობრებსა და კოლეგებზე რომ მოახდინა სტუდენტურმა დღეებმა. ასეთი სტუდენტობა და ასეთი ახალგაზრდობა, ასეთი ინტელიგენცია მხოლოდ იმ ქვეყანას შეიძლება ჰყავდეს, რომელსაც გარანტირებული აქვს მომავალი და რომელსაც სჯერა ხვალინდელი ბედნიერი დღისა. იმის უფლებას, რომ ვთქვა, ჩვენ უკვე სრულყოფილი და სრულფასოვანი სახელმწიფო ვართო, მაძლევს დღევანდელი აღლუმი. საქართველო აღარ არის უმწეო ქვეყანა. მას ჰყავს შეიარაღებული ძალები, და, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ეს არის ათიათასობით საუკეთესო ახალგაზრდა - ფიზიკურად და სულიერად ჯანსაღი ჩვენი შვილები და შვილისშვილები და თუ შევაერთებთ ამ ორ მოვლენას - სტუდენტურ დღეებსა და აღლუმს, რომელთა გმირების 90 პროცენტი ჩვენი ახალგაზრდობაა, მაშინ უნდა ვირწმუნოთ, რომ საქართველოს ბედი საიმედო ხელშია, მის ხვალინდელ დღეს საიმედო ახალგაზრდები წარუძღვებიან. ასევე მინდა დიდი სიხარულით აღვნიშნო, რომ რამდენიმე წლის წინათ დაწყებული მოძრაობა, გადავარჩინოდ ქართული კულტურა და ქართული კულტურა გადაარჩენს ჩვენს ხალხს, არა მარტო ლოზუნგია, არამედ რეალური მოძრაობაც კულტურის გადასარჩენად და მაშასადამე, ჩვენი ხალხის, ჩვენი სულიერების გადასარჩენად და გასამდიდრებლად.

დღეს ჩვენ ვამაყობთ იმით, რაც ხდება ჩვენს კინემატოგრაფიაში, თეატრში, ლიტერატურაში, მხატვრობაში და საერთოდ, ხელოვნებაში. მე დღეს მივიღე ინფორმაცია, რომ მოსკოვში ტრიუმფით გაიმართა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის სპექტაკლები. როგორც მითხრეს, ჩვენს მსახიობებს და რეჟისორებს ხელით ატარებენ და მიაჩნიათ, რომ საქართველო დღეს კვლავინდებურად ის უნიკალური ქვეყნაა, რომელმაც დიდი ხელოვნება და დიდი ლიტერატურა შემოინახა. ასეთივე დიდი წარმატება ხვდათ წილად ჩვენი ხელოვნების მოღვაწეებს. ბატონ მიხეილ თუმანიშვილის თეატრის წარმოდგენები ნამდვილი ტრიუმფი და ნამდვილი ზეიმი იყო.

ვიცი, რომ დღეს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეროვნული დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. ამ დღეებში შევხვდები იმ სტუდენტებსა და ასპირანტებს, რომლებმაც საინტერესო მოხსენებები წარმოადგინეს საქართველოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, მექნება საშუალება ვუთხრა მათ, რომ ახალგაზრდა მეცნიერებს, სტუდენტობას, მეცნიერებაში მათ წვლილს დიდი იმედით შეჰყურებს ჩვენი ხალხი. გვწამს, რომ როგორც ხელოვნება, ასევე ლიტერატურა და მეცნიერება ჩვენი ახალგაზრდობის საიმედო ხელშია.

გუშინ კობა იმედაშვილმა ტელეინტერვიუში თქვა ხატოვანი ფრაზა: ამბობენ, ჩვენი ახალგაზრდობა, დღევანდელი თაობა, დაკარგული თაობააო. ჩვენ ამ დღეებში დავრწმუნდით, რომ არ არის დაკარგული თაობა. ეს ბრწყინვალე თაობაა, მართალია, დღევანდელამდე ნატანჯი და ნაწამები გზით მოსული, მაგრამ თაობა, რომელმაც გაუძლო ბევრ განსაცდელს, არ შედრკა და ილტვის ხელოვნების, მეცნიერების მწვერვალებისაკენ, გულის სიღრმემდე განიცდის ყველაფერს, რასაც ქვეყნის დამოუკიდებლობა და თავისუფლება ჰქვია.

ბედნიერი ვარ, დღეს ამ დარბაზობას მისი უწმინდესობა ილია მეორე ესწრება. არაერთხელ მითქვამს და დღესაც გავიმეორებ, რომ შემოვბრუნდით ღვთისაკენ და ღმერთმაც კეთილი თვალით გადმოხედა საქართველოს. დღეს მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ დამთავრდა ნგრევის ეტაპი, დაიწყო შენება და ეს ღვთის ნებით ხდება, ჩვენ კვლავაც ამ რწმენით, ამ იმედით უნდა ვიაროთ წინ.

მსურს მივმართო ჩვენს უცხოელ მეგობრებს, ყველა ქვეყნის წარმომადგენლებს, ყველას, ვინც აქ ბრძანდება. ბატონო ელჩებო, ჩვენი მეოგობარი ქვეყნის დესპანებო, თქვენი ქვეყნები რომ არა, ეს უანგარო, მეგობრული დახმარება რომ არა, საქართველო ფეხზე ვერ დადგებოდა. ჩვენ ვერ გადავიტანდით იმ მძიმე განსაცდელს, რომელიც წილად გვერგო ამ ბოლო წლების განმავლობაში. თუ ჩემი თაობა არა, მომავალი თაობები მაინც იტყვიან საკადრის სიტყვებს ამ დახმარების, მადლიერების გამოსახატავად. დარწმუნებული ვარ, მოვა დრო, როცა საქართველო ძეგლს დადგამს, მონუმენტს აღმართავს იმ ადამიანების, ჩვენი უცხოელი მეგობრების პატივსაცემად და მათი დამსახურების აღსაღნიშნავად, რომლებმაც უმძიმეს წლებში ნამდვილი უანგარო დახმარების ხელი გაუწოდეს საქართველოს.

და ბოლოს, ჩვენი ყველაზე დიდი ტკივილი სხვა მრავალ გასაჭირთან ერთად - აფხაზეთი, სამაჩაბლო, ქართულ-ოსური, ქართულ-აფხაზური კონფლიქტია. როგორც იცით, აქაც ერთგვარად გალღვა ყინული, ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარებაში ძალიან საინტერესო და იმედის მომცემი მოძრაობა დაიწყო. დარწმუნებული ვარ, ქართველთა და ოსთა საბოლოო შერიგება უკვე ცხრა მთას იქეთ აღარ არის და ეს უახლოესი დროის რეალური ამოცანაა. მჯერა ისიც, რომ მოძრაობა, რომელიც საქართველოში ჩაისახა და რომელსაც ახლა აქტიურად დაუჭირეს მხარი რუსეთის პრეზიდენტმა ბატონმა ელცინმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ბატონმა ალიევმა და რომელსაც აქტიურად გამოეხმაურა სომხეთის პრეზიდენტი ბატონი ტერ-პეტროსიანი - ეს არის მოძრაობა მშვიდობიანი კავკასიისათვის, რომელიც ძალას იკრეფს. უახლოეს დღეებში გაიმართება ოთხი ლიდერის - რუსეთის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრა კისლოვოდსკში, სადაც საბოლოოდ მოვილაპარაკებთ, თუ როგორ, რა გზით ვაშენოდ მშვიდობიანი და სტაბილური კავკასია ამიერკავკასიის ქვეყნებისა და რუსეთის მონაწილეობით, დარწმუნებული ვარ, რომ დეკლარაციას, რომელსაც ოთხი პრეზიდენტი მოაწერს ხელს, ჩვენი სხვა მეზობლებიც შეუერთდებიან. ვიცი, რაოდენ დიდი ენთუზიაზმით დაუჭირეს მხარი ამ მოძრაობას თურქეთის პრეზიდენტმა, ბატონმა დემირელმა, ირანის პრეზიდენტმა ბატონმა რაფსანჯანიმ და ჩვენმა დასავლელმა მეგობრებმა. მჯერა, რომ ეს მოძრაობა საყოველთაო აღიარებასა და მხარდაჭერას დაიმსახურებს.

მინდა ერთხელ უკვე მოგესალმოთ ყველას და როგორც ჩვენი მარადიული ახალგაზრდობისა და სიჭაბუკის სიმბოლოს, მივმართო იმ ბიჭებს, ქართულ სიმღერებს რომ ასრულებენ ანზორ ერქომაიშვილის ხელმძღვანელობით, ამ შესანიშნავ ბავშვებს რომლებიც XXI საუკუნეში შევლენ, როგორც ჩვენი სამშობლოს ღირსეული მოქალაქეები.

გისურვებთ ბედნიერებასა და სიხარულს.

„ჩვენი ხალხი და ჩვენი სახელმწიფო ამაყად მიაბიჯებს ცივილიზებული გზით, დემოკრატიის დამკვიდრებისა და თავისუფლების გარანტიების შექმნის გზით“ : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა თბილისის მერიაში გამართულ დარბაზობაზე 1996 წლის 26 მაისს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 29 მაისი. - 103 (2216). - 1 გვ.

59 თბილისის მეტროპოლიტენის კოლექტივს

▲ზევით დაბრუნება


მადლობა თავდადებული შრომისათვის

ძვირფასო მეგობრებო,

გულითადად გილოცავთ ღირსესანიშნავ თარიღს - თბილისის მეტროპოლიტენის ამოქმედების 30 წლისთავს. მიწისქვეშა მაგისტრალების მშენებლობა ნამდვილად სახალხო იყო, აქ გამომჟღავნდა ქართველი ხალხის ნიჭი და შრომისმოყვარეობა.

განვლილ წლებში თბილისის მეტროპოლიტენი შენდებოდა ფართოვდებოდა და დღეს ის რთული და მრავლდარგოვანი სატრანსპორტო საწარმოა. ბევრი ქვეყნის წარმომადგენელს აოცებს ჩვენი მეტროპოლიტენის მშვენიერება.

თქვენმა კოლექტივმა უკანასკნელ ხანს მრავალი სიძნელე გადალახა და დღეს პირნათლად ასრულებს თავის ძირითად ამოცანას - ხალხის მომსახურებას. თქვენ სხვა საწარმოებისგან განსხვავებით, მაშინაც არ შეგიწყვეტიათ ფუნქციონირება, როცა ქალაქში ტყვიების ზუზუნი ისმოდა, გზაჯვარედინებზე კი ტანკები იდგა.

დღეს, როდესაც ქვეყანას ჯერ კიდევ ეტყობა გადატანილი ქარტეხილების კვალი, როდესაც მეტროპოლიტენი ენერგოკრიზისთან, ფინანსური და მატერიალური რესურსების დეფიციტთან დაკავშირებით განიცდის დიდ სიძნელეებს, თქვენ კვლავინდებურად ღირსეულად ემსახურებით დიდ და საპატიო საქმეს.

საქართველოს ხელისუფლება დიდად აფასებს თქვენს დაუღალავ შრომას და საჭირო დახმარებას და თანადგომას გაგიწევთ, ამის იმედს იძლევა ის, რომ ჩვენი ქვეყანა მტკიცედ ადგას დემოკარტიის კურსს, წარმატებით დაასრულა ძირეული ფინანსური, ეკონომიკური და სამართლებლივი რეფორმების პირველი ეტაპი და მიიწევს წინ შემდგომი ამოცანების გადასაწყვეტად.

პატივცემულო მეტროპოლიტენელებო, სულით და გულით კიდევ ერთხელ გილოცავთ სახელოვან იუბილეს, უღრმეს მადლობას მოგახსენებთ ქვეყნის და ხალხის საკეთილდღეოდ გაწეული უანგარო შრომისათვის გისურვებთ ბედნიერებას, ჯანმრთელობას და შემდგომ წარმატებებს ჩვენი ხალხისა და ქვეყნის წინსვლის გზაზე.

ე. შევარდნაძე

თბილისის მეტროპოლიტენის კოლექტივს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 31 მაისი. - 105(2218). - 1 გვ.

60 „პურის ფასების ლიბერალიზაციის განხორციელება საბოლოოდ დაადასტურებს, რომ მზად ვართ სახელმწიფო ეკონომიკიდან საბაზრო მეურნეობაზე გადასასვლელად“

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 10 ივნისის რადიოინტერვიუ

- ეკონომიკური კვირის მიმოხილვა, ალბათ, გუშინდელი თათბირის თემით უნდა დავიწყოთ, რომელიც მიეძღვნა პურის ფასების ლიბერალიზაციასა და მასთან დაკავშირებულ პრობლემებს. 3 ივნისს კისლოვოდსკში გაიმართა შეხვედრა კავკასიაში მშვიდობის დამყარების პრობლემებზე კავკასიის და რუსეთის ხელმძღვანელთა მონაწილოებით, სადაც ამასთანავე საუბარი შეეხო საერთო-კავკასიურ ეკონომიკურ სივრცეს. ხელმოწერილია დეკლარაცია - პირველი შეხვედრის, ასე ვთქვათ, ფორმალური შედეგი. თქვენ ინტერვიუში განსაკუთრებით აღნიშნეთ ჩრდილოეთკავკასიელი ლიდერების პასუხისმგებლობა კავკასიაში კონფლიქტების მოგვარებისა და საერთოდ, კავკასიის მომავლისათვის. 4 ივნისს კავკასიის თემა კვლავ გაგრძელდა: საქართველოს ეწვია სომხეთის პრეზიდენტი ლევონ ტერ-პეტროსიანი. ირანიდან დაბრუნებისას (თქვენ მაშინ იქ შეხვდით ბატონ პეტროსიანს) თქვენ ასეთი რამ ბრძანეთ ამ მოსალოდნელ ვიზიტზე, - ეს არის განსაკუთრებული მნიშვნელობის ვიზიტი, რადგან იგი გამორჩეულ როლს შეასრულებს ორი ხალხის ურთიერთობაში... ასე დაიწყო ჟურნალისტმა ნატო ონიანმა ტრადიციული ინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტთან ედუარდ შევარდნაძესთან.

საქართველოს პრეზიდენტმა თქვა:

- დავიწყოთ კავკასიის პრობლემით. კავკასიის რეგიონისადმი მსოფლიოს მრავალი ქვეყნის, საერთაშორისო ორგანიზაციისა და სტრუქტურის გაძლიერებული ეკონომიკური ინტერესების წრის შემდგომი გაფართოებისათვის, რომლის ერთ-ერთ ძირითად რგოლს ჩვენი ქვეყნის პოტენციური თუ რეალობად ქცეული შესაძლებლობებიც წარმოაჩენს, მეტად დიდი მნიშვნელობა აქვს განვლილ კვირაში კისლოვოდსკში გამართულ ამიერკავკასიის სახელმწიფოთა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრას. პრეზიდენტების მიერ ხელმოწერილი „კავკასიაში ეროვნებათაშორისი თანხმობის, მშვიდობის, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის დეკლარაცია“ ხაზგასმით ადასტურებს რეგიონში არსებული კონფლიქტების მოგვარების საქმეში, საერთო-ეკონომიკური სივრცის, სავაჭრო-ეკონომიკური თუ სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობის განვითარების, მშენებლობაში, ტრანსპორტზე, სათბობ-ენერგეტიკულ კომპლექსში ერთობლივი პროექტების განხორციელების განსაკუთრებულ მნიშვნელობას უნდა გამოეყოს ხელშეკრულება რეგიონის ტერიტორიაზე კომუნიკაციათა აღდგენის შესახებ, რაც კავკასიის სახელმწიფოთა ტრადიციული ეკონომიკური კავშირურთიერთობის გამოცოცხლების აუცილებელი წინაპირობაა. მშვიდობიანი კავკასიისათვის მოძრაობა უდავოდ ძალს იკრებს. გააქტიურდა კულტურული, სამეცნიერო, ურთიერთობა, კონტაქტები ადამიანებს შორის.

როგორც მოგახსენეთ, ამიერკავკასიისა და რუსეთის პრეზიდენტებთან ერთად ჩრდილოეთკავკასიის ხალხთა ლიდერების მონაწილეობა ამ მოძრაობას მართლაც უნიკალურ ხასიათს ანიჭებს. დარწმუნებული ვარ, რომ ეკონომიკური, პოლიტიკური და სხვა ასპექტების გათვალისწინებით ეს იმდენად მნიშვნელოვან მოძრაობად გადაიქცევა, რომ აუცილებლად დაიმსახურებს საერთაშორისო ორგანიზაციების, სხვა სახელმწიფოების ყურადღებასა და სერიოზულ მხარდაჭერას, რამდენადაც მშვიდობიანი კავკასიით დაინტერესებულნი არიან არა მარტო კავკასიის ხალხები და სახელმიწოფოები, არამედ სხვა მრავალი ქვეყანა და მათი ლიდერები, განსაკუთრებით იმ პერსპექტივასთან დაკავშირებით, რომელზეც გვქონდა საუბარი - ეს გახლავთ ევრაზიის დერეფანი, კასპიის დიდი ნავთობი და ზოგიერთი სხვა მოვლენა.

ამ მიმართულებით მეტად საყურადღებოა საქართველოში სომხეთის პრეზიდენტის ლევონ ტერ-პეტროსიანის ვიზიტი, რომლის დროსაც გამოიკვეთა საქართველო-სომხეთის სავაჭრო-ეკონომიკურ, რეგიონულ და რეგიონთაშორის კავშირურთიერთობათა შემდგომი განვითარების, ტრანსეროვნული პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების, ჩრდილოეთ-სამხრეთის ტრანზიტული ტვირთზიდვის ორგანიზების, შავი ზღვისა და ევროკავშირის ეკონომიკურ სივრცეში ინტეგრირების, აგრეთვე ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და საფინანსო სფეროებში თანამშრომლობის მნიშვნელობის პერსპექტივა ვიზიტის დროს ხელმოწერილია ათამდე ხელშეკრულება და შეთანხმება, მათ შორის ინვესტიციათა წახალისებისა და ორმხრივი დაცვის, საწარმოო კოოპერაციის, საფინანსო-სამრეწველო ჯგუფების შექმნის ძირითადი პრინციპების აგროსამრეწველო კომპლექსის დარგში სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ და სხვა. თუ ამას კომპლექსურად განვიხილავთ, თქვენ გახსოვთ, ჰეიდარ ალიევის შესანიშნავი და წარმატებული ვიზიტი საქართველოში და ის შეთანხმებანი, რომლებსაც მაშინ მოვაწერეთ ხელი, აგრეთვე ისლამ კარიმოვის ასევე დიდი მნიშვნელობის ვიზტი, გამოდის, რომ ჩვენ საკმაოდ აქტიურად ვადგავართ მშვიდობიანი კავკასიის მშენებლობის გზას და მრავალი ქვეყნის ლიდერებმა უკვე შეძლეს ჩამოეყალიბებინათ, ამ საკითხზე თავიანთი პოზიციები.

განვლილ კვირაშივე ოფიციალურ ვიზიტად მყოფი გაეროს განვითარების პროგრამის ადმინისტრატორის ჯეიმს გუსტავ სპეთის საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრისას აღინიშნა, რომ ახლო მომავალში ამ ორგანიზაციას დაგეგმილი აქვს სოციალური და სამუშაო ადგილების შექმნის პროგრამების განხორციელება, გააქტიურდება ასევე დახმარება ტრანსპორტისა და კომუნიკაციების, ენერგეტიკის სფეროების რეაბილიტაციებისათვის. სადღეისოდ კი ხელმოწერილია საქართველოსათვის დახმარების გაწევის შესახებ განზრახვათა ოქმი, რომელიც 2 მილიონი ამერიკული დოლარის გამოყოფას ითავლისწიონებს. ამ თანხის ნაწილი შეიძლება მოხმარდეს ცხინვალის რეგიონის რეაბილიტაციას, იმ სახლებისა და ნაგებობების, სატრანსპორტო მაგისტრალების აღდგენას, რომლებიც ცნობილი კონფლიქტის დროს დაინგრა. ამ საკითხზე, ალბათ, დაგვჭირდება სერიოზული მოლაპარაკება. როგორც ცხინვალის რეგიონის ხელმძღვანელებთან, ასევე ჩრდილოეთ კავკასიის ლიდერებთანაც.

თქვენი შეკითხვის ნაწილი პურის ფასების ლიბერალიზაციაა. ამ კვირაში პრაქტიკულად უნდა განხორციელდეს პურის ფასების ლიბერალიზაცია (ამაზე ჩვენ არაერთხელ ვილაპარაკეთ) პურპროდუქტების სისტემის რეფორმირების ორგანიზებულად განხორციელებას მიეძღვნა გუშინ საქართველოს პრეზიდენტის ხელმძღვანელობით გამართული თათბირი, რომელშიც მონაწილეობდნენ სამხარეო და ადგილობრივი ორგანოების, სამინისტროებისა და უწყებების პირველი პირები. შეკრებამ გვიჩვენა, რომ ქვეყანაში შექმნილია მოსახლეობის სოციალური დაცვის დღევანდელ ვითარებაში შესაძლებელ ღონისძიებათა განხორციელების ყველა წინაპირობა. ქვეყნის ცენტრალურ ბიუჯეტში გამოძებნილი სახსრები როგორც მოსახლოეობის სოცილაური დაცვისათვის კომპენსაციების გასაცემად, ასევე ხორბლის მუდმივი მარაგის შესაქმნელად 12 მილიონი ლარის ოდენობით.

მნიშვნელოვანია პარიზში წარმატებით დამთავრებული დონორი ქვეყნების საკონსულტაციო შეხვედრისას ცალკეული დონორი ქვეყნების მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოსათვის ახალი დახმარების გაწევის, კერძოდ, ხორბლის შესაძენად გრანტების გამოყოფის თაობაზე. გააქტიურდა კერძო სტრუქტურების საქმიანობაც ხორბლისა და ფქვილის შემოტანის საქმეში.

ჩვენს მიერ განხორციელებული მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის, საბიუჯეტო და საბანკო სისტემის გარდაქმნის, მასობრივი პრივატიზაციის და თუნდაც ეროვნული ვალუტის შემოღების საერთაშორისო რეზონანსის ღონისძიებები, მათი გადამწყვეტი მნიშვნელობის მიუხედავად, სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური თვალსაზრისით არ ყოფილა ისეთი საპასუხისმგებლო, როგორც პურ-პროდუქტების სახელმწიფო სისტემის განკერძოებასთან ერთდროულად პურის ფასების გათავისუფლებაა. პურის ფასების ლიბერალიზაციის განხორციელება საბოლოოდ დაადასტურებს, რომ მზად ვართ სახელმწიფო ეკონომიკიდან საბაზრო მეურნეობაზე გადასასვლელად, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დასავლეთის განვითარებული ქვეყნების მიერ საქართველოსათვის დიდმასშტაბიანი, ვიმეორებ, დიდმასშტაბიანი ინვესტიციების გამოსაყოფად, ეკონომიკური დახმარების კურსის გასაგრძელებლად და კრიზისიდან ქვეყნის საბოლოოდ გამოსაყვანად მათს შესაბამის მოქმედებას. მინდა ვთქვა, რომ ახლა ქვეყანაში არსებობს ყველა პირობა რათა პურის ფასების ლიბერალიზაცია განხორციელდეს შედარებით უმტკივნეულოდ. გუშინ მოვისმინე დედაქალაქის ხელმძღვანელების, მხარეების რწმუნებულების, მინისტების, დეპარტამენტების ხელმძღვანელების საკმაოდ დეტალური ინფორმაცია. ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ ეს რთული ღონისძიება შეიძლება ორგანიზებულად განხორციელდეს ყოველგვარი შიშისა და პანიკის გარეშე.

მინდა შევეხო ზოგიერთ სხვა ეკონომიკურ საკითხსაც. ქვეყნის აქტუალური შიდაეკონომიკური პროცესებიდან კვლავ პირველხარისხოვანი ყურადღება უნდა მიექცეს სახელმწიფო ბიუჯეტის შევსებას. ბიუჯეტის შევსებაზე თუ ნორმალურად ვიმუშავებთ, არ გამოვრიცხავ, რომ შემოდგომაზე კვლავ გვექნება საშუალება გარკვეული ოდენობით გავზარდოთ ხელფასები, ოღონდ იმ პირობით, რომ აუცილებლად უნდა სრულდებოდეს როგორც ცენტარლური, ასევე ადგილობრივი ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილი.

საბაჟო დეპარტამენტის მიერ ხუთ თვეში მიღებული საბიუჯეტო შემოსავალი 16,5 მილიონი ლარის ოდენობით თითქმის 6-ჯერ აღემატება შარშანდელ შესაბამის პერიოდის დონეს. მარტო მაისში მიღებულია 5 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი. ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ ხუთი თვის შედეგების მიხედვით ჯერ კიდევ არ არის დაძლეული ჩამორჩენა და საპროგნოზო მაჩვენებელს აკლია 2,5 მილიონი ლარი.

საგადასახადო სამსახურის ცნობით, მაისში აკრეფილი საგადასახადო შემოსავალი 25 მილიონ ლარს შეადგენს. მართალია ეს არც ისე ბევრად სჭარბობს საგეგმო მაჩვენებელს, მაგრამ უნდა აღინიშნოს წლის დასაწყისიდან ჩამოყალიბებული ამგვარი შემოსავლის ზრდის ტენდენცია. კერძოდ, იანვარში მიღებული იყო 11 მილიონი ლარი, თებერვალში - 15 მილიონი, მარტსა და აპრილში - 17 მილიონ ლარზე მეტი ლარი და ასე შემდეგ.

საგადასახადო ინსპექციის ცნობით, ხორბლისა და ფქვილის რეალიზაციის შედეგად მაისში ბიუჯეტში ჩაირიცხა 11 მილიონი ლარი ანუ იმდენი, რამდენიც წლის პირველ ოთხ თვეში. ამას მოვახსენებ რადიომსმენელებს იმასთან დაკავშირებით, რომ წინა გამოსვლებში სერიოზული კრიტიკული შენიშვნები გამოვთქვი კოორპორაციებისა და ცალკეული წისქვილკომბინატების მიმართ. მარტო გასულ კვირას ბიუჯეტის ვადაგადაცილებული დავალიანება ნახევარ მილიონზე მეტი ლარით შემცირდა. მნიშვნელოვნდ გამოასწორეს მდგომარეობა თბილისის ნავთლუღის, ქუთაისის და მარნეულის პურპროდუქტების კომბინატებმა. ამ მიმართულებით მუშაობა უნდა გაგრძელდეს და ცენტრალურ ბიუჯეტში მისი კუთვნილი თანახა სრულად და უდანაკარგოდ უნდა ჩაირიცხოს.

მაისში საბიუჯეტო შემოსავლის ფორმირებაში. თბილისის, აჭარის, შიდა ქართლის, გურიისა და სხვა რეგიონების მიერ შეტანილ მნიშვნელოვანი წვლილის ფონზე არასახარბიელო მდგომარეობაა იმერეთისა და ქვემო ქართლის მხარეებში, თვის გეგმები და საკონტროლო დავალებები აქ შესაბამისად 58 და 74 პროცენტით შესრულდა. იმერეთმა ბიუჯეტს თითქმის მილიონი ლარი დააკლო, ქვემო ქართლმა კი - 2 მილიონ ლარზე მეტი.

ცალკეული რეგიონების, საწარმოების თუ ორგანიზაციების მიერ გეგმის შეუსრულებლობა კიდევ უფრო ამწავავებს ცენტრალური ბიუჯეტის ფორმირების ისედაც გართულებულ პროცესს. დროა გამოვიტანოდ სათანადო დასკვნები. ცენტრალური ბიუჯეტის შევსებაზე დამოკიდებულია საერთო-სახელმწიფოებრივი ამოცანების და პროგრამების რეალიზაცია. განსაკუთრებით, ხაზს ვუსვამ, - მოსახლეობის სოციალური დაცვა. ყველა ამ პრობლემაზე, ბიუჯეტთან და ზოგიერთ სხვა ეკონომიკურ და ფინანსურ პრობლემასთან დაკავშირებულ საკითხებზე 19 ივნისს გაიმართება მთავრობის გაფართოებული სხდომა ადგილობრივი ადმინისტრაციების ხელმძღვანელთა მონაწილოებით და ამის შესახებ, ბუნებრივია, მოსახლეობა ინფორმირებული იქნება.

ზაფხულის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით, საქენერგოს ცნობით, ელექტროენერგიის სიჭარბე დღეს საშუალებას გვაძლევს გავზარდოს მისი ექსპორტი ვალების დასაფარავად. თურქეთში დღე-ღამეში ამჟამად საშუალოდ 1,5 მილიონამდე კილოვატსაათი ელექტროენერგია გადაიტვირთება, ხოლო აზერბაიჯანში - 330 ათასამდე კილოვატსაათი. ამასთანავე, ენერგოსისტემაში მომავალი ზამთრისათვის მზადების გადავადება არ შეიძლება. საჭირო საწვავის მომარაგების, სარემონტო სამუშაოებისა თუ სათადარიგო ნაწილების უზრუნველსაყოფად მოკლე ხანში უნდა გადავწყვიტოთ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის დაფარვის პრობლემები. ამისათვის საჭიროა უთუოდ შესრულდეს ამას წინათ საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებული ბრძანებულებით გათვალისწინებული ღონისძიებები კერძოდ, ივნისში მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულება მინიმუმ 50 პროცენტით, ხოლო მესამე კვარტალში - 70 პროცენტით უნდა დაიფაროს.

ამავე დროს უნდა დაჩქარდეს ელექტროენერგიის რესტრუქტურიზაციის პროცესი, რომლის პროექტის დამუშავებაშიც ფასდაუდებელი დახმარება გაგვიწიეს ჩვენმა ამერიკელმა მეგობრებმა ამერიკის განვითარების სააგენტოს ხაზით. ამ სფეროში, აგრეთვე ნავთობის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარებაში დახმარებისათვის ამერიკელთა მზადყოფნა დაადასტურა განვლილ კვირაში ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის ჩარლზ კერტისის ვიზიტმა საქართველოში, რომლის დროსაც აღნიშნულ საკითხებზე მას საქმიანი საუბრები ჰქონდა საქართველოს პრეზიდენტთან და სხვა ხელმძღვანელებთან.

- ამ კვირაში საქართველოს ოფიციალურ ვიზიტად ეწვევა გერმანიის ფედერალური პრეზიდენტი, იმ ქვეყნის პრეზიდენტი, რომლის განსაკუთრებულ ყურადღებასაც საქართველო ყოველთვის გრძნობდა...

- ამ კვირას მე გერმანიის დღეებს დავარქმევდი, გნებავთ, გერმანულ კვირას. საყოველთაოდ ცნობილია ამ დიდი ქვეყნის ხაზგასმული მეგობრული და გულთბილი დამოკიდებულება საქართველოსადმი. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტის ბატონ რომან ჰერცოგისა და მისი მეუღლის ჩამოსვლა ახალი ეტაპის, ფართომასშტაბიანი და მრავალმხრივი ურთიერთობის დაწყებას მოასწავებს. ამავე დროს ეს ვიზიტი მიგვანიშნებს გერმანელთა ხაზგასმულ ინტერესს საერთ-კავკასიური პრობლემებისადმი, რასაც ყოველმხრივ მივესალმები. საქართველო, რომელიც დამოუკიდებელ, დემოკრატიულ, თავისუფალ საქართველოს აშენებს, მადლიერების გრძნობით შეეგებება საპატიო სტუმარს.

„პურის ფასების ლიბერალიზაციის განხორციელება საბოლოოდ დაადასტურებს, რომ მზად ვართ სახელმწიფო ეკონომიკიდან საბაზრო მეურნეობაზე გადასასვლელად“ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა]ნატო ონიანი // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 11 ივნისი. - 112(2226). - 1,2 გვ.

61 ბატონ ედუარდ შევარდნაძის სიტყვა

▲ზევით დაბრუნება


ღრმად პატივცემულო ბ-ნო პრეზიდენტო ჰერცოგ,
ღრმად პატივცემულო ქ-ნო ჰერცოგ,
ქალბატონებო და ბატონებო

დღეს საქართველოს წილად ხვდა უდიდესი პატივი, უმასპინძლოს იმ ქვეყნის პრეზიდენტს, რომელმაც არა მხოლოდ განსაკუთრებული გავლენა მოახდინა კაცობრიობის განვითარებაზე, არამედ რომელიც დღესაც, ათასწლეულების მიჯნაზე მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს მსოფლიოს სახეს მომავალ 21-ე საუკუნეში. მხოლოდ ერთი თაობის, ჩემი თაობის თვალსწინ გერმანელმა ხალხმა კაცობრიობას მოუვლინა დანგრეული სახელმწიფოს მსოფლიოს ერთ-ერთ მოწინავე ქვეყნად გადაქცევის სასწაული და ამით მიზანდასახულობის და შთაგონებული შრომის წარუშლელი მაგალითი მისცა მათ, ვინც სახელმწიფორებრიობას ახლა აშენებს.

მე პირველად უდიდესი სიმაოვნებით და სიამაყით ვიგონებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სახელმწიფო მოხელეებთან თანამშრომლობას ოთხმოციანი წლების მეორე ნახევარსა და ოთხმოცდაათიანის დასაწყისში. ეს იყო წლები ჭეშმარიტად ლეგენდარული მოვლენებისა, მსოფლიო მასშტაბის მშვიდობიანი რევოლუციისა, რომელმაც სახე შეუცვალა კაცობრიობას, ბოლო მოუღო ჩვენი პლანეტის ორ მტრულ ბანაკად გათიშვას, გაათავისუფლა ადამიანები ბირვთული ომის კოშმარებისაგან, თავისუფლების, დემოკრატიის, დამოუკიდებლობის გზაზე გაიყვანა ათეულობით ქვეყანა. ეს იყო წლები, როცა საერთაშორისო ურთიერთობის მშენებლობას საფუძვლად დაედო არა იდეოლოგიზირებული და კლასობრივი პრინციპი, არამედ ზოგასაკაცობრიო იდეალები. სწორედ ეს თეორიული და მსოფლმხედველობრივი გარღვევა გახდა საფუძველი მსოფლიოს განთავისუფლებისა ტოტალიტარული და მილიტარისტული რეჟიმებისგან, რამაც, საბოლოო ჯამში, განაპირობა „ცივი ომის“ დასრულება, ახალი მსოფლიო წესრიგისთვის საპლანეტო მასშტაბის მოძრაობის დაწყება.

ყველა ჯურის და ყველა ქვეყნის რეაქციულმა ძალება შესანიშნავად იცოდნენ, რომ ზემოდ ნახსენები მსოფლმხედველობრივი წინამძღვარი გახდებოდა მათი ბატონობის დასასრულის დასაწყისი, ამიტომაც წამოიწყეს გაშმაგებული შეტევა იმ მოღვაწეთა წინააღმდეგ, რომლებმაც ახალი აზროვნების პრინციპები შესთავაზეს მსოფლიოს.

იმ წლების ჭეშმარიტად გმირული ეპოპეის ერთი უმთავრესი შედეგი ბერლინის კედლის დანგრევა და გერმანიის გაერთიანება გახლდათ. ბერლინი კედლის დანგრევა ის მოვლენაა, რომელმაც სიმბოლურად „ცივი ომის“ დასრულება და სამართლიანობის ზეიმის ეპოქის დასაწყისი ამცნო მსოფლიოს. ბედნიერებაა, რომ გაერთიანებული გერმანია თანამედროვე პირობებში მშვიდობისა და დემოკრატიის ერთი უმნიშვნელოვანესი ბურჯია და ეს მისი ისტორიული მისია და კიდევ უფრო ხელშესახები გახდება 21-ე საუკუნეში.

ალბათ, დედამიწის ზურგზე არ არსებობს ერი, რომელსაც ბრძოლის, გაჭივრების, ხანდახან სისხლის გარეშე აეშენებინოს დამოუკიდებელი სახელმწიფო, დემოკრატიული, თავისუფალი საზოგადოება. ეს ისტორიული კანონზომიერებაა. არც ქართველ ერს ასცდა ეს მძიმე ხვედრი. უკანასკნელ წლებში საქართველოს იმდენმა ქარტეხილმა გადაუარა, რომ ხშირად ჩვენს თავს ვეკითხებოდით, გვეყოფა კი ძალა გავუძლოდ ამდენ განსაცდელს, არ მივეცეთ სასოწარკვეთას და განვახორციელოდ მრავალი თაობის მიერ ნანატრი - კვლავ გავხდეთ მსოფლისო თავისუფალ ერთა ოჯახის ღირსეული წევრი. გერმანელი ერისთვის კარგადაა ცნობილი, რომ ამ უმძიმეს გზაზე არათუ ჩვენ, მრავალრიცხოვან ერებსაც სჭირდებათ ძლიერი და ერთგული მეგობრების თანადგომა, მეგობრებისა, რომლებთან ურთიერთობაშიც ამოწმებ საკუთარი მოქმედებების სისწორეს, რომელთა იმედიც შეიძლება გქონდეს მაშინ, როცა თითქოს აღარავინაა ამ ქვეყნად შენი მოსარჩლე, რომლის მხარში დგომის გარეშე ვერ გაბედავ წამოიწყო ისეთი შორს მიმავალი რეფორმები, რომლებმაც სახე უნდა უცვალონ სახელმწიფოს. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შემიძლია განვაცხადო, რომ არა საქართველოს მეგობარი - მსოფლის დიდი სახელმწიფოების გადამწყვეტი დახმარება, ჩვენი ხალხი გაუშვებდა ხელიდან დამოუკიდებელი ქართული საკუთარი სახელმწიფოს აშენების შანსს. ჩვენ გასაგებ სიმაყეს განვიცდით იმის გამო, რომ ასეთ მეგობართა შორის განსაკუთრებული უკავია გერმანიას.

თქვენმა დახმარებამ, ბ-ნო პრეზიდენტო, ჩვენ პირველად მაშინ მოგვისწრო, როცა საქართველო, როგორც სახელმწიფო, დაშლის პირას იყო მისული. მას შემდეგ თქვენ გვერდში გვიდგარხართ საქართველოს სასიკეთოდ მიმართულ ჩვენს ყველა წამოწყებაში. თქვენ ისეთ დროს ჩამობრძანდით, როდესაც შეიგიძლიათ საკუთარი თვალით იხილოთ და შეაფასოდ თქვენ მიერვე გაწეული ფასდაუდებელი დახმარების პირველი შედგები. ქვეყანაში დამყარდა წესრიგი, ახლადმიღებული კონსტიტუციის საფუძველზე ჩატარდა ჭეშმარიტად სამართლიანი და თავისუფალი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები, მთელი ტემპით მიმდინარეობს ძირეული ეკონომიკური რეფორმები, აგერ უკვე ერთი წელია, რაც აღარ უფასურდება ეროვნული ვალუტა, იწყება პირველი სერიოზული ინვესტორების შემოსვლა საქართველოში.

ჩვენი სახელმწიფო, მთელს ამიერკავკასიასთან ერთად, თანდათანობით იბრუნებს თავის უმნიშვნელოვანეს მისიას - შემაკავშირებელი ხიდი ხდება ევროპასა და აზიას შორის მხედველობაში მაქვს ევროპა-ამიერკავკასია-აზიის სატრანსპორტო-საკომუნიკაციო დერეფანი, რომელიც ევროკავშირის ტრასეკას პრექტის წყალობით საუკუნის პროექტად მონათლეს.

მშვიდობიანი კავკასია არა მარტო ამ რეგიონის ხალხთა საზრუნავია.

კავკასიის დიდი ნავთობი, ევრაზიის ზემოდაღნიშნული დერეფანი, ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობა ახალ ვითარებაში კავკასიას ახალ ფუნქციას აკისრებს, კავკასიის ხალხებს კარგად ესმით თავისი პასუხისმგებლობა ახალ ამოცანათა ჭრილში. ამიტომაც ასე ფართედ გაიშალა მოძრაობა, რომელსაც „მშვიდობიანი კავკასია“ ეწოდება. სწორედ ამ კეთილშობილურ თემას მიეძღვნა რუსეთის და ამიერკავკასიის სახელმწიფოთა პრეზიდენტების კისლოვოდსკის შეხვედრა ჩრდილოკავკასიის ლიდერთა მონაწილეობით. დარწმუნებული ვარ, მსოფლიო საზოგადოებრიობა და რა თქმა უნდა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, მისი ხელისუფლება, ძალისხმევას არ დაიშურებენ „მშვიდობიანი კავკასიისათვის“ გაშლილი მოძრაობის მხარდასაჭერად.

წელს ისტორიული მოვლენა მოხდა ჩვენი ხალხის ცხოვრებაში - საქართველომ და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს პარტნიორობის და თამაშრომლობის შეთანხმებას, რაც ევროკავშირის აღმოსავლეთით გაფართოების პროგრამის მნიშვნელოვანი ეტაპია. სულ ახლახანს საქართველოს სპეციალური სტუმრის სტატუსი მიენიჭა, ევროპის კიდევ ერთ უაღრესად ავტორიტეტულ ორგანიზაციაში - ევროპოს საბჭოში, რაც იმის აღიარებაა, რომ ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის, პიროვნული თავისუფლების და ადამიანის უფლებათა დაცვის საქმეში.

სახელმწიფოებრიობის მშენებლობის შეუქცევადმა პროცესმა დადებითი გავლენა იქონია ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგებაზე. ევროპაში უშიშროების და თანამშრომლობის ორგანიზაციისა და რუსეთის ფედერაციის შუამავლობით დაიწყო შერიგების პროცესი. სამწუხაროდ, იგივეს ჯერ ვერ ვიტყვით აფხაზეთის კონფლიქტზე სადაც სეპარატისტული ხელმძღვანელობის სიჯიუტე ქართველთა და აფხაზთა დაახლოებისათვის ძირითადი დაბრკოლებაა. ამ კონფლიქტების სამართლიან მოწესრიგებას დიდად შეუწყობს ხელს ხელს ის, რომ გერმანია იყო და რჩება იმ დიდი სახელმწიფოთა შორის, რომელბიც „საქართველოს მეგობართა“ ჯგუფის სახელით არიან ცნობილნი და რომლებიც ყველა მსოფლიო თუ რეგიონულ ფორუმებზე, ყველა ორმხრივ თუ მრავალმხრივ მოლაპარაკებაზე, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში, მტკიცედ და განუხრელად უჭერენ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ერთი მხრივ ქართული სახელმწიფოებრიობის გაძლიერება და მეორე მხრივ რუსეთსა და მთლიანად ევროპაში კონფლიქტების მოწესრიგების ბოლოდროინდელი პრაქტიკა იმედს ბადებს, რომ აფხაზეთის პრობლემა, რომელმაც ენით აღუწერელი ტანჯვა მოუტანა საქართველოს ასიათასობით მოქალაქეს, მოკლე დროში მსოფლიო თანამეგობრობის მიერ აღიარებული პრინციპის დაცვით გადაწყდება.

ჩვენო ძვირფასო გერმანელო სტუმრებო, პოზიტიური ძვრები საქართველოში, რომლებიც ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინათ შეუძლებელი ჩანდა. დაიწყო ეს არა მარტო ჩვენი არამედ საქართველოს ყველა მეგობრის, მათ შორის თქვენი ქვეყნის გამარჯვებაცაა.

ქალბატონებო და ბატონებო ნება მიბოძედ შემოგთავაზოთ პრეზიდენტ რომან ჰერცოგის და ქალბატონ ჰერცოგის, მათი სახით დიდი გერმანელი ხალხის, ყველა ჩვენი გერმანელი სტუმრის, საქართველოს და გერმანიის მეგობრობის სადღეგრძელო.

ბატონ ედუარდ შევარდნაძის სიტყვა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 13 ივნისი. - 114(2228). - 2 გვ.

62 მოსწავლე-ახალგაზრდობის რესპუბლიკური სასახლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს

▲ზევით დაბრუნება


ბატონებო და ქალბატონებო,
ჩემო ახალგაზრდა მეგობრებო,

გილოცავთ თქვენი სასახლის იუბილეს... საქართველოში ყველამ იცის თუ საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის რესპუბლიკურ სასახლეს, ყოფილ პიონერთა სასახლეს, რა წვლილი აქვს შეტანილი საქართველოს ახალგაზრდობის აღზრდის საქმეში.

ქართული განათლების და კულტურის ამ გამორჩეულ კერას მარტო ჩვენთან კი არა, უცხოეთშიც შესანიშნავად იცნობენ - თავისი ანსაბლებით, ნიჭიერი და გონიერი ბავშვებით, სპორტსმენებით... ვინც კი ერთხელ სტუმრებია სასახლეს, მას არასდროს დაავიწყდება იგი.

იუბილეების დროს ხშირად აჭარბებენ ხოლმე იუბილარის ქება-დიდებაში, მაგრამ ამჯერად გადაჭარბება შეუძლებელია, რადგან დიდსა და გამორჩეულ ნაწილს ჩვენი ინტელიგენციისა სწორედ სასახლის სკოლა აქვს გავლილი და საკმაოდ რთულ დროს სწორედ სასახლე იყო ადგილი მოზარდებში თავისუფალი აზროვნების ჩამოყალიბებისა, ცოდნისა და ნიჭის გამოვლენისა, ერთამანეთის გაცნობისა და ერთმანეთთან დაახლოებისა.

ბევრს, ძალიან ბევრს სცხია სასახლის მადლი. ხაზგასმით უნდა აღვნიშნო ისიც, რომ ყოველთვის, ნებისმიერ პოლიტიკურ სიტუაციაში, რუსეთის იმპერიის მეფისნაცვლის ყოფილ სასახლეში განთავსებული ეს ნათელი დაწესებულება ბავშვებს უპირველესად პატრიოტებად ზრდიდა. ეს კი ბევრს ნიშნავს.

შემდეგ, ნებისმიერ ადგილსა და ნებისმიერ თანამდებობაზე, სასახლის აღზრდილებს სწორედ ეს არ ავიწყდებიდათ - ყოფილიყვნენ თავისი ქვეყნის, თავისი კულტურის, თავისი ხალხის ნამდვილი პატრიოტები.

სწორედ ამიტომ ქართული სულის, ქართული კულტურის, საქართველოს თავისუფლების იდეისა და თავად ქართველი ახალგაზრდობის სასახლეს თავისი განსაკუთრებული წვლილი აქვს შეტანილი.

დღეს, როდესაც შენდება ჭეშმარიტად თავისუფალი ქართული სახელმწიფო, მოსწავლე-ახალგაზრდობის რესპუბლიკური სასახლის როლი ქვეყნის მომავლის ჩამოყალიბებაში განუზომლად დიდია.

როგორი მასწავლებლებიც იქნებით თქვენ, ისეთი მოსწავლეები გეყოლებათ და როგორი მოსწავლეებიც გეყოლებათ, ისეთი მომავალი ექნება ჩვენს ქვეყანას. მეტად საპატიო, შესაშური და რთული მოვალეობა გაკისრიათ.

მე ვიცი, რომ თქვენ, ბოლო წლების მოვლენათა ეპიცენტრში ბევრ განსაცდელს გაუძელით, გადარჩით და ბავშვებიც გადაარჩინეთ სწრაფვა ცოდნისაკენ, მშვენიერებისკენ, მაღალი ზნეობისკენ...

ვიცი, რომ ახლა გიჭირთ - მასწავლებლებსაც და მოსწავლეებსაც... სახელმწიფო ეცდება შესაძლებლობის ფარგლებში დაგეხმაროთ, მაგრამ ეს შესაძლებლობანი ძალიან მცირეა.

უნდა როგორმე გავუძლოთ ამ ძნელ დროს, სხვა გზა არ გვაქვს, რადგან ეს მარტო ძნელი დრო კი არ არის, არამედ დიდი დროცაა - თავისუფალი საქართველოს საძირკვლის ჩაყრის დრო.

თქვენი და თქვენი აღზრდილების გარეშე ეს ქვეყანა ვერ აშენდება. ღმერთმა კვლავაც შეგაძლებინოთ ამ მძიმე და საპატიო ტვირთის ღირსეული ტარება.

ედუარდ შევარდნაძე.

მოსწავლე-ახალგაზრდობის რესპუბლიკური სასახლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 15 ივნისი. - 116(2230). - 1 გვ.

63 გორის საგუნდო მუსიკის ფესტივალის ორგანიზატორებს, მონაწილეებსა და მსმენელებს, სტუმრებსა და მასპინძლებს

▲ზევით დაბრუნება


ქალბატონებო და ბატონებო

დღეს დასკვნითი კონცერტით მთავრდება გორის საგუნდო მუსიკის ფესტივალი. დაუვიწყარი ზეიმი სიმღერისა და მუსკისა, რომელნიც ადამიანის მუდმივი თანამდევია.

ვფიქრობ შემთხვევითი არ არის, რომ ეს ზეიმი იმართება უნიკალური მრავალხმიანი სიმღერების ქვეყანაში, საქართველოში, არც ის არის შემთხვევითი, რომ ფესტივალში ქართველებთან ერთად მონაწილეობენ აზერბაიჯანის, რუსეთის და სომხეთის საგუნდო კოლექტივები და რომ ყველაფერი ეს თავისი ურთიერთობით მხოლოდ ხელოვნებად კი არ აღიქმება, არამედ მშვიდობიანი კავკასიის იდეის ერთ მჟღერად გამოვლენადაც, კისლოვოდსკის შეხვედრის მრავალხმიან ექოდ.

კანონზომიერია ისიც, რომ ფესტივალი იმართება გორში, რომელსაც სამუსიკო სასწავლებლის ქალთა კამერული გუნდის სახით შესანიშნავი და გამორჩეული კოლექტივი ჰყავს.

ნება მიბოძეთ, თქვენთან ერთად, ამ გუნდსა და მის ხელმძღვანელს, შესანიშნავ ლოტბარს, ბატონ შალვა მოსიძეს მივულოცო საიუბილეო თარიღი.

დარწმუნებული ვარ, უახლოეს წლებში გორის ფესტივალის მასშტაბი და მნიშვნელობა თქვენი შეწევნით კიდევ გადიდდება და გორი იქცევა საგუნდო სიმღერის საერთაშორსიო მნიშვნელობის ერთ-ერთ ცენტრად.

გისურვებთ, ყოველთვის გქონდეთ სიმღერის განწყობა, ხოლო თქვენს მსენელებს - განწყობა თქვენი სიმღერის მოსმენისა.

მერწმუნეთ, ვწუხვარ, რომ ვერ მოვახერხე თქვენს კონცერტებზე დასწრება, ვწუხვარ, რომ ვერ დაგიკარით ტაში და დავიკელი უდიდესი სიამოვნება.

ყველას, მონაწილეებს, ორგანიზატორებს და მსმენელებს, გისურვებთ ყოველივე კარგს.

იმედია, ეს დღეები სასიამოვნო მოგონებად გაგყვებათ.

ედუარდ შევარდნაძე.

გორის საგუნდო მუსიკის ფესტივალის ორგანიზატორებს, მონაწილეებსა და მსმენელებს, სტუმრებსა და მასპინძლებს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 15 ივნისი. - 116(2230). - 1 გვ.

64 „რუსეთის მოქალაქეები ირჩევენ არა მარტო პრეზიდენტს, არამედ საზოგადოებრივ, სახელმწიფოებრივ წყობას“

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 17 ივნისის რადიოინტერვიუ

- გუშინ ალბათ, მთელი ცივილიზებული მსოფლიო ყურადღებით ადევნებდა თვალს რუსეთში მიმდინარე პრეზიდენტის არჩევნებს. ბოლო ორი თვის განმავლობაში, შეიძლება ითქვას, ეს პოლიტიკურ ცხოვრებაში ყველაზე აქტუალური თემა იყო, და არა მარტო პოლიტიკურ წრეებში. რუსეთის პრეზიდენტის არჩევნების შედეგებს ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნებასაქართველოსათვისაც... ჟურნალისტ ნატო ონიანის ამ შეკითხვის პასუხად საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ თავის ტრადიციულ რადიო ინტერვიუში.

- რა თქმა უნდა, რუსეთის პრეზიდენტის არჩევნები ნომერ პირველი თემაა მსოფლიოსათვის და იქნებ, პირველი საზრუნავიც. გასაკვირი არ არის, რომ საქართველოში ამისადმი ინტერესი განსაკუთრებულია. წუხელ მილიონობით ჩვენი მოქალაქე ტელეეკრანებს ადევნებდა თვალს. შედეგი, ჩემი შეხედულებით, სავსებით დამაკმაყოფილებელია. პრეზიდენტმა ელცინმა მიიღო ხმების ის აუცილებელი მინიმუმი, რომელიც მეორე ტურში გამარჯვების საწინდარია. რა თქმა უნდა, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ როგორი წარმატებით წარიმართება პრეზიდენტის თანამშრომლობა იმ კანდიდატებთან, რომლებმაც ელექტორატის სერიოზული მხარდაჭერა მიიღეს. რუსეთის პრეზიდენტის არჩევნებისათვის ესოდენ დამახასიათებელი დრამატიზმი იმით უნდა აიხსნას, რომ რუსეთის მოქალაქეები ირჩევენ არა მარტო პრეზიდენტს, არამედ საზოგადოებრივ, სახელმწიფოებრივ წყობას. ასეთ გზაჯვარედინზე დგას დღეს რუსეთი და ასეთი რთული არჩევანი უნდა გააკეთოს.

- განვლილი ეკონომიკური კვირა ჩვენს ქვეყნაში რამდენიმე საყურადღებო მოვლენით აღინიშნა. 15 ივნისს ამოქმედდა გადაწყვეტილება პურის ფასების ლიბერალიზაციის შესახებ. გაიმართა ეკონომიკური საბჭოს სხდომა, რომელზეც განიხილეს პირველი დღის შედეგები და „საქენერგოსთან“ დაკავშირებული პრობლემები. გერმანიის ფედერაციული პრეზიდენტის რომან ჰერცოგის ვიზიტის დროს ხელმოწერილია შეთანხმება, რომლის თანახმადაც, ენერგეტიკული პრობლემების გადასაწყვეტად საქართველოს 50 მილიონი გერმანული მარკა კრედიტი გამოეყო უაღრესად შეღავათიანი პირობებით. გარდა ამისა, გაიმართა გერმანიის ბიზნესმენთა შეხვედრა ქართველ კოლეგებთან, რა თქმა უნდა, გერმანიის დიდი დელეგაციისა და მისი პრეზიდენტის ვიზიტი, უწინარესად, პოლიტიკური მნიშვნელობისა იყო და როგორც პრესკონფერენციაზე ბრძანეთ ორივე ქვეყნის პრეზიდენტებმა, ამ შეხვედრებზე განიხილებოდა საქართველო - გერმანიის ურთიერთობა, ევრაზიის დერეფნის თემა და ამ პროექტში გერმანიის შესაბამისი მონაწილეობა...

- როგორც აღნიშნეთ, შაბათს, 15 ივნისს დაიწყო პურის ფასების ლიბერალიზაცია. ეს თარიღი გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა ქვეყანაში მიმდინარე რადიკალური ეკონომიკური რეფორმების გზაზე. უფრო მეტიც, პურის ფასების გათავისუფლების სოციალურ-ეკონომიკური შედეგები ცხადყოფს, თუ რამდენად მომწიფდა ჩვენი საზოგადოება რეალური საბაზრო ურთიერთობების საყოველთაო და საბოლოო დამკვიდრებისათვის.

მესამე დღეა პროცესი მიმდინარეობს. ყველაფრიდან ჩანს, რომ მიმდინარეობს იგი ნორმალურად, არსად არ აღნიშნულა ცხოვრების ჩვეული რიტმიდან გადახვევა, პურის ფასების მომატება პროგნოზირებულის ფარგლებშია, განხორციელებული სოციალური დაცვის ღონისძიებანი უზრუნველყოფს მატების კომპენსირებას. ეს, როგორც იტყვიან, კაპიკებით არის გამოთვლილი. უმთავრესი, რაც ამ დღეებში დადასტურდა, არის ხელისუფლებისადმი მოსახლეობის ნდობა, როგორც მომხმარებლის, ისე მეწარმეთა მიერ რეფორმების პოლიტიკის მხარდაჭერა და რადგან მეწარმე ვახსენე, ერთხელ კიდევ უნდა განვაცხადო, რომ ხელისუფლებამ იზრუნა არა მარტო მომხმარებელთა, არამედ მეწარმეთა ინტერესებზეც. როგორც ვთქვი პურის ბიზნესი საინტერესო, მომგებიანი, ძალიან საჭირო, საარსებო ბიზნესია და ჩვენ ყველა პირობა უნდა შევუქმნად იმათ, ვინც ამ სფეროში იმუშავებს. ყოველივე ეს კი ხელისუფლებას, როგორც ცენტრალურ ისე ადგილობრივ დონეზე, ხელს უწყობს და ავალდებულებს თანამიმდევრულად ეძებოს მოსახლეობის ყველაზე დაუცველი ფენების დახმარების გაძლიერებისა და პურის ნორმალური ბაზრის სტაბილურობის უზრუნველყოფის საშუალებები. ქვეყნის შინაგან შესაძლებლობებთან ერთად, რომლებიც ხელსაყრელ მაკროეკონომიკურ ვითარებას და მეწარმეობის უკვე საკმაოდ განვითარებულ დონეს ემყარება, ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენი დასავლელი მეგობრების, უწინარესად, ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირისა და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მხარდაჭერა. მათი დახმარება საგანგებო სიტუაციათა შემთხვევაში სახელმწიფოს აქვს ხორბლის, ფქვილის აუცილებელი მარაგი და მისი შევსების პერსპექტივა. ამავე დროს, ბუნებრივია, გაგრძელდება უმკაცრესი კონტროლი, როგორც ანტიმონოპოლიური რეგულირების, ისე წმინდა ორგანიზაციული ღონისძიებების თვალსაზრისით და გაგრძელდება პრინციპულად. პირველი წარმატებების მიუხედავად, პურის საკითხი ხელისუფლების უმაღლესი ორგანოებისათვის ნომერ პირველ საკითხად დარჩება კვლავაც და ხელისუფლება მუდმივად იზრუნებს ამ პრობლემაზე. უნდა აღინიშნოს პრეზიდენტის ბრძანებულებით შექმნილი სამთავრობო კომისიის გამართული მუშაობა, რომელსაც ბატონი ბაკურ გულუა ხელმძღვანეობს და ადგილობრივ ადმინისტრაციათა მიზანმიმართული საქმიანობა. ძალიან კარგად იმუშავეს თბილისში, რწმუნებულებმა მხარეებში, ქალაქების ხელმძღვანელებმა, მერებმა, განმგებლებმა და საერთო ძალისხმევით მოხერხდა ამ ძალიან მგძნობიარე და რთული აქციის უდანაკარგოდ განხორციელება.

ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმების განხორციელებისათვის საქართველოს ძალისხმევა, მისი როლი კავკასიის რეგიონში ჩვენს სახელმწიფოსთან აქტიური ურთიერთობებისათვის განაწყობს მსოფლიოს მრავალ, მათ შორის, ევროპულ ქვეყნებსაც.

განვლილ კვირაში გერმანიის ფედერალური პრეზიდენტის ბატონ რომან ჰერცოგის ოფიციალურმა ვიზიტმა საქართველოში კიდევ ერთხელ ცხადყო ამ ორი ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობის, თანამშრომლობის პრიორიტეტული და განსაკუთრებული ხასიათი. თვით ეს ვიზიტიც განსაკუთრებული ხასიათისა იყო.

ევროპის ამ ძლიერ ქვეყანას, მსოფლიოს ერთ-ერთ გიგანტს, დიდი წვლილი მიუძღვის ქართული სახელმწიფოს არა მარტო პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური მხარდაჭერის საქმეშიც. იგი გამოიხატება, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ევროპის სტრუქტურებში დახმარებით, ასევე პირდაპირი ფინანსური შემწეობითაც, რომლის საერთო მოცულობა 150 მილიონ გერმანულ მარკას აღწევს.

როცა ევროკავშირის დახმარებაზე ვლაპარაკობთ და ეს დახმარება ძალზე დიდი მოცულობისაა, უნდა ვიცოდეთ, რომ ამაში დიდია გერმანიის წილი. გერმანიის თანხმობის გარეშე არავითარი დახმარება არ შეუძლია ევროკავშირს ისევე, როგორც ასეთსავე სისტემას მსოფლიო ბანკში, სავალუტო ფონდსა და ევრობანკში სხვა ორგანიზაციებში, რომლებიც საქართველოსთან ახლა თანამშრომლობენ.

მართალია დღეისათვის შეღავათიანი კრედიტებიდან ორიენტაცია თანდათანობით ინვესტიციებზე უნდა იქნეს გადატანილი, მაგრამ ჯერჯერობით, გარკვეული პერიოდის მანძილზე, ალბათ, კვლავ იქნება შენარჩუნებული კრედიტების გამოყოფის ფორმაც. ვიზიტის დროს ხელმოწერილია ხელშეკრულება ენერგეტიკის რეაბილიტაციისათვის 50 მილიონი გერმანული მარკა გრძელვადიანი კრედიტის გამოყოფის შესახებ. ეს სპეციალური დანიშნულების კრედიტია.

ვიზიტის ფარგლებში საინტერესო შეხვედრები ჰქონდათ დარგობრივ თუ უწყებრივ კოლეგებს, საქმიანი წრეების წარმომადგენელებს. რეალური პერსპექტივა ისახება ევრაზიის დერეფნით კასპიის ნავთობის მომავალი ტრანზიტის ობიექტებზე სამუშაოთა პროექტების განხორციელების საქმეში გერმანული ბიზნესის აქტიური ჩართვის თვალსაზრისით.

გერმანელი ბიზნესმენების აზრით, საინტერესოა აგრეთვე, პერსპექტივაში საქართველოში ისეთი გარგებისა და სფეროების ინვესტირება, როგორიც არის ნედლეულის გადამუშავება, საწავავის, ოქროს, ძვირფასი და ნახევრადძვირფასი თვლების მოპოვება, აგრეთვე, მსუბუქი მრეწველობის, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის, მანქანათმშენებლობის განვითარება, ქიმიური, ეთერზეთოვანი კულუტრების და გემების წარმოება და მრავალი სხვა. ყველაფრის ჩამოთვლა ახლა შეუძლებელია.

მინდა რადიომსმენელების ყურადღება მივაპყრო იმას, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტმა დიდი ენთუზიაზმით და პრინციპულად დაუჭირა მხარი იმ მოძრაობას, რომელსაც „მშვიდობიანი კავაკასია“ ჰქვია... თავის გამოსვლებში პირად საუბრებში, პირდაპირ განაცხადა, რომ გერმანია დაინტერესებულია მშვიდობიანი კავკასიით და, თუ მშვიდობა იქნება იმ რეგიონში, მაშინ, ეკონომიკური და სხვა სახის თანამშრომლობა დიდი მასშტაბით გაფართოვება.

და კიდევე ერთი დეტალი: მას თან ახლდა ძალიან დიდი ჯგუფი - საზოგადო მოღვაწეები, დამსახურებული და ჩვენთვის კარგად ცნობილი წარმომადგენლები მეცნიერების სფეროდან, ბიზნესმენები, კულტურის მოღვაწეები, ვფიქრობ ეს ძალიან ბევრს მეტყველებს საქართველოს და გერმანიის თავისებურებაზე, სულიერების სფეროში ურთიერთობაზე. ეს მრავალწილიანი ურთიერთობა იმაზე მიუთითებს, რომ რეჟიმებმაც ვერ შესძლეს წინ აღდგომოდნენ ხალხების სწრაფვას დაახლოვებისაკენ. საქართველოს ურთიერთობა ზაარლანდთან, ამ მხარის ღირსეულ წარმომადგენლებთან კულტურის და მეცნიერების სფეროში უკვე ტრადიციად იქცა და ეს დიდად უწყობს ხელს საქართველოს და გერმანიას შორის ურთიერთობის განვითარებას.

განვლილ კვირაში საქართველოს პრეზიდენტთან არსებულმა საკონსულტაციო ეკონომიკურმა საბჭომ, რომლის ქმედითობა და მიზანსწრაფულობა სულ უფრო ცხადი ხდება, მორიგ სხდომაზე განიხილა ქვეყნის სოციალ-ეკონომიკური განვითარების 1996-2000 წლების ინდიკატური გეგმის პროექტი, ესე იგი, ძირითადი მიმართულებანი, რომელთა მიზანია საპრეზიდენტო პროგრამის ძირითად დებულებათა და მოთხოვნათა რეალიზაცია. პროექტში, ბოლო წლებში ეკონომიკის რეალური მდგომარეობის ღრმა ანალიზის საფუძველზე, ჩამოყალიბებულია სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ორიენტირები და სტრატეგია. ეკონომიკური რეფორმის ღონისძიებანი და მაკროეკონომიკური პოლიტიკა, განსაზღვრულია საკუთრებითი ურთიერთობის ტრანსფორმაციის, ფულად-საკრედიტო პოლიტიკის რეალიზაციის, სოციალური სფეროსა და რეგიონული ეკონომიკის, განვითარების ძირითადი მიმართულებანი და ღონისძიებანი, მოცემულია მნიშვნელოვანი სახელმწიფო პროგრამები. ამ საკითხის განხილვისას, ჩემს გამოსვლაში დავსახე ასეთი ამოცანა: მომავალი საქმიანობის ეს სერიოზული ნაშრომი როგორმე უნდა გამოიცეს და მოსახლეობას, ჩვენ, ყველას მოგვეცეს საშუალება ნათლად წარმოვიდგინოთ, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ ეკონომიკის სფეროში უახლოესი წლების განმავლობაში. პერსპექტივა ძალზე მიმზიდველი, საინტერესო და გამამხნევებელია. მხოლოდ აუცილებელია, რომ რაზეც შევთანხმდით და რასაც დავამტკიცებთ იმის შესრულებისთვის კიდეც ვიბრძოლოთ.

საბჭოს სხდომაზე ელექტროენერგეტიკის რესტრუქტურიზაციის სახელმწიფო პროგრამის პროექტის განხილვისას აღინიშნა, რომ ქვეყნის ენერგო სისტემის ფუნქციონირების, ამ დარგში შექმილი მძიმე ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და საერთოდ, ამ სფეროში არსებული კრიზისის დასაძლევად, უცხო ქვეყნებიდან და საერთაშორისო სტრუქტურებიდან მიღებულ დახმარებასთან ერთად დიდი მნიშვნელობა აქვს საკუთრივ ჩვენს ძალისხმევას ელექტროენერგეტიკის სექტორში რეფორმების სწორად წარმართვისა და განხორციელებისათვის. პროგრამა მოიცავს ელექტროენერგეტიკის მართვის სტრუქტურის რეფორმის, პრივატიზაციის და დარგის რეგულირების პრაქტიკულ მოდელებს. ნავარაუდევია, შეიქმნას დარგში სახელმწიფო პოლიტიკის განმსაზღვრელი და ელექტროენერგეტიკის დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოები. რესტუქტურიზაციის პირველ ეტაპზე გათავალისწინებულია საქენერგოს ბაზაზე ფინანსურად დამოუკიდებელი მწარმოებელი, მომსახურე და გამანაწილებელი საწარმოების შექმნა.

„თავისუფალი ეკონომიკური ზონების შესახებ“ კანონპროექტის განხილვამ ცხადყო, რომ საჭიროა დამატებით გაგრძელდეს მუშაობა ამ კანონპროექტზე.

ჩვენ საუბრებში ისეთი ტრადიცია ჩამოყალიბდა, რომ შევეხოT საგადასახადო პოლიტიკას, ბიუჯეტის შესრულების მდგომარეობას და სხვა. მაგრამ, შეიძლება დღევანდელ გადაცემაში ეს აუცილებელი არ იყოს, რამდენადაც ზეგ გაიმართება მთავრობის გაფართოებული სხდომა, რომელიც შეაჯამებს ქვეყნის ეკონომიკური, სამეურნეო და საფინანსო მდგომარეობის ხუთი თვის შედეგებს და ალბათ, ამ სხდომის შედეგები ხელმისაწვდომი გახდება ჩვენი რადიომსმენელებისათვის. ამიტომ, იქნებ, ამაზე დღეს დრო აღარ დავხარჯოთ...

„რუსეთის მოქალაქეები ირჩევენ არა მარტო პრეზიდენტს, არამედ საზოგადოებრივ, სახელმწიფოებრივ წყობას“ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 18 ივნისი. - 117(2231). - 1,2 გვ.

65 „ყოფილ საბჭოთა სივრცეში დაიწყო ცხელი წერტილების ჩაქრობის დიდი ხნის ნანატრი ტენდენცია“

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 24 ივნისის რადიოინტერვიუ

- განვლილი ეკონომიკური კვირა საკმაოდ დატვირთული აღმოჩნდა. გაიმართა მთავრობის გაფართოებული სხდომა, რომელმაც შეაჯამა ქვეყნის ეკონომიკური, სამეურნეო და საფინანსო მდგომარეობის ხუთი თვის შედეგები. მევენახეობის პრობლემებს მიეძღვნა თათბირი. ეს დარგი საქართველოში მართლაც გამორჩეულად სავალალო მდგომარეობაშია. ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში, ალბათ, ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომ რეკონსტრუქციის შემდეგ გაიხსნა თბილისის აეროპორტი; რომელიც კვლავ მოემსახურება მგზავრებს და ეს იქნება საერთაშორისო სტანდარტების დონეზე, - ასე დაიწყო ჟურნალისტმა ნატო ონიანმა რადიოინტერვიუ, საქართველოს პრეზიდენტთან ედუარდ შევარდნაძესთან.

- განვლილი კვირის ეკონომიკური მოვლენებიდან, - თქვა ედუარდ შევარდნაძემ, კვლავ სისტემატიური ყურადღების, დაკვირვებისა და ხელისუფლების მხრივ განსაკუთრებული ყურადღების საგანი იყო პურის ფასების ლიბერალიზაცია, რომელიც აგერ უკვე მეათე დღეა ნორმალურ და მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. უკვე წინასწარვე დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ეს რეფორმების სწორად განხორციელების კიდევ ერთი დამაჯერებელი მაგალითია. ქვეყნის ყველა რეგიონიდან ყოველდღიურად მიღებული ოპერატიული ინფორმაციების თანახმად. ხარისხის მიხედვით პურის ფასები კვლავ სტაბილურია და თითქმის არ იცვლება.

სოფლის მეურნეობის და სურსათის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში არის ხორბლისა და ფქვილის საკმარისი მარაგი, რომელიც სისტემატიურად ივსება, რაც სტაბილური ფასების შენარჩუნების პირობებს ქმნის.

პურის ფასების ლიბერალიზაციის პროცესში არ შეიმჩნევა ფასების ზრდა სამომხმარებლო ბაზარზე. პირიქით, 15-21 ივნისის პერიოდში, ჩვენ ამას ყოველდღიურად ვადევნებთ თვალს, სასურსათო საქონლის ფასებმა 6,5 პროცენტით დაიკლო, ხოლო არასასურსათო საქონლის ფასები გარკვეული მატების შემდეგ, ბოლო ერთი თვის მანძილზე უცვლელი რჩება.

ძირითადად დაცულია პურის ვაჭრობის დადგენილი წესები. გუშინ რუსთავში იმყოფებოდა სპეციალური ჯგუფი ბატონ ბაკურ გულუას ხელმძღვანელობით. შეამოწმეს თითქმის ყველა მაღაზია და ობიექტი, კომბინატი, ესაუბრნენ ქალაქის სხვადასხვა ქუჩის მცხოვრებთ. მათი ინფორმაცია ასეთია: მთელი ეს საქმიანობა რუსთავში სანიმუშოდ წარიმართა. რუსთავზე იმიტომ ვლაპარაკობ, რომ ეს არის ბოლო ინფორმაცია და ჩვენი სამთავრობო კომისიის უშუალო შთაბეჭდილება.

ამასთანავე, არის სიმპტომებიც, რომ აქა-იქ ყურადღება მოადუნეს. ამასთან დაკავშირებით, მოდის პატარ-პატარა საჩივრები ცალკეული რაიონებიდან და ქალაქებიდან. მინდა გამოვიყენო ეს შემთხვევა და გავაფრთხილო ადმინისტრაციათა ხელმძღვანელები, რომ ფასების გათავისუფლება პროცესია და არა ერთკვირიანი ან ერთდროული კამპანია და მას ყოველდღიური ზრუნვა და მეთვალყურეობა სჭირდება. საჭიროა საქმეში ჩარევა არა მარტო ადმინისტრაციული წესით, არამედ შესაბამისი ეკონომიკური ბერკეტებითაც.

განვლილ კვირაში მთავარობის გაფართოებულმა სხდომამ შეაჯამა ქვეყნის ეკონომიკის ფუნქციონირების 1996 წლის 5 თვის შედეგები.

საკითხის განხილვისას კიდევ ერთხელ აღნინიშნა, რომ წინა წლების მდგომარეობასთან შედარებით, წინსვლისა და უდავო პროგრესის ნიშნები შეიმჩნევა მაკროეკონომიკური პარამეტრების დონეზე, რაც ინფლაციის დაბალ ტემპსა და ლარის სტაბილურ კურსთან ერთად სახელმწიფო ბიუჯეტში მობილიზებული სახსრების საკმაოდ მაღალი ტემპითა და წარმოების მოცულობის ზრდითაც გამოიხატა.

ამავე დროს, მიღწეული შედეგები პოტენციურ შესაძლებლობათა მინიმუმს გამოხატავს და ჯერჯერობით არა არის საკმარისი პრეზიდენტის პროგრამის უმთავრესი საკონტროლო მაჩვენებლების შესასრულებლად. უწინარესად, ეს შეეხება სამრეწველო პროდუქციის წარმოების ზრდას, რომელიც მთლიანი შიდა პროდუქტის საპროგნოზო 8 პროცენტიანი წლიური მატების მიღწევისათვის წელს 10-15 პროცენტზე ნაკლები არ უნდა იყოს.

ამ ამოცანის შესრულებას დღეს მჭიდროდ უკავშირდება ისეთი პრობლემების დაძლევის გზების ძიებას, როგორიც არის ნედლეულისა და გასაღების ბაზრების შეზღუდულობა, საბრუნავი სახსრებისა და საწყისი კაპიტალის გამოძებნა. მართალია, საკრედიტო ბაზრის განუვითარებლობა ამ შემთხვევაში სერიოზული შემაფერხებელი ფაქტორია (ამას ყველა ხედავს) მაგრამ ეს არ უნდა უბიძგებდეს საწარმოებსა და ცალკეულ რეგიონებს გამოსავალს გადასახადის გადავადებასა და შეღავათიან კრედიტებში ხედავდნენ, რადგან სახელმწიფოს ხარჯზე წარმოების სანაციისკენ სწრაფვა გუშინდელი დღეა და ეს არ არის კრიზისიდან თავის დაღწევის რეალური, ეფექტიანი გზა. მთავარია, მოგვარდეს კონკურენტუნარიანობის პრობლემა. მხოლოდ კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოებით არის შესაძლებელი ნებისმიერი საწარმოს ფუნქციონირების შენარჩუნება. ამასთანავე ეს ექსპორტის მოცულობის ზრდისა და ქვეყნის საგადამხდელო ბალანსის გაუმჯობესების უმთავრესი წინაპირობაა. ამ ორი-სამი დღის წინათ დავესწარი ლილოს საკონსერვო კომბინატში ახალი საგადამხდელო ბალანსის გაუმჯობესების უმთავრესი დანადგარების ამუშავებას და უნდა გითხრათ, რომ ძალიან მოკლე დროში, უცხოელი ინვესტორების დახმარებით, კომბინატის უნარიანმა ხელმძღვანელობამ (იქ ხელმძღვანელი ბატონი თავართქილაძეა) შეძლო ისეთი პროდუქციის გამოშვება, რომელიც გაუძლებს კონკურენციას როგორც შიდა, ასევე გარე ბაზრებზეც. საბედნიეროდ, ასეთი შემთხვევები უკვე ბევრია.

სამრეწველო პოლიტიკაში წამყვანი ადგილი უნდა დაიმკვიდროს მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობამ, რომელიც განმსაზღვრელი გახდება ახალი ეკონომიკური ურთიერთობის ჩამოყალიბების პროცესში, კერძოდ, ისეთი მნიშვნელოვანი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემის გადაწყვეტაში როგორიც დასაქმებაა.

როგორც ივნისის ოპერატიული მონაცემები ცხადყოფს, წინა თვესთან შეადარებით, გარკვეული ძვრებია მიღწეული წარმოების ზრდის ტემპების თვალსაზრისით, თვის პირველ ნახევარში, წარმოებულია 26 მილიონი ლარის სამრეწველო პროდუქცია, რაც 32 პროცენტით აღემატება მაისის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. თბილისში ამ მაჩვენებელმა შეადგინა 26 პროცენტი, იმერეთის მხარეში - 31, გურიის მხარეში - 56, სამცხე-ჯავახეთში - 31, ქვემო ქართლში - 27 პროცენტი და ა.შ ეს ძალიან მისასალმებელი მოვლენაა.

ივნისის მეორე დეკადაში მრეწველობის დეპარტამენტის სისტემაში, წარმოების მატებამ წინა დეკადასთან შეადრებით თითქმის 33 პროცენტი შეადგინა. ჰოლდინგ „საქსამთომეტალურგიაში“ ეს მაჩვენებელი გაორკეცდა, მათ შორის, რუსთავის მეტალურგიულ კომბინატში მიღწეულია სამჯერადი მატება.

რა თქმა უნდა, კვლავ უპირეველს ამოცნადა რჩება ქვეყნის ბიუჯეტი. დღეისთვის აქ არსებული რეზერვების სიმრავლე ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტების წარმატებით შესრულების რეალურ შესაძლებლობებს ქმნის. ბიუჯეტის შესრულების და მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის თვალსაზრისით, მთვარობის სხდომაზე საჭიროდ იქნა მიჩნეული ქვეყანაში საგადასახადო სისტემის სრულყოფის სპეციალური კომისიის ნაყოფიერი და ეფექტიანი მუშაობის უზრუნველყოფა.

ივნისის გავლილ სამ კვირაში, საგადასახადო სისტემის ხაზით ბიუჯეტში მობილიზებულია 12 მილიონი ლარი საგადასახადო შემოსავალი, რაც, საგადასახადო სამსახურის აზრით, თვისა და ნახევარი წლის გეგმის შესრულების საფუძველს ქმნის. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, განვლილ კვირაში საგრძნობლად გაიზარდა ცენტრალური ბიჯეტის საშუალო დღიური შემოსავალი, რომელიც ყოველდღიურად 760 ათას ლარს შეადგენს. ამაზე ფიქრიც და ლაპარაკიც კი არ შეიძლებოდა შარშან და საერთოდ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში. უფრო მეტიც, ვარაუდობენ, ივნისის ბოლომდე, აღნიშნული მაჩვენებლის გაორმაგებას, რამაც ამ თვეში ცენტრალური ბიუჯეტის საერთო შემოსავლის შესრულების გარანტია უნდა მოგვცეს. წერტილი უნდა დაესვას ასევე ადგილობრივ ბიუჯეტებში დატოვებული ცენტრალური ბიუჯეტის კუთვნილი სახსრების ჩარიცხვის საკითხის გადაწყვეტასაც, რომელთა რაოდენობა დღეს 5 მილიონ ლარს აღემატება. ასეთ მავნე პრაქტიკას ბოლო უნდა მოეღოს.

დღეისათვის, ქვეყნის შიდა სატრანსპორტო ქსელის განვითარების დაჩქარების აუცილებლბასა და საერთაშორისო საკომუნიკაციო სისტემაში მისი მჭიდროდ ჩართვის ინტენსიური პროცესის პურობებში, ამ სფეროში საერთო-სახელმწიფოებრივ პოლიტიკასთან და სახელმწიფო რეგულირებასთან დაკავშირებული საკითხების ერთიანი მართვის საჭიროებამ, განვითარებული ქვეყნების სატრანსპორტო კომპლექსის მუშაობის გამოცდიულების გათვალისწინებით, დღის წესრიგში დააყენა ქვეყანაში ტრანსპორტის სამინისტროს შექმნის საკითხი, რომელიც ასევე მთავრობის სხდომის მსჯელობის საგანი გახდა. შესაბამისი კანონპროექტის წარედგინა საქართველოს პარლამენტს. აასეთივე პროექტის წარედგინება პარლამენტს სათბობ-ენერგეტიკული სამინისტროს შესახებაც. ეჭვი არ მეპარება, რომ პარლამენტი ამ მოსაზრებებს მხარს დაუჭერს.

ჩვენი ქვეყნის სატრანსპორტო სისტემის, კერძოდ, საჰაერო ტრანსპორტის განვითარების საქმეში განსაკუთრებული მოვლენა იყო გასულ კვირაში საერთაშორისო სტანდარტების დონეზე რეკონსტრუირებული თბილისის აეროპორტის საზეიმო გახნსა. ფაქტობრივად, ეს ახლი აეროპორტია, რომლის მნიშვნელობა მხოლოდ მზავრთა გადაყვანისა და ტვირთბრუნვის სოლიდური ზრდის შესაძლებლობებით არ შემოიფარგლება.

რეკონსტრუქციის პროექტის შედგენაში, მის განხორციელებსა და დაფინანსებაში საერთაშორისო ორგანიზაციების, ამ შემთხვევაში ევრობანკის, წარმატებული მონაწილოება საქართველოში უცხოური კრედიტების და ინვესტიციების მოზიდვის მეტად ხელსაყრელი, ცოცხალი მაგალითია.

მევენახეობისა და მეღვინეობის პრიორიტეტული დარგის აღორძინების პრობლემებს მიეძღვნა განვლილ კვირაში მევენახეთა და მეღვინეთა სპეციალური თათბირი. საქმიანი მსჯელობა გაიმართა დარგში არსებული სიძნელეების დაძლევის გზებზე, წლევანდელი რთველის მაღალ დონეზე ორგანიზების, გასაღების ბაზრის გაფართოების პრობლემებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დარგის საექსპორტო შესაძლებლობების უკეთ გამოყენების, შიდა ბაზრის დაცვის და ფალსიფიცირებული პროდუქციის მწარმოებელთა წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებს. შევთანხმდით, რომ ყველა ამ პრობლემიოს გამო, რომელიც აწუხებს მეწარმეებსა და მოქალაქეებს, მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილებები ჩვენთანაც - აღმასრულებელ ხელისუფლებაში და პარლამენტშიც, გამოიკვეთა მეტად მნიშვნელოვანი ტენდენცია: მეწარმეთა ნაწილი აპირებს საკუთარ შესაძლებლობებზე დაყრდნობით განახორციელოს მოსავლის შესყიდვის უაღრესად პასუხსაგები კომპანია. დაისახა სახელმწიფოებრივი ხელშეწყობის მიმართულებებიც - როგორ დავეხმაროდ მეღვინეებს, როგორ დავეხმაროდ მევენახეებს. მირებულია გადაწყვეტილება, რომ დარგშუი არსებული პრობლემების პრაქტიკული, ოპერატიული მოგვარების მიზნით შეიქმნას სპეციალური სახელმწიფო კომისია.

- გასული კვირის ყურადღების ცენტრში და ეს მოსალოდნელიც იყო, აღმოჩნდა რუსეთში მიმდინარე მოვლენები - პრეზიდენტის არჩევნების პირველი ტურის შემდეგ...

- ამასთან დაკავშირებით ასეთ პატარა კომენტრას გავაკეთებდი: რა თქმა უნდა, რუსეთის არჩევნების დღეს მთელი მსოფლის ყურადღების ცენტრშია. მე მხოლოდ ერთ საკითხს გამოვყოფდი. პრეზიდენტმა ელცინმა ყველაფერი გააკეთა რუსეთისთვის ამ საბედისწერო (ასე შეიძლება ითქვას) ეტაპზე, დემოკრატიისა და რეფორმების კურსის გასამარჯვებლად. განხორციელებული უპრეცედენტო (რა თქმა უნდა, ასეთი მომენტისთვის) საკადრო ცვლილებების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მან არჩევნების ჩაშლის ყოველგვარ ილუზიას ხაზი გადაუსვა. დღეს, მე მგონი, ყველას ესმის, ყოველ შემთხვევაში,

ყველას უნდა ესმოდეს, რომ დღვეანდელი რუსეთის პირობებში კურსის შეცვლა ბევრ უბედურებას მოუტანს ამ ქვეყანას არც სხვებს დაგვადგება კარგი დღე.

- განვლილ კვირას კიშინიოვის და ტირასპოლის მხარეების მორიგ მოლპარაკებაზე დადგინდა დნესტრისპირეთის სტატუსი - სახელმწიფო ტერიტორიული წარმონაქმნი მოლდოვის ერთიანი რესპუბლიკის ფარგლებში. ასე ეწოდა მას და მოლპარაკებების ოთხწლიანი რაუნდიც დასრულდა ვფიქრობ საკმაოდ კარგი და ნაყოფიერი შედეგით...

- ქართულ-ოსურ კონფლიქტში, დნესტრისპირეთის (მოლდავეთი) კონფლიტში მიღწეული პირველი დამაიმედებელი შეთანხმებები, პრეზიდენტ ელცინის ინიციატივით ჩეჩნეთში მშვიდობისათვის დაწყებული მოძრაობა იმაზე მიუთითებს, რომ დაიწყო ყოფილ საბჭოთა სივრცეში ცხელი წერტილების ჩაქრობის დიდი ხნის ნანატრი ტენდენცია, რა თქმა უნდა, საერთაშორისო ორგანიზაციების აქტიური მხარდაჭერითაც. ვფიქრობ, აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების დროც მოვიდა. ჩემი შთაბეჭდილება ასეთია: აფხაზთა დღევანდელ ლიდერებსაც ესმით, რომ საჭიროა დავიწყოთ სერიოზული ფიქრი და სერიოზული მოლაპარაკება ამ ცხელი წერტილის ჩასაქრობად. თუ 3 ივლისს რუსეთი პრეზიდენტ ელცინს მისცემს ხმას, კონფლიქტების მოგვარების პროცესი. ჩემი ღრმა რწმენით, სწრაფი ტემპით განვითარდება.

„ყოფილ საბჭოთა სივრცეში დაიწყო ცხელი წერტილების ჩაქრობის დიდი ხნის ნანატრი ტენდენცია“ / ე.შევარდნაძე ; [ჩაიწერა] ნატო ონიანმა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 25 ივნისი. - 122(2236). - 1,2 გვ.

66 მადლობა მეცნიერული ღვაწლისათვის

▲ზევით დაბრუნება


იუბილე

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. ნათიშვილის სახელობის ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელობას, თანამშრომლებს, ასპირანტებს

ბატონებო!

ნება მიბოძეთ, დაარსების ორმოცდაათი წლის იუბილე მივულოცო ყოფილი საბჭოთა კავშირის მასშტაბით მორფოლოგიის დარგში პირველ სამეცნიერო დაწესებულებას, ერთ-ერთ პირველს არა მარტო დაარსების თარიღით, არამედ თავისი მეცნიერული ღვაწლითა და მეცნიერული პოტენციალით.

ამ ინსტიტუტის დაარსებით ჩვენს მედიკოსებს მიეცათ საშუალება, ექსპერიმენტული მეთოდის ფართო დანერგვით თეორიული დისციპლინა - მორფოლოგია მჭიდროდ დაეკავშირებინათ პრაქტიკულ მედიცინასთან.

დიდია როგორც ინსტიტუტის, ისე მისი დამაარსებლის, აწ განსვენებულის აკადემიკოს ალექსანდრე ნათიშვილის ღვაწლი, როგორც თქვენი დისციპლინის განვითარებაში, ისე სამეცნიერო კადრების აღზრდასა და ჩამოყალიბებაში, რაზეც თქვენი ნაშრომთა კრებულები, მონოგრაფიები, თქვენთან დაცული დისერტაციები და საერთაშორისო მასშტაბით თქვენი ავტორიტეტი და საერთო კავშირები მეტყველებს.

უდავოდ აღსანიშნავია ისიც, რომ აქ რთულსა და ძნელ პერიოდში თქვენ შეძელით გადაგერჩინათ დამოუკიდებელი საქართველოს ინსტიტუტი და ყოველი თქვენგანიც.

დიდი მადლობა ამისათვის, დიდი მადლობა თქვენი მეცნიერული ღვაწლისათვის.

ღრმა პატივისცემით,
ედუარდ შევარდნაძე.

იუბილე : მადლობა მეცნიერული ღვაწლისათვის // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 26 ივნისი. - 123 (2237). - 1 გვ.

67 „დეკლარაციის ფონზე ახალფეხადგმულ დემოკრატიათა განვითარების, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის, ეკონომიკური აღორძინების, კონფლიქტების, მათ შორის აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების უფრო მეტი გარანტიები იქნება“

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 1 ივლისის რადიოინტერვიუ

- განვლილი კვირა კვლავ ეკონომიკური სტაბილურობით გამოირჩეოდა. შეიმჩნეოდა ერთი ტენდენცია - გარკვეული პროდუქციის ფასების შემცირება. გასული კვირის მთავარი მახასიათებელი იყო საქართველოს მიმართ ევროსტრუქტურების გარკვეული გააქტიურება - ამ თემაზე საუბრით დაიწყო საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის ტრადიციული რადიოინტერვიუ ჟურნალისტ ნატო ონიანთან.

- განვლილი კვირა საქართველოში, შეიძლება ითქვას ევროპის კვირა იყო, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. - ევროკავშირის ამიერკავკასიისა და შუა აზიის ქვეყნებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ბატონ ფოდიატისთან მოლაპარაკების უმნიშვნელოვანესი თემა იყო ევროკავშირის მიერ საქართველოსათვის გარკვეული მოცულობის სახსრების გამოყოფა სახელმწიფო ბიუჯეტის მეშვეობით სოფლის მეურნეობის და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დასაფინანსებლად. საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრისას, მაღალი შეაფსება მიეცა საქართველოს, აზერბაიჯანის, თურქმენეთისა და უზბეკეთის მიერ ხელმოწერილ სატრანზიტო მიმოსვლის ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზეც უკვე დაწყებულია ნავთობსადენის მშენებლობისათის საჭირო ტექნიკისა და მოწყობილობის შემოზიდვა. ყოველივე ეს ნაყოფიერ ნიადაგს უქმნის საერთაშორისო საფინანსო ორანიზაციების, უცხოელი ინვესტორების დაინტერესებასა და მათ მიერ კრედიტების გამოყოფას, ევროკავშირი აგრეთვე მხარს დაუჭერს მსოფლი სავაჭრო გაერთიანებაში საქაღთველოს ორგანიზაციაში როგორც ცნობილი გახდა, ამ ორგანიზაციაში მეთვალყურის სტატუსი უკვე მოგვანიჭეს. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ეს უაღრესად მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციაა და ვფიქრობ ამ ორგანიზაციაში გაწევრიანება შორეული მომავლის პერსპექტივა არ არის.

ამ ფონზე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ სულ უფრო ხელსაყრელი პირობები იქმნება საქართველოს და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის არსებული ურთიერთობის შემდგომი განვითარებისათის. ამ მხრივ ნიშანდობლივია ბანკის დირექტორთა დელეგაციის ვიზიტი საქართველოში.

ევრობანკის დახმარებითა და მისი ძალისხმევით გახდა შესაძლებელია თბილისის აეროპორტის რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის პროექტის დასრულება. დღის წესრიგ- ში დგას ენერგეტიკული სექტორისთვის გამოყოფილი 18 მილიონი დოლარი სეხის ათვისება, რომელიც რიონჰესის და გარდაბანის თბოელექტროსადგურის რეაბილიტაციის სამუშაოებს უნდა მოხმარდეს. ევრობანკს განზრახული აქვს ახლო მომვალში სხვა მნიშვნელოვანი პროექტებიც დააფინანსოს საქართველოში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და სერიოზული ვიზიტი იყო, შეიძლება უხლოეს წლებში ამ საკრედიტო ხაზებმა ათობით მნიშვნელოვანი პროექტი მოიცვას.

ევროპულ სტრუქტურებთან საქართველოს ინტეგრირებისა და თანამშრომლობის, კავკასიის პრობლემების, მართლმსაჯულების ახალი სისტემის შემუშავებისა და დამკვიდრების, აფხაზეთის პრობლემების და სხვათა შესახებ საქმიანი და პრობლემური საუბრები გაიმართა ევროპარლამენტის ამიერკავკასიის ქვეყნებთან ურთიერთობის დეპარტამენტის დელეგაციასთან.

ქვეყნის შიდა ეკონომიკური მოვლენებიდან, უნდა აღინიშნოს განვლილ კვირაში გამართული საქართველოს მთავრობის სხდომა, რომელიც ჩვენი ქვეყნის სოციალური სფეროს მნიშვნელოვან საკითხებს მიეძღვნა, კერძოდ განხილულ იქნა კანონპროექტი „სამედიცინო დაზღვევის შესახებ“ რომელიც ითვალისწინებს საქართველოში მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევის, როგორც ჯანდაცვაში რეფორმის ქვაკუთხედის, სავალდებულო და ნებაყოფლობით დაზღვევის სახით განხორციელებას. სავალდებულო დაზღვევა გავრცელდება საქართველოს ყველა მოქალაქეზე და განხორციელდება სახელმწიფო სავალდებულო სადაზღვევო პროგრამით, რაც უზრუნველყოფს მოქალაქის სამედიცინო მომსახურების ხარჯების დაფარვას შესაბამისი სახელმწიფო სამედიცინო პროგრამის ფარგლებში.

კანონპროექტი, რომელიც სერიოზულ დოკუმენტს წარმოადგენს და განვითარებული ქვეყნების გამოცდილებას ითვალისწინებს, განსახილველად გადაეცა პარლამენტს.

მოქალაქეთა ანაბრებზე არსებული ფულადი სახსრების ინდექსაციის მექანიზმი, რომელიც ფინანსთა სამინისტრომ წარმოადგინა, პრეზიდენტის პროგრამით გათვალისწინებული საკითხის გადაწყვეტის ცდაა. მას უდიდესი პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური დატვირთვა აქვს, რაც აძლიერებს ხელისუფლების პასუხისმგებლობას მისი განხორციელებისათვის. ამასთან დაკავშირებით მიზანშეწონილია გაგრძელდეს მუშაობა, ინდექსაციის უფრო ეფექტიანი მექანიზმის შერჩევის, საკონპენსაციო თანხების რაოდენობის და მათი ანაზღაურების რეალურ შესაძლებლობათა განსაზღვრის საკითხებზე იმ ვარაუდით, რომ მოსახლოების სოციალაურად დაუცველი ფენები და განსაკუთრებით ლტოლვილები, ამ პროცესმა უფრო ადრე და უფრო სრულად მოიცვას.

მთავრობამ აგრეთვე განიხილა, თუ როგორ მიმდინარეობს 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის ცნობილი მოვლენების დროს დაზარალებული თბილისელი მოსახლოებისთვის საცხოვრებელი სახლების აღდგენა-მშენებლობისა და მიყენებული მატერიალური ზარალის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტა. ამ საქმეში იგრძნობა გარკვეული გაუმჯობესება. კერძოდ, ქალაქის მერიის ძალიან დიდი მუშაობის შედეგად და ბუნებრივია, ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებითაც შარშან 68 ოჯახმა მიიღო ბინისათის სრული ფულადი კომპენსაცია, 28 ოჯახმა - ბინა, წელს კიდევ 50 ოჯახი შესახლდება ახალ ბინებში, დანარჩენი 180 ოჯახი კი - გაისად. ამავე დროს სპეციალური დავალებანი მიეცათ სამხარეო ადმინისტრაციათა ხელმძღვანელებს ქვეყნის სხვა რეგიონებში, განსაკუთრებით კი სამგრელოში (გახსოვთ, რა მძიმე დღეები გადაიტანა სამეგრელომ) სამოქალაქო კონფლიქტების დროს დაზარალებული მოსახლოებისათვის საცხოვრებელი სახლების აღდგენითი სამუშაოების პროგრამების შემუშავებისა და მათი რეალიზაციის საკითხების გადასაწყვეტად. რაც შეეხება ქონებრივ ანაზღაურებას, ეს რამდენამდმე უფრო რთული პრობლემაა, რომელზეც ვმუშაობთ. ახლა მთავარია, როგორმე აღდგეს სახლები, შემდეგ კი ერთობლივად უნდა მოვიფიქროთ იმის შესაბამისად, თუ რა შემოსავალი ექნება სახელმწიფოს.

ივნისის ბოლო კვირაში დაძაბული და ინტენსიური მუშაობა წარიმართა 6 თვის საბიუჯეტო შემოსავლის მობილიზაციისათვის. შაბათ-კვირას, 29 და 30 ივნისს ყველა საბანკო დაწესებულება მუშაობდა, რათა დროულად და სრულიად მომხდარიყო ბიუჯეტის კუთვნილი ნახევარი წლის თანხების ჩარიცხვა.

საგადასახადო ინსპექციის წინასწარი მონაცემებით, მის მიერ ჩარიცხულმა საგადასახადო შემოსავალმა ივნისში 28 მილიონ ლარს გადააჭარბა, ვარაუდობენ რომ დაზუსტების პროცესში ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება და უზრუნველყოფილი იქნება მეორე კვარტლის გეგმის შესრულება, რაც უდავოდ დიდი მონაპოვარია, თუკი ეს ასე მოხდება.

ინსპექციის მიერ წლის დასაწყისიდან ჩარიცხულია 110 მილიონი ლარი, რაც შარშანდელი ნახევარი წლის დონესთან შედარებით ორჯერ მეტია. წელს მეორე კვარტალში აკრეფილი საგადასახადო შემოსავალი 1,5 ჯერ და მეტად სჭარბობს პირველი კვარტლის მაჩვენებელს.

ასეთივე ტენდენციაა საბაჟო სისტემიდან მიღებულ საბიუჯეტო შემოსავალში - წლის დასაწყისიდან ბიუჯეტში გადაირიცხა თითქმის 23 მილიონი ლარი, რომელიც მთელი შარშანდელი წლის მაჩვენებელს 2,5 - ჯერ აღემატება. მეორე კვარტალში მიღებული შემოსავალი - 15, 6 მილიონი ლარი კი 2, 5 -ჯერ აღემატება, პირველი კვარტლის დონეს. მიუხედავად ზემოდ აღნიშნული დადებითი ძვრებისა, საბაჟო დეპარტამენტმა კიდევ უფრო უნდა გააძლიეროს საქმიანობა. საქმე ის გახლვათ, რომ მის მიერ ჩარიცხული სახსრები 6 თვისთვის განსაზღვრულ საპროგნოზო მაჩვენებელზე 2,5 მილიონი ლარით ნაკლებია.

ივნისის ბოლო რიცხვებში ცენტრალური ბიუჯეტის საკუთარი შემოსავლის საშუალო დღიური მაჩვენებელი გაორმაგდა და ეს 1,5 მილიონი ლარი შეადგინა. სიმართლე გითხრათ, ეს იმ მოლოდინსაც აჭარბებს, რომელიც მქონდა, - მე გაცილებით ნაკლებს ვვარაუდობდი. ყოველდღიურად მილიონ ნახევარი ლარი - ეს უდავოდ ახალი სერიოზული მიჯნაა. გრანტების სახით მიღებული პროდუქციის რეალიზაციის შედეგად შემოსავლის ივნისის გეგმაც ორჯერ და მეტად იქნა გადაჭარბებული, მაგრამ ეს ტემპი ჯერ კიდევ არ არის საკმარისი ცენტრალური ბიუჯეტის სახსრების მობილიზაციაში წლის დასაწყისიდან დაშვებული ჩამორჩენის დასაძლევად და საპროგრამო პარამეტრებზე გადასასვლელად.

მართალია პურის ფასები ლიბერალიზაცია ქვეყანაში ნორმალურად წარიმართა, მაგრამ სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ინფორმაციით, საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ დავალიანების დროულად დაფარვის საკითხი პრობლემურია და უნდა გადაწყდეს. რასაკვირველია, ამ პრობლემის წარმოშობა უშუალოდ პურის ფასების ლიბერალიზაციას არ უკავშირდება და უფრო ადრე პერიოდიდან მომდინარეობს, მაგრამ მისი მოუგვარებლობის შემთხვევაში საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის პურის მომარაგების შეწყვეტა, რაც საბაზრო ურთიერთობების მოთხოვნებიდან გამომდინარე სავსებით გამართლებული და მოსალოდნელია, უდავოდ, ამ პროცესსაც ჩრდილს მიაყენებს, ეს კი ყოვლად დაუშვებელია.

ეკონომიკურ სფეროში ჩვენი საქმიანობის დეტალური ანალიზი და შესაბამისი ამოცანები წარმოდგენილი იქნება მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე 15-დან 20 ივლისამდე. ყველა რეგიონის, რაიონისა და ქალაქის ხელმძღვანელები უნდა მოემზადნონ ანგარიშის ჩასაბარებლად და კიდევ ერთი საკითხი, როგორც მოგეხსენებათ, ინფლაციის დონე ქვეყანაში სტაბილურია და 2,2 პროცენტს შეადგენს (ყოველთვიურად) ასეთ ფონზე უდავოდ მნიშვნელოვანია ის ტენდენცია, რომელიც ფასთწარმოქმნის სფეროში ჩამოყალიბდა. მისასალმებელია, რომ პურის ფასების ლიბერალიზაციას თან სდევს სამომხმარებლო პროდუქციის ფასების არა მატება, არამედ შემცირება. ეს შემცირება საგრძნობია საშუალოდ 8-10 პროცენტის ფარგლებში.

ასეთი ტენდენცია გამოიკვეთა სამრეწველო პროდუქციის, მთელ რიგ სახეობათა მომსახურებასა და ბენზინის მიმართ, რომელთა ფასებმაც საკმაოდ დაიკლო. ეს მონაცემები, რომლებიც მიწოდებისა და მოხმარების შეფარდებას გამოხატავს, კვლავაც უნდა იყოს ხელისუფლების ადგილობრივი სტრუქტურების ყურადღების ცენტრში.

- გასული კვირის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა - ზუგდიდში გაიხსნა უნივრესიტეტის ფილიალი. თქვენი წინასაარჩევნო ჩასვლის დროს სამეგრელოს რეგიონში, სადაც მრავალ მოთხოვნათა შორის უნივერსიტეტის ფილიალის გახსნაც იყო, თქვენ დაპირდით ამას...

- მაშინ იქ მართლაც იყო ასეთი საუბარი და ასეთი დაპირებაც, რა თქმა უნდა წინასწარი კონსულტაციების შედეგად. ჩემი აზრით, ზუგდიდში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილიალის გახსნა მნიშვნელოვანი მოვლენაა. შემთხვევითი არ არის. ამ კუთხის მკვიდრთა გულსწრფელი სიხარულიც ამასთან დაკავშირებით. გაჩნდა ქართული კულტურის, განათლების, მეცნიერების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კერა, მისასალმებელია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, მისი რექტორის ბატონ როინ მეტრეველის სურვილი, რომ ზუგდიდის ფილიალში თავიდანვე სწავლებისა და სამეცნიერო საქმიანობის მაღალი დონე დამკვიდრდეს. საერთოდ მინდა ვთქვა, რომ სამეგრელოში იწყება სისხლსავსე შემოქმედებითი ცხოვრება. რეგიონი იშუშებს იმ ტკივილებსა და ჭრილობებს, რომლებიც არა მარტო ამ კუთხის მცხოვრებთ, არამედ მთელს საქართველოს აჩნდა დაღად. დიდია ამ მხარის ადმინისტრაციის, მისი თავკაცის ბონდო ჯიქიას დამსახურება, ქალაქების, რაიონების წინამძღოლთა როლი ვითარების გაჯანსაღებასა და საერთო აღმავლობის დაწყებაში და კიდევ ერთი რამ: როგორც ვიცი, წარმატებით გაიმართა ბრწყინვალე და დაუვიწყარი პოეტის ლადო ასათიანის დღეები ლეჩხუმში. რვა წლის შესვენების შემდეგ აღდგა „ცაგერობა“ - ეს მშვენიერი დღესასწაული. ლეჩხუმელებს ვულოცავ ამ სასიხარულო დღეებს.

- როცა ლაპარაკია საქართველოს ხვალინდელ დღეზე, უწინარესად გასათვალსისწინებელია მის მეზობელ ქვეყნებში არსებული პოლიტიკური სიტუაცია. ახლა პოლიტიკოსთა და ექსპერტთა საყოველთაო ყურადღების ცენტრშია თურქეთში მიმდინარე პროცესები, ერბაქანის ახალი მთავრობის ჩამოყალიბება. თურქეთში არჩევნების წინ გამოითქვა გარკვეული პროგნოზები, რომ ეს მკვეთრად ფუნდამენტალისტური ხასიათის პარტიაა, რომელიც მნიშვნელოვნად შეცვლის თურქეთის საგარეო პოლიტიკურ კურსს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იქედან გამომდინარე რომ თურქეთი ჩვენი მეზობელი და მეგობარი ქვეყანაა, რა თქმა უნდა, საქართველოს თითოეულ მოქალაქეში, ალბათ, ერთგვარ შეშფოთების გრძნობასაც გამოიწვევს თურქეთის პოლიტიკური კურსის მკვეთრი შეცვლა. როგორი იქნება თქვენი პროგნოზი ამასთან დაკავშირებით?

- ნდობის ვოტუმამდე, ალბათ, ცოტა ნაადრევია მთავრობის ამ შემადგენლობაზე საუბარი, მაგრამ მე მაინც ვიტყვი: თურქეთის ახალი მთავრობის იმ სახით ფორმირება, როგორც თქვენ აღნიშნეთ, დემოკრატიული არჩევნების ნების გამოხატულებაა. თურქეთი პოლიტიკა გარემომცველი სამყაროს მიმართ, ჩვენი აზრით არ შეიცვლება. ამის გარანტია ქვეყნის პრეზიდენტი, რომელსაც ძალიან დიდი, მძლავრი ძალაუფლება აქვს, თავად ნეჯმეთინ ერბაქანის ბოლოდროინდელი უაღრესად მნიშვნელოვანი განცხადებები, აგრეთვე მთავრობაში თანსუ ჩილერისა და მისი პარტიის ცნობილი მოღვაწეების მოსვლა საკვანძო პოსტებზე. ასეთია ჩემი მოკლე კომენტარი ამასთან დაკავშირებით.

- და ბოლოს, გასული კვირის ძალიან მნიშვნელოვანი, მასშტაბური მოვლენა: შვიდი წამყვანი სახელმწიფოს პირველი პირების შეხვედრა...

- რვა უდიდესი სახელმწიფოს მეთაურთა დეკლარაცია, რომელიც საფრანგეთის ქალაქ ლიონში მიიღეს, უდავოდ იმედის მომცემია, უდავოდ მისასალმებელია ის, რომ შვიდეულს ფაქტობრივად რუსეთი დაემატა და ახლა ვიმეორებ, ფაქტობრივად რვა სახელმწიფოა (კიდევ რაღაც ფორმალობანია გადასაწყვეტი) ახლა გიგანტების ხმა უფრო წონიანი, გავლენიანი და შეთანხბეული იქნება. დეკლარირებული პრინციპები იმ რეალობათა ასახვაა. რომლებიც თანამედროვე მსოფლიოში, მათ შორის თანამეგობრობის სივრცეში, კერძოდ კი, კავკასიაში მოხდა. დეკლარაციის ფონზე ახალფეხადგმულ დემოკრატიათა განვითარების, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის, ეკონომიკური აღორძინების, კონფლიქტების, მათ შორის აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების უფრო მეტი გარანტიები იქნება. განვითარებადი ქვეყნების დახმარება უფრო სისტემური და საგრძნობი გახდება. ამის შესახებ ერთსულოვნად გააკეთეს განცხადება ამ სახელმწიფოთა მეთაურებმა.

„დეკლარაციის ფონზე ახალფეხადგმულ დეოკრატიათა განვითარების, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის, ეკონომიკური აღორძინების, კონფლიქტების მათ შორის აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების უფრო მეტი გარანტიები იქნება“ / შევარდნაძე ედუარდ ; [ჩაიწერა] ნატო ონიანი // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 2 ივლისი. - 230(2244). - 1,2 გვ.

68 „როგორც მაგალითი მომავალი მეცნიერული თავდადებისა და ერისთვის უანგარო და სანაქებო სამსახურისა“

▲ზევით დაბრუნება


სიტყვა აკადემიკოს გიორგი ჩიტაიაზე

30 ივნისს საქართველოს ხალხური ხუროთმოძღვრებისა და ყოფის სახელმწიფო მუზეუმში გაიხსნა ქართული ეთნოგრაფიული სკოლის ფუძემდებლის, ამ მუზეუმის დამაარსებლის აკადემიკოს გიორგი ჩიტაიას ძეგლი. ამიერიდან იგი მხოლოდ სიმბოლურად კი არა, თვალსაჩინოდაც იქნება კუს ტბის ფერდობზე შეფენილი ამ „პატარა საქართველოს“ მფარველი, მფარველი იმ მუზეუმისა, რომლის შექმნის იდეასაც მან ორმოცი წელი შესწირა და რომელიც ახლა მის სახელს ატარებს.

ამ მუზეუმმა, რომელიც მოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხის ხალხური ხუროთმოძღვრების ეთნოგრაფიული კომპლექსები კი არ შემოგვინახა, მხოლოდ ის კი არ დაანახა ჩვენს მოზარდ თაობას, რომ ქართველი კაცი ლამაზ და მშვენიერ სამყაროს ქმნიდა, არამედ ისიც, რომ თბილისი დაამშვენა და გაამდიდრა ამ კომპლექსმა, რომ თბილისში ყოველივე ამით თავი მოიყარა მთელი საქართველოს მშვენიერი სულის მატერიალურმა გამოხატულებამ.

ამდენად, მეტად დიდია ამ მუზეუმის მნიშვნელობა საქართველოსთვის, მაგრამ მუზეუმის მნიშვნელობაზე არანაკლებია მისი შემქმნელის და დიდი მეცნიერის გიორგი ჩიტაიას მნიშვნელობა, მეცნიერის, რომელმაც მარტო დამოუკიდებელ მეცნიერულ დისციპლინად კი არ ჩამოაყალიბა ქართული ეთნოგრაფიული მეცნიერება, არამედ შესანიშნავ მეცნიერთა მთელი თაობები აღზარდა.

ეს ძეგლი მათი მადლობის ერთი გამოხატულებაა.

აკადემიკოსი გიორგი ჩიტაია იმ მეცნიერთა რიცხვს ეკუთვნის, რომელთაც მეცნიერება ეროვნული თვითშეგნების ამაღლების სამსახურში ჩააყენეს, ეკუთვნის იმ მეცნიერთა რიცხვს, რომელთა ნაღვაწი მუდმივად რჩება, როგორც მაგალითი მომავალი თაობისთვის მეცნიერული თავდადებისა და ერისთვის უანგარო და სანაქებო სამსახურისა.

საქართველო არსებობს გეოგრაფიულ სივრცეში, საქართველო არსებობს რუკაზე და საქართველო არსებობს გიორგი ჩიტაიას სახელობის მუზეუმშიც, კუს ტბის ფერდობზე შეფენილი.

გიორგი ჩიტაიას სახელი სამივე საქართველოსთანაა დაკავშირებული.

„მადლობა ყველა უსახელო ხუროსა და ოსტატს, რომელთა მარჯვენამ განადიდა საქართველო, შექმნა მსოფლიო მნიშვნელობის უნიკალური კულტურის საგანძური“, მადლობა ამ სიტყვების ავტორს, აკადემიკოს გიორგი ჩიტაიას, რომელმაც გამოამზეურა, გააანალიზა და თაობებს შეუნახა ეს ყოველივე.

ე. შევარდნაძე.

„როგორც მაგალითი მომავალი მეცნიერული თავდადებისა და ერისთვის უანგარო და სანაქებო სამსახურისა“ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 2 ივლისი. - 230(2244). - 1 გვ.

69 საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე რუსეთის პრეზიდენტის არჩევნების შესახებ

▲ზევით დაბრუნება


4 ივლისს საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საკონსულტაციო ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე ქვეყნის ქვეყნის პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ გააკეთა განცხადება რუსეთის პრეზიდენტის არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით:

3 ივლისი ისტორიული დღეა არა მარტო რუსეთისათვის... რევოლუციების გადატრიალებათა და სისხლისღვრის გარეშე რუსეთის ხალხებმა დააკანონეს ახლი საზოგადოებრივ-პოლიტიკური წყობა.

გუშინდელი არჩევნების შედეგები უნიკალური წვლილია მსოფლიო დემოკრატიის გამარჯვებაში, ტოტალიტარიზმის დასახმარებაში.

მე უკვე ვთქვი ამ რამდენიმე დღის წინათ, რომ რუსეთი ირჩევს არა მარტო პრეზიდენტს, არამედ წყობას, სახელმწიფო მართვის სისტემას. მადლობა ღმერთს, რომ არჩევანი სწორი გამოდგა.

პრეზიდენტმა ბორის ელცინმა შეუძლებელი შესძლო. მისი გმირობის წყალობით ოთხმოცდაათიანი წლების რუსეთი საბოლოოდ დაადგა ფუნდამენტური რეფორმების და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის გზას.

რას მოუტანს რუსეთის პრეზიდენტის არჩევნები საქართველოს, მთელ კავკასიას?

უპირველეს ყოვლისა, დაჩქარდება კონფლიქტების მოწესრიგების პროცესი და მშვიდობიანი კავკასია, მშვიდობიანი საქართველო რეალობად იქცევა.

4 ივლისი, 1996 წელი.
პრეზიდენტის პრესსამსახური - საქინფორმი.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე რუსეთის არჩევნების შესახებ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 6 ივლისი. - 133-134 (2248). - 1 გვ.

70 „თუ უშიშროების საბჭო ამჯერად მიიღებს სერიოზულ, პრინციპულ რეზოლუციას აფხაზეთში კონფლიქტის თაობაზე, იგი ამით უდავოდ შეუწყობს ხელს კონფლიქტის მოგვარების პროცესის დაჩქარებას“

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 8 ივლისის რადიოინტერვიუ

- განვლილი ეკონომიკური კვირის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, ალბათ, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში სტუმრის სტატუსით საქართველოს გაწევრიანება. ეს იმ ეკონომიკური რეფორმის კიდევ ერთი აღიარებაა, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს... - ამ თემაზე პასუხით დაიწყო საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევერდნაძემ თავისი ტრადიციული რადიოინტერვიუ ჟურნალისტ ნატო ონიანთან.

- მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში მეთვალყურის სტატუსი ამ უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ეკონომიკური ორგანიზაციის წევრობის აუცილებელი პირობაა. თუ საქართველო კვლავაც რეფორმებისა და დემოკრატიზაციის გზით ივლის, გაწევრიანება შეიძლება ერთი წლის - წლინახევრის ფარგლებში მოხდეს. სასურველია, რომ პრესამ და ტელევიზიამ მოქალაქეებს გააცნონ ამ ორგანიზაციის არსი და ჩვენი ქვეყნისათვის მისი მნიშვნელობა. ეს მნიშვნელობა კი ჩვენთვის ძალიან დიდია და კიდევ ერთ მიჯნას გადავლახავთ, რომელსაც მსოფლიო ეკონომიკაში ინტეგრირებისაკენ მივყავართ.

ახლა მოკლედ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ცხოვრების შესახებ.

ეკონომიკური ცხოვრებისთვის ყოველდღიურობის ნიშნად იქცა რეფორმების არეალის გაფართოება. ამ თვალსაზრისით, ნიშანდობლივი იყო განვლილი კვირა, როცა მათვრობის სხდომაზე სერიოზული მსჯელობის, უფრო ადრე საკონსულტაციო ეკონომიკურ საბჭოზე განხილვის შედეგების გათვალისწინებით პრეზიდენტმა მიიღო ბრძანებულება „ელექტროენერგეტიკული სექტორის რესტრუქტურიზაციის შესახებ“

ეკონომიკისა და საერთოდ ქვეყნის განვითარებისთვის ამ საარსებო მნიშვნელობის დარგის რეორგანიზაციის პროცესი, რომელიც ჩვენი უცხოელი მეგობრებისა და ექსპერტების დახმარებით კარგა ხანია მზადდებოდა, გაჭიანურებული ენერგეტიკული კრიზისის დაძლევის საფუძველს შექმნის. გათვალსიწინებულია რაციონალური სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების, რეგულირების ფუნქციისა და კომერციული საქმიანობის გამიჯვნის, დემონოპოლიზაციისა და კერძო მესაკუთრეობის მძლავრი სტიმულების ამოქმედების კონკრეტული და თანამიმდევრული ღონისძიებები. საქენერგოს ბაზაზე ჩამოყალიბდა ფინანსურად დამოუკიდებელი სამი ქვესექტორი - გენერაციის, გადაცემა - დისპეჩერიზაციისა და განაწილების. სამივე სექტორში გათვალსიწინებულია აქციონირებისა და პრივატიზაციის ეტაპობრივი განხორციელება, რამაც დარგში ეკონომიკური პასუხისმგებლობისა და ინვესტირებისათვის ხელსაყრელი გარემო უნდა შექმნას ენერგეტიკოსთა და მომხმარებელთა მატერიალური ინტერესების გათვალსიწინებით. ენერგეტიკის მასშტაბურობიდან და გადამწყვეტი სახალხო- მეურნეობრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ეს პროცესი გარკვეულ დროს მოითხოვს, მაგრამ მისი პირველი შედეგები ენერგიის მიწოდებისა და საფასურის გადახდის გაუმჯობესების თვალსაზრისით, მომხმარებელმა და თვით დარგმა უკვე წლევანდელი ზამთრის სეზონის დადგომისთანავე უნდა იგრძნოს და ვფიქრობ ეს ასეც იქნება.

ეკონომიკის სექტორში რეფორმის გაღრმავების გაღრმავების საჭიროება წინა პლანზე იდგა პრეზიდენტთან არსებული საკონსულტაციო ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე, რომელიც საზღვაო ტრანსპორტის განვითარების პროგრამას განიხილავდა. ასე საფუძვლიანად და ღრმად ამ ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ პირველად შევეხეთ ამ პრობლემას.

საკითხის აქტუალურობას, რასაკვირველია, კომენტარი არ სჭირდება, თუკი გავითვალისწინებთ, რომ ჩვენი მაგისტრალები უკვე ევროპულ საკომუნიკაციო სტრუქტურებად მიიჩნევა და ამასთანავე შორს არ არის ის დრო, როდესაც, როგორც ევრაზიის დერეფნის საკვანძო მონაკვეთს. კარს მოგვადეგება ამიერკავკასიის, შუა აზიის, რუსეთის, თურქეთისა თუ სხვა ქვეყნების საკმაოდ დიდი მოცულობის ტვირთნაკადები და მათი ზღვით ტრანსპორტირება მომსახურების უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად, სწორედ ჩვენი საზღვაო არტერიის მეშვეობით უნდა მოხდეს. ასეთივე ტვირთნაკადები იქნება ევროპიდან და დასავლეთიდან. ამიტომაც უკვე დღეიდან ინტენსიურად უნდა ვიზრუნოთ საზღვაო დარგის მართვის არსებული სტრუქტურის გაუმჯობესების, საზღვაო ტრანსპორტისა და ნავსადგურების განვითარების, საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნის პროგრამების განხორციელებისათვის. აქედან გამომდინარე, დასახული სერიოზული ღონისძიებების დადებითად შეფასებასთან ერთად, საბჭომ მიზანშეწონილად მიიჩნია გაგრძელდეს ამ მიმართულებით მუშაობა. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს დარგის ფუნქციას და ქვეყნის მთლიან სატრანსპორტო სისტემაში მისი ადგილის განსაზღვრას, ყველა სხვა სახეობის ტრანსპორტთან მჭიდრო ურთიერთკავშირის ამოცანათა გათვალსიწინებით. საფუძვლიანად არის შესამუშავებელი საბორნე ხაზებზე ძირითად ტვირთმზიდად ჩვენი დამკვიდრების პრობლემები, დასახვეწია სატარიფო სისტემა, მისაღებია საზღვაო კოდექსი. დიდი სიფრთხილითა და პასუხისმგებლობით უნდა გავიაზროთ დარგში კერძო საკუთრების დამკვიდრების, ფლოტისა და განსაკუთრებით, ნავსადგურების აქციონირების საკითხები. აქ არც აჩქარება შეიძლება და არც ზედმეტი დაგვიანება.

როგორც ენერგეტიკის, ასევე ტრანსპორტის რეფორმირების საქმეში გადამწყვეტი სიტყვა, ეკონომიკურ სამსახურებთან ერთად, ახლად ჩამოყალიბებულმა დარგობრივმა სამინისტროებმაც უნდა თქვან. კერძოდ, ენერგეტიკის და ტრანსპორტის სამინისტროებმა, რომლებიც საკმაოდ აქტიურად შეუდგენენ საქმიანობას. მათ დიდი შრომა მოუწევთ ქვეყნის შიგნითაც და საერთაშორსო ასპარეზზეც.

ამ უმსხვილესი სახალხო-სამეურნეო კომპლექსის რესტრუქტურიზაციის განხორციელებისათვის მეტად მნიშვნელოვან ფონს ქმნის ქვეყნის ეკონომიკურ სტრუქტურაში უკვე მომხდარი ძირეული ძვრები.

ჩვენში საბაზრო ურთიერთობის დამკვიდრების რეალურობის ერთ-ერთ მაჩვენებლად შეიძლება მივიჩნიოთ, კერძო სექტორის სულ უფრო მომძლავრება და მისი გადამწყვეტი როლი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის წარმოებასა და მატებაში. შესაბამისი მონაცემებით, კერძო სექტორი (ეს არა მარტო ჩვენი, არამედ უცხოელი სპეციალისტების მონაცემებითაც) ამჟამად მთლიანი შიდა პროდუქტის 75 პროცენტს აწარმოებს. ამასთანავე კერძო სექტორი დომინირებს არა მარტო ვაჭრობაში (სადაც მისი წილი 88 პროცენტია) არამედ უკვე ეროვნული ეკონომიკის სხვა დარგებშიც ენიჭება განსაკუთრებული როლი. კერძო სექტორის მიერ წარმოებული სამრეწველო პროდუქცია მრეწველობის სექტორის მიერ წარმოებული საერთო მოცულობის 65 პროცენტს შეადგენს, სოფლის მეურნეობაში - 77, ტრანსპორტზე - 82 პროცენტს.

ასეთი მდგომარეობა მნიშვნელოვანწილად განაპირობა ქვეყნაში მასობრივი პრივატიზაციის წარმატებულმა განხორციელებამ. ეკონომიკური რეფორმების ეს უაღრესად მნიშვნელოვანი ეტაპი - მასობრივი პრივატიზაციის პროცესი, პირველ ივლისს დასრულდა და როგორც წინასწარი მონაცემები ცხადყოფს, დასრულდა საგრძნობი შედეგებით. კერძოდ, 5 მილიონ 150 ათასი მოქალაქიდან საპრივატიზაციო ბარათი (ვაუჩერი) მიიღო 4 მილიონ 260 ათასმა კაცმა ანუ 83 პროცენტმა, დარიგებული ვაუჩერების გამოყენების მაჩვენებელია 88 პროცენტი, რაც საკმაოდ დიდია. დაახლოებით 22 მილიონი დოლარის ქონება საწარმოთა კოლექტვების 200 ათასზე მეტმა მუშაკმა უფასოდ მიიღო, ხოლო ვაუჩერებით პრივატიზებულია დაახლოებით 120 მილიონი დოლარის სახელმწიფო ქონება. სპეციალიზებულ საბარათო აუქციონებზე 1 ვაუჩერად შესყიდულია 35 დოლარის სახელმწიფო ქონება, ხოლო იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ აღნიშნული ქონება სახელმწიფოს მიერ შეგნებულად, მოსახლეობისა და მეწარმეთა ინტერესების გათვალისწინებით, საბაზრო ფასებზე დაახლოებით 10-ჯერ ნაკლებად არის შეფასებული, ეს საკმაოდ სოლიდური ღირებულების ქონებაა. ესე იგი, 35 ათასი ლარი თუ 10-ჯერ ნაკლებადაა შეფასებული, ეს 350 ლარამდე იზრდება. ყოველივე ეს კი ემსახურება იმ ამოცანებს, რომელთა შესახებაც არაერთხელ გვილაპარაკია, მათ შორის, ჩემს გამოსვლებშიც, - ქვეყანაში უნდა ჩამოყალიბდეს მესაკუთრეთა მყარი ფენა, რაც თავისთავად სახელმწიფოს სიმტკიცისა და სტაბილურობის გარანტია იქნება.

დამაიმედებელი მონაცემებია ფინანსთა სამინისტროდან, წელს პირველად შესაძლებელი გახდა ცენტრალური ბიუჯეტის შემოსავლის თვიური საგეგმო მაჩვენებლის შესრულება. ივნისში, წინასწარი მონაცემებით, გეგმა 20 პროცენტით არის გადაჭარბებული, რაც ბევრად შეუწყობს ხელს წლის პირევლი ნახევრის გეგმის შესრულების მაჩვენებლის გაუმჯობესებას. უფრო დეტალურად ჩვენ ვისაუბრებთ მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე, რომელიც 19-20 ივლისს გაიმართება და ამიტომ ახლა უფრო დეტალურ ანგარიშს აღარ წარმოგიდგენთ.

- შარშან დაწყებული კულტურათა დიალოგის თემა შეიძლება ითქვას, საქართველოსთვის დღემდე აქტუალურია. ეს მომენტი ერთი მიზეზის გამო გავიხსენეთ: გასულ კვირას საქართველოში სტუმარდ იყო ჩრდილეოეთ ოსეთის - ალანიის რესპუბლიკის კულტურის მუშაკთა დელეგაცია და შეიძლება ითქვას, ისინი, ისევე როგორც ქართული კულტურის მოღვაწენი, ცდილობენ თავიანთი, ალბათ არცთუ უმნიშვნელო სიტყვა თქვან იმ პროცესების მოწესრიგებაში, რომელსაც ქართულ-ოსური ურთიერთობა ჰქვია და ალბათ ისიც უნდა ითქვას, რომ თავის დროზე ეს ურთიერთობა თუ რამეს ეყრდნობოდა, უწინარესად, კულტურათა დიალოგსა და კულტურათა ურთიერთობას და კიდევ განვლილ კვირას თბილისის ოპერის თეატრში ქუთაისის ხელოვნების მოღვაწენი ერთგვარი ანგარიშით წარსდგნენ მაყურებლის წინაშე, რომელსაც თქვენც ესწრებოდით...

- გეთანხმებით, კულტურათა დიალოგის შესანიშნავი გაგრძელება იყო თბილისში გამართული საღამო, მე ასე დავარქმევდი - ქართულ-ოსური საღამო, არ შემიძლია რამოდენიმე სიტყვა არ ვთქვა ამასთან დაკავშირებით. ოპერისა და ბალეტის თეატრში გამართული ქართულ-ოსური საღამო იმ პოზიტიური ძვრების ანარეკლია, ამ ორი ხალხის ურთიერთობაში რომ მოხდა ამ ბოლო დროს. დაიწყო ქართველების და ოსების ისტორიული მეგობრობისა და ძმობის საუკეთესო, საუკუნოვანი ტრადიციების აღდგენა და მე დარწმუნებული ვარ, რომ შორს არ არის ის დრო, როცა კონფლიქტს, დაღვრილ სისხლს ჩვენი ხალხები კოშმარული სიზმარივით გაიხსენებენ.

ქუთაისლების პარიზში სტუმრობამ დიდი აღმავლობით ჩაიარა. პარიზიდან მიღებული ინფორმაცია უაღრესად სასიხარულოა. ქუთაისელთა პარიზული დღეები ქართული კულტურის, საქართველოს ინტელექტუალური პოტენციალის კიდევ ერთი დემონსტარცია გახდა. მადლობა უნდა ვუთხრათ ქუთათურებს, თბილისელებს, რომ გახსნეს პარიზში წარმოდგენილი გამოფენა, აჩვენეს საკონცერტო ნაწილი, მათ, ისევე როგორც პარიზელების, თბილისელთა მხურვალე ოვაციები დაიმსახურეს. საერთოდ კი მისასალმებელია, რომ დასავლეთ საქართველოში, კერძოდ ქუთაისში შემოქმედებითი ცხოვრება აღმავლობის გზაზეა, რაც უწინარესად წესრიგის და სტაბილურობის ფონზე გახდა შესაძლებელი.

- და, ბოლოს უშიშროების საბჭო ამ დღეებში (ზუსტი დრო ჩვენთვის ცნობილი არ არის ) უკვე მერამდენედ აფხაზეთის კონფლიქტის საკითხს განიხილავს...

- ეს განხილვა, ჩვენი მონაცემებით, 12 ივლისს უნდა გაიმართოს. ახლა ჩვენ საკმაოდ აქტიურ დიპლომატიურ აქციებს მივმართავთ. კონტაქტები გვაქვს სხვადასხვა ქვეყნის, კერძოდ, უშიშროების საბჭოს მიდმივი წევრების წარმომადგენლებთან აქაც, საქართველოში, და იქაც, ნიუ-იორკში, მათს დედაქალაქებში, მიმდინარეობს სერიოზული მუშაობა რუსეთის წარმომადგენლობასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, პრეზიდენტის სტრუქტურებთან და თუ მოხერხდა,რომ უშიშროების საბჭო ამჯერად სერიოზულ, პრინციპულ რეზოლუციას მიიღებს აფხაზეთში კონფლიქტის თაობაზე. იგი ამით უდავოდ დიდად შეუწყობს ხელს კონფლიქტის მოგვარების პროცესის დაჩქარებას.

მე გადავწყვიტე სპეციალური წერილით მივმართო უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეს, აგრეთვე გენერალურ მდივანს და შევეცადო განვმარტო, თუ რა დადებითი შედეგები შეიძლება მოჰყვეს უშიშროების საბჭოს, ვიმეორებ, პრინციპულ რეზოლუციას ამ საკითხზე.

ამავე დროს მინდა ნათქვამს დავუმატო ისიც, რომ რუსეთის პრეზიდენტის არჩევნებში ბორის ელცინის გამარჯვების შემდეგ შეიქმნა უაღრესად ხელსაყრელი პირობები, რომ საერთოდ დაჩქარდეს ამ კონფლიქტის მოგვარება და მოწესრიგება. რა თქმა უნდა, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული სწორედ რუსეთზე, მის ხელმძღვანელობაზე, პრეზიდენტსა და მის კოლეგებზე.

ჩვენ მუდმივი კონტაქტი გვაქვს წარმომადგენლებთან. ამ ბოლო დროს გამოიკვეთა ოთხმხრივი ქართულ-აფხაზური დიალოგის საკმაოდ საინტერესო ტენდენცია. მოგეხსენებათ, რომ ეს შეუძლებელი იყო გარკვეულ ეტაპზე. ახლა აფხაზეთის მხარეც, კერძოდ ბატონი არძინბაც, ჩვენც დაინტერესებულ ვართ, რომ ასეთი კონტაქტები, ასეთი ურთიერთობა ასეთი დიალოგი განვითარდეს. არის ცალკეული შეხვედრები, ვფიქრობ, გვეძლევა საშუალება, უფრო მაღალ დონეზე და უფრო აქტიურად გამოვიყენოთ კონფლიქტის მოგვარების აქამდე გამოუყენებლი შესაძლებლობა.

„თუ უშიშროების საბჭო ამჯერად მიიღებს სერიოზულ, პრინციპულ რეზოლუციას აფხაზეთში კონფლიქტის თაობაზე, იგი ამით უდავოდ შეუწყობს ხელს კონფლიქტის მოგვარების პროცესის დაჩქარებას“ / შევარდნაძე ედუარდ ; [ჩაიწერა] ნატო ონიანი // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 9 ივლისი. - 135(2249). - 1,2 გვ.

71 „დიდი მადლობა იმ ღვთისნიერებისათვის, რასაც იტალიელი ხალხი იჩენს ჩვენი ბავშვების მიმართ“

▲ზევით დაბრუნება


ქალაქ პალერმოს მერს ბატონ ლეოლუკა ორლანდოს
ქალაქ მენფის მერს ბატონ ვინჩენცო ლოტას
პატივცემულო ბატონებო,

მინდა გულითადად მოგესალმოთ და თქვენი სახით მადლობა ვუთხრა ყველა სიცილიელს, ვინც გულთან ახლო მიიტანა ჩვენი ხალხის გასაჭირი და უკვე სამი წელიწადია ყურადღებას და მზრუნველობას არ აკლებს აფხაზეთიდან გადმოხვეწილ ასობით პატარა ქართველს, რომელთაც ბედმა მწარე ბავშვობა არგუნა.

მე ვიცი, რომ ქართველი ბავშვები თქვენთან თავს ჩინებულად გრძნობენ, გარემოცულნი არიან საყოველთაო სიყვარულითა და პატივისცემით, ეზიარებიან იტალიელი ხალხის უძველეს და უმდიდრეს კულტურას, სწავლობენ არა მარტო თქვენს მშვენიერ ენას, არამედ იმასაც თუ როგორ უნდა გიყვარდეს მოყვასი შენი.

ისიც შევიტყვე, რომ თითოეული ბავშვი აყვანილი იყო მკაცრ სამედიცინო კონტროლზე და ბევრ მათგანს გაუწიეს მკურნალობა, აღმოუჩინეს სხვადასხვა სახის ქირურგიული დახმარება.

ჩემთვის ცნობილია ის ადამიანები, რომელთაც უანგარო დახმარება გაუწიეს ქართველ ბავშვებს, თავიანთ თავზე აიღეს პატარა ლტოლვილების ურთულესი ოპერაციები.

მენფელი პაოლა და ბართლომეო რაზოების ოჯახის დამსხურებაა მთლიანად, რომ მათი შვილობილი, პატარა ნათია ფიფია, დღეს ცოცხალია და გამოჯანმრთელების გზას ადგას.

ხერხემლის სრული დეფორმირების გამო ბავშვის სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა. კარგად მესმის, თუ რა ძვირი ჯდება ასეთი ხასიათის ოპერაცია და რა დიდია მასთან დაკავშირებული ხარჯები, მაგრამ ისიც გავიგე, რომ ცნობილმა დოსტაქარმა ჯუზეპე მარანცამ და მისმა ასისტენტებმა უარი განაცხადეს კუთვნილ ჰონორარზე.

დიდი მადლობა ყოველივე ამისათვის, დიდი მადლობა იმ ღვთისმიერებისათვის, რასაც იტალიელი ხალხი იჩენს ჩვენი ბავშვების მიმართ. მინდა მადლობა ვუთხრა ასოციაცია „ლიბელულას“ და „საქართველო-იტალიის“ საზოგადოებას, რომელთა ინიციატივით და ხელშეწყობით განხორციელდა ამ გაზაფხულზე 150-მდე ლტოლვილი ბავშვის 3,5 თვით სიცილიაში მიწვევის და დასვენების ორგანიზაცია.

რამდენიმე დღის წინ ქართველი ბავშვები სამშობლოში მშვიდობით დაბრუნდნენ.

ვსარგებლობ შემთხვევით და გთხოვთ ჩემი გულწრფელი სალამი და ღრმა პატივისცემა გადასცეთ თბილისთან დაძმობილებული ქალაქის პალერმოს და ახლადშეძენილი მეგობარი ქალაქის მენფის მკვიდრთ.

უანგაროდ გამოწვდილი დახმარების ხელი ყოველთვის ბედნიერებაა, დღეს კი, ჩვენს სიტუაციაში - ათმაგი ბედნიერება.

პატივისცემით,
ედუარდ შევარდნაძე

„დიდი მადლობა იმ ღვთისნიერებისათვის, რასაც იტალიელი ხალხი იჩენს ჩვენი ბავშვების მიმართ“ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 11 ივლისი. - 137(2251). - 1 გვ.

72 „მსოფლიო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მისი საზღვრების შეუვალობას, აფხაზეთის სტატუსის საკითხის მხოლოდ და მხოლოდ ერთიანი საქართველოს ფარგლებში გადაწყვეტას“

▲ზევით დაბრუნება


- დღევანდელ ინტერვიუს ეკონომიკის თემით არ დავიწყებთ, რადგან გასულ კვირაში აფხაზეთის პრობლემასთან დაკავშირებით უაღრესად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო მიღებული, ქრონოლოგიურად რომ ჩამოვყვეთ, შეიძლება ითქვას, რომ აფხაზეთის თემა საერთოდ მეტნაკლებად განიხილებოდა განვლილ კვირაში, ვგულისხმობ სხვადასხვა პრესკონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებებს. შემდეგ, გასულ კვირაში გაიმართა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა, რომელზეც განიხილეს აფხაზეთში მოწესრიგების სრულმასშტაბიანი პროგრამა და რაც მთავარია, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა, რომელზეც მიიღეს განსხვავებული აქცენტებისა და შეიძლება ითქვას განსხვავებული ტონალობის რეზოლუცია. ამაზე ექსპერტებმა ილაპარაკეს. ალბათ, ძალიან საყურადღებოა ერთი მომენტი, როგორც ბატონმა პეტრე ჩხეიძემ ბრძანა, განხილვის პროცესში ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელმა გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ სეპარატისტები დღეს დამოუკიდებლობისა და გამოყოფისთვის იბრძვიან, მაგრამ მათ ამის იმედი ნუ ექნებათ, ეს არასოდეს არ მოხდებაო... - ამ თემაზე საუბრით დაიწყო საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ თავისი ტრადიციული რადიოინტერვიუ ჟურნალისტ ნატო ონიანთან.

- მე შევეხები უშიშროების საბჭოს სხდომას. რეზოლუცია, რომელიც 12 ივლისს მიიღეს ნიუ-იორკში, კიდევ ერთი ეტაპია აგრესიული სეპარატიზმის იზოლირებისა და კონფლიქტების მშვიდობიანი მოწესრიგების გზაზე. რეზოლუცია, თუ შეიძლება ასე ითქვას, აღმავლობითი ხასიათისაა, რასაც ადასტურებს ამ დოკუმენტის მეტი პრინციპულობა, შეფასებათა და მოთხოვნათა მეტი კატეგორიულობა, უშიშროების საბჭოს რეზოლუციის მომზადებასა და მიღებაში უდიდესი როლი შეასრულეს საქართველოს მეგობარი ქვეყნების - უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრების დელეგაციებმა (მათ არ ჩამოვთვლი, ეს ყველასათვის ცნობილია) და აგრეთვე გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ, რომელიც არ არის უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი, მაგრამ ამ საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორია.

რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსი განიხილება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოს შემადგენლობაში, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრული პატივისცემის გათვალისწინებით. საბჭო გასაოცარ შეშფოთებას გამოთქვამს აფხაზეთში, კერძოდ, გალის რაიონში მოსახლეობის უსაფრთხოების გაუარესების გამო. უშიშროების საბჭო სავსებით სამართლიანად გამოთქვამს შეშფოთებას მოლაპარაკების პროცესში აფხაზთა უკომპრომისო პოზიციის გამო. ხაზგასმულია ლტოლვილთა და იძულებით ადგილნაცვალ პირთა უფლება - უსაფრთხო პირობებში დაუბრუნდნენ თავიანთ საცხოვრებელ ადგილებს. საბჭო გმობს აფხაზთა მოქმედებას ლტოლვილთა დაბრუნების სისტემატიური ჩაშლისათვის. ისიც არის ნათქვამი, რომ ლტოლვილთა დაბრუნების აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსის განსაზღვრასთან დაკავშირება მიუღებელია. ამას ვიმეორებ რამდენჯერმე, რადგან ჩვენ ცოტა სხვა მიდგომა გვქონდა, და მიგვაჩნია რომ ეს პარალელური პროცესია. უშიშროების საბჭომ ამას განსაკუთრებით გაუსვა ხაზი. დაბრუნების გრაფიკის შედგენა და მისი შესრულება აუცილებელია.

უშიშროების საბჭო ერთხელ კიდევ იმოწმებს ბუდაპეშტის უმაღლესი დონის შეხვედრის გადაწყვეტილებებს და ადასტურებს, რომ მიუღებლად მიაჩნია კონფლიქტის შედეგად გამოწვეული დემოგრაფიული ცვლილებები. გახსოვთ, ალბათ, ბუდაპეშტის შეხვედრის განცხადება-რეზოლუცია, რომელმაც აღიარა ეთნოწმენდა აფხაზეთში. ახლა ლაპარაკია იმაზე, რომ ამ ეთნოწმენდის შედეგად გამოწვეული დემოგრაფიული ცვლილებები სრილიად მიუღებელია უშიშროების საბჭოსა და მსოფლიო საზოგადოებრიობისათვის დაგმობილია ეთნიკური მკვლელობანი და მასთან, ესე იგი, ეთნიკურ მომენტთან დაკავშირებული ძალადობის აქტებით მოსახლეობის გამოძევება. დგას საკითხი, რომ აუცილებელია გაიხსნას სოხუმში ადამიანის უფლებათა დაცვის შტაბ-ბინა.

უაღრესად მნიშვნელოვანია დებულება - განხილულ იქნეს საკითხი, რომ გაერომ ტექნიკური და ფინანსური დამხარება გაუწიოს აფხაზეთსა და საქართველოს, კონფლიქტის პოლიტიკური მოწესრიგების შემთხვევაში. რეკონსტრუქციისა და აღდგენისათვის. ეს სტიმულია იმისათვის, რომ მშვიდობიანი მოწესრიგების პროცესში ჩაებას არა მარტო დევნილი მოსახლოება, არამედ აფხაზეთში დარჩენილი მოქალაქენიც, რომლებიც დაინტრესებული უნდა იყვნენ შერიგების პროცესის გაჩქარებით, რადგან ამას მოჰყვება მათი ცხოვრების დონის სწრაფი გაუმჯობესება.

ერთხელ კიდევ შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის კონფლიქტიმთელი საერთაშორისო საზოგადოებრიობის ყურადღების ცენტრშია. უშიშროების საბჭოს 14 რეზოლუცია, უშიშროების საბჭოს სხვა გადაწყვეტილებები, ევროკავშირის უმაღლესი დონის შეხვდრების რეზოლუცია, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნების ალმათის უმაღლესი დონის შეხვედრის მემორანდუმი აგრესიული სეპარატიზმის შესახებ (ამაზე მე ბევრი ვილაპარაკე) ამავე ქვეყნების მოსკოვისა და მინსკის შეხვედრებზე მიღებული კატეგორიული განცხადებები და ზოგიერთი სხვა იმაზე მიუთითებს, რომ მსოფლიო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობას, მის საზღვრების შეუვალობას, აფხაზეთის სტატუსის საკითხის მხოლოდ და მხოლოდ ერთიანი საქართველოს ფარგლებში გადაწყვეტას.

ყოფილი იუგოსლავიის მაგალითი იმაზე მეტყეველებს, რომ მსოფლიო მზად არის კონფლიქტების და ომის ხანძრების ჩასაქრობად მიიღოს გადამწყვეტი ზომები კონცენტრირებული შეიარაღებული ძალების გამოყენების ჩათვლით. ყველას ვთხოვ, ჩაუფიქრდნენ ამას და განსაკუთრებულად ჩაუფიქრდნენ აფხაზეთში. აგრესიული სეპარატიზმის ტალღა, რომელმაც ამდენი ტკივილი მოუტანა ხალხებს, აუცილებლად ჩაქრება და სამართლიანობა აღდგება. ეს პროცესი უკვე დაიწყო საჭიროა დაუყოვნებლივ განახლდეს მოლაპარაკების პროცესი. ამ მხრივ, მე მივესალმები რუსეთის ხელისუფლების წინადადებებს და შეიძლება ამ დღეებში კიდევაც დაიწყოს. სათანადო მომზადების შემდეგ რეალურია მრავალმხრივი და ორმხრივი შეხვედრები, მათ შორის, ჩემი მონაწილოებითაც. მზად ვარ უახლოეს დღეებში შევხვდე ლუდვიგ ჩიბიროვს, რომელიც მზად არის ასეთი შეხვედრისათვის. შეხვედრის ადგილის თაობაზე, ალბათ, მოვილაპარაკებთ. დარწმუნებული ვარ, რომ უმოკლეს დროში დაიწყება ინტენსიური ქართულ-აფხაზური მოლპარაკება, მათ შორის ჩემი მონაწილოებითაც. ამასთან მინდა დავაზუსტო, რომ ყველა შეხვედრისა და ყველა მოლაპარაკების მთავარი საგანი დევნილი მოსახლეობის უპირობო დაბრუნება და მათთვის უსაფრთხო ცხოვრების პირობების შექმნა უნდა იყოს და კიდევ ერთი რამ უნდა დავუმატო: რა თქმა უნდა, თუ მოლაპარაკებების პროცესი შედეგს არ მოიტანს, ჩვენ კი ყველაფერი უნდა ვიღონოთ იმისათვის, რომ შედეგი მოიტანოს, პოლიტიკური მოწესრიგების ყველა რეზერვი ამოიწუროს, საქართველო, რომელიც ახლა სხვა სახელმწიფოა, ვიდრე ამ რამდენიმე, თუნდაც ორიოდე წლის წინათ იყო, იზრუნებს, სხვა გზებითა და სხვა მეთოდებით აღადგინოს თავისი სახელმწიფოებრივი და ტერიტორიული მთლიანობა.

ყველამ ერთხელ და სამუდამოდ კარგად უნდა შეიგნოს, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ალტერნატივა არ გააჩნია, საქართველოში სეპარატიზმი ვერ გაიხარებს, ვერ იბოგინებს, ხოლო ერთიანი საქართველოს ფარგლებში უმტკივნეულოდ განისაზღვრება აფხაზებისა და ოსების ადგილი საერთაშორისო სამართლის, საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების ფარგლებში.

საქართველოს უშიშროების საბჭომ დაამტკიცა აფხაზეთში კონფლიქტის მოწესრიგების სრულმასშტაბიანი პროგრამა, რომელიც ამ მხრივ განსახორციელებელ ღონისძიებათა, ვიმეორებ ყველა ასპექტს მოიცავს, ეს არის მოლაპარაკება თუ ზოგიერთი სხვა ღონისძიება.

- და კვლავ ტრადიციულად, გასული ეკონომიკური კვირა, მიმდინარე ეკონომიკური რეფორმით, შეხვედრებითა და ახალი გადაწყვეტილებებით...

- საქართველოში ეკონომიკური რეფორმების საერთოდ წარმატებული მიმდინარეობა საინტერესო და მიმზიდველ საინვესტიციო გარემოს ქმნის უცხოელი პარტნიორებისათვის. ჩვენ ქვეყანასთან საქმიან ურთიერთობას სულ უფრო მეტად ესწრაფვიან საზღვარგარეთელი ბიზნესის მაღალტიტულოვანი წარმომადგენელები. განვლილ კვირაში საქართველოში ვიზიტის დროს ამერიკული კერძო ბიზნესის ავტორიტეტული წარმომადგენელი კოორპორაცია „მეტრომედიის“ (უნდა გითხრათ, რომ ეს კოორპორაცია ერთ-ერთი მსოფლიო გიგანტი გახლავთ) თავმჯდომარე ბატონი ჯონ კლუგე დიდად დააინტერესა ეკონომიკის და მეცნიერების იმ სფეროებმა, სადაც მისი აზრით, ხელსაყრელია ერთობლივი საქმიანობა. კერძოდ, ეს შეეხება საკომუნიკაციო სისტემების საერთაშორისო მოთხოვნების დონეზე სრულყოფასა და განვითარებას, რაც საქართველოსათვის ევრაზიის დერეფნის ფუნქციის განხორციელების ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა. ამჟამად ხელი მოვაწერეთ კონტრაქტს საქართველოში ფიჭური სისტემის სატელეფონო ქსელის განვითარების შესახებ.

მეფრინველეობის სასათბურე მეურნეობების, ყვავილებისა და სოკოს მრეწველობის ინვესტირების, ამ სფეროებში ერთობლივი საწაროების შექმნისათვის მზადყოფნა დაადასტურეს ჰოლანდიური კომპანიების „დალსემის“ და „ჯენერალ ბანკის“ ხელმძღვანელებმა შესაბამისი კონტრაქტების გაფორმებით.

ეკონომიკური რეფორმის, მკაცრი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის განხორციელებას, საკმაოდ რთული და დასაწყისისათვის სოციალური თვალსაზრისით ნაკლებ პოპულარული ეფექტების შემდეგ, აუცილებლად თან სდევს ახალი ეტაპი, როცა მოსახლეობის თითოეულმა წევრმა რეალურად უნდა იგრძნოს რეფორმების სიკეთე, დარწმუნდეს მათ აუცილებლობასა და უალტერნატივობაში. ამჟამად ჩვენ, შეიძლება ითქვას, უკვე ვდგავართ ამ ახალი ეტაპის საწყის მიჯნაზე და დღეს უაღრესად დიდ მნიშვნელობას იძენს მოსახლეობის სოციალური დაცვის ქმედით ღონისძიებათა განხორციელება, რის გამოც ისინი მჭიდროდ უნდა დავუკავშიროთ ეკონომიკური ზრდის პროცესს.

სწორედ ამგვარი მიდგომები დაედო საფუძვლად მოსახლეობის სოცილაური დაცვის 1996-2000 წლების ძირითად მიმართულებებს, რომელიც პრეზიდენტთან არსებულმა საკონსულტაციო ეკონომიკურმა საბჭომ განიხილა. პროგრამა გულისხმობს ისეთი მნიშვნელოვანი სფეროების მოწესრიგებას, როგორიც არის მოსახლოების შემოსავლის რეგულირება, დასაქმება, საპენსიო უზრუნველყოფა, ხელმოკლეთა ფენების სახელმწიფო მხარდაჭერა და სხვ.

ამ მიმართულებით ცენტრალური ადგილი მაინც შრომის ანაზღაურებამ და ხელფასმა უნდა დაიკავოს, რასაც ითვალისწინებს საბჭოს მიერ ასევე გულდასმით განხილული 2000 წლამდე პერიოდისათვის გამიზნული შრომის ანაზღაურების სრულყოფის ძირითადი მიმართულებანი, ამ სფეროში საჭირო საკანონმდებლო ბაზის შემუშავებამ უნდა უზრუნველყოს მინიმალური ხელფასის რეალურად განსაზღვრის, ერთიანი სატარიფო ბადის სრულყოფის, ხელფასის, ცივილიზებული, საყოველთაოდ აღიარებული სახელშეკრულებო სისტემებითა და შეთანხმებათა მეშვეობით რეგულირების აუცილებელ წანამძღვართა შექმნა.

ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ - ეკონომიკური გარდაქმნების სახელმწიფოებრივი რეგულირება დღეს მკვეთრად ზრდის მოთხოვნილებას სტატისტიკურ ინფორმაციაზე, მის მოცულობასა და ხარისხზე. აუცილებელი ხდება სტატისტიკური საქმიანობისადმი სეგმენტური მიდგომიდან გადასვლა სისტემურ მიდგომაზე, რაც უზრუნველყოფს ეროვნულ მეურნეობაში მიმდინარე ძირითადი ტენდენციების, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების, დასაქმების, ჩრდილოვანი ეკონომიკის მასშტაბის, საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობის, სოციალურ სფეროსა და ეკონომიკაში რეფომების მიმდინარეობის და სხვა პროცესები ადეკვატურ სტატისტიკურ ასახვას სახელმწიფო, დარგობრივ და რეგიონულ დონეებზე. ამიტომ საბჭომ ძალზე აქტიურად მიიჩნია „სახელმწიფო სტატისტიკის სრულყოფის ზოგიერთი დამატებითი ღონიძიების შესახებ“ პრეზიდენტის ბრძანებულების პროექტით გათვალისწინებულ ღონისძიებათა გადაუდებელი განხორციელება. სტატისტიკის სამსახურის სრულყოფა აუცილებელია. რათა სახელმწიფო ვმართოდ უფრო ეფექტიანად და რა თქმა უნდა, ავამაღლოდ მთელი ეკონომიკის ეფექტიანობა იმ მოთხოვნათა გათვალისწინებით, რომლებიც დღეს დგას ჩვენს წინაშე.

მეტად სერიოზული მზადება მიმდინარეობს ქვეყანაში სოცილურ - ეკონომიკური განვითარების 1996 წლის 6 თვის შედგების შესაჯამებლად, რაც კვირის ბოლოს უნდა მოხდეს. სპეციალური კომისია ბატონ ნიკო ლეკიშვილის ხელმძღვანელობით საგანგებოდ შედგენილი პროგრამის მიხედვით სამი დღის განმვალობაში ისმენს ქვეყნის ყველა რეგიონის მიერ ამ პერიდში გაწეული მუშაობის ანგარიშს, რომელიც მოიცავდა როგორც ეკონომიკურ, ისე სოცილაურ სფეროებს. ეს წინასწარი სამუშაო უფრო ნაყოფიერს გახდის მთავრობის გაფართოებული სხდომის მუშაობას და შესაძლებლობას მოგვცემს აქცენტი უფრო მეტად დაგროვილი პრობლემების გადაჭრის გზებზე გავამახვილოთ. აქედან გამომდინარე, ნახევარი წლის შედეგებზე არ შევჩერდები, რადგან მთავრობის გაფართოებული სხდომის მასალები ფართოდ გაშუქდება პრესაშიც და ტელევიზიითაც.

- და ბოლოს. გუშინ საქართველოს ეწვნივნენ ევროსაბჭოს გენერალური მდივანი დანიელ ტარშისი და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სიიმ კალასი... შეიძლება ითქვას, რომ იქმნება ევროსაბჭოში საქართველოს გაწევრიანების რეალური საფუძველი...

- ამ საკითხთან დაკავშირებით ასეთ კომენტარს გავაკეთებდი: ევროსაბჭოს მაღალი დონის დელეგაციის ვიზიტი დაემთხვა, ევროსაბჭოში საქართველოსათვის სტუმრის სპეციალური სტატუსის დამტკიცებას. ამასთან, დელეგაციას გადაეცა ჩვენი თხოვნა ევროსაბჭის წევრად საქართველოს მიღების შესახებ. ვფიქრობ უახლოეს ერთ წელიწადსა თუ წელიწად-ნახევარში შესაძლებელია ქვეყანა გახდეს ევროსაბჭოს წევრი. იმ პროგრესთან ერთად, რომელსაც ევროკავშირთან ურთიერთობაში მივაღწიეთ, ევროსაბჭოში გაერთიანება უდავოდ ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა იქნება. ჩვენი საუბრების კეთილმოსურნეობის, მეგობრობის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში წარიმართა. მისასალმებელია, რომ ევროსაბჭოს ეს მაღალი დონის დელეგაცია ამიერკავკასიის სამივე სახელმწიფოს ესტუმრება და ამით ერთხელ კიდევ გაესმება ხაზი რეგიონში სამთავე სახელმწიფოს თანამშრომლობის ახალ დონეზე აყვანის ამოცანას.

„მსოფლიო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მისი საზღვრების შეუვალობას, აფხაზეთის სტატუსის საკითხის მხოლოდ და მხოლოდ ერთიანი საქართველოს ფარგლებში გადაწყვეტას“ / ედუარდ შევარდნაძე ; [ჩაიწერა] ნატო ონიანი // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 16 ივლისი. - 140(2254). - 1,2 გვ.

73 „მწამს, რომ განუყრელია ჩვენი მეგობრობა“

▲ზევით დაბრუნება


ამ რამდენიმე დღის წინათ თბილისში დიდი წარმატებით გაიმართა ოსური ხელოვნების დღესასწაული. საქართველოს დედაქალაქს ეწვივნენ ჩრდილოეთ ოსეთ-ალანიის რესპუბლიკის კულტურის მოღვაწენი. ეს შეხვედრა გადაიქცა სიკეთის, სულიერი სიახლოვის და ყოვლისშემძლე სიყვარულის ზეიმად, იმ პოზიტიური ძვრების დემონსტრაციად, რომელებიც რეალურად დაისახა ქართულ-ოსურ ურთიერთობაში.

ამ შეხვედების შესახებ წერს საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე ჩრდილოეთ ოსეთ-ალანიის რესპუბლიკის პრეზიდენტს ახსარბეკ გალაზოვს.

„დიდად პატივცემულო ახსარბეკ ხაჯიმურზას ძევ,

ნება მიბოძეთ ერთხელ კიდევ დაგარწმუნოთ თქვენდამი გულწრფელ მეგობრობაში და მადლობა მოგახსენოთ ოსი და ქართველი ხალხების მეგობრობისადმი მიძღვნილ კულტურულ ღონისძიებებში ჩრდილოეთ ოსეთის-ალანიის რესპუბლიკის კულტურის მოღვაწეთა მონაწილოებისათვის, რომლებიც საქართველოს დედაქალაქ თბილისში გაიმართა მიმდინარე წლის 6 ივლისს.

ოს მხატვართა ნაწარმოებების გამოფენამ, ჩრდილოეთ ოსეთ-ალანიის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს კამერული გუნდის, აგრეთვე ქართული მხატვრული კოლექტივების მონაწილეობით ოსური ხელოვნების საღამომ, ჩვენი ხალხების შემოქმედი ინტელიგენციის წარმომადგენელთა შეხვედრებმა, ნათლად ცხადყო ჩვენი კულტურული სივრცის ერთობა და ჩვენი ტრადიციების ურთიერთკავშირი.

მოხარული ვარ რომ იძულებით და ხანგრძლივი განშორების შემდეგ მეგობართა ნანატრი შეხვედრა გაიმართა და მინდა აღვნიშნო რომ, ეს მოხდა მხოლოდ და მხოლოდ თქვენი კეთილი ნებისა და ჩრდილოეთ ოსეთ-ალანიის რესპუბლიკის კულტურის მინისტრის ბატონ ბიბო ვათაევის კეთილშობილური შემართების მეოხებით.

ჩაიწერა კიდევ ერთი ბრწყინვალე ფურცელი ჩვენი ხალხების მრავალსაუკონოვანი უანგარო მეგობრობის ისტორიაში. გმადლობთ ამისათვის.

სულით და გულით გისურვებთ წარმატებებს ახალი დემოკარატიული საზოგადოების მშენებლობის უაღრესად ძნელ გზაზე, თქვენ ქვეყანას, მთელ ოს ხალხს ვუსურვებ აყვავებას, მწამს, რომ განუყრელია ჩვენი მეგობრობა.

გულწრფელი პატივისცემითა და საუკეთესო სურვილებით.
ე. შევარდნაძე.
1996 წლის 16 ივლისი.

„მწამს, რომ განუყრელია ჩვენი მეგობრობა“ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 18 ივლისი. - 142-143(2257). - 1 გვ.

74 „სტატუსი, რომელიც განისაზღვრება აფხაზეთისათვის, იქნებ, მოდელი გახდეს სხვა რეგიონებისთვისაც“

▲ზევით დაბრუნება


- დღევანდელი ინტერვიუს გასული ეკონომიკური კვირის მიმოხილვით დავიწყებთ, რომლის ცენტრალური თემა იყო 20 ივლისს გამართული მთავრობის გაფართოებული სხდომა. მასზე განიხილეს და შეაჯამეს 6 თვის შედეგები. სხდომაზე საქართველოს ეკონომიკის მთავარ მახასიათებლად თქვენ ანტიინფლაციურ ღონისძიებათა ეფექტიანობა მიიჩნიეთ. განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ გადასახადების, განსაკუთრებით ელექტროენერგიის საფასურის გადახდის პროცესს, ბაზრის დაცვას, საექსპორტო პროდუქციის წილის ზრდას და ასე შემდეგ. შეიძლება ითქვას, რომ ამ სხდომაზე თქვენი გამოსვლა ახალი ინტონაციებით გამოირჩეოდა... - ამ თემაზე საუბრით დაიწყო საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ თავისი ტრადიციული რადიოინტერვიუ ჟურნალისტ ნატო ონიანთან.

- ვიდრე ამ ძირითად თემას შევეხები, ზოგიერთ სხვა შეხვედრას გავიხსენებ.

განვლილი კვირა მეტად დაძაბული, მდიდარი და ნაყოფიერი იყო ქვეყნის ეკონომიკური ცხოვრების როგორც შიდა პროცესები, ისე საერთაშორისო დონის შეხვედრების თვალსაზრისითაც.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის ქალბატონ ლინ დევისის ვიზიტის როლი და მნიშვნელობა მარტო „მშვიდობისათის პარტნიორობის“ პროგრამის განსახორციელებლად თანამშრომლობის პოლიტიკური ასპექტებით ვერ შემოიფარგლება, რადგან კავკასიური კონფლიქტების, მათ შორის აფხაზეთის კონფლიქტის მოკლე ხანებში მოგვარება არა მარტო შეერთებული შტატების, არამედ მსოფლიოს მრავალი ქვეყნისა თუ საერთაშორისო სტრუქტურების ეკონომიკური ინტერესების სფეროსაც მოიცავს.

ევრაზიის დერეფნის პროექტის რეალიზაციის პროცესში საქართველოსთან პარტნიორობის მოსურნე სახელმწიფოთა შორის თავის განსაკუთრებულ როლსა და ადგილს იკავებს რუსეთი. ეს განსაკუთრებით ამ ბოლო დროს გამოიკვეთა. ამ გიგანტ ქვეყანასთან თითქმის ყველა სფეროში ძველი, მჭიდრო ეკონომიკური კავშირურთიერთობანი აადვილებს და უფრო ხელმისაწვდომს ქმნის ნებისმიერი ერთობლივი პროექტის განხორციელებას, ამჯერადაც რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მრეწველობის კომიტეტის ცენტრალური გაერთიანების „კომეტისა“ და საერთაშორისო ასოციაციის „კოსმოსვიაზის“ ხელმძღვანელობის მიერ შემოთავაზებული ერთობლივი პროექტი, რომლის საფუძველზე საქართველო და რუსეთი შავი ზღვის ქვეყნებსა და ევრაზიის დერეფნით დაინტერესებულ სახელმწიფოებს სთავაზობენ კოსმოსური კავშირების უახლესი ტექნოლოგიური სისტემების გამოყენებით თანამედროვე ტიპის საკომუნიკაციო სისტემის შექმას, უზრუნველყოფს გამართულ, უმაღლესი დონის კავშირს დერეფანში მოძრავ ყველა სატრანსპორტო საშუალებასთან მათი პარტნიორი გახლავთ კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტი, რომელიც ჩვენ ამას წინათ მოვინახულეთ და რომელიც მართლა უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების დონეზე მუშაობს. ამას ემატება რუსეთიდან თურქეთისაკენ ძალიან დიდი მოცულობის გაზსადენის მშენებლობა, რომელიც ამჟამად დამუშავების პროცესშია და ზოგიერთი სხვა. ესე იგი, კავკასიის დერეფანი გაატარებს ტვირთს არა მარტო დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ, არამედ ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენაც.

კომპანია „შევრონ ოვერსთან“ ეკონომიკური თანამშრომლობის სხვა უაღრესად ხელსაყრელ და სასარგებლო პერსპექტივასთან ერთად არცთუ უმნიშვნელო ინტერესების საგანი უნდა იყოს კომპანიის პრეზიდენტის ბატონ რიჩარდ მაცკეს წინადადებები აზერბაიჯანიდან და საქართველოსთან თანამშრომლობის განვითარების საკითხებზე ყაზახეთიდან დასავლეთისაკენ ნავთობის, გოგირდისა და სხვა სასარგებლო წიაღისეულის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით.

საქართველოსთან მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობის დამყარების შესაძლებლობათა შესწავლის სურვილი განსაზღვრავდა იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს და უცხოეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის ფონდის ერთობლივი დელეგაციის ვიზიტს. ძალიან მნიშვნელოვანი დელეგაცია იყო. სტუმრებმა ხაზგასმით აღნიშნეს ჩვენი მიღწევები. დაინტერესდნენ საქართველოში დონორთა მოღვაწეობით. ქვეყნის სამრეწველო და ეკონომიკური პოტენციალით. განხილული იყო ტექნიკური დახმარების, საწარმოთა ტექნოლოგიური სრულყოფის და ხარისხიანი პროდუქციის წარმოების საკითხები, რომელიც საფუძვლად დადება სამომავლო ურთიერთობათა ორიენტირების მონიშვნას. ამ ბოლო ხანს იაპონიის დელეგაციათა გახშირებულ ვიზიტებს შეიძლება შედეგად მოჰყვეს ორი ქვეყნისთვის საჭირო და სასარგებლო კავშირურთიერთობათა დამყარება და ინტენსიფიკაცია.

განვლილი კვირის საშინაო-ეკონომიკური მოვლენების ფართო სპექტრში, რა თქმა უნდა, ცენტრალური ადგილი მთავრობის გაფართოებულ სხდომას უკავია, რომელმაც 1996 წლის პირველი ნახევრის შედეგები და წლის დარჩენილ პერიოდში ეკონომიკის შეუფერხებელი ფუნქციონირებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ამოცანები განიხილა. სხდომის შედეგები ფართოდ იქნა გაშუქებული საინფორმაციო საშულებებით. დღეს კი მოკლედ შეიძლება აღინიშნოს, რომ წარმატებით მიმდინარეობს პრეზიდენტისა და ისაფის პროგრამებით გათვალისწინებულ ამოცანათა გადაწყვეტა. კერძოდ, განვლილ ექვს თვეში ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი ნავარაუდევი 8 პროცენტის ნაცვლად 16,6 პროცენტით გაიზარდა. პროდუქციის მატება აღინიშნა ეროვნული ეკონომიკის ყველა დარგში. განსაკუთრებით ყურადსაღებია ახალი ეკონომიკური გარემოს შექმნის თვალსაზრისით მცირე ბიზნესის განვითარებისა და მისი ეფექტიანი ფუნქციონირების მაჩვენებლები. საქართველოს ეკონომიკურ რუკაზე ათასობით მცირე და საშუალო საწარმო გაჩნდა. ეს მართლაც და თვისობრივად სრულიად ახალი მოვლენაა ჩვენს ცხოვრებაში. ასეთ საწარმოთა მიერ გამოშვებული სამრეწველო პროდუქციის მოცულობა ქვეყანაში 2,2 -ჯერ გაიზარდა.

ინფლაციის საშუალო თვიური ტემპი (ერთ-ერთი წამყვანი თემა იყო სხდომაზე) ექვს თვეში დაგეგმილი 3 პროცენტის ნაცვლად 1,9 პროცენტით შემოიფარგლა. ლაპარაკია ინფლაციის ყოველთვიურ დონეზე, ხოლო ივნისში 0,5 პროცენტს შეადგენს. ეს დონე თუ შევინარჩუნეთ, იგი რა თქმა უნდა მოსახლოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სოციალური დაცვის თვალსაზრისით.

საკუთრების ტრანსფორმაციის სფეროში სხვა მნიშვნელოვან მიღწევებთან ერთად განვლილ პერიოდში განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, მასობრივი პროვატიზაციის წარმატებით დასრულება, პურის სახელმწიფო მრეწველობის რეორგანიზაცია და პოლიტიკური გადაწყვეტილებები ელექტოენერგეტიკის რესტუქტურიზაციის თაობაზე. განვლილ ექვს თვეში შეჩერებულია მოსახლეობის ცხოვრების დონის დაქვეითების ხანგრძლივი პროცესიც. უფრო მეტიც, ამ სფეროში, ჯერჯერობით რა თქმა უნდა, ძალზე მოკრძალებული, შეიძლება ითქვას, უმნიშვნელო, მაგრამ მაინც წინსვლის დამაიმედებელი ნიშნებია.

მართალია, სამრეწველო წარმოების ზრდის ტემპი ექვს თვეში, ელექტროენერგეტიკისა და პურპროდუქტების ყოფილი სახელმწიფო მრეწველობის გამოკლებით, 116 პროცენტს შეადგენს, მაგრამ წლის საპროგრამო ამოცანათა გადასაწყვეტად მთლიანად მისმა მატებამ ფაქტობრივად მიღწეული 4 პროცენტის ნაცვლად 10 პროცენტი მაინც უნდა შეადგინოს, რის უზრუნველსაყოფათაც წლის დარჩენილ პერიოდში მრეწველობაში წარმოების დონე სულ ცოტა 15 პროცენტით უნდა ამაღლდეს, ეს ორიენტირები აუციელებელი მინიმალური ზღვარი უნდა გახდეს თითოეული მხარის, რაიონისა და ქალაქისათვის.

ამასთან, ეკონომიკის სამინისტროს ხელმძღავენლობით, უმოკლეს ვადაში უნდა შემუშავდეს, ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის გადიდების სახელმწიფო პროგრამა. მთავრობის სხდომის ერთ-ერთი ცენტრალური მიმართულება სწორედ ის იყო რომ. ჩვენ მკაფიოდ უნდა გავავლოდ მიჯნა ექსპორტსა და იმპორტს შორის და მიზნად დავისახოთ, რომ უახლოეს ერთ-ორ წელიწადში მოხდეს გარდატეხა საექსპორტო პროდუქციის სასარგებლოდ. სხვაგვარად ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობაზე ლაპარაკი ძალიან ძნელი იქნება.

საგადასახადო შემოსავალთა მობილიზაციაში მიღწეული დადებითი ძვრების მიუხედავად, წლის მეორე ნახევარში საკმაოდ დაძაბული ამოცანების გადაწყვეტა მოუწევთ ჩენს ყველა სამინისტროს, საგადასახადო სამსახურსა და საბაჟო დეპარტამენტს, რადგან გადასახადების აკრეფის წლის ბოლომდე დარჩენილი პერიოდის პროგრამა (ლაპარაკია 192 მილიონ ლარზე) 66 პროცენტით აღემატება ფაქტობრივად რეალიზებულს. განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება ცენტრალურ ბიუჯეტს, რომლის გეგმაც 6 თვეში 87 პროცენტით შესრულდა. ივლისის განვლილ პერიოდში ამ მხრივ, ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, გარკვეული წინსვლა იგრძნობა. უკეთესი შედეგებია საგადასახადო სამსახურისა და საბაჟო დეპარტამენტის ხაზითაც, მაგრამ აღებულ ტემპს, რა თქმა უნდა, დაჩქარება სჭირდება.

უკანასკნელ ხანს როგორც ქვეყნის სხვა საწარმო სექტორებში ასევე მსუბუქ მრეწველობაშიც შეიმჩნევა გარკვეული გამოცოცხლება. ამასთანავე, დარგის დღევანდელ მდგომარეობას იმ პერიოდს თუ შევადარებთ, როცა იგი ჩვენი ეკონომიკის ფლაგმანს წარმოადგენდა, - აწარმოებდა მთელი სამრეწველო პროდუქციის მეხუთედზე მეტს და ყველაზე მეტ მომუშავეს ასაქმებდა, მდგომარეობა ერთობ არასახარბიელოა, რასაც საბჭოთა ეკონომიკური სივრცის რღვევასთან დაკავშირებულ მიზეზებთან ერთად მნიშვნელოვანწილად განაპირობებს მოძველებული საწარმოო ტექნიკური ბაზა და მოძველებული საწარმოო ტექნიკური ბაზა და ტექნოლოგიური ჩამორჩენილობა, ფინანსური სიძნელეები, მენეჯმენტის დაბალი დონე. წარმოებული პროდუქციის კონკურენტუნარიანობა და სხვ.

სხდომაზე მე საჭიროდ მივიჩნიე მსუბუქი მრეწველობის დეპარტამენტის შექმნა, უფრო სწორად, ამ სამსახურის გამოყოფა მრევწელობის დეპარტამენტისაგან. რა თქმა უნდა, იგი იქნება ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში, მაგრამ ეს მოგვცემს საშუალებას. რომ სახელმწიფომ მოახდინოს ყურადღების კონცენტრირება, სწორედ ამ დარგზე და მეორე, როგორც დროებითი ღონისძიება - პრეზიდენტი და თითქმის ყველა წამყვანი მოღვაწე შეფობას უწევენ ცალკეულ საწარმოებს, ცალკეულ მიმართულებებს, ცალკეულ დარგებს, ასეთმა პრაქტიკამ წლის ბოლომდე ამ დარგის გარკვეული გამოცოცხლება უნდა გამოიწვიოს. ამავე დროს ასეთი მნიშვნელოვანი პერპექტივაც არის: ჩვენ ევროკავშირთან გვაქვს ხელშეკრულება. პრაქტიკულად, თუკი საქართველო შესძლებს კონკურენტუნარიანი პროდუქციით გავიდეს ევროპის ბაზარზე კვოტების გარეშე, ეს უზარმაზარი შეღავათი იქნება ამ დარგისათვის. მაღალი რანგის მოღვაწეთა თანამშრომლობა და დახმარება აუცილებელია იმისათვის, რომ მათ შეაღწიონ ისეთ დიდ ბაზრებზე, როგორიც არის ევროპის, რუსეთისა და სხვა ბაზრებიც.

ძალიან მნიშვნელოვანი პერსპეტივები აქვს მეაბრეშუმეობასაც და ჩემი აზრით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება სოფლის მეურნეობისა და სურსათის და ეკონომიკის სამინისტროთა ერთობლივ ძალისხმევას. მეაბრეშუმეობა ის დარგია, რომელიც არასდროს არ ძველდება და არასდროს არ გამოდის მოდიდან. საქართველოს ძალიან კარგი ტრადიციები აქვს და ეს ტრადიციები, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, უნდა ავაღორძინოთ. უმოკლეს დროში ასევე უნდა დავუბრუნდეთ სასოფლო სამეურნეო წარმოებას, სურსათით ქვეყნის უზრუნველყოფას და განსაკუთრებით ამას ხაზს ვუსვამ, გადამმუშავებელი მრეწველობის რეაბილიტაციისა და განვითარების პრობლემებს, კერძოდ, საკონსერვო მეურნეობის სწრაფი ტემპით განვითარებას. ახლა ამის საშუალებებიც გამოჩნდა.

- ამავე სხდომაზე თქვენ ასეთი განცხადებაც გააკეთეთ: ჩვენ უნდა გავაკეთოდ არჩევანი სახელმწიფო მოხელეობას და კერძო ბიზნეს შორის, თანამდებობის პირები ამა თუ იმ საწარმოს, როგორც დღეს ამბობენ ხოლმე, წილში უდგებიან და ფარულად ეწევიან ამ საქმიანობას. ამით ერთგვარად განაგრძეთ კიდეც სამართალდამცავი ორგანეობის 19 ივლისის თათბირის ძირითადი თემა - კორუფცია და მასთან ბრძოლა. პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ფაქტები მართალც ძალიან შემაშფოთებელი და შემზარავი იყო. როგორც თქვენ ბრძანეთ, ეს იყო მხოლოდ ნაწილი იმისა, რაც რეალურად არსებობს და ამაზე თქვენი რეაქცია ასეთი იყო: თუკი სერიოზულად ვფიქრობთ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე, უნდა დავიწყოდ ზედა ეშელონებიდან (მე ვახდენ თქვენს ციტირებას) - პრეზიდენტის სამსახურიდან, სახელმწიფო კანცელარიიდან, პარლამენტიდან. თუ ეს სფეროები გავწმინდეთ, საქართველოში კორუფცია აღარ იქნებაო. გარდა სხვა მნიშვნელოვანი პრობლემებისა - ნარკომანია და მასთან ბრძოლა, არასრულწლოვანთა სოციალური დაცვა და სხვა, ვიმეორებ, კორუფცია უმაღლეს ეშელონებში - ეს იყო თათბირის მთავარი თემა, ისევე როგორც, ალბათ, 80-იან წლებში, როცა თქვენ ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი იყავით. და მაინც: ძალიან ბევრს ლაპარაკობენ იმაზე, რომ უმაღლესი ხელისუფლება ამგვარ ფაქტებზე ძალიან გვიან რეაგირებს...

- რა თქმა უნდა, მთავრობის ყურადღების ცენტრში იყო სხდომა, რომელმაც მართლწესრიგის განმტკიცების საკითხები განიხილა. ამ შეხვედრის ანგარიში გამოქვეყნდება პრესაში, ნაწილობრივ გადაიცა ტელევიზიით, ალბათ, კიდევ გადაიცემა, რადგან თემა უაღესად აქტუალური და მნიშვნელოვანია. ამიტომ დეტალებზე შეიძლება არ შევჩერდე. ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ სახელმწიფომ ამ ერთ წელიწადსა თუ წელიწად - ნახევარში შეუძლებელი შესძლო, საბოლოოდ აილაგმა უკანონო შეიარაღებული ფორმირებანი, მკვლელების, ტერორისტების, რეკეტირების ბანდები. შეიძლება ითქვას, საქართველოს მოქალაქენი ამ მხრივ საიმედოდ არიან დაცული, წესრიგი კიდევ უფრო განმტკიცდება, მე ამის პირობას ვაძლევ ჩვენს მოსახლოებას, იწყება საყოველთაო სახალხო მოძრაობა ნარკომანიასთან, ნარკობიზნესთან ბრძოლის გასაძლიერებლად. ამ სენის აღმოსაფხვრელად შეიქმნა საგანგებო კომისია და ქვეყნის უშიშროების საბჭო სისტემატიურად იმსჯელებს ამ საკითხზე. შემუშავდა არასრულწლოვანთა შორის დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პროგრამა. ეს ურთულესი პრობლემაა, მას უნდა შევებრძოლოდ და დავძლიოთ. დღის წესრიგში მთელი სიმწვავით დადგა ორგანიზებულ დამნაშავეობასთან საბრძოლველად სახელმწიფოთა შორის და სახელმწიფოთა დონეზე განსახორციელებელი ღონისძიებები. დიდი შეშფოთება გამოითქვა იმის გამო, რომ პროფესიონალი ტერორისტების და მკვლელები სხვა სახელმწიფოებში პოულობენ თავშესაფარს და ეს ერთეული ფაქტები როდია. განსაკუთრებით ეხება ეს იმ ადამიანებს, რომელიც 29 აგვისტოს ტერორისტული აქტის ორგანიზატორები იყვნენ. რომელ სახელმწიფოზეა ლაპარაკი, თქვენ კარგად მოგეხსენებათ.

მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე, არ არის არც ერთი ასეთი პირი. ბუნებრივია ანალოგიურ მოთხოვნას ვუყენებთ ჩვენს მეზობლებს, ჩვენს პარტნიორებს სხვა სახელმწიფოებსა და ქვეყნებს სხვადასხვა რეგიონში. როცა კორუფციის პრობლემაზე ვლაპარაკობ, მხედველობაში უნდა ვიქონიოთ, რომ კორუფცია ქვეყანაში ფეხს ვერ მოიკიდებს, თუ სახელმწიფო მმართველობის ზედა ეშელონები დაზღვეული იქნება ამ სენისაგან და კიდევ: ის სტრუქტურები და სისტემები იქნებიან დაზღვეული, რომელებიც მოწოდებული არიან ებრძოლონ კორუფციას. თუ ისინი კორუმპირებული აღმოჩნდებიან, მაშინ ძალიან მძიმე შემთხვევასთან გვექნება საქმე. მმართველობის ახალი სისტემა, რომელიც საქართველოს კონსტიტუციამ დააკანონა, უნიკალურ შესაძლებლობებს ქმნის იმისათვის, რომ კორუფციამ ვერ იბოგინოს და ფეხი ვერ მოიკდიოს. მიმდინარეობს მინისტრთა კაბინეტის ბოლო ხუთი წლის საქმიანობის საფუძვლიანი შესწავლა. მთელი საქმიანობა, ასე ვთქვათ, ხელისგულზე უნდა გვედოს. არ გამოვრიცხავ, რომ შემოწმების შედეგების გამო აღიძვრება სისხლის სამართლის საქმეები, იმდენად მნიშვნელოვანი დარღვევები და იმდენად უკანონო და უსამართლო განკარგულებებია გამოცემული ამ წლების განმავლობაში. ასეთი მუშაობა აუცილებელია არა მარტო წარსულში ჩადენილ ბოროტმოქმედებათა გამოსავლენად, და დამნაშავეთა დასასჯელად, არამედ იმისთვისაც, რომ ახალ პირობებში არავინ დაადგეს ამ სამარცხვინო და ქვეყნისთვის დამღუპველ გზას. ეს უნდა იყოს ყველაზე საუკეთესო პროფილაქტიკა, თუ შეიძლება ასე ითქვას. რა ზიანის მოტანა შეუძლია კორუმპირებულთა თარეშს, ეს ნათლად ჩანს საქართველოს რკინიგზის მაგალითით, დეპარტამენტის ხელმძღვანელის რემი ვაშაკიძის და მისი ამფსონების მხილებამ გზა გაუხსნა საქართველოს რკინიგზის განვითარების უზარმაზარ მასშტაბსა და უზარმაზარ შესაძლებლობებს. იმ კორუმპირებული დეპარტამენტის პირობებში საქართველოსთან სერიოზულ საქმეს არავინ დაიჭერდა. დღეს საქართველოს რკინიგზა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორის იმ პრობლემების შესწავლასა და გადაწყვეტაში, რომლებსაც ევრაზიის დერეფანი ეწოდება. იგივე ითქმის თბილსრესის ხელმძღვანელობაზე, სხვა მრავალი მაგალითის მოყვანაც შეიძლება.

ახლა, რაც შეეხება ეგრეთ წოდებულ წილის პრობლემას. ჩემი აზრით, სახელმწიფო მმართველობაში ჩვენ კვლავაც უნდა მოვიყვანოთ ბიზნესმენები, ის ადამიანები, რომლებმაც ბიზნესის სკოლა გაიარეს, სხვაგვაგვარად გაგვიჭირდებოდა. ეს ის ხალხია, ვინც იცის, რა არის ბიზნესი და რა მნიშვნელობა აქვს ბიზნესის განვითარებას ქვეყნის ბედისთვის, სახელმწიფოსათვის. მაგრამ სასწრაფოდ შესამუშავებელია კანონი, რომელმაც უნდა განსაზღვროს მისი დამოკიდებულება ბიზნესისადმი მომავალში. საერთოდ, კერძო ბიზნესის, შეთავსება სახელმწიფო საქმიანობასთან წარმოუდგენელია. სახელმწიფო მოხელე არ შეიძლება იყოს ბიზნესმენი. თუ იგი ბიზნესიდან მოდის, იქ უნდა იყოს მისი სახსრები, მისი თანხები გაიყინება და იმისი უფლებაც კი არ უნდა ჰქონდეს, რომ მოკითოხოს რა ვითარებაშია იქ შენახული და დაგროვებული მისი კაპიტალი.

მათი შემოსავალი აბსოლუტურად ღია და გამოცხადებული უნდა იყოს საზოგადოებისათვის. კერძოდ, ეს დაკავშირებულია საზღვარგარეთის შემოსავალთანაც. მე, როგორც შემეძლო, ვაჩვენე ამის მაგალითი. მე არა ვარ ძალიან დიდი ფულის პატრონი, მაგრამ ის წიგნი, რომელიც თითქმის 20 ქვეყანაში გამოიცა, ჩემთვის სერიოზული შემოსავალი იყო, მე დეკლარაცია წარვუდგინე საგადასახადო სამსახურს და 140 თუ 150 ათასი მარკა გადასახადი გადავუხადე. მე არ ვმალავ ამ შემოსავალს და სახელმწიფოს წინაშე პირნათელი ვარ, მე ალბათ, არ ვარ, ერთადერთი, ვფიქრობ სხვებიც ასე მოიქცევიან, მაგრამ ვიცი, რომ უცხოურ ბანკებში საკმაოდ დიდი თანხები და სახსრები აქვს დაბანდებული ბევრ მოქალაქეს და მოვუწოდებ ყველას, მიბაძონ ამ მაგალითს.

საქართველო გამონაკლისი არ არის. თუ ვინმე საზღვარგარეთის დემოკრატიულ, განვითარებულ ქვეყნებში მხილებული იქნება შემოსავლის დაფარვაში, მას სასტიკი სასჯელი ელის. ჩვენ ამ სასტიკ სასჯელამდე საქმე არ უნდა მივიყვანოთ.

ეს ძალიან რთული თემაა. დარწმუნებული ვარ რომ, როგორც დავძლიეთ ის უბედურება, რომელიც თავს დაატყდა ქვეყანას - შეიარაღებული ფორმირებები, ბანდიტური კლანები ადამიანთა გამტაცებლები და სხვა მრავალი სენი - მართლაც უბედურება, რომელმაც ამდენი ტკივილი მოუტანა მოსახლეობას, ასევე დავძლევთ კორუფციასაც.

- შეიძლება ითქვას, რომ კორუფცია არ უნდა გახდეს პოპულიზმის თემა და პოლიტიკური ქულების დაგროვების თემა...

- სამწუხაროდ ეს ცდუნება ძალიან დიდია. ეს მარტო პრესას და ჟურნალისტებს არ ეხება. ეს პოლიტიკოსებსაც ეხება. ამ საკითხისადმი უაღრესად სერიოზული, სახელმწიფოებრივი მიდგომაა საჭირო.

- კიდევ ერთი თემა მთავრობის გაფართოებულ სხდომასთან დაკავშირებით, შიდა ქართლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა საკმაოდ დამაიმედებელი ინფორმაცია მოგვაწოდა ქართულ-ოსურ ურთიერთობასთან დაკავშირებით. თქვენ აღნიშნეთ, რომ შესაძლოა გაიმართოს შეხვედრა ვლადიკავკაზში. გასულ კვირას ეროვნული უშიშროების სხდომაზე აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების საკითხი განიხილეს. მოსკოვში გრძელდება ოთხმხრივი მოლაპარაკება. აფხაზეთის თემაზე...

- მე აფხაზეთში კონფლიქტის საკითხით დავიწყებდი. მოსკოვში ახლა აქტიური მოლაპარაკება მიმდინარეობს რუსეთის შუამავლობით და გაეროს მონაწილეობით. განიხილება აგერთვე, სამშვიდობო ძალების მანდატის საკითხი. როგორც ცნობილია, ვადები უკვე ამოიწურა. იმაზე თუ რა შედეგებით დამთავრდება მოსკოვის მოლაპარაკება, დამოკიდებული იქნება მანდატის გაგრძელების თაობაზე ჩვენი გადაწყვეტილების მიღება.

რა თქმა უნდა, უმთვარესი საკითხი კვლავ ლტოლვილთა დაბრუნება და აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსის განსაზღვრაა, ჩვენი პოზიცია ყველასათვის გასაგებია, საერთაშორისო მასშტაბით აღიარებულია, რომ საქართველოს მიერ შეთავაზებული სტატუსის მოდელი უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება. ჩვენი მოდელი მისაღები უნდა იყოს რუსეთისთვისაც. რუსეთს ხაზს ვუსმევ იმიტომ, რომ იგი მთავარი შუამავალი ქვეყანაა და მის პოზიციაზე ძალიან ბევრია დამოკიდებული, შეიძლება ითქვას, მისი პოზიცია ხშირად გადამწყვეტია, სამართლიანი იქნება თუ ვიტყვი, რომ ჩვენ დავეთანხმებით იმ ვარიანტს, რომლითაც რუსეთი იხელმძღვანელებს, ვთქვათ, ჩეჩნეთის ან სხვა რეგიონების სტატუსის განსაზღვრისას, ამიტომ ყველამ კარგად უნდა გაიგოს, რომ ის სტატუსი, რომელიც განისაზღვრება აფხაზეთისათვის, იქნებ მოდელი გახდეს სხვა რეგიონებისთვისაც და ის რაც მიუღებელია საქართველოსთვის, მიუღებელი უნდა იყოს რუსეთისთვისაც.

თუ მოლაპარაკება კვლავ ჩიხში მოექცა, ჩვენ რა თქმა უნდა, იძულებული ვიქნებით მოვითხოვოთ დამოუკიდებელ სახელმიწოთა თანამეგობრობის ქვეყნების მეთაურთა შეხვედრის 19 იანვრის გადაწყვეტილების სრული მასშტაბით ამოქმედება, გახსოვთ, ეს იყო სერიოზული და მკაცრი გადაწყვეტილება, აგრეთვე მივმართოდ ზოგიერთ სხვა ღონისძიებასაც, რათა შეწყდეს 300 ათასი ლტოლვილის ტანჯვა-წამება და აღდგეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა.

რაც შეეხება ქართულ-ოსურ კონფლიტს, თქვენ ახსენეთ ბატონ ბადრი ხატიძის გამოსვლა, რომელიც ძალიან ბევრს აკეთებს, ასევე ძალიან ბევრს აკეთებს თედო ისაკაძე. აქ მართლაც ბევრი რამ მოხდა საგულისხმო, ისიც, რასაც ვერავითარი მოლაპარაკების პროცესში ვერ მივაღწევთ ეს არის ადამიანებს მოქალაქეებს და ნათესავებს შორის ადამიანური ურთიერთობების აღდგენა. ახლა შერიგების პროცესი თითქმის შეუქცევად ხასიათს ატარებს, ამ დღეებში ვლადიკავკაზში გაიმართება საკონტროლო კომისიის სხდომა, რომელიც, დარწმუნებული ვარ, კიდევ ერთი, წინგადადგმული ნაბიჯი იქნება, დელეგაციები მოილაპარაკებენ ჩემი და ლუდვიგ ჩიბიროვის შესაძლო შეხვედრის თარიღზე, ადგილსა და ფორმაზე.

ერთხელ კიდევ მინდა გავუსვა ხაზი ამ რეგიონში რუსეთის სამშვიდობო ძალების უაღრესად დადებით როლს, რაც დიდად განაპირობა მისი სარდლის გენერალ მერკურიევის საზრიანმა და პრინციპულმა პოზიციამ. მას შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდა ოსებთან, ასევე ბრწყინვალე ურთიერთობა ქართველებთან და ძალიან მოკლე დროში დიდად შეუწყო ხელი ამ ორი ხალხის შერიგების პროცესის დაჩქარებას.

დიდად სამწუხაროდ ამას ვერ ვიტყვით სამშვიდობო ძალებზე აფხაზეთში, განსაკუთრებით ენგურის აქეთა ნაპირზე. ჩვენი ნეგატიური დამოკიდებულება არაერთხელ გამოგვითქვამს, კერძოდ, მე არაერთხელ მითქვამს რუსეთის უმაღლეს ეშელონებისთვისაც, მდგომარეობა კი უცვლელია, ხოლო მოსახლოება შეწუხებული და დიდად სამწუხაროდ, ამას წინათ ზუგდიდში გამართულ მიტინგზე საკმაოდ მკაცრად ილაპარაკა ამაზე თითქმის ყველა ორატორმა.

- და კიდევ ერთი თემა მთავრობის სხდომიდან, თქვენ საქართველოს საზღვრების დაცვის საკითხს შეეხეთ და კერძოდ ილაპარაკედ ახალციხის საზღვარსა და ჩრდილოეთ კავკასიასთან საქართველოს საზღვარზე, პირიქითა ხევსურეთი რომ დაარქვით. ესენი რატომღაც აღმოჩნდნენ რუსი მესაზღვრეები, როგორც ჩვენთვის ცნობილია, საქართველოს ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად...

- ამ საკითხზე ძალიან მწვავე გამოსვლები იყო მთავრობის, როგორც პირველ, ისე მეორე სხდომაზეც. კერძოდ, ამაზე ილაპარაკეს ბატონმა გიგლა ბარამიძემ, სხვა ორატორებმა და ამ პრობლემამ საკმაოდ მწვავე ხასიათი მიიღო. საქართველოს საზღვრებზე, კერძოდ, ახალციხის საბაჟოზე, შექმნილი მდგომარეობა ცალკე შესწავლისა და განხილვის საგანი გახდება, იმიტომ რომ მესაზღვრე, ჩვენი იქნება იგი, თუ რუსეთის წარმომადგენელი, საბაჟოს ფუნქციას არ უნდა ასრულებდეს. ის შეშფოთება, რომელიც რესპუბლიკურ აქტივზე გამოითქვა, უსაფუძვლო არ არის, მაგრამ დაველოდოთ უშიშროების საბჭოს სხდომას, რომელიც ამ საკითხზე სპეციალურად იმსჯელებს, საერთოდ კი, თუ ყველაფერი ის, რაც ითქვა, სიმართლეს შეესაბამება, საფუძვლიანი შეშფოთება უნდა გამოვთქვა, ასეთი რამ მიუღებელია დამოუკიდებელი ქვეყნის ავტორიტეტისათვის.

- და ბოლოს, დასრულდა სტუდენტური ექსპედიცია „ძეგლი-96“ სტუდენტური დღეების ერთგვარი გაგრძელება. მრავალწლიანი შესვენების შემდეგ აღდგა ძველი ტრადიცია, საქართველოს უმაღლესი სასწავლებლის 500-მდე სტუდენტი საქართველოს ყველა რეგიონში ისტორიული ძეგლების აღდგენაზე მუშაობდა. ეს ალბათ, ქვეყანაში ერთგვარი სიმშვიდისა და სტაბილურობის ერთ-ერთი ნიშანიც არის.

- ამ ბოლო დროს ბევრი რამ საყურადღებო და სასიხარულოც ხდება ჩვენს ცხოვრებაში, თუმცა ცხოვრების მძიმე ხასიათი არ შეცვლილა, ერთი მათგანია სტუდენტობაში დაწყებული მოძრაობა საუკეთესო ტრადიციების განახლებისა და ახალი დროების შესაფერისი ღონისძიებების დამკვიდრებისათვის. სტუდენტურმა გაზაფხულმა ყველა თაობას განაცდევინა გაზაფხულის სიხარული, განსაკუთრებით მივესალმები სტუდენტურ ექსპედიციებს ისტორიული ძეგლების აღსადგენად, რვა წლის მძიმე ტკივილიანი პაუზის შემდეგ კვლავ დაიძრა სტუდენტობა ჩვენი დიდი და სასახელო წარსულის ამსახველი უნიკალური ძეგლების გადასარჩენად და მამაშვილური მადლობა მათ.

„სტატუსი, რომელიც განისაზღვრება აფხაზეთისათვის, იქნებ, მოდელი გახდეს სხვა რეგიონებისთვისაც“ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 23 ივლისი. - 146(2260). - 1,2 გვ.

75 გაუცხოება უნდა დავძლიოთ

▲ზევით დაბრუნება


დღის ციტატა

ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, ვიტყოდი, - ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი - პრესის თავისუფლება და სახელმწიფოებრივი ინტერესები.

მე არაერთხელ მითქვამს, რომ პრესის გარეშე, თავისუფალი პრესის გარეშე არ არსებობს დემოკრატია და დემოკრატიული სახელმწიფო. დღეს კვლავ გავიმეორებ იმას, რაც არაერთხელ ყოფილა აღნიშნული: როგორც ვზრუნავთ დემოკრატიული სახელმწიფო სტრუქტურების შექმნის, სახელმწიფო და ეკონომიკური რეფორმებისათვის, ასევე უნდა ვზრუნავდეთ დემოკრატიული პრესის ფორმირების, თავისუფალი პრესის ფორმირებისათვის (მხედველობაში არ მაქვს ჩარევა მათ საქმიანობაში), შესაბამისი პირობების შექმნისათვის...

გაუცხოება, იქით - თავისუფალი პრესა, აქეთ - ხელისუფლება, არ ვარგა. ასეთი ტენდენცია უნდა დავძლიოთ ყველამ, ადგილზე მომუშავეებმაც და აქ, ცენტრში მომუშავე პასუხიმგებელმა მუშაკებმაც...

სახელმწიფოებრივი დამოკიდებულება და სახელმწიფოებრივი სიბრძნე სწორედ ის არის, რომ ამაღლდე შენს თავზე, შენს თავს აჯობო, წყენა გადალახო და ჩათვალო, რომ გაზეთი, ყველაზე აღვირახსნილიც კი, თუკი რეგისტირებულია, თუკი აკრძალული არ არის კანონის მიერ, ჩვენი გაზეთია, შენი ერის, შენი სახელმწიფოს გაზეთია, და ამით უნდა ვიხელმძღვანელოთ...

მე მგონი, გაუთავებელი პრეტენზიების წაყენებიდან უნდა გადავიდეთ მუშაობის სხვა სტილზე და სხვა მეთოდებზე.

საქართველოს პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის
სიტყვიდან 19 ივლისს გამართულ მთავრობის
გაფართოებულ სხდომაზე

გაუცხოება უნდა დავძლიოთ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 23 ივლისი. - 146(2260). - 1 გვ.

76 საკონსტიტუციო სასამართლო - ქვეყნის კონსტიტუციის უზენაესობის გარანტი

▲ზევით დაბრუნება


საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების ფიცის დადების საზეიმო ცერემონიალზე სიტყვა წარმოთქვა საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ

24 ივლისი განსაკუთრებულ ფურცლად ჩაიწერება საქართველოს მატიანეში. ამ დღეს, პირველად საქართველოს მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის ისტორიაში, თავისი უმნიშვნელოვანესი ფუნქციების შესრულებას შეუდგა სასამართლო ხელისუფლების ის ორგანო, მთელი ცივილიზებული სამყაროსათვი ქვეყანაში კონსტიტუციის უზენაესობის, კანონიერებისა და ადამიანის საყოველთაო უფლება-თავისუფლებათა დაცვის გარანტს წარმოადგენს.

ამ დღეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებმა: ავთანდილ აბაშიძემ, ოთარ ბენიძემ, ავთანდილ დემეტრაშვილმა, გია მეფარიშვილმა, იაკობ ფუტკარაძემ, ნიკოლოზ შაშკინმა, ლამარა ჩორგოლაშვილმა და ზაურ ჯინჯოლავამ საკონსტიტუციო სასამართლოს შენობაში საზეიმო ვითარებაში, ქვეყნის პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარის, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ხელისუფლების დიპლომატური კორპუსის, შემოქმედი და სამეცნიერო ინტელიგენციის წარმომადგენლების, ჟურნალისტებისა და სხვა მოწვეული სტუმრების წინაშე დადეს ფიცი. სწორედ ფიცის დადებით დაიწყო „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონის შესაბამისად ქვეყნის უმაღლეს მსაჯულთა უფლებამოსილება, რომელტა სამ-სამი წევრი დანიშნულია პრეზიდენტის, პარლამენტისა და უზენაესი სასამართლოს მიერ.

საზეიმო ცერემონიაზე სიტყვა წარმოთქვა საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ:

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლენო!
ქალბატონებო და ბატონებო!

საქართველოს არჩევანი დემოკრატიული, სამართლებლივი, სამოქალაქო საზოგადოების შენებისა, საბოლოოა, კონსტიტუციის მიღება და კონსტიტუციური ინსტიტუტების შექმნა უდიდესი შემობრუნებაა საქართველოს სამიათასწლოვან ისტორიაში. ჩვენი ქვეყანა არ გახლავთ გარიყული კუნძული, იგი მსოფლიო დემოკრატიის სივრცეში ცხოვრობს, რომლის უმაღლესი მიზანია დემოკრატიული ცხოვრების წესის დამკვიდრების გზით ხორცი შეასხას ზოგადსაკაცობრიო იდეალებს, რაც ყოველ სახელმწიფოს, ყოველ მოქალაქეს განუმეორებელ მისიას მიაკუთვნებს ჩვენს პლანეტაზე.

დიახ, ჩვენ ვიმყოფებით დემოკრატიული, თავისუფალი, დამოუკიდებელი ქვეყნის მშენებლობის პირველ ეტაპზე. დიახ, პიროვნება მისი თავისუფლება და უფლებები ქვაკუთხედია სახელმწიფოებრივი მშენებლობის, ჩვენეული ხედვისა, საქართველოში არ არიან და არც იქნებიან პოლიტიკური პატიმრები, დასჯილი განსხვავებული რწმენისათვის. ამავე დროს, პლურალისტური საზოგადოების ჰუმანიზმით ვერ ისარგებლებენ კრიმინალები, მკვლელები, ტერორისტები, უკანონო შეირაღებულ ფორმირებათა ორგანიზატორები, სხვადასხვა ჯურის ავანტიურისტები.

პოლიტიკას მიტმასნილმა ავანტიურისტებმა, ქურდებმა და კრიმინალებმა, პოლიტიკან-მანიაკებმა ქვეყანას ენით აღუწერელი ტანჯვა-წამება და გაჩანაგება მოუტანეს.

დღევანდელი და მომავლის საქართველო აღარასოდეს არ გაიმეორებს დაშვებულ შეცდომებს, რაც ახლანდელ და მომავალ თაობებს მწარე გაკვეთილად გამოადგება.

ქვეყნის დემოკრატიული განვითარების, მისი ყველა მოქალაქის, თავისუფლებისა და ბედნიერების უმთვარესი გარანტია საქართველოს კონსტიტუცია გახლავთ, ხოლო სამოქალაქო საზოგადოების, დემოკრატიული ხელისუფლების ქმედუნარიანობის და სამართლებლივი სახელმწიფოს შექმნის ერთ-ერთი წინაპირობა მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლების ფორმირებაა.

ამ საყოველთაოდ აღიარებული დებულების შესაბამისად, სახელმწიფო უნდა იყოს სხვადასხვა სოციალურ თუ პოლიტიკურ ძალას შორის მიღწეული კომპრომისის გარანტი და ამ კომპრომისის იურიდიული უზრუნველყოფის საშუალება. ამ პრინციპის ერთგულებამ, უწინარეს ყოვლისა, საქართველოს ახალ კონსტიტუციაში ჰპოვა ასახვა. მოგეხსენებათ, თავად კონსტიტუციის მიღება იყო ასეთი ბრძნული კომპრომისის თვალსაჩინო აქტი, სოციალური კომპრომისის თვალსაჩინო აქტი. სოციალური კომპრომისის ეს პრინციპი შემდეგ უფრო დაიხვეწება და კანონმდებლობის სრულყოფის კვალობაზე, პოლიტიკური საქმიანობის სახელმძღვანელო იდეად გარდაიქმნება, იდეად, რომლის განხორციელებამაც უნდა განაპირობოს თითოეული მოქალაქის უფლებების დაცვა, საზოგადოების კეთილდღეობა და ხელისუფლების საქმიანობის მართლზომიერება.

მტკიცედ მწამს, რომ გაერთიანებული ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ იმ იდეის ხორცშესხმას.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, კანონის თანახმად იქნება საკონსტიტუციო კონტროლის სასამართლო დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუციის უზენაესობას, კონსტიტუციურ კანონიერებას და ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლების დაცვას. ჩვენი წინაპრები,სრულიად საქართველოს პროგრესული და დემოკრატიული ძალები, დამოუკიდებელი და ერთიანი სახელმწიფოს შექმნასთან ერთად, საკონსტიტუციო კონტროლის და შესაბამისი სასამართლო სისტემის ფორმირებასაც ვარაუდობდნენ. სამწუხაროდ, ეს ოცნება დღემდე განუხორციელებელი იყო.

დღეს კი, ჩემს კოლეგებთან ერთად, სიამაყისა და ბედნიერების გრძნობით ვარ განმსჭვალული: საქართველოს ისტორიაში პირველად, სათანადო წესით შერჩეულია და თავის უმნიშვნელოვანესი ფუნქციების შესრულებას შეუდგება საკონსტიტუციო კონტროლის ქართული ინსტიტუტი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო.

ხელისუფლების განაწილების კონსტიტუციურ სისტემაში, ჩვენს პოლიტიკურ და სამართლებლივ საქმიანობაში საკონსტიტუციო სასამართლოს, უმნიშვნელოვანესი რგოლის ფუნქცია დაეკისრება. მისი უფლებამისლებებისა და განსახილველ საკითხთა წრე იმდენად შთამბეჭდავია, რომ თამამად შეგვიძლია ვილაპარაკოთ ქვეყანაში სასამართლო ხელისუფლების რეალური დაფუძნებისა და იურიდიული პოლიტიკის თვისობრივად ახალი, დემოკრატიული ეტაპის დასაწყისზე.

გადაუჭარბებლადაც ვიტყვი, რომ ეს თავისუფალი და ბედნიერი მომავლის დასაწყისიცაა.

იურიდიული პოლიტიკა შემთხვევით არ მიხსენებია. საკონსტიტუციო სასამართლოს იურისდიქციის სფერო ისეთია, რომ ყოველგვარი სამართლებლივი დავის განხილვისას საკონსტიტუციო სასამართლო ძალაუნებურად პოლიტიკურ გადაწყვეტილებასაც იღებს. ზოგიერთი ქვეყნის სავალალო გამოცდილება მოწმობს, თუ როგორ გადაქცეულა საკონსტიტუციო სასამართლო პარტიული დაპირისპირების არენად, როგორ გადაქცეულან მოსამართლენი წმინდა პოლიტიკური პროცესების უნებლიე კომენტატორებად. ყოველივე ამის შედეგი კი ადვილი ასახსნელია: მოსამართლეთა და საერთოდ, საკონსტიტუციო კონტროლის სისტემის დისკრედიტაცია.

პირდაპირ უნდა ითქვას: საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვა, სამართლიანობის განმტკიცება და კონსტიტუციული წესრიგის დამკვიდრება მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული ჩვენი მოსამართლეების მიერ ამ საჭირბოროტო და უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხები გადაწყვეტაზე. უეჭველია, ძირძველი და მოწინავე იურიდიული ტრადიციების გათვალისწინებით, პოლიტიკური და სამართლებლივი პრობლემატიკის ერთიან კონტექსტში ახლებურად გააზრებით. საკონსტიტუციო სასამართლო ამ ამოცანასაც გაართმევს თავს.

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა არჩევისა და დანიშვნის სამართლებლივი მექანიზმი ისეა მოწყობილი, რომ ამ პროცესში პრეზიდენტი, პარლამენტი და უზენაესი სასამართლო თანაბრად მონაწილეობენ. გარდა ამისა, ზოგიერთი კრიტიკული მოსაზრების საწინააღმდეგოდ უნდა ითქვას, რომ ხელისუფლება კი არ აჭიანურებდა საკონსტიტუციო სასამართლოს შექმნის პროცესს, არამედ პირიქით ყოველმხრივ უწყობდა მას ხელს სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში საპატიო ადგილის დასამკვიდრებლად. ამის ნათელი დადასტურებაა წლეულს მიღებული უმნიშვნელოვანესი კანონები, რომელთაც უნდა უზრუნველყონ საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობა, მოსამართლეთა ცხოვრებისა და მუშაობის ღირსეული პირობების შექმნა.

კიდევ რამდენიმე წუთი და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები ღვთისა და ერის წინაშე დადებენ ფიცს კანონით მინიჭებული უფლებამოსლებების კეთილსინდისიერად და მიუკერძოებლად აღსრულების თაობაზე.

მსურს ყველას გასაგონად განვაცხადო: ეს არის უმნიშვნელოვანესი დღე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, ეს არის განუკითხაობის დასასრულისა და დიდი აღმშენებლობის კიდევ ერთი მკაფიო გამოხატულება. ეს არის თითოეული პიროვნების, საზოგადოების და სახელმწიფოს გამარჯვება.

მსურს გამოვხატო მადლიერება დიპლომატიური კორპუსის წარმოადგენლების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საზღვარგარეთელი იურისტებისადმი მხარდაჭერისა და თანადგომისათვის. სწორედ მათი უშუალო მონაწილოებით მიმდინარეობს რეფორმები და პირველ რიგში - სასამართლო რეფორმა.

ნება მიბოძეთ, ერთხელ კიდევ გადავუხადო მადლობა ყველას, ვინც მონაწილოებდა საკონსტიტუციო სასამართლოს შექმნაში, არ დაიშურა ძალღონე, რათა უფლებების დაცვის ეს ცივილიზებული წესი რეალურად დამკვიდრებულიყო ჩვენს სახელმწიფობრივ სინამდვილეში.

გულწრფელად ვულოცავ ამ დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა წევრს, სრულიად საქართველოს.

გისურვებთ კეთილსინდისიერ შემოქმედებითს მოღვაწეობას ქვეყნისა და ერის საკეთილდღეოდ.

დამსწრე საზოგადოების წინაშე გამოსულმა პარლამენტის თავმჯდომარემ ზურაბ ჟვანიამ აღნიშნა: საკონსტიტუციო სასამართლოს ამოქმედება ნათლად მოწმობს იმ ფაქტს, რომ ქვეყანაში რეალურად დაიწყო ფუნქციონირება საკონსტიტუციო წყობილებამ.

- საკონსტიტუციო სასამართლოს ჭეშმარიტად კომპეტენტური, მიუკერძოებელი და სამართლიანი მორვაწეობა საქართველოში სამართლებრივი პოლიტიკის განხორციელების გარანტი იქნება თავის გამოსვლაში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ მინდია უგრეხელიძემ.

უზენაის მსაჯულებს წარმათებები და ნაყოფიერი საქმიანობა უსურვა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის დუაიენმა, რუსეთის ფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ვლადიმერ ზემსკიმ.

გაიმართა ფარული კენჭისყრა, რომლის შედეგებიც გამოაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ აირჩიეს ავთანდილ დემეტრაშვილი.

საზეიმო ცერემონიაზე ბატონმა ავთანდილ დემეტრაშვილმა დამსწრე საზოგადოებრიობის წინაშე განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამარტლოს წევრები ერთგულნი იქნებიან იმ სპეტაკი იდეისა, რომელსაც ჰქვია კონსტიტუციური კანონიერება, ხალხის კეთილდღეობა, ადამიანის უფლებათა პატივისცემა და განუხრელი დაცვა.

საქინფორმი.

საკონსტიტუციო სასამართლო - ქვეყნის კონსტიტუციის უზენაესობის გარანტი // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 25 ივლისი. - 149-150(2263). - 1,2 გვ.

77 ქვეყნის ფუნქციის განსაზღვრისას უწინარესად უნდა აღმოიფხვრას ის, რაც ჩირქს სცხებს და ზიანს აყენებს ქვეყანას

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე 1996 წლის 19 ივლისს

დღეს ყველანი გავდივართ ურთულეს სკოლას, ვეუფლებით ურთულეს მეცნიერებას, რომელსაც ახალი დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა და ამ სახელმწიფოს მართვა ჰქვია. ამის გამოცდილება კი არ გაგვაჩნია. ვსწავლობთ უცხოელებისგან, უცხოეთისაგან, ბევრ რამეს - სახელმძღვანელოებით, ვსწავლობთ საკუთარი პრაქტიკით, ჩვენი ყოველდღიური საქმიანობით და ახლა როცა რეფორმები სახელმწიფოებრივი მშენებლობის დარგში, სახელმწიფოს გარდაქმნის სფეროში და განსაკუთრებით სამართალდაცვით სფეროში, გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. აუცილებელია ღრმა ცოდნა და იმ გამოცდილების ათვისება, რომელიც დაგროვილია მსოფლიოში.

ყოველგვარი რეფორმის ბედს გადაწყვეტს ის, თუ ვინ არის ამ რეფორმატორული იდეის მატარებელი და რამდენად გამსჭვალულია იგი პასუხისმგებლობის გრძნობით, ძალიან სერიოზული თეორიული და პრაქტიკული მუშაობა დაგვჭირდება, რათა დავეუფლოთ დემოკრატიული ქვეყნების მიერ, ფუნქციათა გამიჯვნის სფეროში შეძენილ სერიოზულ პრაქტიკას ფუნქციათა გამიჯვნა ურთულესი და აუცილებელი პროცესია, რომელიც უნდა ავითვისოთ, იგი აუცილებელია, რადგან ფუნქციების აღრევას შეიძლება ბევრი გაუგებრობა მოჰყვეს. ლაპარაკია ფუნქციების გამიჯვნაზე ხელისუფლების ყველა შტოს შორის. ეს ჩენთვის სპეციალური კვლევის შესწავლისა და გააზრების საგანი უნდა იყოს. ახლა გვაქვს მართლაც უნიკალური შემთხვევა, როდესაც აღმასრულებელი ხელისუფლება, ქვეყნის პრეზიდენტი და პარლამენტის უმრავლესობა ანტაგონისტურად არ არიან განწყობილნი და პარლამენტის უმრავლესობა, ასე თუ ისე მხარს უჭერს იმ პროგრამას, რომელსაც საპრეზიდენტო პროგრამა დაერქვა. ეს, ერთი მხრივ, ძალიან დიდი მონაპოვარია, მაგრამ მას მეორე მხარე აქვს, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს ზოგიერთი ნეგატიური შედეგიც, თუ ფუნქციები არ გაიმიჯნება სწორედ ახლა, როცა ასე თუ ისე გარკვეული ჰარმონიაა აღმასრულებელ და საკანონდებლო ხელისუფლებას შორის, უნდა დავაგროვოთ ის გამოცდილება, რომელიც მომავალ თაობებს მომავალ საქართველოს გამოადგება, როგორც სახელმძვანელო თეორიული თუ პრაქტიკული მოსაზრებების ჩამოყალიბებაში.

ორი პროგრამა, რომლებზეც დამოკიდებულია ქვეყნის დღევანდელობაცა და ხვალინდელობაც

უშუალოდ იმდღევანდელ შეკრებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ლაპარაკისას პრეზიდენტმა კმაყოფილებით აღნიშნა, რომ ქვეყანაში არსებული რეალური კრიმინოგენული ვითარება თანდათან უმჯობესდება. დანაშაულის კლებასთან ერთად ამაღლდა საერთოდ ჩადენილ დანაშაულთა გახსნის მაჩვენებელი. ყოველ შემთხვევაში, იმასთან შედარებით რაც იყო და რასაც ჩვენ წარმოვადგენდით, რა თქმა უნდა 83 პროცენტი სერიოზული და მნიშვნელოვანი პროგრესია.

წლევანდელი წლის პირველ ნახევარში გაწეული მუშაობის შეფასებისას პრეზიდენტმა განსაკუთრებით აღნიშნა ეროვნული უშიშროების საბჭოზე და მთავრობის სხდომაზე განხილული ორი პროგრამა. პირვე;ლი არის საქართველოში ნარკომანიის გავრცელებისა და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სახელმწიფო პროგრამა. იგი ითვალისწინებს ამ სფეროებში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარებას, სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოს, უწყების სამინისტროსა და არასამთავრობო სტრუქტურების ხანგრძლივ პერსპექტივაში, ერთიან შეთანხმებულ, კოორდინირებულ მოქმედებას. ამ მიმართულებით გაწეული მუშაობის მთვარი მიზანი, პირველ ეტაპზე ნარკოტიკების უკანონო მოხმარებისა და ბრუნვის ტემპის ზრდის შეჩერებაა. შემდეგი მისი ეტაპობრივი შემცირება უნდა გახდეს, საბოლოო ამოცანა კი უნდა იყოს ბრძოლა ამ სენის სალიკვიდაციოდ. ნარკომანიის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლა მიჩნეულია ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის განუყოფელ, ერთადერთ, უმთავრეს საკვანძო პრობლემად. პროგრამის მიხედვით საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ორგანოების მიერ ქვეყანაში სამართლებლივი, ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის ძირითადი სტრატეგიის განსაზღვრისა და განხორციელებისას უმნიშვნელოვანესი ადგილი დაეთმობა ნარკომანიის გავრცელებისა და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებს.

საქართველოში ნარკომანიის გავრცელებისა და ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული პროგრამა ითვალისწინებს: ორაგნიზაციულ - მეთოდოლოგიურ უზრუნველყოფას, სათანადო სამართლებლივი ბაზის შექმნას, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას, ნარკომანიის გავრცელების პროფილაქტიკას, ნარკომანიით დაავადებულ პირთა მკურნალობას და სოციალურ რეაბილიტაციას, მუშაობის იდეოლოგიურ უზრუნველყოფას, არასახელმწიფოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობას, პრობლემის მეცნიერულ კვლევას და რეკომენდაციების შემუშავებას ბარონმა ედუარდ შევარდნაძემ სხდომის მონაწილეებს აცნობა, რომ უკვე მისცა სპეციალური დავალება ფინანსთა მინისტრს მომდევნო 5 წლის ბიუჯეტის შედგენისას გაითავლისწინოს ამ პროგრამის ფინანსური, თუნდაც ნაწილობრივ მაინც, უზრუნველყოფის საკითხები, რასაც ალბათ, გაიზიარებს პარლამენტიც.

პრეზიდენტის ბრძანებით ეროვნული უშიშროების საბჭოსთან შეიქმნა ნარკომანიის გავრცელებისა და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო კომისია, რომლის თანათავმჯდომარეებად დამტკიცებული არიან მინისტრები კახა თარგამაძე და ავთანდილ ჯორბენაძე. კომისიაში ასევე გაერთიანებული არიან სხვა მინისტრები, სხვადასხვა დაინტერესებული უწყებების, ინტელიგენციის წარმომადგენლები. ეროვნული უშიშროების საბჭო სისტემატიურად მოისმენს კომისიის ანგარიშს ამ პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ. ამავე ბრძანებულებით მხარეებში პრეზიდენტის რწმუნებულებს დაევალათ, თვითონ ჩაუდგნენ სათავეში ანალოგიურ სამთვარობო კომისიებს და უზრუნველყონ პროგრამით გათვალისწინებულ ღონისძიებათა შესრულება. ნარკომანიასა და ნარკობიზნესთან ბრძოლაში წარმატების მიღწევის აუცილებელი პირობა კი საქართველოს მთელი მოსახლოების აქტიური მხარდაჭერაა.

იქვე გულისტკივილით აღინიშნა, ამ ისტორიული მნიშვნელობის ეროვნული პროგრამის მიღება თითქმის შეუმჩნეველი დარჩა პრესისასთვის, გარდა ტელევიზიისა და „საქართველოს რესპუბლიკისა“ პრესა უშიშროების საბჭოზე პროგრამის განხილვის შესახებ მოკლე ცნობით შემოიფარგლა, მაშინ როცა მეორეხარისხოვანი და მეათეხარისხოვანი პრობლემები რაღაც განსაკუთრებულ რანგშია აყვანილი. ჩვენი პრესა, რომელიც საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას უნდა უწყობდეს ხელს. ჯერჯერობით გვერდზე დარჩა ამ საშვილიშვილო საქმისაგან. არადა, ამ პროგრამას უნდა გაეცნოს ყველა, საზოგადოებამ ეს პრობლემა უნდა გაითავისოს და ამ პროგრამის შესრულებისადმი საზოგადოებრივი კონტროლიც განახორციელოს.

მეორე ესაა არასრულწლოვანთა სოციალური დაცვის, პროფესიული მომზადების და სამართალდარღვევათა პროფილაქტიკის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ასევე განიხილა ეროვნული უშიშროების საბჭომ და მთავრობის სხდომამ. არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილ კანონსაწინაააღმდეგო ქმედებათა რაოდენობა წინა წელთან შეადრებით 20 პროცენტით გაიზარდა. ეს ნამდვილი უბედურებაა. მათ ჩადენილი აქვთ თითქმის ყველა სახის დანაშაული. ამ საგანგაშო ტენდენციებმა წარმოშვა სპეციალური სახელმწიფო პროგრამის შემუშავებისა და მიღების აუცილებლობა. ამ პროგრამის ძირითადი მიმართულებებია: არასრულწლოვანთა შორის სამართალდარღვევებისა და უზედამხედველობის პროფილაქტიკური, გამაფრთხილებელი ღონისძიებების განხორციელება, არასრულწლოვანთა, დევნილთა, ლტოლვილთა და უმეთვალყუროდ დარჩენილ მოზარდთა პროფესიული სწავლებისა და სოცილაური ადაპტაციის პრობლემათა გადაჭრა, მოზარდთა მხატვრულ შემოქმედებასა და სპორტში ჩაბმა.

პრეზიდენტის სპეციალური ბრძანებულებით შეიქმნა არასულწლოვანთა საქმეებისა და მათი სოციალური დაცვის სამთვარობო კომისია, რომელსაც განათლების მინისტრი თამაზ კვაჭანტირაძე ჩაუდგა სათავეში. ასეთივე კომისიები შეიქმნება მხარეებში. კომისიის თავმჯდომარისა და პრეზიდენტის რწმუნებულების ანგარიშებს პერიოდულად მოისმენს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა. ასეთივე, კომისიები პირველ პირთა ხელმძღვანელობით უნდა შეიქმნას ქალაქებში, რაიონებში, მსხვილ დასახლებულ პუნქტებში. დემოკრატიული სუვერენული საქართველოს აშენების პროცესში ამ ორი პროგრამის განხორციელებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან მასზე ბევრადაა დამოკიდებული საქართველოს დღევანდელობაც და ხვალინდელობაც.

თუ კორუფციას ბოლო არ მოვუღეთ, საქართველოს ავტორიტეტი დაეცემა

ორატორმა ყურადღება განსაკუთრებით შეაჩერა ორ უმნიშვნელოვანეს საკითხზე.

განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო ორ უმნიშვნელოვანეს საკითხზე, რომელთაგან პირველია კანონიერბისა და მართლწესრიგის განმტკიცების საკითხებზე პრეზიდენტის 1996 წლის 1 თებერვლის ბრძანებულების შესრულების მიმდინარეობა. ბრძანებულების მოთხოვნები ძირითადად სრულდება, მაგრამ არის სერიოზული შენიშვნებიც. ბრძანებულების თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ევალებოდა 1996 წლის 1 მარტამდე შეემუშავებინა რეგისტრირებულ სისხლის სამართლის დანაშაულთა აღრიცხვისა და მოძრაობის უწყებათაშორისი კონტოლის სისტემა. სამინისტრომ ეს პროგრამა შეიმუშავა, მაგრამ მისი ამოქმედება არ მოხერხდა, რადგან სათანადო დაინტერესება არ გამოიჩინეს რესპუბლიკის პროკურატურამ და იუსტიციის სამინისტრომ.

ამ ბოლო დროს განსაკუთრებით იმატა საჩივრებმა მკვლელობის ფაქტებზე აღძრული სისხლის სამართლის საქმეების პროცესუალური ნორმების უხეში დარღვევის, გამოძიების უმიზეზოდ გაჭიანურების, საქმეთა წარმოების უსაფუძვლოდ შეჩერების, ამ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი არაადექვატური განაჩენების გამო. ამ საჩივრების მიხედვით, ბევრი მკვლელი და საშიში დამნაშავე თავისუფლად დადის და თავს არიდებს მართლმსაჯულებას. ყველაფერი ეს ხშირად უკავშირდება ანგარებას, მექრთამეობას, პროტექციას. მე მრცხვენია, თქვა ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ რომ უკვე მესამედ ვასახელებ ერთი მოკლული ადამიანის, ერთი გაუბედურებული ოჯახის გვარს - ეს არის ჯიქიების ოჯახი, რომელიც სასოწარკვეთილობამდე მიიყვანეს. როდესაც პრეზიდენტი ერთსა და იმავე ფაქტზე სამჯერ იტყვის და სათანადო ზომები მაინც არ არის მიღებული, მაშინ ქვეყანაში რაღაც მოშლილია და ყველამ უნდა ვიფიქროთ ამის შესახებო.

პრეზიდენტმა განაცხადა რომ გამოსცეს სპეციალურ ბრძანებულებას, სადაც აისახება დავალება - გენერალურმა პროკურორმა ჯამლეთ ბაბილაშვილმა შექმნას სპეციალური კომისია, რომელიც თბილისში და ცალ-ცალკე სამხარეო პროკურატურებში შეისწავლის მკვლელობებისა და სხვა უმძიმეს დანაშაულთა გამო 1994-1996 წლებში აღძრული სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების მიმდინარეობას. იუსტიციის მინისტრს თედო ნინიძეს დაევალა წარმოადგინოს დასკვნა ამ საქმეებზე სასამართლოების მიერ გამოტანილი განაჩენების შესახებ. ცალ-ცალკე - თბილისისა და მხარეების მიხედვით. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს მინდია უგრეხელიძეს სთხოვა ასევე შეიმუშავოს, უზენაესი სასამართლოს დასკვნები ამ საკითხებზე, ეს საზოგადოების თხოვნაა.

მეორე უმთავრეს საკითხად დასახელდა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შემდგომი გააქტიურება. ეს პრობლემა შეიძლება ითქვას, მსოფლიო მასშტაბისაა. იგი პრობლემაა მაღალგანვითარებული, ძლიერი სახელმწიფოსთვისაც და ჩვენსავით ახალი, პოსტსაბჭოური, პოსტსოციალისტური ქვეყნებისათვისაც, რომლებიც ახლა აშენებენ სუვერენულ, დემოკრატიულ სახელმწიფოებს. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გააქტიურების მოთხოვნა სისტემატურ და თანმიმდევრულ ხასიათს ატარებს. ასე იქნება მომავალშიც. ჩვენი სამართალდამცავი ორგანოები ებრძვიან ამ სენს, მუშაობენ ამ კუთხით, სხვა საკითხია თუ რამდენად ეფექტიანია ეს მუშაობა, გვაკმაყოფილებს თუ არა მიღწეული შედეგები. 1996 წლის 15 თებერვალს შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელსაც დაევალა მინისტრთა კაბინეტის მიერ გამოცემული აქტების კანონიერების შეწავლა. მინისტრთა კაბინეტის გაუქმების ერთ-ერთი საფუძველი ისიც იყო, რომ კორუფციის ეს ბუდე უნდა დაშლილიყო. ეს ყველაფერში ძალზე სერიოზულ შესწავლასა და გაანალიზებას მოითხოვს. თუ სერიოზულად ვფიქრობთ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე, ზედა ეშელონი უნდა გასუფთავდეს. ეს ეხება უწინარესად პრეზიდენტის სამსახურს, სახელმწიფო კანცელარიას, ეს ეხება პარლამენტსაც, ნურავინ იფიქრებს რომ პარლამენტში არ შეიძლება იყო კორუმპირებული ადამიანი. თუ შევძლებთ ამ თვალსაზრისით წესრიგი დავამყაროდ პრეზიდენტის სამსახურში, სამთავრობო სტრუქტურებსა და პარლამენტში, კორუფცია საქართველოში აღარ იქნება.

ძალიან მნიშვნელოვანია უმაღლესი პროფესიონალიზმი და მოუსყიდველობა ჩვენი სამართალდამცავი ორგანოებისა, უშიშროების სისტემისა, რათა ეს ზონა არ დაჩრდილოს დილეტანტიზმმა, მოჩვენებითმა აქტიურობამ და პოლიტიკური ქულების დაგროვების ცდამ, რათა მან არ გადაფაროს გულწრფელი სურვილი - ქვეყანა გათავისუფლდეს კორუმპირებული ელემენტებისა და კორუმპირებული კლანებისგან, კორფუციის წინააღმდეგ ბრძოლა არ უნდა იქცეს პოლიტიკური შანტაჟის, ხელისუფლების უსაფუძვლო კომპრომენტაციის, შეგნებულად ავტორიტეტის შელახვის იარაღად, რაც ყველაზე გავრცელებული იარაღია დღეს, არ ვარგა, რომ ზოგიერთი გაზეთი ჭორებს არის აყოლილი. ჭორმა შეიძლება იბოგინოს 1-2 თვე, ნახევარი წელიწადი, მაგრამ ბოლოს ხალხი მაინც გაარკვევს სად არის ჭეშმარიტება, სად ჭორი და სად - ცილისწამება. თუ გვინდა რეალურად ვებრძოლოთ კორუფციას და ამოვძირკვოთ ეს ავადმყოფობა, მაშინ მას მართლაც სუფთა ხელებითა და სუფთა სინდისით უნდა ვებრძოლოთ. პრეზიდენტმა არ გაიზიარა მოსაზრება, თითქოს თუნდაც ახლო წარსულში ჩადენილი ასეთი ფაქტების მხილება შელახავს ქვეყნის ხელისუფლების ავტორიტეტს, როგორც რეფორმები სჭირდება ქვეყანას, ასევე ჩვენი პრესტიჟისათვის აუცილებელია ამოიძირკვოს კორუფცია საქართველოში. თუ ამ სენს ბოლოს არ მოვუღებთ, საქართველოს ავტორიტეტი დაეცემა. ჩვენთვის კი არაფერია იმაზე უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე სახელმწიფოს სახელი და დიდება, სწორედ იმ რეფორმების, ჩვენი ხალხის სულგრძელობის, მოთმინების წყალობით საქართველო დღეს მსოფლიო არენაზე მაღალი რანგის ქვეყანაა. ეს არ უნდა დავთმოთ. არ შეიძლება აქ კომპრომისებზე წასვლა. ხელისუფლების ეშელონებში მომუშავე პირები დარწმუნებული უნდა იყვნენ, რომ შეიძლება გვიან, მაგრამ მაინც აუცილებლად გამოაშკარავდება ყველა, ვინც ბოროტად იყენებს ან ცდილობს გამოიყენოს თავისი თანამდებობრივი მდგომარეობა, რომ ყველას მოუწვეს კანონის წინაშე პასუხისგება. შეიძლება 5 წლის შემდეგ, მაგრამ მაინც მოჰკითხავენ იმას, რაც უკანონოთ აქვთ მითვისებული.

პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში თავის წვლილს შეიტანს საქართველოს პარლამენტის კომისია, მაგრამ მხოლოდ პარლამენტისათვის დასაშვები ხერხებისა და მეთოდების გამოყენებით. ეს საკითხი უკავშირდება მაკონტროლებელი ორგანოების მუშაობასაც ცხადია, მაკონტროლებელ ორგანოთა რაოდენობრივი ზრდა ვერ აღმოფხვრის და შეამცირებს კორუფციას. პირიქით, კორუფციის და სხვა დანაშაულებების წარმოქმნის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება გახდეს სწორედ საჭიროზე მეტი მაკონტროლებელი სტრუქტურის შექმნა და აქ მარტო რაოდენობაზე როდია ლაპარაკი. ფუნქციური თვალსაზრისით იმდენი გადაფარვაა, რომ მეწარმე მით უფრო დამწყები, თუ სურს პატიოსანი გადამხდელი ოყოს, იძულებულია მთელი თვაისი დრო მაკონტროლებელ სტრუქტურებთან ურთიერთობბების გარკვევას მოანდომოს. უზომო ცენტრალიზაციასაც და დეცენტრალიზაციასაც ერთი და იგივე ნეგატიური შედეგის მოტანა შეუძლია. მაკონტროლებელი ორგანოების დღევანდელ რაოდენობას. ქვეყნის ამჟამინდელი პირობების გათვალისწინებით, არავითარი გამართლება არ გააჩნია ან ამ სფეროში წესრიგი უნდა დამყარდეს ან საქართველოში მეწარმოება ჩანასახშივე მოკვდება.

1995 წლის 30 იანვარს გამოიცა სპეციალური ბრძანებულება, საქართველოს რესპუბლიკის მაკონტროლებელი ორგანოების საქმიანობის კოორდინაციის შესახებ. განისაზღვრა ამ ორგანოების მიერ შემოწმების მოწყობის წესი. რაც მთვარია მმართველობის ადგილობრივ ორგანოებთან შეიქმნა სპეციალური კომისიები, რომლებიც უნდა იხილავდნენ ადგილობრივი და მაკონოტროლებელი ორგანოების განცხადებებს შემოწმების შესახებ. მაგრამ აღმოჩნდა, რომ გამგეობები და მერიები ამ უფლებებს ფაქტობრივად არ იყენებენ. არის შემხვედრი წინადადებაც: ასეთი კომისიები შეიქმნას სამხარეო ადმინისტრაციებთან. ამავე დროს, საჭიროა კიდევ ერთხელ გაანალიზდეს რამდენი მაკონტროლებელი ორგანო და რამდენი საწარმო გვაქვს, როგორია მათი ზრდის თანაფარდობა, რამდენად ორგანიზებული და სისტემურია აღნიშნული ორგანოების ურთიერთობა ობიექტებთან, რამდენი ფუნქციური პარალელია, რამდენი და რომელი სტრუქტურების გაერთიანება თუ გამიჯვნა რა შედეგების მომტანი იქნება.

როცა ქართველი ბიზნესმენები ჩივიან მძიმე საგადასახადო პოლიტიკის გამო, მათ უწინარეს ყოვლისა, მხედველობაში აქვთ მაკონტროლებელ ორგანოთა რაოდენობა და მათი მოქმედების ტლანქი სისტემა. სხვადასხვა რამ არის, ერთი მხრივ, საგადასახადო სისტემებისა და მაკონტროლებელი სტრუქტურების რაციონალიზაცია და მეორე მხრივ, გადასახადების მოცულობა ვიდრე ქვეყანა ეკონომიკურად სუსტია, ვიდრე ქართულ ცივილიზებულ ბიზნესს ფეხი არ აუდგამს, იქნებ უმჯობესი იყოს სტრუქტურული ცვლილებების ამ მიმართულებით განხორციელება მიზანი უნდა იყოს როგორც სახელმწიფო ბიუჯეტზე ზრუნვა, ისე წარმოების მოცულობის ზრდისათვის ხელშეწყობა. მაგრამ, ალბათ, საწყის ეტაპზე უპირატესობა ამ უკანასკნელს უნდა მიენიჭოს. თუ ვერ მივაღწევთ წარმოების ზრდას და ვერ შევქმნით მისი აღორძინებისთვის ხელსაყრელ პირობებს, ქვეყანა სიღატაკიდან ვერ გამოვა და ასეთ პირობებში ბიუჯეტის შესახებ ლაპარაკი უსაფუძვლო იქნება. მაკონტროლებელი ორგანოების უმთავრესი მიზანი საბაზრო ეკონომიკის, ბიზნესის ხელშეწყობა უნდა იყოს და არა მისი შეზღუდვა.

პრეზიდენტმა მიზანშეწონილად მიიჩნია, შეიქმნას სპეციალური სამთავრობო კომისია, რომელიც შეისწავლის, მოამზადებს პრეზიდენტის განკარგულებებისა და სხვა დოკუმენტების პროექტებს ახალ ეტაპზე მაკონტროლებელი ორგანოების საქმიანობის კოორდინაციისა და მათ შორის ფუნქციების გამიჯვნის შესახებ. ამ საკითხზე შეიძლება სპეციალური მსჯელობა გაიმართოს პარლამენტშიც, იგი დაეთანხმა ბატონ კახა თარგამაძის მოსაზრებას, რომ პოლიციის საგამოძიებო ორგანოების შესვლა ნებადართული უნდა იყოს მხოლოდ მას შემდეგ, როცა აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე. ამის გარეშე პოლიციის შესვლა უკანონოდ უნდა ჩაითვალოს. ერთადერთი ორგანიზაცია, რომელიც უნებართვოდ და უკონტროლოდ უკავშირდება მეწარმეებს, საწარმოებსა და ორგანიზაციებს, არის საგადასახადო ინსპექცია, სხვა მაკონტროლებელი ორგანოები უნდა შეუთანხმდნენ რწმუნებულებს ან განმგებლებს, ხოლო თუ ისინი ნდობას არ იმსახურებენ, არსებობს ცენტრალური ორგანოები და ქვეყნის პრეზიდენტმა ან უშიშროების საბჭომ სპეცილაურად უნდა განიხილოს ეს საკითხი, როგორც კი ეს სისტემა მოიშლება, ამ სფეროში განუკითხაობა დაიწყება. კონტროლის პალატა თავის საკონტროლო სქემას რაიონებსა და ქალაქებში ძირითადად მაინც უნდა უთანხმდებოდეს ან პრეზიდენტს, ან უშიშროების საბჭოს.

ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ ვრცლად ისაუბრა სასამართლო რეფორმისა და სამართლებრივი პოლიტიკის ზოგიერთი ტენდენციის თაობაზე, განსახილველად მომზადებულია მნიშვნელოვანი კანონპროექტები, მაგრამ, რადგან არსებობს საქმიანი ურთიერთობა პარლამენტსა და პრეზიდენტს შორის, ძალები იმისთვისაც უნდა გაერთიანდეს, რომ კანონი ცალ-ცალკე აღარ იწერებოდეს.

სასამართლოს საქმიანობის უმთვარესი მიმართულება მოქალაქეთა უფლებების დაცვა და მათი უზრუნველყოფის იურიდიული მექანიზმის განმტკიცებაა, რაც, საერთოდ, სამართლებლივი პოლიტიკის, კერძოდ კი მართლმსაჯულების ეფექტიანობისა და ქმედითობის უტყუარი მაჩვენებელია. კონსტიტუციური აღმშენებლობისა და ბოლო წლების სტაბილიზაციის პროცესმა ეს მაჩვენებელი თანდათან სულ უფრო მყარი და იმედის მომცემი გახადა. თუმცა, მოქალაქეთა და ორგანიზაციათა სამართლიან აღშფოთებას იწვევს სისხლისა და სამოქალაქო სამართლის საქმეთა განხილვის უსასრულო გაჭიანურება, ხანდახან სკეპტიციზმს ამ რეფორმის მიმართ იწვევენ ის ადამიანებიც, რომელთა რეპუტაცია შელახულია, რომელთა ხელშიც უზარმაზარი უფლებებია თავმოყრილი. ამიტომ, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ერთის მხრივ, რეფორმების დაჩქარებულ ტემპს და მეორე მხრივ, იმ ადამიანებს, ვინც ეს რეფორმა ცხოვრებაში უნდა განახორციელონ.

სამოქალაქო საქმეთა განხილვა მოქალაქეებისათვის სატანჯველი გახდა. მათი საქმეები სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოებში წლობით ტრიალებს. ყოველივე ამასთან დაკავშირებულია მატერიალური დანახარჯები და მორალური სტრესები. მოსამართლეთა მხრივ პროფესიული ეთიკის ნორმების დარღვევისა და საქმეთა გაჭიანურებას ხელს უწყობს ისიც, რომ ფატქობრივად მოშლილია კანონის თანახმად მათი პასუხისმგებლობის სისტემა. არ არსებობს შესაბამისი სტატისტიკური აღრიცხვიანობა საპროცესო ვადების დარღვევის თაობაზე.

ამას ემატება ზოგიერთ შემთხვევაში უკანონო, დაუსაბუთებელი განაჩენის თუ გადაწყვეტილების გამოტანა, რაც კიდევ უფრო აჭიანურებს და აბრკოლებს ჭეშმარიტების დადგენას. განაჩენებისა და გადაწყვეტილებების გაუქმება და ხელახალი განხილვისათვის დაბრუნება, თავის მხრივ ასუსტებს სასამართლო პოლიტიკის ერთიანობას. სამოქალაქო საქმეთა განხილვა გაცილებით მეტ ყურადღებას მოითხოვს. მიმდინარე სასამართლო რეფორმის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება, სწორედ სასამართლოებში საქმეთა გაჭიანურების, თავიდან აცილება უნდა გახდეს, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა მომავალი სასამართლოს საქმიანობის უმთვარესი ნიშანი უნდა გახდეს. მას, რა თქმა უნდა, მხარში ამოუდგება და ერთგვარად შეუმსუბუქებს ტვირთს სახალხო დამცველი ინსტიტუტი. მის შესახებ უკვე მიღებულია საერთაშორისო სტანდარტების შესატყვისი ორგანული კანონი. პარქტიკულად, ეს არის ჩვენში ამ უაღრესად მნიშვნელოვანი ინსტიტუტის დამკვიდრების პირველი შესაძლებლობა.

სამართალდაცვის პრობლემას მრავალი კონკრეტული ასპექტი აქვს, მაგრამ არის ზოგადი, პოლიტიკური მნიშვნელობის ასპექტიც. შეუძლებელია დაბალი სამართალმორჩილებითი კულტურის შემთხვევაში დემოკრატიის მშენებლობა, რადგან ასეთ პირობებში დემოკრატიას ჯერ განუკითხაობისა და ანარქიის, შემდეგ კი დიქტატურის საფრთხე ემუქრება. განმათავისუფლებელ მოძრაობას ნათელი და კეთილშობილი იდეის პარალელურად თან ახლა თავისუფლების ყოვლისუფლებად გაგების არცთუ მკრთალი ნიშანი. სხვადასხვა მიზეზით გამოწვეულმა პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივმა რყევებმა ხელი შეუწყო საზოგადოებრივი ცხოვრების ნორმალური კალაპოტიდან ამოვარდნას და კანონისადმი ურჩობამ მასობრივი ხასიათი შეიძინა. ლამის ეროვნულ მახასიათებლად იქცა. უკანასკნელ პერიოდში მიღწეული პოზიტიური ძვრების მიუხედავად, დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის თვალსაზრისით, დღესაც იგივე პრობლემის წინაშე ვდგევართ.

კანონის უზენაესობა და სამართლებლივი საზოგადოება დემოკრატიის აუცილებელი პირობაა, რადგან დემოკრატიული ცხოვრება თითოეული მოქალაქისგან კანონის აღსრულებას, მთლიანად საზოგადოების მაღალ სამართლებლივ კულტურას მოითხოვს, - ხაზი გაუსვა ორატორმა დემოკრატიული კანონმდებლობა, თავისთავად, არაფერს ნიშნავს, თუ მას არ ექნება საზოგადოების პრაქტიკული მხარდაჭერა. ამიტომ გამორიცხული არ არის, რომ ხელისუფლებამ გამოიყენოს კანონაღსრულების იძულებითი მეთოდი, საყვედურობენ, ხელისუფლება გამკაცრდაო, მაგრამ შევხედოთ სინამდვილეს: ხშირად არც სახელმწიფო მოხელეები და რაც საზოგადოების წევრები არ იცავენ ქვეყნის ნორმალური ფუნქციონირების ელემენტარულ, აუცილებელ კანონებს.. დღეს არ არის იმაზე უფრო მნიშვნელოვანი ეროვნული ამოცანა, ვიდრე კანონის უზენაესობისა და სამართლებლივი სახელმწიფოს დამკვიდრება. ჩვენ ერთიანი შემართებით აღვსდექით დიქტატურის წინააღმდეგ და დავამხეთ იგი, როგორც მიღებელი და ადამიანური ღირსების შემლახველი. აქ ორატორმა დააზუსტა - დიქატატურის დამკვიდრებას ის ძალები უწყობდნენ ხელს, რომლებსაც ქვეყანა ქაოსისა და ანარქიისაკენ მოჰყავდა. ქაოსს განსახურდიას რეჟიმის დამხობის შემდეგ მოჰყვა სწორედ სამხედრო საბჭოს დიქტატურა. კიტოვანის გათარეშებას დასავლეთისკენ ახალი არეულობა და მისი კლანის ფინანსური და პოლიტიკური ბატონობა უნდა მოჰყოლოდა, ისევე, როგორც „მხედრიონის“ წრეგადასულ ყაჩაღობას მოჰყვა ყაჩაღთა პოლიტიკური პარტიის შექმნა. ეს ყველამ უნდა გაიგოს, მათ შორის, ცალკეულმა ჟურნალისტ-ადვოკატებმა. კრიმინალთა დიქტატურა ყოველგვარ დიქტატურაზე უარესია. სახელმწიფო სტრუქტურებში მოკლათებულმა კრიმინალებმა უმძიმესი დანაშაულობანი ჩაიდინეს აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთში განსაკუთრებით სამეგრელოში, ქვეყნის სხვა რეგიონებში. ყველაფერი ეს ნაწილობრივ გამოძიებული და გამოკვლეულია. უნდა აღსდგეს ეს საშინელი სურათი. რათა მომავალ თაობებს იგი უმკაცრეს გაკვეთილად გამოადგეთ. ქართველმა ხალხმა, საქართველოს ყველა მოქალაქემ, როგორც დიდი სულიერი კულტურის წარმომადგენლებმა, მაღალი სამართლებლივი და მოქალაქეობრივი კულტურა უნდა გამოავლინონ, მხოლოდ ამ გზით შევძლებთ ნამდვილ დემოკრატიულ და ცივილიზებულ სამყაროში შესვლას. უმთავრესი სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობაში ამ მიმართულებით უნდა იყოს არა მარტო დასჯის სტარტეგია, არამედ სამართლებლივი კულტურის დამკვიდრების მექანიზმისა და გარემოს შექმნა. ეს უაღრესად რთული, ძნელი და საპატიო გზაა.

როგორც ვზრუნავთ დემოკრატიული სახელმწიფო სტრუქტურების შექმნის, სახელმწიფო და ეკონომიკური რეფორმებისათის, ასევე უნდა ვიზრუნავდეთ დემოკრატიული პრესის ფორმირების, თავისუფალი პრესის ფორმირებისათის (მხედველობაში არ მაქვს ჩარევა მათ საქმიანობაში) შესაბამისი პირობების შექმნისათვის. გაუცხოება, იქით თავისუფალი პრესა, აქეთ-ხელისუფლება, არ ვარგა. ასეთი ტენდენცია უნდა დავძლიოთ ყველამ, ადგილზე მომუშავეებმაც და ცენტრშიც მომუშავე პასუხისმგებელმა მუშაკებმაც, სახელმწიფოებრივი დამოკიდებულება და სახელმწიფოებრივი სიბრძნე სწორედ ის არის, რომ ამაღლდე შენს თავზე, შენ თავს აჯობო, წყენა გადალახო და ჩათვალო, რომ გაზეთი, ყველაზე აღვირახსნილიც კი, თუკი რეგისტრირებულია, თუკი აკრძალული არ არის კანონის მიერ, ჩვენი გაზეთია, შენი ერის, შენი სახელმწიფოს გაზეთია და ამით უნდა ვიხელმძღვანელოთ. მე მგონი, გაუთავებელი პრეტენზიების წაყენებიდან უნდა გადავიდეთ მუშაობის სხვა სტილსა და სხვა მეთოდებზე. რა თქმა უნდა, ეს ეხება სატელევიზიო პროგრამებსაც, არავითარი სტაბილიზაცია არ იქნებოდა საქართველოში, ტელევიზია რომ არ გვეხმარებოდეს, ამასთან ერთად უფრო თანამედროვე დონეზე უნდა მუშობდეს ისეთი გამოცემა, როგორიც არის „საქართველოს რესპუბლიკა“, მიმაჩნია რომ „საქართველოს რესპუბლიკა“ როგორც მინიმუმი რვა გვერდზე მაინც უნდა გამოდიოდეს, ვინაიდან ძირითადი ინფორმაცია, კანონები, კანონქვემდებარე აქტები, ბრძანებულებები, სწორედ ამ გაზეთის მეშვეობით მიეწოდება მოსახლოებას. მას უნდა დავეხმაროდ. ეს გაზეთი ერთ-ერთი ასე ვთქვათ, ეტალონი უნდა გახდეს, ისე როგორც „სვობოდნაია გრუზია“ როგორც აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი გაზეთები. ასევე მიმაჩნია, რომ თბილისელებს შეუძლიათ ჰქონდეთ შესანიშნავი, მართლაც ფუნდამენტური, მნიშვნელოვანი გაზეთი, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება ფინანსურად და მატერიალურად. ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და ყველაზე ხელმისაწვდომი უნდა იყოს სოფლის გაზეთი. იგივე ეხება „სახალხო განათლებას“ თავისუფალ პრესასთან უნდა ვითანამშრომლოთ, მაგრამ მან უნდა იცოდეს, რომ არსებობს ძლიერი კონკურენტი, რომელსაც ხალხი მეტად ენდობა. უნდა შევეგუოთ იმ აზრს, რომ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს თავისი იდეოლოგიური პრინციპები, მინდა მივმართო მეცნიერებათა აკადემიას, ფილოსოფიის, ისტორიის ინსტიტუტებს, სახელმწიფო უნივერსიტეტს, შესაბამის კათედრებს ჩვენს უმაღლეს სასწავლებლებში: მოდით ყველა ჩავაბათ ამ საქმეში და ყველამ ერთად შევქმნად ის, რასაც ჰქვია დამოუკიდებელი საქართველოს მსოფლმხედველობრივი პრინციპები და იდეოლოგიური კონცეფცია. ეს იქნება ის საფუძველი, რომელიც მოგვცემს საშუალებას უფრო გაბედულად ვიმუშაოთ ჩვენს ახალგაზრდობასთან, მომავალ თაობებთან. ეს აუციელებელია იმისათვისაც, რომ ვიცოდეთ ჩვენი ქვეყნის დანიშნულება, მისი ადგილი რეგიონში და საერთაშორისო გზა, რომელსაც დიდ სიკეთესთან ერთად, შეიძლება დიდი უბედურებაც მოჰყვეს.

უკვე 3-4 წელიწადია განუწყვეტელი ლაპარაკია იმის შესახებ, რომ საქართველო, კავკასიასთან ერთად, შეიძლება იქცეს ერთ-ერთ საკვანძო ქვეყნად, რომელიც დააკავშირებს ევროპასა და აზიას. 3-4 წლის წინათ ზოგიერთს ეს დემაგოგია ეგონა. ჩვენ პირველებმა წამოვიწყეთ სერიოზული საუბარი ევროკავშირში, ევრაზიის დერეფნის შესახებ. დღეს ეს იდეა უკვე რეალობაა და იგი საქართველოს დიდ სიკეთეს მოუტანს, მაგრამ ამ დერეფანს შეიძლება დიდი უბედურებაც მოჰყვეს, თუ მზად არ ვიქნებით ყოველმხრივ - მორალურად ფსიქოლოგიურად, თუ გნებავთ პატრიოტულად, ჯერ ერთი ათასობით და მილიონობით ადამიანი, რომლებიც გადაივლის საქართველოს ტერიტორიაზე, დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ეს არის ღირსეული ქვეყანა ღირსეული მოქალაქეებით. ამავე დროს უნდა გვქონდეს ეროვნული და სახელმწიფოებრივი იმუნიტეტი, რომ უარვყოთ, რაც ჩვენთვის უცხო და მიუღებელი მოჰყვება მას - ნარკობიზნესი, ნარკომანია, გარყვნილება და თუ სხვა უბედურებები, აქ ყველანი ერთად უნდა ვიყოთ, უმრავლესობაც და უმცირესობაც, ოფიციალური და თავისუფალი პრესაც. სახელმწიფოს ამ ახალ ფუნქციას გააზრება ესაჭიროება. თუ ამ ფუნქციას კარგად გავიაზრებთ, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო უფრო ღირსეულ ადგილს დაიკავებს საერთაშორისო თანამეგობრობაში საქართველოს შეუძლია განსაკუთრებული სიტყვა თქვას და ერთ-ერთი საინტერესო ქვეყანა გახდეს, სწორედ მისი მდებარეობისა და გარკვეული ტრადიციების გამო, ნარკობიზნესთან, ტერორიზმთან ბრძოლაში. ტერორიზმი დღეს მსოფლიო სენია. ისეთმა გიგანტმაც კი, როგორიცა არის ამერიკის შეერთებული შტატები, ვერ დაძლია იგი. ჩვენი ხალხი შინაგანად მზად არის იმისათვის, რომ ეს სენი საბოლოოდ აღმოიფხვრას, ისევე, როგორც ნარკობიზნესი. ამიტომაც, ამ მხრივ მუშაობა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია. ქვეყნის ფუნქციის განსაზღვრისას უნდა ვიფიქროთ სწორედ იმაზე, რომ, უწინარესად აღმოიფხვრას ის, რაც ჩირქს სცხებს და ზიანს აყენებს ქვეყანას. მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია ვიფიქროთ და ვილაპარაკოთ საერთაშორისო ასპექტებზე.

სახელმწიფოს არ შეუძლია სერიოზული დიალოგი აწარმოოს სხვა ქვეყნებთან, თუ მას გარანტირებული არა აქვს საკუთარი უსაფრთხოება, - თქვა შემდეგ ორატორმა - ჯერჯერობით კვლავ იმ ძველი ინერციით მივდივართ. მიმაჩნია, რომ არ არსებებოს უფრო მძიმე დანაშაული მორალური, თუ ეროვნული თვალსაზრისით, ვიდრე ის, რომ ჩვენი ახალგაზრდა, ჩვენი შვილი თუ შვილიშვილი თავს არიდებს საკუთარი ხალხის, საკუთარი ქვეყნის ჯარში სამსახურს, ესე იგი ფუჭი ყოფილა ოცნება თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოზე. დამოუკიდებელი საქართველოს პირველი და უმთავრესი ატრიბუტი - ეს არის ჯარი, შეიარაღებული ძალები. ღმერთმა ქნას, რომ ომი არ დაგვჭირდეს, მაგრამ ყველაზე გარანტირებული მშვიდობის პირობებშიც საქართველოს ჯარი, შეიარაღებული ძალები მაინც საიმედო ფარად უნდა ჰყავდეს. ამიტომ შეიარაღებული ძალების მშენებლობას ჩვენი გულის ნაწილი უნდა დავუთმოთ, სხვანაირად ჯარი არ შეიქმნება. ლაპარაკია არა მარტო გაწვევაზე, არამედ ელემენტარული პირობების შექმნაზე, ბიუჯეტზე, ლაპარაკია იმაზე, რომ ეს სკოლა უნდა გაიარონ ღირსეულმა პიროვნებებმა და ისინი დარწმუნებული უნდა იყვნენ რომ სახელმწიფოსათვის სწორედ ეს არის უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი.

გამოსვლაში დიდი ადგილი დაეთმო ისეთი საშიში სენის დაძლევის აუცილებლობას, როგორიც არის სეპარატიზმი საქართველო ერთგვარ საცდელ პოლიგონად იქცა დღევანდელი მსოფლიოსათვის - პატარა ქვეყანაში ორი სისხლიანი, სამარცხვინო კონფლიქტი. დღეს არ ვლაპარაკობთ ვინ არის დამნაშავე. ეს სხვა საკითხია. ჩვენ მოვაგვარებთ ამ კონფლიქტებს, ვიცხოვრებთ აფხაზებთან ერთად ერთ სახელმწიფოში. დადგება დრო, როცა ვიტყვით-ჩვენ ვართ ძმები და ეს საქმით იქნება დამტკიცებული, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამით სეპარატიზმის საფრთხე დაძლეული იქნება და ნურავინ ფიქრობს, რომ ეს საფრთხე მხოლოდ სხვა ეროვნებებთან არის დაკავშირებული და არა - ქართველებთან.

მიმაჩნია, რომ ისტორიული მნიშვნელობისა იყო. ბატონ ალიევის ჩამოსვლა საქართველოში. ვისაუბრეთ იმაზე, რომ ამ შედარებით პატარა რეგიონში ერთმანეთს პრობლემები კი არ შევუქმნად, არამედ ვეხმარებოდეთ რთული ეტაპის გავლაში, რთული გამოცდის ჩაბარებაში. ვიზიტმა კეთილისმყოფელი გავლენა მოახდინა ქართველებისა და აზერბაიჯანელების ურთიერთობაზე მიმაჩნია, რომ ისტორიული იყო ბატონ ტერ-პეტროსიანის ჩამოსვლა საქართველოში, ჩვენი მოგზაურობა მესხეთ-ჯავახეთში და იქაური მოსახლეობის გრანდიოზული შეხვედრა. დასაფასებელია მისი შესანიშნავი ფორმულა, ის სომეხი, რომელიც ქართველების წინააღმდეგ გამოდის, უპირველსად სომხებისა და სომხეთის მტერია, ხოლო ის ქართველი, რომელიც სომეხის წინააღმდეგ გამოდის, პირველ რიგში - ქართველებისა და საქართველოს მტერი. ათიათასიანი მიტინგის არცერთი მონაწილე ამ პრინციპის წინააღმდეგ არ გამოსულა.

უნდა შევქმათ კანონი ან ამ რანგის სხვა დოკუმენტი, რომელიც გამორიცხავს საქართველოში სეპარატიზმის აღმოცენებასა და აღორძინებას, როგორი შეფერილობისაც უნდა იყოს იგი. შეიძლება საქართველო ამ მხრივ მაგალითის მიმცემი იყოს სხვებისათვის, რადგან სეპარატიზმი დღეს მსოფლიოს მრავალი ქვეყნისათვის ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ და დამანგრეველ მოვლენად იქცა.

ქართულ-ოსურ კონფლიტში გარკვეულ პროგრესს მივაღწიეთ, უპირველეს ყოვლისა იმის წყალობით, რომ ვთქვით სიმართლე. ვთქვით რაშიც არიან დამნაშავე ჩვენი ოსი მეგობრები, და რაში ვართ დამნაშავე ჩვენ. არ შემეშინდა მეთქვა მწარე სიმართლე. ისინიც დარწმუნდნენ, რომ სხვა გზა არ არსებობს, ეს არის წინაპრების მიერ გაკვალული გზა, ვიცხოვროთ ერთად, ერთ ქვეყანაში, ერთ სახელმწიფოში. მოსკოვში უკვე შევხვდი ლუდვიგ ჩიბიროვს, მუდმივი კონტაქტისა და დიალოგის პირობებში უახლოეს თვეებში ჩვენი ურთიერთობები გაირკვევა და ეს კონფლიქტი მოგვარდება. უნდა გითხრათ, რომ ამ პროცესში ძალიან დიდ როლს ასრულებენ რუსეთი, ევროკავშირი და სხვა სტრუქტურები, რაც შეეხება აფხაზეთში კონფლიქტს: ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკება რუსეთში. ის რაზეც ორიოდე თვის წინათ შეუძლებელი იყო ლაპარაკი, ახლა უკვე მშვიდ, წყნარ ვითარებაში განიხილება. დაგვჭირდება მეტი მოთმინება. მეტი სულგრძელობა, მეტი წინდახედულება და მჯერა, რომ წლევანდელი წელი ამ მხრივაც გარდამტეხი იქნება, ჩვენ მართლაც დიდი საქმე გავაკეთეთ. მსოფლიო თანამეგობრობა, უპირველესად, ჩვენი მეგობარი ქვეყნები: რუსეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, მხარში ამოგვიდგენ და სწორედ მათი წყალობით მოხერხდა უშიშროების საბჭოს მიერ ძალიან მნიშვნელოვანი რეზოლუციის მიღება, სეპარატიზმი სერიოზულად შევიწროვდა. მხარი დაგვიჭირეს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებმა, ჩვენმა ჩრდილოკავკასიელმა მეგობრებმა, მათმა ლიდერებმა, რომლებმაც პირდაპირ უთხრეს აფხაზებს, რომ არ იზიარებენ მათ უკომპრომისო პოზიციას. ეს დიდი მონაპოვარია. გამოჩნდა ძალიან სერიოზული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობები და ალბათ, მართლა შორს არ არის ის დრო, როცა დასრულდება აფხაზეთიდან გამოძევებული ადამიანების ტანჯვა, ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ ხაზი გაუსვა რომ ყველაფერი მათ შორის, კონფლიქტების მოგვარება, დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ გადავწყვეტთ ჩვენს ქვეყანაში სტაბილურობის და წესრიგის განმტკიცების საკითხს. ჩვენს მიერ დაგროვილი კაპიტალი შედეგს მოგვცემს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის დადებითი ტენდენციები, რაზეც ასე ხანგრძლივი საუბარი გვქონდა, შეუქცევადი იქნება.

ქვეყნის ფუნქციის განსაზღვრისას უწინარესად უნდა აღმოიფხვრას ის, რაც ჩირქს სცხებს და ზიანს აყენებს ქვეყანას // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 25 ივლისი. - 149-150(2263). - 3,4 გვ.

78 „ვამაყობთ, რომ ასეთი შესანიშნავი სტუდენტობა გვყავს“...

▲ზევით დაბრუნება


„ძეგლი - 96“ სტუდენტური ექსპედიციის მონაწილეებს, ორგანიზატორებს, ხელმძღვანელებს

გულითადად მინდა მივესალმო „ძეგლი-96“ სტუდენტური ექსპედიციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს.

ჩემთვის ძალზე მოულოდნელი და სასიხარულო იყო იმის შეტყობა, რომ სტუდენტებს სურთ ააღორძინონ „სტუდენტური დღეების“ გამართვის და ჩვენი ქვეყნის ისტორიისა და კულტურის ძეგლებისათვის ზრუნვის ტრადიცია. კიდევ უფრო გამახარა იმან, რომ თქვენ მოკლე ხანში და ასე კარგად შესძელით თქვენი ჩანაფიქრის განხორციელება. თუკი ამ ბოლო დროს ჩემში დადებითი ემოციები გამოიწვია რამემ, გამოგიტყდებით, ეს სწორედ „სტუდენტური დღეები - 96“-ის გალა კონცერტი, რესპუბლიკის მოედანზე გამართული ულამაზესი სტუდენტური მეჯლისი იყო. მე დავესწარი ამ ღონისძიებებს და, როგორც კიდევ ერთხელ აღვნიშნე, დავრწმუნდი, რომ ქართველი ახალგაზრდების ეს თაობა დაკარგული თაობა არ ყოფილა.

დღეს ბევრი იჩემებს ეროვნული იდეებისა და ეროვნული მოძრაობის აღორძინების თავკაცობას საქართველოში. მიმაჩნია, თუ ვინმეს ეკუთვნის აქ პირველობა, ეს სწორედ ის სტუდენტი ახალგაზრდობაა, რომელმაც თავის დროზე ქვეყნის ისტორიისა და კულტურის ძეგლები, თავისი დავით გარეჯი და იყალთო დაიცვა თავგანწირვით და შეუპოვრად. ზოგიერთებისაგან განსხვავებით, მან ეს კონკრეტული საქმეებით გამოხატა და არა მყვირალა ლოზუნგებით. ის, რასაც თქვენ დღეს აკეთებთ, კვლავ იმის დასტურია, რომ მამულიშვილობა შენი წარსულის, შენი ისტორიისა და კულტურის ძეგლების დაცვისთვის, შენი ქვეყნის აწმყოსა და მომავლისათვის კონკრეტული საქმეებით ზრუნვაა და არა უსარგებლო კრიტიკანობა. მსურს მადლობა მოგახსენოთ ამისათვის, მსურს მადლობა ვუთხრა თქვენს პედაგოგებს, პროფესორ-მასწავლებლებს, რომლებმაც ამ გაუსაძლის წლებში ყველაფერი იღონეს, რათა ეს თაობა არ დაგვეკარგა.

მინდა თითოეულმა თქვენგანმა იცოდეს, რომ ვამაყობ თქვენით, ვამაყობ, რომ ასეთი შესანიშნავი სტუდენტობა გვყავს, და, რაც მთავარია, მჯერა თქვენი მომავლისა, მჯერა, რომ სულ მოკლე ხანში თქვენ აყვავებულ საქართველოში იცხოვრებთ.

მოდით ყველამ ერთად ყოველი ღონე ვიხმაროთ ამისათვის!

ედუარდ შევარდნაძე.

„ვამაყობთ, რომ ასეთი შესანიშნავი სტუდენტობა გვყავს“... // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 27 ივლისი. - 152(2266). - 1 გვ.

79 „კაცობრიობა, რომელმაც ცივი ომი უსისხლოდ და უმსხვერპლოდ დაამარცხა, თითქმის შეუძლებელი შეძლო, არ შეიძლება უძლური აღმოჩნდეს ტერორიზმისა და აგრესიული სეპარატიზმის წინაშე“

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 29 ივლისის რადიოინტერვიუ

დღვევანდელი ინტერვიუ პირველად გადის ეთერში ჩანაწერით - საქართველოს პრეზიდენტი ისვენებს. ამ ინტერვიუს სახელმწიფო კანცელარიის შენობის ნაცვლად ბორჯომიდან გთავაზობთ.

- ეს თქვენი პირველი შვებულებაა 1992 წლიდან მოყოლებული, ედუარდ შევარდნაძე ისვენებს. ესე იგი, საქართველოში შედარებით სიმშვიდეა... - ასე დაიწყო საუბარი საქართველოს პრეზიდენტთან ედუარდ შეავრდაძესთან ჟურნალისტმა ნატო ონიანმა.

- დასვენება ჩვენს დროში. რა თქმა უნდა პირობითია, მე უფლება მივეცი ჩემს თავს პატარა პაუზა ამეღო, თუმცა ვცდილობ საქმეებს არ მოვცდე, და თანაც დრო დავიტოვო ფიქრისა და და ძალების მოკრეფისათვის. - თქვა პრეზიდენტმა

- და როგორც ყოველთვის პირველი შეკითხვა გასული ეკონომიკური კვირის შესახებ. ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილის სტენლი ფიშერის ვიზიტი - ცნობილი ეკონომისტის, მეცნიერის, რომელმაც საკმაოდ დიდი შეფასება მისცა საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ რეფორმებს...

- დღეისათვის უკვე ფაქტად ქცეულ რეალობას წარმოადგენს საქართველოში მაკროეკონომიკური სტაბილიზაციისა და სისტემური გარდაქმნების პრეზიდენტის პროგრამით გათვალისწინებული, ანტიკრიზისული ღონისძიებების თანმიმდევრული რეალიზაციით მიღწეული შედეგების მასშტაბურობა, ყოველივე ეს უზრუნველყოფილია უკანასკნელი ორი წლის მანძილზე საერთაშორისო საფინანსო-ეკონომიკურ ორგანიზაციებთან, უწინარეს ყოვლისა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, მჭიდრო თანამშრომლობით, რომლის აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილის, მსოფლიოში სახელგანთქმული მეცნიერისა და ეკონომისტის ბატონ სტენლი ფიშერის ვიზიტი ქვეყნის ეკონომიკური ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვან მოვლენად უნდა მივიჩნიოთ განვლილ კვირაში.

ამ მეტად ავტორიტეტიან საერთაშორისო ორგანიზაციას უდიდესი წვლილი მიუძღვის ახალი ეკონომიკური აზროვნების ჩამოყალიბებაში და რომ არა მისი თანადგომა, ჩვენს ქვეყანას ძალზე გაუჭირდებოდა რეფორმების სრულფასოვანი განხორციელება, უფრო სწორედ, ეს შეუძლებელი იქნებოდა.

ფართმასშტაბიანი ეკონომიკური რეფორმების დაწყებამდე, 1994 წელს მთლიანი შიდა-პროდუქტი 1990 წლის დონის მხოლოდ 20 პროცენტს შეადგენდა, ინფლაციის საშუალო თვიური ტემპი 60-70 პროცენტს აღწევდა, ანუ ქვეყანას სტრუქტურული რეფორმებისა და სტაბილიზაციის კომპლექსური პროგრამის დაწყება უხდებოდა. ფინანსური დისბალანსის, წარმოებისა და ცხოვრების დონის მკვეთრი დაცემის, ჰიპერინფლაციის აღზევების ფონზე. უკვე იმავე 1994 წლის სექტემბერში მოხერხდა ჰიპერინფლაციის შეჩერება და სტრუქტურული გარდაქმნების რეფორმების დაწყება, რაც პურის და ენერგიაშემცველების ფასების მოწესრიგებით, პრივატიზაციის დაჩქარებით, სახელმწიფო ბიუჯეტის დაბალანსების მცდელობით გამოიხატა. ყოველივე ეს, მსოფლიო ბანკის დახმარებასთან ერთად, სწორედ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ სისტემური ტრანსფორმაციის დასაფინანსებლად გამოყოფილმა 81 მილიონი დოლარის კრედიტმა გახადა შესაძლებელი (მინდა ზოგიერთი ციფრი ჩვენს მსმენელებს შევახსენო) მკაცრმა ფინანსურმა პოლიტიკამ დაუყოვნებლივ გამოიღო ნაყოფი, რასაც შარშან 119 მილიონი დოლარის სტენდბაის სარეზერვო კრედიტი მოჰყვა, ამ ფინანსურმა მხარდაჭერამ ხელი შეუწყო ეროვნული ვალუტის წარმატებით შემოღებასა და დამკვიდრებას ლარის კურსის გამყარებამ და მაკროეკონომიკურმა სტაბილიზაციამ კი თავის მხრივ წინაპირობა შექმნა წლეულს სტრუქტურული გარდაქმნების გაფართოებული მექანიზმის (ისაფის) პროგრამის ახალი კრედიტის მისაღებად. ეს კი შეადგენს 246 მილიონ დოლარს.

სწორედ ამ უკანასკნელი პროგრამის რეალიზაციის მსვლელობის გასაცნობად ეწვია საქართველოს ბატონი სტენლი ფიშერი, ვიზიტის მიზანს, საქართველოში ეკონომიკური ვითარების შესწავლისა და რეფორომების მიმდინარეობის შეფასებასთან ერთად, ასევ სამომავლო ურთიერთობების ჩამოყალიბება და განსაზღვრა წარმოადგენს.

სტენლი ფიშერის შეფასებით (ვიმეორებ ის მსოფლიოში სახელგანთქმული მეცნიერია, გარდა იმისა, რომ იგი სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორის პირველი მოადგილეა) საქართველოში განხორცილებეული ეკონომიკური რეფორმების შედეგები მეტად შთამბეჭდავია. საეროდ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელობას მიაჩნია, რომ საქართველოში მიღწეული ფინანსური სტაბილიზაცია, ფულის რეფორმისა და ეკონომიკური ზრდის განახლება სამაგალითოა ძალიან ბევრი ქვეყნისათვის.

და ეს მარტო სიტყვები როდია, ისაფის სამწლიანი პროგრამით გათვალისწინებული ამოცანების გადაწყვეტა, რომელიც პრეზიდენტის ეკონომიკური პროგრამის საყრდენი რგოლია, 1996 წლის 6 თვეში მიღწეული შედგებით მნიშვნელოვანი წარმატებით მიმდინარეობს: ინფლაციის ტემპებმა ნავარაუდევი საშუალო - თვიური 3 პროცენტის ნაცვლად 1,9 პროცენტი შეადგინა, ხოლო, ბოლო ივლისის თვეში 0,6 პროცენტი. მიღწეულია ეკონომიკური ზრდის 16 პროცენტი, პროგრამით გათვალისწინებული 8 პროცენტის ნაცვლად. როცა ეკონომიკურ ზრდაზე ვლაპარაკობ, მხედველობაში მაქვს ერთობლივი შიდა პრდუქტი. სახელმწიფო ბიუჯეტის საერთო შემოსავლების გეგმა 101 პროცენტით შესრულა და მისმა მოცულობამ მთლიანი შიდა პროდუქტის 10,5 პროცენტი შეადგინა გრანტების ჩათვლით, ყოველივე ეს საბანკო სისტემის რეფორმის, პოსტსაბჭოურ სივრცეში უპრეცენდენტო პურის ფასების ლიბერალიზაციის, ვაუჩერული პრივატიზაციის წარმატებით დასრულებისა და ენერგეტიკის სექტორის რესტრუქტურიზაციის დაწყებულ პროცესებთან ერთად, მართლაც რომ ძალზე რეალურ საფუძველს აძლევს საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელობას და არა მარტო მათ, ზემოდაღნიშნული დასკვნების გამოსატანად.

ამასთან ცხადია, ანტიკრიზისული პროგრამის პირველი ეტაპის წარმატებით დასრულების მიუხედავად, საქართველოში რეფორმები დასასრულს არ მიახლოვებია. პირიქით იგი თანამედროვე ვითარებაში დინამიკური და ყოვლისმომცველი უნდა გახდეს. საბიუჯეტო-საგადასახადო სფეროს სრულყოფა, საფინანსო-საკრედიტო რესურსების მობილიზება და ადგილობრივი წარმოების სტაბილურობა, მეწარმეთა, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, ენერგეტიკული და სასურსათო სექტორის, საექსპორტო შემოსავლების ზრდის (ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღევანდელ ეტაპზე) და საგადამხდელო ბალანსის უახლოეს პერიოდში გაუმჯობესების პრობლემები განაპირობებს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობას. ფონდი განსაკუთრებულ ყურადღებას მიაპყრობს საგადასახადო შემოსავლების ჯერ კიდევ მეტად დაბალ ხვედრით წონას ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში, რაც ჯერჯეობით 5,5 პროცენტს შეადგენს (მე წეღან რომ დავასახელე 10,5 პროცენტი, ეს გრანტების ჩათვლით იყო გაანგარიშებული) მაშინ როცა ეს მაჩვენებელი ნაკლებგანვითარებულ ქვეყნებშიც კი 10-20 პროცენტის დონეზეა, ხოლო მაღალგანვითარებულ სახელმწიფოებში მთლიანი შიდა პროდუქტის ერთი მესამედიდან ნახევრამდე აიწევს. ამ მაჩვენებლის დონის ამაღლება სოციალური პროგრამების, ინფრასტრუქტურის განვითარების მთავარი პირობაა, რაც თავის მხრივ მეწარმეობის განვითარების ხელსაყრელი გარემოს ჩამოყალიბებას ნიშნავს.

ქვეყანას ენერგეტიკული სექტორის რესტრუქტურიზაციის და დაწყებული პროცესის ეფექტიანად წარმართვისა და დასრულების დარგის განვითარების საარსებო მნიშვნელობიდან გამომდინარე, განუსაზღვრელად დიდი მნიშვნელობა ენიჭება გერმანიის მთავრობის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის, მსოფლიო ბანკის და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ერთობლივი მისიით წარმომამდგენლობითი დელეგაციის ვიზიტს, რომლის მიზანია სათბობ-ენერგეტიკის ახლადჩამოყალიბებული სამინისტროსა და სხვა შესაბამის უწყებებთან ერთად შეიმუშავოს საქართველოს ენერგეტიკის რეაბილიტაციის კონკრეტული პროგრამა.

დარგის აღორძინების ფართო პროგრამის შესრულებაში, უცხოელ პარტნიორებზე დამყარებულ გარკვეულ იმედებთან ერთად, რომლებმაც უკვე განახორციელეს მთელი რიგი მნიშვნელოვანი სამუშაოები, საბოლოო სიტყვა, რა თქმა უნდა, საკუთარი საიმედო ფინანსური ბაზის შექმნას უკავშირდება, ამიტომ მთელი სიზუსტით უნდა იქნეს გამოყენებული პრეზიდენტის 1996 წლის 30 მაისის ბრძანებულებით გათვალისწინებული ყველა ეკონომიკური თუ ადმინისტრაციული სანქციები სისტემისადმი დებიტორული დავალიანების შესამცირებლად, რომელიც 135 მილიონ ლარს აჭარბებს. როგორც იტყვიან, ყოველდღიურად და ყოველთვიურად იზრდება ეს დავალიანება.

განვლილ კვირაში მთვარობის გაფართოებულ სხდომაზე განვიხილეთ ფინანსთა სამინისტროს ახალი დებულებითა და სტრუქტურით განსაზღვრული საბიუჯეტო და საგადასხადო პოლიტიკის განხორცილების, სახელმწიფო ბიუჯეტის შედგენისა და ჩვენთვის სრულიად ახალი - სახაზინო სამსახურის მეშვეობით ფინანსური რესურსების ხარჯვისადმი კონტროლის დაწესების ფუნქციები. ეს მოთხოვნები თვისებრივად ახალი მოთხოვნების წინაშე აყენებს ამ სამინისტროს, განუზომლად ზრდის მის პასუხისმგებლობას ხალხისა და სახელმწიფოს წინაშე.

საგადასახადო და საბაჟო სამსახურების დამოუკიდებელი სტრუქტურების სამინისტროს სისტემაში შესვლამ უფრო მიზანდასახული და ქმედითი უნდა გახადოს სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების მობილიზაციისათვის გაწეული მუშაობა და უზრუნველყოს წლის დამდეგიდან შემოსავლის ამ წყაროს მიხედვით დაშვებული ჩამორჩენის აღმოფხვრა.

ამ მიმართულებით ბოლო ხანს მიღწეული დადებითი ტენდენციები გრძელდება ივლისშიც, კერძოდ, საგადასახადო სამსახურის მიერ აკრეფილმა საგადასახადო შემოსავლებმა 26 ივლისისათვის 18 მილიონ ლარს გადააჭარბა, რამაც თვის დარჩენილ დღეებში მოსალოდნელ შემოსავლებთან ერთად უნდა უზრუნველყოს გეგმით ნავარაუდევი ბიუჯეტის კუთვნილი სახსრების სრული მობილიზება, საბაჟო ორგანოების ანაგარიშზე ჩარიცხული, საბიუჯეტო შემოსავლის თანხამ პირველიდან 25 ივლისამდე 5 მილიონ ლარს მიაღწია, რაც თითქმის 17 პროცენტით სჭარბობს ივნისის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. ფინანსთა სამინისტროს ცნობით, გაუმჯობესდა ცენტრალური ბიუჯეტის შემოსავლების ფორმირების მდგომარეობაც.

ასეთია ის ძირითადი ტენდენცია, რომელზეც მინდოდა მიმეპყრო რადიომსმენელთა ყურადღება.

- გასულ კვირას გაიმართა მთავრობის სხდომა, გვახსოვს მთავრობის ერთ-ერთი გაფართოებული სხდომა, რომელსაც მაშინ გენერალური პროკურორი არ ესწრებოდა, იმ დღეს გამოვიდა ბატონი ყიფიანი და საკმაოდ შემაძრწუნებელი (თუმცა არცთუ ისე უცნობი) ფაქტები ამცნო ჩვენს საზოგადოებრიობას. გასულ კვირას კი მთავრობის სხდომაზე, ამჯერად უკვე გენერალურმა პროკურორმა ბაბილაშვილმა მთვარობის (რა თქმა უნდა, მთლიანად არა, იქ რამდენიმე პიროვნებაზე იყო ლაპარაკი) საქმიანობის ამსახველი უმძიმესი ფაქტები წარმოადგინა, შეიძლება ითქვას, დანაშაულებრივი ფაქტები, რომელმაც ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ეს მასალა გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“ დაიბეჭდა...

- როგორც ცნობილია, პრეზიდენტის ბრძანებულებით შექმნილია საგანგებო კომისია გენერალური პროკურორის თავმჯდომარეობით 1991-1995 წლებში მინისტრთა კაბინეტის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესასწავლად და შესამოწმებლად. იგულისხმება მთელი პერიოდი, რომელიც ასე მძიმე მოვლენებით იყო აღნიშნული.

ჩვენი მიზანი არ არის ვეძებოთ არარსებული დამნაშავენი, მაგრამ იმის სრული სურათი, თუ როგორ იხარჯებოდა და ხშირად, როგორ ნიავდებოდა კიდეც ხალხის დოვლათი, უნდა შეიქმნას, უნდა აღდგეს. ეს გვჭირდება ჩვენ, გვჭირდება დღეს, სჭირდებათ მომავალ თაობებსაც. კორუფციის ალაგმვა დღევანდელი ხელისუფლების უპირველესი მოვალეობაა, ვეთანხმები გენერალურ პროკურორს ბატონ ჯამლეთს, რომ მთავრობის ბევრი გადაწყვეტილება მიღებულია ექსტრემალურ ვითარებაში და ნაკარნახევია ქვეყანაში საგანგებო მდომარეობით, მაგრამ, როგორც წინასწარი მონაცემები მოწმობს, ხშირად ანგარება და სახალხო სახსრების დიდი ოდენობით მიტაცება ეჭვს არ იწვევს, ჩვენი სინდისი ვერ იქნება სუფთა თუ იმ „მოღვაწეებს“ გაპარტახებულ ქვეყანას წურბელასავით რომ სწოვდნენ სისხლს, მზის სინათლეზე არ გამოვიყვანთ, საქართველო საბოლოოდ ვერ დადგება ფეხზე, თუ კანონმა არ იკანონა, მავანნი და მავანნი არ გადაეჩვივნენ სახელმწიფო სალაროსა და ხალხის ჯიბეში ხელის ფათურს, ამასთან, კორუფციასთან ბრძოლამ, ზიანი არ უნდა მოუტანოს ბიზნესის განვითარებას, პირიქით, კორუფცია ბოჭავს ბიზნესს, კერძო ინიციტავიას, ათიათასობით და ათიათასობით მესაკუთრე და ბიზნესმენი კორუმპირებულთა კლანებისგან უნდა ვიხსნათ, უნდა გავათავისუფლოთ, ასეთია ჩვენი საბოლოო ამოცანა.

- გვახსოვს ის, არცთუ დიდი ხნის წინანდელი პერიოდი, როცა საქართველოში კრიმინალური ელემენტები ფაქტობრივად ყველა სფეროში იყვნენ: დაწყებული პოლიტიკიდან, განსაკუთრებით ეკონომიკაში, იმავე სამართალდმაცავ ორგანოებში და სხვა. ბოლო პერიოდის მიღწევებიდან, როცა ვლაპარაკობთ იმაზე, რომ საქართველოში რაღაც შეიცვალა, თუნდაც უმცირესი წინსვლა მოხდა ქვეყნის ცხოვრებაში, უპირველესად, ყველანი, დაწყებული პრეზიდენტით და მოქალაქეებით დამთავრებული, ამბობდნენ, რომ განსაკუთრებით შეიცვალა ქვეყანაში კრიმინალური ვითარება. უკვე აღარ არის ის სიტუაცია, როცა ქუჩაში გასვლის გვეშინოდა. აღარ არის ის ვითარება, როცა ადამიანი აბსოლიტურად დაუცველი იყო. ვიმეორებ: პირველ რიგში ყველა აღიარებს კრიმინოგენურ სტაბილურობას. ამ ბოლო პერიოდში, როგორც ამბობენ, მოსალოდნელია რომ სიტუაცია შეიცვლება იმის კვალობაზე, რაც რუსეთში ან თუნდაც უცხოეთში ხდება, საიდანაც ჩვენს გაქცეულ თანამემამულეებს უკვე დევნიან. იმასაც ამბობენ, რომ ეს ხალხი უბრუნდება საკუთარ ქვეყანას და ალბათ ეს არცთუ კარგად დადებითად იმოქმედებს ამ დაწყნარებულ კრიმინალურ ფონზე, როგორ უყურებთ ამას, როგორი იქნება თქვენი პროგნოზი? და პარალელურად გასულ წლებშიც და ეხლაც ლაპარაკობენ ადამიანის უფლებათა დაცვასა და პოლიტიკური პატიმრების უფლებათა დაცვაზე...

- მადლობელი ვარ ამ შეკითხვისათვის, მაქვს სურვილი ამასთან დაკავშირებით გამოვთქვა ჩემი აზრი.

მას შემდეგ რაც კრიმინალთა თარეში შეწყდა, უკანონო შეირაღებული ბანდები აილაგმა (კიტოვანის „ლაშქარსა“ და მაშველთა კორპუსში მოკალათებულ ტერორისტთა, მკვლელთა და მძარცვლეთა, ქობალიას მოღალატე ყაჩაღთა ჩათვლით) საქართველო წელში გასწორდა, ხალხმა შვებით ამოისუნთქა, როგორც უნდა ეცადოს ყვითელი პრესა (არა თავიუსფალი არამედ სწორედ ყვითელი პრესა, ამას ვაზუსტებ) გუშინდელი კრიმინალები ეროვნულ გმირებად აქციოს, არაფერი ამ საქმსაგან არ გამოვა. ამ თემას იმიტომ შევეხე, რომ ბევრი გაზეთი კრიმინალების ტრიბუნად იქცა. მაგრამ, ეს მათი საქმეა და მათ საზიანოდ მუშაობს, ნურავინ სპეკულანტობს ადამიანის უფლებათა დარღვევისა და პოლიტიკურ პატიმართა თემით. ამ დღეებში განვაცხადე და ახლაც ვიმეორებ, რომ საქართველოში არ არიან და არც იქნებიან პოლიტიკური პატიმრები!

ვეპატიჟები სახელმწიფოთაშორის თუ მსოფლიოს საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, ჩამობრძანდით, შეამოწმეთ, თავად დარწმუნდით.

რაც შეეხება ადამიანთა უფლებების დარღვევებს, ჩვენთვის ეს პრინციპის საკითხია - უფლებების დაცვა. აქაც მზად ვართ ვითანამშრომლოთ ყველასთან და ერთობლივად აღმოვფხვრად ნაკლი, რომელიც აქა-იქ კვლავ იჩენს თავს. ეს ჩვენთვის ცნობილია.

სხვათა შორის, რამდენიმე განსასჯელი, რომლებიც ყველაზე მეტად აკრიტიკებენ ხელისუფლებას ადამიანის უფლებათა დარღვევისათვის, დღეში რამდენიმე ინტერვიუს იძლევა და ლამის საკუთარი რუბრიკები აქვს სხვადასხვა გაზეთებში. საგულისხმოა, რომ კრიმინალებთან ერთად ფრიად საინტრესეო პერსონაჟები ავსებენ ამ გაზეთის ფურცლებს. ესეც გასაგებია, ვინც ხალხის ინტერსებს უგულებელყოფს, ბოლოს და ბოლოს ყველა ერთი გზით ივლის. ეს გზა კი როგორც ზოგიერთ ჰგონია, რაც ტაძრისკენ მიდის და არც ჭეშმარიტებისკენ, უბრალოდ ეს უფსკრულის გზაა.

რადგან დღევანდელ საუბარში კრიმინალთა თემას შევეხე, იმ საკითხსაც ვერ ავუვლი გვერდს, რომელიც თქვენ აღნიშნეთ. ცნობილია, რომ საქართველოში დამნაშავეობასთან გააფთრებული ბრძოლის შედეგად ქვეყანა დატოვა ასობით და ათასობით მკვლელმა, მაფიოზმა, რეკეტიორმა. განსაკუთრებით ბევრმა თავის რუსეთის დედაქალაქს შეაფარა. მათ იქაც და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქშიც უმძიმესი დანაშაულობანი ჩაიდინეს. ახლა რუსეთის ხელისუფლება აქტიურ ღონისძიებებს ახორციელებს, კრიმინალთა წინააღმდეგ. არსებული მონაცემებით, ჩვენს ყოფილ თანამოქალაქეებს გაახსენდათ, რომ მათ აქვთ სამშობლო და გულაჩუყებულნი სამშობლოში დასაბრუნებლად დაიძრნენ.

ამასთან, დაკავშირებით უნდა განვაცხადო: სააქართველოდან წასულ ჩვენს ღირსეულ თანამემამულეთა დაბრუნების პროცესი დაწყო, ესენი არიან ლიტერატურის ხელოვნების მოღვაწეები, მეცნიერები, მეტრომშენებლები, სხვადასხვა დარგის პროფესიონალები, თქვენ დაბრუნდებით და ჩვენ ერთად ავაშენებთ ერთიან და ბედნიერ ქვეყანას, ძვირფასო მეგობრებო, მე მათ მივმართავ!

რაც შეეხება ბოროტმოქმედებს, პროფესიონალ ქურდებს, მკვლელებს, ბანდიტებს - საავკაცოდ დაბრუნებას ნურავინ გაბედავს! საქართველო საკადრისს მიუზღავს ყველას, ვინც ათიათასობით ოჯახი დააწიოკა და გააუბედურა. არც იმათ დაინდობს, ვისაც სამშობლოში დაბრუნება, თავსი ბოროტი ზრახვების აღსრულებისათვის სურს, ვინც ასეთ დაბრუნებაზე ოცნებობს, საქართველო მათთვის სალი და ყინულოვანი კლდე იქნება. მე უკვე მივეცი კატეგორიული მითითება შინაგან საქმეთა სამინისტროს, უშიშროების სამინისტროს, პროკურატურას, ადგილობრივ ადმინისტრაციებს ამის შესახებ. ქვეყანაში დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ კეთილი გრძნობებით, შრომისა და შენების სურვილითა და მზადყოფნით.

- მოსკოვში გრძელდება ოთხმხრივი მოლაპარაკება აფხაზეთის კონფლიქტთან დაკავშირებით, თუ არ ვცდები, ამ კონფლიქტების ძალიან გრძელი ისტორიის განმავლობაში პირველად გაკეთდა განცხადება იმის თაობაზე, რომ შეიძლება არ გაგრძელდეს მანდატი. რუსეთის სამშვიდობო ძალებს (თქვენ გასული ორშაბათის ინტერვიუშიც გამოთქვით უკმაყოფილება აფხაზეთში განლაგებული რუსეთის სამშვიდობო ძალების, მათი საქმიანობის მიმართ) ამის პარალელურად ვლადიკავკაზში ქართველები, ოსები, რუსები და ვეროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის წარმომადგენლები ერთად მსჯელობენ ცხინვალის აღორძინებაზე.

- ვლადიკავკაზში შეხვედრა საკმაოდ საინტერესოდ, შედეგიანად და კონსტრუქციულად წარიმართა. ამ უახლოეს დღეებში განისაზღვრება ჩემი და ლუდვიგ ჩიბიროვის შეხვედრის თარიღი, ვფიქრობ ეს შეხვედრა გარდატეხის შემტანი იქნება ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარებაში. მანამდე კი მიმდინარეობს ორი ხალხის შერიგების შეუქცევადი პროცესი, ქართველები და ოსები, როგორც ისტორიულად თანამოაზრე და თანამებრძოლი ხალხები, ეძებენ და პოულობენ კიდევაც მეგობრობის, მეზობლობის ნათესაობის აღდგენის გზებსა და საშუალებებს. ეს პროცესი მიმდინარეობს და ამას ვეღარავინ შეაჩერებს.

გაჩნდა პირველი, მართალია, ძალიან უმნიშვნელო, მაგრამ მაინც საყურადღებო ელემენტები, აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგებაში. აქტიური მუშაობა მიმდინარეობს მოსკოვში, ზუსტდება მანდატის საგანი, დადებითად მოქმედებს უშიშროების საბჭოს ბოლო რეზოლუცია, რომელიც ჩვენი მეგობარი ქვეყნების აქტიური მხარდაჭერის მეშვეობით მიიღეს. გაცილებით უფრო აქტიურია რუსეთის დიპლომატია. სერიოზული შედეგებია მიღწეული საქართველოსა და რუსეთის თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე. სხვათა შორის, ჩემს მიერ ჩამოყალიბებული პოზიცია, (იძულებული ვარ ვთქვა ეს ზოგიერი კრიტიკული და ძალიან არასერიოზული გამოსვლის გამო) გენერალ როდიონოვის დანიშვნასთან დაკავშირებით, არც მეტი, არც ნაკლები, აბსოლუტურად ზუსტი, აწონილ-დაწონილია. მინდა ზოგიერთებს ვუპასუხო: საქართველოს პრეზიდენტი არა მარტო ემოციებით, არამედ არსებული რეალიებით და ქვეყნის უმაღლესი ინტერესებით უნდა ხელმძღვანელობდეს. დრო გვიჩვენებს, რომ ეს ასეა და ასე იქნება. როგორც ვთქვი, მოვითხოვ ანატოლი სობჩაკის წიგნის გამოქვეყნებას. იქ ძალიან კარგად ჩანს, ვინ არის 9 აპრილის ნამდვილი „გმირი“ იქნებ ისიც, გაირკვეს, ვინ (როგორც ხშირად ამბობენ, ეს ვერსია მუშაობს) „ჩამოფრინდა“ ალბათ კოსმოსიდან 8 აპრილს, ვინ არის ეს „უცხოპლანეტელი“ კაცი, რომელიც ასე შეუმჩნევლად ჩამოფრინდა, იჯდა სადღაც აეროპორტში და იქედან მართავდა ამ მოვლენებს. ესეც გაირკვევა. ამიტომ, ვიმეორებ, სობჩაკის წიგნის გამოცემა აუცილებელია.

სობჩაკს უნდოდა ეს წიგნი პირველად სწორედ საქართველოში გამოსულიყო, ეს არის ნაშრომი - მისი მრავალმხრივი გამოძიების შედეგი. მაშინ თავი იმიტომ შევიკავე, რომ არ მინდოდა კვლავ ახალი უთანხმოების საბაბი გამხდარიყო ეს გარკვეულ ძალებს შორის და რადგან კვლავ წამოტივტივდა ეს საკითხი, ახლა უკან აღარ დავიხევ და მივაღწევ, რომ ეს წიგნი გამოიცეს.

- მოგეხსენებათ, თბილისში ძალიან უყვართ პოლიტიკური ჭორები, ისევე როგორც, ალაბთ ყველა ქალაქში. საკმაოდ სერიოზული ლაპარაკია სახელმწიფო მინისტრის გადადგომის თაობაზე. გარდა ამისა, იმასაც ამბობენ, რომ მას ელჩად გზავნიან ერთ-ერთ ქვეყანაში, ინიშნება ახალი სახელმწიფო მინისტრი და ასე შემდეგ. მოკლედ ნიკო ლეკიშვილის გარშემო საკმაოდ ძლიერი აჟიოტაჟია და არა მარტო ჭორის დონეზე, პრესაშიც იბეჭდება განსხვავებული ინფორმაციები ამის თაობაზე...

- ამან ჩემამდეც მოაღწია. ჭორების სიმრავლე, საერთოდ უნდა ვთქვა, ახალფეხადგმული დემოკრატიული პლურალისტური საზოგადოების თანამდევი მოვლენაა. საქართველოში ეს სენი უფრო მომძლავრებულია, ვიდრე სხვაგან, ამის მიზეზი ისიც არის, რომ საკმარისია, ვინმემ ბაზარში რამე წამოროშოს და ერთ საათში ეს წამონაროში, საგაზეთო სტატიად გამოცხვება. რაკი სტატიად გამოცხვება და გაზეთში გამოქვეყნდება, ამს უკვე სხვა წონა აქვს. ვფიქრობ, ასე აგორდა ეს ჭორი. იმასაც ვფიქრობრომ ასეთი ჭორიკანა გაზეთები კიდევ უფრო დაკარგავენ მკითხველს და დაკარგავენ ნდობას.

აურზაური სხაელმწიფო მინისტრის სხვა თანამდებობაზე განწესებისა და ამასთან დაკავშირებით ახალი დანიშვნების გამო, ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული. მოქალაქეებს მივმართავ, ვიტყვი შედარებით ფრთხილად: ძალიან კრიტიკულად მოეკიდეთ მონაჭორს, რომლითაც თქვენს გაბრუებასაც ცდილობს ზოგიერთი გაზეთი.

- და ბოლოს არაერთხელ შეხებიხართ ტერორიზმს, აგრესიულ სეპარატიზმს, როგორც მოვლენას, ხშირად დაგიკავშირებიათ ერთამენთთან და გითქვამთ, რომ თუ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა არ დაიწყო და მას მასშტაბური ხასიათი არ მიეცა, შეიძლება ასეთი ფაქტები კიდევ უფრო გამრავლდეს და უფრო სერიოზული ხასიათი მიიღოს. გასულ კვირას ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა. ტერორისტული აქტი ყოველთვის სამწუხაროა, მაგრამ, მით უმეტეს, როცა ეს ძალიან დიდი და ლამაზი სპორტული დღესასწაულის დროს ხდება, რასაც ჰქვია ოლიმპიური ასპარეზობა, მხედველობაში მაქვს ოლიმპიურ დედაქალაქ ატლანტაში მომხდარი ტერორისტული აქტი, რომელმაც ორი ადამიანი იმსხვერპლა და უამრავი ადამიანი დააშავა...

- ამასთან დაკავშირებით გავიმეორებ იმას, რაც გუშინ განვაცხადე ოფიციალურად (თუ არ ვცდები ეს გავრცელებულია უკვე სხვადასხვა არხებით) რომ ამ ტერორისტულმა აქტმა, რა თქმა უნდა, შემაძრწუნა. ამას დავუმატებ: დღევანდელ მსოფლიოს სხვა მრავალ ურთულეს პრობლემასთან ერთად ორი საშინელი სენი ემუქრება: ტერორიზმი და აგრესიული სეპარატიზმი, ეს მეორე, ესე იგი, აგრესიული სეპარატიზმი, მნიშვნელოვანწილად, მორალურად და თუ გნებავთ, მატერიალურად და ყოველმხრივ, პოლიტიკურადაც ასულმდგმულებს, სტიმულს აძლევს ტერორიზმს. მოვიდა დრო, როცა ყველა, დიდი თუ პატარა სახელმწიფო დეკლარაციებიდან და პროტესტებიდან რეალურ მოქმედებაზე გადავიდეთ. კაცობრიობა რომელმაც ცივი ომი უსისხლოდ და უმსხვერპლოდ დაამარცხა, თითქმის შეუძლებელი შეძლო, არ შეიძლება უძლური აღმოჩნდეს ტერორიზმისა და აგრესიული სეპარატიზმის წინააღმდეგ.

„კაცობრიობა, რომელმაც ცივი ომი უსისხლოდ და უმსხვერპლოდ დაამარცხა,

თითქმის შეუძლებელი შეძლო, არ შეიძლება უძლური აღმოჩნდეს ტერორიზმისა და აგრესიული სეპარატიზმის წინაშე“ / ე.შევარდნაძე ; [ჩაიწერა]ნატო ონიანმა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 30 ივლისი. - 153(2267). - 1,2 გვ.

80 დადგა დრო გადამწყვეტი მოქმედებისა

▲ზევით დაბრუნება


ატლანტაში განხორციელებული ტერორისტული აქტი შემაძრწუნებელია, დღევანდელ მსოფლიოს სხვა მრავალ ურთულეს პრობლემასთან ერთად ორი სასიკვდილო სენი ემუქრება - ტერორიზმი და აგრესიული სეპარატიზმი. ეს მეორე მნიშვნელოვანწილად მორალურად და მატერიალურად ასულდგმულებს, სტიმულს აძლევს ტერორიზმს. მოვიდა დრო, როცა ყველა, დიდი და პატარა სახელმწიფო დეკლარაციებიდან და პროტესტებიდან რეალურ მოქმედებაზე უნდა გადავიდეთ. კაცობრიობა, რომელმაც ცივი ომი დაამარცხა, არ შეიძლება უძლური აღმოჩნდეს ტერორიზმისა და აგრესიული სეპარატიზმის წინაშე.

ედუარდ შევარდნაძე.
1996 წლის 27 ივლისი.

დადგა დრო გადამწყვეტი მოქმედებისა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 30 ივლისი. - 153(2267). - 1 გვ.

81 „საქართველო მსოფლიო ცივილიზაციისა და დემოკრატიის სივრცეში მაშინ დაიკავებს ღირსეულ ადგილს, როცა კონფლიქტებს დავძლევთ და შიდასახელმწიფოებრივ ჰარმონიულ ცხოვრებას მივაღწევთ“

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 12 აგვისტოს რადიოინტერვიუ

- გასული პოლიტიკური კვირის უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო 9 აგვისტოს მოსკოვში გამართული რუსეთის პრეზიდენტის ინაოგურაცია, ამის თაობაზე თქვენი საკმაოდ ვრცელი ინტერვიუ საქართველოს ტელევიზიით უკვე გადაიცა. 9 აგვისტოს გაიმართა ინაოგურაცია, 10 აგვისტოს კი ჩეჩნეთის მოვლენებთან დაკავშირებით რუსეთში გლოვის დღედ გამოცხადდა. თქვენს გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით გაიხსენეთ ეს ფაქტი: განცხადება ერთგვარად ყველა იმ თეზისის, თუ პოლიტიკური განცხადების შეჯამება იყო, რაც აფხაზეთის ომიდან მოყოლებული გითქვამთ სხვადასხვა ინტერვიუში, ასევე გაეროს ტრიბუნაზე, სხვა მნიშვნელოვან ფორუმებზე. ხშირად უმეტესად, ამ განცხადებიდან უფრო, შეიძლება ასე ითქვას, გარეთ უსმენდნენ და აფასებდნენ, ვიდრე შინ - ამ განცხადებათა უშუალო ადრესატები და კიდევ ერთი რაც ამ განცხადებასთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას, არის ის, რომ ეს იყო თავისი სტილისტიკით განსხვავებული, უფრო დაჯერებული და თამამი, ვიდრე ყველა სხვა გამოსვლა ამ თემასთან დაკავშირებით. თქვენი ნებართვით ერთ მომენტს გამოვყოფ. თქვენ ასეთი რამ ბრძანეთ, რუსეთი არასდროს შეეგუება საქართველოს გახლეჩას და რუსეთი, როგორც უშიშროების საბჭოს წევრი, არც მის შემადგენლობაში აფხაზეთის შესვლას დაუშვებსო და კიდევ ერთი მომენტიც, რაც ძალზე მნიშვნელოვანია და აბსოლუტურად განსხვავებული მოსაზრებაა. თქვენ ბრძანეთ რომ სამხედრო „წარმატება“ რომელიც სისხლის, გაძევების ფასად არის მოპოვებული, დამარცხების ტოლფასია.

ჟურნალისტ ნატო ონიანის წამოჭრილ ამ საკითხზე საუბრით დაიწყო რადიოინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ.

- მადლობელი ვარ რომ ჩვენ ამ საკითხით დავიწყეთ, გუშინდელ ჩემს განცხადებას სერიოზულ მნიშვნელობას ვანიჭებ. იგი გათვალისწინებულია, ასე ვთქვათ, გარემომცველ სამყაროზე და ჩვენს საზოგადოებაზე, ჩვენი საშინაო პრობლემების თვალსაზრისითაც, მიმაჩნია რომ ბევრი რამ იქ საყურადღებოა. ყოველ შემთხვევაში, ჩემი შეხედულებით, ამ განცხადების ძირითადი პათოსი, ძირითადი დანიშნულება ის არის, რომ ხელი შევუწყო, როგორც მე შემიძლია, კისლავოდსკის შეთანხმებათა რეალიზაციას, რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის დასამყარებლად კავკასიური ფაქტორის გააქტიურებას. კავკასიის ხალხთა თვითმყოფადოების და მათი უკვდავების გარანტია, არ შეიძლება იყო კონფლიქტებისა და არსებული საზღვრების ნგრევის გზა. კაცობრიობის განვითარება იმ გზით მიდის, რომ ყველა სფეროში ფართომასშტაბიანი ინტეგრაციული პროცესების მონაწილე ყველა ქვეყანა გახდება. რა თქმა უნდა კავკასია ამ პროცესების ცენტრში თუ არ იქნება. მეორე პლანზე ის არ გადაიწევს. სახელმწიფოთა და ხალხებს შორის საზღვრების ძირითადი დამახასიათებელი იქნება მათი გამჭვირვალეობა. ესე იგი მოიხსნება უამრავი ბარიერი, რომელიც დღეს ხალხებისა და ქვეყნების იზოლაციას იწვევს. კავკასია, რა თქმა უნდა უწინარესად საქართველო, მსოფლიო ცივილიზაციისა და დემოკრატიის სივრცეში მაშინ დაიკავებს ღირსეულ ადგილს, როცა კონფლიქტებს დავძლევთ და შიდასახელმწიფოებრივ ჰარმონიულ ცხოვრებას მივაღწევთ. იგივე ითქმის რეგიონის ყველა ხალხზე. ყველას გვინდა რუსეთის, ჩეჩნეთის ტკივილები ადრე მოშუშდეს, ადრე მოგვარდეს სხვა კონფლიქტებიც კავკასიაში და მთელს მსოფლიოში. ჩვენ მართლაც ვიმყოფებით (თქვენ კარგად შენიშნეთ ამ განცხადებაში) კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის დამკვიდრების მიჯნაზე. მაგრამ მშვიდობა და სტაბილურობა დამკვიდრდება, თუ ხელიდან არ გავუშვებთ კავკასიური ფაქტორის ამოქმედების იმ ისტორიულ შანსს, რომელსაც კისლოვოდსკში ჩაეყარა საფუძველი. ეს ჩვენი მიზანი სასურველ რეალობად იქცევა, თუკი არსებულ ნამდვილ შესაძლებლობებს გამოვიყენებთ და ასეთი შესაძლებლობანი საკმაოდ ბევრია.

- გასული ეკონომიკური კვირა საინტერესო იყო - იგი ეკონომიკური სტაბილურობით აღინიშნა. ამის შესახებ ილაპარაკა საქართველოში ვიზიტად მყოფმა შადმან ვალავიმაც...

- გასული კვირა მართლაც საინტერესო იყო. იგი აღინიშნა საქართველოს ეკონომიკური სტრუქტურების ინტენსიური მუშაობით საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან, რომელსაც ჩვენთვის კარგად ცნობილი ბატონი მოჰამედ შადმან ვალავი ხელმძღვანელობდა. კერძოდ, ერთობლივი შესწავლისა და მსჯელობის საგანს წარმოადგენდა სტრუქტურული გარდაქმნების გაფართოებული დაფინანსების პროგრამის (მისი მთლიანი თანხა სამ წელიწადზე გაანგარიშებით 246 მილიონ დოლარს შეადგენს) რეალიზაციის მსვლელობა წლევანდელი წლის პირველ ნახევარში, საქართველოს პრეზიდენტთან მისიის შეხვედრის დროს ხაზგასმით გამოიკვეთა, რომ საქართველომ საკმაოდ წაიწია წინ სტაბილიზაციისა და სტრუქტურული რეფორმების პრეზიდენტის იმ პროგრამების შესრულებაში, რომლებსაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს. მიღწეულია ინფლაციის ტემპის საკმაოდ საგრძნობი შემცირება, ეროვნული ვალუტის მყარი საცვლელი კურსი, ეკონომიკური საქმიანობის გამოცოცხლება, საგარეო კრედიტებთან ურთიერთობის ნორმალიზაცია. განხილული იყო კონკურენტული პურის ბაზრის ჩამოყალიბების პერსპექტივა და სხვა მნიშვნელოვანი სტრუქტურული ღონისძიებები, იყო არსებითი და სიღრმისეული განხილვა.

საერთო შეაფსებით ინფლაციის ტემპი წლეულს 15-18 პროცენტს არ გადააჭარბებს, წლიური პროგრამით ნავარაუდევი 20-25 პროცენტის ნაცვლად ივლისში წინა თვესთან შეადარებით სამომხმარებლო ფასები არამც თუ არ გაზრდილა, არამედ 2,5 პროცენტით შემცირდა. ამავე დროს, მთლიანი შიდა პროდუქტის მატება მოსალოდნელია 10 პროცენტის დონეზე. ეს ორი პროცენტით აღემატება ჩვენს მიერ წინასწარ პროგრამაში გათვალისწინებულ მონაცემებს და თანაც აღიარებულია გარკვეული რეზერვი.

ამასთან, ქვეყანას ჯერ კიდევ გადასაწყვეტი აქვს უმწვავესი პრობლემები, რაც საფუძველი უნდა გახდეს ეკონომიკური აქტიურობის გაძლიერების კვალობაზე მოსახლეობის კეთილდღეობის რეალური, საყოველთაოდ საგრძნობი და შესამჩნევი გაუმჯობესება.

ამ პრობლემათა შორის (ყველას არ ჩამოვთვლი, ამაზე ბევრი მისაუბრია) წინა პლანზე იწევს საექსპორტო პოტენციალის მკვეთრი გადიდება, ქვეყნის საგადამხდელო ბალანსის დარეგულირება, რაც ეკონომიკური განვითარების, უფრო სწორად, არსებობის ელემენტარული ნორმაა.

მნიშვნელოვანი გაუმჯობესების მიუხედავად, სახელმწიფო ფინანსების გაძლიერება ერთ-ერთი მწვავე და ძირითადი ამოცანაა. უახლოეს წლებში უნდა უზრუნველვყოთ საგადასახადო შემოსავლების მთლიან შიდა პროდუქტთან შეფარდების კოეფიციენტის სულ ცოტა გაორკეცება - მივაღწიოთ 10-12 პროცენტს, როგორც წესი საგადასახადო განაკვეთების გაუდიდებლად. ამასთან, ამ ამოცანათა რეალიზაცია გადაუდებელი საქმეა. იგი ყოველდღიური საზრუნავი უნდა იყოს. კიდევ მინდა ეს განვმარტო, მინდა რადიომსმენელებმა იცოდნენ, რაზეა საუბარი. ლაპარაკია იმაზე, რომ სახელმწიფო გადასახადის სახით უნდა იღებდეს, როგორც მინიმუმი, ერთობლივი შიდა პროდუქტის 10-12 პროცენტს. ჩვენ ახლა 4-5 პროცენტის დონეზე ვიმყოფებით. ეს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია მთელ მსოფლიოში.

შუა ზაფხული, განსაკუთრებით ივლისი, გადასახადების მობილიზაციის თვალსაზრისით საკმაოდ რთული თვეა. ამ პირობებში საბაჟო დეპარტამენტის სისტემის მიერ აკრეფილმა საბიუჯეტო შემოსავლებმა ივლისში ყველაზე მაღალ დონეს მიაღწია და თითქმის 7 მილიონი ლარი შეადგინა, საკონტროლო დავალება დაახლოებით 105 პროცენტით შესრულდა, რისთვისაც მადლობას ვუცხადებ მთელს სამსახურს, შარშანდელი შვიდი თვის დონეს ეს მაჩვენებელი შვიდნახევარჯერ აღემატება. თანადათანობით იფარება წლის დამდეგიდან დაშვებული ჩამორჩენაც, აგვისტოს პირველი 9 დღის განმავლობაში საბაჟო სისტემიდან ბიუჯეტში გადაირიცხა თითქმის ერთნახევარი მილიონი ლარი, რაც 24 პროცენტით მეტია წინა თვის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით.

აგვისტოს ამავე პერიდოში საგადასახადო ორგანოების მიერ აკრეფილმა ბიუჯეტმა საგადასახადო ორგანოების ოდენობამ 10 მილიონ ლარს გადააჭარბა, ანუ დღეს საქართველოში საშუალო ყოველდღიური შემოსავლები მილიონ 700 ათას ლარს შეადგენს, წლის პირველი ნახევრის საშუალოდ 860 ათასი ლარის ნაცვლად, წლის დამდეგიდან საგადასახადო სამსახურის ხაზით ბიუჯეტში შემოსულია 150 მილიონი ლარი, რაც თითქმის 3-ჯერ აღემატება შარშანდელ ანალოგიურ მაჩვენებელს. მე მხარი უნდა დავუჭირო საგადასახადო სამსახურს, რომელიც ძალიან დიდ ორგანიზატორულ მუშაობას ეწევა, იმისათვის, რომ ეს საკონტროლო მონაცემები შევასრულოთ.

აგვისტოს დამდეგიდან 6 სამუშაო დღის განმავლობაში ცენტრალური ბიუჯეტის ანგარიშზე მიღებულმა საკუთარმა შემოსავლებმა, გრანტებიდან შემოსავლების ჩათვლით, უკვე შვიდ მილიონ ლარზე მეტი შეადგინა, რაც თვიური გეგმის 27 პროცენტია. ყოველივე ეს იმედისმომცემია.

ამასთან, საგადასახადო სამსახურის შეფასებით, წლის მეორე ნახევრის დაძაბული გეგმის გათვალისიწინებით, მიღწეული დონე ჯერ კიდევ არ არის საკმარისი საპროგნოზო მაჩვენებლის უზრუნველსაყოფად, აქ, უწინარეს ყოვლისა, საქმე ეხება საგადასახადო კულტურის ამაღლებას და საგადასახადო დისციპლინის გაძლიერებისადმი, მეტ მომთხოვნელობას. ამ თემაზე ბევრი მისაუბრია, მაგრამ კვლავაც მოგვიწევს არაერთხელ დავუბრუნდეთ ამ პრობლემას. კერძოდ საგადასახადო სამსახურის მონაცემებით, ფოთის ნავსადგურმა, მაგალითად, ივნისში ბიუჯეტის კუთვნილი 530 ათასი ლარი, ხოლო სოციალური დაცვისა და სამედიცინო დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს წლის დამდეგიდან 600 ათასი ლარი დააკლო. საჭიროა სპეციალურად გავერკვეთ რაშია საქმე. ფოთის ნავსადგური უფრო მეტი და მეტი დატვირთვით მუშაობს, შემოსავალი მატულობს ხოლო გადასახადები სახელმწიფო ხაზინაში კლებულობს. ეს ყოვლად დაუშვებელია.

საკმაოდ რთული ვითარებაა რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში. წლის დამდეგიდან ქარხანას გამოშვებული და რეალიზებული აქვს დაახლოებით 12 მილიონი ლარის ღირებულების პროდუქცია, საიდანაც ბიუჯეტს სულ მცირე ორნახევარი მილიონი ლარი უნდა მიეღო, ფაქტრობრივად კი ბიუჯეტში ჩარიცხულია მხოლოდ 96 ათასი ლარი. ასე რომ, შარშანდელი წლის ვალების ჩათვლით. ქარხნის საბიუჯეტო დავალიანება 4,5 მილიონ ლარს აჭარბებს.

საგადასახადო შემოსავლის მატების უმთავრესი წყარო, ცხადია წარმოებისა და მიმოქცევის შემდგომი განვითარებაა. 7 თვის ყველა მაჩვენებელი ჯერჯერობით შეჯამებული და დაზუსტებული არ არის, მაგრამ ოპერატიული მონაცემებით და ცალკეული ცნობების მიხედვით შესაძლებელია აღინიშნოს მრავალი მიღწევა და პრობლემა. კარგი ტენდენციები გამოიკვეთა იმერეთის მხარეში. 6 თვის მუშაობის შედეგების მიხედვით მხარე სერიზულად გავაკრიტიკეთ, მათ შორის ქუთაისიც და სასიხარულოა, რომ ახლა (გუშინ მქონდა თემურ შაშიაშვილთან საუბარი) გამოიკვეთა საკმაოდ კარგი და იმედისმომცემი ტენდენციები.

ივლისში, წინასწარი მონაცემებით, წარმოებულია 55 მილიონზე მეტი ლარის სამრეწველო პროდუქცია, რაც თითქმის 23 პროცენტით აღემატება წლის პირველი ნახევრის საშუალოთვიურ მაჩვენებელს. მომუშავე სამრეწველო საწარმოთა რაოდენობა განვლილ თვეში 53 ერთეულით გაიზარდა. მე ალბათ, რადიოსმენელებს ცოტა თავს ვაბეზრებ ამ ციფრებით და პროცენტებით, მაგრამ, ეს ყველაფერი იმის მაჩვენებელია, რომ სახელმწიფო სხვა დონეზე ცხოვრობს და მუშაობს და უახლოეს დროში მთელი ჩვენი მოსახლეობა ამის შედეგებს უდავოდ იგრძნობს.

მრეწველობის დეპარტამენტის საწარმოებში, რაც ქვეყნის მრეწველობის მეხუთედს შეადგენს, 7 თვის შედგებით მიღწეულია წარმოების მოცულობის 1,5 ჯერ ზრდა.

გარკვეული გამოცოცხლება იგრძნობა ექსპორტის ზრდის მიმართულებითაც. კერძოდ „სამტრესტმა“ მოსკოვში გაგზავნა მაღალხარისხოვანი ღვინოები, წლის ბოლომდე სულ ნავარაუდევია 5 მილიონი ბოთლის მიწოდება, რაც საქართველოსთვის მეტად მნიშვნელოვანი ტრადიციული ბაზრის აღდგენის ნიშნებს მოწმობს. ესე იგი, თუ ჩვენ ამ წამოწყებას ბოლომდე მივყვებთ (უნდა გითხრათ, რომ აქ ბატონმა ბაკურ გულუამ და სხვებმა დიდი სამუშაო შეასრულეს), შეგვიძლია ვილაპარაკოდ იმაზე, რომ ბაზარი იქნება, საქართველოში მევენახეობა და მეღვინეობა გადარჩება. ამგვარი ტრადიციები შეინიშნება მეჩაიობაშიც, პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულების თანახმად, ივლისში ფირმა „აის-95“ თურქმენეთში გაგზავნა 502 ტონა ჩაის მზა პროდუქცია, გასაგზავნად მზად არის კიდევ 300 ტონა, მაგრამ, სამწუხაროდ, სოფლის მეურნეობის და სურსათის სამინისტროს ოპერატიული მონაცემებით, 7 აგვისტოსათვის სულ მოკრეფილია 20 ათას ტონამდე ჩაის მწვანე ფოთოლი, ანუ წლიური პროგრამის 50 პროცენტი. დიდი ჩამორჩენები აქვთ ჩოხატაურის, წყალტუბოს ზონის, ზუგდიდის, ქობულეთის, წალენჯიხის, მარტვილის, ხობის რაიონებს, რისი გამოსწორებაც ერთ-ერთ უპირველეს ამოცანად უნდა მივიჩნიოთ. მით უმეტეს, რომ ახლახან გაფორმებული კონტრაქტის მიხედვით წლეულს უზბეკეთსაც უნდა მივაწოდოთ 2000 ტონა ჩაის პროდუქცია. უნდა გითხრათ, რომ უზბეკეთი მზად არის არა მარტო ჩაი მიიღოს ჩვენგან, არამედ გააფორმოს ხელშეკრულება 50 მილიონი ბოთლი „ბორჯომის“ მისაღებად. დაინტერესებულია სხვა პროდუქციითაც, რომელსაც საქართველოში ვაწარმოებთ.

და, ბოლოს, ელექტროენერგეტიკის სექტორში, ახლა მთლიანად აკმაყოფილებს მოთხოვნილებას ელექტროენერგიაზე. მიმდინარეობს თურქეთისა და აზერბაიჯანის ვალის ნაწილობრივი დაფარვაც. მაგრამ ენერგეტიკაში პრობლემათა სიმწვავე მთლიანად კვლავ და კვლავ არ ნელდება. დამაკმაყოფილებელი არ არის ზამთრისათის მზადების სამუშაოთა მასშტაბები და ტემპები, რაც უცხოელი პარტნიორების დახმარებასთან ერთად საკუთარი ძალებითა და სახსრებით შესასრულებელ, მნიშვნელოვან სამუშაოებსაც გულისხმობს. მით უმეტეს, რომ მარტო ზამთარში თბოელექტროსადგურების ფუქნციონირებისათვის საჭირო სათბობის შესაძენად უწყებას 60 მილიონი ლარი სჭირდება. ეს ნიშნავს რომ გადახდილი უნდა იქნეს პრაქტიკულად ყოველი მოხმარებული კილოვატსაათის საფასური, რაც მოითხოვს ელექტროენერგეტიკის რესტრუქტურიზაციის თაობაზე პრეზიდენტის ბრძანებულებით გათვალისწინებულ ღონისძიებათა დროულ და თანმიმდევრულ შესრულებას.

უნდა ითქვას, რომ პირველი დავალებების რეალიზაციის დრო უკვე დადგა. ეს საკითხი სისტემატურად უნდა მოვისმინოთ მთავრობის ყოველ სხდომაზე მოვისმენთ სათბობისა და ენერგეტიკის მინისტრის ინფორმაციას და მოსახლეობა ყოველკვირეულად იქნება ინფორმირებული, თუ როგორ მიმდინარეობს მზადება ზამთრისათვის. ყოველგვარი რეორგანიზაციის შედეგი უნდა იყოს, უწინარესად, მომავალი ზამთრის სეზონში უკეთესი მაჩვენებელი და ამ სეზონის უდანაკარგოდ გავლა.

- ვიდრე შემდეგ კითხვას დაგისვამდეთ, მინდა ერთი საკმაოდ მოზრდილი ციტატა წაგიკითხოთ: „როდესაც ასე გვიჭირს საქართველოს, ებრაელები უზრუნველყოფილად ცხოვრობენ, მაგრამ არა მათი ნამუსიანი შრომითა და სუფთა კომერციით, არამედ გაუთავებელი ვამპირული ილეთებით... ახლოვდება ჟამი, როდესაც მოსალოდნელია გასაქცევი ვერსად იპოვონ ებრაელებმა. ყოვლად გადაღლილი მსოფლიო მათ წინააღმდეგ აღდგება, რაც მოხვდებათ ხელში - ჩანგლებით, თეფშებით, ჩაქუჩით.. თუკი ისინი კვლავ გააგრძელებენ საქართველოს ვამპირულ წამებას, თუკი ისინი გააგრძელენ საქართველოს ფინანსურ რბევას და ზომბირებას, რითაც ჩვენი საქართველო იგუდება, ისეთი პროცესები მწიფდება საზოგადოებაში, დედა შვილს ვერ იცნობს ცოტა ხანში“ და კიდევ ერთი: „წყალს გვიკეტავენ და თუ მოგვცემენ - მოწამლულს. ელექტროდენს არ გვაძლევენ და თუ ჩართავენ - გვაწვალებენ, შრომას არ გვაცლიან, რამეთუ დააბეჩავეს სრულიად ხალხი. ებრაელი მკაცრად დაისჯება, რადგან ყველაფერს იმახსოვრებს ბუნება. აზრზე მოდით, ადამიანებო, ებრაელია ყველა დიდი სიბინძურის თავი. ბოდიშს ვუხდი ყველას, ვინც ეს ციტატა ეხლა მოსიმინა. ეს არ გახლავთ ციტატა ძველი, ფაშისტური გამოცემიდან. ეს არის გაზეთი რომელსაც ჰქვია „ნოე“ და რომელიც, სხვათა შორის, რეგისტრირებულია თბილისში, დიდუბის რაიონის სასამართლოს მიერ. ეს, ალბათ, ხაზგასმით უნდა ითქვას, რადგან, დღეს, როცა, პრესის თავისუფლებაზე ამდენს ვლაპარაკობთ და ადამიანის ძირითადი აზრის გამოთქმის უფლება, ალბათ, გარანტირებული უნდა იყოს ჩვენს საზოგადოებაში და მეტსაც გეტყვით, პრეზიდენტი, ალბათ, საერთოდ ნაკლებად უნდა ერეოდეს ამგვარ რამეში, აქ უკვე ისეთ გამოცემასთან გვაქვს საქმე, რომელიც ჩემი აზრით, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. ეს არის წერილი, რომელიც გარკვეული ერის წინააღმდეგ არის მიმართული. არაფერს ვამბობ ტრადიციულად ქართველების და ებრაელების არაჩვეულებრივ ურთიერთობაზე, იმ დიდ ყურადღებაზე, რასაც ისრაელის სახლელმწიფო, თავად პრობლემების წინაშე მდგარი სახელმწიფო იჩენს საქართველოს მიმართ. ეს თქვენი ვიზიტის დროსაც გამოვლინდა და ასე შემდეგ. ეს არის ელემენტარული ქსენოფობია, ელემენტარული სურვილი გარკვეული ერის დევნისა, და ეს უბრალოდ, საშიშია. სამწუხაროდ, მე არ ვიცი ვის ეხება ეს კონკრეტულად, მაგრამ ასეთი გაზეთები გამოდის არაჩვეულებრივ ქაღალდზე, იბეჭდება და ვრცელდება...

- მე გუშინ წავიკითხე, ახლა თქვენ მოგისმინეთ. როცა ვკითხულობ და ვისმენ, მრცხვენია, მრცხვენია, რომ ეს ჩემს ქვეყანაში დაიბეჭდა. 20 საუკუნეზე მეტია ქართველები და ებრაელები ერთად ცხოვრობენ. ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში, მრავალტანჯულ და მრავალჭირნახულ საქართველოში. 20 საუკუნეზე მეტია ვამაყობთ ჩვენი უძველესი ხალხების ძმობის სახელოვანი ტრადიციებით. რომელმა ქართველმა არ იცის, რომ ებრაელობამ უნიკალური წვლილი შეიტანა კაცობრიობის განვითარებაში, მეცნიერებაში ხელოვნებაში, ყოფითსა თუ საერთო კულტურაში. უამწვლილოდ წარმოუდგენელია თანამედროვე და მომავალი ცივილიზაციები. ამ ხნის განმავლობაში არაფერი იმის მსგავსი, რაც გაზეთშია დაბეჭდილი არავის წაუკითხავს, არავის გაუგონია და არავის უთქვამს საქართველოში. ყოველ შემთხვევაში, რაც მე წამიკითხავს, ამის მსგავსი არაფერი დაწერილა. სულის სიღრმემდე აღმაშფოთა გაზეთში გამოქვეყნებული, რა დავარქვად ამას, მონაჭორისა თუ მოროშილის უცერემონიო, თავხედურმა შინაარსმაც და ფორმამაც. საერთოდ, ცილისწამებამ, შეურაცხყოფამ, ადამიანების ღირსების შელახვამ, რაც ასე დამახასიათებელი იყო ძველი პარლამენტის ერთი ნაწილისათვის, ახლა ცალკეული გაზეთის ფურცლებზე გადაინაცვლა. დემოკრატიის ქვაკუთხედი არა მარტო პიროვნების თვაისუფლება და ადამიანთა უფლებების დაცვა გახლავთ, არამედ უფლებათა განსაზღვრულობაც, რა თქმა უნდა, დემოკრატიული საზოგადოების ჩარჩოებში. ეჭვი არ მეპარება, პარლამენტიც იზრუნებს ხალხის, პიროვნების, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენელთა დაცვისათვის, ღირსეული პრესის კანონის მიღებისათვის, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების დონეზე იქნება შედგენილი, სხვანაირად, თუ ამ საქმეს არ მივხედავთ, ფეხქვეშ გათელილი აღმოჩნდება ის დიდი პრინციპები, რომლეზეც ახალი დემოკრატიული წყობა შენდება საქართველოში.

რაც შეეხება გაზეთ „ნოეს“ მონაჩმახს, ცილისწამებას, როგორც ვიცი, სისხლის სამართლის საქმე აღძრულია, და ეს ფაშისტური უხამსობა დაუსჯელი არ დარჩება. მე ამაში დარწმუნებული ვარ ყოველ შემთხვევაში.

ჭეშმარიტად თავისუფალი პრესის განვითარების თვალსაზრისით, საქართველომ გამორჩეული ნაბიჯები გადადგა, მართლაც გამორჩეული. მე ვიცნობ ბევრი ქვეყნის პრესას და ჩვენ შეგვიძლია ამით გარკვეულად ვიამაყოთ კიდეც. ზოგიერთი გაზეთი ამ თვალსაზრისით ეტალონადაც გამოდგება. მაგრამ სენსაციებისადმი, ტყუილისა და ხშირად ცილისწამებისადმი (და ისევ ტყუილების და სენსაციებისადმი ინტერესით) ლტოლვა იმდენად დიდია, რომ ჩვენ შეიძლება დავკარგოდ ის, რაც დემოკრატიული განვითარების ერთი უმთავრესი ნიშანთაგანია (ესე იგი თავისუფალი პრესა) და დავკარგოდ იგი არა იმ მიზეზით, რომ დახურავენ ან რეპრესიები განხორციელდება, არამედ იმ მიზეზით, რომ მისი რეპუტაცია თანდათანობით დაეცემა, ხალხი მას ზურგს შეაქცევს და ეს მონაპოვარი დაიკარგება.

და კიდევ ერთი დასკვნა: ეტყობა ნაადრევად შევწყვიტეთ მასირებული შეტევა პროვინციული ფაშიზმის ფესვების ამოსაძირკვად, რაც ასე ძვირად, ძალიან ძვირად დაუჯდა საქართველოს ამ ბოლო წლებში. ჩვენ ძალიან ადრე დავივიწყეთ ყველაფერი, რაც უახლოეს წარსულში მოხდა. ზემოდ აღნიშნულ გაზეთში გამოქვეყნებული მასალა უფრო შორს მიდის, ვიდრე ფაშიზმი და ფაშისტური იდეოლოგია გახლავთ. ამიტომაც მიმაჩნია, რომ ბრძოლა დამთავრებული არ არის, პროვინციულ ფაშიზმთან, მაგრამ ეს ბრძოლა უნდა გაძლიერდეს და გაძლიერდება კიდეც და წარიმართება ჩვენ მიერ უკვე მოპოვებული დემოკრატიული ინსტიტუტის ფარგლებში, მათი განმტკიცების, სახელმწიფოს გაძლიერების ნიშნით.

- ასეთი საშინელება დაიბეჭდა ხალხზე, რომელიც ამდენი საუკუნეა ჩვენს გვერდით ცხოვრობს, ტანჯული და დევნილი ხალხი. საქართველოში არც ერთი დარბევა არ მომხდარა მათი და ეს ჩვენ ყოველთვის გეამაყება. ალბათ, ასე იწყებოდა გერმანიაშიც, სადაც ჩვენზე არანაკლებ კულტურული, განვითარებული ერია, მაგრამ ეს ყველაფერი საშინელებამდე მივიდა. იმ ადამიანებსაც უნდა აემაღლებინა ხმა ამგვარი წერილების წინააღმდეგ, ვისაც საზოგადოებრიობა აზრს, ჭკუას ეკითხება. დღეს უამრავი გამოცემა, გაზეთია, ყველა მიმართულებისა და მსოფლმხედველობის გამომხატველი და ალბათ, მოახერხებდნენ ისინი ამგვარი წერილების დაბეჭდვას. დაუცველობის მომენტი არ უნდა გაუჩნდეს ქვეყანაში არც ერთ ხალხს. მით უმეტეს ხალხს, რომლისგანაც საქართველოს და ქართველებს სიკეთის მეტი არაფერი ახსოვთ...

- ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ გვჭირდება არც შორეული წარსულისა და მით უმეტეს ახლო წარსულის იდეალიზება. ამის საფუძველი არ გაგვაჩნია. იყო ბევრი რამ საამაყო, იყო ბევრი რამ სამარცხვინოც. უახლოეს ისტორიაში, პროვინციული ფაშიზმის არსებობა ფაქტია და ეს ნუ გადგვავიწყდება. ამიტომ, ამ ფესვების ამოძირკვა კვლავ და კვლავ რჩება ჩვენს უახლოეს, უმწვავეს და უაქტუალურეს პრობლემად.არავითარ შემთხვევაში არ გვაქვს უფლება, დავივიწყოდ ის რაც საქართველოში მოხდა.

რაც შეეხება ამ პუბლიკაციას, ამ მასალას, მიმაჩნია, რომ არ იქნებოდა ცუდი (ეს, როგორც ვიცი, არ არის ძალიან პოპულარული გაზეთი, ბევრმა შეიძლება მოსმენით ვერც აღიქვას) რომ რომელიმე სოლიდურმა და მრავალტირაჟიანმა გაზეთმა გადაბეჭდოს იგი, რათა საქართველომ, მთელმა საზოგადოებრიობამ, იცოდეს, როგორი ხალხი ცხოვრობს ჯერ კიდევ ჩვენს გვერდით, როგორ ადამიანებთან ერთად დავდივართ ქუჩაში. ეს ხომ წმინდა წყლის რასიზმია, წმინდა წყლის ფაშიზმია და ეს ხდება დღევანდელ საქართველოში, რომელიც დემოკრატიულ, თავისუფალ ქვეყანას აშენებს. თავისუფალს ყველასათვის, თავისუფალს ქართველებისათვის, თავისუფალს სომხებისათის, რუსებისათვის, აზერბაიჯანელებისათვის, ქურთებისათვის, ებრაელებისათვის, სხვებისა და სხვების, ყველა მოქალაქისათვის.

მიმაჩნია, რომ ეს საგანგაშო ზარია და ეს ზარი უნდა შემოვკრათ ყოველ მიზეზგარეშე.

- და ბოლოს, ერთი თემა: ძალიან დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია ატლანტის ოლიმპიადასთან დაკავშირებულმა მოვლენებმა. ტერორისტულ აქტთან დაკავშირებული თქვენი განცხადების გარდა, თქვენი პოზიცია, თქვენი მოსაზრება არ გამოგითქვამთ. გუშინ სპორტის დეპარტამენტისა და ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელები პირდაპირ ეთერში უპასუხებდნენ, როგორც ჟურნალისტებს, ისე ჩვენს მოსახლეობას. თქვენ ალბათ, ნახეთ ეს გადაცემა...

- მე მივიღე კიდეც წასვლის წინ ეს დელეგაცია. სურვილი მაქვს, შევხვდე მათ. ცოტა კი დამრჩა მაშინ ისეთი შთაბეჭდილება, რომ ზედმეტად ოპტიმისტური განწყობილებით მიდიოდნენ, მაგრამ ახალგაზრდები ასე უნდა იყვნენ, დიდ საქმეს რომ ეჭიდები, დარწმუნებული უნდა იყო კიდეც, დიდ შესაძლებლობებში და ეს შესაძლებლობანი ნამდვილად არსებობდა. მინდა ვთქვა, რომ ატლანტის ოლიმპიადის მონაწილეებისათის სახელმწიფომ იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე მას შეეძლო. მხედველობაში მაქვს ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი ფინანსები, ძალიან სწორად და სამართლიანად აღნიშნეს ეს ბატონმა კახი ასათიანმა და სხვებმაც. თუმცა, მაღალი მაჩვენებლებისათვის, ის, რაც გაკეთდა ძალზე ცოტაა. სახელმწიფოები მილიონებს და მილიარდებს ხარჯავენ იმისათვის, რომ მაღალი მაჩვენებლები მოიპოვონ. ამის მიუხედავად, შედეგები უკეთესი უნდა მიგვეღო, ცოტა დაიხარჯა, მაგრამ მაინც უკეთესი უნდა მიგვეღო, რადგან, ჩვენ სპორტსმენებს პოტენციალი აქვთ. სპორტსმენები. მწვრთნელები, ხელმძღვანელები, განიცდიან და მე ასე ვიტყოდი დათრგუნული არიან. არ ვფიქრობ, რომ ცეცხლზე ნავთი უნდა დავასხათ. თუმცა, ყოველივე მომხდარის სერიოზული გარჩევა მთავრობის სხდომაზე აუცილებელია, უნდა ვიმსჯელოთ, დავსახოთ ღონისძიებები, მათ შორის, ორგანიზაციული, სტრუქტურული სრულყოფისათვის, რათა თითოეული თეთრი, რასაც ჩვენი მოსახლოება ხარჯავს ამ მიმართულებით, დანიშნულებისამებრ იყოს წარმართული და მივიღოთ მაქსიმალური ეფექტი.

წარუმატებლობის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ ჩვენში ჯერ კიდევ დაბალია სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა, დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის შეგნება, რომ შენს ქვეყანას, შენს დამოუკიდებელ სახელმწიფოს წარმოადგენ. ხშირად ისე ვირჯებით, თითქოს სხვა ქვეყნის ინტერესებს ვემსახურებოდეთ და ეს სამწუხაროდ, მარტო სპორტსმენებს არ ეხება.

სპორტს განსაკუთრებული მხარდაჭერა სჭირდება. ცხოვრების ჯანსაღი წესის მასობრივად დამკვიდრება ქვეყანაში შეუძლებელია მასობრივი, დიდი სპორტის გარეშე. ჩვენ წინაშე სხვადასხვა თაობის ადამიანთა გაჯანსაღების ამოცანა დგას, ახალმა დროებამ ცხოვრების ახალი წესები უნდა დაამკვიდროს და ერთი აუცილებელი პირობა ერის ფიზიკური და სულიერი სიჯანსაღისა, სწორედ მოსახლოების სპორტული აღზრდის სახელმწიფო ამოცანის დონეზე დაყენება გახლავთ. მე, როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, ყველაფერს ვიღონებ იმისათვის, რომ სპორტმა სწორედ ასეთი ადგილი დაიკავოს ჩვენ რეალურ ცხოვრებაში.

საქინფორმი.

„საქართველო მსოფლიო ცივილიზაციისა და დემოკრატიის სივრცეში მაშინ დაიკავებს ღირსეულ ადგილს, როცა კონფლიქტებს დავძლევთ და შიდასახელმწიფოებრივ ჰარმონიულ ცხოვრებას მივაღწევთ“ / შევარდნაძე ედუარდ ; [ჩაიწერა]ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 13 აგვისტო. - 163(2277). - 1,2 გვ.

82 საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის განცხადება

▲ზევით დაბრუნება


გროზნოში კვლავ ომია. კვლავ იღვრება სისხლი, 10 აგვისტო რუსეთის პრეზიდენტმა გლოვის დღედ გამოაცხადა, მაგრამ გლოვობენ არა მარტო რუსეთში. გლოვობენ საქართველოშიც დაღუპული რუსებისა თუ ჩეჩნებისათვის.

საგანგაშოა, რომ კავკასიის ცაზე კვლავ შავმა ღრუბლებმა იმძლავრეს.

გარკვეული პროგრესის მიუხედავად, გადაუჭრელია ქართულ-ოსური კონფლიქტის ძირეული საკითხები.

რეალური ძვრები არ მოხდა აფხაზეთის (საქართველო) კონფლიქტის მოწესრიგებაში.

მოძმე ამიერკავკასიის ხალხებს კვლავ აღელვებთ მთიანი ყარაბაღის პრობლემა.

გულუბრყვილობაა ვიფიქროთ, რომ ამ კონფლიქტებს არაფერი აქვთ საერთო, რომ მათი მოგვარება შესაძლებელია იზოლირებულად, საერთო ძალისხმევის გარეშე.

კავკასიის კონფლიქტების გენეზისის განხილვისასაც ბევრს ვპოულობთ საერთოს წინამორბედი წყობის ისტორიულ მემკვიდრეობასა თუ ჩვენი დღეების საბედისწერო შეცდომებში.

კერძოდ, არაერთხელ განმიცხადებია და კვლავ გავიმეორებ: რომ არ ყოფილიყო ქართველთა გენოციდი აფხაზეთში, სხვა სახელმწიფოს ათასობით და ათასობით ბოევიკ-მოქალაქეთა მონაწილეობით, არ დატრიალდებოდა ტრაგედია ჩეჩნეთში. სოხუმის დაცემის თარიღს ზოგიერთი „სტრატეგი“ აბსოლუტური სიზუსტით განსაზღვრავდა, მაგრამ ვერ ითვალისწინებდა, რომ აისბერგს მოძრაობის თავისი კანონები აქვს, შედეგად კი ბუმერანგივით დაბრუნებულმა მოვლენებმა უკვე ათიათასობით ადამიანი შეიწირა.

ჩეჩნეთის, მთელი რუსეთის ტკივილები, ჩვენი ტკივილიცაა. საქართველომ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ რუსეთ-საქართველოს საზღვარი, რომელიც ჩვენ ქვეყანას ჩეჩნეთისაგან ჰყოფს, მშვიდობიანი ყოფილიყო. ასე სჯობდა რუსეთისათვის, ასე სჯობდა ჩეჩნებისთვისაც, კავკასიის სხვა ხალხებისათვის.

კავკასიის ხალხთა საერთო პასუხისმგებლობის შეგნებამ შეგვკრიბა ჩვენ კისლოვოდსკში. რუსეთის პრეზიდენტმა ბორის ელცინმა ამ შეკრებაში მონაწილეობით თემა - „მშვიდობიანი კავკასია“ თავისი საარჩევნო პროგრამის ნაწილად აქცია.

გაჩნდა პირველი იმედისმომცემი შედეგებიც. მთელი ძალით შევიგრძენით კავკასიის სამშვიდობო ფაქტორის ამოუწურავი პოტენციალი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ჩვენი ხალხების ერთად ცხოვრების ურთულეს პროცესში ყალიბდებოდა.

სამწუხაროდ, ბოლო დღეების მოვლენები გროზნოში და ჩეჩნეთის სხვა რაიონებში საეჭვოს ხდის კისლოვოდსკის შეთანხმებათა ბედს.

არ უნდა დაგვავიწყდეს: კონფლიქტის მეტასტაზები უკვე გავრცელებულია. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ მცირეოდენი გართულების პირობებშიც კი ეს მეტასტაზები უკურნებენ სენთა ახალ კერებად გადაიქცევა.

ამიტომ უნდა ვიჩქაროთ, დღეს გასაკეთებელი სახვალიოდ არ გადავდოთ.

ჩვენ მადლობელი ვართ საქართველოში კონფლიქტების მოწესრიგებაში რუსეთის პოლიტიკოსთა და დიპლომატთა აქტივობისათვის, სამშვიდობო ძალების, განსაკუთრებით, ცხინვალში დადებითი როლისათვის.

რუსეთის გარეშე კავკასიის კონფლიქტების მოკლე ვადებში მოგვარება ილუზიაა და ეს ყველამ უნდა გაიგოს.

ჩვენ მადლობელი ვართ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული რეზოლუციებისა და განხორციელებული აქტებისათვის, ლტოლვილთა დაბრუნების კატეგორიული მოთხოვნების, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ინტერესების დაცვისათვის.

მადლობას მოვახსენებ ევროუშიშროების ორგანიზაციის უმაღლესი დონის ბუდაპეშტის თათბირს, რომელმაც დაგმო ეთნიკური წმენდა აფხაზეთში.

პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა თანამეგობრობის ქვეყნების კატეგორიულ მხარდაჭერას აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების არსებით საკითხებში, აგრესიული სეპარატიზმის, როგორც ჩვენს საერთაშორისო რეგიონულ ორგანიზაციაში შემავალი სახელმწიფოებისათვის ყოვლად დაუშვებელი და მიუღებელი მოვლენის დაგმობას.

ახალი, დემოკრატიული და განუყოფელი სახელმწიფოს მშენებლობაში ვგრძნობ „საქართველოს მეგობრების“ განუხრელ თანადგომას.

მნიშვნელოვანია, რომ უშიშროების საბჭოს ბოლო რეზოლუციის მიმართ თავისი აქტიური მხარდაჭერა გამოხატა თურქეთის მთავრობამ, რომელმაც ხაზი გაუსვა რეგიონისათვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებას.

ვითვალისწინებ რა მთელ პასუხისმგებლობას, რომელიც კავკასიის ხალხებს ეკისრებათ საყოველთაო სტაბილურობისათვის, მშვიდობიანი კავკასიისათვის ბრძოლაში, მივმართავ ლუდვიგ ჩიბაროვს: შევხვდეთ უახლოეს დღეებში და განვსაზღვროთ, როგორ ვიცხოვროთ დღეს და ხვალ, როგორ ავაღორძინოთ ჩვენი ხალხების თანაცხოვრების საუკუნებრივი ტრადიციები. მხოლოდ, შეხვედრისათვის აუცილებელი პორობაა არ ჩამოვუშვათ ისეთი ბურუსი, რომ ერთმანეთის მიგნება გაგვიჭრდეს (გამგები გამიგებს, რაზეა ლაპარაკი).

მე მივმართავ ვლადისლავ არძინბას, ყველას, ვინც მის ბანაკშია, აფხაზეთში დარჩენილ მოსახლეობას, ყველა აფხაზს: ფიქრისა და განსჯისათვის დრო საკმაოდ მეტი იყო. გაკვეთილი? ათასობით დახვრეტილი, დაღუპული ადამიანი, ათიათასობით გადაბუგული სახლ-კარი, სამასი ათასი ლტოლვილი, უაზრო ომს შეწირული აფხაზი და ქართველი ახალგაზრდების საუკეთესო ნაწილი.

უდანაშაულო ადამიანთა სისხლის გუბეები, ათიათასობით ოჯახის გაძევება მშობლიური კერებიდან არავის არ მოუტანს ბედნიერებას.

რასაც ვიტყვი, არც ჭკუის დარიგება და არც მორალური შეგონება (ღმერთმა დამიფაროს ამისგან): მსოფლიო შეიცვალა, შეიცვალა სახელმწიფოთა, ხალხთა თანაცხოვრების კანონები. ერთი რეგიონის არასტაბილურობა განგაშის მანიშნებელია მთელი მსოფლიოსათვის. ყოფილი იუგოსლავიის მაგალითი კარგი გაკვეთილია. ხალხები სხვა, ახალი წესრიგის პირობებში იწყებენ ცხოვრებას. ცივი ომის უსისხლოდ დამთავრებამ შეცვალა წარმოდგენა ომებზე, ომებში გამარჯვებულებზე. დღევანდელ ეტაპზე სისხლის ფასად და მშობლიური კუთხიდან ადამიანთა გაძევებით მოპოვებული სამხედრო „წარმატება“ დამარცხების ტოლფასია. მორალური, ზნეობრივი, ზოგადკაცობრიული პრინციპების ფეხქვეშ გათელვაა. „გამარჯვებულთა“ სხვანაირ პორტრეტს ვერავინ დახატავს, სხვა იმიჯს ვერ დაამკვიდრებს.

პირდაპირ გეტყვით: ყველა-ყველაა, მაგრამ რუსეთი არასდროს შეეგუება საქართველოს გახლეჩას, ეს არ შეესაბამება მის სტრატეგიულ ინტერესებს. ჩვენი დიდი მეზობელი მის შემადგენლობაში აფხაზეთის შესვლის თუნდაც თეორიულ შესაძლებლობასაც არ დაუშვებს. რუსეთისათვის, უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრისათვის, ესეც ყოვლად მიუღებელია.

ამასთან არაერთხელ მითქვამს და კვლავაც ვადასტურებ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ეტაპზე საბედისწერო შეცდომები დაუშვა. ეს ეხება ურთიერთობას აფხაზებთან, ოსებთან და სხვებთან. სხვათა შორის, ყველაზე მეტად ეს თვით ქართველების ბედს ეხება. ბევრი რამ, რაც გვჭირს, ჩვენივე ბრალია. ესეც ისტორიული გაკვეთილია.

ქართველები და აფხაზები მხოლოდ ერთად ცხოვრების პირობებში იქნებიან ბედნიერი, და მე მზად ვარ მთელი ჩემი გამოცდილება, ჩემი შესაძლებლობა ამ ბედნიერი მომავლის საფუძვლის ჩაყრას, მის მშენებლობას მოვახმარო.

მე მზად ვარ უახლოეს დროში შევხვდე ვლადისლავ არძინბას, შევხვდე მის წარმომადგენლებს, მაგრამ შევხვდე სათანადო მომზადებისა და პოზიტიური შედეგების მიღებაში დარწმუნებული. ერთხელ უკვე შედგა ჩემი დიალოგი მასთან გუდაუთაში, მზად ვარ შევხვდე საქართველოს რომელ კუთხეშიც გნებავთ, აფხაზეთის ჩათვლით.

და, ბოლოს, ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარებით, აფხაზურ კონფლიქტში მიღწეული ძვრები ძირეული პროგრესით, დარწმუნებული ვარ, ხელს შევუწყობთ ჩეჩნეთის კონფლიქტის განმუხტვასაც, ყარაბაღის პრობლემის გადაწყვეტის დაჩქარებასაც და, საერთოდ, მშვიდობიანი, აყვავებული კავკასიის მშენებლობის საშვილიშვილო საქმეს.

თბილისი, 1996 წლის 11 აგვისტო.

საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის განცხადება : გროზნოში შექმნილი მდგომარეობის შესახებ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 13 აგვისტო. - 163(2277). - 1 გვ.

83 1997 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით მოსახლეობის სოციალურ დაცვაზე 300 მილიონი ლარი დაიხარჯება, რაც 47 პროცენტით სჭარბობს წლევანდელ ანალოგიურ მაჩვენებელს

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 19 აგვისტოს რადიოინტერვიუ

- გასული ეკონომიკური კვირის საინტერესო მოვლენა იყო მთვარობის სხდომა, რომელზეც როგორც ყოველთვის ამ ბოლო პერიოდში, ბიუჯეტის განხილვა მიმდინარეობდა. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი იყო ის თემა, რასაც ამ ბოლო დროს მასობრივი ინფორმაციის საშუალებები საკმაო ყურადღებას აქცევენ - გადაწყვეტილებას პედაგოგთათვის ხელფასების გაორმაგების შესახებ. რა თქმა უნდა, არც ის ხელფასია ისეთი, რომ ადამიანის მოთხოვნები დააკმაყოფილოს, მაგრამ თავად ფაქტია მნიშვნელოვანი იმდენად, რამდენადაც პედაგოგის შრომისადმი ხელისუფლების დამოკიდებულება გამოჩნდა. ლაპარაკია, საერთოდ, ხელფასების გაზრდის თაობაზეც... ჟურნალისტ ნატო ონიანის მიერ წამოწყებული ეს თემა გააგრძელა საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ თავის ტრადიციულ რადიოინტერვიუში.

- განვლილი კვირა მართლაც გამოირჩეოდა ქვეყანაში სისხლსავსე, მრავალფეროვანი და დაძაბული საშინაო ეკონომიკური ცხოვრების მოვლენებით, რასაც ძირითადად განსაზღვრავდა მთავრობისა და პრეზიდენტთან არსებული საკონსტიტუციო ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე განხილულ საკითხთა სპექტრი, რომლის უმთავრესი თემა საქართველოს 1997 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითად მონაცემებსა და მიმართულებებზე მსჯელობა წარმოადგენდა. აღნიშნული საკითხის პრეზიდენტთან წინასწარი განხილვის შემდეგ, მთავრობის სხდომაზე გამოტანით დაიწყო მისი, შეიძლება ითქვას, საერთო-საჯარო, სახალხო განხილვა, რისი შედეგებიც უტყუარი ინდიკატორი იქნება იმისა, თუ მომავალი წლის ბიუჯეტი თავისი არსით, მიდგომებით, მტკიცე საგადასახადო-საბიუჯეტო პოლიტიკის გატარებით. რამდენად ასახავს სახელმწიფო ფინანსები გაჯანსაღების ფორმებს და მეთოდებს, რომელთა გამოყენებასაც ჯერ კიდევ 1996 წლის ბიუჯეტის ფორმირებისას ჩაეყარა საფუძველი.

როგორც განხილვის პირველი შედეგები ცხადყოფს, 1997 წლის ბიუჯეტის პროექტი უთუოდ მნიშვნელოვანი ეტაპი იქნება პრეზიდენტის ეკონომიკური პროგრამის რეალიზაციაში, მის ფორმირებას საფუძვლად დაედება მოქმედ საგადასახადო კანონმდებლობაში ისეთი პროგრესული ცვლილებები, რომლებიც უზრუნველყოფს საგადასახადო ადმინისტრაციასა და გადასახადის გადამხდელებს შორის, ნორმალური ურთიერთობის დამყარებას. მეწარმეობის განვითარებისადმი ხელშეწყობასთან ერთად საბიუჯეტო შემოსავლების მაქსიმიზაციას. ნავარაუდევია გადასახადების სახეობათა შემცირება, ფინანსური სანქციების შერბილება და ზოგიერთი სხვა რამ.

მომავალი წლის ბიუჯეტი ძირითადი პარამეტრები და მაჩვენებლები 1996 წლის ბიუჯეტთან შედარებით მნიშვნელოვანი დადებითი ტენდენციებით და პროპორციებით ხასიათდება: საგადასახადო შემოსავლების დონე მთლიანი შიდაპროდუქტის მიმართ 8-9 პროცენტამდე უნდა გაიზარდოს (როგორც გახსოვთ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ოთხი-ოთხნახევარი პროცენტის დონეზე ვიყავით) ხოლო საბიუჯეტო დეფიციტის შემცირება მთლიანი შიდა პროდუქტის 2,8 პროცენტამდეა ნავარაუდევი. მნიშვნელოვნად, 1,6-ჯერ გაიზრდება საგადასახადო შემოსავლები და სხვა. ეს მინიმალური ზღუდეა.

სხვა მნიშვნელოვან პროგრესულ მომენტებთან ერთად უნდა აღინიშნოს ბიუჯეტის ძირითადი მიმართულებების, დღეის შესაძლებლობის მიხედვით გამოხატული სოციალური ორიენტაცია. მოსახლეობის სოციალური დაცვის ღონისძიებებს საბიუჯეტო ხარჯების მესამედზე მეტი უნდა მოხმარდეს. ეს ზუსტად 300 მილიონი ლარია და 47 პროცენტით (გთხოვთ მოსახლეობამ მიაქციოს ამას ყურადღება) ჭარბობს წლევანდელ ანალოგიურ ხარჯებს. იზრდება ჯანმრთელობის დაცვისა და განათლების დაფინანსების ხვედრითი წილიც.

მოსახლეობის შემოსავლების მოწესრიგების ძირითადი მიმართულებებით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელებას დიდად შეუწყობს ხელს მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება უკვე წლეულს, სექტემბრიდან, საბიუჯეტო სექტორში დასაქმებულთა ერთი ნაწილისათვის, უწინარეს ყოვლისა, განათლების სფეროს მუშაკთათვის ხელფასების გადიდების თაობაზე. როგორც აღვნიშნეთ, ლაპარაკია ხელფასების გაორმაგებაზე, ეს ეხება 140-150 ათას კაცს - პროფესორებს, მასწავლებელებს, მათთან გათანაბრებულ პირებს, განათლების სისტემის ყველა დარგს. რა თქმა უნდა, ეს არ არის ისეთი თანხა, რომელიც თუნდაც საარსებო მინიმუმს გულისხმობდეს, მაგრამ იმაზე უკეთესია, რაც გვქონდა. ნებისმიერ სახელმწიფოში მთელი ასეთი კატეგორიისათვის ხელფასების გაორმაგება ძალიან სარისკო და რთული ნაბიჯი გახლავთ. როცა ჩვენ ქვეყანაში დაიწყო ნორმალური ცხოვრება, მოგვეცა საშუალება, ასეთი გაბედული ნაბიჯი გადაგვედგა.

საბიუჯეტო სექტორის სხვა მუშაკებისთვის გაისისათვის ხელფასების მნიშვნელოვანი მატებაა ნავარაუდევი. სერიოზული დახმარება გაეწევა სოციალურად დაუცველ ფენებს, პენსიონერებს, ლტოლვილებს და სხვა კატეგორიის თანამშრომლებს. აღსანიშნავია, რომ მომავალ წელს, ალბათ, განსაკურებული ზრუნვის საგანი იქნება ხელოვნების რამდენიმე დარგი და განსაკუთრებით, ჩვენი მეცნიერების მდგომარეობა, მომავალ და შემდგომ წლებშიც. თუ რაიმე პრიორიტეტი უნდა იყოს საქართველოსთვის, სწორედ მეცნიერება და კულტურაა. აღსაღნიშნავია, რომ მომავალ წელს ბიუჯეტში განსაკუთრებით უნდა გამოიყოს და აისახოს კონფლიქტის ზონების (ეს პირველად კეთდება) - ცხინვალის რეგიონის, გალის რაიონის და კოდორის ხეობის მოსახლოებისთვის სერიოზული დახმარების გაწევა.

1997 წლის ბიუჯეტის ძირითად მიმართულებებს საფუძვლად დაედო. საქართველოს სოციალ-ეკონომიკური განვითარების ინდიკატური გეგმის პროექტის მაჩვენებლები მომავალი წლისათვის. ქვეყნის სოციალ-ეკონომიკური განვითარების 1996-2000 წლების ინდიკატური გეგმის პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს პრეზიდენტის პროგრამის ძირითად დებულებების რეალიზაციას, განვლილ კვირაში მთვარობის სხდომაზე დამტკიცდა.

რაც შეეხება საქართველოს განაცხადს ეკონომიკური და ფინანსური პოლიტიკის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციებში, იგი ფართო და მრავალმხრივი მსჯელობის საგანი იყო ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე და ზოგიერ სხვა ფორუმზეც. განაცხადი კონცენტრირებულად ასახავს 1996 წლის პირველ ნახევარში საერთაშორისო სავალუტო ფონდის სამწლიანი პროგრამის შესაბამისად სტაბილიზაციისა და სტრუქტურული რეფორმების განხორციელებაში მიღწეულ შედეგებს, ეკონომიკური პოლიტიკის მიზნებსა და ღონისძიებებს წლის მეორე ნახევრისათვის და შესაბამისი მხარდაჭერის გარანტიას გვაძლევს.

ხელისუფლება კვლავაც აპირებს გადადგას ახალი ნაბიჯები საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საერთოდ საგარეო ურთიერთობის გაფართოების მიმართულებით. ამ მხრივ ამოუწურავი რეზერვებია ევროკავშირის ხაზით. ასათვისებელია ამერიკის შეერთებული შტატების პროგრამები, ასევე აქტიურად გამოსაყენებელია რუსეთისა და უკრაინის, ზოგიერთი სხვა სახელმწიფოს ფაქტორები, ამ ქვეყნების ბაზრებზე შეღწევისა და დამკვიდრების შესაძლებლობები.

სოცეკონომინფორმმა შეაჯამა ქვეყნის მრეწველობის ფუნქციონირების შვიდი თვის შედეგები, სამრეწველო პროდუქციის წარმოების ზრდის ტემპი 105,5 პროცენტია, რაც ნახევარი წლის მაჩვენებელზე 1,5 პროცენტული პუნქტით მეტია. ამასთანავე, თუ წარმოების საერთო მოცულობიდან გამოვრიცხავთ ფქვილის მზარდი მოცულობის შემოზიდვის პირობებში მარცვლის გადამმუშავებელ საწარმოებს, ზრდის ტემპი მრეწველობაში 119 პროცენტით აიწევს. თბილისში წარმოების ზრიდის ტემპი 105 პროცენტით განისაზღვრა. სამრეწველო პროდუქციის წარმოების მაღალი ზრდის ტემპი დაფიქსირდა შიდა და ქვემო ქართლის, გურიის, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეებში. ამასთან კვლავ გრძელდება წარმოების დაცემა აჭარასა და იმერეთის მხარეში. შეამცირეს ეს მაჩენებლები აგრეთვე კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის მხარეებმა.

და კიდევ: შვიდ თვეში ელექტროენერგიის წარმოების ზრდის ტემპმა 105,9 პროცენტი შეადგინა. სწორედ ამან განაპირობა, ის გამოცოცხლება მრეწველობასა და ეკონომიკაშიც, რომლის შესახებაც ზემოთ ვილაპარაკე.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია აგრეთვე ის ფაქტი, რომ ამავე დროს ივლისში მიღწეულია რეალიზებული ელექტროენერგიის საფასურის (არა მარტო თანხების, არამედ ჩათვლების გათვალისწოინებით) 84 პროცენტით ამოღება, რაც უთუოდ წინგადადგმული ნაბიჯია და უახლოეს ხანში უნდა მივაღწიოთ მის სრულ, სტაბილურ ამოღებას. მე ბევრჯერ მითქვამს და კიდევ და კიდევ ვუბრუნდები ამას, ჩვენი ბედი ამაზეა დამოკიდებული: გადავიხდით მოხმარებული ელექტოენერგიის საფასურს, მაშასადამე ნორმალურად გამოვიზამთრებთ, თუ არ გადავიხდით, ზამთრის კოშმარები კვლავ განმეორდება. ეს ეხება ყველას - საწარმოებსა და დაწესებულებებს, და რა თქმა უნდა, ეხება თითოეულ მოქალაქეს. ჩვენ გვაქვს ყველა საშუალება, თუ ამას მივაღწევთ, რომ მიმდინარე ზამთრის სეზონი, თუ იდეალურად არა, შედარებით ნორმალურად გავიაროთ და, ეს იქნება ეკონომიკის განვითარების კიდევ ახალი ბიძგი, უბრალოდ, ნორმალური ცხოვრების დასაწყისი.

ბოლო წლებში ქვეყნის სამომხმარებლო ბაზარზე შეიქმნა უკიდურესად მძიმე ვითარება უცხოეთიდან შემოტანილი თუ სამამულო წარმოების უხარისხო და ფალსიფიცირებული საქონლის მომრავლებასთან დაკავშირებით. ამ მდგომარეობას, რომელიც თითქმის ყველა განვათრებადი ქვეყნის ბაზრისთვისაა დამახასიათებელი, თუ დროეულად არ მიეცა სათანადო შეაფსება და არ განხორციელდა ღონისძიებები მისი თანდათანობით შეზღუდვისა და აღკვეთისათვის, შეიძლება მეტად არასახარბიელო სოცილაურ-ეკონომიკური შედგები მოჰყვეს. ამიტომ საკმაოდ აქტუალურად უნდა მივიჩნიოთ მთავრობის სხდომაზე განხილული პრეზიდენტის ბრძანებულების პროექტი „ლიცენზირებისა და სერთიფიკაციის სრულყოფის სამომხმარებლო ბაზრის, ფალსიფიცირებული და უხარისხო საქონლისგან დაცვის ზოგიერთი გადაუდებელი ღონისძიების შესახებ“, რომელიც ასევე მეწარმეთა ინტერსების დაცვასაც გულისხმობს.

- გასულ კვირას კვლავ ყურადღების ცენტრში იყო, ჩიბიროვთან თქვენი არშემდგარი შეხვედრა. ამ შეხვედრის ჩაშლის ერთ-ერთ ძირითად მიზეზად ასახელებენ ლუდვიგ ჩიბიროვის ცნობილ ინტერვიუს. ამის თაობაზე თქვენ უკვე გამოთქვით მოსაზრება...

- რაც მე განვაცხადე ლუდვიგ ჩიბიროვთან და ვლადისლავ არძინბასთან შეხვედრის შესახებ სათანადო მომზადების შემდეგ, ყველაფერი ძალაში რჩება. რა თქმა უნდა იგულისხმება ჩემი მიმართვა, ზოგიერთი კორექტივი შეტანილია, ყველაფერი ვფიქრობ დაიხვეწება.

როცა ამ შეხვედრაზე ვალაპარკობთ, მთავარი ის არის, რომ მხარეები შეხვედრის იდეას არ უყურებდნენ როგორც დროის მოგების, ან დროსი გაყვანის შეაძლებლობას. არ უნდა გვავიწყდებოდეს, რომ შეხვედრის შედგებით ასიათასობით ადამიანია დაინტერესებული. დაინტერესებულია მსოფლიოს თითქმის ყველა სახელმწიფო, ხოლო ჭეშმარიტი ლიდერი გულგრილი არ უნდა დარჩეს თუნდაც ერთი მოქალაქის ბედისადმი. ვფიქრობ, რომ სწორედ ასეთი განწყობილებით მივალთ ამ შეხვდრებზე.

- გასულ კვირას შესრულდა ოთხი წელი აფხაზეთში ომის დაწყებიდან. გვახსოვს ეს თარიღი - 1992 წლის 14 აგვისტო. ამ დღეს - ოთხი წლისთავს საქართველოს თავდაცვის მინისტრი მოსკოვში შეხვდა ერთ-ერთ სხდომაზე, რომელზეც თანმეგობრობის წევრებმა კიდევ ერთხელ განიხილეს აფხაზეთის პრობლემა. ამ ომზე, მისი შედეგების მოგვარებაზე, ალბათ, ბევრი ითქვა და დაიწერა, მომავალშიც ბვერი ითქმება და კიდევ ერთი საინტერესო ცნობა რაც გასულ კვირას, ან ცოტა უფრო ადრე გამოჩნდა: უახლოეს მომავალში მოსალოდნელია აფხაზეთში რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილის პასტუხოვისა და რუსეთის ფედერაციაში საქართველოს ელჩის ვაჟა ლორთქიფანიძის ერთობლივი ვიზიტი...

- აფხაზეთის კონფლიტზე ბევრი მილაპარაკია, სხვათა შორის ამ მოკლე დროში მოხერხდება შეიკრას რაღაც კრებულივით - საქართველოს პრეზიდენტის ყველა გამოსვლა, ყველა ინტერვიუ, ყველა შეფასება, დაკავშირებული აფხაზეთის კონფლიქტთან. ალბათ, ასეთი თავმოყრილი მასალა აუცილებელია ხელთ გვქონდეს.

ამ ომის მომზადება, როგორც ადრე აღმინიშნავს, დიდი ხნის წინათ დაიწყო. წაიკითხეთ ანატოლი სობჩაკის წიგნი, რომელიც „საქართველოს რესპუბლიკის“ ფურცლებზე ქვეყნდება და თქვენ დარწმუნდებით რომ 9 აპრილის ტრაგედიის გამომწვევი მიზეზი აფხაზი სეპარატისტების მიერ წარმოწყებული უკვე არაერთგზის პროვოცირებული მოძრაობა გახლდათ აფხაზეთის საქართველოდან გამოყოფის მოთხოვნით როგორც არაერთხელ მითქვამს ჯარი აფხაზეთში საომრად არ შესულა. ყველაფერი გათვლილი იყო რკინიგზების, ხიდებისა და მაგისტრალების დასაცავად. სამწუხაროდ ჩვენმა „სახელოვანმა სარდალმა“ არ შეასრულა ამ აქციის მთავარი ჩანაფიქრი. მას შემდეგ, რაც სისხლი დაიღვარა, იყო მცდელობა საომარი მოქმედებების შეწყვეტისა. ასე სურდათ საღად მოაზროვნე ქართველებსაც, აფხაზებსაც სხვათა შორი, ასე სურდა რუსეთის ხელმძღვანელობასაც, მაშინ რამდენჯერმე იყო ასეთი საუბარი ბორის ელცინთანაც. სამწუხაროდ აქაც „სარდლობის“ დაუმორჩილებლობამ და პარტიზანულმა მენტალიტეტმა იჩინა თავი. ამ უაზრო და უმიზნო ომს შედეგად მოჰყვა ქართველთა გენოციდი, ათასობით ადამიანის მსხვერპლი, ათიათასობით კერა დაინგრა და დაიწვა. აუნაზღაურებელი ზარალი განიცადეს აფხაზებმა, აუტანელი ტკივილი გადაიტანა ქართველმა ხალხმა, აწიოკდნენ რუსები, სომხები, ბერძნები, ებრაელები და სხვები და სხვები რომლებიც აფხაზეთში ცხოვრობდნენ (ზოგიერთი ახლაც შემორჩა იქ)

ახლა, რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავძლიოთ და გამოვასწოროთ ამ სისხლიანი კონფლიქტის შედეგები.

ვფიქრობ ორივე მხარე, ასე თუ ისე მომწიფდა ასეთი მიდგომისათვის, ასეთი პოზიციისათვის მოლაპარაკებებზე აფხაზთა პოზიციაში გარკვეული რაციონალური ელემენტები გაჩნდა. უაღრესად გააქტიურდა რუსეთის საშუამავლო მისია. მნიშვნელოვანი იქნება პასტუხოვის ჩამოსვლა გალის რაიონში. მასთან ერთად შეიძლება სხვებიც ჩამოვიდნენ - მაღალი რანგის პირები. მათთან ერთად იქნება ბატონი ვაჟა ლორთქიფანიძე, აქედანაც, ალბათ, გარკვეული ჯგუფი ჩავა. უაღრესად მნიშვნელოვანია სამშვიდობო ძალების მანდატის გაფართოება მთელ გალის რაიონზე, ამაში დიდი როლი შეასრულა გაეროს ბოლო რეზოლუციამ. იცით, რამდენი ვიშრომეთ იმისათვის, რომ სწორედ ასეთი მასშტაბური რეზოლუცია ყოფილიყო? ასევე დიდი როლი შეასრულეს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის უმაღლესი დონის თათბირის განცხადებებმა. ცალკე გამოვყოფდი ჩრდილოეთ კავკასიის ლიდერთა საღ პოზიციას, რომელიც ნალჩიკში შეხვედრაზე გამოვლინდა - სწორედ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მიმართ. ბევრს და ნაყოფიერად საქმიანობს „საქართველოს მეგობართა ჯგუფი“.

ერთი სიტყვით ქართველები და აფხაზები თანდთანობით უახლოვდებიან იმ მიჯნას, რომელსაც მშვიდობა და კეთილი თანაცხოვრება, ორი ხალხისთვის დამახასიათებელი საუკეთესო ტრადიციების აღდგენა ჰქვია.

ასე, შედარებით ოპტიმისტურად მინდა დავამთავრო ამ კითხვაზე პასუხი.

- აგვისტოს ბოლო დღეები კიდევ ორი თარიღით დაგვახსომდა: 24 აგვისტოს მივიღეთ კონსტიტუცია, შეიძლება ითქვას დიდი შრომის და წვალების შემდეგ. 29 აგვისტოს მოხდა ტერორისტული აქტი სახელმწიფოს პირველ პირზე, რომელმაც, მართალია, არავინ არ შეიწირა, მაგრამ ბევრი ადამიანის ჯანმრთელობას მიაყენა ძალიან სერიოზული ზიანი. ეს ტერორისტული აქტი ყველაფერთან ერთად, ალბათ იყო 24 აგვისტოს მიღებულ კონსტიტუციაზე პასუხიც. რა მოგვიტანა კონსტიტუციით ცხოვრების ერთმა წელიწადმა?

- კონსტიტუციის მიღების წლისთავთან დაკავშირებით, ჩვენ ამ დღეებში შეიძლება ცალკე ღონისძიება, ცალკე შეხვედრა გვქონდეს. ახლა მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ 24 აგვისტო უმთავრესი ნიშანსვეტია ახალი ქართული სახელმწიფოებრიობის მშენებლობაში.

29 აგვისტოს ორგანიზატორებს სწორედ იმის ეშინოდათ, რაც კონსტიტუციის მიღებას მოჰყვა და რაც კანონიერების აღდგენით, ბანდიტთა, მკვლელთა და ტერორისტთა თარეშის ალაგმვით, რეფორმების გაღრმავებითა და ქვეყანაში სტაბილურობის დამყარებით გამოიხატა. კონსტიტუციის საფუძველზე, როგორც იცით, გაიმართა ჭეშმარიტად დემოკრატიული არჩევნები. კონსტიტუციის საფუძველზე დაიწყო ქვეყანამ ნორმალური ცხოვრება და ვერავითარი ძალა, ვერც შინაგანი ვერც გარეშე, ისტორიის ჩარხს უკან ვეღარ დაატრიალებს. კონსტიტუციამ საფუძველი ჩაუყარა XXI საუკუნის ბედნიერ საქართველოს.

საქინფორმი.

1997 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით მოსახლეობის სოციალურ დაცვაზე 300 მილიონი ლარი დაიხარჯება, რაც 47 პროცენტით სჭარბობს წლევანდელ ანალოგიურ მაჩვენებელს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 20 აგვისტო. - 168(2282). - 1,2 გვ.

84 „საქართველო გაიმარჯვებს, რადგან ჩვენ მართალი ვართ“

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 26 აგვისტოს რადიოინტერვიუ

- როგორც ყოველთვის, დღევანდელ რადიოინტერვიუსაც ეკონომიკის თემით დავიწყებთ. ალბათ, აუცილებლად ისიც უნდა აღინიშნოს, რომ გასული კვირა თუ შეიძლება ასე ითქვას, კონსტიტუციის კვირა იყო. 24 აგვისტოს შესრულდა ერთი წელიწადი, რაც ჩვენი ქვეყნის ძირითადი კანონი მივიღეთ. ამ დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიაზე თქვენ ბრძანეთ, რომ XXI საკუნეში საქართველო შევა როგორც ეკონომიკურად ძლიერი ქვეყანა და ესეც სწორედ მიღებული კონსტიტუციის საფუძველზე მოხდება, განვლილ კვირაში გაიმართა მთავრობის სხდომა, რომელზეც სხვა საკითხებთან ერთად ენერგეტიკის და მომავალი ზამთრის პრობლემები განიხილეს. გვახსოვს რამდენიმე წარსული ზამთარი და ის მძიმე პირობები, მაშინ რომ იყო ჩვენს ქვეყანაში. რამდენად შევძლებთ წლევანდელი ზამთრის გადატანას იმ ფონზე, როცა გამოცდილება, ვიმეორებ, უმძიმესია და კიდევ ერთი თემა, ეკონომიკურმა საბჭომ განიხილა საგადასახადო პოლიტიკის საკითხები. რამდენად შეუწყობს ხელს ეს ჩვენი ეკონომიკის განვითარებას? ყველასათვის ცნობილია, რომ ჩვენი მეწარმეები ერთ-ერთ მთავარ პრობლემად სწორედ საგადასახადო პოლიტიკის საკითხებს მიიჩნევენ... ჟურნალისტ ნატო ონიანის ამ შეკითხვის პასუხად საქართველოს პრეზიდნეტმა ედუარდ შევარდნაძემ თავის ტრადიციულ რადიოინტერვიუში განაცხადა.

- ჩვენ კონსტიტუციასა და მის ისტორიულ მნიშვნელობაზე მე უკვე ვილაპარაკე კონსტიტუციის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე. კონსტიტუციის დღე ერთ-ერთი ყველაზე ნათელი დღესასწაული უნდა გახდეს ჩვენი ხალხის ცხოვრებაში და ვფიქრობ, ასეც იქნება. სხვათა შორის, კონსტიტუცია სხვა დემოკრატიულ საწყისებთან ერთად ამკვიდრებს ეკონომიკური თავისუფლების პრინციპებს, სამართლებლივ საფუძველს უქმნის მოსახლეობის სოციალ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას. ამ მხრივ, შემოდგომა-ზამთრის მოახლოების კვალობაზე, სულ უფრო აქტუალური ხდება საკითხები, რომლებიც სათბობ-ენერგეტიკული სექტორის ამ პერიოდისათვის მზადებას უკავშირდება. ეს უაღრესად რთული და კომპლექსური, პასუხსაგები ამოცანაა, რომლის გადაწყვეტისათვის ზრუნვა მხოლოდ დარგის მუშაკებით არ შემოიფარგლება. იგი მთელი ქვეყნის, თითოეული ჩვენთაგანის ერთობლივ ძალისხმევას მოითხოვს. ამიტომ განვლილ კვირაში, მთავრობის სხდომაზე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ შემოდგომა-ზამთრის სეზონისათის მზადების ღონისძიებები ჩამოყალიბდეს როგორც პრეზიდენტის პროგრამა, რომლის რეალიზაციაც ენერგორესურსებითქვეყნის მომარაგებაში გარდატეხის საწყისად უნდა იქცეს და საერთოდ ამ თვალსაზრისით მიმდინარე წელიწადი, მომავალი ზამთარი გარდატეხას უნდა მოასწავებდეს.

დღეისათვის ჰიდროელექტროსადგურებში შესრულებულია რიგი გადაუდებელი სარემონტო სამუშაოები, აღდგენილია გარე კავშირები რუსეთის, აზრებაიჯანის, თურქეთის ენერგოსისტემებთან, მიმდინარეობს წყალსაცავების შევსება, მარეგულირებელ აუზებში, რომელთა პოტენციალი მთლიანად იქნება შენარჩუნებული სეზონის დაწყებისათვის, პრეზიდენტის ბრძანებულების შესაბამისად თბილისში 50 ათასი ოჯახისათვის ბუნებრივი გაზის მიწოდების უზრუნველსაყოფად განხორციელდა მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელების მომზადების სამუშაოები. მოსახლოება შეუფერხებლად მომარაგდება თხევადი გაზით, ნავთით და შეშით, დაიწყო ნახშირის შეზიდვა მაღალმთიან რაიონებში სხვათა შორის ტყიბულის ნახშირის გამოყენება სავსებით შესაძლებელია ქალაქებისა და სხვა დაბლობი რაიონების პირობებშიც, რადგანაც ჩვენმა მეცნიერებმა პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში, შექმნეს შესანიშნავი ღუმელი, რომელშიც ეს ნახშირი საკმაოდ ეფეტქიანად იწვის.

ამასთანავე, ნორმალური გამოზამთრება მოითხოვს, სარემონტო სამუშაოების სრული მასშტაბით და ტემპით წარმართვას, საწვავითა და სათადარიგო ნაწილებით ენერგოსისტემის უზრუნველყოფის მწვავე პრობლემების გადაჭრას.

ყველაფერი ეს თავის მხრივ, საკმაოდ სოლიდურ ფინანსურ ხარჯებს მოითხოვს. მარტო მაზუთის მარაგის შევსებას და ბუნებრივი გაზის მიღების გარანტიების შექმნას 10 მილიონი ამერიკული დოლარი, ხოლო დარჩენილ აუცილებელ სარემონტო-აღდგენით სამუშაოებს 10-15 მილიონი დოლარი სჭირდება, ამ სახსრების გამოძებნა, თუ გავითვალისწინებთ, რომ საქენერგო ყოველთვიურად მომხმარებელს 10 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ელექტროენერგიას აწვდის, არც ისე ძნელი იქნებოდა, სისტემის უზარმაზარი დებიტორული დავალიანება რომ არ არსებობდეს. ამიტომ ძნელი წარმოსადგენი არ არის, თუ რა დიდი მნიშვნელობა ენიჭება მოხმარებული ელექტოენერგიის საფასურის გადახდას, ამ მხრივ ივლისში მიღწეული დონის შენარჩუნებასა და გაუმჯობესებას, რისთვისაც საგადამხდელო დისციპლინის განმტკიცებასთან ერთად აუცილებელია მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვისა და მისი საფასურის გადახდის მექანიზმის დახვეწა.

ძალიან კარგად მესმის, რომ მოსახლოებასა და საწარმოთა დიდი ნაწილს უჭირს გადახდა დუხჭირი ცხოვრების გამო. მეორე მხრივ, თუ ეს საკითხი - გადახდის პრობლემა არ მოგვარდა, მძიმე ზამთარი კიდევ უფრო დაამძიმებს და კიდევ უფრო დუხჭირს გახდის ჩვენს ცხოვრებას. ამიტომ, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, რაოდენ ძნელიც უნდა იყოს, ეს მიჯნა უნდა გადავლახოთ.

დაწყებულია მეტად რთული სამუშაოები დარგის საწარმოებსა და ორგანიზაციების ფინანსური მდგომარეობის შეფასების, ვალების ინვენტარიზაციისა და ანგარიშების გამიჯვნის მიმართულებით.

არანაკლები სახელმწიფოებრივი მნიშვნელობისაა მთავრობის სხდომაზე განხილული პურპროდუქტების სახელმწიფო უზრუნველყოფის სისტემის ტრანსფორმაციის პროცესის მიმდინარეობა, რომლის შარშან სექტემბერში დაწესებასაც სახელმწიფოს მეთაურის ბრძანებულებამ დაუდო საფუძველი. მე ვთქვი, რომ ძალიან დიდი როლი შეასრულა იმ სახელმწიფო კომისიამ, რომელსაც ბატონი ბაკურ გულუა ხელმძღვანელობს, მასში წამყვან სამინისტროთა ხელმძღვანელები შედიან. პურპროდუქტების სისტემაში ამ პერიოდიდან დაწყებული პრივატიზაციის პროცესი, სხვადასხვა ფორმით, შეიძლება ითქვას, რომ დასრულდა, წარმატებით განხორციელდა სწორედ ამ კომისიის ხელმძღვანელობით პურის ფასების ლიბერალიზაცია. ამ პირობებში შენარჩუნებულია სისტემის ხორბლით, და ფქვილით, მოსახლეობის ხელმისაწვდომ ფასებში პურპოდუქტებით შეფერხებელი მომარაგება. საჩივრები, რომლებიც მოსახლოებას ჰქონდა პურის ხარისხთან დაკავშირებით, ეს პრობლემა მართლაც რეალურად არსებობდა. შემოვიდა ერთი პარტია უხარისხო ხორბალი და ჩვენმა უცხოელმა პარტნიორმა მოგვცა ამ ზარალის ანაზღაურებისა და მის სანაცვლოდ ჯანსაღი და ვარგისი ხორბლის მიწოდების თანხმობა. არ გამოვრიცხავთ, რომ ეს ძირითადად თბილისელებს შეეხო, და თბილისელები მიიღებენ კომპენსაციას, იმ უხარისხო ხორბლის სანაცვლოდ.

სულ უფრო ქმედითი ხდება ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური პროცესების რეგულირებაში პრეზიდენტთან არსებული საკონსულტაციო ეკონომიკური საბჭოს როლი. სხვადასხვა დარგის და სფეროს პროფესიონალებისაგან შემდგარ ამ სათათბირო ორგანოს მუშაობა ხელს უწყობს მთავრობასა და პრეზიდენტს ეფექტიანი გადაწყვეტილებები მიიღონ.

ამჯერად (ეს განსაკუთრებით აღსაღნიშნავია) განვლილ კვირაში საბჭომ იმსჯელა საქართველოში მეწარმოების ხელშეწყობისათვის საგადასახადო კანონმდებლობაში არსებულ მდგომარეობაზე მასში საჭირო ცვლილებების შეტანის აუცილებლობის თვალსაზრისით. მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითადი მიმართულებების განხილვის დაწყების პარალელურად საბაზრო ეკონომიკის შესაბამისად საგადასახდო სისტემის მოწესრიგება, რაც ძირითადად წლეულს უნდა დასრულდეს, მყარი და გარანტირებული საფუძველი გახდება არა მარტო 1997 წლის, არამედ შემდგომი წლების საბიუჯეტო შემოსავლის შესასრულებლადაც. ვფიქრობ შევძლებთ ამ სისტემის მოწესრიგებას, არა იმდენად ლიბერალიზაციას, რამდენადაც მოწესრიგებას.

არსებული საგადასახდო კანონმდებლობით გათვალისწინებული ფინანსური სანქციების შერბილება, საგადასახადო სისტემის გამარტივება, გადასახადების რაოდენობის შემცირება, უფრო სწორედ სახეობათა შემცირება, საბაჟო განაკვეთების დიფერენცირება და სხვა პროგრესული მომენტები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, საგადასახადო ბაზის გაფართოებას, უწინარესად მეწარმეობის განვითარების სტიმულირების, სახელმწიფოსაკენ მეწარმის შემობრუნების, ჩრდილოვანი ეკონომიკის შემცირების მეშვეობით. გარკვეულწილად გაიზრდება შემოსავალი და ჩრდილოვანი ეკონომიკის გავლენის შემცირებით დაინტერესებული უნდა იყოს ყველა მოქალაქე, განსაკუთრებით ყველა მეწარმე, ამავე დროს სახელმწიფოს პროტექციონისტულმა პოლიტიკამ, უპირეველს ყოვლისა უნდა მოიცვას ის დარგები და საწარმოები, რომლებსაც საექსპორტო პროდუქციის წარმოებისათვის საჭირო კომპონენტების შემოტანა და სხვა გარკვეული ხელშეწყობა იქნება საჭირო ბანკებისთვისაც.

პრეზიდენტის პროგრამის განუხრელად განხორციელების მიზნით საბჭოს წევრთა უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა ამ ეტაპზე მოგების გადასახადის გაზრდის იდეას, რომელიც ხელს არ შეუწყობდა საწარმოთა საინვესტიციო პოტენციალის გაძლიერების ამოცანის გადაწყვეტას.

და ბოლოს მომავალი წლის საბიუჯეტო შემოსავლის ჩამოყალიბებაზე აღნიშნულ ფაქტორებთან ერთად, დიდ ზეგავლენას მოახდენს წლეულს მიღწეული შემოსავლის დონე, საპროგნოზო მაჩვენებლების უთუო შესრულება. ამ მხრივ აშკარაა თვიდან თვემდე მდგომარეობის გაუმჯობესების ტენდენცია, რასაც აგვისტოს განვლილი პერიოდის ოპერატიული მონაცემებიც ადასტურებს. საგადასახადო ორგანოებმა თვის განვლილ 23 დღეში აკრიფეს 18 მილიონი ლარი საგადასახადო შემოსავალი, რაც 20 პროცენტით აღემატება წინა თვის შესაბამის მაჩვენებელს. სულ წლის დამდეგიდან მათ მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში მობილიზებულია 158 მილიონი ლარი საგადასახადო შემოსავალი, ანუ 27 მილიონი ლარით მეტი, ვიდრე მთლიანად 1995 წელს, ეს ხომ ეკონომიკის გამოცოცხლებისა და ჩვენი ეკონომიკური ცხოვრების გაუმჯობესების გზით ხდება და ამის პირველი მანიშნებელია. საბაჟო დეპარტმანეტმა თვის ამავე პერიოდში სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხა 4,5 მილიონ ლარზე მეტი თანხა. საშუალო დღიური შემოსავალი აქ 10 პროცენტით აღემატება ივლისის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებლებს, ამავე დროს, კვლავ მწვავედ იგრძნობა საგეგმო დავალებათა შესასრულებლად მუშაობის შემდგომი გაძლიერების საჭიროება, ცენტრალური ბიუჯეტის საგეგმო მაჩვენებელი 22 აგვისტოსათვის მხოლოდ 52 პროცენტით არის შესრულებული. ჩემი აზრით, თვის დამლევისათვის აქ სერიოზულ გარდატეხას უნდა მივაღწიოთ. ასეთია ჩვენი ეკონომიკური ცხოვრების მოკლე მიმოხილვა.

- განვლილი კვირის ყურადღების ცენტრში იყო რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილის ბორის პასტუხოვის ვიზიტი აფხაზეთში მასთან ერთად იყვნენ ბატონი ვაჟა ლორთქიფანიძე, აფხაზეთის დეპუტაცია, იყვენენ სეპარატისტული ხელისუფლების წარმომადგენლები, თქვენ განსაკუთრებული შეფასება მიეცით ამ ვიზიტს კონსტიტუციისადმი მიძღვნილ ზეიმზე და ისიც აღნიშნეთ, რომ სამშაბათს ჩიბირიოვს, გალაზოვსა და სხვა ლიდერებს შეხვდებით ცხინვალის რეგიონის პრობლემებთან დაკავშირებით. ყიოველივე აქედან გამომდინარე, თუ შეიძლება ითქვას, რომ პროცესი მიმდინარეობს...

- როგორც უკვე ვთქვი, ბორის პასტუხოვის ვიზიტი საქართველოში, კერძოდ, მისი შეხვედრების სოხუმში, გალში, ზუგდიდსა და თბილისში უდავოდ სასარგებლო იყო კონკრეტულ შედეგებზე ლაპარაკი ნაადრევია. მაგრამ თვით ფორმაც ახლებურია, კერძოდ, სტიქიურად დაბრუნებული (და არა იქ დარჩენილი) მოსახლეობის ვითარების შეწავლა, ამ ხალხთან შეხვედრა გალის რაიონში - ეს უაღრესად მნიშვნელოვანი მოვლენა იყო.

როგორც მოგახსენეთ, შედეგებზე ლაპარაკი ნაადრევია, მაგრამ ასეთი რანგის ვიზიტებმა შეიძლება მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი აფხაზეთში კონფლიქტის მოგვარებას. ამ პროცესის დაჩქარებას.

რაც შეეხება ჩემს ვიზიტს ვლადიკავკაზში,ეს გახლავთ ქართველთა და ოსთა შერიგების თაობაზე ბორის ელცინისა და ახსარბეკ გალაზოვის მონაწილოებით მოსკოვში დაწყებული დიალოგის გაგრძელება. ვიზიტს მნიშვნელობა ექნება კისლოვოდსკის შეხვედრათა შედეგების რეალიზაციისათვის კონკრეტული ნაბიჯების გააზრების თვალსაზრისითაც, ვარაუდობ, რომ მომავალში ჩვენი შეხვედრები გაიმართება ცხინვალში თბილისში, გორში და ასე შემდეგ.

რატომ გადაწყდა, რომ შეხვედრა ვლადიკავკაზში გამართულიყო? არ დაგიმალავთ, ეს გარკვეულწილად იმ ღვაწლის აღიარებაა, რომელიც აღსარბეკ გალაზოვმა დასდო ორი ხალხის მეგობრობისა და ძმობის ტრადიციების აღდგენას, როგორც ხედავთ ეს პროცესი იწყება და ეჭვიც არ მეპარება მის უთუო წარმატებაში.

- გასულ კვირას დაიდო შეთანხმება ჩეჩნეთში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ სამშვიდობო პროცესის წარმართვის თვალსაზრისით ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება...

- მე ცოტა უფრო ვიწრო კუთხით მივუდგები, რადგან იქ მიმდინარე პროცესის ყოვლისმომცველი კომენტარის გაკეთება ახლა რთულია. მოგეხსენებათ ის უმძიმესი შედეგები და ენით აღუწერელი სისასტიკე. აფხაზეთის კონფლიქტში ჩეჩენი ბოევიკების მონაწილეობას რომ მოჰყვა, მე მეტს აღარ გავაგრძელებ, არ დავაზუსტებ, ყველამ ყველაფერი კარგად იცის, ამის მიუხედავად ჩვენ ვუფრთხილდებით ორ ხალხს შორის ისტორიულად არსებული მეგობრობისა და მეზობლობის ტრადიციებს ყველაფერი ვიღონეთ იმისათის, რომ რუსეთ-საქართველოს საზღვარი, რომელიც ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის მდებარეობს, მშვიდობისა და მეგობრობის საზღვრად დარჩენილიყო. ვუსურვებ ჩეჩენ ხალხს და მთელ რუსეთს, რაც შეიძლება მალე დამყარებულიყოს მშვიდობა ამ მრავალტანჯულ მიწაზე.

- ერთი ასეთი თემაც: ქართველი მაყურებელი, განსაკუთრებით თბილისელი მაყურებელი, ყოველთვის განებივრებული იყო ჩვენს სცენებზე გასტროლიორებით, მათი დონით და რომელიმე ჩვენი თეატრის, ამა თუ იმ კონკრეტული ხელოვანის წარმატებული გასტროლებით. ყველაფერი ეს ნელ-ნელა ბრუნდება საქართველოში. განვლილ კვირაში ნინო ანანიაშვილმა და მისმა კოლეგებმა შესანიშნავი საღამო გვაჩუქეს, შემდეგ იყო ბათუმის ოპერის თეატრში დადგმული ვერდის „ოტელო“ რომლის პრემიერას თქვენც ესწრებოდი და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი - მარჯანიშვილელთა გასტროლები და მათი შთამბეჭდავი წარმატებები.

- თუ ნებას მომცემთ, აჭარით დავიწყებდი. აჭარამ კვლავ გაგვახარა, ბათუმის თეატრის სცენაზე დადგმული „ოტელო“ მშვენიერი საჩუქარია მთელი საქართველოსათვის. ბათუმი, მთელი აჭარა, ქართული კულტურის ერთ-ერთი უმთავრესი ცენტრი გახდა. ბადრი შოშიტაიშვილმა სპექტაკლის მონაწილენი დედაქალაქში მიიწვია. ასე რომ, თბილისელებს და არა მარტო მათ, საშუალება ექნებათ დატკბნენ მათი ხელოვნებით, მშვენიერი შემოქმედებით. მე ბათუმში განვაცხადე, რომ ყველაფერი, რაც ქართული კულტურის აყვავებასთან დაკავშირებით ხდება აჭარაში, ბუნებრივია ასლან აბაშიძის სახელს უკავშირდება და იგი უდავოდ მადლობის სიტყვებს იმსახურებს.

ნინო ანანიაშვილის ჩამოსვლა ყოველთვის მოვლენაა, ნამდვილი ზეიმია კულტურულ ცხოვრებაში. მასთან ერთად მივესალმეთ მის ნიჭიერ პარტნიორებს, მივესალმეთ დიდი მომავლის მქონე ახალგაზრდა ნიკა ცისკარიძეს, რომელმაც ასევე გაგვახარა. ბუნებრივია ნინომ - თანამედროვეობის ამ დიდმა მოცეკვავემ და უბრწყინვალესმა პიროვნებამ, დიდი სიხარული მოგვანიჭა თბილისელებს.

მარჯანიშვილის თეატრმა კიდევ ერთხელ ბევრი გააოცა ედინბურგის ფესტივალზე უბრწყინვალესი რეცენზიები დაიბეჭდა, ზოგიერთ მათგანს გავეცანი, მათ აუღელვებლად მართლაც ვერ წაიკითხავ, ვულოცავ ამ ნიჭიერ კოლექტივს, სახელგანთქმულ ოთარ მეღვინეთუხუცესს ედინბურგის ტრიუმფს და ახალ წარმატებებს ვუსურვებთ.

ნაადრევი არ იქნება თუ ვიტყვი, რომ ქართული კულტურა პრინციპში გადარჩენილია, გასაკეთებელი უამრავია, კიდევ ბევრი ტკივილია დასაძლევი, მაგრამ, როგორც გითხარით, ქართული კულტურა გადარჩენილია. უნდა ვიბრძოლოთ ახალი სიმაღლეებისთვის, სხვათა შორის უნდა გითხრათ, რომ მრავალ უცხოელს ვხვდები, რომლებიც გარკვეული კეთილი შურით (თუ ეს გამოთქმა სწორია) აღნიშნავენ, რომ ამ გაჭივრების მიუხედავად, იმის მიუხედავად, რომ ჩვენ უკვე საბაზრო ეკონომიკის რელსებზე გადავედით და საბაზრო ეკონომიკის პირობებში თითქოს ძნელია ლაპარაკი კულტურის მწვერვალების შენარჩუნებაზე, ქართველები ფიქრობენ და ზრუნავენ ამაზე და აღწევენ კიდევ წარმატებებს და ამით ისინი აღტაცებულნი არიან. ჩემი აზრით, ახალი წყობისა და ახალი სისტემისადმი ჩვენი ახალი მიდგომა ის უნდა იყოს, რომ გავუფრთხლდეთ იმას, რაც ისტორიულად გვეამაყებოდა: ჩვენს ქართულ კულტურას, მის ძალიან მაღალ დონეს, ჩვენს მეცნიერებას, მის მიღწევებსა და ჩვენს სულიერ ცხოვრებას.

- და ბოლოს. ამ კვირაში 29 აგვისტოს, სრულდება წელიწადი იმ დღიდან როცა საქართველო აშკარად გადაურჩა კრიმინალების ბატონობას. იმის გარდა რომ გადარჩნენ სახელმწიფოს პირველი პირი, მასთან ერთად მყოფი რამდენიმე პირი - ბატონები ვახტანგ რჩეულიშვილი, პეტრე მამრაძე, თქვენი პირადი დაცვის თანამშრომლები და ექიმი, გადარჩა ქვეყანა. ძნელი გასაგები და ძნელი სავარაუდო არ იყო ის, რაც უნდა მოჰყოლოდა 29 აგვისტოს ტერორისტულ აქტს, თუკი ეს მისი ორგანიზატორების სასარგებლოდ დამთავრდებოდა. 24 აგვისტოს კონსტიტუციის მიღების შემდეგ, თითქოს მოსალოდნელი უნდა ყოფილიყო იმ ძალების რაღაც სერიოზული წინააღმდეგობა. მაგრამ მიუხედავად მთელი იმ სერიოზულობისა, როგორადაც ისინი მოქმედებდნენ, იმის მიუხედავად, რომ ჩვენი მოსახლოების განწყობილება მათ მიმართ, ალბათ, ძალიან გამოკვეთილი და გასაგები იყო, 29 აგვისტომ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, ეს იყო თითქოს ბოლო წვეთი, რომლის შემდეგ საქართველოს ისტორიაში შემობრუნება იწყება სწორედ ამ კრიმინალებთან ბრძოლის თვალსაზრისით...

- ცოტა მიჭირს ამ დღეზე ლაპარკი, მაგრამ უკვე ერთი წელიწადი გავიდა და ორიოდე სიტყვა უნდა ვთქვა. 29 აგვისტოს ტერორისტული აქტის-აფეთქების ხმა მართლაცდა მსოფლიოს გადასწვდა. ალბათ, შემთხვევითი არ არის, რომ ასეთი სათაურით იბეჭდება საინტერესო მასალა გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“ ეს იყო ერთ-ერთი ვერაგული თავდასხმა საქართველოზე ისევე, როგორც ისტორიაში მრავალჯერ განხორციელებული ქართველთა ხელით. მოდით, წარმოვიდგინოთ, რა მოხდებოდა, ტერორისტებს განზრახვა სისრულეში რომ მოეყვანად. სრულიად გადაუჭარბებლად ვამბობ, რომ იქნებოდა კვლავ ქაოსი, კვლავ სისხლისღვრა, ამჯერად უკვე პოსტებისა და პორტფელებისთვის.

მოხდებოდა გაცილებით უარესი, ვიდრე გამსახურდიას ხელისუფლების დამხობის შემდეგ რამდენიმე თვის განმავლობაში ხდებოდა, მაშინ ჯერ კიდევ რაღაც იყო შემორჩენილი, ახლა კი მართლა სრულ ქაოსთან გვექნებოდა საქმე, ქვეყნის უახლოესი ისტორიის ჩარხი შეიძლება უკუღმა შეტრიალებულიყო. რამ გადაგვარჩინა? ნებამ უზენაესისა, რომელმაც არ გასწირა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ახალი ტანჯვა-წამებისათვის. მაგრამ მთავარი მაინც ეს არ არის. მთავარი ის გახლავთ, რომ (რამდენიც უნდა იქირქილონ ოპონენტებმა, ამ ფაქტს ვერავინ გაექცევა) განვლილ ერთ წელიწადში საქართველომ, მთელმა ჩვენმა ხალხმა მართლაც ისტორიული შემობრუნება მოახდინეს ახალი წყობისა და ახალი სისტემისაკენ. დაამკვიდრეს სტაბილურობა, წესრიგი, საფუძველი ჩაუყარეს ერთიან, განუყოფელ და ბედნიერ ქვეყანას - XXI საუკუნის საქართველოს. სულაც არ მავიწყდება რომ უამრავი ტკივილი გვაქვს, შიმშილიც არის და სხვა მრავალი პრობლემაც გვაწუხებს (ახლა ვლაპარაკობდით გამოზამთრების პრობლემაზე) მაგრამ მთავარი უკვე მაინც მოხდა. ის შემობრუნება, რომელზეც ამ წლებში ვლაპარაკობთ, სწორედ ეს წელიწადია იმ დიდი შემობრუნების წელიწადი.

- ელოდით ამას კონკრეტულად, რაც მოხდებოდა?

- ვფიქრობდი რომ რაღაც უნდა მომხდარიყო, რა ფორმით, არ ვიცი. ცოტა ძნელია ამის თქმა. იყო ლაპარაკი როგორც იტყვიან „ჰაერში ავის მომსაწავებელი სუნი ტრიალებსო“ ალბათ ყველა ადამიანს, განსაკუთრებით პოლიტიკურ მოღვაწეებს, რომლებიც ახალგაზრდობიდან მუდმივად ამ პროცესში არიან ჩართული, აქვთ რაღაც ინტუიციის ელემენტები, რომელებიც რაღაცას უკარნახებს, ალბათ, ასეთ მოვლენასთან გვქონდა საქმე. სამწუხაროდ, ეს ინტუიცია იმ დონეზე არ არის, რომ ყველაფერი განჭვრიტო: თქვა, ეს ასე იქნებაო. მაშინ ხომ ავიცილებდით თავიდან.

- თქვენი ნებართვით ამ თემას გავაგრძელებ: იმის მიხედავად, რომ გამოძიება მიმდინარეობს, მრავალი ფაქტი დასახელდა მაინც ბევრი „თეთრი ადგილია“ დარჩენილი. ალბათ, ამაზე ვარაუდის დონეზე შეიძლება ლაპარაკი. აშკარად არავინ არ იტყოდა, შევარდნაძეს ვესროლეთ, შევარდნაძე მოვკალითო. უბრალოდ, კიდევ ერთხელ გამოვიდოდნენ ჩვენთვის ყველსათვის ცნობილი პირები და იტყოდნენ, ეს რა უბედურება დაგვემართა, ახლა მაინც უნდა დავამყაროდ წესრიგი ქვეყანაში, აღარ გვინდა დემოკრატიის თამაში, მოდით, სახელმწიფოს მივხედოთო, და დაიწყებოდა ქვეყანაში სამხედრო ტიპის მმართველობა ან რაღაც სხვანაირად მოხდებოდა...

- ეს ტერორისტული აქტი რომ ისე აღსრულებულიყო, როგორც ჩაფიქრებული ჰქონდათ, წარმომიდგენია იგივე ორგანიზატორები და შემსრულებლები რამდენ „ცრემლს დაღვრიდნენ“ ეს რა დაგვემართა ეს რა მოხდაო და ალაბათ ისინიც, ვინც ასე თუ ისე იცოდა ამის შესახებ და რაღაცას ელოდა. ეს ამბავი, ალბათ, სხვებმაც იცოდნენ. მე ერთი რამე მწამს: ასეთ დროს ქვეყნის პრეზიდენტს ყველაზე ნაკლებად შურისძიების გრძნობა უნდა ეუფლებოდეს, არიან უშუალო შემსრულებლები, რომლებმაც განახორციელეს და ჩაიფიქრეს, ორგანიზაცია გაუკეთეს. ისინი რომ არ დაისაჯონ. ალბათ უგუნურება და უპასუხისმგებლობა იქნება ქვეყნის წინაშე, მაგრამ მთელი ამ პროცესისათვის რაღაც მასშტაბების მინიჭება - გამოძიება იქნება ეს თუ ჭეშმარიტების დადგენა, ძებნა, ვინ იყო კიდევ სხვა.ყოველივე ეს კვლავ და კვლავ ახალი დაპირისპირების საფუძველი გახდება. იმ კაცმა ხომ იცის თავისი სინდისის წინაშე, რაზეც ჰქონდა წარმოდგენა და რასაც ელოდა. მე მგონია ამაზე მეტი სატანჯველი, თუ სინდისი აქვს, მას არ ექნება. უსინდისო ადამიანთან ასეთ ბრძოლას კი აზრი არ აქვს. ვფიქრობ ღმერთმაც და ხალხმაც სიმართლეს დაუჭირეს მხარი და სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს, საქართველო გაიმარჯვებს, რადგანაც ჩვენ მართალი ვართ.

საქინფორმი.

„საქართველო გაიმარჯვებს, რადგან ჩვენ მართლები ვართ“ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 27 აგვისტო. - 173(2287). - 1,2 გვ.

85 საუკუნიდან საუკუნეში გადასაცემი ქმნილება

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით გამართულ სადღესასწაულო მიღებაზე

გავიდა ერთი წელი მას შემდეგ, რაც 1995 წლის 24 აგვისტოს საქართველოს პარლამენტმა, მეტად რთულ პოლიტიკურ ვითარებაში, მიიღო ახალი ჭეშმარიტად დემოკრატიული კონსტიტუცია. როგორც იმ დღეს განვაცხადე პარლამენტში. ეს იყო დიდი ისტორიული მოვლენა, საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში.

ახალი კონსტიტუცია ჩვენი ხალხის უდიდეს ისტორიულ მონაპოვართა რიცხვს განეკუთვნება. ეს არის ქართველი ხალხის სახელმწიფოებრიობის სამიათასწლოვანი ისტორიის გვირგვინი და ეს პოლიტიკური მეტაფორა როდია, ეს ისტორიული ჭეშმარიტებაა, რადგან ამ კონსტიტუციის მიღებით ჩამოყალიბდა თანამედროვე დემოკრატიული, ეროვნული, სოციალური და სამართლებლივი სახელმწიფო საქართველოში.

ქართული კონსტიტუციონალიზმი იცნობს 1921, 1922, 1937, 1978 წლებში მიღებულ კონსტიტუციებს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი 1921 წლის დამოუკიდებელი მემკვიდრე - 1995 წლის კონსტიტუციაა.

ეს ფაქტობრივად ახალი კონსტიტუციაა, რომელიც აწესრიგებს სახელმწიფოებრივ აღმშენებლობას ახალი ტიპის სოციალურ და სამართლებლივ სახელმწიფოს ჩამოყალიბებას და ქმნის ყველა საფუძველს სამოქალაქო საზოგადოებისა და სოციალურად ორიენტირებული საბაზრო ეკონომიკის ფორმირებისათვის, მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების, ერის სულიერი და მატერიალური კულტურის აღორძინებისათვის.

საქართველოს ახალი კონსტიტუცია - ეს არის 21-ე საუკუნის ქართველი ერის, საქართველოს ხალხის პოლიტიკური, სამართლებლივი და ფილოსოფიური სიბრძნის, მისი მაღალი ინტელექტის, აზროვნების კულტურის გამოხატულება, რომელიც წარმართავს არა მარტო მე-20, არამედ 21-ე საუკუნის საქართველოს ცხოვრებას და თავის კვალს დააჩნევს ქართული სახელმწიფოს განვითარებას უფრო შორეულ პერსპექტივაშიც.

შემთხვევითი არ არის, რომ ეს დღე კონსტიტუციის დღედ გამოცხადდა და ამ ისტორიულ დღეს ჩვენ პირველად ვზეიმობთ აქ, ამ დარბაზში, სადაც თავი მოიყარეს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრებმა, წინა პარლამენტის, რომელმაც მიიღო კონსტიტუცია-და ახალი პარლამენტის წევრებმა საპრეზიდენტო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მთავრობის წევრებმა, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებმა, მინისტრებმა, დეპარტამენტების, კოორპორაციების ხელმძღვანელებმა, სამხარეო ადმინისტრაციებისა და მუნიციპალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა, გამგებლებმა, სახელმწიფო და კერძო სექტორების ბიზნესის წარმომადგენლებმა, კულტურის, მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების მოღვაწეებმა, შემოქმედებითი კავშირების, პოლიტიკური პარტიებისა და მოძრაობების, პროფკავშირების, ვეტერანთა, ქალთა და ახალგაზრდული მოძრაობათა ლიდერებმა.

მოგილოცავთ ყველას კონსტიტუციის დღეს და გისურვებთ ახალ წარმატებებს, თავისუფალი დამოუკიდებელი, დემოკრატიული საქართველოს მშენებლობაში.

დღეს ამ დარბაზიდან მივმართავ ჩვენს ხალხს, მსოფლიო საზოგადოებრიობას.

ამ კონსტიტუციის საფუძველზე მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი სახელმწიფო - საქართველო, 70-წლიანი ტოტალიტარული უღლის შემდეგ - შევიდა მსოფლიოს ცივილიზებულ ხალხთა ოჯახში როგორც თავისუფალი, დემოკრატიული ქვეყანა. დღეს აქ ჩვენ გვესწრებიან საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

გულთბილად მივესალმები მათ და მათი მეშვეობით იმ ქვეყნების ხელმძღვანელებს, ვინც წარმოგზავნა ისინი საქართველოში, ამ ქვეყნებმა უდიდესი დახმარება და თანადგომა გაუწიეს საქართველოს ყველაზე კრიზისულ ეტაპზე.

მივესალმები აქ წარმოდგენილი საერთაშორისო და რეგიონულ ორგანიზაციებს. მადლობას მოვახსენებ მათ დახმარებისა და მხარდაჭერისათვის.

კონსტიტუციის მიღებიდან განვლილი ერთი წელი გარდატეხის მიჯნაა ჩვენი ხალხის ცხოვრებაში.

პირველი. ამოქმედდა ახალი კონსტიტუცია და მის საფუძველზე ჩატარდა თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნები მსოფლიოს მრავალი ქვეყნისა და საერთაშისო ორგანიზაციის მეთვალყურეობით. ხელისუფლების წყარომ - სუვერენულმა ხალხმა, ელექტორატმა თავისუფალი არჩევანი გააკეთა. არჩევნების პროცესსა და შედეგებს მაღალი შეფასება მისცა მსოფლიო საზოგადოებრიობამ.

მეორე. ახალი კონსტიტუციის საფუძველზე არჩეულია უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო - პარლამენტი, რომელიც ეწევა ფართო და ღრმა დემოკრატიულ კანონშემოქმედებას და ქმნის მყარ საფუძველს სამართლებლივი და სოციალური სახელმწიფოს, სამოქალაქო საზოგადოებისა და ორიენტირებული საბაზრო ეკონომიკის ჩამოსაყალიბებლად.

მესამე. ახალი კონსტიტუციის საფუძველზე ჩატარდა პრეზიდენტის - სახელმწიფო მეთაურისა და საპრეზიდენტო, აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურის საერთო-სახალხო არჩევნები.

ხელისუფლების სამად დანაწილების დემოკრატიული პრინციპის საფუძველზე ჩამოყალობდა საპრეზიდენტო ხელისუფლება, აღმასრულებელი ხელისუფლება, რომელიც ნაყოფიერ მუშაობას ეწევა ხალხის, სახელმწიფოს, საზოგადოების საკეთილდღეოდ, ეკონომიკის, სოციალური სფეროს გაუმჯობესების, მეცნიერების, კულტურის, ხელოვნების გადარჩენისა და განვითარებისათვის.

გავდივართ შესანიშნავ სკოლას პარლამენტის და პრეზიდენტის, მთელი აღმასრულებელი ხელისუფლების თანამშრომლობისა. დაგროვილი გამოცდილება დიდი განძი იქნება მომავალი თაობებისათვის.

მეოთხე. ახალი კონსტიტუციის საფუძველზე შეიქმნა კონსტიტუციური სასამართლო. მზადდება დიდი სასამართლო რეფორმა.

ეროვნული ვალუტის შემოღება, მიწის რეფორმა, პურის ფასების ლიბერალიზაცია, პრივატიზაციის პროცესის გადამწყვეტ ფაზაში შესვლა, მესაკუთრეთა მნიშვნელოვანი ფენის ჩამოყალიბება, საერთაშორისო და რეგიონული საფინანსო-ეკონომიკურ ორგანიზაციებთან ინტეგრირება-თანამშრომლობა, ძველი სოცილური-პოლიტიკური წყობიდან ახალ წყობაზე გადასვლის მატერიალური საფუძველია.

კონსტიტუციის მიღებიდან დღემდე განვლილი ერთი წლის მანძილზე პოლიტიკურმა პროცესმა, ბევრი სხვა ტენდენცია წარმოაჩინა, მაგრამ დასახელებული მოვლენებიც აშკარად მოწმობენ იმ აუცილებელ ჭეშმარიტებას, რომ კონსტიტუცია რეალურად ამოქმედდა ადამიანის ხალხისა და სახელმწიფოს საკეთილდღეოდ და ამ ერთ წელიწადში ჩვენ დემოკრატიული სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის მნიშვნელოვანი გზა გავიარეთ.

რა ძირითადი ამოცანები დგას ჩვენს წინაშე უახლოეს წელიწადში კონსტიტუციის სრულყოფისა და კონსტიტუციონალიზმის, დემოკრატიის და სახელმწიფოებრივი განვითარების დარგში?

პირველი. თავად კონსტიტუციის სრულყოფა, როგორც ცნობილია, ქვეყნის კონკრეტულ-ისტორიული სიტუაციიდან, ობიექტური მიზეზებიდან და ფაქტორებიდან გამომდინარე მოქმედ კონსტიტუციაში ვერ შევიდა რამდენიმე აუცილებელი თავი, მათ შორის ქვეყნის ტერიტორიული მოწყობის, ავტონომიური წარმონაქმნების სტატუსის, მინიციპალური ხელისუფლებისა და სხვა პრობლემების შესახებ.

საჭიროა ამ „კონსტიტუციური ვაკუუმის“ შევსება. დროს ვერ გავუსწრებთ, მაგრამ არც უნდა ჩამოვრჩეთ.

მეორე. აუცილებელია საპრეზიდენტო და აღმასრულებელი ხელისუფლების შესახებ ახალი კანონის მიღება. შესაბამისი ახალი სამართლებლივი, პოლიტოლოგიური და კონცეფციის საფუძველზე.

ჩვენ მზად ვართ ამ საკითხის გადასაწყვეტად.

მესამე. უპირველესი ამოცანაა საპრეზიდენტო, აღმასრულებელი ხელისუფლების, პარლამენტის, საკონსტიტუციო სასამართლოს, სასამართლო ხელისუფლების ერთობლივი, კომპლექსური ძალისხმევა კონსტიტუციის მთელი ძალით ამოქმედებისთვის, განსაკუთრებით საქართველოს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში საქართველოს ცენტრალური კონსტიტუციური ხელისუფლების იურისდიქციის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის.

მეოთხე. კონსტიტუცია ყველა საფუძველს აძლევს საქართველოს ხელისუფლებას და ხალხს უფრო ეფექტიანად გამოიყენოს მსოფლიო თანამეგობრობის მხარდაჭერა, თანადგომა და სოლიდარობა საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო იდეალების საფუძველზე აფხაზეთსა და ცხინვალის ზონაში კონფლიქტების მშვიდობიანი, პოლიტიკური მოწესრიგებისათვის. უნდა ამოქმედდეს გაეროს მიერ აფხაზეთში კონფლიქტის საკითხზე მიღებული რეზოლუციები, ევროუშიშრებისა და დსთ-ს ქვეყნების მიერ შემუშავებული დოკუმენტები.

ხელისუფლების პოლიტიკურ და დიპლომატიურ სტრატეგიას და ტაქტიკაში ამ კონფლიქტების მშვიდობიანი მოწესრიგება გადამწყვეტი მიმართულებაა და ეს სტრატეგია და ტაქტიკა შენდება მყარ კონსტიტუციურ საფუძვლეზე.

ამავე დროს ყველას უნდა ახსოვდეს, რომ კონსტიტუციის თანახმად, როცა ქვეყანა უცხო ძალების აგრესიის მსხვერპლი ხდება, მას აქვს თავდაცვის, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის სხვა ფუნდამენტური კონსტიტუციური უფლებაც.

თუ ამ მეორე გზას დავადექით, ეს მოხდება კონსტიტუციის, საერთაშორისო სამართლის, გაეროს და უშიშორების საბჭოს, ევროუშიშროების ორგანიზაციის პრინციპების, დებულებებისა და კონცეფციების შესაბამისად, აქვე მინდა დავძინო, რომ საჭიროდ და სასარგებლოდ მიმაჩნია ბორის პასტუხოვის შეხვედრები სოხუმში, გალში, ზუგდიდში, თბილისში.

მეხუთე. ქართველთა და აფხაზთა ტრადიციული მეგობრობა უნდა აღსდგეს. კონსტიტუცია არის და იქნება ამის გარანტი. ჩვენ მზად ვართ, როგორც არაერთხელ განგვიცხადებია, რომ აფხაზეთმა საქართველოს სახელმწიფოებიობის ფარგლებში მიიღოს სახელმწიფოებივი წარმონაქმნის ისეთი სტატუსი, რომელიც არამცთუ შეესაბამება - აღემატება კიდეც ტერიტორიული ავტონომიის მსოფლიო სამართლებლივ სტანდარტებს.

ჩვენ უარვყოფთ კონფედერაციას, მაგრამ მზად ვართ ფედერალიზმის საფუძველზე კონფლიქტის გადაწყვეტის ყველა გონივრული პროექტის განსახილველად მრავალმხრივ და ორმხრივ მოლაპარაკებათა დონეზე.

მეექვსე. დაიწყო ქართველთა და ოსთა შერიგების პროცესი. მოსკოვში პრეზიდენტ ელცინის მონაწილეობით ხელმოწერილი დოკუმენტი შედეგიანი გამოდგა. მოსკოვში დაწყებული დიალოგი გაგრძელდება სამშაბათს, შედგება ჩემი შეხვედრა ლუდგვიგ ჩიბიროვთან, ჩრდილო ოსეთ-ალანიას პრეზიდენტთან ახსარბეკ გალაზოვთან და სხვა ხელმძღვანალებთან. მე მივიღე გადაწყვეტილება, ამჯერად ასეთი შეხვედრა ვლადიკავკაზში გაიმართოს. ეს მნიშვნელოვანია კისლოვოდსკის შეთანხმებათა თვალსაზრისითაც, ამ მხრივაც გაგრძელდება რუსეთის აქტიური შუამავლობა და ევროუშიშროების სტრუქტურათა საგნობრივი მონაწილეობა, ამ კონფლიქტის მოგვარებაში.

მეშვიდე. საპრეზიდენტო აღმასრულებელი ხელისუფლება მზად არის კვლავაც კონსტრუქციულად ითანამშრომლოს პარლამენტთან და საკონსტიტუციო სასამართლოსთან, სასამართლო ხელისუფლებასთან კონსტიტუციით გათვალისიწინებული ადამიანის ძირითადი უფლებების და თავისუფლებების დასაცავად, რაც ჩვენი სამართლებლივი სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების, სოცილურად ორიენტირებული საბაზრო ეკონომიკის, ადამიანის კეთილდღეობის საფუძველთა საფუძველია.

ლაპარაკია საქართველოში პოლიტპატიმრების პრობლემაზე ლაყბობის და ცილისწამების დონეზეა. ასეთები არც არიან და არც იქნებიან. ადამიანთა უფლებების დაცვიდან გადახვევებს ადგილი აქვს და ეს უნდა აღიკვეთოს.

მერვე. ჩვენი საზოგადოება მრავალეროვნულია, ამიტომ არსებით მნიშვნელობას ვანიჭებთ კონსტიტუციის საფუძველზე საქართველოს ეროვნულ და ეთნიკურ უმცირესობათა ინეტერსებისა და უფლებების და თავისუფლებების დაცვას. საქართველოს მოქალაქე. განურჩევლად ეროვნებისა, რასისა, კონფესიისა და სხვა ფაქტორებისა, სარგებლობს კონსტიტუცით მინიჭებული ყველა უფლებით, ხოლო ხელისუფლების სამივე განშტოება კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის საიმედო გარანტიაა.

მეცხრე. როგორც ცნობილია, კონსტიტუციაში ცალკე თავი ეძღვნება, სახელმწიფოს თავდაცვის პრობლემებს.

სახელმწიფო თავდაცვის დარგში კონსტისტუციით გათვალისწინებული ყოველი დებულების რეალიზაცია უახლოესი ერთი წლისა და უფრო შორეული პერსპექტივისათვის ჩვენი პოლიტიკური სტრატეგიის და ტაქტიკის ერთ-ერთი უმთვარესი მიმართულებაა.

დემოკრატიული საქართველოს არმია დღითიდღე მტკიცდება, მაღლდება მისი ბრძოლისუნარიანობა, მისი კავშირურთიერთობა მსოფლიოს დემოკრატიული ქვეყნების არმიებთან, დსთ-ს ქვეყნების სამხედრო ძალებთან, ნატოსთან.

მეათე. ჩვენ ყოველმხრივ უნდა განვამტკიცოდ და ახალ თვისობრივ დონეზე ავიყვანოდ კონსტიტუციის საფუძველზე სამართალდამცავი ორგანოების - შინაგან საქმეთა სამინისტროს, უშიშროების სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, სასამართლო ორგანოების, გენერალური პროკურატურის, ადვოკატურის და სხვა სტრუქტურების ყოველდღიური საქმიანობა, რომ ისინი შეესაბამებოდნენ სოციალური და სამართლებლივი სახელმწიფოს თანამედროვე კონსტიტუციურ მოთხოვნებსა და პრინციპებს.

ამ ერთი წლის განმავლობაში, ქვეყანაში წესრიგის დასამყარებლად აილაგმა მრავალი უკანონო შეიარაღებული ფორომირება და კრიმინალური გაერთიანება. ქვეყანა ამ მხრივ სტაბილური გახდა, ხალხმა ირწმუნა სამართლისა და სიმართლისა.

მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ: არცერთი უდანაშაულო ადამიანი არ დაისჯება, არცერთი დამნაშავე, მიუხედავად რანგებისა და რეგალიებისა წარსულში თუ დღეს, დაუსჯელი არ დარჩება!

ქვეყნის ინტერესები უფრო მაღალია, ვიდრე სულმოკლე ადამიანთა წუწუნი, საზოგადოებისაგან იზოლირებულ მაფიოზთა და ტერორისტთა გამოქომაგების სულისკევეთებით რომ არის ნაკარნახევი, ისტორიის ჩარხს უკან ვეღარავინ დააბრუნებს.

მეთერთმეტე. ახალ დონეზე უნდა ავიყვანოთ კანონშემოქმედება და კონსტიტუციას შევუსატყვისოთ ყოველი კანონი და კანონქვემდებარე აქტი. ასეთია კონსტიტუციაში, კერძოდ, გარდამავალ დებულებებში დაყენებული ამოცანა და ჩვენ ამ ამოცანას წარმატებით გადავჭრით.

მეთორმეტე. მოგეხსენებათ, კონსტიტუციაში ცალკე თავად არის გამოყოფილი სახელმწიფოს ფინანსები და კონტროლის საკითხები, ეკონომიკის ფინანსების, სახელმწიფო კონტროლის კონსტიტუციური საფუძვლები, გვაძლევს სოცილურად ორიენტირებული საბაზრო ეკონომიკის ჩამოყალიბების, მოქალაქეთა სოციალური დაცვის ცივილიზებული პოლიტიკის განხორციელების საშუალებას. კონსტიტუციის მიერ მოცემული ეს შესაძლებლობა რეალობად უნდა ვაქციოთ.

საქართველოს პრეზიდენტის საპროგამო გამოსვლაში ინაოგურაციის დღეს წინა პლანზეა წამოწეული დამოუკიდებელი, განუყოფელი, დემოკრატიული საქართველოს სახელმწიფოს მშენებლობა.

კონსტიტუციისა და პრეზიდენტის პოლიტიკურ პროგრამაში ნათქვამია ისეთი სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის გატარებაზე, რომელიც უზრუნველყოფს, ადამიანთა, მოქალაქეთა კეთილდღეობას არა მხოლოდ საარსებო მინიმუმუმის, არამედ ცივილიზებული არსებობის მაღალ დონეზე: 2000 წლისთვის შეიქმნება 1 მილიონზე მეტი სამუშაო ადგილი, საშუალო ხელფასი ამაღლდება სახელმწიფო საბიუჯეტო სექტორში 200 ლარამდე, კერძო სექტორში 250-300 ლარმდე გაიზრდება, გაიზრდება პენსიები, სტიპენტიები, დახმარებები განსკუთრებით ღატაკი, სიღატაკის ზღვარზე დაბლა მდომი ფენების, ლტოლვილებისა და იძულებით ადგილნაცვალ პირთა მიმართ. ისინი მოსახლეობის დიდ ნაწილს შეადგენენ.

ახალი კონსტიტუციის საფუძველზე ჩვენ უნდა განვახორციელოთ სოციალური დაცვის დიდი პროგრამა.

მეცამეტე. გაუმჯობესდა კონსტიტუციურ მოთხოვნათა საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტის შედგენის თეორია და პრაქტიკა, უკვე შემუშავებულია მომავალი წლის ბიუჯეტის ძირითადი საპროგრამო მიმართულებები და მონაცემები ინდიკატური გეგმის, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მეცნიერული პროგნოზების საფუძველზე. 1997 წლს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თანახმად მოსახლოების სოცილურ დაცვაზე 300 მილიონი ლარი დახარჯება, რაც 47 პროცენტით მეტია მიმდინარე წლის ბიუჯეტში ანალოგიურ მაჩვენებელზე, ამის საშუალებას გვაძლევს ეკონომიკის გამოცოცხლება, ეროვნული პროდუქტის ზრდისა და მაკროეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესება, პრივატიზაციის განხორციელება.

მე-20 საუკუნისა და 21-ე საუკუნის მიჯნაზე საქართველო ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფო იქნება.

ამის სრულ შესაძლებლობებს გვაძლევს ახალი კონსტიტუცია.

კონსტიტუციის საფუძველზე საქართველოს ხელისუფლება კომპლექსურ ღონისძიებებს ახორციელებს ამ მიმართულებით, ორჯერ გაეზარდათ ხელფასები პედაგოგებს, პროფესორ-მასწავლებლებს.

ამ პოლიტიკის განხორციელებას მხარს უჭერენ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი.

ხელფასების მატების პროცესი უფრო შთამბეჭდავი იქნება მომავალ წელს.

ბატონებო და ქალბატონებო!

კონსტიტუცია გვაძლევს დამოუკიდებელი საშინაო და საგარეო პოლიტიკის შემუშავებისა და გატარების საშუალებას და ეს ხორციელდება კიდეც.

საქართველოს სახელმწიფოს სურს, მსოფლიოს ყველა ქვეყანასთან მშვიდობიანი, ურთიერთსასარგებლო, კეთილმეზობლური, მეგობრული ურთიერთობა გაეროსა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესაბამისად.

ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკური კონცეფცია თანამედროვე ცივილიზებული მსოფლიოს აზროვნების დონეზე დგას.

ქართველი ერი, საქართველოს ხალხი სამართლიანად ამაყობს თავისი ისტორიული მონაპოვრით - ახალი კონსტიტუციით.

კონსტიტუციის დღეს მე განსაკუთრებით მივესალმები იმ ქვეყნებს, რომლებმაც დიდი დახმარება და თანადგომა გაგვიწიეს. საქართველოს კონსტიტუციის საერთაშორისო სტანდარტების დონეზე შემუშავებაში, ექსპერტებს, მეცნიერებს, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ საქართველოს ახალი კონსტიტუცია ეროვნული და საერთაშორისო კონსტიტუციონალიზმის თვალსაჩინო მონაპოვარი გამხდარიყო.

იმედს გამოვთქვამ, რომ მშვიდობიანი კავკასიის იდეა, რომელსაც ამას წინათ მხარი დაუჭირეს გაერომ, დსთ-ს ქვეყნებმა, მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ, ურღვევი საფუძველი გახდება კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებაში, კისლოვოდსკის დეკლარაცია დინამიურად განხორციელდება.

უნდა გაგრძელდეს მუშაობა კავკასიის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის და სხვა უნიკალური საერთაშორისო პროექტების ხორცშესასხმელად.

საქართველოს წინა პარლამენტი, რომლის ბევრი წარმომადგენელი დღეს აქ გვესწრება, - ისტორიაში უპირველესად სწორედ ამ კონსტიტუციის მიღებით შევა. ჩვენ მადლიერების გრძნობით ვიხსენებთ ყველა პარტიას, პოლიტიკურ მოძრაობას საპარლამენტო ფრაქციას, ბლოკს სახელმწიფო საკონსტიტიციო კომისიის ყველა წევრს, პოლიტიკოსებს, მეცნიერებს, იურისტებს, სოციოლოგებს, ეკონომისტებს,ეკონომისტებს, ისტორიკოსებს, ფილოსოფოსებს, ყველას, ვინც თავისი წვლილი შეიტანა კონსტიტუციის შემუშავებაში.

წინა პარლამენტმა მოგვცა ეს კონსტიტუცია, ახალმა პარლამენტმა, და საპრეზიდენტო,

აღმასრულებელმა ხელისუფლებამ, ხალხმა აამოქმედეს ის.

მე გასულ წელს ვთქვი და ახლაც მინდა გავიმეორო ეს სიტყვები: საქართველოს ახალი კონსტიტუცია - ეს არის ყველაზე დიდი ქმნილება, რასაც მე-20 საუკუნის საქართველო გადასცემს 21- ე საუკუნეს, მესამე ათასწლეულს, მომავალ თაობებს!

ბატონებო!
ძვირფასო მეგობრებო!

ერთხელ კიდევ მოგილოცავთ კონსტიტუციის დღეს და გისურვებთ ახალ წარმატებებს და გამარჯვებებს ხალხისა და სამშობლოს საკეთილდღეოდ!

გმადლობთ!

საუკუნიდან საუკუნეში გადასაცემი ქმნილება // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 27 აგვისტო. - 173(2287). - 2 გვ.

86 „დამოუკიდებელი საქართველოს სკოლა სწავლა-აღზრდის მრავალსაუკუნოვან ქართულ ტრადიციებს დაეყრდნობა და მსოფლიო ცივილიზაციის მონაპოვრებს შეისისხლხორცებს და შეითვისებს“

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 2 სექტემბრის რადიოინტერვიუ

- დღეს 2 სექტემბერია, ახალი სასწავლო წლის პირველი დღე. თქვენ დღეს თბილისის პირველ საშუალო სკოლას ეწვიეთ, გუშინ შეხვდით პედაგოგებს, წარჩინებული მასწავლებლები დააჯილდოვეთ. რთული ეკონომიკური პირობების მიუხედავად, ხელისუფლებამ სასწავლო წლის დაწყებისათვის მასწავლებლებს ხელფასი გაუორმაგა. თქვენ ასეთი რამე ბრძანეთ ერთ-ერთ შეხვედრაზე: დამოუკიდებელმა საქართველომ - რეფორმების გზაზე შემდგარმა ქვეყანამ, განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მიანიჭოს განათლების სფეროსო - ჟურნალისტ ნატო ონიანის მიერ წამოჭრილ ამ საკითხებზე საუბრით დაიწყო საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ თავისი ტრადიციული რადიოინტერვიუ.

- მინდა ერთხელ კიდევ მივულოცო პროფესორ-მასწავლებლებს, მოსწავლეებს, სტუდენტობას, ყველა ოჯახს, ყველა მოქალაქეს სასწავლო წლის დაწყების დღესასწაული.

გუშინ და დღეს მრავალი შეხვედრა მქონდა, გამოვხატე ჩემი უღრმესი მადლიერება ათიათასობით მასწავლებლისა და აღმზრდელის მიმართ. მოსწავლე ახალგაზრდობას მივესალმე და სასწავლო წლის დაწყება მივულოცე.

ჩემს დღევანდელ მიმართვაში განსაკუთრებით გამოვყოფდი მშობლიური კერებიდან, კერძოდ, აფხაზეთიდან და ცხინვალიდან გამოდევნილ ათასობით მასწავლებელს, პროფესორს, ლექტორს, მოსწავლესა და სტუდენტს. თავს ვხრი მათი თავდადების, გმირების, შეუდრეკელობის, განათლებისადმი დაუოკებელი სწრაფვის წინაშე.

მჯერა, რომ თქვენ ძვირფასო მეგობრებო, დაბრუნდებით, ჩვენ დავბრუნდებით სულიერად კიდევ უფრო მტიცენი და ამაღლებულნი.

და ეს ეხება არა მარტო ქართულ მოსახლეობას, არამედ ამ რეგიონიდან დევნილ ოსებსაც, აფხაზებსაც, სომხებსაც, სხვებსაც და სხვებსაც. ყველას ვულოცავ სასწავლო წლის დაწყებას.

წლევანდელი წლის მთავარი თავისებურება ის არის, რომ სკოლა ღრმა რეფორმების ფაზაში შევიდა. პრაქტიკულად დავიწყეთ ახალი სკოლის, ახალი განათლების სისტემის მშენებლობა და უნდა ითქვას, წარმატებითაც დავიწყეთ. განათლების რეფორმის ჩვენს მიერ არჩეული სწორი მიმართულებანი საერთაშორისო ორგანიზაციებმაც აღიარეს, რის შედეგადაც მათ არსებითი ხასიათის პროგრამის დაფინანსება დაიწყეს.

ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს, რომ დამოუკიდებელი საქართველოს სკოლა სწავლა-აღზრდის მრავალსაუკუნოვან ქართულ ტრადიციებს დაეყრდნობა და მსოფლიო ცივილიზაციის მონაპოვრებს შეისისხლხორცებს და შეითვისებს.

ქართულმა სახელმწიფომ უნდა იზრუნოს რუსული, აზერბაიჯანული, სომხური, აფხაზური, ოსური სკოლების განვითარებისთვის. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ თავიანთი ხალხური თავისთავადობით შენარჩუნებსათან ერთად ეს სკოლები ღირსეულ მოქალაქეებს აღუზრდიან ჩვენს სახელმწიფოს-დამოუკიდებელ საქართველოს.

წლეულს უფრო საგრძნობი გახდა ზრუნვა მასწავლებლისადმი. ამის დადასტურებაა პედაგოგთა 150 -ათასიანი არმიისათავის ხელფასების გაორმაგება. ამის პარალელურად, ადგილობრივი ბიუჯეტების წარმატებით შესრულების შემთხვევაში, პედაგოგები მიიღებენ მნიშვნელოვან დანამატებს, რომელთა ჩათვლით, მაგალითად თბილისში მასწავლებელთა ძირითადი მასის ხელფასი კიდევ 30-40 პროცენტით გაიზრდება.

სწორად მოვიქეცით, როცა სოფლის მასწავლებლები მიწის მესაკუთრენი, მფლობელნი გავხადეთ, ამის საშუალება მოგვცა მიწის რეფორმამ, საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე გადასვლამ. მიწის მფლობელი გახდა ათიათასობით მასწავლებელი. ეს სიკეთე ქალაქებში მომუშავე პედაგოგთა მნიშვნელოვან მასასაც შეეხო. აღსაღნიშნავია, რომ თითქმის ყველა პედაგოგი. ყველა მოქალაქე მონაწილეა სახელმწიფო ქონებისა, რომლის პრივატიზაცია უკვე მთვარდება, თითქმის ყველამ მიიღო ვაუჩერი, რომელიც ადასტურებს მისი საკუთრების უფლებას. სკოლისათვის ზრუნვა უმთავრესი სახელმწიფო პოლიტიკის რანგში იქნება აყვანილი ასეთია ჩვენი მოვალეობა დღევანდელი და მომავალი თაობების, ოცდამეერთე საკუნის წინაშე.

სახალხო განათლების რეფორმის მიმდინარეობისა და ახალი პროცესების შესახებ ვიმსჯელებთ მომავალი წლის დამდეგისათვის გამიზნულ სახელმწიფო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაზე, რომელშიც პრეზიდენტი მიიღებს მონაწილოებას. ასეთი ფორუმის გამართვის თაობაზე გუშინ უკვე მივიღე გადაწყვეტილება და კიდეც გამოვაცხადე.

- გასული ეკონომიკური კვირიდან ორ თემას გამოვყოფთ ეს გახლავთ ტყის მასივების მოვლა, საქართველოდან ხე-ტყის გატანის წინააღმდეგ განსაკუთრებული ღონისძიებანი დაისახა თათბირზე, რომელსაც თქვენ ესწრებოდით, მოსახლეობის სოციალურ პრობლემებსა და ქვეყნის სოციალურ განვითარებაზე იყო მსჯელობა მოქალაქეთა კავშირის ფორუმზე. საერთოდ, ალბათ, ძალიან საყურადღებო ფაქტია ის, რომ მოქალაქეთა პარტიამ განსაკუთრებული ყურადღება სწორედ სოციალურ თემას მიაპყრო.

- რაც შეეხება მოქალაქეთა ფორუმს, რომელმაც უმაღლეს პროფესიულ დონეზე განიხილა სოციალური დაცვის პრობლემები, ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური და მწვავე პრობლემები. ეს ფორუმი საფუძვლიანად გააშუქა ტელევიზიის სხვადასხვა პროგრამამ და გარკვეულწილად ეს პრესაშიც აისახა. ამიტომ ამ საკითხებზე არ შევჩერდები. რაც შეეხება ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებას (მე ამ თემას გამოვყოფდი) მოვლენა იყო განვლილ კვირაში გამართული საკმაოდ წარმომადგენლობით თათბირი, რომელიც ტყის მეურნეობის წარმართვასა და ტყის რესურსების გამოყენებას მიეძღვნა. ეკონომიკის რეფორმირების საქმეში საქართველოს საკმაოდ შთამბეჭდავი მიღწევების ფონზე სატყეო მეურნეობას, ჯერჯერობით არ შეხებია რეფორმების სტრუქტურიზაციის პროცესი და რეორგანიზაცია. ამავე დროს, დღეს უკვე მთელი სიმწვავით იგრძნობა ქვეყნის ეკონომიკური, სოციალური ეკოლოგიური და განსაკუთრებით, პოლიტიკური ინეტერსების შერწყმის საფუძველზე ტყეების დაცვის, კვლავწარმოების, ტყის რესურესების სარგებლობისა და სატყეო მრეწველობის სფეროებში სახელმწიფოებრივი სტრატეგიის შემუშავებისა და განხოციელების საჭიროება.

ტყე საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის უმნიშვნელოვანესი რგოლი და ეროვნული სიმდიდრის ძალზე მნიშვნელოვანი ნაწილია. ტყით დაფარულია (ბევრს შეიძლება აღარც ახსოვს) ქვეყნის საერთო ფართობის ორმოცი პროცენტი, მერქნის საერთო მარაგი კი 450 მილიონ კუბურ მეტრს, შეადგენს. ასეთი რესურსებით მდიდარი ბევრი ქვეყანა არ არის. მათ შორის ჩვენს რეგიონშიც. ამასთან, უნდა ითქვას, რომ წლების მანძილზე ჩვენ ამ მდიდარ შესაძლებლობებს ვერ ვიყენებთ. ამ შესაძლებლობათა ეფექტიანად ათვისებისათვის უნდა დამუშავდეს სააღრიცხვო ტყეკაფვის მეცნერულად დასაბუთებული ოპტიმალური მოცულობა შემდგომი წლებისათვის. მთავარია სარგებლობის ჭრა განახორციელონ მხოლოდ ტენდერში გამარჯვების საფუძვლეზე სახელმწიფოს მიერ მინიჭებული უფლებამოსილების მქონე სპეციალიზებულმა, მათ შორის კერძო ოგანიზაციებმა.

მეტად მნიშვნელოვანია საკუთარი ხე-ტყის და ავეჯის მრეწველობის აღორძინება. ტყის ჭრა ალბათ, ძირითადად ამ მიზანთან უნდა იყოს დაკავშირებული. ესე იგი, უნდა დავამუშაოდ და მოვახდინოთ მზა პროდუქციის რეალიზაცია საკუთარ და საერთაშორისო ბაზრებზე, საბაზრო ეკონომიკის პირობებში მისი ფუნქციონირების გაუმჯობესების საქმეში დარგთაშორისი ინტეგრაციის ფაქტორის გათვალისწინებით.

უნდა დაჩქარდეს მუშაობა ტყის ახალი კანონმდებლობისა და ეროვნული სატყეო კონცეფციის შემუშავებისთვის. ასევე, უნდა შევქმნად ტყის ფონდის კადასტრიც, სხვანაირად ეს საკითხი ვერ მოწესრიგდება.

ტყეების ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის, მათი პროდუქტიულობისა და ხარისხობრივი მაჩვენებლების ამაღლებისათვის საჭიროა განხორციელდეს თანამედროვე სატყეო-სამეურნეო, ტექნიკური, აგერთვე, მავნებლებთან ბრძოლის ინტეგრირებული და სხვა ღონისძიებები, ამავე დროს, ტყის კვლავწარმოებისათის საჭირო სახელმწიფო ფინანსური რესურსების შეზღუდულობის პირობებში მიზანშეწონილი იქნებოდა სატყეო მეურნეობების გადაყვანა თვითდაფინანსებასა და სრულ სამეურნეო ანგარიშზე. ეს საკითხიც პრობლემურია და შესწავლას მოითხოვს. მე თათბირზე გამოვაცხადე, რომ ტყისათვის ზრუნვა საერთო-სახელმწიფოებრივი და ეროვნული საქმეა და რომ ამიერიდან ყოველთვიურად მოეწყობა ტყის გაშენების ერთვიურები შემოდგომასა და გაზაფხულზე და ამ დიდ მოძრაობაში ყველა მოქალაქემ და მთელმა საქართველომ უნდა მიიღოს მონაწილოება.

შემოდგომის დადგომასთან ერთად ჩვენთვის, როგორც სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებელი და გადამმუშავებელი მრეწველობის მაღალი ხვედრითი წილის მქონე ქვეყნისათვის. სხვა გადაუდებელ პრობლემებთან, ერთად გაძლიერებული ხელშეწყობა და ძალისხმევა სჭირდება მევენახეობა-მეღვინეობის სექტორს (ახლა სეზონი დგება) რომლის საბოლოო აღორძინებაზე დიდად არის დამოკიდებული ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური ძლიერება.

სოფლის მეურნეობის და სურსათის სამინისტროს ვარაუდით, წლეულს საქართველოში მოსალოდნელია 150 ათასი ტონა ყურძნის წარმოება, აქედან ღვინის ქარხნება შეიძლება მიიღონ და გადაამუშავონ 100 ათასი ტონა ყურძენი. რის შედეგადაც 7 მილიონზე მეტ დეკალიტრ ღვინომასალას მივიღებთ. ღვინის ქარხნები საკუთარი ძალებით, ყურძნის ჩამბარებლებთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე და ინვესტორების მოზიდვით, ვარაუდობენ სულ 50 ათასი ტონა ყურძნის გადამუშავებას, ხოლო დარჩენილი 50 ათასი ტონის შესყიდვასა და გადამუშავებისათვის სოფლის მეურნეობისა და სურსათისა და ფინანსთა სამინინსტროებმა, აგრეთვე მმართველობის რეგიონულმა სტრუქტურებმა ზომები უნდა მიიღონ საბანკო კრედიტების მოზიდვისათვის. მინდა გაცნობოთ, რომ ამაზე ახლა მუშაობს პრეზიდენტი, ფიქრობს ეროვნული ბანკი. ალბათ, ამ დღეებში შევიკრიბებით და გადავწყვეტთ, საჭიროა ვიფიქროთ სახელმწიფოს მიერ საკრედიტო რესურსის მოძიებაზე, მითუმეტეს, რომ კრედიტის გადახდის საიმედოობას ბევრი ღვინის ქარხნის ფინანსური მდგომარეობაც იძლევა.

და ამ სფეროდან კიდევ ერთი ტრადიციული საკითხი: ბიუჯეტის შემოსავლის გადიდებისათვის განუხრელი ზრუნვის საჭიროებას ამწვავებს აგვისტოში ამ სფეროში შექმნილი არცთუ სახარბიელო ვითარება.

საგადასახადო ინსპექციის წინასწარი მონაცემებით, აგვისტოში აკრეფილი საგადადასახდო შემოსავლის მოსალოდნელი მოცულობა 26 მილიონ ლარს შეადგენს. მართალია ეს 1,5 მილიონი ლარით აღემატება ივლისის შემოსავალს და ორ-ნახევარჯერ - შარშანდელი შესაბამისი პერიოდის დონეს, მაგრამ საპროგნოზო მაჩვენებლებზე უფრო დაბალია, რაც საგადასახადო ინპექციის შეფასებით ძალზე ართულებს სექტემბრისა და მესამე კვარტლის საგეგმო დავალებათა შესრულების ამოცანას.

საბაჟო დეპარტამენტიდან შემოსული საბიუჯეტო სახსრები 30 აგვისტოსათვის 6,5 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც წინა თვეებთან და შარშანდელ მიღწეულ მაჩვენებლებთან შედარებით, შეიძლება ითქვას რეკორდული ციფრია, მაგრამ მუშაობის გააქტიურება აქაც საჭიროა. აგვისტოში საგადასახადო შემოსავლის გეგმის შეუსრულებლობამ, რა თქმა უნდა, უარყოფითი გავლენა მოახდინა ცენტრალური ბიუჯეტის შემოსავლის საგეგმო დავალებათა შესრულების ისედაც გაძნლებულ მდგომარეობაზე - 29 აგვისტოსათვის მიღებული იყო სულ 16,5 მილიონი ლარი საგადასახადო შემოსავალი. საჭიროა (მე მოვუწოდებ ყველას, რეგიონულ თუ ცენტრალურ სამსახურებს) სექტემბრის პირველი დღეებიდანვე გადამწყვეტი ღონისძიებები განხორციელდეს იმისათვის, რომ შესრულდეს როგორც ცენტრალური ბიუჯეტის, ასევე,ადგილობრივი ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილი.

- გასული კვირა ვლადიკავკაზში თქვენი ვიზიტით აღინიშნა, თქვენ დადებითად შეაფასეთ შეხვედრის შედეგები. ამაზე თქვენ სატელევიზიო ინტერვიუში ისაუბრეთ. და მაინც საქართველოსთვის კონფლიქტის მოგვარება აქტუალურ თემად რჩება...

- ვალდიკავკაზის შეხვდრებზე საკმაოდ დეტალურად ვილაპარაკე ჩვენი სატელევიზიო პროგრამების მეშევეობით, გავაცანი ჩემი შეხედულებები მოსახლეობას, პრესაშიც გარკვეულად აისახა ეს და ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარებაში გარკვეულ ძვრებზე უკვე ვილაპარკე და თუ ახლა მხარეები ძალიან ინტენსიურ ღონისძიებებს განახორციელებენ. შეიძლება საკმაოდ მოკლე დროში მივიღოთ სასურველი შედეგი. ვილაპარაკე აგრეთვე იმ მძიმე შედეგებზეც, რომლებიც შეიძლება მოჰყვეს აფხაზეთში კონფლიქტის მოგვარების გაჭიანურებას, ლტოლვილთა დაუბრუნებლობას, სამშვიდობო ძალებისაგან მანდატის გათვალიწინებული მისიის შეუსრულებლოობას. გულუბრყვილობა იქნებოდა ვიფიქროთ მანდატის კვლავ გაგრძელებაზე, თუ უახლოეს დროში არ მივაღწიეთ შედეგს. მანდატის გაუგრძელებლობა კი ჯაჭვრურ რეაქციას გამოიწვევს სხვადასხვა მიმართულებით, ყველაფერი ეს უკვე ითქვა. როგორც იტყვიან ზარი დაირეკა.

სხვათა შორის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემის 3 წლისთავი სრულდება. სწორედ ამ დღეს მიაღწია კულმინაციას ქართველთა გენოციდმა და აფხაზეთიდან ქართველთა მასობრივმა დევნამ.

ეს შეხსენებაც დღევანდელ ინტერვიუში შემთხვევითი არ არის. დრო არ ითმენს. აუცილებელია პროგრესი მოლაპარაკებაზე. ობიექტურად კი სამშვიდობო პროცესის წარმატებით, ჩემი ღრმა რწმენით, ყველა მხარე უნდა იყოს დაინტერესებული. ვფიქრობ, შედეგს უნდა მივაღწიოთ.

- და კიდევ ერთი კონფლიქტის შესახებ. თემა რომელიც მსოფლიო პოლიტიკური ცხოვრების, შეიძლება ასე ითქვას, კვირის თემად იქცა: ჩეჩნეთში ხელმოწერილი განცხადება, კონფლიქტის მოგვარების პრინციპებს რომ განსაზღვრავს. შეიძლება თუ არა რაიმე საერთოს გამოძებნა აფხაზურსა და ჩეჩნურ პროცესებს შორის?

- როგორც იცით, ჩეჩნეთი ჩვენი კარის მეზობელია და ბუნებრივია, ჩვენ მგძნობიარე ვართ იმის მიმართ, რაც იქ ხდება. მინდა ვთქვა, რომ საქართველო ყოველგვარი ომის დამთავრებას და მისი შედეგების ლიკვიდაციას მიესალმება. რაც შეეხება აფხაზეთისა და ჩეჩნეთის კონფლიქტებში საერთოს ძებნას, ვფიქრობ ეს ფუჭი დროის ხარჯვაა. ჩეჩნეთში რუსეთის შეიარაღებული ძალები იბრძოდნენ. ამ ომში უცხო ძალა არ მონაწილოებდა ან თითქმის არ მონაწილეობდა. აფხაზეთის ომში კი, როგორც იცით, რუსეთისა და ამ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის ათასობით და ათასობით მოქალაქემ საქართველოს ამ ნაწილის სრული ოკუპაცია მოახდინა, და უნდა ითქვას რომ ის უბედურება, რომელიც აფხაზეთში დატრიალდა, რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის, უწინარესად მისი პრეზიდენტის ნების წინააღმდეგ განხორციელდა. ობიექტურობა მოითხოვს ითქვას ეს. ვინ მართავდა ამ ძალას, ვინ გეგმავდა ოპერაციებს, ვინ ამარაგებდა სეპარატისტებს და დაქირავებულ ბოევიკებს, ვინ დაადგინა სოხუმის აღების თარიღი, ყველამ კარგად იცის. სამწუხაროდ იყვენენ და ალბათ დღესაც არიან ძალები, რომლებიც უმართავია. ამიტომაც სულ სხვადასხვა მოვლენებთან გვაქვს საქმე და მოქმედების წესიც სხვადასხვა უნდა იყოს.

ჩვენ ჯერ კიდევ გვჯერა სამშვიდობო პროცესისა, დარჩენილ დროში ბევრი რამის მოსწრება შეიძლება, თუკი იქნება მხარეთა კეთილი ნება, შუამავლის, ესე იგი რუსეთის უფრო აქტიური როლი, შესაბამისი საერთაშორისო ძალისხმევა. დაველოდოთ მოვლენებს და ვფიქრობ, შეიძლება გარკვეულ შედეგებს მივაღწიოთ.

„დამოუკიდებელი საქართველოს სკოლა სწავლა-აღზრდის მრავალსაუკუნოვან ქართულ ტრადიციებს დაეყრდნობა და მსოფლიო ცივილიზაციის მონაპოვრებს შეისისხლხორცებს და შეითვისებს“ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ნატო ონიანმა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 3 სექტემბერი. - 177(2291). - 1,2 გვ.

87 „დღეს ყველა ჭეშმარიტი პატრიოტი და ყველა პატრიოტული პოლიტიკური ძალა უნდა გაერთიანდეს ქვეყნის სტაბილურობის არა მარტო შენარჩუნების, არამედ შემდგომი განმტკიცებისთვისაც“

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 9 სექტემბრის რადიოინტერვიუ

გასული ეკონომიკური კვირის სხვა მნიშვნელოვან მომენტებთან ერთად ალბათ. ყველაზე საყურადღებო იყო მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე გამოტანილი ერთი პრობლემა - მხედველობაში მაქვს ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნისა და „ჭიათრმანგანუმის“ მუშათა გაფიცვის ფაქტი, რომელსაც, როგორც სხდომაზე აღინიშნა, მარტო სოციალური საფუძველი როდი ჰქონდა და მარტო გაუცემელი ხელფასები როდი იყო მისი მიზეზი. იქ გასაგები ტექსტით ითქვა, რომ იყო სხვა ქვედინებები და სხვა დაინტერესებაც ამ გაფიცვასთან დაკავშირებით და მაინც ერთი კითხვა: ადგილობრივმა ხელისუფლებამ ადგილობრივმა ორგანოებმა მოსალოდნელი გაფიცვის ამბავი რატომ გაიგეს მას შემდეგ. როცა იგი უკვე დაწყებული იყო? ჟურნალისტ ნატო ონიანის ამ შეკითხვის პასუხად საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ თავის ტრადიციულ რადიოინტერვიუში განაცხადა.

- განვლილი კვირის ეკონომიკური ცხოვრების მოვლენათა შორის მართლაც ძალზე მნიშვნელოვანი იყო, მთავრობის მორიგ სხდომაზე ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნისა და „ჭიათურმანგანუმის“ სააქციო საზოგადოებებში ამ ბოლო ხანს შექმნილი მდგომარეობის გახილვა. ამ საწარმოებში დაგროვილი უამრავი სხვადასხვა მიზეზით განპიროებებული პრობლემა დროულ და გადაუდებელ გადაწყვეტას ელის, რისთვისაც შეიქმნა მაღალი რანგის საგანგებო კომისია საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ხელმძღვანელობით. კომისიაში ყველა საჭირო უწყებაა წარმოდგენილი.

უწინარეს ყოვლისა აუცილებელია მოწესრიგდეს ხელფასების გაცემის მნიშვნელოვანი დაგვიანებით გამოწვეული სოციალური კონფლიქტი. პრეზიდენტის ჩარევის შემდეგ ზოგიერთი საკითხი მოგვარდა და საწარმოთა კოლექტივებმა მუშაობა განაახლეს, მაგრამ სასწრაფოდ უნდა განხორციელდეს კრიზისიდან მათი გამოყვანის მთელი კომპლექსური ღონისძიებანი.

ჩვენი ქვეყნის ამ მსხვილ საწარმოთა გამართულ მუშაობაზე ბევრად არის დამოკიდებული ეკონომიკური ზრდის პარამეტრები, დასაქმების დონე და საექსპორტო პოტენციალი.

ზესტაფონის ქარხნის მმართველმა კომპანიებმა წლეულს ყოველმიზეზგარეშე უნდა მიაღწიონ დაგეგმილ 70 მეგავატ საათობრივ სიმძლავრეს (ეს უკვე სერიოზული დონე იქნება) რაც „საქენერგოსთან“ „როსენერგოსთან“ და საგადასახადო სამსახურთან ურთიერთობის უცილობელ მოწესრიგებას მოითხოვს. პარალელურად უნდა განხორციელდეს პროდუქციის ბაზრის მოკვლევის ღონისძიებანი. ორივე საწარმოს პირველი რიგის ამოცანაა ურთიერთხელსაყრელი და ურთიერთმისაღები საპარტნიორო ურთიერთობების მიღწევა, პროდუქციის თვითღირებულების შემცირების ეფექტიანი გზების გამოძებნა, რაც წარმოების ზრდასთან ერთად უშუალოდ უკავშირდება მომუშავეთა ოპტიმალურ ოდენობაზე დაყვანის უმტკივნეულო, ეტაპობრივი ღონისძიებების განხორციელებას და არამწარმოებლური ხარჯების მინიმიზაციას არანაკლები მნიშვნელობისაა ასევე ახალი საინვესტიციო პროგრამების შემუშავება. მათი პრაქტიკული განხორციელება და სხვა. ამ სამუშაოთა პრაქტიკულ შესრულებაში, აქტიურად უნდა ჩაებას ყველა სამინისტრო, ყველა უწყება განსაკუთრებით კი საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობათა მინისტრი ბატონი ზალდასტანიშვილი, რამდენადაც საქმე ეხება, როგორც ზემოთ ავღნიშნე, ბაზრების მოძიების აქტიურ პროცესს, აქ სწორია შენიშვნა როგორც ადგილობრივი, ასევე ცენტრალური ორგანოების მიმართაც, ისიც უნდა ვთქვა, რომ ზესტაფონის კვანძთან ახლო წარსულში დაკავშირებულნი იყვნენ მძლავრი კრიმინალური დაჯგუფებები. დამნაშავეთა მთელი ჯგუფები. სახელმწიფო სტუქტურათა წარმომადგენლები საკმაოდ მაღალი ეშელონებიდან ისინი ახლა ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ დააბრკოლონ ამ რეგიონის სტაბილიზაცია, ხელი შეუშალონ ქარხნების და მაღაროების გამართულ მუშაობას, როგორც მომახსენეს აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ახლო წარსულში მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით და ყველაფერს რაც წინათ მოხდა, თავისი სახელი დაერქმევა. შედეგები კი უწინარესად, ამ კოლექტივებს მოხსენდება. ზესტაფონშიც და ჭიათურაშიც სახელოვანი ადამიანები მუშაობენ და მათთან ერთად მჯერა, რომ გამოვალთ ამ მდგომარეობიდან.

საგულისხმოა მთავრობის სხდომაზე სხვა საკითხის განხილვაც და მინდა მოსახლეობამ ეს იცოდეს.

აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისთვის შეძლებისდაგვარად ნორმალური საყოფაცხოვრებო პირობები შექმნა. მათი სოციალური დაცვა ის უმთავრესი პრობლემებია, რომლებიც აისახა მთვარობის სხდომაზე განხილულ პრეზიდენტის ბრძანებულების პროექტში, აღინიშნა რომ ყველა სახელმწიფო ინტიტუტი მზად არის მათი შესრულებისა და რეალური დახმარებისათვის წლეულს შედარებით უკეთესი პირობებია, რათა ეს დახმარება რეალური გახდეს. ამ პირობების შესასრულებლად აუცილებელია მინდობილი საქმისთვის პერსონალური პასუხისმგებლობის გაძლიერება. ეს განსაკუთრებით იმ ადგილობრივი მმართველობით ორგანოების ხელმძღვანელებს ეხება, სადაც ერთი დევნილი ოჯახი მაინც ცხოვრობს, საჭიროა დევნილთა მომარაგება პირველადი მოხმარების საქონლით - ნავთით, ნახშირით, საპნით, ფქვილით, ცხიმით და სხვა პროდუქტებით. ასეთი პატარ-პატარა რესურსები უკვე არსებობს და თითოეული დევნილი ოჯახი სახელმწიფოს დახმარებას უნდა გრძნობდეს. დასაჩქარებელია ამ მარაგის შეტანა კოდორის ხეობაშიც. მთავრობის სხდომამ ამ საკითხზეც იმსჯელა და იგი ამ რამდენიმე დღის წინათ ცალკე უშიშროების საბჭოს სხდომაზეც განვიხილეთ.

დევნილთა სოციალური დაცვის გაუმჯობებსების ფართო ღონისძიებათა გახორციელებამ უნდა უზრუნველყოს მათთვის დახმარებისა და შემწეობის დროეულად გაცემა. პენსიებსა და სტიპენდიებზე დანამტების დაწესება. რიგი დამატებითი შეღავათებისა და დახმარებების შემოღება (მათ შორის მოსწავლეთათვის) ასევე სამედიცინო დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება და სხვა მრავალი. სახელმწიფო მიიღებს ზომებს შრომისუნარიანთა დასასაქმებლად, ნავარაუდევია წინადადებათა შემუშავება კონფლიქტის შედეგად მიყენებული მატერიალური ზარალის კომპენსაციისათვის. აფხაზეთში აღდგენითი სამუშაოებისათვის ინვესტორების გამოსაძებნად და სხვა. ეს მხედველობაშია იმ მომენტისათვის, როცა რეალურად დაიწყება დაბრუნების პროცესი. ამისთვისაც უნდა ვემზადოთ.

არანაკლები სახელმწიფოებრივი მხარდაჭერა სჭირდება ქვეყნის მაღალი მთის რაიონების, განსაკუთრებით მესტიის რაიონის მცხოვრებთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას. სახელმწიფოს მეთაურის ადრე მიღებულ გადაწყვეტილებათა განხორციელების მიუხედავად, ამ რაიონში კვლავ მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაა, რომლის გაჯანსაღების დამატებითი ღონისძიებები აისახა პრეზიდენტის ახალი ბრძანებულების პროექტში. ეს არის კავშირგაბმულობის საშუალებებით, საგზაო თუ საჰაერო ტრანსპორტით რაიონის მომსახურების, აგრეთვე ზამთრის მარაგის შექმნის საკითხები, ასევე კულტურის, განათლების, ჯანმრთელობის დაცვის სფეროების განვითარების ღონისძიებანი და სხვა.

მთავრობის სხდომაზე დაზუსტდა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების 1997 წლის გეგმის წინასწარი საპროგნოზო გაანგარიშებანი მიცემულია დავალებები მიზნობრივი და ხარისხობრივი ეკონომიკური პარამეტრების ინდიკატორების წრისა და ურთიერთკავშირის გამოსაკვეთად. გაანგარიშებებში ეკონომიკის ჩრდილოვანი სექტორის მოცულობის მოსალოდნელი ცვლილებების ასახვისა და საექსპორტო დარგების გასავითარებლად აქცენტის გაძლიერებისათვის და, შემდეგი საკითხი, საბაჟო დეპარტამენტის დაზუსტებული მონაცემებით, აგვისტოში საბაჟო ორგანოებიდან საბიუჯეტო შემოსავალმა 7 მილიონ ლარს გადააჭარბა, როცა, წინასწარი მონაცემებით, 6,5 მილიონი ლარი იყო ნავარაუდევი, ეს სერიოზული წინსვლაა. სექტემბრის წინა კვირაში უკვე ჩარიცხულია მილიონი ლარი.

საგადასახადო ინსპექციის მონაცემებითაც, სექტემბრის საშუალო დღიური შემოსავალი მნიშვნელოვნად აღემატებოდა წლის განვლილ პერიოდში მიღწეულ შედეგებს. ასევე დამაიმედებელია ფინანსთა სამინისტროდან მიღებული ინფორმაციაც, რომლის მიხედით 5 სექტემბრისათვის ცენტრალურ ბიუჯეტში საკუთარი შემოსავლებისა და გრანტების ხარჯზე უკვე შესულია თითქმის 5 მილიონი ლარი. ეს ტემპი კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს. რადგან მარტო საგადასახადო ინსპექციის ხაზით აგვისტოში დაშვებული ჩამორჩენის დასაძლევად სექტემბერში სულ ცოტა 40 მილიონი ლარი უნდა აიკრიფოს. ამ მხრივ, საგადასახადო ინსპექციის შეფასებით, განსაკუთრებით უნდა გააქტიუროს მუშაობა თბილისმა, სადაც ბოლო ხანს დიდი ჩამორჩენაა დაშვებული ბიუჯეტის შემოსავლების შესრულების საქმეში. ქალაქის მერისგან მოვითხოვ საგანგებო ღონისძიებათა განხორციელებას.

ჩვენი წარმატებები საკუთრების ტრანსფორმაციის რთულ გზაზე, საქვეყნოდ არის აღიარებული. პრივატიზაციის სახელმწიფო პროგრამის სრულყოფილად შესრულება. მის დაჩქარება მნიშვნელოვნად განაპირობა სახელმწიფოს მეთაურისა და პრეზიდენტის მიერ მიღებულმა ნორმატიულმა აქტებმა.

დღეისთვის საპრივატიზაციო ნუსხით დამტკიცებული ობექტებიდან პრივატიზებულია 8 158 ობიექტი ანუ 88 პროცენტი აქციონირებულია 970-ზე მეტი საშუალო და მსხვილი საწარმო. მიმდინარეობს ჯანდაცვისა და პურპროდუქტების ობიექტების პრივატიზება, ჩამოყალიბდა კერძო მესაკუთრეთა ფენა, ვვარაუდობთ დაახლოებით 400 ათას კაცს, 400 ათას ოჯახს.

პრივატიზების პროცესი გაგრძელდება. დაწყებულია იგი განათლებისა და ენერგეტიკის სფეროში „საქენერგოს“ რეორგანიზაციასთან ერთად დაიწყო ელექტოენერგიის გენერაციისა და განაწილების სექტორებში შემავალი ობიექტების სააქციო საზოგადოებებად გარდაქმნის პროცესი, უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა, ელექტოენერგეტიკული სექტორის ფინანსური სისტემის რესტუქტურიზაცია, რაც მოითხოვს ვალების ინვენტარიზაციას, აღწერას და მათი მომსახურების მექანიზმების შემუშავებას, რისთვისაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრებათ საგანგებო ენერგეტიკული კომისიის რეგიონულ სამუშაო ჯგუფებს. მოგეხსენებათ, რომ რაიონებში, ქალაქებსა და მხარეებში ასეთი საგანგებო ჯგუფები შეიქმნა პირველი პირების ხელმძღვანელობით. საერთოდ, ამ სფეროში რეფორმების წარმატებით განხორციელებაში აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღონ მმართველობის ადგილობრივი ორგანოს ხელმძღვანელებმა და პრეზიდენტის რწმუნებულებმა. კვლავ შევახსენებ ყველა საწარმოსა და მოქალაქეს - მოხმარებული ელექტროენერგიის ანაზღაურება ნორმალური გამოზამთრების აუცილებელი პირობაა. თუ ეს პირობა არ შესრულდა ზამთარი ყველა ჩვენგანისათვის მკაცრი იქნება. ესე იგი, ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული იქნება შემოსავალი, იქნება სათანადო რესურსები და რეზერვები ნორმალური გამოზამთრებისათვის.

- გასულ კვირაში 6 სექტემბერს, ცხინვალის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ ამ კვირის პარასკევისთათვის, დაგეგმილია განიხილოს ცხინვალისათვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი, კერძოდ, ეგერთ წოდებული რესპუბლიკის კონსტიტუციის პროექტი და რაც მთავარია, რესპუბლიკაში პრეზიდენტის მმართველობის შემოღების საკითხი. გვახსოვს ვლადიკავკაზის შეხვედრა, გვახსოვს სხვათა შეხვედრები და მთლიანად ცხინვალის პროცესი. არაერთხელ ითქვა ისიც, რომ აფხაზეთთან შედარებით ცხინვალი წინგადადგმული ნაბიჯია, ეს კონფლიქტი უკვე მოწესრიგებისკენ მიდისო და აი, ასეთი განცხადება ცხინვალის მოწესრიგების საკითხში ჩართულმა ერთ-ერთმა მხარემ - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ამასთან დაკავშირებით უკვე გააკეთა განცხადება, რასაკვირველია, ამაზე იმსჯელა და განცხადება გამოაქვეყნა ეროვნული უშიშროების საბჭომ და მაინც საინტერესო იქნება თქვენი კომენტარი, კიდევ რის დამატება შეიძლება. გასაგებია, რომ ცხინვალთან დაკავშირებით რთული სიტუაცია შეიქმნა.

- წინასწარ მინდა ვთქვა და დაგეთანხმოთ იმაში, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა გააკეთა განცხადება, მაგრამ მთვარი ეს არ არის, მთვარი ის გახლავთ, რომ ამ განცხადებაში უდავოდ სწორი შეფასება მიეცა ცხინვალში მიღებული გადაწყვეტილებებს ახლა რაშია საქმე?

როგორც მე ამიხსნეს, ვლადიკავკაზის შეხვედრის შემდეგ ლუდვიგ ჩიბიროვს და მის მომხრეებს, ესე იგი ქართველთა და ოსთა შერიგების მომხრეებს მძიმე ბრძოლის გატანა მოუხდათ, აუცილებელი გახდა მათი პოზიციის გამაგრება ორგანიზაციულად და სტრუქტურულად. მაგრამ ამასთან ერთად. ისიც მინდა ვთქვა: მე ძალიან კარგად მესმის, რომ რადიკალები არიან ცხინვალში და რა თქმა უნდა არიან ისინი თბილისშიც.

მაგრამ მიღწეულ შეთანხმებათა უგულებელყოფა, თუნდაც ექსტრემალური სიტუაციის გამო, ქართველთა და ოსთა შერიგების პროცესს დააყოვნებს ან საერთოდ შეაჩერებს. ეს კი დაუშვებელია, ვლადიკავკაზის შეხვედრას ბევრმა ისტორიული უწოდა. სწორედ ამ შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ შევქმნიდით ოთხმხრივ დელეგაციას რეგიონის პოლიტიკური სტატუსის განსაზღვრასთან დაკავშირებით, ცხინვალში მიღებული გადაწყვეტილება საპრეზიდენტო მმართველობის შემოღებასთან დაკავშირებით სწორედ პოლიტიკური მოწყობის სფეროს განეკუთვნება.

ახლა რა გამოსავალია? გამოსავალი ის გახლავთ, რომ დაუყოვნებლივ დაიწყოს ოთხმხრივი დელეგაციის მუშაობა და რაც შეიძლება დინამიკურად მივუახლოვდეთ რეგიონის პოლიტიკური სტატუსის შესაძლო კონტურების ჩამოყალიბებას, აგრეთვე დავაჩქაროდ კონფლიქტის საბოლოო მოწესრიგებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების გადაწყვეტა, მათ შორის დევნილი მოსახლეობის დაბრუნების პროცესი. დარწმუნებული ვარ, რომ ლუდვიგ ჩიბიროვი ამ მოსაზრებებს გაიზიარებს. სწორედ ამ სულისკვეთებით მიმდინარეობდა ჩვენი საუბარი ვლადიკავკაზში მომხდართან დაკავშირებით მინდა განვაცხადო, რომ დგება ამ კონფლიქტის მოგვარების გადამწყვეტი ეტაპი. ეს ურთულესი პროცესია, აღსავსე წინააღმდეგობებითა და სირთულეებით, ამიტომ ჩვენი მოქმედებაც ისე უნდა იყოს გაანგარიშებული, რომ თანმიმდევრულად, ეტაპობრივად გადავლახოდ წინააღმდეგობანი და მზად ვიყოდ მივაღწიოთ საბოლოო მიზანს ურთიერთდათმობებისა და კომპრომისების გზით, მხოლოდ ასე შევძლებთ სასურველი საბოლოო მიზნის მიღწევას, რომელიც ჩემი წარმოდგენით, ძალიან შორს არ უნდა იყოს.

- გუშინ ჟურნალისტთა სოლიდარობის საერთაშორისო დღე იყო, გუშინვე ძალისმიერი სტრუქტურებისა და სასამართლო ორგანოების პირველმა პირებმა გააკეთეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც პრესის კანონის გათვალისწინებით ჟურნალისტების პროფესიული ეთიქკის დაცვისთვის მოუწოდებს. რით ახსნით ერთობლივი განცხადების ასეთ მკაცრ ტონს?

- ჯერ ერთი, მინდა ვთქვა, რომ თავისუფალ პრესას ვერავინ შეზღუდავს, თუკი იგი კანონის ფარგლებში მოქმედებს, ამასთან, მინდა იმასაც გავუსვა ხაზი, რომ ძალისმიერი სტრუქტურების შექმნა, მათი ჩამოყალიბება ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოებისათვის ერთ-ერთი ურთულესი პრობლემაა. ჩვენ საკუთარი გამოცდილებით დავრწმუნდით ამაში. დღეისათვის ძალისმიერმა უწყებებმა და სამართალდამცავმა ორგანოებმა საკმაოდ მაღალ კონდიციას მიაღწიეს. ასეთი დონის მიუღწევლად შეუძლებელი იქნებოდა ლაპარაკი კრიმინალთა კბილებამდე შეიარაღებული კლანების ალაგმვაზე, საზოგადოება კერძოდ, პრესა, ხელს უნდა უწყობდეს ყოველგვარი პოზიტიურის სტიმულირებას და რა თქმა უნდა, სათანადო რეაქციას ახდენდეს ნაკლოვანებებსა და შეცდომებზე, რომლებიც, სამწუხაროდ ცოტა როდია ამ ორგანოთა საქმმიანობაში.

ძალისმიერ უწყებათა ხელმძღვანელების განცხადება გულწრფელია და ნაკარნახევია სახელმწიფოს წინაშე მათი ხაზგასმული პასუხისმგებლობით.

ვფიქრობ მათი ასეთი რეაქცია, ძირითადად, იმით არის გამოწვეული, რომ აღმოჩნდა ამ უწყებათა შორის რაღაც დაპირისპირების ტენდენციები. უნდა გითხართ, რომ ზოგიერთი რამ, რაც დისკუსიის სახით ხდება ამ უწყებათა შორის, ჩვეულებრივი მოვლენაა. ეს სავსებით სწორად არის აღნიშნული განცხადებაში, რომელიც გამოქვეყნების შემდეგ წავიკითხე, არ უნდა ხდებოდეს იმის დრამატიზება, რომ მიმდინარეობს ჩვეულებრივი კამათი, ჩვეულებრივი დისკუსია, უწყებათა შორის, აი, ეს იყო, ალაბათ, ამ აქციის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი.

- პრესასთან, ჟურნალისიტებთან ურთიერთობის თემა არაერთხელ ყოფილა სხვადასხვა უწყების, კერძო პირების ყურადღების ცენტრში. ერთი მხრივ, ჟურნალისტებს გვაქვს პრეტენზია სხვადასხვა საკითხებთან, მათ შორის, იმასთან დაკავშირებით, რომ ჟურნალისტი დაუცველია. ნებისმიერი ადამიანიც და სტრუქტურაც, დაუცველია პრესასთან ურთიერთობაში. ერთადერთი, რამაც, ალბათ შეიძლება მოაწესრიგოს ეს და არ გახდეს მსჯელობის საგანი, იქნება კანონი პრესის შესახებ, რომელსაც ამდენი ხანია ველოდებით ჩვენც და ელოდება ჩვენი მკითხველიც, ელოდება ყველა ის ორგანიზაცია და კერძო პირი, რომელთა შესახებაც ჩვენ ვწერთ და ვაკეთებთ გადაცემებს...

- ეს კანონი ძალიან რთულია შესამუშავებლად ყველა ნიუანსის გათვალისწინებით და ვფიქრობ ეს მოკლე დროში უნდა დამთავრდეს. დარწმუნებული ვარ, პარლამენტი ამას განსაკუთებული გაუჭიანურებლად და დაუბრკოლებლად მიიღებს და ბევრი რამ გახდება რეგულირებადი, როცა ეს კანონი იხილავს მზის სინათლეს.

ჩემს პატარა გამოსვლაშიც უფრო მეტად ყურადღება იმაზეა აქცენტირებული, თუ რა არ უნდა ხდებოდეს, როცა ძალისმიერი სტრუქტურების მუშაობაზე ვლაპარაკობთ, მაგრამ ამასთანავე, ისიც უნდა ვთქვათ, რომ თუ დღეს ჩვენ გარკვეული კმაყოფილებით ვსაუბრობთ კრიმინალთა თარეშის ალაგმვასა და სხვა რამეზე, ისიც უნდა ვთქვათ, პრესამ და განსაკუთრებით ტელევიზიამ უნიკალური როლი შეასრულეს, ესე იგი, საზოგადოებრივი აზრის ჩამოუყალიბებლად იგი კი არ მოხდებოდა, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა აქტიური მონაწილეობის მიუღებლად. ეს წარმოუდგენელი იქნებოდა. ამიტომ ახალი ყურადღება ერთ მხარეზეა აქცენტირებული, მაგრამ არც ის უნდა დავივიწყოდ რაც გაკეთდა დადებითი ერთობლივი თანამშრომლობის თვალსაზრისით.

- ბოლო პერიოდში საინფორმაციო საშუალებათა ყურადღების ცენტრშია რუსეთის პრეზიდენტის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პერიპეტიები. გასულ კვირაში უკვე იყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბორის ელცინი სულ მალე ოპერაციას გაიკეთებს და რუსეთის წამყვანი კლინიკა ამისთვის უკვე ძალიან აქტიურად ემზადება..

- მოხდა ისე, რომ ბოლო წლების ცვლილებები მსოფლიო ხალხთა თანაცხოვრებაში, განსაკუთრებით კი და ეს უმთავრესია, ყოფილ საბჭოთა კავშირის ბაზაზე დამოუკიდებელი რუსეთის, სხვა სუვერენული სახელმწიფოების ჩამოყალიბება ბორის ელცინის სახელთან არის დაკავშირებული. რაც დრო გავა, მისი ეს ისტორიული მისია კიდევ უფრო დაფასდება. ამიტომაც, ბუნებრივია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მიმართ პირადად მე გულგრილი ვერ ვიქნები და რა თქმა უნდა, მე გამონაკლისი არა ვარ.

მჯერა მისი ზეადამინური ნებისყოფისა, მჯერა, რომ იგი გაუძლებს გამოცდას და ჩადგება მწყობრში ისეთივე, როგორც ყოველთვის - მშფოთვარე, უშიშარი, მიზანმიმართული ელცინი.

საქართველო უსურვებს მას სწრაფ გამოჯანმრთელებას.

- განვლილ კვირაში ეგვიპტის პრეზიდენტმა ჰოსნი მუბარაქმა ინიციატივით მიმართა მსოფლიოს. კერძოდ, იგი ეხებოდა ახალ სპეციალიზირებულ საერთაშორისო ორგანიზაციის შექმნას, რომელიც ტერორიზმის წინააღმდეგ იქნება მიმართული. პრინციპში, აქ გაუგებარი არაფერია იმ მხრივ, რომ სწორედ ეგვიპტის პრეზიდენტმა მიმართა და გამოიჩინა ასეთი ინიციატივა. თუმცა საქართველოს მხარე და ქართული პოლიტიკა უკვე კარგა ხანია ამაზე ლაპარაკობს იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ საკუთარ თავზე განვიცადეთ, თუ რას ნიშნავს ტერორიზმი და ის, რომ ტერორიზმთან ბრძოლის თანამედროვე ფორმები და მეთოდები მსოფლიოში სულაც არ არის საკმარისი, ისევე როგორც აგრესიულ სეპარატიზმთან ბრძოლის ფორმები და მეთოდები. გავიხსენოთ ამერიკაში ბოლო ოლიმპიადასთან დაკავშირებული ტერორისტული აქტი: აი, რაღაც მოხდება, შეიქმნება საზოგადოებრივი აზრი, ამაზე ილაპარაკებენ პოლიტიკოსები და თთქმის ყველაფერი ამით მთავრდება...

- ძალიან ყურადღებით გავეცანი ამ ინიციატივას, ეგვიპტის პრეზიდენტის ჰოსნი მუბარაქის ეს კარგი წამოწყება ძალზე საინტერესოა. ტერორიზმთან საბრძოლველად ახალი სპეციალიზებული საერთაშორისო ორგანიზაციის დაარსება ყოველმხრივ მისასალმებელია და მხარდასაჭერია. საქართველოს ტერორიზმის არაერთმა ტალღამ გადაუარა, მათ შორის აფხაზეთში ქართველთა გენოციდის მიზნით მოწყობილმა ორგანიზებულმა დახვრეტებმა. ტერორისტების მფარველობა, რომელ სახელმწიფოსაც უნდა ეხებოდეს ეს, ხალხთა თანაცხოვრების წესებთან შეუთავსებელი უნდა იყოს. მინდა გამოვთქვა რწმენა, რომ მსოფლიო საზოგადოებრიობა, გულგრილი არ დარჩება პრეზიდენტ მუბარაქის ინიციატივის მიმართ და ჩვენის მხრივ მზად ვართ ქალაქი თბილისი შევთავაზოთ ერთ-ერთ ასეთი რეგიონული ორგანიზაციის ცენტრად. და კიდევ ერთი თქვენ ამ მოვლენის პარალელურად ახსენეთ აგრესიული სეპარატიზმი, მე ვიტყოდი, რომ ეს მედლის ორივე მხარეა - ტერორიზმი და აგრესიული სეპარატიზმი ერთმანეთთან დაკავშირებული და გადაჯაჭვულია.

- ბოლო ორი კვირაა იმავე მასობრივი ინფორმაციის საშულებებით, იმავე რომელიმე ძალისმიერი სტრუქტურის მიერ გაკეთებულ განცხადებაში, კონკრეტული პირების, პოლიტიკოსების გამოსვლებში გამოითქმის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სექტემბერში საქართველოსათვის პოლიტიკურად ცხელი თვე იქნება.

- დღეს საქართველოს სახელმწიფოებრიობა სტაბილურობის ფაზაში შევიდა, ამას მსოფლიოში აღიარებენ მაგრამ ამასთანავე, გულუბრყვილობა იქნება, რომ ვიფიქროთ, რომ დესტრუქციული ძალები არ შეეცდებიან უკუღმა შეატრიალონ ისტორიის ჩარხი, ახლა ძნელია ითქვას სექტემბერში იქნება ეს თუ ოქტომბერში, პრინციპში ასეთი საფრთხე ასეთი საშიშროება, რეალურად არსებობს რა თქმა უნდა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე როგორც იტყვიან მრავალი უძილო ღამის გათენება მოგვიწევს. დღეს ყველა ჭეშმარიტი პატრიოტი და ყველა პატრიოტული პოლიტიკური ძალა უნდა გაერთიანდეს ქვეყნის სტაბილურობის, არა მარტო შენარჩუნების, არამედ შემდეგი განმტკიცებისთვისაც, არ შეიძლება ყურადღების მოდუნება, სტაბილურობის მიღწევას წლები დასჭირდა, მძიმე ბრძოლით და სისხლით აღსავსე წლები, ადვილად და მოკლე დროში დაიკარგება თუკი სახელმწიფო სტრუქტურები და მოსახლეობა კვალავაც შეთანხებულად არ იმოქმედებენ ქვეყნის კონსტიტუციურ მონაპოვართა განსამტკიცებლად და კანონის დასაცავად.

„დღეს ყველა ჭეშმარიტი პატრიოტი და ყველა პატრიოტული პოლიტიკური ძალა უნდა გაერთიანდეს ქვეყნის სტაბილურობის არა მარტო შენარჩუნების, არამედ შემდგომი განმტკიცებისთვისაც“ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 10 სექტემბერი. - 182(2296). - 1,2 გვ.

88 საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციას. ჟურნალისტთა ორგანიზაციებს. ყველა ჟურნალისტს!

▲ზევით დაბრუნება


მისალმება

გულითადად გილოცავთ პროფესიულ დღესასწაულს - ჟურნალისტთა საერთაშორისო დღეს.

მჯერა, რომ თქვენი ობიექტური სიტყვით, ჟურნალისტთა საერთაშორისო კოდექსის უზენაეს პრინციპებზე დაფუძნებული საქმიანობით ხელს შეუწყობთ დამოუკიდებელი დემოკრატიული საქართველოს აღმშენებლობას.

გისურვებთ დიდ შემოქმედებით წარმატებებს.

საქართველოს პრეზიდენტი
ედუარდ შევარდნაძე

მისალმება : საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციას. ჟურნალისტთა ორგანიზაციებს. ყველა ჟურნალისტს! // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 10 სექტემბერი. - 182(2296). - 1 გვ.

89 „როგორც ცხინვალის, განსაკუთრებით კი აფხაზთა ლიდერები, სრულიად უგულებელყოფენ მხარეთა შორის მთავარ შუამავალს - რუსეთის ხელისუფლებას“

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 16 სექტემბრის რადიოინტერვიუ

- გასული ეკონომიკური კვირა ბევრი საინტერესო მოვლენით აღინიშნა. ევრობანკის დელეგაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოსთან ურთიერთობის გაგრძელების აუცილებლობა. გაიხსენა „შავი ზღვის საერთაშორისო ბანკი“ და ბოლოს მთავრობის სხდომაზე, რომლის ძირითადი თემა ზამთრისთვის მზადება იყო, მთავარი ყურადღება, კვლავ ენერგეტიკის პრობლემებს დაეთმო. პრინციპში, მთლად უიმედო პოზიცია ენერგეტიკოსებს არც შარშან და შარშანწინ ჰქონიათ, თუმცა ქვეყანამ უმძიმესი ზამთარი გადაიტანა...

ჟურნალისტ ნატო ონიანის ამ შეკითხვის პასუხად საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ თავის ტრადიციულ რადიოინტერვიუში განაცხადა:

- დამოუკიდებელ სახელმწიფოთა ჩამოყალიბების რთულ გზაზე საქართველოში უმოკლეს პერიოდში მიღწეული პოლიტიკური, ეკონომიკური და ფინანსური სტაბილიზაციის შედეგების მსოფლიო აღიარების დადასტურებაა ის ფაქტიც, რომ ჩვენთან საქმიან ურთიერთობას სულ უფრო მეტად ესწრაფვიან უცხო ქვეყნების, საერთაშორისო სტრუქტურებისა თუ კერძო ბიზნესის წარმომადგენლები. ქვეყნის პოტენციური შესაძლებლობანი დღითიდღე რეალობად იქცევა, ხელმისაწვდომი ხდება, ნებისმიერი ერთობლივი პროექტის განხორციელება, ყოველდღიურად ჯანსაღდება ინვესტიციური კლიმატი საკმარისია გავიხსენოთ თუნდაც ის, რომ აგვისტოში ინფლაციის ტემპმა 0.02 პროცენტი შეადგინა, წლის დამდეგიდან კი საშუალოდ თვეში 1,3 პროცენტი გამოვიდა. ეს ძალიან სტაბილური და ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნებისთვისაც სავსებით მისაღები მაჩენებელია.

საგულისხმოა საბანკო ქვეყნად საქართველოს გადაქცევის პერსპექტივის პრაქტიკული რეალიზაციის პირველი ნიშნებიც. ლაპარაკია განვლილ კვირაში თბილისში საბერძნეთის ბანკის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა და გაერთიანებული ქართული ბანკის მიერ შავი ზღვის საერთაშორისო ბანკის „საქართველოს“ ერთობლივ დაფუძნებაზე, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის დამხარებით გაიხსნა, ბანკის შექმნამ სათავე უნდა დაუდოს, მსოფლიო საბანკო სისტემაში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის გაძლიერებას, როგორც ევროპის რეკონსტრქუციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენელმა ბატონმა დევიდ ჰექსტარმა პრეზიდენტთან შეხვედრაზე აღნიშნა, ბანკის საფინანსო სექტორის ეს პირველი პროექტი საქართველოს მნიშვნელოვანი ეკონომიკური წინსვლის ნიშანია, ყოველივე ამისათვის ხელსაყრელი ფონის შექმნა ჩვენში წარმატებით მიმდინარე ახალი საბანკო სისტემის, საჭირო სამართლებლივი და საკანონმდებლო ბაზის ჩამოყალიბების პროცესმა, განხორციელებულმა საბანკო რეფორმამ, განაპირობა.

რეგიონში ეფექტიანი საინვესტიციო პოლიტიკის განსახორციელებლად ევრობანკს სამომავლოდ ნავარაუდევი აქვს საინვესტიციო კავკასიური ფონდის შექმნა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება. ასევე მნიშვნელოვანია ქართული კომერციული ბანკებისთვის საკრედიტო ხაზების გახსნის პროექტი. ასეთი პროექტი არსებობს და როცა ეს ხაზი გაიხსნება, ჩემი აზრით, ეს ჩვენი ბიზნესისათვის ძალიან დიდი დახმარების მომასწავებელი იქნება.

ახლად დაფუძნებული ბანკის საქმიანობაში მონაწილოებით დაინტერესდა საქართველოში უკვე კარგად ცნობილი ფირმა „მარტინ ბაუერი“ რომელმაც უკვე გადაწყვიტა შეიძინოს საწესდებო კაპიტალის 25 პროცენტი. ჩვენში უკვე მოქმედი ფირმების საქმიანობის შედეგები საქართველოში ინვესტიციების დაბანდების მოსურნე ბიზნესმენებისათვის ერთგვარ ნიშანსვეტს წარმოადგენს. ამდენად, ერთი მხრივ, ყურადღებას საჭიროებს ფირმა „მარტინ ბაუერის“ სამომავლო გეგმები, გაერთიანებულ ქართულ ბანკთან ურთიერთობის, აგრეთვე ჩაისა და სხვა პროდუქტების წარმოებასთან დაკავშირებულ ახალი პროექტების განხორციელებაში. მეორე მხრივ, კი მიზანშეწონილია წარმოქმნილი, პრობლემების გასაჭრელად დროულად იქნეს მიღებული მისთვის ეკონომიკურად გამართლებული მხარდაჭერის ხელშემწყობი გადაწყვეტილებანი, რაც პრეზიდენტთან ფირმის ხელმძღვანელობის შეხვედრისას აღინიშნა და გადაწყვეტილებაც მიღებულია.

ენერგეტიკის სფეროში ერთობლივი პროექტების განხორციელებით დაინტერესებას გამოხატავს ამერიკული ნავთობკომპანია „ჰაუ-ბეიკერი“ საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კომპანიასთან ერთად შესაძლებელი გახდება ნავთობგადამამაუშავებელი ქარხნებისა და ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა ან რეაბილიტაცია, ნავთობისა და გაზის ძიება და მოპოვება, უფრო დიდი მასშტაბით მათი ტრანსპორტირებისათვის საჭირო კომუნიკაციების მშენებლობა და ექსპლოატაცია და სხვა მრავალი.

ქვეყნის სათბობ-ენერგეტიკის კომპლექსის სადღეისო პრობლემათაგან და დღეს სწორედ ამ ერთ საკითხს გამოვყოფდი ეკონომიკური ბლოკიდან, განსაკუთრებული სახელმწიფოებრივ მნიშვნელობის ამოცანაა ხელისუფლების ყოველდღიური ზრუნვა შემოდგომა-ზამთრის პერიოდისათვის სისტემის დარგების შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველსაყოფად, ეს კიდევ ერთხელ ხაზგასმით და მთელი პროპორციულობით აღნიშნა განვლილ კვირაში გამართულ მთავრობის სხდომაზე, ფინანსური რესურსების მწვავე ნაკლებობის გამო ზამთრის სეზონისათვის მზადების ჯერ კიდევ არასკმარისი ტემპების დასაჩქარებლად შემუშავებული ღონისძიებები აისახა პრეზიდენტის სპეციალური ბრძანებულების პროექტში. შემუშავდა, როგორც ჩვენ ამას დავარქვით, გამოზამთრების საპრეზიდენტო პროგრამა.

ვაგრძელებ საუბარს გამოზამთრებასთან დაკავშირებულ საკითხებზე და ხაზს ვუსვამ იმას, რომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს, მთიან რაიონებს. ამის შესახებ იყო ძალიან პრინციპული საუბარი, განისაზღვრა იმ პროდუქციის მოცულობა, რომლებიც აუცილებელია მთიან რაიონებში შესატანად. უკვე გადაწყვეტილია ღონისძიებათა მთელი კომპლექსი, ლაპარაკია ფქვილისა და საჭირო სურსათის შემოტანაზე. ამ პასუხსაგებ საქმეს კოორდინაციას უწევს სურსათისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ჩემი განკარგულებით შეღავათიან ფასებში გამოიყო შესაბამისი მოცულობის ფქვილი და სხვა პროდუქტები.

რადიომსმენელებს ასევე მინდა ვაცნობო, რომ დღეს ხელი მოვაწერე განკარგულებას ლტოლვილებისათვის, რომლებსაც დღეს ყველაზე მეტად უჭირთ, ათასი ტონა ფქვილისა და 200 ტონა მცენარეული ზეთის გამოყოფის შესახებ. ეს დახმარება თითქმის უფასოა, მომხმარებელი გადაიხდის მხოლოდ ტრანსპორტირებასთან დაკავშირებულ სიმბოლურ ფასს და მომავალში ლტოლვილების დახმარება ამით არ ამოიწურება. დარწმუნებული ვარ სახელმწიფოს კიდევ გამოუჩნდება რესურსები. ეს კურსი გაგრძელდება.

დასასრულ, კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი: თუ გვინდა ნორმალურად გამოვიზამთროდ, სათბობ-ენერგეტიკული სისტემის ობიექტები ზამთრისთვის მოვამზადოთ. ამის უპირველესი პირობა მოხმარებული ელექტოენერგიის საფასურის გადახდაა. მინდა ასევე შევეხმიანო ყველა მოქალაქეს, ყველა საწარმოს, რომ შემუშავებულია გადასახადის მინიმალური დონე, დადგენილი შესაბამისი მოცულობანი რაიონების, ქალაქების, მხარეებისათვის და მთელი პასუხისმგებლობა ამ სამუშაოთა შესასრულებლად ეკისრებათ პირველ პირებს მხარეებში, რაიონებსა და ქალაქებში.

ვიმეორებ, თუ ჩვენ შევძლებთ გარდატეხა შევიტანოთ მოხმარებული ენერგიის საფასურის გადახდის საქმეში, მაშინ ზამთარი ნორმალურად ჩაივლის და ქვეყანაც ნორმალურად იცხოვრებს.

- ხვალ თბილისს ეწვევა ყაზახეთის დელეგაცია პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევის მეთაურობით. ეს ვიზიტი საქართველოში მხოლოდ ორ ქგვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობის მოწესრიგებას არ გულისხმობს. ნაზარბაევი ის ფიგურაა, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის საერთოდ კავკასიური კონფლიქტების მოწესრიგების საქმეში. გვახსოვს თანამეგობრობის მასშტაბით სახელმწიფოთა მეთაურების დონეზე გამართული შეხვედრები, რომლებზეც ნაზარბაევი გარკვეული ინიციატივებით გამოდიოდა ხოლმე...

- ხვალ იწყება საქართველოში ყაზახეთის პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევის ვიზიტი. ეს უდავოდ დიდი მოვლენაა ჩენს ცხოვრებაში. ორი დამოუკიდებელი სახელმწიფოს ახალ ურთიერთობას ამ ორი წლის წინათ ჩაეყარა საფუძველი ყაზახეთის დედაქალაქში ჩემი სტუმრობის დროს, მაშინ ჩვენ ხელი მოვაწერეთ 20-ზე მეტ ხელშეკრულებას. ახალა სამართლებლივი ბაზა კიდევ 15 დოკუმენტით გამდიდრდება, ყაზახეთი გახდება ჩვენი პარტნიორი ევრაზიის დერეფნის განვითარებაში. სხვათა შორის, ევრაზიის სივრცის ჩამოყალიბების შესახებ მნიშვნელოვანი გახმაურებული ინიციატივა ნურსულთან ნაზარბაევისა გახლდათ. ევრაზიის დერეფანი, რომელზეც ჩვენ ასე ბევრს ვლაპარაკობთ, და არცთუ უსაფუძვლოდ, სწორედ იმ ინიციატივის ხორცშესხმის მნიშვნელოვანი ელემენტია. ჩვენ ბევრი საერთო ინტერესები გვაქვს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში, სხვადასხვა რეგიონულ თუ საერთაშორისო ორგანიზაციებში.

ცნობილია, რომ პრეზიდენტი ნაზარბაევი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერია და თანმიმდევრულად იბრძვის აგრესიული სეპარატიზმის ყოველგვარი გამოვლინების წინააღმდეგ.

ეჭვი არ მეპარება რომ ჩვენი ხალხი, ყაზახეთის პრეზიდენტს შეხვდება, როგორც საქართველოს ნაცად მეგობარს.

- 22 სექტემბერს აჭარაში არჩევნების დღეა. გუშინ გამოქვეყნდა თქვენი განკარგულება იმის შესახებ, რომ აჭარის არჩევნების ანგარიშზე 200 ათასი ლარი ჩაირიცხა..

- როგორც ცნობილია, კარგა ხანია აჭარაში არ მოქმედებს საკანონმდებლო ორგანო. რა თქმა უნდა, ეს გარკვეული გარემოებებით იყო განპირობებული, ახალი უმაღლესი საბჭოს არჩევა უდავოდ წინ გადაგმული ნაბიჯი იქნება ავტონომიურ რესპუბლიკაში და საერთოდ საქართველოში მართვის დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრების გზაზე. არაერთხელ მითქვამს, თუ რა მნიშვნელობა აქვს ამ რეგიონში მიღწეულ სტაბილურობას, ეკონომიკის და კულტურის განვითარებას არამარტო აჭარის არამედ მთელი საქართველოსთვისაც, ეს უაღრესად ხელსაყრელი ფონია თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისათვის. ეჭვი არ მეპარება, რომ ეს უაღრესად მნიშვნელოვანი პოლიტიკური კამპანია წარმატებით ჩაივლის.

- ამ ბოლო ხანს, შეიძლება ითქვას, გააქტიურდა რუსეთის პრესა და ტელევიზია საქართველოსთან დაკავშირებით, კერძოდ ამ შემთხვევაში ვგულისხმობ გაზეთ „სეგოდნიაში“ გამოქვეყნებულ წერილს, რომელმაც, რბილად რომ ვთქვათ, გაუგებრობა გამოიწვია საქართველოში..

- მინდა დაგეთანხმოთ, რუსეთის პრესა მართლაცდა ბევრს წერს საქართველოზე. პრინციპში მადლობის მეტი რა გვეთქმის და ამაში გასაკვირიც არაფერი იქნებოდა, მკითხველისათვის ცალკეული გაზეთების მიერ მოწოდებულ ინფორმაციებში შხამის მეტისმეტად დიდი დოზები რომ არ იყოს გამოყენებული. ბევრი პუბლიკაცია თავისი პათოსითა და შინაარსითაც სახელმწიფოთა ურთიერთობის ეთიკის ელემენტარულ ნორმებს სცილდება, ასეთი ტონით საკუთარი ქვეყნის ყველაზე ღრმა პროვინციაზეც აღარ წერენ ახლა ჩენს დროში. ეტყობა ძველი სენისაგან განკურნება არა მარტო პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებსაც უჭირთ.

ამავე დროს, როგორც აქტიურმა და დაინტერესებულამა მკითხველმა, ისიც უნდა ვთქვა, რომ რუსული პრესა და ტელევიზია თავისი პროფესიული დონით მსოფლიო მასშტაბის უმაღლეს სტანდარტებს შეესაბამება.

მით უფრო საწყენია ცალკეული გამოხდომები, რომელთაც საერთო არაფერი აქვს ჭეშმარიტებასთან.

- რუსეთის ხელისუფლების ერთ-ერთმა, ალბათ, ყველაზე საინტერესო წარმომადგენელმა ამას წინათ შეშფოთება გამოთქვა ცხინვალის რეგიონში, ბოლო ხანს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. იგულისმება ბოტლო პეროდის გადაწყვეტილებები...

- დიახ, მართლაც ასეა. ანატოლი ჩუბაისმა გამოხატა თავისი შეშფოთება, როგორც პრესასთან შეხვედრის დროს, ასევე ჩემთან სატელეფონო საუბარში. ჩვენ ვისაუბრეთ აფხაზეთის კონფლიტსა დ ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგების დღევანდელ მდგომარეობაზე და გარკვეულ პრესპეტქივებზეც.

მე არაერთხელ აღმინიშნავს, ის დადებითი როლი, რომელიც რუსეთის სამშვიდობო ძალებმა შეასრულეს ცხინვალის რეგიონში უაზრო სისხლისღვრის შეწყვეტის საქმეში. ვილაპარაკე დაგომისის და მოსკოვის შეხვედრების მნიშვნელობაზე, რომლებიც პრეზიდენტ ელცინის ინიციატივით გაიმართა. ამსთანავე, არ დავმალავ და პირადად ვიტყვი, რომ ყველაზე მეტად. რაც მე მაწუხებს და ალბათ, არა მარტო მე, მთელ ამ ურთულეს პროცესში, ის არის, რომ როგორც ცხინვალის, განსაკუთრებით აფხაზთა ლოდერები, სრულიად უგულებელყოფენ მხარეთა შორის მთავარ შუამავალს - რუსეთის ხელისუფლებას.

აბა გავადევნოთ თვალი 1992 წლიდან აფხაზეთში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებს. მოსკოვის 1992 წლის 3 სექტემბრის შეთანხმება. ასე ვიტყოდი ყველა მხარისათვის იდეალური იყო. ამ ხელშეკრულების დაცვის გარანტი სწორედ რუსეთი გახლდათ. ყველას გვახსოვს როგორ მუხანათურად დაირღვა ეს შეთანხმება. ეს რომ არ მომხდარიყო და მოლაპარაკების ის შედეგი განხორცილებულიყო, კავკასია და მთელი რუსეთი ჩეჩნეთის ტრაგედიასაც აიცდენდა. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. ამის შედეგი იყო კიდევ სამი შეთანხმება ისევ რუსეთის შუამავლობით და ბუნებრივია მისი გარანტიებით სულ ყველა ფარატინა ქაღალდათ იქცა და შემდეგი ის ტრაგედია, რომელიც აფხაზეთში დატრიალდა. ამ რამდენიმე თვის წინათ მოსკოვში ხელმოწერილ მემორანდუმზე, რომელიც ყველა მხარის მიერ იყო პარაფირებული. გუდაუთელებმა მეორე დღესვე თქვეს უარი.

მოსკოვის და ვლადიკავკაზის შეთანხმებათა ხელმოწერისას ქართულ-ოსურ კონფლიქტთან დაკავშირებით ჩვენ სწორედ რუსეთის გარანტიებს ვეყრდნობოდით.

ყველაფერი ეს მით უფრო გაუგებარია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს რეჟიმები თითქმის მთლიანად რუსეთის კმაყოფაზე იყვნენ და არიან. სხვა წყარო მათ არ გააჩნიათ, მათ შორის შეიარაღებაც.

საქართველო და რუსეთი როგორც ორი ქვეყნის პრეზიდენტები შევთანხმდით, სტრატეგიული მოკავშირეები არიან, ჩვენ ახლაც ამ პოზიციას ვადგავართ. მაგრამ, თუ ეს ასეა, მაშინ მოქმედებისა და რეაგირებისათვის პასუხისმგებლობის წესებიც შესაბამისი უნდა იყოს, მით უმეტეს, რომ ჩვენ მოვითხოვთ მხოლოდ იმას, რაც საერთაშორისო სამართლის ნორმებია და 14 - ჯერ არის აღიარებული უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით, ევროთათბირის უმაღლესი დონის რეზოლუციით და თანამეგობრობის ქვეყნების მეთაურთა განცხადებებით.

ხომ არ გამოდის ისე, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, რომელიც გარკვეულად გაურბის აფხაზეთში ეთნიკური წმენდის და გენოციდის პირდაპირ აღიარებას, პირდაპირ შეფასებას, აგრეთვე შუამავლები, ნებსით თუ უნებლიეთ, მხარს უჭერენ აფხაზ სეპარატისტებს ქართველთა გენოციდის შედეგების დაკანონებაში? პრაქტიკულად ეს ასეა. ეს უდავოდ მწარე სიტყვებია, მაგრამ სინამდვილე კიდევ უფრო მწარეა.

მოლაპარაკება კვლავ გრძელდება. კერძოდ, ამ დღეებში გაგრძელდება გალშიც. ცოტაც უნდა მოვიცადოთ, ცოტაც უნდა მოვითმინოთ და შემდეგ მივიღოთ ის გადაწყვეტილებები, რომელიც დროის და მომენტის შესაფერისი იქნება.

- და ბოლოს გასული კვირა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში. პრემიერებით გახსნეს სეზონი რუსთაველისა და კინომსახიობთა თეატრებმა. საქართველომ დიდი ლადო გუდიაშვილის 100 წლისთავი იზეიმა. მინდა გაგახსენოთ მხატვრის ქალიშვილის სიტყვები „დღეს, როცა საქართველოს ცრემლი სდის, ლადო გუდიაშვილის იუბილეს გადახდა დიდი საქმეა“

- საქართველოში კულტურული ცხოვრება მართლაც დიდი აღმავლობით მიმდინარეობს. ჯერ კიდევ დაუძლეველი ეკონომიკური და ფინასური სიძნელეების მიუხედავად. ხელისუფლება, ჩვენი ხალხი ყველაფერს აკეთებენ ხელოვნების ცნობილ მოღვაწეთა უდიდესი ღვაწლის დასაფასებლად და სწორედ ამ კონტექსტით აღინიშნა დიდი ლადო გუდიაშვილის 100 წლისთავის იუბილე და ძალიან სახოვნად და კარგად ილაპარაკა ამის შესახებ მისმა ქალიშვილმა.

თეატრალური, მუსიკალური სეზონის ასეთი ტრიუმფით დაწყებაც იმას მიგვანიშნებს, რომ სახელმწიფომ და კულტურის მოღვაწეებმა, საქართველოს მოქალაქეებმა შეუძლებელი გააკეთეს ქართული კულტურის გადასარჩენად. ალბათ, სიხარულის ცრემლის მომგვრელია ხალხით გაჭედილი თეატრალური თუ საკონცერტო დარბაზები. როგორც მე მაქვს წარმოდგენილი, კულტურული ცხოვრება თავის უმაღლეს დონეს მიაღწევს.

მინდა მჯეროდეს და ღრმად მჯერა ის, რომ XXI საუკუნეში საქართველო შეაბიჯებს უკვე მსოფლიოში ცნობილი და აღიარებული ქართული კულტურის ბრწყინვალებით.

„როგორც ცხინვალის, განსაკუთრებით კი აფხაზთა ლიდერები, სრულიად უგულებელყოფენ მხარეთა შორის მთავარ შუამავალს - რუსეთის ხელისუფლებას“ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 17 სექტემბერი. - 187(2300). - 1,2 გვ.

90 „სოხუმის დაცემის დღე - 27 სექტემბერი უნდა იქცეს სიკეთის, დაღუპულთა ხსოვნის, ძმობის, მეგობრობის, თანადგომისა და იმედის დღედ, რადგან აფხაზეთის ტრაგედია აღელვებს და სტკივა სრულიად საქართველოს“

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 23 სექტემბრის რადიოინტერვიუ

გასული კვირის უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო საქართველოში ყაზახეთის პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევის ვიზიტი. ხელმოწერილია მრავალი შეთანხმება და ხელშეკრულება, ძირითადად ეკონომიკური ხასიათისა. ვიზიტის ერთ-ერთი ცენტრალური თემა კომუნიკაციები იყო, როგორც პრესკონფერენციაზე ითქვა, საუბარი შეეხო თენგიზის საბადოებსაც. განვლილი ეკონომიკური კვირა რამდენადმე საინტერესო მომენტით აღინიშნა, მათ შორის როგორც ხელისუფლების, ასევე მთელი საზოგადოებრიობის განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია რთველი. ამასთან დაკავშირებით გამოვიდა პრეზიდენტის განკარგულება ალბათ, ისიც უნდა ითქვას, რომ ზაფხულის შუა რიცხვებში თქვენ თათბირზე ქართულ ღვინოებთან დაკავშირებით აღნისნეთ, ქართულმა ღვინომ თავისი პრესტიჟი უნდა დაიბრუნოსო. ახლა ქართული ღვინო ნელ-ნელა იბრუნებს დაკარგულ ავტორიტეტსა და პრესტიჟს. ალბათ, ესეც შეუწყობს ხელს საქართველოში მევენახეობის განვითარებასა და მისადმი ყურადღებას...

ჟურნალისტ ნატო ონიანის ამ შეკითხვის პასუხად საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ თავის ტრადიციულ რადიოინტერვიუში განაცხადა:

- განვლილ კვირაში ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური ცხოვრების უმთავრეს მოვლენას მართლაც წარმოადგენდა საქართველოში ყაზახეთის პრეზიდენტის ბატონ ნურსულთან ნაზარბაევის ვიზიტი.

ორი ქვეყნის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების, ძველ ურთიერთობათა აღდგენისა და ახლის ფორმირების ამ მეტად ხელსაყრელი პროცესის განახლებას (უკვე დამოუკიდებელ სახელმწიფოთა რანგში) სამი წლის წინათ ყაზახეთში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის დროს ჩაეყარა საფუძველი მაშინ ხელი მოვაწერეთ 20-ზე მეტ ხელშეკრულებას.

ამჯერად პრეზიდენტებმა ხელი მოვაწერეთ ერთობლივ კომუნიკეს, საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკის დეკლარაციას ეკონომიკურ შეთანხმებათა შესახებ, აგეთვე შეთანხმებებს ინვესტიციათა წახალისებისა და ურთიერთდაცვის, საწარმოო კოოპერაციის, ტრანზიტის წესის შესახებ და სხვა.

ამ ხელშეკრულებებით შექმნილი ვრცელი სამართლებლივი ბაზა, დამოკიდებელი, საბაზრო ურთიერთობის ჩამოყალიბების შედეგები, ეკონომიკური პარტნიორობის შეძენილი დიდი გამოცდილება, როგორც ერთ, ისე მეორე ქვეყანას საშუალებას აძლევს უფრო მასშტაბურად გაიაზრონ ახალ პირობებში ურთიერთობის სამომავლო გეგმები.

ეს პერსპექტივა უკავშირდება კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონების მჭიდრო კავშირურთიერთობის საფუძველზე საერთო ეკონომიკური სივრცის შექმნას. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობისა და შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის მონაწილე ქვეყნებისა და კასპიისპირეთის სახელმწიფოების მჭიდრო თანამშრომლობის მიზანშეწონილობას, საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში ორმხრივი ურთიერთობის მნიშვნელობას და საერთოდ, მსოფლიო მეურნეობის ინტეგრაციულ პროცესებში ჩართვას.

ყოველივე ზემოდაღნიშნულის განხორციელების ეკონომიკურ ღერძს წარმოადგენს ევრაზიის დერეფნის ამოქმედება. იმას, რომ ყაზახეთი მზად არის, მონაწილეობა მიიღოს ამ პროექტის განხორციელებაში, ადასტურებს მისი სურვილი შეუერთდეს საქართველოს, აზერბაიჯანის, თურქმენეთისა და უზბეკეთის ოთხმხრივ შეთანხმებას სატრანსპორტო დერეფინით ტვირთზიდვის რეგულირების სფეროში, მართლაც ძნელია გადაჭარბებით შეაფასო ამ გადაწყვეტილებების მნიშვნელობა. რა თქმა უნდა, არის კონკურენცია, მაგრამ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. ყველა სახელმწიფოს სურს რომ ჰქონდეს პარალელური მაგისტრალები და ვარიანტები გარე სამყაროსთან ურთიერთობისათვის.

ყაზახეთის ძალიან დიდი ეკონომიკური პოტენციალისა და ბუნებრივი რესურსებით მდიდარი ქვეყანაა, რაც საქართველოსათვის, მასთან ურთიერთობის მრავალმხრივი დაინტერესების საფუძველს ქმნის. რა თქმა უნდა, საქართველოსაც აქვს ბევრი ისეთი სახეობის პროდუქცია, რომელიც ყაზახეთს სჭირდება, ლითონის მილები, ნაგლინი, სხვა მეტალურგიული თუ ქიმიური პროდუქცია და ა.შ ასე რომ, საკომუნიკაციო დარგების გარდა, როგორც ჩვენს, ისე ყაზახ მეწარმეებს საკმაოდ დიდი არჩევანი აქვთ ორივე ქვეყნის ეკონომიკაში კაპიტალის დასაბანდებლად, რაზეც საკმაოდ დასაბუთებულად ილაპარაკა პრეზიდენტმა ნაზარბაევმა აქ გამართულ პრესკონფერენციაზე, ასე რომ პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევის ვიზიტი უაღრესად ნაყოფიერი იყო და საეტაპო მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყების ურთიერთობაში.

შემდეგი საკითხი ძალიან მოკლედ, ბიუჯეტთან არის დაკავშირებული. სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლის ჩამოყალიბებაში, აგვისტოში წარმოქმილ სირთულეთა შემდეგ, მდგომარეობის ერთგვარი გაუმჯობესება შეიმჩნევა. კერძოდ, საგადასახადო ინპექცის ოპერატიული მონაცემებით, 20 სექტემბრისათის მათი აკრეფილი საგადასახადო შემოსავალი 16 მილიონ ლარს შეადგენს. თვის ბოლომდე მოსალოდნელი შემოსავლის გათვალისწინებით ვარაუდობენ სექტემბრის საგეგმო დავალებათა შესრულებას წლის დამდეგიდან მიღებული შემოსავალი 175 მილიონ ლარს აღემატება. რაც (გთხოვთ ამას მიაქციოთ ყურადღება) მთელი 1995 წლის შემოსავალს მარტო ერთი თვის განმავლობაში 44 მილიონი ლარით ჭარბობს.

საბაჟო დეპარტამენტის სისტემიდან თვის დამდეგიდან 20 სექტემბრის ჩათვლით მიღებულია 3, 5 მილიონი ლარი საბიუჯეტო შემოსავალი, ხოლო მთლიანად წლის დამდეგიდან - 41 მილიონზე მეტი ლარი, საბაჟო დეპარტამენტიც ასევე იმედოვნებს თავის გეგმის შესრულებას. ამასთანავე, კვლავ გაძნელებულია შემოსავლის ჩარიცხვა ცენტრალური ბიუჯეტის ანგარიშზე - 19 სექტემბრისათვის ცენტრალურ ბიუჯეტში მობილიზებულია თვის გემის მხოლოდ 40 პროცენტი. მივმართავ რეგიონების ხელმძღვანელებს, რაიონების და ქალაქების მეთაურებს, სასწრაფოდ მიიღონ ზომები. ნუ დაგვავიწყდება, რომ 9 თვის შედეგები შეჯამდება და ყველა რაიონი, ყველა ქალაქი და მხარე სათანადო შეფასებას მიიღებს.

განსაკუთრებული ძალისხმევაა საჭირო წლის დამლევამდე, წარმოების ზრდის საპრეზიდენტო პროგრამით გათვალისწინებულ პარამეტრებზე გასვლის უზრუნველსაყოფად, რვა თვის შედეგებით, ელექტროენერგეტიკისა და პურპროდუქტების საწარმოების გარდა, რომლებიც გარკვეული სპეციფიკით ხასიათდებიან, სამრეწველო პროდუქციის წარმოების ზრდის ტემპი 122 პროცენტს აღწევს. ეს რა თქმა უნდა, ძალიან მაღალი მაჩვენებელია, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ იგი ზღვარი არ არის, რეზერვები ძალიან დიდია და სერიოზულად უნდა ვემზადოთ, მრეწველობაშიც ზამთრის სეზონის წარმატებით ჩატარებისათვის.

და კიდევ როგორც ცნობილია: სახელმწიფომ გამოძებნა საკრედიტო რესურსი ყურძნის შესასყიდად. ყოველი თეთრი დანიშნულებისამებრ უნდა იქნას გამოყენებული. თუ ასე იქნება. მევენახეობა-მეღვინეობის განვთარებას მძლავრი სტიმული მიეცემა და ეს დარგი, როგორც მთავრობის სხდომაზე ავღნიშნე, გადარჩება, მისი ავტორიტეტიც და პრესტჟიც აღსდგება.

ახლა საარსებო მნიშვნელიბა აქვს მოსავლის აღებას, რა თქმა უნდა, იგულისხმება, რთველი, საშემოდგომო ხვნა-თესვის სამუშაოთა დაჩქარებას. მომავალი წლის უხვ მოსავალს სწორედ ახალ ეყრება საფუძველი. საერთოდ სოფლის მეურნეობას და გადამამუშავებელ მრეწველობას გაცილებით მეტი ყურადღება უნდა დაუთმონ სახელმწიფომ და ყველა მოქალაქემ, სწორედ ამაზე გვექნება საუბარი თვის დამლევს რესპუბლიკურ შეხვედრაზე, რომელიც აგრარული პოლიტიკის კონცეფციას შეიმუშავებს.

- გუშინ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში არჩევნები გაიმართა. იმის მიუხედავად რომ საერთაშორისო ორგანიზაციებმა გარკვეული უკმაყოფილება გამოთქვეს (ისინი არჩევნებზე მეთვალყურეებად არ დაუშვეს) თავისთავად ამ არჩევნების გამართვის ფაქტი ძალზე მნიშვნელოვანია, გვახსოვს ერთხელ გადაიდო აჭარაში არჩევნები...

- აჭარაში გამართული არჩევნები იმას მიუთითებს, რომ საქართველოს ამ ძირძველმა მხარემ, დედა-სამშობლოსთან ერთად, მაგრამ ნგრევის და ქაოსის განუცდელად გაიარა განვითარების ერთი ეტაპი. გუშინ, გვიან ღამით, ველაპარაკე ბატონ ასლან აბაშიძეს. მივიღე ინფორმაცია, რომ თავსხმა წვიმის მიუხედავად, ამომრჩეველთა აქტიურობა უაღრესად მაღალი იყო -80-85 პროცენტი, შეიძლება მეტიც. ეს, ალბათ, გვიან ღამით დაზუსტდებოდა რა თქმა უნდა, არც შედეგებში მეპარება ეჭვი. სასიხარულოა, რომ არჩევნების დღისათვის შუახევის რაიონში აამოქმედეს მცირე ჰესი რომლის სიმძლავრე 4 მეგავატზე მეტია. ეს ძალიან კარგი მაგალითია ყველა რეგიონისა და ყველა რაიონისათვის. მივესალმები ყველა სასიკეთო მოვლენას, რომლითაც არაერთხელ გავუხარებივართ ყველა ქართველისთვის უძვირფასეს და სათუთად საყვარელ აჭარას.

- გასული კვირის ყურადღების ცენტრში იყო აფხაზეთსა და ცხინვალში მოსალოდნელი არჩევნების თემა, ამ თემას შეეხო პრესკონფერენციაზე და თქვენთან შეხვედრაზეც ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მისიის წარმომადგენელი. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ეს არჩევნები კანონიერად არ ჩაითვლება...

- მე დღეს მინდა სწორედ რამდენიმე სიტყვა ვთქვა აფხაზეთის საპარლამენტო არჩევნებზე.

აფხაზეთში საპარლამენტო არჩევნების გამართვა ცეცცხლზე ნავთის დასხმაა და გაანგარიშებულია ქართველთა გენოციდის სამართლებრივი დამკვიდრებისათვის. ესე იგი სამშვიდობო პროცესის სრული ჩაშლისათვის. ამასთან დაკავშირებით რამდენიმე სიტყვა მინდა ვთქვა ცეცხლის შეწყვეტის მნიშვნელობაზე. რა თქმა უნდა, ეს თავისთავად მისასალმებელია და ამ თემაზე დღეს რუსეთის გარკვეულ წრეებში განსაკუთრებით ამახვილებენ ყურადღებას, და ზოგიერთი რამ უნდა განვმარტო.

აფხაზეთის პირობებში, ამ მოვლენას, ესე იგი ცეცხლის შეწყვეტას, ორი შედეგი შეიძლება მოჰყვეს. პირველი: კონფლიქტის პოლიტიკური მოწესრიგება, სწორედ ამისათვის იყო გაანგარიშებული ჩვენი პოზიცია და ჩვენი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ და მეორე: ქართველთა გენოციდის დაკანონება და ამ პროცესის გაგრძელება აქ დარჩენილ ქართველ მოქალაქეთა მიმართ.

ჯერჯერობით დრო კი ბევრი გავიდა. საქმე გვაქვს მეორე შედეგთან. სიმართლის თქმამ მტკივნეული რეაქცია არ უნდა გამოიწვიოს არც რუსეთში, არც საქართველოში, რადგან ჭეშმარიტების მიფუჩეჩებამ, როცა მილიონობით ადამიანის იმედგაცრუებამ და სასოწარკვეათამ ყოველგვარ ზღვარს გადააბიჯა. შეიძლება ტრაგიკული შედეგები მოგვიტანოს.

როგორც წინა ინტერვიუში მოგახსენეთ, ჩვენ რუსეთთან სტარტეგიული მოკავშირეობის პოზიციას ვადგავართ, ამ დიდი ქვეყანას კვლავაც აქვს შანსი შეასრულოს თავისი ისტორიული სამშვიდობო მისია, მაგრამ ამისთვის აუცილებელია, სულ ცოტა, არა მარტო სიტყვით. არამედ საქმით და უფრო მეტად საქმით, განიხილოს აფხაზეთი საქართველო შემადგენელ ნაწილად, შეწყვიტოს ყოველგვარი ურთიერთობა სეპარატისტულ რეჟიმთან, საშუამავლო მისიის გარდა და ამ რეგიონის ყველა მცხოვრები ჩაითვალოს უცხო ქვეყნის მოქალაქეებად, აქედან გამომდინარე ყველა შედეგით, გარწმუნებთ, თუ ეს ასე მოხდება, მაშინ სეპარატისტები ვერ უგულებელყოფენ ისეთ ავტორიტეტულ შუამავავალს, როგორიც რუსეთია და კიდევ ერთი: არჩევნები აფხაზეთში დემოკრატია და დემოკრატიაზე ზრუნვა კი არა, პოლიტიკური სადიზმია, ეს იქნება სეპარატისტული რეჟმის საბოლოო პოლიტიკური გაკოტრება მშობლიური კერებიდან გამოდევნო მოსახლეობის უმრავლესობა და ამ ფონზე გამართო ის მასკარადი - სწორედ ზემოდ მინიშნებულ დასკვნას ადასტურებს. ამავე დროს ასეთი არჩევნების შემდეგ, ერთადერთ ლეგიტიმურ ორგანოდ დარჩება აფხაზეთი უმაღლესი საბჭოს ის ნაწილი, რომელიც დღეს თბილისშია, ეს ნამდვილი არჩევნები იყო მაშინ და იგი ერთადერთ ლეგიტიმურ ორგანოდ დარჩება.

- თქვენ ბრძანეთ, რომ სიმართლის თქმა არ უნდა იწვევდეს რაღაც რეაქციას. სხვათა შორის, უკვე რუსულ პრესაში ჩანს პუბლიკაციები, სადაც პირდაპირ აღიარებენ, თუ როგორ მონაწილებობდნენ რუსეთის ძალები საქართველოს წინააღმდეგ აფხაზეთის ომში. „ნეზავისიმაია გაზეტაში“ დაიბეჭდა გენერალ კონონოვის წერილი, იმ გენერლისა, რომელიც ქართველების წინააღმდეგ ომში მონაწილეობდა. ასე რომ, რუსულ პრესაში ფაქტები თავისთავად მეტყველებს და თან ისეთი მაღალი დონიდან, როგორიც გენერალ-მაიორის წოდებაა..

- ეს წერილი, რომელიც ახსენეთ, წავიკითხე, ისე როგორც თითქმის ყველა საყურადღებო მასალა, რომლებსაც ეს გაზეთი აქვეყნებს, ეს თემა მეტად მტკივნეულია საქართველოსთვისაც და რუსეთისთვისაც, მაგრამ მაინც უნდა ითქვას, უაღრესადსაინტერესო და მე ვიტყოდი, ვაჟკაცურიც, აღიარება გენერალ-მაიორ ივანე კონონოვისა, რომელიც „ნეზავისიამაიაში“ გამოქვეყნდა. ეს წერილი იმის ღირსია, რომ ყველამ წაიკითხოს რუსეთშიც და საქართველოშიც. ეს გენერალი ერთადერთი არ არის, რომელიც აფხაზეთის კონფლიტში იქ დისლოცირებული სამხედრო ნაწილების, აგრეთვე რუსეთიდან დაძრული ათასობით, მოქალაქე-ბოევიკის მონაწილეობის ხარისხსა და მასშტაბზე მიუთითებს, სწორედ ასეთმა მასობრივმა შემოსევამ, მოძმეთა ღალატთან ერთად, განაპირობა სოხუმის და საერთოდ, აფხაზეთის ტრაგედია დღეს ამ მოვლენას ანგარიშწორებისათვის როდი ვიხსენებთ, ვიხსენებთ იმისათვის, რომ ორთავე ქვეყანამ, რუსეთმაც და საქართველომაც ყველაფერი ვიღონოდ წარსულის შავი ლაქების ჩამოსარეცხად, აფხაზეთში სამართლიანობის ზეიმისა და ორ სახელმწიფოს შორის, ახალი ჭეშმარიტად მეგობრული და გულწრფელი ურთიერთობის მშენებლობისათვის.

- 21 სექტემბერს დაიწყო აფხაზეთის დღეები - კვირეული, რომლის დევიზია აფხაზეთის დაბრუნება და საქართველოს ერთიანობა. გამოქვეყნდა თქვენი განკარგულება, რომ 27 სექტემებრი გამოცხადდეს „ხსოვნისა და იმედის“ დღედ. ქართულ ფსიქოლოგიაში ალბათ რაღაც უნდა შეიცვალოს, ორი უკიდურესობაა - ან გაუთავებელი გლოვა ან რაც იყო, იმის დავიწყება. ჩვენს მეზობელ ერს, ებრაელებს, რომლებთანაც დიდი ხნის ურთიერთობა გვაკავშირებს, აქვთ შესანიშნავი ჩვეულება: მათ ყოველთვის ახსოვთ არა მარტო გამარჯვების, არამედ დამარცხების დღეებიც. ალბათ, ყველა ქართველს უნდა ახსოვდეს სოხუმის დაცემის დღე, რადგან იგი ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია საქართველოს ისტორიაში.

- გუშინ ხელი მოვაწერე განკარგულებას საქართველოში 1996 წლის 27 სექტემებერს „ხსოვნისა და იმედის“ დღის აღნიშვნისა და მოწყობის ღონისძიებათა შესახებ - სწორედ ასე „ხსოვნა და იმედი“.

კონფლიქტი აფხაზეთში, სამი წლის წინათ სოხუმის დაცემა, მოუშუშებელ იარად იქცა ქართველებისა და აფხაზებისათვის. საქართველოში მცხოვრები ყველა ხალხისათვის.

სრულიად საქართველოს, მის თითოეულ მოქალაქეს უნდა ახსოვდეს აფხაზეთის ტარეგდია როგორც უგუნურების, ქვეყნისა და თანამოძმის ღალატის შედეგი.

სოხუმის დაცემის დღე 27 სექტემბერი ძმათაკვლის, უნდობლობის და გაუტანლობის საპირისპიროდ უნდა იქცეს სიკეთის, დაღუპულთა ხსოვნის, ძმობის, მეგობრობის, თანადგომისა და იმედის დღედ, რადგან აფხაზეთის ტრაგედია აღელვებს და სტკივა სრულიად საქართველოს.

აქედან გამომდინარე ყოველმხრივ დავუჭირე მხარი საქართველოს საპატრიარქოს, ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს და მინისტრთა საბჭოს, მოქალაქეთა კავშირის, თბილისის მერიის, აჭარის სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების, პრეზიდენტის სამხარეო რწმუნებულების წინადადებებს 1996 წლის 27 სექტემბერს საქართველოში „ხსოვნისა და იმედის“ დღის აღნიშნვის შესახებ თანდართული პროგრამის მიხედვით, რომელიც ეცნობება საზოგადოებრიობას.

1996 წლის 27 სექტემბერს თბილისში საფუძველი ჩაეყრება საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის, ტერიტორიული მთლიანობის და სამოქალაქო ომში დაღუპულთა ხსოვნის მემორიალს.

თბილისის მერია, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები აფხაზეთის ავტონომიკური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსა და მინისტრთა საბჭოსთან ერთად უზრუნველყოფენ საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში, სახელმწიფო დაწესებულებებში, სასწავლებლებში. ლტოლვილთა განსახლების ადგილებში შეხვედრებს, სხვადასხვა ღონისძიებებს, რომლებიც უწინარესად დაღუპულთა ხსოვნისათვის პატივის მიგებას მიეძღვნება.

საქართველოს განათლების სამინისტროს დაევალა, რომ 27 სექტემბერს ქვეყნის ყველა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში პირველი გაკვეთილები და ლექციები მიუძღვნან თემას „გახსოვდეს აფხაზეთი“.

და კიდევ ერთი: შეიქმნება მთავრობის კომისია აფხაზეთის ტრაგედიის მსხერპლთა დიდი წიგნისა და „აფხაზეთის თეთრი წიგნის“ მოსამზადებლად და გამოსაცემად.

ამას გარდა, რაიონები, ქალაქები გეგმავენ კიდევ სხვა ღონისძიებებს, რომელთა შესახებაც ჩვენი ტელევიზია ამცნობს საქართველოს მოსახლეობას.

- და ბოლოს გუშინ თქვენ „დინამოს“ სპორტულ კომპლექსს ეწვიეთ, შეხვდით გუნდის შემადგენლობას, თავისთავად პრეზიდენტისგან ასეთი გამორჩეული ყურადღება იმის მიმანიშნებელია, რომ ქართველი სპორტსმენების პირობები გაუმჯობესდება.

- თავად მე მინდოდა დინამოსთან შეხვედრა, მაგრამ გუშინდელი შეხვედრა სიმბოლურად იმასაც ნიშნავს, რომ ჩვენმა ქვეყანამ სპორტის განვითარებისთვის ზრუნვა სახელმწიფოებრივ რანგში უნდა აიყვანოს. ნგრევისა და ქაოსის პირობებ- ში ამაზე ლაპარაკი შეუძლებელი იყო. ახლა ფეხზე ვდგებით ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი ერის სულიერი და ფიზიკური სიჯანსაღეა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახელმწიფოებრივი პოლიტიკა სპორტის სფეროში ახალგაზრდობისათვის, რომლის ერთმა ნაწილმა ვერ გაუძლო ცხოვრების სასტიკ გამოცდას და საზოგადოებაში მიმდინარე ნეგატიური პროცესების მორევში აღმოჩნდა, სპორტი უებარი მკურნალია. სპორტი სახელმწიფოებივი საქმეა, სპორტი ქვეყნის სადარბაზო ბარათია, ჩვენი ერის სახეა საერთაშორისო ასპარეზზე. მჯერა. რომ ჩვენი ახალგაზრდობა დიდი ენთუზიაზმით ჩაებმება ეროვნულ-სპორტულ მოძრაობაში, ხოლო ჩვენ, უფროსი თაობის წარმომადგენლები, ყოველმხრივ შევუწყობთ ხელს, მათ ამ, კეთილშობილურ და პატრიოტულ შემართებას.

„სოხუმის დაცემის დღე - 27 სექტემბერი უნდა იქცეს სიკეთის, დაღუპულთა ხსოვნის, ძმობის, მეგობრობის, თანადგომისა და იმედის დღედ, რადგან აფხაზეთის ტრაგედია აღელვებს და სტკივა სრულიად საქართველოს“ / ედუარდ შევარდნაძე ; [ჩაიწერა] ნატო ონიანი // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 24 სექტემბერი. - 192 (2305). - 1,2 გვ.

91 ბატონ ასლან აბაშიძეს

▲ზევით დაბრუნება


მილოცვა

დიდი სიამოვნებით და სიხარულით შევიტყვე, რომ დღეს შუახევის რაიონში ექსპლოატაციაში შევა ოთხი მეგავატის სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური.

გილოცავთ თქვენ და შუახევის რაიონის მოსახლეობას ამ წარმატებას, რაც კარგი საჩუქარია აჭარის უზენაესი საბჭოს არჩევნების დღისათვის.

ედუარდ შევარდნაძე
20.09.96 წელი
ბათუმი

მილოცვა : ბატონ ასლან აბაშიძეს / ედუარდ შევარდნაძე ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 24 სექტემბერი. - 192 (2305). -2 გვ.

92 შავიზღვისპირეთის ძველი ისტორიის და არქეოლოგიის მერვე საერთაშორისო სიმპოზიუმის მონაწილეებს

▲ზევით დაბრუნება


მისალმება

ქალბატონებო და ბატონებო,

ნება მიბოძეთ გულითადად მოგესალმოთ და იმედი გამოვთქვა, რომ საქართველოში, თბილისსა და ვანში, თქვენი შეხვედრები, სამეცნიერო პაექრობანი და კოლხური ოქრომჭედლობის იმ ნიმუშების გაცნობა, რომელიც ვანშია მოძიებული, დაგაახლოვებთ არა მარტო საქართველოს წარსულთან, არამედ მის დღევანდელობასთანაც.

შავიზღვისპირეთის ძველი ისტორიისა და არქეოლოგიის სიმპოზიუმების ჩატარების იდეა ქართველ არქეოლოგებს სამოცდაათიან წლებში დაებადათ. მაშინ მე საქართველოს ხელმძღვანელი გახლდით და უყოყმანოდ დავუჭირე მხარი მეცნიერების ამ ინიციატივას, რადგან უკვე მაშინვე იგრძნობოდა შავიზღვისპირეთის ხალხებისა და სახელმწიფოების კულტურულ-ეკონომიკური დაახლოების აუცილებლობა და ისიც, რომ ისტორიულ ფენომენს აქ თავისი როლი უნდა შეესრულებინა.

თავდაპირველად ეს სიმპოზიუმები უფრო ვიწრო მასშტაბით ეწყობოდა, მაგრამ დღეს უკვე დიდ საერთაშორისო ფორუმად გადაიქცა, რომელშიც მსოფლიოს თვალსაჩინო მეცნიერები მონაწილეობენ, რაც მარტო საქართველოს ისტორიული წარსულის მნიშვნელობას კი არ უსვამს ხაზს, არამედ დღევანდელი საქართველოს მეცნიერულ და პოლიტიკურ ავტორიტეტსაც.

ჩვენ დიდად ვაფასებთ ასეთ დამოკიდებულებას, დიდად ვაფასებთ იმასაც, რომ თქვენი სიმპოზიუმები იმართებოდა მაშინაც კი, როდესაც ჩვენს ქვეყანას ძალზე უჭირდა. თქვენ მაშინაც ჩვენთან იყავით.

დიდი მადლობა ყოველივე ამისათვის.

ეს მხოლოდ განსახილველ საკითხთა მეცნიერულ ღირსებებზე არ მეტყველებს, არც მხოლოდ იმაზე, რომ თქვენ ქართველ მეცნიერებს უდგახართ გვერდით მათ მეცნიერულ თავგანწირვაში, არც მხოლოდ იმაზე, რომ თქვენ ამ მცდელობით დემოკრატიული საქართველოს მშენებლობას უჭერთ მხარს, არამედ ყოველივე თქვენთაგანის პიროვნულ და მეცნიერულ ღირსებებზე.

მერვე საერთაშორისო სიმპოზიუმი ემთხვევა ვანში არქეოლოგიური გათხრების ასი წლისთავს. პირველდამწყები ამ გათხრებისა ჩვენი დიდი მეცნიერი და დიდი მოქალაქე ექვთიმე თაყაიშვილი გახლდათ. საქართველოს თანამედროვე ისტორიის მართლაც ლეგენდარული და უწმინდესი პიროვნება. ქართველი მეცნიერები სწორედ მის კვალს ადგანან და მე მინდა მათაც დიდი მადლობა ვუთხრა, რადგან მათ შეუძლებელი შეძლეს.

თქვენ თვალნათლივ ნახავთ მათი მუშაობის შედეგებს თბილისის სახელმწიფო მუზეუმსა, ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში და ფოთის კოლხეთის ისტორიულ-არქეოლოგიური მუზეუმის ახალ გამოფენაზე, რომელიც სიმპოზიუმის დღეებში გაიხსნება, იმ წიგნებსა და მოხსენებებში, რომლებშიც აისახა ეს შედეგები.

იმედია, აქ ბევრი რამ იქნება თქვენთვის საინტერესო.

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოს უძველეს მიწაზე, გისურვებთ ახალ მეცნიერულ აღმოჩენებს და იმედია, საქართველოში გატარებული ეს დღეები შთამბეჭდავ მოგონებად დაგრჩებათ.

პატივისცემით,
ედუარდ შევარდნაძე.

მისალმება : შავიზღვისპირეთის ძველი ისტორიის და არქეოლოგიის მერვე საერთაშორისო სიმპოზიუმის მონაწილეებს / ედუარდ შევარდნაძე ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 24 სექტემბერი. - 192 (2305). -2 გვ.

93 საქართველოს პრეზიდენტის განცხადება

▲ზევით დაბრუნება


24 სექტემბერს ნიუ-იორკში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შტაბ-ბინაში, საზეიმო ვითარებაში ხელმოსაწერად გაიხსნა ხელშეკრულება ბირთვული გამოცდების სრული აკრძალვის შესახებ. ხელშეკრულებას პირველებმა მოაწერეს ხელი ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან - პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა, რუსეთის ფედერაციის მხრიდან - საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი პრიმაკოვმა, დოკუმენტს რომელიც სამუდამოდ კრძალავს ბირთვულ გამოცდებს, მხარი დაუჭირა აგრეთვე, საქართველომ.

ამასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ გააკეთა განცხადება.

„ცივი ომის“ დამთვრებასთან ერთად მნიშვნელოვნად შემცირდა ბირთვული კატასტროფის შესაძლებლობა, კაცობრიობა იმედით შეჰყურებს 21-ე საუკუნეს, რომელიც ბირთვული იარაღისგან გათავისუფლების საუკუნე გახდება.

დღეს საქართველო ხელს აწერს ბივრთული აფეთქების აკრძალვის ხელშეკრულებას, მჯერა, რომ ამ ხელშეკრულების ამოქმედებით შეიქმნება კიდევ ერთი მძლავრი გარანტია ჩვენ პლანეტაზე მშვიდობის დამკვიდრების პროცესისა, რამაც ბივრთული იარაღის და გაუვრცელებლობასა და მის სრულ მოსპობამდე უნდა მიგვიყვანოს.

მეამაყება, რომ თავის დროზე, „ცივი ომის“ დამთავრებისათვის ბრძოლის პარალელურად, ჩემს კოლეგებთან, თანამოაზრეებთან, პარტნიორებთან ერთად, ძალღონეს არ ვიშურებდი ატომური იარაღის გამოცდების აკრძალვისათვის, ამ იარაღის სრული განადგურებისათვის და ბირთვულ აფეთქებათა წინააღმდეგ მსოფლიო საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისათვის.

საქართველოს, კავკასიის ხალხებს ისევე, როგორც მთელს მსოფლიოს, ჰაერივით სჭირდებათ მშვიდობა, რათა დაიძლიოს სიღატაკე, შიმშილი, აგრესიული სეპარატიზმი, ტერორიზმი, ეკოლოგიური დეგრადაციის საფრთხე, უფრო დიდი მასშტაბებით განვითარდეს აღმშენებლობისა და კეთილდღეობის ზრდის შეუქცევადი პროცესი. ბირთვულ იარაღზე უარის თქმა აღნიშნულ პრობლემათა გადაჭრის აუცილებელი პირობაა და მისასალმებელია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ამ მიმართულებით სერიოზულ ნაბიჯს დგამს.

ედუარდ შევარდნაძე.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადება // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 26 სექტემბერი. - 194(2307). - 1 გვ.

94 „მსოფლიო მოიცლის იმისათვის, რომ ბოლო მოეღოს ცხელ წერტილებს ჩვენი პლანეტის სხვადასხვა რეგიონში, მოიცლის იმისათვის, რომ აღიკვეთოს აგრესიული სეპარატიზმი...“

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 30 სექტემბრის რადიოინტერვიუ

განვლილი კვირა შეიძლება ითქვას, აფხაზეთის კვირა იყო. დღევანდელ რადიოინტერვიუში ამ თემას ჩვენ კვლავ დავუბრუნდებით. ერთი ფრაზა მინდა შეგახსენოთ, რომელიც სოხუმის დაცემის მეორე დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ბრძანეთ: გარკვეული პირების პოლიტიკური ამბიციების მიუხედავად, საქართველო მაინც გაერთიანდება, შეძლებს ტერიტორიული პრობლემების გადაწყვეტას და ეკონომიკურად წელში გაიმართება. მაშინაც კი, ალბათ, საქართველოსათვის უმძიმეს წუთებში, ეს ფრაზა განსაკუთრებულად ხაზგასმულად იყო ნათქვამი, მართლაც შეიძლება ითქვას, ბოლო სამ წელიწადში გარკვეული და განსაკუთრებული ძვრები შეიმჩნევა ეკონომიკის სფეროში, ამ სამ წელიწადში ძალიან ბევრი რამ შეიცვალა, თუნდაც ის, რომ შემოვიღეთ ეროვნული ვალუტა - ლარი, რომელიც ერთი წლისა გახდა. მის ხანმოკლე ბიოგრაფიას ყველაზე მეტად ერთი სიტყვა შეეფერება - სტაბილურობა. განვლილ კვირაში გაიმართა მთავრობის გაფართოებული სხდომა, რომელზეც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დევნილი მოსახლეობისა და ომის დროს დაზარალებულთა სოციალურ დაცვას.

კიდევ ერთი: განვლილ კვირაში იყო აგერთვე აგრარული პოლიტიკის ეროვნული საბჭოს გაფართოებული სხდომა - თუ შეიძლება მოკლედ მოგვახსენეთ გასული ეკონომიკური კვირის შესახებ...

ჟურნალისტ ნატო ონიანის თხოვნით, ამ თემაზე საუბრით დაიწყო საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის ტრადიციული რადიოინტერვიუ. პრეზიდენტმა განაცხადა:

- გეთანხმებით რომ ყველაზე ძნელ დღეებში, კრიზისულად მწვავე საათებში, როგორც იტყვიან, განისაზღვრა საქართველოს სახელმწიფოს პრიორიტეტი, ეკონომიკური განვითარების, სწრაფი აღმავლობის კურსი. მას შემდეგ, რაც ეს ითქვა, დიდი დრო არ გასულა, მაგრამ საქართველოს სახელმწიფო არ ღალატობს თავის ამ კურსს და ვფიქრობ, დღეს არავის აღარ ეპარება ეჭვი, რომ გადაწყვეტილება სწორი იყო.

ერთი წელიწადი გავიდა მას შემდეგ, რაც ეროვნული ვალუტა შემოვიღეთ და უნდა ვთქვა, რომ ეს ქვეყნის განვითარების მართლაც უმნიშვნელოვანესი ეტაპია. განსაკუთრებით ეს ერთი წელიწადი. მთავარი კი ის გახლავთ, რომ ჩვენ ვირწმუნეთ საკუთარი ძალები, ვირწმუნეთ, რომ ქვეყანა გამოვიდა კრიზისიდან და ამაში ყოველდღიურად ვრწმუნდებით, რაც შეეხება ეკონომიკურ სტაბილურობას, ჩემი აზრით, ამაშიც საბოლოოდ დარწმუნდა ყველა მოქალაქე და ქვეყნის სიძლიერე ერთიანობის გარანტი გახდება. თუ ეს საფუძველი არ არსებობს, მაშინ ძალიან ძნელია ილაპარაკო ქვეყნის წინაშე მდგომი პოლიტიკური ამოცანების გადაწყვეტაზე და უწინარესად, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და მის შენარჩუნებაზე.

კრიზისიდან გამოსვლის რთული პროცესის დღევანდელ პირობებში რეფორმების შემდგომი დაჩქარებისა და გაღრმავების ხელშეწყობა თანაბრად აუცილებელია და საარსებო მნიშვნელობა აქვს ეკონომიკის ნებისმიერ სფეროსა და სექტორისათვის, სწორედ ეკონომიკის პრიორიტეტულობიდან გამომდინარე.

ამასთანავე, როცა ქვეყანაში მოსახლოების სურსათით უზრუნველყოფის საკითხები ჯერ კიდევ პრობლემატურია და ეს ის ქვეყანაა, რომელსაც უმდიდრესი აგრარული სამეურნეო ტრადიციები, გამოცდილება და შესაძლებლობანი აქვს, ძნელია არ აღიარო სასოფლო-სამეურნეო წარმოების ასევე გადამწყვეტი როლი როგორც კრიზისიდან გამოსვლის ეტაპზე, ასე სამომავლოდაც. სხვათა შორის, თქვენ მიერ ნახსენებ სხდომაზე მე ვთქვი, რომ, თუ ვიმსჯელებთ, რომელი სფეროა უფრო მნიშვნელოვანი ქვეყნის თავდაცვა თუ სურსათის რესურსების შექმნა, მე მათ ერთ დაფაზე დავაყენებდი. სურსათით ქვეყნის უზრუნველყოფის გარეშე ლაპარაკიც ზედმეტია თავდაცვისუნარიანობაზე, სამხედრო პოტენციალზე, თუნდაც შეიარაღებული ძალების უნარიანობაზე. აფხაზეთის ომმა ეს კარგად დაგვანახა; ქვეყანამ, რომელიც უძლური და უსუსური იყო, ვერ გაუძლო ამ მწარე გამოცდას.

ამ საკითხების განხილვას მიეძღვნა სწორედ განვლილ კვირაში პრეზიდენტის ბრძანებულებით ახლახან შექმნილი საქართველოს აგრარული პოლიტიკის ეროვნული საბჭოს პირველი სხდომა, რომლის მუშაობაშიც ქვეყნის საზოგადოებრიობის, ხელისუფლების, დარგის მუშაკთა, ფერმერთა, კერძო მეწარმეთა ფართო წარმომადგენლობასთან ერთად მონაწილეობდნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიებისა და საერთაშრისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, მათ ბევრი რამ საინტერესო მოისმინეს.

სხდომაზე წარმოდგენილი 10-15 წლის პერიოდისათვის გამიზნული აგრარული რეფორმის კონცეფცია მიზანმიმართულ ორიენტირად უნდა იქცეს საქართველოს აგრარული პოტენციალის სრულად ამოქმედების, შრომის საერთაშორისო დანაწილებაში მისი რაციონალური ჩართვის პროცესში, თავისუფალი ბაზრის დახვეწის კვალობაზე ამ პროცესში სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ფუნქციათა ეფექტიანი შეთავსებისა და მონაცვლეობის რეალური უზრუნველყოფის საქმეში.

კონცეფციით დასახული ძირითადი მიზნების მისაღწევად საჭიროა შეიცვალოს საადგილმამულო ურთიერთობანი და განხორციელდეს მიწის რეფორმა, სასოფლო-სამეურნეო კოოპერაცია და აგროინდუსტრიული ინტეგრირება, რასაც სამართლებლივ ბაზას უქმნის სასოფლო-სამეურნეო კოოპერაცია და აგროინდუსტრიული ინტეგრირება, რასაც სამართლებლივ ბაზას უქმნის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების საკუთრებისა და იჯარის შესახებ მიღერბული კანონები და სხვა ნორმატიული აქტები. ამისთვის ხელსაყრელი გარემო უნდა შექმნას აგრეთვე სწორად განსაზღვრული საინვესტიციო და ტექნიკური, საბიუჯეტო, საკრედიტო, საგადასახადო პოლიტიკით, მართვის სრულყოფილი სისტემებით უზრუნველყოფამ.

საჯარო განხილვის შემდეგ პრეზიდენტისა და პარლამენტის მიერ მიღებული ამ კონცეფციის განხორციელება, ალბათ, თავისი მნიშვნელობით ეროვნული უშიშროების რანგში უნდა იყოს აყვანილი, როგორც ეს ზემოდ მოგახსენეთ. ამ სხდომაზე მე ვთქვი, რომ თვისებრივად შეიცვლა მდგომარეობა ჩვენი ცხოვრების ამ უაღესად მნიშვნელოვან სფეროში. ახლა უკვე ფაქტია, რომ საქართველოში მიწის მესაკუთრე გახდა მილიონზე მეტი ოჯახი. ესე იგი, ლამის მთელი საქართველო, გარდა მცირე გამონაკლისისა ასე თუ ისე, მიწის რეფორმასთან არის დაკავშირებული და სწორედ ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ამისათვის, რომ შეიქმნას სრულიად ახალი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა ახალი წყობისათვის, ამიტომ, ბუნებრივია ის ყურადღება, რომელსაც სახელმწიუფო უთმობს დღეს აგრარული სექტორის განვითარებას და იმ ადამიანთან ურთიერთობას, რომლებიც რეალურად გახდნენ, სახელმწიფოს ბურჯი. ესენი არიან მესაკუთრენი - ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი. ამასთანავე მინდა ვთქვა, რომ ამ საარსებო მნიშვნელობის სფეროში კონცეფტუალურ დებულებათა შემუშავებამ არ უნდა დაგვავიწყოს მიმდინარე ამოცანები სასწრაფო ღონისძიებებია მისაღები მოსავლის ასაღებად. ბევრ რაიონში საქმე კარგად არ არის ორგანიზებული, ზოგან კი არ ჩქაროებენ. მინდა მივმართო ყველა რადიომსმენელს, ვინც სოფლის მეურნეობასთან არის დაკავშირებული და მოვუწოდო დააჩქარონ საშემოდგომო ხვნა-თესვის ტემპი. დღეს ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა. მიმდინარე წლის რთული მეტეოროლოგიური და სხვა პირობები გვიკარნახებს, რომ მომავალი წლის მოსავალს ახლა, სწორედ შემოდგომაზე უნდა ჩაეყაროს საფუძველი.

შემდეგი საკითხი გახლავთ ის, რომ სოციალურ სფეროში, პრეზიდენტის საპროგრამო მოთხოვნების საფუძველზე, განვლილ კვირაში ჩვენ მივიღეთ ინვალიდთა სოციალური დაცვის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათის საბრძოლო მოქმედების დროს დაღუპულთა და უზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახის წევრების სამედიცინო და სოციალური რეაბილიტაციის სამწლიანი სახელმწიფო პროგრამა (1997-2000 წწ.).

იგი უმთავრესი სოციალური პრობლემების ინტენსიური გადაწყვეტის პირველი ცდაა. რაც მთავარია, ეს არის რეალური პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფილია როგორც ფინანსურად, ასევე კონკრეტული სამართლებლივი, ორგანიზაციული და სტრუქტურული ღონისძიებებით. რა თქმა უნდა, განსაკუთებით რთული იყო ამ პროგრამის ფინანსური უზრუნველყოფა, მაგრამ ჩვენი ყველასთვის ცნობილი ფინანსური სიძნელეების მიუხედავად, მაინც გამოინახა რესურსები იმისათის, რომ ეს სამწლიანი პროგრამა თავისი ფინანსებით იყოს გარანტირებული.

დიდი მნიშვნელობა აქვს რაიონებში, ქალაქებსა და მხარეებში ანალოგიური პროგრამების შემუშავებას. ეს გააფართოებს და შეავსებს ცენტრალური პროგრამით გათვალიწინებულ ღონისძიებათა წრეს, გაზრდის მისი დაფინანსებისათვის საჭირო სახსრების ოდენობას, ინვესტიციები ამ სფეროში, უმნიშვნელოვანეს სოციალურ ეფექტიანობასთან ერთად, საბოლოო ანგარიშით ამცირებს ამ მიზნებისთვის ხვალ გასაწევ ხარჯებს, რითაც სახელმწიფოს მომავალში აქტუალური სოციალური პოლიტიკის განხორციელების უფრო მეტი შესაძლებლობა ექნება.

საქართველოში სამართლიანი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების, დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპების დამკვიდრების კიდევ ერთ გამოვლინებად უნდა მივიჩნიოდ განვლილ კვირაში მთავრობის სხდომაზე „პროფესიული კავშირების შესახებ“ კანონპროექტის შემუშავება, რომელიც, რა თქმა უნდა, წარედგინება პარლამენტს და ბუნებრივია, იქ ზოგიერთი რამ კიდევ ერთხელ დაზუსტდება.

სამმხრივი თანამშრომლობის საყოვეთაოდ აღიარებული პრინციპების საფუძველზე ხელისუფლებას, სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებსა და მეწარმეებს შორის ურთიერთობის რეგულირებისა და დაბალანსების სოციალური პარტნიორების მექანიზმის ამოქმედებას ჩვენში სათავე დაუდო შარშან სახელმწიფო მეთაურის მიერ მიღებულმა ბრძანებულებებმა „სოციალური პარტნიორებისა და შრომითი გადაწყვეტის ურთიერთობის რეგულირების სამმხრივი კომისიის შექმნის შესახებ“ სწორედ ეს ბრძანებულებები გახდა, ასე ვთქვათ, ამ ახალი კანონპროექტის საფუძველი.

პროფესიულმა კავშირებმა, როგორც მასობრივმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ, სწორედ ამ მექანზიმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლის ფუნქცია უნდა შეასრულოს. და ბოლოს ერთი სასიამოვნო ცნობა. განვლილ კვირაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ დაამტკიცა გადაწყვეტილება საქართველოსთვის სტრუქტურულ გარდაქმნათა გაფართოებული დაფინასების მექანიზმის მეორე ტრანშის გამოყოფის თაობაზე. ეს არის დაახლოებით 40 მილიონი ამერიკული დოლარი, რომლის ჩათვლითაც აღნიშნული სახის ფინანსური დახმარება 1994 წლის დეკემბრიდან სულ 190 მილიონ დოლარს აღემატება. მთავარი კი მაინც ის გახლავთ, რომ ამ მხარდაჭერით საქართველოში მიმდინარე სტრუქტურული რეფორმების, ინფლაციის შეზღუდვისა და სავალუტო რეზერვების ზრდის, საბანკო სექტორის რეფორმისა და პრივატიზაციის სფეროში მიღწეულ შედეგებს დადებითი შეფასება ეძლევა საერთაშორისო დონეზე.ასეთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია თითქმის უყოყმანოდ თანხმდება ასეთ ფინანსურ და საკრედიტო ინექციებზე.

ამასთანავე მიღწეული ზრდის სწრაფი ტემპის მიუხედავად, ჩვენი მეგობრები კვალავაც ამახვილებენ ჩვენს ყურადღებას საგადასახადო შემოსავლის უფრო მეტად გადიდების საჭიროებაზე. ასეთი რეზერვები ჩვენთან რეალურად არსებობს.

მეტი ძალისხმევაა აგრეთვე საჭირო ენერგეტიკის სფეროში რეფორმების დასაჩქარებლად, გადასახადების გადახდევინების უზრუნველსაყოფად, ამ საკითხებზე კვლავ მკაცრი მსჯელობა გაიმართა განვლილ კვირაში მთავრობის სხდომაზე, პრინციპულად დაისვა სარემონტო სამუშაოთა დროულად დამთავრებისა და მოხმარებული ელექტოენერგიის საფასურის გადახდის საკითხი. ენერგეტიკის სამინისტროს დაევალა ადგილებზე გამსვლელი სხდომების მოწყობა (ეს ყველა რეგიონს უნდა შეეხოს) რის საფუძველზეც ერთი თვის განმავლობაში ადგილობრივ ხელმძღვანელობასთან ერთად, კონკრეტულად უნდა გადაწყდეს ყველა მოსაგვარებელი საკითხი.

ასეთია ჩემი ზოგიერთი მოსაზრება ამ ეტაპზე ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით.

- 27 სექტემბერს სოხუმის აღების სამი წელი შესრულდა, ეს დღე წელს აღინიშნა როგორც ხსოვნის და იმედის დღე. 26 სექტემბერს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საგანგებო სესიაზე თქვენ ბრძანეთ, რომ აფხაზეთი პრობლემის მოწესიგების პროცესში წრე ერთგვარდ შეიკრა და არის იმედი, რომ უმძიმეს სიტუაციას ბოლო მოეღება და აფხაზეთის კონფლიქტს საბოლოოდ დაესმევა წერტილი, თუმცა თითქმის ყველა გამოსვლაში, მათ შორის თქვენს გამოსვლაშიც აღინიშნა, რომ რუსეთის მონაწილეობის გარეშე, ეს შეუძლებელია. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული პოპულისტური გამონათქვამები ისმოდა, განსაკუთრებით ადრე ომის პერიოდში, და ისმის ახლაც, მაინც უნდა ითქვას, როცა ადამიანი სხვის შეცდომებზე ვერ სწავ;ლობს ცუდია, მაგრამ როცა საკუთარ შეცდომებზეც ვერ სწავლობს პოლიტიკოსი. ეს კიდევ უფრო ცუდია, რუსეთთან ურთიერთობამ ყველანი რაღაც დასკვამდე მიგვიყვანა...

- მე სწორედ ამ საკითხს გამოვყოფდი ახლა. დანარჩენი რაზეც იყო საუბარი ამ მნიშვნელოვან სესიაზე, ჩვენმა რადიომსმენელებმა და ტელემაყურებლებმა იციან პირდაპირი ტრანსლაციით. რუსეთთან ჩვენი განსაკუთრებული ურთიერთობის საფუძველი სტრატეგიული ინტერესების დამთხვევაა. როცა ცალმხრივი მოქმედების ან უმოქმედების შედეგად ირღვევა ინტერესთა ბალანსი, ბუნებრივია იწყება დისკუსია ურთიერთობათა ხასიათის შესახებ და ასეთი საკმაოდ ემოციური გამოსვლები სესიაზეც იყო და სხვადასხვა ხასიათის ღონისძიებებზეც, რომლებიც ამ დღეებში გაიმართა საქართველოში და თანაც არა მარტო ემოციური, არამედ საკმაოდ კარგად გააზრებული, კარგად მოფიქრებული გამოსვლებიც და წინადადებებიც.

უნდა ვთქვა, რომ ცეცხლზე ნავთი დაასხა ცნობამ აფხაზეთში უმაღლესი საბჭოს არჩევნების დანიშვნის შესახებ და ამ არაადეკვატურმა შეიძლება ასე ითქვას, წყალ-წყალა განცხადებამ, რომლითაც რუსეთი შემოიფარგლა ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. არჩევნების მოწყობა იმ პირობებში, როცა მოსახლოების ორი მესამედი გაძევებულია, ეს ხომ ეთნიკური წმენდის, გენოციდის დაკანონებას მოასწავებს?! და ჩვენ არ გვინდა, რომ რუსეთი წარმოვიდგინოთ როგორც ამ უდიდესი ბოროტების მონაწილე თუ თანამონაწილე.

ერთიც უნდა ითქვას, როგორც საქართველოში, ასევე უშიშროების საბჭოში და ევროპის უშიშროების სტრუქტურებში ეჭვი არავის ეპარებოდა და არც ახლა ეპარება, რომ რუსეთს შეეძლო, თავისუფლად შეეძლო, აფხააზეთის პრობლემის სამართლიანი გადაწყვეტა, რადგან ასეთი შედეგი მის ინტერესებსაც შეესაბამებოდა.

ახლა რა? ახლა მდგომარეობა უაღრესად რთულია, დრო კი გადაწყვეტილებათა მისაღებად კატასტოფულად მცირე და შეზღუდული ამას ემატება თვით რუსეთში პრეზიდენტის ავადმყოფობასთან დაკავშირებული დიდი პრობლემებიც. ესეც რეალურად უნდა გავითვალისწინოთ, გადაწყვეტილების მიღება იქ ახლა იოლი არ არის, მიუხედავად ამისა გამოსავალი მოსაძებნია ყველა შემთხვევაში. უაღრესად საინტერესო დიალოგი გაიმართა გენერალ სამსონოვთან, რომელიც თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილეა და თანამეგობრობის კოლექტიური უშიშროების სისტემაში წარმყვან როლს ასრულებს. რამდენიმე შეხვედრა ჰქონდა აქ, მოინახულა კონფლიქტის ზონები, შეხვდა სამშვიდობო ძალებს და ასე შემდეგ. ზოგიერთ რამეზე საუბარი შეიძლება ნაადრევი იყოს, ამიტომ მე მოვლენებს წინ არ გავუსწრებ. მთავარი კითხვა, რომელსაც ყველამ ერტა უნდა გავცეთ პასუხი. მაინც ის არის, თუ რა მოჰყვება ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღებას, როგორი იქნება პრაქტიკული შედეგი, რა თქმა უნდა იმაზე ყველა თანახმა ვართ, რომ შეცდომის დაშვების უფლება არა გვაქვს.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს გაფართოებული სესიის სხდომა, გადაუჭარბებლად ვიტყოდი, ვითარების ახლებურად გააზრების ეტაპს მოასწავებს. ახლებურ გააზრებასა და შესაძლო მოქმედებათა ვარიანტების შემუშავებას, რა თქმა უნდა, დრო სჭირდება. ეს დროც შეზღუდული იქნება. მაგრამ დრო აუცილებელია და იმასთან დაკავშირებით, რომ ხვალ პარლამენტში იწყება საპარლამენტო მოსმენა ამ პრობლემის გამო, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ პარლამენტი, რა თქმა უნდა, ბრძნულად, სახელმწიფოებრივად, წინდახედულად იმოქმედებს.

მე ზემოდ ვთქვი, ახლებური გააზრებაა საჭირო - მეთქი, ამ სესიაზე იყო საუბარი, ზოგიერთ მოსაზრებათა შესაძლო მოქმედებათა ვარიანტებზე. მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ვარიანტები გამითქვა. ამ მოსაზრებებს, რა თქმა უნდა, შესწავლა და ყოველმხრივ დამუშავება სჭირდება. ალბათ, ბევრი რამ კიდევ მოსაფიქრებელი იქნება, მჯერა, რომ პარლამენტის სხდომაზე ბევრი რამ ითქმება ისეთი, რომელიც სახელმწიფოებრივ პოლიტიკასთან იქნება დაკავშირებული ამ უაღრესად პასუხსაგებ ეტაპზე.

- განვლილ კვირაში თქვენ მაღალი შეფასება მიეცით შეთანხმებას ბირთვული იარაღის გამოცდის აკრძალვის შესახებ, რომელსაც რამდენიმე დიდმა სახელმწიფომ უკვე მოაწერა ხელი. შეიძლება ვინმეს ზედმეტათაც კი მოეჩვენოს დღეს ამ თემაზე საუბარი, მაგრამ ბირთვული იარაღის გამოცდის აკრძალვის გზაზე გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი, პრინციპში, ჩვენი მშვიდობიანი განვითარებისა და მშვიდობიანი მომავლის ერთ-ერთი გარანტიაა...

- ბირთვული იარაღის გამოცდის შეწყვეტა, მე უკვე ვთქვი ჩემს განცხადებაში,ამასთან დაკავშირებით, ეპოქალური მნიშვნელობის მოვლენაა. ეს გადაწყვეტილება ათეული წლების განმავლობაში მწიფდებოდა, ხდებოდა საზოგადოებრივი აზრის ფორმირება. მადლობა ღმერთს, რომ საღმა აზრმა გაიმარჯვა. და ისიც მინდა ვთქვა: რომ არა ცივი ომის დამთავრება და დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის იმ ისტორიული წინააღმდეგობის დაძლევა, რომლის შესახებაც არაერთხელ თქმულა, ბირთვული იარაღის გამოცდის აკრძალვაზე ლაპარაკი რთული იქნებოდა. თუმცა ეს პროცესი და საზოგადოებრივი აზრის ფორმირება მაშინაც მიმდინარეობდა. როგორც უკვე ვთქვი, მადლობა ღმერთს, რომ საღმა აზრმა გაიმარჯვა.

ბირთვულ აფეთქებათა აკრძალვა იმაზე მიგვანიშნებს, რომ კაცობრიობას უდიდესი რესურსები, უდიდესი რეზერვები აქვს მშვიდობის, სამართლიანობის და გლობალური თუ რეგიონული უშიშროების დასამკვიდრებლად. ჩვენი ქვეყანა სწორედ ამ შესაძლებლობათა სრული გამოყენებითა და ამოქმედებით არის დაინტერესებული. მე ამ დიდი ისტორიული აქტის შემდეგ კიდევ უფრო მწამს, რომ მოსოფლიო მოიცლის, რათა ბოლო მოეღოს ცხელ წერტილებს ჩვენი პლანეტის სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის რეგიონალურ კონფლიქტებს, სახელმწიფოთაშორის კონფლიქტებს, მოიცლის, რათა შესაბამისად აღიკვეთოს აგრესიული სეპარატიზმი როგორც ისეთი მოვლენა, რომელიც დიდ საფრთხეს უქმნის რეგიონალურ თუ გლობალურ უშიშროებას.

„მსოფლიო მოიცლის იმისათვის, რომ ბოლო მოეღოს ცხელ წერტილებს ჩვენი პლანეტის სხვადასხვა რეგიონში, მოიცლის იმისათვის, რომ აღიკვეთოს აგრესიული სეპარატიზმი...“ / შევარდნაძე ედუარდ ; [ჩაიწერა] ნატო ონიანმა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 1 ოქტომბერი. - 197(2310). - 1,2 გვ.

95 მადლობის წერილი

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს ხელისუფლების სახელით უღრმეს მადლობას მოგახსენებთ სამშობლოსა და ერის სადიდებლად გაწეული თავდადებული, მამულიშვილური შრომისათვის.

მიუხედავად ბოლო წლებში შექმნილი სიძნელეებისა, თქვენდა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ კულტურის სამინისტროს სისტემის სახელოვნებო განათლების მუშაკებს სასწავლო პროცესი არ შეგიჩერებიათ, აქტიურად ეწეოდით პედაგოგიურ, შემოქმედებით და სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას.

ძვირფასო პედაგოგებო, მოგმართავთ უდიდესი მადლიერების გრძნობით თქვენი თავდადებული, ერთგული მოღვაწეობისათვის. გისურვებთ ჯანმრთელობასა და წარმატებებს პირად ცხოვრებასა და საზოგადოებრივ მოღვაწეობაში.

პატივისცემით
ედუარდ შევარდნაძე.

მადლობის წერილი / შევარდნაძე ედუარდ ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 4 ოქტომბერი. - 200(2313). - 1 გვ.

96 აჭარის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს ბატონ ასლან აბაშიძეს, აჭარის უზენაესი საბჭოს წევრებს

▲ზევით დაბრუნება


გილოცავთ ახლადარჩეული უზენაესი საბჭოს მუშაობის დაწყებას.

არჩევითი ორგანოს ამოქმედება უდავოდ წინგადადგმული ნაბიჯია დემოკრატიული მშენებლობის გზაზე.

გისურვებთ დიდ წარმატებებს თქვენ და თქვენი სახით აჭარის მთელ მოსახლეობას.

ედუარდ შევარდნაძე.

აჭარის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს ბატონ ასლან აბაშიძეს, აჭარის უზენაესი საბჭოს წევრებს / შევარდნაძე ედუარდ ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 4 ოქტომბერი. - 200(2313). - 1 გვ.

97 უკრაინის პირველი პრეზიდენტის მიხეილ სერგის ძე გრუშევსკის დაბადების ასოცდაათი წლისთავისადმი მიძღვნილი შეკრების მონაწილეებს

▲ზევით დაბრუნება


ბატონებო, სიამოვნებით შევიტყვე, რომ თბილისის პირველ სკოლაში იმართება უკრაინის სახალხო რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის მიხეილ სერგის ძე გრუშევსკის დაბადების ასოცდაათი წლისთავისადმი მიძღვნილი შეკრება.

ეს შეკრება შემთხვევით არ იმართება ამ სასწავლებელში, იგი ბევრ რამეს უსვამს ხაზს.

პირველი სკოლა, იგივე კლასიკური გიმნაზია, იგივე კეთილშობილთა სასწავლებელი, ამიერკავკასიის ის უძველესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელმაც უდიდესი მოღვაწენი აღუზარდა მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეებში, როგორც საქართველოს, ისე რუსეთს. საქართველო და პირველი სკოლა ამაყობენ ამ სახელებით.

სწორედ აქ, კლასიკური გიმნაზიის პანსიონატში მიაბარეს 1880 წელს მიხეილ გრუშევსკი, რომელმაც იგი 1886 წელს დაამთავრა.

მიხეილ გრუშევსკი 1918-19 წლებში უკრაინის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი, შემდეგ დიდი მეცნიერი გახდა და ამაში სწორედ მის პირველ სასწავლებელს, თბილისის კლასიკურ გიმნაზიასაც მიუძღვის თავისი წვლილი.

სხვათა შორის, როდესაც მიხეილ გრუშევსკი ამთავრებდა კლასიკურ გიმნაზიას, სწორედ მაშინ, ამავე გიმნაზიის მეორემესამე კლასში სწავლობდა ჩვენი დიდი ისტორიკოსი ივანე ჯავახიშვილი. მანაც, როგორც გრუშევსკიმ დიდი წვლილი შეიტანა თავისი ქვეყნის ისტორიის კვლევაში.

ქართულ-უკრაინულ თუ უკრაინულ-ქართულ ურთიერთობაში საუკუნეების მანძილზე არის სახელები, რომლებთანაც დაკავშირებულია ქართულ-უკრაინული მეგობრობა. ასწლეულობით გამოცდილი მეგობრობა.

ახლა ამ სახელებს უკრაინის სახალხო რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის სახელიც, მიხეილ სერგის ძე გრუშევსკის სახელიც შეემატა. შთამომავლობისთვის დიდხანს მიჩუმათებული სახელი, ისევე, როგორც სახელები საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელმძღვანელებისა.

არ შეიძლება მისი დღე, მიხეილ გრუშევსკის დაბადების დღე, მხოლოდ ამ შეკრებით დამთავრდეს. მან იმპულსი უნდა მისცეს ქართულ-უკრაინული ურთიერთობის, კულტურული თუ სხვა კავშირების გაღრმავებას, გამრავალფეროვნებას და გაგრძელებას.

კარგია, რომ ეს დღე სკოლაში იმართება. იქ, სადაც საქართველოს მომავალს ეყრება საფუძველი. სწორედ ჩვენმა ბავშვებმა უნდა გააგრძელონ იმ ურთიერთსიყვარულის ტრადიცია, რომელიც ჩვენ ხალხებს ერთმანეთისადმი მუდამ ჰქონდათ და ექნებათ.

პატივისცემით,
ედუარდ შევარდნაძე.

უკრაინის პირველი პრეზიდენტის მიხეილ სერგის ძე გრუშევსკის დაბადების ასოცდაათი წლისთავისადმი მიძღვნილი შეკრების მონაწილეებს / შევარდნაძე ედუარდ ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 5 ოქტომბერი. - 201(2314). - 2 გვ.

98 „საქართველო-რუსეთის ურთიერთობა სახელმწიფოთა შორის კავშირია, სახელმწიფოთა შორის ურთიერთობაა და არა თანამშრომლობა ცენტრსა და პროვინციას შორის“

▲ზევით დაბრუნება


- განვლილი ეკონომიკური კვირა რამდენიმე საინტერესო მომენტით აღინიშნა: ევროკომისიისა და საქართველოს ერთობლივი კომიტეტის სხდომაზე ხელმოწერილია შუალედური ხელშეკრულება. გაიმართა მთავრობის სხდომა, რომელზეც ძირითადი ყურადღება სოციალურ პრობლემატიკას დაეთმო. შეიქმნა გადასახადის გადამხდელთა უფლებების დაცვის კავშირი, რომლის დამფუძნებელთა შეკრებას თქვენ დაესწრებოდით. გქონდათ შეხვედრა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან...

ჟურნალისტ ნატო ონიანის მიერ დასმული ამ საკითხების პასუხად საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ თავის ტრადიციულ რადიოინტერვიუში განაცხადა:

- განვლილ კვირაში საქართველოს ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა.

თბილისში გაიმართა ევროკომისიისა და საქართველოს ერთობლივი კომიტეტის მეორე სხდომა (ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტია - ევროკავშირისა და საქართველოს ერთობლივი კომიტეტი), რომელშიც ევროკავშირის თხუთმეტივე ქვეყნის წარმომადგენლები და ევროკომისიის ხელმძღვანელი პირები მონაწილეობდნენ. ეს მოვლენა უდავოდ დააჩქარებს ორმხრივი პოლიტიკური და სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობის შემდგომ განვითარებას, რომელსაც დასაბამი მისცა ამა წლის აპრილში ამიერკავკასიის ქვეყნებთან ერთად ევროკავშირთან საქართველოს პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმების ხელმოწერამ.

რომ არაფერი ვთქვათ ასმილიონობით ეკიუს ჰუმანიტარულ და ტექნიკურ დახმარებაზე, ევროკავშირის თანადგომა და მხარდაჭერა საქართველოსათვის სუვერენიტეტის განმტკიცების, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, დემოკრატიული სახელმწიფოებრივი გარდაქმნების, საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პროცესის შეუქცევადობის გარანტიაა. სწორედ ეს ინტეგრირების პროცესი თანდათანობით ღრმავდება და დიდ მასშტაბს იძენს.

ამჟამად ხელი მოვაწერეთ უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს - პარტნიორობისა და თანამშრომლობის შუალედურ ხელშეკრულებას, რომლის შედეგადაც, ევროკავშირის ქვეყნების პარლამენტების მიერ ხელშეკრულების სრულ რატიფიცირებამდე, რასაც გარკვეული დრო დასჭირდება, ამოქმედდა მისი სავაჭრო-ეკონომიკური ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს ევროპის ქვეყნებთან და ევროპულ სტრუქტურებთან თანამშრომლობას პრაქტიკულად ეკონომიკის ყველა სფეროში.

აქტიურდება ჩვენი თანამშრომლობა მსოფლიო ბანკთანაც. ბანკის მუნიციპალური მომსახურების განყოფილების უფროსის ბატონ თომას ბლინკორნისა და პრეზიდენტის შეხვედრაზე დიდი შეფასება მიეცა საერთოდ საქართველოში მიმდინარე რეფორმებს. განსაკუთრებით ჯანმრთელობის დაცვის სფეროში, ამ მიზნით შედგენილ პირველ პროექტს და მისი განხორციელების შედეგებს, ამ პროექტის წარმატებით განხორციელება დადებითად განაწყობს მსოფლიო ბანკს ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მეორე პროექტზე მუშაობის დასაწყებად. ამავე დროს, მსოფლიო ბანკი იწყებს საქართველოს ეკონომიკისა და სოციალური სფეროს დაფინანსების უაღრესად მნიშვნელოვან ეტაპს. ეს ეხება მუნიციპალურ პროექტებს, კერძოდ, ისეთ პროექტებს, როგორიცაა წყალსადენის პროექტი თბილისისა და ზოგიერთი სხვა ქალაქისათვის, მოიცავს ტრანსპორტს, ბორჯომის საბადოების რეაბილიტაციას, ეხება ისეთ მგრძნობიარე საკითხს, როგორიც არის კულტურულ მემკვიდრეობათა შენარჩუნება. თავიდან, ალბათ, ეს ინექციები უმნიშვნელო იქნება, მაგრამ თანდათანობით, შესამჩნევად გაფართოვდება.

შემდეგი საკითხი - სოციალური თემა ეკონომიკის მომძლავრებისა და ფინანსურ შესაძლებლობათა ზრდის კვალობაზე, სულ უფრო დიდ ადგილს იკავებს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტთა სისტემაში. ამას მოითხოვს, პრეზიდენტის საპროგრამო დებულებათა შესაბამისად, სოციალურ ორიენტირებული საბაზრო ეკონომიკისაკენ აღებული გეზი.

სოციალურ სფეროში რეფორმების მიმდინარეობას მიეძღვნა განვლილ კვირაში გამართული მთავრობის საკმაოდ წარმომადგენლობითი, გაფართოებული სხდომა, რაც სოციალური პრობლემების ასე კომპლექსურად, კონცენტრირებულად განხილვის პირველი ცდაა და რითაც დასაბამი უნდა მიეცეს ამ სფეროს რეფორმირების ახალ ეტაპს.

მიზანმიმართული სოციალური პოლიტიკის შემუშავება რეფორმების სოციალური ბაზის განმტკიცების, მოსახლეობის ცხოვრების დონის ეტაპობრივად, შესაძლებლობათა მიხედვით ამაღლების პირობებში, ერთადერთი სწორი გზაა და იგი ვერ თავსდება პოპულიზმის მოკლევადიან ჩარჩოებში. აქ დაგროვილი პრობლემების თანმიმდევრულად, რეალური გადაწყვეტით შეიძლება მხოლოდ მოსახლეობამ იგრძნოს რეფორმების სოციალური შედეგები და დადებითად განეწყოს მათ მიმართ. რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად განსაზღვრავს რეფორმების წარმატებასაც.

მთავრობის გაფართოებულ სხდომას წინ უძღოდა სოციალური სფეროს რეფორმებისადმი მიძღვნილი რეგიონული თათბირები, რამაც საგრძნობლად გააადვილა და უფრო მიზანმიმართული გახადა მუშაობა.

სხდომაზე მიღებულია სოციალურ სფეროში რეფორმების შემდგომი გაგრძელების სამოქმედო პროგრამა - პრეზიდენტის ბრძანებულება „მოსახლეობის სოციალური დაცვის, სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო მომსახურების, დევნილთა და იძულებით ადგილნაცვალ პირთა მდგომარეობის გაუმჯობესების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“.

ამ ბრძანებულებით დამტკიცდა უფრო ადრე პრეზიდენტთან არსებული საკონსულტაციო ეკონომიკური საბჭოს მიერ შემუშავებული და მოწონებული მოსახლეობის სოციალური დაცვის 1996-2000 წლების ძირითადი მიმართულებები. ბრძანებულება მოსახლეობის შემოსავლის რეგულირებისა და შრომის ანაზღაურების სრულყოფის, დასაქმების, შრომითი ურთიერთობის, სოციალური დაზღვევისა და საპენსიო უზრუნველყოფის, მოსახლეობის ხელმოკლე ნაწილისა და ინვალიდთა სახელმწიფო მხარდაჭერის ღონისძიებებთან ერთად ითვალისწინებს ჯანდაცვის სფეროში რეფორმების გაღრმავების, იძულებით ადგილნაცვად პირთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების, მიგრაციული და განსახლების პროგრამების მართვის, ერთიანი დემოგრაფიული პოლიტიკის განხორციელების მნიშვნელოვან ამოცანებს. ყოველივე ამაში მთავარი მაინც ის არის, რომ ეს პროგრამა, რომლის შესახებაც ახლა მოგახსენებთ, შესაბამისი ფინანსური გარანტიებით არის უზრუნველყოფილი, და ეს სამ წელიწად-ნახევარში თითქმის 40 მილიონ ლარს შეადგენს.

სტაბილიზაციის გაძლიერებასთან ერთად სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა ხდება კერძო მესაკუთრეთა და მეწარმეთა ფენის სახით ძლიერი დასაყრდენის, მყარი საფუძვლის შექმნა. ამას განაპირობებს საელმწიფოსა და მეწარმეთა ინტერესების დამთხვევა და ურთიერთგანსაზღვრულობაც - თუ სახელმწიფოს სჭირდება წელში გამართული გადასახადის გადამხდელი მეწარმე (და ეს სჭირდება მას), მეწარმესაც ნორმალური სამუშაო გარემოს შესაქმნელად სჭირდება ძლიერი სახელმწიფო თავისი საკანონმდებლო, სამართლებრივი თუ ადმინისტრაციული ბერკეტებით.

ამ მხრივ მისასალემებელია საქართველოში გადასახადების გადამხდელთა უფლებების დაცვის კავშირის დაფუძნება, რომელმაც სახელმწიფოსთან პარტნიორული ურთიერთობის საფუძველზე მონაწილეობა უნდა მიიღოს მეწარმეობისა და ბიზნესის განვითარებაზე ორიენტირებული საგადასახადო პოლიტიკის, ეკონომიკურად გამართლებული გადასახადებისა და მაკონტროლებელი სისტემების ჩამოყალიბების, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივად გამოყენების საკითხების მოგვარებაში და ყოველივე ეს მხოლოდ იმპორტზე აგებულ ბაზარზე არ უნდა იყოს გაანგარიშებული. ამასთან დაკავშირებით, რადგან იმპორტი ვახსენე, ეს არათუ მეწარმეს, არც სახელმწიფოს აძლევს ხელს. მხოლოდ იმპორტზეა აგებული მთელი ბაზარი და მთელი ეკონომიკა.

არსებული რეალობის გათვალისწინებით სახელმწიფოს დღეს თუ შეუძლია გარკვეული ღონისძიებების ამოქმედება. ვთქვათ, თამბაქოსა და ალკოჰოლიანი ნაწარმის იმპორტის შეზღუდვისათვის, ყოვლად მიუღებელი და გაუმართლებელია ამ ეტაპზე ასეთი პოლიტიკის განხორციელება, ვთქვათ, ხორბლის, მაგალითად, ზოგიერთი სახეობის ნედლეულის, ახალი ტექნოლოგიებისა და სხვათა მიმართ. ამიტომ ინტერესები აქაც ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობით უნდა შეუხამდნენ ერთმანეთს, ამით იმის თქმა მინდა, რომ კვლავ და კვლავ უნდა დავუბრუნდეთ იმ ამოცანას, რომ ჩვენი საგადასახადო პოლიტიკა იყოს სრულყოფილი და ეს მუშაობა ყოველდღიურად მიმდინარეობდეს.

ამის მკაფიო მაგალითია „აქციზური პროდუქციის წარმოების, იმპორტისა და რეალიზაციის სფეროში არსებული რეზერვების გამოვლენისა და ბიუჯეტის შემოსავლის მობილიზაციის უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ პრეზიდენტის 1996 წლის 23 სექტემბრის ბრძანებულებაც. მისი ამოქმედების შედეგად მარტო 1-დან 5 ოქტომბრამდე, მხოლოდ სიგარეტის დაბეგვრამ, ბიუჯეტს 450-500 ათასი ლარი შემატა, ესე იგი სულ რაღაც 5 დღის განმავლობაში, მაშინ როცა წლის დასაწყისიდან ამ წყაროს მეშვეობით მხოლოდ 700 ათასი ლარია მიღებული. სხვათა შორის, როცა ჩვენ ბრძანებულების პროექტს განვიხილავდით, მაშინ ვთქვი, რომ ეს საკმაოდ ძლიერი რაზმია, რომელსაც ჩვენთან სარეალიზაციოდ სიგარეტი შემოაქვს, ასევე სატრანზიტოდ, სულაც არ ვაპირებთ მათთან ბრძოლას. მე თანამშრომლობა შევთავაზე - გაითვალისწინეთ ქვეყნის ინტერესები და თქვენს ინტერესებს სახელმწიფოც გაითვალისწინებს.

წინასწარი მონაცემებით, საერთო მდგომარეობა ბიუჯეტის შემოსავლის ფორმირებაში (ამაზეც უნდა ვთქვა რამდენიმე სიტყვა) სექტემბერში გაცილებით უკეთესია. საგადასახადო სამსახურის ძალისხმევის გაძლიერების, სამხარეო და ადგილობრივ ადმინისტრაციათა აქტიურობის შედეგად განვლილ თვეში აკრეფილია სარეკორდო ოდენობის შემოსავალი - 35 მილიონი ლარი, რაც 13 მილიონით აღემატება აგვისტოს მაჩვენებელს და თითქმის მთელი 1994 წლის შემოსავლის ტოლია. მარტო ქალაქ თბილისში მიღებულია 13 მილიონ ლარზე მეტი საბიუჯეტო შემოსავალი, ანუ გეგმაზე 2 მილიონი ლარით მეტი. მნიშვნელოვანია სამეგრელოს, გურიის, სამცხე-ჯავახეთისა და სხვა რეგიონების წვლილიც. ამ რეგიონების, ქალაქების, რაიონების ხელმძღვანელებსა და მოსახლეობას, ჩემს თავს ნებას მივცემ, მადლიერების სიტყვებით მივმართო.

მაქსიმალურია სექტემბერში საგადასახადო სისტემის ხაზით ცენტრალური ბიუჯეტის მიერ მიღებული შემოსავალი. ამ ბიუჯეტის საკუთარი შემოსავლის საკონტროლო დავალების მოსალოდნელი შესრულება 87-90 პროცენტს შეადგენს აგვისტოში მიღწეული 75 პროცენტის ნაცვლად. დაზუსტების შედეგად სავარაუდოა ამ მაჩვენებლის კიდევ უფრო გაზრდა.

კარგად იმუშავა საბაჟო სამსახურმაც. მე ამას ვრცლად აღარ შევეხები, რადგანაც უახლოეს დღეებში მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე 9 თვის შედეგების შეჯამებისას ყველა ეს საკითხი, ყველა ტენდენცია ღრმად და საფუძვლიანად იქნება განხილული.

- განვლილ კვირაში კვლავ გაგრძელდა მსჯელობა აფხაზეთის საკითხებზე. ამჯერად, პარლამენტის სხდომაზე, რომელმაც შესაბამისი დადგენილებაც მიიღო, როგორ ფიქრობთ, რამდენად დროულია ამ თემაზე დღეს ასეთი თვალსაზრისით საუბარი, თუ გავითვალისწინებთ რუსეთში მიმდინარე საკმაოდ გამწვავებულ მოვლენებს?

- მე ასე მინდა გიპასუხოთ: ეს მართლაცდა უაღრესად მწვავე საკითხია მთელი ჩვენი საზოგადოებისათვის, და მისი სიმწვავე იქიდანაც გამომდინარეობს, რომ რუსეთთან საქართველოს ურთიერთობა ჩვენი სახელმწიფოებრივი პოლიტიკის კარდინალური საკითხია. სხვათა შორის, ასე იყო ისტორიულად, საუკუნეების მანძილზე და ასეა დღესაც. მე თავისუფალი, სუფთა სინდისით შემიძლია ვთქვა, რომ ყველაფერი ვიღონეთ რათა დაგვეძლია ის ნეგატიური მემკვიდრეობა, რომელიც ყველამ კარგად უწყის. ყველას კარგად მოეხსენება თუ როგორ გროვდება ის პრობლემები, რომლებმაც თავის დროზე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის კრიზისი გამოიწვია. ასე მოკლე დროში ეს მხოლოდ ორთავე მხარის - როგორც რუსეთის, ასევე საქართველოს ხელმძღვანელობის ძალისხმევით შეიძლებოდა მომხდარიყო.

მე არაერთხელ აღმინიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნების ინტერესებს შეესაბამება სრულფასოვანი სტრატეგიული პარტნიორული კავშირურთიერთობის დამყარება. პირადად ჩემი პოზიცია დღესაც არ შეცვლილა. დღევანდელ მსოფლიოში ერთი ან ორი მაგალითი თუ მოიძებნება იმისა, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფო თანხმობას აძლევდეს მეორე ქვეყანას თავის ტერიტორიაზე სამხედრო ბაზების განლაგების შესახებ. ჩვენ კი ამაზე დავთანხმდით.

ამავე დროს სავსებით ლოგიკურია საქართველოს პოზიცია, რომელიც ხელშეკრულებით დადასტურდა: ბაზების შესახებ დოკუმენტის რატიფიცირება მოხდება მაშინ, როცა აღდგება (რა თქმა უნდა, იგულისხმება რუსეთის გადამწყვეტი დახმარებით) ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა.

ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გვინდა საომარი მოქმედების განახლება, ახალი შეიარაღებული კონფლიქტი, ახალი სისხლისღვრა მაგრამ პრობლემის გადაჭრის გასაღები, როგორც არაერთხელ თქმულა, სწორედ რუსეთის ხელშია.

რატომ უნდა უკვირდეს ვინმეს (რუსეთში ცალკეულ გამოსვლებს ვგულისხმობ) რომ ეს პრობლემა მთელი სიმწვავით მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც ადამიანების, და, განსაკუთრებით, ლტოლვილების მოთმინების ფიალა აივსო, დადგა იმედგაცრუების ეტაპი, სხვათა შორის უნდა გითხრათ, რომ პარლამენტმა ცხარე კამათის შემდეგ უაღრესად შეჯამებული და პრინციპული დადგენილება მიიღო. სამწუხაროდ, რუსეთში ზოგიერთებს მიაჩნიათ, რომ საქართველოში ეგრეთ წოდებული ანტირუსული ისტერია დაიწყო. მე კატეგორიულად უარვყოფ ამას: ხალხი, უბრალოდ, სიმართლეს ამბობს, სიმართლის თქმას კი ისტერიას ვერ უწოდებ.

ზოგიერთები რუსეთში (მე ესეც უნდა ავღნიშნო) ვერაფრით ვერ შეჰგუებიან იმ აზრს, რომ ჩვენი ურთიერთობა, საქართველო-რუსეთის ურთიერთობა სახელმწიფოთა შორის ურთიერთობაა და არა თანამშრომლობა ცენტრსა და პროვინციას შორის. და იმასაც ვიტყვი, ბევრს ავიწყდება, რომ საქართველო ჭეშმარიტად დემოკრატიული ქვეყანაა და პირს ვერავის ავუკრავ, არც სადირიჟორო ჯოხი ახდენს ეფექტს პოლიტიკურ ცხოვრებაში.

ჩვენ ერთხელ კიდევ მივმართავთ ჩვენ დიდ მეზობლებს: ჩამოაყალიბეთ რეალისტური პოზიცია სეპარატისტული რეჟიმის მიმართ, გაწყვიტეთ მასთან ყოველგვარი კავშირი, ელაპარაკეთ გუდაუთასა და სოხუმს მხოლოდ თბილისის, ესე იგი, მხოლოდ თქვენი სტრატეგიული მოკავშირე სახელმწიფოს მეშვეობით. და, დარწმუნებული ვართ, შედეგიც არ დააყოვნებს.

ის ახალი ურთიერთობანი, რომელთა შესახებაც ლაპარაკობდა რუსეთის პრეზიდენტი ბორის ელცინი თბილისში და, რასაც რა თქმა უნდა, ეთანხმებოდა პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ჩერნომირდინი საქართველოში ვიზიტის დროს, შესაძლებელია აშენდეს სიმართლის, გულწრფელობის, გულახდილობის, სრული თანასწორობისა და ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინების საფუძველზე.

ასე რომ, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის შემდგომი აღმავლობისათვის საჭიროა ორივე სახელმწიფომ შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებანი და ამ გზით დაამკვიდროს ნდობისა და გულწრფელი ურთიერთპატივისცემის ატმოსფერო.

- და ბოლო კითხვა, პრესის სიტყვის თავისუფლებაზე ბევრს ლაპარაკობენ და მსჯელობენ საქართველოში სხვადასხვა პერიოდში, სხვადასხვა კონტექსტითა და სხვადასხვა სახით. რამდენად რეალურია დღეს ის პროგნოზები, რომ მოსალოდნელია გარკვეული შეზღუდვები პრესის თავისუფლებასთან დაკავშირებით, რადგანაც გარკვეული შეზღუდვები რამდენიმე გამოცემაში ეს საშიშროება თითქოს გამოჩნდა. არსებობს ისეთი პოზიცია და ისეთი აზრები, რომ მოსალოდნელია ხელისუფლების მხრივ თავისუფალ პრესაზე რაღაც ზეგავლენა...

- მადლობელი ვარ, რომ ეს მკითხეთ და ასეთნაირად მინდა გიპასუხო: სიტყვისა და პრესის თავისუფლება საქართველოში დემოკრატიული მშენებლობის უდიდესი, თვალსაჩინო და ხელშესახები მონაპოვარია. რა უნდა მოხდეს ისეთი, რომ ჩვენ, სახელმწიფომ, ეს მონაპოვარი დავთმოთ. მაშინ იგი დემოკრატიული სახელმწიფო აღარ იქნება. ამრიგად, დათმობა გამორიცხულია.

მედლის მეორე მხარე ის გახლავთ, რომ, როგორც ყველა მოვლენას, სიტყვისა და პრესის თავისუფლების დამკვიდრებასაც, რა თქმა უნდა, თავისი შუქ-ჩრდილი ახლავს. ჩვენი საზოგადოების განვითარებისა და დემოკრატიული ინსიტუტების მომწიფების, პროფესიონალიზმისა და პასუხისმგებლობის ამაღლების კვალობაზე ჩრდილი მეორე პლანზე გადაინაცვლებს და ჩვენი ხალხი, დარწმუნებული ვარ, ამ მონაპოვარით იამაყებს.

ამასთან მინდა გამოვთქვა ის მოსაზრებაც, რომ დემოკრატიული თავისუფლებანი, რომლებიც ჩვენ შიმშილსა და სისხლისღვრის პირობებში მოვიპოვეთ (განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რა ეპოქაში მოხდა ეს), გამორიცხავს ცალმხრივობასა და დიქტატს, რომელი ხელისუფლების შტოდანაც უნდა მომდინარეობდეს. ჩვენ საზოგადოებაში დაუშვებელია, ასე ვთქვათ, „მონოპოლია ჭეშმარიტებაზე“. ვინც ამას აცხადებს, არ არსებობს უფრო ფართო ასპარეზი ჭეშმარიტების საძიებლად, ვიდრე პრესა და ტელევიზია. მაგრამ ეს პროცესი უნდა იყოს უაღრესად კორექტული, ანგარებისა და ანგარიშსწორებისაგან თავისუფალი და ხელს უწყობდეს სიტყვის თავისუფლების, დემოკრატიის ამ ერთ-ერთი უმაღლესი მონაპოვარის გამოხატვის მაღალი კულტურის დამკვიდრებას.

ასეთია ჩემი ძალიან ზოგადი, ვფიქრობ, მაინც მნიშვნელოვანი აზრი ამასთან დაკავშირებით.

საქინფორმი.

„საქართველო-რუსეთის ურთიერთობა სახელმწიფოთა შორის კავშირია, სახელმწიფოთა შორის ურთიერთობაა და არა თანამშრომლობა ცენტრსა და პროვინციას შორის“ / ედუარდ შევარდნაძე ; [ჩაიწერა] ნატო ონიანი // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 8 ოქტომბერი. - 202(2314). - 1,2 გვ.

99 „საკუთარი ისტორიის, საკუთარი ხელოვნების ცოდნა მაგისტრალური გზაა მსოფლიო ცივილიზაციის შესაცნობად“

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 14 ოქტომბრის რადიოინტერვიუ

- დღევანდელ რადიოინტერვიუს დავიწყებთ განვლილი კვირის რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტით: საქართველოს ეწვია რიჩარდ მაცკე - „შევრონ ოვერსის“ პრეზიდენტი. თქვენ შეხვდით აზერბაიჯანის კონსორციუმის ხელმძღვანელობას. თბილისის შემდეგ ფოთსა და ბათუმს ეწვია ბულგარეთის ტრანსპორტის მინისტრი. რეალურად ამუშავდა ბულგარეთში თქვენი ვიზიტის დროს დადებული ხელშეკრულებები. გარდა ამისა, განვლილ კვირას საქართველო-საფრანგეთის ურთიერთობაში მნიშვნელოვანი მოვლენა იყო საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი, რომლის დროს დაისახა პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობათა შემდგომი გაღრმავების გზები... - ამ საკითხებზე საუბრით დაიწყო საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის ტრადიციული რადიოინტევიუ, რომელსაც ჟურნალისტი ნატო ონიანი უძღვებოდა.

- განვლილი კვირის მოვლენებიდან, - განაცხადა ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ, - აღსაღნიშნავია საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ბატონ ერვე დე შარეტის ვიზიტი, რომლებსაც ახლდნენ საფრანგეთის პარლამენტის, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქმიანის წრეების წარმომადგენლები. ეს ვიზიტი უდავოდ მნიშვნელოვანი ეტაპია არა მარტო საქართველოსა და საფრანგეთის ორმხრივ მეგობრული და საქმიანი ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებისა და გაფართოების პროცესში, არამედ მთელი კავკასიის რეგიონთან ამ ქვეყნის ურთიერთობის მხრივაც, შეხვედრაზე მკაფიოდ გამოიკვეთა, რომ საფრანგეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის განმტკიცებას და სურს ჩვენს ქვეყნებს შორის აქტიური ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობა.

აგრეთვე დიდ ყურადღებას იმსახურებს „შევრონ ოვერსის“ კომპანიის პრეზიდენტთან, ბატონ რიჩარდ ჰერმან მაცკესთან შეხვედრა, რომლის დროს განვიხილეთ ჩვენს შორის არსებული ტრადიციული თანამშრომლობის და პარტნიორობის მნიშვნელოვანი დეტალები. უნდა აღინიშნოს, რომ ბატონ რიჩარდ მაცკეს თაოსნობით თბილისში ჩამოვიდნენ საკმაოდ ავტორიტეტული ამერიკული ორგანიზაციის „ნეიშენალ ჯეოგრაფიკის“ წარმომადგენლები, რომლებიც საფუძვლიანად შეისწავლიან საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ვითარებას და რეფორმების მიმდინარეობას, რათა საერთაშორისო თანამეგობრობას მიაწოდონ ობიექტური ინფორმაცია ჩვენი ქვეყნისა და საერთაშორისო ინვესტიციებისათვის არსებული კლიმატის შესახებ. მოგეხსენებთა რომ ჩვენ ამით სერიოზულად ვართ დაინტერესებული.

განსაკურებით საყურადღებოა თბილისში აზერბაიჯანის ნავთობის საერთაშორისო კონსორციუმის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა, რომელზეც სერიოზული ყურადღება დაეთმო ნავთობსადენის გაყვანასთან დაკავშირებულ საკითხს. 9 ოქტომბერს ბაქოში გამართულ სააქციო კომპანიათა საერთო შეხვედრაზე მიღებულია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება საინჟინრო სამუშაოებისა და მოწყობილობათა შესაძენად დამატებით 28 მილინი დოლარის გამოყოფის თაობაზე. ეს თანხა აგრწთვე მოხმარდება სუფსის ტერმინალის ასაგებად გამოყოფილი ადგილის შემდგომ შესწავლას და დაპროექტების დაწყებას, როგორც კონორციუმის სპეციალისტები ვარაუდობენ, წლის ბოლოსათვის მზად იქნება დასავლეთის მარშრუტის საბოლოო პროექტი. მომავალი წლის დამდეგს კი შეირჩევა ის ქართული კომპანიები, რომლებიც მონაწილოებას მიიღებენ ნავთობსადენის გაყვანის სამუშაოებში.

საქართველოში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებითა და სატრანსპორტო უწყებათა შორის თანამშრომლობის გაფართოებით დაინტერესდნენ აგრეთვე ბულგარეთის ტრანსპორტის სამინისტროს დელეგაციის წარმომადგენლები. ბულგარეთის ტრანსპორტის მინისტრთან ბატონ სტამენ სტამენოვთან შეხვედრაზე დაისასახა თანამშრომლობის და პარტნიორობის სამომავლო კონკრეტული გეგმები, მინდა ამას დავსძინო, რომ ასევე საინტერესოდ მიმდინარეობს დიალოგი რუმინეთის, უკრაინის და სხვა შავი ზღვისპირა ქვეყნების სამთავრობო სტრქუტურებთან, რასაც დიდი მომავალი აქვს სწორედ ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის თვალსაზრისით და რასაც მომავალში სერიოზული შემოსავლის მოტანა შეუძლია ქვეყნისათვის. ბულგარეთი ამ მხრივ საინტერესო რგოლია და ბულგარელები მზად არიან ითანამშრომლონ ერთობლივი საწარმოების შესაქმნელად. საბორნე მეურნეობის მოსაწყობად და მრავალი სხვა მიმართუელბით.

მომავალი წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით მინდა მოგახსენოთ რამდენიმე სიტყვა: 1997 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი, რომელიც 9 ოქტომბერს განიხილეს მთავრობის სხდომაზე, განსაკუთრებული მნიშვნელობის დოკუმენტია ეკონომიკური რეფომრების გზაზე მდგომი ქვეყნისათვის, ეს კანონპროექტი, რომელიც სავსებით შეესაბამება კონსტიტუციასა და საპრეზიდენტო პროგრამის მოთხოვნებს, მრავალი დადებითი ტენდენციით ხასიათდება - იქ გაუმჯობებესებულია 1996 წლის ბიუჯეტში არსებული საფინანსო-ეკონომიკური და სოციალური ორიენტირები.

გაისად დაგეგმილია საგადასახადო შემოსავლის 80 პროცენტით გაზრდა ერთ სულ მოსახლეზე, ეს 1,8 ჯერ აღემატება მიმდინარე წლის მაჩვენებელს, ხოლო ბიუჯეტის დეფიციტი მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართ 2,9 პროცენტს შეადგენს 1996 წლის 4,4 პროცენტისა და 1995 წლის თითქმის 5 პროცენტის ნაცვლად.

სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი 52 პროცენტით გაიზრდება, რომელშიც საგადასახადო შემოსავლის ხვედრითი წილი 60 პროცენტია.

25 პროცენტით იზრდება და მილიარდ ლარს უკვე აღემატება სახელმწიფო ბიუჯეტის გასავალი, საიდანაც 35 პროცენტი სოციალური სფეროს პროგრამებს მოხმარდება. სულ რაღაც ერთი-ორი წლის წინათ ჩვენ ვერც კი წარმოვიდგენდით, თუ ასეთ ციფრებთან და მოცულობებთან გვექნებოდა საქმე. ამ თანხების ნახევარი გათვალისწინებულია მოსახლეობის საპენსიო - სოციალური უზრუნველყოფის, სამედიცინო დაზღვევისა და სოციალური დაცვის ღონისძიებებისათვის.

დაგეგმილია მოსახლეობის შემოსავლის, ხელფასების მნიშვნელოვანი მატება, ნაწილობრივ განხორციელდება მოსახლეობის ანაბრების ინდექსაცია და ამ მიზნით გამოყოფილი თანხა (მართალია ეს დიდი არ არის, მაგრამ დასაწყისისათვის მაინც მოხერხდა ამისი გამოძებნა) პირველ რიგში გაიცემა სოციალურად ყველაზე დაუცველი კატეგორიებისათვის, უწინარეს ყოვლისა, ლტოლვილებისათვის. გარდა ამისა, ბუნებრივია, სოციალური პროგრამები წამყვან ადგილს დაიკავებს ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებშიც, რომლებსაც ექნებათ სხვა დამატებითი წყაროებიც. დაზუსტდა ყველაზე დაუცველ ოჯახთა რაოდენობა, რაც 120 ათასს შეადგენს, მთავრდება ამ ოჯახების დახმარების სახელმწიფო პროგრამის შედგენა, რომელიც საბიუჯეტო გრანტიებით იქნება უზრუნველყოფილი.

გათვალისწინებულია თანხები მცირე ბიზნესის ხელშეწყობისთვისაც, ქვეყნის სუვერენიტეტის მომსახურების ხარჯები კი 50 მილიონ ლარს გადააჭარბებს, რაც იმის მანიშნებელია, რომ ჩვენი ქვეყანა უკვე ჩამოყალიბდა როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო და სულ უფრო იზრდება მისადმი საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და მეგობარი ქვეყნების ნდობა. მომავალი წლის ბიუჯეტთან დაკავშირებულ საკითხებს მე კვლავ შევეხები და მოვუწოდებ ჩვენ თანამოქალაქეებს აქტიურად ჩაებან ამ დისკუსიებში, განსაკუთრებით ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ზრდის რეზერვების გამოვლენასთან დაკავშირებული საკითხების განხილვაში.

რამდენიმე სიტყვა რეალურ შემოსავალზე. სადღეისოდ საგადასახადო სამსახურის სათანადო ძალისხმევაზე ბევრად არის დამოკიდებული სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლის ფორმირება და მისი ზრდა. ამ სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროს ოპერატიული მონაცემებით, საგადასახდო ორგანოების მიერ ოქტომბრის განვლილ პერიოდში აკრეფილია თითქმის 10 მილიონი ლარი საბიუჯეტო შემოსავალი, რის შედეგადაც ბიუჯეტის საშუალო დღიურმა შემოსავალმა (ვთხოვ ყველამ დაიხსომოს ეს ციფრი, საინტერესოა შემდეგ როგორ იქნება ტენდენცია და ამაზე უკვე მერე ვისაუბროთ) 1,2 მილიონ ლარს გადააჭარბა. ფაქტობრივად შენარჩუნებულია სექტემბერში მიღწეული შემოსავლის ზრდის მაქსიმალური დონე, რაც ოქტომბრის საპროგრამო დავალებათა შესრულების ყველა პირობას ქმნის.

წლის დასაწყისიდან (შეიძლება ესეც საინტერესო იყოს) ბიუჯეტში მობილიზებულია 204 მილიონი ლარი, რასაც 114 მილიონით ანუ 2,3 - ჯერ აღემატება გასული წლის შესაბამის პერიოდში მიღწეულ დონეს და 73 მილიონით - მთელი 1995 წლის შემოსავალს.

განსაკუთრებით მაღალი შედეგია მიღწეული მიწის გადასახადის აკრეფის საქმეში, რომლის ხვედრითი წილი ბიუჯეტის შემოსავალში უკვე სოლიდურ თანხას შეადგენს. მიმდინარე წლის 9 თვეში ბიუჯეტმა ამ წყაროდან დაახლოებით 8 მილიონი ლარი მიიღო, აქედან მარტო სექტემბერში - 2 მილიონი ლარი, ანუ თითქმის იმდენივე, რამდენიც 1995 წლის განმავლობაში. დარწმუნებული ვარ, ეს მაჩვენებელი წლის ბოლომდე კიდევ უფრი გაიზრდება.

ამ მხრივ განსაკუთრებით მისასალმებელია მარნეულის რაიონში გაწეული მუშაობა, სადაც მიმდინარე წლის 9 თვეში მიწის გადასახადიდან მიღებული შემოსავალი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, თითქმის 9 ჯერ გაიზარდა და მილიონი ლარი შეადგინა, მინდა გულწრფელი მადლობა შევუთვალო მარნეულელებს, ყველას, ვინც თავისი წვლილი შეიტანა ამ საქმეში. ანალოგიური ტენდენცია ყალიბდება რესპუბლიკის მთელ რიგ სხვა რაიონებშიც. ეს გადასახადი სერიოზული რეზერვია და მომავალში მას მეტი ყურადღება უნდა დავუთმოთ.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს ცალკეული უწყებებისა და საწარმოების წვლილი ბიუჯეტის შემოსავლის ზრდაში. ამ მხრივ მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწიეს, რკინიგზის დეპარტამენტს დაქვემდებარებულმა ორგანიზაციებმა, რომლებმაც მარტო სექტემბერში ბიუჯეტში ჩარიცხეს 685 ათასი ლარი, სულ კი წლის დასაწყისიდან თითქმის 5 მილიონი ლარი შეიტანა რკინიგზამ ბიუჯეტში, მისასალმებელია, რომ რკინიგზელებს მთლიანად გასტუმრებული აქვთ ელექტროენერგიის მოხმარების საფასური და ასე ვთქვათ, ყველას წინაშე სინდისი სუფთა აქვთ.

საბაჟო ორგანოების მიერ ოქტომბრის განვლილ პერიოდში ბიუჯეტის ანგარიშზე ჩარიცხულია 2,5 მილიონი ლარი, რაც მილიონობით ანუ 61 პროცენტით აღემატება წინა თვის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. მთლიანად წლის დასაწყისიდან ბიუჯეტში ჩარიცხულია 46 მილიონი ლარი. საბაჟო სამსახური, როგორც ხედავთ, დღითი დღე იკრეფს ძალებს და მას კიდევ ბევრი და საინტერესო წამოწყება აქვს.

წლევანდელი რთველი იმედის მომცემი ტემპით მიმდინარეობს. სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ოპერატიული ინფორმაციით, 10 ოქტომბრისათვის ღვინის ქარხნებს უკვე მიღებული ჰქონდათ 43 ათასი ტონა ყურძენი, რაც 16 პროცენტით აღემატება 1995 წელს ღვინის ქარხნებში მთელი წლის განმავლობაში მთლიანად ჩაბარებული ყურძნის მოცულობას. რთველის ღირსეულად დასრულება სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის უაღრესად პასუხსაგები საქმეა, ამით მუშახელიც დასაქმდება და სახელმწიფო ბიუჯეტიც საკმაოდ სოლიდური თანხით შეივსება.

ასეთია ჩვენი ეკონომიკური ცხოვრების ჩემეული მიმოხილვა.

- განვლილი კვირის ყურადღების ცენტრი აღმოჩნდა გაეროს ელჩის ედუარდ ბრუნერის ვიზიტი საქართველოში. რამდენადაც შედეგიანი და დროული იყო ელჩის ბრუნერის ვიზიტი და ხომ არ გგქონიათ, რომ აფხაზეთის კონფლიქტში გაერომ თავისი შესაძლებლობანი და ფუნქციები ამოწურა? ჟურნალისტებთან გამართულ სახელდახელო ბრიფინგზე ბრუნერმა ასეთი ფრაზა თქვა: „გაეროს სასწაულები არ ძალუძს“...

- მე შევხვდი მას და დასკვნა ასეთია: ედუარდ ბრუნერის ჩამოსვლის მიზანი გახლდათ აფხაზეთში კონფლიქტის პოლიტიკურ მოწერიგებაში შექმნილი კრიზისული სიტუაციიდან გამოსვლის გზების ძიება. აქვე მინდა დავძინო, რომ ეპიზოდური ჩამოსვლები, რა თქმა უნდა საქმეს ვერ უშველის და საჭიროა მთელი იმ საქმიანობის ინტენსიფიცირება, რომელიც დასახული აქვს გაეროს. გაერთიანებული ერების ორგანიზაციასა და ევროპის უშიშროების სტრუქტურებს თავიანთი შესაძლებლობანი არ ამოუწურავთ, ჩემი შეხედულება ასეთია, ისევე როგორც რუსეთს, მათ, პრობლემისადმი ახლებური და პრინციპული მიდგომის შემთხვევაში, დიდი რეზერვები აქვთ თავიანთი საშუამავლო და სამშვიდობო მისიის განხორციელებისათვის. ეს ნათლად და სავსებით კონკრეტულად აღინიშნა საქართველოს პარლამენტის ცნობილ დადგენილებაში.

- ოქტომბერი თუ შეიძლება ითქვას, საზეიმო თარიღებით - რელიგიური, სახალხო დღესასწაულებითა და ფესტივალებით მდიდარი აღმოჩნდა. დღეს მცხეთობა-სვეტიცხოვლობაა. განვლილ კვირაში რამდენიმე დიდი თარიღი აღვნიშნეთ - ფიროსმანის დაბადების 130 წლისთავი, ტრადიციული „შოთაობა“ ივანე ჯავახიშვილის დაბადების 120 წლისთავი, მეცნიერებათა აკადემიის იუბილე...

- საქართველოს მეცნიერებს ერთხელ კიდევ ვულოცავ შესანიშნავ იუბილეს ამასთან, მადლობას მოვახსენებ ჩვენს სამეცნიერო ინტელიგენციას ახალი, დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.

ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალი ფასდაუდებელი განძია დღევანდელი და მომავალი თაობებისათვის.

რაოდენ შეზღუდული უნდა იყოს სახელმწიფო საფინანსო-საბიუჯეტო შესაძლებლობანი, მაინც უნდა გამოვნახოდ გზები ცენტრში და ადგილებზე მეცნიერების მხარდასაჭერად, რადგან არ არსებობს უფრო ეფექტიანი ინვესტციები, ვიდრე სამეცნიერო პროგრამებისა და ახალი ტექნოლოგიების დაფინასებაა.

ივანე ჯავახიშვილის დღეები გრძელდება, ხვალ ბოლო ღონისძიებაა - დასკვნითი საღამო გაიმართება.

ივანე ჯავახიშვილის მემკვიდრეობის კავკასიურ პრობლემათა ასპექტით განხილვამ ერთხელ კიდევ დაგვარწმუნა, რომ დიდი მეცნიერის გამოკვლევები და დასკვნები მარტო ქართული მოვლენა არ გახლავთ. მისი სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელმაც დიდი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა, ხელთუქმნელი ძეგლია ივანე ჯავახიშვილისა და თანამედროვე ქართული მეცნიერების მამების სახელთა და საქმეთა უკვდავსაყოფად.

რაც შეეხება დღესასწაულს კახეთში, ნიკო ფიროსმანაშვილის დღეებმა ბევრი სიხარული მოუტანა საქართველოს.

მარტო მირზაანში ათასობით ადამიანი ესტუმრა ნიკალას მუზეუმს, ხალხმრავლობა იყო თბილისის ხელოვნების მუზეუმშიც გუშინ. განსაკუთრებით სასიხარულოა ახალგაზრდობის, ბავშვების დიდი ინტერესი ამ საოცარი ხელოვანის მიმართ. საერთოდ, დადგა დრო, მივუბრუნდეთ ჩვენს მუზეუმებს, აქ ხომ ქართველი ხალხის ისტორიის ათასწლეულებს ვეხებით და ვეხმაურებით, საკუთარი ისტორიის, საკუთარი ხელოვნების ცოდნა მაგისტრალური გზაა მსოფლიო ცივილიზაციის შესაცნობად.

ტელევიზიამ, პრესამ, ხშირად უნდა შეახსენოს საქართველოს მოქალაქეებს, თუ რა სიმდიდრის პატრონი ვართ.

საერთოდ მინდა მივესალმო საუკეთესო ტრადიციების აღდგენას, ბევრ ტრადიციას ახლო წარსულში ჩაეყრება საფუძველი. შესანიშნავად აღნიშნეს სამცხე-ჯავახეთში შოთა რუსთაველის დღე, ახლა კი მცხეთაში მიმდინარეობს დღესასწაული. ათასობით ადამიანი სვეტიცხოვლობა-მცხეთობის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს, მინდა ყველას, სრულიად საქართველოს მივულოცო ეს დღე.

საქინფორმი.

„საკუთარი ისტორიის, საკუთარი ხელოვნების ცოდნა მაგისტრალური გზაა მსოფლიო ცივილიზაციის შესაცნობად“ / ედუარდ შევარდნაძე ; [ჩაიწერა] ნატო ონიანმა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 15 ოქტომბერი. - 207(2319). - 1,2 გვ.

100 მეცნიერების განვითარებაზე ზრუნვა ეროვნული სახელმწიფოს პრიორიტეტი იქნება

▲ზევით დაბრუნება


როგორც ვიუწყებოდით, დიდი ქართველი მეცნიერის ივანე ჯავახიშვილის საიუბილეო სხდომაზე უნივერსიტეტში სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე, გთავაზობთ პრეზიდენტის სიტყვას.

ბატონებო! პატივცემულო საზღვარგარეთელო სტუმრებო!

დღეს მთავრდება დიდი ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 120-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო დღეების, ჩემი აზრით, მეტად საინტერესო და მრავალფეროვანი პროგრამა, იუბილემ მაღალ მეცნიერულ და კულტურულ დონეზე ჩაიარა და ეროვნულ დღესასწაულად იქცა.

მე, როგორც სახელმწიფო საიუბილეო კომისიის თავმჯდომარე, დიდ მადლობას მოვახსენებ საიუბილეო კომისიის ყველა წევრს, ივანე ჯავახიშვილი სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, მის რექტორს ბატონ როინ მეტრეველს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას, პრეზიდენტს ბატონ ალბერტ თავხელიძეს, ყველა სამეცნიერო ცენტრს, სახელმწიფო და სამოქალაქო სტრუქტურებს, რაიონულ, სამოქალაქო და სამხარეო ადმინისტრაციებს, პარლამენტარებს, პრესას, რადიოს, ტელევიზიას, ახალგაზრდულ და სტუდენტურ ორგანიზაციებს, სტუდენტობას, ვინც მონაწილეობა მიიღო ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 120-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებებში.

დიდი მადლობა იუბილეზე ჩამოსულ საზღვარგარეთელ სტუმრებს, მეცნიერებს, საზოგადო მოღვაწეებს, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, საზღვარგარეთის პრესის წარმომადგენლებს, რომლებმაც მსოფლიოს მრავალმილიონიან მკითხველებს, რადიომსმენელებსა და ტელემაყურებლებს ამ დღეებში უკეთ გააცნეს საქართველო, მისი უძველესი ისტორია და თანამედროვეობა, მისი ერთ-ერთი უდიდესი მეცნიერი ივანე ჯავახიშვილი.

სიმბოლურია, რომ ივანე ჯავახიშვილის იუბილე და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის იუბილე ერთდროულად აღინიშნება, რადგანაც სწორედ ივანე ჯავახიშვილის თაოსნობით დაარსებულმა თბილისის უნივერსიტეტმა შეუქმნა საფუძველი საქართველოს ეროვნულ მეცნიერებათა აკადემიის დაფუძნებას.

ამიტომაც სავსებით კანონზომიერი იქნება, თუ ვიტყვით, რომ სწორედ მსოფლიოში უკვე აღიარებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ეროვნული აკადემია გახლავთ ივანე ჯავახიშვილის და ქართული მეცნიერების სხვა მამათა ხელთუქმნელი ძეგლები.

ივანე ჯავახიშვილის იუბილე პირველად აღინიშნა მას შემდეგ, რაც საქართველო დამოუკიდებელი, დემოკრატიული სახელმწიფო გახდა.

ეროვნულ მეცნიერებათა აკადემიისა და ივანე ჯავახიშვილის საიუბილეო დღეები - საქართველოს საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარულ, საზოგადოებრივ მეცნიერებათა განვითარებისა და მიღწევების საერთაშორისო დათვალიერებადაც იქცა.

ამ საიუბილეო დღეებმა აშკარად დაგვანახეს არა მხოლოდ ჩვენი დიდი მიღწევები, არამედ ის მწვავე პრობლემებიც, რომელიც ჩვენს წინაშე დგას. არც ერთი იუბილე თვითმიზანს არ წარმოადგენს. ის ხელს უწყობს ერის ცხოვრების სრულქმნას, მისი კულტურის, მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების, სულიერების განვითარებას. ამის კლასიკური მაგალითია ივანე ჯავახიშვილის დღეები, მან აამოძრავა ერის ინტელექტუალური პოტენციალი, ახალი იმპულსი მისცა მეცნიერების განვითარებას, მათ შორის პოლიტიკის და მეცნიერების ურთიერთობის სრულყოფის საქმესაც. ივანე ჯავახიშვილი ათას სხვა დამსახურებასთან ერთად საქართველოს პოლიტიკური ისტორიის, საქართველოს ეკონომიკის ისტორიის ფუძემდებელიცაა.

მითქვამს და ვიმეორებ: ქვეყნის პოლიტიკის მეცნიერული საფუძვლების გაძლიერების გარეშე შეუძლებელია სამართლებლივი და სოციალური სახელმწიფოს, სამოქალაქო საზოგადოების, სოციალურად ორიენტირებული საბაზრო ეკონომიკის შექმნა, საქართველოს ახალი კონსტიტუციის სრულფასოვანი ამოქმედება, ჩვენი სამშობლოს გაძლიერების მისი გამთლიანებისა და აღორძიების პროგრამების შედგენა და განხორციელება.

აი, ამ პრობლემების გადაჭრაში საჭიროა ხელისუფლების და მეცნიერების ერთობლივი, პერმანენტული ძალისხმევა, პოლიტიკის მეცნიერული უზრუნველყოფა.

მეცნიერების განვითარებაზე ზრუნვა ეროვნული სახელმწიფოს პრიორიტეტი იქნება, ქვეყანა ფეხზე დგება და ეკონონიკის გამოცოცხლების პარალელურად, უფრო საგრძნობი და თვალსაჩინო გახდება სახელმწიფოებრივი მიდგომა სახელმწიფო პოტენციალის შენარჩუნებისა გა განვითარებისათვის. მე უკვე გამოვაცხადე იმის შესახებ, რომ ჩემი მიზანია ყოველმხრივ დავეხმარო განსაკუთრებით ნიჭიერ ახალგაზრდებს, რათა მათ იპოვნონ თავიანთი თავი, და ადგილი დაიმკვიდრონ მეცნიერებაში. მზადდება ბრძანებულება, რომლის საფუძველზე გამორჩეული სტუდენტებისთვის, ასპირანტებისა და ახალგაზრდა მეცნიერი მუშაკებისთვის დაწესდება პრეზიდენტის სტიპენდიები, ამ ინსტიტუტის მასშტაბები ყოველწლიურად გადიდდება ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის ზრდის შესაბამისად.

ეროვნული ნიჭი და ენერგია, პირველ რიგში, სამშობლოს უნდა მოხმარდეს. ამის საუკეთესო მაგალითს გვაძლევს დიდი ივანე ჯავახიშვილი თავისი მეცნიერული მემკვიდრეობითა და დიდი მამულიშვილობით.

გუშინ ვთქვი და დღესაც ამ ფრაზას გავიმეორებ: ივანე ჯავახიშვილის ცხოვრება მისი ბრწყინვალე მეცნიერული მოღვაწეობა იმის დასტურია, რომ საკუთარი ისტორიის, საკუთარი კულტურის, ხელოვნების შესწავლა მაგისტრალური გზაა მსოფლიო ცივლიზაციის შეცნობისა და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებათა ათვისებისათვის, მსოფლიოს ინტელექტუალურ ელიტაში ადგილის დასამკვიდრებლად.

ნიშანდობლივია ისიც, რომ ამ დღეებში გაიმართა ივანე ჯავახიშვილის 120-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია „კავკასია მსოფლიო ისტორიის კონტექსტში“ მრავალი ქვეყნის კავკასიოლოგთა მონაწილოებით. იმ საერთაშორისო კონფერენციაზე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის იუბილეზე მე უკვე გამოვთქვი ჩემი მოსარებები ივანე ჯავახიშვილის მეცნიერული მემკვიდრეობის მნიშვნელობის შესახებ ერის ცხოვრებაში, საქართველოს მცენიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სხვა სამეცნიერო ცენტრების და ხელისუფლების მომავალი თანამშრომლობის პროგრამების თაობაზე.

ამიტომ ნება მიბოძეთ, ამით დავამთავრო ჩემი გამოსვლა და საიუბილეო საღამო გახსნილად გამოვაცხადო.

საქინფორმი.

მეცნიერების განვითარებაზე ზრუნვა ეროვნული სახელმწიფოს პრიორიტეტი იქნება // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 17 ოქტომბერი. - 209(2321). - 1,3 გვ.

101 ამ ღვაწლს ქართველი ერი არასოდეს დაივიწყებს

▲ზევით დაბრუნება


ამ დღეებში ქართველმა ერმა ღირსეული პატივი მიაგო თავის სახელოვანი შვილის, მეცნიერის, მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ანტონ პირველი (ბაგრატიონის) ხსოვნას, რომლის დაბადების 275 წლისთავი ფართოდ აღინიშნა საქართველოს ქალაქებში.

მკითხველს ვთავაზობთ საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის მისალმებას ანტონ ბაგრატიონის საიუბილეო საღამოს მონაწილეებისადმი, რომელიც გაიმართა თბილისის მოსწავლე ახალგაზრდობის რესპუბლიკურ სასახლეში.

ბატონებო!

ეროვნული დამოუკიდებლობის მოპოვებამ ჩვენ ქვეყანას შესაძლებლობა მისცა სათანადოდ დააფასოს იმ მამულიშვილთა ღვაწლი, ვისი ღირსეული ხსენებაც კი სამოცდაათწლიანი კომუნისტური რეჟიმის პირობებში დანაშაულად თუ არა, პოლიტიკურ შეცდომად მაინც ითვლებოდა.

ქართველი ერის ასეთ მოამაგეთა და მოჭირნახულეთა რიცხვს მიეკუთვნება ანტონ ბაგრატიონი (ანტონ პირველი კათალიკოსი).

- თავისი დროის შესანიშნავი მეცნიერი და განმანათლებელი, ქართული ენათმეცნიერების მესაძირკვლე, დაუღალავი საზოგადო მოღვაწე, რომლის დაბადების 275 წლისთავს საზეიმოდ აღნიშნავს ქართული საზოგადოებრიობა.

გასაოცარია და მისაბაძი ის უზარმაზარი ენერგია და პატრიოტული შემართება, რომლითაც ანტონ პირველი ქართული სახელმწიფოებრივი ძლიერების განმტკიცებისა და ქართული მეცნიერების აღორძინებისთვის იბრძოდა.

გასაოცარია ინტერესთა ის მრავალფეროვნებაც, რომელსაც ანტონ პირველი იჩენდა მეცნიერების სხვადასხვა დარგის და საზოგადოებრივი საქმიანობის სხვადასხვა სფეროს მიმართ, მისი დაუღალავი საქმიანობა საქართველოში ეკლესიის ძლიერების აღსადგენად, სწავლა-განათლების ევროპულ ყაიდაზე გარდასაქმნელად, მისი ბრძნული და შორსმჭვრეტელური დიპლომატიური მოღვაწეობა. სწორედ ამიტომაც მე-18 საუკუნეს ანტონ პირველის საუკუნესაც უწოდებენ და ეს შეაფსება სრულიად სამართლიანია. მრავლისმეტყველი და შთამბეჭდავია ანტონ კათალიკოსის მიერ საკუთარ თავზე ნათქვამი „მოვიცალე სხვათა ყოველთა კეთილთაგან და არა მოვიცალე საქართველოს მსახურებისაგან“.

დღეს თითქმის სამი საუკუნის შემდეგ, ეს სიტყვები მაგალითის მიმცემი უნდა იყოს ყველა ჩვენგანისათვის - პოლიტიკური და საზოგადოებრივი მოღვაწე იქნება ის თუ რიგითი წევრი ჩვენი საზოგადოებისა.

მე გულისყურით ვადევნებდი თვალს ანტონ პირველის საიუბილეო დღეების სამზადისს და მინდა მადლობა მოვახსენო იუბილის მომწყობი კომიტეტის წევრებს, ვინც ყველაფერი იღონა, რათა უფრო ნათლად წარმოეჩინათ ღირსეული მამულიშვილის ღვაწლი შთამომავლობის წინაშე.

მჯერა, რომ ამ ღვაწლს ქართელი ერი არასოდეს დაივიწყებს.

ედუარდ შევარდნაძე.

ამ ღვაწლს ქართველი ერი არასოდეს დაივიწყებს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 19 ოქტომბერი. - 211(2322). - 1 გვ.

102 „სტაბილური, დემოკრატიული და განუყოფელი რუსეთი არა მარტო საქართველოს, არამედ მთელი მსოფლიოს ინტერესებს შეესაბამება“

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 21 ოქტობრის რადიოინტერვიუ

- განვლილ კვირას მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე თქვენ ასეთი რამ ბრძანეთ: „წინსვლა საგრძნობია,“ თუმცა მრავალ პრობლემურ თემას შეეხეთ ცხრა თვის შედეგების შეჯამებისას. გუშინ შეხვდით მსოფლიო ბანკის მისიის ხელმძღვანელობას, უახლოეს მომავალში ესაფის კრედიტის მეორე ტრანშის საკითხი უნდა განიხილოთ. ეს განვლილი ეკონომიკური კვირის ორი ძირითადი მომენტია. გარდა ამისა, გაიმართა მრავალი შეხვედრა, იყო მრავალი საინტერესო წამოწყება.. - ჟურნალისტ ნატო ონიანის მიერ დასმული ამ ასაკითხების გამო თავის ტრადიციულ რადიოინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა:

- შაბათს მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე განვიხილეთ 1996 წლის 9 თვის შედეგები და წლის დარჩენილ დროში ეკონომიკის შეუფერხებელი ფუნქციონირებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების უზრუნველყოფის ამოცანები.

მაკროეკონომიკური პარამეტრები, მათი გაუმჯობესების ტენდენცია შეესაბამება პრეზიდენტსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებული სტრუქტურული გარდაქმნების გაფართოებული დაფინანასების პროგრამებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. კერძოდ, ინფლაციის ნავარაუდევი საშუალო თვიური 3-პროცენტიანი ტემპის ნაცვლად, ფაქტობრივად 9 თვეში ეს მაჩვენებელი 1,12 პროცენტით შემოიფარგლა. მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა ამ პერიოდში, წინასწარი მონაცემებით, 14 პროცენტით გაიზარდა გათვალისწინებული 8 პროცენტის ნაცვლად, ვვარაუდობთ რომ წლის ბოლომდე ეს მონაცემი შეიძლება კიდევ გაუმჯობესდეს.

წინსვლა აღინიშნება ეკონომიკის ყველა სექტორსა და სფეროში, მათ შორის მრეწველობაშიც. ცხრა თვეში მიღწეულია სამრეწველო პროდუქციის ზრდა 5 პროცენტით და მეტად, მაშინ როცა შარშან ამ პერიოდში სამრეწველო წარმოება კვლავ მკვეთრი დაქვეითებით ხასიათდებოდა %25აღარაფერს ვამბობ წინა წლებზე) ზრდის მაღალი ტემპია მიღწეული თბილისის, ქვემო და შიდა ქართლის, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის გურიის და სხვა მხარეები სამრეწველო საწარმოებში.

ჯერ კიდევ არსებული სირთულეების მიუხედავად, სტაბილიზაციის გარკვეული ნიშნები შეიმჩნევა აგროსამრეწველო კომპლექსის დარგებში, იქაც დაიწყო აღმავლობა. მნიშვნელოვანი შედეგები მოჰყვა ყურძნის დამზადებისათვის საკრედიტო რესურსების გამოყოფას. 18 ოქტომბრისათვის ქარხნებს უკვე მიღებული ჰქონდათ 60 ათასი ტონა ყურძენი, ანუ შარშანდელზე ერთ-ნახევარჯერ მეტი, ვფიქრობთ, რომ მთლიანმა დამზადებამ, ღვინის ქარხნების მიერ ყურძნის შესყიდვამ შეიძლება 90-100 ათას ტონას მიაღწიოს. თუ ეს ასე მოხდა, უნდა ვივარაუდოთ, რომ მეღვინეობა-მევენახეობა საქართველოში გადარჩენილია.

ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურმა პროცესებმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა საფინანსო ბაზრის გააქტიურებაზე წელს ცხრა თვეში საკრედიტო აუქციონებზე გაყიდული საკრედიტო რესურსები 87 პროცენტით აღემატება მთლიანად 1995 წელს აუქციონებზე გაყიდულ კრედიტებს, საკრედიტო გარიგებათა ზრდასთან ერთად შეიმჩნევა საპროცენტო განაკვეთების მნიშვნელოვანი შემცირება. თუმცა ჯერჯერობით საკრედიტო რესურსები კვლავ მცირეა და აშკარად ვერ აკმაყოფილებს ეკონომიკის მოთხოვნილებებს, მაგრამ ტენდენცია უდავოდ დამაიმედებელია, ასევე მნიშვნელოვანია კიდევ ერთი დადებითი ტენდენცია. კომერციულ ბანკებში მოსახლეობის ანაბრები წლის დასაწყისთან შეადრებით სამჯერ გაიზარდა, ეს უდავოდ ნდობის გაძლიერებასთან არის დაკავშირებული და თავისთავად, ეს მოვლენა ქმნის ძალიან დიდ რესურსს, რომელსაც საკრედიტო რესურსი ეწოდება. მომავალ წელს, როგორც გამოვაცხადე, ვიწყებთ მოსახლოების წინა წლების ანაბრების ინდექსაციის პროცესს, რაც კიდევ უფრო განამტკიცებს ბანკებისადმი ნდობას და მათ ავტორიტეტს. მართალია, მომავალ წელს დიდი არ იქნება ეს თანხა სულ 5 მილიონ ლარს შეადგენს, მაგრამ ესეც უკვე იმის მიმანიშნებელია, რომ სახელმწიფო თავის პასუხისმგებლობაზე უარს არ ამბობს და ბანკებისადმი მოსახლოების ნდობა კიდევ უფრო გაიზრდება.

ეკონომიკური ზრდის ყველა ეს შედეგი ნათლად მოწმობს, რომ საქართველოში სამეურნეო დაქვეითების ხანა საბოლოოდ დამთავრდა და ქვეყანა დაადგა აღმშენებლობის რთულ, მაგრამ სასურველ გზას.

ეს პროცესი ლოგიკურად აისახება ისეთი უმნიშვნელოვანესი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტაშიც, როგორიც დასაქმებაა, უკანასკნელი 7-8 წლის მანძილზე ოფიციალურმა სტატისტიკამ წელს 9 თვეში პირველად აღნიშნა ქვეყნის ეკონომიკის დარგებში დასაქმებულთა რაოდენობის პროცენტ-ნახევრით ზრდა.

აღსანიშნავია არასახელმწიფო სექტორისა და მცირე ბიზნესის სფეროში დასაქმებულთა ხვედრითი წილის გადიდება, რაც დადებით სტუქტურულ ცვლილებად უნდა ჩაითვალოს. არასახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა თითქმის 10 პროცენტით გაიზარდა, მცირე ბიზნესში დასაქმებულთა ხვედრითმა წილმა კი დასაქმებულთა მთელი რაოდენობის 10 პროცენტი შეადგინა და 170 ათასს გადააჭარბა.

რა თქმა უნდა, დასაქმება დღეს ჩვენში კვლავ უმწვავესი პრობლემაა, მაგრამ, რაც მთავარია, აქაც დაიწყო გარდატეხა, რომელსაც გაძლიერება სჭირდება. ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ტემპი ჯერ კიდევ არ შეესაბამება პრეზიდენტის საპროგრამო მოთხოვნებს, საკმაოდ რთულია არსებულ საწარმოთა სრულად დატვირთვის პრობლემაც - პირველი ოქტომბრისათვის არ მუშაობდა სამრეწველო საწარმოთა 33 პროცენტი, ეს უზარმაზარი რეზერვია იმისათვის, რომ თუკი ავამოქმედებთ, დასაქმება მკვეთრად გაუმჯობესდეს.

ქვეყნის განვლილი კვირის ეკონომიკურ მოვლენებში კვლავ ფიგურირებდა ნავთობის თემა. ყაზახეთის ნავთობკომპანიის პრეზიდენტის ბატონ ჯაკ რეტურნეს ვიზიტი დაკავშირებული იყო ნავთობსადენის მშენებლობასთან რომლის მეშვეობითაც შეიძლება განხორციელდეს ყაზახეთის ნავთობის ერთი ნაწილის ექსპორტი საქართველოს გავლით. სხვათა შორის ამ ნავთობსადენთან დაკავშირებით ატეხილი ხმაურის ფონზე, მინდა ვთქვა, რომ ეს არის უაზრო ხმაური, რაღაც ბრძოლა, კონკურენცია, დაპირისპირება და სხვა, ისიც უნდა ვთქვა, რომ კასპიის ზღვაში, ყაზახეთსა და უზბეკეთში და საერთოდ ამ ქვეყნებში ნავთობის მარაგი იმდენია და ისეთი მასაა, რომ საკმარისი არ იქნება ის ნავთობსადენები, რომლებიც გადის და გაივლის რუსეთში, საქართველოში და სხვა მიმართულებითაც, ასე რომ დრამატიზებისათვის არავითარი საფუძველი არ არსებობს.

საინტერესო იყო ასევე მსოფლიო ბანკის ახალ აღმასრულებელ დირექტორთან ბატონ პეტერ შტეკთან შეხვედრა, რომელზეც განვიხილეთ ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური პროცესები, 1997 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებული საკითხები და სხვა მნიშვნელოვანი მომენტები, რომლებმაც უნდა უზრუნველყოს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი აღმავლობა და რეფორმების განუხრელი განხორციელება. სტუმრის შეაფასებით, საქართველოში სწორი ეკონომიკური პოლიტიკის დადებითი შედეგები აშკარაა. აღინიშნა, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს მსოფლიო ბანკის მიზნობრივ პროგრამებს საქართველოს ეკონომიკის გაჯანსაღებისათვის.

ამ დღებში საქართველოში მუშაობდა მსოფლიო ბანკის მისია ქალბატონ მიშელ რიბუს ხელმძღვანელობით. მისიამ უნდა შეისწავლოს სტრუქტურული გარდაქმნების კრედიტის მეორე ტრანშის გამოყოფისათვის პირობების შესრულების მდგომარეობა.

ჯერ კიდევ დიდი მუშაობა გვმართებს იმისათის, რომ მათი რეკომენდაციები შევასრულოთ. პრიციპულად შესაძლებელია მიმდინარე წლის ბოლომდე დავამთავროთ ეს საქმიანობა.

მყარი ეკონომიკური სტაბილიზაციის ერთ-ერთი ყველაზე კარგი ინდიკატორია აგრეთვე საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოზიდვის დონე.

დღეისთვის ქვეყანაში რეგისტრირებულია 103 საზღვარგარეთული ინვესტიცია. მე არ ვგულისხმობ იმ ინევსტიციებს, რომლებიც მომზადებულია, მაგრამ ჯერჯერობით რეგისტრირებული არ არის, უახლოს მომავალში უკვე არსებული კონტრაქტების საფუძველზე, კიდევ მნიშვნელოვანია საკმაოდ მნიშვნელოვანი ინვესტიციების მოზიდვა და ეს დიდი და საჭირო პროცესია.

ზამთრისათის მზადების გადამწყვეტ ფაზაში შესვლასთან ერთად ენერგეტიკული სისტემის ფინანსურ მდგომარეობას გადამწყეტი მნიშვნელობა ენიჭება. მოხმარებული ელექტოენერგიის საფასურის გადახდევინება მსოფლიო ბანკის მიერ სტრუქტურული გარდაქმნების კრედიტის მეორე ტრანშის გამოყოფის ერთ-ერთი პირობაც არის.

პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულებით გათვალსწინებული მოთხოვნების შესასრულებლად ამ მიმართულებით ზოგიერთი რაიონის, ქალაქისა და მხარის მუშაობის გააქტიურების შედეგად სექტემბერში გადახდევინების დონე მნიშვნელოვნად გაიზარდა. მაგრამ მდგომარეობა ჯერ კიდევ რთულია. ამ მიმართულებით დიდი მუშაობა უნდა გასწიონ ჭიათურაში, ჩოხატაურში, ლანჩხუთში, ჩხოროწყუში, ვანში, ცაგერში, ახალქალაქში, ნინოწმინდასა და ზოგიერთ სხვა რაიონში.

ოქტომბერში კვლავ შენარჩუნებულია ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლის მობილიზაციის სექტემბერში მიღწეული მაღალი ტემპი მე კვლავაც და კვლავაც დავუბრუნდები ბიუჯეტის საკითხს, რადგანაც იგი მართალაც სარკეა მთელი ჩვენი საქმიანობისა, წყაროა მთელი სოციალური პროგრამისა, განსაკუთრებით სოციალურად დაუცველი მოსახლოებისათვის და ამ საკითხს ვერავითარ შემთხვევაში ვერ მივატოვებთ და კვლავაც შევახსენებთ ჩვენს მოსახლოებას.

საგადასახადო ინსპექციის მონაცემებით 18 ოქტომბრისათვის აკრეფილია 14,5 მილიონი ლარი შემოსავალი წლის დასაწყისიდან მობილიზებული სახსრების მოცულობა კი 209 მილიონ ლარს აღწევს, რაც 116 მილიონით ანუ თითქმის ორ-ნახევარჯერ აღემატება შარშანდელ შესაბამის მაჩვენებელს.

საბაჟო ორგანოებიდან (ესეც საგულისხმო მონაცემებია) მიღებულმა შემოსავალმა ოქტომბრის დამდეგიდან 4 მილიონ ლარს გადააჭარბა, რაც 878 ათასი ლარით ანუ 27 პროცენტით აღემატება სექტემბრის შესაბამისი პერიოდის დონეს, წლის დასაწყისიდან საბაჟო სისტემის ხაზით ბიუჯეტში ჩარიცხულია 48 მილიონზე მეტი ლარი მნიშვნელივან შედეგებს იძლევა თამბაქოს ნაწარმის დაბეგვრის ახალი წესი. ამ გზის საბაჟოების ანგარიშებიდან ბიუჯეტში უკვე გადაირიცხა თითქმის მილიონახევარი ლარი, უახლოეს ხანში ვვარაუდობენ ამ თანხის მნიშვნელოვან გადიდებას. 9 თვის მუშაობის შედეგების შეჯამებისას მე საკმაოდ დეტალურად ვილაპარაკე ამ საკითხებზე. რადიომსმენელსა და ტელემაყურებელს ექნება საშუალება გაიგოს და მოისმინოს ჩვენი პოზიციები ამასთან დაკავშირებით.

- გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ განვლილი კვირის სენსაციად იქცა რუსეთში მომხდარი საკადრო ცვლილება.

ამ ცნობამ ყველა საინფორმაციო საშუალება მოიარა და დღემდე, ეს გასაგებიც არის, ინტერესების მთავარ თემად რჩება. ბევრი პოლიტიკოსის აზრით, ამ ცვლილებებს მოჰყვება პოლიტიკური კრიზისი რუსეთში და სიტუაციის დაძაბვა. სელეზნიოვმა თავის გამოსვლაში თქვა, არავითარი მძიმე სიტუაცია და მძიმე კოლიზიები რუსეთში არ მოხდებაო, როგორი იქნება თქვენი პროგნოზი, გადაურჩება თუ არა რუსეთი მძიმე კოლიზიებს? გარდა იმისა, რომ რუსეთი ჩვენი მეზობელი ქვეყანაა, გასაგებია, რომ იქ მომხდარი ცვლილებები რაღაც გავლენას ყოვეთვის ახდენს ხოლმე ჩვენზე...

- უმთავრესი არც რუსეთის უახლოეს ისტორიაში მოხდა, ის გახლავთ (ყოველ შემთხვევაში ასეთია ჩემი დაკვირვება) რომ ჩვენი პლანეტის ამ გიგანტმა ტოტალიტარული სისტემიდან დემოკრატიულ საზოგადოებაზე გადასვლის პირველი ეტაპი გლობალური „მიწისძვრების“ ქაოსის გარეშე გაიარა.

დღევანდელ რუსეთს ყველა პირობა აქვს, რომ ახალი სახელმწიფოს მშენებლობის შემდეგი გადამწყვეტი ეტაპიც წარმატებით დაძლიოს. ვიცი, ზოგიერთი პოლიტიკოსი ჩემს ამგვარ ოპტიმიზმს არ გაიზიარებს, მაგრამ მე კარგად ვიცნობ ამ ქვეყნის უზარმაზარ პოტენციალს, როგორც ეკონომიკურს, ასევე ინტელექტუალურს და არსებულ შესაძლებლობათა თუნდაც მინიმალურ დონეზე გამოყენების შემთხვევაშიც კი, რუსეთი დაძლევს იმ კრიტიკულ სიტუაციებს, რომელთა შესახებაც თქვენ ბრძანებდით.

რაც შეეხება ხელისუფლებაში განხორცილებეილ საკადრო ცვლილებებს, არა მგონია სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობის ნორმებს შეესაბამებოდეს ჩემი გარკვეული შეფასებანი, თუნდაც ისინი ძალიან მნიშვნელოვანი და საყურადღებო იყოს თავისთავად.

სტაბილური, დემოკრატიული და განუყოფელი რუსეთი არა მარტო საქართველოს, არამედ მთელი მსოფლიოს ინტერესებს შეესაბამება.

- გავლილი კვირის ყურადღების ცენტრში იყო აფხაზეთთან დაკავშირებული პროცესები. კვლავ იყო საუბარი სეპარატისტთა მიერ დანიშნულ არჩევნებზე, ამასთან დაკავშირებით ოფიციალური ხელისუფლებისა და დევნილთა რეაქციაზე, და კიდევ ერთი ასეთი მომენტი, რომელიც აჟიოტაჟის საგანი გახდა: გაეროს ელჩის ედუარდ ბრუნერის განცხადება, რომელიც ყოველ შემთხვევაში ასეთი იყო ინფორმაცია, შემდეგ გაეროს პოლტიკურმა დეპარტამენტმა და თავად ბრუნერმაც უარყვეს.

- აფხაზეთში არჩევნების გამო უკვე გამოვთქვი ჩემი შეხედულება, ახლა კი შემდეგს მოგახსენებთ: ახლანდელი იქ მოქმედი უმაღლესი საბჭოს ნაწილი, ისევე როგორც თბილისში მოქმედი აფხაზეთის საკანონმდებლო ორგანო, მთელი ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის მიერ არის არჩეული. კანონიერი და ნორმალური გზით. იმ პირობებში როცა მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოდევნილია რეგიონიდან, ახლად არჩეული სტრუქტურები უკანონო. არალეგიტიმური იქნება. ისინი თვითონ აყენებენ თავს კანონგარეშედ. ამ ტიპის არჩევნები მხოლოდ იმ მიზანს ემსახურება, რომ აფხაზეთში ქართვეთა გენოციდი და ეთმოწმენდა დააკანონონ.

არის მეორე მომენტიც: დემოკრატიის, ლეგიტიმურობის ლოზუნგით გამართული არჩევნების მიზანია სეპარატისტული რეჟიმისთვის დღეს უკვე მიუღებელ, არასასურველ დეპუტატთა ჯგუფის თავიდან მოცილება ან ახლად არჩეულ სრულიად მორჩილ დეპუტატთა კორპუსში მათი სრული გათქვეფა.

თბილისში მოქმედი აფხაზეთის უმაღლესი საბჭო ახლა ამთავრებს წინადადებათა შემუშავებას, მიმდინარეობს ძალიან აქტიური კონსულტაციები, რომელიც ადეკვატური იქნება სეპარატისტების მიერ სოხუმში მიღებული გადაწყვეტილებისა, ამ ღონისძიებათა შესახებ საზოგადოება ამ დღეებში მიიღებს ინფორმაციას.

ახლა რაც შეეხება ხმაურს, ედუარდ ბრუნერის გამონათქვამთა შესახებ. ჩვენ მას ვესაუბრეთ, იგი ასეთს კატეგორიულად უარყოფს. სხვათა შორის აფხაზეთში გამართული საუბრების დამსწრე დიპოლომატებიც ადასტურებენ, რომ ბრუნერს მსგავსი რამ არ უთქვამს. როგორც მე ვვარაუდობ და თავადაც დაახლოებით ამაზე მიგვანიშნებს, იყო ნათქვამი ასეთნაირად: როცა არჩევით ორგანოს ვადა გასდის, არჩევნები უნდა გაიმართოს მაგრამ უნდა გაიმართოს ყველა მოქალაქის, მათ შორის ლტოლვილების მონაწილეობითაც ასეთ ფრაზას რა თქმა უნდა საფუძველი ჰქონდა.

- ჯერ კიდევ 2-3 წლის წინათ, როცა საქართველოს უკიდურესად უჭირდა, განსაკუთრებით უჭირდა იმ ხალხს, რომელსაც ქვეყნის ინტელეტუალურ პოტენციალს უწოდებენ, სოროსის ფონდის გრანტებმა, ფაქტობრივად, ქართველი მეცნიერების უდიდესი ნაწილი შიმშილს გადაარჩინა. დღეს თქვენ ამ ფონდის ხელმძღვანელობას ხვდებით...

- ჯორჯ სოროსი საქართველოს, როგორც მოგეხსენებათ 1994 წელს დაუკავშირდა და მისი გულწრფელი მეგობარი გახდა. მე ცოტა უფრო ადრე ვიცნობდი, მქონდა მასთან შეხვედრები. ეს ერთ ერთი ყველაზე საინტერესო ადამიანია დღევანდელ ცნობილ საზოგადო მოღვაწეთა შორის მსოფლიოში, ამავე წელს შესაძლებელი გახდა ფონდს „ღია საზოგადოება - საქართველოს“ დაარსება, რამაც ხელი შეუწყო განათლების, მეცნიერების, ხელოვნების, საერთოდ კულტურის სფეროებში მრავალი პროექტის განხორციელებას. მაგალითად ჩვენი მეცნიერებისთვის გამოიყო 160-ზე მეტი ერთჯერადი, ხოლო შემდგომ სხვადასხვა საკვლევი პროგრამებისთვის - 46 გრანტი.

ასეთი გადაწყვეტილებანი მართლაც, რომ უმძიმეს დღეებში გამოიძებნა.

ქართული კულტურის მეცნიერების გადარჩენაში ჯორჯ სოროსს სერიოზული წვლილი მიუძღვის და საქართველო მიესალმება მის ჩამობრძანებას. დღეს შევხვდები მას.

- „შოთაობა“ - იყალთოში, „ზაზაობა“ ქარელში, მცხეთაში ფესტივალი „სერაფიტა-96“ რუსთავში - თეატრალური ფესტივალი „ოქროს ნიღაბი“, კინოფესტივალის „კენტავრის“ დახურვა, მუსიკალურ ცენტრში სეზონის გახსნა - დაახლოებით ასეთი იყო განვლილი კვირის კულტურული ცხოვრება, ასეთ დღეებს დანატრებული ქვეყანა თითქოს განსაკუთრებულ ინტერესს იჩენს მივიწყებული დღესასწაულებისადმი და ბოლოს არა მარტო კვირის მოვლენა (შეიძლება სუბიექტურიც ვიყო) თბილისს ამერიკული ჯაზის ვარსკვლავი რეი ჩარლზი ეწვია. ასეთი იყო თვალის ერთი გადავლებით, განვლილი კვირა.

- მე ასე გიპასუხებდით: პოლიტიკური სტაბილურობისა და ეკონომიკური გამოცოცხლების ფონზე სავსებით გასაგებია და მისასალმებელიც კულტურულ-მასობრივ ღონისძიებათა მთელი ფოიერვერკი, რომელიც თქვენ ჩამოთვალეთ, ხანდახან ადამიანს შეიძლება კიდევაც შეექმნას შთაბეჭდილება, ამდენი დღესასწაული, ამდენი ზეიმი და როდისღა მუშაობენო. მე ასე ვიტყოდი: დღესასწაული თუ გაიმართება მხოლოდ მაშინ, როცა მუშაობა მიმდინარეობს, პროდუქცია იქმნება და ხალხიც საქმიანობს სახელმწიფოს სასარგებლოდ. მე პირადად ვესწრებოდი თეატრალური ფესტივალის დახურვას რუსთავში. საგულისხმოა, რომ ფესტივალში 16 (წარმოიდგინეთ, იმასთან შედარებით, რაც იყო) თეატრალური კოლექტივი მონაწილოებდა და მან დიდი აღმავლობით ჩაიარა. მინდა მადლობა მოვახსენო სამხარეო ადმინისტაციას, ქალაქ რუსთავის ხელმძღვანელობას, თეატრალურ საზოგადოებას, კულტურის სამინისტროს, სხვებსა და სხვებს, თავისთავად თეატრალურ კოლექტივებს, რომლებმაც ასე მაღალ დონეზე მოამზადეს ეს უაღრესად მნიშვნელოვანი ფესტივალი საქართველოში. ასევე წარმატებით გაიმართა სხვა ღონისძიებებიც, მე ახლა მათ არ ჩამოვთვლი.

რაც შეეხება რეი ჩარლზის სტუმრობას საქართველოში, ეს ჩემი აზრით, გამორჩეული მოვლენაა რეი მსოფლიო ვარსკვლავია, პლანეტის მომღერალია და მისი ჩამოსვლა არა მარტო ხელოვნების ზეიმია, არამედ საქართველოს როგორც სტაბილური დამოუკიდებელ სახელმწიფოს კულტურული ფენომენის აღიარებაც გახლავთ.

ამ დღეებში მე ამასაც დავსძენ, დიდი თბილისობა გაიმართება, საქართველოს ყველა მოქალაქე ემზადება ამისათვის, სხვათა შორის, მოსკოვიდან ჩამოდის პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწეთა დიდი ჯგუფი, რომელთანაც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის დღევანდელ მდგომარეობასა და სამომავლო პერსპექტივას განვიხილავთ საკმაოდ ფართო მასშტაბით იქნებიან სხვა სტუმრებიც, გაიმართება დიდი ვაჭრობა, იქნება დიდი ხელოვნებაც და დიდი გართობაც. რა თქმა უნდა ერთი წუთითაც არ გვავიწყდება და არც დაგვავიწყდება, ვიდრე ეს პრობლემა არ მოგვარდება, რომ ყველა დღევანდელ სიხარულს თან სდევს დიდი ტკივილი, ტკივილი აფხაზეთისა, ტკივილი ცხინვალისა...

საქინფორმი.

„სტაბილური, დემოკრატიული და განუყოფელი რუსეთი არა მარტო საქართველოს, არამედ მთელი მსოფლიოს ინტერესებს შეესაბამება“ / ედუარდ შევარდნაძე ; [ჩაიწერა] ნატო ონიანმა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 22 ოქტომბერი. - 212(2323). - 1,2 გვ.

103 სეპარატისტთა ლიდერების მიერ დაგეგმილი ფარსი ყოველგვარ საზღვარს სცილდება

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის განცხადება

აფხაზ სეპარატისტთა ლიდერების გადაწყვეტილებამ მიმდინარე წლის 23 ნოემბერს. ეგრეთ წოდებული „საპარლამენტო არჩევნების“ გამართვის შესახებ საყოველთაო აღშფოთება გამოიწვია როგორც აფხაზეთიდან დევნილთა შორის, ისე საქართველოს მთელ მოსახლეობაში, ყოველგვარ ლეგიტიმურობას მოკლებული, ფსევდოკონსტიტუციასა და ცრუ სამართლებლივ ბაზაზე დაფუძნებული რეჟიმი ახლა აფხაზეთში, განსაკუთრებით გალის რაიონში დარჩენილი მოსახლეობის დაშინებით, ტერორით, ყალბი დაპირებებით, ამომრჩეველთა რიცხვის ფალსიფიკაციითა და სხვა მსგავსი მეთოდებით ცდილობს ხოცვა-ჟლეტის, ეთნიკური წმენდისა და გენოციდის შედეგების დაკანონებას. საქართველოს პრეზიდენტმა, პარლამენტმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოებმა ნათლად გამოხატეს თავიანთი დამოკიდებულება სეპარატისტთა ამ მორიგი პროვოკაციის მიმართ.

ამ დღეებში საერთაშორისო თანამეგობრობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ უცილობლად უჭერს მხარს საქართველოს პოზიციას: გაეროს უშიშროების საბჭოს 22 ოქტომბრის სხდომამ მიიღო საბჭოს თავმჯდომარის განცხადება, რომელშიც ჩვენი ქვეყნის სუვრენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ლტოლვილთა და იძულებით ადგილნაცვალ პირთა უპირობო დაბრუნების, კონფლიქტის საბოლოო მოწესრიგებისა და აფხაზეთში საქართველოს იურისდიქციის აღდგენის მხარდაჭერასთან ერთად ჩამოყალიბებულია გაეროს უშიშროების საბჭოს პოზიცია აფხაზეთის ეგრეთ წოდებული „საპარლამენტო არჩევნების მიმართ“ განცხადებაში გამოთქმულია ღრმა შეშფოთება საკუთრივ არჩევნების დანიშვნის გამო და აღნიშნულია, რომ „ამგვარი არჩევნების გამართვა შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ სრულმასშტაბიანი პოლიტიკური მოწესრიგების ფარგლებში საქართველოს სუვერენტიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვით აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსის განსაზღვრის შემდეგ და ამ არჩევნებში ყველა ლტოლვილისა და იძულებით ადგილნაცვალი პირის სრული მონაწილეობის გარანტირებული შესაძლებლობის საფუძველზე“ უშიშროების საბჭო აღნიშნავს, რომ ახლა ეს პირობები დაცული არ არის და მოუწოდებს აფხაზთა მხარეს თავი შეიკავოს არჩევნების გამართვისაგან ისევე როგორც ყველა სხვა ქმედებისაგან, რომელმაც შეიძლება გაზარდოს დაძაბულობა და ხელი შეუშალოს მოწესრიგების პროცესს.

მოგვდის ცნობები, რომ ეუთო, ევროპის საბჭო, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები, ჩვენი მეგობარი და პარტნიორი სახელმწიფოები, მსოფლიოში ცნობილი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები გმობენ სეპარატისტთა უგუნურ ქმედებას.

დღეს უკვე ყველასთვის ნათელია: სეპარატისტთა ლიდერების მიერ დაგემილი ფარსი ყოველგვარ საზღვარს სცილდება.

სეპარატისტებმა ხელი უნდა აიღონ თვიანთ ავანტიურისტულ განზრახვაზე ეს იქნება მათი ის ერთადერთი გონივრული ნაბიჯი, რომელიც საშუალებას მოგვცემდა გაგვეგრძელებინა მოლაპარაკების პროცესი, მხოლოდ მშვიდობიანი მეთოდებით გვეძებნა ჩვენ შორის არსებული კონფლიქტის მოგვარების გზები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ერთადერთი შედეგი, რომელსაც ისინი მიღწევენ იქნება მათ მიერ ლეგიტიმურობის იმ ელემენტის დაკარგვაც, რომელსაც თავის დორეზე არჩეული დეპუტატების დღეს სოხუმში მყოფი მცირე ნაწილი წარმოადგენს. ასეთ შემთხვევაში, აფხაზეთის მრავალეროვანი მოსახლეობის ნების ერთადერთ ლეგიტიმურად გამომხატველად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თბილისში მოღვაწე დევნილი უმაღლესი საბჭო გახდება.

მინდა მივმართო აფხაზეთში დარჩენილ მოსახლეობას, იმ ჩვენს თანამემამულეებს, იმ ჩვენს სისხლსა და ხორცს, ქართველებს, აფხაზებს, რუსებს, სომხებს და სხვა ეროვნების ადამიანებს, რომლებიც ახლაც აფხაზეთში ცხოვრობენ, არძინბამ და მისმა თანამზარახველებმა თქვენ უკვე მოგიტანეს აურაცხელი გაჭირვება და უბედურება, ნუ აყვებით სოხუმელ ლიდერთა ამ ავანტიურას, ნუ მიიღებთ მონაწილეობას ამ დანაშაულებრივ სპექტაკლში, სეპარატიზმის, დაპირისპირების, ქვეყნის გახლეჩის გზა თქვენი შემდგომი გაუბედურების და დაღუპვის გზაა.

საქართველოს პარლამენტმა უკვე დასახა სეპარატისტთა მიერ დანიშნული არჩევნების შედეგად შექმნილ ვითარებაში მოქმედების გზები; იმედი მაქვს ჩვენი ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო კვლავაც გადადგამს საჭირო ნაბიჯებს.

მინდა გამოვთქვა რწმენა, რომ დესტრუქციული ძალების ყოველგვარი მცდელობის მიუხედავად, აფხაზეთის პრობლემა გადაიჭრება აფხაზეთის მოსახლეობის, საქართველოს მთელი ხალხის სასიკეთოდ, კავკასიის რეგიონსა და მთელს მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის სასარგებლოდ: აგრესიული სეპარატიზმი დამარცხდება, აფხაზეთის ძირძველი მიწა-წყალი დაუბრუნდება საქართველოს, დამყარდება ნანატრი მშვიდობა, ყველა დევნილი დაუბრუნდება თავიანთ სახლკარს. აი, სწორედ მაშინ გაიმართება აფხაზეთში ჭეშმარიტად საერთო სახალხო, დემოკრატიული არჩევნები, აფხაზეთი მრავალეროვანი მოსახლეობის თავისუფალი ნება ჩამოაყალიბებს წარმომადგენლობით ორგანოს, რომელიც ფართო უფლებამოსილებით იქნება აღჭურვილი ერთიანი, განუყოფელი სახელმწიფოს ფარგლებში.

სეპარატისტთა ლიდერების მიერ დაგეგმილი ფარსი ყოველგვარ საზღვარს სცილდება // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 25 ოქტომბერი. - №215(2326). - 1 გვ.

104 „კვლავაც აღმავლობის გზით ევლოს ჩვენს სათაყვანებელ სამშობლოს, რომლის ტერიტორიულ მთლიანობაზე ზრუნვა არ გვავიწყდება არც ზეიმის და არც მწუხარების დღეებში“

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 28 ოქტომბრის რადიოინტერვიუ

- განვლილი ეკონომიკური კვირის გამორჩეული მოვლენა იყო მოსკოვში გამართული შავი ზღვის აუზის ეკონომიკური თანამშრომლობის წევრი ქვეყნების სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურების შეკრება. ბისეკი ეკონომიკური ალიანსია, მაგრამ ბუქარესტისა თუ მოსკოვის შეხვედრებზე, თქვენ კონფლიქტების მოწესრიგებაში ბისეკის როლზე ილაპარაკეთ და ამ ორგანიზაციას ტრანსფორმაციისკენ მოუწოდეთ. რით ხელმძღვანელობდით, როცა ასეთი მოსაზრება გამოთქვით? იმით ხომ არა, რომ ბისეკი ორგანიზაციაა რომლესაც ეკონომიკური ბერკეტები აქვს და ამით შეუძლია მანიპულირება, თუ კონფლიქტების მოწესრიგებაში კიდევ ერთი საერთაშორისო სტრქუტურა ჩაებმება? - ჟურნალისტ ნატო ონიანის ამ შეკითხვის პასუხად საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ, თავის ტრადიციულ რადიოინტერვიუში განაცხადა:

- განვილი კვირა გამოირჩეოდა საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა მნიშვნელოვანი მოვლენებით.

აღსაღნიშნავია მოსკოვში გამართული შავი ზღვის აუზის ეკონომიკური თანმაშრომლობის წევრი ქვეყნების სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურების შეხვედრა. სამიტი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია ინტეგრაციისა და თანამშრომლობის ძირითადი მექანიზმების განსაზღვრისა და სრულყოფის გზაზე. დამატებით ნაბიჯები გადაიდგა ეკონომიკური თანამშრომლობის ინსტიტუტებისა და სამართლებლივი ბაზის, რეგიონში სტაბილურობის განმტკიცებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ შეხვედრაზე მივიღეთ კარგად შედგენილი და აწონილ-დაწონილი დეკლარაცია, რომელშიც შეჯამებულია 3-4 წლის მუშაობის შედეგები და განსაზღვრულია ამოცანები, რომლებშიც უფრო ნათლად არის გამოკვეთილი ამ ორგანიზაციის აქტიური როლი სახელმწიფოთა შორის ინტეგრაციული პროცესების დასაჩქარებლად და ამავე დროს, უაღრესად მნიშვნელოვანია ისიც, რომ კერძოდ, საქართველოს დელეგაციამ მწვავედ დააყენა საკითხი, რათა მოხდეს რანგირება, ანუ ეს ორგანიზაცია გადაიქცეს ნამდვილ საერთაშორისო რეგიონულ ორგანიზაციად, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გარკვეული სუბიქტი იქნება, რაც მას გაცილებით მეტ სიცოცხლისუნარიანობასა და ბრძოლისუნარიანობას შესძენს, გამოითქვა ზოგიერთი სხვა საინტერესო მოსაზრებაც, მათ შორის, კონფლიქტებთან დაკავშირებით. კერძოდ შეხვედრის მონაწილეებმა ერთსულოვვნად დაუჭირეს მხარი „მშვიდობიანი კავკასიის“ მოძრაობასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს საქართველოს ეწვია საერთაშორისო სავალუტო ფონდის საკმაოდ წარმომადგენლობითი დელეგაცია. ფონდის თანადგომითა და დახმარებით ჩვენს ქვეყანაში განხორციელებული რეფორმების შეფასებაში სტუმრები ერთსულოვანნი იყვნენ - შედეგები მეტად მნიშვნელოვანი და შთამბეჭდავია და მათივე აზრით, საქართველოს გამოცდილებას შეიძლება ბევრი ქვეყანა დაესესხოს, რასაკვირველია არის გარკვეული ხარვეზები, როგორიცაა, მაგალითად, გადასახადის აკრეფის ჯერ კიდევ არასკამარისი დონე, მაგრამ ტემპი აქაც მაღალია და თუ საქართველო განუხრელად გააგრძელებს აღებულ კურსს, ესეც ადვილი დასაძლევი იქნება. მხარდაჭერას იმსახურებს მსოფლიოში უდიდესი ხორბლის მწარმოებული და რეალიზატორი კომპანიის „იტალ-გრანის“ ინიციატივა ჩვენს ქვეყანაში პურ-პროდუქტებისა და ხორბლის წარმოება-გადამუშავებაში მონაწილოების მისაღებად და მისი დაინტერესება ჩვენში ხორბლის საერთაშორისო ბირჟის განვითარების შესაძლებლობებით.

საქართველოს როგორც ხორბლის მწარმოებელი ქვეყნის, პოზიციების აღდგენის პერსპეტივა ძალზე მიმზიდველია და ეს შეიძლება საინტერესო იყოს ინვესტორებისათვის, გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს ხორბლის დიდი საცავები, რომელთაც მხოლოდ მოდერნიზაცია სჭირდება. ამას ემატება საქართველოს გამოკვეთილი სატრანზიტო ფუნქცია, რომელიც სხვა ტვირთზიდვასთან ერთად ხორბლის გადაზიდვასაც მნიშვნელოვანი წვლილი ექნება.

ქვეყნისთვის მეტად აქტუალური, მართლაც პრინციპული საკითხები განვიხილეთ პრეზიდენტთან არსებული საკონსულტაციო ეკონომიკური საბჭოს მორიგ სხდომაზე.

ალბათ ძნელია გადაჭარბებით შეფასდეს იმ უდიდესი ფინასური და ტექნიკური ხელშეწყობის, ჰუმანური და ინტელექტუალური დახმარების მნიშვნელობა, რომელიც საქართველოს გაუწიეს მსოფლიო საზოგადოებრიობამ, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებმა და დონორმა ქვეყნებმა. მხოლოდ თანხამ, არასრული გამოანგარიშებით, მილიარდ 357 მილიონ დოლარს გადააჭარბა, რომელმაც ჩვენ, შეიძლება პირდაპირ ითქვას გვიხსნა იმ პერიოდში, როდესაც ქვეყანაში არაფერი არ იქმნებოდა, და ეს მდგომარეობა რამდენიმე წელიწადი გრძელდებოდა. ჩვენი მეგობრების ასეთი დიდი დახმარება რომ არ ყოფილიყო, ბუნებრივია, საქართველო ვერ გაუძლებდა უმძიმეს გამოცდას.

დღეს ამ ურთიერთობათა არეალი უფრო ფართოვდება, ახალ შინაარსს იძენს, მრავალფეროვანი ხდება მისი ფორმები. ამიტომ, თუ ამისათვის მზად არ ვიყავით, ახლა რეალურად დადგა დღის წესრიგში სახელმწიფო დონეზე მისი კოორდინაციის პრობლემა. სააკორდინაციო საქმიანობამ, დახმარებათა, საინვესტიციო მოზიდვისა და ეფექტიანი გამოყენების ფუნქციის კონცენტრირებასთან ერთად, ეკონომიკური ხასიათის ურთიერთობანიც უნდა მოიცვას, სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლის ფორმირებაში დამატებითი ღირებულების გადახდის ხვედრითი წილი, როგორც მოგეხსენებათ, წლეულს 40 პროცენტს აღემატება, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტით, კი ეს მაჩევენებელი თითქმის 60 პროცენტით გაიზრდება. ამდენად გასაგებია, თუ რა მნიშვნელობა ენიჭება საგადასახადო კანონმდებლობის სრულყოფის პროცესში დამატებითი ღირებულების შესახებ ახალი კანონის მიღებას, რომლის პროექტისც ასევე განხილული იყო ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე. ახალმა კანონმა, საბოლოო ანგარიშით, უფრო ეფექტიანი და სამართლებლივი საფუძველი უნდა შეუქმნას ქვეყნის შიდა მოხმარებიდან საბიუჯეტო შემოსავლის სრულად მიღებას. ამასთან, მან მეტი მასტიმულირებელი გავლენა უნდა მოახდინოს წარმოებაზეც. კანონპროექტის საბოლოო ვარიანტს უახლოეს დღეებში განიხილავს მთვარობის სხდომა და შემდეგ იგი, ბუნებრივია, გადაეცემა პარლამენტს, საბჭომ მოიწონა საბიუჯეტო შემოსავლის ფორმირების და ქვეყნის ეკონომიკური საზღვრების დაცვის უზრუნველყოფისათვის მეტად მნიშვნელოვანი დოკუმენტი - ახალი საბაჟო კოდექსის პროექტი. შესრულებულია უზარმაზარი სამუშაო ყველა დაინტერესებული სამინისტროს, უწყებისა და ორგანიზაციის შენიშვნების გათვალისწინებით და საგულისხმოა ისიც, რომ ამ მართლაც ფუძემდებულური კანონის შემუშავებაში ძალიან აქტიურად მონაწილეობდენენ ჩვენი უცხოელი კოლეგები.

ძველი კოდექსისგან განსხვავებით, იგი მრავალ სიახლეს ითვალისწინებს საბაჟო ორგანოების საქმიანობის ფორმებისა და მეთოდების სრულყოფის თვალსაზრისით. სიახლეა საბაჟო გადასახადების აკრეფის, საბაჟო გაფორმების სამართლებლივ რეგულირებაში, კონტრაბანდასთან ბრძოლის სფეროში და სხვა. პროექტი მაქსიმალურად აროს მიახლოებული საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციის სტანდარტებთან, თქვენ მოგეხსენებათ, რომ გვაქვს განაცხადი გავხდეთ საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი.

რეფორმების წარმატებული მიმდინარეობა სულ უფრო თვალნათლივ აისახება რეალური ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებში (ამის შესახებაც მინდა ვთქვა რამოდენიმე სიტყვა) რაც განსაკუთრებით თვალსაჩინო ხდება თანამეგობრობის ქვეყნებთან საქართველოში მიღწეული შედეგების შედარებისას. თუ ჯერ კიდევ შარშან, ძირითადი სოციალურ-ეკონომიკური პარამეტრებით მნიშვნელოვნად ჩამოვრჩებოდით თანამეგობრობის თითქმის ყველა ქვეყნის საშუალო დონეს და ბოლო რიგებში ვიმყოფებოდით, წლეულს 9 თვის შედეგებით, თანამეგობრობის სახელმწიფოთაშორისი სტატისტიკური კომიტეტის მონაცემებით, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპით ქვეყანა პირველ ადგილზე გავიდა. მე არ ვამბობ, რომ ეს აბსოლიტურ მონაცემებში განსაკუთრებულია, მაგრამ უკვე ჩამოყალიბდა განსაკუთრებული მაჩვენებელი ზრდის ტემპის თვალსაზრისით. დაზუსტებული მონაცემები გახლავთ 112 პროცენტი, მეორე ადგილზე მყოფი ქვეყნის მონაცემები კი 104 პროცენტს შეადგენს.

სამრეწველო პროდუქციის წარმოებისა და კაპიტალურ დაბანდებათა ზრდის ტემპით მესამე ადგილზე ვართ, ხოლო საერთო სარგებლობის რკინიგზის ტრანსპორტით ტვირთზიდვის მაჩვენებლები ყველგან შემცირებულია, საქართველოსა და ყირგიზეთის გარდა. რაც შეეხება რეგისტრირებულ უმუშევართა რაოდენობას (ეს ძალიან საყურადღებო მონაცემია), მათი რიცხვი თიქმის ყველა ქვეყანაში მატულობს, მაშინ როცა, საქართველოში შემცირების ტენდენცია გამოიკვეთა, კერძოდ 9 თვის განმავლობაში 12 პროცენტით შემცირდა.

საადგილმამულო ურთიერთობათა დამკვიდრება, საერთოდ, მიწის რეფორმა ვერ განხორციელდება უფლებათა რეგისტრაციის, კერძოდ, მიწისა და მასთან დაკავშირებული ქონების რეგისტრაციისა და მისი განმახორციელებელი შესაბამისი სპეციალიზირებული სამსახურის გარეშე.

ამ პრობლემის მოგვარებას დიდად შეუწყობს ხელს „მიწის და მიწასთან დაკავშირებული სხვა უძრავი ქონების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის მიღება, რომლის პროექტიც წინა კვირაში განიხილეს მთვარობის სხდომაზე. მიღებულია ასევე კანონპროექტი მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის შექმნის თაობაზე. ამ კანონებს თუ დროულად არ მივიღებთ, მაშინ უნდა ვივარაუდოდ, რომ მიწის რეფორმასთან დაკავშირებული კანონები ვერ იმუშავებს და ქვეყანა შეიძლება ერთგვარ ქაოსურ მდგომარეობაში აღმოჩნდეს. ამიტომ ეს აუცილებელი სამუშაო უნდა შესრულებულიყო.

გარდა იმისა, რომ აღნიშნული კანონების მიღება მსოფლიო ბანკის მიერ სტრუქტურული გარდაქმნის კრედიტის მეორე ტრანშის გამოყოფის ერთ-ერთი პირობაა, იგი ამჟამად მოქმედ კანონებთან და სოფლად საკრედიტო კავშირების განვითარების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობისათვის გადასახადის შესახებ მისაღებ კანონებთან ერთად შექმნის მიწათსარგებლობის სრულფასოვანი სახელმწიფო სისტემის ჩამოყალიბების საფუძვლებს.

- გარდა იმისა, რომ თქვენ მოსკოვში შეკრებას ესწრებოდით და სხდომების მუშაობაში მონაწილეობდით, გქონდათ სხვა შეხვედრებიც, ტრადიციულად - დემირელთან, ალიევთან, ტერ-პეტროსიანთან, კუჩმასთან, პრინციპში ნებისმიერ საერთაშორისო თუ თანამეგობრობის მასშტაბით მიმდინარე სამიტზე რომ არის ხოლმე. თქვენ შეხვდით რუსეთის პრემიერსა და საგარეო საქმეთა მინისტრსაც. ალბათ, ამ საუბრების ერთ-ერთი უმთავრესი თემაც კონფლიქტების მოგვარება იყო, ისევე როგორც „წინანდლის შეხვედრების“ დროს. მით უმეტეს, რომ განვლილ კვირაში გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის განცხადებაც გავრცელდა აფხაზეთთან დაკავშირებით...

- მოსკოვში მართლაც ბევრი შეხვედრა იყო. შევხვდი თითქმის ყველა ქვეყნის დელეგაციათა მეთაურებს, ყველა პრეზიდენტს, რომლებიც იქ წარმოდგენილნი იყვნენ. თავისთავად ყველა ეს შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო. მაგრამ მე მაინც გამოვყოფდი დიალოგს რუსეთის პრემიერთან ვიქტორ ჩერნომირდინთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან ევგენი პრიმაკოვთან, ძირითადი თემა, რა თქმა უნდა, აფხაზეთი და ქართულ ოსური კონფლიქტი გახლდათ. ორივე მხარე აღიარებს, რომ დღევანდელ ეტაპზე საჭიროა ახლებურად გავიაზროთ შექმნილი მდგომარეობა, კერძოდ, საქართველოს პარლამენტში, გამართულ დისკუსიასთან დაკავშირებით და ვეძებოდ კრიზისიდან გამოსვლის გზები. ამ მიზნით შესაბამისი დავალებანი მიეცათ ორივე ქვეყნის საგარეო და თავდაცვის სამინისტროებს, ამ უწყებებმა ორ კვირაში უნდა შეიმუშაონ კონფლიქტის დაჩქარებული მოწესრიგების კონცეფცია, აგრეთვე, კონკრეტული პროგრამა და წარმოუდგინონ ორივე ქვეყნის ხელმძღვანელობას, ჩვენზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული - რას მოვიფიქრებთ, როგორ წინადადებეს წამოვაყენებთ და შეიძლება რაღაც გარკვეულ შედეგებამდე მივიდეთ.

თანამედროვე ეტაპზე რუსულ ქართული ურთიერთობების ძირეული საკითხების ღრმა ანალიზს მიეძღვნა აღმოსავლეთ-დასავლეთის ცენტრის ბაზაზე რუსეთისა და საქართველოს ცნობილი საზოგადო და პოლიტიკური, სახელმწიფო მოღვაწეების და ორგანიზაციების წარმომადგენელთა სიმპოზიუმი, განსაკუთრებით სანტერესო იყო ის ნაწილი, რომელიც წინანდალში გაიმართა, გადაწყდა რომ ასეთი შეხვედრები ტრადიციული გახდება და მათ „წინანდლის შეხვედრები“ დაერქმევა მომავალში.

- ჩამოსულ სტუმრებს შორის იყო ანატოლი სობჩაკი - სანქტ-პეტერბურგის ყოფილი მერი, პიროვნება რომლიც საქართველოში 1989 წლის მძიმე დღეებიდან ახსოვთ. მხედველობაში მაქვს 9 აპრილი...

- თქვენ წინა შეკითხვასთან დაკავშირებით, მე ერთ ფრაგმენტზე არ გიპასუხეთ. ეს ეხება აფხაზეთში გამოცხადებულ არჩევნებს.

როგორც ადრე ავღნიშნე, აფხაზ სეპარატისტთა მიერ დანიშნული არჩევნები, რა თქმა უნდა, წმინდა წყლის ფარსია, ამას მოწმობს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული განცხადება, აგრეთვე, საკითხის განხილვა თამაზ ნადარეიშვილისა და ზურაბ ერქვანიას, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გიორგი ბურდულის მონაწილეობით ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის სხდომაზე, სადაც ყველამ ერთსულოვნად დაგმო, ისევე როგორც უშიშროების საბჭოში, სოხუმში დანიშნული უკანონო არჩევნები, როგორც ცნობილია, რუსეთის ხელმძღვანელობის სახელით გაკეთებულ განცხადებაში სავსებით ნათლად არის ჩამოყალიბებული, აგერთვე, ამ ქვეყნის უაღრესად ნეგატიური დამოკიდებულება ეგრეთ წოდებული არჩევნებისადმი. ასე, რომ აფხაზთა სეპარატისტული რეჟიმი კიდევ უფრო ღრმა იზოლაციაში მოექცა და ეს პროცესი სულ უფრო გაძლიერდება და გაღრმავდება.

ბატონ ანატოლი სიბჩაკს ბოდიშს მოვუხდი, რომ ცოტა მოგვიანებით შევუდექი მის თემაზე საუბარს. როგორც მოგეხსენებათ ანატოლი სობჩაკი საქართველოს მართლაც დიდი მეგობარი და დემოკრატიული მოძრაობის ერთი უთვალსაჩინოესი წარმომადგენელია. ჩვენი ხალხი განსაკუთრებით აფასებს მის გადამწყვეტ წვლილს 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიული მოვლენების სამართლიან შეფასებაში. ქართველი მკითხველი კარგად იცნობს 9 აპრილის მოვლენებისადმი მის (მე ასე დავარქმევდი) მოთხრობა-გამოკვლევას, რომელიც ამას წინათ „საქართველოს რესპუბლიკამ“ მთლიანად გამოაქვეყნა რამდენიმე ნომერში და მისი დიდი ღვაწლის აღიარებაა ანატოლი სობჩაკისათვის საქართველოს საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭება.

ვფიქრობ საქართველოს მოქალაქენი მას გულწრფელად ულოცავენ ამ მაღალ წოდებას.

- გუშინ თბილისობის დღესასწაული დასრულდა, უამინდობის მიუხედავად, მაინც შეიძლება ითქვას, რომ დღესასწაული გაიმართა...

- მე მართლაც მინდოდა მეთქვა რამდენიმე სიტყვა თბილისობასთან დაკავშირებით, მას ცალკეული პიროვნებები სხვადასხვაგვარად აფასებენ. ერთ-ერთმა ჩვენთვის ცნობილმა პიროვნებამ თქვა, ეს შოუაო და სხვა...

თბილისობას წლეულს განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა, იგი მეორე წელია რაც აღდგა, ესე იგი, ექვსი წლის განმავლობაში არ გამართულა და ჩემი აზრით, ეს წლები ჩვენთვის უმძიმესი, მართლაც შეიძლება ითქვას, შავი წლები, უძრაობის და გაყინვის წლები იყო. ახლა ქვეყანა ფეხზე დგება, დაიწყო აღმავლობა ყველა სფეროში, უწინარესად, წარმოებაში. ერთია სტატისტიკა, მშრალი ციფრები, რომელთა შესახებაც ზემოდ მოგახსენეთ, მეორეა როცა ასიათასობით მოქალაქე თანამემამულეთა ხელით მოწეულ სურსათ-სანოვაგეს საკუთარი თვალით ნახავს, ზოგ რამეს ზამთრისთვისაც მოიმარაგებს, საგულისხმოა, რომ თბილისობას ბევრი უცხოელი სტუმარი ესწრებოდა, ბევრი მათგანი ადრეც ყოფილა ჩვენთან. საერთო აზრი ასეთი გახლავთ, მე გუშინ თითქმის ყველას შევხვდი - საქართველომ სასწაულებრივად მოკლე დროში წარმოუდგენელ შედეგებს მიაღწია. ეს არის ერთიანი ეროვნული შიდა პროდუქტის მკვეთრი ზრდის, საუკეთესო ტრადიციების აღდგენა და კულტურის ნამდვილი ზეიმი, ეროვნული მრავალფეროვნების შენარჩუნება და ხალხთა შორის საოცარი მეგობრული სულისკვეთების დამკვიდრება. თითქმის ყველამ შენიშნა, რომ გუშინ და გუშინწინ ქართველების გვერდით იდგნენ და ზეიმობდნენ შრომაში ნაჯაფი აფხაზები, ოსები, რუსები, სომხები, აზერბაიჯანელები, ბერძნები, ებარელები, ქურთები, ქისტები და სხვები და ისინი ზეიმობდნენ იმას, რომ თავიანთი სამშობლოს დედაქალაქში არიან.

პრეზიდენტის ბრძანებულების შესრულებისათვის თბილისობასთან დაკავშირებით გულწრფელ მადლობას იმსახურებენ აჭარის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების, სამეგრელო-ზემო სვანეთის, შიდა ქართლის, კახეთის, მესხეთ-ჯავახეთის, იმერეთის, ქვემო ქართლის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რაიონები, მათი ხელმძღვანელები, სამინისტროები, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის და სურსათის სამინისტრო. მადლობას ვუცხადებ ყველა რაიონისა და ქალაქის განმგებლებს, მერებს, მადლობა თბილისელებს, ქალაქ თბილისის მერიას საუკეთესო ორგანიზაციისათვის, მადლიერების სიტყვებით მივმართავ ლიტერატურისა და ხელოვნების მოღვაწეებს, მეცნიერებს, რომლებმაც, როგორც ყოველთვის, ახლაც დაგვამშვენეს და სავსებით ბუნებრივია, რომ წლევანდელ თბილისობას განსაკუთრებული ელფერი ჩვენმა ახალგაზრდობამ და ბავშვებმა შესძინეს. კვლავ აღმავლობის გზით ევლოს ჩვენს სათაყვანებელ სამშობლოს, რომლის ტერიტორიულ მთლიანობაზე ზრუნვა არ გვავიწყდება არც ზეიმის არც მწუხარების დღეებში.

„კვლავაც აღმავლობის გზით ევლოს ჩვენს სათაყვანებელ სამშობლოს, რომლის ტერიტორიულ მთლიანობაზე ზრუნვა არ გვავიწყდება არც ზეიმის და არც მწუხარების დღეებში“ / ედუარდ შევარდნაძე ; [ჩაიწერა] ნატო ონიანმა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 29 ოქტომბერი. - 217(2328). - 1,2 გვ.

105 ინტელექტუალური საკუთრების დაცვა - თანამედროვე მსოფლიოს, წინსვლის ერთ-ერთი ქმედითი საშუალებაა

▲ზევით დაბრუნება


ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული სემინარი

თბილისში გაიმართა რეგიონალური სემინარი თემაზე: „სასაქონლო ნიშნები და გეოგრაფიული აღნიშვნები“ მასში მონაწილეობდნენ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ყველა ქვეყნისა და ევროპის მთელ რიგ სახელმწიფოთა წარმომადგნელები. სიმპოზიუმის მუშაობაში აგრეთვე მონაწილეობდა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი არპად ბოგში. სწორედ ეს ორგანიზაცია საქართველოს „დემოკრატიისა და აღორძინების ფონდთან“ „საქპატენტთან“ ერთად იყო სემინარის გამართვის ინიციატორი.

სემინარის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს მისალმება გაუგზავნა საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ.

მისალმებაში კერძოდ ნათქვამია:

გულითადად მივესალმები ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული სემინარის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, რომლებიც შეიკრიბნენ სასაქონლო ნიშნებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის საკითხების განსახილველად.

ყველასთვის ცნობილია, რომ ინტელექტუალური საკუთრების დაცვა თანამედროვე მსოფლიოს ეკონომიკური და სამეცნიერო-ტექნოლოგიური წინსვლის, აგრეთვე, მხატვრულ-შემოქმედებითი სფეროს განვითარების ერთ-ერთი ქმედითი საშუალებაა. ამიტომ მისი დაუფლება, შესაბამისი სტრუქტრების და სპეციალისტების გააქტიურება ერთობ აქტუალურია გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებისათვის, რომელთა შორის არიან ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკები.

სასაქონლო ნიშნების და გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის საერთაშორისო გამოცდილების გაცნობის, შეწავლის და გამოყენების გარეშე წარმოუდგენელია მათი საექსპორტო შესაძლებლობათა ზრდა და შიდა სამომხმარებლო ბაზრის მოწესრიგება.

სემინარის თემატიკა ფრიად მნიშვნელოვანია საქართველოსათვის, რადგანაც ღვინის და მინერალური წყლების წარმოება ქვეყნის ეკონომიკის პრიორიტეტული მიმართულებაა.

ალბათ შემთხვევითი არ არის, რომ ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციამ სემინარის ადგილსამყოფელად თბილისი არჩია, რაც ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკური და ეკონომიკური ცხოვრების სტაბილიზაციის პროცესის ნათელი დასტურია.

ვიმედოვნებ, რომ ქართველი სპეციალისტები და მათი უცხოელი კოლეგები სათანადოდ გამოიყენებენ ამ შესაძლებლობას, რომელიც მათ მისცა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციამ, მისმა გენერალურმა დირექტორმა დოქტორმა არპად ბოგშმა. ჩვენ დიდად ვაფასებთ მათ ღვაწლს ამ სფეროს განვითარებასა და სრულყოფაში, მადლობას ვუხდით საქართველოს საპატენტო სამსახურისადმი გაწეული დახმარებისა და მხარდაჭერისათვის.

ვუსურვებ სემინარის მონაწილეებს წარმატებებს დასახული მიზნების განხორციელებაში.

ინტელექტუალური საკუთრების დაცვა - თანამედროვე მსოფლიოს წინსვლის ერთ-ერთი ქმედითი საშუალებაა : ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული სემინარი // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 31 ოქტომბერი. - 219(2330). - 1 გვ.

106 „ტოლერანტობამ, მოყვასის სიყვარულმა უნდა გააერთიანოს და გაათანაბროს ამ ქვეყნად ადამიანები“

▲ზევით დაბრუნება


ბატონ ედუარდ შევარდნაძის მისალმება

როგორც ვიუწყებოდით, თბილისში მუშაობა დაამთავრა საერთაშორისო კონფერენციამ თემაზე „მრავალეროვანი საზოგადოების პირობებში სკოლებისათვის მასწავლებელთა მომზადება“ რომელიც მოაწყო სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურმა უნივერსიტეტმა იუნესკოს ხელშეწყობით.

კონფერენციის მონაწილეებს მისალმებები გაუგზავნეს საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ და იუნესკოს გენერალურმა დირექტორმა ფედერიკო მაიორმა.

ძვირფასო მეგობრებო,

პრობლემა რომლის განხილვასაც ეძღვნება თქვენი კონფერენცია, განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, როგორც საერთაშორისო თვალსაზრისით ისე ლოკალურად, ამა თუ იმ რეგიონისათვის. ლაპარაკი ხომ იმაზეა, რომ ადამიანი სიყმაწვილიდანვე ვაზიაროთ მსოფლიო კულტურას, რათა სამომავლოდ არასოდეს გახდეს ომის მოსურნე, იყოს ჰუმანისტი, ძალადობის, რასობრივი შეუწყნარებლობისა და ეთნიკური განსაკუთრებულობის დამგმობი მოქალაქე.

ნიშანდობლივია, კონფერენციის ადგილად იუნესკომ თბილისი შეარჩია. ეს ჩვენი აზრით შემთხვევითი როდია. 1995 წლის ივნისში სწორედ საქართველოს დედაქალაქში გაიმართა საერთაშორისო ფორუმი „კულტურათა დიალოგი სოლიდარობისათვის, აგრესიულობისა და შეურიგებლობის წინააღმდეგ“ და თქვენი კონცეფციაც ხომ ფორუმის მონაწილეთა მთავარი იდეის უშუალო გაგრძელება და განვითარებაა, რომელიც აისახა ტოლერანტობის და ადამიანთა საყოველთაო ურთიერთგაგების განმტკიცების პროგრამაში.

ცხადია რომ თქვენ აზრთა ურთიერთგაზიარებას უთუოდ შეუწყოფს ხელს ის გარემოება, რომ მრავალეროვანი საქართველოს სასწავლებელებში ქართულის გარდა სწავლება მიმდინარეობს რუსულ, სომხურ, აზერბაიჯანულ, აფხაზურ, ოსურ ენებზე, ივრითზე, სპარსულ, თურქულ, ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, ესპანურ, იტალიურ ენებზე. საქართველოს სკოლებში ტრადიციად დამკვიდრდა „მშვიდობის გაკვეთილები“ ტოლერანტობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია ქართველ ხალხში თავისთავად ვერ შეიქმნებოდა. მას ჩამოყალიბება მოვლა და განმტკიცება სჭირდებოდა სისხლისმღვრელი ომებისა და უცხოელ დამპყრობთაგან რბევა-თარეშის უმძიმეს პირობებში.

დღეს ისტორიულად შესისხლხორცებული ტოლერნატობა და თამამად შეიძლება ითქვას მშვიდობის კულტურაც ჩვენი ხალხის ყოფის, ქცევის, ზნეობისა და ცნობიერების განუყოფელი ნაწილია და ყოველივე ეს მოგვაპოვებინეს ჩვენმა პედაგოგებმა, რომელბიც თავის აღსაზრდელებს ყმაწვილობიდან უნერგავდნენ ადამიანთა ურთიერთობისა და თანამეგობრობის ამაღლებულ იდეებს.

სწორედ ამ კეთილშობილურ მიზნებს ემსახურება საქართველოს ინიციატივა „მშვიდობიანი კავკასიისათვის“ რომელსაც ჩვენს რეგიონში სტაბილურობისა და სიმშვიდის დამკვიდრებას ვუკავშირებ.

ტოლერანტობა მოყვასისადმი სიყვარული არ შეიძლება მხოლოდ ამა თუ იმ ქვეყნის, ამ თუ იმ ხალხის დამახასიათებელი იყოს, ყოველივე ეს უნდა იქცეს ხალხთა და სახელმწიფოთა თანაცხოვრების პრინციპად, თითოეული ადამიანის არსებობის წესად.

სიყვარული არავის არ ჩაგრავს და არავის არ ამცირებს, სწორედ ტოლერანტობამ, მოყვასის სიყვარულმა უნდა გააერთიანოს და გაათანაბროს ამ ქვეყნად ადამიანები. ეს დროის უმთავრესი მოთხოვნაა, თქვენ შეიკრიბეთ თბილისში რათა ერთმანეთს გაუზიაროთ აზრები და შეიმუშავოთ ნორჩ თაობასთან მუშაობის ის მეთოდები, რომელებიც თანამედროვეობის ამ მოთხოვნებს უპასუხებენ.

ყოველ თქვენგანს საკუთარი გამოცდილება და უნარ-ჩვევები გაქვთ და თუ მათ ჩვენს სინამდვილეს შევუფარდებთ, პასუხს გასცემთ მრავალ პრობლემასა და კითხვას.

სულ მალე თქვენი დღევანდელი აღსაზრდელნი 21-ე საუკუნეში შეაბიჯებენ სრულუფლებიან მოქალაქეებად.

დაე, მათ მშვიდობის და ბედნიერების გზით ევლოთ, გზით რომელსაც ყოველი თქვენგანი მომავლისკენ გაკვალავს!

„ტოლერანტობამ, მოყვასის სიყვარულმა უნდა გააერთიანოს და გაათანაბროს ამ ქვეყნად ადამიანები“ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 31 ოქტომბერი. - 219(2330). - 2 გვ.

107 „ქართველებმა ძალიან კარგად ვიცით ეროვნულ ღირებულებათა განსაკუთრებული ფასი, ამ ფენომენის განსაკუთრებული მნიშვნელობა, და ის, რაც სხვა ერის კუთვნილებაა და ძალით არის წართმეული, მასვე უნდა დაუბრუნდეს“

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტის 4 ნოემბრის რადიოინტერვიუ

- განვლილი ეკონომიკური კვირის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მოვლენა იყო ირანის პრეზიდენტის პირველი მოადგილის ჰასან ჰაბიბის ვიზიტი საქართველოში, რომლის მიზანი ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობის განმტკიცება და გაფართოებაა. ეს ურთიერთობა დიდი ხნის წინათ დაიწყო. გვახსოვს თქვენი ვიზიტი ირანში, პრეზიდენტ რაფსანჯანის ვიზიტი საქართველოში. ირანი ის ქვეყანაა, რომელიც ძალიან აქტიურად არის ჩართული ევროპა-აზიის დერეფანში. ამდენად, ამ ვიზიტს ჩვენთვის ძალიან დიდი ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს... - ამ თემაზე საუბრით დაიწყო, ჟურნალისტ ნატო ონიანის თხოვნით, საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ თავისი ტრადიციული რადიოინტერვიუ.

- ირანის ვიცე-პრეზიდენტის დოქტორ ჰაბიბის - ირანის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელის ვიზიტმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი იმას, რომ მტკიცდება ორი ქვეყნის აბსოლუტურად თანასწორუფლებიანი და ორივე მხარისათვის ხელსაყრელი ურთიერთობა. ეს ასე ვთქვათ, ზოგადი დასკვნაა.

ვიზიტი უდავოდ შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას, რომლის აუცილებლობაც დამატებით განაპირობებს კასპიისა და შავი ზღვისპირა რეგიონების ქვეყნების პარტნიორობის საინტერესო პერსპექტივა. თქვენ იცით, რომ კასპიის ზღვისპირა ქვეყნებს აქვთ შავი ზღვისპირა ქვეყნების მსგავსი ალიანსი და ამ ორი აუზის ქვეყნების თანამშრომლობაზე ჩვენ გვქონდა ძალიან სერიოზული საუბარი.

დღეისათვის ამ უახლოეს მეზობელ ქვეყანასთან ეკონომიკური კავშირურთიერთობის (სწორედ ეკონომიკას გამოვყოფდი) პრაქტიკული შედეგები ჯერჯერობით არცთუ ისე დიდია. საქართველოს საგარეო-სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებს შორის ირანი პროდუქციის ექსპორტისა და იმპორტის მიხედვით შესაბამისად მე-14 - მე-15 ადგილზეა.

ვიზიტის შედეგებიდან განსაკუთრებით უნდა გამოიყოს ხელმოწერილი შეთანხმება საქართველოს მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის შედეგად წარმოქმნილი ვალის რესტრუქტურიზაციის შესახებ, რის თაობაზეც პრინციპული შეთანხმება ჯერ კიდევ მაისში იყო მიღწეული.

მიღებულ იქნა ურთიერთგაგების ერთობლივი მემორანდუმი თანამშრომლობის შესახებ. ხელმოუწერელია აგრეთვე შეთანხმებები ორი ქვეყნის ცენტრალურ ბანკებს შორის საბანკო გადასახადების მოწესრიგების, ირანისა და საქართველოს მთავრობათა შორის შემოსავლისა და ქონების ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების, საბაჟო თანამშრომლობის შესახებ. ეს იმას ნიშნავს, რომ ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების ხელშემშლელი ყოველგვარი მუხრუჭი ამიერიდან მოხსნილია.

აღინიშნა, რომ ირანის მხარე მზად არის გააგრძელოს ჟინვალჰესის სიმძლავრის გაზრდის სამუშაოთა დაფინანსება და დაასრულოს შესაბამისი კონტრაქტი. აქ ლაპარაკია 10-12 მილიონიან შეღავათიან კრედიტზე და ამ მხრივ კარგი პერსპექტივა გამოიკვეთა. ორივე ქვეყანა დაინტერესებულია მრეწველობისა და სხვა საწარმოო გაფართოებით. ეს ეხება მინიტრაქტორების ერთობლივ წარმოებას და შესაბამის მოწყობილობათა გაცვლას. ირანის მხარე მზად არის დააბანდოს კაპიტალი ხილის კონცენტრატებისა და შოკოლადის წარმოებაში, ჩაის წარმოებასა და გადამუშავებაში, საკომუნიკაციო სფეროებსა და ფოთის ტერმინალის მშენებლობაში და სხვა. დაინტერესებული არიან შეიძინონ ფოლადის მილები, ხე-ტყე და ქაღალდი. მეტად საყურადღებოა ბინათმშენებლობის საქმეში ერთობლივი საწარმოს შექმნის წინადადება. საგულისხმოა, აგრეთვე, მოსაზრებანი საჰაერო, საზღვაო და საავტომობილო ტრანსპორტით საერთაშორისო ტვირთზიდვაში თანამშრომლობის თაობაზე. ამ საკითხებთან დაკავშირებით უაღრესად საინტერესო საუბარი გაიმართა ბათუმში აჭარის ხელმძღვანელობასთან, კერძოდ ბატონ ასლან აბაშიძესთანაც, სახელმწიფო მინისტრის ნიკო ლეკიშვილის, სხვა სპეციალისტებისა და თანამდებობის პირთა მონაწილეობით.

საქართველოს მიმართ სულ უფრო დიდ ინტერესს მოწმობს უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციის ვიზიტი (მე ამის შესახებაც მინდა ვთქვა რამდენიმე სიტყვა) უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის ხელმძღვანელობით. უნგრეთთან აქტიური ეკონომიკური ურთიერთობის მიმართულებით საჭიროა დაიწყოს სერიოზული მუშაობა ფართო სახელშეკრულებო-სამართლებრივი ბაზის შესაქმნელად, რაც დღეისათვის მხოლოდ 1996 წელს ხელმოწერილი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირურთიერთობის შესახებ შეთანხმებით შემოიფარგლება.

პრეზიდენტთან დელეგაციის შეხვედრისას აღინიშნა, რომ დღეს, ამიერკავკასიაში დერეფნის პრაქტიკულად ამოქმედების პირობებში, ძალზე მნიშვნელოვანია (ეს ამ ბოლო დროს გამოკვეთილი ტენდენციაა) მისი ფორმირების პოცესში დუნაისპირა სახელმწიფოების, კერძოდ, უნგრეთის, როგორც თავად სატრანსპორტო ქვეყნის, აქტიური ჩართვა. ესე იგი, უნგრეთიც მიემატა ამ სახელმწიფოთა რიცხვს, რომლებიც დაინტერესებული არიან ტრასეკის პროექტის განვითარებით.

მსოფლიო ბანკის ენერგეტიკული მისიის ვიზიტი დაკავშირებულია ევრობანკსა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკთან ერთად შემუშავებულ საქართველოს ელექტროენერგეტიკის რეაბილიტაციის საინვესტიციო პროგრამასთან. ამ პროგრამის უმთავრეს პრიორიტეტად განისაზღვრა თბილისის სრესის 300 მეგავატი სიმძლავრის მეათე ენერგობლოკის აღდგენა. ახლა უკვე რეალურად იწყება ლაპარაკი მეათე ბლოკზე, რომლის საერთო ღირებულებიდან ეს დაჯდება 61 მილიონი ამერიკული დოლარი და მსოფლიო ბანკი გვპირდება, რომ გაიღებს 34-35 მილიონ დოლარს. ეს საქართველოსათვის ძალიან დიდი დახმარება იქნება უკვე მომავალი წლისათვის.

თბილისში მუშაობა დაიწყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ ბატონ შადმან ვალავის ხელმძღვანელობით. მისიის მიზანია, რა თქმა უნდა, ჩვენთან ერთად განიხილოს საქართველოს 1997 წლის ბიუჯეტის საბოლოო პროექტი და დაიწყოს მზადება მომავალი წლისათვის სტაბილიზაციისა და სტრუქტურული რეფორმების ფართომასშტაბიანი პროგრამის განსახორციელებლად.

მოკლედ, ეკონომიკური ანალიზი ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით: ეკონომიკის ფუნქციონირების 10 თვის მუშაობის შედეგები ჯერჯერობით შეჯამებული არ არის. მრეწველობის ცალკეული სექტორებისა და საწარმოების წინასწარი მონაცემების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ოქტომბერში სექტემბერთან და 9 თვის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით მდგომარეობა უმჯობესია, რაც იძლევა საფუძველს ვივარაუდოთ, რომ მთლიანად 10 თვის შედეგები უკეთესი უნდა იყოს.

კერძოდ, ოპერატიული მონაცემებით, ჰოლდინგური კომპანიის „საქსამთომეტალურგიის“ საწარმოთა მიერ წარმოებულია 6 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია, რაც 14 პროცენტით აღემატება 9 თვის საშუალო მაჩვენებელს. ამუშავდა მეტალურგიული ქარხნის მარტენის ღუმელი, რის შედეგადაც ოქტომბრის დამლევს მნიშვნელოვნად გაიზარდა ქარხნის პროდუქციის მოცულობა. კარგი ტემპია აღებული ამ ბოლო ხანს ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში. სტაბილურად მუშაობენ სააქციო საზოგადოებები „მადნეული“ და, რაც ყველაზე უფრო სასიხარულოა, „ჭიათურმანგანუმი“.

მსუბუქი მრეწველობის დეპარტამენტის საწარმოების მიერ ოქტომბერში წარმოებული პროდუქცია 16 პროცენტით აღემატება 9 თვის საშუალო მაჩვენებელს. მრეწველობის დეპარტამენტის სისტემაში კი განვლილ თვეში 43 პროცენტით მეტი პროდუქციაა გამოშვებული, ვიდრე სექტემბერში. ოქტომბერში ოდნავ, მაგრამ მეტი ელექტროენერგია ვაწარმოეთ. გრძელდება დადებითი ტენდენციები ნავთობის მოპოვებაში. ეს აბსოლუტური მონაცემებით დიდი მოცულობა არ არის, მაგრამ თავისთავად ტენდენცია ძალიან საინტერესოა. ოქტომბერში მოპოვებული 15 ათასი ტონა ნავთობი 2-ჯერ აღემატება 9 თვის საშუალო მაჩვენებელს. ეს გვაძლევს საშუალებას შევქმნათ პატარ-პატარა საკუთარი რესურსები ზამთრისათვისაც და სხვა პერიოდებისთვისაც.

ოქტომბერში საბაჟო დეპარტამენტის სისტემიდან საბიუჯეტო შემოსავალმა 8 მილიონ ლარს გადააჭარბა (ხანდახან არც გვჯერა, რომ ასეთი თვისებრივი ცვლილება მოხდა ამ სამსახურის საქმიანობაში), მაშინ როცა სექტემბერში მიღებული იყო 6,5 მილიონი ლარი, რაც მნიშვნელოვნად აღემატება საგეგმო მაჩვენებელს.

თამბაქოს ნაწარმის დაბეგვრიდან მხოლოდ ოქტომბერში მიღებულია თითქმის 2 მილიონ ლარზე მეტი, რაც 10 თვეში აქციზის სახით სულ მიღებული საბიუჯეტო შემოსავლის 47 პროცენტს შეადგენს. ეს კი, ახალი მექანიზმის მაღალეფექტიანობასთან ერთად, იმ დიდ დანაკარგებზეც მიუთითებს, ქვეყნის ბიუჯეტმა ამ მექანიზმის უქონლობის გამო განვლილ პერიოდში რომ განიცადა. ამასთან დაკავშირებით არ შემიძლია საბაჟო სამსახურის კარგი მუშაობის პარალელურად, არ აღვნიშნო ჩვენი ღონისძიებების მიმართ იმ ბიზნესმენების მხრივ გაგებითი დამოკიდებულება, რომლებმაც ხელი შეგვიწყვეს მათთან სწორი ურთიერთობის დამყარებაში, და მე ამას მივესალმები.

ოქტომბრის შემოსავლის გათვალისწინებით 10 თვეში საბაჟო ორგანოებთან მიღებულია 52 მილიონი ლარი საბიუჯეტო შემოსავალი, ანუ უკვე რეალიზებულია წლის პროგნოზული დავალების თითქმის 90 პროცენტი.

საგადასახადო ინსპექციის შეფასებით, მნიშვნელოვანი პირობები შეიქმნა მეოთხე კვარტალის საგეგმო დავალება- თა შესასრულებლად. როგორც მოგეხსენებათ, მეოთხე კვარტალში ეს 100 მილიონ ლარს შეადგენს. საბიუჯეტო შემოსავალმა განვლილ თვეში 32 მილიონი ლარი შეადგინა. წლის დასაწყისიდან საგადასახადო სისტემიდან მიღებულია 226 მილიონი ლარი, რაც 100 მილიონი ლარით აღემატება მთელი 1995 წლის შემოსავალს.

ამ დადებითი ძვრების მიუხედავად, გასაკეთებელი ძალიან ბევრია. მეოთხე კვარტლის ეს საკონტროლო მონაცემები რომ შესრულდეს, ყველამ ერთად, შეთანხმებულად უნდა ვიმუშაოთ, - როგორც ფინანსთა სამინისტრომ, ასევე ყველა სამთავრობო სტრუქტურამ, რწმუნებულებმა, გამგებლებმა და სხვებმა.

- მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ შემოდგომის ბოლო თვეა, ენერგოკრიზისი შარშანდელ ზამთარს გვახსენებს, ქვეყანაში მძიმე სიტუაციაა...

- გამოზამთრებასთან დაკავშირებით ასე მინდა ვთქვა, ერთხელ კიდევ ხაზგასმით აღვნიშნო: მზადყოფნა წელს გაცილებით უკეთესია, ჩვენ ყოველკვირეულად ვისმენთ ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციას და ყველაფრის კურსში ვართ. შარშან ასეთი მზადყოფნა არ იყო. წელს მეტი კაპიტალდაბანდებანი და მეტი კრედიტები მივიღეთ, და, ბუნებრივია, შედეგებიც მზადყოფნის თვალსაზრისით უკეთესია, თანაც უკეთესი, რომელიც გნებავთ, წინა წელთან შედარებით. მხედველობაში მაქვს 1990 წლის შემდეგ. არის ერთი გადაუჭრელი პრობლემა, რომლის მოგვარების გარეშეც ნორმალური ზამთარი არ გვექნება, და რომლის შესახებაც მე არაერთხელ მილაპარაკია. ცოტა მეუხერხულება კიდეც ამაზე საუბარი, მაგრამ სხვა გამოსავალი არ არის. ეს გახლავთ დახარჯული ელექტროენერგიის ქირის გადახდის საკითხი. მე კარგად ვიცი მოსახლეობის მდგომარეობა, შემოსავლის სიმწირე, ბიუჯეტის შესაძლებლობათა შეზღუდულობა და სხვა. არადა, სისტემის მდგომარეობა, უცხოელ პარტნიორთა დახმარება ახლა ისეთ დონეზეა, რომ უკვე შეგვიძლია ენერგეტიკული კრიზისიდან გამოსვლაზე რეალური საუბარი და რეალურ საქმეთა კეთება.

მე დავავალე ენერგეტიკოსებს, ფინანსისტებს, ეკონომისტებს, აგრეთვე ჩემს მრჩევლებს, იფიქრონ მდგომარეობიდან გამოსვლის გზებზე. ეს ერთადერთი პრობლემაა, რომელიც უნდა მოგვარდეს, თუ გვინდა გამოვიდეთ კრიზისიდან.

მე ასევე მივმართავ რადიომსმენელებს, ტელემაყურებლებს, მეწარმეებს - მოგვაწოდეთ თქვენი წინადადებანი; საკითხი ასე დგას: მოვაგვარებთ დახარჯული ელექტროენერგიის ანაზღაურების საქმეს - გვექნება სინათლე, გვექნება, ყოველ შემთხვევაში ამ ზამთარში, ნაწილობრივ სითბო, და მომავალში ეს საკითხიც მოგვარდება. თუ ვერ მოვაგვარებთ კვლავ სიბნელესა და სიცივეში მოგვიწევს ყოფნა. ენერგოკრიზისის გადაჭრის მთელი გასაღები ეს გახლავთ. დარწმუნებული ვარ, გამოსავალს ვიპოვით, მოდით, ყველამ ერთად ვიფიქროთ ამაზე. ეს ხომ სართო-სახელმწიფოებრივი საქმეც არის და თითოეული მოქალაქის საარსებო პრობლემაც.

- განვლილი კვირის უმნიშვნელოვანესი ფაქტი იყო თქვენი ბრძანებულება პლებისცისტის თაობაზე. რამდენად არის ეს გადაწყვეტილება კონტრზომა სეპარატისტთა ქმედებაზე?

- მე ასე გიპასუხებდით: პლებისციტი, რა თქმა უნდა, არ დადგებოდა დღის წესრიგში, აფხაზთა სეპარატისტულ რეჟიმს უმაღლესი საბჭოს უკანონო არჩევნები რომ არ დაენიშნა. თუ არჩევნები არ გაიმართება (რაც ნაკლებად მოსალოდნელია), პლებისციტის მოწყობაც აზრს დაკარგავს, ხოლო, თუ არჩევნები მაინც გაიმართება, მთელი მსოფლიო დარწმუნდება მის უკანონობასა და უსამართლობაში, იმაში, რომ სეპარატისტებს დემოკრატობანას თამაში ქართველთა ეთნოწმენდის შედეგების დასაკანონებლად სჭირდებათ.

როგორც ცნობილია, გამოცხადებული არჩევნები მსოფლიო თუ ევროპულ დონეზე თითქმის ყველგან დაგმეს. გახსოვთ უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის, ასევე ევროპული უშიშროების სტრუქტურებისა და სხვათა განცხადებანი, მჯერა, რომ თავის ოფიციალურ პოზიციას, ვიმეორებ, თავის ოფიციალურ პოზიციას რუსეთის მთავრობაც გამოხატავს. ვიმეორებ, ეს უნდა იყოს ოფიციალური განცხადება და არა ცალკეულ პირთა მოსაზრებანი. რუსეთის ხელისუფლების ასეთი ოფიციალური პოზიცია ბევრი არცთუ უსაფუძვლო ეჭვის გაქარწყლებას შეუწყობს ხელს, რითაც ჩვენ ყველანი დაინტერესებულნი ვართ.

- განვლილი კვირის რუსეთის მასმედიის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა ასეთი ფაქტი - საქართველოს მხარემ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ნაალაფარი წიგნები გადასცა გერმანიას. ამ ფაქტმა საკმაოდ უარყოფითი რეაქცია გამოიწვია რუსეთის ტელევიზიაში. არადა, ფაქტობრივად საქმე ეხება გერმანიის ეროვნულ სიმდიდრეს...

- ლაპარაკია 100 ათასი წიგნის დაბრუნებაზე. მოგეხსენებათ, ეს უკვე გამოცხადდა. გერმანიასთან, გერმანელ ხალხთან საქართველო ნამდვილ, გულწრფელ მეგობრულ ურთიერთობას აშენებს. ამ ქვეყანამ ძალიან დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლაში და, მიუხედავად ამისა, ასეც რომ არ ყოფილიყო წიგნებს მაინც დავუბრუნებდით, რადგან ქართველებმა ძალიან კარგად ვიცით (ისევე, როგორც სხვებმა, მაგრამ ამჯერად ქართველებზე ვლაპარაკობ) ეროვნულ ღირებულებათა განსაკუთრებული ფასი, ამ ფენომენის განსაკუთრებული მნიშვნელობა, ის, რაც სხვა ერის კუთვნილებაა და ძალით არის წართმეული, მასვე უნდა დაუბრუნდეს. ასეთია სამართლიანობის პრინციპი. ასე მოიქცნენ, მაგალითად, ფრანგები, გენერალი დე გოლი, როცა საქართველოს ეროვნული განძი დაუბრუნეს მეორე მსოფლიო ომის დასასრულს. ასეთი რამ ხალხებს არ ავიწყდებათ. ჩვენ ჩვენი ადამიანური ვალი მოვიხადეთ არა მარტო გერმანელი ხალხის არამედ იმ ზოგადკაცობრიოულის წინაშეც, რომლისაც გვწამს და რომელსაც ვემსახურებით.

- და, ალბათ, ამ წიგნების დაბრუნების მორალური უფლება საქართველოს სრულად ჰქონდა, რადგან, თუ რომელიმე ქვეყანამ რომელიმე ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკამ გაიღო მეორე მსოფლიო ომში თავისი წილი სისხლი და შრომა, ერთ-ერთი უპირველესი მათ შორის საქართველო იყო. ამდენად, ნაალაფარი წიგნების დაბრუნების მორალური უფლება საქართველოს სრულად ჰქონდა...

- აბსოლუტურად ცოტა გაუგებრობა თუ სადმე არის, დარწმუნებული ვარ, იმ ქვეყნებშიც ალბათ მიმდინარეობს უკვე გზების ძიება, თუ როგორ უნდა მოხდეს ეს. გერმანიის ხელმძღვანელობამ, კერძოდ ბატონმა კინკელმა განაცხადა, რომ ისინი მოთმინებით ელოდებიან, არ აპირებენ ზემოქმედებას. დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთში, უკრაინაში, პოლონეთში თუ არის ასეთი ფასეულობანი, საბოლოოდ სწორედ ასეთ გადაწყვეტილებამდე მივლენ. უცნაური ამაში არაფერია, არც შური უნდა იყოს, არც ვინმეს გამოწვევა. უბრალოდ, სამართლიანობის პრინციპია.

- განვლილ კვირაში ბათუმის თეატრის გასტროლები დაიწყო თბილისში. ბათუმის ოპერის თეატრი, შეიძლება ითქვას, ის თეატრია, რომელიც პრეზიდენტის განსაკუთრებული ყურადღებით სარგებლობს. მე მგონი, თქვენ ყველა პრემიერას ესწრებით ხოლმე ბათუმში...

- მე არც ერთი პრემიერა არ გამომიტოვებია. მართლაცდა, ცოტა არ იყოს, ვამაყობ კიდეც ამით. მართალია, დადგმებში მონაწილეობა არ მიმიღია, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, მხარს ვუჭერდი. ბათუმელებს წუხელ გულწრფელად მივესალმე და მივულოცე, მადლობა ვუთხარი იმისათვის, რომ თბილისი, მთელი საქართველო ერთხელ კიდევ გაახარეს. ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ საქართველოს დედაქალაქმა ერთხელ კიდევ ჩაიხუტა გულში ჩვენი ქვეყნის მარგალიტი მშვენიერი აჭარა თავისი შესანიშნავი ქართული ხელოვნებით.

- და, ბოლოს, დღეს თბილისს ჩვენი მეზობელი, მართლაც მეგობარი ქვეყნის უკრაინის პრემიერ-მინისტრი ეწვევა. უკრაინაში ბოლო ხანს მიმდინარე მოვლენების ფონზე ეს ვიზიტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას შეიძენს...

- დღეს უკრაინის პრემიერ-მინისტრის ბატონ პავლე ლაზარენკოს ვიზიტი იწყება. თქვენ მოგეხსენებათ ის განსაკუთრებულობა, რომელიც საქართველოსა და უკრაინის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა სამართლებრივი, სახელშეკრულებო ბაზისათვის არის დამახასიათებელი. უკრაინა ერთადერთი ქვეყანაა, რომელთანაც ჩვენ დადებული გვაქვს დიდი ხელშეკრულება, რომელიც არა მარტო მეგობრობასა და თანამშრომლობას, არამედ ურთიერთდახმარებასაც ითვალისწინებს.

დადგა დრო, ასეთი განსაკუთრებული ურთიერთობის რეალურ გამოხატულებაზე ვიფიქროთ. ეს შეეხება პოლიტიკას, ეკონომიკას, კულტურას, მეცნიერებას, სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობას და სხვა. მოსკოვში პრეზიდენტ ლეონიდ კუჩმასთან შეხვედრისას სწორედ ასეთ ამოცანებზე და ასეთ დონეზე ვილაპარაკეთ. ვფიქრობ, ეს ვიზიტიც ასეთ დონეზე წარიმართება. ბატონ პავლე ლაზარენკოს მიესალმება ჩვენი ქვეყანა.

„ქართველებმა ძალიან კარგად ვიცით ეროვნულ ღირებულებათა განსაკუთრებული ფასი, ამ ფენომენის განსაკუთრებული მნიშვნელობა, და ის, რაც სხვა ერის კუთვნილებაა და ძალით არის წართმეული, მასვე უნდა დაუბრუნდეს“ / ედუარდ შევარდნაძე ; [ჩაიწერა] ნატო ონიანმა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 5 ნოემბერი. - 222(2333). - 1,2 გვ.

108 მის აღმატებულებას უილიამ ჯეფერსონ კლინტონს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს

▲ზევით დაბრუნება


პრეზიდენტის მილოცვა

პატივცემულო ბატონო პრეზიდენტო.

მხურვალედ გილოცავთ დამაჯერებელ გამარჯვებას არჩევნებში. გვჯერა, რომ თქვენ ღირსეულად შეიყვანთ თქვენს დიდ ერს 21-ე საუკუნეში და თუმცა ოფიციალური ინაუგურაცია მოგვიანებით შედგება, მინდა ამ მოკლე წერილით კიდევ ერთხელ გამოვხატო ქართველი ხალხის მადლიერება პირადად თქვენდამი და ამერიკისადმი იმ ფასდაუდებელი დახმარებისათვის, რომელსაც ჩვენ დღენიადაგ ვგრძნობთ.

მინდა მომავალშიც გისურვოთ თქვენთვის ჩვეული გამჭრიახობა და სიმტკიცე. ამით თქვენ სამსახურს გაუწევთ არა მარტო ამერიკელ ხალხს, არამედ მსოფლიოს ხალხებს, რომლებიც იმედის თვალით შეჰყურებენ ამერიკის შეერთებული შტატების შთამბეჭდავ მიღწევებს.

გულწრფელად თქვენი,
ედუარდ შევარდნაძე.
1996 წლის 6 ნოემბერი.

მის აღმატებულებას, უილიამ ჯეფერსონ კლინტონს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 8 ნოემბერი. - 225(2336). - 1 გვ.

109 მის აღმატებულებას ალბერტ გორს, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს

▲ზევით დაბრუნება


პრეზიდენტის მილოცვა

პატივცემულო ბატონო ვიცე-პრეზიდენტო,

საქართველოს ხალხისა და პირადად ჩემი სახელით გულითადად გილოცავთ არჩევნებში გამარჯვებას. მჯერა, რომ 21-საუკუნეში, რომელშიც თქვენს დიდ ქვეყანას ამერიკელი ხალხის ნებით პრეზიდენტი კლინტონი და თქვენ უნდა შეუძღვეთ, ამერიკის შეერთებული შტატები კვლავაც გზის გამკვლევი და ერთგული მეგობარი იქნება მათთვის, ვინც არჩევანს ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებისა და ცივილიზებული თანაცხოვრების სასარგებლოდ აკეთებს.

მადლობას მოგახსენებთ იმ მუდმივი გადამწყვეტი მხარდაჭერისათვის, რომელსაც თქვენი მთავრობა უწევს საქართველოს. გისურვებთ, მომავალი ოთხი წელი აღსავსე ყოფილიყოს ახალი გამარჯვებებით გამოწვეული სიხარულით.

გულწრფელად თქვენი,
ედუარდ შევარდნაძე.
1996 წლის 6 ნოემბერი.

მის აღმატებულებას ალბერტ გორს, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 8 ნოემბერი. - 225(2336). - 1 გვ.

110 დუშეთის სახალხო თეატრის კოლექტივს

▲ზევით დაბრუნება


თქვენი თეატრის 115 წლის იუბილე მაძლევს საბაბს გამოვხატო ჩემი ღრმა პატივისცემა არა მხოლოდ თქვენი დასის, არამედ დუშელი თეატრალური ხელოვნების მოყვარულთა მიმართ.

დუშეთის სახალხო თეატრის სახით ქართულ თეატრალურ ხელოვნებას ჰყავს ერთი მეტად საინტერესო ხელწერის მქონე კოლექტივი, რომელიც სახელოვნად აგრძელებს საუკუნის წინათ დამკვიდრებულ ტრადიციებს.

ვიცი, როგორ უჭირთ ახლა სახალხო თეატრებს, რა ძნელია შეინარჩუნო დღევანდელ პირობებში შემოქმედებითი კოლექტივი და მით უფრო ვაფასებ ამ დასის საოცარ ერთგულებას მუზების მიმართ.

გთხოვთ, მიიღოთ ჩემი კეთილი სურვილები.

ედუარდ შევარდნაძე.

დუშეთის სახალხო თეატრის კოლექტივს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 12 ნოემბერი. - 227(2338). - 1 გვ.

111 პრეზიდენტის სამძიმარი

▲ზევით დაბრუნება


შემაძრწუნა ტრაგიკულმა ცნობამ ქუთაის-ამბროლაურის გზაზე მომხდარი უბედურების შესახებ, რომელსაც ესოდენ დიდი მსხვერპლი მოჰყვა. დიდია ჩემი მწუხარება. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ახლობლებს.

ედუარდ შევარდნაძე.

პრეზიდენტის სამძიმარი // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 12 ნოემბერი. - 227(2338). - 1 გვ.

112 „მოხმარებული ელექტროენერგიის სრულად გადახდაზე იქნება დამოკიდებული ენერგეტიკული კრიზისიდან გამოსვლის დაწყება უკვე 1997 წლის ზამთრის სეზონიდან“

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 11 ნოემბრის რადიოინტერვიუ

- ტრადიციულად ორშაბათის რადიოინტერვიუს ეკონომიკის თემით ვიწყებთ. განვლილი ეკონომიკური კვირა რამდენიმე საინტერესო ფაქტით აღინიშნა: თბილისს ეწვია უკრაინის დელეგაცია; განიხილეს ქვეყნის ბიუჯეტი, რომელმაც საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და ქართულ მხარეს შორის სიტუაცია, შეიძლება ითქვას, ერთგვარად დაძაბა; და, ბოლოს, ქვეყნის ეკონომიკის წარმატებაზე ლაპარაკი, ალბათ, შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა ბოლო წლებში ქართველი პოლიციის საქმიანობა. მიუხედავად იმისა, რომ პირადად ამ სისტემაში საკმაოდ სერიოზული პრობლემებია, პოლიციამ თავისი როლი ნამდვილად შეასრულა... - ამ თემაზე, საუბრით დაიწყო ჟურნალისტ ნატო ონიანის თხოვნით საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ თავისი ტრადიციული რადიოინტერვიუ:

- განვლილ კვირაში ქვეყნის ეკონომიკური მოვლენების ფართო სპექტრიდან საერთაშორისო დონეზე უნდა გამოიყოს უკრაინის პრემიერ-მინისტრის ბატონ პავლე ლაზარენკოს ვიზიტი, რომელსაც მე უაღრესად ნაყოფიერს და შედეგიანს ვუწოდებდი. ორი მეზობელი ქვეყნის ტრადიციული სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობის ღირსეულად გაგრძელებას დიდად შეუწყობს ხელს ამჟამად მიღწეული სამთავრობო და საუწყებათშორისო მნიშვნელობის შეთანხმებები ეკონომიკისა და სახელმწიფოებრივი ცხოვრების სხვა სფეროებში.

ვიზიტის ფარგლებში განხილულია ტრანსპორტის, ფინანსების, ენერგეტიკის, ვაჭრობისა და სოციალურ სექტორებში თანამშრომლობის მნიშვნელოვანი პერსპექტივები. მალე მიღწეული იქნება შეთანხმება უკრაინის, აზერბაიჯანის რესპუბლიკისა და საქართველოს მთავრობებს შორის საერთაშორისო ევრაზიული სატრანსპორტო დერეფნის შექმნასა და ფუნქციონირებაში თანამშრომლობის შესახებ.

კერძოდ, საყურადღებოა უკრაინის სურვილი, შეუერთდეს სარაქსის ოთხთა შეთანხმებას, ასევე წინადადება საქართველოს ნავსადგურების გავლით მგზავრთა კომბინირებული მომსახურების თაობაზე. საქართველოს მხარემ საინტერესო მოსაზრებანი შესთავაზა სტუმრებს ნავთობისა და ბუნებრივი გაზის უკრაინაში ტრანსპორტირების იდეის განსახორციელებლად. შემდეგ: საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენლებთან, მე აქვე მინდა ვთქვა, არავითარ კონფლიქტსა და დაპირისპირებაზე არ არის ლაპარაკი, ეს ჩვეულებრივი მუშაობაა და მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ ერთგვარი კორექტირება იქნება საჭირო ბიუჯეტსა და ზოგიერთ სხვა საკითხთან დაკავშირებით. სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობდნენ ჩვენი პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეები, პარლამენტის თავმჯდომარე, მისი მოადგილეები, ცალკეული პარლამენტარები, ბუნებრივია, სამინისტროთა და უწყებათა, სახელმწიფო კანცელარიის პასუხისმგებელი მუშაკები.

მოლაპარაკების შედეგებს, რომელიც ძირითადად კანონმდებლობაში ცვლილებათა და დამატებათა შეტანას, აგრეთვე 1997 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს განიხილავს შეეხებოდა, უდავოდ დიდი მნიშვნელობა აქვს მომავალ წელს სტაბილიზაციისა და სტრუქტურული რეფორმების ფართომასშტაბიანი პროგრამის განხორციელებისათვის.

სამუშაო შეხვედრები გამოირჩეოდა (მინდა ამას განსაკუთრებით გავუსვა ხაზი) საქმიანი დისკუსიებით. ერთობლივი, ნაყოფიერი მუშაობის შედეგები, რომლის დროსაც მიღწეულია წინასწარი შეთანხმებანი მთელ რიგ მნიშვნელოვან საკითხებზე, განხილულ იქნა პრეზიდენტთან შეხვედრისას. დაწყებული მუშაობა გაგრძელდება მისიის შემდგომი ვიზიტის ფარგლებში, რომელიც მიმდინარე წლის დეკემბრის დამდეგისათვის არის დაგეგმილი. განხილული საკითხებიდან გამოვყოფდი პრინციპულ მოლაპარაკებასა და თითქმის შეთანხმებებს საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკაში ისეთ ცვლილებათა შეტანის თაობაზე, რომლებმაც ხელი უნდა შეუწყოს საქართველოში წარმოების შემდგომ აღმავლობას, მეწარმეობის შემდგომი განვითარებისათვის ხელსაყრელი კლიმატის დამკვიდრებას, ყველა იმ პრობლემის მოგვარებას, რომელთა შესახებაც ვილაპარაკე გადამხდელთა პირველ რესპუბლიკურ კონფერენციაზე, რომელსაც თითქმის ყველა რაიონის წარმომადგენლები და გადამხდელთა საკმაოდ დიდი რაზმი ესწრებოდნენ. კმაყოფილი ვარ იმით, რომ ძალიან ბევრ პრობლემაში, რომლებიც ადრე გადაუჭრელად მიგვაჩნდა, ასე თუ ისე, სინათლე შევიტანეთ.

ამ მიმართულებით წამოჭრილ ამოცანათა რეალიზაციის საკითხებს მიეძღვნა შაბათს პრეზიდენტთან გამართული თათბირი, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობდნენ პარლამენტარებიც, პრეზიდენტის წრმუნებულებიც და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოს ხელმძღვანელები.

მნიშვნელოვანი საკითხები იყო განხილული მთავრობის სხდომაზე. მინდა ამაზე ვთქვა რამდენიმე სიტყვა „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ კანონპროექტით გათვალისწინებული ინვესტიციების ხელშემწყობი სამართლებრივი რეჟიმი ინვესტორის უფლებების, ინვესტიციათა წახალისების, ხელშეუხებლობისა და სხვა პროგრესული წესების შემოღება უდავოდ შეუწყობს ხელს როგორც ქვეყნის ეკონომიკაში ადგილობრივი კაპიტალის ეფექტიანად დაბანდებას, ისე საქართველოში უცხოურ ინვესტიციათა მოზიდვისათვის, სასურველი ეკონომიკური გარემოს შექმნას.

გარემოს დაცვისა და რაციონალური ბუნებათსარგებლობის სფეროში სამართალურთიერთობის რეგულირების თვალსაზრისით საგულისხმოა „გარემოს დაცვის შესახებ“ კანონის პროექტი, რომელზეც მუშაობა რამდენიმე თვეს მიმდინარეობდა. მისი მიღება საზოგადოების ეკოლოგიური, ეკონომიკური და სოციალური ინტერესების შესაბამის საფუძველზე ქვეყნის მტკიცე განვითარების მყარი გარანტია იქნება.

გამოზამთრების საპრეზიდენტო ღონისძიებებს შორის პირველადი მოხმარების საქონელთა და აუცილებელი სურსათით მაღალმთიანი რაიონების მომარაგება განსაკუთრებული სახელმწიფო ზრუნვისა და კონტროლის საგანია. ეს არაერთხელ მითქვამს. მთავრობის სხდომაზე საერთოდ დადებითად შეფასდა წელს ამ მიმართულებით რეგიონული ადმინისტრაციების, სამინისტროებისა და უწყებების მიერ გაწეული მუშაობა. ჩვიდმეტივე რაიონში დროულად მიმდინარეობს ფქვილის, მარილის, ასანთის, სათბობისა და საწვავის შეტანა.

მთლიანად არის უზრუნველყოფილი სურსათისა და საწვავის მარაგით კოდორის ხეობის მოსახლეობა. ლაპარაკია კოდორის ხეობაზე - ეს რთული ამოცანა იყო, მაგრამ მაინც გადავწყვიტეთ. ასევე ბევრი რამ გაკეთდა მთიანი აჭარის, მესტიის, დუშეთის, ყაზბეგის, თიანეთის, ამბროლაურის, ახმეტის, ახალქალაქის, წალკის რაიონების მცხოვრებთათვის. დამატებით ნაწილდება ჰუმანიტარული დახმარებაც. პროგრამის სრულად რეალიზაციისათვის საჭირო ღონისძიებები, მათ შორის ფინანსური უზრუნველყოფის თვალსაზრისით, აისახა პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულების პროექტში. ახლა ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ, თუ გამგებლები თუ რწმუნებულები კარგად იმუშავებენ, მართლაც ეს პირველი წელი იქნება, როცა მთის რაიონები ნორმალურად გამოიზამთრებენ.

სერიოზული მოსამზადებელი სამუშაოები შესრულდა ქვეყნის ენერგოსისტემის ზამთარში სტაბილური ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად. გამართული მუშაობისათვის მზად არის ჰიდროელექტროსადგურები და „თბილსრესის“ ძირითადი ენერგობლოკები. მთავრობის სხდომაზე გამოითქვა მოსაზრებანი იმის თაობაზე, რომ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდის გაუმჯობესების მიზნით გამკაცრდეს ადმინისტრაციული ღონისძიებანი, აგრეთვე ფართოდ დაინერგოს კერძო დისტრიბუტორების ინსტიტუტი. როგორც არაერთხელ აღნიშნულა, სწორედ მოხმარებული ელექტროენერგიის სრულად გადახდაზე იქნება დამოკიდებული ენერგეტიკული კრიზისიდან გამოსვლის დაწყება უკვე 1997 წლის ზამთრის სეზონიდან. ამ საკითხთან დაკავშირებით მზადდება წინადადებათა პაკეტი, რომლის შესახებ მოქალაქენი სათანადო ინფორმაციას დეკემბრის დამდეგისათვის მიიღებენ. ეს იქნება აუცილებელი პაკეტი იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ დაიწყოს ქვეყანაში აღმავლობის პროცესი ამ უაღრესად საარსებო მნიშვნელობის სფეროში. სხვათა შორის, არის რაიონები, რომლებმაც მიაღწიეს დახარჯული ელექტროენერგიის საფასურის სრულად გადახდას. ეს უწინარესად, ეხება ახალქალაქისა და ნინოწმინდის რაიონებს. ასეთი რეგიონები ელექტროენერგიით სტაბილურად და პრიორიტეტულად იქნებიან უზრუნველყოფილი, ესე იგი, იგულისხმება რაიონები, რომლებიც ანგარიშს გაასწორებენ საქენერგოსთან.

სულ უფრო თვალსაჩინო ხდება პურის ფასების ლიბერალიზაციისა და პურპროდუქტების სისტემის განსახელმწიფოებრიობის დადებითი შედეგები, რაც უწინარესად იმით გამოიხატება, რომ ქვეყანაში ჩამოყალიბდა მარცვლეულის ბაზარი, და გაუმჯობესდა ხორბლით და ფქვილით მომარაგება, სახელმწიფო მხოლოდ მის ხელთ არსებული ეკონომიკური ბერკეტებით არეგულირებს ამ ბაზარს, ყოველგვარი ადმინისტრაციული ჩარევის გარეშე.

დამაიმედებელ ნაბიჯებად უნდა მივიჩნიოთ ამ მხრივ პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულების თანახმად შექმნილ თბილისის მარცვლეულისა და ნავთობპროდუქტების საერთაშორისო ბირჟაზე საქართველოში პირველად გამართული ხორბლის გაყიდვის ღია აუქციონები. ლაპარაკია მასშტაბურ აუქციონებზე, ადრე მცირე აუქციონები იმართებოდა, მაგრამ უმნიშვნელო. პირველ ორ აუქციონზე სახაზინო საწარმომ „სახელმწიფო მარეგულირებელმა საბჭომ“ გასაყიდად გამოიტანა 20 ათასი ტონა უმაღლესი ხარისხის ამერიკული ხორბალი (ეს ამერიკული დახმარება გახლავთ), რომლიდანაც სასტარტო, მეტად ხელსაყრელ ფასად გაიყიდა 12 ათასი ტონა. გათვალისწინებულია შემოსული ამერიკული ხორბლიდან კიდევ 16 ათასი ტონა ღია აუქციონზე გაიყიდოს. ამ დეტალებზე ყურადღებას იმიტომ ვამახვილებ, რომ ყველაფერი ეს ჩვენს ცხოვრებაში სიახლეა და უნდა დამკვიდრდეს სწორედ ცხოვრებისა და მუშაობის ისეთი წესი, რომელიც საბაზრო ეკონომიკას შეესაბამება.

ხორბალი, რომელიც აუქციონზე ვერ გაიყიდება, შეინახება სახელმწიფო რეზერვში (მინდა მოსახლეობამ ესეც იცოდეს) და ეს ზამთარში მოსახლეობის, ჩვენი მოქალაქეების, მათი ოჯახის ხორბლით გარანტირებული მომარაგების რეალურ საფუძველს შექმნის.

და კიდევ ერთი რამ: საბიუჯეტო შემოსავლის მობილიზების ტემპის გაძლიერებით აღინიშნა ნოემბრის დამდეგი. საგადასახადო სამსახურის მიერ აკრეფილმა საშუალო დღიურმა შემოსავალმა (არა ერთი დღის, არამედ საშუალომ) 1,7 მილიონ ლარს მიაღწია. ეს ამ ბოლო წლებისათვის სარეკორდო მაჩვენებელია, რომელიც თითქმის 40 პროცენტით აღემატება ოქტომბრის დონეს და 2-ჯერ სჭარბობს 10 თვის საშუალო მაჩვენებელს.

საგადასახადო სამსახურის შეფასებით, და უნდა გითხრათ, რომ იგი ყოველდღიურად იხვეწება ისევე, როგორც საბაჟო სამსახური, ეს მნიშვნელოვანწილად განაპირობა გადასახადისაგან თავის ამრიდებელთა წინააღმდეგ განხორციელებულმა ღონისძიებებმა. ასეთი ღონისძიებანი კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს. მაგალითად, განვლილ კვირაში საგადასახადო ორგანოებმა დააფიქსირეს აღურიცხავი 10 ათასი ბოთლი ჩეხური ლუდი, 22 ათასი ბოთლი იმპორტული ვისკი, რომელთა შემომტანებსაც ბიუჯეტის სასარგებლოდ დაერიცხათ თითქმის 100 ათასი ლარი. გამოვლენილია ფალსიფიცირებული პროდუქციის, განსაკუთრებით ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების წარმოებისა და რეალიზაციის 40-ზე მეტი შემთხვევა. ამ ავადმყოფურ მოვლენას - პროდუქტებისა და სასმელების ფალსიფიკაციას საქართველოში ბოლო უნდა მოეღოს.

ასევე საკმაოდ შემოსავლიანი იყო ნოემბრის პირველი კვირა საბაჟო სისტემისათვის. აქ მიღებულია 2 მილიონ ლარამდე შემოსავალი, რაც 37 პროცენტით აღემატება წინა თვის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

და, ბოლოს, თქვენ ახსენეთ პოლიცია.

რაც შეეხება პოლიციას, იგი დამოუკიდებელი სახელმწიფოს ერთ-ერთი უმნიშვნელესი ატრიბუტია. პოლიციას ქვეყანაში სტაბილურობის დამკვიდრებაში, განსაკუთრებით შეიარაღებულ ბანდიტურ ფორმირებათა თარეშის აღკვეთაში განსაკუთრებული დამსახურება მიუძღვის. ეს კარგად იცის ჩვენმა ხალხმა. ასევე დიდია პოლიციის როლი ეკონომიკის განვითარებისა და დაცვისათვის განხორციელებულ ღონისძიებებში. პროფესიული დღესასწაულის მილოცვისას მე საქართველოს პოლიციას ვუსურვე კიდევ უფრო გააძლიეროს თვითწმენდის პროცესი, რაც ქვეყნის მოსახლეობაში კიდევ უფრო გაზრდის პოლიციის ავტორიტეტს. ისიც მინდა ვთქვა, რომ პოლიციის ხელმძღვანელების, პოლიციელების საკმაოდ დიდ ჯფუფს მიენიჭა ვადამდე ადრე წოდებები, დაჯილდოვდა ორდენებითა და მედლებით.

- გუშინ ყოფილ სამხრეთ ოსეთში არჩევნები გაიმართა. გუშინწინ იქ ჩრდილოეთ ოსეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ჩავიდა და ხელი მოაწერა ორმხრივ შეთანხმებას ხუთწლიანი თანამშრომლობის შესახებ. არც ისე შორსაა არჩევნები აფხაზეთში. ეს მხოლოდ საქართველოს პრობლემები როდია. ეს კავკასიის პრობლემებიც არის...

- არ შეიძლება არც აფხაზეთში და არც ცხინვალში არჩევნების კანონზომიერებაზე ლაპარაკი. ეს არაერთხელ ითქვა, ხმის მიცემის შედეგებიც შესაბამისად იქნება კომენტირებული საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების მიერ. ჩემთვის, მაგალითად, ცნობილია, რომ ახალგორის, დიდი და პატარა ლიახვის სოფლებს, ათიათასობით ლტოლვილს არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია, ეს ეხება ქართველებსაც და ოსებსაც. მიუხედავად იმისა, რომ ეს არჩევნები უკანონოა, მე მაინც ასე უნდა ვთქვა: დაწყებული სამშვიდობო პროცესი უნდა გაგრძელდეს და ვლადიკავკაზის შეთანხმებანი რაც შეიძლება მალე უნდა ამოქმედდეს. დარწმუნებული ვარ, ასე სჯობს ქართველებისთვის, ასე სჯობს ოსებისა და მთელი კავკასიისათვისაც.

- განვლილ კვირაში თბილისს ეწვია რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ბორის ბერეზოვსკი, რომლის ვიზიტმა მასმედიის საკმაოდ დიდი ყურადღება მიიპყრო...

- მართლაც ასეა. ძალიან მნიშვნელოვანი რეაქცია მოჰყვა ამ ვიზიტს რუსეთის პრესაში, საქართველოს პრესასა და საერთოდ კავკასიაშიც. ჩემი რეაქცია ბორის ბერეზოვსკის ჩამოსვლაზე, როგორც მოგეხსენებათ, ხაზგასმულად დადებითია. მე ეს ვთქვი პრესასთან შეხვედრაზე. შევხვდი არაორდინარულად, გაბედულად მოაზროვნე პოლიტიკოსს და ასეთი შეხვედრა უდავოდ სიამოვნებას განიჭებს ადამიანს.

სასიხარულოა, რომ პოლიტიკაში ახალმოსული მოღვაწე მშვენივრად აანალიზებს გლობალურ და ლოკალურ მოვლენებს. აქვს საკუთარი ხედვა, საკუთარი პოზიცია. უაღრესად საინტერესო იყო დიალოგი კავკასიაში მოვლენათა განვითარების პერსპექტივის თვალსაზრისით. რამდენადაც ჩვენ შევთანხმდით, რომ ეს დიდი დიალოგი გაგრძელდება, იმის დაკონკრეტებას, თუ რაზე ვისაუბრებთ, ამჯერად აზრი არა აქვს. ვფიქრობ, შემდეგი შეხვედრები საინტერესო იქნება.

- და, ბოლოს. განვლილ კვირაში მსოფლიოს ყურადღება ვაშინგტონისაკენ იყო მიპყრობილი. სადაც არა მარტო ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, არამედ საერთოდ მსოფლიო პოლიტიკისათვის უაღრესად საინტერესო მოვლენა ხდებოდა. ამერიკას უნდა აერჩია ახალი პრეზიდენტი. შედეგები უკვე ცნობილია. უილიამ ჯეფერსონ კლინტონი უკვე მეორედ, მსოფლიოს ამ ზესახელმწიფოს პრეზიდენტი გახდა, განსხვავებული პროგნოზების მიუხედავად, დემოკრატებმა მაინც გაიმარჯვეს.

- ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ბილ კლინტონს ჩვენი ხალხის სახელით გულწრფელი მილოცვა გავუგზავნე, მილოცვასთან ერთად, ერთხელ კიდევ გამოვხატე საქართველოს მადლიერება იმ დიდი დახმარებისა და მხარდაჭერისათვის, რომელსაც იგი დამოუკიდებელი დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობაში გვიწევს.

ვფიქრობ, სერიოზული ანალიტიკოსებისათვის, განსაკუთრებით ამ საარჩევნო კამპანიის მეორე ეტაპზე, პრეზიდენტ კლინტონის გამარჯვება მოულოდნელი არ ყოფილა და მისი მოღვაწეობის მეორე ვადა კიდევ უფრო საგრძნობს გახდის ამ დიდი ქვეყნის წვლილს მსოფლიოში მშვიდობის დამკვიდრებასა და დემოკრატიის განვითარებაში.

„მოხმარებული ელექტროენერგიის სრულად გადახდაზე იქნება დამოკიდებული ენერგეტიკული კრიზისიდან გამოსვლის დაწყება უკვე 1997 წლის ზამთრის სეზონიდან“ / ე. შევარდნაძე ; [ჩაიწერა]ნატო ონიანმა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 12 ნოემბერი. - 227(2338). - 1,2 გვ.

113 ივანე ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს, მეცნიერ-მუშაკებს, თანამშრომლებს

▲ზევით დაბრუნება


ბატონებო,

მინდა გულითადად მოგილოცოთ თქვენი სახელოვანი ინსტიტუტის 60 წლისთავი.

აკადემიკოს ივანე ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტი ისეთი თვალსაჩინო მეცნიერისა და პიროვნების ძალისხმევით შეიქმნა, რომ ის შესანიშნავი წარმატებები, რომელიც მეცნიერების ამ აღიარებულმა კერამ მოიპოვა, უდავოდ ლოგიკურია და ნიშანდობლივი.

ყოველივე ამას ნათლად წარმოაჩენდა თქვენი ინსტიტუტის ინიციატივით გამართული „გაგრის საუბრები“, რომელიც ყოველწლიურად მსოფლიოს მრავალ უთვალსაჩინოეს მეცნიერს უყრიდა თავს და მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა არა მხოლოდ ფიზიოლოგიის პრობლემების მეცნიერულ კვლევაში, არამედ მსოფლიო ასპარეზზე ქართული მეცნიერების სახელის გატანაშიც.

დღეს, როცა უკვე დამოუკიდებელი, დემოკრატიული საქართველოს მეცნიერების შესახებ გვიწევს საუბარი, მინდა ვისურვო, რომ ფიზიოლოგიის ინსტიტუტს ნიჭიერ, ერუდირებულ მეცნიერთა ახალი თაობა შეემატოს, რომელიც თავისი მიღწევებით და მეცნიერული მოღვაწეობით მისი დამფუძნებლის ღირსი იქნება.

მინდა იცოდეთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის სახით თქვენ ერთგული მხარდამჭერი გყავთ და იგი ყველაფერს გააკეთებს ქართული მეცნიერების წინსვლისა და აღორძინებისათვის.

ედუარდ შევარდნაძე.

ივანე ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს, მეცნიერ მუშაკებს, თანამშრომლებს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 13 ნოემბერი. - 228(2339). - 1 გვ.

114 „ევროკავშირმა გაცილებით მეტი როლი უნდა შეასრულოს ევროპის უშიშროების უზრუნველსაყოფად, რისი საფუძველიც კონტინენტის ყველა ქვეყნის ეკონომიკური და კულტურული აღმავლობა იქნება“

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 18 ნოემბრის რადიოინტერვიუ

- როგორც ყოველთის, ჩვენს ინტერვიუს ტრადიციული ეკონომიკური თემით დავიწყებთ და ეს არც არის გასაკვირი, რადგან ჩვენმა ქვეყანამ კარგა ხნის წინათ გაიარა, ასე ვთქვათ, „საყმაწვილო სენი“, როცა გვეგონა, რომ პოლიტიკა და ეკონომიკა ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ცნებები იყო. ეს თემა განვლილი კვირის ყურადღების ცენტრში იდგა, ამის შესახებ იყო საუბარი ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას, ამაზე იყო საუბარი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის წერილში, თუმცა, ამ წერილს კიდევ დავუბრუნდებით... - ჟურნალისტ ნატო ონიანის მიერ წამოჭრილ თემებზე საუბრით დაიწყო თავისი ტრადიციული რადიოინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ.

- რეფორმების, გარკვეული აზრით, წარმატებული მიმდინარეობის შედეგად საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტის ზრდის ერთ-ერთი პრაქტიკული გამოხატულებაა შესაბამისი საერთაშორისო სტრუქტურების მისწრაფება, კიდევ უფრო გააღრმავონ და გააძლიერონ ჩვენს ქვეყანასთან ჩამოყალიბებული ურთიერთობა.

ქართული კომერციული ბანკებისათვის საკრედიტო ხაზების გახსნის მეშვეობით საშუალო და მცირე ბიზნესის ხელშესაწყობად მზადყოფნა გამოხატა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა ჯერ კიდევ სექტემბერში, როცა შავი ზღვის კომერციული ბანკი „საქართველო“ დაფუძნდა. თქვენ გახსოვთ, ეს სპეციალურად აღინიშნა ჩვენთან. მაშინვე გამოითქვა მოსაზრება საინვესტიციო კავკასიური ფონდის შექმნის თაობაზეც.

ამ და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებებით თანამშრომლობის გაგრძელების დაინტერესება კვლავაც დადასტურდა განვლილ კვირაში ევრობანკის ვიცე-პრეზიდენტის მანფრედ აბელაინის საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის დროს. აღინიშნა აგრეთვე, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს აზერბაიჯანისა და შავი ზღვის დამაკავშირებელი სარკინიგზო მაგისტრალის რეკონსტრუქციას, რადგან ევრაზიული დერეფნის ან ერთ-ერთი ძირითადი რგოლის ამოქმედება ევრობანკის ინტერესებსაც შეესაბამება და ეს ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია.

დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სივრცეში ტრადიციული პარტნიორული ურთიერთობის განახლებისა და განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპი იქნება ყირგიზეთის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში, რომლის მომზადებასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლის მიზნით და ვიზიტის მოსამზადებლად საქართველოს ეწვია ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ქალბატონი როზა ოთუმბაევა. სათანადო სამართლებრივი ბაზის ჩამოყალიბება - სამთავრობო ხელშეკრულებათა შემუშავებასა და დარგობრივ უწყებათა შორის კავშირის აღდგენასთან ერთად, ორი ქვეყნის მრავალმხრივ ურთიერთობაში ერთ-ერთ პრიორიტეტულ ადგილს დაიკავებს ევრაზიული დერეფნის ფუნქციონირებაში ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობაც. ყოფილი საბჭოთა კავშირის ასეთ ქვეყნებთან - დღეს დამოუკიდებელ სახელმწიფოსთან ყოველდღიურად ვითარდება ამგვარი თანამშრომლობა. როგორც ვიცი, დღეს თბილისს უნდა ეწვიოს სომხეთის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი და ეს ჩამოსვლაც მნიშვნელოვნად მიგვაჩნია.

პრეზიდენტთან არსებული საკონსულტაციო ეკონომიკური საბჭოს მორიგ სხდომაზე სჯა-ბაასი გვქონდა ქვეყანაში პრივატიზებულ სამრეწველო საწარმოთა მუშაობის გაუმჯობესების ღონისძიებების შესახებ. ეს ერთ-ერთი მწვავე საკითხია.

სახელმწიფო ქონების განსახელმწიფოებრიობა და პრივატიზაცია საქართველოში ინტენსიურად წარიმართა და განხორციელდა ეროვნული მეურნეობის მეტწილ დარგებში, რამაც სხვა მნიშვნელოვან სოციალურ-ეკონომიკურ ეფექტთან ერთად სტიმული მისცა ქვეყანაში მეწარმეთა ფენის ჩამოყალიბებას. მრავალი პრივატიზებული ობიექტი წარმატებით ფუნქციონირებს, მათ შორის გაერთიანებები „კოკა-კოლა-კავკასიონი“ და „ბახტრიონი“ სააქციო საზოგადოება „ელექტროაპარატი“, დიდუბის რძის ქარხანა, ფირმა „მეგატასტანდარტი“, შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმოები „აია“, „პოლიგრაფისტი“, „სამება“ და მრავალი სხვა. საბედნიეროდ, ათობით და ასობით ასეთი საწარმო გვაქვს.

ამასთანავე, სახელმწიფო სექტორთან შედარებით, კერძო კაპიტალის უპირატესობათა რეალიზებას აფერხებს და „პრივატიზებულ საწარმოთა მნიშვნელოვანი ნაწილის კრიზისს იწვევს ისეთი უარყოფითი ფაქტორების ზეგავლენა, როგორიც არის მენეჯმენტის დაბალი დონე, მოძველებული საწარმოო სიმძლავრეები, საბრუნავი სახსრების ქრონიკული ნაკლებობა, არაკონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოება, ტრადიციულ კავშირურთიერთობათა გადაწყვეტა, გასაღების ბაზრების უქონლობა და მრავალი სხვა. შესაბამისად, დაისახა სათანადო ღონისძიებანი.

ამის გამო პრივატიზებულ საწარმოთა მესამედზე მეტი უმოქმედოა, ბევრმა მათგანმა ან საერთოდ ვერ გაყიდა, ანდა გაყიდა უმნიშვნელო რაოდენობის აქციები. აღნიშნული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით შემუშავდა პრეზიდენტის სპეციალური ბრძანებულების პროექტი, რომელიც სხვა მნიშვნელოვან ღონისძიებებთან ერთად ითვალისწინებს ეროვნული ეკონომიკის სრული რესტრუქტურიზაციის სახელმწიფო პროგრამის შედგენას. პროგრამამ უნდა მოიცვას ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის სრული ამოქმედების რადიკალური ღონისძიებანი. უნდა განხორციელდეს საწარმოთა სრული ინვენტარიზაცია (ამ სხდომაზე გვქონდა საუბარი ამის თაობაზე) მათი დღევანდელი მდგომარეობის რეალური შეფასების შესაბამისად. უნდა გამოიყოს პერსპექტიული საწარმოები, განისაზღვროს მომავალი მსხვილი სამეურნეო ობიექტების ფუნქციონირების პირობები. აუცილებელია გასაღების ბაზრების ძიებაც. ეს უპირველესად თანამეგობრობის ქვეყნების სივრცესა და რუსეთს შეეხება. მიზანშეწონილია აგრეთვე საწარმოო სიმძლავრეთა სანაციისათვის პრივატიზების შემოსულობათა გამოყენების მექანიზმის სრულყოფა, კონტროლის, აღრიცხვისა და აუდიტური მომსახურების დარეგულირების ღონისძიებათა განხორციელება. შეიძლება ვიფიქროთ პრივატიზებულ საწარმოებთან, ან მუშაობის ცენტრების შექმნის თაობაზეც. მე ზემოთ ვთქვი, რომ საჭიროა აღდგეს კავშირურთიერთობა რუსეთთან, ესე იგი, საჭიროა, უფრო გაბედულად შესვლა რუსეთის ბაზარზე. უნდა გითხრათ, რომ ბატონ ზურაბ ჟვანიას ვიზიტის ერთ-ერთი ცენტრალური თემა სწორედ ეს იყო და მისი შეხვედრების პროცესში ძალიან კონკრეტულად და საგნობრივად იქნა განხილული ეს საკითხები. მე მინდა ვთქვა, რომ ამ ვიზიტმა ძალიან კარგი შედეგებითა და დიდი წარმატებით ჩაიარა.

შემდეგ: სოცეკონომინფორმმა შეაჯამა ქვეყნის ეკონომიკის ფუნქციონირების ათი თვის შედეგები, რომელთა მიხედვითაც არის გარკვეული წინსვლა ცხრა თვესთან შედარებით. კერძოდ, სამრეწველო პროდუქციის წარმოების მოცულობა ათ თვეში შარშანდელ შესაბამის პერიოდთან შედარებით, თითქმის 32 მილიონი ლარით ანუ 6,9 პროცენტით გაიზარდა, რაც 1,7 პროცენტული პუნქტით აღემატება 9 თვეში მიღწეულ ანალოგიურ მაჩვენებელს. სწრაფი ზრდის ტემპით ხასიათდება სათბობის, ფერადი მეტალურგიის, ქიმიური და ნავთობქიმიური, მანქანათმშენებლობისა და ლითონდამუშავების, საშენი მასალების და სხვა დარგები.

კარგი ტემპია აღებული ნოემბრის დასაწყისიდან, რასაც ეკონომიკის ცალკეული სექტორებიდან და რეგიონებიდან მიღებული ოპერატიული მონაცემები ცხადყოფს. კერძოდ, თვის პირველ დეკადაში მრეწველობის დეპარტამენტის სისტემაში წარმოებულია 1,5 მილიონი ლარის პროდუქცია, რაც თითქმის 10 პროცენტით სჭარბობს ოქტომბრის ბოლო დეკადის მაჩვენებელს.

ამავე პერიოდში ქვეყნის ენერგოსისტემის მიერ წარმოებულია 18 პროცენტით მეტი ელექტროენერგია შარშანდელ ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. და ამის საშუალებას გვაძლევს სწორედ იმ რესურსების დაგროვება, რომელთა შესახებაც ამ გაზაფხულის, ზაფხულისა და შემოდგომის განმავლობაში ვლაპარაკობდით. საშუალოზე მაღალია ნავთობის მოპოვების მაჩვენებელი. ნოემბრის დასაწყისიდან განახლდა ქვანახშირის მოპოვება ტყიბულის შახტებში.

მნიშვნელოვანი ზრდის ტემპია მიღწეული ნოემბრის დამდეგიდან იმერეთის, შიდა ქართლის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეებში.

შენარჩუნებულია ბიუჯეტის შემოსავლის მობილიზების საკმაოდ მაღალი ტემპიც. საგადასახადო სამსახურის ოპერატიული მონაცემებით, ნოემბრის დამდეგიდან მიღებულია 12,5 მილიონი ლარი საბიუჯეტო შემოსავალი, რაც თვის გეგმის შესრულების საფუძველს ქმნის. წლის დასაწყისიდან ჩარიცხული სახსრების მოცულობა 233 მილიონ ლარს აღემატება. ეს 135 მილიონი ლარით ანუ 2,5-ჯერ სჭარბობს შარშანდელ ანალოგიურ მაჩვენებელს, ესე იგი, ორნახევარჯერ გაიზარდა.

საბაჟო დეპარტამენტის სისტემიდან 1-15 ნოემბრის ჩათვლით ბიუჯეტში გადაირიცხა 4 მილიონი ლარი, რაც აგრეთვე მეტად სერიოზული განაცხადია თვიური გეგმის შესასრულებლად. აქედან თითქმის მილიონი ლარი თამბაქოს ნაწარმის ახალი ექსპერიმენტული წესით დაბეგვრის შედეგად მიღებული სახსრებია.

მიუხედავად ამისა, ბიუჯეტის შემოსავლის, აგრეთვე მოხმარებული ელექტროენერგიის ანაზღაურების პრობლემა ქვეყნის წინაშე მდგომ ამოცანათა შორის (მხედველობაში მაქვს შემოსავლის მობილიზაცია, აგრეთვე, მოხმარებული ელექტროენერგიის პრობლემა) უმთავრესი და, მე ვიტყოდი, გადამწყვეტია. სწორედ ამ პრობლემას მიეძღვნება მთავრობის საგანგებო ღონისძიებანი. ამიერიდან ეს მიიღებს მუდმივ ხასიათს თვეში 2-3-ჯერ. ამ დღეებში დამუშავდება და გამოქვეყნდება ამ მექანიზმის მოქმედების პროგრამა. ესე იგი, ფაქტობრივად, მთავრობის ყველა სხდომა სპეციალურად, მისი საგანგებო ნაწილი მიეძღვნება სწორედ ბიუჯეტში თანხების მობილიზაციისა და დახარჯული ელექტროენერგიის საფასურის გადახდის პრობლემებს. მინდა ისიც ვთქვა, რომ დასავლეთის ქვეყნებთან, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებთან ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები ჩვენ საკმაოდ დეტალურად განვიხილეთ ბატონ კოლინზის - სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალური წარმომადგენლის სტუმრობის დროს. ეს მეტად ავტორიტეტული დელეგაცია იყო და შეხვედრისას ბევრი რამ საიმედო და საყურადღებო ითქვა.

- 23 ნოემბერს აფხაზეთში უკანონო არჩევნები იმართება. ამასთან დაკავშირებით სხვადასხვა ქვეყნის ელჩები, საერთაშორისო სტრუქტურათა წარმომადგენლები, რომლებიც საქართველოში იმყოფებიან, თავიანთ პოზიციას გამოხატავენ. ამის გამო თავისი უარყოფითი პოზიცია გამოხატა თავის დროზე გაეროს უშიშროების საბჭომ რეზოლუციაში. განვლილ კვირას პრესაში გამოქვეყნდა ევროპარლამეტნის მიერ სესიაზე მიღებული რეზოლუცია, სადაც აფხაზეთის მოვლენებს ეთნიკური წმენდის შეფასება მიეცა. ჩვენ გვახსოვს, რომ ორი წლის წინათ, დეკემბრის დამდეგს ანალოგიური შეფასება მიეცა აფხაზეთის მოვლენებს ბუდაპეშტის ცნობილ სამიტზე...

- აფხაზეთში გამოცხადებული, არჩევნების მიმართ საქართველოს პოზიცია ერთაზროვანი და აბსოლუტურად გარკვეულია. საგულისხმოა, რომ ამ პოზიციის იდენტურია საერთაშორისო და ევროპული ორგანიზაციების, რუსეთის, თურქეთის, ირანის, ჩვენი მეზობლების - აზერბაიჯანის, სომხეთის და სხვა ქვეყნების დამოკიდებულებაც. აქ, საქართველოში აკრედიტებულმა თითქმის ყველა ელჩმა, მათ შორის რუსეთის ელჩმაც, სავსებით გამოკვეთილად და ნათლად ჩამოაყალიბეს თავიანთი ნეგატიური დამოკიდებულება ამ ეგრეთ წოდებული არჩევნების მიმართ. ახლა ძალზე მნიშვნელოვანია ორგანიზებულად ჩაიაროს ჩემი ბრძანებულებით დანიშნულმა პლებისციტმა და მთელმა მსოფლიომ დაინახოს, როგორ მასკარადს აწყობენ სეპარატისტები „დემოკრატიული არჩევნების“ ნიღბით.

- განვლილ კვირაში გამოქვეყნდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის წერილი თქვენდამი, რომელიც გადმოგეცით სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციამ. ამ ბარათში საქართველოს აყვავების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს და მთავარ პირობად სწორედ ეკონომიკური განვითარებაა დასახელებული. სხვათა შორის, ძალიან საინტერესო მოსაზრებებია გამოთქმული საქართველოს როლზე საერთოდ კავკასიაში...

- როგორც მოგეხსენებათ, პრეზიდენტ კლინტონს ჩვენი ხალხის სახელით გულწრფელად მივულოცე პრეზიდენტის არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება, მადლობა მოვახსენე თანადგომისა და დახმარებისათვის, რომელსაც საქართველო თავისი განვითარების ამ ურთულეს ეტაპზე იღებს ამერიკის შეერთებული შტატებისაგან. პრეზიდენტის წერილი უაღრესად საყურადღებოა, რადგან იქ კარგად ჩანს ამ დიდი ქვეყნის მიერ კავკასიური მოვლენების ხედვა და იგრძნობა შეერთებული შტატების განსაკუთრებული სტრატეგიული ინტერესი ამ რეგიონის მიმართ, რეგიონის განვითარების პერსპექტივებისა და მომავლის ერთგვარი გააზრება, რომელიც წერილშია მოცემული. პრეზიდენტმა კლინტონმა პრინციპულად დაუჭირა მხარი მოძრაობას „მშვიდობიანი კავკასიისათვის“, რეგიონში კონფლიქტების მოგვარებისა და ეკონომიკის გარდაქმნისათვის. სასიამოვნოა მის მიერ საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული მშენებლობისა და რეფორმატორული გარდაქმნების პროცესის მაღალი შეფასება.

- ამ თვალსაზრისით, რასაც რეგიონული ურთიერთობა ჰქვია და, ალბათ, კონფლიქტებიც, ძალიან საინტერესო იყო (თქვენ მიაქცევდით ყურადღებას) რომან ჰერცოგის აზრი თქვენს იმ მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომ უნდა მოხდეს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ინტეგრაციის დაჩქარება ევროკავშირში...

- მე მართლაც მივაქციე ყურადღება - გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტი რომან ჰერცოგი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების წარმომადგენლებს შეხვდა და ამ შეხვედრაზე ევროპული ინტეგრაციის შემდგომ გაღრმავებასა და გაფართოებას დაუჭირა მხარი. ევროკავშირმა, ჩემი აზრითაც, გაცილებით მეტი როლი უნდა შეასრულოს ევროპის უშიშროების უზრუნველსაყოფად, რისი საფუძველიც კონტინენტის ყველა ქვეყნის ეკონომიკური და კულტურული აღმავლობა იქნება. მნიშვნელოვანია, რომ ასეთ ინტეგრაციას აქტიურად დაუჭერს მხარს ევროპის ყველა ქვეყანა, რუსეთის ჩათვლით, რადგანაც რუსეთი ისევე დაინტერესებულია ეკონომიკურ სივრცეში ევროკავშირის სტრუქტურებთან ინტეგრაციით, როგორც სხვა ქვეყნების. ინტეგრაციის აქტიური პროცესი სულაც არ ნიშნავს ევროკავშირის მიერ ახალი დემოკრატიული ქვეყნების თავის კმაყოფაზე აყვანას. ამ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოსაც, მნიშვნელოვანი მატერიალური და ინტელექტუალური პოტენციალი აქვთ, ლაპარაკი უნდა იყოს დახმარებაზე ამ შესაძლებლობათა ევროპული სტანდარტების დონეზე აყვანისათვის. უზარმაზარი ხარჯები, რომლებიც სამხედრო სახით ზრდას უნდა მოხმარდეს, სავსებით საკმარისი იქნება ეკონომიკური და ინტელექტუალური ინტეგრაციის ზრდის დასაჩქარებლად, ხოლო ეს პროცესი გაცილებით უფრო საიმედოა უშიშროების თვალსაზრისით, ვიდრე სამხედრო ფარი, როგორიც უნდა იყოს იგი.

- ის, რაც ამ ბოლო ხანს ხდება ჩვენს ქვეყანაში, ბუნებრივია, ჩვენთვის სიახლეა, მაგრამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, რაც ბოლო რამდენიმე წელიწადმა მოუტანა საქართველოს, ის არის, რომ გვაქვს თავისუფალი პრესა, რომელიც აქამდე არ გვქონია ისევე, როგორც სხვა პოსტსაბჭოურ ქვეყნებსაც. თქვენ საკმაოდ ხშირად საუბრობთ ხოლმე ინტერვიუებში ამის შესახებ განსხვავებული პოზიციებით. ხომ არ დადგა დრო, რომ პრეზიდენტს განსხვავებული ურთიერთობა ჰქონდეს პრესის წარმომადგენლებთან. ამის პრაქტიკა არის სხვადასხვა დემოკრატიულ ქვეყანაში...

- პრესა საქართველოში, ჩემი აზრით, საინტერესოდ ვითარდება. ტოტალიტარიზმის სისტემაში აღზრდილ მოქალაქეთა ერთ ნაწილს უჭირს შეეგუოს სიტყვის, პრესის თავისუფლების დამკვიდრების სიღრმისეულ პროცესებს (ეს პროცესი ნამდვილად მიმდინარეობს). ბევრი რამ, რაც დემოკრატიული საზოგადოების ცხოვრების შემადგენელი ნაწილია, ხშირად გვაღიზიანებს, გვანერვიულებს კიდეც და უჩვეულოდაც გვეჩვენება, მაგრამ, ფაქტია ისიც, რომ თავისუფალი პრესა, მხედველობაში მაქვს საერთოდ პრესა (ჩვენთან გამიჯვნა შეიძლება ცოტა პირობითი იყოს!), რომელსაც ახლა თავისუფალ პრესას ვუწოდებთ, დაწერს და ამხილებს იმას, რასაც ხელისუფლების ვერც ერთი სტრუქტურა ვერ შეძლებს ან არ გააკეთებს. სწორედ ეს არის მეოთხე ხელისუფლების უნიკალური როლი ახალ სახელმწიფოში. რა თქმა უნდა, ბევრი რამ იწერება ისეთი, რაც ყურმოკრულია, ხშირად ცილისმწამებლურიც არის, ადამიანის ღირსების შემლახველია, მაგრამ მთავარი მაინც ტენდენციაა, ის პოტენციალია, რომელსაც სიტყვისა და პრესის თავისუფლება გულისხმობს. ვფიქრობ, პრესის კანონზე საკმაოდ ხანგრძლივი და ბეჯითი მუშაობა, რომელიც პრესის წარმომადგენელთა მონაწილეობით მიმდინარეობს, სასურველ შედეგს მოიტანს. ამასთან, ისიც უნდა შევნიშნო (თქვენს შეკითხვაში ერთგვარი კრიტიკაც იგრძნობოდა), რომ საკმარისი არ არის ხელისუფლების კონტაქტები საინფორმაციო საშუალებებთან. ეს ეხება ჟურნალისტებთან პრეზიდენტის ურთიერთობასაც. განზრახული მაქვს, არა მარტო საჭიროების შესაბამისად და აუცილებლობის შემთხვევაში, არამედ სისტემატიურადაც, ვთქვათ, თვეში ერთხელ, ან სხვა საზომი ავიღოთ, შევხვდე მასმედიის წარმომადგენლებს და ამით ჩემი წვლილი შევიტანო მათთვის სრული და რაც შეიძლება ობიექტური ინფორმაციის მიწოდებაში.

- მასმედიის ყურადღების ცენტრში, ეს ბოლო ხანია, ტრიალებს ერთი თემა - სისხლის სამართლის კოდექსის ერთ-ერთი პუნქტის - სიკვდილით დასჯის შესახებ, განსხვავებული ინტერპრეტაციით. ზოგისთვის, ძალიან ბევრი ადამიანისათვის, ეს უაღრესად მნიშვნელოვანია, რამდენადაც ისინი სიკვდილით დასჯის წინააღმდეგნი არიან. ზოგისთვის კი ეს არის პოლიტიკური სპეკულაციის თემა. მით უმეტეს, ამ თემამ წინ წამოიწია იმის გამო, რომ ევროსაბჭოში მიღების ერთ-ერთ პირობად სწორედ იმას აყენებენ (როგორც ჩვენთვის ცნობილია), რომ ქვეყანაში უნდა გაუქმდეს სიკვდილით დასჯის კანონი.

- ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემი კომენტარი ცოტა გრძელი იქნება. დღეს მართლაც აქტიურად განიხილება სიკვდილით დასჯის პრობლემა. ხშირად გაიგონებთ ათობით სიკვდილმისჯილია, სხვა დიდ ქვეყნებში კი ნაკლებიო, და ასე შემდეგ. სერთოდ, როცა კანონის ისეთი ნორმის გამოყენებაზეა ლაპარაკი, როგორიც არის სასჯელის უმაღლესი ზომა, ციფრებით მანიპულირება, რა თქმა უნდა, გაუმართლებელია. ლაპარაკია ადამიანის სიცოცხლეზე. რა მინდა გქონდეთ მხედველობაში: ჯერ ერთი, საქართველოს ორჯერ გადაუარა სამოქალაქო ომის ქარტეხილმა, კონფლიქტებმა თავისი უმძიმესი შედეგებით, მაგრამ სამოქალაქო ომზე მეტი ტკივილები კრიმინალთა, მკვლელთა და ტერორისტთა შეიარაღებული ბანდების თარეშმა მოგვაყენა. ახლა ყველა ვხედავთ, რომ, მე ასე ვიტყოდი. ეს უკუნეთი წარსულს ჩაბარდა და სავსებით ნორმალურია მსჯელობა სახელმწიფოს სადამსჯელო პოლიტიკის შესახებ. როგორც იცით, საქართველოს კონსტიტუციამ მოგვცა სწორი და შეუმცდარი არჩევნის გაკეთების შესაძლებლობა, მეორე: საქართველოში ორი წელია სისრულეში არ მოჰყავთ სასჯელის უმაღლესი ზომა. ამიტომაც, ასეთი ადამიანების რიცხვმა გარკვეული ციფრი შეადგინა. საქმე გვაქვს ფაქტობრივ მორატორიუმთან. პრეზიდენტის განკარგულებაშია (მინდა ამასაც გავუსვა ხაზი) კონსტიტუციით მინიჭებული შეწყალების უფლებაც, მაგრამ აჩქარებას ამ ურთულეს საკითხში მე დაუშვებლად მივიჩნევ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მეორე მხარეს არის ათობით და ასობით ამოწყვეტილი ოჯახები, წამებით მოკლული ადამიანები, ტერორისტული აქტების მსხვერპლთან ერთად დარბეული და დანგრეული სახლები, ხიდები, ელექტროგადამცემი ხაზები და სხვა მრავალი. ის გაკვეთილიც არ უნდა დავივიწყოთ, რომ შეწყალებისა და შერიგების შესახებ რესპუბლიკის მოედანზე გამოცდახებულმა მანიფესტმა ფაქტობრივად სამოქალაქო ომის მეორე ტალღას მისცა ბიძგი. ხშირად გაიგონებთ, ადამიანს სიკვდილი მიუსაჯეს, სად არის პრეზიდენტიო? რატომ არ აღკვეთენ სასამართლოების მიერ უმკაცრესი სასჯელის გამოტანასო? ღმერთმა ნუ ქნას, რომ პრეზიდენტი განაჩენის გამოტანაში ერეოდეს. ეს იქნებოდა იმ დემოკრატიულ ღირებულებათა ფეხქვეშ გათელვა, რომელთა დამკვიდრებისთვისაც ჩვენმა ხალხმა ამდენი რამ გადაიტანა. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენში ჯერ კიდევ არის შემორჩენილი და ანგარიშგასაწევია ძველი დროებათაგან გადმოყოლილი „ჩაქოლვისა“ და სისხლის აღების წესი. მე ვიცი, რომ ამ პრობლემაზე ბევრს ფიქრობს ქვეყნის პარლამენტი, რა თქმა უნდა, როგორც მოგეხსენებათ, ბევრს ვფიქრობ მეც, ვფიქრობ იმაზეც, რომ ბევრი უსასტიკესი დანაშაული, რომლისთვისაც სასჯელის უმაღლესი ზომა დაინიშნა, განუკითხაობისა და საყოველთაო ქაოსის პირობებში იყო ჩადენილი. ესეც ანგარიშგასაწევია. ყოველ შემთხვევაში, შეწყალების შესახებ თხოვნათა განხილვის პროცესში, პრეზიდენტს შეუძლია ეს გაითვალისწინოს. ამიტომ ამ ურთულესი პრობლემის გადაწყვეტაში დაგვიანება შეუწყნარებელია, ხოლო აჩქარება დანაშაულის ტოლფასი შეიძლება გახდეს, წლის ბოლომდე (მე ასე ვვარაუდობ) ქვეყნის პრეზიდენტს ექნება საშუალება თავისი, შედარებით მწყობრი შეხედულებანი ჩამოაყალიბოს გაუზიაროს ამ ერთ-ერთ მწვავე პრობლემასთან დაკავშირებით.

საქინფორმი.

„ევროკავშირმა გაცილებით მეტი როლი უნდა შეასრულოს ევროპის უშიშროების უზრუნველსაყოფად, რისი საფუძველიც კონტინენტის ყველა ქვეყნის ეკონომიკური და კულტურული აღმავლობა იქნება“ / შევარდნაძე ედუარდ ; [ჩაიწერა] ნატო ონიანმა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 19 ნოემბერი. - 232(2343). - 1,2 გვ.

115 „ყველამ ერთად ვიფიქროთ, როგორ გააცილოს საქართველომ მეოცე საუკუნე და როგორ შეაღოს ოცდამეერთე საუკუნის კარი“

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 25 ნოემბრის რადიოინტერვიუ

- განვლილი კვირის ყურადღების ცენტრში 23 ნოემბერს აფხაზეთში გამართული არჩევნები იყო. დანარჩენ საქართველოში მას საერთო-სახალხო გამოკითხვა-პლებისციტი დაუპირისპირეს. პრინციპში, გარდა რუსული მასმედიის ზოგიერთი წარმომადგენლისა, ამ არჩევნებისადმი რამდენადმე გულთბილი და დადებითი დამოკიდებულება არავის გამოუხატავს. მსოფლიო საზოგადოებრიობამ მას მისცა ერთმნიშვნელოვანი შეფასება - უკანონო არჩევნები, - ჟურნალისტ ნატო ონიანის თხოვნით ამ თემაზე საუბარი დაიწყო თავისი ტრადიციული რადიოინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ.

- ამჯერად ტრადიციას გადავუხვევთ და ეკონომიკურ საკითხებზე შემდეგ ვისაუბრებთ.

პლებისციტის შესახებ და მის წინასწარ შედეგებზე მე გუშინ ვილაპარაკე ქალაქ ფოთში. ახლა ზოგიერთ მონაცემს გავიმეორებ, ეს უფრო დაზუსტებულია, თუმცა დღის ბოლოსათვის ალბათ საბოლოოდ შეჯერებული მონაცემი გვექნება, ყველა ქვეყნიდან და ყველა ქალაქიდან, მაგრამ ესეც უკვე ძირითადად მიუთითებს მთავარ შედეგებზე. ხმის უფლების მქონე 238 ათასი ლტოლვილიდან პლებისციტში მონაწილეობა მიიღო 224.800 კაცმა. ეს გახლავთ 18 წლის და უფროსი ასაკის ლტოლვილთა 93.8 პროცენტი. საქართველოში პლებისციტში მონაწილეობდა 186 ათასზე მეტი მოქალაქე. თითქმის ყველა მონაწილემ, ანუ ლტოლვილთა 99 პროცენტზე მეტმა აფხაზეთის სეპარატისტულ არჩევნებს უთხრა „არა“, ესე იგი, დაგმო ეს არჩევნები.

ძალიან საინტერესოა პლებისციტის მონაცემები, რომლებიც მე გუშინ ფოთში გამოვაცხადე. მოსკოვში ხმის მიცემაში მონაწილეობდა 16 ათასი კაცი, სანქტ-პეტერბურგში - 5.200, პოდოლსკში - 1800, კიევში - 2.700, სოჭში - 7.080, ტრაპიზონში - 530, ერევანში - 550, მინსკში - 800, საბერძნეთში - რამდენიმე ასეული მოქალაქე, ისრაელში მონაწილეობდა ძირითადად ის ებრაელობა, რომელიც იძულებული იყო დაეტოვებინა აფხაზეთი. მონაწილეთა შორის არიან ქართველები, აფხაზები, სომხები, რუსები, ბერძნები, ებრაელები.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ამ ქვეყნების ხელმძღვანელებს, ქალაქების ლიდერებს, სადაც პლებისციტი გაიმართა და ყოველმხრივ შეგვიწყეს ხელი და ყოველგვარი დახმარება აღმოგვიჩინეს, ყველას, მადლობა მოვახსენო დახმარებისა და ხელშეწყობისათვის.

დასკვნა ასეთია: ლტოლვილმა მოსახლეობამ ერთხელ კიდევ გამოხატა საოცარი ერთსულოვნება, მშობლიურ კერებში დაბრუნების ურყევი ნება. მათ ერთხელ კიდევ შეახსენეს მთელ მსოფლიოს, რომ არასოდეს შეეგუებიან წმენდისა და გენოციდის პოლიტიკას და მის შედეგებს. ამასთან მათ იმედიც გამოთქვეს, რომ დღევანდელი მსოფლიოც არ შეეგუება იმ უმძიმეს დანაშაულს, სეპარატისტებმა რომ ჩაიდინეს ქართველების, თვით აფხაზების, რუსების, სომხების, ბერძნების, ებრაელებისა და სხვათა მიმართ, დანაშაულს, რომელსაც ჩვენ გენოციდსა და ეთნოწმენდას ვუწოდებთ.

რაც შეეხება თვით აფხაზეთში სეპარატისტების მიერ მოწყობილ არჩევნებს (თავის დროზე მე ამას დემოკრატიულ ღირებულებებზე გაანგარიშებული მოჩვენებითი მასკარადი ვუწოდე), ჩემთვის ცნობილი წინასწარ გამოცხადებული ციფრები, ყოველ შემთხვევაში, რომლებიც გუშინ მოვისმინე, კოსმოსიდან აღებულს ჰგავს. ზოგიერთი საერთაშორისო ორგანიზაციის, მათ შორის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ყველაზე ოპტიმალური მონაცემებითაც კი, რეგიონში ახლა კონფლიქტამდელთან შედარებით მოსახლეობის მესამედი თუ იქნება დარჩენილი. დასახელებული ციფრებით, ვფიქრობ, სეპარატისტები საკუთარ თავს ვერ დაარწმუნებენ.

ასე რომ, ჩვენი გადაწყვეტილება პლებისციტის, რეფერენდუმის მოწყობის შესახებ სავსებით გამართლებულია, სწორია ისევე, როგორც მცდარი და სერიოზული შეცდომაა აფხაზეთის სეპარატისტების მიერ გამართული ეს ფალსიფიცირებული არჩევნები. თქვენთან წინა შეხვედრისას მე ვთქვი და ვისაც ეს ეხება, მსოფლიო იქნება თუ ევროპარლამენტი, ევროსაბჭო, თუ სხვები და სხვები, ყველამ წინასწარ დაგმო ეს არჩევნები როგორც უკანონო და როგორც დემოკრატიის ყველაზე უხეში დარღვევა.

- ქართულმა საგარეო პოლიტიკამ, ალბათ, იმთავითვე კონფლიქტის მოგვარების საკმაოდ საინტერესო ხერხი აირჩია. ეს გახლავთ ეკონომიკა, ეკონომიკური სტაბილურობა, რომელიც კონფლიქტის მოგვარების ერთ-ერთი უმთავრესი საშუალებაა. განვლილი ეკონომიკური კვირის მნიშვნელოვანი ფაქტი იყო მთავრობის სხდომა, რომელზეც ბევრი საინტერესო საკითხი განიხილეს, კვლავ გრძელდება სხვადასხვა ქვეყანასთან დიპლომატიურ ურთიერთობათა დამყარება, რაც თავისთავად ეკონომიკურ კავშირებსაც ნიშნავს.

- რაც შეეხება ეკონომიკურ ფაქტორებს კონფლიქტების მოგვარებაში, ეს კიდევ მოითხოვს სერიოზულ ჩაღრმავებას, სერიოზულ შესწავლას, გააზრებას, და იგი ერთ-ერთი, ასე ვიტყოდი, პერსპექტიული მიმართულებაა არა მარტო ჩვენი კონფლიქტების მოგვარებაში.

ახლა, რაც შეეხება კონკრეტულად განვლილი კვირის მოვლენებს.

სტაბილიზაციის პროცესების მომძლავრებასთან ერთად საერთაშორისო საფინანსო ორგანოების ურთიერთობანი საქართველოსთან პირდაპირი დახმარებიდან თანდათანობით პარტნიორული ურთიერთობის ფორმასა და შინაარსს იძენს.

მსოფლიო ბანკის (მინდა ამაზე სპეციალურად შევჩერდე, რადგან შედარებით ახალ მოვლენასთან გვაქვს საქმე) საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია, რომელიც ძალიან მძლავრი კორპორაციაა და რამდენიმე მილიარდის საბრუნავი კაპიტალი აქვს, წმინდა კომერციული ორგანიზაციაა, რომელიც შედარებით სტაბილური ქვეყნების კერძო კომპანიებთან თანამშრომლობს. ამდენად მისი პირველი ინვესტიციები საქართველოსთვის შეიძლება მსოფლიო ბანკთან ურთიერთობაში ახალ ეტაპად ჩაითვალოს.

პრეზიდენტთან კორპორაციის დირექტორის ბატონ ედუარდ ნასიმის შეხვედრისას დადებითად შეფასდა საქართველოს მინისა და მინერალური წყლების კომპანიის საინვესტიციო პროექტი, რომლის დაფინანსებაში კორპორაციის მონაწილეობა დაეხმარა კომპანიას აღადგინოს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო და უნიკალური წყლის „ბორჯომის“ სახელი და გაიტანოს იგი მსოფლიო ბაზარზე.

გამოითქვა მზადყოფნა სამომავლოდ მეღვინეობის, საბანკო და საფინანსო, ნავთობისა და გაზის, მშენებლობის, ტურიზმის და სხვა დარგების აღორძინებაში მონაწილეობის მისაღებად. ორი მეზობელი ქვეყნის ურთიერთობის განმტკიცების ინტერესებისათვის, უწინარესად მნიშვნელოვანია საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში (ლაპარაკია ახალ მინისტრზე). სომხეთთან და, საერთოდ, კავკასიის რეგიონში, ეკონომიკურ კავშირურთიერთობათა გაფართოება, ეკონომიკური ინტერესების გაძლიერება და წინაპლანზე წამოწევა განმსაზღვრელი, გადამწყვეტი ფაქტორი უნდა გახდეს ჩვენს ურთიერთობასა და მშვიდობიანი კავკასიის იდეის განხორციელების საქმეში.

მთავრობის მორიგ სხდომაზე განსასჯელად გამოტანილ საკითხთაგან მნიშვნელოვანი იყო უფრო ადრე, პრეზიდენტთან არსებული საკონსულტაციო ეკონომიკური საბჭოს მიერ განხილული დამატებითი ღირებულების შესახებ კანონისა და საბაჟო კოდექსის პროექტები. ალბათ ყველასათვის გასაგები უნდა იყოს, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ორი დოკუმენტის მიღებას სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლის ფორმირების გაუმჯობესებისათვის. თუ პირველი მათგანი უფრო ეფექტიან სამართლებრივ საფუძველს ქმნის. ქვეყნის შიდა ბრუნვიდან საბიუჯეტო შემოსავლის სრულად მიღებისათვის ახალი საბაჟო კოდექსი შემოსავლის მობილიზების გაძლიერებასთან ერთად მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქვეყნის ეკონომიკური საზღვრების დაცვის მდგომარეობას.

დამატებითი დამუშავების შემდეგ, ამჯერად მიღებულია და პარლამენტს წარედგინება ასევე მნიშვნელოვანი კანონპროექტი „რეკლამის შესახებ“, მე ვიცი, რომ ჩვენი მოსახლეობა ძალიან დაინტერესებულია ამ საკითხით. სასაქონლო და საფინანსო ბაზრებზე რეკლამის წარმოების, განვითარებისა, და გავრცელების პროცესში წარმოქმნილ ურთიერთობათა მოწესრიგების საფუძველზე, კანონი ხელს შეუწყობს რეკლამის სფეროში ჯანსაღი კონკურენციის განვითარებას, საზოგადოებრივი ინტერესების, რეკლამის სუბიექტებისა და მომხმარებელთა ინტერესების დაცვას, საზოგადოების ინტერესებისათვის საერთოდ მიუღებელი რეკლამის აღკვეთას, და ნაწილობრივ შეავსებს ამ სფეროში არსებულ საკანონმდებლო ვაკუუმს.

კიდევ ერთი საკითხი - უაღრესად მნიშვნელოვანი, რომელზეც ვიმსჯელეთ. ტურიზმის ინდუსტრიამ ქვეყნის განვითარების ეკონომიკურ პრიორიტეტთა სისტემაში ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უნდა დაიმკვიდროს, დადგა დრო, ამ სფეროს აღორძინების პროცესი დასაწყისიდანვე ორიენტირებული უნდა იყოს იმ საერთაშორისო სტანდარტებზე, რომლებითაც განვითარებული ტურიზმის ქვეყნები სარგებლობენ. კერძო სექტორის როლის ამაღლებასთან ერთად, ამ სფეროს დღეს საქართველოში სჭირდება მტკიცე სახელმწიფო მხარდაჭერა, რის გამოც მთავრობის სხდომაზე საქმიანი სჯა-ბაასი გაიმართა. აღნიშნული საკითხის განხილვას მთავრობა უახლოეს ხანში კვლავ დაუბრუნდება. უნდა წამოვიწყოთ საერთო-სახალხო დისკუსია ტურიზმის განვითარების პერსპექტივებთან დავშირებით და როგორც მოგეხსენებათ, ამ დარგს საქართველოში დიდი მომავალი აქვს, განსაკუთრებით საოჯახო ტურიზმს. თუმცა ყოფილი ტურისტული ბაზები, და სასტუმროები დაკავებულია, მოსახლეობას აქვს დიდი გამოცდილება და შესაძლებლობა განავითაროს სწორედ საოჯახო ტურიზმი. და ეს შეიძლება იყოს ასი ათასობით ადამიანი, რომელთაც საქართველოს გაცნობა აინტერესებთ.

მთავრობის სხდომაზე უკვე ტრადიციად იქცა ზამთრისათვის სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსის მზადების მიმდინარეობის საკითხის განხილვა. თუ მომზადების საერთო შედეგებით ვიმსჯელებთ, მდგომარეობის გაუმჯობესება შარშანდელთან შედარებით, რასაკვირველია, იგრძნობა: წყალსაცავებში წყლის მარაგი განვლილი წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 276 მილიონი კილოვატსაათით მეტია (ლაპარაკია ეკვივალენტზე); მზად არის რუსეთთან და აზერბაიჯანთან დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ხაზები: დროულად დამთავრდა ენერგეტიკულ მოწყობილობათა და ელექტროქსელების სარემონტო სამუშაოები, მათ შორის თბილსრესის მეოთხე ენერგობლოკზე, რის შედეგადაც ფაქტობრივად თბილსრესში მუშაობის სიმძლავრე 400-500 მეგავატს უდრის: გაუმჯობესდა ელექტროდენის პარამეტრები - სიხშირე 49-50 ჰერცის ფარგლებშია, მაშინ როცა ბოლო 4-5 წლის განმავლობაში ენერგოსისტემა მუშაობდა ავარიული სიხშირით - 43-46 ჰერცის ფარგლებში. ნაწილობრივ მოგვარდა საწვავით უზრუნველყოფის საკითხიც.

ყოველივე ეს პრაქტიკულ გამოხატულებას პოულობს ეკონომიკის ფუნქციონირების გაუმჯობესებაში. ზამთრის მოახლოების მიუხედავად, რაიმე არსებითი ხასიათის შეფერხებანი სამრეწველო ობიექტების მუშაობაში ჯერჯერობით არ შეიმჩნევა. შარშანდელისაგან განსხვავებით მუშაობს ისეთი მსხვილი საწარმოები, როგორიც არის ფეროშენადნობთა ქარხანა, ჭიათურმანგანუმი, მადნეულის კომბინატი, ცემენტის ქარხნები და სხვა. სოცეკონომინფორმის ოპერატიული მონაცემებით, ნოემბრის პირველ ნახევარში წარმოებული სამრეწველო პროდუქციის მოცულობა 2 პროცენტით აღემატება ოქტომბრის პირველი ნახევრის მაჩვენებელს.

ამასთანავე კვლავ მწვავედ დგას მოხმარებული ელექტროენერგიისა და საერთოდ ენერგორესურსების საფასურის გადახდის საკითხი. მე ამაზე გამუდმებით ვლაპარაკობ, მაგრამ, სამწუხაროდ, ჯერჯერობით მდგომარეობა არ უმჯობესდება და რაღაც საგანგებო ზომები უნდა მივიღოთ. თუ მდგომარეობა ამ მიმართულებით უმოკლეს ხანში რადიკალურად არ შეიცვალა, სიტუაცია ძალზე დამძიმდება და არამცთუ ვერ გავწევთ ახალ სამუშაოებს, არამედ ფაქტობრივად გაწეული სამუშაოებიც, როგორც იტყვიან, წყალში ჩაიყრება. შეფერხებით მიმდინარეობს თანხების აკრეფა აჭარის, ლანჩხუთის, კასპის, ბორჯომის, საგარეჯოს, დუშეთის, წალკის, თეთრიწყაროს და სხვა ენერგოკომპანიების მიერ. უაღრესად რთული მდგომარეობაა თბილისშიც და ამასთან დაკავშირებით თბილისელმა ხელმძღვანელებმა ძალიან სერიოზული საყვედურები მიიღეს.

შექმნილი ვითარება ყველა ამ რეგიონის ხელმძღვანელობის მკაცრი მსჯელობის საგანი გახდება.

და ბოლოს, ისევ ბიუჯეტის შესახებ. საგადასახადო ინსპექციას 21 ნოემბრისათვის უკვე აკრეფილი ჰქონდა ამ ხაზით 20 მილიონი ლარი, ხოლო წლის დასაწყისიდან მათ მიერ ბიუჯეტში მობილიზებულია 241 მილიონი ლარი, 65 მილიონი ლარით მეტი, ვიდრე მთელი 1994-1995 წლების განმავლობაში.

კარგი მაჩვენებელი აქვს საბაჟოსაც - 1-22 ნოემბრის ჩათვლით ბიუჯეტში გადაირიცხა 6,5 მილიონი ლარი. ეს თითქმის 30 პროცენტით აღემატება წინა თვის შესაბამისი პერიოდის დონეს. თამბაქოს ნაწარმის ახალი წესით დაბეგვრიდან მიღებულია 1,6 მილიონი ლარი ანუ 641 ათასი ლარით მეტი ოქტომბრის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით. საბაჟოსთან ერთად ისევ და ისევ მინდა მივმართო ბიზნესმენებს, ყველას, ვინც სიგარეტის ვაჭრობით არის დაკავებული, და ვინც თანდათანობით უფრო მეტი და მეტი გაგებით ეკიდება სახელმწიფოს მიერ დასახულ ამოცანას.

რა თქმა უნდა, ცალკე თემაა ბიუჯეტის საკონტროლო დავალებათა შესრულების საკითხი. მხედველობაში მაქვს საკონტროლო დავალებები, რომლებიც თავდაპირველი ვარიანტით იყო გათვალისწინებული. სამწუხაროდ, ამ თვალსაზრისით მდგომარეობა სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. ნოემბრის დარჩენილი დღეები და დეკემბერი სწორედ ამ პრობლემას უნდა მიეძღვნას. წინააღმდეგ შემთხვევაში სერიოზული დაბრკოლებები შეგვექმნება ხელფასების, პენსიებისა და დახმარების გაცემაში.

- თუ შეიძლება, კვლავ აფხაზეთის თემას დავუბრუნდები. განვლილი კვირის ერთგვარ სენსაციად იქცა თბილისში აფხაზთა რეჟიმის საგარეო საქმეთა მინისტრის კონსტანტინე ოზგანის ვიზიტი, რომელიც მეტად კონფიდენციალურ ხასიათს ატარებდა. და იგი სხვადასხვა ჭორისა და მითქმა-მოთქმის საფუძვლადაც იქცა. სხვათა შორის, იმასაც ამბობენ, თბილისში იყო არა ოზგანი, არამედ თავად არძინბაო, რაც, პრინციპში, ლოგიკურად ნაკლებად არის მოსალოდნელი...

- რაც შეეხება თბილისში კონსტანტინე ოზგანისა და დაურ ბარგანჯიას ჩამოსვლას, უნდა გითხრათ, ჩვენ შეთანხმებული ვიყავით, რომ შეხვედრა კონფიდენციალური იქნებოდა. შემდეგ სოხუმში მიიჩნიეს, რომ კონფიდენციალურობის შესახებ შეთანხმების დაცვა არ იყო აუცილებელი და მეც დიდ ტრაგედიად არ მიმაჩნია, რომ ეს გამოაცხადეს. თავისთავად ეს შეხვედრა იმით იყო ღირსშესანიშნავი, რომ ერთგვარად სათავე დაუდო ქართველთა და აფხაზთა ორმხრივ დიალოგს. თქვენ გახსოვთ ჩემი ჩასვლა გუდაუთაში, მაშინაც ერთ-ერთი მიზანი სწორედ ეს იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ორმხრივი კი არა, ცალმხრივი შეხვედრა იყო და მას რაიმე სერიოზული გაგრძელება დღემდე არ მოჰყოლია. ახლა ასეთი ინიციატივა გამოიჩინეს აფხაზეთის დღევანდელმა ხელმძღვანელებმა, სოხუმის ხელმძღვანელებმა, რომლებმაც გადაწყვიტეს დიალოგი გაემართათ თბილისში. ასეთი დიალოგი მომავალშიც გაგრძელდება. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ასე შევთანხმდით. შეხვედრები შეიძლება გაიმართოს მოსკოვშიც, აფხაზეთში, თბილისში და ძირითადად ეს სწორედ ორმხრივი დიალოგი და ორმხრივი შეხვედრები იქნება. უფრო დეტალური გაშუქება ამ კონტაქტისა ცოტა ნაადრევია, რადგან ის, რაზეც მოვილაპარაკეთ, მოითხოვს დამატებით დამუშავებას, დამატებით შეთანხმებებს და წინასწარ მათი გამოცხადება მიზანშეწონილი არ არის. შემდგომი შეხვედრები გვიჩვენებს, რამდენად სასარგებლო გამოდგა თბილისის დიალოგი, აქვე ისიც მინდა დავაზუსტო, რომ რუსეთის წარმომადგენლები ინფორმირებული იყვნენ თბილისის შეხვედრის შესახებ და მათგან მხოლოდ ხელშემწყობ ტაქტიკაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი.

მე მგონია, დღესდღეობით ამ კომენტარით შეიძლება შემოვიფარგლოთ.

- და, ბოლოს. გუშინდელ „ფაზისობაზე“ ცოტნე დადიანის, ძეგლი გაიხსნა. თქვენ ბრძანეთ, რომ საქართველოს გაერთიანება, ხალხის კონსოლიდაცია დაიწყო. სულ რაღაც სამი წლის წინათ სწორედ ფოთში დაიწყო ის მოვლენა, რომელსაც ჩვენში სამოქალაქო ომი ეწოდა და ფოთში ქართველები ერთმანეთს ვესროდით...

- ყველაზე ღირსშესანიშნავი ის არის, რომ ფოთელებმა ნგრევისა და აოხრების წლების შემდეგ (იცით, რამდენმა ქარტეხილმა გადაუარა ამ ქალაქს), თავიანთი ქალაქის აღორძინებას მოჰკიდეს ხელი. ფაზისი, როგორც გუშინ ითქვა, რომლის დაარსების 2500 წელი აღინიშნა, საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი იქნება არა მარტო სატრანსპორტო კომუნიკაციების, არამედ აგრეთვე სამრეწველო პოტენციალის, კულტურის, განათლების, სპორტის დარგებში. ასეთი მოძრაობა ქალაქში უკვე დაიწყო.

რაც შეეხება ევრაზიის დერეფანს, ბათუმი და ფოთი თანამედროვეობის ამ უდიდესი პროექტის საკვანძო ნავსადგურები გახდებიან.

უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა ცოტნე დადიანის მართლაცდა ბრწყინვალე ქანდაკებამ. ჩვენმა დიდმა ხელოვანმა ელგუჯა ამაშუკელმა, შესანიშნავმა არქიტექტორმა ვახტანგ დავითაიამ. ერთხელ კიდევ გაგვაოცეს და გაგვახარეს თავიანთი ნამუშევრით.

დარწმუნებული ვარ, საქართველოდან და მის ფარგლებს გარედანაც მოსული ათასობით მოქალაქე ესტუმრება ფოთს, რათა ბრინჯაოში გაცოცხლებული ჩვენი ხალხის საამაყო და სათაყვანებელი გმირი ცოტნე დადიანი იხილოს.

მადლობას ვწირავ ქალაქის მერიას, მხარის ხელმძღვანელობას, ყველა ფოთელს, ქალაქის აღორძინების საშვილიშვილო საქმეს რომ მოჰკიდეს ხელი.

გუშინ, ამავე დროს, ფოთში გვქონდა საუბარი იმის შესახებაც, რომ იქნებ უკვე მომწიფდა საკითხი, რათა საუკუნის დასასრულს და მომავალი საუკუნის მიჯნაზე საქართველომ აღნიშნოს თავისი სახელმწიფოებრივი ისტორიის კიდევ დაზუსტებაა საჭირო, ან 3 ათასი წელი, ან ცოტა ნაკლები (ისტორიკოსები ახლა ამაზე მუშაობენ). თუ ეს ასე იქნება, ბევრი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდება. ეს არის ქართული სახელმწიფოებრიობის სამ ათასწლოვანი ისტორია, ეს გახლავთ შოთა რუსთაველის უკვდავი „ვეფხისტყაოსნის“ 800 წლისთავი, კიდევ ბევრი სხვა რამ. ამას ვამბობ იმიტომ, რომ ყველამ ერთად ვიფიქროთ, როგორ გააცილოს საქართველომ მეოცე საუკუნე და როგორ შეაღოს ოცდამეერთე საუკუნის კარი.

„ყველამ ერთად ვიფიქროთ, როგორ გააცილოს საქართველომ მეოცე საუკუნე და როგორ შეაღოს ოცდამეერთე საუკუნის კარი“ / ე.შევარდნაძე ; [ჩაიწერა]ნატო ონიანმა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 26 ნოემბერი. - 237(2348). - 1,2 გვ.

116 საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრს შოთა კვირაიას

▲ზევით დაბრუნება


ბატონო შოთა!

წლეულს აღინიშნება საქართველოს სახელმწიფო უშიშროების ორგანოების მუშაკთა დღე, რომლის დაწესებამ ხელი უნდა შეუწყოს უშიშროების ორგანოების მოსამსახურეთა პროფესიონალიზმს, პასუხისმგებლობის გრძნობის ამაღლებასა და მხედრული სულისკვეთების გაძლიერებას.

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში საქართველოს სახელმწიფო უშიშროების ორგანოები ყალიბდება როგორც ერთ-ერთი მაღალპროფესიული და ბრძოლისუნარიანი ძალა, რომელზეც მნიშვნელოვანწილად იქნება დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის აღდგენის, სახელმწიფო უშიშროების უზრუნველყოფის, მართლწესრიგის განმტკიცებისა და საქართველოს სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის საქმე.

გულითადად გილოცავთ პროფესიულ დღესასწაულს პირადად თქვენ, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების ორგანოების ხელმძღვანელებსა და მთელ პირად შემადგენლობას.

ედუარდ შევარდნაძე.
27.11.96

საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრს შოთა კვირაიას // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 30 ნოემბერი. - 241(2352). - 1 გვ.

117 „ხომ არ მოვიდა დრო, ვიფიქროთ ახალ ჰელსინკზე, რომლის საბოლოო აქტიც ოცდამეერთე საუკუნის ევროპის ძირითადი კანონი, ევროპის კონსტიტუცია გახდებოდა?“

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის უმაღლესი დონის შეხვედრაზე

ლისაბონი, 1996 წლის 2 დეკემბერი

პატივცემულო ბატონო თავმჯდომარევ,
პატივცემულო სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურებო,

ნება მიბოძეთ შორიდან დავიწყო - ლისაბონი საისტორიოდ განგვაწყობს.

მე-15 საუკუნის დამლევი. ეპოქების შესაყარი. ნავსადგურიდან ოკეანეში ხომალდი გადის. იგი ქარიშხალთა კონცხს აუქცევს გვერდს და ევროპას გზებს გაუკვალავს.

ანალოგია ნათელია: ვასკო და გამას ლაშქრობაზე მოგახსენებთ.

ვასკო და გამას ახალი იდეის კომპასით მიჰყავდა ხომალდი. ეს იყო აღმოჩენის იდეა და იგი შედგა.

ამ საუკუნის მიწურულს ურიგო არ იქნებოდა დავფიქსირებულიყავით, როგორია ჩვენი გზის მანათობელი იდეების ლოცია.

ორი წლის წინათ ბუდაპეშტში ჩვენ ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის საბჭოს ახალი სახელი ვუწოდეთ.

ორი წლის შემდეგ ლისაბონში მოვალენი ვართ შევაფასოთ, რა გამოგვივიდა აქედან.

როდესაც თათბირს ორგანიზაცია დავარქვით, რას მივანიჭეთ პრიორიტეტი?

„ევროპული სახლი“ შევცვალეთ „არქიტექტურით“ - შეცვლის ეს არსებულ ვითარებას? (არ არსებობს დიდი არქიტექტურა დიდი იდეის გარეშე).

თუ დიდი იდეა არ იქნა, ვერც დიდი არქიტექტურა იქნება.

ადეკვატურია იგი იმ იდეისა, რომელმაც „ცივ ომზე“ გაგვამარჯვებინა? ხელეწიფება მას გადაგვიშალოს ახალი ჰორიზონტები და დაგვაძლევინოს ქარიშხალი, საუკუნის მიწურულს რომ ბობოქრობს?

ლოკალური ომები, რომელთა არსებითი დამანგრეველი ძალა არ ჩამორჩება გლობალურ დესტრუქციებს.

აგრესიული ნაციონალიზმი, აგრესიული სეპარატიზმი, რომლის სისასტიკე ნაცისტურს არ ჩამოუვარდება.

არ არის არც ერთი ჰელსინკის კალათა, მათ თავისი სისხლიანი ნადიმის ნასუფრალის კალათად რომ არ ექციოთ.

მე წარმოვადგენ ქვეყანას, სადაც ეს იციან არა ტელევიზიის მეშვეობით. და, ამდენად უფლება მაქვს ვიკითხო: კი მაგრამ, საკუთრივ რომ ვთქვათ, რას გავაკეთებთ?

პასუხი წინასწარ არის ცნობილი.

ჩვენ ვაშოშმინებთ, ველოლიავებით დანაშაულებრივ რეჟიმებს და ვუტოლებთ მათ ლეგიტიმურ მთავრობებს.

ჩვენ მათ ნებას ვართ დაყოლილნი და ყოველგვარ ულტიმატუმს ვუსრულებთ.

ჩვენ თვალს ვხუჭავთ ეთნიკური წმენდისა და ტერიტორიათა მიტაცების შედეგების მცოცავი ლეგიტიმაციის ტრაგი-ფარსზე, ისინი რომ აწყობენ.

ჩვენ გვეშინია, გენოციდს გენოციდი დავარქვათ და გვერიდება, სამარცხვინო ბოძზე გავაკრათ ადამიანობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩამდენი არაკაცები.

შედეგი: ერთ ტრაგედიას მეორე მოსდევს, აფხაზეთიდან რუსეთისაკენ, ჩრდილოეთ კავკასიისაკენ, როგორც ეს ჩვენი მაგალითითაც ჩანს.

ძნელი წარმოსადგენია რომ ეს ხდება მეოცე საუკუნის ბოლოს, მაშინ, რომ ამ დროის უდიდესი მონაპოვარია „ცივ ომზე გამარჯვება“.

ნება მიბოძეთ, შეგახსენოთ, რომ ეს გამარჯვება ახლებური პოლიტიკური აზროვნების, ახლებური პოლიტიკური მენტალურობის ნაყოფია.

ეს ცნებები არ არის ერთი ეპოქის კუთვნილება. ყოველ ეპოქას ამოძრავებს და აწინაურებს შეუცნობადი გაჭრილი ახალი აზრი.

მხოლოდ ასეთი მასშტაბის აზროვნებას ხელეწიფება შექმნას უშიშროების გარანტიები მთელ ევრაზიულ სივრცეში.

ჯერჯერობით კი იძულებული ვართ ვაღიაროთ: ტვირთის ნაწილი ჩვენს ხომალდს „ცივი ომის“ დროიდან მოჰყვება. ეს არის გაუთავებელი დისკუსიები ქვეყნიერების იმ მხარეებთან დაკავშირებით, თუ საით უჯობთ ან არ უჯობთ ალიანსებს გაფართოება.

ანდა, გაუთავებელი კითხვები, რა სამყაროში აღმოვჩნდით - ერთპოლუსიანში თუ მრავალპოლარულში.

და ეს რიტორიკაც იმავე დროიდან მოგვყვება. საშიში რიტორიკაა, ვინაიდან კონფრონტაციის მარცვლებს შეიცავს.

ჩემი ქვეყანა პატარაა, იგი წვეთი წყალივით არის, მაგრამ მთელ ოკეანეს ირეკლავს. ყოველივე იმის მიუხედავად, რაც თავს გადახდა, საქართველო კვლავინდებურად ერთგულობს კონფლიქტების მშვიდობიანი, პოლიტიკური მოგვარების პრინციპს. ოთხი წლის მანძილზე მან განიცადა ტრანსფორმაცია გაპარტახებული სახელმწიფოსაგან სამოქალაქო საზოგადოებისაკენ, და საფუძველი ჩაუყარა დემოკრატიას, საბაზრო ეკონომიკასა და სტაბილურობას. დღეს ჩვენ გვაქვს მყარი ეროვნული ვალუტა, მინიმალური ინფლაციის დონე, ეკონომიკური პოტენციალის გამოცოცხლება, მთლიანი შინაგანი პროდუქტის ზრდა, რომელიც წელიწადში 14 პროცენტს შეადგენს. ყოველივე ამას მივაღწიეთ ჩვენი მეგობრების, მსოფლიო გაერთიანების, ევროპის სტრუქტურების მხარდაჭერის შემწეობით და აქედან გამომდინარე მათი ქმედუნარიანობა ფრიად მაღალია და ასეთივე ეფექტიანობით შეუძლიათ გამოიჩინონ თავი სხვა სფეროშიც.

თუმცა, ეს არის მხოლოდ პირველი ნიშნები პოზიტიური პროცესისა. კრიზისი ჯერ არ გადაგვილახავს, ასიათასობით მოქალაქის ცხოვრების დონე სიღატაკის ზღვარზე დაბალია, ლტოლვილთა მდგომარეობა შემზარავია.

ბევრი რამ ჩვენ უკვე მოგვეხსენება. სახელდობრ ის, რომ ვერც ერთი ფარი, რა საზღვართანაც უნდა დააყენო, სიძლიერითა და ეფექტიანობით ვერ შეედრება სახელმწიფოთა ეკონომიკურ რეაბილიტაციასა და აღორძინებას მთელ პოსტტოტალიტარულ სივრცეში. არაფერი სჯობს ასეთ ინტეგრაციას ევროპულ სტრუქტურებში. არ არსებობს ამ სახელმწიფოთა უშიშროების იმაზე უკეთესი გარანტია, ვიდრე ევროპის კავშირის გაფართოებაა ევროპის აღმოსავლეთითა და სამხრეთ-აღმოსავლეთით. ამას ყველა ქვეყანა მიესალმებოდა.

საამისოდ ევროპას აქვს მთავარი - ერთიანი მსოფლმხედველობის სივრცე, ვანკუვერიდან ვლადივოსტოკამდე გადაჭიმული სივრცე, რომელზეც აღესრულა ბიპოლარული სამყარო და დამკვიდრდა ზოგადღირებულებათა სისტემა, რომელიც დემოკრატიული ლიბერალიზმის ფილოსოფიასა და ადამიანის უფლებათა პატივისცემას ემყარება.

არ გვეკადრება, ეს კუთვნილება მთელი მისი გიგანტური პოტენციალით ვანაცვალოთ ძალთა ბალანსის დოქტრინის აღორძინებას, როგორც უშიშროების ერთადერთი გარანტიის, ნოსტალგიურ მისწრაფებას.

ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ ამ სივრცეში უნდა მოაქციოს მისი ისეთი განზომილებანი, რომლებიც დაიცავენ ჩვენს საერთო ღირებულებებს, მათ შორის, კულტურულ მემკვიდრეობას, და გამორიცხავენ ყოველგვარ კონფლიქტს, მათ შორის, ცივილიზაციათა კონფლიქტსაც.

განზომილებანი, რომელთა შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი საერთო უშიშროებისადმი ოდნავი დამუქრებისათვის პასუხისმგებლობის კატეგორია, ნებისმიერი რეჟიმისა თუ ადამიანთა ჯგუფის, თუნდაც სახელმწიფოს დასჯის გარდაუვალობის კატეგორია, რომლებიც გაბედავენ ევროპული მშვიდობის ხელყოფას.

ევროპას საამისოდ ყველაფერი აქვს. მას მხოლოდ ერთი რამ აკლია - ჰელსინკის დებულებების დამავალდებულებელი ძალა, რომელიც მათი უცილობელი შესრულების გარანტია იქნებოდა.

და მე ვეკითხები საკუთარ თავს და გეკითხებით თქვენ, პატივცემულო კოლეგებო: ხომ არ მოვიდა დრო, ვიფიქროთ ახალ ჰელსინკზე, რომლის საბოლოო აქტიც XXI საუკუნის ევროპის ძირითადი კანონი, ევროპის კანსტიტუცია გახდებოდა?

შესაძლოა, ეს მეტისმეტი სითამამეც იყოს, მაგრამ ჩვენ ვიმყოფებით ლისაბონში, იმ ქალაქში, სადაც ყოველივე საამისოდ განგვაწყობს, სადაც „ლუზიადების“ გმირებმა ერთხელ საკუთარ თავს ჰკითხეს“ „ვითომ რატომაც არაო?“

- და შეუძლებელი შეძლეს.

„ხომ არ მოვიდა დრო, ვიფიქროთ ახალ ჰელსინკზე, რომლის საბოლოო აქტიც ოცდამეერთე საუკუნის ევროპის ძირითადი კანონი, ევროპის კონსტიტუცია გახდებოდა?“ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 4 დეკემბერი. - 243(2354). - 1 გვ.

118 ბატონ რევაზ ჯაფარიძეს

▲ზევით დაბრუნება


მისალმება

ბატონო რეზო,

ახლა გავიგე, რომ დღეს მუხრანში, ქეთევან წამებულის მამულში, საშუალო სკოლაში, თქვენი წიგნი „მხევალი უფლისა“ წარედგინება მკითხველს. ვფიქრობ, ეს მეტად საყურადღებო ფაქტია ჩვენი ლიტერატურული ცხოვრებისა.

ჩემო რეზო, გილოცავ ამ დიდი საქმის გასრულებას, რადგან ქეთევან წამებული, ჩვენი წმინდანი და მაგალითი, მართლა ღირსია იმისა, რომ მასზე მუდამ იფიქრონ თაობებმა და მისით მუდამ შთაგონებულნი იყონ.

ე. შევარდნაძე.
1996 წლის 6 დეკემბერი.

ბატონ რევაზ ჯაფარიძეს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 7 დეკემბერი. - 246(2360). - 1 გვ.

119 ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის კოლექტივს

▲ზევით დაბრუნება


მისალმება

ბატონებო,

საქართველოს ხელისუფლების სახელით უდიდეს მადლობას მოგახსენებთ სამშობლოსა და ერის სადიდებლად გაწეული თავდადებული შრომისათვის.

მიუხედავად სიძნელეებისა, თქვენდა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის კოლექტივს ყველაზე ძნელ დღეებშიც კი მუშაობა არ შეუწყვეტია, აქტიურად ეწეოდა კვლევით და საგანმანათლებლო საქმიანობას.

ჩემო მეგობრებო, თქვენ მუზეუმის დაარსების სამოცდაათ წლისთავზე მოგმართავთ უდიდესი მადლიერების გრძნობით, გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებებს საზოგადოებრივ საქმიანობასა და პირად ცხოვრებაში.

ე. შევარდნაძე.
1996 წლის 6 დეკემბერი.

ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის კოლექტივს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 7 დეკემბერი. - 246(2360). - 1 გვ.

120 „მე სავსებით გულწრფელი და პრინციპული ვიყავი, როცა ვთქვი, რომ ვერ ვიცხოვრებ ისეთ ქვეყანაში, სადაც პოლიტპატიმრები იქნებიან“

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 9 დეკემბრის რადიოინტერვიუ

- განვლილი კვირის მიმოხილვა ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენით - ლისაბონის უმაღლესი სამიტით უნდა დავიწყო, რომლის საბოლოო დოკუმენტში დაფიქსირდა ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომლებიც აწუხებს დღეს საქართველოს, და არა მხოლოდ მას. კერძოდ, მე-20 თავში - საქართველოსთან დაკავშირებით, სადაც დაგმობილია აგრესიული ნაციონალიზმი და სეპარატიზმი, ასევე, რაც უაღრესად საყურადღებოა, კიდევ ერთხელ დაგმობილია აფხაზეთისა და ცხინვალის არჩევნები. ასევე მნიშვნელოვანია მე-10 თავი, რომელიც ეხმიანება მე-20 თავს. და კიდევ ერთი მომენტი: თქვენი გამოსვლა სამიტზე - სრულიად განსხვავებული ტონალობის მქონე გამოსვლა, რომელშიც თქვენ ფაქტობრივად XXI საუკუნის ახალ ჰელსინკზე, ახალ ევროპულ კონსტიტუციაზე ილაპარაკეთ... - ამ თემაზე საუბრით დაიწყო, ჟურნალისტ ნატო ონიანის თხოვნით, თავისი ტრადიციული რადიოინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ.

- ლისაბონის შეხვედრა, როგორც უკვე ვილაპარაკე ამის შესახებ სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე, კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ მსოფლიო, მათ შორის ევროპა, აღარ იცხოვრებს ძველი წესებით. ჩემს გამოსვლაში ითქვა ისიც, რომ ახალი პოლიტიკური აზროვნება და ინტელექტუალური გარღვევანი, როგორც მიღებულია ითქვას პოლიტიკაში, არანაკლებ საჭიროა დღეს, ვიდრე 80-იან წლებში, როცა, მე ასე ვიტყოდი, აზრის ბრწყინვალებას, ზოგადსაკაცობრიო იდეალებისადმი თავგანწირულმა ერთგულებამ შეუძლებელი გაგვაკეთებინა: ყინული გალხვა და ცივი ომი დამთავრდა. ეს არის უნიკალური შემთხვევა, როცა თვალუწვდენელ ტერიტორიაზე - ვანკუვერიდან ვლადივოსტოკამდე (ასეთი გამოთქმა უკვე დამკვიდრდა) კლასობრივ-იდეოლოგიური ბარიკადების ნანგრევზე მივიღეთ ერთიანი მსოფლმხედველობრივ განზომილებათა სივრცე. სწორედ ამ კონსტატაციამ მომცა უფლება მეთქვა, რომ ევროპა შექმნის XXI საუკუნის კონსტიტუციას, რომ საჭიროა ახალი ჰელსინკი, რომ შეიქმნება ხალხთა და სახელმწიფოთა ქცევის კანონი, რომელიც გამორიცხავს ომებს, კონფლიქტებს და რომელიც დაასამარებს აგრესიულ ნაციონალიზმსა და აგრესიულ სეპარატიზმს.

ლისაბონის დეკლარაცია კარგი გაკვეთილია სეპარატისტებისათვის. ქართველი მოსახლეობის განადგურება და მასობრივი გამოდევნა, ეთნიკური წმენდა, ლტოლვილთა დაბრუნებისათვის ხელის შეშლა და სხვა უმკაცრესი შეფასებანი, რომელთაც დეკლარაცია შეიცავს, თავგასულ სეპარატისტებს მოუწოდებს მოუხმონ გონებას. მეც ამ მოწოდებას ვუერთდები. ყველამ უნდა დაიხსომოს, რომ ასეთი უაღრესად პრინციპული შეფასებიდან, ფაქტობრივად, გენოციდის აღიარებიდან საერთაშორისო ტრიბუნამდე არც ისე შორსაა.

- ალბათ, ერთი რამეც განსაკუთრებით უნდა ითქვას. გვახსოვს ბუდაპეშტის სამიტი, ის შეფასებანი, მაშინ რომ მიეცა აგრესიულ სეპარატიზმს, აგრესიულ ნაციონალიზმს, მაგრამ, ყველა ამ დონის შეკრებებისაგან განსხვავებით, ალბათ, განსაკუთრებით გამოიკვეთა კავკასიისა და საქართველოს თემა, რომელიც ძალიან ხშირად ისმოდა ლისაბონის სამიტზე გამოსვლებში...

- ეს ლისაბონის შეხვედრის ერთ-ერთი თავისებურებაა და, ვინც გულდასმით გაეცნობა დეკლარაციას, მიხვდება, რომ კავკასიის თემა, რომელიც ამ დეკლარაციაში ესოდენ ძლიერად არის წარმოსახული, იმ დასკვნების ანარეკლია, ფაქტობრივად რომ გაიმართა ლისაბონში. უდავოდ მისასალმებელია ის, რომ კავკასია არა მარტო გეოგრაფიულად არის აღიარებული როგორც ევროპის ნაწილი, არამედ პოლიტიკურადაც და ამ დიდი და სერიოზული დებატების პროცესში კავკასიაზე მსჯელობდნენ როგორც ევროპის სტაბილურობისა და მშვიდობის ერთ-ერთ აუცილებელ ელემენტზე.

- განვლილ კვირაში გაიმართა მთავრობის სხდომა და ეკონომიკური საბჭოს სხდომა. საინტერესოა თქვენი მოსაზრება (ტრადიციულად, თქვენ ყოველთვის აკეთებთ პროგნოზს), როგორ დაასრულებს საქართველო საფინანსო წელს...

- ეკონომიკურ პრობლემებზე ჩემს გამოსვლაში ხაზი გავუსვი სწორედ ეკონომიკურ ასპექტსაც - ევროპის უშიშროებისა და ევროპის მშვიდობის ეკონომიკურ ასპექტს.

ზედმეტი არ იქნება, თუ ერთხელ კიდევ გავუსვამთ ხაზს პოლიტიკური და ეკონომიკური მოვლენების ურთიერთგანპირობებულობასა და ურთიერთგანმსაზღვრელობას, კერძოდ კი იმას, რომ ერთი მხრივ, ყოველი პოლიტიკური დატვირთვის მქონე მოვლენა (მე ამ შემთხვევაში ლისაბონი მაქვს მხედველობაში) პირდაპირ თუ არაპირდაპირ შეიცავს მშვიდობისა და სტაბილიზაციის განმტკიცების თანმდევ ეკონომიკურ ეფექტებს, მეორე მხრივ კი, როგორც სამიტზე საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლაში აღინიშნა, ვერავითარი ძალა ვერ შეედრება მშვიდობის დამყარებაში ეკონომიკურ კავშირურთიერთობათა განვითარებას და არ არსებობს სახელმწიფოთა უშიშროების უკეთესი გარანტია, ვიდრე ამ კავშირურთიერთობათა გაღრმავება და განმტკიცებაა, როგორც მე ვთქვი ლისაბონში, ევროკავშირის გაფართოება აღმოსავლეთისაკენ, მხედველობაში მაქვს, რა თქმა უნდა, კავკასია და, უწინარესად, საქართველო.

ლისაბონში განსაკუთრებით გამოიკვეთა მსოფლიო საზოგადოებრიობის გაძლიერებული ინტერესი კავკასიის რეგიონის მიმართ (როგორც ზემოთ აღვნიშნეთ) და ამ საერთო ინტერესში არ შეიძლება არ დავინახოთ ეკონომიკური, თუნდაც ევრაზიულ დერეფანთან დაკავშირებული ინტერესებიც.

მეტად მნიშვნელოვანი იყო სამომავლო ურთიერთობისათვის საქართველოს პრეზიდენტის საქმიანი შეხვედრები სამიტის მონაწილე ქვეყნების, ნატოსა და ევროკომისიის ხელმძღვანელებთან და წარმომადგენლებთან. უნდა გითხრათ, რომ სწორედ ეკონომიკური ურთიერთობის განვითარება ახალ ეტაპზე, ახალი მასშტაბით იყო ამ შეხვედრის ერთ-ერთი უმთავრესი თემა.

განვლილ კვირაში გამართული მთავრობის სხდომის ყურადღების ცენტრში იყო საბიუჯეტო პროცესები. კერძოდ, გაანალიზდა საქართველოს 1996 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 11 თვის შედეგები. საკითხის განხილვამ გვიჩვენა, რომ მთლიანად წლის დაზუსტებული ბიუჯეტის შესრულების საკმაოდ რეალური საფუძველი არსებობს.

მნიშვნელოვანია უკანასკნელ ხანს მიღწეული შემოსავლის მობილიზაციის ტემპი. საგადასახადო სამსახურის ადილობრივი ხელმძღვანელების მიერ გაწეული ინტენსიური მუშაობის შედეგად მიღებულმა საბიუჯეტო შემოსავალმა ნოემბერში 30 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 50 პროცენტით აღემატება ათი თვის საშუალო თვიურ მაჩვენებელს და საპროგნოზო მაჩვენებელსაც შეესაბამება. ვიმედოვნებთ, რომ ოქტომბერ-ნოემბრის ფაქტობრივი შედეგების გათვალისწინებით მეოთხე კვარტალის საკონტროლო გეგმაც შესრულდება.

საბაჟო დეპარტამენტიდან 11 თვეში მიღებულია 61,8 მილიონი ლარი საბიუჯეტო შემოსავალი (ვთხოვ მსმენელებს, კიდევ ერთხელ მიაქციონ ამ ციფრებს ყურადღება). მარტო ნოემბერში მიღებულმა შემოსავალმა თითქმის 10 მილიონ ლარს გადააჭარბა, რაც მთლიანად 1996 წლის განმავლობაში საბაჟოდან მიღებულ საბიუჯეტო შემოსავალს 800 ათასი ლარით აღემატება. ესე იგი, ერთ თვეში იმაზე მეტი მივიღეთ - 800 ათასი ლარით, ვიდრე მთელი წლის განმავლობაში. გადაჭარბებით შესრულდა ცენტრალური ბიუჯეტის შემოსავლის გეგმაც და ეს ყველაზე უფრო მისასალმებელია.

დამაიმედებელი ტემპია აღებული წლის ბოლო თვეშიც. 1-დან 6 დეკემბრამდე საგადასახადო სისტემიდან უკვე მიღებულია თითქმის 9 მილიონი ლარი, საბაჟოდან - თითქმის 2 მილიონი ლარი, რაც საგრძნობლად აღემატება წინა თვის შესაბამისი პერიოდის დონეს.

წლის ბოლომდე დარჩენილ პერიოდში ავტონომიური რესპუბლიკების ხელმძღვანელებმა, ადგილობრივი მმართველობის ორგანოებმა, განსაკუთრებით თბილისის, იმერეთისა და ქვემო ქართლის ხელმძღანელებმა ყოველი ღონე უნდა იხმარონ. რათა ყოველმიზეზგარეშე უზრუნველყონ წლიური გეგმა-დავალების შესრულება.

მომავალი წელი გარდატეხის, საგანგებო ღონისძიებათა წელი უნდა იყოს უპირატესად სწორედ საბიუჯეტო შემოსავლისა და ბიუჯეტის განმტკიცების თვალსაზრისით. ამიტომ, როგორც მთავრობის სხდომაზე აღინიშნა, მიზანშეწონილია პარლამენტში წარსადგენ ბიუჯეტის პროექტთან ერთად მივიღოთ შემოსავალთა მობილიზაციის მაქსიმალური ვარიანტი. ეს უნდა იყოს ძალიან დაძაბული საპრეზიდენტო პროგრამა, სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ისევე სავალდებულო იქნება შესასრულებლად, როგორც ბიუჯეტის შესახებ კანონი.

ამ პროგრამის შესრულების რეალურ საფუძველს იძლევა საგადასახადო სისტემის სრულყოფის მიმდინარე პროცესები, რომლის ძირითადი ეტაპი ახალ წლამდე უნდა დასრულდეს. მნიშვნელოვნად უნდა გაფართოვდეს საშემოსავლო ბაზა წარმოების გამოცოცხლების ტენდენციის შემდგომი გაძლიერების ხარჯზე, რაშიც გადამწყვეტი სიტყვა ენერგეტიკული სექტორის რეაბილიტაციის პროცესის განვითარებამ უნდა თქვას. ენერგეტიკული კრიზისიდან გამოსვლის საგანგებო ღონისძიებათა პროექტები განვიხილე შესაბამის უწყებათა მონაწილეობით გუშინწინ სპეციალურ შეკრებაზე და ამ დღეებში ეს დოკუმენტები გამოქვეყნდება. მჯერა, საქართველოს მოქალაქენი დარწმუნდებიან, რომ მდგომარეობიდან გამოსვლა შესაძლებელია, თუკი დავიწყებთ მასობრივ მოძრაობას ეკონომიკური კრიზისიდან ქვეყნის გამოყვანისათვის. მე არ გამოვრიცხავ, რომ იქნება ჩემი სპეციალური წერილი საქართველოს მოქალაქეების, ყველა ორგანიზაციის, ყველა მეწარმისა და ყველა საწარმოსადმი.

მეტად აქტუალური საკითხი განვიხილეთ პრეზიდენტთან არსებული საკონსულტაციო ეკონომიკური საბჭოს მორიგ სხდომაზე.

ეს არის ქვეყნის საგადასახადო კოდექსის პროექტი, რომელშიც თავმოყრილია ყველა საგადასახადო კანონი, უფრო სწორად, ეს გახლავთ საგადასახადო კოდექსი, აქ არ შედის საბაჟო გადასახადების პრობლემა. ეს ცალკე საკითხია და ცალკე კანონი იქნება. კოდექსის მიხედვით შექმნილი ერთიანი საგადასახადო სისტემის ახალი სამართლებრივი ბაზა უდავოდ გააუმჯობესებს გადასახადების აკრეფასა და გადასახადთან დაკავშირებული ურთიერთობის, გადამხდელთა და სახელმწიფო საგადასახადო ორგანოთა რეგულირების პროცესს.

ამჟამად მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობისაგან განსხვავებით, კოდექსის პროექტი გამოირჩევა მეტი დახვეწილობითა და სიცხადით, მცირდება გადასახადების რაოდენობა ზოგიერთი მათგანის გაუქმებისა და ნაწილის სხვა გადასახადებთან კონსოლიდაციის შედეგად. ახლებური მიდგომაა ადგილობრივი გადასახადების შემოღებასთან დაკავშირებით. სერიოზულ ცვლილებებს განიცდის მოგებისა და დამატებითი ღირებულების გადასახადები. სამამულო წარმოების სტაბილურობისათვის გათვალისწინებულია აქციზის განაკვეთების მნიშვნელოვანი შემცირება, როგორც ეს მეწარმეებთან შეხვედრაზე აღინიშნა.

პროექტში გადასახადის მიხედვით გაუქმებულია არაეფექტიანი საგადასახადო შეღავათები. გამკაცრებულია საგადასახადო დარღვევებისათვის პასუხისმგებლობის საკითხი და, რაც მთავარია, ეს არის მეწარმეობის ხელშეწყობისა და მხარდაჭერისათვის გამიზნული კანონთა მთელი კრებული. ამ 2-3 დღეში დამთავრდა კორექტირების შეტანა, რომლებიც ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე გამოითქვა. ხუთშაბათს გვექნება მთავრობის სხდომა, რომელზეც განვიხილავთ საბოლოო ვარიანტს, წარვუდგენთ პარლამენტს და მინდა მივმართო თხოვნით საქართველოს მოქალაქეებს, რადიომსმენელებს, ტელემაყურებლებს, თვალყური ადევნონ პარლამენტში გამართულ დებატებს, რადგან - საგადასახადო სისტემა - ეს ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთი საკვანძო საკითხია, აქტიური მონაწილეობა მიიღონ ამ განხილვაშიც. ჩვენ გვექნება საშუალება ეს წინასწარ გამოვაქვეყნოთ და იგი უნდა იყოს საყოველთაო-სახალხო კონსენსუსის შედეგად მიღებული კანონი.

- ვიცით, რომ გაურკვეველი სიტუაციაა ბიუჯეტთან დაკავშირებით. როგორ დავამთავრებთ წელს? გვექნება თუ არა ბიუჯეტი?

- სწორი შეკითხვაა. გვინდოდა, წლეულს ცოტა ადრე დაგვემთავრებინა ეს პროცესი - ბიუჯეტის ფორმირება. ბიუჯეტის შედგენა-ფორმირება ახლა დამამთავრებელ სტადიაშია. ვიცი, რომ მოქალაქეები ამას ადევნებენ თვალს. ახლა თბილისში იმყოფებიან მსოფლიო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ავტორიტეტიანი დელეგაციები. ამ დღეებში დამთავრდება კონსულტაციები ყველა ძირითად საკითხზე მომავალი წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით. ზოგიერთი რამ დასაზუსტებელია ცალკეული რეგიონების მიხედვით. სახელმწიფო მინისტრმა ბატონმა ნიკო ლეკიშვილმა თითქმის ყველა რეგიონის საბიუჯეტო პარამეტრები განიხილა რწმუნებულების, გამგებლებისა და მერების მონაწილეობით. ჩემთან, ჩემს დონეზე ვიმსჯელეთ ქალაქ თბილისის მომავალი საფინანსო წლის მონაცემებზე. განზრახული მაქვს შესაბამის უწყებათა ხელმძღვანელებთან ერთად ადგილზე განვიხილოთ აჭარის 1997 წლის ბიუჯეტი. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ავტონომიის ბიუჯეტს ადგილზე განვიხილავთ. ვფიქრობ, თავისთავად, ეს ფაქტი მისასალმებელია. ამ საკითხში ბევრი რამ არის გასარკვევი და გადასაწყვეტი, და, რა თქმა უნდა, სჯობს ეს გაკეთდეს ადგილზე და უმაღლეს დონეზე.

- ლისაბონის საბოლოო დოკუმენტში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ადამიანის უფლებათა დაცვის თემას. ხვალ ადამიანის უფლებათა დაცვის დღეა. თქვენ ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე ბრძანეთ, შემრცხვებოდა მეცხოვრა ისეთ ქვეყანაში, სადაც პოლიტიკური პატიმრები არსებობენო...

- ადამიანის უფლებათა დაცვის დღეს საქართველო განსაკუთრებული პასუხისმგებლობით აღნიშნავს. ეს თემა არ ამოიწურება, ურთულესი პრობლემაა და მთავარი ის გახლავთ, რომ ჩვენთან სამართლებრივი და პრაქტიკული საფუძვლები უკვე ჩაეყარა, რათა გვქონდეს უფლება ვილაპარაკოთ ამ თემაზე და ვიბრძოლოთ ამ ამოცანების გადაწყვეტისათვის. გუშინ გაიმართა უაღრესად საინტერესო პრესკონფერენცია, რომელმაც, თუ არ ვცდები, 3 საათზე მეტ ხანს გასტანა, და რომელშიც ყველა სამართალდამცავი სტრუქტურისა და სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ. როგორც ვიცი, ასეთივე შემადგენლობით მზადდება სატელევიზიო გადაცემა - „მრგვალი მაგიდა“. დღესვე გამოქვეყნდება პრეზიდენტის სპეციალური წერილი ამ აქტუალურ პრობლემასთან დაკავშირებით, რომელშიც მოცემულია ადამიანის უფლებათა დაცვის ყველა ძირეული პრობლემის ქვეყნის ხელისუფლებისეული ხედვა.

რაც შეეხება პოლიტპატიმრებს, ასეთებს, როგორც მე განვაცხადე, საქართველოში არ არიან და არც იქნებიან. მე სავსებით გულწრფელი და პრინციპული ვიყავი, როცა ვთქვი, რომ ვერ ვიცხოვრებ ისეთ ქვეყანაში, სადაც პოლიტპატიმრები იქნებიან. ამასთანავე, კვლავ ვადასტურებ ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო თუ ცალკეული ქვეყნების ნებისმიერი ორგანიზაციის წარმომადგენლებისა თუ ხელმძღვანელების, მათ შორის, ამ სფეროში რუსეთის ცნობილი მოღვაწის სერგეი კოვალიოვის მოწვევასაც, და მოვუწოდებ მათ, თუ რაღაც ეჭვი ეპარებათ, ერთად წავიმუშაოთ, ერთად გავერკვეთ და, დარწმუნებული ვარ, საინტერესო დასკვნებამდეც მივალთ.

- და, ბოლოს, სპეციალურად ეროვნული უშიშროების სხდომა მიეძღვნა ირაკლი მენაღარიშვილის ვიზიტს მოსკოვში. როგორ დასრულდა ამჯერად ქართულ-აფხაზური მოლაპარაკების მორიგი რაუნდი და რამდენად შედეგიანი იყო იგი ჩვენთვის?

- იქ იყო სხვა საკითხებიც, რომლებიც, როგორც თქვენ, ჟურნალისტები ამბობთ, დახურულ კარს მიღმა განვიხილეთ. რა თქმა უნდა, მთავარი იყო ბატონი ირაკლის ვიზიტის მიზანი. ირაკლი მენაღარიშვილის ვიზიტს მოსკოვში პირადად მე დადებითად ვაფასებ. რომ დამოუკიდებელი ქვეყნის სრულიად ახალ ურთიერთობაში წამოიჭრება ხოლმე პრობლემები, რომელთა გადაჭრა მშვიდი, კონსტრუქციული დიალოგის პირობებში უნდა მოხდეს. მოსკოვის შეხვედრა ამის კარგი მაგალითია. უდავოდ მისასალმებელია ბატონ ევგენი პრიმაკოვის განცხადება, რომ უმოკლეს დროში დაიწყება ლტოლვილთა მასობრივი ორგანიზებული დაბრუნება გალის რაიონში. სწორედ ამ პრობლემას მიეძღვნება შესაბამისი დელეგაციების შეხვედრა გალში მიმდინარე წლის 20 დეკემბრამდე. აქვე მინდა დავძინო ისიც, რომ თბილისში კონსტანტინე ოზგანის ჩამოსვლის შემდეგ მოლაპარაკებათა ინტენსიურობა და, გარკვეული აზრით, ეფექტიანობაც იზრდება. რა თქმა უნდა, საბოლოო შედეგებზე ცოტა ადრეა საუბარი და უფრო მოგვიანებით ვისაუბროთ და ვილაპარაკოთ.

„მე სავსებით გულწრფელი და პრინციპული ვიყავი, როცა ვთქვი, რომ ვერ ვიცხოვრებ ისეთ ქვეყანაში, სადაც პოლიტპატიმრები იქნებიან“ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 10 დეკემბერი. - 247(2358). - 1,2 გვ.

121 საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვა ჩვენი ერის ჰუმანურ ტრადიციებს ემყარება და გარანტირებულია საქართველოს ახალი კონსტიტუციით

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტის წერილი პარლამენტარებს

პატივცემულო პარლამენტარებო,

10 დეკემბერს აღინიშნება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღე. 1948 წლის 10 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია. ეს დოკუმენტი ათწლეულების მანძილზე იქცა საერთაშორისო თანამეგობრობის ჭეშმარიტ მორალურ კოდექსად, რომლის ნორმების განუხრელი დაცვა ნებისმიერი სახელმწიფოს ღირსების საქმედ არის მიჩნეული.

დეკლარაციის გასულ 48 წელიწადში, განსაკუთრებით კი ბოლო ათწლეულში, მსოფლიო პოლიტიკაში ტექტონურ ძვრებს ჰქონდა ადგილი. ბერლინის კედლის მსგავსად დაინგრა ათობით დიქტატორული და ავტორიტარული რეჟიმი, შეიქმნა ახალი დემოკრატიული ქვეყნები. მსოფლიოს სახელმწიფოთა დიდ უმრავლესობაში ადამიანის უფლებები აღიარებულია, როგორც უმაღლესი ღირებულება.

სწორედ დღეს, 10 დეკემბერს გადავწყვიტე, გაგიზიაროთ ჩემი შეხედულებები ამ მნიშვნელოვან, ჩვენი ქვეყნისათვის უკიდურესად აქტუალურ საკითხზე.

საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვა ჩვენი ერის ჰუმანურ ტრადიციას ემყარება და გარანტირებულია საქართველოს ახალი კონსტიტუციით, რომელშიც ასახვა ჰპოვა კაცობრიობის ყველაზე მოწინავე გამოცდილებამ.

ადამიანის უზენაესი უფლება სიცოცხლის უფლებაა. იგი ღვთისგან არის მინიჭებული, მაგრამ მას დაცვა სახელმწიფოსგან სჭირდება. არადა, სწორედ ეს უფლება ხშირად ირღვეოდა ჩვენს ქვეყანაში ქაოსის და ძალადობის წლებში. მთელი სახელმწიფოს და განსაკუთრებით სამართალდამცავი ორგანოების ძალისხმევის შედეგად შესაძლებელი გახდა მდგომარეობის გამოსწორება და წესრიგის დამყარება, მაგრამ ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს ერთ ნაწილში - აფხაზეთში ადამიანის ეს უმთავრესი უფლება ჯერ კიდევ არ არის გარანტირებული. მიუხედავად კონფლიქტის მოგავრებისაკენ გადადგმული ნაბიჯებისა, ჯერ კიდევ სერიოზული პრობლემებია შემორჩენილი ცხინვალში. აფხაზეთში ქართული მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი გენოციდი და ეთნიკური წმენდა დაგმო მთელმა საერთაშორისო საზოგადოებრიობამ, მათ შორის სულ ახლახანს ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ ლისაბონის შეხვედრაზე. ჩვენ მომავალშიც ძალისხმევა უნდა მივმართოთ იქითკენ, რომ ჩვენს მეგობარ სახელმწიფოებთან ერთად აღვადგინოთ სამართლიანობა და ბოლო მოვუღოთ ადამიანის უფლებათა დარღვევას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. დროულად მიმაჩნია პარლამენტში განსახილველად წარდგენილი წინადადება იმის შესახებ, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილ იქნეს ეთნიკური წმენდის ცნება და დაწესდეს შესაბამისი პასუხისმგებლობა მისი ჩადენისათვის. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა სხვადასხვა ჯურის სეპარატისტებს მომავალში ყოველგვარი სურვილი გაუქრეთ გაიმეორონ ისეთი დანაშაულებანი, რასაც ადგილი ჰქონდა აფხაზეთში.

სიცოცხლის უფლებასთან განუყრელად არის დაკავშირებული სიკვდილით დასჯის საკითხი. ამ მხრივ ჩვენ გვაქვს უძველესი ჰუმანური ტრადიცია. მე-12 საუკუნის საქართველო ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო იყო ევროპაში, სადაც არ გამოიყენებოდა სასჯელის ეს ფორმა. ამ ტრადიციამ თავისი გაგრძელება ჰპოვა დემოკრატიული საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციაში, რომელმაც მთლიანად გააუქმა სიკვდილით დასჯა, როგორც სასჯელის სახე.

ამასთანავე, ვიხსენებთ რა წარსულს, რომელიც კანონიერი სიამაყის უფლებას გვაძლევს, არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ ეს ის საკითხია, რომლის მიმართაც განსაკუთრებული სიფრთხილე და წინდახედულება გვმართებს. ალბათ მაინც საჭიროა ეტაპობრივი სვლა სასჯელის ამ ფორმის გაუქმებისაკენ. მე მივესალმები ამ საკითხზე პარლამენტში მსჯელობის დაწყებას. ისევე როგორც სიკვდილით დასჯის გამოყენების შემზღუდველი კანონპროექტის განხილვას, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის კიდევ რამდენიმე მუხლის სანქციიდან მის ამოღებას.

ამჟამად საქართველოში პრეზიდენტის გადაწყვეტილებით მოქმედებს ფაქტობრივი მორატორიუმი სასიკვდილო განაჩენის აღსრულებაზე და იგი ძალაში დარჩება მანამ, ვიდრე საქართველოს პარლამენტი არ მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას შესაბამისი კანონმდებლობის განხილვისას.

ადამიანის უფლებათა დაცვა მხოლოდ სამართლებრივ სახელმწიფოშია შესაძლებელი. ქვეყანაში არჩეულია პარლამენტი, ჩამოყალიბდა და მოქმედებს აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი და ცენტრალური ორგანოები. ადგილობრივი თვითმმართველობის კანონის მიღების შემდეგ მოეწყობა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები, რომლის საფუძველზეც ჩამოყალიბდება მათი სტრუქტურები, მაგრამ სახელმწიფო მმართველობის სისტემის ფორმირება ამით როდი ამოიწურება. სამართლებრივი სახელმწიფო ვერ იარსებებს გამართული მართლმსაჯულების გარეშე. ქვეყანაში დაწყებულია დამოუკიდებელი, ძლიერი სასამართლო ხელისუფლების ჩამოყალიბების პროცესი. მიღებულია კანონები საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ და მათ საფუძველზე სასამართლო ხელისუფლების ეს ორგანო უკვე შეუდგა თავის საქმიანობას, რაც უდავოდ უდიდესი მნიშვნელობის მოვლენაა ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა გადაწვეტილებებმა დაგვანახა, თუ რა დიდი როლის შესრულება შეუძლია მას კონსტიტუციურად გარანტირებული უფლებების დაცვაში.

პარლამენტმა გადადგა მნიშვნელოვანი რეფორმატორული ნაბიჯები სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის ჰუმანიზაციისაკენ. გააფართოვა ეჭვმიტანილთა, ბრალდებულთა და მათ დამცველთა უფლებები. აუცილებელია გაგრძელდეს საკანონმდებლო მუშაობა ამ სფეროში ყველა კონსტიტუციური მოთხოვნის ზედმიწევნით შესასრულებლად, მართლმსაჯულებისა და სამართალდამცავი ორგანოების ძირეულად ახალ პრინციპებზე მოსაწყობად.

სამართლებრივი სახელმწიფო განუყოფლად არის დაკავშირებული სამოქალაქო საზოგადოების შექმნასთან. სამოქალაქო საზოგადოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტია დამცველის თანამდებობა. პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც ფართო უფლებებს ანიჭებს სახალხო დამცველს. სასურველია საკადრო საკითხის დროული გადაწყვეტა, რათა ეს ინსტიტუტი რეალურად ამუშავდეს. ამასთანავე, აუცილებლად მიმაჩნია, იმისათვის, რომ ამ პრობლემისადმი ყურადღება არ მოდუნდეს არც პრეზიდენტის აპარატის მხრიდან, აპარატში გამოიყოს თანამშრომელი, რომელიც მთლიანად იქნება დაკავებული ადამიანის უფლებათა პრობლემატიკით.

სამოქალაქო საზოგადოების კიდევ ერთ ქვაკუთხედს წარმოადგენენ არასამთავრობო ორგანიზაციები. პარლამენტმა მიიღო კანონი „გრანტების შესახებ“, რომლებიც სერიოზულად უწყობს ხელს არასამთავრობო სექტორის ჩამოყალიბებას. აუცილებელია გაგრძელდეს მუშაობა ამ სფეროში ყოვლისმომცველი სამართლებრივი საფუძვლის შესაქმნელად და მიღებულ იქნება კანონი „საზოგადოებრივ გაერთიანებათა შესახებ“.

სამოქალაქო საზოგადოების სული და გულია კანონი „საზოგადოებრივ გაერთიანებათა შესახებ“.

სამოქალაქო საზოგადოების სული და გულია თავისუფალი პრესა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებები, რომელთაც განსაკუთრებული დაცვა და განვითარება სჭირდება. სწორედ ამ მიზანს უნდა ემსახურებოდეს ახალი კანონი პრესის შესახებ, რომლის ფართო განხილვა და მიღება ძალზე საშური საქმეა.

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია იცავს ქვეყნის ტერიტორიაზე ადამიანის თავისუფლად გადაადგილებას და საცხოვრებელი ადგილის არჩევის უფლებას.

პარლამენტმა მიიღო კანონი საქართველოს მოქალაქეთა და უცხოელთა რეგისტრაციის შესახებ. ამ კანონმა სწორად გააუქმა ადრე არსებული ჩაწერის ინსტიტუტის დღემდე შემორჩენილი არადემოკრატიული ელემენტები. ამასთანავე, არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ ქართველ ლტოლვილ მოსახლეობას ჯერ კიდევ წართმეული აქვს უფლება დაუბრუნდეს საკუთარ კერას, რაც საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო ნორმების უხეში დარღვევაა.

ადამიანის უფლებების ბოლომდე დაცვა მხოლოდ იმ საზოგადოებას ძალუძს, რომელსაც შეუძლია თავისი წევრები უზრუნველყოს სათანადო ეკონომიკური პირობებით. ეკონომიკური რეფორმების ძირითადი დანიშნულება ხომ ადამიანის კეთილდღეობა, ფართო ეკონომიკური შესაძლებლობების მქონე საზოგადოების შექმნაა.

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში ერთ-ერთი უმთავრესია საკუთრების ფლობის უფლება. ეს უფლება გარანტირებულია კონსტიტუციით და კანონებით. მათ შორის, კანონით „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“. ამჟამად პარლამენტი განიხილავს სამოქალაქო კოდექსს, რომლის მიღებაც ფართო ეკონომიკურ უფლებებს მისცემს ჩვენს ხალხს. უნდა გაგრძელდეს კანონშემოქმედებითი საქმიანობა მეწარმეთა დაცვის გასაძლიერებლად, მათ მუშაობაში ყოველგვარი თვითნებური ჩარევის აღსაკვეთად.

ამასთანავე, საზოგადოება არასდროს არ უნდა ივიწყებდეს მის ყველაზე დაუცველ ნაწილს. სახელმწიფოსაგან განსაკუთრებული ყურადღება და თანადგომა სჭირდებათ პენსიონერებს, ვეტერანებსა და ინვალიდებს, აგრეთვე ბავშვებს, რომლებიც ზოგიერთ შემთხვევაში მოკლებული არიან ცხოვრებისა და სწავლის აუცილებელ პირობებსაც კი. ასევე აუცილებელია მნიშვნელოვანი ღონისძიებების განხორციელება უმუშევრობის თანდათანობით შემცირებისა და მისი საბოლოო ლიკვიდაციისათვის. საამისოდ სოციალურ სფეროში ამ ეტაპზე საჭიროა არა მხოლოდ ახალი კანომდებლობის შემუშავება, არამედ არსებული კანონების სრულად ამოქმედება.

ქართველ ერს ტოლერანტობის ხანგრძლივი და საამაყო ისტორია აქვს. ეროვნულ უმცირესობათა დაცვის მიზნით 1921 წლის კონსტიტუცია შეიცავდა თავისი დროისათვის ერთ-ერთ ყველაზე პროგრესულ ნორმებს.

დღეს, როგორც არასდროს, საჭიროა ამ ისტორიული ტენდენციის განმტკიცება და საქართველოს კონსტიტუციაზე დაყრდნობით ეროვნული უმცირესობებისათვის საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებით გათვალისწინებულ უფლებათა განუხრელად დაცვის მიზნით მტკიცე სამართლებრივი გარანტიების შექმნა. ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლებს კიდევ უფრო უნდა განუმტკიცდეთ იმის შეგრძნება, რომ საქართველო მათი სამშობლოა და დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო თანაბრად იცავს ყველა ადამიანის ინტერესებს ეროვნული წარმოშობის მიუხედავად, აუცილებელია მათი ფართოდ მოზიდვა ქვეყნის მმართველობის საქმეში, ქვეყნის ბედზე უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებათა მიღებისას მათი თანასწორუფლებიანი მონაწილეობა.

საქართველო შეუერთდა მრავალ საერთაშორისო ხელშეკრულებას ადამიანის უფლებათა სფეროში. მათ შორის გაეროს ადამიანის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტს და ამ პაქტის ფაკულტატიურ ოქმს, რომელიც საშუალებას აძლევს ჩვენს მოქალაქეებს პირდაპირ მიმართონ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტს. ევროპის საბჭოში გაწევრიანების შემდეგ ჩვენ გავხდებით ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის მონაწილე, რაც განსაკუთრებულ ვალდებულებებს დაგვაკისრებს და პირდაპირ მოგვაქცევს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს იურისდიქციაში. მაგრამ ჩვენი მთავარი მიზანი მაინც ის არის, რომ საქართველოს მოქალაქეებს არ სჭირდებოდეს არსად მიმართვა და მან სამართალი საკუთარ ქვეყანაში ჰპოვოს. ამისათვის აუცილებელია მთელი ჩვენი კანონმდებლობის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ხელშეკრულებებთან შესაბამისობაში მოყვანა. ამასთან, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ხელშეკრულებები პირდაპირი მოქმედებისაა, ხოლო ამ ხელშეკრულებებში ჩამოყალიბებულ მოთხოვნათა დაცვა აუცილებელი და სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსათვის, მათ შორის მართლმსაჯულების განხორციელებისას.

ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის თვალსაზრისით საქართველოში ბევრი რამ გაკეთდა, რასაც საფუძველი დაუდო ახალმა კონსტიტუციამ და უკვე განხორციელებულმა რეფორმებმა. მიუხედავად ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ სფეროში გასაკეთებელი ბევრი დარჩება. ჯერჯერობით შორსა ვართ სასურველი სინამდვილისაგან. ამის მაუწყებელია თუნდაც ის გარემოება, რომ, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ძალიან ბევრს არა აქვს გაცნობიერებული და გათავისებული ადამიანის უფლებათა დაცვის აუცილებლობა და მნიშვნელობა, რომელთა მიმართ აგდებული დამოკიდებულება და არც თუ იშვიათად მათი სრული უგულებელყოფაც კი შეიმჩნევა ზოგიერთი სახელმწიფო ორგანოსა თუ მოხელის მხრივ. ყოველი ასეთი ფაქტის მიმართ საჭიროა რეაგირება, რათა ადამიანის უფლებათა ხელმყოფი მკაცრად დაისაჯოს, ხოლო სახელმწიფო აპარატი დაუყოვნებლივ გაიწმინდოს ამგვარი პირებისაგან. უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ადამიანის აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს ჰქონდეს მხარდაჭერა და მაქსიმალური ყურადღება ეთმობოდეს სახელმწიფო მმართველობის ყველა დონეზე, ხოლო ამ უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა იქცეს სახელმწიფოს წამყვან იდეოლოგიურ და უმთავრეს მიმართულებად.

10 დეკემბერი მხოლოდ სიმბოლური თარიღი გახლავთ, ადამიანის უფლებათა დამკვიდრებისათვის ბრძოლა კი ყოველდღიურ ხასიათს ატარებს. ამ წერილის მიზანიც სწორედ ის არის, რომ საჯაროდ დავადასტურო ჩემი მზადყოფნა ყოველდიურად ვითანამშრომლო პარლამენტთან, მის ყველა სტრუქტურასთან, საზოგადოებრივ და სხვა ორგანიზაციებთან საქართველოს მოქალაქეთა უფლებების განუხრელად დაცვისათვის, იმისათვის, რომ ჩვენი სახელმწიფოს საქმიანობა ამ ყველაზე საპასუხისმგებლო და ფაქიზ სფეროში საყოველთაოდ აღიარებულ მსოფლიო სტანდარტებს შეესაბამებოდეს.

ედუარდ შევარდნაძე.

საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვა ჩვენი ერის ჰუმანურ ტრადიციებს ემყარება და გარანტირებულია საქართველოს ახალი კონსტიტუციით // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 10 დეკემბერი. - 247(2358). - 1,2 გვ.

122 ხელს შეუწყობს ადამიანის უფლებათა დაცვას

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტის განცხადება სოხუმის გაეროსა და ეუთოს ადამიანის უფლებათა დაცვის ერთობლივი ოფისის გახსნასთან დაკავშირებით

სიმბოლურად მიმაჩნია, რომ 10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა დაცვის მსოფლიო დღეს, სოხუმში იხსნება გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ერთობლივი ოფისი აფხაზეთში ადამიანის უფლებათა დასაცავად.

აფხაზეთი საქართველოს ის რეგიონია, სადაც დღემდე უხეშად ირღვევა ადამიანის უფლებები. სამწუხაროდ, 1992-1993 წლებში აგრესორ-სეპარატისტთა მიერ განხორციელებული ეთნოწმენდის შედეგად ეს ძირძველი მხარე ფაქტობრივად მოწყდა საქართველოს, რის გამოც ხელისუფლებას არა აქვს საშუალება ამ ტერიტორიაზე განახორციელოს თავისი უზენაესი მოვალეობა - დაიცვას ადამიანის უფლებანი და თავისუფლებანი განურჩევლად რასისა, კანისა, ფერისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, - ისე, როგორც ეს განსაზღვრულია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით და საქართველოს კონსტიტუციით.

გაეროსა და ეუთოს ერთობლივ ოფისს აფხაზეთში რთულ პირობებში მოუწევს მუშაობა. კონფლიქტის ზონაში უმძიმესი ვითარებაა, - სეპარატისტული რეჟიმი ყველანაირად ცდილობს დააკანონოს ეთნოწმენდის შედეგები. აგრესორ სეპარატისტთა ძალმომრეობის აგრეთვე კრიმინალური ანარქიის გამო ყოველდღიურად ირღვევა ადამიანის უფლებები. რაც მთავარია დარღვეულია ასიათასობით ლტოლვილის წმინდათაწმინდა უფლება - დაბრუნდნენ და უშიშრად იცხოვრონ საკუთარ სახლებში. დღეს, როდესაც გაჩნდა ლტოლვილთა მასობრივი დაბრუნების შესაძლებლობა, გაეროსა და ეუთოს ადამიანის უფლებათა დაცვის ერთობლივი ოფისის გახსნას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. იმედს გამოვთქვამ, რომ მსოფლიო დემოკრატიული არქიტექტურის ორი ბურჯის - გაეროსა და ეუთოს სოხუმის ბიუროს გახსნას ხელს შეუწყობს ადამიანის უფლებათა დაცვის კეთილშობილური მისიის შესრულებას აფხაზეთში.

ედუარდ შევარდნაძე.

ხელს შეუწყობს ადამიანის უფლებათა დაცვას : საქართველოს პრეზიდენტის განცხადება სოხუმის გაეროსა და ეუთოს ადამიანის უფლებათა დაცვის ერთობლივი ოფისის გახსნასთან დაკავშირებით // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 11 დეკემბერი. - 248(2359). - 1 გვ.

123 საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა

▲ზევით დაბრუნება


პატივცემულო თავმჯდომარე,
პატივცემულო დელეგაციის ხელმძღვანელებო,
ქალბატონებო და ბატონებო,

პატივი მაქვს მივესალმო ჩვენს მიწაზე ისეთ გამორჩეულ თავყრილობას, როგორიც შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის მე-8 გენერალური სხდომაა. მოხარული ვარ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ ეს დარბაზი უკვე მეორედ მასპინძლობს შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის მაღალ ფორუმს.

ჩვენი ეპოქის ერთ-ერთი თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ მრავლდება რეგიონალური საერთაშორისო ორგანიზაციების რიცხვი და, ბუნებრივია, პოლიტიკური ლექსიკონიც მდიდრდება ისეთი აბრევიატურებით, როგორებიცაა ბისეკი, ეკო, ეუთო, ევროკავშირი, დსთ და სხვა. საქმეში ჩაუხედავ და ნაციონალისტური პაროქიალიზმით შეპყრობილ ადამიანს შეიძლება მათ ხსენებაზე ერთგვარი შიშის და უნდობლობის გრძნობაც კი დაეუფლოს, მაგრამ მსოფლიოს მოწინავე საზოგადოება დღითიდღე რწმუნდება, რომ სწორედ რეგიონალური ინსტიტუტები ქმნიან ჩვენი პლანეტის ხვალინდელ პოლიტიკურ სახეს. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ინტეგრაციული პროცესები მხოლოდ მაშინ წარმოადგენენ სიკეთეს, თუ ისინი არ უპირპისრდებიან ხალხების, სახელმწიფოების თვითმყოფადობას. ჩვენს პლანეტაზე დაწყებულმა დიდმა ეკონომიკურმა და ტექნოლოგიურმა ინტეგრაციამ არ უნდა წალეკოს ათეულ საუკუნეთა განმავლობაში ერების მიერ შექმნილი კულტურული, სულიერი მემკვიდრეობა, ასეთი საფრთხე კი რეალურად არსებობს. ამიტომ დღეს, ერების კულტურულ ფენომენზე, მის განვითარებაზე ზრუნვა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. ამის თაობაზე მე უკვე განვაცხადე ლისაბონში ეუთო-ს სამიტზე.

ჩვენი გაგებით რეგიონალიზმი არა მსოფლიოსგან გამოცალკევების, არამედ დანარჩენ სამყაროსთან თანამშრომლობის ხელშეწყობის, გლობალური ინტეგრაციის გზაა. ამის მაგალითები მრავლადაა - ბისეკის ბევრი წევრი ამავე დროს გაერთიანებულია სხვა რეგიონალურ ორგანიზაციებში, მათ შორის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში, რომლის შექმნის ხუთი წლისთავს ჩვენ სულ მალე აღვნიშნავთ. თავის მხრივ, თანამეგობრობის ბევრი სახელმწიფოები მიისწრაფიან ევროკავშირში გაერთიანებისკენ. გეოგრაფიული მდებარეობა და გრძელვადიანი პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების დაახლოება სულ უფრო ურთიერთდაკავშირებულს ხდის ჩვენს ალიანსს ეკოს-თან. საერთაშორისო პოლიტიკის წარმართვის ეს ფორმა ჩვენი დროის მონაპოვარია და მას გაფრთხილება და განვითარება სჭირდება. ჩვენი დღევანდელი შეხვედრაც საერთაშორისო პოლიტიკის ამ მძლავრი ტენდენციის ნათელი მაგალითია.

ვერცერთი სოლიდური საერთაშორისო ორგანიზაცია სრულფასოვნად ვერ იარსებებს საპარლამენტო წარმომადგენლობითი ორგანოს გარეშე, რომლის წევრი ქვეყნების პარლამენტარების კომპეტენციაა დასახონ სტრატეგიული გზები საერთაშორისო პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული პროექტების განსახორციელებლად. თქვენს საქმიანობაზე დიდადაა დამოკიდებული, თუ რამდენად სწრაფად და ეფექტიანად გადავწყვეტთ ცხოვრების მიერ ჩვენს წინაშე დასმულ საკითხებს.

დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა და განმტკიცება, ადამიანის უფლებების დაცვა, სისხლიანი კონფლიქტების მოწესრიგება, აგრესიული ნაციონალიზმისა და სეპარატიზმის აღმოცენების ყოველგვარი წინაპირობის აღმოფხვრა კვლავაც რჩება ჩვენი რეგიონის მრავალი ქვეყნის უმნიშვნელოვანეს პრობლემად.

სახელმწიფოში ეროვნულ უმცირესობათა მდგომარეობა არის მისი დემოკრატიულობის, ჰუმანურობისა და სამართლებრიობის საზომი. ისე როგორც აქ წარმოდგენილი ბევრი ქვეყანა, საქართველო მრავალეროვანი სახელმწიფოა. ბუნებრივია, ჩვენი, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს სურვილია მივაღწიოთ ამ თვალსაზრისით სანიმუშო ქვეყნის დონეს - სხვებისათვის ვიქცეთ ეტალონად. საქართველოს აქვს რელიგიური და კულტურული შემწყნარებლობისა და თანაცხოვრების საუკუნეების მანძილზე გამოტარებული, უწყვეტი ტრადიცია. დღესაც საქართველოში სახელმწიფო აწარმოებს სწავლებას 133 სომხურ, 150 აზერბაიჯანულ, 89 რუსულ, ოსურ და აფხაზურ სკოლებში. გათვალისწინებულია ბერძენ, ებრაელ და სხვა მოქალაქეთა ინტერესები განათლების სფეროში. უმაღლეს სასწავლებლებში მზადდება მასწავლებელთა კადრები ეროვნულ უმცირესობათა სკოლებისათვის. ამგვარი მიდგომა ეროვნული უმცირესობების ყოველ წარმომადგენელს აძლევს იღვწოდეს როგორც სახელმწიფოებივი ცხოვრების უკლებლივ ყველა სფეროში, ასევე ეუფლებოდეს თავისი ეთნოსის კულტურულ მემკვიდრეობას და ამდიდრებდეს მას. მტკიცედ გვაქვს რა გადაწყვეტილი მომავალშიც განუხრელად ვიხელმძღვანელოთ ეროვნულ უმცირესობათა ინტერესების დაცვის უმაღლესი სტანდარტებით, თავს მოვალედ ვთვლით განვაცხადოთ, რომ კონფლიქტების მოწესრიგებისას გამოვრიცხავთ რაიმე კომპრომისს, რომელმაც შეიძლება ეჭვქვეშ დააყენოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ლტოლვილთა და იძულებით ადგილნაცვალთა უპირობო დაბრუნება. იმასაც აღვნიშნავ, რომ აფხაზეთს ექნება ფედერაციის სუბიექტის მსოფლიოში არსებული უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი სტატუსი და უსაფრთხოების აბსოლუტური გარანტიები.

სწორედ ზემოთ აღნიშნული პრინციპების დაცვით უნდა მოხდეს აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგება. ამგვარი უმაღლესი დონის სტატუსით ისარგებლებს აფხაზეთში მცხოვრები ყველა ეროვნების მოქალაქე. ამის გარანტია იქნება ქართული სახელმწიფოს პასუხისმგებლობა აფხაზი ხალხის კულტურისა და თვითმყოფადობის განვითარებისათვის იდეალური პირობების შექმნაზე. მოლაპარაკებების პროცესში გაჩნდა ახალი ელემენტი - დაიწყო ორმხრივი ქართულ-აფხაზური დიალოგი. გამოჩნდა პირველი მერცხალიც - შედგა აფხაზი და ქართველი ინტელიგენციის „მრგვალი მაგიდა“. მის მიერ მიღებულ განცხადებაში ჩამოყალიბებულია რამდენიმე საინტერესო პრინციპი. მაგრამ, ყოველივე ეს, რა თქმა უნდა, არ უპირისპირდება რუსეთის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებებს. აღმავალი ტემპებით ვითარდება დიალოგი ქართველ და ოს მოსახლეობას შოროს, აქაც საქართველოში და ჩრდილოეთ ოსეთშიც.

აქვე აღვნიშნავდი ეუთოს მზარდ აქტივობას ამ მიმართულებით. ლისაბონის უმაღლესი დონის შეხვედრაზე მიღებული დეკლარაცია, რომელშიც გამოთქმულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და უკლებლივ ყველა ლტოლვილის უპირობო დაბრუნების უფლების მტკიცე მხარდაჭერა, მკაცრად დაგმობილია ეთნიკური წმენდა, მოსახლეობის, განსაკუთრებით ქართველთა მასობრივი მოსპობა და განდევნა, უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯია საქართველოში კონფლიქტების მოწესრიგების საქმეში. მე მადლობელი ვარ ყველა აქ წარმოდგენილი სახელმწიფოსი, რომელმაც მხარი დაუჭირა ამ ფორმულირებას და ამით - საქართველოს განუყოფლობას. ხოლო მათ, ვისაც მოსვენებას არ აძლევს რომანტიზირებული ისტორიული პარალელები და ჩვენი დროის გარიბალდებად და ბოლივარებად ნათლავენ დანაშაულებრივი რეჟიმების წინამძღოლთ, ვურჩევდი დაწვრილებით გასცნობოდნენ ამ მართლაც და საეტაპო მნიშვნელობის დოკუმენტს.

ახლა ნება მომეცით შევეხო ჩვენი ალიანსის ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივებს. ამ მხრივ ვფიქრობ, რომ გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე შავი ზღვის ქვეყნებზე დაკისრებულია ჭეშმარიტად მსოფლიო მნიშვნელობის ამოცანა - სავაჭრო ეკონომიკური მაგისტრალებით დააკავშირონ ერთმანეთს დასავლეთი და აღმოსავლეთი, ჩრდილოეთი და სამხრეთი.

ეს რომ ლიტონი სიტყვები კი არა, არამედ მსოფლიო ეკონომიკური ცხოვრების კარსმომდგარი მოთხოვნილებებია, ყველა ჩვენგანი უკვე კარგად ვგრძნობთ. ცივი ომის დასასრულმა ეკონომიკური თანამშრომლობის ახალი, ჯერ არნახული შესაძლებლობები დაგვისახა. განა ნიშანდობლივი არ არის, რომ დღეს ერთ ეკონომიკურ ბლოკში გაერთიანებულია ნატოს და ყოფილი ვარშავის პაქტის წევრი ქვეყნები. შავი ზღვა - დაპირისპირების და ისტორიულად მუდმივი კონფლიქტის ასპარეზი - დღეს პარტნიორობის, თანამშრომლობის და კეთილმეზობლობის განწყობილებით იმუხტება. ჩვენ მივესალმებით შავი ზღვის აუზში ნდობის განმტკიცებისკენ მიმართულ ყველა ინიციატივას.

ჩვენს რეგიონში და მთელს შავიზღვისპირეთში მიმდინარე დინამიური პროცესების ყველაზე თვალნათელი მაგალითია ევროპა-ამიერკავკასია-აზიის სატრანსპორტო-საკომუნიკაციო დერეფნის პროექტის განხორციელება. ამ მიმართულებით უკვე გადადგმულია პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯები. მოქმედებს უზბეკეთ-თურქმენეთ-აზერბაიჯან-საქართველოს შორის სარახსში ხელმოწერილი ორმხრივი შეთანხმება ტრანზიტისათვის მაქსიმალური ხელშეწყობის შესახებ, რომელთან მიერთების სურვილი უკვე გამოთქვეს რეგიონის სხვა სახელმწიფოებმაც, მათ შორის იმათაც, რომლებიც, ჩვენს სხდომას ესწრებიან. მოქმედებს საბორნე ხაზები ბათუმიდან, ფოთიდან შავი ზღვის სხვა ნავსადგურებში, ამ დღეებში მათ რიცხვს ოდესაც მიემატება. ინტენსიურად ხორციელდება მოსამზადებელი სამუშაოები კასპიის ზღვიდან ენერგოშემცველების გადაზიდვის პარალელური ხაზების ასამოქმედებლად.

ასეთი მარშრუტების შემუშავებისა და რეალიზაციის პროცესში ზოგიერთებს სძლევთ ცდუნება დაპირსპირების კერები ეძიონ სატრანზინო ხაზების მიმართულებებსა და განლაგებაში. კავკასიურ დერეფანს გიგანტური პერსპექტივა აქვს და ის ხელსაყრელი იქნება ყველასათვის, ხოლო სატრანზიტო ხაზების სიმრავლე - არა კონფლიქტების, არამედ საყოველთაო კეთილდღეობის წყაროდ იქცევა.

თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ მზარდი ეკონომიკური აქტივობა მძიმე ტვირთად დააწვება რეგიონის ეკოსისტემას. შავი ზღვის ეკოლოგიური გაჯანსაღება უნდა გახდეს ყველა ჩვენი ერთობლივი პროექტის შემადგენელი ნაწილი. იქნება ეს ბისეკის, ევროკავშირის, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის თუ სხვათა მონაწილეობით.

ჩეჩნეთისა და აფხაზეთის კონფლიქტების სამართლიანი მოწესრიგების შემდეგ გაიხსნება რა ორი უმნიშვნელოვანესი სარკინიგზო და მთელი რიგი საავტომობილო მაგისტრალები, მთელი ძალით ამოქმედდება ამ დერეფნის შემადგენელი ჩრდილოეთ-სამხრეთის მიმართულება, რომელიც უმოკლესი გზით დააკავშირებს რუსეთს, უკრაინას, ბალკანეთსა და დუნაისპირა ქვეყნებს, ამიერკავკასიას, თურქეთს, ირანს, საბერძნეთს, ახლო და შუა აღმოსავლეთს. ჩვენ თვითონ არ უნდა შევუქმნათ ბარიერები ჩვენს თავს მჭიდრო ეკონომიკური კავშირების დამყარების გზაზე. გავიხსენოთ თუ როგორ გამოაცოცხლა თურქეთის და საქართველოს შესაბამისი რაიონების ეკონომიკა საბაჟო პუნქტების გახსნამ სარფთან და ახალციხესთან, თურქეთ-საქართველოს საზღვარზე, სწორედ ასეთი მაგისტრალების განვითარების წყალობით თურქეთი საქართველოს პირველი სავაჭრო პარტნიორი გახდა. ძნელი წარმოსადგენი არ არის, თუ რა ეკონომიკური ეფექტი ექნება ყოველი ჩვენგანისათვის ამჟამად სხვადასხვა ხელოვნური მიზეზების გამო გადაკეტილი სავაჭრო კომუნიკაციების და ხაზების აღდგენას. ეს რომ არა, დამერწმუნეთ, საქართველოში და ჩვენს მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანშიც ადამიანთა ცხოვრების პირობები გაცილებით უკეთესი იქნებოდა.

ამჟამად დაწყებულია ფართომასშტაბიანი კავკასიური დიალოგი, რაშიც უპირველეს ყოვლისა ვგულისხმობ კისლოვოდსკის დეკლარაციას, რომელსაც ხელი მოაწერეს ამიერკავკასიის სახელმწიფოთა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტებმა, ჩრდილოეთ კავკასიის ლიდერების მონაწილეობით. მივესალმები პრეზიდენტ ალიევის ინიციატივებს, გამოთქმულს თბილისში „მშვიდობიანი კავკასიის“ დეკლარაციაზე ხელმოწერის დროს, ყოველმხრივ მხარს ვუჭერ პრეზიდენტ ტერ-პეტროსიანის მიერ ლისაბონში წამოყენებულ წინადადებას სამთა დიალოგის გამართვის თაობაზე. ამიერკავკასიის სამ ქვეყანას სულ უფრო ხშირად უწოდებენ კავკასიის ბენილუქსს, ასეთი შედარებები შემთხვევით არ კეთდება. თუ ჩვენ გვსურს საქმით გავამართლოთ ეს შედარება, დროა ვიფიქროთ ამიერკავკასიის სამ სახელმწიფოს შორის განსაკუთრებული ურთიერთობის დამყარებაზე. დარწმუნებული ვარ, კავკასიის ლიდერთა სამეულის შეხვედრა შორეული პერსპექტივა აღარაა.

შავიზღვისპირეთში მიმდინარე უაღრესად დინამიური პროცესები ჩვენს რეგიონს თანდათანობით სულ უფრო მოაქცევს ისეთი ევროპული სტრუქტურების ყურადღების სფეროში, როგორიც ევროპის კავშირია. საქართველო, და მე მჯერა, რომ გამოვხატავ აქ წარმოდგენილი უკლებლივ ყველა სახელმწიფოს აზრს, მიესალმება ევროკავშირის მზარდ დაინტერესებას აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპით, ევრაზიის სივრცით. საქართველოს, როგორც ამ სივრცის შემადგენელ ნაწილს, მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი კვლავაც იაროს ლიბერალური დემოკრატიის, თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის, პიროვნების თავისუფლებისა და ადამიანის უფლებათა განუხრელი დაცვის გზით, აქტიური როლი შეასრულოს რეგიონული მშვიდობის, სტაბილურობისა და თანამშრომლობის საქმეში და ამით ხელი შეუწყოს ევროკავშირის აღმოსავლეთით და სამხრეთ აღმოსავლეთით გაფართოებას, რაც ევროპის ამ ნაწილში უსაფრთხოებისა და აყვავების საუკეთესო გარანტია იქნება. დარწმუნებული ვარ, ამ აზრს დაეთანხმება დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ყველა ქვეყანა.

როდესაც ჩვენი რეგიონის მოხერხებულ გეოგრაფიულ მდებარეობაზე ვსაუბრობთ, ისე არ უნდა გავიგოთ, რომ ჩვენი ქვეყნები მხოლოდ ტრანზიტული ფუნქციით შეიძლება იყოს საინტერესო საერთაშორისო ვაჭრობისა და ეკონომიკისათვის. უპირველეს ყოვლისა მიზნად უნდა დავისახოთ ჩვენი ქვეყნების ეკონომიკის ისეთ სიმაღლეებზე აყვანა, რომ ისინი თავად წარმოადგენდნენ საერთაშორისო ბიზნესის ინტერესების გადაკვეთის ადგილს. ჩვენს რეგიონს ამისათვის უდიდესი პოტენციალი გააჩნია. მისი ამოქმედება უკვე დაიწყო და ამის დასტურია თუნდაც ის ცვლილებები, რომლებიც ამ ბოლო ორი წლის მანძილზე მოხდა საქართველოში.

შეგახსენებთ, რომ გარდამავალი პერიოდისთვის დამახასიათებელ სირთულეებს ჩვენს ქვეყანაში თან დაერთო თავსმოხვეული კონფლიქტების და სამოქალაქო ომების შედეგად გამოწვეული ენით აღუწერელი სიძნელეები, რომლებმაც თითქმის კატასტროფამდე მიიყვანა ჩვენი სახელმწიფო, მაგრამ საქართველოს ხალხის თავგანწირვის წყალობით, ისევე, როგორც, ჩვენი მეგობარი ქვეყნების დახმარებით დავძლიეთ პოლიტიკური დესტაბილიზაცია და ეკონომიკური აღმავლობის გზას დავადექით. ქვეყანამ მიიღო ახალი კონსტიტუცია, რომელიც პასუხობს ყველა საერთაშორისო მოთხოვნებს. მის საფუძველზე აირჩა ახალი პარლამენტი, დაფუძნდა პრეზიდენტის ინსტიტუტი. სახელმწიფოში აღიკვეთა მასობრივი დანაშაულებრიობა და დამყარდა წესრიგი, რომლის გარეშე ლაპარაკიც კი ზედმეტი იქნებოდა პოლიტიკურ სტაბილურობასა და ეკონომიკის აღმავლობაზე. ჩვენ შემოვიღეთ ეროვნული ვალუტა ლარი, რომელიც მკაცრი და სწორი მონეტარული პოლიტიკისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დახმარების შედეგად დღეს სტაბილური ფულადი ერთეულია. უცხოური ინვესტიციების და საკუთარი რესურსების გამოყენებით ავამუშავეთ წარმოება და 1996 წელს ეროვნული პროდუქტის ზრდამ 14 პროცენტს მიაღწია. ინფლაციის კატასტროფული ზღუდიდან გადავედით ამ პროცესის მართვაზე და შედეგიც უკეთესია.

- 1996 წელს ინფლაციის საშუალო წლიური დონე 12-14 პროცენტის ფარგლებში იქნება. და ეს ყოველივე სულ რაღაც ორი წლის განმავლობაში. თუმცა, ჩვენს წინაშე კიდევ მრავალი პრობლემაა - უმუშევრობა, დაბალი ხელფასი, ენერგეტიკული კრიზისი და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტები, რომლებიც დამოკლეს მახვილივითაა დაკიდებული ჩვენი ეკონომიკური რეფორმების თავზე.

პატივცემულო ფორუმის მონაწილენო,

პარლამენტართა შეხვედრებსა და თანამშრომლობას რეგიონალური ორგანიზაციების ჰარმონიული განვითარებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან თავიანთი მოღვაწეობით სწორედ ისინი გამოხატავენ და აკანონებენ მათი ერების მსოფლმხედველობას. მსოფლმხედველობრივი მსგავსება კი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა სწრაფი და მჭიდრო ინტეგრაციისა. ამ მხრივ დღევანდელი ეპოქა უნიკალურია. პირველად მსოფლიო ისტორიაში ქვეყნების დიდი უმრავლესობა მსგავსი ფასეულობებით ცხოვრობს, ერთსა და იმავე იდეალებს ეთაყვანება. ასეთია ჩვენი ალიანსიც, რომლის წევრები დემოკრატიის, პლურალიზმის, საბაზრო ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების დაცვის ერთგულნი არიან. ვუსურვებ ამ მაღალ თავყრილობას ბოლომდე და წარმატებით გადაჭრას მის წინაშე მდგარი ამოცანები და ამით მძლავრი იმპულსი მისცეს შავიზღვისპირეთში ხანგრძლივი და მყარი მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის დამყარების კეთილშობილ საქმეში.

გისურვებთ წარმატებას, გმადლობთ ყურადღებისათვის.

[...]

საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 12 დეკემბერი. - 249(2360). - 2 გვ.

124 „რეგიონალიზმი სხვებისაგან გამოცალკევებას კი არ გულისხმობს, არამედ დანარჩენ სამყაროსთან თანამშრომლობის ხელშეწყობისა და გლობალური ინტეგრაციის გზას წარმოადგენს“

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 16 დეკემბრის რადიოინტერვიუ

განვლილი ეკონომიკური კვირა რამდენიმე საინტერესო მომენტით აღინიშნა: გაიმართა მთავრობის სხდომა, რომელზეც განიხილეს ჩვენთვის ერთ-ერთი უმწვავესი პრობლემა - ენერგეტიკის საკითხები. სხვათა შორის, ქარელის რაიონში ამ ორი დღის წინათ აღდგა ძამჰესი და აღსანიშნავია, რომ როგორც სამოციან წლებში, ახლაც იქ ერთად მუშაობდნენ ქართველები და ოსები. და, კიდევ - საქართველოს ეწვია ევრობანკის დელეგაცია, კვირის მთავარი მოვლენა იყო პაბსეკი, რომელმაც ძირითადად ეკონომიკური საკითხები განიხილა... - ამ საკითხებზე საუბრით დაიწყო, ჟურნალისტ ნატო ონიანის თხოვნით, თავისი ტრადიციული რადიოინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ.

- რამდენიმე სიტყვას თბილისის ფორუმთან დაკავშირებით მოგახსენებთ.

თბილისში გამართული შავი ზღვის აუზის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის მერვე პლენარული სხდომა კვლავ ერთი სერიოზული ნაბიჯი იყო რეგიონის ქვეყნებს შორის ყოვლისმომცველი ინტეგრაციული პროცესების შემდგომი გაღრმავების გზაზე. საკმაოდ წარმომადგენლობითმა საპარლამენტო ფორუმმა განიხილა ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის, ვაჭრობისა და ბიზნესის სფეროში. უყურადღებოდ არ დარჩენილა ეკონომიკური პრობლემებიც, კერძოდ, საქართველოს დელეგაციის გამოსვლებში.

აღმოსავლეთისა და დასავლეთის ჩრდილოეთისა და სამხრეთის ეკონომიკურ სივრცეთა სავაჭრო-ეკონომიკური კომუნიკაციებით დაკავშირება ამ ალიანსის თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულება გახლავთ, რომლის რეალიზების პირველი ნიშნები უკვე აშკარაა. ეს არის ევრაზიის დერეფნის რეალური განხორციელება, ტრანზიტის ხელსშეწყობის შესახებ ცნობილი ოთხთა შეთანხმება, რომელსაც სხვა სახელმწიფოებსაც უნდა შეუერთდნენ, კასპიის ზღვიდან ენერგიაშემცველების გადასაზიდი მაგისტრალები, შავი ზღვის საბორნე ხაზები, რომლებსაც 12 დეკემბრიდან შეემატა ახალი ხაზი: ფოთი ილიჩოვსკი-ფოთი. როგორც ვიცი, დღეს თუ ხვალ ოდესაში ეს მოვლენა საზეიმოდ უნდა აღინიშნოს.

მნიშვნელოვნად გაფართოვდება რეგიონის საკომუნიკაციო პოტენციალი კონფლიქტების მოწესრიგების შედეგად სარკინიგზო და საავტომობილო არტერიების განახლების გამო, რაც ასევე მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ევროკავშირის სამხრეთ-აღმოსავლეთით გაფართოებას, რაზედაც ლისაბონში ვილაპარაკე.

ამასთანავე სატრანზიტო ფუნქციის პრიორიტეტულობა კი არ გამორიცხავს, არამედ გულისხმობს საერთო-ეკონომიკურ ინტერესთა ბალანსში რეგიონის ქვეყნების სოლიდური ეკონომიკური პოტენციალის სრულფასოვნად ჩართვასაც.

მნიშვნელოვანი შეხვედრები მქონდა სესიის მონაწილე ქვეყნების დელეგაციათა წარმომადგენლებთან საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, სხვა ხელმძღვანელებს. ჩემს გამოსვლებში ხაზგასმით აღვნიშნე, რომ ამ ორგანიზაციასთან თანამშრომლობით დაინტერესებას სულ უფრო მეტი ქვეყანა იჩენს და მათი რიცხვი მხოლოდ შავი ზღვისპირეთის ქვეყნებით არ შემოიფარგლება, მნიშვნელოვანია სხვა გაერთიანებებთან ერთობლივი მუშაობის პერსპექტივაც. ამგვარი მიდგომა ნიშანდობლივი უნდა იყოს ნებისმიერი ინტეგრაციული პროცესისათვის, რადგან რეგიონალიზმი სხვებისგან გამოცალკევებას კი არ გულისხმობს, არამედ დანარჩენ სამყაროსთან თანამშრომლობის ხელშეწყობისა და გლობალური ინტეგრაციის გზას წარმოადგენს.

ამის სრული შეგრძნებით იყო განმსჭვალული რუსეთის ფედერაციული საკრებულოს დელეგაციის შეხვედრა ჩემთან, რომელზეც აღინიშნა, რომ ისტორიული და თანამედროვე რეალობებით განპირობებული ორი ქვეყნის სტრატეგიული, მათ შორის, ეკონომიკური პარტნიორობის ინტენსიურობის დონე ჯერ კიდევ შორს არის სასურველისაგან და მისი გააქტიურება დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობისა და ევროსტრუქტურების ფარგლებში პირველი რიგის ამოცანას წარმოადგენს. ეს - ამ ფორუმთან დაკავშირებით.

შემდეგი საკითხი, რომელზეც მინდა გავამახვილო ყურადღება, ის გახლავთ, რომ მიღებულია თითქმის საბოლოო გადაწყვეტილება სუფსაში სტაციონალური, სახმელეთო მუდმივმოქმედი ნავთობგადასამუშავებელი ტერმინალის აშენების თაობაზე. მიმდინარეობს გეოლოგიური საძიებო სამუშაოები. ამ ტერმინალმა უნდა შეძლოს 1998 წლის დამლევისათვის ეკოსისტემის სრული დაცვის გარანტიით მიღება.

აზერბაიჯანის საერთაშორისო საოპერაციო კომპანიის პრეზიდენტის, ბატონ ტერი ადამსის სტუმრობისას საუბარი შეეხო აგრეთვე ნავთობსადენის ინფრასტრუქტურის სრულყოფის საკითხებს.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ხელმოწერილია ხელშეკრულებები საქართველოსათვის 38 მილიონი ამერიკული დოლარის ინვესტიციების გამოყოფის თაობაზე, რომლის ათვისებაშიც რამდენიმე ქართული კომერციული ბანკი მიიღებს მონაწილეობას.

დაძაბული იყო მთავრობის სხდომის დღის წესრიგიც. ყველას არ ჩამოვთვლი, მხოლოდ ორიოდე საკითხზე გავამახვილებ ყურადღებას. სატრანზიტო ქვეყნის ფუნქციის განხორციელება განსაკუთრებულ მოთხოვნებს უყენებს სატრანსპორტო საკომუნიკაციო სისტემას და მოითხოვს კონკურენტუნარიან, საერთაშორისო სტანდარტების დონეზე მის მოწესრიგებასა და განვითარებას. ამ სისტემაში უმნიშვნელოვანესი რგოლია საავტომობილო გზები, რომელთა რეაბილიტაცია და მოდერნიზება, როგორც საერთაშორისო მაგისტრალურ მიმართულებებზე, ისე ადგილობრივი დანიშნულების მარშუტებზე, სახელმწიფოს პრიორიტეტული ზრუნვის საგანია. ამ მიზნით შემუშავებულია საქართველოს საავტომობილო გზების რეაბილიტაცია და მოდერნიზაციის საპრეზიდენტო პროგრამა, რომლის საფუძვლიან განხილვასაც საკმაოდ დიდი დრო დაეთმო მთავრობის სხდომაზე.

უნდა ითქვას, რომ ქვეყნისათვის უმძიმეს წლებში მოხერხდა დარგის საწარმოო სიმძლავრეთა უდიდესი ნაწილის შენარჩუნება. შემდგომ პერიოდშიც, ფინანსური სახსრების მწვავე დეფიციტის პირობებში, შესულდა დანგრეული გზების, ხიდებისა და გვირაბების შეკეთებისა და აღდგენის მნიშვნელოვანი მოცულობის სამუშაოები.

რამდენიმე გადაწყვეტილება განიხილა და მიიღო მთავრობის სხდომამ ელექტროენერგეტიკული სექტორის ფუნქციონირების ხელშეწყობის მიზნით. საქმე ეხება პრეზიდენტის ბრძანებულებას ელექტროენერგეტიკული სექტორის პრივატიზაციასა და რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებით, მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდის მოგვარების პრობლემას და სხვა მრავალ საკითხს. მე ამაზე დეტალურად არ შევჩერდები. 1997 წელს ენერგეტიკული კრიზისიდან გამოსვლის წელი უნდა გახდეს და ამასთან დაკავშირებით ხვალ პრეზიდენტთან გაიმართება სპეციალური თათბირი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ რეგიონის, ქალაქებისა და მხარეების, ავტონომიების ხელმძღვანელები და რომელზეც დოკუმენტების მთელ პაკეტს განვიხილავთ. რადიომსმენელებს, ტელემაყურებლებს, ყველა მოქალაქეს ვთხოვ თვალი ადევნონ თათბირის მუშაობას, რომელზეც ბევრი რამ საყურადღებო ითქმება სწორედ ენერგოკრიზისის დაძლევასთან დაკავშირებით.

ორიოდე სიტყვით შევეხები 1996 წლის ბიუჯეტის შემოსავლის გეგმის შესრულებას. საგადასახადო სამსახურის მიერ დეკემბერში უკვე აკრეფილია 12 მილიონი ლარი საბიუჯეტო შემოსავალი, რომლის ჩათვლით მიმდინარე წელს ამ ხაზით ბიუჯეტში სულ შემოსულია 262 მილიონი ლარი.

რკინიგზის დეპარტამენტის, ფოთის ნავსადგურის, კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს, „კოკა-კოლა კავკასიონის“, „ეარ ჯორჯიის“ და სხვა მსხვილი გადამხდელებისაგან მისაღები თანხების გათვალისწინებით თვის ბოლომდე სავსებით რეალურია კიდევ 25 მილიონ ლარზე მეტი საბიუჯეტო შემოსავლის მიღება.

საბაჟო დეპარტამენტიდან 13 დეკემბრისათვის უკვე მიღებულია 4 მილიონ ლარზე მეტი საბიუჯეტო შემოსავალი, წლის დასაწყისიდან კი 66 მილიონი ლარი. თვის ბოლომდე ვარაუდობენ კიდევ 6 მილიონი ლარის მიღებას, რაც უზრუნველყოფს მთლიანად წლიური გეგმის შესრულებას.

და, კიდევ რამდენიმე სიტყვა: წლის ბოლომდე ორიოდე კვირა დარჩა ყოველი დღე, ყოველი საათი უნდა გამოვიყენოთ მიმდინარე ეკონომიკური წლის მაქსიმალური ეფექტიანობისათვის. ამაზე ბევრი იქნება დამოკიდებული მომავალი წლის სტარტი ეკონომიკაში, ფინანსებში, მოსახლეობის კეთილდღეობის დონის ამაღლებაში.

ახალი წლის მოახლოებასთან დაკავშირებით ვთხოვ სამინისტროების, უწყებების, დეპარტამენტებისა და ადგილობრივ ხელმძღვანელებს მაქსიმალურად იზრუნონ ყველა ოჯახზე, განსაკუთრებით სოციალურად ნაკლებად დაცულ ადამიანებზე, და, რა თქმა უნდა, ლტოლვილებზე. ყველა რესურსი უნდა გამოვიყენო ხელფასების, პენსიებისა და სტიპენდიების დროულად გაცემისათვის, მოვაწყოთ უხვი საახალწლო ვაჭრობა, რის საშუალებაც ქვეყანას დღეს ნამდვილად აქვს, და დავეხმაროთ სოფლის მოსახლეობას შედარებით იაფად შემოიტანოს პროდუქტები ქალაქში და თავად ქალაქში იყიდოს ის, რაც მისთვის აუცილებელია.

თქვენ აქ ერთი დეტალი ახსენეთ: ქართლში, ქარელის რაიონში ქართველებმა და ოსებმა ერთობლივი ძალისხმევით აღადგინეს ელექტროსადგური - მცირე ჰესი. ეს - ჰესის აღდგენა - თავისთავად ძალიან სასიხარულო მოვლენაა, რაც შიდა ქართლის მხარეში იშვიათობა აღარ არის. თუ არ ვცდები, ეს მესამე შემთხვევაა. განსაკუთრებით სასიხარულო ის გახლავთ, რომ ქართველები და ოსები მუშაობენ ერთად და შედეგსაც ერთად იმკიან.

- განვლილი კვირის ერთგვარ სკანდალურ თემად იქცა საქართველოს პარლამენტში რუსეთის პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლა. ამ ფაქტმა, შეიძლება ითქვას, გარკვეულწილად დაჩრდილა კიდეც პაბსეკის თემა. ყურადღების ცენტრში მოექცა არა მარტო ერთი კონკრეტული პიროვნების გამოსვლა, არამედ ზოგადად რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა...

- რუსეთ-საქართველოს ახალი ურთიერთობის მშენებლობა ურთულესი კომპლექსია. ეს სირთულე, სხვათა შორის, დამახასიათებელია რუსეთის ურთიერთობისათვის ყოფილი საბჭოთა კავშირის თითქმის ყველა რესპუბლიკასთან, შეიძლება ზოგან - მეტად, ზოგან - ნაკლებად. ეს სავსებით გასაგები უნდა იყოს: საქმე ეხება დამოუკიდებელ სახელმწიფოთა ახალ კავშირურთიერთობას და არა ცენტრისა და პერიფერიის ურთიერთობას, რაც ზოგიერთს ხშირად ეშლება ხოლმე აქაც და იქაც, და რაც თვისებრივად, ხარისხობრივად ახალი და ერთგვარად წინააღმდეგობრივი მოვლენაა. გენადი სელეზნიოვის ვიზიტშიც ეს გარკვეული წინააღმდეგობრიობა აისახა, თუმცა, საბოლოოდ, ვიზიტის მნიშვნელობას პირადად მე უაღრესად დადებითად ვაფასებ.

რაც შეეხება სტუმრის ფრაზას საქართველოში ანტირუსული განწყობილების არსებობაზე, აქ ზოგი რამ დასაზუსტებელია. ჩვენში ბევრი აკრიტიკებს რუსეთის პოლიტიკას მწვავედ, განსაკუთრებით, აფხაზეთთან დაკავშირებით - კონკრეტული პრაქტიკული შედეგების გათვალისწინებით, და ასე შემდეგ, მაგრამ ისინი აკრიტიკებენ კურსს, და მათ ამის სრული უფლება აქვთ. მე მათ ყველას ვიცნობ, ისინი სულაც არ არიან ანტირუსისტები. ისევე როგორც რუსეთში, ხალხს, როგორც ხშირად ამბობენ, გულზე არ ეხატება შევარდნაძის პოლიტიკა, მაგრამ მას ვერავითარ შემთხვევაში ვერ დავდებ ბრალად (ყოველ შემთხვევაში, დიდ უმრავლესობას) ანტიქართულ განწყობილებას ან ანტიქართულობას. მე მგონი, ამ საკითხების გაგებაში რამდენადმე ყველა ვცოდავთ და გაურკვევლობაა. ვფიქრობ, მოსკოვში გამართულმა პრესკონფერენციამ, რომელიც წუხელ ტელევიზიით გადაიცა, მშვიდად, ნორმალურად ჩაიარა და ბევრ გაუგებრობასაც ნათელო მოჰფინა. კარგია, რომ გარდა ბატონ სელეზნიოვისა, პრესკონფერენციას დელეგაციის ყველა წევრი ესწრებოდა და ბევრი მათგანის გამოსვლა საკმაოდ საყურადღებო იყო.

უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ გენადი სელეზნიოვმა, სახელმწიფო სათათბიროს ლიდერმა, სავსებით გამოკვეთილად, ნათლად დაუჭირა მხარი ჩვენი ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას და ლტოლვილების ორგანიზებულ და უპირობო დაბრუნებას აფხაზეთში.

- განვლილი კვირის კიდევ ერთი თემა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობიდან: უკრაინის გეგმის „ალმაზის“ დაკავების ფაქტმა კიდევ ერთხელ გვიჩვენა, რომ რუსეთში ბევრისათვის საბჭოთა კავშირი ჯერ კიდევ არ დანგრეულა...

- ჩემთვის ეს უსიამოვნო თემაა. ძალიან მინდოდა ეს კითხვა არ დაგესვათ, მაგრამ იძულებული ვარ ორიოდე სიტყვა ვთქვა. საქართველოს ტერიტორიულ წყლებში უკრაინის გემის დაკავება სახელმწიფო ხელისუფლების სრული უგულებელყოფაა, მეკობრეობის ტოლფასია დ მსგავსი რამის გაკეთება ჩვენს დროში დაუშვებელია. მეტი კომენტარი ამ ფაქტს არ სჭირდება. საქართველოს მთავრობის სახელით ბოდიშს ვუხდი უკრაინის სახელმწიფოს მომხდარი ინციდენტის გამო. ჩემთვის, სხვათა შორის, ამ შემთხვევაში არავითარი მნიშვნელობა არა აქვს ამ გემზე რა ტვირთი იდო. ანდა რა შემადგენლობა იყო.

- 10 დეკემბერს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის დღე აღინიშნა. 1948 წლიდან, მას შემდეგ, რაც გაერომ მიიღო ცნობილი ადამიანის უფლებათა დაცვის საყოველთაო დეკლარაცია, ეს დღე მთელ მსოფლიოში აღინიშნება და ამჯერად საქართველოშიც აღინიშნა ეს დღე, რომელსაც ზოგი მართლაც ადამიანის უფლებათა დაცვის დევიზით შეხვდა, ზოგი კი ამ თემაზე პოპულისტური გამოსვლებითა და განცხადებებით. პარლამენტისადმი მიმართვაში თქვენ განსაკუთრებით გამოჰყავით ეს თემა - ადამიანის უფლებათა დარღვევის უამრავი ფაქტი აფხაზეთსა და ცხინვალში და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ეთნიკური წმენდის ცნების შეტანა მოითხოვეთ. ალბათ, ადამიანის უფლებები ვერ იქნება დაცული იმ სივრცეში, სადაც საერთოდ ერისა და ხალხის უფლებები ირღვევა. 1992 წლიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც ქართველებსა და აფხაზებს შორის დაპირისპირება საომარ მოქმედებად გადაიზარდა, პირველად განვლილ კვირას მოსკოვში ერთხმად აღიმაღლეს ხმა ქართველი და აფხაზი ინტელიგენციის წარმომადგენლებმა ამ მოვლენების წინააღმდეგ...

- ადამიანის უფლებათა დაცვის პრინციპულ საკითხებზე ჩემი აზრი გამოვთქვი პარლამენტისადმი გაგზავნილ წერილში, რომელიც ჩვენი ცხოვრების ამ უმნიშვნელოვანესი სფეროს საკმაოდ კონკრეტულ ამოცანებს შეეხო. სხვათა შორის, ამ წერილში ისიც ითქვა, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის ერთი დღე - ასეთი რამ არ არსებობს. ამ დღეს ერთგვარად ჯამდება რაღაც გაწეული მუშაობა, მაგრამ პრაქტიკულად ადამიანის უფლებებს ყოველ დღეს და ყოველ საათს უნდა იცავდეს ქვეყანა.

მე ერთხელ კიდევ ვადასტურებ ჩემს სავსებით უკომპრომისო პოზიციას - ადამიანის უფლებათა, პიროვნების თავისუფლებათა დაცვის საკითხს საქართველოს სახელმწიფოსათვის ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს. ამიტომაც სახელმწიფოს ბრძოლა პიროვნების თავისუფლების აბსოლუტური გარანტიების შექმნისათვის, ჩვენი განვითარების კვალობაზე, კიდევ უფრო გაძლიერდება და სრულყოფილი გახდება. რა თქმა უნდა, ეს ეხება ადამიანის ყველა უფლებას.

დისკუსიები საქართველოში (ამაზეც მინდა ვთქვა ორიოდე სიტყვა), ეგრეთ წოდებული, პოლიტპატიმრების არსებობის გამო, საკმაოდ პრიმიტიულად, ცალმხრივად მიმდინარეობს და ამასთან დაკავშირებით გარკვეულ გულისტკივილს გამოვთქვამ. ვფიქრობ, ამ კითხვას კვალისფიციური პასუხი სამართალდამცავ სტრუქტურათა ხელმძღვანელებმა გასცეს პრესკონფერენციაზე, რომელიც ჩვენი პრესსამსახურისა და ჩვენი აპარატის - კანცელარიის ინიციატივით გაიმართა შესაბამის ტელეგადაცემაში. ასეთი გადაცემები და ამგვარი განმარტებითი მუშაობა ხშირად უნდა მოეწყოს. ლაპარაკია იმაზე, რომ მკვლელობათა, დივერსიათა, ტერიტორიული აქტებისა თუ არსებული კანონიერი ხელისუფლების ძალადობით დამხობისათვის მოწოდების მოტივი პოლიტიკურია, არ შეიძლება გახდეს ამგვარ დანაშაულობათა პოლიტიკურ კატეგორიაში გადაყვანის საფუძველი. ეს სავსებით პრინციპული საკითხია. თემა იმდენად ფაქიზი და მნიშვნელოვანია, რომ საჭიროა მეტი კვალიფიკაცია ყველა დონეზე. ეს ეხება ტელევიზიისა თუ გაზეთების კომენტატორებს, ჟურნალისტებს, ეხება, რა თქმა უნდა, თანამდებობის პირებსა და, უდავოდ, ხელისუფლების წარმომადგენლებს.

რაც შეეხება ქართველი და აფხაზი ინტელიგენციის წარმომადგენელთა მიერ მოსკოვში ხელმოწერილ განცხადებას მე ამას უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებ ქართველთა და აფხაზთა შერიგების პროცესში. ეს რაღაც ახალი სიტყვაა 1992 წლიდან დაწყებული (უფრო იქითაც რომ გავიხედოთ, მთელი ეს უბედურებანი ფაქტობრივად 1988 წლიდან დაიწყო), და სრულიად ახალმა მიდგომებმა იჩინა თავი. დაე, ეს იყოს, ასე ვთქვათ, მცირე დასაწყისი, მაგრამ იგი მაინც მნიშვნელოვანია, რადგან კონფლიქტის მოგვარება არა მარტო პოლიტიკოსთა არამედ მეცნიერთა, მწერალთა, საზოგადოებრიობის წარმომადგენელთა მისიადაც იქცევა. თქვენ სწორედ დაუკავშირეთ ეს განცხადება ადამიანის უფლებებს. მოსკოვში ხელმოწერილი დოკუმენტი ერთ-ერთი უმთავრესი დებულება სწორედ ლტოლვილთა უფლებების - დაუბრუნონ თავიანთ მშობლიურ კერებს - ამ უფლების აღიარებას წარმოადგენს სხვა მნიშვნელოვან დებულებასთან ერთად.

„რეგიონალიზმი სხვებისაგან გამოცალკევებას კი არ გულისხმობს, არამედ დანარჩენ სამყაროსთან თანამშრომლობის ხელშეწყობისა და გლობალური ინტეგრაციის გზას წარმოადგენს“ / შევარდნაძე ედუარდ ; [ჩაიწერა] ნატო ონიანმა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 17 დეკემბერი. - 252(2363). - 1,2 გვ.

125 მის აღმატებულებას კოფი ანანს, გაეროს გენერალურ მდივანს

▲ზევით დაბრუნება


თქვენო აღმატებულებავ,

საქართველოს ხალხისა და პირადად ჩემი სახელით გილოცავთ გაეროს გენერალურ მდივნად არჩევას. გისურვებთ, თქვენი ამ მაღალ თანამდებობაზე ყოფნის დროს გაეროს შეესრულებინოს თავისი ისტორიული მისია საუკუნეების მიჯნაზე და განსაკუთრებული წვლილი შეეტანოს კაცობრიობის ნათელი ოცნებების განხორციელებაში.

საქართველო პატარა ქვეყანაა და მუდმივი ძალისხმევა სჭირდება, რათა მისი პრობლემები და ტკივილები მსოფლიო თანამეგობრობის ზრუნვის საგნად იქცეს. ჩვენ მადლობელნი ვართ გაეროსი, რომლის ყურადღება არასდროს გვაკლდა, იქნებოდა ეს ტექნიკური თუ ფინანსური თანადგომა, ხელშეწყობა დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაში, დახმარება ჰუმანიტარულ სფეროში ცალკე გამოვყოფდი უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს, რომლებმაც აფხაზეთში კონფლიქტის სამართლიანი მოწესრიგების იურიდიული საფუძველი შექმნა. იმასაც აღვნიშნავდი, რომ ეს კონფლიქტი სერიოზულ ტვირთად აქვს დემოკრატიული აღმშენებლობის გზაზე დამდგარ ახალგაზრდა ქართულ სახელმწიფოს. გაერო რომ უფრო გაბედულად ახორციელებდეს თავის წესდებაში ჩადებულ პრინციპებსა და დებულებებს, დღევანდელ მსოფლიოში გაცილებით ნაკლები მოუგვარებელი პრობლემა იქნებოდა. ჩვენ ვთვლიდით და კვლავაც ვთვლით, რომ გაერო, როგორც მსოფლიოს ყველა სახელმწიფოს ინტერესების გამომხატველი და დამცველი ორგანიზაცია სერიოზულ რეფორმებს საჭიროებს.

ბატონო გენერალურო მდივანო, ორგანიზაცია, რომელსაც თქვენ უდგებით სათავეში და რომელმაც გადამწყვეტი როლი შეასრულა მეორე მსოფლიო ომის შემდგომი გლობალური საფრთხის თავიდან აცილებაში, დღეს სერიოზული გამოცდის წინაშე დგას. იმედს გამოვთქვამ, რომ თქვენ ღირსეულად განახორციელებთ თქვენ საპასუხისმგებლო მისიას და გაერო რეალურად იქცევა დედამიწაზე უშიშროების, სტაბილური განვითარებისა და ეკონომიკური აყვავების გარანტად.

გულწრფელად თქვენი,
ედუარდ შევარდნაძე.
16 დეკემბერი, 1996 წელი.

მის აღმატებულებას კოფი ანანს, გაეროს გენერალურ მდივანს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 18 დეკემბერი. - 253(2364). - 1 გვ.

126 ენერგეტიკის აღორძინება უდიდესი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საქმეა, რომლის გადაწყვეტაში საქართველოს თითოეული მოქალაქე უნდა მონაწილეობდეს

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტის მიმართვა მოსახლეობისადმი

მოქალაქენო!

საქართველოს ეკონომიკის აღორძინებისა და განვითარების დღევანდელ ეტაპზე ენერგეტიკული პრობლემის გადაჭრას საარსებო მნიშვნელობა ენიჭება. სწორედ ამიტომ, ენერგეტიკა ხელისუფლების განსაკუთრებული ზრუნვის საგანია. ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიღებულია რამდენიმე ფუნდამენტური გადაწყვეტილება, დადგენილება თუ სხვა ნორმატიული აქტი. ამ ურთულესი პრობლემის ოპერატიული მოგვარების მიზნით დამტკიცებულია და სრულდება გამოზამთრების სახელმწიფო პროგრამა.

მიღებულ გადაწყვეტილებათა და განხორციელებულღონისძიებათა შედეგად უკანასკნელ ხანს ელექტროენერგეტიკამ დაძლია დაქვეითების ტენდენცია - დაიწყო დარგის რეანიმაციის ურთულესი პროცესი. საერთაშორისო საფინანსო-საკრედიტო ინსტიტუტებთან და დონორ ქვეყნებთან ერთად შემუშავდა საქართველოს ენერგეტიკის აღდგენის პროგრამა, უკვე დაიწყო დარგისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე კრედიტების მიღება და ენერგოსიმძლავრეთა რეაბილიტაციის მასშტაბური სამუშაოები.

დაიწყო ძირეული რესტრუქტურიზაცია, ფართომასშტაბიანი ეკონომიკური რეფორმა, რომლის გასაღრმავებლად თანდათან ძლიერდება საერთაშორისო ფინანსური მხარდაჭერა. აღსანიშნავია უცხოური და ადგილობრივი კერძო კაპიტალის, სტრატეგიული ინვესტორების სერიოზული დაინტერესება საქართველოს ელექტროენერგეტიკით.

ასე რომ, მთლიანობაში უკვე შეიქმნა ენერგეტიკის, უწინარეს ყოვლისა, ელექტროენერგეტიკის რეაბილიტაციისა და განვითარებისათვის მეტად ხელსაყრელი გარემო. დღევანდელი და მომავალი თაობების წინაშე ვალდებული ვართ გამოვიყენოთ ეს პირობები.

ენერგეტიკის დარგში ბევრი პრობლემაა, მაგრამ როგორც ტაქტიკური, ისე განსაკუთრებით სტრატეგიული თვალსაზრისით, უწინარეს ყოვლისა, აუცილებელია მოწესრიგდეს სატარიფო სისტემა. კერძოდ, დღეისათვის არსებული ნომინალური საშუალო ტარიფი იმდენად მცირეა, რომ იგი ელექტროენერგიის გამომუშავებისა და გადაცემის მიმდინარე ხარჯებსაც კი ვერ ფარავს. ბუნებრივია, ამ პირობებში დარგი დღითი დღე უფრო ზარალიანი ხდება და თუ სასწრაფოდ არ მივიღეთ რადიკალური ზომები, ელექტროენერგეტიკაში არსებული ფინანსური კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდება. ეს კი უეჭველად გამოიწვევს უცხოური ფინანსური დახმარების შეწყვეტასა და დაწყებული რეფორმის ჩაშლას, თავიდან ვერ ავიცილებთ დარგის სრულ მოშლას, რასაც შეიძლება მოჰყვეს კატასტროფული შედეგები მთელი ქვეყნისათვის.

ამდენად, იძულებული ვართ გავზარდოთ ტარიფები, მაგრამ არა ერთბაშად, არამედ ეტაპობრივად, რათა ეს პროცესი შედარებით უმტკივნეულოდ წარიმართოს. იმის გამო, რომ ტარიფების დღეს არსებული ორსაფეხურიანი სისტემა ნაყოფიერ ნიადაგს ქმნის ნეგატიური მოვლენების განვითარებისათვის, აუცილებელი ხდება მოსახლეობისათვის დაწესებული ტარიფის მიახლოება წარმოება-დაწესებულებებისათვის არსებულ ტარიფთან. პირველ ეტაპზე მოსახლეობისათვის ტარიფი 30 პროცენტით ანუ 1 კილოვატ საათზე 2,5 თეთრიდან 3,3 თეთრამდე გაიზრდება. ეს მატება მძიმე ტვირთად არ დააწვება მოსახლეობის შედარებით უზრუნველყოფილ ნაწილს. რაც შეეხება მატერიალურად გაჭირვებულ, ხელმოკლე ოჯახებს, რომელთაც დაბალი ფიქსირებული შემოსავალი აქვთ, მათ მიერ მიმდინარე ზამთრის განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების მნიშვნელოვანი ნაწილის ამოღებას და არსებული რეჟიმების ფარგლებში ელექტრომომარაგების გარანტიას ფაქტობრივად სახელმწიფო უზრუნველყოფს. ეს მძიმე ტვირთია, მაგრამ სახელმწიფომ ეს იკისრა.

ამასთანავე, განსაკუთრებით ხელმოკლე სოციალური ფენის დაცვის მიზნით მიღებულია გადაწყვეტილება მოსახლეობას ჩამოაწეროს 1995 წლის 1 მაისის მდგომარეობით 2 წლის გადავადებული მოხმარებული ელექტროენერგიის დავალიანება 81 მილიონი ლარის ოდენობით. ეს საკმაოდ დიდი თანხაა. იგი მოსახლეობის მიერ ერთი წლის მოხმარების მოცულობაზე მეტია.

საქართველოში მოქმედი ყველა საწარმოს მიმართ განხორციელდა შეღავათები (გადასახადების ჩამოწერა ან გადავადება).

რა თქმა უნდა, ტარიფების მოწესრიგებას იმ შემთხვევაში აქვს რეალური შინაარსი და აზრი, თუ ხორციელდება ელექტროენერგიის საფასურის გადახდა. ბოლო პერიოდში ამ სფეროშიც არის სერიოზული დადებითი ძვრები. კერძო დისტრიბუტორების ინსტიტუტის შემოღებამ განაწილების სფეროში უკვე მოგვცა საგრძნობი შედეგები. პირველი ნაბიჯები გადაიდგა თბილისსა და ქუთაისში. შესაძლებელი გახდა მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯის შემცირება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო მოხმარებული ელექტროენერგიის ანაზღაურება მკვეთრად გაიზარდა.

თბილისში კერძო დისტრიბუტორების ინსტიტუტი შემოღებულია ნაძალადევის, გლდანის, საბურთალოს, მთაწმინდის, სამგორისა და ისნის რაიონებში. მაგრამ საერთო ვითარება კვლავ ძალზე რთულია. საკმარისია აღინიშნოს, რომ საქართველოში ელექტროენერგიის ყველა მომხმარებელი ერთად საშუალოდ თვეში უფასოდ (საფასურის გადაუხდელად) მოიხმარს 5-6 მილიონი ლარის ღირებულების ელექტროენერგიას. ამგვარ პირობებში არათუ ენერგეტიკა, ეკონომიკის ვერც ერთი დარგი ვერ შესძლებს ნორმალურად ფუნქციონირებას უნდა ვისწავლოთ საკუთარ უმძიმეს შეცდომებზე. ორი წლის წინათ არ ვიხდიდით ბუნებრივი გაზის საფასურს, რასაც დარგის დეგრადაცია მოჰყვა, ქვეყანას კი დიდი საგარეო ვალი დაუგროვდა.

ამდენად, უეჭველია, რომ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური ყველამ უნდა გადაიხადოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ენერგოსისტემა უბრალოდ ვერ იარსებებს. უნდა შევურიგდეთ ელემენტარულ აზრს - გვექნება მხოლოდ იმდენი ელექტროენერგია, რამდენის საფასურსაც გადავიხდით. ამ აზრს ალტერნატივა არ გააჩნია.

1997 წელი ენერგეტიკული კრიზისიდან გამოსვლის თვალსაზრისით გადამწყვეტი უნდა გახდეს. ეს ეკონომიკური აღმავლობის, ესე იგი კეთილდღეობის გაუმჯობესების გარანტია იქნება.

იმის გამო, რომ ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელები და რეალიზაციის თითქმის მთელი სისტემა ქალაქების მერიებისა და რაიონების გამგეობათა მფლობელობაშია. შესაბამის ენერგო კომპანიებთან და ორგანიზაციებთან ერთად სწორედ მათ ეკისრებათ მთელი პასუხისმგებლობა მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების ამოღებისათვის. პრობლემის განსაკუთრებული მნიშვნელობის გამო დადგა დრო უფრო მკაცრად მოეთხოვოს ყველას საქართველოს პრეზიდენტის ამა წლის 28 სექტემბრის № 611 ბრძანებულებით განსაზღვრულ დავალებათა შესრულება.

რა მძიმეც უნდა იყოს ამის თქმა, იძულებული ვარ პირდაპირ მოვითხოვო - რაიონი, დასახლებული პუნქტი, რომელიც არ ასრულებს კონტრაქტით ნაკისრ ვალდებულებას - ელექტროენერგიას ვერ მიიღებს.

კატეგორიულად მოვითხოვ სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს ყველა სტრუქტურებისაგან ზუსტად დაიცვან მოსახლეობის, საწარმოებისა და ორგანიზაციების წინაშე ნაკისრი ვალდებულებები (გრაფიკები, მიწოდების ხარისხი და სხვა). მომხმარებლებთან მიღწეული შეთანხმების დარღვევას მოჰყვება თანამდებობის პირთა გადაყენება, სამუშაოდან დათხოვნა, სხვა ადმინისტრაციული ზომები. ცალკეულმა რაიონებმა მოხმარებული ელექტროენერგიის ანაზღაურების ასპროცენტიან ზღვარს მიაღწიეს. ასეთია ნინოწმინდის, ახალქალაქისა და ქარელის რაიონები. უპირატესობა ელექტროენერგიით სარგებლობაში სწორედ ასეთ რაიონებს მიეცემათ.

მოქალაქენო!

ენერგეტიკის აღორძინება უდიდესი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საქმეა, რომლის გადაწყვეტაში საქართველოს თითოეული მოქალაქე უნდა მონაწილეობდეს. მოგიწოდებთ ყველას, მაქსიმალურად შესაძლებელი წვლილი შეიტანოთ ეროვნული ეკონომიკის საფუძველთა საფუძვლის - საქართველოს ენერგეტიკის გადარჩენასა და აღორძინებაში.

ენერგეტიკის აღორძინება უდიდესი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საქმეა, რომლის გადაწყვეტაში საქართველოს თითოეული მოქალაქე უნდა მონაწილეობდეს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 19 დეკემბერი. - 254(2365). - 1,2 გვ.

127 საახალწლო მილოცვა სამედიცინო დარგის მუშაკებს

▲ზევით დაბრუნება


წლის მიჯნაზე

გილოცავთ შობა-ახალი წლის დღესასწაულს.

ახალ, 1997 წელს სამედიცინო საზოგადოება იმედითა და მომავლის რწმენით ხვდება. მიუხედავად სერიოზული პრობლემებისა, გასულ წელს სამედიცინო დარგმა საბოლოოდ გადალახა უმნიშვნელოვანესი მიჯნა - დაიწყო ძირეული რეორგანიზაციის, რეფორმების პროცესი.

ჯანმრთელობის დაცვის ძლიერი, სრულყოფილი სისტემის ჩამოყალიბება, სამედიცინო დაზღვევის საფუძვლების შემოღება მომავალ წელს საქართველოს ერთ-ერთ პრიორიტეტულ სახელმწიფოებრივ ამოცანად იქცევა. მჯერა, საქართველოს მედიკოსები ღირსეულად მოიხდიან თავიანთ მამულიშვილურ და პროფესიულ ვალს ერისა და ქვეყნის წინაშე.

დაე ახალ, 1997 წელს სიხარული და წარმატება მოეტანოს საქართველოს მედიკოსებისათვის თავიანთ კეთილშობილურ საქმიანობაში.

ედუარდ შევარდნაძე.

საახალწლო მილოცვა სამედიცინო დარგის მუშაკებს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 28 დეკემბერი. - 261(2372). - 1 გვ.

128 „1996 წელი ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან თავის დაღწევის და აღმავლობის საწყის, სასტარტო წლად შეიძლება იქნეს მიჩნეული“

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 30 დეკემბრის რადიოინტერვიუ

- დღევანდელი რადიოინტერვიუ 1996 წლის ბოლო გადაცემაა. განვლილი ეკონომიკური წელი გადატვირთული და საინტერესო აღმოჩნდა: საქართველო რეფორმების გზით მიდის და მსოფლიოს საფინანსო ორგანიზაციათა დახმარებით სარგებლობს. კვლავ სტაბილური იყო ეროვნული ვალუტის - ლარის კურსი. აღსანიშნავია, რომ საქართველოში უმტკივნეულოდ წარიმართა პურის ფასების მომატებასთან დაკავშირებული ღონისძიებები. გასულ წელთან შედარებით დღეს საქართველოში უკვე პურისა და პურის ფქვილის მარაგის ნაკლებობაზე ლაპარაკი აღარ არის. ჩვენ გვახსოვს ის დრო, როცა ლაპარაკი იყო ხოლმე საქართველოში ფქვილის ერთი კვირის, ათი დღის მარაგი დარჩაო და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი, საბედნიეროდ, წარსულს ჩაბარდა. მართალია, ოდნავ გაუმჯობესდა, მაგრამ კვლავ მძიმეა ენერგეტიკის სფეროში შექმნილი ვითარება, რასაც ბოლო კვირაში თავსდატეხილმა სტიქიურმა მოვლენებმა შეუწყო ხელი. ეს, რაც შეეხება გასულ წელს თვალის ერთი გადავლებით, და განვლილი ეკონომიკური კვირის ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა: გასულ კვირას საქართველოს დელეგაცია სახელმწიფო მინისტრის ნიკო ლეკიშვილის ხელმძღვანელობით ირანს გაემგზავრა... - ამ საკითხებზე საუბრით დაიწყო ჟურნალისტ ნატო ონიანის თხოვნით თავისი ტრადიციული რადიოინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ.

- თქვენ ძალიან ბევრი კითხვა დამისვით. მე, ალბათ ვერ ავცდები საახალწლო გამოსვლასაც და ზოგიერთ თქვენს კითხვას იქ გავცემ პასუხს. ახლა, რაც შეეხება კითხვას მიმდინარე წელთან დაკავშირებით.

1996 წელი ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან თავის დაღწევის და აღმავლობის საწყის, სასტარტო წლად შეიძლება იქნეს მიჩნეული. წლევანდელი წელი გამორჩეული იყო, როგორც მაკროეკონომიკურ დონეზე მთელ რიგ მაჩვენებელთა გაუმჯობესებით, ისე სექტორული ეკონომიკის გამოცოცხლებით - მთელი წლის განმავლობაში სტაბილური იყო ეროვნული ვალუტა, ინფლაციის ტემპი ნავარაუდევზე გაცილებით ნაკლებია, საკმაო გამოცდილება შეგვძინა სახელმწიფო ბიუჯეტის ფორმირებასა და შემოსავლის მობილიზებაზე გაწეულმა მუშაობამ, მნიშვნელოვანი ზრდით ხასიათდებოდა მთლიანი შიდა პროდუქტის, მრეწველობის, სოფლის მეურნეობისა და სხვა დარგების პროდუქციის წარმოება.

საკმაოდ გაფართოვდა საერთაშორისო-საფინანსო სტრუქტურებთან, კერძო ბიზნესთან ურთიერთობის არეალი, ინტენსიური გახდა უცხო ქვეყნებთან თანამშრომლობის პროცესი, რითაც არც განვლილი კვირა იყო გამონაკლისი.

როგორც მოგეხსენებათ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ბატონი ჰასან ჰასანოვი გახლდათ საქართველოში. ამ ვიზიტთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას ჩვენი პარტნიორობა, ორი ქვეყნის პარტნიორობა მრავალი ეკონომიკური ასპექტითაა განპირობებული. მე ახლა, ძირითადად, ეკონომიკას ვუსვამ ხაზს, რომელთა გაფართოება, ეკონომიკური ინტერესების გაძლიერება და წინა პლანზე წამოწევა განმსაზღვრელი, გადამწყვეტი ფაქტორი უნდა გახდეს არა მარტო აზერბაიჯანთან, არამედ მთელი კასპიის რეგიონის სახელმწიფოთა და სახელმწიფოებრივ წარმონაქმნებს შორის ურთიერთობაში.

ამიერკავკასიის ხელსაყრელი მდებარეობის ერთობლივი ძალისხმევით გამოყენების ერთ-ერთი ძირითადი რგოლია ევრაზიის დერეფნის განვითარება, და ამ ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული საკითხები, რომელთა ცალკეული ასპექტები აზერბაიჯანში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის დროს დაზუსტდება.

ევრაზიული დერეფნის პროექტის რეალიზაციის საქმეში საქართველოს გავლით ნავთობის ტრანსპორტირების პერსპექტივების თემას დაეთმო ასევე მნიშვნელოვანი ყურადღება პრეზიდენტთან თურქეთის ჰოლდინგური კომპანია „ტექფენის“ დელეგაციის შეხვედრისას. ძირითადად ეკონომიკურ ურთიერთობათა განვითარების პერსპექტივას მიეძღვნა სახელმწიფო მინისტრის ბატონ ნიკო ლეკიშვილის, მე ასე ვიტყოდი, წარმატებული ვიზიტი ირანის ისლამურ რესპუბლიკაში, მისი შეხვედრები ირანის პრეზიდენტთან ბატონ ჰაშემი რაფსანჯანისთან და სხვა ხელმძღვანელებთან.

თბილისში გამართული მთავრობის სხდომის დღის წესრიგის რამდენიმე საკითხს მინდა მივაპყრო ყურადღება. ამ მნიშვნელოვან საკითხთაგან აღსანიშნავია ადრე პრეზიდენტთან არსებული საკონსულტაციო ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე განხილული საქართველოს საგადასახადო კოდექსის პროექტი.

როგორც უკვე ვთქვით, ახალი კოდექსის პროექტი გამოირჩევა მეტი დახვეწილობით, სიცხადით, მცირდება გადასახადების რაოდენობა, სერიოზული ცვლილებები განიცადა მოგებისა და დამატებითი ღირებულების გადასახადების მექანიზმებმა, აქციზის განაკვეთებმა, გაუქმებულია მთელი რიგი არაეფექტიანი გადასახადები. ყოველივე ეს გადასახადების აკრეფასა და გადახდასთან დაკავშირებული ურთიერთობის გაუმჯობესებასთან ერთად ხელს შეუწყობს მეწარმეობის სტიმულირებასა და განვითარებას.

სხდომაზე მოვისმინეთ ინფორმაცია საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სექტორში მიმდინარე რეფორმების ფინანსური უზრუნველყოფის მიზნით მსოფლიო ბანკის შესაბამისი პროექტის განხორციელების მიმდინარეობის შესახებ. თქვენ იცით, რომ ეს დახმარება საკმაოდ სერიოზულია და საგრძნობი გახდა ყველა ოჯახისათვის.

საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად ადგილობრივი თვითმმართველობის, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთი აუცილებელი ატრიბუტის, შემდგომი განვითარების, თვითმმართველობასა და სახელმწიფო ორგანოებს შორის უფლებამოსილების გამიჯვნის და მათ შორის ურთიერთობის სრულყოფის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი იყო მთავრობის სხდომაზე „საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ“ და „ადგილობრივი თვითმმართველობის საფუძვლების შესახებ“ კანონპროექტების განხილვა.

კანონპროექტებში, სახელმწიფოს ერთობლივ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან ერთად ასახულია უფლებამოსილებათა ფართო სპექტრი, რომელიც დედაქალაქის გამგებლების სფეროს განეკუთვნება და, რომლებმაც ხელი უნდა შეუწყოს მათ ინიციატივას ადგილობრივი რესურსების ოპტიმალურად გამოყენების, საწარმოო და სოციალური ინფრასტრუქტურის დაჩქარებული განვითარების, მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისა და სხვა პრობლემების უკეთ მოგვარებას. როცა პარლამენტი ამ კანონებს მიიღებს, ვფიქრობ, დაიწყება, როგორც იტყვიან, ახალი ცხოვრება, ახალი სუნთქვა ჩვენს რაიონებსა და ქალაქებში.

ოპერატიული მონაცემებით 27 დეკემბრისათვის საგადასახადო ინსპექციამ უკვე აკრიფა 26 მილიონი ლარის საბიუჯეტო შემოსავალი, რომლის ჩათვლითაც წლის დამდეგიდან ამ ხაზით მიღებულია 278 მილიონ ლარზე მეტი, რაც 102 მილიონ ლარზე მეტია წინა ორი წლის ერთად აღებულ შემოსავალზე.

საბაჟო დეპარტამენტიდან ამ თვეში მიღებულმა სახსრებმა 8,5 მილიონ ლარს გადააჭარბა, წლის დამდეგიდან კი აკრეფილია 70 მილიონ ლარზე მეტი, შარშან მიღებული 9 მილიონი ლარის ნაცვლად.

ამავე დროს, გარკვეული ჩამორჩენაა ცენტრალური ბიუჯეტის შევსებაში.

პრეზიდენტთან სპეციალურად ამ საკითხზე გამართულ თათბირზე აღინიშნა, რომ წლის დამლევამდე ცენტრალურმა ბიუჯეტმა აუცილებლად უნდა მიიღოს საგადასახადო ინსპექციის ხაზით კიდევ 8 მილიონი ლარი, ხოლო საბაჟო სამსახურიდან მილიონი ლარი. ამ სამსახურების ხელმძღვანელები შეგვპირდნენ, რომ ეს საკონტროლო დავალებები შესრულდება.

ამ ამოცანის გადაწყვეტა სავსებით რეალურია, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ მთელ რიგ რეგიონებში ჯერ კიდევ დიდია ცენტრალური ბიუჯეტის დავალიანება, მაშინ როცა ზოგმა მათგანმა 20 დეკემბრისათვის და უფრო ადრეც შეასრულა წლიური საპროგნოზო დავალება. ესენია: ქალაქი გორი, გარდაბანი, ლაგოდეხი, გურჯაანი, თელავი, ქარელი, ზუგდიდი, საჩხერე, დმანისი და ზოგიერთი სხვა რაიონი. მიცემული იყო დავალება და შაბათ-კვირას მუშაობდნენ საბანკო დაწესებულებები, რათა თავიდან აგვეცილებინა შეფერხებები სახსრების გადარიცხვაში. ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მსოფლიო ბანკის მიერ საკის სესხის მეორე ტრანშის გამოყოფის პროცედურული საკითხების გადაწყვეტის დაჩქარებას. ასეთი გადმორიცხვა უკვე მოხდა საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშზე. მივიღეთ ძალიან სერიოზული დახმარება ევროკავშირისაგან. უდიდესი მადლობა ამ ორგანიზაციას. ყოველივე ეს საშუალებას მისცემს, რა თქმა უნდა, ჩვენ საკუთარ შემოსავალთან ერთად, ხელისუფლებას საახალწლოდ უზრუნველყოს მოსახლეობის წინაშე ნაკისრი ვალდებულებები საბიუჯეტო ორგანიზაციების ხელფასების, პენსიების, დახმარებების, სტიპენდიების ფასების თვალსაზრისით მოვაგვაროთ ყველა საკითხი, რასაც, რა თქმა უნდა, უდიდესი სოციალური მნიშვნელობა აქვს. ამრიგად, მიმდინარე წლის დასასრულს და ახალი წლის დადგომასთან დაკავშირებით, წლის ვალდებულებები მოსახლეობის წინაშე (მხედველობაში მაქვს საბიუჯეტო ორგანიზაციები) განაღდებული იქნება.

ახლა რამდენიმე სიტყვა სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით: სტიქიური უბედურება საკმაოდ დიდი მასშტაბისა გამოდგა. ზიანიც სერიოზული მოგვაყენა, არის მსხვერპლიც. დაიღუპა დიდძალი პირუტყვი, დაინგრა გზები, ხიდები, სკოლები, საცხოვრებელი სახლები და სხვა. უნდა აღინიშნოს, რომ ადგილობრივი და ცენტრალური სტრუქტურები გამართულად, მე ვიტყოდი, ვაჟკაცურად საქმიანობდნენ სტიქიასთან ბრძოლაში. ეს რომ არა, მსხვერპლი დიდი იქნებოდა და ზარალიც გაცილებით მეტი.

შევეცდებით, შესაძლებლობების ფარგლებში, დავეხმაროთ რაიონებს, რომლებიც განსკუთრებით დაზარალდნენ.

- და კიდევ ერთი საინტერესო მომენტი განვლილი ეკონომიკური კვირიდან. წინა ორშაბათს აჭარაში მთავრობის გამსვლელი სხდომა გაიმართა...

- ჩვენ მინისტრებთან ერთად ძალიან სერიოზულად ვემზადებოდით (მეც საკმაოდ სერიოზული სამუშაო შევასრულე) იმისათვის, რომ ჯგუფი მომზადებული ყოფილიყო. შეხვედრები აჭარაში უაღრესად საინტერესო და შედეგიანი გამოდგა. ჯერ ერთი, კვლავ ვიხილეთ ბევრი რამ, რაც აშენდა, კეთილმოეწყო, შეიქმნა. ადამიანებს აქვთ სურვილი შენიშნონ მათი ნაღვაწი და ხალხის საკეთილდღეოდ ნამოქმედარი. იქ ნამდვილად ეამაყებათ ის, რაც მოახერხეს, რაც გააკეთეს. ბუნებრივია, ყოველივე ეს სიხარულს იწვევს საქართველოს ყველა კუთხეში.

ამასთან, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ აჭარის ძირითადი ტერიტორია მთიანი და მეწყერულია, ხშირად წვიმები ანგრევს გზებს, ხიდებს, ზიანდება ბათუმის ქუჩებიც და მოსახლეობა ძალიან დიდ განსაცდელშია. ამ ფონზე, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის ფინანსური სიძნელეების მიუხედავად, მოხერხდა ცენტრალური ბიუჯეტის კუთვნილი 8 მილიონი ლარის დატოვება აჭარის ხელმძღვანელობის განკანრგულებაში. ეს არის საბაჟოს შემოსავალი, რომელიც ცენტრალიზებულია. იგი ცენტრალიზებული გზით უნდა ირიცხებოდეს ცენტრალურ ბიუჯეტში. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს 8 მილიონი ლარი დარჩეს ადგილზე, რაც ძირითადად ბათუმის კეთილმოწყობასა და იმ სამუშაოებს მოხმარდება, რომლებიც ქალაქში მიმდინარეობს. ბოლო ორი წლის განმავლობაში რამდენიმე მილიონი დაიხარჯა გზების, ხიდების აღდგენა-მშენებლობისა და კავშირგაბმულობის განვითარებისათვის.

შევთანხმდით, რომ მომავალი წლიდან ცენტრალური და ავტონომიური ბიუჯეტები ურთიერთდამოკიდებული იქნება, რასაც, რა თქმა უნდა, პარლამენტის თანხმობა დასჭირდება, რადგანაც ეს ძალიან პრინციპული საკითხებია. ვფიქრობ, ჩვენ სწორი გადაწყვეტილება ადგილზე მივიღეთ იმასთან დაკავშირებით, რომ დამატებითი ღირებულების გადასახადის მნიშვნელოვანი ნაწილი საბაჟო შემოსავლისა დარჩეს ადგილზე, მაგრამ ყოველივე ამას დასჭირდება, როგორც ვთქვი, პარლამენტის დადგენილება.

როგორც ყოველთვის, ბათუმლებმა კიდევ ერთხელ გაგვახარეს დრამატული თეატრის ახალი სპექტაკლით „ლამარათი“, რომლებიც ჩვენი სამუშაო ჯგუფის ყველა წევრმა იხილა და დიდი სიხარულიც გამოხატა.

რა თქმა უნდა, ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანი იყო ჩემი და ბატონ ასლან აბაშიძის საუბრები ყველაფერზე, რაც დღეს ჩვენს ქვეყანას აწუხებს.

- დღეს 30 დეკემბერია. ზუსტად 40 წლის წინათ საქართველოში პირველად აციმციმდა ტელეეკრანი, რომლის მიმართ პრეტენზიებიც ბევრი გვაქვს, ხშირად ვლანძღავთ კიდეც, მაგრამ მაინც ყველანი ვუყურებთ. წინასწარმეტყველება, საბედნიეროდ, არ ახდა, ტელევიზიამ მაინც და მაინც თეატრი და კონცერტები ვერ შეგვიცვალა, მაგრამ ერთი რამ ცხადია: ტელევიზია ჩვენი ცხოვრების აუცილებელ და განუყოფელ ატრიბუტად იქცა...

- ტელევიზიის 40 წლისთავი, მიმაჩნია, რომ ასე უკეთესია, საზეიმოდ აღინიშნება მომავალი წლის გაზაფხულზე. ყოველ შემთხვევაში, ასე შევთანხმდით ხელმძღვანელობასთან და საერთო განწყობილებაც ასეთია. ეს საყოველთაო ზეიმი იქნება. ისტორიულია ქართული ტელევიზიის როლი ქვეყნის ცხოვრებაში და აღნიშვნაც, ამ სიმაღლის შესაბამისი უნდა იყოს.

ახლა კი გულწრფელი მილოცვის და მადლიერების სიტყვებით შემოვიფარგლები. თუ ქვეყანა შენდება, წინ მივდივართ და კრიზისს თავს ვაღწევთ, ვიწყებთ სტაბილურ, ადამიანურ ცხოვრებას, ამაში ტელევიზიას უმნიშვნელოვანესი როლი მიუძღვის, თუ გადამწყვეტი არა.

გილოცავთ და მადლობას მოგახსენებთ.

- განვლილ კვირას პირველად საქართველოში ქართული ესტრადის ფესტივალი „ლიგა-96“ გაიმართა საინტერესო სიმღერებით, ახალი სახელებით, ალბათ, აღნიშვნის ღირსია ის, რომ დიდი მუსიკალური ტრადიციების ქვეყანაში ამ ტიპის ფესტივალი პირველად გაიმართა...

- საერთოდ, მე ამას დავუკავშირებდი საახალწლო სამზადისს, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობდა. ეს სამზადისი ადრე დაიწყო. უწინარეს, იმ საკითხებს შევეხები, რომლებიც საარსებოდ მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანისათვის, ოჯახისთვის ქალაქებში დიდძალი პროდუქტია შემოტანილი. რაიონები, მხარეები ცდილობენ უხვი იყოს საახალწლო სუფრა. მე საქმის კურსში ვარ, თვალყურს ვადევნებ, დღეში ორ-სამჯერ მაქვს მონაცემები. სამწუხაროდ, ქალაქების მოსახლეობის მსყიდველობითი უნარი მაღალი არ არის. თუმცა, ფასები საკმაოდ ნორმალურია. თბილისის ბაზარი, მაგალითად, მრავალ დედაქალაქთა შორის ერთ-ერთი ყველაზე უფრო იაფი ბაზარია. უფრო დაბალი ფასების პირობებში გლეხისათვის პროდუქციის წარმოებასა და პირუტყვის გამოზრდას აზრი დაეკარგება. ეს რთული ურთიერთობაა და მისი მოწესრიგება უახლოესი წლების ამოცანაა.

აღსანიშნავია ჰუმანური დახმარების დიდი მასშტაბი. მარტო წლეულს, მაგალითად, ძალიან საგრძნობი დახმარება - ფქვილი, ზეთი, მედიკამენტები და სხვა მიიღო 700 ათასზე მეტმა მოქალაქემ. დიდია საქველმოქმედო საქმიანობის გასაქანიც თბილისში, ქუთაისში, სხვა ქალაქებსა და რაიონებში.

ახალი წლის შესახვედრად ვაკეთებთ იმას, რის გაკეთებაც შეიძლება, ელექტროენერგიის შეუფერხებელი უზრუნველყოფის გათვალისწინებით. ვფიქრობ, ეს იქნება ამ ბოლო წლების განმავლობაში პირველი ახალი წელი, რომელიც შედარებით უპრობლემოდ უნდა ჩავატაროთ ელექტრომომარაგების თვალსაზრისით. ვნახოთ, ასე გვპირდებიან და ამის რესურსებიც, რეალური შესაძლებლობებიც არის და წყლის მარაგიც იმაზე მეტია, რაც ოდესმე გვქონია წყალსაცავებში.

მრავალი საახალწლო საჩუქარი მოუმზადეს საქართველოს მოქალაქეებს თეატრებმა, კინემატოგრაფისტებმა, მხატვრულმა კოლექტივებმა, ბავშვთა და სტუდენტთა თვითშემოქმედებითმა გაერთიანებებმა და სხვებმა და სხვებმა. განსაკუთრებით გამოვყოფდი ქართული ესტრადის ფესტივალს - „ლიგა-96“, რომელმაც დიდი საახალწლო სიხარული მოუტანა მაყურებელს და რომელმაც ძალიან მაღალ დონეზე ჩაიარა.

საქინფორმი.

„1996 წელი ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან თავის დაღწევის და აღმავლობის საწყის, სასტარტო წლად შეიძლება იქნეს მიჩნეული“ / ე. შევარდნაძე ; [ჩაიწერა] ნატო ონიანმა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 31 დეკემბერი. - 262(2373). - 1,2 გვ.

129 პირთა საძიებელი

▲ზევით დაბრუნება


აბაშიძე ვახტანგ

აბაშიძე ავთანდილ

აბაშიძე ასლან

აბელაინი მანფრედ

ადამსი ტერი

ათათურქი მუსტაფა ქემალ

ალიევი ჰეიდარ

ალიევი ნატიკ

ალუდაური მაია

ამაშუკელი ელგუჯა

ანანი კოფი

ანანიაშვილი ნინო

ანთიმოზ ივერიელი (ივერიანუ)

არაფატი იასირ

არძინბა ვლადისლავ

ასათიანი კახი

ასათიანი ლადო

აუშევი

ბაბილაშვილი ჯამლეტ (ჯამლეთ)

ბაბურინი

ბაგრატიონი ანტონ პირველი (კათალიკოსი)

ბარამიძე გიგლა

ბარგანჯია დაურ

ბაქრაძე კოტე

ბაჯელიძე ციური

ბენიძე ოთარ

ბერეზოვსკი ბორის

ბერტინი კატერინ

ბლინკორნი თომას

ბოგში არპად

ბოდენი დიტერ

ბოლივარი

ბოჭორიშვილი ანგია

ბრაზაუსკასი ალგირდას

ბრაუნი რონ

ბრუნერი ედუარდ

ბურდული გიორგი

გაბაშვილი კონსტანტინე

გალაზოვი ახსარბეკ (აღსარბეკ) ხაჯიმურზას ძე

გამსახურდია ზვიად (პრეზიდენტყოფილი, ექსპრეზიდენტი, ყოფილი პრეზიდენტი)

გარიბალდი

გენშერი ჰანს-დიტრიხ

გიორგაძე იგორ

გიორგაძე პანტელეიმონ

გიუმრიუკჩუოღლუ იბრაჰიმ

გიძბა რაულ

გობრონიძე ალექსანდრე

გოკიელი ლევან

გორი ალბერტ (ელ)

გრაჩოვი პავლე

გუდიაშვილი ლადო

გულბენკიანი

გულუა ბაკურ

დადიანი ცოტნე

დევისი ლინ

დავით IV აღმაშენებელი

დავითაია ვახტანგ

დანელია სერგი

დე გოლი

დევისი ლინ

დემეტრაშვილი ავთანდილ

დემირელი სულეიმან

დუდაევი ჯოხარ (ჯოჰარ)

ელცინი ბორის

ერბაქანი ნეჯმეთინ

ერქვანია ზურაბ

ერქომაიშვილი ანზორ

ვათაევი ბიბო

ვალავი მოჰამედ შადმან

ვალინინა იულია

ვან-დენ ბრუკი ჰანს

ვაშაკიძე რემი

ველაიათი (ვილაიეთი) ალი აქბარ

ზალდასტანიშვილი კოტე

ზემსკი ვლადიმერ

ზიუგანოვი გენადი

ზუბიტაშვილი დავით

თავართქილაძე (კომბინატის ხელმძღვანელი)

თავხელიძე ალბერტ

თარგამაძე კახა

თაყაიშვილი ექვთიმე

თუმანიშვილი მიხეილ

იაკობიძე დავით

იესო ქრისტე (ნაზარეველი)

ილია მეორე (კათოლიკოს-პატრიარქი)

ილიესკუ იონ

იმედაშვილი კობა

იოსელიანი ჯაბა

ისაკაძე თედო

კაკაბაძე პოლიკარპე

კაკაბაძე ზურაბ

კალასი სიიმ

კერტისი ჩარლზ

კვაჭანტირაძე თამაზ

კვირაია შოთა

კინკელი კლაუს

კიტოვანი თენგიზ

კლინტონი უილიამ ჯეფერსონ (ბილ)

კლუგე ჯონ

კოვალიოვი სერგეი

კოვალსკი ბაზილ

კოლინზი ჯეიმს

კონონოვი ივანე

კუჩმა ლეონიდ დანილის (დანიელის) ძე

ლაზარენკო პავლე

ლარი (გერმანელი ბიჭუნა)

ლებედი

ლეკიშვილი ნიკოლოზ (ნიკო)

ლორთქიფანიძე როზა

ლორთქიფანიძე ვაჟა

ლოტა ვინჩენცო

მაიორი ფედერიკო

მამარდაშვილი მერაბ

მამრაძე პეტრე

მამულაშვილი გურამ

მარანცა ჯუზეპე

მარგიანი ავთანდილ

მარშალი ჯორჯ

მარჯანიშვილი კოტე

მაღლაფერიძე ვასილ

მაცკე რიჩარდ ჰერმან

მენაღარიშვილი ირაკლი

მერკურიევი (გენერალი)

მეტრეველი როინ

მეფარიშვილი გია

მეღვინეთუხუცესი ოთარ

მირიანაშვილი თემურ

მოსიძე შალვა

მუბარაქი ჰოსნი

ნადარაია ნუგზარ

ნადარეიშვილი თამაზ

ნადიბაიძე ვარდენ (ვარდიკო)

ნაზარბაევი ნურსულთან

ნათიშვილი ალექსანდრე

ნასიმი ედუარდ

ნიაზოვი საფარმურატ

ნიკოლაევი (გენერალი)

ნინიძე თედო

ნოლშაკოვი ალექსი

ნუცუბიძე შალვა

ოზგანი კონსტანტინე

ოთუმბაევა როზა

ონიანი ნატო

ორბელიანი სულხან-საბა

ორლანდო ლეოლუკა

პარტეპი ჩარლზ

პასტუხოვი ბორის

პოპოვი გაბრიელ (გავრილ)

პრიმაკოვი ევგენი

ჟვანია ზურაბ

რაზო ბართლომეო

რაზო პაოლა

რაფსანჯანი აქბარ ჰაშემი

რიბუ მიშელ

როდიონოვი იგორ

რონ ბრაუნი

რჩეულიშვილი ვახტანგ

სააკაშვილი მიხეილ

სალარიძე დავით (დათო)

სამსონოვი ვიქტორ

სანებლიძე არმაზ

სარჯველაძე ნუგზარ

საყვარელიძე ავთანდილ

სელეზნიოვი გენადი

სიგუა თენგიზ

სობჩაკი ანატოლი

სოლანა ხავიერ

სოროსი ჯორჯ

სპეთი ჯეიმს გუსტავ

სტამენოვი სტამენ

სტრობანსი დანიელ

ტარშისი დანიელ

ტერ-პეტროსიანი ლევონ

ტიხონოვი გიორგი

ტუღუში ლაშა

უგრეხელიძე მინდია

ფანჯიკიძე გურამ

ფიფია ნათია

ფიფია თემურ

ფიშერი სტენლი,

ფოტიადისი

ფუტკარაძე იაკობ

ქათამაძე ზურაბ

ქალემლი მუსტაფა

ქარიმოვი (კარიმოვი) ისლამ აბდუგანის ძე

ქეთევან წამებული

ქობალია ვახტანგ (ლოთი)

ქორბოი დენის

ყარყარაშვილი გიორგი (გია)

ყიფიანი რევაზ

შანიძე მზექალა

შარეტი ერვე დე

შარვაშიძე გიორგი

შაშიაშვილი თეიმურაზ (თემურ)

შაშკინი ნიკოლოზ

შევარდნაძე ლაშა

შოთა რუსთაველი (რუსთველი)

შოშიტაიშვილი ბადრი

შტეკი პეტერ

შულენბურგი, (გრაფი) ფონ

ჩარლზი რეი

ჩერნომირდინი ვიქტორ სტეფანეს ძე

ჩიბიროვი ლუდვიგ

ჩიკვაიძე ალექსანდრე

ჩილევიჩი

ჩილერი თანსუ

ჩიტაია გიორგი

ჩიცენი ციან

ჩორგოლაშვილი ლამარა

ჩოჩიშვილი გიორგი

ჩხარტიშვილი ვანო

ჩხეიძე პეტრე

ჩხენკელი მერაბ

ჩხიკვიშვილი დავით

ძნელაძე ნოდარ

წერეთელი სავლე

ჭავჭავაძე ილია (მართალი)

ჭითანავა ნოდარ

ჭკუასელი მიხეილ

ხატიძე ბადრი

ხეცურიანი ჯონი

ჯაფარიძე რეზო

ჯინჯოლავა ზაურ

ჯიქია ბონდო

ჯიქიები (ოჯახი)

ჯორბენაძე სერგო

ჯორბენაძე ავთანდილ

ჰაბიბი ჰასან

ჰასანოვი ჰასან

ჰერცოგი რომან

ჰერცოგი ხრისტიანე (ქალბატონი)

130 ადგილის საძიებელი

▲ზევით დაბრუნება


„აბრეშუმის გზა“

აბაშა

ადიგენი

ავღანეთი

აზერბაიჯანი

აია (ქუთაისი)

ალმა-ათა (ალმათი)

ამბროლაური

ამერიკა

ამერიკის შეერთებული შტატები (აშშ)

ამიერკავკასია

ამიერკავკასიის ფედერაცია (ფედერაციული რესპუბლიკა)

ანკარა (ანგორა)

ატლანტა

აფხაზეთი

აღმოსავლეთი ევროპა

აღმოსავლეთი საქართველო

აჭარა

ახალგორი

ახალქალაქი

ახალციხე

ახლო აღმოსავლეთი

ახმეტა

ბათუმი

ბაკურიანი

ბალკანეთი

ბალტიისპირეთი

ბაქო-სუფსის ნავთობსადენი

ბაქო

ბაღდათი

ბელორუსია

ბერლინი

ბოლნისი

ბორჯომი

ბორჯომის ხეობა

ბოსნია

ბრიუსელი

ბუდაპეშტი

ბუდიონოვსკი

ბულგარეთი

ბუქარესტი

გაგრა

გალი

გარდაბანი

გერმანია (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა)

გლდანი

გორი

გროზნო

გუდაუთა

გურია

გურჯაანი

დაგომისი

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი

დასავლეთი საქართველო

დაღესტანი

დედოფლისწყარო

დიდი ბრიტანეთი

დმანისი

დნესტრისპირეთი

დუნაის აუზი (დუნაისპირა ქვეყნები)

დუშეთი

ეგვიპტე

ევრაზია

ევროკავშირი

ევროპა

ენგური

ერაყი

ერევანი

ესპანეთი

ესტონეთი

ვანი

ვანკუვერი

ვარშავა

ვარძია

ვაშინგტონი

ვლადივოსტოკი

ვლადიკავკაზი

ზაარლანდი

ზემო სვანეთი

ზესტაფონი

ზუგდიდი

თბილისი

თეთრიწყარო

თელავი

თერჯოლა

თიანეთი

თურქეთი

თურქმენეთი

იაპონია

იზმიტი

ილიჩოვსკი

იმერეთი

ინგლისი

ინგუშეთი

ირანი

ისანი

ისრაელი

იტალია

იუგოსლავია

იყალთო

კავკასია

კასპიის ზღვის აუზი

კასპიის ზღვა

კასპი

კასპიისპირეთი

კაჭრეთი

კახეთი

კიევი

კისლოვოდსკი (კისლოვოდსკის დეკლარაცია)

კიშინიოვი

კოდორის ხეობა

კოლხეთი

კუს ტბა

ლაგოდეხი

ლანჩხუთი

ლენტეხი

ლესელიძე

ლეჩხუმი

ლიახვი დიდი

ლიახვი პატარა

ლიონი

ლისაბონი

ლიტვა

მარნეული

მარტვილი

მენფი

მესხეთ-ჯავახეთი

მეშხედ-სარახს-თეჯენის (მეშჰედ-სარაქსის) სარკინიგზო მაგისტრალი

მეშხედი (მეშჰედი)

მთაწმინდა

მთიანეთი

მინსკი

მოლდავეთი (მოლდოვა)

მოსკოვი

მცხეთა

მცხეთა-მთიანეთი

ნაძალადევი

ნინოწმინდა

ნიუ-იორკი

ნოვოროსიისკი

ოდესა

ოზურგეთი

ოჩამჩირე

პაკისტანი

პალერმო

პალესტინა

პარიზი

პერვომაისკოე

პოდოლსკი

პოლონეთი

პორტუგალია

ჟენევა

ჟინვალჰესი

რაჭა-ლეჩხუმი

რიონჰესი

რუმინეთი

რუსეთი

რუსთაველის პროსპექტი

რუსთავი

(სანქტ-)პეტერბურგი

საბერძნეთი

საბურთალო

საბჭოთა კავშირი (სსრკ)

საგარეჯო

სამაჩაბლო

სამგორი

სამეგრელო

სამტრედია

სამცხე-ჯავახეთი

სამხრეთ ოსეთი

სამხრეთ-აღმოსავლეთი ევროპა

სარახსი (სარაქსი)

სარფი

საფრანგეთი

საჩხერე

სვანეთი

სვეტიცხოველი

სიონი

სიღნაღი

სლოვაკეთი

სომხეთი

სოჭი

სოხუმი

სპარსეთის ყურე

სპარსეთი

სუფსა

ტაშკენტი

ტაჯიკეთი

ტიმოშოარა

ტირასპოლი

ტიხორეცკაია

ტრაპიზონი (ტრაბზონი)

ტყიბული

უზბეკეთი

უკრაინა

უნგრეთი

ფაზისი

ფოთი

ფსოუ

ქარელი

ქართლი

ქვემო სვანეთი

ქვემო ქართლი

ქობულეთი

ქუთაისი

ყაზახეთი

ყაზბეგი

ყარაბაღი (მთიანი ყარაბაღი)

ყიზლარი

ყირგიზეთი

შავი ზღვა

შავი ზღვის აუზი (შავიზღვისპირეთი)

შიდა ქართლი

შორეული აღმოსავლეთი

შუა აზია

შუა აღმოსავლეთი

შუახევი

ჩეჩნეთი

ჩეხეთი

ჩინეთი

ჩოხატაური

ჩრდილოეთ (ჩრდილო) ოსეთ-ალანიის რესპუბლიკა

ჩრდილოეთ (ჩრდილო) ოსეთი

ჩრდილოეთ კავკასია (ჩრდილოეთკავკასიური)

ჩხოროწყუ

ცაგერი

ცენტრალური აზია

ცენტრალური ევროპა

ცხინვალი

ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია

ძამჰესი

წალენჯიხა

წალკა

წყალტუბო

ჭიათურა

ხაშური

ხევსურეთი

ხელედი

ხობი

ჰელსინკი

131 საგნობრივი საძიებელი

▲ზევით დაბრუნება


ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია

ანარქია

ანთროპოლოგია

აღმავლობა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა

აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები

ბანდიტიზმი

ბერლინის კედელი

ბიუჯეტის დეფიციტი

ბლოკადა

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია

გაზეთი „მოსკოვსკიე ნოვოსტი“

გერმანიის გაერთიანება

დამოუკიდებლობა

დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტი

დასავლეთის ქვეყნები

დემოკრატიული, დემოკრატია

დემოკრატიული არჩევნები

დემოკრატიული გარდაქმნა

დესტაბილიზაცია

დესტრუქციული ძალები

დიპლომატიური მისიები

„ენერგეტიკა“

ევროპელები

ევროთათბირი

ეთნოკონფლიქტები

ეთნოგენოციდი

ეკონომიკა

ეკონომიკური კრიზისი

ეროვნული ცნობიერება

ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკა

თავისუფალი მეწარმეობა

თავისუფლება

თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა

თავდაცვის სამინისტრო

თანამეგობრობა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

თბილისის სახელმწიფო მუზეუმი

იუნესკო

იუსტიციის სამინისტრო

კომპრომისების პოლიტიკა

კონსტიტუცია

კონცეფცია

კულტურის ხსნის კომიტეტი

კომუნისტური რეჟიმი

კონფლიქტი

კორუფცია

„მრგვალი მაგიდის“ პოლიტიკური ბლოკი

„მრეწველობა“

მიტინგი

მკვიდრი მოსახლეობის გენოციდი

მონოგრაფია

მსოფლიო ბანკი

მსოფლიო ომი

მსოფლიო ცივილიზაცია

მსოფლმხედველობა

ნატო

ოპოზიცია

პროვოკაცია

პატრიოტიზმი

პოლიტიკური სტაბილურობა

პოლიტპატიმარი

პოლიტიკური ძალა

პრეზიდენტის მმართველობა

პრეზიდენტის პრესის სამსახური

პრეზიდენტის პრესსამსახური

რეაქციული ძალები

რეგიონალური კონფლიქტები

რეზოლუცია

რეფერენდუმი

რუსეთის იმპერია

„საქგაზი“

საბჭოთა კავშირი

საბჭოთა კავშირის რესპუბლიკები

საგარეო-პოლიტიკური კურსი

სამხედრო კომისარიატები

საერთაშორისო პაქტები

საერთაშორისო თანამეგობრობა

საერთაშორისო სავალუტო ფონდი

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის აპარატი

სამშვიდობო მისია

საქართველოს მოქალაქეთა კავშირი

საქენერგო

საქართველოს ეროვნული ბანკი

სასაზღვრო ჯარები

საქართველოს მეცნიერებათა აკადემია

საქართველოს მთავრობა

საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

საქართველოს სახელმწიფოებრიობა

საქინფორმი

საკანონმდებლო ინიციატივის წესი

სავალდებულო სამხედრო სამსახური

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი

საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

სახალხო-სამეურნეო კომპლექსი

სახელმწიფო საბჭო

სოციალური კრიზისი

სოციალური ჰარმონია

სუვერენული საქართველო

სუვერენული, დემოკრატიული სახელმწიფოები

„სვობოდნაია გრუზია“

ტერიტორიული მთლიანობა

ტოტალიტარიზმი

ტოტალიტარული რეჟიმი

უკანონო შეიარაღებული ფორმირება

ქაოსი

ქართველი ერი

ქართული ჯარი

შავი ზღვის ეკოლოგია

შეიარაღებული კონფლიქტი

შინაგანი ჯარები - ეროვნული გვარდია

ჩრდილოვანი ეკონომიკა

9 აპრილის ტრაგედია

ცივი ომი

ჰუმანიზმის პრინციპები

ჰუმანური

132 ბიბლიოგრაფიული საძიებელი

▲ზევით დაბრუნება


1. „მშვიდობა თქვენს ჭერს, თქვენს ოჯახებს, თქვენს აკვნებს, ყველა სოფელს, ყველა დაბასა და ქალაქს, კეთილო ადამიანებო“ : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის მილოცვა საქართველოს მოსახლეობისადმი // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 4 იანვარი. - №1(2114). - 1,2 გვ.

2. „დღეს საქართველო მსოფლიოში აღიარებული ქვეყანაა, რომელიც ასე გაბედულად დაადგა ჭეშმარიტი დემოკრატიისა და ღრმა ეკონომიკური გარდაქმნების გზას“ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა]ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 9 იანვარი. - №4(2117). - 1,2 გვ.

3. თენგიზი: დიდი პოლიტიკა დიდი ნავთობის გარშემო : ჩვენს განზრახვათა სერიოზულობის შემოწმება // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 9 იანვარი. - №4(2117). - 2 გვ.

4. „მომავლის საქართველო თქვენმა ოცნებებმა და თქვენმა ხელებმა უნდა შექმნან“ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 9 იანვარი. - №4(2117). - 1 გვ.

5. საქართველოს პრეზიდენტის კომენტარი: // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 10 იანვარი. - №5 (2118). - 1 გვ.

6. „ჩვენი ქორწინება უთანასწორო იყო...“ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] მირიანაშვილი თემური // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 13 იანვარი. - №7 (2120). - 1 გვ.

7. „გადაუჭარბებლად ვიტყვი, თუ კავკასიის ხანძრების ჩაქრობა გაჭიანურდა, საქმე გვექნება უფრო გლობალური მნიშვნელობის ნეგატიურ მოვლენებთან...“ / რადიოინტერვიუ ; [ჩაიწერა]ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 16 იანვარი. - №8 (2121). - 1,2 გვ.

8. „ვიმედოვნებ, პარლამენტის წევრები ჯეროვან ყურადღებას მიაპყრობენ იმ მეტად პასუხსაგებ ამოცანებს, რაც ქვეყნის ხელისუფლების წინაშე დგას...“ : საქართველოს პრეზიდენტის მიმართვა საქართველოს პარლამენტს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 17 იანვარი. - №9(2122). - 1 გვ.

9. „რომ არ ყოფილიყო აფხაზეთის ტრაგედია, არ იქნებოდა სხვა დანარჩენიც“ : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის განცხადება // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 18 იანვარი. - №10 (2123). - 1 გვ.

10. საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის განცხადება // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 20 იანვარი. - №11 (2124). - 2 გვ.

11. „გაერომ, ევროკავშირმა, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობამ, რუსეთის პრეზიდენტმა და, რა თქმა უნდა, საქართველომ მშვიდობის გზა ავირჩიეთ და არა მგონია, ვინმემ ეს გზა უარყოს და ომის ვარიანტს დაუჭიროს მხარი“ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა]ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 23 იანვარი. - №12(2125). - 1,2 გვ.

12. საქართველო არასდროს არ შეურიგდება თავისი ტერიტორიის ძალადურ გახლეჩას! // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 24 იანვარი. - №13(2126). - 1 გვ.

13. „საქართველო-გერმანია: ჭეშმარიტად სამაგალითო ურთიერთობა“ : ედუარდ შევარდნაძის სიტყვა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 26 იანვარი. - №15(2128). - 1,2 გვ.

14. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 27 იანვარი. - №16(2129). - 1 გვ.

15. „დღევანდელი მსოფლიო დიდი ხნით აღარ შეეგუება ცხელი წერტილების არსებობას, მათ შორის, კავკასიაში“ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 30 იანვარი. - №17(2130). - 1,2 გვ.

16. საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 30 იანვარი. - №17(2130). - 1,2,3 გვ.

17. მოლაპარაკების დაჩქარებით, შერიგებით აფხაზეთშიც და მთელ საქართველოშიც ნორმალური ცხოვრება დაისადგურებს / შევარდნაძეე. ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 6 თებერვალი. - №21(2134). - 1,3 გვ.

18. „იქ სადაც თქვენ ხართ, მუდამ ჭეშმარიტი დღესასწაულია“ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 7 თებერვალი. - №22(2135). - 1 გვ.

19. კრიზისის დაძლევის, მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის, დიდი რეფორმებისა და საბაზრო ეკონომიკის ფორმირების სახელმწიფო ბიუჯეტი // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 10 თებერვალი. - №25 (2138). - 1,2,3,4 გვ.

20. „1996 წლის ბიუჯეტის შედგენისა და დამტკიცების პროცესმა თვალნათლივ დაგვარწმუნა, რომ საქართველო სრული მასშტაბით შეუდგა კონსტიტუციური აღმშენებლობის პროცესს“ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ბაჯელიძე ციური // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 13 თებერვალი. - №26 (2139). - 1,2 გვ.

21. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის ახალი ფურცელი : ეროვნული უშიშროების საბჭოს პირველი სხდომა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 13 თებერვალი. - №26 (2139). - 1 გვ. 22. მილოცვა : ქალბატონ მზექალა შანიძეს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 14 თებერვალი. - №27 (2140). - 1 გვ.

23. სეპარატიზმის სარკე / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ვალინინა იულია // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 14 თებერვალი. - №27 (2140). - 1,2 გვ. 24. „შერიგება, სამართლიანობის ზეიმი ჩვენს საერთო ინტერესებს შეესაბამება“ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა]ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 20 თებერვალი. - №30(2143). - 1,2 გვ.

25. მნიშვნელოვანი ნაბიჯი ეროვნული, სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბებისათვის // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 23 თებერვალი. - №33 (2146). - 1 გვ.

26. „კანონი მიწის საკუთრების შესახებ არა მარტო ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური განაცხადია მეურნეობრიობის ტოტალიტარული სისტემის საბოლოო უარყოფის გზაზე“ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა]ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 28 თებერვალი. - №35 (2148). - 1,2 გვ.

27. მიწის შესახებ კანონის მიღება ეროვნული ეკონომიკის აღორძინების მძლავრი ბერკეტია : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა 1996 წლის 25 თებერვლის თათბირზე // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 2 მარტი. - №37(2150). - 1,2,3 გვ.

28. „შეუძლებელია რეალური ეკონომიკური პროგრესი ჭეშმარიტ ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგებოდეს“ : რადიოინტერვიუ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა]ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 5 მარტი. - №38(2151). - 1,2 გვ.

29. საგარეო-პოლიტიკური საქმიანობის სამი ყველაზე მთავარი საზრუნავია სამშობლოს უშიშროება, სამშობლოს კეთილდღეობა და სამშობლოს სახელი : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის გამოსვლა საგარეო საქმეთა სამინისტროს მუშაკებთან და დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე 1996 წლის 28 თებერვალს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 5 მარტი. - №38(2151). - 1,2,3 გვ.

30. „დღეს ჩვენი რეგიონი მსოფლიოს სახელმწიფოთა მხედველობის არეშია და მშვიდობიანი კავკასია ყველა მათგანის ეროვნულ თუ გლობალურ ინტერესებს შეესაბამება“ / რადიოინტერვიუ ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 12 მარტი. - №44 (2157). - 1,2 გვ.

31. „ვერავითარი ძალა ვერ შეაჩერებს ჩვენი ხალხის სწრაფვას ააშენოს თავისუფალი, ძლიერი, დემოკრატიული სახელმწიფო“ : შევარდნაძე ედუარდ ; [ჩაიწერა]ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 19 მარტი. - №50 (2163). - 1 გვ.

32. საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა კრემლში ოფიციალური ვიზიტის აღსანიშნავ საზეიმო დარბაზობაზე // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 21-22 მარტი. - №52-53 (2165-2166). - 1,2 გვ.

33. „საქართველო არის და დარჩება თავისუფალ, დამოუკიდებელ და დემოკრატიულ სახელმწიფოდ“ : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 25 მარტის რადიოინტერვიუ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 26 მარტი - №55 (2168). - 1,2 გვ.

34. საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა : საქართველოს პრეზიდენტის სახელით რუმინეთის სახელმწიფოს ხელმძღვანელის პატივსაცემად 26 მარტს გაიმართა ოფიციალური სადილი, რომლის დროს ედუარდ შევარდნაძემ და იონ ილიესკუმ სადღეგრძელოები წარმოთქვეს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 28 მარტი. - №57 (2170). - 1 გვ.

35. მილოცვა : ქართული ენციკლოპედიის მთავარ რედაქტორს ბატონ ავთანდილ საყვარელიძეს, ქართული ენციკლოპედიის თანამშრომლებსა და ავტორებს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 30 მარტი. - №59-60 (2173). - 1 გვ.

36. „საქართველო უახლოეს ხანში გახდება ეკონომიკურად განვითარებული, სულიერად აღორძინებული, ტერიტორიულად გამთლიანებული“ / შევარდნაძე ედუარდ ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 2 აპრილი. - №61 (2174). - 1,2 გვ.

37. ქართველი ხალხი არაფერში არ გაცვლის თავისუფლებას! : საქართველოს დამოუკიდებლობის სახალხო რეფერენდუმის ხუთი წლისთავთან დაკავშირებული დარბაზობა საქართველოს პარლამენტში // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 3 აპრილი. - №62 (2175). - 1 გვ.

38. თურქეთისა და საქართველოს პრეზიდენტებს სჯერათ ორი ქვეყნის კეთილმეზობლური თანამშრომლობა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 4 აპრილი. - №63 (2176). - 1 გვ.

39. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 4 აპრილი. - №63 (2176). - 1 გვ.

40. პრეზიდენტის სამძიმარი // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 6 აპრილი. - №65-66 (2179). - 1 გვ.

41. მის აღმატებულებას, უილიამ ჯ. კლინტონს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 6 აპრილი. - №65-66 (2179). - 1 გვ.

42. „დადგა დრო, როცა კავკასიის რეგიონის სახელმწიფოებმა თვითონ უნდა იზრუნონ თავიანთი არსებობის არეალზე“ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 6 აპრილი. - №65-66 (2179). - 1 გვ.

43. „ლაპარაკი უნდა იყოს არა ქართულ-აფხაზურ, არამედ პოლიტიკურ კონფლიქტზე აფხაზეთში“ / შევარდნაძე ე ; [ჩაიწერა]ნატო ონიანი // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 9 აპრილი. - №67 (2180). - 1,2 გვ.

44. „დღევანდელი საქართველო არის მემკვიდრე იმ იდეებისა და ხორცშესხმა იმ იდეალებისა, რისთვისაც დაიღუპნენ 9 აპრილის გმირები“ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 11 აპრილი. - №68(2181). - 1 გვ.

45. „შერიგების გარდა სხვა გზა არა აქვთ არც ქართველებს და არც აფხაზებს“ / შევარდნაძე. ; [ჩაიწერა] ნატო ონიანი // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 17 აპრილი. - №71 (2184). - 1,2 გვ.

46. „შენი სახით საქართველომ კიდევ ერთი მეგობარი შეიძინა“ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 17 აპრილი. - №71 (2184). - 1 გვ.

47. ამიერკავკასიის რესპუბლიკებმა გუშინ ხელი მოაწერეს შეთანხმებას ევროკავშირთან პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ : ბატონ ედუარდ შევარდნაძის სიტყვა წარმოთქმული შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიაზე // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 23 აპრილი. - №76 (2189). - 1 გვ.

48. დაიხსომეთ ეს დღე - 22 აპრილი / შევარდნაძე ედუარდ ; [ჩაიწერა] ალუდაური მაია // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 25 აპრილი. - №78 (2191). - 1,3 გვ.

49. „როგორც რუსეთის, ისე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიები, მათი ლიდერები ორივე ქვეყანაში დემოკრატიული გარდაქმნების, ეკონომიკური რეფორმების, ჩვენი ხალხების სულიერი აღორძინების დაწყებული პროცესების შეუქცევადობის პოზიციაზე დგანან“ / შევარდნაძე ედუარდ ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 30 აპრილი. - №82 (2195). - 1,2 გვ.

50. „9 მაისი შეგვახსენებს წარსულის გაკვეთილებს, მოგვიწოდებს მშვიდობისათვის, ხალხთა შორის თანხმობისა და მეგობრობისათვის“ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა]ნატო ონიანი // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 7 მაისი. - №87 (2190). - 1,2 გვ.

51. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის ხელმძღვანელობას // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 7 მაისი. - №87 (2190). - 3 გვ.

52. გაზეთ „ვრასტანის“ ჟურნალისტებს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 8 მაისი. - №88 (2191). - 1 გვ.

53. „დღეს ყველა თავს მდაბლად ვხრით დიდი ხელოვნის მიხეილ თუმანიშვილის ცხედრის წინაშე“ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 16 მაისი. - №93 (2206). - 1 გვ.

54. პრეზიდენტ დემირელზე თავდასხმის გამო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 21 მაისი. - №96 (2209). - 1 გვ.

55. „ჩვენ გაბედულად მივდივართ წინ ძლიერი, ერთიანი და აყვავებული ქვეყნის მშენებლობის გზით“ / შევარდნაძე ედუარდ ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 21 მაისი. - №96 (2209). - 1,2 გვ.

56. „მჯერა, რომ მშვიდობის ნაკადები შეერთდებიან და კავკასია აყვავებულ რეგიონად, ხალხთა მშვიდობიან ოაზისად იქცევა“ / შევარდნაძე ედუარდ ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 28 მაისი. - №102 (2215). - 1,2 გვ.

57. „ჩვენი ხალხი და ჩვენი სახელმწიფო ამაყად მიაბიჯებს ცივილიზებული გზით, დემოკრატიის დამკვიდრებისა და თავისუფლების გარანტიების შექმნის გზით“ : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა თბილისის მერიაში გამართულ დარბაზობაზე 1996 წლის 26 მაისს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 29 მაისი. - №103 (2216). - 1 გვ.

58. თბილისის მეტროპოლიტენის კოლექტივს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 31 მაისი. - №105(2218). - 1 გვ.

59. „პურის ფასების ლიბერალიზაციის განხორციელება საბოლოოდ დაადასტურებს, რომ მზად ვართ სახელმწიფო ეკონომიკიდან საბაზრო მეურნეობაზე გადასასვლელად“ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა]ნატო ონიანი // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 11 ივნისი. - №112(2226). - 1,2 გვ.

60. ბატონ ედუარდ შევარდნაძის სიტყვა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 13 ივნისი. - №114(2228). - 2 გვ.

61. მოსწავლე-ახალგაზრდობის რესპუბლიკური სასახლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 15 ივნისი. - №116(2230). - 1 გვ.

62. გორის საგუნდო მუსიკის ფესტივალის ორგანიზატორებს, მონაწილეებსა და მსმენელებს, სტუმრებსა და მასპინძლებს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 15 ივნისი. - №116(2230). - 1 გვ. 424

63. „რუსეთის მოქალაქეები ირჩევენ არა მარტო პრეზიდენტს, არამედ საზოგადოებრივ, სახელმწიფოებრივ წყობას“ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 18 ივნისი. - №117(2231). - 1,2 გვ. 431

64. „ყოფილ საბჭოთა სივრცეში დაიწყო ცხელი წერტილების ჩაქრობის დიდი ხნის ნანატრი ტენდენცია“ / ე.შევარდნაძე ; [ჩაიწერა] ნატო ონიანმა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 25 ივნისი. - №122(2236). - 1,2 გვ. 438

65. იუბილე : მადლობა მეცნიერული ღვაწლისათვის // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 26 ივნისი. - №123 (2237). - 1 გვ. 439

66. „დეკლარაციის ფონზე ახალფეხადგმულ დეოკრატიათა განვითარების, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის, ეკონომიკური აღორძინების, კონფლიქტების მათ შორის აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების უფრო მეტი გარანტიები იქნება“ / შევარდნაძე ედუარდ ; [ჩაიწერა] ნატო ონიანი // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 2 ივლისი. - №230(2244). - 1,2 გვ. 447

67. „როგორც მაგალითი მომავალი მეცნიერული თავდადებისა და ერისთვის უანგარო და სანაქებო სამსახურისა“ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 2 ივლისი. - №230(2244). - 1 გვ.

68. საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე რუსეთის არჩევნების შესახებ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 6 ივლისი. - №133-134(2248). - 1 გვ.

69. „თუ უშიშროების საბჭო ამჯერად მიიღებს სერიოზულ, პრინციპულ რეზოლუციას აფხაზეთში კონფლიქტის თაობაზე, იგი ამით უდავოდ შეუწყობს ხელს კონფლიქტის მოგვარების პროცესის დაჩქარებას“ / შევარდნაძე ედუარდ ; [ჩაიწერა] ნატო ონიანი // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 9 ივლისი. - №135(2249). - 1,2 გვ.

70. „დიდი მადლობა იმ ღვთისნიერებისათვის, რასაც იტალიელი ხალხი იჩენს ჩვენი ბავშვების მიმართ“ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 11 ივლისი. - №137(2251). - 1 გვ.

71. „მსოფლიო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მისი საზღვრების შეუვალობას, აფხაზეთის სტატუსის საკითხის მხოლოდ და მხოლოდ ერთიანი საქართველოს ფარგლებში გადაწყვეტას“ / ედუარდ შევარდნაძე ; [ჩაიწერა] ნატო ონიანი // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 16 ივლისი. - №140(2254). - 1,2 გვ.

72. „მწამს, რომ განუყრელია ჩვენი მეგობრობა“ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 18 ივლისი. - №142-143(2257). - 1 გვ.

73. „სტატუსი, რომელიც განისაზღვრება აფხაზეთისათვის, იქნებ, მოდელი გახდეს სხვა რეგიონებისთვისაც“ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 23 ივლისი. - №146(2260). - 1,2 გვ.

74. გაუცხოება უნდა დავძლიოთ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 23 ივლისი. - №146(2260). - 1 გვ.

75. საკონსტიტუციო სასამართლო - ქვეყნის კონსტიტუციის უზენაესობის გარანტი // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 25 ივლისი. - №149-150(2263). - 1,2 გვ.

76. ქვეყნის ფუნქციის განსაზღვრისას უწინარესად უნდა აღმოიფხვრას ის, რაც ჩირქს სცხებს და ზიანს აყენებს ქვეყანას // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 25 ივლისი. - №149-150(2263). - 3,4 გვ.

77. „ვამაყობთ, რომ ასეთი შესანიშნავი სტუდენტობა გვყავს“... // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 27 ივლისი. - №152(2266). - 1 გვ.

78. „კაცობრიობა, რომელმაც ცივი ომი უსისხლოდ და უმსხვერპლოდ დაამარცხა, თითქმის შეუძლებელი შეძლო, არ შეიძლება უძლური აღმოჩნდეს ტერორიზმისა და აგრესიული სეპარატიზმის წინაშე“ / ე.შევარდნაძე ; [ჩაიწერა]ნატო ონიანმა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 30 ივლისი. - №153(2267). - 1,2 გვ.

79. დადგა დრო გადამწყვეტი მოქმედებისა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 30 ივლისი. - №153(2267). - 1 გვ.

80. „საქართველო მსოფლიო ცივილიზაციისა და დემოკრატიის სივრცეში მაშინ დაიკავებს ღირსეულ ადგილს, როცა კონფლიქტებს დავძლევთ და შიდასახელმწიფოებრივ ჰარმონიულ ცხოვრებას მივაღწევთ“ / შევარდნაძე ედუარდ ; [ჩაიწერა]ონიანი ნატო // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 13 აგვისტო. - №163(2277). - 1,2 გვ.

81. საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის განცხადება : გროზნოში შექმნილი მდგომარეობის შესახებ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 13 აგვისტო. - №163(2277). - 1 გვ.

82. 1997 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით მოსახლეობის სოციალურ დაცვაზე 300 მილიონი ლარი დაიხარჯება, რაც 47 პროცენტით სჭარბობს წლევანდელ ანალოგიურ მაჩვენებელს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 20 აგვისტო. - №168(2282). - 1,2 გვ.

83. „საქართველო გაიმარჯვებს, რადგან ჩვენ მართლები ვართ“ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 27 აგვისტო. - №173(2287). - 1,2 გვ.

84. საუკუნიდან საუკუნეში გადასაცემი ქმნილება // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 27 აგვისტო. - №173(2287). - 2 გვ.

85. „დამოუკიდებელი საქართველოს სკოლა სწავლა-აღზრდის მრავალსაუკუნოვან ქართულ ტრადიციებს დაეყრდნობა და მსოფლიო ცივილიზაციის მონაპოვრებს შეისისხლხორცებს და შეითვისებს“ / შევარდნაძე ე. ; [ჩაიწერა] ნატო ონიანმა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 3 სექტემბერი. - №177(2291). - 1,2 გვ.

86. „დღეს ყველა ჭეშმარიტი პატრიოტი და ყველა პატრიოტული პოლიტიკური ძალა უნდა გაერთიანდეს ქვეყნის სტაბილურობის არა მარტო შენარჩუნების, არამედ შემდგომი განმტკიცებისთვისაც“ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 10 სექტემბერი. - №182(2296). - 1,2 გვ.

87. მისალმება : საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციას. ჟურნალისტთა ორგანიზაციებს. ყველა ჟურნალისტს! // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 10 სექტემბერი. - №182(2296). - 1 გვ.

88. „როგორც ცხინვალის, განსაკუთრებით კი აფხაზთა ლიდერები, სრულიად უგულებელყოფენ მხარეთა შორის მთავარ შუამავალს - რუსეთის ხელისუფლებას“ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 17 სექტემბერი. - №187(2300). - 1,2 გვ.

89. „სოხუმის დაცემის დღე - 27 სექტემბერი უნდა იქცეს სიკეთის, დაღუპულთა ხსოვნის, ძმობის, მეგობრობის, თანადგომისა და იმედის დღედ, რადგან აფხაზეთის ტრაგედია აღელვებს და სტკივა სრულიად საქართველოს“ / ედუარდ შევარდნაძე ; [ჩაიწერა] ნატო ონიანი // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 24 სექტემბერი. - №192 (2305). - 1,2 გვ.

90. მილოცვა : ბატონ ასლან აბაშიძეს / ედუარდ შევარდნაძე ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 24 სექტემბერი. - №192 (2305). -2 გვ.

91. მისალმება : შავიზღვისპირეთის ძველი ისტორიის და არქეოლოგიის მერვე საერთაშორისო სიმპოზიუმის მონაწილეებს / ედუარდ შევარდნაძე ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 24 სექტემბერი. - №192 (2305). -2 გვ.

92. საქართველოს პრეზიდენტის განცხადება // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 26 სექტემბერი. - №194(2307). - 1 გვ.

93. „მსოფლიო მოიცლის იმისათვის, რომ ბოლო მოეღოს ცხელ წერტილებს ჩვენი პლანეტის სხვადასხვა რეგიონში, მოიცლის იმისათვის, რომ აღიკვეთოს აგრესიული სეპარატიზმი...“ / შევარდნაძე ედუარდ ; [ჩაიწერა] ნატო ონიანმა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 1 ოქტომბერი. - №197(2310). - 1,2 გვ.

94. მადლობის წერილი / შევარდნაძე ედუარდ ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 4 ოქტომბერი. - №200(2313). - 1 გვ.

95. აჭარის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს ბატონ ასლან აბაშიძეს, აჭარის უზენაესი საბჭოს წევრებს / შევარდნაძე ედუარდ ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 4 ოქტომბერი. - №200(2313). - 1 გვ.

96. უკრაინის პირველი პრეზიდენტის მიხეილ სერგის ძე გრუშევსკის დაბადების ასოცდაათი წლისთავისადმი მიძღვნილი შეკრების მონაწილეებს / შევარდნაძე ედუარდ ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 5 ოქტომბერი. - №201(2314). - 2 გვ.

97. „საქართველო-რუსეთის ურთიერთობა სახელმწიფოთა შორისკავშირია, სახელმწიფოთა შორის ურთიერთობაა და არა თანამშრომლობა ცენტრსა და პროვინციას შორის“ / ედუარდ შევარდნაძე ; [ჩაიწერა] ნატო ონიანი // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 8 ოქტომბერი. - №202(2314). - 1,2 გვ.

98. „საკუთარი ისტორიის, საკუთარი ხელოვნების ცოდნა მაგისტრალური გზაა მსოფლიო ცივილიზაციის შესაცნობად“ / ედუარდ შევარდნაძე ; [ჩაიწერა] ნატო ონიანმა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 15 ოქტომბერი. - №207(2319). - 1,2 გვ.

99. მეცნიერების განვითარებაზე ზრუნვა ეროვნული სახელმწიფოს პრიორიტეტი იქნება // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 17 ოქტომბერი. - №209(2321). - 1,3 გვ.

100. ამ ღვაწლს ქართველი ერი არასოდეს დაივიწყებს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 19 ოქტომბერი. - №211(2322). - 1 გვ.

101. „სტაბილური, დემოკრატიული და განუყოფელი რუსეთი არა მარტო საქართველოს, არამედ მთელი მსოფლიოს ინტერესებს შეესაბამება“ / ედუარდ შევარდნაძე ; [ჩაიწერა] ნატო ონიანმა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 22 ოქტომბერი. - №212(2323). - 1,2 გვ.

102. სეპარატისტთა ლიდერების მიერ დაგეგმილი ფარსი ყოველგვარ საზღვარს სცილდება // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 25 ოქტომბერი. - №215(2326). - 1 გვ.

103. „კვლავაც აღმავლობის გზით ევლოს ჩვენს სათაყვანებელ სამშობლოს, რომლის ტერიტორიულ მთლიანობაზე ზრუნვა არ გვავიწყდება არც ზეიმის და არც მწუხარების დღეებში“ / ედუარდ შევარდნაძე ; [ჩაიწერა] ნატო ონიანმა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 29 ოქტომბერი. - №217(2328). - 1,2 გვ.

104. ინტელექტუალური საკუთრების დაცვა - თანამედროვე მსოფლიოს წინსვლის ერთ-ერთი ქმედითი საშუალებაა : ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული სემინარი // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 31 ოქტომბერი. - №219(2330). - 1 გვ.

105. „ტოლერანტობამ, მოყვასის სიყვარულმა უნდა გააერთიანოს და გაათანაბროს ამ ქვეყნად ადამიანები“ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 31 ოქტომბერი. - №219(2330). - 2 გვ.

106. „ქართველებმა ძალიან კარგად ვიცით ეროვნულ ღირებულებათა განსაკუთრებული ფასი, ამ ფენომენის განსაკუთრებული მნიშვნელობა, და ის, რაც სხვა ერის კუთვნილებაა და ძალით არის წართმეული, მასვე უნდა დაუბრუნდეს“ / ედუარდ შევარდნაძე ; [ჩაიწერა] ნატო ონიანმა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 5 ნოემბერი. - №222(2333). - 1,2 გვ.

107. მის აღმატებულებას, უილიამ ჯეფერსონ კლინტონს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 8 ნოემბერი. - №225(2336). - 1 გვ.

108. მის აღმატებულებას ალბერტ გორს, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 8 ნოემბერი. - №225(2336). - 1 გვ.

109. დუშეთის სახალხო თეატრის კოლექტივს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 12 ნოემბერი. - №227(2338). - 1 გვ.

110. პრეზიდენტის სამძიმარი // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 12 ნოემბერი. - №227(2338). - 1 გვ.

111. „მოხმარებული ელექტროენერგიის სრულად გადახდაზე იქნება დამოკიდებული ენერგეტიკული კრიზისიდან გამოსვლის დაწყება უკვე 1997 წლის ზამთრის სეზონიდან“ / ე. შევარდნაძე ; [ჩაიწერა]ნატო ონიანმა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 12 ნოემბერი. - №227(2338). - 1,2 გვ.

112. ივანე ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს, მეცნიერ მუშაკებს, თანამშრომლებს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 13 ნოემბერი. - №228(2339). - 1 გვ.

113. „ევროკავშირმა გაცილებით მეტი როლი უნდა შეასრულოს ევროპის უშიშროების უზრუნველსაყოფად, რისი საფუძველიც კონტინენტის ყველა ქვეყნის ეკონომიკური და კულტურული აღმავლობა იქნება“ / შევარდნაძე ედუარდ ; [ჩაიწერა] ნატო ონიანმა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 19 ნოემბერი. - №232(2343). - 1,2 გვ.

114. „ყველამ ერთად ვიფიქროთ, როგორ გააცილოს საქართველომ მეოცე საუკუნე და როგორ შეაღოს ოცდამეერთე საუკუნის კარი“ / ე.შევარდნაძე ; [ჩაიწერა]ნატო ონიანმა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 26 ნოემბერი. - №237(2348). - 1,2 გვ.

115. საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრს შოთა კვირაიას // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 30 ნოემბერი. - №241(2352). - 1 გვ.

116. „ხომ არ მოვიდა დრო, ვიფიქროთ ახალ ჰელსინკზე, რომლის საბოლოო აქტიც ოცდამეერთე საუკუნის ევროპის ძირითადი კანონი, ევროპის კონსტიტუცია გახდებოდა?“ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 4 დეკემბერი. - №243(2354). - 1 გვ.

117. ბატონ რევაზ ჯაფარიძეს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 7 დეკემბერი. - №246(2360). - 1 გვ. 724

118. ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის კოლექტივს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 7 დეკემბერი. - №246(2360). - 1 გვ.

119. „მე სავსებით გულწრფელი და პრინციპული ვიყავი, როცა ვთქვი, რომ ვერ ვიცხოვრებ ისეთ ქვეყანაში, სადაც პოლიტპატიმრები იქნებიან“ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 10 დეკემბერი. - №247(2358). - 1,2 გვ.

120. საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვა ჩვენი ერის ჰუმანურ ტრადიციებს ემყარება და გარანტირებულია საქართველოს ახალი კონსტიტუციით // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 10 დეკემბერი. - №247(2358). - 1,2 გვ.

121. ხელს შეუწყობს ადამიანის უფლებათა დაცვას : საქართველოს პრეზიდენტის განცხადება სოხუმის გაეროსა და ეუთოს ადამიანის უფლებათა დაცვის ერთობლივი ოფისის გახსნასთან დაკავშირებით // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 11 დეკემბერი. - №248(2359). - 1 გვ.

122. საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 12 დეკემბერი. - №249(2360). - 2 გვ.

123. „რეგიონალიზმი სხვებისაგან გამოცალკევებას კი არ გულისხმობს, არამედ დანარჩენ სამყაროსთან თანამშრომლობის ხელშეწყობისა და გლობალური ინტეგრაციის გზას წარმოადგენს“ / შევარდნაძე ედუარდ ; [ჩაიწერა] ნატო ონიანმა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 17 დეკემბერი. - №252(2363). - 1,2 გვ.

124. მის აღმატებულებას კოფი ანანს, გაეროს გენერალურ მდივანს // საქართველოს

რესპუბლიკა. - 1996. - 18 დეკემბერი. - №253(2364). - 1 გვ.

125. ენერგეტიკის აღორძინება უდიდესი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საქმეა, რომლის გადაწყვეტაში საქართველოს თითოეული მოქალაქე უნდა მონაწილეობდეს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 19 დეკემბერი. - №254(2365). - 1,2 გვ.

126. საახალწლო მილოცვა სამედიცინო დარგის მუშაკებს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 28 დეკემბერი. - №261(2372). - 1 გვ.

127. „1996 წელი ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან თავის დაღწევის და აღმავლობის საწყის, სასტარტო წლად შეიძლება იქნეს მიჩნეული“ / ე. შევარდნაძე ; [ჩაიწერა] ნატო ონიანმა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1996. - 31 დეკემბერი. - №262(2373). - 1,2 გვ.