The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ედუარდ შევარდნაძე (ტომი XXI, ნაწ. 1)

ედუარდ შევარდნაძე (ტომი XXI, ნაწ. 1)


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი საქართველოს სახელმწიფო მეთაურები|შევარდნაძე ედუარდ
თარიღი: 2022
აღწერა: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, პარლამენტის სამეცნიერო-საინფორმაციო უზრუნველყოფის განყოფილება საქართველოს სახელმწიფოს ხელმძღვანელები: საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი (1995 წლის ნოემბერი - 2003 წლის ნოემბერი), მიმართვები, ინტერვიუები (2000 წლის იანვარი-ივნისი) თბილისი 2022 ISSN 1987-5576 ISBN 978-9941-9777-5-6 სერიის „საქართველოს სახელმწიფოს ხელმძღვანელები“; იდეის ავტორები: ემზარ ჯგერენაია, დორის ფოგლი რედაქტორ-შემდგენლები: ნატო გაბელაია, ემზარ ჯგერენაია შემდგენლები: ნათია ხოტენაშვილი, თინათინ სულუხია დაკაბადონება: შალვა პაპალაშვილი UDC (უაკ) 342.518 (479.22) + 929 (479.22) გ-124 © საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა



1 გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ რედაქციას

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

მილოცვა

ძვირფასო მეგობრებო.

გილოცავთ 2000 წლის დადგომას.

მადლობელი ვარ, რომ ერთად ვაშენებთ ახალ საქართველოს.

ღმერთი იყოს თქვენი და თქვენი ოჯახების მფარველი, სიყვარული, სიმშვიდე და ბედნიერება - თქვენი მუდმივი თანამდევი.

ე. შევარდნაძე.

გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ რედაქციას : მილოცვა // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2000. - 1 იანვარი. - №1(3397). - 1 გვ.

2 ედუარდ შევარდნაძე: „ბორის ელცინის მიერ მიღებული გაბედული გადაწყვეტილება კანონზომიერია და სათანადოდაც იქნება შეფასებული“

▲ზევით დაბრუნება


1999 წლის 31 დეკემბერს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ბორის ელცინის გადაწყვეტილებას პოსტიდან გადადგომის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ შემდეგი კომენტარი გაუკეთა: „ბორის ელცინი ისტორიული პიროვნებაა. მან უნიკალური წვლილი შეიტანა რუსეთის დემოკრატიულ გარდაქმნასა და განვითარებაში. მის მიერ მიღებული გაბედული გადაწყვეტილება კანონზომიერია და სათანადოდაც იქნება შეფასებული.

საქართველო მზად არის აქტიურად ითანამშრომლოს რუსეთის ხელისუფლებასთან, რომელსაც ვლადიმერ პუტინი ჩაუდგა სათავეში, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის გაღრმავებისა და განვითარებისათვის, განსაკუთრებით, კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის დასამკვიდრებლად“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტის
პრესსამსახური-საქინფორმი.

ედუარდ შევარდნაძე: „ბორის ელცინის მიერ მიღებული გაბედული გადაწყვეტილება კანონზომიერია და სათანადოდაც იქნება შეფასებული“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2000. - 1 იანვარი. - №1(3397). - 1 გვ.

3 ედუარდ შევარდნაძე: ბედნიერი იყოს ეს წელი საქართველოს ყველა მოქალაქისა და ოჯახისათვის, სრულიად საქართველოსათვის, საქართველოს მეგობრებისათვის მთელ მსოფლიოში!

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტის საახალწლო მიმართვა
ქვეყნის მოსახლეობისადმი. 1999 წლის 31 დეკემბერი

ძვირფასო თანამემამულენო!
საქართველოს მოქალაქენო!

ისტორიაში გადადის 1999 წელი. კიდევ ორიო დე საათი და კარს შემოაღებს XX საუკუნისა და მეორე ათასწლეულის დამაგვირგვინებელი - 2000 წელი!

მოგილოცავთ ახალ წელს!

ბედნიერი იყოს ეს წელი საქართველოს ყველა მოქალაქისა და ოჯახისათვის. საქართველოს სრულიად საქართველოსათვის, საქართველოს მეგობრებისათვის მთელ მსოფლიოში! მრავალჟამიერ იმრავლოს ხვავმა და ბარაქამ, ძეობებმა და ქორწილებმა სიხარულმა და სიყვარულმა! ამ ახალი წლის ღამეს მე მივესალმები ჩვენი სახელმწიფოს დედაქალაქს - თბილისს, ქართლსა და კახეთს, იმერეთს და გურიას, სამეგრელოსა და სვანეთს, აჭარასა და აფხაზეთს, რაჭა - ლეჩხუმს და მესხეთ - ჯავახეთს, ცხინვალის რეგიონს, თუშეთს, ფშავს, ხევსურეთს, მთიულეთის, ხევს და გუდამაყარს, მთასა და ბარს, საქართველოს ყველა სოფელს და ქალაქს, ყველა ოჯახს, დავლოცავ ყველა კერას და ყველა აკვანს.

ბედნიერი ახალი წელი გაგთენებოდეთ! მომავალ წელს ჩვენ აღვნიშნავთ იესო ქრისტეს დაბადების 2000 წლისთავს ვულოცავ ყველა ქრისტიანს ამ დიდ რელიგიურ, კულტურულ და ისტორიულ დღესასწაულს!

ქრისტიანობამ მისცა კაცობრიობას ღვთაებრივი მორალი, ზნეობა, დიდი კულტურა და დიდი ცივილიზაცია. საუკუნეების მანძილზე სიტყვები ქართველი და ქრისტიანი სინონიმები იყო.

მოგეხსენებათ, საქართველო ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ქვეყანაა დედამიწაზე საუკუნეების მანძილზე ქართველს გზას უნათებდა წმ. ნინოს ვაზის ჯვარი და ქრისტეს სახარება.

დღეს, ქრისტეს 2000 წლისთავზე, რა დასამალია, - არ ვართ დალხენილნი. განსაკუთრებით ეკონომიკურად გვიჭირს საქართველოში. ჭირის დაძლევას ჩვენი უფლის თვით იესო ქრისტეს მაგალითი, ქრისტიანობის არსი და კრედო გვასწავლის ყველა ქრისტიანს. მრავალჭირნახულ საქართველოს მომავალ 2000 წელს - თავსდატეხილი ფინანსური კრიზისის უკანასკნელ წელს წინსვლა და გამარჯვება ელოდება.

მე მივესალმები საქართველოს ყველა სარწმუნოებისა და კონფესიის მოქალაქეს, მათს ოჯახებს და ვუსურვებ ბედნიერ ახალ წელს!

კაცთმოყვარეობა, კულტურათა დიალოგი, ტოლერანტიზმი ყოველთვის იყო საქართველოს დამახასიათებელი ნიშან-თვისება და ასე იქნება მუდამ. ეს ისტორიული, ჰუმანისტური ტრადიციები ჩვენმა დიდმა წინაპრებმა გვიანდერძეს, მათ შორის დავით აღმაშენებელმა, თამარ მეფემ, უკვდავმა შოთა რუსთაველმა, დიდმა ილია ჭავჭავაძემ. მჯერა, ეს დიდი მემკვიდრეობა ქვეყნის რეალურად ქცეული დამოუკიდებლობა საყოველთაო შერიგების და ეროვნული თანხმობის საძირკველი გახდება. მომავალ ახალ წელს ვიზეიმებთ საქართველოს სახელმწიფოებრიობის 3000 წლისთავს.

ქართული ცივილაზიცია ერთ-ერთი უძველესია დედამიწაზე.

ადრეც მითქვამს და ამ ახალი წლის ღამეს ერთხელ კიდევ გაგიმხელთ, - მე რაც დიდ პოლიტიკაში მოვედი, სამი დიდი მიზანი მამოძრავებდა: პირველი ყველაზე ხანგრძლივი ომის, ცივი ომის დამთავრდება, ამ პროცესში მონაწილეობა და ორად გახლეჩილი ევროპისა და მსოფლიოს გაერთიანება, მეორე. ამ ბაზაზე საქართველოს, აგრეთვე სხვა რესპუბლიკების დამოუკიდებლობისა და თავისუფლების მიღწევა. მესამე. საქართველოს ინტეგრირება ევროპულ და მსოფლიო ცივილიზებულ თანამეგობრობაში, მისთვის ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ერთ-ერთი საკვანძო ქვეყნის ფუნქციის დამკვიდრება.

ცივი ომი დამთავრდა, კაცობრიობა განიკურნა ბირთვული ომის კოშმარებისაგან. ახდა მრავალ და მრავალი თაობის საუკუნეების ოცნება. ჩვენ დამოუკიდებელი, დემოკრატიულ ღირებულებებზე აგებული მსოფლიო თანამეგობრობის წევრი სახელმწიფო ვართ. ხოლო ევრაზიის დერეფანი, ანუ დიდი აბრეშუმის გზა, უკვე წარმოუდგენელია საქართველოს გარეშე. გაიხსენეთ სტამბოლში ხელმოწერილი ამ საუკუნისა და მომავალი საუკუნეების უდიდესი ხელშეკრულებები.

საქართველო დღეს მთელ მსოფლიოში აღიარებული საპრეზიდენტო მმართველობის კონსტიტუციური, დემოკრატიული, სუვერენული სახელმწიფოა, რომლის საერთაშორისო იმიჯი დღითიდღე იზრდება, ეს არის ჩვენი უმთავრესი მონაპოვარი ამ უმძიმეს წლებში.

1999 წელი საქართველოს პარლამენტის არჩევნების წელი იყო, მადლობელი ვარ იმისათვის, რომ თქვენ სწორი არჩევანი გააკეთეთ. მომავალი 2000 წელი - საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების წელია. თითქმის ხუთი წელი გავიდა წინა არჩევნებიდან. სასიკეთოდ შეიცვალა ბევრი რამ ჩვენს ქვეყანაში. დღეს ჩვენ სულ სხვა საქართველოში ვცხოვრობთ. გაიხსენეთ როგორი სისხლიანი და მძიმე წლები გავიარეთ 90-იანი წლების პირველ ნახევარში.

ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე დემოკრატიული კონსტიტუცია თანამედროვე მსოფლიოში. წინა პარლამენტმა 700-მდე კანონი მიიღო. საქართველოს მოქალაქემ მოიპოვა დემოკრატიული უფლებები და თავისუფლებები პრესის, სიტყვის, მეწარმეობის თავისუფლება და ა.შ. დღეს ყველაფერი ეს უკვე რეალობას წარმოადგენს.

გაიმართა ადგილობრივი ხელისუფლების არჩევნები და განხორციელდა რეფორმები, ჩამოყალიბდა ადგილობრივი თვითმმართველობა, ახალი ტიპის მუნიციპალური ხელისუფლება. მე ყველას მივესალმები ხელმძღვანელებსაც და რიგით წევრებსაც. უკეთ ფუნქციონირებს საკანონმდებლო, აღმასრულებელი, სასამართლო ხელისუფლება, კონსტიტუციური სასამართლო. წარმატებით მიმდინარეობს სამართლებრივი რეფორმა, მადლობა ამ დიდი საქმის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს.

მე მივესალმები პარლამენტარებს, პოლიტიკურ პარტიებს, ყველა პოლიტიკურ გაერთიანებას, პროფკავშირებს, პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლებს, პრესას, რადიოს, ტელევიზიას, რომლებიც ჩვენთან ერთად ზრუნავენ ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ, ჩვენი ხვალინდელი დღისათვის.

ვულოცავ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, არმიას, ფლოტს, მესაზღვრეებს, უშიშროებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების, პროკურატურის, იუსტიციის, სასამართლოების მუშაკებს ახალ წელს და ვუსურვებ ახალ წარმატებებს ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ!

მნიშვნელოვნად განმტკიცდა ქვეყნის თავდაცვა და უშიშროება. დიდი გარდატეხა მოხდა დამნაშავეობასთან, სამართალდარღვევებთან ბრძოლაში იწყება სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა კორუფციასთან და ჩრდილოვან ეკონომიკასთან. ეს უახლოესი წლების ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა.

ამ დღეებში მე პარლამენტის ტრიბუნიდან ყოველწლიური მოხსენებით მივმართავ ხალხს გასული წლის შედეგებისა და მომავალი 2000 წლის ამოცანების შესახებ. მე იქ მექნება წარმოდგენილი ფართო პროგრამა უახლოეს წლებში ხალხის კეთილდღეობის ცხოვრების დონის ამაღლების შესახებ და ეს იქნება რეალური პროგრამა.

განვლილმა წელმა, 1998 წლისაგან, საკმაოდ მძიმე მემკვიდრეობა მიიღო მსოფლიო ეკონომიკური და ფინანსური კრიზისის ნეგატიური გავლენის სახით. რთულად, მაგრამ მაინც თავს ვაღწევთ ამ მძიმე შედეგებს, მძიმე საფინანსო, საბიუჯეტო კრიზისს.

უკვე შეიმჩნევა, მართალია მოკრძალებული, მაგრამ მაინც წინსვლის პირველი ნიშნები, რომლებიც სამწუხაროდ გარკვეულწილად ფერმკრთალდება მიმდინარე წლის ბიუჯეტის შეუსრულებლობის, გაუცემელი პენსია-ხელფასების და გარკვეული სოციალური დაძაბულობის ფონზე. მაგრამ ეს არ არის ჩვენი განვითარების მთავარი ტენდენცია, - ეკონომიკის აღმავლობის, მოსახლეობის დიდი ნაწილის კეთილდღეობის ამაღლების მზარდ მონაცემებში ვლინდება. ეს პროცესი დაიწყო.

1999 წელს, წინა წელთან შედარებით, მთლიანი შიდა პროდუქტის მატება, ანუ ქვეყნის საერთო ეკონომიკური ზრდა 2,5-3 პროცენტს შეადგენს, შეიძლება ცოტა მეტსაც.

წლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მაკროეკონომიკურ შედეგს წარმოადგენს ქვეყანაში 1998 წლის დამლევისათვის განვითარებული სავალუტო კრიზისის შეჩერება და ფულად-საკრედიტო სისტემის სტაბილურობის უზრუნველყოფა.

ძირითადად ლარის კურსის სტაბილურობით არის განპირობებული სამომხმარებლო ფასების ნავარაუდევ დასაშვებ ინტერვალში ცვალებადობა. ინფლაციის დაბალი დონე.

ეროვნული ვალუტის კურსისა და ფასების სტაბილურობამ თავის მხრივ, შესაბამისი ფონი შექმნა ეკონომიკის ყველა ძირითადი დარგის განვითარებისათვის.

მრეწველობის მთლიანი პროდუქცია 1998 წელთან შედარებით თითქმის 4 პროცენტით გაიზარდა. სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოება 2,6 მილიარდ ლარს აღემატება, რაც 8 პროცენტით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. წარმოებულია 70 ათასი ტონა ხარისხოვანი ჩაი. 410 ათასი ტონა კარტოფილი, 465 ათასი ტონა ბოსტნეული, 100 ათასი ტონაზე მეტი ხორცი და სხვა პროდუქცია. კარგი შედეგებია ყურძნის, მარცვლეულის, ხილის წარმოებაში. თითქმის ყველა სახეობის მიხედვით აღინიშნება მნიშვნელოვანი ზრდა და ეს მაშინ, როცა სულ რამდენიმე წლის წინათ საქართველოს სოფლის მეურნეობა გაჩანაგების გზაზე იდგა.

შეიძლება გაბედულად ითქვას, მიწის რეფორმამ იხსნა ქვეყანა შიმშილობისაგან.

სულ უფრო იზრდება უცხოელ ინვესტორთა დაინტერესება ჩვენი ქვეყნით. მთლიანად 1999 წლის განმავლობაში გამოყენებულია 120 მილიონ ლარამდე უცხოური ინვესტიცია, რომელთაგან 67 პროცენტი სამშენებლო სამონტაჟო სამუშაოებზე მოდის. ამას ემატება ევროკავშირის საერთაშორისო სავალუტო ფონდის მსოფლიო ბანკის, სხვა საერთაშორისო საფინანსო და კერძო სტრუქტურების მრავალწლიანი პროექტები, რომელთა რეალურ შედეგებს უახლოეს მომავალში იგრძნობს ჩვენი მოსახლეობა. ეს ეხება მედიცინას, განათლებას, ჩვენი ცხოვრების თითქმის ყველა სფეროს.

ქვეყნის ექსპორტი 1999 წელს - 19 პროცენტით გაიზარდა. 2000 წელს ზრდის უფრო დიდი პერსპექტივებია დასახული. საქართველო აუცილებლად დაიმკვიდრებს ძირითადად ექსპორტიორი ქვეყნის სტატუსს. ეს იქნება დიდი მიღწევა დამოუკიდებელი სახელმწიფოს აღმშენებლობაში.

დიდი ძვრებია მშენებლობისა და ურბანიზაციის, საავტომობილო, საზღვაო, საჰაერო, რკინიგზის ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის, გზების მშენებლობის, ეროვნული მემკვიდრეობის სხვა დარგებში. ეს არის შედეგი სწორედ აბრეშუმის გზის აღორძინებისა. ეს იმას ნიშნავს, რომ დავძლიეთ კრიზისი, სტაგნაცია და აღმავლობის გზას დავადექით. მე მივესალმები მეწარმეებს, ბანკირებს, ბიზნესმენებს, კომერსანტებს, ფერმერებს, საშუალო ფენის წარმომადგენლებს, რომლებიც ეროვნული ეკონომიკის აღორძინებას ემსახურებიან.

2000 წელი უნდა გახდეს კრიზისის დაძლევის ბოლო წელი და ჩვენ რეალურად უნდა შევძლოთ საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით დამუშავებული სიღარიბის საბოლოოდ დაძლევის ეროვნული სამწლიანი (2000-2003) წწ. პროგრამის ამოქმედება. არ შეიძლება შევეგუოთ ჩვენი საზოგადოების გახლეჩას ღატაკებად და მდიდრებად. საქართველო უნდა გახდეს და გახდება კიდეც შეძლებულ თავისუფალ მოქალაქეთა სახელმწიფო.

შემუშავებულია უახლოეს წლებში ხელფასების, პენსიების, სტიპენდიების გაზრდის პროგრამები. ხელისუფლების მიზანია საარსებო მინიმუმის გარანტირება და შემდგომში კეთილდღეობის თანდათანობით ამაღლება, საყოფაცხოვრებო პირობების სრულყოფა. მოსახლეობისათვის ელექტროენერგიის, წყლის, გაზის მიწოდების გაუმჯობესება. რა თქმა უნდა, ყველაფერი ეს ეტაპობრივად განხორციელდება და არცთუ შორეულ პერსპექტივაში.

გასული წელი მძიმე იყო ახალი ქართული საზოგადოების ყველა ფენისათვის, განსაკუთრებით პენსიონერებისათვის, სოციალურად დაუცველი, ნაკლებშემოსავლიანი ოჯახებისათვის ლტოლვილებისათვის. ამ თემას მე ვეხები დიდი ადამიანური გულისტკივილით და დიდი, ღრმა განცდებით არ შეიძლება ბედნიერი იყოს იმ ქვეყნის, თუნდაც დამოუკიდებელი სახელმწიფოს პრეზიდენტი, რომელმაც იცის, რომ მისი მოქალაქენი დაზღვეული არ არიან შიმშილისაგან, სიცივისაგან, უმუშევრობისაგან და ასე შემდეგ.

ხორციელდება რეფორმები საპენსიო უზრუნველყოფის სფეროში. შემუშავებულია კონცეფცია, რომლის შედეგადაც შეიქმნება სისტემა, რომელიც გამორიცხავს პენსიების გაცემის დაგვიანებას, ხოლო გაუცემელი პენსიები და ხელფასები დაიფარება, ეს ხარჯები ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული.

მე მოკრძალებით მივესალმები პენსიონერებს, ომისა და შრომის ვეტერანებს, ჩვენი ქვეყნის დამსახურებულ მოქალაქეებს. ვულოცავ მათ ახალ წელს და ვუსურვებ დღეგრძელობას და ბედნიერ სიბერეს! მე მივესალმები იძულებით ადგილნაცვალ პირებსა და ლტოლვილებს და მინდა დავარწმუნო ისინი, რომ საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკა მიმართულია მათი პრობლემების, ჩვენი პრობლემების გასაჭრელად კონფლიქტების აღმოფხვრისა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. მშობლიურ ოჯახებში დასაბრუნებლად მინდა დაგარწმუნოთ, ჩემი ცხოვრების უმაღლესი მიზანია საქართველოს გამთლიანება, ყველა თქვენგანის მშობლიურ კერებში დაბრუნება. ამ გზას ალტერნატივა არ გააჩნია. ასეთია არა მარტო საქართველოს, არამედ მთელი მსოფლიოს ნება, საერთაშორისო თანამეგობრობის თანადგომა უკვე დიდი მონაპოვარია, რაც ხვალ თუ ზეგ აუცილებლად პრაქტიკულ ნაყოფს გამოიღებს.

დიდ იმედებს ვამყარებთ სახელისუფლო სტრუქტურების მიმდინარე რეფორმაზე, რომელიც უფრო ეფექტიანსა და შედეგიანს გახდის ეკონომიკური ბლოკის მუშაობას, შემოსავლების ზრდას და გადასახადების მობილიზებას.

შეიქმნა საგადასახადო შემოსავლების სამინისტრო, გაერთიანდა ჯანდაცვისა და შრომის, სოციალური დაცვის სამინისტროები. პარლამენტმა მიიღო კანონი სახელმწიფო მინისტრის ფუნქციათა გაფართოების შესახებ და სხვ. ყოველივე ეს სულაც არ არის შემთხვევითი აქციები. შედეგმა არ უნდა დააყოვნოს. დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება მიუხედავად კრიზისისა და სიღარიბისა, დღევანდელი დღე მაინც უკეთესია, ვიდრე გუშინდელი, ხვალინდელი კი, დარწმუნებული ვარ, უფრო ნათელი იქნება.

აყვავების, რენესანსის გზაზე დგას საქართველოს სულიერი ცხოვრება.

მე მივესალმები საქართველოს ინტელიგენციის, კულტურის, მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების მოღვაწეებს, ვულოცავ მათ ახალ წელს და ვუსურვებ შემოქმედებით წარმატებებს.

ქართული კულტურის ხსნის კომიტეტმა მართლაც რომ დიდი ეროვნული, საშვილიშვილო საქმე გააკეთა. ჩვენ გადავარჩინეთ ქართული კულტურა - ერთ-ერთი უძველესი კულტურა დედამიწაზე.

საქართველოს მეცნიერებამ ბოლო დროს დიდ წარმატებებს მიაღწია. მე განსაკუთრებით გავუსვამდი ხაზს ჩვენი მეცნიერების მიღწევებს კოსმოსის ათვისების სფეროში.

მივესალმები ახალგაზრდულ და სტუდენტურ ორგანიზაციებსა და გაერთიანებებს. ჩვენს იმედს და მომავალს! მივესალმები მათ აღმზრდელებს - პროფესორებს, პედაგოგებს - რექტორებს, ახალგაზრდობის მოძღვართ! გულწრფელი მადლობა საქართველოს მასწავლებლობას. ეს უდიდესი ძალაა ქვეყნის აღორძინებასა და აყვავების გზაზე.

განათლების სფეროს რეფორმებმა გზა გაუხსნეს საქართველოს ახალგაზრდობას არა მარტო ეროვნული, არამედ მსოფლიო მასშტაბით. დაეუფლონ მეცნიერების საფუძვლებს ისწავლონ საქართველოსა და საზღვარგარეთის საუკეთესო უმაღლეს სასწავლებლებში. ეს სიკეთე ახალი წყობის, ახალი საქართველოს მონაპოვარია.

დაწესებულია პრეზიდენტის სტიპენდიები ნიჭიერი სტუდენტების, ასპირანტებისა და შემოქმედებითი ახალგაზრდობისათვის, ახალგაზრდა მეცნიერთათვის. სამშობლო ზრუნავს მომავალ თაობაზე, ჩვენს ხვალინდელ დღეზე.

წარმატებებს და გამარჯვებებს ვუსურვებ მათ დამდეგ 2000 წელს.

მივესალმები ქალთა ორგანიზაციებსა და გაერთიანებებს, ქალთა ეროვნულ და საერთაშორისო მოძრაობას, დედებსა და დებს, მეუღლეებსა და პატარძლებს, ახლად შექმნილ ოჯახებს, იმათაც, ვისაც ქორწილი აქვს ახალი წლის ღამეს!

მე მახარებს, რომ 90-იან წლებში პირველად მიმდინარე წელს გაჩნდა ერის დემოგრაფიული ზრდის გაჯანსაღების მაჩვენებლები, შობადობა აღემატება სიკვდილიანობას.

ჯანდაცვის სფეროს ისტორიული რეფორმები, კეთილდღეობის ამაღლების, გარემოს დაცვის, ცხოვრების ხარისხის ამაღლების პროგრამები ნათელ პერსპექტივებს გვისახავს. ბავშვებზე, მრავალშვილიან დედებზე და ოჯახებზე ზრუნვა სახელმწიფო პოლიტიკის რანგში იქნება აყვანილი.

საქართველოს სახელმწიფო ატარებს დამოუკიდებელ, მშვიდობისმოყვარულ საგარეო პოლიტიკას.

1999 წელი საქართველოსათვის იყო თვალსაჩინო საგარეო პოლიტიკური წარმატებების წელი.

დღეს საქართველოს დამოუკიდებლობა და თავისუფლება აღიარებულია მთელ მსოფლიოში. საქართველო არის გაეროს წევრი, ევროსაბჭოს წევრი, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი და ასე შემდეგ.

დღის წესრიგში დგას საქართველოს ევროკავშირთან და ნატოსთან ურთიერთობის სრულყოფა და განვითარება. ჩვენ მზად ვართ თანასწორობისა და ურთიერთსარგებლიანობის პრინციპებზე ვითანამშრომლოთ საერთაშორისო და ევროპულ ცენტრებთან, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის, სხვა საერთაშორისო და რეგიონალური ორგანიზაციების ფარგლებში. მივესალმები მეზობელ ქვეყნებს - აზერბაიჯანს, სომხეთს, თურქეთს, რუსეთს, ირანს, სხვა ქვეყნებს, ვუსურვებ მათ ახალ გამარჯვებებს.

ჩვენ მზად ვართ სამართლიანობის და კეთილმეზობლობის საფუძველზე დაყრდნობით დავძლიოთ ზოგიერთი სიძნელე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში.

ვისურვებდი 2000 წელი ყოფილიყოს ,,მშვიდობიანი კავკასიის'' კონცეფციის განხორციელების წელი. მშვიდობა - ჩეჩნეთს, მშვიდობა - აფხაზეთს და ცხინვალის რეგიონს, მშვიდობა კავკასიის ხალხებს და ხელმწიფოებს.

განსაკუთრებული მადლიერებით მოვიხსენიებ ევროუშიშროების ლისაბონის და სტამბოლის სამიტის მონაწილეებს, რომლებმაც დიდი ისტორიული წვლილი შეიტანეს აფხაზეთში ეთნოგენოციდის ტრაგიკულ შედეგთა პრინციპულ და მართალ შეფასებაში.

მე მივესალმები საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუს, ელჩებსა და საელჩოებს, კონსულებსა და საკონსულოებს სხვა დიპლომატიურ წარმომადგენლებს, მათს ქვეყნებს, ვულოცავ მათ ახალ, 2000 წელს!

მივესალმები საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვინც საზღვარგარეთ ხვდება ამ ახალ წელს, უპირველეს ყოვლისა საქართველოს დიპლომატიურ კორპუსს და საერთოდ მთელ ქართულ დიპლომატიას.

ძვირფასო თანამემამულენო!

ამ ახალი 2000 წლის ბოლოს ჩვენ შევხვდებით ახალ 21-ე საუკუნეს.

ისტორიაში საბოლოოდ გადავა მრისხანე, სასტიკი, სისხლიანი, მაგრამ მაინც ბევრის მომტანი მე 20 საუკუნე და მეორე ათასწლეული!

ახალი წარმატებით აღგვენიშნოს მე-20 საუკუნის დამამთავრებელი - 2000 წელი!

პირველი ოქტომბრიდან საქართველოს ტელევიზია და რადიო გადავიდნენ მაუწყებლობის ახალ რეჟიმზე - თანამგზავრულ მაუწყებლობაზე. ეს საშუალებას გვაძლევს საქართველოს ტელევიზიისა და რადიოს პროგრამები მიიღონ არა მარტო საქართველოს და სამხრეთ კავკასიის, არამედ რუსეთის ევროპული ნაწილის, უკრაინის, დასავლეთი და ცენტრალური აზიის, ჩრდილოეთ აფრიკისა და სკანდინავიის ქვეყნებში, ისრაელში, თურქეთში და დედამიწის სხვა რეგიონებში.

ამ წუთს, ახალი წლის ამ ღამეს, მსოფლიოს ამ რეგიონებს ესმით საქართველოს ხმა. დავითისა და თამარის, შოთა რუსთაველისა და ილია ჭავჭავაძის ენა. ახალი საქართველოს დაბადებას გაუმარჯოს, 3000 წლის საქართველოს ახლად დაბადებას, - მის მარადიულ სიჭაბუკეს, სიცოცხლეს და უკვდავებას

მომავალი ახალწლები გვეზეიმოს ერთიან, განუყოფელ, გამთლიანებულ საქართველოში!

მე ვულოცავ ახალ წელს საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვინც ახალ წელს კონფლიქტების ზონაში ხვდება. 2000 წელი იყოს ქართველთა და აფხაზთა, ქართველთა და ოსთა შერიგებაში გარდატეხის შემტანი წელი!

ძვირფასო მეგობრებო, საქართველოს მოქალაქენო! ბედნიერება, სიხარული და კეთილდღეობა, მშვიდობა პირადად თქვენ და თქვენს ოჯახებს.

ღმერთმა ინებოს, ყველა თქვენგანის ფეხბედნიერი მეკვლე ვიყო!

მრავალჟამიერ, მრავალ ახალ წელს, ძვირფასო მეგობრებო!

ედუარდ შევარდნაძე: ბედნიერი იყოს ეს წელი საქართველოს ყველა მოქალაქისა და ოჯახისათვის, სრულიად საქართველოსათვის, საქართველოს მეგობრებისათვის მთელ მსოფლიოში! // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2000. - 1 იანვარი. - №1(3397). - 1,2 გვ.

4 ბატონ რევაზ მიშველაძეს დაბადების სამოც წლისთავთან დაკავშირებით

▲ზევით დაბრუნება


მილოცვა

ბატონო რევაზ,

დაბადების სამოც წელს გილოცავთ, ადამიანს, რომლის შვილიც საქართველოს მთლიანობას გმირულად შეეწირა. შემოქმედს, რომელმაც ადეკვატურად ასახა ჩვენი სინამდვილე და ქართულ ისტორიას შემოუნახა ჩვენი თანამედროვეების პორტრეტები.

გისურვებთ, საქართველო იმ ქვეყნად დადგეს, რომელზეც თქვენი შვილი ოცნებობდა.

პატივისცემით,
ედუარდ შევარდნაძე.

ბატონ რევაზ მიშველაძეს დაბადების სამოც წლისთავთან დაკავშირებით : მილოცვა // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2000. - 4 იანვარი. - №2 (3398). - 6 გვ.

5 „ქართველთა ვერც ერთი თაობა ვერ დაივიწყებს, რომ იგი ცივილიზებული სამყაროს განუყოფელი ნაწილია, ჩვენ ტრადიციულად ტოლერანტული ერი ვართ და პატივს ვცემთ ყველა კონფესიას, თუ იგი კაცთმოყვარეობასა და სიკეთეს ქადაგებს“

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
2000 წლის 3 იანვრის რადიოინტერვიუ

- დღევანდელი ინტერვიუ 2000 წლის იანვარში პირველია. გილოცავთ ახალ წელს! და ერთი კითხვა: შეძლო თუ არა ხელისუფლებამ, დამატებით გაეწია დახმარება მოსახლეობისათვის, რაზეც ახალი წლის წინა დღეებში იყო ლაპარაკი... - ჟურნალისტ ნატო ონიანის ამ შეკითხვის პასუხად საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ თავის ტრადიციულ ორშაბათის რადიოინტერვიუში განაცხადა:

- კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს, გილოცავთ სრულიად საქართველოს, ვისურვებ რომ სიხარული და ბედნიერება მოეტანოს ამ ახალ წელს თითოეული მოქალაქისა და თითოეული ოჯახისათვის.

განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენი ქვეყნის პატარა მოქალაქეებს, რომლებიც მესამე ათასწლეულში შეუძღვებიან საქართველოს.

რაც შეეხება საახალწლო სამზადისს, ახალი წლისათვის გავაკეთეთ ის, რის გაკეთებაც ქვეყანას რეალურად შეუძლია. ვფიქრობ, რადიომსმენელი დამეთანხმება, თუ ვიტყვი, რომ იყო პროდუქტების სიუხვე. ქალაქებსა და სოფლებს არ აკლდათ იაფი და მაღალხარისხოვანი პროდუქცია.

აღსანიშნავია ქველმოქმედების დიდი მასშტაბი. ამის ნათელი დადასტურებაა თვით პრეზიდენტის ნაძვის ხეც ბავშვთა სახლების აღსაზრდელთათვის. სასიხარულოა, რომ საქართველოში სულ უფრო მეტად იკეთებს ფეხს შესანიშნავი ტრადიცია: ქველმოქმედების მაღალი დონე ხომ ქვეყნის საზოგადოების მატერიალურ და მორალურ სიძლიერეზე მეტყველებს. ალბათ, ქველმოქმედებასთან დაკავშირებით უნდა ვიფიქროთ ისეთი კარგი კანონების შექმნაზე, რომლებიც სტიმული იქნება ქველმოქმედებისათვის.

საახალწლოდ სრულიად საქართველო ძირითადად განათებული იყო. მოვა დრო და ესეც ჩვეულებრივი, ყოველდღიური სიამოვნება გახდება, მაგრამ ცოტა დროა საჭირო.

ახალი წელი საინტერესოდ აღინიშნება რაიონებში, ქალაქებში, სოფლებში. საახალწლო ღონისძიებათა ორგანიზატორებს მადლობას მოვახსენებ. რა თქმა უნდა, ყოველივე ეს სრულებითაც ვერ უმსუბუქებს მდგომარეობას იმათ, ვინც ვერ მიიღო კუთვნილი ხელფასები, პენსია თუ დახმარება. საახალწლო მილოცვაში ვთქვი, რომ ამას უდიდესი ტკივილით განვიცდი, თუმცა, მტკიცედ მწამს, რომ პრობლემას უახლოეს ხანში გადავჭრით.

ახალი წლის დამდეგს კიდევ ერთხელ მივმართავ თანამემამულეებს და მადლობას ვუძღვნი იმ არჩევანისათვის, რომელიც მათ 31 ოქტომბერს გააკეთეს. თქვენ ხმა მიეცით ქვეყნის სტაბილურობას, მის აღმავლობასა და აღორძინებას.

ჩვენმა ხალხმა კიდევ ერთხელ გამოავლინა საოცარი სიბრძნე და ზუსტად განსაზღვრა უმთავრესი პრიორიტეტი - სტაბილურობა, სტაბილური განვითარების უზრუნველყოფა. სტაბილურობა სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მდგრადობის საფუძველია. იგი უმთავრესი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი პრინციპია. სტაბილურობა თავის თავში უეჭველად შეიცავს და აუცილებლად გულისხმობს განვითარებას. ამ თვალსაზრისით სტაბილურობა და განვითარება ჩვენს პირობებში, ჩვენს სინამდვილეში, ამჟამინდელი ვითარებისა და სახელმწიფოებრივი კურსის გათვალისწინებით, იდენტურ ცნებებად შეიძლება ჩაითვალოს. არანაკლები გამოცდა იქნება, აგრეთვე, პრეზიდენტის არჩევნები. არც ეს არჩევნებია ცხრა მთას იქით. თქვენ მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა და პარლამენტმა, ძვირფასო მეგობრებო, შეუქცევადი უნდა გახადონ დემოკრატიული საქართველოს დამოუკიდებელი განვითარება და აღორძინება. მაგრამ ეს კვლავ და კვლავ მხოლოდ სტაბილურობის პირობებში იქნება შესაძლებელი.

ამჟამად კი ყოველდღიური საქმიანობით საშვილიშვილო საქმე კეთდება. უპირველეს ყოვლისა, არამც და არამც არ შეიძლება იანვარში ტემპის შენელება, საბიუჯეტო შემოსავლის გეგმა იანვარშივე აუცილებლად უნდა შესრულდეს. ტრადიციულად იანვარი ამ თვალსაზრისით მძიმე თვეა. აქ უნდა გამოჩნდეს სწორედ ახალი სამინისტროს - საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს და პირადად მინისტრის ენერგიაც, ნიჭიცა და უნარიც.

დიდი მნიშვნელობა ექნება საბაჟო და საგადასახადო უწყებათა ხელმძღვანელობის მხარდაჭერას, აგრეთვე, ყველა სხვა სამინისტროს, რწმუნებულების, გამგებლების, ავტონომიათა ხელმძღვანელების აქტიურობასა და სახელმწიფოებრივ პოზიციას. ყოველი მათგანი პირადად აგებს პასუხს ხალხისა და პრეზიდენტის წინაშე.

- გასული კვირის უმნიშვნელოვანეს მოვლენათა შორის ყველაზე საინტერესო რუსეთის პრეზიდენტის მიერ 31 დეკემბერს გაკეთებული განცხადება იყო. გორბაჩოვმა გააკეთა ასეთი განცხადება, რომ ელცინი აიძულეს გადაედგა ეს ნაბიჯი და გადამდგარიყო. უპირველეს კანდიდატად მოიაზრება პუტინი, რომელიც ახლა კიდევ ასრულებს რუსეთის პრეზიდენტის მოვალეობას. ერთი კითხვა მაქვს ასეთი: რას შეცვლის ეს რუსეთთან ჩვენს ურთიერთობაში?

- მე უკვე ვთქვი და ეს საკმაოდ გახმაურებული ფრაზებია: ბორის ელცინი ისტორიული პიროვნებაა, მან უნიკალური წვლილი შეიტანა რუსეთის დემოკრატიულ გარდაქმნასა და განხილვაში. მისი გაბედული და არაორდინარული გადაწყვეტილება მაინც ლოგიკური და სავსებით ბუნებრივია, სავსებით ბუნებრივია მრავალ მიზეზთა გამო. ერთ-ერთი მათგანი უდავოდ ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა. მე, ყოველ შემთხვევაში, ასე ვხედავდი და ასე ვხედავ. ბორის ელცინის უნიკალური დამსახურება გახლავთ, აგრეთვე, ის ფაქტი, რომ მისი ინიციატივით რუსეთმა ფაქტობრივად პირველმა გამოაცხადა სუვერენიტეტი, ანუ დამოუკიდებლობა და ამით მაგალითი მისცა საბჭოთა კავშირში შემავალ სხვა ქვეყნებს.

ამჟამად ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია ის პროცესი, რომელიც რუსეთში კოსნტიტუციურ ფარგლებში ვითარდება. რუსეთის მოქმედმა პრეზიდენტმა, მთავრობის თავმჯდომარემ ბატონმა ვლადიმერ პუტინმა პირველივე გამოსვლაში დაადასტურა დემოკრატიულ ღირებულებათა პატივისცემა და ერთგულება. საქართველო მზად არის აქტიურად ითანამშრომლოს რუსეთის ხელისუფლებასთან რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის გაღრმავებისა და განსაკუთრებით კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის დამკვიდრებისათვის.

რუსეთს დღეს აქვს უნიკალური შანსი, ხელი შეუწყოს კავკასიური კონფლიქტების გადაწყვეტას, მათ შორის, აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიან მოწესრიგებას და აფხაზეთში სამართლიაობის აღდგენას.

არაერთგზის მითქვამს, რომ აფხაზეთი ამ თვალსაზრისით საკვანძლო პრობლემაა, და არა მხოლოდ საქართველოსათვის. აფხაზეთის პრობლემის გადაჭრა შესანიშნავ პირობებს შეუქმნის რუსეთ-საქართველოს ყოველმხრივი თანამშრომლობისათვის, აგრეთვე, მთელ კავკასიაში ინტერესთა თანხვედრის საფუძველზე.

შეიცვლება თუ არა რაიმე ჩვენს ურთიერთობაში - ამ კითხვაზე პასუხს ასე ჩამოვაყალიბებდი: რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებას ალტერნატივა არა აქვს, რადგან ეს ორივე სახელმწიფოს ინტერესებს შეესაბამება, მაგრამ ამავე დროს, რა თქმა უნდა, ამას საფუძვლად უნდა ედოს ორივე სახელმწიფოს, ორივე ქვეყნის მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესრულება და მიღწეულ შეთანხმებათა განხორციელება.

- და ბოლო კითხვა. ოთხშაბათს თქვენ წმინდა მიწას ეწვევით, სადაც ქრისტესშობის 2000 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მიიღებთ მონაწილეობას მართლმადიდებელი ქვეყნების ლიდერებთან და ეკლესიათა ხელმძღვანელებთან ერთად...

- ყოველი მართლმადიდებელი ქრისტიანისათვის უდიდესი ბედნიერებაა ქრისტეშობას ეახლოს წმინდა მიწას, კერძოდ, ბეთლემს, სადაც 2000 წლის წინათ იშვა მაცხოვარი - ჩვენი იესო ქრისტე. უპირველესად აღვნიშნავ, რომ ამ ღონისძიებებში ერთად მიიღებენ მონაწილეობას ქვეყნის პრეზიდენტი და ქართული მართლმადედებელი ეკლესიის საჭეთმყოფელი. ეს არა მარტო ჩვენი ერთობის დადასტურებაა, არამედ ქართული სახელმწიფოს შინაარსის გამოხატულებაც არის. მართლმადიდებლობა ოდითგანვე საქართველოს სახელმწიფოებრიობის საფუძველი იყო. იმავდროულად, ჩვენი სახით, სხვა მართლმადიდებელ ერებთან ერთად ქართველობაც კიდევ ერთხელ მიაგებს პატივს პალესტინას, იერუსალიმს, ბეთლემს, ამ წმინდა მიწას, ათასწლეულთა განმავლობაში რომ იპყრობდა მორწმუნეთა ყურადღებასა და გულისყურს.

უნდა ითქვას, რომ პალესტინა, იერუსალიმი ისტორიულად ქართული სახელმწიფოებრივი პროცესისა და კულტურული განვითარების მუდმივმოქმედი ფაქტორია.

ქართული მატერიალური და სულიერი კულტურის ძეგლები უცხოეთში, კერძოდ, წმინდა მიწაზე, წინაპართა მოქმედებისა და თვალსაწიერის დიაპაზონის ნათელი დადასტურებაა. საქართველოს ისტორიის თითქმის ყველა ეპოქაში ჩვენი ქვეყანა აქტიურად მონაწილეობდა მსოფლიო პროცესებში. გავიხსენოთ ქართველ მეფეთა და სულიერ მოძღვართა მრავალგზისი მოგზაურობა იერუსალიმში. მარტო ის რად ღირს, რომ წმინდა მიწაში განისვენებს დიდი შოთა რუსთაველი.

ათასწლეულთა მიჯნაზე ჩემი ხალხის, ჩემი ქვეყნის, ჩემი ერის სახელით უწმინდესთან და უნეტარესთან, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქთან ერთად მე ვემთხვევი იმ წმინდა მიწას და ვილოცებ საქართველოს გამთლიანებისა და აღორძინებისათვის.

ჩვენთან ერთად წმინდა მიწას ემთხვევა მღვდელმთავართა, პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწეთა, ჟურნალისტთა საკმაოდ მრავალრიცხოვანი ჯგუფი. თავისთავად ესეც მნიშვნელოვანი მოვლენაა, ვინაიდან უახლოეს წლებში ქართველმა საზოგადო მოღვაწეებმა ძალიან ბევრი რამ გააკეთეს საქართველოსა და პალესტინას შორის ხიდის აღსადგენად. მათ შორის მე აუცილებლად უნდა დავასახელო ირაკლი აბაშიძე, აკაკი შანიძე, გიორგი წერეთელი და მრავალი სხვა.

სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ იმდროინდელი ხელისუფალნი, ყველაფრის მიუხედავად, ზოგჯერ შესაძლებლისა და შეუძლებლის მაქსიმუმს ვაკეთებდით ამ დიდი მამულიშვილური ქართული საქმის მხარდასაჭერად.

ქართველთა ვერც ერთი თაობა ვერ დაივიწყებს, რომ იგი ცივილიზებული სამყაროს განუყოფელი ნაწილია. ჩვენ ტრადიციულად ტოლერანტული ერი ვართ და პატივს ვცემთ ყველა კონფესიას, თუ იგი კაცთმოყვარეობასა და სიკეთეს ქადაგებს.

მართლმადიდებლობა განუყოფელია საქართველოს ისტორიისაგან, მართლმადიდებლობა ჩვენი ერის სულიერების საფუძველია, მაგრამ ეს სრულიად არ ნიშნავს უპატივცემულობას სხვა რელიგიურ მიმდინარეობათა და კონფესიათა მიმართ.

ამით დავამთავრებდი ჩვენს ინტერვიუს.

საქინფორმი.

„ქართველთა ვერც ერთი თაობა ვერ დაივიწყებს, რომ იგი ცივილიზებული სამყაროს განუყოფელი ნაწილია, ჩვენ ტრადიციულად ტოლერანტული ერი ვართ და პატივს ვცემთ ყველა კონფესიას, თუ იგი კაცთმოყვარეობასა და სიკეთეს ქადაგებს“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2000. - 4 იანვარი. - №2 (3398). - 1,2 გვ.

6 ჩვენ რაც შეიძლება ნაკლები უნდა ვილაპარაკოთ წარსულ შეცდომებსა თუ ცოდვებზე და მეტი ვიფიქროთ მომავალზე

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
ბრიფინგი 2000 წლის 3 იანვარი

ხელისუფლება და პრესა

საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი: შეიცვლება თუ არა რაიმე, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში პრეზიდენტ ელცინის გადადგომის შემდეგ? როგორ წარმოგიდგენიათ, როგორ შეიძლება განვითარდეს ეს ურთიერთობა პუტინის ხელმძღვანელობის დროს?

ედუარდ შევარდნაძე: რაც ვთქვი, იმას ბევრს ვერაფერს დავამატებ, უნდა შეიცვალოს უკეთესობისაკენ და ეს კანონზომიერია, ორივე ქვეყანა თანაბრად არის დაინტერესებული ურთიერთობის გაჯანსაღებით. თუ ეს გვინდა, მაშინ ორი სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებები უნდა სრულდებოდეს უწინარეს ყოვლისა, უნდა მოხდეს იმ ხელშეკრულების რატიფიცირება, რომელიც არის საქართველო-რუსეთის ურთიერთობის საფუძველი თანამედროვე ეტაპზე. ეს უკვე ძალიან კარგი ნიშანი და სტიმული იქნება საერთო მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის.

პირველი არხი: გასულ კვირას პარლამენტმა საკმაოდ ხმამაღალი განცხადება გააკეთა იმის შესახებ, რომ თქვენ არ უნდა გაემგზავროთ მოსკოვში, დსთ სამიტზე. ამის მთავარ მიზეზად დასახელდა ბოლო დროს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში შექმნილი ფონი. პარლამენტი სერიოზულად ემზადება, რომ ეს მოითხოვოს.

ედუარდ შევარდნაძე: პარლამენტს აქვს უფლება, მოითხოვოს, ან არ მოითხოვოს. მე მაქვს უფლება, შევასრულო, ან არ შევასრულო ეს მოთხოვნა საერთოდ კი არ ვიცი, გაიმართება თუ არა სამიტი გამოცხადებულ დროს. შეიძლება რაიმე ცვლილება მოხდეს. გარდა ამისა, მანამდე არის დრო ფიქრისა და პრაქტიკული მუშაობისათვის. როგორი იქნება ვლადიმერ პუტინის პირველი ნაბიჯები, ეს ჩემთვის პირადად ძალზე მნიშვნელოვანია. ყოველივე ამის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას. ისე, თავიდან მე გამოვაცხადე, რომ წავიდოდი.

რუსეთის ტელეკომპანია „ტვ-6“: პუტინმა განაცხადა, აგრეთვე, ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ეკონომიკური სივრცის სრული მოცულობით აღდგენის შესახებ. ხომ არ მიუღია საქართველოს რაიმე კონკრეტული წინადადება ამასთან დაკავშირებით და საერთოდ რას უნდა ნიშნავდეს ეს?

ედუარდ შევარდნაძე: როდესაც ეკონომიკურ სივრცეზეა საუბარი, მე არ მებადება ეჭვი, რომ მათ რაიმე სხვა აქვთ ჩაფიქრებული. მე თავად არაერთხელ მითქვამს ევრაზიის ერთიანი სივრცის შესახებ. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა მეთაურები ვცდილობთ ხელი შევუწყოთ ინტეგრაციული პროცესების განვითარებას. ეკონომიკური ინტეგრაცია, რომელიც ხელს უწყობს სახელმწიფოთა დამოუკიდებლობას, უდავოდ იმსახურებს მხარდაჭერას. ჩვენ მას მხარს ვუჭერდით და კვლავაც დავუჭერთ. ამას გულისხმობს ხელშეკრულებაც თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. იცით, რომ ჩვენ ვართ დსთ ფარგლებში ამ ხელშეკრულების ინიციატორი. სამწუხაროდ, ის ცუდად სრულდება და ბევრ ქვეყანაში ჯერ რატიფიცირებულიც არ არის. ვფიქრობ, აქედან უნდა დავიწყოთ: მოვახდინოთ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა შორის დადებული ამ ხელშეკრულების რატიფიცირება და რეალიზება. ეს იქნება პირველი მკვეთრი ნაბიჯი ერთიანი სივრცის შექმნისაკენ.

სააგენტო „ინტერფაქსი“: გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს რუსეთის სპეცსამსახურები ამზადებენ პროვოკაციას აფხაზეთში იმ მიზნით, რომ გუდაუთიდან არ გავიდეს რუსეთის სამხედრო ბაზა.

ედუარდ შევარდნაძე: რუსეთ-საქართველოს ერთიანობის გაუმჯობესების ერთ-ერთ პირობად შემთხვევით არ დავასახელე იმ შეთანხმებების შესრულება, რომლებსაც უკვე მოვაწერეთ ხელი და რომლებსაც ხმა მისცა სტამბოლის სამიტის ყველა მონაწილემ, მათ შორის, რუსეთმაც. ამის შემდეგ, რაც უნდა ჩაიფიქრონ სპეცსამსახურებმა არა მგონია, რომ ეს რეალური იყოს. შეიძლება, რაღაც მცდელობა იყოს, მაგრამ ვფიქრობ, საერთო არასტაბილურობამდე არ მიგვიყვანს. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ასეთი ინფორმაცია არ გვაქვს.

„ინტერფაქსი“: ორი კვირის წინათ თქვენ თქვით, რომ იანვრის პირველ რიცხვებში გამოაცხადებდით მიიღებდით თუ არა მონაწილეობას პრეზიდენტის არჩევნებში. მიიღეთ თუ არა გადაწყვეტილება?

ედუარდ შევარდნაძე: გადაწყვეტილება თითქმის მიღებულია, მაგრამ არ გამომიცხადებია.

„ინტერფაქსი“: შეგიძლიათ თუ არა, რომ გამოაცხადოთ?

ედუარდ შევარდნაძე: მე მაინც ასე, ცოტა ფრთხილად, ვიტყვი - ალბათ გარდაუვალი იქნება.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“: შარშან ამოიწურა იმ ნორმატიული შეღავათების ვადა, რომლებითაც სარგებლობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა რამდენიმე წლის განმავლობაში. თქვენი აზრით 2000 წლის შემდეგ უნდა გაგრძელდეს თუ არა ეს შეღავათები აჭარის მიმართ?

ედუარდ შევარდნაძე: ჯერჯერობით მე არ შემიჯამებია აჭარაში ბატონი ვაჟა ლორთქიფანიძის მეთაურობით დელეგაციის მუშაობის შედეგები. როგორც ვიცი, საკმაოდ სერიოზული საუბარი იყო ამ თემაზეც. როდესაც ეს ნორმატიული აქტი შემოვიღეთ, მე მომხრე ვიყავი, რომ ავტონომიური სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი გამოირჩეოდეს სხვა რეგიონებისაგან, ამიტომაც დაწესდა მაშინ ჩემი ინიციატივით შეღავათიანი ნორმატივი აჭარისათვის, შემდეგ, ნაწილობრივ თბილისისა და ქალაქ ფოთისათვის. ახლა ბიუჯეტის ფორმირება ძალზე მტკივნეულად მიმდინარეობს. შემოსავლები გაცილებით ნაკლებია, ვიდრე გვჭირდება ხარჯებისათვის, ამიტომ, იანვრის განმავლობაში აღმასრულებელი ხელისუფლება სახელმწიფო მინისტრის ხელმძღვანელობით იმუშავებს ბიუჯეტის პროექტზე. შემდეგ ალბათ, გვექნება სერიოზული კონსულტაციები სავალუტო ფონდთან და მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას. თუ მოგვეცემა საშუალება, მომხრე ვარ, რომ აჭარას დარჩეს ეს შეღავათები, მაგრამ ამავე დროს, აჭარამ უნდა გადაიხადოს ის, რაც გადასახდელია. ამ მხრივ ყველაფერი გარკვეული არ არის და უნდა გაირკვეს.

სააგენტო „ასოშეიტედ პრესი“: მესამე ათასწლეულის მიჯნაზე გაჩნდა ცივი ომის განახლების საშიშროების რეციდივები. თქვენ ამ ომის დასრულებაში განსაკუთრებული წვლილი მიგიძღვით. არსებობს მისი განახლების შესაძლებლობა?

ედუარდ შევარდნაძე: მე ვფიქრობ, რომ არა, გონიერმა ადამიანებმა არ უნდა დაუშვან ცივი ომის განახლება, რადგან ეს დამღუპველად იმოქმედებს ყველა სახელმწიფოსა და კონტინენტზე. ამასთან რეალური ძალებიც იმისათვის, რომ პროვოცირება შეძლონ, ახლა მსოფლიოში არ არსებობს.

„მოსკოვსკიე ნოვოსტი“: თქვენ და ელცინი იერუსალიმში შეხვდებით, თუ გიფიქრიათ, იმაზე, მიუტევებთ თუ არა მას იმ ცოდვებს, რომლებიც საქართველოსა და მისი პრეზიდენტის წინაშე აქვს?

ედუარდ შევარდნაძე: თუ ვილაპარაკებთ ელცინის ცოდვებზე, იმაზეც ვილაპარაკოთ, რა სიკეთე გაუკეთებია მას. ელცინი საინტერესო პიროვნებაა. 9 აპრილის დღეებში ის ერთ-ერთი პირველი მოღვაწე იყო, რომელიც ჩამოვიდა საქართველოში, კარგა ხანს დარჩა აქ და ქართველ ხალხთან ერთად იყო. ელცინი იყო ის პიროვნება, რომელიც კრემლის ყრილობათა სასახლეში კატუსევის მოხსენების საპროტესტოდ პირველი ადგა და ნახევარი დარბაზი გაიყვანა საქართველოს მხარდაჭერის ნიშნად. როდესაც აქ ჩამოვიდა და ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი, მის მაშინდელ გამოსვლებს ვფიქრობ, დღესაც არ დაუკარგავს აქტუალობა.

რაც შეეხება უფრო უსიამოვნო მოვლენებს, არ მინდა დავაკავშირო ისინი ელცინთან. არის ზოგიერთი პრობლემა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში. მე ასე მესმის, რომ ჩვენ რაც შეიძლება ნაკლები უნდა ვილაპარაკოთ წარსულ შეცდომებსა თუ ცოდვებზე და მეტი ვიფიქროთ მომავალზე. ამის საშუალება აქვს ახლა ვლადიმერ პუტინს, რუსეთის ხელმძღვანელობას. ამისათვის ხელსაყრელი პირობები აქვს საქართველოსაც.

საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური - საქინფორმი.

ჩვენ რაც შეიძლება ნაკლები უნდა ვილაპარაკოთ წარსულ შეცდომებსა თუ ცოდვებზე და მეტი ვიფიქროთ მომავალზე : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის ბრიფინგი : 2000 წლის 3 იანვარი // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2000. - 4 იანვარი. - №2 (3398). - 1,2 გვ.

7 ბატონ ედიშერ მაღალაშვილს სამოცდათხუთმეტ წლისთავზე

▲ზევით დაბრუნება


მილოცვა

ბატონო ედიშერ,

დაბადების სამოცდათხუთმეტ წელს გილოცავთ შესანიშნავ მსახიობსა და პიროვნებას.

ამ სამოცდათხუთმეტიდან ორმოცდაათზე მეტი ქართულ კინოსა და თეატრს შესწირეთ, ორმოცდაათ წელზე მეტია მაყურებელს უყვარხართ და აღტაცებული ტაშს გიკრავთ.

გისურვებთ, ეს სიყვარული და აღტაცების ტაში კვლავაც ყოფილიყოს თქვენი მომდევნო წლების მუდმივი თანამდევი.

პატივისცემით,
ედუარდ შევარდნაძე.

ბატონ ედიშერ მაღალაშვილს სამოცდათხუთმეტ წლისთავზე // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2000. - 6 იანვარი. - №4 (3400). - 1 გვ.

8 სწორედ ასეთ სიყვარულსა და თანადგომაშია გაცხადებული ის ღრმად შეფარული მისტერია, საარსებო დვრიტად რომ წაადგება 21-ე საუკუნის კაცობრიობას

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა
ქალაქ აშქელონში 2000 წლის 6 იანვარს

ჩვენო ებრაელო დებო და ძმებო! ჩვენო ქართველო ებრაელებო!

არის წუთები, განსაკუთრებული აზრით და შინაარსით რომ ავსებს ჩვენს სულიერ ბიოგრაფიას და მთელი ცხოვრების მანძილზე ამაღელვებელ მოგონებად გაგვყვება.

სწორედ ასეთი ამაღელვებელი იყო ჩემთვის თქვენთან პირველი შეხვედრა ამ რამდენიმე წლის წინათ აქ, აშქელონში და ასეთივე ამაღელვებელია ეს შეხვედრა დღესაც - ქალაქში, სადაც ასე ცხადად იკითხება ებრაელობის - ამ მარადიული ერის ისტორიაც და შთამბეჭდავი დღევანდელობაც.

ჩვენც წელთაღრიცხვამდე 1230 წლით დათარიღებულ გამარჯვების ობელისკზე, რომელიც ეგვიპტის მაშინდელ ფარაონს, მერნეპტაჰს აღუმართავს, ასეთი სიტყვებია ამოტვიფრული: „ქანაანი და მთელი მისი მოსახლეობა დამორჩილებულია. აშქელონი აღებულია. ისრაელი დაცამტვერებულია. მისი კვალიც აღარ დარჩა დედამიწაზე“.

და ეს სიტყვები ნათქვამია ამ ოცდაცამეტი საუკუნის წინათ...

მას შემდეგ მრავალი ქვეყანა და ხალხი არსებულა, მრავალი დიდი იმპერია შექმნილა და აღგვილა პირისაგან მიწისა, ხოლო ერი ისრაელისა მაინც გადაურჩა საუკუნეთა ქარტეხილებს...

ვინ იცის, იქნებ ნაბუქოდონოსორის მიერ აყრილ იუდეველთა შორის, თქვენი დევნილი წინაპრებიც იყვნენ, ამ ოცდაექვსი საუკუნის წინათ თავშესაფრის ძიებაში იმედითა და სასოებით რომ მოადგნენ მცხეთის, საქართველოს უძველეს სატახტო ქალაქს, და მოითხოვეს „მცხეთელთა მამასახლისისაგან ქვეყანა ხარკითა“, საქართველომ ფართოდ გაუღო კარი დევნილი ერის შვილებს...

ქართველ ებრაელებს თქვენი ისტორიის გზებზე მუდამ თან დაგყვებოდათ ბრძენ წინაპართა შეგონება: „გახსოვდეს მთელი ის გზა, რომლითაც მოჰყავდი უფალს - შენს ღმერთს...“ მაგრამ თქვენ თან დაგყვებათ მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი ხსოვნა თუ გამოცდილება: თქვენი თითქმის სამიათასწლოვანი ისტორია საქართველოს ისტორიის ნაწილია და საქართველოს თავზე დატრიალებულ ბედსა თუ უბედობას ისევე განიცდით, როგორც, პირად დრამას და თავგადასავალს. ალბათ, ეს არის თქვენი სახელწოდების - „ქართველი ებრაელი“ - არსი, გნებავთ, თქვენი ისტორიული ფენომენის მნიშვნელობა.

ძველია ჩვენი - ქართველებისა და ებრაელების - გზა ძველი და ოდინდელია ჩვენი ისტორიული მეხსიერებაც, რომელმაც დღემდე შემოინახა ჩვენი ხალხების მრავალსაუკუნოვანი თანაყოფნისა და ძმური თანაცხოვრების ცოცხალი სუნთქვა. სწორედ ეს ისტორიული მეხსიერებაა, ჩვენს სადღეისო ურთიერთობას რომ განსაზღვრავს. ეს არის ჩვენი საიმედო საყრდენი სამომავლოდაც. უნებურად მაგონდება ლაიბნიცის სიტყვები, ილია ჭავჭავაძის მიერ სალექსო სტრიქონა ჩამოსხმული: „აწმყო, შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მომავალისა“. ჩვენს სახელმწიფოებს შორის არსებული დღევანდელი სანიმუშო ურთიერთობა ამის საუკეთესო დასტურია.

ქართულმა წერილობითმა წყაროებმა, ქართულმა მატიანეებმა და, ბოლოს, ჩვენი ხალხის ცნობიერებამ საუკუნოდ აღბეჭდა ღვაწლი იმ ქართველი ებრაელებისა, რომლებმაც საქართველოს ისტორიის გარდამტეხ ეტაპზე, ქართლის მოქცევის ჟამს, საშვილისშვილო ღვაწლი მოიმოქმედეს: სიდონია და აბიათარი, ელიოზ მცხეთელი და ლონგინოზ კარსნელი ქართულმა ეკლესიამ, ქართველმა ხალხმა თავის წმინდანებად შერაცხა და საუკუნო ადგილი დაუმკვიდრა უკვდავთა სავანეში.

საუკუნეთა განმავლობაში ცხოვრობდნენ ებრაელები საქართველოში, ნიჭიერი და გამრჯე, ერთგული და გამტანი ისრაელის შვილები და არც ერთი ის პრივილეგია არ აკლდათ, რითაც ქართველობა და ქვეყნის სხვა მოსახლეობა სარგებლობდა. ებრაელები ყველაზე კარგად შეერწყნენ საქართველოს მიწას და, ამასთან, ყველაზე კარგად შეინარჩუნეს თავიანთი ძველბიბლიური ცხოვრების წესი. იერუსალიმს მისძახოდნენ ისინი, ქალაქს, რომლის ბიბლიურ სანახებში - ზეთისხილის მთასთან თუ გოდების კედელთან - ასე მკაფიოდ ისმის მარადიულობის ცოცხალი სუნთქვა.

აქეთკენ ილტვოდნენ ქრისტიანული საქართველოს გამორჩეული შვილებიც, ჩვენი მეფენი და დიდებულნი, აქ აშენებდნენ ეკლესია-მონასტრებს და, თუ ლეგენდას ვერწმუნებით, აქვე, ჯვრის მონასტერში, მიიწურა რუსთაველის უკანასკნელი დღეებიც...

დიდი იყო ჩვენი სულიერი კავშირის ძალა. ცნობილი ქართველი სასულიერო მოღვაწის - კირიონ II სიტყვებით რომ ვთქვათ, „იერუსალიმის ყოველი მაჯისცემა თავის ექოს გამოსცემდა მცხეთაში“. დღეს კი, ამჟამინდელი რეალობის ფონზე, ეს ხატოვანი გამოთქმა, ალბათ, ასეთ ჟღერადობას იძენს: „საქართველოს ყოველი მაჯისცემა თავის ექოს გამოსცემს იერუსალიმში“ - თქვენს გულებში, ჩვენო ქართველო ებრაელებო, ჩვენო ისტორიულო დებო და ძმებო! ჩვენს თვალწინ ასე შენივთდა დრო, წარსული და დღევანდელობა, ასე შეიკრა წრე და თვალნათლივ გაცხადდა ისტორიის მემკვიდრეობითობის პრინციპი. ამ ისტორიის შემოქმედნი კი თქვენა ხართ, რომელთაც თქვენი ბიბლიური, ძველთუძველესი სამშობლოსთვის ყოველდღიურ ზრუნვაში არც საქართველოში ჩვენი თანაცხოვრებისა და ძმური ურთიერთთანადგომის ოცდაექვსსაუკუნოვანი ისტორია გავიწყდებათ, ისტორია, რომლის ასეთუ სადღესასწაულო მანიფესტაცია მოხდა საქართველოში 1998 წლის სექტემბრის საიუბილეო დღეებში.

მრავალი ჯულისა და რწმენის ხალხი ცხოვრობდა და ცხოვრობს დღესაც საქართველოში, მაგრამ სარწმუნოებრივ-რელიგიური თუ რაიმე სხვა ნიშნით არავის უცდია მათი შევიწროება. შოთა რუსთაველი, ქართული სულისა და გენიის ყველაზე სრულყოფილი გამთლიანება (ალბათ, შემთხვევითი არაა, რომ ასე კონგენიალურად მისი ქმნილება სწორედ ებრაულ ენაზე აჟღერდა ჩვენი ყოფილი თანამემამულის, აწ განსვენებული ბორის გაპონოვის მეოხებით), ბიბლიური ესაიას მსგავსად იდეალური ქვეყნის მოდელს რომ გვთავაზობს, ამ ქვეყანას სხვადასხვა ხალხებისა და ერების შვილებით ასახლებს.

მოყვასისადმი თავდადება, სხვა ხალხების თანადგომა და პატივისცემა იყო ისტორიულად ქართველი კაცის ყველაზე მძლავრი იდეოლოგიური საყრდენი. ამ სულისკვეთებით აღჭურვილი ესწრებოდა იგი საერთოსახელმწიფოებრივ ჰარმონიას, სადაც, სხვებთან ერთად, ებრაელებსაც თავისი ღირსეული ადგილი ეჭირა. როგორ არ გავიხსენო აქ, ამ ჩვენს შეხვედრაზე სიტყვები დავით ბააზოვისა - დიდი რაბინისა და საქართველოს ებრაელთა სულიერი მოძღვრისა - ჩვენი საუკუნის დასაწყისში ევროპის ერთ-ერთ ქალაქში მსოფლიო ებრაელთა თავყრილობაზე ამაყად რომ წარუდგა თავის თანამოძმეებს:

„ძმებო, მე იმ ქვეყნიდან ვარ, სადაც ებრაელობა 2600 წელია ცხოვრობს და ამ ხნის მანძილზე არც ერთხელ არ განუცხადია რბევა და აწიოკება“.

რბევები და აწიოკებები, სამწუხაროდ, არ მოჰკლებია ებრაელობას განდევნილობის მრავალსაუკუნოვან ღამეებში.

საბედნიეროდ, იყვნენ ისეთი ადამიანებიც - მსოფლიოს ხალხთა წმინდანები, საფრთხეში რომ იგდებდნენ თავიანთ თავს და თანადგომას უწევდნენ სასიკვდილოდ განწირულ ებრაელობას. მეამაყება, რომ მათ შორის არაერთი ქართველიცაა, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში რომ იყვნენ მიმობნეულნი მეორე მსოფლიო ომის ქარცეცხლიან წლებში. ჩვენს სწავლულებს საამისოდ საგულისხმო ფაქტები მოეპოვებათ, სასურველია, საერთაშორისო საზოგადოებრიობამაც მეტი იცოდეს ამის შესახებ...

მოსახდენი მოხდა. აღდგა ისრაელის სახელმწიფოებრიობა და ქვეყნიერების ოთხივ კუთხიდან დაიძრა ერთ დროს სამშობლოდან განდევნილი ებრაელობა. დაიწყო რეპატრიაციის, ანუ როგორც ისრაელში იტყვიან, ალიის დიადი ეპოპეა, როდესაც მსოფლიო ებრაელობამ ხელახლა მიაშურა თავის ისტორიულ ფუძეს, თავის ისტორიულ აკვანს. დაიწყო საკუთარ სათავეებთან, საკუთარ სულთან მიბრუნების მღელვარე ეტაპი, მაგრამ ეს გზა საბჭოთა ებრაელობისთვის ერთობ ძნელი და დრამატული გამოდგა. იმჟამინდელმა ოფიციალურმა ხელისუფლებამ ცივი წყალი გადაასხა მათს აღტყინებას. ყინულმა მხოლოდ სამოციანი წლების ბოლოს დაიწყო ლღობა და ჩვენ სიამაყით უნდა ვთქვათ, რომ ამ საქმეშიც, ისევე როგორც ბევრ სხვა წამოწყებაში, სწორედ ჩვენმა ქართველმა ებრაელობამ შეასრულა გადამწყვეტი როლი: ყოველ ჩვენგანს ახსოვს იმ თვრამეტი ქართველი ებრაელის ოჯახის წერილი, რომლითაც მათ 1969 წლის 6 აგვისტოს მიმართეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციას. წერილს ფართო საერთაშორისო რეზონანსი მოჰყვა, რამაც ბიძგი მისცა ებრაელობის მასობრივ ალიას საბჭოთა კავშირიდან.

უნდა ითქვას, რომ 70-იან წლებშიც კი, როცა საბჭოთა კავშირში ზღვარდაუდებელი ანტიისრაელური კამპანია იყო გაჩაღებული, საქართველოდან, სხვა რესპუბლიკებთან შედარებით, შეძლებისდაგვარად უმტკივნეულოდ ხდებოდა ებრაელობის რეპატრიაცია. ჩვენი ხალხი გაგებით შეხვდა ამ ნაბიჯს. გაგებით, მაგრამ გულისტკივილითაც. გვენანებოდა ჩვენს ისტორიულ ძმებთან დაშორება. ამ და შემდეგდროინდელ პოზიტიურ მოვლენებში, რამაც ალიის ხორცშესხმა უზრუნველყო, მეამაყება, რომ არცთუ უმნიშვნელოა პირადად ჩემი წვლილიც.

ასეა, როგორც ბრძენი ეკლესიასტე ამბობს, „ყველაფერს თავისი დრო აქვს ამ ცისქვეშეთში და ყველაფერს თავისი ჟამი: ჟამი არს ქვათა მიმოფანტვისა და ჟამი მათი შეგროვებისა“.

ამ სენტენციასთან დაკავშირებით, ქართველ ებრაელებში გავრცელებული ერთი ლეგენდა უნდა მოვიგონო, ამ რამდენიმე წლის წინათ, საქართველოს მთიანეთში, ონის სინაგოგის 100 წლისთავის ზეიმზე რომ შევახსენე დამსწრე საზოგადოებას:

როდესაც ჩვენი წელთაღრიცხვის 70 წელს რომაელთა მხედართმთავარმა ტიტუს ვესპასიანემ იერუსალიმის წმინდა ტაძარი დაანგრია, ამ ტაძრის ქვები თურმე ჰაერში აიჭრა და მთელ ქვეყნიერებაზე დაიფანტა. რამდენიმე ქვა საქართველოშიც დაცემულა, სწორედ იმ ადგილებში, სადაც თქვენს წინაპრებს თავიანთი დიდებული სინაგოგები აუგიათ.

დიდი სიმბოლური აზრია ამ ლეგენდაში.

დიახ, „ჟამი არს ქვათა მიმოფანტვისა და ჟამი მათი შეგროვებისა“.

იმ ტაძრის ნგრევა ებრაელთა ისტორიის ყველაზე ტრაგიკულ ეპიზოდს უკავშირდება. ეს იყო ჟამი სიძულვილისა, ჟამი ნგრევისა და ჟამი ქვათა მიმოფანტვისა.

საბედნიეროდ, მრავალჭირგადანახადმა ებრაელმა ხალხმა გაუძლო ისტორიის გამოცდას: დაიწყო ჟამი შენებისა და ჟამი ქვათა შეგროვებისა.

დღეს ეს ჟამი საქართველოს უდგას. აქ არიან ჩემი კოლეგები და მეგობრები, ვინც 1995 წლის ივნისშიც ჩამოვიდა ჩემთან ერთად. ყოველ მათგანს კარგად ახსოვს, თუ რა იყო საქართველო მაშინ - ქვეყანა დემოკრატიისა და წესრიგის გარეშე, ქვეყანა ადამიანის ელემენტარული უფლებების გარეშე, ქვეყანა წარმოებისა და საკუთარი პროდუქციის გარეშე, ქვეყანა საკუთარი ფულის გარეშე და, რაც ყველაზე ნიშანდობლივია - ქვეყანა კონსტიტუციის გარეშე. ჩვენს მიღწევებზე, ალბათ, სჯობს სხვამ იმსჯელოს, ამიტომ, კვეხნად რომ არ ჩამომართვათ, მხოლოდ ჩამოვთვლი იმას, რასაც საქართველომ ჩვენი უკანასკნელი შეხვედრის შემდეგ მიაღწია. ჩვენ დავამყარეთ წესრიგი, მივიღეთ დემოკრატიული კონსტიტუცია, შემოვიღეთ ეროვნული ფულადი ერთეული ლარი, რომელმაც არათუ ერთადერთი საგადამხდელო საშუალების როლი დაიმკვიდრა, არამედ შარშანდელ, მრავალი, ჩვენზე გაცილებით დიდი ქვეყნისთვის დამანგრეველ მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისსაც გაუძლო, ჩვენ ვახორციელებთ მიწის, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, საფინანსო-საბანკო სისტემის, სასამართლო ხელისუფლების ძირეულ რეფორმებს, მიმდინარეობს მასშტაბური პრივატიზაცია და სახელმწიფო ბიუჯეტის 80 პროცენტზე მეტი კერძო სექტორიდან ივსება, გავმართეთ პრეზიდენტის და ორჯერ - პარლამენტის არჩევნები, რომლებიც ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ სამართლიანად და თავისუფლად შეფასდა, გავხდით ევროპის საბჭოსა და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრები, პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმება დავდეთ ევროკავშირთან, უცხო ქვეყნის ჯარი გავიყვანეთ საქართველოს საზღვრებიდან და ახლა მას მთლიანად დამოუკიდებლად ვიცავთ, გამოვიყვანეთ ბაქო-სუფსის ნავთობსადენი, რომლითაც კასპიის ნავთობი ისრაელშიც იტვირთება, სამართლებრივი საფუძველი ჩავუყარეთ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის კასპიის დიდი ნავთობსადენისა და ტრანსკასპიური გაზსადენის მშენებლობას. ამ ჩამონათვალის გაგრძელება ძალზე დიდ დროს წაგვართმევს. იმას ვიტყვი მხოლოდ, რომ დიდი ჭირთათმენისა და მსხვერპლის ფასად ვამკვიდრებთ ახალ სახელმწიფოებრიობას, როგორც ეს ებრაელებმა გააკეთეს დაწყებული 1948 წლიდან. მე ხშირად ვეუბნები ჩემს ხალხს - რა დაგვა და სისხლი დასჭირდა და რამდენი წლის მანძილზე იბრძოდა ებრაელობა დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად. ყველა ამ მიღწევაში არის საქართველოში მცხოვრები ებრაელების არცთუ უმნიშვნელო წვლილი. ქვეყნის აღორძინების ყველაზე რთულ ეტაპზე ებრაული წარმოშობის საქართველოს მოქალაქეები თანაბრად იზიარებდნენ თავისი ქვეყნის ჭირსა და ვარამს, ხოლო დღეს - ღირსეულად იღვწიან როგორც ხელისუფლების ყველა შტოს საქმიანობაში, ისე ბიზნესის სხვადასხვა სფეროში. ქართველი ებრაელები ქართული საზოგადოების ის განუყოფელი ნაწილია, ურომლისოდაც საქართველოს დღევანდელი სახე სულ სხვაგვარი იქნებოდა.

ძვირფასო მეგობრებო,

უკვე მიიწურა მეოცე საუკუნე, დასრულდა კაცობრიობის ისტორიის ორიათასწლიანი მარათონი. ორი ათასი წლის წინათ აქ, ბიბლიური ერის წიაღში, იუდეის ბეთლემში, იშვა ყრმა იესო, რომლის შობის ბრწყინვალე დღესასწაულს დღეს მთელი ქრისტიანული სამყარო ზეიმობს. ბეთლემში დაიბადა ბიბლიური მეფე დავითიც, რომლის სახელთანაც ებრაელთა ისტორიის ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპია დაკავშირებული. თუ ებრაელისთვის მეფე დავითი რაღაც დიდისა და ღვთაებრივის თანაფარდია და მისი სახელის მოხსენიებაში იგი ყოველთვის ღრმა და შეფარულ შინაარსს დებს, ბაგრატიონი ქართველი მეფეები თავიანთ თავს დავით წინასწარმეტყველის შთამომავლად თვლიან.

საქართველოც, ვითარცა უძველესი ქრისტიანული ქვეყანა, ჩართულია ამ დიდ ზეიმში, როგორც თქვენთვის ცნობილია, ქრისტიანული წმინდა ადგილების მოსალოცავად აქ ჩამოსულია ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის მეთაურობით. მასთან ერთად მეც ვეწვევი ბეთლემს და ვილოცებ საქართველოს გამთლიანებისა და აღორძინებისათვის, ვინაიდან ყოველი ქრისტიანისთვის უდიდესი ბედნიერებაა ქრისტესშობას ეახლოს წმინდა მიწას. წმინდა მიწას ემთხვევა პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწეთა მრავალრიცხოვანი ჯგუფი. თავისთავად ესეც მნიშვნელოვანი მოვლენაა, რადგან უახლოეს წლებში ქართველმა საზოგადო მოღვაწეებმა ძალიან ბევრი რამ გააკეთეს ჩვენს შორის ხიდის აღსადგენად.

ასე გვესმოდა და გვესმის ჩვენ ხალხებისა და ერების თანაარსებობის პრინციპი, ამავე კონტექსტით აღვიქვამთ ქართულ-ებრაული ძმობისა და მეგობრობის 26-საუკუნოვან ტრადიციას.

მწერლის სიტყვებით რომ ვთქვათ, იქნებ სწორედ ასეთ სიყვარულსა და თანადგომაშია გაცხადებული ის ღრმად შეფარული მისტერია, საარსებო დვრიტად რომ წაადგება 21-ე საუკუნის კაცობრიობას.

მშვიდობა და კეთილდღეობა იყოს ჩვენი ქვეყნებისა და ხალხების მეგზური!

საქინფორმის ფოტოქრონიკა.

სწორედ ასეთ სიყვარულსა და თანადგომაშია გაცხადებული ის ღრმად შეფარული მისტერია, საარსებო დვრიტად რომ წაადგება 21-ე საუკუნის კაცობრიობას // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2000. - 9-10 იანვარი. - №6-7 (3403). - 1,3 გვ.

9 ედუარდ შევარდნაძე: ჯერ კიდევ იერუსალიმში ყოფნისას მივიღე საბოლოო გადაწყვეტილება და დღეს ვაცხადებ თანხმობას კენჭი ვიყარო საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
10 იანვრის რადიოინტერვიუ

- გასული კვირის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო თქვენი ვიზიტი ისრაელში, სადაც ქრისტესშობის 2000 წლისთავისადმი მიძღვნილ სადღესასწაულო ღონისძიებებში მიიღეთ მონაწილეობა. რას ნიშნავს ეს დღეები თქვენთვის, როგორც პრეზიდენტისათვის, და როგორც, უბრალოდ, ქრისტიანისთვის... - ჟურნალისტის ნატო ონიანის თხოვნით ამ თემაზე საუბრით დაიწყო თავისი ტრადიციული ორშაბათის რადიოინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ:

- უწინარესად, მინდა ბოდიში მოვიხადო, თუ ჩემი კომენტარი ცოტა ვრცელი გამოვა ამ დილით, მაგრამ ეს ისეთი თემებია, რომ იძულებული ვარ მეტი დრო მოვითხოვო.

რაც შეეხება კითხვას: ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე მინდა მოგახსენოთ, რომ ეს იყო ორი უმნიშვნელოვანესი დღე ჩემს ცხოვრებაში.

გულწრფელად გეტყვით, ორი უკიდურესი ათვლის წერტილი მაქვს განსაკუთრებით ბოლო წლებში: ბოლო დღეები სოხუმში - 1993 წლის 27-28 სექტემბერი, როდესაც გამთენიისას უკანასკნელმა დავტოვე აფხაზეთი ჩემს თანამებრძოლებთან ერთად და 2000 წლის 6-7 იანვარი, როდესაც წილად მხვდა ბედნიერება უწმინდესთან და უნეტარესთან, აგრეთვე, ჩვენი საზოგადოების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ვწვეოდი წმინდა მიწას ქრისტესშობის 2000 წლის იუბილეზე.

ადამიანისათვის, რომელმაც ურთულესი გზა განვლო, ღვთის შეწევნით საბოლოოდ მიაგნო სულიერ ნავსაყუდელს, ჭეშმარიტ სარწმუნოებას, რომელმაც იწამა ღმერთი და შეიგრძნო რწმენის სიხარული, მართლაც არ შეიძლება არსებობდეს, ამაზე დიდი ბედნიერება. განა რა შეიძლება იყოს იმაზე დიდი პატივი, რომ შენი ქვეყნის, შენი ერის სახელით, საქართველოს სულიერ მოძღვართან ერთად თაყვანი სცე პალესტინის, იერუსალიმის სიწმინდეთ, მაცხოვრის საფლავთან შეავედრო უფალს შენი სამშობლო, შესთხოვო ერისა და ქვეყნის ბედნიერება, ილოცო მამულის გამთლიანებისა და აყვავებისათვის.

იერუსალიმში ყოფნისას წილად მხვდა დიდი პატივი - მიმეღო წმინდა საფლავის რაინდის ორდენი. უამრავ ჯილდოთა შორის იგი მართლაც გამორჩეულია ჩემთვის, ვინაიდან შეიცავს არა მარტო საერო ღირსებას, არამედ სარწმუნოებრივსაც.

იმავდროულად, ეს ორდენი ღვთიური ნათლით გასხივოსნებული მადლია ათეულობით და ასიათასობით ჩვენი თანამემამულის მიმართ, რომლებიც 2 ათასწლეულის განმავლობაში თავს სწირავდნენ ჭეშმარიტ სარწმუნოებას, ადიდებდნენ ღმერთს მორჩილებითა და ღვთისმსახურებით. ვგულისხმობ, იმ უჩინარ, ხშირად უსახელო ქართველებს, უმძიმეს სისხლიან საუკუნეთა მრისხანების მიუხედავად, დღემდე რომ მოიტანეს და სათუთად გადმოგვცეს ქართული სახელმწიფოებრიობა, ენა, მამული, სარწმუნოება, როგორც ხელთუქმნელი ტაძარი.

მართლაც ბედნიერება და ღვთის მადლი იყო ის ორი დღე, როდესაც მქონდა საშუალება მომენახულებინა ქრისტიანული სამყაროს უდიდესი სიწმინდენი: მაცხოვრის საფლავი, ღვთისმშობლის ბაზილიკა, ბეთლემის ტაძარი, წმინდა გიორგის საფლავი...

მე უკვე ვთქვი, რომ მაცხოვრის ტაძრიდან გამოსულს ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს რაღაც უმძიმესი ტვირთი ჩამოვიხსენი.

ყველა ადამიანს თავისი გოლგოთა აქვს. ყოველი ჩვენგანი საკუთარ სულში უნდა იმეორებდეს მაცხოვრის გმირობას.

ჩემი გოლგოთა მეც გავიარე.

უკანასკნელი წლების განმავლობაში, ღვთის მადლით, გამარჯვებებთან და სიხარულთან ერთად მეც ვზიდე ტკივილისა და პასუხისმგებლობის უმძიმესი ჯვარი. არასოდეს დამავიწყდება ექვსი წლის წინათ აფხაზეთიდან ლტოლვილი სამურზაყანოელის სიტყვები: გოლგოთის დაღმართი ზოგჯერ აღმართზე ძნელიაო.

დავაკვირდეთ ამ სიტყვებს, მათში უდიდესი სიბრძნეა ჩაქსოვილი.

აი, ასეთი გახლავთ ჩემი განაცხადი. მადლობა უფალს, რომ ეს ბედნიერება მხვდა წილად.

- იერუსალიმში დელეგაციის წევრმა ქართველმა ჟურნალისტებმა არაერთხელ დასვეს კითხვა მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით. საერთოდ, ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ თქვენ სწორედ იერუსალიმში ემზადებოდით ამ გადაწყვეტილების მისაღებად. რამდენიმე დღის წინათ გამოქვეყნდა ცნობილ საზოგადო მოღვაწეთა მიმართვა, რომელშიც ისინი გთხოვენ კენჭი იყაროთ პრეზიდენტის პოსტზე...

- ამ მიმართვის შესახებ თბილისიდან მაცნობეს მაშინ, როცა უკვე სამშობლოში დასაბრუნებლად ვემზადებოდით.

უწინარეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, უდიდეს მადლობას მოვახსენებ ჩვენი ქვეყნის თვალსაჩინო მოღვაწეებს, რომლებმაც საჭიროდ და აუცილებლად ჩათვალეს, რომ ხელმოერედ ვიყარო კენჭი პრეზიდენტის პოსტზე. მათ ხაზი გაუსვეს, რომ ეს თხოვნა კი არ არის, არამედ ჩემი პასუხისმგებლობა და მოვალეობაა, და ისიც მინდა გითხრათ, რომ დაბრუნების შემდეგ არ წყდება სხვა მოღვაწეების, ჩემი მეგობრების სატელეფონო ზარები, რომლებიც, ცოტა არ იყოს, კიდეც მსაყვედურობენ, მათი გვარები რატომ არ არის მოხსენიებული, მაგალითად, შემოქმედებითი კავშირების ხელმძღვანელები რამდენიმე დღით ადრე იყვნენ ჩემთან და დაახლოებით ასეთივე საკითხებს აყენებდნენ. მაგალითად, მივიღე ახალგაზრდა მოღვაწეთა საკმაოდ დიდი ჯგუფი და სხვები. ასე რომ, ეტყობა, ეს გამოჩენილი ადამიანების ერთი ჯგუფის აზრი არ არის. მარტო მათი აზრი როდია და ამას დიდად ვაფასებ.

რაც შეეხება თვით ამ ხელმომწერთ: თითოეული მათგანი ნებისმიერ ერსა და ქვეყანას დაამშვენებდა, მათი შემოქმედება მარტო საქართველოს კი არა, მთელი კაცობრიობის საგანძურის ნაწილია.

ჩემთვის ამ მხარდაჭერას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ცხადია, მხარს მიჭერს ჩემი პარტია - მოქალაქეთა კავშირი. განვლილმა არჩევნებმა დაადასტურა - იგი შესანიშნავად ორგანიზებული და მრავლისშემძლე პოლიტიკური ძალაა, რომელსაც 150-მანდატიანი უმრავლესობა აქვს პარლამენტში.

მიუხედავად ამისა, ჩემთვის, გარკვეული აზრით, გადამწყვეტი გახდა სწორედ ქართველი ინტელიგენციის თვალსაჩინო წარმომადგენელთა მოწოდება, ვინაიდან ისინი უეჭველად გამოხატავენ ქართველი ინტელიგენციის, ჩვენი ერის სულიერი არისტროკრატიისა და მთლიანად ქართველი საზოგადოების აზრს პარტიულობის პრინციპის მიუხედავად.

ჩემთვის პრეზიდენტობა თვითმიზანი არ არის. უმთავრეს საკითხად მიმაჩნია, რომ ყოფილიყავი არა მარტო მოქალაქეთა კავშირის, არამედ სწორედ იმ ადამიანთა რჩეული, ვინც ათწლეულების განმავლობაში ქმნიდა და ქმნის საქართველოს დიდებას.

ამიტომაც, ბოლო დრომდე თავს ვიკავებდი ერთმნიშვნელოვანი განცხადებებისაგან.

ბუნებრივია, ხელთ მქონდა სხვადასხვა სოციოლოგიური გამოკვლევის შედეგები, მათ შორის, სრულიად დამოუკიდებელი ინსტიტუტებისა და ცენტრების მონაცემები, რომელთა თანახმად მოსახლეობის დიდი ნაწილი, შეიძლება ითქვას, დიდი უმრავლესობა, ჩემს კანდიდატურას უჭერდა მხარს. ეს ჩემთვის ბედნიერება და პატივია, მაგრამ მაინც ვერ მივიღებდი საბოლოო გადაწყვეტილებას, სანამ არ შევიტყობდი იმ ადამიანთა აზრს, რომელთაც ყოველთვის მივიჩნევდი ქართველი ერის სიამაყედ.

აქედან გამომდინარე, ჯერ კიდევ იერუსალიმში ყოფნისას მათი მოწოდების პასუხად მივიღე საბოლოო გადაწყვეტილება და დღეს ვაცხადებ თანხმობას კენჭი ვიყარო საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე.

მე ვიცი, ეს არა მარტო ქართველი ინტელიგენციის წარმომადგენლების, არამედ ჩვენი აზერბაიჯანელი მოსახლეობის, სომეხი მოსახლეობის, რუსებისა და სხვათა და სხვათა აზრიცაა.

და მაინც. ეს არ არის ერთ დღეში მიღებული გადაწყვეტილება. ზოგჯერ საუბრობენ ალტერნატივაზე. საკუთარ თავზე ლაპარაკი არ მჩვევია, მაგრამ ერთი რამ უნდა ითქვას: ალტერნატივა ნამდვილად არა აქვს იმ კურსს, რომელსაც ამჟამად ვახორციელებთ.

ჩვენი მამა-პაპანი საუკუნეთა და ათასწლეულთა განმავლობაში ოცნებობდნენ და იბრძოდნენ თავისუფლებისათვის, დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოებრიობისათვის.

ამ სწრაფვის ძალა და მნიშვნელობა განსაკუთრებით იგრძნობოდა ისრაელში.

დღეს უკვე გამარჯვებული და ძლევამოსილი ქვეყნის შემოქმედი ერი ხომ თითქმის ორი ათასი წელი სულში ატარებდა ამ ოცნებასა და რწმენას.

მან უპირველესად საკუთარ სულში შეინარჩუნა ეროვნული სახელწმიფოებრიობის დიდი ტაძარი და აღადგინა კიდეც იგი. თუმცა დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან კეთილდღეობამდე 25-წლიანი გზა განვლო, თუ არა მეტი.

ათასწლეულთა მიჯნაზე საქართველოს ღმერთმა მოჰმადლა ასეთივე ბედნიერება.

დღევანდელ თაობას ამ თვალსაზრისით უდიდესი პასუხისმგებლობა გვაკისრია.

ეს არის, მე ვიტყოდი, ღვთიური მისია, რომელიც უფალმა მთელ თაობას არგუნა, როგორც დიდი პატივი.

მე ერთხელ ვთქვი - ქართველი ერი და თვით უფალი არ გვაპატიებს, თუ ამ შესაძლებლობას არ გამოვიყენებთ და დავუშვებთ იმ უბედურებას, რომ ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების მრავალი თაობა ცრემლს ღვრიდეს ქართული სახელმწიფოებრიობის დანგრეული ტაძრის „გოდების კედელთან“.

ამიტომ მტკიცედ ვიმეორებ: საქართველოს დამოუკიდებლობასა და სახელმწიფოებრიობას, ისევე, როგორც თავისუფლებასა და დემოკრატიას, ალტერნატივა არა აქვს.

მთელ ერად, მთელ საზოგადოებასთან ერთად სწორედ ამაში ვხედავ ჩემს პიროვნულ მისიასაც.

სხვაგვარად როგორ შეიძლება აიხსნას სასწაულებრივი გადარჩენა რამდენიმე საზარელი ტერაქტის შემდეგ. ორი მათგანი საზოგადოებისათვის ცნობილია, თუმცა იყო კიდევ არა ერთი სასწაულებრივი შემთხვევა აფხაზეთის ომის დროს.

ამიტომ რაოდენ, მძიმეც უნდა იყოს, მე ვერ გავექცევი პასუხისმგებლობას ქვეყნისა და თავად ისტორიის წინაშე.

ეს არის პასუხისმგებლობა დღევანდელი და მომავალი თაობების, ასევე, წინაპართა ანდერძის მიმართ.

ამ პასუხისმგებლობისათვის თავის არიდება, შემწყნარებლობისა და სისუსტის, მით უმეტეს, სიმხდალის გამომჟღავნება - მიუტევებელი დანაშაული იქნებოდა.

ბატონ ჭაბუას დავესესხები: „ჩემი საკეთებელი“ ჯერ ბოლომდე არ გამიკეთებია. საბოლოო გადაწყვეტილება კი ხალხმა მიიღოს.

და კიდევ ერთი. ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ახალგაზრდობის მხარდაჭერას, უკვე ვახსენე, რომ მქონდა შეხვედრა მათთან და კიდევ ბევრი შეხვედრა მექნება. ახალგაზრდობის აზრი ჩემთვის უმნიშვნელოვანესი ინდიკატორია არჩეული კურსის მართებულობისა, ვინაიდან ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების თაობამ უნდა ჩაიბაროს ოცდამეერთე საუკუნეში, უნდა იტვირთოს ეს დიდი პასუხისმგებლობა - იგი მომავალს რწმენითა და იმედით შესცქერის.

დაუშვებელია, რომ ახალგაზრდა თაობა, რომლის წარმომადგენლები პიროვნებად ჩამოყალიბდნენ თავისუფლების პირობებში, სწორედ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის პირობებში, გულგატეხილი და იმედგაცრუებული აღმოჩნდეს.

- შეიძლება თუ არა თქვენი სიტყვები ისე გავიგოთ, რომ საპრეზიდენტო კამპანია უკვე დაიწყო?

- მადლობელი ვარ ამ კითხვისათვის.

აქვე მთელი კატეგორიულობით უნდა განვაცხადო:

ქართველი ინტელიგენციის წარმომადგენელთა მიმართვა, რომელზეც ცოტა ხნის წინათ ვისაუბრეთ, არავითარ შემთხვევაში არ არის და არც შეიძლება ყოფილიყო საპრეზიდენტო კამპანიის ნაწილი.

შეიძლება არ უნდა ვამბობდე, მაგრამ ქარაგმულად უკვე გამოვთქვი კიდეც ერთგვარი მინიშნება ძალიან სერიოზული ყოყმანის თაობაზე.

საარჩევნო კამპანია კი მხოლოდ დღეიდან, ანუ მას შემდეგ თუ დაიწყება, რაც ერთმნიშვნელოვნად და მტკიცედ განვაცხადე, რომ მივიღე გადაწყვეტილება და სწორედაც რომ ვიბრძოლებ ჩემი მოვალეობისა და ვალდებულების მოსახდელად.

ჩემთვის ცნობილია, რომ ინტელიგენციის წარმომადგენელთა ამ ინიციატივას ფართო გამოხმაურება მოჰყვა მთელ საქართველოში. როგორც ზემოთ უკვე მოგახსენეთ, რაიონებსა და ქალაქებში იქმნება საინიციატივო ჯგუფები, „საზოგადოებრივი დარბაზის“ განშტოებანი. მადლობელი ვარ „საზოგადოებრივი დარბაზის“ შექმნის ინიციატორებისა, რომლებმაც შესანიშნავ წამოწყებას დაუდეს სათავე. თუ არ ვცდები, ბატონი ელგუჯა მეძმარიაშვილი არის ამის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი. ყველას მადლობას მოვახსენებ, როგორც მითხრეს, ისეა ჩაფიქრებული, რომ რაიონებში, ქალაქებში, მხარეებში და ორგანიზაციებშიც კი მას თავისი ფილიალები ექნება.

ამჟამად, უმთავრესი ამოცანაა, არჩევნები გაიმართოს დემოკრატიის პრინციპების, საქართველოს კონსტიტუციისა და კანონების უცილობელი დაცვით.

- როგორც თქვენ ბრძანებთ, მოსახლეობის უმრავლესობა მხარს გიჭერთ. ამის შესახებ გაქვთ სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგები, მათ შორის, დამოუკიდებელი სამსახურებისაც. ასეთი ტიპის სოციოლოგიური გამოკითხვები ეწყობა, მათ შესახებ პრესაშიც ხშირად იბეჭდება. მაგრამ, როგორც მოგეხსენებათ, საზოგადოებაში არსებობენ არა მხოლოდ თქვენი მხარდამჭერი და არა მხოლოდ ოპოზიციური ძალები, არამედ ის ძალებიც, რომელთაც მტრული, დაპირისპირებული ძალები ჰქვია. უშიშროების მინისტრმა პარლამენტში გამოსვლისას ისაუბრა მომავალი შესაძლო დესტაბილიზაციის თაობაზე. შესწევს თუ არა დღეს საქართველოს სახელმწიფოს იმის უნარი, რომ მოსახლეობამ არჩევნების დროს გამოხატოს თავისი ნება და ეს არ მოხდეს დესტაბილიზაციის ფონზე...

- მე ამგვარად გიპასუხებდით. შემთხვევით როდი ვისაუბრე ასეთი რწმენითა და იმედით იერუსალიმზე, წმინდა მიწაზე... იმ დღეებში მუხლი მოვიყარეთ და თაყვანი ვეცით მაცხოვრის საფლავს, ღვთისმშობლის საფლავს და ყოვლისმძლე წმინდა გიორგის საფლავსაც.

იცოდეს ყველამ: ვინც ხელს აღმართავს საქართველოს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობაზე, ანუ ღვთის მადლსა და ღმერთისაგან ნაკარნახევ ერთადერთ ჭეშმარიტ გზაზე - უეჭველად დამარცხდება ღვთისა და ერის ყოვლისშემმუსვრელი ნებით.

ყველა, ვინც შეეცდება ბოროტად ისარგებლოს დროებითი სიძნელეებით, ზურგში დანა ჩასცეს საკუთარ ქვეყანას, განარისხოს უფალი უზენაესი ნების უგულებელყოფით, - უთუოდ დაისჯება. მტრობასა და მუხანათობას არავის აპატიებს არც ღმერთი, არც ერი და არც პრეზიდენტი. მართალი ბრძანდებით, ნამდვილად არის გარკვეული ინფორმაცია, მაგრამ პროვოკაციას ხალხი არ აჰყვება.

ჩვენ ძალიან ბევრი შევიწყალეთ როდესაც დაპირისპირებული ორივე ბანაკიდან, მაგრამ ეს გახლდათ სახელმწიფოს ძალის გამოვლინება და არა სისუსტისა. ეს იყო იმ შერიგების პოლიტიკის რეალური განხორციელება, რომელიც რამდენიმე წლის წინათ გამოვაცხადეთ.

დღეს საქართველო არანაირი თვალსაზრისით აღარ არის ისეთი, როგორიც იყო თუნდაც სამი-ოთხი წლის წინათ.

ეს ყველამ გაითვალისწინოს.

ამასთან, ვადასტურებ ჩემს პატივისცემას ყველა ოპონენტის მიმართ, ვინც კონსტიტუციური მეთოდებით, კონსტიტუციის დაცვით (და არა მისი თითქმის ყოველდღიური ბოროტი ხელყოფით), ისარგებლებს თითოეული მოქალაქის კონსტიტუციური უფლებით და ასევე განაცხადებს მზადყოფნასა და სურვილს იბრძოლოს პრეზიდენტისათვის.

ამთავითვე მოვუწოდებ ყველა ოპონენტს, ვიყოთ კორექტულნი და პატივი ვცეთ ერის არჩევანს.

მზადა ვარ პირადად მივცე კორექტული, დემოკრატიული საარჩევნო ბრძოლისა და აზრთა ჭიდილის მაგალითი.

- გასულ კვირას საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა თბილისის მერის ვანო ზოდელავას სენსაციური განცხადება. მან თქვა, რომ ედუარდ შევარდნაძეს არათუ 2000 წლის, არამედ 2005 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროსაც კი არ ეყოლება ალტერნატივა. ამ განცხადებას ძალიან დიდი რეზონანსი მოჰყვა და გარკვეულმა ძალებმა გაკვირვებაც კი გამოხატეს იმის თაობაზე, თუ რატომ დაისვა ეს საკითხი მაშინ, როცა ჯერ 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიც არ ჩატარებულა.

- თავიდანვე უნდა გითხრათ, რომ ყველა მოქალაქეს, ყველა ადამიანს, მათ შორის, ყველა ხელმძღვანელს და დედაქალაქის ლიდერსაც აქვს უფლება გამოთქვას თავისი აზრი. ამასთან, მინდა დავაზუსტო და გეთანხმებით, რომ მართლაც გარკვეული რეზონანსი მოჰყვა ამ განცხადებას, განსაკუთრებით, მასმედიაში.

მინდა დავაზუსტო ზოგიერთი რამ, რამდენიმე დღის წინათ შევკრიბე ჩემი თანამებრძოლები, თანამოაზრენი, ჩემი გუნდის წევრები - მათ შორის, მოქალაქეთა კავშირის ლიდერები, ზოგიერთი დეპუტატი, სამხარეო რწმუნებულები და ვთხოვე გულწრფელად გამოეთქვათ აზრი საპრეზიდენტო კამპანიაში ჩემი მონაწილეობის თაობაზე. არ შემიძლია ჩემს თანამოაზრეებს და ჩემს თანამებრძოლებს არ ვეთათბირო.

ეს არ იყო არავითარი და არანაირი კეკლუცობა, მით უმეტეს, რომ შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა. მართლაც მაინტერესებდა იმ ადამიანთა აზრი, ვინც ჩემთან ერთად, და როგორც ვთქვი, ჩემი ხელმძღვანელობით ახორციელებს სახელმწიფოებრივ კურსს. არც ის დამიმალავს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიმიღია - მაშინ ჯერ კიდევ არ მქონდა გადაწყვეტილება მიღებული.

გულწრფელად ვთქვი ისიც, რომ ზოგიერთი ფაქტორი მაძლევს ერთგვარი ყოყმანის საფუძველს, და ეს ფაქტორებიც ჩამოვთვალე. ამის შესახებ ქვემოთ მოგახსენებთ.

ბატონ ვანო ზოდელავას განცხადება იყო ერთგვარი რეაქცია ხსენებული შეხვედრის დროს ჩემს გამოსვლაზე, თუ შეიძლება ასე ითქვას, ჩემს ყოყმანზე.

ამ შეხვედრის შინაარსი, ვიმეორებ, საზოგადოებისათვის უცნობი იყო, ამიტომ ვანო ზოდელავას განცხადება კონტექსტიდან ამოვარდნილი აღმოჩნდა. რაც შეეხება მისი წინადადების შინაარსს, ანუ კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას: მე ვამაყობ, რომ ჩემს თანამოაზრეებთან, მათ შორის, ოპონენტებთან ერთად ვიყავი საქართველოს კონსტიტუციის ერთ-ერთი ინიციატორი და ერთ-ერთი ავტორი.

როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, ვარ კონსტიტუციის შეუვალობის გარანტი და ასეთად დავრჩები კვლავაც.

- თქვენ ბრძანეთ, რომ მოსახლეობა მხარს გიჭერთ. თქვენ ბრძანეთ, რომ დარწმუნებული ხართ იმ კურსის უალტერნატივობაში, რომელსაც დღეს ახორციელებთ. მაშინ, რა იყო ამ ყოყმანის მიზეზი, თუკი დარწმუნებული ხართ, რო თქვენს სახელმწიფოებრივ კურსს ალტერნატივა არ გააჩნია?

- სავსებით კანონზომიერი კითხვაა. ერთადერთი მიზეზი ის იყო, რომ ქვეყანაში მართლაც ძალიან მძიმე მდგომარეობაა.

შესანიშნავად ვიცი და თავად ვგრძნობ ჩემი ქვეყნისა და ხალხის ტკივილს და ეს ჩემი ტკივილია გულის სიღრმეში.

უდიდესი უსამართლობა იქნებოდა, ვინმეს ესაყვედურა, რომ საერთოდ არაფერი გაკეთებულა ამ წლებში.

ძალიან ბევრი გაკეთდა ქვეყნისათვის სასიკეთო, სამომავლო, საშვილიშვილო, - ქართული სახელმწიფო დაფუძნდა; მსოფლიოში ავტორიტეტი მოიპოვა; ეკონომიკა ამოქმედდა; შრომამ და გარჯამ აზრი შეიძინა; ნიჭსა და უნარს ასპარეზი მიეცა; პიროვნება განთავისუფლდა; საზოგადოებაც თავისუფლაც სუნთქავს, მსჯელობს, აზროვნებს; ადამიანის უფლებები უპირველეს პრიორიტეტად იქცა.

მაგრამ, მეორე მხრივ, კვლავაც ძალიან ბევრი რამ დაუსრულებელია, ბევრის გაკეთება ჯერ კიდევ ვერ შევძელით და ვერ მოვასწარით, თუმცა დადებითი ტენდენციები ყველა სფეროში თვალნათელია.

მიუხედავად ამისა, საფინანსო კრიზისი, ხელფასებისა და პენსიების დავალიანება, ენერგეტიკული კრიზისი, კორუფციის მაღალი დონე - ესეც რეალობაა და ვერავინ გვისაყვედურებს, თითქოს ამ რეალობას არ ვითვალისწინებთ, ან არაფერს ვაკეთებთ პრობლემების გადასაჭრელად.

მაგალითად, წინ ვეღარაფერი დაუდგება სპეციალური ანტიკორუფციული პროგრამის განხორციელებას; პირველი რეალური ნაბიჯები გადაიდგმება, რათა ძალზე მტკივნეულად, მაგრამ მაინც დამკვიდრდეს საზოგადოებაში გადახდის კულტურა, რაც ენერგეტიკული კრიზისის დაძლევის ერთადერთი საშუალებაა.

მივიღეთ გადაწყვეტილება ორი ახალი სამინისტროს შექმნის თაობაზე.

საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს ახალგაზრდა, ენერგიული, კრისტალურად პატიოსანი ადამიანი ჩაუდგა სათავეში.

გაერთიანდა, აგრეთვე, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროები, რომელსაც მინისტრთან ბატონ ავთო ჯორბენაძესთან ერთად (მას ყველა, მთელი ქვეყანა იცნობს) გამოცდილ პროფესიონალთა გუნდი უხელმძღვანელებს.

ამ გუნდს ნამდვილად შესწევს უნარი, დაიწყოს და ბოლომდე მიიყვანოს, მე ვიტყოდი, საეტაპო მნიშვნელობის „სოციალური რეფორმა“, რომლის გეგმა უკვე შემუშავდა საერთაშორისო ინსტიტუტებთან ერთად.

თუ უახლოეს მომავალში მივაღწევთ გარდატეხას საგადასახადო შემოსავლების მობილიზების საკითხში, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი საქართველოში განახორციელებენ ათეული. ასეული მილიონობით ღირებულების საფინანსო პროგრამებს, რომელთა ერთადერთი მიზანია ქვეყანაში სიღარიბის აღმოფხვრა. იგი ითვალისწინებს ასევე ძალიან დიდ თანხებს სხვადასხვა სფეროში, მთელი ინფრასტრუქტურის შექმნასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ.

აი, ეს ყოველივე, დევს, ასე ვთქვათ, სასწორის ორივე პინაზე.

მე გადაწყვეტილება მივიღე მხოლოდ იმიტომ, რომ არათუ ურყევად მწამს ჩვენს მიერ არჩეული კურსის მიზანშეწონილობა, არამედ, პრეზიდენტის გუნდთან გულწრფელი თათბირის შემდეგ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ნამდვილად ძალმიძს ქვეყნის აღმშენებლობის პროგრამა განვახორციელო. კვლავ ვიმეორებ, ყოყმანი თუ იყო, იყო იმ ტკივილის გამო, რაც უკვე ვახსენე, რაც დაკავშირებულია ადამიანების განცდებთან და მათ ტკივილებთან.

- მოსახლეობა, რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებას ამ კონკრეტული საქმეების მიხედვით მიიღებს. ამ თვალსაზრისით რით იყო გამორჩეული გასული კვირა?

- მიუხედავად იმისა, რომ ინტერვიუ, როგორც გითხარით, ცოტა გაგვიგრძელდა, აუცილებლად მიმაჩნია შევეხო ზოგიერთ საკითხს, ვინაიდან ვერავითარი საპრეზიდენტო კამპანია ვერ მაიძულებს, ოდნავადაც კი შევასუსტო ყურადღება ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი პროცესებისადმი. დღეს, მე პირველ რიგში, მოქმედი პრეზიდენტი ვარ და ჩემი ყველა მოვალეობა ბოლომდე უნდა შევასრულო. ამიტომ ინტერვიუს ბოლოს კვლავ დავუბრუნდეთ კონკრეტულ საკითხს.

წარმატებით მიმდინარეობს და ფაქტობრივად მთავრდება მოლაპარაკება „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის“ დიდი ნავთობსადენის განხორციელების თაობაზე. აქ უკვე საუბარია დეტალებზე, ვინაიდან პრინციპული გადაწყვეტილება სახელმწიფოს მეთაურებმა ჯერ კიდევ სტამბოლში მივიღეთ. მოლაპარაკების პროცესში, რა თქმა უნდა, არის ცალკეული სიძნელეები. ყველა ქვეყანას აქვს თავისი ინტერესი, ბუნებრივია, რომ ჩვენც ჩვენს ინტერესებს ვიცავთ, მაგრამ ყველაფერი ეს მიმდინარეობს დიდი ხელშეკრულების ფონზე.

ამ დღეებში აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ბატონი ჰეიდარ ალიევი ეწვევა თურქეთის რესპუბლიკას. სწორედ გუშინ დამირეკა მან და მითხრა, რომ განსაკუთრებული მისიით მიემგზავრება თურქეთს.

მოლაპარაკებათა ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება, რა თქმა უნდა, ნავთობსადენის პროექტის განხორციელება.

უახლოეს მომავალში კი, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიენტის ბატონი სულეიმან დემირელი ეწვევა საქართველოს, ეს უახლოეს დღეებში მოხდება.

თურქეთის პრეზიდენტი ჩვენი პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი და თვალსაჩინო მოღვაწეა, ყოველი მისი ვიზიტი საქართველოში უდიდესი მოვლენაა.

ამჯერადაც, ჩვენ საბოლოოდ შევაჯერებთ და შევათანხმებთ ჩვენს პოზიციებს ორივე მეზობელი ქვეყნისათვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საკითხის შესახებ.

მოგეხსენებათ, რაოდენ მნიშვნელოვანიც უნდა იყოს „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის“ პროექტი, ევრაზიული დერეფნის კონცეფცია ამით არ ამოიწურება, ვინაიდან არსებობს „დიდი გაზსადენის“ პროექტი, შავი ზღვის გარშემო წრიული ავტომაგისტრალის მშენებლობის გეგმა, საქართველო-თურქეთის საზღვარზე ახალი საბაჟო პუნქტის გახსნა, თანამშრომლობა ენერგეტიკის სფეროში და მრავალი და მრავალი სხვა.

ამრიგად, მოუთმენლად ველი ჩემი დიდი მეგობრის, მეზობელი და მეგობარი თურქი ხალხის ღირსეული შვილისა და ლიდერის სულეიმან დემირელის ვიზიტს. ჭეშმარიტად ბედნიერია ერი და ქვეყანა, რომელსაც ასეთი ბრძენი და შორსმჭვრეტელი ლიდერი ჰყავს. სულეიმან დემირელის დიდი მოღვაწეობა გზას უკვალავს თურქეთის მესამე ათასწლეულსა და 21-ე საუკუნეში. უნიკალურია როლი და გეოპოლიტიკური ფუნქცია, რომელიც თურქეთის კაცობრიობამ დააკისრა ჩვენს რეგიონში და მთელს მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების საქმეში და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ამ დიდ 60-მილიონიან ქვეყანაში სტაბილურობის შექმნის თვალსაზრისით.

რაც შეეხება ეკონომიკის განვითარების ტემპს. ძირითადი ტენდენციები კვლავ დადებითი შინაარსისაა.

მაგალითად, შესანიშნავი ტემპით ვითარდება სატრანსპორტო დარგი.

ტრანსპორტის სამინისტროს მონაცემებით, ამ დარგში შექმნილი მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა სტაბილურად იზრდება და გასულ წელს, 1998 წელთან შედარებით, ზრდამ 15 პროცენტი შეადგინა.

7 პროცენტზე მეტით გაიზარდა გადაზიდული ტვირთის მოცულობა, ხოლო ნავსადგურებში გადამუშავებულია 67 პროცენტით მეტი ტვირთი, ვიდრე 1998 წელს. ეს მართლაც თვალსაჩინო პროგრესია, ესე იგი უკვე მუშაობს დიდი აბრეშუმის გზის აღორძინების ცნობილი პროექტი.

საბიუჯეტო შემოსავლებმა მარტო ამ სამინისტროდან 84 მილიონ 100 ათასი ლარი შეადგინა და 12 მილიონ 600 ათასი ლარით მეტია, ვიდრე 1998 წელს. ესე იგი, 17 პროცენტით გაიზარდა.

რკინიგზაზე ტვირთბრუნვის მოცულობა გაიზარდა 17 პროცენტით, ეს იშვიათად ხდება ხოლმე.

ეს ყოველივე მშრალი ციფრები როდია - მათ მიღმა ათიათასობით ახალი სამუშაო ადგილია.

დარგში საშუალო ხელფასმა ყოველთვიურად 200 ლარს გადააჭარბა.

რაც მთავარია, ტრანსპორტის სამინისტრო, პირადად მინისტრი გვპირდება, რომ დარგს უდიდესი რეზერვები აქვს, რომელიც უახლოეს მომავალში ამოქმედდება.

ასევე ძალიან მაღალი მაჩვენებლებით ხასიათდება კავშირგაბმულობის დარგი, სოფლის მეურნეობა და ზოგიერთი სხვა დარგი. ყოველივე ამის შესახებ უფრო დეტალურად ვისაუბრებ წლის შედეგების შეჯამებისას მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე, რომელიც ალბათ ამ თვის ბოლოს გაიმართება.

სამწუხაროდ, იგივეს ვერ ვიტყვი ყველა სხვა დარგზე.

მაგალითად, საბაჟო სისტემამ 100 მილიონი ლარი დააკლო ქვეყნის ბიუჯეტს.

თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ 1999 წელს, წინა წელთან შედარებით 67 მილიონი ლარით მეტი, ანუ მთლიანობაში 277 მილიონი ლარი აიკრიფა.

ამ საკითხზე, როგორც გითხარით, უფრო დეტალურად, პრინციპულად ვიმსჯელებთ მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე.

არ შემიძლია არ ვთქვა ორიოდე სიტყვა საგადასახადო დეპარტამენტის შესახებ.

„საგადასახადომ“ გადაჭარბებით შეასრულა 1999 წლის საბიუჯეტო გეგმა და ბიუჯეტს 414 მილიონი ლარი, ანუ დაგეგმილი 19 მილიონი ლარით მეტი შესძინა. მათ შორის, ცენტრალურ ბიუჯეტში, გეგმით გათვალისწინებული 216 მილიონი ლარის ნაცვლად, შეტანილია 217 მილიონი ლარი.

და აქ უნდა აღვნიშნო ბატონ ჩიკვილაძის ძალიან გონივრული, უნარიანი მუშაობა. დარწმუნებული ვარ, რომ მიმდინარე წელსაც ამ ტრადიციას არ უღალატებენ. მინდა მოვუწოდო ამ გაერთიანებულ სამინისტროს, ყველა უწყებას, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაპყრონ იანვარს, წლის დასაწყისს. თუ წლის დამდეგს ჩავარდნა გვექნა, მაშინ ძალიან გაჭირდება წლის განმავლობაში მაღალი ტემპის უზრუნველყოფა. ეს მაღალი ტემპი კი თითოეული ოჯახის კეთილდღეობაა, ხელფასებია, პენსიებია და ეს არ უნდა დაგვავიწყდეს.

საქინფორმი.

ედუარდ შევარდნაძე: ჯერ კიდევ იერუსალიმში ყოფნისას მივიღე საბოლოო გადაწყვეტილება და დღეს ვაცხადებ თანხმობას კენჭი ვიყარო საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2000. - 11 იანვარი. - №8 (3404). - 1,2 გვ.

10 თურქეთის როლი თანამედროვე მსოფლიოში უნიკალურია

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა

თქვენო აღმატებულებავ ბატონო პრეზიდენტო,
ძვირფასო ძმაო, ბატონო სულეიმან დემირელ,
პატივცემულო სტუმრებო!

როგორც ქართულ, ასევე, უმშვენიერეს თურქულ ენაში არის მრავალი სიტყვა და ულამაზესი გამოთქმა იმ ცნებათ, იმ გრძნობათა გამოსახატად, რომლებიც გულისხმობენ მხარდაჭერას, მადლიერებას, ერთგულებასა და მეგობრობას.

დღეს საქართველო ეგებება და აჯილდოვებს მეტად საპატიო და ძვირფას სტუმარს, მეზობელი და მეგობარი თურქეთის პრეზიდენტს, დიდი თურქი ხალხის ღირსეულ შვილსა და ლიდერს. მე შევეცდები გამოვხატო ჩემი ხალხის, ჩემი ქვეყნის გულისთქმა ნიშნად უდიდესი მადლიერებისა იმ ფასდაუდებელი ღვაწლისა და დამსახურებისათვის, რომელიც ჩვენს დღევანდელ საპატიო და ღირსეულ სტუმარს მიუძღვის საქართველოსა და თურქეთს შორის ყოველმხრივი ურთიერთობის, გულწრფელი მეგობრობისა და თანასწორუფლებიანი პარტნიორობის განვითარების თვალსაზრისით.

ქართველ ხალხს არასდროს დაავიწყდება, რომ ბატონმა სულეიმან დემირელმა და მისი სახით თურქეთის რესპუბლიკამ დახმარებისა და თანადგომის ძმური ხელი გამოგვიწოდა იმ ტრაგიკულ წლებში, როდესაც ყველაზე მეტად უჭირდა ჩვენს სამშობლოს. უმეტესწილად, სწორედ ამ დახმარებისა და თანადგომის შედეგად შეძლო საქართველომ, სწრაფად დაეძლია უდიდესი სირთულეები და როგორც თურქეთის, ისე სხვა მეგობარი ქვეყნების ღირსეულ პარტნიორად ქცეულიყო.

მართლაც, ბატონ სულეიმან დემირელის პირველი ვიზიტი საქართველოში ისეთ დროს გაიმართა, როცა ჩვენს ქვეყანას, პრაქტიკულად, დაკარგული ჰქონდა სახელმწიფოებრიობის ყველა ნიშანი, ხალხი პურის რიგებში ათენ-აღამებდა, განუწყვეტლივ ისმოდა სროლის ხმა, დანაშაულმა არნახულ მასშტაბს მიაღწია. მსოფლიო საინფორმაციო საშუალებები იმდროინდელ საქართველოში არსებულ რეალობას წარმოაჩენდნენ როგორც კრიმინალურ ქაოსს, ამიტომაც, ბევრი უბრალოდ არიდებდა თავს ჩვენს ქვეყანასთან კონტქატს. დღეისათვის ყველაფერი შეიცვალა. კავკასია და, კერძოდ, საქართველო მსოფლიოს ყურადღების ფოკუსშია და ალბათ, ჩემი თანამემამულენი დამეთანხმებიან, რომ მოვიდა დრო, განსაკუთრებული მადლობა ვუთხრათ მათ, ვისაც სჯეროდა ქართველი ხალხის, ვინც ჩვენთან ერთად იდგა ერის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე დრამატულ მომენტში. ჩვენ შევძელით ის, რაც მაშინ შეუძლებელი ჩანდა - ჩვენ მოვახდინეთ საზოგადოების სრული ტრანსფორმაცია. და ამ პროცესის წარმატება მნიშვნელოვანწილად განაპირობა ჩვენი ერთგული მეგობრების თანადგომამ, რომელთა შორის ბატონი სულეიმან დემირელი განსაკუთრებით გამორჩეულია.

ჭეშმარიტად უნიკალურია როლი, რომელსაც თურქეთის რესპუბლიკა ასრულებს თანამედროვე მსოფლიოში, მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს პიროვნულ ფაქტორს - დიდ მოღვაწეთა ღვაწლსა და დამსახურებას.

თურქი ხალხის საუკუნოვან კულტურულ და სახელმწიფოებრივ გამოცდილებას ახალი დემოკრატიული ძლევამოსილება შესძინა გენიალურმა ათათურქმა, რომლის საქმე ათასწლეულთა მიჯნაზე ბრწყინვალედ უნდა დააგვირგვინოს თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სულეიმან დემირელმა. ჩვენი თვალი უკვე სწვდება იმ დიდ ეროვნულ სახელმწიფოებრივ გამარჯვებებს, რომელთაც მეზობელი და მეგობარი თურქეთი უეჭველად მიაღწევს ბატონ სულეიმან დემირელის ხელმძღვანელობით.

ეს ჩვენ ძალზე გვახარებს, ვინაიდან თურქეთის დემოკრატიის გამარჯვება საქართველოს გამარჯვებაცაა. თურქეთი ჩვენი კარიბჭე და ხიდია ევროპული თანამეგობრობისაკენ, ევროკავშირისაკენ, რომლის სრულუფლებიანი და ღირსეული წევრიც, დარწმუნებული ვარ, თურქეთი აუცილებლად გახდება უახლოესი წლების განმავლობაში - ისევ და ისევ, სულეიმან დემირელის დაუღალავი ბრძნული მოღვაწეობის შედეგად.

ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია დავადასტურო ინტერესთა სრული თანხვედრა ჩვენს დემოკრატიულ ქვეყნებს შორის. ამაყად ვაცხადებ: საქართველომ დაამტკიცა, რომ ნამდვილად ძალუძს იყოს პირუთვნელი და სანდო პარტნიორი თვით ყველაზე რთული და პასუხსაგები გეოპოლიტიკური პროექტების განხორციელებაში. თავის მხრივ, საქართველოც, მოძმე, დემოკრატიული თურქეთის რესპუბლიკისათვის იქცევა ხიდად და კარიბჭედ კასპიისა და ცენტრალური აზიის რეგიონისაკენ, რუსეთისაკენ.

ევრაზიის დერეფანმა, „დიდი აბრეშუმის გზამ“ იაპონიიდან, ჩინეთიდან - კავკასიამდე, თურქეთსა და ევროპამდე, შავი ზღვის თანამეგობრობის განვითარება, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და ტრანსკასპიური გაზსადენის დასრულებამ და მრავალმა სხვა კეთილშობილურმა პროექტმა უნდა უზრუნველყოფ ჩვენს რეგიონში მშვიდობის, მეგობრობისა და თანამშრომლობის, ერთა ძმური თანაცხოვრების ახალი სისტემის შექმნა. ეს პრინციპული მნიშვნელობის ევროპული და მსოფლიო მასშტაბის პროექტები ახლახან განვიხილეთ ბატონ სულეიმან დემირელთან ერთად და ხვალ, ალბათ, გამოვაცხადებთ, რომ ჩვენს სახელმწიფოებს შორის, ორ პრეზიდენტს შორის არსებობს პრინციპული თანხმობა ყველა ძირეული მნიშვნელობის პროექტის არსებითს საკითხებში.

ბატონო სულეიმან დემირელი, როგორც გამორჩეული და, რაც მთავარია, თავისი დიდი ხალხის ნდობით აღჭურვილი პიროვნება, რომელიც საყოველთაო პატივისცემით სარგებლობს, ამ ახალი სისტემის ერთ-ერთი არქიტექტორია.

ამასთან ერთად, განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო კასპიის ენერგოშემცველების დასავლეთის, ესე იგი, საქართველოს მარშრუტის დაკანონებაში ჩვენი დიდი მეგობრის ჰეიდარ ალიევის გადამწყვეტი როლი. ასევე უნიკალურია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბილ კლინტონის სისტემატური მხარდაჭერა და თანადგომა.

ნება მიბოძეთ, ისიც შეგახსენოთ, რომ დღევანდელი საპატიო სტუმარი სულეიმან დემირელი ის ერთადერთი მოქმედი პოლიტიკური მოღვაწეა, ვისი ხელმოწერაც აღიბეჭდა ჰელსინკის აქტზე, რომელმაც მოამზადა ხალხები და სახელმწიფოები თანაცხოვრების ახალი ეპოქისათვის. ჰელსინკის აქტი ის მოვლენაა, ურომლისოდაც წარმოუდგენელია ახალი ევროპა, ცივი ომის დამთავრება და ბერლინის კედლის დანგრევა.

ეს მხოლოდ ერთი შტრიხია სულეიმან დემირელის ლეგენდარულ პოლიტიკურ ბიოგრაფიაში.

ჩემი ხალხისა და ქვეყნის სახელით, კიდევ ერთხელ, უღრმეს მადლობას მოგახსენებთ, ბატონო პრეზიდენტო, პატივცემულო კოლეგავ, თქვენი კეთილშობილური აღმშენებლობითი საქმიანობისათვის, როგორც თქვენი სამშობლოს, ისე საქართველოს, ჩვენი რეგიონისა და მთელი პლანეტის საკეთილდღეოდ. მსურს შეგახსენოთ მისი პირველი ჩამობრძანება თბილისში, იმ მძიმე წლებში, როდესაც მან გამოაცხადა, რომ თურქეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოსთვის გამოეყო 50 მილიონი დოლარის შეღავათიანი კრედიტი. ასეთი გადაწყვეტილება მას არაერთხელ მიუღია. იცის რა ჩვენი პრობლემები და სიძნელეები სოფლის მეურნეობის დარგში, კერძოდ, ხვნა-თესვის პრობლემები, სულეიმან დემირელმა დღეს განაცხადა, რომ საქართველოს უფასოდ გამოუყო 20 ათასი ტონა დიზელის საწვავი - ორჯერ მეტი, ვიდრე გვჭირდება. ასევე დიდია თურქეთის სახელმწიფოს დახმარება ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების, ამაღლების, ჩვენი სასაზღვრო ნაწილების განმტკიცების საქმეში. ყველაფრისათვის დიდ მადლობას მოგახსენებთ.

და ბოლოს, ნება მიბოძეთ, შევასრულო ძალიან სასიამოვნო მისია - ჩვენს ღირსეულ სტუმარს, თანამედროვეობის ერთ-ერთ უდიდეს პოლიტიკურ მოღვაწეს ბატონ სულეიმან დემირელს გადავცე „ოქროს საწმისის“ ორდენი - საქართველოს უმაღლესი ჯილდო, რომელიც ეძლევა მას მსოფლიოში მშვიდობის განმტკიცებაში, დამოუკიდებელი, დემოკრატიული საქართველოს აღმშენებლობასა და ქართული და თურქი ხალხების ურთიერთობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.

თურქეთის როლი თანამედროვე მსოფლიოში უნიკალურია : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2000. - 15 იანვარი. - №12 (3408). - 1,2 გვ.

11 „ცოტა თუ მოიძებნება სახელმწიფო, რომელსაც ისეთი საარსებო მნიშვნელობის როლი შეესრულებინოს საქართველოს თანამედროვე ისტორიის გარდამტეხ ეტაპზე, როგორიც თურქეთია“

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა

ბატონო პრეზიდენტო,
მეგობარო და ძმაო,
ძვირფასო სტუმრებო,

მოგესალმებით საქართველოს მიწა-წყალზე. გვიხარია, რომ მოგვეცა საშუალება გიმასპინძლოთ მას შემდეგ, რაც ზედიზედ რამდენჯერმე დავტკბით თქვენი ზღაპრული სტუმართმოყვარეობით.

უკანასკნელი ჩვენი ვიზიტი სტამბოლში საქართველოს სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისათვის გადადგმული ისტორიული ნაბიჯებით აღინიშნა. ეუთოს სამიტი და მის დროს ხელმოწერილი დოკუმენტები საფუძველს უმაგრებენ ჩემი ქვეყნის დამოუკიდებლობას, მნიშვნელოვან ბიძგს აძლევენ მის ინტეგრაციას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში.

ალბათ, სიმბოლურია ის, რომ სწორედ სტამბოლში განიმტკიცა საქართველომ ადგილი ახალ მსოფლიო წყობაში. ცოტა თუ მოიძებნება სახელმწიფო, რომელსაც ისეთი საარსებო მნიშვნელობის როლი შეესრულებინოს საქართველოს თანამედროვე ისტორიის გარდამტეხ ეტაპზე, როგორიც თურქეთია. ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე რთულ წლებში, როდესაც საქართველოს, როგორც რეალურად დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოს ყოფნა-არყოფნა წყდებოდა, ყოველთვის გვქონდა იმის იმედი, რომ დიდი და ძლიერი მეზობელი თურქეთი მზად არის, დახმარების ხელი გამოგვიწოდოს და მხარი შეგვაშველოს. დღეს, როდესაც შეგვიძლია იმ ბნელ წლებზე წარსულ დროში ვისაუბროთ, გულახდილად ვიტყვი - ეს იმედი არასდროს არ გაგვეცრუებია.

უფრო მეტიც, სწორედ თურქეთმა იკისრა კასპიისა და შავი ზღვისპირეთის სახელმწიფოებისათვის იმ რეგიონული ლიდერის როლი, რომლის მეშვეობითაც ისინი შეუქცევადად იმკვიდრებენ თავიანთ განუმეორებელ ადგილს მსოფლიოში.

საუკუნეების განმავლობაში ამ კუთხის ხალხთა ურთიერთობა ყოველთვის როდი იყო უღრუბლო. ის, რომ თურქეთი დღეს არათუ არავითარ საშიშროებას არ წარმოადგენს რეგიონის ქვეყნებისათვის, არამედ ყოველმხრივ ეხმარება მათ დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის მშენებლობაში, თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლის, მუსტაფა ქემალ ათათურქისა და მისი საქმის დიდი გამგრძელებლების დიდი დამსახურებაა. პრეზიდენტი სულეიმან დემირელი მათ შორის გამორჩეული პიროვნებაა. თურქეთს შეუძლია სამართლიანად იამაყოს თავისი აღიარებული ლიდერით, თანამედროვეობის ამ გამოჩენილი პოლიტიკური ფიგურით. მნიშვნელოვანწილად სწორედ მისი სიბრძნისა და შორსმჭვრეტელობის, მოთმინებისა და მიზანდასახულობის დამსახურებაა, რომ პროექტებიდან რეალობად იქცა ის, რაზე ოცნებასაც ან რამდენიმე წლის წინათ ბევრი ვერ ბედავდა.

მხედველობაში მაქვს ახალი „დიდი აბრეშუმის გზა“ და მისი შემადგენელი მილსადენები. გასული წლის ნოემბერს სტამბოლში ხელმოწერილი დოკუმენტების განხორციელებას, რომელთა თანახმად უნდა დაიწყოს და უმოკლეს ვადაში დასრულდეს კასპიის დიდი ნავთობის ბაქო - თბილისი - ჯეიჰანის მილსადენისა და ტრანსკასპიური გაზსადენის მშენებლობა, წინ ვერაფერი დაუდგება. ამის გარანტიაა როგორც ჩვენი საერთო დიდი მეგობრის ამერიკის შეერთებული შტატების დაინტერესება, რაც გამოიხატა კიდეც პრეზიდენტ კლინტონის ხემოწერით, ისე რეგიონის სახელმწიფოთა ურყევი ნება - თავად განკარგონ თავიანთი სიმდიდრეები და, საბოლოო ანგარიშით, თავიანთი მომავალი. კვლავ მსურს გავიმეორო: ახალი „დიდი აბრეშუმის გზის“ პროექტები, ისევე როგორც ზოგადად რეგიონი, ღიაა ყველასთვის, ვინც კავკასიას თანამედროვე სამეცნიერო და ტექნოლოგიური მიღწევების გამოყენების, ინვესტიციების განხორციელების ასპარეზად მიიჩნევს, ვინც მზად არის წვლილი შეიტანონ მთელი რეგიონის სტაბილურობაში, მტკიცე განვითარებაში, იმაში, რომ განხორციელდეს ჩვენი ქვეყნების, კერძოდ, საქართველოს ინტეგრირება მსოფლიოსა და ევროპის ეკონომიკაში. სხვაგვარად რომ ვთქვათ, საქართველო არავის, არც ერთი სახელმწიფოს „გავლენის სფეროდ“ არ იქცევა.

პრეზიდენტ დემირელთან დღევანდელი საუბრისას ჩვენ გარკვეული დრო დავუთმეთ იმ საშიშროებას, რომელიც რეგიონს ემუქრება. ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს ჩრდილოეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენები. ჩვენ მთლიანად ვუჭერთ მხარს რუსეთის ტერიტორიულ მთლიანობას და რუსეთის მიზანს - აღადგინოს კონსტიტუციის მოქმედება მთელ ტერიტორიაზე. ამავე დროს, ვიზიარებთ იმ მოსაზრებებს, რომლებიც ეუთოს სტამბოლის სამიტზე გამოითქვა. საქართველოს არ შეუძლია გულგრილად მოეკიდოს სხვა ქვეყნის უმწეო და უდანაშაულო მოქალაქეების სურვილს, თავშესაფარი ეძიონ ჩვენს ქვეყანაში. საკუთარ თავზე გვაქვს გამოცდილი, თუ რას ნიშნავს დაბომბილი ქალაქებიდან ქალების, ბავშვებისა და მოხუცების თოვლიანი უღელტეხილებით გადმოსვლა. საქართველო ყოველივეს იღონებს, რათა საკუთარი ასიათასობით იძულებით ადგილნაცვალის გაჭირვების მიუხედავად, მძიმე ხვედრი შეუმსუბუქოს ჩეჩნეთიდან ლტოლვილთ. სხვათა შორის, მადლიერებით ვიხსენებთ იმ ფაქტს, რომ თავის დროზე რუსეთმა აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის დიდი რაოდენობა შეიფარა, მაგრამ ჩვენი შესაძლებლობები უსაზღვრო როდია. დიდი იმედი გვაქვს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები აქაც გვერდით დაგვიდგებიან, ამასთან ერთად, არ დავუშვებთ, რომ საომარი მოქმედება ჩვენს ტერიტორიაზე გავრცელდეს, რისი საფრთხეც არ არის გამორიცხული და ამ მიზნით ყოველ ღონეს ვიხმართ, მათ შორის, მივიღებთ ყველა მეგობარი სახელმწიფოსა თუ საერთაშორისო ორგანიზაციის წინადადებას დახმარების შესახებ.

ყველაზე მეტად თვით რუსეთია დაინტერესებული იმით, რომ ჩეჩნეთის კონფლიქტი სწრაფად და სამართლიანად გადაწყდეს. არ შეიძლება, სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე კონფლიქტის გავრცელება და გადატანა რუსეთის ჭეშმარიტ მიზნებს ეხმიანებოდეს. იმედი მაქვს, რომ ჩემი და ვლადიმერ პუტინის შეხვედრაზე, რომელიც ამ დღეებშია დაგეგმილი, არსებითად იქნება განხილული რეგიონის პრობლემები. ჩემთვის და მთელი საქართველოსთვის უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ რას ფიქრობს რუსეთის მომავალი პრეზიდენტი აფხაზეთის კონფლიქტის შესახებ. მან ხომ შესანიშნავად იცის, რომ ბევრი მძიმე მოვლენა, რომელსაც რუსეთი წააწყდა, სწორედ აფხაზეთში იღებს სათავეს.

რა თქმა უნდა, პრეზიდენტ დემირელისა და ჩემს დღევანდელ საუბარში განსაკუთრებული ადგილი დაეთმო აფხაზეთისა და კავკასიის სხვა კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების პრობლემებს. მადლობას მოვახსენებ ბატონ პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მუდმივი და პრინციპული მხარდაჭერისათვის.

ძვირფასო მეგობრებო,

დღეს მე სახელმწიფოს უმაღლესი ჯილდო - „ოქროს საწმისი“ ორდენი გადავეცი საქართველოს დიდ მეგობარს, ჩემს დიდ მეგობარს პრეზიდენტს სულეიმან დემირელს. ამ ორდენით ჩვენ განსაკუთრებულ შემთხვევაში ვაჯილდოებთ უცხოეთის იმ მოქალაქეებს, რომელთაც გამორჩეული დამსახურება მიუძღვით საქართველოს სახელმწიფოს წინაშე. პრეზიდენტ დემირელს შეუძლია ღირსეულად ატაროს ეს უმაღლესი ჯილდო, ვინაიდან იგი ერთი იმათგანია, რომლის ნამოღვაწარსაც არა მარტო დღევანდელი, არამედ მომავალი თაობებიც დააფასებენ.

ნება მიბოძეთ, შემოგთავაზოთ პრეზიდენტ დემირელის, ჩვენი ქვეყნების ურყევი მეგობრობის სადღეგრძელო.

„ცოტა თუ მოიძებნება სახელმწიფო, რომელსაც ისეთი საარსებო მნიშვნელობის როლი შეესრულებინოს საქართველოს თანამედროვე ისტორიის გარდამტეხ ეტაპზე, როგორიც თურქეთია“ : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2000. - 16-17 იანვარი. - №13-14 (3410). - 1,3 გვ.

12 „კავკასიის სტაბილურობის, უშიშროებისა და თანამშრომლობის პაქტის იდეა ბუნებრივად გამომდინარეობს მსოფლიოსა და ევროპაში მიმდინარე პროცესების შინაარსიდან“

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
17 იანვრის რადიოინტერვიუ

- გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენა, რა თქმა უნდა, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სულეიმან დემირელის ოფიციალური ვიზიტი იყო. დემირელთან შეხვედრამდე თქვენ შეხვდით ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისა და სახელმწიფო მდივნის სპეციალურ მრჩეველს კასპიის ნავთობის საკითხებში ჯონ ვულფს. რამდენად მოხერხდა იმ მოთხოვნათა დაკმაყოფილება, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანთან დაკავშირებით ქართულ მხარეს რომ ჰქონდა? - ჟურნალისტ ნატო ონიანის ამ შეკითხვის პასუხად საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ თავის ტრადიციულ ორშაბათის რადიოინტერვიუში განაცხადა:

- საქართველოს საგარეო პოლიტიკის ამოსავალი წერტილი თავისთავად გულისხმობს განსაკუთრებულ ურთიერთობათა განვითარებას. უწინარესად, ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან.

ამ თვალსაზრისით ჩვენს ქვეყანაში პრეზიდენტ დემირელის ოფიციალურმა ვიზიტმა, გადაუჭარბებლად უნდა ვთქვა, საქართველო-თურქეთის ურთიერთობას ახალი თვისებრიობა შესძინა.

უკვე თამამად შეიძლება ვისაუბროთ ურთიერთობათა განსაკუთრებულ დონესა და შინაარსზე ორი ქვეყნის ინტერესთა თანხვედრისა და ყოველმხრივი შეჯერების, პარტნიორობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის მაღალი დონის გათვალისწინებით.

ჩვენ, სხვათა შორის, ვისაუბრეთ იმაზე, რომ მრავალსაუკუნოვანი კარჩაკეტილობის შემდეგ და, ფაქტობრივად, როცა არავითარი კავშირი არ არსებობდა ორ ხალხს შორის, ყოველივე ამის შემდეგ, ვთქვათ, რამდენიმე წლის განმავლობაში თანამშრომლობის ასეთი დონის მიღწევა, მართლაცდა, განსაკუთრებული მო67

ვლენაა, სრულიად ახალი თანამშრომლობის დაწყება, სრულიად ახალი თანამშრომლობისა და ურთიერთობის აშენებაა.

- ალბათ, სწორედ ეს არის ის, რასაც ათათურქი ამბობდა საქართველოსა და თურქეთის ურთიერთობაზე...

- ახლაც ვფიქრობ, სულეიმან დემირელი იმ პრინციპით ხელმძღვანელობს, რომელიც თავის დროზე ათათურქმა ჩამოაყალიბა, თქვენ გახსოვთ, რომ თურქეთი დაინტერესებულია, აღმოსავლეთით ჰყავდეს ერთიანი, ძლიერი და საიმედო მეზობელი საქართველოს სახით.

ამჯერად მე მხოლოდ რამდენიმე მიმართულებას გამოვყოფ.

სულეიმან დემირელის ოფიციალური ვიზიტის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი გახლდათ საუკუნის პროექტის - ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის შემდგომი განვითარების სტრატეგიის შეთანხმება. მადლობელი ვარ ჩემი პატივცემული კოლეგისა, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს ნავთობსადენის მშენებლობის, მისი უსაფრთხოების საკითხისა და მონაწილე ქვეყნების კონკრეტულ უფლება-მოვალეობათა განხილვაში.

ეს ერთხელ კიდევ მიუთითებს იმას, თუ რა მნიშვნელობას ანიჭებენ მეგობარ თურქეთში ევრაზიის დერეფნის - „დიდი აბრეშუმის გზის“ იდეათა განხორციელებას. კერძოდ, საქართველოსთან თანამშრომლობას.

იმავე საკითხზე ინტენსიური და საინტერესო მოლაპარაკება მიმდინარეობდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისა და სახელმწიფო მდივნის სპეციალურ მრჩეველთან კასპიის ენერგორესურსების საკითხებში ჯონ ვოლფთან. საქართველო კვლავ ყურადღების ცენტრშია, შესაძლოა, ჩვენ საბოლოო გადაწყვეტილება ყველა საკითხზე არ მიგვიღია, მაგრამ მთავარი დასკვნა, რომელიც პრეზიდენტებმა გამოვიტანეთ, ის გახლავთ, რომ გადაუწყვეტელი პრობლემა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მშენებლობის საკითხებში, ისევე როგორც ტრანსკავკასიური გაზსადენის საქართველოზე გავლით მშენებლობის საკითხებში არ არსებობს. 22 იანვარს შეიკრიბებიან ჩვენი წარმომადგენლები ანკარაში და, ვფიქრობ, ყველა ძირითად პრობლემას გასცემენ პასუხს. საქართველო, როგორც მოგახსენეთ, კვლავ ყურადღების ცენტრშია, ანუ საქართველო დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ახალი პოსტსაბჭოური პოლიტიკური წყობის მოპოვების შემდეგ სულაც არ იქცა მსოფლიოს პროვინციად და ახალი პოსტსაბჭოური გეოპოლიტიკური წყობის ხელოვნურ დანამატად, როგორც ზოგიერთი პოლიტოლოგი გვიწინასწარმეტყველებდა 5-6 წლის წინათ.

მართალია, პატარა ქვეყანა ვართ, მაგრამ პატივს გვცემენ, გვენდობიან, ანგარიშს გვიწევენ და ვჭირდებით.

ეს სახელი და ღირსება ძალიან ძნელი მოსაპოვებელი იყო. მაგრამ, ნუ დაგვავიწყდება, რომ დიდ პოლიტიკაში სასტიკი კანონები მოქმედებს. ერთი შეცდომაც საკმარისია, რათა ჩვენი ხალხის დიდი მოთმინებისა და სიბრძნის წლების განმავლობაში დაგროვილი პოტენციალი უმალვე დაიხარჯოს და არარაობად იქცეს.

ასეთია პატარა ქვეყნის ხვედრი, ხანდახან დიდი ქვეყნისაც, რომელიც დიდ სახელმწიფოთა დაინტერესების გზაჯვარედინზე მდებარეობს.

ამიტომ სერიოზული შეცდომების უფლება არა გვაქვს არც პოლიტიკოსებს, არც საზოგადოებას, რაც მთავარია, დღეს სწორ გზას ვადგავართ.

კვლავ დავუბრუნდეთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობის თემას. საქართველოს ელჩმა ამერიკაში ბატონმა თედო ჯაფარიძემ ახლახან მაცნობა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლის თანახმად, მიმდინარე წელს ადრე დაგეგმილი 95 მილიონი დოლარის ნაცვლად საქართველო ამერიკის შეერთებული შტაბებისაგან მიიღებს 108 მილიონი დოლარის დახმარებას.

ასეთი მხარდაჭერის პირობებში, ჩვენი მეგობრები რომ გვიწევენ მთელ მსოფლიოში, სავსებით შესაძლებელია თვით ყველაზე რთული და პასუხსაგები პროექტების განხორციელება.

- უკაცრავად, ეს კლინტონის მხრივ პირადად თქვენი წინასაარჩევნო მხარდაჭერაც ხომ არ იყო?

- არა მგონია, რადგან ეს ხომ პირველი წელი არ არის, როცა ამერიკელები გვეხმარებიან, მაგრამ წელს გაცილებით მეტია, ვინაიდან ახლა მეტი სტიმულია საჭირო ასეთი ფინანსური და საბიუჯეტო კრიზისის ფონზე. ვფიქრობ, ამას გულისხმობენ და, რა თქმა უნდა, დემოკრატიის მხარდაჭერასაც.

ასეთი მხარდაჭერის პირობებში ჩვენი მეგობრები რომ გვიწევენ მთელ მსოფლიოში, როგორც გითხარით, შესაძლებელია თვით ყველაზე რთული და პასუხსაგები პროექტების განხორციელება და რატომ ვიმეორებ ამ თეზისს: თურქეთი ამ მხრივ საქართველოს ერთ-ერთი უპირველესი პარტნიორი ხდება, რა თქმა უნდა, სხვა მეგობარ ქვეყნებთნ ერთად.

საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის უკვე არსებობს სოლიდური სახელშეკრულებო-სამართლებრივი ბაზა, რომელიც სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობის თითქმის ყველა სფეროს მოიცავს. ბატონ სულეიმან დემირელის ვიზიტის დროს ხელი მოვაწერეთ კიდევ რამდენიმე დოკუმენტს, პრინციპულად შევთანხმდით ახალი პერსპექტიული პროექტების დამუშავებისა და განხორციელების თაობაზე. მაგალითად, პანევროპული დერეფნის შექმნა მრავალი და მრავალი ქვეყნის მონაწილეობით, რომელიც ერთმანეთთან დააკავშირებს შავი ზღვის არეალის, აზიისა და ევროპის ქვეყნებს, მათ შორის, რუსეთის დასავლეთ და სამხრეთ რეგიონებს თურქეთთან და ბალკანეთის სხვა სახელმწიფოებთან, ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებთან.

აგრეთვე, ყარსი-თბილისი-ბაქოს სარკინიგზო მაგისტრალის რეკონსტრუქცია-განვითარება. თქვენ იცით, რომ ასეთი რკინიგზა არსებობდა ახალქალაქიდან თბილისამდე, თბილისიდან ბაქომდე. ახლა ლაპარაკია იმაზე, რომ იგი ყარსის კვანძს შეუერთდეს და რეკონსტრუირებული რკინიგზა, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობის მაგისტრალი იქნება. აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს შორის 500-კილოვატიანი სატრანზიტო ელექტროგადამცემი ხაზის აგება, თანამშრომლობა საბანკო სფეროში და მრავალი სხვა.

აქვე რამდენიმე სიტყვით შევეხები გასული კვირის სხვა მნიშვნელოვან ეკონომიკურ მოვლენებსაც.

ხანგრძლივი განხილვისა და მსჯელობის შედეგად ღია კონკურსის საფუძველზე გამოვლინდა გამარჯვებული ინვესტორი - დასავლეთ საქართველოს ენერგოსისტემის მნიშვნელოვანი ნაწილის ექსპლოატაციისა და მოდერნიზაციის დარგში. ეს გახლავთ ძალიან ძლიერი და დიდი გამოცდილების მქონე ფრანგული კონსორციუმი. ამას უნდა მოჰყვეს ენერგეტიკის ობიექტების სიმძლავრეთა მკვეთრი მატება, გადიდება, განმანაწილებელი ქსელის სრული მოდერნიზაცია, რომელიც ახლა თითქმის ნახევრად დანგრეულია და ენერგიაშემცველების უზარმაზარი დანაკარგები გვაქვს.

რამდენიმე სიტყვა საბიუჯეტო შემოსავლის შესახებ. მოგეხსენებათ, დღეს ხელისუფლებისათვის ბიუჯეტი უპირველესი პრიორიტეტია. ჩვენ უკვე მივიღეთ საგანგებო ზომები, როგორიც არის სახელმწიფო მინისტრის უფლება-მოვალეობათა მკვეთრი გაფართოება. მე უკვე ვილაპარაკე ადრე ამის შესახებ: საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს შექმნა, ჯანმრთელობისა და სოციალური დარგების შერწყმა.

უნდა ითქვას, რომ ამ ნაბიჯებს უკვე მოჰყვა პირველი სასურველი და მეტად სასიკეთო შედეგი. იანვრის განვლილ პერიოდში ბიუჯეტში მობილიზებულია 6 მილიონამდე ლარი, აქედან ცენტრალურ ბიუჯეტში - 3 მილიონამდე ლარი, რაც 2-ჯერ აღემატება შარშანდელ ანალოგიურ პერიოდს.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ იანვარი ამ თვალსაზრისით ყოველთვის და ყველასთვის უმძიმესი თვე იყო.

მაშასადამე, პირველი ძვრა უკვე მოხდა, ახლა საჭიროა წარმატების გაღრმავება და ძალისხმევის გაათკეცება, რათა სასიკეთო ტენდენცია არ მინელდეს. მით უმეტეს, რომ თვალნათელია, აგრეთვე, დადებითი პროცესები ეკონომიკის თითქმის ყველა სფეროში.

ახლა ამაზე დეტალურად არ შევჩერდები. საქმე ეხება მრეწველობას, სოფლის მეურნეობას, ტრანსპორტს, კავშირგაბმულობას, მშენებლობის ტემპს და ყველაფერი ეს ნამდვილად ქმნის გარკვეული ოპტიმიზმის საფუძველს.

სწორედ ამ ტენდენციათა გაღრმავებამ და გაფართოებამ უნდა განმუხტოს ის მწვავე სიტუაცია. პენსიებისა და ხელფასების სფეროში რომ შეიქმნა, და, საერთოდ, სოციალური სფერო თანდათანობით უნდა გაჯანსაღდეს.

- თქვენი ნებართვით, კვლავ დემირელის ვიზიტის თემას დავუბრუნდები. ბატონმა დემირელმა კავკასიის უშიშროების პაქტის თემა წამოაყენა. იქამდე იყო ალიევის ანალოგიური ინიციატივა სულ ახლახან - სტამბოლის სამიტზე, გაცილებით უფრო ადრე იყო შევარდნაძის მშვიდობიანი კავკასია. როგორი უნდა იყოს ამ პროცესებში რუსეთის როლი?

- კავკასიის სტაბილურობის, უშიშროებისა და თანამშრომლობის პაქტის იდეა, რომელიც ადრე ჰეიდარ ალიევმა წამოაყენა, ახლა, ამჯერად ჩვენი დიალოგის მიმდინარეობის დროს თურქეთის პრეზიდენტმა გამოთქვა თბილისში ყოფნისას (არა მარტო საუბრებში, არამედ თავის საჯარო გამოსვლებშიც), ბუნებრივად გამომდინარეობს მსოფლიოსა და ევროპაში მიმდინარე პროცესების შინაარსიდან. რა თქმა უნდა, გარკვეული დრო იქნება საჭირო იმისათვის, რომ ჩამოყალიბდეს (მე ასე ვუწოდებდი) საერთო-კავკასიური პროცესის ფორმატი. თავისთავად თვალწინ გვაქვს ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ჯერ თათბირის, შემდეგ ორგანიზაციის წარმატებული მაგალითი. საერთო-ევროპული პროცესის კონტექსტით გამოიკვეთა რამდენიმე რეგიონული პრიორიტეტი და სავსებით რეალურია, თუ ბალკანეთის შემდეგ კავკასიის ჯერიც დგება.

იმავდროულად, მშვიდობიანი კავკასიის იდეა ამ პროცესს არათუ ეწინაააღმდეგება, არამედ, პირიქით, მისი პოლიტიკურად შემზადებისა და ინიცირების საშუალებაც გახლდათ. კავკასიის სტაბილურობის თემა. საერთო-ევროპული და მსოფლიო მასშტაბის გეოპოლიტიკური ამოცანაა ჩვენი რეგიონის მნიშვნელობიდან გამომდინარე. ამიტომ კავკასიის ოთხივე სახელმწიფომ - რუსეთმა, საქართველომ, აზერბაიჯანმა და სომხეთმა საერთო-ევროპული პროცესის ფარგლებში „დიდი აბრეშუმის გზის“ აღორძინების პარალელურად, ინტერესების თანხვედრის გათვალისწინებით, უფრო აქტიურად უნდა ითანამშრომლონ, რათა კავკასიაში ერთობლივი ძალისხმევით ევროპულ თანამეგობრობასთან - თურქეთთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და სხვა ქვეყნებთან ერთად შევქმნათ უშიშროებისა და თანამშრომლობის ახალი სისტემა. რა თქმა უნდა, მე ვგულისხმობ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ძალიან აქტიურ მონაწილეობასაც.

ამ პროცესის სულისკვეთება საერთო-ევროპული პროცესის სულისკვეთებიდან გამომდინარეობს. მისი საფუძველი ადამიანის უფლებათა უზენაესობის პრინციპი, კონფლიქტების მშვიდობიანი და სამართლიანი მოგვარებაა. ეს პროცესი ჯერ კიდევ 1975 წელს დაიწყო ჰელსინკის საბოლოო აქტის ხელმოწერით. ნიშანდობლივია, რომ ჩვენი საპატიო სტუმარი ბატონი სულეიმან დემირელი ერთადერთი მოქმედი პოლიტიკოსია, ვისი ხელმოწერაც აღბეჭდილია ამ ისტორიულ დოკუმენტზე.

ჰელსინკის პროცესმა შექმნა ევროპის გაერთიანებისა და ტოტალიტარიზმის ნგრევის, ჰუმანიზმისა და ერთა მშვიდობიანი თანაცხოვრების პრინციპების დამკვიდრების წინაპირობა. მაგრამ ჰელსინკის პროცესი დასრულებულად ვერ ჩაითვლება, ცივი ომის დამთავრების გათვალისწინებითაც კი, სანამ არ დამყარდება სამართლიანი მშვიდობა არა მარტო ბალკანეთში, არამედ კავკასიაშიც.

ერთი რამ ყველამ უნდა გავითვალისწინოთ: საქართველო უკვე აღარასოდეს იქნება რომელიმე სახელმწიფოს განსაკუთრებული ექსკლუზიური გავლენის სფერო. თანამშრომლობისა და მეგობრობისათვის ჩვენ ყველასთან და ყოველთვის მზად ვართ.

განვლილმა რამდენიმე წელმა ხომ გვიჩვენა, რომ ერთ რომელიმე ქვეყანას არ შესწევს კონფლიქტების მოგვარების უნარი და ამიტომაც იქმნება სახელმწიფოთა გაერთიანებაში და, ვფიქრობ, კავკასიის მიმართ ეს ახლებური მიდგომა აუცილებელია.

ამიტომ აქ გადაუდებელია სხვა სახელმწიფოების აქტიური ჩართვა, ევროატლანტიკური ძალისხმევა, რა თქმა უნდა, რუსეთისა და კავკასიის სახელმწიფოების, აგრეთვე, უკრაინისა და სხვა ქვეყნების თანასწორუფლებიანი მონაწილეობით, თუნდაც თანამეგობრობის აქტიური მონაწილეობით.

საქართველო მზად არის განიხილოს კავკასიურ პროცესში აფხაზეთის, ცხინვალის რეგიონის უშუალო მონაწილეობის საკითხი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფისა და კონფლიქტების მშვიდობიანი, სამართლებრივი გადაწყვეტის მიზნით.

მშვიდობიანი კავკასიის მშენებლობაში უდიდესი მნიშვნელობა ექნება კავკასიის ხალხთა თანაცხოვრების ათასწლოვან ტრადიციებს. საუკეთესო ტრადიციებს ყურადღება და აღორძინება სჭირდება. კავკასიის უშიშროებისა და თანამშრომლობის თათბირი და სამომავლოდ, შესაძლოა, ორგანიზაციაც კი სწორედ ამ შესანიშნავი ტრადიციების განვითარებად უნდა გადაიქცეს და ამას უნდა ემყარებოდეს.

მშვიდობიანი კავკასიისათვის მოძრაობაში ვგულისხმობ რეგიონული ორგანიზაციების, მათ შორის, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის, მომავალში სუუამის მონაწილეობასაც და, მე უკვე ვთქვი, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ღონისძიებებსაც. ეს იდეა ბუნებრივად გაჩნდა. იგი არსებითია დღევანდელი ვითარების გათვალისწინებით, ვინაიდან მრავალსაუკუნოვანი კარჩაკეტილობისა და მსოფლიოსაგან მოწყვეტის შემდეგ კავკასიის, აგრეთვე, ცენტრალური აზიის სახელმწიფოები პირველად გახდნენ ევროპისა და მსოფლიო უშიშროების სივრცის სუბიექტები.

- საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდია და გასულ კვირას პარტიათა ერთმა ჯგუფმა და ბათუმურმა ალიანსმა წამოაყენა წინადადება საარჩევნო კანონში შესწორებათა შეტანის თაობაზე. მოგვიანებით პოლიტიკური პარტია კიდევ ერთი ახალი ინიციატივით მოგვევლინა, კეროდ, განისაზღვროს საქართველოს კონსტიტუციაში აჭარის ავტონომიის სტატუსი. თუ ეს მოთხოვნები არ შესრულდა, ისინი აცხადებენ, რომ პრეზიდენტის არჩევნებს ბოიკოტს გამოუცხადებენ. როგორ გგონიათ, რატომ ხდება ეს და აპირებთ თუ არა ამ საკითხებზე მსჯელობას? თავის დროზე საქართველოს ტერიტორიული მოწყობის საკითხი საქართველოს კონსტიტუციაში არ შესულა იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ არ იყო განსაზღვრული აფხაზეთისა და ცხინვალის სტატუსი...

- გარდა იმისა, რომ ქვეყანაში თანდათან მთავრდება პოლიტიკურ ძალთა საბოლოო კრისტალიზაციის პროცესი, ვითარდება პრეზიდენტისა და ხელისუფლების მხარდამჭერი კამპანია, მე ორ თანმდევ ტენდენციას გამოვყოფდი: პირველს წარმოადგენენ ის პოლიტიკური ძალები, მათ შორის საკმაოდ მნიშვნელოვანი, გავლენიანი და მთლიანობაში კონსტრუქციული დაჯგუფებანი მყავს მხედველობაში, რომელთაც არჩევნებში წარუმატებლობის ან, ყოველ შემთხვევაში, მათთვის არადამაკმაყოფილებელი შედეგის მიუხედავად, მაინც ღირსეულად უჭირავთ თავი, რა თქმა უნდა, ოპოზიციონერებად რჩებიან, იცავენ საკუთარ პრინციპულ პოზიციებს, მაგრამ იმავდროულად თავიანთი ღირსეული მოქმედებითა და კონკრეტული საქმიანობით თავად ქმნიან საკუთარ პოლიტიკურ ავტორიტეტს ქვეყნის უმაღლესი ზეპარტიული ინტერესების გათვალისწინებითა და პატივისცემით.

მათ ესმით, რომ მომავალი პოლიტიკური პროცესი მხოლოდ სტაბილურობის პირობებში შეიძლება განვითარდეს, სამწუხაროდ, არის მეორე საპირისპირო ტენდენცია, რომელსაც საფუძვლად უდევს, ასე ვთქვათ, პიროვნული ამბიციები, ხშირ შემთხვევაში გარკვეული ბოღმაც, თუ გნებავთ, სიძულვილი, შური და სხვა მრავალი, ხანდახან ანგარებაც კი. ამ ძალებმა არჩევნებში დამარცხების შემდეგ ვერა და ვერ დაიოკეს წრეგადასული ემოცია, რისი დემონსტრაციაცაა აბსურდულ პრეტენზიათა ნიაღვარი, ულტიმატუმები. საერთოდ, ულტიმატუმები წინასაარჩევნო ეტაპზე ყოვლად მიუღებელია და დაბალი პოლიტიკური კულტურის მანიშნებელია. ყოვლად დაუსაბუთებელი მოთხოვნებიც გვესმის, რაც მთავარია, საბაბის ძიება, რათა, როგორმე მოახერხონ დემოკრატიული პროცესის დესტაბილიზაცია.

თუ ლაპარაკია კონსტიტუციაში ცვლილებებზე, რათა არჩევნები უფრო დემოკრატიულად გაიმართოს, მაშინ საპასუხო წინადადებანი მმართველ პარტიასაც ექნება, რომ არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდეს ქვეყნის ყველა რეგიონში ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე. ალბათ, ეს უნდა იყოს უმთავრესი მოთხოვნა.

ყოველ შემთხვევაში, საქართველოს კონსტიტუცია, რომელიც 1995 წელს მიიღო პარლამენტმა, ხანგრძლივი მსჯელობისა და აზრთა თავისუფალი ჭიდილის, დისკუსიის, ურთიერთკომპრომისების შედეგად, საყოველთაოდ აღიარებით, უაღრესად დემოკრატიული დოკუმენტია. ასეა ეს ცნობილი დიდი ექსპერტების მიერ და ჩვენს ქვეყანაშიც ასეა აღიარებული.

თქვენ უკვე თქვით, მაგრამ მე ხაზს გავუსვამ: ყველასათვის ცნობილი მიზეზების გამო ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა - ერთი უმნიშვნელოვანესი თავი - ტერიტორიული მოწყობის საბოლოო ვარიანტი კონსტიტუციაში ვერ აისახებოდა და დღემდე ყველა ამას, ამ პრობლემას გაგებით ეკიდება.

- სხვათა შორის, გასულ კვირას ბათუმში, „აღორძინების“ საბჭოს სხდომაზე ისიც ითქვა, რომ ცენტრალური ხელისუფლება აფერხებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის განსაზღვრას მაშინ, როცა აჭარის ხელისუფლება დღენიადაგ მოითხოვს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის განსაზღვრას...

- ამ პრეტენზიას, რომელიც ნამდვილად გამოითქვა, დიდი გულისტკივილით მივაქციე ყურადღება. მე ვფიქრობ, ეს გაუგებრობაა, ან უფრო რთულ მოვლენასთან გვაქვს საქმე. მე მაინც მინდა მჯეროდეს, რომ უბრალოდ გაუგებრობაა.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ და ამის დადასტურება სულ ადვილად შემიძლია. მე არაერთგზის გამიკეთებია განცხადება იმის თაობაზე, რომ ჩვენ - საქართველოს მთავრობა, ხელისუფლება დაინტერესებული ვართ განისაზღვროს აჭარის სტატუსი და მოხდეს უფლებამოსილებათა გამიჯვნა ცენტრსა და ავტონომიას შორის.

მე სხვა დეტალებსაც გავიხსენებ: 1996 წელს, როცა ქობულეთში გაიმართა საქართველოს პარლამენტის ბიუროს გამსვლელი სხდომა, პირადად ჩემი მითითებით, ცხონებული თემურ ფიფია, ეს შესანიშნავი მოღვაწე და სამშობლოსათვის მართლა გულანთებული მამულიშვილი, სპეციალურად გაემგზავრა აჭარაში და, რა თქმა უნდა, ჩაიტანა კონკრეტული წინადადებები აჭარის სტატუსთან დაკავშირებით. ეს პირადად ჩემი დავალებით იყო და ჩემ მიერ იყო აპრობირებული ის წინადადებები, რომლებიც მას ჰქონდა დაფიქსირებული. მაგრამ, სამწუხაროდ, მაშინ აჭარის ხელმძღვანელობისაგან ამ საკითხის თუნდაც განხილვაზეც კი ცივი უარი მიიღო. მეც მქონდა რამდენჯერმე მცდელობა, მაგრამ მიიჩნიეს, რომ ჯერჯერობით ამისი დრო არ იყო და ეს რაში გვჭირდებაო... თემურ ფიფიას არ გაუმართავს რაიმე მოლაპარაკება. ეს ხდებოდა საჯაროდ და ჩემს განცხადებას უამრავი ადამიანი დაადასტურებს.

მას შემდეგ გამუდმებით გვესმის, რომ ჯერ ამის დრო არ არის. როგორც წეღან ვთქვი, ჯერ ნაადრევია და ასე შემდეგ, ჩვენ თავს არ ვახვევდით არავითარ გადაწყვეტილებას. კი, ბატონო, თუ ასეა, რა გაეწყობა, მაგრამ, როცა ეს ხალხი აქეთ გვდებს ბრალს, თითქოს ჩვენ არ ვისურვებთ ამ საკითხზე მსჯელობის დაწყება ან მისი გადაწყვეტა, ეს უკვე არ არის სამართლიანი, მე ძალიან დელიკატურად ვიტყოდი.

კატეგორიულად ვაცხადებ: ყოველთვის მომხრე ვიყავი ამ საკითხზე მსჯელობის დაწყებისა და საკითხის გადაწყვეტისა. თუნდაც მსჯელობისა: დავუშვათ, საკითხი არ გადაწყდება ერთ ან ორ კვირაში, მაგრამ მსჯელობის დაწყებას მაინც რა უშლის ხელს? აქვე დავძენ: ჩემი ბრძანებულებით იქმნება (მინდა, რა თქმა უნდა, ეს შეუთანხმდეს აჭარის ხელმძღვანელობას) სახელმწიფო კომისია უფართოესი წარმომადგენლობით - ცენტრსა და აჭარის ავტონომიას შორის უფლებათა გამიჯვნის მიზნით. პრინციპული გადაწყვეტილება მე უკვე მიღებული მაქვს და კიდევაც გამოვაცხადე.

დავიწყოთ მსჯელობა ამ საკითხზე, მაშინ ძალიან ბევრ რამეს ნათელი მოეფინება. დავიწყოთ მსჯელობა და მივიდეთ ყველაზე გონივრულ გადაწყვეტილებამდე მშვიდად, ურთიერთპატივისცემის ატმოსფეროში და არა ბოიკოტებით, ულტიმატუმების ვითარებაში. ურთიერთპატივისცემისა და მეგობრობის და საქმიანი განხილვის ატმოსფეროში, როგორც ეს ერთი ქვეყნის შვილებს შეჰფერით.

- ოპოზიციას საკმაოდ აღიზიანებს საუბარი იმის შესახებ, რომ შევარდნაძის კანდიდატურა უალტერნატივოა. მიზანშეწონილად ხომ არ მიგაჩნიათ, რომ კიდევ ერთხელ ისაუბროთ ამ თემაზე...

- იძულებული ვარ გიპასუხოთ, რატომ აღელდა ასე ზოგიერთი. ოღონდ ამჯერად საბოლოოდ განვმარტავ: საუბარი უნდა იყოს არა იმდენად პიროვნების უალტერნატივობაზე (ახლა აკრძალვით ვერავის ვერაფერს აუკრძალავ, მათ შორის ამ თემაზე საუბარსა და აზრის გამოთქმას), მაგრამ ჩემი წარმოდგენით და მე ეს განვმარტე არაერთხელ, არა პიროვნების უალტერნატივობაზე, არამედ იმ სახელმწიფოებრივი და პოლიტიკური კურსის უალტერნატივობაზე, რომელსაც ქვეყნის პრეზიდენტი ახორციელებს. ამ სახელმწიფოებრივ კურსს ალტერნატივა არა აქვს, ვინაიდან იგი მიზნად ისახავს საბოლოოდ დააფუძნოს დამოუკიდებელი, დემოკრატიული ქართული სახელმწიფო საკუთარი გეოპოლიტიკური ფუნქციითა და საერთაშორისო ავტორიტეტით. ამ მხრივ ჩვენ ბევრი რამ გავაკეთეთ ამ კურსის წყალობით.

ჩემი აზრით, ნებისმიერმა ოპონენტმა ჯერ უნდა დაამტკიცოს, რომ ამჟამინდელ პრეზიდენტზე უკეთ შეძლებს ამ კურსის განხორციელებას ანდა სხვა კურსის - უფრო საინტერესო და მისაღები კურსის შემუშავებას. ჯერჯერობით მე ასეთს არ ვიცნობ.

ხოლო თუ თვით სახელმწიფოებრივ კურსს არ ეთანხმებიან, ესეც ხმამაღლა უნდა თქვან. მაგრამ, საქმე სწორედ ის გახლავთ, რომ ამის ხმამაღლა თქმისა ძალიან ეშინიათ, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში უნდა უარყონ ქართველი ერის ნება, რაც ერთმნიშვნელოვნად დადასტურდა ჯერ კიდევ 1991 წლის 31 მარტის დიდი ეროვნული რეფერენდუმით - ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენის სასარგებლოდ. ამას ემსახურება ის კურსი, რომელსაც მე დავარქმევდი, გნებავთ, შევარდნაძის, გნებავთ, დღევანდელი და გუშინდელი პარლამენტის და, საერთოდ, სახელმწიფოს მიერ შემუშავებულ კურსს.

- და, ბოლო კითხვა. გასულ კვირას თქვენ რუსეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ვლადიმერ პუტინს ესაუბრეთ ტელეფონით. პუტინმა, სხვათა შორის, პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე განცხადება სწორედ გასულ კვირას გააკეთა. რატომ გადაწყვიტეთ თანამეგობრობის სამიტში მონაწილეობის მიღება?

იყო დრო, როცა ამბობდით, რომ მოსკოვში არ გაემგზავრებოდით...

- თანამეგობრობის სამიტში მონაწილეობა ბევრი ფიქრისა და ანალიზის შემდეგ გადავწყვიტე, რადგან მივიჩნიე, რომ მაინც სასარგებლო იქნება, სასარგებლო იქნება იმიტომ, რომ მომწიფდა ჩემი კონტაქტების საჭიროება თითქმის ყველა პრეზიდენტთან, რომელთა ქვეყნებიც თანამეგობრობაში შედიან. მართლა მომწიფდა და მართლა დაგროვდა საკითხები. და, ამავე დროს ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი არის შეხვედრა რუსეთის ახალ ხელმძღვანელთან ბატონ პუტინთან, და კონტაქტი, რადგან მიმაჩნია, რომ ის გაუგებრობანი, სირთულეები, ამ ბოლო დროს რომ შეიმჩნევა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში, ხშირად დეზინფორმაციის, ცალკეულ მოვლენებზე არასწორი წარმოდგენის, მცდარი ინფორმაციის შედეგია. ეს ორმხრივი მოძრაობა მაქვს მხედველობაში.

ორი ლიდერის შეხვედრა ყველაზე უკეთესი და უმოკლესი გზაა იმისათვის, რომ ახალი სტიმული მიეცეს ორი ქვეყნის თანამშრომლობას. დარწმუნებული ვარ, ეს საუბარი ძალიან საჭირო საუბარია, ბევრი რამის გარკვევა შეგვიძლია ჩვენ ორივეს, როცა პირისპირ ვისაუბრებთ და შევეცდები დავარწმუნო იგი, რომ ეჭვები, რომელთაც რუსეთის გარკვეული წრეები გამოთქვამენ საქართველოს მიმართ, ძალიან შორს არის სიმართლისაგან. ჩვენ მართალი ვართ საკუთარი ქვეყნის წინაშე, სინდისის წინაშეც და თუნდაც რუსეთთან, როგორც მეზობელ და დიდ ქვეყანასთან ურთიერთობაშიც.

- ფაქტობრივად, ეს არის არა თანამეგობრობის ქვეყნების სამიტში მონაწილეობა, არამედ საშუალება და შანსი იმისა, რომ მეზობელი ქვეყნების, მათ შორის რუსეთის ხელმძღვანელობას შეხვდეთ...

- სხვათა შორის, ყოველთვის ასე იყო: სამიტში ჩემი მონაწილეობა გულისხმობდა ჩემს ურთიერთობას იმ კოლეგებთან, პრეზიდენტთან. მაგალითად, უკვე გააკეთა განაცხადი ლეონიდ კუჩმამ, რომელიც ითხოვს ჩემთან შეხვედრას. მე აუცილებლად უნდა შევხვდე ბატონ ქოჩარიანს, ბატონ ალიევს, ასევე ცენტრალური აზიის ქვეყნების პრეზიდენტებსა და სხვებსა და სხვებს. ასე რომ, საკითხები გროვდება და საგანგებო ვიზიტებისათვის დრო არ გვრჩება. ამიტომ ის დღენახევარი, რომელსაც ჩვენ მოვანდომებთ მოსკოვში ამ ღონისძიებებს, ვფიქრობ, საინტერესო იქნება საქართველოსა და იმ ქვეყნებისთვისაც, რომელთა პრეზიდენტებსაც მე შევხვდები.

საქინფორმი.

„კავკასიის სტაბილურობის, უშიშროებისა და თანამშრომლობის პაქტის იდეა ბუნებრივად გამომდინარეობს მსოფლიოსა და ევროპაში მიმდინარე პროცესების შინაარსიდან“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2000. - 18 იანვარი. - №15 (3411). - 1,2 გვ.

13 ნორმალურ, დემოკრატიულ ქვეყნებში დაწყებული საარჩევნო კამპანიის დროს საარჩევნო კანონსა და კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანაზე აღარ საუბრობენ

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის ბრიფინგი
2000 წლის 17 იანვარი

საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი: ბოლო პოლიტიკური სიახლე იყო, რომ აჭარამ მოითხოვა საკონსტიტუციო ცვლილება და კონსტიტუციაში აჭარის სტატუსის სრული დაფიქსირება. რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ ეს მოთხოვნა აფხაზეთის, გნებავთ ცხინვალის მოუგვარებელი პრობლემების ფონზე? როგორ აფასებთ იმ ფაქტს, რომ აჭარა მოითხოვს რეფერენდუმს საარჩევნო კანონთან დაკავშირებით?

ედუარდ შევარდნაძე: მე რადიოინტერვიუში ვისაუბრე იმის შესახებ, რომ კარგა ხანია ვაყენებ საკითხს აჭარის სტატუსთან დაკავშირებით. ამჟამადაც მიმაჩნია, რომ სტატუსი უნდა განისაზღვროს. მე ისიც გავიხსენე, რომ 1995 წელს, რეგიონული სამსახურის მაშინდელი უფროსი თემურ ფიფია ჩავიდა ბათუმში და ჩაიტანა აჭარის სტატუსის შესახებ შემუშავებული პროექტი. იქ გადაწყვეტილი იყო ყველა საკითხი, მათ შორის ცენტრისა და ავტონომიის უფლებამოსილებათა გამიჯვნის საკითხიც, რომელიც ყველაზე რთულია. მე მანამდეც არაერთხელ ვცადე დამერწმუნებინა აჭარის ხელმძღვანელობა, რომ ეს საკითხი უნდა მოგვარდეს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიული მოწყობისადმი მიძღვნილი სპეციალური თავი კონსტიტუციაში არ არის. მინდოდა, რომ ჯერ ეს გადაგვეწყვიტა და შემდეგ კონსტიტუციაში სწორედ ეს ნაწილი ასახულიყო. მე ასეთი არგუმენტიც გამოვიყენე: ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ აჭარას ჰქონდეს რაც შეიძლება ფართო უფლებები და ეს გახდეს წამახალისებელი სტიმული აფხაზეთის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებაში. შექმენით მოდელი იმისა, თუ როგორი უნდა იყოს ავტონომიებისა და სახელმწიფო წარმონაქმნების ადგილი და როლი ერთიანი სახელმწიფოს ფარგლებში. ამჯერად ამ საკითხის გამწვავება ჩემთვის მოულოდნელი იყო, თუმცა ამაში ტრაგიკული არაფერია. მე ფაქტობრივად მივიღე გადაწყვეტილება, რომ შეიქმნას ფართო წარმომადგენლობითი კომისია, რა თქმა უნდა, აჭარის ავტონომიის მონაწილეობით და დავიწყოთ მუშაობა თუნდაც დღეს, ხვალ არჩევნებამდე თუ მას შემდეგ - ამას მნიშვნელობა არა აქვს. ვიმეორებ, ეს პრობლემა არ არსებობს. ჩვენ თვითონ ვართ დაინტერესებული ამ საკითხის მოგვარებით. რაც შეეხება რეფერენდუმს ვფიქრობ, ეს პარლამენტის გადასაწყვეტია როცა იგი შეიკრიბება, გაიმართება მსჯელობა და გადაწყვეტილებას მიიღებს საზოგადოება და არა ერთეული ადამიანები. იქნებ პარლამენტმა შესწორებებიც შეიტანოს თუ ერთ ბლოკს აქვს შესწორების მოთხოვნის უფლება რატომ არ უნდა ჰქონდეს ამის საშუალება არჩევნებში გამარჯვებულ მეორე პარტიას? საერთოდ კი როცა საარჩევნო კამპანია უკვე დაიწყო, როცა დასახელდა ზოგიერთი კანდიდატი, ზოგიერთმა თანხმობაც განაცხადა, ისეთ დროს, ნორმალურ დემოკრატიულ ქვეყნებში საარჩევნო კანონსა და კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანაზე საუბარს არ იწყებენ. დაველოდოთ პარლამენტს და ყველაფერი გაირკვევა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“: აჭარის მხრიდან სტატუსის წამოწევა წინასაარჩევნოდ, ალბათ, გარკვეული მოსაზრებებით იყო განპირობებული. თქვენ ადრეც საუბრობდით და ახლაც აღნიშნეთ, რომ უნდა დაიწყოს მოლაპარაკება აფხაზეთის სტატუსთან დაკავშირებით. როგორ ფიქრობთ, შეიძლება მივიღოთ გარკვეული მოდელი საპრეზიდენტო არჩევნებამდე, თუ ეს დროის დიდ შუალედში გაიწელება?

ედუარდ შევარდნაძე: როგორი ერთსულოვნებიც უნდა ვიყოთ სტატუსის განსაზღვრასთან დაკავშირებით, მაინც ძნელი წარმოსადგენია, რომ მუშაობა ერთ-ორ თვეში დასრულდეს საქართველოს კონსტიტუციაზე ორნახევარი სამი წელი ვმუშაობდით. მიუხედავად იმისა, რომ შექმნილი იყო პროფესიონალების თანამოაზრეების დიდი ჯგუფი, წინააღმდეგობები მაინც მრავლად არსებობდა. აჭარის სტატუსის მოგვარება უფრო იოლია, რადგან მსოფლიოში ანალოგები მრავლადაა, გარკვეული გამოცდილება ჩვენც გვაქვს. ამიტომ, არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება აჩევნებამდეც მოესწროს მაგრამ, მაინც საეჭვოა, ასე ნაჩქარევად რამე გამოვიდეს, როცა ამ წელს წარვადგინეთ პროექტი, კარგი იყო მაშინ დაწყებულიყო მუშაობა. დღეს იგი უკვე დამთავრებული იქნებოდა ახლა კი, ორ თვეში შეიძლება ბევრი შეცდომა დავუშვათ.

„რუსთავი 2“: შეიძლება ეს საკითხი წინასაარჩევნოდ იყო შემოგდებული აჭარის მხრიდან.

ედუარდ შევარდნაძე: მე არ მინდა მათ ვაკადრო, რომ ეს შემოგდებული საკითხია.

„რუსთავი 2“: რა საკითხებს განიხილავთ ანატოლი ჩუბაისთან შეხვედრებზე?

ედუარდ შევარდნაძე: ჯერ ვაჟა ლორთქიფანიძეს შეხვდება, შემდეგ მე შევხვდები. საუბარი ძირითადად ენერგეტიკის საკითხებს მიეძღვნება, მაგრამ რადგან ბატონი ჩუბაისი მარტო ენერგეტიკის საკითხებით არ არის დაინტერესებული. არ გამოვრიცხავ, რომ ზოგადპოლიტიკური, სახელმწიფოთაშორისი საკითხებიც განვიხილოთ, თუმცა, გადაწყვეტილება მხოლოდ ენერგეტიკის საკითხებთან დაკავშირებით შეიძლება მივიღოთ.

საინფორმაციო პროგრამა „ვესტნიკი“: შეკითხვა ისევ ჩუბაისის ვიზიტს შეეხება.

რამდენად ეფექტიანი იქნება იგი? გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩუბაისის მიზანია დააბრუნოს ის 50 მილიონი დოლარი ვალი, რომელიც საქართველოს მართებს. ხომ არ იქნება საუბარი ვალის რესტრუქტურიზაციაზე ან გადავადებაზე?

ედუარდ შევარდნაძე: ეს საკითხები რეალურად არსებობს და ალბათ, განვიხილავთ კიდეც. თუმცა, არა მგონია, რომ ამის შესახებ მსჯელობა მხოლოდ ჩუბაისის დონეზე შეიძლებოდეს. თუ ორივე მხარის დავალიანების საერთო რაოდენობაზე ვიმსჯელებთ, სხვაობა დიდი გამოდის. მე დავასახელე საკმაოდ შთამბეჭდავი ციფრები. რუსეთსაც მართებს ჩვენი ვალი. ამიტომ არა მგონია ამ შეხვედრაზე რომელიმე მხარეს ხელს აძლევდეს ამ თემის განხილვა. უნდა ვისაუბროთ ძირითადად პერსპექტივებზე.

„ვესტნიკი“: მომავალი სამიტი წინამორბედებისაგან განსხვავებული იქნება იმით, რომ სავარძელში ბორის ელცინის ნაცვლად ვლადიმერ პუტინი იჯდება. წამოაყენებს თუ არა საქართველო ახალ წინადადებებს დსთ სრუქტურებში თანამშრომლობის, აგრეთვე, საქართველო-რუსეთის ურთიერთობის შესახებ?

ედუარდ შევარდნაძე: არა მგონია ამ სამიტზე დსთ შესახებ ახალი წესები შემუშავდეს. მე მაინც მიმაჩნია, რომ მთავარი საკითხია დავასრულოთ ერთობლივი მუშაობა დსთ-ის სივრცეში თავისუფალი ვაჭრობის პრინციპებზე. რა თქმა უნდა, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო უკვე საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციის წევრია. დოკუმენტები კეთილსინდისიერად არის მომზადებული. არის სხვა საკითხებიც. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ მათ ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვთ. მე დილით უკვე ვთქვი, რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩემს კოლეგებთან შეხვედრა. შეიძლება სწორედ ეს იყოს ყველაზე მთავარი, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებ შეხვედრას რუსეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან ვლადიმერ პუტინთან, როგორც იცით, ჩეჩნეთის ომის ფონზე ბოლო დროს გამოიკვეთა ზოგიერთი შემაშფოთებელი ტენდენცია. ვრცელდება ბევრი დეზინფორმაცია. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ორნი დავსხდეთ და გავარკვიოთ, რა ხდება ვფიქრობ, გვეყოფა საიმისო ძალაც და სურვილიც, რომ მოვსპოთ ჩვენს სახელმწიფოებს შორის წარმოქმნილი გაუგებრობები, რომლებიც ხელს არ აძლევს არც რუსეთს, არც საქართველოს. იქნება, აგრეთვე, შეხვედრები სხვა პრეზიდენტებთან. უკვე დაგეგმილია შეხვედრები უკრაინის, სომხეთის, აზერბაიჯანის ცენტრალური აზიის ქვეყნების ხელმძღვანელობებთან. ასე რომ სამიტზე მუშაობა შეიძლება ორ ნაწილად დავყოთ. პირველი იქნება სამიტის სხდომა, რომელზეც მიიღებენ შესაბამის დოკუმენტებს და მეორეც - პრეზიდენტების ორმხრივი შეხვედრები.

„პრაიმ-ნიუსი“: გასული კვირის სენსაციად იქცა ვაზიანის ბაზაზე ჩეჩნეთისათვის განკუთვნილი იარაღის დაკავება. აგრეთვე, ინტერნეტში გავრცელებული ვლადიმერ პუტინის ბრძანება ამიერკავკასიაში დამატებითი შეიარაღებული ძალების შემოყვანის თაობაზე. ეს დეზინფორმაციაა თუ სიმართლე? თქვენი კომენტარი?

ედუარდ შევარდნაძე: ის, რაც ვაზიანში მოხდა, ასეც უნდა მომხდარიყო. მე ვიცი, რომ ვახტანგ ქუთათელაძე და სხვა ჩვენი სამართალდამცავი თუ ძალოვანი სტრუქტურები მართალი არიან. მათ არაერთხელ გააფრთხილეს რუსეთის საელჩო საქართველოში, აგრეთვე, თავიანთი კოლეგები, რომლებიც წარმოდგენილი არიან ჩვენს ქვეყანაში, რომ ვაზიანში სისტემატურად ხდება იარაღით ვაჭრობა, მისი გატანა და ა. შ. დაასახელეს ფაქტებიც. ვახტანგ ქუთათელაძემ რუსეთის ტელევიზიისათვის მიცემულ ინტერვიუში ამის შესახებ რამდენჯერმე განაცხადა. მეც საქმის კურსში ვარ. ბოლოს და ბოლოს, რაღაც ზომები უნდა მიგვეღო. უშიშროება, კერძოდ მისი ანტიტერორისტული ცენტრი, სავსებით სწორად მოიქცა, როცა ეს ღონისძიება განახორციელა. ეს სულაც არ არის მტრული ქმედება. ვფიქრობდი, რომ რუსეთის სამსახურები მას მიესალმებოდნენ, რადგან ჩვენ გვსურს, რომ მანამ, სანამ აქ რუსეთის ბაზრები იარსებებს, იქ წესრიგი იყოს. და ბაზები იარაღის გავრცელების წყაროდ არ გადაიქცეს.

დარწმუნებული ვარ ეს რუსეთის ხელისუფლების ინტერესებშიც უნდა შედიოდეს ასე რომ, არაჩვეულებრივი არაფერი მომხდარა. ამით ჩვენ რუსეთის ხელისუფლებასაც და სხვებსაც დავუდასტურეთ, რომ საქართველო იარაღს არ ყიდის. თან მივანიშნეთ წყარო, სადაც იარაღს ყიდულობს, გნებავთ ტერორისტი გნებავთ, ის ადამიანები, რომლებიც თავს იცავენ.

რაც შეეხება მეორე საკითხს, - შესაძლო ვარიანტს, რომ საქართველოში რუსეთი დამატებით ძალებს შემოიყვანს, მე ასეთი იდეის არსებობის შესაძლებლობასაც კი გამოვრიცხავ. შეიძლება ეს იდეა ქონდეს, რომელიმე სამხედრო პიროვნებას, ან სპეცსამსახურების წარმომადგენელს, მაგრამ ასეთი მიზანი და ამოცანა ძალიან შორს დგას იმისაგან, რასაც ბატონი პუტინი ლაპარაკობს. იგი ამას არავითარ შემთხვევაში არ გააკეთებს, რადგან მას არ ექნება მხარდაჭერა თვით რუსი ხალხისაგანაც კი. ეს ზიანს მოუტანს მის საარჩევნო კამპანიას და ამავე დროს გახდება რუსეთის საერთაშორისო იზოლაციის დასაწყისი. ამის გაკეთება შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს თანხმობის შემთხვევაში. საქართველო კი ამას არასოდეს დათანხმდება.

„ნტვ“: თქვენ აცხადებთ, რომ რუსეთს აქვს საკმაოდ დიდი დავალიანება საქართველოს მიმართ. მოსკოვი რომ უცებ განაწყენდეს და გაზი გამოგვირთოს? რამდენად რეალურად გეჩვენებათ ეს მოსაზრება? მით უმეტეს, რომ რუსეთი არ აღიარებს ამ დავალიანებას?

ედუარდ შევარდნაძე: ვფიქრობ, რომ ასეთი ვარიანტი არარეალურია, რადგან რუსეთსაც საკუთარი ინტერესები აქვს. საქართველო სატრანზიტო ქვეყანაა და ჩვენი ტერიტორიის გავლით რუსეთის გაზი სომხეთსაც მიეწოდება. რაც შეეხება რუსეთის გაზის დავალიანებას, ჩვენ მნიშვნელოვანწილად უკვე გავისტუმრეთ. გარდა ამისა, არის სხვა პროექტებიც, რომლებიც ითვალისწინებს საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის გამოყენებას. ვფიქრობ, ამ ინტერესთან თანხვედრა გამორიცხავს თქვენს მიერ ნახსენებ ვარიანტს.

„ნტვ“: ექნება თუ არა მყარი ვარიანტები საქართველოს საერთაშორისო საზოგადოებრიობისაგან დამატებითი შეიარაღებული კონტიგენტის შემოყვანის შემთხვევაში?

ედუარდ შევარდნაძე: მოდით ამაზე ნუღარ ვისაუბრებთ, რადგან ეს არარეალურია. შეიძლება სადღაც, ვიღაც ფანტაზიორები ხმებს ავრცელებენ, მაგრამ მე გამოვრიცხავ, რომ სერიოზულ ხელმძღვანელს, მმართველს შეეძლოს. მე უკვე ვთქვი მსგავსი გადაწყვეტილების მიღება შეძლოს. მე უკვე ვთქვი, სადამდე მიგვიყვანს ეს - ომამდე. ნუთუ რუსეთს დიდი ომი სჭირდება? საქართველო არასოდეს დათანხმდება დამატებითი ძალების შემოყვანაზე, რადგან ამის საფუძველი არ არსებობს. ესე იგი, ასეთი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ ჩვენი სურვილის საწინააღმდეგოდ. ასე რომ, არ ღირს არსებული პრობლემის განხილვა.

„დრონი“: 1995 წელს ფიფიას მიერ აჭარაში ჩატანილი კანონი ასლან აბაშიძემ დაიწუნა იმის გამო, რომ იგი ეფუძნებოდა ასიმეტრიული მოწყობის პრინციპს. მაშინ ასლან აბაშიძემ მოითხოვა, რომ ჯერ აფხაზეთის ავტონომია განსაზღვრულიყო, ხოლო ამის შემდეგ აჭარისა. როგორ ფიქრობთ, ამ ორ ავტონომიას ერთნაირი უფლებები უნდა ჰქონდეს?

ედუარდ შევარდნაძე: საკითხი ასე არ დგას, ჯერჯერობით პარალელს ვერ გავავლებთ. საუბარი აჭარის სტატუსზე დღესვე შეიძლება დავიწყოთ. აფხაზეთის სტატუსის შესახებ კი ჩვენი შეხედულებები ჯერ მხოლოდ თეორიულად ყალიბდება და ეს საკითხი ჯერ დღის წესრიგში არ დგას. აჭარის საკითხი კი განსხვავებულია, რადგან მასზე მსჯელობა დღესვე შეიძლება დავიწყოთ და პროცესიც დავაჩქაროთ. სიმეტრიული იქნება თუ ასიმეტრიული, ამას განხილვა უნდა. პროექტების დაწუნება არ გამოგვადგება. ამიტომ გამოვძებნე ასეთი გამოსავალი: შეიქმნას ერთობლივი სერიოზული კომისია საქართველოს, რა თქმა უნდა აჭარის, ყველაზე ავტორიტეტული, კვალიფიციური წარმომადგენლების შემადგენლობით, რომელიც შეიმუშავებს დებულებებს სტატუსის თაობაზე.

„ალია“: თუ საქმე ბოიკოტამდე მივიდა და საპრეზიდენტო არჩევნები აჭარის ტერიტორიაზე არ ჩატარდა, რას მოიმოქმედებთ?

ედუარდ შევარდნაძე: არ მინდა მარჩიელობა იმაზე, რაც არარეალურია. არა მგონია აჭარის მოსახლეობა მიესალმოს ან მხარი დაუჭიროს ბოიკოტს. არც ის მგონია, რომ ბოიკოტი რეალურად დადგეს დღის წესრიგში. მოსახლეობა ამას არ მიიღებს არც აჭარაში და არც მთლიანად საქართველოში. მე ისიც არ მახსოვს, თვითონ ასლან აბაშიძემ თქვა ეს თუ არა. ვფიქრობ, ეს მას არც უთქვამს, ეს იდეა უფრო იმ ადამიანებმა გამოთქვეს, რომლებიც ხანდახან ინტრიგანულ საკითხებს წამოჭრიან ხოლმე. არ შეიძლება აბაშიძემ გამოთქვას აზრი, რომ აჭარა ბოიკოტს უცხადებს არჩევნებს, ან საქართველოს მოსახლეობა ბოიკოტს უცხადებს არჩევნებს, ეს არასერიოზულია.

„ალია“: დემირელის იდეა კავკასიის პაქტის შესახებ ეხმაურება მშვიდობიანი კავკასიის თქვენეულ იდეას. მაშინ, როცა რუსეთის დიდი ტერიტორია კავკასიის რეგიონია, როგორ გესახებათ ამ პაქტის განხორციელება და რა პოზიცია შეიძლება დაიკავოს რუსეთმა?

ედუარდ შევარდნაძე: რუსეთმა საკმაოდ კარგი და ჯანსაღი პოზიცია დაიკავა მშვიდობიანი კავკასიის ინიციატივებთან დაკავშირებით. ჩვენს დეკლარაციას, რომელსაც მე და ალიევმა მოვაწერეთ ხელი, მოჰყვა კისლოვოდსკის საინტერესო შეხვედრა და დეკლარაცია. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ნიადაგის შემზადება იმ დიდი პაქტისათვის, რომელზეც დემირელი საუბრობდა. სხვათა შორის, თავის დროზე ასე დაიწყო ბალკანეთშიც არავის გაკვირვებია, რომ ხელმოწერილია ბალკანეთის უსაფრთხოების შესახებ პაქტი, რომელიც მოქმედებს და გარკვეულ გარანტიებს ქმნის. კავკასია არ არის ერთი სახელმწიფოს ინტერესის საგანი. იგი დღეს მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. მასზე გაივლის უდიდესი მნიშვნელობის ნავთობსადენები. აქ იკვეთება ევროპის, აზიის ქვეყნების, ამერიკის შეერთებული შტატების და, რა თქმა უნდა, რუსეთის ინტერესები. ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევქმნათ სამუდამო მშვიდობისა და სტაბილურობის მოდელი, რომელიც სჭირდება კავკასიას - მსოფლიოს ძალიან საჭირო შემადგენელ ნაწილს.

საქართველოს პრეზიდენტის
პრესსამსახური.

ნორმალურ, დემოკრატიულ ქვეყნებში დაწყებული საარჩევნო კამპანიის დროს საარჩევნო კანონსა და კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანაზე აღარ საუბრობენ : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის ბრიფინგი : 2000 წლის 17 იანვარი // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2000. - 18 იანვარი. - №15 (3411). - 1,3 გვ.

14 ბატონ ვახტანგ ბუაჩიძეს

▲ზევით დაბრუნება


სამძიმარი

დიდი მწუხარებით შევიტყვე, რომ გარდაიცვალა მამათქვენი, შესანიშნავი დრამატურგი და პუბლიცისტი ბატონი კიტა, კაცი ნაწვალები და სიმართლისათვის შეუპოვარი მებრძოლი.

ბატონო ვახტანგ, გთხოვთ, მიიღოთ ჩემი გულითადი თანაგრძნობა ბატონ კიტას, ამ დაუდგრომელი კაცისა და უკომპრომისო შემოქმედის გარდაცვალების გამო.

ბატონ ვახტანგ ბუაჩიძეს : სამძიმარი // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2000. - 18 იანვარი. - №15 (3411). - 1 გვ.

15 ქალბატონ ნინო რამიშვილს დაბადების დღესთან დაკავშირებით

▲ზევით დაბრუნება


მილოცვა

მინდა ბევრი რამ გითხრათ თქვენდამი ჩემი დამოკიდებულების გამოსახატავად, მაგრამ მოგეხსენებათ, ყოველ ჟანრს თავისი კანონი აქვს და მრავალსიტყვიანობა აქ არ შეიძლება, თუმცა, რა უნდა გითხრათ იმაზე მეტი, რაც მართლა ბრძანდებით - ქართული ცეკვის გენიის ცოცხალი გამოხატულება, მაგალითი ღვთით ბოძებული ნიჭის სრულად რეალიზებისა, მაგალითი უდიდესი გარჯისა და მუდმივი ახალგაზრდული შემართებისა.

თქვენ, თქვენივე სიტყვები მინდა დაგიბრუნოთ, გაქვთ უდიდესი ჯილდო - ხალხის სიყვარული, ამ ზღვა სიყვარულს მე და ჩემი მეუღლეც ვუერთდებით.

ქართულ ხელოვნებაში არის მუდმივი სახელები, ერთ-ერთს ნინო რამიშვილი ჰქვია და ჩვენ შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ თქვენი თანამედროვენი ვართ.

პატივისცემით, სიყვარულით, თაყვანისცემით,

ედუარდ შევარდნაძე.

ქალბატონ ნინო რამიშვილს დაბადების დღესთან დაკავშირებით : მილოცვა // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2000. - 22 იანვარი. - №18 (3414). - 1 გვ.

16 „არც ჩვენ და არც რუსეთს თანამშრომლობის დღევანდელი დონე არ გვაკმაყოფილებს“

▲ზევით დაბრუნება


რა გვიშლის ხელს იმაში, რომ ჩვენ და რუსეთმა ნორმალურად, ისე ვითანამშრომლოთ, როგორც კეთილმა მეზობლებმა, რომლებთა ინტერესები ერთმანეთს კი არ ეწინააღმდეგება, პირიქით, ბევრ საკითხში ემთხვევა კიდეც?

დაახლოებით ასეთ ზოგადპრინციპულ საკითხებზე ისაუბრებენ საქართველოს პრეზიდენტი და რუსეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ვლადიმერ პუტინი მოსკოვში პირისპირ შეხვედრაზე.

ედუარდ შევარდნაძე მას თამამად უწოდებს რუსეთის მომავალ პრეზიდენტს და როგორც გუშინდელ ბრიფინგზე განაცხადა, მათი შეხვედრა უფრო მეტად რუსეთ-საქართველოს იმ მდგომარეობისა და ვითარების გარკვევას დაეთმობა, რომელიც დღეს არსებობს ამ ორი სახელმწიფოს ურთიერთობებში, თუნდაც იმიტომ, რომ არც ჩვენ და არც რუსეთს თანამშრომლობის დღევანდელი დონე არ აკმაყოფილებს, რადგან რეზერვები გაცილებით მეტია და ზოგადი გართულება ხშირად გაუგებრობაზე იგება, ამ გაუგებრობას კი, უმეტესად იმ ძალების მოქმედება უდევს საფუძვლად, რომლებსაც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ინტენსიური განვითარება არ სურთ.

ეს იქნება ედუარდ შევარდნაძისა და ვლადიმერ პუტინის პირველი შეხვედრა ოფიციალურ დონეზე. სხვა რა კონკრეტულ საკითხებზე იმსჯელებენ, საქართველოს პრეზიდენტმა წინასწარ, ანუ გუშინ, ჟურნალისტებთან არ დააკონკრეტა. უბრალოდ თქვა, რომ ალბათ, იქნება საერთო პრობლემები, გაარკვევენ ურთიერთობებს და შეეცდებიან დაადგინონ ის მიზეზები, რომლებმაც ამ ორი სახელმწიფოს ურთიერთობებში სიცივე შეიტანა.

შეეხება თუ არა ედუარდ შევარდნაძე კონკრეტულად სავიზო რეჟიმის საკითხს?

მხოლოდ იმ დონეზე, რომ იგი შეეცდება საქართველოს პოზიცია დაუდასტუროს პუტინს. კერძოდ, არ უნდა დაირღვეს ამ საკითხში ბიშკეკის ხელშეკრულება, უნდა შევინარჩუნოთ ნორმალური სავიზო რეჟიმი, რადგან ორივე ქვეყნის მოქალაქეებისათვის ასეთი მიდგომაა ხელსაყრელი.

თუ რუსეთს აუცილებლად მიაჩნია, რომ ამ ხელშეკრულების გადახედვაა საჭირო, ეს არც საქართველოსთვის და არც რუსეთისათვის ტრაგედია არ იქნება, მაგრამ, ვფიქრობ მაინც გონივრული და რაციონალური წინადადება იქნება გაზიარებული, - ასე სჯერა საქართველოს პრეზიდენტს.

ედუარდ შევარდნაძემ ჟურნალისტებს ისიც უთხრა, რომ შეხვედრისას სურს რუსეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს აფხაზეთის კონფლიქტთან დაკავშირებული ყველა ნიუანსი გააცნოს, რადგან იგი ამ პრობლემას კარგად არ იცნობს და კონფლიქტთან დაკავშირებით ბევრი საქმის კურსში არ არის.

რაც შეეხება თვითონ სამიტს, აფხაზეთის საკითხი მის დღის წესრიგში ფორმალურად შეტანილია, მაგრამ საქართველოს პრეზიდენტის აზრით, ამ სხდომაზე მისი განხილვა უაზრობაა. უწინარეს ყოვლისა იმიტომ, რომ ჯერ ვლადიმერ პუტინი უნდა გაერკვეს ღრმად ამ საკითხში, რადგან რუსეთის გარდა სხვა ქვეყნებთან ამ საკითხთან დაკავშირებით არავითარი პრობლემა არა გვაქვს. მიღებულია გადაწყვეტილება საკონტროლო ზონის გაფართოების შესახებ, რომელსაც აფხაზები არ ასრულებენ და გადამწყვეტი როლი აქ სწორედ რუსეთს ეკუთვნის. რუსეთმა უნდა თქვას გადამწყვეტი სიტყვა.

ამიტომ, ახლა ამ პლენარულ სხდომაზე აფხაზეთის საკითხის განხილვა კონკრეტულ შედეგს არ გამოიღებს, ფორმალური განხილვა კი რა ბედენაა, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, რომელსაც მიაჩნია, რომ უმჯობესია, ეს საკითხი მომავალი სხდომისათვის გადაიდოს. მანამდე კი იმუშაონ აფხაზებთან, მოიწვიონ კიდევ ერთი საკოორდინაციო საბჭო, უშიშროების საბჭო, დავუბრუნდეთ იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც უმაღლეს დონეზე თანამეგობრობის ფარგლებში მიიღეს.

ერთი სიტყვით, საქართველოს პრეზიდენტსა და რუსეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის შეხვედრის ერთ-ერთი უმთავრესი თემა აფხაზეთის პრობლემა იქნება.

დაბოლოს, რას ფიქრობს ედუარდ შევარდნაძე სოიას ზეთის გახმაურებულ ფაქტზე, ხომ არ უნდა ველოდეთ სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლებას? ამაზე პასუხი მარტო ჟურნალისტებს როდი აინტერესებთ.

მაგრამ ედუარდ შევარდნაძე რადიკალურ პასუხს, რა თქმა უნდა, ნაჩქარევად არასოდეს იძლევა. ასე იყო ახლაც, მთავრობამ მოისმინა მინისტრის ბაკურ გულუასთან დაკავშირებით და მასში რაიმე ბოროტება არ ჩანდა, თუმცა იმანაც დააფიქრა, რომ პარლამენტის კომიტეტში მოსმენა საკმაოდ მწვავედ და მძიმედ წარიმართა. იცის, რომ მინისტრს გარკვეულ პრეტენზიებს უყენებენ. მიმაჩნია, რომ უნდა დადგინდეს კონკრეტულად აქვს თუ არა მას დანაშაული, არის თუ არა ანგარება, შეიძლებოდა თუ არა სახელმწიფოსთვის უფრო უკეთესი და მომგებიანი გადაწყვეტილების მიღება, თუ შეეძლო და არ გააკეთა, რატომ? ყველაფერი დადასტურებული. ფაქტებზე დაყრდნობილი უნდა იყოსო.

საქართველოს პრეზიდენტს კონტროლის პალატის თავმჯდომარის რევაზ შავიშვილის მიუკერძოებლობა ეიმედება. თქვა, რომ პირადად სთხოვა მას გაერკვეს ამ საკითხში და წარუდგინოს დასკვნა.

მე მჯერა, რევაზ შავიშვილის ობიექტურობა, წარმოადგენს დასკვნას და ამით ვიხელმძღვანელებ, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ვნახოთ, როდის და რას მოგვიტანს დასკვნა. დღეს კი საქართველოს პრეზიდენტს დაბადების დღე აქვს, რომელიც გუშინდელ ბრიფინგზე უკვე მივულოცეთ ჟურნალისტებმა. პასუხად მადლობა და ბოდიში ერთად მივიღეთ: ვერ დაგპატიჟებთ, რადგან აქ არ ვიქნებიო, ჩვეული იუმორით იხუმრა პრეზიდენტმა.

რუსუდან ლორთქიფანიძე.

„არც ჩვენ და არც რუსეთს თანამშრომლობის დღევანდელი დონე არ გვაკმაყოფილებს“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2000. - 25 იანვარი. - №21 (3417). - 1,3 გვ.

17 „ძლიერი, განვითარებული ეკონომიკა თავისთავად ქმნის მძლავრ სოციალურ გარანტიებს და სახელმწიფოსაც აძლევს საშუალებას ჩამოაყალიბოს სოციალური დაცვის ქმედითი სისტემა“

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
24 იანვრის რადიოინტერვიუ

- გასულ კვირას მთავრობის გაფართოებული სხდომა გაიმართა, რომელიც სოციალური სისტემის რეფორმის საკითხს მიეძღვნა. თქვენს გამოსვლაში სოციალური მიმართულების ამ პრობლემაზე საუბარმა კიდევ ერთხელ ცხადი გახადა, რომ თქვენი საპრეზიდენტო პროგრამის მნიშვნელოვანი და, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ სოციალური პროგრამა იქნება. რამდენად უკავშირდება სოციალური რეფორმა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიას. ამას იმიტომ გეკიტხებით, რომ არსებობს ასეთი აზრიც: ეს ორი პრიორიტეტი ერთმანეთს მკვეთრად ეწინააღმდეგება... -ჟურნალისტის ნატო ონიანის თხოვნით, ამ შეკითხვის პასუხად საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ თავის ტრადიციულ ორშაბათის რადიოინტერვიუში განაცხადა:

- კითხვა ისეთია, რომ რამდენიმე ვრცელ პასუხს მოითხოვს, საქმე ის გახლავთ, რომ ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოს უზენაესი მიზანი თითოეული პიროვნებისა და თითოეული ოჯახის კეთილდღეობაა. დემოკრატია სწორედ იმით განსხვავდება ტოტალიტარიზმისაგან, რომ იგი უწინარესად პიროვნულ, უბრალოდ ადამიანურ მისწრაფებათა ხორცშესხმასა და რეალიზაციას ისახავს მიზნად.

ამდენად, დამოუკიდებლობა, დემოკრატია არის არა თვითმიზანი, არამედ საზოგადოების უაღრესად პრაგმატული და რაციონალური ფორმა, რომელიც, როგორც უკვე დაამტკიცა კაცობრიობის განვითარების ისტორიამ, პიროვნების ნიჭის, უნარის, ტალანტის გამოვლენის საუკეთესო პირობებს ქმნის.

იმავდროულად, დემოკრატიული სახელმწიფო, თვით მისი არსიდან გამომდინარე, გაცილებით მეტად და უკეთ ზრუნავს საზოგადოებაში ობიექტურად არსებული სოციალური პრობლემების გადასაწყვეტად. ადამიანის წმიდათაწმიდა და აღიარებული უფლება სიცოცხლის, თავისუფლებისა და ბედნიერებისაკენ სწრაფვაა. მაგრამ, რამდენადაც პასუხისმგებელია თითოეული პიროვნება ამ საზოგადოებრივი იდეალების მიმართ, ასევე საზოგადოებაც ვალდებულია შეუქმნას თითოეულ ადამიანს, საზოგადოების თითოეულ წევრს განვითარების თანაბარი საწყისი პირობები. შეიძლება ითქვას, ეს უკვე საკაცობრიო ფორმულაა, რომელიც დემოკრატიული საზოგადოების პრინციპებისა და სოციალური სამართლიანობის იდეალების შერწყმის შედეგად იშვა. ამრიგად, საქართველო გამონაკლისი არ არის და ამ კონტექსტით სრულიად ფუჭი და უსაგნოა ლაპარაკი რაიმე წინააღმდეგობაზე, ეკონომიკის თავისუფალი განვითარების ინტერესებსა და პიროვნების არა მარტო მოქალაქეობრივ, არამედ სოციალურ უფლებათა დაცვის აუცილებლობაზე.

თუ ეს მაინც გარეგნულად ასე ჩანს, ეს მხოლოდ ზერელე დაკვირვების შედეგია. ძლიერი განვითარებული ეკონომიკა თავისთავად ქმნის მძლავრ სოციალურ გარანტიებს და სახელმწიფოსაც აძლევს საშუალებას ჩამოაყალიბოს სოციალური დაცვის ქმედითი სისტემა.

მე მხოლოდ რამდენიმე მაგალითს მოგახსენებთ, თუ როგორ იქმნება საქართველოს ახალი სოციალური ეკონომიკის მყარი მატერიალური საფუძველი, მაგრამ თავდაპირველად ხაზი უნდა გავუსვა უმთავრეს თეზისს: განვლილ რამდენიმე წელიწადში ჩვენ შევძელით დაგვეფუძნებინა დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო. ეს იყო ერის მრავალსაუკუნოვანი ოცნებისა და სწრაფვის ხორცშესხმა. მე რამდენჯერმე ვუბრუნდები ამ თემას, ამ თეზისს და კვლავ და კვლავ დავუბრუნდები. ეს ჩვენი უმთავრესი მიზანი იყო და კიდევაც არის.

ბუნებრივია, დამოუკიდებლობისა და ეროვნული სახელმწიფოებრიობისათვის ბრძოლა უდიდეს ძალისხმევას გულისხმობს. სამართლიანობა, აგრეთვე მადლიერების გრძნობა მოითხოვს ითქვას, რომ გაჭირვებისა და ურთულესი სოციალური პრობლემების მიუხედავად, ჩვენმა ხალხმა მტკიცედ უერთგულა თავის არჩევანს.

მაგრამ მას შემდეგ, რაც დაფუძნდა ქართული სახელმწიფო, ჩამოყალიბდა ყველა სახელმწიფოებრივი სტრუქტურა, შეიქმნა შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა, ამოქმედდა საბაზრო ეკონომიკის მექანიზმი, საზოგადოებას აქვს ყველა პირობა, რათა უმთავრეს პრიორიტეტად გამოაცხადოს სოციალურ გარანტიათა შექმნა.

გასულ კვირას მთავრობის სხდომაზე 180 გრადუსით უნდა შემობრუნდეს სწორედ ამ პრიორიტეტისაკენ, რათა უმოკლეს ვადაში - 2-3 წლის განმავლობაში, მთელი სახელმწიფოებრივი რესურსების კონცენტრაციის შედეგად ერთხელ და სამუდამოდ აღმოვფხრათ სიღარიბე და სოციალური სიდუხჭირე ჩვენი სინამდვილიდან. ეს არა მარტო უაღრესად ჰუმანისტური იდეალია, რომელსაც უნდა ვესწრაფოდეთ, არამედ სავსებით პრაგმატული სახელმწიფო პრიორიტეტიც გახლავთ, ვინაიდან სოციალური დაძაბულობა, სოციალურად დაუცველთა ფენის არსებობა, სიღატაკე, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, საპენსიო უზრუნველყოფის ელემენტარულ გარანტიათა არარსებობა საფრთხეს უქმნის თვით სახელმწიფოებრიობის საფუძველს, თავად სახელმწიფოებრიობას.

ჩვენ სავსებით სამართლიანად ვამაყობთ იმით, რომ საქართველოს ისტორიისათვის, ყოველ შემთხვევაში, დამოუკიდებლობის დაკარგვამდე, თითქმის უცნობია სოციალური ამბოხის ფენომენი. ეს შესანიშნავი ტრადიციაა, მაგრამ თანამედროვე პირობებში უფრო მტკიცე გარანტიებია საჭირო, რათა 21-ე საუკუნეში სოციალური პრობლემატიკა არ გადაიქცეს ქართული სახელმწიფოებრიობის „აქილევსის ქუსლად“.

ხელისუფლებამ უკვე გადადგა პრაქტიკული ნაბიჯები ამ მიმართულებით. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროთა გაერთიანება მიზნად ისახავდა სოციალური რეფორმის, იმ ეპოქალური მნიშვნელობის რეფორმის სწრაფ და ქმედით განხორციელებას, რომლის კონცეფცია და უკვე კონკრეტული გეგმაც უცხოელ ექსპერტებთან ერთად საერთაშორისო გამოცდილების საფუძველზე შეიმუშავეს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროთა სპეციალისტებმა სახელმწიფო კანცელარიის შესაბამის სამსახურებთან ერთად. ამ პროცესში განსაკუთრებით დიდი იყო ჯანდაცვის მინისტრის ავთანდილ ჯორბენაძისა და აგრეთვე სახელმწიფო მინისტრის მოადგილის თედო ისაკაძის როლი. მათ უკვე წარმოადგინეს მთავრობის სხდომაზე დოკუმენტების მთელი პაკეტი, რომელიც მთლიანობაში მოვიწონეთ. იგი ითვალისწინებს მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის დაცვისა და მთელი სოციალური ინფრასტრუქტურის სრულიად ახალი სისტემის შექმნას.

შეიქმნა სპეციალური სახელმწიფო კომისია, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი ჩაუდგება სათავეში. ამ გეგმის განხორციელების შედეგად სულ რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველო შექმნის სოციალური დაცვის ისეთ სისტემას, რომელიც არათუ უზრუნველყოფს მოქალაქეების სოციალურ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებას, არამედ ამ დარგის დოტაციური სფეროდან გადააქცევს მთლიანად ქვეყნის ეროვნული მეურნეობის მნიშვნელოვან სეგმენტად. შემთხვევითი არ არის ის, რომ განვითარებულ ქვეყნებში ნაცვლად ტერმინისა „სოციალური უზრუნველყოფა“ უკვე დამკვიდრდა სოციალური ეკონომიკის ცნება.

თავისთავად ამ სფეროსაც უეჭველად ექნება რამდენიმე პრიორიტეტი. ეს არის, უწინარესად, ზრუნვა ბავშვებისათვის, ბავშვთა სახლები, დროული საპენსიო უზრუნველყოფა შინაარსობრივად ახალ საფუძველზე, ქმედითი სადაზღვევო მექანიზმები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.

ამასთან სავსებით სამართლიანია შეხედულება, რომ ეკონომიკის განვითარება სოციალური სფეროს გაძლიერების საუკეთესო საშუალებაა. და ეკონომიკის განუვითარებლად არ მოხდა ამ სფეროსაკენ სერიოზული შემობრუნება.

ამიტომ, როდესაც გადასახადების აკრეფაზე, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასა და კონტრაბანდის აღკვეთაზე, ჩრდილოვანი ეკონომიკის დაძლევაზე ვლაპარაკობთ, უპირველეს ყოვლისა, ვგულისხმობთ საბიუჯეტო ვალდებულებათა შესრულებას პენსიების, დახმარების, სხვა სახის შემწეობათა გაცემის თვალსაზრისით.

ფუჭია მსჯელობა სოციალურ რეფორმაზე, თუ მიმდინარე წელს ვერ შევძელით უმძიმესი ფინანსური კრიზისის შედეგად გასულ წლებში დაგროვილ დავალიანებათა დაფარვა. უნდა შევძლოთ! თუმცა ამჟამად კრიზისის საბოლოოდ დაძლევის ყველა ობიექტური პირობა არსებობს.

წინა ინტერვიუში უკვე ვთქვი, რომ სასიკეთო ტენდენციები თვალნათელია ეროვნული მეურნეობის ისეთ დარგებში, როგორც არის ტრანსპორტი (საერთოდ), კავშირგაბმულობა, მშენებლობა, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობა. ზოგიერთი ციფრი გაკვირვებასაც კი იწვევს ტემპის თვალსაზრისით. ამასთანავე მრავლისმეტყველია მრეწველობის განვითარების უკანასკნელი მონაცემები. ეს ერთ-ერთი ყველაზე ჩამორჩენილი დარგი გახლავთ. 1999 წლის და ჯერჯერობით დღევანდელი დონე კვლავ არ გვაკმაყოფილებს, მაგრამ თავისთავად ახლა ტენდენციაზე შევჩერდეთ.

1999 წლის განმავლობაში სამრეწველო პროდუქციის წარმოების ზრდის ტემპმა (მრეწველობის სამინისტროს სისტემა მაქვს მხედველობაში) 20-25 პროცენტს გადააჭარბა. შეიძლება ითქვას, ფანტასტიკური ტემპით ვითარდება ტურიზმი. და ეს ჩრდილოეთ კავკასიაში არსებული ვითარების მიუხედავად.

გასულ წელს საქართველოში შემოსულთა რიცხვი (მხედველობაში მყავს უცხოელები) წინა წელთან შედარებით 70 ათასით გაიზარდა და თითქმის 400 ათასს მიაღწია.

ზრდის ასეთი ტემპით ნამდვილად რეალურია ცნობილი საპრეზიდენტო პროგრამის განხორციელება და 2005 წლისათვის მილიონი სტუმრის მიღება. ეს კი - მილიონი ტურისტის მიღება და მათი მომსახურება, ფაქტობრივად, ერთ მილიარდამდე შემოსავალს მოუტანს ბიუჯეტს.

საკმარისია ითქვას, რომ მხოლოდ შარშან საქართველოს სტუმრებმა ჩვენს ქვეყანაში 750 მილიონი ლარი დახარჯეს. აქვე თვალნათელია საგადასახადო რეზერვიც. ვინაიდან ამ თანხის 25 პროცენტი მაინც ბიუჯეტში უნდა ხვდებოდეს. სამწუხაროდ, ახლა ასე არ არის, და ეს ყოველივე ხდება აფხაზეთის გარეშე, როდესაც აფხაზეთის კურორტები ფაქტობრივად ცარიელია. თვით ყველაზე შეურიგებლად განწყობილი მოღვაწისთვისაც კი გასაგებია, რა მოგებას მოუტანს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტა აფხაზეთს და მთელ საქართველოს, როგორც აფხაზეთის, ასევე მთელი საქართველოს მოსახლეობას.

არ შემიძლია რამდენიმე სიტყვით არ შევეხო ენერგეტიკულ პრობლემას. მე ყოველდღიურად დაწვრილებით ვეცნობი ინფორმაციას. თუ რა მდგომარეობაა დედაქალაქსა და საქართველოს სხვადასხვა რაიონში. და უნდა გითხრათ, რომ ვიზიარებ იმ გულისტკივილსა და აღშფოთებასაც, საქართველოს მოქალაქენი რომ განიცდიან და გამოთქვამენ. მდგომარეობა მძიმეა, თუმცა არსებობს უახლოეს დღეებში მისი გამოსწორების ყველა წინაპირობა.

ისევ და ისევ სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ, როდესაც მოსახლეობას მოვუწოდებთ გადაიხადოს მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური, იმავდროულად შესაბამის უწყებებსაც და ინვესტორებსაც კატეგორიულად უნდა მოვთხოვოთ, საშველი დაადგან აღრიცხვის მოწესრიგების პრობლემას. ეს იმ პრობლემის გასაღებია.

მოსახლეობა გაჭირვების მიუხედავად თავის ვალდებულებას შეასრულებს, თუ ექნება ელექტროენერგიის სტაბილური მიწოდების მყარი გარანტია. მაგალითად, როგოც მითხრეს, თბილისის ერთ-ერთ რაიონში, თუ არ ვცდები ისანში, სადაც მოხერხდა აღრიცხვის მოწესრიგება, ანუ სადარბაზოებში მრიცხველების გამოტანა, გადახდამ უკვე 95 პროცენტს გადააჭარბა. მოსახლეობის ამ ნაწილის იმედგაცრუებას კი არავის ვაპატიებთ, ვინც უნდა იყოს - ადგილობრივი მოხელე თუ უცხოელი ინვესტორი.

- უკვე გასულ კვირას საქართველოს საზოგადოების დიდ ინტერესს იწვევდა სამხრივი მოლაპარაკება, რომელიც ანკარაში მიმდინარეობს, სადაც საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის დელეგაციები საბოლოოდ ათანხმებენ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტის დეტალებს. ამ მოლაპარაკების დიდი მნიშვნელობის გათვალისწინებით, თქვენ, ალბათ, პირადად ადევნებდით თვალს მის მიმდინარეობას...

- მოგეხსენებათ, რომ ეს საკითხი, ეს პრობლემაც სოციალურ და ეკონომიკურ სფეროს განეკუთვნება და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. სამუშაო ჯგუფის ამჟამინდელი შეხვედრა ანკარაში იმ შეთანხმების შესაბამისად გაიმართა, რომელსაც მეზობელი და მეგობარი თურქეთის პრეზიდენტის ბატონ სულეიმან დემირელის საქართველოში ვიზიტის დროს, აგრეთვე, მოძმე აზერბაიჯანის პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის უფლებამოსილი კონსულტაციების შედეგად მივაღწიეთ. ბუნებრივია, ყველა ქვეყანას აქვს თავისი ინტერესები ამ გრანდიოზული პროექტის განხორციელებისას, და მე მადლობელი ვარ ჩემი პატივცემული კოლეგებისა, აგრეთვე ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის წარმომადგენლობისა, რომლებიც სრული გაგებით მოეკიდნენ საქართველოს პოზიციას და საქართველოს ინტერესებს.

ჩვენი მიზანია მეზობელ ქვეყნებთან კონსტრუქციული თანამშრომლობის, მეგობარ ხალხებთან ძმური თანაცხოვრების საფუძველზე შევქმნათ მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობები საქართველოს ეკონომიკის მრავალმხრივი განვითარებისათვის, აგრეთვე ჩვენი ქვეყნის მიერ ახალი გეოპოლიტიკური ფუნქციის შეძენისა და, უფრო სწორად, საბოლოოდ დამკვიდრებისათვის.

რასაკვირველია, საქართველოს ხელისუფლებისათვის პრიორიტეტი იყო, არის და იქნება სწორედ საქართველოს ინტერესები და ამ პოზიციას სავსებით დაეთანხმნენ ჩვენი პატივცემული პარტნიორები, რომლებიც, რა თქმა უნდა, თავის მხრივ, განსაკუთრებით საკუთარი ქვეყნის ინტერესებისათვის ზრუნავენ.

მთავარი ის არის, რომ ჩვენი ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა.

სხვათა შორის, უნდა გითხრათ, რომ ძალიან დიდ მუშაობას ეწევიან მსოფლიო ბანკი, სავალუტო ფონდი და მათი ექსპერტები ძალიან აქტიურად მონაწილეობენ ამ მოლაპარაკებაში. ამიტომ წარმატებაში დარწმუნებული ვარ.

მოლაპარაკება, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი და საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კომპანიის პრეზიდენტი გია ჭანტურია, მე ვიტყოდი, კარგად დაიწყო და ფინალიც, ვფიქრობ, სასურველი იქნება.

დღის წესრიგის პირველი სამი საკითხიდან თითქმის სამივე გადაწყდა ისე, როგორც მხარეთა ინტერესებს, მათ შორის, საქართველოს ინტერესებს შეესაბამებოდა. ეს გახლავთ ეკოლოგიური უსაფრთხოების პრობლემა, ერთ-ერთი ყველაზე უმწვავესი პრობლემა, რომელსაც ჩვენ, ბუნებრივია, საარსებო მნიშვნელობას ვანიჭებთ. თავის დროზე ამან გააძვირა ბაქო-სუფსის პროექტი, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენი კოლეგები გვეთანხმებიან, რომ მხოლოდ საერთაშორისო და ევროპული სტანდარტებით უნდა ვიხელმძღვანელოთ. აგრეთვე, უეჭველად უნდა დავიცვათ საქართველოს მოქალაქე მიწათმფლობელთა უფლებები კერძო საკუთრების ხელშეუხებლობის კონსტიტუციური პრინციპიდან გამომდინარე, და გავითვალისწინოთ თვით ნავთობსადენის უსაფრთხოებისათვის საქართველოს პასუხისმგებლობის საკითხი.

ამჟამად განიხილება მეოთხე პრობლემა - სატრანზიტო ტარიფები, და აქაც მოვლენები, შეიძლება ითქვას, პოზიტიურად განვითარდება. საქართველო უდავოდ მიიღებს სამართლიან შემოსავალს საუკუნის პროექტის განხორციელების შედეგად.

- თქვენი ინიციატივა განსხვავებული იყო ამ ტარიფებთან დაკავშირებით, ამას გულისხმობთ?

- განსხვავებული პოზიცია სამივე ქვეყანას აქვს. და, სხვათა შორის, განსხვავებული პოზიცია აქვთ სავალუტო ფონდსა და მსოფლიო ბანკსაც, რაც ბუნებრივიცაა. საუბარია უშუალო შემოსავალზე. ვფიქრობ, რომ გუშინ (დღის მეორე ნახევრის შედეგები აღარ ვიცი) და დღეს გაგრძელდა მუშაობა და გარკვეულ შეთანხმებამდე ალბათ მივლენ.

ამჟამად მე ერთ აზრს მინდა გავუსვა ხაზი: შეიძლება შევთანხმდეთ გარკვეულ ტარიფზე, რომელიც იმოქმედებს, ვთქვათ, პირველი 5 წლის განმავლობაში, სანამ მოხდება მრავალმილიარდიანი ინვესტიციის თუნდაც ნაწილობრივი უკუგება, შემდგომ ტარიფი კიდევ უფრო გაიზრდება. ნუ დავივიწყებთ, რომ საქმე არც მეტი, არც ნაკლები 60-წლიან პროგრამას ეხება. სხვათა შორის, ბაქო-სუფსის მილსადენის ტარიფთან დაკავშირებით ჩვენ სწორედ ეს პრინციპი ავირჩიეთ, თავიდან არც ისე მაღალია ტარიფები, მაგრამ გარკვეული წლების - 3-4-5 წლის შემდეგ ეს ტარიფები გადაისინჯება და გაიზრდება იმის მიხედვით, თუ რა შემოსავალს იღებენ კომპანიები.

ასევე მინდა გითხრათ, რომ წარმატებით დაიწყო მოლაპარაკება აშხაბადში დიდ გაზსადენთან დაკავშირებით, რომელშიც თანასწორუფლებიან საფუძველზე მონაწილეობდა საქართველოს დელეგაციაც. ტრანსკასპიური გაზსადენის პროექტს, სიმართლე გითხრათ, არანაკლებ მნიშვნელობას ვანიჭებ, ვიდრე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის თითქმის რეალობად ქცეულ პროგრამას.

ყველა ამ შესანიშნავი პროექტის განხორციელების უმთავრესი პირობა სტაბილურობაა. ღვთის მიერ მონიჭებული გეოგრაფიული, გეოსტრატეგიული მდებარეობა, ქართველი ხალხის სახელმწიფოებრივი ძალისხმევა და ის ღონისძიებანი, ჩვენ რომ განვახორციელეთ, არაადამიანური ღონისძიებანი - არაადამიანური დატვირთვითა და შეუპოვრებით, არჩეული კურსის სტაბილურობის პირობებში უეჭველად მოგვიტანს საბოლოო დიდ ეროვნულ გამარჯვებას.

- თქვენ ის სიკეთე ახსენეთ, რომელსაც ჩვენს ეკონომიკურ კეთილდღეობას აფხაზეთისა და მთელი საქართველოსათვის კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტა მოუტანს, იგივე ტურიზმი და სხვა. გასულ კვირას თბილისში საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. როგორ გგონიათ, რამდენად შედეგიანი იყო იგი. სხვათა შორის, იგივე აფხაზური დელეგაციის ხელმძღვანელები ისეთ განცხადებებს აკეთებდნენ ტელევიზიისათვის მიცემულ ინტერვიუში, რომ მოლაპარაკების პროცესი აუცილებელია, რომ მოლაპარაკება უნდა გაგრძელდეს და ასე შემდეგ. ვიაჩესლავ ცუგბამ, ისევე როგორც არძინბას თანაშემწემ ასტამურ ტანიამ პრინციპში ბევრისათვის მოულოდნელი განცხადებაც გააკეთეს. მათ თქვეს, რომ მიესალმებიან შევარდნაძის გამარჯვებას მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში, ვინაიდან იმედი აქვთ, რომ სწორედ შევარდნაძის ხელისუფლება შეძლებს ქართველთა და აფხაზთა შერიგებას...

- ამჯერად საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად დედაქალაქს აფხაზეთიდან საკმაოდ წარმომადგენლობითი დელეგაცია ეწვია ვიაჩესლავ ცუგბას ხელმძღვანელობით, თქვენ იცით, რა არის ეს საკოორდინაციო საბჭო. ეს არის ორი მხარე და ჩვენი მეგობარი ქვეყნები რუსეთის ჩათვლით, ყველანი მონაწილეობდნენ და ასევე სათანადოდ არის წარმოდგენილი ევროპის უშიშროების სტრუქტურა. მე თავიდანვე ვისაუბრე მათს განცხადებაზე. მათი სურვილია, რომ შევარდნაძე ისევ გახდეს პრეზიდენტი. მე ამას სულაც არ ვთვლი რაღაც მეორეხარისხოვან საკითხად. ესე იგი, რაღაც ნდობის ფაქტორი გაჩნდა ჩვენ შორის, რომელმაც ხელი უნდა შეგვიწყოს საბოლოო შერიგების მიღწევაში.

არცთუ გადაჭარბებული, მაგრამ მაინც საკმაოდ საფუძვლიანი ოპტიმიზმით უნდა აღვნიშნოთ, რომ ამჯერად შესაძლებელი გახდა გარკვეული პროგრესის მიღწევა იმ საკითხში, რომელიც წლების განმავლობაში გადაულახავ ბარიერად რჩებოდა. ვგულისხმობ დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლას გალის რაიონში და დაშინებული მოსახლეობისათვის უსაფრთხოების ერთობლივი გარანტიების გეგმის შექმნას.

მოგეხსენებათ, თბილისის შეხვედრაზე ჩვენს დელეგაციას ხელმძღვანელობდა ბატონი ვაჟა ლორთქიფანიძე, იყვნენ სხვა წარმომადგენლებიც. ყოველ შემთხვევაში, მე კვლავინდებურად მტკიცედ ვაცხადებ, რომ ვიყავი, ვარ და ვიქნები კონფლიქტის სამართლიანი და მშვიდობიანი გადაწყვეტის მომხრე, ჩვენი ორი ხალხის ათასწლოვანი ძმური თანაცხოვრების შესანიშნავი ტრადიციის საფუძველზე. ვფიქრობ, რომ ამ ეტაპს თანდათანობით ვუახლოვდებით.

- ჩვენი ინტერვიუს შემდეგ თქვენ მოსკოვს გაემგზავრებით, სადაც თანამეგობრობის წევრი ქვეყნების სახელმწიფოთა მეთაურების საბჭოს სხდომაში მიიღებთ მონაწილეობას და თან გექნებათ შეხვედრა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან ვლადიმერ პუტინთან, ასევე სპეციალურად ქართველი ჟურნალისტებისათვის მიცემულ სატელევიზიო ინტერვიუში მან თქვა, რომ მოუთმენლად მოელის შევარდნაძის ჩამოსვლას და იმედი აქვს, რომ საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობა უფრო გაუმჯობესდება...

- მე ერთხელ უკვე ვიხმარე ეს გამოთქმა - შეხვედრა რუსეთის მომავალ პრეზიდენტთან (ჯერჯერობით, ყოველ შემთხვევაში, ეს ასეა, მერე როგორ შეიცვლება, არ ვიცით), მაგრამ მასთან პირისპირ შეხვედრა და საუბარი შეიძლება გარდამტეხიც აღმოჩნდეს ისტორიულად ორ მეზობელ და მეგობარ ქვეყანას შორის ბოლოდროინდელი სამწუხარო გაუგებრობათა აღმოფხვრის თვალსაზრისით.

ამისათვის საკმარისია გავაცნობიეროთ, ინტერესების ისტორიული დამთხვევა მთელ რიგ საკითხებში და პატივი ვცეთ არა მარტო საკუთარი, არამედ პარტნიორი ქვეყნის ინტერესებსაც.

აქსიომაა, რომ ქვეყნებს შორის მეგობრობა და თანამშრომლობა შესაძლებელია მხოლოდ ორმხრივი და არა ცალმხრივ საფუძველზე. საქართველო მზად არის ყოველმხრივ გაითვალისწინოს და პატივი სცეს რუსეთის ინტერესებს. ამასთანავე უკვე რამდენიმე წელია, ველით, რომ ასევე გაითვალისწინებენ ჩვენს ინტერესებსა, უპირველეს ყოვლისა, აფხაზეთისა და ქართულ-ოსური კონფლიქტების სამართლიანი გადაწყვეტის თვალსაზრისით. აქ მართლაც ბევრი რამის გაკეთება შეუძლია რუსეთს. საამისოდ დრო საკმარისზე მეტი იყო და ჯერ კიდევ არის. აფხაზეთი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის სასინჯი ქვაა როგორც არაერთხელ მითქვამს. ჩვენი ქვეყნების ხელახალი დაახლოების, მათ შორის საიმედო კავშირ-ურთიერთობის დამყარებისა და რაც მთავარია, ურთიერთნდობის აღდგენის გასაღებია.

საქართველომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში თავისი წილი გზა განვლო რუსეთისაკენ. ამ გზის ნიშნულად დავასახელებდი, მაგალითად, აფხაზეთის სამშვიდობო პროცესში რუსეთისათვის განსაკუთრებული როლის მინიჭებას, რუსეთთან დიდი ხელშეკრულების ცალმხრივ რატიფიცირებას, და ზოგიერთ სხვა რამეს.

სხვათა შორის, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა საკითხები მიმოვიხილეთ ანატოლი ჩუბაისთან და ვლადიმერ რუშაილოსთან შეხვედრების დროს. ისინი ამ დღეებში იმყოფებოდნენ თბილისში.

რაც შეეხება დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობას, ამ გაერთიანების მომავალი უწინარესად, აგრეთვე რუსეთის პოზიციაზეა დამოკიდებული. თანამეგობრობა უეჭველად განვითარდება, თუ იგი საჭირო გახდება, დაეხმარება წევრ ქვეყნებს, დამოუკიდებელ სახელმწიფოებს - გადაჭრან თავიანთი პრობლემები უპირველესყოვლისა ამ ქვეყნების სტაბილურობის თვალსაზრისით. მხედველობაში მაქვს უწინარესად კონფლიქტების მოგვარება.

ამ საკითხებზე აგრეთვე საქართველოში და საერთოდ კავკასიაში შექმნილ პრობლემებზე ვისაუბრეთ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის და სახელმწიფო მდივნის მრჩეველთან ბილ ტეილორთან გუშინ გამართულ საკმაოდ ხანგრძლივ შეხვედრაზე და, რა თქმა უნდა, სხვა საკითხებზეც როგორც კავკასიაში შექმნილ მდგომარეობაზე, ასევე ფართო რეგიონის მასშტაბითაც ბევრი საინტერესო აზრი გამოითქვა.

- გასულ კვირას თქვენ მეუღლესთან ერთად ოჯახში ეწვიეთ ქართული კულტურის მართლაც ცოცხალ ლეგენდას ქალბატონ ნინო რამიშვილს, რომლის მიმართაც ვერც ერთი ეპითეტი ვერ გამოხატავს მის ღვაწლს ქართული კულტურის წინაშე. ქალბატონი ნინოს იუბილე მთელმა საქართველომ აღნიშნა...

- ქალბატონი ნინო რამიშვილი ჩვენი სიამაყეა, ჩვენი ხალხის სიამაყეა და მართლაც ცოცხალი ლეგენდაა. იგი თავისი საუკეთესო თვისებების და უშრეტი შემოქმედებითი ნიჭის, ენერგიის განსახიერებაა. ქალბატონი ნინო სიცოცხლეშივე იქცა, როგორც ზემოთ ვთქვი ლეგენდად. ილიკო სუხიშვილთან ერთად მან შექმნა უდიდესი კულტურული ფენომენი და მსოფლიოს გააცნო ქართველი ხალხის ქორეოგრაფიული გენია. იმავდროულად ნინო რამიშვილი უბრწყინვალესი წარმომადგენელია დიდი ქართველი ინტელიგენციისა, რომელმაც მთელი თავისი ძალა და უნარი მშობელი ერის მსახურებას შეალია.

როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, სრულიად საქართველოს სახელით, კიდევ ერთხელ ვულოცავ ქალბატონ ნინოს ამ დიდ იუბილეს, ვუსურვებ კიდევ დიდხანს, ძალიან დიდხანს დამსახურებულ ტკბობას თავისი დიდი შემოქმედების უჭკნობი ნაყოფით - ქართული ეროვნული ბალეტის საკაცობრიო აღიარებით.

საქინფორმი.

„ძლიერი, განვითარებული ეკონომიკა თავისთავად ქმნის მძლავრ სოციალურ გარანტიებს და სახელმწიფოსაც აძლევს საშუალებას ჩამოაყალიბოს სოციალური დაცვის ქმედითი სისტემა“ : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 24 იანვრის რადიოინტერვიუ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2000. - 25 იანვარი. - №21 (3417). - 1,2 გვ.

18 დსთ ურთიერთობათა ახალ სტადიაში უნდა შევიდეს

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
წუხანდელი ბრიფინგის ფრაგმენტები

დსთ წევრი ქვეყნების პრეზიდენტების მოსკოვის სამიტის დამთავრების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ ტრადიციებისამებრ ბრიფინგი გამართმა ქართველი ჟურნალისტებისათვის.

გუშინ 25 იანვარი იყო - ედუარდ შევარდნაძის „ჟურნალისტთა საქმეში“ შემოსულ პრეზიდენტს მრავალხმიანი „გილოცავთ, ბატონო ედუარდ!“ შეაგებეს.

როგორი იყო იუბილარის რეაქცია? რა თქმა უნდა, - შევარდნაძის სტილში:

მე მგონი, აი ამით შემოვიფარგლოთ, - თქვენ მომილოცეთ, მე მადლობა გითხარით...

და შეიქმნა განწყობილება „უშუალო სერიოზულობის“ (არ ვიცი, რამდენად სრულია ეს განსაზღვრა, მაგრამ ჭეშმარიტებასთან მიახლოებული ნამდვილად არის).

პირველი შეკითხვა („სვობოდნაია გრუზიასი“) რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის სამიტის შემდგომ ეტაპს შეეხო.

უმთავრესი მიზანი სწორედ ის იყო, რომ გაგვერკვია - სად ვიმყოფებით, ჩვენი ურთიერთობის როგორ დონეზე და რამდენად უპასუხებს ეს ურთიერთობა ჩვენი ქვეყნების ინტერესებს.

მე მგონი, მიზანს მივაღწიეთ. ჯერ ერთი, შეხვედრა ვლადიმერ პუტინთან, ძალიან ხანგრძლივი იყო - საათი და ოცი წუთი მაინც, რაც იშვიათი შემთხვევაა.

მეორეც, ვლადიმერ პუტინი ძალიან კარგად იყო მომზადებული, ინფორმაციას ფლობს, განსაკუთრებით, ჩეჩნეთის ამბებთან დაკავშირებით - ზოგს ზუსტს, ზოგს - არაზუსტს, მაგრამ ეს არ არის მთავარი.

ჩემგან მიიღო ინფორმაცია, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ სიმართლე გაირკვეს და ურთიერთბრალდებებს ბოლო მოეღოს.

ვფიქრობ, გულწრფელი და გულახდილი საუბარი შედგა ორი დაინტერესებული ადამიანისა, სახელმწიფოთა შორის ურთიერთობის ნორმალურად განვითარების საკითხებზე.

ვლადიმერ პუტინმა ბევრი თბილი სიტყვა თქვა საქართველოს, ქართველი ხალხის მიმართ..

თქვენ დაბადების დღე მოგილოცათ... (რუსეთის ტელევიზიით გადაცემული მილოცვის სიუჟეტებზე მინიშნებით საუბრის კვალში ჩადგომა სცადა ამ სტრიქონების ავტორმა. პრეზიდენტს გაეცინა):

დაბადების დღე რამდენჯერმე მომილოცეს...

(რა თქმა უნდა ასე იყო, მაგრამ ბევრი თბილი სიტყვა სწორედ მის მიმართ თქვეს, საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის შესახებ).

რახან შევიჭერი შეკითხვების რიგში, ამ თემის ( პუტინის თემის) გაგრძელება ვცადე.

ბატონო ედუარდ, რამდენად ესადაგება ვლადიმერ პუტინის ეკრანული სახე პიროვნებას, რომელსაც ესაუბრეთ?

სრულიად რომ ჩამოაყალიბო შენი აზრი, წლების განმავლობაში უნდა იცნობდე კაცს. დღევანდელი შთაბეჭდილებით როგორ მიჰყავდა სხდომები, ჩემთან ხანგრძლივი საუბარი - მაძლევს უფლებას ვთქვა, რომ იგი არის ძალზე გაწონასწორებული. მოზომილი, აუჩქარებელი პიროვნება, რომელიც ძალიან სწრაფად შედის ადამიანთან კონტაქტში და აქვს მოსმენის უნარი. იგი ნათლად აყალიბებს თავის აზრს და ასევე აინტერესებს შენგანაც მოისმინოს თუნდაც საპირისპირო პოზიცია, როდესაც მისი რომელიმე მოსაზრების ოპონირება ხდება.

კარგი შთაბეჭდილება დამრჩა.

(მერე იმასაც იტყვის ედუარდ შევარდნაძე, რომ მას პუტინი ჯერ კიდევ ლენინგრადში მუშაობის პერიოდში შეხვედრია.

მაშინ პუტინი სობჩაკთან მუშაობდა).

სამიტის შეფასება სთხოვეს ჟურნალისტებმა პრეზიდენტს:

იცით, სამიტი სწორედ ასეთი უნდა ყოფილიყო: წავიდა თანამდებობიდან იმ ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც თავმჯდომარეობდა, მოვიდა სხვა. ბუნებრივია მთავარი ინტერესი - განსაზღვრა ახალი თავმჯდომარისა. მისი გაცნობა ჩვენ ხომ არ ვიცნობდით მას... ეს კონტაქტი შედგა.

ძალიან საინტერესო იყო დახურული სხდომა, რომელმაც ორსაათნახევარს გასტანა. შევთანხმდით, რომ სამომავლოდ სწორედ ასეთი სხდომები იქნება განმსაზღვრელი - გულახდილი და პრობლემური.

მომდევნო სამიტი უფრო ეფექტიანი უნდა იყოს. უფრო კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებით ეს იქნება წლეულს, აპრილის თვეში.

ჩეჩნეთის საკითხი თუ განიხილეთ?

ჩეჩნეთის საკითხი მუდმივად ტრიალებდა. საერთო პოზიცია ასეთია: რუსეთმა, რა თქმა უნდა, უნდა იბრძოლოს თავისი ტერიტორიული მთლიანობისათვის, კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა-დამყარებისათვის, ამით ყველა ქვეყანა არის დაინტერესებული: მეტ-ნაკლებად ყველას აწუხებს ეს პრობლემა, მაგრამ ამასთან ერთად, ყველამ გამოვთქვით გულისტკივილი იმის გამო, რომ არის მსხვერპლი, უდანაშაულო ადამიანები იღუპებიან, რომ რაც შეიძლება მალე და მშვიდობიანად უნდა დამთავრდეს ეს ოპერაცია.

ბუნებრივად საუბარი კონფლიქტების თემაზე გადავიდა, კერძოდ სამხრეთ კავკასიის კონფლიქტებზე.

პრეზიდენტის პასუხში აქცენტირებული იყო ის გარემოება, რომ განახლდა ოთხთა დიალოგი - აზერბაიჯანი, საქართველო, სომხეთი, რუსეთი, მაგრამ მისი აზრით, მოლაპარაკების მაგიდას ოთხეულთან ერთად უნდა მიუსხდნენ მინსკის ჯგუფის (ყარაბაღის პრობლემა), საქართველოს მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებიც. საგარეო საქმეთა მინისტრებს სწორედ ამ მიმართულებით შეთანხმების მომზადება დაევალათ.

და, რაღა თქმა უნდა, - აფხაზეთი.

აფხაზეთთან დაკავშირებით პუტინმა გარკვევით ჩამოაყალიბა თავისი პოზიცია: ჩვენ ვერ წარმოგვიდგენია საქართველო აფხაზეთის გარეშე, ვერ წარმოგვიდგენია საქართველო სამხრეთ ოსეთის გარეშე და რუსეთი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ეს კონფლიქტები მოგვარდეს. ამას სხვებიც ამბობდნენ, მაგრამ მათ სიტყვებს საქმე არ მოჰყვებოდა. ახლა - უნდა მოჰყვეს.

* * *

უნდა მოჰყვეს. ვლადიმერ პუტინი საქმის კაცი ჩანს - რეალისტურად მოაზროვნე მოღვაწე, სავსებით გამოკვეთილი პოზიციით, რასაც ედუარდ შევარდნაძემ წუხანდელ ინტერვიუში ჩვენი ყურადღება მიაპყრო:

პუტინმა რამდენჯერმე გაუსვა ხაზი იმას, რომ ყოველგვარი ლაპარაკი, გამოსვლები საბჭოთა კავშირის აღდგენაზე, ძველისაკენ მიბრუნებაზე საფუძველს მოკლებულია. ჩვენ ვცნობთ მხოლოდ დამოუკიდებელ სახელმწიფოებს, რომელთა პრეზიდენტებიც ესწრებიან სამიტს.

თუ პუტინის ასეთი პოზიცია მომავალშიც ასევე გამოკვეთილი იქნება, მაშინ იმედებსაც საფუძველი აქვს.

ვაჟა ლორთქიფანიძემ სახელმწიფო მინისტრმა, კარგი ინფორმაცია მოგვაწოდა, თავისთავად კარგი და კარგი - საუბრის ფინალისთვისაც:

პუტინმა საგანგებოდ შესვა ბატონ ედუარდის და საქართველოს სადღეგრძელო, და თქვენც შესვით...

და ფინალიც, რა თქმა უნდა, შევარდნაძის სტილში:

მე სამადლობელი ვთქვი და დავძინე - ყველაფერი გავაკეთე იმისათვის, რომ ჩემი დაბადების დღე დამთხვეოდა სამიტს...

აქ დამთავრდა სერიოზული განწყობილება და დამყარდა ისეთი, რომელმაც სახელმწიფო მინისტრის მითითებების შესრულების შესაძლებლობა მოგვცა.

არმაზ სანებლიძე,
„სრ“ სპეც. კორ.
მოსკოვი-თბილისი.

დსთ ურთიერთობათა ახალ სტადიაში უნდა შევიდეს : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის წუხანდელი ბრიფინგის ფრაგმენტები // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2000. - 26 იანვარი. - №22 (3418). - 1,2 გვ.

19 „დემოკრატიული სახელმწიფო, უწინარესად, კორუფციისაგან უნდა გათავისუფლდეს, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ დემოკრატიული სახელმწიფოსათვის დამახასიათებელი მეთოდებით, ადამიანის უფლებათა უზენაესობა სწორედ ამ თვალსაზრისითაც უნდა იყოს გარანტირებული“

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
31 იანვრის რადიოინტერვიუ

- გასულ კვირას თქვენ ეწვიეთ მოსკოვს, სადაც თანამეგობრობის სახელმწიფოთა მეთაურების უმაღლესი დონის სამიტის მუშაობაში მიიღე მონაწილეობა. სამიტის მიმდინარეობის პროცესში გაიმართა სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ლიდერთა შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან ვლადიმერ პუტინთან. ამასთან დაკავშირებით მრავალი საინტერესო პუბლიკაცია დაიბეჭდა რუსულ პრესაში, მათ შორის, უცხოეთის პრესაშიც კავკასიის უშიშროების ახალი სისტემების თაობაზე. როგორია თქვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით. თუ შეიძლება აქვე ერთი თემა: იმ დღეებში, როცა მოსკოვში მიმდინარეობდა თანამეგობრობის ქვეყნების უმაღლესი დონის სამიტი, სტრასბურგში ევროსაბჭოში რუსეთის ყოფნა-არყოფნის საკითხი განიხილებოდა... - ჟურნალისტის ნატო ონიანის ამ შეკითხვის პასუხად საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ თავის ტრადიციულ ორშაბათის რადიოინტერვიუში განაცხადა:

- დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მოსკოვის სამიტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ თანამეგობრობას აქვს განვითარების პერსპექტივა, თუკი წევრი სახელმწიფოების სტაბილურობისა და სუვერენიტეტის ურღვეობის ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, გარანტი იქნება. სამწუხაროდ, დღემდე თანამეგობრობა არასრულყოფილად ასრულებდა ამ ფუნქციას, რის მაგალითადაც, თუნდაც, საქართველოც გამოდგება, მაგრამ იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ რუსეთის ახალი ხელმძღვანელობა, საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე უწინარესად, ყველაფერს იღონებს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის განსამტკიცებლად, გონივრული, ყოველმხრივ ხელსაყრელი ინტეგრაციის გასაღრმავებლად. რაც მხოლოდ და მხოლოდ იმ პირობით არის შესაძლებელი, თუ თანამეგობრობა დააკმაყოფილებს ზემოაღნიშნულ პრინციპულ დებულებას.

რაც მთავარია, ორგანიზაციას უეჭველად აქვს სათანადო პოტენციალი და შესაძლებლობა. ძალიან ბევრი რამ დამოკიდებულია რუსეთის პოზიციაზე, თავად რუსეთზე, ესეც რეალობაა, რომელსაც ჩვენ პატივს ვცემთ, როცა მათი პოზიცია მისაღებია ყველასათვის და კერძოდ, საქართველოსათვის.

უაღრესად სასარგებლო და საჭირო იყო კონტაქტები თანამეგობრობის ქვეყნების პრეზიდენტებთან, თითქმის ყველას შევხვდი, მათ შორის, ჩვენს უახლოეს მეზობლებს - ბატონ ჰეიდარ ალიევსა და რობერტ ქოჩარიანს.

ამ თვალსაზრისით გამოვყოფდი ხანგრძლივ და ნაყოფიერ საუბარს ვლადიმერ პუტინთან. ჩემი შთაბეჭდილება ასეთია, რომ ჩვენს პატივცემულ კოლეგასაც კარგად ესმის, თუ რა მნიშვნელობა აქვს ორივე ქვეყნისათვის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა შემდგომ გაუმჯობესებას, დარწმუნებული ვარ, საქართველოსა და რუსეთშიც მიესალმებიან ისტორიულად მეზობელი და მეგობარი ქვეყნების დაახლოვებასა და მათ შორის მჭიდრო კავშირის დამყარებას, ამ შეხვედრის ზოგიერთი ასპექტი მე გავაშუქე ჟურნალისტებთან შეხვედრისას ჯერ თვითფრინავში და მერე ჩამოსვლის შემდეგ.

უმთავრეს პრობლემად კვლავ აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიანი და სამართლიანი მოწესრიგება რჩება როგორც ქართველების, ასევე აფხაზების ინტერესებიდან გამომდინარე. რუსეთს ამის საშუალება და შესაძლებლობა, ამის შანსი ნამდვილად აქვს და ჩვენ მოუთმენლად ველით, რომ რუსეთის ხელმძღვანელობა უახლოეს მომავალში შეიმუშავებს კონკრეტულ წინადადებებს. ამ თემას ჩვენი საუბრისას საკმაო დრო დავუთმეთ.

სამწუხაროდ, სამშვიდობო პროცესში რუსეთის ძალზე მაღალი სტატუსის მიუხედავად, კონკრეტულ წინადადებათა შემუშავება ვერა და ვერ მოხერხდა, რამაც ხელი შეუწყო ერთგვარ იმედგაცრუებას, სტაგნაციას, კონფლიქტის მოგვარების საქმეში.

დიდი მნიშვნელობა ჰქონდა აგრეთვე, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისა და რუსეთის ახალი პრეზიდენტის დიალოგს, ხოლო რაც შეეხება კავკასიის უშიშროების სისტემას, ეს საკითხი უაღრესად აქტუალურია, არა მარტო რეგიონისათვის, და რაც უფრო გაჭიანურდება კონფლიქტების მშვიდობიანი სამართლიანი გადაწყვეტა, მით უფრო გაძლიერდება ის აზრი, რომ აუცილებელია უშიშროების რაღაც განსაკუთრებული ახალი სისტემის ფორმირებაში რუსეთთან ერთად მონაწილეობდნენ სხვა დიდი სახელმწიფოები - ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავსირის წევრი ქვეყნები, საერთოდ ევროპის უშიშროების სისტემა და, რა თქმა უნდა გაეროს უფრო აქტიური და დამაჯერებელი მოქმედება.

უაღრესად საყურადღებოა (მე ამაზე უკვე ვილაპარაკე წინა კვირას) სულეიმან დემირელის ბოლო წინადადებანი კავკასიის სამშვიდობო პაქტის შესახებ. ჩვენ ამაზე ბევრს ვფიქრობთ და გარკვეულ მოსაზრებასაც ჩამოვაყალიბებთ.

შეუძლებელია ამჟამინდელი ვითარების დაუსრულებლად გაგრძელება. აუცილებელია ნაბიჯ-ნაბიაჯ, ეტაპობრივად, მაგრამ მაინც წინსვლა და უწინარესად აფხაზეთისა და ქართულ-ოსური კონფლიქტების სამართლიანდ მოგვარება.

გასულ კვირას გაიმართა მთავრობის გაფართოებული სხდომა, რომელზეც ეკონომიკის საკითხები განიხილეს. თქვენ ძალიან მკაცრი შეფასება გამოთქვით

იმათ მიმართ, ვინც არ იხდის გადასახადს, შემოაქვს კონტრაბანდა ქვეყანაში და ასე შემდეგ როგორ გგონიათ, საქართველოში თავისთავად რეალურია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და შესაძლებელია თუ არა ამ ამოცანის გადაწყვეტა?

მთავრობის სხდომა თავისი გაფართოებული შემადგენლობით მართლაც ძირითადად გასული წლის ეკონომიკური შედეგებისა და ტენდენციების შეფასებას მიეძღვნა, ისევე როგორც ეკონომიკური და საზოგადოებრივი წესრიგის სფეროში გუშინდელი სხდომა.

მათი ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრა მართებული არ იქნებოდა, ვინაიდან საბიუჯეტო სირთულეების მიუხედავად, გასული წელი მდიდარი იყო პოზიტიური მოვლენებითაც. კერძოდ, გასულ წელს ამოქმედდა ბაქო-სუფსის ნავთობსადენი. საბოლოოდ გადაწყდა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტის განხორციელების საკითხი. ეჭვს არ იწვევს უახლოეს მომავალში ტრანსკავკასიური გაზსადენის აგების პერსპექტივა.

შეიძლება დაბეჯითებით ითქვას, რომ „დიდი აბრეშუმის გზის“ აღორძინება დაიწყო და დაიწყო წარმატებითაც. საქართველო უმნიშვნელოვანეს გეოპოლიტიკურ ფუნქციას იძენს ევროპისა და აზიის მიჯნაზე. ესეც არაერთხელ თქმულა.

არანაკლებ მნიშვნელოვანია ევროსაბჭოსა და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაც მართალია, შარშან ვერ შევძელით საბიუჯეტო კრიზისის, ანუ სხვანაირად, როგორც მე ხშირად განმისაზღვრავს, საბიუჯეტო ტერორის დაძლევა, მაგრამ ქვეყნისათვის საარსებო მნიშვნელობის ტენტენციები მაინც ვითარდებოდა.

ლარის კურსის სტაბილურობამ უზრუნველყო ინფლაციის დაბალი დონე. სხვათა შორის ნურავის ეგონება, რომ ეს მხოლოდ ასე ვთქვათ, ეკონომიკური სტატისტიკისათვის საინტერესო დეტალი იყოს. ინფლაცია უდიდესი უბედურებაა, უპირველეს ყოვლისა, სწორედ სოციალურად ნაკლებად დაუცველი, ან საერთოდ დაუცველი ფენებისათვის.

გავიხსენოთ კუპონის ეპოქა, თუ შეიძლება ასე ითქვას, ოღონდ გავითვალისწინოთ, რომ მაშინ უცხო ქვეყნის ვალი ასრულებდა რეალურად მიმოქცევის ფუნქციას. ლარის ინფლაცია კი განუზომლად უფრო მტკივნეული იქნებოდა თითოეული ოჯახისა და თითოეული მოქალაქისათვის.

საბედნიეროდ, ქვეყნის ფულად-საკრედიტო სისტემამ, კერძოდ, ბანკებმა გაუძლეს მსოფლიო ფინანსური კრიზისისა და საბიუჯეტო ტერორის დარტყმას, და ეროვნული ვალუტის სტაბილურობა შევინარჩუნეთ.

მართალია, გასულ წელს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პარამეტრმა მხოლოდ 3 პროცენტი შეადგინა, მაგრამ საგულისხმოა, რომ წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი განუხრელად იზრდებოდა მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 5 მილიარდ 443 მილიონ ლარს გაუტოლდა. 1999 წლის მონაცემებით. ეროვნულ ეკონომიკაში დასაქმებულთა საშუალო ხელფასმა 63 ლარი შეადგინა. რაც 14 პროცენტით აღემატება 1998 წლის მაჩვენებელს.

თუმცა, ეს სასიკეთო ტენდენცია ლამის გააქარწყლოს კოპუფციის მაღალმა დონემ - უხელფასობამ, პენსიების დაგვიანებით გაცემამ, სხვა სიძნელეებმა განსაკუთრებით ენერგეტიკაში. კორუფციასთან ბრძოლის თემა, შეიძლება ითქვას, ცენტრალური თემა იყო მთავრობის სხდომაზე - პირველსა და მეორე სხდომებზე გუშინწინაც და გუშინაც. ამოცანები განისაზღვრა კონკრეტულად, პრობლემებიც პერსონიციფირებულია.

სხვათა შორის, უნდა გითხრათ, ის, რაც მე ვთქვი 1997 წლის დამლევს, რომ 1998 წელი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის დასაწყისი უნდა ყოფილიყო, გუშინდელმა მოხსენებებმა, გუშინდელმა ინფორმაციებმა ეს დაადასტურა: როგორც გენერალური პროკურორის, ასევე შინაგან საქმეთა მინისტრის, უშიშროების მინისტრის გამოსვლებში იმდენი ფაქტი, იმდენი მაგალითი დასახელდა და ისეთი ღრმა ანალიზი იყო წარმოდგენილი, რომ ჩვენ უკვე შეგვექმნა რწმენა - ამ პრობლემას, ასე ვთქვათ, მივუახლოვდით. ვიცით, სად რა დევს, ვიცით, რაშია საქმე და სავსებით შესაძლებელია ბრძოლის გაძლიერება და ბოლოს და ბოლოს ამ სენის დაძლევა. ითქვა ისიც, რაც, ასე ვთქვათ, უკვე ხელისგულზე დევს და რაც, სამწუხაროდ, საზოგადოებამ ყოველთვის არ იცის, ითქვა ისიც, რომ კორუფცია კვლავინდებურად არყევს ჩვენი სახელმწიფოებრიობის საფუძვლებს. მე გადაჭარბებულად ვილაპარაკე ამაზე გუშინაც, გადაუჭარბებლად ვამბობ ამას დღესაც და სწორედ ასე უნდა შევაფასოთ საფრთხე დღევანდელობისა და მომავლის თვალსაზრისით.

იმავდროულად, კორუფციის წინააღმდეგ დაწყებული მოძრაობა არ უნდა გადაიქცეს ცილისწამებისა და დასმენის კამპანიად, გესლითა და პირადი ანგარიშსწორებით არ უნდა დაბინძურდეს ის მორალურ-ფსიქოლოგიური კლიმატი, რომელიც დემოკრატიული აღმშენებლობის აუცილებელი პირობაა. დემოკრატიული სახელმწიფო, უწინარესად, კორუფციისაგან უნდა გათავისუფლდეს, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ დემოკრატიული სახელმწიფოსათვის დამახასიათებელი მეთოდებით, ადამიანის უფლებათა უზენაესობას სწორედ ამ თვალსაზრისითაც უნდა იყოს გარანტირებული. არ შეიძლება ადამიანი ცილისწამებისა და შანტაჟის მუდმივი საფრთხის წინაშე იდგეს. იქნება იგი რიგითი მოქალაქე თუ თუნდაც სახელმწიფო მოღვაწე. რაც მე გუშინ ვთქვი, - ცილისწამებისა და ჭორების, დასმენის ნიაღვარმა არ უნდა წალეკოს სისხლითა და სიცოცხლის ფასად მოპოვებული თავისუფლება პიროვნებისა.

დემოკრატიის გადასარჩენად ტოტალიტარული მეთოდების გამოყენება. ადამიანის უფლებათა დარღვევა, უდანაშაულობის პრეზუმციის ხელყოფა ყოვლად დაუშვებელია. ასეთი მეთოდებით დემოკრატიას არათუ გადავარჩენთ, არამედ დავღუპავთ. კანონიერება მხოლოდ კანონიერი ხერხებით უნდა დავიცვათ. თვით ყველაზე წმინდა მიზანიც კი ვერ გაამართლებს უდანაშაულო ადამიანის ტანჯვას იქნება ეს დროებითი თუ მუდმივი.

მხოლოდ კორუფციასთან ბრძოლის დროს როდი უნდა ხდებოდეს გარკვეული ეთიკური, ზნეობრივი ნორმების თუ კორექტულობის დაცვა. ეს უნდა ახასიათებდეს საზოგადოებას განსაკუთრებით მაშინ, როცა დემოკრატია ჩვენი საზოგადოებისათვის მაინც ახალი ხილია და მაინც ის მდგომარეობაა, რომელშიც ჩვენი სახელმწიფო ძალიან დიდი ხანი არ არის, რაც იმყოფება. აქედანვე თუ არ განმტკიცდა, არ შეიქმნა საზოგადოებაში ურთიერთობის ელემენტარული ნორმები. ამის შემდეგ უფრო მძიმე შედეგი მოჰყვება ალბათ. ეს მარტო კორუფციას არ ეხება.

სახელმწიფო, სხვათა შორის, არ გულისხმობს მარტო კრიტიკასა და თვით კრიტიკას, არ გულისხმობს მარტო ლანძღვა-გინებას. ეს უწინარესად, თავისუფლების სამყაროა. უწინარესად, პიროვნების თავისუფლება, მისი უფლებების ხელშეუხებლობა და დაცვაა. როცა ჩვენ ამ პრინციპებს უგულებელვყოფთ და ადამიანი თავისუფლად ვეღარ გრძნობს თავს ქვეყანაში, მაშინ ეს დემოკრატია აღარ არის, მაშინ ეს უფრო სწორად, დემოკრატიის დაცინვაა და მასზე მცდარი წარმოდგენაა.

მე საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელთა პროფესიონალიზმის, მათი პასუხისმგებლობის ძალინ დიდი იმედი მაქვს და გუშინ ამაზე იყო საუბარი.

თუმცა, როგორც ზემოთ ითქვა, ესეც დემოკრატიის აუცილებელი მოთხოვნაა დამნაშავე უნდა დაისაჯოს და კანონის მსახვრალ ხელს ვერ უნდა დაუძვრეს.

ახლა მთავრდება მუშაობა 2000 წლის ბიუჯეტზე გუშინ კიდევ ერთხელ შევიკრიბეთ და საგნობრივად ვიმსჯელეთ ამ საკითხზე. გარკვეული კმაყოფილებით უნდა აღვნიშნო სავალუტო ფონდის კონსტრუქციული პოზიცია ჩვენს პრინციპულ წინადადებებთან დაკავშირებით. სავალუტო ფონდის მისიამ, რომელმაც გასულ კვირას დაამთავრა მუშაობა ბევრი კომპრომისული რეკომენდაცია შეიმუშავა, ამის შედეგად ბიუჯეტის პროექტი ძირითადად შეესაბამება ჩვენ მიერ დამუშავებულ პარამეტრებს, რაც საშუალებას მოგვცემს არ დაუშვათ საარსებო მნიშვნელობის დარგების მათ შორის თავდაცვის, პოლიციის კულტურის, მეცნიერების სფეროების დაფინანსების მკვეთრი შემცირება, ლაპარაკი აღარ არის ჯანმრთელობაზე, განათლებაზე, სოციალურ სფეროზე და ასე შემდეგ.

რა თქმა უნდა, გათვალისწინებულია ხელფასების, პენსიათა დავალიანების დაფარვა და სხვა აუცილებელი ხარჯები.

ამჟამად არა მარტო სახელმწიფოს, არამედ მთელი საზოგადოების ამოცანაც არის ბიუჯეტის შესრულება, გადასახადების სრულად აკრეფა. სწორედ ეს გახლავთ უმთავრესი მიზანი და დანიშნულება იმ რეფორმისა, რომელიც დავიწყეთ საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს შექმნით, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის ახალი ინსტიტუტის ჩამოყალიბებით.

მოკლედ, ეს ბოლო შაბათ-კვირა ქვეყნის ავ-კარგზე, მის დღევანდელობასა და ხვალინდელ დღეზე დიდი მსჯელობის დღეები იყო. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ შედეგიც არ დაახანებს.

გასულ კვირას მთავრობის კიდევ ერთი გაფართოებული სხდომა გაიმართა.

ამჯერად სამართალდამცველთა შეკრებას ვგულისხმობ, მინისტრმა ქუთათელაძემ ის მისამართები დაასახელა, სადაც დესტაბილიზაციაა მოსალოდნელი. ამას თან ერთვის გამუდმებული ჭორები იმის თაობაზე, რომ მოსალოდნელია ვთქვათ, დესტაბილიზაცია ქვეყანაში, ტერაქტი და სხვ. ამ ფონზე მიმდინარეობდა კიტოვანისა და ელიავას ცნობილი შეხვედრა სოხუმში წასვლის სურვილით და საერთოდ, შეიძლება ითქვას, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ქვეყნის გარეთ გარკვეული მოძრაობა აღინიშნებოდა და ალბათ ეს გარკვეული დასკვნის გამოტანის საშუალებას იძლევა.

ტერორიზმის საფრთხე, მე არ შემიძლია არ ვთქვა, რომ საერთოდ არ არსებობს და ვერც ერთი ქვეყანა ამას ვერ დაიტრაბახებს და ვერ დაიკვეხნის. სიგნალები, მონაცემები არსებობს, ბატონი ვახტანგ ქუთათელაძე სწორედ ამაზე ლაპარაკობდა, ჩვენ არაერთხელ ძალიან მწარე გაკვეთილები მივიღეთ. მათ შორის, არასტაბილურობასთან დაკავშირებითაც და, რა თქმა უნდა ყველაფერი ეს ანგარიშგასაწევია. არც დესტაბილიზაციის ცალკეული მცდელობებია გამორიცხული. განსაკუთრებით, არჩევნების წინ.

რაც შეეხება ტერორიზმს, მე მინდა ვაცნობო რადიომსმენელებს, რომ ჩვენ ვქმნით მდგრად, ძალიან სერიოზულ ანტიტერორისტულ სისტემას, რომელიც მეტი უსაფრთხოების გარანტიებს შეუქმნის ქვეყანას, თანამდებობის პირებს, მოქალაქეებს და თუნდაც პრეზიდენტს. ამ მხრივ ჩვენ ძალიან სერიოზულად გვეხმარებიან ჩვენი უცხოელი მეგობრები.

რაც შეეხება ცალკეულ შეხვედრებს, ისეთს, როგორიცაა, მაგალითად, ბატონების კიტოვანისა და ელიავას შეხვედრა და ასე შემდეგ, მე არ მიმაჩნია ეს ისეთი მასშტაბის მოვლენად, რომ რაღაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს და საქათველოს ყურადღების ცენტრში მოექცეს. ცოტა არ იყოს ზედმეტი ხომ არ არის ყოველივე ეს ასეთ ფაქტებთან დაკავშირებით? მოქალაქეები ერთმანეთს შეხვდებიან, ისაუბრებენ, ილაპარაკებენ, ზოგი ციხეშია ნამყოფი. ზოგიც სხვა კატეგორიისა, პოლიტიკური მოღვაწეებიც არიან, ამას გარკვეული ყურადღება უნდა დაეთმოს, მაგრამ არა ისე, რომ ეს ნომერ პირველ მოვლენად იქცეს მთელი ქვეყნისათვის. ეს თქვენს გადაცემას არ ეხება!

- დიდი მადლობა.

„დემოკრატიული სახელმწიფო, უწინარესად, კორუფციისაგან უნდა გათავისუფლდეს, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ დემოკრატიული სახელმწიფოსათვის დამახასიათებელი მეთოდებით, ადამიანის უფლებათა უზენაესობა სწორედ ამ თვალსაზრისითაც უნდა იყოს გარანტირებული“ : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 31 იანვრის რადიოინტერვიუ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2000. - 1 თებერვალი. - №28 (3424). - 1,2 გვ.

20 ედუარდ შევარდნაძე: „უნდა დაიწყოს აღმასრულებელი ხელისუფლების სერიოზული შემობრუნება კანონშემოქმედებითი მოღვაწეობისაკენ“

▲ზევით დაბრუნება


აღმასრულებელ ხელისუფლებაში კანონშემოქმედებითი საქმიანობის უზრუნველყოფისა და კოორდინაციის ღონისძიებების შესახებ მსჯელობა საქართველოს მთავრობის 2 თებერვლის სხდომის ძირითადი მიმართულება იყო.

საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულების პროექტი მთავრობის წევრებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა სულხან მოლაშვილმა წარუდგინა.

პროექტში აღმასრულებელ ხელისუფლებაში 2000 წელს მოსამზადებელი ასზე მეტი კანონპროექტის ნუსხაა წარმოდგენილი.

აღსანიშნავია, რომ 1995-1999 წლებში საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული 685 კანონიდან 307 საქართველოს პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივით იქნა მიღებული.

სულხან მოლაშვილმა მიმოიხილა ის ტენდენციები, რომლებიც საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების პროექტზე მუშაობისას წარმოიშვა. აღნიშნა, რომ გასულ წლებში აღმასრულებელი ხელისუფლების კანონშემოქმედებით საქმიანობაში გარკვეული ხარვეზები შეინიშნებოდა, სამინისტროებში საპარლამენტო მდივნის ინსტიტუტი სათანადო დონეზე ვერ ამოქმედდა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივით გადაწყდა შეიქმნას ერთიანი ნორმატიული აქტი, რომელიც აღმასრულებელ ხელისუფლებაში კანონშემოქმედებით პროცესს მოაწესრიგებს და ამ საქმიანობაში თანამდებობის პირთა კონკრეტულ უფლებებსა და პასუხისმგებლობის მექანიზმებს, ვადებსა და უფლებამოსილებათა გამიჯვნას განსაზღვრავს. გარკვეული დებულებების დახვეწის შემდეგ აღმასრულებელ ხელისუფლებაში საკანონმდებლო პროცესის მოწესრიგების შესახებ ერთიან აქტს პრეზიდენტთან ურთიერთობის სამსახური ორი თვის ვადაში პრეზიდენტსა და პარლამენტს წარუდგენს.

მთავრობის სხდომაზე იმსჯელეს საბაჟო და საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის პროცედურის დახვეწის შესახებ.

გამომსვლელებმა მიზანშეწონილად მიიჩნიეს აღნიშნულ კანონმდებლობაში შესწორებები პრეზიდენტის ინიციატივის წესით წელიწადში ერთხელ, ერთიანი პაკეტის სახით შევიდეს პარლამენტში.

შემთხვევითი არ იყო, რომ მთავრობის გუშინდელ სხდომას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და კომიტეტის თავმჯდომარეები ესწრებოდნენ. ეს დასტურია იმისა, რომ აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებებს შორის კანონშემოქმედებითი საქმიანობის დახვეწითა და ამ მხრივ ერთიანი სისტემის შემუშავებით კანონშემოქმედებით პროცესში ყველა ბარიერი და სირთულე ერთობლივი, კოორდინირებული მუშაობით გადაილახება.

ზურაბ ჟვანიას განცხადებით, ჩვენს ქვეყანაში კანონშემოქმედებითი საქმიანობა ახალ ფაზაში შედის. „1995 წლის შემდეგ ჩვენი მთავარი ამოცანა იყო შექმნილიყო საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც რეალობად აქცევდა კონსტიტუციის პრინციპებს. გასაკვირი არ არის, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებასთან აქტიური თანამშრომლობის შედეგად 1995-1999 წლის მოწვევის პარლამენტში მუშაობისას ჩამოყალიბდა ის საკანონმდებლო კორპუსი, რომელიც პრაქტიკულად ახალ სამართლებრივ წესებს განსაზღვრავს“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის შემდგომ პრიორიტეტებზე მიანიშნა, - ჩვენ ზუსტად უნდა დავგეგმოთ კანონშემოქმედებითი საქმიანობა და შემდეგ ამ გეგმის შესაბამისად წარვმართოთ იგი“.

მთავრობის სხდომაზე ხაზგასმით აღინიშნა იუსტიციის მინისტრის ჯონი ხეცურიანის საქმიანობა, რომელმაც პრეზიდენტის საპარლამენტო სამსახურის ტრადიცია დაამკვიდრა.

აღმასრულებელ ხელისუფლებაში საკანონმდებლო საქმიანობას კოორდინაციას სახელმწიფო მინისტრი გაუწევს. კოორდინირებული მუშაობის შედეგად საქართველოს მთავრობა ერთიანი პოზიციით წარდგება პარლამენტში, რაც მნიშვნელოვანწილად გაამარტივებს საპარლამენტო პროცედურებს.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ურთიერთობაში კონსტიტუციის პრინციპები საინტერესოდ ჩამოყალიბდა - პრეზიდენტისა და პარლამენტის ჰარმონიული თანამშრომლობა მყარ საფუძველს უქმნის სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობას.

სამართლებრივი ბაზის შექმნას, სახელმწიფოებრივ აღმშენებლობას.

„დღეს მუშაობის ახალ ხარისხზე უნდა ვილაპარაკოთ, - აღნიშნა ედუარდ შევარდნაძემ - უნდა მეტი ვიფიქროთ არა იმდენად რაოდენობრივ მაჩვენებელზე, რამდენადაც მიღებული კანონმდებლობის სრულყოფაზე, სრულქმნასა და ეფექტიანობის ამაღლებაზე. ამ საქმეში კი პარლამენტისა და აღმასრულებელი ხელისუფლების თანამშრომლობა გადამწყვეტი იქნება“.

ედუარდ შევარდნაძის განცხადებით, პარლამენტისა და აღმასრულებელი ხელისუფლების მეცნიერების, საზოგადოების წარმომადგენლების, ჩვენი უცხოელი პარტნიორებისა და ექსპერტების კოორდინირებული მოღვაწეობითა და ძალისხმევით შექმნილი კანონები საქართველოს ისტორიის შემადგენელ ნაწილად იქცა, რომელიც როგორც უძვირფასესი განძი გადაეცემა.

საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანი კანონპროექტების განხილვაში მინისტრები, დეპარტამენტების ხელმძღვანელები უნდა მონაწილეობდნენ. მუშაობდნენ კომიტეტების თავმჯდომარეებთან, პარლამენტის ცალკეულ წევრებთან, აღმასრულებელ ხელისუფლებასა და პარლამენტს შორის ურთიერთობის საკითხებში შემოქმედებითი მუშაობის პრაქტიკა უნდა დამკვიდრდეს. კანონპროექტები ძირითადად აღმასრულებელ ხელისუფლებაში უნდა იქმნებოდეს და უთანხმდებოდეს რწმუნებულებს, ქალაქების ხელმძღვანელებს, გამგებლებს.

ედუარდ შევარდნაძემ მოითხოვა, რომ კანონშემოქმედებით პროცესში აქტიურად იყოს ჩაბმული აჭარის შესაბამისი სტრუქტურები, აგრეთვე, ქვეყნის სამეცნიერო დაწესებულებები. „უნდა დაიწყოს აღმასრულებელი ხელისუფლების სერიოზული შემობრუნება კანონშემოქმედებითი მუშაობისაკენ“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მთავრობის სხდომაზე განხილული სხვა საკითხების შესახებ ინფორმაციას გაზეთის ხვალინდელ ნომერში შემოგთავაზებთ.

საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური - საქინფორმი.

ედუარდ შევარდნაძე: „უნდა დაიწყოს აღმასრულებელი ხელისუფლების სერიოზული შემობრუნება კანონშემოქმედებითი მოღვაწეობისაკენ“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2000. - 3 თებერვალი. - №30 (3426). - 1,2 გვ.

21 აკადემიკოს ევგენი ველიხოვს

▲ზევით დაბრუნება


მილოცვა

პატივცემულო ევგენი პავლეს ძევ,

სულითა და გულით გილოცავთ იუბილეს. დარწმუნებული ვარ, რომ სამოცდახუთი წელი თქვენთვის ის ასაკია, როცა ადამიანი თავის ძალ-ღონესა და ენერგიას არ იშურებს ახალი შემოქმედებითი ძიებისათვის. ჯეროვნად ვაფასებ თქვენს მიერ მეცნიერებაში შეტანილ წვლილს და აქვე არ შემიძლია არ აღვნიშნო თქვენი განსაკუთრებული ადამიანური თვისებები და უზარმაზარი პირადი გმირობა, რომელიც სრულად გამოავლინეთ ჩერნობილის ტრაგედიის, ჩვენთვის, ყველასათვის საერთო უბედურების შედეგების ლიკვიდაციისას, გულითადად გისურვებთ ახალ წარმატებებს, დიდხანს სიცოცხლესა და ყოველივე საუკეთესოს.

პატივისცემით
ედუარდ შევარდნაძე.

აკადემიკოს ევგენი ველიხოვს : მილოცვა // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2000. - 4 თებერვალი. - №31 (3427). - 1 გვ.

22 ბატონ ფოლად ბულ-ბულ-ოღლის

▲ზევით დაბრუნება


მილოცვა

დიდად პატივცემულო ბატონო ფოლად,

გულითადად გილოცავთ თქვენ, საყოველთაოდ აღიარებულ საზოგადო მოღვაწესა და მუსიკოსს, სახელოვან იუბილეს, უდიდეს პატივს გცემთ არა მარტო როგორც დიდი მომღერლის, სწავლული ფოლკლორისტის, პედაგოგ ბულ ბულის ღირსეულ ვაჟს, არამედ როგორც იმ ადამიანს, რომელმაც განაგრძო ჩვენი ხალხების მეგობრობისა და ძმობის საუკეთესო ტრადიციები, როგორც შემოქმედ პიროვნებას, რომელსაც ფასდაუდებელი წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნების პროფესიული ხელოვნების განვითარებაში.

ბევრი კეთილი საქმე გაკეთდა დღეს თქვენი უშუალო მონაწილეობით. მოხარული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნების კულტურული კონტაქტები დღითი დღე მტკიცდება. აზერბაიჯანისა და საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, უფრო ფართოდ გაეცნონ არა მარტო წარსულის ისტორიას და კულტურას, არამედ თქვენი ინიციატივის მეოხებით, დღევანდელობის რეალიებს, იმ დიდ წარმატებებს, რომლებსაც მიაღწიეს ჩვენმა ხალხებმა უკვე ახლა, დემოკრატიისა და პროგრესის განვითარებისა და განმტკიცების პირველ სტადიებზე.

დარწმუნებული ვარ, რომ აზერბაიჯანელი ხალხის წინაშე გადაშლილი გრანდიოზული პერსპექტივები, რომელსაც ხელმძღვანელობს ბრძენი სახელმწიფო მოღვაწე ჰეიდარ ალის ძე ალიევი, ბრწყინვალედ აისახება თქვენი სამშობლოს ხელოვნებასა და კულტურაში, იმ ახალ საქმეებში, რომლებიც კიდევ უფრო შეაკავშირებენ ჩვენი სახელმწიფოების მოქალაქეებს.

გისურვებთ თქვენ და თქვენი სახით აზერბაიჯანული კულტურის ყველა მოღვაწეს, მთელ აზერბაიჯანელ ხალხს ბედნიერებას, წარმატებებსა და აყვავებას.

გულწრფელი სიმპათიებით,
ედუარდ შევარდნაძე.

ბატონ ფოლად ბულ-ბულ-ოღლის : მილოცვა // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2000. - 5 თებერვალი. - №32 (3428). - 1 გვ.

23 ედუარდ შევარდნაძე: საქართველოში არ არის და არ იქნება პრეზიდენტების დეფიციტი

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის ბრიფინგი
7 თებერვლის 2000 წელი

„პრაიმ-ნიუსი“: რუსეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან ვლადიმერ პუტინთან თქვენი შეხვედრის შემდეგ ისეთი ფონი შეიქმნა, თითქოს რუსეთსა და საქართველოს შორის ვიზების საკითხი მოგვარებულია, მაგრამ რუსეთმა კვლავ დაიწყო ამ საკითხზე საუბარი. მათი განცხადებით, სავიზო რეჟიმის შემოღების ინიციატივა ქართულ მხარეს ეკუთვნის. როგორი იქნება თქვენი კომენტარი ამ საკითხზე?

ედუარდ შევარდნაძე: ინიციატივა ქართულ მხარეს არ ეკუთვნის. სხვათა შორის, მოსკოვში ყოფნისას გამოვთქვი აზრი, რომ არ არის სასურველი, გადავხედოთ იმ სავიზო რეჟიმს, რომლის შესახებაც ორი სახელმწიფო უკვე შეთანხმებულია და რომელიც უკვე მოქმედებს ეს არც ერთი მხარისათვის არის სასარგებლო და არც მეორისათვის. რუსეთის სამხედრო ბაზები და სამხედრო მოქალაქეები ჯერ კიდევ იმყოფებიან და იქნებიან საქართველოში და ეს პროცესი განსაკუთრებით მგრძნობიარე იქნება სწორედ ამ კატეგორიის ადამიანებისათვის. საბოლოო მოსაზრება ასეთია და ასე შეთანხმდნენ, ჩვენ წინააღმდეგი არ წავსულვართ, რომ მოლაპარაკება დაიწყოს. მოლაპარაკების დაწყება არ ნიშნავს სავიზო რეჟიმის შეცვლას. მოლაპარაკება დაიწყება და შედეგებს დაველოდოთ. საქართველოს არავითარი ინიციატივა ამ წამოწყებასთან დაკავშირებით არ ეკუთვნის. ეს ეწინააღმდეგება იმ შეთანხმებასაც, რომელიც არსებობს თანამეგობრობის სახელმწიფოთა პრეზიდენტებს შორის. ეს არის ხელშეკრულება ყველა ქვეყნისათვის თავისუფალი სავიზო რეჟიმის შესახებ.

„ნტვ“: თქვენ არაერთხელ გითქვამთ, რომ პოლიტიკა ზნეობრივი უნდა იყოს. როგორ გეჩვენებათ, რამდენად უმწიკვლოა რუსეთის, როგორც მშვიდობისმყოფელის როლი აფხაზეთში, თუკი, პრაქტიკულად, ის სამხედრო ძალას სეპარატიზმთან ბრძოლის მოტივით იყენებს ჩეჩნეთში და ამავე დროს, აფერხებს აფხაზეთში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესს?

ედუარდ შევარდნაძე: ჩეჩნეთში კონფლიქტისა და რუსეთის სამშვიდობო ძალების ფუნქციონირების დაკავშირება, ვფიქრობ, გამართლებული არ არის. გადაწყვეტილება რუსეთის სამშვიდობო ძალების ენგურის ორივე მხარეს ჩადგომის შესახებ რამდენიმე წლის წინათ არის მიღებული. მაშინ არ იყო კონფლიქტი ჩეჩნეთში და რუსეთის, როგორც აფხაზებსა და ქართველებს შორის შუამავლის როლი აღიარებული იყო. ეს მდგომარეობა შენარჩუნებულია. ვფიქრობ, სამშვიდობო ძალების მისამართით არაერთხელ გამოთქმული სერიოზული საყვედურებისა და შენიშვნების მიუხედავად, ისინი უნდა ითქვას, თავის მისიას ასრულებენ. არავინ უწყის, რა მოხდებოდა ან რა მოხდება, თუ კი სამხედრო ფორმირებები არ იქნებოდნენ. არც მათი შემცვლელები ჩანან. არაერთხელ დასმულა ეს საკითხი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, სხვაგანაც, უშიშროების ევროპული სტრუქტურების წინაშე. სამწუხაროდ, წარმოიშვა სხვა კონფლიქტები და რუსეთის სამშვიდობო ძალების შეცვლა ჯერჯერობით შეუძლებელია, არ ვარ დარწმუნებული, რომ უახლოეს თვეებში ეს საკითხი დადებითად გადაწყდეს. ჩემსა და პუტინს შორის საუბრისას აღინიშნა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ თუკი მასაც და მეც პრეზიდენტებად აგვირჩევენ, ეს საკითხი განიხილება. ვფიქრობ, ახალი შესაძლებლობები იქმნება იმისათვის, რომ ჩვენი ერთობლივი სამშვიდობო მოღვაწეობის ეფექტიანობა ამაღლდეს სტაბილურობის დასამკვიდრებლად როგორც ჩრდილოეთ, ასევე სამხრეთ კავკასიაში. ამიტომ, კავკასიის გახლეჩვა ძალიან ძნელია. არასტაბილური სამხრეთ კავკასია განაპირობებს არასტაბილურობას ჩრდილოეთ კავკასიაში. ეს ძალები თავის ფუნქციას, ავად თუ კარგად ასრულებენ.

„ნტვ“: დღეს საქართველოში ჩამოდის ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ხელმძღვანელობა. ისინი გეგმავენ სამედიცინო ნაწილში სწავლების ჩატარებას „მედეა-2000“. რამდენად ჯდება ეს ვიზიტი ნატოსთან დაახლოების ჩარჩოებში?

ედუარდ შევარდნაძე: არ მიმაჩნია, რომ რაღაც არაჩვეულებრივი ხდება. ეს სამხედრო უწყებებს შორის ჩვეულებრივი კონტაქტებია. აქ საუბარი მიდის მკურნალობასა და სამხედრო მედიცინის საკითხებში თანამშრომლობაზე. არავითარი აგრესიული გეგმების განხილვას არ დავიწყებთ. შექმნილია გეგმა სამხედრო უწყებებს შორის კონტაქტების თაობაზე. ეს ვიზიტი ამ გეგმის შემადგენელი ნაწილია.

„ტვ-6“: ცნობილი გახდა, რომ საქართველოს საბაჟო უწყების თანამშრომლებმა დააკავეს მედიკამენტები, რომლებიც საზღვარგარეთის სხვადასხვა ქვეყნებიდან არის გამოგზავნილი, როგორც ჩეჩნეთიდან დევნილთათვის ჰუმანიტარული დახმარება. დოკუმენტები არასწორად იყო გაფორმებული, რამაც ტვირთების დაკავებამდე მიგვიყვანა. როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება და მიიღებენ თუ არა ჩეჩნეთიდან დევნილები ამ მედიკამენტებს ჰუმანიტარული დახმარების სახით?

ედუარდ შევარდნაძე: ყველაფერი, რაც კანონიერად ჩამოდის, დაუბრკოლებლად შემოვა. აი, მაგალითად, თურქეთიდან გამოგზავნილი იყო დიდი პარტია - კვების პროდუქტები, მედიკამენტები. ეს ყველაფერი შემოწმდა საზღვარზე და მათ დაუბრკოლებლად გამოატარებენ. იგივე მოხდება აეროპორტებშიც უკანონო ტვირთებს კი მომავალშიც დააკავებენ. ასეთი გზით არ მიიღება არც მედიკამენტები და არც სხვა პროდუქტები ყველაფერი უნდა იყოს კანონიერად, იმ წესების გათვალისწინებით, რომელიც არსებობს სახელმწიფოთა შორის ურთიერთობაში.

საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი: როგორ აფასებთ ავსტრიაში მიმდინარე მოვლენებს და ევროპის დამოკიდებულებას ამ მოვლენების მიმართ. ეთანხმებით თუ არა გავრცელებულ აზრს იმის შესახებ, რომ ავსტრიამ მეორე ჰიტლერი შვა. რას ნიშნავს მსოფლიოსათვის ნეოფაშისტების ხელისუფლებაში მოსვლა?

ედუარდ შევარდნაძე: ავსტრიაში მომხდარი ფაქტი ძალზე დამაფიქრებელია. არ მგონია, შემთხვევითი იყოს მთელი დასავლეთის ასეთი მტკივნეული და უკიდურესად მკაცრი რეაქცია. ეს არის გაფრთხილება არა მარტო ავსტრიისათვის, არამედ ყველა ქვეყნისათვის, რომ ხელისუფლების სათავეში ფაშისტური ელემენტების მოსვლა არ შეიძლება. ამიტომაც შეშფოთდა ასე ევროპა. მეც, პირადად, ვუერთდები მათ პოზიციას და შეშფოთებას გამოვხატავ.

„ლიტერატურული საქართველო“: რაც უფრო ახლოვდება საპრეზიდენტო არჩევნები, მით უფრო მეტი ბრალდება გაისმის თქვენი მისამართით. ერთ-ერთი ყველაზე მოარული ბრალდება ოპონენტების მხრიდან ის გახლავთ, რომ თქვენ არ ამზადებთ შემცვლელს. საინტერესოა, ვინ უნდა მოამზადოს შემცვლელი - მოქმედმა პრეზიდენტმა თუ პარტიებმა, რომელთაც ქვეყნის მართვის სადავეების ხელში აღების სურვილი აქვთ?

ედუარდ შევარდნაძე: წესი იმის შესახებ, თუ ვინ უნდა მოამზადოს შემცვლელი, არ არსებობს, დიდი პოლიტიკოსები თავისთვის ფიქრობენ, ვინ შესძლებს იყოს შემცვლელი. ძალიან ბევრი მაგალითია იმისა, რომ ღირსეულ შემცვლელს ტოვებდნენ. დემოკრატიული ქვეყნისათვის ეს ცოტა რთულია, ვინაიდან სახელმწიფოში ბევრი პარტია, ბევრი დეპუტატი, ბევრი კანდიდატი და ბევრი შეხედულება არსებობს, მაგრამ ადამიანი, რომელიც ხელმძღვანელობს ქვეყანას, სადაც კონსტიტუცია მკაცრად განსაზღვრავს პრეზიდენტობის ვადებს, მაინც უნდა ფიქრობდეს შემცვლელზე. თუ ჩვენს პირობებზე ვილაპარაკებთ, საქართველოში არ არის და არ იქნება პრეტენდენტების დეფიციტი. ამაში დიდი დამსახურება მიუძღვის ჩემს გუნდს, ჩემს გარემოცვას, მათ შორის, იმ პარტიას, რომელიც მე დავაარსე, ასევე სხვა პარტიებს. ბევრ სახელმწიფოს შეშურდებოდა ჩვენი პარლამენტის ინტელექტუალური პოტენციალის - საშუალო თაობის, იმ ახალგაზრდების, რომლებიც ახლა მოვიდნენ პარლამენტში. მათ პარტიულ კუთვნილებას არ ვგულისხმობ პარლამენტს გარეთაც ბევრი საინტერესო ადამიანია. ახლა უფლება არ მაქვს, ის ადამიანი დავასახელო, ვისაც მე ვგულისხმობ. ჩემთვის კი, რა თქმა უნდა ვფიქრობ, ვიცი ორი სამი ადამიანი, შეიძლება მეტიც, ვისაც შეუძლია პრეზიდენტი იყოს, მაგრამ მე ხომ წინ ხუთწლიანი ვადა მაქვს, თუ ამირჩევენ, ვიფიქრებ. მიმაჩნია, რომ შემდეგი პრეზიდენტი საქართველოს ღირსეული ხელმძღვანელი იქნება.

„რუსთავი-2“: თქვენი განცხადება იმის შესახებ, რომ მოსალოდნელია სერიოზული ბრძოლა კორუფციასთან, ხომ არ გამოიწვევს გარკვეულწილად, მასმედიის, ჟურნალისტების უფლებების შეზღუდვას? მით, უფრო, რომ ამის მაგალითები ცალკეული პირების მხრიდან ჩვენს ტელეკომპანიაში საკმაოდ ბევრია.

ედუარდ შევარდნაძე: როცა კორუფციის წინააღმდეგ ბძოლაზე ვლაპარაკობ, არავინ უნდა იფიქროს, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა კონკრეტულ დღეს დაიწყება და განსაზღვრულ რიცხვში დამთავრდება. ასეთი რამ არ იქნება. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში დაიწყო.

ჩვენ გარკვეული წარმოდგენა გვაქვს იმაზე, თუ რა მაშტაბებიც შეიძლება მიიღოს კორუფციის წინააღმდეგ საერთო-სახალხო მოძრაობამ. არაერთხელ აღმინიშნავს, რომ ამ საქმეში პრესისა და ტელევიზიის მხარდაჭერის ძალიან დიდი იმედი მაქვს. როგორც კორუფცია, ისე სხვა ნეგატიური მოვლენები ქვეყანაში არ აღმოიფხვრება, თუ პრესა არ მუშაობს ქვეყნის გაჯანსაღების პოლიტიკის სასარგებლოდ. შეიძლება ეს ზოგიერთისთვის მისაღები მეთოდი იყოს, ზოგიერთისათვის - არა, მაგრამ ფაქტია, რომ პრესის აქტიური მონაწილეობის გარეშე კორუფციასთან ბრძოლა ვერ განხორციელდება. ამის ჯერ კიდევ ძველ დროში მჯეროდა, ახლა კი, როცა თავისუფალი პრესა მოქმედებს და დიდ ძალას წარმოადგენს - მით უმეტეს.

„ალია“: არჩევნების წინ დესტაბილიზაციის მოლოდინს ერთგვარად შევეჩვიეთ. ახლა ამის შესახებ არძინბამაც გაგვაფრთხილა. რამდენად დასაშვებად მიგაჩნიათ, რომ ახალი დესტაბილიზაციით დაინტერესებულმა ძალებმა ენგურთან, გალის ტერიტორიაზე მყოფი ქართველი პარტიზანები ბრმა იარაღად გამოიყენონ?

ედუარდ შევარდნაძე: ის ყოფილი პარტიზანები, რომელთა განწყობილება ცნობილია, თავისი სამშობლოს, საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯს არ გადადგამენ, შეიძლება ცალკეული ელემენტები მათ გადაბირებას შეეცადონ და ამით უსიამოვნო ფაქტების წინაშე დაგვაყენონ საომარი ოპერაციების განახლება და სხვა ამგვარი მოქმედება ორივე ხალხის - ქართველებისა და აფხაზების ინტერესებს ეწინააღმდეგება. ეს კი მაძლევს საფუძველს, განვაცხადო, რომ პროვოკატორები და საქართველოს მტრები ვერ შეძლებენ, ჩვენს სამშობლოს ზიანი მოუტანონ. ასეთი ყაჩაღური მოქმედება სამშობლოს საწინააღმდეგოდ მოქმედებს.

ედუარდ შევარდნაძე: საქართველოში არ არის და არ იქნება პრეზიდენტების დეფიციტი : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის ბრიფინგი : 2000 წლის 7 თებერვალი // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2000. - 8 თებერვალი. - №35 (3436). - 1,2 გვ.

24 „თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იუბილე დიდი დავით აღმაშენებლის აღსაყდრების დღეს აღინიშნება. უნივერსიტეტის დამფუძნებლებმა ამ გადაწყვეტილებით დაადასტურეს, თუ რა ეროვნულ-სახელმწიფოებრივ მნიშვნელობას ანიჭებდნენ პირველ ქართულ უნივერსიტეტს“

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
7 თებერვლის რადიოინტერვიუ

- ტრადიციულად ამჯერად მაინც რადიოინტერვიუს ეკონომიკის თემით დავიწყებთ. თქვენ არაერთხელ გითქვამთ, რომ საარჩევნო ციებ-ცხელებამ არ უნდა შეაფერხოს ქვეყნის სამეურნეო და ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტა. ამ თვალსაზრისით, რა იყო საინტერესო გასული კვირის მოვლენებიდან? - ჟურნალისტ ნატო ონიანის თხოვნით, ამ კითხვაზე პასუხით დაიწყო თავისი ტრადიციული ორშაბათის რადიოინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ.

- მე მართლაც ერთმნიშვნელოვნად ვეთანხმები და ვიზიარებ იმ აზრს, რომ, რაოდენ მწვავეც უნდა იყოს საარჩევნო კამპანია (რომელიც ამჟამად თავის აქტიურ ფაზას უახლოვდება), ამან არანაირი ზეგავლენა არ უნდა მოახდინოს სახელმწიფოებრივი მექანიზმის, სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის, პრეზიდენტის ინსტიტუტის ფუნქციონირებაზე.

არჩევნებამდე ჯერ კიდევ გარკვეული დროა და ადამიანებს უნდა ჰქონდეთ საშუალება, ისტერიისა და „საინფორმაციო წნეხის“ გარეშე მიიღონ გადაწყვეტილება.

რაც შეეხება პრეზიდენტის ინსტიტუტის ფუნქციონირებას, მისი უმთავრესი თვისებაა უწყვეტობა - საპრეზიდენტო ძალაუფლება უწყვეტად უნდა ხორციელდებოდეს და აქ ყოველგვარი ქრონოლოგიური ვაკუუმი სრულიად გამორიცხულია. გასულ კვირას მთავრობის სხდომამ მოისმინა საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობათა სამინისტროს ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ, რომელიც ძალზე საყურადღებო ფაქტოლოგიურ და სტატისტიკურ მასალას შეიცავდა. მინდა ჩვენს რადიომსმენელს შევახსენო რადენიმე ციფრი, რამდენიმე ტენდენცია.

უწინარესად საინტერესოა ის ტენდენციები, რომლებიც გასულ წლებში ვითარდებოდა. საგარეო ვაჭრობის განვითარება და საქონელბრუნვის ზრდა საქართველოს საგარეო-ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელების ერთ-ერთი უმნიშნელოვანესი პირობაა. ამჟამად საქართველო საგარეო ვაჭრობის ოპერაციებს 110 ქვეყანასთან ახორციელებს, 22 სახელმწიფოსთან კი გაფორმებული გვაქვს ხელშეკრულებანი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის რვა ქვეყანასთან „თავისუფალი ვაჭრობის“ რეჟიმით ვთანამშრომლობთ.

ბევრმა ქვეყანამ, მათ შორის იაპონიამ, ევროკავშირის სახელმწიფოებმა, ჩეხეთმა, სლოვაკეთმა, შვეიცარიამ, კანადამ საქართველოს „ბენეფიცეარის“ სტატუსი მიანიჭეს, რაც საკმაოდ მნიშვნელოვან შეღავათებს ითვალისწინებს საქართველოში წარმოებული პროდუქციის დაბეგვრისას. ეკონომიკური რეფორმის საწყისი ეტაპიდანვე ჩვენს შეშფოთებას იწვევდა უარყოფითი სავაჭრო სალდოს განუხრელი ზრდა, მაგრამ ამჯერად კმაყოფილებით აღვნიშნავ, რომ 1999 წელს, წინა წელთან შედარებით, საგარეო ვაჭრობის ბალანსი, პირველად გაუმჯობესდა. მე მახსოვს და იმათაც, ვინც ყურადღებით ადევნებდა თვალს ამ ჩვენს შემაჯამებელ სხდომებს, ალბათ, დაამახსოვრდებოდათ, რაოდენ მწვავედ იყო დასმული ეს პრობლემა ჩემს გამოსვლაში ამ ორიოდე წლის წინათ.

აი, რასთან გვაქვს საქმე: იმპორტი შემცირდა თითქმის 30 პროცენტით, ხოლო ექსპორტი, პირიქით, 27 პროცენტით გაიზარდა და 240 მილიონი ლარი შეადგინა. სხვათა შორის, ეს ტენდენცია ერთხელ კიდევ ადასტურებს, რომ ძალიან რთული, მტკივნეული, მაგრამ აბსოლუტურად სწორი და მიზანშეწონილი იყო გადაწყვეტილება ლარის კურსის განთავისუფლების შესახებ, რამაც წარმოების განვითარებისა და ექსპორტის ზრდის პირობები შექმნა ისევე, როგორც საექსპორტო პროდუქციაზე შეღავათების დაწესებამ.

ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდება საქართველოში შიდა ვაჭრობა. 1996 წლიდან დღემდე ამ სფეროში საქონელბრუნვის მოცულობა თითქმის ორჯერ გაიზარდა. მაგალითად, საცალო ვაჭრობის მოცულობა მილიარდნახევარ ლარს აღემატება. რაც შეეხება საგარეო ვაჭრობის გეოგრაფიას, თანდათანობით იზრდება ევროპის ქვეყნების წილი საქართველოდან ექსპორტში, მაგრამ ამ თვალსაზრისით დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებთან - უკრაინასთან, რუსეთთან, ცენტრალური აზიის ქვეყნებთან და, რა თქმა უნდა, ჩვენს უახლოეს მეზობლებთან თანამშრომლობას კვლავ უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ისევე, როგორც თურქეთთან თანამშრომლობას.

ბუნებრივია, ზემოხსენებული ტენდენციები ინვესტორებს არ გამოეპარებოდათ. აღსანიშნავია, რომ სულ უფრო ფართოვდება კონტაქტები იაპონიასთან. იაპონიის საერთაშორისო განვითარების ორგანიზაციას გადაწყვეტილი აქვს ააშენოს ჩვენს ქვეყანაში სამედიცინო ინვენტარის მწარმოებელი ქარხანა. პროექტის საორიენტაციო ღირებულება 40 მილიონი დოლარია. საგულისხმოა, ამ პროექტით ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკიც დაინტერესდა. ევრობანკი მონაწილეობას მიიღებს, აგრეთვე, ადრეული ნავთობის ექსპორტსა და ნავთობსადენების რეკონსტრუქციის პროექტში. ჩვენი უმთავრესი პირობა კვლავ და კვლავ ეკოლოგიური უსაფრთხოება იყო და ეს პირობა მთლიანად დაკმაყოფილებულია. პროექტი განხორციელდება ევროპული და მსოფლიო სტანდარტების შესაბამისად ისევე, როგორც სხვა პროექტები, მაგალითად, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტი.

გასულ კვირას ძალზე დამაიმედებელი შეხვედრა გვქონდა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, რომელსაც თან ახლდა სლოვაკ ბიზნესმენთა დიდი ჯგუფი. ეს პატარა ევროპული ქვეყანა, რომელმაც ნგრევისა და უბედურების გარეშე მოიპოვა დამოუკიდებლობა, საოცრად დინამიკურად ვითარდებოდა და, კარგი გაგებით, „აგრესიულ“ საინფორმაციო პოლიტიკასაც ახორციელებს.

სლოვაკებთან ერთად ვამთავრებთ მუშაობას ტყიბულის თბოელექტროსადგურის მშენებლობის პროექტზე. მე შეხვედრისას ვთქვი, რომ ამ პროექტს პრიორიტეტულ მნიშვნელობას ვანიჭებ.

მთელმა საქართველომ მადლობა უნდა ვუთხრათ ჩვენს ძვირფას ტყიბულელებსა და ჭიათურელებს, რომლებმაც უძიმესი წლები გადაიტანეს. „საკავშირო მნიშვნელობის საწარმოთა“ გაჩერებამ ათიათასობით ადამიანი უმუშევარი დატოვა. ერთი დღითაც კი არ დაგვვიწყებია მათი გაჭირვება და როგორც შეგვეძლო, ისე ვეხმარებოდით. ზოგიერთი რამ უკვე შევძელით. გამოცოცხლდა ჭიათურა, მუშაობს ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა. მარტში კი ტყიბულში დაიწყება თბოელექტროსადგურის მშენებლობა. ჩვენს ქვეყანას ქვანახშირის საკმაო მარაგი აქვს და ამ სიმდიდრეს ყაირათიანად გამოვიყენებთ როგორც რეგიონის, ასევე მთელი ქვეყნის სასიკეთოდ. ამ ჩამონათვალის გაგრძელება შეიძლებოდა, მაგრამ მე დღეს უფრო მოკლე ინფორმაციით შემოვიფარგლები, რამდენადაც ამ დღეებში დაგეგმილია პარლამენტში ჩემი, ასე ვთქვათ, დიდი პოლიტიკური მოხსენება, რომელიც, ბუნებრივია, მოიცავს ეკონომიკის განვითარების სხვადასხვა ასპექტებს და რადიომსმენელსა და ტელემაყურებელსაც ექნებათ საშუალება უფრო ვრცელი და საინტერესო ინფორმაცია მიიღონ. ახლა ზოგიერთი არასასიამოვნო ამბავი. ძალზე შემაშფოთებელი ის გახლავთ, რომ არაერთგზის თხოვნის, უფრო სწორად მოთხოვნის მიუხედავად, საბაჟო დეპარტამენტმა იანვრის საბიუჯეტო შემოსავლის გეგმას 10 მილიონზე მეტი ლარი დააკლო.

შედარებით უკეთესი მდგომარეობაა საგადასახადო დეპარტამენტში. ამჯერად მე უშუალოდ მივმართე მინისტრს ბატონ მიხეილ მაჭავარიანს. ძალიან დიდი იმედი გვქონდა და გვაქვს არა მარტო მისი პატიოსნებისა, არამედ ნებისყოფის, ბრძოლისუნარიონობის და ორგანიზატორული უნარისა. საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის თანამდებობა, შეიძლება ითქვას, ნომერი პირველი „საომარი პოსტია“, დიახ (ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით). ეს არის ომი კრიმინალური სამყაროს, კონტრაბანდისა და „ჰალსტუხიანი ბანდიტების“ წინააღმდეგ.

ვიმედოვნებთ, მიხეილ მაჭავარიანი თავს არ შეირცხვენს და ორივე დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ერთად უახლოეს მომავალში გარდატეხას შეიტანს ამ პრობლემაში. ამ დიდი სახელმწიფოებრივი დავალების შესასრულებლად მასთან ერთად იბრძოლებენ შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროები, ადგილობრივი მმართველობის ორგანოთა ხელმძღვანელები, პროკურატურა. ძირეული გარდატეხა უკვე თებერვალში უნდა მოხდეს და ეს სასიკეთო ცვლილება უკვე თებერვლის დამლევიდან უნდა დაეტყოს ხელფასებისა და პენსიების გაცემის პროცესს.

- გასულ კვირას საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა და აღშფოთება გამოიწვია ახალგაზრდა კაცის - პოლიციელის მკვლელობამ. ეს, ალბათ, განსაკუთრებით თბილისის პოლიციის სამმართველოზე ითქმის. საერთოდ, როცა ადამიანს კლავენ, თან ასე ცინიკურად, დღისით-მზისით, ქუჩაში, ეს ყოველთვის აღმაშფოთებელია. მით უმეტეს აღმაშფოთებელია, როცა ეს ის ადამიანია, რომელსაც სხვა ადამიანების უსაფრთხოების დაცვა ევალება, - ამ შემთხვევაში, პოლიციელი. რაღაც ისეთი განცდაც გეუფლება, რომ პოლიცია უფრო მეტ გაგებას მოელის საზოგადოებისაგან...

- უნდა მოგახსენოთ, რომ, ისე როგორც ყველა, ალბათ, მეც უკიდურესად შეშფოთებული ვარ ამ ცინიკური მკვლელობის გამო. როგორც ქვეყანაში კანონიერების, კონსტიტუციური წესრიგისა და ადამიანის უფლებათა დაცვის გარანტი, პირადად გავადევნებ თვალს ამ პროცესს. ვიმედოვნებ, სასამართლოს კანონიერი გადაწყვეტილების შესაბამისად.

აქვე მინდა ზოგიერთის გასაგონად შევნიშნო: ადამიანის უფლებათა დაცვა, რა თქმა უნდა, გულისხმობს ეჭვმიტანილისა და მსჯავრდაბულის უფლებათა დაცვას, ჩვეულებრივი მოქალაქის უფლებათა დაცვას, მაგრამ ასევე გულისხმობს დაზარალებულის უფლებათა დაცვასაც. სამწუხაროდ, ეს ხშირად გვავიწყდება. დაზარალებულთა უფლებებს ხშირად მხოლოდ მისი ჭირისუფლები იცავენ.

რა პასუხი უნდა გავცეთ იმ ახალგაზრდა კაცის ახლობლებს, რომელიც რამდენიმე გარეწარმა ასე დღისით-მზისით გამოასალმა სიცოცხლეს.

მე ქედს ვიხრი მიხეილ შანიძის ხსოვნის წინაშე. ჩემს მორალურ მოვალეობად მიმაჩია, რომ უკანასკნელი პატივი მივაგო მას და მონაწილეობა მივიღო სამგლოვიარო ღონისძიებაში.

სამართლიანი უნდა იყვნენ ცალკეული ადამიანებიც და მთელი საზოგადოებაც. თუ დღეს მოქალაქეებს ქუჩაში გასვლის აღარ ეშინიათ, ეს სწორედ იმ ასობით პოლიციელის მამულიშვილური ღვაწლია, რომელთაც განვლილ წლებში თავი შესწირეს თავიანთ ქვეყანას. პოლიცია ჩვენი საზოგადოების განუყოფელი ნაწილია. რა თქმა უნდა, იგი ვერ იქნება იდეალური, ვინაიდან პოლიცია, ასე ვთქვათ, ყოველივე იმას აირეკლავს, რაც საზოგადოებას ახასიათებს, მაგრამ არ შეიძლება უსამართლონი ვიყოთ იმათ მიმართ, ვინც ხშირად საკუთარ სიცოცხლეს აგდებს საფრთხეში. აქ არავითარი წინააღმდეგობა არ არსებობს და ნურავინ შეეცდება, ერთმანეთს დაუპირისპიროს ადამიანის უფლებათა დაცვა და პოლიციელთა ადამიანური თუ პროფესიული უფლებების პატივისცემის აუცილებლობა. ყველას შევახსენებ: ჩემმა მეგობარმა ცხონებულმა ნოდარ დუმბაძემ „თეთრი ბაირაღებით“ იმდროინდელ საბჭოთა კავშირში გამაოგნებლად გაბედული მანიფესტი გამოაქვეყნა. ეს მართლაც ჰუმანიზმისა და კაცთმოყვარეობის მანიფესტი იყო. მაგრამ მანვე თავის მორალურ ვალდებულებად მიიჩნია, შეექმნა კუკარაჩას სახე. ასე რომ, ბოროტი საწყისი წინასწარგანზრახულად არც ერთ მხარეში არ უნდა ვეძებოთ.

მოქალაქეებს, სახელმწიფოს შეწყნარებისა და შენდობის უნარი უნდა ჰქონდეთ. საყოველთაოდ ცნობილია, რამდენი რამ გავაკეთეთ ბოლო წლებში ამ თვალსაზრისით. მაგრამ საზოგადოებამ, ამასთანავე, მორალურად უნდა დაიცვას ის ადამიანები, რომლებიც ხშირად საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავენ მათს უსაფრთხოებას.

- გასულ კვირას კვლავ დაიძაბა სიტუაცია ენგურის ხიდზე. სოხუმის ხელისუფლება დესტაბილიზაციის საფრთხეზეც ლაპარაკობს და იმ პროვოკაციაზეც, რომელიც პრეზიდენტის არჩევნების წინ არის დაგეგმილი. საქართველოს მთავრობის წარმომადგენელთა შეხვედრებმა სოხუმის ხელისუფლებასთან სიტუაცია მეტ-ნაკლებად განტვირთა. მაგრამ ღირებული და ლოგიკასთან ახლოს იყო ის მონაცემები, აფხაზთა მხარემ რომ მიაწოდა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს...

- სოხუმის შეხვედრა საკმაოდ საინტერესო იყო და, გარკვეული აზრით, ნაყოფიერიც. რაც მთავარია, ორივე მხარემ დაადასტურა, რომ არ სურთ წამოეგონ ანკესს და ვიღაცის პოლიტიკურ თუ გეოპოლიტიკურ ამბიციებს შესწირონ ათიათასობით და ასიათასობით ახალგაზრდა სიცოცხლე. სხვათა შორის, ამომწურავი პასუხი გასცა ამ კითხვას წუხელ თქვენს გადაცემაში ბატონმა ვაჟა ლორთქიფანიძემ. მიღწეულია კონკრეტული შეთანხმება ტყვეთა გაცვლის თაობაზე, რომელიც უკვე ხორციელდება. თუმცა, ხვალ დავით აღმაშენებლის ხსენების დღეა და ნამდვილად მტკივნეულია, რომ საუბარი გვიხდება „ქართველ და აფხაზ ტყვეებზე“. ამიტომ დროულად უნდა გადავლახოთ ჩვენი ერთიანი და განუყოფელი ისტორიის ეს შავბნელი მონაკვეთი, გამოვნახოთ საერთო ენა, შევიმუშაოთ ისტორიული კომპრომისის ფორმულა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მშვიდი ცხოვრება არ გვექნება არც ქართველებს და არც აფხაზებს.

- ხვალ დავით აღმაშენებლის ხსენების დღეც არის და ერთდროულად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის - ჩვენი დედაუნივერსიტეტის დაარსების დღეც. რა თქმა უნდა, ალბათ, თქვენ მიიღებთ მონაწილეობას ამ ღონისძიებებში...

- აუცილებლად, უწინარეს ყოვლისა, უნდა აღვნიშნო (და ამას მე კვლავაც უეჭველად დავუბრუნდები ხვალინდელი ღონისძიებების დროს), რომ საოცრად სიმბოლურად ამ იუბილეთა დამთხვევა.

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იუბილე დიდი დავით აღმაშენებლის აღსაყდრების დღეს აღინიშნება. უნივერსიტეტის დამფუძნებლებმა ამ გადაწყვეტილებით დაადასტურეს, თუ რა ეროვნულ-სახელმწიფოებრივ მნიშვნელობას ანიჭებდნენ პირველ ქართულ უნივერსიტეტს და, უნდა ითქვას, რომ თბილისისა და საქართველოს „თეთრი ტაძარი“ სავსებით ამართლებდა და ამართლებს მათს იმედს.

ხვალ მე აუცილებლად ვესტუმრები ქაუთაისს, გელათს, რათა ქედი მოვიხარო დავით აღმაშენებლის საფლავის წინაშე.

რვა საუკუნის წინათ, დიდი დავითის ეპოქაში გელათის აკადემია (ისევე, როგორც საქართველოს პირველი რესპუბლიკის დროს და მას შემდეგაც უნივერსიტეტი) ქართული სახელმწიფოებრიობის ბურჯი იყო.

მე ვაპირებ, ქუთაისშიც და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც რამდენიმე ძალიან მოკლე სიტყვა ვთქვა იმ სულიერი, ისტორიული და სახელმწიფოებრივი კავშირის შესახებ, დღევანდელ ვითარებასა და აღმაშენებლის აღსაყდრებისდროინდელ საქართველოს შორის რომ არსებობს.

საქინფორმი.

„თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იუბილე დიდი დავით აღმაშენებლის აღსაყდრების დღეს აღინიშნება. უნივერსიტეტის დამფუძნებლებმა ამ გადაწყვეტილებით დაადასტურეს, თუ რა ეროვნულ-სახელმწიფოებრივ მნიშვნელობას ანიჭებდნენ პირველ ქართულ უნივერსიტეტს“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2000. - 8 თებერვალი. - №35 (3436). - 1,2 გვ.

25 ედუარდ შევარდნაძე: „გაძლევთ სიტყვას და მაქვს უფლება, უნივერსიტეტის წმინდა კედლებში თქვენი თანდასწრებით ფიცი დავდო, რომ ბოლო ამოსუნთქვამდე ვემსახურები ჩემს ქვეყანას, მის დამოუკიდებლობას, მის აღორძინებას, მის უკვდავებას და ბოლომდე მივიყვანთ დავით აღმაშენებლის მიერ თავის დროზე დაწყებულ საქმეს“

▲ზევით დაბრუნება


[...]

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფუძნებისა და დავით აღმაშენებლის ხსენების დღისადმი მიძღვნილ საზეიმო სხდომაზე სიტყვა წარმოთქვა საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა 8 თებერვალს დაჯილდოებულ მეცნიერებსა და სტუდენტებს აღიარება მიულოცა. ედუარდ შევარდნაძემ განსაკუთრებული მადლიერების სიტყვებით მიმართა აკადემიკოს მარიკა ლორთქიფანიძეს, ხაზგასმით ილაპარაკა საზოგადოებრივ საქმეში მის დიდ ღვაწლზე და მიულოცა მაღალი წოდება - მსოფლიო აღიარება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრეზიდენტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დავით აღმაშენებლის ხსენების - საქართველოს ძლიერებისა და ერთიანობის დღის ქუთაისში, გელათში აღნიშვნის შემდეგ ეწვია.

„დღეს ბედნიერი ვარ, რომ თქვენთან ერთად ვიმყოფები და ეს არ არის შემთხვევითი, რომ დავით აღმაშენებლის ხსენებისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების დღე ერთმანეთს დაემთხვა. ეს გონიერი და ბრძენი ხალხის მიერ არის გააზრებული საუკუნეებისათვის და მრავალი თაობისათვის.

უპირველეს ყოვლისა, როგორც საქართველოს პრეზიდენტმა, მსურს განვაცხადო, რომ დღეიდან აქ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და გელათში დაიწყო საქართველოს სახელმწიფოებრიობის სამიათასწლოვანი იუბილეს ზეიმი. ეს არის სიმბოლური, სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა, - როგორც ყოველი ქართველი, განსაკუთრებული გრძნობითა და მღელვარებით მოვდიოდი უნივერსიტეტში.

მე ამ გრძნობას შევადარებდი იმ კრძალვას, რომელიც დამეუფლა დღეს, როდესაც ჩემს კოლეგებთან და თანამოაზრეებთან ერთად ვეახლე დიდი დავით აღმაშენებლის საფლავს, გელათის ტაძარსა და გელათის აკადემიას.

ქართველმა საზოგადოებამ, სტუდენტობამ, „საქართველოსა და თბილისის თეთრი ტაძარი“ შეარქვა ამ შენობას, ვინაიდან მას, უდავოდ, ისეთივე სახელმწიფოებრივი და ზნეობრივი მნიშვნელობა აქვს თანამედროვე საქართველოსთვის, როგორიც ჰქონდა დიდი დავით აღმაშენებლის ეპოქაში გელათის აკადემიასა და მთლიანად გელათს - ქართული კულტურისა და სულიერების ერთ-ერთ ქვაკუთხედს.

ნამდვილად არ არის შემთხვევითი, რომ ქართული მეცნიერების უბრწყინვალესი წარმომადგენლები, მოძღვართ-მოძღვარნი - პირველი ქართული უნივერსიტეტის დამაარსებელნი სწორედ დავით აღმაშენებლის აღსაყდრების დღეს აფუძნებენ საქართველოს პირველი რესპუბლიკის ცოდნის ტაძარს, რომელიც უეჭველად იყო და არის ჩვენი ქვეყნის ისტორიული ალგორითმის გამოხატულება.

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაარსების დღიდანვე განუზომლად მეტი იყო, ვიდრე მხოლოდ უმაღლესი სასწავლებელი.

როდესაც მავანი სვამდა და ზოგჯერ ახლაც კი სვამს კითხვას: რით შეგვიძლია დავამტკიცოთ, რომ საქართველოს პირველი რესპუბლიკა იყო სიცოცხლისუნარიანი სახელმწიფო, - ყველაზე მეტად და ყველაზე ზუსტად ამ „კითხვა-ბრალდებას“ უპასუხებს და ღირსეულადაც სწორედ ის ფაქტი, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გახდა პირმშო ეროვნულ-დემოკრატიული მოძრაობისა საქართველოში.

მოძრაობა, რომელსაც სათავეში ედგა ილია ჭავჭავაძე, დაგვირგვინდა პირველი ქართული დემოკრატიული სახელმწიფოებრიობის დაფუძნებით. ეს არ უნდა დაგვავიწყდეს არც ჩვენ და არც მომავალ თაობებს.

ასეთი იყო ისტორიული და სულიერი წანამძღვარი. სხვა საქმეა, თუ პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც აღმოჩნდა იმ დროს ქვეყნის მართვის სადავეებთან, ვერ შეძლო ისტორიულ გამოწვევათა ადეკვატურად ემოქმედა, მაგრამ რომ არა აშკარა გარეშე აგრესია, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა უეჭველად შეძლებდა ეროვნულ-სახელმწიფოებრივ პრიორიტეტთა ზუსტ განსაზღვრას, მით უმეტეს, რომ მას ბურჯად ედგა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გულმხურვალე მამულიშვილთა, სასიქადულო მოღვაწეთა და შესანიშნავ მეცნიერთა მთელი პლეადა.

სრული პასუხისმგებლობით და ერთგვარი სიამაყით უნდა განვაცხადო, რომ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა და აღმზრდელთა შემდგომმა თაობებმა ღირსეულად განაგრძეს დამფუძნებელთა საქმე და შეუნარჩუნეს უნივერსიტეტს მისი უმთავრესი ღირსება - თავისუფალი აზროვნება, ეროვნულ-დემოკრატიული იდეალების ერთგულება.

თბილისის უნივერსიტეტს სასოებით შესცქეროდა ჩვენი ერი, როდესაც უმკაცრესი ტოტალიტარული რეჟიმის პირობებში, საფრთხე ემუქრებოდა ქართულ ენას - ეროვნულობის უმტკიცეს ბალავარს.

1978 წლის აპრილის დაუვიწყარ დღეებში პირველმა სწორედ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა აღიმაღლა ხმა ჩვენს მწერლობასა და ინტელიგენციასთან ერთად ქართული ენის სახელმწიფო სტატუსის დასაცავად და ამით ზნეობრივი მაგალითი მისცა მთელ ჩვენს ქვეყანას, მთელ საზოგადოებას და უფრო დიდ სივრცესაც.

დღესაც, ურთულეს სახელმწიფოებრივ პრობლემებზე მსჯელობისას, უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ უნივერსიტეტის აზრს, იმ შეხედულებებს, მე ვიტყოდი ფასეულობებს, რომელთა გამომუშავება აქ, ამ კედლებში ხდება.

უნივერსიტეტის ერთ-ერთ უდიდეს ღირსებად ყოველთვის მიმაჩნდა ახლებურად, ნოვატორულად აზროვნების უნარი. და თუ ეს ოდესმე იყო საჭირო, ყველაზე მეტად დღევანდელ საქართველოს სჭირდება.

ჩვენი შესანიშნავი ახალგაზრდობა, რომელიც ამ კედლებში აღიზარდა და იზრდება, თავისთავად არის ამ თვისების მქონე, ისევე, როგორც უნივერსიტეტის ღვაწლმოსილი პროფესორ-მასწავლებლები.

ამიტომ, სწორედ უნივერსიტეტის კათედრიდანაა ყველაზე მეტად საშური და უპრიანი მსჯელობა ქვეყნის ავ-კარგზე. უმწვავეს სახელმწიფოებრივ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე. ნურავინ ჩათვლის ჰიპერბოლიზებად, თუ ვიტყვი, რომ დღევანდელი ვითარება უმთავრესი თვისებებით ჰგავს დავით აღმაშენებლის ეპოქას, ხოლო დავით მეფის მაგალითი, მისი აზროვნება და მეთოდი, სახელმწიფოებრივი მიდგომა ურთულესი პრობლემებისადმი დღესაც აქტუალურია, სახელმძღვანელოა ისევე, როგორც აქტუალურია ეროვნული სახელმწიფოს მშენებლობისას წამოჭრილი პრობლემატიკა.

დავითმა საქართველოს სახელმწიფოებრივი მართვის საჭე იპყრა ურთულეს ვითარებაში. ერთი წუთით გადავხედოთ იმ წლებს, იმ საუკუნეს, როდესაც ქვეყანა არათუ გაჩანაგებული და დამცირებული, დაჩოქილი და ფეხქვეშგათელილი იყო, არამედ, რღვევა და სიმყიფე შეჰპარვოდა თვით ქართველი ერის ეთნიკური საყრდენებს, ეროვნულ მთლიანობას, ქართველთ ღვთაებრივ ერთობას.

უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, რომ დავითი აღიჭურვა მთელი საზოგადოების, იმდროინდელი საქართველოს საუკეთესო შვილებისა და მოაზროვნეების მხარდაჭერით ესეც მისი დიდი ნიჭისა და გენიის შედეგი გახლდათ. სხვაგვარად იგი ვერ შეძლებდა ჩამოეყალიბებინა და განეხორციელებინა ეროვნული აღმშენებლობის პროგრამა, საბოლოოდ გაემთლიანებინა და გაეერთიანებინა საქართველო.

დავით აღმაშენებლის ძლიერების უმთავრესი წყარო იყო ქართული საზოგადოების ერთსულოვნება (ასე იყო მაშინაც და ასეა დღესაც), რამაც დავითის საქართველო ჭეშმარიტად უძლეველად აქცია.

იმავდროულად, დავით აღმაშენებელმა გააძლიერა და უდიდესი სახელმწიფოებრივი ფუნქცია შესძინა ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას, რომლის საჭეთმპყრობელნი ყოველთვის გამოირჩეოდნენ სახელმწიფოებრივი სიბრძნითა და ეროვნული ღვაწლით.

ქართული ეკლესიის უთვალსაჩინოესი ტრადიცია, რომ მას არასდროს ახასიათებდა შიდა კონფლიქტები და განხეთქილება - ეს არის შესანიშნავი მემკვიდრეობა დავითისა და თამარის ეპოქისა, რამაც შეგვანარჩუნებინა კიდეც, საბოლოოდ, ქართული სახელმწიფოებრიობის საფუძველი, ვინაიდან იმ საზარელ ეპოქაში, როდესაც დავითის ანდერძისა და მემკვიდრეობისადმი უგერგილო დამოკიდებულებით, შუღლით, გაუტანლობითა და ღალატით დაქუცმაცდა, „დაწიაწდა“ საქართველო სამთავროებად, სათავსოებად, სამეფოებად, საფაშოებად, სწორედ ქართული მართლმადიდებელი ეკლესია იქცა იმ დუღაბად, რომელმაც შეგვინარჩუნა ეროვნული მთლიანობა და ქართული ეროვნული თვითშეგნება, თვალისჩინივით გაუფრთხილდა ქართულ ღვთისმეტყველებას.

სავსებით ბუნებრივია, თუ თითოეული ჩვენგანი უდიდეს პატივს მიაგებს ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის სახელმწიფოებრივ ღვაწლსა და ეკლესიის დღევანდელ საჭეთმპყრობელს - უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს, ვინც უდიდესი სიბრძნით, მოთმინებითა და შორსმჭვრეტელობით განაგრძო წინამორბედთა საქმე.

მე დღევანდელ გამოსვლაში შემთხვევით არ გამიერთიანებია ორი უდიდესი და განუყოფელი საწყისი ჩვენი ეროვნულობისა.

დავით აღმაშენებლის ხსენების დღე იმავდროულად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფუძნების დღეა.

მთელს ეპოქას, დავითის საქართველოდან პირველ ქართულ რესპუბლიკამდე, ღვთიური ნათლით ასხივოსნებს მართლმადიდებლური სარწმუნოება და ქმნის კიდეც სულიერ ხიდს - დავით აღმაშენებლიდან დღევანდელობამდე.

თანამედროვე საქართველოც - დამოუკიდებელი, დემოკრატიული და სამართლებრივი ქართული სახელმწიფო, ერთდროულად უნდა აერთიანებდეს ორივე საწყისს წინაპართა სარწმუნოებასთან ერთად: დავით აღმაშენებლის საქართველოს სახელმწიფოებრივ სიმტკიცეს და მოაზროვნე ქართველთა დემოკრატიულ იდეალებს. მაგრამ საოცნებო და ნანატრი საქართველოს განხორციელებისა და სრულქმნისათვის საერთო ძალისხმევა, მტკიცე რწმენა, ისევ და ისევ ერთიანობა და რაც მთავარია, დროა საჭირო.

დრო, ანუ მთელი საზოგადოების, მთელი ერის ხანგრძლივი, მიზანსწრაფული, შეგნებული ძალისხმევა.

გავიხსენოთ: ოცდაათ წელზე მეტი გავიდა დავით აღმაშენებლის აღსაყდრებიდან - დიდგორამდე და თბილისის გათავისუფლებამდე. დიდი დრო იყო, ტანჯვისა და წამების, მაგრამ, ამავე დროს, დიდი გმირობისა და თავდადების წლები.

შეიძლება შემეკამათონ - „ის სხვა ეპოქა იყო“, მაგრამ პასუხად დაბეჯითებით ვიტყვი, რომ ეროვნული გამთლიანება და სახელმწიფოებრივი მშენებლობა, უპირველესად, სულიერი შეკრებისა და ზნეობრივი განწმენდის პროცესია.

მხოლოდ ამის შედეგად მიიღწევა ტაძრეულობა ერისა, რის გარეშეც შეუძლებელია ხელთქმნილი სახელმწიფოებრივი ტაძრის აგება.

ამიტომ, ჩემი აზრით, ეროვნული აღმშენებლობის შინაარსი არ იცვლება საუკუნეთა და ათასწლეულთა განმავლობაში.

საბედნიეროდ, განვლილ წლებში ჩვენ უკვე დიდი გზა გავიარეთ. არა მხოლოდ დავაფუძნეთ დემოკრატიული ქართული სახელმწიფო, არამედ შევქმენით ყველა პირობა მისი ყოველმხრივი განვითარებისათვის, მისი აღმავლობისა და მისი აღორძინებისათვის.

დღეს „ჩვენი თავი ჩვენვე გვეყუნდეს“, სამშობლოს ბედი ჩვენსავე ხელშია.

დამარცხების, უკან დახევის უფლება არა გვაქვს, ვინაიდან ამას არც დიდ წინაპართა სულები გვაპატიებენ და არც მომავალი თაობები.

საქართველო არის დამოუკიდებელი, თავისუფალი ქვეყანა, რომელსაც უდავოდ აქვს განვითარებისა და წინსვლის ნათელი პერსპექტივა მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღიარებული ფასეულობებით.

ბედნიერი ვარ, რომ ამ სიტყვებს წარმოვთქვამ სწორედ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დავით აღმაშენებლის აღსაყდრებისა და უნივერსიტეტის დაფუძნების დღეს, იმ წარჩინებულთა თანდასწრებით, ვინც ქართველი ერის ინტელექტუალურ ძალას ქმნის.

თქვენთან ერთად მოვუწოდებ ჩვენს ახალგაზრდობას, ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს, რომლებიც უნდა შეუძღვნენ საქართველოს ქართული სახელმწიფოებრიობის მეოთხე ათასწლეულში:

მტკიცედ, პირუთვნელად, ვიაროთ დავითისა და ილიას გზით.

საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიდ სამეცნიერო საბჭოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ ედუარდ შევარდნაძეს მრავალი ჯილდო თუ პრემია აქვს მიღებული, ამასთანავე მრავალი ორდენის კავალერი და მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების საპატიო დოქტორი გახლავთ, მისთვის, როგორც საქართველოს პრეზიდენტმა თავადვე აღნიშნა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის - საქართველოს პირველი უმაღლესი სკოლის, წმინდა ალმა-მატერის საპატიო დოქტორობა ყველაზე დიდი ჯილდოა.

„გაძლევთ სიტყვას და მაქვს უფლება, უნივერსიტეტის წმინდა კედლებში და თქვენი თანდასწრებით ფიცი დავდო, რომ ბოლო ამოსუნთქვამდე ვემსახურები ჩემს ქვეყანას, მის დამოუკიდებლობას, მის აღორძინებას, მის უკვდავებას და ბოლომდე მივიყვანთ დავით აღმაშენებლის მიერ თავის დროზე დაწყებულ საქმეს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

[...]

საქართველოს პრეზიდენტის
პრესსამსახური - საქინფორმი.

ედუარდ შევარდნაძე: „გაძლევთ სიტყვას და მაქვს უფლება, უნივერსიტეტის წმინდა კედლებში თქვენი თანდასწრებით ფიცი დავდო, რომ ბოლო ამოსუნთქვამდე ვემსახურები ჩემს ქვეყანას, მის დამოუკიდებლობას, მის აღორძინებას, მის უკვდავებას და ბოლომდე მივიყვანთ დავით აღმაშენებლის მიერ თავის დროზე დაწყებულ საქმეს“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2000. - 9 თებერვალი. - №36 (3437). - 1,2,3 გვ.

26 წინ, დავით აღმაშენებლისაკენ!

▲ზევით დაბრუნება


8 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ
გელათში პატივი მიაგო დავით აღმაშენებლის ხსოვნას

[...]

საზეიმო წირვის შემდეგ თანამემამულეებს მიესალმა საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე:

ძვირფასო თანამემამულენო!
პატივცემულო სტუმრებო,
ქალბატონებო და ბატონებო,

8 თებერვალი - დიდი დავით აღმაშენებლის დღე - სრულიად საქართველოს დღეა.

მე არ მქონდა, უფლება - არც პიროვნულად, არც სახელმწიფოებრივად - არ ჩამოვსულიყავი იმერეთში და ქედი არ მომეხარა უდიდესი ქართველი სახელმწიფო მოღვაწის წინაშე.

უფრო მეტიც, მე მიმაჩნია, რომ ყოველი ქართველი, საქართველოს ყოველი პატრიოტი - განურჩევლად იმისა, ჩვენი სამშობლოს რომელ კუთხეში ცხოვრობს და მოღვაწეობს, - რომელ ეროვნებას ეკუთვნის, ზნეობრივად ვალდებულია, წელიწადში ერთხელ მაინც ეახლოს გელათს, დავითის კარიბჭით (როგორც მან თავად გვიანდერძა) შევიდეს ამ წმინდა ტაძარში და ეზიაროს აღმაშენებლის საქართველოს უკვდავ დიდებას.

ყოველი ქართველი მამულიშვილი, სულის უფაქიზეს კუნჭულში სათუთად ინახავს კეთილშობილ ნატვრასა და ოცნებას დიდ საქართველოზე, დავით აღმაშენებლის საქართველოზე - ერთიანსა და ძლიერ სამშობლოზე.

დავითისა და თამარის საქართველო - არის იდეალი, რომელსაც უნდა ვესწრაფოთ და მარადჟამს გვამხნევებდეს იმის შეგნება, რომ ეს საოცრება, „დავითის საქართველოს“ აგება და ბრძოლით მოპოვება - ჩვენ შევძელით, ჩვენმა წინაპრებმა, ჩვენმა სისხლმა და ხორცმა, ქართველი ერის და სრულიად საქართველოს გენიამ.

ეს ბრწყინვალე მაგალითი უნდა იქცეს დღევანდელი თაობისთვის, მომავალ თაობათათვის მაღალ შთაგონებად, რათა არამც და არამც არ შევუშინდეთ ეროვნული სახელმწიფოებრიობისათვის ბრძოლისას გარდაუვალ სირთულეთა თუ სიდუხჭირეს.

დავით აღმაშენებლის მთელი ეპოქა, „ძლევაი საკვირველთა“ უწყვეტი წყება ხომ უდავოდ ადასტურებს, რომ მართლაც უძლეველია ნება ერისა, რომელმაც მტკიცედ გააცნობიერა თავისუფლებისა და ეროვნული ღირსებისათვის ბრძოლისა და თუნდაც მსხვერპლის აუცილებლობა, ვინაიდან „თავისუფლება ლომთა ხვედრია“. მე ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ თავისუფლება ის ბედნიერებაა, რომელსაც დიდზე დიდი ხარკი უნდა გადაუხადო.

მაგრამ უდიდესი შეცდომა იქნებოდა, დიდი დავით აღმაშენებლის სახელმწიფოებრივი მოძღვრებიდან გვეზიარებინა მხოლოდ ეს გაკვეთილი და არ შეგვეცნო მეორე, განუყოფელი დავით აღმაშენებლის ანდერძისა - დავითი ვერასგზით გაიმარჯვებდა, რკინისებრ ნებისყოფასთან ერთად, ნათელი გონება, სათნო გული და ჭეშმარიტების პირუთვნელი აღქმის უნარი რომ არ მოემადლებინა მისთვის უფალს.

დავითის ძალა უპირველესად მისი ღვთისმოშიშობა, ღვთისმოსაობა, ჭეშმარიტი რელიგიისადმი - მართლმადიდებლობისადმი უეჭველი ერთგულება გახლდათ.

ეს ნიჭი მარად თან სდევდა მის უძლეველ ლაშქარს.

ღვთის ნათლითა და რწმენით აშენება დავით აღმაშენებელი ქრისტიანულ საქართველოს, რწმენასთან ერთად, ღვთისმეტყველებასთან ერთად, - საბუნებისმეტყველო ცოდნის სინათლეც იყო.

დავით აღმაშენებლის ეს გაკვეთილიც დღეს ჩვენთვის არანაკლებ საგულისხმო და ნიშანდობლივია.

ქვეყნის ჭეშმარიტი ძლევამოსილების საზომი, მით უმეტეს დღევანდელ პირობებში, დღევანდელ მსოფლიოში - ცოდნისა და განათლების ყოვლისშემძლე ძალით აღჭურვილ შვილთა სიმრავლეა.

ამიტომ, სრულებითაც არ არის შემთხვევითი, რომ პირველი ქართული უნივერსიტეტის დამფუძნებლებმა დავით აღმაშენებლის დღე ირჩიეს თავისი ოდინდელი ნატვრის, უდიდესი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი საქმის საბოლოო აღსრულებისა და განხორციელების თარიღად. მე დღეს უნივერსიტეტს ვესტუმრები და იქაც რამდენიმე სიტყვას ვიტყვი.

ჩვენი სამშობლოს დედაქალაქში, დავით აღმაშენებლის შესანიშნავი ძეგლის აღმართვისას, ისევე როგორც ქუთაისში (და მოგეხსენებათ, რომ ისტორიული სინამდვილის შესაბამისად, დავით მეფე პირველად სწორედ „პირველ სატახტო ქალაქში“ შემობრძანდა) - მე გავიმეორე უდიდესი გაჭირვების ჟამს გერმანელი ერის საუკეთესო შვილთა ზნეობრივი ფორმულა, და მსგავსად მოწოდებისა, „წინ იმანუილ კანტისაკენ!“, მოვუწოდე და დღესაც, კვლავ მოვუწოდებ ერს, მთელ საქართველოს - წინ, დავით აღმაშენებლისაკენ!

დავით აღმაშენებლისაკენ სწრაფვა, განურჩევლად ეპოქათა სხვაობისა, განურჩევლად იმისა, რომ რვა საუკუნე დაილეწა ჩვენს შორის - მაინც კვლავ და კვლავ მარად აქტუალურია, ვინაიდან ეს არის სწრაფვა სამშობლოს ერთიანობისა და თავისუფლებისაკენ.

საქართველოს დარღვეული მთლიანობის აღდგენა და აღორძინება დავით აღმაშენებელმა დაიწყო გეგმაზომიერად, პოლიტიკის მრისხანე კანონთა პატივისცემით, აუცილებელი ტაქტიკური კომპრომისებით, ერის სულიერი გაჯანსაღებითა და გაძლიერებით, ჭირთათმენის უნარის დანერგვით, მოკავშირეთა გამრავლებით, ტაძრების, გზებისა და ხიდების მშენებლობით, ქვეყნის განათლებით, სწავლულ კაცთა წარჩინებით, სახელმწიფოში ერთაშორისი თანხმობისა და ურთიერთშემწყნარებლობის დამკვიდრებით, ქვეყნის ერთიანობის მყარი ეკონომიკური წანამძღვრების შექმნით, კანონისა და კანონიერების დამკვიდრებით, საქართველოსათვის უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური ფუნქციის მინიჭებით.

ეს არის გზა, რომელიც ჯერ მხოლოდ ნაწილობრივ განვვლეთ, მაგრამ, დავიწყეთ უკვე - ამ გზას დავადექით და ვეღარაფერი ჩვენს ნებას ხელს ვერ შეუშლის და წინ ვერ აღუდგება,

გზა, რომელმაც დიდი დავით აღმაშენებელიც და ჩვენც - მისი მიმდევარნიც, - მოგვიყვანა გელათის ტაძრამდე.

დავითის გზა - მისი ნებისყოფით, რწმენით, ძლევამოსილებითა და სათნოებით, ღვთისმოშიშობითა და სამშობლოს ერთგულებით, ღალატის მოკვეთითა და ერთსულოვნებით - უეჭველად მიგვიყვანს ერთიან, თავისუფალ, ძლევამოსილ, აყვავებულ საქართველომდე.

[...]

ნინო გაბრიაძე,
ირმა გეგეჭკორი.
საქინფორმის კორ.

წინ, დავით აღმაშენებლისაკენ! : 8 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ გელათში პატივი მიაგო დავით აღმაშენებლის ხსოვნას // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2000. - 9 თებერვალი. - №36 (3437). - 1,2 გვ.

27 სულიკო ჟღენტის ოჯახს

▲ზევით დაბრუნება


სამძიმარი

დიდად ვწუხვარ, რომ გარდაიცვალა ბატონი სულიკო, ჩვენი გამორჩეული კინოდრამატურგი, მართლაც შესანიშნავი ფილმების თანაავტორი.

გთხოვთ, მიიღოთ ჩემი სამძიმარი.

ედუარდ შევარდნაძე.

სამძიმარი : სულიკო ჟღენტის ოჯახს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2000. - 11 თებერვალი. - №38 (3439). - 1 გვ.

28 ედუარდ შევარდნაძე: რამდენიმე წელიწადში საქართველო მძლავრი, გაერთიანებული და განვითარებული ქვეყანა იქნება

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის ყოველწლიური მოხსენება შედეგებისა
და 2000 წლის საშინაო და საგარეო ეკონომიკური და პოლიტიკური ამოცანების შესახებ
2000 წლის 9 თებერვალი.

„ბატონო პარლამენტის წევრებო:
ქალბატონებო და ბატონებო! სრულიად საქართველოს მოქალაქენო!

კონსტიტუციის მოთხოვნის თანახმად, წარმოგიდგენთ პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას - მიმართვას ხალხისადმი პარლამენტიდან - გასული 1999 წლის შედეგებისა და მიმდინარე 2000 წლის საშინაო და საგარეო ეკონომიკური და პოლიტიკური ამოცანების შესახებ.

მთავარი სტრატეგიული ამოცანები 1999 წელს, ისევე როგორც წინა წლებში, იყო კონსტიტუციის დაცვა, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოს, სამოქალაქო საზოგადოების სოციალურად ორიენტირებული საბაზრო ეკონომიკის მშენებლობა, მიწის რეფორმა, ადგილობრივი თვითმმართველობის დამკვიდრება, სასამართლო რეფორმა, მუნიციპალური რეფორმები. მეცნიერების კულტურის განათლების სფეროში პოლიტიკის, სრულყოფა. ხალხის კეთილდღეობის დონის ამაღლებისათვის წინაპირობის შექმნა.

ყოველივე ეს კონკრეტულად აისახა სამართლებრივი სახელმწიფოს კანონშემოქმედებაში. კანონის უზენაესობის განხორციელებასა და ხელისუფლების სამივე შტოს პრაქტიკულ საქმიანობაში.

1999 წელმა კიდევ უფრო განმტკიცდა საპარლამენტო, საკანონმდებლო, საპრეზიდენტო და აღმასრულებელი ხელისუფლების თანამშრომლობა და მიღწევები.

სახელმწიფოს, პრეზიდენტს მთავრობას, ბუნებრივია ჰყავდა კონსტრუქციული და დესტრუქციული პოლიტიკური ოპოზიცია. მეცნიერულ პოლიტოლოგიასა და სოციოლოგიასთან ერთად არსებობს ფსევდოპოლიტოლოგია და ფსევდოსოციოლოგია. ხშირად ისინი არაობიექტურად აფასებენ შექმნილ ვითარებას, რადგანაც პოლიტიკურ, წინასაარჩევნო კონიუნქტურის გავლენას განიცდიან.

კრიზისული ქაოსური, არასტაბილური, პოლიტიკური კონფლიქტებისა და სამოქალაქო ომის წლების ფონზე, რა თქმა უნდა, ნაკლოვანებანი დღესაც ბევრი გვაქვს. ეს ფაქტია, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ გვაქვს წარმატებებიც, რომლებსაც ხელისუფლებამ, მთავრობამ და ჩვენმა ხალხმა მიაღწიეს 90-იან წლებში. განსაკუთრებით ბოლო 5 წლის მანძილზე, კერძოდ 1999 წელს.

ეს უწინარესად, დამოუკიდებელი სახელმწიფოს აღმშენებლობის პროცესს ეხება.

ამ წლების განმავლობაში ერთი წყობილება - ტოტალიტარული რეჟიმი შევცვალეთ მეორე წყობილებით, რომლის საფუძველი დემოკრატიული ღირებულებანია. ერთი ფორმაცია შეიცვალა მეორე ფორმაციით. ეს ისტორიული მოვლენაა და ამ პროცესის შეუქცევადობა ფაქტია. ამ პროცესს ლოგიკური წერტილი დაუსვა 1999 წელმა. 2000 წელს ფაქტობრივად საქართველოს ისტორიის ახალი თავი დავიწყეთ.

- მხოლოდ შეგახსენებთ: ჩვენ 90-იანი წლების დამდეგს საერთოდ არ გვქონდა კონსტიტუცია - სახელმწიფოს ძირითადი კანონი 1995 წელს მივიღეთ თანამედროვე, მსოფლიოში აღიარებული დემოკრატიული კონსტიტუცია, საფუძველი ჩავუყარეთ თანამედროვე ქართულ კონსტიტუციონალიზმს.

- 90-იანი წლების დამდეგს ჩვენ საერთოდ არ გვქონდა სახელმწიფო. იგი მოგვაგონებდა ყველას ომს, ყველას წინააღმდეგ დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი მხოლოდ ქაღალდზე იყო დეკლარირებული. ქვეყანაში მძვინვარებდა სამოქალაქო ომი, სისხლიანი კონფლიქტები, ინფლაცია, ჰიპერინფლაცია, ქაოსი და დესტრუქცია. ჩვენ დავამყარეთ მართლწესრიგი და კანონიერება. ჩვენ შევქმენით ახალი ტიპის დამოუკიდებელი, სოციალური და სამართლებრივი საქართველოს სახელმწიფო.

- სწორედ ბოლო ხუთ წელიწადში ჩამოყალიბდა საბოლოოდ ჭეშმარიტად დემოკრატიული ქართული პარლამენტარიზმი, ნაყოფიერად მუშაობს საქართველოს მეოთხე მოწვევის პარლამენტი.

- 90-იანი წლების დამდეგს ჩვენში არ იყო სამოქალაქო საზოგადოება. ჩვენ ბოლო ხუთი წლის მანძილზე ავაშენეთ სამოქალაქო საზოგადოების საფუძვლები.

- 90-იანი წლების დამდეგს ჩვენ არ გვქონდა სოციალურად ორიენტირებული საბაზრო ეკონომიკა. ბოლო ხუთი წლის მანძილზე ჩვენ დავასრულეთ სოციალურად ორიენტირებული საბაზრო ეკონომიკის ძირითადი კონტურების შექმნა.

- კარგად გახსოვთ, სულ რამდენიმე წლის წინათ პარალიზებული იყო სასამართლო სისტემა, ძველი სისტემა მოიშალა, ახალი ჯერ არ იყო შექმნილი. ბოლო ხუთი წლის მანძილზე ჩამოყალიბდა სასამართლო ხელისუფლება, კონსტიტუციური სასამართლო, განხორციელდა სასამართლო და სამართლებრივი რეფორმები.

- 90-იანი წლების დამდეგს ჩვენ არ გვქონდა თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისი მუნიციპალური ხელისუფლება და თვითმმართველობა. ბოლო წლებში ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ადგილობრივი თვითმმართველობა, ჩავატარეთ არჩევნები და განვახორციელეთ რეფორმები ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში.

- ბოლო ხუთი წლის მანძილზე შევქმენით ეროვნული შეიარაღებული ძალები, რომლებიც მსოფლიო ღირებულებებსა და სტანდარტებზეა ორიენტირებული ნაკლოვანებანი ბევრია, მაგრამ მთავარი გაკეთდა, ვიცით რა გვინდა, რა სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს თავდაცვა და მისი შეიარაღებული ძალები.

ბოლო წლების უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია ეროვნული სასაზღვრო ჯარების შექმნა, დღეს საქართველო საკუთარ საზღვარს თვითონ აკონტროლებს.

- ბოლო 5 წლის მანძილზე დემოკრატიული მშენებლობის პოლიტიკური ცივილიზაციისა და კულტურის, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის სფეროში წარმატებანი იმდენად შთამბეჭდავია, რომ ჩვენ გავხდით ევროსაბჭოს წევრი, ხოლო ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობებში მოპოვებულ წარმატებათა შედეგად მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრად მიგვიღეს.

შეიძლება სხვა მიღწევების დასახელებაც.

ამასთანავე არავინ უარყოფს იმას, რომ გვაქვს სერიოზული ნაკლოვანებანიც, გადაუწყვეტელი პრობლემები, რომ ქვეყანა თავისი განვითარების საწყის ეტაპზეა.

- არ არის აღდგენილი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ეს არის ყველაზე მტკივნეული.

- დავძლიეთ ინფლაცია, ჰიპერინფლაცია, განვახორციელეთ საბანკო და საფინანსო რეფორმები, მაგრამ დიდი პრობლემები გვაქვს ფულადსაკრედიტო და საბიუჯეტო პოლიტიკაში, შემოსავლის, დეფიციტის, გასავლის სფეროებში. ვერ დავძლიეთ საბიუჯეტო და ფინანსური კრიზისი, „საბიუჯეტო ტერორი“, როგორც ადრე ავღნიშნეთ, მაგრამ ჩრდილოვანი ეკონომიკა და კორუფცია ძირს უთხრის სახელმწიფოსა და ეკონომიკას.

ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს სოციალური დაცვის სფერო.

ძირითადად დავძლიეთ ეკონომიკური კრიზისი, მაგრამ ვერ ავიყვანეთ საარსებო მინიმუმის დონეზე ხელფასები, პენსიები, სტიპენდიები, ლტოლვილთა და იძულებით ადგილნაცვალ პირთა შემწეობანი, დიდი პრობლემები გვაქვს ხალხის კეთილდღეობის დონის ამაღლებაში. მოსახლეობას შეუფერხებლად ან საერთოდ ვერ ვაწვდით ელექტროენერგიას, ბუნებრივ აირს, წყალს, ჯერ კიდევ გაჩანაგებულია კომუნალური მეურნეობა.

- ჯერჯერობით სასურველი შედეგები არ მოჰყოლია პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ რეფორმებს.

გვაქვს ბევრი სხვა ნაკლოვანებანიც.

სამოქალაქო, ეროვნული შერიგების პროცესთან ერთად ჯერ კიდევ არ დამთავრებულა დაპირისპირებულთა სამკვდრო-სასიცოცხლო, ხშირად სრულიად უაზრობაში გადასული ბრძოლა. ლაპარაკი არ არის ან არ ვგულისხმობთ პოლიტიკურ ბრძოლას კონსტიტუციის ფარგლებში.

ბევრ მოქალაქეს სურს მხოლოდ ნეგატიური მხარეები დაინახოს და მიჩქმალოს ისტორიული მიღწევები. ვისაც გაუსაძლისათ უჭირს, ვერც დაიდანაშაულებ, ვერც შეედავები, მაგრამ არიან ბოროტი ადამიანებიც თავიანთი ბოროტი ზრახვებით, ძველი მენტალიტეტით, მონური ფსიქოლოგიით, არავისზე ნაკლებად არ ვიცი თუ როგორ უჭირთ ადამიანებს. ამავე დროს ვამაყოფ იმით, რომ საქართველოს მოქალაქეთა მხარდაჭერით სასწაულებრივი მოთმინებით ავაშენეთ დამოუკიდებელი სახელმწიფო, მოვიპოვეთ თვისუფლება და აღარასოდეს, არავითარ პირობებში არ დავთმობთ მოპოვებულს, აღარასოდეს არავისი მონები არ გავხდებით. კარგად მოგეხსენებათ, რამდენი საუკუნის რამდენ თაობას უოცნებია იმაზე, რის მფლობელიც დღეს ჩვენ ვართ.

დაპირისპირება, პოლიტიკური ბრძოლის გამწვავება იგრძნობოდა, განსაკუთრებით შარშან პარლამენტის არჩევნების დროს. ეს იგრძნობა წელსაც, რადგანაც მიმდინარე წელი პრეზიდენტის არჩევნების წელია ალბათ. ასეთი ეტაპებისათვის გარკვეული წინააღმდეგობანი გარდაუვალია.

ხელისუფლების მიერ არჩეულ კურსს, გადაჭრით ვამბობ, ალტერნატივა არ გააჩნია, რადგანაც იგი, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკის მიღწევებსა და თანამედროვე პოლიტიკური მეცნიერების მოთხოვნებს შეესაბამება. ეს გახლავთ შედეგზე ორიენტირებული რეალისტური პოლიტიკა, მაგრამ საჭიროა დრო. ვფიქრობ, უახლოეს 2-5 წელიწადში საქართველო ერთ-ერთი განვითარებული სამაგალითო ქვეყანა იქნება ევროპაში.

ახლოს არის ისტორიული გარღვევის ჟამი განვლილი 90-იანი წლები, პოლიტიკის ფილოსოფიის ენით რომ ვთქვათ, უპირატესად, რაოდენობრივი დაგროვების წლები იყო. მალე დადგება რაოდენობრივის თვისებრიობაში გადასვლის ჟამი.

არსებობს მეცნიერულად დასაბუთებული ოპერატიული და გრძელვადიანი სამთავრობო პროგრამები. სახელმწიფოს სტრატეგია და ტაქტიკა, სოციალური და ეკონომიკური განვითარების პროგნოზული ინდიკატური გეგმები. მოქმედებს პრეზიდენტის ხუთწლიანი პროგრამა (1995-2000 წწ). მუშავდება პრეზიდენტის ახალი ხუთწლიანი პროგრამა (2000-2005 წლები), გვეხმარებიან მეგობარი ქვეყნები და საერთაშორისო ორგანიზაციები. ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ დავძლიოთ ნაკლოვანებანი, უპირველეს ყოვლისა დავძლიოთ სიღარიბე, სიღატაკე, უმუშევრობა.

თავი I

საპრეზიდენტო და აღმასრულებელი ხელისუფლების ურთიერთობა საქართველოს პარლამენტთან კონსტიტუციის საფუძველზე.

კანონშემოქმედება

როგორც ითქვა, 1999 წელს ქვეყანაში გაიმართა პარლამენტის არჩევნები. კონსტიტუციისა და კანონმდებლობის ყველა ნორმის დაცვით არჩეულია ახალი მოწვევის პარლამენტი. ეს იყო საქართველოში ბოლო წლებში მიმდინარე დემოკრატიზაციის პროცესის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიჯნა, გამოცდა, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ წარმატებით ჩააბარა. ჩემი აზრით, ახალ პარლამენტში წარმოდგენილია დიდი გამოცდილების მქონე და ახლებურად მოაზროვნე ძალების უნიკალური ბალანსი. ბოლო ხუთი წლის მანძილზე ქვეყნის პარლამენტმა განიხილა და მიიღო 685 კანონი, მათ შორის 30 ფუნდამენტური კანონი, მათი საერთო რიცხვის 45 პროცენტი აღმასრულებელ ხელისუფლებაშია მომზადებული.

გასულ წელს მიღებულია 214 კანონი, მათ შორის ოთხი კოდექსი, აქედან საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით - 97 კანონი. თუ ამ ციფრებს მთლიანად 1995-1999 წლებში მიღებულ შედეგებს შევადარებთ, აშკარაა, რომ გასული წელი კანონშემოქმედებითი საქმიანობის დიდი ინტენსიურობით გამოირჩეოდა, 1999 წლის განმავლობაში მიღებულია საქართველოში მოქმედი კოდექსების თითქმის ნახევარი, ხოლო ხუთწლიან პერიოდში პარლამენტის მიერ მიღებულ კანონთა საერთო ოდენობის თითქმის მესამედი. ეს შედეგი ვერ იქნებოდა მიღწეული, რომ არა პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის არსებულ ურთიერთობათა ახალ, უფრო მაღალ დონეზე აიყვანა.

1. გასულ წელს პრეზიდენტის ინიციატივით პარლამენტის მიერ მიღებულ კანონთა შორის უწინარესად აღსანიშნავია სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობის, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი წესრიგის განმტკიცების, სასამართლო რეფორმის შემდგომი საკანონმდებლო უზრუნველყოფის მიმართულებით მიღებული ახალი კანონები, კერძოდ, აღმასრულებელ ხელისუფლებაში შემუშავებული და პარლამენტის მიერ დამტკიცებული ახალი კოდექსები.

ძალზე დიდი მნიშვნელობის დოკუმენტაცია ახალი სისხლის სამართლის კოდექსი. ეს დოკუმენტი მიზნად ისახავს საქართველოში სისხლის სამართლის რეფორმის განხორციელებას. თვისებრივად შეცვლილია კოდექსის სისტემა, სისხლისსამართლებრივი დაცვის პრიორიტეტულ საფუძველს პიროვნების ინტერესები, მისი სიცოცხლე, ჯანმრთელობა, პატივი და ღირსება წარმოადგენს.

წელს ამოქმედდა, თანაც ფართო მსჯელობის საგნად იქცა პარლამენტის მიერ მიღებული ზოგადადმინისტრაციული კოდექსი.

ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭება აღმასრულებელ ხელისუფლებაში მომზადებულ და პარლამენტის მიერ მიღებულ ისეთ კანონებს, როგორიც არის „საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“, „სააღსრულებლო წარმოებათა შესახებ“, „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ კანონები.

გასულ წელს მიღებული საკანონმდებლო აქტების საფუძველზე გრძელდებოდა ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმების სრულყოფა. პენიტენციალური სისტემის რეფორმა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა სახელმწიფოში. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი სიახლე იყო. ის, რომ ეს სფერო იუსტიციის სამინისტროს დაექვემდებარა იუსტიციის სამინისტრომ თავი უნდა გაართვას ამ სრულიად ახალ და მისთვის უცხო ფუნქციას ისე, რომ არათუ არ უნად შესუსტდეს, არამედ კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს მისი საქმიანობა დამტკიცებული დებულების შესაბამისად და რაც მთავარია, იუსტიციის სამინისტრომ კიდევ უფრო განამტკიცოს თავისი, როგორც კოორდინატორის როლი კანონშემოქმედების დარგში. აღმასრულებელ ხელისუფლებაში პენიტენციალური სისტემის რეფორმა არ არის სტრუქტურატა მექანიკური გადაჯგუფება ერთი სამინისტროდან მეორეში. მას ძალიან სერიოზული ცვლილებები უნდა მოჰყვეს.

სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის დარგში ახალი კანონების მიღების პარალელურად, მუდმივად მიმდინარეობს ადრე მიღებულ კანონთა გადახედვისა და სრულყოფის პროცესი.

2. პრეზიდენტის, პარლამენტის, მთავრობის, კანონშემოქმედების მეორე მნიშვნელოვანი მიმართულება იყო ეკონომიკური რეფორმის შემდგომი საკანონმდებლო უზრუნველყოფა, ქვეყნის საფინანსო-ეკონომიკურ სფეროსი, ეკონომიკის სხვადასხვა დარგში. მიმდინარე პროცესების მარეგულირებელი საკანონმდებლო აქტების შემუშავება და მიღება.

ამ კუთხით გასული წელი ძალზე ნაყოფიერი აღმოჩნდა. მუდმივად მიმდინარეობდა საგადასახადო და საბაჟო კოდექსების, საბიუჯეტო და სამეწარმეო სფეროთა მარეგულირებელი კანონების სრულყოფის პროცესი. აღმასრულებელ ხელისუფლებაში შემუშავდა და პარლამენტმა დაამტკიცა ისეთი მნიშვნელოვანი კანონები, როგორიც არის „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“, „სასაქონლო ნიშნების შესახებ“, „სტანდარტიზაციის შესახებ“. „სასაქონლო ბირჟებისა და საბირჟო ვაჭრობის შესახებ“, „საქართველოს საპატენტო კანონი“ და სხვა.

გასულ წელს განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა იმას, რომ ეროვნული ეკონომიკის სხვადასხვა დარგში საბაზრო ურთიერთობის დამკვიდრების და სახელმწიფო რეგულირების ცივილიზებული, ეკონომიკური მეთოდების დანერგვის, ინვესტორებისათვის შესაბამისი გარანტიების შექმნის მიზნით მომზადებულიყო აუცილებელი საკონმდებლო აქტები. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია კანონები „ნავთობისა და გაზის შესახებ“, „მშენებლობის პროექტის სახელმწიფო კომპლექსური ექსპერტიზისა და დამტკიცების შესახებ“, „სურსათისა და თამბაქოს შესახებ“ და ზოგიერთი სხვა.

ამ ახალი კანონების მიღებისა და უკვე მოქმედი კანონების სრულყოფის საფუძველზე გასულ წელს გრძელდებოდა იმ აუცილებელი სამართლებრივი გარანტიების შექმნის პროცესი, რომლებიც რეფორმას შეუქცევად ხასიათს მიანიჭებდა.

ამ მიზნით მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა საგადასახადო კანონმდებლობამ, მოწესრიგდა საბიუჯეტო მოწყობის მთელი რიგი საკითხები, დიდი სამართლებრივი ბაზა საერთასორისო მოთხოვნების შესაბამისი და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის სტანდარტებს მისადაგებული ყოფილიყო, რაც საბოლოოდ ამ ორგანიზაციის წევრობით დაგვირგვინდა.

3. ცალკე უნდა ავღნიშნოთ ისეთი კანონები, რომელთა შემუშავება და მიღება დაკავშირებულია აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურულ ცვლილებებთან, უწინარესად, ეს არის სახელმწიფო მინისტრისათვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების კანონის დონეზე განსაზღვრა და დაკონკრეტება. ჩვენი აღმასრულებელი ხელისუფლების სისტემაში ეს სერიოზულ მოვლენად მიმაჩნია.

გარდა ამისა, შეიქმნა ორი ახალი სამინისტრო, პარლამენტის თანხმობით დაინიშნა მათი ხელმძღვანელები. ამ ცვლილებებზე დიდ იმედებს ვამყარებთ.

ამასთანავე, აღმასრულებელი ხელისუფლების სრუქტურის სრულყოფის პროცესი შემდგომშიც აუცილებლად გაგრძელდება, რაც სახელმწიფო მართვის სფეროს ერთიანად გააზრებული რეფორმის ფარგლებში წარიმართება.

4. განვლილ წელს ასევე დიდი ყურადღება ექცეოდა კულტურის, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, მეცნიერების, გარემოს დაცვისა და სოციალური სფეროს სხვა დარგების კანონმდებლობის სრულყოფის ამოცანას. აღმასრულებელ ხელისუფლებაში მომზადდა და პარლამენტმა მიიღო კანონები „საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შესახებ“, „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“, „საქართველოს თეატრების შესახებ“, „საქართველოს თეატრების შესახებ“, „ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“, „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ და ზოგიერთი სხვა კანონი. მიმდინარე 2000 წლისათვის კანონშემოქმედებითი საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებად მიმაჩნია.

1. სამართლებრივი რეფორმის შემდგომი განხორციელებისათვის საკანონმდებლო ხელშეწყობა, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი წესრიგის განმტკიცება, კორუფციის დამარცხება.

განზრახული გვაქვს, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში პარლამენტს წარვუდგინოთ კანონპროექტები „ადვოკატურის შესახებ“, „იარაღის შესახებ“, „ნოტარიუსთა დისციპლინალური პასუხისმგებლობის შესახებ“ და ზოგიერთი სხვა.

გამოიკვეთა ანტიკორუფციულ ღონისძიებათა მოქმედების პროგრამა, რომლის მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა. ამდენად, უახლოეს პერიოდში, შესაბამისი ცვლილებები უნდა მომზადდეს სისხლის სამართლის კანონმდებლობაში. „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონში შესატანად. ცალკე მსჯელობის საგანი უნდა გახდეს ეკონომიკური სფეროს მარეგულირებელი ნორმატიული აქტები და ა.შ.

2. ახალ 2000 წელს პრიოპიტეტულ მიმართულებად კვლავაც ეკონომიკური სფეროს მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა დარჩება. ამ თვალსაზრისით ბევრი სამართლიანი შენიშვნა გამოითქვა, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ჩვენი ბიზნესმენების მიერ.

აღნიშნული მიმართულებების განსახორციელებლად ამჟამად აღმასრულებელ ხელისუფლებაში მზადდება და პარლამენტში განსახილველად იქნება წარმოდგენილი მთელი რიგი აუცილებელი ცვლილებები და დამატებები საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კოდექსებში. „საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“, „გრანტების შესახებ“, აგრეთვე სხვა კანონებში შესატანად ეს მუდმივი პროცესია და ალბათ, მომავალშიც დაგვჭირდება მუშაობა როგორც აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ისე პარლამენტში.

შიდა ბაზრის დაცვის თვალსაზრისით, საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის გადახედვასთან ერთად მნიშვნელოვან როლს შეასრულებს „ანტიდემპინგის შესახებ“, „შიდა ბაზრის დაცვის ღონისძიებათა შესახებ“ კანონები, რომელთა პროექტების მომზადება და პარლამენტში წარდგენა მიმდინარე წელს გვაქვს ნავარაუდევი.

მზადდება კანონპროექტები „სამშენებლო საქმიანობის შესახებ“, „სამოქალაქო ავიაციის ლიცენზირების შესახებ“, „საქართველოს ზღვისა და მდინარეების ნაპირების დაცვის შესახებ“, „საზღვაო განათლების შესახებ“, აგრეთვე ცვლილებები - კავშირგაბმულობის, საავტომობილო და სარკინიგზო ტრანსპორტის მარეგულირებელ ძირითად კანონებში შესატანად.

უდავოდ დადებით როლს შეასრულებს კანონი „სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების შესახებ“, რომლის მომზადებაზეც მუშაობს ამჟამად ეკონომიკის სამინისტრო.

3. მიმდინარე წელს, როგორც აღმასრულებელი ისე საპარლამენტო ხელისუფლების მნიშვნელოვანი ყურადღების საგნად უნდა იქცეს ადგილობრივი თვითმმართველობის პრინციპების შემდგომი რეალიზაცია და ამ მიმართულებით შექმნილი სამართლებრივი ბაზის განმტკიცება.

განზრახული გვაქვს „საქართველოს ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების საგარეო ურთიერთობათა კოორდინაციის შესახებ“. „ადგილობრივი საკუთრების შექმნის, მფლობელობის სარგებლობისა და განკარგვის წესის შესახებ“, ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის ორგანოთა მიერ მიწისა და სხვა ბუნებრივი რესურსების სარგებლობის უფლებამოსილებათა განმსაზღვრელი კანონპროექტების შემუშავება, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის საფუძველზე აუცილებელი საკანონმდებლო ცვლილებებისა და დამატებების სხვა აუცილებელი კანონების მომზადება.

4. რაც შეეხება სოციალური სფეროს მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის სრულყოფას, აქ ჩვენს წინაშე დგას ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა - ყველა მოქმედი თუ ჯერ კიდევ მისაღები კანონის რეალურობის, მათი საფინანსო უზრუნველყოფის საკითი.

5. მიმდინარე წელს მეტ აქტუალურობას შეიძენს ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის პროცესში წარმოქმნილი პრობლემების სამართლებრივი მოგვარების ამოცანა. მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა მიექცეს პოლიტიკური სისტემის ფორმირების პრობლემას, რომელიც მოიცავს სახელისუფლებო და არასახელმწიფოებრივ სოციალურ ინსტიტუტებს: თავად სახელმწიფოს, სამოქალაქო საზოგადოებას მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, ეკლესიას და ა.შ. განსაკუთრებით გამოვყოფდი არასამთავრობო ორგანიზაციებს, მივესალმები მათს აქტიურობას - 300-ზე მეტი ასეთი ორგანიზაცია მუშაობს დღეს საქართველოში.

სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენენ პოლიტიკური პარტიები და გაერთიანებები. საქართველოს სახელმწიფო კონსტიტუციურ უფლებას ანიჭებს მოქალაქეებს, გაერთიანდნენ საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ ორგანიზაციებში, არამედ აუცილებელ პირობასაც უქმნის წარმატებული საქმიანობისათვის, ფინანსურადაც კი ეხმარება მათ. კერძოდ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“, საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, 2000 წლის 1 იანვრიდან სახელმწიფო ფინანსურ დახმარებას გაუწევს პარტიებს საქართველოს პარლამენტში მათ მიერ მიღებული მანდატების პროპორციულად.

სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის ეტაპზე მნიშვნელოვანი მომენტია საზოგადოებისა და რელიგიის ურთიერთდამოკიდებულება.

საქართველოს კონსტიტუცია მტკიცედ იცავს რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლებას, მაგრამ ამასთანავე აღიარებულია ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის განსაკუთრებული როლი საქართველოს ისტორიაში.

ამავე დროს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოში ქართველებთან ერთად საუკუნის მანძილზე ცხოვრობდნენ და ქვეყნის კეთილდღეობისათვის იღწვოდნენ სხვადასხვა ეროვნების და რელიგიის წარმომადგენლები, რომელთა უფლებები და თავისუფლებები სახელმწიფომ განსაკუთრებით უნდა დაიცვას.

სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროგრამაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს. თანამედროვე ეტაპზე ინფორმაციის გავრცელების სფეროში უდიდესი დატვირტვა სწორედ მასობრივ ინფორმაციას აქვს, მისი საჯაროობა და თავისუფლება დღევანდელობის ატრიბუტია, რომელიც კიდევ უფრო უნდა განვითარდეს. თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ ვიფიქროთ ინფორმაციული სივრცის ცალკეული ასპექტის მავნე ზეგავლენისაგან საზოგადოების დაცვაზე. ყველაფერი ეს კანონმა უნდა მოაგვაროს, უწინარესად, პრესის შესახებ კანონმა.

საქართველოში დღის წესრიგში უნდა დადგეს ჟურნალისტთა თვითრეგულირების ორგანოს შექმნისა და ჟურნალისტთა პროფესიული ეთიკის ახალი კოდექსის შემუშავების საკითხი.

მასობრივი ინფორმაციის გავრცელების საშუალებათა სამართლებრივი მოწესრიგების თვალსაზრისით, საქართველოს კანონმდებლობას აუცილებლად უნდა შეემატოს კანონი „ელექტრონული მასმედიის შესახებ“, რომელიც ტელევიზიისა და სათანამგზავრო მოწყობილობების სფეროს მოაწესრიგებს.

საერთოდ, ახალ 2000 წელს ჩვენი ერთობლივი საქმიანობა კანონშემოქმედებითი პასუხისმგებლობის ამაღლების გზით უნდა წარიმართოს არ უნდა გვავიწყდებოდეს, რომ მხოლოდ კანონის მიღება არ არის საკმარისი, საჭიროა მისი შემდგომი აღსრულებისათვის ზრუნვა.

მოხარული ვარ, რომ ეს პროცესი ახალ პარლამენტში, მთავრობაში უკვე დაწყებულია და საპარლამენტო კომიტეტები თუ კომისიები აქტიურად ებმებიან სხვადასხვა სახელისუფლებო სტრუქტურის მიერ კანონების აღსრულებასთან დაკავშირებული პრობლემების განხილვაში, რაც ქვეყნის ბედისთვის საპარლამენტო და აღმასრულებელი ხელისუფლების საერთო პასუხისმგებლობის საფუძველია.

საქართველოში განხორციელდა სამართლებრივი და სასამართლო რეფორმა, რის შედეგადაც ძველი სასამართლო სისტემა ახალი სისტემით შეიცვალა. სასამართლო რეფორმა ჩვენი ახალი დემოკრატიის მნიშვნელოვანი მონაპოვარია.

რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ატესტაციას. იგი წელს ჩატარდება, მოსამართლეები ემზადებიან ამისათვის. საკვალიფიკაციო ატესტაციის დებულება ბატონ ლადო ჭანტურიას წარდგინებით და პრეზიდენტის ბრძანებულებით უკვე დამტკიცებულია. უზენაესი საქართველო უდავოდ დაიმკვიდრებს ღირსეულ ადგილს ჩვენს სამართლებრივ სახელმწიფოში.

თავი II

საპრეზიდენტო და აღმასრულებელი ხელისუფლება.
სახელმწიფო მინისტრის ფუნქციების გაფართოება. სახელმწიფო უშიშროების ახალი კონცეფცია.

ანტიკორუფციული ბრძოლის პროგრამა

მოგეხსენებათ, რომ საპრეზიდენტო და აღმასრულებელი ხელისუფლების მოქმედი კონცეფცია ეფუძნება საპრეზიდენტო რესპუბლიკის მოდელს, რომლის თანახმად საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს სახელმწიფოსა და აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურია და უფლებამოსილებათა ფართო სპექტრი აქვს.

მიზანშეწონილად არის მიჩნეული სახელმწიფო მინისტრის უფლებამოსილებათა გაზრდა, შესაძლებელი გახდა პრეზიდენტის აღმასრულებელი ხელისუფლების სფეროში უფლებამოსილებათა გარკვეული ნაწილის დელეგირება სახელმწიფო მინისტრისადმი. ისე რომ, თავიდან ყოფილიყო აცილებული კონსტიტუციური ცვლილებები და მასთან დაკავშირებული მთელი რიგი სირთულეები. საერთოდ, არ უნდა გაგვიტაცოს სურვილმა, რაც შეიძლება მეტი შესწორება შევიტანოთ კონსტიტუციაში, კონსტიტუციისადმი დამოკიდებულება ისეთი უნდა იყოს, როგორც დემოკრატიულ, დამოუკიდებელ სახელმწიფოს შეეფერება.

ხელისუფლების სამივე შტო დიდ ყურადღებას უთმობს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებათა რეალურ დაცვას.

ადამიანის უფლებათა დასაცავად მუშაობს სახალხო დამცველის ინსტიტუტი, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის, მოქალაქეთა პეტიციებისა და სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის კომიტეტი, ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ადამიანის უფლებათა დაცვის სამსახური, 350-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელთაგან თითოეული იმსახურებს მადლიერებას როგორც პრეზიდენტის, ისე ჩვენი ხალხისაგან.

ევროსაბჭოში გაწევრიანების შემდეგ საქართველოს პარლამენტმა მოახდინა „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ 1950 წლის 4 ნოემბრის კონფერენციის” რატიფიკაცია, რითაც ჩვენმა ქვეყანამ სერიოზული ვალდებულებები იკისრა.

გასული წლის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტული მიმართულება ანტიკორუფციული მიმართულების შემუშავება იყო.

ამ საკითხზე მზად არის პრეზიდენტის საგანგებო მოხსენება, რომლითაც საზოგადოების წინაშე უნდა წარდგეს. კორუფციასთან ბრძოლის საკითხებზე ვილაპარაკე საქართველოს მთავრობის გაფართოებულ სხდომებზე, რომლებიც მიეძღვნა გასული წლის შედეგების შეჯამებას, სამართალდამცავი ორგანოებისა და ეკონომიკის პრობლემებს.

ერთი წლის წინათ ანტიკორუფციული სამსახურის შესახებ კანონპროექტი საქართველოს პარლამენტს წარვუდგინეთ.

ამჯერად საჭიროდ არ მიმაჩნია გადამუშავებული კანონპროექტის დეტალური ანალიზი. კანონპროექტი თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების დონეზეა შემუშავებული. ჩვენი უცხოელი კოლეგების კონსულტაციებითა და დახმარებით. ანტიკორუფციული სამსახურის დაფინანსებას ხელს შეუწყობენ ამერიკის შეერთებული შტატები, მთელი რიგი საერთაშორისო ორგანიზაციები. თუმცა ბიუჯეტიდანაც სოლიდური თანხები უნდა გამოიყოს.

აღნიშნულ კანონპროექტს გადამუშავებული სახით უახლოეს ხანაში კვლავ წარვუდგენ პარლამენტს. ანტიკორუფციული კანონის მიღმა და მის საფუძველზე ანტიკორუფციული სამსახურის შექმნა ჩრდილოვან ეკონომიკასთან და კორუფციასთან ისტორიული ბრძოლის გადამწყვეტი ეტაპი უნდა გახდეს.

აღნიშნულ კანონპროექტს გადამუშავებული სახით უახლოეს ხანში კვლავ წარვუდგენ პარლამენტს. ანტიკორუფციული კანონის მიღება და მის საფუძველზე ანტიკორუფციული სამსახურის შექმნა ჩრდილოვან ეკონომიკასთან და კორუფციასთან ისტორიული ბრძოლის გადამწყვეტი ეტაპი უნდა გახდეს.

ეს იდეა ნახევარი წლის წინათ წამოვაყენე. ბევრი ვიფიქრე, ბევრი ვეთათბირე კოლეგებს, სპეციალისტებს, ექსპერტებს.

იქნებ ანტიკორუფციული სამსახურის შექმნას არსებული სახელმწიფო სტრუქტურების - შინაგან საქმეთა სამინისტროს, უშიშროების სამინისტროს, დაზვერვის, კონტროლის პალატის, იუსტიციის სამინისტროს, სასამართლო ხელისუფლების, ცენტრალური და ადგილობრივი ადმინისტრაციის ერთობლივი ძალისხმევის ამოქმედება, კანონების, დასჯის პრაქტიკის გამკაცრება, პროფილაქტიკის გაუმჯობესება სჯობდეს?!

ყველაზე მეტად მაშინებს ისეთი ადამიანი, რომელიც თავის საკუთარ სახელმწიფოს და ხაზინას ძარცვავს, ბიუჯეტს შემოსავალს უმალავს, ჩრდილოვან ეკონომიკას არის ამოფარებული, - აი ვინ არის დღეს საქართველოს მტერი!

ის ნამდვილი დივერსანტია. დაუსჯელად აფათურებს ხელს ხალხის და სახელმწიფოს ჯიბეში. ის ამორალური და კრიმინალური ტიპია.

ზოგი იტყვის: აიღებს შევარდნაძე და პოლიციას მიუსევს ბიზნესმენებს და დაახრჩობს მათ! ვერავინ ვერ დაგახრჩობს, თუ პატიოსანი კაცი ხარ. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა პატიოსანი მეწარმის, კანონიერი ბიზნესის დაცვაა. რადგანაც პატიოსან ბიზნესმენს კორუმპირებულ მექრთამეზე, გამომძალველ, ფალსიფიკატორ და კონტრაბანდისტ ბიზნესმენზე დიდი მტერი არავინ ჰყავს. მეწარმისათვის ყველაზე დიდი მტერი იგია. ვინაიდან იგი ახრჩობს კანონიერ ბიზნესს ბაზარზე კონტრაბანდული და უაქციზო საქონლით. ეს საშინელი წლები რაც შეიძლება მალე უნდა დამთავრდეს საქართველოში.

იმედი მაქვს, რომ მასმედია, ისევე როგორც მთელი საზოგადოება, მხარს დაგვიჭერს ანტიკორუფციული პოლიტიკის განხორციელებაში. ორი სამი წლის წინათ ამ საკითხის დღის წესრიგში მთელი სიმწვავით დაყენება შეუძლებელი იყო. არ იყვნენ მზად უშიშროების, შინაგან საქმეთა, პროკურატურის და სხვა ორგანოები. ანტიკორუფციული ბრძოლის წარმოება სამართლებრივი და სასამართლო რეფორმების გარეშე შესაძლებელი იყო, რადგან ყოველი საქმე უშედეგოდ დამთავრდებოდა. დღეს ეს გავლილი ეტაპია.

დღევანდელი სასამართლო სისტემა, უწინარეს ყოვლისა, უზენაესი სასამართლო, როგორც წესი, ქვეყანაში კანონიერების, ადამიანის უფლებების, პიროვნების თავისუფლების სადარაჯოზე დგას.

ანტიკორუფციული სამსახურის შექმნაზე კიდევ უნდა ვიფიქროთ, იქნებ ღირდეს ეტაპობრივად მივუდგეთ ამ საკითხს პრეზიდენტის არჩევნების შემდეგ, მაგრამ ეს პროცესი დროში არ უნდა გაგრძელდეს. პირველ ეტაპზე უნდა შევქმნათ მძლავრი საკოორდინაციო ანალიტიკური ცენტრი. მეორე ეტაპზე - ჩამოვაყალიბოთ უფრო სრულფასოვანი სტრუქტურა, რომელსაც დევნის ფუნქციებიც ექნება.

გასულ წელს უპირველეს და უმთავრეს ამოცანას განეკუთვნებოდა საქართველოს ეროვნული უშიშროების კონცეფციის მომზადება. გავითვალისწინეთ საერთაშორისო გამოცდილება. ამჟამად, კონცეფციაზე მუშაობა, ფაქტობრივად, დასრულებულია და იგი უახლოეს ხანში უშიშროების საბჭოს განხილვის შემდეგ წარედგინება პარლამენტს. ისიც მინდა მოგახსენოთ, რომ ნაყოფიერად ფუნქციონირებს უშიშროების საბჭო პრეზიდენტის თავმჯდომარეობით, რომელიც ასევე კონსტიტუციით დაკანონებული ორგანოა.

კონცეფცია უშიშროების სფეროში, შეიძლება ითქვას, „მცირე კონსტიტუციის“ ტოლფასი დოკუმენტია და იმედს გამოვთქვამ, რომ მას პარლამენტი მიიღებს.

თუ მოკლედ ვიტყვით, თავდაცვისა და უშიშროების ახლებური სისტემის შექმნა ხელისუფლებისათვის დეკლარირებული დამოუკიდებლობის ფაქტობრივ დამოუკიდებლობამდე მიყვანის უმნიშვნელოვანეს პირობად განიხილება.

მეგობარი ქვეყნების უცხოელ სპეციალისტებთან კონსულტაციების შედეგად განისაზღვრა თავდაცვისა და უშიშროების სისტემის რეფორმების ოთხი ძირითადი მიმართულება: უშიშროების პოლიტიკის შემუშავება, უშიშროების სტრუქტურების ფუნქციური და ორგანიზაციული გარდაქმნა, თავდაცვის საბჭოური მოდელის დაძლევა და დემოკრატიის გაძლიერება. უკვე ოთხივე მიმართულებით მიმდინარეობს თანმიმდევრული და ეტაპობრივი რეფორმების განხორციელება.

ა) თავდაცვის სამინისტრო. 1999 წელს თავდაცვის სამინისტროს მუშაობა მიმდინარეობდა სრუქტურული რეორგანიზაციის პროგრამის ფარგლებში: რეორგანიზაციის საბოლოო მიზანია მსოფლიო სტანდარტების შესაბამი ეროვნული შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბება. ყველა რეფორმა მტკივნეულია და რა თქმა უნდა, თავდაცვის სისტემის რეფორმაც გარკვეული ტკივილისა და სირთულეების ფონზე მიმდინარეობს, მაგრამ იგი ბოლომდე იქნება მიყვანილი.

თავდაცვის სამინისტროში 1999 წელს დამუშავდა კანონპროექტები: „მობილიზაციის შესახებ“; „სამშვიდობო ძალებისა და სამშვიდობო ოპერაციების შესახებ“; „სამხედრო მოსამსახურეთა მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ“ და ზოგიერთი სხვა.

დინამიკურად ვითარდება ურთიერთობა თავდაცვის დარგში ამერიკის შეერთებულ შტატებთან, დიდ ბრიტანეთთან, თურქეთთან, საფრანგეთთან, გერმანიასთან, საბერძნეთთან, უკრაინასთან, ისრაელთან, ჩეხეთთან, რუმინეთთან, ჩინეთთან და სხვა ქვეყნებთან. ახლებური გააზრების პროცესშია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა თავდაცვის სფეროში. ეს მეტად სათუთი თემაა. მემკვიდრეობა მძიმეა და ორივე მხარეს სახელმწიფოებრივი სიბრძნე და გამჭრიახობა დასჭირდება.

სუამის წევრ სახელმწიფოთა სამხედრო ქვედანაყოფების პირველი ერთობლივი წვრთნა 1999 წელს გაიმართა საქართველოს ტერიტორიაზე. აზერბაიჯანის, უკრაინისა და საქართველოს სამხედროებმა საველე პირობებში დაამუშავეს ნავთობსადენების დაცვისა და ავარიათა ლიკვიდაციის კონკრეტული საკითხები.

ბ) სახელმწიფო საზღვრის დაცვა. როგორც ზემოთ ითქვა, 1999 წელს განხორციელდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ქართველ მესაზღვრეთა მიერ სრულ კონტროლზე აყვანა. რუსეთთან მოლაპარაკება ურთიერთგაგებისა კონსტრუქციულ ვითარებაში წარიმართა.

ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებით შეიქმნა სასაზღვრო ავიაცია. ფოთის „სამხედრო ქალაქი“ (ყაზარმების კომპლექსი) სულ 1999 წელს ამერიკიდან დახმარების სახით ათვისებულია 12 მილიონ დოლარზე მეტი თანხა. ძირითადად ეს თანხები სასაზღვრო ინფრასტრუქტურის შექმნას ხმარდება.

მომზადებულია სახელმწიფო საზღვრისა და სასაზღვრო ძალების განვითარების გრძელვადიანი პროგრამა 2000-2005 წლებისათვის.

სამწუხაროდ კრიტიკას ვერ უძლებს სამხედრო და სასაზღვრო უწყების საბიუჯეტო დაფინანსება. ეს ცალკე საუბრის საგანია.

გ) სახელმწიფო უშიშროება. სახელმწიფო უშიშროების მთელი სისტემის ძალისხმევა 1999 წელს მიმართული იყო საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური პროგრამის ხელშეწყობისა და რეფორმების შემდგომი განხორციელებისათვის.

გასული წლის აპრილში ჩვენი და სამართალდამცავი ორგანოების ერთობლივი ძალისხმევით აღიკვეთა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა. ტერორისტული აქტი პრეზიდენტის წინააღმდეგ. გამოძიება აღნიშნული საქმის გამო დამთავრდა და იწყება სასამართლო პროცესი.

უშიშროების სამინისტროს სტრუქტურაში შეიქმნა მძლავრი ანტიტერორისტული ცენტრი, რომელიც უდავოდ შენაძენი იქნება სახელმწიფოსათვის. გასულ წელს ყურადღების ცენტრში იყო პანკისის ხეობაში შესაბამის სტრუქტურებთან კოორდინაციით განსახორციელებელ ღონისძიებეთა გეგმის შესრულება. იმის გამო, რომ ხეობაში მყოფი 6000 ჩეჩენი ლტოლვილის საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნების პერსპექტივა უახლოეს პერიოდში ბუნდოვანია, იქ არსებული ვითარებისადმი კონტროლი შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება.

1999 წელი ჩრდილოვანი ეკონომიკისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის დაწყების წილად გამოცხადდა, რაც უშიშროების სამინისტროს საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად იქცა.

საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, უშიშროების სამინისტროს სტრუქტურაში შექმნილია ეკონომიკური უშიშროების სამმართველო.

განხორციელებულ ღონისძიებათა შედეგად ბიუჯეტში ჩაირიცხა 14,3 მილიონი ლარი.

სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს კონტრდაზვერვის, აგრეთვე, დაზვერვის დეპარტამენტის მიერ მოპოვებული ინფორმაციის ანალიზი მოწმობს, რომ დღესდღეისობით საქართველოში არსებული ოპერატიულ-პოლიტიკური ვითარების მთავარ მადესტაბილიზებელ ფაქტორს წარმოადგენს ცალკეული ქვეყნების სპეცსამსახურები და მათი სადაზვერვო ძირგამომთხრელი საქმიანობა, რასაც, დარწმუნებული ვარ, ბოლო მოეღება.

დ) სახელმწიფო დაზვერვა „სადაზვერვო საქმიანობის შესახებ“ კანონის მიღებითა და დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების დამტკიცებით მნიშვნელოვნად განმტკიცდა საქართველოს სადაზვერვო სისტემის საკანონმდებლო ნორმატიული ბაზა.

დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტი ფლობს სიტუაციას, აქტიურად გეგმავს და წარმატებით ახორციელებს სპეცღონისძიებებს ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ. მხედველობაში მაქვს, უწინარესად, ინფორმაციის მოპოვება.

ე) შინაგან საქმეთა სამინისტრო. ქვეყანაში შენარჩუნებულია ბოლო წლებში გამოკვეთილი კრიმინოგენური ვითარების გაჯანსაღებისა და დანაშაულობათა კლების ტენდენციები.

1999 წელს სულ რეგისტრირებულია 1448 დანაშაული, რაც 726 ერთეულით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.

აშკარაა კრიმინალური პოლიციის ხაზით რეგისტრირებულ საერთო დანაშაულობათა კლება, ხოლო მძიმე დანაშაულობათა კლებამ 5,4 პროცენტი შეადგინა.

წლის განმავლობაში რეგისტრირებული 14148 დანაშაულიდან გახსნილია 88,6 პროცენტი. ეს მრავალი ქვეყნის მაჩვენებელთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო შედეგია.

სულ წლის განმავლობაში აღძრულია 1367 სისხლის სამართლის საქმე ნარკოტიკების უკანონო შენახვის, დამზადებისა და რეალიზაციის ფაქტების გამო, რაც 149 ერთეულით, ანუ 12,2 პროცენტით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს. მინდა მხარი დავუჭირო აქტიურობას ამ საშიშ სენთან ბრძოლაში, რომელიც საპრეზიდენტო პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს.

არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილმა დანაშაულმა წინა წელთან შედარებით, ყველა ჩვენგანის და განსაკუთრებით პოლიციის ძალისხმევით 9,0 პროცენტით იკლო. ეს სასიხარულო მოვლენაა და ხელისუფლება მიზნად ისახავს უპატრონო ბავშვებისათვის ზრუნვის სფეროში ახალ, უფრო საგრძნობ გარდატეხას. ამას წინათ განვაცხადე და ახლაც ვადასტურებ, რომ საპრეზიდენტო პროგრამის ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტი იქნება საქმის ისე წარმართვა, რომ საქართველოში არ გვყავდეს უპატრონო და მათხოვარი ბავშვები, სანიმუშოდ მოვაწესრიგოთ ბავშვთა სახლები და სხვა ანალოგიური დაწესებულებანი, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ზრუნვა მრავალშვილიანი ოჯახებისათვის.

სახელმწიფოსათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების მიზნით დამნაშავეთაგან ამოღებულია 2 მილიონ 103 ათასი ლარი. 719,4 ათასი ამერიკული დოლარი. 370 ათასი ლარის უაქციზო საქონელი, სხვა მატერიალური ფასეულობანი. ინტენსიურად მიმდინარეობდა ბრძოლა ყალბი ვალუტის გავრცელების წინააღმდეგ. მიაქციეთ ყურადღება! შარშან უკანონო ბრუნვიდან ამოღებულია 3 მილიონ 300 ათასი ყალბი ამერიკული დოლარი და 12400 ყალბი ლარი.

კიდევ უფრო გაძლიერდება კრიმინალთა შემოტევა ჩვენი სახელმწიფოს ახალ ფუნქციასთან დაკავშირებით. აქ ერთადერთი გამოსავალია: მოსახლეობა უნდა ენდოს საქართველოს საბანკო სისტემას, რომელიც ამჯერად ნამდვილად იმსახურებს ნდობას. საბანკო სისტემის გარეთ ახლა რამდენიმე ასეული მილიონი დოლარი და კიდევ მეტი ლარი ტრიალებს. კრიტიკას ვერ უძლებს ბანკების სარეკლამო საქმიანობა. საჭიროა უმაღლეს დონეზე შევიკრიბოთ მანამ, სანამ ქვეყნის ბაზარს ყალბი და ბინძური ფული არ წალეკავს.

3) პროკურატურა. პროკურატურის მუშაკებმა საპროცესო ხელმძღვანელობა გაუწიეს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის წარმოებაში არსებულ 11034 საქმეს.

პროკურატურის ორგანოების მიერ მოკვლევასა და წინასწარ გამოძიებაში დაშვებული დარღვევების გამო შეტანილია 3009 წარდგინება, რის საფუძველზე დისციპლინური სასჯელი დაედო ათასამდე თანამდებობის პირს. გამოძიებულია მრავალი პრინციპული მნიშვნელობის და მძიმე დანაშაული.

ძლიერდება საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის შესრულებისადმი საპროკურორო ზედამხედველობა.

ქვეყანაში კანონიერების რეჟიმის და სახელმწიფო დისციპლინის განმტკიცების საქმეში პროკურატურის ფუნქციებისა და უფლებების რეალური გაფართოვების ღონისძიებათა შესამუშავებლად პრეზიდენტის დავალებით სპეციალური კომისია მუშაობს.

ბოლო წლების პრაქტიკა მოწმობს, რომ სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებში უხეშად ირღვევა კანონიერება, ფესვგადგმულია კორუფცია, იფლანგება სახელმწიფო ხაზინა, ფორმდება საეჭვო შინაარსის საერთაშორისო ხელშეკრულებანი. არ სრულდება ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი, იზრდება დებიტორული დავალიანება გვიანდება ხელფასებისა და პენსიების გაცემა, რაც აფერხებს ქვეყნის სახელმწიფოებრივ აღმშენებლობას.

საკმარისია აღინიშნოს, რომ მარტო 1995 წელს, როდესაც პროკურატურა ჯერ კიდევ მონაწილეობდა სამოქალაქო სამართალწარმოებაში, ჩვენ მიერ ქვეყნის სხვადასხვა სასამართლოებში აღიძრა და დაკმაყოფილდა 1500 ზე მეტი სასარჩელო განცხადება, რის შედეგადაც სახელმწიფოს სასარგებლოდ დაირიცხა 3 მილიონამდე ლარი. ხოლო ადრეულ წლებში პროკურორთა მიერ მოქალაქეთა და სახელმწიფო ინტერესების დასაცავად მომზადებული სარჩელების საერთო თანხა 10-12 მილიონ მანეთს აღწევდა.

საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ ქვეყნის უზენაეს საარბიტრაჟო სასამართლოში შეტანილი სარჩელების საფუძველზე სახელმწიფოს დაუბრუნდა უკანონოდ პრივატიზებული, ჩალის ფასად გასხვისებული სტრატეგიული მნიშვნელობის სამრეწველო ობიექტები, მათ შორის ბორჯომი-1 და ბორჯომი-2 ჩამოსასხმელი ქარხნები, „წინანდლის“ ღვინის ქარხანა და სხვა.

მაკონტროლებელი ორგანოებიდან პროკურატურაში მცირე ოდენობით შემოდის მნიშვნელოვანი, დანაშაულებრივი დარღვევების შემცველი შემოწმების მასალები. მათი უმრავლესობა უხარისხოა და დამატებით შემოწმებას მოითხოვს.

არის მოსაზრება, რომ გაფარდოვდეს პროკურატურის უფლება-მოვალეობანი შესაბამისი გამოცდილების, როგორც უცხოური, ისე საკუთარი გამოცდილების გამოყენებით.

პროკურატურის ფუნქციები არ უნდა შემოიფარგლებოდეს მხოლოდ სამოქალაქო სამართალწარმოებაში მონაწილეობით, სახელმწიფოსა და ცალკეული კატეგორიის მოქალაქეთა ინტერესების დასაცავად. პროკურატურა როგორც დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინატორი, აუცილებლობის შემთხვევაში თავისი ინიციატივით უნდა რეაგირებდეს კანონის დარღვევის შესახებ დასაბუთებული ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, აგრეთვე მაშინ, როდესაც შემოწმება დავალებულია პრეზიდენტის ან პარლამენტის მიერ.

საერთოდ კი, არ დადგა იმის დრო, რომ პროკურატურის ზედამხედველობის ფუნქციის გაუქმებით ქვეყანაში მნიშვნელოვნად მოიშალა კანონიერების რეჟიმი, ყოველ შემთხვევაში ამის პირველი სიმპტომები არსებობს.

თავის დროზე ანალოგიური მდგომარეობა იყო შექმნილი რუსეთში, სადაც ასევე გაუქმდა კანონთა შესრულებისადმი სახელმწიფო ზედამხედველობის ფუნქცია და სულ რაღაც ორი წლის შემდეგ ხელისუფლება იძულებული გახდა კვლავ აღედგინა იგი. უფლებამოსილებისა და საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, სასამართლოები და მაკონტროლებელი ორგანოები ვერ შეძლებენ კანონიერებისადმი სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელებას.

მიზანშეწონილია შეიქმნას კომპეტენტური კომისია, რა თქმა უნდა, პარლამენტის წარმომადგენელთა მონაწილეობით, რომელიც შეიმუშავებს კონკრეტულ წინადადებებს კანონიერების დაცვისადმი სახელმწიფო ზედამხედველობის სრულყოფის საკითხებზე.

ამერიკის შეერთებული შტატების ალაბამის შტატის კანონთა თანახმად, პროკურორის მოვალეობაში შედის იმ სამოქალაქო საქმეზე მოსარჩელედ ან მოპასუხედ გამოსვლა, რომლის შედეგითაც დაინტერესებულია სახელმწიფო, უფრო მეტიც, პროკურორს ევალება ყველა თანამდებობის პირს მისცეს წერილობითი დასკვნა მათი დაწესებულების საქმიანობის კანონთან შესაბამისობის შესახებ.

პროკურატურა კოორდინაციას უწევს დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლას, აქ თავს იყრის უმდიდრესი საგამოძიებო და სასამართლო პრაქტიკა, მიმდინარეობს მნიშვნელოვანი ანალიტიკური მუშაობა, რომლის დროსაც ნათელი ხდება კანონმდებლობაში ჯერ კიდევ არსებული ხარვეზები, რომლებიც ოპერატიულად უნდა აღმოიფხვრას.

ჩემი აზრით (ესეც სადავო საკითხია და ერთად განვიხილოთ), საჭიროა გენერალურ პროკურორს მიენიჭოს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება, რაც საშუალებას მოგვცემს უმოკლეს ვადაში სრულვყოთ და განვავითაროთ მოქმედი კანონმდებლობა.

პრაქტიკის შესწავლამ გვიჩვენა, რომ საერთო სასამართლოების და ადმინისტრაციული თანამდებობის პირთა მიერ მიყენებული ზარალის სახელმწიფოს სასარგებლოდ და გადასახადების აღსრულება თვეობით და წლობით ჭიანურდება, ხშირ შემთხვევებში კი საერთოდ არ ხდება მათი აღსრულება.

1999 წლის 1 დეკემბრისათვის 983 სახელმწიფო და კერძო სტრუქტურას გადასახდელად ერიცხებოდა 424 მილიონი ლარის საბიუჯეტო დავალიანება, რომელთაგან მნიშვნელოვანი ნაწილი სასამართლო გადაწყვეტილებით ამოღებას ექვემდებარება.

იქნებ გვეფიქრა, რომ შექმნილი მდგომარეობის გამოსასწორებლად პროკურატურას დაევალოს სააღსრულებლო დაწესებულებებში კანონების დაცვისადმი ზედამხედველობის განხორციელება. ვიმეორებ, ყველა საკითხი რომელსაც დღეს ვაყენებ, სადისკუსიოა, ვიმსჯელოთ მათზე პარლამენტში და პარლამენტის გარეთაც.

თავი III

ავტონომიური წარმონაქმნები.
მუნიციპალური რეფორმების მიმდინარეობა.
მუნიციპალური არჩევნების შედეგები

თანამედროვე საშინაო და საგარეო პოლიტიკაში განსაკუთრებული ადგილი უკავია აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის პრობლემებს, ბევრი რამ არის მოსაგვარებელი აჭარის ავტონომიისა და ცენტრის ურთიერთობაშიც.

მიუხედავად გარკვეული ძვრებისა, ვერ მივაღწიეთ აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიან მოწესრიგებას.

სინდისი მქენჯნის, როცა დარბაზში ვუყურებ ბატონ რუზგენ გოგოხიას, აფხაზეთის დეპუტაციას, ჩემს მეგობრებსა და თანამებრძოლებს. მათ შორის გია ყარყარაშვილს, რომლებიც ერთად ვიცავდით აფხაზეთს და ვერ დავიცავით.

ასევე სინდისის ქენჯნით ვუყურებ ბატონ კალისტრატეს, ჟიული შარტავას მამას, რომელიც დღეს აქ იმყოფება. მინდა მადლობა ვუთხრა მას გმირობის, ერთგულებისა და თავდადებისათვის. ასევე მის მეუღლეს ქალბატონ ფენიას, მის შვილებსა და შვილიშვილებს.

აქ გვესწრება ქალბატონი მადონა ოქროპირიძე, მას წამებით მოუკლეს ქმარი, მაზლი, ნათესავები, მაგრამ მტკიცედ ითხოვს მშვიდობიან მოლაპარაკებას და ამ გზით აგვარებს ურთიერთობას ოს თანამოქალაქეებთან. მადლობა მას იმისათვის, რასაც საქართველოსათვის აკეთებს.

როგორც გითხარით, ჯერჯერობით ვერ მივაღწიეთ აფხაზეთში კონფლიქტის მოწესრიგებას და ამის გამო გადაუჭრელი რჩება საქართველოს ტერიტორიულ-სახელმწიფოებრივი მოწყობის საკითხები, ფედერალური და რეგიონული პრობლემები. იტანჯებიან ლტოლვილები, დარღვეულია მათი უფლებები, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე იურისდიქციას ვერ ახორციელებს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება.

თქვენთვის უკვე ცნობილია, რომ ჩვენ ჩამოვაყალიბეთ აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების ძირითადი პრინციპები, რომლებიც გავუგზავნეთ უშიშროების საბჭოს, მრავალ დაინტერესებულ ქვეყანას ჩემს სპეციალურ წერილთან ერთად, ამავე დროს მინდა გაცნობოთ, რომ ერთიანი სახელმწიფოს შემადგენლობაში აფხაზეთის სტატუსის პროექტზე მიმდინარეობს საერთაშორისო ექსპერტების ინტენსიური მუშაობა, დარწმუნებული ვარ ამ მუშაობაში აქტიურად ჩაებმებიან როგორც ერთი, ისე მეორე მხარე, მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლები. აფხაზეთის ისევე, როგორც საერთოდ კავკასიის კონფიქტებთან დაკავშირებით საინტერესო საუბარი შედგა ვლადიმერ პუტინთან. მისი მოსაზრებით, აფხაზეთის კონფლიქტის, ისევე როგორც ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარებამ უნდა უზრუნველყოს, უწინარეს ყოვლისა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რა თქმა უნდა, ამ წარმონაქმნთა სათანადო სტატუსის განსაზღვრის გათვალისწინებით. ამ თვალსაზრისით ჩვენი შეხედულებანი ერთმანეთს ემთხვევა. უაღრესად სასარგებლო იქნება მეგობართა ჯგუფში უკრაინის ჩართვა, რაზეც უკვე არსებობს უშიშროების საბჭოს თანხმობა, ასეთივე სურვილი გამოთქვეს საქართველოში ვიზიტის დროს სულეიმან დემირელმა, ჰეიდარ ალიევმა და ზოგიერთი სხვა სახელმწიფოს მეთაურმა.

უდავოდ ნაყოფიერი იყო ქართულ-აფხაზური დელეგაციების შეხვედრები თბილისსა და სოხუმში ბატონ ვაჟა ლორთქიფანიძის მეთაურობით. ეს ნაბიჯები იმედისმომცემია. არ არსებობს სხვა შერიგების, ლტოლვილთა დაბრუნების, ომით დანგრეული რაიონების რეაბილიტაციის გარდა, სერიოზულ დახმარებას გვპირდებიან ჩვენი მეგობარი ქვეყნები, პირველ რიგში ამერიკის შეერთებული შტატები. აღსანიშნავია, რომ აქტიურად დაიწყო საქმიანობა გაეროს გენერალური მდივნის ახალმა წარმომადგენელმა დიტერ ბოდენმა. როდესაც აფხაზეთისა თუ ცხინვალის რეგიონის რეაბილიტაციაზე ვლაპარაკობ, მხედველობაში მაქვს რეაბილიტაცია კონფლიქტის მოწესრიგების, პრინციპულ საკითხებზე შეთანხმებისა ლტოლვილთა დაბრუნების შემდეგ.

როგორც მოგახსენეთ, დღის წესრიგში დგას აჭარის ავტონომიასა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის ფუნქციათა გამიჯვნის საკითხი. ეს ნუ გვიკვირს, ყველა სახელმწიფოში ასეა ცენტრსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის ურთიერთობა უმტკივნეულო არსად არ არის, ცხოვრება ცხოვრებაა და პრობლემები გროვდება. ეს არ არის ძნელად გადასაწყვეტი პრობლემა. საჭიროა რეალურად განვახორციელოთ ის ღონისძიებები, რომლებზეც უკვე ვალაპარაკეთ. შევთანხმდეთ კომისიის შემადგენლობაზე და დავიწყოთ მუშაობა.

1998 წლის 15 ნოემბრის ადგილობრივი არჩევნების ჩატარების შემდეგ ქვეყანაში შეიქმნა მუნიციპალური განვითარების ფუნდამენტური ელემენტი - საკრებულოების სახით დაფუძნდა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების ძირითადი ინსტიტუტი.

ბევრი დემოკრატიული სახელმწიფო ასეთ ღონისძიებებს ხანდახან ათეულობით წლებს ანდომებს. ჩვენ ეს ყველაფერი ძალიან მოკლე დროში უნდა გავიაროთ.

„ევროპის ქარტია ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ჩვენს ქვეყანაში დამუშავებული და მიღებული ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი ბაზის უმთავრეს თეორიულ წანამძღვარს წარმოადგენს. ამ ქარტიით არის განსაზღვრული ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისათვის ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების ძირითადი პრინციპები, რაც შესაბამისად ასახულია „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების შემდეგ, თვითმმართველობის პრინციპებიდან გამომდინარე, მოხდა საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულების ინსტიტუტის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა. ამ მიზნით დამუშავდა და პრეზიდენტის ბრძანებულებით დამტკიცდა ამ ინსტიტუტის ახალი დებულება „საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის შესახებ“ დებულებით იქმნება გარანტია, რათა ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის განხორციელებისას დაცული იყოს როგორც ადგილობრივი, ასევე საერთო-სახელმწიფოებრივი ინტერესები.

ადგილობრივი თვითმმართველობის ჩამოყალიბების მიმდინარეობაში შეუძლებელია არ შეიძლება არ აღვნიშნოთ საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარება. ამ მხრივ უწინარესად უნდა გამოვყოთ მსოფლიო ბანკი, რომელმაც „საქართველოს მუნიციპალური განვითარების სახელმწიფო პროგრამაზე“ დაყრდნობით მოამზადა „საქართველოს მუნიციპალური განვითარებისა და დეცენტრალიზაციის პროექტი“, რომლის განსახორციელებლადაც 20 მილიონი ამერიკული დოლარი გამოჰყო.

მიმდინარე წლიდან დაიწყება ინტენსიური მუშაობა ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში არსებული კანონმდებლობის „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ევროპის ქარტიასთან შემდგომი ჰარმონიზაციის საკითხებზე.

ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების შემდგომი ეტაპი სახელმწიფო-ტერიტორიული მოწყობის ფორმის საბოლოოდ გარკვევასთან ერთად აუცილებლად უნდა გულისხმობდეს ადგილობრივი ორგანოებისა და თანამდებობის პირთა არჩევითობას მმართველობის ყველა დონეზე. ეს ძალიან მძიმე, რთული ნაბიჯი იქნება, მაგრამ ამ მიმართულებით დღეიდანვე უნდა დავიწყოთ მოსამზადებელი სამუშაოები.

თავი IV.

სოციალურად ორიენტირებული საბაზრო ეკონომიკის მშენებლობა.
ეკონომიკური რეფორმები.

1999 წელს წინა წელთან შედარებით, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობის ზრდა ეკონომიკის სამინისტროს შეფასებით (გასული წლის მსგავსად) დაახლოებით 3 პროცენტის ფარგლებშია, რაც დროებითი მაჩვენებელია უახლოეს წარსულში მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მათ შორის რუსეთში განვითარებული უმწვავესი კრიზისის ფონზე.

ბოლო ხანს განხორციელებულ ღონისძიებათა შორის ყველაზე რეფორმატორული ნაბიჯის შედეგი იყო ვალუტის კურსის

შედარებით მოკლე დროში გამყარება. თუ პირველ კვარტალში დოლარის მიმართ ლარის საშუალო თვიურმა კურსმა ორი მეათედი შეადგინა, წლის ბოლო კვირას ეს მაჩვენებელი 1985-1950 დიაპაზონში მერყეობდა. სწორი საკურსო პოლიტიკის გატარების შედეგად დაიწყო ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვების აღდგენა.

თუკი იგი წლის დამდეგს 118 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენდა, წლის დამლევს 129 მილიონ დოლარს მიაღწია.

კურსის სტაბილიზაციას მოჰყვა ფასების ზრდის შეჩერება. თუ პირველი კვარტლის შედეგების მიხედვით ინფლაციის დონე 109.8 პროცენტი იყო, წლის შედეგების მიხედვით 10.7 პროცენტი შეადგინა, რაც სავსებით ნორმალურად უნდა მივიჩნიოთ იმ ფონზე, რომლის შესახებაც უკვე მოგახსენეთ.

1999 წლის ბიუჯეტის შესრულებისა და 2000 წლის ბიუჯეტის შესახებ თქვენ პარლამენტში ამ დღეებში მოისმინეთ ფინანსთა მინისტრის ვრცელ მოხსენებას. ამიტომ მე მოკლედ შევეხები საბიუჯეტო პოლიტიკის მხოლოდ ზოგიერთ ძირითად საკითხს.

ფინანსები საბიუჯეტო პოლიტიკა

1999 საბიუჯეტო წელი მეტად რთული და წინააღმდეგობებით აღსავსე გამოდგა ქვეყნის ეკონომიკაში და საფინანსო სექტორში განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ უფრო გაამძაფრა წინა წელს დაწყებული საბიუჯეტო კრიზისი.

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მხარდაჭერით აქტიური მუშაობა გავწიეთ ფინანსების გასაჯანსაღებლად, საგარეო ვალების ტვირთის შესამსუბუქებლად, კერძოდ, რესტრუქტურიზაციის მეორე რაუნდის განსახორციელებლად.

დღეისათვის საქართველოს დაახლოებით ორ მილიარდ ამერიკულ დოლარზე აქვს გაფორმებული საერთაშორისო სასესხო შეთანხმებები. გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ ამ ციფრს, რადგან მას ხშირად არასწორად ატრიალებენ ხოლმე. აქედან ათვისებულია დაახლოებით მილიარდ 700 მილიონი დოლარი 1995 წლიდან საქართველო პრაქტიკულად მხოლოდ შეღავათიან კრედიტებს იღებს. ესენია ძირითადად 30-40 წლიანი კრედიტები. უნდა აღინიშნოს, რომ ყოველი უცხოური კრედიტი რომელიც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან არის მიღებული, მიზნობრივია და ძირითადად ეკონომიკის კონკრეტული დარგების რეაბილიტაციას და განვითარებას ხმარდება.

მაგალითად, საერთაშორისო სავალუტო ფონდისაგან მიღებული თანხები საქართველოს მაკროეკონომიკური სტაბილიზაციისა და სტრუქტურული რეფორმების განხორციელებას და საგადამხდელო ბალანსის დეფიციტის დაფარვას ხმარდება, მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი კრედიტის ნაწილით სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი ივსება. კრედიტების უმეტესობა კი ჯანმრთელობის დაცვის სოფლის მეურნეობის ენერგეტიკის სოციალური, კულტურული და ეკონომიკის სხვა სფეროების რეაბილიტაციის დაფინანსებისათვის გამოიყენება.

აქციზური მარკების შემოღების შედეგად მეტად თვალსაჩინოა მიღწეული ფისკალური შედეგები. 1999 წლის განმავლობაში თამბაქოს რეალიზაციით აქციზის სახით მიღებულია 62 მილიონი ლარი, მაშინ, როცა ეს მაჩვენებელი 1998 წელს 15 მილიონ ლარს შეადგენდა, ეფექტი მართლაც შთამბეჭდავია. ალკოჰოლიანი სასმელების მარკების რეალიზაციით მიღებულია 7 მილიონამდე ლარი, ხოლო ლუდის აქციზიდან, რომელიც წლის დამლევს იქნა შემოღებული, - 400 ათასამდე ლარი. აღნიშნული მაჩვენებლები 4-5 ჯერ აღემატება წინა წლების ფაქტობრივ შედეგებს.

მიუხედავად ამისა, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი არ შესრულდა, დაგეგმილთან შედარებით მიღებულია 192 მილიონი ლარით ნაკლები თანხა.

ბუნებრივია ასეთი გარღვევა უმძიმეს მდგომარეობაში აყენებს ქვეყანას.

ცხადია, შემოსავლისა და დეფიციტის დაფინანსების წყაროებში არსებულმა მნიშვნელოვანმა გარღვევამ განაპირობა ცენტრალური ბიუჯეტის ხარჯების დაფინანსებაში სერიოზული დავალიანების წარმოქმნა. განსაკუთრებით პრობლემურია ის, რომ დავალიანება გაიზარდა დაცულ მუხლებში და ვერ მოხერხდა 1998 წლიდან გადმოტანილი გაუცემელი დაცული მუხლების გასტუმრება. მუშა-მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მუხლით გეგმით გათვალისწინებული იყო 100 მილიონი ლარი, საიდანაც დაფინანსებულია მხოლოდ 72,6 მილიონი ლარი.

ბიუჯეტის დეფიციტის პირობებში მნიშვნელოვნად შემცირდა ისეთი დაცული მუხლების დაფინანსების პროცენტი, როგორიცაა ხელფასები, პენსიები, კვების თანხები და სხვა დაცული მუხლები.

ლტოლვილთა შემწეობისა და სხვა დახმარების თვალსაზრისით დაგეგმილი 57,7 მილიონი ლარის ნაცვლად გაიცა 54,4 მილიონი ლარი.

ტერიტორიული ერთეულების ტრანსფერების მუხლით, გეგმით გათვალისწინებული 43,2 მილიონი ლარიდან მხოლოდ 36,2 მილიონი ლარის გაცემა მოხერხდა.

ძალიან კარგად ვიცი, რომ მშრალი ციფრები ცოტა თუ ვინმეს აინტერესებს, მაგრამ ამ ციფრების უკან დგანან პენსიონერები, უხელფასო პედაგოგები და პოლიციელები, ოფიცრები და მოხელეები. როგორი მძიმეც არ უნდა იყოს მსოფლიო კრიზისის გავლენა, ამორალურია თავი იმართლო და ადამიანებს სიმართლე არ უთხრა. სიმართლე კი ის არის, რომ საბიუჯეტო საქმეში წესრიგი ვერ დამყარდა. როგორც ვთქვი, კორუფცია და კონტრაბანდა ღრღნის ქვეყანას. საქმეს ვერც ხელმძღვანელთა შეცვლამ და დასჯამ უშველა.

ახლა ლაპარაკია ეკონომიკის, ფინანსების სფეროში მოკალათებული დივერსანტების წინააღმდეგ ტოტალურ ლაშქრობაზე. ამ ბრძოლის შედეგზე იქნება დამოკიდებული საქართველოს დღევანდელი და ხვალინდელი დღე. თუ გნებავთ, ქვეყნის დამოუკიდებლობა. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ: ასეთი ბრძოლა დაიწყო, ჩვენ გვყავს საიმედო მოკავშირე საქართველოს პატიოსან მოქალაქეთა სახით და ბრძოლის ნაყოფსაც მალე მოვიმკით.

შექმნილი ფინანსური სიძნელეების გამო 1999 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების სტრუქტურაში ინვესტიციური ხასიათის ხარჯების ხვედრითი წილი უმნიშვნელო იყო. ჩვენი ყველაზე დიდი ნაკლი, ალბათ, ის არის, რომ არ გვაქვს საშუალება ბიუჯეტიდან დავაფინანსოთ ეკონომიკის პერსპექტიული დარგების განვითარება, მიუხედავად ამისა, ჩაის რეაბილიტაციისათვის. გამოყოფილი იყო დაახლოებით 900,0 ათასი ლარი, აბრეშუმის წარმოების აღორძინებისათვის 300,0 ათასი ლარი. საქართველოს საზღვაო სანაოსნოსათვის - 200,0 ათასი ამერიკული დოლარი, ყურძნის დასამზადებლად ღვინის მწარმოებელ ქარხნებს სესხის სახით გამოყოფილი აქვთ 4,0 მილიონი ლარი. ეს იყო მნიშვნელოვანი სტიმული ამ დარგების გადარჩენისა და განვითარებისათვის, თუმცა ეს ძალზე უმნიშვნელო თანხებია.

ქვეყანაში უნდა გაჩნდეს სერიოზული საინიციატივო ფონდი. ამ საკითხს ვაყენებ არა მარტო ბიუჯეტის განხილვასთან დაკავშირებით, არამედ საერთო განსჯისათვის. საინვესტიციო ფონდების გარეშე ქვეყანა ვერ განვითარდება.

მესამე მოწვევის საქართველოს პარლამენტმა 1995-1999 წლებში ქვეყნის საფინანსო, საბიუჯეტო და საგადასახადო სისტემის მარეგულირებელი 113 კანონი მიიღო მათ შორის, 36 - საკუთრივ ძირითადი კანონის, ხოლო 77 - ძირითად კანონებში ცვლილებათა სახით.

ამასთან ერთად, ჩვენი აზრით, მისაღებია კანონი „ხაზინისა და სახაზინო საქმიანობის შესახებ“. სახაზინო საქმიანობა აბსოლუტურად გამჭვირვალე უნდა იყოს და ეს სამომავლოდ არ უნდა გადავდოთ.

სრულყოფა სჭირდება საბიუჯეტო სისტემისა და უფლებამოსილების შესახებ კანონს, რომელიც ამჟამად დამუშავების სტადიაშია.

რამდენიმე სიტყვა საქართველოს 2000 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის თაობაზე.

საქართველოს 2000 წლის ცენტრალური და სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პარამეტრები შემუშავებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებული ფინანსური პროგრამის ფარგლებში. რომლის მიხედვით ყველა დონის ბიუჯეტების შემოსავლის პროგნოზი 1060 მილიონი ლარის დონეზეა გაანგარიშებული.

ახალი ნორმატივების საფუძველზე ცენტრალური ბიუჯეტის ხარჯების დაფინანსებისათვის არსებული ფინანსური რესურსების მთლიანი მოცულობა შემოსავლისა და დეფიციტის დაფინანსების წყაროების გათვალისწინებით 994 მილიონ ლარს შეადგენს, რაც 87 მილიონი ლარით ნაკლებია 1999 წლის დამტკიცებული ცენტრალური ბიუჯეტით განსაზღვრულ ფინანსური რესურსების მოცულობაზე, თუმცა 190-195 მილიონი ლარით აღემატება 1999 წლის განმავლობაში ფაქტობრივად მიღებული ფინანსური რესურსების მოცულობას.

ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნება საგარეო ვალის დაფარვის ხარჯები - 79,0 მილიონი ლარის, საშინაო ვალის მომსახურების ხარჯები - 94,4 მილიონი ლარის და მსოფლიო ბანკის კრედიტებით დაფინანსებული ინვესტიციური პროექტები - 118,6 მილიონი ლარის, ანუ მთლიანად 380,4 მილიონი ლარის ოდენობით.

გარდა ამისა, 2000 წლის ცენტრალური ბიუჯეტის ხარჯებში უთუოდ უნდა შევიტანოთ 1997-1999 წლებში საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და მოსახლეობის მიმართ ბიუჯეტების შეუსრულებლობის გამო წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვის ხარჯები, რაც 260 მილიონ ლარს აღემატება. 2000 წლის ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებულია დაიფაროს ამ დავალიანების სულ ცოტა ნახევარი მაინც, ანუ 110-130,0 მილიონი ლარი.

დავალიანების ზემოთ დასახელებული თანხიდან ყველაზე დიდი მოცულობა მოდის პენსიებზე - 65-70 მილიონი ლარი, შრომის ანაზღაურების ხარჯებზე - 45-50 მილიონი ლარი, ჯანმრთელობის დაცვის ხარჯებზე - 18-20 მილიონი ლარი, კვების ხარჯებზე - 3-4 მილიონი ლარი და სხვა. ამდენად, 2000 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ერთ-ერთ ძირითად ამოცანას სწორედ ამ დავალიანებათა მაქსიმალური ოდენობით დაფარვა წარმოადგენს.

2000 წლის ცენტრალური ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებული ზოგიერთი ხარჯის მოცულობისა და დინამიკის შესახებ.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დაცვის, განათლებისა და კულტურის სამინისტროების შარშან დაგეგმილი ხარჯების (107,6 მილიონი ლარი) ხვედრითი წილი ცენტრალური ბიუჯეტის მთელ გეგმურ ხარჯებში 9,9 პროცენტს შეადგენდა. წლევანდელი ბიუჯეტის პროექტით ამ სამინისტროების დაფინანსება მთლიანად დაგეგმილი ხარჯების 8,7 პროცენტის დონეზეა, ამასთან ხარჯების ეს მოცულობა შარშან ფაქტობრივად ბიუჯეტის მთელი ხარჯების 11,1 პროცენტს შეადგენს. იგივე მდგომარეობაა ძალოვანი სამინისტროების მიხედვითაც, შარშანდელ გეგმურ ხარჯებში ამ სფეროსათვის დაგეგმილი ხარჯების (124,2 მილიონი ლარი) ხვედრითი წილი 11,5 პროცენტს შეადგენდა წელს შესაბამისი მაჩვენებელი 10,5 პროცენტის ტოლია, თუმცა შარშანდელ ფაქტობრივ ხარჯებთან მიმართებაში იგი 13,3 პროცენტზე მეტს შეადგენს.

აღნიშნული ტენდენციიდან გამომდინარე ამ ორი სფეროდან ცალკეული სამინისტრო-უწყებისათვის გამოყოფილი ხარჯები 2000 წლის ცენტრალური ბიუჯეტის პროექტში შარშანდელ საგეგმო მაჩვენებელზე ნაკლებია და ფაქტობრივად ამ მიმართულებით შარშან გაწეულ ხარჯზე მეტია.

გამონაკლისს წარმოადგენს შინაგან საქმეთა სამინისტრო. წლევანდელი ცენტრალური ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებული ხარჯები შარშანდელი ფაქტობრივი ხარჯების 99,7 პროცენტია, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროდან სასჯელთა აღსრულების მთავარი სამმართველოს გამოყოფით უნდა აიხსნას.

აუცილებლობა მოითხოვს გატარდეს საგანგებო ზომები. პირველ რიგში 2000 წლის მაისიდან მმართველობითს სტრუქტურებში საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფ ყველა ორგანიზაციაში დასაქმებული მუშაკების, აგრეთვე ძალოვანი სტრუქტურების მოსამსახურეთა რაოდენობა უნდა შემცირდეს სულ ცოტა 10-15 პროცენტით. ეს სავსებით შესაძლებელია და თითქმის უმტკივნეულოდ ჩაივლის. აუცილებელია ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის უპირობო შესრულება, რაც ეკონომიკის აღორძინებას და ეკონომიკური რეფორმების ეფექტიანი განხორციელების შედეგი უნდა გახდეს. სათანადო რეზერვები და რესურსები არსებობს. ეს რომ ასეა, ქვემოთ მოყვანილი არგუმენტებიც ადასტურებს.

ეროვნული ეკონომიკის სექტორები

ა) მრეწველობა. 1999 წელს მთლიანად ქვეყნის სამრეწველო წარმოების მოცულობა 7,4 პროცენტით გაიზარდა, მათ შორის მრეწველობის სამინისტროს სამრეწველო სექტორში - 25,4 პროცენტით, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ბოლო წლების განმავლობაში. გახსოვთ, ალბათ, რა კატასტროფული მდგომარეობა იყო ორიოდე წლის წინათ ამ სექტორში.

მთლიან შიდა პროდუქტში მრეწველობის ხვედრითი წილი 20 პროცენტამდე გაიზარდა. ეს მაჩვენებელი წინა პერიოდში 10 პროცენტს არ აღემატებოდა.

1999 წელს მრეწველობის სამინისტროს საწარმოების მიერ ბიუჯეტში შენატანები თითქმის 20 მილიონ ლარს შეადგენს, მაშინ როცა 1998 წელს ბიუჯეტში სულ შეტანილი იყო 13 მილიონი.

სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში 1999 წელს წარმოებულია 12,2 მილიონი ლარის პროდუქცია, ზრდის ტემპი 145,1 პროცენტს შეადგენს.

ქიმიურ ფარმაცევტულ მრეწველობაში 1999 წელს წარმოებულია 48,2 მილიონი ლარის პროდუქცია, ზრდის ტემპი 155,8 პროცენტს შეადგენს.

არალითონური მინერალური პროდუქტების მრეწველობაში (საშენ მასალათა მრეწველობა) 1999 წელს გამოშვებულია 26,6 მილიონი ლარის პროდუქცია, ზრდის ტემპი 168,8 პროცენტს შეადგენს. მეტალურგიულ მრეწველობაში (ძირითადი ლითონებისა და ლითონპროდუქტების წარმოება) 1999 წელს წარმოებულია 71 მილიონი ლარის პროდუქცია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 94 პროცენტს შეადგენს. მანქანათმშენებლობაში 9 მანქანებისა და მოწყობილობის, ელექტრონული და ოპტიკური მოწყობილობის და სატრანსპორტო მოწყობილობის წარმოება) 1999 წელს წარმოებულია 35 მილიონი ლარის პროდუქცია, ზრდის ტემპი 133,7 პროცენტს შეადგენს.

მსუბუქ მრეწველობაში, სადაც სრული სტაგნაცია იყო. 1999 წელს წარმოებულია 10,1 მილიონი ლარის პროდუქცია, რაც გასული წლის ფაქტობრივი დონის 112 პროცენტია.

ხე-ტყის ხის ნაწარმისა და ავეჯის მრეწველობაში 1999 წელს გამოშვებულია 10 მილიონი ლარის პროდუქცია. ზრდის ტემპი 151,1 პროცენტს შეადგენს.

მრეწველობის სამინისტროს საწარმოებში 1996 წლის მეორე ნახევრიდან დღემდე დაბანდებულია 50 მილიონ ამერიკულ დოლარზე მეტი მსხვილი უცხოური ინვესტიცია. ასეთია კანონზომიერება - დაიწყო გამოცოცხლება, მუშაობა და შესაბამისად გააქტიურდნენ უცხოელი ინვესტორებიც, რომლებიც ისწრაფვიან სახსრები დააბანდონ ამა თუ იმ სფეროში.

გასულ 1999 წელს მრეწველობის სამინისტროს მუშაობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ხელშესახები შედეგია საქართველოს სამრეწველო პოლიტიკის კონცეფციის და გრძელვადიანი სტრატეგიული დარგობრივი პროგრამების შემუშავება.

ამ საკითხზე არ შევჩერდები, რადგან გვექნება სოციალური შეკრება და დაინტერესებულ საზოგადოებას შესაძლებლობა მიეცემა მოისმინოს, თუ როგორ წარმოგვიდგენია უახლოეს 5-10 წელიწადში ამ უმნიშვნელოვანესი დარგის განვითარების პერსპექტივა.

მთლიანად მრეწველობის სამინისტროს სისტემაში 2000 წლისათვის გათვალისწინებულია 280 მილიონ ლარამდე ღირებულების სამრეწველო პროდუქციის წარმოება, რაც 1999 წლის ფაქტობრივ დონეს 30 პროცენტით სჭარბობს.

ისევ და ისევ შეგახსენებთ: ეს არგუმენტები გვჭირდება იმისათვის, რომ ყველამ იცოდეს - რომ ქვეყანაში არის რესურსები, რომლებსაც გამოყენება სჭირდება და რომ არაფერი უსაშველო არ სჭირს ქვეყანას, თუკი ყველა თავის საქმეს გააკეთებს.

ბ) სოფლის მეურნეობა და კვების მრეწველობა. შემუშავდა და ხორციელდება აგრარული და სასურსათო კომპლექსის განვითარების მეცნიერულად დასაბუთებული კონცეფცია და პროგრამა.

ქვეყანაში წარმოებულია 230 ათას ტონამდე ყურძენი. 1999 წელს ოფიციალური მონაცემებით 60,3 ათასი ტონა ხარისხოვანი ჩაის ფოთოლი მოიკრიფა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 13,1 ათასი ტონით აღემატება.

1999 წელს წარმოებულია 282 ათას ტონამდე ხილი, რაც გასული წლის დონეს 3 ათასი ტონით აღემატება. 10,9 ათას ჰექტარ პლანტაციაში მოიკრიფა 56 ათასი ტონა ციტრუსი, აქედან რეალიზებულია 20 ათას ტონაზე მეტი. სარეკორდო მაჩვენებელს მივუახლოვდით მარცვლეულის წარმოებაში. ძალზე მნიშვნელოვანი წარმატებები გვაქვს კარტოფილის წარმოებაში, მებოსტნეობაში და ა.შ.

მეტი პროდუქციაა წარმოებული ისეთ დარგებში, როგორიცაა შავი ბაიხაო ჩაის, არყის და ლიქიორ-არყის, ცქრიალა ღვინის ბრენდისა და პაპიროსის და სიგარეტის, თამბაქოს, შაქრის, ლუდის, ხილ-ბოსტნეულის კონსერვის, ყველის, კარაქის, ძეხვის, სასაქონლო საკვები თევზისა და პარფიუმერია-კოსმეტიკის ნაწარმის წარმოებაში. წელს, პირველად აღინიშნა დადებითი ტენდენციები ამ სფეროებში. საკუთარი ბაზრის გაჯერება უკვე ხერხდება საკუთარი წარმოების პროდუქციით.

ეს ცხადყოფს მეცხოველეობის აღმავლობას, მემცენარეობის განვითარებას და იმ მოთხოვნების შესრულებას, რომლებსაც ხელისუფლება უყენებს ეროვნული მეურნეობის ამ სექტორს, რაიონებსა და ქალაქებს.

1998 წელთან შედარებით გასულ წელს გაზრდილია არყისა და ლიქიორ-არყის გამოშვება. წარმოებულია 530 ათასი დეკალიტრი, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 3,3 ჯერ მეტია.

1999 წელს ჩამოსხმული და რეალიზებულია 1800 ათასი დეკალიტრი ღვინო, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 474 ათასი დეკალიტრით ნაკლებია, სამაგიეროდ, ბრენდი წარმოებულია 30,0 ათასი დეკალიტრის ოდენობით, რაც 0,6 ათასით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. წარმოებულია მილიონ 238 ათასი დეკალიტრი ლუდი, წინა წელთან შედარებით 300 ათასი დეკალიტრით მეტი.

1999 წელს გამოშვებულია 4375 ათასი პირობითი ქილა ხილ-ბოსტნეულის კონსერვი, ზრდა 54 პროცენტს შეადგენს.

1999 წლის ოპერატიული მონაცემებით, აღრიცხულია 114 ათასი ტონა პური და პურპროდუქტები. რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 57 ათასი ტონით ნაკლებია. ტემპის კლება 33 პროცენტს შეადგენს. ეს ჩრდილოვანი ეკონომიკისა და კონტრაბანდის შედეგია.

1999 წელს წარმოებულია 1204 ტონა სასაქონლო საკვები თევზი (კონსერვების ჩათვლით), რაც 1998 წლის მაჩვენებელს 64 პროცენტით აღემატება.

ყველის წარმოება წინა წელთან შედარებით 42 ტონით გაიზარდა. საგრძნობლად იმატა კარაქის წარმოებამაც, რომლის მოცულობამ 1312 ტონა შეადგინა და 5 ჯერ გადააჭარბა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. წარმოებულია 1308,4 ტონა ძეხვი, რაც 147,4 ტონით მეტია წინა წელთან შედარებით.

ეს არის ანარეკლი იმ პროცესებისა, რომლებიც მეცხოველეობაში მიმდინარეობს. თუ სულადობის მიხედვით ვიმსჯელებთ დღეს საქართველოში იმაზე მეტი მსხვილფეხა რქოსანი საქონელი, ღორი და სხვა პირუტყვია, ვიდრე საბჭოთა ხელისუფლების დროს იყო. 1998 წელს შაქრის კომბინატის უმოქმედობის გამო ქვეყანას შაქარი არ უწარმოებია.

ამასთან დაკავშირებით მინდა გითხრათ: ზოგიერთი ყოფილი პარლამენტარიცა და ყოფილი მოსამართლეც სცოდავს - მთელ წელიწად-ნახევარს გრძელდებოდა მსჯელობა იმის შესახებ, თუ ვინ მართალია და ვინ - მტყუანი. ბოლოს და ბოლოს, სიმართლემ გაიმარჯვა და ამუშავდა აგარის შაქრის ქარხანა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქარხანამ ნახევარი წლის განმავლობაში შიდა ბაზარზე 12 ათას 700 ტონა შაქარი გაიტანა. არის თუ არა მისი შეფერხება იმ ადამიანთა სინდისზე, რომელთაც კანონიერებისა და მეწარმეთა უფლებების დაცვა ევალებათ?

1999 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროსათვის გათვალისწინებული იყო 17.612.0 ათასი ლარის საბიუჯეტო ასიგნებანი.

სოფლის მეურნეობის დაფინანსებისადმი დიდ ყურადღებას იჩენს საქართველოში ევროკომისიის სასურსათო უზრუნველყოფის პროგრამის მისია.

საგულისხმოა, რომ ძირითადად უცხოური კრედიტების ხელშეწყობით შექმნილია 117 სასოფლო საკრედიტო კავშირი. ეს ძალიან დიდი საქმის დასაწყისია, რომელსაც დიდი მომავალი აქვს.

სოფლის მეურნეობაში მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის მიღწევების დანერგვისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების მიზნით მსოფლიო ბანკის მიერ 4,5 მილიონი ამერიკული დოლარია გამოყოფილი.

აუცილებელია მომზადდეს და პარლამენტს წარედგინოს მსოფლიო ბანკის ორი დიდმასშტაბიანი პროქტი - აგრარული მეცნიერების რეფორმის დარგში (11,5 მილიონი ამერიკული დოლარის ღირებულების) და საირიგაციო და სადრენაჟო სისტემების რეაბილიტაციის, წყალმომხმარებელთა ასოციაციების ქსელის ჩამოყალიბების დარგში (129 მილიონი ამერიკული დოლარის ღირებულების).

გადაუდებელია მიზნობრივი პროგრამის - „ჩაის“ და „მევენახეობა-მეღვინეობის აღორძინების“ პროექტის შემუშავება და სხვა.

გ) მიწის რეფორმა: საქართველოში განხორციელებული მიწის რეფორმა სახელმწიფოს ეკონომიკური და სოციალური აღორძინების ერთ-ერთი წინაპირობაა. ინერგება ფერმერებთან, მეწარმეებთან მუშაობის თანამედროვე მეთოდები. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების და იჯარის, აგრეთვე მიწის რეგისტრაციის შესახებ კანონების მიღების საფუძველზე 1020 ათასმა კომლმა (ოჯახმა), ანუ 4 მილიონამდე მოქალაქემ უსასყიდლოდ მიირო 918 ათასი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი, ხოლო იჯარით გაიცა 825 ათასი ჰექტარი.

1999 წელს 5,2 ათასამდე სუბიექტის მიერ პრივატიზებულია 2,5 ათასი ჰექტარი საწარმოების სარგებლობაში არსებული მიწა, რომლის შედეგადაც ბიუჯეტში 6 მილიონზე მეტი ლარია შეტანილი.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად 642,728 ოჯახს უსასყიდლოდ გადაეცა საკუთრებაში 19173 ჰექტარი მიწა მრავალბინიანი, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებით და დამხმარე ნაგებობებით, - აქედან თბილისში 318, 609 ოჯახს - 2346, 25 ჰექტარი.

მიმდინარე წელს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გაიცემა ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით 2 მილიონ ნაკვეთზე, გაგრძელდება საკადასტრო სამუშაოები. მართლაც, როგორი საფუძვლიანი რეფორმები მიმდინარეობს ჩვენს სოფლის მეურნეობაში.

დ) ურბანიზაცია. მშენებლობა. მშენებლობისა და ურბანიზაციის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკა წარიმართა კერძო საკუთრების ფორმების დასამკვიდრებლად, თავისუფალი კონკურენციისათვის ბაზის შესაქმნელად და საბაზრო მექანიზმების ჩამოსაყალიბებლად. ქვეყნის სამშენებლო დარგში პრივატიზაციის პროცესი რამდენიმე წელიწადია მიმდინარეობს. განვლილია პრივატიზაციის პირველი და მეორე ეტაპი.

ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრო სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროსთან ერთად ინტენსიურ მუშაობას ეწევა ქალაქ ტყიბულში ნახშირზე მომუშავე 250 მეგავატი სიმძლავრის თბოელექტროსადგურის მშენებლობის დასაწყებად და აქ მინდა პირადად მინისტრის, ბატონ მერაბ ჩხენკელის აქტიურ პოზიციას გავუსვა ხაზი.

დამუშავდა „საქართველოში დაუმთავრებელი საცხოვრებელი სახლების და სხვა დანიშნულების ობიექტების მშენებლობის დამთავრების და პრივატიზაციის პროგრამა“ და „საქართველოში კოოპერაციული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით წარმოქმნილი სახელმწიფო დავალიანების დაფარვის ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელების პროგრამა“.

სადღეისოდ აღრიცხულია 2875 დაუმთავრებელი ობიექტი. დასამთავრებლად საჭირო სამშენებლო სამუშაოების მოცულობა, 1999 წლის დამდეგის ფასებით, 5400 მილიონ ლარს შეადგენს, ალბათ გარკვეული ზომები უნდა მივიღოთ მათი დაკონსერვებისა და იმისათვის, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ გადავცეთ ეს ობიექტები საექსპლოატაციოდ.

საჭიროა სამშენებლო დარგის სახელმწიფო მართვის სისტემის ორგანიზაციული სრულყოფა: საქართველოს სამშენებლო დარგის განვითარების სტრატეგიის ჩამოყალიბება და მისი რეალიზაციის პროგრამის დამუშავება; მშენებლობის სამართლებრივი ბაზის სრულყოფა, კანონებისა და კანონს დაქვემდებარებული აქტების მომზადება და სხვა.

ე) სათბობ ენერგეტიკული კომპლექსი ჩვენი მუშაობის ყველაზე სუსტი უბანია. მიუხედავად დიდი ძალისხმევისა ვერ მოხერხდა ქვეყანაში ელექტროენერგიის ტოტალური დეფიციტის დაძლევა. ამერიკული კომპანიის AES Silk Road Holding B.V. მიერ თელასის პრივატიზაციის შედეგად უკვე 1999 წელს საქართველოს ელექტროენერგეტიკულმა სექტორმა დაახლოებით 50 მილიონი ამერიკული დოლარი მიიღო. ფაქტობრივად „აი-ი-ეს თელასი“ დღეს ენერგოსისტემაში მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის ერთადერთი რეალური გადამხდელია.

აქედან ის დასკვნა მინდა გამოვიტანო, რომ არ უნდა გვეშინოდეს გონივრული პრივატიზაციის, არ უნდა გვეშინოდეს, როცა საქმე ეხება იმ ობიექტების გაყიდვას ან მართვის უფლებით გადაცემას, რომლებსაც დღეს პერსპექტივა არ გააჩნიათ, რომლებსაც უახლოეს 5-10 წლის განმავლობაში საქართველო ვერ უპატრონებს. ეს არ არის საშიში მოვლენა - იგი მთელი მსოფლიოს ენერგეტიკული სისტემებისათვისაც დამახასიათებელია.

ნურც ის დაგვავიწყდება, რომ საქართველოში დახარჯული ელექტროენერგიის საფასურის გადახდა, ფაქტობრივად, არ ხდება. ეს თანხა კი გროვდება და ბოლოს მილიარდებს აღწევს.

ძალიან მძიმე ტვირთად გვაწვება 50 მილიონი ლარი, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო იხდის აფხაზეთში დახარჯული ელექტროენერგიის საფასურის ანგარიშში, რადგანაც იგი მისი შემადგენელი ნაწილია.

1999 წლის ივლისში საქართველოს პარლამენტმა მოახდინა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან დადებული ხელშეკრულების რატიფიცირება, რომლის თანახმად, ენგურჰესიის რეაბილიტაციისათვის 38,5 მილიონი ამერიკული დოლარის კრედიტი გამოიყოფა. ამ კრედიტის გარდა ქართული მხარე ევროკომისიისაგან 10 მილიონ ევროს მიიღებს გრანტის სახით. ეს თანხები მოხმარდება თაღოვანი კაშხალის საყრდენი ფარის და ელექტროსადგურის №3 აგრეგატის აღდგენას.

სხვადასხვა ეტაპზეა საინვესტიციო პროექტებზე მუშაობა „ხუდონჰესის“ (700 მეგავატი) „ფარავანჰესის“ (120 მეგავატი) და „ნამახვანჰესის“ კასკადის (420 მეგავატი) მშენებლობისათვის.

2000 წლის მარტში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ინვესტიციებით კახეთის რეგიონში დაიწყება ორი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის პროექტების პრაქტიკული განხორციელება.

მსოფლიო ბანკის ამერიკის შეერთებული შტატებისა და გერმანიის მთავრობებისა და სხვა დონორი ქვეყნების მხარდაჭერით გრძელდება საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის ფორმირების პროცესი. ამჟამად დამამთავრებელ სტადიაშია მსოფლიო ბანკის ახალი პროექტის მომზადება „საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის მხარდაჭერის შესახებ“ რომლის ღირებულება წინასწარი შეფასებით, 45 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს.

მიმდინარეობს მოლაპარაკება ფრანგული ენერგეტიკული კომპანიების კონსორციუმთან დასავლეთ საქართველოს ზოგიერთი ელექტროგამანაწილებელი კომპანიის პრივატიზებისა და ჰიდროელექტროსადგურების - ლაჯანურჰესის, რიონჰესის, შორჰესის, ტყიბულჰესისა და გუმათჰესის 25 წლით მართვაში გადაცემასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ყველა ეს პროექტი დიდ ინვესტიციებს ითვალისწინებს და ძალიან ყურადღებით შესწავლას მოითხოვს. მიმაჩნია, რომ ამით დასავლეთ საქართველოს მრავალ ჰიდროელექტროსადგურს კარგი და საინტერესო პერსპექტივა ესახება.

ვფიქრობ კიდევ 1-2 წელიწადი დაგვჭირდება იმისათვის, რომ ძირითადად დავძლიოთ ენერგეტიკული პრობლემები. მხედველობაში მაქვს ნავთობსადენი, გაზსადენი და საქართველოში დარჩება იმ რაოდენობის ნავთობი და გაზი, რამდენიც ჩვენ გვჭირდება ელექტროენერგიის გამოსამუშავებლად, ამას ემატება ის პროგნოზური მონაცემები, რომელთა თანახმად საქართველოში არის დიდი ნავთობისა და გაზის სერიოზული მარაგი. ყველაფერი ეს ამუშავდება და ჩადგება ხალხის სამსახურში.

ვ) ჩვენი სახალხო მეურნეობის ერთ-ერთ წამყვან დარგად იქცა ტრანსპორტი. მსოფლიო ბანკში თვის პრაქტიკაში უპრეცენდენტო სესხი - 2,5 მილიონი ამერიკული დოლარი გამოუყო ტრანსპორტის სამინისტროს რესტრუქტურიზაციისათვის, სწავლებისა და ინოვაციის პროექტის დასაფინანსებლად, რომელიც ახალი ტიპის სამინისტროს ჩამოყალიბებას ითვალისწინებს.

მიღებულია საქართველოს საჰაერო და საზღვაო კოდექსები. მთავრდება მუშაობა საქართველოს სარკინიგზო და საავტომობილო კოდექსებზე. 17 პრიორიტეტული კონვენციიდან საქართველოს პარლამენტში უკვე რატიფიცირებულია 14 კონვენციასთან შეერთება.

მომზადებულია საქართველოს კანონპროექტი „ტრანსპორტის შესახებ“, „სარკინიგზო კოდექსის პროექტი“, საქართველოს კანონპროექტი „საჰაერო კოდექსში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის თაობაზე“ და სხვ.

რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენ საერთოდ არ მიგვიღია შემოსავალი ამ სფეროდან ქვეყნის ახალი ფუნქციის ამოქმედების შედეგად შარშან ტრანსპორტიდან საბიუჯეტო შემოსავალმა 84,1 მილიონ ლარს მიაღწია და 12,6 მილიონი ლარით გადააჭარბა 1998 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (ზრდამ 17,6 პროცენტი შეადგინა).

ქვეყნის საბიუჯეტო შემოსავლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროდ გვესახება სუფსის ნავსადგურის სრულად ამოქმედება. 1999 წელს ნავსადგურმა გაიარა 3,5 მილიონი ტონა ნავთობი, 2000 წლისთავის ეს მაჩვენებელი 7 მილიონ ტონას მიაღწევს, რაც საბიუჯეტო შემოსავლის ზრდის რეალური რეზერვია.

ევროკავშირის სტრუქტურებთან აქტიური თანამშრომლობის შედეგად მნიშვნელოვანი წარმატებებია მიღწეული პანევროპულ სატრანსპორტო არეალში. (PEთრA) და ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის ინფრასტრუქტურის ინტეგრაციის საქმეში.

უკვე ხელმოწერილ დოკუმენტებში დაფიქსირებულია საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, როგორც ევროპულისაგან განუყოფელი.

მჭიდრო ურთიერთობანი დამყარდა გაეროს ევროპის ეკონომიკურ კომისიასთან (UNECE). საქართველო ჩართულია გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის პროგრამებში: ტრანსევროპული საავტომობილო გზები (თEM) და ტრანსევროპული რკინიგზები (TER).

ყველას გახსოვთ რამდენიმე წლის წინათ საქართველოს გაჩანაგებული და განადგურებული რკინიგზა. შარშან საქართველოს რკინიგზამ, რომელიც აღდგა და ემსახურება ევრაზიის დერეფანს და „დიდი აბრეშუმის გზის“ ნაწილია, სახელმწიფო ბიუჯეტში 27 მილიონი ლარი შეიტანეს და ეს არ არის მაქსიმუმი, რკინიგზას ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს. იგი გაერთიანებულია რკინიგზების თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაციაში. დღეს საქართველო არა მარტო ევროპის, არამედ მთელი მსოფლიოს განვითარების ინტერესების სფეროშია მოქცეული, რასაც მოწმობს ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებას სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში მრავალი მიმართულებით, მათ შორის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება წარმოადგენს.

მრავალმხრივ ხელშეკრულებათა შორის ყველაზე მნიშვნელოვანია საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების ინიციატივით და ევროკავშირის მხარდაჭერით 1998 წლის 7-8 სექტემბერს ბაქოში გამართულ 32 სახელმწიფოსა და მთავრობის, აგრეთვე 13 საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელთა სამიტზე ხელმოწერილი, „საერთაშორისო ტრანსპორტის შესახებ ძირითადი მრავალმხრივი შეთანხმება ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის განვითარებისათვის“.

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობის მხრივ, რკინიგზის მოდერნიზაციისა და რეკონსტრუქციის პროექტის (1999-2001) გარდა, დაგეგმილია ტრანსპორტის სექტორის რეფორმის პროექტი საავტომობილო გზების რეაბილიტაციისათვის (25 მილიონი ამერიკული დოლარი), ბათუმის საზღვაო ნავსადგურის ტექნიკური დახმარების პროექტი (6 მილიონი ამერიკული დოლარი).

ამერიკის შეერთებული შტატების ექსიმბანკმა საქართველოს საჰაერო მიმოსვლის მართვის პროექტისათვის გამოყო კრედიტი (18 მილიონი ამერიკული დოლარი). პროექტს ახორციელებს ამერიკული კომპანია „ნორტროპ გრუმანი“. ეს ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი პროექტია, რომელსაც ამავე დროს ძალიან დიდი თავდაცვითი ფუნქცია აქვს. მოდით, დავიხსომოთ სერიოზული საუბარი იმის შესახებ, რომ ეს მძლავრი თანამედროვე სისტემა საექსპლოატაციოდ გადაეცა.

მიმდინარეობს მუშაობა თურქეთის ექსიმბანკთან ყარსი-თბილისის სარკინიგზო ხაზის შემაერთებელი პროექტის დასაფინანსებელ კრედიტზე. პროდუქტის ღირებულება 250 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს.

როგორც ცნობილია, 1996 წლის დეკემბერში დაიწყო პირდაპირი საავტომობილო-საბორნე მიმოსვლა ფოთისა და ილიჩევსკის ნავსადგურებს შორის საბორნე მიმოსვლა ხორციელდება ბათუმისა და სხვა ნავსადგურებს შორის.

ევროკომისიის წინადადებაა, ფოთის ნავსადგურში აშენდეს ევროპული ლიანდაგის სარკინიგზო-საბორნე გადასასვლელი, რისთვისაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი გაიღებს სულ ცოტა 3 მილიონ ევროს.

არსებობს წინასაპროექტო გაანგარიშება და შემუშავებულია სატენდერო პირობების პროექტი ზღვასთან მდინარე ენგურის შესართავში ანაკლიის, აგრეთვე ყულევის ნავსადგურის დაპროექტების, მშენებლობისა და ექსპლოატაციისათვის ინვესტორის გამოსავლენად. წინასწარი გაანგარიშებით, ამ ნავსადგურების საერთო სახარჯთააღრიცხვო ღირებულება 70-80 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს.

არ შემიძლია უდიდესი ადამიანური გულისტკივილით რამდენიმე სიტყვა არ ვთქვა საქართველოს სანაოსნოს შესახებ. საქმე გვაქვს, როგორც იტყვიან, ძალიან მძიმე შემთხვევასთან, დანაშაულთა მთელ სისტემასთან. გენერალური პროკურატურა და უშიშროების სამინისტრო აჭარის შესაბამისი ორგანოების მონაწილეობით, აღმაშფოთებელი ფაქტების რეგისტრაციიდან კონკრეტულ მოქმედებაზე უნდა გადავიდნენ. ეს კატეგორიული მოთხოვნაა და რაიმე კომპრომისს ნურავინ ელოდება. როდესაც რკინიგზაზე კატასტროფული ვითარება შეიქმნა. ჩვენ მართლაც უმძიმესი გადაწყვეტილება მივიღეთ - ჩვენი თანამოაზრე და მეგობარი ვერ დავინდეთ - თანამდებობიდან გავათავისუფლეთ და ახლახან მოიხადა სასჯელი არ მინდა იგივე გავრცელდეს ამ სისტემაზე, მაგრამ რაც მოხდა, იმის სურათი უნდა გვქონდეს. მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, სად წავიდა 100-150 მილიონი დოლარი, ვის მოხმარდა საავადმყოფოები, გზები, ხიდები თუ აშენდა - ერთი საქმეა, ვინმეს ჯიბეში თუ წავიდა - მეორე. ვთხოვ ყველას, ვისაც ეხება, მათ შორის აჭარის შესაბამის სამსახურებს, ეს საქმე ბოლომდე მიიყვანონ.

გ) კავშირგაბმულობა 1999 წელს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სისტემის შემოსავალმა 66,0 მილიონი ლარი შეადგინა, ბიუჯეტში შენატანებმა კი 24,4 მილიონი ლარი. 1998 წელს აღნიშნული მაჩვენებლები შესაბამისად 63,6 და 22,9 მილიონ ლარს შეადგენდა.

1999 წლის 1 ოქტომბრიდან საქართველოს ტელევიზიისა და რადიოს პირველი პროგრამები გადავიდა მაუწყებლობის ახალ რეჟიმზე - კოსმოსურ თანამგზავრულ მაუწყებლობაზე ეს საშუალებას გვაძლევს აღნიშნული პროგრამები მიიღონ არა მარტო საქართველოს და სამხრეთ კავკასიის, არამედ რუსეთის ევროპული ნაწილის, უკრაინის, დასავლეთ და შუა აღმოსავლეთ აზიის, ჩრდილოეთ აფრიკისა სკანდინავიის ქვეყნებში, ისრაელსა და თურქეთში.

მიმდინარეობს ტრანსაზია-ევროპის ბოჭკოვან-ოპტიკური საკაბელო მაგისტრალის მშენებლობა, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს ტელეკომუნიკაციის სისტემისა და საერთაშორისო სატრანზიტო საკაბელო მაგისტრალის ჩართვას ტელეკომუნიკაციის გლობალურ, მსოფლიო სატელეფონო ქსელში.

1999 წლის 27 ივლისს ხელმოწერილია პრეზიდენტის №456 ბრძანებულება „საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების ღონისძიებათა შესახებ“. ეს არის საინფორმაციო-ტექნოლოგიური საზოგადოების ფორმირების ახალი ეტაპი. 21-ე საუკუნეში საქართველოში უნდა დამკვიდრდეს საინფორმაციო-ტექნოლოგიური საზოგადოების ცხოვრების წესი.

როგორც ცნობილია, გასულ წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო მეტად მნიშვნელოვანი ახალი კანონი „საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“.

2000 წელს მთლიანად კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს სისტემის შემოსავალი 70,0 მილიონ ლარამდე გაიზრდება. ზრდის ტემპი 9.3 პროცენტს მიაღწევს.

თ) გარემოს დაცვა. 1999 წელს გარემოს დაცვის სამინისტრომ შეიმუშავა კანონპროექტი („ატმოსფერული ჰაერის შესახებ“), რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო. ეს კანონი ითვალისწინებს შესაბამის სფეროში ევროგაერთიანების სტანდარტებზე საფეხურებრივ გადასვლას.

1999 წელს გარემოს დაცვის სფეროში საქართველო 22 საერთაშორისო კონვენციას შეუერთდა, მიმდინარეობს მუშაობა კიდევ 6 კონვენციასთან შეერთებისათვის.

შემუშავებულია გარემოს დაცვის მოქმედების ეროვნული ერთწლიანი პროგრამა, რომელიც საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ინდიკატური გეგმის შემადგენელი ნაწილია.

2000 წელს გარემოსდაცვითს სფეროში უნდა გაგრძელდეს საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა. საბოლოო მიზანია საქართველოს გარემოსდაცვითი კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროგაერთიანების შესაბამის კანონმდებლობასთან. საქართველოს ბუნება, განსაკუთრებით, მისი ტყეები „ფილტვებია“ საკმაოდ დიდი რეგიონის ქვეყნებისათვის. სწორედ ამან განაპირობა საერთაშორისო და რეგიონალური ორგანიზაციების დაინტერესება ჩვენი უნიკალური გარემოს შენარჩუნებითა და გამდიდრებით.

ი) სახელმწიფო ქონების მართვა. 2000 წლის 1 იანვრისათვის პრივატიზებულია 15355 ობიექტი. დაფუძნებულია 1174 სააქციო საზოგადოება.

სააქციო საზოგადაოებად გარდასაქმნელი 1332 საწარმოდან სააქციო საზოგადოებად დაფუძნებულია 1211 საწარმო. რომელთაგან დღეისათვის სააქციო საზოგადოების სახით ფუნქციონირებს 1186.

დღეს მთლიანი შიდა პროდუქტის 75 პროცენტზე მეტს კერძო სექტორი აწარმოებს.

მიღებულია „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ ახალი კანონი, რომლის მიზანია ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმის გაღრმავების ღონისძიებათა ხელშეწყობა.

ახალი კანონის შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა ეროვნული მეურნეობის ცალკეულ დარგებში სახელმწიფო ქონების პრივატიზების ერთიანი გეგმა, რომელიც 3-წლიან პერიოდს მოიცავს და რომლითაც ძირითადად დასრულდება ქვეყანაში მასობრივი პრივატიზაციის პროცესი.

სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს პროგნოზით მოსალოდნელი იყო, რომ 1999 წელს სახელმწიფო ქონების პრივატიზების შედეგად ამონაგები 70 მილიონამდე ლარი იქნებოდა. წლის განმავლობაში სახელმწიფო ქონების პრივატიზების გზით შემოსულია 56,3 მილიონი ლარი, ანუ წლიური გეგმით განსაზღვრული შემოსავლის 80,5 პროცენტი.

მსოფლიო ბანკთან შეთანხმებით განისაზღვრა პირველი და მეორე რიგის საწარმოები, რომელთა პრივატიზება 2000 წლის დამლევამდე უნდა განხორციელდეს. საგულისხმოა მოსახლეობის, როგორც სრულუფლებიანი მფლობელის მონაწილეობა პრივატიზაციის პროცესში. საკმარისია ითქვას, რომ პრივატიზაციის დაწყებიდან მოსახლეობამ მიიღო 4,5 მილიონი ცალი ვაუჩერი, რომელთა მეშვეობით 100-110 მილიონი ამერიკული დოლარის, ანუ 210-220 მილიონი ლარის ქონება შეისყიდა, ხოლო ათიათასობით ადამიანი სააქციზო საზოგადოებათა წევრია და მონაწილეობს, როგორც მართვაში, ისე დივიდენდების განაწილებაში.

მინდა სრულიად ახალი, პრინციპულად ახალი მოთხოვნები წავუყენო სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს. შემოსავლები, რომლებსაც ამ სფეროდან ვიღებთ, ჯერჯერობით არადამაკმაყოფილებელია. ის დავალებები, რომლებიც 1999 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით იყო მიცემული, არ შესრულდა. ეჭვი არ მეპარება, რომ იქ კვალიფიციური და პატიოსანი ხალხი მუშაობს, მაგრამ მინდა ბატონმა მიხეილ უკლებამ გაითვალისწინოს, რომ 2000 წლის დავალება საკმაოდ დიდი მოცულობისაა და იგი აუცილებლად უნდა შესრულდეს. მით უმეტეს, რომ დღის წესრიგში დგას ძალიან დიდი და სერიოზული ობიექტების პრივატიზაცია. ეს პროცესი გონივრულად უნდა განხორციელდეს, ისე რომ, ბიუჯეტმა სათანადო შემოსავალი მიიღოს.

თავი V.

სოციალური პოლიტიკა

როგორც ცნობილია 1999 წლის ნოემბერში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტროების ბაზაზე ჩამოყალიბდა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

შემუშავებულია ქვეყნის სოციალური განვითარების კონცეფცია და მოსახლეობის სოციალური დაცვის სახელმწიფო პროგრამა 2000-2005 წლებისათვის. ამ პროგრამის შესახებ უახლოეს ხანებში საჯარო მსჯელობა გვექნება ერთ-ერთ რეგიონში, ან დედაქალაქში.

1999 წელს, ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურება გაეწია სამ მილიონზე მეტ პაციენტს.

1999 წელს შემუშავდა საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული პოლიტიკა და მისი დანერგვის სტრატეგიული გეგმა 2000-2009 წლებისათვის.

1999 წლის 28 სექტემბერს ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალურ ბიუროში (კოპენჰაგენი) გაიმართა საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული პოლიტიკისა და მისი განხორციელების სტრატეგიული გეგმის პრეზენტაცია. გეგმამ საკმაოდ მაღალი შეფასება მიიღო, რაც იმის მაჩვენებელია, რომ არ იყო მცდარი ის კურსი, რომელიც ჯანმრთელობის დაცვის სფეროს რეფორმირებისათვის ავირჩიეთ.

სოციალური დაცვის სფეროში შემუშავდა კანონპროექტები „მოქალაქეთა სახელმწიფო პენსიების შესახებ“. „სახელმწიფო სოციალური დაზღვევის შესახებ“, „საჯარო სამსახურის მოსამსახურეთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“, „სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შესახებ“. მიღებულია საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „მინიმალური ხელფასის ოდენობის შესახებ“ (1999 წლის 15 ივნისიდან ქვეყანაში დაწესდა მინიმალური ხელფასი 20 ლარის ოდენობით).

შემუშავდა და მთავრობამ დაამტკიცა საბიუჯეტო სფეროს მუშაკთა შრომის ანაზღაურების რეგულირებების ერთიანი სატარიფო ბადე „შრომის ანაზღაურების მოწესრიგების ძირითადი მიმართულებები 1996-2000 წწ...“

პენსიების დავალიანებამ 1998 წელს, როგორც ზემოთ ვთქვი, შეადგინა 52 მილიონი ლარი, ხოლო 1999 წელს - 19 მილიონი ლარი. სულ 71 მილიონი ლარი. მდგომარეობა შეუწყნარებელია. ეს უკანასკნელი წელი უნდა იყოს, როცა პენსიების დავალიანებაზე ვლაპარაკობთ. თუ ეს ასე არ მოხდება, ბევრი ხელმძღვანელი გამოეთხოვება დაკავებულ სავარძელს, მათ შორის, ადგილობრივი ხელმძღვანელებიც. შეიძლება უფრო შორსაც წავიდეს საქმე, სხვა პასუხისმგებლობის საკითხიც დაისვას.

შემდგომი წლების უმნიშვნელოვანესი ამოცანაა საპენსიო სისტემის სადაზღვევო პრინციპებზე გადაყვანა. მომზადებულია კანონპროექტი „სახელმწიფო სოციალური დაზღვევის შესახებ“, რომლის მიღება საფუძველს დაუდებს ამ პრინციპების ამოქმედებას.

ქვეყანაში ეკონომიკური და სოციალური სტაბილურობის მნიშვნელოვანი პირობაა მოსახლეობის დასაქმების პრობლემის გადაჭრა „დასაქმების შესახებ“ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შესაბამისად ადგილებზე შეიქმნა დასაქმების ცენტრები, მოწესრიგდა უმუშევართა და სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვა, დასაქმების სამსახურში რეგისტრირებულ სამუშაოს მაძიებელთა რაოდენობამ 1999 წლის ბოლოსათვის შეადგინა 105,252 კაცი.

სხვადასხვა კვლევისა და გაანგარიშების მეთოდიკის საფუძველზე 1995-1999 წლებში შექმნილია 660 ათასზე მეტი სამუშაო ადგილი.

2005 წლამდე ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, შეიქმნება 100 ათასი მილიონი ახალი სამუშაო ადგილი. ფაქტობრივად, ლაპარაკია იმაზე, რომ 2005 წლისათვის ქვეყანამ უმუშევრობის პრობლემა დაძლიოს.

შეუფერხებლად მიმდინარეობს უმუშევრებზე შემწეობის თანხების გაცემა. შემწეობის თანხა ბოლო სამი წლის განმავლობაში 2,5 ჯერ გაიზარდა.

როდესაც ლაპარაკია სოციალურ სფეროზე, უყურადღებოდ ვერ დავტოვებთ ინვალიდთა თემას 1999 წელს ინვალიდთა სოციალური რეაბილიტაციის დაწესებულებებში გატარებულია 560 ათასზე მეტი ინვალიდი, აქედან სტაციონარული დახმარება გაეწია 7247 ინვალიდს და სხვა.

ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების განვითარება. ეს არის სრულიად ახალი მიმართულება, რომელსაც ასევე ახლებური მიდგომა ესაჭიროება.

2000 წლის სახელმწიფო პროგრამათა შესრულების თვალსაზრისით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საერთაშორისო ორგანიზაციათა ურთიერთთანამშრომლობის განვითარებასა და მათ მიერ დასახული დახმარების პროექტების განხორციელებას. მათ შორის აღსანიშნავია მსოფლიო ბანკის მიერ შემუშავებული საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის პირველი პროექტის ფარგლებში მრავალპროფილიანი ეროვნული ჰოსპიტალის რეაბილიტაცია, რომელიც 2000 წლის მარტიდან დაიწყება.

2000 წელს მსოფლიო ბანკის სტრუქტურული რეფორმების ხელშემწყობი პროექტის ფარგლებში დაიწყება საავადმყოფოთა კონსოლიდაციის პროექტის განხორციელება, რომელიც პირველ ეტაპზე გულისხმობს თბილისის სტაციონარული ქსელის ოპტიმიზაციას.

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ მოამზადა საქართველოში პირველადი ჯანმრთელობის დაცვის განვითარების პროექტი, რომელსაც მსოფლიო ბანკის დირექტორთა საბჭოს წარვუდგენთ.

ასევე გაგრძელდება მუშაობა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროს პრობლემებზე საერთაშორისო პროგრამების ფარგლებში შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან, დიდი ბრიტანეთის „ნოუ ჰაუს“ ფონდთან, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან. არ არსებობს საქართველოში რეგიონი ჩვენი უცხოელი მეგობრების პარტნიორი ქვეყნების დახმარებას რომ გრძნობდეს. ეს არის შეერთებული შტატები, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდის სამეფო, თურქეთი, ევროკავშირი და სხვა მრავალი განვითარებული სახელმწიფო თუ საერთაშორისო ორგანიზაცია.

თავი VI.

მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარება

როგორც ცნობილია, განვითარებულ ქვეყნებში მეცნიერებისათვის ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 2-3 პროცენტია. ეს მაჩვენებელი საორიენტაციო უნდა იყოს საქართველოსათვისაც. ჯერჯერობით ამ მონაცემებისაგან ჩვენ შორს ვართ, მაგრამ უახლოეს წლებში მეცნიერებისათვის დანახარჯები მკვეთრად უნდა გაიზარდოს და კიდევ გაიზრდება.

1999 წელს სახელმწიფო ბიუჯეტით პროგრამულ-მიზნობრივი დაფინანსებისათვის 300 ათასი ლარი გამოიყო. სამწუხაროდ აღნიშნული თანხების მიღება საბიუჯეტო კრიზისის გამო სერიოზული შეფერხებებით მიმდინარეობდა. მიუხედავად ამისა, გრძელდება მუშაობა ისეთი მნიშვნელოვანი სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრამების შესრულებისათვის, როგორიც არის „ენერგეტიკა“, „მანგანუმი“, „სოფლის მეურნეობის ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტის წარმოება“, საბაზრო ეკონომიკის პირობებში სამცხე-ჯავახეთის აღორძინება-განვითარება“, „შაქარი“, „მეცხვარეობა“, „მთიანი აჭარა“, „შავი ზღვა“, „ახალი სადიაგნოსტიკო საშუალებების, პროფილაქტიკისა და მკურნალობის მეთოდების დამუშავება და დანერგვა“, „ელექტრონიკა და ელექტრონული ხელსაწყოები“, „ბაზალტი“ და სხვა.

1999 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მეცნიერებათა აკადემიისათვის გრანტის სახით გამოიყო 2 მილიონი ლარი. მუშავდება 453 პროექტი, დასაქმებულია 2200-მდე თანამშრომელი. ფუნდამენტური კვლევის პროგრამით აკადემიის სისტემის სამეცნიერო დაწესებულებები ამუშავებდნენ 850 თემას, რომლებიც ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა.

საქართველოს პრეზიდენტის ხელმძღვანელობით მუშაობდა კომისია, რომელმაც დაამუშავა კანონი „საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შესახებ“. კანონი პარლამენტმა მიიღო 1999 წლის ივნისში. ამჟამად მუშავდება „მეცნიერთა სოციალური დაცვის შესახებ“ კანონპროექტი, რომელსაც უახლოეს მომავალში პარლამენტს წარუდგენენ განსახილველად.

გორისა და თელავის ინსტიტუტებს მიენიჭათ უნივერსიტეტის სტატუსი, რაც უდავოდ დიდი მოვლენაა ამ რეგიონების და საერთოდ, საქართველოს ცხოვრებაში. როგორც იცით, ყველაზე ნიჭიერი სტუდენტებისათვის, მეცნიერ-მუშაკთათვის, შემოქმედი და მოსწავლე ახალგაზრდებისათვის დაწესებულია საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდიები და გრანტები, რომლებიც დაარსების დღიდან 200-ზე მეტმა ახალგაზრდამ მიიღო. ვამაყობ, რომ ისინი საქართველოს მეცნიერებისა და კულტურის, ჩვენი სულიერების ხვალინდელი დღის საუკეთესო წარმომადგენლები არიან. აქ გვესწრება ზოგი მათგანი - გიორგი მახარაშვილი, ნიკა მემანიშვილი, ლევან ლაბაური, ლაშა ბუღაძე და სხვები. ისინი მათი თაობა საქართველოს ხვალინდელი დღეა.

ბოლო წლებში საქართველოს მეცნიერები ფართოდ არიან წარმოდგენილი მთელ რიგ საერთაშორისო პროგრამებსა და ფონდებში.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ქართველ მკვლევართა მუშაობა ევროკომისიის მიერ გამოცხადებულ ეგრეთ წოდებულ მე-4 ყოვლისმომცველ პროგრამაში (1999 წელს გამოცხადდა მე-5 ყოვლისმომცველი პროგრამა).

1995 წლიდან მე-4 ყოვლისმომცველი პროგრამის ფარგლებში მოქმედებს დამოუკიდებელი ასოციაცია. საქართველო აქტიურად მონაწილეობს გამოცხადებულ კონკურსებში. 1994-1997 წლების კონკურსებში გაიმარჯვა ქართველ მეცნიერთა მონაწილეობით შექმნილმა 70-ზე მეტმა ერთობლივმა პროექტმა. თითოეული პროექტისათვის ბიუჯეტით დაშვებული თანხა შეადგენდა 30000-150000 ევროს.

განსაკუთრებით საყურადღებოა ურთიერთობა საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრთან, რომლის დამფუძნებლები არიან შეერთებული შტატები, ევროკავშირი, იაპონია და რუსეთი. ცენტრი ძირითადად აფინანსებს კონვერსიასთან დაკავშირებულ პროექტებს. დღემდე დაფინანსებულია 25 ერთობლივი პროექტი.

1998 წლის ნოემბრიდან მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტთან ფუნქციონირება დაიწყო ნატოს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და გარემოს დაცვის ეროვნულმა ბიურომ „მეცნიერება მშვიდობისათვის“ სამეცნიერო პროგრამაში წარდგენილი იყო ასამდე პროექტი. ფინანსური მხარდაჭერა პოვა ორმა პროექტმა

(1. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ხანგრძლივობა 5 წელი, ღირებულება 200000 დოლარი;

2. თბილისის სტაბილური იზოტოპების ინსტიტუტი ხანგრძლივობა 3 წელი, ღირებულება 175000 დოლარი).

გრძელდებოდა საერთაშორისო სამეცნიერო კონტაქტები ადრე დაბადებული ხელშეკრულების ფარგლებში. კერძოდ, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიამ ლონდონის სამეფო საზოგადოებასა და ბრიტანეთის აკადემიასთან განახორციელა სამეცნიერო გაცვლა დადებული ხელშეკრულების ფარგლებში. გააქტიურდა თანამშრომლობა ავსტრიის მეცნიერებათა აკადემიასთან.

პ. გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის ოკლაჰომის უნივერსიტეტთან (შეერთებული შტატები), საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და მსოფლიოს ბანკთან თანამშრომლობისას მუშაობდა საქართველოში საბაზრო მექანიზმების დამკვიდრებისა და ეროვნული ვალუტის მდგრადობის საკითხებზე.

ქართული მეცნიერება დღეს მონაწილეობს კოსმოსურ კვლევასა და კოსმოსის ათვისებაში. საკმარისია ვახსენოთ ცნობილი მეცნიერისა და და საზოგადო მოღვაწის ელგუჯა მეძმარიაშვილისა და მისი სამეცნიერო კოლექტივის დღეს უკვე მსოფლიოში აღიარებული მიღწევები, მათ მიერ შექმნილი კოსმოსური ანტენა - რეფლექტორი.

ბედნიერად ვთვლი თავს, რომ ამ საკონსტრუქტორო ბიუროს, სამეცნიერო ცენტრის საქმიანობას მისი დაარსების დღიდან ვუდგავარ მხარში. ეს ცენტრი დღეს უკვე მსოფლიო მნიშვნელობის ცენტრია და მას ყურადღება არ უნდა მოაკლდეს.

ქართული მეცნიერება აღმავლობის, აღორძინების გზაზეა. იგი დიდ საერთაშორისო ასპარეზზე გადის და მის განვითარებას ყოველმხრივ უნდა შევუწყოთ ხელი საბაზრო ეკონომიკის და რეფორმების რთულ პირობებში. მეცნიერებას გაცილებით მეტი დახმარება სჭირდება ყველაფერი ეს ჩვენს პოლიტიკაში და განსაკუთრებით ბიუჯეტში უნდა აისახოს.

კულტურა. განათლება

კულტურის სფეროს სამართლებრივი ბაზის შესაქმნელად უაღრესად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა „კულტურის შესახებ“ კანონის მიღებას. საქართველოს პარლამენტის სხდომაზე გადატანილი და მიღებულია კანონები „თეატრების შესახებ“ და „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ''.

საქართველოს პრეზიდენტის ნებართვით „საქართველოს მუზეუმებისა“ და „კულტურულ ფასეულობათა საზღვარგარეთ გატანისა და შემოტანის შესახებ“ კანონპროექტები ევროსაბჭოს ექსპერტიზას გაივლის.

საბოლოოდ დამუშავდა კანონპროექტი „სახელოვნებო განათლების შესახებ“.

საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 23 დეკემბრის №683 ბრძანებულებით ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრს ქართული ხელოვნების წინაშე დიდი დამსახურებისათვის აკადემიური თეატრის სტატუსი მიენიჭა.

შემუშავდა და მთავრობის სხდომაზე განსახილველად იქნა წარდგენილი პრეზიდენტის განკარგულების პროექტი „საქართველოში საბალეტო ხელოვნების შემდგომი განვითარების ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“.

კულტურის მინისტრი აქტიურად ჩაება სხვადასხვა სახით საერთაშორისო ღონისძიებებში, რომლებიც ქრისტიანობის 2000 წლის აღსანიშნავად იგეგმება მსოფლიოში.

შემუშავდა და მუზეუმებს დაეგზავნა „დებულება მემორიალური მუზეუმების შესახებ“ და მუზეუმის ტიპიური დებულება“. გადამუშავდა მუზეუმების ფასიანი მომსახურების პრეისკურანტი.

1996 წლიდან დაიწყო მუშაობა მასობრივი საბიბლიოთეკო ქსელის ორგანიზაციაზე, რომელიც ითვალისწინებს წიგნის ფონდების დამუშავებას. აღწერა-გადაფასებას, ინვენტარიზაციას და კატალოგების მოწესრიგებას.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებითა და კულტურის მინისტრის ბრძანების საფუძველზე 1999 წლის აპრილში დაიწყო ხალხური შემოქმედების ოლიმპიადა დასკვნითი ტური გაიმართება 2000 წლის აპრილში. სამომავლოდ კვლავ გადაუდებელ ამოცანას წარმოადგენს კულტურის მოღვაწეთა სოციალური პირობების გაუმჯობესება. არ დაგიმალავთ, თვალს ვერ ვუსწორებ კულტურის და ხელოვნების, ლიტერატურის სფეროს მოღვაწეებს, რომელთაც რამდენიმე თვეა ხელფასიც არ მიუღიათ, მიუხედავად, ამისა, ჩვენი ხალხის ხელოვნება აღმავლობის გზაზეა. ქართული კულტურა გადარჩენილია და მომავალში სწორედ ეს იქნება ეროვნული სახელმწიფოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიამაყე. კულტურის სამინისტრომ, შემოქმედებითმა კავშირებმა, ყველა გაერთიანებამ მეტი თანადგომა უნდა იგრძნონ ხელისუფლებისაგან, რათა ერთობლივი ძალისხმევით მივაღწიოთ, რომ აღორძინდეს ქართული კულტურა, ლიტერატურა და ხელოვნება, მათი მიღწევები მსოფლიო ასპარეზზე ღირსეულად გავიდეს.

1997 წელს მიღებულია განათლების სამინისტროს მიერ მომზადებული „საქართველოს კანონი განათლების შესახებ“, 1998 წელს - კანონი „დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ“, რომლებმაც სისტემაში მყარი საკანონმდებლო ბაზა შექმნეს. აუცილებელი გახდა მოქმედი სასწავლო გეგმებისა და პროგრამების ძირეული შეცვლა ან სრულიად ახლის შექმნა საშუალო და საშუალო სპეციალური სასწავლებლისათვის.

ცვლილებები განიცადა პროფესიულ-ტექნიკური განათლების სისტემის სასწავლო გეგმებმაც. განახლდა 200-მდე პროფესიაში მოქმედი სასწავლო გეგმა.

მთელ რიგ პროფესიულ სასწავლებლებში შემოღებულია ახალი სპეციალობები - კომერსანტი, ფერმერი, მდივან-რეფერენტი. ისწავლება ახალი საგნები: საბაზრო ეკონომიკის საფუძვლები, მენეჯმენტის საფუძვლები, მარკეტინგის საფუძვლები. უმაღლეს სკოლაში მიმდინარე რეფორმის კვალობაზე, შემუშავდა საუნივერსიტეტო განათლების სტანდარტები მათ შორის, მსოფლიო საუნივერსიტეტო პრაქტიკაში დამკვიდრებული აუცილებელი საუნივერსიტეტო კურსების სავალდებულო წაკითხვა და სხვა. სახელმწიფო უნივერსიტეტებში პრაქტიკულად ხორციელდება ეს კონცეფცია.

ცალკეული უმაღლესი სასწავლებლები გადავიდნენ ორსაფეხურიან სწავლებაზე - შეიქმნა ბაკალავრიატი და მაგისტრატურა. აქტიურად მოღვაწეობს რექტორთა საბჭო.

ადრე მითქვამს და ახლაც ვიმეორებ: მკვეთრად გაუმჯობესდა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებისათვის სახელმძღვანელოების შექმნისა და გამოცემის საქმე.

შედარებისათვის თუ 1992-93 სასწავლო წლისათვის გამომცემლობა „განათლებამ“ დასტამბა მხოლოდ 13 სახელმძღვანელო, 1993-94 წლისათვის - 17, 1998-99 სასწავლო წლისათვის გამოიცა 160 დასახელების სახელმძღვანელო. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ მათგან 42 საფუძვლიანადაა გადამუშავებული, ხოლო 22 - სრულიად ახალია. დაბეჭდილ სახელმძღვანელოთა ყველა დასახელება და ტირაჟიც სრულიად ითვალისწინებს ბაზრის მოთხოვნილებას, სახელმძღვანელოთა დეფიციტი აღმოფხვრილია. განათლების შინაარსის ცვლილებას პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლების, ახალი შინაარსისათვის მათი მომზადების აუცილებლობა მოჰყვა. ეს იყო ერთ-ერთი მთავარი მიზანი პედაგოგთა ატესტაციისა, რომელიც ახლებური მოდელით პირველად 1997-1999 წლებში ჩატარდა. ატესტაციამ მოახდინა პედაგოგთა რანგირება კატეგორიების მიხედვით. კატეგორიებს შორის ხელფასში სხვაობა საკმაოდ საგრძნობია. განათლების სამინისტრო დიდ სამუშაოებს ასრულებს სახელმწიფო ენის კონსტიტუციური სტატუსის დასაცავად. მთავრობის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა უზრუნველყოს განათლების რეფორმის საერთაშორისო მხარდაჭერა. განათლების სფეროში ურთიერთთანამშრომლობის შესახებ სამთავრობო და საუწყებათშორისო შეთანხმებები გაფორმდა გერმანიის ფედაციულ რესპუბლიკასთან, უზბეკეთის, ყირგიზეთის, ყაზახეთისა და თურქმენეთის რესპუბლიკებთან, ირლანდიასთან, ესპანეთთან, ბულგარეთთან, რუსეთის ფედერაციასთან და სხვა სახელმწიფოებთან.

საგრძნობლად გააქტიურდა თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

ევროპის საბჭო ერთი ყველაზე აქტიური პარტნიორთაგანია საქართველოს განათლების სისტემის ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში რაციონალური ინტეგრაციის მეტად რთულ საქმეში.

მიმდინარეობს მუშაობა მსოფლიო ბანკთან, მისი ზოგიერთი რეკომენდაცია, აგრეთვე, გათვალისწინებულია რეფორმის მსვლელობის პროცესში. წარმოებს მოლაპარაკება იმის შესახებ, რომ რეფორმის ზოგიერთი მიმართულება მსოფლიო ბანკმა დააფინანსოს. მის მიერ გამოყოფილი დახმარება დაახლოებით 70 მილიონ დოლარს მიაღწევს და 2000 წლიდან გამოყენებული იქნება განათლების სექტორალური დაფინანსებისათვის. საქართველოს განათლების სამინისტრო ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან, აფხაზეთის განათლების სამინისტროსთან, ცხინვალის რეგიონის განათლების სამინისტროსთან, ცხინვალის რეგიონის განათლების დარგის კოორდინატორთან თანამშრომლობის საფუძველზე, მწირი ეკონომიკური შესაძლებლობების პირობებში, ცდილობს ლტოლვილ პედაგოგთა დასაქმებისა და მოსწავლეთა საკითხების მოგვარებას. ყოველ წლიურად საქართველოს პრეზიდენტი გამოყოფს საჭირო თანხას, რათა ლტოლვილ მასწავლებლებს უფასოდ დაურიგდეთ სახელმძღვანელოები, ასევე მე-10-მე-11 კლასებში ლტოლვილი მოსწავლეების სწავლის საფასურს სახელმწიფო იხდის.

სამწუხაროდ, 1999 წლისათვის განათლების სამინისტროს სისტემაზე ცენტრალური ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების დაფინანსების თითქმის არც ერთი მუხლი არ შესრულებულა. ასეთი რამ დაუშვებელია და არ უნდა განმეორდეს.

ქართულენოვანი სკოლების პარალელურად ყურადღება არ აკლიათ აზერბაიჯანულ, სომხურ, რუსულ და სხვა სკოლებს, ამავე დროს სახელმწიფო აფინანსებს არაქართულ სკოლებში სახელმწიფო ენის შესწავლის პროგრამებს, რასაც ბავშვებიც და მათი მშობლებიც მიიჩნევენ ზრუნვად, რომელსაც მათ მიმართ ქვეყანა და ხალხი იჩენს. ზედმეტი არ იქნებოდა შეგვეხსენებინა ზოგიერთისთვის, რომ საქართველოში ფუნქციონირებს 135 სომხური, 150 აზერბაიჯანული, 71 რუსული და სხვა სკოლები. არ ვიცი, არის კი სხვაგან რომელიმე სახელმწიფო ასეთი მონაცემებით?

დაფარული არ არის სოროსის საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამის (VშშEP) თანადაფინანსებით გათვალისწინებული 430 ათასი ლარი. რის გამოც შეიძლება შეწყდეს სოროსის სხვა პროგრამების დაფინანსება.

სპორტი.

ყველა განვიცდით ქართულ სპორტში შექმნილ მდგომარეობას - სპორტის მოყვარულებიც და ასე ვთქვათ გულგრილი მაყურებლებიც. მიმდინარე წელი ზაფხულის ოლიმპიურ ასპარეზობათა წელია. საქართველოს სპორტული და ოლიმპიური ტრადიციების გათვალისწინებით. მასში მონაწილეობა და წარმატებით გამოსვლა არა მარტო სპორტსმენებისა და სპორტის მუშაკების, არამედ სახელმწიფოს, მისი ყველა სტრუქტურის ზრუნვისა და ყურადღების საგანი, უფრო სწორად, მოვალეობა უნდა იყოს.

ამ ცოტა ხნის წინათ, სწორედ პარლამენტის შენობაში საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელების, პარლამენტართა აქტიური მონაწილეობით გაიმართა ამ საკითხზე მეტად საინტერესო და კონკრეტული საუბარი. მიუხედავად ყველაფრისა, უნდა გამოიძებნოს თანხა, რომელიც ოლიმპიური ასპარეზობისათვის სპორტსმენების მზადებასა და ამ ასპარეზობაში მათ მონაწილეობას სჭირდება, ეს ჩვენი ქვეყნის ღირსების საქმეა. მეტი დახმარება სჭირდება ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტს. ახალგაზრდობა ჩვენი ხვალინდელი დღეა. ახალგაზრდობისაა ოცდამეერთე საუკუნე.

ერთი მხრივ, სპორტს სჭირდება ბიუჯეტიდან უკეთ დაფინანსება, მეორე მხრივ სპორტს თვითონ უნდა შემოჰქონდეს ბიუჯეტში შემოსავალი. მე ვთხოვ შინაგან საქმეთა მინისტრს, მოგვაწოდოს მასალები იმის შესახებ, რაც „დინამოს“ სტადიონთან დაკავშირებით ხდებოდა. როგორც მეუბნებიან, იმის ნაცვლად, რომ შემოსავალი ფეხბურთის განვითარებას ხმარდებოდეს, ბევრი თანხა არადანიშნულებისამებრ იხარჯება. ყველაფერში უნდა გავერკვეთ და ამგვარ მოვლენას ბოლო მოვუღოთ.

უკეთ უნდა დავაყენოთ სპორტული ლატარიის და სხვა საპრიზო ასპარეზობათა ორგანიზება. დღეს ამას გეუბნებით, ხვალ კი უკვე მოგთხოვთ, რადგან ეს პირველად არ ითქვა. ასეთია საშინაო პოლიტიკის ის პრობლემები, რომლებზეც მსურდა პარლამენტისა და ხალხის ყურადღების მიპყრობა. ახლა მოგახსენებთ საგარეო ეკონომიკურ და საგარეო პოლიტიკურ პრობლემებზე.

თავი VII.

საგარეო ეკონომიკური ურთიერთობა

საქართველოს ეკონომიკაში მომხდარი დადებითი ძვრების მიუხედავად. კვლავ მნიშვნელოვნად დიდია საგარეო ვაჭრობის უარყოფითი სალდო. თუმცა 1999 წელს იგი საგრძნობლად შემცირდა. 1999 წელს ქვეყნის საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 1998 წლის ანალოგიური მაჩვენებლის 76.3 პროცენტი შეადგინა. ამ პერიოდში ექსპორტი 22,2 პროცენტით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 33,5 პროცენტით შემცირდა. ჩვენ ამ ორი წლის წინათ დავიწყეთ ძალიან სერიოზული საუბარი იმის შესახებ, რომ აუცილებლად გაიზარდოს საექსპორტო პროდუქციის გამოშვება, რომ საექსპორტო პროდუქციის წარმოებას სტიმულს უნდა აძლევდეს სახელმწიფო, და კიდეც მოიხსნა ბევრი გადასახადი, მათ შორის, საბაჟო გადასახადიც. საექსპერტო მონაცემებით, აღურიცხავი საქონელბრუნვის დონე საკმაოდ მაღალია - თითქმის 25-28 პროცენტი.

საქართველოს ეკონომიკაში უკანასკნელ წლებში მომხდარი დადებითი ძვრების შედეგად გაფართოვდა ქვეყნის სავაჭრო ურთიერთობანი. საქართველოს უკვე 110-ზე მეტი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა ჰყავს.

საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებები გაფორმებული აქვს 22 ქვეყანასთან, ხოლო თავისუფალი ვაჭრობის შესახებ - 8 ქვეყანასთან. გარდა მრეწველობისა და სოფლის მეურნეობისა, საქართველოს უდიდესი პოტენციალი აქვს მომსახურების ექსპორტის სფეროში. მისი განვითარებისათვის უკვე ჩამოყალიბებულია ან ჩამოყალიბების პროცესშია დარგობრივი კონცეფციები, რომლებშიც უნდა აისახოს კიდეც საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის უდიდესი პერსპექტივა და საკმაოდ დიდი პოტენციალი მომსახურების ისეთ სფეროებში, როგორიც არის მილსადენების მომსახურება, სატრანსპორტო მომსახურება, ტურიზმი, მარტო ტურიზმმა რამდენიმე წლის შემდეგ შეიძლება წელიწადში მილიარდი ლარის შემოსავალი მოგვცეს და სხვა. ამ სფერომ უდავოდ დიდი როლი უნდა შეასრულოს ქვეყნის ეკონომიკური აღორძინების საქმეში. აღსანიშნავია, რომ გაიზარდა ევროკავშირის ქვეყნების წილი საქართველოს საგარეო ვაჭრობაში, განსაკუთრებით ექსპორტის თვალსაზრისით, რომელიც 1996 წელს მთლიანი ექსპორტის 8,4 პროცენტს შეადგენდა. მისი წილი კი 1999 წლის 9 თვეში 19,7 პროცენტამდე გაიზარდა.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირი ვაჭრობის სფეროში საქართველოს ანიჭებს უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმს. ექსპორტის ხელშეწყობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პირობას საქართველოს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანება წარმოადგენს.

საქართველოს პროდუქცია და მომსახურება მიიღებს უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმს, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრ 135 ქვეყანასთან.

საქართველოში უცხოეთიდან ინვესტიციების მოზიდვას ახორციელებენ უცხოური კაპიტალის მონაწილეობით შექმნილი საწარმოები, რომელთა რიცხვი უკვე 750-მდეა.

1999 წლის 11 თვის მონაცემებით, უცხოელ ინვესტორებს დაბანდებული აქვთ 118 მილიონ ლარი. 1998 წელს კი მილიონი ინვესტიციების მოცულობამ 474 მილიონი ლარი. მათ შორის უცხოურმა - 378 მილიონი ლარი (79,7 პროცენტი) შეადგინა კლების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი ბაქო-სუფსის მილსადენის დამთავრებასთან დაკავშირებული საკითხებია, მაგრამ მას შემდეგ, რაც დაიწყება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და ტრანსკავკასიური გაზსადენის მშენებლობა, ეს ციფრები ასტრონომიულად გაიზრდება.

უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ხელშემწყობ პირობას წარმოადგენს მსოფლიოში წამყვან სადაზღვევო კომპანიებთან თანამშრომლობა.

ამ მიმართულებით მუშაობა უნდა გაძლიერდეს.

უცხოური ინვესტიციების მოზიდვისათვის სამართლებრივი ბაზის შესაქმნელად ინვესტიციების ურთიერთწახალისებისა და დაცვის თაობაზე ხელშეკრულებები საქართველოს დადებული აქვს 22 სახელმწიფოსთან.

უნდა აღინიშნოს, რომ თუ 1996 წლის შუა ხანებისათვის ევრობანკის მიერ საქართველოში დაფინანსებული იყო 22 მილიონი ევროპის საერთო ღირებულების სულ 2 პროექტი (ორივე სახელმწიფო სექტორში), 1999 წლის დამლევს მათი რიცხვი გაიზარდა 12 პროექტამდე, რომელთა ღირებულება 121,9 მლნ. ევროს შეადგენს. ნიშანდობლივია, რომ კერძო სექტორის წილი ევრობანკის მიერ დაფინანსებულ პროექტებში იზრდება და 1999 წელს უკვე 74 პროცენტს მიაღწია.

საქართველოში ახლო მომავალში პოტენციური პროექტების საერთო მოცულობა, რომლებსაც ევრობანკი დაუფინანსებს 85 მილიონი ევროს ტოლია.

„ტასისი“ საქართველოსათვის 1991 წლიდან გამოყოფს გრანტებს საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლისა და დემოკრატიის განმტკიცების პროცესის ხელშეწყობის მიზნით. (ამ მიზნით დღემდე გამოყოფილია 67 მილიონი ეკიუ).

„ტასისმა“ შეასრულა ოთხწლიანი (1996-1999) ინდიკატური პროგრამა, რომელიც ევროკომისიამ დააფინანსა 32 მილიონი ეკიუს ოდენობის გრანტით და რომელიც განხორციელდა საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებული პრიორიტეტული მიმართულებების (ინფრასტრუქტურის განვითარება, კერძო სექტორის განვითარება, სახელმწიფო სექტორის მხარდაჭერა, ადამიანთა რესურსების განვითარება) თანახმად.

ევროკომისია ამჟამად აყალიბებს „ტასისის“ საქმიანობის ახალ წესებს 2000-2006 წლებისათვის.

ნიდერლანდის მთავრობამ 1999 წელს საქართველოსათვის, გრანტის სახით 30 მილიონი გულდენი გამოყო.

ცალკე გამოვყოფდი საქართველოსათვის გერმანიის მთავრობის მიერ გაწეულ დახმარებას, რომლის საერთო მოცულობა 300 მილიონ გერმანულ მარკას შეადგენს. მარტის ბოლოს ველოდებით გერმანიის ფედერალური კანცლერის შროიდერისა და დიდი დელეგაციის სტუმრობას, რაც ახალი ეტაპის მომასწავებელი იქნება ორი ქვეყნის თანამშრომლობაში.

დღემდე ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოსათვის გამოყოფილია 232,0 მილიონი გერმანული მარკა, რომლიდანაც 210,0 მილიონი მარკა წარმოადგენს კრედიტს შეღავათიანი პირობებით, ხოლო 22,0 მილიონი მარკა - გრანტს.

აღნიშნული თანხების ძირითადი ნაწილი განკუთვნილია ენერგეტიკის სექტორის რეაბილიტაციისა და მცირე და საშუალო ნაწარმოების მხარდაჭერისათვის.

რაც შეეხება ტექნიკური თანამშრომლობის სფეროს, აქ 1992 წლიდან დღემდე საქართველოს გერმანიისაგან მიღებული აქვს 44,0 მილიონი გერმანული მარკის ოდენობის უსასყიდლო დახმარება.

თავი VIII

საქართველოს საგარეო პოლიტიკა

1999 წლის განმავლობაში საქართველოს საგარეო პოლიტიკა მიზნად ისახავდა წინა წლებში დასახული პროგრამის განხორციელებას, რაც ხელს უწყობდა ეროვნული სუვერენიტეტის განმტკიცებას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, მსოფლიო ეკონომიკურ და პოლიტიკურ სისტემაში ღირსეულ ინტეგრაციას.

1999 წელი საქართველოს საგარეო პოლიტიკისათვის უმნიშვნელოვანესი წარმატებების წელი იყო. ჩვენი ქვეყნის ადგილმა და როლმა მსოფლიო საერთაშორისო სისტემაში საგრძნობი ცვლილებები განიცადა.

საქართველო, გახდა ევროსაბჭოს წევრი. ეს ევროპის საერთო ოჯახში ჩვენი ქვეყნის გაწევრიანების გზაზე უმნიშვნელოვანესი ეტაპის დასაწყისია. ამით ევროსაბჭომ აღიარა, რომ საქართველოში წარმატებით მიმდინარეობს დემოკრატიული რეფორმები და ადამიანის უფლებათა დაცვა.

ძალაში შევიდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული ხელშეკრულება პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ.

ერთხელ კიდევ ხაზს ვუსვამ: უდიდესი მნიშვნელობის მოვლენა იყო მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში საქართველოს გაწევრიანება.

ეუთოს სტამბულის სამიტზე კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და მეორედ გაესვა ხაზი ლისაბონის სამიტის შემდეგ აფხაზეთში ეთნიკური წმენდის ფაქტს. აქვე იყო შემუშავებული „ევროპის უშიშროების ქარტია“, რომლის ერთ-ერთი ინიციატორი საქართველოც გახლდათ.

გაღრმავდა და განვითარდა ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან კავშირურთიერთობა და თანამშრომლობა.

1999 წელი ნატოს „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობის მნიშვნელოვანი განვითარებით აღინიშნა.

შარშან საქართველო შეუერთდა აღნიშნული პროგრამის „დაგეგმვისა და ანალიზის პროცესს“, რამაც გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულოს, რათა მივაღწიოთ საბოლოო მიზანს - მივესადაგებოდეთ მოწინავე ქვეყნების შეიარაღებულ ძალებს.

სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებს შორის, ამ პროგრამის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურად მონაწილედ აღიარეს. განსაკუთრებით უნდა აღვნიშნოთ ნატოს ძალების შემადგენლობაში საქართველოს სამხედრო ძალების ოცეულის მონაწილეობა კოსოვოს სამშვიდობო ოპერაციაში.

საქართველო ჩრდილოატლანტიკური ასამბლეის ასოცირებული წევრი გახდა. ეს ევროპულ სტრუქტურებში სრული ინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია.

ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭოში, რომლის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორიც საქართველო იყო, 1999 წელს ჩვენი ქვეყნის უშუალო აქტიურობის შედეგად შეიქმნა კავკასიის სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რაც აღნიშნულ სტრუქტურებში კავკასიის პრობლემატიკის მუდმივი განხილვის საგნად გადაქცევას ნიშნავს.

მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საქართველოს სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის განმტკიცების თვალსაზრისით.

რუსეთ-საქართველოს შეთანხმების საფუძველზე 2000 წლის ივლისისათვის გუდაუთისა და ვაზიანის სამხედრო ბაზებს უცხო ქვეყნის ჯარი საბოლოოდ დატოვებს. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე რუსეთმა იკისრა ვალდებულება გაიტანოს საქართველოში არსებული ყველა მისი სამხედრო ბაზა. ეს არის ისტორიული წარმატება, რომელიც საშუალებას გვაძლევს ჩვენი ძალებით უზრუნველვყოთ ქვეყნის დაცვა. ამ მოვლენამ არა და არ უნდა გამოიწვიოს რაიმე გაუგებრობა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში. სამხედრო ძალაზე დამყარებული მეგობრობა არასოდეს არ ყოფილა მტკიცე და ხანგრძლივი, მშვიდობიან პერიოდში უცხო ჯარების დისლოცირება ყოველთვის ბადებს ეჭვიანობისა და უნდობლობის საფუძველს. ამასთან არ შეიძლება ანგარიში არ გაეწიოს რუსეთის სამშვიდობო ძალების მიერ განხორციელებულ მისიას, განსაკუთრებით ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში.

დარწმუნებული ვარ, რუსეთის სამხედრო ძალების გაყვანა მოხდება ეტაპობრივად, უმტკივნეულოდ, რის შედეგადაც ორივე სახელმწიფო უფრო წარმატებით განახორციელებს ურთიერთნდობაზე, თანასწორობასა და პატივისცემაზე გაანგარიშებული ურთიერთობის მშენებლობას. ჩვენ ყველა ნაკისრი ვალდებულების ერთგული ვართ, ჩვენ პირველებმა მოვახდინეთ ორ ქვეყანას შორის დიდი ხელშეკრულების რატიფიცირება. მჯერა, რომ სახელმწიფო სათათბიროს ახალი შემადგენლობა იგივეს გააკეთებს. მჯერა, რომ ცალკეული დაბრკოლების მიუხედავად, ჩვენი ხალხებისა და სახელმწიფოების ურთიერთობას კარგი მომავალი აქვს და ეს ასეც იქნება.

გადაიდგა არსებითი ნაბიჯები „დიდი აბრეშუმის გზის“ აღორძინების გზაზე.

ახალ დონეზე ავიდა თანამშრომლობა ისეთი პროექტების ფარგლებში, როგორიცაა „ტრასეკა“ და „ინოგეიტი“ - ეს ორი პროექტი თითქმის მთელ ევროპას მოიცავს.

ბაქო-სუფსის ნავთობსადენის ამოქმედებითა და ფოთის, ბათუმის სარკინიგზო-საბორნე მაგისტრალის საექსპლოატაციოდ გადაცემით, შეიძლება ითქვას, „დიდი აბრეშუმის გზის“ აღორძინების ახალი ეტაპი დაიწყო. აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების შემთხვევაში, საუკუნის ამ განხორციელებაში ჩაებმება რუსეთიც თავისი გიგანტური პოტენციალით. მხედველობაში მაქვს აფხაზეთზე გამავალი სარკინიგზო და საავტომობილო მაგისტრალები, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ კონფლიქტის მოწესრიგების შემდეგ გასულ წელს სტამბოლში ხელი მოვაწერეთ უმნიშვნელოვანეს შეთანხმებებს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და ტრანსკავკასიური გაზსადენის შესახებ, რითაც დამთავრდა სამართლებრივი ბაზის შექმნა მათი მშენებლობისა და საექსპლოატაციოდ გადაცემასთან დაკავშირებით. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა კლინტონმა მაღალი შეფასება მისცა ამ ისტორიულ მოვლენას, კიდევ ერთხელ ვადასტურებ - საქართველო ამ პროექტის განხორციელებაში თავის ყველა ვალდებულებას აუცილებლად შეასრულებს.

ყოველივე ეს თვალნათლივ მოწმობს, რომ საქართველომ დაიკანონა გლობალური მნიშვნელობის სატრანზიტო ფუნქცია.

საქართველომ განიმტკიცა დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ერთგვარი ლიდერის რეპუტაცია.

საქართველოს მაღალი შეფასება ამ თვალსაზრისით დაფიქსირებულია საერთაშორისო ორგანიზაციათა მიერ მიღებულ მრავალ დოკუმენტსა და უცხოეთის წამყვანი სახელმწიფოების ოფიციალურ პოზიციებში.

და თუ სადმე რაიმე ჩრდილი გვაქვს ამ თვალსაზრისით, ყველა უნდა დავრაზმოთ, რათა იგი დროულად აღმოვფხვრათ, სადაც უნდა იყოს, რომელ კუთხეშიც უნდა ხდებოდეს ეს ამ საქმეში ყველა ერთიანი უნდა ვიყოთ - სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციები. საზოგადოებრივი ორგანიზაციები თუ რიგითი მოქალაქეები, რომლებიც დაინტერესებული არიან ადამიანის უფლებათა დაცვით.

როცა ადამიანის უფლებებზე ვლაპარაკობთ, მხედველობაში მაქვს პენიტენციალური სისტემაც, ვფიქრობ, იუსტიციის სამინისტრო შეძლებს ისეთი პირობების შექმნას, რომ ყველა თავისუფლებააღკვეთილი პირი სასჯელს არ იხდიდეს იქ, სადაც კანონი ითვალისწინებს. დაუშვებელია საგამოძიებო იზოლატორში ასობით ადამიანი იხდიდეს სასჯელს, ისევე როგორც დაუშვებელია პიროვნების შეწყალების შესახებ პრეზიდენტის ბრძანებულების შეუსრულებლობა. საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულმა პროცესებმა საერთო სტაბილურობამ მნიშვნელოვანწილად განაპირობა ის საყურადღებო ფაქტი, რომ ჩვენი ქვეყანა და მასთან ერთად მთელი კავკასიის რეგიონი მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური ძალების სტრატეგიული ინტერესების არეალად გადაიქცა.

ჩვენი ქვეყანა და საერთოდ მთელი კავკასიის რეგიონი თავის გეოსტრატეგიული ინტერესების არეალად გამოაცხადა არა მარტო რუსეთმა, არამედ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობამ. ცენტრალური აზიის სახელმწიფოებმა, ევროპამ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და იაპონიამ, თანდათან იზრდება ჩინეთის დაინტერესებაც. ყოველივე ეს კი ოფიციალურად აისახა უმნიშვნელოვანეს საგარეო-პოლიტიკურ მოვლენებსა და დოკუმენტებში.

სხვადასხვა ქვეყნების გეოსტრატეგიულ არეალად გამოცხადება საქართველოს, მთელ კავკასიას აძლევს უნიკალურ შანსს, საჭირო და სასარგებლო გახდეს ყველა ქვეყნისა და კონტინენტისათვის. არ არსებობს საფუძველი ანტაგონიზმისა და ინტერესების შეჯახებისათვის. ცივი ომის დამთავრების შემდეგ მსოფლიომ შეიძინა სტრატეგიულ ინტერესთა ჰარმონიული შერწყმის, წინააღმდეგობათა ცივილიზებული გზით დაძლევის უნიკალური გამოცდილება. კავკასიას შეუძლია კიდევ ერთი მიმზიდველი მაგალითი გახდეს თანამშრომლობისა და ურთიერთგაგებისათვის, რის უთუო საფუძველიც ჩვენი ქვეყნების სტაბილურობა და კონფლიქტების დაძლევა გახლავთ.

ევროსაბჭოში საქართველოს გაწევრიანება ნიშნავს, რომ ევროპა საქართველოს მიიჩნევს მის შემადგენელ ნაწილად. ამავე კონტექსტით უნდა განვიხილოთ საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული მრავალმხრივი ხელშეკრულება პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ.

უკვე ითქვა, რომ 1999 წელს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა შეიმუშავა კანონპროექტი, ეგრეთ წოდებული „აბრეშუმის გზის სტრატეგიის აქტი“, რომელიც აკანონებს ამერიკის შეერთებული შტატების, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების გეოსტრატეგიულ ხედვას. საგრძნობი გახდა ჩინეთისა და იაპონიის დაინტერესებაც. რომელთანაც ურთიერთობა თანდათან პერსპექტიული და საინტერესო ხდება. განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტს იაპონიაში, რომლის შედეგადაც იაპონიის დაინტერესება „დიდი აბრეშუმის გზის“ მიმართ გაიზარდა და შემუშავებულია სპეციალური სამთავრობო პროგრამა.

საქართველო უცხოური დახმარების რეციპიენტი ქვეყნიდან ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის სანდო პარტნიორად იქცა.

ჩვენი ქვეყნის ურთიერთობანი სხვა სახელმწიფოებთან უკვე აღარ წარმოადგენს დონორ რეციპიენტს შორის არსებულ დამოკიდებულებას. დღეს საქართველო თავადაც მონაწილეობს სუბრეგიონალურ პროექტებში როგორც მხარე, რომელსაც გარკვეული ვალდებულებანი ეკისრება.

ერთხელ მინდა კიდევ გავუსვა ხაზი, ამჯერად საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით, სერიოზული მუშაობა გავწიეთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და განმტკიცებისათვის.

გაეროში საქართველოს „მეგობარ სახელმწიფოებს“ უერთდება უკრაინა, ასეთივე სურვილი გამოთქვეს თურქეთმა და აზერბაიჯანმა.

დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ აფხაზეთის კონფლიქტის გადაწყვეტა მხოლოდ რომელიმე ერთი სახელმწიფოს ნებაზე არ არის დამოკიდებული, რაც ჩვენი საგარეო პოლიტიკისათვის უახლოეს მომავალში ახალ პერსპექტივებს ასახავს. თუმცა ამ ფრაზაში არ უნად ვიგულისხმოთ რუსეთის შეუფასებლობა, რომელსაც კვლავაც ძალუძს დადებითი და მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ამ ისტორიულ პროცესში.

ქართულ-ოსურ ურთიერთობასთან დაკავშირებით სავსებით დამაჯერებლად შეიძლება ითქვას, რომ ეს კონფლიქტი 1999 წლისათვის უკვე პოსტკონფლიქტურ ფაზაში შევიდა.

ამის საფუძველს, უწინარეს ყოვლისა გვაძლევს ის ფაქტი, რომ კონფლიქტის მოწესრიგების უმნიშვნელოვანესმა ფაქტორმა - სახალხო დიპლომატიამ - საგრძნობ წარმატებას მიაღწია. ცნობილია, რომ მსგავსი ეთნოკონფლიქტების საბოლოო მოგვარება შეუძლებელია, თუ არ იქნება თვით მოსახლეობის კეთილი ნება.

დღეს უკვე საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ცხინვალის რეგიონში ქართველ და ოს მოსახლეობას შორის თანამშრომლობისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების პროცესი დაიწყო. იგივე პროცესი დაიწყება აფხაზეთში. ამ პროცესში აქტიურად მონაწილეობს ეუთოს მისია. სწორედ აქ მინდა შევეხო რუსეთის სამშვიდობო ძალების დადებით როლს და ჩრდილოეთ ოსეთ-ალანიის ხელმძღვანელობის, ალანიის პრეზიდენტის ალექსანდრე ძასოხოვის ძალისხმევას. დიდი მნიშვნელობა მიენიჭა რეგიონალური თანამშრომლობის გაღრმავებასა და გაფართოებას, სადაც საქართველოს საგარეო პოლიტიკამ საგრძნობ შედეგებს მიაღწია. ახალ ეტაპზე ავიდა საქართველოს თანამშრომლობა ჩვენი რეგიონის ქვეყნებთან. საქართველომ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის სრულფასოვან რეგიონალურ ეკონომიკურ ორგანიზაციად ტრანსფორმირებაში. სომხეთსა და აზერბაიჯანთან შექმნილია ფაქტობრივად ყოვლისმომცვლელი სამართლებრივი სახელშეკრულებო ბაზა. ჩვენს მეზობლებთან ურთიერთობა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. სამხრეთ კავკასიის განსაკუთრებული გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველოს ურთიერთობა ზემოთ მოხსენებულ ქვეყნებთან სცილდება ორმხრივი ურთიერთობის ფარგლებს - „დიდი აბრეშუმის გზის“ იდეის პრაქტიკული განხორციელების დაწყებამ გამოიწვია რეგიონის ქვეყნების თანამშრომლობის გაღრმავება ტრანსრეგიონალური პროექტების ფარგლებში. ენერგოგადამცემი ხაზების, გაზსადენების, სატრანსპორტო მაგისტრალებისა და ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების სისტემების განვითრება ტრანსეკას პროექტის ფარგლებში, რომელსაც ევროკავშირი აფინანსებს, ორივე მეზობელ ქვეყანასთან ურთიერთობას პრიორიტეტულ მნიშვნელობას ანიჭებს. აღნიშნული კონტექსტით უნდა განვიხილოთ სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების ამ ბოლო დროს გახშირებული დიალოგი, ეუთოს სტამბოლის სამიტზე წამოყენებული სამშვიდობო წინადადებანი, რასაც მიესალმება საქართველო.

მნიშვნელოვან საგარეო-პოლიტიკურ მოვლენად იქცა სუამის (საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი, მოლდოვა), როგორც რეგიონალური თანამშრომლობის ჯგუფის შექმნა, რაც საქართველოსათვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ ამოცანას წარმოადგენდა. გასულ წელს ვაშინგტონის სამიტზე ამ ჯგუფს უზბეკეთიც შეუერთდა. ამ შეხვედრაზე ხუთი სახელმწიფოს მეთაურებმა ხელი მოაწერეს ვაშინგტონის დეკლარაციას, რომელშიც განისაზღვრება ჯგუფის წევრ სახელმწიფოთა შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების ძირითადი მიმართულებები. 1999 წელს საბოლოოდ გამოიკვეთა, რომ საქართველოს საერთაშორისო მოვლენების პასიური დამკვირვებლიდან მის აქტიურ მონაწილედ გადაიქცა, რის მაგალითადაც ჩვენი ქვეყნის მიერ წამოყენებული არაერთი საერთაშორისო ინიციატივა გამოდგება.

კოსოვოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა წარმოადგინა კონფლიქტის მოწესრიგების ხუთპუნქტიანი გეგმა. იგი დაემთხვა იმ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების კურსის მთავარ იდეებს, სტრატეგიას და ტაქტიკას, მოქმედების გეგმას, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობამ შეიმუშავა. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ბოლო დროს გაბატონებულია განვითარებადი ქვეყნებისათვის უცხოური დახმარებების შეზღუდვის ტენდენცია, ხშირ შემთხვევაში საქართველოსადმი დახმარება იზრდებოდა კიდეც. მაგალითისათვის კმარა ის ფაქტი, რომ საქართველოსათვის შეერთებული შტატების მიერ გაწეული დახმარება წინა წელთან შედარებით 10 მილიონი დოლარით გაიზარდა 110 მილიონს მიაღწია. საერთოდ უპრეცედენტოა ის მუდმივი დახმარება და მზრუნველობა, რასაც ეს ქვეყანა საქართველოს დემოკრატიული განვითარების მიმართ იჩენს. სამწუხაროდ 1999 წელი საქართველოს საგარეო პოლიტიკისთვის სერიოზული პრობლემების წელიც იყო.

პირველ ყოვლისა, აქ ჩეჩნეთში მიმდინარე მოვლენები იგულისხმება. საქართველო მუდამ მხარს უჭერდა ტერორიზმთან ბრძოლას და საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპების შესაბამისად აღიარებს რუსეთის ტერიტორიულ მთლიანობასა და საშინაო საქმეებში ჩაურევლობას. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რა შედეგი მოუტანა ამგვარი პრინციპების დარღვევამ საქართველოს აფხაზეთში მიმდინარე კონფლიქტისას. მიუხედავად ამისა, საქართველომ გაითვალისწინა ის ზარალი და ჰუმანიტარული კატასტროფა, რომელიც ჩეჩნეთის მშვიდობიანმა მოსახლეობამ იწვნია ამ კონფლიქტის შედეგად და თავშესაფარი მისცა 7000-მდე ჩეჩენ ლტოლვილს.

შემუშავებულია ჩვენი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტული მიმართულებები 2000 წლისათვის, უწინარეს ყოვლისა, ევროპული ინტეგრაციის კიდევ უფრო გაღრმავება.

ევროსაბჭოში გაწევრიანების შემდეგ აუცილებელია, რომ საქართველომ რაც შეიძლება სრულად გამოიყენოს მის ხელთ არსებული ახალი საშუალებები ამ ორგანიზაციის ფარგლებში, რათა მისი მეშვეობით გააღრმაოს თანამშრომლობა სხვა ევროპულ თუ საერთაშორისო სტრუქტურებთან. ევროკავშირთან დადებული 1999 წელს რატიფიცირებული ხელშეკრულება „პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ“ ახალ ამოუწურავ პერსპექტივებს ქმნის ამ ორგანიზაციასთან შემდგომი დაახლოებისათვის.

სტამბოლის სამიტის შემდეგ ეუთო ახალი ინსტრუმენტებით შეიარაღდა, რაც დიდ პერსპექტივებს ქმნის რეგიონალური კონფლიქტების მოგვარების საქმეში ამ ორგანიზაციის უფრო აქტიური ჩართვის თვალსაზრისით.

ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საქართველოში არსებული ეთნოკონფლიქტების მოგვარებისათვის. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეუთოს სპეციალური ჯგუფი განლაგდება საქართველო-რუსეთის საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთზე და განახორციელებს მეთვალყურეობას.

აუცილებელია ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება ამ სტრუქტურებში მომავალი ინტენსიური ინტეგრაციის მიზნით. ასევე რუსეთთან სტამბოლში მიღწეული შეთანხმებების პრაქტიკული განხორციელება და სამხედრო ქონების შესახებ საქართველოსათვის მისაღები გადაწყვეტილების გაფორმება.

აუცილებლად გვესახება რეგიონალური თანამშრომლობის გაღრმავება.

დიდი მნიშვნელობა ენიჭება „ბისეკის“ ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავებას. მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს მომზადებული პროექტების პრაქტიკულ განხორციელებას და საერთო ევროპულ სტრუქტურებში თანამშრომლობის განვითარებისათვის ამ ორგანიზაციის გამოყენებას.

მე მივესალმები თურქეთის პრეზიდენტის ბატონ სულეიმან დემირელის იდეას კავკასიაში სტაბილურობის პაქტის შემუშავების თაობაზე. ეს განცხადება მან გააკეთა თბილისში ვიზიტის დროს „კავკასიის პაქტის“ შემუშავების გარკვეული წინაპირობები არსებობს. ჯერ კიდევ სამი წლის წინათ საქართველოს პრეზიდენტმა წამოაყენა ინიციატივა „მშვიდობიანი კავკასიის“ შესახებ რასაც მოჰყვა აზერბაიჯანისა და საქართველოს პრეზიდენტების ერთობლივი დეკლარაცია, რომელიც თავის მხრივ საფუძვლად დაედო სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებისა და რუსეთის პრეზიდენტების ცნობილ კისლოვოდსკის შეხვედრას. ერთი სიტყვით კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობისათვის მოძრაობა უკვე დაწყებულია, რომელსაც სჭირდება სათანადო პოლიტიკური და ეკონომიკური უზრუნველყოფა და მხარდაჭერა. ყოველივე ეს კი ბატონ სულეიმან დემირელის მიერ შემოთავაზებულ „კავკასიის სტაბილურობის პაქტის“ ფარგლებში თავსდება.

დღეს კავკასიის სტაბილურობა მსოფლიო მასშტაბის რიგშია აყვანილი. მისი სტაბილურობის თემა აქტუალურია როგორც რეგიონისათვის ისე ევროპული ქვეყნებისათვის, თანამეგობრობის სივრცისათვის. მის ტერიტორიაზე გაივლის უდიდესი მნიშვნელობის მქონე ნავთობსადენები. აქ იკვეთება ევროპის, აზიის ქვეყნების, შეერთებული შტატებისა და რუსეთის ინტერესები. აქედან გამომდინარე, ჩვენი ვალია სხვა ქვეყნებთან ერთად ვიზრუნოთ უშიშროებისა და თანამშრომლობის ახალი სისტემის შექმნისათვის ჩვენს რთულ და ძალიან საინტერესო რეგიონში.

ამ პროცესში ევროატლანტიკურ ძალიხმევასთან ერთად აუცილებელია უკრაინისა და თანამეგობრობის სხვა ქვეყნების, პირველ ყოვლისა ცენტრალური აზიის სახელმწიფოთა აქტიური მონაწილეობა. აქვე იგულისხმება გაეროს, აგრეთვე რეგიონალური ორგანიზაციების, მათ შორის ევროკავშირის, ეუთოს, შავი ზღვის, ეკონომიკური თანამშრომლობის და მომავალში სუამის მონაწილეობაც. რეგიონალური უშიშროების მსგავსი მოძრაობით განმტკიცების ტენდენცია იმის საფუძველს იძლევა, რომ საომარი მოქმედებები თანამშრომლობითა და პერმანენტული მშვიდობის დამყარებით შეიცვლება. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ფარგლებში აქცენტი უნდა გაკეთდეს საქართველოსათვის მისაღები პროექტების შემუშავება-განხორციელებაზე.

განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება „დიდი აბრეშუმის გზის“ აღორძინებისათვის შემდგომ ხელშეწყობას, რაც საქართველოს სატრანზიტო ფუნქციისათვის უმნიშვნელოვანეს ატრიბუტს წარმოადგენს. უნდა გაძლიერდეს მუშაობა „მშვიდობიანი კავკასიის“ კონცეფციის უფრო აქტიური განხორციელებისა და „ევროპის 21-ე საუკუნის კონსტიტუციის“ შექმნის მიზნით.

ბატონო პარლამენტარებო! ძვირფასო მეგობრებო!

ასეთია ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკური და ეკონომიკური პანორამა 1999 წლისა და 2000 წლის გზასაყარზე.

2000 წელი საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების წელია. ყველაფერი უნდა ვიღონოთ იმისათვის, რომ პრეზიდენტის არჩევნები საქართველოში გაიმართოს ისე, როგორც ეკადრება საქართველოს დემოკრატიულ, სამართლებრივ სახელმწიფოს, სამოქალაქო საზოგადოებას, ქართულ პოლიტიკურ კულტურას და ცივილიზაციას.

წელს ჩვენ ავღნიშნავთ იესო ქრისტეს დაბადების 2000 წლისთავს და საქართველოს სახელმწიფოებრიობის 3000 წლისთავს. ქართული სახელმწიფოებრიობის სამიათასწლოვანი იუბილეს აღნიშვნისათვის მოძრაობა უკვე დაიწყო. გუშინ გაიმართა დაუვიწყარი შეხვედრები გელათში და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მადლობა ინიციატორებს, მადლობა მონაწილეებს.

მიმდინარე 2000 წელი დიდი ისტორიული გარდატეხის წელი უნდა იყოს. ეს ჩვენზე და ჩვენს ხალხზეა დამოკიდებული.

სხვა ფაქტორებთან ერთად ამის გარანტია საქართველოს მეგობარი ქვეყნებისა და მსოფლიო თანამეგობრობის თანადგომა და მხარდაჭერა.

დარწმუნებული ვარ, რამდენიმე წელიწადში საქართველო მძლავრი, გაერთიანებული და განვითარებული ქვეყანა იქნება!

გისურვებთ წარმატებებსა და გამარჯვებებს ამ დიდი ეროვნული და სახელმწიფოებრივი საქმის განხორციელებაში.

ედუარდ შევარდნაძე: რამდენიმე წელიწადში საქართველო მძლავრი, გაერთიანებული და განვითარებული ქვეყანა იქნება // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2000. - 11 თებერვალი. - №38 (3439). - 1,2,3,4,5,6 გვ.

29 „ლაპარაკი საპრეზიდენტო არჩევნების ბოიკოტსა თუ ჩაშლაზე არასერიოზულია“

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის ბრიფინგი
2000 წლის 14 თებერვალი.

პრაიმ-ნიუსი: გასულ კვირას ოპოზიციამ პრაქტიკულად ბოიკოტი გამოუცხადა უმრავლესობას. თუ უმრავლესობა არ დათანხმდება კომისიების დაკომპლექტების მისეულ ვარიანტს, ბოიკოტის გამოცხადებას აპირებენ. თუკი მართლა ბოიკოტი გამოუცხადა ოპოზიციამ არჩევნებს, გამორიცხავთ თუ არა ქვეყანაში დესტაბილიზაციას, სამოქალაქო ომს. შესაძლოა, არჩევნების შემდეგ ოპოზიციამ გამოაცხადოს, რომ თქვენ არალეგიტიმური პრეზიდენტი ბრძანდებით. როგორი იქნება თქვენი აზრი ამასთან დაკავშირებით. ამასთანავე, გამორიცხავთ თუ არა, რომ ასლან აბაშიძემ აკრძალოს აჭარის ტერიტორიაზე არჩევნების ჩატარება?

ედუარდ შევარდნაძე: ძალიან დეტალურად არ მინდა ამ თემაზე საუბარი. არჩევნებთან დაკავშირებით, საარჩევნო კანონის შესახებ გარკვეული აზრის გამოთქმის უფლება ყველა მოქალაქეს და, მით უმეტეს, ყველა პოლიტიკოსს აქვს. მაგრამ არჩევნებამდე თვენახევარზე ცოტა მეტი დრო დარჩა და ახლა საარჩევნო კანონში არსებითი შესწორებების შეტანა რამდენად მიზანშეწონილია, ვერ გეტყვით. პარლამენტი იმსჯელებს და შეიძლება მოხერხდეს. ეს ყველაფერი გაანგარიშებული უნდა იყოს. თუ ცვლილებები უნდა მოხდეს საარჩევნო კომისიების შემადგენლობაში, ეს შეეხება მთელ იმ კორპუსს, დაახლოებით 26 ათას კაცს. არა მარტო ცენტრში, არამედ ადგილებზეც, რომელმაც გაიარა გარკვეული მომზადება, მათ შორის, უცხოელთა მონაწილეობით. თუ ეს ყველაფერი თავდაყირა უნდა დადგეს, ალბათ, ქვეყანა ძალიან რთულ სიტუაციაში აღმოჩნდება.

რაც შეეხება თავად ბოიკოტს, არა მგონია, სერიოზულმა ხალხმა და სერიოზულმა პოლიტიკოსებმა ეს საკითხი დღის წესრიგში დააყენონ. შესანიშავად იცის ყველამ, რას ნიშნავს არჩევნების ბოიკოტი. ჩვენ ჩავატარეთ პარლამენტის არჩევნები, საკმაოდ მაღალი იყო მოსახლეობის აქტივობა. ამ არჩევნებმა სხვა ქვეყნებთან შედარებით მიიღო მაღალი შეფასება ევროპის სხვადასხვა ინსტიტუტებში, მათ შორის, ევროსაბჭოში, თუმცა იყო შენიშვნები ცალკეული რეგიონების მიმართ. მე რეგიონებს არ ვაზუსტებ. და ეს მოვლენა აღიქვა ევროპამ და მთელმა მსოფლიომაც, მათ შორის, საერთაშორისო საფინანსო ცენტრებმაც, როგორც ქვეყნის სტაბილურობის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი დადასტურება. ლაპარაკი საპრეზიდენტო არჩევნების ბოიკოტსა თუ ჩაშლაზე, ვფიქრობ, არასერიოზულია, რადგან ნიშნავს, რომ ქვეყანა არ არის სტაბილური. ასეთ ქვეყნებს არ ენდობიან ის სახელმწიფოები თუ ორგანიზაციები, რომლებიც საკმაოდ დიდ თანხებს ხარჯავენ განვითარებადი ქვეყნების ინტერესებისათვის, საერთოდ, დემოკრატიის განვითარებისათვის, ამიტომ, მე არა მგონია, სერიოზულ პოლიტიკოსებს დაებადოთ არჩევნების ჩაშლის ან ბოიკოტის იდეა და, ვფიქრობ, არც ჩვენი ხალხი მისცემს ამის უფლებას ვინმეს. შეიძლება ადამიანი წავიდეს ან არ წავიდეს არჩევნებზე, ისე როგორც საპრეზიდენტო არჩევნებში ყველას არ შეუძლია მონაწილეობა, მაგრამ ეს არ იყო გაანგარიშებული იმაზე, რომ არჩევნები ჩაიშალოს ან ბოიკოტი გამოაცხადონ. ბოიკოტი სხვა რამეა, ეს არის ორგანიზებული ფორმა. ამ თემაზე უფრო ვრცელი მსჯელობა დღეს საჭიროდ არ მიმაჩნია იმიტომ, რომ შესწორებები, რომლებშიც არის საუბარი, უნდა განიხილოს პარლამენტმა. შემდეგ კი მე უნდა მივიღო გადაწყვეტილება. მოვაწერო თუ არა ხელი, რამდენად მიზანშეწონილია ამ შესწორებების მიღება, დაველოდოთ პარლამენტს, ნუ ვიჩქარებთ. მგონი, ყველას გვეყოფა გონიერება იმისათვის, რომ პირველ ადგილზე სახელმწიფოს ინტერესები იდგეს. ქვეყანა, რომელსაც არ შეუძლია საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება, ალბათ, პრეტენზიას ვერ განაცხადებს იმაზე, რომ მან გაიარა დემოკრატიის თუნდაც დაწყებითი სკოლა, დაწყებითი სტადია. თუ ვინმეს აინტერესებს, რომ საქართველოს არასრულყოფილი სახელმწიფოს სახელი დაუმკვიდრდეს, მაშინ ვფიქრობ, ეს ხალხი საქართველოს პატრიოტობაზე, სახელმწიფოს ერთგულებაზე პრეტენზიას არ უნდა აცხადებდეს. ვფიქრობ, ჩვენი ამომრჩეველები ძალიან კარგად გაერკვევა. საქმე ის არის, ვის აირჩევენ, მთავარი და არსებითია, რომ არჩევნები შედგეს და ამასთან ორგანიზებულად, კანონების, კონსტიტუციის დაცვით.

„პრაიმ-ნიუსი“: არჩევნების წინ გააქტიურდნენ იგორ გიორგაძის მხარდამჭერები. მათ ცესკოში განაცხადი შეიტანეს. გასაგებია, რომ იგორ გიორგაძე შეიძლება რეგისტრაციაში არ გაატარონ როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი, როგორ ფიქრობთ, რას ნიშნავს საქართველოს სახელმწიფოსათვის იგორ გიორგაძის მონაწილეობა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში?

ედუარდ შევარდნაძე: ახალს ვერაფერს გეტყვით. იგორ გიორგაძე არის საერთაშორისო მაშტაბის ძებნილი ტერორისტი. თუ ძალიან გვესახელება, რომ ტერორისტი იყოს პრეზიდენტობის კანდიდატი, კი ბატონო, მიიღონ გადაწყვეტილება. არ ვინტერესედები ამ საკითხით. არც მიკითხავს, გაატარეს თუ არა რეგისტრაციაში. არა მგონია, ეს საქართველოსათვის სასახელო საქმე იყოს.

საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი: გასულ კვირას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიწყო მოლაპარაკება რუსეთ-საქართველოს შორის სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით. რუსეთი გარკვეულ პირობებს აყენებს. რა პირობები შეიძლება წამოაყენოს ამის საპირისპიროდ საქართველომ?

ედუარდ შევარდნაძე: სამწუხაროდ, დეტალურად არ ვიცი, რა პირობებს აყენებს რუსეთის მხარე, ეს დოკუმენტი რამდენიმე დღის წინათ არის მიღებული და ამას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში იხილავენ. ცხადია, იქნება შესაბამისი რეაქცია და მომზადდება პასუხი, ან შესაბამისი შეთანხმების ჩვენეული ვარიანტი. როცა მე ამ მონაცემებს გავეცნობი, მაშინ უფრო დაწვრილებით შევძლებ პასუხის გაცემას.

რადგან ამ პრობლემას შეეხეთ, არ შემიძლია არ გამოვხატო ჩემი უკმაყოფილება, რომ საერთოდ ასეთი პრობლემა დადგა დღის წესრიგში. მიმაჩნია, რომ ეს უკანდახევაა ჩვენს ორმხრივ ურთიერთობაში. არსებობს შეთანხმებები, რომლებიც მოქმედებს დსთ სივრცეში. სახელმწიფოთა შორის არსებული კონვენცია სავიზო რეჟიმის შესახებ, უფრო სწორად, სახელმწიფოთა შორის უვიზო რეჟიმის შესახებ. ასე რომ, ეს არის თანამეგობრობის სახელმწიფოთა შორის ურთიერთობაში უკან გადადგმული ნაბიჯი.

„ორტ“: დღევანდელ რადიოინტერვიუში თქვენ შეეხეთ იმ მოლაპარაკებას, რომელიც მიმდინარეობს ბაქოში ნავთობის ტრანსპორტირების თაობაზე. დღეს მოლაპარაკებაში უნდა ჩაერთოს საგარეო საქმეთა მინისტრი. რითაა გამოწვეული მისი მონაწილეობა? რამდენად შესაძლებელია, რომ თურქეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების მიერ მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილების განხორციელება შეფერხდეს ეკონომიკური მოსაზრებების გამო?

ედუარდ შევარდნაძე: ირაკლი მენაღარიშვილი ამ მოლაპარაკებაში ჯერ კიდევ თურქეთში, წინა რაუნდის დროს ჩაერთო ერთადერთი მიზნით, დაჩქარდეს შეთანხმების მიღება. ეს ძალიან დიდი შეთანხმებაა, რომელშიც მრავალი დეტალი და მიმართულებაა. გადავწყვიტეთ ჩვენი დელეგაციის დონის ამაღლება. ამით იმის დემონსტრირებასაც ვახდენთ, რომ სისხლხორცეულად ვართ დაინტერესებული ამ საქმით. მოლაპარაკება კარგად მიდის. არის საკამათო საკითხებიც, მაგრამ იკვეთება ძალზე მკვეთრი ხაზი - თითოეული მხარე დაინტერესებულია მიაგნოს კომპრომისებს. ვფიქრობ, ამ რაუნდით მოლაპარაკება ძირითადად დამთავრდება.

„რია-ნოვოსტი“: რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, რუშაილომ განაცხადა, რომ ჟურნალისტი ბაბიცკი, რომელიც ტყვედ იმყოფებოდა ჩეჩნებთან, შეიძლება რომელიმე მეზობელ ტერიტორიაზე გადაიყვანონ. მას, მართალია, არ დაუზუსტებია, რომ ეს შეიძლება საქართველო იყოს, მაგრამ თქვა, რომ მეზობელი ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად შესაძლებელია ჩატარდეს ოპერაცია. შეიძლება ეს მინიშნებად ჩაითვალოს?

ედუარდ შევარდნაძე: მე საქმის კურსში არა ვარ, რომელ ქვეყანას გულისხმობენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო ასეთ ინფორმაციას არ ფლობს, თუ ვილაპარაკებთ ზოგადად, ჩვენი და რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროები საკმაოდ წარმატებით თანამშრომლობენ, ბევრი კარგად მომზადებული ოპერაცია მაღალ პროფესიულ დონეზე განახორციელეს.

„რია-ნოვოსტი“: იგორ გიორგაძის მამის პანტელეიმონ გიორგაძის განცხადებით, მისი შვილი ბოლო ორი წლის განმავლობაში სისტემატურად იმყოფებოდა საქართველოში. აქვთ მოწმეთა ჩვენებებიც, რომელთა თანახმად იგი საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში იხილეს. ამით ხომ არ არის გამოწვეული საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების შეშფოთება მოსალოდნელი ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების ორგანიზებასთან დაკავშირებით? მიმდინარეობს თუ არა მუშაობა იგორ გიორგაძის ზუსტი ადგილსამყოფელის დასადგენად და მოწმეთა ჩვენებების შესამოწმებლად?

ედუარდ შევარდნაძე: ერთადერთი რამ შემიძლია ვთქვა: მე იგი არ მინახავს. გარდა ამისა, ის ორგანოები, რომელთაც თვალყური უნდა ედევნებინათ, ამას აკეთებდნენ და ვერსად აღმოაჩინეს იგი. მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია.

„რია-ნოვოსტი“: რამდენად სტაბილურია წინასაარჩევნო სიტუაცია?

ედუარდ შევარდნაძე: გასულ კვირას იყო საუბარი იმის შესახებ, რომ პანკისის ხეობაში შეიქმნა სანიტარული დერაფანი. ითქვა ისიც, რომ სალმან რადუევი თურქეთში საქართველოს გავლით გაიყვანეს, ისიც, რომ ბასაევმა შეიძლება აქ გაიაროს მკურნალობის კურსი. როგორი კომენტარი შეგიძლიათ გაუკეთოთ ამ ცნობებს? ამასთან, ჯერჯერობით, ზამთრის პირობებში, ეს პრობლემა შედარებით მოხსნილია, მაგრამ გაზაფხულზე, როდესაც თოვლი დადნება, ალბათ, საჭირო გახდება საზღვრების გასამაგრებელი დამატებითი ღონისძიებების განხორციელება.

ედუარდ შევარდნაძე: არაფრით არ შემიძლია კომენტარის გაკეთება რადუევთან, ბასაევთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციებზე. მეც იმ ინფორმაციებს ვფლობ, რაც გადმოიცემა ტელეპროგრამებით და მასობრივი ინფორმაციების საშუალებებით. დამატებით არანაირი მონაცემი არ მაქვს. ვფიქრობ, მოსაზრებები იმის შესახებ, რომ საქართველოს ტერიტორიის გავლით მოხვდნენ ტერორისტები თურქეთში, უსაფუძვლოა, რადგან ჩვენ ამ საქმეს სერიოზულად ვადევნებთ თვალ-ყურს. ცხოვრება გვიჩვენებს, რომ ეს არ არის მართალი. რაც შეეხება საზღვრის გამაგრებას, ჩვენ განვახორციელებთ ღონისძიებებს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც დაიწყება თოვლის დნობა. გავამაგრებთ ყველა მონაკვეთს. მეორეც, იმედი მაქვს, რომ რუსეთი მესაზღვრეები დაიკავებენ თავიანთს პოზიციებს, როგორც ეს მათ უკვე გააკეთეს, როდესაც გადმოსხეს დესანტი გარკვეული მიმართულებით.

„ალია“: როგორც ცნობილია, ასლან აბაშიძე იმ დღეებში თურქეთში იმყოფებოდა ვიზიტად. თუ გაქვთ ინფორმაცია ამის შესახებ? როგორ შეაფასებდით გელბახიანის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ თურქეთს აქვს ავი ზრახვები აჭარის მიმართ და რუსეთს - არა?

ედუარდ შევარდნაძე: ინფორმაცია, რომელიც მე მაქვს ამასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ჯერჯერობით მხოლოდ ჩემთვის. ისე, მართალია, - ბატონი ასლანი ბრძანდებოდა თურქეთში, რაც შეეხება თურქეთის დამოკიდებულებას საქართველოს, მათ შორის, აჭარის მიმართ, აქ არავითარი ეჭვის საფუძველი არ არსებობს, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ამ თემაზე გვქონდა საუბარი და თურქეთის ხელმძღვანელობა ისევე კეთილად არის განწყობილი აჭარის მიმართ, როგორც მთელი საქართველოს, ჩვენი სახელმწიფოსა და მისი ხელმძღვანელობის მიმართ. ვერ გეტყვით, ვალერი გელბახიანს ეს ინფორმაცია საიდან აქვს.

„ალია“: პარლამენტში თქვენი გამოსვლისას მაინც ვერ გამოიკვეთა, აპირებთ თუ არა კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას მინისტრთა კაბინეტის შექმნასთან დაკავშირებით?

ედუარდ შევარდნაძე: როცა მე შევიტანე ზოგიერთი საკითხი სახელმწიფო მინისტრის უფლებების გაფართოებასთან დაკავშირებით, ამით ვაჩვენე, რომ ამ ეტაპზე საკონსტიტუციო ცვლილების შეტანას საჭიროდ არ მივიჩნევ. მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო: ნუ შევეჩვევით იმ აზრს, რომ შესაძლებელია წარა-მარა კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა. ამას ძალიან დიდი დაფიქრება სჭირდება. როცა რაიმე პრობლემა მომწიფდება, მაშინ, ალბათ, ამის საჭიროებაც დადგება. განსაკუთრებით საჭირო იქნება ეს მაშინ, როცა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება და, ბუნებრივია, მოგვიწევს იმ თავის შედგენა, რომელსაც საქართველოს ტერიტორიულ-სახელმწიფოებრივი მოწყობა ჰქვია. ეს თავი ჩვენს კონსტიტუციას ამჟამად აკლია და მანამდე, ალბათ, არ უნდა ვიჩქაროთ.

„ნტვ“: რუსეთში აქტიურად მუშაობენ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაზე. თუ ადრე რუსეთი უარს ამბობდა ბირთვული იარაღის პირველად გამოყენებაზე, ამ კონცეფციაში უკვე ჟღერს აზრი, რომ მას შეუძლია გამოიყენოს ბირთვული იარაღი, რათა დაიცვას ეროვნული ინტერესები და უშიშროება. ამასთან დაკავშირებით, ჩეჩნეთის მხარე აცხადებს, რომ რუსეთი მზად არის გამოიყენოს ბირთვული იარათი ჩეჩენი ბოევიკების წინააღმდეგ. თუ ეს მოხდება, საფრთხის წინაშე აღმოჩნდება საქართველოც. ამ თვალსაზრისით როგორი იქნება თქვენი პოზიცია?

ედუარდ შევარდნაძე: უნდა გამოგიტყდეთ, რომ მე არ წამიკითხავს ეს კონცეფცია. თუ ამ დოკუმენტში წერია, რომ რუსეთს შეუძლია გამოიყენოს ბირთვული იარაღი თუნდაც საკუთარ ტერიტორიაზე, მე ვფიქრობ, რომ მსგავსი რაც არასოდეს მოხდება. ნორმალური ადამიანები არ დაუშვებენ ბირთვული იარაღის გამოყენებას. გაცილებით მძიმე წლებშიც კი ბირთვული იარაღის გამოყენების საკითხის დღის წესრიგში არ დამდგარა. მით უმეტეს, დღეს არც ერთი ნორმალური ხელმძღვანელი არ მიიღებს ამგვარ გადაწყვეტილებას, განსაკუთრებით, საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე. როდესაც წავიკითხავ ამ კონცეფციას, მაშინ შევეცდები უფრო საფუძვლიანი კომენტარი გავაკეთო.

„ნტვ“: როგორ შეაფასებთ იმ სიტუაციას, რომელიც შეიქმნა რადიოსადგურ „თავისუფლების“ ჟურნალისტ ბაბიცკის გაუგებარ გაცვლასთან დაკავშირებით? თუკი ბოევიკები გადაწყვეტენ მისი მესამე ქვეყნისათვის გადაცემას, და თუ ამას შესთავაზებენ საქართველოს, დაეთანხმება თუ არა საქართველო მის მიღებას? და საერთოდ, როგორი უნდა იყოს დემოკრატიულ სახელმწიფოში დამოუკიდებელი სიტყვის თავისუფლებისა და ჟურნალისტებისადმი, კერძოდ, ამ შემთხვევაში ბაბიცკის მიმართ?

ედუარდ შევარდნაძე: რაც შეეხება სახელმწიფოს დამოკიდებულებას სიტყვის თავისუფლების, მათ შორის, ჟურნალისტთან საქმიანობის მიმართ, ჩვენ ამას საკუთარი მაგალითით ვაჩვენებთ. თუკი დადგება რომელიმე ჟურნალისტის დატყვევების ან შევიწროების საკითხი, ჩვენ სტუმრებს ვიღებდით და კვლავაც მივიღებთ. რეალურად კი ეს პრობლემა ახლა არ განიხილება. ჩვენს წინაშე ეს საკითხი არავის დაუყენებია.

საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი: „აღორძინების“ ბლოკმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების საკითხზე საუბრისას, ვითომდა კომპრომისის სახით, განაცხადა, რომ თანახმა იქნება, თუკი საარჩევნო კამპანიას უხელმძღვანელებს სახელმწიფო მინისტრი, ეგრეთ წოდებული, მექსიკური მოდელის თანახმად. მათ განაცხადს, რომ ვაჟა ლორთქიფანიძისადმი ნდობა საკმაოდ მაღალია, და საერთოდ, არჩევნების გაყალბების შემთხვევაში უფრო იოლია მოსთხოვო პასუხი აღმასრულებელ ხელისუფლებას, ვიდრე მეცნიერს. როგორია თქვენი აზრი, რაში დასჭირდება „აღორძინებას“ საკითხის ასეთი მოულოდნელი წამოწევა და რას უნდა ნიშნავდეს ეს?

ედუარდ შევარდნაძე: მეც გაკვირვებული ვარ. მრავალ ქვეყანაში არსებობს ჩვენგან განსხვავებული სისტემა. ვთქვათ, ერთ ჯგუფს ცესკოში ნიშნავს პრეზიდენტი, მეორეს - პარლამენტი, სადაც არიან ოპოზიციური პარტიების, უმრავლესობის და ა.შ. წარმომადგენლები. ეს - ერთი პრინციპი, არის მეორე პრინციპიც - ცალკეულ დემოკრატიულ ქვეყნებში არავითარი არჩევითობა და ასეთი წარმომადგენლობა არ არის, საარჩევნო კომისიას ფაქტობრივად წარმოადგენს იუსტიციის ან რომელიმე სხვა სამინისტრო. თუ არ ვცდები, დუმა არც კი განიხილავს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის საკითხს. მას ნიშნავს პრეზიდენტი. ან ერთი სისტემა უნდა მივიღოთ, ან მეორე. თუ ვაჟა ლორთქიფანიძე შეიძლება იყოს კომისიის თავმჯდომარე, მაშინ რატომ არ შეიძლება, რომ წევრებიც დანიშნოს პრეზიდენტმა ან პარლამენტმა? ეს ვარიანტი ჩემთვის აბსოლუტურად მოულოდნელი იყო. მე მგონი, მოულოდნელია თვითონ ბატონ ვაჟასთვისაც და საზოგადოებრიობისთვისაც. თუ ამ გზით წავალთ, მაშინ რატომ არ შეიძლება იუსტიციის მინისტრი იყოს კომისიის თავმჯდომარე და მან დააკომპლექტოს ის კომისია, რომელმაც უნდა დაითვალოს ხმები, უფრო სწორად, შეაჯამოს ადგილებიდან შემოსული მასალები?

პირველი არხი: თქვენი აზრით, ხომ არ ცდილობს „აღორძინება“, რომ ამ საკითხის შემოტანით ერთგვარად გაამწვავოს სიტუაცია და აჟიოტაჟი შემოიტანოს საზოგადოებაში იმასთან დაკავშირებით, რომ მოქალაქეთა კავშირში არის ჟვანიას და ლორთქიფანიძის გუნდები და რომ მათ შორის აზრთა სხვადასხვაობაა, და რომ ლორთქიფანიძის საკითხის წამოწევა მდგომარეობას კიდევ უფრო დაძაბავდა. ხომ არ შეიძლება ამ საკითხის განხილვა ამ კუთხით?

ედუარდ შევარდნაძე: ძალიან მიჭირს, როცა ასეთი წინადადება შემოიტანეს. ეს მათი საქმეა და ჯერჯერობით არავითარი მექანიზმი არ გამაჩნია, ზემოქმედება მოვახდინო მათი აზრების განვითარებასა და გამოთქმაზე. ამიტომ, რას ფიქრობდნენ, ვერ გეტყვით, მაგრამ იმაში, რომ ეს ერთი გუნდია - ვაჟა ლორთქიფანიძე, ზურაბ ჟვანია, სხვები და ასე დარჩება, ყოველ შემთხვევაში, დიდი ხნის განმავლობაში, ეჭვი არ მეპარება.

„რუსთავი-2“: გასულ კვირას პოლიტსაბჭოს სხდომაზე ბლოკმა „აღორძინებამ“ დაადასტურა, რომ ისევ ასლან აბაშიძე იყრის კენჭს, თუ გატარდება ცვლილებები. ელოდება თუ არა საქართველოს პრეზიდენტი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ასლან აბაშიძე, თუ თქვენ შორის უკვე ყველაფერი ნათქვამია და იცნობთ მის გადაწყვეტილებას?

ედუარდ შევარდნაძე: ჩვენ შორის ამ თემაზე არაფერია ნათქვამი. არავითარი პროტესტის სურვილი და გრძნობა არ გამაჩნია იმასთან დაკავშირებით, რომ ბატონმა ასლანმა გადაწყვიტა წამოაყენოს თავისი კანდიდატურა პრეზიდენტის პოსტზე. არ ვიცი, გადაწყვეტს თუ არა ის თავისი კანდიდატურის რეგისტრაციაში გატარებას. ეს შემდგომი ეტაპია და მას დრო კიდევ აქვს. თუ ეს გატარდება რეგისტრაციაში და კენჭს იყრის, როგორც საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი, მე, როგორც ერთ-ერთი პრეტენდენტი, მასთან ვითანამშრომლებ არა მარტო როგორც უზენაესი საბჭოს თავმჯდომარესთან, არამედ კორექტულად, როგორც კონკურენტი.

„რუსთავი-2“: ყურადღებით თუ გაეცანით რეგისტრაციაში გატარებულ კანდიდატებს? იცით, ვინ არიან ისინი? ბევრი საკმაოდ მოულოდნელი ფიგურაა.

ედუარდ შევარდნაძე: დახასიათებებს ნუ მომთხოვთ იმიტომ, რომ ბევრ მათგანს არ ვიცნობ. ზოგს ვიცნობ, ზოგს არა. ზოგის შესახებ სადღაც წამიკითხავს. არჩევნებში ხშირია სიურპრიზები. ზოგჯერ გამარჯვებას მოიპოვებს ხოლმე მოულოდნელად ამოტივტივებული ადამიანიც. იქნებ, ამ თოთხმეტშიც არის ვინმე ისეთი, ვინც ასე მოულოდნელად ამოტივტივდება და გახდება პრეზიდენტი.

„იბერია-სპექტრი“: თქვენი ყველაზე დიდი მინუსი არის ის, რომ თქვენ ვერ შესძელით ერის, მთელი საქართველოს მოსალხეობის კონსოლიდაცია. ეს უამრავი პარტია და აწეწილ-დაწეწილი აზროვნება დემოკრატიის მაჩვენებელი კი არ არის, არამედ იმის, რომ ერთ პატარა სახელმწიფოში არ არის კონსოლიდირებული აზროვნება. თქვენ უნდა შეძლოთ ერის კონსოლიდაცია, ის, რაც თუნდაც აქ ხდება, რომ ჟურნალისტები ცდილობენ წამოწიონ ისეთი საკითხები, რომელიც წარმოაჩენს დეკონსოლიდაციას ჩვენს საზოგადოებაში, უკვე არ არის კარგის მაჩვენებელი. 21-ე საუკუნეში შევდივართ და საქართველო ისეთივე პარტიული და ბიუროკრატიული სახელმწიფო რჩება, როგორიც იყო საბჭოთა კავშირის პირობებში. თქვენ უნდა ახსნათ, რაშია საქმე.

ედუარდ შევარდნაძე: მეც და თქვენც ვმოღვაწეობდით იმ საზოგადოებაში, რომელიც, როგორც მაშინ ვამბობდით და მივიჩნევდით, მონოლითური და კონსოლიდირებული იყო. ღმერთმა ნუ ქნას, რომ იმ დროს დავუბრუნდეთ. მე კონსოლიდაცია მესმის თანამოაზრეობის ბაზაზე. და სულაც არ მაკვირვებს ახალგაზრდა ჟურნალისტების შეკითხვები, რომლებსაც აქ ვისმენ. მე მადლობელი ვარ ჟურნალისტებისა, რომლებიც სავსებით გულწრფელად ამბობენ ამას, რაც მათ აწუხებთ, და ამაში სულაც არ ვხედავ იმის ნიშნებს, რომ საზოგადოებაში კონსოლიდაცია არ ხდება. ეს პროცესი მიმდინარეობს, ჩვენ ვიყავით აბსოლუტურად ქაოსურ მდგომარეობაში. ამ მდგომარეობიდან გამოვედით და დღეს სახელმწიფო ვართ. მაგრამ არასდროს არ ვიქნებით ის სახელმწიფო, რომელიც ისე იქნება კონსოლიდირებული, როგორც მე და თქვენ საბჭოთა კავშირის დროს წარმოგვედგინა. აქ იქნება აზრის, სიტყვის, პიროვნების თავისუფლება, ადამიანის უფლებების უზენაესობა. ამ პრინციპებს საქართველო არ გადაუხვევს, ყოველ შემთხვევაში, სანამ მე რამე მეკითხება.

„იტარ-ტასი“: მარტში საქართველოს ოფიციალურ ვიზიტად ეწვევიან აზერბაიჯანისა და უკრაინის პრეზიდენტები და გერმანიის ფედერალური კანცლერი. საგარეო საქმეთა სამინისტროში მიიჩნევენ, რომ ეს ვიზიტები იქნება წინასაარჩევნოდ პრეზიდენტის მხარდაჭერის გამოხატულება. მოსალოდნელია თუ არა აშშ პრეზიდენტის ვიზიტი, როგორც ამას ერთ-ერთი ტელეკომპანია აცხადებდა, ასევე, რუსეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ვიზიტი, მით უმეტეს, რომ თქვენს შორის კარგი ურთიერთობა ჩამოყალიბდა. და თუკი ეს ვიზიტი შედგება, ჩავა თუ არა ვლადიმერ პუტინი სენაკში, სადაც ის, ერთ-ერთი გაზეთის მტკიცებით, ორმოცდაათიან წლებში ცხოვრობდა და მეგრულიც კი ისწავლა.

ედუარდ შევარდნაძე: მე არ მომიწვევია ვლადიმერ პუტინი საქართველოში რუსეთსა და საქართველოში არჩევნების ჩატარებამდე. ახლა მისი მოწვევა ფორმალური იქნებოდა. წინაპირობები ისეთია, რომ მან უნდა გაიმარჯვოს ამ არჩევნებში. შემდეგ, აპრილში, ალბათ, შევხვდებით მოსკოვში და მე მექნება შესაძლებლობა, მოვიწვიო ის საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად. ასევე, ჩემი კოლეგებიც მეზობელი სახელმწიფოებიდან, მოიწვევენ მას. აშშ პრეზიდენტის ვიზიტზე ლაპარაკი არ არის. ის არ გეგმავს ვიზიტს ჩვენს რეგიონში. როგორც ჩემთვის ცნობილია, მას ჰქონდა ასეთი სურვილი, მაგრამ არ მოხერხდა მოუცლელობის გამო.

გერმანიის კანცლერის საპასუხო ვიზიტი უკვე დიდი ხნის დაგეგმილია. ის შედარებით ხანმოკლე, სულ დღენახევრიანი იქნება. გაიმართება მოლაპარაკება. იგეგმება მისი გამოსვლა პარლამენტში. ვფიქრობ, ეს საინტერესო მოვლენა იქნება. შეეცდება თუ არა მხარი დაუჭიროს ჩემს კანდიდატურას, ამის თქმა არ შემიძლია. შეიძლება ზოგიერთმა ლიდერმა დაუჭიროს მხარი ამა თუ იმ კანდიდატურას, მაგრამ ეს არ არის განმსაზღვრელი. თუ საქართველოს მომავალი პრეზიდენტის ბედი იმაზეა დამოკიდებული, დაუჭერს თუ არა მას მხარს რომელიმე სხვა ქვეყნის ლიდერი, მაშინ ეს დემოკრატიული არჩვნები აღარ იქნება. ვფიქრობ, ჩვენ თვითონ, ჩვენმა ხალხმა თვითონ უნდა განსაზღვროს, ვინ აირჩიოს. ჰეიდარ ალიევსაც გადაწყვეტილი აქვს ჩამოსვლა, მაგრამ თარიღი არ არის დაზუსტებული.

საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური.

„ლაპარაკი საპრეზიდენტო არჩევნების ბოიკოტსა თუ ჩაშლაზე არასერიოზულია“ : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის ბრიფინგი : 2000 წლის 14 თებერვალი // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2000. - 15 თებერვალი. - №42 (3443). - 1,3 გვ.

30 „დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტის არჩევნები ჩაივლის დემოკრატიულად, ორგანიზებულად და მოქალაქეებს ექნებათ სრული საშუალება, თავისუფლად გამოხატონ თავიანთი ნება“

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
14 თებერვლის რადიოინტერვიუ

- გასულ კვირას თქვენ პარლამენტის წინაშე წარსდექით ყოველწლიური მოხსენებით, რომელმაც, რასაკვირველია, როგორც პარლამენტართა, ასევე პოლიტიკოსთა და პრესის დიდი ყურადღება მიიპყრო. ილაპარაკეთ პრობლემებზე, აღნიშნეთ ის დადებითი, რაც ქვეყანაში ბოლო ხანს გაკეთდა და არა მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში. და, მაინც, როგორია თქვენი მოსაზრება: რა იყო მეტი - დადებითი თუ უარყოფითი ამ პერიოდში? პერიოდში, როცა, როგორც თქვენ აღნიშნეთ, საქართველო ბოლოს და ბოლოს ჩამოყალიბდა როგორც სახელმწიფო... - ჟურნალისტ ნატო ონიანის ამ შეკითხვის პასუხად საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ თავის ტრადიციულ ორშაბათის რადიოინტერვიუში განაცხადა:

- პრეზიდენტის მიმართვა პარლამენტისა და საქართველოს ხალხისადმი, ფაქტობრივად, მოიცავდა გასული რამდენიმე წლის განმავლობაში განვითარებულ ტენდენიებსა და პროცესებს, ამ პროცესების ანალიზს. ეს არც არის გასაკვირი, ვინაიდან ჩემს ვალდებულებად ჩავთვალე არჩევნებამდე ორიოდე თვით ადრე მიმეწოდებინა პარლამენტის წევრებისა და საზოგადოებისათვის საკმაოდ ფართო ინფორმაცია ყველაზე კომპეტენტურ წყაროებსა და ზუსტ მონაცემებზე დაყრდნობით.

ვფიქრობ, მასალა საკმარისი იყო ანალიზისა და განსჯისათვის, რა თქმა უნდა, ვინც მოისმინა და ვინც წაიკითხა.

ყოველთვის ძალიან სერიოზულად, რამდენიმე თვის განმავლობაში ვემზადები ყოველწლიური მიმართვისათვის. ამას მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რადგან პრეზიდენტის საქმიანობის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დღედ მიმაჩნია.

ჩემ ხელთ არსებული მასალები მართლაც სკრუპულოზურად, როგორც იტყვიან, გამოწვლილვით შევისწავლე და სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ განვლილი 4-5 წლის მანძილზე, მათ შორის, შარშანაც (ალბათ, მხოლოდ 1998 წლის გამოკლებით) დადებითმა ტენდენციებმა არათუ გადააჭარბა, არამედ, რაც უფრო მნიშვნელოვანია, დაჯაბნა უარყოფითი.

ქვეყანა ვითარდება და, როგორც თქვენ აღნიშნეთ, უწინარესად, მხედველობაში მაქვს თვით სახელმწიფოს შექმნა, სახელმწიფოს აშენება. ქვეყანა ვითარდება მიზანშეწონილი, მეცნიერულად დასაბუთებული და პრაქტიკულად უკვე წარმატებული ეროვნული სახელმწიფოებრივი კონცეფციის შესაბამისად.

ამ კონცეფციის განხორციელება დაახლოებით 1994 წლის დამლევიდან -1995 წლის დამდეგს დავიწყეთ, როგორც კი ელემენტარული საშუალება მოგვეცა. მანამდე, თქვენ იცით, ეს იყო ნგრევის, ქაოსისა და ანარქიის წლები.

მას შემდეგ ქვეყნის განვითარების ვექტორს პროგრესული შინაარსი არ დაუკარგავს, ანუ იგი მომავალზე, ყოველმხრივ აღმავლობასა და აღმშენებლობაზე იყო და არის ორიენტირებული. მთავარი სტრატეგიული ამოცანა 1999 წელს, ისევე როგორც წინა წლებში, კონსტიტუციის დაცვა იყო. ეს ყოველთვის აქტუალურია, მათ შორის დღესაც: სოციალური და სახელმწიფოს სამოქალაქო საზოგადოების, სოციალურად ორიენტირებული საბაზრო ეკონომიკის მშენებლობა, ადგილობრივი თვითმმართველობის დამკვიდრება, მიწის რეფორმა, სასამართლო რეფორმა, მეცნიერების, კულტურის, განათლების სფეროებში პოლიტიკის სრულყოფა და უამრავი, ათობით და ასობით კანონი, რომლებიც პარლამენტმა მიიღო.

ძირითადად, დადებით ტენდენციებს შორის დავასახელებდი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობის განუხრელ ზრდას. ეს ტენდენცია, სხვათა შორის, მონაცემებით მეტ-ნაკლები იყო, მაგრამ პრინციპში არ შეცვლილა.

ეკონომიკის სამინისტროს შეფასებით, მაგალითად, გასული წელი არ იყო კარგი, არ ახასიათებდა მაღალი მაჩვენებლები, და მაინც შიდა ეროვნული პროექტის საშუალო ზრდა 3 პროცენტზე ნაკლები არ ყოფილა. ეს მსოფლიოში და განსაკუთრებით რუსეთში განვითარებული უმწვავესი კრიზისის ფონზე არცთუ ისე ცუდი მაჩვენებელია.

დადებით ტენდენციად მიმაჩნია ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვების აღდგენა. ეს ძალიან რთული საქმე იყო, და ეროვნული ბანკისა და მისი პრეზიდენტის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ სწორ ფულად-საკრედიტო პოლიტიკას თავისთავად შედეგად სარეზერვო ფონდის აღდგენა მოჰყვა. გასული წლის დამლევისათვის ქვეყნის სავალურო რეზერვის რაოდენობა 129 მილიონ დოლარს გაუტოლდა და ეს ყოველთვიურად, ყოვეწლიურად გაიზრდება.

ეროვნული ვალუტის კურსის სტაბილურობამ განაპირობა ინფლაციის ნორმალური დონე, სულ რაღავ 10 პროცენტის ფარგლებში, ანუ ყოველთვიურად 1 პროცენტსაც არ აღწევდა. უნდა გითხრათ, რომ იანვარშიც იგივე ტენდენცია - სულ რაღაც ნახევარი პროცენტის ფარგლებშია.

მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი შარშან არ შესრულდა (ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი ტკივილი), თვით საბიუჯეტო სფეროშიც არის ზოგიერთი რაღაც დადებითი ტენდენცია. მაგალითად, საქართველომ ბევრ პოსტსაბჭოურ ქვეყანაზე უკეთ შეძლო მარკირების პრობლემის გადაწყვეტა. 1999 წლის განმავლობაში მხოლოდ თამბაქოს რეალიზაციის შედეგად აქციზის სახით მიღებულია 62 მილიონი ლარი, ანუ წინა წელთან შედარებით 400 პროცენტით მეტი. 1999 წელს ქვეყნის სამრეწველო პროდუქციის მოცულობამ (სამრეწველო მაქვს მხედველობაში) 7,4 პროცენტს გადააჭარბა. აქედან, მრეწველობის სამინისტროს სამრეწველო სექტორში ზრდამ 25 პროცენტი შეადგინა. ეს საკმაოდ დიდი მაჩვენებელია. და, რაც ყველაზე სასიხარულოა, ეს ტენდენცია არათუ გრძელდება, არამედ კიდევ უფრო ძლიერდება წლის დამდეგიდან. მიაქციეთ ყურადღება: მთლიანად შიდა პროდუქტში მრეწველობის ხვედრითმა წილმა 20 პროცენტი შეადგინა. ეს მაჩვენებელი წინა პერიოდს 10 პროცენტით აღემატება.

1998-99 წლებში საქართველოს 4 მილიონამდე მოქალაქემ უსასყიდლოდ მიიღო 919 ათასი ჰექტარი მიწა. იქნებ, ხშირად ვიმეორებ ამ ციფრს, მაგრამ ეს იმდენად დიდი მონაპოვარია თითოეული ოჯახისათვის, ალბათ, მართლაც ხშირად უნდა გავიმეოროთ და ყველამ უნდა იცოდეს, რა საჩუქარი მიართვა თითოეულ მოქალაქეს სახელმწიფომ იმ უზარმაზარი სიმდიდრიდან, რომელსაც მიწის ფონდი ჰქვია.

- სხვათა შორის, უცხოეთში თქვენი ვიზიტების დროს, უწინარესად, თავად უცხოელი ექსპერტები, რომლებიც ჩახედული არიან საქართველოს ეკონომიკაში, უპირველეს საკითხად ამას ასახელებენ და ხელისუფლების ერთ-ერთ ყველაზე დადებით ნაბიჯად მიაჩნიათ...

- დიახ, თავისთავად ისიც ძალიან მნიშვნელოვანია, როცა მიმდინარეობს საერთოდ აღრიცხვიანობის მოწესრიგება, კადასტრის შექმნა, მოწმობების გაცემა და სხვა მრავალი.

სწორედ ამის შედეგია სოფლის მეურნეობაში მიღწეული ის მნიშვნელოვანი წარმატებანი, რომლებიც უკვე არაერთხელ აღინიშნა და რეალურად იგრძნობა საქართველოს ბაზრებზე.

შესანიშნავად ვითარდება ტრანსპორტი, კავშირგაბმულობა, საოცარი პერსპექტივა აქვს ტურიზმს, ბუნების განვითარების თვალსაზრისით ქვეყანას და მრავალი სხვა.

ბუნებრივია, სახელმწიფოს განვითარება სულაც არ არის უპრობლემო. არც შეიძლება იყოს, თუ გავითვალისწინებთ, საიდან დავიწყეთ, სად იყო ათვლის წერტილი. ყველა ეს პრობლემა, გადაწყვეტილი საკითხი, მანკი და ავადმყოფობა ერთ საერთო მნიშვნელამდე დაიყვანება. სამოქალაქო ომის, ნგრევის, არაკომპეტენტურ პოლიტიკოსთა უგუნური გადაწყვეტილების, კრიმინალთა მრავალწლიანი თარეშის, ეთნიკური ელფერის პოლიტიკური კონფლიქტებისა და უზარმაზარი მსხვერპლის შედეგად. 1994-95 წლებისათვის საქართველოს სახელმწიფოებრივი სისტემის საყრდენებს სიმყიფე შეეპარა. სწორედ ამის შედეგია კორუფცია, სახელმწიფო სტრუქტურათა ნაკლები ქვედუნარიანობა და სხვა.

მაგრამ აქაც გვაქვს დადებითი ტენდენციები: პრეზიდენტის ინსტიტუტის, პარლამენტის ავტორიტეტის განუხრელი ზრდა, მათი კონსტრუქციული თანამშრომლობა, საკანონმდებლო ბაზის შექმნა, ურთულესი სასამართლო რეფორმის განხორციელება და ასე შემდეგ.

ამ პროცესების შედეგად სახელმწიფო გაძლიერდა, რაც საშუალებას გვაძლევს პარლამენტსა და ქვეყანას შევთავაზოთ კორუფციის, მისი ყოველგვარი გამოვლინების წინააღმდეგ დაუნდობელი ბრძოლის გამოცხადების კონკრეტული პროგრამა. ძლიერ სახელმწიფოს კი, რაც მთავარია, შეუძლია განახორციელოს ეს პროგრამა კანონიერების ფარგლებში, ანუ მასობრივი ტერორისა და ადამიანის უფლებათა ხელყოფის გარეშე. მე როცა კორუფციაზე ვლაპარაკობ, ყველაფერი მაქვს მხედველობაში, - კონტრაბანდა, აღურიცხავი საქონელი, აღურიცხავი პროდუქცია და სხვა მრავალი.

ამრიგად, დასასრულს უახლოვდება ინსტიტუციური მშენებლობის პროცესი და საერთაშორისო დახმარებასთან, ქვეყნის ახალი გეოპოლიტიკურ ფუნქციასთან ერთად უახლოეს მომავალში უზრუნველვყოთ ინსტიტუციური სივრცის უკანასკნელი გადმონაშთის - საბიუჯეტო კრიზისის აღმოფხვრას.

გასულ კვირას მთავრობის სხდომაზე კიდევ ერთხელ განვიხილეთ საქართველოს 2000 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი. ეს დოკუმენტი რამდენჯერმე გადამუშავდა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების რეკომენდაციათა გათვალისწინებით, რათა გარანტირებული იყოს - ეს გახლავთ უმთავრესი პრიორიტეტი - ბიუჯეტით გათვალისწინებული ყველა მუხლის, სხვათა შორის, განსაკუთრებით მინდა მიაქციოთ ყურადღება, საბიუჯეტო დავალიანებათა დაფინანსება. გვაქვს რეზერვები, რომელთა რაციონალურად გამოყენების თაობაზე ვიმსჯელებთ პარლამენტარებთან ერთად.

ბიუჯეტის პროექტი ითვალისწინებს მიმდინარე წელს საბიუჯეტო დავალიანებათა დაფარვას 95 მილიონი ლარის ოდენობით. აქ კვლავ და კვლავ გადამწყვეტი სიტყვა უნდა თქვას საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტრომ.

ასეთია მოკლედ მოვლენა, რომელსაც პრეზიდენტის ანგარიში, პრეზიდენტის მოხსენება ჰქვია, და ამასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხი.

- დღეს მსოფლიოში ქვეყნის განვითარების ტემპსა და თვით ამ განვითარების შესაძლებლობებსაც მეტწილად ახალ ტექნოლოგიათა დანერგვა განსაზღვრავს. პარასკევს თქვენ საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიათა განვითარების საკოორდინაციო საბჭოს გაფართოებულ სხდომას დაესწარით, რომლის ძირითადი, თუმა არა ერთადერთი, საკითხი იყო ინტერნეტის ქსელის ყოველმხრივი გაფართოება და განვითარება საქართველოში. როგორია თქვენი შთაბეჭდილებანი ამასთან დაკავშირებით?

- შთაბეჭდილებანი ძალიან დიდია. ახლახან, გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნით, მეცნიერთა აზრის შესწავლის შედეგად მეოცე საუკუნის უდიდეს ტექნოლოგიურ მიღწევად, ატომურ ტექნოლოგიასთან ერთად, აღიარებულია კომპიუტერი, მესამე ათასწლეული კი გამოცხადებულია ინტერნეტის ათასწლეულად. ეს არის ნამდვილი ოკეანე, მასავით უკიდეგანო და ამოუწურავი. ჩვენ გვსურს საქართველო იყოს სრულფასოვანი ქვეყანა და არც ერთი ნაბიჯით არ ჩამორჩეს საკაცობრიო პროგრესის ძირითად ტალღას. ამიტომ საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისათვის, უპირველესად, ახალგაზრდებისა და მოზარდებისათვის ინტერნეტი ისეთივე ჩვეულებრივი, ახლობელი უნდა იყოს, როგორც მსოფლიოს ყველაზე განვითარებულ ქვეყნებშია. და მე ვთქვი, რომ ჩვენ სპეციალურ სახელმწიფო პროგრამას შევიმუშავებთ და 4-5-6 წლის განმავლობაში ეს უდიდესი სამუშაოები, უწინარესად, ჩვენს სკოლებსა და სასწავლებლებში უნდა განხორციელდეს. რაც მთავარია, საქართველო დემოკრატიული სახელმწიფოა და ჩვენ არ გვაშინებს ინფორმაციის შეუზღუდავი ნაკადის დინება. ჩვენი ქვეყნის მოქალაქეს, უპირველეს ყოვლისა, მოსწავლესა და სტუდენტს, სადაც უნდა ცხოვრობდეს იგი - თბილისსა თუ ნებისმიერ მაღალმთიან სოფელში, ექნება საშუალება ინტერნეტის მეშვეობით დაუკავშირდეს, ვთქვათ, მსოფლიოში უდიდესი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ბიბლიოთეკის კომპიუტერულ ვებსაიტს და მიიღოს მისთვის საინტერესო ინფორმაცია. ეს მართლაც ფანტასტიკას ჰგავს.

აქედან გამომდინარე, მე დიდი ინტერესით მივიღე მონაწილეობა საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიათა განვითარების საკოორდინაციო საბჭოს სხდომაში, რომელსაც ამავე დროს, ვთავმჯდომარეობ, და უნდა გითხრათ, რომ ამ ღონისძიებამ, მისმა შინაარსმა, საკითხების მრავალფეროვნებამ და მონაწილეთა პროფესიულმა დონემ ჩემზე შესანიშნავი შთაბეჭდილება მოახდინა.

ნამდვილად მადლობის ღირსი არის საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტრო, აგრეთვე, ახლად შექმნილი ინფორმატიზაციის სახელმწიფო დეპარტამენტი, ჩვენი უნივერსიტეტები, განსაკუთრებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, მეცნიერებათა აკადემია და სხვები და სხვები.

ძალიან დიდ დახმარებას გვიწევს ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია. მინდა ეს იცოდნენ ჩვენმა მოქალაქეებმა, განსაკუთრებით, ჩვენმა ახალგაზრდობამ.

მადლობა მინდა ვუთხრა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში კენეტ სპესერ იალოვიცს და საელჩოს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების გამგეს ქალბატონ ვიქტორია სლოუნს - უაღრესად ინიციატივიან ადამიანს, რომელიც შეერთებული შტატების შესაბამისი ორგანიზაციების მეშვეობით და მათი პროგრამების შესაბამისად, ახორციელებს რამდენიმე პროექტს და, უნდა გითხრათ, რომ ძალიან საინტერესო საქმიანობას ეწევა ამ თვალსაზრისით ჩვენი რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციაც, რომლებიც სპეციალიზებულია ამ მიმართულებით. დასაფასებელია, რომ ამერიკელების დახმარებით შედგენილი პროგრამა მუშაობს არა მარტო თბილისში, არამედ საქართველოს სოფლებში, დასავლეთ საქართველოს რაიონებში.

კვლავ ვადასტურებ, რომ ეს არის უდიდესი დატვირთვის მქონე და საშვილიშვილო საქმე, რომლის წარმატებით დაგვირგვინებისათვის, უცხოელ მეგობართა დახმარებასთან ერთად, აუცილებელი იქნება საქართველოს უდიდესი ინტელექტუალური პოტენციალის, განსაკუთრებით, ტექნიკური ინტელიგენციის გამოცდილების, ნიჭისა და უნარის მთლიანად გამოყენება.

მე ვილაპარაკე, სხვათა შორის, ახლა არმინდა გავიმეორო, იმ სპეციფიკურობის შესახებ, რაც საქართველოსათვის იქნება დამახასიათებელი, როცა ინტერნეტის სისტემა მთელ ქვეყანას მოიცავს, და ეს მასალები პრესაში გამოქვეყნდა.

- და კიდევ ასეთი თემა: თუმცა ზოგიერთი პარლამენტარი წინააღმდეგია, ნავთობსადენის თემას ამხელა მნიშვნელობა რომ მივანიჭეთ, მაგრამ ნავთობსადენს უდიდესი მნიშვნელობა აქვს საერთოდ ჩვენს ეკონომიკაში. და აქედან გამომდინარე, ბაქოში ისევ გრძელდება მოლაპარაკება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტის დასაზუსტებლად. და ხომ არ გაჩნდა ერთგვარი საფრთხე, ამ პროექტის განხორციელება შესაძლოა გაჭიანურდეს?

- თქვენ აღნიშნეთ, ზოგიერთი პარლამენტარიო. არა, სხვებიც არიან - ხშირად გაიგონებთ, რას გადავყევით ამ ნავთობსადენებსა და გაზსადენებს, სხვა საკითხებს, სხვა საქმეებს მივხედოთო, ვთქვათ, მრეწველობის განვითარებას, ცალკეული დარგების, მეცნიერების განვითარებას და ასე შემდეგ, თითქოს არავინ აქცევდა ყურადღებას ამას და მხოლოდ ნავთობსადენებში ვართ შემძვრალი და იქ ვიქექებით. ასე არ არის საქმე.

მე უკვე განვაცხადე და კვლავ ვადასტურებ, რომ საქართველო პირნათლად შეასრულებს ყველა ვალდებულებას, ქვეყანამ რომ იკისრა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და ტრანსკასპიური გაზსადენის მშენებლობის თვალსაზრისით. უფრო მეტიც: ჩვენ სისხლხორცეულად ვართ დაინტერესებული ამ პროცესის დაჩქარებით. ყველა საკითხი დეტალურად არის განხილული და თითქმის გადაწყვეტილი. მე მაქვს შეთანხმებული პრინციპული მოსაზრებანი სტამბოლის ისტორიულ სამიტზე, აგრეთვე, საქართველოში თურქეთის პრეზიდენტის სულეიმან დემირელის ვიზიტის დროს ბევრ რამეზე შევთანხმდით, ასევე პრინციპულ საკითხებზე, და ეს თემა იყო განხილვის საგანი მოსკოვში ჰეიდარ ალიევთან შეხვედრის დროს. ამრიგად, გაჭიანურებისათვის სერიოზული საფუძველი არ არსებობს, მოლაპარაკების პროცესი ჩვეულებრივი სამუშაოა. რა თქმა უნდა, არის სადავო და საკამათო საკითხები, მაგრამ არსებობს ის გონივრული კომპრომისებიც და საერთაშორისო ნორმები, მაგალითად, გარემოს დაცვის პრობლემებზე და მას შემდეგ, და ამ პრობლემების მოთხოვნების თაობაზე, და ამ მოლაპარაკების დროს სწორედ ეს მეორე მხარე, ესე იგი კონსტრუქციული კომპრომისების ძიებისა და შეთანხმების მხარე არის განმსაზღვრელი.

- არჩევნებამდე ძალიან ცოტა დრო დარჩა - თვე-ნახევარზე ნაკლები. როგორ გესახებათ ეს პროცესი - მზადება არჩევნებისათვის ზოგიერთი ნეგატიური მომენტის გათვალისწინებით. დავუშვათ, თუნდაც, ის მოთხოვნა, რომ გადავიტანოთ არჩევნები და ასე შემდეგ...

- ჩვენ არ ვმალავთ, რომ არჩევნებს ვმართავთ ძალიან რთულ და დაძაბულ სოციალურ ფონზე. მაგრამ ამ პრობლემის ნაწილობრივი დაძლევა დარჩენილ დროშიც სავსებით შესაძლებელია, თუ ყველა უწყება, უწინარესად, ისევ და ისევ საგადასახადო შემოსავლების სამინისტრო შეასრულებს თავის ფუნქციასა და მოვალეობას, მე ვამბობ, ნაწილობრივ მაინც.

ეს აუცილებელია არა კონკრეტული, თუნდაც, როგორც ამბობენ, უალტერნატივო კანდიდატისათვის, არამედ საზოგადოებაში სოციალური დაძაბულობის შესარბილებლადაც. შეიძლება, ამ კანდიდატისათვის, ესე იგი ჩემთვის, არჩევნების გადატანა და შემოდგომაზე გამართვა, როცა ხუთწლიანი ვადა გადის, გაცილებით უფრო მომგებიანი იყოს, ფონიც უკეთესი იქნება - შემოდგომა უფრო მდიდარია და მასამდე ძალიან ბევრ პენსიონერს და ძალიან ბევრ, ასე ვთქვათ, უხელფასო ადამიანს დაველაპარაკებით და ჩვენს დავალიანებასაც გავასწორებთ. მაგრამ, პრინციპში, ეს სწორი არ არის, რადგან პრეზიდენტის არჩევნების 9 აპრილს ჩატარება ჩვენ მიერ მიღებული კონსტიტუციით განისაზღვრა. მე კი, სიმართლე გითხრათ, არავითარი სურვილი არ მაქვს, რომ დავიწყოთ კონსტიტუციაში წარამარა შესწორებათა შეტანა.

თქვენ გახსოვთ, როცა ზოგიერთი ცვლილება შევიტანეთ აღმასრულებელ ხელისუფლებაში, კერძოდ, სახელმწიფო მინისტრის უფლებათა გაფართოება. მაშინაც იდგა დღის წესრიგში საკითხი, რომ, იქნებ, შეგვეტანა შესწორებანი კონსტიტუციაშიც. მე წინააღმდეგი ვიყავი და ახლაც ამის წინააღმდეგი ვარ.

აქვე უნდა ითქვას, რომ მომავალ არჩევნებს, რასაკვირველია, პოლიტიკურთან ერთად კონკრეტული სოციალური დატვირთვაც აქვს. ჩვენ გვეძლევა შანსი შევინარჩუნოთ სტაბილურობა. არჩევნების წარმატებით ჩატარება ნიშნავს სტაბილურობის შენარჩუნებასა და განმტკიცებას. შევინარჩუნოთ სახელმწიფოებრივი კურსი და კვლავ განვაახლოთ აქტიური თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ახალი საკრედიტო ხაზების გახსნით.

არჩევნები თუ არ გაიმართა, ლაპარაკი ზედმეტია მსოფლიო სავალუტო ფონდის ახალ პროგრამაზე და მე გეტყვით ქვემოთ, რა არის ეს ახალი პროგრამა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდს, ძირითადად უკვე მზად აქვს სამწლიანი პროგრამა, რომლის მიზანია საქართველოში სოციალური დაძაბულობის და სიღარიბის და სიღატაკის აღმოფხვრა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და მრავალი სხვა. ეს არ შეიძლება დავკარგოთ. ქვეყანაში არჩევნები თუ არ გაიმართა, ეს იმას ნიშნავს, რომ იგი არ არის სტაბილური ქვეყანა, საერთაშორისო საფინანსო ცენტრი კი არასტაბილურ ქვეყანასთან არ ითანამშრომლებს. მაგრამ, თუ წავიფორხილებთ, ასე ვთქვათ, საბიუჯეტო საქმეებში ან არჩევნებთან დაკავშირებით, არათუ ყველა ეს პროგრამა შეჩერდება, არამედ რამდენიმე წლის ნაშრომიც შეიძლება წყალში გადაგვეყაროს. შესაძლოა, ვინმეს პარადოქსულად მოეჩვენოს, მაგრამ თანამედროვე მსოფლიოში ეხმარებიან არა ქაოსით მოცულ, არამდგრად, გაურკვეველი ორიენტაციის ქვეყნებს, არამეს სტაბილური დემოკრატიის სახელმწიფოებს, რომელთან ეკონომიკური და სოციალური პრობლემების მიუხედავად, მკაფიო კურსი აქვთ როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკაში.

ამ მხრივ, პრეზიდენტის არჩევნებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება ქვეყნის აღორძინებისათვის ბრძოლაში, მუშაობაში. სამშობლოს, მისი დამოუკიდებლობის წინაშე პასუხისმგებლობა პრეზიდენტის არჩევნებში აქტიურ მონაწილეობასაც გულისხმობს. მე თითოეული მოქალაქე მყავს მხედველობაში და ეს უნდა გააცნობიეროს ყველამ, საქართველოს ყველა მოქალაქემ, რომელ რეგიონშიც უნდა ცხოვრობდეს.

დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტის არჩევნები ჩაივლის დემოკრატიულად, ორგანიზებულად და მოქალაქეებს ექნებათ სრული საშუალება, თავისუფლად გამოხატონ თავიანთი ნება.

- ცნობილია, რომ პრეზიდენტი რეიგანი თავის სამუშაო დღეს იწყებდა „ვაშინგტონ პოსტის“ კითხვით. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო დღეს ხშირად იწყებს ტელევიზიით, პრესით ან რადიოთი. დღეს საქართველოს ტელევიზიამ მორიგი სიახლე შესთავაზა მაყურებელს - ეთერში პირველად გავიდა განახლებული „ალიონი“. ძალიან მაინტერესებს, შემთხვევით ხომ არ ნახეთ ეს გადაცემა?

- მე, სხვათა შორის, ყოველთვის ვცდილობ, თვალი მაინც შევავლო პროგრამა „ალიონს“ სამუშაოზე წამოსვლამდე. ვერ გეტყვით, რომ ყოველდღე ვახერხებდე ამას, მაგრამ ძირითადად მაინც მაქვს წარმოდგენა ამ პროგრამაზე. თავისთავად ეს ყოველთვის საინტერესო და მიმზიდველი იყო.

რაც შეეხება განახლებულ „ალიონს“, იგი შესანიშნავ შთაბეჭდილებას ტოვებს. „ალიონის“ განახლებული პროგრამა ძალიან დახვეწილი გემოვნებით ხასიათდება, ახალი საინტერესო სახეები გამოჩნდა და ამ პროგრამას ძალიან დიდი და კარგი მომავალი აქვს. მე გილოცავთ თქვენ, ვულოცავ ტელევიზიას და განსაკუთრებით იმათ, ვინც მონაწილეობს ამ ახალი პროგრამის მომზადებასა და გადაცემაში.

საქინფორმი.

„დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტის არჩევნები ჩაივლის დემოკრატიულად, ორგანიზებულად და მოქალაქეებს ექნებათ სრული საშუალება, თავისუფლად გამოხატონ თავიანთი ნება“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2000. - 15 თებერვალი. - №42 (3443). - 1,2 გვ.

31 საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმს, ელიზბარ მინდელის დაბადების 90 წლისთავთან დაკავშირებული საიუბილეო სესიის მონაწილეებს

▲ზევით დაბრუნება


მილოცვა

ძვირფასო ქალბატონებო და ბატონებო!

გულითადად გილოცავთ ჩვენი სასიქადულო მამულიშვილის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტის, რუსეთის მეცნიერებისა და ტექნიკის და საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ელიზბარ მინდელის დაბადების 90 წლისთავს.

ელიზბარ მინდელი თვალსაჩინო სახელმწიფო მოღვაწე, ტექნიკური ინტელიგენციის ბრწყინვალე წარმომადგენელი და დიდი მეცნიერია. მის სახელთანაა დაკავშირებული მრავალი საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე საინჟინრო გადაწყვეტა და სამეცნიერო გამოკვლევა. იგი დიდი ორგანიზატორი, ფართო დიაპაზონის მეცნიერ-სამთოელი და პედაგოგი იყო.

ელიზბარ მინდელის გავლილი გზა ნათელი გამოხატულებაა იმისა, თუ როგორი პერსპექტივა აქვთ ჭეშმარიტი ტალანდის მქონე, საქმისათვის თავდადებულ ადამიანებს. მიუხედავად იმისა, რომ თავისი სიცოცხლის დიდი ნაწილი მან საქართველოს გარეთ გაატარა, მთელი შეგნებული ცხოვრება და მოღვაწეობა ქართველი ხალხის ერთგულ სამსახურს შეალია. უდიდესია მისი როლი ომისშემდგომ პერიოდში დანგრეული ქვემოსკოვისა და დონეცკის ქვანახშირის აუზის აღდგენაში, შეუდარებელია მისი მიღწევები ბურღვა-ფეთქითი სამეცნიერო კვლევის განვითარებაში, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია მაინც ის, რომ მთელი სიცოცხლე ადამიანებს შორის კეთილი ბუნების, სითბოს, კაცთმოყვარეობის დამკვიდრებას შეალია.

ამიტომაა რომ ხალხი ასე სათუთად ინახავს ელიზბარ მინდელის, მეცნიერის, მამულიშვილის ნათელ ხსოვნას.

გისურვებთ წარმატებულ, ნაყოფიერ მუშაობას.

საქართველოს პრეზიდენტი
ედუარდ შევარდნაძე.

მილოცვა : საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმს, ელიზბარ მინდელის დაბადების 90 წლისთავთან დაკავშირებული საიუბილეო სესიის მონაწილეებს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2000. - 19 თებერვალი. - №46 (3447). - 1 გვ.

32 „მართლა მომენატრა აჭარა და აუცილებლად უნდა ჩავიდე“

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის ბრიფინგი
2000 წლის 21 თებერვალი.

საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი: როგორ აფასებთ ჯუმბერ პატიაშვილის მიერ საკუთარი კანდიდატურის დასახელებას და იმ ფაქტს, რომ, აღორძინება, ორ კანდიდატურას გიპირისპირებთ?

ედუარდ შევარდნაძე: ეს შეკითხვა გუშინწინაც დამისვეს და ვუპასუხე, რომ ჩემთვის ეს მოულოდნელი არ ყოფილა. რაც შეეხება იმას, რომ ორ კანდიდატს მიპირისპირებენ, იმას ნიშნავს, რომ აქეთ მძიმეწონიანი კანდიდატია.

პირველი არხი: ბათუმში ჩასვლას ხომ არ აპირებთ?

ედუარდ შევარდნაძე: ვაპირებ. ალბათ, ხვალ, ან ზეგ გავემგზავრები.

პირველი არხი: მოსალოდნელი ხომ არ არის, რომ თქვენი ბათუმში ჩასვლის შემდეგ ასლან აბაშიძემ მოხსნას თავისი კანდიდატურა?

ედუარდ შევარდნაე: არა, მე ეს არავითარ შემთხვევაში არ მაქვს მხედველობაში. ბატონი ასლანი თვითონ განსაზღვრავს, რა უნდა გააკეთოს, როდის უნდა იყაროს კენჭი. ჩემი წინასწარმეტყველება არ გამოდგება იმის შესახებ, თუ რა მოლაპარაკება არსებობს მათ შორის, თუმცა, გარკვეულ ვარიანტებზე ფიქრი შეიძლება. თვითონ უნდა განსაზღვროს, საბოლოოდ იყრის კენჭს, თუ შემდეგ მოხსნის თავის კანდიდატურას. არ გამოვრიცხავ, რომ ორივე მიიღებს მონაწილეობას. იმის მიხედვით, თუ რომელი გადაწყვეტილება იქნება მიზანშეწონილი, მერე გააგრძელებენ, ან არ გააგრძელებენ, თუ მეორე ტური გახდება საჭირო. მაგრამ მე რატომღაც მგონია, რომ მეორე ტურამდე საქმე არ მივა. ყოველ შემთხვევაში, ჩემი სურვილი ასეთია.

საფრანგეთის ტელევიზია: რუსეთის ჯარების გასვლის შემდეგ, საქართველოში დატოვებულია დაახლოებით, სამოცდაათამდე გამოსხივების კერა. მიმართა თუ არა საქართველოს მთავრობამ რუსეთის მხარეს პროტესტით, როგორი იყო მათი პასუხი და არსებობს თუ არა საქართველოს მოსახლეობისთვის რადიაციის პრობლემა?

ედუარდ შევარდნაძე: გამოსხივების კერები უფრო მეტად აღმოჩენილია იქ, სადაც ადრე განლაგებული იყო რუსეთის ბაზები. სამწუხაროდ, როცა ისინი საქართველოდან გადიოდნენ, სახელშეკრულებო ბაზაში ეს ელემენტი გათვალისწინებული არ ყოფილა. ამიტომ, იძულებული ვართ, ამ პრობლემას თავი ჩვენ თვითონ გავართვათ. ძალიან დიდ დახმარებას გვიწევენ საერთაშორისო ორგანიზაციები.

საფრანგეთის ტელევიზია: ამჟამად რა მდგომარეობაა ამ თვალსაზრისით?

ედუარდ შევარდნაძე: სერიოზული საფრთხე ამჟამად არ არსებობს. ბოლო ორი-სამი წლის მანძილზე დიდი სამუშაო შევასრულეთ და ძირითადად პრობლემა მოგვარებულია. არ გამოვრიცხავ, რომ სადღაც რაღაც კიდევ გამოჩნდეს, მაგრამ ჯერჯერობით სიტუაციას ვფლობთ და მოსახლეობისათვის ეს სერიოზულ საფრთხეს აღარ წარმოადგენს.

საფრანგეთის ტელევიზია: რატომ არ აზუსტებენ რუსები იმ კერებს ან შესაძლო წყაროებს, რომლებიც შესაძლოა ხვალ პრობლემური აღმოჩნდეს საქართველოსთვის?

ედუარდ შევარდნაძე: როცა რუსეთი საქართველოში არსებული ბაზის გაყვანასთან დაკავშირებული საკუთარი ვალდებულებების შესრულებას დაიწყებს, აქ გათვალისწინებული იქნება მათი სათანადო პასუხისმგებლობა.

რადიო „ფორტუნა“: ერთ-ერთ ბრიფინგზე განაცხადეთ, რომ 9 აპრილთან დაკავშირებით გააკეთებდით გარკვეულ განცხადებებს. ახლა, როცა ჯუმბერ პატიაშვილი კენჭს იყრის და თქვენი კონკურენტი ხდება, ხომ არ შეიძლება ვიგულისხმოთ, რომ ეს დრო დადგა? ხომ არ გააკეთებთ ამგვარ განცხადებებს წინასაარჩევნოდ?

ედუარდ შევარდნაძე: 9 აპრილთან დაკავშირებით მე ბევრი განცხადება მაქვს გაკეთებული, განსაკუთრებით, იმ დღეებში, როცა ეს ტრაგედია ტრიალებდა, როცა უდანაშაულოდ დაღუპული ადამიანები დასაფლავებულიც არ იყვნენ. მაშინ მე ჩემს რამდენიმე გამოსვლაში ყველაფერს შეფასება მივეცი. ვფიქრობ, ეს შეფასებები დღესაც აქტუალურია. რაც შეეხება წინასაარჩევნო დისკუსიებში ამ თემის გამოყენებას, არ ვაპირებ ეს საკითხი „კოზირად“ ვაქციო. მთელმა საქართველომ იცის, რა მოხდა 9 აპრილს. ყველამ იცის, რა და ვისი მიზეზით მოხდა. იქნებ, ჟურნალისტებმა გამოიჩინონ ინიციატივა. წერას ვერავის აუკრძალავ. თუნდაც იმიტომ, რომ არსებობს წინასაარჩევნო ეთიკა, მე, პირადად, არ ვაპირებ ამ თემის გამოყენებას ჩემი კონკურენტის წინააღმდეგ.

რადიო „ფორტუნა“: ჩეჩნეთში რუსეთი სეპარატიზმს იარაღით ებრძვის. ეს ასე ხდება ჩვენთან, თუნდაც - აფხაზეთში. გუშინ რუსეთის საზოგადოებრივი ტელევიზიით გადაიცა ვრცელი სიუჟეტი აფხაზეთში არსებული ვითარების შესახებ. დაფიქსირდა არძინბას პოზიცია იმის შესახებ, რომ აფხაზეთი არის დამოუკიდებელი რესპუბლიკა, რომ რუსეთმა შეწყვიტა აფხაზეთის ეკონომიკური ბლოკადა და ასე შემდეგ. გაეროს საქმიანობა არ არის ქმედითი. მას შემდეგ, რაც თქვენ პრეზიდენტი გახდებით, გამორიცხავთ თუ არა ძალისხმიერი მეთოდების გამოყენებას აფხაზეთის პრობლემის მოგვარებისათვის?

ედუარდ შევარდნაძე: თქვენ იცით, რომ მე და ჩემმა კოლეგებმა ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ მომხდარიყო კონფლიქტის მოგვარების პროცესის ინტერნაციონალიზაცია. საქმეში ჩართულია თითქმის ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, მათ შორის, გაეროს უშიშროების საბჭო, ბოლო დროს - ევროპის უსაფრთხოების მთელი სისტემა, აგრეთვე, მეგობართა ინსტიტუტი ხუთი უდიდესი სახელმწიფოს შემადგენლობით. მომავალში საერთაშორისო ღონისძიებები უფრო აქტიური და შემტევი იქნება. დღევანდელი მსოფლიოსათვის მიუღებელია ჩაუქრობელი ხანძრები, განსაკუთრებით, ისეთ რეგიონში, როგორიცაა კავკასია. ამიტომ, თუ საუბარია ჩემს დამოკიდებულებაზე, მე პრიორიტეტს ვანიჭებ მშვიდობიან მოწესრიგებას საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით.

საინფორმაციო პროგრამა „ვესტკინი“: დღევანდელ რადიოინტერვიუში თქვენ თბილად მოიგონეთ ადამიანი, რომელიც გუშინ გარდაიცვალა - ანატოლი სობჩაკი. რამდენად მნიშვნელოვანი იყო 1989 წელს მისი გამოსვლები საქართველოსა და იმ ხალხის დასაცავად, რომლებიც დაიღუპნენ 9 აპრილს? როგორი იყო მისი როლი ყოფილ საბჭოთა კავშირში დაწყებული დემოკრატიული პროცესების განვითარებაში?

ედუარდ შევარდნაძე: ანატოლი სობჩაკი რუსეთის და არა მარტო რუსეთის ბოლო ათწლეულის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ადამიანი იყო. იგი დემოკრატიული პროცესებისა და გარდაქმნების ერთ-ერთი ინიციატორი, მოაზროვნე პოლიტიკოსი გახლდათ. რაც შეეხება 9 აპრილის მოვლენების გამოძიების კონკრეტულ ფაქტს, ანატოლი სობჩაკმა ყველაზე მეტი გააკეთა. გამოძიება მიმდინარეობდა პარალელურად თბილისშიც. ამაზე მუშაობდა მოსკოვის კომისიაც, რომელშიც დეპუტატები შედიოდნენ. მახსოვს, როგორ მუშაობდა, აწარმოებდა მაღალჩინოსნებს, პოლიტბიუროს წევრების, მათ შორის, ლიგაჩოვის დაკითხვებს. მეც მიმიწვიეს, დამკითხეს. შემდეგ მან ეს ყველაფერი ჩამოაყალიბა თავის მოხსენებაში, რომელიც წარადგინეს ყრილობაზე. უნდა ვთქვა, რომ ეს იყო ვაჟკაცური ნაბიჯი. მე დამახსომდა მისი სიტყვები, ფრაზები, დასკვნები. შემდეგ მან ცალკე წიგნად გამოსცა ეს ნაშრომი, რომელიც, სამწუხაროდ, საქართველოში არ გამოცემულა. მხოლოდ ცალკეულმა გაზეთებმა გადმობეჭდეს ნაწყვეტები. ეს იყო ძალზე ობიექტური, მე ვიტყოდი, მეცნიერული, მაღალკვალიფიციური გამოკვლევა იმისა, რაც მოხდა. იგი შეიცავდა ყველაზე პრინციპულ შეფასებებს, მათ შორის, უმაღლესი ხელისუფლების მიმართ.

„ვესტნიკი“: ბევრი ანალიტიკოსი ქვეყანაშიც და მის გარეთაც ერთმნიშვნელოვნად გასახელებენ წინასაარჩევნო მარათონის ფავორიტად. როგორ ფიქრობთ, აბაშიძესთან ერთად პატიაშვილის მონაწილეობა მეტ დინამიკას მიანიჭებს წინასაარჩევნო კამპანიას? თუ ეს კანდიდატურა წამოყენებულია ქულების გადანაწილებისათვის იმ მიზნით, რომ საქმე მეორე ტურამდე მივიდეს?

ედუარდ შევარდნაძე: ქულებს, რომლებიც ამჟამინდელ პრეზიდენტს ეკუთვნის, ვერავინ წაიღებს. ერთამანეთს შორის განაწილება კი შეუძლიათ.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“: როდის მიიღეთ გადაწყვეტილება ბათუმში გამგზავრებასთან დაკავშირებით და რაზე იქნება საუბარი? რატომ მიგაჩნიათ აუცილებლად, რომ სწორედ ახლა, ამ ეტაპზე ჩახვიდეთ ბათუმში?

ედუარდ შევარდნაძე: მე კარგა ხანია ვფიქრობ, რომ დამაგვიანდა აჭარაში ჩასვლა. დამაგვიანდა არა იმიტომ, რომ დაძაბულობა ან სხვა ხელისშემშლელი მიზეზები იყო, დროის ბალანსია ისეთი, რომ ვერ გამოვძებნე საშუალება. რაც შეეხება იმას, თუ რატომ ჩავდივარ ახლა, - ჯერ ერთი, მართლა მომენატრა აჭარა და აუცილებლად უნდა ჩავიდე. მეორეც, არის ზოგიერთი საკითხი, რომელიც მშვიდ ატმოსფეროში განხილვას მოითხოვს. ეს არის ურთიერთობა ცენტრალურ ხელისუფლებასა და აჭარის ხელისუფლებას შორის ნუ გაგვიკვირდება, ცენტრისა და რეგიონის ფუნქციების გამიჯვნასთან დაკავშირებული პრობლემები ყველა ქვეყნისათვის არის დამახასიათებელი. რა თქმა უნდა, ამ საკითხზე ვისაუბრებთ. ასევე გულახდილად მინდა გითხრათ: მე არ მინდოდა ჩემი ჩასვლა აჭარაში დამემთხვია იმ ეტაპისათვის, როცა წინასაარჩევნო კამპანია ზენიტში იქნება. მაშინ, გვინდა თუ არა, თითოეულ ჩვენგანზე ეს გარკვეულ გავლენას ახდენს. ამიტომ მე და ბატონმა ასლანმა მოვილაპარაკეთ, რომ სწორედ ახლა არის ყველაზე მიზანშეწონილი დრო იმისათვის, რომ ჩავიდე და, მოვინახულო აჭარა, ბათუმელებს შევეხმიანო და ბატონ ასლანთან გავაგრძელო ჩვენი ადრე დაწყებული საუბრები.

„რუსთავი 2“: გქონდათ თუ არა შეხვედრა შოთა კვირაიასთან და აპირებს თუ არა ხელისუფლება ამ პიროვნების გამოყენებას ელიავას პრობლემის მოგვარებაში?

ედუარდ შევარდნაძე: ბატონ შოთასთან შეხვედრა ჯერჯერობით არ მქონია, მაგრამ შევეცდები, რომ აუცილებლად შევხვდე. რაც შეეხება ელიავას პრობლემას, ეს ცალკე საკითხია. მე ვფიქრობ, ხელისუფლება მას მოაგვარებს.

გაზეთი „რეზონანსი“: როდის აპირებთ თქვენი საარჩევნო პროგრამის წარმოდგენას? ჩვენ ნამდვილად უნდა ვიცოდეთ რას და ვის ვაძლევთ ხმას მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში და როგორი იქნება თქვენი ეკონომიკური პროგრამა.

ედუარდ შევარდნაძე: თარიღს ვერ დავასახელებ. მუშაობა ამ დოკუმენტზე მიმდინარეობს, თუმცა პარლამენტში ჩემს გამოსვლაში პრაქტიკულად ყველა ელემენტი იყო ჩამოყალიბებული. მისი წაკითხვა ძალიან ძნელია, რადგან ვრცელი დოკუმენტია. იგი უნდა იყოს შეკრული, რათა ყველა მოქალაქისათვის ნათელი და გასაგები იყოს, რა არის საქართველოსთვის შემდგომი ხუთი წელი, როგორ ვხედავ მე ამ პერიოდს, მათ შორის, ეკონომიკის სფეროში. ძალიან არ დავაგვიანებ, მაგრამ არც ნაჩქარევი გამოქვეყნება ივარგებს. საჭიროა სერიოზული მუშაობა, მათ შორის, ექსპერტებისა.

„რეზონანსი“: რადიოინტერვიუში ბრძანეთ, რომ მოლაპარაკება გქონდათ კანადელ ინვესტორებთან თამბაქოს წარმოებასთან დაკავშირებით. როგორც ჩემთვის ცნობილია, დღეს საქართველოში შემოტანილი სიგარეტის 50 პროცენტი კონტრაბანდულია. თქვენ ბრძანეთ, რომ ნორმალურ ქვეყანაში ეს ზღვარი 4-5 პროცენტს აღწევს. გარდა ამისა, პროკურატურაში აღძრული უამრავი საქმე სწორედ სიგარეტის კონტრაბანდას ეხება. ეს საქმეები რატომღაც ქრება. პოლიტიკური ნება არ არსებობს საქართველოში სიგარეტის კონტრაბანდის წინააღმდეგ საბრძოლველად, თუ პრობლემა წარმოიშვება იმ ადმინისტრაციულ ერთეულებში, რომლებსაც საქართველო სახელმწიფოებრივად ვერ აკონტროლებს?

ედუარდ შევარდნაძე: მე ვთქვი არა 4-5, არამედ 20 პროცენტი. მაგრამ ეს ჩვენ შეღავათს არ გვაძლვეს. ჩვენთან გაცილებით მაღალი მაჩვენებელია. არიან სიგარეტის შემომტანი და რეალიზატორი ისეთი ბიზნესმენები, რომლებიც პრინციპულად ამბობენ უარს გადასახადის გადახდაზე. მთავარი ფაქტორი მაინც ის არის, რომ ის ხალხი, რომელიც თავის საქმეს უნდა აკეთებდეს - მებაჟეები. საბაჟოსთან არსებული შესაბამისი ოპერატიული სამსახურები და ის სტრუქტურები, რომლებიც აკონტროლებენ საზღვარს და შემოტანილ ტვირთებს, ვერ ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას. თუმცა ძალიან ძნელია ბრძოლა. კონტრაბანდის შემოტანის მეთოდები ყოველდღე იცვლება. ახლა ძალიან დიდი რაოდენობით შემოდის წვრილი პარტიები - კალათებით, ჩემოდნებით. ამ მოვლენასთან ბრძოლა ძალზე რთულია. საგანგებო ღონისძიებებს ახორციელებს მიხეილ მაჭავარიანის. ვაჟა ლორთქიფანიძე ცხინვალში იყო. მე აჭარაშიც მექნება საუბარი იმაზე, რომ კონტრაბანდული საქონელი არ შემოვიდეს იმ არხებიდამ, საიდანაც შემოდის. ასეთივე ღონისძიებები ტარდება ყაზბეგში, საიდანაც ასევე დიდი რაოდენობით კონტრაბანდა შემოედინება, ასევეა წითელ ხიდზე და ა.შ. მთელი კომპლექსი, რომელიც ჩაფიქრებული აქვს შემოსავლების სამინისტროს, უახლოეს ერთ კვირაში შედეგებს მოგვცემს. რაც შეეხება ბიზნესმენებთან ჩემს შეხვედრას, ეს მეორედ მოხდა. პირველ შეხვედრაზე მომცეს პირობა, რომ 20-მილიონიან ინვესტიციას განახორციელებენ იმისათვის, რომ საქართველოში განვითარდეს სიგარეტის საკუთარი წარმოება საკუთარი ნედლეულის ბაზაზე. ასეთი ფაბრიკა პრაქტიკულად უკვე გამართულია. შემოიტანეს დიდი რაოდენობით მოწყობილობები. ვფიქრობ, მარტში უკვე შეიძლება მისი ექსპლოატაციაში გადაცემა. თავიდან ვერ ამუშავდება სრული სიმძლავრით, მაგრამ თანდათანობით, თუ სათანადო პირობებს შევუქმნით, შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენი ბაზარი საკუთარი წარმოების სიგარეტით გაჯერდება და კონტრაბანდის პრობლემაც საბოლოოდ გადაწყდება.

„რეზონანსი“: გასულ კვირას ესაუბრეთ ვლადიმერ პუტინს, მათ შორის, სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით. რა გარანტიებს სთავაზობს საქართველოს ხელისუფლება თავის მოქალაქეებს, რომლებიც საკმაოდ მრავლად არიან რუსეთში, რომ სავიზო რეჟიმის შემოღების შემდეგ უფრო არ გართულდება ურთიერთობა მათსა და ადგილობრივ ადმინისტრაციულ სტრუქტურებს შორის.

ედუარდ შევარდნაძე: წინა ბრიფინგზე და სხვა გამოსვლებშიც მე უკვე გამოვხატე ჩემი ნეგატიური დამოკიდებულება სავიზო რეჟიმის პრობლემასთან დაკავშირებით. მე ვთქვი, რომ ეს არის სერიოზული უკან გადადგმული ნაბიჯი ორი ქვეყნის ურთიერთობაში. შეშფოთებული არიან არა მარტო რუსეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები, არამედ ისინიც, ვინც საქართველოდან არის წასული და რუსეთის მოქალაქეები არიან. არანაკლებ შეშფოთებული არიან ის რუსი მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ. სამხედროებსა და მათ ოჯახებზე აღარაფერს ვამბობ. აქ რამდენიმე ასეული ათასი რუსი ეროვნების მოქალაქე ცხოვრობს, რომელთაც სჭირდებათ კონტაქტები თავიანთ ნათესავებთან, იმ ქალებთან და რეგიონებთან, საიდანაც არიან წარმოშობილი. მიმაჩნია, რომ თუ იძულებული გავხდით ხელი მოვაწეროთ ამ ხელშეკრულებას, ეს იქნება, როგორც უკვე ვთქვი, ნაბიჯი უკან ორმხრივი ურთიერთობის თვალსაზრისით და ძალიან მძიმე დარტყმა დსთ-ისათვის. ეს ერთ-ერთი ის ხელშეკრულებაა, რომელიც მუშაობს თანამეგობრობის სივრცეში. ყველა სახელმწიფო დაინტერესებულია ამ რეჟიმის შენარჩუნებით. ამიტომ მე და ბატონი პუტინი მივედით იმ დასკვნამდე, რომ არ ვიჩქაროთ, მით უმეტეს, რომ წინ არჩევნებია რუსეთშიც და ჩვენთანაც. მერე დრო გვიჩვენებს, როგორ გამოვძებნოთ ყველაზე გონივრული გადაწყვეტილება.

„სეგოდნია“: რა ხდება ტრანსკასპიური გაზსადენის ირგვლივ? თუ გქონდათ ამ საკითხზე მოლაპარაკება თურქმენეთის პრეზიდენტთან? როგორია პოლიტიკისა და ეკონომიკის წილი იმაში, რაც ხდება? ხომ არ ცდილობს რუსეთი, შეასუსტოს საქართველოს სატრანზიტო ფუნქცია?

ედუარდ შევარდნაძე: ჩემი აზრით, რუსეთი აქ არაფერ შუაშია. საქართველო ხელს არ უშლის ამ იდეის რეალიზაციას. გარკვეული პრობლემები წარმოიშვა აზერბაიჯანსა და თურქმენეთს შორის. ეს ძირითადად უკავშირდება კასპიის ზღვის აზერბაიჯანის სექტორში აღმოჩენილ დიდ საბადოებს. დგება აზერბაიჯანული გაზის ტრანსპორტირების პრობლემა. მიმდინარეობს მოლაპარაკება. რაღაც იცვლება სტამბოლში მიღწეულ პრინციპულ შეთანხმებებში. ვფიქრობ, მოლაპარაკება გაგრძელდება. ძალიან აქტიურად მუშაობენ ის ამერიკული ფირმები, რომელთაც იკისრეს ამ გაზსადენის მშენებლობა, შედეგს შევატყობთ.

„სეგოდნია“: თუ გქონდათ ამასთან დაკავშირებით საუბარი თურქმენეთის პრეზიდენტთან?

ედუარდ შევარდნაძე: ამის აუცილებლობა ჯერჯერობით არ არის. ვფიქრობ, ბევრი რამ გახდება ნათელი ამერიკიდან ჰეიდარ ალიევის დაბრუნების შემდეგ. შესაძლოა, მე ჩავიდე ბაქოში, ან ის ჩამოვიდეს. შევეცდებით, გავერკვეთ, რა ხდება.

„ნტვ“: გასულ კვირას რუსეთიდან კვლავ გაისმა ბრალდებები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ტერიტორიიდან ბოევიკების ჯგუფი ცდილობს რუსეთში შეღწევას. თქვენ პუტინთან შეხვედრისა და სამიტში მონაწილეობის წინ განაცხადეთ, რომ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობა უნდა განსაზღვრონ პოლიტიკოსებმა და არა პრესსამსახურებმა. შეიძლება ითქვას, რომ თქვენ ვერ მოახერხეთ ამ შეთანხმების მიღწევა და კვლავ სპეცსამსახურები აწარმოებენ ორ სახელმწიფოს შორის პოლიტიკას?

ედუარდ შევარდნაძე: სპეცსამსახურებმა თავიანთი ფუნქცია უნდა შეასრულონ. პოლიტიკოსების ამოცანა კი არის ის, რომ ღრმად გააანალიზონ მოვლენები და გამოიტანონ სწორი დასკვნები. ვფიქრობ, შეხვედრა პუტინთან, შემდეგ კი სატელეფონო საუბარი, კარგი დასაწყისია. არ ვიტყოდი, რომ ახლა ყოველგვარი მასალების შემოსვლა შეწყდება. მეც ვიღებ ინფორმაციებს და ისიც მიიღებს, მაგრამ ფხიზლად და ობიექტურად უნდა მივუდგეთ მათ. ის საუბარი, რომელიც რამდენიმე დღის წინათ გაიმართა, მეტყველებს, რომ ჩვენ ვიწყებთ იმ შეთანხმების რეალიზაციას, რომელსაც მოსკოვში მივაღწიეთ.

„ნტვ“: 23 თებერვალი, საბჭოთა არმიის დღე, ძალიან დატვირთული იქნება. საქართველოში ჩამოდის დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კუკი. ხომ არ უკავშირდება ეს ვიზიტი იმას, რომ 23 თებერვალი ჩეჩენი ხალხის დეპორტაციის დღეა? ხომ არ იქნება კავკასიის თემა წამყვანი დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელთან მოლაპარაკებებისას? ამასთან, 23 თებერვალს პანკისის ხეობიდან სტარტს იღებს „მშვიდობის მარში“ - ჩეჩნებს გადაწყვეტილი აქვს საქართველოს, აზერბაიჯანისა და რუსეთის გავლით მიაღწიონ ევროპას.

ედუარდ შვარდნაძე: ამ გეგმების შესახებ არაფერი ვიცი. იმედია, ეს მშვიდობიანი ლაშქრობა იქნება. ალბათ, ცუდი მასში არაფერია, თუ ეს ნამდვილად რეალური გეგმაა. რაც შეეხება დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს, ამის შესახებ რამდენიმე თვის წინათ იქნა მიღწეული შეთანხმება. ეს არ არის დაკავშირებული არც საბჭოთა არმიის დღესთან, არც ჩეჩნეთის მოვლენებთან. ეს ინგლისის მინისტრის პირველი ვიზიტია. ვფიქრობ, ეს არის დიდი ბრიტანეთის ახალ ხელმძღვანელობასთან დიალოგის კარგი დასაწყისი.

საქართველოს პრეზიდენტის
პრესსამსახური - საქინფორმი.

„მართლა მომენატრა აჭარა და აუცილებლად უნდა ჩავიდე“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2000. - 22 თებერვალი. - №49 (3450). - 1,2 გვ.

33 „ჩვენ ყველას, ყველა მოქალაქეს, სრულიად საქართველოს გვეყოფა სიბრძნე, წინდახედულება და პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ ქვეყანა ამ არჩევნებიდან უფრო განმტკიცებული და უფრო სტაბილური გამოვიდეს“

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
21 თებერვლის რადიოინტერვიუ

- თებერვალი უკვე იწურება. შეიძლება თუ არა საუბარი იმ ტენდენციებზე, ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით საქართველოში რომ გამოიკვეთა. განსაკუთრებით საინტერესოა, ალბათ, მრეწველობის დარგის მონაცემები..., - ჟურნალისტ ნატო ონიანის თხოვნით, ამ თემაზე საუბრით დაიწყო თავისი ტრადიციული ორშაბათის რადიოინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ:

- უდავოა ის, რომ მრეწველობის განვითარება და ზრდის ტემპი განსაზღვრავს მთლიანად ეკონომიკის სიჯანსაღეს. თუ გაიხსენებს რადიომსმენელი, ჩვენ შარშან ერთ-ერთი დიდი სხდომა სწორედ მრეწველობის მდგომარეობასა და უახლოესი წლების განმავლობაში საქართველოში ამ დარგის განვითარების კონცეფციას მივუძღვენით.

ძალიან მნიშვნელოვანია, თუ მრეწველობის პროდუქციის ზრდა მიღწეულია ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნების პარალელურად ინტენსიური და ექსტენსიური მეთოდებით.

ჯერჯერობით ხელთ გვაქვს იანვრის მონაცემები, რომლებიც ძალზე დამაიმედებელია. მაგალითად, შარშანდელ იანვართან შედარებით სამრეწველო პროდუქციის სრული მოცულობა 12,5 პროცენტით გაიზარდა. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით გამოირჩევა თბილისი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, ქართლის რეგიონი და უკვე ტრადიციულად იმერეთი, აგრეთვე სამეგრელო-ზემო სვანეთი და გურია.

შესანიშნავად დაიწყო მიმდინარე წელი ტრანსპორტის დარგმა. ზრდამ რამდენიმე მიმართულებით თითქმის 27 პროცენტი შეადგინა. თქვენ გახსოვთ, მე უკვე რამდენჯერმე აღვნიშნე, რომ ბოლო წლებში ტრანსპორტი ძალიან ინტენსიურად ვითარდება. იზრდება არა მარტო ტვირთბრუნვა, რაც ნიშანდობლივია, არამედ გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობაც. რკინიგზელებისათვის მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის. საკმარისია აღინიშნოს, რომ ტვირთზიდვის მოცულობა 34 პროცენტით გაიზარდა, ტვირთბრუნვა კი 48 პროცენტით.

თითქმის 84 პროცენტით გაიზარდა ფოთისა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურებში გადამუშავებული ტვირთების ოდენობა. თუ ეს ტენდენციები წლის განმავლობაში შევინარჩუნეთ, 2000 წელი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული იქნება რეფორმათა მთელი პერიოდის განმავლობაში.

რასაკვირველია, წარმატება და წინსვლა უწინარესად უნდა დაეტყოს და კიდევაც დაეტყობა სოციალურ სფეროს - ხელფასებს, პენსიებს, სხვა სახის დახმარებას. მაგრამ აქ გადამწყვეტი სიტყვა მაინც საგადასახადო შემოსავლების სამინისტრომ უნდა თქვას, თუმცა მრეწველობა და სოფლის მეურნეობა, ტრანსპორტი - ეს ის ბაზაა, რომელსაც ძალიან დიდი წილი შეაქვს ბიუჯეტის ფორმირებაში.

ამჟამად მთავრდება საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სტრუქტურული რეორგანიზაცია და დარწმუნებული ვარ, რომ უკვე მარტიდან დაიწყება საბიუჯეტო შემოსავლის ძალიან მნიშვნელოვანი ზრდა, და უკვე მარტიდანვე მოსახლეობამ უნდა იგრძნოს იმ ღონისძიებათა შედეგი, რომელთაც მე, ასე ვთქვათ, კონტრაბანდისა და საერთოდ კორუფციის და სხვა დანაშაულობათა წინააღმდეგ ტოტალური შეტევა ვუწოდე.

საქართველოს ხელისუფლება და მოსახლეობა ამჟამად ერთად ზრუნავენ ჩვენს ქვეყანაში სიღარიბის აღმოსაფხვრელად, რაც კვლავინდებურად ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია. აღსანიშნავია, რომ ძალიან კარგად დაიწყო საქმე ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ახლადშექმნილმა, უფრო სწორად, გაერთიანებულმა სამინისტრომ. მინისტრი ბატონი ავთანდილ ჯორბენაძე სპეციალურად ამ პროგრამების განსახილველად იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც უაღრესად საინტერესო შეხვედრები ჰქონდა ფინანსურ ორგანიზაციებში, კერძოდ, მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელობასთან. როგორც ჩანს, სიღატაკის აღმოფხვრის პროგრამა კიდევ უფრო მასშტაბური იქნება, იმაზე უფრო მასშტაბური, ვიდრე ეს ჩვენ გვაქვს ჩაფიქრებული. იგი გათვალისწინებულია 3-5-წლიანი პერიოდისათვის და გულისხმობს ძირეულ, არსობრივ-რეფორმისტულ ცვლილებებს. კერძოდ, საპენსიო უზრუნველყოფის სფროში.

სხვა საკითხებიდან ძალზე მოკლედ გამოვყოფდი კანონპროექტს ფაქტორინგული და ლიზინგური ოპერაციების შესახებ, რომელიც მთავრობის სხდომაზე განვიხილეთ და მოვიწონეთ კიდეც. ეს კანონი ხელს შეუწყობს სამამულო წარმოების განვითარებას, ფულადი რესურსების მოზიდვას და უახლეს ტექნოლოგიათა დანერგვას. მთავრობის სხდომაზე აგრეთვე მოვისმინეთ და მოვიწონეთ საქართველოს ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტის წინადადება იმის თაობაზე, რომ 2000 წლის მაისში ჩვენი ქვეყნის დედაქალაქში გაიმართოს კავკასიის მეორე საერთაშორისო ტურისტული ბაზრობა. ეს ღონისძიება მიეძღვნება ქართული სახელმწიფოებრიობის 3000-წლოვან იუბილეს და წარმოაჩენს საქართველოს სხვადასხვა რეგიონთა ტურისტულ-რეკრეციულ პოტენციალს.

განვლილი კვირის შეხვედრებიდან კი განსაკუთრებით მინდა გამოვყო საუბარი საქართველო-კანადის ერთობლივი საწარმოს ხელმძღვანელობასთან. ეს გახლავთ ყველაზე პროგრესული ტექნოლოგიური ხაზებით აღჭურვილი სიგარეტის წარმოება. იგი უკვე მარტის დამლევს უნდა ამოქმედდეს, ამისათვის თითქმის ყველაფერი მზად არის. მე მახსოვს, ამ წლინახევარ-ორი წლის წინათ პირველად შევხვდი ამ ჯგუფს - ქართველი და კანადელი ინვესტორების გაერთიანებულ ჯგუფს და მაშინ მათ პირობა მომცეს, რომ წელიწადნახევარში დაამთავრებდნენ სათანადო ხაზების დამონტაჟებას. მოწყობილობა შემოტანილია, ინვესტიცია დაახლოებით 12 მილიონს შეადგენს. კიდევ, ალბათ, მოსალოდნელია 6-7 მილიონი და ყველაფერი ეს გვაძლევს საშუალებას განვავითაროთ საქართველოში მეთამბაქოეობა, უფრო სწორად, აღვადგინოთ ის საუკეთესო ტრადიციები, ათეული წლების განმავლობაში რომ გვქონდა, და შევქმნათ, გავაკეთოთ საკუთარი ბაზარი წარმოებით, ძირითადად მაინც. და მაშინ ბოლო მოეღება კონტრაბანდის გაუთავებენ შემოტევებს და სხვა იმ სიმახინჯეებს, რასთანაც ახლა გვაქვს საქმე. აქ ცოტა კიდევ უნდა წავიმუშაოთ, რათა ინვესტორებს მუშაობის ნორმალური პირობები შეექმნათ.

- თქვენ ძალიან ხშირად ამბობთ, რომ სწორედ კონტრაბანდაა ძირითადი უბედურება, თუ შეიძლება ასე ითქვას, არა მარტო ჩვენი ეკონომიკისათვის, არამედ საერთოდ ქართული სახელმწიფოებრიობისათვის. გასულ კვირას ამ საკითხებზე მოსალაპარაკებლად ცხინვალში იმყოფებოდა საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ვაჟა ლორთქიფანიძე. როგორ აფასებთ ამ მოლაპარაკების შედეგებს?

- სხვათა შორის, რამდენიმე სიტყვა ამ კონტრაბანდასთან დაკავშირებით. გამახსენდა ის ინფორმაცია, რომელიც სწორედ ინვესტორების ამ ჯგუფმა - კანადელებმა მომაწოდეს. ისინი წლების განმავლობაში ეწევიან სიგარეტის ბიზნესს და ღრმად არიან ჩახედული, თუ სად, რომელ ქვეყანაში რა ხდება. ბუნებრივია, მათ აინტერესებთ ბაზრები. მათი ინფორმაციით, ევროპის მთელ რიგ წამყვან ქვეყნებშიც კი სიგარეტის კონტრაბანდის მოცულობა 20-25 პროცენტს აღწევს. თვით ბრიტანეთიც - კუნძულებზე მდებარე ეს სახელმწიფო ბოლომდე ვერ მორევია სიგარეტის კონტრაბანდას. რა თქმა უნდა, ამით თავს ვერ ვინუგეშებთ. მე სწორედ ამიტომ მაინტერესებს საკუთარი წარმოება. კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის საუკეთესო მეთოდი საკუთარი წარმოების განვითარებაა და საკუთარი ბაზრის ათვისებაა.

სამწუხაროდ, საქართველოში კონტრაბანდის დონე გაცილებით მაღალია, ვიდრე ევროპის რომელიმე სხვა ქვეყანაში. ამასთან დაკავშირებით გასულ კვირას ცხინვალში გამართული ბატონ ვაჟა ლორთქიფანიძისა და ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთა შეხვედრა ძირითადად სწორედ ამ საკითხებს მიეძღვნა. დაინტერესება ორმხრივი იყო, ვინაიდან კონტრაბანდის შემდეგ ეს რეგიონიც სერიოზულად ზარალდება. გამოიკვეთა კონკრეტულ შეთანხმებათა და კომპრომისთა შესაძლებლობაც. ეს მაგალითი კიდევ ერთხელ ნათელყოფს, რომ კონსტრუქციული დიალოგისა და ურთიერთპატივისცემის, ინტერესთა თანხვედრის საფუძველზე ნამდვილად შეგვიძლია გადავწყვიტოთ პრობლემატური საკითხები და ბოლოს და ბოლოს განვახორციელოთ და ბოლომდე მივიყვანოთ ის პროცესი, რომელსაც ქართველთა და ოსთა შერიგება ჰქვია.

- გასულ კვირას ევროპამ უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის სპეციალურმა მისიამ დაიწყო რუსეთ-საქართველოს საზღვრის მონიტორინგი (ჩეჩნეთის მონაკვეთს ვგულისხმობ). რა მნიშვნელობას ანიჭებს ხელისუფლება ამ ღონისძიებას?

- მე გულწრფელად მივესალმები ეუთოს ამ გადაწყვეტილებას, როგორც იცით, ეს ჩვენი თხოვნით მოხდა, ნიშანდობლივი და სასიხარულოა, რომ საერთო-ევროპული ორგანიზაცია ესოდენ ოპერატიულად და ქმედითად გამოეხმაურა საქართველოს ინიციატივას, რაც უდავოდ ეუთოს დიდ ავტორიტეტსა და მძლავრ გავლენაზე მეტყველებს.

საქართველო-რუსეთის საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთის მუდმივი მეთვალყურეობა და მისდამი კონტროლი ერთხელ და სამუდამოდ დაუსვამს წერტილს ცილისწამებისა და დეზინფორმაციის იმ ნიაღვარს, რომელმაც სერიოზულად შეგვაშფოთა საქართველოში ყველა, ვისაც გვსურს კეთილმეზობლობა და თანასწორუფლებიანი თანამშრომლობა მეზობელ, ისტორიულად მეგობარ რუსეთთან.

აღსანიშნავია, რომ ეუთოს მისიის შემადგენლობაში რუსეთის წარმომადგენელიც შედის. მე მზად ვარ, პირადად მოვიწვიო თუნდაც რუსი ჟურნალისტები, შევუქმნა მათ ყველა პირობა, რათა თავად ნახონ და შეამოწმონ ყველაფერი, რაც აინტერესებთ.

ცალკე ვიტყოდი რამდენიმე სიტყვას პანკისის ხეობასთან დაკავშირებით. ნურავის დაავიწყდება (მხედველობაში მაქვს რუსეთის საინფორმაციო საშუალებები, სპეცსამსახურები, რომლებიც ძალიან ხშირად ახსენებენ პანკისის ხეობას, სადაც თითქოს რამდენიმე ასეული ბოევიკი აფარებდეს თავს), რომ ამ ხეობაში ცხოვრობს საქართველოს ჩეჩნური თემი - დაახლოებით 12 ათასი კაცი, ჩვენი თანამოძმენი, თანამემამულენი, საქართველოს ჩეჩენი ეროვნების მოქალაქეები. ერთი მათგანი, სხვათა შორის, პარლამენტის წევრიც გახლავთ. ანუ, რა თქმა უნდა, არიან მათ შორის არა მარტო ქალები, ბავშვები, მოხუცები, არამედ სრულწლოვანი მამაკაცებიც. მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას რაღაც ეჩვენება, ჩვენ არ შეგვიძლია თითოეულ მათგანს თითო პოლიციელი ან სპეცსამსახურთა თანამშრომელი მივუჩინოთ. ეს ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევა იქნებოდა. საქართველოს ხელისუფლება არ შეურაცხყოფს თავის მოქალაქეებს.

რაც მთავარია, საიმედოდ უნდა იყოს ჩაკეტილი საზღვარი ორივე მხრიდან. ეს ელემენტარული მოთხოვნაა და უნდა შეასრულოს როგორც საქართველომ, ასევე რუსეთმაც. ეუთოს მისია კი ხელს შეუწყობს ნდობის განმტკიცებას და ობიექტური ინფორმაციის გავრცელებას.

აქვე მივესალმები ქართველი და რუსი მესაზღვრეების ინიციატივას, რომელთაც შატილსა და არღუნის ხეობაში მჭიდრო კონტაქტი დაამყარეს, თუმცა ერთმანეთის საქმეში ისინი არ ერევიან.

მოგეხსენებათ, წინა კვირაში სატელეფონო საუბარი გვქონდა ვლადიმერ პუტინსა და მე. ვიმსჯელეთ როგორც ზემოაღნიშნულ პრობლემებზე, ასევე სხვა საკითხებზეც. საერთოდ, როგორც უკვე ვთქვი, ამ საუბარმა, გულახდილობამ და კეთილგანწყობამ უდავოდ შეუწყო ხელი პოზიციათა გარკვევას და ორ სახელმწიფოს შორის გაუგებრობათა თუ ერთგვარი გარკვეული დაძაბულობის განმუხტვას.

- გუშინ გავრცელდა ინფორმაცია ცნობილი პოლიტიკოსისა და მოღვაწის, მე ვიტყოდი, თქვენი მეგობრის ანატოლი სობჩაკის გარდაცვალების შესახებ. თქვენ ძალიან მნიშვნელოვანი წლები გაკავშირებდათ სობჩაკთან. მხოლოდ იმ წლებსა და იმ პერიოდს არ ვგულისხმობ, როცა თქვენ საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი იყავით. თქვენი ურთიერთობა შემდეგაც გრძელდებოდა...

- ძალიან დამწყდა გული ამ შესანიშნავი ადამიანის, შესანიშნავი მოქალაქისა და უდავოდ დიდი მოღვაწის, დიდი პატრიოტის ანატოლი სობჩაკის მოულოდნელმა გარდაცვალებამ. ჩვენ მართლაც დიდი მეგობრობა გვქონდა. იგი შესანიშნავად აგრძელებდა დიდი, საუკეთესო რუსი ინტელიგენციის ტრადიციებს. მან პირველმა თქვა სიმართლე 9 აპრილის ტრაგედიის შესახებ და ეს სულაც არ იყო მაშინ ადვილი. ეს იყო ნამდვილი მოქალაქეობრივი გმირობა. გახსოვთ, იგი სპეციალურ კომისიას ხელმძღვანელობდა.

სამართლიანობითა და პატიოსნებით ანატოლი სობჩაკმა ჩვენი ხალხის გულწრფელი სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა. მე მას ძალიან კარგად ვიცნობდი და, როგორც ზემოთ ვთქვი, ვმეგობრობდი. ჩვენ ერთად ვიყავით რუსეთში დემოკრატიული რეფორმებისათვის მოძრაობის დამფუძნებელნი. მას ყოველთვის სტკიოდა რუსეთი და უსაზღვროდ უყვარდა თავისი სამშობლო, განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, პეტერბურგი. მე მქონდა ბედნიერება, როცა იგი პეტერბურგის მერი, გუბერნატორი იყო, სწორედ იმ დროს ვყოფილიყავი იქ სტუმრად და ლექციები წამეკითხა სწორედ რეფორმატორთა მოძრაობის ფარგლებში. ანატოლი სობჩაკის, ისევე როგორც მისი თანამემამულე და თანამოქალაქე დიმიტრი ლიხაჩოვი (მე კიდევ ამ პიროვნებას გამოვყოფდი) განასახიერებდა ყოველივე ნათელს, კეთილშობილს, რაც კი დამახასიათებელია რუსეთისა და რუსი ხალხის საუკეთესო ნაწილისათვის, სამწუხაროდ, არიან სხვა ძალებიც, რომლებმაც ანატოლი სობჩაკის სიცოცხლის ბოლო წლებში მოუწამლეს ცილისწამებითა და სიძულვილით. ამ სიძულვილის ერთ-ერთი მიზეზი დემოკრატიულ რწმენასთან და შეხედულებებთან ერთად ისიც იყო, რომ ანატოლი სობჩაკმა სიმართლე თქვა ცხრა აპრილის ტრაგედიის შესახებ და ზოგიერთს ეს, როგორც იტყვიან, ძაღლის ნაკბენივით დაამახსოვრდა, აი, ეს, მის მიერ მაშინ ნათქვამი სიმართლე.

ანატოლი სობჩაკის გარდაცვალება დიდი დანაკლისია არა მარტო რუსეთისათვის, არამედ საქართველოსთვისაც. შეგახსენებთ, რომ იგი თბილისის საპატიო მოქალაქეა, თბილისელებმა არა ფორმალურად, არამედ გულწრფელად აღიარეს მისი ღვაწლი. სამწუხაროა, ძალიან სამწუხარო, რომ ანატოლი სობჩაკის წიგნი - „თბილისის ჟამგატეხილი“, რომელშიც მან 9 აპრილის ორგანიზატორები ამხილა, დღემდე არ არის სრულყოფილად გამოცემული საქართველოში. თუ ჩვენი პატივისცემა გვინდა გამოვხატოთ, ალბათ, სწორედ ეს წიგნი უნდა გამოიცეს მისი ხსოვნის უკვდავსაყოფად.

ძალიან ვწუხვარ, რომ არ მექნება საშუალება მონაწილეობა მივიღო და, ასე ვთქვათ, ჩემი ბოლო ვალი მოვიხადო - გამოვეთხოვო მას. მე ვიცი, რომ აქედან მიდის ჯგუფი ჩვენი საერთო ნაცნობებისა, მათ შორის, ბატონი ელდარ შენგელაია აპირებს წასვლას. მე მინდა მას დავაბარო ყველაფერი, რაც უნდა მეთქვა, თუ პეტერბურგში ჩასვლის საშუალება მექნებოდა.

- გასულ კვირას საქართველოს სამედიცინო საზოგადოებრიობამ შესანიშნავი ექიმისა და საზოგადო მოღვაწის სოკრატ არშბას დაბადების 95 წლისთავი აღნიშნა. თქვენ ამ ღონისძიებას ესწრებოდით, უპირველესად, ალბათ, იმ ნიშნით, რომ, როგორც იქ ითქვა, სოკრატ არშბა ქართველთა და აფხაზთა ურთიერთობისა და მეგობრობის განსახიერება იყო...

- ეს პიროვნება - ბატონი სოკრატ არშბა მართლაც დიდი და შესანიშნავი მეცნიერი და დიდი მოღვაწე იყო. მე ვესწრებოდი იმ შეკრებას თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტში, სადაც თავი მოიყარა შესანიშნავმა საზოგადოებამ, მათ შორის ბევრმა სოხუმელმა, ბევრმა მისმა ნაცნობმა და მეგობარმა. და იმ შეკრებაზე მე ვთქვი, რომ ყოველი ერის განსაკუთრებული ნიჭი და ღირსებაა პატივი მიაგოს დამსახურებულ, ღვაწლმოსილ ადამიანებს, ისეთ მამულიშვილებს, როგორიც ბატონი სოკრატ არშბა იყო. სხვა მრავალ ღირსებასა და დამსახურებასთან ერთად სოკრატ არშბა, როგორც ჭეშმარიტი აფხაზი, ქართველთა და აფხაზთა ძმობასა და მეგობრობას განასახიერებდა. დარწმუნებული ვარ, იგი სწორედ ასე ნათლად ახსოვთ აფხაზეთშიც, ვინაიდან სოკრატ არშბა და მრავალი მისი თანამოაზრე ქართველთა და აფხაზთა მრავალსაუკუნოვან ერთობას განასახიერებენ. მათი ნათელი ხსოვნა გვინათებს გზას ურთიერთმიტევებისა და შერიგებისაკენ. მხოლოდ ამ გზას აქვს მომავალი და სწორედ ამ გზამ უნდა მიგვიყვანოს აფხაზეთის პრობლემის საბოლოო გადაწყვეტამდე.

- გასულ კვირას კიდევ ერთი შესანიშნავი ქართველი მამულიშვილის ხსოვნის საღამოს დაესწარით. ჰამლეტ გონაშვილი თაობებს დაამახსოვრდება, თაობებს გაჰყვება, მათ შორის, იმათაც, ვისაც არასდროს არ მოუსმენია მისი სიმღერა ისევე, როგორც თავის დროზე ვანო სარაჯიშვილისა. ჩემს თაობას სარაჯიშვილის სიმღერა არ მოუსმენია, მაგრამ ყველამ იცის დღესაც, ვინ იყო იგი.

- სხვათა შორის, ძალიან კარგი შედარებაა. რა თქმა უნდა, მადლობას მოვახსენებ ამ შესანიშნავი, ჩემთვის დაუვიწყარი კონცერტის ორგანიზატორებს, უწინარესად, თანამედროვეობის ასე საინტერესო მოღვაწეს ბატონ ანზორ ერქომაიშვილსა და მის კოლეგებს.

ანსამბლი „რუსთავი“ კვლავინდებურად რჩება ქართული კულტურის ერთ-ერთ ფასდაუდებელ მარგალიტად. სამართლიანად ითქვა, რომ ისეთი ღვთიური ნიჭით დაჯილდოვებული ადამიანები, როგორიც დაუვიწყარი ჰამლეტ გონაშვილი იყო, საუკუნეში ერთხელ იბადებიან. ამ ადამიანში თითქოს განსხეულდა ქართული ხალხური სიმღერის გენია. ამ ადამიანში ბევრი რამ იყო დაუვიწყარი და იმ საღამოზე ყველაფერი ეს ითქვა. ქართული ხალხური სიმღერა, მე ასე ვიტყოდი, ჩვენი ეროვნული კულტურის უდიდესი მონაპოვარია. ჰამლეტ გონაშვილმა ქართულ სიმღერას განსაკუთრებული ელვარება შესძინა. მისი ხმა მარად და მარად საქართველოს თანმდევი იქნება.

- გასულ კვირას ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციაში გაატარა პრეზიდენტობის მსურველი 17 კანდიდატი. 19 თებერვალს უკვე დასრულდა ეს პროცესი. საქართველოში პრეზიდენტობის მსურველი მოქმედ პრეზიდენტთან ერთად კიდევ 16 კაცი აღმოჩნდა. როგორ გგონიათ, რამდენად მძიმე და მოულოდნელობებით აღსავსე იქნება არჩევნების წინა პერიოდი, აქ წმინდა პოლიტიკურ ბრძოლას არ ვგულისხმობ, ალბათ, მიმიხვდით, რასაც ვგულისხმობ. და, კიდევ, ამ ფონზე ცნობილი გახდა, რომ თქვენ აჭარაში აპირებთ ჩასვლას. რას ნიშნავს ეს?

- მიუხედავად იმისა, რომ კანდიდატების ასეთი სიმრავლე და სიჭრელეა, მე მაინც ვფიქრობ, ჩვენ ყველას, ყველა მოქალაქეს, სრულიად საქართველოს გვეყოფა სიბრძნე, წინდახედულება და პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ ქვეყანა ამ არჩევნებიდან უფრო განმტკიცებული და უფრო სტაბილური გამოვიდეს. ეს უნდა შევძლოთ ყოველ მიზეზგარეშე.

ახლა, რაც შეეხება აჭარაში ჩემს გამგზავრებას. ამ დღეებში მე აუცილებლად ჩავალ აჭარაში. ამ თემაზე საუბარი ჩემსა და ასლან აბაშიძეს შორის უკვე გაიმართა. საარჩევნო ბატალიები ყველა ქვეყანაში ძალიან მწვავედ მიმდინარეობს, მაგრამ ამან, არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეგვიშალოს ხელი - შევხედოთ და გადავწყვიტოთ ის საჭირბოროტო საკითხები, ხანდახან ყოველდღიურ პრობლემებს რომ გვიქმნის ხოლმე.

ამასთანავე, აჭარაში ჩასვლის წინ არ შემიძლია არ გავიხსენო, რომ მე აჭარასთან ყოველთვის განსაკუთრებული ურთიერთობა მაკავშირებდა. ჩემთვის მახლობელია, თუ გნებავთ, მშობლიურია ბათუმი, ქობულეთი, აჭარის მთიანეთი, როგორც იტყვიან, ფეხით მაქვს მოვლილი ყველა რაიონი და ყველა სოფელი. ყველაფერი ეს ბავშვობის წლებიდან მოდის, რაც შემდგომ კიდევ უფრო გაძლიერდა. ამ მხრივ მე სულაც არ ვარ გამონაკლისი. დარწმუნებული ვარ, არ მოიძებნება საქართველოს მოქალაქე, რომელიც აჭარასთან გულის სიღრმიდან მომდინარე მგრძნობიარე ძაფებით არ იყოს დაკავშირებული.

- გასულ კვირაში, 15 თებერვალს, ავღანეთიდან რუსეთის ჯარების, საბჭოთა ჯარების გამოყვანის წლისთავი შესრულდა. რას ნიშნავს ეს თარიღი თქვენთვის? უკვე ამდენი წელი გავიდა ამის შემდეგ, ბევრი რამ ხელახლა შეფასდა, დიდად არც რუსეთის აგრესიული ტონი შეცვლილა მეზობლების მიმართ, ალბათ უფრო მისი შესაძლებლობანი შეიცვალა. მთელი გასული კვირის განმავლობაში რაღაცნაირად რუსი საზოგადოების ყურადღების ცენტრში იყო ეს თარიღი, გამოდიოდნენ და საუბრობდნენ იმდროინდელი პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლები. მათ შორის მიხეილ გორბაჩოვიც გამოჩნდა ცისფერ ეკრანზე, როგორ გაიხსენებთ დღეს უკვე განვლილ იმ წლებს, იმ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, რომელიც მაშინ მიიღეთ?

- ავღანეთის ისტორია, გადაუჭარბებლად ვიტყვი, ჩემი ცხოვრების შემადგენელი ნაწილია. მე თავის დროზე გავიხსენე 80-იანი წლების დამდეგს გორბაჩოვთან საუბარი იმის შესახებ, რომ ჩვენ რადიოთი გავიგეთ, თუ რა მოხდა და როგორც შევიდნენ საბჭოთა ჯარები ავღანეთში. ჩვენ ორივენი მაშინ არა მარტო გაოგნებული ვიყავით, არამედ მაშინვე დავგმეთ საბჭოთა ხელმძღვანელობის ეს მოქმედება. შემდეგში, უნდა გითხრათ, რომ ჯარების გამოყვანის შესახებ ეს გადაწყვეტილება ისე მოულოდნელი არ ყოფილა. ჯერ კიდევ 1985 წლის დამლევს, თუ არ ვცდები, დეკემბერი იყო, ჩვენ მოვიწვიეთ ავღანეთიდან ხელმძღვანელები, მაშინ ბაბრაქ ქარმალი იყო პირველი პირი, მასთან ერთად იყო ცნობილი ნაჯიბულა, სხვები და სხვები და შეხვედრაზე გორბაჩოვის გარდა ვიყავით მე, ბატონი გრომიკო და კიდევ რამდენიმე კაცი. აი, მაშინ ჩვენ გამოვუცხადეთ ავღანელებს, უნდა შეგუებოდნენ იმას, რომ ჩვენ გამოვიდოდით ავღანეთიდან. უნდა გითხრათ, გორბაჩოვმა ძალიან პრინციპულად და კატეგორიულად დააყენა ეს საკითხი. რა თქმა უნდა, ისინი ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, ეს მათთვის აბსოლუტურად მოულოდნელი განცხადება იყო საბჭოთა ხელმძღვანელების მხრივ და შემდეგში მე არაერთხელ ვყოფილვარ, თუ არ ვცდები, 12-ჯერ ვიყავი ავღანეთში სხვადასხვა ხელმძღვანელებთნ და ექსპერტებთან ერთად და ყველაფერი კეთდებოდა იმისათვის, რომ თანდათანობით შეგუებოდნენ ავღანეთის მაშინდელი ხელმძღვანელები იმას, რომ საბჭოთა ჯარები ადრე თუ გვიან გავიდოდნენ და ეს დღეც დადგა, ეს მოძრაობა დაიწყო. კარგია, რომ მოსკოვში გაიხსენეს ეს დღე. მე ვნახე, სხვათა შორის, კისელიოვის ძალიან კარგად, გემოვნებით, მაღალ პროფესიულ დონეზე მომზადებული გადაცემა.

ვფიქრობ, ეს იყო მაშინდელი საბჭოთა კავშირის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი დიდი გამარჯვება. საქმე მარტო ავღანეთს არ ეხება. ავღანეთამდე იყო ჩეხოსლოვაკია, ავღანეთამდე იყო უნგრეთი და ბევრი სხვა რამ, რაც ახლა ისტორიის შავ ფურცელს შეადგენს. მაგრამ, მე მივაქციე ყურადღება იმასაც, რომ ზოგიერთი მონაწილის გამოსვლაში იგრძნობოდა, რომ არ უნდა დავგმოთ, სახელმწიფოს ჰქონდა თავისი ინტერესი, იქ იყვნენ რევოლუციური ძალები, სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება, რათა დახმარებოდა ავღანეთს და ასე შემდეგ. ეს ძალიან საშიში იდეოლოგიაა. თუ შეიძლება იმისი გამართლება, რაც ავღანეთში მოხდა, ესე იგი, თუ ამას ჰქონდა რაიმე გამართლება, მაშინ რატომ არ შეიძლება ასეთივე მოქმედების გამართლება, ვთქვათ, საქართველოს მიმართ ან რომელიმე სხვა სახელმწიფოს მიმართ. მე მარტო რუსეთი არ მყავს მხედველობაში. ყველა სახელმწიფოს აქვს რაღაც გეოსტრატეგიული ინტერესები და მაშინ ყველას ექნება უფლება იარაღის ძალით დაიცვას თავისი ინტერესები სხვა სახელმწიფოებსა და სხვა რეგიონებში.

- ერთ-ერთი რამით შეიძლება ალბათ ამის გამართლება - იმდროინდელი სახელმწიფოს მორალით - სახელმწიფო იყო მაშინ ასეთი...

- მაშინ ეს იყო ავღანელი ხალხის წინაშე ინტერნაციონალური მოვალეობა, რომელმაც ესოდენ მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანა. სხვთა შორის, ავღანეთში სულაც არ ყოფილა ისეთი მდგომარეობა, რომ საჭირო ყოფილიყო ასეთი უკიდურესი სისასტიკით ჩარევა. სამწუხაროდ, ეს მოხდა და კიდევ კარგი, რომ იგი ისტორიის კუთვნილება გახდა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამის მსგავსი რამ ჩვენს პლანეტაზე აღარ მოხდება, ყოველ შემთხვევაში, აღარ უნდა მოხდეს.

საქინფორმი.

„ჩვენ ყველას, ყველა მოქალაქეს, სრულიად საქართველოს გვეყოფა სიბრძნე, წინდახედულება და პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ ქვეყანა ამ არჩევნებიდან უფრო განმტკიცებული და უფრო სტაბილური გამოვიდეს“ : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 21 თებერვლის რადიოინტერვიუ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2000. - 22 თებერვალი. - №49 (3450). - 1,2 გვ.

34 საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის ბრიფინგი

▲ზევით დაბრუნება


2000 წლის 28 თებერვალი.

„პრაიმ-ნიუსი“: როდის აპირებთ აჭარის სტატუსთან დაკავშირებით პარლამენტში ინიციატივით შესვლას?

ედუარდ შევარდნაძე: ხელი უკვე მოვაწერე დოკუმენტს, რომელიც პარლამენტში, ალბათ, დღეს მოვა.

„პრაიმ-ნიუსი“: რუსეთის ფედერაციაში დამთავრდა პრეზიდენტობის კანდიდატების რეგისტრაცია. თქვენ ჯერ კიდევ იანვარში ივარაუდეთ რუსეთის პრეზიდენტად პუტინის არჩევა. წარმოდგენილი კანდიდატების სპექტრში გამარჯვების როგორი შანსი აქვს პუტინს?

ედუარდ შევარდნაძე: იმ მხარდაჭერის მასშტაბის გათვალისწინებით, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატებს აქვთ, ვფიქრობ, პუტინმა უნდა გაიმარჯვოს.

„იტარ-ტასსი“: ბოლო ხანებში გაზეთ „ალიაში“ დაიბეჭდა პუტინის ბავშვობასთან დაკავშირებული ორი მასალა, სადაც, კერძოდ, აღნიშნული იყო, რომ დედამისი ცხოვრობს კასპში, და კი - თბილისში. დაინტერესდით თუ არა ამ მასალით და ხომ არ დაავალეთ შესაბამის ორგანოებს, გაერკვიათ, მართლა ცხოვრობდა თუ არა პუტინი საქართველოში? ეს ინფორმაცია დასავლეთის პრესით გავრცელდა და, აქედან გამომდინარე, ხომ არ დაგკავშირებიათ ბატონი პუტინი ამ საკითხის გამო?

ედუარდ შევარდნაძე: გულახდილად გეტყვით, ამ საკითხით არ დავინტერესებულვარ და არც გამოვიჩენ ინტერესს. მიმაჩნია, რომ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა - როცა ადამიანი საკმაოდ მოულოდნელად გამოჩნდება. წარმოიშვება ათასობით ჭორი მისი წარმომავლობისა თუ ნათესაური კავშირების შესახებ. ამგვარი რამ მე თავის დროზე ჩემს თავზე გამოვცადე, როცა საგარეო საქმეთა მინისტრად დავინიშნე. მოდით, ამ საკითხის გარკვევა ვლადიმერ პუტინს მივანდოთ.

„იტარ-ტასსი“: გაქვთ თუ არა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბოლო დროს სხვადასხვა სტრუქტურების წარმომადგენლები ხშირად არღვევენ და, ფაქტობრივად, არ ასრულებენ თქვენს განკარგულებას, პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებსა და გაეროს დეკლარაციას ინვალიდთა სოციალური დაცვის შესახებ. ფაქტობრივად, ძალიან ბევრი ინვალიდთა არასამთავრობო ორგანიზაცია დარჩა არსებობის წყაროს გარეშე. გუშინ დაგვიკავშირდა ინვალიდთა ერთ-ერთი ორგანიზაციის - წმინდა თამარ მეფის ორდენის ხელმძღვანელი ვახტანგ ჯორჯიკია. მან გვთხოვა, გადმოგვეცა თქვენთვის მისი ორგანიზაციის წევრების თხოვნა, რათა ეს საკითხი კონტროლზე აიყვანოთ.

ედუარდ შევარდნაძე: როდესაც ბიუჯეტის პროექტი დგებოდა, ჩვენ შევეცადეთ, ინვალიდების ინტერესი მაქსიმალურად გაგვეთვალისწინებინა. თუ ყველაფრის გათვალისწინება ბიუჯეტში არ მოხერხდა, და, თუკი პრეზიდენტს დარჩება ის ფონდი, რომელსაც ყოველწლიურად მას უტოვებენ განსაკუთრებული შემთხვევებისათვის, შევეცდები, ინვალიდებს შესაძლებლობის ფარგლებში დავეხმარო.

„როიტერი“: თურქმენეთის პრეზიდენტმა ნიაზოვმა გასულ კვირას ტრანსკასპიური გაზსადენის თაობაზე ძალიან მკაცრი განცხადება გააკეთა. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ თურქმენეთი არასოდეს დათანხმდება აზერბაიჯანის პირობებს. მეტიც, ნიაზოვმა ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია პროექტისთვის პოლიტიკურ ელფერის მიცემაში დაადანაშაულა. როგორ შეაფასებთ ამ განცხადებას?

ედუარდ შევარდნაძე: ვფიქრობ, კიდევ დროა საჭირო იმისათვის, რომ მოლაპარაკების პროცესი გაგრძელდეს და ბევრი რამ გაირკვეს. სტამბოლში დეკლარაციაზე ხელმოწერის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. გაზის დიდი საბადოები აღმოჩნდა კასპიის ზღვის აზერბაიჯანის სექტორში. ბუნებრივია, აზერბაიჯანს აქვს ინტერესი, რომ გაზის ნაწილი გაატაროს იმ მილის მეშვეობით, რომელიც აიგება და რომლითაც, ძირითადად, თურქმენეთის გაზი უნდა გატარდეს.

აქ არის გარკვეული წინააღმდეგობა, მაგრამ არ მგონია, ამან ისეთი ხასიათი მიიღოს, რომ პროექტი ეჭვის ქვეშ დადგეს. აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება, როგორ პოზიციას დაიკავებს თურქეთი, რომელიც გაზის ძირითად ბაზარს წარმოადგენს. მოისურვებს თუ არა თურქეთი, შეისყიდოს თურქმენეთის გაზი, თუ ის ტრანსკასპიური გაზსადენით არ იქნება მიწოდებული. ვფიქრობ, ამ კითხვაზე პასუხის შემდეგ ბევრი რამ გაირკვევა. ყველა შემთხვევაში, საქართველო ბევრს არ დაკარგავს. და არ იქნება თურქმენეთის ტრანსკასპიური გაზსადენი, მას შეცვლის აზერბაიჯანის გაზის საბადოებიდან ამოღებული გაზი, რომელიც ასევე თურქეთის ბაზარს მიეწოდება და, არ გამოვრიცხავ, რომ საქართველოც მას გამოიყენებს. მაშინ იქნება აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის გაზსადენი.

„როიტერი“: ბატონმა დემირელმა თბილისში ყოფნისას განაცხადა, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტთან დაკავშირებული შეხვედრა, რომელიც უნდა შემდგარიყო მისი თბილისში ვიზიტის შემდეგ, ბოლო იქნებოდა. მას შემდეგ უკვე რამდენიმე შეხვედრა გაიმართა. მაინც, რა ხდება ბაქო-ჯეიჰანთან დაკავშირებით?

ედუარდ შევარდნაძე: განსაკუთრებული არაფერი ხდება. აქ ძალიან მნიშვნელოვანია, განისაზღვროს ყველა სახელმწიფოს ვალდებულება და ნათლად წარმოვიდგინოთ ის პირობები, რომლებიც ხელშეკრულებათა სხვადასხვა პროექტშია ჩადებული - რა უნდა გააკეთოს საქართველომ, რა უნდა გააკეთოს აზერბაიჯანმა და რა პასუხისმგებლობას კისრულობს თურქეთი. ასევე, როგორი იქნება შემოსავლები. დღეს ესა თუ ის საკითხი ჩანს, როგორც დეტალი, მაგრამ სინამდვილეში შეიძლება ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს.

მაგალითად, დიდი დრო წაიღო გარემოს დაცვის პრობლემებთან დაკავშირებულმა საკითხებმა. ეს ერთ-ერთი უმთავრესი და უმწვავესი საკითხია, რომელსაც მრავალდღიანი კამათი და დეტალური განხილვა დასჭირდა. შეთანხმდნენ, რომ პროექტი ბუნების დაცვასთან დაკავშირებით ყველა ევროპულ სტანდარტს უპასუხებს. ეს საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული.

შემდეგ საკითხია უშიშროების პრობლემა - როგორი უნდა იყოს საქართველოს, როგორც სახელმწიფოს როლი და რა პასუხისმგებლობას იღებენ კომპანიები, რომლებიც ფაქტობრივად მილსადენის მეპატრონეები იქნებიან. ესეც არ არის იოლი საკითხი. შემდეგი - ეს არის ურთიერთობა, მოსახლეობასთან. შეიძლება ისე მოხდეს, რომ ცენტრალურმა ნავთობსადენმა დასახლებულ რაიონებზე გაიაროს. დასაზუსტებელია, როგორ უნდა მოხდეს ამის ანაზღაურება, რა მასშტაბით და ვინ უნდა იყოს ამაზე პასუხისმგებელი. მაგრამ ეს გაუგებრობები ჩვეულებრივი მოვლენაა ყველა მოლაპარაკებისათვის.

გუშინწინ მივიღე ბატონ დემირელის პირადი წარმომადგენელი, რომელთან ერთადაც კიდევ განვიხილე ეს საკითხები. ახლახან ჩვენი დელეგაცია იმყოფებოდა ანკარაში და არა მგონია, რომ გადაუწყვეტელი რამ იყოს. ძირითადი საკითხები შეთანხმებულია.

„რტრ“: ჩემი შეკითხვა ჩეჩნეთს უკავშირდება. ფედერალური ძალები ბოევიკებზე შეტევას არღუნის ხელობაში ახორციელებენ. რამდენად საშიშია ეს საბრძოლო მოქმედებანი საქართველოსათვის, რამდენად აშკარაა საბრძოლო მოქმედებების საქართველოს ტერიტორიაზე გადმონაცვლების საშიშროება და როგორ გესახებათ ამ პრობლემის მოგვარება? როგორ აფასებთ რუსეთის ჯარების მოქმედებას ჩეჩნეთის ტერიტორიაზე?

ედუარდ შევარდნაძე: ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთის ჯარების საბრძოლო მოქმედებებმა საქართველოს ტერიტორიაზე გადმოინაცვლოს. მე, პირადად, ამგვარი შემთხვევა გამორიცხულად მიმაჩნია. ჩვენ ამის საბაბს არავის მივცემთ. შემთხვევითი არ არის, რომ ევროპის უშიშროების სტრუქტურებიდან ავტორიტეტული კომისიის შექმნა მოვითხოვეთ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც გამოხატა მზადყოფნა, მონაწილეობა მიიღოს ამგვარ მონიტორინგში. ეს შემთხვევითი არ არის. საზღვარი დაკეტილია, თოვლის დნობასთან ერთად. საზღვრის დარჩენილი ნაწილი შესაბამისად დაცული იქნება. საბრძოლო მოქმედებების საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების საბაბს არავის მივცემთ.

რაც შეეხება ჩვენს გრძნობებს, ჩვენ ძალიან განვიცდით ადამიანთა დაღუპვის ფაქტებს. არა აქვს მნიშვნელობა, რუსი იქნება ეს თუ ჩეჩენი. მათ შორის იღუპებიან უდანაშაულო ადამიანები. ჩვენ ერთადერთი სურვილი გვაქვს - რაც შეიძლება მალე დამთავრდეს ეს ოპერაცია და ყოველ ოჯახში მშვიდობა დამკვიდრდეს. მაშინ უკვე იქნება ყველა იმ ლტოლვილის დაბრუნების შესაძლებლობა, რომლებიც ჩვენს ტერიტორიაზე შევიკედლეთ.

„ტვ-6“: უახლოეს დღეებში დაგეგმილია რუსეთის ფედერალური სასაზღვრო სამსახურის დირექტორის ტოცკისა და საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარის ჩხეიძის შეხვედრა. როგორც საქართველოს სასაზღვრო უწყებაში განაცხადეს, თქვენ უნდა განაცხადოთ საბოლოო თანხმობა საქართველოს მხრიდან შეხვედრის ვადების შესახებ. მიიღეთ თუ არა რაიმე დოკუმენტი ამგვარი შეხვედრის შესახებ?

ედუარდ შევარდნაძე: მე თავად ვალერი ჩხეიძემ მომაწოდა ინფორმაცია, რომ არის ამგვარი შეხვედრის ორგანიზების შესაძლებლობა, რასაც აქტიურად დავუჭირე მხარი. მიმაჩნია, რომ ქვეყნების სასაზღვრო უწყებების ხელმძღვანელები ერთმანეთს ხშირად უნდა შეხვდნენ, მრავალი საკითხია დასაზუსტებელი, არა მარტო საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთიდან, არამედ სხვა მონაკვეთებთან დაკავშირებითაც. ამგვარი შეხვედრების ხშირად გამართვას აქტიურად ვუჭერ მხარს.

„რუსთავი-2“: როგორ ფიქრობთ, აჭარის სტატუსთან დაკავშირებით თქვენი საკანონმდებლო ინიციატივა არჩევნებამდე უნდა განხორციელდეს თუ მას შემდეგ?

ედუარდ შევარდნაძე: დიდი მნიშვნელობა არა აქვს, როდის მოხდება ეს, მაგრამ, მიმაჩნია, უმჯობესი იქნება, არჩევნებამდე განხორციელდეს. რაც ადრე იქნება, მით უკეთესია. კონსტიტუციაში ასეთი ჩანაწერის შეტანა დიდ სიძნელეებთან არ არის დაკავშირებული. დარწმუნებული ვარ, ამ საკითხს უმრავლესობაც და უმცირესობაც მხარს დაუჭერს.

„რუსთავი-2“: დაიკავა თუ არა ვინმემ იუსტიციის საბჭოს მდივნის ვაკანტური თანამდებობა? როგორც ჩვენთვის ცნობილია, ამ თანამდებობაზე ქალბატონი ბელა სირბილაძე მოიაზრება?

ედუარდ შევარდნაძე: რომ ეთქვათ, მე ქალბატონ ბელასაც დავუჭერდი მხარს, მაგრამ იუსტიციის საბჭოს მდივნად უკვე დაინიშნა გია ქავთარაძე.

„დრონი“: საკანონმდებლო ინიციატივაში იგულისხმება კონსტიტუციაში მხოლოდ ავტონომიისათვის სტატუსის დაფიქსირება თუ უფლებამოსილების განსაზღვრაც?

ედუარდ შევარდნაძე: უფლებამოსილების გამიჯვნასთან დაკავშირებით კონსტიტუციაში ჩანაწერი არ არის საჭირო. უფლებამოსილების გამიიჯვნა შეიძლება მოხდეს ცალკე, ორგანული კანონით. ეს სავსებით შესაძლებელია. ვფიქრობ, ამჯერად უნდა გადაწყდეს საკითხი კონსტიტუციაში სტატუსის თაობაზე, ამავე დროს, პარლამენტის გადაწყვეტილებით ან პრეზიდენტის ბრძანებულებით შეიქმნას კომისია, რათა დავიწყოთ მუშაობა უფლებამოსილებათა გამიჯვნის თაობაზე.

„დრონი“: თანახმაა ასლან აბაშიძე უფლებამოსილების გამიჯვნაზე? ის ადრე აცხადებდა, რომ ამის შესაძლებლობა აფხაზეთის სტატუსის განსაზღვრის შემდეგ იქნებოდა.

ედუარდ შევარდნაძე: მას საწინააღმდეგო აზრი არ გამოუთქვამს. ადრე შეთანხმებული ვიყავით, რომ აჭარის საკითხიც არ დაისმებოდა კონსტიტუციაში სტატუსის ჩაწერასთან დაკავშირებით, მაგრამ, როცა ზოგიერთებმა აჭარის სტატუსის განუსაზღვრელობა გამოიყენეს იმის დასამტკიცებლად, რომ ვიღაცას აჭარისთვის ავტონომიის სტატუსის წართმევა უნდაო, მე ვთქვი, რომ არავითარი პრობლემა არ არის, გაკეთდება ცალკე ჩანაწერი, რომ აჭარა არის ავტონომიური რესპუბლიკა.

„დრონი“: თქვენ წინა ბრიფინგზე აღნიშნეთ, რომ ასლან აბაშიძემ და ჯუმბერ პატიაშვილმა, შესაძლოა, მხოლოდ ერთმანეთს წაართვან ხმები და არა თქვენ. როგორ ფიქრობთ, თუ მათ ესმით ეს არითმეტიკა, მაშინ რატომ წამოაყენა ორივემ კანდიდატურა?

ედუარდ შევარდნაძე: მე მხოლოდ ჩემს ხმებზე ვფიქრობ და ხმების გარკვეული გარანტია მაქვს.

„ინტერფაქსი“: ირანის პარლამენტის არჩევნებში გამარჯვება რეფორმატორულმა ძალებმა მოიპოვეს. მიგაჩნიათ თუ არა, რომ ირანს შეუძლია შეუერთდეს კავკასიაში სტაბილურობისა და მშვიდობის დამყარების იდეას. რეფორმატორული ძალების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ რამდენად მოსალოდნელია კავკასიის რეგიონთან დაკავშირებულ პოლიტიკურ ინიციატივებში ირანის გააქტიურება?

ედუარდ შევარდნაძე: კავკასიის პრობლემების გადაწყვეტაში ირანის აქტიური მონაწილეობის მომხრენი ჩვენ ყოველთვის ვიყავით. ამას ვადასტურებდი ჯერ კიდევ მაშინ, როცა ყოფილი პრეზიდენტი რაფსანჯანი ოფიციალურ ვიზიტად იმყოფებოდა ჩვენს ქვეყანაში. საქართველოს ასეთი მიდგომა დაფიქსირებულია სხვადასხვა დოკუმენტებში. ასე რომ, ჩვენ მხოლოდ მივესალმებით ირანის აქტიურ მონაწილეობას იმ პრობლემების გადაწყვეტაში, რომლებიც აღელვებს სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებს.

„იბერია-სპექტრი“: მსოფლიო ბანკისა და ამერიკის განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით რამდენიმე სამთავრობო და არასამთავრობო „ორგანიზაციისათვის მოეწყო თეორიული სასწავლო ტური, რომლის მიხედვითაც შეიქმნა პროექტები სიღარიბის დონის შესამცირებლად. ერთია თეორია და მეორე - პრაქტიკა. თქვენ, როგორც ქვეყნის ხელმძღვანელი, კონკრეტულად რა ნაბიჯებს გადადგამთ სიღარიბის დონის შესამცირებლად საქართველოში?

ედუარდ შევარდნაძე: დიდ ყურადღებას ვუთმობ ჩვენი მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და იმ დარგების მუშაობას, რომლებსაც გარკვეული ეკონომიკური პოტენციალი აქვთ და რომელთაც ქვეყნის ბიუჯეტში გარკვეული წვლილი შეაქვთ. ამის გრდა, თითქმის ყოველდღიურად ვმუშაობთ, რათა სრულვყოთ ჩვენი საგადასახადო პოლიტიკა და გავზარდოთ საბიუჯეტო შემოსავლები საგადასახადო და საბაჟო სამსახურებიდან. არსებობს საგანგებო კომისია ამასთან დაკავშირებით. პირველი შედეგები, ასე თუ ისე, გამოიკვეთა. მაგრამ ეს არ არის საკმარისი იმისათვის, რომ განიმუხტოს სოციალური დაძაბულობა, საკმაოდ სწრაფად ვითარდება მრეწველობა, ის დარგები, რომლებიც მრეწველობის სამინისტროს სისტემაში შედის. ამუშავდა გაყინული, გაციებული საწარმოები და ეს პროცესი გრძელდება. ყველაფერი ეს თავს მოიყრის სიღარიბის დაძლევის სამწლიან პროგრამაში, რომელიც დამუშავდება სავალუტო ფონდთან და მსოფლიო ბანკთან ერთად. ეს იქნება საინტერესო პროგრამა და, ვფიქრობ, საპრეზიდენტო არჩევნების ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი.

ჩვენს მოსახლეობას ნათლად უნდა ვაჩვენოთ, რომ სიღარიბის დაძლევა სავსებით შესაძლებელია. საზოგადოების გათიშვა ღატაკებას და მდიდრებად დიდ საფრთხეს უქმნის ქვეყნის დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას.

„იბერია“: არსებობს ინფორმაცია, რომ თქვენ თამაზ მაღლაკელიძეს შესთავაზეთ, დარჩენილიყო ისევ თანამდებობაზე და თითქოს მან მოსაფიქრებლად დრო გთხოვათ. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს და იყო თუ არა მსგავსი საუბარი?

ედუარდ შევარდნაძე: ბატონმა თამაზმა თვითონ მოისურვა, რომ ამ ეტაპზე ის დაუბრუნდეს თავის საქმიანობას გაერთიანებულ ქართულ ბანკში, ხოლო საბაჟო სამსახურში ცვლილებები სხვა პიროვნებამ განახორციელოს ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. არავითარი განსაკუთრებული აქ არ არის.

მოკლე დროში ბატონმა თამაზმა ბევრი გააკეთა ამ სამსახურის რეფორმირების თვალსაზრისით, მაგრამ დღევანდელი სიძნელეების გადალახვა ბოლომდე ვერ მოახერხა, თუმცა მარტო თვითონ არ არის ამაში დამნაშავე, ამაში თითოეულ ჩვენგანს გარკვეული წვლილი მიუძღვის. ამიტომ ასეთი განახლება ჩვეულებრივი მოვლენაა. ჯერჯერობით მის მოვალეობას პირველი მოადგილე ასრულებს. თუ მისი მუშაობა წარმატებული იქნება, შეიძლება მისი საკითხიც განვიხილოთ, თუ არა და, არის სხვა ვარიანტებიც. მაგრამ ახლა იმდენად მტკივნეული არ იქნება ბატონი თამაზის წასვლა, ვინაიდან არსებობს სამინისტრო, რომელიც, ფაქტობრივად, ამ ორი სამსახურის მოღვაწეობის კოორდინაციის საკითხებზე მუშაობს და ორივე მიმართულებაზე უშუალოდ აგებს პასუხს.

საქართველოს პრეზიდენტის
პრესსამსახური - საქინფორმი.

საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის ბრიფინგი : 2000 წლის 28 თებერვალი // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2000. - 29 თებერვალი. - №56 (3457). - 1,3,4 გვ.

35 „კვლავ მოვუწოდებ ყველას კონსტრუქციული თანამშრომლობისა და დემოკრატიული, ცივილიზებული, ღირსეული პაექრობისაკენ“

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
28 თებერვლის რადიოინტერვიუ

- დღევანდელ ინტერვიუს ტრადიციულად ეკონომიკის თემით დავიწყებთ. თავისთავად ის ფაქტი, რომ სახელმწიფოს მეთაური ეკონომიკურ ვითარებას უპირველეს მნიშვნელობას ანიჭებს, ნიშნავს, რომ ეკონომიკა უპირველესი სახელმწიფო პრიორიტეტია, როგორც თქვენ არაერთხელ აღგინიშნავთ, და თქვენ პირადად ადევნებთ თვალს ამ სფეროში მოვლენათა განვითარებას, - ჟურნალისტ ნატო ონიანის თხოვნით, ამ თემაზე საუბრით დაიწყო თავისი ტრადიციული ორშაბათის რადიოინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ:

- თვით ყველაზე განვითარებულ ქვეყნებშიც კი პრეზიდენტი, უპირველეს ყოვლისა, ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტაზე ზრუნავს, ვინაიდან აქსიომაა, რომ სწორედ „ეკონომიკაა ყველაფრის თავიდათავი“.

მით უმეტეს, იმ ვითარებაში, როდესაც ჯერ კიდევ არ არის დასრულებული სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის პროცესი, საქართველოს პრეზიდენტს, თუ შეიძლება ასე ითქვას, „პირადად უდევს ხელი ეკონომიკის პულსზე“, რათა ყურადღების მიღმა არ დაგვრჩეს რაიმე მნიშვნელოვანი მოვლენა.

ამგვარი ყურადღების წყალობით, საქართველომ შედარებით იოლად გადაიტანა მსოფლიო და რუსეთის ფინანსური კრიზისის დამანგრეველი ტალღა, თუმცა ბოლომდე ყველაფერი დაძლეული არ არის. მარტო ის რად ღირს, რომ შევინარჩუნეთ საბანკო სისტემა, ანუ განადგურებას გადავარჩინეთ მოსახლეობის ანაბრები, თანაც არცთუ ისე ცოტა.

განვლილი წელიწად-ნახევრის განმავლობაში როგორც სავალუტო, ასევე ლარის საბანკო ანაბართა, ანუ, ფაქტობრივად, საკრედიტო რესურსის ოდენობა არათუ არ შემცირებულა, არამედ გაიზარდა კიდეც, რაც, აგრეთვე, მეტად სასიხარულო სიმპტომია თუმცა, ყველაფერი შედარებით აღიქმება.

აი, რამდენიმე საგულისხმო ციფრი:

1999 წელს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ მხოლოდ ზოგიერთ ქვეყანაში აღინიშნა მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა, და მათ შორის გახლავთ საქართველოც.

გასულ წელს წინა წელთან შედარებით სამრეწველო პროდუქციის წარმოების მოცულობა თანამეგობრობის ქვეყნებში საშუალოდ 7 პროცენტით გაიზარდა, საქართველოში კი 7,5 პროცენტით. ბევრ ქვეყანაში ეს მაჩვენებელი არათუ მატულობს, არამედ მცირდება კიდეც.

1999 წელს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მოცულობა თანამეგობრობის ქვეყნებში საშუალოდ 2 პროცენტით, საქართველოში კი 8 პროცენტით გაიზარდა.

მარცვლოვანი, პარკოსანი კულტურებისა და სიმინდის წარმოება თანამეგობრობის ქვეყნებში 12, საქართველოში კი 30 პროცენტით გაიზარდა.

რაც, თითქოსდა, ყველაზე საოცარია, უცხოეთის ფირმებისა და ერთობლივი საწარმოების სახსრების წილმა საქართველოში ინვესტიციათა საერთო მოცულობაში დაახლოებით 50 პროცენტი შეადგინა, ანუ იმდენივე, რამდენიც, ვთქვათ, ყაზახეთში, რომელიც უმდიდრესია თავისი რესურსებით და, ბუნებრივია, იქ უცხოური ინვესტიციების დაბანდების სურვილი გაცილებით დიდი უნდა იყოს.

ტრანსპორტის დარგი: 1999 წელს წინა წელთან შედარებით თანამეგობრობის ქვეყნებში ტვირთზიდვის მოცულობა საშუალოდ 4, საქართველოში კი 7 პროცენტით გაიზარდა.

და, რაც მთავარია, თანამეგობრობის თითქმის ყველა ქვეყანაში გრძელდებოდა ეროვნული ვალუტის კურსის შემცირება ამერიკული დოლარის მიმართ: ბელორუსიაში ამან შეადგინა 300 პროცენტი, მოლდოვაში - 40, აზერბაიჯანშიც კი - 12 პროცენტი, უკრაინაში - 52, ყირგიზეთში - 54, ყაზახეთში - 64 პროცენტი.

საქართველოში კი ეროვნული ვალუტის კურსი მხოლოდ 7 პროცენტით შემცირდა.

ამასთანავე, მე ვთხოვ მკითხველსა და რადიომსმენელს გაითვალისწინონ, რომ თანამეგობრობის მეტწილ ქვეყნებში არ ყოფილა სამოქალაქო ომი, აფხაზეთისა და ცხინვალის მსგავსი კონფლიქტები, ნგრევა, ქაოსი, კრიმინალური ბანდების მრავალწლიანი თარეში, საწარმოების, ქარხნების, ფაბრიკების, ელექტროგადამცემი ხაზების, სარკინიგზო შემადგენლობათა ძარცვა-გლეჯა და სხვა მრავალი, რითაც „გვასახელა“ ზოგიერთმა ჩვენმა თანამემამულემ.

საქართველოსათვის ჭეშმარიტი ბედნიერებაა, რომ მას აღმოაჩნდა ასეთი საზოგადოებრივი ელიტა. ისეთი ინტელიგენცია, და არა მარტო ელიტა და ინტელიგენცია მყავს მხედველობაში, არამედ, საერთოდ, საქართველოს მოქალაქეები. მაგრამ ამჯერად სწორედ ინტელიგენციას გამოვყოფდი, კერძოდ, ტექნიკურ და სამეცნიერო ინტელიგენციას, მე ადრეც მისაუბრია ზოგიერთ მათგანზე, რომელთაც მხარი დაუჭირეს ერთადერთ სწორ და მიზანშეწონილ სახელმწიფო კურსს.

დღეს მხოლოდ ერთ მაგალითს დავასახელებდი - გახლავთ უნიკალური საწარმოო-სამეცნიერო გაერთიანება „ბაქტერიოფაგი“ და მისი შესანიშნავი კოლექტივი.

შეგახსენებთ, რომ საბჭოთა კავშირში ამ დარგის ფუძემდებელი იყო პროფესორი ელიავა, რომელმაც ეს სახელგანთქმული სამეცნიერო სკოლა და ტრადიციები ჩამოაყალიბა და რომელიც, ჩვენდა დიდად სამწუხაროდ, 1937 წელს დახვრიტეს.

ამერიკულ და ევროპულ პრესაში არაერთგზის დიდი პატივისცემითა და ინტერესით აღინიშნა საქართველოს „ბაქტერიოფაგის“ ინსტიტუტის გამოცდილება და პოტენციალი.

ჩვენი მხრივ, ყველაფერს ვაკეთებდით და უახლოეს მომავალშიც კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დავეხმაროთ ამ უნიკალურ კოლექტივს.

ამ კოლექტივს ნამდვილად ძალუძს მთელ მსოფლიოში გაუთქვას სახელი საქართველოს და სოლიდური შემოსავლის წყაროდაც იქცეს.

ამ დღეებში მე ვესტუმრე ამ კოლექტივს. რა თქმა უნდა, შრომის პირობები მართლაც ურთულესი და უძნელესია, მაგრამ მე შევპირდი მათ, და ამ სიტყვას შევასრულებ, რომ მიმდინარე წელს გამოვძებნი სახსრებს იმისათვის, რომ კოლექტივს სერიოზულად დავეხმაროთ.

განვლილ კვირაში კვლავაც გრძელდებოდა სამრეწველო პროდუქციის ზრდის ტენდენცია (მხედველობაში მაქვს მრეწველობის სამინისტროს სისტემა).

ორი თვის განმავლობაში პროდუქციის მოცულობამ 30 მილიონ ლარს მიაღწია, ანუ ზრდა შარშანდელთან შედარებით 50 - 60 პროცენტი გახლავთ.

ნორმალურად მუშაობს რუსთავის „აზოტი“. აპრილში განახლდა კაპროლაქტამის წარმოება და პარალელურად დაიწყება უწყვეტი პოლიმერიზაციის დანადგარის სისტემის დამონტაჟება. ეს გახლავთ ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიური ხაზი.

ამ ფაქტზე იმიტომ გავამახვილებ ყურადღებას, რომ უახლესი ტექნოლოგიური ხაზების ამოქმედება თავისთავად მრავლისმეტყველია.

ძალიან დიდი ყურადღებით ვადევნებ თვალს „ჭიათურმანგანუმის“ გარშემო შექმნილ ვითარებას და ყველაფერს ვიღონებთ, რათა კარგად დაწყებული საქმე კეთილად გაგრძელდეს. ჩემი აზრით, შედეგიანი იყო ჭიათურასთან დაკავშირებით თემურ შაშიაშვილის, ბადრი შოშიტაიშვილისა და სხვათა ვიზიტი ჩეხეთში.

ამუშავდა და თითქმის ჩვეული რიტმით ფუნქციონირებს ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა.

პირველი მარტიდან ამუშავდება „მადნეული“. ასევე პირველი მარტიდან ამოქმედდება „რუსთავცემენტი“.

ძალიან აქტიურად ფუნქციონირებს ქუთაისის სამრეწველო კომპლექსი, ბათუმის სამრეწველო კომპლექსი და ასე შემდეგ.

მე ასე დაწვრილებით იმიტომ ვლაპარაკობ ჩვენი ქვეყნის „სამრეწველო გიგანტთა“ ფუნქციონირებასა და განვითარებაზე, რომ კიდევ ერთხელ დავადასტურო: რასაკვირველია, კარგია წერილი მეწარმეობის განვითარების (და ეს, ალბათ, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა), შესანიშნავია ვაჭრობა, ტრანსპორტი, მილსადენები, თავისთავად, სოფლის მეურნეობა, მაგრამ ერთი წუთითაც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ქარხნები, რუსთავის „მეტალურგიულთან“ და თბილისის საავიაციო ქარხანასთან ერთად, ჩვენი ქვეყნის „ინდუსტრიულ ხერხემლად“ უნდა გადაიქცეს.

ეს უდიდესი სიმდიდრეა, რაც, სხვათა შორის, საქართველოს გარკვეულ უპირატესობასაც ანიჭებს მესამე სამყაროს „განვითარებადს“ ქვეყნებთან შედარებით.

და, ბოლოს: ქვეყნის ეკონომიკურ პოტენციალს უფრო მეტად განსაზღვრავს ბიუჯეტის სიძლიერე და გადასახადების აკრეფის დონე.

ჯერჯერობით მდგომარეობა ამ თვალსაზრისით კვლავ მძიმეა.

ვიმედოვნებ, მარტი „გარდატეხის თვე“ იქნება: ბევრს შრომობენ „საგადასახადო შემოსავლების“ ახალი მინისტრი და მისი კოლეგები, კვლავინდებურად „დღე და ღამეს ასწორებს“ სახელმწიფო მინისტრიც, რომელიც შესაბამის კომისიას ხელმძღვანელობს, მაგრამ, თუ ეს შრომა რეალურ შემოსავალს, პენსიების, ხელფასების, შემწეობათა გაცემის დონეს, დავალიანების შემცირებას არ დაეტყო, შრომა წყალში გადაგვეყრება. იმედი ვიქონიოთ, რომ მარტიდან დაიწყება გარდატეხა გადასახადების აკრეფაში და, აქედან გამომდინარე, პენსიების, ხელფასების დავალიანებათა გასტუმრებაშიც.

- რაც შეეხება დავალიანებას: შემწეობათა დროულად გაუცემლობაზე ყველა მტკივნეულად რეაგირებენ ლტოლვილები და ეს აბსოლუტურად გასაგებია. გასულ კვირას თქვენ ლტოლვილთა ძალზე წარმომადგენლობითს დელეგაციას შეხვდით. თუმცა, გარდა იმისა, რომ საბიუჯეტო სირთულეებზე ისაუბრეთ, მათ, თავიანთი მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, იმ სასიკეთო საქმეებზეც ილაპარაკეს, რისი გაკეთებაც ხელისუფლებამ მაინც შეძლო...

- ეს იყო უაღრესად საინტერესო შეხვედრა, რომელმაც თითქმის ხუთ საათს გასტანა.

საუბარი ძალზე გულწრფელი გამოდგა და პირდაპირ უნდა ვთქვა, რომ სრულებითაც არ გამკვირვებია, თუ ის ადამიანები, რომლებმაც ჩვენთან ერთად ამდენი ტკივილი გადაიტანეს, მაინც ადასტურებენ მხარდაჭერას, ერთგულებას, თავიანთ ერთმნიშვნელოვან პოზიციას მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში, ვინაიდან შესანიშნავად ესმით: ხელისუფლებამ განვლილი წლების მანძილზე შესაძლებლის მაქსიმუმი გააკეთა!

რა თქმა უნდა, საკუთარ სისხლსა და ხორცს არაფერს ვამადლით (ღმერთმა დაგვიფაროს), მაგრამ თავად გამომსვლელები ამბობდნენ: ის, რაც საქართველოს ხელისუფლებამ შეძლო, უნიკალური მოვლენაა ასეთი კონფლიქტების ისტორიაში.

მთელ საქართველოში ათეულობით მილიონი ლტოლვილია. ვერავინ დამისახელებს თუნდაც ერთ ანალოგს:

ჩვენ შევინარჩუნეთ ათობით საწარმო, სამედიცინო და სამეცნიერო დაწესებულებანი, თითქმის ყველა სკოლა, საბავშვო ბაღები, უნივერსიტეტი, სადაც რვა ათასამდე სტუდენტი სწავლობს და პროფესორ-მასწავლებელი მოღვაწეობს, აკადემიის ფილიალი და მრავალი სხვა, სახელმწიფო სტრუქტურები - მინისტრთა საბჭო, პოლიცია, უშიშროების ორგანოები და ასე შემდეგ.

ამით შევინარჩუნეთ აფხაზეთის ქართველობა, შევუნარჩუნეთ მას ერთიანი სულისკვეთება, ერთიანი ეროვნული ძარღვი, რათა, კონფლიქტის მოწესრიგების პარალელურად, ისინი უეჭველად დაუბრუნდნენ თავიანთ მშობლიურ კუთხეს, მამა-პაპათა კერას და თანამედროვე აფხაზებთან ერთად იცხოვრონ და იშრომონ.

არა ნგრევით, ომით, სისხლისღვრით, რაც არაფრის მომტანია დღევანდელ მსოფლიოში, არამედ შერიგებით, ურთიერთმიტევებით, თანაცხოვრების საუკეთესო ტრადიციების აღდგენით.

ჩვენ კვლავ ამ მეთოდსა და ამ ხერხს ვთავაზობთ აფხაზეთს შერიგებისათვის. ჩვენ არა მარტო მთლიანად აფხაზეთის ქართველობას, არამედ თითოეულ ლტოლვილს შევუნარჩუნეთ ფუნქცია, რათა დაბრუნებისთანავე ყველამ ადვილად იპოვოს თავისი ადგილი ახალ აფხაზეთში და მთელ ახალ საქართველოში, მიუხედავად იმ გაჭირვებისა, რომელსაც თითოეული განიცდის.

იოტისოდენა ეჭვი არ მეპარება, რომ ორმხრივი კომპრომისებით, საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით, დიდი მხარდაჭერით ამას უეჭველად მივაღწევთ.

- გასულ კვირას ჩვენს ქვეყანას პირველად ეწვია დიდი ბრიტანეთის საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სახელმწიფო მდივანი. რობინ კუკის ვიზიტი ჩვენთვის - ეს წინასაარჩევნო მხარდაჭერაა თუ, ვთქვათ, მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ იქამდე ბატონი კუკი მოსკოვს ეწვია და, შეიძლება ითქვას, საკმაოდ მისახვედრად გააფრთხილა რუსეთი, რომ ჩეჩნეთის მოვლენებმა კავკასიაში არ გადმოინაცვლოს...

- ბატონ რობინ კუკის ვიზიტი ჩვენს ქვეყანაში, რა თქმა უნდა, შემთხვევითი არ უნდა იყოს.

ეს ვიზიტი საქართველოს საგარეო-პოლიტიკური აქტიურობის ლოგიკური შედეგია, უფრო ზუსტად, ერთ-ერთი ლოგიკური გამოვლინებაა.

ჩვენ ყველაფერი ვიღონეთ, რათა უფრო ხელშესახები და ქმედითი გამხდარიყო დასავლეთის სახელმწიფოთა, ევროკავშირის წევრი ქვეყნების, მათ შორის დიდი ბრიტანეთის ინტერესი საქართველოსა და კავკასიისადმი.

ამ მიზანს ისახავდა ქვეყანაში დემოკრატიულ ღირებულებათა დაფუძნება, სტაბილური დემოკრატიის დამკვიდრება, გრანდიოზული საკომუნიკაციო პროექტები - „ტრასეკა“, „დიდი აბრეშუმის გზა“, „ევრაზიის დერეფანი“ და „მშვიდობიანი კავკასიის იდეა“, რომლის მართებულობასაც ყოველდღიური რეალობა ადასტურებს.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაადასტურა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ეუთოს მონიტორინგი საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთზე. სხვათა შორის, ამ აქციას ახლა ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება და ასევე, თქვენ გახსოვთ, ამ რამდენიმე დღის წინათ გამოქვეყნდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალური განცხადება, რომელშიც გამოთქმულია სურვილი, რომ ამერიკის წარმომადგენლებმაც მიიღონ მონაწილეობა და რომ ამერიკა კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს სასაზღვრო ჯარებისათვის დახმარების გაწევას, რათა ჩრდილოეთის საზღვარი საიმედოდ იყოს დაცული.

ბრიტანეთის მონაწილეობა ამ მისიაში უეჭველად გაიზრდება და უფრო აქტიური გახდება.

ძალიან გვინდა გვჯეროდეს, რომ ჩეჩნეთის მრავალტანჯულ მიწაზე მშვიდობა დამყარდება და ხალხს ნორმალური ცხოვრების საშუალება მიეცემა.

უმალვე შეიქმნება პანკისის ხეობაში თავშეფარებული ჩეჩენი ლტოლვილების - ქალების, ბავშვებისა და მოხუცების სამშობლოში დაბრუნების ყველა პირობა და, რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა ეს რაც შეიძლება მალე მოხდეს.

ამ ხელხისათვის თავშესაფრის მიცემა საქართველოს (ისევე როგორც ყველა სხვა ქვეყნის) ვალდებულება იყო კაცობრიობისა და ადამიანურობის წინაშე.

- გასულ კვირას პარლამენტში კონსტრუქციული შეთანხმებით დასრულდა ხანგრძლივი, თითქმის ორთვიანი დისკუსია უმრავლესობასა და უმცირესობას შორის. შეთანხმებულია და ერთდროულად სამივე მოსმენით მიღებულია ფაქტობრივად ახალი საარჩევნო კანონი.

როგორია თქვენი დამოკიდებულება ამ მოვლენის მიმართ?

- ერთმნიშვნელოვნად მივესალმები საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას შორის კონსტრუქციული თანამშრომლობის ნებისმიერ გამოვლინებას.

ვფიქრობ, საარჩევნო კანონმა სრულყოფილი სახე მიიღო. მთლიანად არის გათვალისწინებული არა მარტო საპარლამენტო ოპოზიციის, არამედ ევროპული ორგანიზაციების რჩევაც (ლაპარაკია რჩევა-რეკომენდაციებზე და არა რაღაც დირექტივებზე).

ეს კომპრომისი ხელს შეუწყობს საპრეზიდენტო-საარჩევნო კამპანიის უფრო ნორმალურად წარმართვას.

მთავარია, ამ კამპანიამ არ წალეკოს ყველაფერი საქართველოში! - არ გავაღიზიანოთ მოსახლეობა, რომელიც ბოლო წლებში ისედაც დაიღალა გაუთავებელი პოლიტიკური დაპირისპირებით. იგი ისედაც ხედავს, ვინ არის საქმის გამკეთებელი, და, რაც მთავარია, ვინ რისი გამკეთებელია.

გააჩნია, რას აკეთებ!

ამიტომ მე კვლავ მოვუწოდებ ყველას კონსტრუქციული თანამშრომლობისა და დემოკრატიული, ცივილიზებული, ღირსეული პაექრობისათვის. როგორც ვიცი, ზოგიერთი დეტალი კიდევ არის დასაზუსტებელი, ვფიქრობ, ხვალ-ზეგ ეს დეტალები დაზუსტდება.

- გასულ კვირას თქვენ ბათუმს ეწვიეთ და ასლან აბაშიძესთან თქვენი შეხვედრა ხუთ საათს გაგრძელდა. მესმის, რომ ამ კითხვას თქვენ, ალბათ, ბოლომდე ამომწურავ პასუხს ვერ გასცემთ, მაგრამ მაინც რაზე შეთანხმდით და რაზე ვერ შეთანხმდით თქვენ და აჭარის ლიდერი? ყოველ შემთხვევაში, თქვენ იქაც უკვე რამდენჯერმე აღნიშნეთ, რომ დასაწყებია მსჯელობა საქართველოს კონსტიტუციაში აჭარის სტატუსის განსაზღვრასთან დაკავშირებით...

- თავდაპირველად მინდა გითხრათ, რომ ძალზე კმაყოფილი ვარ აჭარაში მოგზაურობით.

ავტონომიური რესპუბლიკა საქართველოს შემადგენლობაში დინამიკურად ვითარდება.

ბევრია სიახლე. ეს უკვე გადაიცა ტელევიზიით და ბევრმა ნახა. დაწვრილებით გამაცნეს საყურადღებო იდეები და პროექტები.

ყველა მათგანი (რაზეც საუბარი გვქონდა) საქართველოს სასიკეთოდ განხორციელდა, ბევრი უკვე კიდევ ხორციელდება.

ამ ბოლო დროს ცენტრსა და ავტონომიის ხელისუფლებას შორის წარმოშობილი გარკვეული სირთულეები ადვილად შესამჩნევი იყო, თუმცა მათი დაძლევის გზებიც უკვე თვალნათელია.

მთავარია, არ გაჩნდეს ბზარი აჭარის ძირძველ ქართველობასა და დანარჩენ საქართველოს შორის.

ამ თვალსაზრისით კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ გარდაუვალი და აუცილებელი ხდება საქართველოს კონსტიტუციაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის დაფიქსირება, რა თქმა უნდა, იმავდროულად „ცენტრსა და რეგიონს შორის“ უფლებამოსილებათა მკაფიო გამიჯვნით. სხვათა შორის, ჩვენ თავიდან არ ვჩქარობდით და აჭარაც იმის მომხრე იყო, რომ, სანამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება, მანამ სახელმწიფოებრივი ტერიტორიული მოწყობის საკითხების აღნუსხვისა და კონსტიტუციაში შესწორების შეტანისაგან თავი შეგვეკავებინა. მაგრამ, რადგან ეს საკითხი ასე თუ ისე გამწვავდა, მე ხელი მოვაწერე უკვე ჩემს საპრეზიდენტო ინიციატივას იმისათვის, რომ აჭარის, როგორც ავტონომიური რესპუბლიკის, სტატუსი მოხერხდეს და ჩაესვათ ჩვენს კონსტიტუციაში ისე, როგორც ეს საჭიროა.

საქართველოს კონსტიტუცია ნათლად აყალიბებს, თუ რა ფუნქციები განეკუთვნება (ისევე, როგორც ყველა ქვეყანაში ცენტრალური ხელისუფლების უეჭველ პრეროგატივას: აქ ველოსიპედის გამოგონება საჭირო არ არის, მაგალითი ბევრია და ამ სამუშაოს შესრულება ადრე შეიძლება.

ჩვენ ისღა დაგვრჩენია, მოვილაპარაკოთ: რას მივაკუთნებთ „ერთობლივ გამგებლობას“ და ავტონომიის უეჭველ პრეროგატივას.

ჩემი ბრძანებულებით იქმნება სახელმწიფო კომისია და ჩვენ ველით, რომ უახლოეს მომავალში ავტონომიის ხელისუფლება ამ კომისიის წევრობის თავის კანდიდატურებს დაასახელებს, რათა კომისია უახლოეს მომავალშიც შეუდგეს მუშაობას და ერთხელ და სამუდამოდ დაესვას წერტილი გაუთავებელ დისკუსიას, თუ რა შედის ცენტრალური ხელისუფლების კომპეტენციაში და რა უნდა შედიოდეს ავტონომიის კომპეტენციაში ან ერთობლივ გამგებლობაში. მაშინ ბევრ რამეს ნათელი მოეფინება.

სხვათა შორის, მე მივაქციე ყურადღება ერთი დეპუტატის ძალიან უცნაურ განცხადებას, თითქოს ამ კომისიის დაკომპლექტების თაობაზე ცენტრალურ ხელისუფლებას ოფიციალურად არ მიემართოს ავტონომიის ხელმძღვანელობისათვის. ეს, რასაკვირველია, ასე არ არის, მაგრამ იმაზე ოფიციალურიც რა შეიძლება იყოს, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი საჯაროდ, ოფიციალურად მიმართავს ტელევიზიისა და რადიოს მეშვეობით ავტონომიის ხელისუფლებას, დაასახელოს კომიის წევრები, რათა დავიწყოთ მუშაობა, ეს აუცილებელი საქმიანობა.

ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ ამ საკითხში გაურკვევლობამ და ხელისუფალთა შეუთანხმებლობამ წარმოშვას ზემოხსენებული ბზარი ქართველთა ღვთაებრივ ერთობაში.

ნებისმიერი ხელისუფლება ერისა და ქვეყნის ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა საკუთარ პარტიულ, ჯგუფურ, „ცენტრისკენულ“, „ცენტრალისტურ“ ან პირიქით - პარტიკულარისტულ ინტერესებს.

- გასულ კვირას საქართველოში 25 თებერვალი 79-ედ აღინიშნა. როგორც პრეზიდენტი და როგორც პროფესიით ისტორიკოსი, რას იტყოდით: რამ გახადა შესაძლებელი, რომ საქართველოში 25 თებერვალი „გათენებულიყო“?

- გმადლობთ. სერიოზული კითხვაა. შევეცდები, მოკლედ მაინც გიპასუხოთ. 25 თებერვალი, უპირველეს ყოვლისა, უმწარესი და უმძიმესი გაკვეთილია, გაკვეთილი მთელი ერისათვის, ყველა მოქალაქისათვის. ხელსაყრელ გარემო პირობებში დამოუკიდებლობის გამოცხდება არ არის ძნელად მისაღწევი მიჯნა. ძნელია დამოუკიდებელი სახელმწიფოს აშენება, მისი შენარჩუნება. მეთვრამეტე არმია არც ისე ძლევამოსილი იყო, როგორც მას ხატავდნენ. რუსეთიც ძალაგამოცლილი და დაუძლურებული გახლავთ მაშინ. მაშასადამე, საქართველოს ნამდვილი სისუსტე მძლავრი მეხუთე კოლონის არსებობა იყო. მნიშვნელობა ჰქონდა იმასაც, რომ არ მოხერხდა სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოთა გაერთიანება საერთო მიზნისათვის საბრძოლველად.

მოდით და, ნუ ვიქნებით გულუბრყვილონი.

დამოუკიდებელ და თავისუფალ საქართველოს კვლავ ბევრი მტერი ჰყავს, უმთავრესი მტრები, მე ასე მგონია, მაინც ქვეყნის შიგნით არიან. მათ არ სჯერათ, არ უნდათ დაინახონ დემოკრატიული საქართველოს მომავალი, არ უნდათ აღიარონ, რომ მრავალი საუკუნის განმავლობაში საქართველომ, ფაქტობრივად, ვიმეორებ, ფაქტობრივად, პირველად აღიდგინა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და პირველად გახდა საერთაშორისო და ევროპული თანამეგობრობის სრულუფლებიანი წევრი. ჩვენი დამოუკიდებლობა ჩვენივე სისხლით, ჩვენივე გმირობითაა მოპოვებული. დროებითი სიძნელეების გადალახვაც რომ გვიხდება, ესეც აუცილებელი ხარკია, ხარკია თავისუფლებისათვის, მომავალი ბედნიერების უფლებისათვის.

ამ სიტყვებით სიფხიზლისათვის მოწოდებას მე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებ პრეზიდენტის არჩევნების წინ. მადლობა საქართველოს მოქალაქეებს, ელექტორატს პარლამენტის არჩევნებში მხარდაჭერისათვის. ახლა საპრეზიდენტო არჩევნების ზღუდეც უნდა დავძლიოთ. თქვენ მიერ გაკეთებული სწორი არჩევანი ნიშნავს უახლოეს 4-5 წელიწადში ქვეყნის ფეხზე დაყენებას, დიდ აღმშენებლობას, მწვავე სოციალური პრობლემების გადაწყვეტას, მოგვარებას, ბოლოს და ბოლოს, ქვეყნის გამთლიანებას. ამისათვის მოგიწოდებთ სიფხიზლის, წინდახედულობისა და სიბრძნისათვის. უნდა განვასხვაოთ ნამდვილი პატრიოტები ცრუ პატრიოტებისაგან. სწორედ ცრუ პატრიოტები უღებდნენ კარს მეთერთმეტე არმიას, სწორედ ისინი იყვნენ ქვეყნის გამყიდველები. ასეთია მოკლედ 25 თებერვლის მწარე გაკვეთილი, მადლობა ღმერთს, ყველაფერი უკან დარჩა, წინ გვიდევს გზა აღმავლობისა, ძლიერებისა, ჭრილობათა მოშუშებისა და განკურნებისა. ამ გზას ჩვენ ყველანი ერთად, მთელი პროგრესული მსოფლიოს მხარდაჭერით ძალიან მალე გავივლით.

- და, ბოლოს ერთი ასეთი კითქვა: 25 თებერვალი, ალბათ, შესაძლებელი გახადა იმანაც, რომ კავკასიური ერთიანობა არ არსებობდა, რაც დღეს ერთი თუ მეორე სახელმწიფოს ლიდერთა სხვადასხვა ინიციატივით მეტ-ნაკლებად, ალბათ, მაინც მიღწეულია. როცა კავკასიაში ამდენი პრობლემაა, როცა ერთიანობის პრობლემაზე ვლაპარაკობთ, ალბათ, ამ ფონზე გამორჩეული მნიშვნელობა ენიჭება იმას, რომ დღეს რამდენიმე საათში თბილისს ეწვევა ალექსანდრე ძასოხოვი.

- მე მინდა, უწინარესად, მივესალმო ალექსანდრე ძასოხოვს, მის ჩამოსვლას თბილისში. იგი ჩემი ძველი მეგობარია, თანამოაზრე გახლდათ, ერთად ვმუშაობდით. მივესალმები მას, როგორც მოძმე ხალხის ლიდერს და ცნობილ და აღიარებულ მოღვაწეს.

ამავე დროს ალექსანდრე ძასოხოვი ის მოღვაწეა, რომელიც ქართველებისა და ოსების შერიგების, კონფლიქტის გონივრული და რაც შეიძლება სწრაფი მოწესრიგების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მომხრეა. მე არ დამავიწყდება, როცა 1992 წელს, ახალჩამოსული რომ გახლდით, და ცხინვალში ჩავედით, იგი მაშინ ჩამოფრინდა თბილისში და ჩემთან ერთად წამოვიდა ცხინვალში, ერთად ვიყავით. მას შემდეგ ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების შესახებ დიალოგი ჩვენ შორის არ შეწყვეტილა. ახლა ბევრ თემაზე, კავკასიის პრობლემებზე ვისაუბრებთ, მაგრამ ძირითადი თემა, რა თქმა უნდა, ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარება და ამისათვის აუცილებელი ყველა წინაპირობის შექმნა იქნება.

საქინფორმი.

„კვლავ მოვუწოდებ ყველას კონსტრუქციული თანამშრომლობისა და დემოკრატიული, ცივილიზებული, ღირსეული პაექრობისაკენ“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2000. - 29 თებერვალი. - №56 (3457). - 1,2 გვ.

36 ჟურნალ „რიწის“ რედაქციას

▲ზევით დაბრუნება


მილოცვა

საქართველოს მწერალთა კავშირის აფხაზეთის ორგანიზაციის ერთადერთ ჟურნალს „რიწას“ 25 წელი შეუსრულდა.

მხურვალედ მოგილოცავთ ჟურნალ „რიწას“ რედაქციის კოლექტივს, ავტორებს და მკითხველებს სახელოვან იუბილეს და გისურვებთ ახალ შემოქმედებით წარმატებას. კმაყოფილებით აღვნიშნავ, რომ „რიწის“ დაარსებაში სხვებთან ერთად მეც მიმიძღვის მცირე წვლილი.

ჟურნალმა „რიწამ“ გარკვეული წვლილი შეიტანა საქართველოს მწერალთა კავშირის აფხაზეთის კავშირის, აფხაზეთის ორგანიზაციის მიღწევებში, აფხაზეთში ქართული ლიტერატურისა და კულტურის, განსაკუთრებით, აფხაზეთში მოღვაწე ქართველ ავტორთა შემოქმედების პოპულარიზაციაში, ქართულ და აფხაზურ კულტურათა დაახლოებაში.

დღეს, ძნელბედობის ჟამს, ჟურნალი „რიწა“ თბილისში გამოდის. იმედი გვაქვს, რომ ჟურნალი მალე დაუბრუნდება სოხუმს. უნდა მოხდეს ჩვენი ხალხების ისტორიული შერიგება და ჟურნალმა ამ პროცესში თავისი როლი უნდა შეასრულოს.

ერთხელ კიდევ გილოცავთ იუბილეს. უფრო მეტი მხნეობით და შემართებით ვემსახუროთ ეროვნულ იდეალებს, ხალხთა ძმობის იდეებს.

ღმერთი იყოს თქვენი მფარველი.
ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი, 2000 წლის 26 თებერვალი.

ჟურნალ „რიწის“ რედაქციას : მილოცვა // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2000. - 29 თებერვალი. - №56 (3457). - 1 გვ.

37 ვახტანგ ჭაბუკიანის დაბადების 90 წლისთავზე

▲ზევით დაბრუნება


იუბილე

დღეს დიდი ქართველი მოცეკვავე ვახტანგ ჭაბუკიანი 90 წლის გახდებოდა, მაგრამ, ვისაც კი ოდესმე უნახავს ეს საოცარი ხელოვანი, მისთვის წარმოუდგენელია 90 წლის ვახტანგ ჭაბუკიანი. გრიგოლ რობაქიძის წაბაძვით თუ ვიტყვით, იგი როკვაში განფენილი ქართული გენია იყო.

სწორედ ამან განაპირობა ის, რომ არა მარტო მისი მოწაფეებისათვის, არამედ მისი თაყვანისმცემლებისათვისაც ჭაბუკიანი კერპად რჩება, თავის თავთან და თავის საქმესთან პატიოსანი დამოკიდებულების კერპად. ეტყობა სწორედ ჭაბუკიანის ტრადიციამ განაპირობა ისიც, რომ ქართული ბალეტი მსოფლიოს სცენაზე დღესაც გამორჩეულ სიტყვას ამბობს და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჭაბუკიანის ტრადიცია, ჭაბუკიანის სახელი მუდამ უბერებელი იყოს.

ედუარდ შევარდნაძე.

ვახტანგ ჭაბუკიანის დაბადების 90 წლისთავზე // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2000. - 1 მარტი. - №57 (3458). - 1 გვ.

38 ბატონ მერაბ ბერძენიშვილს

▲ზევით დაბრუნება


ბატონო მერაბ,

კარგა ხანია, თქვენი წერილი მივიღე, მაგრამ მოუცლელობის გამო დაგვიანებით გიგზავნით პასუხს.

მე ყოველთვის მიმაჩნდა და, რა თქმა უნდა, ახლაც ასე ვთვლი, რომ თქვენ ჩვენი დროის დიდი ხელოვანი ბრძანდებით. ამ ჭეშმარიტებას თქვენი ხელთქმნილი ძეგლები თავად ღაღადებენ. გარდა ამისა, მე თქვენ პიროვნულად გცემთ დიდ პატივს, როგორც უაღრესად წესიერ, ვაჟკაცურ და პირდაპირ პიროვნებას. ვფიქრობ, ამ მხრივაც სამაგალითო ბრძანდებით.

აქვე დავუმატებ, ჩემი დამოკიდებულება არა მარტო თქვენდამი, არამედ საერთოდ, კულტურის მოღვაწეებისადმი, განსაკუთრებულია, რადგან ერთი რამ უეჭველად ვიცი - ქართული კულტურა თავის მთლიანობაში არა მარტო გამოხატავს ქართულ სულს, არამედ აყალიბებს მას და, სწორედ ამიტომ, ჩვენ, ხელისუფლებაც და უბრალო მოქალაქენიც, ვალში ვართ კულტურის მოღვაწეების წინაშე, რაგდან ვერ ვუწყობთ მათ ხელს ისე, როგორც უნდა შევუწყოთ, რადგან ვერ ვაძლევთ იმას, რაც უნდა მივცეთ.

მეტსაც ვიტყვი, არ მეგონა, თუ თავისუფალ საქართველოში ყველაზე დაუცველ ფენად ქართული კულტურის მუშაკები იქნებოდნენ, მიუხედავად იმისა, რომ თავისთავად კულტურის დასაცავად შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალური კეთდება.

მე მაინც ვფიქრობ, ეს ყველაფერი დროებითია, ქართული სახელმწიფო ფეხზე დადგება, ქართულ კინოსა და თეატრს არ მოაკლდება მაყურებელი, ქართულ წიგნს - მკითხველი. სიმღერას - მსმენელი, ქანდაკებას - აღტაცებული მზერა. დღეს კი, რაკიღა ამ ქართულ სახელმწიფოს ერთად ვაშენებთ, ისღა დაგვრჩენია, რომ ერთმანეთს ხელი შევუწყოთ, ერთმანეთს ღირსეული პატივი მივაგოთ და ერთმანეთს მხარი დავუჭიროთ.

სიყვარულითა და პატივისცემით
ედუარდ შევარდნაძე.

ბატონ მერაბ ბერძენიშვილს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2000. - 2 მარტი. - №58 (3459). - 2 გვ.

39 აკადემიკოს სერგი დურმიშიძის დაბადების 90 წლისთავზე

▲ზევით დაბრუნება


იუბილე

დღეს მისი დაბადების 90 წლისთავზე, მინდა გავიხსენო ბატონი სერგი დურმიშიძე, დიდი მასშტაბის მეცნიერი და დიდი პიროვნება, მრავალმხრივად ნიჭიერი და დიდად განათლებული ადამიანი, ბრწყინვალე წარმომადგენელი იმ ქართველი მეცნიერებისა, რომელნიც არასდროს ჩაკეტილან მხოლოდ მეცნიერების საზღვრებში. იგი უნივერსალური, უაღრესად პატიოსანი და სამაგალითოდ გამრჯე პიროვნება გახლდათ.

წლების მანძილზე განსაკუთრებულად თბილი ურთიერთობა გვქონდა ერთმანეთთან, ბევრი კარგი საქმე გვაქვს ერთად გაკეთებული და ისიც სათქმელია, რომ მეზობლები ვიყავით... დამეთანხმებით, ბედის დიდი საჩუქარია ასეთი მეზობელი.

რა დამავიწყებს ხანგრძლივ საუბრებში გატარებულ საოცარ საღამოებს, ხან მის ბინაში, ხან ჩემთან... ახლა ქართული ისტორიის კუთვნილებაა ეს დიდი ადამიანი და მისი მეგობრები - ნიკო მუსხელიშვილი, ილია ვეკუა, ირაკლი აბაშიძე, გრიგოლ აბაშიძე, რაფიელ დვალი - მაშინ კი ხელშესახები და ღრმა რეალობა იყო, რადგან როგორც ბატონი სერგი, ისე თავად ისინი, არა მარტო გამორჩეული წარმომადგენლები იყვნენ თავიანთი სფეროებისა, არა მარტო ქვეყნის ბედ-იღბალზე გულატკიებული ბრძენკაცები, არამედ საოცრად უბრალო, იუმორითა და სიცოცხლის დიდი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანები.

ვერ დავივიწყებ ვერც იმ დროს, ვერც იმ საღამოებს, ვერც იმ დიდ ქართველებს. ისინი და, მათ შორის სერგი დურმიშიძე, შესანიშნავი მაგალითი იყო იმისა, როგორი უნდა იყოს ქართველი კაცი.

ჩვენ უფრო ხშირად უნდა გავიხსენოთ ასეთი ადამიანები და არა მხოლოდ საიუბილეო თარიღებზე.

ჩვენს ახალგაზრდობას მისაბაძი მაგალითი სჭირდება.

სწორედ ასეთი მაგალითი გახლდათ ბატონი სერგი.

ედუარდ შევარდნაძე.

აკადემიკოს სერგი დურმიშიძის დაბადების 90 წლისთავზე // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2000. - 2 მარტი. - №58 (3459). - 1 გვ.

40 ბატონ მიხეილ ქვლივიძეს დაბადების 75 წლისთავზე

▲ზევით დაბრუნება


მილოცვა

ბატონო მიშა, დაბადების დღეს გილოცავთ შესანიშნავ შემოქმედსა და სამაგალითო პიროვნებას, ჭეშმარიტ პატრიოტს, რომელმაც რუსეთში ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე მთელი სიმძაფრით შეინარჩუნა ქართული სულისა და ქართული ენის სრულად შეგრძნების უნარი.

მე ყოველთვის მხიბლავდა და ახლაც მხიბლავს თქვენი სადა და ღრმა პოეზია, თქვენი უნარი, პირუთვნელად თქვათ ის, რასაც მკითხველი ელის და, რაც მთავარია, თქვათ სიყვარულით.

დიდი მადლობა თქვენი გულშიჩამწვდომი პოეზიისათვის, სადაც ახალგაზრდული სითბო და ხანდაზმული კაცის სიბრძნე შესანიშნავადაა ერთმანეთთან შერწყმული, თქვენი ლექსი იცნობა ყველგან და ყოველთვის, რადგან თავად თქვენ ბრძანდებით გამორჩეული პიროვნება.

დარწმუნებული ვარ, კიდევ არაერთხელ გაგვახარებთ თქვენს ერთგულ მკითხველს შესანიშნავი ლექსებით.

ედუარდ შევარდნაძე.

ბატონ მიხეილ ქვლივიძეს დაბადების 75 წლისთავზე // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2000. - 3 მარტი. - №59 (3460). - 1 გვ.

41 ყველას ვულოცავ ამ დღეს...

▲ზევით დაბრუნება


დედის დღე

დღეს დედის დღეა - მადლიერების დღე, სიხარულის დღე, სევდის დღე.

ერთი წუთით, სულ ერთი წამით დარჩით მარტო საკუთარ თავთან და დედასთან და იგრძნობთ, როგორ დაგფარავთ სიყვარულის დიდი ტალღა, როგორ მოგნატრებიათ მისი მუდმივი მოლოდინი, როგორი ტკივილი ხართ მისი, როგორ ეამაყებით, როგორ მეორდება უკვე იგი თავად თქვენს შვილებსა და შვილიშვილებში.

ყველას ვულოცავ ამ დღეს, ვინც თავად დედაა და დედობისთვისაა მოწოდებული, ვისაც ყოველ დილით დედის კოცნა აღვიძებს, ვისაც აკლია ეს კოცნა, ვისაც თუნდაც ხანდაზმულს, დედა ენატრება.

თუ ჩვენს გვერდითაა, კარგად იყოს და ღმერთმა შვილის უბედურება არ ანახოს, ხოლო ვინც ამ ქვეყნად აღარ არის, ღმერთმა ნათელში ამყოფოს.

ვიცი, იქაც, იმ ქვეყანაშიც ჩვენზე ფიქრობენ და ჩვენით არიან.

მივართვათ ყვავილები დედას, ყოველი ცოცხალის მშობელსა და მფარველს, ერის დღეგრძელობის გარანტს.

ახლა კი სჯობს დავდუმდეთ, გავირინდოთ და ფიქრში მასთან - დედასთან განვმარტოვდეთ.

P.S. ეს ბარათი დაწერილი მქონდა, როდესაც „ქალების, დედებისა და ბებიების“ წერილი მივიღე საპრეზიდენტო არჩევნებში მხარდაჭერით.

ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ საქართველოში დედა ბედნიერი იყოს.

ედუარდ შევარდნაძე.

ყველას ვულოცავ ამ დღეს... // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2000. - 3 მარტი. - №59 (3460). - 1 გვ.

42 სტუდენტური სემინარის მონაწილეებს

▲ზევით დაბრუნება


ძვირფასო ახალგაზრდებო!
ჩემო შვილებო!

ახალგაზრდობა და სტუდენტობა, ყოველთვის იყო და იქნება ქვეყნის ინტელექტუალური სიმძლავრის გარანტი, განსაკუთრებით ისეთი ქვეყნისათვის, რომელიც ახალი სახელმწიფოებრიობისა და საზოგადოებრივ ურთიერთობათა მშენებლობის პროცესშია.

ახალგაზრდული ენერგია, შემართება, მუდმივი განახლებისა და ძიების სურვილი აქტიური ცხოვრების, შრომისა და სწავლისათვის აუცილებელი თვისებებია. ბაკურიანი წარსულშიც ახალგაზრდული შემოქმედებითი შეხვედრებისა და თანამშრომლობის ცენტრი იყო. ახლა კი მაშინდელი ტრადიციების გაგრძელების შესანიშნავი შესაძლებლობა არსებობს - საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით ბაკურიანის „მზიური ველის“ კომპლექსი საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტს გადაეცა.

თქვენი მშობლების დროინდელი ბაკურიანი სულ სხვა ენერგიითა და განცდებით ცოცხლობდა, დღევანდელი თაობისათვის კი ამ ღონისძიებას განსხვავებული ხიბლი აქვს. თუმცა, საერთოა ის გრძნობა, რომელიც მაშინაც აერთიანებდა ბაკურიანის შეხვედრის მონაწილეებს და დღესაც უმთავრესია აქ შეკრებილთათვის - ეს სამშობლოს თავისუფლების გრძნობაა, რომელზე ოცნებაც თქვენს მამებს მუდამ თან ახლდა, თქვენთვის კი რეალობაა.

ХХІ საუკუნე ახალი ცხოვრების, აღმშენებლობისა და დემოკრატიზაციის საუკუნედ უნდა იქცეს საქართველოსათვის, თქვენ კი ამ პროცესის აქტიური მონაწილენი, ქვეყნის მშენებლები უნდა გახდეთ.

გისურვებთ წარმატებებს.

ედუარდ შევარდნაძე.

სტუდენტური სემინარის მონაწილეებს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2000. - 5-6 მარტი. - №60-61 (3462). - 1 გვ.

43 თუ პოლიტიკა, რომლის შესახებაც ვლადიმერ პუტინი საუბრობდა, განხორციელდება, საქართველო არაფერს დაკარგავს, პირიქით, მოიგებს

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის ბრიფინგი
2000 წლის 6 მარტი

„რუსთავი-2“: არასაპარლამენტო პარტიათა ბლოკი, რომელსაც ბესო ჯუღელი ხელმძღვანელობს, აწყობს შეკრებას საპრეზიდენტო არჩევნების ბოიკოტირების შტაბის ორგანიზების მიზნით. რა კომენტარს გაუკეთებდით ამ ფაქტს? გქონდათ თუ არა შეხვედრა ამ ბლოკის წარმომადგენლებთან?

ედუარდ შევარდნაძე: ბატონ ბესო ჯუღელთან და მის ბლოკთან შეხვედრა არ მქონია. არა მგონია, ეს ის ძალა იყოს, რომელიც ბოიკოტის საჭიროებაში საქართველოს მოსახლეობის დარწმუნებას შეძლებს. არც მათი შეკრების შესახებ მაქვს ინფორმაცია. პარტიებს არ ვუთვალთვალებთ, ჩვენში პლურალიზმია. ბატონ ბესოს შეუძლია, რამდენჯერაც უნდა, მოაწყოს შეკრება და რის შესახებაც უნდა ილაპარაკოს.

„რუსთავი-2“: თქვენ ამ ფაქტს იმდენად სერიოზულად არ განიხილავთ, როგორც, ვთქვათ, „აღორძინების“ ბლოკის მხრიდან ბოიკოტის განზრახვას?

ედუარდ შევარდნაძე: არასასურველია, როცა ქვეყანაში საერთოდ არის ლაპარაკი იმაზე, რომ შეიძლება საზოგადოების რაღაც ნაწილმა არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადოს. არჩევნები ხალხის ნების გამოხატულებაა. განვითარებადი დემოკრატიული ქვეყნისათვის ყოველი ასეთი პოლიტიკური აქცია - პრეზიდენტისა თუ პარლამენტის არჩევნები, ქვეყნის წინსვლის, განვითარების მაჩვენებელია. როგორ შეიძლება ნორმალურ პირობებში ბოიკოტი გამოუცხადო დემოკრატიის განვითარებაზე ზრუნვასა და ფიქრს. ამიტომ არ მესმის არც ბესო ჯუღელის და არც სხვების, რომლებიც ბოიკოტზე ლაპარაკობენ. ვფიქრობ, მათი არც მოსახლეობას ესმის.

„ნტვ“: დასავლეთში დიდი სენსაცია გამოიწვია რუსეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ვლადიმერ პუტინის განცხადებამ გარკვეული პირობების შემთხვევაში ნატოში რუსეთის გაწევრიანების შესაძლებლობის შესახებ. როგორც ჩანს, ეს განცხადება, თქვენთვის მოულოდნელი არ ყოფილა. ვინაიდან თქვენ ადრე განაცხადეთ, რომ რუსეთმა მჭიდროდ უნდა ითანამშრომლოს ნატოსთან, რაც სულ ახლახან პუტინის განცხადებით დადასტურდა. როგორ ფიქრობთ, ხომ არ დაუკაკუნებს რუსეთი ნატოს კარს გაცილებით უფრო ხმამაღლა, ვიდრე ამას საქართველო, თქვენი განცხადებით, 2005 წლისათის გააკეთებს? და ხომ არ დააჩქარებს დასავლეთთან რუსეთის ასეთი დაახლოება საქართველოს ნატოში შესვლას?

ედუარდ შევარდნაძე: მართალია, ეს ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა, მაგრამ ეფიქრებოდა, რომ ვლადიმერ პუტინი ამის შესახებ არჩევნების შემდეგ განაცხადებდა, მან რომ ახლა რუსეთის საგარეო-პოლიტიკური კურსის გარკვეულ, ნიუანსურ ცვლილებებზე ილაპარაკა, იმას ნიშნავს, რომ პუტინი მართლაც გონიერი და შორსმჭვრეტელი პოლიტიკოსია. მე მხედველობაში მაქვს არა მარტო რუსეთის ნატოსთან ურთიერთობა (თუმცა ეს ყველაზე მგრძნობიარე თემაა), არამედ, რუსეთის უფრო აქტიური ინტეგრაციული პროცესები დასავლეთის ქვეყნებთან ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ამასთანავე, რასაკვირველია, არ ვივიწყებ იმ კავშირებს, რომლებიც დამახასიათებელი იყო რუსეთისათვის. თუ პოლიტიკა, რომლის შესახებაც ვლადიმერ პუტინი საუბრობდა, განხორციელდება, საქართველო არაფერს დაკარგავს, პირიქით, მოიგებს. ასე რომ, ჩვენ მხარს ვუჭერთ იმ პოლიტიკას, რომლის შესახებაც პუტინი ლაპარაკობდა. მე არ მითქვამს, რომ რუსეთი ნატოში უახლოეს წლებში გაწევრიანდება, ეს იქნება ნატოსთან თანამშრომლობის ახალი პრინციპები. ჩვენც, ძალიანაც რომ მოვინდომოთ, უახლოეს 4-5 წელიწადში ნამდვილ წევრად ვერ მიგვიღებენ, ვინაიდან ჯერჯერობით იქ შესასვლელად აუცილებელ სტანდარტებსა და პირობებს ვერ ვუპასუხებთ.

„ნტვ“: როგორ გამოეხმაურა ოფიციალური თბილისი რუსეთის საგარეო უწყების საპროტესტო ნოტას, რომელშიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ითხოვს საქართველოში ჩეჩნეთის წარმომადგენლობის - საინფორმაციო ცენტრის დახურვას. წამოაყენებს თუ არა საქართველო შემხვედრ მოთხოვნას მოსკოვში სოხუმის წარმომადგენლობის გაუქმებისა და ფსოუს მონაკვეთზე საშვების გამკაცრების თაობაზე.

ედუარდ შევარდნაძე: არც ჩვენთვის და არც რუსეთისათვის ამგვარი პაექრობა მომგებიანი არ არის. მსურს დავაზუსტო - მოსკოვში აფხაზეთის ოფიციალური წარმომადგენლობა არ არსებობს. იქ არის აფხაზურ-ადიღეური კულტურის ცენტრი. მართალია, ეს ცენტრი, პრაქტიკულად, წარმომადგენლობის ფუნქციას ასრულებს, მაგრამ ოფიციალური დასახელებით ის კულტურის ცენტრია. რაც შეეხება ეგრეთ წოდებულ ჩეჩნეთის წარმომადგენლობას თბილისში, ამგვარი ოფიციალური წარმომადგენლობა ჩვენთან არ არსებობს, არც რეგისტრირებული გახლავთ და არც ვაპირებთ მის რეგისტრაციას.

„კავკას-პრესი“: გასულ კვირას აფხაზეთის ტერიტორიულ წყლებში რუსეთის თევზმჭერი გემები გამოჩნდა. რა რეაგირებას მოახდენს საქართველოს ხელისუფლება ამ ფაქტთან დაკავშირებით?

ედუარდ შევარდნაძე: ისეთივე რეაგირებას, როგორსაც უნდა იჩენდეს სუვერენული სახელმწიფო, როდესაც მის საზღვარს რომელიმე ქვეყანა არღვევს, მაგრამ არა მგონია, რომ ეს ჩაფიქრებული ნაბიჯი იყო. ჩვენს მეთევზეებსაც ეშლებათ ხოლმე ზოგჯერ.

„საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი“: დღეს მოსკოვში დაიწყო საქართველოს საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის ვალერი ჩხეიძის შეხვედრა მის რუს კოლეგასთან ტოცკისთან. კონკრეტულად რა საკითხები განიხილება ამ შეხვედრაზე? რუსეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ყოველდღიურად გადმოგვცემენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ბოევიკები ცდილობენ საქართველოს ტერიტორიაზე გადმოსვლას. განხორციელდება თუ არა ღონისძიებები ბოევიკების გადმოსვლის აღსაკვეთად?

ედუარდ შევარდნაძე: დღის წესრიგი, როგორც ჩემთვის ცნობილია, ზუსტად არ არის განსაზღვრული. ეს არის ორი დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფოს სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელის შეხვედრა. არსანიშნავია, რომ ჩვენს მესაზღვრეებს საკმაოდ კარგი ურთიერთობა აქვთ რუს კოლეგებთან და მრავალ პრობლემას ერთობლივად წყვეტენ. ვფიქრობ, შეხედრაზე უმთავრესი საკითხი რუსეთ-საქართველოს საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთის დაცვის გაძლიერების პრობლემა იქნება. ჩვენ იქ გავაძლიერეთ დაცვა, უზრუნველყოფილია საერთაშორისო მონიტორინგი. სხვათა შორის ხვალ ჩამოდიან ჟურნალისტები, რომელთა ჩამოსვლასთან დაკავშირებით ნებართვა ითხოვეს რუსეთის წარმომადგენლებმა. ისინი დაათვალიერებენ საზღვარს, იმ ადგილებსაც, რომლებთან დაკავშირებითაც ეჭვები აქვთ. ჩვენ არაფერს ვმალავთ. იქ ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობა და დევნილები ცხოვრობენ. ალბათ, ეს საკითხები განიხილება ორი გენერლის შეხვედრაზე. როცა ვალერი ჩხეიძე დაბრუნდება, ვფიქრობ, ინფორმაციას თვითონ მოგაწვდით.

„ელიზი-ნიუსი“: თქვენი აზრით, საპრეზიდენტო არჩევნებში რომელი უფრო მძიმეწონიან კანდიდატად განიხილება - ჯუმბერ პატიაშვილი თუ ასლან აბაშიძე?

ედუარდ შევარდნაძე: არ ამიწონია. ისე, ბატონი ჯუმბერის ძალიან მადლობელი ვარ მისი იმედისმომცემი სიტყვებისათვის, რომ, თუ აირჩევენ პრეზიდენტად, დამსახურებულ პენსიაზე გამისტუმრებს. ეს დიდი პატივია, რასაც დიდად ვაფასებ.

„რტრ“: რამდენიმე დღეში 44 წელი სრულდება 9 მარტის ტრაგედიის შემდეგ. რა შეგიძლიათ გაიხსენოთ 1956 წლის 9 მარტთან დაკავშირებით? წიგნში „ჩემი არჩევანი“ თქვენ აღნიშნული გაქვთ, რომ ამ დღემ და მოვლენამ მეტწილად განაპირობა თქვენი ქუთაისიდან თბილისში გადმოსვლა.

ედუარდ შევარდნაძე: უშუალოდ იმ მოვლენების დროს ქუთაისში გახლდით, ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვიყავი. როგორც კი დაიწყო ახალგაზრდობის მოძრაობა ქუჩებში, მე მათ არ მოვცილებივარ, მათთან ერთად ვიყავი. ქუთაისში, საბედნიეროდ, თბილისის მსგავსი მოვლენები არ განვითარებულა. მაგრამ შემდეგ, როცა უკვე თბილისის ტრაგედია დატრიალდა, არა მარტო მე, არამედ საქართველოს მთელი საზოგადოება გამოფხიზლდა. მაშინ, როგორც წესი, ტარდებოდა სპეციალური გამოკვლევები იწერებოდა შინაგან საქმეთა, უშიშროების სამინისტროებისა და სხვების მოხსენებითი ბარათები. სხვათა შორის, მე ვიცნობ ამ დოკუმენტებს, რომლებიც შედგენილია არასწორი დასკვნებით. შემდეგ გაიმართა პოლიტბიუროს სპეციალური სხდომა, რომელზეც საქართველოს მთელ ხელმძღვანელობას დაუძახეს და მკაცრი შეფასება მიეცა იმას, რაც საქართველოში მოხდა, თუმცა რაიმე ორგანიზაციული ზომები - ვინმეს განთავისუფლება, მოხსნა მას არ მოჰყოლია. ჩათვალეს, რომ ამგვარი რამ იმ მომენტისათვის სასარგებლო არ იქნებოდა.

შემდეგ გაიმართა საკმაოდ დიდი საუბრები, პარტიული, კომკავშირული აქტივები, ახალგაზრდობის შეკრებები და სხვა. თუ ვინმეს აქვს სურვილი და მოიპოვებს ჩემს მაშინდელ გამოსვლებს, მე ვიტყოდი, რომ ეს იმ დროისათვის საკმაოდ გაბედული გამოსვლები იყო. მე დამამახსოვრდა გელა ბანძელაძის გამოსვლა, რომელიც მაშინ კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის მდივანი იყო. ეს იყო ყველაზე გაბედული, ძალიან გამოკვეთილი გამოსვლა სერიოზული ანალიზით. ამის შემდეგ ანგარიშგასაწევი იყო ჩემი გამოსვლა, ვინაიდან მე გამოვხატე მთელი ჩემი თაობის აზრი და დამოკიდებულება ამ მოვლენის მიმართ. ჩემს წიგნში დავწერე, რომ ეს იყო პირველი გამომაფხიზლებელი ზარი, რომელმაც ბიძგი მისცა ფიქრებს და აზრებს, რომლებიც შემდეგ ჩამოყალიბდა, როგორც კონცეფცია, როგორც შეხედულება იმ წყობაზე, რომელშიც ვცხოვრობდი.

„პრაიმ-ნიუსი“: გასულ კვირას ქართველმა მრეწველებმა მოითხოვეს საგადასახადო სისტემის ლიბერალიზაცია. არის თუ არა ხელისუფლება მზად, გაითვალისწინოს შენიშვნები?

ედუარდ შევარდნაძე: რუსთავში გუშინდელი გამოსვლისას ვთქვი, რომ ხელისუფლებამ, პარლამენტმა, განსაკუთრებით, შემოსავლების სამინისტრომ უნდა იმუშაოს სერიოზულ რეფორმაზე, რაც გულისხმობს სერიოზულ კორექტივებს საგადასახადო სისტემაში. საფუძველი ძალიან კარგი გვაქვს საგადასახადო კოდექსის სახით, მაგრამ ცხოვრება თავისას მოითხოვს და საჭიროა მთელი რიგი კორექტივების შეტანა. ეს უწინარესად ეხება უცხოურ ინვესტიციებს, დამწყებ ბიზნესმენებს, რომელთაც სჭირდებათ შეღავათები, პირობების შექმნა, მხარდაჭერა სახელმწიფოს მიერ. სახელმწიფო ამით არაფერს დაკარგავს. პირიქით, ჩვენ უფრო ძლიერი და უფრო მეტი შემოსავლების მქონე ქვეყანა გავხდებით.

„მე-9 არხი“: საქართველოს საგარეო ვალების რაოდენობამ 2 მილიარდ 39 მილიონ დოლარს მიაღწია. რა კომენტარს გაუკეთებდით მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ამჟამინდელი ბიუჯეტის პროექტში ამ ვალების დაფარვა სათანადოდ არ არის გათვალისწინებული?

ედუარდ შევარდნაძე: როცა საგარეო ვალებზე ვლაპარაკობთ, გთხოვთ, გააანალიზოთ მონაცემები. არის ორი კატეგორიის ვალი, გვაქვს თურქმენეთის ვალი, რომელიც სასწრაფოდ დაბრუნებას მოითხოვს. დაფარვის ვადა უკვე გავიდა და მისი რესტრუქტურიზაცია ჯერჯერობით არ მომხდარა. ეს არის თითქმის 300 მილიონი დოლარი. იგი დაგროვდა 1992-1994 წლებში, როდესაც გადახდის საშუალება არ გვქონდა. გვაქვს თურქეთის არცთუ დიდი ვალი და იქ რესტრუქტურიზაცია პერსპექტიულია, ზოგიერთი საკითხია გასარკვევი რუსეთთან და ა. შ. საბოლოო ანგარიშით, ამ კატეგორიის ვალები, ალბათ, ნახევარი მილიარდის ფარგლებში იქნება და მათს გადახდას ბიუჯეტი ნაწილობრივ ითვალისწინებს. დანარჩენი ვალები არის მსოფლიოს ბანკის, სავალუტო ფონდის, ევროკავშირის, ევრობანკის, სხვადასხვა ქვეყნების მიერ გამოყოფილი გრძელვადიანი კრედიტები, რომლებსაც ვალს ვერც დავარქმევ. მაგალითად, არის იაპონიის, ამერიკის, საფრანგეთის, გერმანიის კრედიტები, რომელთა დაფარვა უნდა დაიწყოს ათი წლის შემდეგ. ათი წლის შემდეგ კი ქვეყანა განვითარების ისეთ სტადიაში შევა, რომ მას 30-40 წლის განმავლობაში ამ ვალების პროცენტების გადახდის უნარი ექნება. იმ დიდი ვალის შემადგენლობაში, რომლის შესახებაც თქვენ ბრძანეთ, 70-80 პროცენტი სწორედ ამ ხასიათის დავალიანებებია. ის, რასაც ჩვენ გვაძლევენ, არის ფაქტობრივად დახმარება, გრანტი. ასეთია, მაგალითად, ენგურჰესის რეაბილიტაციისათვის გამოყოფილი 30-წლიანი კრედიტი. 30 წლის განმავლობაში მოვახდენთ ჰესის ექსპლოატაციას, ვაწარმოებთ ელექტროენერგიას და გავყიდით. შესაბამისად, შეგვექმნება იმის შესაძლებლობა, რომ ეს ვალი გავისტუმროთ. ასე რომ, არც ისე დრამატულია ეს მომენტი, როგორც თქვენ წარმოგიდგენიათ.

„პოლიტიკა“: ომის ვეტერანების შეღავათებთან დაკავშირებით არსებობს თქვენი ბრძანებულება და პარლამენტის გადაწყვეტილებაც, რომლებიც შეაჩერა თბილგაზმაც და ელექტრომომარაგებამაც.

ედუარდ შევარდნაძე: ვეტერანებს, ინვალიდებსა და სხვებს ის შეღავათები, რომლებიც გათვალისწინებული იყო, ძირითადად, შეუნარჩუნდათ. მაგალითად, მეტროთი მგზავრობა, ზოგიერთი სხვა მომსახურება მათ უფასო აქვთ.

„ტვ-6“: საზღვარგარეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჰეიდარ ალიევი არ ჩამოვა თბილისში, ვიდრე არ იქნება შეთანხმებული ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მიმართულებით კასპიის ნავთობის ტრანსპორტების ტარიფები. რა კომენტარს გაუკეთებთ ამ ცნობებს?

ედუარდ შევარდნაძე: საკითხი ასე არ დგას. ჰეიდარ ალიევმა განაცხადა იმის შესახებ, რომ 10-11 მარტს გაიმართება პრემიერ-მინისტრების შეხვედრა ტრასეკას პროგრამის ფარგლებში და თბილისში ჩამოვა აზერბაიჯანი პრემიერ-მინისტრი თავის კოლეგებთან ერთად. პირველი შეხვედრა გაიმართა აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურთა დონეზე. ცხადია, მე მას შევხვდები და მოლაპარაკების პირველ რაუნდს ამ საკითხთან დაკავშირებით გავმართავთ. ეს უბრალო საკითხი არ არის, მაგრამ ყველა ძირითადი საკითხი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანთან დაკავშირებით შეთანხმებულია. რაც შეეხება ტარიფებს, შესაძლებელია რამდენიმე ვარიანტის განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებაც. არ გამოვრიცხავ, რომ ბატონ რასი-ზადესთან პრინციპულ პოზიციებს შევათანხმებთ, შემდეგ კი, როცა ჰეიდარ ალიევი ჩამოვა, გავაფორმებთ მათ.

„აფხაზეთის ტელევიზია“: თქვენთვის, ალბათ, ცნობილია, რომ სეპარატისტთა ლიდერმა გენერალურ მდივანს გაუგზავნა წერილი, რომელშიც თავდაყირაა დაყენებული აფხაზეთში კონფლიქტის ისტორია. საინტერესოა, რომ იქ საყვედურია გამოთქმული არა მარტო საქართველოს პოლიტიკის, არამედ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ხელმძღვანელობის მიმართაც. თქვენი აზრით, რა რეაგირება შეიძლება მოჰყვეს ამ წერილს? ხომ არ წარმოაჩენს ეს ფაქტი საერთაშორისო საზოგადოებრიობის წინაშე არძინბას, როგორც პოროვნებას, რომელთანაც მოლაპარაკებას აზრი არა აქვს და გარკვეული დასკვნის გამოტანის საშუალებას ხომ არ მისცემს საქართველოს ხელისუფლებას?

რამდენად რეალურია ახალ საპრეზიდენტო ვადაში აფხაზეთის პრობლემის მოგვარება?

ედუარდ შევარდნაძე: რაიმე სერიოზულ მნიშვნელობას ბატონი არძინბას წერილს არ ვანიჭებ. ასე ყველას შეუძლია თავისი აზრი გამოთქვას. მიმაჩნია, რომ ბატონი არძინბას წერილი შეურაცხმყოფელია გაეროს გენერალური მდივნისათვის. გამოდის, რომ კოფი ანანმა არ იცის, რა სტატუსით სარგებლობს დღევანდელი აფხაზეთი და მისი ლიდერი. ის არ არის საერთაშორისო სამართლის სუბიექტი. რა თქმა უნდა, მას შეუძლია, წერილი გაუგზავნოს, მაგრამ იგი ისევე იქნება განხილული, როგორც სხვა ჩვეულებრივი მოქალაქის, გნებავთ, სხვა ოპოზიციური მოძრაობისა. გარდა გაღიზიანებისა, დარწმუნებული ვარ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში და უშიშროების ორგანიზაციაში და უშიშროების საბჭოში ეს წერილი არაფერს გამოიწვევს გაღიზიანების შედეგები კი, ალბათ, ის იქნება, რომ შემდეგი რეზოლუცია აფხაზეთთან დაკავშირებით უნდა იყოს უფრო მკაცრი, უფრო პრინციპული და უნდა გაიზარდოს ის შეფასებები, რომელიც თავის დროზე მიეცა ამ მოვლენას ბუდაპეშტში, ლისაბონში და შემდეგ სტამბოლში. ჩემთვის, ისევე როგორც კონფლიქტის მოგვარებისათვის, არაფერს ნიშნავს ამ წერილის ტონი, შინაარსი და მისი პროტესტები ანდა განცხადება იმის შესახებ, რომ აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა. არავინ არასდროს არ ცნობდა და არც სცნობს აფხაზეთს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს. ეს არის საქართველოს განუყოფელი, შემადგენელი ნაწილი. რაც შეეხება პრაქტიკულ შედეგებს, ყოველთვის ასე ვამბობ - თარიღის დასახელება ძნელია. მაგრამ ჩემს საპრეზიდენტო პროგრამაში, რომელსაც ვამზადებ, ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი, ჩემი უმთავრესი მიზანი არის აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარება. მე ძალიან დიდ რესურსებს ვხედავ. ამ წლების განმავლობაში აფხაზეთის პრობლემის გადაწყვეტის მომზადების თვალსაზრისით მომზადდა ფსიქოლოგიური ფონი თუ სამართლებრივი აზრი. ეს წლები, შეიძლება ითქვას, უნიკალურია, ვინაიდან ჩვენ მივიღეთ მაქსიმალური შეფასებები, რომლებიც შეიძლება საფუძვლად დაედოს აფხაზეთის საკითხის მოგვარებას უახლოესი წლების განმავლობაში, ყოველ შემთხვევაში, ამ საარჩევნო ვადაში.

აფხაზეთის ტელევიზია: არ არის გამორიცხული, რომ ძალისმიერი მეთოდის გამოყენებაც დაგვჭირდეს?

ედუარდ შევარდნაძე: ნუ მალაპარაკებთ ამ თემაზე. ვინც ამ მეთოდებზე ფიქრობს, ის არ ლაპარაკობს, ხოლო ვინც არ ფიქრობს, ლაპარაკობს.

„საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი“: იმ არასაპარლამენტო პარტიების პარალელურად, რომლებიც აქტიურად აყენებენ არჩევნების უნდობლობის თემას, იქმნება ასევე არასაპარლამენტო ორგანიზაცია, რომელიც, პირიქით, არჩევნებში თქვენ გიჭერთ მხარს. როგორ შეაფასებდით ამ ახალი პოლიტიკური ორგანიზაციის დაფუძნების ფაქტს? და მეორე, გასულ კვირას თბილისში ვიზიტისას ძასოხოვმა სერიოზული მხარდაჭერა გამოთქვა კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლაში. კონკრეტულად როგორ განვითარდება ერთობლივი თანამშრომლობა?

ედუარდ შევარდნაძე: განსხვავებით ბესო ჯუღელის ბლოკისგან, ნეოკონსერვატორების მოძრაობას მივესალმები. მათ შორის ძალიან ბევრი ცნობილი მოღვაწეა, ყველა თაობის, განსაკუთრებით, ახალგაზრდობის წარმომადგენლები. არ ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენი აზრები ყველაფერში ემთხვევა, მაგრამ ისინი ძალიან კარგად ხედავენ, რა არის სახელმწიფოსათვის საჭირო. ეს გვაძლევს ძალიან სერიოზულ ბაზას მათთან თანამშრომლობისათვის და, დარწმუნებული ვარ, ვითანამშრომლებთ. რაც შეეხება ალექსანდრე ძასოხოვთან დიალოგს, განსაკუთრებით საბაჟოს საკითხებზე. ერთიანი საბაჟოს ჩამოყალიბება ცოტა რთული საკითხია და მარტო ძასოხოვზე არ არის დამოკიდებული. ყველა ქვეყანაში საბაჟო სამსახური ცენტრალიზებულია და მას სათანადო კონსულტაციები სჭირდება რუსეთის ხელმძღვანელობასთან.

საქართველოს პრეზიდენტის
პრესსამსახური - საქინფორმი.

თუ პოლიტიკა, რომლის შესახებაც ვლადიმერ პუტინი საუბრობდა, განხორციელდება, საქართველო არაფერს დაკარგავს, პირიქით, მოიგებს : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის ბრიფინგი : 2000 წლის 6 მარტი // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2000. - 7 მარტი. - №62 (3463). - 1,3 გვ.

44 „ჩვენმა ქვეყანამ საბოლოოდ დაიმკვიდრა უაღრესად მნიშვნელოვანი ფუნქცია ევრაზიის სივრცეში და არა მარტო კონცეპტუალურად, არამედ ახლა უკვე პრაქტიკულადაც და მასშტაბურადაც“

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
6 მარტის რადიოინტერვიუ

- გასულ კვირას თურქეთში წარმატებით დამთავრდა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენთან დაკავშირებით საბოლოო მოლაპარაკების პროცესი. საქართველოს დელეგაციამ, ყოველ შემთხვევაში ასეთი იყო საერთო აზრი, ბრწყინვალე გამარჯვებას მიაღწია. რას ნიშნავს ყოველივე ეს საქართველოსათვის. უკვე დღევანდელ დღეს? - ჟურნალისტ ნატო ონიანის ამ შეკითხვის პასუხად საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ თავის ტრადიციულ ორშაბათის რადიოინტერვიუში განაცხადა:

- ამ თემაზე საუბრისას, სიმართლე გითხრათ, შეიძლება გარკვეული მღელვარებაც ვერ დავიოკო და ოდნავ უფრო აღმატებული კატეგორიებით ვისაუბრო, ვიდრე სხვა შემთხვევაში. მე მიმაჩნია, რომ მოლაპარაკების წარმატებით დასრულების შედეგად ჩვენ მივაღწიეთ, თუ შეიძლება ასე ითქვას, სტრატეგიულ გარღვევას - არა მარტო ამ გრანდიოზული პროექტის განხორციელების, არამედ საერთოდ ევრაზიის დერეფნის, დიდი აბრეშუმის გზის, ევრაზიის ხიდის გლობალური კონცეფციის ხორცშესხმის თვალსაზრისით.

საქართველოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესების თვალთახედვით, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენმა ქვეყანამ საბოლოოდ დაიმკვიდრა უაღრესად მნიშვნელოვანი ფუნქცია ევრაზიის სივრცეში და არა მარტო კონცეპტუალურად, არამედ ახლა უკვე პრაქტიკულადაც და მასშტაბურადაც. საკუთარ თავზე, საკუთარ ღვაწლზე ლაპარაკი ნამდვილად არ მჩვევია და არც მსიამოვნებს. ის კი არა, ზოგჯერ სხვასაც ვთხოვ ხოლმე, ნუ იქნება ამ თვალსაზრისით მეტისმეტად პათეტიკური გამოსვლები, მაგრამ ელემენტარული სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის თაობაზე მოლაპარაკების ბრწყინვალე წარმატებით დასრულდება მე ჩემს პირად გამარჯვებადაც მიმაჩნია. დიახ, ამჯერად მაქვს ამის თქმის უფლება, ვინაიდან ეს არის მრავალწლიანი, ჯოჯოხეთური შრომის, უძილო ღამეების, ურთულეს მოლაპარაკებათა, ზოგჯერ სამკვდრო-სასიცოცხლო საფრთხის გადალახვის (ვფიქრობ, პატივცემული მსმენელი და მკითხველი მიხვდება, რასაც ვგულისხმობ, წუხელ თქვენ აჩვენეთ ამ ბოლო წლების ზოგიერთი კადრი), ბეწვის ხიდივით სახიფათო გეოპოლიტიკური ბალანსის შეუცდომელად დაცვისა და, რაც მთავარია, მტკიცე მომავლისათვის გამიზნული პროგრამის შემუშავების შედეგი.

აქვე უდიდესი მადლიერებით მოვიხსენიებ ჩემს თანამოაზრეთ და თანამებრძოლთ, უწინარესად, საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის პრეზიდენტს გია ჭანტურიასა და განსაკუთრებით საგარეო საქმეთა მინისტრს ირაკლი მენაღარიშვილს, რომელსაც ბოლო ეტაპზე დიდი წვლილი მიუძღვის საერთო გამარჯვებაში.

ამასთანავე, ეს არის მთელი ჩვენი ქვეყნის, საქართველოს ყველა მოქალაქის, ქართველი ერის დიდი ისტორიული გამარჯვება. თუ არა ჩვენი ხალხის სიბრძნე, მოთმინება, პრეზიდენტისა და ხელისუფლების სწორი კურსის მხარდაჭერა, დღევანდელ გამარჯვებას ვერ მივაღწევდით.

თქვენ გახსოვთ, გელათში გამოსვლისას მე ვთქვი, რომ საქართველო ივლის დავით აღმაშენებლის გზით. დავითი გზა კი დიდგორის გზაა. ხოლო დღევანდელ მსოფლიოში საქართველოს დიდგორი სწორედ ისეთი გამარჯვებანია, რომლებიც ისევე განამტკიცებენ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობას, როგორც დიდგორმა აღამაღლა დავითის დროინდელი საქართველო.

ამასთანავე, რა თქმა უნდა, მადლობას ვწირავ ჩემს პატივცემულ კოლეგებს - აზერბაიჯანის პრეზიდენტს ჰეიდარ ალიევსა და უწინარესად მას, თურქეთის პრეზიდენტს სულეიმან დემირელს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ბილ კლინტონს, ყაზახეთის პრეზიდენტს ნურსულან ნაზარბაევს.

როდესაც სტამბოლში ათასწლეულის სამიტის დროს ხელი მოვაწერეთ დოკუმენტებს დიდი ნავთობსადენის მშენებლობის თაობაზე, ბევრს ჯერ კიდევ არ სჯეროდა, ზოგი კი ეჭვს გამოთქვამდა, რომ პროექტის მონაწილენი სწორედ იმ დეტალებზე ვერ მიაღწევდნენ მოლაპარაკებას, რომლებზეც აუცილებლად უნდა შეთანხმებულიყვნენ უმოკლეს ვადებში. სტამბოლის, თბილისის, ბაქოს, ანკარის, შემდგომ ისევ თბილისისა და ბაქოს შეხვედრების შედეგად ძირითადი პრობლემები საბოლოოდ გადაიჭრა. არსებითად, ვიმეორებ, არსებითად შეთანხმებულია დასკვნითი ხელშეკრულება ნავთობსადენის მშენებლობის დაწყების შესახებ.

ვფიქრობ, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის საქართველოში ვიზიტის დროს ჩვენ საბოლოო წერტილს დავუსვამთ მრავალწლიან პროცესს. ძნელია, რამდენიმე სიტყვით გამოხატო ის, თუ რა სარგებლობას მოუტანს ამ პროექტის განხორციელება ჩვენს ქვეყანას, თითოეულ ოჯახს, თითოეულ მოქალაქეს. დიდი ნავთობსადენი ნიშნავს უახლოესი 4-5 წლის განმავლობაში ასობით მილიონი დოლარის ინვესტირებას საქართველოში (ზოგიერთი მილიარდნახევარსაც კი ანგარიშობს, მაგრამ ეს მიახლოებითია), ათიათასობით ახალი სამუშაო ადგილის შექმნას, საქართველოს სამშენებლო ფირმებისა და კოპმანიების მთელი ძალით ამოქმედებას, სატრანსპორტო დარგის კიდევ უფრო სწრაფ განვითარებას, საქართველოს ნავსადგურებისა და აეროდრომების, საავიაციო ხაზების დატვირთვის ზრდას, ნავთობსადენის მშენებლობისა და ფუნქციონირებისათვის აუცილებელი გრანდიოზული ინფრასტრუქტურის შექმნასა და მომსახურებას, საქართველოს ყველა სახეობის კომუნიკაციათა, მათ შორის, ტელეკომუნიკაციათა უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვას. ქვეყნის სავალუტო ბაზარზე უცხოური ვალუტის, უწინარესად, დოლარის დიდი მასის დალექვას (რა თქმა უნდა, საუკეთესო გაგებით), რაც ხელს შეუწყობს ეროვნული ვალუტის კიდევ უფრო განმტკიცებას, ახალი გზების, ხიდების, ახალი სასტუმროებისა და ყოველნაირი სერვისის, ტურიზმის განვითარებასა და აღმავლობას, მშენებლობის პროცესში საქართველოს სამრეწველო პოტენციალის ჩართვას, ეკოლოგიური უსაფრთხოების უნიკალური სისტემის ჩამოყალიბებას და, რა თქმა უნდა, ქვეყნის ბიუჯეტში ყოველწლიურ სატრანზიტო შემოსავალს. თუმცა, დიდი იქნება შემოსავალი თვით მშენებლობის პროცესშიც საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად.

აღარაფერს ვამბობ თითქოს ხელთუქმნელ, თითქოს აბსტრაქტულ, მაგრამ სინამდვილეში ნამდვილად მატერიალიზებად, ეგრეთ წოდებულ, გეოპოლიტიკურ მოგებაზე. იგულისხმება საქართველოსადმი ინტერესი და, რაც მთავარია, ნდობის პატივისცემის ზრდა. იგულისხმება აგრეთვე, რომ მსოფლიოს უდიდესი და უმძლავრესი სახელმწიფოები სისხლხორცეულად იქნებიან დაინტერესებული ჩვენი ქვეყნის სტაბილურობით, კონფლიქტის სამართლიანი და მშვიდობიანი გადაწყვეტით, უწინარესად, აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებით, საქართველოს დამოუკიდებლობის განმტკიცებით და ასე შემდეგ.

გრძელდება აგრეთვე მოლაპარაკება დიდი აბრეშუმის გზის სხვა პროექტების თაობაზე. კერძოდ, ტრანსკასპიური გაზსადენი, შავი ზღვის წრიული ავტომაგისტრალი, რუსეთის უდიდესი პოტენციალის ჩართვა ამ პროცესებში და სხვა. სხვათა შორის, აზერბაიჯანში შახ-დენიზის საბადოს გვერდით კიდევ ახალი დიდი საბადო გაიხსნა. ასე რომ, ეს გაზსადენი კვლავ ახალ პერსპექტივებს უსახავს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების თვალსაზრისით.

აქვე აუცილებლად შევნიშნავ, არ არის გამორიცხული, რომ უახლოეს მომავალში საქართველოსაც ექნება საკუთარი დიდი ნავთობი, ამის ყველა ნიშანი არის. ამ თემას უფრო დაწვრილებით ერთ-ერთ შემდგომ ინტერვიუში შევეხები. მე მხედველობაში მაქვს, რომ იქნება სიახლე, რაც უეჭველად დაგაინტერესებთ თქვენც და რადიომსმენელსაც.

ასეთია ჩემი კომენტარი ამ საკითხთან დაკავშირებით.

- გასულ კვირას თქვენ ეწვიეთ რუსთავს, სადაც მრეწველობის განვითარების კონცეფცია განიხილეთ. რუსთავში ყოფნით კმაყოფილი დარჩით, ყოველ შემთხვევაში, ასე ბრძანეთ ტელეინტერვიუში და იქვე გაიხსენეთ ის დრო, როცა 1995 წელს, არჩევნების წინ რუსთავში ყოფნისას, იქ სულ სხვა სიტუაცია დაგხვდათ. მაშინ ეს იყო ქალაქი, რომელსაც ხელისუფლება ფაქტობრივად ბოლომდე ვერ აკონტროლებდა ისევე, როგორც საქართველოს ბევრ სხვა რეგიონს...

- მინდა მოგახსენოთ, რომ უაღრესად დადებითი შთაბეჭდილებით დავბრუნდი რუსთავიდან. ეს ძალზე საქმიანი, საგნობრივი, პროფესიული საუბარი გახლდათ. ეს არ იყო მარტო წინასაარჩევნო რაღაც ღონისძიება, ქება-დიდება და ტაშისკვრა. ეს იყო მართლა საქმიანი და სერიოზული საუბარი, და, სხვათა შორის, მინდა მთელმა ჩემმა წინასაარჩევნო კამპანიამ ასე საქმიანი საუბრების ფონზე ჩაიაროს, რაც ყველაზე სასიამოვნოა, თითოეული გამომსვლელის სიტყვაში, მათს წინადადებებში აშკარად იგრძნობოდა თავიანთი საქმის უსაზღვრო სიყვარული, პროფესიონალიზმი და, იმავდროულად, რეალობის სწორი და კონსტრუქციული აღქმაც.

რეალობა კი ის გახლავთ, რომ დამოუკიდებელ საქართველოს აქვს უდიდესი პოტენციალი (ჯერ კიდევ შენარჩუნებულია და ახლა შეიქმნა ბევრი რამ), რათა ააღორძინოს და განავითაროს მრეწველობის, კერძოდ, ინდუსტრიის ის დარგები, რომლებიც ახალ პირობებში მსოფლიო ბაზარზე ღირსეულ კონკურენციას გაუწევენ სხვა ქვეყნების ანალოგიურ ნაწარმს. მე უკვე ჩამოვთვალე ათობით პროდუქცია და პროდუქტი, უკვე რომ გადის მსოფლიო ბაზარსა და ევროპის ბაზარზე. მრეწველობა ნებისმიერი ეკონომიკის ხერხემალია. ამიტომ, რადაც უნდა დაგვიჯდეს, უწინარესად, სწორედ მრეწველობა უნდა ავაღორძინოთ. მოვიდა ეს დრო, ადრე ამ ამოცანის დაყენება ნაჩქარევი იქნებოდა. არ შეიძლება ბიუჯეტი ეფუძნებოდეს მხოლოდ სიგარეტის ან ბენზინის იმპორტს. ეს დრო წავა მაშინ, როდესაც ასეთი სამრეწველო პოტენციალი გვაქვს და რესურსების გარკვეული კონცენტრაციით სავსებით რეალურია უახლოეს წლებში აქაც მივაღწიოთ გარღვევას. მინდა მადლობა მოგახსენოთ ყველას, ვინც, როგორც ჩვენში იტყვიან, დაინახა და რუსთავში გამოსვლისას აღნიშნა კიდეც, რომ ურთულეს ვითარებაში ქვეყნის ხელისუფლებამ შესაძლებლობის მაქსიმუმი გააკეთა. ის, რისი გაკეთებაც შევძელით, ნამდვილად გვაძლევს საფუძველს განვაცხადოთ, რომ ქვეყანას შევუნარჩუნეთ დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის სამრეწველო საფუძველი.

განსაკუთრებული მადლობა ეთქმით ქუთაისელებს - რასაკვირველია, თბილისელებს უწინარეს ყოვლისა, ბათუმელებს, ფოთელებს და თვით რუსთაველ მუშებს - მეტალურგებს, ინჟინრებს, ქიმიკოსებს და სხვებსა და სხვებს.

ერთი რამ კიდევ აუცილებლად უნდა ითქვას: საბჭოთა სინამდვილეში პროპაგანდას უწევდნენ მშრომელ ადამიანს - მეტალურგს, მანქანათმშენებლებს, იყვნენ სოციალისტური შრომის გმირები და ასე შემდეგ. ასეთი ფორმით, რასაკვირველია არა, მაგრამ საზოგადოებამ უნდა დააფასოს ამ ადამიანთა შრომა, ვინაიდან ისინი, ვიმეორებ, ქვეყნის ინდუსტრიულ ხერხემალს ქმნიან, სამშობლოს აძლიერებენ, კერძოდ, ამაღლებენ თავდაცვისუნარიანობას. ზოგიერთი ქარხნის პროდუქცია უკვე ეროვნულ ბაზარზეც გადის, და ეს მხოლოდ დასაწყისია. სხვათა შორის, ეს არ ეხება მარტო მუშებსა და მარტო ინჟინერ-ტექნიკურ პერსონალს, მეცნიერებს. მე და ზურაბ ჟვანია წუხელ ვსაუბრობდით, რატომ არ უნდა იყოს რაღაც გამორჩეული ნიშანი ან ორდენი, ან სხვა რაღაც, თუ გნებავთ „ოქროს ვარსკვლავი“, პედაგოგებისათვის, იმ ადამიანებისათვის, რომლებიც მომავალ თაობებს ზრდიან, და ასე სხვებისთვისაც. ეს აუცილებელია სახელმწიფოსათვის, ადამიანებს მორალური სტიმული სჭირდებათ, მე ვაკვირდები, როცა ორდენების გადაცემაა, ისეთი ადამიანები აღელდებიან და დაიტვირთებიან ემოციურად, ზოგიერთის თვალზე ცრემლიც შემინიშნავს, რომ გაგიკვირდებათ კიდეც. ამიტომ, ყველას სჭირდება იმის შეგრძნება, რომ მას ამჩნევენ. მის შრომას აფასებენ და ამას აკეთებს სახელმწიფო და ხალხი.

და ისევ მრეწველობას ვუბრუნდები. 2000 წლის პირველი ორი თვის განმავლობაში წარმოების ზრდის ტემპმა 50-60 პროცენტს მიაღწია. მხედველობაში მაქვს მრეწველობის სამინისტროს სისტემის საწარმოები. სასიხარულოა, რომ იზრდება მრეწველობის წილი ექსპორტში, უმჯობესდება სავაჭრო სალდოს მაჩვენებელი. ჩვენთან ექსპორტი საკმაოდ სწრაფად გაიზარდა, იმპორტი თანდათანობით მცირდება და ექსპორტი იზრდება. ეს ჩვენი ქვეყნის განვითარების ყველაზე პროგრესული მაჩვენებელია. ბუნებრივია, მრეწველობის განვითარების კონცეფციაში, რომელიც ბატონმა ბადრი შოშიტაიშვილმა და ლევან მამალაძემ წარმოადგინეს და რუსთავში განვიხილეთ, მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა ხელსაყრელი ეკონომიკური გარემოს შექმნას, ექსპორტის წახალისების მეთოდებს, შიდა ინვესტირებას, ინვესტიციათა მოზიდვას და უცხოური ინვესტიციებისათვის სათანადო პირობების შექმნას. მთლიანობაში კი მრეწველობის თემა ჩემს საპრეზიდენტო პროგრამაში, რომლითან უახლოეს მომავალში წარვდგები ამომრჩევლის წინაშე, ერთ-ერთი ყველაზე გამოკვეთილი იქნება.

- თქვენს წინასაარჩევნო პროგრამაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებების პრობლემებსაც. ლაპარაკია პროფკავშირებზე, ახალგაზრდულ, სტუდენტურ ორგანიზაციებთან ურთიერთობაზე, არასამთავრობო ორგანიზაციებზე და ასე შემდეგ. გასულ კვირას რამდენიმე შეხვედრა გაიმართა. თქვენ თავისუფალი პროფესიული კავშირების საერთაშორისო კონფედერაციის წარმომადგენლები მიიღეთ. გარდა ამისა, შეიკრიბნენ საზოგადოებრივი ორგანიზაციების, სტუდენტთა კავშირების ხელმძღვანელები და გამოხატავს თავიანთი პოზიცია პრეზიდენტის მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით. როგორ ხედავთ თქვენ, როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, ამ ორგანიზაციათა როლს უკვე ახალი საუკუნის პირველი წლების საქართველოში?

- გმადლობთ. ძალიან საინტერესო და საჭირო შეკითხვაა, ოღონდ მე ამას მარტო საარჩევნო კამპანიას არ დავუკავშირებდი. ჩვენ ვაშენებთ თავისუფალ საზოგადოებას და ამ საზოგადოების მშენებლობის პირველი წლებიდანვე ჩემი დამოკიდებულება სწორედ ისეთი იყო, როგორიც ახლა არის და როგორსაც ახლა გეტყვით. ეს გახლავთ უმთავრესი და ყველაზე ღირებული პრიორიტეტები. სხვა ყველაფერი სწორედ ამ მიზანს ემსახურება, რათა საბოლოოდ დავაფუძნოთ თავისუფალი, ლაღი, ბედნიერი, გამთლიანებული საქართველო, რომლის თითოეულ მოქალაქეს ექნება აბსოლუტურად შეუზღუდავი საშუალება საკუთარი საჭისა და უნარის, პიროვნულ მისწრებათა გამოსავლენად. მაგრამ თითოეული ადამიანის შრომა და მისი შრომითი სოციალური უფლებაც მტკიცედ და კანონიერად უნდა იყოს დაცული.

ამ თვალსაზრისით პროფკავშირებს ეკისრება არა მარტო სოციალური და საზოგადოებრივი, არამედ უდიდესი სახელმწიფოებრივი ფუნქციაც, თუ გნებავთ სახელმწიფოებრივი უსაფრთხოების ფუნქცია.

თავისუფალ საზოგადოებაში პროფესიულ კავშირებს, მშრომელ ადამიანთა გაერთიანებებს სავსებით განსაკუთრებული ადგილი უკავიათ. ჩვენ კიდევ უფრო აქტიურად ვითანამშრომლებთ პროფესიულ კავშირებთან და შესაძლებლობის ფარგლებში ყოველნაირად. შევუწყობთ ხელს, რათა მათ შეძლონ თავიანთი კეთილშობილური მისიის შესრულება. პროფკავშირთა მისია კი საზოგადოებაში სოციალური ჰარმონიის, სოციალური სამართლიანობის პრინციპების შეუვალობის უზრუნველყოფაა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს საბაზრო ეკონომიკის პირობებში.

ასევე, გარკვეული თვალსაზრისით, საზოგადოებრივ ჰარმონიას ემსახურებიან არასამთავრობო ორგანიზაციები. თითქოს განსხვავებული კატეგორიებია, ხშირად ისინი მკვეთრად გმოკვეთილ, ოპოზიციურ დამოკიდებულებას გამოხატავენ მთავრობისა და ხელისუფლების მიმართ, მაგრამ დემოკრატიულ ქვეყანაში ხელისუფლება თავად არის დაინტერესებული ამ ორგანიზაციათა სიმრავლით, რათა ეგრეთ წოდებულმა „ენჯეოებმა“ საზოგადოების ცხოველმყოფელობის რაც შეიძლება ფართო სპექტრი მოიცვან. ეს დებულება მით უმეტეს ჭეშმარიტია საქართველოსათვის. ჩვენში უკვე ჩამოყალიბდა ტრადიცია და შეიქმნა ათობით შესანიშნავი, ნამდვილად მებრძოლი არასამთავრობო ორგანიზაცია, გამოჩნდა ასობით საინტერესო პიროვნება, იშვა უამრავი ახალი იდეა და თვითმყოფადი პროგრამა.

ამდენად, ჩვენ, რა თქმა უნდა, ყოველმხრივ ვითანამშრომლებთ არასამთავრობო ორგანიზაციებთან დემოკრატიული ინსტიტუტების დამკვიდრებისა და თვითმმართველობის განვითარების თვალსაზრისით. საგულისხმოა, რომ ეს უკვე აღარ არის მხოლოდ მოდური მოვლენა, არასამთავრობო ორგანიზაციები, მათი მრავალფეროვნება და აქტიურობა ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება.

განსაკუთრებული სიამაყითა და მადლიერებით მინდა ვთქვა ორიოდე სიტყვა სტუდენტთა კავშირების ხელმძღვანელების შეკრებაზე, რომელიც ბაკურიანში გაიმართა. ბატონი ზურაბ ჟვანია შეუერთდა მათ, არ დავმალავ, უდიდეს სიხარულს გვანიჭებს სწორედ ახალგაზრდობის, სტუდენტობის მხარდაჭერა, ახალგაზრდების კეთილგანწყობა. ჩვენ ხომ მათთვის ვშრომობთ, მათთვის ვიბრძვით, მათ უნდა დავუტოვოთ, ახალი, თავისუფალი, მართლაც ბედნიერი, მშვიდობიანი და გამთლიანებული საქართველო.

სოხუმის დაცემასთან ერთად ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთ ყველაზე საშინელ მოგონებად დარჩა ის აზრი (თუ არ ვიცი, რა ვუწოდო), რომელიც საქართველოში მუსირებდა 1992 წლის გაზაფხულზე, როდესაც სამშობლოში დავბრუნდი, რომ, თითქოს, ქართველი ხალხი დაბერდა, მოხუცდა და ასე შემდეგ. არც კი მინდა გავაგრძელო იმ გამონათქვამთა ჩამოთვლა. აბა, ვნახოთ, რამდენი რამ შეიცვალა მას შემდეგ, უპირველეს ყოვლისა, სწორედ საზოგადოებრივი ატმოსფეროს გაჯანსაღების თვალსაზრისით, იმედის, რწმენის ჩანერგვის თვალსაზრისით.

დღეს ხომ უკვე არავის გაუჩნდა ასეთი აშკარად ავადმყოფური აზრი. დღეს ხომ აღარავის ეპარება ეჭვი, რომ საქართველო და ქართველი სახლი უკვდავია, რომ მას შესანიშნავი, ბრწყინვალე მომავალი აქვს. ნახეთ, რამდენი შესანიშნავი, ლამაზი, ყოველმხრივ მშვენიერი ახალგაზრდა ავსებს ყოველდღიურ უნივერსიტეტის ეზოს, სხვა უმაღლეს დაწესებულებებს. პარკებს, სკვერებს, თეატრებსა და გამოფენებს, რამდენი უნიჭიერესი ახალგაზრდა მოღვაწეობს საზოგადოებრივ ასპარეზზე, მათი როლი და გავლენა დღითი დღე გაიზრდება, ვინაიდან ეს მათი სამშობლოა და მათი მომავალია. მე მეამაყება, რომ მაქვს უფლება, წელიწადში რამდენჯერმე პრეზიდენტის სტიპენდიებით აღვნიშნო იმ ახალგაზრდების როლი და დამსახურება, რომლებმაც განსაკუთრებით გამოიჩინეს თავი სწავლაში, ხელოვნებაში, მეცნიერებაში და ასე შემდეგ. ეს პოლიტიკა კვლავაც გაგრძელდება და პრეზიდენტის სტიპენდიების რაოდენობაც გაიზრდება წინა წლებთან შედარებით.

- ახლა ეკონომიკის ტრადიციულ თემაზე ასეთი შეკითხვა: მსოფლიო ბაზარზე საწვავის გაძვირების გამო ბევრი პრობლემა შეიქმნა მრავალ ქვეყანაში და მათ შორის ჩვენშიც. წელს უმძიმესი ვითარება იყო საქართველოს სოფლის მეურნეობაში. სპეციალისტთა აზრით, საერთოდ საეჭვო გახდა, შეძლებდნენ თუ არა სოფლის მეურნეობის წარმომადგენლები საგაზაფხულო სამუშაოების შესრულებას. ამ დროს თქვენ სპეციალურად სთხოვეთ დახმარება თურქეთის პრეზიდენტს სულეიმან დემირელს და უკვე მერამდენედ დემირელს თქვენს თხოვნაზე უარი არ უთქვამს...

- მართლაცდა, პრეზიდენტმა დემირელმა, თურქეთის მთავრობამ ჩემს განკარგულებაში გადმოსცეს თურქეთის რეზერვებიდან 20 ათასი ტონა დიზელის საწვავი. ეს საკმაოდ ბევრია, თუ გავითვალისწინებთ იმ უმძიმეს მდგომარეობის, საქართველოს სოფლის მეურნეობაში რომ იქნებოდა, ეს მართლაც რომ ძმური საჩუქარია. ჩემი განკარგულებით დიზელის საწვავი უკვე გაუნაწილდა საქართველოს რეგიონებს ანუ ამ დღეებში ყველა ოჯახი უეჭველად იგრძნობს მეზობელი და მეგობარი თურქი ხალხისა და პრეზიდენტ დემირელის იმ კეთილშობილური, უანგარო დახმარების სიკეთეს. მე არ დავმალავ ყველაზე მეტი კახეთმა მიიღო, თუ არ ვცდები, 4-5 ათასი ტონა, რადგან იქ ყველაზე მეტი ფართობი, ათიათასობით ჰექტარი საუკეთესო მიწა დაუმუშავებელი და მოუხვნელი დარჩა. ახლა ჯერ კიდევ არ არის დაგვიანებული საგაზაფხულო სამუშაოები. გუშინ ბატონ გია არსენიშვილს ველაპარაკე, და, როგორც იტყვიან, მთელი მასშტაბურობით გაიშალა მუშაობა.

მე ვამაყობ იმ ურთიერთობით, რომელიც საქართველოს პრეზიდენტსა და თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შორის ჩამოყალიბდა. მეგობრობა და ერთგულება კი, როგორც კავკასიაში იტყვიან, სწორედ გაჭირვებაში ფასდება.

ჩემი მხრივ, კიდევ ერთხელ უდიდეს მადლობას მოვახსენებ მის აღმატებულებას სულეიმან დემირელს, თურქეთის მთავრობას მხარდაჭერისა და თანადგომისათვის. და რასაც მე ვამბობ, ასიათასობით ოჯახისა და მათი წევრების გრძნობათა გამოხატვაც არის.

- გასულ კვირას საქართველოს ეწვია ჩრდილოეთ ოსეთის-ალანიის პრეზიდენტი ალექსანდრე ძასოხოვი. რუსეთ-საქართველოს თანამშრომლობის გააქტიურების ერთგვარი ფაქტორია - ასეთი შეფასება მისცა ამ ვიზიტს რუსულმა პრესამ. რამდენად ეთანხმებით ასეთ შეფასებას ძასოხოვის ვიზიტთან დაკავშირებით?

- გმადლობთ. ჩრდილოეთ ოსეთის - ალანიის პრეზიდენტი საქართველოში პირადად მოვიწვიე, რადგან ბატონი ალექსანდრე ძასოხოვი ძალზე კეთილისმყოფელ როლს ასრულებს ქართულ-ოსური ურთიერთობის გაღრმავებაში. ამასთან, რა დასამალია, იგი ჩემი ძალიან დიდი ხნის მეგობარია.

მე არც კი მინდა ვილაპარაკო ქართულ-ოსურ ან ქართულ-სამხრეთოსურ კონფლიქტზე, ვინაიდან მჯერა, რომ ჩვენ საბოლოოდ შევედით იმ ფაზაში, რომელსაც შერიგებისა და შეთანხმების ფაზა ჰქვია. ჩრდილოეთ ოსეთის-ალანიის პრეზიდენტს კონსტიტუციული პოზიცია უკავია ეკონომიკური თანამშრომლობის, საზღვრების დაცვის, საბაჟო სისტემის ფუნქციონირების, კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში. იმავდროულად, ალექსანდრე ძასოხოვს, როგორც გავლენიან და ავტორიტეტულ პოლიტიკოსს, რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრს ნამდვილად შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს საერთოდ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა განვითარებაში. ჩვენ დაინტერესებული ვართ, ვიმეზობლოთ და ვიმეგობროთ ერთიან, სტაბილურ, ძლიერ და დემოკრატიულ რუსეთთან, აგრეთვე რუსეთის შემადგენლობაში შემავალ ჩრდილოკავკასიელ ხალხებთან, რომლებთანაც საერთო ისტორია, კულტურა, და თანაცხოვრების მდიდარი ტრადიცია გვაერთიანებს.

საქინფორმი.

„ჩვენმა ქვეყანამ საბოლოოდ დაიმკვიდრა უაღრესად მნიშვნელოვანი ფუნქცია ევრაზიის სივრცეში და არა მარტო კონცეპტუალურად, არამედ ახლა უკვე პრაქტიკულადაც და მასშტაბურადაც“ : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 6 მარტის რადიოინტერვიუ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2000. - 7 მარტი. - №62 (3463). - 1,2 გვ.

45 „ხალხი გადაწყვეტილებას 9 აპრილს მიიღებს. გარკვეული თვალსაზრისით, საქართველოსათვის ეს ისტორიული გადაწყვეტილება იქნება“

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
13 მარტის რადიოინტერვიუ

- პარასკევს გაზეთ „ლიტერატურულ საქართველოში“ გამოქვეყნდება საქართველოს მწერალთა კავშირის განცხადება, რომელშიც ქართველი მწერლები ერთმნიშვნელოვნად უჭერენ მხარს თქვენს კანდიდატურას მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში. რას ნიშნავს თქვენთვის ქართველ მწერალთა მხარდაჭერა? - ჟურნალისტ ნატო ონიანის ამ შეკითხვის პასუხად საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ თავის ტრადიციულ ორშაბათის რადიოინტერვიუში განაცხადა:

- მინდა თავიდანვე განვაცხადო, რომ უკვე რამდენიმე ათეული წელია „ლიტერატურული საქართველოს“ ერთგული მკითხველი ვარ, ვინაიდან ჩემმა მასწავლებლებმა, უპირველეს ყოვლისა, როგორც უკვე ერთხელ ვთქვი, მამაჩემმა ბავშვობიდან, ჭაბუკობიდან შემათვისებინა ქართული სიტყვის ძალა და მადლი.

მწერალი ჯერ კიდევ ბიბლიის ეპოქიდან მოყოლებული ერის უპირველესი ჭირისუფალი და მესაიდუმლეა. მწერლის სიტყვას მართლაც განსაკუთრებული ძალა და გავლენა აქვს, მით უმეტეს, შოთას, ილიას, აკაკი, ვაჟასა და გალაქტიონის ქვეყანაში.

ქართველი მწერლები ყველაზე ნათლად და მკაფიოდ გამოხატავენ ერის გულისთქმას. ამიტომაც განსაკუთრებით გამახარა ქართველ მწერალთა მხარდაჭერამ, მათი თანადგომისა და ერთგულების დადასტურებამ.

„ლიტერატურულ საქართველოში“ გამოქვეყნებულ განცხადებაში საოცრად ლაკონურად, როგორც ჩვენში იტყვიან, „დაწურულად“ არის ჩამოყალიბებული თანამედროვე ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ვითარების ძირითადი საზრისი. ის, თუ რატომ მიგვაჩნია ჩვენ - მეც და მწერლებსაც ყოვლად აუცილებლად და საარსებოდ მნიშვნელოვნად ამჟამინდელი სახელმწიფოებრივი კურსის შენარჩუნება, კურსისა, რომელიც თავისუფალი, ბედნიერი, აყვავებული საქართველოს დაფუძნებას ისახავს მიზნად.

გულწრფელ მადლობას მოვახსენებ ჩემს თანამებრძოლებსა და თანამოაზრეთ, საქართველოს პირველ მებაირახტრეთ - ქართველ მწერლებს და მათთან ერთად დიდ მადლობას ვუძღვნი პირადად ბატონ თამაზ წივწივაძეს - საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარეს, რომლის პოზიციას მე განსაკუთრებული ყურადღება მივაქციე.

ქართველი მწერლების განცხადება სხვა თვალსაზრისითაც მეტად ნიშანდობლივ და სასიკეთო მოვლენად მიმაჩნია. იგი ერთხელ კიდევ ადასტურებს, რომ საბოლოოდ შთაინთქა ისტორიულ წარსულში სოციალური დისჰარმონიის საზარელი გამოვლინება, რაც ესოდენ თვალსაჩინო იყო ამ 8-10 წლის წინათ. ეს ყველაფერი კარგად გახსოვთ.

ჭეშმარიტად ბედნიერია ერი, რომელსაც ისეთი ინტელიგენცია, ისეთი სულიერი არისტოკრატია ჰყავს, როგორც საქართველოს. ამიტომაც ჩემთვის განსაკუთრებით საგულისხმოა ქართველ მწერალთა მხარდაჭერა, ინტელიგენციის იმ წარმომადგენელთა თანადგომა, რომლებმაც შობის დღეებში მომმართეს ცნობილი წერილითა და მოთხოვნით. იმ წერილის ავტორთაგან ჩამოვთვლი - ჭაბუა ამირეჯიბს, ნანი ბრეგვაძეს, მერაბ ბერძენიშვილს, რეზო გაბრიაძეს, ნონა გაფრინდაშვილს, ალბერტ თავხელიძეს, გურამ თევზაძეს, ოთარ იოსელიანს, ჯანსულ კახიძეს, ელგუჯა მეძმარიაშვილს, გია ყანჩელს, ევგენი ხარაძეს და სხვებს.

გასული რამდენიმე დღის განმავლობაში კვლავ ვეწვიე რუსთავს, რაჭა-ლეჩხუმს, შევხვდი ჩვეულებრივ, პატიოსან, პატრიოტიზმის გრძნობითა და სამშობლოს სიყვარულით აღსავსე ადამიანებს და საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ერისკაცთა და წარჩინებულთა აზრი მომავალ პრეზიდენტის არჩევნებთან, სახელმწიფო კურსთან დაკავშირებით ერთმანეთს ემთხვევა. მინდა, აგრეთვე, აღვნიშნო (ეს არ გამომჩეს) დიდად ვაფასებ რექტორთა საბჭოს, სხვა სამეცნიერო თუ კულტურული ცენტრების თანადგომას ისევე, როგორც საქართველოს ასიათასობით მოქალაქისა.

და, ბოლოს მინდა ვთქვა, რომ მე საამაყოდ მიმაჩნია ჩემი მეგობრობა საქართველოს მწერლობის, ინტელიგენციის მრავალ თაობასთან. ვწუხვარ, რომ ვერ ვახერხებ გავაკეთო ის, რისი გაკეთებაც მსურს მათი მხარდაჭერისა და დაფასებისათვის. მაგრამ, მოვა დრო, როცა ამ გულისტკივილსაც როგორმე შევივსებ.

- გასულ კვირას ვაკის პარკში პრეზიდენტობის კანდიდატის ჯუმბერ პატიაშვილის მხარდასაჭერად გამართულ მიტინგზე სახალხო პარტიის ლიდერმა და ჯუმბერ პატიაშვილის მხარდაჭერის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა მამუკა გიორგაძემ განაცხადა, რომ 9 აპრილისათვის პასუხისმგებლობა მთლიანად თქვენ გეკისრებათ. როგორ გგონიათ, ამგვარი განცხადებების საფუძველი საერთოდ ისიც ხომ არ გახდა, რომ თქვენ მაინც ლოიალობა გამოიჩინეთ და არ მოითხოვეთ 11 წლის წინანდელ მოვლენებში ბოლომდე გარკვევა, რადგან ეს ძალიან დიდი ხნის წინათ არ მომხდარა და თანაც არსებობს იგივე სობჩაკის არქივი და ასე შემდეგ, და შეიძლებოდა ბოლომდე ყველას თავისი სახელი დარქმეოდა იმასთან დაკავშირებით, რაც 11 წლის წინათ მოხდა...

- ეს ჩემთვის მწვავე შეკითხვაა, მაგრამ უნდა ვუპასუხო.

თუ ვაკის პარკში მოწყობილი მიტინგის საერთო ანტურაჟით, ძირითად ფიგურათა თვისებრიობით, მათი პოლიტიკური პოზიციითა და მენტალური თავისებურებებით ვიმსჯელებთ, უეჭველად, ძველ და ახალ უკიდურეს რადიკალთა საკმაოდ უცნაურ ალიანსთან გვაქვს საქმე. თავად გაარკვიონ, რომელი მათგანია ძველი და რომელი - ახალი. აქ, სხვათა შორის, ასაკს არა აქვს არავითარი გადამწყვეტი მნიშვნელობა.

უწინარესად, უნდა განვაცხადო, რომ საარჩევნო და სხვა პოლიტიკური კამპანიების დროს არასდროს, არც ერთი ფორმით, თუნდაც მინიშნებით, თუნდაც ქარაგმით ვინმესათვის ნეგატიური კონტექსტით არ შემიხსენებია წარსული. წარსული მოვლენები, ყოველ შემთხვევაში, ჩემი კონკურენტებისათვის. ეს ჩემი ერთ-ერთი ცხოვრებისეული პრინციპია, რომელსაც მკაცრად ვიცავ. მით უმეტეს, დაუშვებლად მიმაჩნდა ეს მას შემდეგ, რაც ახალი საქართველოს ახალი ცხოვრების შენება დავიწყეთ და წინა არჩევნებიც, ასე ვთქვათ, გადავიტანეთ, ბატონი ჯუმბერი იყო პრეტენდენტი და მეც ვიყრიდი კენჭს პრეზიდენტობისათვის.

რომ ვთქვა, შეურაცხყოფილი ვარ-მეთქი, ალბათ, ეს ცოტაა, გუშინწინ პრეზიდენტობის კანდიდატის თანდასწრებით, როგორც თქვენ ბრძანეთ, მისი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა შევარდნაძე ლამის 9 აპრილის „მთავარ გმირად“ გამოაცხადა. სხვათაშორის ერთ-ერთმა ორატორმა ბრძანა (დაახლოებით ასე, ახლა შეიძლება ზუსტი ციტირება გამიჭირდეს, მაგრამ არსი ასეთი იყო), სისხლიც რომ დაიღვაროს, არ უნდა შეგვეშინდეს.

სიკვდილამდე 3-4 დღით ადრე ანატოლი სობჩაკმა, რომელიც 9 აპრილის ტრაგედიის მიზეზებს იკვლევს, გამოუქვეყნებელი მასალების რამდენიმე ტომი გადმოსცა საქართველოს. ბევრი რამ შესანიშნავი იურისტის და მკვლევარის თამაზ შავგულიძის კომისიის მიერ მოკვლეული მასალებიდანაც არ გამოქვეყნებულა. ყოველ შემთხვევაში, საზოგადოებისათვის ცნობილი არ არის.

მე უკვე ვთხოვე გენერალურ პროკურატურას, სამართლებრივი შეფასება მისცეს ყველაფერს, რაც 9 აპრილს დატრიალდა, ესე იგი, ჩატარდეს ნამდვილი გამოძიება. ჩემი აზრით, ყველა მასალა ამთავითვე ხელმისაწვდომი უნდა იყოს მასმედიისათვის.

მე იმის მომხრე ვარ, რომ დავიწყოთ ღია, გახსნილი, პატიოსანი დისკუსია ნამდვილ მიზეზებსა და 9 აპრილის „ნამდვილ გმირებზე“.

მე ასევე მიმაჩნია, რომ სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს არა მარტო 9 აპრილის მოვლენებს, არამედ 1956 წლის 9 მარტის ტრაგედიასაც, როცა მხეცურად და ვერაგულად დახვრიტეს ათობით ახალგაზრდა და დაასახიჩრეს ასობით და ათასობით ადამიანი. მე ასევე დავეთანხმე პარლამენტის გადაწყვეტილებას 1991-1992 წლების მოვლენების შესწავლისა და შეფასების შესახებ.

არ შეიძლება ღიად და პასუხგაუცემელი დარჩეს ისეთი კითხვები, რომლებიც ამ მოვლენებს ეხება. ერის ისტორიაში, ერის მიერ განვლილ გზაზე ყველაფერი ნათელი უნდა იყოს, მით უმეტეს, როცა ქვეყანა დამოუკიდებელია და მას ჰყავს სათანადო ძალებიც და აქვს საშუალებანიც იმისათვის, რომ ყველაფერი გამოიძიოს და გამოიკვლიოს.

ახლა ერთი კითხვა, რომელსაც ხშირად მაძლევენ ხოლმე, არ ვიცი, ღირს თუ არა ამაზე საუბარი, მაგრამ, ალბათ, მაინც ღირს. მეკითხებიან: რა მოხდებოდა, იმ დღეებში მე თბილისში რომ ვყოფილიყავი. იქნებ უბედურება თავიდან ამეცილებინა. იქნებ, არც არაფერი გამოსულიყო. მაგრამ ერთადერთი, რაც ნამდვილად შემეძლო, ის იყო, რომ მარტოკა დავმდგარიყავი რუსთაველზე, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლესთან და მოგრუხუნე ტანკებისათვის გზა გადამეღობა. და, რატომღაც მგონია, რომ ის ჯალათები, უდანაშაულო ქალებისა და ბავშვების სისხლი რომ დაღვარეს და ნიჩბებით ჩეხდნენ უმწეო ადამიანებს, ვერ გაბედავდნენ, რომ მე ტანკებით გადავეთელე. თუ გაბედავდნენ, ეს უკვე მსოფლიო სკანდალი იქნებოდა. ალბათ სხვებსაც შეეძლოთ ასე მოქცეულიყვნენ, როცა ადამიანებისა და შენი ხალხის ბედი სასწორზე დევს, მაშინ თავის გაწირვაც უნდა შეგეძლოს.

მე იმის მომხრე ვარ, როგორც მოგახსენეთ, რომ ხალხმა ყველაფერი იცოდეს, იცოდეს დოკუმენტალურად, გამოძიებით დადგენილი სიმართლე.

- და, ბოლო კითხვა: განვლილი ეკონომიკური კვირიდან რა იყო მნიშვნელოვანი?

- უპირველეს ყოვლისა, ეს პარლამენტში ბიუჯეტის დამტკიცებაა. ქვეყანამ მიიღო მიმდინარე წლის ძირითადი ეკონომიკური კანონი, რომელიც აუცილებლად უნდა შესრულდეს.

საწუხაროდ, იგვიანებს გარდატეხა საგადასახადო და საბაჟო შემოსავალთა სფეროში და აქ უფრო აქტიური უნდა იყოს ადგილობრივი ხელისუფლებაც, განსაკუთრებით ეს კონტრაბანდის აღკვეთას ეხება. ბევრი საინტერესო ღონისძიება ხორციელდება, მაგრამ ეს სრულებითაც არ არის საკმარისი.

თუმცა, მეორე მხრივ, კვლავ სწრაფი ტემპით იზრდება წარმოება, რაც თავისთავად დიდი რეზერვია. უკვე დაზუსტებული მონაცემებით, გასული წლის იანვარ-თებერვალთან შედარებით მსხვილ, საშუალო და მცირე საწარმოებში წარმოებული პროდუქციის მოცულობა შესადარი ფასებით თითქმის 35 პროცენტით გაიზარდა.

კვლავ გვეხმარებიან ჩვენი მეგობრები. ერთგვარად განიმუხტა კიდეც საბიუჯეტო დაძაბულობა. ამერიკის ბოლო 10 მილიონიანმა დახმარებამ დიდად გვიშველა. მხედველობაში მაქვს ხორბლით დახმარება.

კვლავ გამოიყო 35-40 ათასი ტონა ხორბალი, რომელიც რეალიზებული იქნება ჩვენს ბაზარზე. ჯერ ერთი, ფასებს შევინარჩუნებთ და, მეორე, ბიუჯეტი შეივსება. რომ ეს არა, ბიუჯეტის შეკვრა და დაბალანსება გაგვიჭირდებოდა.

საერთოდ კი, როგორც საინვესტიციო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე ითქვა, რვა წლის განმავლობაში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს 733 მილიონი დოლარი დახმარება გამოუყო.

ზოგიერთი ხშირად დემაგოგიურად კითხულობს, ეს ფული სად წავიდაო? სად წავიდა და მოხმარდა იმ საზარელ წლებში ქვეყნისა და ერის ფიზიკურად გადარჩენას. ძირითადად ეს იყო ხორბალი, ზეთი, საწვავი, მედიკამენტები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.

2000 წელს ამერიკის დახმარება 108 მილიონ დოლარს გადააჭარბებს. ეს, რაც უკვე კონგრესისა და პრეზიდენტის მიერ არის ხელმოწერილი, როცა კარგად დავიანგარიშეთ, ცოტა მეტიც გამოდის.

ვსარგებლობ შემთხვევით და ჩემი ხალხის სახელით კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუძღვნი ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას ამ კეთილშობილური და უანგარო დახმარებისათვის.

ამერიკის შეერთებულ შტატებს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის „დიდი აბრეშუმის გზის“ აღორძინებასა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტის განხორციელებაში. გარდა ამისა, უკვე საკმაოდ ნათლად გამოიკვეთა ტრანსკასპიური დიდი გაზსადენის პერსპექტივაც. ბაქო-სუფსას აღარ შეგახსენებთ. რა თქმა უნდა მე ვგულისხმობ ჩვენი დიდი მეგობრის ჰეიდარ ალიევისა და ასევე ჩვენი დიდი მეგობრის სულეიმან დემირელის ძალიან აქტიურ მხარდაჭერას. ეს მხარდაჭერა რომ არა, შეიძლება ამ პროექტებზე ლაპარაკი ფანტაზიის დონეზე ყოფილიყო. ამიტომ არ არის შემთხვევითი, რომ სწორედ თბილისში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც ევროკავშირის ტასის-ტრასეკას პროგრამის ბიუჯეტის განხილვა და დამტკიცებას მიეძღვნა. ერთობლივი კომისიის პირველი თავმჯდომარე საქართველოა. ასევე საქართველოს წარმომადგენელია არჩეული გენერალურ მდივნად.

გასულ კვირას მე შევხვდი გერმანული კომპანიის „პაპაგ ლოიდის“ ხელმძღვანელებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში უკვე მეორე ბოინგის ჩამოყვანასა და საერთაშორისო სერვის ცენტრის გახსნას გეგმავენ. ეს პროექტი ჩვენთვის პრიორიტეტულ მნიშვნელობას იძენს, ვინაიდან საქართველომ, ისევე როგორც ნებისმიერმა სხვა ქვეყანამ, უნდა დაიცვას ეროვნული გადამზიდავის ინტერესები.

ისევ და ისევ „აბრეშუმის გზასა“ და ევროკავშირის პროექტებს ეხმიანება შესანიშნავი დოკუმენტი, რომელიც გასულ კვირას გაფორმდა თბილისში. ამ ხელშეკრულების შესაბამისად ქუვეითის ფონდიდან გამოიყოფა 16 მილიონი დოლარი გრძელვადიანი შეღავათიანი კრედიტი. ფაქტობრივად, სანახევროდ ეს გრანტი გახლავთ, რომელიც მოხმარდება საქართველოს გზების რეაბილიტაციას.

სიმართლე გითხრათ, მე ვამაყობ და, როგორც იტყვიან, ბავშვივით მიხარია, რომ ჩვენი პატივცემული ქუვეითელი სტუმრების განცხადებით (რომლებიც ხელმოსაწერად ჩამოვიდნენ), მათი გადაწყვეტილება საქართველოსათვის დახმარების გამოყოფის შესახებ მნიშვნელოვან წილად განაპირობა საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტის პოზიციამ 1990 წელს, პატარა ქუვეითის ეროვნული ტრაგედიის დროს. არ დავმალავ, ეს მომენტი მართლაც საამაყო ფურცელია ჩემს პოლიტიკურ ბიოგრაფიაში.

მსოფლიო ბანკის რეგიონალურ დირექტორთან ქალბატონ ჯუდი ო‛კონორთან ერთად განვიხილეთ მსოფლიო ბანკის პროექტების განხორციელების საკითხი. ხუთი პროექტი უკვე დასრულებულია, თუმცა ეს მაინც მცირედია იმ 16 პროექტთან შედარებით, რომლებიც ჯერ კიდევ ხორციელდება და კვლავაც განხორციელდება, კერძოდ, სოფლის მეურნეობის, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, მუნიციპალური განვითარების, ტრანსპორტის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროებში და ასე შემდეგ. მზადდება 7 სრულიად ახალი პროექტი, რომელთა საერთო ღირებულება 250 მილიონი დოლარია. აი, ეს გახლავთ კონკრეტული საქმე, რომელსაც მე გაცილებით დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ, ვიდრე მხოლოდ ფუჭ რიტორიკასა და სიძულვილზე დაფუძნებულ ბრალდებებს საარჩევნო კამპანიის დროს.

ხალხი გადაწყვეტილებას 9 აპრილს მიიღებს. გარკვეული თვალსაზრისით, საქართველოსათვის ეს ისტორიული გადაწყვეტილება იქნება.

და, დასასრულ, კიდევ ერთი რამ: გაზაფხულდა, მოსავლის ბედი ახლა წყდება დიდია სოფლის სატკივარი. ზოგიერთი მათგანის მოგვარება შევძელით. მაგალითად, სულზე მოგვისწრო თურქეთის პრეზიდენტის სულეიმან დემირელის, აგრეთვე, მთავრობის მიერ ჩემთვის გადმოცემულმა 20 ათასმა ტონა დიზელის საწვავმა. ჩემი დავალებით და ჩემი სახელით სოფლად ყველა ოჯახი, ვიმეორებ, ყველა ოჯახი მიიღებს ამ დახმარებას.

ახლა ყველაზე მეტად მეჩაიეებს უჭირთ. სამწუხაროდ, ბიუჯეტიდან სახსრების გამოყოფა არ მოხერხდა. საქართველოს მეჩაიეებს ვპირდები, რომ ყველაფერს ვიღონებ მინიმალურად აუცილებელი სუბსიდიების გამოსაძებნად და გამოსაყოფად. ახლა მთავარია, დრო არ დაიკარგოს და საგაზაფხულო სამუშაოები არ შევაფერხოთ.

საქინფორმი.

„ხალხი გადაწყვეტილებას 9 აპრილს მიიღებს. გარკვეული თვალსაზრისით, საქართველოსათვის ეს ისტორიული გადაწყვეტილება იქნება“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2000. - 14 მარტი. - №69 (3470). - 1,2 გვ.

46 ქალბატონ ქეთევან ლომთათიძეს

▲ზევით დაბრუნება


მილოცვა

ქალბატონო ქეთევან,

ისე მოხდა, რომ უკანასკნელ ხანებში ქართულ-აფხაზურ თემასთან დაკავშირებით რამდენჯერმე უმალ თქვენ გამახსენდით. უნივერსიტეტში აფხაზურ-ქართული ლექსიკონის პრეზენტაციაზე მოგისაკლისეთ კიდეც. ეტყობა, სადაც აფხაზური კულტურის მნიშვნელოვანი პრობლემა წყდება, იქ თქვენი არსებობა ისეთ ტრადიციად იქცა, რომ არ გაახსენდეთ ადამიანს, არ შეიძლება. ამას წინათ ვაჟა-ფშაველას აფხაზური თარგმანისათვის სულ მცირე რამ წამძღვარება დავწერე. ეს თარგმანიც ხომ იმ დიდი ქართული ტრადიციის გაგრძელებაა, რომელსაც თქვენ სამეცნიერო შრომებითა და პედაგოგიური მოღვაწეობით წარუშლელი ამაგი დასდეთ და ახლაც მნიშვნელოვანი წვლილი შეგაქვთ ამ საშვილიშვილო საქმეში.

თქვენ ხომ ფაქტობრივად მთელი სიცოცხლე მიუძღვენით მას. ამიტომ არც გამკვირვებია, როცა თქვენი სახელმწიფო პრემიაზე წარდგენის განზრახვის თაობაზე შევიტყვე.

სხვებთან ერთად მეც გავიმეორებდი იმ აზრს, რომ თქვენ, ქართული ენათმეცნიერების დიდი წარმომადგენელი, აფხაზურ-ადიღური ენათმეცნიერების პატრიარქი ხართ რადგან, ათწლეულების მანძილზე განსაზღვრავდით და კვლავაც დიდხანს განსაზღვრავთ მის განვითარებას.

ისიც მჯერა, რომ ქართული მეცნიერება კვლავაც წარმატებით გააგრძელებს აფხაზური პრობლემატიკის კვლევის ტრადიციას სწორედ ქართულ-აფხაზური ურთიერთობის განასერში.

მიხარია, რომ დღესაც წარმატებით აგრძელებთ სამეცნიერო მოღვაწეობას. თქვენ კავკასიური დღეგრძელობის მაგალითი ბრძანდებით, კავკასიური მეგობრობისა და სიყვარულის მისაბაძი მაგალითი.

დიდი მადლობა ამისათვის.

პატივისცემით,
თქვენი ედუარდ შევარდნაძე.

ქალბატონ ქეთევან ლომთათიძეს : მილოცვა // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2000. - 14 მარტი. - №69 (3470). - 1 გვ.

47 „ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ სახელმწიფო დამოუკიდებლობის მოპოვებისა და განმტკიცების საკმაოდ რთულ გზაზე უკრაინა და საქართველო ერთიანი ურღვევი კავშირით გავიდნენ“

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა

პატივცემულო ბატონო პრეზიდენტო, ძვირფასო მეგობარო ლეონიდ დანილის ძევ, ქალბატონებო და ბატონებო,

უწინარეს ყოვლისა, ნება მიბოძეთ, აღვასრულო ქართველი ხალხის ნება-სურვილი და გულითადად მოგესალმოთ საქართველოს მიწაზე, ჩვენს დედაქალაქში.

ნება მიბოძეთ, ვისარგებლო შემთხვევით და ჩემს თანამემამულეთა სახელით, უკვე უშუალოდ საქართველოში, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ დამაჯერებელი გამარჯვება პრეზიდენტის არჩევნებში. გპირდებით, რომ ვეცდებით თქვენს მაგალითს მივბაძოთ.

ამასთანავე, ძვირფასო მეგობრებო, ფრიად ვწუხვარ, რომ ამ სასიხარულო დღეს მისასალმებელი სიტყვა უნდა დავიწყო სამძიმრის სიტყვებით. კრასნოდარში დატრიალებულმა უბედურებამ დიდად გვატკინა გული. მინდა იცოდეთ, რომ ტრაგიკული შემთხვევის შედეგად დაღუპული მეშახტეების გამო გლოვის დღეებში მთელი საქართველო თქვენს გვერდით, დაღუპულთა ოჯახების გვერდით, უკრაინელი ხალხის გვერდით იყო.

ჩვენს ხალხებს მეგობრობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია აკავშირებთ ერთმანეთთან, რომელიც ჯერ კიდევ ადრეულ შუა საუკუნეებში ჩაისახა. მაშინ ანთებული ჩირაღდანი, აი უკვე თითქმის ათასწლეულის შემდეგაც ძველებურად ანათებს. სხვადასხვა ეპოქაში ამ მეგობრობის სიმბოლოები იყვნენ ჩვენი ხალხების გამორჩეული მოღვაწეები. მათ შორის საკმარისია დავასახელოთ ჩვენთვის ისეთი ძვირფასი სახელები, როგორიც არის ლესია უკრაინკა და დავით გურამიშვილი. იმ მშფოთვარე ხანაშიც კი, როცა ბედის უკუღმართობის გამო დამოუკიდებლობა დაკარგული ჩვენი ხალხები სხვა სახელმწიფოს ნაწილები გახდნენ, ქართველებისა და უკრაინელების ურთიერთობა გამოირჩეოდა განსაკუთრებული, სწორედ რომ განსაკუთრებული გულითადობით და ამის დასტურად ძალზე ბევრი მაგალითის მოტანა შეიძლება.

დღეს საქართველოსა და უკრაინის ხალხთა მეგობრობისა და ძმობის მრავალსაუკუნოვან მატიანეში ჩაიწერა ახალი შესანიშნავი ფურცელი - მოძმე სახელმწიფოს ხელმძღვანელის ოფიციალური ვიზიტი. და თუმცა, ძვირფასო ლეონიდ დანილის ძევ, ჩვენ ადრეც არაერთხელ მოგსალმებივართ გულითადად თბილისში დღევანდელი გაზაფხულის დღე მართლაც რომ განსაკუთრებულია. განსაკუთრებულია იმიტომ, რომ ეს თქვენი პირველი ვიზიტია საქართველოს დედაქალაქში 21-ე საუკუნის, ახალი ათასწლეულის გარიჟრაჟზე, რომელშიც უკრაინა და საქართველო შეაბიჯებენ როგორც თავისუფალი, სუვერენული დაძმობილებული სახელმწიფოები სტრატეგიული პარტნიორები ყველა დიდსა და მცირე საქმეში და წამოწყებაში, როგორც პოლიტიკისა და ეკონომიკის სფეროში, ისე საერთაშორისო ურთიერთობის დარგში.

ჩვენს ხალხს კარგი მეხსიერება აქვს. მუდამ გვემახსოვრება, რომ საქართველოსათვის მძიმე წუთებში უკრაინამ ერთ-ერთმა პირველმა დაუჭირა მხარი ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას და დღესაც ძალ-ღონეს არ იშურებს მისი აღდგენისათვის.

ვამაყობთ იმით, რომ სახელმწიფო დამოუკიდებლობის მოპოვებისა და განმტკიცების რთულ გზაზე უკრაინა და საქართველო ერთიანი ურღვევი კავშირით გავიდნენ.

ჩვენი პარტნიორობა აისახა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ეუთოს, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის, ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭოს, ევროპის საბჭოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფორუმების ფარგლებში კოორდინირებული მოქმედებით თითქმის ყველა ევროპულ სტრუქტურებში.

განსაკუთრებულ სიხარულს გვანიჭებს ის, რომ უკრაინა შეუერთდა „გენერალური მდივნის მეგობართ“ ქვეყნების ჯგუფს და მზად არის უშუალო მონაწილეობა მიიღოს აფხაზეთის, საქართველო, კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგების პროცესში გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და ეუთოს ეგიდით.

ჩვენი ორმხრივი ურთიერთობის სფეროში მიღწეული წარმატებები განსაკუთრებული საუბრის თემა გახლავთ. საკმარისია აღინიშნოს, რომ ჩვენ გვაქვს თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი სახელშეკრულებო-სამართლებრივი ბაზა, რომელიც შეიცავს 100-ზე მეტ შეთანხმებას, შექმნილია ერთიანი სატრანსპორტო ხაზი ბაქო-თბილისი-ფოთი-ბათუმი-ოდესა-კიევის საბორნე მარშუტით, მიმდინარეობს მუშაობა საიმისოდ, რომ თანამშრომლობის ახალი ფორმებისა და მიმართულების ძიების გზით გაფართოვდეს ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირურთიერთობა.

ჩვენი შავიზღვისპირეთის ქვეყნებს ამოუწურავი პოტენციალი, საერთო პრიორიტეტები და საერთო მიზნები აქვთ. კვლავაც გავაძლიერებთ ძალისხმევას ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ ახალი ერთობლივი გეგმებისა და პროექტების რეალიზაციისათვის, რომელთა საბოლოო მიზანია სამართლიანი მსოფლიო წყობის დამყარების ხელშეწყობა და ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებათა დამკვიდრება.

გულწრფელად გვახარებს თქვენი წარმატებები და მიღწევები, ის, რომ დღითი დღე მტკიცდება უკრაინის, როგორც დიდი სახელმწიფოს ავტორიტეტი მსოფლიო გაერთიანებაში. ეს უკრაინის პრეზიდენტის, ჩვენი ძვირფასი სტუმრის ლეონიდ დანილის ძე კუჩმას უდიდესი დამსახურებაა, რომელსაც შესანიშნავად იცნობენ და პატივს სცემენ საქართველოში როგორც არა მარტო თანამედროვეობის თვალსაჩინო პოლიტიკურ მოღვაწეს, არამედ როგორც მსოფლიო სახელის მქონე ბრწყინვალე მეცნიერს.

საქართველოში კარგად ესმით, რომ პრეზიდენტის არჩევნებში უკრაინელი ხალხის ბრძნულმა არჩევნებმა საფუძველი ჩაუყარა ახალ ეტაპს თქვენი სახელმწიფოს ისტორიაში. საქართველო ხომ, ისევე როგორც მთელი მსოფლიო გაერთიანება, განსაკუთრებულ ინტერესს იჩენს თქვენი ძალისხმევისადმი, რომლის მიზანია ქვეყნის შიგნით დემოკრატიული რეფორმების შემდგომი გაღრმავება და განვითარება, ძირეული ცვლილებების შეტანა მის ეკონომიკაში, ადმინისტრაციულ სისტემაში, შეიარაღებულ ძალებში და სახელმწიფო თუ საზოგადოებრივი ცხოვრების სხვა სფეროში.

მინდა იცოდეთ, პატივცემულო ლეონიდ დანილის ძევ, რომ ჩვენ აღფრთოვანებული ვართ თქვენი მტკიცე გადაწყვეტილებით, ახალი იმპულსი მიანიჭოთ რეფორმების პროცესს, აღტაცებას იწვევს თქვენი თავდადებული მოღვაწეობა და ქვეყნის მომავლისათვის პასუხისმგებლობის უზარმაზარი გრძნობა.

ვფიქრობ, გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ სწორედ თქვენი პრეზიდენტობის პერიოდში უკრაინის წონამ და როლმა განსაკუთრებული აღიარება მოიპოვა თანამედროვე მსოფლიოში. ამის დასტურია ევროპის კავშირთან, ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსთან თანამშრომლობის დონე. და უფრო ფართო თვალსაზრისით - თქვენი როლი ევროპისა და საერთაშორისო უშიშროების ახალი არქიტექტურის აშენებაში.

როცა ამ დარბაზში მოგესალმებით, არ შემიძლია არ აღვნიშნო ის უზარმაზარი წვლილი, რომელიც პირადად შეგაქვთ უკრაინა-საქართველოს ურთიერთობის განვითარებაში, კერძოდ, იმ საერთაშორისო პროექტების კომპლექსის განხორციელებაში, რომელსაც „დიდი აბრეშუმის გზის“ აღორძინებას უწოდებენ.

დღეისათვის ახალი „აბრშუმის გზა“ უკვე რეალობაა. ამ გზით მოძრაობს ტვირთი, მიედინება ნავთობი. იგი უკვე აკავშირებს ხალხებს ევრაზიის ვრცელ სივრცეზე, ხელს უწყობს მათს ურთიერთგაგებას, მათი კულტურების ურთიერთგამდიდრებას. საქართველო და მთელი კავკასიის რეგიონი კვლავ მოიპოვებენ თავიანთ ადგილს, თავიანთ ფუნქციას თანამედროვე მსოფლიოს კომპლექსში, საერთაშორისო შრომის განაწილებაში.

როცა ჩემს ქვეყანაზე ვლაპარაკობ, არ შემიძლია არ აღვნიშნო ისიც, რომ მიუხედავად უდიდესი სიძნელეებისა, რომლებსაც წავაწყდით, მიუხედავათ ყველა გაჭირვებისა, რომლის გადატანა მოუხდა და უხდება ჯერ კიდევ ჩვენს ადამიანებს, ჩვენ ყველამ ერთად შევძელით გადაგვეწყვიტა გარდამავალი პერიოდის პირველი ეტაპის მთავარი, ძირითადი ამოცანა - აგვეშენებინა თავისუფალი, დამოუკიდებელი, დემოკრატიული სახელმწიფო. ერთი სიტყვით, ჩვენ შევძელით ჩაგვეყარა საძირკველი, რომელზეც უკვე უახლოეს წლებში, ჩვენი ხალხის, ჩვენი მეგობრების ძალისხმევით აიგება ახალი, აყვავებული საქართველოს კედლები.

რა თქმა უნდა, ამ ახალი საზოგადოების მშენებლობის პროცესში უწინდელივით იმედს ვამყარებთ ჩვენი მოკავშირეების, ჩვენი მეგობრების დახმარებასა და მხარდაჭერაზე, რომელთა შორის, როგორც უკვე არაერთხელ აღვნიშნეთ, უკრაინას განსაკუთრებული ადგილი უკავია. ეს კი ნიშნავს, რომ შემდგომ წლებში ჩვენი ძმური ურთიერთობა განმტკიცდება და გააქტიურდება. ამასთან მეტად დიდი მნიშვნელობა აქვს იმის აღნიშვნას, რომ ჩვენ მიერ გადადგმულ ნებისმიერ რეალურ ნაბიჯს უკრაინისა და საქართველოს შემდგომი დაახლოების გზაზე ფართოდ იწონებს ორივე სახელმწიფოს მოქალაქეთა დიდი უმრავლესობა.

როცა ესოდენ მძლავ მხარდაჭერას ვემყარებით, ჩვენ უბრალოდ მოვალენი ვართ გავზარდოთ თანამშრომლობა, შევძინოთ მას ახალი შინაარსი, გავავრცელოთ იგი ეკონომიკის, მეცნიერების, კულტურის ახალ-ახალ სფეროებში, მით უმეტეს, რომ ორივე მხრის პოტენციალი ჯერ არ ამოწურულა. უდავოა, რომ თქვენი ახლანდელი ვიზიტი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნიშანსვეტია ამ გზაზე.

დასასრულ, ნება მიბოძეთ, თქვენს მშვენიერ დიად ქვეყანას, მის გულუხვ და კეთილ ადამიანებს ვუსურვო ახალი დიდი მიღწევები, მშვიდობა, აყვავება, ბედნიერება და კეთილდღეობა.

„ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ სახელმწიფო დამოუკიდებლობის მოპოვებისა და განმტკიცების საკმაოდ რთულ გზაზე უკრაინა და საქართველო ერთიანი ურღვევი კავშირით გავიდნენ“ : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2000. - 16 მარტი. - №71 (3472). - 2 გვ.

48 ბატონ ალექსანდრე ქურდაძის დაბადების 70 წლისთავის გამო

▲ზევით დაბრუნება


მილოცვა

ბატონო ალექსანდრე,

საიუბილეო თარიღს გილოცავთ ღირსეულ ადამიანს, შესანიშნავ მეცნიერსა და ჭეშმარიტ მამულიშვილს.

დიდი მადლობა მინდა გითხრათ იმ წვლილის გამო, რომელიც საქართველოს მეღვინეობა-მევენახეობის დარგის განვითარებისა და პროპაგანდის საქმეში შეიტანეთ.

დიდი მადლობა - თქვენი გამოგონებისათვის და მაღალი პროფესიონალიზმისათვის.

დიდი მადლობა - იმ ენციკლოპედიური კრებულის გამოც, რომელსაც „გახსენება“ ჰქვია და რომელმაც შთამომავლობას შემოუნახა ჩვენი მეღვინეების სახელები.

კიდევ ერთხელ გილოცავთ იუბილეს. გისურვებთ დღეგრძელობას და წარმატებებს პირად ცხოვრებასა და საქმიანობაში.

კიდევ არაერთხელ თქმულიყოს თქვენივე სათაყვანო ქართული ღვინით თქვენი ჯანმრთელობის სადღეგრძელო.

პატივისცემით,
ედუარდ შევარდნაძე.

ბატონ ალექსანდრე ქურდაძის დაბადების 70 წლისთავის გამო : მილოცვა // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2000. - 16 მარტი. - №71 (3472). - 1 გვ.

49 საერთო ინტერესები, საერთო პოზიციები

▲ზევით დაბრუნება


ედუარდ შევარდნაძის სიტყვა

პატივცემულო ბატონო პრეზიდენტო, ძვირფასო მეგობარო ლეონიდ დანილის ძევ, ქალბატონებო და ბატონებო

არცთუ ისე დიდი დრო გავიდა შემოდგომის იმ მშვენიერ დღეებიდან, როცა თქვენ, ჩვენმა უკრაინელმა ძმებმა ესოდენ გულთბილად მიგვიღეთ კიევში. მაგრამ ჩვენ უკვე მოგვენატრეთ და თქვენს ჩამოსვლას მოუთმენლად ველოდით. ეს გასაგებიცაა, რომ ამ მოკლე მონაკვეთშიც კი რამდენი რამ მოხდა: გაიმართა ეუთოს სამიტი, რომელმაც განამტკიცა ახალი მსოფლიო წყობის მშენებლობის პროცესი, ხელი მოაწერეს ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ ხელშეკრულების ადაპტირებულ ვარიანტს, იურიდიულად გაფორმდა კასპიის ენეგროშემცველთა ტრანსპორტირების მარშუტები, მოეწყო პრეზიდენტის არჩევნები უკრაინაში და პარლამენტისა - საქართველოში.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კვლავ, უკვე პირადად მივულოცო ლეონიდ დანილის ძეს დამაჯერებელი გამარჯვება პრეზიდენტის არჩევნებში. ეს სამშობლოსა და უკრაინელი ხალხის წინაშე თქვენი თვალსაჩინო დამსახურების კიდევ ერთი დადასტურება, ახალი ევროპის მშენებლობაში თქვენი უზარმაზარი წვლილის აღიარებაა. უკრაინელ ხალხსაც ვულოცავ არჩევნებს, რომელსაც ელოდა ყველა, ვისთვისაც სულ ერთი არ არის ამ უდიდესი ევროპული სახელმწიფოს ბედი, ევროპის ბედი, მთელი ევროატლანტიკური სივრცის ბედი. თქვენი გამარჯვება ჩვენი გამარჯვებაცაა, რადგან დემოკრატიული, ძლიერი, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების ერთგული უკრაინაა სწორედ ახალი, უფრო სამართლიანი მსოფლიო წყობის ფორმირების შეუქცევადობის მნიშვნელოვანი გარანტი, იმ მსოფლიო წყობის გარანტი, რომელშიც არ იქნება ისეთი ანაქრონიზმები, როგორიც არის „გავლენის სფეროები“ და „განსაკუთრებული პასუხისმგებლობის ზონები“.

ჩვენ უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ უმაღლესი დონის მუდმივ კონტაქტებს და ეს ვიზიტი კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნიშანსვეტად გვესახება ჩვენი მოძმე ხალხების შემდგომი დაახლოების, ახალი დიდი აბრეშუმის გზის სახელმწიფოთა სტაბილური, დინამიკური განვითარების პირობების შექმნის გზაზე. იმავდროულად, პოსტსაბჭოური სივრცის ორი ძირითადი სახელმწიფოს ლიდერების ასეთი შეხვედრები ხელს უწყობს ევროპისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სრულფასოვანი ინტეგრაციის დაჩქარებისათვის ჩვენი ძალისხმევის კოორდინაციას. სწორედ ამ სტრუქტურებში ვხედავთ ჩვენს სასიკეთო მომავალს და თავის მხრივ, ეს ინსტიტუტებიც ახლა, ვიდრე ოდესმე, უფრო მეტი გაგებით ეკიდებიან ჩვენს მისწრაფებებს. ამასთანავე, მიგვაჩნია, რომ ახალი მსოფლიო წყობის ფორმირებაში დემოკრატიული, ძლიერი, სტაბილური, მოწესრიგებული რუსეთის სრულფასოვანი მონაწილეობა უცილობელი პირობაა საიმისოდ, რომ ეს წყობა სამართლიანი და ხანგრძლივი იყოს. ახლა ეს დიდი სახელმწიფო გარკვეულ სიძნელეებს განიცდის, მათ შორის საფრთხე ემუქრება მის ტერიტორიულ მთლიანობასაც. ჩრდილოეთ კავკასიის მოვლენები კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს, რომ რეგიონის ერთ კუთხეში დესტრუქციული ძალების წახალისება ან მისი მოქმედებისათვის გულგრილად თვალის დევნება აუცილებლად სისხლისღვრას გამოიწვევს სხვა რეგიონში. კავკასია ერთიანი ორგანიზმის მსგავსი პრობლემებითურთ და ისინი რეგიონის ყველა სახელმწიფოს ყველა იმ ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციის საერთო ძალებით უნდა გადაიჭრას, რომლებიც სისხლხორცეულად არიან დაინტერესებული იმით, რომ დემოკრატიულმა ღირებულებებმა გაიმარჯვოს კავკასიაში. უკრაინას არაერთხელ საქმით დაუმტკიცებია, რომ სწორედ ასეთი სახელმწიფოა და ჩვენ კვლავ მივესალმებით იმას, რომ უკრაინა მზად არის შეიტანოს თავისი წვლილი აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგებაში, მათ შორის იკისროს სამშვიდობო მისია კონფლიქტის ზონაში.

დღეს მსოფლიო გაერთიანების მთელი ყურადღება კავკასიისკენ არის მიპყრობილი, ეს ნაწილობრივ გამოიწვია იმ როლმა, რომელსაც იგი აკისრებს სამხრეთ კავკასიას, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ რგოლს. ჩვენ ვცდილობთ ღირსეულად შევასრულოთ ეს როლი და მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ჩვენს რეგიონში ხანგრძლივი სამართლიანი მშვიდობის დამყარებას, რაც მისი აყვავების საუკეთესო გარანტია იქნებოდა. ახლა სხვადასხვა დონეზე ხორციელდება ღონისძიებები კავკასიაში დიალოგის გააქტიურებისათვის. ეს არის ჩვენი და პრეზიდენტ ალიევის „მშვიდობიანი კავკასიის“ ინიციატივა, რომელსაც მხარი დაუჭირეს რუსეთმა, სომხეთმა და თურქეთმა, და შარშან ვაშინგტონში სახელმწიფო მდივნის ქალბატონ ოლბრაიტის ინიციატივით დაწყებული კონსულტაციები, ამასწინათ ეუთოს სამიტზე და თურქეთის პრეზიდენტის სულეიმან დემირელის მიერ გამოთქმული წინადადებებიც. მიგვაჩნია, რომ ყველაფერი ეს ერთ კეთილშობილურ მიზანს ემსახურება - კავკასიაში მშვიდობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობის დამყარებას. ასეთი მიზნის მიღწევა შეიძლება, თუ დიალოგში მონაწილეობას მიიღებს ყველა დაინტერესებული მხარე.

მაგრამ, სამწუხაროდ, კავკასიისადმი ინტერესს დღეს ნეგატიური ასპექტიც აქვს. მხედველობაში მაქვს ჩვენი საზღვრების უშუალო სიახლოვეს, ჩეჩნეთში დატრიალებული მოვლენები. საქართველომ, რომელიც ჯერ კიდევ გონს ვერ მოსულა აფხაზეთის ტრაგედიის შემდეგ, უკვე საკუთარ თავზე იგრძნო სასტიკი შედეგები. ჩეჩნეთიდან ათასობით უმწეო ლტოლვილმა პოვა დროებითი თავშესაფარი საქართველოში. გვესმის, რომ ეს ზღვაში წვეთია თვით რუსეთის ტერიტორიაზე ასიათასობით გადასახლებულის ფონზე, მაგრამ ჩვენთვის ესეც საკმაოდ მნიშვნელოვანი რაოდენობაა. საქართველოს ტერიტორიასთან საომარი მოქმედების მოახლოებისა და გაზაფხულის დადგომის კვალობაზე სულ უფრო მეტად გვიპყრობს შეშფოთება ჩვენი საზღვრების უშიშროებისა და ხელშეუხებლობის გამო. ეს ჩვენი შეშფოთება გავუზიარეთ ეუთოსა და სხვა ევროატლანტიკურ სტრუქტურებს, ცალკეულ სახელმწიფოებს და მას სრული გაგებით შეხვდნენ. ადრეულ ეტაპზე გარკვეული სიძნელეების მიუხედავად, ამ საკითხში ჩვენ, ასევე წარმატებით ვთანამშრომლობთ რუსეთთან. ჩვენ იმედს გვისახავს რუსეთის უმაღლესი ხელმძღვანელობის მტკიცე გადაწყვეტილება, არ დაუშვას, რომ საბრძოლო მოქმედება გასცდეს რუსეთის ფედერაციის ფარგლებს.

ამ საკითხების გარდა, ლეონიდ დანილის ძესთან საუბრისას ჩვენ სათანადო ყურადღება დავუთმეთ ახალი დიდი აბრეშუმის გზის პროექტის ახლანდელ მდგომარეობასა და პერსპექტივებს. მივესალმებით, რომ უკრაინა - ევროპის ერთ-ერთი უდიდესი სახელმწიფო მონაწილეობს ყველა პროექტში, რომლებიც ხორციელდება და იგეგმება ახალი დიდი აბრეშუმის გზის სივრცეში. ჩვენს მოკავშირეს, მიზნებითა და მისწრაფებებით ჩვენთვის ახლობელ უკრაინას თავისი გიგანტური სულიერი, ინტელექტუალური, სამეცნიერო, სამრეწველო და სამხედრო პოტენციალით შეუძლია და კიდეც უნდა შეასრულოს მნიშვნელოვანი როლი მთელ ევროატლანტიკურ სივრცეში, მათ შორის კავკასიაშიც.

ძვირფასო მეგობრებო,

დღეს საქართველოს დიდმა მეგობარმა, ჩემმა დიდმა მეგობარმა პრეზიდენტმა კუჩმამ პატივი დამდო გავმხდარიყავი იაროსლავ ბრძენის ორდენის კავალერი. გულწრფელად მადლობას ვუხდი მას და მინდა განვაცხადო, რომ ამ ჯილდოს ჩვენი ხალხების მეგობრობის საუკუნოვანი ტრადიციების კიდევ ერთ დადასტურებად აღვიქვამ. ნება მიბოძეთ შევსვა უკრაინის პრეზიდენტისა და საუკუნეობით გამოცდილი ჩვენი ურღვევი მეგობრობის სადღეგრძელო.

საერთო ინტერესები, საერთო პოზიციები : ედუარდ შევარდნაძის სიტყვა // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2000. - 17 მარტი. - №72 (3473). - 1,3 გვ.

50 დუშეთის ვაჟა-ფშაველას სახელობის №1 საშუალო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს

▲ზევით დაბრუნება


მილოცვა

გილოცავთ საქართველოს ერთ-ერთი უძველესი საგანმანათლებლო კერის, თქვენი სკოლის 165-წლოვან იუბილეს. იგი ამ წლების მანძილზე ორკლასიანი სასწავლებლიდან სრულ საშუალო სკოლად გადაიქცა და დიდი წვლილი შეიტანა მხარის სწავლა-განათლების საქმეში. ეს სკოლა, მთის ტრადიციების შესაბამისად, ქართველებს ყოველთვის თავისუფლებისმოყვარე სულით ზრდიდა. ახლა მისმა მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა თავისუფალი საქართველო უნდა ააშენონ, გააძლიერონ და დაიცვან.

გისურვებთ ამ დიდი მიზნების ღირსეული აღმსრულებლები ყოფილიყავით.

დუშეთის ვაჟა-ფშაველას სახელობის №1 საშუალო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს : მილოცვა // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2000. - 18 მარტი. - №73 (3474). - 2 გვ.

51 საქართველოს ომის ვეტერანთა I ყრილობის მონაწილეებს

▲ზევით დაბრუნება


ძვირფასო თანამემამულენო,

უდიდესი პატივისცემით მოგესალმებით, როგორც ერისა და ქვეყნისადმი ვალმოხდილ მამულიშვილებს.

სწორედ თქვენი ვაჟკაცობის ლომის წილი ძევს საქართველოს დამოუკიდებლობაში.

ვგულისხმობ, როგორც მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს, რომლებიც მარუხთან, მოსკოვთან, ქერჩთან თუ ტექსელის კუნძულზე იცავდნენ საქართველოს, - მთელს ცივილიზებულ მსოფლიოსთან ერთად, ასევე მათ, ვინც გუმისთასთან, კოდორთან იგერიებდა მომხვდურ გადამთიელთ, რათა გადაერჩინა სათაყვანებელი სამშობლოს თავისუფლება.

ქედს ვიხრი დაღუპულთა ნათელი ხსოვნის, მათი ოჯახის წევრთა უდიდესი მოთმინებისა და სულგძელობის, - მაღალი მოქალაქეობრივი შეგნების წინაშე. ჩვენი ქვეყნის ტრაგიკულ ისტორიაში მრავლად არის როგორც უმაგალითო გმირობის, ასევე უმაგალითო ღალატის ამსახველი ფურცელი.

მაგრამ ამჟამად დგას ჟამი „შენებისა“, ნათელ მაგალითთა შეგროვება - შესისხლხორცებისა, რათა აღარასოდეს გავიმეოროთ ის შეცდომები, რომლებმაც სამოქალაქო ომის საზარელ ქაოსში ჩაითრიეს საქართველო.

შესანიშნავად ვიცი, რაოდენ მტკივნეულიც არ უნდა იყოს, რომ დღეს ათასობით ვეტერანი უკიდურეს მატერიალურ გაჭირვებას განიცდის. განსაკუთრებით მძიმეა ინვალიდთა მდგომარეობა, გაუცემელია მრავალი თვის პენსია.

ამ პრობლემათა გადაწყვეტა ჩემი საპრეზიდენტო პროგრამის ერთ-ერთი ქვაკუთხედია და უეჭველად გავაკეთებ ყველაფერს, რაც ქვეყნისა და პრეზიდენტის ძალას არ აღემატება, რათა ვეტერანებმა, ინვალიდებმა, სამშობლოსადმი ვალმოხდილმა ადამიანებმა არათუ სრულფასოვან მოქალაქეებად, არამედ განსაკუთრებული პატივისცემითა და ზრუნვით გარემოსილ წარჩინებულად იგრძნონ თავი.

როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, დიდ მადლობას გიძღვნით იმისათვის, რომ თქვენი ორგანიზაცია აერთიანებს ოდესღაც სხვადასხვა ბანაკში მყოფ მეომრებს, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საყოველთაო შერიგების სასიცოცხლოდ აუცილებელი, კეთილშობილი პროცესის გაღრმავებასა და გაგრძელებას.

გისურვებთ ნაყოფიერ მუშაობას. დარწმუნებული ვარ, საქართველოს ომის ვეტერანთა პირველი ყრილობის გადაწყვეტილებები ხელს შეუწყობენ ქვეყანაში მშვიდობისა და საერთო ეროვნული თანხმობის განმტკიცებას.

ედუარდ შევარდნაძე.

საქართველოს ომის ვეტერანთა I ყრილობის მონაწილეებს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2000. - 23 მარტი. - №78 (3479). - 3 გვ.

52 „სასიხარულოა, რომ გარდაქმნების, სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბებისა და სუვერენიტეტის ძნელ გზას ჩვენი ქვეყნები ერთმანეთის მხარდამხარ, კეთილმეზობლურად გადიან, ერთმანეთს უწევენ ყოველმხრივ დახმარებასა და მხარდაჭერას“

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის გამოსვლა

როგორც ვიუწყებოდით, 28 მარტს, საღამოს, საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ მთავრობის „კრწანისის“ რეზიდენციაში ოფიციალური სადილი გაუმართა სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რობერტ ქოჩარიანს.

ედუარდ შევარდნაძემ და რობერტ ქოჩარიანმა სადილზე სადღეგრძელოები წარმოთქვეს.

პატივცემულო რობერტ სედრაკის ძევ,
ქალბატონებო და ბატონებო,
მეგობრებო,

ყოველი ჩვენი შეხვედრა განაგრძობს საქართველოსა და სომხეთის ხალხთა მეგობრობისა და კეთილმეზობლობის შესანიშნავ ტრადიციას. იგი გვიანდერძეს ჩვენმა შორეულმა წინაპრებმა. და, თუმცა მას შემდეგ არა ერთი ათასწლეული გავიდა, მაგრამ ვამაყობთ, რომ ჩვენს ურთიერთობაში ყოველთვის, როგორც ძვირფას თვალში, ძმური სიყვარულის ახალი წახნაგები, ურთიერთინტერესებისა და თანამშრომლობის ახალი ჰორიზონტები იკვეთება.

დარწმუნებული ვარ, თითოეული აქ დამსწრე დაადასტურებს ამ წარუვალ ჭეშმარიტებას, მოიყვანს ბევრ შესანიშნავ მაგალითს ჩვენი ურთიერთობის საგანძურიდან.

ამის ახალი მკაფიო დადასტურება გახდა სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ჩვენი ქვეყნის გულწრფელი მეგობრის რობერტ სედრაკის ძე ქოჩარიანის სახელმწიფო ვიზიტი.

თქვენ, პატივცემულო რობერტ სედრაკის ძევ, კარგად გიცნობენ და პატივს გცემენ საქართველოს მოქალაქენი. მათ შორის ბევრი სომეხია, რომელთა მრავალი თაობა საუკუნეთა მანძილზე მშვიდობით, სიყვარულითა და თანხმობით ცხოვრობს საქართველოს მიწაზე და დღეს თავისი ღირსეული წვლილი შეაქვს ახალი, დემოკრატიული ქართული სახელმწიფოებრიობის განმტკიცებაში.

სასიხარულოა, რომ გარდაქმნების, სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბებისა და სუვერენიტეტის მძიმე გზას ჩვენი ქვეყნები ერთმანეთის მხარდამხარ, კეთილმეზობლურად გადიან, უწევენ ერთმანეთს ყოველნაირ დახმარებასა და მხარდაჭერას. და სომხეთის იმ უმაღლეს ჯილდოს - მესროფ მაშტოცის ორდენს, რომელიც პრეზიდენტმა ქოჩარიანმა გადმომცა, აღვიქვამ როგორც სწორედ ასეთი ურთიერთობის გამოვლინებას. იგი ჩემთვის ორმაგად ძვირფასია, რადგან მივიღე ჩემი ქვეყნისა და ჩემი ხალხის დიდი მეგობრის, ჩემი პირადი მეგობრისაგან.

საქართველოსა და სომხეთის ურთიერთობას მივიჩნევთ როგორც ორი მოძმე სახელმწიფოს, ყველა სფეროში და საერთაშორისო თანამშრომლობის ყველა დონეზე პარტნიორების ურთიერთობას, და მაღალ შეფასებას ვაძლევთ იმას, რომ ამის პასუხი ყოველთვის არის ჯეროვანი გაგება, მოძმე ქვეყნის ხელმძღვანელობისა და ხალხის ხელშეწყობა და უკუგება.

არსებით რეალიათა თვალსაზრისით, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. არადა, სწორედ ასეთი ურთიერთგაგებაა საჭირო ჩვენს წინაშე მდგომი ძნელი ამოცანების წარმატებული გადაწყვეტისათვის. რა თქმა უნდა, მათგან ყველაზე მთავარი და საარსებო მნიშვნელობისაა მშვიდობის დამყარება კავკასიაში, ამ მრავალტანჯულ რეგიონში არსებული კონფლიქტებისა და დაპირისპირებათა მოწესრიგების პროცესების დაჩქარება.

თუნდაც მე კავკასიური ცენტრიზმი დამწამონ, არ მოვერიდები იმის თქმას, რომ მთელი საერთაშორისო გაერთიანებისათვის მესამე ათასწლეულში მშვიდობისა და კეთილდღეობის გზა, ხატოვნად რომ ვთქვათ, სხვა უღელტეხილებს შორისაც კავკასიის პრობლემათა უღელტეხილზე გადის. მაგრამ, ეს უღელტეხილი პირველებმა, ჩემი აზრით, უნდა დაძლიონ სწორედ იმ ქვეყნებმა და ხალხებმა, რომლებსაც კავკასიის მიწა-წყალზე ცხოვრება განგებამ არგუნა.

და აქ კვლავ ვუბრუნდებით საკითხს, რომ საჭიროა სრულფასოვანი რეგიონული თანამშრომლობა. ამას უბრალოდ როდი აღვნიშნავ, რადგან ვერ დავასახელებ სრულფასოვან თანამშრომლობას რეგიონული პროექტების განხორციელებაში, თუ მათში მონაწილეობას არ მიიღებს სომხეთი. ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო-საკომუნიკაციო დერეფანი ვერ მიაღწევს იმ ეკონომიკურ და პოლიტიკურ მიზნებს, რომლებიც მას ეკისრება, თუ სამხრეთ კავკასიის სამივე სახელმწიფოს საქმე არ გახდება. ვფიქრობ, დგება დრო საბოლოოდ მოვაწესრიგოთ ყველა უთანხმოება კავკასიაში, დროა დავაახლოოთ ჩვენი ინტერესები და გრძელვადიანი მიზნები, დროა გაიმარჯვოს მშვიდობიანი კავკასიის იდეამ. შორს აღარ არის ის დღე, როცა მოძმე სომეხი ხალხი, საქართველოსა და აზერბაიჯანის ხალხებთან ერთად, მთლიანად იგრძნობს, თუ რა სარგებლობას მოუტანს საუკუნის პროექტში - ახალი „დიდი აბრეშუმის გზის“ პროექტში მონაწილეობა.

ამაზე ვილაპარაკეთ დღეს რობერტ სედრაკის ძესთან, გავუზიარეთ აზრები ჩვენი ქვეყნების და მთელი რეგიონის განვითარების პერსპექტივების შესახებ. და, ბუნებრივია, მივედით ერთიან დასკვნამდე: მხოლოდ საერთო მეცადინეობითა და ყველა დაინტერესებული მხარის შეწონასწორებული მოქმედებით, რეგიონული თანამშრომლობის ინტენსიფიკაციით მივაღწევთ სასურველ შედეგს - ავაშენებთ მშვიდობიან, აყვავებულ კავკასიას.

შევეხეთ საქართველოსა და სომხეთის ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობის განვითარებისა და გაღრმავების ახალ ასპექტებსაც. ჩვენი სჯა-ბაასის ყურადღების ცენტრში იყო საკითხთა მთელი სპექტრი - სომხური დიასპორის კეთილი საქმეებიდან მოყოლებული ჩვენი ქვეყნების უზარმაზარი პოტენციალის რაც შეიძლება სრულად გამოყენების პრობლემით დამთავრებული. დიდი სარგებლობა და მნიშვნელოვანი უკუგება შეიძლება მოგვიტანოს ჩვენი ხალხების მეცნიერული, კულტურული, სულიერი პოტენციალის ამოქმედებამ, ამ სფეროებში კონტაქტების გამოცოცხლებამ და განმტკიცებამ. გარწმუნებთ, რომ აქ ბევრი გამოუყენებელი შესაძლებლობა და რეზერვია.

მოძმე სომხეთმა ბოლო ხანს მიაღწია ბევრ პოზიტიურ ძვრას როგორც მეურნეობრიობის სფეროში, ისე საერთაშორისო აღმშენებლობაში, მისწრაფებაში დააჩქაროს მსოფლიო გაერთიანებაში ქვეყნის ინტეგრირების ტემპი.

ჩვენ გვახარებს თქვენი წარმატებანი. ეს მიღწევები, აგრეთვე, სომხეთის ავტორიტეტის ზრდა საერთაშორისო ასპარეზზე, ბევრად არის მისი პრეზიდენტის, შორსმჭვრეტელი პოლიტიკოსისა და გამჭრიახი სახელმწიფო მოღვაწის დამსახურება. უდიდესი სიხარული მომანიჭა, ძვირფასო რობერტ სედრაკის ძევ, გადმომეცა თქვენთვის საპატიო ჯილდო - ღირსების ორდენი. თქვენ მისი ღირსი ხართ, რადგან საქმით დაამტკიცეთ, რომ თქვენთვის სომხეთის ინტერესები და საქართველოს ინტერესები განუყოფელია.

ძვირფასო რობერტ სედრაკის ძევ, მიმაჩნია, რომ დღეს მე და თქვენ გადავდგით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქართველი და სომეხი ხალხების მშვიდობისა და კეთილდღეობის გზაზე ჩვენი მეგობრობის გამარადისებისათვის.

ნება მიბოძეთ შევსვა მშვენიერი სომხეთის რესპუბლიკის, შესანიშნავი და ნიჭიერი სომეხი ხალხისა და ამ უძველესი ქვეყნის პრეზიდენტის, ჩემი ძვირფასი მეგობრისა და კოლეგის რობერტ სედრაკის ძე ქოჩარიანის სადღეგრძელო.

„სასიხარულოა, რომ გარდაქმნების, სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბებისა და სუვერენიტეტის ძნელ გზას ჩვენი ქვეყნები ერთმანეთის მხარდამხარ, კეთილმეზობლურად გადიან, ერთმანეთს უწევენ ყოველმხრივ დახმარებასა და მხარდაჭერას“ : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის გამოსვლა // საქართველოს რესპუბლიკა. - 2000. - 30 მარტი. - №85 (3486). - 2 გვ.

53 „ევროპულ სახლში, რომლისკენაც საქართველო საუკუნეების მანძილზე მიისწრაფოდა და რომელშიც დღეს საბოლოოდ პოულობს ადგილს, ჩვენ თავს უცხოდ არ ვგრძნობთ, რადგან ისეთი გზის გამკვლევი და თანამდგომი გვეგულება, როგორიც გერმანიაა“

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის გამოსვლა

ბატონო ფედერალურო კანცლერო,
პატივცემულო სტუმრებო,
ქალბატონებო და ბატონებო,

კეთილი იყოს თქვენი ჩამოსვლა თბილისში. მოხარული ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა მასპინძლობა გაგიწიოთ მას შემდეგ, რაც გასული წლის ოქტომბერში ზღაპრული დახვედრა მოგვიწყეთ გერმანიაში.

მივესალმებით კანცლერ გერჰარდ შრედერს, გაერთიანებული ევროპის გამორჩეულ პოლიტიკურ მოღვაწეს, რომლის მართვის დინამიკური სტილი, ახლებური აზროვნება შესანიშნავად მოერგო თანამედროვე პროცესებს, ჩამოყალიბების სტადიაში მყოფ ახალ მსოფლიო წესრიგს, რომლის განუყოფელი ნაწილია ევროკავშირისა და ნატოს აღმოსავლეთით შეუქცევადი გაფართოება. საკუთარი გამოცდილებით ვიცი, თუ რას ნიშნავს - იყო პოლიტიკაში ახალი აზროვნების მატარებელი. წინდახედულობასა და მოქნილობასთან ერთად ეს დიდ გამბედაობასაც მოითხოვს. კანცლერი შრედერი ახალი ევროატლანტიკური აზროვნების ის ერთ-ერთი შემოქმედი და გამტარებელია, რომელთა გარეშეც ამ უზარმაზარი სივრცის მომავალი ჯერაც გაურკვეველი იქნებოდა.

გერმანიას ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ეკავა ევროატლანტიკურ სივრცეში და დღეს იგი კიდევ უფრო განიმტკიცებს მას. ეს მნიშვნელოვანწილად თქვენი დამსახურებაა, ბატონო ფედერალურო კანცლერო.

გერმანია საქართველოს ერთგული მეგობარი იყო ამ საუკუნის დასაწყისშიც, როცა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა გაჩნდა მსოფლიოს რუკაზე და მის მიწურულსაც, როდესაც ჩვენმა ქვეყანამ უკვე საბოლოოდ მოიპოვა დამოუკიდებლობა.

საქართველო არასდროს დაივიწყებს იმას, რომ მისთვის ყველაზე მძიმე წლებში, როდესაც სახელმწიფოებრიობა შორეულ და გაურკვეველ მომავალში ბუნდოვნად თუ ჩანდა, გერმანია იყო იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც პირველები დაგვიდგნენ გვერდში და ამით მსოფლიოს ამცნეს რომ, წარსულისგან განსხვავებით, საქართველოს დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი აღარასდროს გახდება დიდ სახელმწიფოებს შორის ვაჭრობისა და გარიგებების საგანი. სწორედ მაშინ გვესტუმრა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი გენშერი და დღემდე საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პიროვნებად რჩება.

საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენა განუყოფლადაა დაკავშირებული იმ ძირეულ ძვრებთან, რომლებიც ამ საუკუნის მიწურულს მოხდა მსოფლიოში და რომლებმაც თავისუფლება მოუტანეს ევროპას, ერთიანობა-გერმანიას და უკეთესი მომავლის იმედი ჩაუსახეს პოსტტოტალიტარულ სივრცეზე მცხოვრებ ხალხებს. მე მადლობელი ვარ განგების, რომ ამ მოვლენების შუაგულში აღმოვჩნდი და საშუალება მომეცა ჩემი მოკრძალებული წვლილი შემეტანა ამ ეპოქალური მასშტაბის განახლებაში და, მაშასადამე, ჩემი სამშობლოს - საქართველოს გათავისუფლებაშიც.

როდესაც „ცივი ომისა“ და მისი აღსასრულის ისტორია დაიწერება, და მე ვფიქრობ, მისი ყოვლისმომცველი და ობიექტური შეფასება ჯერაც ელის თავის ავტორს, მასში იქნება იმ ადამიანების სახელები, რომელთა გარეშეც ჩვენი დროის ეს ყველაზე ხანგრძლივი ომი კიდევ დიდხანს ვერ დასრულდებოდა. ამ პოლიტიკოსთა ღვაწლზე უკვე ბევრს საუბრობენ, თუმცა, დიდი საქმეების ჯეროვან შეფასებას დრო სჭირდება და მომავალი თაობები, დარწმუნებული ვარ, საკუთარი გადმოსახედიდან ბევრს ისეთს დაინახავენ, რისი დანახვაც თანამედროვეთ არ ხელეწიფებათ. და მაინც, ეს ადამიანები უკვე იქცნენ ჩვენი ეპოქის ცოცხალ ლეგენდებად და ერთ-ერთი მათგანია ჰანს-დიტრიხ გენშერი. ეს რომ ასეა, ყოველმა ჩვენგანმა კიდევ ერთხელ იგრძნო გერმანიაში ამასწინანდელი ვიზიტისას. და მე ბედნიერი ვარ, ძვირფასო მეგობარო, რომ შენთან ერთად გავიზიარე შენი სამშობლოს გაერთიანების, ისტორიული სამართლიანობის აღდგენის, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების ზეიმის უდიდესი სიხარული.

ბატონო ფედერალურო კანცლერო,

თქვენი ვიზიტი საქართველოსა და გერმანიას შორის საუკეთესო ურთიერთობის გარდა, ზოგადად კავკასიის მიმართ ევროპული სახელმწიფოების, ევროკავშირის, ევროატლანტიკური სტრუქტურების მზარდ ყურადღებაზეც მეტყველებს. ეს ყურადღება უკანასკნელ დროს განსაკუთრებით გამოიკვეთა და ამაზე მეტყველებს საქართველოს გაწევრიანება ევროპის საბჭოში, ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმების ინაუგურაცია, ტრასეკასა და ინოგეიტის პროექტები. ევროპის ქვეყნების მონაწილეობა „ახალ დიდ აბრეშუმის გზაში“ და მის ფარგლებში - კასპიის ენერგოშემცველების ტრანსპორტირებაში მსოფლიო ბაზარზე, ეუთოს უკანასკნელი სამიტის დროს გამოთქმული მოსაზრებები.

მსოფლიო თანამეგობრობა, დიდი ქვეყნები და მათ შორის ჩვენი მეგობარი გერმანია ძალზე ბევრს აკეთებს, რათა საქართველომ და, ზოგადად კავკასიის სახელმწიფოებმა მოპოვებული დამოუკიდებლობა განიმტკიცონ. ამჟამად დგება ახალი ეტაპი კავკასიის ისტორიაში - რეგიონული ინტეგრაციის, რეგიონის აყვავების, მსოფლიოში მისი დამკვიდრების ეტაპი. ამ მიმართულებითაც იდგმება გარკვეული ნაბიჯები, დაწყებული შარშანდელი ვაშინგტონის შეხვედრიდან, რომელშიც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრიც იღებდა მონაწილეობას და იმ წინადადებებით დამთავრებული, რომლებიც ახლახან გამოითქვა ეუთოს სამიტზე და რეგიონის ლიდერთა უკანასკნელ შეხვედრებზე. ამავე მიზანს ემსახურებოდა ჩემი და პრეზიდენტ ალიევის „მშვიდობიანი კავკასიის“ ინიციატივა, რომელიც ჩვენ ამ რამდენიმე წლის წინათ წამოვაყენეთ. ვფიქრობ, ევროატლანტიკურ სტრუქტურებს, რომლებსაც მეორე მსოფლიო ომიდან მოყოლებული კონტინენტის აღმავლობის, ცალკეულ რეგიონებში კონფლიქტების მოწესრიგებისა და დაპირისპირებულ მხარეთა შერიგების, პოსტკონფლიქტური რეაბილიტაციის უდიდესი გამოცდილება დაუგროვდათ, შესწევთ უნარი ეს გამოცდილება წარმატებით გამოიყენონ კავკასიაში. მით უმეტეს, რომ ევროკავშირის გლობალური მნიშვნელობის პროექტების, „დიდი აბრეშუმის გზის“, კასპიის ენერგოშემცველების ტრანსპორტირების ყველაზე მომგებიანი მარშრუტების წყალობით სამხრეთ კავკასია მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დინამიკურად განვითარებადი რეგიონი ხდება.

თუმცა, იმისათვის, რომ კავკასიას უღრუბლო მომავალი ჰქონდეს, ჯერაც ბევრია გასაკეთებელი. უშუალოდ სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე კონფლიქტების გარდა ჩვენს სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ის მუქარა, რომელსაც საქართველოს უსაფრთხოებას მის ჩრდილოეთ საზღვრებთან მიმდინარე საომარი მოქმედებანი უქმნის. ჩვენ მადლობელი ვართ გერმანიისა, რომელმაც სრულად გაიზიარა ჩვენი ეს წუხილი და თავის წვლილი შეიტანა ეუთოს მისიის მანდატის გაფართოებაში და საქართველო-რუსეთის საზღვრის მონიტორინგში. თუმცა, დამაიმედებელია რუსეთის ხელმძღვანელობის განზრახვა არ დაუშვან საომარი მოქმედების გავრცელება სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე. საზოგადოდ, პრეზიდენტის არჩევნებში ბატონ პუტინის გამარჯვებას და რუსეთის ხელმძღვანელობაში ახალი სახეების გამოჩენას ჩვენ დიდ იმედებს ვუკავშირებთ. გასული წლის მიწურულს მე და მან პირისპირ ვისაუბრეთ და უნდა ვიფიქროთ, რომ ამ უდიდესი სახელმწიფოს მომავალი იმ ადამიანების ხელშია, ვისაც სურს რუსეთი განჭვრეტად, ძლიერ, დემოკრატიულ, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებზე ორიენტირებულ სახელმწიფოდ იხილოს.

რადგან კონფლიქტების თემას შევეხე, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კვლავ მადლიერებით აღვნიშნო გერმანიის, როგორც „საქართველოს მეგობართა“ ჯგუფის წევრის პოზიცია, რომელიც ყველა საერთაშორისო ფორუმსა თუ ცალკეულ შეხვედრებზე განუხრელად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ორმხრივ თანამშრომლობას გერმანიასთან, რაც საქართველოს ევროპულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ, ფინანსურ, თავდაცვით სტანდარტებთან დაახლოების ფასდაუდებელ გამოცდილებას აძლევს. ჩვენთვის ახალ მსოფლიო წესრიგში ძლიერი გერმანია მშვიდობის, სტაბილურობის, იმედისა და უკეთესი მომავლის სინონიმია.

ევროპულ სახლში, რომლისკენაც საქართველო საუკუნეების მანძილზე მიისწრაფოდა და რომელშიც დღეს საბოლოოდ პოულობს ადგილს, ჩვენ თავს უცხოდ არ ვგრძნობთ, რადგან ისეთი გზის გამკვლევი და თანამდგომი გვეგულება, როგორიც გერმანიაა.

ნება მიბოძეთ, შემოგთავაზოთ დიდი გერმანელი ხალხის, ჩვენი დიდი მეგობარი ქვეყნის - გერმანიის, კანცლერ გერჰარდ შრედერის, ყველა ჩვენი სტუმრის, საქართველოს და გერმანიას შორის მეგობრობის სადღეგრძელო.

„ევროპულ სახლში, რომლისკენაც საქართველო საუკუნეების მანძილზე მიისწრაფოდა და რომელშიც დღეს საბოლოოდ პოულობს ადგილს, ჩვენ თავს უცხოდ არ ვგრძნობთ, რადგან ისეთი გზის გამკვლევი და თანამდგომი გვეგულება, როგორიც გერმანიაა“ : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის გამოსვლა // საქართველოს რესპუბლიკა. - 2000. - 1 აპრილი. - №87 (3488). - 3 გვ.

54 საქართველოს ასირიელებს

▲ზევით დაბრუნება


მილოცვა

ჩემო თანამემამულენო, ახალი წელი მინდა მოგილოცოთ, საიუბილეო 6750-ე წელი, რომელიც თქვენი ტრადიციით პირველ აპრილს დგება.

ასირიელები დიდი კულტურის მქონე ხალხია და სწორედ ამან განაპირობა, ქართველთა და ასირიელთა ურთიერთობა და ერთად ყოფნა საუკუნეების მანძილზე.

ამ ახალ წელს, ამ გაზაფხულზე ყველაფერს კარგს გისურვებთ.

გაძლიერებულიყოს, გაბრწყინებულიყოს და ამაღლებულიყოს ჩვენი ქვეყანა - საქართველო.

ედუარდ შევარდნაძე.

საქართველოს ასირიელებს : მილოცვა // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2000. - 2-3 აპრილი. - №88-89 (3490). - 1 გვ.

55 თენგიზ გიორგაძეს

▲ზევით დაბრუნება


მილოცვა

ქართული ჭადრაკი სამი ათწლეულის განმავლობაში მსოფლიო მიღწევებით აღინიშნა. თქვენ ერთ-ერთი იმათგანი ხართ, ვინც ამ გამარჯვებას სჭედდა და წლების განმავლობაში პირუთვნელად რუდუნებით ემსახურება მისი პროპაგანდის საქმეს, ქართული საჭადრაკო სკოლის შექმნასა და გაძლიერებას.

გილოცავთ დაბადების 75 წლისთავს, გისურვებთ წარმატებებს პირად ცხოვრებასა და ქართული ჭადრაკის განვითარების საქმეში.

თენგიზ გიორგაძეს : მილოცვა // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2000. - 2-3 აპრილი. - №88-89 (3490). - 1 გვ.

56 გოგი ქავთარაძეს - დაბადების 60 წლისთავთან დაკავშირებით

▲ზევით დაბრუნება


მილოცვა

ჩემო გოგი, გულითადად მინდა მოგილოცო დაბადების 60 წლისთავი, ისეთივე გულითადობით, როგორც შენ ემსახურები ქართულ თეატრსა და კინემატოგრაფიას.

მთელმა შენმა შემოქმედებამ ჩემს თვალწინ ჩაიარა თეატრში პირველი როლიდან - ნოდარ დუმბაძის სოსოიადან და „ქორწილის“ უიღბლო შეყვარებული ჭაბუკიდან მოყოლებული - შექსპირის შაილოკამდე. შენი ბევრი სპექტაკლი და როლი მინახავს და უნდა ვთქვა, რომ ჩამოყალიბდი იმ შემოქმედად, რომელიც თავისი ნიჭითა და მოქალაქეობრივი შეგნებით ერთგულად ემსახურება ქართულ თეატრს.

ისიც უნდა ვთქვა, რომ კარგი რეჟისორი და თეატრის ორგანიზატორიც ხარ, ხაზგასმით კი სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის თეატრის ხელმძღვანელად შენი ყოფნა მინდა აღვნიშნო, ყველამ იცის, ეს რასაც ნიშნავდა და რა ძნელიც იყო.

იმედი მაქვს, კიდევ ბევრ ახალ როლს ითამაშებ, ბევრ ახალ სპექტაკლს დადგამ, არც მაყურებლის ტაში მოგაკლდება და არც მისი სიყვარული.

ედუარდ შევარდნაძე.

გოგი ქავთარაძეს - დაბადების 60 წლისთავთან დაკავშირებით : მილოცვა // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2000. - 2-3 აპრილი. - №88-89 (3490). - 1 გვ.

57 „მე მზად ვარ, კიდევ ერთხელ ვიკისრო პასუხისმგებლობა და საერთო ეროვნული მანდატის მიღებით, მასზე დაყრდნობით, გადავწყვიტო ახალი, ურთულესი, უძნელესი პრობლემები, რომელიც დგას საქართველოს, ჩვენი მრავალჭირგამოვლილი და ღირსეული ქვეყნის წინაშე ახალი ათასწლეულის დამდეგს - ახალი, XXI საუკუნის პირველ, გადამწყვეტ წლებში“

▲ზევით დაბრუნება


ედუარდ შევარდნაძის გამოსვლა სპორტის
სასახლეში გამართულ ფორუმზე

ძვირფასო მეგობრებო!

ამჟამად, როდესაც არჩევნებამდე სულ რამდენიმე დღე დარჩა, აუცილებლად მიმაჩნია სწორედ ამ ფორუმზე გამოვთქვა მკვეთრად და მკაფიოდ, მაქსიმალური გულწრფელობით და გულახდილობით ზოგიერთი შეხედულება და ის მტკიცე გადაწყვეტილება, რომელიც საბოლოოდ მომწიფდა როგორც საზოგადოებაში, ასევე ჩემში:

ამიტომ, ნურავინ დამძრახავს თუ დღევანდელი გამოსვლა იქნება როგორც არასდროს მკვეთრი, შეიძლება ვიხმარო სიტყვა - მჭახე და იქნებ მკვახეც, - მადლობა უფალს, ჩვენი დედა-ენის ამოუწურავი სიმდიდრე გვაძლევს საშუალებას, რათა ზუსტად ავსახოთ და გადმოვცეთ როგორც პიროვნული განწყობა, ასევე ის ატმოსფერო, რომელიც სუფევს ამ დარბაზშიც და მთელ ჩვენს საზოგადოებაშიც.

ეს არის მოლოდინი.

მოლოდინი თუნდაც მწარე, თუნდაც უსიამოვნო, თუ შეიძლება ასე ვთქვათ, „შემაწუხებელი“, მაგრამ სრული სიმართლისა.

დიახ, მოლოდინი სიმართლისა.

მე კვლავ და კვალ მზად ვარ, ვუთხრა ჩემს ხალხს სიმართლე, და როცა დავდივარ კარდაკარ საქართველოში, მსოლოდ სიმართლეს ვეუბნები, სიმართლეს და არაფერს სხვას.

სიმართლე მკურნალია, - იგი სასტიკი, უმწარესი და უმწვავესი ქირურგიული ინსტრუმენტია, მაგრამ მის გარეშე, თუნდაც ტკივილისა და ტანჯვის გარეშე, ვერ განვიკურნებით საბოლოოდ, ვერ დავაფუძნებთ ჭეშმარიტად ბედნიერ, ჭეშმარიტად თავისუფალ, ძლევამოსილ და აყვავებულ საქართველოს.

სიმართლის გარეშე ბოლომდე ვერ გავიმარჯვებთ, ვერ განვახორციელებთ სანუკვარ, საუკუნოვან ოცნებას.

პირველი „მართალი სიტყვა“ ამ თვალსაზრისით ის არის, რომ ჭეშმარიტად ბედნიერი, საოცნებო საქართველოსკენ მიმავალ გზაზე ჩვენ, ჯერჯერობით, ალბათ, ჩვენივე მანკისა და ნაკლის გამო, მხოლოდ ნახევარი გზა თუ განვვლეთ.

მართალია, სწორი გზა ავირჩიეთ, მართალია სწორი გეზით მივდივართ, ზუსტი ორიენტირები გვაქვს, უკვე ვხედავთ კიდეც ქართული დემოკრატიული სახელმწიფოებრიობის მართლაცდა აქამდე თვალმიუწვდომელ მწვერვალებს, მაგრამ ისიც სრული ჭეშმარიტებაა, რომ რაც დრო გადის, გზა აღმართად იქცევა, პრობლემათა, სირთულეთა ოდენობა არ კლებულობს, ნაკლოვანებანი კიდევ უფრო თვალსაჩინო, კიდევ უფრო შემაწუხებელია, განსაკუთრებით მას შემდეგ, როცა ვიგრძენით, რომ ჩვენი თავის პატრონი ჩვენვე ვართ.

საზოგადოების ერთ ნაწილს თვით დამოუკიდებლობის იდეის მიმართაც კი გულგაცრუება დაეტყო, მავანი ბოროტი სიხარულით მიგვანიშნებს 10-12 წლის წინათ საყოველთაოდ „აღმაფრთოვანებელი“ იდეებისა თუ ფასეულობების დევალვაციაზე. მიგვანიშნებს და ყოველივე ეს, მთლიანობაში ქმნის საშიშროებას, რომ ერს უდიდესი თავგანწირვა და მსხვერპლიც წყალში შეიძლება ჩაეყაროს, იმედი გაუცრუვდეს, საბოლოო გამარჯვების რწმენა შეერყეს, ხოლო ჩვენი საერთო ძალისხმევა სიზიფეს შრომას დაემსგავსოს.

მე ამას არ დავუშვებ!
ჩვენ ამას არ დავუშვებთ!

მეორე და მესამე ათასწლეულთა მიჯნაზე საქართველო ან საბოლოოდ გაიმარჯვებს, ან სამუდამოდ დამარცხდება, ვინაიდან ასეთი შანსი ერსა და ქვეყანას მართლაც ათასწლეულში ერთხელ ენიჭება და ეს შანსი ჩვენ დღეს გვაქვს.

დარწმუნებული ვარ, ეს დებულებაც არავის გააკვირვებს - არც ამ დარბაზში, არც მთლიანად ქვეყანაში, ვინაიდან თითოეული ქართველი, თოთოეული მოქალაქე სისხლითა და ხორცით ატარებს უმძიმეს საუკუნეთა გულისთქმასა და გაკვეთილს.

საქართველოს ისტორიის ბოლო საუკუნეებში პირველად, დიახ, პირველად ჩვენ გვაქვს სრულფასოვანი ღირებულებები, მათ შორის მატერიალური თუ ფინანსური გამოხატულებები. ჩვენ გვაქვს ეროვნული ვალუტა, გვყავს რეგულარული არმია, შევქმენით მყარი სახელმწიფოებრივი სტრუქტურები, შევქმენით სახელმწიფო, მაგრამ ეს მაინც ნახევარი გზაა.

საქართველომ კვლავ მოიპოვა უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური ფუნქცია. ესეც უზარმაზარი მონაპოვარია.

მაგრამ ყველა სახელმწიფოებრივი ინსტიტუტიც სრულიად ფუჭი იქნება, თუ თვით ხელისუფლებას არ აღმოაჩნდება უმთავრესი თვისება: მტკიცე სახელმწიფოებრივი ნება, რომელიც ქვეყნის პერსპექტივისა და საარსებო ინტერესების სწორ აღქმას ეფუძნება.

დღეს სრული პასუხისმგებლობით, კიდევ ერთხელ უნდა განვაცხადო, იოტისოდენა ეჭვის, რაიმე სისუსტისა და ყოყმანის გარეშე: სწორედ და ნათლად აღვიქვამ რეალობას, ვხედავ ქვეყანაში არსებულ პრობლემებს, ვხვდები მათ შინაგან მიზეზებს და ნამდვილად შემწევს უნარი, ვიმოქმედო მტკიცედ, გაბედულად, თუ საჭიროა მკაცრად და სასტიკადაც კი - რათა ჩემს თანამებრძოლებთან და ჭეშმარიტ თანამოაზრეებთან, მთელ ერთან ერთად აღმოვფხვრა ყველა ის მანკი, ყველა ის სიმსივნე, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ჯანსაღად შობილ ორგანიზმს თავისუფალი განვითარებისა და ზრდის საშუალებას არ აძლევს.

მე ეს ვიცი, მე ამას ვხედავ, მე ეს შემიძლია.

უფრო მეტიც, - ეს მე ჩემს დანიშნულებად, და თუ გნებავთ - ჩემს მისიად მიმაჩნია, - ჩემი ხალხის, ჩემი ერის, და, თუ გნებავთ, მსოფლიოს თანამეგობრობის წინაშე, რადგანაც საქართველო ამ თანამეგობრობის შემადგენელი ნაწილია. მისიად, რომელიც ერმა დამაკისრა, როგორც ქვეყნის ლიდერს, პრეზიდენტს, სახელმწიფო მოღვაწესა და ქართველს.

ამასთანავე ჩემი ძალა და შეძლება ხალხის მხარდაჭერაშია. ასე იყო, ასე არის და ასე იქნება.

სწორედ ჩვენი ერის, საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობის, საქართველოში მცხოვრები ყველა ერისა და ეროვნების წარმომადგენელთა მხარდაჭერით, თანამოაზრეთა გუნდის შეკრებითა და ჩამოყალიბებით, - ჩვენ, თქვენმა ქვეყანამ, მთელმა საქართველომ, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებების, მრწამსის, ეროვნების და რჯულისა, - შევძელით გამოგვეყვანა სამშობლო საზარელი ქაოსის უკუნეთიდან.

ოღონდ ამჟამად ეს აღარ კმარა საბოლოო გამარჯვებისათვის.

ჩვენ შევცვალეთ საქართველო, ახალი საქართველო კი სრულიად ახალ მოთხოვნებს გვიყენებს.

იგი მკაცრია, მაგრამ სამართლიანი - იგი მხარს დაგვიჭერს კვლავაც, კვლავაც შეაერთებს თავის უსაზღვრო ნიჭს - ჩვენს ძალისხმევას, თუ დაინახავს ჩვენს გულწრფელობას, იგრძნობს ჩვენში ახალი, კიდევ უფრო რთული ამოცანების გადაწყვეტის ძალას, მუდმივი, შემდგომი, უწყვეტი განახლების, უწყვეტი გარდაქმნის, უწყვეტი წინსვლის, ცვლილებების, განვითარების, პროგრესის ენერგიას, ყველა თაობის, განსაკუთრებით ახალგაზრდობის ენერგიას.

დღეს ამ ფორუმზე, ჩემს უახლოეს და უერთგულეს თანამებრძოლთა თანდასწრებით, კიდევ ერთხელ, მკაცრად და წარბშეუხრელად, ვუსწორებ თვალს ერის მრისხანე მოლოდინით აღსავსე მზერას და ხმამაღლა ვამბობ სრულიად საქართველოს გასაგონად:

მე მზად ვარ, კიდევ ერთხელ ვიკისრო პასუხისმგებლობა და საერთო-ეროვნული მანდატის მიღებით, მასზე დაყრდნობით, გადავწყვიტო ახალი, ურთულესი, უძნელესი პრობლემები, რომლებიც დგას საქართველოს, ჩვენი მრავალჭირგამოვლილი და ღირსეული ქვეყნის წინაშე ახალი ათასწლეულის დამდეგს - ახალი, ХХІ საუკუნის პირველ, გადამწყვეტ წლებში.

და მაინც, რაოდენ ძნელიც უნდა იყოს - დავარქვათ ძირითადი სახელი იმ ავადმყოფობას, რომელიც ღრღნის და წამლავს ჩვენს ეროვნულ ორგანიზმს, არ გვაძლევს ამოსუნთქვის, შემდგომი თავისუფალი განვითარების საშუალებას, ამწუხრებს მოყვარეს და ახარებს მტერს, დიახ, ახარებს მტერს, - იგი არასდროს აკლდა ისტორიულ და გეოპოლიტიკურ გზაჯვარედინზე დაფუძნებულ ჩვენს სამშობლოს.

ძალიან დიდი გაუბრალოება იქნებოდა, ამ მანკისათვის მხოლოდ „კორუფცია“ გვეწოდებინა.

მე კვლავაც გულწრფელად გეტყვით თქვენც, ჩემო თანამემამულენო, თანამოაზრენო და სრულიად საქართველოსაც, რომ აქ არ მოვსულვარ და არც თქვენ შეკრებილხართ პოპულისტური გამოსვლებისათვის.

ფუჭი და არაფრისმთქმელი იქნებოდა მორიგი საჯარო მსჯელობა კორუფციაზე, ან თუნდაც მხოლოდ დაპირება ამ წყლულის ცეცხლითა და მახვილით, მხურვალე შანთით ამოწვისა, თუ არ ვიქნებით ისევ და ისევ ბოლომდე გულწრფელი და ბოლომდე თანამდგომი, ბოლომდე შეუპოვარი ჩვენი ხალხის, ჩვენი ქვეყნის ინტერესებისათვის ბრძოლაში. მე შემთხვევით არ შევარჩიე ეს ერთი საკითხი, რომელიც შეიძლება ყველაზე მტკივნეული იყოს და რომლის დაძლევაში შეიძლება მოიძებნოს გასაღები ყველა ჩვენი ტკივილის განკურნებისა.

ეს მანკი, ეს წყლული, რომელზეც ვსაუბრობთ, გაცილებით უფრო რთული და საზარელი მოვლენაა - იგი არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ თვით საზოგადოების ისტორიული, ვიმეორებ ისტორიული მანკიცაა.

ეს ავადმყოფობა მეტისმეტად გასდევს არა მარტო საზოგადოების სხვადასხვა სოციალურ შრეს, არამედ ჩვენი ქვეყნის ისტორიასაც და თუ მას ყურადღებით გავადევნებთ თვალს, უეჭველად მივაკვლევთ მიზეზთა მიზეზს:

ხანგრძლივმა, ისტორიულმა დაძაბულობამ, განუწყვეტელმა გარეშე აგრესიამ, ჩვენი ქვეყნის საუკუნოვანმა დაქუცმაცებამ, - ბოლოს და ბოლოს გარკვეული აზრით, შეარყია და სიმყიფე შეაპარა თვით სახელმწიფოებრივ ტრადიციასაც საქართველოში. გაიხსენეთ რამდენს წერდა, რამდენს მოგვიწოდებდა დიდი ილია ჭავჭავაძე - ჩვენი ერის უდიდესი მოაზროვნე, რომ ხალხს, რომ ქართველობას, საქართველოში მცხოვრებ ადამიანებს არ დაეკარგათ სახელმწიფოებრივი აზროვნების უნარი, არ დავიწყებოდათ, რომ ჩვენ ვიყავით დამოუკიდებელი საქართველო და რომ არ დაეკარგა იმედი იმისა, რომ ჩვენ კვლავ ვიქნებით დამოუკიდებელი და ჩვენ კვლავ ვიქნებით ჩვენი თავის პატრონი.

სახელმწიფოებრივი ტრადიციის შესუსტება კი შესაბამისი ინსტიტუტის არამდგრადობასაც იწვევს.

ამიტომ, უმძიმესი და უმწვავესი სახელმწიფოებრივი პრობლემის გასაღები ისევ და ისევ ჩვენი დამოუკიდებელი, დემოკრატიული სახელმწიფოებრიობის განმტკიცებაში უნდა ვეძიოთ, რეფორმების, კიდევ უფრო მეტად რადიკალური რეფორმების ბოლომდე გატარებაში უნდა ვეძიოთ. ეს არის ერთადერთი ხსნა, ერთადერთი გამოსავალი.

სახელმწიფოებრივი სისტემისა და ცნობიერების ლპობა, მიუხედავად დამკვიდრებული აზრისა იწყება „მიკრო დონიდან, - ავადმყოფობა ვითარდება „წვრილმანიდან“, ერთი შეხედვით უმნიშვნელო ყოველდღიური კომპრომისიდან, უფრო სწორად, დათმობიდან თუ არასწორი დათმობიდან, - ხოლო კორუფცია სახელმწიფოებრივ მექანიზმში (მათ შორის სახელმწიფოს უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი ფუნქციის, - გადასახადების აკრეფის, ბიუჯეტის შესრულების ჩაშლა), - ამ ავადმყოფობის გამოვლინებაა. ვერ იარსებებს სახელმწიფო ბიუჯეტის გარეშე. მოვიპოვეთ რა დამოუკიდებლობა, თავისუფლება თითქმის ყველა პოლიტიკური დემოკრატიული ღირებულება აღიარებულია ჩვენში. თუ ქვეყანას არ ექნება მყარი ეკონომიკური საფუძველი, თუ ქვეყანას არ ექნება სრულყოფილი ბიუჯეტი, თუ ქვეყანა ვერ შეინახავს ჯარს, თუ ქვეყანა ვერ დაეხმარება პენსიონერს, მოხუცებს, თუ ჩვენ არ გვექნება განათლების სათანადო ბაზა, მკურნალობის სათანადო ბაზა, წინ ვერ წავალთ. არ ვიქნებით პირნათელი ჩვენი მომავალი თაობების, ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების წინაშე. ეს ნიშნავს ღალატს, ქვეყნის ღალატს და მე არ ვარ განწყობილი თქვენთან ერთად, რომ ჩემს ერს ვუღალატო.

მაშასადამე, ხელისუფლების კონკრეტული ხელისუფლების - პრეზიდენტისა და მმართველი პარტიის ნება უნდა გამოიხატოს ფუნდამენტურ პრობლემათა გადაწყვეტაში, მიზეზთა-მიზეზის აღმოფხვრაში, საზოგადოების კონსოლიდირებასა და გაერთიანებაში - საყოველთაოდ გაცნობიერებულ მიზნის მისაღწევად. ეს აუცილებელი მოთხოვნაა.

ზოგიერთს შეიძლება მოეჩვენოს, რომ მხოლოდ ერთ კონკრეტულ პრობლემაზე ვსაუბრობ.

სინამდვილეში მე ვსაუბრობ ქართული სახელმწიფოებრიობის ფუნდამენტურ პრობლემებზე, ვინაიდან ეს პრობლემა საბოლოოდ გადაჭრილი არ არის - და როდესაც მე, ქვეყნის პრეზიდენტმა, ვთქვი საზარელი სიტყვები, რომ „კორუფციის აღმოფხვრის გარეშე ჩვენს ერსა და ქვეყანას მომავალი არ გააჩნია“, ძნელი იყო ამის თქმა, მაგრამ მე ვთქვი ეს, ამით დავადასტურე სახელმწიფოებრივი მშენებლობის დასრულების, „დიდი საზოგადოებრივი შეთანხმების“ აუცილებლობა, რომლის საფუძველზეც პრეზიდენტს ექნება სრული უფლება და ვალდებულიც გახდება, - მიიღოს უსასტიკესი ზომები, რათა დაამყაროს წესრიგი სახელმწიფო სტრუქტურაში და, მთელ ჩვენს საზოგადოებაში.

ისევე, როგორც ჩვენ, ყველამ ერთად, დავამყარეთ წესრიგი ჩვენი ქალაქებისა და სოფლების ქუჩებში, სადაც ერთ დროს „თოფიანი კაცი“ თარეშობდა, და იგი იყო ბატონ-პატრონი ქუჩის ამ სახლებისა, თუნდაც ქალაქებისა და სოფლებისაც, ჩვენ ყველამ ერთად ბოლო მოვუღეთ სისხლიან სამოქალაქო ომებს საქართველოში.

მე ვამაყობ, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ და მე პირადად, ძალიან ბევრი გავაკეთეთ საქართველოში „დიდი საზოგადოებრივი შეთანხმების“ მისაღწევად - საერთო ეროვნული შერიგებისათვის. ეს არ იყო ლიტონი სიტყვები, ჩვენ მართლაც ბევრი რამ გავაკეთეთ, ბევრი ნაბიჯი გადავდგით და შემხვედრი ნაბიჯიც აშკარაა. თუმცა, არა იმ მასშტაბით, როგორიც საჭიროა.

სწორედ მათ ეფუძნება ქართული სახელმწიფოებრიობის დედაბოძი - საქართველოს კონსტიტუცია.

ეს არ იყო იოლი პროცესი - აუცილებელი გახდა ორივე მხარისთვის ძალზე მტკივნეული და ერთობ სარისკო ნაბიჯების გადადგმა.

მაგრამ საბოლოოდ ესეც ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება გამოდგა.

ამჟამად, ქვეყანაში არსებული კიდევ უფრო რთული ამოცანების გადასაწყვეტად, აუცილებელი და მიზანშეწონილია ახლებური აზროვნების კიდევ უფრო მეტ სიმაღლეზე აყვანა, ახალი ნაბიჯების გადადგმა. დიახ, განახლებულ ქვეყანას კიდევ უფრო განახლება სჭირდება.

მე მზად ვარ, კიდევ ერთხელ გავუწოდო ხელი ყველას - განურჩევლად წარსულის და პოლიტიკური მრწამსისა, განურჩევლად ადრინდელი თუ დღევანდელი პოზიციისა.

მე ყველას ვუწვდი (თქვენთან ერთად და თქვენი სახელით), - თანამშრომლობისა და შერიგების მსურველ მარჯვენას.

არა იმიტომ, რომ გამარჯვებაში თუნდაც იოტისოდენად მეპარება ეჭვი - არავითარ შემთხვევაში: შესანიშნავად ვიცი, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს კურსს, რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ და ერთად ვახორციელებთ, მაგრამ „საყოველთაო ეროვნული შერიგება“, საზოგადოების საბოლოო კონსოლიდირება აუცილებელია, რათა პრეზიდენტს ჰქონდეს საშუალება იმოქმედოს მთელი საზოგადოების, მთელი ქვეყნის სახელით, - საქვეყნო პრობლემებისა და ამოცანების გადასაწყვეტად - სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის დასასრულებლად.

სწორედ ეს გახლავთ ჩემი საპრეზიდენტო პროგრამის მეორე, უმთავრესი თეზისი.

იგი უმჭიდროესად უკავშირდება პირველს - ქართული, დემოკრატიული სახელმწიფოებრიობის გაძლიერებას, სახელმწიფოებრივი დაავადებებისა თუ საზოგადო მანკის, ყოველგვარი მანკის აღმოფხვრას და განკურნებას, ამის აუცილებლობას.

ეს დებულება, თუ გნებავთ ეს შეთანხმება (ჩვენი სამშობლოს უზენაესი ინტერესებიდან გამომდინარე) „დიდი საზოგადოებრივი შეთანხმების“ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თეზისი გახლავთ და ჩემი უმთავრესი დებულება.

პოლიტიკურ შეხედულებათა სხვაობა კი ვერ შეგვიშლის ხელს გავაცნობიეროთ რაც გვაერთიანებს, ანუ ზოგადეროვნული, ზოგადსახელმწიფოებრივი ინტერესები, თუნდაც ზოგადკაცობრიული ინტერესები, რომელიც უცხო აღარ არის დღევანდელი საქართველოსათვის.

მომწიფდებიან პარტიები, გამოიკვეთება ნათელი პოზიციები იმ პოლიტიკურ ძალებისა, რომლებსაც აქვთ პრეტენზია იმისა, რომ ემსახურონ თავის ხალხს, თუნდაც მოვიდნენ ხელისუფლებაში, მაგრამ, მათ, ეტყობა, დრო სჭირდებათ. მოდით, ხელი შევუწყოთ ამ პოლიტიკურ ძალებს, რათა მოხდეს მათი ფორმირება, როგორც ერის, ხალხის ინტერესების გამომხატველი ძალებისა.

გამომდინარე ამ მტკიცე გადაწყვეტილებიდან, მე მზად ვარ გადავდგა ახალი ნაბიჯები, რათა ბოლო მოეღოს სამოქალაქო ომის ღრუბლებს საქართველოში, თავისუფლების საწყის პირობას დაუბრუნდეს ყველა, ყველა მოქალაქე, ყველა ადამიანი, ვისაც ხელი თანამოძმის სისხლში არა აქვს უშუალოდ გასვრილი.

ამ საფუძველზე კი, ახალი საუკუნის პირველივე წლებში, ხალხის მანდატის გამოყენებით, თქვენს ნდობაზე დაყრდნობით, თქვენი თანადგომითა და მხარდაჭერით, მე უეჭველად შევძლებ ბოლომდე მივიყვანო დაწყებული საქმე: დავასრულო საქართველოს ახალი, დემოკრატიული სახელმწიფოს ნამდვილი აღმშენებლობის პროცესი. სასტიკად და დაუნდობლად, მაგრამ კანონის ფარგლებში ვებრძოლო ყოველგვარ მანკს, რომელიც ხელს უშლის საქართველოს წინსვლას და ჩვენს აღმშენებლობას: ამავდროულად უნდა ვთქვათ: უნდა შევქმნა ყველა პირობა და ამის გარანტიასაც ვიძლევი, თითოეული პიროვნების თავისუფალი და ბედნიერი განვითარებისათვის, რათა ყველა მოქალაქემ სრულად შეძლოს თავისი ნიჭისა და უნარის გამოვლენა - საკუთარი ოჯახისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ.

ეს არის ჩემი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება, რომელიც თავისთავად გულისხმობს „საპრეზიდენტო პროგრამაში“ ჩამოყალიბებულ დებულებათა აღსრულებას სიღატაკის, სიღარიბის დაძლევას. ეს არის ჩემი უმთავრესი მიზანი, როგორც თითოეული თქვენთაგანისა. საქართველოში 2-3 წლის შემდეგ აღარ იქნებიან ღატაკნი და მიუსაფარნი. ჩვენ ამას შევძლებთ, ჩვენ ეს უნდა შევძლოთ. მე გაძლევთ ამის პირობას, გარანტიას. მივაღწიოთ შემდგომ დემოკრატიულ განვითარებას, ეკონომიკურ აღმავლობას, და როგორც არაერთხელ ვთქვი, ეკონომიკისაკენ მთელი ჩვენი შესაძლებლობით შემობრუნებას. უნდა მივაღწიოთ ჩვენი სამშობლოს გაერთიანებას. მე ვთვლი, რომ ამ 5 წლის განმავლობაში დამთავრდება ლტოლვილთა დაბრუნების პროცესი და საქართველო გაერთიანდება.

და კიდევ ერთი: ჩვენ ძალიან გვჭირდება საერთაშორისო თანამეგობრობა, მისი მხარდაჭერა, მისი თანადგომა, ჩვენ ბევრი რეზერვი გვაქვს, ამ მხრივ საქართველოს ბევრი რამის გაკეთება შეუძლია. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და მეც, ლიდერი ყველაფერს ვიღონებ იმისათვის, რომ ამაღლდეს, გამდიდრდეს ჩვენი სულიერება.

მე ნამდვილად არ მჩვევია ფუჭსიტყვაობა.

მე ვიცი, რა სჭირდება ჩვენს ქვეყანას, რა უჭირს და რით არის სნეული.

მე ვიცი, რა უნდა გაკეთდეს, როგორ უნდა განიკურნოს ჩვენი ქვეყანა საბოლოოდ და როგორ უნდა ავაშენოთ ჭეშმარიტად დამოუკიდებელი, ყველა გარანტიის მქონე სახელმწიფო.

მე ეს შემიძლია - მე ვგრძნობ ჩემს თავში ძალას, რათა თქვენი თანადგომით, ერის მხარდაჭერით, ჩემი ხალხის უზენაესი და უძლეველი ნებით, ერთად განვლოთ დარჩენილი გზა - დემოკრატიული ქართული სახელმწიფოებრიობის საოცნებო მწვერვალამდე.

მე მჯერა, რომ ამ უმაღლესი მიზნის მიღწევისათვის ბრძოლაში მხარს დამიჭერს ჩემი სათაყვანებელი ხალხი, ჩემი სათაყვანებელი სამშობლო და ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვაცხადებ, რომ გარანტირებული მაქვს მსოფლიო თანამეგობრობის, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მხარდაჭერა. ეს საქართველოს მხარდაჭერაა.

ყველა თქვენგანი გახდება მოწმე საქართველოს ტრიუმფალური სვლისა დამოუკიდებელი, დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობაში. ყველა გახდება მოწმე იმისა, თუ როგორ ვჭირდებით ჩვენ პარტნიორებს, მათ შორის, უძლიერესთ ამა ქვეყნისა.

გაუმარჯოს, დამოუკიდებელ, თავისუფალ საქართველოს, მშვიდობა ჩვენს ქვეყანას.

„მე მზად ვარ, კიდევ ერთხელ ვიკისრო პასუხისმგებლობა და საერთო ეროვნული მანდატის მიღებით, მასზე დაყრდნობით, გადავწყვიტო ახალი, ურთულესი, უძნელესი პრობლემები, რომელიც დგას საქართველოს, ჩვენი მრავალჭირგამოვლილი და ღირსეული ქვეყნის წინაშე ახალი ათასწლეულის დამდეგს - ახალი, XXI საუკუნის პირველ, გადამწყვეტ წლებში“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2000. - 4 აპრილი. - №90 (3491). - 1,2 გვ.

58 დიახ, პრეზიდენტი გისმენთ

▲ზევით დაბრუნება


5 აპრილს, როგორც გამოცხადებული იყო, საქართველოს მოქალაქეებს საშუალება ჰქონდათ პირადად გასაუბრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძეს, რომელიც 10 მარტიდან მუშაობს.

დილის 9.15 საათიდან დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში პრეზიდენტის ტელეფონზე გაისმა 200-მდე ზარი, მათ შორის, საქართველოს სხვადასხვა რაიონებიდან. დროის სიმცირის გამო ედუარდ შევარდნაძემ მხოლოდ 12 მოქალაქესთან შეძლო გასაუბრება.

გთავაზობთ საქართველოს პრეზიდენტთან ნდობის ტელეფონით გამართული საუბრების ზუსტ სტენოგრაფიულ ჩანაწერს, რომელშიც საუბრის სტილი სპეციალურად არის დაცული.

პირველი ზარი.

- ალო, გამარჯობათ, ბატონო პრეზიდენტო.

- დილა მშვიდობისა.

- მე ვარ ეკა ჩხიკვაძე. ვცხოვრობ თბილისში. ჩვენი ოჯახი მოდის არჩევნებზე, რათა დაგიჭიროთ მხარი. მაგრამ მაწუხებს უმუშევრობის პრობლემა. ძალიან გთხოვთ, დიდი ყურადღება მიაქციოთ ამ პრობლემას. ჩემი მეუღლე შემცირების გამო ორ წელიწადნახევარი უმუშევარი იყო.

- ახლა მუშაობს?

- დიახ, მუშაობს.

- კამყოფილია?

- დიახ, კმაყოფილია. ჩვენი ოჯახი აუცილებლად დაგიჭერთ ხმას 9 აპრილს. გისურვებთ წარმატებას.

- დიდი მადლობა. რაც შეეხება უმუშევრობას, მიაქციეთ ყურადღება: ეს ჩემს პროგრამაში სპეციალური თემაა, მასში არის სპეციალური თავი ამის შესახებ. მე ვალდებულება ვიკისრე, რომ საქართველოში უმუშევრობა აღარ იქნება.

- ჩვენ გვჯერა თქვენი. აუცილებლად დაგიჭერთ მხარს.

- დიდი მადლობა მხარდაჭერისათვის. ბედნიერებას გისურვებთ.

- გმადლობთ.

მეორე ზარი:

- რომელი ბრძანდებით?

- ვინც თქვენ გნებავთ ის (იცინის).

- ბატონი პრეზიდენტი ბრძანდებით?

- დიახ.

- მე გელაპარაკებით კახეთიდან, კახელი კაცი.

- როგორ მომაწვდინე ხმა?

- არა უშავს, კარგად. 74 წელს გადაცილებული კაცი ვარ, ადრე კოლმეურნეობაში ვმუშაობდი, ვიყავი ბრიგადირი, მექანიზატორი. ახლა ვარ გლეხი, ვმუშაობ ჩემს ნაკვეთში. ვმუშაობ როგორც წესი და რიგია.

- შესანიშნავია.

- ძალიან მოხარული ვარ, რომ პრეზიდენტს ველაპარაკები საკუთარი ოჯახიდან.

- ტელეფონი სახლში გაქვთ?

- დიახ, დიახ.

- დიდი მადლობა, რომ დამირეკეთ, ხომ არაფერში გჭირდებათ ჩემი დახმარება?

- მე კახელი კაცი ვარ და სოფელშიც და რაიონშიც პენსიების საკითხი არი, კაცო. გასარჩევია, გასაკეთებელია, დასარიგებელია. კაცო, რამდენიმე თვეებისა აქვს მისაღები ხალხსა. აი ეს არის გაჭირვება ჩვენთან, ყველაზე მაგარი გაჭირვება. დანარჩენი, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ხალხი გამოვიდეს და იშრომოს და ჭამოს პური. აი, ეს არი ჩვენი გაჭირვება.

- მე ძალიან კარგად ვიცი ეს გაჭირვება ჩემი დაპირება, საპრეზიდენტო დაპირება არის ის, რომ რაც შეიძლება მოკლე ვადებში თავი გავართვათ ამ საკითხს, ამ პრობლემას და საქართველოში აღარ იყოს ლაპარაკი პენსიებზე და ხელფასებზე, ყველამ თავის დროზე მიიღოს, რაც ეკუთვნის.

პატივცემულო პრეზიდენტო, მე გლეხი კაცი ვარ, კახელი კაცი ვარ და რო დავტრიალებ და აქეთ-იქით დავდივარ, ყველა ლაპარაკობენ იმაზე, რომ იქ ვიღაცეები უშლიან ხელს, რაღაცეებს აკეთებენ პრეზიდენტის საწინააღმდეგოდ, რომ არჩევნებში არ მისცენ ხმა, იმის გულისთვის, რომ გაუფუჭონ საქმეო. თქვენი ადამიანობა იმაშია, რომა ისეთ სიმაღლეზე დგეხართ სოფლისთვისაც და რაიონისთვისაც...

- დიდი მადლობა, შენისთანა ხალხი თუ იქნება მაგრად, არაფერი საშიში არ არის.

- მე ვარ ჩუმლაყელი კაცი, ბერულაშვილი შოთა, 75 წლია კაცი ვარ, ისე მხნედა ვარ, რო ჩემთვის ვმუშაობ, ვწვალობ და მშიერი არ ვიქნები თავის დღეში. ოთხი პარტია შვილები და შვილიშვილები მყავს და ესენია ჩემი ყველაფერი.

- ღვინო შემოგრჩა?

- ღვინო იმდენი მაქვს რამდენიც გინდა. ყოველდღიურადა ვსვამ პრეზიდენტის სადღეგრძელოს. უმაგისოდ არ შეიძლება (პრეზიდენტი იცინის) პენსიით თუ შეგვიწყობთ ხელს, შხამქიმიკატებს ვიყიდით, შვილიშვილებსაც ვუყიდი რაღაცას.

- ეს მიდა გკითხო, დიზელის საწვავი მიიღე უფასოდ?

- დიახ და დიდი მადლიერია ხალხი. ძალიან კარგ მოსავალს უჩანს პირი, ყველამ უკვე მოხნა, კულტივაცია, ყველაფერი ჩაატარეს.

- მე ვნახე დავარცხნილი და გალამაზებული კახეთი.

- ძალიან შეგვიწყო ხელი მაგ ამბავმა, ძალიანა. ჰოდა, მინდა რაღაცა. ხო იცი, კახელებმა იციან ხოლმე, „ჟულიკები“ რაღაცას გატყუებენ და აი, მაგათ უნდა მიუბრუნდე და მაგარი, მაგარი...

- მოვიქცევი კახურად ამიერიდან. დიდი მადლობა და არ დაგავიწყდეს, შემოდგომაზე ღვინოს რომ დაწურავ, მაშინ შემოგივლი აუცილებლად..

- შემოიარე რა, შავი ღვინოც მექნება და თეთრი ღვინოც, მარტო ჯანმრთელი იყავი, ყველა აგირჩევთ. გურჯაანის და ჩუმლაყის მოსახლეობა მადლიერი არიან.

- დიდი მადლობა, გამარჯვებას გისურვებთ შენ და შენ ოჯახს.

- ამის შემდეგ მეორე არჩევნები რომ იქნება, ისევ თქვენ უნდა აგირჩიოთ.

- ოოო, ეს პრობლემაა.

- პირობა უნდა მომცე, რომ უნდა კარგად იყვე. აბა, როგორ!...

- პირობას გაძლევ, რომ კარგად ვიქნები, მაგრამ ამირჩევენ თუ არა, ეს სხვა საკითხია. დიდი მადლობა, მომიკითხე ოჯახი და ჩუმლაყელები.

მესამე ზარი:

- ალო, ბატონი პრეზიდენტი ბრძანდებით?

- დიახ, მე ვარ. ცოტა ხმამაღლა ილაპარაკეთ, თუ შეიძლება.

- ბატონო პრეზიდენტო, მე თენგიზ ასანიძის მეუღლე ვარ, გულიკო ასანიძე, ძალიან ცუდ დღეში ვართ, ბატონო პრეზიდენტო. რამდენი ხანია თქვენ შეიწყალეთ ჩემი მეუღლე, მაგრამ ციხიდან მაინც ვერ გამოდის. ისევ თქვენი იმედი გვაქვს, იქნებ გვიშველოთ. თქვენი მხარდამჭერები ვართ. გევედრებით, იქნებ, დაგვეხმაროთ, რამე იღონეთ...

- ქალბატონო გულიკო, რაც შეიძლებოდა, მართლა ყველაფერი გავაკეთეთ. შეწყალების აქტი უკვე შედგა.

- კი, ბატონო ედუარდ, მაგრამ თქვენ რომ მოისურვოთ და სთხოვოთ ბატონ ასლანს, ნუთუ არ დაგიჯერებთ? თქვენ არ სთხოვთ, ალბათ, კი შეიწყალეთ, მაგრამ არ აკეთებს ეს კაცი და თქვენ სთხოვეთ, ძალიან გთხოვთ...

- კარგით, მე შევეცდები. მე არ გამოვრიცხავ, შეიძლება ხვალ ბათუმში ვიყო.

- გევედრებით, ბატონო ედუარდ. თქვენი მლოცველი ვიქნები მთელი ცხოვრება, გევედრებით.

- დიდი მადლობა, ძალიან ვწუხვარ თქვენი ოჯახის მდგომარეობის გამო. შევეცდები, რაც შემიძლია, გავაკეთო ყველაფერი.

- შეგიძლიათ, იმიტომ გევედრებით, თქვენი და თქვენი ოჯახის მლოცველი ვიქნები დარჩენილი სიცოცხლე.

- შევეცდები, ყოველ მიზეზს გარეშე.

მეოთხე ზარი:

- დიახ, გისმენთ.

- ალო, სად მოვხვდი?

- მე მგონი პრეზიდენტთან, თუ არ ვცდები (იცინის).

- ძალიან სასიამოვნოა, პირადად პრეზიდენტთან შეიძლება... (კავშირი გაწყდა).

მეხუთე ზარი:

- საბურთალოს რაიონის მაცხოვრებელი ნინო გელოვანი გაწუხებთ.

- საიდან ბრძანდებით?

- საბურთალოს რაიონიდან.

- დიახ, დიახ.

- თქვენთან დაკავშირებით ჩემი სურვილები უკვე გამოვხატე თქვენი შტაბის აგიტატორებთან გასაუბრებისგან, მაგრამ მინდა, მაინც პირადად მოგმართოთ და გისურვოთ გამარჯვება არჩევნებში. ეს იქნება ერთადერთი სწორი არჩევანი ჩვენი ხალხისა, თუკი ეს ასე მოხდება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ასე მოხდება. მე მაქვს ერთი პრობლემა, რომელიც მთელი ქალაქის პრობლემაც არის და ჩვენი რაიონის პრობლემაც. შუქის პრობლემა. მოგეხსენებათ, გრაფიკით მოგვეწოდება შუქი, მაგრამ ეს ძალიან მინიმალურად უზრუნველყოფა ჩვენი ოჯახის მოთხოვნებს. ხშირად ეს გრაფიკიც ირღვევა. გთხოვთ, ეს პრობლემა მოგვიგვაროთ.

- მე ძალიან განვიცდი, რომ ელექტროენერგიის მომარაგების საკითხი ასე გაჭიანურდა. გაჭიანურდა იმის, გამო, რომ, სამწუხაროდ, დახარჯული ელექტროენერგიის საფასურის ამოღების პრობლემა ვერ მოგვარდა. ჩვენ ახლა ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ თუ ჩვენ არ გვეყოფა ჩვენი საკუთარი წარმოების ელექტროენერგია, შემოვიტანთ რუსეთიდან იმდენს, რამდენიც საჭიროა. სომხეთიდან შემოგვაქვს. მე შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ მომავალი ზამთარი უკეთესი იქნება და შეიძლება დედაქალაქში უგრაფიკოდაც კი ვიმუშაოთ. შეიძლება, მაგრამ მტკიცე პირობას ჯერჯერობით ვერ მოგცემთ. მე უკვე ვიკისრე ვალდებულება. ამ არჩევნების წინ, რომ ენერგეტიკული პრობლემა საბოლოოდ გადავწყვიტო საქართველოში.

- გმადლობთ.

- დიდი მადლობა მხარდაჭერისათვის. მთელ თქვენს ოჯახს ბედნიერებას ვუსურვებ.

მეექვსე ზარი:

- ალო, დილა მშვიდობისა, ბატონო ედუარდ.

- დილა მშვიდობისა და მითხარით, სახელი რა გქვიათ.

- ბელა თეთრაული გახლავართ. ღმერთმა მშვიდობა მოგცეთ. არც კი მგონია, რომ თქვენ გელაპარაკებით.

- მეც ვიბნევი, მეც ვიბნევი (იცინის).

- ვიცი რომ ყველა თქვენ გაწუხებთ და ძალიან დატვირთული ხართ, მაგრამ ძალიან რომ არ მიჭირდეს, არაფრით არ შეგაწუხებდით. შვილი მყავს ძალიან ცუდ მდგომარეობაში ბავშვი საღსალამათი დაიბადა. ოთხი წლის შემდეგ ბავშვი ნელ-ნელა სახსრებში წყდება. დაადასტურეს, რომ პროგრესულად ვითარდება დაავადება დისტროფია. რაც შევძელით, ყველაფერი გავაკეთეთ. სამი წელიწადი მე და ჩემი მეუღლე გადაკარგული ვიყავით კიე350

ვში. ჩემი მხრიდანაც, ქმრის ოჯახის მხრიდანაც, რაც საშუალება გვქონდა, ყველაფერი ამოვწურეთ. დავუკავშირდით პოლონეთს, ერთადერთი ცენტრი ყოფილა პოლონეთში, სადაც შეიძლება ბავშვს უმკურნალონ, ყოველ შემთხვევაში, მთლად დადამბლავებისგან შეიძლება გადაარჩინონ. იქაურ ცენტრს კი დავუკავშირდით, მაგრამ ჩვენი ძალებით ვეღარ შევძლებთ. რაც გასაყიდი გვქონდა, უკვე გავყიდეთ. ერთი სახლი გვქონდა ჭიათურის ქუჩაზე და დაგვინგრიეს. ის რომ აშენებული იყოს, კიდევ რაღაცას მოვახერხებდით. ფაქტობრივად, აღარაფერი დაგვრჩა. ერთადერთი იმედი თქვენ დაგვრჩით, იქნებ რაღაცაში მოგვეხმაროთ, იქნებ, თქვენი ძალისხმევით, რაღაც გვიშველოთ.

- სპეციალისტები, ექიმები საქმის კურსში არიან?

- კი, კი.

- ჯანმრთელობის სამინისტრო საქმის კურსშია?

- ჯანმრთელობის სამინისტრო არა.

- კარგით. მე დავავალებ, ალბათ, ერთი კვირა საჭირო იქნება, რომ შეისწავლონ ყველაფერი.

- ბავშვს ჰქვია რაზიკაშვილი დათო ზაზას ძე.

- კარგით (ინიშნავს).

- ბატონო ედუარდ, თქვენი მლოცველი ვიქნებით, მთელი ჩემი ოჯახი, მთელი შემადგენლობა.

- რა შემიძლია შეგპირდეთ. პირადად ვიცნობ პრეზიდენტს, მას მივწერ პირად წერილს და თხოვნას, შევეცდები გამოვძებნო სახსრები და საშუალებები. თუ არაფერი მოხერხდა, საკუთარი სახსრებით მოგეხმარებით.

- ღმერთი იყოს თქვენი მფარველი

- დიდი მადლობა, იცოცხლეთ.

მეშვიდე ზარი:

- სალამი, ბატონო პრეზიდენტო, გურიიდან ნოდარ ტაკიძე მოგესალმებით და გეფერებით მთელი გურულების სახელით.

- როგორ მოაღწიეთ ჩემამდე?

- დავრეკე აგერ სახლიდან. ვუსმენ ტელევიზორს და გადავწყვიტე, გავრისკე, დავრეკე კიდეც უბედნიერესი კაცი ვარ.

- გეთქვა, შემოგეთვალა და მე დაგირეკავდით (იცინის).

- ბატონო პრეზიდენტო, თქვენ, ალბათ, შეამჩნიეთ, ზუგდიდში გახლდით პატარა დელეგაციით. ერთი ოთხი საათით ადრე ჩავედით, მინდა ეს ეპიზოდი მოგიყვეთ. ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, სხვას არც ველოდით და თქვენს ირგვლივ ისეთი დადებითი სიტუაცია ვიგრძენით სამეგრელოში, რომ აღფრთოვანებული დავრჩით ძალიან. მინდა ეს ინფორმაცია გადმოგცეთ. ჩვენ მოვეფერეთ მეგრელებს, გვენატრებოდა იქაურობა ძალიან, კარგა ხანია, იქ არ ვყოფილვართ, უდიდესი კმაყოფილება და მადლიერებაც კი მოვახსენეთ, მაგრამ პატარა დაფიქრებულიც კი ჩამოვედით. ხომ იცით, მეგრელებმა რა თქვეს. გურულებს რაც უნდა, იგი გვინდა ჩვენცო. ჰოდა, მეგრელებს რაც უნდა, იგი გვინდა ჩვენც. იყავით დარწმუნებული, რომე ყველაფერი შესანიშნავად იქნება.

- იქნება და მადლობელი ვარ, რომ სამეგრელოში ჩახვედით. ჩვენ ყველამ სამეგრელოთიც უნდა ვიამაყოთ და, რა თქმა უნდა, გურიითაც.

- ჩვენ ეს ვიგრძენით, როგორ მოგვეფერნენ და ძალიან კმაყოფილი დავბრუნდით იქიდან.

მე რომ მოვდივარ თქვენთან?

- გელოდებით დიდი აღფრთოვანებით, დიდი ამბით გელოდებით, ყველა ფეხზე ვდგავართ და გელოდებით ყველანი.

- ადესა გაქვთ?

- გვაქვს.

- გაიხარეთ (პრეზიდენტი იცინის).

მერვე ზარი:

- დილა მშვიდობისა, ბატონო პრეზიდენტო.

- დილა მშვიდობისა.

- მე ვარ დარეჯან ქარცივაძე, თბილისიდან. პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ მე და ჩემი მრავალრიცხოვანი ოჯახი თქვენ გიჭერდით მხარს და ამჯერადაც ასე იქნება. მაგრამ ერთი რამ მინდა გთხოვოთ...

- სანამ იტყოდეთ, მითხარით, შვილი გყავთ?

- შვილი სამი. შვილიშვილი ერთი.

- ყოჩაღ.

- მე ბავშვთა მეცამეტე პოლიკლინიკაში ვმუშაობ და კარგად ვღებულობ ხელფასს, მაგრამ ჩემი ოჯახის წევრები, დანარჩენებიც ექიმები არიან, თვეების განმავლობაში ვერ ღებულობენ ხელფასს და ასეა ექიმების უმრავლესობა. დარწმუნებული ვარ, თუ თქვენ ამ პრობლემას სასიკეთოდ გადაწყვეტთ, უმრავლესობა თქვენ დაგიჭერთ მხარს. კიდევ ერთი რაღაც მინდა გთხოვოთ, რომ მეტი ყურადღება მიაქციოთ ჯანდაცვის საქმეს. სამედიცინო დაწესებულებების უმრავლესობა ავარიულ მდგომარეობაშია და არა გვაქვს სამედიცინო აღჭურვილობა. ესეც თუ მოგვარდება, ძალიან კარგი იქნება.

- საპრეზიდენტო პროგრამაში ჯანმრთელობა გამოვყავი, როგორც ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი სახელმწიფოსი, მათ შორის პრეზიდენტისა. ყველა ქალაქში სპეციალური პროგრამები დამუშავდება. ყველაფერი ერთ წელიწადში არ მოგვარდება, მაგრამ ორ-სამ წელიწადში ჯანმრთელობის სისტემა სულ სხვა იქნება. და არც ხელფასების პრობლემა აღარ იარსებებს.

მეცხრე ზარი:

- ბატონო პრეზიდენტო, გესალმებით გეოლოგი ვახტანგ თოდრია თბილისიდან. მაინტერესებს, რამდენად რეალურია ქართული ნავთობის მოპოვება. მართლა არსებობს დიდი ნავთობი?

- მე კი მჯერა, მაგრამ ზოგი ამბობს, რომ ეს მოგონილია და არანაირი ვერტიკალური და ჰორიზონტალური ბურღვები არ მიმდინარეობს და წინასაარჩევნო ფანდი არისო. თქვენ უშუალო მონაწილე ხართ ამ ამბის და მაინტერესებს, რა ხდება.

- მადლობელი ვარ. გეოლოგი ხართ და თქვენთან იოლი იქნება საუბარი ამ თემაზე. თქვენ იცით, რომ ის კომპანიები, რომლებიც მუშაობენ საქართველოში, საქმეს იოლად ხელს არ მოჰკიდებენ, თუ არ არიან დარწმუნებულნი ყოველმხრივ, მათ შორის, კოსმოსური გადაღებებით და სხვა საშუალებებით, რომ არის დიდი ნავთობი. ალბათ, ამას სხვებიც მოისმენენ. საქართველოში ნამდვილად არის დიდი ნავთობი. დიდი ნავთობია ტარიბანაში, სადაც აღმოჩნდა მეორე დიდი აუზი არანაკლები მოცულობისა, დაახლოებით 600 მილიონ ტონამდე. გარდა ამისა, ნინოწმინდაში არის ძალიან კარგი და საიმედო საბადოები, საიდანაც ჩვენ გაზს ვიღებთ უკვე, ნავთობსაც ვიღებთ. გარდა ამისა, ვაწარმოებთ მოლაპარაკებას ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიასთან, რომელიც იწყებს მუშაობას შავ ზღვაში. იქაც რამდენიმე მილიონ ტონას ანგარიშობენ. მადლობელი ვარ, რომ ეს კითხვა დასვით. მე ვიცი, ჩემმა ერთ-ერთმა ოპონენტმა გაითამაშა ამ თემით, არავითარი ჰორიზონტალური და ვერტიკალური ბურღვები არ არისო. ამ საკითხში კარგად რომ გაერკვე, კარგად უნდა იცოდე, რა არის ჰორიზონტალური და რა არის ვერტიკალური. მე არ მითქვამს, რომ ყველგან ჰორიზონტალურია. მე ვთქვი, რომ ტარიბანაში მიმდინარეობს ვერტიკალური ბურღვები. მათ მიაღწიეს მე-19 ჰორიზონტს, საიდანაც მოდის საოცარი წნევით ნავთობი და ორ კვირაში ამოღებასაც დავიწყებთ. რაც შეეხება ჰორიზონტალურს, ეს მოგონილი და ჭორი კი არ არის, ეს მართლაც დაიწყო ნინოწმინდაში. ეს ამიერკავკასიაში და არა მარტო ამიერკავკასიაში, პირველი გამოყენებაა ამ მეთოდის, მოწინავე ტექნოლოგიისა, რომელმაც უნდა მოგვცეს სერიოზული მარაგები გაზისა, რომ სერიოზულად მოვამარაგოთ ჩვენი თბოელექტროსადგურები, თბილსრესი. ამასთან, საკმაოდ დიდი მარაგებია ნავთობისა. ეს შრეები ნინოწმინდიდან მანავამდე გრძელდება, და შეიძლება კიდევ უფრო იქითაც გაგრძელდეს. ეს რეალობაა, უკვე მიმდინარეობს ეს სამუშაო, და არავითარი ფანდი არ არის.

- დიდი მადლობა, ბატონო პრეზიდენტო, წარმატებებს გისურვებთ.

- დიდი მადლობა შეკითხვისათვის.

მეათე ზარი:

- დილა მშვიდობისა, ბატონო პრეზიდენტო.

- მოგესალმებით.

- მე გახლავართ თქვენი მხარდამჭერი თამარ ბოლქვაძე. გუშინ გავრცელდა ხმა, რომ თქვენ ჩამობრძანდებით აჭარაში. რამდენად რეალურია ეს?

- წესით, მე უნდა ჩამოვიდე აჭარაში. თუმცა ხვალინდელი დღე ძალიან მძიმეა. ღონისძიებებია დაგეგმილი და, ალბათ, მოვახერხებ, დღის მეორე ნახევარში ჩამოვიდე. მე ამ თვენახევრის წინ ვიყავი აჭარაში. უამრავი ობიექტი დავათვალიერე, მაგრამ ამომრჩევლებს არ შევხვედრივარ. მიმაჩნია, არ იქნება მართებული, რომ აჭარაში არ ჩამოვიდე და ამომრჩევლებს არ შევხვდე. მთავარი ის არ არის, ვის მისცემენ ხმას. მთავარია პრეზიდენტი შეხვდეს თავის ამომრჩეველებს.

- დიდი მადლობა. გისურვებთ გამარჯვებას მე და მთელი ჩემი ოჯახი.

მეთერთმეტე ზარი:

- გამარჯობათ. დაუჯერებელია, ბატონო პრეზიდენტო. მე პედაგოგი გახლავართ, ციცო ცინვალელი.

- მოგესალმებით.

- წინასწარ მინდა გითხრათ, რომ გილოცავთ, თუნდაც დღევანდელ დღეს. ეს არის ზღაპრული და წარმოუდგენელი. გისურვებთ ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს და ბედნიერებას. მე ბედნიერი ვიქნებოდი, რომ თქვენთან სათხოვარი არ მქონოდა და ამ სიტყვებით დამემთავრებინა. 21 წლის გოგონა მყავს, მეხუთე კურსზეა. არდადეგების შემდეგ ინსტიტუტიდან გარიცხეს თანხის შეუტანლობის გამო. მე ფეხი მაქვს მოტეხილი და ვერაფერს ვერ ვახერხებ.

- სად სწავლობს?

- უცხო ენებში.

- თუ შეიძლება, გვარი კიდევ გამიმეორეთ.

- მე თვითონ ციცო ცინვალელი გახლავართ. ბავშვი მეგი ნადირაშვილია.

- მეხუთე კურსზეა?

- დიახ.

- მე ორ დღეში დაგირეკავთ, აუცილებლად.

- მინდა გითხრათ, რომ მთელი ოჯახი, ალბათ, მთელი პედკოლექტივი თქვენს გვერდით ვდგევართ.

- როცა მე გეუბნებით, შევეცდები-მეთქი, ეს თითქმის გადაწყვეტას ნიშნავს.

- დიდი მადლობა.

მეთორმეტე ზარი:

- გამარჯობათ, მე გახლავართ თბილისში მცხოვრები თინიკო ქარსელაძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტი.

- მოგესალმებით, თინიკო.

- მე ყოველთვის ვოცნებობდი თქვენთან შეხვედრაზე, თუნდაც საუბარზე. დიდი მადლობელი ვარ, რომ გამოვედი ხაზზე. გისურვებთ ძალიან დიდ წარმატებებს არა მარტო არჩევნებში, არამედ პირად ცხოვრებაში. მე სტუდენტთა და ასპირანტთა კავშირის აქტიური წევრი ვარ და მათი სახელით გიცხადებთ მხარდაჭერას. ჩემთან ერთად იმყოფებიან ჩემი სტუდენტები და ყველა გიჭერთ მხარს.

- თინიკო, ძალიან დიდი მადლობა. ყველა შენს მეგობარს გადაეცი ჩემი საუკეთესო სურვილები. შეპირდი ჩემი სახელით. მე უკვე ვთქვი ჩემს საპრეზიდენტო პროგრამაში, რომ ახალგაზრდობაზე ზრუნვა ჩემი უმთავრესი მოვალეობაა. მე ამას შევასრულებ კეთილსინდისიერად.

- მე თქვენი მჯერა, ბატონო პრეზიდენტო, აუცილებლად გადავცემ. ძალიან დიდი მადლობა.

- როცა არჩევნები დამთავრდება, თუ ისურვებთ, შეგხვდებით, აუცილებლად.

* * *

სატელეფონო საუბრების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მოსახლეობასთან ურთიერთობის ეს ფორმა გარკვეულწილად უნდა შენარჩუნდეს. კერძოდ, ორშაბათობით, რადიოინტერვიუს დროს იგი უპასუხებს იმ შეკითხვებს, რომლებიც განსაკუთრებით პრობლემატური და საინტერესო იქნება მოქალაქეებისათვის.

დიახ, პრეზიდენტი გისმენთ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2000. - 6 აპრილი. - №92 (3493). - 1,3 გვ.

59 კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრ „ღია სივრცის“ საინიციატივო ჯგუფის წევრებს

▲ზევით დაბრუნება


ყურადღებით გავეცანი თქვენს წერილს და მიმაჩნია, რომ ცენტრ „ღია სივრცის“ მუშაობის ძირითად მიმართულებას, რომელიც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის და თანამედროვე ხელოვნების კვლევას, პოპულარიზაციას და სწავლებას გულისხმობს, მართლაც უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს 21-ე საუკუნის გლობალურ პროცესებში თვითმყოფადი ქართული კულტურის ჰარმონიული ჩართვისათვის.

სიამოვნებით გიცხადებთ თანხმობას „ღია სივრცის“ საპატიო თავმჯდომარეობაზე.

საქართველოს კულტურაზე ზრუნვა ყველა ჩვენგანის ვალია.

საქართველოს პრეზიდენტი
ედუარდ შევარდნაძე.

კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრ „ღია სივრცის“ საინიციატივო ჯგუფის წევრებს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2000. - 11 აპრილი. - №97 (3498). - 2 გვ.

60 საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის პრესკონფერენცია

▲ზევით დაბრუნება


2000 წლის 10 აპრილი

10 აპრილს, პრეზიდენტის არჩევნების მეორე დღეს, საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე შეხვდა საქართველოსა და არჩევნებზე აკრედიტირებულ უცხოეთის მასობრივი ინფორმაციის წარმომადგენლებს. პრესკონფერენციის დაწყებამდე ედუარდ შევარდნაძემ მოკლედ მიმოიხილა საქართველოს პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობა და შედეგები.

ედუარდ შევარდნაძის შეფასებით, საარჩევნო კამპანია და არჩევნების პროცესი საჯაროდ, სახალხოდ მიმდინარეობდა. შესაბამისად, მასობრივი ინფორმაციის საშულებებით ამ პროცესის გაშუქება მსოფლიო სტანდარტების დონეზე განხორციელდა. „შესაძლოა, ცალკეულ პრეტენდენტს პრეტენზიები ან შენიშვნები ჰქონდეთ, მაგრამ ამ ღონისძიების გაშუქებისა და მოსახლეობამდე მიტანის ხარისხი ძალიან მაღალი იყო. ამგვარად, არჩევნები შედგა და მასში მოსახლეობის უმრავლესობამ მიიღო მონაწილეობა. შეიძლება, ეს ბევრ ქვეყანაში არავის უკვირდეს, მაგრამ იმ ქვეყანაში, სადაც ჯერ კიდევ მოუშუშებელია სამოქალაქო ომის, სისხლიანი კონფლიქტების ჭრილობები, სადაც მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილს არ მიუღია პენსიები, ბევრი დაგვიანებით იღებს ხელფასს, ენერგეტიკული კრიზისი და მრავალი სხვა პრობლემა არსებობს, ცხადია ძნელი წარმოსადგენი არ იყო, რომ მოსახლეობის დიდი უმრავლესობა მაინც არჩევნებს დაუჭერდა მხარს, გამოცხადდებოდა საარჩევნო ყუთებთან და თავის ვალს მოიხდიდა“.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, შემდგარი არჩევნები ბოლო წლებში შემუშავებული კურსის აღიარებასა და მოსახლეობის მიერ მხარდაჭერას მოწმობს. „მოსახლეობის აქტიური მხარდაჭერა, მათი მონაწილეობა არჩევნებში იმ ღირებულებების აღიარებაა, რომელთათვისაც ამდენი წელიწადია ვიღვწით. ეს არის დამოუკიდებლობა, თავისუფლება, განვითარების დემოკრატიული საფუძველი. მოსახლეობის აქტიურობას განვიხილავთ, როგორც თითოეული მოქალაქის ხაზგასმულ პასუხისმგებლობას ამ კურსის განხორციელებისათვის ბრძოლაში. ნიშანდობლივია, რომ არა მარტო პრეზიდენტი და მისი გუნდი, მისი მხარდამჭერები, არამედ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა გრძნობს პასუხისმგებლობას ახალი სახელმწიფოს მშენებლობაში. არჩევნების შედეგები იმის დასკვნის საშუალებას იძლევა, რომ მოსახლეობამ მხარი დაუჭირა არა მარტო განვლილ ეტაპს, გასულ წლებში განხორციელებულ კურსს, არამედ განვითარების ახალ დონეზე ახალ ამოცანებსა და ახლებურ მიდგომებს, რაც ქვეყნის გაძლიერებაში - სიღარიბის დაძლევაში, უმუშევრობის ლიკვიდაციაში, უფასო საშუალო განათლებაში, შეღავათიან მკურნალობაში, მეცნიერებასა და კულტურაზე ზრუნვაში, კორუფციის დამარცხებაში, მყარ ბიუჯეტში, ენერგეტიკული კრიზისიდან გამოსვლასა და მრავალი სხვა საკითხის გადაწყვეტაში გამოიხატება“. ედუარდ შევარდნაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეფორმების გაღრმავების კურსი არ შენელდება, მათ შორის, ბოლომდე იქნება მიყვანილი სამართლებრივი რეფორმა.

საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ განსაკუთრებით აფასებს მისდამი მხარდაჭერას საქართველოს ყველა რეგიონში, და აღნიშნა, მათს წარმომადგენლებს სპეციალურ შეკრებაზე შეხვდება. „განსაკუთრებით გამოვყოფდი აჭარის მოსახლეობის აქტიურობას და მის ერთმნიშვნელოვან მხარდაჭერას საქართველოს პრეზიდენტის მიმართ. ჩემთვის ეს მიდგომა განსაკუთრებულად ძვირფასია და მექნება საშუალება პირადად შევეხმიანოთ აჭარის მოსახლეობას.“

სახელმწიფოს მეთაურმა ასევე ხაზგასმით გამოყო ეროვნული უმცირესობების პოზიცია, „მათი მხრიდან, ლაპარაკია აზერბაიჯანელებზე, სომხებზე, რუსებზე, ქურთებზე, ასირიელებზე და სხვებზე, არაჩვეულებრივი, ხაზგასმული მხარდაჭერა იყო. იქ, სადაც ისინი კომპაქტურად სახლობენ, საქართველოს პრეზიდენტმა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მიიღო. ამ რაიონების აქტივობა 80-90 პროცენტამდე იყო და თითქმის ამავე მაჩვენებლით გამოიხატა მხარდაჭერა. ეს განსაკუთრებით მახარებს, რადგან ეს ადამიანები თავს მიიჩნევენ საქართველოს არა მარტო მოქალაქეებად, არამედ პატრიოტებად და კისრულობენ სახელმწიფოებრივ აღმშენებლობაში აქტიური მონაწილეობის პასუხისმგებლობას.“

„არ შემიძლია არ აღვნიშნო არჩევნების მიმართ დევნილების განსაკუთრებული დამოკიდებულება. თქვენ იცით, რამდენი ტანჯვა, რამდენი წამება გადაიტანა ამ ხალხმა, და ეს ყველაფერი ჯერ კიდევ დამთავრებული არ არის. მე პირობა მივეცი დევნილებს და მთელ საქართველოს, რომ ამ პრობლემას გადავწყვეტთ, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ასეთ აქტიურ, მასობრივ მხარდაჭერას ლტოლვილებისაგან არ ველოდი. როგორც მითხრეს, გალიდანაც მოსახლეობის ძალიან დიდი რაოდენობა, თითქმის უმრავლესობა ჩამოვიდა ზუგდიდში და თავისი მოქალაქეობრივი ვალი მოიხადა საქართველოს წინაშე“, - განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ.

ძალიან სასიხარულო და სასიამოვნო მოვლენა უწოდა საქართველოს პრეზიდენტმა იმ ფაქტს, რომ ცხინვალის ზონის რამდენიმე ოსური სოფლიდან ოსი ეროვნების მოქალაქეები გადმოვიდნენ და მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში. „მსურს, მათ დიდი მადლობა შევუთვალო. მიმაჩნია, რომ ეს ძალიან კარგი სიმპტომია ქართველებისა და ოსების შერიგების პროცესის დაჩქარების თვალსაზრისით“, აღნიშნა მან.

ედუარდ შევარდნაძემ მადლობა გამოთქვა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართ. მან, ასევე, ხაზგასმით აღნიშნა საარჩევნო შტაბისა და მხარდამჭერთა დარბაზის უზარმაზარი ორგანიზებული საქმიანობა. „განსაკუთრებით მინდა გამოვყო ახალგაზრდობის აქტიურობა და მხარდაჭერა. გამოიკვეთა მოსახლეობასთან მუშაობის სრულიად ახალი ფორმები, რომლებიც მომავალშიც გამოადგება საქართველოს, ჩვენს სახელმწიფოს. ეს ახალგაზრდები კარდაკარ დადიოდნენ და ცდილობდნენ, განემარტათ მოსახლეობისათვის ის, რაც გაუგებარი იყო. ასევე ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფალნი ყველაფერს აკეთებდნენ იმისათვის, რომ არჩევნები ჩატარებულიყო ორგანიზებულად, ყოველ შემთხვევაში, ხელისშემშლელი მიზეზები რაც შეიძლება ნაკლები ყოფილიყო“.

სახელმწიფო მეთაურმა ხაზი გაუსვა არჩევნების პროცესში მასმედიის, ტელევიზიის განსაკუთრებული მონაწილეობის მნიშვნელობას. „საქმე ის არ არის ვის სასარგებლოდ, ან ვის საწინააღმდეგოდ იყო საინფორმაციო უზრუნველყოფა, მთავარი იყო, რომ ყველა მოქალაქეს ეგრძნო: ის ვალდებულია, მივიდეს და არჩევანი გააკეთოს ისე, როგორც სინდისი უკარნახებს. მასმედიამ, ჩემი აზრით, უდავოდ, უნიკალური როლი შეასრულა. მსურს, მადლობა გითხრათ ამისათვის,“ - მიმართა მან შეხვედრის მონაწილე ჟურნალისტებს.

ედუარდ შევარდნაძემ მადლიერების სიტყვებით მიმართა საერთაშორისო ორგანიზაციების, განსაკუთრებით, ევროპის, თანამეგობრობის სახელმწიფოების მიერ მოვლენილ მეთვალყურეებს. „ეს ინსტიტუტი შეუცვლელია და ყოველთვის შეახსენებს ხელისუფლებასა და საზოგადოებას, რომ ამა თუ იმ ქვეყანაში არჩევნების ჩატარება მარტო ერთი ქვეყნის პრობლემა არ არის. ეს არის საერთო, მსოფლიო დემოკრატიის განვითარების ერთი შემადგენელი რგოლი. ამ მხრივ, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო მეთვალყურეთა ინსტიტუტის აქტიური მომაწილეობა რაიონებში, სოფლებში, საარჩევნო უბნებში. დარღვევების გარეშე საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება განვითარებულ ქვეყნებშიც კი ძალიან ძნელია. გახსოვთ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ რამდენი საკითხის გარჩევა და გადაწყვეტა მოუხდა ჩვენს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, ზოგიერთი საკითხი სასამართლოშიც კი გაირჩა. ასე იყო საპარლამენტო არჩევნების დროსაც. იქაც იყო გარკვეული გადახრები კანონიერებიდან და ძალიან დიდი დრო დაიხარჯა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია ყველაფერში გარკვეულიყო და თავისი სიტყვა ეთქვა“. მან არ გამორიცხა, რომ ცალკეული დარღვევები ამ არჩევნების დროსაც მოხდა, და იმედი გამოთქვა, რომ „ცენტრალური საარჩევნო კომისია, რომელიც ჩვენი საზოგადოების ძალიან კომპეტენტური, ობიექტური და ღირსეული წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული, თავის სიმაღლეზე აღმოჩნდება, თუკი საქმე შეეხება დარღვევებს და კანონისაგან, კონსტიტუციისაგან გადახრებს“.

შემდეგ უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვებს.

ტელეკომპანია „რუსთავი-2“: - არის თუ არა მოსალოდნელი კარდინალური ცვლილებები მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში? ცალკეული მინისტრების იმიჯი არცთუ დამაკმაყოფილებლად მუშაობდა საპრეზიდენტო კამპანიის დროს?

ე. შევარდნაძე: პრეზიდენტის ინაუგურაციამდე ბევრს ვიფიქრებ, მოვეთათბირები ჩემს კოლეგებს, ჩემს თანამოაზრეებს. ერთ საკითხში დარწმუნებული ვარ - ეს მინისტრები თუ დეპარტამენტის თავმჯდომარეები, ვისაც მორალური უფლება აქვს და სათანადო პროფესიონალიზმით გამოირჩევა, დარჩებიან, ვინც თავი ვერ გაართვა დაკისრებულ მოვალეობას, თანამდებობაზე ვერ დარჩება, ყოველ შემთხვევაში, მათ კანდიდატურას პარლამენტს მე არ წარვუდგენ.

საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი: შეიძლება თუ არა ვიფიქროთ, რომ მომავალ მთავრობაში აღმოჩნდებიან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რაზეც მინიშნება თქვენ ჯერ კიდევ საპარლამენტო არჩევნების დროს გააკეთეთ? ხომ არ უნდა ველოდეთ საკონსტიტუციო ცვლილებას პრემიერ-მინისტრის პოსტის შემოღებასთან დაკავშირებით?

ე. შევარდნაძე: არ გამოვრიცხავ ოპოზიციური ძალების გარკვეულ მონაწილეობას. არ ვგულისხმობ აუცილებლად მინისტრის ან დეპარტამენტის თავმჯდომარის რანგში, თუმცა ამასაც არ გამოვრიცხავ. მაგალითად, სახალხო პარტიის ერთ-ერთი წამყვანი წარმომადგენელი მიხეილ ჯიბუტი ახლა ჯანმრთელობისა და სოცუზრუნველყოფის მინისტრის ერთ-ერთი წამყვანი მოადგილეა და უმნიშვნელოვანესი სექტორი აბარია. თანახმა ვარ, სხვა კანდიდატურებიც განვიხილო, ოღონდ აქ მნიშვნელოვანია არა იმდენად ამ ხალხის პრეზიდენტისადმი დამოკიდებულება, რამდენადაც მათი მზადყოფნა - შეასრულონ ესა თუ ის დავალება - და პროფესიონალიზმი.

რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებას, ეს საკითხი იდგა საპარლამენტო არჩევნების დროსაც და მივედით იმ დასკვნამდე, რომ ამ ეტაპზე შემოვიფარგლოთ სახელმწიფო მინისტრის უფლებების გაფართოვებით. მას თითქმის პრემიერ-მინისტრის უფლება-მოვალეობა აქვს მინიჭებული და მზად ვარ, კიდევ გავუფართოვოთ, არც რაიმე ახალ ვარიანტზე ფიქრს გამოვრიცხავ. ყველაფერი ეს მოითხოვს ძალიან სერიოზულ დაფიქრებასა და განსჯას. არ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება მხოლოდ იმისათვის, რომ ხალხს ვუთხრათ: „აი ხედავთ? ჩვენ უკვე დავიწყეთ განახლება“. განახლება მარტო ადამიანების შეცვლა არ არის. განახლება არის პირველი ცვლილება პოლიტიკაში, პოლიტიკის შემუშავებასა და მის განხორციელებაში.

გაზეთი „რეზონანსი“: შეგიძლიათ თუ არა გაამხილოთ, რაზე შეთანხმდით ასლან აბაშიძესთან, და დაუჭერთ თუ არა მხარს ერთი წლის შემდეგ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე მის არჩევას?

ე. შევარდნაძე: არაფერზე, რამდენჯერმე მთელი გულწრფელობით განვაცხადე, რომ საარჩევნო თემა მე და ბატონ ასლანს არ გაგვირჩევია. არც მე მიკითხავს, მოხსნის თუ არა თავის კანდიდატურას და არც თვითონ დაუყენებია ეს საკითხი. მისმა გადაწყვეტილებამ კანდიდატურის მოხსნის შესახებ, სიმართლე გითხრათ, ჩემში გარკვეული სინანული გამოიწვია. მას ჰქონდა შანსი, მიეღო ხმების საკმაოდ დიდი რაოდენობა აჭარაში. მთელ რიგ რაიონებში სერიოზული მხარდაჭერა ჰქონდა. მე ამას ვხსნი იმით, რონ თვით ბლოკში არ იყო ყველაფერი წესრიგში. მე ასეთი ინფორმაცია მაქვს, რომ ბატონი ჯუმბერის კანდიდატურის წამოყენება ბლოკთან შეთანხმებული არ ყოფილა. თუ ეს ასეა, ბატონ ასლანს ჰქონდა, ასე ვთქვათ, განაწყენებისა და თავისი კანდიდატურის მოხსნის საფუძველი.

რაც შეეხება სხვა საკითხებს, რომლებზედაც ჩვენ ვისაუბრეთ, - უპირველესად, კონსტიტუციაში უნდა აისახოს აჭარის ავტონომიის საკითხი. დიდი ხანია მე ამის მომხრე ვარ. უკვე 5-6 წელიწადია ვამბობ, რომ დროა აისახოს ეს კონსტიტუციაში, მაგრამ იყო ასეთი მოსაზრება: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე ამას ნუ გავაკეთებთ. ახლა მე უკვე შეტანილი მაქვს პარლამენტში სპეციალური წერილი და, დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას აჭარის სტატუსის თაობაზე. ამავე დროს, მიიღება სპეციალური გადაწყვეტილება, ან სპეციალური კანონი აჭარის ავტონომიის სტატუსთან დაკავშირებით, რათა ყველასათვის გასაგები იყოს, რომ ავტონომიას აქვს განსაკუთრებული უფლებები და პარლამენტი და ხელისუფლება ამ უფლებებს პატივს სცემს. ეს გვჭირდება იმისთვის, რომ აფხაზებმაც და ოსებმაც დაინახონ, რომ საქართველოს ხელისუფლება ყოფილ ავტონომიებს, განსაკუთრებით აფხაზებს, სთავაზობს ავტონომიის რეალურ მოდელს. ამ მხრივ, აჭარაში შექმნილი მოდელი, ვფიქრობ, საინტერესო იქნება.

რაც შეეხება არჩევნებში მხარდაჭერას, არ განგვიხილავს ეს საკითხი. ჩემი მხარდაჭერა ბევრს არაფერს ნიშნავს. მე ბატონ ასლანთან მაქვს სრულიად ნორმალური და კარგი ადამიანური ურთიერთობა. თუ კანონი იქნება მიღებული და ჩატარდება ასეთი არჩევნები, რა თქმა უნდა, მე საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, რომ ბატონი ასლანი იყოს თავმჯდომარე. სხვანაირად არ შემიძლია რომც ვხედავდე, რომ არის უკეთესი კანდიდატურა, საქართველოს პრეზიდენტი ვერ ჩაერევა და არც უნდა ჩაერიოს.

„რეზონანსი“: ბატონი ზურაბ ჟვანია, წინასაარჩევნოდ, მოშიმშილე ზვიადისტებს შეხვდა. თქვენ განაცხადეთ, რომ იმ პირებს, რომელთაც სისხლის სამართლის ძალიან მძიმე მუხლებით ჩადენილი დანაშაული არ აქვთ, გაათავისუფლებდით. კონკრეტულად, როდის მოხდება ეს?

ე. შევარდნაძე: მე ვთქვი, რომ იმათ მიმართ, ვისაც სისხლში არ აქვთ ხელები გასვრილი, განხორციელდება მანიფესტი. მე პარლამენტში შევალ ამ წინადადებით და ჩემს მონაწილეობასაც არ გამოვრიცხავ პარლამენტის იმ სხდომაში. რასაც შევპირდი შესრულდება.

„რეზონანსი“: საჭიროდ ხომ არ მიიჩნევდით არჩევნების შედეგების გადამოწმებას იმ თვალსაზრისით, რომ გაყალბების ფაქტები გამოირიცხოს? მით უმეტეს, რომ თქვენ გაყალბების გარეშეც მოიგებდით არჩევნებს.

ე. შევარდნაძე: მართალი ბრძანეთ - მე არაფერში მჭირდებოდა გაყალბება. ჩვეულებრივი აქტივობის პირობებშიც მოსახლეობა ჩემს კანდიდატურას მხარს დაუჭერდა. მაღალი აქტივობა ავხსენი იმით, რომ ძალიან ძლიერი წინასაარჩევნო კამპანია ჩატარდა. თუ არის გაყალბების ან დარღვევების შემთხვევები, ძალიან დიდი იმედი მაქვს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა. აქ მუშაობს ძალიან ავტორიტეტული ხალხი, არა მარტო საარჩევნო სისტემის სპეციალისტები, არამედ ჩვენი საზოგადოებრიობის სახელოვანი წარმომადგენლები, მეცნიერები და სხვები. ისინი თავიანთ სინდისს არ უღალატებენ.

სააგენტო „პრაიმ-ნიუსი“: თქვენი ინაუგურაციის ცერემონია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ემთხვევა. გქონდათ თუ არა ამ თემაზე საუბარი კათალიკოს-პატრიარქთან და რა გადაწყვეტილება მიიღეთ?

ე. შევარდნაძე: ამ თემაზე საუბარი არ გვქონია. სანამ ამირჩევდნენ, უხერხულად მიმაჩნდა განმეხილა, როდის უნდა შედგეს ინაუგურაცია. ამის შესახებ არსებობს კანონი. მაგრამ, რადგან ეს დღე აღდგომას ეხება, მე და მისი უწმინდესობა მოვიფიქრებთ და მოვილაპარაკებთ, როგორ იქნება უკეთესი.

სააგენტო „როიტერი“: 1995 წელს თქვენ ხმების 74 პროცენტი მიიღეთ. 2000 წლის არჩევნებში წინასწარი მონაცემებით - 80 პროცენტზე მეტი. ამ წლების განმავლობაში საქართველომ ნამდვილად მიაღწია საგრძნობ წარმატებებს, განსაკუთრებით, საერთაშორისო ასპარეზზე, მაგრამ ამავე დროს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და მოსახლეობის ცხოვრების პირობები სერიოზულად არ გაუმჯობესებულა. მაინც რით ხსნით მოსახლეობის მიერ თქვენი კანდიდატურის ასეთ მხარდაჭერას?

ე. შევარდნაძე: 1992 წელს, როდესაც პირველად გავმართეთ პარლამენტისა და სახელმწიფოს მეთაურის არჩევნები, ხალხს აღვუთქვი, რომ ბოლოს მოვუღებდით, სხვა ნეგატიურ მოვლენებს, რომლებიც აფორიაქებდა მოსახლეობას. ჩვენ შევძელით ამ ამოცანის შესრულება. 1995 წელს მე ხალხს, ჩემს კოლეგებთან და თანამოაზრეებთან ერთად, დავპირდი, რომ ავაშენებთ საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოს ახალი კონსტიტუციის საფუძვლებზე. ჩვენ ავაშენეთ ახალი სახელმწიფო. ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი დასრულდა, მაგრამ საფუძველი შევქმენით და საქართველოს დამოუკიდებელი დემოკრატიული სახელმწიფო შედგა. ანუ სიტყვა, რომელიც მივეცი მოსახლეობას, შევასრულე. არც ერთი დაპირება ყალბი არ ყოფილა. ახლა, უკვე მიღწეულის საფუძველზე, მთელი გამბედაობით ვაცხადებ, რომ უახლოეს ხუთ წელიწადში მივაღწევთ დიდ, ნამდვილ გარღვევას ეკონომიკური პოტენციალის ამაღლების, სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსავლების, პენსიების, ხელფასების, უფასო საშუალო განათლების, მკურნალობის შეღავათიანი პირობებისა და ა. შ. თვალსაზრისით. რაც მთავარია, ბოლოს მოვუღებთ სიღატაკეს და უმუშევრობას, ენერგეტიკულ კრიზისს. მე შევასრულე პირველი ორი დაპირება. დარწმუნებული ვარ, რომ ახლა გაცილებით მეტი ძალები გვაქვს, გაცილებით მეტი მეგობარი გვყავს უცხოეთში და შინაც მეტი ადამიანი მიჭერს მხარს. მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერის საიდუმლო, ჩემი აზრით, სწორედ ის არის, რომ დანაპირებს ვასრულებდი, ხოლო პროგრამა, რომელიც წარვუდგინე მას, მისაწვდომი, გასაგები და მისაღებია და ის აუცილებლად შესრულდება.

„როიტერი“: არჩევნებამდე არაერთხელ ახსენეთ საქართველო-რუსეთის ურთიერთობა. ორივე სახელმწიფოში განახლებული ხელისუფლების პირობებში ხომ არ არის მოსალოდნელი ცვლილება საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსში რუსეთთან დაკავშირებით?

ე. შევარდნაძე: თქვენ იცით, რომ მე შევხვდი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ვლადიმერ პუტინს. ახლა ის პრეზიდენტი გახდა. ორი დღის წინათ მან დამირეკა, მისურვა წარმატება პრეზიდენტის არჩევნებში და ჩვენ, ძალზე მოკლე, მაგრამ ვილაპარაკეთ იმაზე, რომ უნდა ვიზრუნოთ, რათა ჩვენი ქვეყნების ურთიერთობა შეესაბამებოდეს ჩვენი სახელმწიფოების ინტერესებს ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, შეესაბამებოდეს ჩვენს ხალხებს შორის არსებულ მდიდარ ტრადიციებს. ვფიქრობ, გვაქვს საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობის გაუმჯობესების სერიოზული რესურსები.

აფხაზეთის ტელევიზია: თქვენ ბრძანეთ, რომ აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის ძალიან მაღალმა პროცენტმა მიიღო მონაწილეობა არჩევნებში და მათმა უმეტესობამ მხარი თქვენ დაგიჭირათ. თქვენ მაღალ ავტორიტეტთან ერთად, ეს ნდომა განაპირობა თუ არა იმან, რომ სწორედ თქვენგან, ამ კონფლიქტის ერთ-ერთი მონაწილისგან, მოელიან ისინი აფხაზეთის დაბრუნებას, ანუ დევნილთა ეს ნდობა იქნება თუ არა დამატებითი ფაქტორი ედუარდ შევარდნაძისათვის, რათა მან თავისი მაღალი საერთაშორისო ავტორიტეტი და მთელი პოტენციალი ახალ საპრეზიდენტო ვადაში აფხაზეთის დაბრუნებისათვის გამოიყენოს?

ე. შევარდნაძე: დევნილთა მხარდაჭერა ის საფუძველია, რომელიც მაძლევს საშუალებას, შევასრულო ჩემი ერთ-ერთი ცენტრალური წინასაარჩევნო დაპირება - 2005 წლამდე დასრულდეს ყველა ლტოლვილის დაბრუნება მშობლიურ სახლებში და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს. ეს ჩემი საარსებოდ მნიშვნელოვანი ამოცანაა და მე ძალას, ენერგიას და სიცოცხლეს არ დავიშურებ იმისათვის, რომ პირნათელი ვიყო ჩემი სამშობლოსა და, მათ შორის, ლტოლვილების წინაშე.

სააგენტო „იტარ-ტასი“: აჩევნებამდე ორი კვირით ადრე თქვენმა მეგობარმა მიხეილ გორბაჩოვმა ტელეკომპანია „რუსთავი 2-ისათვის“ მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ თქვენ ჯერ კიდევ 1989 წლის აპრილის მოვლენებამდე გქონდათ სერიოზული განხეთქილება ჯუმბერ პატიაშვილთან. თუ შესაძლებელია, იქნებ გვითხრათ, რა სახის აზრთა სხვადასხვაობაზეა ლაპარაკი და თუ იგულისხმება ამაში ის, რომ 1985 წელს, როდესაც თქვენ საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე დაინიშნეთ, თანამდებობიდან რამდენიმე თქვენი თანამოაზრე და თანამებრძოლი გაათავისუფლეს?

ე. შევარდნაძე: არ ვიცი, რა დაპირისპირებას გულისხმობდა მიხეილ გორბაჩოვი. მე ჯუმბერ პატიაშვილთან რაიმე სერიოზული აზრთა სხვადასხვაობა არ მქონია. მე ვცდილობდი არ ჩავრეულიყავი საქართველოს პარტიული ორგანიზაციის საქმეებში. ალბათ, ჯუმბერ პატიაშვილს შეუძლია დაადასტუროს, რომ მე ამ პრინციპის ერთგული ვიყავი. ორჯერ ჩავერიე. პირველად - 1988 წლის ნოემბერში, როდესაც აქ კრიტიკული სიტუაცია იყო კონსტიტუციაში სერიოზული ცვლილებების შატანასთან დაკავშირებით. სიტუაცია არანაკლებად ფეთქებასაშისი იყო, ვიდრე 9 აპრილს, მაშინ ჯუმბერ პატიაშვილი არ იყო თბილისში და მას ნუგზარ ფოფხაძე ცვლიდა. მან დამირეკა და მითხრა, რომ ამ პროცესის შეჩერება ძალიან ძნელია. მაშინ მე დავურეკე მიხეილ გორბაჩოვს და იაკოვლევს და ჩვენ, სამმა, მოვილაპარეკეთ, რომ შევადგენდით სპეციალურ მიმართვას ქართველი ხალხისადმი, აქციის მონაწილეებისადმი. მიმართვა შევადგინეთ და, გენერალური მდივნის სახელით, მე ის ფოფხაძეს გადავეცი. ფოფხაძემ გამოაქვეყნა ეს მიმართვა, რომელშიც მითითებული იყო, რომ მანიფესტანტების მოთხოვნები გათვალისწინებული იქნებოდა. ხალხი დაწყნარდა და მშვიდად დაიშალა.

მეორედ ჩარევა მე უკვე 9 აპრილს მომიხდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ის დაგვიანებული აღმოჩნდა. რა მიზეზით, თქვენთვის კარგად არის ცნობილი. ამის მეტი არანაირი რეკომენდაცია, შეზღუდვა ჩემგან არ ყოფილა.

„იტარ-ტასი“: დაგირეკეს თუ არა დღეს ან გუშინ სეპარატისტებმა - არძინბამ და ჩაბიროვმა - და მოგილოცეს თუ არა გამარჯვება?

ე. შევარდნაძე: ჯერ არ დაურეკავთ. არ გამოვრიცხავ, რომ ასეთი გამოხმაურება იყოს და ამაში ვერაფერს შეუძლებელს და გასაკვირს ვერ ვხედავ. საერთოდ, ალბათ, ბევრი ზარი იქნება.

„იტარ-ტასი“: შაბათს „რუსთავი 2-მა“ გადასცა იგორ გიორგაძესთან ინტერვიუ, რომელშიც გაისმა ბრალდება, რომ შევარდნაძის კლანს სურს თავისი კონტროლის ქვეშ მოაქციოს აჭარა, ბათუმის ნავსადგური და ა. შ.

ე. შევარდნაძე: თუ ვინმეს კიდევ გექნებათ იგორ გიორგაძესთან დაკავშირების საშუალება, ჩემგან დიდი მოკითხვა გადაეცით.

სააგენტო „ინტერფაქსი“: აპირებთ თუ არა მოსკოვში, დსთ-ის სამიტზე და რუსეთის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე გამგზავრებას 5 მაისს და თქვენს ინაუგურაციაზე ვლადიმერ პუტინის მოწვევას? აპირებთ თუ არა შვებულებაში გასვლას ასეთი დაძაბული წინასაარჩევნო კამპანიის შემდეგ?

ე. შევარდნაძე: სამიტზე უნდა წავიდე. თუ სამიტი დაემთხვა ინაუგურაციას, მაშინ მას, ალბათ, ყველა პრეზიდენტი დაესწრება. თუ არა, ალბათ, ინაუგურაციაზე ვერ წავალ.

რაც შეეხება ჩემს ინაუგურაციას, უცხოეთიდან სტუმრების მოწვევას არ ვაპირებთ. ფინანსური მდგომარეობა და სხვა გარემოებები არ გვაძლევს მისი ფართო მასშტაბით აღნიშვნის საშუალებას. წინა ინაუგურაციაზეც არავინ მოგვიწვევია.

რაც შეეხება შვებულებას, მე ამ კითხვას განვიხილავ, როგორც თქვენს სურვილს იმასთან დაკავშირებით, რომ დავიღალე და დასვენება მჭირდება.

გაზეთი „ალია“: ცენტრსა და აჭარის რეგიონს შორის დაპირისპირება მაინც პოლიტიკურ ორიენტაციებს შორის პოლიტიკურ დაპირისპირებად მიიჩნევა. როგორ ფიქრობთ, რამდენად მოაწესრიგებს ამ ურთიერთობას სტატუსის განსაზღვრა? ამასთან, რამდენადაც ცნობილია, აჭარა კვლავაც აყენებს თავისუფალი ეკონომიკური ზონის საკითხს. როგორია თქვენი პოზიცია?

ე. შევარდნაძე: მიმაჩნია, რომ ჩემი და ბატონ ზურაბ ჟვანიას შეხვედრები ბათუმში ძალიან შედეგიანი და საინტერესო იყო. ჩვენ მოვილაპარაკეთ ძალიან პრინციპულ საკითხზე, რომ საქართველოს კონსტიტუციაში ჩამოყალიბდება აჭარის სტატუსი, რომ მას აუცილებლად მოჰყვება ორგანული კანონი ან სათანადო ჩანაწერები თვით კონსტიტუციაში, თუ რას ნიშნავს აჭარისათვის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი. მე მომხრე ვარ, რაც შეიძლება გაფართოვდეს აჭარის უფლებები ერთიანი საქართველოს სახელმწიფოს საზღვრებში. რაც შეეხება ზონას, სწორედ ამ კანონმა უნდა არეგულიროს ყველა საკითხი, დაკავშირებული ზონებთან, საგადასახადო ნორმატივებთან, საბაჟო შემოსავლებთან და სხვ. არ უნდა გვიკვირდეს, რომ ასეთი პრობლემები რეალურად არსებობს და საქართველოს სახელმწიფომ ისინი უნდა გადაწყვიტოს.

საქართველოს პრეზიდენტის
პრესსამსახური - საქინფორმი.

საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის პრესკონფერენცია : 2000 წლის 10 აპრილი // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2000. - 11 აპრილი. - №97 (3498). - 1,3 გვ.

61 „ქედს ვიხრი მთელი ხალხის, საქართველოს მთელი მოსახლეობის წინაშე, რომელმაც კიდევ ერთხელ გამომიცხადა ნდობა და ჩამაბარა ასეთი მაღალი ნდობის მანდატი“

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
სიტყვა 12 აპრილის შეხვედრაზე

დღეს საგანგებოდ მოგიწვიეთ, ჩვენ კვლავ მრავალჯერ შევხვდებით ერთმანეთს - ჩვენი ქვეყნისათვის ძალიან დიდი მნიშვნელოვანი ერთობლივი სამუშაო გვაქვს განსახორციელებელი. მჯერა, რომ ნაყოფიერად ვითანამშრომლებთ ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ.

ამჟამად მხოლოდ ერთი მიზნით მოგიწვიეთ, რათა გულწრფელი მადლობა მოგახსენოთ უდიდესი მხარდაჭერისა და თანადგომისათვის, რასაც ვგრძნობდი ყოველთვის წლების განმავლობაში და განსაკუთრებით არჩევნებისათვის მზადების დროს. მხოლოდ პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიას არ ვგულისხმობ. მოგეხსენებათ, დიდი საარჩევნო მარათონი საქართველოში ჯერ კიდევ 1998 წელს დაიწყო - ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის მზადებით, შემდეგ უკვე იყო პარლამენტის არჩევნები, რომლის დროსაც, გახსოვთ, ჩვენ ერთად ვმოგზაურობდით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და მთელ მოსახლეობას განვუმარტავდით ჩვენს პროგრამას. ერთ-ერთი არგუმენტი ასეთი გახლდათ - თუ გსურთ საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე გახდეს, იზრუნეთ იმაზე, რომ მას პარლამენტში უმრავლესობის მხარდაჭერა ჰქონდეს.

ჩვენმა ხალხმა ჯერ კიდეც მაშინ გააკეთა არჩევანი, როცა ხმა მისცა იმ ადამიანებს, რომლებიც საქართველოს მომავალ პრეზიდენტს მხარს დაუჭერდნენ პარლამენტში და საპარლამენტო უმრავლესობას შეადგენდნენ. კიდევ და კიდევ მსურს მადლობა მოვახსენო საქართველოს ყველა მოქალაქეს.

მთელი ამ ურთლესი პერიოდის განმავლობაში მამხნევებდა და ძალას მმატებდა ის ფაქტი, რომ ჩემს გვერდით იდგა საქართველოს მოსახლეობის საუკეთესო ნაწილი, ყველა ერისა და ერო369

ვნების შვილი, მოსახლეობის ამ ნაწილის კეთილშობილება, ნიჭი, ქვეყნისა და სამშობლოს წინაშე პასუხისმგებლობის უნარი.

უწინარეს ყოვლისა, გულწრფელ მადლობას მოვახსენებ ჩვენი ერის სულიერ მოძღვარს, უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს ილია მეორეს. იერუსალიმიდან დაბრუნების შემდეგ მე ვთქვი, რომ ქრისტეშობის დღესასწაული, რომელსაც წმინდა მიწაზე შევეგებე, ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის საჭეთმპყობელთან და მრევლთან ერთად, ერთ-ერთი ყველაზე ნათელი და ბედნიერი დღეა ჩემს ცხოვრებაში. სამშობლოში დაბრუნებისას მითხრეს, რომ საქართველოში დაიბეჭდა ქართველი ინტელიგენციის უბრწყინვალესი წარმომადგენლების მიმართვა, რომლითაც ისინი მოითხოვდნენ, მიმეღო პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება, დამემთავრებინა ყოყმანი - ვიყარო თუ არა კენჭი. მადლიერი ვარ ამით ამ მეტად მკაცრი და კეთილგანწყობილი მოწოდებისათვის, რომელმაც დამარწმუნა, რომ უსაფუძვლოა ყოყმანი, რადგან მხარს მიჭერს ჩემი ხალხის, ჩემი ქვეყნის სულიერი არისტოკრატია. მაშასადამე, გზა და სახელმწიფოებრივი კურსი, რომელიც შევთავაზეთ ქვეყანას, აბსოლუტურად სწორი და გამართლებულია. ეს მოწოდება ჩემთვის უმთავრესი არგუმენტი გახლდათ. მათთან ერთად უდიდეს მადლობას მოვახსენებ ჩვენი ინტელიგენციის სხვა შესანიშნავ წარმომადგენლებს, რომლებიც გამოეხმაურნენ მოწოდებას, ბევრმა წერილიც გამომიგზავნა, მესაუბრა, ტელეფონით დამირეკა, ზოგიერთი უცხოეთიდან საქართელოში საგანგებოდ ჩამოვიდა, რათა თავისი სიტყვა ეთქვა.

ამ დარბაზში არიან ყველა პროცესის მონაწილე პიროვნებები. გულწრფელად მადლიერი ვარ თქვენი და გპირდებით, რომ, თქვენთან ერთად არ ვუღალატებ იმ სიტყვებსა და იმ პრინციპებს, რასაც ჩემ ხალხს შევპირდი.

ბატონმა ზურამ ჟვანიამ ძალიან დეტალურად ილაპარაკა პრეზიდენტის საარჩევნო შტაბის საქმიანობაზე. ამასთან ერთად მინდა განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო მხარდამჭერი დარბაზის მიმართ. ბატონმა ელგუჯამ უდიდესი სამუშაო შეასრულა და მიმაჩნია, რომ ეს ინსტიტუტი ზოგადად, გასცდა კიდეც მხოლოდ საარჩევნო ფარგლებს და ძალზე მნიშვნელოვანი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი მშენებლობისა და ფუნქციის შემცველი ტრადიცია ჩამოაყალიბა.

უდიდესი მადლობა მეცნიერებათა აკადემიას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ჩენი ქვეყნის ყველა უმაღლეს სასწავლებელს, და არა მარტო პროფესორ-მასწავლებლებსა და ლექტორებს, არამედ ახალგაზრდობას. ყველაზე ბედნიერი კაცი ვარ, ალბათ, რომ ამ ასაკის პრეზიდენტობის კანდიდატმა შეძლო ჩვენი ახალგაზრდობის, 21-ე საუკუნის, მესამე ათასწლეულის, მომავალი მოქალაქეების თითქმის აბსოლუტური მხარდაჭერა მოეპოვებინა. მადლობას მოვახსენებ მათ.

უღრმესი მადლობა მსურს გადავუხადო ჩვენს შემოქმედებითს ინტელიგენციას, მათ შორის, იმ ადამიანებს, რომელთაც გასტროლებიც კი შეწყვიტეს, რათა საქართველოში დაბრუნებულიყვნენ და მონაწილეობა მიეღოთ პრეზიდენტის არჩევნებში.

განსაკუთრებით ვაფასებ ქართველი მწერლების მხარდაჭერას და განცხადებას, რომელიც გაზეთ „ლიტერატურულ საქართველოში“ გამოქვეყნდა.

უდიდესი მადლობა პარლამენტარებს, მათ შორის, მაჟორიტარ დეპუტატებს, პირადად პარლამენტის თავმჯდომარე ბატონ ზურაბ ჟვანიას, მან ძალიან დიდი სამუშაო შეასრულა საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელობის პოსტზე, უდიდესი მადლობა მთლიანად საარჩევნო შტაბს, მის თითოეულ წევრს, თითოეულ თანამშრომელს ხელმძღვანელობიდან დაწყებული რიგითი მემანქანეებითა და კომპიუტერის სპეციალისტებით დამთავრებული.

მადლობას ვუხდი ბატონ ვაჟა ლორთქიფანიძეს, რომელიც, ისევე როგორც ბატონი ზურაბი და სხვები, დავდიოდით რაიონიდან რაიონში, სოფლიდან სოფელში, სახლიდან სახლში და, როგორც იტყვიან, უკვე მეორედ ამ ნახევარი წლის განმავლობაში ნახევარი საქართველო მოვიარეთ.

ჩვენი საარჩევნო კამპანიის ერთ თავისებურებას გამოვყოფდი - შეხვედრათა საქმიან ხასიათს. ზოგიერთ ჩვენს უცხოელ მეგობარს მთლად კარგად არ ესმის, რა სიახლეა საქართველოში საარჩევნო ტექნოლოგიის თვალსაზრისით. ვფიქრობ, სიახლე სწორედ ეს არის. მთელი ამ ექვსი-შვიდი თვის განმავლობაში, მხედველობაში მაქვს პარლამენტისა და პრეზიდენტის არჩევნები, ჩვენი ძირითადი მიზანი პრობლემების საქმიანი განხილვა, რეაგირება და საპრეზიდენტო პროგრამის ჩამოყალიბება იყო. ეს პროგრამა ყველა ოჯახში შევიდა, ყველა ოჯახმა, ასე თუ ისე, მოიწონა, და ყველა ოჯახმა მას ხმა მისცა. სწორედ ეს არის ის სიახლე, რომელიც დემოკრატიულმა საქართველომ დემოკრატიული ღირებულებებისათვის ბრძოლაში შეიტანა.

შეგახსენებთ იმ საგანგებო შეხვედრებს, რომლებიც პრობლემათა თემატურ განხილვას მიეძღვნა. თბილისში რამდენიმე სპეციალური შეხვედრა გაიმართა საგნობრივ თემებზე - მეცნიერებაზე, სოციალურ პრობლემებზე, რუსთავში ვიმსჯელეთ - მრეწველობის, კახეთში - სოფლის მეურნეობის საკითხებზე, ქუთაისში - იმ სიახლეებზე, რომელიც დღეს აუცილებელია საქართველოს წინსვლისათვის და ა. შ. ასე იყო ყველგან, ყველა რეგიონში - შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, რაჭა-ლეჩხუმში, ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთში. ყველგან იყო საკითხთა საგნობრივი განხილვა ყველა მინისტრის მონაწილეობით. ადამიანებს ჰქონდათ საშუალება შეეფასებინათ არა მარტო პრეზიდენტობის კანდიდატი, არამედ მისი თანამოაზრეების გუნდი, რომელიც დღეს საქართველოში ამა თუ იმ დარგს ხელმძღვანელობენ.

უდიდესი მადლობა ჩვენს მეწარმეებს. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელობა ჰქონდა მათს მხარდაჭერას ბატონ ნიკო ლეკიშვილისა და სხვების ინიციატივით.

ცალკე გამოვყოფდი ადგილობრივ ორგანიზაციებს, მოქალაქეთა კავშირის რეგიონულ სტრუქტურებს. კარდაკარ სიარულის სისტემა - ეს განსაკუთრებით სიახლეა. ძირითადად, ქალბატონებმა, ახალგაზრდებმა, მართლაცდა ყველა ოჯახი მოიარეს, განუმარტეს მათ, თუ რა არის საპრეზიდენტო პროგრამა, რატომ არის ეს ხუთი წელი საქართველოსათვის მართლაც ქვეყნის ბედის განმსაზღვრელი, მართლაც ისტორიული და მართლაც გარდამტეხი. თითოეულ მათგანს განსაკუთრებულ მადლობას მოვახსენებ.

უდიდესი მადლობა უკლებლივ ყველა რწმუნებულს, გამგებელს და, რაც განსაკუთრებით აღსანიშნავია, საკრებულოთა წევრებსა და ხელმძღვანელებს, მათ შორის, ოპოზიციონერებს, რომლებმაც მხარი გულწრფელად და ვაჟკაცურად დაგვიჭირეს.

ქუთაისში მივიღე ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის წერილი. იგი არ გახლავთ მოქალაქეთა კავშირის წევრი, იგი არის ბატონ შალვა ნათელაშვილის პარტიის წევრი და სულაც არ იყო ვალდებული, მოეწერა წერილი, რომელმაც მე ძალიან ამაღელვა. ასეთივე განწყობილება იყო თბილისის საკრებულოში, სხვაგან. ესე იგი, განსხვავებული აზრისა და პოზიციის ადამიანები, სხვა პოლიტიკური რწმენის წარმომადგენლები, იზიარებდნენ იმ მოსაზრებას, რომ დღეს მართლაც არ არის სხვა გამოსავალი და ხმა უნდა მივცეთ იმ პროგრამას, რომელსაც დღევანდელი მოქმედი პრეზიდენტი შესთავაზებს ხალხს, ვინაიდან. გადარჩენა მხოლოდ ამაშია.

აქვე უღრმესი მადლობა მსურს გადავუხადო ყველა სახელმწიფო სტრუქტურას, მინისტრებს, სამინისტროებს, დეპარტამენტების ხელმძღვანელებს, რა თქმა უნდა, სახელმწიფო კანცელარიას და განსაკუთრებით იმ ადამიანებს, ვინც უზრუნველყო არჩევნების მშვიდად, კანონიერად, წესიერად, სამართლიანად, კონსტიტუციის ფარგლებში ჩატარება. მართლაცდა, ერთი ინციდენტიც კი არ ყოფილა საქართველოში ამ დღეებში. მაშინ, როცა ადგილობრივი თვითმმართველობისა და პარლამენტის არჩევნების დროსაც ძალზე სერიოზული ექსცესები მოხდა.

მადლობას მოვახსენებ პოლიციას, სხვა სამართავდამცავ სტრუქტურებს, რომლებმაც ადამიანებს მისცეს უფლება, მშვიდობიანად მოსულიყვნენ და წყნარ, მშვიდ ვითარებაში მოეხადათ თავიანთი მოქალაქეობრივი მოვალეობა.

უდიდესი მადლობა ჩვენი მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლებს, მიმაჩნია, რომ მასმედიამ არჩევნებში შესანიშნავი როლი შეასრულა. უწინარესად, მადლობას ვუხდით სახელმწიფო ტელევიზიას, გაზეთების „საქართველოს რესპუბლიკის“, „სვობოდნაია გრუზიას“ რედაქციებს, მათს შემოქმედებითს კოლექტივებს. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო დამოუკიდებელი მასმედია - ტელეკომპანია „რუსთავი-2“ და სხვები. ყველას ვერ ჩამოვთვლი. მადლობელი ვარ, ვინაიდან ამ საინფორმაციო საშუალებებში მე ვხედავდი მაქსიმალურ ძალისხმევას, რაც შეიძლება ობიექტურად გაეშუქებინათ ის, რასაც ჰქვია პრეზიდენტთა პროგრამები, და თავიანთი აზრი გამოეთქვათ, რათა მოსახლეობას უფრო კარგად გაეგო, რომელი პროგრამაა მისაღები, რომელი კანდიდატია მხარდასაჭერი და რომელი - არა. არ შემიძლია, განსაკუთრებით არ გამოვყო ის, რაც აჭარაში მოხდა. დღევანდელ შეხვედრაზე ხულოს გამგებელი შესანიშნავად, ბრწყინვალედ, გულახდილად, გულწრფელად და ძალზე დასაბუთებულად გამოვიდა. როგორც პრეტენდენტი, არ ვიყავი მომხრე, რომ ბატონ ასლან აბაშიძეს თავისი კანდიდატურა მოეხსნა, მაგრამ, რადგანაც თავისი კანდიდატურა მოხსნა, ვფიქრობ, რომ ამით მან ძალიან ბრძნული ნაბიჯი გადადგა საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე. აჭარის მოსახლეობას მიეცა საშუალება, მართლაც აერჩია თავისი კანდიდატი, გამოეთქვა თავისი აზრი ამა თუ იმ კანდიდატის მიმართ. ედუარდ შევარდნაძემ აჭარაში ხმათა 70 პროცენტზე მეტი მიიღო. მიმაჩნია, რომ ეს მარტო ჩემი გამარჯვება როდია, არამედ ეს არის საქართველოს, მისი ერთიანობის გამარჯვება. მოვა დრო, როგორც შეგპირდით, ასეთივე არჩევნები გაიმართება სამხრეთ ოსეთში, ასეთივე არჩევნები გაიმართება აფხაზეთში განკუთვნილ ვადაში.

მადლობას ვუხდი ჩვენს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს, რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ არჩევნებში. არ დარჩენილა უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე, რომ თავისი მოვალეობა არ მოეხადა სამშობლოს წინაშე.

ქედს ვიხრი მთელი ხალხის, საქართველოს მთელი მოსახლეობის წინაშე, რომელმაც კიდევ ერთხელ გამომიცხადა ნდობა და ჩამაბარა ასეთი მაღალი ნდობის მანდატი.

მადლობას ვუხდი, აგრეთვე, ჩვენს შეიარაღებულ ძალებს, რომლებთანაც ბოლო დღეებში მქონდა შეხვედრა და ეს შეხვედრები კვლავაც გაგრძელდება.

მადლობა იმ ადამიანებს, რომლებიც მხვდებოდნენ რეგიონებში, მათ შორის, პენსიონერებს - ეს ჩვენი უდიდესი ტკივილია. მიუხედავად გაჭირვებისა, მათ მაინც მხარი დამიჭირეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათ სჯერათ ჩვენი, თქვენი, სჯერათ ჩვენს მიერ აღებული კურსის მართებულობისა. თელავში შემთხვევით შევხვდი ერთ ხანდაზმულ ადამიანს, დაახლოებით 75-80 წლისა იქნებოდა. მან მითხრა, ჩვენი ერთადერთ სარჩო პენსიაა, რომელიც აგერ უკვე რამდენი თვეა, არ აგვიღია, მაგრამ ხმას ვაძლევთ შევარდნაძეს, იმიტომ, რომ სხვა გამოსავალი არ არის, ჩემს თავზეც ვფიქრობ და ქვეყანაზეცო. მადლობა ასეთი სიბრძნისა და ასეთი სულგრძელობისათვის.

როცა კოლეგებთან ერთად რაიონებში ვმოგზაურობდით, ჩვენ არ გავქცეულვართ არც ერთი შეხვედრისაგან, როგორი რთული, მძიმეც უნდა ყოფილიყო ის. თითქმის ყველგან, ქუთაისში ორი ათასზე მეტი პენსიონერი იყო ქუჩაში, სულ ელოდნენ რაღაცას, პენსია დაუგვიანდათ, ბევრი საყვედურებიც იყო, მაგრამ ბოლოს ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ მითხრეს, ჩვენ გვჯერა შენი, გვჯერა შენი თანამებრძოლების, მეგობრების, თანამოაზრეების.

გვჯერა, რომ საპენსიო საკითხი გადაწყდება და საქართველო კეთილდღეობას მიაღწევს. ეს იყო იმ 2 ათასი კაცის გულწრფელი სიტყვა.

ამიტომ დიდი მადლობა მათ სულგრძელობისათვის, მოთმინებისათვის. როგორც მათ შევპირდი, ჩვენ ვალდებული ვართ, ეს პრობლემები რაც შეიძლება მოკლე დროში მოვაწესრიგოთ.

ტკივილნარევი სიხარულით, ენით აუწერელი მადლიერებით მივმართავ აფხაზეთიდან, სამაჩაბლოდან ლტოლვილებს, რომელთაც მხარი დამიჭირეს.

6-7 წელიწადი გავიდა, იყო იმედებიც, იყო შეხვედრები ლტოლვილებთან, მაგრამ მათ იმედი არ დაუკარგავთ. მე მართლაც ცრემლებამდე განვიცადე, როდესაც აქ განაცხადეს იმის შესახებ, რომ გალის რაიონიდან რამდენიმე ათეული ათასი კაცი, რომლებიც ზოგი ფეხით, ზოგი - ცხენით, ზოგი მანქანით და თავისი მოქალაქეობრივი ვალი მოიხადა ქვეყნის წინაშე.

ორიოდე სიტყვით მსურს შევეხო არჩევნების შესახებ უცხოელ მეთვალყურეთა მოსაზრებებს. მათი წარმომადგენლების ერთ ჯგუფს შევხვდი. მათ აქვთ შენიშვნები, რომელსაც ცენტრალური საარჩევნო კომისიაც გაითვალისწინებს და უზენაესი სასამართლოც თავის სიტყვას იტყვის.

უცხოელ მეთვალყურეებს შენიშვნები ჰქონდათ ადგილობრივი თვითმმართველობის, პარლამენტის არჩევნების დროსაც. ჩვენ ყოველთვის დიდი გულისყურით ვიღებთ მათს შენიშვნებს, მათს რჩევას და ვითვალისწინებთ შემდგომ მუშაობაში.

ყველას თხოვნით მივმართავთ, არც ერთი მეთვალყურის შენიშვნა რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს. თუ სადმე შევცოდეთ, თუ სადმე ვინმე შეეცადა, ზედმეტად გამოეჩინა თავი პრეზიდენტის მხარდასაჭერად არა კანონის ფარგლებში, ყველაფერი უნდა გამოსწორდეს.

არ მაქვს უფლება, ჩავერიო ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობაში, მაგრამ იქ იმდენად ავტორიტეტული ხალხია - აკადემიკოსი ჯუმბერ ლომინაძე, გამოჩენილი მეცნიერები, საზოგადო მოღვაწეები, ჩვენს საზოგადოებაში ცნობილი ადამიანები და დარწმუნებული ვარ, მათი შეფასება ობიექტური იქნება.

მსურს შევეხმიანო ოპოზიციას, რომელთანაც ნორმალური ურთიერთობა მაქვს, ზოგიერთ მათგანთან ცოტა დაძაბული, ზოგჯერ ვკამათობთ, ესეც ჩვეულებრივი მოვლენაა. მინდა, შევპირდე მათ, რომ ჩემი მათთან თანამშრომლობა გაგრძელდება. რაოდენ რადიკალური უნდა იყოს ოპოზიცია, მზად ვარ, მათთან ერთად ვიმუშაო, ვითანამშრომლო, თუკი მათ საქართველოს ინტერესები ამოძრავებთ.

პრეტენდენტებს, რომელთაც ბევრი ხმა მოაგროვეს თუ ცოტა, მინდა, შევთავაზო, უახლოეს დღეებში შევიკრიბოთ, რათა დამთავრდეს დაპირისპირება. მოვა ახალი არჩევნები და მაშინ თავისი კანდიდატურის წამოყენების საშუალება კიდევ ბევრს ექნება. მე მაშინ, ალბათ, მათთვის დიდი პრობლემა აღარ ვიქნები. ჩემი დიდი სურვილია, რომ საქართველოში დამკვიდრდეს ახალი მიმართულება, რომ ხელისუფლების სათავეში ყოფნა არა მარტო თანამოაზრეებსა და მხარდამჭერებთან, არამედ ოპოზიციასთან, იმ ადამიანებთან თანამშრომლობას გულისხმობს, რომლებიც გაკრიტიკებენ და სერიოზული შენიშვნები აქვთ.

ჩვენ ძალიან ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. ახლა რომ ვათვალიერებ ჩემს საპრეზიდენტო პროგრამას, ეს მარტო ერთი კაცის ნაფიქრალი და ნააზრევი არ არის, მაგრამ ძირითადი მოსაზრებები, ცხადია, მე მეკუთვნის, კიდევ უფრო ვრწმუნდები, რომ ყველაფერი ეს რეალურია, თუ ჩვენ ერთად ვიქნებით, გავმთლიანდებით და გავერთიანდებით ამ დიდი მიზნის შესასრულებლად, რათა მომავალი ხუთი წელი მართლაც იყოს საქართველოს აღორძინების, აყვავების, ხალხის კეთლდღეობის, სიღარიბისა და სიღატაკის დაძლევის, უფასო საშუალო განათლების, შეღავათიანი სამედიცინო მომსახურების, უმუშევრობის ლიკვიდაციის წლები. ჩვენ ეს შეგვიძლია იმიტომ, რომ გვაქვს უზარმაზარი საერთაშორისო დახმარება, გვაქვს დიდი თანადგომა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან, მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის, აგრეთვე, ჩვენი დიდი მეზობლებისა და შედარებით მცირერიცხოვანი ხალხის მხარდაჭერა. ჩვენ ეს შეგვიძლია იმიტომ, რომ საქართველომ, როგორც არაერთხელ აღვნიშნე, ახალი, დიდი მსოფლიო მნიშვნელობის ფუნქცია შეიძინა. ეს ფუნქცია, უწინარესად, ბიუჯეტის განმტკიცებასთან არის დაკავშირებული. მინდა, მოვუწოდო ყველას - მინისტრებს, რწმუნებულებს, გამგებლებს, ყველას, ვისაც რაიმე სფერო აბარია, მიუხედავად იმისა, ვინ დარჩება თანამდებობაზე და ვინ - არა, დრო არ დაიკარგოს, არც ერთი წუთი, არც ერთი დღე. ნურც ინაუგურაციას ველოდებით, ვიზრუნოთ იმისათვის, რომ ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი შესრულდეს და დავიწყოთ ჩვენი ვალდებულების შესრულება პენსიონრებისა და იმ ადამიანების წინაშე, ვისაც ხელფასი დაუგვიანდა.

დიდი მადლობა მობრძანებისათვის, დიდი მადლობა მხარდაჭერისათის.

საქართველოს პრეზიდენტი
პრესსამსახური - საქინფორმი.

„ქედს ვიხრი მთელი ხალხის, საქართველოს მთელი მოსახლეობის წინაშე, რომელმაც კიდევ ერთხელ გამომიცხადა ნდობა და ჩამაბარა ასეთი მაღალი ნდობის მანდატი“ : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა 12 აპრილის შეხვედრაზე // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2000. - 13 აპრილი. - №99 (3500). - 1,2 გვ.

62 ედუარდ შევარდნაძე: ჩვენ ერთად უნდა ვიდგეთ, რათა დავიცვათ ენა, მამული, სარწმუნოება

▲ზევით დაბრუნება


საუკუნეთა მანძილზე დედაენას ქართველები საკუთარი სისხლისა და ხორცის ფასად იცავდნენ, იცავდნენ და, თუ საჭირო გახდა, დაიცავენ კიდეც. ამის ნათელი მაგალითია 1978 წლის 14 აპრილი, როდესაც ქართველი ხალხი ეროვნული ღირსებისა და სიამაყის - დედაენის დასაცავად ერთ მუშტად შეიკრა და აბობოქრდა.

მას შემდეგ ყოველ 14 აპრილს საქართველოში დედაენის დღეს ზეიმობენ.

ყოველ 14 აპრილს - დედაენის დღეს უკვე ტრადიციულად იქცა „სტუდენტური დღეების“ გახსნა, ვინაიდან სტუდენტობა სწორედ ის უმთავრესი ძალაა, რომელმაც, ინტელიგენციასთან ერთად 22 წლის წინათ ამ დღეს საკუთარი ენის დასაცავად ხმა აღიმაღლა, გაერთიანდა და მიზანსაც მიაღწია. და ეს შესაძლებელი გახდა ედუარდ შევარდნაძის არნახული გამბედაობითა და ძალისხმევით, რომელიც მაშინ საქართველოს ხელმძღვანელი იყო.

გუშინ, ტრადიციისამებრ თბილისში, „დედაენის“ ძეგლთან ათასობით სტუდენტი შეიკრიბა, რომელთაც საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე მიესალმა:

„მოგესალმებით სულით და გულით ჩემი კოლეგების, ჩემი მეგობრების სახელით მადლობელი ვარ, რომ თქვენ ასე კარგად ინახავთ მეხსიერებაში 14 აპრილს. ეს მართლაც ისტორიული თარიღია, ისტორიული მოვლენაა საქართველოს მატიანეში, საქართველოს ცხოვრებაში. მე ერთი რამ მინდა ვთქვა: - უმკაცრესი, ტოტალიტარული რეჟიმის დროსაც კი იყო მოვლენები, როცა ხელისუფლება და მთელი ხალხი, განსაკუთრებით ახალგაზრდობა, ერთად იყვნენ, ერთად ვიდექით. მე ვამაყობ, რომ ჩემს ცხოვრებაში, ჩემს ბიოგრაფიაში არის ასეთი, ერთი ყველაზე ნათელი დრე - ეს არის 14 აპრილი, როცა ყველა ერთად ვიდექით და ყველამ ერთად, განსაკუთრებით, ახალგაზრდობამ, ინტელიგენციამ, და ხელისუფლებამ დავიცავით ჩვენი მშობლიური ენის სტატუსი, დავიცავით ჩვენი ერისა და ხალხის ღირსება.

ბედნიერი ვარ, რომ მომავალი თაობები 14 აპრილს კვლავ იხსენებენ, იხსენებენ, როგორც ნათელ შუქურას, იმას, თუ როგორ უნდა ვიყოთ ერთად, და მაშინ არაფერი საშიში არ არის. მე მჯერა, რომ ახალი საქართველო, დემოკრატიული, დამოუკიდებელი ქვეყანა, კვლავ მაგალითს უჩვენებს მთელ მსოფლიოს, როგორ უნდა ვიდგეთ ერთად, რათა დავიცვათ ენა, მამული, სარწმუნოება. ეს დიდი ილიას სიტყვებია. ჩვენ შეგვიძლია ეს გავაკეთოთ.

მადლობელი ვარ თქვენი, შვილებო და შვილიშვილებო, მადლობელი ვარ იმისათვის, რომ მხარი დაუჭირეთ საქართველოს დღევანდელ პრეზიდენტს არჩევნებში. მე ვესწრებოდი იმ საოცარ საღამოს სპორტის სასახლეში. მადლობელი ვარ იმისათვის, რომ თქვენ დღეს აქ მოხვედით. მადლობელი ვარ იმისათვის, რომ თქვენ დღეს იწყებთ სტუდენტურ გაზაფხულს, თქვენ, ალბათ, ეწვევით საქართველოს სხვადასხვა კუთხეს და თქვენს წილს შეიტანთ ძეგლების აღდგენაში და ბევრ სხვა სასიკეთო საქმეში. მე არ მინდა თავი მოგაწყინოთ ვრცელი გამოსვლით, თუმცა შემიძლია დიდხანს გესაუბროთ, იმიტომ, რომ ეს არის ჩემი უდიდესი და უმაღლესი სიამოვნება.

მინდა გითხრათ, რომ თქვენ ხართ 21-ე საუკუნის, მესამე ათასწლეულის ის ახალგაზრდობა, რომელიც თავის ადგილს დაიკავებს ქართული სახელმწიფოს მშენებლობის დამთავრებაში, ჩვენი ქვეყნის აღორძინებაში, და მსოფლიო თანამეგობრობაში ჩვენი ქვეყანა შევა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული, ნიჭიერი და ცივილიზებული სახელმწიფო. გისურვებთ ბედნიერებას, სიხარულს და აყვავებას ჩვენს ქვეყანას“.

[...]

ედუარდ შევარდნაძე: ჩვენ ერთად უნდა ვიდგეთ, რათა დავიცვათ ენა, მამული, სარწმუნოება // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2000. - 15 აპრილი. - №101 (3502). - 1,2 გვ.

63 ლევან სანიკიძეს 75 წლისთავთან დაკავშირებით

▲ზევით დაბრუნება


მილოცვა

ბატონო ლევან,

გულითადად მოგესალმებით და გილოცავთ დაბადებიდან 75 წლისთავს. კაცმა რომ თვალი გადაავლოს თქვენს მრავლისმომცველსა და საინტერესო შემოქმედებას, სამშობლოს დიდი სიყვარულით სავსე, დიდი ნიჭიერებითა და შრომისმოყვარეობით გამორჩეული კაცის მთელ ცხოვრებას დაინახავს:

ყოველი თქვენი წიგნი - „უქარქაშო ხმლები“, „დედა ისტორია“, „უბის ისტორია“, „რწმენა რწმენისა“, „წიგნი მოწამეთა“ თუ სხვა მრავალი, ნათელი დადასტურებაა იმისა, როგორ უნდა გიყვარდეს კაცს სამშობლო, როგორ უნდა გაუნაწილო ეს სიყვარული ყველას და მით უმეტეს მომავალ თაობას, რომელსაც ასე სჭირდება იგი ამ ჩვენს ულმობელ, მაგრამ საინტერესო დროში.

ყოველივე ამის საზღაურიც ალბათ ფასდაუდებელია - მშობელი ხალხის სიყვარული და აღიარება.

ბატონო ლევან, კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ კვლავაც დიდხანს ახარებდეთ მკითხველს თქვენი შემოქმედებით. ვამაყობ, რომ ვსარგებლობ თქვენი კეთილგანწყობითა და თანადგომით სამ ათეულ წელზე მეტი ხნის განმავლობაში.

მადლიერებით

ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი. 18.04.2000 წელი.

ლევან სანიკიძეს 75 წლისთავთან დაკავშირებით : მილოცვა // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2000. - 20 აპრილი. - №106 (3507). - 1 გვ.

64 ედუარდ შევარდნაძე: „ჩვენ გვევალება საკუთარ თავზე ამაღლება, ჩვენი ისტორიის უმძიმესი ფურცლის დახურვა, შერიგებისა და სამოქალაქო თანხმობის მიღწევა“

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის მიმართვა საქართველოს პარლამენტისადმი 2000 წლის 20 აპრილს

მოსაზრებებს, რომლებსაც მე ჩამოვაყალიბებ, სერიოზული მნიშვნელობა ექნება საქართველოს სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისათვის ბრძოლაში, რომლის საფუძველიც ყოველთვის იყო, არის და იქნება ეროვნული თანხმობა, საქართველოს მოქალაქეთა თანხმობა ქვეყნის აღმშენებლობის ძირეულ საკითხებზე.

საქართველოს უახლოეს ისტორიაში 1991-1992 წლები უკავშირდება ყველაზე ტრაგიკულ და უმძიმეს მოვლენებს. ტრაგიკულს, რადგან არაერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და საზოგადოების გახლეჩა, ძმათა შორის სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირება გამოიწვია; უმძიმესს, რადგან საქართველოს თითოეული მოქალაქისათვის ეროვნული თავმოყვარეობის, ისტორიული და პიროვნული პასუხისმგებლობის საგანი გახდა. მაგრამ ყველაზე მთავარი ის არის, რომ, საპირისპირო პოზიციებისა და შეფასების გათვალისწინებით, ეს მოვლენები ჩვენი საერთო ჭრილობა და ჯერ კიდევ განუკურნებელი საერთო ტკივილია.

მე, როგორც საქართველოს სახელმწიფოს მეთაურს და შემდგომში საქართველოს პრეზიდენტს, მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ ეროვნული შერიგება ქვეყნის სიმტკიცისა და ქვეყნის წარსულის ობიექტური შეფასების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პირობა და ღირსეული მომავლის უცილობელი გარანტიაა.

1992 წლის ზაფხულში გამოცემული მანიფესტით საზოგადოებას კონსტრუქციული დიალოგისა და ურთიერთგაგებისაკენ მოვუწოდე.

გახსოვთ ეს უკიდურესად დაძაბული დღეები, შეიარაღებული ფორმირებების თავდასხმა ტელევიზიაზე და სხვა სამთავრობო ობიექტებზე, დაიღვარა სისხლი, იყო მსხვერპლი.

გულწრფელად გეუბნებით, არც მე, არც ჩემს თანამოაზრეთ შურისძიებისა და ანგარიშსწორების პრინციპებით არ გვიხელმძღვანელია. ჩვენ მაშინ მივიღეთ სრულიად არაორდინარული გადაწყვეტილება, რომლის ანალოგიც შეიძლება არც ისე ბევრი იყოს ისტორიაში.

იმ დროს ძალზე რთული იყო ამგვარი გადაწყვეტილების მიღება, ესე იგი, მანიფესტის გამოცხადება დამნაშავეთა მიმართ. მით უფრო საეჭვო იყო მისი დადებითი შედეგები. ამიტომ ხელისუფლებისა და პოლიტიკური ორგანიზაციების წარმომადგენელთა ჭოჭმანი, ხოლო ზოგიერთთაგან - წინააღმდეგობა გასაკვირი არც ყოფილა. მაგრამ აშკარა იყო ის, რომ უნდა გამოგვეჩინა გამბედაობა და სულგრძელობა. ამან განაპირობა კიდეც ჩემი გადაწყვეტილება და მანიფესტის მიღება. მართალია, გათავისუფლებულთაგან დიდი ნაწილი შემდეგში კვლავაც დაუპირისპირდება ხელისუფლებას, მძიმე დანაშაულიც ჩაიდინა, მაგრამ მთავარი საქმე მაინც გაკეთდა - დასაბამი მიეცა სტაბილურობას, გაიზარდა ხელისუფლებისადმი ნდობა, განსაკუთრებით, დასავლეთ საქართველოსა და მის ცალკეულ რაიონებში.

თვით მაშინდელ პირობებშიც კი მანიფესტის დანიშნულება საზოგადოების მხოლოდ ერთი ნაწილის შემორიგებით არ ამოიწურებოდა. მანიფესტმა მნიშვნელოვნად შეარბილა აღნიშნული კატეგორიის მიმართ სიძულვილი და დაპირისპირებულობა, რომელიც მაშინ სუფევდა და, ფაქტობრივად, დასაბამი მისცა ეროვნული შერიგების იდეის განხორციელებას.

1995 წელს საქართველომ მიიღო კონსტიტუცია, რომლის პირველ მუხლში აღინიშნა, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო, რაც დადასტურებულია 1991 წლის 31 მარტს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამართული რეფერენდუმით და 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით. ამრიგად, საქართველოს კონსტიტუციამ დაადასტურა საქართველოს 1990-1991 წლების უზენაესი საბჭოს როლი საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებაში. ქვეყნის უზენაესი კანონი - საქართველოს კონსტიტუცია პირველი სერიოზული ნაბიჯი იყო ეროვნული თანხმობის მიღწევის გზაზე. მე მხედველობაში მაქვს სწორედ გლობალური ნაბიჯი.

ჯერ კიდეც 1997 წელს ჩემს მოხსენებაში პარლამენტის წინაშე მე განვაცხადე, რომ ხელისუფლება შერიგებისა და ეროვნული თანხმობის, ნდობისა და ურთიერთგაგების პოლიტიკას განახორციელებდა. მე ვთქვი, რომ ხელს ვუწვდი ყველას, ვინც ამ პრინციპებს გაიზიარებს და პრაქტიკულ ნაბიჯებსაც პირველი გადავდგამ-მეთქი. ასეთი პრაქტიკული ნაბიჯებიც უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში ნამდვილად გადაიდგა, ზოგი უფრო შთამბეჭდავი, ზოგიც - ნაკლებად ეფექტიანი, მაგრამ მაინც. ათეულობით მსჯავრდებულები, რომლებიც დაკავშირებული იყვნენ 1991-1993 წლების მოვლენებთან, გათავისუფლდნენ სასჯელის მოხდისაგან.

დღემდე პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებამოსილების გამოყენებით გათავისუფლდა ხუთ ათასზე მეტი მსჯავრდებული. მათგან მხოლოდ ორმა პროცენტმა ჩაიდინა დანაშაული. დანარჩენები კი დაუბრუნდნენ თავიანთ ოჯახებს და ადგილი იპოვეს საზოგადოებაში. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს სულგრძელობისა და ჰუმანური ნაბიჯის მართებულობასა და აუცილებლობას.

გარდა ამისა, უფრო მეტად დაჩქარდა შერიგებისკენ ორმხრივი მოძრაობა. შეიქმნა ეროვნული თანხმობის დარბაზი, რომელმაც სასარგებლო საქმე გააკეთა და რომელიც ახლაც აგრძელებს მუშაობას. ამ დარბაზის შექმნას მე გულწრფელად მივესალმე. ასევე გულწრფელად მივესალმები იმას, რომ დღევანდელ პარლამენტში აქტიურად მოღვაწეობს პარტია „21-ე საუკუნე - თავისუფალი საქართველო“.

შორსა ვარ იმ აზრისაგან, რომ მსჯავრდებულთა განთავისუფლება თავისთავად მიგვიყვანს ეროვნულ შერიგებამდე. მაგრამ, ვფიქრობ, ჩემ მიერ უკვე განხორციელებული აქტები ხელს უწყობს თანხმობისა და შერიგების პროცესის გაღრმავებას, რაც ჩემი საპრეზიდენტო პროგრამის უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად გამოვაცხადე.

ამგვარი პრიორიტეტის მიღების შესახებ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ჩემი და ჩემი თანამოაზრეების, აგრეთვე, ოპონენტების, სერიოზული და ხანგრძლივი განსჯა.

სახელმწიფოებრივი ჰუმანიზმი მხოლოდ ძლიერ და დემოკრატიულ სახელმწიფოს შეუძლია განახორციელოს. ჩვენ ეს შევძელით ჯერ კიდევ 7 წლის წინათ. ახლა კი, როცა, ავად თუ კარგად, ავაშენეთ ქართული სახელმწიფო და ჩამოვაყალიბეთ მისი ყველა შემადგენელი ინსტიტუტი, შეგვიძლია ეროვნული შერიგებისკენ კიდევ უფრო გაბედული ნაბიჯების გადადგმა და არა მარტო შეგვიძლია, არამედ გვჭირდება კიდეც, რადგან ერთხელ და სამუდამოდ უნდა შევეგუოთ იმ ჭეშმარიტებას, რომ 1991-1992 წლების მოვლენები იყო ტრაგედია მთელი საქართველოსათვის და მას არც ერთი მხარისათვის გამარჯვება არ მოუტანია. ამ მოვლენების მიუკორძოებელი და ღრმა მეცნიერული შეფასება დღევანდელი დღის მოთხოვნაა და მე მზად ვარ შევქმნა სპეციალური კომისია, ან სპეციალური სამუშაო ჯგუფი, თუ გნებავთ, ერთობლივი, პარლამენტთან ერთად, და ყველა დასკვნა, რომელსაც ის წარმოადგენს, პარლამენტის პირუთვნელი და ობიექტური მსჯელობის საგნად ვაქციოთ. ჩვენ ვალდებული ვართ ეს გავაკეთოთ, ვალდებული ვართ პასუხი გავცეთ უახლოესი ისტორიის ყველაზე მწვავე კითხვებს.

ამასთან ერთად, მინდა გაცნობოთ, რომ რამდენიმე თვის წინათ დავავალე შესაბამის სამსახურებს შეესწავლათ გარკვეული კატეგორიის მსჯავრდებულთა საქმეები და მოემზადებინათ პრეზიდენტის აქტი მათი გათავისუფლების ან სასჯელის ვადის შემცირების შესახებ. რა თქმა უნდა, მათი დიდი უმრავლესობა გათავისუფლდა.

გუშინ ამ აქტს ხელი მოვაწერე. შეღავათები ეხება 1991-1992 წლების მოვლენებთან დაკავშირებულ მსჯავრდებულებს, მიუხედავათ იმისა, ბარიკადების რომელ მხარეს იდგნენ, აგრეთვე, მსჯავრდებულებს, რომლებიც თავდადებულად იბრძოდნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად. შეღავათები არ გავრცელდება იმათ მიმართ, ვისაც ჩადენილი აქვს უმძიმესი ცოდვა - მკვლელობა (მაგრამ ეს ერთეულებია).

საბოლოო ჯამში, პრეზიდენტის ბრძანებულება შეეხო 279 პიროვნებას.

ამასთან დაკავშირებით, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ისიც, რომ ყველა, ვინც გასამართლებულია, მსჯავრდებულთა კატეგორიას განეკუთვნება კონკრეტული დანაშაულის და არა პოლიტიკური შეხედულების გამო. ასეთი იყო პრინციპი. თუ სადმე გადახვევა მოხდა, მომავალშიც არ არის გამორიცხული, რომ ბევრი რამ გადაისინჯოს.

ახლანდელი გადწყვეტილების მიღებისას ვითვალისწინებდი უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის შუამდგომლობას, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ საჯაროდ გამოთქმულ მოსაზრებებს, სხვა პოლიტიკურ და სახელმწიფო მოღვაწეთა თხოვნას, მრავალი მოქალაქის წერილს, რომლებიც ჩემგან ამგვარი ნაბიჯის გადადგმას ითხოვდნენ და რომლებიც ჩემთან ერთად კისრულობენ პასუხისმგებლობას ამ აქციისათვის.

ვიმედოვნებ, გათავისუფლებულნიც და მათი თანამგრძნობნიც სწორად გაიგებენ ჩემი გადაწყვეტილების მიზანს და იპოვნიან ქვეყანაში საკუთარ შესაძლებლობათა რეალიზაციის კანონიერ გზას. ჩვენ მათ ამაში დავეხმარებით, დაეხმარებიან ადგილობრივ ადმინისტრაციათა წარმომადგენლები. ამ ჰუმანურ აქტს აქვს ეროვნული და სახელმწიფოებრივი დატვირთვა.

ჩვენ გვევალებათ საკუთარ თავზე ამაღლება, ჩვენი ისტორიის უმძიმესი ფურცლის დახურვა, შერიგებისა და სამოქალაქო თანხმობის მიღწევა.

მჯერა, ამ გადაწყვეტილებას გაგებით შეხვდება ჩემი ხალხი და, განსაკუთრებით, დაზარალებულთა არცთუ მცირე რიცხვი, რომელთა პიროვნული, ოჯახური, სულიერი და, თუ გნებავთ, პოლიტიკური ტკივილი, შესაძლოა, უფრო ღრმაც იყოს, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია, მაგრამ მე მათი სულგრძელობის მჯერა, თუნდაც იმ სოფლებისა და რაიონების მკვიდრთაგან, რომლებმაც წარსული პერიოდის სისასტიკე განსაკუთრებულად განიცადეს. სხვათა შორის, მე წერილებს ვიღებ იმ სოფლების მოსახლეობისაგან.

ვიმედოვნებ, რომ ჩემს გადაწყვეტილებას ასევე გაგებით შეხვდებიან სამართალდამცავი ორგანოების მუშაკები, რომლებმაც მრავალი უძილო ღამე გაათიეს და მრავალი სამართალდამცველის სიცოცხლეც კი შეეწირა ამას, რომ ქვეყანაში შეიარაღებული ხალხის თარეში თავის დროზე აღკვეთილიყო. მე მჯერა მათი. მჯერა იმიტომ, რომ მათ მართლაც გადამწყვეტი როლი შეასრულა ქვეყნის საერთო სტაბილურობისა და სახელმწიფოებრივი წესრიგის დამყარებაში.

შეიძლება ვინმეს გაუკვირდეს 1995 წლის 19 აგვისტოს ტერორისტული აქტის მონაწილეობაზე შეღავათების გავრცელება (არა ყველაზე, მაგრამ მნიშვნელოვან ნაწილზე). ეს ტერორისტული აქტი ჩემს მიმართ განხორციელდა, მაგრამ, საბოლოო ანგარიშით, იგი ითვალისწინებდა ქვეყნის დესტაბილიზაციასა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის ხელყოფას. ეს გარემოება კიდევ უფრო ამძაფრებს მის მონაწილეთა დანაშაულს, მაგრამ არ შეიძლება იმ ფაქტის დავიწყებაც, რომ მათი უმრავლესობა ჩემთან ერთად იბრძოდა აფხაზეთში და გამარჯვებისათვის საკუთარ სიცოცხლესაც არ იშურებდა. უამრავი მათი თანამებრძოლი ვერ დაუბრუნდა თავის ოჯახს. იმ უმძიმეს პირობებში ბევრ მათგანთან პირადი, საბრძოლო თუ სამსახურებრივი ურთიერთობაც მაკავშირებდა. ქრისტიანთათვის ერთი დადებითი თვისებაც კი საკმარისი უნდა იყოს თანაგრძნობისა და სულგრძელობისათვის. ყოველ შემთხვევაში, ჩემი მორალური, ზნეობრივი და სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა ამ სულგრძელობაში თავსდება, ხოლო საქართველოსა და საკუთარი ხალხის სამსახურის კიდევ ერთი შესაძლებლობის გამოყენება გათავისუფლებულთა სინდისისათვის მიმინდვია.

29 აგვისტოს ტერორისტული აქტის მონაწილეთა საკითხს მე კიდევ დავუბრუნდები. ნაწილი გათავისუფლდება, ნაწილის საკითხს შემდგომში განვიხილავთ.

მინდა გაცნობოთ, რომ მივიღე გადაწყვეტილება, შევქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც შემოგვთავაზებს წინადადებებს საქართველოს პირველი რესპუბლიკის მეთაურის ნოე ჟორდანიას და ახალი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ხსოვნის უკვდავყოფის ღონისძიებათა შესახებ, მათი მემკვიდრეობის შესწავლისათვის.

ვფიქრობ, იმ ღონისძიებათა ჩამონათვალი, რომელთა შესახებაც მოკლედ მოგახსენეთ, მნიშვნელოვნად აცლის საფუძველს საქართველოს მოქალაქეთა შორის ანტაგონისტურ დაპირისპირებას. არ იქნება გადაჭარბებული, თუ ვიტყვი, რომ სამოქალაქო დაპირისპირება, რომელმაც ამდენი უბედურება, ამდენი ტრაგედია მოუტანა ჩვენს სამშობლოს, მთავრდება. მჯერა, რომ ყველა ნორმალური ადამიანი, საქართველოს ყველა ჭეშმარიტი პატრიოტი სამშობლოს ერთიანობისა და მთლიანობისათვის ბრძოლაში ღირსეულ პოზიციას დაიკავებს.

მჯერა ისიც, რომ უახლოეს ხანებში საქართველო შეძლებს ურთიერთნდობისა და შემწყნარებლობის პრინციპით ცხოვრებას. ჩვენ ვითანამშრომლებთ ყველა პოლიტიკურ ძალასთან და ეს თანამშრომლობა მიზნად ისახავს მთავარს - დამოუკიდებელი, ძლევამოსილი ქართული სახელმწიფოს დამკვიდრებას. და - კიდევ ერთი იქნებ, თქვენ, ძვირფასო პარლამენტარებო, იფიქროთ პრეზიდენტისათვის მანიფესტის გამოცემის უფლების მინიჭებაზე, რათა გარკვეული დროის შემდეგ, როცა საბოლოოდ ჩაცხრება ვნებათაღელვა, სახელმწიფოებრივ დონეზე დაუსვას წერტილი ახლო წარსულის მრავალ უბედურებასა და გაუგებრობას. ეს იქნებოდა საყოველთაო და სამუდამო შერიგების დიდი აქტი.

ნუ დაგვავიწყდება, რომ წინ გვაქვს ურთულესი პრობლემები, ქართველთა და აფხაზთა, ქართველთა და ოსთა შერიგების პროცესები. ამ დიდ საქმეთა გადასაწყვეტად აქედანვე უნდა ვემზადოთ და სათანადო უფლებებითაც აღვიჭურვოთ.

გმადლობთ ყურადღებისათვის.

საქართველოს პრეზიდენტის
პრესსამსახური - საქინფორმი.

ედუარდ შევარდნაძე: „ჩვენ გვევალება საკუთარ თავზე ამაღლება, ჩვენი ისტორიის უმძიმესი ფურცლის დახურვა, შერიგებისა და სამოქალაქო თანხმობის მიღწევა“ : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის მიმართვა საქართველოს პარლამენტისადმი 2000 წლის 20 აპრილს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2000. - 21 აპრილი. - №107 (3508). - 1,2 გვ.

65 „ახლა დადგა დრო, რომ ერთობლივი ძალისხმევით დავძლიოთ რეგიონული მასშტაბის პრობლემები, რომელთა შორის უმნიშვნელოვანესია არსებული კონფლიქტების უსწრაფესი მოწესრიგება და პოტენციური კონფლიქტების თავიდან აცილება“

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
სიტყვა ევრაზიის ეკონომიკურ სამიტზე
ალმათი, 2000 წლის 27 აპრილი.

ბატონო თავმჯდომარე,
ბატონო პრეზიდენტო ნაზარბაევ,
ქალბატონებო და ბატონებო,

პრეზიდენტის არჩევნების შემდეგ პირველ ვიზიტს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ. მიაჩნიათ, რომ ასეთი ვიზიტის გეოგრაფია და მიზანი ერთგვარად განსაზღვრავენ რამდენიმე წლით ადრე ქვეყნის საგარეო და არა მარტო საგარეო პრიორიტეტებს. ასეთ სიმბოლოებს არასდროს ვანიჭებდი განსაკუთრებულ მნიშვნელობას. და მაინც, მიუხედავად იმისა, რომ ეს მოხდა შემთხვევის წყალობით, ჩემი აზრით, ეს შესანიშნავი დამთხვევაა, რადგან ჩემი პირველი ვიზიტი დამოკიდებულია იმ რეგიონის პრობლემებისადმი მიძღვნილ შეხვედრასთან, რომლის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჩემი ქვეყნის და, თუ გნებავთ, მთელი მსოფლიოს უკეთესი მერმისისათვის დღეს უკვე არავისთვის სადავო აღარ არის.

მსოფლიოს უდიდესი სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების პოლიტიკური, ეკონომიკური ან ჰუმანიტარული მხარდაჭერის თვალსაზრისით ახალი „დიდი აბრეშუმის გზის“ კავკასია-ცენტრალური აზიის მონაკვეთი დღეს, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური რეგიონია მთელ მსოფლიოში. რეგიონის ბუნებრივი რესურსების სიმდიდრემ, კვალიფიციურმა მუშახელმა, სამეცნიერო პოტენციალმა და გეოგრაფიულმა მდებარეობამ განაპირობა ის, რომ მისი ხალხები, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში მოწყვეტილი იყვნენ ცივილიზაციის განვითარების მაგისტრალურ გზას, კვლავ იკავებენ განსაკუთრებულ ადგილს „ცივი ომის“ დამთავრების შემდეგ დამკვიდრებულ ახალ მსოფლიო წყობაში.

მაგრამ არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი, რომელმაც დიდად შეუწყო ხელი ჩვენს მიმართ ესოდენ განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენას. ეს მიზეზია ის, რომ მზად ვართ რეგიონული თანამშრომლობისათვის. ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენ საქმით დავამტკიცეთ, რომ შეგვწევს უნარი ქვაკუთხედად მივიჩნიოთ საერთო ეკონომიკური ინტერესები და მათ საკუთარი პოლიტიკური პრიორიტეტებიც კი დავუქვემდებაროთ. თუმცა, ჩვენ ამას ისე ვაკეთებთ, რომ, ერთი მხრივ, სათუო არ გავხადოთ ქვეყნების დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, მეორე მხრივ კი, - შევასრულოთ სხვა სახელმწიფოების წინაშე ჩვენს მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სრულიად გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ამაში გადამწყვეტი როლი ეკუთვნის ევროპის კავშირს, რომელმაც უზარმაზარი სტიმული მიანიჭა იმათ რეგიონულ თანამშრომლობას, ვისაც დღეს უწოდებენ ტრასეკას ქვეყნებს და ამ სივრცეში შექმნა შესაბამისი საინვესტიციო კლიმატი. უფრო მეტიც, ტრასეკა უკვე გახდა ახალი „დიდი აბრეშუმის გზის“ გლობალური პროექტის განუყოფელი ნაწილი, რომლის ფარგლებში, სხვა სატრანსპორტო საშუალებებთან ერთად, ამოქმედდა მილსადენებიც და მათი მეშვეობით ხორციელდება კასპიის, ყაზახეთის და სხვა ქვეყნების ენერგოშემცველების ტრანსპორტირება, ხოლო კოსმოსური ტელესაკომუნიკაციო სისტემა, რომლის შექმნას მიეძღვნა ამას წინათ თბილისში გამართული კონფერენცია, აყალიბებს კავშირგაბმულობის ერთიან ქსელს. ბაქოს ისტორიული სამიტისა და თბილისის სამთავრობოთაშორისო კომისიის პირველი კონფერენციის მეოხებით ევროკავშირმა საფუძველი ჩაუყარა ამ სივრცეში ინტეგრაციული პროცესის ინსტიტუციონალიზაციას. სხვა ფაქტორებთან ერთად, ალბათ, ამანაც დიდად განაპირობა ის, რომ ამერიკის კონგრესმა სენატორ სემ ბრაუნბეკის ინიციატივით მიიღო აქტი „აბრეშუმის გზის“ სტრატეგიის შესახებ. პროექტს, აგრევე, უერთდებიან იაპონია, ჩინეთი, კორეა.

და მაინც, ყოველ ჩვენთაგანს კარგად ესმის, რომ ადრე თუ გვიან, და იმედი მაქვს, რომ - ადრე, ჩვენ ინტეგრაციისა და რეგიონული თანამშრომლობის გზაზე მივადგებით იმ ზღვარს, რომლის იქით შესაძლებელია ნახტომისებური წინსვლა, მაგრამ მისი განხორციელება შეუძლებელი იქნება, თუ არ შევიმუშავეთ საერთო შეხედულებები ზოგიერთ უმნიშვნელოვანეს საკითხთან დაკავშირებით. ამიტომ, დიდად მადლიერი ვარ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმისა, რომელმაც განსახილველად სწორედ ეს პრობლემა შემოგვთავაზა - ძალგვიძს თუ არა გავცდეთ საკუთარი ინტერესების ფარგლებს, ან სხვაგვარად რომ ვთქვათ, შეგვწევს თუ არა, ეკონომიკურთან ერთად რეგიონის სხვა პრობლემების, უწინარეს ყოვლისა, იმის საერთო ძალებით განსაზღვრის უნარი, როგორ მოვუღოთ ბოლო დაპირისპირებას და რა პრინციპზე ავაგოთ მომავალი ურთიერთობა რეგიონის შიგნით და რეგიონსა და დანარჩენ მსოფლიოს შორის.

როცა ამ გეოგრაფიულ არეალში ინტერესების სიახლოვეზე, ან სულაც მათს თანახვედრაზე ვლაპარაკობთ, არ უნდა დავივიწყოთ, რომ ფართო ისტორიული თვალსაზრისით ჩვენი ხალხების ბედი მხოლოდ უახლეს ისტორიაში წააგავს ერთმანეთს. ახლო წარსულში, ერთ სახელმწიფოში გაერთიანებული ჩვენი ქვეყნები, თუმცა გარე სამყაროს მოწყვეტილები იყვნენ, მაგრამ იმავე დროს, მნიშვნელოვნად დაუახლოვდნენ ერთმანეთს. არ უნდა გავუშვათ ხელიდან ამ სიახლოვის მაქსიმალური გაღრმავებისა და რეგიონის ქვეყნების საკეთილდღეოდ მისი გამოყენების უნიკალური შანსი. მიმაჩნია, რომ ევროპის კავშირი ის რეალური ძალაა, რომელსაც ძალუძს დიდი აქტიურობის მეოხებით სერიოზული ბიძგი მისცეს ინტეგრაციას და დაგვეხმაროს იმ დაბრკოლებათა გადალახვაში, რომელთა შესახებაც ზემოთ მოგახსენებდით.

რაც შეეხება საერთო შეხედულებებს, ერთ საკითხში იგი ნამდვილად არსებობს. ეს არის ახალ მსოფლიო წყობაში საკუთარი ადგილის დამკვიდრების საკითხი, ანუ რეგიონის სატრანსპორტო-საკომუნიკაციო ფუნქციის განვითარების საკითხი, რომელსაც გონივრული ალტერნატივა არ გააჩნია. უნდა აღინიშნოს, რომ თავისი გეოგრაფიული მდებარეობისა და განვითარებული ინფრასტრუქტურის მეოხებით რუსეთი თავად არის ევრაზიის უმნიშვნელოვანესი ბუნებრივი სატრანსპორტო-საკომუნიკაციო დერეფანი. მაგრამ ახალი „დიდი აბრეშუმის გზის“ სახელმწიფოთა ბუნებრივი რესურსების იმდენად დიდია, რომ რეგიონს უეჭველად სჭირდება მსოფლიო ბაზრებზე ალტერნატიული გასასვლელიც. აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ დროა საბოლოოდ გავთავისუფლდეთ ყოველივე იმისგან, რაც ხელს უშლის მისი ისტორიული ფუნქციის განხორციელებას.

ამასთან დაკავშირებით საჭიროდ მიმაჩნია განსაკუთრებით აღვნიშნო, რომ არსებული კონფლიქტები და პოტენციური ცხელი წერტილები კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში სასწრაფოდ უნდა აღმოიფხვრას. კერძოდ, ბოლო წლებში კავკასიის მიმართ ბევრი ინიციატივა გამოითქვა, უამრავი შეხვედრა გაიმართა. მათ შორის - პრეზიდენტ ალიევისა და ჩემს მიერ წამოყენებული „მშვიდობიანი კავკასიის“ ინიციატივა, კავკასიის სახელმწიფოთა ლიდერების შეხვედრა კისლოვოდსკში, კონსულტაციები შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ეგიდით, ეუთოს სტამბოლის სამიტზე წამოყენებული წინადადებები, პრეზიდენტ დემირელის მიერ გამოთქმული მოსაზრებები, დსთ მოსკოვის სამიტზე ბატონ პუტინთან საუბრები, სომხეთის პრეზიდენტის რობერტ ქოჩარიანის გამონათქვამები. საქართველო მიესალმება ამ ღონისძიებებს და მიაჩნია, რომ დაპირისპირების მოწესრიგების პროცესში მონაწილეობა უნდა მიიღოს ყველამ, ვისაც შეუძლია მასში შეიტანოს კონკრეტული წვლილი. შრომის, ბუნებრივი და ადამიანური რესურსების, კაპიტალდაბანდებების საერთაშორისო განაწილების, სატრანსპორტო-საკომუნიკაციო პროექტების რეალიზაციის თვალსაზრისით ახალი „დიდი აბრეშუმის გზის“ რეგიონი გლობალური მნიშვნელობის რეგიონი გახლავთ და ამ სივრცეში, ერთი შეხედვით, თუნდაც ლოკალური კონფლიქტების მოწესრიგებას გლობალური მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს. გლობალიზაციის ეპოქაში, როცა ყველა ნახტომი მეცნიერებისა და ტექნოლოგიის დარგში დაუყოვნებლივ დგება საყოველთაო კეთილდღეობის სამსახურში, კონფლიქტების მოწესრიგების საქმეში დაგროვილ გამოცდილებასაც ასევე სჭირდება გლობალიზაცია. ბოლო წლების მწარე გამოცდილება გვასწავლის, რომ მხოლოდ რეგიონის სახელმწიფოთა ძალისხმევა საკმარისი არ არის. დარწმუნებული ვარ, რომ ევროატლანტიკურ სტრუქტურებს, რომლებმაც ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომიდან მოყოლებული ევროპის კონტინენტის აღორძინების, კონფლიქტების მოწესრიგების, დაპირისპირებულ მხარეთა შერიგების, პოსტკონფლიქტური რეაბილიტაციის უდიდესი გამოცდილება დაუგროვდათ, წარმატებით შეუძლიათ ეს გამოცდილება ჩვენს შემთხვევაშიც გამოიყენონ. გვაქვს საფუძველი, რომ მათს განსაკუთრებულ აქტიურობას ველოდეთ ახლა, როდესაც ევროპას აღარ ემუქრება ფართომასშტაბიანი ბალკანური ომის საშიშროება.

არ შემიძლია გვერდი ავუარო ამ ფორუმზე საკითხს, რომელსაც საარსებო მნიშვნელობა აქვს ჩვენი რეგიონისათვის და რომლის თაობაზეც ყველა მხარის აზრი სავსებით ემთხვევა ერთმანეთს. ეს არის ახალი „დიდი აბრეშუმის გზის“ ჩრდილოეთ-სამხრეთის მიმართულება. ევრაზიის მაგისტრალის აღორძინებაზე ჯერ კიდევ 1990 წელს ვილაპარაკეთ ვლადივოსტოკში, და ბედნიერი ვარ, რომ დამოუკიდებელი საქართველოს, როგორც საკვანძო სახელმწიფოს მონაწილეობით ეს მაგისტრალი რეალობად იქცევა. ევრაზიის სივრცის პერსპექტივის თაობაზე რამდენიმე წლის წინათ კონცეპტუალური აზრი გამოთქვა პრეზიდენტმა ნაზარბაევმაც. მაგრამ ერთიანი სატრანსპორტო-საკომუნიკაციო დერეფნის ჩანაფიქრს ხორცშესხმულად ვერ მივიჩნევ, მანამ მთელი ძალით არ ამოქმედდება ჩრდილოეთ-სამხრეთის მიმართულება, რაც თავისთავად გულისხმობს რეგიონის უდიდესი სახელმწიფოს - რუსეთის მონაწილეობას. ვიმედოვნებ, რომ ამ ქვეყნის ახალი ხელმძღვანელობა გარკვევით ხედავს თანამედროვე მსოფლიოში რუსეთის, როგორც მშვიდობისმოყვარე, სტაბილური, გახსნილი, საკაცობრიო ღირებულებების პრიორიტეტზე დაფუძნებული და იდეოლოგიური დოგმებისაგან თავისუფალი სახელმწიფოს როლსა და ადგილს. და თუ ეს ასეა, პრაგმატული მოსაზრებებისა და მიზანშეწონილობის საფუძველზე რუსეთმა ბოლომდე უნდა გააცნობიეროს რა ეკონომიკური და პოლიტიკური სარგებლობა შეიძლება მოუტანოს თვით რუსეთს, საერთოდ რეგიონსა და მთელ მსოფლიოს ახალი „დიდი აბრეშუმის გზის“ ამ მიმართლებაში მისმა მონაწილეობამ, რაოდენ სასიკეთო გავლენას მოახდენს ამ პროექტში მისი ჩაბმა ჩრდილოეთ კავკასიის, სამხრეთ კავკასიის სიტუაციაზე და სამხრეთ რუსეთში მდებარე პოტენციური არასტაბილურობის მთელ სარტყელზე. ამ მიმართულების მნიშვნელობის კიდევ ერთი დადასტურება გახდა ევროპის კავშირის ინიციატივა ახალი რეგიონალური პროგრამის „პეტრას“ შექმნასთან დაკავშირებით, რომელიც ახალი „დიდი აბრეშუმის გზის“ სწორედ ამ მიმართულების განვითარებას ისახავს მიზნად.

და დასრულდა, კვლავ მივუბრუნდები სხდომის ძირითად თემას. მას შემდეგ, რაც 1993 წელს გაიმართა ბრიუსელის კონფერენცია, ჩვენ საქმით ვამტკიცებთ, რომ შეგვწევს უნარი გავცდეთ საკუთარი ინტერესების ფარგლებს და, საქმის ინტერესებიდან გამომდინარე ფუძემდებელი პრინციპების ზოგადი ხედვა შევიმუშაოთ. ახლა დადგა დრო, რომ ერთობლივი ძალისხმევით დავძლიოთ რეგიონული მასშტაბის პრობლემები, რომელთა შორის უმნიშვნელოვანესია არსებული კონფლიქტის უსწრაფესი მოწესრიგება და პოტენციური კონფლიქტების თავიდან აცილება. უფრო სერიოზული საზრუნავი ჩვენს რეგიონს დღეისათვის არა აქვს და ვიცი, რომ ჩვენი აზრები ამ საკითხშიც სავსებით ემთხვევა ერთმანეთს.

მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო ჩემს მეგობარს პრეზიდენტ ნაზარბაევს და მთელ ყაზახ ხალხს მშვენიერი მასპინძლობისა და სამიტის შესანიშნავი ორგანიზაციისათის. დიდი მადლობა ყველას, ვინც მონაწილეობდა ამ შეხვედრის მოწყობაში და, უწინარეს ყოვლისა, მადლობას მოვახსენებ ბატონ კლაუს შვაბს და მსოფლიო ეკონომიკური ფორუმების ხელმძღვანელობას.

საქინფორმი.

„ახლა დადგა დრო, რომ ერთობლივი ძალისხმევით დავძლიოთ რეგიონული მასშტაბის პრობლემები, რომელთა შორის უმნიშვნელოვანესია არსებული კონფლიქტების უსწრაფესი მოწესრიგება და პოტენციური კონფლიქტების თავიდან აცილება“ : საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა ევრაზიის ეკონომიკურ სამიტზე : ალმათი, 2000 წლის 27 აპრილი // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2000. - 29 აპრილი. - №115 (3516). - 1,2 გვ.

66 საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე:

▲ზევით დაბრუნება


„მე საქართველოს პრეზიდენტი, ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებ, რომ დავიცავ საქართველოს კონსტიტუციას, ქვეყნის დამოუკიდებლობას, ერთიანობასა და განუყოფლობას, კეთილსინდისიერად აღვასრულებ პრეზიდენტის მოვალეობას, ვიზრუნებ ჩემი ქვეყნის მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისათვის, ჩემი ხალხის და მამულის აღორძინებისა და ძლევამოსილებისათვის“ მესამე ათასწლეულის პირველ ხუთ წელიწადშივე საფუძველი ჩაეყრება ჩვენი ქვეყნის გამთლიანებას, გაძლიერებას, სახალხო კეთილდღეობის ამაღლებას

საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა
ინაუგურაციის ცერემონიაზე 2000 წლის 30 აპრილს
ძვირფასო თანამემამულენო! ქალბატონებო და ბატონებო!

ძვირფასო სტუმრებო!

როგორც მოგეხსენებათ, კონსტიტუციის თანახმად, არჩეული პრეზიდენტი ფიცს დებს ხალხის წინაშე არჩევნების შემდეგ მესამე კვირას. ეს დღე მიმდინარე წელს დაემთხვა დიდ დღესასწაულს - წმინდა აღდგომას! ეს თითქოს ზეციური, ღვთის ნიშანია, ეს უფრო კანონზომიერებაა, ვიდრე შემთხვევითობა, რადგანაც ის სიმბოლურად მიგვანიშნებს, რომ ჩვენ, ყველანი, შემოვბრუნდით რა ღმერთისაკენ, უზენაესის ნებით ჩვენი სახელმწიფოც აღსდგა და აღმავლობის გზას დაადგა.

პრეზიდენტის წლევანდელი არჩევნები და ფიცის დადება ხალხის წინაშე დიდ საკრალურ და ისტორიულ კონტექსტს იძენს იმის გამო, რომ წელს ჩვენ აღვნიშნავთ იესო ქრისტეს დაბადების 2000 და საქართველოს სახელმწიფოებრიობის 3000 წლისთავს!

მე ამ ისტორიულ დღეს დიდი მადლიერების გრძნობით მივმართავ სრულიად საქართველოს, საქართველოს ხალხს, მსოფლიო თანამეგობრობის ქვეყნებს, განსაკუთრებით, საქართველოს მეგობარ ქვეყნებს, იმ დიდი დახმარებისა და თანადგომისათვის, რამაც საშუალება მოგვცა, წინა არჩევნებიდან განვლილი ხუთი წელი - გამხდარიყო განსაკუთრებული ეტაპი საქართველოს სახელმწიფოებრიობის 3000 - წლოვან ისტორიაში.

1995 წლის 26 ნოემბერს, მე აქ პირველად დავდე ფიცი ღვთისა და ერის წინაშე, როგორც საქართველოს პრეზიდენტმა, დღეს მეორედ, კონსტიტუციაში ჩაწერილი სიტყვებით მივმართავ ღმერთს, ჩემს ხალხს, სრულიად საქართველოს.

პრეზიდენტის ინაუგურაცია, საზეიმოდ ფიცის დადება და მასთან დაკავშირებული სახელმწიფო ცერემონია ერთ პიროვნებას არ ეკუთვნის. იგი ეძღვნება ხალხს - ხელისუფლების კონსტიტუციურ, ლეგიტიმურ წყაროს, რომელმაც წარმოშვა, რომელმაც აირჩია პრეზიდენტი და ის უზენაესი კონსტიტუციური უფლებებით აღჭურვა.

ეს ზეიმი საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დემონსტრაციაა.

უკვე ტრადიციულად იქცა ინაუგურაციის დღეს ახლად არჩეული პრეზიდენტის ასვლა მთაწმინდაზე. ეს თითქოს მისტიკური სულიერი შერწყმაა ერის წარსულთან.

მე დიდ მადლობას მოვახსენებ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს, ქართულ სამღვდელოებას, ეკლესიას, მრევლს დიდი ზეიმისათვის სვეტიცხოველში, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციას ეძღვნება და რომელსაც განსაკუთრებული სიმბოლური მნიშვნელობა ენიჭება იესო ქრისტეს დაბადების 2000 წლისთავზე. ეს ისტორიული აქტი ასაბუთებს საქართველოს საერთო და სასულიერო სულისკვეთებათა საერთო ძალისხმევას ქვეყნის და ხალხის საკეთილდღეოდ.

მეტად მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტიც, რომ საქართველოს პრეზიდენტმა და სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ერთად მიიღეს მონაწილეობა იერუსალიმში, ქრისტეშობის 2000 წლისთავისადმი მიძღვნილ მსოფლიო ქრისტიანთა ზეიმში.

სიმბოლურია ისიც, რომ ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია ტარდება რუსთაველის გამზირზე, სადაც კომუნისტურ ეპოქაში ჩვენ ყველამ ერთად დავიცავით ქართული ენა - როგორც სახელმწიფო ენა.

აქ, რუსთაველის პროსპექტზე 1989 წლის 9 აპრილს დაიღვარა დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ გმირთა წმინდა სისხლი. აქვე ახდა მათი ოცნება, - გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა.

ძვირფასო მეგობრებო!

თქვენ იცნობთ საქართველოს პრეზიდენტის წინასაარჩევნო პროგრამას, რომელმაც 2000 წლის 9 აპრილის არჩევნებში პრეზიდენტს გამარჯვება მოუტანა.

ხალხისა და პარლამენტისადმი ჩემს მიმართვაში ვთქვი და ახლაც მინდა ხაზი გავუსვა საქართველოს უახლესი ისტორიის ზოგიერთ ტენდენციას, რომლებიც კონცენტრირებულად ასახავს წინა საპრეზიდენტო არჩევნებიდან ბოლო არჩევნებამდე განვლილი პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ძირითად შედეგებს.

იმ პროგრამაში ნათქვამი იყო, რომ 1995-2000 წწ. საქართველოში ერთი სოციალურ-ეკონომიკური წყობა შეიცვლებოდა ახალი სოციალურ-ეკონომიკური წყობით, რომ ისტორიულად უმოკლეს ვადაში - 4-5 წელიწადში შევქმნიდით, ავაშენებდით დამოუკიდებელ და დემოკრატიულ სახელმწიფოს. ეს იყო პროგრამის ყველაზე მთავარი და თითქმის ყოვლისმომცველი კომპონენტი და ეს დაპირება 2000 წლისათვის შესრულდა. ეს არის ჩვენი ხალხის უდიდესი ისტორიული გამარჯვება და, რაც მთავარია, ეს პროცესი შეუქცევადია. წელს ჩვენ საქართველოს ისტორიის ახალი თავი დავიწყეთ.

90-იანი წლების დასაწყისში ჩვენ არ გვქონდა საერთოდ სახელმწიფო დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი მხოლოდ ქაღალდზე იყო დეკლარირებული. ქვეყანაში მძვინვარებდა სამოქალაქო ომი და ქაოსი. ჩვენ დავამყარეთ მართლწესრიგი და კანონიერება.

განვლილი ხუთი წლის მანძილზე, პრეზიდენტის პროგრამის შესაბამისად მუშაობა ხორციელდებოდა შემდეგი მთავარი მიმართულებებით - სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობა, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება, სოციალურად ორიენტირებული საბაზრო ეკონომიკის ფორმირება.

1995 წლის პროგრამით დასახული ეს მიზნები მიღწეულია. ბოლო ხუთწლედის განმავლობაში ჩამოყალიბდა ახალი საპრეზიდენტო და აღმასრულებელი ხელისუფლება, შეიქმნა საპრეზიდენტო მმართველობის რესპუბლიკა.

ბოლო ხუთი წლის მანძილზე კონსტიტუციის შესაბამისად საფუძველი ჩაეყარა ჭეშმარიტ ქართულ პარლამენტარიზმს. ნაყოფიერად მუშაობს საქართველოს პარლამენტი. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მიღებულია 600-ზე მეტი კანონი, მათ შორის, 30 ფუნდამენტური.

განვლილ ხუთ წელში ჩამოყალიბდა სასამართლო ხელისუფლება, საკონსტიტუციო სასამართლო, განხორციელდა სასამართლო და სამართლებრივი რეფორმები.

პრეზიდენტის ახალ პროგრამაში გათვალისწინებულია სასამართლო ხელისუფლების შემდგომი სრულყოფისა და სასამართლო და სამართლებრივი რეფორმის შემდგომი გაღრმავების საკითხები. ამასთან, საჭიროა, გავითვალისწინოთ შეძენილი გამოცდილება, რეფორმა რევოლუცია არ არის. სამართლებრივი და სხვა რეფორმები კვლავ პრინციპულ, მშვიდ და საქმიან ვითარებაში უნდა განვახორციელოთ.

90-იანი წლების დასაწყისში ჩვენ გვქონდა სამოქალაქო საზოგადოება. ჩვენ ბოლო ხუთი წლის მანძილზე ავაშენეთ სამოქალაქო საზოგადოების საფუძვლები.

90-იანი წლების დასაწყისში ჩვენ არ გვქონდა სოციალურად ორიენტირებული საბაზრო ეკონომიკა.

ჩვენ გავასრულეთ საბაზრო ეკონომიკის ძირითადი საფუძვლების ჩამოყალიბება. პრეზიდენტის ახალი პროგრამა - საბაზრო ეკონომიკის შემდგომში განვითარების ხუთწლიანი პროგრამაა.

90-იანი წლების დასაწყისში არ გვქონდა ლეგიტიმური მუნიციპალური ხელისუფლება და თვითმმართველობა.

ბოლო წლებში ჩამოვაყალიბეთ ადგილობრივი თვითმმართველობა, ჩავატარეთ არჩევნები და განვახორციელეთ რეფორმები ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში.

90-იანი წლების დასაწყისში ჩვენ, ფაქტობრივად, არ გვყავდა არმია, ორგანიზებული შეიარაღებული ძალები, ხუთი წლის მანძილზე შევქმენით ეროვნული შეიარაღებული ძალები, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტებზეა ორიენტირებული.

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დემოკრატიული მშენებლობის, პოლიტიკური ცივილიზაციისა და კულტურის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის სფეროში მოპოვებული წარმატებების შედეგად გავხდით ევროსაბჭოს წევრი.

ამავე დროს გვაქვს სერიოზული ნაკლოვანებებიც, გადაუჭრელი პრობლემა, რომლის მოგვარება გათვალისწინებულია პრეზიდენტის ახალ ხუთწლიან პროგრამაში.

არ არის აღდგენილი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, რაც მთელი ქვეყნის, ყველა მოქალაქის და, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, პრეზიდენტის დიდი ტკივილია.

ძირითადად დავძლიეთ ეკონომიკური კრიზისი, მაგრამ ვერ ავიყვანეთ საარსებო მინიმუმის დონეზე ხელფასები, პენსიები, სტიპენდიები, ლტოლვილთა და იძულებით ადგილნაცვალ პირთა შემწეობები, დიდი პრობლემები გვაქვს ხალხის კეთილდღეობის ამაღლების სფეროში. დღემდე დაუძლეველია საბიუჯეტო ტერორი.

ძირითადად, დავძლიეთ ინფლაცია, ჰიპერინფლანცია, ჩავატარეთ საბანკო და საფინანსო რეფორმები, მაგრამ სოციალური სფერი კვლავ რჩება ჩვენს უმთავრეს საზრუნავად.

მე კატეგორიულად მოვითხოვე მთავრობის წევრებისაგან, მინისტრებისა და დეპარტამენტის ხელმძღვანელებისაგან, თუ უახლოეს დროში ბოლოს ვერ მოვუღებთ საბიუჯეტო კრიზისს, მთავრობის ძველ წევრს, ძველსა და ახალს, რეგიონის ხელმძღვანელს, მოუწევს, გამოეთხოვოს თავის ადგილს, მეტის მოთმენა შეუძლებელია.

ეკონომიკა საბაზრო რელსებზე დავაყენეთ, მაგრამ ჩრდილოვანი ეკონომიკა და კორუფცია ანგრევს სახელმწიფოს. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა გაძლიერდება სპეციალური საპრეზიდენტო სახელმწიფო პროგრამის საფუძველზე. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა უდიდესი ეროვნული და პოლიტიკური საქმეა. ეს საქართველოს ყოფნა-არყოფნის საკითხია.

ხუთი წლის წინათ ჩვენი საქმე გვქონდა ეროვნულ შეურიგებლობასთან, გაბზარულ ეროვნულ ცნობიერებასთან. მინდა, მოგახსენოთ, რომ დიდი მუშაობა შესრულდა ეროვნული შერიგების, თანხმობისა და კონსენსუსის დამყარების თვალსაზრისით. მე მხედველობაში მაქვს 1991-1992 წწ. მოვლენების შეფასება პარლამენტში, შენდობის საპრეზიდენტო აქტები და დოკუმენტები. მე მინდა, განვმარტო, ის, რაც გაკეთდა, არ არის მოწყალება, არამედ ეს არის სახელმწიფოს ნების გამოვლინება. ნურავინ შეეცდება, დამოუკიდებელი საქართველოს ნდობის ბოროტად გამოყენებას. ქვეყნის პრეზიდენტი კვლავაც შეიძლება წარმოიდგინოთ ყველა მოქალაქის, მისი მომხრისა თუ იდეური მოწინააღმდეგის ინტერესების დამცველად! მაგრამ ჩემი მოქმედება კვლავაც იქნება განპირობებული ქვეყნის სიძლიერის, ერთიანობის, ყველა მოქალაქის პასუხისმგებლობის უზრუნველყოფის ინტერესებით. ვინც ამ ჩარჩოში ვერ მოთავსდება, საქმე კვლავ კანონთან, მართლმსაჯულებასთან ექნება.

ასეთია საერთო პოლიტიკური პანორამა ჩვენი ქვეყნისა.

ხელისუფლების არსებულ კურსს ალტერნატივა არ აქვს, არც ერთ სხვა პარტიას, ბლოკს, ფრაქციას, პოლიტიკურ გაერთიანებას უფრო დასაბუთებული და მეცნიერული პროგრამა და პროექტი არ გააჩნია, რადგანაც მოქმედი საპრეზიდენტო პოლიტიკა თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკის მიღწევებს შეესაბამება.

ახალი საპრეზიდენტო პროგრამა განიხილავს ქართულ სახელმწიფოს, როგორც ეროვნული, სახელმწიფოებრივი ერთიანობის საფუძველს და იძლევა ასეთი სახელმწიფოს მოკლე რეტროსპექტულ მიმოხილვას.

პროგრამაში მოცემულია საქართველოს განვითარების აქტუალური სტრატეგიული ამოცანები - სოციალური სფეროს გარდაქმნა, განათლების სისტემის გაძლიერება, დიდი აბრეშუმის გზა, უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, ეკონომიკური ინფრასტრუქტურის განვითარება. სახელმწიფო, როგორც მე ვთქვი 150 გრადუსით შემობრუნდება ეკონომიკისაკენ.

პრეზიდენტის ახალ ხუთწლიან პროგრამაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა აღმასრულებელი ხელისუფლების სრულყოფას.

როგორც იცით, გაფართოვდა სახელმწიფო მინისტრის ფუნქციები. თუ ამ ცვლილებებმა სასურველი შედეგი არ მოგვცეს, ვიფიქრებთ უფრო რადიკალურ სტრუქტურულ და საკადრო ცვლილებებზე.

შეიქმნა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ორი სამინისტროს გაერთიანების ბაზაზე. შეიქმნა შემოსავლების სამსახური.

ამან, პრაქტიკულად, მოამზადა ნიადაგი სამინისტროთა და დეპარტამენტების გონივრული გამსხვილება გაფართოების პროცესისათვის.

მზადდება მთავრობის, აღმასრულებელი ხელისუფლების ახალი სტრუქტურის პროექტი.

როგორც წინა, ასევე ახალ პროგრამაში დიდი ადგილი უჭირავს ზრუნვას შეიარაღებულ ძალებზე, სამართალდამცავ ორგანოებზე, ძალოვან სტრუქტურებზე საერთოდ.

სრულფასოვანი არმიის, სასაზღვრო ჯარის, უშიშროების სამსახურის, პოლიციის, შინაგანი ჯარების, იუსტიციის, პროკურატურისა და სხვა სტრუქტურების ეფექტიანი ფუნქციონირების გარეშე არ არსებობს სამართლებრივი სახელმწიფო.

დღეს საქართველოს შეიარაღებული ძალების დღეა. კიდევ ერთხელ ვულოცავ ამ ზეიმს არმიას და მთელ საქართველოს.

საქართველო თვითონვე აკონტროლებს თავის საზღვრებს, ხორციელდება სტამბოლში ხელმოწერილი ხელშეკრულება რუსეთის სამხედრო ბიზნესის საქართველოდან გატანის შესახებ. ჩვენ დიდად ვაფასებთ რუსეთის ახალი ხელმძღვანელობის კონსტრუქციულ პოზიციას. ამ ურთულესი პრობლემის გადაწყვეტის პროცესში.

კანონიერების დარღვევასთან, დამნაშავეობასთან, ტერორიზმთან, ნარკობიზნესთან, იარაღის გავრცელებასთან, მაფიასთან ბრძოლა, კრიმინოგენური სიტუაციის გაჯანსაღება ბოლო ხუთი წლის მანძილზე პრეზიდენტის პროგრამის შესაბამისად ხორციელდებოდა.

განვლილ პერიოდში ერთ-ერთ უმთავრეს მიმართულებად იქნა დასახული ავტონომიური წარმონაქმნებისა და მუნიციპალური ხელისუფლების, ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოების ფორმირება. შეიძლება ითქვას, რომ ამ მხრივ დიდი მუშაობა განხორციელდა. განსაკუთრებით ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ჩამოყალიბების თვალსაზრისით. აუცილებელია „ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის“ შესაბამისად მომზადდეს ახალი კანონები, ცვლილებანი და დამატებანი შეტანილი იქნეს მოქმედ კანონმდებლობაში.

ამას წინათ პრეზიდენტის ინიციატივის საფუძველზე საქართველოს პარლამენტმა გადაწყვიტა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის საკითხი. შეივსო გარკვეული ვაკუუმი კონსტიტუციაში. წინ უფრო რთული საქმიანობა გველოდება. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პრინციპები ნათლად არის ჩამოყალიბებული საპრეზიდენტო პროგრამაში.

როგორც განვაცხადე, მშობლიური აჭარა - საქართველოს სისხლი და ხორცი - რეალურ ავტონომიურ ფორმირებად უნდა იქცეს.

გადასაწყვეტია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კონსტიტუციური და არა მარტო კონსტიტუციური პრობლემები. ამ საკითხზე ჩვენთან ფიქრობენ და მუშაობენ მსოფლიოში აღიარებული ექსპერტები, პირველ რიგში, საქართველოს მეგობარი ქვეყნების ჯგუფის წარმომადგენლები.

პირველ რიგში, საქმე ეხება კონფლიქტების შედეგად 300 ათასამდე დევნილი, ლტოლვილი და იძულებით ადგილნაცვალი პირის ბედს.

დარწმუნებული ვარ, რომ აჭარის სტატუსის კონსტიტუციური განსაზღვრა ხელს შეუწყობს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის პრობლემების გადაწყვეტასაც. ეს ჩემი ახალი საპრეზიდენტო პროგრამის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულებაა.

პრეზიდენტის ახალი პროგრამა ითვალისწინებს უმცირესობათა, განსაკუთრებით, ეროვნულ უმცირესობათა ინტერესების დაცვას.

საქართველოს მოსახლეობის ეთნიკური სპექტრი მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანია. საჭიროა, ეროვნულ უმცირესობათა ინტერესების უფრო უკეთ გათვალისწინება ჩვენს ყოველდღიურ პოლიტიკაში, ყოველდღიურ ცხოვრებაში.

პრეზიდენტის ახალი პროგრამა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობას, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, ეკლესიასთან, სხვადასხვა კონფესიებთან, კონსტრუქციულ ოპოზიციასთან, პოლიტიკურ პარტიებთან, პროფკავშირებთან, შემოქმედებით გაერთიანებებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მასმედიასთან, პრესასთან, ტელევიზიასთან, რადიოსთან, ჟურნალისტთა საერთაშორისო კორპუსთან მუშაობის სრულყოფას.

საქართველოში 4 ათასზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია მოქმედებს. 500-ზე მეტი მათ შორის აქტიურ მოღვაწეობას ეწევა, ქალთა ორმოცამდე გაერთიანებას სახელმწიფოს მეტი მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.

პრეზიდენტის პროგრამაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება კულტურის, მეცნიერების, თანამედროვე ტექნოლოგიების, ლიტერატურის, ხელოვნების საკითხებს, საერთაშორისო სტანდარტების დონეზე ორგანიზებული განათლების, ჯანდაცვის, დემოგრაფიის, ეკოლოგიის, სპორტის, ტურიზმისა და სხვა სოციალურად მნიშვნელოვან პრობლემებს.

წელს მსოფლიო ოლიმპიური შეჯიბრების წელია და ყველაფერი უნდა ვიღონოთ ოლიმპიურ შეჯიბრებებში წარმატების მისაღწევად. ქართველ ოლიმპიელებს ვპირდებით დახმარებას და მხარდაჭერას. გვჯერა, რომ ისინი გაახარებენ საქართველოს.

მე მივესალმები ინტელიგენციას, ახალგაზრდობას, სტუდენტობას, მოსწავლე ახალგაზრდობას, მადლობას მოვახსენებ არჩევნებში მხარდაჭერისათვის. პრეზიდენტის პროგრამაში მათ დიდი ადგილი უჭირავთ. მათზე ზრუნვა პრეზიდენტის ახალი პროგრამის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული მიმართულებაა.

საბაზრო ეკონომიკის მშენებლობა თვითმიზანი არ არის. ის მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, მშენებლობის, ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის, ტურიზმის, ვაჭრობის განვითარების საფუძველზე სოციალურ პოლიტიკის სრულყოფის, ადამიანის კეთილდღეობის ამაღლების ინსტრუმენტია.

შემუშავებულია სახალხო მეურნეობის თითქმის ყველა დარგის წინსვლის მეცნიერული კონცეფციები და პროგრამები.

ტრასეკას საერთაშორისო პროექტი, საქართველოს კოსმოსური პროგრამა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის, ბაქო-თბილისი-სუფსის ნავთობსადენები და ტრანსკასპიური გაზსადენები, ახალი ჰესების და ნავსადგურების მშენებლობა დიდ პერსპექტივას უქმნის 21-ე საუკუნის საქართველოს. ეს არის დიდ ეროვნულ მშენებლობათა შთამბეჭდავი პანორამა.

ორიოდე სიტყვა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენთან დაკავშირებული მოლაპარაკების შესახებ, გუშინწინ პრეზიდენტმა კლინტონმა დაადასტურა თავისი შეფასება ამ პროექტისა, როგორც მეოცე საუკუნის დასასრულის უდიდესი ჩანაფიქრისა, რომელიც ახლა უკვე რეალობად იქცევა.

დამთავრდა მოლაპარაკება ვაშინგტონში, მიღწეულია შეთანხმება ყველა ძირითად საკითხზე. უნდა აღვნიშნო საქართველოს დელეგაციის (ირაკლი მენაღარიშვილი, გიორგი ჭანტურია, თედო ჯაფარიძე) დიდი და, კონსტრუქციული წვლილი ამ წარმატებაში.

ამ გრანდიოზული პროექტის წარმატებასთან დაკავშირებით მივესალმები აზერბაიჯანის პრეზიდენტს ჰეიდარ ალიევს, თურქეთის პრეზიდენტს სულეიმან დემირელს, ყაზახეთის პრეზიდენტს ნურსულთან ნაზარბაევს. მივესალმები და ვულოცავ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ბილ კლინტონს, რომელმაც გადამწყვეტი როლი შეასრულა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მარშუტის გამარჯვებაში. თქვენ უკვე მოისმინეთ მისი სიტყვები მისალმებისა, მეგობრებო, ეს საქართველოს აღიარება და გამარჯვებაა. გილოცავთ ამ გამარჯვებას.

განსაკუთრებული ხელშეწყობა ექნება საერთოდ ბიზნესის, განსაკუთრებით, საშუალო და მცირე ბიზნესის განვითარებას.

შემუშავდება მცირე ბიზნესის განვითარების სახელმწიფო პროგრამები. ხელი უნდა შევუწყოთ მეწარმეებს, ბიზნესმენებს, მრეწველებს, ფერმერებს, კომერსანტებს, ბანკირებს, ფინანსისტებს, ყველას, ვინც ხელს უწყობს საბაზრო ეკონომიკის განვითარებას და მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებას. საქართველოს ბედი მათ წარმატებაზეა დამოკიდებული.

უნდა დავიცვათ შიდა ბაზარი კონკურენტუნარიანი გარემოს შენარჩუნებით და გავიდეთ საერთაშორისო ბაზარზე, მსოფლიო სტანდარტებს უნდა უპასუხებდეს ქართული პროდუქცია, დავძლიოთ ექსპორტ-იმპორტის უარყოფითი სალდო, მოვიზიდოთ უცხოური ინვესტიციები და მივაღწიოთ სტაბილურ კეთილდღეობას.

ეკონომიკის აღმავლობამ ხელი უნდა შეუწყოს ძლიერი სოციალური პოლიტიკის საერთაშორისო სტანდარტების დონეზე შემუშავებასა და განხორციელებას. ეს ჩვენი ეროვნული ღირსების, პრესტიჟის საქმეა.

დიდი ძვრებია ჯანდაცვის სფეროში რეფორმებისა და გრძელვადიანი სახელმწიფო პროგრამების განხორციელების თვალსაზრისით. კიდევ უფრო მეტი ცვლილებები იქნება უკეთესობისკენ უახლოეს ხუთ წელიწადში.

2002 წლისთვის სრულიად საქართველოში საშუალო განათლება უფასო იქნება ყველგან - მთაშიც და ბარშიც.

საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად შემუშავებულია სიღატაკის დაძლევის სახელმწიფო სამწლიანი პროგრამა, სამი-ოთხი წლის განმავლობაში სიღატაკეს დავძლევთ, მდიდრებსა და ღარიბებს შორის ზღვარს მნიშვნელოვნად შევამცირებთ.

მე ამ მაღალი ტრიბუნიდან ინაუგურაციის დღეს გულისტკივილით და მობოდიშებით მივმართავ საქართველოს მოქალაქეებს, პენსიონრებს, ვეტერანებს, ინვალიდებს, ლტოლვილებს, სტუდენტებს, სახელმწიფო მოხელეებს, რომლებიც დროზე ვერ იღებენ ხელფასებს, პენსიებს, შემწეობებს, დახმარებებს, სტიპენდიებს.

იმავე დროს, გაძლევთ პრეზიდენტის სიტყვას, რომ ეს მდგომარეობა ყველაზე ოპტიმალურ, პრაქტიკულად შესაძლებელ ვადებში გამოსწორდება. ახალი, განახლებული მთავრობა განახლებულ პროგრამას წარმოადგენს.

პრეზიდენტის ახალ პროგრამაში სოციალური პოლიტიკა უმთავრესი პრიორიტეტია. უნდა ავამაღლოთ ცხოვრების ხარისხი.

საქართველოს მოქალაქეს უნდა შევუქმნათ ღირსეული ცხოვრების პირობები, უამისოდ თვით ქვეყნის დამოუკიდებლობის უმაღლეს იდეასაც კი ჩრდილი ადგება.

მე მინდა, დიდი მადლობა მოვახსენო მსოფლიო ქვეყნების პრეზიდენტებს, პარლამენტებს, მთავრობათა მეთაურებს, მსოფლიოს გამოჩენილ პოლიტიკოსებს, პარლამენტარებს, დიპლომატებს, პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, კულტურის, მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების მოღვაწეებს, რომლებმაც მომილოცეს პრეზიდენტად არჩევა.

ჩვენ უსათუოდ გავითვალისწინებთ მეგობარი ქვეყნების მეთაურთა რჩევებსა და რეკომენდაციებს, რომლებიც გამოთქმულია მათს მოლოცვებში, ჩვენ მათ აღვიქვამთ, როგორც ზრუნვას საქართველოსა და მის მომავალზე.

დიდი მადლობა საერთაშორისო ორგანიზაციების, მსოფლიო არასამთავრობო ინსტიტუტების მეთვალყურეებს, რომლებიც ჩამოვიდნენ არჩევნებზე საქართველოსა და მსოფლიო მასმედიის - პრესის, რადიოს, ტელევიზიის, მასობრივი კომუნიკაციის საშუალებებს, ჟურნალისტებს, პუბლიცისტებს. რომლებმაც ობიექტური ინფორმაცია გაავრცელეს საქართველოში 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ.

მადლობა მინდა მოვახსენო დროებით უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც არჩევნების დღეს საზღვარგარეთ აძლევდნენ ხმას საქართველოს პრეზიდენტს. ახლოვდება დრო, ძვირფასო თანამემამულენო, სამშობლოში თქვენი დაბრუნებისა. აქ თქვენ ძალიან საჭირონი იქნებით დღევანდელი და მომავალი თაობებისათვის.

პრეზიდენტის ახალ პროგრამაში ხაზგასმულია ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტები: ევროპასთან, პირველ რიგში, ევროკავშირთან პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის გაღრმავება; ევროატლანტიკური კავშირის სახელმწიფოებთან და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან თანამშრომლობის ინტენსიფიკაცია; განსაკუთრებით, უსაფრთხოების სფეროში.

ხელშეკრულება რუსეთთან, ჩვენს დიდ მეზობელთან, 1994 წელს გაფორმდა. იგი დღემდე არ არის რატიფიცირებული რუსეთის მხრივ. ჩემი წარმოდგენით, ეს ხელშეკრულება იქნება კიდეც მოძველდა. ამიტომ უნდა ვიფიქროთ ახალი, ორმხრივი დიდი ხელშეკრულების დადებაზე, თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე.

„მშვიდობიანი კავკასიის“ იდეის რეალიზაცია, კავკასიაში რეგიონული თანამშრომლობა, საერთაშორისო ურთიერთობანი „დიდი აბრეშუმის გზის“ პროექტის განხორციელებისათვის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში საერთაშორისო ძალისხმევის გაღრმავება - ჩვენი გადაუდებელი ამოცანაა.

გასული ხუთი წლის განმავლობაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ურთიერთობა მსოფლიო ბანკთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, ევრობანკთან, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციასთან, სხვა საერთაშორისო ეკონომიკურ ორგანიზაციებთან.

დიდი მადლობა საქართველოს აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსს, საქართველოს უცხოელ მეგობრებს, რომლებიც ესწრებიან დღევანდელ ზეიმს, რომლებმაც მომილოცეს პრეზიდენტად არჩევა.

დიდი მადლობა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, ცენტრალურ და ადგილობრივ საარჩევნო შტატებს, რომელსაც კოორდინაციას უწევდა ბატონი ზურაბ ჟვანია, ადგილობრივ საარჩევნო კომისიებს, ნდობით აღჭურვილ პირებს, მხარდამჭერთა დარბაზებს, მოქალაქეთა კავშირს, სხვა პოლიტიკურ პარტიებს, ჩემს თანამოაზრეებს, თანამებრძოლებს, სამხარეო და ადგილობრივ ადმინისტრაციებს, მერებს, საკრებულოებს, გამგებლებს, სამართალდამცავ ორგანოებს, რომლებმაც ყველაფერი იღონეს იმისათვის, რომ კონსტიტუციისა და შესაბამისი კანონების საფუძველზე ჩატარებულიყო საპრეზიდენტო არჩევნები.

ძვირფასო მეგობრებო!

ჩემს ახალ პროგრამაში წერია და დღეს გავიმეორებ:

2000 წლის 9 აპრილის არჩევნებში ვითხოვდი მოგეცათ ჩემთვის ახალი მანდატი იმისათვის, რომ ბოლომდე მივიყვანოთ დაწყებული საქმე.

ახალი მანდატი სიღატაკისა და სიღარიბის დაძლევისათვის და თითოეული მოქალაქის კვალიფიკაციის შესატყვისი სამუშაო ადგილის შექმნისათის;

ახალი მანდატი სოციალური უსამართლობის მოსპობისათვის. პენსიებითა და ხელფასით საქართველოს მოქალაქეების გარანტირებული უზრუნველყოფისათის;

ახალი მანდატი საქართველოს განათლების ახალი სისტემის შექმნისათვის, მეცნიერებისა და კულტურის აღორძინებისათის;

ახალი მანდატი საბიუჯეტო წესრიგის დამყარებისა და კორუფციის დამარცხებისათვის;

ახალი მანდატი საბაზრო ეკონომიკის სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ზრდის უზრუნველმყოფი მექანიზმის შექმნისათვის.

მე ეს მანდატი მივიღე და დღეს საჯაროდ ვაცხადებ, რომ მზად ვარ, განვახორციელო ახალი ხუთწლიანი პროგრამა!

ერთიანი საქართველო, ერთიანი ერი! აი, ჩემი უმთავრესი ამოცანა და ცხოვრების მიზანი. ეს იქნება ძნელი ბრძოლა, მაგრამ მე მზად ვარ, ვიკისრო ისტორიული პასუხისმგებლობა.

მე მოგახსენეთ, რომ იქნება ცვლილებები ხელისუფლების ცენტრალური და ადგილობრივ სტრუქტურებში. ღირსეულად დაფასდებიან დამსახურებულნი, ზნეობრივად შეუბღალავი კადრები და აუცილებლად გავთავისუფლდებით ადამიანებისაგან, ვინც კორუფციის წუმპეში ჩაეფლო ან ჩაბარებული საქმის მართვაში ძველი კლიშეებით ხელმძღვანელობს, თავს ვერ ართმევს დაკისრებულ მოვალეობას.

მაგრამ იცვლება რა ცხოვრება, უნდა იცვლებოდეს თვით პრეზიდენტიც, მუშაობის მისეული სტილი, მეთოდები და პრაქტიკა.

საქართველოს დღევანდელი პრეზიდენტი ვერ იქნება ისეთი, როგორიც ის იყო 1992 ან 1995, თუნდავ 2000 წლის დასაწყისში, აღარ ვლპარაკობ საბჭოთა წლებზე.

აზროვნების მასშტაბებით, ნოვატორობით, შემოქმედებითი პოტენციალით იგი თანამედროვე მსოფლიო ცივილიზაციის მოთხოვნებს უნდა უპასუხებდეს, მუდმივად წინ და წინ ილტვოდეს მხოლოდ.

დღევანდელი პრეზიდენტი, რა თქმა უნდა, პიროვნების თავისუფლებისა და დემოკრატიის სადარაჯოზე უნდა იდგეს, ამასთან, იგი უფრო მკაცრი, უფრო მომთხოვნი და შეურიგებელი უნდა იყოს პრინციპეპიდან გადახრების მიმართ. ხშირად გაიგონებთ, ჩვენ გვახსოვს ძველი შევარდნაძე, მუშტს დაარტყამდა და წესრიგს ამყარებდა. უნდა განვაცხადო, ჩვენ არა ძველი, არამედ ახალი შევარდნაძე, ახალი პრეზიდენტი გვჭირდება, ახლებურად მოაზროვნე, უფრო მტკიცე, უფრო მკაცრი, უფრო სამართლიანი, რომელიც მესამე ათწლეულის პირველ ხუთ წელშივე ჩაუყრის საფუძველს ჩვენი ქვეყნის გამთლიანებას, გაძლიერებას, სახალხო კეთიდღეობას. აი, ამ ტიპის ახალ პრეზიდენტობას გპირდებით.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე: „მე, საქართველოს პრეზიდენტი, ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებ, რომ დავიცავ საქართველოს კონსტიტუციას, ქვეყნის დამოუკიდებლობას, ერთიანობასა და განუყოფლობას, კეთილსინდისიერად აღვასრულებ პრეზიდენტის მოვალეობას, ვიზრუნებ ჩემი ქვეყნის მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისათვის, ჩემი ხალხის და მამულის აღორძინებისა და ძლევამოსილებისათვის“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2000. - 3 მაისი. - №118 (3519). - 1,2 გვ.

67 თქვენ ერთგული და უღალატო ხალხი ხართ

▲ზევით დაბრუნება


ისევ მოვიდა ფაშიზმზე გამარჯვების დღე - 9 მაისი. ისევ მოვიდა დიადი გამარჯვების სახელოვანი თარიღი - უკვე ორმოცდამეთხუთმეტედ და ისევ სადღესასწაულოა ჩვენი გუნება-განწყობილება.

ყველაზე მეტად თქვენ იცით ამ დღის ფასი. იცით, რა ჯოჯოხეთურ ბრძოლებშია გამოვლილი ის ოთხი წელი და რა ტკივილნარევი სიამაყე დაგიტოვათ ომმა. ათასობით სახელდახელოდ გათხრილი ძმათა სასაფლაოები და დაღუპულ მეომართა ძეგლები, თავიანთი მკაცრი დუმილით რომ ამბობენ ყველაფერს.

თქვენთან ერთად თავს ვხრი ბრძოლის ველზე დაღუპულთა და სამშობლოსათვის თავდადებულთა ნათელი ხსოვნის წინაშე.

თქვენ ერთგული და უღალატო ხალხი ხართ. მე ვგრძნობ თქვენს თანადგომას და ვხედავ იმასაც, თუ როგორ მოჰყვებიან თქვენს კვალს თქვენი ოჯახები, თქვენი შვილები და შვილიშვილები ახალი, დამოუკიდებელი საქართველოს მშენებლობაში.

ვიცი, რა გასაჭირის ატანა გიხდებათ და თქვენი ცხოვრებით რაოდენ ღირსეულ მაგალითს აძლევთ ახალგაზრდობას.

მალე ყველაფერი ჩადგება თავის კალაპოტში და ცხოვრება ცხოვრებას დაემსგავსება. ვიცხოვრებთ და ვიშრომებთ ისე, როგორც ეს მართალ, ჭკვიან და გონიერ ქართველ ხალხს ეკადრება.

ედუარდ შევარდნაძე.

თქვენ ერთგული და უღალატო ხალხი ხართ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2000. - 9 მაისი. - №124 (3525). - 1 გვ.

68 საქართველოს სამედიცინო მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსს, მეცნიერების დამსახურებულ მოღვაწეს, პროფესორ ირაკლი ჭუმბურიძეს

▲ზევით დაბრუნება


მილოცვა

ბატონო ირაკლი,

დაბადების დღეს გილოცავთ, მეტად მნიშვნელოვან თარიღს, ოთხმოც წელს, რომელთაგან ორმოცდათხუთმეტი ადამიანთა განკურნებას, ექიმების თაობათა გაზრდასა და საზოგადოებრივ მოღვაწეობას შეალიეთ.

ყველა ადამიანური ღირსებით, მაღალი ინტელექტითა და პროფესიონალიზმით გამორჩეულ ქართველ მედიკოსთა შორის თქვენ განსაკუთრებული ადგილი გიჭირავთ არა მხოლოდ როგორც მეცნიერსა და პედაგოგს, არამედ როგორც შესანიშნავ მოქალაქეს, საინტერესო პიროვნებასა და კარგ მოქართულეს.

თქვენ შესანიშნავად გააგრძელეთ იმ დიდ ქართველ მედიკოსთა ტრადიციები, რომლებიც მარტო წამლით კი არა, სიტყვითაც კურნავდნენ პაციენტებს.

თქვენ ის მაგალითი ხართ, ვისაც უნდა მიბაძოს ჩვენმა ახალგაზრდობამ.

დიდი მადლობა ამ ყველაფრისათვის და ყოველივე კარგს გისურვებთ.

პატივისცემით

ედუარდ შევარდნაძე.

საქართველოს სამედიცინო მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსს, მეცნიერების დამსახურებულ მოღვაწეს, პროფესორ ირაკლი ჭუმბურიძეს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2000. - 13 მაისი. - №127 (3528). - 1 გვ.

69 დუდუხანა წეროძის ოჯახს

▲ზევით დაბრუნება


სამძიმარი

დიდი მწუხარებით შევიტყვე ქალბატონ დუდუხანას გარდაცვალების ამბავი.

იგი იმ თაობის ერთ-ერთი გამორჩეული მსახიობთაგანია, რომელიც ქართული კინოს სათავეებთან იდგა და დიდი ღვაწლი დასდო მის განვითარებასა და პოპულარობას. მართალია ქალბატონ დუდუხანას მრავალი ჯილდო აქვს მინიჭებული, მაგრამ ყველაზე დიდი ჯილდო ხალხის, მისი მაყურებლის სიყვარულია. ეს სიყვარული კი უბრალოდ არ მოდის.

ეს სათნოებით სავსე ქალბატონი თავისი ეკრანული სახეებით კვლავაც დიდხანს ემახსოვრება მაყურებელს.

მე და ჩემი მეუღლე თანაგიგრძნობთ ქალბატონ დუდუხანას გარდაცვალების გამო.

მსუბუქი ყოფილიყოს მისთვის მშობელი ქვეყნის მიწა.

პატივისცემით,

ედუარდ შევარდნაძე.

დუდუხანა წეროძის ოჯახს : სამძიმარი // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2000. - 14-15 მაისი. - №128-129 (3530). - 1 გვ.

70 ოთარ ჯაყელის ოჯახს

▲ზევით დაბრუნება


სამძიმარი

მწუხარებით შევიტყვე, რომ გარდაიცვალა ბატონი ოთარი, ჯაყელთა დიდი გვარის წარმომადგენელი, გამორჩეული მამის ალექსანდრე ჯაყელის გამორჩეული შვილი, შესანიშნავი არქიტექტორი და პედაგოგი, რომლის ცხოვრება ჭეშმარიტი ქართველობის მისაბაძი მაგალითი იყო. მან ხომ უცხოეთში უზრუნველყოფილ ცხოვრებას მთელი ოჯახით საქართველოში ჩამოსვლა და აქ ახალი ცხოვრების დაწყება ამჯობინა. ამ გადაწყვეტილებაში მის გვერდით მისი შესანიშნავი ოჯახი - მეუღლე და შვილებიც იყვნენ, რომლებიც ქართველებად დარჩნენ იქაც და აქაც. ამ მაგალითმა ბევრი რამ უნდა უთხრას ქართველობას და, უპირველეს ყოვლისა, ის, რომ სამშობლო მაინც ერთია ქვეყანაზე.

მე ვიცი, როგორც ბატონ ოთარის მამა, ისე თავად ბატონი ოთარი და მთელი მისი ოჯახი მუდამ იმ ფასეულობებით ცხოვრობდნენ, რომელთა შენარჩუნება საქართველოსა და ქართველობის შენარჩუნების პირობა გახლდათ ყოველთვის და ახლაც.

ბატონმა ოთარმა ღირსეულად იცხოვრა უცხოეთშიც და ღირსეულად იცხოვრა თავის სამშობლოშიც. ასეთი ადამიანები მუდამ იწვევენ აღტაცებისა და მადლიერების გრძნობას.

გთხოვთ, მიიღოთ ჩემი სამძიმარი მისი გარდაცვალების გამო.

ოთარ ჯაყელის ოჯახს : სამძიმარი // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2000. - 19 მაისი. - №133 (3534). - 1 გვ.

71 საქართველოს პრეზიდენტი რომის პაპს დაბადების დღეს ულოცავს

▲ზევით დაბრუნება


„ჩემთვის უდიდესი პატივია თქვენისთანა ადამიანთან ერთ ისტორიულ ეპოქაში მოღვაწეობა. ვამაყობ იმით, რომ ჩვენს შორის ურთიერთობა, რომელიც ჯერ კიდევ „ცივი ომის“ წლებში დაიწყო, დღეს, საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, უფრო ღრმავდება. საქართველოს ხალხი განსაკუთრებული სითბოთი იხსენებს თქვენს ამასწინანდელ ვიზიტს თბილისში, ვინაიდან თქვენში ხედავდა და ხედავს ადამიანს, რომელიც მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე საქმით განამტკიცებდა ხალხების სწრაფვას თავისუფლებისაკენ და მათ უკეთესი მომავლის იმედს უნერგავდა.

თქვენო უწმინდესობავ, ჩვენ აღფრთოვანებით ვადევნებთ თვალს თქვენს ჭეშმარიტად ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის მოღვაწეობას და იმ ძალისხმევას, რომელიც კონფლიქტებითა და დაპირისპირებით მოცემულ მსოფლიოში კონფესიებს შორის დიალოგის წარმოებისათვის არის მიმართული.

ჯანმრთელობასა და სიმხნევეს გისურვებთ კაცობრიობის ყველაზე ნათელი იდეალების საკეთილდღეოდ.

თქვენი, ედუარდ შევარდნაძე“.

საქართველოს პრეზიდენტი რომის პაპს დაბადების დღეს ულოცავს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2000. - 20 მაისი. - №134 (3535). - 1,2 გვ.

72 ნინო რამიშვილს...

▲ზევით დაბრუნება


მილოცვა

ქალბატონო ნინო,

წელს იანვრის თვეში, ოჯახურ გარემოში მოგილოცეთ დაბადების დღე.

მაშინ თითქოს ყველაფერი ვთქვი, რაც უნდა მეთქვა, მაგრამ, როგორც ჩანს, არა ყველაფერი, რადგან დღეს, როდესაც თქვენი საღამო იმართება თბილისის ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში და როდესაც ფილარმონიის წინ თქვენი ვარსკვლავით საფუძველი ეყრება ვარსკვლავთცვენას, უნდა გითხრათ, რომ თქვენი და ბატონ ილიკოს ცეკვა, თქვენი ეროვნული ბალეტი მნიშვნელოვნობით დიდად გასცილდა ქორეოგრაფიის ფარგლებს. საქართველოში იგი იქცა ეროვნული ენერგიის, ეროვნული სულის, ნიჭისა და გარჯის დიდ გამოვლენად, ხოლო უცხოეთში - საქართველოს დესპანად, რაც, სხვათა შორის, ღრმად აქვს გაანალიზებული თავის წერილში გრიგოლ რობაქიძეს.

ტერენტი გრანელს შესანიშნავად აქვს ნათქვამი „არა სიცოცხლე, არა სიკვდილი, არამედ რაღაც სხვა“. ეს „სხვა“ ამ შემთხვევაში ხელოვნებაა. ეს „სხვა“ უკვდავებაა.

პატივისცემით, სიყვარულითა და აღფრთოვანებით,

ედუარდ შევარდნაძე.

ნინო რამიშვილს... : მილოცვა // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2000. - 20 მაისი. - №134 (3535). - 1 გვ.

73 ქალბატონ ნაირა ჯიხოშვილს

▲ზევით დაბრუნება


მადლობა

ქალბატონო ნაირა,

მივიღე თქვენგან ეს შესანიშნავი საჩუქარი, - თქვენს მიერ ნუსხურით გადაწერილი „ვეფხისტყაოსანი“, რომელზეც ერთი წელი გიმუშავიათ.

რა უნდა გითხრათ. ძალიან გამიხარდა. ეს ხელნაწერი ჩემთვის მხოლოდ დიდი შოთას უკვდავი ნაწარმოები კი არაა, არამედ იმ ადამიანის ერთი შრომის ნაყოფიც არის, რომელმაც ჩვენს თანამედროვე ყოფაში შემოიტანა ნუსხურის ცოდნა და კიდევ ერთხელ გაგვახსენა, თუ რა სიმდიდრე გვაქვს.

დარწმუნებული ვარ, თქვენს მოსწავლეებს შესანიშნავად ეცოდინებათ არა მარტო დიდი ქართული ლიტერატურა, ნუსხური და „ვეფხისტყაოსანი“, არამედ სამშობლოს დიდი სიყვარულიც.

დიდი მადლობა ყოველივე ამისათვის.

პატივისცემით,

ედუარდ შევარდნაძე.

ქალბატონ ნაირა ჯიხოშვილს : მადლობა // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2000. - 21-22 მაისი. - №135-136 (3537). - 1 გვ.

74 აკადემიკოს თეიმურაზ ლოლაძეს დაბადების 80 წლისთავზე

▲ზევით დაბრუნება


მილოცვა

ბატონო თეიმურაზ,

მოხარული ვარ, რომ მომეცა შემთხვევა გითხრათ ის მადლიერების სიტყვები, რომელსაც მთელი გულახდილობით იუბილეზე ეუბნებიან ღვაწლმოსილ და მართლაც ბევრი კარგი საქმის მკეთებელ ადამიანს.

მადლობა უნდა გითხრათ იმისათვის, რომ ათეული წლების მანძილზე ბევრი ახალგაზრდა სპეციალისტი აღუზარდეთ ქვეყანას.

მადლობა უნდა გითხრათ იმისათვის, რომ თქვენი ნიჭი და ენერგია შეალიეთ მეცნიერულ საქმიანობას და მადლობა უნდა გითხრათ იმისათვის, რომ უცხოეთში არაერთხელ წამოადგინეთ ღირსეულად საქართველო.

მოხარული ვარ, რომ თქვენი წიგნები ითარგმნა სხვადასხვა ენაზე და გამოვიდა გერმანიაში, ინგლისში, ამერიკაში, საფრანგეთსა და ჩეხოსლოვაკიაში.

მე მოხარული ვარ და მეამაყება, რომ ქართველმა კაცმა შექმენით მეცნიერული თეორიები, რომლებიც აღიარეს უცხოელმა მეცნიერებმა.

მეამაყება, რომ შექმენით მასალათა ჭრით დამუშავების ქართული სამეცნიერო სკოლა.

მეამაყება, რომ დღესაც, მოსალოც, მაგრამ არცთუ ახალგაზრდულ ასაკში აგრძელებთ მეცნიერულ და პედაგოგიურ მოღვაწეობას.

თქვენ ბედნიერი კაცი ხართ. შესანიშნავად მოუარეთ ღვთით ბოძებულ ნიჭს და ქვეყნისათვის გააკეთეთ ყოველივე ის, რაც კი შეგეძლოთ.

ყოველივე კარგს გისურვებთ თქვენ და თქვენს დიდ ოჯახს, თქვენს კოლეგებსა და თქვენს მოსწავლეებს. უდიდეს სიამოვნებას მიანიჭებს იმის მოგონება, რომ თქვენ და თქვენი მიმდევრების ბევრ წამოწყებას თავის დროზე ხელი შევაშველე.

პატივისცემით,

ედუარდ შევარდნაძე.

აკადემიკოს თეიმურაზ ლოლაძეს დაბადების 80 წლისთავზე : მილოცვა // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2000. - 23 მაისი. - №137 (3538). - 1 გვ.

75 საერთაშორისო კონფერენციის - „კავკასია ათასწლეულთა მიჯნაზე“ - მონაწილეებს

▲ზევით დაბრუნება


მისალმება

ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით საერთაშორისო კონფერენციის - „კავკასია ათასწლეულთა მიჯნაზე“ - მონაწილეებს.

თბილისის ივანი ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემწეობით ამ საუკუნეში უკვე მესამე კავკასიოლოგიური ფორუმი იმართება, რაც არა მხოლოდ იმ ტრადიციის ერთგულების გამოხატულებაა, რომელსაც ჩვენმა დიდმა მეცნიერებმა ივანე ჯავახიშვილმა, აკაკი შანიძემ და არნოლდ ჩიქობავამ ჩაუყარეს საფუძველი, არამედ იმის ნათელი დასტურიც, რომ კავკასიის ხალხთა წარსული, აწმყო და მომავალი დღეს დამოუკიდებელი საქართველოს მეცნიერთა და პოლიტიკოსთა ყურადღების ცენტრშია მოქცეული.

ათასწლეულთა მიჯნაზე ცნებამ კავკასია, ჭეშმარიტად მსოფლიო მნიშვნელობა მოიპოვა. იგი ასოცირდება არა მარტო მასშტაბურ კონფლიქტებთან და პოლიტიკურ დაძაბულობასთან, არამედ აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელ მშვიდობიან მაგისტრალებთან, კეთილმეზობლური ურთიერთობის დამყარებისაკენ ლტოლვასთან, მსოფლიო წესრიგის დამყარების კონტექსტით რეგიონის პოზიტიური ფუნქციის მკაფიოდ გამოკვეთასთან.

კონფერენცია ქართული სახელმწიფოებრიობის სამიათასწლოვანი იუბილეს ერთ-ერთი ძირითადი ღონისძიებაა.

ეს თარიღი კიდევ ერთხელ შეახსენებს მსოფლიოს, რომ ცივილიზაციის ისტორიაში კავკასიას თავისი ღირსეული ადგილი უჭირავს.

დაე, ახალი ათასწლეულის დაწყებამ კავკასიის მრავალეთნიკურ მოსახლეობას მშვიდობა, აყვავება და წინსვლა მოუტანოს.

იმედია თქვენი კონფერენცია თავის წვლილს შეიტანს ამ კეთილშობილურ საქმეში.

საუკეთესო სურვილებით

ედუარდ შევარდნაძე.

საერთაშორისო კონფერენციის - „კავკასია ათასწლეულთა მიჯნაზე“ - მონაწილეებს : მისალმება // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2000. - 23 მაისი. - №137 (3538). - 1 გვ.

76 საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის განცხადება საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა პირველი ეროვნული პროგრამის მიღებასთან დაკავშირებით

▲ზევით დაბრუნება


1995 წლის კონსტიტუციით საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას ქვეყნის ბუნებრივი და კულტურული გარემო, ხელი შეუწყოს ბუნებრივი რესურსების რაციონალურ და მდგრად გამოყენებას. ახლანდელ და მომავალ თაობათა ინტერესების გათვალისწინებით სახელმწიფოს სტრატეგიულ მიზნად იქცა ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა.

ამჟამად, დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის პარალელურად, საქართველოში მიმდინარეობს პოლიტიკური თვითდამკვიდრების, სტრუქტურული და ინსტიტუციური რეფორმირებისა და საბაზრო ეკონომიკის დაფუძნების ურთულესი პროცესი. მიუხედავად მრავალი პოლიტიკურ-ეკონომიკური და სოციალური პრობლემისა, რომლებიც თან სდევს ქვეყნის განვითარებას გარდამავალ ეტაპზე, საქართველოს სახელმწიფოს კურსი ითვალისწინებს, რომ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვა იქცეს ეკონომიკური აღორძინებისა და შემდგომი აღმავლობის პროცესის განუყოფელ ნაწილად. საქართველოს ბუნებრივი რესურსები - უნიკალური და ბიომრავალფეროვნებით გამორჩეული ფლორა, ფაუნა, პირვანდელი სახით დღემდე შემონახული მთის ტყეები და ბუნებრივი ლანდშაფტები წარმოადგენს უდიდეს ეროვნულ სიმდიდრეს, ეკონომიკის, მეცნიერებისა და კულტურის განვითარების მძლავრ საფუძველს, რომლის შენარჩუნებას, დაცვასა და მომავალი თაობებისათვის გადაცემას ზრუნვა არ უნდა მოაკლოს როგორც სახელმწიფომ, ისე თითოეულმა მოქალაქემ.

პოლიტიკური დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ საქართველოს სახელმწიფო აქტიურად ჩაება გარემოს დაცვის, გლობალური ეკოლოგიური უსაფრთხოებისა და „მდგრადი განვითარებისაკენ“ მიმართულ საერთაშორისო პროცესებში როგორც მსოფლიო ცივილიზებული გაერთიანების სრულუფლებიანი და პასუხისმგებელი წევრი. ქვეყანა უკვე შეუერთდა გარემოსდაცვითი თვალსაზრისით მნიშნელოვან მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებათა უმრავლესობას და პირველ ნაბიჯებს დგამს ამ ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების გზაზე.

ეკონომიკური და სოციალური განვითარების თანამედროვე ეტაპზე, როდესაც საფუძველი ჩაეყარა საქართველოში ისეთი გლობალური პროექტების რეალიზაციას, როგორიც არის „დიდი აბრეშუმის გზა“ და ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფანი, განსაკუთრებულ ადგილს და როლს იძენს გარემოსა და ბუნებრივი რესურსებისადმი ფრთხილი და გონივრული დამოკიდებულება, რათა აღნიშნული და ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე სხვა მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესში სრულად გავითვალისწინოთ ქვეყნის მოსახლეობის როგორც ეკონომიკური, ისე ეკოლოგიური ინტერესები.

უპირველეს ყოვლისა, სწორედ ამ თვალსაზრისით არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა პირველი ეროვნული პროგრამის მიღება. აღნიშნული პროგრამა, რომელიც შემუშავდა მსოფლიო ბანკის ფინანსური დახმარებით, წარმოადგენს პირველ სისტემურ და კომპლექსურ ღონისძიებათა ერთობლიობას, რომელთა მიზანია გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენების სფეროში პრიორიტეტული პრობლემების გადაჭრა მოკლე და საშუალოვადიან პერიოდში.

საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა პირველი ეროვნული პროგრამის მიღებით საფუძველი ეყრება ამ სფეროში საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან და მსოფლიო განვითარებულ ქვეყნებთან საქართველოს თანამშრომლობის თვისებრივად ახალ ეტაპზე გადასვლის საქმეს. თავის მხრივ, საქართველოს ხელისუფლება ვალდებულებას კისრულობს მოახდინოს ქვეყანაში არსებული რესურსების მაქსიმალური მობილიზება და იზრუნოს ღირსეული პარტნიორის როლის დამკვიდრებისათვის, რათა უზრუნველყოს პროგრამით დასახული ამოცანები.

საქართველოს ხელისუფლებასა და საქართველოს პრეზიდენტს, რომლის საპრეზიდენტო პროგრამის ნაწილსაც წარმოადგენს საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა პირველი ეროვნული პროგრამა, მიაჩნია, რომ ეროვნული პროგრამის განხორციელების შედეგად ქვეყანაში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ბუნებრივი გარემო და ბუნებრივი რესურსების რაციონალური და მდგრადი გამოყენების საქმე, რითაც სახელმწიფო შეასრულებს თავისი მოსახლეობის, სახელმწიფოთა მსოფლიო თანამეგობრობისა და მომავალი თაობების წინაშე საქართველოს კონსტიტუციით და საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სფეროში.

საქართველოს პრეზიდენტი
ედუარდ შევარდნაძე.
2000 წლის 19 მაისი,
ქ. თბილისი.

საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის განცხადება : საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა პირველი ეროვნული პროგრამის მიღებასთან დაკავშირებით // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2000. - 25 მაისი. - №139 (3540). - 1,2 გვ.

77 საქართველოს დამოუკიდებლობა გიორგი ლეონიძის სანუკვარი ოცნება იყო

▲ზევით დაბრუნება


დღეს სრულიად საქართველო აღნიშნავს დიდი ქართველი პოეტის გიორგი ლეონიძის დაბადებიდან ასი წლისთავს, ეს ღირსშესანიშნავი ისტორიული თარიღი ემთხვევა ქრისტეს დაბადებიდან 2000 და საქართველოს სახელმწიფოებრიობის 3000 წლისთავს.

გიორგი ლეონიძის არაერთი იუბილე აღნიშნულა საქართველოში, მაგრამ ეს იუბილე აღნიშნულა საქართველოში, მაგრამ ეს იუბილე აღინიშნება დამოუკიდებელ, თავისუფალ, სუვერენულ საქართველოში. საქართველოს დამოუკიდებლობა კი გიორგი ლეონიძის სანუკვარი ოცნება იყო. ამიტომ იუბილეს ეს ისტორიული კონტექსტი არსებითი და ნიშანდობლივია.

გიორგი ლეონიძის პოეზია განუყოფელია ქართული და მსოფლიო პოეზიისაგან, გიორგი ლეონიძის ცხოვრება და შემოქმედება - საქართველოს ისტორიისაგან.

ეს იუბილე არა მხოლოდ გიორგი ლეონიძის, არამედ მთელი ქართული პოეზიის, მთელი ქართული კულტურის დღესასწაულია.

ქართველი ხალხი მხოლოდ სახელით, გვარის გარეშე, მოიხსენიებს თავის ყველაზე საყვარელ პოეტებს: შოთას, ილიას, აკაკის, ვაჟას, გალაქტიონს, გოგლას. გოგლა ამ თანავარსკვლავედში ერთ-ერთი ელვარე ვარსკვლავია.

დიდია გოგლას წვლილი ХХ საუკუნის ქართულ და არა მხოლოდ ქართულ კულტურაში. საქართველოს სახალხო პოეტის, პოეტ-აკადემიკოსის გიორგი ლეონიძის მხატვრული მემკვიდრეობა, მისი პოეტური, პროზაული ნაწარმოებები, მეცნიერული შრომები მრავალ ტომს ითვლის. ვფიქრობთ, პოეტის ასი წლისთავზე საფუძველი ჩავუყაროთ გიორგი ლეონიძის თხზულებათა სრული აკადემიური გამოცემის საქმეს.

კლასიკა უკვდავია, მაგრამ დროს მაინც თავისი მიაქვს. რაც უკვდავია გიორგი ლეონიძეში, ის მის პოეზიაში, მის შემოქმედებაში სუნთქავს, რაც მოკვდა იყო - მთაწმინდაზე განისვენებს.

რა არის უკვდავი გიორგი ლეონიძის შემოქმედებაში? ქართული სული, ქართული აზრი, ქართული ლექსი, ქართული ხასიათი, ქართული სიტყვა. ის ქართული ენის უდიდესი მესაიდუმლე იყო.

მისი პოეზიის ენა და სტილი გამორჩეულია და საოცრად ქართული. ის ისევე ბუნებრივად ამოიზარდა ქართული მიწიდან, როგორც ქართული ვაზი, ქართული ვარდი, ქართული მუხა.

მის ლირიკულ შედევრებს, მის ეპიკურ ქმნილებებს „ბავშვობა და ყრმობა“, „სამგორი“, „ფორთოხალი“, „ბერშოულა“, მის გამორჩეულ პროზაულ ქმნილებას „ნატვრის ხე“, მის მეცნიერულ გამოკვლევებს ყველა საუკუნის ქართველები წაიკითხავენ.

ჩვენ რთულ დროში ვცხოვრობთ. 90-იანი წლების დასაწყისში ჩვენ ვამბობდით: ვიხსნათ ქართული კულტურა და კულტურა იხსნის ერს. ჩვენ ვიხსენით კულტურა, ვიხსენით ერი, და ამ ისტორიულ პროცესში სხვა კლასიკოსებთან ერთად დიდია გიორგი ლეონიძის შემოქმედების როლი.

მაგრამ ერისა და კულტურის ხსნა ერთჯერადი აქტი როდია, ის პერმანენტული ისტორიული პროცესია. და ამ უსასრულო პროცესში მუდამ ჩვენთან არის უკვდავი გიორგი ლეონიძე.

დიდი გოეთე ამბობდა: თავისუფლების და სიცოცხლის ღირსი ის არის, ვინაც ყოველდღე ამისთვის იბრძვისო. გოეთეს ეს სიტყვები მოსწონდა გიორგი ლეონიძეს. ჩვენც ჭეშმარიტად მიგვაჩნია ეს სიტყვები და ისინი ჩვენი სინამდვილის ახსნას და გარდაქმნასაც უდევს საფუძვლად.

„შენი უკვდავი რძით დამაძუძურე“, - მიმართავს პოეტი ქართულ სიტყვას. უნებლიედ გახსენდება სახარება: სიტყვა იყო ღმერთი და ის იყო ღმერთთან.

გიორგი ლეონიძე ქართული პოეზიისა და ენის ჯადოქარია.

არსებობს ათასი რაკურსი და განზომილება, რომლებითაც შეიძლება შევხედოთ გიორგი ლეონიძის პოეზიას, მის შემოქმედებას.

მე პოეტის შემოქმედებას მისი ასი წლის თავზე ვუმზერ უპირატესად პოლიტიკის ფილოსოფიისა და პოეზიის ფილოსოფიის პოზიციებიდან.

გოგლა ლეონიძის შემოქმედებას აქვს დასაწყისი, მაგრამ დასასრული არა აქვს, რადგანაც ის უკვდავია.

ცხოვრებაში შემოდიან ახალი თაობები.

423

განათლების სამინისტრომ, უნივერსიტეტმა, კოლეჯებმა, სკოლებმა სასკოლო სახელმძღვანელოებში კვლავაც უფრო ფართოდ უნდა შეიტანონ გიორგი ლეონიძის ნაწარმოებები სასწავლო გეგმებში, სახელმძღვანელოებში, ქრესტომათიებში, ანთოლოგიებში, რომ ჩვენი ახალგაზრდობა ეუფლებოდეს უკვდავ გოგლა ლეონიძის დიდი ტალანტის მადლით შექმნილ ნაწარმოებებს, რომლებიც ქართულ სულს, ქართულ ხასიათს, ქართულ ჰუმანიზმს აქანდაკებენ მკითხველის სულში.

უფრო ხშირად უნდა ისმოდეს გოგლას ხმა ქართულ ტელერადიოში, თეატრში, კინოში, სიმღერები მის ლექსებზე, უფრო ხშირად უნდა გამოდიოდეს მისი წიგნები, გამოკვლევები გიორგი ლეონიძეზე.

მშობლიურ ენას ყველა იცავს: პოეტიც და პრეზიდენტიც, გუთნისდედაც და მწყემსიც. პოეტი და პოლიტიკოსი სხვადასხვაგვარად იცავენ და უფრთხილდებიან ენას, რადგანაც სხვადასხვა ფუნქცია აკისრიათ ღმერთისა და ერისაგან, მაგრამ პოეტი, და განსაკუთრებით ისეთი პოეტი, როგორიც გოგლა ლეონიძეა, პოეტური ნიჭით და პირადი მაგალითით მუდამ შთააგონებს პოლიტიკოსსაც, მათ შორის პრეზიდენტსაც, მრავალმილიონიან მკითხველს ერისა და ენის მამილიშვილური სამსახურისათვის.

დღეს საქართველოში მოქმედებს ქართული ენის არა მხოლოდ სახელმწიფო კომისია, არამედ ქართული ენის პალატაც, და ყოველ მათ სხდომაზე, ასე მგონია, შემოდიან დიდ წინაპართა ლანდები და ჩუმად გვისმენენ. მათ შორის მე, დიდ კლასიკოსთა შორის მუდამ ვხედავ დიდი გოგლა ლეონიძის ლანდს და მისი სიტყვის ოქროს სასწორზეც ვწონი ჩემს ყოველ სიტყვას.

როდესაც 70-იან წლებში ქართულ ენას სახელმწიფო ენის კონსტიტუციური სტატუსი შევუნარჩუნეთ, ასე მეგონა, გოგლა ლეონიძეც იდგა ჩვენს გვერდით რუსთაველის პროსპექტზე.

როდესაც „დედა ენას“ ძეგლი დავუდგით თბილისში, დედა ენას, რომელსაც გოგლამ „დედის ძუძუ მეორე“ და „სიყვარული პირველი“ უწოდა, რომ ძეგლს მე და ჩემმა თანამედროვეებმა თითქმის ილიას, აკაკის ვაჟას, გალაკტიონის, გოგლას თვალითაც შევხედეთ და ასე ავწონ-დავწონეთ ყოველივე.

არსებობს ცნებები: „რუსთაველის ენა“, „გურამიშვილის ენა“, „გალაკტიონის ენა“, „გოგლა ლეონიძის ენა“... გოგლა ლეონიძის ენა საოცარი ქართული სამყაროა. მისი კოლორიტი, მისი ლექსიკა განუმეორებელია.

მე ერთხელ ვთქვი და ვიმეორებ: გოგლა ლეონიძეს სრულიად უსაფუძვლოდ უსაყვედურა ზოგიერთმა მოღვაწემ დიქტატურის ეპოქაში ახალი სიტყვათა თხზვის გამო, ისეთი სიტყვების გამო, როგორიცაა „დამაძუძურე“, „ლექსქართულობა“, „ცხენმხედარი“ და ა.შ.

ყრმა გოგლა ლეონიძეს ლექსი უძღვნა გენიალურმა ვაჟა ფშაველამ, რომელიც ლეონიძეთა ოჯახის დიდი მეგობარი იყო.

თვით ვაჟა ფშაველასაც არ ასცდა კრიტიკა ტოტალიზმის ეპოქაში ენის და არა მხოლოდ ენის გამო. ვფიქრობ, ვერაფერი დააკლეს ვერც ვაჟა ფშაველას და ვერც გიორგი ლეონიძეს მისმა კრიტიკოსებმა.

ვაჟა ფშაველას პოეზია ქართული და მსოფლიო პოეზიის მონაპოვარია, გოგლა ლეონიძის შემოქმედება ისევე უკვდავია, როგორც ქართველი ერი.

რა ენა მოკვდეს, ერი დაეცეს, - თქვა დიდმა გრიგოლ ორბელიანმა. ენას და ერს თვალისჩინივით უნდა გავუფრთხილდეთ.

ერთი მხრივ, უნდა დავიცვათ ქართული ენის სიწმინდე, მეორე მხრივ, ხელი უნდა შევუწყოთ ენის განვითარებას.

თანამედროვე ინგლისური ენის ლექსიკა ნახევარ მილიონზე მეტ სიტყვას ითვლის, რუსული ენა - 250 ათასზე მეტ სიტყვას. ქართულ ლიტერატურულ ლექსიკაში 100-120 ათასამდე სიტყვაა დაფიქსირებული. ქართული ენის განვითარების დიდი რეზერვები არსებობს: სახელდობრ, ქართული დიალექტები, მსოფლიო ენები და ა.შ.

ქართულ ენას უფრო უკეთესი მოვლა-პატრონობა სჭირდება და ამის კლასიკურ მაგალითს გვაძლევს გიორგი ლეონიძე თავისი შემოქმედებით.

პოეტი გოგლა ლეონიძე - ერთიანი საქართველოს მომღერალია.

ქართული პოლიტიკის უმთავრესი ამოცანაა დღეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ერის გაბზარული ცნობიერების გამთლიანება.

ამ სამკვდრო-სასიცოცხლო პროცესში ჩვენს გვერდით დგას გიორგი ლეონიძის პოეზია. ერის ცნობიერება და ქვეყნის ტერიტორია ერთხელ და სამარდჟამოდ არის გამთლიანებული გიორგი ლეონიძის შემოქმედებაში.

კულტურის შექმნის პროცესში გოგლა ლეონიძის პოეზია აქტიურ და თვალსაჩინო როლს ასრულებდა და ასრულებს.

საქართველოს სახალხო პოეტის გოგლა ლეონიძის პოეზია ქართველი ერისა და მისი კულტურის თვითმყოფადობის შენარჩუნების ფენომენია.

ღრმად და ყოველმხრივ უნდა გავაცნობიეროთ ჩვენი ეპოქა.

დღეს ქართული პოეზია უშუალოდ გადის მსოფლიო ასპარეზზე, ქართული კულტურა გახსნილია კულტურათა დიალოგისათვის. ამაზე თუნდაც კულტურათა დიალოგისა და ტოლერანტობის პრობლემებზე იუნესკოს ეგიდით თბილისში ჩატარებული ფორუმიც მეტყველებს.

დღეს ქართული კულტურა თავად ახდენს გავლენას სხვა კულტურებზე და თვითონაც ხდება კულტურათა გავლენის სფერო. ეს მუდამ ასე იყო და ასე იქნება, მაგრამ დღეს ეს პროცესი მეტად ინტენსიურია და ამიტომ დღეს მთავარი საზრუნავია ეროვნული მეობისა და თვითმყოფადობის შენარჩუნება, და არა მარტო შენარჩუნება, არამედ განვითარება.

და ამ ისტორიულ პროცესში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქართულ კულტურას, პოეზიას, ყველა ქარველი კლასიკოსის, მათ შორის გიორგი ლეონიძის შემოქმედებას.

ХХ და ХХლ საუკუნეების, მეორე და მესამე ათასწლეულების მიჯნაზე მიმდინარეობს რთული პროცესები, ტენდენციები, რომელთა გაცნობიერებასა და ახსნაში დიდ როლს თამაშობს გიორგი ლეონიძის ფენომენის, მისი ცხოვრებისა და შემოქმედების სწორად გაგება. სიჭაბუკეში, როგორც თვითონ, ვისი გავლენა არ განიცადა მან? გავიხსენოთ ბოდლერის „ბოროტების ყვავილი“, ნოვალისის „მკვდარი მზე“, რემბოს „მთვრალი ხომალდი“, ოსკარ უაილდის, ფრანსუა ვიიონის, ალექსანრდე ბლოკის, მალარმეს, ვერლენის პოეზია.

მაგრამ ეს ყველაფერი დროებითი გატაცება აღმოჩნდა, მიუხედავად სიჭაბუკეში უცხო მოდერნისტული გავლენებისა, გიორგი ლეონიძემ დაძლია სიმბოლიზმი, ბოჰემა და მისტიკა. ის ჭეშმარიტად დიდ ეროვნულ პოეტად ჩამოყალიბდა და საქართველოს სახალხო პოეტად იქცა. როგორც თვითონ პოეტი ამბობს:

„ცოცხალ ხალხურ სიტყვას დავუბრუნდი. ამაში მე ეროვნულ ნიადაგთან მტკიცე კავშირმა გამიწია დახმარება“. ეს იყო ХХ საუკუნის დასაწყისში. ეს გოგლას მიერ გაკვალული გზა, გოგლას პარადიგმაა.

შეიძლება ითქვას, თითქმის ანალოგიური პროცესები მიმდინარეობს დღეს ХХ საუკუნის დასასრულს ქართულ პოეზიასა და მთელ ქართულ კულტურაში უცხოური გავლენის თვალსაზრისით.

დღეს ყოველი ახალგაზრდა შემოქმედი უნდა ცდილობდეს არ მოწყდეს ეროვნულ ნიადაგს. ეს არის მთავარი. უნდა ავითვისოთ მსოფლიო პოეზიის მონაპოვარი, მაგრამ ამ პროცესში საკუთარი მეობა არ უნდა დავკარგოთ და ამ პროცესში გოგლას გზა მრავლისმეტყველია. სამშობლოს სიყვარული, მამულიშვილობა, პატრიოტიზმი გიორგი ლეონიძის შემოქმედების ყველა ეტაპზე მთავარი ლაიტმოტივი იყო.

უფრო პატრიოტი და უფრო ქართული პოეტი, ვიდრე გიორგი ლეონიძეა, ძნელი წარმოსადგენია.

მე პირადად ვიცნობდი და მეგობრული ურთიერთობა მქონდა დიდ პოეტთან.

ეს იყო ბუმბერაზი ქართველი, თითქოს „ვეფხისტყაოსნის“ გმირთა სამყაროდან ამოზრდილი, თავისი ფიზიკური აღნაგობით და სულიერი კულტურით, თავისი უკვდავი პოეზიით, პროზით, მეცნიერული აზრით. მის სხეულს დავით აღმაშენებლის, ერეკლე მეორის დროის ჯაჭვგაუხდელი რაინდის თორ-ჩაჩქანი დაამშვენებდა. ოჯახში „ვეფხისტყაოსნის“ სული სუფევდა: ერთ ქალიშვილს ნესტანი დაარქვა, მეორეს - თინათინი.

გიორგი ლეონიძე იყო ქართული ენისა და ლექსის დიდი მესაიდუმლე. გიორგი ლეონიძეს ვაჟას მინდიასავით ესმოდა ბუნების ენა.

ქართული სიტყვა, როგორც კი მას გიორგი ლეონიძის ჯადოსნური ნიჭი შეეხებოდა, მარგალიტივით გაბრწყინდებოდა და ლეონიძურად იწყებდა მეტყველებას. სწორედ ამაში არის ნიჭის, ტალანტის, გენიის ერთ-ერთი კოლორიტული გამოვლინება.

ის ყველაფერში იყო პოეტი. ის თავის გარემოში პოეტურ გარემოს ქმნიდა და სამყარო და ადამიანები პოეტურად იწყებდნენ სუნთქვას და მეტყველებას. ის მოესწრო ცისფერყანწელების ტრიუმფსა და ტრაგედიას, მათ მეორედ მოსვლას და მათი პოეზიის კვლავ აღზევებას. ის თავად ღირსეული ცისფერყანწელი იყო.

გიორგი ლეონიძის შემოქმედება დღეს ახალ ინტერპრეტაციას და ჰერმენევტიკულ გააზრებას მოითხოვს. ყველა თაობა ახლებურად კითხულობს ყველა კლასიკოსს.

ძნელია იყო პოეტი რუსთაველის, გურამიშვილის, ბარათაშვილის, ილიას, აკაკის, ვაჟა ფშაველას საქართველოში, მით უმეტეს, დიდი პოეტი.

გიორგი ლეონიძემ დაძლია ეს სიმაღლეები და ამ ლეგენდარული, ბუმბერაზი კლასიკოსების გვერდით სამარადჟამოდ დადგა თავისი უკვდავი პოეზიით.

გოგლას ლექსები: „დედა ენა“, „ღამე ივერიისა“, „არ დაიდარდო, დედაო“, „ნინოწმინდა... პალატები მეფეთა“, „ყივჩაღის პაემანი“, „შინმოუსვლელო, სადა ხარ!“, „ლესანე“, „ტყუპი იაგუნდები“, და ასობით სხვა შედევრი ზეპირად იცის მთელმა საქართველომ. ასეთი ლექსების დაწერის ხასიათზე როცა იყო, გოგლა ამბობდა: თავს ისე ვგრძნობ, როგორც ახალგაზრდა ღმერთი სამყაროს შექმნის პირველ დღეს.

გოგლამ დაწერა მსოფლიო პოეზიის დონეზე ლექსი „ოლე“. ამ შედევრის მარტოობის ფილოსოფია და გაუცხოება ნიშანდობლივია. როცა ასეთ განწყობაზე იყო გოგლა, ამბობდა - თავს ისე ვგრძნობ, როგორც მარკუს ავრელიუსი ბარბაროსთა შორის!

გიორგი ლეონიძის „ნატვრის ხე“ ბიბლიური უკვდავების ხის, სიცოცხლის ხის, კეთილისა და ბოროტის შემეცნების ხის ფესვზეა აღმოცენებული. გიორგი ლეონიძის „ნატვრის ხე“ - პოეზიის და პროზის, მამულისა და ერის სიმბოლური ხეა.

გიორგი ლეონიძის ნატვრა ახდა: დღეს მისი სამშობლო - მრავალტანჯული საქართველო დამოუკიდებელი, თავისუფალი, სუვერენული, დემოკრატიული სახელმწიფოა, ქართველი ხალხი - სუვერენული ხალხია.

შვილიშვილს ანდერძად დაუტოვა გოგლა ლეონიძემ - თუ შენ მოესწრო დამოუკიდებელ საქართველოს, მოდი ჩემს საფლავთან და ჩამძახე - საქართველო თავისუფალია.

მე ვიყავი მთაწმინდაზე ამ დღეებში, გოგლას საფლავზე. იქ გავხსენით გოგლას ახალი ბარელიეფი. იქ დიდი ხალხმრავლობა იყო. იქ მისი შვილიშვილიც იყო და ყველა, ვინც შვილიშვილად ერგებოდა დიდ გოგლას.

დღეს არა მარტო გოგლას შვილიშვილები და მისი სახლისკაცები, მთელი საქართველო ხმამაღლა ამბობს: გოგლასა და ყველა სხვა დიდ წინაპართა გასაგონად: საქართველო თავისუფალია!

როგორც ილიას „მგზავრის წერილების“ პერსონაჟი ლელთ ღუნია ამბობს: ჩენი თავი ჩვენვე გვეყუდნის!

ახლა მთავარია გავუფრთხილდეთ თავისუფალ სამშობლოს, მოვუაროთ და ვუპატრონოთ დამოუკიდებელ საქართველოს.

გავიდა პირველი საუკუნე გოგლას დაბადებიდან. წინ მარადისობაა. ყველა ქართული საუკუნე - გოგლას საუკუნეა. ის ცოცხალია, სანამ ცოცხლობს ქართველი ერი.

2000 წლის 24 მაისი.

საქართველოს დამოუკიდებლობა გიორგი ლეონიძის სანუკვარი ოცნება იყო // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2000. - 26 მაისი. - №140 (3541). - 1,3 გვ.

78 თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორატსა და სტუდენტობას

▲ზევით დაბრუნება


გავიგე, რომ უნივერსიტეტში იხსნება მისი ერთ-ერთი პირველი ლექტორის, დიდი ქართველი მწერლის კონსტანტინე გამსახურდიას კაბინეტი.

ნება მიბოძეთ მივესალმო ამ შესანიშნავ გადაწყვეტილებას.

დარწმუნებული ვარ, კონსტანტინე გამსახურდიას, შესანიშნავი შემოქმედის, დიდი ქართველი პატრიოტისა და გამორჩეული პიროვნების მაგალითი დიდი მადლი იქნება დამოუკიდებელი საქართველოს სტუდენტობისათვის.

ედუარდ შევარდნაძე.

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორატსა და სტუდენტობას // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2000. - 28-29 მაისი. - №141-142 (3543). - 3 გვ.

79 ექვთიმე თაყაიშვილი - დიდი მაგალითი

▲ზევით დაბრუნება


ამ დღეებში ხელი მოვაწერე განკარგულებას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში ექვთიმე თაყაიშვილის ნეშტის გადასვენების შესახებ.

გადასვენების ოფიციალური ცერემონია შესდგა 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.

ეს სავსებით კანონზომიერია.

ექვთიმე თაყაიშვილს საქართველოს წინაშე, საქართველოს დამოუკიდებლობის წინაშე მართლაც უდიდესი დამსახურება მიუძღვის, ისიც კანონზომიერია, რომ ეს წმინდა მოღვაწე, რომელმაც საქართველოს მარტო უცხოეთში გადახვეწილი განძი კი არ შეინარჩუნა, არამედ უდიდესი ღვაწლი დასდო ერის ისტროიული მახსოვრობის სრულად აღდგენასა და ეროვნული თვითშეგნების გაღვივებას, ამიერიდან ერის მამის, წმინდა ილიას საფლავის გვერდით განისვენებს. იგი ხომ უერთგულესი მოწაფე და თანამებრძოლი იყო მისი.

საქართველოში არ ყოფილა არც ერთი მამულიშვილური საქმე, რომლის სასიკეთოდ წარმართვაში ექვთიმე თაყაიშვილს მონაწილეობა არ მიეღოს. იგი მრავალმხრივი და მრავალი ინტერესების მქონე დიდი მოღვაწე გახლდათ: პედაგოგი, მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე, ეროვნული განძის უერთგულესი მცველი, ყოველივე ქართულის ღრმად წარმომჩენი. თავადაც ხომ ქართული ნიჭის, ქართული პატიოსნების და ქართული გარჯის დიდი მაგალითი იყო. ჩვენს ისტორიას თუ გადავხედავთ, სწორედ ასეთმა გამორჩეულმა შვილებმა გადაარჩინეს საქართველო და დღემდე მოიყვანეს.

დღეს ჩვენი წმინდა ვალი მარტო დიდ წინაპართა პატივისცემა კი არაა, არამედ მათი საქმის გაგრძელება და მათი ანდერძის აღსრულებაა - ვუერთგულოთ საქართველოს, მის ისტორიას, მის აწმყოს და მომავალს.

ისე დავიცვათ საქართველოს დამოუკიდებლობა, ჩვენი ნაოცნებარი საგანძური, როგორც დიდი ქართველი ექვთიმე თაყაიშვილი იცავდა ეროვნულ საგანძურს.

ედუარდ შევარდნაძე.

ექვთიმე თაყაიშვილი - დიდი მაგალითი // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2000. - 28-29 მაისი. - №141-142 (3543). - 1 გვ.

80 კარგი ტრადიციის გაგრძელება

▲ზევით დაბრუნება


26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ქვეყნის პრეზიდენტის შეხვედრა სტუდენტობის საუკეთესო წარმომადგენლებთან, ვფიქრობ მეტად მრავლისმთქმელი და კარგი ტრადიციაა.

საქართველოს დამოუკიდებლობის მთავარი გარანტი, მთავარი იმედი ქვეყნის მომავლისა სწორედ თქვენ ხართ, ის თქვენი თანატოლები, რომელნიც დღეს აქ არ არიან, მაგრამ თავისი ნიჭითა და გარჯით იმედი არიან ქვეყნისა.

დღეს მე ვიყავი მთაწმინდის პანთეონში, დიდ ქართველებს მივაგე პატივი, გიორგი ლეონიძის დაბადების ასი წლისთავთან დაკავშირებით მისი საფლავი მოვინახულე და მთაწმინდაზე გადავასვენეთ დიდი ქართველი ექვთიმე თაყაიშვილი.

მე ახლა ამ შთაბეჭდილებით ვარ - თითქოს ჩვენი ქვეყნის დიდ წარსულს შევახე ხელი. თქვენთან კი თვალნათლივ ვხედავ მათი ნაოცნებარი ქვეყნის, დამოუკიდებელი საქართველოს შვილებს, თქვენ, რომელთაც ამ გაჭირვების დროს მეტად მნიშვნელოვანი არჩევანი გააკეთეთ - თქვენში ღვთითჩადებული ნიჭის მოვლა-პატრონობის გზას დაადექით, ქართული სულის სრულად და ლამაზად გამოვლინების გზას.

მშვენიერია ეს გზა.

დღეს ქვეყანა გაძლევთ იმას, რაც მას შეუძლია, ხვალ კი იგი მოგცემთ იმას, რაც გეკუთვნით.

ეს ხვალე თქვენით და თქვენთან ერთად უნდა მოვიდეს.

ედუარდ შევარდნაძე.

კარგი ტრადიციის გაგრძელება // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2000. - 28-29 მაისი. - №141-142 (3543). - 3 გვ.

81 ბატონ ვახტანგ ტაბლიაშვილს

▲ზევით დაბრუნება


მილოცვა

ბატონო ვახტანგ,

გილოცავთ რუსთაველის პემიას ქართული კინოსა და თეატრის პატრიარქს, უკვდავი ფილმებისა და დაუვიწყარი სპექტაკლების შესანიშნავ დამდგმელს.

თქვენ შექმენით საოცარი ფილმი „ქეთო და კოტე“, რომელიც მუდამ მოხიბლავს მაყურებელს.

კიდევ ერთხელ გილოცავთ.

პატივისცემით,

ედუარდ შევარდნაძე.

ბატონ ვახტანგ ტაბლიაშვილს : მილოცვა // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2000. - 30 მაისი. - №143 (3544). - 2 გვ.

82 ბატონ კოკა იგნატოვს

▲ზევით დაბრუნება


მილოცვა

ბატონო კოკა,

რუსთაველის პრემია, რომელიც თქვენ მხოლოდ ახლა მიიღეთ, დიდი ხანია დაიმსახურეთ იმ შესანიშნავი ნახატებისთვის, რომლებშიც მეტად შთამბეჭდავადაა ასახული საქართველო და ქართული სული.

ახლა ეს ნახატები უკვე თავად ახდენენ გავლენას ქართული სულის ჩამოყალიბებაზე, რაც ძალზე ბევრს ნიშნავს, დიდი მადლობა ყოველივე ამისათვის.

პატივისცემით,

ედუარდ შევარდნაძე.

ბატონ კოკა იგნატოვს : მილოცვა // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2000. - 30 მაისი. - №143 (3544). - 2 გვ.

83 ბატონ რევაზ გაბრიაძეს

▲ზევით დაბრუნება


მილოცვა

ბატონო რევაზ,

გილოცავთ რუსთაველის პრემიის მიღებას. თქვენი ჰუმანური, პოეტური და მრავალფეროვანი შემოქმედება მართლაც იმსახურებდა ამ პრემიას.

გულწრფელად მიხარია. კიდევ ერთხელ გილოცავთ და ტაშს გიკრავთ.

პატივისცემით,

ედუარდ შევარდნაძე.

ბატონ რევაზ გაბრიაძეს : მილოცვა // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2000. - 30 მაისი. - №143 (3544). - 2 გვ.

84 „დიდება გოგლას ნააკვნარ სოფელს, პატარძეულს! დიდება გოგლას უკვდავ პოეზიას!“

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
სიტყვა საიუბილეო ზეიმზე პატარძეულში

ძვირფასო პატარძეულელებო!
პატივცემულო სტუმრებო!

წილად მხვდა ბედნიერება, ქართველი მწერლებისა და ჩვენი მოქალაქეების ნებით ვიყო გიორგი ლეონიძის ასი წლისთავთან დაკავშირებული საიუბილეო კომისიის თავმჯდომარე.

დღეს სრულიად საქართველო აღნიშნავს დიდი ქართველი პოეტის გიორგი ლეონიძის დაბადების სახელოვანი ასი წლისთავის იუბილეს.

მოგილოცავთ ამ ეროვნულ დღესასწაულს ილია ჭავჭავაძისა და გოგლა ლეონიძის კახეთში მთელი საქართველოს გასაგონად და მთელი საქართველოს სახელით.

დღეს დამოუკიდებელი საქართველო რთულ ისტორიულ ეტაპზე იმყოფება, განსაკუთრებით ეკონომიკური, ფინანსური, სოციალური თვალსაზრისით, მაგრამ ჩვენ მაინც აღვნიშნავთ დიდი გოგლა ლეონიძის ასი წლის იუბილეს, რადგანაც ქართველი ხალხი სულიერად მუდამ გაუტეხელი იყო და ისტორიული ძნელბედობის ჟამსაც ქართველების სულიერი კულტურა აღმავლობას განიცდიდა.

პრეზიდენტის ხუთწლიანი პროგრამა დიდ ყურადღებას უთმობს ერის მატერიალური და სულიერი ცხოვრების აღორძინებას.

სახარება გვეუბნება: არა პურითა ხოლო ცოცხლობს ადამიანი, არამედ არსობის პურზე უფრო მას სულიერი საზრდო სჭირდებაო. დალოცვილი კახეთი, საქართველოს მარანი და საქართველოს ბეღელი - არა მხოლოდ არსობის პურით, სულიერი პურითაც აპურებს სრულიად საქართველოს.

ქართველი ერის სულიერ საუნჯეში გამორჩეული ადგილი უჭირავს გოგლა ლეონიძის შემოქმედებას.

დედათბილისმა ამ დღეებში ძეგლი დაუდგა უკვდავ გოგლას.

მთელ საქართველოში იმართება გიორგი ლეონიძის საიუბილეო ღონისძიებები.

ხალხი ერთსულოვნად გამოხატავს თავის სიყვარულს თავისი ეროვნული პოეტის მიმართ.

გიორგი ლეონიძის მარადიული აკლდამა მთაწმინდაზეა, მაგრამ აქ, გარე კახეთის დალოცვილ სოფელ პატარძეულში, მარად ირწევა მისი ყრმობის აკვანი. პოეზიის მარადიული ქორწილია პატარძეულში.

გამორჩეულმა ქართულმა სოფლებმა: ილიას ყვარელმა, აკაკის სხვიტორმა, ვაჟას ჩარგალმა, გოგლას პატარძეულმა ოქროს ფურცლები ჩაწერეს ქართველი ხალხის სულიერი კულტურის განვითარებაში.

პატარძეულში დაირწა გოგლას აკვანი.

როგორ არ გავიხსენო დღეს გიორგი ლეონიძის სტრიქონები პატარძეულზე.

პატარძეული... ჩემი სოფელი,
ბავშვობის კერა... პატარძეული.
ჩემი აკვანი წნორის ტოტისა
იქა ყოფილა გადარწეული.
იქ მზრდიდა ხალხი...
იქ მზრდიდა დედა
და ხალხის ფიქრი ათასწლეული...
მე მინახია ბევრი ქვეყნები
და ქალაქები ათასეული,
მაგრამ სულყველგან მე ხელს მიქნევდა
ჩემი პატარა პატარძეული.

მთელი საქართველო მადლიერების გრძნობით შემოსცქერის დღეს პატარძეულს, დიდი გოგლა ლეონიძის მშობლიურ სოფელს. პატარძეულში, გოგლას სოფელში, ბრძენი, მშრომელი და მტკიცე, ჭირსა და ლხინში გაუტეხელი, ქვეყნის ერთგული ხალხი ცხოვრობს. პატარძეული არის დალოცვილი კახეთის მიწა, გარეჯის მიწა, საგარეჯო, დავით გარეჯი. იმ დავითის სახელი ჰქვია მამადავითს, მთაწმინდას. სიმბოლურია, რომ დავით გარეჯის მიწაზე დაბადებული დიდი პოეტი მამადავითზე, მთაწმინდაზე განისვენებს. იქაც, მთაწმინდაზეც, წლეულს, საიუბილეოდ პოეტის საფლავზე აშენდა მემორიალი, რომელიც ელგუჯა ამაშუკელის ქმნილებაა. დედათბილისმა ძეგლი დაუდგა თავის საყვარელ პოეტს - გიორგი ლეონიძეს მისი დაბადების ასი წლისთავზე. დღეს აქ, პატარძეულში დაიდგა უკვდავი გოგლას ბიუსტი, მაგრამ გოგლას ყველაზე დიდი ძეგლი მისი პოეზია, მისი შემოქმედებაა.

რა კარგად თქვა ნიკოლოზ ბარათაშვილმა „ძმანო კახელნო, ნამდვილ ქართველნო“. იმ პოემაში გამოიყვანა გოგლა ლეონიძის დიდი წინაპარი, ერეკლე მეორის ბრძენი ვაზირი სოლომონ ლიონიძე.

საქართველოში მიწყივ-დაბადებით იყვნენ მეფე-პოეტები და პოეტთა მეფეები. რად ღირს თუნდაც დავით აღმაშენებლის „გალობანი სინანულისანი“.

მეოცე საუკუნეში იყო ისეთი ბედნიერი დრო, როცა ქართულ პოეზიას ჰყავდა ორი პოეტი თანამეფე: გალაკტიონი და გოგლა.

ეს ორი პოეტ-მეფე „ტყუპი იაგუნდებივით“ შვენის ქართულ პოეზიას და ქართულ კულტურას.

ბედნიერია და უკვდავია ის ერი, რომელსაც ასეთი ბუმბერაზი პოეტები ჰყავს.

ამ დღეებში, როცა ვათვალიერებდი გიორგი ლეონიძის ნაშრომებს, მის ნაწერებს, ყურადღება მივაქციე, გამოსათხოვარ სიტყვას გალკტიონ ტაბიძის დასაფლავებაზე და თვალწინ წარმომიდგა აკაკი წერეთელი, რომელიც ასევე მგზნებარედ, ასევე გულდაწყვეტილი ეთხოვებოდა ჩვენი დროის, ჩვენი ხალხის დიდ მოღვაწეს ილია ჭავჭავაძეს.

მიხეილ ჯავახიშვილმა გოგლა ლეონიძეს „ქართულ მიწაში ყელამდე ჩაფლული პოეტი“ უწოდა. ამით პოეტის ეროვნულ, ძირძველ და ძირმაგარ ფესვებზე მიგვანიშნა.

ლამაზია საქართველოს ყველა კუთხე, მაგრამ მეტად თავისებური მშვენიერებითა და ისტორიული კოლოროტით გამოირჩევა ჩვენი კახეთი, პატარძეული. სწორედ ასეთ ბუნებას და ხალხს უნდა წარმოეშვა ისეთი დიდი პოეტი, როგორიც გიორგი ლეონიძეა.

პატარძეულის ყოველი ხე თითქოს ნატვრის ხეა.

გიორგი ლეონიძის პროზაული შედევრი „ნატვრის ხე“, როგორც მოგეხსენებათ, საფუძვლად დაედო თენგიზ აბულაძის კინოტრილოგიის ერთ-ერთ საუკეთესი ფილმს და მსოფლიო ეკრანი შემოიარა. ის არა მარტო ლიტერატურულ, არამედ კინო მოვლენად იქცა.

გიორგი ლეონიძის პოეზია ქართველი ერის ნატვრის ხეა. ხოლო გიორგი ლეონიძის „ნატვრის ხე“ ედემის სიცოცხლის ხის ფესვიდან არის ამოზრდილი.

ფილოსოფოსი პლატონი ამბობდა, რომ სუფრა და სადღეგრძელო 33 ხელოვნებიდან ერთ-ერთი გამორჩეული ხელოვნებაა.

გიორგი ლეონიძის გოგლაურა ამ პლატონურ ფენომენს განეკუთვნება.

დღეს იბადება ახალი საქართველო, როგორც სახარებაშია ნათქვამი, ერი მეორედ შობს თავის თავს.

დღეს იუბილეს დღეა. მოდით, ამ ახალი საქართველოს სადიდებლად გოგლაურა ვთქვათ პატარძეულში.

ალავერდი ვარ და ვლოცავ გოგლაურულად ყველას, ვინც ახლა იბადება და ვლოცავ იმათ, ვინც გოგლა ლეონიძის დაბადების 200 წლისთავს, ერთი საუკუნის შემდეგ, აღნიშნავს საიუბილეოდ.

ლამაზი ძეგლები დაიდგა თბილისში და პატარძეულში, მაგრამ გოგლას ყველაზე დიდი ძეგლი იქნება მის თზხულებათა მრავალტომიანი აკადემიური გამოცემა, რომელსაც მეცნიერებათა აკადემიის რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტი და მწერალთა კავშირი ამზადებს. ამ ინსტიტუტს წლების მანძილზე ნაყოფიერად ხელმძღვანელობდა, როგორც გახსოვთ, პოეტ-აკადემიკოსი, საქართველოს სახალხო პოეტი გიორგი ლეონიძე.

უკან დაგვრჩა ასი წელი. წინ მარადისობა და უსასრულობაა. წინ საქართველოს აყვავებაა.

დიდება გოგლას ნააკვნარ სოფელს, პატარძეულს!

დიდება გოგლას უკვდავ პოეზიას!

„დიდება გოგლას ნააკვნარ სოფელს, პატარძეულს! დიდება გოგლას უკვდავ პოეზიას!“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2000. - 30 მაისი. - №143 (3544). - 1,2 გვ.

85 ქალბატონ ნანი ბრეგვაძეს

▲ზევით დაბრუნება


მილოცვა

ქალბატონო ნანი,

გილოცავთ რუსთაველის პრემიას, შესანიშნავ ჯილდოს, იმ დიდი სიყვარულის გამოხატულებას, რომლითაც თქვენ ხალხს უყვარხართ.

თქვენი სიმღერა ჩვენი ყოფის ის მშვენიერი მოვლენაა, რომლის გარეშეც ცხოვრებას მართლა დაეკარგებოდა ბევრი რამ.

კიდევ ერთხელ გილოცავთ, გისურვებთ თქვენს შვილსა და შვილიშვილს თქვენთვის ეჯობნოს. ეს კი, მგონი, ძალზე ძნელია.

პატივისცემით,

ედუარდ შევარდნაძე.

ქალბატონ ნანი ბრეგვაძეს : მილოცვა // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2000. - 30 მაისი. - №143 (3544). - 2 გვ.

86 ქალბატონ ლია სტურუას

▲ზევით დაბრუნება


მილოცვა

ქალბატონო ლია,

გილოცავთ რუსთაველის პრემიის მიღებას. ეს მართლაც დიდი აღიარება და დიდი ჯილდოა. ყოველივე კარგს გისურვებთ თქვენ და თქვენს შესანიშნავ ოჯახს, ბატონ ელგუჯას - რუსთაველის პრემიის ლაურეატს.

ვფიქრობ, თქვენს ოჯახში ქალის და კაცის თანასწორუფლებიანობა ახლა სრულადაა დაცული.

პატივისცემით,

ედუარდ შევარდნაძე.

ქალბატონ ლია სტურუას : მილოცვა // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2000. - 30 მაისი. - №143 (3544). - 2 გვ.

87 გამარჯვებული მხოლოდ ერთი უნდა იყოს - სრულიად საქართველო

▲ზევით დაბრუნება


გულითადად ვულოცავ საქართველოს პროკურატურას პროფესიულ დღესასწაულს.

საქართველოში მომხდარი კატაკლიზმების მიუხედავად, პროკურატურამ დიდი ძალისხმევით შეინარჩუნა პროფესიული ღირსება. მნიშვნელოვანია პროკურატურის მუშაკთა წვლილი დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლასა და კანონიერების აღდგენა-განმტკიცებაში, რამაც სასიკეთო ზეგავლენა იქონია ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარების შენელებასა და ქვეყნის სტაბილურობაზე. სწორედ ამან განაპირობა ჩვენი წინადადება, რომ გაიშალოს ფართო დისკუსია პროკურატურის როლის შემდგომი ზრდისა და მთლიანად სისტემის რეფორმირების შესახებ. ბევრია მისაღები და საყურადღებო აზრი, არის ემოციებიც, მაგრამ, ვფიქრობთ, საქართველოს პროკურატურის თანამშრომლები, პრაქტიკოსი და მეცნიერი იურისტები, პოლიტიკოსები ღირსეულად გაივლიან პროკურატურის რეფორმაციის ამ მეტად მნიშვნელოვან ეტაპს. აზრთა და მისწრაფებათა ჭიდილში უნდა იყოს მხოლოდ ერთი გამარჯვებული სრულიად საქართველო, რომელიც სახეცვლილი პროკურატურის მეშვეობით მიიღებს დამნაშავეობასთან ბრძოლის ქმედით იარაღს, ადამიანის უფლებათა, საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვის ეფექტიან მექანიზმს.

კიდევ ერთხელ გილოცავთ პროკურატურის მუშაკთა დღეს, გისურვებთ პროფესიულ წარმატებებს და ადამიანურ ბედნიერებას, სამშობლოს კეთილდღეობასა და აყვავებას.

ედუარდ შევარდნაძე.

გამარჯვებული მხოლოდ ერთი უნდა იყოს - სრულიად საქართველო // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2000. - 31 მაისი. - №144 (3545). - 1 გვ.

88 მიხეილ კანკავას დაბადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს

▲ზევით დაბრუნება


მისალმება

გულითადად მივესალმები გამოჩენილი ქართველი მეცნიერისა და პედაგოგის, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის პროფესორ მიხეილ კანკავას დაბადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მონაწილეებს.

ბატონი მიხეილი წლების მანძილზე წარმატებით ხელმძღვანელობდა პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში რუსული ენის კათედრას. ამ მეცნიერის სახელთანაა დაკავშირებული მნიშვნელოვანი წარმატებები ქართულ რუსისტიკაში. მან ხომ მეცნიერთა და პედაგოგთა მთელი თაობები გამოზარდა, რომელნიც დღესაც წარმატებით იღვწიან საქართველოს საშუალო და უმაღლეს სკოლებში.

ვიმედოვნებ, თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის აღზრდილი მეცნიერებები, პედაგოგები და მომავალი სპეციალისტები ღირსეულად გააგრძელებენ პროფესორ მიხეილ კანკავას ტრადიციებს და კვლავაც დიდ სამსახურს გაუწევენ განათლებისა და აღზრდის კეთილშობილურ საქმეს.

ვუსურვებ კონფერენციის მონაწილეებს ნაყოფიერ მუშაობას.

ედუარდ შევარდნაძე.

მიხეილ კანკავას დაბადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2000. - 1 ივნისი. - №145 (3546). - 1 გვ.

89 ევროპის მოჭადრაკე ქალთა პირველი ჩემპიონატის მონაწილეებს

▲ზევით დაბრუნება


გულითადად მივესალმები შესანიშნავი ღონისძიების მონაწილეებს, რომელიც კვლავ ჩვენი სამშობლოს ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქში - ბათუმში იმართება.

ქართველი ქალის უნიკალური საჭადრაკო ფენომენი ქართველი ხალხის ეროვნული სიამაყის წყაროა.

ეს ფენომენი მთლიანად ქართული ფენომენის, ქართული კულტურისა და მსოფლშეგნების განუყოფელ კომპონენტად იქცა.

გულწრფელად ვამბობ, რომ ჯერ კიდევ 60-იანი წლებიდან მოყოლებული, გარკვეული წვლილი შევიტანე ამ მართლაც უნიკალური, შესაშური ეროვნული ფენომენის გამოვლენა-განვითარებაში.

ფასდაუდებელია აგრეთვე ღვაწლი, რაც ბათუმის, მთლიანად აჭარის საზოგადოებამ და ხელისუფლებამ დასდეს ქართული საჭადრაკო სკოლის შემდგომ განვითარებას.

ბათუმში აგებულმა მშვენიერმა „ჭადრაკის სასახლემ“ შარშან ევროპის გუნდურ ჩემპიონატს უმასპინძლა. წლეულს კი კონტინენტის 32 უძლიერესი მოჭადრაკე ქალი შეეცდება ბათუმისა და სრულიად საქართველოს გულის დაპყრობას.

საგულისხმოა, რომ ჩემპიონატი, იხსნება იმ დღეებში, როდესაც საქართველო ეროვნული დამოუკიდებლობის 82-ე წლისთავს აღნიშნავს.

გულწრფელად მივესალმები ჭადრაკის ქალღმერთ კაისას რჩეულთ. დარწმუნებული ვარ, ბათუმში გამართული ევროპის ჩემპიონატი ღირსეულ ადგილს დაიკავებს ჭადრაკის ისტორიაში.

ედუარდ შევარდნაძე.

ევროპის მოჭადრაკე ქალთა პირველი ჩემპიონატის მონაწილეებს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2000. - 3 ივნისი. - №147 (3548). - 5 გვ.

90 გურამ შენგელაიას დაბადების 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით

▲ზევით დაბრუნება


მილოცვა

ბატონო გურამ,

საიუბილეო თარიღს გილოცავთ ღირსეულ ადამიანს, შესანიშნავ მეცნიერსა და პედაგოგს, სახელმწიფო პრემიის ლაურეატს.

მეტად მნიშვნელოვანია, რომ თქვენი მეცნიერული და ორგანიზატორული ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა ერთიანი სეისმური დაცვის ეროვნული სამსახური, კავკასიის რეგიონისათვის უაღრესად საჭირო სამსახური. თქვენი წვლილი მის შექმნაში განუზომელია.

მოხარული ვარ, რომ თქვენი მეცნიერული თეორიები აღიარეს უცხოელმა მეცნიერებმა, რისი დასტურია ამერიკისა და ევრაზიის გეოფიზიკური საზოგადოებების წევრად თქვენი არჩევა.

გისურვებთ დღეგრძელებასა და წარმატებებს პირად ცხოვრებასა და საქმიანობაში.

პატივისცემით,

ედუარდ შევარდნაძე.

გურამ შენგელაიას დაბადების 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით : მილოცვა // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2000. - 6 ივნისი. - №150 (3551). - 1 გვ.

91 საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის ბრიფინგი

▲ზევით დაბრუნება


2000 წლის 5 ივნისი

საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი: პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თქვენმა ძმისშვილმა ნუგზარ შევარდნაძემ საარჩევნო ფონდში საკმაოდ დიდი თანხა გადაიხადა. როგორია თქვენი კომენტარი?

ედუარდ შევარდნაძე: მივაქციე ყურადღება ამ ცნობას, რომელშიც რბილად რომ ვთქვათ, შეცდომაა. მე მაქვს გარკვეული სახსრები, რომლებიც განთავსებულია საქართველოს ბანკში. დეკლარაციაში ეს ნაჩვენებია, დამალული არ არის და არც ყოფილა. შარშანაც და წლეულსაც დეკლარაცია შევავსე. მაგრამ ეს, ჩემი და ჩემი ოჯახის კუთვნილი თანხა გაფორმებულია ჩემი მეუღლის ნანული შევარდნაძის სახელზე. გაზეთში ნახსენებია ნ. შევარდნაძე, რომელმაც თანხა შეიტანა, ეს მე შევიტანე 50 ათასი ლარი - ეს საარჩევნო კანონის აუცილებელი მოთხოვნა იყო. მერე ვიღაცამ დაწერა, რომ ეს ნანული შევარდნაძე კი არა, ნუგზარ შევარდნაძეა, მაგრამ მე არ მწყინს, რომ გაზეთს პატარა შეცდომა გაეპარა.

საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი: სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტზე ძველ კანდიდატურას წარადგენთ თუ ახალს?

კონსულტაციებს გავაგრძელებთ. რამდენიმე დღე დამჭირდება იმისათვის, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღო. ალბათ, მაინც ახალ კანდიდატურაზე უნდა იყოს საუბარი. ვინაიდან ძალიან დიდი იყო ვნებათაღელვა, ამას თვითონ ბაკურ გულუაც ვეღარ გაუძლებს, პარლამენტარებიც დაიღალნენ. ამიტომ ჯობია, ვიფიქროთ ახალ კანდიდატზე. მაგრამ გამორიცხვა არაფრის შეიძლება.

სააგენტო „პრაიმ-ნიუსი“: ძალიან გვაინტერესებს, ქვეყნის პირველი პირისაგან მოვისმინოთ ინფორმაცია კოდორის ხეობაში გაეროს მეთვალყურეთა ბედზე. არსებობს მათი განთავისუფლების პერსპექტივა?

ედუარდ შევარდნაძე: ჩემი განკარგულებით იქ გაიგზავნა ჩემი პირადი წარმომადგენლების ჯგუფი, მათ შორის, ბატონი ბადრი ხატიძე, ჩვენი რეგიონალური სამსახურის ხელმძღვანელი და ბატონი ივერი ჭელიძე. პარლამენტის წევრი და ამავე დროს ხეობის ყოფილი რწმუნებული. მას ძალიან დიდი კავშირ-ურთიერთობა და ავტორიტეტი აქვს. იქ არიან სამხედროები და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები. წუხელ გვიან მივიღეთ ინფორმაცია, რომ მოლაპარაკება პოზიტიურად წარიმართა და გადაწყვეტილება დღეს დილით უნდა მიიღონ. მოლაპარაკების დროს ითქვა აგრეთვე, რომ საკითხის გადაწყვეტის პროცესში ზოგიერთი ნიუანსი უნდა ეცნობოს აფხაზეთის ხელმძღვანელობასაც. თუ გავითვალისწინებთ, რომ ერთ-ერთი დატყვევებული მეთვალყურე წაიყვანეს აფხაზეთში, სოხუმში, ალბათ, ურთიერთობა არის აფხაზთა ხელმძღვანელობასთან. ყოველ შემთხვევაში, მძევალთა განთავისუფლების საქმეში აფხაზების ხელმძღვანელობასაც შეუძლიათ დადებითი როლის შესრულება. მე დამარწმუნეს, რომ საკითხი დადებითად გადაწყდება.

„პრაიმ-ნიუსი“: ითხოვენ თუ არა გამტაცებლები გამოსასყიდ თანხას?

ედუარდ შევარდნაძე: წუხელ ეს არ უთქვამთ. ჩემს წარმომადგენლებს, ვკითხე და წუხელ ამაზე საუბარი არ ყოფილა.

„პრაიმ-ნიუსი“: ვრცელდება ხმები, რომ თქვენი ჯანმრთელობა საკმაოდ შეირყა.

ედუარდ შევარდნაძე: მათ გასახარად, ვინც ამ ხმებს ავრცელებს, ვიტყვი, რომ ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა „კატასტროფულია“. ისე, არ ვიცი, თუ მეტყობა, რომ მართლა შავად არის საქმე, თქვენ მაინც მითხარით.

„ახალი თაობა“: როგორ ფიქრობთ, დადგება თუ არა დრო, როდესაც საქართველოში არ იქნება აუცილებელი, რომ პრეზიდენტი წარმოადგენდეს რომელიმე პარტიას, და რა გარემოებებმა შეიძლება გაიძულოთ, რომ დატოვოთ მოქალაქეთა კავშირი? ამასთანავე, რას უნდა მივაწეროთ, რომ თქვენი პარტიის წარმომადგენელმა გააკეთა ანტისემიტური განცხადება? ანტისემიტიზმის წამოწევის რა საფუძველია საქართველოში?

ედუარდ შევარდნაძე: მოქალაქეთა კავშირის დატოვებაზე ჯერჯერობით არ მიფიქრია და ამის საფუძველი არ არის. ეს პარტია, მოგწონთ თუ არ მოგწონთ, ჩემი შექმნილია, წლების განმავლობაში, დღემდე და დღესაც, პოლიტიკური სტაბილურობის ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი და უმთავრესი პირობაა. ჩემი, როგორც პარტიის თავმჯდომარის ნაკლი ის არის, რომ ძალიან ცოტა დროს მაქვს პარტიასთან მუშაობისათის. ბევრი რამ, რასაც ჩვენ გაუგებრობას, ვუწოდებთ ხოლმე, ალბათ, ამითაც უნდა აიხსნას. თუ დავრჩები, ალბათ, დავრჩები პარტიის თავმჯდომარედ. მეტი ყურადღება სჭირდება იმ გუნდს, განსაკუთრებით, რომელიც პარლამენტშია წარმოდგენილი.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, მიხეილი ძალიან ბევრ განცხადებას აკეთებს და არ მიმიქცევია ყურადღება. თუ საქართველოში ანტისემიტურ გამოვლინებებზეა ლაპარაკი, რა თქმა უნდა, მე ყოველგვარ ასეთ გამოვლინებას ვგმობდი, ვგმობ და ერთ-ერთი აქტიური მებრძოლი ვიქნები ბოლომდე.

ტელეკომპანია „რუსთავი-2“: დღეს გაიმართა უმრავლესობის სხდომა. რა შეფასებას მისცემდით იმ ფაქტს, რომ უკვე საკმაოდ ღიად ლაპარაკობენ ლეკიშვილის, სააკაშვილის გუნდების შესახებ? განაწყენდებოდით თუ არა, რომ პარლამენტს, გულუას მსგავსად, ადეიშივილისა და ჩხობაძის კანდიდატურებიც ჩაეგდო?

ედუარდ შევარდნაძე: არ ვარ ინფორმირებული, რომ დღეს უმრავლესობის სხდომაა, ვერც იმას ვიტყვი, რა საკითხები უნდა განიხილონ. უმრავლესობის ფრაქციის ხელმძღვანელობის პრეროგატივაა, საჭიროების შესაბამისად მოიწვიონ ასეთი შეკრება. ამის დაზუსტება ძნელი არ არის იმიტომ, რომ ჩვენთან არაფერი იმალება. ის დრამატიზირება, რომ შეიძლება რაღაც ჯგუფი გამოეყოს უმრავლესობას, ანდა - პირიქით. მაგალითად, აფხაზეთის ფრაქციამ მიიღო გადაწყვეტილება და გავიდა უმრავლესობიდან. მაგრამ, სადაც უნდა იყოს აფხაზეთის ფრაქცია, დარწმუნებული ვარ, რომ ის საქართველოს პრეზიდენტის კურსს დაუჭერს მხარს, რადგან ძირითად საკითხებში ერთი შეხედულება გვაქვს აფხაზეთში კონფლიქტის მოწესრიგებასა და მასთან დაკავშირებულ პრობლემებზე. სხვა საკითხებში შეიძლება იყოს განსხვავება. მე არ მგონია, რომ რაღაც დამანგრეველ პროცესთან გვქონდეს საქმე, ვთქვათ, სააკაშვილის ჯგუფი გამოეყო, ან ლეკიშვილის და ა. შ. შეიძლება, რამდენიმე კაცი გამოვიდეს, არც ამით დაიქცევა ქვეყანა. უმრავლესობა, ასე თუ ისე, დარჩება, მათ შორის, ბევრი უმრავლესობის წარმომადგენელიც, რომელიც პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანონ-პროექტებს ხმას აძლევს. მე მათაც ჩემს თანამოაზრეებად მივიჩნევ. ასე რომ, რაიმე კატასტროფული მოსალოდნელი არ არის.

მეწყინა თუ გამეხარდა, როცა ჩააგდეს გულუას, მანამდე კი ომბუდსმენის კანდიდატურები? რა თქმა უნდა, ამა თუ იმ კანდიდატურის წარდგინებას, სრული შეგნებითა და სრული პასუხისმგებლობით ვაწერ ხელს. რომ გითხრათ, რომ დიდ სიამოვნებას მანიჭებს ჩემს მიერ წარდგენილი კანდიდატურის ჩაგდება, ცხადია, ასე არ არის, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს ნორმალური პროცესია, თუმცა, თუ ხშირად იქნება, ნამდვილად არ ვარგა.

„რუსთავი - 2“: თუ გაქვთ რაიმე გეგმა ყოფილ სახელმწიფო მინისტრთან დაკავშირებით? ან თუ გამოიკვეთა კონკრეტული კანდიდატურა რუსეთში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩის პოსტზე?

ედუარდ შევარდნაძე: ბატონ ვაჟას ვერ შევხვდი, ძალიან დატვირთული დღეები იყო, ისიც დაკავებული იყო საქმეებით, საზღვარგარეთაც წავიდა რამდენიმე დღით. მე ძალიან დიდ პატივს ვცემ მას, როგორც დიდ პიროვნებას, როგორც მოღვაწეს, როგორც თანამოაზრეს. მაგრამ არის პოლიტიკაში ისეთი მომენტები, როდესაც ადამიანი უნდა ჩამოცილდეს ამა თუ იმ თანამდებობას. მე არ ვფიქრობ, რომ ბატონი ვაჟა დაკარგულია ქვეყნისათვის, მას ბევრი სასარგებლო საქმის გაკეთება შეუძლია. ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს და ამ თემაზე ვისაუბრეთ. ის აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ საქართველოს აღმშენებლობის პროცესში. რაც შეეხება რუსეთში დაბრუნებას, დიპლომატიაში ასეთი პრაქტიკა ძალიან იშვიათია და, ვფიქრობ, ბატონი ვაჟა თვითონაც არ დათანხმდებოდა, რომ შემეთავაზებინა. სხვა კანდიდატურა არის - ძალიან ღირსეული, ძალიან გამოცდილი და ძალიან სიმპათიური ადამიანი.

„თუთარჩელა“: კონტრაბანდაზე საუბარი კაბინეტებსა და დარბაზებში რჩება. მე ვეყრდნობი იმ მაგალითს, რაც აფხაზეთ-სამეგრელოს მონაკვეთში ხდება. იქ დიდი რაოდენობით გადმოდის ნარკოტიკები. ამ საშინელებას უფრო დიდი საშინელება შეიძლება მოჰყვეს, ვინაიდან, ძირითადად, ამ კონტრაბანდას აკონტროლებენ ლტოლვილები თავიანთი ლეგიტიმური ხელისუფლებით. ამან წარმოშვა გარკვეული წინააღმდეგობა ადგილობრივ და ლტოლვილ მოსახლეობას შორის. მე არაერთხელ დავასახელე დათო შენგელია. არ არის ნორმალური, მისი და მისი თანამზრახველების ტყიდან გამოყვანა არ შეუძლია სახელმწიფოს. ამიტომ, აუცილებლად რაღაც მოხდება, თუ კონკრეტული და გადამჭრელი ღონისძიებები არ განახორციელეთ. ხომ არა გაქვთ რაიმე გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით?

ედუარდ შევარდნაძე: ვიზიარებ თქვენს შეშფოთებას, ბატონი ჯგუშიას წერილიც წავიკითხე. ვიცი მოსახლეობის განწყობილება, ვიცი ბონდო ჯიქიას აზრიც. მე საკმაოდ ხშირად მაქვს კონტაქტი აფხაზების ხელმძღვანელობასთან, მათ შორის, ვლადისლავ არძინბასთან. ისინიც შეშფოთებული არიან - ლაპარაკია ნარკოტიკებზე, უკანონო ოპერაციებზე, რომლითაც სარგებლობენ ბოროტმოქმედები და დამნაშავეები. უშიშროების საბჭოს მიაჩნია, რომ კონტრაბანდა, კორუფცია და სხვა ასეთი მოვლენები ეროვნული უშიშროების თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხეა დამოუკიდებელი სახელმწიფოსათვის. კვირაში ერთხელ უშიშროების საბჭო შეიკრიბება და განიხილავს კორუფციის და კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებს. როცა კონტრაბანდაზე ვლაპარაკობთ, უნდა გვქონდეს მხედველობაში ქართლის რაიონები, რომლებიც ესაზღვრება სამხრეთ ოსეთს. მხედველობაში მაქვს, ასევე, აზერბაიჯანი, სომხეთის, თურქეთის საზღვარი. ამ ბოლო დროს ძალიან საშიში გახდა მდგომარეობა ენგურზე. ჩვენ დაგვჭირდება კვალიფიციური ჯგუფების შექმნა სამართალდამცავთა მონაწილეობით, სათანადო სამსახურებისათვის დავალებების მიცემა და სწორედ ამ რეგიონების მიხედვით საკითხების განხილვა, მათ შორის, ენგურზე შექმნილი მდგომარეობისა. ან წესრიგს დავამყარებთ, ანდა მდგომარეობა ძალიან რთული იქნება ქვეყნისათვის და ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ. წესრიგის დამყარება შეიძლება.

„თუთაჩელა“: რეგიონში დადის ხმები, თითქოს ბონდო ჯიქია გადმოგყავთ თბილისში, რაც ერთგვარ გაუგებრობას იწვევს. ცნობილია, როგორი როლი შეასრულა მან სამეგრელოში სიმშვიდის შენარჩუნებაში და, თუ ეს აუცილებელი არ არის, იქნებ, დატოვოთ სამეგრელოში.

ედუარდ შევარდნაძე: დღეს მოქმედ სახელმწიფო მოღვაწეთა შორის ბატონი ბონდო ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პიროვნებაა თავისი თვისებებით, ერუდიციით, ერთგულებით, თავდადებით, პატიოსნებით, ურთიერთობით. მისი წამოყვანა ასე იოლი საქმე არ არის, თუმცა დაწინაურების ღირსი უდავოდ არია. ამას არ გავაკეთებ, თუ თვით სამეგრელოს მოსახლეობას არ მოვეთათბირე, მაგრამ უფრო, ალბათ, გამოვრიცხავ. ამ ეტაპზე ბატონი ბონდო ძალიან საჭიროა იქ, როგორც ჰაერი და როგორც წყალი.

ტელეკომპანია „ტვ-6“: ხვალ თბილისში ჩამოდის რუსეთის ფედერალური სასაზღვრო სამსახურის უფროსი ბატონი ტოცკი, მასთან განხილული იქნება პანკისის ხეობასა და საქართველო-რუსეთის ჩეჩნეთის მონაკვეთზე არსებული სიტუაცია.

ედუარდ შევარდნაძე: იმსჯელებენ საკითხთა მთელ კომპლექსზე, რომლებიც ორმხრივ განხილვას მოითხოვს. მინდა გაუწყოთ, რომ საქართველოსა და რუსეთის სასაზღვრო სამსახურების ურთიერთობა საქმიანი, კონსტრუქციული ხასიათისაა და, როდესაც ერთეული წარმომადგენლები მოსკოვში ავრცელებენ მცდარ ცნობებს, რუსეთის საზღვრის სამსახური ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზეა. მე სიამოვნებით შევხვდები მას, თუკი ითხოვს. ძირითად მოლაპარაკებას, ცხადია, ჩხეიძე და ტოცკი გამართავს.

„ტვ-6“: დღეს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტმა გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ აპირებს სასამართლოში უჩივლოს თენგიზ კიტოვანს, რომელმაც განაცხადა: ქართველი მესაზღვრეები გარკვეული თანხის საფასურად საზღვარზე ატარებენო ბოევიკებს ჩეჩნეთიდან.

ედუარდ შევარდნაძე: ბატონ ჩხაიძეს ჩემთან ამის შესახებ არ უსაუბრია.

ტელეკომპანია „ნტვ“: ბოლო ხანებში რუსეთიდან წამოვიდა ბრალდებათა ტალღა საქართველოს მისამართით, კერძოდ, იმის თაობაზე, რომ საქართველოდან ლამის იარაღით დატვირთული თალიბების ქარავნები მიემართება რუსეთისაკენ. ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს ბრალდებები არ იქნებოდა, თუ საქართველოს ხელმძღვანელობა მხარს დაუჭერდა რუსეთის განზრახვას იბრძოლოს ტერორიზმის წინააღმდეგ თავისი ტერიტორიული მთლიანობისათვის და საერთო ძალებით, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიზნით გააერთიანებდნენ ძალისხმევას? ეს ხომ სიკეთეს მოუტანდა საქართველოსაც და რუსეთსაც.

ედუარდ შევარდნაძე: ეს სრულიად განსხვავებული საკითხია. რაც შეეხება თალიბებს, მსგავსი რამ საქართველოში არ ხდება. თუმცა ვიცი, რომ თალიბები რეალურად არიან ჩეჩნეთში, სადაც ჩამოდიან სხვა ქვეყნების ტერიტორიებიდან.

რაც შეეხება ჩვენს ურთიერთობას რუსეთთან - კვლავინდებურად კარგად ვთანამშრომლობთ. 21 ივნისს, დსთ უმაღლესი დონის სამიტზე სპეციალურად განვიხილავთ საკითხს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ღონისძიებათა კოორდინაციის თაობაზე. საქართველო ამ პროცესში აქტიურად მონაწილეობს და თანამშრომლობს, უწინარეს ყოვლისა, რუსეთთან. კარგი კონტაქტები გვაქვს სპეციალურ სამსახურებთან, კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან.

რაც შეეხება ჩეჩნეთის პრობლემას, თქვენ ცოტა საშიში ფორმით დასვით კითხვა - რატომ არ სურს საქართველოს დაეხმაროს რუსეთს ჩეჩნეთის პრობლემის გადაწყვეტაში. რაც შეეხება პოლიტიკურ მონაწილეობას, თუ რუსეთი ისურვებს და შესაძლებლად მიიჩნევს კონფლიქტის მოწესრიგების პროცესში ჩვენს ჩართვას, მზად ვართ, და ეს არაერთხელ განგვიცხადებია. საომარ მოქმედებაში მონაწილეობას კი კატეგორიულად გამოვრიცხავთ და არც რუსეთი ითხოვს ამას ჩვენგან.

იგივე შეიძლება ვთქვათ აფხაზეთთან დაკავშირებით. არ მოვითხოვთ რუსეთისაგან საომარ ოპერაციებში მონაწილეობას. იქ მსახურობენ სამშვიდობო ძალები, ეს საერთაშორისოდ აღიარებული ინსტიტუტი, და არც ერთი ჯარისკაცი არ იბრძვის იქ არც აფხაზების და არც იქ მცხოვრები ქართველების წინააღმდეგ. სწორედ ასეთ პოზიციას უნდა ვუჭერდეთ მხარს. ეს კარგად ესმით რუსეთშიც და საქართველოშიც.

გაზეთი „იბერია-სპექტრი“: შეგიძლიათ თუ არა მოგვცეთ იმის კონკრეტული გარანტია, რომ კორუფცია დაიძლევა. თქვენ არასდროს გაკლდათ შემართება კორუფციის წინააღმდეგ. ახლა რა გარანტიებია იმისათვის, რომ ყველაფერი ისე გაკეთდება, როგორც არ გაკეთებულა აქამდე?

ედუარდ შევარდნაძე: ამ კითხვას პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიის დროს ვუპასუხე. დიახ, მე ვიცი, რომ კორუფცია ღრნის ქვეყანას და ერთ-ერთი ყველაზე დიდი სენია. ჩემი პროგრამის ერთი ყველაზე თვალსაჩინო ნაწილი სწორედ კორუფციის ლიკვიდაციაა. საპრეზიდენტო არჩევნები დამთავრდა და ახლა საჭიროა, რომ მთელი ქვეყანა რეალურად დადგეს კორუფციისა და კონტრაბანდის დასაძლევად. ამის გარანტია საპრეზიდენტო პროგრამაა. თუ ის არ სრულდება, მაშინ მოსახლეობას აქვს უფლება პრეზიდენტს მოსთხოვოს პასუხი. მე არ გამოვრიცხავ, რომ პრეზიდენტმა, იმ რეალობის გათვალისწინებით, რომელიც არსებობს ქვეყანაში, პასუხი აგოს იმისათვის, რომ მისი პროგრამის რომელიმე დებულება განსაზღვრულ ვადებში არ სრულდება. ამის მეტი გარანტია არ არსებობს. არის ვალდებულება, არის პრეზიდენტისა და მისი თანამოაზრეების პასუხისმგებლობა, და არის მოსახლეობის უფლება, მოითხოვოს პრეზიდენტისაგან დაპირების შესრულება.

გაზეთი „ალია“: რამდენად საიმედო შეიძლება იყოს უშიშროების საბჭო კორუფციასთან და კონტრაბანდასთან ბრძოლაში, მაშინ, როდესაც იგივე დათო შენგელია პირადად თამაზ ნადარეიშვილმა დანიშნა. ანუ ის პირები, რომლებიც უშიშროების საბჭოში ამ თემებზე მუშაობენ, შესაძლებელია თავად იყვნენ კონტრაბანდისა და კორუფციის მფარველები.

ედუარდ შევარდნაძე: ვერ გეტყვით მანამ, სანამ ბატონ თამაზს არ ვკითხავ. მე არა მგონია, რომ შენგელია მისი დანიშნული იყოს. ბატონმა თამაზმა შესანიშნავად იცის მისი ისტორია, ბიოგრაფია და მისი ძველი ცოდვები. თუ ასეთი შეცდომა დაუშვა, ვფიქრობ, მოძებნის მისი გამოსწორების საშუალებას. რაც შეეხება სხვა სტრუქტურებს, დარწმუნებული ვარ, დათო შენგელიას მათთან არვითარი საერთო არ გააჩნია.

საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი: როგორია თქვენი მოსაზრება საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მაშინ, როცა ოპოზიციის ინიციატივას უკვე მმართველი პარტიის ზოგიერთი წევრიც ემხრობა?

ედუარდ შევარდნაძე: იმისათვის, რომ მოხდეს საკონსტიტუციო ცვლილებები, საჭიროა შეიქმნას ძალიან ავტორიტეტული, დაახლოებით ისეთივე კომისია, როგორიც იყო კონსტიტუციის შემმუშავებელი კომისია. ეს არ არის რიგითი საკითხი. თუ შეიქმნება მინისტრთა კაბინეტი, მას უნდა ჰქონდეს ფუნქციები და ამით თვით სახელმწიფოს მართვის ხასიათი და სახელმწიფოს ბუნება იცვლება. ეს იქნება არა უბრალო, არამედ ფუნდამენტური ცვლილება, რომელსაც უნდა მოჰყვეს სერიოზული შესწორებები. ასეთი კომისიის ფორმირება მოხდება, მაგრამ ეს ერთი-ორი დღის საქმე არ არის. საჭიროა დებატები. ყველა შესწორება კონსტიტუციაში უნდა იყოს ყოველმხრივ დასაბუთებული და გამართლებული არა მარტო დღევანდელობის, არამედ მომავლის თვალსაზრისით. ჩვენ ავირჩიეთ მმართელობის ეს ფორმა - საპრეზიდენტო რესპუბლიკა, რომელსაც დიდი პერსპექტივები და დიდი უპირატესობანი აქვს. თუ პარლამენტი და პრეზიდენტი შეთანხმდებიან, რა თქმა უნდა, კორექტივებს შევიტანთ, მაგრამ ამას კომისია სჭირდება.

საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის ბრიფინგი : 2000 წლის 5 ივნისი // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2000. - 6 ივნისი. - №150 (3551). - 3 გვ.

92 „ამჟამად საქართველოში ჩამოყალიბდა ყველა ლეგიტიმური ინსტიტუტი, რათა დაუყოვნებლივ დავიწყოთ მუხლჩაუხრელი შრომა და ბრძოლა ურთულესი სახელმწიფოებრივი ამოცანების გადასაწყვეტად“

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
5 ივნისის რადიოინტერვიუ

- თითქმის ორი თვეა ეთერში აღარ გასულა თქვენი ტრადიციული რადიოინტერვიუები, არ გამართულა ბრიფინგები. ამას ხალხში აზრთა სხვადასხვაობა, მითქმა-მოთქმა და ჭორები მოჰყვა. რით იყო გამოწვეული ეს? - ჟურნალისტის ნატო ონიანის ამ შეკითხვის პასუხად საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნამ თავისი ტრადიციული ორშაბათის რადიოინტერვიუში განაცხადა:

- თქვენი შეკითხვა მართლაც საფუძვლიანი და აქტუალურია. მე მზად ვარ გიპასუხოთ.

ტრადიციული რადიოინტერვიუები თვით ყველაზე მძიმე წლებში (მხედველობაში მაქვს სამოქალაქო ომის პერიოდიც) არ შეწყვეტილა, მაგრამ ყველა პერიოდს თავისი შინაარსი და სპეციფიკა აქვს.

9 აპრილს, როგორც მოგეხსენებათ, დასრულდა ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და სახელმწიფოებრივად დაფუძნების პროცესის ძალზე მნიშვნელოვანი ეტაპი.

გაიმართა პარლამენტისა და პრეზიდენტის არჩევნები.

ფართო დემოკრატიული დისკუსიის შედეგად საზოგადოების მისწრაფებათა და მოთხოვნათა გათვალისწინებით შევიმუშავეთ რეფორმათა ახალი გადამწყვეტი ეტაპის კონცეფცია, რომელსაც მოსახლეობა იცნობს.

დაწერილი სახით, მე ასე ვიტყოდი. იგი, ჩემი აზრით, სრულყოფილად ჩამოყალიბდა საპრეზიდენტო პროგრამაში, რომელიც საზოგადოებას ჯერ 1999 წლის ოქტომბრის, შემდეგ კი 2000 წლის 9 აპრილის არჩევნებზე შევთავაზეთ.

ჩვენს პროგრამაში, ისევე, როგორც ქვეყნის დამოუკიდებლობის განმტკიცებისა და დემოკრატიული განვითარების სტრატეგიული კურსს მოსახლეობამ, ყოველ შემთხვევაში დიდმა უმრავლესობამ, მხარი აშკარად დაუჭირა.

მაგრამ ამ პერიოდს ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდა.

ჩვენ უდიდესი პასუხისმგებლობით ვეკიდებოდით საპრეზიდენტო პროგრამის ჩამოყალიბებას არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვების მოსაპოვებლად. აუცილებელი იყო ერთგვარი პაუზა, რათა პარლამენტში ძალთა რეალური განლაგების შესაბამისად შეგვემუშავებინა პროგრამის განხორციელების, მისი ხორცშესხმის კონკრეტული გეგმა.

ამასთანავე გრძელდება მთავრობის დაკომპლექტება და მე, როგორც პრეზიდენტს, ნამდვილად არ მინდოდა, რომ ჩუმი განცხადებით ან თუნდაც ჟურნალისტთა შეკითხვებზე პასუხით რაიმე ზეგავლენა მომეხდინა, რომ სწორედ დემოკრატიულ ვითარებაში მომხდარიყო მთავრობის ფორმირება.

- თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ძალიან იცავდნენ ამ წესს და თავიანთ მოსაზრებებით არ ახდენენ ზემოქმედებას.

- მე ჩემი პრინციპი მაქვს და თქვენ იცით, რომ პარლამენტში მართლაც დემოკრატიულ ვითარებაში მოხდა მთავრობის - ამ ერთ-ერთი უმთავრესი საკითხის განხილვა და გადაწყვეტილებათა მიღება.

ამჟამად საქართველოში უკვე ჩამოყალიბდა ყველა ლეგიტიმური ინსტიტუტი (მთავრობის ჩათვლით), რათა დაუყოვნებლივ დავიწყოთ მუხლჩაუხრელი შრომა და ბრძოლა ურთულესი სახელმწიფოებრივი ამოცანების გადასაწყვეტად.

აქვე ვიტყვი, რომ არჩევნები, ეს დიდი საარჩევნო ციკლი, ჩვენი ქვეყნისათვის ისტორიული მოვლენა იყო.

არჩევნებმა დაადასტურა ერის ხელმწიფება და მისი ერთგულება არა მარტო ცალკეულ პიროვნებათა, არამედ პროგრამისა და კურსისადმი. რაც, თავისთავად, გულისხმობს ეროვნულ-სახელმწიფოებრივ მონაპოვართა განმტკიცებას.

ერთ-ერთი უდიდესი მონაპოვარია დემოკრატია, სიტყვისა და პიროვნების თავისუფლება და ხელისუფლების ტრანსპარენტულობა. საქართველოში ვერავინ შეძლებს, რომ ხელყოს და უგულებელყოს ეს პრინციპები, რომლებიც ახლა ჩამოვთვალე - დემოკრატია, სიტყვის თავისუფლება, პიროვნების თავისუფლება და ხელისუფლების ტრანსპარენტულობა.

ხელისუფლება ახლოს უნდა იყოს ხალხთან. უნდა ითქვას, ამ მხრივ წინა შემადგენლობის ხელისუფლებას სერიოზული ნაკლი ჰქონდა. უნდა არსებობდეს უშუალო კონტაქტი. ამიტომ პრეზიდენტსა და პრესას შორის უშუალო კავშირის ის ტრადიცია, რომელიც ჩვენ ერთად ჩამოვაყალიბეთ, კვლავ გაგრძელდება რადიოინტერვიუებისა თუ ბრიფინგების, ჟურნალისტებთან შეხვედრების ფორმით, სხვადასხვა რაიონებში მოსახლეობის წარმომადგენლებთან კონტაქტით. და ეს ეხება არა მარტო პრეზიდენტს, არამედ მთავრობის მთელ შემადგენლობასაც და, საერთოდ, ადგილობრივ სტრუქტურებსა და მათს ხელმძღვანელებს.

ახლა ჭორებთან დაკავშირებით. ნამდვილი მიზეზი მე გითხარით. ჭორები საქართველოში ძალიან ბევრია, ზოგი დაკავშირებულია ვითომ რაღაც ავადმყოფობასთან, ვითომ რაღაც იყო, რაღაცაშია საქმე, ხელისუფლებისათვის ბრძოლასთან და კიდევ ათასი სხვა რაღაც. ჭორი იმიტომ არის ჭორი, რომ სიმართლეს ვერასოდეს აჯობებს და სიმართლეზე ვერ გაიმარჯვებს.

- თქვენ ახლა ახსენეთ უშუალო შეხვედრები რეგიონებში. წინასაარჩევნო შეხვედრები თქვენ გქონდათ რეგიონების წარმომადგენლებთან, მოსახლეობასთან. თქვენს პროგრამას ჯერ კიდევ არჩევნების წინა პერიოდში გაეცნო მოსახლეობა და, ალბათ, მისი არც ერთ პუნქტის მიმართ საწინააღმდეგო არაფერი აქვს. რა მიგაჩნიათ უპირველეს პრიორიტეტად ამ პროგრამის განხორციელების თვალსაზრისით?

- ჩემი პროგრამის საფუძველი, თუ შეიძლება ასე ითქვას, - მისი „შინაარსობლივი გულანი“ იყო სოციალური პრობლემების გადაწყვეტა, ამ პრობლემატიკისაკენ შემობრუნება, მოქალაქეთა სოციალური ტკივილის განკურნება, რაც მოხდება ეკონომიკური აღმავლობის ფონზე. თქვენ გახსოვთ ჩემი ფრაზა „შემოვბრუნდეთ 180 გრადუსით ეკონომიკისაკენ“ და, სხვათა შორის, ეს პროცესი უკვე დაიწყო, ყოველ შემთხვევაში პირველი 5-6 თვის მაჩვენებლები ძალიან იმედისმომცემია.

ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელი იქნება ძალზე რადიკალური და ძალზე მტკიცე ნაბიჯების გადადგმა რამდენიმე მიმართულებით, არა მარტო ეკონომიკის აღმავლობა.

უპირველეს ყოვლისა, ეს არის კორუფციის აღმოფხვრა: კერძოდ, კონტრაბანდის - სწორედ იმ კონტრაბანდისა, რომელმაც, სრულიად გადაჭარბებულად ვიტყვი, წალეკა ქვეყანა და დაახრჩო შიდა ბაზარი.

მე ამ დღეებში ძალიან ბევრ წერილს ვიღებ და ბევრი კონტაქტი მაქვს სხვადასხვა ფენების წარმომადგენლებთან.

განსაკუთრებით მივაქციე ყურადღება ქართველი ისტორიკოსების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის კოლექტივის გულისტკივილს, რომელიც მათს ღია წერილშია გამოთქმული ჩემი მისამართით. შესაძლოა, აქ ჩემთვის ახალი არაფერია, მაგრამ ქართველი ინტელიგენციის წარმომადგენელთა, მათ შორის, ღვაწმოსილ მეცნიერთა აზრი და შეშფოთება (გარკვეულწილად აღშფოთებაც) ნამდვილად გასაზიარებელია და რეაგირება სჭირდება.

წარმოქმნილ სოციალურ პრობლემებს, უხელფასობას, პენსიების დაგვიანებას, სამეცნიერო დაწესებულებებთან ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ფინანსურ ვალდებულებათა შეუსრულებლობას მე მათზე არანაკლებ განვიცდი და უნდა ვთქვა, რომ ჩემი მოთმინების ფიალა ივსება იმ ადამიანებთან ერთად, რომელთაც უკვე ღიად გამოხატეს თავიანთი აღშფოთება.

როგორც იტყვიან, ამ საკითხის „პრობლემური კვანძი“ კვლავ და კვლავ კორუფციაა, უწინარესად, კონტრაბანდა, რომელიც ანგრევს ქვეყნის შიდა ბაზარსა და ბიუჯეტს. კერძოდ, ეგრეთ წოდებული „წვრილი კონტრაბანდა“.

ჩვენ, ალბათ, უკვე ვეღარ შევიკავებთ თავს და იძულებული გავხდებით მივიღოთ (როგორც ერთხელ უკვე ვიხმარე ეს გამოთქმა) დრაკონული, უსასტიკესი ზომები კონტრაბანდის წინააღმდეგ. ამ ორი დღის წინათ უშიშროების საბჭოს სხდომაზე მე განვაცხადე, რომ კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლა ეს არის ბრძოლა ეროვნული უშიშროებისათვის, სახელმწიფოს დამოუკიდებლობისათვის, სახელმწიფოს თავისთავადობისათვის. ყოველკვირეულად გაიმართება ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა, რომელიც შესაბამისი უწყებებისა და ადგილობრივი ხელმძღვანელების ინფორმაციებს მოისმენს სწორედ ამ საკითხებზე - როგორ მიმდინარეობს ბრძოლა კორუფციისა და კონტრაბანდის, ჩრდილოვანი ეკონომიკის წინააღმდეგ.

ამ თვალსაზრისით აუცილებელი იქნება კანონმდებლობის გამკაცრებაც. ერთი კანონი უკვე მივიღეთ შემოსავლების სამინისტროს ინიციატივით, რომელსაც აქტიურად დავუჭირე მხარი და შევიტანე პარლამენტში. იგი ითვალისწინებს პროდუქციის, კონტრაბანდული საქონლის ჩამორთმევა-კონფისკაციას და ტრანსპორტის კონფისკაციასაც. ეს კანონი ახლა უკვე მოქმედებს და, ალბათ, ხვალ-ზეგ უშიშროების საბჭოს სხდომაზე უკვე შევაჯამებთ პირველ შედეგებს.

სხვა გამოსავალი არ არის. თუმცა, ეს მისცემს საბაბს დემაგოგებს, ილაპარაკონ საქართველოში რაღაც „რეპრესიების“ დაწყებაზე.

ამთავითვე უნდა განვაცხადო, რომ რეპრესია არის უკანონო ქმედება, ადამიანის უფლებათა დარღვევა, კონსტიტუციურ თავისუფლებათა შეზღუდვა, მაგრამ დემოკრატიულ სახელმწიფოს აქვს სრული უფლება, მიიღოს ზომები კანონიერებისა და დემოკრატიის დასაცავად და დღეს საქართველოში დემოკრატიას უფრო დიდი მტერი არ გააჩნია, ვიდრე კორუფცია, ვიდრე კონტრაბანდა და ვიდრე კორუმპირებული ადამიანები.

კორუფცია, კონტრაბანდა და ფალსიფიკაცია უკვე სახელმწიფოებრივ საფუძველს არყევს.

გარდა ამისა, ჩვენ რომ რეპრესიათა მომხრენი ვყოფილიყავით, ხუთი ათასზე მეტ პატიმარს არ შევიწყალებდი გასულ წლებში, მაგრამ დგება ჟამი, როცა დემოკრატიული სახელმწიფო, საზოგადოება უბრალოდ იძულებულია დაიცვას თავი და შეაჩეროს დამანგრეველი პროცესი. სხვათა შორის, მე შეგახსენებთ, რომ შეწყალებულთა შორის ბევრია ისეთი, ვინც ტერაქტის ორგანიზატორი იყო, მონაწილეობდა, იცოდა ეს, ვინც ებრძოდა საქართველოს პრეზიდენტს სხვადასხვაგვარი, შენიღბული თუ შეუნიღბავი ფორმით და სხვა. დღეს ისინი დაუბრუნდნენ პოლიტიკას, თუმცა პირობით არიან შეწყალებული და გათავისუფლებული, ყველანი კარგად, შესანიშნავად არიან, რადგან კარგად უვლიდნენ ციხეში და კანონი პატიმრის შესახებ დაცული იყო. ნეტავი, ჩვენების მიმართ ვიცავდეთ უფლებებს ისე, როგორც პატიმართა უფლებებს ვიცავთ, ყოველ შემთხვევაში, სოციალური თვალსაზრისით.

ჩვენი პოზიცია მკაფიოდ გამოკვეთილი და პრინციპულია, და კანონმდებელიც უეჭველად თავის ღირსეულ და დროულ სიტყვას იტყვის. მე არ მეეჭვება, რომ პარლამენტი ჩვენ ყველაფერში მხარს დაგვიჭერს.

სწორედ კონტრაბანდისა და გადასახადების დამალვის, ბიუჯეტის შეუსრულებლობის გამო საქართველომ ბოლო 2 წლის განმავლობაში 120 მილიონ ლარზე მეტი ვერ მიიღო საერთაშორისო ორგანიზაციებისაგან. მიაქციეთ ამ ციფრს ყურადღება იგი დავალიანებათა თითქმის ნახავარზე მეტია. ის, რაც უნდა მიგვეღო, ესე იგი, საქართველოს ეროვნულ ბანკში რომ შემოსულიყო და ჩვენ მიგვეღო. ეს იმას ნიშნავს, რომ პენსიებისა და ხელფასების მიმღებთა მიმართ არსებული დავალიანება განახევრდებოდა, ორჯერ ნაკლები იქნებოდა.

ამასთანავე, არა მარტო სხვას, არამედ, იქნებ, მეც არ მსიამოვნებს „ობიექტურ მიზეზებზე“ საუბარი (როდესაც მოსახლეობას ასე უჭირს). მაგრამ ელემენტარული სამართლიანობა და ობიექტურობა მოითხოვს ითქვას, რომ ძალიან სერიოზულად დაგვაზარალა 1998 წლის რუსეთის კრიზისმაც. საქართველომ ამ დამანგრეველი ტალღის შედეგად დაახლოებით 700-800 მილიონი ლარი იზარალა. ეს ხომ უზარმაზარი ციფრია საქართველოსათვის! იგი ამ ორიოდე წლის წინანდელი ბიუჯეტის ტოლია!

მიუხედავად ამისა, ჩვენ შევძელით (ზოგიერთი სხვა ქვეყნისაგან განსხვავებით) გადაგვერჩინა ეროვნული ვალუტა და საბანკო სისტემა. წინააღმდეგ შემთხვევაში, დღეს კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ვიქნებოდით და არც პერსპექტივა გვექნებოდა.

დარწმუნებული ვარ, რომ თუ ჩვენ შევძლებთ იმ რეჟიმის დამკვიდრებას, რომელიც აუცილებელია ისეთი საგანგებო მდგომარეობის დროს, როგორიც ახლა საქართველოში შეიქმნა, ქვეყანა ძალიან მოკლე დროში გამოვა ამ კრიზისიდან.

დღეს საკმაოდ რთული და მძიმე მდგომარეობაა და ამას, ალბათ, ყველა ჩვენი მოქალაქე პირადად გრძნობს, მაგრამ არა უიმედო. გარკვეული პრობლემების გადაწყვეტისათვის გარკვეული პერსპექტივაც არსებობს, რადგან უფრო რთულ ვითარებაშიც ვყოფილვართ და არაერთხელ.

- არაერთხელ და არა ერთი საუკუნისა და ათასწლეულის განმავლობაში. სამწუხაროდ, ასეთი იყო ჩვენი ბედი და კიდევ უფრო მძიმე პირობებიც.

- თქვენს კითხვასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ დავუბრუნდები ქართველი ისტორიკოსების წერილს.

დღევანდელი სიდუხჭირე და პრობლემათა სირთულე ვერ მოგვისპობს მომავლის რწმენასა და იმედს. ეს იქნებოდა თვითმკვლელობა ქვეყნისა და ხალხისათვის. დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბება ურთულესი, უმძიმესი პროცესია. ყველამ კარგად იცის ეს; ისტორიკოსებმაც, იურისტებმაც და უბრალო ადამიანებმა, მაგრამ საქართველოს შესანიშნავი პერსპექტივა აქვს: ქვეყნის მომავალზე ფიქრი და ზრუნვა აუცილებლად გამოიღებს ნაყოფს. ჩვენი მოქმედების კანონი უნდა იყოს, როგორც უნდა გვიჭირდეს, მომავალზე ფიქრი და ზრუნვა გვმართებს.

უკვე გვაქვს კიდეც სათქმელი ამ თვალსაზრისით. მე მხოლოდ რამდენიმე მაგალითს მოვიყვან.

არცთუ დიდი ხნის წინათ საკმაოდ ირონიულად ახსენებდნენ კახეთის ნავთობსაბადოებს. ისიც თქვეს, რომ შევარდნაძემ პირთან მიიტანა ნავთობით სავსე ჭიქა, იმ ნავთობით, რომელიც, თურმე, ვედროდან გადმოუსხიათ და მოუტანიათ, არავითარი ნავთობი შირაქში არ არსებობსო. გახსოვთ, მაშინ მე სხვათა შორის ვთქვი, რომ 3 ათასი მეტრის სიღრმეში არის საქართველოს დიდი ნავთობი.

დღეს უკვე სრული პასუხისმგებლობით შეიძლება ითქვას: საქართველოში აღმოჩნდა დიდი ნავთობი. ტარიბანის მხოლოდ ერთი ჭაბურღილი (ისიც ჯერჯერობით გარკვეული შეზღუდვებით, სულ რამდენიმე დღის წინათ გაიხსნა ეს ჭაბურღილი და დაიწყეს მისი ექსპლუატაცია). დღე-ღამეში 100-120 ტონა ნავთობს გვაძლევს. მომავალ წელს აქაური საბადოების მწარმოებლურობა გაცილებით მეტი იქნება. ჩვენი სპეციალისტების ანგარიშით, გაისად, წლის დამლევს საქართველო მარტო აქედან, ტარიბანისაგან მიიღებს დაახლოებით 400 ათას ტონა ნავთობს, 400 ათასი ტონა! დადასტურებულია მდიდარი საბადოების არსებობა ნინოწმინდაშიც და იორის ველზე, სხვა რეგიონებში.

როგორც ქართველ, ასევე უცხოელ ექსპერტთა გაანგარიშებით, 2001 წლისათვის საქართველო მოიპოვებს თითქმის მილიონ ტონა ნავთობს. 2002 წლის დამლევის - 2003 წლის დამდეგისთვის ეს მაჩვენებელი ორნახევარ მილიონ ტონას მიაღწევს, შემდგომში - 2004-2005 წლისათვის სამ-სამნახევარ მილიონ ტონას, რაც თითქმის დააკმაყოფილებს საქართველოს მოთხოვნას საწვავზე და ქვეყანას აღარ დასჭირდება ბენზინის, მაზუთის, დიზელის იმპორტი. ეს იქნება ყველა მოსახლის დიდი გამარჯვება, ყველა მოქალაქის ცხოვრების პირობების გაუმჯობესება, კარგად გესმით, კიდევ რას ნიშნავს ეს პოლიტიკურად, თუნდაც დამოუკიდებლობის თვალსაზრისით.

რაც მთავარია, ჩვენ უკვე გვაქვს მოპოვებული ნავთობის ადგილზე გადამუშავებისა და ბენზინის წარმოების გარკვეული პრაქტიკა. შეიძლება სრულყოფილი არ არის, შეიძლება არც უსაფუძვლოა რაღაც შენიშვნები, მაგრამ ჩემი ინიციატივით მოხდა, ბატონ რეზო თევზაძესთან ერთად მოვძებნოთ ინვენსტორები. მან ჩამოიტანა დანადგარები სართიჭალაში, რომელთაც 400 ათასი ტონა ნავთობის გადამუშავება შეუძლია. თუ ეს ტენდენცია ისე წარიმართა, როგორც ახლა მოგახსენეთ, იგივე ინვესტორი გვპირდება, რომ კიდევ მეორე-მესამე ბლოკს ჩამოიტანს და საერთო სიმძლავრე შეიძლება 2,5-3 მილიონი ტონის გადამუშავებამდე გაიზარდოს. ნამდვილად გაამართლა ექსპერიმენტმა და წინასწარ გადადგმული გამართლებული ნაბიჯი გამოდგა. ნავთობის მარაგითა და ქვეყნის მოთხოვნილების შეფარდებით არის გამოწვეული ის, რომ ჩვენ ახლა ამ გადამუშავებულ მრეწველობაზე ამდენს ვფიქრობთ. ეს საქართველოს ხვალინდელი დღეა, უზარმაზარი შემოსავალია. თუ ჩვენ მოვიპოვებთ 3-3,5 მილიონ ტონა ნავთობს, ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ბიუჯეტი მიიღებს მილიარდ ლარზე მეტ წმინდა შემოსავალს. ეს, როგორც გითხარით, საქართველოს ხვალინდელი დღეა.

უახლოესი ათი დღის განმავლობაში კახეთიდან ორი ათას ხუთასი ტონა ნავთობით დატვირთული პირველი სარკინიგზო შემადგენლობა დაიძვრება სართიჭალის ქარხნისაკენ. არა ვედრო, არამედ უზარმაზარი ეშელონი და სწორედ სართიჭალის ქარხანაში გადამუშავდება.

ნავთობის მოპოვების ზრდა საშუალებას მოგვცემს მოვიზიდოთ უცხოური ინვესტიციები ბათუმის ნავთობგადასამუშავებელი ქარხნის ასამოქმედებლად. ამ საწარმოს ბედი არც მე დამვიწყებია და არც ჩვენს იაპონელ მეგობრებს, არც, რა თქმა უნდა, აჭარის ხელმძღვანელებს. როგორც კი ისინი დარწმუნდებიან, რომ საქართველოში ნავთობი არათუ მოიპოვება, არამედ აქვე გადამუშავდება, ესე იგი, აქ სტაბილურობაა, ყველა სახელმწიფო გარანტიის გარეშე დააბანდებს ასობით მილიონ დოლარს ბათუმის ნავთობგადასამუშავებელი ქარხნის რეკონსტრუქციისა თუ ახლის ასაშენებლად.

ამას დაემატება სუფსის ნავთობგადასამუშავებელი ქარხანაც, რომლის შესახებაც თითქმის მიღებულია გადაწყვეტილება. ახლა ჩვენ ნედლ ნავთობს ვაგზავნით ბაქო-სუფსის მილსადენის მეშვეობით საზღვარგარეთ. ინვენსტორთა იდეა ასეთია: სუფსაშივე გადავამუშავოთ და საზღვარგარეთ გავიტანოთ გამზადებუ462

ლი პროდუქცია, ანდა გავყიდოთ საქართველოს შიდა ბაზარზე, შეიძლება მეგობარი სახელმწიფოების - თურქეთის, უკრაინისა და სხვათა შიდა ბაზარზე.

შაბათს საინვესტიციო საბჭოს სხდომაზე განვიხილეთ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უდიდესი საინვესტიციო პროექტი: ამერიკული კომპანია „ანადარკო“ (იგი მსოფლიოს ათეულში შედის) მოწადინებულია და მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს შავი ზღვის შელფში იმუშაოს ნავთობის მოსაპოვებლად (მდიდარი საბადოს არსებობაში მათ ეჭვი არ ეპარებათ) - დააბანდოს მილიონობით დოლარი უახლოესი 4-5 წლის განმავლობაში.

თქვენ წარმოიდგინეთ, ეს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანზე არანაკლებ შთამბეჭდავი პროექტია.

„ანადარკო“ მოიპოვებს და, ალბათ, საქართველოშივე გადაამუშავებს დაახლოებით 200 მილიონ ტონა ნავთობს - ფოთის აკვატორიაში, აგრეთვე, ბათუმის აკვატორიიდან ანაკლიამდე, შემდეგ (კონფლიქტის მოწესრიგების პარალელურად, მინდა, რომ ეს აფხაზებმაც კარგად გაიგონ), ოჩამჩირის, სოხუმისა და გუდაუთის მიდამოებშიც, სადაც დიდი რაოდენობით არის ნავთობი.

ასევე პერსპექტიულია ბუნებრივი გაზის მოპოვებაც და ჩვენი თბილსრესი გამოიყენებს ჩვენს მიერ მოპოვებულ გაზს.

მე ხაზგასმით უნდა აღვნიშნო: დღევანდელი წარმატება - უდიდესი ნავთობკომპანიების ამჟამინდელი შემოსვლა, ამ დიდი პროექტების რეალიზაცია, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი და სხვა მრავალი არ იქნებოდა, ჩვენ ჯერ კიდევ 1992-92 წლებში რომ არ დაგვეწყო ამაზე ლაპარაკი, მაშინ, შიმშილის, ომისა და სრული ქაოსის პირობებში ვფიქრობდით ხვალინდელ დღეზე, დღევანდელ დღეზე.

და არა მარტო ლაპარაკი, არამედ ყოველდღიური შრომა, მიმოწერა, შეხვედრები, დისკუსიები, კონფერენციები, სამიტები.

რა თქმა უნდა, ქვეყნის სასიკეთოდ იმუშავა პირადმა ავტორიტეტმა. ამას ვამბობ ყალბი თავმდაბლობის გარეშე, და ამ ავტორიტეტისადმი ნდობამ.

მომიტევეთ, - არავის არაფერს ვამადლი, მაგრამ რომ არა ეს ფაქტორები, დღეს საქართველოს სახელმწიფოებრიობაზე ლაპარაკი საერთოდ ილუზია იქნებოდა.

ამჯერად მხოლოდ ახალი პროექტები დავასახელე. არაფერს ვამბობ სხვებზე, რომლებიც უკვე ცნობილია: ევრაზიის დერეფანი, „დიდი აბრეშუმის გზა“, ტურიზმის განვითარება და სხვა მრავალი. ყველაფერი ეს დღევანდელი და ხვალინდელი დღეა.

ასე, რომ ყოველდღიურმა პრობლემებმა პერსპექტივა არ უნდა დაგვავიწყოს და, რაც მთავარია, ქვეყნის დამოუკიდებლობის კურსზე გული არ უნდა აგვიცრუოს.

21-ე საუკუნეში საქართველოს წინაშე ახალი ასპარეზი გადაიშლება. მესამე ათასწლეული საინფორმაციო ტექნოლოგიათა ეპოქად არის აღიარებული. საქართველოს ყველა ინტელექტუალური შესაძლებლობა აქვს საიმისოდ, რომ სრულად ეზიაროს, მაგალითად, კომპიუტერისა და ინტერნეტის საოცრებებსა თუ სასწაულებს.

ამ პროცესს ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ ჩამოვრჩებით, ვინაიდან იგი მსოფლიოს ხვალინდელი დღეა.

ამაში დაგვეხმარება ჩვენი ერის უდიდესი ინტელექტუალური პოტენციალი და დაგვეხმარებიან ჩვენი დიდი მეგობრები.

შემუშავებულია მრავალი შესანიშნავი პროექტი, რომლებიც ითვალისწინებს კომპიუტერის ქართულენოვანი პროგრამების შექმნას, სკოლების კომპიუტერიზაციას, ინტერნეტის სისტემაში მასობრივად ჩართვას, უმაღლესი სასწავლებლების, ისინი ფაქტობრივად ჩართული არიან, დიდი საწარმოების, სკოლების ჩართვას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.

ეს ყოველივე მაგალითისათვის მომყავს, რათა დავადასტურო, რომ არ არსებობს გულგატეხილობისა და ხელჩაქნეულობის საფუძველი, რაოდენ მძიმე დღეებიც უნდა გვედგას ამჟამად. დღეს ჩვენი ქვეყნის ბედი ჩვენსავე ხელთაა. ეს გვინდოდა, ამისათვის ვიბრძოდით და ამ შანსს ხელიდან ვერ გავუშვებთ, თუ გავუშვებთ, საკუთარ თავს უნდა მოვკითხოთ.

ყოველდღიურმა გაჭირვებამ არ უნდა გვაიძულოს, ხელიდან გავუშვათ ეს შანსი. გაჭირვება უნდა დავძლიოთ. შემთხვევითი არ არის, რომ ჩემი პროგრამის ერთი უმთავრესი კომპონენტი სიღატაკისა და სიღარიბის დაძლევაა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, რომელთაგან სათანადო გარანტიები გვაქვს მიღებული.

- როცა სოციალურ პრობლემატიკაზე ლაპარაკობენ, ყოველთვის აღნიშნავენ იმას, რომ ქვეყანაში მოხერხდა სტაბილური ფონის შექმნა. მაგრამ გასულ კვირას რამდენიმე ფაქტმა გამოიწვია ამ თემაზეც გარკვეული დისკუსიები, ანუ რამდენად მყარია ჩვენი სტაბილურობა. მე მხედველობაში მაქვს თუნდაც თავდაცვის მინისტრის დავით თევზაძის ძმის გურამ თევზაძის აფეთქების ფაქტი, რომელიც ზოგმა ერთმნიშვნელოვნად ბიზნესს დაუკავშირა, ზოგმაც პოლიტიკას. ყურადღება მიიპყრო კოდორის ხეობაში მომხდარმა ინციდენტმა - გაეროს მეთვალყურეთა გატაცებამ, რომელსაც ძალიან დიდი რეზონანსი მოჰყვა მსოფლიოში. სხვათა შორის, მე შეგახსენებთ, ერთ-ერთი ასეთი ფაქტის დროს, შარშან თქვენ გერმანიაში ვიზიტად იმყოფებოდით და, გახსოვთ, საკუთარ თავზე გამოსცადეთ, პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების დიდი ინტერესი და თქვენი გამოსვლა დაიწყეთ ამ ფაქტით, რომ რამდენიმე ადამიანი განთავისუფლებულია, იმდენად დიდი რეზონანსი ჰქონდა. ახლაც, ალბათ, რაღაც ზომებს იღებს საქართველოს ხელისუფლება, რომ მძევლები რაც შეიძლება მალე გაათავისუფლონ...

- რაც შეეხება კოდორის ხეობაში მომხდარ ამ ინციდენტს, ამან დიდად შემაშფოთა, ჩემი აღშფოთება გამოიწვია.

ამჟამად საქართველოს ხელისუფლება ყოველ ღონეს ხმარობს მძევალთა დასახსნელად ისე, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნას.

კოდორის ხეობაში უკვე იმყოფებიან სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილი ჩემი პირადი წარმომადგენლები. ისინი წუხელ მუშაობდნენ, გარკვეული დაპირებებია. ვფიქრობ, ისინი სიტყვას არ გატეხენ. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდება.

აქვე მივმართავ დიდი ბრიტანეთისა და დანიის მთავრობებს (ისინი მათი მოქალაქეებია) და ჩემი ქვეყნის სახელით ვპირდები, რომ კონფლიქტის ზონაში მომხდარი ამ ინციდენტის შედეგად, მათი მოქალაქეები არ დაზარალდებიან - ყოველ შემთხვევაში, ქართული მხარე არ დაიშურებს ძალისხმევას საამისოდ.

მომხდარი სამწუხარო ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს თვით აფხაზეთი კონფლიქტის სასწრაფოდ გადაწყვეტის აუცილებლობას, გასაღები მაინც აქ არის. მანამ, სანამ არსებობს კონფლიქტური სიტუაცია, ალბათ, ასეთი მოვლენებისაგან, მათ შორის ტერორისტული აქტებისა და გატაცებისაგან თავს ძნელად თუ დავიზღვევთ. რაც შეეხება ზოგიერთ სხვა მოვლენას, ქვეყანა არ არის დაზღვეული ასეთი საგანგაშო მოვლენებისაგან, მათ შორის არის ისეთი სამწუხარო მოვლენა, როგორიც ბატონ დავით თევზაძის ძმის ტრაგიკული დაღუპვაა. არასერიოზულობა იქნებოდა ჩემი მხრივ ახლა მკითხაობა დავიწყო, თუ რასთან გვაქვს საქმე. მხოლოდ გამოძიებაა კომპეტენტური თქვას თავისი სიტყვა, რომელიმე ვერსიის გამორიცხვა ან მხოლოდ რომელიმე ერთ ვერსიაზე კურსის აღება ძალიან ძნელია, და სწორიც არ იქნებოდა. მე ერთადერთი მინდა ვთქვა: თანავუგრძნობ ბატონ დავითს (მას უკვე დავურეკე, რა თქმა უნდა, მის ოჯახში მივალ), მის ოჯახსაც და დაღუპულის ოჯახსაც, ასეთი დიდი დანაკლისის გამო.

- ბოლო ერთი თვის მანძილზე პარლამენტი მთავრობას ამტკიცებდა. რამდენად კმაყოფილი ხართ ამ პროცესით, პროგნოზების მიუხედავად, პარლამენტმა მთავრობა თითქმის სრული შემადგენლობით დაამტკიცა, ბატონი ბაკურ გულუას გარდა. უკვე ხმებიც იმის თაობაზე, რომ უმრავლესობა დაიშალა, დღეს განცხადებებიც კეთდება იმის შესახებ, რომ ძველ რეფორმატორებს და რეტროგრადებს შორის ბრძოლა ამჯერად რეტროგრადთა გამარჯვებით დასრულდა და ასე შემდეგ, ძალიან აქტიურად ვრცელდება…

- მე იმ ყაიდის პრეზიდენტი ვარ, რომელიც აბსოლუტურად კმაყოფილი არასოდეს არ არის.

რაც შეეხება კონკრეტულ; მოვლენას - პარლამენტში მთავრობის წევრთა კანდიდატურების განხილვის პროცესს, პრინციპში, რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვარ. გულწრფელად განვიცდი ბაკურ გულუას ბედს. იგი მაღალი კლასის პროფესიონალია და საქართველოს აღმშენებლობაში თავის ადგილს უდავოდ იპოვის.

რაც შეეხება მთლიანად სამთავრობო სტრუქტურებსა და პერსონალურ შემადგენლობას: არის სიახლეები, ბევრი მონათესავე სამინისტრო გაერთიანდა, მმართველობის სისტემა მნიშვნელოვნად გამარტივდა და კიდევ გამარტივდება. ჩვენ ბოლომდე არ გავსულვართ, დაიხვეწება. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სახელმწიფო მინისტრის გამორჩეულ როლს. შეიქმნა ახალი - განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრის პოსტი, რომელიც დიდი უფლებებით იქნება აღჭურვილი. მათ შორის ჩემი უფლებები იქნება დელეგირებული მის მიმართ და მთლიანად დაკავებული იქნება კონფლიქტების დაჩქარებული მოგვარების პრობლემებით. თქვენ იცით, აქ ვინც დავნიშნეთ: ჩვენი ელჩი მოსკოვში მალხაზ კაკაბაძე, ძალიან სერიოზული, ძალიან გამოცდილი პოლიტიკური მოღვაწე და დიპლომატი. საერთოდ, მთავრობის შემადგენლობა შეესაბამება ქვეყნის წინაშე მდგომ ამოცანებს პროფესიონალიზმით, გამოცდილებით, ასაკობრივი მონაცემებით. ყოველ მათგანს კარგად ესმის, რომ მოთხოვნა იქნება უმკაცრესი. არა მარტო პრეზიდენტის, არამედ, მთელი მოსახლეობისა და პარმანეტისაგან. არც ერთი წუთი არ უნდა დაიკარგოს საპრეზიდენტო პროგრამის შესრულებისათვის ბრძოლაში. ამ დღეებში ჩვენ თითოეულ მინისტრს მოვუსმენთ, რა გეგმა აქვს და როგორ აპირებს ამ ამოცანების გადაწყვეტას.

უმთავრესი მიზანი მთავრობის საქმიანობისა ის გახლავთ, რომ შეიქმნას გარემო, რათა მოსახლეობამ რაც შეიძლება მალე შვებით ამოისუნთქოს. მადლობას მოვახსენებ საქართველოს პარლამენტს თანადგომისა და მხარდაჭერისათვის. პარლამენტში გამოთქმული არც ერთი შენიშვნა რეაგირებისა და ყურადღების გარეშე არ უნდა დარჩეს. მე ამას ვამბობ მინისტრების, დეპარტამენტების ხელმძღვანელებისა და სხვა აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურების, მათ შორის, ადგილობრივი სტრუქტურების საყურადღებოდ.

რაც შეეხება უმრავლესობის ბედს, უმრავლესობა არ დაშლილა, არც იმით დანგრეულა ქვეყანა, რომ „აფხაზეთის“ ფრაქცია გამოეყო. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. მე მჯერა, რომ „აფხაზეთი“ ფრაქცია პრეზიდენტის პოლიტიკისა და კურსის მხარდამჭერი იყო, არის და იქნება. ასე რომ, სხვაც თუ გამოეყოფა, შეიძლება მათ მიმართაც იგივე ვთქვა, რადგან ისინი მოვიდნენ პარლამენტში იმის წყალობით, რომ პრეზიდენტის კურსს უჭერდნენ მხარს. და, არა მგონია, ცალკეულ ცვლილებათა მიუხედავად, რაღაც განსაკუთრებული მომხდარიყოს საქართველოს პარლამენტში. დაყოფა რეფორმატორებად და რეტროგრადებად, სიმართლე გითხრათ, მეც ცოტა არ იყოს არა მარტო უხერხულად, არამედ იმ გუნდის შეურაცხყოფად მიმაჩნია, რომელსაც უმრავლესობა ჰქვია. ეს ხელოვნურად შეთხზული აზრთა სხვადასხვაობა ზოგიერთს აქვს; ნოვატორული აზრი, ზოგიერთი უფრო გვიან ახდენს რეაქციას. რა ვუყოთ, ეს ასეა ცხოვრებაში და, მათ შორის, ყველა ქვეყნის პარლამენტში - ასეთი დაყოფა, როგორც გითხარით ძალიან ხელოვნურად მიმაჩნია. მოდით, ამაზე შევთანხმდეთ. აზრთა სხვადასხვაობა, აზრთა დაპირისპირება თუნდაც უმრავლესობის შემადგენლობაში, არც უმრავლესობისათვის არის უცხო, მაგრამ მე ამას სრულიად ნორმალურ მოვლენად მივიჩნევ, და ისიც კი, რომ პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატი წინათ და ახლა ჩააგდეს და მთელი რიგი კანონები არ მიიღეს ან შესწორებანი შეიტანეს, ესეც ჩვეულებრივი სამუშაო დემოკრატიული პროცესია.

- და, ბოლო კითხვა. დღეს მსოფლიო ყურადღების ცენტრშია პრეზიდენტ კლინტონის ვიზიტი მოსკოვში. როგორ კომენტარს გაუკეთებდით ამ თავისთავად მნიშვნელოვან მოვლენას?

- ჩემი კომენტარი ძალიან მოკლე იქნება, რადგანაც ყველა მასალას არ ვფლობ. ზოგიერთი ერთობლივი განცხადება წავიკითხე, საკმაოდ შთამბეჭდავია. მაგრამ ყველა მასალა არ მაქვს წაკითხული და ყველა დეტალი, რაზეც იყო საუბარი, ჯერ კიდევ არ ვიცი.

ჩემი პროგნოზი ასეთი იყო, მე გამოვთქვი რამდენიმე დღის წინათ და ასეა დღესაც: ამერიკის შეერთებულ შტატებს და რუსეთს შორის ურთიერთობის კლიმატი აუცილებლად დათბება. ასეთია თანამედროვეობის კანონზომიერება. ეს სჭირდება ორივე ქვეყანას და მთელ მსოფლიოსაც. შეუთანხმებელი პრობლემები ბევრია, როგორც ამ პირველი გაცნობიდან დავინახე, და კვლავაც ბევრი იქნება. მაგრამ მთავარი ეს არ არის. მთავარია, რომ დაიწყო დიდი დიალოგი. პრეზიდენტების კლინტონისა და პუტინის შეხვედრები მოსკოვში უდავაოდ წინგადადგმული ნაბიჯია, რასაც მთელი მსოფლიო, მათ შორის საქართველო მიესალმება.

საქართველო სისხლხორცეულად დაინტერესებულია ამ ორი ქვეყნის კონსტრუქციული თანამშრომლობით. და, აი, ასეთი ატმოსფერო დაგვეხმარება, რაც შეიძლება მალე გადავწყვიტოთ ჩვენი ქვეყნის საკუთარი პრობლემები, კონფლიქტი აფხაზეთში და ზოგიერთი სხვა საკითხი.

„ამჟამად საქართველოში ჩამოყალიბდა ყველა ლეგიტიმური ინსტიტუტი, რათა დაუყოვნებლივ დავიწყოთ მუხლჩაუხრელი შრომა და ბრძოლა ურთულესი სახელმწიფოებრივი ამოცანების გადასაწყვეტად“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2000. - 6 ივნისი. - №150 (3551). - 1,2 გვ.

93 მის აღმატებულებას ახმედ სეზერს თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს

▲ზევით დაბრუნება


მილოცვა

ბატონო პრეზიდენტო,

გულწრფელად გილოცავთ თქვენი ქვეყნის უმაღლეს თანამდებობაზე არჩევას. პარლამენტისა და ხალხის მიერ თქვენდამი გამოხატული ნდობა იმის დასტურია, რომ მომავალი საპრეზიდენტო ვადის მანძილზე საქართველოს დიდ მეზობელს - თურქეთს, ღირსეული ლიდერი ეყოლება.

ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა დღეს ისე მტკიცეა და მეგობრული, როგორც არასდროს ისტორიის მანძილზე. დარწმუნებული ვარ, თურქეთი კვლავაც შეასრულებს რეგიონში, ევრო-ატლანტიკურ სივრცეში და მთელს მსოფლიოში სტაბილურობისა და მშვიდობის ერთ-ერთი ბურჯის როლს.

კიდევ ერთხელ გილოცავთ დიდ გამარჯვებას.

გულწრფელად თქვენი

ედუარდ შევარდნაძე.

მის აღმატებულებას ახმედ სეზერს თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2000. - 7 ივნისი. - №151 (3552). - 5 გვ.

94 „ყველამ იცოდეს: ძალიან გვიჭირს, მაგრამ დემოკრატიულ სახელმწიფოს აქვს სათანადო საშუალებანი, რათა კონსტიტუციისა და კანონის ძალით დაიცვას ერის სახელმწიფოებრივი მონაპოვარი“

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
12 ივნისის რადიოინტერვიუ

- გასულ კვირას გაიმართა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა, რომელიც საბიუჯეტო პრობლემატიკას მიეძღვნა და მთავარი თემაც ბიუჯეტი იყო, რომლის შესახებაც მთავრობის სხდომაზე იმსჯელეს. ამომრჩევლები დაპირების შესრულებას ელიან. პარალელურად თქვენ აღნიშნეთ, რომ საჭიროა ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ. სწორედ ამ მოვლენით ხსნის ბიუჯეტში შექმნილ სიძნელეებს სავალუტო ფონდიც, რომლის დელეგაცია ხვალ ეწვევა საქართველოს... - ჟურნალისტის ნატო ონიანის თხოვნით, ამ თემაზე საუბრით დაიწყო თავისი ტრადიციული ორშაბათის რადიოინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ:

- ეროვნული უშიშროების საბჭომ გასულ კვირას, ჩემი აზრით, კომპეტენტურად, მკაცრად და შედეგიანად იმსჯელა ამჟამად საბიუჯეტო სფეროში შექმნილი ვითარების შესახებ, ვფიქრობ, მოსახლეობისათვის ეს საინტერესო უნდა იყოს.

მიღებულია კონკრეტული გადაწყვეტილებანი კორუფციასთან ბრძოლის გაძლიერების, კონტრაბანდის წინააღმდეგ აუცილებლად განსახორციელებელ ღონისძიებათა თაობაზე.

როგორც ჩანს, მხოლოდ სიტყვებმა და შეგონებამ ვერ გაჭრა, ამიტომ სახელმწიფო იძულებულია დემოკრატიული კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში მკაცრი ზომები მიიღოს. სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელებთან შევთანხმდით, რომ უახლოესი ორი-სამი კვირის განმავლობაში ძირითადად უნდა აღიკვეთოს ჩვენს ქვეყანაში კონტრაბანდის რამდენიმე უმთავრესი ნაკადი, რომელმაც ფაქტობრივად წალეკა საქართველო, უნდა შეწყდეს საშინაო ბაზრის ნგრევა და პატიოსან მეწარმეს, კეთილსინდისიერ ბიზნესმენს, ფერმერს წარმატებული, შედეგიანი, მომგებიანი საქმიანობის, საშუალება მიეცეს.

ამ სფეროში წესრიგის დამყარებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის გათვალისწინებითაც. საინვესტიციო პოტენციალი კი დიდად იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რა დასკვნებს გამოიტანს სავალუტო ფონდი, რომლის დელეგაციაც ამ დღეებში ჩამოვა.

პირველი დავალება საქართველოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს, აგრეთვე სხვა შესაბამის უწყებებს მიეცათ: უნდა მომზადდეს კანონპროექტი და სხვა ნორმატიული აქტები, რათა ქვეყანაში აღიკვეთოს კონტრაბანდის შემოტანა ჰუმანიტარული დახმარების სახით.

ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ, სამწუხაროდ, ასეა: ჰუმანიტარული ტვირთის 80 პროცენტი შენიღბული კონტრაბანდაა. სახელმწიფოს უნდა შეეძლოს ნამდვილი ჰუნამიტარული დახმარებისა და კონტრაბანდის გარჩევა.

მეორე: ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ სასწრაფოდ უნდა შეიმუშაოს ახალი კანონის პროექტი ან შესწორებანი მოქმედ კანონში, რათა ნამდვილი ინვენსტიცია განვასხვაოთ ისევ და ისევ შენიღბული კონტრაბანდისაგან. ინვესტიციის სახითაც და მარკითაც ძალიან ბევრი კონტრაბანდული საქონელი შემოდის ქვეყანაში.

ხშირია შემთხვევა, როდესაც „ინვესტიციად“ საღდება საქონლისა და მასალების შემოზიდვა, შემდეგ ჩვეულებრივად რომ იყიდება ყოველგვარი დაბეგვრის გარეშე ან სიმბოლური, კოსმეტიკური სახეცვლილებით.

მესამე: დაუყოვნებლივ უნდა გადაწყდეს, ეგრეთ წოდებული, „ანგარიშფაქტურების“ პრობლემა. ამაზე ძალიან აქტიურად მუშაობს ბატონი კახა თარგამაძე და აქვს ძალიან ბევრი მასალა, რომელიც მოსახლეობისათვის შეიძლება საინტერესო იყოს. ალბათ, აქაც საჭირო იქნება კანონმდებლობის ჩარევა, რათა „ერთჯერადი“ (ასე ჰქვია) ფირმების მეპატრონეებს აღარ მიეცეთ კონტრაბანდული ოპერაციის განხორციელების საშუალება. აქ გადამწყვეტი სიტყვა უნდა თქვას საგადასახადო შემოსავლების სამინისტრომ, რომელიც უკვე მუშაობს სისტემის კომპიუტერიზაციისა და აღრიცხვიანობის მოსაწესრიგებლად. კარგი წამოწყებაა, უაღრესად საჭიროა, მაგრამ დრო არ ითმენს - უფრო სწრაფი და გაბედული მოქმედებაა საჭირო.

მეოთხე: სახელმწიფო კანცელარიის რეგიონული მართვის სამსახურმა იუსტიციის სამინისტროსთან ერთად შეიმუშაოს კანონპროექტი „პოსტკონფლიქტური ზონის“ სტატუსის შესახებ, რომელიც მოგვცემს საშუალებას კონტრაბანდასთან დაკავშირებით მოვაგვაროთ ურთიერთობა ცხინვალის (შემდეგ კი აფხაზეთის) რეგიონებთან.

მეხუთე: საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი კონტრაბანდული საქონლის, აგრეთვე შესაბამის (დანაშაულებრივად გამოყენებულ) სატრანსპორტო საშუალებათა დაუყოვნებლივ კონფისკაციის შესახებ. ეს ძალიან ეფექტური კანონია, რომელიც უკვე მოქმედებს - ამ თვეში ამოქმედდა და, ვფიქრობ, შედეგი იმაზე უკეთესია, ვიდრე ველოდით.

არ ვმალავ: დიდხანს ვყოყმანობდით, არ გვინდოდა ესოდენ მკაცრი გადაწყვეტილების, მკაცრი კანონის მიღება, მაგრამ სხვა გზა არ არის.

თუმცა, არც კანონის მიღებაა საკმარისი. საჭიროა იგი შესაბამისმა ორგანოებმა აღასრულონ არა კამპანიურად, არამედ მუდმივად, ყოველთვიურად, ზოგიერთი რამ უკვე გაკეთდა, ბევრი დამნაშავე მხილებულია, საქმეები გადაცემულია სასამართლოში. ასე რომ, ბრძოლა დაიწყო და იგი ძალზე სასტიკი იქნება.

დარწმუნებული ვარ, ზემოაღნიშნულ ღონისძიებებს (რა თქმა უნდა, კომპლექსურად - არა მარტო დასჯა, არამედ შესაბამის სისტემათა შემუშავება პროფილაქტიკისათვის) შედეგი აუცილებლად მოჰყვება და უკვე ივნისში სერიოზულ გარდატეხას მივაღწევთ საბიუჯეტო სფეროში.

ეს პრობლემატიკა განვიხილეთ ახალი შემადგენლობის მთავრობის პირველ სხდომაზე და უნდა მოგახსენოთ: მსჯელობის დონითა და შინაარსით პირადად მე კმაყოფილი ვარ!

მინისტრებმა წარმოადგინეს საკმაოდ კვალიფიციური ანგარიში იმის შესახებ, თუ როგორ ესახებათ საპრეზიდენტო პროგრამის შესრულება.

სწორედ ეს იქნება მთავრობის უპირველესი და უმთავრესი პრიორიტეტი, ვინაიდან საპრეზიდენტო პროგრამით ჩვენ ვითვალისწინებთ მოსახლეობის ცხოვრების გაუმჯობესებას, სიღატაკის აღმოფხვრას, სოციალური პრობლემების გადაწყვეტას, ამიტომ ჩემი დამოკიდებულება თითოეული მინისტრისადმი მათი საქმიანობის კონკრეტული შედეგით განისაზღვრება.

მინდა გაცნობოთ, რომ სიღატაკის აღმოფხვრის ღონისძიებათა შემუშავება უკვე დაიწყო. დიდ დახმარებას გვიწევენ მსოფლიო ბანკი და სხვა საერთაშორისო მსოფლიო ორგანიზაციები, მათთან ერთად რამდენიმე თვეში ძირითად სამუშაოს შევასრულებთ და შემდეგ განვიხილავთ მსოფლიო ბანკთან და სავალუტო ფონდთან, ევროკავშირთან ერთად, ეს იქნება რეალური პროგრამა იმის შესაბამისად, რაც ჩემს პროგრამაში ჩამოვაყალიბე.

სხვათა შორის, ყველა უნდა გავაფრთხილო, რომ არც ერთ მინისტრს არა ხუთი წლით, არამედ ერთი წლითაც კი არა აქვს „გარანტირებული“, როგორც იტყვიან, თანამდებობა: დაახლოებით 3 თვეში ერთხელ მთავრობის სხდომაზე მოვუსმინოთ ანგარიშს და მივიღებთ პრინციპულ გადაწყვეტილებებს. მათი ბედიც ამ ანგარიშებსა და შედეგებზე იქნება დამოკიდებული. იგივე უნდა ითქვას ადგილობრივ ადმინისტრაციებზეც.

იმავდროულად სამინისტროებს, მათ შორის, ფინანსთა სამინისტროს, ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს, საგადასახადო, საბაჟო უწყებებს ექნებათ პრეზიდენტის, ისევე, როგორც პარლამენტისა და მთელი საზოგადოების სრული მხარდაჭერა.

ასე რომ, მოთხოვნა იქნებ სამართლიანი, ობიექტური, მაგრამ მკაცრი და პრინციპული.

- ამ ბოლო დროს ბევრს ლაპარაკობენ სოციალურ აფეთქებასა და დესტაბილიზაციაზე, რაც საბიუჯეტო კრიზისიდან გამომდინარეობს და განაპირობებს სოციალურ დაძაბულობას ქვეყანაში. სოციალური აფეთქებისა და დესტაბილიზაციის კონკრეტულ ვადებსაც ასახელებენ. როგორ ფიქრობთ, რამდენად მოსალოდნელია ამგვარი პროცესები საქართველოში?

- მსმენელმა მაპატიოს, რამდენადმე ვრცელი პასუხი გამომივა, რადგან ძალიან სერიოზული თემებია. იმათ, ვინც ბოროტად გვიწინასწარმეტყველებს დესტაბილიზაციას, სოციალურ აფეთქებას, ანტისამთავრობო და ანტისახელმწიფოებრივ გამოსვლებს, ხშირ შემთხვევაში თავად არაფერი უჭირთ და განცხრომითაც კი ცხოვრობენ.

რაც შეეხება, ასე ვთქვათ, „უბრალო ადამიანებს“, როგორც ვამბობთ ხოლმე, საქართველოს მოქალაქეებს, იმათ, ვინც უდიდესი პატრიოტიზმით, მაღალი მოქალაქეობრივი შეგნებით ითმენს და იტანს დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში გარდაუვალ სიდუხჭირეს, მთელი ქვეყნის სახელით ქედს ვიხრი მათ წინაშე. ისინი ნამდვილი მამულიშვილები არიან და თანდათან ვრწმუნდები, რომ ეს დიდხანს არ გაგრძელდება და ქვეყანა ფეხზე დადგება.

„ბოროტ წინასწარმეტყველებს“ კი, ნუ დაავიწყდებათ: საქართველოს ეკონომიკაში უკვე დაიწყო სასიკეთო ძვრები. უაღრესად პრინციპულ მოვლენად მიმაჩნია, რომ წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 5 პროცენტით გაიზარდა. ეს მცირე მაჩვენებელი არ არის. მაშასადამე, გაფართოვდა საგადასახადო ბაზაც, რაც აუცილებლად აისახება ბიუჯეტში. კვლავინდებურად სტაბილურია მაკროეკონომიკური ვითარება: მყარდება ეროვნული ვალუტა, დაბალია ინფლაციის დონე. პირიქით, ბოლო სამი კვირის განმავლობაში ფასები კიდევ შემცირდა და სერიოზულად შემცირდა რამდენიმე სახეობის სასურსათო საქონლის ფასები. წლის დამლევამდე შიდა ეროვნული პროდუქტის წარმოება კიდევ უფრო გაიზარდა. მაგრამ ეს ყოველივე, რასაკვირველია, ბიუჯეტში უნდა აისახოს და კიდევაც აისახება. ამიტომ, თუ ლაპარაკია „სოციალურ აფეთქებაზე“, საქართველოს „კეთილისმყოფელნი“ ამას ვერ ეღირსებიან ვერც ზაფხულში და, მით უმეტეს, ვერც შემოდგომაზე.

ხშირად ეს „ავისმომასწავლებელნი“ და „ავის მოსურნენი“ სწორედ იმ ხალხის, იმ კრიმინალური კლანების ხელით იმართებიან, რომელთაც ნამდვილად არ ეპიტნავებათ კონტრაბანდის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება, ვინაიდან შემოსავალი უდავოდ მოაკლდებათ და მოაკლდებათ ძალიან დიდი შემოსავალი. მაგრამ მათი წინააღმდეგობა და საბოტაჟი ვერ შეგვაშინებს, ვერ შეაშინებს ჩვენს ხალხს. კონტრაბანდასა და კორუფციას სწორედ იმისათვის ვებრძვით, რომ დროულად გაეცეთ ხელფასები და პენსიები, დავფაროთ ადრინდელი დავალიანებანი და გავაკეთოთ ეს, რაც შეიძლება მალე.

ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრმა ბატონმა ვანო ჩხარტიშვილმა უკვე წარმოადგინა მასშტაბურ ღონისძიებათა პროგრამა, რომელიც ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. განსაკუთრებით საინტერესო გეგმები შემუშავდა გადამმუშავებელი მრეწველობის ასამოქმედებლადაც.

დარწმუნებული ვარ, ეს სამუშაო უახლოესი თვეების განმავლობაში კონკრეტულ შედეგებს მოგვცემს და ათიათასობით ადამიანს დაასაქმებს. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ გამოიძებნა დაფინანსების საკმაოდ მნიშვნელოვანი საკრედიტო წყაროები.

აქვე მინდა სიხარულით ვაცნობო საქართველოს მოქალაქეებს, რომ ევრობანკმა რამდენიმე ათეული მილიონი დოლარი გამოყო (თუ არ ვცდები, 50-60 მილიონზეა ლაპარაკი) ჩვენს ქვეყანაში ნავთობსაძიებო პროგრამებისა და ნავთობგადასამუშავებელი სიმძლავრეების გასადიდებლად. ეს ფაქტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმ დიდ ნავთობთან დაკავშირებით, რომლებზეც უკვე ვისაუბრეთ წინა რადიოინტერვიუში. ასე რომ, დესტაბილიზაციის მსურველთ, ყველა შემთხვევაში, კოვზი ნაცარში ჩაუვარდებათ.

თუმცა, მე არ ვაპირებ მდგომარეობის გამარტივებას. ძალიან კარგად ვიცით, რომ ჩვენი მოწინააღმდეგე (არა აქვს მნიშვნელობა საქართველოს მოქალაქეა იგი, თუ უცხოელი) ბოროტი, გულღრძო და ბოღმამორეული ხალხია.

ისინი არაფერს მოერიდებიან, რათა საქართველო კვლავ ჩაითრიონ და მოისროლონ ქაოსისა და ანარქიის საზარელ ჭაობში.

სამწუხაროდ, მათს განზრახვას ხელს უწყობს საინფორმაციო წნეხი, მე ვიტყოდი, ერის „საინფორმაციო-ფსიქოლოგიური გენოციდი“ (ეს არ არის გადაჭარბებული ნათქვამი), რომელსაც გარკვეული წრეები ახორციელებენ. წარმოუდგენელი და შეუწყნარებელია ეს გაუთავებელი ჭორაობა, ამაზრზენი ბილწსიტყვაობა, ადამიანის ღირსების შეურაცხყოფა და დამცირება, ფეხქვეშ გათელვა.

სრულიად არ იყო შემთხვევითი, რომ მიზანმიმართულად, გეგმაზომიერად ავრცელებდნენ ხმებს საქართველოს პრეზიდენტის, ვითომდაც, მძიმე ავადმყოფობის შესახებ. ამ „ფსიქოლოგიურ დივერსიას“ წინასწარგანსაზღვრული მიზანი ჰქონდა, რათა შეემზადებინათ საფუძველი შემდგომი პროვოკაციებისათვის, ერთი მაგალითი მომყავს, ასეთი უამრავია და ყოველდღე - რამდენიც გნებავთ.

კატეგორიულად მოვითხოვ, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში უმკაცრესი ზომები მიიღონ არა მარტო კონტრაბანდისტების, არამედ იმ პროვოკატორების წინააღმდეგაც, რომლებიც ასეთ ფსიქოლოგიურ დივერსიებს ახორციელებენ საქართველოში.

ჩემი მხრივ, მინდა სჯეროდეს საქართველოს მოსახლეობას, რომელმაც უდიდესი ნდობა გამომიცხადა პარლამენტისა და პრეზიდენტის არჩევნებში, რომ ქვეყანას არავის დავაღუპინებთ, არავის მივცემთ საშუალებას, კვლავ ჩაითრიოს იგი იმ სისხლიან წუმპეში, საიდანაც ერთად ამოვიყვანეთ და პირველად საუკუნეთა განმავლობაში ქართული სახელმწიფო ავაშენეთ.

ყველამ იცოდეს: ძალიან გვიჭირს, მაგრამ დემოკრატიულ სახელმწიფოს აქვს სათანადო საშუალებანი, რათა კონსტიტუციისა და კანონის ძალით დაიცვას ერის სახელმწიფოებრივი მონაპოვარი.

სრული დემაგოგია და უზნეო ტყუილია განცხადებები, თითქოს საქართველოში რეფორმები აღარ გაგრძელდება, ზოგიერთებს რომ ჰკითხო, რეფორმების ეტაპი დამთავრდა და რომ ხელისუფლება რეფორმებზე უარს ამბობს. სინამდვილეში, რეფორმატორული კურსი არათუ შესუსტდება, არამედ ბევრად გაძლიერდება, ვინაიდან ყოველმხრივ განახლებასა და ახლოს შენებას (მამა-პაპათა საუკეთესო ტრადიციების გათვალისწინებით) ალტერნატივა მართლაც არა აქვს, და უწინარესად, ამ კურსის გარანტი და ამ კურსისათვის პასუხისმგებელი საქართველოს პრეზიდენტი გახლავთ.

- გასულ კვირას დასრულდა ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის ხოსე ალვარო ჰილ-რობლესის ვიზიტი.

საუბრის თემა იყო ადამიანის უფლებათა დაცვის, ჩეჩენ ლტოლვილთა და აფხაზეთის პრობლემატიკა. მოსალოდნელია უახლოეს დღეებში ევროპის გავლენიან ორგანიზაციათა სპეციალური მისიის ჩამოსვლაც საქართველოში. რამდენად მნიშვნელოვანია ამ ტიპის ვიზიტები ჩვენთვის?

- ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარიატთან, ისევე როგორც მთლიანად ევროსაბჭოსთან, საქართველოს თანამშრომლობა ნაყოფიერად ვითარდება.

ჩვენთვის კარგად არის ცნობილი საკითხები, რომლებსაც ევროპელი კოლეგები განიხილავენ. სხვათა შორის, მექნება შეხვედრა ისევე, როგორც ჩემს სხვა კოლეგებს, თბილისში მყოფ ეუთოს მაღალი რანგის დელეგაციასთან, რომელსაც ბატონი შტუდმანი მეთაურობს.

საქართველოს ხელისუფლება აბსოლუტურად ტრანსპარენტული და გულწრფელი იყო და იქნება თუნდაც არჩევნებთან დაკავშირებით. თუ იყო შეცდომები, ეს შეცდომები უნდა ვაღიაროთ და გამოვასწოროთ, რისი გამოსწორებაც შეიძლება.

ევროპულ ორგანიზაციათა დღემდე მიღებული შენიშვნები გათვალისწინებულია. ხუთ საარჩევნო კომისიამ გააუქმა შედეგები. დარწმუნებული ვარ, ცენტრალური საარჩევნო კომისია კვლავაც გამოიყენებს კანონით მინიჭებულ უფლებებს, ხოლო დარღვევებში შემჩნეული ადამიანები დაისჯებიან ისევ და ისევ კანონის შესაბამისად.

მართლაც მძიმე მდგომარეობაა პენიტენციალურ სისტემაში, თუმცა, ეს უფრო სახსრების ნაკლებობით არის გამოწვეული. ამის შესახებ იყო საუბარი კომისართან.

უდავოდ სასარგებლო იყო ბატონ ჰილ-რობლესის ვიზიტი აფხაზეთში.

მე დავეთანხმე მას, რომ სასურველია გაიმართოს შეხვედრა ჩემსა და ვლადისლავ არძინბას შორის.

თუმცა, ჩემი პოზიცია ასეთია: შეხვედრა სასურველია, მაგრამ მას აზრი მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს, თუ შედეგად ხელს მოვაწერთ რაღაც სერიოზულ, მნიშვნელოვან დოკუმენტს კონფლიქტის სრულმასშტაბიანი მოწესრიგების სფეროდან.

განსაკუთრებული კმაყოფილებით აღვიქვი ევროსაბჭოს კომისრის განცხადება, რომ თავის მომავალ მოხსენებაში იგი დაწვრილებით აღწერს პანკისის ხეობაში არსებულ ვითარებას, ანუ დაადასტურებს, ეგრეთ წოდებულ, „თალიბებისა“ თუ „ბოევიკების ბაზების“ არარსებობას, რასაც ზემოხსენებულ „ფსიქოლოგიურ დივერსანტთა“ სულიერი და სამსახურებრივი მოკავშირეები გვწამებენ.

- რუსეთის საინფორმაციო საშუალებათა ჭორები მაშინ გაბათილდა, როცა თბილისში ვიზიტად იმყოფებოდა რუსეთის ფედერალური სამსახურის უფროსი ბატონი ტოცკი. სხვათა შორის, ერთი რამ არის კიდევ საინტერესო: ტოცკიმ ეს განცხადება გააკეთა არა მარტო აქ, თბილისში ჩამოსვლის შემდეგ, არამედ ჩამოსვლამდე 2-3 კვირით ადრე ცნობილი პროგრამის „გეროი დნიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში და დაადასტურა, რომ ასეთი რამ საქართველოში და, კერძოდ, პანკისის ხეობაში არ ყოფილა.

- საქართველოსა და რუსეთის სასაზღვრო უწყებათა თანამშრომლობის ამჟამინდელი შინაარსი და სულისკვეთება სავსებით შეესაბამება ორ ქვეყანას შორის მეგობრული, კეთილმეზობლური ურთიერთობის განვითარების ინტერესებს.

მიუხედავად იმისა, რომ ყველა სახელმწიფოთაშორისი პრობლემა ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი (მაგალითად, რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ კვლავ გაურკვეველი ვადით გადადო „კეთილმეზობლობისა და მეგობრობის“ შესახებ დიდი ხელშეკრულების რატიფიცირება), მაგრამ, როცა არსებობს კეთილი ნება, ურთიერთობა ადვილად ვითარდება.

დარწმუნებული ვარ, ქართველი და რუსი მესაზღვრეების პარტნიორული, პატივისცემასა და კანონიერი ინტერესების აღიარებაზე დაფუძნებული თანამშრომლობა სამაგალითო უნდა გახდეს სხვა უწყებებისათვის ისევე, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროების პარტნიორული ურთიერთობა და არის ამის სხვა მაგალითებიც.

აქვე შევნიშნავ: მივესალმები იგორ ივანოვის განცხადებას რუსეთის საგარეო პოლიტიკისათვის სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებთან ურთიერთობის პრიორიტეტულობის შესახებ და შევეცდები საქმით მოვახდინოთ სათანადო რეაგირება.

- ამ ბოლო ხანს ძალიან მნიშვნელოვანი იყო კოდორის ხეობაში გაეროს მეთვალყურეთა გატაცების ფაქტი. თუმცა, ეს თემა მაშინ უფრო მუსირებდა და მას შემდეგ, რაც მშვიდობიანად დასრულდა და მეთვალყურეთა სიცოცხლეს უკვე საფრთხე აღარ ემუქრება, მიყუჩდა...

- ალბათ, საჭიროა რაღაც კომენტარი. ამ სამწუხარო ინციდენტს ძალიან დიდი რეზონანსი ჰქონდა მთელ მსოფლიოში.

შესაბამისად, მას შემდეგ, რაც ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა რაღაც ორიოდ დღეში, დადებითი რეზონანსიც ასევე შთამბეჭდავია: ვიღებ მადლობის წერილებს დიდი ბრიტანეთიდან, დანიიდან და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან.

მადლობას ვუძღვნი, უპირველესად, კოდორის ხეობის მოსახლეობას, აგრეთვე, ჩემს პირად წარმომადგენლებს, რომლებმაც ყველაფერი იღონეს, რათა ქვეყანას ჩირქი არ მოსცხებოდა. დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, აგრეთვე (ესეც უნდა აღინიშნოს), კონტაქტებს აფხაზების ხელმძღვანელობასთან.

ყველა დამეთანხმება, რომ მომხდარი სამწუხარო ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს აფხაზეთის კონფლიქტის სასწრაფოდ გადაწყვეტის აუცილებლობას.

- და, ბოლოს, ისევ თქვენი თემა გახდა, თუ შეიძლება ასე ითქვას, „ეროვნების რეკვიზიტებთან“ დაკავშირებული საკითხი. თქვენ რამდენჯერმე გამოთქვით ადრე მოსაზრება ამის შესახებ. როგორია თქვენი პოზიცია ამჯერად?

- თქვენ, ალბათ, გულისხმობთ იმას, რომ თავად საკითხი და კანონპროექტი საპრეზიდენტო ინიციატივით მე შევიტანე პარლამენტში.

შესანიშნავად მესმის, რომ გარკვეული არგუმენტები იმათაც აქვთ, ვინც დაბადების მოწმობაში ან პირადობის დამადასტურებელ მოწმობაში ეროვნების აღმნიშვნელი პუნქტის აღდგენის წინააღმდეგია, მაგრამ უნდა ვთხოვო ზოგიერთ ჩემს კოლეგას, ჩვენს მოქალაქეებს, გაითვალისწინონ რამდენიმე ძალზე მნიშვნელოვანი მომენტი: იქნება ისე, როგორც ამას პარლამენტი გადაწყვეტს, მაგრამ მე მინდა, რომ ზოგიერთი ფაქტორი აუცილებლად იყოს გათვალისწინებული.

ჯერ ერთი, საქართველო პატარა ქვეყანაა, ახლად დაფუძნებული სახელმწიფოა, ამდენად დიდი სახელმწიფოების კანონმდებლობისა და გამოცდილების ავტომატურად გადმოტანა, მექანიკური „პროეცირება“ ჩვენს სინამდვილეზე - სადავოა, ვინაიდან მრავალ გაუთვალისწინებელ პრობლემასა და სირთულეს წარმოშობს. ხშირად ამბობენ, საფრანგეთის, ამერიკის შეერთებული შტატების გამოცდილება ასეთიაო, და სხვა. ჩვენ სხვა პირობებში ვცხოვრობთ და ჩვენში განსხვავებული ვითარებაა.

გარდა ამისა, პრაქტიკული თვალსაზრისით, სახელმწიფოსათვის ძალზე მნიშვნელოვანია ზუსტ ინფორმაციას ფლობდეს ქვეყანაში არსებული დემოგრაფიული ვითარების, კერძოდ, მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობის შესახებ, რის გარეშეც შეუძლებელია დემოგრაფიული პოლიტიკის შემუშავება, რაზეც ძალიან ბევრს ვსაუბრობდით ახლო წარსულში და ახლაც ძალიან ბევრს ვმუშაობთ. მხედველობაში მაქვს პროექტები, რომლებიც საფუძვლად უნდა დაედოს ჩვენს დემოგრაფიულ პოლიტიკას. საქართველო აქ სულაც არ არის გამონაკლისი. ბევრ სახელმწიფოში პრობლემას სწორედ ამ თვალთახედვით განიხილავენ.

ეს ერთი. მეორე: დარწმუნებული ვარ, ქართველთა აბსოლუტური უმრავლესობა თუ არა, ყოველ შემთხვევაში დიდი ნაწილი ძნელად თუ შეეგუება იმას, რომ ეროვნება თუნდაც დაბადების მოწმობაში არ იყოს აღნიშნული. ამასთანავე, რატომ არ ვეკითხებით საქართველოში მცხოვრებ ეროვნულ უმცირესობას: გვინდა თუ არა ცხოვრება აფხაზებთან ერთად, გვინდა თუ არა აფხაზეთში დაბრუნება ან აფხაზეთის დაბრუნება, მაშინ ეს საკითხი შეიძლება ერთ-ერთ ყველაზე მწვავე და ისეთ პრობლემად გადაიქცეს, რომელმაც ყოველგვარი მოლაპარაკება და გარიგება ჩაშალოს. დათანხმდება თუ არა იგი ისეთი სახელმწიფო შემადგენლობაში, ერთიან სახელმწიფოში ცხოვრებას, სადაც უგულებელყოფილია ეროვნება? რატომ არ ვეკითხებით ოსებს, შეუწყობს თუ არა ხელს ასეთი გადაწყვეტა ქართულ-ოსური კონფლიქტის საბოლოო მოწესრიგებას? ასევე სხვა ეროვნებებს, ამის უგულებელყოფა არ შეიძლება, გნებავთ, იყვნენ ეს ებრაელები, სომხები, რუსები, აზერბაიჯანელები, ბერძნები და სხვები და სხვები...

ჩემთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს აგრეთვე იმას, რომ დოკუმენტებში ეროვნების აღმნიშვნელი პუნქტის აღდგენას აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია.

ბოლოს და ბოლოს, ეს ხომ მართლმადიდებელი მრევლის საკითხია, სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ.

ამრიგად, მე კვლავ ვადასტურებ, რომ აუცილებლად და მიზანშეწონილად მიმაჩნია ეროვნების დამადასტურებელი პუნქტის აღდგენა, თუნდაც, დაბადების მოწმობაში მაინც. პრეზიდენტის პოზიცია ნათლად გამოიხატა კანონპროექტში, რომელიც, როგორც გითხარით, შევიმუშავე და წარვუდგინე პარლამენტს.

ვიმედოვნებ, რომ პარლამენტის საბოლოო გადაწყვეტილება ობიექტური იქნება. ეს შეიძლება დროებითი იყოს. შეიძლება 10-12-20 წელი იმუშაოს ამ კანონმა, შემდეგ სხვა ვითარება შეიქმნება, როცა ქვეყანა მართლა ერთიანი გახდება, ეროვნებათა შორის ნდობა აბსოლუტურად აღდგება, ერთიანი სახელმწიფოს მოქალაქის შეგრძნება წინა პლანზე წამოიწევს. შეიძლება მოვიდეს ეს დრო და მაშინ გადაწყვეტილებაც სხვაგვარი შეიძლება. რაც მთავარია, მე მინდოდა მეთქვა, რომ ნაკლები უნდა იყოს ვნებათაღელვა და გაწევ-გამოწევა. ეს ისეთი საკითხია, რომელსაც დინჯი, მშვიდი, წყნარი გონებით მშვიდ ვითარებაში მუშაობა და გადაწყვეტილებათა მიღება სჭირდება.

„ყველამ იცოდეს: ძალიან გვიჭირს, მაგრამ დემოკრატიულ სახელმწიფოს აქვს სათანადო საშუალებანი, რათა კონსტიტუციისა და კანონის ძალით დაიცვას ერის სახელმწიფოებრივი მონაპოვარი“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2000. - 13 ივნისი. - №157 (3558). - 1,2 გვ.

95 საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის ბრიფინგი

▲ზევით დაბრუნება


12 ივნისი 2000 წელი

სააგენტო „პრაიმ-ნიუსი“: დსთ-ის სამიტზე დადგება თუ არა აფხაზეთის საკითხი? რა პოზიციით მიდის საქართველო ამ სამიტზე? რუსეთი კვლავ ალაპარაკდა სავიზო რეჟიმზე არა მარტო საქართველოსთან, არამედ დსთ სხვა ქვეყნებთანაც. როგორია დსთ მომავალი?

ედუარდ შევარდნაძე: უმთავრესი საკითხი, რომელიც უნდა განიხილოს სამიტმა, არის თავისუფალი სავაჭრო ზონის შესახებ ხელშეკრულება. დიდი ხანია ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს. მას ძალზე აქტიურად აყენებდა უკრაინა, საქართველო, ზოგიერთი სხვა ქვეყანა. რუსეთის ხელმძღვანელობაც არ არის წინააღმდეგი. ჩვენ დაინტერესებული ვართ და ხელს გვაძლევს მისი გადაწყვეტა, ისევე როგორც სხვა ქვეყნებს. მე ვფიქრობ, ძირითადი საკითხი ეს იქნება და ხელშეკრულება გაფორმდება. ამისთვის ყველა წინაპირობა არსებობს. რაც შეეხება აფხაზეთის საკითხს, მიმაჩნია, რომ მისი განხილვა შეიძლება დაკავშირებული იყოს სამშვიდობო ძალების ვადის გაგრძელებასთან. შეიძლება კიდევ 6 თვით გავუგრძელოთ, თუმცა არის სხვა მოსაზრებებიც. სხვა მხრივ, კონფლიქტის მოწესრიგების შესახებ მსჯელობას ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მივიჩნევ. მთავარია შესრულდეს ის გადაწყვეტილებები, რომლებიც მიღებულია. სამწუხაროდ, არც ერთი ეს გადაწყვეტილება არ სრულდება და ამაზე იქნება საუბარი. მაგრამ იმას, რომ სპეციალურად შევიტანოთ ეს საკითხი დღის წესრიგში, აზრი არა აქვს.

რაც შეეხება ვიზებთან დაკავშირებულ პრობლემას. ჩვენი პოზიცია ცნობილია. მე მიმაჩნია, რომ ეს თანამეგობრობის სახელმწიფოთა ურთიერთობაში უკან გადადგმული ნაბიჯია. ის არ შეუწყობს ხელს ურთიერთობის განმტკიცებას ჩვენს სახელმწიფოებს შორის. თუ ეს საკითხი საბოლოოდ ასეთი სახით გავიდა, მაშინ საქართველოს დასჭირდება ორმხრივი ურთიერთობის ფონზე მოაგვაროს ეს საკითხები რუსეთთან და სხვებთანაც. ჩვენ ვართ დაინტერესებული, რომ არსებული რეჟიმი შევინარჩუნოთ, მაგრამ არანაკლებ დაინტერესებული უნდა იყოს რუსეთიც. მარტო საქართველოს მოქალაქეებს არ სჭირდებათ თავისუფალი სავიზო რეჟიმი. ასევე სჭირდებათ ის რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც ჯერჯერობით საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებიან - სამხედრო მოსამსახურეები, მათი ოჯახები, რაც არც ისე მცირერიცხოვანია - სანამ ისინი გავლენ საქართველოდან, გარკვეული დრო გავა და ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვთ: თუ ეს რეჟიმი უნდა შემოვიღოთ, ის უნდა გავრცელდეს ყველაზე, მათ შორის, საქართველოს იმ რეგიონების მოქალაქეებზე, რომლებიც რუსეთს ესაზღვრებიან. რუსეთში ზოგიერთი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ ეს რეჟიმი, არ უნდა გავრცელდეს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებლებზე. ჯერჯერობით განხილვა მიმდინარეობს. ვერ ვიტყვი, რომ ის დრამატულ სიტუაციაში მიმდინარეობს, მაგრამ ეტყობა იქ ბევრი მომხრე ჰყავს სავიზო რეჟიმის შემოღებას.

სააგენტო „ელიზი-ნიუსი“: როგორც პუტინმა განაცხადა, ის მზად არის რუსეთის მოქალაქეობა მისცეს ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველა მოქალაქეს, ვინც არ მოისურვებს თავისი ქვეყნის მოქალაქეობას. რა მექნიზმები გვიცავს ჩვენ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ფაქტორების გათვალისწინებით?

ე. შევარდნაძე: ეს სიახლე არ არის, ადრე იყო ასეთი განცხადებები. მე მგონი, პუტინმა გაიმეორა ის, რაც ადრეც იყო გამოცხადებული, როგორც რუსეთის ხელისუფლების პრაქტიკა. აქ დამცავი მექანიზმი არის ის, რომ ეს ხალხი საქართველოს მოქალაქეები არიან. როცა გადაადგილება სჭირდებათ, სარგებლობენ საქართველოს დოკუმენტებით. თუ ვიღაცა მოისურვებს, რომ გახდეს რუსეთის მოქალაქე, ამის კანონით აკრძალვა ცოტა რთულია. ადამიანი თავისუფალია და შეუძლია აირჩიოს, მაგრამ მაშინ ის საქართველოს მოქალაქე ვეღარ იქნება და, როცა კონფლიქტი მოწესრიგდება, მან შეიძლება დაკარგოს საქართველოს მოქალაქის ძალიან ბევრი უპირატესობა. არა მგონია, რომ ამან მასობრივი ხასიათი მიიღოს და დიდი შეშფოთების საგანი გახდეს.

გაზეთი „რეზონანსი“: ძალიან დაიძაბა ენგურის ხიდთან მდგომარეობა, რამდენადაც ინფორმაციებით არის ცნობილი, შეტაკებები ხდება პარტიზანებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის. თქვენ თუ უჭერთ მხარს თენგიზ ჯგუშიას განცხადებას, რომ დიდი რაოდენობით კონტრაბანდა შემოდის და აუცილებელია ამ კონტრაბანდის აღკვეთა? კონკრეტულად, რა ღონისძიებების განხორციელებას აპირებთ?

ე. შევარდნაძე: გეთანხმებით, რომ ვითარება რთულია და მას ყველაზე ზედმეტად ძაბავენ სწორედ ეს კონტრაბანდისტული ჯგუფები, რომლებიც დაინტერესებული არიან აფხაზეთიდან შემოიტანონ კონტრაბანდული სიგარეტი და სხვა საქონელი, ისევე, როგორც აქედან გავიდეს შესაბამისი პროდუქცია. ეს საკითხი სპეციალურად განვიხილეთ უშიშროების საბჭოზე. დასახულია საგანგებო ღონისძიებები. მიღებულია კანონი იმის შესახებ, რომ კონტრაბანდული პროდუქცია, რომელსაც დააკავებენ შესაბამისი ორგანოები, და სატრანსპორტო საშუალებაც, კონფისკებული იქნება. ასეთი ფაქტები უკვე გამოვლინდა, სასჯელის ეს ზომაც უკვე ამოქმედდა, მათ შორის, ზუგდიდის ზონაშიც საკმაოდ დიდი რაოდენობით კონტრაბანდული სიგარეტი დააკავეს. ხვალ-ზეგ, ალბათ, საბოლოოდ დამთავრდება გამოძიება და უფრო ზუსტი პასუხი გვექნება. ისე, გეთანხმებით, რომ ერთ-ერთი საფუძველი ამ ვითარების გამწვავებისა არის სწორედ კონტრაბანდული საქონელი ორივე მიმართულებით.

გაზეთი „მენორა“: 14 იანვარს ქართული საზოგადოებრიობა აღნიშნავს ქართული თეატრის დღეს. წლეულს ეს დღე არ აღინიშნა, რადგან დაემთხვა ქართული თეატრის აღდგენის 140 წლისთავს. და გადადებული იქნა მომავალი წლისათვის. ხომ არ მიგაჩნიათ, რომ ამ თარიღის აღნიშვნა ძალიან მნიშვნელოვანია, რათა მივაგოთ პატივი იმ თაობებს, რომლებმაც დღემდე მოიტანეს ქართული თეატრი, და მეორეც, ხომ არ იქნებოდა ქართული თეატრის წარსულის პროპაგანდა გარკვეულწილად გაკვეთილი პოლიტიკოსთა იმ თაობისათვის, რომელიც დღეს არის ასპარეზზე?

ე. შევარდნაძე: ეს ტრადიცია რა თქმა უნდა, უნდა განახლდეს. გადავდეთ მხოლოდ იმიტომ, რომ გვინდა უკეთესი დრო შევარჩიოთ, ისეთი, როცა მოსახლეობის ყველა წარმომადგენელს ექნება საშუალება მიიღოს მონაწილეობა. ამასთან, ასეთი ღონისძიება ხარჯებთან არის დაკავშირებული. სახელმწიფოს ახლა უჭირს, სულს მოვითქვამთ და აღვნიშნავთ ძალიან მაღალ დონეზე. რა თქმა უნდა, თეატრის მოღვაწეები ძალიან დიდი რაზმია. ბევრი მათგანი ჩვენ შორს აღარ არის. მათი მოღვაწეობა არა მარტო აღნიშვნის ღირსია, არამედ იმისაც, რომ მაგალითი იყვნენ პატრიოტიზმისა და სამშობლოსათვის თავდადებისა.

ტელეკომპანია „მეცხრე არხი“: ქართულ პასპორტებში ეროვნულობის აღნიშვნის საკითხი თქვენ დაუკავშირეთ აფხაზეთს. თუ შეიძლება, უფრო კონკრეტულად განმარტეთ, რა კავშირს ხედავთ კონფლიქტსა და ეროვნულობის აღნიშვნას შორის?

ე. შევარდნაძე: დავუშვათ, მივიღეთ კანონი ეროვნების ჩაწერის შესახებ. ამავე დროს, ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებას აფხაზებთან, რომ ქართველებმა და აფხაზებმა იცხოვრონ ერთიანი სახელმწიფოს შემადგენლობაში. არ ფიქრობთ, რომ აფხაზეთის ხელმძღვანელები, გინდაც, რიგითი აფხაზები, იკითხავენ, აქვთ თუ არა უფლება თავიანთი ეროვნება ჩაწერონ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს გახდება ნომერ პირველი პრობლემა ქართველებისა და აფხაზების მოლაპარაკებაში. ასეთი მდგომარეობა იქნება ოსებთან მოლაპარაკებაშიც. რაც უფრო მცირერიცხოვანია ხალხი, მით უფრო მგრძნობიარეა ასეთი საკითხის მიმართ. ეროვნების აღნიშვნა, განსაკუთრებით დაბადების მოწმობაში და მათთვის, ალბათ, პასპორტშიც, ერთგვარი ფარის მოვალეობას ასრულებს. სულ 80-85 ათასი კაცია აფხაზი. რა თქმა უნდა, თითოეულისათვის მნიშვნელოვანია იცოდეს, რამდენი ადამიანი დაიბადა, და საერთოდ, როგორია დემოგრაფიული სიტუაცია. და ერთიც - ჩვენთვისაც, ქართველებისთვისაც ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, ისევე როგორც საქართველოში მცხოვრები ყველა ხალხისთვის. დემოგრაფია არის მეცნიერება, დემოგრაფია არის ურთულესი სფერო სახელმწიფოებრივი პოლიტიკისა. როგორ გვინდა ვმართოდ დემოგრაფიული სფერო, თუ არ გვაქვს წარმოდგენა, ვინ ცხოვრობს საქართველოში, რა ეროვნების წარმომადგენლები, რომელს სჭირდება დახმარება და ა.შ. ეს არის სახელმწიფოებრივი პოლიტიკის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. მე შემიძლია გამოვთქვა ჩემი აზრი. გამოვთქვი კიდეც და გავუგზავნე პარლამენტს. დანარჩენი ახლა მასზეა დამოკიდებული - როგორ იმსჯელებს და როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს. მე უფლება მაქვს ვეტო გამოვიყენო, თუ მივიჩნევ, რომ მიღებულია არასწორი გადაწყვეტილება. მე მოვუწოდებ ყველას - ნაკლები იყოს ვნებათაღელვა, იმის დემონსტრირება, რომ მე პატრიოტი ვარ და ყველა დანარჩენი კოსმოპოლიტი და ა. შ. საბჭოთა პერიოდში ქართველი კაცი ხომ არ დაუშვებდა, რომ ეროვნება არ ყოფილიყო ჩაწერილი? ეს საფარი იყო მაშინ ჩვენთვის. ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო. მიმაჩნია, რომ 10-15 წლის შემდეგ შეიძლება მართლაც მომწიფდეს ნიადაგი და აღარ იყოს აუცილებელი ეროვნულობის აღნიშვნა, მაგრამ მაშინ სხვა პრინციპები იქნება, მეტი ნდობა იქნება საქართველოში მცხოვრებ ხალხებს შორის. კონფლიქტის მოწესრიგების შემდეგ, შეიძლება თვით აფხაზებმაც მოითხოვონ, რომ საკმარისია მოქალაქეობა და არ არის საჭირო ეროვნულობის აღნიშვნა...

საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი, პროგრამა „მოამბე“: უკვე ერთი კვირაა, საკმაოდ ინტენსიურად საუბრობენ „ქართუ ჯგუფის“ პრეზიდენტის ლაშა ძიძავას მინისტრის კანდიდატად წარდგენის შესახებ. ამის შესახებ მინიშნებები გააკეთა პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის თავმჯდომარემაც...

ე. შევარდნაძე: ჩემამდე არ მოსულა ეს ამბავი. ლაშას ვიცნობ ისე, როგორც საკმაოდ წარმატებულ ბიზნესმენს. მე წარვადგინე სხვა კანდიდატურა - სპეციალისტი, გამოცდილების მქონე, მეცნიერი. მე მგონი, უშეცდომო კანდიდატურაა. რაც შეეხება ლაშას, კარგად ვიცნობ და საერთოდ, თქვენ აღმომაჩენინეთ, რომ შეიძლება ამ საკითხის განხილვა.

გაზეთი „დრონი“: საკმაოდ დაიძაბა სიტუაცია პროკურატურაში მოსალოდნელ რეფორმასთან დაკავშირებით. გასულ კვირას პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე პროკურორებმა პოლიტიკური მორჩილება დააყვედრეს ხელისუფლებას. მათ მხედველობაში ჰქონდათ არჩევნები. როგორი პროკურატურა სჭირდება ქვეყანას - კანონმორჩილი თუ პოლიტიკურად მორჩილი - და, საერთოდ, უნდა იყოს თუ არა გამოცდები?

ე. შევარდნაძე: ყველა უნდა იყოს კანონმორჩილი - პროკურორიც, პრეზიდენტიც, მოსამართლეც და მოქალაქეც. რაც შეეხება რეფორმას პროკურატურაში, მისი ხელმძღვანელობა არ უარყოფს ამის აუცილებლობას. მე გამოვეცი ბრძანებულება პარლამენტის შესაბამის სტრუქტურებთან შეთანხმებით. შექმნილია კომისია, რომელმაც უნდა შეიმუშაოს ის პრინციპები, რომელთა საფუძველზეც უნდა განხორციელდეს რეფორმა. უნდა ვაცალოთ ამ კომისიას და არ უნდა შევქმნათ ისეთი სიტუაცია, რომ ეს არის ის ორგანიზაცია, საიდანაც ყველა უნდა დავითხოვოთ და სრულიად ახალი ხალხი მივიღოთ. წარმოიდგინეთ ერთი დღე რომ პროკურატურა არ მუშაობდეს, ისევე როგორც პოლიცია. ამდენი მკვლელობებია გასახსნელი, ზოგი საქმე ბოლომდეა მისაყვანი... ეს საკმაოდ ფაქიზი თემაა და მიდგომაც მაღალი პასუხისმგებლობით არის საჭირო.

„დრონი“: კორუფციასთან ბრძოლას რამდენად ერევა პროკურატურა?

ე. შევარდნაძე: კორუფციის წინააღმდეგ პროკურატურა ისე იბრძვის, როგორც მთელი ქვეყანა, ანუ ცუდად. მთელი ქვეყანა იბრძვის ცუდად, მათ შორის, ის სტრუქტურები, რომლებიც ამ შენობაში არიან. ამიტომ ვამბობ მე, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისათვის მუშავდება საგანგებო ღონისძიებები, ზოგიერთ კანონსაც მივიღებთ და ამ კანონებს დაუმორჩილდება პროკურატურაც, პრეზიდენტიც და ყველა.

ამერიკული რადიოკომპანია „ეი-ბი-სი“: არ ფიქრობთ, რომ ეროვნულობის მითითება მეტრიკაში სრულიად საკმარისი იქნებოდა სტატისტიკისათის? ხომ არ ჯობდა, საქართველოს გაეზიარებინა დასავლეთის ქვეყნების გამოცდილება - იმ სახელმწიფოებში, სადაც მრავალი სხვადასხვა ეროვნების მოქალაქეა, პასპორტში მითითებულია არა ეთნიკური კუთვნილება, არამედ ამა თუ იმ სახელმწიფოს მოქალაქეობა.

ე. შევარდნაძე: დასავლეთის ქვეყნები ამ გზას რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში გადიოდნენ. მას შემდეგ, რაც დასავლეთ ევროპის სივრცე ერთიანი გახდა, არსებითად არ არსებობს საზღვრები, იქ მართლაც შეიქმნა იმის რეალური შესაძლებლობა, რომ საკმარისია მხოლოდ მოქალაქეობის მითითება.

დღეს შემთხვევით არ ვთქვი, რომ, შესაძლოა, 10-15 წლის შემდეგ, ან უფრო ადრეც, ჩვენშიც ამგვარი ვითარება შეიქმნას. მაგრამ ამჟამად, დარწმუნებული ვარ, არც აფხაზები, არც ოსები და არც სხვა ეროვნების წარმომადგენლები არ დაუშვებენ, რომ დოკუმენტებში მათი ეროვნულობა არ მივუთითოთ, ჩვენ არ უნდა შევქმნათ პრობლემები, რომლებიც ხელს შეგვიშლიან აფხაზეთში თუ ქართულ-ოსური კონფლიქტების მოწესრიგებაში.

ტელეკომპანია „რტრ“: დღეს რუსეთის ფედერაციის დამოუკიდებლობის დღეა. თქვენ უკვე მიულოცეთ თქვენს რუს კოლეგას ეს თარიღი. მაინტერესებს, რას უსურვებდით რუსეთის მოსახლეობას რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის კუთხით?

ე. შევარდნაძე: მე კიდევ ერთხელ ვულოცავ რუსეთს, რუსეთის ყველა მოქალაქეს ამ ღირსშესანიშნავ თარიღს. გულწრფელად ვუსურვებ რუსეთს აყვავებას, ნამდვილად სტაბილურ სახელმწიფოდ ყოფნას, უფრო მეტად ეფექტიანად გამოეყენებინოს ის უზარმაზარი პოტენციალი, რომელიც ასე უხვად აქვს როგორც ინტელექტუალური, ასევე ბუნებრივი რესურსების თვალსაზრისით. მჯერა, დადგება ასეთი დრო, ნამდვილად ვისურვებ, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა განვითარებულიყოს უფრო დინამიკურად და საბოლოოდ ჩვენს შორის ხელმოწერილი ხელშეკრულება, რატიფიცირებული ყოფილიყოს.

ჟურნალი „ლიტერნატურნაია გრუზია“: თქვენი აზრით, ბოლო საარჩევნო კამპანიები და შემდგომში განვითარებული მოვლენები როგორ ასახვას ჰპოვებს ეროვნულ თვითშეგნებაზე?

ე. შევარდნაძე: ვერ ვიტყვი, რომ ამ კამპანიებმა გადამწყვეტი მნიშვნელობა მოახდინეს. თუმცა არის ცალკეული პოზიტიური ნიშნები იმისათვის, რომ ხალხის, საქართველოს მოსახლეობის პატრიოტული განწყობა თანდათანობით იზრდება და მოქალაქეთა პასუხისმგებლობა თავიანთი ეროვნული სახელმწიფოს წინაშე უფრო მაღალია გასულ წლებთან შედარებით. ეს უმთავრესია იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანა ჯერ კიდევ ღარიბულად ცხოვრობს, ათასობით მოქალაქეს სერიოზულად უჭირს. ამჟამად, ვფიქრობ, სწორედ პატრიოტიზმია სახელმწიფოს გადარჩენის საშუალება.

ტელეკომპანია „რუსთავი - 2“: რა კომენტარს გაუკეთებდით საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტზე პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის დავით კირვალიძის კანდიდატურის წარდგენას?

ე. შევარდნაძე: მე მისი კანდიდატურა წარვადგინე. მე მას ვიცნობ დიდი ხანია, იგი საკმაოდ კარგი მეცნიერი, მკვლევარია, ამავე დროს ვიცი აგრარული უნივერსიტეტის განწყობილება, დავით კირვალიძე კარგი ნიადაგმცოდნეა, სოფლის მეურნეობის საკითხებში კარგად ჩახედული ახალგაზრდა კაცია. ამას ისიც უნდა დავუმატოთ, რომ იგი ძალიან კარგი ფერმერი გახლავთ. მე მის მეურნეობაში ნამყოფი ვარ, ეს არის ადრეული კარტოფილის წარმოება და მიმაჩნია, რომ ეს არის სამაგალითო გაერთიანება, სადაც მასთან ერთად მრავალი ნიჭიერი და უნარიანი ახალგაზრდა მუშაობს.

რუსეთის ტელეკომპანია „ტვ-6“: 14 ივნისს ჟენევაში გაიმართება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში საქართველოს ოფიციალური გაწევრიანების ცერემონია. როგორ ფიქრობთ, რეალურად რისი მომტანი იქნება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრობა საქართველოს ეკონომიკისათვის?

როგორ შეფასებას მისცემთ ჩეჩენ ლტოლვილთა ბანაკის შექმნისა და მათი პანკისის ხეობიდან იზოლირების იდეას? ხომ არ შეიქმნება ისეთი ვითარება, რომ ისინი საბოლოოდ იქ დარჩებიან?

ე. შევარდნაძე: მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შესვლა აქაც აღვნიშნავთ და ჟენევაშიც აღინიშნება.

რაც შეეხება ჩეჩენ ლტოლვილთა ბანაკებს, ამგვარი ბანაკები არ არსებობს. არის ლტოლვილთა ჯგუფები. არა მგონია, რომ ის სოფლები, სადაც ისინი ამჟამად არიან, არასტაბილურობის წყარო გახდეს. ეს არც ჩვენსა და არც იმ ჩეჩნების ინტერესებს შეესაბამება, რმლებიც იქ ცხოვრობენ. ეს სინამდვილეს არ შეეფერება. თუკი ისინი ცუდად მოიქცევიან, შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლება, სამართალდამცავი ორგანოები იძულებული გახდებიან, რეაგირება მოახდინონ ჩვენი კანონების მიხედვით.

საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის ბრიფინგი : 12 ივნისი 2000 წელი // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2000. - 13 ივნისი. - №157 (3558). - 1,3 გვ.

96 აკადემიკოს ბიძინა ნანეიშვილის დაბადების ოთხმოცი წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო სესიის მონაწილეებს

▲ზევით დაბრუნება


მილოცვა

ქალბატონებო და ბატონებო,

ვსარგებლობ ამ სასიამოვნო შემთხვევით და ცნობილი ქართველი ფსიქიატრის, მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის აკადემიკოს ბიძინა ნანეიშვილის დაბადების ოთხმოცი წლისთავის გამო შეკრებილ მედიკოსებს მოგმართავთ მადლობის სიტყვებით არა მხოლოდ იმიტომ, რომ გაიხსენეთ თქვენი დიდი კოლეგა, რომელიც სამაგალითო იყო ყოველი თქვენგანისათვის, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ამ სესიით პატივს მიაგებთ ქართული ფსიქიატრიული სკოლის დიდ მემკვიდრეობას, არამედ იმიტომაც, რომ უკიდურესი გაჭირვების მიუხედავად, არ დაგიკარგავთ სულით ავადმყოფთა მკურნალობის, მოვლა-პატრონობის და თანადგომის ის ჰუმანური ტრადიცია, რომელიც ქართული ფსიქიატრიული სკოლისთვის იყო დამახასიათებელი ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ ადგილას.

ეს დამოკიდებულებანი მარტო ჩვენს დროში კი არა, საუკუნეთა მანძილზე ყალიბდებოდა და ჩვენმა ისტორიამ იცის ამ დიდ მკურნალთა სახელები. სწორედ ამ ტრადიციებზე ჩამოყალიბდა თანამედროვე ქართული ფსიქიატრიული სკოლა, რომლის ხასიათიც მიხეილ ასათიანმა და ავლიპ ზურაბაშვილმა განსაზღვრეს.

ბატონი ბიძინა ქართველ ფსიქიატრთა სწორედ ამ სკოლას წარმოადგენდა თავისი ცოდნითა და გარჯით. ოჯახისშვილობით, ინტელიგენტობითა და პატიოსნებით.

მახსოვს რა თავგამოდებით ეძებდა იგი სიმართლეს 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის გამოძიების დროს, როგორ იყო სამთავრობო კომისიის წევრი, მახსოვს მისი ბრძოლა ნარკომანიისა და ალკოჰოლიზმის წინააღმდეგ, მაგრამ უფრო მეტად მახსოვს მისი მუდმივი მზადყოფნა ადამიანის, სულით ავადმყოფის დასახმარებლად და საშველად. ბატონი ბიძინა, როგორც მკურნალი, მეცნიერი თუ პედაგოგი, თავის თავში აერთიანებდა ყველა იმ საუკეთესო თვისებას, რაც, ჩემი აზრით, ახასიათებდათ ქართველი მედიკოსების სამაგალითო წარმომადგენლებს, უაღრესად განათლებულებსა და მოყვასისათვის თავდადებულ ადამიანებს. ამდენად, მისი გახსენება მხოლოდ პიროვნების გახსენება კი არ არის, არამედ იმ ფასეულობათა გახსენება და მხარდაჭერაა, რომლის გარეშე ექიმობაც და ცხოვრებაც დაკარგავს თავის აზრს.

გისურვებთ ყოველივე კარგს თქვენს ძნელ საქმიანობაში.

არასოდეს მოგკლებოდეთ დიდი წინაპრების აჩრდილთა მხარდაჭერა.

პატივისცემით,

ედუარდ შევარდნაძე.

აკადემიკოს ბიძინა ნანეიშვილის დაბადების ოთხმოცი წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო სესიის მონაწილეებს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2000. - 15 ივნისი. - №159 (3560). - 2 გვ.

97 თბილისის საერთაშორისო წიგნის ბაზრობის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს

▲ზევით დაბრუნება


მილოცვა

მეგობრებო,

ნება მიბოძეთ მოგილოცოთ წიგნისთვის თავშეწირულ ადამიანებს საერთაშორისო წიგნის ბაზრობის ჩატარება იმ ქალაქში, რომელიც ყოველთვის წიგნიერი გახლდათ, რომელშიც ყოველთვის იცოდნენ კარგი წიგნის ფასი და უდიდეს პატივს სცემდნენ მის ავტორს.

დიდი მადლობა მინდა გითხრათ გამოფენის ორგანიზებისათვის, ეს ხომ მარტო ქართული წიგნის კი არა, ქართული კულტურის პოპულარიზებაცაა.

მადლობა მინდა გითხრათ იმისათვისაც, რომ ბაზრობა ჟან კლოდ ეტიენის წიგნის პრეზენტაციით იხსნება, რომელიც უშუალოდ მე მეხება. ასეთი, თუნდაც არაპირდაპირი მონაწილეობა ღირსების საქმედ მიმაჩნია.

იმედი მაქვს, რომ თბილისის წიგნის ბაზრობა მომავალში კიდევ უფრო წარმომადგენლობითი გახდება და სათანადო ადგილს დაიჭერს წიგნის პროპაგანდის საქმეში როგორც საქართველოში, ისე მის გარეთ.

დამოუკიდებელმა საქართველომ მსოფლიო წიგნის ბაზარზე აუცილებლად უნდა მოიპოვოს თავისი ადგილი, ასეთი ღონისძიებანი კი ამ მცდელობაში საუკეთესო საშუალებად მესახება.

რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლება, წიგნიერი ქვეყნის ხელისუფლება, ამ დიდ საქმეში ყოველთვის თქვენთან იქნება.

პატივისცემით,

ედუარდ შევარდნაძე.

თბილისის საერთაშორისო წიგნის ბაზრობის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2000. - 15 ივნისი. - №159 (3560). - 1 გვ.

98 ოტია იოსელიანის დაბადების სამოცდაათ წლისთავზე

▲ზევით დაბრუნება


მილოცვა

ბატონო ოტია,

დაბადების დღეს გილოცავთ შესანიშნავ ქართულ მწერალსა და გამორჩეულ პიროვნებას, შემოქმედს, რომელიც ქართველი გლეხკაცის ყოველდღიური ცხოვრებით ცხოვრობს და რომელსაც არა მარტო შესანიშნავად ესმის ქართული სულის მოძრაობა, არამედ მაღალმხატვრულად ასახავს კიდეც მას თავის პროზასა და დრამატურგიაში.

თქვენ ღირსეულად აგრძელებთ დიდი ქართველი მწერლების ტრადიციას, ხართ ხალხთან და ხალხისთვის.

ათეული წლებია თქვენი ერთგული მკითხველი ვარ და იმედი მაქვს, რომ სწორედ ამ სიბრძნის ასაკში დაწერთ თქვენს საუკეთესო წიგნს.

კიდევ ერთხელ გილოცავთ დაბადების დღეს, ვულოცავ თქვენს დიდ ოჯახს, თქვენს სანათესაოს და სამეგობროს, თქვენს მკითხველებს.

ძალიან მიყვარხართ, ღრმა პატივისცემით,

ედუარდ შევარდნაძე.

ოტია იოსელიანის დაბადების სამოცდაათ წლისთავზე // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2000. - 16 ივნისი. - №160 (3561). - 1 გვ.

99 რისმაგ გორდეზიანის დაბადების სამოცი წლის იუბილეზე

▲ზევით დაბრუნება


მილოცვა

ჩემო რისმაგ, გავიგე სამოცი წლის გამხდარხარ.

ამ მნიშვნელოვანმა (არა მარტო შენთვის) თარიღმა როგორც ვხედავ, შენი ხასიათისა და შენი ცხოვრების სტილში ჩაიარა, უხმაუროდ. თუმცა, შენებურად მაინც აღგინიშნავს და რისმაგ გორდეზიანისთვის შესანიშნავი საჩუქარი გაგიკეთებია - რჩეულ ნაშრომთა კრებული, რომელიც კარგად წარმოაჩენს შენი მეცნიერული ინტერესების მასშტაბს.

დიდ პატივს გცემ როგორც შესანიშნავ მეცნიერსა და გამორჩეულ პიროვნებას, სამაგალითო ოჯახის პატრონსა და უღალატო მეგობარს.

მიყვარხარ, ჩვენ ხომ დიდი ხნის მეგობრობა და თანამშრომლობა გვაკავშირებს.

რა დამავიწყებს ქართული ენის დასაცავად შენს შემართებას, შენს სიბრძნესა და შენს მამაშვილურ დამოკიდებულებას იმ სტუდენტებისადმი, რომელთაც თავი გადადებული ჰქონდათ.

მაშინ სისხლი რომ არ დაიღვარა, შენი და შენისთანების დამსახურებაცაა.

ამის დავიწყება არ შეიძლება.

მას შემდეგ ასეთი ერთგულებით ბევრი რამ გააკეთე საქართველოსათვის და დარწმუნებული ვარ, უფრო მეტს გააკეთებ შენი ქვეყნის, შენი ხალხის და შენი ოჯახის სასახელოდ.

სამოცი წელი ჯერ ხომ ძალიან ცოტაა.

გილოცავ. გკოცნი. გეხვევი.

ედუარდ შევარდნაძე.

რისმაგ გორდეზიანის დაბადების სამოცი წლის იუბილეზე // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2000. - 20 ივნისი. - №164 (3565). - 1 გვ.

100 „საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვა პრეზიდენტის ღირსების საკითხია, ამიტომ არასდროს შევურიგდები პიროვნების ან ეროვნულ უმცირესობათა უფლებების ხელყოფას, ეს ჩემთვის პრინციპის საკითხია“

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
19 ივნისის რადიოინტერვიუ

- რადიოინტერვიუს განვლილი კვირის ძალიან მნიშვნელოვანი თემით დავიწყებთ : პარლამენტმა სახალხო დამცველის პოსტზე დაამტკიცა სოციალისტური პარტიის წევრის ნანა დევდარიანის კანდიდატურა, რომელსაც, როგორც ამბობენ, თქვენ მხარს უჭერდით. განვილილ კვირაშივე თქვენ შეხვდით ეუთოსა და ევროსაბჭოს წარმომადგენლობითს დელეგაციებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობას ადევნებენ თვალს... - ჟურნალისტის ნატო ონიანის თხოვნით, ამ თემებზე საუბრით დაიწყო თავისი ტრადიციული ორშაბათის რადიოინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტმა ედვარდ შევარდნაძემ:

- სასიხარულოა, რომ ხანგრძლივი დებატებისა და განსჯის შემდეგ პარლამენტმა მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. სახალხო დამცველის ინსტიტუტის არსებობა აუცილებელია დემოკრატიული ქვეყნისათვის. ეს პოზიცია ჩვენ ჯერ კიდევ 1992 წელს გამოვხატეთ, როცა სპეციალური ორგანო დავაარსეთ. თუმცა, მაშინ იგი აღმასრულებელი ხელისუფლების ფარგლებში მოქმედებდა. დღესაც წარმატებით ფუნქციონირებს შესაბამისი განყოფილება ეროვნული უშიშროების საბჭოს სისტემაში ქალბატონი რუსუდან ბერიძის ხელმძღვანელობით, მაგრამ ომბუდსმენი ყველა ხელისუფლებისაგან დამოკიდებული უნდა იყოს.

რაც შეეხება ქალბატონ ნანას, რომელსაც კიდევ ერთხელ ვულოცავ ამ დიდ ნდობას, მას კენჭისყრამდე შევხვდი და მხარი დავუწირე, ვინაიდან იგი ცხოვრებისეული გამოცდილებით, მოქალაქეობრივი პატიოსნებითა და საზოგადოებრივი მოღვაწობით, თუნდაც შთამომავლობ, ნამდვილად იმსახურებდა ამ დიდი ღირსებას, რომელსაც საქართველოს სახალხო დამცველი ჰქვია. მე სწორედ ღირსებად მიმაჩნია ეს უდიდეს პასუხისმგებლობასთან ერთად. იგი რომ ოპოზიციის წარმომადგენელია, ვფიქრობ, ეს სავსებით ნორმალური მოვლენაა, მის პიროვნებას თუ გავითვალისწინებთ. დარწმუნებული ვარ, მისი ინტერესების სფერო, რა თქმა უნდა, ადამიანის უფლებათა დაცვასთან იქნება დაკავშირებული.

ჩვენ კენჭისყრის შემდეგაც ვისაუბრეთ და შევთანხმდით, რომ საკონსტიტუციოსა და კანონის ფარგლებში ყოველმხრივ ვითანამშრომლებთ საქართველოში არა მარტო ადამიანის უფლებათა დაცვის პრაქტიკის, არამედ ფილოსოფიისა და მსოფლმხედველობის დასამკვიდრებლადაც.

გასულ კვირას ამავე საკითხზე ვესაუბრე ეუთოსა და ევროსაბჭოს წარმომადგენლობითს დელეგაციებს. თავად აღნიშნეს, რომ ბოლო წლებში ამ თვალსაზრისით საქართველოში იმაზე მეტი გაკეთდა, ვიდრე შეიძლებოდა გაკეთებულიყო სამოქალაქო ომის, ნგრევის, სისხლიანი ანარქიისა და ნახევრად ლეგალური შეიარაღებული ბანდების თარეშის პირობებში. ამ ფაქტორებს დავუმატოთ კიდევ ეკონომიკური კრიზისი და დამოუკიდებელი ქვეყნის დაფუძნებისას გარდაუვალი სოციალური სიდუხჭირე და სხვა მრავალი.

იმის თქმა არ მინდა, თითქოს საერთოდ უშეცდომოდ გაგვევლოს ეს გზა, მაგრამ უაღრესად პრინციპულად მიმაჩნია ჩემი, როგორც პრეზიდენტის დამოკიდებულება ამ საკითხებისადმი.

საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვა პრეზიდენტის ღირსების საკითხია. ამიტომ არასდროს შევურიგდები პიროვნების ან ეროვნულ უმცირესობატა უფლებების ხელყოფას. ეს ჩემთვის პრინციპის საკითხია. შემთხვევითი ან მხოლოდ დეკლარაციული არ არის, რომ ამ თვალსაზრისით ადამიანის უფლებათა დაცვის მტკიცე გარანტიების შექმნის საკითხებს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია საპრეზიდენტო პროგრამაში, რადგან ადამიანის, პიროვნჯების, მოქალაქის უფლებათა უმთავრესი გარანტია თავად პრეზიდენტი უნდა იყოს.

ამასთანავე ჩვენ არ მიგვაჩნია, მნიშვნელოვანი წარმატებისათვის მიგვეღწიოს ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით, მაშინ როცა ასიათასობით ლტოლვილი არ დაბრუნებია მშობლიურ მიწა-წყალს, მამაპაპისეულ სახლ-კარს. ეს როგორც ჩვენი, ასევე იმ საერთაშორისო ორგანიზაციათა პასუხისმგებლობაა, რომლებიც გვეხმარებიან ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში შესაბამისი სტანდარტების შემუშავებასა და სათანადო სახელმწიფო თუ საზოგადოებრივი ინსტიტუტების დაფუძვნებაში.

აქვე შევნიშნავ, რომ, ჩემი დაკვირვებით, ლტოლვილთა დაბრუნების პერსპექტივა სულ უფრო ნათელი და რეალური ხდება.

დროებითია, აგრეთვე, სოციალური სიდუხჭირე, რომელიც თან სდევს საბიუჯეტო კრიზისს. დარწმუნებული ვარ, სულ მალე დავძლევთ ამ სირთულეს და სახელმწიფო შეძლებს შეასრულოს საბიუჯეტო ვალდებულებანი მოსახლეობის წინაშე.

- რაც შეეხება საბიუჯეტო ვალდებულებებს, გასულ კვირას თქვენ მთავრობის სხდომაზე ძალიან მკაცრად შეაფასეთ ბიუჯეტთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობა და აღნიშნეთ, რომ, თუკი ბიუჯეტი არ შესრულდება, ამისათვის ყველა აგებს პასუხს ძველი თუ ახალი დამსახურების მიუხედავად. გასულ კვირას საქართელოს სავალუტო ფონდის მისია ეწვია, რომელსაც საკუთარი მოთხოვნები აქვს საქართველოს მთავრობის მიმართ. როგორ ფიქრობთ, რეალურად შესაძლებელია თუ არა მათი მოთხოვნის და, საერთოდ, ბიუჯეტის შესრულება...

- სავალუტო ფონდის მისია, რომელიც ამჟამად მუშაობს საქართველოში, უმაღლესი კვალიფიკაციის სპეციალისტებისა და ექსპერტებისაგან შედგება.

არცთუ უმნიშვნელო ფაქტია ის, რომ ისინი ჩვენი ქვეყნის მიმართ ნამდვილად კეთილგანწყობილი არიან, მაგრამ გადამწყვეტი მაინც ის იქნება, შევძლებთ თუ არა ჩვენ უკვე ივნისიდან გარდატეხას მივაღწიოთ საბიუჯეტო შემოსავლის თვალსაზრისით შექმნილ სიტუაციაში. ასეთ შემთხვევაში, შემოდგომიდან ამოქმედდება სავალუტო ფონდის ახალი პროგრამა, თუ ზაფხულს ასე წარმატებით გავივლით.

პროგრამის არსი სწორედ სიღატაკის წინააღმდეგ ბრძოლაა. და ამ ისტორიულ საქმეში ისეთი მოკავშირის დაკარგვა, როგორიც სავალუტი ფონდია, დაუშვებელიც არის და დანაშაულიც. ამ და სხვა ასეთივე პროგრამების გარეშე სიღარიბის შემდგომი ეკონომიკური განვითარება ძალიან დიდ სირთულეებთან იქნება დაკავშირებული.

ასე რომ, ეს არ გახლავთ ვინმეს სუბიექტური სურვილი - ეს უფრო საქვეყნო აუცილებლობაა.

მართლაც, განსაკუთრებით ამ ბოლო დროს, მომრავლდნენ, ასე ვთვათ, „წინასწარმეტყველები“, პროგნოზისტები, „დიდი პოლიტოლოგები“, რომლებიც ერთობ ბრძნულ გამომეტყველებითა და მენტორული ტონით წინასწარმეტყველებენ შემოდგომაზე, მაგალითად, გარდაუვალ სოციალურ აფეთქებას, მდგომარეობის უკიდურესად დაძაბვას, პოლიტიკურ კრიზისს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.

საერთოდ, ნებისმიერი პროგნოზი, უპირველეს ყოვლისა, ინტელექტსა და ცოდნას უნდა ეფგუძნებოდეს, ისევე როგორც მიუკერძოებელი, ობიექტური ანალიზის უნარს.

ჩვენში ზოგიერთი ცუდ პროგნოზს დაუფარავი, ბოროტი სიხარულით გამოტქვამს, რათა ამ ეგრე წოდებული „პროგნოზით“ კიდეც უფრო მეტი ნიჰილიზმით და სახელმწიფოს გარდაუვალი დაცემის განწყობილება დაამკვიდროს, ისევე როგორც უილაკობისა და უმწეობის განცდა, რათა შემდეგ ამით ისარგებლოს და თავად სცადოს საკუთარი წინასწარმეტყველების ახდენა სხვადასხვა პროვოკაციით და რაღაცაზე ხელი მოითბოს.

თუ ლაპარაკია კრიზისზე, საქართველო არც პირველია და არც უკანასკნელი. მაგრამ მე უკვე არაერთხელ ვთქვი, რომ გაჯანსაღების ნიშნები გამოჩნდა. შიდა ეროვნული პროდუქტის წარმოება წლის დამდეგიდან 5 პროცენტით გაიზარდა (ეს სულაც არ არის დაბალი მაჩვენებელი), რაც საკმაოდ შთამბეჭდავი ციფრია. სამრეწველო პროდუქციის მოცულობა შესადარ ფასებში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 12 პროცენტით გადიდდა. აქედან მსხვილი, საშუალო და მცირე საწარმოების მიხედვით - 19 პროცენტით. თითქმის ასეთივე მოცულობით გაიზარდა ექსპორტი, საკმაოდ სწრაფი ტემპით მატულობს საექსპორტო პროდუქციის წარმოება და მისი გატანა მსოფლიო ბაზარზე. დარწმუნებული ვარ, კონტრაბანდისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შედეგები უკვე ივნისში იქნება საგრძნობელი, - საგადასახადო სფეროში მომხდარმა ცვლილებებმა სწორედ ივნისიდან ინდა გამოიღოს ნაყოფი და, რა თქმა უნდა, ამას მოსახლეობაც იგრძნობს.

გასულ კვირას მთავრობის სხდომაზე ვიმსჯელეთ და მოვიწონეთ საგადასახადო შემოსავლების მინისტრის ბატონ მიხეულ მაჭავარიანის ღონისძიებანი სისტემაში ახალი მექანიძმის ჩამოყალიბების თვალსაზრისით: იქმნება ახალი სტრუქტურა დამატებითი უფლებამოსილებით, ახალი ბერკეტებით და ასე შემდეგ.

ივლისში ტემპი კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ, ხოლო შემოდგომაზე (და ამაში ეჭვი არ მეპარება, თუ ისე ვიმუშავებთ, როგორც საჭიროა) მივაღწევთ ეკონომიკური სტაბილურობის მაღალ დონეს, რაც თავისთავად გულისხმობს პოლიტიკური სტაბილურობის განმტკიცებას.

ჩემი პროგნოზი ქვეყნის შესაძლებლობებსა და რეალურ რესურსებს ეყრდნობა. თუ მათ ყაირათიანად ვერ გამოვიყენებთ, ეს მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დავაბრალოთ და არა რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციას.

თუმცა,.ერთხელ კიდევ.მტკიცედ.ვაცხადებ: ურჩ გადამხდელთა, კონტრაბანდისტთა და კორუმპირებულთა ირგვლივ წრე კიდევ უფრო დავიწროვდება, ლეგალიზებული იქნება ჩრდილოვანი ეკონომიკის ძირითადი სეგმენტი. თქვენ, ალბათ, მიაქციეთ ყურადღება, რომ უკვე მუშაობს კანონი კონტრაბანდული საქონლის ჩამორთმევის შესახებ და არა მარტო პროდუქციის ჩამორთმევა გვაქვს მხედველობაში, არამედ სატრანსპორტო საშუალებატა კონფისკაციაც. ამ კანონის შესრულებას უკვე გარკვეული დადებითი შედეგები მოჰყვა. ჩენ ასეთი შესწორებანი ცალკეულ კანონებში, მათ შორის სსქართველოს საგადასახადო კოდექსში კვლავაც უნდა შე3ვიტანოთ, რათა მაქსიმალურად გამკაცრდეს და კანონიერების ფარგლებში მიმდინარეობდეს.

ყოველივე ეს სავსებით რეალურია, როგორც ზემოთ მოგახსენეთ. აქდან გამომდინარე შესაძლებელია რეალური ბიუჯეტის დამტკიცება და ფისკალური პოლიტიკის სრულყოფა.

მოგეხსენებათ, ეროვნული უშიშროების საბჭო პრეზიდენტის ხელმძღვანელობით თითქმის ყოველკვირეულად განიხილავს შექმნილ მდგომარეობას და იღებს საგანგებო ზომებს, ხოლო ის კომისია, რომელიც სახელმწიფო მინისტრთან ფუნქციონირებს, არსებობს და მუშაობს.

როგორც იცით, ამოქმედდა ახალი საგადასახადო სისტემა. უფრო რაციონალურად და მიზანმიმართულად მუშაობენ გაერთიანებული სამინისტროები, ცალკეული უწყებები, მობილიზებული არიან სამართალდამცავი ორგანოები, რომელთაც უნდა უზრუნველყონ კანონის აღსრულება.

დიდი იმედი გვაქვს უზენაესი სასამართლოსი და საერთოდ სასამართლოებისა. ამის წინათ, იუსტიციის საბჭოზე ძალიან საინტერესო და პრინციპული საუბარი გაიმართა ამ თემასთან დაკავშირებით. მათს პრინციპულობასა და ოპერატიულობაზე ძალიან ბევრია დამოკიდებული - მე ერთმნიშვნელოვნად მივესალმე და ძალზე დამაიმედებელ გადაწყვეტილებად მივიჩნიე მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანოს არჩევა, რაც ხელს შეუწყობს სასამართლოს, როგორც დამოუკიდებელ სახელისუფლო შტოს შემდგომ განმტკიცებას. ისევე როგორც, იმედისმომცემია უზენაესი სასამართლოს ტავმჯდომარის ბატონ ლადო ჭანტურიას მაღალკვალიფიციური და აქტიური მოღვაწეობა.

ახლებური (პრაქტიკულ, ხელშესახებ შემდეგზე გათვალისწინებული) მიდგომის პირველი სიპტომები შეიმჩნევა კონტროლის პალატაში, რომლის ახალი თავმჯდომარე ბატონი სულხან მოლაშვილი შეუპოვარი, მე ასე ვიტყოდი, შეუპოვარი, კვალიფიციური და პატიოსანი მოღვაწეა, რომლისაგანაც ძალიან ბევრს მოველით. მან უკვე შექმნა თავისი გუნდი.

უფრო აქტიურად და ნაყოფიერად მოქმედებს რწმუნებულების, გამგებლებისა და მერების კორპუსი, აგრეთვე, სახელმწიფო კანცელარიის რეგიონალური სამსახური და სხვები.

დარწმუნებული ვარ, ახალი მინისტრების საქმიანობაც შედეგიანი იქნებოდა. ყოველდღიურად ვრწმუნდები, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, როცა ნდობა გამოვუცხადეთ და დიდი პასუხისმგებლობაც დავაკისრეთ ბატონ გიორგი არსენიშვილს. რაც მთავარია, მკაცრი მომთხოვნელობა (სახელმწიფო მინისტრის მაკოორდინირებელი როლის გათვალისწინებით) არავის მისცემს თუნდაც დროებითი მოდუნების საშუალებას. სახელმწიფო მინისტრის ახალი უფლებამოსილების გათვალისწინებით, მინისტრისადმი მისი დამოკიდებულება გადამწყვეტი იქნება და ეს ყველამ ყურად უნდა იღოს.

ალბათ, აგრეთვე, მადლობის მეტი არაფერი გვეტქმის საერთოდ მასმედიისადმი: ბევრი ჟურნალისტი, მათ უმრავლესობა, როგორც შეუძლიათ, ისე ეხმარებიან ქვეყანას.

ამ ჩამონათვალს აღარ გავაგრძელებ, ვინაიდან შესანიშნავად მესმის, რომ ჩვენ წინაშე, გადაუჭარბებლად ვიტყვი, გადაუჭრელ პრობლემათა მთელი ოკეანეა. გველოდება ისეთი ძალიან უსიამოვნო პროცედურა, როგორიც ბიუჯეტის სეკვესტრია, ამას ვერ გავექცევით. მაგრამ, რაც მთავარია, გვაქვს სწორი ორიენტირი, მიზანშეწონილი სტრატეგია და ასეთი რეზერვი, როგორიც არის მეტი შემართება, მეტი მომთხოვნელობა, პრინციპულობა და შეურიგრბლობა ყოველივე იმასთან, რაც ხელს გვიშლის კრიზის დაძლევაში.

აქვე არ შემიძლია მადლიერების გრძნობით არ აღვნიშნო, რომ ყველა სასიკეთო წამოწყებაში აქტიურად გვიჭერენ მხარს პარლამენტი, კერძოდ, საპარლამენტო კომიტეტები, ფრაქციები, დეპუტატთა ჯგუფები და ცალკეული დეპუტატებიც.

- ამ ბოლო ხანს პოლიტიკურ წრეებსა და პარლამენტშიც ძალიან აქტიურად ლაპარაკობენ მინისტრთა კაბინეტის აღდგენის აუცილებლობაზე. უკვე ხელმოწერებიც შეგროვდა. როგორია თქვენი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი?

- ჩვენ ხომ არ შეგვიძლია, არ ვიყოთ ყველაფერში ორიგინალური. რა თქმა უნდა, ამის უფლება აქვს ყველას - დეპუტატთა ჯგუფს, მოქალაქეებს, განიხილონ ეს საკითხები.

ნებისმიერი საკითხი, რომელიც აღელვებს საზოგადოებას, დიალოგისა და მსჯელობის საგანი უნდა გახდეს. ჩემი შეხედულება ასეთია.

სრულებითაც არ ვარ წინააღმდეგი, რომ ვიმსჯელოთ მინისტრთა კაბინეტის აღდგენის თემაზეც, მაგრამ ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღება დაუშვებელად მიმაჩნია.

იქნებ შევქმნათ ძალიან ავტორიტეტული კომისია, მოვიწვიოთ საუკეთესო სპეციალისტები, მეც არ ვიქნები წინააღმდეგი მონაწილეობა მივიღო ამ კომისიის მუშაობაში. მოვიწვიოთ საპარლამენტო ფრაქციათა, პოლიტიკურ პარტიათა ლიდერები და დავიწყოთ დისკუსია, ვიმსჯელოთ, ვიკამათოთ, ავწონ-დავწონოთ ყველაფერი.

რაც მთავარია, ეს არ უნდა იყოს სუბიექტური გადაწყვეტილება, რომ ვიღაცას რარაც „მოსწონს“ ან „არ მოსწონს“.

თუ ლაპარაკია მინისტრთა კაბინეტზე, - ეს ინსტიტუტი ჩვენ ერტხელ უკვე გვქონდა, თქვენ გახსოვთ და, რაც მაშინ ხდებოდა, ყველამ კარგად უწყის და მისი განმეორება ღმერთმა ნუ ქნას.

- ხდებოდა ის, რომ, თუ, ვთქვათ, ახლა ამბობენ, ძალაუფლება პრეზიდენტს თავის ხელში აქვს თავმოყრილიო, მაშინ ამბობდნენ, რომ „განტევების ვაცი“ მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელიაო...

- მიზეზი, ალბათ, ყოველთვის მოიძებნება. დღეს მე არ შემიძლია არ შევეხო ამას (მე პრესას თვალყურს ვადევნებ). ყოფილი ვიცე-პრემიერები მედიდურად გვასწავლიან ჭკუას და ლექციებს გვიკითხავენ ტელეეკრანიდან.

დიდი მადლობა ამ დარიგებისათვის, მაგრამ მათთან სადისკუსიოდ ნამდვილად არ მცალია.

ხელისუფლებაში ყოფნისას რა გაკეთეს და საზოგადოებაში რა ავტორიტეტი მოიხვეჭეს, თავად კარგად უწყიან, თუმცა შეიძლება შევახსენოთ კიდეც.

სხვათა შორის, არ ვიცი რამდენი საგამოძიებო ტომია შექმნილი სწორედ იმ მინისტრთა კაბინეტის საქმიანობასთან დაკავშირებით, რომელთა გამოქვეყნებაც კი ძალიან უხერხულ სიტუაციას ქმნის. მაგრამ, მოვა დრო და, ალბათ, გამოქვეყნდება.

რაც მთავარია, სახელმწიფო მართვისა და ხელისუფლებათა გამიჯვნა ამჟამად არსებული სისტემა დააფუძნა საქართველოს მართლაცდა შესანიშნავმა კონსტიტუციამ.

ეს კონსტიტუციის თაობაზე მხოლოდ ჩემი შეფასება არ არის.

მოქმედი სისტემა თავისუფალია ბიუროკრატიული მრავალსაფეხურიანობისაგან, რაც ბევრ ქვეყანაში სერიოზულ პრობლემად ითვლება.

თუმცა, მეორე მხრივ, საპრეზიდენტო რესპუბლიკა არ გამორიცხავს მინისტრთა კაბინეტის არსებობასაც. ზოგიერთ ქვეყანაში პარლამენტის თანხმობა აუცილებელია მხოლოდ პრემიერ-მინისტრის დანიშვმისას. ყველა სხვა საკადრო საკითხს კი მთავრობაში, მათ შორის მინისტრებისა და სხვების საკითხს, პრეზიდენტი წყვეტს პრემიერთან შეთანხმებით.

ასეთი მოდელი ფუნქციონირებს რუსეთში, უკრაინაში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და ბევრ სხვა პოსტსაბჭოურ ქვეყანაში.

მაგრამ, როდესაც ჩვენ ვქმნით ახალი საქართველოს კონსტიტუციას, ხანგრძლივი დისკუსიისა და ღია დებატების შედეგად შევიმუშავეთ უმთავრესი კონცეპტუალური პოსტულატი: „ძლიერი პარლამენტი - ძლიერი პრეზიდენტი“.

ეს მოდელი ყველაზე ახლოსაა ხელისუფლებათა გამიჯვნის ამერიკულ სისტემასთან.

და, მთავრი არგუმენტი შევახსენებ მინისტრთა კაბინეტის აღდგენის მომხრეებს, რომ ამ ინსტიტუტის კვლავ შემოღება შეუძლებელია კონსტიტუციის ძირფესვიანი გადაკეთების გარეშე. ფაქტობრივად, ასეთ შემთხვევაში უნდა ვისარგებლოთ ახალ კონსტიტუციაზე. ქვეყნის ძირითადი კანონის მიმართ ამგვარი დამოკიდებულება კი მე, ცოტა არ იყოს, დაუშვებლად მიმაჩნია.

მოქმედ კონსტიტუციას (მე იგი დიახაც მიმაჩნია საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ უბრწყინვალეს „ძეგლად“), ქვეყნის სამეცნიერო და პოლიტიკური ელიტა ქმნიდა თითქმიას სამი წლის განმავლობაში და იქ არც ერთი შემთხვევითი ფრაზა არ არის.

საქართველოს კონსტიტუცია ეროვნული და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების, გონივრული კომპრომისებისა და ურთულესი ბალანსის შედეგია.

იმ ვითარებაში ასეთი ბალანსისა და კომპრომისის მირწევა ტითქმის შეუძლებელი იყო.

ისტორია განსჯის როლს, რომელიც ამ კკონსტიტუციის შემუშავებაში მეც შევასრულე ჩემს პატივცემულ კოლეგებთან ერთად.

მაგრამ, ახლა რას ვაპირებთ? - ნუთუ არ გვესმის, რომ დაუშვებელია ერთი ხელის მოსმით, თუნდაც ხელმოწერების შეგროვებით, არსებული ბალანსის უგულებელყოფით, ურთულესი კომპრომისების დარღვევით, - შევცვალოთ სახელმწიფოს მართვის სისტემა?!

ვიმეორებ, სულაც არა ვარ წინააღმდეგი, შევქმნათ კომისია, რომელიც მიზანშეწონილ გადაწყვეტილებას შემოგვთავაზებს იმ ელემენტების გათვალისწინებით, რომელთა შესახებაც ახლა ზემოთ მოგახსენეთ.

მესმით, რომ ცხოვრება დღის წესრიგში აყენებს კონსტიტუციაში ცალკეულ ცვლილებათა შეტანის აუცილებლობას.

მაგალითად, ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არგუმენტია, თუ კონსტიტუციის ცვლილებას მოითხოვს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ (ცხინვალის რეგიობის) კონფლიქტის საბოლოო გადაწყვეტის აუცილებლობა და ამისთვის კონსტიტუციაში ადგილიც არის დატოვებული. მაგრამ გაუთავებელი „ვარჯიში საკონსტიტუციო ცვლილებებით“, ქვეყნის უზენაესი კანონის გაუფასურებას მოასწავებს, რაც ყოვლად დაუშვებელია.

- თქვენ მოსკოვში დსთ სახელმწიფოს მეთაურთა სამიტზე მიემგზავრებით. როგორია თქვენი დამოკიდებულება იმ პრობლემატიკისადმი, რომელიც „მეთაურთა საბჭოს“ სხდომაზე იქნება განხილული. კერძოდ, ეს არის „თავისუფალი სავაწრო ზონა“, „კავკასიური ოთხეულის თანამშრომლობა“. ამ კონტექსტით ისევ აქტიურად საუბრობენ „კავკასიური პაქტის“ შესახებაც. არ არის გამორიცხული „უვიზო რეჟიმის“ თაობაზე ბიშკეკის ხელშეკრულებამ რუსეთის მოსალოდნელი გასვლის პრობლემაც დაისვას, რომელიც ეხება არა მარტო საქართველოს, არამედ ყველა პოსტსაბჭოურ ქვეყანას.

გასულ კვირას თქვენ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი ივანოვი მიიღეთ და ერთობლივ განცხადებასაც მოეწერა ხელი თბილისში. და ბოლოს ერთი ასეთი თემა - რუსეთთან ურთიერთობის თემა : შეხვდებით თუ არა პრეზიდენტ პუტინს და მიზანშეწონილად მიგაჩნიათ არა მასთან შეხვედრა მოსკოვში?

- დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ფარგლებში თანამშრომლობას მე, პირადად, ყოველთვის მთელი სერიოზულობითა და პასუხისმგებლობით ვეკიდებოდით.

არც დღეს ვეთანხმები იმათ, ვინც მიიჩნევს, რომ ამ თანამეგობრობამ ამოწურა თავისი შესაძლებლობანი და დროა ვიფიქროთ ამ გაერთიანების დასასრულზე.

უდავოდ წინგადადგმული ნაბიჯი იქნება „თავისუფალი სავაჭრო ზონის“ დაფუძნება. საქართველოს არაერთგზის დაუყენებია ეს საკითხი მოსკოვში, კიშინოცში, სხვადასხვა შეხვდერებსა და სამიტებზე. მადლობელი ვარ კოლეგების, რომელთაც აქტიურად დაგვიჭირეს მხარი. ამჯერად საკითხი განსახილველად შემოდის უკრაინის ინიციატივით, რაც ძალზე ნიშნადობლივია და წარმატების იმედსაც გვისახავს. ეს ის ხელშეკრულებაა, რომელიც ყველაზე მეტად გვჭირდება ახლა. და თუ უკრაინელკების მიერ ამჟამად შემოთავაზებულ პროექტს მივიღებთ, უნდა ვიფიქროთ, რომ ინტეგრაციულ პროცესებს სავსებით სასურველი ხასიათი მიეცემა.

„დამოუკიდენელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა“ ჩვენთვის თუნდაც იმით არის მნიშვნელოვანი, რომ იქ გაერთიანებული არიან ჩვენი მეგობრები და სტრატეგიული პარტნიორები.

არანაკლებ მნიშვნელობას ვანიჭებ „კავკასიური ოთხეულის“ შეხვედრას/ ეს არის იმ პროცესის ერთგვარი გაგრძელება, რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების განცხადებით დაიწყო, შემდგომ იყო კისლოვოდსკის დეკლარაცია, სომხეთის პრეზიდენტის ინიციატივები, რომლებიც მან თბილისში, საქართველოს პარლამენტში გამოაქვეყნა, და თურქეთის პრეზიდენტის, ახლა უკვე ყოფილი პრეზიდენტის სულეიმან დემირელის ცნობილი წინადადებანი „კავკასიური სტაბილურობის პაქტის“ მომზადების თაობაზე. სხვათა შორის, მეც ვმუშაობ ამ პრობლემაზე, მაგრამ უფრო მიზანშეწონილი იქნებოდა მოსკოვიდან დაბრუნების შემდეგ გამოვაქვეყნო ჩემი შეხედულებანი: „კავკასიურ პაქტთან“ დაკავშირებით, მით უმეტეს, რომ ამ პაქტის შინარსსა და ძირითად დებულებებზე მსჯელობენ ახლა ვენაში, ბრიუსელსა და სხვა დედაქალაქებში. სამხრეთი კავკასია მართლაც ექცევა მსოფლიოს ყურადღების ცენტრში.

მივესალმებით, რა თქმა უნდა (მე უკვე ვთქვი ეს) რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის იგორ ივანოვის განცხადებას, რომლითაც მან დაადასტურა, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან ურთიერთობა რუსეთისათვის პრიორიტეტულია. ასეთივე შთაბეჭდილება დამრცა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანთან სერგეი ივანოვთან შეხვედრის შემდეგ. კარგი შეხვედრა იყო, საქმიანი და აბსოლუტურად გულახდილი.

ალბათ, ნაადრევი იქნებოდა, მოსკოვის სამიტიდან უფრო ზუსტად ჩამომეყალიბებინა ჩემი შეხდედულებანი მტელ როგ საკითხებზე, დავბრუნდები და ჩვენი საუბარი შემდეგ გაგრძელდება.

მაგრამ, აქვე არ შემიძლია არ ვტქვა, რომ არის ზოგიერთი ძალიან რთული და ცოტა არ იყოს გაუგებარი პრობლემაც.

მაგალითად, ჩემ ხელთ არსებული ინფორმაციით, სანქტ-პეტერბურგში გამართულ თანამეგობრობის საპარლამენტო ანსამბლეაზე მწვავე კამათი გამოიწვია ბატონ სტროევის იმ წინადადებამ, რომ შესაძლებელია თანამეგობრობის ქვეყნებს შორის შემოიღონ სავიზო რეჟიმი. იქ გამოვიდა ბატონი ელდარ შენგელაია, რომელმაც სავსებით ნათლად ჩამოაყალიბა საქართველოს შეხედულება ამ საკითხთან დაკავშირებით.

როგორც შეუბნებიან, რუსეთის ხელისუფლებას მიაჩნია, რომ ბიშკეკის ხელშეკრულება „უვიზო მიმოსვლის“ შესახებ ძალადაკარგულად უნდა ჩაითვალოს. მე უკვე განვაცხადე ერთხელ, მაგრამ ახლა კვლავ გავიმეორებ, იმდენად მნიშვნელოვანია ეს საკითხი, რომ ასეთი გადაწყვეტილება უფრო კარჩაკეტილობის ტენდეციებს დაამკვიდრებს, ვიდრე ინტეგრაციული პროცესების განვითარებას.

ამიტომაც მე მოსკოვში ჩასვლამდე ვაცხადებ, რომ ასეთი რამ ჩემთვის მიუღებელია. სხვა დასკვნებისაგან ჯერჯერობით თავს შევიკავებ, სანამ სამიტი მუშაობას არ დაამთავრებს.

„საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვა პრეზიდენტის ღირსების საკითხია, ამიტომ არასდროს შევურიგდები პიროვნების ან ეროვნულ უმცირესობათა უფლებების ხელყოფას, ეს ჩემთვის პრინციპის საკითხია“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2000. - 20 ივნისი. - №164 (3565). - 1,2 გვ.

101 საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის ბრიფინგი

▲ზევით დაბრუნება


19 ივნისი, 2000 წელი

კომპანია „რუსთავი-2“: გასულ კვირას პარლამენტში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის ჯიმი ყიფიანის საკითხის განხილვით დაიშვა პრეცედენტი, რომ გამოცდაგაუვლელ მოსამართლეს უფლებამოსილება არ შეუწყდა. როგორ შეაფასებთ ამ კონტექსტში პროკურატურაში მოსალოდნელ რეფორმებს? რამდენად აუცილებლად მიგაჩნიათ ამ სფეროში გამოცდების ჩაბარება?

ედუარდ შევარდნაძე: პროკურატურაში გამოცდების ჩაბარების საკითხს ყველა ნიუანსის გათვალისწინებით ცოტა მოგვიანებით უნდა დავუბრუნდე. პრინციპულად, ამ პროცესის განხორციელების წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ამ ორგანოსათვის დამახასიათებელი სპეციფიკა უნდა გავითვალისწინოთ. უფრო დეტალურად მაშინ გიპასუხებთ, როცა ეს პროცესი მოახლოვდება.

„რუსთავი-2“: ამ პროცესებმა, მათ შორის, ნანა დევდარიანის კანდიდატურის განხილვამ, კიდევ უფრო წარმოაჩინა საპარლამენტო უმრავლესობაში არსებული დაპირისპირება. როგორ შეაფასებთ ამ ფაქტს, რომ პარლამენტში უმრავლესობა აღარ არსებობს?

ედუარდ შევარდნაძე: ვფიქრობ, აზრთა სხვადასხვაობის ზედმეტი დრამატიზირება ხდება. განსხვავებული მოსაზრებები შეიძლება არსებობდეს ფრაქციაშიც, პარლამენტში ხომ - თავისთავად. ნანა დევდარიანის მაგალითი არ გამოდგება იმის საილუსტრაციოდ, რომ საპარლამენტო უმრავლესობა დაიშალა. ქალბატონი ნანას კანდიდატურის წინააღმდეგი მხოლოდ ორი აღმოჩნდა, მათ შორის, უმრავლესობამ თითქმის ერთსულოვნად მისცა ხმა. ეს არ არის დაშლის ნიშანი. არა მგონია, რომ უმრავლესობის დაშლის საფუძველი არსებობდეს. შეიძლება ზოგიერთმა დატოვოს მისი რიგები, ზოგიერთი კი - შემოვიდეს. ეს ბუნებრივი პროცესი იქნება.

საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი: დღევანდელ რადიოინტერვიუში დიდი ყურადღება დაუთმეთ მოსალოდნელი მოსკოვში დაგეგმილი დსთ-ის უმაღლესი დონის სამიტის თემას და შეეხეთ იქ განსხვავებულ საკითხებს. ხომ არ დადგება დღის წესრიგში კონფლიქტის ზონაში მყოფ სამშვიდობო ძალების საკითხი? 23 ივნისს სრულდება ექვსი წელი მათი შემოსვლიდან. როგორ აფასებთ სამშვიდობო ძალების შემოყვანას დღევანდელი გადასახადებიდან? თუკი საუბარი იქნება მათი მანდატის გაგრძელებაზე, რა იმედი უნდა დაამყაროს ამაზე ქართულმა მხარემ?

ედუარდ შევარდნაძე: მე ამ სამიტზე აფხაზეთის საკითხის განხილვის წინააღმდეგი ვარ. ახალს ვერაფერს ვიტყვით, მთავარია, შესრულდეს წინა სამიტებზე მიღებული გადაწყვეტილებები. რაც შეეხება სამშვიდობო ძალების მანდატის გაგრძელებას, ალბათ, კიდევ ექვსი თვით გავუგრძელებთ. ბოლო ხანებში შენიშვნები სულ უფრო ნაკლებია. სამშვიდობო ძალების ხელმძღვანელობასთან ურთიერთბა საკმაოდ საქმიანი ხასიათისაა.

სააგენტო „პრაიმ-ნიუსი“: გვაინტერესებს პანკისის ხეობაში მყოფი ჩეჩენი ლტოლვილების ბედი. თურქეთი, მიწისძვრით გამოწვეული საკუთარი პრობლემების გამო, როგორც ჩანს, უარს აცხადებს მათს მიღებაზე. უპერსპექტივოდ მიმდინარეობს მოლაპარაკება რუსეთთან, ასევე აზერბაიჯანთან. ხომ არ არის მოსალოდნელი მათი აქ სამუდამოდ დარჩენა და დასახლება?

ედუარდ შევარდნაძე: ჯერჯერობით ასეთი საფრთხე მოსალოდნელი არ არის. ძირითადი მასა ლტოლვილებისა, რომლებიც ხეობაში არიან, საკმაოდ ნორმალურად იქცევა, ესმით ჩვენი პრობლემები, მადლობელი არიან იმ დახმარებისა, რომელსაც ჩვენი ქვეყანა უწევს. ცხადია, მათ შორის არიან ისეთებიც, რომელთაც შეუძლიათ იარაღით ხელში ესა თუ ის ფუნქცია შეასრულონ, მაგრამ მათი სურვილი, ისევე როგორც მთელი მასისა, ჩეჩნეთში დაბრუნებაა. ამიტომ, ვფიქრობ, არც თურქეთის ვარიანტია რეალური, არც აზერბაიჯანის და არც სხვა რომელიმე ქვეყნის. საუკეთესო გამოსავალია, რუსეთმა რაც შეიძლება სწრაფად მოაგვაროს თავისი პრობლემები ჩეჩნეთში, შეიქმნას ცხოვრების ნორმალური პირობები და, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ხალხი სამშობლოში დაბრუნდება. არც ერთ მათგანს არ გამოუთქვამს საქართველოში დასახლების სურვილი. ამის საშუალება არც არის. ხეობა, რომელიც სხვადასხვა ეროვნების ხალხით არის დასახლებული ძალზე პატარაა, იქ ძალიან ნაკლებია მათი დაფუძნების პერსპექტივა.

„პრაიმ-ნიუსი“: თუ უყურებთ ევროპის ჩემპიონატს ფეხბურთში და რომელ ნაკრებს გულშემატკივრობთ?

ედუარდ შევარდნაძე: სამწუხაროდ, ვერ ვუყურებ მოუცლელობის გამო. იშვიათად თუ ვნახავ ფრაგმენტებს. მაგრამ, ვფიქრობ, არ არის ის დონე, რომელიც, ჩემი გემოვნებით, მაღალ დონეზე ითვლება. ვის ვუჭერ მხარს? არ გამოვყოფდი არავის. იცოცხლე, მხარს დავუჭერდი, საქართველოს გუნდი რომ ყოფილიყო.

რუსეთის ტელეარხი „ტვ-6“: გასულ კვირას რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივანმა თბილისში განაცხადა, რომ რუსეთი იტოვებს უფლებას, გამოვიდეს ბიშკეკის ხელშეკრულებიდან და შემოიღოს სავიზო რეჟიმი დსთ-ის ქვეყნებთან. რამდენად ეწინააღმდეგება რუსეთის ეს გადაწყვეტილება დსთ-ის სხვა ქვეყნების ინტერესებს? ხომ არ უთხრის იგი ძირს დსთ-ის არსებობის საფუძველს, ვინაიდან ბიშკეკის შეთანხმება დსთ-ის ძირითად დოკუმენტს წარმოადგენს?

ედუარდ შევარდნაძე: ვფიქრობ, მართალი ხართ. ამ ხელშეკრულების ანულირება ძირს უთხრის დსთ-ის საფუძველს. ეს ის შეთანხმებაა, რომელიც რეალურად მუშაობს. დღეს დილით განვაცხადე, რომ ამ დოკუმენტის ლიკვიდაცია არსებითად მიმართულია არა იმდენად მთავრობათა, რამდენადაც თვითონ მოქალაქეთა ინტერესების წინააღმდეგ, რადგან ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების მოქალაქეებს დიდი მიზიდულობა აქვთ ერთმანეთის მიმართ. მართალია, ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას, მაგრამ, თუ მაინც მიიღებენ ამ გადაწყვეტილებას, ვფიქრობ, ეს თითოეული სახელმწიფოს იზოლაციას უფრო გამოიწვევს, ვიდრე ინტეგრაციას. მე არ ვიწონებ ამ მოსაზრებას.

სააგენტო „როიტერი“: ამ ბოლო დროს საქართველოს ტელევიზიით და სხვა საინფორმაციო საშუალებებით გადაიცა ინფორმაცია, რომ საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მხარს უჭერს პროსტიტუციის ლეგალიზების იდეას. რამდენად რეალურად და რაციონალურად გესახებათ პროსტიტუციის, ნარკომანიისა და სხვა მოვლენათა ლეგალიზება?

ედუარდ შევარდნაძე: თითქმის ყოველდღიურად კავშირი მაქვს ავთანდილ ჯორბენაძესთან, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანი სამინისტროა, განსაკუთრებით მისი გაერთიანების შემდეგ. მე ყველა პროცესის საქმის კურსში ვარ. ჩვენი ურთიერთბა იძლევა იმის საშუალებას, რომ, თუკი ამგვარი საკითხი დადგება, საქმის კურსში ჩამაყენოს. არა მგონია, ეს იდეა სამინისტროდან მოდიოდეს. ალბათ, ვიღაცამ „მიაკერა“. სამინისტროს ხელმძღვანელობაში ასეთი წინადადება არ დასმულა. რაც შეეხება თვითონ პრობლემას, პროსტიტუცია იქნება, ნარკომანია თუ სხვა, მათ წინააღმდეგ ხელისუფლებამ ბრძოლა უნდა გააძლიეროს.

გაზეთი „სეგოდნია“: დღეს ბევრს ვლაპარაკობთ ბიშკეკის ხელშეკრულებიდან გამოსვლაზე. ამ ხელშეკრულებიდან გამოსვლით რუსეთი თვითონ იზღუდავს თავს რკინის ფარდით. ამას ემატება მედიომაგნატის გუსინსკის დაპატიმრება და შემდგომში გათავისუფლება. ათი წლის წინათ, თქვენ საუბრობდით რუსეთში ტოტალიტარიზმის მოახლოების საფრთხეზე. მაშინ თქვენ გადადექით საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან, ხომ არ გაქვთ იმის შეგრძნება, რომ გუსინსკის დაპატიმრება, ბიშკეკის შეთანხმებიდან გამოსვლა მიგვანიშნებს მოახლოებული ტოტალიტარიზმის საშიშროებაზე?

ედუარდ შევარდნაძე: საბედნიეროდ, ჯერჯერობით ამგვარი შეგრძნება არ მაქვს. შემდგომში ვნახავთ, რაც შეეხება გუსინსკის დაპატიმრებას, ამ ფაქტს მსოფლიო საზოგადოება საკმაოდ მკვეთრად გამოეხმაურა, ვფიქრობ, პრეზიდენტმა პუტინმაც მართებული განცხადება გააკეთა ამასთან დაკავშირებით. ეჭვისა და სამხილის შემთხვევაშიც კი არ არის აუცილებელი დაპატიმრება. პუტინმაც აღმკვეთი ღონიძიების შეცვლის თაობაზე ილაპარაკა. არ ვიცი, როგორ იმოქმედა ამან პროკურატურის გადაწყვეტილებზე, მაგრამ ეს გაკეთდა, რაც, ჩემი აზრით, სწორია. გუსინსკის ახლოს არ ვიცნობ, მაგრამ რამდენჯერმე შევხვედრივარ. ის არა მარტო ბიზნესმენია, არამედ წარმატებული საზოგადო მოღვაწე, ეხმარება პრესას, ტელევიზიას, ასეთ ადამიანებთან, ცხადია, ფრთხილად უნდა იყო.

გაზეთი „დრონი“: რამდენიმე დღის წინათ „გაორმა“ კვლავ შემოიტანა პიროლიზური ფისის პარტია, რომელსაც შემოსავლების სამინისტრო განბაჟების საშუალებას არ აძლევს. როგორი იქნება თქვენი კომენტარი ამასთან დაკავშირებით? რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ ის ფაქტი, რომ დავა პიროლიზურ ფისთან დაკავშირებით დაყვანილია გვარებს შორის ბრძოლამდე?

ედუარდ შევარდნაძე: ვერ გეტყვით, კლანების და გვარების ბრძოლა რამდენად არის ამ საქმისათვის დამახასიათებელი. ვიცი, რომ ეს ქარხანა დაინტერესებულია, შემოიტანოს ნედლეული. რაც შეეხება პიროლიხური ფისის შემოტანას, მიხეილ მაჭავარიანმა მიიღო გადაწყვეტილება, არ მოახდინოს განბაჟება. როგორც მან მითხრა, ტვირთი აზერბაიჯანის საზღვარზეა და საქართველოში ჯერ არ შემოსულა. კონსულტაციები გაგრძელდება. არ გამოვრიცხავ, რომ საკანონმდებლო აქტი, ან კანონქვემდებარე აქტიც მივიღოთ. თუ ის მავნებელია ადამიანის ჯანმრთელობისათვის, არ უნდა შემოვიტანოთ. რაც შეეხება თვით ქარხანას, მის მიმართ მე გარკვეული ინტერესი მაქვს. ჩვენ დავიწყებთ საკუთარი ნავთობის ამოღებას და აუცილებელია, რომ თბილისთან ახლოს იყოს მისი გადამმუშავებელი ქარხანა. ამ ქარხანას აკლია ერთი რამ - არ გააჩნია დანადგარები სუფთა ბენზინის გამოსაშვებად, მაგრამ, როგორც რევაზ თევზაძისგან შევიტყვე, არსებობს გეგმა და რეალური რესურსებიც, რათა შემოიტანონ საამისოდ საჭირო ძვირადღირებული დანადგარები. ამის შემდეგ საქართველოს ექნება საკუთარი ბენზინი.

რადიო „ბი-ბი-სი“: რა გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმას აპირებს საქართველო კონფლიქტების მოწესრიგების მიზნით? არსებობს თუ არა არძინბასთან თქვენი შეხვედრის რეალური პერსპექტივა? სამი დღის წინათ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ჩვენთან ინტერვიუში დაადასტურა, რომ დაბეჯითებით მოითხოვს თქვენთან შეხვედრას.

ედუარდ შევარდნაძე: პერსპექტივა დღეს გაცილებით მეტია, ვიდრე ოდესმე. მხედველობაში მაქვს ის სამუშაო, რომელსაც ახორციელებენ გაეროს უშიშროების საბჭო, ევროპის უშიშროების სტრუქტურები, მათ შორის, ევროკავშირი და მრავალი ჩვენი მეგობარი სახელმწიფო, აგრეთვე, ის სახელმწიფოები, რომლებიც გაერთიანებული არიან საქართველოს მეგობართა ჯგუფში. ბრიუსელში, ვენაში ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს მშვიდობიანი კავკასიის პაქტზე, საქმეში ჩართული არიან ყველაზე გამოცდილი სპეციალისტები. რაც შეეხება არძინბასთან შეხვედრას, ეს უდავოდ სასარგებლო იქნება, მაგრამ მას შემდეგ, რაც ჩვენ გვექნება კონკრეტული შედეგების გარანტიები. მე წინააღმდეგი ვარ შეხვედრისა შეხვედრისათვის. აუცილებლად გვჭირდება გარკვეული გარანტიები. ახლა ბევრი ფიქრობს ამის შესახებ.

ამჟამად სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს ერთიანი სახელმწიფოს ფარგლებში აფხაზეთის სტატუსის განსაზღვრასთან, საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასა და აფხაზეთის ხელმძღვანელობასთან შორის ფუნქციათა გამიჯვნასთან დაკავშირებით. გარკვეული დროის შემდეგ ეს ყველაფერი დაგვაახლოვებს შერიგების პროცესთან.

სააგენტო „ელიზი-ნიუსი“: საპრეზიდენტო არჩევნებამდე გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“ გამოქვეყნდა გამოკვლევა, რომლის მიზანი იყო, გარკვეულიყო ატყუებენ თუ არა საქართველოს პრეზიდენტს. საქართველოს მთავრობის წევრთა უმეტესმა ნაწილმა თქვა, რომ თქვენ გატყუებენ, ან ცდილობენ, მოგატყუონ, მაგრამ ვერ ახერხებენ. იმდენად, რამდენადაც მთავრობა კვლავ იგივე დარჩა, არის თუ არა ეს საკითხი კვლავ აქტუალური და არის თუ არა შესაძლებელი ედუარდ შევარდნაძის მოტყუება?

ედუარდ შევარდნაძე: არ მგონია, რომ მთავრობის წევრებიდან, დეპარტამენტის ხელმძღვანელებიდან, რომლებთანაც მე ურთიერთობა მაქვს, ვინმე შეგნებულად ცდილობდეს ჩემს მოტყუებას. უპირველესად, ვფიქრობ, მათ საკუთარი სინდისი არ მისცემთ ამის უფლებას. ალბათ, არც ის არის მეორეხარისხოვანი, რომ არც ისე იოლია ჩემი მოტყუება, რომ არ ვთქვა შეუძლებელი.

გაზეთი „თუთარჩელა“: თამაზ ნადარეიშვილმა უმრავლესობიდან გამოსვლის შემდეგ ლტოლვილებს მასობრივი აქციებისკენ მოუწოდა. ეს პროცესი რეგიონებსაც მოედო. მეტად საეჭვოა, რომ ეს პროცესი დაემთხვა აფხაზეთ-სამეგრელოს საზღვარზე კონტრაბანდასთან, პირველ რიგში, დათო შენგელიასთან შეურიგებელ ბრძოლის გამოცხადებას. დათო შენგელიას ერთ-ერთ მფარველად სწორედ თამაზ ნადარეიშვილია გამოცხადებული. რას იტყოდით ამასთან დაკავშირებით? როგორ შეაფასებდით ნადარეიშვილის ამ განცხადებას?

ედუარდ შევარდნაძე: მე მივაქციე ყურადღება ბატონ თამაზის განცხადებას. ჩემამდე მოსული ინფორმაცია მთლად ზუსტი არ იყო. ამიტომ ამის შესახებ მასაც შევეკითხე და სხვა წყაროებითაც გადავამოწმე. მის გამოსვლაში არ იყო მრავალათასიანი მიტინგებისკენ პირდაპირი მოწოდება. ეს იყო ჩვეულებრივი კამათი დარბაზში მყოფ ადამიანებთან და მაშინ ბატონ თამაზის პასუხი დაახლოებით ასეთი იყო - თუკი აფხაზეთის ლეგიტიმური ხელმძღვანელობა საჭიროდ მიიჩნევს მიტინგების გამართვას, ჩვენ შევკრებთ არა 200-500 კაცს, არამედ ათი ათასობით ადამიანს. რაც შეეხება ენგურის ხიდთან კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლას, განხორციელდა მართლაც სერიოზული ღონისძიებები, რომლებიც კიდევ უფრო გაძლიერდება. არ გვინდა, შევაწუხოთ გალისა და ზუგდიდის მოსახლეობა, რომელთაც გაჭირვება აიძულებთ. მცირე რაოდენობით თხილი და სხვა სარჩო გადმოიტანონ. მაგრამ, როცა საქმე ეხება სიგარეტის დიდი რაოდენობით გადმოტანას, ცხადია, ამას არ დავუშვებთ. არ დავუშვებთ არავის თარეშს, ვინც უნდა იყოს ის. ვერ გეტყვით, რას აკეთებს შენგელია, ვინაიდან მისი მამხილებელი დოკუმენტები ხელთ არა მაქვს, არც ვარ ვალდებული, მქონდეს. ბატონი თამაზი ამბობს - შეიძლება შენგელიას მხარს ვუჭერდე, როცა ის აფხაზეთის დაბრუნებისათვის აქტიურად იბრძვის, მაგრამ, თუ ის კრიმინალია, სამართალდამცველმა ორგანოებმა პასუხი უნდა აგებინონ და ამ შემთხვევაში შენგელიას მხარდამჭერის და მფარველის იმედი არ უნდა ჰქონდეს.

გაზეთი „მერიდიანი“: ჩვენს გაზეთში გამოქვეყნდა აკაკი დვალიშივილის ღია წერილი პრეზიდენტისადმი. რა კომენტარს გაუკეთებდით მას?

ედუარდ შევარდნაძე: მე თავს ვიკავებ გაზეთებში გამოქვეყნებული წერილების კომენტარისაგან, რადგან მაშინ ჩვენი პრესკონფერენცია გადაიქცევა ანგარიშსწორებისა და ურთიერთპრეტენზიების გამოთქმის ასპარეზად. მე ბევრ რამეს ვკითხულობ, მათ შორის, გავეცანი დვალიშვილის წერილსაც, მაგრამ ვიტოვებ უფლებას, როცა საჭიროდ ჩავთვლი, მაშინ გამოვეხმაურო მას.

ტელეკომპანია „ნტვ“: ამ კვირაში გაგრძელდება მოლაპარაკება საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის თაობაზე. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, ბაზაზე არსებული სამხედრო ტექნიკა უნდა გადაიტანონ რუსეთში. თავის დროზე თქვენ აღნიშნავდით, რომ უკანონო გატანამ ათი მილიარდი დოლარის ოდენობის ვალი წარმოშვა. ამჟამად დართავთ ნებას, რომ ეს ტექნიკა საქართველოდან გაიტანონ, თუ რუსეთი ვალდებულია, გადმოსცეს იგი საქართველოს?

ედუარდ შევარდნაძე: ამ ეტაპზე ეს საკითხი მოლაპარაკების საგანია, რის შედეგადაც გადაწყდება, რა უნდა დარჩეს და რა - გადაიტანონ. სამწუხაროდ, სტამბოლის შეთანხმებაში არ არის გათვალისწინებული, რომ ეს ტექნიკა საქართველოს ტერიტორიაზე დარჩეს. პირიქით, ზოგიერთმა ქვეყანამ, მათ შორის, ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც, გარანტია მოგვცა, რომ დაგვეხმარებიან იმ ხარჯების დაფარვაში, რაც დაკავშირებულია ტექნიკის გატანასთან. ჩვენთვის დღეს მთავარია არა ტექნიკა, არამედ სამხედრო ბაზების ყოფნა-არყოფნის საკითხი. მოლაპარაკებაც ამ კუთხით მიმდინარეობს.

„ნტვ“: თქვენ აღნიშნეთ, რომ გუსინსკისთან დაკავშირებით პუტინი სწორად მოიქცა. მაგრამ როდის მოიქცა სწორად - როცა გაათავისუფლა იგი, თუ როცა დააკავა?

ედუარდ შევარდნაძე: ვფიქრობ, მას არც დაუკავებია და არც გაუთავისუფლებია. მან თავისი მოსაზრება გამოთქვა აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით.

გაზეთი „ალია“: გავრცელებული ინფორმაციით, დსთ-ს სამიტზე თქვენ უნდა შემოგთავაზონ რუსეთ-ბელორუსიის კავშირთან შეერთების წინადადება ეკონომიკურ სფეროში. თუ არის ასეთი რეალური შესაძლებლობა და რა დადებითი ტენდეციები გაჩნდა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში პუტინის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ? ჩვენთვის გადმოგზავნილ მასალაში თქვენი ფრაზებია გამოყენებული, სადაც დასტურდება, თითქოს ამ კავშირში გაწევრიანებაზე თანახმა ბრძანდებით.

ედუარდ შევარდნაძე: მე არავითარი წინადადება არ შემიტანია და არც დამიგმია რუსეთ-ბელორუსეთის კავშირი, იმიტომ რომ ეს ამ ორი ქვეყნის გადასაწყვეტი საკითხია. შეიძლება მათ რომელიმე სხვა ქვეყანაც შეუერთდეს, მაგრამ ეს არ იქნება საქართველო.

რაც შეეხება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის დადებით ტენდენციებს, მათი შეფასება ჩემს მოვალეობაში არ შედის. სერიოზული პოლიტიკის თვალსაზრისით, არც ეთიკური იქნებოდა და არც გამართლებული კომენტარი გავუკეთო პუტინის საქმიანობას. შემიძლია ერთი რამ ვთქვა: მუშაობს ძალიან აქტიურად და რუსეთის როლი საგარეო პოლიტიკაში აქტიურობის თვალსაზრისით ძალიან გამოიკვეთა.

სააგენტო „ინტერფაქსი“: თქვენმა ამასწინანდელმა განცხადებამ საქართველოში დიდი ნავთობის არსებობის შესახებ ფართო რეზონანსი გამოიწვია. გაჩნდა სკეპტიკური მოსაზრებებიც როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. ხომ არ ფლობთ ახალ ინფორმაციას საქართველოში არსებული ნავთობის მარაგის შესახებ? როგორია თქვენი კომენტარი ტრანსკასპიური გაზსადენის პროექტის შესახებ, რომელთან დაკავშირებითაც გარკვეული პრობლემები გაჩნდა.

ედუარდ შევარდნაძე: ტრანსკასპიურ გაზსადენთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება გამიჭირდება. მიმდინარეობს მოლაპარაკება სხვადასხვა ფირმებთან. როგორც ვიცი, პრობლემა დაკავშირებულია ინვესტორთან. ისე, პრინციპული მნიშვნელობის გადაწყვეტილება თავის დროზე მიღებულია სტამბოლის სამიტზე.

რაც შეეხება საქართველოში დიდი ნავთობის არსებობას, მე ის პიროვნება არ გახლავართ, რომ საფუძვლიანი დასაბუთების არსებობის გარეშე ვაკეთო ხმამაღალი განცხადებები. არსებობს თვალსაჩინო სპეციალისტების მიერ გაკეთებული დასკვნების, მათ შორის, მათიც, ვინც დიდ კაპიტალს აბანდებს ამ რეგიონში. საქართველოში ნამდვილად არსებობს მდიდარი ნავთობსაბადოები. ამჟამად ყველა ღონეს ვხმარობთ, რათა სწრაფად ამუშავდეს იქ რეალურად არსებული სიმძლავრეები.

სააგენტო „იტარ-ტასსი“: ბოლო ხანებში ხშირად ლაპარაკობენ ლავრენტი ბერიას რეაბილიტაციის შესახებ. ამასთან დაკავშირებით იქნებ გამოგეთქვათ თქვენი მოსაზრება, მით უმეტეს, რომ თქვენ თავის დროზე 7 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდით შინაგან საქმეთა სამინისტროს, და ალბათ, სწავლობდით თქვენს წინამორბედთა ისტორიას. რას ფიქრობთ ლავრენტი ბერიას რეაბილიტაციის შესაძლებლობაზე?

ედუარდ შევარდნაძე: მე მართლა ვიყავი შინაგან საქმეთა მინისტრი და, სხვათა შორის, საგარეო საქმეთა მინისტრიც. შევისწავლე ზოგიერთი მნიშვნელოვანი მასალა. ღმერთმა ნუ ქნას, რომ რაც იმ წლებში ხდებოდა, ოდესმე განმეორდეს. მარტო საქართველო არ მაქვს მხედველობაში. ეს იყო საშინელი უკანონობა, ათასობით დაღუპული, დახვრეტილი ადამიანი, ყოველგვარი სასამართლოს გარეშე. რაც შეეხება ლავრენტი ბერიას, არა მგონია, ჩემი თაობის პერიოდში ეს საკითხი განხილულ იქნეს. რაც შეეხება მომავალ თაობებს, ეს სხვა საკთხია.

საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის ბრიფინგი : 19 ივნისი, 2000 წელი // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2000. - 20 ივნისი. - №164 (3565). - 3 გვ.

102 საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდების პარლამენტის წევრებს

▲ზევით დაბრუნება


მილოცვა

ჩემო ახალგაზრდა მეგობრებო, ქვეყნის იმედო და მომავალო.

გილოცავთ საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის პარლამენტის წევრებად არჩევას და მუშაობის დაწყებას.

თქვენ დღეს თანატოლებმა დიდი ნდობა გამოგიცხადეს თქვენი ნიჭის, სიბეჯითის, პატიოსნებისა და ხასიათის გამო. დარწმუნებული ვარ, მომავალში ბევრ თქვენგანს საქართველოს ხალხი გამოუცხადებს ნდობას ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროში და ოცდამეერთე საუკუნის საქართველოს ხასიათს თქვენ განსაზღვრავთ.

თქვენი ერთობლივი მუშაობა, ერთმანეთთან დაახლოება, კამათი, ძიება იმის საწინდარი იქნება, რომ მომავალში, როცა ქვეყანას ჩაიბარებთ, ასევე გულითადი ურთიერთობით გააგრძელოთ ქვეყნის მართვა.

სწორედ ამიტომ თქვენი პარლამენტი დიდი გამოცდის რეპეტიციაა, გამოცდისა, რომელსაც ძნელი და რთული ცხოვრება ჰქვია.

ყველაფერს კარგს გისურვებთ.

მუდამ გახსოვდეთ, ქვეყანას თქვენი იმედი აქვს, თქვენ საქართველოსი ხართ და საქართველო - თქვენი.

ედუარდ შევარდნაძე.
19.06.2000 წელი. თბილისი.

საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდების პარლამენტის წევრებს : მილოცვა // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2000. - 22 ივნისი. - №166 (3567). - 1 გვ.

103 თამაზ ტატიშვილს დაბადების სამოც წლისთავზე

▲ზევით დაბრუნება


მილოცვა

ბატონო თამაზ, გილოცავთ დაბადების სამოც წლისთავს.

რამდენადაც ვიცი, ამ სამოციდან ორმოცი წელი განათლების დარგში განუწყვეტლად მუშაობდით და გაიარეთ ყველა საფეხური მასწავლებლიდან მინისტრის მოადგილემდე, ეტყობა, სწორედ ამიტომ კარგად იცით და გულთან ახლოს მიგაქვთ სკოლის ყველა სატკივარი.

მიუხედავად დიდი სიძნელეებისა, მე იმედს არ ვკარგავ, რომ განათლების სისტემა, რომელმაც ღირსეულად იტვირთა ყველაზე საპატიო და მოსაფრთხილებელი ტვირთი, კვლავაც ქვეყნის ერთგულებისა და მოსწავლეებისათვის თავდადების გზით ივლის.

დიდი მადლობა ამ პროცესის აქტიური მონაწილეობისათვის.

დიდი მადლობა, რომ ჩვენს განათლების სისტემას ღირსეულად წამოადგენთ არა მარტო აქ, არამედ უცხოეთშიც.

ყოველივე კარგს გისურვებთ.

პატივისცემით,

ედუარდ შევარდნაძე.

თამაზ ტატიშვილს დაბადების სამოც წლისთავზე : მილოცვა // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2000. - 27 ივნისი. - №171 (3572). - 1 გვ.

104 „ის რაც კარგია და სასარგებლო აჭარისათვის, სასიკეთო და სასარგებლოა მთელი საქართველოსთვისაც და, პირიქით, რაც კარგია დედასამშობლოსათვის, კარგია და მისაღები აჭარისათვის, ქვეყნის ყველა რეგიონისათვის“

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
26 ივნისის რადიოინტერვიუ

- გასულ კვირას თქვენ თანამეგობრობის მოსკოვის სამიტზე მიიღეთ მონაწილეობა. პირადად შეხვდით და ესაუბრეთ ვლადიმერ პუტინს, გაიმართა „კავკსიური ოთხეულის“ შეხვედრა. როგორც ვიცი, საერთოდ არ განხილულა აფხაზეთის თემა, სამშვიდობო ძალებს კი 6 თვით გაუგრძელეს ვადა. სავიზო რეჟიმის შემოღება დღის წესრიგში ჯერჯერობით არ დამდგარა, ასეთი იყო სამიტის ძირითადი, თუ შეიძლება ითქვას, მონაცემები და შედეგები ჩვენთვის. საერთოდ, როგორ შეაფასებდით ამ სამიტის მუშაობასა და მის შედეგებს? - ჟურნალისტის ნატო ონიანის ამ შეკითხვის პასუხად თავის ტრადიციულ ორშაბათის რადიოინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა:

- თანამეგობრობის ბოლო სამიტი, ჩემი აზრით, შეიძლება რამდენადმე გარდამტეხიც აღმოჩნდეს ამ ორგანიზაციისათვის.

მოსკოვში მიღებულ კონკრეტულ გადაწყვეტილებებთან ერთად ძალზე მნიშვნელოვნად მიმაჩნია ის სერიოზული ცვლილებები, უკვე რომ იგრძნობა თანამეგობრობისადმი თვით რუსეთის ხელმძღვანელობის დამოკიდებულებაში.

კმაყოფილებით აღვნიშნავ, რომ რუსეთის ახალმა პრეზიდენტმა სწრაფად აუღო ალღო შექმნილ ვითარებას და კიდეც გადადგა სერიოზული ნაბიჯები დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში შექმნილი ატმოსფეროს, მე ვიტყოდი, გაჯანსაღების გზაზე. ამ ორგანიზაციის მომავალი კი მართლაც მთლიანად იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად შეძლებს იგი გახდეს წევრ სახელმწიფოთა სტაბილურობისა და სუვერენობის ხელშემწყობი მნიშვნელოვანი ფაქტორი და, თქვენ მოგეხსენებათ, რომ ეს მე არაერთხელ განმიცხადებია.

პრეზიდენტ პუტინის განცხადებები, სხვადასხვა მიმართულებით მიღებული მისი გადაწყვეტილებები, აგრეთვე ჩვენი შეხვედრებისა და შთაბეჭდილება მარწმუნებს, რომ მეზობელი და მეგობარი რუსეთის სათავეში მოვიდა მოაზროვნე, გაწონასწორებული, პრაგმატული პოლიტიკოსი, რომელსაც შესანიშნავად ესმის თავისი ქვეყნის ინტერესები, გაცნობიერებული აქვს მეზობლების ინტერესებიც და კარგად იცის, რომ პოლიტიკა არა მარტო „შესაძლებლობის ხელოვნებაა“, არამედ ინტერესთა თანხვედრის ხელოვნებაც.

ყოველ შემთხვევაში, პირველი-ორი შეხვედრით მიღებული შთაბეჭდილება ასეთია.

როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ მიზანშეწონილად მივიჩნიეთ პირისპირ შევხვედროდით ერთმანეთს მოსკოვის სამიტის დროს და ვითათბირეთ კიდეც და ვიმსჯელეთ ორივე მხარისათვის საინტერესო საკითხებზე.

ამჯერად მხოლოდ ერთ მათგანს შევეხები: პრეზიდენტ პუტინთან საუბრისას მივიღე გადაწყვეტილება, რომ უახლოეს დღეებში ერთმანეთს შეხვდებიან რუსეთისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრები, რათა იმსჯელონ და გადაწყვიტონ ვალების შემდგომი რესტრუქტურიზაციის პრობლემა. მოგეხსენებათ, დღევანდელ პირობებში ამ საკითხს, რა კონკრეტული დატვირთვა აქვს ჩვენი ქვეყნისათვის.

თვით სახელმწიფო მეთაურთან შეხვედრაც ძალზე საინტერესო და შინაარსიანად წარიმართა. პრეზიდენტმა პუტინმა აქაც დაადასტურა და გამოხატა განსაკუთრებული პატივისცემა მეზობელი ქვეყნების დამოუკიდებლობისადმი, თანასწორობის პრინციპებისადმი ერთგვარი ერთგულება. საერთოდ, ისეთი დამოკიდებულება, რომელიც, ბოლოს და ბოლოს, არა მარტო სიტყვით ადასტურებს, არამედ საქმით ადასტურებს და ხელს უწყობს იმ დადებით ცვლილებებს თანამეგობრობაში რომ უნდა მოხდეს ყველა სახელმწიფოს სასარგებლოდ და მათი ინტერესების გათვალისწინებით.

მე ვერ გეტყვით, რომ ახლა უკვე ყველა პრობლემა მოხსნილია და ამ სამიტმა გადაწყვიტა ყველა ეს საკითხი, რომლებიც გარკვეულწილად აღელვებს და აწუხებს ცალკეულ ქვეყნებს, სხვა ცალკეულ სახელმწიფოებს, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ამ ატმოსფეროს ფორმირების, დამოკიდებულების თვალსაზრისით, მე მგონი, ეს შეხვედრა უდავოდ წინგადადგმული ნაბიჯია.

სულ რამოდენიმე ნაბიჯიღა გვაშორებს თავისუფალი სავაჭრო ზონის დაფუძნებას. აქაც გადამწყვეტი სიტყვა, რა თქმა უნდა, რუსეთმა უნდა თქვას მეზობლებთან და პარტნიორებთან შეთანხმებით, მრავალმხრივი ინტერესების გათვალისწინებით, ვფიქრობ, ეს სამუშაო წლის დამლევამდე დასრულდება.

მოგეხსენებათ, რომ თავისუფალი სავაჭრო ზონის საკითხის დაყენების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ინიციატორი საქართველო იყო უკრაინასთან და ზოგიერთი სხვა ქვეყანასთან ერთად. ამჯერად ეს საკითხი უკრაინის ინიციატივით იყო შემოტანილი, მაგრამ, როგორც გაირკვა, თვით რუსეთის ადმინისტრაცია ჯერჯერობით არ არის მზად იმისათვის, რომ ყველა დებულებას დაუჭიროს მხარი და სწორედ ამიტომ წლის დამლევამდე დათქმული ვადა, ვფიქრობ, საკმარისი იქნებოდა, რათა რუსეთმა საბოლოოდ ჩამოაყალიბოს თავისი პოზიცია. ჩვენც ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი პარლამენტში განხილვასთან დაკავშირებით.

საგულისხმოდ მიმაჩნია აგრეთვე „კავკასიური ოთხეულის“ სამიტზე მიღებული განცხადებაც. უნდა გითხრათ, რომ რაღაც ისეთი კონკრეტული, ვთქვათ გადაწყვეტილება, რაღაც სერიოზული განაცხადი არ არის, უფრო ზუსტად, ზოგადი ფრაზების - მშვიდობის, სტაბილურობის სასარგებლოდ მოლაპარაკების გაძლიერების თვალსაზრისით და ასე შემდეგ. მაგრამ, თავისთავად ის ფაქტი, რომ ერთმანეთს შეხვდნენ ოთხეულის - რუსეთის, საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტები, ეს უკვე იმის მომასწავლებელია, რომ იწყება უფრო ინტენსიურ ურთიერთობათა პროცესი.

ამიერიდან კავკასიის სახელმწიფოთა ლიდერები, როგორც მოგახსენეთ, რეგულარულად შეიკრიბებიან (ყოველ შემთხვევაში, წელიწადში ორჯერ), რაც უდავოდ შეუწყობს ხელს ნდობის ატმოსფეროს განმტკიცებას. საერთოდ კი მინდა ვთქვა, რომ სამხრეთი კავკასია, როგორც ადრე აღინიშნა, მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. დიდი გულისყურით შეისწავლება საქართველოს, აზერბაიჯანის და სომხეთის ინიციატივები, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს სულეიმან დემირელის წინადადებები, გაცილებით უფრო გააქტიურდნენ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია და უშიშროების საბჭო, ყოველ შემთხვევაში, იმასთან შედარებით, რაც ადრე იყო. ახლა ძალიან ბევრს აკეთებენ ევროპის უშიშროების სტრუქტურები. კერძოდ, მუშაობენ შეთანხმების იმ შესაძლო ვარიანტებზე, როგორიც არის, ვთქვათ, აფხაზეთის სტატუსი, შემდგე ფუნქციათა გამიჯვნა ცენტრსა და ფედერაციის სუბიექტს შორის, როგორც ჩვენ წარმოგვიდგენია, და ამ პროექტებზე რეალურად მუშაობს ძალიან ბევრი ორგანიზაცია და ძალიან ბევრი სპეციალისტი.

თქვენთვის კარგად არის ცნობილი, თუ რამდენად აქტიურია ამერიკის შეერთებული შტატები და რამდენად მნიშვნელოვანია მისი ძალისხმევა კავკასიაში მშვიდობის დასამყარებლად. შეგახსენებთ, რომ მოძმე უკრაინა მზად არის აქტიური როლი შეასრულოს აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებაში. სხვათა შორის, მომავალი შეხვედრა, რომელიც უახლოეს ხანში უნდა გაიმართოს საკოორდინაციო საბჭოში, სწორედ უკრაინაში, ყირიმში გაიმართება და დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინელები ამა თუ იმ ფორმით ჩაერთვებიან ამ განხილვაში.

ერთი სიტყვით, სამხრეთი კავკასია სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სხვადასხვა ქვეყნების თანამშრომლობის პოლიგონად გადაიქცევა, რასაც უახლოეს მომავალში უნდა მოჰყვეს რეალური შედეგი და მოგვიტანოს სამუდამო მშვიდობა, რაც უწინარესად გულისხმობს ლტოლვილთა დაბრუნებას. მე როცა ვამბობ სხვადასხვა ქვეყნებს, მხედველობაში მაქვს ამერიკის შეერთებული შტატები, რუსეთისა და სხვა დიდი სახელმწიფოების თანამშრომლობაც სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისათვის. თქვენ უკვე თქვით, რომ ამ სამშვიდობო ძალებს კონფლიქტის ზონაში ყოფნის ვადა 6 თვით გაუგრძელეს. ამჯერად იყო სხვა წინადადებებიც, მაგრამ ჩვენ სწორედ ამ ვადას დავუჭირეთ მხარი, რადგანაც მიგვაჩნია, რომ ამ 6 თვეში შეიძლება ბევრი რამ შეიცვალოს სასიკეთოდ.

ასევე ერთ-ერთი მგრძნობიარე საკითხი იყო სავიზო რეჟიმის შემოღება. ამ ეტაპზე ეს საკითხი არ დგას, თუმცა მე და ბატონმა პუტინმა საკმაოდ დიდი დრო დავუთმეთ მსჯელობას ამ პრობლემის შესახებ. შემდგომში როგორ წავა საქმე და როგორ განვითარდება ამასთან დაკავშირებით მოვლენები, დრო გვიჩვენებს.

- თქვენ ბრძანეთ, რომ სამხრეთი კავკასია და, კერძოდ, საქართველო ამ ბოლო ხანს სხვადასხვა სახელმწიფოთა ინტერესების სფეროში მოექცა. იგივე შეიძლება თქვას ამ სამხედრო ბაზებთან დაკავშირებითაც, რადგან აქ გამოიკვეთა არა მარტო ჩვენი, არამედ რამდენიმე სხვა ინტერესიც. გასულ კვირას სამხედრო ბაზებთან დაკავშირებით თბილისში იმყოფებოდა რუსეთის დელეგაცია, რომელსაც ვიცე-პრემიერი ილია კლებანოვი ხელმძღვანელობდა. შეიძლება თუ არა დღეს ლაპარაკი გარკვეულ შედეგებზე, რადგან ვადის დრო გადის და ვუახლოვდებით გარკვეულ მიჯნას, როცა ორმა ბაზამ უნდა დატოვოს საქართველოს ტერიტორია...

- მადლობელი ვარ ამ შეკითხვისათვის. გარკვეული მასშტაბით, გარკვეულ ფარგლებში ბატონმა ირაკლი მენაღარიშვილმა ილაპარაკა ამაზე ერთ-ერთ ტელეპროგრამაში.

ზოგიერთ საკითხს მე მაინც შევეხები.

ჯერჯერობით, ალბათ, ყველა დეტალის გამოქვეყნება, თუ რა ხდება ამ მოლაპარაკების პროცესში, მთლად მიზანშეწონილი არ არის, რამდენადაც მოლაპარაკება არ დამთავრებულა და შეიძლება კიდევ რამდენიმე რაუნდი გაიმართოს. ამჯერად მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ვიცე-პრემიერის ილია კლებანოვის ვიზიტი, აგრეთვე ორი ქვეყნის დელეგაციათა მოლაპარაკება, ფაქტობრივად, ჩემსა და პრეზიდენტ პუტინს შორის დაწყებული დიალოგის გაგრძელება და განვითარება იყო.

თუმცა, ბატონ კლებანოვთან საუბრისას უფრო ფართო წრის საკითხები განვიხილეთ.

ეს პროცესი (ვგულისხმობ რუსეთის სამხედრო ბაზების საკითხის გადაწყვეტას) ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინათ დაიწყო და კვლავაც ნორმალურად მიმდინარეობს ყოველგვარი დაძაბულობის, ურთიერთბრალდებებისა და კონფრონტაციის გარეშე, და ასეც უნდა წარიმართოს.

რასაკვირველია, სამხედრო თანამშრომლობა იმდენად რთული თემაა, რომ ჩვენი დიპლომატები დისკუსიას მთლად ვერ აიცილებენ თავიდან, იქნება ცხარე კამათი, მაგრამ, რაც მთავარია, მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ ბაზების საკითხი გადაწყდეს ორ ქვეყანას შორის ყოველგვარი გართულებისა და კონფრონტაციის გარეშე, ისევ და ისევ ჩვენი სახელმწიფოების ინტერესების თანხვედრის საფუძველზე და, რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა შესრულდეს სტამბოლის ხელშეკრულება.

სხვათა შორის, როცა ამ თემაზე ვსაუბრობდით მე და ბატონი პუტინი, პრინციპში მივედით იმ ელემენტარულ ჭეშმარიტებამდე, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ბაზების ყოფნა არ ნიშნავს იმას, რომ ამით საქართველო და რუსეთი უფრო ძლიერი ხდებიან.

პირიქით, მეც ხაზგასმით აღვნიშნე და ისიც დამეთანხმა, რომ აქ ბაზების საკითხის გადაწყვეტა მოგვცემს იმის საშუალებას, რომ გაცილებით მეტი იყოს ნდობა, ვთქვათ, საქართველოს მოსახლეობისა რუსეთის მიმართ, და ბაზების არსებობა გარკვეულწილად ხელსაც კი უშლის ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობის განვითარებას.

საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს, რომ შეიარაღების შემცირებისა და ბაზების გაუქმების, გატანის პროცესმა, რაც, ვიმეორებ, გარდაუვალია, შეიძლება ისეთი შეფერილობა შეიძინოს, რომელიც ეწინააღმდეგება ორი მეგობარი ხალხის ისტორიული მეზობლობისა და მეგობრობის ტრადიციებს.

საერთოდ, სამხედრო საკითხებში ქვეყნებს შორის თანამშრომლობა სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობის არა მარტო ერთ-ერთი ყველაზე პრაგმატული, არამედ ყველაზე მგრძნობიარე სფერო გახლავთ. შევთანხმდით, რომ შევიმუშავებთ ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობის ხელშეკრულებას, მოვამზადებთ ისეთ ხელშეკრულებას, რომელიც საბოლოოდ მოაგვარებს ჩვენს ურთიერთობას ამ სფეროში.

როგორც მოგეხსენებათ, საქართველო თანამშრომლობს არა მარტო რუსეთთან, არამედ უკრაინასთან, დასავლეთის ქვეყნებთან, მათ შორის მეზობელ, მეგობარ თურქეთის რესპუბლიკასთან. მე მინდა დღეს შევეხო ერთ ვიზიტს, სწორედ ამ თანამშრომლობით დაინტერესების შედეგია ისიც, რომ გასულ კვირას თბილისში იმყოფებოდა თურქეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალი ქივრიქოღლუ. ეს ქვეყანაც ძალიან დიდ დახმარებას გვიწევს საქართველოს თავდაცვითი ძალების ბრძოლისუნარიანობის განმტკიცებაში;

აგრეთვე, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბატონი ტედ უორნერი. იგი რამდენჯერმე იყო საქართველოში.

ჩვენი შეიარაღებული ძალებისათვის მართლაც ფასდაუდებელია ამერიკის დახმარება, და განსაკუთრებით მინდა გამოვყო მესაზღვრეებისადმი დახმარების საკითხი. ამ დახმარების გარეშე ჩვენს საზღვრებს ვერ დავიცავდით.

სხვა მაგალითების მოყვანაც შეიძლება.

ასე, რომ ვითანამშრომლებთ ყველასთან, ვინც დაგვეხმარება, რათა დავიცვათ ჩვენი საზღვრები, ჩვენი ქვეყნის კანონიერი ინტერესები. იმავდროულად, მზად ვართ პატივი ვცეთ სხვათა კანონიერ ინტერესებს.

- გასულ კვირას აჭარის ავტონომიურმა რესპუბლიკამ კონსტიტუციის ახალი რედაქცია მიიღო. როგორია თქვენი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი?

- მე, როგორც ქართველი საზოგადოება მთლიანად, სავსებით მივესალმები აჭარის ხელმძღვანელობის, ბატონ ასლან აბაშიძის ძალისხმევას, რომლის მიზანია აჭარის ავტონომიური სტატუსის საჭირო გარანტიათა შექმნა და ავტონომიის, როგორც საქართველოს სახელმწიფოს განუყოფელი ნაწილის, ყოველმხრივი, თავისუფალი განვითარება.

აბსოლიტურად ვიზიარებ იმ აზრს, რომელიც არაერთგზის გამოუთქვამთ ჩვენი ინტელიგენციის წარმომადგენლებს, აგრეთვე, პოლიტიკურ მოღვაწეებს; ის, რაც კარგია და სასარგებლო აჭარისათვის, - სასიკეთო და სასარგებლოა მთელი საქართველოსთვისაც და, პირიქით, რაც კარგია დედასამშობლოსათვის, კარგია და მისაღები აჭარისათვის, ქვეყნის ყველა რეგიონისათვის.

საქართველოს ხელისუფლება კიდევ ერთხელ დაუმტკიცებს ყველას, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, საერთოდ ავტონომიათა (მომავალში, ალბათ, ფედერაციის სუბიექტთა) უფლებები ქართული დემოკრატიული სახელმწიფოსათვის ისეთივე ურყევი პრიორიტეტია, როგორც, მაგალითად, ადამიანის უფლებათა დაცვა, დემოკრატიის დაცვა საერთოდ.

რაც შეეხება კონკრეტულად იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ მიიღო: მე მივესალმები თავისთავად იმ ფაქტს, რომ აჭარის ავტონომიას უკვე აქ - ეს კონსტიტუციის ახალი რედაქცია იმ ცვლილებების გათვალისწინებით, საქართველოში რომ მოხდება საბჭოთა ეტაპის შემდეგ.

მართალია, თვით ამ დოკუმენტის ტექსტი ჯერ არ მიმიღია პირადად, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო არ დაეთანხმებოდა ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც დაარღვევდა საქართველოს კონსტიტუციის ნორმებს, საქართველოს კონსტიტუციის უზენაესობას მთელ მის ტერიტორიაზე.

ამ საკითხებზე აქტიურად მუშაობდა საქართველოს იუსტიციის მინისტრი ბატონი ჯონი ხეცურიანი. მას ჰქონდა თავისი გარკვეული მოსაზრებანი, იგი სპეციალურად ჩავიდა ბათუმში, და ეს მოსაზრებანი გააცნო აჭარის ხელმძღვანელობას.

რა თქმა უნდა, მის წინადადებებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლები, ვფიქრობ, გაითვალისწინებდნენ იმას, რაც გასათვალისწინებელია, ვინაიდან, დარწმუნებული ვარ, ისინი არც ერთ ნაბიჯს არ გადადგამენ საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ.

ძალაში რჩება აგრეთვე პარლამენტის გადაწყვეტილება „ცენტრალურ ხელისუფლებასა და ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებას შორის უფლებამოსილებათა და კომპეტენციათა „გამიჯვნა-განსაზღვრა-დაზუსტებისათვის“ ერთობლივი კომისიის შექმნის თაობაზე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ, ისევე, როგორც პარლამენტმა და პრეზიდენტმა, უკვე დაამტკიცა წარმომადგენელთა პერსონალური შემადგენლობა.

ამრიგად, კომისია უახლოეს ხანში დაიწყებს მუშაობას, რათა სექტემბრისათვის, როგორც პარლამენტმა გადაწყვიტა, საკანონმდებლო ორგანომ მიიღოს შესაბამისი ორგანული კანონი. ასეთია ჩემი კომენტარი ამ საკითხთან დაკავშირებით.

- და, ბოლოს, გასულ კვირას თქვენ სავალუტო ფონდის მისიას შეხვდით. გქონდათ სხვა შეხვედრებიც. რომელს გამოჰყოფდით ამ შეხვედრებიდან?

- უპირველეს ყოვლისა, ავღნიშნავდი შეხვედრებსა და ერთობლივ კოლეგიურ მუშაობას სწორედ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან, რომელსაც ახალი ხელმძღვანელი ბატონი დევიდ ოუენი მეთაურობდა.

ინტენსიური კონსულტაციების შედეგად, მათი მონაწილეობით შემუშავებულია სიღატაკის და სიღარიბის დაძლევის პროგრამის ძირითადი პრინციპები. განვსაზღვრეთ აგრეთვე 2000 წლის დარჩენილი პერიოდის ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები და 2001 წლის საბიუჯეტო ორიენტირები.

ზოგიერთი ცდილობს, სავალუტო ფონდთან ქვეყნის ურთიერთობა ძირითადად მუქ ფერებში წარმოაჩინოს. მეც არ ვაუბრალოებ, თავისთავად ეს რთული ურთიერთობაა, რადგან, როცა ისინი სახსრებს ხარჯავენ, მათ უნდა იცოდნენ, რომ ქვეყანა ამას კარგად იყენებს და ქვეყნის აღმავლობა გარანტირებულია.

ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა, როგორც არაერთხელ მითქვამს, მართლაც რთულია, განსაკუთრებით ბიუჯეტის შესრულების თვალსაზრისით, მაგრამ საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საქმიანობაში უკვე გაჩნდა იმედისმომცემი სიმპტომები. მატულობს შემოსავალი და ამ მხრივ ივნისის მიწურული შეიძლება გარდამტეხიც აღმოჩნდეს. მე ნაჩქარევ დასკვნებს არ ვაკეთებ, ეს თვე დამთავრდება, შემდეგ სპეციალური შეხვედრები გვექნება და, ვფიქრობ, მოსახლეობა თავად დარწმუნდება, თუ როგორი ტენდენციებია განსაზღვრული დღევანდელი საქართველოსათვის.

სამწუხაროდ, პრივატიზების შეფერხებამ ამ წყაროდან ბიუჯეტს წელს 90 მილიონ ლარზე მეტი დააკლო. ალბათ, ამ საკითხზე სპეციალურად უნდა ვიმსჯელოთ.

როგორც ჩანს, თავიდან ვერ ავიცილებთ ბიუჯეტის გარკვეულ შემცირებას. ამ სიტუაციაში აუცილებელია, ფინანსთა სამინისტრომ დაუყოვნებლივ დეტალურად გაიანგარიშოს ხარჯები, რათა ნათლად იყოს გარკვეული, თუ რა ხარჯები და რა რაოდენობით უნდა გავწიოთ წლის დარჩენილ პერიოდში, თუმცა უნდა შევეცადოთ, რომ ეს პროცესიც, რამდენადაც შესაძლებელია, ნაკლებად მტკივნეულად წარიმართოს.

დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ გასულ კვირას ირანის ისლამური რესპუბლიკის გზათა და ტრანსპორტის მინისტრთან ბატონ მაჰმუდ ხოჯათისთან შეხვედრას. ირანი ჩვენი მეზობელი ქვეყანაა და მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორიც გახლავთ. მას ძალზე განვითარებული ინფრასტრუქტურა და მაღალი დონის საავტომობილო გზები აქვს. აღარაფერს ვამბობ ნავთობპროდუქტების საარაკო დაბალ ფასებზე. ეს კი ნიშნავს, რომ იგი ყველა პირობას უქმნის თავის გადამზიდველებს - ეს ათასობით და ათიათასობით თანამედროვე მანქანებია, რათა ისინი კონკურენტუნარიანი იყვნენ და გაიმარჯვონ სხვა ქვეყნებთან კონკურენციაში, და ამიტომაც სწორედ ძალიან დაბალია ბენზინის ფასები, რადგან დიდია ბენზინის მარაგი, უფრო სწორად, ნავთობის მარაგი.

ირანი მზად არის მონაწილეობა მიიღოს საქართველოს საავტომობილო გზების, ირანთან ჩვენი ქვეყნის დამაკავშირებელი მაგისტრალის აღდგენა-რეკონსტრუქციაში, რათა შეუერთდეს ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის სამხრეთ განშტოებას.

ამ მიმართულებით თანამშრომლობა ძალზე პერსპექტიულია. ეს იქიდანაც ჩანს, რომ ევროკავშირში უკვე მუშავდება ახალი პროექტები „ტრასეკასა“ და „ტასისი“ სტრატეგიის ფარგლებში, რომლებიც უზრუნველყოფს „დიდი აბრეშუმის გზისა“ და „ევრაზიის დერეფნის“ ჩრდილო-სამხრეთული ღერძის ფუნქციონირებას.

მართლაც, რუსეთისა და ირანის აქტიური მონაწილეობის გარეშე ამ სტრატეგიული სატრანსპორტო დერეფნის სრულფასოვანი განვითარება და გამოყენება ძნელად წარმოსადგენია. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, რუსეთმაც და ირანმაც გამოთქვეს სურვილი, რომ შეუერთდნენ „ტრასეკას“ პროექტს. ეს მომავალში უდავოდ გააძლიერებს და გაადიდებს ამ დიდი პროექტების პერსპექტივასა და ეფექტიანობას.

„ის რაც კარგია და სასარგებლო აჭარისათვის, სასიკეთო და სასარგებლოა მთელი საქართველოსთვისაც და, პირიქით, რაც კარგია დედასამშობლოსათვის, კარგია და მისაღები აჭარისათვის, ქვეყნის ყველა რეგიონისათვის“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2000. - 27 ივნისი. - №171 (3572). - 1,2 გვ.

105 საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის ბრიფინგი

▲ზევით დაბრუნება


2000 წლის 26 ივნისი

სააგენტო „პრაიმ-ნიუსი“: რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველო მხარს უჭერს და ეხმარება ჩეჩნეთს. არგუმენტად ასახელებენ იმას, რომ აქ ფუნქციონირებს ჩეჩნეთის წარმომადგენლობა, რომელიც ამარაგებს ბოევიკებს და ა.შ.

ე. შევარდნაძე: ჩეჩნეთის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში არ არსებობს, რადგან ჩვენ ჩეჩნეთთან, გარდა მეგობრულისა, არავითარი დიპლომატიური ურთიერთობა არ გვაკავშირებს, რაც შეეხება პიროვნებებს, რომლებიც გარკვეულ ინფორმაციას ავრცელებენ, მათ დაქირავებული აქვთ ბინა და თავიანთი ინიციატივით საქმიანობენ. როგორც ვიცი, არც ერთი მათგანი არ არის რეგისტრირებული. თუ არის, ეს არის შეცდომა. ასე, რუსეთშიც ძალიან ბევრი წარმომადგენელი არსებობს. ერთხანს იყო აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების წარმომადგენლობა, რომელიც ახლა ვიღაცასთან გაერთიანდა, მაგრამ მაინც არსებობს. ბევრი რამ იწერება და ვრცელდება მათ მიერ ისეთი, რაც აბსოლუტურად მიუღებელია ჩვენთვის და, ჩემი აზრით, რუსეთისთვისაც. ეს არ არის ის პრობლემა, რომელმაც შეიძლება დაძაბული ელემენტები შეიტანოს საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობაში.

რაც შეეხება, ეგრეთ წოდებული, ბოევიკების რაზმებს, ჩვენ საქმის კურსში ვართ. ხეობაში ვითარებას ვაკონტროლებთ. მინდა გაცნობოთ, რომ ლტოლვილთა საკმაოდ დიდ ნაწილს სურს დაბრუნება ჩეჩნეთში. მათ შორის ძალიან ბევრია თვით გროზნოდან. იმის გამო, რომ გროზნოში ახლა საომარი ოპერაციები აღარ მიმდინარეობს, ისინი გამოთქვამენ დაბრუნების სურვილს, რაც შეეხება, ეგრეთ წოდებულ, „ბოევიკებს“. ეს ის ხალხია, რომლებიც, ჩემი ინფორმაციით, დაჭრილები იყვნენ. ზოგი მათგანი საქართველოში მკურნალობდა, ზოგიც სხვა ქვეყნებში. როგორც ვიცი, ეს უნდა იყოს ორასამდე კაცი, რომლებსაც ასევე სურთ დაბრუნება თავიანთ ქვეყანაში, თავიანთ სახლ-კარში. ყოველ შემთხვევაში, ასე განაცხადეს ჩვენს წარმომადგენლებთან. იმის შესახებ, თუ როგორ მოხერხდება ეს, მე ვესაუბრე ვლადიმერ პუტინსაც და ილია კლებანოვსაც. ჩემი აზრით, რომელიღაც ეტაპზე საქართველომ და რუსეთმა უნდა შექმნან სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეისწავლის ამ პრობლემას, გაერკვევა ვინ არიან ეს მოქალაქეები, ვის აქვს დოკუმენტები და ვის - არა. თუ საჭირო იქნება, უნდა მიეცეს დოკუმენტები და თანდათანობით დავიწყოთ მუშაობა, რომ ეს ხალხი თავის მშობლიურ კუთხეს დაუბრუნდეს.

ტელეკომპანია „რტრ“: რუსეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გავრცელდა ასეთი ცნობაც, რომ საქართველოში შექმნილია „ჯაშუშთა ბუდე“, იგულისხმება ჩეჩნეთის წარმომადგენლობა და მასთან არსებული საინფორმაციო ცენტრი. რამდენად კანონიერია ამ ცენტრის მუშაობა საქართველოს ფარგლებში და ირღვევა თუ არა ამით საქართველოს კანონები? ლაპარაკია იმაზე, რომ ეს ცენტრი საინფორმაციო საშუალებებს აწვდის ინფორმაციას, რის შედეგადაც პრაქტიკულად ანტირუსული პოლიტიკა ხორციელდება. როგორია თქვენი აზრი?

ე. შევარდნაძე: ჩვენ ანტირუსულ პოლიტიკას არც ვახორციელებდით და არც ვახორციელებთ. ჩეჩენი ეროვნების პირები, რომლებიც ახლა თბილისში ცხოვრობენ და მუშაობენ, ძირითადად, ჩვენი ჩეჩნები, ქისტები არიან. ხიზრი ალდამოვი ცხოვრობს თბილისში და, როგორც ამბობენ, გამოსცემს გაზეთს. მე ვფიქრობ ეს გაზეთი რეგისტრირებული არ არის. გარკვევაა საჭირო. არავითარი „ჯაშუშთა ბუდე“ თბილისში არ არსებობს. არც არავის სჭირდება აქ ასეთი ბუდე, რადგან თბილისში ძალიან ძნელია იმ ინფორმაციის მოპოვება, რომელიც აინტერესებს რუსეთს ან ჩეჩნეთს. ისინი უჩვენოდაც ფლობენ აუცილებელ ინფორმაციას.

ტელეკომპანია „რუსთავი-2“: ივნისის დამდეგს თქვენ განაცხადეთ, რომ საბიუჯეტო შემოსავლის მობილიზების თვალსაზრისით, ეს თვე გადამწყვეტი იქნებოდა და საბოლოო გადაწყვეტილებებს მიიღებდით. თუ ფლობთ ინფორმაციას, რამდენად სრულდება ეს მაჩვენებლები და არის თუ არა რაიმე ღონისძიება დაგეგმილი იმის გათვალისწინებით, რომ საკმაოდ გახშირდა საპროტესტო გამოსვლები?

ე. შევარდნაძე: ჩვენ ყოველდღიურად ვადევნებთ თვალყურს, რა პროცესები მიმდინარეობს საბიუჯეტო სფეროში, როგორ მუშაობს სამინისტრო, მათ შორის, საბაჟო და საგადასახადო სამსახურები. მე ცოტა ფრთხილად, მაგრამ მაინც გამოვთქვი აზრი იმის შესახებ, რომ ერთგვარი გარდატეხა შეინიშნება სამინისტროს საქმიანობაში. ვფიქრობ, რომ ივნისში შესაძლებელია იმ პარამეტრების შესრულება, რომლებიც შეთანხმებულია სავალუტო ფონდთან. ასე რომ, მოვიცადოთ კიდევ რამდენიმე დღე და შედეგები ცნობილი გახდება.

ტელეკომპანია „ტვ-6“: როგორ აფასებთ რუსეთის ბაზების გაყვანის შესახებ მოლაპარაკებას, რომელიც თბილისში გაიმართა? როგორ გადაწყდა გუდაუთაში განლაგებული ბაზების საკითხი - გავა საქართველოდან თუ მის ბაზაზე შეიქმნება სარეაბილიტაციო ცენტრი სამშვიდობო ძალებისათვის?

ე. შევარდნაძე: მოლაპარაკება სრულიად ნორმალურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე მასში ჩავერთეთ მე და რუსეთის ვიცე-პრემიერი ილია კლებანოვი, რომელიც სპეციალურად ჩამოვიდა თბილისში. რუსეთის პრეზიდენტთან, ვიცე-პრემიერთან და მოლაპარაკების სხვა მონაწილეებთან ჩვენ სრული ურთიერთგაგება გვაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ სტამბოლში მიღწეული შეთანხმებები უნდა შესრულდეს. ეჭვი არ მეპარება, რომ ისინი შესრულდება, თუმცა ეს არ იქნება მარტივი. არის მრავალი ნიუანსი, რომლებზე ლაპარაკიც ჯერ ნაადრევია. გარწმუნებთ, რომ სტამბოლის შეთანხმებები აუცილებლად შესრულდება. ამით ორივე მხარეა დაინტერესებული.

ტელეკომპანია „ნტვ“ (ტელეკომპანიის სახელით ჟურნალისტმა ნუგზარ კერესელიძემ მადლობა გადაუხადა საქართველოს პოლიციას, კერძოდ, გლდანის რაიონის სამმართველოს, რომელმაც 24 საათში გახსნა მისი ბინის ქურდობის ფაქტი და დააკავა დამნაშავეები. ერთ-ერთი დაკავებული 2-ჯერ ნასამართლევი და შემდგომ შეწყალებული აღმოჩნდა. შეკითხვა ამ შემთხვევიდან გამომდინარე დაისვა): რამდენად ფაქიზად და არგუმენტირებულად შეირჩევა ის კონტინგენტი, რომელსაც ეხება შეწყალება. არსებობს მონაცემები, რომ ყოველი შეწყალების შემდეგ ქვეყანაში კრიმინოგენური სიტუაცია უარესდება. რამდენად სწორია 2-3-ჯერ ნასამართლევი ხალხის შეწყალება?

ე. შევარდნაძე: მადლობელი ვარ, რომ პოლიციის მუშაობას ასეთ შეფასებას აძლევთ. ჩვენი პოლიცია პრაქტიკულად უხელფასოდ, 24 საათის განმავლობაში ფეხზე დგას და მუშაობს. ზოგიერთი დარღვევის მიუხედავად, მის გარეშე ჩვენ ვერ ვიცხოვრებდით.

ყოველგვარი შეწყალება იქნება თუ ამინისტია, გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. ხდება ისე, რომ გათავისუფლებულთა გარკვეული ნაწილი კვლავ ჩადის დანაშაულს. ამის გამოცდილება დიდი მაქვს და ამიტომ ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი ამნისტიის. ამინისტიის დროს ერთგვარად ხელაღებით ხდება მსჯავრდადებულთა გათავისუფლება. რაც შეეხება შეწყალებას, მისი პროცესი საზოგადოებრიობის მეტი მონაწილეობის საშუალებას იძლევა. არსებობს სპეციალური კომისია ბატონ რისმაგ გორდეზიანის ხელმძღვანელობით და ამიტომ აქ შედარებით ნაკლებია შეცდომები. ვითვალისწინებთ იმას, რომ აუცილებლად უნდა ჰქონდეთ იმ დაწესებულების დადებითი დახასიათება, სადაც იხდიან სასჯელს. ბევრ მათგანს თავდებში უდგებიან საზოგადოების გამოჩენილი წარმომადგენლები. ჩემ ხელთ არსებული ინფორმაციით, რომელსაც მაწვდის შინაგან საქმეთა სამინისტრო, მათი დაახლოებით 2-3 პროცენტი კვლავ ჩადის დანაშაულს და ბრუნდება უკან. 2-3 წლის განმავლობაში 5 ათასი კაცი, ანუ მსჯავრდებულთა თითქმის ერთი მესამედია შეწყალებული. მათგან, ჩემი მონაცემებით, აბსოლუტური უმრავლესობა დაუბრუნდა ოჯახს, ბევრი მუშაობს, სწავლობს და სულ სხვა ცხოვრებას ეწევა. ამიტომ, ამ პრაქტიკაზე, ალბათ, მომავალშიც არ ვიტყვით უარს, მაგრამ საჭირო იქნება მეტი სიფრთხილე და წინდახედულება. ზოგიერთი ასეთი აქტი მე მივიღე პარლამენტთან ერთად იმის გათვალისწინებით, რომ ხორციელდება შერიგების პოლიტიკა. იგი ეხება იმათაც, რომლებიც ცნობილი არიან ქვეყანაში, მძიმე დანაშაულობანი ჰქონდათ ჩადენილი, მაგრამ ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი არის ის, რომ შერიგებას შევუქმნათ ნორმალური საფუძველი და დავძლიოთ ის წინააღმდეგობანი, რომლებიც თიშავს ჩვენს საზოგადოებას მოწინააღმდეგე ბანაკებად.

სააგენტო „როიტერი“: მოსკოვში ყოფნის დროს თქვენ პირადად შეხვდით ვლადიმერ პუტინს. როგორ აფასებთ რუსეთის ახალი ხელისუფლების პოზიციას დსთ-ის სივრცეში ინტეგრაციულ პროცესებთან დაკავშირებით? ხომ არ გექმნებათ შთაბეჭდილება, რომ რუსეთი თანამეგობრობის წევრ ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობის განვითარებას ანიჭებს უპირატესობას?

ე. შევარდნაძე: ამ ეტაპზე, ჩემი აზრით, რუსეთს ნორმალური პოზიცია უკავია და არავინ ცდილობს ინტეგრაციული პროცესების რომელიმე ფორმის ფორსირებას. ასეთი პროცესები სხვადასხვაგვარია. მაგალითად, არსებობს საბაჟო კავშირი. რამდენიმე ქვეყანამ გადაწყვიტა ამ კავშირში გაერთიანება. არ მგონია, რომ ისინი შეცდომას უშვებენ. მათ მიაჩნიათ, რომ ეს სასარგებლოა მათი ქვეყნებისათვის, თუმცა საქართველო არ აპირებს ამ კავშირში გაერთიანებას. არის ინტეგრაციის სხვა, უფრო რადიკალური ფორმაც. ეს არის რუსეთ-ბელორუსიის კავშირი. მათაც მიაჩნიათ, რომ მათი ხალხების ინტერესებს ურთიერთობის სწორედ ეს ფორმა შეესაბამება, თუმცა საქართველო არც ამ კავშირთან შეერთებას აპირებს. ჩვენ გვაქვს სხვა ფორმები. დსთ ხაზით მიღწეულია ბევრი შეთანხმება, რომელთაგან ნაწილი კარგად სრულდება, ნაწილი - ცუდად, მაგრამ ჩვენ, ამ ეტაპზე მაინც, უპირატესობას ვანიჭებთ ურთიერთობას ორმხრივ საფუძველზე, მათ შორის, რუსეთთან. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა და მე საკმაოდ საფუძვლიანად ვისაუბრეთ. კარგი პერსპექტივა არსებობს და ორივე ქვეყანა მზად არის მხარი დაუჭიროს როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ურთიერთობას.

„როიტერი“: მიბრძანდებით თუ არა შვებულებაში და - სად?

ე. შევარდნაძე: ეს არის ერთ-ერთი კითხვა, რომელზეც ვერ გიპასუხებთ იმიტომ, რომ მე თვითონ არ ვიცი. შვებულება არ არის ჩემთვის ყველაზე აქტუალური საკითხი.

სააგენტო „იფრინდა“: რამდენად მართებულად მიგაჩნიათ საქტელერადიოკორპორაციის ხელმძღვანელობის პოლიტიკა პროგრამა „ვესტნიკთან“ დაკავშირებით? ამ ერთადერთი რუსულენოვანი პროგრამის საეთერო დრო ათ წუთამდე შემცირდა და გამოშვება გადატანილია საღამოს 6 საათისათვის, რაც წამგებიანია, თუ გავითვალისწინებთ, რომ მას უყურებს დიპლომატიური კორპუსი და რუსულენოვანი მოსახლეობა?

ე. შევარდნაძე: სამწუხაროდ, ყველა გადაცემას ვერ ვუყურებ, მაგრამ მიმაჩნია, რომ „ვესტნიკი“ ერთ-ერთი ყველაზე კარგი და საინტერესო გადაცემაა. არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევიწროვდეს არც მისი და არც მის მაყურებელთა ინტერესები. ჩემთვის ეს სიახლეა და გავერკვევი. მე, პირიქით, მინდოდა, რომ ეს გადაცემა იყოს ყოველდღიური. ამის შესახებ ნათქვამიც მაქვს ტელევიზიის როგორც ძველ, ისე ახალ ხელმძღვანელობასთან.

საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის ბრიფინგი : 2000 წლის 26 ივნისი // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2000. - 27 ივნისი. - №171 (3572). - 1,3 გვ.

106 ბესარიონ სვანიძეს დაბადების 70 წლისთავზე

▲ზევით დაბრუნება


მილოცვა

ბატონო ბესარიონ,
გულითადად გილოცავთ საიუბილეო თარიღს,

თქვენი ღვაწლი ქართული კულტურის, ქართული ქორეოგრაფიული ხელოვნების განვითარების ისტორიაში უზომოდ დიდია. საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ანსამბლმა „გორდამ“, რომელსაც თქვენ ნახევარ საუკუნეზე მეტია ხელმძღვანელობთ, ჩვენი ეროვნული, თვითმყოფადი ქორეოგრაფია ხომ უმაღლეს რანგში აიყვანა და საოცრად მიმზიდველ სანახაობად აქცია...

დიდი მადლობა ამისათვის.

დიდი მადლობა, რომ წლების მანძილზე ქართულ ქორეოგრაფიულ ხელოვნებას შესანიშნავ ცვლას უზრდით.

მადლობა იმ მშვენიერებისათვის, რომელიც მოგაქვთ ჩვენამდე და დიდი მადლობა იმისთვისაც, რომ ორმოცდაათი წელი ქართული ეროვნული კულტურის სადიდებლად იღვწით.

მჯერა, რომ თქვენს მიერ დამკვიდრებულ შესანიშნავ ტრადიციებს კვლავაც ღირსეულად გააგრძელებთ თქვენს მოწაფეებთან ერთად.

ედუარდ შევარდნაძე.

ბესარიონ სვანიძეს დაბადების 70 წლისთავზე მილოცვა // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2000. - 28 ივნისი. - №172 (3573). - 1 გვ.

107 იური დავიდოვის ოჯახს

▲ზევით დაბრუნება


სამძიმარი

უდიდესი გულისტკივილით შევიტყვე ბატონ იურის გარდაცვალების მეტად სამწუხარო ამბავი.

ჩვენგან წავიდა იური დავიდოვი, კაცი, რომელმაც თავისი ნაყოფიერი საზოგადო მოღვაწეობითა და აქტიური სამოქალაქო პოზიციით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენი ქვეყნის ხალხთა შორის მეგობრობის შემდგომ განმტკიცებაში.

საქართველოს ღირსეული შვილის - ქვეყნის ასირიელთა საერთაშორისო ეროვნული კონგრესის საბჭოს თავმჯდომარის იური დავიდოვის ნათელი ხსოვნა მარად დარჩება მისი ახლობლების, მეგობრებისა და კოლეგების გულში.

მიიღეთ ჩემი გულწრფელი სამძიმარი.

ედუარდ შევარდნაძე.

იური დავიდოვის ოჯახს : სამძიმარი // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2000. - 29 ივნისი. - №173 (3574). - 1 გვ.

108 პირთა საძიებელი

▲ზევით დაბრუნება


აბაშიძე გრიგოლ

აბაშიძე ასლან

აბაშიძე ირაკლი

აბულაძე თენგიზ

ათათურქი მუსტაფა ქემალ

ალექსიძე ზაზა

ალიევი ჰეიდარ

ალდამოვი ხიზრი

ალხაზიშვილი გივი

ამაშუკელი ელგუჯა

ამირეჯიბი ჭაბუა

ასანიძე გულიკო

ასანიძე თენგიზი

ასათიანი მიხეილი

ანანი კოფი

არსენიშვილი გიორგი (გია)

არშბა სოკრატ

არძინბა ვლადისლავ

ბააზოვი დავით

ბაბიცკი ანდრეი

ბანძელაძე გელა

ბასაევი შამილ

ბარათაშვილი ნიკოლოზ

ბერია ლავრენტ

ბერულაშვილი შოთა

ბერძენიშვილი მერაბ

ბოდენი დიტერ

ბოდლერი შარლ

ბოლქვაძე თამარ

ბლოკი ალექსანრდე

ბრაუნბეკი სემ

ბრეგვაძე ნანი

ბუაჩიძე ვახტანგ

ბუაჩიძე კიტა

ბულ-ბულ-ოღლი ფოლად

ბუღაძე ლაშა

გაბრიაძე ნინო

გაბრიაძე რევაზ

გამსახურდია კონსტანტინე

გამსახურდია ზვიადი

გაპონოვი ბორის

გაფრინდაშვილი ნონა

გეგეჭკორი ირმა

გელბახიანი ვალერი

გელოვანი ნინო

გენშერი ჰანს-დიტრიხ

გიორგაძე იგორ

გიორგაძე მამუკა

გიორგაძე თენგიზ

გიორგაძე პანტელეიმონ

გოგოხია რუზგენ

გოეთე იოჰან ვოლფგანგ ფონ

გონაშვილი ჰამლეტ

გორბაჩოვი მიხეილ

გორდეზიანი რისმაგ

გუგუშვილი პაატა

გულუა ბაკურ

გურამიშვილი დავით

გუსინსკი ვლადიმერ

გრომიკო ანდრეი

დავით აღმაშენებელი

დავიდოვი იური

დარასელია ნინო (ფენია)

დევდარიანი ნანა

დემირელი სულეიმან

დვალი რაფიელ

დვალიშვილი აკაკი

დუმბაძე ნოდარ

დურმიშიძე სერგი

ელიავა აკაკი

ელცინი ბორის

ერეკლე მეორე

ერქომაიშვილი ანზორ

ეტიენი ჟან კლოდ

ვარსიმაშვილი ავთანდილი

ვაჟა-ფშაველა

ვესპასიანე ტიტუს

ვეკუა ილია

ველიხოვი ევგენ

ვერლენი პოლ

ზურაბაშვილი ავლიპ

თამარ მეფე

თარგამაძე კახა

თავხელიძე ალბერტ

თაყაიშვილი ექვთიმე

თევზაძე გურამ

თევზაძე დავით

თევზაძე რეზო

თეთრაული ბელა

თოდრია ვახტანგ

იაკოვლევი ალექსანდრე

იალოვიცი კენეტ სპესერ

იაროსლავ ბრძენი

იგნატოვი კოკა

იესო ქრისტე

ივანოვი იგორ

ივანოვი სერგეი

იოსელიანი ოთარ

იოსელიანი ოტია

ისაკაძე თედო

ილია II

კაისა

კაკაბაძე მალხაზ

კანკავა მიხეილ

კახიძე ჯანსულ

კატუსევი ალექსანდრე

კერესელიძე ნუგზარ

კირიონ II

კირვალიძე დავით

კისელიოვი ევგენი

კიტოვანი თენგიზ

კუკი რობინ

კვირაია შოთა

კუკი რობინ

კუჩმა ლეონიდ

კლინტონი ბილ

კლებანოვი ილია

ლაბაური ლევან

ლაიბნიცი გოტფრიდ ვილჰელმ

ლეკიშვილი ნიკო

ლეონიძე გიორგი (გოგლა)

ლესია უკრაინკა

ლიგაჩოვი ეგორ

ლიონიძე სოლომონ

ლიხაჩოვი დიმიტრი

ლოლაძე თეიმურაზ

ლომინაძე ჯუმბერ

ლომთათიძე ქეთევან

ლორთქიფანიძე ვაჟა

ლორთქიფანიძე მარიკა

ლორთქიფანიძე რუსუდან

მალარმე სტეფან

მამალაძე ლევან

მახარაშვილი გიორგი

მაშტოცი მესროფ

მაღალაშვილი ედიშერ

მაღლაკელიძე თამაზ

მაჭავარიანი მიხეილ

მემანიშვილი ნიკა

მენაღარიშვილი ირაკლი

მეძმარიაშვილი ელგუჯა

მესხიშვილი ლადო

მერნეპტაჰი

მინდელი ელიზბარ

მიშველაძე რევაზ

მოლაშვილი სულხან

მუსხელიშვილი ნიკო

ნაბუქოდონოსორი

ნადარეიშვილი თამაზ

ნადირაშვილი მეგი

ნანეიშვილი ბიძინა

ნაზარბაევი ნურსულან

ნათელაშვილი შალვა

ნიაზოვი საფარმურატ

ნოვალისი

ო'კონორი ჯუდი ჯუდი ოძკონორ

ოლბრაიტი მადლენ

ონიანი ნატო

ორბელიანი გრიგოლ

ოუენი დევიდ

ოქროპირიძე მადონა

პატიაშვილი ჯუმბერ

პუტინი ვლადიმერ

ჟორდანია ნოე

ჟვანია ზურაბ

ჟღენტი სულიკო

რადუევი სალმან

რაზიკაშვილი დათო

რასი-ზადე არტურ

რაფსანჯანი აქბარ ჰაშემი

რამიშვილი ნინო

რეიგანი რონალდ

რობაქიძე გრიგოლ

რუშაილო ვლადიმერ

სააკაშვილი მიხეილ 447

სანებლიძე არმაზ

სანიკიძე ლევან

სეზერი ახმედ, სეზერი აჰმად ნეჯდეთ

სვანიძე ბესარიონ

სირბილაძე ბელა

სობჩაკი ანატოლი

სოროსი ჯორჯ

სუხიშვილი ილიკო

სლოუნი ვიქტორია

სტურუა ლია

ტაბიძე გალაქტიონ

ტაბლიაშვილი ვახტანგ

ტაკიძე ნოდარ

ტატიშვილი თამაზ

ტანია ასტამურ

ტეილორი ბილ

ტერენტი გრანელი

ტოცკი ვასილ

უაილდი ოსკარ

უკლება მიხეილი

უორნერი ტედ

ფიფია თემურ

ფოფხაძე ნუგზარ

ფრანსუა ვიიონი

ქავთარაძე გია

ქავთარაძე გოგი

ქარსელაძე თინიკო

ქარცივაძე დარეჯან

ქივრიქოღლუ ჰუსეინ

ქუთათელაძე ვახტანგ

ქურდაძე ალექსანდრე

ქვლივიძე მიხეილ

ყანჩელი გია

ყარყარაშვილი გია

ყიფიანი ჯიმი

შანიძე აკაკი

შანიძე მიხეილ

შარტავა კალისტრატე

შარტავა ჟიული

შავგულიძე თამაზ

შავიშვილი რევაზ

შაშიაშვილი თემურ

შევარდნაძე ნუგზარ

შენგელია დათო

შენგელაია გურამ

შენგელაია ელდარ

შექსპირი უილიამ

შოთა რუსთაველი

შოშიტაიშვილი ბადრი

შრედერი (შროიდერი) გერჰარდ

შტუდმანი ჟერარ

ჩაბიროვი ლუდვიგ

ჩიკვილაძე გიორგი

ჩიქობავა არნოლდ

ჩუბაისი ანატოლი

ჩხაიძე აკაკი

ჩხარტიშვილი ვანო

ჩხენკელი მერაბ

ჩხეიძე ვალერ

ჩხიკვაძე ეკა

ჩხობაძე ნინო

ცინვალელი ციცო

ცუგბა ვიაჩესლავ

ძასოხოვი ალექსანდრე

ძიძავა ლაშა

წერეთელი აკაკი

წერეთელი გიორგი

წეროძე დუდუხანა

წივწივაძე თამაზ

წმინდა ესაია წინასწარმეტყველი

ჭაბუკიანი ვახტანგ

ჭუმბურიძე ირაკლი

ჭავჭავაძე ილია

ჭანტურია გიორგი (გია)

ჭანტურია ლადო

ჭელიძე ივერი

ჭუმბურიძე ირაკლი

ხარაძე ევგენი

ხატიძე ბადრი

ხეცურიანი ჯონი

ხოჯათი მაჰმუდ

ჯავახიშვილი ივანე

ჯავახიშვილი მიხეილ

ჯაფარიძე თედო 68,

ჯაყელი ალექსანდრე

ჯაყელი ოთარ

ჯგუშია თენგიზ

ჯიბუტი მიხეილ

ჯიხოშვილი ნაირა

ჯიქია ბონდო

ჯორბენაძე ავთანდილ

ჯორჯიკია ვახტანგ

ჯუღელი ბესო

ჰილ-რობლესი ხოსე ალვარო

ჰიტლერი ადოლფ

109 ადგილთა საძიებელი

▲ზევით დაბრუნება


ავსტრია

ავღანეთი

აზერბაიჯანი

აზია

ალაბამის შტატი

ალანია

ალმათი

ამბროლაური

ამერიკის შეერთებული შტატები, ამერიკა, აშშ

ანაკლია

ანკარა

არღუნის ხეობა

აფხაზეთი

აფხაზეთ-სამეგრელო

აშქელონი

აშხაბადი

ახალქალაქი

აჭარა

ბათუმი

ბალკანეთი

ბაქო

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი

ბეთლემი

ბელორუსია

ბერლინი

ბიშკეკი

ბრიუსელი

ბუდაპეშტი

ბულგარეთი

გალი

გარეჯი

გელათი

გერმანია

გლდანი

გორი

გროზნო

გუდამაყარი

გუდაუთა

გუმისთა

გურია

გურჯაანი

დანია

დიდი ბრიტანეთი

დონეცკი

ევრაზია

ევროპა

ენგურზე

ესპანეთი

ვაზიანი

ვარიანი

ვაშინგტონი

ვენა

ვლადივოსტოკი

ზესტაფონი

ზუგდიდი

თბილისი

თელავი

თურქეთი

თურქმენეთი

თუშეთი

იაპონია

იერუსალიმი

ილიჩევსკი

იმერეთი

ინგლისი

იორის ველი

ირანი

ირლანდია

ისანი

ისრაელი

კავკასია

კანადა

კასპიის ზღვა

კახეთი

კიევი

კისლოვოდსკი

კოდორი

კორეა

კოსოვო

კრასნოდარი

ლენინგრადი

ლისაბონი

ლონდონი

მარუხი

მესხეთ-ჯავახეთი

მთიულეთი

მინსკი

მოლდოვა

მოსკოვი

მცხეთა

მცხეთა-მთიანეთი

ნიდერლანდის სამეფო

ნინოწმინდა

ოჩამჩირე

პალესტინა

პანკისის ხეობა

პატარძეული

პეტერბურგი

პოლონეთი

ჟენევა

რაჭა

რაჭა-ლეჩხუმი

რომი

რუმინეთი

რუსეთი

რუსეთ-საქართველო

საბერძნეთი

საბურთალო

საგარეჯო

სამეგრელო

სამეგრელო-ზემო სვანეთი

სამტრედია

სამხრეთ კავკასია

სამხრეთ ოსეთი

სამცხე

სამცხე-ჯავახეთი

სართიჭალა

საფრანგეთი

სენაკი

სვანეთი

სკანდინავიის ქვეყნები

სლოვაკეთი

სომხეთი

სოხუმი

სტამბოლი, სტამბული

სტრასბურგი

სუუამის ქვეყნები

სუფსა

სხვიტორი

ტარიბანა

ტექსელის კუნძული

ტყიბული

უზბეკეთი

უკრაინა

უნგრეთი

ფოთი

ქართლი

ქერჩი

ქვემოსკოვი

ქვემო ქართლი

ქობულეთი

ქუვეითი

ქუთაისი

ყაზახეთი

ყაზბეგი

ყარაბაღი

ყარსი

ყვარელი

ყირგიზეთი

ყირიმი

ყულევი

შატილი

შვედეთი

შვეიცარია

შიდა ქართლი

შირაქი

ჩარგალი

ჩერნობილი

ჩეჩნეთი

ჩეხეთი

ჩეხოსლოვაკია

ჩინეთი

ჩრდილოეთ აფრიკა

ჩრდილოეთ ირლანდიის შეერთებული სამეფო

ჩრდილოეთ კავკასია

ჩუმლაყი

ცენტრალური აზია

ცხინვალი

წნორი

ჭიათურა

ხევი

ხევსურეთი

ხმელთაშუა ზღვის ქვეყნები

ხულო

ჯავახეთი

110 საგნობრივი საძიებელი

▲ზევით დაბრუნება


90-იანი წლები

25 თებერვალი

9 მარტის ტრაგედია

9 მაისი

აბრეშუმის გზა, „დიდი აბრეშუმის გზა“

ადგილობრივი თვითმმართველობა

ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია

„აქილევსის ქუსლი“

აფხაზეთის კონფლიქტი

„აფხაზეთის ტელევიზია“

აფხაზეთის ქართველობა

ბაქო-სუფსის ნავთობსადენი

ბაქო-სუფსის პროექტი

ბაქო-თბილისი-სუფსა

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი

ბერლინის კედელი

ბირთვული იარაღი

ბირთვული ომი

ბიშკეკის ხელშეკრულება

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, გაერო

გაზეთი „ალია“

გაზეთი „ახალი თაობა“

გაზეთი „დრონი“

გაზეთი „თუთარჩელა“

გაზეთი „იბერია-სპექტრი“

გაზეთი „ლიტერატურული საქართველო“

გაზეთი „მენორა“

გაზეთი „მოსკოვსკიე ნოვოსტი“

გაზეთი „მერიდიანი“

გაზეთი „რეზონანსი“

გაზეთი „სეგოდნია“

გაზეთი „სვობოდნაია გრუზია“

განდევნილი ებრაელობა

გოდების კედელი

გუმათჰესი

დსთ

ევრაზიული დერეფანი, ევრაზიის დერეფანი

ევრობანკი

ევროკავშირი

ევროკავშირის საერთაშორისო სავალუტო ფონდი

ევროსაბჭო

ევროუშიშროება

ეკონომიკის აღმავლობა

ეროვნული უმცირესობა

ეუთო

ექსპორტი

ვაზიანის ბაზა

ვაშინგტონის დეკლარაცია

ზეთისხილის მთა

ზვიადისტები

„თავისუფალი ვაჭრობა“

იმპორტი

ინფლაცია

იუნესკო

იუსტიციის სამინისტრო

იძულებით ადგილნაცვალი პირები

კავკასიის ხალხები

„კავკასიის პაქტი“

კასპიის ნავთობი

კისლოვოდსკის დეკლარაცია

კონსერვატორების მოძრაობა

კონფლიქტის ზონა

კრემლი

ლაჯანურჰესი

ლისაბონის სამიტი

ლტოლვილები

მეორე მსოფლიო ომი

მეთერთმეტე არმია

მეწარმეობის თავისუფლება

მთლიანი შიდა პროდუქტი

მოსკოვის სამიტი

მსოფლიო ბანკი

მსოფლიო ებრაელობა

„მშვიდობიანი კავკასია“, „მშვიდობიანი კავკასიის იდეა“

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია

„ნამახვანჰესი“

ნატო

ნეოფაშისტები

„ნოუ ჰაუს“ ფონდი

ომის ვეტერანი

„ოქროს საწმისის“ ორდენი

პარლამენტარიზმი

პროკურატურა

ჟურნალი „ლიტერნატურნაია გრუზია“

ჟურნალი „რიწა“

რადიო „ფორტუნა“

„რეფორმატორები“

რიონჰესი

რუსეთ-ბელორუსეთის კავშირი

რუსეთის სპეცსამსახური

რუსეთის ტელეკომპანია „ტვ-6“

„რუსთავცემენტი“

საბჭოთა ებრაელობა

საბჭოთა კავშირი

საგადასახადო შემოსავლების სამინისტრო, შემოსავლების სამინისტრო

საგარეო პოლიტიკა

სავალუტო ფონდი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი

საინფორმაციო სააგენტო „ასოშეიტედ პრესი“

საინფორმაციო სააგენტო „ელიზი-ნიუსი“

საინფორმაციო პროგრამა „ვესტკინი“

საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსი“

საინფორმაციო სააგენტო „იტარ-ტასი“ („იტარ-ტასსი“)

საინფორმაციო სააგენტო „იფრინდა“

საინფორმაციო სააგენტო „კავკას-პრესი“

საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“

საინფორმაციო სააგენტო „სეგოდნია“

საინფორმაციო სააგენტო „პრაიმ-ნიუსი“

სამოქალაქო ომი

„სამრეწველო გიგანტი“

„სამხედრო ქალაქი“

საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი

საშინაო პოლიტიკა

სახელმწიფო კანცელარია

სახელმწიფო მინისტრი

სიტყვის თავისუფლება

„სოციალური უზრუნველყოფა“

სოციალური ეკონომიკა

სუვერენული სახელმწიფო

სტამბოლის სამიტი

ტელეკომპანია „იბერია“

ტელეკომპანია „მე-9 არხი“

ტელეკომპანია „ნტვ“

ტელეკომპანია „ორტ“

ტელეკომპანია „რტრ“

ტელეკომპანია „რია-ნოვოსტი“

ტელეკომპანია „რუსთავი

ტელეკომპანია „ტვ-6“

ტრანსკასპიური გაზსადენის პროექტი

ტრასეკას საერთაშორისო პროექტი

ტყიბულჰესი

უნიკალური საწარმოო-სამეცნიერო გაერთიანება „ბაქტერიოფაგი“

უშიშროებისა და შინაგან საქმეთა სამინისტრო

„ფარავანჰესი“

ქართველი ებრაელები

ქართულ-ოსური კონფლიქტი

ქუვეითის ფონდი

ქრისტეს სახარება

ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორია

შახ-დენიზის საბადო

შორჰესი

შრომის ვეტერანი

ჩერნობილის აფეთქება, ტრაგედია

ცივი ომი

ცხრა აპრილის ტრაგედია, 9 აპრილის ტრაგედია

წითელი ხიდი

წითელი ჯვარი

წმინდა მიწა

წმ. ნინოს ვაზის ჯვარი

„ჭიათურმანგანუმი“

„ხუდონჰესი“

ხსნის კომიტეტი

ჯვრის მონასტერი

„ჰალსტუხიანი ბანდიტები“

ჰელსინკის აქტი

ჰიპერინფლაცია