![]() |
ზვიად გამსახურდია (ტომი II) |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
თემატური კატალოგი საქართველოს სახელმწიფო მეთაურები|გამსახურდია ზვიად |
თარიღი: 2013 |
აღწერა: საქართველოს სახელმწიფოს ხელმძღვანელები თბილისი 2013 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა პარლამენტის სამეცნიერო-საინფორმაციო უზრუნველყოფის განყოფილება შემდგენელი: მზია ხოსიტაშვილი კორექტურა: ეთერ შუბითიძე დაკაბადონება: შორენა გზირიშვილი შიდა ყდის დიზაინი: მზია ხოსიტაშვილი შპს „ირიდა“ რუსთავი, ფიროსმანის ქ.№7 ISSN 1987-5576 ISBN 978-9941-0-6246-9 UDC (უაკ) 342.511 (479.22) + 929(479.22) ს-323 ზ-587 |
![]() |
1 შემდგენელისაგან |
▲ზევით დაბრუნება |
1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესი საბჭოს მიერ მიღებული იქნა დადგენილება „საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობის შემოღების შესახებ“.
1991 წლის 14 აპრილს, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილებით, ზვიად გამსახურდია არჩეულ იქნა საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტად.
1991 წლის 26 მაისს ჩატარდა საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის საერთო-სახალხო არჩევნები. ამომრჩეველთა საერთო რიცხვიდან (3 550 371) არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 83,59 პროცენტმა. არჩევნებში მონაწილეთა 86,52 პროცენტმა ხმა მისცა ზვიად გამსახურდიას.
1991 წლის 26 აგვისტოს შეიქმნა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი. დაარსდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტი. აღმასრულებელი ხელისუფლების სისტემის გარდაქმნის შედეგად მთავრობის მეთაური გახდა საქართველოს პრეზიდენტი.
1991 წლის 15 სექტემბერს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილებით საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებული სსრ კავშირის შეიარაღებული ძალები გამოცხადდა საოკუპაციო სამხედრო ძალად და დაისვა საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიიდან მისი გაყვანის საკითხი.
1991 წლის ოქტომბერში პრეზიდენტმა მიიღო დადგენილება რესპუბლიკაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ.
1991წლის დეკემბრიდან კანონიერ ხელისუფლებას და საქართველოს პრეზიდენტს შეიარაღებული ოპოზიციური ძალები დაუპირისპირდნენ. დაიწყო სამხედრო გადატრიალება.
II ტომში მოცემულია საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ოფიციალური მიმართვები, განცხადებები, მნიშვნელოვანი დადგენილებები, ბრძანებულებები, გამოსვლები, ინტერვიუები, გამოქვეყნებული 1991 წლის აპრილიდან 1992 წლის იანვრამდე გაზეთებში „საქართველოს რესპუბლიკა“, „რესპუბლიკა“, „თვალთაი“, „შანსი“, „ერი“.
![]() |
2 საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პირველი სესიის საგანგებო სხდომა |
▲ზევით დაბრუნება |
14 აპრილს გაიმართა საქართველოს პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს პირველი სხდომა, რომელიც გახსნა მისმა თავმჯდომარემ, ბატონმა ზვიად გამსახურდიამ.
დღის წესრიგში პირველ საკითხზე - საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის თანამდებობის შემოღების შესახებ ილაპარაკა უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აკაკი ასათიანმა. მან თქვა, თუ რაოდენ საჭიროა ამ თანამდებობის დაუყოვნებლივ შემოღება და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნამდვილი თავისუფლებისათვის, ქართველი ხალხის ბრძოლის ამ ეტაპზე განსაკუთრებით საჭიროა ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას წარმართავდეს პრეზიდენტი, რომელსაც უდიდესი უფლებამოსილებანი და პასუხისმგებლობა ეკისრება ხალხის წინაშე სახელმწიფოს საქმის ვითარებისათვის.
შემდეგ სიტყვა მიეცა საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრს ჯონი ხეცურიანს, რომელმაც წარმოადგინა კანონპროექტი პრეზიდენტის თანამდებობის შემოღების და ამასთან დაკავშირებით საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ. აზრთა გაზიარებაში მონაწილეობდნენ დეპუტატები: აკაკი ბობოხიძე, აპოლონ სილაგაძე, მინდია სალუქვაძე, დავით კუპრეიშვილი, ემზარ გოგუაძე, ლოვარდ ტუხაშვილი, თედო ნინიძე, ელდარ შენგელაია, აკაკი ასათიანი, ნოდარ ნათაძე, რამაზ სურმანიძე, ალექსანდრე ქობელაშვილი, ლევან ალექსიძე, რომან გოცირიძე, ალექსანდრე შუშანაშვილი, თეიმურაზ ქორიძე, ნუგზარ მოლოდინაშვილი, ბაკურ გულუა, გელა ჩორგოლაშვილი, თედო პაატაშვილი და სხვები.
უზენაესმა საბჭომ ერთხმად მიიღო კანონი პრეზიდენტის თანამდებობის შემოღებისა და ამასთან დაკავშირებით, საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ.
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევის საკითხზე ილაპარაკა ბატონმა აკაკი ასათიანმა. „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველოს“ ბლოკში შემავალი პოლიტიკური ორგანიზაციების სახელით, მან ამ თანამდებობაზე დაასახელა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ბატონ ზვიად გამსახურდიას კანდიდატურა.
სხვა კანდიდატურები არ დაუსახელებიათ. ღია კენჭისყრით უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდია ერთხმად აირჩია საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტად.
ტაშის გრიალში ტრიბუნაზე ავიდა ბატონი ზვიად გამსახურდია. მან მადლობა გადაიხადა ნდობისათვის და ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეგნებული აქვს უდიდესი პასუხისმგებლობა, აღუთქვა დამსწრეთ, რომ ძალ- ღონეს არ დაიშურებს ქართველი ხალხის სანუკვარი ოცნების - სამშობლოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მისაღწევად.
... უზენაესმა საბჭომ პირველი წაკითხვით მიიღო საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევის კანონი, რომლის თანახმად 1991 წლის 26 მაისს გაიმართება პრეზიდენტის პირველი, საყოველთაო არჩევნები ფარული კენჭისყრით, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე...
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პირველი სესიის საგანგებო სხდომა / ზვიად გამსახურდია // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 16 აპრილი. - №73 (93). - 1გვ.
![]() |
3 ზვიად გამსახურდია „ჩვენ არ ვცნობთ საქართველოს, როგორც საბჭოთა კავშირის წევრს!“ |
▲ზევით დაბრუნება |
რადიოსადგურ „ამერიკის ხმის“
კორესპონდენტისათვის
მიცემული ინტერვიუდან
5 აპრილი 1991 წელი
„ამერიკის ხმის“ კორესპონდენტმა მარკ ჰოპკინსმა ინტერვიუ ჩამოართვა საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ ზვიად გამსახურდიას, რომელმაც განაცხადა, რომ მის მთავრობას მხარი დაუჭირა ამომრჩეველთა დიდმა უმრავლესობამ დამოუკიდებლობისათვის გამართულ რეფერენდუმში და იგი თხოვს უცხო ქვეყნებს საქართველოს დიპლომატიურ ცნობას.
საქართველოს პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ, განაცხადა, რომ მას განზრახული აქვს გააძლიეროს ის, რაც, როგორც იგი ამბობს, უკვე არის საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკა და ამის გაკეთება სურს იმით, რომ თხოვნით მიმართავს შეერთებულ შტატებსა და ევროპის ქვეყნებს, მიმდინარე წელს დიპლომატიურად ცნონ საქართველო. ბატონმა გამსახურდიამ თქვა, რომ ოთხშაბათს მან წერილი გაუგზავნა პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს და თხოვს, რომ შეერთებული შტატები ჩაერიოს საქმეში გორბაჩოვთან, რათა თავიდან იქნეს აცილებული საქართველოს მიმართ შემდგომი ძალმომრეობა. საქართველო ახლა მოცულია იმით, რაც ბატონ გამსახურდიას თანახმად არის სამოქალაქო ომი ამ რესპუბლიკაში ქართველებსა და ყოფილ სამხრეთ ოსეთის რეგიონის მცირე მოსახლეობას შორის. ოსები მოსკოვისაკენ იყურებიან დაცვისათვის. ბატონმა გამსახურდიამ განაცხადა, რომ საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო ძალების ათასი ჯარისკაცი იყო გაგზავნილი საქართველოში, რათა განაიარაღონ ქართული მილიცია სამხრეთ ოსეთის რეგიონში. გამსახურდია ამბობს, რომ იქ არის 200 მილიციელი, რომელიც იცავს ქართულ სოფლებს სამხრეთ ოსეთში, მან საკდესის ცნობა დაახასიათა, როგორც ტყუილი, რომ თითქოს 12 ათასმა ქართველმა ალყა შემოარტყა სამხრეთ ოსეთის დედაქალაქ ცხინვალს, ბატონმა გამსახურდიამ თქვა:
- ახლა, მე მივმართავ ბატონ ჯორჯ ბუშს, ე.წ. სამხრეთ ოსეთში არსებული მდგომარეობის შესახებ და ვწერ წერილში, რომ მოსკოვმა შესაძლოა, გამოიყენოს ძალა საქართველოს წინააღმდეგ და მიმართოს სამხედრო აგრესიას. მე ვთხოვ ბატონ ბუშს, დაგვეხმაროს და მოახდინოს დაწოლა ბატონ გორბაჩოვზე, რომ მან არ მოაწყოს ახალი აგრესია საქართველოს წინააღმდეგ.
ბატონმა გამსახურდიამ განაცხადა, რომ საქართველოს მილიცია არ ჩააბარებს იარაღს და იგი შიშობს, რომ საქართველოში მეტი საბჭოთა ჯარების გაგზავნის გამო ადგილი ექნება მეტ ძალმომრეობას. 2 წლის წინ 20 ქართველი დაიღუპა და უამრავი დაიჭრა, როდესაც საბჭოთა ჯარებმა იერიში მიიტანეს მშვიდობიან დემონსტრანტებზე თბილისში. ბატონმა გამსახურდიამ თქვა, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო. მან განაცხადა:
ჩვენ არ ვცნობთ საბჭოთა კონსტიტუციას, ჩვენ გვაქვს საკუთარი კონსტიტუცია. ჩვენ არ ვცნობთ საქართველოს, როგორც საბჭოთა კავშირის წევრს. იურიდიულად იგი არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, რადგან დამოუკიდებლობის დეკლარაციას ჯერ კიდევ აქვს იურიდიული ძალა.
ბატონმა გამსახურდიამ განაცხადა, რომ მას სურს გაემგზავროს მოსკოვში და შეხვდეს პრეზიდენტ გორბაჩოვს. იგი მზადაა საბჭოთა ცენტრალურ მთავრობასთან მოსალაპარაკებლად საქართველოს დამოუკიდებლობისა და საბჭოთა ჯარების საქართველოდან გაყვანის შესახებ. პრეზიდენტმა გამსახურდიამ თქვა, რომ თუმცა საქართველო არის პატარა რესპუბლიკა, მაგრამ მთავრობა იმედოვნებს, რომ საქართველო მიიზიდავს უცხოეთიდან კაპიტალდაბანდებებსა და განავითარებს ტურიზმს თავისი ეკონომიკის განვითარებისათვის. მან დასძინა, რომ საქართველო დაამყარებს ეკონომიკურ კავშირებს სხვა საბჭოთა რესპუბლიკებთან უზარმაზარი რუსეთის ფედერაციული რესპუბლიკის ჩათვლით. მან დაამატა, რომ ურთიერთობა დამყარდება ცენტრალური საბჭოთა მთავრობისაგან დამოუკიდებლად. ხაზს უსვამდა რა მის დამოუკიდებლობას, პრეზიდენტმა გამსახურდიამ განაცხადა, რომ მიმდინარე წელს საქართველო, აგრეთვე, თხოვს გაერთიანებული ერების ორგანიზაციას, რომ დიპლომატიურად ცნოს საქართველო და მან მიუთითა იმაზე, რომ საბჭოთა რესპუბლიკებს უკრაინასა და ბელორუსიას ამჟამად აქვთ ადგილი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში.
(რადიოსადგურის სტილი დაცულია)
„ჩვენ არ ვცნობთ საქართველოს, როგორც საბჭოთა კავშირის წევრს!“ : რადიოსადგურ „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტისათვის მიცემული ინტერვიუდან / გამსახურდია ზვიად ; [ჩაიწერა] მარკ ჰოპკინსმა // რესპუბლიკა. - 1991. - 16 აპრილი. - №14/47. - 4გვ.
![]() |
4 ჩვენ გავიმარჯვებთ! |
▲ზევით დაბრუნება |
მამულიშვილნო, ქართველნო, გეორგიანნო! ქრისტე აღსდგა! გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას. ძვირფასო დანო და ძმანო, დაე, იყოს ეს დღე დასაწყისი ქართველი ერის კონსოლიდაციისა, ერთ მუშტად შეკვრისა შინაური და გარეშე მტრის წინააღმდეგ. დღვანდელი დღე ცრემლნარევი სიხარულის დღეა. მართალია, ჩვენ ცრემლი არ შეგვშრობია თვალზე - 9 აპრილს წამებულთა გლოვა, სამაჩაბლოში წამებულთა გლოვა დღესაც გრძელდება. მაგრამ უფალმა მოგვივლინა ეს დღე, ვითარცა დღე ცრემლნარევი სიხარულისა. ასეთი იყო საქართველოს ისტორია, ეს იყო ეკლიანი გზით სვლა ჭეშმარიტებისაკენ, საღმრთო სიყვარულისაკენ, საქართველოს გზა ეკლიანი გზაა ქრისტეს ჯვარცმისა, დაფლვისა და გარდაუვალი აღდგომისა. ამ დღეს დიდი დაფიქრება გვმართებს, დიდი ურთიერთსიყვარული, დიდი პატიება, მიტევება, რამეთუ არ არს კაცი, რომელიც ცხონდეს და არა სცოდოს. გავხედოთ ამ მძიმე გზას, რომელიც გველოდება და მოითხოვს ჩვენგან დიდ დარაზმულობას, შრომას, ურთიერთგატანას ამ უდიადეს ჟამს.
ქრისტიანულად ვიდოდით ჩვენ ისტორიის უძნელეს გზაზე და მუდამ ქრისტეს მცნების ერთგულებით ვიაროთ. რელიგიამ და ზნეობამ მოიყვანა დღევანდელ დღემდე ქართველი ერი.
ჩვენ გავიმარჯვებთ!
გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!
„ჩვენ გავიმარჯვებთ!“ / გამსახურდია ზ. // რესპუბლიკა. - 1991. - 16 აპრილი. - №14/47. - 9 გვ.
![]() |
5 საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბატონ ზვიად გამსახურდიას ინტერვიუ იაპონიის ტელეკომპანია „ფუჯის“ კორესპონდენტთან |
▲ზევით დაბრუნება |
იაპონიის ტელეკომპანია „ფუჯიმ“ თავის საინფორმაციო პროგრამაში მონაწილეობა სთხოვა საქართველოს ესპუბლიკის პრეზიდენტს ბატონ ზვიად გამსახურდიას და აი, 16 აპრილს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს სხდომათა დარბაზში შესდგა დაპირებული ინტერვიუ, რომელიც ცოცხლად ჩაერთო „ფუჯის“ საინფორმაციო პროგრამაში.
გთავაზობთ ამ ინტერვიუს:
- ჩვენ გამოვაცხადეთ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა და მივმართეთ მსოფლიოს ყველა ქვეყანასა და სახელმწიფოს, ცნონ საქართველო, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო და საერთაშორისო სამართლის ობიექტი. ჩვენი მიზანია აღვადგინოთ ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, რომელიც დავკარგეთ 1921 წელს საბჭოთა რუსეთის არმიის მიერ ანექსიის შედეგად. ახლა ბევრი პრობლემის წინაშე ვდგავართ, რადგან მოსკოვს, ცენტრს არ სურს ოფიციალური კავშირი ჩვენთან და არ უნდა აღიაროს ჩვენი დამოუკიდებლობა.
- თქვენი აზრით, როგორი იქნება საბჭოთა კავშირის მომავალი?
- 15 აპრილს გაიმართა სრულიად საკავშირო საგაფიცვო კომიტეტის შეკრება. მოსკოვის საოლქო საბჭოში განიხილეს საკითხი, თუ ვის უნდა გადაეცეს ძალაუფლება გორბაჩოვის შემდეგ. ასე, რომ გორბაჩოვის გადადგომა გადაწყვეტილია. ახლა საგაფიცვო კომიტეტი ფიქრობს შექმნას ახალი ფედერაციის ტიპის საბჭო ან ახალი კოალიციური მთავრობა, რომელშიც შევლენ რესპუბლიკის საზოგადოების წარმომადგენლები. ამჟამად მოსკოვს არ ჰყავს ხელისუფლება.
- ჩვენი ხელმძღვანელი უცხოეთში გაემგზავრა: გორბაჩოვი იაპონიაში, პავლოვი ინგლისში ჩავიდა, ელცინი კი - საფრანგეთში.
- სამხრეთ ოსეთის სიტუაციაზე რას ფიქრობთ?
- ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრობლემა ხელოვნურად არის ინსპირირებული მოსკოვის მიერ. მოსკოვი და გორბაჩოვი ამ პრობლემას იყენებენ ჩვენს წინააღმდეგ. ისინი საქართველოს იმიტომ სჯიან, რომ დამოუკიდებლობისათვის იბრძვის. დამოუკიდებლობის დეკლარაციის გამოყენებისთანავე ე.წ. სამხრეთ ოსეთში დამატებითი შენაერთები შემოიყვანეს. სიტუაცია დღითი დღე უარესდება. ეს მოსკოვის დამსჯელი ოპერაციაა. ოსი ექსტრემისტები მოქმედებენ მოსკოვის მხარდაჭერით.
- როგორ ფიქრობთ, რა გზით მოგვარდება საკითხი?
- სანამ ცენტრი იარსებებს, პრობლემა ვერ გადაიჭრება.
- თუ ჯარებს გაიყვანენ?
- თუკი გაიყვანენ ჯარებს ე.წ. „სამხრეთ ოსეთიდან“, მაშინ ყველაფერი მოგვარდება.
- ეს როდის მოხდება?
- ჩვენ ეხლა დავიწყეთ საყოველთაო გაფიცვა და გამოვაცხადეთ ეროვნული დაუმორჩილებლობა საბჭოთა ჯარების გაყვანის მოთხოვნით.
- ფიქრობთ, რომ ეს გაფიცვა ზეგავლენას მოახდენს მოსკოვზე?
- მოახდენს, რადგან იგი საბჭოთა ეკონომიკის პარალიზებას გამოიწვევს.
- როგორ ფიქრობთ, რომელი პრეზიდენტი გადაარჩენს საბჭოთა კავშირს?
- ვერც ერთი. საბჭოთა კავშირი უნდა დაიშალოს. ყველა რესპუბლიკამ დამოუკიდებლობა უნდა მოიპოვოს. ესაა გზა ხსნისა. ვერც ერთი პრეზიდენტი ვერ უშველის საბჭოთა კავშირს.
- რუსეთის ლიდერზე რას გვეტყვით? ვინ არის შესაფერისი ამ პოსტისათვის?
- ელცინი. აქვე უნდა გითხრათ, რომ მივესალმები იაპონელ ჟურნალისტებს საქართველოში. მაგრამ რაოდენ მაოცებს ის ფაქტი, რომ ოფიციალური იაპონია არ იჩენს ინტერესს საქართველოს მიმართ. მოსკოვიდან იაპონიის საელჩოს წარმომადგენელიც კი არ ჩამოსულა ჩვენთან. ჩვენ გვსურს კონტაქტი გვქონდეს არა მარტო ჟურნალისტებთან, არამედ იაპონიის ოფიციალურ წევრებთანაც. (წრეებთან?
რედ. შენიშვნა) ეს ჩვენი სურვილია.
- თქვენი ეკონომიკური სტრუქტურა... როგორი იქნება იგი მომავალში?
- ეკონომიკური კავშირები გვაქვს სხვადასხვა ქვეყნებთან, საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებთანაც. ჩვენი ეკონომიკა გაუმჯობესდება სრული დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ. როცა საქართველო თავს დააღწევს იზოლაციას. საბჭოთა კავშირმა საქართველოს იზოლირება მოახდინა მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკური პროცესებისაგან. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მდგომარეობა გამოსწორდება, მაგრამ ისეთმა ქვეყანამ, როგორიც არის იაპონია, მხარი უნდა დაუჭიროს რესპუბლიკებს და არა ცენტრს. ასე უფრო უკეთესი იქნება.
- თქვენ ბევრი სპეციფიკური საშინაო პრობლემა გაქვთ. თუ გაქვთ პროგრამა მათ დასაძლევად?
- გვაქვს, რა თქმა უნდა. ეს პროგრამა ეფუძნება თავისუფალ საბაზრო ეკონომიკას და არის ანტისოციალისტური.
- როგორ აფასებთ საბჭოთა ეკონომიკის 73 წლიან პერიოდს?
- ეს არის სრული დანგრევა. დღეს საბჭოთა კავშირი კრიზისსა და ნგრევას განიცდის. არსებული ეკონომიკური სისტემის გამოა ეს ყველაფერი. სისტემა უნდა შეიცვალოს.
- როგორ ფიქრობთ, რამ უნდა განაპირობოს სრული ეკონომიკური და პოლიტიკური დამოუკიდებლობის მიღწევა?
- ეს დამოკიდებულია დასავლეთის ქვეყნების აქტიურ მხარდაჭერასა და საბჭოთა კავშირში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების სწორ გაგებაზე.
- ახლა ხელსაყრელი სიტუაციაა საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებისათვის?
- დიახ, ვფიქრობ, ამისათვის საუკეთესო პირობებია. ახლა ყველა რესპუბლიკა იბრძვის დამოუკიდებლობისათვის და ცენტრიც აღარ არის ისეთ ძლიერი, რომ შეებრძოლოს ამ მოძრაობას.
- ზოგიერთი ჟურნალისტი მოსკოვში ამბობს, რომ თავდაპირველად გორბაჩოვმა დაიწყო ლიბერალიზაცია...
- დიახ, მაგრამ იგი იძულებული გახდა დაეწყო. დასავლეთის ქვეყნებმა, უწინარესად კი, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, აიძულა იგი დაეწყო ეს პროცესი. ამერიკამ დაიწყო გარდაქმნა და არა გორბაჩოვმა.
- გმადლობთ ინტერვიუსათვის.
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბატონ ზვიად გამსახურდიას ინტერვიუ იაპონიის ტელეკომპანია „ფუჯის“ კორესპონდენტთან // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 18 აპრილი. - №75(95). - 1გვ.
![]() |
6 საქართველოს რესპუბლიკის კანონი ცხინვალისა და ყორნისის რაიონების გაუქმების შესახებ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:
1. გაუქმდეს ცხინვალის რაიონი და მისი ტერიტორია შეუერთდეს გორის რაიონს.
2. გაუქმდეს ყორნისის რაიონი და მისი ტერიტორია შეუერთდეს ქარელის რაიონს.
3. ამოღებულ იქნეს საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის (ძირითადი კანონის) 71- ე მუხლიდან სიტყვები „ყორნისის“ და „ცხინვალის“.
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია
თბილისი, 1991 წლის 27 აპრილი საქართველოს რესპუბლიკის კანონი ცხინვალისა და ყორნისის რაიონების გაუქმების შესახებ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 30 აპრილი. - №83 (103). - 1გვ.
![]() |
7 საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბატონ ზვიად გამსახურდიას გამოსვლა საქართველოს ტელევიზიით 1991 წლის 28 აპრილს |
▲ზევით დაბრუნება |
საღამო მშვიდობისა, ძვირფასო ტელემაყურებლებო!
პირველ ყოვლისა, მინდა მადლობა მოვახსენო საქართველოს მოსახლეობას ბოლო ხანებში აღმოჩენილი დიდი მხარდაჭერისათვის, რეფერენდუმში მონაწილეობისათვის, იმ მილოცვებისათვის, რომლებიც გამოაგზავნეს დამოუკიდებლობის გამოცხადებასთან დაკავშირებით ცალკეულმა პირებმა, დაწესებულებებმა, ორგანიზაციებმა და აგრეთვე იმათ, ვინც წარმოადგინეს მხარდამჭერთა სიები.
დღევანდელი ჩემი გამოსვლა დაკავშირებულია „მრგვალი მაგიდის“ ბლოკის მიერ ჩემს წარდგენასთან საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად. გარკვეული გაგებით მსურს განვმარტო ზოგიერთი რამ, განსაკუთრებით ჩვენი ოპონენტების გამოსვლასთან დაკავშირებით. მსურს აღვნიშნო უწინარეს ყოვლისა, რომ არ მინდა ვტოვებდე შთაბეჭდილებას ისეთი ადამიანისას, რომლის ცხოვრების უმთავრესი მიზანი პრეზიდენტობაა. არასოდეს მქონია ასეთი მიზნები. ეს ყველამ კარგად იცის, ვინც ასე თუ ისე მიცნობს. მაგრამ ქვეყნის მდგომარეობამ, ჩვენი ერის დღევანდელმა ვითარებამ განაპირობა ეს ყოველივე. გუშინ ჩვენ მოვისმინეთ ჩვენი ოპონენტების გამოსვლები. იქ იყო ყალბი საყვედურები ჩვენს მიმართ და „მრგვალი მაგიდის“ ბლოკის მიმართ, გადაკრული სიტყვები, რომლებზეც მსურს მოგახსენოთ შემდეგი: პირველ რიგში, საუბარი იყო ფასების ზრდაზე და ეკონომიკურ კრიზისზე. ის ადამიანები, რომლებიც საუბრობენ საქართველოში შექმნილ მძიმე ეკონომიკურ ვითარებაზე, ცხოვრების დონის დაცემაზე, რატომღაც არასოდეს არ ახსენებენ მთავარ მიზეზს - კრემლს და საბჭოთა იმპერიას, რომლის შემადგენლობაშიც ჯერჯერობით იძულებით ვიმყოფებით და ცდილობენ გადმოიტანონ ბრალდებების მთელი სიმძიმე საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებაზე, მთავრობაზე - ამას სჩადიან უპირველეს ყოვლისა, სწორედ კრემლის მოციქულები, რომელთა მიზანია დისკრედიტაცია ჩვენი ხელისუფლებისა და ჩვენი მთავრობისა. სინამდვილეში, სანამ საქართველო წარმოადგენს ნაწილს ცენტრალიზებული საბჭოთა იმპერიისა, სადაც ჩვენი ეკონომიკა იმყოფება იზოლაციაში, რეალური ეკონომიკური ძვრები წარმოუდგენელია. სანამ ჩვენს რესპუბლიკას არ ექნება ეკონომიკური საზღვრები, რომლებიც დაგვიცავს ცენტრის თვითნებობისაგან, ცხოვრების დონის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება შეუძლებელია, მაგრამ ჩვენი ქვეყანა მიდის სრული დამოუკიდებლობისაკენ. დამოუკიდებლობის დეკლარაცია პირველი რეალური ნაბიჯი გახლავთ ამისი. ზოგი პოლიტიკოსი უკიჟინებს დღეს ჩვენს ხელისუფლებას არასაკმარის ელასტიურობას. გუშინ იყო საუბარი იმაზე, რომ საჭიროა უფრო მეტი ელასტიურობა ცენტრთან ურთიერთობაში. საჭიროა ისეთი პოლიტიკოსი, რომელიც უფრო მეტი ელასტიური იქნება. ვთქვათ, უფრო მეტად მოერგება კრემლის პოლიტიკას. მაშინ გამოდის, რომ ყველაზე კარგი გამოსავალი იქნება, თუ დავთმობთ ჩვენს პრინციპებს, ხელს ავიღებთ დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაზე და ხელს მოვაწერთ სამოკავშირეო ხელშეკრულებას. მაგრამ ეს იქნება ღალატი ჩვენი იდეალებისა, ჩვენი პრინციპებისა, და მე მგონი, ქართველი ერი ამას არ მოიწონებს. ასე, რომ ჩვენს წინაშეა არჩევანი ერთი მხრივ, ეროვნული და სამოქალაქო დაუმორჩილებლობა, რომელიც ჩვენ გამოვაცხადეთ და რომლის მიზანიც არის სრული და საბოლოო დამოუკიდებლობის მიღწევა და მეორე მხრივ, კრემლთან და ცენტრთან ელასტიური დამოკიდებულება, შემგუებლობა და საბოლოო ანგარიშით ერის ღალატი. მე მგონი, არჩევანი გაკეთებულია. დღეს ვერავითარი დემაგოგიით ვერავინ ვერ დაარწმუნებს ქართველ ერს, რომ პირველი გზა არ არის სწორი და მეორე გზას უნდა დაადგეს.
ასე რომ, ვინც საუბრობს იმაზე, რომ საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესებულია, უწინარეს ყოვლისა უნდა ისაუბროს ყოველივე ამის მიზეზებზე და ეს მიზეზი გახლავთ ჩვენი უკომპრომისო ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის, რომელსაც ჩვენ არ გადავუხვევთ. ჩვენი ისტორია, ჩვენი წინაპრების იდეალები სწორედ ამასთან იყო დაკავშირებული. საქართველო ყოველთვის იცავდა თავის დამოუკიდებლობას, თავის სარწმუნოებას და ის ტრაგიკული ისტორია, რომელიც საქართველოს აქვს, არ იქნებოდა ესოდენ ტრაგიკული, მას რომ უარი ეთქვა სარწმუნოებაზე, თავის ეროვნულ თვითმყოფადობაზე, არ ებრძოლა თავისუფლებისათვის. ასევე არის დღესაც. ჩვენ რომ ხელი ავიღოთ ჩვენს რწმენაზე, ჩვენს ეროვნებაზე, მაშინ ცენტრი დიდი სიხარულით გამოგვიწვდის ხელს. მაგრამ ჩვენი პრინციპები ამის უფლებას არ მოგვცემს. საუბარია დღეს, აგრეთვე, ჩვენი ოპონენტების მხრივ იმაზე, რომ მიწის კერძო მფლობელობაში გადაცემა დაუყოვნებლივ არ მოხდა. ამასთან დაკავშირებით ისევ ვიმეორებ, რომ საჭიროა ჯერ მოქალაქეობის კანონის შემოღება. ის, ვინც დღეს ქადაგებს მიწის კერძო საკუთრებაში გადაცემაზე მოქალაქეობის კანონის გარეშე, საქართველოს მტერია, ნამდვილი მოღალატეა ჩვენი ეროვნული ინტერესებისა. ჯერ უნდა გვქონდეს მოქალაქეობის კანონი, რომელიც ამჟამად მუშავდება, ხოლო შემდეგ კანონი მიწის შესახებ, მიწის კოდექსი. აი, ამის მერე უნდა დავიწყოთ მიწის გადაცემა კერძო საკუთრებად. მაგრამ ამისათვის საჭიროა უწინარეს ყოვლისა, დამოუკიდებელი საქართველოს საერთაშორისო პოზიციების განმტკიცება, შინაგანი სტაბილურობა და აუცილებლად დიპლომატიური აღიარება ჩვენი ქვეყნისა ერთი ან ორი სახელმწიფოს მიერ, წინააღმდეგ შემთხვევაში მოქალაქეობის კანონის შემოღება გართულდება გარკვეული შინაპოლიტიკური და საგარეო პოლიტიკური მიზეზების გამო. აი, ეს გახლავთ ურთიერთდაკავშირებული მიწის საკითხი მოქალაქეობის საკითხთან. - რასაკვირველია, ოპონენტების აზრის მოსასმენად ჩვენ მზადა ვართ, მაგრამ ყველას ვთხოვთ, რომ პრეზიდენტის პოსტისთვის ბრძოლას ნუ გადავაქცევთ საქართველოს რესპუბლიკის დისკრედიტაციად და ჩვენი ეროვნული ინეტერესების ხელყოფად. ჩვენი ოპონენტები ამბობენ აგრეთვე, თითქოს ჩვენ ეროვნული დაუმორჩილებლობის გამოცხადებით თვითბლოკადას ვეწეოდეთ. ესეც დემაგოგიური და პროვოკაციული განცხადებაა, ვინაიდან ცნობილია, თუ რა დიდ ზიანს აყენებს ჩვენს მიერ გამოცხადებული ეროვნული და სამოქალაქო დაუმორჩილებლობა უპირველეს ყოვლისა საბჭოთა ეკონომიკას, რაზედაც მეტყველებენ ის წერილები და დეპეშები, რომლებიც მოდის საქართველოში ცენტრიდან. უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია სსრკ-ს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის დოგუჟიევის ტელეგრამა, სადაც ნათქვამია, რომ საბჭოთა ეკონომიკას უდიდესი ზიანი მიაყენა ჩვენმა რკინიგზელთა გაფიცვამ. დოგუჟიევი კატეგორიულად მოითხოვს ამ გაფიცვის შეწყვეტას, სხვადასხვა საწარმოებიდანაც მოდის დეპეშები. ყოველივე ეს გამოქვეყნდება პრესაში. მართლია, არც ის არის დასამალი, რომ ჩვენი ეკონომიკის ინტერესებიც ზიანდება, მაგრამ მსხვერპლის გარეშე თავისუფლება არავის მოუპოვებია. ამიტომ გთხოვთ, ნუ აჰყვებით დემაგოგების მოწოდებებს, კაპიტულანტების მოწოდებებს, რომ ხელი ავიღოთ ჩვენს ბრძოლაზე და დავნებდეთ კრემლს. ასე რომ, აქ ელასტიურობის გამოვლინება და ყოველგვარი ლავირება მიგვიყვანს მხოლოდ ეროვნული ინტერესების ღალატამდე. ჩვენ არ ვაპირებთ გადავუხვიოთ იმ გეზს, რომელიც ავიღეთ დამოუკიდებელი საქართველოს აღორძინებისათვის ბრძოლაში.
იყო აგრეთვე გარკვეული საყვედურები იმასთან დაკავშირებით, თითქოს საქართველოს უზენაესი საბჭო ერთპარტიულია. ესეც აშკარა და უხეში ცილისწამებაა. იქ გახლავთ მრავალი პარტია წარმოდგენილი, მრავალი ორგანიზაცია. იქ არის სრული თავისუფლება შეხედულებებისა, პოზიციებისა; არავითარი ძალდატანება, არავითარი შეზღუდვა, არავითარი რეგლამენტირება არ ხდება არავისი, ყველა თავისუფლად გამოთქვამს თავის შეხედულებას და იმარჯვებს მხოლოდ ის აზრი, რომელსაც მხარს უჭერს დიდი უმრავლესობა და მისაღებია პარლამენტისა და ერისათვის. რაიმე არადემოკრატიულის დაბრალება ჩვენი პარლამენტისათვის, ჩვენი ხელისუფლებისათვის მე მგონი, გაუმართლებელია. გაუმართლებელია აგრეთვე ბრალდება იმის შესახებ, თითქოს კულტურის საქმეებში ვერევით. არავითარი ჩარევა არ ხდება. ჩარევა ხდება მხოლოდ მაშინ, თუ ესა თუ ის კულტურული დაწესებულება გამოავლენს რაიმე მძიმე ფინანსურ დარღვევებს, კორუფციას - სხვა არავითარი იდეური დიქტატი, არავითარი ცენზურა არ არსებობს, არავითარი თავსმოხვევა რაიმე იდეოლოგიისა. ახლა უნდა მოგახსენოთ, რომ არის რეალური საფრთხე პრეზიდენტის არჩევნების ჩაშლისა, ცენტრი უკვე ემზადება საამისოდ, ვინაიდან ეს მიაჩნია უდიდეს საფრთხედ თავისი მმართველობისათვის. მე მგონია, გაცილებით უფრო დიდი მცდელობები იქნება, ვიდრე იყო რეფერენდუმის შემთხვევაში, ან დამოუკიდებლობის გამოცხადების შემთხვევაში. უკვე ემზადებიან ამისათვის, უკვე დაწყებულია ცდები დესტაბილიზაციისა. განსაკუთრებით ავტონომიურ რეგიონებში. ჩვენ ყოველგვარი ძალები უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ არ დავუშვათ დესტაბილიზაცია. შესაძლოა, აი ამ საყოველთო დესტაბილიზაციის მცდელობით მოინდომონ ჩაშლა პრეზიდენტის არჩევნებისა, არის უკვე ამის მონაცემები. ჩვენ უფრო დეტალურად მოგახსენებთ იმის შესახებ, თუ რატომ არ აძლევს კრემლს ხელს ეს არჩევნები. იმის გამო, რომ მას არ სურს საქართველოს ჰყავდეს ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი, ვინაიდან ეს განამტკიცებს საქართველოს პოზიციებს საერთაშორისო ასპარეზზე და დააჩქარებს საქართველოს ცნობას - დიპლომატიურ ცნობას მსოფლიოს სახელმწიფოების მიერ. აი, ამ მიზეზით ყოველგვარ ზომებს ღებულობენ, რომ არ დაუშვან საქართველოში ეს არჩევნები, მაგრამ ქართველი ერი უნდა დაირაზმოს და მიაღწიოს ამ არჩევნების ჩატარებას. ჩამოვლენ საერთაშორისო მეთვალყურეები მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან, დასავლეთის ქვეყნებიდან, ამერიკიდან, ალბათ, ეს გაართულებს საქმეს იმ ძალებისათვის, რომლებსაც სურთ დესტაბილიზაციის გამოწვევა. მაგრამ მანამდე ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ არ მოხდეს დესტაბილიზაცია. საპრეზიდენტო არჩევნები იმდენადვე მნიშვნელოვანია საქართველოსათვის, როგორც რეფერენდუმი და როგორც დამოუკიდებლობის დეკლარაცია. საფრთხე, რასაკვირველია, კიდევ იმაში მდგომარეობს, რომ ჯერ კიდევ არის დამნაშავეობის ცალკეული გამოვლინებები საქართველოში და თუ რამე საფრთხე ემუქრება ჩვენს ერს, ეს არის ზნეობრივი თავაშვებულობა, დამნაშავეობის ზრდა, რასაც უნდა დავუპირისპიროთ აუცილებლად დიდი ძალისხმევა. ჩვენი ეკლესია უფრო აქტიურად უნდა ამოქმედდეს და უფრო მეტად უნდა შეებრძოლოს ყოველივე ამას. ჩემის აზრით, ყველა უბედურების მიზეზი ისტორიულად, დღესაც არა მარტო ჩვენი, საერთოდ მთელი კაცობრიობისა ამ ზნეობრივ თავაშვებულობაშია, რასაც, რასაკვირველია, უნდა მოვუაროთ მთელი ძალებით. დამნაშავეობა ყველა ქვეყანაში გავრცელებულია, მაგრამ სამწუხაროა, როცა დამნაშავეთა სამყაროს მხარში ამოუდგება ინტელიგენციის ნაწილი და ცდილობს რაღაცით გამართლებას ამა თუ იმ პირთა მოქმედებისას, ეს ყოველივე შეუწყნარებელია.
საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება ყველაზე მეტად მიზანშეწონილად ვცანით სწორედ 26 მაისს, ვინაიდან 26 მაისი, როგორც მოგეხსენებათ, არის საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის დღე. ამ დღისთვის უნდა ვემზადოთ, რათა ვაჩვენოთ უცხოელ სტუმრებს, თუ როგორ აღნიშნავს ქართველი ერი დამოუკიდებლობის დღეს და როგორ იბრძვის იგი დამოუკიდებლობისათვის. ჩვენი გზა საქართველოს ზნეობრივი აღორძინების გზაა, ქრისტეს გზაა. ამაში ვხედავ გადარჩენას ჩვენი ერისას.
გვფარავდეს ღმერთი ეკლიან და მოწამებრივ გზაზე. გვფარავდეს ღმერთი დამოუკიდებლობის აღდგენის გზაზე!
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბატონ ზვიად გამსახურდიას გამოსვლა საქართველოს ტელევიზიით 1991 წლის 28 აპრილს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 1 მაისი. - №84 (104). - 1გვ.
![]() |
8 ჩერქეზ (ადიღეელ) ხალხებს |
▲ზევით დაბრუნება |
ძვირფასო ჩერქეზო დებო და ძმებო!
21 მაისი ტრაგიკული თარიღია თქვენს ისტორიაში, მთელი კავკასიის ისტორიაში. სწორედ 1864 წლის 21 მაისს დასრულდა რუსეთის იმპერიის მრავალწლიანი ომი კავკასიის ხალხთა დასამორჩილებლად. ამ დღეს დაკარგა ჩერქეზეთმა თავისუფლება და დამოუკიდებლობა.
რუსეთ- კავკასიის ომმა მრავალი ათასი ჩერქეზისა და კავკასიის სხვა ხალხთა წარმომადგენლების სიცოცხლე შეიწირა. ბედმა მრავალტანჯულ ჩერქეზებს კიდევ ერთი მწარე განსაცდელი მოუმზადა. მაშინდელი მსოფლიოს ორი პირსისხლიანი იმპერიის - რუსეთისა და ოტომანთა იმპერიების - გარიგების შედეგად, ასეულ ათასობით ჩერქეზს მუჰაჯირთა მწარე ბედი არგუნეს, კავკასიის მშობლიური მიწა-წყალი დაატოვებინეს და იძულებული გახადეს მაშინდელი თურქეთის სხვადასხვა კუთხეში გადასახლებულიყვნენ, ნაწილი კი დარჩა კავკასიაში და რუსეთის იმპერიის მიერ დაპყრობილ ხალხთა მძიმე ხვედრი გაიზიარა. ამ დროიდან, საუკუნეზე მეტია, რაც ახლო აღმოსავლეთის მრავალ ქვეყანაში ცხოვრობენ ჩერქეზები, რომელთაც დღემდე არ გაჰქრობიათ ოცნება სამშობლოში დაბრუნებაზე.
ქართველი ხალხი დიდი გულისტკივილით შეხვდა თავისუფლებისმოყვარე ჩერქეზ ხალხთა ტრაგედიას. მე- 19 საუკუნის გამოჩენილმა ქართველმა მწერლებმა და საზოგადო მოღვაწეებმა გამოხატეს ღრმა პატივისცემა და გულწრფელი თანაგრძნობა კეთილშობილი და მამაცი ჩერქეზების მიმართ მათი მშობლიური მხარიდან გასახლების გამო.
ჩვენს დროს ჩერქეზმა მწერალმა, საქართველოს მკვიდრმა მ. ლოხვიცკიმ (აჯუკ- გირეიმ) თავისი შესანიშნავი რომანით „მეხთატეხა“, რომლის მეორე ნაწილიც ახლახან გამოვიდა თბილისში, კიდევ ერთხელ მწვავედ განგვაცდევინა ჩერქეზთა ტრაგედია.
ქართველი და ჩერქეზი ხალხების ურთიერთობას გულწრფელი პატივისცემა ახასიათებს. ქართველის წარმოდგენაში ჩერქეზი მუდამ იყო და არის რაინდული ბუნების ადამიანი, ჭეშმარიტი კავკასიელის საუკეთესო თვისებებით დამშვენებული პიროვნება.
უნდა აღინიშნოს ჩვენი საუკუნის გამოჩენილ ქართველ მეცნიერთა და მწერალთა დიდი დაინტერესება ჩერქეზული ენებით და კულტურით, ისტორიითა და ფოლკლორით.
დღეს ჩვენ, ქართველები, ვისაც ჩერქეზებთან გენეტიკური ნათესაობა და საერთო კავკასიური შეგნება გვაერთიანებს, პატივს მივაგებთ სამშობლოს თავისუფლებისათვის დაცემულ ჩერქეზთა ხსოვნას. გვწამს, რომ კავკასიის უძველეს მკვიდრთა - სინდების, კერკეტებისა და მეოტების - შთამომავალი ჩერქეზები ღირსეულ ადგილს დაიკავებენ კავკასიისა და მსოფლიოს ხალხთა თანამეგობრობაში.
გვჯერა, რომ ქართველთა და ჩერქეზთა ისტორიულ ძმობასა და მეგობრობას ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს. ეს კი მთელი კავკასიის ერთიანობისა და წარმატებების მტკიცე გარანტია იქნება.
ძვირფასო ჩერქეზებო!
ღმერთი იყოს თქვენი მფარველი სამშობლოს უკეთესი მომავლისაკენ თქვენს მისწრაფებაში.
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია
თბილისი. 1991 წლის 9 მაისი
მიმართვა : ჩერქეზ (ადიღეელ) ხალხებს / გამსახურდია ზ. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 10 მაისი №91 (111). - 1გვ.
![]() |
9 საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბატონ ზვიად გამსახურდიას გამოსვლა საქართველოს ტელევიზიით 1991 წლის 8 მაისს |
▲ზევით დაბრუნება |
ძვირფასო მეგობრებო!
მოგმართავთ საქართველოს ძირძველი, მრავალტანჯული კუთხის, აჭარის მოსახლეობას.
როგორც ვხედავთ, ჩვენი ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის, თავისუფლებისათვის საბოლოო ფაზაში შედის. ამ დროს გვმართებს დიდი დარაზმულობა, მაღალი პასუხისმგებლობა და უდიდესი სიფხიზლე, რათა ჩვენმა ძლიერმა მტერმა არ მიაღწიოს თავის საწადელს - ჩვენს გათიშვას, ჩვენს დაქსაქსვას ამ ეროვნულ განმათავისუფლებელ ბრძოლაში. მრავალი რამ არის დამოკიდებული ყოველ ჩვენთაგანზე. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი ვერაგი და უაღრესად გამოცდილი მტერი ფლობს სიტუაციას გარკვეული გაგებით. იგი იყენებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს ჩვენს წინააღმდეგ, იყენებს თავის აგენტურას და ხშირად აღწევს თავის საწადელს.
ე.წ. ოპოზიცია, რომელიც ცდილობს ჩვენი ხელისუფლების, ჩვენი ეროვნული მოძრაობის დისკრედიტაციას, ხშირად ეხმარება ამ მტერს და შედეგიც სახეზეა - არის ცალკეული გაუგებრობანი, არის ცალკეული ექსცესები, რომელთაც შეუძლიათ გამოიწვიონ ჩვენი გათიშვა, ჩვენი ეროვნული მოძრაობის ცალკეული წარუმატებლობანი.
დავიწყებთ იმით, რომ აჭარა იმთავითვე აქტიური იყო ჩვენს ეროვნულ მოძრაობაში და გადამწყვეტ როლს თამაშობდა. დავიწყებ სულ ადრეული პერიოდიდან, მაშინ, როდესაც ტოტალიტარული კომუნისტური ხელისუფლების პირობებში საქართველოს ეროვნულმა მოძრაობამ შესძლო ორგანიზება თბილისში 14 აპრილის მრავალათასიანი მანიფესტაციისა, რაც წარმოუდგენელი იყო სსრკ-ს ნებისმიერ კუთხეში. თბილისის დემონსტრაციას დაუყოვნებლივ მოჰყვა ბათუმის დემონსტრაცია, რომელმაც დაიცვა ქართული ენა და იმ დროიდან მოყოლებული, ბათუმი არის ავანგარდი ჩვენი ეროვნული მოძრაობისა, ისევე როგორც მთელი აჭარა.
არც არის ეს გასაკვირი, მეგობრებო და ჩვენ საგანგებოდ არც უნდა აღვნიშნავდეთ, მაგრამ ამას ვამბობ იმის გამო, რომ არის ცდები დღეს აჭარაში გარკვეული დესტაბილიზაციის შექმნისა.
რითი არის ეს გამოწვეული?
უწინარეს ყოვლისა იმით, რომ არასწორი ინფორმაციები ვრცელდება, თუნდაც, ჩემს პოზიციასთან დაკავშირებით. კერძოდ, აჭარაში გავრცელდა ინფორმაცია, რასაკვირველია, მტრული წყაროებიდან გამომდინარე, თითქოს მე მსურს აჭარის ავტონომიის გაუქმება და დაუყოვნებლივ მსურს მივიღო ამისთვის ზომები. ეს გახლავთ სიცრუე, მეგობრებო, ეს გახლავთ დეზინფორმაცია. სინამდვილეში, დაწყებული პირველი სესიიდან, როგორც კი გაიმარჯვა „მრგვალმა მაგიდამ“ და საქართველოში შეიცვალა კომუნისტური წყობილება, მე ვქადაგებ, რომ ავტონომიის საკითხი, ეს არის სათუთი საკითხი, ეს არის ხალხის გადასაწყვეტი საკითხი, ეს არის მოსახლეობის ნების გათვალისწინებით გადასაწყვეტი საკითხი, კერძოდ, რეფერენდუმით. თანაც ხაზს ვუსვამ იმას, რომ ეს უნდა გადაწყვიტოს ხალხმა, კერძოდ აჭარის მოსახლეობამ მხოლოდ და მხოლოდ, და აქ არავითარი დაძალება, არავითარი დიქტატი არ იქნება, არავითარი თავს მოხვევა ცალკეული შეხედულებებისა, ცალკეული პირების პოზიციებისა, თუნდაც პრეზიდენტის პოზიციისა და ვიმეორებ, არასწორად იქნა გაშუქებული ჩემი პოზიცია ცალკეული პირებისადმი, რამაც გამოიწვია საკმაოდ უსიამოვნო შედეგები. ჩემთან ხშირად მოდიან აჭარის საზოგადოების წარმომადგენლები. მე ყველას განვუმარტავ და რამდენადაც ვიცი, ისინიც ეწევიან ახსნა- განმარტებით მუშაობას, თუმცა, ცალკეული ცდები არის ჩვენი მტრებისა, რომ დაამახინჯონ ჩვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით. ამ საკითხს ავტონომიის შენარჩუნებისა და არშენარჩუნების საკითხს, უკავშირდება არჩევნების პრობლემა. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მრავალი უბედურება დატყდა თავს. იყო მრავალი ხელისშემშლელი პირობა და არჩევნები ცოტათი გაჭიანურდა. ამას დაერთო ისიც, რომ ცალკეულმა წრეებმა აჭარაში, უმეტესად ახალგაზრდობამ, რასაკვირველია, არა ბოროტი განზრახვით იჩქარეს და იყო ცალკეული ცდები ავტონომიის წინააღმდეგ აგიტაციისა და მცდელობები საპროტესტო აქციებისა, და ეს აღქმული იქნა, როგორც ჩემგან მომდინარე და „მრგვალი მაგიდის“ პოლიტიკური ორგანიზაციებისაგან მომდინარე აქცია, რაც არ გახლავთ სწორი, მეგობრებო, ეს ჩემს გარეშე გაკეთდა. ამასთან დაკავშირებით მიიღო შენიშვნა გარკვეულმა ორგანიზაციებმა და უნდა ითქვას, რომ საქართველოს უზენაესი საბჭო და პირადად მე არ ვდგავართ ამ აქციების უკან. ჩვენ, როგორც მოგეხსენებათ და როგორც არაერთგზის გვითქვამს, გვსურს მხოლოდ და მხოლოდ ხალხის ნებით გადაწყდეს ეს უმნიშვნელოვანესი საკითხი. როგორც აღვნიშნე, ამას უკავშირდება აგრეთვე, არჩევნების პრობლემა, აჭარის უზენაესი საბჭოს არჩევნების პრობლემა. დაისვა საკითხი, რომ ეს ჩატარდეს ახლავე, დაუყოვნებლივ. შეიძლება თუ არა ეს იურიდიულად? ყოვლად გამორიცხულია, მეგობრებო. ამასთან დაკავშირებით თქვენ მოგმართვთ ჩვენი იუსტიციის მინისტრი, საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი - თუ რა ვადებია საჭირო, თუ რამდენად შეუთავსებელია ორი არჩევნების ერთად ჩატარება - საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისა და აჭარის უზენაესი საბჭოს არჩევნებისა. ჩვენ არ უნდა დავტოვოთ შთაბეჭდილება დანარჩენ მსოფლიოზე, თითქოს აქ არ არიან იურიდიულად საკმაოდ კომპეტენტური ადამიანები ჩვენს წრეებში და ჩვენს ხელისუფლებაში. ამიტომ ჩვენი მოსაზრებით აჭარის უზენაესი საბჭოს არჩევნები აუცილებლად უნდა ჩატარდეს და ეს არჩევნები უნდა ჩატარდეს პრეზიდენტის არჩევნების შემდგომ. მხოლოდ, რასაკვირველია, შემჭიდროებულ ვადებში და როგორც ჩანს, ეს არჩევნები - აჭარის უზენაესი საბჭოს არჩევნები, ჩატარდება უშუალოდ პრეზიდენტის არჩევნების შემდგომ, ივნისის შუა რიცხვებში. დამატებით, ვადის შესახებ თქვენ მიიღებთ ინფორმაციას. ასე რომ, მე ვთხოვ წრეებს, რომლებიც ამჟამად ძაბავენ სიტუაციას აჭარაში არჩევნების მოთხოვნასთან დაკავშირებით - მათ არაფერი აქვთ ასაღელვებელი, ყოველგვარი ბრძოლა დღეს უზენაესი საბჭოს არჩევნებისათვის ეს არის ღია კარების მტვრევა - ეს პრობლემები გადაწყვეტილია, ყოველივე შეთანხმებულია აჭარის ხელისუფლებასთან და როგორც მოგახსენეთ, უახლოეს ხანაში, პრეზიდენტის არჩევნების შემდგომ, ეს ყოველივე განხორციელდება. მე ვთხოვ ყველას ამ მძიმე დღეებში, საქართველოსათვის მძიმე დღეებში, ამ მძიმე პერიოდში შევკავშირდეთ! იყოს ჩვენს შორის დიდი კონსოლიდაცია, ურთიერთგაგება, რათა არ ვათქმევინოთ მტრებს, რომ ქართველები რაღაც გარკვეული მოსაზრებებით ან თუნდაც რელიგიური მოსაზრებებით ურთიერთს დაუპირისპირდნენ და არის მათ შორის განხეთქილება, რომ ისინი არ არიან ერთიანი თავისუფლებისათვის ბრძოლაში, დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში. ნუ დავტოვებთ ასეთ შთაბეჭდილებას მსოფლიოზე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ უდიდესია ჩვენი სიყვარული თქვენდამი, ჩვენი თანადგომა და გვწამს, რომ აჭარა - ეს ძირძველი კუთხე საქართველოსი მარად და მარად იქნება ერთიან დანარჩენ საქართველოსთან და იბრძოლებს საქართველოს სრული თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ჩვენთან ერთად.
გმადლობთ ყურადღებისათვის.
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია
1991 წლის 8 მაისი
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბატონ ზვიად გამსახურდიას გამოსვლა საქართველოს ტელევიზიით 1991 წლის 8 მაისს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 10 მაისი. - № 91 (111). - 1გვ.
![]() |
10 13 მაისს საქართველოს უზენაესი საბჭოს პრეს- ცენტრის ინიციატივით ჩატარდა საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბატონ ზვიად გამსახურდიას პრესკონფერენცია უცხოელი ჟურნალისტებისათვის |
▲ზევით დაბრუნება |
- არსებობს მოსაზრება, რომ ეთნოკონფლიქტები ინსპირირებულია მოსკოვის, კერძოდ, სუკ-ის მიერ. გაქვთ თუ არა ამის დამამტკიცებელი რაიმე საბუთი?
- ამის დამამტკიცებელი ბევრი საბუთი და ნიშანი არსებობს. უპირველეს ყოვლისა ის, რომ ოსი ექსტრემისტები მარაგდებიან იარაღით საბჭოთა არმიისა და შინაგანი ჯარის მიერ. ისინი ეხმარებიან ოს ექსტრემისტებს ქართული მოსახლეობის წინააღმდეგ წარმოებულ ომში. როდესაც აპატიმრებენ ქართველებსა და ოსებს, ოსებს, ჩვეულებრივ, ათავისუფლებენ. არც ერთი ოსი არ ზის იქ ამჟამად ციხეში. ოსი ექსტრემისტები საბჭოთა შინაგანი ჯარების ტანკებში სხდებიან და თავს ესხმიან ქართულ სოფლებს. ისინი ერთად ებრძვიან ქართველებს, სამხედრო პირებსა და ოს ექსტრემისტებს. მძევლებად აჰყავთ ქართული სოფლების მოსახლეობა. აქ იგივე ხდება, რაც სომხურ სოფლებში, სადაც აზერბაიჯანის ომონი და საბჭოთა არმია ერთად მოქმედებენ. ისევე როგორც აზერბაიჯანში, საბჭოთა არმია მხარს უჭერს აზერბაიჯანის ომონს, ასევე საქართველოში იგი მხარს უჭერს ოს ექსტრემისტებს, რადგანაც ოსი კომუნისტი ექსტრემისტები იბრძვიან სსრკ-სთვის, მათ უნდათ აღადგინონ საბჭოთა ხელისუფლება და კომუნისტური რეჟიმი.
- შეკითხვა ტელეფონით დანიის ტელევიზიიდან: როდის აპირებს საქართველო ცენტრისაგან დამოუკიდებლად იქონიოს საკუთარი ფული, ჯარი, საბაჟო და დამოუკიდებლად შეძლოს საზღვრების დაცვა?
- პირველ რიგში ეს დამოკიდებულია იმაზე, გვაღიარებენ თუ არა დასავლეთის ქვეყნები დამოუკიდებელ სახელმწიფოდ.
როდესაც ცენტრი ჩვენ გვაღიარებს უცხო ქვეყნად, ეს ფაქტობრივად დიპლომატიური აღიარების ტოლფასი იქნება. ჩვენ უკვე დავიწყეთ საკუთარი არმიის ჩამოყალიბება, მალე დავიწყებთ ფულის მოჭრას და გვექნება საზღვრებიც, მაგრამ ეს ყველაფერი იქნება ოფიციალური აღიარების შემდეგ.
- ვინ ამარაგებს ქართულ გვარდიას?
- ჩვენ ამჟამად გვყავს მხოლოდ შინაგანი ჯარები და მას ამარაგებს სახელმწიფო.
- თუ სწორად გავიგეთ თქვენი ნათქვამი, 15 რესპუბლიკას სურს მიიღოს თავისუფლება, ამ რესპუბლიკაში არის არა ეთნოკონფლიქტები, არამედ ცალკეული ხალხების ლტოლვა დამოუკიდებლობისაკენ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, იმპერიას სურს გააღვიძოს ეთნოკონფლიქტები რესპუბლიკებში.
- თქვენ იცით, რომ სსრკ-ში შემავალი 9 რესპუბლიკა ხელს აწერს სამოკავშირეო ხელშეკრულებას, ხოლო 6 უარს ამბობს მასზე, მას შემდეგ, რაც ეს 9 რესპუბლიკა ხელს მოაწერს ამ სამოკავშირეო ხელშეკრულებას, საბჭოთა ფედერაცია 9 რესპუბლიკისაგან იქნება შემდგარი. ამის შემდეგ ექვს რესპუბლიკას მიეცემა უცხო სახელმწიფოს სტატუსი. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ თვით სსრკ ცნობს ჩვენს დამოუკიდებლობას.
- როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია თუ არა ევროპული თანამეგობრობის ისეთი მოდელი, როგორიც არის, მაგალითად, ბრიუსელში, გადმოღებულ იქნას ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებისათვის?
- მე ვფიქრობ, რომ იმ ექვს რესპუბლიკას, რომელიც ხელს არ მოაწერს სამოკავშირეო ხელშეკრულებას, შესაძლებელია ჰქონდეს ბრიუსელის მოდელი და ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობა ერთმანეთთან.
- კითხვა ეხება 26 მაისს დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებს, 27 აპრილს თქვენ სატელევიზიო გამოსვლაში განაცხადეთ, რომ შესაძლებელია 26 მაისის არჩევნები არ ჩატარდეს. რა არის ამის მიზეზი?
- მე უშუალოდ ასეთი განცხადება არ გამიკეთებია. მე ვთქვი, რომ კრემლი იბრძვის, რათა გამოიწვიოს დესტაბილიზაცია, რადგან მას ეშინია ამ არჩევნების. გუშინ, მაგალითად, მოხდა კრემლის ძალზე არასასიამოვნო პროვოკაცია. მოსკოვის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოთხი წარმომადგენელი, რომლებიც ახლდნენ პრეზიდენტობის ერთ კანდიდატს და არაკანონიერად იმყოფებოდნენ საქართველოში, დროებით დაკავებულნი იქნენ, ამ კანდიდატმა მოსკოვიდან მოიწვია სსრკ-ს სპეცსამსახურის, სუკ-ის თანამშრომლები მისი პირადი დაცვის მიზნით. ისინი აქ საიდუმლოდ ჩამოვიდნენ ჩვენი რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ნებართვის გარეშე. მათ თავი წარმოგვიდგინეს ამ კანდიდატის მცველებად, სინამდვილეში კი ჩვენ არ ვიცით, ისინი რა ფუნქციას ასრულებენ. როგორც კანდიდატი ამბობს, მან ისინი მოიწვია, როგორც მოსკოვის ერთ-ერთი კოოპერატივის წევრები, მაგრამ ამ დროს მათ აქვთ მოსკოვის შინაგან საქმეთა სამინისტროს დოკუმენტები.
გუშინ საქართველოს ტელევიზიით ნაჩვენები იყო, თუ როგორ შემოიჭრნენ ეს სუკ-ის აგენტები, რომლებიც თავს მილიციის თნამშრომლებს უწოდებენ. მაგრამ ცნობილია, რომ სუკ-ი ხშირად იყენებს ამ მეთოდს და აძლევს თავის წარმომადგენლებს მილიციის მოწმობას. ეს ერთ-ერთი პროვოკაციაა ჩვენი არჩევნების წინააღმდეგ. ცენტრი ცდილობს, რომ იაქტიუროს წანასაარჩევნო კამპანიაში და მას ჰყავს ამისათვის ისეთი ხალხი, როგორიც ხსენებული კანდიდატია, რომელიც საბჭოთა კავშირის უზენაესი საბჭოს დეპუტატია.
- როგორ ფიქრობთ, ამ ფაქტის შემდგომ იგი მიიღებს მონაწილეობას ამ არჩევნებში?
- მე არ ვიცი, ეს მასზეა დამოკიდებული, გუშინ ტელევიზიით ნაჩვენები იყო, რომ იგი თანამშრომლობს საბჭოთა სპეც- სამსახურთან, როდესაც მას ჰკითხეს, თუ რატომ ვერ იპოვნა დაცვა საქართველოში და რატომ მოიწვია სპეც- სამსახური მოსკოვიდან, მან უპასუხა, მე არ ვენდობი ქართველებს და ამიტომ მოვიწვიე ისინი მოსკოვიდანო. მაშინ მას ჰკითხეს: თუ თქვენ არ ენდობით ქართველებს, რად გინდათ, რომ გახდეთ პრეზიდენტი?
- მე გავიგე, რომ გარკვეული პრობლემები არსებობს ერთ-ერთი კანდიდატის მხარდამჭერთა ხელმოწერებთან დაკავშირებით.
- ზოგიერთ კანდიდატს ყალბი ხელმოწერები აღმოაჩნდა. ისინი ეუბნებოდნენ ხალხს, რომ ეს ხელმოწერები საჭიროა გამსახურდიასთვის, ვინაიდან სხვები იქნებიან მისი მოადგილეები, ანუ თანაპრეზიდენტები, ისინი მოტყუებით და ზოგჯერ ძალადობით აღწევდნენ ამას. „მხედრიონის“ ზოგიერთი წარმომადგენელი ძალადობით აგროვებდა ხელმოწერებს ზოგი კანდიდატისთვის. გუშინ, როდესაც სუკ-ის თანამშრომლები დააკავეს მილიციის წარმომადგენლებმა, მათ შორის აღმოჩნდნენ „მხედრიონის“ წევრებიც.
- თქვენთვის ცნობილია, რომ ბალტიისპირეთის რესპუბლიკების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ აშშ-ში. მაგრამ მათ საკმარისი მხარდაჭერა ვერ მიიღეს. გენბერის განცხადებით, ცენტრისა და რესპუბლიკების კონფლიქტი გამოწვეულია იმით, რომ ერთის მხრივ მოსკოვში შეინიშნება სურვილი კონფედერაციის შექმნისა, ხოლო მეორეს მხრივ, გარკვეული რესპუბლიკები იბრძვიან დამოუკიდებლობისათვის. ეს წინააღმდეგობა კრემლს აგონიაში აგდებს. მოსკოვს აქვს დიდი სამხედრო პოტენციალი, როგორ ფიქრობთ, ხომ არ არის საშიშროება, რომ მას ხალხის წინააღმდეგ გამოიყენებენ?
- სამწუხაროა, რომ აშშ-ს არ სურს სცნოს ბალტიისპირეთის, საქართველოს და სხვათა დამოუკიდებლობა. აშშ, გერმანია და სხვა დიდი ქვეყნები კვლავ იმედებს ამყარებენ სსრკ- ზე, გორბაჩოვზე. მაგრამ მე ვფიქრობ, მომავალში წარმოუდგენელია სსრკ-ს არსებობა.
- ლიტვამ ერთი წლის წინ გამოაცხადა დამოუკიდებლობა და დაიწყო მოლაპარაკებები მოსკოვთან, თქვენ როდის ფიქრობთ მოლაპარაკებების დაწყებას მოსკოვთან?
- ჩვენ დავიწყებთ მოლაპარაკებებს და მე შევხვდები პრეზიდენტ გორბაჩოვს თვის ბოლოს. ჩვენი მოლაპარაკებები ისეთივე იქნება, როგორც ლიტვის, ეს იქნება დამოუკიდებლობის შესახებ.
- თქვენ განაცხადეთ, რომ საქართველოსთვის უმთავრესი პრობლემა ამჟამად ეკონომიკური განვითარებაა. როგორი იქნება თქვენი პირველი ნაბიჯები ამ გზაზე?
- ჩვენი პირველი ნაბიჯებია პრივატიზაცია, თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა და ეკონომიკური კავშირების განმტკიცება დასავლეთის სხვადასხვა ქვეყნებთან.
- ბატონი ხოშტარია იმყოფებოდა საფრანგეთსა და გერმანიაში, როგორია ამ ვიზიტის შედეგები?
- შედეგები დიდია, რადგან ჩვენ დავამყარეთ ახალი, განსაკუთრებით ეკონომიკური კონტაქტები ამ ქვეყნებთან.
- თქვენი ხელისუფლება უკვე რამდენიმე თვეა სათავეშია, მაგრამ ჯერ არ მოხერხდა პრივატიზაციის შესახებ კანონის მიღება. რა არის ამის მიზეზი?
- მიზეზი ის არის, რომ ჩვენ ჯერ არ ვართ ეკონომიკურად დამოუკიდებელნი საბჭოთა კავშირისაგან. როგორც კი ჩვენ გამოვეყოფით სსრკ-ს და გავარღვევთ ეკონომიკურ იზოლაციას, ჩვენ გვექნება ამის შესაძლებლობა, ახლა კი, თქვენ იცით, რომ ჩვენ წარმოვადგენთ საბჭოთა სოციალისტური ეკონომიკის ნაწილს. ამჟამად ჩვენ გვაქვს ნაწილობრივი პრივატიზაცია, მაგრამ სრული პრივატიზაცია შესაძლებელია მხოლოდ სსრკ- დან გამოყოფის შემდგომ.
- თქვენ დაიწყეთ საყოველთაო გაფიცვა. გრძელდება თუ არა იგი?
- არა, გაფიცვა შეწყდა მიწისძვრის გამო.
- ბალტიისპირეთში ჩვენ გვითხრეს, რომ საქართველო მოქცეულია ენერგეტიკულ ბლოკადაში. კერძოდ, მას არ აწვდიან გაზს. რამდენი ხანია ეს მიმდინარეობს?
- ჩვენ ყველა სახის ბლოკადაში ვართ მოქცეული, ენერგეტიკული, პროდუქტის, ახლა დაიწყო ფინანსური ბლოკადა.
- კომუნისტურმა რეჟიმმა 70 წლის მანძილზე შექმნა Homo Sovieticus-ის ტიპი. საზოგადოებრიობის ფართო ფენები კორუმპირებულია, შეიცვალა ადამიანთ ფსიქოლოგიაც, საქართველოს თავისუფლების გამოცხადება ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ ქართველები განათლებისა და კულტურის შედეგად გახდნენ მართლაც თავისუფალნი?
- ძალიან ძნელია კორუფციის და სხვა ნეგატიური მოვლენების წინააღმდეგ ბრძოლა, რომელსაც ამ 70 წლის განმავლობაში ჰქონდა ადგილი. ძალიან ძნელია ადამიანთა ფსიქოლოგიის შეცვლა, ჩვენ არ შეგვიძლია ამის სწრაფად გაკეთება, ამას დრო სჭირდება. ჩვენ ამისათვის გვჭირდება სრული გამოყოფა სსრკ- დან.
- ზოგიერთი ფიქრობს, რომ უმჯობესია ეკონომიკურ განვითარებაზე ზრუნვა სსრკ- დან გამოყოფამდე. როგორია თქვენი აზრი?
- დამოუკიდებლობის გარეშე შეუძლებელია ეკონომიკური განვითარება, ჩვენ მოწყვეტილი ვართ მთელ მსოფლიოს სწორედ მოსკოვის წყალობით. ჩვენ ვცდილობთ ეს იზოლაცია გავარღვიოთ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დეკლარაციით და დიპლომატიური აღიარების მიღწევით. მხოლოდ ამის შედეგად გახდება შესაძლებელი ნამდვილი ეკონომიკური დამოუკიდებლობის მიღწევა. ამჟამად ჩვენ არ გვაქვს ეკონომიკური საზღვრები. ჩვენ არ შეგვიძლია ეკონომიკის შეცვლა, სანამ სსრკ-ს შემადგენლობაში ვართ.
- ოსეთის პრობლემის გარდა არსებობს მღელვარება აჭარაში, აფხაზეთში, ყველაფერი მოსკოვის ბრალია? თქვენ დარწმუნებული ბრძანდებით?
- დიახ, იმიტომ, რომ გორბაჩოვმა ჩემთან საუბარში განაცხადა, რომ თუ ჩვენ ხელს არ მოვაწერთ სამოკავშირეო ხელშეკრულებას, გვექნება პრობლემები ოსეთსა და აჭარაში. ასეთივე პოლიტიკა აქვს მას მოლდავეთისა და სომხეთის მიმართ. იგი იყენებს ეთნოკონფლიქტებს რესპუბლიკებზე ზემოქმედებისთვის.
- გაქვთ თუ არა კონტაქტი სსრკ-ში და მთელ დასავლეთ სამყაროში კარგად ცნობილ პიროვნებასთან, ვგულისხმობ ედუარდ შევარდნაძეს?
- დიახ, მე მქონდა მასთან კონტაქტი და მე ვუთხარი, რომ მან უნდა მოახდინოს გავლენა გორბაჩოვზე და ემსახუროს საქართველოს, მაგრამ მე რეალურად ამას ვერ ვხედავ.
- როდის ელაპარაკეთ მას?
- დაახლოებით ერთი თვის წინ.
- გორბაჩოვი იზოლირებულია სამხედრო ძალებისა და სუკ-ის მიერ, მისი უფლებამოსილებანი შეზღუდულია. ყველაფერი მის სურვილზე არ არის დამოკიდებული, რადგან მას უჭირს მოერიოს ამ უზარმაზარ სამხედრო აპარატს. თქვენ რას ფიქრობთ?
- დიახ, გორბაჩოვი მართლაც მათი გავლენის ქვეშ იმყოფება, მას ამჟამად მართლაც უჭირს ამ გავლენის დაძლევა, მაგრამ მე ვფიქრობ, ამაში მას დასავლეთი, აშშ, გერმანია დაეხმარება. თუ მას დაეხმარებიან, იგი შეძლებს ამ სიტუაციიდან თავის დაღწევას. ბევრი რამ არის დამოკიდებული ბატონ ელცინზეც.
- გაქვთ თუ არა კონტაქტი ბატონ ელცინთან?
- დიახ, ჩვენ გვქონდა კონტაქტი, მაგრამ მე ვფიქრობ, ამჟამად იგი გაურბის ამ კონტაქტებს, რადგან მას ძლიერი ოპოზიცია ჰყავს, როგორც რუსეთის პარლამენტში, ასევე გორბაჩოვის სახით. ასე რომ, ამ ეტაპზე ჩვენი კონტაქტები შეჩერებულია.
- როგორ გესახებათ შვეიცარიისა და საქართველოს ურთიერთობა?
- ჩვენ იმედი გვაქვს, რომ დასავლეთის ქვეყნები, მათ შორის შვეიცარიაც სცნობს საქართველოს დამოუკიდებლობას, ხოლო შემდეგ უნდა დამყარდეს, როგორც პოლიტიკური, ასევე სხვა სახის კონტაქტები.
- არის თუ არა რაიმე დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და შვეიცარიას შორის?
- არა, დიპლომატიური არა, მაგრამ გარკვეული კულტურული, საგანმანათლებლო კონტაქტები ახლაც არსებობს. მთავარი მაინც დიპლომატიური, პოლიტიკური ურთიერთობაა.
- გქონდათ თუ არა რაიმე კონკრეტული მიზანი ამ პრესკონფერენციის მოწყობისათვის?
- დიახ. მე უკვე გითხარით, რომ მოსკოვი აგრძელებს პროვოკაციებს წინასაარჩევნო პერიოდში. მოსკოვის პრესსამსახური იჭრება ამ პროცესში. ჩვენ არ ვიცით, რას აკეთებდნენ მისი წევრები თბილისში 12 დღის განმავლობაში. მათ განაცხადეს, რომ ისინი პრეზიდენტობის კანდიდატის დაცვის მიზნით ჩამოვიდნენ თბილისში, მაგრამ სინამდვილეში ჩვენ არ ვიცით, ისინი რას აკეთებდნენ, ვინაიდან მათ ურთიერთობა ჰქონდათ დანაშაულებრივ ორგანიზაცია „მხედრიონის“ წევრებთან, რომლებიც ძალიან გააქტიურდნენ არჩევნების წინ. ჩვენ ამას მივიჩნევთ მოსკოვის ჩარევად წინასაარჩევნო კამპანიაში, საკუთარი კანდიდატების მხარდაჭერის მიზნით. ჩვენ განზრახული გვაქვს, რომ გამოვააშკარავოთ ასეთი ფაქტები, ვაუწყოთ ხალხს და გადავცეთ ინფორმაცია დასავლეთს.
- თქვენ ხშირად ახსენეთ საქართველოში მოქმედი კრიმინალური ჯგუფები, რა გაქვთ მხედველობაში?
- კრემლმა შექმნა დიდი კრიმინალური არმია მთელს საქართველოში, რომელსაც გარკვეული ძალაუფლება ჰქონდა. ჩვენ დავაპატიმრეთ ამ კრიმინალური დაჯგუფების 70 წევრი და მისი ლიდერი იოსელიანი, თუმცა მისი სხვა წევრები კვლავ მოქმედებენ და სჩადიან დანაშაულებებს, განსაკუთრებით ღამით. ისინი მოქმედებენ როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვა რეგიონებში. ზოგიერთი მათგანი ახლაც ემალება მილიციას.
- მე ექვსი კვირის განმავლობაში საქართველოში ვარ და მსგავსი არაფერი მინახავს.
- თქვენ არ გინახავთ, მაგრამ საქართველოში ამას ხედავენ. ხდება ძარცვა, ადამიანების გატაცება, გამოძალვა და სხვა არასასიამოვნო ინციდენტები. ამჟამად კი ისინი დაკავებულნი არიან საარჩევნო კამპანიით. ისინი აიძულებენ ხალხს, ძალით მოაწერონ ხელი ამა თუ იმ კანდიდატის მხარდამჭერ სიებს და ა.შ.
- ჯერ კიდევ ერთი წლის წინ საქართველოში არსებობდა ერთიანი დემოკრატიული ეროვნული მოძრაობა, მიმართული კომუნიზმის წინააღმდეგ, შემდეგ კი ეს ერთიანობა დაიშალა, რა მოხდა?
- ეს ცენტრის დამსახურებაა, ცენტრის და სპეციალური სამსახურის, რომელიც ძალიან აქტიური და ძლიერია საქართველოში. ამ ძალებმა ჩამოაყალიბეს სპეციალური სამხედრო შენაერთები, რომლებმაც დაშალეს ეს მოძრაობა და გადაიბირეს მისი ნაწილი. ეს კრიმინალური ჯგუფები ემუქრებოდნენ ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლებს და მოახერხეს ზოგიერთის ჩათრევა კორუფციასა და მაფიაში. ამგვარად, ამ მოძრაობის ერთი ნაწილი ჩვენ ეროვნულ ხელისუფლებას უჭერს მხარს, ხოლო მეორე ნაწილი კი მაფიას, კრიმინალურ ჯგუფებს და მოსკოვის სპეც სამსახურებს.
- რას გულისხმობთ, როდესაც ამბობთ მოსკოვს?
- ვგულისხმობ ცენტრს, როდესაც ვამბობ მოსკოვს, ვგულისხმობ, რომ მოსკოვი მხარს უჭერს ამ კრიმინალურ დაჯგუფებებს. ეს ჯგუფები კომუნისტური პარტიის ლიდერებმა შექმნეს და მოახდინეს მათი ლეგალიზაცია, მოსკოვი, რა თქმა უნდა, ამას უარყოფს. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ისინი სპეც- სამსახურის აგენტები არიან.
- თუ მიმართეთ უცხო ქვეყნების წარმომადგენლებს, რომ დაესწრონ 26 მაისის არჩევნებს?
- დიახ, იქნებიან ოფიციალური დამკვირვებლები, როგორც ეს რეფერენდუმზე და არჩევნებზე იყო.
- როგორ ფიქრობთ, როცა ექვსი რესპუბლიკა არ მოაწერს ხელს სამოკავშირეო ხელშეკრულებას, ხომ არ აღმოჩნდებიან საფრთხეში?
- ეს ექვსი რესპუბლიკა დიდი საფრთხის წინაშე დგას. ცენტრს შეუძლია განახორციელოს სამხედრო აგრესია, ხოლო სპეც სამსახური ყოველმხრივ ეცდება, რომ გააკონტროლოს აქ სიტუაცია - ამიტომ აუცილებელია დასავლეთის ქვეყნების მხარდაჭერა, ხოლო დასავლეთის საინფორმაციო წყაროებმა უნდა გადასცენ სწორი ინფორმაცია და დაგვეხმარონ ჩვენ ამ ბრძოლაში.
- რამდენიმე ხნის წინ თქვენ ბრძანეთ, რომ საზღვარგარეთ ხშირად გადაიცემა არასწორი ინფორმაცია, რა არის ამის მიზეზი, მე არა მგონია, რომ ჩემი კოლეგები ამას განზრახ აკეთებდნენ.
- არა, შეიძლება ისინი ამას განზრახ არ აკეთებენ. მაგრამ დასავლეთის საინფორმაციო წყაროები მოსკოვის დიდ გავლენას განიცდიან, განსაკუთრებით გერმანელი ჟურნალისტები, რომლებიც ზედმეტად ენდობიან საკდესს და მოსკოვს, რომელიც ყალბ ინფორმაციას გადასცემს.
1991 წლის 13 მაისი
ზვიად გამსახურდიას პრესკონფერენცია უცხოელი ჟურნალისტებისათვის // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. -15 მაისი. - №94 (114). - 2გვ.
![]() |
11 საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას განცხადება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისათვის |
▲ზევით დაბრუნება |
როგორც მოვისმინე ტელევიზიით, პრეზიდენტობის ზოგიერთი მაძიებელი მიწვევს ტელედებატებში. უნდა განვაცხადო, რომ ტელედებატებში ყოველთვის მონაწილეობენ თანაბარ პირობებში მყოფი პირები. რამდენადაც ვარ ფაქტობრივი პრეზიდენტი, ვერ გავუთანაბრებ ჩემს თავს პრეზიდენტობის მაძიებლებს, რომელნიც ესოდენ მომრავლდნენ ჩვენში, მით უმეტეს ისეთებს, რომლებიც მოსკოვის სპეცსამსახურებთან არიან დაახლოებულნი. ჩემმა ასეთმა დებატებმა შეიძლება ზიანიც მიაყენოს სახელმწიფოს. საერთოდ კი, ჩემს ოპონენტებს მე ვეკამათები მხოლოდ საქმით.
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია
თბილისი. 1991 წლის 16 მაისი
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას განცხადება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისათვის // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 17 მაისი. - №96 (116). - 1გვ.
![]() |
12 ვაზი სიმბოლოა საქართველოსი ბატონ ზვიად გამსახურდიას სიტყვა სრულიად საქართველოს საზოგადოება „კახეთის“ პირველ ყრილობაზე |
▲ზევით დაბრუნება |
ძვირფასო მეგობრებო!
ასეთი საზოგადოების შექმნას უნდა ჰქონდეს, უწინარეს ყოვლისა, პრაქტიკული შედეგი. კარგია მშვენიერი სიტყვები, მაგრამ მშვენიერი საქმეები გვჭირდება დღეს. ამიტომ მე პირუთვნელად გეტყვით ყველაფერს, მომავალი წინაა. ჯერ არ დაგიწყიათ მუშაობა და სასურველია მიეცეს მას სწორი გეზი. მე გავეცანი წესდებას. იგი კარგია, მაგრამ ასეთი საზოგადოება პროგრამის გარეშე არ შეიძლება. მას უნდა ჰქონდეს პროგრამა და ის ჩვენ ერთად უნდა შევიმუშავოთ. ეს მეტად მნიშვნელოვანი საკითხია.
მოგესხენებათ, მეგობრებო, რომ კახეთი არის ბურჯი და იმედი საქართველოსი. აქ რა მდგომარეობაც არის, ყველამ კარგად იცით, აქ კი არა - ყველგან. კომუნისტებმა ჩვენ დაგვიტოვეს დანგრეული, დაქცეული, დაქუცმაცებული საქართველო. ამაზე მოდით ნუღარ დავხუჭავთ თვალს. ყველაფერი საფრთხეშია, ყველაფერი, მათ შორის კახეთი და მისი უმთავრესი დარგი - მევენახეობა. უმთავრესი ის არის, თუ რას აკეთებდა კომუნისტური რეჟიმი: რომელ კუთხესაც რა ჰქონდა ყველაზე მთავარი, იმას დაუმიზნებდა და მის მოსპობას ლამობდა. აი, დავუკვირდეთ, ბოლო ხანებში განსაკუთრებით, როგორ გეგმაზომიერად მიმდინარეობდა მევენახეობის დაღუპვა კახეთში. ყველაფერი კეთდებოდა იმისათვის, რომ მევენახეობა მოსპობილიყო, განადგურებულიყო. შედეგად მივიღეთ ის, რომ მშრომელი კახელი კაცი, ვაზს რომ შვილივით დასტრიალებდა, გადაიყვანეს საზამთროზე: საზამთროს მოყვანა ადვილია, ზოგიერთები მოიყვანდნენ საზამთროს და იყვნენ მთელი დღე ბაზარში. აი, ამისკენ მოჰყავდათ კახეთი კომუნისტებს. კაცს შრომაზე გული აუყარეს.
მთავარი დანაშაული კომუნისტური რეჟიმისა ის არის, რომ შრომა და თავისი საყვარელი კულტურა შეაძულა ქართველ კაცს, თქვენ იცით, რომ ვაზი შვილივით მოსავლელია, საზამთროს კი არაფერი არ უნდა - წყალი მიუშვი, თუ გაქვს და გათავდა. უწინაც ყიზილბაშებს, საქართველოს რომ შემოესეოდნენ, განა ეს არ ჰქონდათ მიზნად დასახული? კახეთში რომ შემოდიოდა შაჰ- აბასი თუ სხვა დამპყრობელი, პირველად ვენახს ჩეხავდა. რატომ? იმიტომ რომ იცოდა - ამით საქართველოს გაანადგურებდა. ვენახი და მევენახეობა თუ არ იქნება, საქართველოც აღარ იქნება. ჩვენი ძირითადი სტრატეგიული დარგი მევენახეობაა, ღვინოა ჩვენს სოფლის მეურნეობაში. ამაზე წინ არაფერი არ უნდა იდგეს. ჩაის პრიორიტეტი კომუნისტების მოგონილია. კი ბატონო, ესეც საჭიროა, მაგრამ მთავარი მაინც მეღვინეობაა. მათ კი რა ჰქნეს - მევენახეობას და მეღვინეობას უთხრიდნენ ძირს: აქ სიყალბეო, აქ შაქრით ღვინის კეთებაო, ყოველგვარი ფალსიფიკაციაო, ქართულ ღვინოს სახელი გაუტეხეს და მევენახეობას ლახვარი ჩასცეს. აი, სწორედ ამიტომ, საზოგადოება „კახეთის“ მიზანი უნდა იყოს მევენახეობის აღორძინება. თქვენს დროშას ვაზი უნდა ეხატოს. ემბლემაზე ცხენი რომ არის გამოსახული, ვაზიც იქვე უნდა იყოს. ეს არის ქართველების მთავარი მცენარე. ვაზი სიმბოლოა საქართველოსი და კახეთისაც. ამიტომ ვაზი უნდა ეწეროს თქვენს დროშაზე და ვაზის აღორძინება უნდა დაისახოთ უპირველეს მიზნად. სხვანაირად ამ საზოგადოების არსებობას არავითარი აზრი არა აქვს.
მეორე და უმთავრესი მიზანი ისევ მეღვინეობაა. მეღვინეობა მეტად შემაშფოთებელ მდგომარეობაშია. მეგობრებო. აი, ახლა ღვინო „სამება“ ახსენა ბატონმა ელერდაშვილმა, მე ზუსტად ვიცი, რომ ეს ძვირფასი ღვინო ბისკვიტებზე იცვლება. შეიძლება ასეთი უკონტროლობა? შეიძლება ღვინო და ბისკვიტი შეადარო ერთმანეთს, ან ლუდზე გაცვლა ღვინისა? როდის იყო, რომ ქართველი კაცი ღვინოს ლუდზე ცვლიდა?
მოდით, მეგობრებო, ეს საზოგადოება გახდეს ყოველივე ამის მაკონტროლებელი, რათა ანარქია მოისპოს. კოოპერატივები კარგია, მაგრამ საჭიროა კონტროლი. კოოპერატივები იღებენ ამ შესანიშნავ ღვინოს და რაღაც ლითონზე ცვლიან კრასნოიარსკში. ეს ლითონი ვის სჭირდება? არ ვიცი, ალბათ, სახლებს აშენებენ. ამას კონტროლი უნდა, თორემ ყველაფერი მიშვებულია და იღუპება, სახელმწიფოს ყველაფრის კონტროლი გაუჭირდება, ნახეთ რა დღეში ვართ: იქით ომი, აქეთ ომი, შიგნით ომი, გარეთ ომი, ყველგან ომი. შევქმნათ ძლიერი საკონტროლი ჯგუფები, რომ კახეთში ეშველოს მევენახეობას, ეშველოს მეღვინეობას და დაუბრუნდეს თავისი სახელი ყველაფერს.
კიდევ რა არის მთავარი? ეკოლოგია. გთხოვთ, ამ დარგში მომზადდეს დეტალური პროგრამა, სადაც ძირითადი ადგილი დაეთმობა მევენახეობის აღორძინებას, მეღვინეობის აღორძინებას და ეკოლოგიას. ეკოლოგიის თვალსაზრისით კახეთი კატასტროფულ მდგომარეობაშია. აი, უგუნური გეგმა რომ იყო - რაკეტებით სეტყვის საწინააღმდეგო ბრძოლა. ამას მოჰყვა ეკოლოგიურად კატასტროფული შედეგები: იწამლება კახეთი, იწამლება წყალი, მიწა, ეს უნდა აიკრძალოს, რაკეტას ერთგან ესვრიან - მეორე ადგილას მაინც მოდის სეტყვა და თანაც უარესი. ამიტომ ეს უნდა აღმოიფხვრას. მე მგონი მტერი ამას შეგნებულად აკეთებდა. მტრის ხელში იყო სახელმწიფო მართვა და ეს შეგნებულად დაგეგმეს, ანდა, თუნდაც გიგანტური ჰესები. ესეც ჩვენი ბუნების, ეკოლოგიის წინააღმდეგ იყო მიმართული. ჩვენ ახლა გადავდივართ პატარა ჰესებზე, რადგან გიგანტური ჰესები საშიშია. ამას ყველაფერს უნდა მიხედვა. და ეს ყველაფერი პროგრამით უნდა გავითვალისწინოთ.
წესდებაში არაფერია ნათქვამი დემოგრაფიაზე, ეს კი აუცილებელია. და ბოლოს, რა დღეშია ძეგლები. დღეს აქ მხოლოდ ერთმა ბოდბისხეველმა ქალბატონმა ახსენა ეს. სირცხვილი არ არის, დანგრეული, ჩამოტყაული ალავერდი რომ დგას? განა მთელ კახეთს არ ეხება ეს? მთელი კახეთი და მთლი საქართველო უნდა დაირაზმოს, რომ აღადგინოთ კახეთის უნიკალური ძეგლები, დღეს ასეთ სამარცხვინო მდგომარეობაში რომ არიან. პირველ რიგში ალავერდის ტაძარი, ბოდბის ეკლესია, სხვა ქმნილებანი: ყველაფერი ეს პროგრამაში უნდა გაითვალისწინოთ და სტრატეგიულ ამოცანად დაისახოთ.
დაბოლოს, გისურვებდით, ყოველივე ეს გაგეცნობიერებინოთ. პროგრამაში პირველ მიზნად საზოგადოებამ უნდა დაისახოს ამ კუთხის - კახეთის ხსნა, გადარჩენა. საქართველო მთლიანად დაღუპვის პირასაა და გადასარჩენია. კომუნისტებმა ის კატასტროფამდე მიიყვანეს. ყველა კუთხეს გადარჩენა უნდა. ცალკე კახეთს, ცალკე სვანეთს და ა.შ. გისურვებთ ნაყოფიერ მუშაობას, ვიმოქმედოთ ერთად ამ მიმართულებით.
„ვაზი სიმბოლოა საქართველოსი“ : ზვიად გამსახურდიას სიტყვა სრულიად საქართველოს საზოგადოება „კახეთის“ პირველ ყრილობაზე // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 17 მაისი. - №96 (116). - 1გვ.
„ვაზი სიმბოლოა საქართველოსი“ : ზვიად გამსახურდიას სიტყვა სრულიად საქართველოს საზოგადოება „კახეთის“ პირველ ყრილობაზე // თვალთაი. - 1997. - 1- 7 ოქტომბერი.- №39. - 1 გვ.
![]() |
13 სსრ კავშირის პრეზიდენტს მ.ს. გორბაჩოვს |
▲ზევით დაბრუნება |
თქვენი ყურადღება მინდა მივაპყრო იმას, რომ გარკვეული წრეები სსრ კავშირში, რომლებიც ოცნებობენ საგანგებო წესების შემოღების მეშვეობით დაამყარონ „წესრიგი“ მთელ ქვეყანაში, უშუალოდ არიან გარეული საბჭოთა კავშირის ამა თუ იმ რეგიონში ეთნოკონფლიქტების გაჩაღებაში.
ჩვენს ხელთ არსებული სარწმუნო ცნობებით, ჩრდილოეთ ოსეთის სს რესპუბლიკაში საგანგებო წესების განგრძობის, განსაკუთრებული დანიშნულების მილიციის რაზმების ფორმირების მიზნით, ოსი ექსტრემისტები გეგმავენ ახალ პროვოკაციებსა და ძალმომრეობის აქტებს ქალაქ ვლადიკავკაზისა და გარეუბნის რაიონის ინგუში მოსახლეობის წინააღმდეგ. სსრ კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული ნაწილების გადასვლას სსრ კავშირის უმაღლესი ხელმძღვანელობისაგან „ავტონომიური მოქმედების რეჟიმზე“, შეიძლება მოჰყვეს ვითარების დესტაბილიზაცია როგორც კავკასიაში, ისე მთლიანად ქვეყანაში.
გამოვქვამთ იმედს, რომ არ დავუშვებთ აგრესიის ესკალაციას ჩეჩნეთ-ინგუშეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ.
ზვიად გამსახურდია
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
სსრ კავშირის პრეზიდენტს მ.ს. გორბაჩოვს / გამსახურდია ზ. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 18 მაისი. - №97 (117). - 1გვ.
![]() |
14 საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატის ბატონ ზვიად გამსახურდიას საარჩევნო პროგრამა |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიტიკური ნაწილი
თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე პროცესების ანალიზი გვიჩვენებს, რომ განსხვავებული პოლიტიკური სისტემებისა თუ ეკონომიკური და კულტურული განვითარების დონის მიუხედავად, სახელმწიფოები მიისწრაფვიან საერთაშორისო თანამშრომლობისაკენ. გაიცნობიერა რა გლობალური პრობლემები (პირველ რიგში კი ბირთვული ომისა და ეკოლოგიური კატასტროფების საშიშროება), კაცობრიობა ცდილობს ერთიან ოჯახად გაიაზროს თავი.
საქართველო და ქართველი ხალხი, კაცობრიობის ერთ-ერთი უძველესი ორგანული ნაწილი, დღეისათვის საერთაშორისო ცხოვრებისაგან თითქმის მთლიანად გამოთიშულია. უკანასკნელი ორი საუკუნის და განსაკუთრებით ბოლო სამოცდაათი წლის მანძილზე ქართველი ხალხის მიმართ შეგნებულად ტარდებოდა პოლიტიკა, რომლის მიზანიც იყო მისი ეროვნული და კულტურული გადაგვარება. მიუხედავად ამისა, ქართველმა ერმა შეძლო არა მარტო თავისი ეთნოკულტურული თვითმყოფადობის, არამედ გარკვეულად ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებაც. მხოლოდ სრული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენით არის შესაძლებელი საქართველოს ჩაბმა გლობალურ ინტეგრაციულ პროცესებში.
გეოგრაფიულად და ისტორიულად საქართველო ორი სამყაროს - ევროპისა და აზიის, ქრისტიანობისა და მუსულმანობის საზღვარზე მდებარეობს. ვეკუთვნით რა ევროპასა და ქრისტიანულ ცივილიზაციას, ჩვენში ყოველთვის ძლიერი იყო აღმოსავლური ელემენტებიც. ქართველი მეფეები და ხალხი იჩენდნენ შემწყნარებლობას სხვა რელიგიებისა და ერების წარმომადგენლების მიმართ, თვითონ კი ძირითადად მორწმუნე ქრისტიანებად რჩებოდნენ. ისტორიულმა პროცესებმა და გეოგრაფიულმა მდებარეობამ განსაზღვრა ის, რომ საქართველო ასრულებდა ევროპასა და აზიას შორის ურთიერთობაში მნიშვნელოვან და გარკვეულწილად მასტაბილიზებელ როლს.
სამომავლო ისტორიული მისია, რომელიც უნდა იტვირთოს დამოუკიდებელმა საქართველომ, შეიძლება იყოს დასავლეთისა და აღმოსავლეთის ზოგადსაკაცობრიო ინტეგრაციული პროცესებისათვის ხელის შეწყობა და რეგიონში სტაბილური ვითარების უზრუნველყოფა. საქართველომ უნდა განახორციელოს სინთეზი ამ ორი სამყაროსი.
საქართველო და ქართველები ყოველთვის კავკასიის ხალხთა გამაერთიანებელ ძალას წარმოადგენდნენ. მიუხედავად დღეისათვის გარედან ინსპირირებული კონფლიქტებისა, საქართველომ უახლოეს მომავალში კვლავ შეიძლება იკისროს ეს როლი. ამით იგი აღადგენს ქრისტიანული შემწყნარებლობის პრინციპების დამცველის უნიკალურ ისტორიულ ფუნქციას და აქტიურად ჩაებმება მსოფლიო- პოლიტიკურ პროცესებში.
საბჭოთა კავშირის დღევანდელი ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ აღარ ეწინააღმდეგება მსოფლიო ინტეგრაციულ პროცესებს და სურს მათში მონაწილეობის მიღება როგორც ერთიან, ფედერაციულ სამართალსუბიექტს. ამით ის უარყოფს თვით სსრ კავშირში შემავალ რიგ სახელმწიფოთა და ხალხთა უფლებებს, რითაც შესაძლებლობას უსპობს, თვით იქცნენ საერთაშორისო სამართალსუბიექტებად და დამოუკიდებლად იმოქმედონ საერთაშორისო ასპარეზზე. ფაქტობრივად სსრ კავშირი გვთავაზობს გლობალური ინტეგრაციის საფეხურებრივ მოდელს, რომლის მიხედვითაც ინტეგრაციის პროცესში ერთი სახელმწიფო სხვა სახელმწიფოს მეშვეობით ერთვება. ეს მოდელი არღვევს ინტეგრაციის ძირითად, თანასწორუფლებიანობის პრინციპს. ამის საუკეთესო მაგალითია თვით სსრ კავშირის საშინაო პოლიტიკა. მიუხედავად „პერესტროიკისა“, სსრ კავშირი დღესაც რჩება იმპერიულ პრინციპებზე აგებულ სახელმწიფოდ, რომლის ატრიბუტებია: სახეშეცვლილი, შერბილებული ცენტრალიზაცია, პირამიდის პრინციპებზე დაფუძნებული სახელმწიფო მართვის სისტემა, ჯერ კიდევ ქმედითი ყალბი იდეოლოგია მარქსიზმ- ლენინიზმის სახით, ფაქტობრივი ერთპარტიულობა - კომპარტიის განსაკუთრებული როლი პოლიტიკურ ძალთა შორის და ა.შ.
საბჭოთა კავშირის ხელისუფლებისათვის აუცილებელი გახდა საერთაშორისო ურთიერთობათა მოწესრიგება, დაძაბულობის შენელება და დემოკრატიულობის იმიჯის შექმნა, რათა შეძლებისდაგვარად უზრუნველყოს იმპერიის უსაფრთხოება. ახალი აზროვნების ის პოლიტიკა, რომელიც დასავლეთში ჯერ კიდევ 50- იან წლებში დაიწყო, 80- იანი წლების მეორე ნახევარში საბჭოთა ხელისუფლების მიღწევად იქნა მიჩნეული და მთლიანად დაემთხვა დასავლეთის ინტერესებს. ამით აიხსნება ის პოპულარობა, რომელიც მოიპოვეს იმპერიის რეფორმატორებმა. ამითვე აიხსნება დასავლეთის ქვეყნების დღევანდელი პოზიციების გაურკვევლობაც - განაგრძონ „რეფორმატორული“ ცენტრისათვის დახმარება, მხარი დაუჭირონ „რადიკალურ ნაციონალისტებს“ ურჩ რესპუბლიკებში, თუ პარალელური პოლიტიკა გაატარონ მათ მიმართ? ეჭვგარეშეა, რომ ამაში მდგომარეობს ის დილემა, რომლის წინაშეც დგანან დასავლეთის ქვეყნების ხელისუფალნი და რომლის გადაწყვეტაც, როგორც ჩანს, რესპუბლიკების სასარგებლოდ მოხდება. ადრე თუ გვიან დასავლეთი მათზე აიღებს ორიენტაციას.
გარდაქმნის პოლიტიკით სსრ კავშირის ხელისუფლებამ შეძლო საერთაშორისო ასპარეზზე დემოკრატიზაციის, ლიბერალიზაციის, თავისუფალი მეწარმეობის, ეროვნული სამართლიანობისა და ადამიანის უფლებათა დამცველის ილუზიის შექმნა. იგივეს შეეცადა იმპერიის შიგნითაც, თუმცა რეალურად სულ სხვა მიზნებს ისახავდა. ერთი მხრივ, რესპუბლიკის ეკონომიკის საბოლოო დეზინტეგრაციით და მათი ნარჩენების ერთიან საკავშირო სისტემაში გაერთიანებით, მეორე მხრივ კი „საბჭოთა“ ერების ცალკეული ეთნიკური ჯგუფების დონემდე დაქუცმაცებით და მათთვის ავტონომიურობის თანაბარი უფლებების მინიჭებით სსრ კავშირის ხელისუფლება შეეცადა საბოლოოდ დაესუსტებინა რესპუბლიკები და სამუდამოდ შეებოჭა ისინი ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულებით. ამავე მიზანს ისახავდა პოლიტიკურ სფეროში დაშვებული პლურალიზმიც. შეგნებულად ხელი შეუწყო რა სხვადასხვა ფსევდოპოლიტიკური დაჯგუფებებისა და „ფრონტების“ შექმნას, სსრ კავშირის ხელისუფლება ვარაუდობდა კომპარტიისათვის შეენარჩუნებინა ხელმძღვანელი როლი (თუმცა სიტყვიერად უარყო ეს) და დაესუსტებინა მისი შესაძლო ოპოზიცია. სწორედ ეს იყო საწარმოთა დონეზე დაყვანილი ეკონომიკური დამოუკიდებლობის, „სუვერენიტეტის აღლუმისა“ და „გლასტნოსტის“ არსი. ყოველივე ამას ქვეყნის შიგნით დემოკრატიის, პლურალიზმისა და თავისუფალი მეწარმეობის სტიმულირების ილუზია უნდა შეექმნა, ფაქტიურად კი სახეშეცვლილი იმპერიის განმტკიცებისათვის უნდა შეეწყო ხელი.
აღნიშნული პროცესების გააზრებისათვის აუცილებელია განვიხილოთ, თუ როგორ აღიქვა „პერესტროიკის“ ფენომენი დასავლურმა სამყარომ და საბჭოთა ინტელიგენციის ერთმა ნაწილმა. „პერესტროიკამდელი“ საბჭოთა კავშირი მათ მიაჩნდათ „ბოროტების იმპერიად“, ირაციონალურ, არარეალურ სამყაროდ, სადაც ხელისუფალთა აბსურდულ გადაწყვეტილებებს რეალურად ხალხის სისხლისღვრა მოსდევდა. რა თქმა უნდა, ეს სამყარო უარყოფითად ხასიათდებოდა და, შესაბამისად, რეალობისაკენ გადადგმული ყოველი ნაბიჯი განიხილებოდა, როგორც დადებითი ნიშნით გამოხატული ადამიანური სამყაროსაკენ სწრაფვა. ასე იქნა აღქმული საჯაროობისა და გარდაქმნის პოლიტიკაც. ვინაიდან ეს პროცესები ჩაითვალა მოძრაობად უარყოფითიდან დადებითისაკენ, „პერესტროიკასა“ და მის ავტორს ნდობა გამოუცხადეს. ასეთ მსჯელობაში, რა თქმა უნდა, არის გარკვეული ლოგიკა, მაგრამ, სამწუხაროდ, ძალზე გამარტივებული.
არ შეიძლება საბჭოთა კავშირში მიმდინარე მოვლენები სწორხაზოვნად იქნეს განხილული. აქ, სულ ცოტა, ორი განზომილება მაინც უნდა გამოიყოს. ერთი განზომილებაა საბჭოური ტოტალიტარიზმის შეცვლა რეალური სოციალური ინტერაქციით, ანუ კომპარტიის ტოტალიტარული მართვის თანდათანობითი შეცვლა საზოგადოებაში მიმდინარე ბუნებრივი პროცესებით; მეორე - საბჭოური იმპერიული სტრუქტურების თანდათანობითი დეზინტეგრაცია და მათი შეცვლა ეროვნულ- სახელმწიფოებრივი სტრუქტურებით. თუ ზემოთ მოყვანილ მსჯელობას დავუბრუნდებით, ცხადი გახდება, რომ რეალური სოციალური ინტერაქციის ელემენტები შესაძლებელია იმპერიული სტრუქტურების შიგნითაც არსებობდეს. რა თქმა უნდა, გამოჩნდება ადამიანთა გარკვეული წრე, რომელთათვისაც ეს სავსებით საკმარისი იქნება, რათა განაცხადონ, რომ „შინაგან ემიგრაციაში“ იმყოფებიან და იმპერიისაგან გათავისუფლების მოლოდინში მათ სავსებით აკმაყოფილებთ აზროვნებისა და სიტყვის თავისუფლება. ასევე შესაძლებელია არსებობდნენ ადამიანები (და, როგორც ცხოვრებამ გვიჩვენა, ისინი საზოგადოების ძირითად ნაწილს შეადგენენ), რომლებსაც არ სურთ „შინაგან ემიგრაციაში“ ყოფნა და განმათავისუფლებელ მოძრაობაში გადამწყვეტ მნიშვნელობას სწორედ ქვეყნის ეროვნულ- სახელმწიფოებრივ მოწყობას ანიჭებენ. ზემოთ განხილული სქემიდან გამომდინარე, გარდაქმნას არ შეიძლება თავისთავად დადებითი მნიშვნელობა ჰქონდეს მხოლოდ იმიტომ, რომ უარყოფითიდან დადებითისკენ გადადგმული ნაბიჯია. მთავარია შედეგი. ადრე არსებული რეალობა თვისებრივად შეიცვალა, თუმცა ჯერჯერობით არც ეს პროცესია დასრულებული და სახელმწიფოს მართვის მეთოდების ლიბერალიზაცია მოხდება სახელმწიფო სტრუქტურების ცვლილებათა უკუქცევადობის შეუძლებლობის გარანტირების შესაბამისად. ამდენად, გარდაქმნის ეს გზა და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გზა ურთიერთისაგან სრულიად განსხვავებულია, თუმცა, როგორც ადრე აღინიშნა, გარდაქმნამ, უფრო სწორად კი იძულებითმა ლიბერალიზაციამ, მოძრაობის ბიძგის მიმცემის როლი შეასრულა.
გარდაქმნის პოლიტიკისა და ეროვნული მოძრაობის ურთიერთმიმართება 1985 წლიდან დღემდე არაერთგვაროვანი იყო. 1988 წლამდე „პერესტროიკის“ ლოზუნგების, კოოპერაციული მოძრაობის განვითარებით და საჯაროობის მეშვეობით ცენტრი შეეცადა ეკონომიკისა და საზოგადოების რეფორმირებას, რამაც პოლიტიკური სტრუქტურების უცვლელობის გამო შესამჩნევი შედეგი ვერ გამოიღო. 1988 წლიდან ცალკეული კონსტრუქციული ცვლილებებისა და ზოგიერთი რეფორმის პროექტის გამოქვეყნებით გამოიკვეთა გარდაქმნის იმპერიული სახე, ხალხში დაიკარგა ნდობა და ჩამოყალიბდა საზოგადოებრივი და ეროვნული წინააღმდეგობის მზარდი მექანიზმი. 1989- 90 წლებში რეაქციული ძალებისათვის დადგა ტოტალიტარული მართვის სისტემის შეცვლის საფრთხე, ამიტომ ოპოზიციური ძალების წინააღმდეგ გამოყენებულ იქნა რიგი მეთოდები, მათ შორის ეთნოკონფლიქტების გაღვივება, კომპარტიის პირდაპირი დიქტატის შეცვლა ფსევდოინტელიგენციის „ინტელექტუალური რჩევებით“, „კომპარტიის ოპოზიციის დაქსაქსვა“, სხვადასხვა ფსევდოპოლიტიკური დაჯგუფებებისა და „ფრონტების“ შექმნა, პოლიტიკური პროვოკაციები და ა.შ.
1990 წლის მეორე ნახევრიდან იწყება გარდაქმნის პოლიტიკაზე ეროვნული მოძრაობის მიერ რეალური უპირატესობის მოპოვების პერიოდი. საქართველოში ეს, უპირველეს ყოვლისა, გამოიხატა უზენაესი საბჭოს არჩევნების ახალი კანონის მიღებით, მრავალპარტიული არჩევნების ჩატარებით და მასში ბლოკ „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველოს“ გამარჯვებით. 1990 წლის ოქტომბერ- ნოემბრიდან იწყება ახალი ეტაპი. ჯერ კიდევ საბჭოთა საქართველოში დაიწყო საბჭოური სტრუქტურების დემონტაჟი და ეროვნულ- სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის პროცესი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს მხოლოდ გზის დასაწყისია, რომელიც გარდამავალი პერიოდის სახელით არის ცნობილი. მოხდა ძირეული შემობრუნება - თუ ადრე ადამიანთა საზოგადოებრივი, ეკონომიკური და სხვა სახის საქმიანობა ორიენტირებული იყო საბჭოურ და კომპარტიულ სტრუქტურებზე, ამ ეტაპზე მათი საქმიანობის წარმმართველი გახდა დემოკრატიული და ეროვნული ორიენტაცია. პროსაბჭოური, იმპერიული სინამდვილიდან საქართველო დაადგა დემოკრატიული განვითარების გზას.
საქართველოში პოლიტიკური ცხოვრება მიმდინარეობდა ტოტალიტარულიდან დემოკრატიულისაკენ, იმპერიულიდან ეროვნულისაკენ მოძრაობის ფონზე. ამ პროცესის სხვადასხვა ეტაპზე პოლიტიკური სტრუქტურა არაერთგვაროვანი იყო.
„პერესტროიკის“ პოლიტიკა გარკვეულ წრეებში პოპულარობის შენარჩუნებას ახერხებდა, მანამდე, ვიდრე საზოგადოების დემოკრატიზაციისაკენ სვლას უწყობდა ხელს. მაგრამ, როდესაც გამომჟღავნდა გარდაქმნის პროსაბჭოური და პროიმპერიული ხასიათი, მისი ავტორიტეტი მკვეთრად დაეცა. ამის პარალელურად მოხდა ეროვნული მოძრაობის შემდგომი დიფერენციაცია. ამ მოძრაობის ერთი ნაწილი მხარს უჭერდა ბრძოლის პარლამენტურ გზას, მეორე კი ჯერ კიდევ ძლიერი ტოტალიტარიზმის პირობებში პარლამენტურ გზას არაეფექტურად თვლიდა. ამ ეტაპზე მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერით სარგებლობდა საპარლამენტო ბრძოლის ის გზა, რომელიც საქართველოს ეროვნული სახელმწიფოებრიობის აღდგენისკენ იყო მიმართული. ეს დადასტურდა კიდეც 1990 წლის ოქტომბერ- ნოემბერში ჩატარებული არჩევნების შემდეგ, რომელშიც დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ბლოკმა „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“, ვინაიდან ამ ბლოკმა თავისი ბრძოლის სტრატეგიაში გააერთიანა საპარლამენტო ბრძოლის გზა და ეროვნული დაუმორჩილებლობის გზა. სრულიად კანონზომიერად მოხდა სახელმწიფო ძალაუფლების კონცენტრირება ეროვნული მოძრაობის ყველაზე მძლავრი ფრთის ხელში. ტოტალიტარული, იმპერიული, კომუნისტური მმართველობა შეცვალა ხალხის მიერ არჩეულმა დემოკრატიულმა, ეროვნულმა მმართველობამ. არჩევისთანავე ახალი ხელისუფლება ურთულესი პრობლემების წინაშე აღმოჩნდა, ვინაიდან გარდა ძირითადი სტრატეგიული მიზმის რეალიზაციისა - საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისა, მასვე დაეკისრა ქვეყნის გამოხსნა უმძაფრესი კრიზისიდან.
ეროვნული ხელისუფლება არჩეულ იქნა ისეთ დროს და ისეთ პირობებში, როდესაც საქართველო ფაქტობრივად სოციალურ-პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კატასტროფის ზღურბლთან მიიყვანა საბჭოთა იმპერიალიზმმა, მისმა მბრძანებლურ-ადმინისტრაციულმა სისტემამ. სახელმწიფო ცხოვრების ყველა სფერო ითხოვდა რადიკალურ რეორგანიზაციას, განსაკუთრებით სასიცოცხლო მნიშვნელობისა იყო გადაუდებელი პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების განხორციელება. ამ თვალსაზრისით, წინასწარვე, არჩევნებამდე განისაზღვრა ეროვნული ხელისუფლების პოლიტიკის უმთავრესი ორიენტირი (იხ. „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“ - წინასაარჩევნო პროგრამა) და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, რეალურად შეფასდა გარდამავალი პერიოდის, როგორც კომუნისტური მემკვიდრეობის დაძლევის აუცილებლობა. ამასთან, შეძლებისდაგვარად გათვალისწინებულ იქნა ყველა ის სირთულე, რაც ყოველთვის თან სდევს სახელმწიფოს შიგნით და მის ირგვლივ მიმდინრე ძირეულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სოციალურ ძვრებს.
გარდამავალი პერიოდის მთავარი წინააღმდეგობაა საბჭოთა კავშირის ხელისუფლებასა და დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ რესპუბლიკებს შორის არსებული პოლიტიკური კონფრონტაცია.
ერთი მხრივ, საბჭოთა კავშირს აღარ ძალუძს საყოველთაო კრიზისიდან თავის დასაღწევად განახორციელოს კონსტრუქციული ცვლილებები, მას შექმნილ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ვითარებაში მხოლოდ უხეში, ძალისმიერი რეაქცია შეუძლია.
მეორე მხრივ, თავისუფლებისათვის მებრძოლ რესპუბლიკებში ჯერ არ დასრულებულა მყარი ეროვნული ხელისუფლების ფორმირების საკმაოდ მტკივნეული და კრემლის მიერ ყოველნაირად ბლოკირებული პროცესი.
გარდამავალი პერიოდის სირთულეებს, გარდა ზემოაღნიშნულისა, განაპირობებს რიგი შინაგანი მიზეზები, რომელთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია:
ა) კრემლმა კავკასიაში ოსური აგრესიული სეპარატიზმის გამოყენებით მოახერხა ისტორიულ შიდა ქართლში კონფლიქტის ინსპირირება;
ბ) გარკვეულ ძალთა მიერ ჩამოყალიბდა ე.წ. ეროვნული კონგრესი სახელმწიფოს მიმართ პარალელური სტრუქტურის პრეტენზიით, რამაც უკანონო შეიარაღებულ ფორმირებათა შექმნით ხელი შეუშალა საქართველოში პოლიტიკური სტაბილიზაციის პროცესს.
ქვეყნისა და ეროვნული ხელისუფლების სტაბილურობის გარანტიების შექმნას ემსახურება ის ძირეული პოლიტიკური რეფორმა, რომელსაც არჩევისთანავე ინტენსიურად ახორციელებს საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლება.
საშინაო პოლიტიკურ რეფორმას საქართველოს უზენაესი საბჭო ახორციელებს შემდეგი მთავარი მიმართულებით:
1) საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის სამართლებრივი გარანტიები;
2) სახელმწიფო მმართველობის რეფორმის განხორციელება;
3) ეროვნულ- სახელმწიფოებრივი მოწყობა;
4) სამართლებრივი სისტემის რეფორმის გატარება;
5) ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის სტრუქტურათა ფორმირება.
საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის სამართლებრივი გარანტიები
ამ მიმართულებით ეროვნულმა ხელისუფლებამ ორ ეტაპად განახორციელა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის სამართლებრივი უზრუნველყოფა. პირველ ეტაპზე საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ ცვლილებები შეიტანა საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციაში, მიიღო რიგი საკანონმდებლო აქტები, რის შედეგადაც შეჩერდა საკავშირო კონსტიტუციისა და კანონების მოქმედება საქართველოში, შეიცვალა ქვეყნის სახელწოდება, სახელმწიფო სიმბოლიკა და, რაც მთავარია, მოხდა გარდამავალი პერიოდის დეკლარირება. ამით მკვეთრად შეიზღუდა საბჭოთა კავშირის ხელისუფლების იურისდიქცია საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე, დაკანონდა საქართველოს სწრაფვა დამოუკიდებლობისაკენ და ფაქტობრივად მომზადდა მეორე ეტაპი - აქტი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისა.
ამ ეტაპის რეალიზაცია დააჩქარა დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ რესპუბლიკათა და, კერძოდ, საქართველოს წინააღმდეგ მიმართულმა კრემლის აგრესიულმა პოლიტიკამ, რაც ორი უმთავრესი მომენტით იყო განპირობებული: კრემლის უხეში ჩარევით საქართველოს საშინაო საქმეებში (ანტიქართული სეპარატიზმის პირდაპირი ინსპირაცია, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა) და სამოკავშირეო ხელშეკრულების, აგრეთვე საერთო საკავშირო რეფერენდუმის თავსმოხვევის მცდელობით. ამ რეფერენდუმის ჩატარების შემთხვევაში მნიშვნელოვნად გართულდებოდა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა. საბჭოთა კავშირის რეფერენდუმს საქართველომ ბოიკოტი გამოუცხადა, სამაგიეროდ მომზადდა და 31 მარტს ბრწყინვალე შედეგებით ჩატარდა რესპუბლიკური რეფერენდუმი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 90%25- მა. მასში დასმულ კითხვას - გსურთ თუ არა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე - დადებითი პასუხი გასცა მონაწილეთა 99,8%25- მა. 31 მარტის შემდეგ აღარ არსებობდა არც ერთი იურიდიული არგუმენტი, რომელიც შეიძლებოდა გამოყენებული ყოფილიყო სამართლებრივი აქტით საქართველოს სახელმწიფოებრივი აღდგენის წინაღმდეგ. 1989 წლის სისხლიანი კვირის მეორე წლისთავზე 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი. ამ დღემ ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა 26 მაისის გვერდით, როგორც ერთ-ერთი უბრწყინვალესი გამარჯვების დღემ საქართველოს ისტორიაში.
სახელმწიფო მმართველობის რეფორმა
საბჭოური სახელმწიფოს სტრუქტურების დემონტაჟისა და ახალი დემოკრატიული სტრუქტურების შექმნის მიზნით ეროვნულმა ხელისუფლებამ უმოკლეს დროში განახორციელა სახელმწიფო მმართველობის რეორგანიზაცია. ამ თვალსაზრისით აღსანიშნავია:
ა) ერთპარტიული დიქტატურის ლიკვიდაცია და მრავალპარტიულობის ფაქტობრივი დაკანონება:
ბ) მთავრობის რეორგანიზაცია;
გ) ადგილობრივი მმართველობის ინსტიტუტების - საკრებულოებისა და პრეფექტურების შემოღება;
დ) პრეზიდენტის ინსტიტუტის შემოღება.
ა) საბჭოური სახელმწიფო სტრუქტურების საფუძველი იყო კომუნისტური პარტიის მიერ ხელისუფლების უზურპაცია, რომელიც საბოლოოდ ლიკვიდირებულ იქნა 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ. შეიქმნა ჭეშმარიტი დემოკრატიისა და პოლიტიკური პლურალიზმის დამკვიდრების რეალური შესაძლებლობა. მრავალპარტიულობა დაკანონდა როგორც კონსტიტუციურად, ისე საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოსა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების - საკრებულოების საარჩევნო კანონებით. პოლიტიკურ პარტიებს ფაქტობრივად მიეცათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში. ამის თვალსაჩინო მაგალითია თვით უზენაესი საბჭოსა და მთავრობის მრავალპარტიული შემადგენლობა, რომლებშიც წარმოდგენილია ათი პოლიტიკური ორგანიზაცია.
ბ) მთავრობის რეორგანიზაცია, რომელიც ჯერ არ დასრულებულა, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს მართვის ბიუროკრატიული, მრავალსაფეხურიანი სისტემის შეცვლას. იგი უშუალოდ არის დაკავშირებული მთელი ეკონომიკური სისტემის რადიკალურ რეფორმასთან. უზენაესმა საბჭომ მკვეთრად შეამცირა სამინისტროების რაოდენობა და შესაბამისად სახელმწიფო აპარატი.
გ) ეროვნული სახელმწიფოს აღდგენის პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ეროვნული ხელისუფლების მიერ ადგილობრივი მმართველობის ინსტიტუტების - საკრებულოებისა და პრეფექტურების შემოღებას. გარდამავალ პერიოდში სავალდებულოა რესპუბლიკის უზენაესი ხელისუფლების გადაწყვეტილებათა ოპერატიული რეალიზება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. აუცილებელია ადგილობრივი ხელისუფლების სტრუქტურათა იმგვარი ფორმირება, რომ საქართველოს თითოეულ რეგიონში დაცული იყოს როგორც საერთო სახელმწიფოებრივი, ისე ადგილობრივი ინტერესები. ასეთ დროს გამორიცხულია როგორც ადგილობრივი ხელისუფლების ზეცენტრალიზებული სისტემის შენარჩუნება, ასევე სრული თვითმმართველობა, რომლის განხორციელება მოჩვენებითი იქნებოდა რაიონებში შექმნილი ქაოსისა და ანარქიის გამო. საუკეთესო გამოსავალია სახელმწიფო მმართველობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ურთიერთქმედება და ურთიერთკონტროლი. ეს განაპირობებს როგორც ადგილობრივი მმართველობის - პრეფექტურების, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების - საკრებულოების არსებობას.
დ) საბჭოური პოლიტიკური სისტემის ლიკვიდაცია საქართველოში დასრულდა პრეზიდენტის ინსტიტუტის დაწესებით. მისი აუცილებლობა და დღეისათვის მინიჭებული უფლებამოსილებანი განაპირობა რიგმა მიზეზებმა, რომელთაგან ხაზგასმით გამოვყოფთ შემდეგს:
- საქართველოში საფუძველი ჩაეყარა საბჭოურისაგან რადიკალურად განსხვავებულ პოლიტიკურ სისტემას. არსებულ ვითარებაში მისი ნორმალური ფუნქციონირების უზრუნველყოფისა და მომავალში უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ- ეკონომიკურ რეფორმათა განხორციელებისათვის აუცილებელია ძლიერი საპრეზიდენტო ხელისუფლება;
- დღეს საჭიროა მოქალაქეთა პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური უფლებების მყარი გარანტია, რასაც უზრუნველყოფს მხოლოდ პასუხისმგებლობის ისეთი დონე, რომელიც გააჩნია საპრეზიდენტო ხელისუფლებას;
- საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტის მიღების შემდგომ საპრეზიდენტო ხელისუფლებას ძალუძს იყოს ამ აქტის სამართლებრივი დაცვისა და ფაქტობრივი დამკვიდრების საყოველთაოდ აღიარებული ქმედითი გარანტი;
- პრეზიდენტის ინსტიტუტის დაწესებამ უნდა შექმნას ქვეყნის პოლიტიკური ძალების კონსოლიდაციის რეალური წინაპირობა და განამტკიცოს საქართველოს პოზიციებისაერთაშორისო ასპარეზზე.
პრეზიდენტის ინსტიტუტის შემოღებით საფუძველი ეყრება ხელისუფლების დანაწილებისა და ურთიერთგაწონასწორების მექანიზმის ამოქმედებას, რაც წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბების აუცილებელ წინამძღვრებს.
საპრეზიდენტო ხელისუფლების შემოღებით საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ უკვე დაასრულა რადიკალური პოლიტიკური რეფორმის პირველი ეტაპი. მისი ძირითადი დანიშნულება იყო საბჭოური სტრუქტურების ლიკვიდაცია და საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს პოლიტიკური სისტემის საფუძვლების შექმნა.
ეროვნულ- სახელმწიფოებრივი მოწყობა
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ არჩევნებისთანავე მოახდინა აფხაზეთის, აჭარისა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიათა ხელშეუხებლობის დეკლარირება.
ამით ხაზი გაესვა ახალი ეროვნული ხელისუფლების დაინტერესებას, მიღწეული ყოფილიყო ერთაშორისი თანხმობა. ამგვარი და ბევრი სხვა პოლიტიკური ინიციატივის მიუხედავად თავიდან ვერ ავიცილეთ საბჭოთა კავშირის მიერ ინსპირირებული კონფლიქტი ისტორიულ შიდა ქართლში. ოსური სეპარატიზმი აშკარად დაუპირისპირდა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ინტერესებს და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებით სერიოზული საფრთხე შეუქმნა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. აუცილებელი გახდა საპასუხო ღონისძიების განხორციელება - საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ გააუქმა უკანონოდ შექმნილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი, რითაც აღდგა ისტორიული სამართლიანობა. ავტონომიური ოლქის გაუქმება როდი ნიშნავს ეროვნული უმცირესობების უფლებათა ხელყოფას, ოსი და სხვა არაქართველი მოსახლეობისათვის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გარანტირებულია კულტურული ავტონომიის უფლება.
რაც შეეხება პოლიტიკურ ავტონომიას, მის არსებობას შიდა ქართლში არასოდეს გააჩნდა საფუძველი და მით უმეტეს აღარ გააჩნია მას შემდეგ, რაც იგი გამოყენებულ იქნა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ, იქცა ანტიქართული პოლიტიკის ერთ-ერთ უმთავრეს დასაყრდენად და საქართველოს საშინაო საქმეებში კრემლის პოლიტიკური და სამხედრო ჩარევის საბაბად.
არც ერთი ქვეყანა და მათ შორის საქართველოც, არ დაუშვებს საკუთარი სახელმწიფოს ისეთ მოწყობას, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ტერიტორიულ მთლიანობას, სამოქალაქო მშვიდობას და უცხო ქვეყნების მიერ გამოყენებული იქნება საშინაო საქმეებში ფარული თუ აშკარა ჩარევისათვის, მით უმეტეს, რომ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო პაქტები და კონვენციები ეროვნულ უმცირესობათათვის ითვალისწინებენ მხოლოდ კულტურულ ავტონომიას.
სამართლებრივი სისტემის რეფორმა
ეროვნულმა ხელისუფლებამ არჩევისთანავე დაიწყო სამართლიანობის პრინციპის აღდგენა, გამოცხადდა ფართო მასშტაბის ამნისტია, რომელმაც გაათავისუფლა შესაბამისი სასჯელისაგან ყველა ის პირი, ვინც ტოტალიტარულმა რეჟიმმა სამართალდამრღვევად აქცია. მთელ რიგ დანაშაულთათვის გაუქმდა სასჯელის განსაკუთრებული ღონისძიება - სიკვდილით დასჯა. გაუქმდა ან შეიცვლა ანტიჰუმანური მუხლები სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში, თუმცა სისხლის სამართლის კოდექსსა და პენიტენციალურ სისტემას სჭირდება შემდგომი რეფორმები.
აღნიშნული იურიდიული აქტები წარმოადგენს არა მხოლოდ ხელისუფლების მიერ ჰუმანიზმის გამოვლინებას, არამედ საარჩევნო ბლოკის „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველოს“ მიერ დასახული სამართლებრივი სისტემის რეფორმის დაწყებას.
გატარდა სამართალდამცველ ორგანოთა დეპოლიტიზაცია და დეპარტიზაცია, განხორციელდა ქმედითი ღონისძიებანი ადამიანთა უფლებების დაცვის და მართლწესრიგის განმტკიცებისათვის. მიღებულ იქნა კანონი „საქართველოს რესპუბლიკის სასამართლო წყობილების შესახებ“, რითაც სასამართლო გათავისუფლდა ტოტალიტარული რეჟიმის მიერ თავსმოხვეული რეპრესიული ფუნქციებისაგან. იგი თანდათანობით ხდება პიროვნების და საზოგადოების ინტერესების დაცვის ორგანო.
კარდინალური რეფორმა გატარდა სახელმწიფო არბიტრაჟის ორგანოების მიმართ: სახელმწიფო არბიტრაჟი გამოყვანილ იქნა მმართველობის ორგანოების სისტემიდან და ჩამოყალიბდა საარბიტრაჟო სასამართლოს სახით. საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციაში ძირეული ცვლილებების შეტანამ, პოლიტიკური და სამართლებრივი რეფორმის გატარებამ შექმნა სამართლებრივი სახელმწიფოს აშენების საფუძვლები. ეს პროცესი უნდა დასრულდეს საქართველოს რესპუბლიკის ახალი კონსტიტუციის მიღებით, რომლის შემუშავებისთვისაც შექმნილია სპეციალური კომისია.
თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების სტრუქტურების საფუძვლების შექმნა
ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენის ერთ-ერთი უმთავრესი პირობაა თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების სტრუქტურათა შექმნა. ამ მიმართულებით საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ უკვე მიიღო რიგი საკანონმდებლო აქტები.
1991 წლის 26 აპრილს საქართველოს ეროვნულ სტადიონზე სამშობლოსადმი ერთგულების ფიცი დადეს ეროვნული გვარდიის პირველმა შენაერთებმა. საქართველოს მომავალი თავდაცვის სისტემის ფორმირებისათვის ხელისუფლებამ შექმნა რეალური პერსპექტივა - მიღებულია სამხედრო ვალდებულთა ეროვნულ გვარდიაში გაწვევის კანონი, რომლის საფუძველზეც ორი წლის შემდეგ საქართველოს მიეცემა შესაძლებლობა დაახლოებით 60- ათასიანი არმიის შექმნისა.
საქართველოს სამხედრო დოქტრინა თავდაცვითი ხასიათის უნდა იყოს. პირველ რიგში იგი უნდა ითვალისწინებდეს საერთო ევროპული უსაფრთხოების სისტემის შექმნისათვის ხელშეწყობას. ეს გარემოება წარმოადგენს საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებისა და მათი სტატუსის განსაზღვრის წინაპირობას.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მიმდინარეობს გარდამავალი პერიოდის პოლიტიკურ მიზანდასახულობათა თანამიმდევრული რეალიზაცია. პრეზიდენტის არჩევნების შემდგომ ეს პროცესი თავის გადამწყვეტ ფაზაში უნდა შევიდეს.
გარდამავალი პერიოდი იურიდიულად დასრულდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღებით, ხოლო გარდამავალი პერიოდის ფაქტობრივი დასრულებისათვის არსებობს შემდეგი აუცილებელი პირობები:
ა) საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლებამ უნდა განახორციელოს სუვერენული ძალაუფლება სახელმწიფოს მთელ ტერიტორიაზე;
ბ) უნდა აღდგეს საქართველოს რესპუბლიკის პოლიტიკური და ეკონომიკური საზღვრები;
გ) საქართველოს რესპუბლიკა მსოფლიო სახელმწიფოთა მიერ აღიარებული უნდა იქნეს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. ამ პროცესის დასაწყისად ჩაითვლება საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის ცნობა რამდენიმე სახელმწიფოს მიერ;
დ) უნდა დაიწყოს მოლაპარაკება შეიარაღებული ძალების საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე ყოფნის საკითხზე.
პოლიტიკური რეფორმის ძირითადი მიმართულებანი
საქართველოში მიმდინარე გარდამავალი პერიოდის დასრულების და ფაქტობრივი დამოუკიდებლობის მიღწევისათვის ძირეული საშინაო პოლიტიკური რეფორმა უნდა განვითარდეს იმ მიმართულებით, რათა უზრუნველყოფილ იქნეს:
1. საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებათა განმტკიცება, მათ ფუნქციათა გამიჯვნა და განაწილება, პოლიტიკური სისტემის ფორმირების დასრულება, საქართველოს რესპუბლიკის ახალი კონსტიტუციის მიღება;
2. საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეთა პოლიტიკური უფლებების გარანტიების შექმნა და ამ უფლებათა დაცვა;
3. საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის დაცვა, ეროვნული უშიშროება;
4. საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეთა და ეროვნულ უმცირესობათა ეროვნულ-კულტურული უფლებების დაცვა;
5. სახელმწიფოებრივი მოწყობის რეფორმის დასრულება;
6. სახელმწოფოსა და ეკლესიას შორის ტრადიციულ ურთიერთობათა აღდგენა.
ეროვნული ხელისუფლების სუვერენიტეტის განმტკიცება და გარდამავალი პერიოდის პოლიტიკური სისტემის საბოლოო ფორმირება
საქართველოს რესპუბლიკის ფაქტორივ დამოუკიდებლობას მყარი იურიდიული საფუძველი უნდა შეექმნას სამართლებრივი სახელმწიფოს შესაქმნელად, მისი დამოუკიდებლობის სამართლებრივ გარანტად უნდა იქცეს ახალი კონსტიტუცია, რომელიც შემუშავებული უნდა იქნეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის კონსტიტუციის საფუძველზე, თანამედროვე პირობების გათვალისწინებით. უნდა განხორციელდეს საპრეზიდენტო ხელისუფლების - პრეზიდენტის საბჭოს ფორმირება, რომელიც შექმნის სახელმწიფო აღმასრულებელი ხელისუფლების სუვერენობის საიმედო გარანტიას. საქართველოს ახალი კონსტიტუცია უნდა დაეფუძნოს საერთაშორისო სამართლის აღიარებულ პრინციპებს, გაეროს ადამიანის უფლებათა დეკლარაციას, სხვა საერთაშორისო დეკლარაციებს, პაქტებსა და კონვენციებს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ. მან უნდა დაამკვიდროს საქართველოს სახელმწიფოში დემოკრატიული პლურალიზმი, სამართლიანობა და კაცთმოყვარეობა, ეროვნულ უმცირესობათა უფლებები, სინდისის თავისუფლება.
მკაფიოდ უნდა განისაზღვროს უზენაეს საბჭოში არსებულ პოლიტიკურ ფრაქციათა უფლება- მოვალეობანი.
განსახორციელებელია სამართლებრივი რეფორმა, რომელიც უზრუნველყოფს:
- კანონის უზენაესობას;
- ხელისუფლების დანაწილების პრინციპის საფუძველზე სახელმწიფო სუვერენიტეტის განმტკიცებას;
- სასამართლო სისტემის რეფორმის დასრულებას.
ამ ეტაპზე რეფორმა ითვალისწინებს მართლმსაჯულების ორგანოების ობიექტურობის და დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის ყველაზე უფრო ადეკვატური ფორმის - ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემოღებას.
თანმიმდევრულად გაგრძელდება საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებათა გამიჯვნის პროცესი.
სახელმწიფო ხელისუფლების დანაწილების პრინციპის განხორციელება გამორიცხავს ერთი რომელიმე ორგანოს მიერ ხელისუფლების მონოპოლიზაციის საფრთხეს, რაც ხელს შეუწყობს სახელმწიფო ხელისუფლების მთელი სისტემის შესაბამისობას სამართლის მოთხოვნებთან.
ხელისუფლების დანაწილება უზრუნველყოფს იმგვარ პირობებს, როცა თითოეული ხელისუფალთგანი თავისი ბუნების, ფუნქციების, ხასიათისა და დანიშნულების შესაბამისად სათანადო ადგილს დაიკავებს სახელმწიფო სისტემაში და წარმართავს საქმიანობას სპეციფიკური საშუალებებით, მათთვის შესატყვის ფორმებსა და ჩარჩოებში.
სახელმწიფო უზრუნველყოფს პოლიტიკური ოპოზიციის უფლებათა სამართლებრივ დაცვას.
უნდა მოხდეს ერისა და საზოგადოების კონსოლიდაცია. ამას საფუძვლად უნდა დაედოს არა პოლიტიკური, არამედ ეროვნული და სულიერი მოტივები. სახელწიფომ ყოველმხრივ უნდა შეუწყოს ხელი რელიგიის აღორძინებას, ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის გაძლიერება- განმტკიცებას.
საპრეზიდენტო ხელისუფლების უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი ადგილობრივი მმართველობის ორგანოების საქმიანობას გააკონტროლებენ საკრებულოები. ყოველივე ზემოთქმული შესაძლებლობას მოგვცემს,
საბოლოოდ დავასრულოთ გარდამავალი პერიოდის პოლიტიკური სისტემის ფორმირება.
საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური უფლებების დაცვა და გარანტიები
საპრეზიდენტო ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს საქართველოს მოქალაქეთა უფლებრივი თანასწორობა. საჭიროა მიღებულ იქნეს კანონები სახელმწიფო ენის, მოქალაქეობის, მოქალაქეთა უფლებრივი გარანტიების, სინდისის თავისუფლების, რელიგიური ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების შესახებ. ეს კანონები უნდა დაეფუძნოს გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის საყოველთაო დეკლარაციას, ჰელსინკის, ვენისა და პარიზის საერთაშორისო შეთანხმებებს. უნდა გავითვალისწინოთ საქართველოსათვის ტრადიციული რელიგიური და ეროვნული შემწყნარებლობა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი უკვე მუშაობს აღნიშნულ კანონებზე, მიმდინარეობს მათი დახვეწა- დამუშავება და ისინი უახლოეს ხანს იქნება მიღებული.
სახელმწიფო ხელისუფლებასა და მოქალაქეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობების ჩამოყალიბებას საფუძვლად უნდა დაედოს პრინციპი - სახელმწიფო მოქალაქისათვის და არა მოქალაქე სახელმწიფოსათვის. მოქალაქეების უფლება- მოვალეობათა უმთავრესი პირობა უნდა იყოს ზნეობრივ პრინციპებზე დაფუძნებული კანონების უზენაესობა საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში. საპრეზიდენტო ხელისუფლებამ უნდა გაატაროს კონკრეტული ღონისძიებანი, რომლებიც თითოეული მოქალაქის უფლებათა ხელშეუვალობის გარანტი იქნება.
საქართველოს მოქალაქეობა
საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის ამოცანების გადაწყვეტა აუცილებლობით მოითხოვს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური ინსტიტუტის - მოქალაქეობის საკანონმდებლო რეგულირებას.
ამისათვის საჭიროა უახლოეს ხანში მივიღოთ კანონი საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეობის შესახებ, რომელშიც აისახება მოქალაქეობრივი კუთვნილების, მოქალაქეობის შეძენისა და შეწყვეტის, მოქალაქეობის აღდგენისა და მოქალაქეობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მოქალაქეობის შესახებ კანონზე მუშაობა დაიწყო ჯერ კიდევ გასულ წელს. მიმდინარეობდა საკმაოდ ინტენსიური მუშაობა, რომელშიც სახელმწიფო ორგანოებთან ერთად მონაწილეობდნენ სამეცნიერო დაწესებულებები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები, კვალიფიციური სპეციალისტები. მომზადდა კანოპროექტის რამდენიმე ვარიანტი, რომლებიც მეტ- ნაკლებად ასახავდნენ საქართველოს მაშინდელ პოლიტიკურ მდგომარეობას. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა მოქალაქეობის კანონის საბოლოო, შეჯერებულ ვარიანტზე. ვფიქრობთ, უახლოეს ხანში გამოვაქვეყნებთ კანონპროექტს სახალხო განხილვისათვის.
კანონპროექტის საბოლოო ვარიანტში, ჩვენი აზრით, გათვალისწინებული უნდა იქნეს უცხოეთის დემოკრატიული ქვეყნების, ბალტიისპირეთის რესპუბლიკების გამოცდილება. კანონმა უნდა განამტკიცოს ბინადრობის ცენზის, საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის პატივისცემის სავალდებულობის და მოქალაქეობის სხვა უმთავრესი პრინციპები. მიგვაჩნია, რომ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქედ შეიძლება გახდეს ყველა ის პირი, ვინც მუდმივად ჩაწერილია საქართველოში, აქვს მუდმივი სამუშაო ადგილი ან ლეგალური შემოსავლის წყარო და დეკლარაცია- ფიცზე ხელმოწერით დაადასტურებს თავის ერთგულებას საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო სუვერენიტეტის, მისი ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
ვფიქრობთ, მოქალაქეობის კანონის მიღება საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების მთელი რიგი საკითხების გადაწყვეტის პირობას შექმნის.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, ეროვნული უშიშროება და თავდაცვა
უპირველეს ყოვლისა, უნდა განხორციელდეს საქართველოს რესპუბლიკის სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო საზღვრების აღდგენა- ჩამოყალიბება (რედემარკაცია- დემარკაცია და ლეგიტიმაცია). საზღვრების დადგენის, სასაზღვრო ზონისა და ზოლის განსაზღვრის, სასაზღვრო რეჟიმის შემოღების შემდეგ საბოლოოდ ჩამოყალიბდება ეროვნული საბაჟო სამსახური და შეიქმნება შესაბამისი საბაჟო პოლიტიკის გატარების შესაძლებლობა. ყოველივე ეს უზრუნველყოფს პოლიტიკური და ეკონომიკური საზღვრების შეუვალობას. საპრეზიდენტო ხელისუფლებამ უზენაეს საბჭოსთან ერთდ უნდა დაამტკიცოს საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიული საზღვრები, მიიღოს კანონი სასაზღვრო რეჟიმისა და საზღვრების, ემიგრაციისა და იმიგრაციის, აგრეთვე საბაჟო სამსახურის და საბაჟო პოლიტიკის შესახებ.
ტერიტორიული მთლიანობის გარანტირება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ეროვნული უშიშროების სისტემის ჩამოყალიბების შემთხვევაში. საპრეზიდენტო ხელისუფლებამ პირველ ეტაპზე უნდა უზრუნველყოს ეროვნული უშიშროების სამსახურის, ეროვნული გვარდიის, ხოლო შემდგომ საქართველოს შეიარაღებული ძალების ორგანიზება. საქართველოს სამხედრო სიძლიერე უნდა დაეფუძნოს როგორც საყოველთაო სამხედრო ვალდებულებას, ისე პროფესიული რეგულარული არმიის ჩამოყალიბებას.
საქართველოს მოქალაქეთა ეროვნულ-კულტურული უფლებების დაცვა
საპრეზიდენტო ხელისუფლებამ ურთიერთპატივისცემის საფუძველზე უნდა უზრუნველყოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრებ ეროვნულ უმცირესობათა განვითარების შესაძლებლობა. მიიღება კანონი ეროვნულ უმცირესობათა შესახებ, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეებისათვის გარანტირებული იქნება: მშობლიურ ენაზე განათლების მიღების, ეროვნული კულტურის განვითარების, კულტურულ- საგანმანათლებლო მიზნით სათვისტომოებისა და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებად გაერთიანების, მშობლიურ ენაზე ბეჭდვისა და საინფორმაციო საშუალებების გამოყენების უფლებები. საქართველოს მოქალაქეთა უფლება - მიიღონ მონაწილეობა ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში - არ შეიზღუდება მათი ეროვნული კუთვნილების გამო. ამასთან, ყოველი მოქალაქე და, მათ შორის ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელი, ვალდებული იქნება, პატივი სცეს და დაიცვას საქართველოს რესპუბლიკის კანონები და ინტერესები.
სახელმწიფო მოწყობის რეფორმა.
საპრეზიდენტო ხელისუფლებამ დემოკრატიული სტრუქტურების განვითარების კვალობაზე უნდა უზრუნველყოს ისეთი სამართლებრივ- პოლიტიკური იდეის გატარება, რომელიც გამორიცხავს სახელმწიფოსა და მისი შემადგენელი ნაწილების დაპირისპირებას, დაიცავს სახელმწიფოს ერთიანობას და ხელს შეუწყობს რესპუბლიკის სტრუქტურულ ერთეულთა ინტერესების დაცვას. სახელმწიფოებრივი მოწყობის რეფორმა უნდა დაეფუძნოს მმართველობისა და თვითმმართველობის პრინციპებს. თვითმმართველობის ჩამოყალიბებას საფუძვლად უნდა დაედოს მოცემულ ტერიტორიაზე მოქალაქეთა მიერ არჩეულ და მათდამი ანგარიშვალდებულ ორგანოთა სისტემა, რომელიც კანონით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილი იქნება, შესაბამისი ტერიტორიის თავისებურებებიდან გამომდინარე, დამოუკიდებლად გადაწყვიტოს ადგილობრივი ეკონომიკური, ადმინისტრაციული, სოციალურ- კულტურული და საყოფაცხოვრებო- კომუნალური საკითხები.
საპრეზიდენტო ხელისუფლების და პარლამენტის მიერ კონსტიტუციურად გარანტირებული იქნება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი საქართველოს შემადგენლობაში, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მომავალს განსაზღვრავს თავად აჭარის მოსახლეობა.
სახელმწიფო და ეკლესია
ცივილიზებული საზოგადოების არსებობა წარმოუდგენელია რელიგიური და საერო ცხოვრების ერთიანობის გარეშე. რელიგიური ცხოვრების ორგანიზება ხდება ეკლესიის, ხოლო საერო ცხოვრებისა - სახელმწიფოს მიერ. საქართველოში ტრადიციული იყო ორგანული კავშირი ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის. რელიგიური აღზრდა, ქრისტიანული სიწმინდე, სიყვარული, სამართლიანობა და სათნოება აყალიბებდა ქართული სახელმწიფოს ერისკაცის ხასიათს. ქართველთა ცხოველი მორწმუნეობა განსაზღვრავდა მტრულ გარემოცვაში ქართული სახელმწიფოს მრავალსაუკუნოვან არსებობას, ხოლო სახელმწიფო თავის მხრივ ყოველნაირად უწყობდა ხელს ეკლესიის სამოციქულო მოღვაწეობას.
სახელმწიფოს გაუქმებამ დაარღვია საქართველოს საერო და საეკლესიო ცხოვრების მთლიანობა. საქართველოს ეკლესიამ დაკარგა ავტოკეფალია. საბჭოთა რუსეთის მიერ ხელმეორედ დაპყრობის შემდეგ კომუნისტურმა სახელმწიფომ მსოფლიო ისტორიაში უპრეცედენტო ათეისტური ბრძოლა გამოუცხადა რელიგიას საერთოდ და, პირველ ყოვლისა, ქრისტიანულ ეკლესიას. საყოველთაო ათეიზმის დამკვიდრებამ განაპირობა სეკულარიზებული საბჭოთა საზოგადოებისათვის რელიგიურ- ზნეობრივ ღირებულებათა გაუფასურება. რელიგიური ნიჰილიზმი, რელიგიისა და ზნეობის დაცემა იყო ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი, რამაც ქართველობა ეროვნული კატასტროფის წინაშე დააყენა.
ქართული ეროვნული მოძრაობა თავისი საწყისებით მჭიდროდ არის დაკავშირებული რელიგიურ ცნობიერებასთან და ეკლესიურ წიაღთან. თავისი შინაგანი არსით ეს რელიგიურ- ეროვნული მოძრაობაა, რამდენადაც იგი გულისხმობს არა მარტო განკერძოებული ეროვნულ- პოლიტიკური მიზნების განხორციელებას, არამედ პირველ ყოვლისა, ითვალისწინებს ზნეობრივ აღორძინებას რელიგიურ რწმენასა და ცნობიერებაზე დამყარებით.
ეროვნული მოძრაობის მოსვლა ხელისუფლების სათავეში რეალურ წინაპირობას ქმნის ეკლესიასა და ხელისუფლებას შორის ქრისტიანული სახელმწიფოსათვის დამახასიათებელი ერთობის აღდგენისათვის. ამ ერთობის არსი შემდეგში მდგომარეობს: ეროვნული ხელისუფლების ავტორიტეტი, მისი ძალაუფლება უნდა დაემყაროს არა მხოლოდ ხელისუფლების სოციალურ-პოლიტიკურ განსაზღვრულობას, არამედ უმეტესწილად რელიგიურ- ზნეობრივ საწყისებს.
სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ეკლესიის უფლება - იყოს საერო ცხოვრების აქტიური მონაწილე. სახელმწიფომ უნდა დაიცვას საეკლესიო ქონება, ხელი შეუწყოს ეკლესიას ტრადიციულ სამონასტრო მოღვაწეობაში. სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, რათა ეკლესიამ მიიღოს საჭირო მატერიალური დახმარება საგანმანათლებლო საქმიანობის წარმართვისათვის. უნდა აღდგეს საეკლესიო საკუთრება მიწაზე.
აღნიშნული არ ხელყოფს სხვა რელიგიების აღმსარებელთა, აგრეთვე ათეისტთა მოქალაქეობრივ უფლებებს. სახელმწიფოს მიერ გარანტირებული იქნება სინდისის თავისუფლება და თითოეულ პიროვნებას მიეცემა შესაძლებლობა იყოს აღმსარებელი იმ სარწმუნოებისა, რომელსაც თავად აღიარებს. მოქალაქეთა პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალური უფლებები არ შეიზღუდება რელიგიური ნიშნით. ქართული სახელმწიფო კვლავაც ერთგული დარჩება ტრადიციული რელიგიური შემწყნარებლობისა.
საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებანი
საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს ფაქტობრივი და იურიდიული ცნობა მსოფლიო ერთა თანაარსებობის, ევროპული და კავკასიური უსაფრთხოების მნიშვნელოვანი საკითხია. საქართველოს ისტორია და გეოპოლიტიკური მდგომარეობა განაპირობებს მის მასტაბილიზებელ როლს კავკასიის რეგიონში პოლიტიკური, თავდაცვითი, ეკონომიკური, ეროვნებათშორისი თუ სხვა პრობლემების თვალსაზრისით. ქართველ ერსა და ქართულ სახელმწიფოს ტრადიციულად ჰქონდა ეს ფუნქცია და ყოველთვის ღირსეულად ართმევდა მას თავს.
საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი ამოცანაა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის რეალური აღდგენის უზრუნველყოფა 1918 წლის 26 მაისისა და 1991 წლის 9 აპრილის აქტების საფუძველზე.
საქართველოს საგარეო პოლიტიკური საქმიანობის შესაძლებლობები განისაზღვრება საქართველოს სახელმწიფოს რეალური საერთაშორისო- სამართლებრივი სტატუსითა და საქართველოს რესპუბლიკის ცნობით მსოფლიოს სხვა სახელმწიფოთა მიერ.
საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ცნობის უმნიშვნელოვანესი შიდაპოლიტიკური წინაპირობაა დემოკრატიული წესით არჩეული ეროვნული ხელისუფლების მიერ საქართველოს რესპუბლიკის მთელს ტერიტორიაზე სუვერენული ძალაუფლების განხორციელება. ეს წინაპირობა უკავშირდება სახელმწიფო მმართველობის ისეთი მნიშვნელოვანი ფუნქციების რეალიზაციას, როგორიცაა თავდაცვა, სახელმწიფო უშიშროება, საბაჟო სამსახური და საგარეო კავშირები.
ეს ამოცანები უნდა გადაიჭრას საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის, მთავრობისა და უზენაესი საბჭოს კომპეტენციის ფარგლებში, აგრეთვე საბჭოთა კავშირთან მოლაპარაკების გზით.
დამოკიდებულება სსრ კავშირთან და ცალკეულ რესპუბლიკებთან
სსრ კავშირთან ურთიერთობის პრობლემას საქართველოს რესპუბლიკისათვის პირველხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს. საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო
აღიარება სხვა სახელმწოფოთა მიერ უკავშირდება საქართველოსა და სსრ კავშირს შორის დაძაბულობის შენელებას. მისი საფუძველი უნდა გახდეს სსრ კავშირის მხრივ საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის ცნობა, ორ სახელმწიფოს შორის თანასწორუფლებიანობა, ურთიერთპატივისცემა და ურთიერთდაინტერესებაზე დამყარებული ურთიერთობა. ამასთანავე ორივე სახელმწიფო (საქართველოს რესპუბლიკა და სსრ კავშირი) თანამშრომლობისას უნდა იღებდეს ვალდებულებას ურთიერთის საშინაო საქმეებში ჩაურევლობისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის შესახებ.
უნდა მოხდეს შეთანხმება შემდეგ საკითხებზე:
- ერთობლივი სახელმწიფო საზღვრისა და მისი რეჟიმის შესახებ, საზღვრის გადაკვეთისა და საბაჟო კონტროლის თაობაზე;
- ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ;
- ჰუმანიტარულ სფეროში თანამშრომლობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ერთობლივი უზრუნველყოფის შესახებ;
- საქართველოს რეპუბლიკის ტერიტორიაზე სსრ კავშირის შეიარაღებული ძალების სამხედრო ბაზების სტატუსის, მათი დისლოკაციის პირობებისა და ვადების შესახებ.
საქართველოსათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებს. საქართველოს რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის თანასწორუფლებიანი და კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარება წარმოადგენს ორივე მხარის ჭეშმარიტ ინტერესებს.
უნდა აღინიშნოს, რომ დღესდღეობით საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ურთიერთობა თვისებრივად ახალ შინაარსს იძენს. ამის ნათელი დადასტურებაა საქართველოს რესპუბლიკასა და რსფსრ- ს ხელმძღვანელთა შორის 1991 წლის 23 მარტს დაბა ყაზბეგში გამართული მოლაპარაკების შედეგად მიღებული დოკუმენტი. ამ დოკუმენტში ფაქტობრივად აღიარებულია სამართლიანობა ექვსი რესპუბლიკის სწრაფვისა სრული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისაკენ, რისი ლოგიკური დასასრულიც უნდა იყოს საბჭოთა კავშირის მხრიდან ამ რესპუბლიკების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნობა.
საქართველო სოლიდარობას უცხადებს და მხარს უჭერს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ რესპუბლიკებს. მათთან ურთიერთობა დაემყარება მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთპატივისცემის აღიარებულ პრინციპებს.
საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ცნობის ასპექტები.
პრეზიდენტის საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება უნდა იყოს საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ურთიერთობების აღდგენა- გაფართოება, პირველ რიგში კი საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობა უცხოეთის ქვეყნების მიერ. საქართველოს უზენაესი საბჭოს მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას უდიდესი მნიშვნელობა ექნება ქვეყნის საგარეო ურთიერთობების აღდგენისა და გაფართოების საქმეში. თუმცა აშკარაა, რომ ამ მიმართულებით უამრავი სიძნელეა გადასალახი. ამ მხრივ პრეზიდენტის მთელი ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს იქითკენ, რომ:
1. საქართველოს დამოუკიდებლობა ცნონ უცხოეთის ქვეყნებმა და შესაბამისად აღდგეს მისი დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფოს სტატუსი.
2. აღდგეს და გაფართოვდეს საქართველოს დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობები უცხოეთის ქვეყნებთან.
3. საქართველო გახდეს გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წევრი და მათ საქმიანობაში შეასრულოს აქტიური როლი.
დღეისათვის საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის საერთაშორისო აღიარება მნიშვნელოვანწილად დაკავშირებულია საჭოთა კავშირის მიერ მის ცნობასთან. მოლაპარაკების საფუძველზე მიღწეულ უნდა იქნეს, რომ საბჭოთა კავშირმა აღიაროს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 9 აპრილს მიღებული „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის“ კანონიერება. როგორც ზემოთ ითქვა, გარკვეულ იმედს გვისახავს 25 აპრილს გამოქვეყნებული, სსრ კავშირის პრეზიდენტისა და ცხრა მოკავშირე რესპუბლიკის ხელმძღვანელთა მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი და სსრ კავშირის ეროვნებათა საბჭოს 24 აპრილის დადგენილება.
ამავე დროს უნდა გაფართოვდეს მოლაპარაკებები უცხოეთის ქვეყნებთან. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატების სენატში განსახილველად შეტანილი №94 რეზოლუცია, რომელშიც გამოთქმულია ეროვნული და ტერიტორიული დამოუკიდებლობის აღდგენის საქმეში ქართველი ხალხის მხარდაჭერა და მოთხოვნა საბჭოთა კავშირის მთავრობისადმი, აღიაროს ქართველი ხალხის ნება და ცნოს 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის ლეგიტიმურობა.
საქართველოს რესპუბლიკის ლეგიტიმურობის პროცესი დაკავშირებულია აქტიურ საგარეო პოლიტიკასთან, რაც გულისხმობს: უცხო ქვეყნებთან საკონსულო ურთიერთობათა დამყარებას, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობაში მეთვალყურისა და მონაწილე სახელმწიფოს სტატუსით ჩართვას, სხვადასხვა საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობას. უკვე ისახება საკონსულო ურთიერთობის პერსპექტივები აშშ-სთან, ისრაელთან და სხვა ქვეყნებთან.
საქართველოს რესპუბლიკის წარმომადგენელთა ვიზიტები აშშ-ში, საფრანგეთში, ავსტრიაში, იტალიაში, თურქეთში, ესპანეთში შეიძლება ჩაითვალოს მოსამზადებელ ეტაპად მსოფლიო სახელმწიფოებში საქართველოს წარმომადგენლობითი ცენტრების დაარსებისათვის. ეს ცენტრები შექმნიან საქართველოს რესპუბლიკის საელჩოთა ჩამოყალიბების საფუძველს. ასევე მნიშვნელოვანია საქართველოს ტერიტორიაზე სხვა სახელმწიფოების წარმომადგენლობათა შექმნისათვის ხელშეწყობა. ამ მიზნით გამოყენებული უნდა იყოს უკვე არსებული სამეურნეო კავშირები, ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობანი, რომლებიც ამ ბოლო დრო დამყარდა საზღვარგარეთის ქვეყნებთან. აუცილებელია კონტაქტების გაფართოება უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან, მათ ორგანიზაციებთან, რათა აქტიურად გამოვიყენოთ ეს პოტენციალი საქართველოს რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის მხარდასაჭერად.
კავკასიის რეგიონი
საქართველოს ტრადიციულად მჭიდრო კავშირურთიერთობანი ჰქონდა უახლოეს მეზობლებთან - კავკასიის სახელმწიფოებთან და ხალხებთან. ამ ურთიერთობათა აღორძინება კეთილმეზობლობისა და მეგობრობის პრინციპის საფუძველზე უნდა წარმოადგენდეს კავკასიის რეგიონში საქართველოს რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტულ მიმართულებას.
ეს ყოველივე ხელს შეუწყობს კავკასიის სახელმწიფოების მსოფლიო პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ პროცესებში მონაწილეობას და მოგვცემს რეგიონალურ დონეზე თანამშრომლობის საშუალებას.
შავი ზღვის რეგიონი
შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებთან მჭიდრო ურთიერთობის დამყარება ხელს შეუწყობს საქართველოს საზღვაო სახელმწიფოდ ჩამოყალიბების პროცესს. ამისათვის უნდა გამოვიყენოთ არსებული კავშირები უკრაინასთან და რუსეთის ფედერაციასთან. ამასთან უნდა გავითვალისწინოთ მათ მიერ მიღებული სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის დეკლარაციები, განვავითაროთ პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობა ბულგარეთთან და რუმინეთთან.
ეკონომიკურ სფეროში თურქეთის რესპუბლიკასთან თანამშრომლობის გამოცდილება გვიჩვენებს, რომ არსებობს გარკვეული ერთობლივი ინტერესები და წინაპირობები მათი განვითარებისათვის. ეს ყოველივე, შესაძლოა, გახდეს შავი ზღვის აუზის სახელმწიფოთა რეგიონალური თანამშრომლობის ხელშემწყობი ფაქტორი.
ახლო აღმოსავლეთის რეგიონი
საქართველოს რესპუბლიკის საგარეო- პოლიტიკური საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან ისტორიულად არსებული პოლიტიკური, კულტურული და ეკონომიკური კავშირურთიერთობების აღდგენა. ეს განპირობებულია საქართველოს მდებარეობით ჩრდილოეთ- სამხრეთისა და დასავლეთ- აღმოსავლეთის თანამშრომლობის ხაზთა გადაკვეთაზე.
ამ მიმართულებით გამოყენებულ უნდა იქნეს ქართველ და ებრაელ ხალხთა შორის ტრდიციულად არსებული მეგობრული დამოკიდებულება. უკვე იქმნება პირობები ამ უძველესი ერების სახელმწიფოთშორის და მთავრობათშორის დონეზე კავშირისათვის. ხელი უნდა შევუწყოთ რეგიონის ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოსთან ურთიერთსარგებლიანობისა და ურთიერთხელსაყრელობის პრინციპებზე აგებულ თანამშრომლობას.
საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკურ ინტერესებთან დაკავშირებული საგარეო პოლიტიკის სხვა მიმართულებები
მიგვაჩნია, რომ უნდა შევინარჩუნოთ ხელსაყრელი ეკონომიკური ურთიერთობები საბჭოთა კავშირთან და მასში შემავალ რესპუბლიკებთან. დღესდღეობით საქართველოს რესპუბლიკის სტატუსის გაურკვევლობის გამო ევროპულ გაერთიანებასთან ეკონომიკური ურთიერთობები შეზღუდულია. აუცილებელია საერთო ევროპულ სტრუქტურებთან საქართველოს ეკონომიკური დაახლოების პროცესისათვის ხელშეწყობა.
ამ მიმართებით საქართველოს ხელისუფლება ეფექტიანად მოქმედებს. აღსანიშნავია, რომ უმოკლეს პერიოდში გაიხსნა და იხსნება საქართველოს რესპუბლიკის სამრეწველო- სავაჭრო პალატის მუდმივი წარმომადგენლობები სხვადასხვა ქვეყნებში (ავსტრია, მაროკო, თურქეთი, ისრაელი, აშშ.)
ვითვალისწინებთ რა საქართველოს რესპუბლიკის მძიმე მდგომარეობას, ჩვენს ბაზარზე აქტიური მოქმედების საშუალებას მივცემთ საზღვარგარეთელ პარტნიორებს, რათა დააბანდონ თავიანთი სახსრები, იჯარით აიღონ საწარმოები, შექმნან ერთობლივი საწარმოები, გახსნან თავიანთი წარმომადგენლობები და ა.შ.
აღსანიშნავია ისიც, რომ ინვესტიციათა მოზიდვის ეკონომიკური ეფექტიანობის აუცილებელი წინაპირობაა საქართველოში ახალი ეკონომიკური სისტემის ჩამოყალიბება და ორგანიზაცია. დასავლეთის ბანკების კრედიტებსა და ინვესტიციებს არ შეუძლიათ ავტომატურად გადაწყვიტონ ჩვენი ეკონომიკური პრობლემები. ამიტომ, პირველყოვლისა უნდა აღდგეს ეკონომიკური სუვერენიტეტი, განხორციელდეს დემონოპოლიზაცია, პრივატიზაცია, თავისუფალი მეწარმეობისთვის ხელშეწყობა, საბაზრო ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბება და მის პარალელურად მოხდეს საზღვარგარეთული ინვესტიციების მოზიდვა.
საქართველოს რესპუბლიკის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების გამოცდილება ცხადყოფს, რომ არსებობს კარგი წინაპირობები უცხოეთის ქვეყნებთან ნაყოფიერი ეკონომიკური თანამშრომლობისათვის.
ეს თანამშრომლობა უნდა გამომდინარეობდეს საქართველოს, როგორც მსოფლიოს ეკონომიკური სისტემის განუყოფელი ნაწილის, ინტერესებიდან.
ეკონომიკური ნაწილი
ქართველი ხალხის ბრძოლამ დამოუკიდებლობისათვის აამოქმედა იმპერიის არსენალში ჯერ კიდევ არსებული ის ეკონომიკური ბერკეტები, რომლებითაც კრემლი ცდილობს თავისუფლებისმოყვარე ერების დასჯას. ცენტრი უძლურია საკუთარი სამეურნეო პრობლემების მოგვარებაში და ამის გამო მთელს თავის პოტენციალს რესპუბლიკების ეკონომიკურ პარალიზებას ახმარს.
საქართველოს ახლანდელი ეკონომიკური სტრუქტურა განვითარების იმ სტრატეგიის შედეგია, რომელიც საბჭოთა წყობილების მიერაა თავსმოხვეული. მან საქართველოს თავის დროზე ფაქტობრივად წაართვა სუვერენული სამეურნეო არჩევანის უფლება. ტოტალიტარულ სახალხო მეურნეობრივ სისტემაში ჩართული საქართველო საერთაშორისო ეკონომიკური პროცესებისაგან იზოლირებული აღმოჩნდა. უცხო ეკონომიკურმა სისტემამ, მიწისა და წარმოების სხვა საშუალებებისაგან გაუცხოებამ, ქართველი კაცისათვის არატრადიციულმა წარმოებითმა ურთიერთობებმა საქართველოს ეკონომიკა უმძიმეს მდგომარეობაში ჩააყენა.
შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი და გარანტი ჩვენი ეკონომიკის აღორძინებისა არის ის უდიდესი პოტენცია, რაც საქართველოს სპეციფიკურ გეოპოლიტიკურ მდგომარეობაში, მის ბუნებრივ რესურსებში, კლიმატურ პირობებში, ცივილიზებულ მსოფლიოზე ორიენტაციასა და ქართველი კაცის შესაძლებლობებში არსებობს. მხოლოდ თავისუფალ მეწარმეობაზე დამყარებული მეურნეობის საფუძველზეა შესაძლებელი იმპერიული ეკონომიკური ზღუდის გარღვევა, ხალხის კეთილდღეობის ამაღლება და საქართველოს საერთაშორისო ეკონომიკურ პროცესებში უშუალოდ ჩართვა, რაც თავის მხრივ განაპირობებს ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ძლიერებასა და ცივილიზებულ ქვეყნებს შორის ღირსეული ადგილის დამკვიდრებას.
28 ოქტომბერს ისტორიულ არჩევნებში ხალხმა ხმა მისცა ბლოკ „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველოს“ ეკონომიკურ პროგრამას, რომლის ძირითადი მიმართულება იყო საქართველოს ეკონომიკური აღორძინება თავისუფალი მეწარმეობის განვითარების გზით. რესპუბლიკის ხელისუფლება კიდევ ერთხელ ადასტურებს მის მიერ არჩეული გზისადმი ერთგულებას.
განვლილმა ექვსმა თვემ თვალნათლივ დაგვანახა, რომ ეროვნული მთავრობის ძალისხმევის, უზენაესი საბჭოს მიერ ახალი ეკონომიკური კანონების მიღების მიუხედავად, ცენტრის ეკონომიკური მარწუხებისაგან სრულად ჯერ კიდევ ვერ განვთავისუფლდით. ფასების სწრაფი ზრდა, ინფლაციის მაღალი ტემპი, საფინანსო და მატერიალური რესურსების შეზღუდვა - აი, ის იარაღი, რომლითაც ცენტრი საქართველოს დიდ ზიანს აყენებს. რესპუბლიკის ხელისუფლება ყოველმხრივ ცდილობს შეუმსუბუქოს მოსახლეობას კრემლის მიერ მიღებული ეკონომიკური გადაწყვეტილებებით მიყენებული ზარალი. ამას ადასტურებს თუნდაც ფულადი ნიშნების შეცვლის კამპანია, რომელიც ჩვენი მოსახლეობისათვის მაქსიმალურად შეღავათიან პირობებში, ცენტრის მიერ დადგენილი რეგლამენტაციების დარღვევითაც კი ჩატარდა. საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის და მთავრობის მიერ მიღებულ იქნა რიგი ბრძანებულებები და დადგენილებები, რომელთა თანახმად გაუქმდა საქალაქო მიწისზედა, საგარეუბნო და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მომატებული ტარიფები, პურისა და რიგი პირველადი მოთხოვნილების საქონლის გაზრდილი ფასები, უმრავლეს სახეობათა პროდუქციაზე გაყიდვიდან გადასახადი; გარდა ამისა, ფასების რეფორმასთან დაკავშირებით კომპენსაციები მოემატა არასრულწლოვან ბავშვებიან ოჯახებს.
წინამორბედი ხელისუფლების ანტიხალხური ეკონომიკური პოლიტიკის, უგერგილო და უყაირათო მუშაობის შედეგების აღმოფხვრა გვიწევს. სოფლის მეურნეობის განვითარების უდიდესი მნიშვნელობის გათვალისწინებით და მშენებლობაში შექმნილი მძიმე მდგომარეობის გამო, სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტურობის პირობებში, სახელმწიფო იძულებული იყო ამ დარგების საწარმოთათვის მილიარდ მანეთზე მეტი ვადაგადაცილებული დავალიანება ჩამოეწერა.
9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის მიღებით მოსკოვთან დამოკიდებულება კარდინალურად იცვლება. დღის წესრიგში დგება ეროვნული ეკონომიკის ფორსირებული ტემპით ჩამოყალიბებისა და ცენტრის მიერ საქართველოს ეკონომიკური ექსპლოატაციისაგან თავის დაღწევის ამოცანა. ნებისმიერი ჩვენი ნაბიჯი სწორედ ამ მიმართულებით იქნება გადადგმული.
საქართველოს რესპუბლიკის რეალური დამოუკიდებლობის აღდგენის ეკონომიკურ სააფუძველს წარმოადგენს საკუთრების სხვადასხვა ფორმებზე აგებული, ცივილიზებული სამყაროს ეკონომიკური კანონებით მოქმედი და ქართულ ყოფით ტრადიციებზე დაფუძნებული ეკონომიკა. უნდა მოხდეს სახელმწიფო საკუთრების განსახელმწიფოება, რაც განხორციელდება თანდათანობით, ეტაპობრივად, იმ ვარაუდით, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში დარჩება მხოლოდ ის საწარმოები, რომელთა ფუნქციონირებაც კერძო მეწარმეობის პრინციპებზე დროის მოცემულ მონაკვეთში გაუმართლებელი იქნება.
სახელმწიფო ჩაერევა ეკონომიკაში იმ ზომებით, რომელიც აუცილებელია ქვეყნის ერთიანი პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური ინტერესების ხორცშესხმისა და სამეურნეო საქმიანობის განვითარებისათვის.
სახელმწიფო მონოპოლისტური სისტემის ლიკვიდაცია ძალზე მნიშვნელოვანია, მაგრამ იგი პრობლემის მხოლოდ ერთი მხარეა. არანაკლები მნიშვნელობა აქვს ისეთი ეკონომიკური სისტემის შექმნას, რომელიც პასუხობს ადამიანთა მოთხოვნილებებს. ასეთად სოციალური საბაზრო მეურნეობა მიგვაჩნია. მის პირობებში ერთმანეთთან შეთანხმებულია თავისუფალი შრომისა და სოციალური უფლებების გარანტიები, საკუთრებისადმი პატივისცემა და საზოგადოებრივი სარგებლობა, თავისუფალი მეწარმეობა და კეთილსინდისიერი კონკურენცია.
„ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური სამართლიანობა და გარემოსადმი პასუხისმგებლური დამოკიდებულება აბსოლუტურად აუცილებელია აყვავებისათვის... თავისუფლება და პოლიტიკური პლურალიზმი ჩვენი ამ საერთო მიზნის აუცილებელი ელემენტებია, რომელიც გულისხმობს საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, მყარ ეკონომიკურ ზრდას, სოციალურ სამართლიანობას, აყვავებას, დასაქმების გადიდებასა და ეკონომიკური რესურსების ეფექტიანად გამოყენებას“ (პარიზის ქარტია „ახალი ევროპისათვის“).
პირველ ყოვლისა საჭიროა ისეთი სამეურნეო კანონების მიღება, რომლებიც წარმოების ძირეულ რგოლებს მიანიჭებენ ეკონომიკურ დამოუკიდებლობას და მაქსიმალურად შეზღუდავენ სხვა ორგანოთა ჩარევას მათ სამეურნეო საქმიანობაში. ახალ სამეურნეო კანონმდებლობას მხოლოდ მაშინ ექნება სათანადო ეფექტი, როდესაც სამოქმედოდ ძალაში შევა არა ცალკეული კანონები, არამედ ნორმატიული აქტების მთელი პაკეტი ერთდროულად, რომელსაც საქართველოს პარლამენტი ამზადებს.
კანონპროექტთა პაკეტის პირველ წყებაში აუცილებლად იქნება: კანონი პრივატიზაციის შესახებ, კანონი სამეწარმეო საქმიანობის შესახებ, კანონი საკუთრების შესახებ, კანონი მიწის კერძო საკუთრებაში გადაცემის შესახებ, მიწათმოწყობისა და მიწათსარგებლობის შესახებ, კანონი გლეხური მეურნეობის შესახებ, კანონი დასაქმების შესახებ, კანონი საგადასახადო სისტემის შესახებ, კანონი სააქციო საზოგადოების შესახებ, კანონი სამეურნეო საქმიანობის შესახებ, კანონი ინვესტიციების შესახებ, კანონი ერთობლივი საწარმოების შესახებ, ანტიმონოპოლიური კანონი, კანონი სოციალური გარანტიების შესახებ, კანონი სახელმწიფო და კერძო დაზღვევის შესახებ.
აღსანიშნავია, რომ ამ კანონპროექტთა უმრავლესობა უკვე მომზადებულია ან მომზადების პროცესშია.
საქართველოს ეკონომიკის საფუძვლად მომავალში უნდა იქცეს კერძო საკუთრება. საკუთრებისადმი პატივისცემა ადამიანს საშუალებას აძლევს უკეთ გაიგოს და შეასრულოს საზოგადოებრივი მოვალეობანი: კერძო საკუთრება არის არა მარტო პრივილეგია მესაკუთრისათვის, არამედ, მისი მოვალეობა, ვალდებულება საზოგადოების წინაშე.
კერძო პირებს უნდა მიეცეთ თავისუფალი სამეწარმეო საქმიანობის უფლება, ნება დაერთოთ საკუთრებაში ჰქონდეთ წარმოების საშუალებები და დაიქირაონ სამუშაოდ სხვა პირები. უნდა შეიქმნას პირობები კერძო საკუთრების ყველა სახეობის განვითარებისათვის, დაცული იქნეს საკუთრების უფლების სუბიექტთა მფლობელობის, განკარგვისა და გამოყენების უფლება სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ან სახელმწიფო ორგანოთა მიერ მათი ხელყოფისაგან.
აღნიშნული კანონები უნდა უზრუნველყოფდნენ: ა) სამეწარმეო საქმიანობის თავისუფლებას, ბ) მომხმარებელთა ინტერესების დაცვას და მათი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების შესაძლებლობას, გ) კონკურენციის გაფართოებას, ამა თუ იმ საწარმოს ჯგუფის ხელში ეკონომიკური ძალაუფლების კონცენტრაციის არდაშვებას. ფაქტობრივად მეურნეობის დემონოპოლიზაციის და პრივატიზაციის პროცესი უკვე დაწყებულია. ამან უნდა შექმნას კარგი წინაპირობა საბაზრო მეურნეობაზე ნაკლები დანაკარგებით გადასასვლელად.
სახელმწიფო აუცილებელი სამართლებრივი და ფინანსურ- ეკონომიკური პირობების შექმნით ყოველმხრივ შეუწყობს ხელს მცირე ბიზნესის განვითარებას.
სახელმწიფო მაქსიმალურად ეცდება თანაბარი სასტარტო პირობები შეუქმნას ყველას, რათა პრივატიზაციის შედეგებით ისარგებლოს ნამდვილად მეურნე და მეწარმეობის უნარის მქონე პირებმა.
საქართველოს ეკონომიკური სუვერენიტეტის დაცვა და მისი შემდგომი განმტკიცება მოითხოვს თავსმოხვეული, კოლონიური სტრუქტურის დემონტაჟს და ერის ინტერესების შესაბამისად მის ხელახალ ფორმირებას.
საქართველო მაღალგანვითარებულ აგრარულ-ინდუსტრიულ ქვეყნად უნდა იქცეს, რაც სასოფლო-სამეურნეო სფეროს რადიკალურ გაუმჯობესებას მოითხოვს. იგი პირველ რიგში უნდა ემსახურებოდეს ადგილობრივი მოსახლეობისა და განვითარებული საკურორტო-ტურისტული მეურნეობის მოთხოვნილებათა სრულ დაკმაყოფილებას. პროდუქციის ის ნაწილი კი, რომელიც მსოფლიო ბაზრისათვის იქნება განკუთვნილი, უნდა შეირჩეს ხელსაყრელობის და რესპუბლიკის საჭიროებათა ყველა ასპექტის გათვალისწინებით. ყოველივე ეს მოითხოვს სოფლის მეურნეობის სპეციალიზაციისა და ადგილობრივი მნიშვნელობის დარგების ოპტიმალური ჰარმონიზირების მიღწევას, რესპუბლიკის უნიკალური ნიადაგურ-კლიმატური პირობების რაციონალურ გამოყენებას. აუცილებელია საქართველოში ოდითგანვე განვითარებული მემარცვლეობის ტრადიციების აღდგენა, მისი პროდუქცია უნდა გახდეს მოსახლეობის უპირველესი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების რეალური საყრდენი და მეცხოველეობის აღორძინების ბაზა.
ამ ამოცანათა გადაჭრა სოფლად საკუთრებითი ურთიერთობების შეცვლით არის შესაძლებელი. საქართველოში კოლმეურნეობებისა და საბჭოთა მეურნეობების შექმნამ ქართველი გლეხი მოწყვიტა მიწას, შეაძულა მას შრომა, მოაშორა მშობლიურ ფესვებს, შეუცვალა ცხოვრების ტრადიციული წეს-ჩვეულებანი და სოფლის პროლეტარად აქცია. საქართველოს სოფლის მეურნეობის წარმართვა ამ ფორმით ქართველ ერს გადაგვარების საფრთხეს უქმნის. ამდენად, აუცილებელია მიწის რეფორმის გატარება, რაც საქართველოს ყოველ ისტორიულ მხარეში მისი თავისებურების გათვალისწინებით უნდა მოხდეს. ეს პირველ რიგში გულისხმობს ზარალიანი საზოგადოებრივი მეურნეობების დაშლას და მათ ბაზაზე გლეხური მეურნეობების ჩამოყალიბებას, აგრეთვე მიწის კერძო საკუთრებაში გადაცემას, საკარმიდამო ნაკვეთების სრული მოცულობით გაცემას.
საქართველოს მომავალი აგრარული სტრუქტურის ძირითად ბირთვს გლეხური (საკომლო) მეურნეობა უნდა შეადგენდეს. კომლი განსაკუთრებული მნიშვნელობის
საზოგადოებრივი ინსტიტუტია. მისი მეოხებით ხდება მიწასთან მჭიდროდ დაკავშირებული მეურნის აღზრდა, იგი არის გლეხთა თაობების მემკვიდრეობის გარანტი. კომლი უზრუნველყოფს შრომითი რესურსების, მიწისა და კაპიტალის კანონზომიერ განაწილებასა და ეფექტიან გამოყენებას.
ამრიგად, სოფლად მეურნეობრივი საკითხების გადაწყვეტას ჩვენ განვიხილავთ ქართული სოფლის აღორძინებასა და ტრადიციულ სამეურნეო ურთიერთობათა აღდგენასთან ორგანულ კავშირში.
ქართველი გლეხი - ისტორიულად ჩვენი ეროვნული მეურნეობის ბურჯი უნდა გათავისუფლდეს ხელისუფლების დიქტატისაგან. გლეხი თავის სამეურნეო საქმიანობაში დამოუკიდებელი უნდა იყოს, თავად განსაზღვრავდეს წარმოების სპეციალიზაციას, სტრუქტურას და ახდენდეს მოწეული მოსავლის თავისუფალ რეალიზაციას.
საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს გარდამავალ პერიოდში მიწა შეიძლება გადაეცეთ მოკლევადიან, გრძელვადიან ან მუდმივ მფლობელობაში მემკვიდრეობის უფლებით, რეგიონის თავისებურებათა გათვალისწინებით. სახელმწიფოებრიობის ფაქტობრივად აღდგენის და მოქალაქეობის კანონის შემოღების შემდეგ კი მასზე დაკანონდება კერძო საკუთრება, რაც უახლოეს ხანებში მოხდება.
სახნავ- სათესი ძირითადად უნდა გადაეცეს გლეხურ მეურნეობებს, საძოვრები კი სათემო ან სასოფლო მფლობელობაში უნდა იყოს; მიწის გარკვეული ნაწილი სახელმწიფოს საკუთრებაში უნდა დარჩეს სტრატეგიული, თავდაცვითი და სამეურნეო საქმიანობის წარმართვისათვის; სახელმწიფო საკუთრებაში უნდა იყოს ნაკრძალები და ეროვნული ტყე-პარკები.
სახელმწიფომ ყოველმხრივ უნდა შეუწყოს ხელი სოფლად სხვადასხვა ასოციაციების, გაერთიანების შექმნასა და ფუნქციონირებას. მათ უნდა შეასრულონ გლეხური მეურნეობების ტექნიკით მომსახურებისა და აუცილებელი მასალებით მომარაგების ფუნქცია.
- საქართველოში სამრეწველო წარმოების პერსპექტივების განსაზღვრისას ძირითადი ყურადღება დაეთმობა მეცნიერებატევადი და იმ სხვა დარგების განვითარებას, რომლებიც უზრუნველყოფენ სამომხმარებლო პროდუქციის წარმოების არსებით გადიდებას, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ნედლეულის გადამუშავებას და მომსახურების სფეროს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებას, რესპუბლიკის სარესურსო პოტენციალის ამაღლებასა და ადგილზე მათ რაციონალურ გამოყენებას, მსოფლიო ბაზარზე კონკურენტუნარიანი პროდუქციის გატანას.
ამასთანავე, ენერგიული ღონისძიებანი უნდა გატარდეს რესპუბლიკაში სათბობ-ენერგეტიკული რესურსების მწვავე დეფიციტის დასაძლევად. აქ ჩვენი ძალისხმევა უნდა წარიმართოს შემდეგი მიმართულებებით:
- რესპუბლიკაში სათბობ-ენერგეტიკული რესურსების წარმოების მოცულობის გადიდება;
- წარმოებისა და მოხმარების სფეროში პროდუქციისა და მომსახურების ერთეულზე ენერგოდანახარჯების მკვეთრი შემცირება, ენერგორესურსების გამოყენების მკვეთრი გაუმჯობესების ეროვნული პროგრამის შემუშავება და გატარება.
- საბჭოთა კავშირში შემავალი რესპუბლიკებიდან და უცხოეთის ქვეყნებიდან პირდაპირი ეკონომიკური კავშირების მეშვეობით ენერგორესურსების მიღება;
- ენერგიის არატრადიციული წყაროების ფართოდ გამოყენება, მცირე და საშუალო ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა.
საქართველოს უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა უცხოეთის მჭიდრო სატრანსპორტო კავშირების დამყარების შესაძლებლობის, საქართველოს ეკონომიკური აღორძინების მნიშვნელოვანი რეზერვია. ამიტომ აუცილებელია აღდგეს საქართველოს, როგორც ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ხიდის ისტორიული ფუნქცია, რაც აუცილებლად მოითხოვს საქართველოს საზღვაო (ბათუმი, ფოთი, სოხუმი) და საჰაერო კარიბჭეთა ოპტიმალურ გამოყენებას და მათ სწრაფ რეკონსტრუქციას. ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს საავტომობილო ტრანსპორტის, როგორც მეზობელ ქვეყნებთან კონტაქტების, შიგა რესპუბლიკური გადაზიდვებისა და მნიშვნელოვანი ტრანზიტული შემოსავლების მიღების საუკეთესო საშუალებას.
საქართველოს რესპუბლიკაში საინვესტიციო პოლიტიკა უნდა განხორციელდეს სახელმწიფო, კერძო, კოლექტიური და უცხოური ინვესტიციების ხარჯზე მათი დაბანდების, გამოყენების და დაცვის მტკიცე გარანტიების შექმნით მსოფლიოში აღიარებული ფორმების გათვალისწინებით.
საინვესტიციო პოლიტიკის უმთავრესი მომენტები უნდა განისაზღვროს შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით;
- საქართველოს რესპუბლიკის სამეურნეო სისტემის პრიორიტეტები, ტრადიციები და თავისებურებანი;
- შიდარესპუბლიკური საწარმოო და სამომხმარებლო მოთხოვნები;
- მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის თანამედროვე დონე;
- მსოფლიო ეკონომიკის განვითარების ტენდენციები;
საქართველოს ეკონომიკის ნორმალური ფუნქციონირების, ეროვნული ეკონომიკის აღორძინებისა და განვითარების აუცილებელი პირობაა საკუთარი საფინანსო და ფულად-საკრედიტო სისტემა, რომლის ძირითადი შემადგენელი ნაწილები უნდა იყოს:
- ორიარუსიანი საბანკო სისტემა, რომლის სათავეში იქნება ცენტრალური ეროვნული ბანკი, ხოლო მეორე იარუსზე განლაგდებიან კომერციული ბანკები. ცენტრალური ეროვნული ბანკის ფუნქცია იქნება: ფულის მიმოქცევის, ემისიის, დაკრედიტების, დაფინანსების, ანგარიშსწორებისა და სავალუტო ურთიერთობათა სფეროში რესპუბლიკის ერთიანი პოლიტიკის გატარება, ფულად-საკრედიტო სისტემის ცენტრალიზებული მართვა, მყარი ფულადი მიმოქცევისა და ქართული ფულის მსყიდველობითი უნარის განმტკიცების უზრუნველყოფა, მისი გასაცვლელი კურსის დადგენა სხვა ქვეყნების ფულად ერთეულებთან მიმართებაში და სხვ.; კომერციული ბანკები კი თავიანთი საქმიანობით შექმნიან თავისუფალი საბაზრო ურთიერთობების განხორციელების აუცილებელ წინაპირობებს.
ერთიანი საბანკო სისტემის ჩამოყალიბებასთან ერთად აუცილებელია შეიქმნას ჩვენი ბანკების ფილიალები და წარმომადგენლობები საზღვარგარეთის ქვეყნებში. საჭიროა აგრეთვე, შეიქმნას ერთობლივი ბანკები, რომლებიც საშუალებას მოგვცემს ეროვნული ეკონომიკის ინტერესებისათვის გამოვიყენოთ ჩვენი პარტნიორების საკრედიტო არხები. მათ მიერ გაცემული გარანტიების საფუძველზე გაცილებით ადვილი იქნება როგორც უცხოური კაპიტალის მოზიდვა, ასევე ადგილობრივი პროდუქციის რეალიზაცია.
- ეროვნული ფული. ეროვნული ბანკის ნორმალური ფუნქციონირება, რესპუბლიკაში ფულადი მიმოქცევის რეგულირება, საქართველოს ეკონომიკის დაცვა გარეშე უარყოფითი გავლენისაგან შეუძლებელი იქნება საკუთარი ფულადი ერთეულის გარეშე. აქედან გამომდინარე, სახელმწიფოებრიობის აღდგენის გზაზე ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ამოცანად ქართული ფულის შემოღება მიგვაჩნია. მისი სწორი მიმოქცევის, კონვერტირებულობისა და კურსის განმტკიცებისათვის ზრუნვა უახლოესი პერიოდის მთავარი ამოცანაა.
- მოქნილმა საგადასახადო სისტემამ ადმინისტრაციული მეთოდების გარეშე უნდა უზრუნველყოს ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის ერთიანობა, მოსახლეობის სოციალური დაცვა, საზოგადოებრივი წარმოების ეფექტიანობა.
ახალმა საგადასახადო სისტემამ განაკვეთებისა და შეღავათების დიფერენციაციის საშულებით უნდა მისცეს სტიმული დარგის, რეგიონის, საწარმოს, ცალკეული პროდუქციის წარმოებისა და მომსახურების განვითარებას. ჯანსაღი კონკურენციის საფუძველზე ობიექტურად უნდა მოაწესრიგოს საწარმოთა რენტაბელობისა და მოქალაქეთა შემოსავლების დონე, უზრუნველყოს საქართველოს რესპუბლიკის ბუნებრივი რესურსების ეფექტიანი გამოყენება და გარემოს დაცვა.
აქედან გამომდინარე, უნდა შეიცვალოს მოქმედი გადასახადების სტრუქტურა, სახეები, მათი განაკვეთები და შეღავათის წესები.
მოხმარების საგნების წარმოების გაზრდის, ახალი ტექნიკისა და ტექნოლოგიების დანერგვის, ბუნების დამცავი ღონისძიებების და სხვ. სტიმულირების მიზნით გადასახადებიდან უნდა გათავისუფლდნენ ან შეღავათიანად დაიბეგრონ საწარმოები და ორგანიზაციები მოგების იმ ნაწილში, რომლებიც ამ მიმართულებით დაიხარჯება.
- რეგიონალური ფინანსები. ადგილობრივი მმართველობის ორგანოების როლის შემდგომი ზრდისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მიზნით უნდა ამაღლდეს მათი უფლებამოსილებანი რეგიონის ფინანსების მართვაში, გაფართოვდეს პრეფექტურებისა და საკრებულოების საბიუჯეტო უფლებები, გაძლიერდეს ადგილობრივი ბიუჯეტების დამოკიდებულება შესაბამის ტერიტორიაზე განლაგებულ საწარმოთა სამეურნეო საქმიანობის საფინანსო შედეგებზე. ქალაქის, რაიონის, დაბისა და სოფლის ტერიტორიაზე განლაგებული ყოველი საწარმო აუცილებლად უნდა მონაწილეობდეს შესაბამისი ადგილობრივი ბიუჯეტის ფორმირებაში. ამასთან, ამ ბიუჯეტების ფორმირება უნდა განხორციელდეს საერთო სახელმწიფოებრივი გადასახადებიდან ანარიცხების სტაბილური გრძელვადიანი ნორმატივების ბაზაზე.
- მიზანშეწონილად მიგვაჩნია გადავიდეთ ფასების სამსაფეხურიან სისტემაზე.
ა) მტკიცე სახელმწიფო ფასები, რომელიც უნდა მოიცავდეს სახელმწიფო სატრანსპორტო და საფოსტო-სატელეფონო მომსახურების, ელექტროენერგიის, სახელმწიფო კომუნალური მეურნეობის ტარიფებს, პირველადი მოხმარების საგნებისა და მედიკამენტების ფასებს.
ანტიმონოპოლიური კანონით დაშვებული უნდა იყოს ფასების ადმინისტრაციული რეგულირება იმ საქონლისათვის, რომლის მწარმოებლებსაც მონოპოლიური მდგომარეობა უკავიათ.
ბ) შერეული ფასები, როდესაც სახელმწიფო აწესებს ქვედა და ზედა ზღვარს, რომლის ფარგლებშიც ამა თუ იმ საქონელზე ფასი შეიძლება იცვლებოდეს მოთხოვნისა და მიწოდების მიხედვით.
გ) თავისუფალი ფასები, რომელიც ბაზარზე ჩამოყალიბდება მოთხოვნა- მიწოდების თანაფარდობის შესაბამისად.
სოციალურ საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა გულისხმობს მოსახლეობის სოციალური დაცვის ეფექტიანი სისტემის შემუშავებას, რომელიც უნდა მოიცავდეს შემდეგ ელემენტებს:
პირველადი მოთხოვნილების საქონლის გარკვეულ ნაწილზე საცალო ფასების შენარჩუნებას ჩამოყალიბებულ დონეზე;
- რესპუბლიკის სამომხმარებლო ბაზრის დაცვას;
- მოსახლეობის შემოსავლების ინდექსაციას;
- სახელმწიფოს მიერ ხელფასის, პენსიის, დახმარების და სხვა განაკვეთების მინიმალურად დასაშვები დონის დაწესებას არა უმცირეს საარსებო მინიმუმისა;
- მოსახლეობის ყველაზე სუსტად დაცული ჯგუფების (მოსწავლეთა, პენსიონერთა, ინვალიდების, მარტოხელა მოხუცების, ობლების და ა.შ.) დახმარების მიზნობრივ პროგრამას;
- უმუშევრებზე დახმარების გაცემას, ეკონომიკის სტრუქტურული ცვლილებების პროცესში გამოთავისუფლებულ მუშაკთა გადამზადებას, სახელმწიფო შრომითი ბირჟების ფართო ქსელის მეშვეობით სამუშაო ადგილების შექმნის სტიმულირებას.
- საქველმოქმედო ღონისძიებათა წახალისებას შეღავათიანი დაბეგვრის, სუბსიდირების, საზოგადოებაში შესაბამისი კლიმატის შექმნას; საზოგადოებრივ და რელიგიურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გზით. საქართველოს უნდა ჰქონდეს ღია ეკონომიკა, რომლის განვითარებისა და წინსვლის ტემპები დამოკიდებულია საერთაშორისო ეკონომიკურ პროცესში მიზანმიმართულ ჩართვაზე, რისთვისაც აუცილებელია შემუშავდეს საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობათა განვითარების ეროვნული პროგრამა. ამით განისაზღვრება რესპუბლიკის საექსპორტო შესაძლებლობანი და მისი ზრდის რეზერვები; უცხოურ ფირმებთან, სამთავრობათაშორისო და რეგიონალურ საფინანსო ორგანოებთან თანამშრომლობის ფორმები; საშინაო ბაზრის დაცვისა დ აუცილებელი საიმპორტო პროდუქციის შემოზიდვის ხელშემწყობი საბაჟო სისტემა; საგარეო ბაზარზე ეროვნული კაპიტალის დამკვიდრების მიზნით სახელმწიფო დახმარებისა და შეღავათების ფორმები; პროტექციონისტული ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელების საშუალებები; უცხოური კაპიტალის მოზიდვის რეგულირების მექანიზმი; უცხოეთში აქტიური საინვესტიციო საქმიანობის წარმართვის საშუალებანი; საგარეო-ეკონომიკური მართვის სტრუქტურის სრულყოფის მიმართულებები.
ჯანმრთელობის დაცვა - საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობა მისი საბჭოთა კავშირის ჯანმრთელობის დაცვის სისტემის სტრუქტურაში ყოფნის შედეგია. აღნიშნული გარემოებით განპირობებული იყო სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯანდაცვის სისტემის სუბსიდირების მანკიერი წესი და მართვის მოუქნელი სტრუქტურა.
იმისათვის, რომ საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემა გამოვიდეს კრიზისიდან, საჭიროა:
1. რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის საბჭოთა კავშირის სტრუქტურებიდან სრული დამოუკიდებლობა. აუცილებელია ჩატარდეს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის დაწესებულებათა სრული ინვენტარიზაცია; ჯანმრთელობის დაცვის მატერიალური რესურსების რაციონალური განაწილება; საზღვარგარეთის ქვეყნებთან პირდაპირი კავშირების დამყარება და არსებული კავშირების გაფართოება.
2. ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის სტრუქტურული რეორგანიზაცია, რაც გულისხმობს მართვის ვერტიკალური სტრუქტურების შეცვლას ჰორიზონტალური სტრუქტურებით.
3. საზოგადოების ჯანმრთელი ყოფა წარმოუდგენელია პროფილაქტიკურ ღონისძიებათა ერთიანი პროგრამის გარეშე, რისთვისაც აუცილებელია მჭიდრო ურთიერთკავშირი სახელმწიფო-სანიტარულ სამსახურსა და სხვა სახელმწიფო ინსპექციებს შორის. ამის საფუძველზე უნდა შეიქმნას ერთიანი რესპუბლიკური საინფორმაციო ბანკი და არსებულ მონაცემთა საფუძველზე განხორციელდეს შესაბამისი ღონისძიებები.
4. უზრუნველყოფილ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულებათა მრავალგვარობა (სახელმწიფო, სადაზღვევო, კომერციული). სახელმწიფო (მუნიციპალური) საზოგადოებრივი და კერძო სამედიცინო დაწესებულებების თანასწორუფლებიანი თანაარსობა სრულყოფილი სამედიცინო მომსახურების აუცილებელ პირობას წარმოადგენს.
5. ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ფინანსურ-ეკონომიკური გაჯანსაღებისათვის აუცილებელია სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯანმრთელობის დაცვაზე გამოყოფილი სახსრების მნიშვნელოვნი გაზრდა. ამასთან, უნდა დაიწყოს დამატებითი სახსრების ძიება დაფინანსების სხვადასხვა წყაროებიდან სახელმწიფო სოციალური პროგრამების უზრუნველასაყოფად. დაფინანსების სხვა წყაროების ხარჯზე თანდათანობით უნდა შემცირდეს ჯანმრთელობის დაცვისათვის გამოყოფილი სახსრების ხვედრითი წილი.
6. საბიუჯეტო დაფინანსების გაზრდასთან ერთად თანდათან უნდა გადავიდეთ სადაზღვევო სამედიცინო სისტემაზე. აუცილებელია სამედიცინო დაზღვევის ფორმების (სახელმწიფო, საწარმოო, კერძო) არჩევის სრული თავისუფლება. სადაზღვევო სამედიცინო სისტემა საშუალებას მოგვცემს უახლოეს წლებში გავზარდოთ ჯანმრთელობის დაცვაში დაბანდებული თანხები.
7. პირდაპირი კავშირი უნდა დამყარდეს მომსხურების ხარისხსა და სამედიცინო პერსონალის შრომის ანაზღაურებას შორის.
8. ექიმებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მონაწილეობით უნდა შემუშავდეს ჯანმრთელობის დაცვის კანონმდებლობა, რომლითაც რეგლამენტირებული იქნება სამედიცინო დარგის ურთიერთობანი.
განათლება. დღეს ქართული სკოლა ურთულეს მდგომარეობაში აღმოჩნდა. ტოტალიტარულმა რეჟიმმა მძიმე
დაღი დაასვა განათლების სისტემას. ქართული სკოლა გადაიქცა საბჭოთა სკოლის ნაწილად, რომლის მიზანია ე.წ. „საბჭოთა ადამიანის“ ფორმირება, განათლებაში ეროვნული და რელიგიური ტრადიციების იგნორირება.
ქართული საგანმანათლებლო სისტემის ეროვნულობა უნდა გამოიხატოს არა მარტო მშობლიურ ენაზე სწავლებით, არამედ მისი შინაარსის ეროვნულობით, ქართული კულტურის, ქრისტიანული რელიგიის, მშობლიური გარემოს და ტრადიციების გათავისებით.
სკოლა ყოველი მოსწავლის პიროვნული განუმეორებლობის სრულყოფისა და შენარჩუნებისათვის უნდა ზრუნავდეს. განათლების ჰუმანიზაცია უნდა ემყარებოდეს სასკოლო დისციპლინას, საქმისადმი პასუხისმგებლობის ამაღლებას.
განათლების სრული ციკლი უნდა მოიცავდეს სკოლამდელ აღზრდას, დაწყებით და საშუალო სკოლას, მრავალფეროვან პროფილურ სასწავლებლებს, გიმნაზიებს, კოლეჯებს, უმაღლეს სასწავლებლებს.
სახელმწიფო აღარ უნდა იყოს განათლების სიტემის ერთადერთი დამფინანსებელი და მაკონტროლებელი. განათლების სისტემის ჩამოყალიბებაში საჭიროა გაიზარდოს საზოგადოების როლი.
ხელი უნდა შეეწყოს კერძო და საეკლესიო სასწავლებლების გახსნას.
დაწყებითი და საშუალო სკოლა საყოველთაო უნდა იყოს. გიმნაზიასა და კოლეჯში ჩარიცხვა მოხდება შერჩევით. ამას გარდა, რეგიონების საჭიროების მიხედვით იარსებებს სხვადასხვა პროფილის სასწავლებლები, სადაც მიღებული განათლება საკმარისი იქნება ვიწროპროფესიული საქმიანობისათვის. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ქართული ენისა და ლიტერატურის, საქართველოს ისტორიისა და გეოგრაფიის სრულყოფილ სწავლებას.
განათლების სისტემის რეორგანიზაციის შემდგომ ეტაპზე აუცილებელია დაწყებით კლასებში სწავლება წარიმართოს მოსწავლეთა გონებრივი შესაძლებლობების გათვალისწინებით, შესაბამისი სრულყოფილი პროგრამების მიხედვით.
სწავლების პროცესში ყურადღება უნდა მიექცეს როგორც მოსწავლეების მიერ ცოდნის შეძენას, ასევე მათთვის სწავლების და თვითგანათლების უნარის გამომუშავებას. სახელმწიფომ უნდა იზრუნოს სკოლისა და ეკლესიის მჭიდრო ურთიერთკავშირზე.
კულტურა და ხელოვნება. ერის სულიერი სახის ჩამოყალიბებაში უდიდეს როლს ასრულებს კულტურა და ხელოვნება. მათში ყველაზე მკაფიოდ ვლინდება ეროვნული ხასიათი, მისი სპეციფიკა და თვითმყოფადობა. ქრისტიანული სარწმუნოების სულიერ კოდექსზე დამყარებული ქართული კულტურული მემკვიდრეობა, ესთეტიკური და ეთიკური ფასეულობანი წარმოადგენენ იმ ფუნდამენტს, რომელსაც უნდა დაეყრდნოს ქართველი ერის სულიერი ამაღლება. სწორედ კულტურული თვითმყოფადობა, განუმეორებლობა დაუმკვიდრებს საქართველოს ღირსეულ ადგილს მსოფლიო ერთა შორის.
ქართული და აფხაზური კულტურის დაცვის და განვითარებისთვის აუცილებელი სამართლებრივი საფუძვლების შექმნის პარალელურად უნდა დამუშავდეს საქართველოში მცხოვრები ყველა ხალხის წარმომადგენელთა კულტურული ტრადიციის სამართლებრივი გარანტიები, საქართველოს ისტორიული მხარეების თვითმყოფადი კულტურის შენარჩუნებისათვის საჭირო საფუძვლები. კულტურა და ხელოვნება არ უნდა განიცდიდეს პოლიტიკურ დიქტატს. შემოქმედების თავისუფლება კანონით უნდა იქნეს გარანტირებული.
სახელმწიფომ და მისმა ინსტიტუტებმა ხელი უნდა შეუწყონ ქართული კულტურის განვითარებას და საერთაშორისო ასპარეზზე გატანას, შექმნან თანამედროვე მსოფლიოს წამყვან სკოლებთან და მიმართულებებთან უშუალო კონტაქტების დამყარების საშუალება, რათა მომზადდეს საფუძვლები თანამედროვე კულტურული ტრადიციების შემოქმედებითი მიმართულებების და სტილის გაცნობისათვის, ქართული კულტურული ტრადიციების გამდიდრებისათვის. ამის პარალელურად ქართული კულტურული თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად უნდა შეიქმნას შესაბამისი მექანიზმები. ე.წ. „მასობრივი კულტურის“ ფსევდოკულტურული ელემენტებით დანაგვიანებისგან დასაცავად. ეს მისია ქართული კულტურის ცენტრებს უნდა დაეკისროთ. საჭიროა კულტურის ძეგლთა დაცვის ფართო პროგრამის შემუშავება, ძეგლთა დაცვისა და მოვლა-პატრონობისათვის აუცილებელი სახელმწიფო ხარჯების გაზრდა.
დემოგრაფია. საქართველოს წინააღმდეგ მიმართულმა დემოგრაფიულმა დივერსიებმა რესპუბლიკის მკვიდრი ერების - ქართველებისა დ აფხაზებისათვის უმძიმესი ვითარება შექმნა. დემოგრაფიულმა დისბალანსმა დაძაბა საერთაშორისო ურთიერთობა და შექმნა ეთნოკონფლიქტთა პროვოცირების შესაძლებლობა.
რესპუბლიკაში არსებული მდგომარეობის სტაბილიზაციის, დემოგრაფიული ვითარების გაჯანსაღების მიზნით საპრეზიდენტო ხელისუფლების მიერ უნდა შეიქმნას დემოგრაფიული პოლიტიკა. მიღებული იქნება კანონი მიგრაციის შესახებ. ამ კანონით უნდა მოხდეს რესპუბლიკის მოსახლეობის როგორც ემიგრაციულ- იმიგრაციული, ასევე შიდა მიგრაციული პროცესების რეგულირება.
შიდა მიგრაციული პროცესების რეგულირებით უნდა მოხდეს თბილისის და სხვა სამრეწველო ცენტრების ზრდის შეზღუდვა, ურბანიზაციის დონის კონტროლი. განხორციელდება შედარებით ჭარბად დასახლებული რეგიონებიდან მოსახლეობის ნებაყოფლობითი გადანაწილება ნაკლებად ათვისებულ და დემოგრაფიული თვალსაზრისით მძიმე რეგიონებში. ამასთან, განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭება საქართველოს ძირძველი რეგიონების დემოგრაფიულ აღორძინებას. ამ რეგიონებში მცხოვრებთ და იქ დასახლების მსურველთ გაეწევათ მაქსიმალური დახმარება, დაუწესდებათ შეღავათები, გათავისუფლდებიან გადასახადებისაგან და გამოეყოფათ გრძელვადიანი კრედიტები. აუცილებელია ამ რეგიონებში შევქმნათ ცხოვრებისათვის საჭირო პირობები - მოვაწესრიგოთ გზები, უზრუნველვყოთ ეს რეგიონები გაზით, ელექტროენერგიით, კომუნიკაციებით და ა.შ. პირველ რიგში, ხელი შევუწყოთ სტიქიისაგან დაზარალებული მოსახლეობის მოთხოვნათა დაკმაყოფილებას.
საჭიროა მოსახლეობის განსახლების ოპტიმალური სისტემის შექმნა. ეკონომიკის თავისუფლება შექმნის რეალურ პირობებს დიდი სამრეწველო ცენტრების სანაცვლოდ პატარა და საშუალო ზომის ქალაქების უპირატესი განვითარებისათვის.
დემოგრაფიული ვითარების გაჯანსაღება წარმოუდგენელია ტრადიციული სამთაობიანი ოჯახის აღორძინების გარეშე. დემოგრაფიული პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება იქნება დახმარება ახალგაზრდა მრავალშვილიანი ოჯახებისათვის. უნდა გატარდეს ქმედითი ღონისძიებანი სიკვდილიანობის, განსაკუთრებით ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირების მიზნით, აგრეთვე შობადობის სტიმულირებისათვის.
ხელი შეეწყობა დემოგრაფიული ვითარების გაჯანსაღებისათვის წარმოებულ საქველმოქმედო საქმიანობას, სპეციალური ფონდების შექმნას. მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა სპეციალისტ-დემოგრაფთა მომზადებას, რაც საშუალებას მოგვცემს რეგულარულად ჩავატაროთ მოსახლეობის დემოგრაფიული პასპორტიზაცია.
ტურიზმი და სპორტი
საქართველოსათვის მნიშვნელოვანია რეკრეაციულ-ტურისტული კომპლექსების განვითარება, რომელიც მიმართული იქნება, ერთის მხრივ, საქართველოს მოქალაქეების დასვენებისა და ფიზიკური გაჯანსაღებისაკენ, ხოლო მეორეს მხრივ, უცხოური ვალუტის მოზიდვისა და ცივილიზებულ მსოფლიოსთან კულტურული და საქმიანი თანამშრომლობის საწყისების შექმნისაკენ.
განსაკუთრებული ზრუნვის საგნად უნდა იქცეს მასობრივი სპორტისათვის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნა, ეროვნული სპორტის განვითარება, საქართველოს სპორტსმენთა მიღწევების შემდგომი ზრდა, საერთაშორისო სპორტულ ორგანიზაციებსა და საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში გაერთიანება.
ცივილიზებულ მსოფლიოში სპორტსა და პოლიტიკას ურთიერთს არ უკავშირებენ, მაგრამ თავისთავად ძალზე საგულისხმოა, რომ საქართველოში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გააქტიურების კვალობაზე პირველად სწორედ ქართული სპორტის წარმომადგენლებმა იგემეს დამოუკიდებლობის, თავისუფლების სურნელი. ამ გადაწყვეტილებების მიღება მრავალ დიდ სიძნელესთან იყო დაკავშირებული, მაგრამ მათი გადალახვა შემდგომში ქართული სპორტის მსოფლიო მიღწევების საწინდარია.
ბუნების დაცვა
გარემომცველი ბუნების შენარჩუნება სასიცოცხლო მნივნელობის პრობლემაა. ეკოლოგიური კატასტროფის თავიდან ასაცილებლად საჭიროა კარდინალურად შეიცვალოს ბუნებისადმი მომხმარებლური დამოკიდებულება. ეს კი მოითხოვს ახალი ეკოლოგიური კანონმდებლობის შემუშავებას. მან უნდა გამორიცხოს ან მაქსიმალურად შეამციროს ისეთი ობიექტების მშენებლობა და ექსპლუატაცია, რომლებიც აზიანებენ ან საფრთხეს უქმნიან გარემოს (გიგანტური ჰესები და წყალსაცავები, ატომური ელექტროსადგურები, გარემოსათვის მავნე საწარმოები და სხვა).
აუცილებელია მოხდეს საქართველოს ტერიტორიის ეკოლოგიური დარაიონება, შემუშავდეს ბუნებათსარგებლობისა და ბუნების დაცვის სახელმწიფო პროგრამები. საჭიროა შეიქმნას ეკოლოგიური და სეისმოლოგიური საინფორმაციო სამსახური მოსახლეობის სასიცოცხლო ინტერესებთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმირების უზრუნველსაყოფად.
სოფლის მეურნეობაში უპირატესი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს ნიადაგდამცავი ტექნოლოგიების გამოყენებას, პროდუქტების მოყვანას არაორგანული სასუქებისა და პესტიციდების გამოყენების გარეშე, დაინერგოს სოფლის მეურნეობაში ბიოდინამიური მეთოდით მიღებული სასუქები. ასეთი პროდუქციის მწარმოებელთათვის უნდა დაწესდეს შეღავათიანი გადასახადები, კრედიტები. უნდა აიკრძალოს სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწების სხვა მიზნებისათვის გამოყენება.
საჭიროა შეიქმნას რეკრეაციული უზრუნველყოფის სისტემა - ტურიზმის, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვის (საკურორტო- გამაჯანსაღებელ) სფეროებში.
ეკოლოგიის სფეროში სამართალშემოქმედებითი საქმიანობაც მიმართული უნდა იყოს არა მარტო ბუნების დაცვისაკენ, არამედ ისეთი ტრადიციული ყოფითი გარემოს აღდგენა- შენარჩუნებისაკენ, რომელმაც განაპირობა ქართული ეთნოფსიქიკის ჩამოყალიბება.
***
განვლილი ექვსი თვის მანძილზე ვერ მოხერხდა დრომოჭმული ადმინისტრაციულ-ბიუროკრატიული სისტემისა და ცენტრალიზებული მართვის მანკიერებათა სრულად აღმოფხვრა, რაც მოითხოვს რადიკალურ ცვლილებებს მმართველობითი ორგანოების ფუნქციებსა და სტრუქტურებში, მათ მნიშვნელოვან რაოდენობრივ შემცირებას.
ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა - შვიდ ათეულზე მეტი რესპუბლიკური და საკავშირო-რესპუბლიკური უწყებიდან გაუქმდა ოთხ ათეულზე მეტი.
მმართველობითი ორგანოების სისტემა უნდა გავხადოთ მობილური და ოპტიმალური. მათი საქმიანობა უნდა დაეფუძნოს ახალ ეკონომიკურ პოლიტიკას, რათა ისინი კერძო და კოლექტიური ინიციატივის, თავისუფალი ეკონომიკური მოქმედების ხელშემწყობი ორგანოები გახდნენ. ისინი უნდა იქცნენ დარგებში მაკოორდინირებელ, მეთოდურ, სამეცნიერო-საკონსულტაციო და საერთო ტექნიკურ-ეკონომიკური პოლიტიკის გატარების ცენტრებად. სამინისტროებმა უნდა შეიძინონ ფუნქციონალური ხასიათი, რაც შექმნის მმართველობითი აპარატის შემცირების და მონათესავე დარგების სამინისტროების გამსხვილების პირობებს. სახელმწიფო ორგანოებმა უნდა იტვირთონ ის საქმიანობა, რომელსაც საბაზრო მექანიზმი ვერ უზრუნველყოფს.
მოსკოვი თავისი იმპერიული ზრახვების განსახორციელებლად კვლავ ეცდება საქართველოს ეკონომიკის
პარალიზებას, მის დაქვემდებარებას ცენტრალიზებული საბჭოთა ეკონომიკისადმი, მაგრამ ისტორიის ჩარხი ჩვენს სასარგებლოდ ბრუნავს და ჩვენს მიერ დამოუკიდებლობის პირობებში განვლილი თითოეული დღე იმპერიის საბოლოო კრახის და რესპუბლიკის ეკონომიკური აღმშენებლობის საფუძველია. საქართველოს ეკონომიკური აღორძინების ძირეული ეკონომიკური რეფორმის, თავისუფალ საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის უმთავრესი პირობაა საბჭოთა კავშირიდან გამოყოფა, ეკონომიკური დამოუკიდებლობის მიღწევა.
კომუნისტური უღლისაგან განთავისუფლებული აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მოსახლეობა დაირაზმა ეროვნული მთავრობების გარშემო და რადიკალურ ეკონომიკურ რეფორმებსაც შედარებით უმტკივნეულოდ ახორციელებს. ჩვენც გამოვთქვამთ იმედს, რომ საქართველოს მოსახლეობა დადგება მის მიერ არჩეული ხელისუფლების გვერდით, რათა რაც შეიძლება სწრაფად იქცეს რეალობად ჩვენი ხალხის საუკუნოვანი მიზანი - თავისუფალი და ეკონომიკურად აყვავებული საქართველო.
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატის ბატონ ზვიად გამსახურდიას საარჩევნო პროგრამა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 22 მაისი.- №99-100 (120). - 2,3,4 გვ.
![]() |
15 პრეზიდენტი პოლიტიკის გარეშე |
▲ზევით დაბრუნება |
გთავაზობთ (შემოკლებით) ინტერვიუს ბატონ ზვიად გამსახურდიასთან. ეს ინტერვიუ, რომელიც ახლახან გადაიცა საქართველოს ტელევიზიით, პრეზიდენტს ჩამოართვა მწერალმა გურამ პეტრიაშვილმა.
● ბატონო ზვიად, ერთ თქვენს ოპონენტს არ მოეწონა თქვენი ნათქვამი, რომ გზა ნამდვილი დამოუკიდებლობისაკენ უნდა დაიწყოს ეროვნული სულის, ეროვნული ხასიათის რესტავრაციით და ეროვნული სიამაყისა და ღირსების აღორძინებით.
ჩემთვის კი, როგორც ქართველი მოქალაქისათვის, სწორედ ისაა სასიხარულო, რომ ბოლოს და ბოლოს ჩვენი ქვეყნის სათავეში მოვიდა თქვენნაირი კაცი, რომელსაც ეროვნული სულის რესტავრაცია მიაჩნია უპირველეს საზრუნავად. გვითხარით უფრო ვრცლად, თუ რატომ არის ეს უპირველესი ამოცანა.
- ზოგიერთ პოლიტიკანებს მიაჩნიათ, რომ საქართველოს გადარჩენისათვის საკმარისია კარგი პოლიტიკური პროგრამის შექმნა, კარგი ლოზუნგების წამოყენება და კარგი მიტინგების და დემონსტრაციების მოწყობა.
ჩვენ არასოდეს არ ვთვლიდით ასე, ვინაიდან მიგვაჩნდა, რომ ადამიანის სულია, უპირველეს ყოვლისა, მთავარი. ჩვენი წინაპრებისათვის სული იყო მთავარი, სულიერი საწყისი. სწორედ სულის აღორძინებით იწყება ყველა ჭეშმარიტი აღორძინება და არცერთ ერს არ გაუმარჯვია, ვისაც სწორედ სულიერი აღორძინებით არ დაუწყია და ეროვნული სულის რესტავრაციაზე, ეროვნული სულის აღორძინებაზე არ უფიქრია.
პირველ რიგში სული ჩაკლა ჩვენში იმ ჯოჯოხეთურმა წყობამ, რომელიც ჩვენში ბატონობდა 70 წლის განმავლობაში. მისი ძირითადი მიზანი იყო სწორედ სულიერი საწყისის მოსპობა, ეროვნული სულის განადგურება და ადამიანების ქცევა ყოველგვარ სულიერებას მოკლებულ ბრბოდ, რომელსაც მხოლოდ მატერიალური მოთხოვნები ექნებოდა. აი, ეს იყო ყველაზე დიდი დანაშაული ავტორიტარული სისტემისა და სწორედ ამის წინააღმდეგ უნდა ვიბრძოლოთ. მართალია, პოლიტიკურად შეიცვალა წყობილება, მაგრამ სიღრმეში, ეს ყოველივე არ შეცვლილა. ამას ძალიან დიდი ბრძოლა, დიდი მუშაობა სჭირდება, რომ ეროვნული სული აღორძინდეს ჩვენს ქვეყანაში.
● წერილების წიგნში თქვენ პასუხობთ ერთ ოპონენტს იმის თაობაზე, რომ თურმე ვიღაც-ვიღაც უცხოელები ირონიულად იღიმებიან, როდესაც საქართველოს განსაკუთრებულ როლზე ან მისი კულტურის განსაკუთრებულ როლზე ვლაპარაკობთ.
- როგორც მოგეხსენებათ, კომუნისტური და ტოტალიტარული წყობილება ებრძოდა ეროვნულ სულს ჩვენში. იგი ნერგავდა ეროვნულ ნიჰილიზმს. ცდილობდა არასრულფასოვნების კომპლექსი შეექმნა ქართველი კაცისთვის, არა მარტო ქართველი, არამედ ყველა ეროვნებისთვის და დაერწმუნებინა ისინი, რომ ყველანი, რუსი ერის გარდა, უმცროსი ძმები ვართ, ნაკლებმნიშვნელოვანი ერები ვართ, ნაკლებმნიშვნელოვანი კულტურა გვაქვს და რომ ჩვენს კულტურას არაფერი თვითმყოფადი და უნიკალური არ გააჩნია. ზოგნი იმ ზომამდეც კი მიდიოდნენ, რომ საერთოდ ხაზს უსვამდნენ ყოველივე ქართულს, ეროვნულს. ეს იყო საშინელი ნიჰილიზმის ხანა. შეიძლება ეს ახალ თაობას არც ახსოვს. ამ ნიჰილიზმს ჰყავდა თავისი, ასე ვთქვათ, მესიტყვეები, რომლებიც მეთოდურად ნერგავდნენ ამ ნიჰილიზმს ჩვენს ახალგაზრდობაში და მიაღწიეს კიდეც, სხვათა შორის, შედეგებს. ძალიან აგდებით საუბრობდნენ მაშინ ქართულ კულტურაზე, საქართველოზე, საქართველოს ისტორიაზე. ზოგიერთ ისტორიულ რომანში გაბიაბურებული იყო საქართველოს ისტორია. ჩვენი მეფეები, დედოფლები, პათოლოგიურ პიროვნებებად იყვნენ გამოყვანილი. ეს ყველაფერი შეგნებულად, მიზანმიმართულად ხდებოდა, რათა ქართველ კაცში ჩაკლულიყო ეროვნული სიამაყის სული. მოგეხსენებათ, რა დიდი ავტორიტეტი ჰქონდა მამაჩემს იმჟამად, მაგრამ მასაც კი უჭირდა ხმის ამოღება. პრესა მისთვის დახურული იყო, მით უმეტეს, ჩემთვის. მე მაშინ ახალგაზრდა ლიტერატორი ვიყავი, მაგრამ მაინც მოვახერხე, რომ გამეცა პასუხი. იმჟამად მე ვამბობდი, რომ ის ადამიანები, რომლებიც საუბრობენ რაღაც ირონიულ ჩაღიმებაზე უცხოელი სპეციალისტების მხრივ ქართული კულტურის ძეგლებზე ლაპარაკისას, როგორც ჩანს, არ იცნობენ კარგად უცხოეთის ქართველოლოგების მიღწევებს და არ იციან რაოდენ დიდი დაინტერესებაა უცხოეთში ქართული კულტურით, ან ამას შეგნებულად ჩქმალავენ-მეთქი.
ქართული კულტურის უნიკალობას ბევრმა დიდმა მეცნიერმა და შემოქმედმა მიაქცია ყურადღება. მსოფლიო ინტერესდებოდა საქართველოთი, თუმცა უშლიდნენ ხელს, ამუხრუჭებდნენ, მაგრამ შემდეგ დაიწყო სიმპოზიუმები, დაიწყო ქართული ხუროთმოძღვრების სერიოზული შესწავლა და მსოფლიო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქართული კულტურა მართლაც უნიკალურია. შეიძლება არ ვამტკიცოთ, რომ ასეთი რამ მსოფლიოში არავის გააჩნია და ამის მტკიცება ზედმეტიცაა, მაგრამ ქართული კულტურის ინდივიდუალური პროფილი უკვე გამოიკვეთა და ამაში უკვე თანხმდებიან სხვადასხვა ერების წარმომადგენლები, რომ ქართული კულტურა დიდი კულტურაა, დიდი მოვლენაა.
● თქვენ გიწერიათ, რომ შექსპირი იყო უდიდესი პატრიოტი. სხვათა შორის არც ერთი სხვა მკვლევარის წიგნში მე ეს არ წამიკითხავს.
- ჩემი ზოგიერთი კოლეგა ივიწყებდა საერთოდ ქართულ კულტურას, ქართულ მწერლობას და ხდებოდა ან ანგლომანი, ან გერმანოფილი. მათ ეგონათ, რომ კარგი სპეციალისტობა ამა თუ იმ უცხოურ ენაში გულისხმობს შენი საკუთარი ლიტერატურის დავიწყებას. ჩემთვის გაუგებარია, რით შეიძლება შექსპირის სიყვარულმა გადავიწყოს ვაჟა-ფშაველა ან ბოდლერის სიყვარულმა დაგავიწყოს გალაკტიონი. მე ყოველთვის ვებრძოდი ამას, მქონდა პოლემიკა ჩემს კოლეგებთან - არასოდეს არ ვეთანხმებოდი.
შექსპირზე რომ ბრძანეთ, სწორედ ამაშია ამ დიდი გენიის საოცრება, რომ აი იმ ზეეროვნულობას, ათავსებდა საოცარ პატრიოტიზმთან, მე ვიტყოდი ნაციონალიზმთან, რაც ჩანს მის ისტორიულ ქრონიკებში.
ასე, რომ თქმა იმისა, რომ ყველა გენიოსი იყო ზეეროვნული მხოლოდ და კოსმოპოლიტი და არავითარი კავშირი ეროვნულ ფესვებთან არ ჰქონდა, ეს უმეცრებაა. პირიქით... შექსპირზე მოგახსენეთ, ასევე დანტეც, უდიდესი ნაციონალისტი იყო, მიუხედავად თავისი კოსმიური ზეეროვნულობისა.
● თქვენს ერთ წერილში ამბობთ, რომ ლოსევი, რომელიც იყო ნამდვილი რუსი და ჭეშმარიტი ქრისტიანი, ხედავდა საქართველოს კულტურის უნიკალურობას. ხოლო იმპერიული, პლებეური რუსეთი ამას ვერ ხედავდა.
ოპონენტები ხშირად გაბრალებენ ნაციონალიზმს. ვფიქრობ, რომ ნაციონალიზმი არაფერ შუაშია. თქვენ პლებეი არ მოგწონთ, რუსი იქნება ის თუ სხვა ერის შვილი. ხოლო ლოსევისნაირი კაცი რუსი იქნება ის თუ გერმანელი, თქვენთვის მახლობელია.
რას ფიქრობთ ბავშვის აღზრდის თაობაზე ოჯახში და სკოლაში. რას იტყვით ბატონ კონსტანტინეზე, როგორც ბავშვების აღმზრდელზე?
- რაც შეეხება ბავშვის აღზრდას, ეს არის ყველაზე უმძიმესი, ურთულესი პრობლემა, რომელიც ჩვენს წინ არის ამ უკიდურესად გართულებულ ეპოქაში, იმ ეპოქაში, რომელმაც წიგნი დაავიწყა ადამიანს. სამწუხაროდ, ჩვენი ბავშვები მიუსხდნენ ეკრანებს და არავინ არ ზრუნავს იმაზე, რომ წიგნი შეახსენოს, წიგნთან მოაბრუნოს. ყველა მანკიერება, რაც ჩვენს მოზარდ თაობაშია გავრცელებული, იმის შედეგია, რომ წიგნს მოწყდა ჩვენი მოზარდი თაობა, და სხვა წყაროთი ღებულობს ვითომცდა სულიერ საზრდოს, რომელიც, სინამდვილეში სულიერი საზრდო კი არ არის, ეს არის, მე ვიტყოდი, დამღუპველი რამ.
მეორე, რელიგიური აღზრდის პრობლემა. კომუნისტური ლოზუნგი - გავთიშოთ სკოლა ეკლესიისგან - ეს ნიშნავს ახალგაზრდობის დაღუპვას, სკოლა და ეკლესია უნდა შეერთდნენ, სკოლა და ეკლესია უნდა დაუკავშირდნენ ურთიერთს უაღრესად მჭიდროდ, თუ ჩვენ გვინდა, რომ აღზრდა ისევ დავაყენოთ სწორ გზაზე. ეს ყველა პედაგოგიური მეცნიერების მესვეურის კონცეფცია იყო. რელიგიის გარეშე არ არსებობს არავითარი აღზრდა, ის აღზრდა, რომელიც არ ექვემდებარება რელიგიას, ერს დაღუპვას უქადის. ეს უნდა იყოს ძირითადი კონცეფცია, როდესაც საუბარია ბავშვის აღზრდაზე, სწავლა-განათლებაზე.
მიუხედავად იმ საშინელი ეპოქისა, ეკლესიისკენ გახედვაც რომ ეშინოდათ ადამიანებს, მით უმეტეს მწერლებს, მამაჩემი ცდილობდა, რომ მე მცოდნოდა ბიბლია, მცოდნოდა სახარება. დედაჩემი განსაკუთრებით მიწყობდა ამაში ხელს - ის უაღრესად მორწმუნე ადამიანი იყო.
მამაჩემის წყალობით ბიბლია იყო ძირითადი წიგნი ჩემს ცხოვრებაში - არა მარტო ბიბლიური, არამედ ფილოლოგიური თვალსაზრისით. ფილოლოგიური მუშაობა ბიბლიაზე სწორედ ადრეულ ასაკში დავიწყე. ძნელი იყო მორევა ძველი ქართული ენისა, მაგრამ მე მაშინ „ვეფხისტყაოსანს“ და „ვისრამიანს“ ვეუფლებოდი და ამან შედარებით გამიადვილა. შემდეგ, როდესაც უცხო ენებსაც დავეუფლე, ვადარებდი თარგმანებს და დღემდე ვადარებ. ეს არის ძირითადი - დავუბრუნოთ ჩვენს ბავშვებს წიგნი, დავუბრუნოთ ბიბლია, დავუბრუნოთ რელიგიური აღზრდა.
● ბატონო ზვიად, ცნობილია, რომ თქვენ შესანიშნავად იცით რამდენიმე უცხო ენა. ამასთანავე იკვლევთ ქართული ენის საკითხებს. შედარებისას უკეთ წარმოჩინდება ხოლმე საგანი. გვითხარით ქართული ენის თაობაზე.
- ნიკო მარი აღნიშნავდა, რომ ქართული ენით შეიძლება გადმოცემა ყველა ნიუანსისა, ყოველგვარი აზრის, ყოველგვარი ემოციისა. არაფერია ისეთი მზისქვეშეთში, რომლის გადმოცემაც არ შეიძლებოდეს ქართული ენით. ნიკო მარი ქართულს უნივერსალურ ენად თვლიდა და უფრო შორსაც მიდიოდა. მას ჰქონდა თეორია პროთოქართულის შესახებ, რომ შეითავსებს უკიდურესობებს. არის ენა მსოფლიო ენებისა. აი, ასეთი გახლავთ ქართული ენა. მე ვიტყოდი, ქართული ენის თვისებები, მსოფლიოსთვის შეუსწავლელია. ის არის პოეტების ენა, პოეტური მეტყველებისათვის გაჩენილი და მაღალი სულის გადმოსაცემი ენა, და მეორეს მხრივ, უაღრესად პრაქტიკული, უაღრესად მოსახერხებელი. ამ ენის უნივერსალურობა სწორედ ამაშია, რომ შეითავსებს უკიდურესობებს. არის ენები, რომლებიც უფრო ამქვეყნიური და პრაგმატული გამოყენებისთვის არსებობენ. ქართული ენა ყოველივე ამას შეიცავს. მასში სულიერება იმდენადვეა, რამდენადაც ამქვეყნიური.
● ბატონო ზვიად, ეს კითხვა მე იმიტომ დაგისვით, რომ ეროვნული ნიჰილიზმი, რომლის ჩანერგვასაც ცდილობდა იმპერია ქართველებში, სამწუხაროდ, გარკვეულ ფენებს ახასიათებს. განა არის რომელიმე ენა, რომელიც აღემატება ქართულს?
- ვინც ამგვარი ნიჰილიზმითაა შეპყრობილი, მან უბრალოდ არ იცის ქართული ენა. სხვათა შორის, საბა ბრძანებს ერთ ადგილას: მე სხვა ენა არ ვიცოდი ქართულის გარდაო. საბამ ბრწყინვალედ იცოდა სხვა ენები, მგრამ ის, რასაც ჩვენ ენის ცოდნას ვუწოდებთ, საბასთვის არ იყო ნამდვილი ცოდნა.
ბევრ ქართველს შეუძლია თქვას, რომ მან არცერთი ენა არ იცის. აი, ასეთი ადამიანები ხშირად ნიჰილიზმით საუბრობენ ქართულ ენაზე.
ერთ ჩემს კოლეგას დისერტაციის დაცვის დროს ჰკითხეს, ქართული ბიბლია რატომ არ გამოიყენეოთო. სამწუხაროდ, არა მაქვს წაკითხული ქართული ბიბლიაო. ეს ადამიანი შემდეგ ნიჰილიზმს ავითარებდა ქართულ ენაზეც და ლიტერატურაზეც. აგდებით საუბრობდა ქართულ ენაზე, იმის გამო, რომ მან ქართული ენა არ იცოდა და ბუნებრივია, ქართული მწერლობის მადლიც არ ჰქონდა შეგრძნებული. ვინაიდან, თუ ქართული ენა არ იცი, ქართულ მწერლობასაც ვერ ეზიარები. აი, ასეთი ადამიანებისაგან მომდინარეობს ეს ნიჰილიზმი.
არც ერთ მსოფლიო ენას ქართული ენა არ ჩამოუვარდება. ეს მარტო ჩემი აზრი არ გახლავთ, ეს მრავალი სპეციალისტის აზრია, და არა მარტო ქართველი სპეციალისტისა - თვით რუსი მეცნიერიც, აკადემიკოსი ლოსევიც ლაპარაკობდა ქართული ენის მსოფლიო როლზე. ასე, რომ ვინც ღრმად ჩასწვდება ქართულ ენას, მისთვის ნათელია ამ ენის დიდმნიშვნელობა.
● ბატონო ზვიად, მე მინახავს ფოტო, რომელზეც თქვენ სანადირო თოფიანი ხართ გადაღებული. მონადირეები ის ხალხია, ვისაც მშობლიურ მიწაზე სიარული უყვარს...
- მოგეხსენებათ, ჯერ კიდევ მამაჩემი იყო დიდი მოყვარული ნადირობისა. მას ნადირობა კი არ აინტერესებდა, საქართველო უყვარდა. აი, ამ საქართველოს სიყვარულით, ქართული მიწის სიყვარულით, ქართველი კაცის სიყვარულით დადიოდა, ნადირობით ეზიარებოდა ყოველივე ამას. ჩემშიც ეს იყო გადამწყვეტი. მერაბიც დიდი მოყვარულიიყო ამისა. ხშირად ვნადირობდით, ვთევზაობდით, იმიტომ, რომ ქვეყანა გვენახა, შევხვედროდით ხალხს, ძირითადი ეს იყო.
მაგრამ შემდეგ, როცა ასაკში შევედი, სამწუხაროდ არა მეცალა ამისთვის, მაგრამ კარგად გამახსენდება, ბევრი რამ მომცა ამ ამბავმა. არც ის არის დასამალი, რომ მებრალებოდა ნადირი. და უკვე აღარც შეიძლება: გაწყვეტაზეა ნადირი და ფრინველი. მამაჩემმაც ამიტომ მიატოვა ნადირობა, და მეც ამიტომ მივატოვე.
● ბატონო ზვიად, ღმერთს უნდოდა, რომ თქვენ და მერაბ კოსტავას არა მარტო იმპერიასთან საბრძოლველად აგეყოლიებინათ ერი, არამედ ქართული სულის ასაღორძინებლად ერთი დიდი საქმეც აღგესრუებინათ და ყველასათვის დასანახი მაგალითი ყოფილიყავით ჭეშმარიტი მეგობრობისა. გვითხარით მერაბზე.
- მთელი ჩემი ბრძოლა, მთელი ჩემი საქმიანობა ამ ასპარეზზე, დაკავშირებულია მერაბ კოსტავასთან. მე ხმამაღლა ვაცხადებ ამას. ეს ყოველივე წარმოუდგენელი იქნებოდა, მერაბი რომ არ ყოფილიყო. ის უნიკალური, საოცარი პიროვნება იყო, საოცარი სულიერი ძალის, საოცარი ნებისყოფის ადამიანი და საოცარი თავდადებისა მამულისათვის. უწინარეს ყოვლისა, ის იყო უდიდესი მაგალითი ჩემთვის. პრაქტიკულად, მე თუ რამ გამიკეთებია, მერაბის დახმარებით და მერაბთან ერთად. მარტო არასოდეს ჩემს თავს არ გამოვყოფ და მე ვამაყობ ამით. ისიც ასე ამბობდა. და მიუხედავად ამისა, რომ მთელი იმპერიის აგენტურის მუშაობა მიმართული იყო იქით, რომ ჩემი და მერაბის სულიერი დაპირისპირება და გათიშვა მომხდარიყო, მათ ამას მაინც ვერ მიაღწიეს. მიაღწიეს მხოლოდ ფიზიკურად.
● ბატონო ზვიად, „ვეფხისტყაოსანზე“ საუბრის ბოლოში, თქვენ ამბობთ, რომ უფრო კარგად მსოფლიოს არცერთ შედევრში არაა მეგობრობაზე ლაპარაკი, ვიდრე „ვეფხისტყაოსანში“ და ამიტომაა ის მსოფლიო კლასიკის გვირგვინი. ეს მეცნო და ამაში გამოსჭვივის სწორედ თქვენი და მერაბის მეგობრობა.
- მსოფლიო ლიტერატურაში ვიცნობთ იმ პერიოდის რაინდულ ნაწარმოებებს, რაინდულ რომანებს, მოთხრობებს, ყველაგან არის თემა ქალისადმი სიყვარულისა, მაგრამ მეგობრობის თემა, ისე როგორც „ვეფხისტყაოსანშია“, არსად არის. მეგობრობის გრძნობა და მეგობრობის პარაქსისი, ისე როგორც ეს ქართველ ერშია, არცერთ ერში არ არის. მე წინააღმდეგი ვარ, რაღაც ულტრა, თავზეხელაღებული, ნაციონალიზმისა და რაღაც ასეთი მოვლენებისა, მაგრამ არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ არცერთ ერს არ შეუქმნია ისეთი წიგნი, როგორიც არის „ვეფხისტყაოსანი“. მეგობრობის ასეთი ჰიმნი არ მოუცია არც ერთ ლიტერატურას, და როგორც ჩანს, ეს სწორედ ეროვნულ ხასიათთან არის დაკავშირებული.
● თქვენი ერთი ლექცია, რომელიც წაკითხულ იქნა ქუთაისში, ლ. მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში, ასე იწყება: „ძვირფასო მეგობრებო, ჩვენი წინაპრები თვით უკიდურესი პოლიტიკური ვნებათაღელვის დროსაც არ ივიწყებდნენ მეცნიერებას, პოეზიას, შემეცნებას. ჩვენ რომ დღეს თავი იმით ვიმართლოთ, პოლიტიკურ ბრძოლაში ვართ ჩაბმულნი და მეცნიერებისა და კულტურისათვის არა გვცალიაო, ამით ჩვენს ისტორიულ ტრადიციებს ვუღალატებთ ჭეშმარიტად“.
- ამ თვალსაზრისით უნდა მოგახსენოთ, რომ ჩემთვის იდეალი იყო და არის აღმაშენებელი იმ გაგებით, რომ დავითი ომშიც კი დადიოდა წიგნებით. თვით უსასტიკეს, უკიდურეს ომშიც ყოველთვის მოჰყვებოდნენ წიგნისმტვირთველნი. საფარში მჯდარიც კი ამუშავებდა გრიგოლ ღვთისმეტყველის თხზულებას. ერთხელ კინაღამ სიცოცხლეს გამოასალმეს თურქებმა. საფარში შეუვარდნენ, როცა გართული იყო ამ თეოლოგიური თხზულების დამუშავებით. ეს უნდა იყოს ჩვენთვის მაგალითი, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ გავველურდებით, აღარ ვიქნებით ცივილიზებულნი. იმპერია ყველანაირად ცდილობს, რომ ჩვენ ჩაგვაბას ომში, ჩაგვაბას ისეთ ცხოვრებაში, რომელიც მოწყვეტილია სულიერებასაც, განათლებასაც, კულტურასაც, ველურ ერად გვაქციოს. არა მარტო ჩვენ, არამედ ყველა დაპყრობილი ერი. ეს არის ლიბანიზაციის არსი, რომ ერები შეაჯახონ ერთმანეთს და დაავიწყონ ყველაფერი, გარდა ეთნიური შუღლისა, არსებობისთვის ბრძოლისა. ეს არის იმპერიის მიზანი და ჩვენ ეს არ უნდა დავანებოთ. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი სულიერი კულტურა, ჩვენი აზროვნება, ჩვენი მეცნიერება. ეს ყოველივე უნდა შევათავსოთ პოლიტიკურ, და სხვა მოღვაწეობასთან. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ჩვენს ტრადიციებს მოვწყდებით და სხვაგვარი ერი ვიქნებით. აღარ ვიქნებით ის ერი, რომელმაც შვა დავით აღმაშენებელი, რომელმაც შვა ვახტანგ VI და თამარ მეფე.
ძველი ქართველებისგან ჩვენ იმით განვსხვავდებით, რომ ძველი ქართველობა ეს იყო უაღრესად სულიერი მსოფლმხედველობის ერი. ამ იმპერიულმა მონობამ ჩვენში სწორედ ეს ჩაახშო და მატერიალურმა საწყისმა წამოიწია წინა პლანზე. ამ პატარა ქვეყანაში 20 ათას ეკლესია შემორჩა და გაცილებით მეტი იყო. სულით ცხოვრობდა ეს ერი და სული იყო პირველი. თანამედროვე ეპოქის მიერ მოტანილი მატერიალიზმი უნდა დაიძლიოს და სულიერება უნდა აღსდგეს და ის სერიოზული დამოკიდებულება რელიგიისადმი, რომელიც სამწუხაროდ დღეს ჯერ მაინც არ არის. თუმცა რასაკვირველია, დიდი შემობრუნებაა რელოგიისკენ.
აუცილებელია ძალიან სერიოზული დამოკიდებულება რელიგიისადმი.
აი, ეს არის ჩვენი გადარჩენის ერთ-ერთი უმთავრესი საწინდარი.
ინტერვიუ: პრეზიდენტი პოლიტიკის გარეშე / გამსახურდია ზ.; [ჩაიწერა] გ. პეტრიაშვილმა // შანსი. - 1991. - 25 მაისი. - №21 (74). - 3 გვ.
![]() |
16 საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატის ბატონ ზვიად გამსახურდიას საარჩევნო პროგრამა |
▲ზევით დაბრუნება |
ეკონომიკური ნაწილი
ქართველი ხალხის ბრძოლამ დამოუკიდებლობისათვის აამოქმედა იმპერიის არსენალში ჯერ კიდევ არსებული ის ეკონომიკური ბერკეტები, რომლებითაც კრემლი ცდილობს თავისუფლებისმოყვარე ერების დასჯას. ცენტრი უძლურია საკუთარი სამეურნეო პრობლემების მოგვარებაში და ამის გამო მთელს თავის პოტენციალს რესპუბლიკების ეკონომიკურ პარალიზებას ახმარს.
საქართველოს ახლანდელი ეკონომიკური სტრუქტურა განვითარების იმ სტრატეგიის შედეგია, რომელიც საბჭოთა წყობილების მიერაა თავსმოხვეული. მან საქართველოს თავის დროზე ფაქტობრივად წაართვა სუვერენული სამეურნეო არჩევანის უფლება. ტოტალიტარულ სახალხო მეურნეობრივ სისტემაში ჩართული საქართველო საერთაშორისო ეკონომიკური პროცესებისაგან იზოლირებული აღმოჩნდა. უცხო ეკონომიკურმა სისტემამ, მიწისა და წარმოების სხვა საშუალებებისაგან გაუცხოებამ, ქართველი კაცისათვის არატრადიციულმა წარმოებითმა ურთიერთობებმა საქართველოს ეკონომიკა უმძიმეს მდგომარეობაში ჩააყენა.
შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი და გარანტი ჩვენი ეკონომიკის აღორძინებისა არის ის უდიდესი პოტენცია, რაც საქართველოს სპეციფიკურ გეოპოლიტიკურ მდგომარეობაში, მის ბუნებრივ რესურსებში, კლიმატურ პირობებში, ცივილიზებულ მსოფლიოზე ორიენტაციასა და ქართველი კაცის შესაძლებლობებში არსებობს. მხოლოდ თავისუფალ მეწარმეობაზე დამყარებული მეურნეობის საფუძველზეა შესაძლებელი იმპერიული ეკონომიკური ზღუდის გარღვევა, ხალხის კეთილდღეობის ამაღლება და საქართველოს საერთაშორისო ეკონომიკურ პროცესებში უშუალოდ ჩართვა, რაც თავის მხრივ განაპირობებს ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ძლიერებასა და ცივილიზებულ ქვეყნებს შორის ღირსეული ადგილის დამკვიდრებას.
28 ოქტომბერს ისტორიულ არჩევნებში ხალხმა ხმა მისცა ბლოკ „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველოს“ ეკონომიკურ პროგრამას, რომლის ძირითადი მიმართულება იყო საქართველოს ეკონომიკური აღორძინება თავისუფალი მეწარმეობის განვითარების გზით. რესპუბლიკის ხელისუფლება კიდევ ერთხელ ადასტურებს მის მიერ არჩეული გზისადმი ერთგულებას.
განვლილმა ექვსმა თვემ თვალნათლივ დაგვანახა, რომ ეროვნული მთავრობის ძალისხმევის, უზენაესი საბჭოს მიერ ახალი ეკონომიკური კანონების მიღების მიუხედავად, ცენტრის ეკონომიკური მარწუხებისაგან სრულად ჯერ კიდევ ვერ განვთავისუფლდით. ფასების სწრაფი ზრდა, ინფლაციის მაღალი ტემპი, საფინანსო და მატერიალური რესურსების შეზღუდვა - აი, ის იარაღი, რომლითაც ცენტრი საქართველოს დიდ ზიანს აყენებს. რესპუბლიკის ხელისუფლება ყოველმხრივ ცდილობს შეუმსუბუქოს მოსახლეობას კრემლის მიერ მიღებული ეკონომიკური გადაწყვეტილებებით მიყენებული ზარალი. ამას ადასტურებს თუნდაც ფულადი ნიშნების შეცვლის კამპანია, რომელიც ჩვენი მოსახლეობისათვის მაქსიმალურად შეღავათიან პირობებში, ცენტრის მიერ დადგენილი რეგლამენტაციების დარღვევითაც კი ჩატარდა. საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის და მთავრობის მიერ მიღებულ იქნა რიგი ბრძანებულებები და დადგენილებები, რომელთა თანახმად გაუქმდა საქალაქო მიწისზედა, საგარეუბნო და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მომატებული ტარიფები, პურისა და რიგი პირველადი მოთხოვნილების საქონლის გაზრდილი ფასები, უმრავლეს სახეობათა პროდუქციაზე გაყიდვიდან გადასახადი; გარდა ამისა, ფასების რეფორმასთან დაკავშირებით კომპენსაციები მოემატა არასრულწლოვან ბავშვებიან ოჯახებს.
წინამორბედი ხელისუფლების ანტიხალხური ეკონომიკური პოლიტიკის, უგერგილო და უყაირათო მუშაობის შედეგების აღმოფხვრა გვიწევს. სოფლის მეურნეობის განვითარების უდიდესი მნიშვნელობის გათვალისწინებით და მშენებლობაში შექმნილი მძიმე მდგომარეობის გამო, სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტურობის პირობებში, სახელმწიფო იძულებული იყო ამ დარგების საწარმოთათვის მილიარდ მანეთზე მეტი ვადაგადაცილებული დავალიანება ჩამოეწერა.
9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის მიღებით მოსკოვთან დამოკიდებულება კარდინალურად იცვლება. დღის წესრიგში დგება ეროვნული ეკონომიკის ფორსირებული ტემპით ჩამოყალიბებისა და ცენტრის მიერ საქართველოს ეკონომიკური ექსპლოატაციისაგან თავის დაღწევის ამოცანა. ნებისმიერი ჩვენი ნაბიჯი სწორედ ამ მიმართულებით იქნება გადადგმული.
საქართველოს რესპუბლიკის რეალური დამოუკიდებლობის აღდგენის ეკონომიკურ სააფუძველს წარმოადგენს საკუთრების სხვადასხვა ფორმებზე აგებული, ცივილიზებული სამყაროს ეკონომიკური კანონებით მოქმედი და ქართულ ყოფით ტრადიციებზე დაფუძნებული ეკონომიკა. უნდა მოხდეს სახელმწიფო საკუთრების განსახელმწიფოება, რაც განხორციელდება თანდათანობით, ეტაპობრივად, იმ ვარაუდით, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში დარჩება მხოლოდ ის საწარმოები, რომელთა ფუნქციონირებაც კერძო მეწარმეობის პრინციპებზე დროის მოცემულ მონაკვეთში გაუმართლებელი იქნება.
სახელმწიფო ჩაერევა ეკონომიკაში იმ ზომებით, რომელიც აუცილებელია ქვეყნის ერთიანი პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური ინტერესების ხორცშესხმისა და სამეურნეო საქმიანობის განვითარებისათვის.
სახელმწიფო მონოპოლისტური სისტემის ლიკვიდაცია ძალზე მნიშვნელოვანია, მაგრამ იგი პრობლემის მხოლოდ ერთი მხარეა. არანაკლები მნიშვნელობა აქვს ისეთი ეკონომიკური სისტემის შექმნას, რომელიც პასუხობს ადამიანთა მოთხოვნილებებს. ასეთად სოციალური საბაზრო მეურნეობა მიგვაჩნია. მის პირობებში ერთმანეთთან შეთანხმებულია თავისუფალი შრომისა და სოციალური უფლებების გარანტიები, საკუთრებისადმი პატივისცემა და საზოგადოებრივი სარგებლობა, თავისუფალი მეწარმეობა და კეთილსინდისიერი კონკურენცია.
„ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური სამართლიანობა და გარემოსადმი პასუხისმგებლური დამოკიდებულება აბსოლუტურად აუცილებელია აყვავებისათვის... თავისუფლება და პოლიტიკური პლურალიზმი ჩვენი ამ საერთო მიზნის აუცილებელი ელემენტებია, რომელიც გულისხმობს საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, მყარ ეკონომიკურ ზრდას, სოციალურ სამართლიანობას, აყვავებას, დასაქმების გადიდებასა და ეკონომიკური რესურსების ეფექტიანად გამოყენებას“ (პარიზის ქარტია „ახალი ევროპისათვის“).
პირველ ყოვლისა საჭიროა ისეთი სამეურნეო კანონების მიღება, რომლებიც წარმოების ძირეულ რგოლებს მიანიჭებენ ეკონომიკურ დამოუკიდებლობას და მაქსიმალურად შეზღუდავენ სხვა ორგანოთა ჩარევას მათ სამეურნეო საქმიანობაში. ახალ სამეურნეო კანონმდებლობას მხოლოდ მაშინ ექნება სათანადო ეფექტი, როდესაც სამოქმედოდ ძალაში შევა არა ცალკეული კანონები, არამედ ნორმატიული აქტების მთელი პაკეტი ერთდროულად, რომელსაც საქართველოს პარლამენტი ამზადებს.
კანონპროექტთა პაკეტის პირველ წყებაში აუცილებლად იქნება: კანონი პრივატიზაციის შესახებ, კანონი სამეწარმეო საქმიანობის შესახებ, კანონი საკუთრების შესახებ, კანონი მიწის კერძო საკუთრებაში გადაცემის შესახებ, მიწათმოწყობისა და მიწათსარგებლობის შესახებ, კანონი გლეხური მეურნეობის შესახებ, კანონი დასაქმების შესახებ, კანონი საგადასახადო სისტემის შესახებ, კანონი სააქციო საზოგადოების შესახებ, კანონი სამეურნეო საქმიანობის შესახებ, კანონი ინვესტიციების შესახებ, კანონი ერთობლივი საწარმოების შესახებ, ანტიმონოპოლიური კანონი, კანონი სოციალური გარანტიების შესახებ, კანონი სახელმწიფო და კერძო დაზღვევის შესახებ.
აღსანიშნავია, რომ ამ კანონპროექტთა უმრავლესობა უკვე მომზადებულია ან მომზადების პროცესშია.
საქართველოს ეკონომიკის საფუძვლად მომავალში უნდა იქცეს კერძო საკუთრება. საკუთრებისადმი პატივისცემა ადამიანს საშუალებას აძლევს უკეთ გაიგოს და შეასრულოს საზოგადოებრივი მოვალეობანი: კერძო საკუთრება არის არა მარტო პრივილეგია მესაკუთრისათვის, არამედ, მისი მოვალეობა, ვალდებულება საზოგადოების წინაშე.
კერძო პირებს უნდა მიეცეთ თავისუფალი სამეწარმეო საქმიანობის უფლება, ნება დაერთოთ საკუთრებაში ჰქონდეთ წარმოების საშუალებები და დაიქირაონ სამუშაოდ სხვა პირები. უნდა შეიქმნას პირობები კერძო საკუთრების ყველა სახეობის განვითარებისათვის, დაცული იქნეს საკუთრების უფლების სუბიექტთა მფლობელობის, განკარგვისა და გამოყენების უფლება სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ან სახელმწიფო ორგანოთა მიერ მათი ხელყოფისაგან.
აღნიშნული კანონები უნდა უზრუნველყოფდნენ: ა) სამეწარმეო საქმიანობის თავისუფლებას, ბ) მომხმარებელთა ინტერესების დაცვას და მათი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების შესაძლებლობას, გ) კონკურენციის გაფართოებას, ამა თუ იმ საწარმოს ჯგუფის ხელში ეკონომიკური ძალაუფლების კონცენტრაციის არდაშვებას. ფაქტობრივად მეურნეობის დემონოპოლიზაციის და პრივატიზაციის პროცესი უკვე დაწყებულია. ამან უნდა შექმნას კარგი წინაპირობა საბაზრო მეურნეობაზე ნაკლები დანაკარგებით გადასასვლელად.
სახელმწიფო აუცილებელი სამართლებრივი და ფინანსურ-ეკონომიკური პირობების შექმნით ყოველმხრივ შეუწყობს ხელს მცირე ბიზნესის განვითარებას.
სახელმწიფო მაქსიმალურად ეცდება თანაბარი სასტარტო პირობები შეუქმნას ყველას, რათა პრივატიზაციის შედეგებით ისარგებლოს ნამდვილად მეურნე და მეწარმეობის უნარის მქონე პირებმა.
საქართველოს ეკონომიკური სუვერენიტეტის დაცვა და მისი შემდგომი განმტკიცება მოითხოვს თავსმოხვეული, კოლონიური სტრუქტურის დემონტაჟს და ერის ინტერესების შესაბამისად მის ხელახალ ფორმირებას.
საქართველო მაღალგანვითარებულ აგრარულ-ინდუსტრიულ ქვეყნად უნდა იქცეს, რაც სასოფლო-სამეურნეო სფეროს რადიკალურ გაუმჯობესებას მოითხოვს. იგი პირველ რიგში უნდა ემსახურებოდეს ადგილობრივი მოსახლეობისა და განვითარებული საკურორტო-ტურისტული მეურნეობის მოთხოვნილებათა სრულ დაკმაყოფილებას. პროდუქციის ის ნაწილი კი, რომელიც მსოფლიო ბაზრისათვის იქნება განკუთვნილი, უნდა შეირჩეს ხელსაყრელობის და რესპუბლიკის საჭიროებათა ყველა ასპექტის გათვალისწინებით. ყოველივე ეს მოითხოვს სოფლის მეურნეობის სპეციალიზაციისა და ადგილობრივი მნიშვნელობის დარგების ოპტიმალური ჰარმონიზირების მიღწევას, რესპუბლიკის უნიკალური ნიადაგურ-კლიმატური პირობების რაციონალურ გამოყენებას. აუცილებელია საქართველოში ოდითგანვე განვითარებული მემარცვლეობის ტრადიციების აღდგენა, მისი პროდუქცია უნდა გახდეს მოსახლეობის უპირველესი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების რეალური საყრდენი და მეცხოველეობის აღორძინების ბაზა.
ამ ამოცანათა გადაჭრა სოფლად საკუთრებითი ურთიერთობების შეცვლით არის შესაძლებელი. საქართველოში კოლმეურნეობებისა და საბჭოთა მეურნეობების შექმნამ ქართველი გლეხი მოწყვიტა მიწას, შეაძულა მას შრომა, მოაშორა მშობლიურ ფესვებს, შეუცვალა ცხოვრების ტრადიციული წეს-ჩვეულებანი და სოფლის პროლეტარად აქცია. საქართველოს სოფლის მეურნეობის წარმართვა ამ ფორმით ქართველ ერს გადაგვარების საფრთხეს უქმნის. ამდენად, აუცილებელია მიწის რეფორმის გატარება, რაც საქართველოს ყოველ ისტორიულ მხარეში მისი თავისებურების გათვალისწინებით უნდა მოხდეს. ეს პირველ რიგში გულისხმობს ზარალიანი საზოგადოებრივი მეურნეობების დაშლას და მათ ბაზაზე გლეხური მეურნეობების ჩამოყალიბებას, აგრეთვე მიწის კერძო საკუთრებაში გადაცემას, საკარმიდამო ნაკვეთების სრული მოცულობით გაცემას.
საქართველოს მომავალი აგრარული სტრუქტურის ძირითად ბირთვს გლეხური (საკომლო) მეურნეობა უნდა შეადგენდეს. კომლი განსაკუთრებული მნიშვნელობის საზოგადოებრივი ინსტიტუტია. მისი მეოხებით ხდება მიწასთან მჭიდროდ დაკავშირებული მეურნის აღზრდა, იგი არის გლეხთა თაობების მემკვიდრეობის გარანტი. კომლი უზრუნველყოფს შრომითი რესურსების, მიწისა და კაპიტალის კანონზომიერ განაწილებასა და ეფექტიან გამოყენებას.
ამრიგად, სოფლად მეურნეობრივი საკითხების გადაწყვეტას ჩვენ განვიხილავთ ქართული სოფლის აღორძინებასა და ტრადიციულ სამეურნეო ურთიერთობათა აღდგენასთან ორგანულ კავშირში.
ქართველი გლეხი - ისტორიულად ჩვენი ეროვნული მეურნეობის ბურჯი უნდა გათავისუფლდეს ხელისუფლების დიქტატისაგან. გლეხი თავის სამეურნეო საქმიანობაში დამოუკიდებელი უნდა იყოს, თავად განსაზღვრავდეს წარმოების სპეციალიზაციას, სტრუქტურას და ახდენდეს მოწეული მოსავლის თავისუფალ რეალიზაციას.
საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს გარდამავალ პერიოდში მიწა შეიძლება გადაეცეთ მოკლევადიან, გრძელვადიან ან მუდმივ მფლობელობაში მემკვიდრეობის უფლებით, რეგიონის თავისებურებათა გათვალისწინებით. სახელმწიფოებრიობის ფაქტობრივად აღდგენის და მოქალაქეობის კანონის შემოღების შემდეგ კი მასზე დაკანონდება კერძო საკუთრება, რაც უახლოეს ხანებში მოხდება.
სახნავ-სათესი ძირითადად უნდა გადაეცეს გლეხურ მეურნეობებს, საძოვრები კი სათემო ან სასოფლო მფლობელობაში უნდა იყოს; მიწის გარკვეული ნაწილი სახელმწიფოს საკუთრებაში უნდა დარჩეს სტრატეგიული, თავდაცვითი და სამეურნეო საქმიანობის წარმართვისათვის; სახელმწიფო საკუთრებაში უნდა იყოს ნაკრძალები და ეროვნული ტყე-პარკები.
სახელმწიფომ ყოველმხრივ უნდა შეუწყოს ხელი სოფლად სხვადასხვა ასოციაციების, გაერთიანების შექმნასა და ფუნქციონირებას. მათ უნდა შეასრულონ გლეხური მეურნეობების ტექნიკით მომსახურებისა და აუცილებელი მასალებით მომარაგების ფუნქცია.
- საქართველოში სამრეწველო წარმოების პერსპექტივების განსაზღვრისას ძირითადი ყურადღება დაეთმობა მეცნიერებატევადი და იმ სხვა დარგების განვითარებას, რომლებიც უზრუნველყოფენ სამომხმარებლო პროდუქციის წარმოების არსებით გადიდებას, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ნედლეულის გადამუშავებას და მომსახურების სფეროს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებას, რესპუბლიკის სარესურსო პოტენციალის ამაღლებასა და ადგილზე მათ რაციონალურ გამოყენებას, მსოფლიო ბაზარზე კონკურენტუნარიანი პროდუქციის გატანას.
ამასთანავე, ენერგიული ღონისძიებანი უნდა გატარდეს რესპუბლიკაში სათბობ-ენერგეტიკული რესურსების მწვავე დეფიციტის დასაძლევად. აქ ჩვენი ძალისხმევა უნდა წარიმართოს შემდეგი მიმართულებებით:
- რესპუბლიკაში სათბობ-ენერგეტიკული რესურსების წარმოების მოცულობის გადიდება;
- წარმოებისა და მოხმარების სფეროში პროდუქციისა და მომსახურების ერთეულზე ენერგოდანახარჯების მკვეთრი შემცირება, ენერგორესურსების გამოყენების მკვეთრი გაუმჯობესების ეროვნული პროგრამის შემუშავება და გატარება.
- საბჭოთა კავშირში შემავალი რესპუბლიკებიდან და უცხოეთის ქვეყნებიდან პირდაპირი ეკონომიკური კავშირების მეშვეობით ენერგორესურსების მიღება;
- ენერგიის არატრადიციული წყაროების ფართოდ გამოყენება, მცირე და საშუალო ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა.
საქართველოს უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა უცხოეთის მჭიდრო სატრანსპორტო კავშირების დამყარების შესაძლებლობის, საქართველოს ეკონომიკური აღორძინების მნიშვნელოვანი რეზერვია. ამიტომ აუცილებელია აღდგეს საქართველოს, როგორც ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ხიდის ისტორიული ფუნქცია, რაც აუცილებლად მოითხოვს საქართველოს საზღვაო (ბათუმი, ფოთი, სოხუმი) და საჰაერო კარიბჭეთა ოპტიმალურ გამოყენებას და მათ სწრაფ რეკონსტრუქციას. ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს საავტომობილო ტრანსპორტის, როგორც მეზობელ ქვეყნებთან კონტაქტების, შიგა რესპუბლიკური გადაზიდვებისა და მნიშვნელოვანი ტრანზიტული შემოსავლების მიღების საუკეთესო საშუალებას.
საქართველოს რესპუბლიკაში საინვესტიციო პოლიტიკა უნდა განხორციელდეს სახელმწიფო, კერძო, კოლექტიური და უცხოური ინვესტიციების ხარჯზე მათი დაბანდების, გამოყენების და დაცვის მტკიცე გარანტიების შექმნით მსოფლიოში აღიარებული ფორმების გათვალისწინებით.
საინვესტიციო პოლიტიკის უმთავრესი მომენტები უნდა განისაზღვროს შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით:
- საქართველოს რესპუბლიკის სამეურნეო სისტემის პრიორიტეტები, ტრადიციები და თავისებურებანი;
- შიდარესპუბლიკური საწარმოო და სამომხმარებლო მოთხოვნები;
- მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის თანამედროვე დონე;
- მსოფლიო ეკონომიკის განვითარების ტენდენციები;
საქართველოს ეკონომიკის ნორმალური ფუნქციონირების, ეროვნული ეკონომიკის აღორძინებისა და განვითარების აუცილებელი პირობაა საკუთარი საფინანსო და ფულად-საკრედიტო სისტემა, რომლის ძირითადი შემადგენელი ნაწილები უნდა იყოს:
- ორიარუსიანი საბანკო სისტემა, რომლის სათავეში იქნება ცენტრალური ეროვნული ბანკი, ხოლო მეორე იარუსზე განლაგდებიან კომერციული ბანკები. ცენტრალური ეროვნული ბანკის ფუნქცია იქნება: ფულის მიმოქცევის, ემისიის, დაკრედიტების, დაფინანსების, ანგარიშსწორებისა და სავალუტო ურთიერთობათა სფეროში რესპუბლიკის ერთიანი პოლიტიკის გატარება, ფულად-საკრედიტო სისტემის ცენტრალიზებული მართვა, მყარი ფულადი მიმოქცევისა და ქართული ფულის მსყიდველობითი უნარის განმტკიცების უზრუნველყოფა, მისი გასაცვლელი კურსის დადგენა სხვა ქვეყნების ფულად ერთეულებთან მიმართებაში და სხვ.; კომერციული ბანკები კი თავიანთი საქმიანობით შექმნიან თავისუფალი საბაზრო ურთიერთობების განხორციელების აუცილებელ წინაპირობებს.
ერთიანი საბანკო სისტემის ჩამოყალიბებასთან ერთად აუცილებელია შეიქმნას ჩვენი ბანკების ფილიალები და წარმომადგენლობები საზღვარგარეთის ქვეყნებში. საჭიროა აგრეთვე, შეიქმნას ერთობლივი ბანკები, რომლებიც საშუალებას მოგვცემს ეროვნული ეკონომიკის ინტერესებისათვის გამოვიყენოთ ჩვენი პარტნიორების საკრედიტო არხები. მათ მიერ გაცემული გარანტიების საფუძველზე გაცილებით ადვილი იქნება როგორც უცხოური კაპიტალის მოზიდვა, ასევე ადგილობრივი პროდუქციის რეალიზაცია.
- ეროვნული ფული. ეროვნული ბანკის ნორმალური ფუნქციონირება, რესპუბლიკაში ფულადი მიმოქცევის რეგულირება, საქართველოს ეკონომიკის დაცვა გარეშე უარყოფითი გავლენისაგან შეუძლებელი იქნება საკუთარი ფულადი ერთეულის გარეშე. აქედან გამომდინარე, სახელმწიფოებრიობის აღდგენის გზაზე ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ამოცანად ქართული ფულის შემოღება მიგვაჩნია. მისი სწორი მიმოქცევის, კონვერტირებულობისა და კურსის განმტკიცებისათვის ზრუნვა უახლოესი პერიოდის მთავარი ამოცანაა.
- მოქნილმა საგადასახადო სისტემამ ადმინისტრაციული მეთოდების გარეშე უნდა უზრუნველყოს ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის ერთიანობა, მოსახლეობის სოციალური დაცვა, საზოგადოებრივი წარმოების ეფექტიანობა.
ახალმა საგადასახადო სისტემამ განაკვეთებისა და შეღავათების დიფერენციაციის საშულებით უნდა მისცეს სტიმული დარგის, რეგიონის, საწარმოს, ცალკეული პროდუქციის წარმოებისა და მომსახურების განვითარებას. ჯანსაღი კონკურენციის საფუძველზე ობიექტურად უნდა მოაწესრიგოს საწარმოთა რენტაბელობისა და მოქალაქეთა შემოსავლების დონე, უზრუნველყოს საქართველოს რესპუბლიკის ბუნებრივი რესურსების ეფექტიანი გამოყენება და გარემოს დაცვა.
აქედან გამომდინარე, უნდა შეიცვალოს მოქმედი გადასახადების სტრუქტურა, სახეები, მათი განაკვეთები და შეღავათის წესები.
მოხმარების საგნების წარმოების გაზრდის, ახალი ტექნიკისა და ტექნოლოგიების დანერგვის, ბუნების დამცავი ღონისძიებების და სხვ. სტიმულირების მიზნით გადასახადებიდან უნდა გათავისუფლდნენ ან შეღავათიანად დაიბეგრონ საწარმოები და ორგანიზაციები მოგების იმ ნაწილში, რომლებიც ამ მიმართულებით დაიხარჯება.
- რეგიონალური ფინანსები. ადგილობრივი მმართველობის ორგანოების როლის შემდგომი ზრდისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მიზნით უნდა ამაღლდეს მათი უფლებამოსილებანი რეგიონის ფინანსების მართვაში, გაფართოვდეს პრეფექტურებისა და საკრებულოების საბიუჯეტო უფლებები, გაძლიერდეს ადგილობრივი ბიუჯეტების დამოკიდებულება შესაბამის ტერიტორიაზე განლაგებულ საწარმოთა სამეურნეო საქმიანობის საფინანსო შედეგებზე. ქალაქის, რაიონის, დაბისა და სოფლის ტერიტორიაზე განლაგებული ყოველი საწარმო აუცილებლად უნდა მონაწილეობდეს შესაბამისი ადგილობრივი ბიუჯეტის ფორმირებაში. ამასთან, ამ ბიუჯეტების ფორმირება უნდა განხორციელდეს საერთო სახელმწიფოებრივი გადასახადებიდან ანარიცხების სტაბილური გრძელვადიანი ნორმატივების ბაზაზე.
- მიზანშეწონილად მიგვაჩნია გადავიდეთ ფასების სამსაფეხურიან სისტემაზე.
ა) მტკიცე სახელმწიფო ფასები, რომელიც უნდა მოიცავდეს სახელმწიფო სატრანსპორტო და საფოსტო-სატელეფონო მომსახურების, ელექტროენერგიის, სახელმწიფო კომუნალური მეურნეობის ტარიფებს, პირველადი მოხმარების საგნებისა და მედიკამენტების ფასებს.
ანტიმონოპოლიური კანონით დაშვებული უნდა იყოს ფასების ადმინისტრაციული რეგულირება იმ საქონლისათვის, რომლის მწარმოებლებსაც მონოპოლიური მდგომარეობა უკავიათ.
ბ) შერეული ფასები, როდესაც სახელმწიფო აწესებს ქვედა და ზედა ზღვარს, რომლის ფარგლებშიც ამა თუ იმ საქონელზე ფასი შეიძლება იცვლებოდეს მოთხოვნისა და მიწოდების მიხედვით.
გ) თავისუფალი ფასები, რომელიც ბაზარზე ჩამოყალიბდება მოთხოვნა-მიწოდების თანაფარდობის შესაბამისად.
სოციალურ საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა გულისხმობს მოსახლეობის სოციალური დაცვის ეფექტიანი სისტემის შემუშავებას, რომელიც უნდა მოიცავდეს შემდეგ ელემენტებს:
პირველადი მოთხოვნილების საქონლის გარკვეულ ნაწილზე საცალო ფასების შენარჩუნებას ჩამოყალიბებულ დონეზე;
- რესპუბლიკის სამომხმარებლო ბაზრის დაცვას;
- მოსახლეობის შემოსავლების ინდექსაციას;
- სახელმწიფოს მიერ ხელფასის, პენსიის, დახმარების და სხვა განაკვეთების მინიმალურად დასაშვები დონის დაწესებას არა უმცირეს საარსებო მინიმუმისა;
- მოსახლეობის ყველაზე სუსტად დაცული ჯგუფების (მოსწავლეთა, პენსიონერთა, ინვალიდების, მარტოხელა მოხუცების, ობლების და ა.შ.) დახმარების მიზნობრივ პროგრამას;
- უმუშევრებზე დახმარების გაცემას, ეკონომიკის სტრუქტურული ცვლილებების პროცესში გამოთავისუფლებულ მუშაკთა გადამზადებას, სახელმწიფო შრომითი ბირჟების ფართო ქსელის მეშვეობით სამუშაო ადგილების შექმნის სტიმულირებას.
- საქველმოქმედო ღონისძიებათა წახალისებას შეღავათიანი დაბეგვრის, სუბსიდირების, საზოგადოებაში შესაბამისი კლიმატის შექმნას; საზოგადოებრივ და რელიგიურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გზით.
საქართველოს უნდა ჰქონდეს ღია ეკონომიკა, რომლის განვითარებისა და წინსვლის ტემპები დამოკიდებულია საერთაშორისო ეკონომიკურ პროცესში მიზანმიმართულ ჩართვაზე, რისთვისაც აუცილებელია შემუშავდეს საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობათა განვითარების ეროვნული პროგრამა. ამით განისაზღვრება რესპუბლიკის საექსპორტო შესაძლებლობანი და მისი ზრდის რეზერვები; უცხოურ ფირმებთან, სამთავრობათაშორისო და რეგიონალურ საფინანსო ორგანოებთან თანამშრომლობის ფორმები; საშინაო ბაზრის დაცვისა დ აუცილებელი საიმპორტო პროდუქციის შემოზიდვის ხელშემწყობი საბაჟო სისტემა; საგარეო ბაზარზე ეროვნული კაპიტალის დამკვიდრების მიზნით სახელმწიფო დახმარებისა და შეღავათების ფორმები; პროტექციონისტული ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელების საშუალებები; უცხოური კაპიტალის მოზიდვის რეგულირების მექანიზმი; უცხოეთში აქტიური საინვესტიციო საქმიანობის წარმართვის საშუალებანი; საგარეო-ეკონომიკური მართვის სტრუქტურის სრულყოფის მიმართულებები.
ჯანმრთელობის დაცვა - საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობა მისი საბჭოთა კავშირის ჯანმრთელობის დაცვის სისტემის სტრუქტურაში ყოფნის შედეგია. აღნიშნული გარემოებით განპირობებული იყო სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯანდაცვის სისტემის სუბსიდირების მანკიერი წესი და მართვის მოუქნელი სტრუქტურა.
იმისათვის, რომ საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემა გამოვიდეს კრიზისიდან, საჭიროა:
9. რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის საბჭოთა კავშირის სტრუქტურებიდან სრული დამოუკიდებლობა. აუცილებელია ჩატარდეს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის დაწესებულებათა სრული ინვენტარიზაცია; ჯანმრთელობის დაცვის მატერიალური რესურსების რაციონალური განაწილება; საზღვარგარეთის ქვეყნებთან პირდაპირი კავშირების დამყარება და არსებული კავშირების გაფართოება.
10. ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის სტრუქტურული რეორგანიზაცია, რაც გულისხმობს მართვის ვერტიკალური სტრუქტურების შეცვლას ჰორიზონტალური სტრუქტურებით.
11. საზოგადოების ჯანმრთელი ყოფა წარმოუდგენელია პროფილაქტიკურ ღონისძიებათა ერთიანი პროგრამის გარეშე, რისთვისაც აუცილებელია მჭიდრო ურთიერთკავშირი სახელმწიფო-სანიტარულ სამსახურსა და სხვა სახელმწიფო ინსპექციებს შორის. ამის საფუძველზე უნდა შეიქმნას ერთიანი რესპუბლიკური საინფორმაციო ბანკი და არსებულ მონაცემთა საფუძველზე განხორციელდეს შესაბამისი ღონისძიებები.
12. უზრუნველყოფილ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულებათა მრავალგვარობა (სახელმწიფო, სადაზღვევო, კომერციული). სახელმწიფო (მუნიციპალური) საზოგადოებრივი და კერძო სამედიცინო დაწესებულებების თანასწორუფლებიანი თანაარსობა სრულყოფილი სამედიცინო მომსახურების აუცილებელ პირობას წარმოადგენს.
13. ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ფინანსურ-ეკონომიკური გაჯანსაღებისათვის აუცილებელია სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯანმრთელობის დაცვაზე გამოყოფილი სახსრების მნიშვნელოვნი გაზრდა. ამასთან, უნდა დაიწყოს დამატებითი სახსრების ძიება დაფინანსების სხვადასხვა წყაროებიდან სახელმწიფო სოციალური პროგრამების უზრუნველასაყოფად. დაფინანსების სხვა წყაროების ხარჯზე თანდათანობით უნდა შემცირდეს ჯანმრთელობის დაცვისათვის გამოყოფილი სახსრების ხვედრითი წილი.
14. საბიუჯეტო დაფინანსების გაზრდასთან ერთად თანდათან უნდა გადავიდეთ სადაზღვევო სამედიცინო სისტემაზე. აუცილებელია სამედიცინო დაზღვევის ფორმების (სახელმწიფო, საწარმოო, კერძო) არჩევის სრული თავისუფლება. სადაზღვევო სამედიცინო სისტემა საშუალებას მოგვცემს უახლოეს წლებში გავზარდოთ ჯანმრთელობის დაცვაში დაბანდებული თანხები.
15. პირდაპირი კავშირი უნდა დამყარდეს მომსხურების ხარისხსა და სამედიცინო პერსონალის შრომის ანაზღაურებას შორის.
16. ექიმებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მონაწილეობით უნდა შემუშავდეს ჯანმრთელობის დაცვის კანონმდებლობა, რომლითაც რეგლამენტირებული იქნება სამედიცინო დარგის ურთიერთობანი.
განათლება. დღეს ქართული სკოლა ურთულეს მდგომარეობაში აღმოჩნდა. ტოტალიტარულმა რეჟიმმა მძიმე დაღი დაასვა განათლების სისტემას. ქართული სკოლა გადაიქცა საბჭოთა სკოლის ნაწილად, რომლის მიზანია ე.წ. „საბჭოთა ადამიანის“ ფორმირება, განათლებაში ეროვნული და რელიგიური ტრადიციების იგნორირება.
ქართული საგანმანათლებლო სისტემის ეროვნულობა უნდა გამოიხატოს არა მარტო მშობლიურ ენაზე სწავლებით, არამედ მისი შინაარსის ეროვნულობით, ქართული კულტურის, ქრისტიანული რელიგიის, მშობლიური გარემოს და ტრადიციების გათავისებით.
სკოლა ყოველი მოსწავლის პიროვნული განუმეორებლობის სრულყოფისა და შენარჩუნებისათვის უნდა ზრუნავდეს. განათლების ჰუმანიზაცია უნდა ემყარებოდეს სასკოლო დისციპლინას, საქმისადმი პასუხისმგებლობის ამაღლებას.
განათლების სრული ციკლი უნდა მოიცავდეს სკოლამდელ აღზრდას, დაწყებით და საშუალო სკოლას, მრავალფეროვან პროფილურ სასწავლებლებს, გიმნაზიებს, კოლეჯებს, უმაღლეს სასწავლებლებს.
სახელმწიფო აღარ უნდა იყოს განათლების სიტემის ერთადერთი დამფინანსებელი და მაკონტროლებელი. განათლების სისტემის ჩამოყალიბებაში საჭიროა გაიზარდოს საზოგადოების როლი.
ხელი უნდა შეეწყოს კერძო და საეკლესიო სასწავლებლების გახსნას.
დაწყებითი და საშუალო სკოლა საყოველთაო უნდა იყოს. გიმნაზიასა და კოლეჯში ჩარიცხვა მოხდება შერჩევით. ამას გარდა, რეგიონების საჭიროების მიხედვით იარსებებს სხვადასხვა პროფილის სასწავლებლები, სადაც მიღებული განათლება საკმარისი იქნება ვიწროპროფესიული საქმიანობისათვის. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ქართული ენისა და ლიტერატურის, საქართველოს ისტორიისა და გეოგრაფიის სრულყოფილ სწავლებას.
განათლების სისტემის რეორგანიზაციის შემდგომ ეტაპზე აუცილებელია დაწყებით კლასებში სწავლება წარიმართოს მოსწავლეთა გონებრივი შესაძლებლობების გათვალისწინებით, შესაბამისი სრულყოფილი პროგრამების მიხედვით.
სწავლების პროცესში ყურადღება უნდა მიექცეს როგორც მოსწავლეების მიერ ცოდნის შეძენას, ასევე მათთვის სწავლების და თვითგანათლების უნარის გამომუშავებას. სახელმწიფომ უნდა იზრუნოს სკოლისა და ეკლესიის მჭიდრო ურთიერთკავშირზე.
კულტურა და ხელოვნება. ერის სულიერი სახის ჩამოყალიბებაში უდიდეს როლს ასრულებს კულტურა და ხელოვნება. მათში ყველაზე მკაფიოდ ვლინდება ეროვნული ხასიათი, მისი სპეციფიკა და თვითმყოფადობა. ქრისტიანული სარწმუნოების სულიერ კოდექსზე დამყარებული ქართული კულტურული მემკვიდრეობა, ესთეტიკური და ეთიკური ფასეულობანი წარმოადგენენ იმ ფუნდამენტს, რომელსაც უნდა დაეყრდნოს ქართველი ერის სულიერი ამაღლება. სწორედ კულტურული თვითმყოფადობა, განუმეორებლობა დაუმკვიდრებს საქართველოს ღირსეულ ადგილს მსოფლიო ერთა შორის.
ქართული და აფხაზური კულტურის დაცვის და განვითარებისთვის აუცილებელი სამართლებრივი საფუძვლების შექმნის პარალელურად უნდა დამუშავდეს საქართველოში მცხოვრები ყველა ხალხის წარმომადგენელთა კულტურული ტრადიციის სამართლებრივი გარანტიები, საქართველოს ისტორიული მხარეების თვითმყოფადი კულტურის შენარჩუნებისათვის საჭირო საფუძვლები. კულტურა და ხელოვნება არ უნდა განიცდიდეს პოლიტიკურ დიქტატს. შემოქმედების თავისუფლება კანონით უნდა იქნეს გარანტირებული. სახელმწიფომ და მისმა ინსტიტუტებმა ხელი უნდა შეუწყონ ქართული კულტურის განვითარებას და საერთაშორისო ასპარეზზე გატანას, შექმნან თანამედროვე მსოფლიოს წამყვან სკოლებთან და მიმართულებებთან უშუალო კონტაქტების დამყარების საშუალება, რათა მომზადდეს საფუძვლები თანამედროვე კულტურული ტრადიციების შემოქმედებითი მიმართულებების და სტილის გაცნობისათვის, ქართული კულტურული ტრადიციების გამდიდრებისათვის. ამის პარალელურად ქართული კულტურული თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად უნდა შეიქმნას შესაბამისი მექანიზმები. ე.წ. „მასობრივი კულტურის“ ფსევდოკულტურული ელემენტებით დანაგვიანებისგან დასაცავად. ეს მისია ქართული კულტურის ცენტრებს უნდა დაეკისროთ. საჭიროა კულტურის ძეგლთა დაცვის ფართო პროგრამის შემუშავება, ძეგლთა დაცვისა და მოვლა-პატრონობისათვის აუცილებელი სახელმწიფო ხარჯების გაზრდა.
დემოგრაფია. საქართველოს წინააღმდეგ მიმართულმა დემოგრაფიულმა დივერსიებმა რესპუბლიკის მკვიდრი ერების - ქართველებისა დ აფხაზებისათვის უმძიმესი ვითარება შექმნა. დემოგრაფიულმა დისბალანსმა დაძაბა საერთაშორისო ურთიერთობა და შექმნა ეთნოკონფლიქტთა პროვოცირების შესაძლებლობა.
რესპუბლიკაში არსებული მდგომარეობის სტაბილიზაციის, დემოგრაფიული ვითარების გაჯანსაღების მიზნით საპრეზიდენტო ხელისუფლების მიერ უნდა შეიქმნას დემოგრაფიული პოლიტიკა. მიღებული იქნება კანონი მიგრაციის შესახებ. ამ კანონით უნდა მოხდეს რესპუბლიკის მოსახლეობის როგორც ემიგრაციულ-იმიგრაციული, ასევე შიდა მიგრაციული პროცესების რეგულირება.
შიდა მიგრაციული პროცესების რეგულირებით უნდა მოხდეს თბილისის და სხვა სამრეწველო ცენტრების ზრდის შეზღუდვა, ურბანიზაციის დონის კონტროლი. განხორციელდება შედარებით ჭარბად დასახლებული რეგიონებიდან მოსახლეობის ნებაყოფლობითი გადანაწილება ნაკლებად ათვისებულ და დემოგრაფიული თვალსაზრისით მძიმე რეგიონებში. ამასთან, განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭება საქართველოს ძირძველი რეგიონების დემოგრაფიულ აღორძინებას. ამ რეგიონებში მცხოვრებთ და იქ დასახლების მსურველთ გაეწევათ მაქსიმალური დახმარება, დაუწესდებათ შეღავათები, გათავისუფლდებიან გადასახადებისაგან და გამოეყოფათ გრძელვადიანი კრედიტები. აუცილებელია ამ რეგიონებში შევქმნათ ცხოვრებისათვის საჭირო პირობები - მოვაწესრიგოთ გზები, უზრუნველვყოთ ეს რეგიონები გაზით, ელექტროენერგიით, კომუნიკაციებით და ა.შ. პირველ რიგში, ხელი შევუწყოთ სტიქიისაგან დაზარალებული მოსახლეობის მოთხოვნათა დაკმაყოფილებას.
საჭიროა მოსახლეობის განსახლების ოპტიმალური სისტემის შექმნა. ეკონომიკის თავისუფლება შექმნის რეალურ პირობებს დიდი სამრეწველო ცენტრების სანაცვლოდ პატარა და საშუალო ზომის ქალაქების უპირატესი განვითარებისათვის.
დემოგრაფიული ვითარების გაჯანსაღება წარმოუდგენელია ტრადიციული სამთაობიანი ოჯახის აღორძინების გარეშე. დემოგრაფიული პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება იქნება დახმარება ახალგაზრდა მრავალშვილიანი ოჯახებისათვის. უნდა გატარდეს ქმედითი ღონისძიებანი სიკვდილიანობის, განსაკუთრებით ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირების მიზნით, აგრეთვე შობადობის სტიმულირებისათვის.
ხელი შეეწყობა დემოგრაფიული ვითარების გაჯანსაღებისათვის წარმოებულ საქველმოქმედო საქმიანობას, სპეციალური ფონდების შექმნას. მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა სპეციალისტ-დემოგრაფთა მომზადებას, რაც საშუალებას მოგვცემს რეგულარულად ჩავატაროთ მოსახლეობის დემოგრაფიული პასპორტიზაცია.
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატის ბატონ ზვიად გამსახურდიას საარჩევნო პროგრამა: ეკონომიკური ნაწილი // შანსი. - 1991. - 25 მაისი. - №21(74). - 4,5 გვ.
![]() |
17 არჩევნების შედეგები; 1991წ. 26 მაისი |
▲ზევით დაბრუნება |
ჩატარდა საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნები. ამომრჩეველთა საერთო რიცხვიდან (3 550 371) მონაწილეობა მიიღო 2 967 744-მა, ანუ 83,59 პროცენტმა. ხმები განაწილდა შემდეგნაირად: ზვიად გამსახურდია - 86,52 %25; ვალერიან ადვაძე - 7,59 %25, ჯემალ მიქელაძე - 1,65 %25, ნოდარ ნათაძე - 1,17 %25, ირაკლი შენგელაია - 0,85 %25, თამაზ კვაჭანტირაძე - 0,28 %25.
არჩევნების შედეგები // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 28 მაისი. - №106(126). - 1გვ.
![]() |
18 საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბატონ ზვიად გამსახურდიას პრესკონფერენცია საზღვარგარეთის და საქართველოს ჟურნალისტებისათვის 1991 წლის 27 მაისს |
▲ზევით დაბრუნება |
- ბატონო გამსახურდია, რა შედეგებს მოელოდით არჩევნებში?
- იცით, არჩევნებში გამარჯვება ჩემთვის მოულოდენელი არ ყოფილა. საარჩევნო კამპანიის დროს მოეწყო სოციოლოგიური გამოკვლევა, რომლის შედეგებიც არჩევნების საბოლოო შედეგებს დაემთხვა. გულახდილად რომ გითხრათ, წინათ მაინც და მაინც არ ვენდობოდი ასეთ გამოკვლევებს თუ გამოკითხვებს, მაგრამ ახლა ვირწმუნე მათი.
- ჩვენ, ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები ქართველები მივესალმებით თქვენს გამარჯვებას არჩევნებში. როგორ გესახებათ საქართველოს მომავალი?
- მომავალი ოპტიმისტურად მესახება. მიმაჩნია, რომ მსოფლიო საზოგადოება სამხედრო მანქანით ჩვენი ჩახშობის ნებას არავის მისცემს. ადრე იქნება თუ გვიან, გვცნობენ. მაგრამ ამისათვის მარტოოდენ თვით საქართველოში გაწეული აქტიური მუშაობა როდი კმარა. ბევრი რამ იმაზეც არის დამოკიდებული, თუ რაოდენ აქტიური იქნებიან უცხოეთში ქართული ემიგრაციის წარმომადგენლები.
- როგორია თქვენი ურთიერთობა მიხეილ გორბაჩოვთან ამ კარგახნისწინანდელი დეპეშების შემდეგ, როდის აპირებთ მასთან შეხვედრას? და მეორეც, ველოდოთ თუ არა თქვენს მოლაპარაკებას ბატონ ელცინთან 12 ივნისამდე?
- მე მგონი 12 ივნისამდე ბატონ ბორის ელცინთან არ არის მოსალოდნელი ჩემი შეხვედრა, ხოლო ბატონი გორბაჩოვი ცოტა უცნაურად იქცევა. ის მომხრე იყო ჩვენი შეხვედრისა და აპირებდა ჩემთან დარეკვას. მე რამდენიმე დღეა ველი, მაგრამ ის არ რეკავს. მე დავასკვენი, რომ მუშაობენ რაღაც ძალები, რომელთაც უნდათ ჩემი და გორბაჩოვის შეხვედრის ჩაშლა. მე ასეთ დასკვნას ვაკეთებ. მისმა პრეს-ცენტრმა გააკეთა განცხადება, რომ არავითარი შეხვედრა არ შედგებაო. 20 მაისს მივიღე სამთავრობო დეპეშა, რომელშიც იგი მთხოვდა 24 მაისს მოსკოვში ჩასვლას, მაგრამ მე, რამდენადაც წინასაარჩევნო კამპანია მქონდა, ვერ წავედი მოსკოვში. აი, ახლა ვიკვლევთ ჩვენ - რა პოზიციას იჭერს გორბაჩოვი ჩვენი შეხვედრის საკითხში. ეს ალბათ დღეს გაირკვევა. მე რატომღც მგონია, რომ ელცინის არჩევნებამდე შეიძლება არც გორბაჩოვთან შეხვედრა მოხერხდეს. თვითონ გორბაჩოვსაც არა აქვს გარკვეული, თუ რა პოზიცია დაიჭიროს, ვთქვათ, ისეთ რესპუბლიკასთან მიმართებაში, როგორიც საქართველოა. ეს ყველაფერი რუსეთის პრეზიდენტობის საკითხის და რუსეთის ფედერაციასთან ცენტრის ურთიერთობების საბოლოოდ გარკვევის შემდეგ გახდება ნათელი. ამაზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული.
- ბატონო ზვიად, თქვენ ამ დღეებში მიიღეთ წერილი უნგრეთის რესპუბლიკის პრეზიდენტისაგან. რას ფიქრობთ უნგრეთ-საქართველოს უახლოეს ურთიერთობებზე?
- ჩვენ უკვე დავიწყეთ ურთიერთობა უნგრეთთან, ე.ი. მოლაპარაკება ჩვენი შეხვედრის საკითზე. ეს ჩვენ ძალიან გვაინტერესებს და ჩემი აზრით ეს შეხვედრა შედგება უფრო 30 ივნისის შემდეგ, როდესაც უკანასკნელი ოკუპანტი დატოვებს უნგრეთის ტერიტორიას. მაშინ უფრო ხელებგახსნილი და მზად იქნება ბატონი პრეზიდენტი ასეთი შეხვედრისათვის. გასაგები მიზეზების გამო, უნგრეთის პრეზიდენტს, ისევე როგორც ჩეხეთ-სლოვაკეთის პრეზიდენტს, ხელს უშლის ის გარემოება, რომ ჯერჯერობით მათ ქვეყანაში საბჭოთა ჯარი დგას. ასე რომ, ეს ყველაფერი ალბათ უახლოეს ხანში მოწესრიგდება და ჩვენ შევხვდებით.
- როგორ აფასებთ იმას, რომ საზღვარგარეთის პრესამ კინაღამ დიქტატორი გიწოდათ?
- ძალიან ძლიერი და დიდია კრემლის გავლენა საზღვარგარეთის პრესაზე. კერძოდ, ისეთი სააგენტოს მხრიდან, როგორიც „საკდესია“. ისინი ყოველგვარი კრიტიკის გარეშე ხშირად იმეორებენ ცრუ ინფორმაციებს, რომელსაც „საკდესი“ გადასცემს. მე შეგახსენებთ, რაც გუშინ ვთქვი, რომ ჯერ არც ერთ დიქტატორს, მსოფლიო ისტორიის მანძილზე, თავისი პირადი ინიციატივით არ დაუნიშნავს საპრეზიდენტო არჩევნები. ამაზე ალბათ დამეთანხმებით.
- აპირებთ თუ არა ზომების მიღებას იმისათვის, რათა საქართველო მსოფლიომ სცნოს?
- დიახ, მე განზრახული მაქვს მივიღო ზომები წამყვანი ქვეყნების მიერ საქართველოს საერთაშორისო აღიარებისათვის, დიპლომატიური ცნობისათვის. ამისათვის უკვე ვამყარებ კონტაქტებს და ვამზადებ შეხვედრებს უწინარეს ყოვლისა შეერთებული შტატების პრეზიდენტთან ბატონ ჯორჯ ბუშთან. შეხვედრის თარიღი უახლოეს ხანში გაირკვევა.
- თქვენი პოლიტიკური მოწინააღმდეგე გიორგი ჭანტურია ამტკიცებს, რომ პრეზიდენტის არჩევნების ჩატარებას ოკუპირებულ ქვეყანაში აზრი არა აქვს. თქვენ როგორ მიგაჩნიათ?
- მე ვიტყოდი, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები არიან ოკუპირებულნი საბჭოთა ჯარის მიერ. მიუხედავად ამისა, იქ საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. მართალია არაპირდაპირი, მაგრამ პარლამენტის მიერ არჩეულნი არიან პრეზიდენტები. ჭანტურიასნაირი არასერიოზული პიროვნებების ციტატების აქ მოყვანა ცოტა უხერხულია. მან ისიც არ იცის, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში არსებობს ჯარი და მაინც ტარდება ასეთი არჩევნები.
- ბატონო პრეზიდენტო, ნება მოგვეცით პორტუგალიის ტელევიზიისთვისაც გვიპასუხოთ. როგორ აპირებთ მოქმედებას მომავალში იმ ძალებთან, რომლებსაც არ უნდათ თქვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა. როგორ აპირებთ მათთან დიალოგის გამართვას. გაატარებთ თუ არა პირადად თქვენ პოლიტიკას, თუ მიაღწევთ ერთიან ეროვნულ თანხმობას და მეორეც, როგორ გესახებათ მომავალში ოსეთის პრობლემის დაძლევა?
- საერთო თანხმობა საქართველოში უკვე მიღწეულია, მიღწეულია იმიტომ, რომ როგორც დაინახეთ, ამ არჩევნებით ქართული მოსახლეობის 99 პროცენტი და არაქართველი მოსახლეობის 65 პროცენტი მე მიჭერს მხარს. ასე, რომ ორად გაყოფა, განხეთქილება და სხვა ყველაფერი ჭორია. გთხოვთ, ამას ნუ დაუჯერებთ. ეს ცრუ ინფორმაციებია. რაც შეეხება იმ ძალებს, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგია, ისინი ძალიან მცირე არიან ოსური და აფხაზური ეროვნების წარმომადგენლებში. თვით მათშიაც უმცირესობაში არიან. ოსურ მოსახლეობაში მხოლოდ უმცირესობა არ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას. აფხაზური მოსახლეობის კი დაახლოებით ნახევარიც არ უჭერს. მაგრამ ეს არავითარი ძალა არ არის.
ხუთმილიონიან ქვეყანაში, ეს ერთად აღებული არის სულ დაახლოებით 80 ათასი ადამიანი. ასე, რომ აქ დიდ უმცირესობასთან გვაქვს საქმე და, რასაკვირველია, რეპრესიებს არ მივმართავთ მათ მიმართ. მათ შეუძლიათ ჰქონდეთ საკუთარი აზრი და იბრძოლონ, ასე ვთქვათ, თავიანთი პოზიციების დასაცავად. ჩვენ არავითარ მნიშვნელობას არ ვანიჭებთ ასეთ უმნიშვნელო ოპოზიციას. მით უმეტეს, რომ ისინი უმეტესწილად კრემლის მიერ არიან ინსპირირებულნი.
ოსების საკითხს რაც შეეხება, საქართველოში მცხოვრები ოსების დიდი ნაწილი ჩვენ გვიჭერს მხარს და წინააღმდეგია ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქისა. ამ ოლქის აღდგენას მოითხოვენ მხოლოდ კომუნისტი ექსტრემისტები, რომლებიც ემსახურებიან კრემლის იმპერიას და საბჭოთა ჯარის დახმარებით ებრძვიან ქართულ მოსახლეობას საქართველოს ამ უძველეს ისტორიულ ნაწილში.
- ბატონო ზვიად, ახლა რას უსურვებდით თქვენს ოპონენტებს და ოპოზიციას?
- ჩემს ოპონენტებს და ოპოზიციას ვუსურვებდი კეთილსინდისიერი მეთოდებით მოქმედებას და პოლიტიკური, ასე ვთქვათ, ამბიციების დავიწყებას და უფრო მეტად ფიქრს ქართველი ერის დღევანდელ მდგომარეობაზე. ვინაიდან მათი ე.წ. ოპოზიციური საქმიანობა, რომელიც მიზნად ისახავს ჩემს წინააღმდეგ ბრძოლას, გამოდის საქართველოს წინააღმდეგ და საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ. იგი აზიანებს ამ ინტერესებს განსაკუთრებით საზღვარგარეთ. ვინაიდან ისინი ჩემთან ბრძოლის ჟინით შეპყრობილნი, ჩემი დამარცხების მიზნით ყალბ ინფორმაციას აგზავნიან საზღვარგარეთ და ამით საქართველოს ინტერესებს აზიანებენ. ამას არც ერთი ერის წარმომადგენელი არ აკეთებს. მაგალითად, წარმოუდგენელია ისეთი სომეხი, რომელიც უცხოეთში თავისი ქვეყნის დისკრედიტაციას ეწევა. ასეთი სომეხი არ არსებობს ბუნებაში და ჩვენ კი, სამწუხაროდ, გვყავს ასეთი პიროვნება, რომელიც თავის თავს ოპოზიციონერს უწოდებს. არც ისეთი აზერბაიჯანელი არსებობს, რომელიც აზერბაიჯანს, თავის ერს, უტეხს სახელს საზღვარგარეთ და უვრცელებს ყალბ ხმებს. აი, ჩვენ კი, სამწუხაროდ, გვყავს ასეთი ქართველები, რომლებიც პოლიტიკური ამბიციებით და თავისი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ცილისწამებას ეწევიან საზღვარგარეთ. ასე, რომ მე ვუსურვებ ჩემს ოპოზიციას ამაზე დაფიქრდნენ და არ გამოვიდნენ თავიანთი სამშობლოს მოღალატის როლში და თუ მებრძვიან, მაკრიტიკონ, შეუძლიათ თუნდაც ყალბი ხმები გაავრცელონ, ოღონდ ჩემზე! ქართველი ერის შესახებ ნუ ავრცელებენ ყალბ ინფორმაციას. აი, ამას ვუსურვებ მათ (ტაში).
- როგორც ჩემთვის ცნობილია, თქვენ აპირებთ საქართველოში მცხოვრები ხალხების ასამბლეის შექმნას. რას ნიშნავს ეს და რას იტყოდით კომუნისტური მაფიისა და საქართველოში კრიმინოგენული სიტუაციის შესახებ?
- რაც შეეხება ასამბლეას, ეს ეხება კავკასიის ხალხთა ასამბლეას და არა მარტო საქართველოში მცხოვრები ხალხების. ჩვენ გვაქვს განზრახული შევქმნათ ფორუმი კავკასიის ხალხებისა, სადაც გაერთიანდებიან ყველანი ვინც რეპრესირებულია კომუნისტური რეჟიმისაგან, კომუნისტური იმპერიისაგან და ისინი თავიანთი თავისუფლების და ადამიანთა უფლებების დასაცავად გაერთიანდებიან. აი, ასეთი მიზანი გვაქვს. რაც შეეხება კომუნისტურ მაფიას და კრიმინალებს, სამწუხაროდ, იგი ძალზე ძლიერია საქართველოში. სამწუხაროდ, ეს არის მოსკოვის მიერ, ასე ვთვათ, შექმნილი ძალა, რომელიც ჩვენს ეროვნულ მოძრაობას უპირისპირდება, სახეს უტეხს მას საზღვარგარეთ და რომელიც პირდაპირ მოსკოვიდანაა სუბსიდირებული. უფრო მეტიც: იარაღითაც მარაგდება მოსკოვის აგენტურის მიერ საქართველოში, მათ მიმართ ჩვენ შეურიგებელნი ვიქნებით, ვინაიდან ისინი დესტრუქციულ ძალას წარმოადგენენ და ემუქრებიან საქართველოს მოსახლეობას, მოქალაქეების უსაფრთხოებას. დამნაშავეობა ძალზე გავრცელებულია საქართველოში და ეს ყველაფერი ჩვენ, კომუნისტური რეჟიმის დამსახურებად მიგვაჩნია. ამიტომ ჩვენ დამნაშავეობას შევებრძოლებით, ვინაიდან საქართველოში კატასტროფული მდგომარეობაა კრიმინოგენური თვალსაზრისით.
- თქვენი კომენტარი, თუ შეიძლება, იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში მცხოვრები სომხების აბსოლუტურმა უმრავლესობამ თქვენ მოგცათ ხმა?
- სხვათა შორის, აი ის დეზინფორმატორები, რომლებიც აქედან აგზავნიან დასავლეთში ცრუ ინფორმაციას და მოტყუებული ჰყავთ ჟურნალისტები, რომლებიც აქ მე მისვამენ ასეთ შეკითხვებს, რომელიც თქვენ მოისმინეთ, ავრცელებენ, რომ მე ვარ სომხების მოსისხლე მტერი და ვაპირებ საერთოდ სომხების გენოციდის მოწყობას საქართველოში. თითქოს სომხებს ვჩაგრავ და ყველაზე დაჩაგრული ერი საქართველოში სომხები არიან. როგორც ხედავთ, აი ამ „დაჩაგრულმა“ სომხებმა, რომელთა მტერიც თურმე ვარ, ხმა მომცეს. ასე რომ, მე მგონი ნათელია, რამდენად მართალ ინფორმაციას აგზავნიან აქედან ჩვენი ე.წ. ოპოზიციონერები. იგივე ეხება აზერბაიჯანელებს. ამ ზაფხულში ჩვენმა ე.წ. ოპოზიციამ პრაღაში კონფერენციაზე მიაღწია რეზოლუციის შექმნას, რომელშიც ეწერა, რომ ჩვენ ვართ ყველა ეროვნული უმცირესობის მტრები და ვაპირებთ მათ გასახლებას საქართველოდან. აგრეთვე, ვიწვევთ ეთნიკურ კონფლიქტებს ყველა ეროვნების წარმომადგენლებთან. სინამდვილეში კი, როგორც ხედავთ, საქართველოს არაქართულმა მოსახლეობამ, ძირითადმა მასამ, დიდმა უმრავლესობამ დამიჭირა მხარი ამ არჩევნებში. აი, ასე გაბათილდა ყველა სიცრუე, რასაც მთელ მსოფლიოში პროვოკატორები ავრცელებენ.
- თქვენ პირველები იყავით ამ საბჭოთა იმპერიაში, ვინც ჩაატარეთ მრავალპარტიული არჩევნები და პირველებმავე ჩაატარეთ ძალიან კარგად საპრეზიდენტო არჩევნები. თუ შეიძლება კიდევ რაში უნდა იყოთ პირველნი ამ იმპერიაში?
- დემოკრატიაში, ადამიანის უფლებების პატივისცემაში და ლოცვაში. და უნდა ვიყოთ ამ ტოტალიტარულ იმპერიაში დემოკრატიული კუნძული, რომელიც მთელ მსოფლიოს აჩვენებს, თუ რა შეუძლია მთელი ერის, მთელი მოსახლეობის გაერთიანებულ ბრძოლას და ძალისხმევას.
ამას ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ.
- ბატონო ზვიად, თანამედროვე ან წარსული დროის რომელი პოლიტიკოსი, ქართველი თუ სხვა ქვეყნის წარმომადგენელია თქვენთვის ყველაზე ახლო და მისაღები თავისი მოღვაწეობით და სულიერი კულტურით.
- ჩემთვის ყველაზე ახლობელი პოლიტიკური მოღვაწე დღევანდელობაში არის პრეზიდენტი რეიგანი, რომლის უდიდესი თაყვანისმცემელიც ვარ და დავრჩები ასეთად მთელი ჩემი ცხოვრება. არც თუ ისე შორეულ წარსულში, უდიდეს პატივს ვცემდი პრეზიდენტ დე გოლს, რომელიც აგრეთვე მიმაჩნია იდეალად სახელმწიფო მოღვაწისა.
- ბატონო პრეზიდენტო, თვენ ხომ არ გვეტყოდით როგორ პროგნოზს აკეთებთ აფხაზეთის მოვლენების შემდგომ განვითარებაზე, რადგან, თუნდაც აფხაზეთის მოსახლეობის უმცირესობა ცალკე დგას საქართველოსგან. თუნდაც ეს ასე იყოს, არძინბა მონაწილეობდა იმ რესპუბლიკების შეკრებაზე, რომლებიც აპირებენ ცალკე მოაწერონ ხელი საბჭოთა კავშირის შესანარჩუნებლად. ასევე ამბობენ, რომ აფხაზეთში უკვე შესულია საბჭოთა კავშირის შინაგანი ჯარების ნაწილი, არ ვიცი, მართალია თუ არა, მაგრამ ასე ამბობენ. როგორ განვითარდება ეს მოვლენები, უფრო სწორად როგორი გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოთ, როცა ერთი მხრივ, ისინი ხელს აწერენ სამოკავშირეო ხელშეკრულებაზე, ხოლო მეორე მხრივ, საქართველო მოითხოვს გამოყოფას. მეორე შეკითხვაც, ადვაძე, რომელმაც მიიღო წინასწარი მონაცემებით ხმების 7 პროცენტი, ამბობდა, რომ ის ყოველთვის მომხრეა თქვენთან თანამშრომლობისა და რომ ის ყოველთვის მზად არის იმუშაოს საქართველოს სასიკეთო საქმის საკეთებლად და რომ არსებობს რაღაც გაერთიანებული ფორუმი, რომელშიც პრაქტიკულად მონაწილეობს მთელი ოპოზიციაც. ფიქრობთ თუ არა გააკეთოთ რაიმე ჟესტი ოპოზიციასთან, თუ უბრალოდ გააგრძელებთ მათ იგნორირებას.
- პირველ შეკითხვაზე მინდა მოგიგოთ, რომ აფხაზეთში ჩატარდა რეფერენდუმი, საბჭოთა რეფერენდუმი, რომელშიც მოხდა გაყალბება შედეგებისა. რეფერენდუმი ფალსიფიცირებული იყო. ასე, რომ აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს არძინბას არა აქვს უფლება აფხაზეთის მოსახლეობის სახელით ამტკიცოს, რომ აფხაზეთის მოსახლეობას სურს საკავშირო ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა, და თუ ის მაინც გააკეთებს ამას, გადადგამს ამ ნაბიჯს, მიიღებს კატასტროფულ შედეგებს მისი და მთელი მისი „კლიკისთის“, მაგრამ ის ამას ვერ მიაღწევს. იმიტომ, რომ აფხაზეთის პარლამენტში ძალთა ისეთი თანაფარდობაა, რომელიც მას ამის ნებას არ მისცემს. მაგრამ ეს არის მონტაჟი საქართველოს წინააღმდეგ ცენტრის მხრივ, არძინბას ასეთი პროვოკაციული მოქმედება, რისთვისაც მას აუცილებლად მოსთხოვს პასუხს აფხაზეთის მოსახლეობა. გარდა ამისა, აფხაზეთში ჩატარდა საქართველოს დამოუკიდებლობის რეფერენდუმი, რომელშიც აფხაზეთის მოსახლეობის 62 პროცენტმა ხმა მისცა. ასე, რომ აფხაზეთის მოსახელობის უმრავლესობა მომხრეა საქართველოს დამოუკიდებლობის. ამ რეფერენდუმს ნამდვილი იურიდიული ძალა აქვს, იმიტომ, რომ იგი არ ყოფილა ფალსიფიცირებული. წინა რეფერენდუმი კი ფალსიფიცირებული იყო. ჩვენ პროკურატურის მონაცემები გვაქვს ამის შესახებ. რაც შეეხება ადვაძის განცხადებას, თითქოს ის ცდილობდა ჩვენთან თანამშრომლობას და კარგი ურთიერთობის დამყარებას, ეს სრული სიცრუე და სიყალბეა, რასაც ის ყოველდღიურად ღაღადებს. ისეთივე სიცრუეა, რაც ყველა მისი განაცხადი. გარდა ამისა, მისი დახმარება ჩვენ არ გვჭირდება არც ეკონომიკაში. სხვათა შორის, ის არის კომუნისტური მარქსისტული ეკონომიკის წარმომადგენელი - ოფიციალური მრჩეველი ცენტრალური კომიტეტის მდივნებისა შევარდნაძისა, პატიაშვილისა, რომლებმაც დააქციეს ჩვენი ეკონომიკა. ჩვენ ეკონომიკის მრჩევლებად გვინდა მოვიწვიოთ იმ ქვეყნებიდან ეკონომისტები, რომლებმაც მოახდინეს ეკონომიკური სასწაულები. კეძოდ, იაპონიიდან, დასავლეთ გერმანიიდან, სამხრეთ კორეიდან და სხვა. ადვაძის მსგავსი რეტროგრადები მარქსისტული სოციალისტური ეკონომიკის წარმომადგენლები, სულ არ გვჭირდება ჩვენ არაფერში. ოპოზიციის გაერთიანებას რაც შეეხება, ისინი გაერთიანდნენ, მაგრამ ქართველი ხალხის ერთმა პროცენტმაც კი არ დაუჭირა მათ მხარი, როგორც ხედავთ. უმრავლესობა ხმებისა ადვაძემ მიიღო არაქართველებისაგან და სხვათა შორის სამხედრო ოჯახებისაგან.
- დადის ხმები, რომ შვარდნაძე აპირებს გაეროს გენერალურ მდივნობას. როგორ აფასებთ ამას და მეორეც, საერთოდ გქონდათ თუ არა რაიმე ურთიერთბა ამ ბოლო დროს შევარდნაძესთან.
- ჩემი აზრით გაეროს მდივნობა შეუძლებელია შევარდნაძისათვის იმის გამო, რომ ის არის წარმომადგენელი საბჭოთა კავშირისა. ხოლო როგორც ცნობილია, გაეროს მდივნებად უფრო მესამე სამყაროს წარმომადგენლებს აქვთ შანსი. კერძოდ, ისეთ ქვეყნებს, რომლებიც არ შედიან უშიშროების საბჭოში. ეს, ელემენტარულად, შეუძლებელია.
- გარდა ამისა, მან არ იცის ინგლისური ენა, არ იცის ფრანგული ენა, რაც აუცილებელია გაეროს მდივნისთვის. მე მგონი უფრო სარეკლამო მიზნები აქვს შევარდნაძისათვის ასეთი ამბების განცხადებას. რაც შეეხება მასთან ურთიერთობას, მე მაქვს მასთან ურთიერთობა. კონტაქტები მაქვს და კატეგორიულად მოვუწოდებ შეწყვიტოს ამ იმპერიის სამსახური და ჩადგეს ქართველი ერის სამსახურში და დაეხმაროს ჩვენი პრობლემების სწორად გაშუქებას მსოფლიოში, რასაც იგი სამწუხაროდ არ აკეთებს.
- ჩემი შეკითხვა აქ მყოფი ჩეხეთ-სლოვაკეთის ჟურნალისტების ინტერესების გამოვლინებაცაა. დღეს თქვენთან იმყოფებოდა ჩეხეთ-სლოვაკეთის პარლამენტარების ჯგუფი, თუ შეიძლება გვითხარით, რა კონკრეტულ საკითხებზე იყო საუბარი, რა სამომავლო გეგმები დაისახა ჩეხეთ-სლოვაკეთთან ურთიერთობასთან დაკავშირებით, ან თუა ოფიციალურ დონეზე მოსალოდნელი თქვენი შეხვედრა თქვენ პირად მეგობართან და ჩეხეთ-სლოვაკეთს პრეზიდენტთან ჰაველთან.
- არის მოლაპარაკება ჩვენს ქვეყნებს შორის უფრო ინტენსიურ, პოლიტიკურ, კულტურულ და სხვა ურთიერთობებზე და სწორედ ამ მიმართულებით განვითარდება ყველაფერი.
- თქვენ გახდით საქართველოს პრეზიდენტი. ხალხთა ერთი ნაწილი ამბობს, რომ პრეზიდენტის პოლიტიკური კურსი სხვანაირი იქნება. თუ შეიძლება ამის შესახებ გვითხარით რამე.
- არასწორი აზრია. ჩვენ პოლიტიკური კურსის შეცვლას არ ვაპირებთ. ჩვენი პოლიტიკური კურსი ყოველთვის დაემყარება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, მაგრამ ამავე დროს ჩვენ არ დავუშვებთ ანარქიას საქართველოში, ანარქიას, დესტაბილიზაციას და კრემლის ბნელი ძალების თარეშს.
- როგორია თქვენი ურთიერთობა ამერიკის კონგრესთან?
- ამერიკის კონგრესთან გვაქვს საუკეთესო ურთიერთობები. თქვენ ალბათ მოგეხსენებათ, თუმცა ამას შეიძლება მე არ უნდა ვამბობდე, მაგრამ მე მგონი საბჭოთა კავშირიდან არც ერთ პიროვნებას არ ღირსებია ის, რომ მის საპატივცემულოდ ამერიკის კონგრესის კაპიტოლიუმის შენობაზე დროშა აღემართათ. კონგრესმენების დიდი ჯგუფი ჩვენ გვიჭერს მხარს, განსაკუთრებით ბატონი მაკკუინი და ალბათ, აგვისტოს ბოლოს საქართველოში ჩამოვლენ და გვექნება მათთან სერიოზული, საინტერესო მოლაპარაკებები.
- კიდევ ერთი შეკითხვა. ახლახან მოვიდა ინფორმაცია, რომ 6 რესპუბლიკა რომელიც არ მოაწერს ხელს სამოკავშირეო ხელშეკრულებას, თითქოს გუშინ შეხვდნენ ერთმანეთს და ცდილობენ თავისი მოქმედების კოორდინაციას. საქართველო მასში მონაწილეობს?
- საქართველო მონაწილეობს და მონაწილეობას მიიღებს აი ამ ექვსი რესპუბლიკის საკოორდინაციო მოქმედებაში და აუცილებლად შევქმნით ერთიან ანტიიმპერიალისტურ ფრონტს, რომელიც დაუპირისპირდება კრემლის ყოველგვარ დიქტატსა და მის მცდელობებს ჩვენი სუვერენიტეტის ხელყოფისა.
- პრეზიდენტის ინსტიტუტის დამკვიდრება საქართველოში რამდენად შეუწყობს ხელს ჰელსინკის პროცესში საქართველოს მონაწილეობას?
- მე მგონი ძალიან შეუწყობს ხელს იმის გამო, რომ ჰელსინკის ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს დემოკრატიულმა სახელმწიფოებმა და მათი პრინციპი არის სწორედ ისეთ ქვეყნებთან ურთიერთობა, სადაც არის ნამდვილი დემოკრატია და დაცულია ადამიანის უფლებები.
- თუ შეიძლება მოგვახსენეთ თქვენი, როგორც პრეზიდენტის პირველი ნაბიჯების შესახებ?
- ჩემი ნაბიჯები დაკავშირებულია სწორედ საქართველოს პოზიციის განმტკიცებასთან საერთაშორისო ასპარეზზე. უნდა მივაღწიოთ საქართველოს აღიარებას მსოფლიოს ქვეყნების მიერ. საქმიანობა ძირითადად ამისკენ იქნება მიმართული. მეორეც, ქვეყანაში ეკონომიკური სტაბილიზაციისაკენ, ისეთი ღონისძიებებისაკენ, რომლებიც გააუმჯობესებს ხალხის ეკონომიკურ მდგომარეობას. ამ ორი ძირითადი მიმართულებით ვიმუშავებთ.
- წინასაარჩევნო კამპანიაში თქვენსა და პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის ურთიერთობა მეტად დაძაბულად განვითარდა. შეიძლება ითქვას, რომ ზოგიერთი პრეზიდენტობის კანდიდატი და მათი ნდობით აღჭურვილი პირი, დღევანდელი მთავრობის ყოველგვარ მოქმედებას დიქტატორულს უწოდებდა, ალბათ ყველასათვის საინტერესო იქნება, როგორი იქნება თქვენი დამოკიდებულება მომავალში?
- მე არავითარ, ასე ვთქვათ, გამწვავებას არ ვაპირებ, არც ერთ მათგანთან და მართალი გითხრათ, არც მიმაჩნია ისინი რაიმე რეალურ საფრთხედ ჩვენი ხელისუფლებისა და ჩვენი სახელმწიფოსი. სიცრუე და ასეთი ყალბი ლოზუნგები, ყალბი კრიტიკით გამოსვლა ჩვენ პირიქით, გვიწყობს ხელს. მე მიმაჩნია, რომ ის ფაქტი, რომ მე ამდენი ხმა მოვაგროვე მათი დამსახურებაა. მათმა ცილისწამებამ ჩემზე, აღაშფოთა ხალხი და ამიტომ მომცეს ამდენი ხმა. შეიძლება მე მიმეღო დაახლოებით 45%25, უცხოელებს შეიძლება ეს გაუკვირდეს, მაგრამ იმდენად უსამართლო იყო მათი გამოსვლები, იმდენად ცრუ და ყალბი, რომ ხალხმა გადაწყვიტა, რომ ისინი დატოვოს ყოველგვარი მხარდაჭერის გარეშე.
უამრავი ადამიანი, რომელიც პირიქით ჩემს მიმართ ნეგატიურად იყო განწყობილი, მათ გადმოიყვანეს ჩემს მხარეზე. ჩემს მხარეზე გადმოიყვანეს აი ამ კრიტიკით, ძალიან ბევრი.
სხვათა შორის, პირველი არჩევნების დროსაც ასე იყო. მაშინაც იყო ძალიან დიდი ნაწილი მოსახლეობის, რომლებიც არ აპირებდნენ ჩემთვის ხმის მოცემას, მაგრამ კომუნისტური რეჟიმი დაუკავშირდა ე.წ. ოპოზიციას, რომელიც მასთან, ასე ვთქვათ, თანამშრომლობდა ფარულად და არჩევნების წინა ღამეს გამოიყვანეს ერთი პიროვნება ტელევიზიით, ე.წ. დამოუკიდებლობის პარტიის თავმჯდომარე წერეთელი და ალანძღინეს და ალანძღინეს ჩემი თავი. ამან მე ოცი პროცენტით მომიმატა ხმები.
მაშინ, საერთოდ, იმდენად აღმაშფოთებელი იყო ამ პიროვნების გამოსვლა, რომ მოსახლეობის იმ ნაწილმაც კი, რომელიც არ აპირებდა ხმის მოცემას, მოგვცა ხმა. იგივე მოხდა ახლაც. მათ რომ ცოტა მეტი პოლიტიკური ტაქტი ჰქონოდათ, ალბათ სხვანაირად უნდა წარემართათ ეს კამპანია.
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბატონ ზვიად გამსახურდიას პრესკონფერენცია საზღვარგარეთის და საქართველოს ჟურნალისტებისათვის 1991 წლის 27 მაისს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 30 მაისი. - №108 (128). - 1გვ
![]() |
19 საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის განცხადება |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს რესპუბლიკის ხელმძღვანელობა შეშფოთებას გამოთქვამს იმ სიტუაციის გამო, რომელიც უკანასკნელ ხანს შეიქმნა სომხეთსა და აზერბაიჯანის სასაზღვრო რაიონებში, ასევე მთიანი ყარაბაღის ავტონომიურ ოლქში. საქართველოს რესპუბლიკის ხელმძღვანელობა მთელი ქართველი ერის სახელით სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ახლობლებსა და ნათესავებს. იღვრება უდანაშაულო ადამიანთა სისხლი. ირღვევა ადამიანის უფლებები. სამწუხაროა, რომ ბოლო დროს შეინიშნება ტენდენცია ანალოგიური კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება მოახდინონ ამიერკავკასიის სხვა რაიონებშიც. საქართველოს რესპუბლიკის ხელმძღვანელობა ღრმად არის დარწმუნებული, რომ კონფლიქტი ორ მეზობელ ერს შორის მთლიანად კრემლის ინსპირირებულია, რომელიც „გათიშე და იბატონეს“ პრინციპით მოქმედებს. საბჭოთა კავშირის მესვეურნი გაწაფულად აღვივებენ ამიერკავკასიაში ერთაშორის კონფლიქტებს, რათა შემდგომ საბჭოთა არმიისა და შინაგანი ჯარების ნაწილების მეშვეობით, თითქოსდა მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის მიზნით, დამსჯელი ოპერაციები განახორციელონ ცალკეული რესპუბლიკებისა და ერების მიმართ. ასეთი დამსჯელი ოპერაციები კრემლმა უკვე განახორციელა ამიერკავკასიის სამივე რესპუბლიკის წინააღმდეგ. არსებობს რეალური საშიშროება, რომ კრემლი კვლავაც არ მოერიდება თავისუფლებისმოყვარე ხალხების სისხლის დაღვრას.
საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ არ არსებობს ისეთი სადავო საკითხი, რომლის გადაჭრაც არ შეიძლებოდეს მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით. დაპირისპირებულმა მხარეებმა დროულად უნდა გაითვითცნობიერონ, რომ ამიერკავკასიაში სტაბილური სიტუაციის შექმნა დიდად შეუწყობს ხელს რესპუბლიკების რეალური სუვერენიტეტის მიღწევას, რაც, თავის მხრივ, საწინდარი იქნება დემოკრატიის განვითარებისა და ადამიანის უფლებების განუხრელი დაცვისა მთელ რეგიონში. საქართველოს რესპუბლიკის ხელმძღვანელობა მოუწოდებს დაპირისპირებულ მხარეებს, შეწყვიტონ ყოველგვარი ძალისმიერი მოქმედებანი და დაიწყონ მოლაპარაკება ამიერკავკასიაში კონფლიქტური სიტუაციების მშვიდობიანი გზით მოგვარების მიზნით.
საქართველოს რესპუბლიკის ხელმძღვანელობა მზად არის, თავის მხრივ, იყოს შუამავალი მეზობელ რესპუბლიკებს შორის მშვიდობიანი მოლაპარაკების გამართვის საქმეში და სთავაზობს ამიერკავკასიის რესპუბლიკების წარმომადგენელთ უმაღლესი დონის შეხვედრის მოწყობას თბილისში უახლოეს ხანს.
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია
თბილისი, 1991 წლის 30 მაისი
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის განცხადება / გამსახურდია ზ. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 1 ივნისი. - №109 (129). - 1გვ.
![]() |
20 დამყარდება კეთილმეზობლური ურთიერთობა |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას 1991 წლის 30 მაისის ინტერვიუ, რომელიც მან მისცა თურქეთის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიანი ცენტრალური გაზეთის „თურქიას“ რედაქტორს ევროპის დეპარტამენტის ხაზით ბატონ ბილალ ქოჩაკს და ეკონომიკურ მიმომხილველს ბატონ ენგილ სენოლს ამა წლის 30 მაისს
- ბატონო პრეზიდენტო, გაზეთ „თურქიას“ რედაქციის ყველა წევრის სახელით მაქვს პატივი მოგესალმოთ და მოგილოცოთ საქართველოს პრეზიდენტად არჩევა. ასეთი უზარმაზარი უპირატესობით გამარჯვება არჩევნებში შესანიშნავია. თქვენ ჭეშმარიტად სახალხო გმირი ბრძანდებით. ბევრი წამება და გაჭირვება გადაიტანეთ, არ შეშინდით საქართველოს თავისუფლებისათვის ბრძოლაში, დიდი გზა გამოიარეთ და ღირსეულ ადგილას მოხვედით. ჩვენ ეს გვსმენია თურქეთში და ახლა თვალნათლივ დავრწმუნდით. გმადლობთ, რომ მოიცალეთ და დაგვთანხმდით ინტერვიუზე. ვეცდებით დიდად არ მოგაბეზროთ თავი. გვინდა ჩვენი საუბარი ერთგვარად ნაწილებად დავყოთ: იგი შეეხება მსოფლიოს პოლიტიკურ სიტუაციას, საბჭოთა კავშირს და საქართველოს დღევანდელ დღეს. შარშან პარიზის ცნობილი შეხვედრის შემდეგ, სადაც 55 ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობა შეიყარა, საბოლოოდ შეწყდა „ცივი ომი“. კიდევ უფრო გამოიკვეთა პოლიტიკური შერბილების პროცესი. თქვენ როგორ აფასებთ მსოფლიოს დღევანდელ ვითარებას და საბჭოთა კავშირის პოზიციას?
- მართალია, დღეს ვითარება შეიცვალა. მსოფლიოს პროგრესული საზოგადოებრიობის ძალისხმევით საღმა აზრმა იმარჯვა. საბჭოთა კავშირი უფრო რეალისტური პოლიტიკის გზაზე დააყენეს (მაგალითად აღმოსავლეთ ევროპის სოციალისტური ბანაკის დაშლა, გერმანიის გაერთიანება და ა.შ.), მან შეწყვიტა „ცივი ომი“. ახლა ქვეყნის შიგნით წამოიწყო იმ რესპუბლიკების წინააღმდეგ, რომლებიც დამოუკიდებლობისათვის იბრძვიან. ეს „ცივი ომი“ ნამდვილ ომშიც კი გადაიზრდება ხოლმე კავშირის სხვადასხვა წერტილებში, რაც გამოიხატება საბჭოთა ჯარების თავდასხმებით რესპუბლიკებზე. უშუალო შეიარაღებული ჩარევის ნათელი მაგალითია ბალტიისპირეთის და კავკასიის რეგიონალური კონფლიქტები. მოსკოვი პირდაპირ აგრესიას მიმართავს საქართველოს წინააღმდეგ ჩრდილოეთ საქართველოში, ანუ ყოფილ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოლქში. გრძელდება მუქარა კანონიერად არჩეული პრეზიდენტის წინააღმდეგ. თუ ბრეჟნევის დოქტრინა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ძალით დამორჩილება და მათზე დიქტატი იყო, გორბაჩოვის დოქტრინა შინაკავშირის ქვეყნების ძალით დამორჩილებაა. აი, ასეთია დღეს საბჭოთა კავშირის პოლიტიკური კურსი. ცენტრის ძალები ცდილობენ სამხედრო ძალით ჩაახშონ დემოკრატია და დამონებული ერების სწრაფვა თავისუფლებისაკენ.
- როგორ ფიქრობს ბატონი პრეზიდენტი, ნუთუ უკან დაბრუნებას ნიშნავს ეს ყველაფერი?
- დიახ, უკან ტოტალიტარიზმისაკენ დაბრუნება სურთ, რისთვისაც თავგამოდებით იბრძვის ე.წ. საბჭოთა პარლამენტში საკმაოდ მძლავრი ფრაქცია „სოიუზი“. იგი სისხლიანი რეპრესიების მომხრეა დემოკრატიის, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წინააღმდეგ.
- 70 წლის განმავლობაში კომუნისტური რეჟიმით ცხოვრობდა ქვეყანა. თქვენ, ბატონო პრეზიდენტო, მთელი შეგნებული ცხოვრება იბრძოდით ამ რეჟიმის წინააღმდეგ. რა შეგიძლიათ გვითხრათ „კომუნიზმის“ შესახებ, რა არის ეს „კომუნიზმი“? საერთოდ, როგორ აღიქვამთ სიტყვა „კომუნიზმს“?
- როგორც ყოველგვარი სიცრუის და სიყალბის სიმბოლოს! რაც შეეხება თვითონ კომუნიზმის თეორიას, ეს არის უდიდესი საფრთხე კაცობრიობისათვის, მისი მომავლისათვის. „კომუნიზმი“ ნიშნავს ყოველგვარი დემოკრატიის, ყოველგვარი ეროვნული თვითგამორკვევის განადგურებას, იგი ანტიკულტურული და ანტიადამიანური, დემონური მოძღვრებაა.
დღეს კრემლი ინიღბება დემოკრატიული ლოზუნგებით, ვითომცდა „პერესტროიკით“ და „გლასნოსტით“, მაგრამ კვლავ იგივეს განაგრძობს, რასაც აკეთებდა წინა პერიოდის მთავრობა.
- ბოლო ექვსი წელია მთელი მსოფლიოს პრესა გორბაჩოვზე, „პერესტროიკაზე“ და „გლასტნოსტზე“ ლაპარაკობს და თქვენი აზრით, ეს მაინც „ნიღაბია“? და კიდევ, იგივე საბჭოთა პარლამენტში რუსი დემოკრატებიც ამბობენ, რომ კომუნიზმით რუსული შოვინიზმი ინიღბება და ბოგინობს. თქვენც ამას ბრძანებთ?
- სრული ჭეშმარიტებაა. რასაკვირველია - ნიღაბია. ვინაიდან მსოფლიოში კომუნისტურ იდეებს, ტოტალიტარიზმს საბოლოოდ გაუტყდა სახელი. ამიტომ მოიგონეს საბჭოთა წყობის ეს ახალი ფორმები „პერესტროიკა“ და „გლასტნოსტი“, რაც არაფერ სიკეთეს არ აძლევს დაპყრობილ ერებს. კრემლი ისევ აგრძელებს თავის შოვინისტურ და დამპყრობლურ პოლიტიკას და ისიც სწორია, რომ რუსული შოვინიზმის ნიღაბია ეს ყოველივე. დღეს ჯარები გერმანიიდან და ჩეხოსლოვაკიიდან მოჰყავთ ჩვენთან, ვითომდა ადგილი არა გვაქვს და რა ვქნათო. აღმოსავლეთი ევროპა დაკარგეს და ეხლა ეს ერები უნდათ შეინარჩუნონ მონებად. აი გორბაჩოვის დოქტრინის პრაქტიკული განხორციელება.
- გორბაჩოვსა და ელცინს თუ ადარებთ ერთმანეთს? ამბობენ, ელცინი გორბაჩოვის მიმდევარია, ოღონდ გაცილებით რეაქციულიო?
- ძალიან ძნელია ამის თქმა, სანამ ელცინი არჩევნებს არ დაამთავრებს, სანამ არ გაიმარჯვებს და არ გამოკვეთს თავის პოლიტიკურ კურსს, გორბაჩოვის პოლიტიკა კი, ეს იგივე ძველი ლენინურ-სტალინური იმპერიალისტური პოლიტიკაა, ოღონდ შელამაზებული ამ ე.წ. „პერესტროიკით“ და „გლასტნოსტით“, ვითომცდა უფრო დემოკრატიული სამოკავშირეო ხელშეკრულებით და ა.შ. საბჭოთა კავშირი მსოფლიოში უკანასკნელი იმპერიაა, რომელიც უკვე ირღვევა. ექვს რესპუბლიკას და მათ შორის გამოკვეთილად საქართველოსაც სურს თავისი დამოუკიდებლობის აღდგენა.
- შემდგომი მოვლენები როგორ გესახებათ?
- ახლა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, მსოფლიო როგორ დაეხმარება ამ რესპუბლიკებს, რამდენად სცნობს მათ მისწრაფებათა კანონიერებას, დამოუკიდებლობას.
- მოლდავეთში მოხდა ამ ექვსი რესპუბლიკის წარმომადგენელთა შეხვედრა. რას გვეტყოდით იქ მიღებულ გადაწყვეტილებებზე?
- დიახ, გაიმართა ამ ექვსი რესპუბლიკის ეროვნულ მოძრაობათა წარმომადგენლების შეხვედრა, გადაწყდა, რომ იყოს მოქმედებების მეტი კოორდინაცია, მეტი ურთიერთგაგება და დახმარება კოლონიური, იმპერიალისტური რეჟიმის აგრესიული პოლიტიკისაგან თავდაცვაში.
- ეს ექვსი რესპუბლიკა რაიმე ოფიციალური ხელშეკრულების დადებას ხომ არ აპირებს?
- ჯერ ამას წინ უნდა უსწრებდეს ექვსი რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რასაც შედეგად უნდა მოჰყვეს შეხვედრა უმაღლეს დონეზე.
- ეს ბლოკი, თქვენი აზრით, კრემლის წინააღმდეგ საბრძოლველად შეიქმნება?
- საბრძოლველად - არა. თავდაცვისათვის - კი. მოსკოვის აგრესიის წინააღმდეგ კავშირურთიერთობა იქნება კულტურულიც, ეკონომიკურიც, ის კი არა, როცა გავალთ, საბჭოთა კავშირთანაც გვინდა გვქონდეს კარგი ურთიერთობა.
- 7 წამყვან კაპიტალისტურ ქვეყანას სურს ვალუტით (ლაპარაკია მილიარდობით დოლარზე) დაეხმაროს გორბაჩოვს. ნუთუ ასეთ მძიმე მდგომარეობაშია დღეს საბჭოთა ეკონომიკა?
- ძალიან მძიმე ვითარებაა. და ეს იმიტომ, რომ საბჭოთა კავშირი არ ანებებს თავს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის გაძლიერების ცდებს. კვლავაც უნდა, რომ წამყვანი მილიტარისტული ქვეყანა იყოს. სამხედრო ძალის მეშვეობით ჰქონდეს ჰეგემონია მსოფლიოში. ეს მილიარდებიც სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის შენარჩუნებისათვის უნდათ, თან ხალხის ეკონომიკური მდგომარეობაც კატასტროფულად რომ არ დაეცეს და შეინარჩუნოს შინაგანი სტაბილიზაცია.
- წითელ არმიას და სუკ-ს იგივე ძალა აქვთ, რაც უწინ?
- არმიას რასაკვირველია აქვს, სუკი კი პოლიტიკურ ცხოვრებაში ისე აშკარად და აქტიურად ვეღარ ერევა, უფრო სწორად, ღიად, ვეღარ ერევა, თუმცა, რა თქმა უნდა, მძლავრ ფაქტორს წარმოადგენს ტოტალიტარიზმის შენარჩუნებისათვის ბრძოლაში.
- ისევ საქართველოს მინდა დავუბრუნდეთ. შეგიძლიათ თუ არა დაასახელოთ თარიღი, როდის განთავისუფლდება საქართველო?
- ასეთი თარიღის დასახელება შეუძლებელია, მაგრამ ყველაფერი დამოკიდებულია 9+1 რესპუბლიკის მიერ სამოკავშირეო ხელშეკრულების ხელმოწერაზე, ხელმოწერის თარიღზე. მათ პოზიციაზე ექვსი „ურჩი“ რესპუბლიკის მიმართ.
- ბატონო პრეზიდენტო, როგორი მმართველობითი და ეკონომიკური სისტემა გსურთ დღეს საქართველოში?
- მხოლოდ დემოკრატიული. საქართველო საპრეზიდენტო რესპუბლიკაა. ის კიდევ დაიხვეწება. საქართველოს ჰყავს მრავალპარტიული პარლამენტი, რომელიც აქტიურ როლს ასრულებს. მათში 10 პარტიის წარმომადგენლები არიან გაერთიანებული.
- კომუნისტური პარტიაც?
- დიახ, მაგრამ ამ პარტიას არავითარი პოლიტიკური ძალა აღარ გაააჩნია. ხალხმა ზურგი შეაქცია მას.
- თურქეთი, მოგეხსენებათ, საქართველოს მეზობელი ქვეყანაა. იგი 10 წელია გადავიდა თავისუფალ საბაზრო-ეკონომიკურ სისტემაზე. ჩვენი აზრით, სწორედ დღეს, როდესაც იწყება საქართველოს ბრძოლის ახალი ეტაპი თავისუფლებისათვის, ეკონომიკური დამოუკიდებლობისათვის, ჩვენ კი ვიცით, რას ნიშნავს თავისუფალი საბაზრო-ეკონომიკურ სისტემაზე გადასვლა, რაკი თვითონ გავიარეთ დაახლოებით ასეთივე გარდამავალი რთული ეტაპი დემოკრატიზაციის გზაზე, როგორ უყურებთ მეზობელ თურქეთს და რას მოელით სასიკეთოს მისგან? შეიძლება თურქეთი თქვენთვის ევროპაში გასასვლელი კარი გახდეს?
- ეს ნამდვილად ასეც უნდა იყოს. მეზობელი ქვეყნები ვართ ტრადიციულად მეგობრობით დაკავშირებულნი და ჩვენს შორის საუკეთესო ურთიერთობა ყველა დონეზე უნდა აღდგეს. მოსკოვის იმპერიული ძალები ყველანაირად ცდილობენ, რომ ხელი შეუშალონ ჩვენს სახელმწიფოებს შორის კეთილ-მეზობლური ურთიერთობის დამყარებას, რისთვისაც ყოველგვარ დეზინფორმაციას ავრცელებენ როგორც აქ, ასევე თურქეთში, მაგრამ რამდენადაც თურქეთს ვთვლით ევროპულ სახელმწიფოდ, ჰელსინკის ხელშეკრულებაზე ხელმომწერ ქვეყნად, ამდენად იგი საიმედო პარტნიორად მიგვაჩნია.
- ისარგებლებთ თუ არა თურქეთის გამოცდილებით თავისუფალ საბაზრო ეკონომიკურ სისტემაზე გადასასვლელად?
- რასაკვირველია. აუცილებლად მოვიწვევთ ექსპერტებს.
- თუ არ ვცდები, ამ ცოტა ხნის წინ თქვენთან ჩამოვიდა თურქეთის ელჩი სსრკ-ში?
- დიახ, გვეწვია. ჩვენ საუბარი გვქონდა მომავალი ურთიერთობების განვითარებაზე ყველა დონეზე.
- გყავთ თუ არა კადრები და არის თუ არა ბაზისი, რათა თავისუფალ საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა შედარებით უმტკივნეულოდ მოხდეს?
- ალბათ ცოტა გაგვიჭიანურდება ეს პროცესი, ვინაიდან სანამ მთლიანად არ გამოვეყოფით საბჭოთა კავშირს, სრული ეკონომიკური დამოუკიდებლობა გაგვიჭირდება. მოგეხსენებათ ჯერ კიდევ ნაწილი ვართ მთელი საკავშირო ეკონომიკური სისტემისა. ამ გზაზე თურქეთის მხრივ უდიდესი დახმარება იქნებოდა საქართველოს რესპუბლიკის დიპლომატიური ცნობა და ჩვენთან დიპლომატიური ურთიერთობის დამყარება.
- უცხოურ კაპიტალდაბანდებაზე რას ფიქრობთ?
- რასაკვირველია ინვესტიციებს ფართოდ გავუღებთ კარს. ცხადია გარკვეული საიმედოობის გარანტიით, კანონიერად, სახელმწიფო კონტროლის შენარჩუნებით.
- საქართველოში ხშირად ვაწყდებოდით ამერიკულ დროშებს. რა ურთიერთობა გაქვთ ამ სახელმწიფოსთან, თუ იღებთ მისგან რაიმე დახმარებას?
- კარგი ურთიერთობა გვაქვს. სწორედ ამ დღეებში მიმდინარეობს მოლაპარაკება ჯორჯ ბუშთან ჩემს მომავალ შეხვედრაზე ვაშინგტონში. მალე გაირკვევა, საბოლოოდ რა პოზიციას დაადგება ჩვენს საკითხში ამერიკის ადმინისტრაცია. ამერიკის კონგრესი ძალზე მეგობრულად არის საქართველოს მიმართ განწყობილი, ხშირად იხილავენ ჩვენს საკითხს, მალე კონგრესმენთა დელეგაციაც გვეწვევა.
- მატერიალურად თუ დაგეხმარნენ?
- არც ისე საგრძნობლად, მაგრამ გარკვეული ეკონომიკური ურთიერთობა გვაქვს.
- მსოფლიოში ორი სისტემაა - კაპიტალისტური და სოციალისტური. რომელს აძლევთ უპირატესობას?
- ჩვენი მიზანია ავაღორძინოთ კაპიტალისტური წყობილება, ოღონდ სახელმწიფოს გარკვეული კონტროლის შენარჩუნებით.
- ნატოს წევრობას თუ ფიქრობთ?
- ჯერ ეს არ გადაგვიწყვეტია. მომავალი გვიჩვენებს.
- როგორ დაიცავს საქართველო თავს?
- ფორმირების პროცესშია ქართული ჯარი. ჩვენ გვინდა სამხედრო მეგობრული ურთიერთობა დავამყაროთ მეზობელ ქვეყნებთან.
- საბჭოთა არმიაში თუ მსახურობენ ქართველები?
- ჩვენი კანონით გავაუქმეთ საკავშირო კანონი, რომელიც აუცილებელს ხდიდა საბჭოთა არმიაში ქართველი ჭაბუკების გაწვევას. ისინი ახლა ქართულ გვარდიაში იხდიან სამხედრო სავალდებულო სამსახურს.
- თქვენს საუბარში ახსენეთ რეგიონალური კონფლიქტები. აჭარაზე მინდა გკითხოთ. ათასგვარი ჭორები და ხმებია დარხეული. აქ 400 ათასი მაჰმადიანი ცხოვრობს. თითქოს მათ უკრძალავენ მუსულმანურ სარწმუნოებას, ბავშვებისათვის მუსულმანური სახელების დარქმევას, ქართულად არა აქვთ ყურანი, შევიწროვებულებივით არიან. დემოკრატიული რეჟიმის პირობებში აპირებთ თუ არა ამ მხრივ მაჰმადიანთა მხარდაჭერას?
- სწორი ინფორმაცია არა გქონიათ. ჯერ ერთი, რაოდენობაც ძლიერ გაბერილია, თანაც ხნიერი ადამიანები მისდევენ უმეტესად ამ სარწმუნოებას. მათთვის გარანტირებულია ყველა უფლება, აქვთ მეჩეთები. არავინ დევნის, არავინ უშლის რწმენას, ძალიან ბევრს ჰქვია აჭარაში მუსულმანური სახელი, არსებობს მაჰმადიანთა საზოგადოება და ა.შ. კარგი პირადი ურთიერთობა მაქვს ბათუმის ყადისთან. ყურანი ქართულად არსებობს და მათთვის მისაწვდომია. მუსულმანთა შევიწროება კომუნისტების დროს შეიძლება იყო, ახლა აღარ! მაგრამ ჩვენ აგრეთვე წინააღმდეგი ვართ ქრისტიანთა შევიწროებისა მუსულმანთა მხრივ.
- თურქეთის პრეზიდენტმა ბატონმა თურგუთ ოზალმა წამოაყენა შავიზღვისპირეთის სახელმწიფოთა ეკონომიკური კავშირის წინადადება, ჯერჯერობით თეორიულად, საქართველოც ფიგურირებს ამ წინადადებაში.
- ჩვენ მოგვწონს ეს და აქტიურ მონაწილეობასაც მივიღებთ წინადადების შემუშავებაში. მით უმეტეს, რომ ახლა ძალზე მწვავედ დგას შავი ზღვის ეკოლოგიის პრობლემა, საერთოდ გვინდა თურქეთში წარმომადგენლობის გახსნა. ვნახოთ, დრო გვიჩვენებს. ბევრ ქვეყანას სურს ჩვენთან მჭიდრო ეკონომიკური და კულტურული თანამეგობრობა, მაგრამ ჯერჯერობით მოსკოვთან ურთიერთობის გაფუჭებას ერიდებიან.
- და ბოლოს, ხომ არ მიმართავდით თურქ ხალხს, როგორც საქართველოს პრეზიდენტი?
- თურქეთის ხალხს მინდა ვუსურვო ყოველივე საუკეთესო, და გამოვთქვა რწმენა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის სანიმუშო კეთილმეზობლური ურთიერთობა დამყარდება. იმედი გვაქვს თურქი ხალხი დაგვეხმარება, რომ თქვენმა სახელმწიფომ დიპლომატიურად ცნოს საქართველოს რესპუბლიკა.
- ბატონო პრეზიდენტო, დიდ მადლობას მოგახსენებთ ინტერვიუსათვის, რომელიც ჩვენი გაზეთის პირველ გვერდზე დაიბეჭდება. გისურვებთ ბედნიერებას და მშვიდობას პირადად თქვენ და თქვენს სამშობლოს.
ინტერვიუ იბეჭდება მცირეოდენი შემოკლებით
პუბლიკაცია მოამზადა ზაზა დარასელმა
„დამყარდება კეთილმეზობლური ურთიერთობა“ : ინტერვიუ გაზეთ „თურქიას“ რედაქტორს / გამსახურდია ზ. ; [ჩაიწერა] ბილალ ქოჩაკმა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 18 აპრილი. - №112 (132). - 7 ივნისი. - 1 გვ.
![]() |
21 საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გამოსვლა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს სესიაზე 1991 წლის 7 ივნისს |
▲ზევით დაბრუნება |
პატივცემულო დეპუტატებო, პატივცემულო სტუმრებო,
ძვირფასო მეგობრებო!
დღეს მოგმართავთ, ვითარცა თანამემამულეთა მიერ არჩეული პრეზიდენტი საქართველოსი. ვიდრე სრულად გავისიგრძეგანებდეთ იმ მდგომარეობას, რომელშიც აღმოვჩნდით დღეს, ესოდენ ცვალებად და დაძაბულ ეპოქაში, უწინარეს ყოვლისა, მსურს მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ხმა მომცა და მხარი დამიჭირა ამ არჩევნებში. მსურს აგრეთვე თქვენი ყურადღება მივაპყრო უდიდეს მნიშვნელობას საერთო სახალხო არჩევნებისას. 28 ოქტომბრის შემდეგ განვლილი პერიოდი გახლდათ ურთულესი გამოცდა როგორც ხალხის, ისე მის მიერ არჩეული ხელისუფლებისა და მთავრობისათვის. ვინაიდან მძიმე და ეკლიანია თავისუფლებისაკენ მიმავალი გზა. მით უმეტეს, ძნელია ამ გზაზე ყოველდღიური სიარული. როდესაც გაივლის პირველი ენთუზიაზმი, გამოჩნდებიან პირველი და სამწუხაროდ, არა უკანასკნელი შეცდომილნი და გზააბნეულნი, როდესაც ფიზიკური შეზღუდულობა ადამიანისა, ამქვეყნიური ხორცისმიერი პრობლემები თითქოსდა შურს იძიებენ შინაგანად უკვე თავისუფალ ერზე. უნდა ვაღიაროთ, რომ ოცნება თავისუფლებაზე, სტიქიური მოქმედება მისი სახელით შეუდარებლად უფრო იოლი იყო, ვიდრე სახელმწიფო პოლიტიკის რანგში აყვანილი, რეალურ სამუშაოდ ქცეული ეროვნული აღორძინება. მოგეხსენებათ, პრეზიდენტის ძალაუფლების კანონიერება უეჭველი იყო პარლამენტის მიერ ჩემი არჩევის დროსაც, არავითარი იურიდიული საჭიროება არ არსებობდა საერთო სახალხო არჩევნების მოსაწყობად და მაინც, ხელისუფლება ვალდებული იყო შეემოწმებინა ხალხის შინაგანი მზაობა თავისუფლებისათვის, რადგან არ შეიძლება ოდენ გარეგანად მივანიჭოთ ხალხს იგი. პოლიტიკურ ინსტიტუტებს შეუძლიათ მხოლოდ ხელი შეუწყონ ხალხის ნების გამოვლენას, მისცენ მას სწორი კალაპოტი, ძალადობით აქ ფონს ვერ გავალთ. სწორედ ამიტომ, ნებისმიერი ტოტალიტარული სისტემა ისტორიულად განწირული გახლავთ. დღეს, უკვე გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ ურყევია ქართველი ერის ნება დააღწიოს თავი იმპერიულ ბორკილებს. იგი თანმიმდევრულად და პრინციპულად ადგას ამ გზას. ეს არ გახლავთ მოულოდნელი. ჩვენ ვდგავართ საქართველოს ისტორიის გზის გასაყარზე, სადაც ქართველი კაცი კიდევ ერთხელ ამბობს უარს ამქვეყნიურ, ფიზიკურ კეთილდღეობაზე, სულისმიერი, ეროვნული აღორძინების სახელით. აღორძინება კი განახლებისა და საკუთარი ჭეშმარიტი მეობისაკენ დაბრუნებას ნიშნავს. მხოლოდ ღვთის შეწევნით და თითოეული ჩვენგანის თავდაუზოგავი საქმიანობით შეიძლება მივაღწიოთ მას. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ გადამწყვეტ მომენტში ქართველთა გვერდით დადგა არაქართველი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი. ამას ჩვენი ერი არასოდეს დაივიწყებს. უპრეცედენტო ანტიქართული პროპაგანდის პირობებში ჩატარებულმა არჩევნებმა მსოფლიოს წინაშე დაამტკიცა, რომ საქართველოში მცხოვრებ ყველა ეროვნების წარმომადგენელს გააჩნია არა მხოლოდ საერთაშორისო სამართლით აღიარებული ყველა უფლება, არამედ არსებობისათვის ესოდენ აუცილებელი კულტურული სივრცეც, რომლის გარეშეც ვერც ერთი ეროვნული უმცირესობა ვერ იარსებებს და რომლის გარანტირება არ შეუძლია არც ერთ დაწერილ კანონს. საპრეზიდენტო წინასაარჩევნო კამპანიამ და არჩევნებმა კიდევ ერთხელ მკაფიოდ წარმოაჩინა ახლად ჩამოყალიბებული ეროვნული ხელისუფლების მაღალი ავტორიტეტი. ამ არჩევნებმა გამოხატა ქართველი ერის, საქართველოს მთელი მოსახლეობის ნებისა და პოლიტიკური გეზის ჭეშმარიტი ერთიანობა. საპრეზიდენტო არჩევნებში მოპოვებული შთამბეჭდავი გამარჯვებების ერთ-ერთი საწინდარი გახდა ხალხის საყოველთაო მხარდაჭერა იმ ძირეული რეფორმებისადმი, რომელთაც არჩევნებისთანავე ახორციელებენ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო და მთავრობა. დამოუკიდებლობისაკენ მავალ საქართველოსა და საბჭოთა კავშირს შორის არსებული მწვავე და პოლიტიკური კონფრონტაცია, მისგან გამოწვეული მძიმე სოციალ-პოლიტიკური მდგომარეობის მიუხედავად უაღრესად მოკლე ვადაში ეროვნულმა ხელისუფლებამ განახორციელა რადიკალური საშინაო რეფორმა. ამ რეფორმის პოლიტიკური მიზანი იყო საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს აღდგენა და საბჭოების სანაცვლოდ მმართველობის დემოკრატიული სტრუქტურების ჩამოყალიბება. ხალხის მხარდაჭერა დასტურია იმისა, რომ უზენაესმა საბჭომ ამ მიმართულებით პრინციპულად სწორად წარმართა საქმიანობა. მის მიერ განხორციელებული იქნა სახელმწიფო მმართველობის სამართლებრივი სისტემის ეროვნულ-სახელმწიფოებრივი მოწყობის რეფორმირება. საფუძველი ჩაეყარა ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის დამოუკიდებელი სტრუქტურების ჩამოყალიბებას და რაც მთავარია, რეფერენდუმში ხალხის უპრეცედენტო მხარდაჭერის შედეგად, სამართლებრივი აქტით აღდგენილ იქნა საქართველოს სახელმწიფოებრიობა.
1991 წლის 31 მარტი და 9 აპრილი ქართველი ერის და ეროვნული ხელისუფლების უდიდესი გამარჯვებაა. ეროვნულმა ხელისუფლებამ, გატარებული მნიშვნელვანი ცვლილებების, მრავალპარტიულობის იურიდიული და ფაქტობრივი დამკვიდრების, მთავრობის რეორგანიზაციის, ადგილობრივი მმართველობის ინსტიტუტების - საკრებულოების და პრეფექტების შემოღების, პრეზიდენტის ინსტიტუტის დაწესების შედეგად, საპრეზიდენტო რესპუბლიკის სახით დაამკვიდრა დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა. ეროვნულმა ხელისუფლებამ რეალური პერსპექტივა შეუქმნა საქართველოს თავდაცვის სისტემის ფორმირებას. 1991 წლის 26 აპრილს, სამშობლოს ერთგულების ფიცი დასდეს ეროვნული გვარდიის პირველმა შენაერთებმა. ეროვნული ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმების შედეგად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით იურიდიულად დასრულდა გარდამავალი პერიოდი და შეიქმნა რეალური წინაპირობა მისი ფაქტობრივი ასრულებისთვისაც. ქართველი ერის ისტორია, საქართველოს სახელმწიფოებრიობის ისტორია, ქართული კულტურა და ტრადიციული ღირებულებანი, ეს არის ჩვენი წარსული, ეს არის ჩვენი სიამაყე. თავისუფლებისა და დემოკრატიისათვის მებრძოლი ხალხი, რელიგიური მსოფლხედვის და ეროვნული ცნობიერების აღორძინების საზოგადოება - ეს არის ჩვენი აწმყო, ჩვენი ბრძოლის შედეგი. მივიღეთ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი და ამრიგად, წარვსდექით მსოფლიოს ერთა წინაშე. საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო აღიარება, მსოფლიოს ერთა თანაარსებობის ევროპული და კავკასიური უსაფრთხოების პრობლემაა. საქართველოს საერთაშორისო ცნობის პროცესი არის დაკავშირებული გლობალურ პოლიტიკურ ცვლილებებთან. ფაქტობრივად დამთავრდა ცივი ომი დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის. სულ უფრო მეტ მხარდაჭერას იძენს თანასწორუფლებიანი თანამშრომლობის იდეები. ამის ნათელი დადასტურებაა ევროპის გაერთიანებული ქვეყნების კავშირურთიერთობანი, ინიციატივა, ამერიკის კონტინენტის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის თაობაზე განცხადებულია ახალი პოლიტიკური აზროვნებისა და მსოფლიოს ახალი წესების პრინციპები. ზემოთქმულიდან გამომდინარე ვთვლით, რომ ქართველი ერის უფლებას და ურყევ ნებას - იცხოვროს დამოუკიდებელ სახელმწიფოში, ექნება მსოფლიოს დემოკრატიული სახელმწიფოების თანადგომა. საქართველოს რესპუბლიკა მსოფლიოს სახელმწიფოებთან ურთიერთობას ააგებს თანასწორუფლებიანობის, ურთიერთპატივისცემის, ურთიერთხელსაყრელობის და ურთიერთსარგებლიანობის პრინციპებზე. საქართველოს რესპუბლიკა შეუერთდება უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო შეთანხმებებს ერთიანი, მშვიდობიანი თანაარსებობის ყველა სფეროში. ჩვენ, არაერთგზის განგვიცხადებია და ახლაც ვადასტურებთ, რომ სსრკ-თან ურთიერთობის მოგვარება უმნიშვნელოვანესია საქართველოსათვის. ეს, ერთის მხრივ, განპირობებულია საქართველოს რეალური სამართლებრივი სტატუსით, ხოლო მეორე მხრივ საქართველოსა და სსრკ-ს, როგორც ორი მეზობელი სახელმწიფოს დღევანდელი ურთიერთობით. სსრკ-ს შემადგენლობაში მყოფმა 9 რესპუბლიკამ ფაქტობრივად განსაზღვრა თავისი მომავალი სახელმწიფოებრივი არსებობა რესპუბლიკათა კავშირის სახელით. ეს არის მათი ნება და უფლება. აშკარად გამოხატულია აგრეთვე დანარჩენი 6 რესპუბლიკის სწრაფვა დამოუკიდებლობისაკენ. ამის ერთ-ერთი დადასტურებაა სულ ახლახანს, კიშინიოვის ფორუმზე მიღებული დოკუმენტები. ეს და სხვა პოლიტიკური პროცესები გვაძლევს იმედს, რომ შესაძლებელია ჩატარდეს თანასწორუფლებიანი მოლაპარაკება საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის სამართალმემკვიდრე სახელმწიფოსა და საბჭოთა კავშირის მიერ ოკუპირებულ, ანექსირებულ და არასამართლებრივად ინკორპორირებულ სახელმწიფოთა შორის. მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ამ მოლაპარაკების პროცესში, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა ჩართვაც: ამ ინიციატივის წარმატებით განხორციელება, ჩვენის აზრით, უზრუნველყოფს მსოფლიოს დიდ ნაწილზე მშვიდობისა და დემოკრატიის საბოლოო დამკვიდრებას, პოლიტიკურ და ეკონომიკურ სტაბილიზაციას. ჩვენის აზრით, ეს არის ერთადერთი გზა იმ გლობალური პრობლემების გადაწყვეტისა, რომელიც დგას მსოფლიოს წინაშე 70 წლის მანძილზე. ყოველივე ეს, შესაძლოა გახდეს გორბაჩოვისეული „პერესტროიკის“ პოლიტიკისა და დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი რესპუბლიკების მიზანთა ურთიერთშეხების წერტილიც. ჩვენს მეზობლებთან, სახელმწიფოთა შორის სამთავრობათაშორისო დონეზე ურთიერთობის განსაზღვრა დაემყარება არსებული საზღვრების ხელშეუხებლობის პრინციპს, მეგობრობისა და კეთილმეზობლობის საერთაშორისოდ აღიარებულ ნორმებს. საქართველოს ხელისუფლება და ქართველი ერი, ვერ იქნება გულგრილი ჩვენი ისტორიული მეზობლების - სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის არსებული კონფლიქტის მიმართ. ყარაბახის პრობლემა კავკასიელთა სატკივარია და მისი მშვიდობიანი მოგვარებისათვის საქართველოს რესპუბლიკამ უკვე იკისრა შუამავლის როლი. ქართველ ერსა და ქართველ სახელმწიფოს ტრადიციულად ჰქონდა კავკასიის რეგიონში მასტაბილიზირებელი როლი პოლიტიკური, ეროვნებათაშორისო და სხვა პრობლემების თვალსაზრისით და ყოველთვის ღირსეულად ართმევდა მას თავს. ამ ფუნქციის ღირსეულად შესრულებას საქართველო უფრო მეტად შესძლებს საშინაო ვითარების შემდგომი სტაბილიზირების შემთხვევაში, როდესაც საბოლოოდ ჩამოყალიბდება მისი პოლიტიკური სისტემა და და გაირკევევა მისი ეროვნულ-ტერიტორიული მოწყობა. ამავე დროს მოხდება სამაჩაბლოს კონფლიქტის მოწესრიგება, რისთვისაც აგრეთვე აუცილებელია საქართველოსა და სსრკ-ს შორის ურთიერთობის ნორმალიზაცია და საქართველოს დიპლომატიური ცნობა უცხოეთის სახელმწიფოთა მიერ, საქართველოს მიღება გაეროს წევრად, რასაც დააჩქარებს ცენტრთან ჩვენი მოლაპარაკება. სახელმწიფო მოწყობას საფუძვლად უნდა დაედოს მმართველობისა და თვითმმართველობის ისეთი პოლიტიკური პრინციპები, რომლებიც გამორიცხავენ სახელმწიფოსა და მისი შემადგენელი ნაწილების დაპირისპირებას, დაიცავენ სახელმწიფოს ერთიანობას და ხელს შეუწყობენ რესპუბლიკის სტრუქტურულ ერთეულთა ინტერესების დაცვას. ეროვნულ-სახელმწიფოებრივი მოწყობის ერთ-ერთი აუცილებელი საფუძველი უნდა იყოს, აფხაზების, როგორც საქართველოს მკვიდრი ერის პოლიტიკურ უფლებათა აღიარება, ტრადიციული ქართულ-აფხაზური მეგობრობა. აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია. იგი სამშობლოა როგორც ქართველთა, ისე აფხაზთა. საქართველოს რესპუბლიკის მიერ კონსტიტუციურად გარანტირებული იქნება აფხაზეთის პოლიტიკური ავტონომია და აფხაზთა ეროვნული უფლებების ხელშეუხებლობა.
საქართველოს დამოუკიდებლობის რეალურ აღდგენასთან ერთად, უნდა აღდგეს ტრადიციული ურთიერთობა აფხაზთა და ქართველთა შორის. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მომავალს განსაზღვრავს თავად აჭარის მოსახლეობა. ეროვნულ სახელმწიფოებრივი მოწყობა ისევე, როგორც მთელი პოლიტიკური სისტემა, უნდა განისაზღვროს სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებით. ეროვნულ-სამართლებრივი სისტემა უნდა დაეფუძნოს ქართულ სამართლებრივ კულტურასა და ტრადიციებს, რომელთა საფუძველზეც და საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით, აღორძინდება ეროვნული კანონმდებლობა. აღდგება სამართლის სუვერენიტეტი, რომელიც შესაბამის საზღვრებსა და პროცესუალურ ფორმებში მოაქცევს სახელმწიფო აპარატის ფაქტობრივ შესაძლებლობებს, უზრუნველყოფს სახელმწიფოსა და პიროვნების სამართლებრივ ურთიერთკავშირს. პოლიტიკურ და სამართლებრივ რეფორმათა გატარებამ უნდა უზრუნველყოს სამართლებრივი სახელმწიფოს აშენება, რაც გულისხმობს კანონის უზენაესობის და ავტორიტეტის დამკვიდრებას, სახელმწიფო ხელისუფლებასა და მოქალაქეთა შორის ურთიერთობის სამართლებრივი ფორმის ჩამოყალიბებასა და განმტკიცებას, სამართლებრივი ნიჰილიზმის შეცვლას სამართლებრივი რწმენით, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა პიროვნების ხელშეუხებლობის გარანტიების შექმნას, რომლის დაცვა და პატივისცემა სავალდებულოა ხელისუფალთათვის, რამეთუ სახელმწიფოს უპირველესი მიზანია მის მოქალაქეთა ღირსეული არსებობის პირობები. აუცილებელია, რომ საზოგადოებრივი, პოლიტიკური და სახელმწიფო ცხოვრების ყველა სუბიექტის სამართლებრივი მდგომარეობა და ურთიერთმიმართება განისაზღვროს სამართლებრივი კანონებით და უზრუნველყოფილი იქნას სახელმწიფო გარანტიებით. სამართლებრივი რეფორმის განხორციელების აუცილებელი წინაპირობაა სახელმწიფო ხელისუფლების დანაწილება: საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ორგანოთა ურთიერთგამიჯვნა. ეს გამორიცხავს ხელისუფლების მონოპოლიზაციას, უზრუნველყოფს სახელმწიფო ხელისუფლების მთელი სისტემის შესაბამისობას სამართლის მოთხოვნებთან და მათ თანმიმდევრულ ასრულებას. სამართლებრივი სახელმწიფოს დამკვიდრების გზაზე, საჭიროა უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს უზენაესობის უზრუნველყოფა. ეს უზენაესი წარმომადგენლობითი ორგანო, როგორც ეროვნული სუვერენიტეტის გამომხატველი, გამოდის არა როგორც უბრალო საკანონმდებლო, არამედ არსებითად დამფუძნებელი ორგანოს სახით, რომელიც ადგენს სამართლებრივი სახელმწიფოებრიობის ინსტიტუტებს, ნორმებსა და პროცედურების სისტემას. ამ გზით იგი უნდა იქცეს სამართლებრივი სახელმწიფოს დაფუძნებისა და მისი რეალური ფუნქციების სუვერენულ ხელისუფლებრივ გარანტად. საქართველოს სახელმწიფოს არსებობის ისტორია ცხადყოფს ეროვნული თავდაცვის სისტემის აუცილებლობას. ტრადიციულად, ცნობილია ქართველთა მხედრული შემართება და მებრძოლი სული. დღეს საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლების და მოსახლეობის ერთიანი ძალისხმევით შეიქმნა ეროვნული არმიის ჩამოყალიბების პერსპექტივაც. საქართველოს სამხედრო დოქტრინა თავდაცვითი ხასიათისაა. პირველ რიგში, იგი გაითვალისწინებს საერთო ევროპული უსაფრთხოების სისტემის შექმნისათვის ხელშეწყობას. ეს არის საქართველოს შეიარაღებული ძალების არსებობისა და მათი სტატუსის ძირითადი პრინციპი. ეროვნული დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის, კონსტიტუციური წყობის გარანტიების დაცვა, ეროვნული უშიშროების სამსახურის და საქართველოს შეიარაღებული ძალების უპირველესი ამოცანაა. საქართველოში, როგორც მართლმადიდებელ ქრისტიანულ ქვეყანაში ტრადიციული იყო კავშირი ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის. ქართველთა ცხოველი მორწმუნეობა განსაზღვრავდა მტრულ გარემოცვაში საქართველოს სახელმწიფოს მრავალსაუკუნოვან არსებობას. სახელმწიფო კი, თავის მხრივ, ყოველნაირად უწყობდა ხელს ეკლესიის სამოციქულო მოღვაწეობას. საქართველოს სახელმწიფოებრივი აღორძინება, მისი დამოუკიდებლობის აღდგენა ვერ მოხერხდება ქართველთათვის ნიშნეული ცხოველი მორწმუნეობის გარეშე. ამას ადასტურებს საქართველოს წარსულიცა და აწმყოც. სწორედ ამიტომ, ჭეშმარიტად ქართული ეროვნული მოძრაობა მჭიდროდ იყო და არის დაკავშირებული რელიგიურ ცნობიერებასთან, ეკლესიის წიაღთან. დღევანდელი მოძრაობა თავისი შინაგანი არსით ეროვნულ-რელიგიური მოძრაობაა, რამდენადაც იგი არ გულისხმობს მხოლოდ ეროვნული პოლიტიკური მიზნების განხორციელებას, არამედ ითვალისწინებს ზნეობრივ აღორძინებას და ქრისტიანულ რწმენასა და ცნობიერებაზე დამყარებით. ეროვნული ხელისუფლება იღვაწებს ეკლესიისა და სახელმწიფოს შორის ტრადიციული ერთობის აღსადგენად. ამ ერთობის არსი შემდგომში მდგომარეობს - ეროვნული სახელმწიფოს ავტორიტეტი უნდა დაემყაროს არა მარტო ხელისუფლების სოციალურ-პოლიტიკურ განსაზღვრულობას, არამედ უმეტესწილად ქრისტიანულ-ზნეობრივ საწყისებს. სახელმწიფოს დამოკიდებულება ეკლესიისადმი უნდა დაეფუძნოს ეკლესიის რელიგიურ-ზნეობრივი ავტორიტეტის უზენაესობასა და ეკლესიის განსაკუთრებული სოციალური ფუნქციის აღიარებას. ეკლესიის სამოციქულო მოღვაწეობის სულიერი ბუნება თავისთავად გამორიცხავს მის უშუალო მონაწილეობას ქვეყნის პოლიტიკურ სისტემაში, მაგრამ პოლიტიკური სისტემიდან ეკლესიის გამოყოფა არ უნდა ნიშნავდეს სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთგათიშვას. სახელმწიფო და ეკლესია არ უნდა ერეოდნენ ურთიერთის საქმეში. მათ ერთობლივად უნდა უზრუნველყონ საერო და საეკლესიო ცხოვრების მთლიანობა. ჩვენ მომხრენი ვართ არა სახელმწიფოსა და ეკლესიის, ეკლესიისა და სკოლის ურთიერთგამოჯვნისა, არამედ მათი ბუნებრივი კავშირისა, რომელიც იმავდროულად პოლიტიკური სისტემისა და ეკლესიის ურთიერთდამოკიდებულებასაც ემყარება. სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენასთან ერთად მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად უნდა იქცეს. ამ პრინციპებიდან გამომდინარე, ქართულმა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ეკლესიის უფლება, იყოს საერო ცხოვრების აქტიური მონაწილე. სახელმწიფომ უნდა დაიცვას საეკლესიო ქონება, ხელი შეუწყოს ეკლესიას ტრადიციულ სამონასტრო მშენებლობაში. სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, რათა ეკლესიამ მიიღოს საჭირო მატერიალური დახმარება. საგანმანათლებლო საქმიანობის, ტაძრების მშენებლობისა და შეკეთებისათვის უნდა აღდგეს საეკლესიო საკუთრება მიწაზე. მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად აღიარება არ ხელყოფს სხვა რელიგიების აღმსარებელთა, აგრეთვე ათეისტთა მოქალაქეობრივ უფლებებს. სახელმწიფოს მიერ გარანტირებული იქნება სინდისის თავისუფლება და თითოეულ პიროვნებას მიეცემა თავისუფლება იყოს აღმსარებელი იმ სარწმუნოებისა, რომელსაც თავად აღიარებს. მოქალაქეთა უფლებები არ შეიზღუდება რელიგიური ნიშნით.
საქართველოს სახელმწიფო კვლავაც ერთგული დარჩება ტრადიციული რელიგიური შემწყნარებლობისა. საბჭოთა ხელისუფლების აგების ძირითადმა პრინციპმა, მონოპოლიზმმა, თავსმოხვეულმა ეკონომიკურმა სისტემამ, ქართველი კაცისთვის უცხო, არატრადიციულმა წარმოებითმა ურთიერთობებმა დავიწყებას მისცა საუკუნეებით გამომუშავებული და მის ეთნოფსიქიკაზე დაფუძნებული სამეურნეო სისტემა. ყოველივე ამან, გამოიწვია ეკონომიკის მოშლა, მეურნეობის მართვის გაუარესება, ეკონომიკური მიზანშეწონილობისათვის ძირის გამოთხრა და საზოგადოება მიიყვანა ზნეობრივ დეფორმაციამდე. საქართველოს დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობა შეიძლება შეფასდეს, როგორც ღრმად კრიზისული. დასკვნა შეიძლება გაკეთდეს ერთი - აუცილებელია ძირეული ეკონომიკური რეფორმის გატარება. იგი უნდა დაეყრდნოს ქართული ეროვნული ტრადიციების, სამეურნეო ჩვევების და ურთიერთობის აღორძინებას, რისი განხორციელებაც შეუძლებელია გეგმური მმართველობის პირობებში. ჩვენ ვთვლით, რომ სახელმწიფო ეკონომიკაში უნდა ჩაერიოს იმ ზომით, რომელიც აუცილებელია ქვეყნის ერთიანი, პოლიტიკური და სოციალ- ეკონომიკური ინტერესების დაკმაყოფილებისა და სამეწარმეო საქმიანობის განვითარებისათვის. სახელმწიფო მონოპოლისტური სისტემის ლიკვიდაცია ძალზე მნიშვნელოვანია.
მაგრამ იგი პრობლემების მხოლოდ ერთი მხარეა. არანაკლები მნიშვნელობა აქვს ისეთი ეკონომიკური სისტემის შექმნას, რომელიც პასუხობს ადამიანთა მოთხოვნილებებს. ასეთად, სოციალური საბაზრო მეურნეობა მიგვაჩნია. იგი ანსახიერებს ამ უმნიშვნელოვანეს სოციალურ ფასეულობას, თავისუფლებას, ეფექტიანობას და სოციალურ თავისუფლებას. მის პირობებში ერთმანეთთან შეხამებულია თავისუფალი შრომის და სოციალური უფლებების გარანტიები - საკუთრებისადმი პატივისცემა და საზოგადოებრივი სარგებლიანობა, თავისუფალი მეწარმეობა და კეთილსინდისიერი კონკურენცია. სოციალურ საბაზრო მეურნეობაზე გადასვლას გარკვეული დრო სჭირდება და თანაც პოლიტიკური სიტუაციის გაუმჯობესება. ჩვენ გვესმის, რომ ამ გარდამავალი პერიოდის პირველ ეტაპზე შეიძლება მოხდეს წარმოების მოცულობის დროებითი შემცირება, მაგრამ ეს არის ჩვენი საზღაური 70-წლიანი ტოტალიტარული სისტემისაგან გასანთავისუფლებლად, რადგან მხოლოდ ეს გზა იძლევა თავისუფალი დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებისა და საქართველოს ეკონომიკური აღმავლობის შესაძლებლობას. ამავე დროს, ჩვენი მიზანია ეს გადასვლა განხორციელდეს მინიმალური დანაკარგებით, რადგან დგება საქართველოს განთავისუფლების ჟამი. და იგი არ უნდა ასოცირდებოდეს უმუშევრობასთან ან ინფლაციასთან. ეკონომიკის მძიმე, კრიზისული მდგომარეობის ერთ-ერთი მიზეზია საქართველოსათვის თავსმოხვეული დეფორმირებული საკუთრებითი ურთიერთობების სისტემა. წარმოების საშუალებები ფაქტიურად მთლიანად სახელმწიფოს საკუთრებაში იმყოფება. ამიტომ, ეკონომიკური რეფორმის მთავარ ამოცანად საკუთრების სხვადასხვა ფორმებისა და სახეების თანასწორუფლებიანობის უზრუნველყოფა წარმოადგენს. ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით თანაბარი სასტარტო პირობები შევუქმნათ ყველას, რათა პრივატიზაციის შედეგებით ისარგებლონ ნამდვილად სამეურნეო და მეწარმეობის უნარის მქონე პირებმა. პრივატიზაცია ჩვენ გვესმის, როგორც საქონლისა და მომსახურების გადაცემის სტრატეგია, რომელიც ორგანიზებულია სახელმწიფო საწარმოებში კერძო კომპანიების ხელში მთავრობის ხარჯების შემცირებისა და იმ უპირატესობის გამოყენების მიზნით, რომელსაც იძლევა საბაზრო სისტემა - (რონალდ რეიგანი), უპირველეს ყოვლისა, უნდა ჩატარდეს საქართველოს ეროვნული სიმდიდრის ინვენტარიზაცია. მოხდეს მისი სწორი შეფასება, რაც განსაზღვრავს, თუ სახელმწიფო ქონების რა ნაწილი, რა სფეროები და როგორი თანმიმდევრობით გადაეცეს კერძო სექტორს. პრივატიზაციასთან ერთად, უნდა გატარდეს ბიუჯეტური დეფიციტის აღმოფხვრის მკაცრი ზომები და კრედიტის შეზღუდვა, თავისუფალ ფასებზე გადასვლა და საზღვარგარეთული ინვესტიციების მოზიდვა. ყოველივე ეს კი წარმოადგენს ეკონომიკის გაჯანსაღების ერთადერთ წინაპირობას. პრივატიზაციის განხორციელება საშუალებას მოგვცემს არა მარტო შევამციროთ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაუმართლებელი დანახარჯები, რომელიც მიმართული იყო ზარალიანი საწარმოებისა და ორგანიზაციების შესანახად, არამედ ხელს შეუწყობს მოსახლეობიდან გადავადებული მოთხოვნის სახით ფულადი სახსრების ამოღებას ბიუჯეტის სასარგებლოდ. ამით შემცირდება აჟიოტაჟური მოთხოვნა სამომხმარებლო ბაზარზე და ურთიერთშესაბამისობაში მოვა მოთხოვნა და მოწოდება.
დღეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და მტკივნეული პრობლემაა მიწის საკითხი. კომუნისტური იდეოლოგიის ჩარჩოებში მომწყვდეულმა ძალადობით თავსმოხვეულმა სამეურნეო წყობამ ქართველ გლეხს წაართვა ყველაზე მთავარი - მიწა და თავისუფლება, შეაძულა მას შრომა. მეურნე გლეხი ფაქტიურად კანონგარეშედ იქნა გამოცხადებული. ასეთმა მიდგომამ უარყოფითად იმოქმედა ქართველი კაცის ბუნებაზე, მის ფსიქიკაზე, მისი ცხოვრების ტრადიციულ წესზე. სწორედ ამით დაიწყო სოფლის გაჩანაგება და დაცარიელება. აქაც კარდინალური რეფორმების გატარებაა საჭირო. მიწის რეფორმა საქართველოს ყოველ ისტორიულ მხარეში, მათ თავისებურებათა გათვალისწინებით უნდა განხორციელდეს, რათა დავამაგროთ მოსახლეობა სოფლად, რაც ჩვენი ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული ამოცანაა. უპირველესად იგი მთიანი ზონის რეგიონებში უნდა გატარდეს, აგრეთვე უნდა მოხდეს ზარალიანი და გადახდისუუნარო საზოგადოებრივი მეურნეობების დაშლა და მათ ბაზაზე გლეხური საკომლო მეურნეობების ჩამოყალიბება. მიწა უნდა დაუბრუნდეს გლეხს. ყოველმხრივ უნდა შეეწყოს ხელი სოფლად სხვადასხვა ასოციაციების, გაერთიანებების შექმნასა და ფუნქციონირებას. მათ უნდა შეასრულონ გლეხური მეურნეობებისათვის აუცილებელი მასალებით და ტექნიკით მომარაგების ფუნქცია: ამ გზით ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენ სათავეს დავუდებთ სოფლად ქართული ტრადიციული მეურნეობრივი პრინციპების აღდგენას. ამავე დროს, ჩვენი აღორძინების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა უცხოური ინვესტიციების მიზიდვა. საზღვარგარეთელ პარტნიორებს საშუალება მიეცემათ იმოქმედონ ჩვენს ბაზარზე, დააბანდონ თავიანთი სახსრები, აიღონ იჯარით საწარმოები, შექმნან ერთობლივი წარმოებები, გახსნან თავიანთი წარმომადგენლობები, ფილიალები და ა.შ. ამ ეტაპზე საგარეო ვაჭრობაში აუცილებლად მიგვაჩია ლიცენზირების პოლიტიკის გატარება. ის და საბაჟო ურთიერთკავშირში უნდა იქნას მოყვანილი სასაქონლო ბაზრის მოთხოვნილებასთან და უზრუნველყოფდეს იმპორტული და სამამულო საქონლის კონკურენციის შესაძლებლობას. ეკონომიკურ აღმავლობასთან ერთად მოხდება საგარეო ვაჭრობის თანდათანობითი ლიბერალიზაცია. საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლამ უნდა ააღორძინოს შრომის სტიმულები, აამაღლოს სამუშაო ძალის ფასი, ხელფასის სიდიდე, ძირითადად, დამოკიდებული უნდა იყოს საწარმოს ეფექტიანად მუშაობაზე და სახელმწიფოს მიერ მისი რეგულირება უნდა ხდებოდეს საგადასახადო სისტემის მეშვეობით.
ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხს მოსახლეობის დასაქმების უზრუნველყოფა წარმოადგენს. საჭიროა შედგეს სპეციალური პროგრამა, გატარდეს შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკა, რომელიც დასაქმებულია რაოდენობის გაზრდასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის სტიმულირებით.
დასაქმების უზრუნველყოფის მიზნით უნდა გატარდეს შეღავათიანი დაბეგვრის პოლიტიკა იმ საწარმოთა მიმართ, რომლებიც შექმნიან ახალ სამუშაო ადგილებს. ამავე დროს საზოგადოებაში არსებობენ ადამიანები, ვისაც ობიექტური მიზეზების გამო არ შეუძლია წარმოების პროცესში სრულფასოვანი მონაწილეობის მიღება. ამის მიზეზი მრავალია: ადამიანთა ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მრავალშვილიანობა, სამუშაოს დროებითი დაკარგვა და ა.შ. აუცილებელია ამ ადამიანებს შევუქმნათ სოციალური დაცვის გარკვეული მექანიზმი, რომელიც მათ ცხოვრებას საარსებო მინიმუმის დონეზე მაინც უზრუნველყოფს, როგორც ამას ადგილი აქვს დემოკრატიულ სახელმწიფოში. ეს მექანიზმი უნდა მოიცავდეს პენსიებს, სტიპენდიებს, შემოსავლების ინდექსაციას, მცირე შემოსავლიან და მრავალშვილიან ოჯახთა მატრეიალურ დახმარებას, ხელფასის გარანტირებულ მინიმალურ დონეს, დროებით არაშრომისუნარიანთა დახმარებას, სამედიცინო მომსახურების გარკვეულ დონეს, კადრების მომზადებას და გადამზადების სისტემას და ა.შ. სოციალური გარანტიების ამ ელემენტების შემოტანამ უნდა შეარბილოს საბაზრო მეურნეობაზე გადასვლით გამოწვეული პრობლემების სიმწვავე და უზრუნველყოს მოსახლეობის სოციალური დაცვა.
ქალბატონებო და ბატონებო!
ქართველი ერი გამოირჩევა თანასწორთა შორის თავისი ყოფით, ადგილით და ენით. საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა. ჩვენი ისტორია, ცხოვრების წესი, ბრძოლა სარწმუნოებისათვის, ეროვნული დამოუკიდებლობისათვის, ეს არის მოწამეობრივი, ქრისტესმიერი გზა სიკეთისა, სიქველისა და სიყვარულისა. ისტორია გვაძლევს შესაძლებლობებს, რათა დავუბრუნდეთ მამაპაპისეულ გზას, ავაღორძინოთ რწმენით თავისუფალი საქართველო. დგება ჟამი, როცა უკლებლივ ყველას სიცოცხლე მამულს ეკუთვნის, ერი უეჭველად მზად არის გადამწყვეტი ბრძოლისათვის. ეროვნული ხელისუფლების ვალია, იყოს ღირსი უდიდესი მისიისა, შეასრულოს დაკისრებული მოვალეობა, საქართველოს დაუბრუნოს ღირსეული ადგილი მსოფლიოს ერთა თანამეგობრობაში. დიდი მიზნები მხოლოდ ღვთაებრივი სიყვარულით აღსრულდებიან. დაე, აღსრულდეს ნება ღვთისა! ნება ერისა!
გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს!
გვფარავდეს ღმერთი!
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გამოსვლა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს სესიაზე 1991 წლის 7 ივნისს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 11 ივნისი. - №114 (134). - 1გვ.
![]() |
22 საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის, ბატონ ზვიად გამსახურდიას ფიცი, წარმოთქმული ღვთისა და ერის წინაშე |
▲ზევით დაბრუნება |
ძვირფასო მეგობრებო!
ქართველმა ხალხმა, საქართველოს მოსახლეობამ ღირსმყო დავიკავო ესოდენ მაღალი თანამდებობა პრეზიდენტისა, რაც მავალებს საჯაროდ წარმოვთქვა ფიცი.
ვფიცავ და საზეიმოდ ვაცხადებ ღვთისა და ერის წინაშე, რომ ერთგულად განვახორციელებ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის მოვალეობას;
ვიღვაწებ ჩვენი ქვეყნის აღორძინებისა და გაძლიერებისათვის;
დავიცავ მის დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას;
განუხრელად განვახორციელებ საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციასა და კანონებს, დავიცავ ადამიანის უფლებებს.
ღმერთი იყოს ჩემი შემწე ყოველივე ამაში!
12 ივნისი, 1991 წ.
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ფიცი // ერი. - 1991. - 12 ივნისი. - №24 (4286). - 1გვ.
![]() |
23 მიმართვა საქართველოს მოსახლეობისადმი |
▲ზევით დაბრუნება |
თანამემამულენო!
მოკლე ისტორიული პერიოდის მანძილზე ჩვენი სახელმწიფოს მკვიდრმა მოსახლეობამ სამჯერ გამოხატა თავისი ნება. 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებმა, 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმმა და 26 მაისის პრეზიდენტის საერთო-სახალხო არჩევნებმა ცალსახად განსაზღვრა ჩვენი მისწრაფებანი. ეს არის და იქნება ყველაზე ძლიერი არგუმენტი კრემლთან მოლაპარაკებისათვის და სხვა ქვეყნების მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის დიპლომატიური ცნობისათვის. მიუხედავად ასეთი ერთსულოვნებისა, საქართველოში დღეს კვლავ მერყევი ვითარებაა. იზრდება დამნაშავეობა, შიდა ქართლში იღვრება სისხლი. კვლავ ქვეითდება წარმოება. როდესაც ქვეყნის მოსახლეობის 90 პროცენტზე მეტს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი იბრძოლოს ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის, გასაგებია, რომ მერყეობა ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებით ვერ იქნება გამოწვეული, ეს ე.წ. ცენტრის ძალისხმევის შედეგია. ასეთ ვითარებაში მხოლოდ ჩვენი სულიერი და ფიზიკური დაქსაქსულობა მისცემს ცენტრს საშუალებას, ბოლომდე განახორციელოს საკუთარი სტრატეგიული მიზნები საქართველოში. შეიქმნა პარადოქსული სიტუაცია: ხალხი ერთსულოვნად გამოხატავს უალტერნატივო პოლიტიკურ ნებას, ქვეყანაში კი გრძელდება კომუნისტური საზოგადოებისათვის დამახასიათებელი მოვლენები: კორუფცია, შრომისადმი ინდიფერენტული დამოკიდებულება, საბოტაჟი, დამტაცებლობა, მაფიოზური კლანების თარეში.
გასაგებია, რომ ძველი სისტემის ნგრევისა და ახლის შენების დროს გარდაუვალია ასეთი მოვლენების ინტენსიფიკაცია, რომ ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელმა ორგანოებმა ჯერჯერობით ვერ გამონახეს კრემლის ეკონომიკური მარწუხებიდან თავის დაღწევის ყველაზე ოპტიმალური გზა. მაგრამ თანამემამულენო, არ დაგვავიწყდეს, რომ საქართველო ამავე დროს დაპყრობილი ქვეყანაა. ჩვენ უფლებას ვერ მივცემთ საკუთარ თავს სოციალური გაჭირვება თუ უსამართლობა ძველის რღვევის და ახლის შენების პროცესს დავაბრალოთ.
პოლიტიკური აქტიურობის პარალელურად უეჭველად იგრძნობა სოციალური და შემოქმედებითი პასიურობა. ეს კი შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს თავისუფლებისათვის ბრძოლაში, ან კიდევ, მესამე სამყაროს ქვეყნების მსგავსად, ტვირთად დავაწვეთ მსოფლიო ეკონომიკას, რაც კიდევ უფრო სავალალო იქნება ჩვენთვის.
საქართველოში მრავალი ეროვნების წარმომადგენელი ცხოვრობს. საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღგენის ლოზუნგებმა თავდაპირველად ისინი შეაშინა, რაც განპირობებული იყო, ერთი მხრივ, არსებული სტატუს-კვოს დარღვევის საშიშროებით, ხოლო მეორე მხრივ, შედეგი კრემლის „ინტერნაციონალისტური“ გაკვეთილებისა. საბედნიეროდ, არაქართველმა მოსახლეობამ სწორად შეაფასა მიმდინარე პროცესების ხასიათი და მიზნები და განუდგა საბჭოთა იმპერიალიზმს. ქართველი ხალხის ისტორიულად ჩამოყალიბებულმა ტოლერანტობამ და რელიგიურმა შემწყნარებლობამ უკვალოდ არ ჩაიარა, სხვა ეროვნების წარმომადგენლები მიხვდნენ, რომ დემოკრატიული, თავისუფალი ქვეყანა მათი კულტურული თუ სოციალური თვითმყოფადობის შენარჩუნების გაცილებით უფრო ძლიერი გარანტი იქნება, ვიდრე საბჭოთა რესპუბლიკა, რომელიც დიდი იმპერიის ერთ-ერთ გეოგრაფიულ პროვინციას წარმოადგენდა. სამწუხაროდ, ისეთი ღირებულებები, როგორიცაა ენა, კულტურა, ხალხის კეთილდღეობა, ნაკლებად აწუხებთ ცხინვალის და ჯავის რაიონებში თავმოყრილ ექსტრემისტებს.
ზოგ-ზოგმა პოლიტიკურმა ამბიციებმა დიდი სისხლისღვრა გამოიწვია, რაც თანაბრად სტკენს გულს ყველას, ვისთვისაც თანასწორუფლებიანობა და კეთილმეზობლობა ლიტონი სიტყვები არ არის. კონფლიქტის მშვიდობიანი, პოლიტიკური გზით გადაჭრის მიზნით საქართველოს უზენაესი საბჭოს ინიციატივით შეიქმნა და თვეზე მეტია კონფლიქტის რაიონებში მუშაობს საპარლამენტთაშორისო კომისია, რომელმაც დასახა სტაბილიზაციის გზები. გამოინახა ოს მოსახლეობასთან შეხების წერტილები. გაირკვა, რომ ისინიც არანაკლებ შეწუხებული არიან გაჭიანურებული საომარი მდგომარეობით.
საპარლამენტთაშორისო კომისიამ პრობლემის მშვიდობიანად გადაჭრის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გზად დასახა საქართველოს პრეზიდენტის მიმართვა საქართველოს მოსახლეობისადმი. ვასრულებ რა კომისიის თხოვნას, ვადასტურებ, რომ ყველა, ვინც ნებაყოფლობით ჩააბარებს იარაღს მართლწესრიგის დამცველ ორგანოებს, განთავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან იარაღის უკანონო ტარებისათვის. იარაღის ნებაყოფლობითი ჩაბარება და უკანონო შეიარაღებული ფორმირების განიარაღება იქნება გარანტია ძმათა შორის სისხლისღვრის შეწყვეტისა, ოს ხალხთან ტრადიციული მეგობრობისა და მშვიდობის აღდგენისა, საგაზაფხულო და საშემოდგომო სამუშაოების დაწყებისა, ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილურობის აღდგენისა მთელს რეგიონში.
გარდა ამისა, დასრულების ფაზაშია საქართველოს მოქალაქეობის კანონი, რომელიც ითვალისწინებს მოქალაქეობის მინიჭებას ყველასათვის, ვინც მუდმივად არის ჩაწერილი საქართველოს რესპუბლიკაში.
თანამემამულენო! საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე დრამატულ და შფოთიან ხანაში ყველა ჩვენგანის ვალია გამოიჩინოს ეროვნული და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა ქვეყნის თავისუფლებისათვის ბრძოლაში. მხოლოდ ამ შემთხვევაში დავაღწევთ თავს იმპერიის მარწუხებს და მხოლოდ ამ შემთხვევაში გავხდებით მსოფლიოს ცივილიზებული სამყაროს სრულფასოვანი წევრი. დაე, იყოს ჩვენი დევიზი სამოქალაქო თანხმობა, ურთიერთგაგება და მშვიდობა!
ღმერთი იყოს ჩვენი შემწე!
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია
12 ივნისი, 1991 წელი
მიმართვა : საქართველოს მოსახლეობისადმი / გამსახურდია ზ. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 14 ივნისი. - №116 (136). - 1გვ.
![]() |
24 საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის მიმართვა შავი ზღვის აუზის და შავი ზღვის პრობლემით დაინტერესებული ქვეყნების მთავრობათა მეთაურებს |
▲ზევით დაბრუნება |
შავი ზღვა წარმოადგენს პლანეტის უდიდეს, უნიკალურ მერომიქტიკულ წყალსატევს, რომლის 90 პროცენტს შეადგენს უჟანგბადო გოგირდწყალბადიანი წყლის მასა. ზღვის ფსკერზე მიმდინარეობს მცენარეული და ცხოველური ორგანიზმების - „გვამების წვიმის“ - ინტენსიური დალექვა, რის შედეგადაც გოგირდწყალბადის შემცველობა განუწყვეტლივ მატულობს. მდგომარეობას ამწვავებს ის, რომ საწარმოო და ფეკალური წყლები ჩაედინება შავ ზღვაში.
გოგირდწყალბადის ფენის ზედაპირი გუმბათოვანია, რომლის უმაღლესი წერტილის დაშორება ზღვის ზედაპირიდან მის ცენტრალურ ნაწილში აღწევს კრიტიკულ ზღვარს - 50 მეტრს. მიახლოებითი შეფასებით გოგირდწყალბადის რაოდენობა შეადგენს - 2 მილიარდამდე ტონას. არსებობს მისი აფეთქების რეალური საშიშროება - აფეთქების შედეგად გამოწვეული ნგრევით მიყენებული ზარალი მრავალჯერ გადააჭარბებს ჩერნობილის კატასტროფას და დამღუპველად იმოქმედებს არა მარტო შავი ზღვისპირეთის, არამედ მთლიანად პლანეტის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე.
შავი ზღვის წყლის გაწმენდის შედეგად შეიძლება მივიღოთ და სასიკეთოდ გამოვიყენოთ ძვირფასი ქიმიური ნივთიერებები, მათ შორის გოგირდი და წყალბადი, რომელთა მარაგი შესაბამისად 1,8 და 0,1 მილიარდ ტონას შეადგენს (ტონა გოგირდის ფასი საერთაშორისო ბაზარზე დაახლოებით 1000 დოლარს შეადგენს), ასევე 7,6 მილიარდი ტონა საწვავი გაზი. მისი აღდგენითი ნაწილი - დაახლოებით 75 მილიონი ტონა - საკმარისია იმისთვის, რომ ყოველწლიურად თბოელექტროსადგურმა მოგვცეს 80 მილიარდი კილოვატსაათი ელექტროენერგია. შავი ზღვის აუზის და შავი ზღვის პრობლემით დაინტერესებულ ქვეყნების მთავრობათა მეთაურებს მოგმართავთ თანამშრომლობისათვის - შემოგვაქვს წინადადება, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან შეიქმნას შავი ზღვის აუზის ეკოლოგიური გარემოს დამცავი სპეციალიზებული სამთავრობათაშორისო დაწესებულება.
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა უზრუნველყოფს გაეროს სპეციალიზებული სამთავრობათაშორისო დაწესებულების წევრ სახელმწიფოებისათვის კეთილსასურველ სამუშაო პირობებს და კისრულობს მისი შტაბ-ბინის მოწყობას.
საქართველოს მთავრობა გამოთქვამს რწმენას, რომ აღნიშნული წინადადებები განხილული იქნება.
ზვიად გამსახურდია
18 ივნისი, 1991 წელი
მიმართვა : შავი ზღვის აუზის და შავი ზღვის პრობლემით დაინტერესებული ქვეყნების მთავრობათა მეთაურებს / გამსახურდია ზ. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 18 ივნისი. - №118 (138). - 1გვ.
![]() |
25 საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულება რესპუბლიკის ტერიტორიაზე კოლექტიური მებაღეობის მოწყობის აკრძალვისა და საქართველოს მებაღეობის ამხანაგობათა მუშაობის საკოორდინაციო საბჭოს გაუქმების თაობაზე |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, განსაკუთრებით კი ქალაქის მიმდებარე ტერიტორიაზე კოლექტიური მებაღეობისთვის მიწების განუკითხავად დიდი რაოდენობით განაწილებამ და მეტწილად არადანიშნულებით გამოყენებამ, ტყის მასივების გაჩეხვამ, მძიმე სამშენებლო ტექნიკით გზების გაყვანით გამოწვეულმა მეწყერებმა, წყაროების გაჭუჭყიანებამ და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების განადგურებამ, დაამძიმა ქალაქების ეკოლოგიური მდგომარეობა და საფრთხის წინაშე დააყენა ქალაქისპირა სოფლების არსებობა.
აღნიშნული მდგომარეობის გამოსწორების მიზნით და მომავალ აგრარულ რეფორმასთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებს გლეხური მეურნეობის შექმნას და სოფლის მოსახლეობისათვის მიწების კერძო საკუთრებაში გადაცემას, ვადგენ:
1. კატეგორიულად აიკრძალოს რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე კოლექტიური მებაღეობის დანიშნულებით, ნაკვეთების შერჩევა-გამოყოფა-განაწილება.
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს ყველა ის დადგენილება და განკარგულება, რომელიც საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭომ მიიღო და ითვალისწინებდა რესპუბლიკის ტერიტორიაზე საბაღე ნაკვეთების შერჩევა-გამოყოფა-განაწილებას.
3. გაუქმდეს საქართველოს მებაღეობის ამხანაგობათა მუშაობის საკოორდინაციო საბჭო (თავმჯდომარე აბაზაძე) და ძალადაკარგულად ჩაითვალოს ის დადგენილებები, რომლებიც მისი და მსგავსი სტრუქტურების შექმნა-ჩამოყალიბებას ეხება.
4. მოქმედი კოლექტიური მებაღეობები გადავიდნენ შესაბამისი რაიონების პრეფექტურების დაქვემდებარებაში იურიდიული პირის სტატუსით.
5. დაევალოს შესაბამის რაიონების პრეფექტურებს უმოკლეს ვადაში შეამოწმონ მებაღეობის ამხანაგობათა საქმიანობა, არ დაუშვან მშენებლობისა და სხვა სამეურნეო საქმიანობის დაწყება კოლექტიური მებაღეობის აუთვისებელ ინდივიდუალურ ნაკვეთებზე, ამასთან, ყოველი ინდივიდუალური ნაკვეთი, რომელზედაც არ დგას კაპიტალური ნაგებობა და არ დამუშავებულა ბოლო ორი წლის განმავლობაში, გადავიდეს სათანადო ტერიტორიული საკრებულოების გამგებლობაში; მათი შემდგომი გამოყენების საკითხი გადაწყდეს შესაბამისი რაიონების პრეფექტურებთან შეთანხმებით.
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია
თბილისი, 1991 წლის 24 ივნისი
ბრძანებულება : რესპუბლიკის ტერიტორიაზე კოლექტიური მებაღეობის მოწყობის აკრძალვისა და საქართველოს მებაღეობის ამხანაგობათა მუშაობის საკოორდინაციო საბჭოს გაუქმების თაობაზე / გამსახურდია ზ. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 26 ივნისი. - №123 (143). - 1გვ.
![]() |
26 მოსკოვი, კრემლი სსრ კავშირის პრეზიდენტს, ბატონ მ.ს. გორბაჩოვს |
▲ზევით დაბრუნება |
იძულებული ვარ მოგმართოთ იმის გამო, რომ საქართველოს რესპუბლიკას უაღრესად არანორმალური ვითარება შეუქმნეს მეზობელმა სსრ კავშირის რეგიონებმა. რესპუბლიკისათვის გათვალისწინებული სახალხო სამეურნეო ტვირთით, სოფლის მეურნეობის პროდუქციით, კვების პროდუქტებით დატვირთულ ყველა სატრანსპორტო საშუალებას უკანონოდ აკავებენ კრასნოდარისა და სტავროპოლის მხარეთა ტერიტორიაზე. ხდება შემოწმება, რის შემდეგ ტვირთს, როგორც წესი, ან სხვაგან აგზავნიან, ან ასაღებენ მოსახლეობაში. ადგილობრივ ხელისუფალთა ასეთ მოქმედებას ვერ მივიჩნევთ მხოლოდ თვითნებობად და კანონიერების უხეშ დარღვევად. ეს საქართველოს რესპუბლიკის სუვერენიტეტის, მისი კონსტიტუციური უფლებების ხელყოფაა, რაც ალბათ ცენტრის სანქციით ხდება.
უფრო მეტიც, საკავშირო უწყებები და სამსახურები უარს ამბობენ გამოუყონ რესპუბლიკას სატრანსპორტო საშუალებანი გერმანიაში, იტალიაში, ესპანეთსა და დასავლეთ ევროპის სხვა სახელმწიფოებში ამჟამად დაგროვილი სამედიცინო მოწყობილობისა და მედიკამენტების გადმოსაზიდად, ესოდენ რომ სჭირდება მიწისძვრისაგან დაზარალებულ საქართველოს მოსახლეობას, რაც არაადამიანური და ანტიჰუმანური ქმედება და არსებითად ქართველი ხალხის მიმართ გენოციდის გამოვლინებაა.
ბატონო პრეზიდენტო!
თქვენს ოფიციალურ გამოსვლებსა და წერილებში, ჩემთან საუბრებში ქადაგებდით ეროვნული რესპუბლიკებისადმი ცივილიზებულ დამოკიდებულებას, ხაზგასმით აღნიშნავდით, რომ უაღრესად დიდ პატივს სცემთ ქართველ ხალხს, შეშფოთებას გამოთქვამდით მიწისძვრისა და სხვა სტიქიური უბედურებებისაგან დაზარალებული ჩვენი რეგიონების მოსახლეობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ეს უფლებას მაძლევს მოგმართოთ დაჟინებული თხოვნით: დაუყოვნებლივ განმუხტოთ მომწიფებული კონფლიქტური სიტუაცია, რასაც გაუთვალისწინებელი შედეგები შეიძლება მოჰყვეს. თუ არადა, ყველა საფუძველი გვექნება ვიფიქროთ, რომ საქართველოს წინაააღმდეგ, მის თავსდატეხილი უბედურების მიუხედავად, ხორციელდება უმკაცრესი ეკონომიკური ბლოკადა.
პატივისცემით
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია
თბილისი, 1991 წლის 24 ივნისი
სსრ კავშირის პრეზიდენტს, ბატონ მ.ს. გორბაჩოვს / გამსახურდია ზ. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 26 ივნისი. - №123 (143). - 1გვ.
![]() |
27 ბატონ ზვიად გამსახურდიას ინტერვიუ ზაარის მხარის ტელერადიოკორპორაციის კორესპონდენტთან მარი ელიზაბეტ დენცერთან |
▲ზევით დაბრუნება |
ამ დღეებში საქართველოში იმყოფებოდა გერმანიის ზაარის მხარის ტელერადიოკორპორაციის კორესპონდენტი მარი ელიზაბეტ დენცერი. იგი შეხვდა საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას და ესაუბრა მას.
გთავაზობთ ამ საუბრის ჩანაწერს.
- ბატონო პრეზიდენტო, თქვენ 26 მაისს ხმების უმრავლესობით აგირჩიეს საქართველოს პრეზიდენტად, როგორია თქვენი უახლოესი გეგმები?
- ჩვენი გეგმებია საქართველოს სახელმწიფოებრიობის სრული აღდგენა, რეფორმები ყველა სფეროში, უწინარეს ყოვლისა, ეკონომიკური რეფორმები; პრივატიზაციისა და თავისუფალი ბაზრის დამკვიდრება; სოციალისტური სტრუქტურების შეცვლა და ახალი ეკონომიკური ბერკეტების ჩამოყალიბება, მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობის დამყარება დასავლეთის კაპიტალისტურ ქვეყნებთან. მაგალითად, ჩვენ უკვე გვაქვს გერმანიასთან კონტაქტები და ვაპირებთ ასევე დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას სხვადასხვა ქვეყნებთან.
- თქვენ ბრძანეთ ეკონომიკური რეფორმების შესახებ, უკვე 7 თვეა ხელისუფლების სათავეში ბრძანდებით. კონკრეტულად, რა გიშლით ხელს ეკონომიკური რეფორმების განხორციელებაში?
- ყველა კანონი საფუძვლიანად უნდა მომზადდეს. ნაუცბათევად ასეთი კანონების მიღება არ შეიძლება. ახლა მომზადდა კანონი მიწის საკუთრების შესახებ. ასევე კანონი მოქალაქეობის შესახებ. ამ კანონებს უახლოეს ხანებში მივიღებთ. ასევე მზადდება კანონები პარტიებისა და პრესის შესახებ.
- კანონები პირველი წაკითხვით იქნება მიღებული?
- დიახ, ალბათ, ყველა ამ კანონს მალე პირველი წაკითხვით მივიღებთ.
- კონკრეტულად, თუ შეიძლება მითხარით, ვის შეუძლია მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა?
- ყველას, ვინც საქართველოში ცხოვრობს მუდმივად, შეუძლია მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა.
- სომხებიც, რომლებიც 10 წელი ცხოვრობენ საქართველოში, მიიღებენ მოქალაქეობას?
- რა თქმა უნდა, სომხებიც, აზერბაიჯანელები და რუსები, ეროვნების მიუხედავად მიიღებენ მოქალაქეობას. მხოლოდ სამომავლოდ, როცა უცხოეთიდანაც ჩამოვლენ ჩვენთან საცხოვრებლად, საჭირო იქნება გარკვეული ვადის შემოღება.
- მაინც რამდენი წელი?
- მე ვფიქრობ, 5 წელი. ამ ვადით აძლევენ მოქალაქეობას დემოკრატიულ ქვეყნებში. როცა უცხოელი ჩამოდის საცხოვრებლად უცხო ქვეყანაში, გარკვეული დრო უნდა დაჰყოს ამ სახელმწიფოში, სანამ მოქალაქეობას მიიღებს.
- თუ შეიძლება მიამბეთ პრივატიზაციის შესახებ. ვინ ისარგებლებს ამ უფლებით?
- მცირე სახის პრივატიზაცია უკვე ხორციელდება საქართველოში: მაღაზიების, პატარა საწარმოების და ქარხნების გარკვეული ნაწილი კერძო საკუთრებაში გადადის, უფრო მასშტაბურად, ერთბაშად შეუძლებელია განხორციელდეს. ყველაფერი საფუძვლიანად უნდა მომზადდეს. საამისოდ აუცილებელია გამოვეყოთ საბჭოთა კავშირს. ახლა ჩვენ საბჭოთა ეკონომიკასთან მჭიდროდ ვართ დაკავშირებული, ჩვენ უნდა გავწყვიტოთ ყველა ეს კონტაქტი და ჩამოვაყალიბოთ ახალი ეკონომიკური სტრუქტურები, დამოუკიდებელი ეკონომიკა.
- მაგრამ მეურნეობა რომ განვითარდეს და ხალხის დაინტერესებაც რომ გაიზარდოს, საჭიროა სრული პრივატიზაცია.
- მთელი მეურნეობა უნდა ეფუძნებოდეს პრივატიზაციას.
- თქვენ ბრძანეთ, რომ პრივატიზაციის კანონს მიიღებთ პირველი წაკითხვით. როგორია ეს კანონი?
- ამ კანონით პირველ რიგში დამტკიცდება მიწის საკუთრება. მიწა გადაეცემათ ადამიანებს და ასევე აგრარული დარგებიც.
- ვინ იქნებიან მიწის მფლობელები?
- მიწათმოქმედები...
- თქვენ ბრძანეთ, რომ მზადდება კანონი პრესის შესახებ, დღესდღეობით ტელევიზია და რადიო სახელმწიფო დაწესებულებაა. ამ მხრივ თუ იქნება რაიმე სიახლე?
- იქნება კერძო ტელევიზია და რადიო. უკვე არსებობს რამდენიმე არხი. მაგალითად, საკაბელო ტელევიზიები...
- თქვენ როგორ ფიქრობთ, სადღეისოდ საქართველოს პრესა თავისუფალია?
- ყველა ჩემს მოწინააღმდეგეს შეუძლია, თავისი სტატია დაბეჭდოს ამა თუ იმ გაზეთში და იყოს პოლემიკა ჩვენს შორის. მოწინააღმდეგეებს აქვთ აგრეთვე საკუთარი გამოცემები. დაგისახელებთ ოპოზიციური გაზეთების სათაურებს: „საქართველო“, „დრონი“, „კაბადონი“, „ერისიონი“, „აიდგილარა“, „სოვეტსკაია ოსეტია“ და სხვა.
- თქვენი მიზანია, საქართველო რაც შეიძლება მალე ჩაებას ხალხთა საერთაშორისო თანამეგობრობაში. ამ გზაზე როგორია თქვენი კონკრეტული ნაბიჯები?
- საქართველო ყოველთვის იყო ქვეყანა, სადაც მრავალი ეროვნების წარმომადგენლები ცხოვრობდნენ - და ყველა ხალხს ჰქონდა გარანტირებული უფლებები. სხვა ეროვნების წარმომადგენლებს პრობლემები არა აქვთ. ასევე იქნება მომავალშიც.
- დასავლეთის ქვეყნების მიერ ჯერ კიდევ არ არის აღიარებული საქართველო, რა არის ამის მიზეზი?
- ეს ხდება კრემლის და მიხეილ გორბაჩოვის პოლიტიკის გამო, რადგანაც ჯერ კიდევ მიხეილ გორბაჩოვს დიდი გავლენა აქვს მსოფლიოში. ყველაფერი ეს მოდის კრემლიდან, ცენტრიდან.
- თქვენ აპირებთ შეხვდეთ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ჯორჯ ბუშს და შემოდგომაზე აპირებთ ვიზიტს ევროპის ქვეყნებში. რას მოელით ამ შეხვედრებიდან?
- უპირველესი მიზანია საქართველოს დიპლომატიური აღიარება.
- საგარეო საქმეთა მინისტრის ხოშტარიას შეხვედრა საფრანგეთისა და გერმანიის ადმინისტრაციასთან არ შესდგა, როგორ გგონიათ, მიგიღებთ კოლი?
- ყველაფერი ეს უნდა მომზადდეს. ახლა არ შემიძლია ვთქვა, თუ რა მოხდება მომავალში, მაგრამ ვფიქრობ, დასავლეთის ქვეყნების დამოკიდებულება ჩვენს მიმართ უნდა შეიცვალოს.
- თქვენი მიზანი როგორია, როგორ უნდა იცნობდნენ საქართველოს დასავლეთში?
- დასავლეთში საქართველოს წინააღმდეგ დეზინფორმაციული კამპანია მიმდინარეობს. ამაზე გავლენას ახდენს მოსკოვი, კრემლი. ყველა ეს არასწორი ინფორმაცია მიდის მოსკოვიდან - დასავლელი ჟურნალისტები აკრედიტებული არიან მოსკოვში. ჩვენ ვებრძვით ამ კამპანიას, დეზინფორმაცია უნდა დავამარცხოთ. ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი ობიექტური ინფორმაცია გავაგზავნოთ დასავლეთში. მაგალითად, „ზიუდდოიჩე ცაიტუნგი“ ბეჭდავს „იზვესტიის“ სტატიებს ჩვენს შესახებ. აქვეყნებს ყოველგვარი კრიტიკის გარეშე. ეს, რა თქმა უნდა, არასწორია.
- როგორ გგონიათ, რამდენი წელი დასჭირდება საქართველოს სრულ დამოუკიდებლობამდე? როდის ექნებათ ქართველებს მსოფლიოში თავისუფლად მიმოსვლის უფლება?
- ჩემის აზრით, ეს არის დროის პრობლემა და დამოკიდებულია დასავლეთის პოზიციაზე საბჭოთა რესპუბლიკებისადმი და ამ რესპუბლიკების თავისუფლებისაკენ სწრაფვაზე.
- თქვენ ბრძანეთ, რომ რაც შეიძლება მალე უნდა გამოეყოს საქართველო საბჭოთა კავშირს, კონკრეტულად, როგორ შეიძლება ამის მიღწევა, საბჭოთა კავშირი ხომ დღეს იმდენად ძლიერია, რომ შეუძლია საქართველო ყველა მხრიდან შებოჭოს?
- მართალია, მაგრამ ჩვენ ვიბრძვით და იმედი გვაქვს, რომ დასავლეთის ქვეყნები დაგვეხმარებიან. იმედი გვაქვს, რომ ისინი გვაღიარებენ და ეს ჩვენთვის უდიდესი დახმარება იქნება.
- როგორია თქვენი დამოკიდებულება გორბაჩოვთან?
- ბოლომდე არ არის გარკვეული. გორბაჩოვს არა აქვს ნათელი პოზიცია რესპუბლიკების მიმართ.
- ცოტა ხნის წინათ მან აუწყა მსოფლიოს, რომ რესპუბლიკები, რომლებიც დამოუკიდებლობისათვის იბრძვიან და არ მოაწერენ ხელს სამოკავშირეო ხელშეკრულებას, მოიპოვებენ დამოუკიდებლობას. თქვენ გჯერათ ეს?
- ჯერჯერობით ეს მხოლოდ ცარიელი სიტყვებია, მაგრამ, მე მგონია, ეს მაინც ასე იქნება დასავლეთის ქვეყნების დაწოლის შედეგად.
- რუსეთის პრეზიდენტად აირჩიეს ელცინი. რა ურთიერთობა გაქვთ ელცინთან?
- ნორმალური ურთიერთობა. მომავალში, ალბათ, ხელს მოვაწერთ საქართველოსა და რუსეთს შორის ხელშეკრულებას.
- რა ხელშეკრულება იქნება ეს?
- სახელმწიფოთა შორის ურთიერთობის შესახებ.
- როგორ გგონიათ, რუსეთსაც უნდა დამოუკიდებლობა? შეუძია მას დაეხმაროს ამ გზაზე საქართველოს?
- მე მგონი კი. მოსკოვში ძლიერი დემოკრატიული ძალებია თავმოყრილი. ბორის ელცინიც დემოკრატიული ფრთის წარმომადგენელია, მათი ლიდერია.
- საქართველოში ჭორები დადის, რომ გსურთ მინისტრთა კაბინეტი შეცვალოთ, მართალია?
- არა, რამდენიმე მინისტრი შეიცვალა მხოლოდ: ვაჭრობის, სოფლის მეურნეობის, განათლების...
- რამდენიმე წევრი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიისა დააპატიმრეს.
- ისინი დამნაშავეები იყვნენ, ერთ-ერთს ჰქონდა სი-ესის გაზის ბალონი. ისინი აგრეთვე სხვადასხვა კრიმინალური ქმედებებისათვის დაპატიმრეს. ჩვენ ვაპატიმრებთ დამნაშავე ელემენტებს, რომლებიც მოსახლეობისათვის საშიშნი არიან. ისინი ამოფარებული არიან პოლიტიკურ ორგანიზაციებს და ამას იყენებენ ბოროტმოქმედებისათვის. მაგალითად, იყო შეიარაღებული კერძო არმია, მათ ჩადენილი ჰქონდათ სხვადასხვა დანაშაული და ისინი ამიტომ დავაპატიმრეთ და არა პოლიტიკური მოტივით.
- თუ არსებობს საქართველოში ნამდვილი ოპოზიცია?
- არსებობს, მაგალითად, სახალხო ფრონტი, კომპარტია, ბლოკი „თავისუფლება“, თანხმობისა და აღორძინების კავშირი. ისინი ჩემი მოწინააღმდეგენი იყვნენ პრეზიდენტის არჩევნებში, ჩვენ დისკუსიას ვაწარმოებდით, ისინიც მაკრიტიკებდნენ. მაგრამ ვისაც კავშირი აქვთ დამნაშავეებთან, სჩადიან კრიმინალურ ქმედებებს, მათ ოპოზიციად ვერ ჩავთვლით.
- გაიგეთ, რომ წერეთელს რიცხავენ კონგრესიდან? რომ მას ბრალს სდებენ, თითქოს თქვენთან აქვს კავშირი, თქვენთან თანამშრომლობს?
- წერეთელი ახლა ხედავს, რომ შეუძლებელია ასეთ ხალხთან, კრიმინალურ სამყაროს წარმომადგენლებთან ყოფნა. რატომ გამოვედი მე ფორუმიდან? საკუთარი თვალით დავინახე, რომ შეუძლებელია ასეთ დამნაშავეებთან ურთიერთობა.
- თქვენთან რომ მოვიდეს წერეთელი, მიიღებთ მის თანამშრომლობას?
- რა თქმა უნდა, თუკი წერეთელი მათ გამოეყოფა და შეიგნებს თავის შეცდომებს.
- მე მინდა დავუბრუნდე იმ საყვედურებს, რომ ბევრი დასავლელი ჟურნალისტი კრემლისთვის მუშაობს.
- არა, ბევრი არა, არიან მხოლოდ ზოგიერთები, რომლებიც ისეთივე მასალებს აქვეყნებენ, როგორიცაა კრემლის დეზინფორმაცია. მაგალითად, ისინი წერენ, რომ ოპოზიციის 70 პროცენტი დავაპატიმრეთ, სწორია? ამას ზოგიერთი დასავლელი ჟურნალისტი იმეორებს. ისინი წერენ, თითქოს მე ვიბრძვი შერეული ქორწინების წინააღმდეგ. ყოველივე ეს ქვეყნდება დასავლეთის პრესაში.
- ყოფილი ოსეთის ოლქის შესახებ მინდა გკითხოთ. შეიქმნა კომისია, თუ მიაღწია ამ კომისიამ შედეგს?
- კომისიამ დაწერა ობიექტური დასკვნა. მან აღიარა, რომ ეს არის საქართველოს მიწა, და ოსებს არა აქვთ უფლება გამოაცხადონ ახალი რესპუბლიკა. იქ მოქმედებენ კრიმინალური ბანდები, რომლებიც ხალხის წინააღმდეგ იბრძვიან. ყველა ჭკვიანი ოსი ქართველებთანაა, მათ არ უნდათ ავტონომიური ოლქი, არც რესპუბლიკა. მათ კარგი ურთიერთობა აქვთ ქართველებთან, ასე იქნება მომავალშიც.
- თქვენ აყალიბებთ ეროვნულ გვარდიას. რა მიზანი გაქვთ, როგორი უფლებები ენიჭება არმიას?
- ეს არ არის არმია, ეს არის პოლიციის ჯარები. ეს გამიზნულია კრიმინალური სამყაროს წინააღმდეგ. არსებობენ კრიმინალური ჯგუფები და ჩვენ ვიბრძვით მათ წინააღმდეგ, რათა რესპუბლიკაში დამყარდეს წესრიგი. დავაპატიმრეთ ზოგიერთი მათგანი, მაგალითად, ჯაბა იოსელიანი. ეს ხალხი რომ არ დაგვეპატიმრებინა, საქართველოში მოსალოდნელი იყო სამოქალაქო ომი. ისინი პირდაპირ, პრესით იმუქრებოდნენ სამოქალაქო ომით.
- არსებობს ქართული კგბ?
- დიახ, არსებობს. თანდათან კგბ ეროვნული ხდება.
- ვინ აფინანსებს კგბ-ს?
- ჯერჯერობით ნაწილობრივ მოსკოვი. ერთბაშად ამის გადაწყვეტა დიდ სიფრთხილეს მოითხოვს. ამას თანდათანობით გავაკეთებთ.
- მართალია, ხაზალიას ნიშნავთ კგბ-ს უფროსად?
- არა, ეს ტყუილია. არანაირი კონტაქტი არა გვაქვს მასთან და არც დავნიშნავთ. ეს თქვენ ცრუ ინფორმაცია გაქვთ.
- სწორედ ამიტომაც გეკითხებით, რომ სიმართლე თქვენგან შევიტყო. ახლა აფხაზეთის შესახებ. არძინბამ საუბარში მითხრა, რომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოაწეროს ხელი სამოკავშირეო ხელშეკრულებას.
- გაუჭირდება. მოსახლეობა ამის წინააღმდეგია. არძინბას დიდი ოპოზიცია ჰყავს არა მარტო ხალხში, არამედ პარლამენტშიც. ამიტომ, ეს შეუძლებელია, მე ასე მგონია.
- აფხაზეთს უნდა, რომ გამოეყოს საქართველოს. როგორ ფიქრობთ, ეს შესაძლებელია?
- არა, ეს შეუძლებელია.
- რაიმე სიძნელეები ხომ არა გაქვთ ყოფილ კომუნისტებთან ურთიერთობაში?
- არა, აუგი მხოლოდ ზოგიერთების მიმართ შეიძლება ითქვას, რომლებიც მოსკოვში წავიდნენ და მოქმედებენ, როგორც კრემლის აგენტები. ისინი ახლა ჩვენს წინააღმდეგ იბრძვიან. ესენი არიან ფოფხაძე, მგელაძე, რომლებიც გავლენას ახდენენ მოსკოვისა და საზღვარგარეთის პრესაზე. ისინი არიან კრემლის პირდაპირი აგენტები. აქ მყოფი კომუნისტები კი არ არიან ძალიან მტრულად განწყობილი ჩვენს მიმართ.
- ადვაძეც?
- ადვაძეც კრემლის მებრძოლია.
- რა კავშირი გაქვთ დღეს შევარდნაძესთან?
- ცუდი ურთიერთობა არა მაქვს. ტელეფონით ვსაუბრობთ ხოლმე. მე ხშირად ვეუბნები მას, რომ დაიცვას საქართველო და საქართველოს დამოუკიდებლობის ინტერესები.
- და ამას გააკეთებს?
- მე არ ვიცი. ვნახოთ, მომავალში რა იქნება. შეიძლება ასეც მოხდეს.
- ამჟამინდელი თქვენი უდიდესი სურვილი?
- საქართველოს სრული დამოუკიდებლობა და სხვა სახელმწიფოების მიერ საქართველოს დიპლომატიური აღიარება.
- გამსახურდიას, როგორც ჩვეულებრივ ადამიანს, რა გატაცება აქვს?
- ომში გატაცება არ არსებობს. ომის დროს ერთადერთი გატაცება ბრძოლაა. დასავლეთის ბედნიერი სახელმწიფოების პრეზიდენტები ბედნიერად ცხოვრობენ და არა ისე, როგორც მე. ჩემი ცხოვრება ბრძოლაა.
- მთელი თქვენი ოჯახი იბრძვის დამოუკიდებლობისათვის, თქვენი მეუღლეც...
- დიახ, ისიც იბრძვის.
- ოდესმე გახდება იგი მინისტრი?
- არა, ეს ცრუ ინფორმაცია გაქვთ, ცრუ ოპოზიციისაგან მიღებული.
- დიდი მადლობა... საინტერესო საუბრისათვის.
საქინფორმი
ინტერვიუ ზაარის მხარის ტელერადიოკორპორაციის კორესპონდენტთან / გამსახურდია ზვიად; [ჩაიწერა] მარი ელიზაბეტ დენცერმა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 28 ივნისი. - №124- 125 (145). - 2გვ.
![]() |
28 სამახსოვრო ჩანაწერი საქართველოს ეროვნული პარტიებისა და ორგანიზაციებისადმი1 |
▲ზევით დაბრუნება |
უკანასკნელ წლებში საქართველოში ჩამოყალიბდა მრავალი პარტია და ორგანიზაცია, რაც უდავოდ მისასალმებელია სამოცდაათწლიანი ტოტალიტარული ერთპარტიული სისტემის ბატონობის შემდგომ. მაგრამ ამ პარტიებისა და საზოგადოებების საქმიანობაზე დაკვირვება ზოგჯერ შიშსაც იწვევს, ვაი თუ ყოველივე ამან ნანატრი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ნაცვლად უფრო დიდი ქაოსისა და ანარქიის საფრთხის წინაშე დაგვაყენოს. გამოითქმის მრავალი შეხედულება ჩვენი მოძრაობის მიმართულებისა და მიზნების შესახებ. ერთ-ერთი მათგანია ის, რომ თითქოს საქართველოში დღეს არსებობს ერთის მხრივ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა, რომელიც მხოლოდ დამოუკიდებლობისათვის იბრძვის და სხვა პრობლემებისთვის არა სცალია, ხოლო მეორეს მხრივ - ეროვნული ხსნის მოძრაობა, რომელიც იბრძვის კულტურული, ეკოლოგიური, სოციალური, ეკონომიკური და სხვა პრობლემებისთვის.
ჩემის აზრით, დაუშვებელია ასეთი დაყოფა. ეროვნულმა და სამართალდაცვითმა მოძრაობამ მაქსიმუმი უნდა გააკეთოს როგორც ერთ, ისე მეორე ფრონტზე, ეს უნდა იყოს მისთვის ერთიანი ფრონტი. სამწუხაროდ, ზოგიერთი პარტია იჩემებს პრიორიტეტს, ე.წ. პირველ ფრონტზე, ეროვნული დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ფრონტზე, ხოლო მეორე ფრონტზე მოღვაწეობა თავის მოვალეობად არ მიაჩნია, „მთავარია დამოუკიდებლობა!“ გაიგონებთ მათგან, სხვა დანარჩენი კი - ზედმეტია დღეს. მოდით განვიხილოთ, რამდენად სერიოზულია და გამართლებული ასეთი დამოკიდებულება ეროვნული მოძრაობისადმი.
მოდით, ვიქონიოთ რეალობის გრძნობა. თვალი გავუმართოთ იმ საფრთხეს, რომლის წინაშეც დგას ჩვენი ერი. ეროვნული ხსნის მოძრაობას, საზოგადოებრივი ხსნის მოძრაობას ნუ გამოვყოფთ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისაგან, რამეთუ ეს ორი რამ ურთიერთგანპირობებული და განუყოფელია.
ამთავითვე ვიტყვი, რომ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წარმატებანი პირდაპირ არის დამოკიდებული მის მასობრივ ხასიათზე. ეს მოძრაობა კი საერთო სახალხოდ ვერ გადაიქცევა, თუ მასებმა არ დაინახეს მისი აუცილებლობა, თუ იგი მათ თავიანთ ღვიძლ საქმედ არ აქციეს.
დიახ, ჩვენ მასების შეგნებამდე უნდა დავიყვანოთ ის ჭეშმარიტება, რომ საქართველოს ყველა ეროვნულ და სოციალურ პრობლემას საბოლოო ჯამში ეროვნული დამოუკიდებლობის მიღწევის გარდა არაფერი უშველის, რომ ყველა ამ პრობლემის მოგვარება თავისუფლებასა და დამოუკიდებლობაშია. მაგრამ ამ მიზნის მისაღწევად ჩვენ მთელ ქართველ ერს ვერ დავრაზმავთ, სანამ მას თვალნათლივ არ ვაჩვენებთ ყოველივე იმას, რასაც ხედავს დღეს მხოლოდ ეროვნული მოძრაობა, სანამ თითოეული ქართველის შეგნებამდე არ დავა ის ცხადი ჭეშმარიტება, რომ არსებულ რეჟიმში განწირულია არა მხოლოდ ერი, არამედ ყოველი ადამიანის ინდივიდუალური არსებობა და კეთილდღეობა. სხვაგვარად ჩვენ ვერ შევქმნით მასობრივ, სტაბილურ, დინამიურ მოძრაობას, რომელიც საყოველთაო, ეროვნულ დაუმორჩილებლობაში გადაიზრდება.
დღეს საქართველოს დამოუკიდებლობა აქსიომაა მხოლოდ ჩვენთვის, ეროვნული მოძრაობის წარმომადგენელთათვის, მასებისათვის კი იგი ჯერაც თეორემაა, რომელსაც დამტკიცება სჭირდება (ეს არის უდიდესი მიღწევა კრემლის სამოცდაათწლიანი პრაქტიკისა და პროპაგანდისა). ამის დამტკიცების საუკეთესო გზა კი არის ეროვნული მოძრაობის ფართოდ გაშლა მასებში. ჩვენი ეროვნული და სოციალური წყლულების გაშიშვლება, ხალხისთვის ინფორმაციის მიწოდება მათ შესახებ, ნათელყოფა იმისა, თუ რა მოაქვს საბჭოთა იმპერიალიზმს და ბიუროკრატიას საქართველოსთვის, ფაქტებით დასაბუთება იმისა, რომ მოსკოვს განზრახული აქვს არა მხოლოდ რუსიფიკაცია და დემოგრაფიული აბსორბირება ჩვენი ერისა, არამედ მისი ფიზიკური განადგურებაც: ეკოლოგიური გენოციდით, ნარკომანიით, სამხედრო ბეგარით და სხვა საშუალებებით. ყოველივე ამას კი მასების შეგნებამდე დავიყვანთ იმ შემთხვევაში, თუ გავაცნობთ მათ ჩვენი პროგრამა მინიმუმის დეტალებს, მემორანდუმის მოთხოვნებს და მათი შესრულებისათვის ბრძოლის გზებს, თუ ხალხის თანადგომით არ განვახორციელებთ ეროვნული ხსნისა და აღორძინების პროგრამას, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი პროგრამა მაქსიმუმით, ეროვნული თავისუფლებისათვის ბრძოლაში ჩვენ მარტონი დავრჩებით, ეს მოძრაობა საერთო-სახალხო მოძრაობად ვერ გადაიქცევა.
დღეს საბჭოთა იმპერიალიზმი გარდაქმნისა და საჯაროობის, ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნვის ნიღბით მოქმედებს. უკანასკნელ ხანს მან გაააქტიურა კოოპერაცია, ვაჭრობა-საქმოსნობას გაუხსნა ფართო გზა მასებში, რათა ამ გზით მეშჩანურ კეთილდღეობაში, ყოფით მატერიალიზმში და სპეკულაციაში ჩაითრიოს მასები და მოსწყვიტოს შეგნებულ პოლიტიკურ აქტივობას. ეს ჯერ კიდევ ლენინის ანდერძი იყო. ლენინი ურჩევდა კავკასიის ბოლშევიკებს, არ შეეზღუდათ წვრილბურჟუაზიული ტენდენციები კავკასიის ხალხებში, მიეცათ მათთვის ფართო საშუალება ვაჭრობა-საქმოსნობისა.
კავკასიის სოვეტიზაციის შემდგომაც იგი ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ აქ არ არის საჭირო რუსული შაბლონის გადმოტანა. ამ სფეროში აკრძალვა ვაჭრობისა, წვრილი მეწარმეობისა, ეს ყოველივე ეროვნულ პოლიტიკური, შორს მიმავალ მიზნებს ისახავდა, აქტივობის ჩაკვლისას და დღეს კვლავ განახლებულია ლენინის თანამედროვე მიმდევართა მიერ. ჩვენი ერთ-ერთი ამოცანა უნდა იყოს ამ მუხანათური პოლიტიკის მხილებაც.
დღევანდელ პირობებში ჩვენი პროგრესული აგიტაცია და პროპაგანდა პატრიოტული, ეროვნულ-განმათავისუფლებელი იდეების ქადაგება, დამოუკიდებლობისათვის ბრძოლისაკენ მოწოდება არ კმარა მასების გამოსაღვიძებლად და დასარაზმავად. ამის პარალელურად ჩვენ უნდა დავანახოთ ხალხს კონკრეტული შედეგები მოსკოვის ვერაგული და მავნე პოლიტიკისა, რომელიც გამოიხატება ქართველთა ეროვნულ დისკრიმინაციაში, უცხო ეროვნებათა პრივილეგირებაში, დემოგრაფიულ ექსპანსიონიზმში, ინდუსტრიულ გიგანტიზმში, ეკოლოგიურ მავნებლობაში, რომელსაც ცენტრი ყოველნაირად ხელს უწყობს საქართველოში, რათა მაქსიმალურად გაზარდოს არაქართული მოსახლეობის ხვედრითი წონა ჩვენს ტერიტორიაზე, გარდაუვალი გახადოს ამ გიგანტურ საწარმოთა ელექტრომომარაგებისათვის ასეთივე გიგანტური ჰესების მშენებლობა, რაც მომავალში საწინდარია ჩვენი ერის ნამდვილი გენოციდისა.
ბალტიისპირეთის, უკრაინისა და სომხეთის ერების გენოციდი, რომელსაც უთუოდ გეგმაზომიერი ხასიათი აქვს, ჩვენთვის უნდა იქცეს საგანგაშო სიგნალად, სამომავლო გაკვეთილად, ჩვენ უნდა ავუხსნათ ქართველ ხალხს, რომ მასაც იგივე მოელის, თუ მთელი საქართველო ერთ მუშტად არ შეიკრება და არ დაირაზმება კრემლის ამგვარი მავნებლობის წინააღმდეგ, თუ არ ჩაშლის ინდუსტრიული გიგანტიზმის და მსხვილი საწარმოო ობიექტების გაყიდვის შემდგომ გეგმას, თუ არ შეაჩერებს დემოგრაფიულ აგრესიას ჩვენი ერის წინააღმდეგ. ყოველივე ამის გაცნობიერების გარეშე მოსახლეობა არ იბრძოლებს საქართველოში ისეთი წყობილების დამყარებისათვის, რომელიც ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე დაგეგმავს ჩვენს ეკონომიკას და არა იმპერიული ცენტრალური დაგეგმარების მოთხოვნებიდან გამომდინარე, რომელიც იქნება ჭეშმარიტი მხსნელი ერისა. აი, რაოდენ ურთიერთგადაჯაჭვულია ეროვნული ხსნის მოძრაობა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობასთან! ერთი არ არსებობს მეორის გარეშე, ვინაიდან ეროვნული მოძრაობა ყველა ქვეყანაში მასობრივი ხდებოდა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ალღოს აუღებდა ხალხის ინტერესებს, გადაეჯაჭვებოდა სოციალურ-ეკონომიურ მოძრაობას, როდესაც ინტელიგენცია, არისტოკრატია და პლებსი შეერთდებოდა ერთი დიადი მიზნისათვის საბრძოლველად. ასე იყო იტალიაში, ირლანდიაში და ინდოეთში. ასევეა დღევანდელ ავღანეთში, პოლონეთსა და ბალტიისპირეთში.
ამასთან, დროა გავაცნობიეროთ, რომ ეროვნული ხსნისათვის აუცილებელი ნაბიჯები გადადებას ვეღარ ითმენენ. ახლოვდება დემოგრაფიული კატასტროფა მიგრაციისა და იმმიგრაციის გზით, ბიუროკრატიული აპარატის კორუფცია და ცრუ ინტერნაციონალიზმი აჩქარებს ამ პროცესს, დაგეგმილია გიგანტური წყალსაცავები, რომელთა აგებაც გენოციდის საწინდარია თანამედროვე გაზრდილი სეისმური აქტივობის პირობებში. თუ ხელისუფლებას უახლოეს ხანში არ გავაუქმებინეთ ეს მავნებლური პროექტები, არ შევაწყვეტინებთ ხელოვნურად გამოწვეულ მიგრაციას საქართველოდან და ასევე ხელოვნურ იმიგრაციას არაქართველი მოსახლეობისა საქართველოში, არ შემოვაღებინებთ სამხედრო ბეგარის გაუქმებას, არ შევუშლით ხელს ინდუსტრიულ გიგანტიზმს, არ ჩავშლით მსხვილი საწარმოო ობიექტების გაყიდვას, პრაქტიკულად არ განვახორციელებთ ქართული ენის სახელმწიფო პროგრამას, არ შევაწყვეტინებთ მოსკოვს ქართველთა ეროვნულ დისკრიმინაციას საქართველოში, მომავალში ქართველი ერი აღარ იარსებებს, ან იარსებებს როგორც ერთი მუჭა ეროვნული უმცირესობა თავის ყოფილ ტერიტორიაზე მრავალრიცხოვან „ინტერნაციონალურ“ კონგლომერატში და მაშინ აღარც არაფერი გვექნება გასათავისუფლებელი! ასე, რომ ეროვნული ხსნის მოძრაობისაგან განდგომა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ჩაშლაც არის.
დღეს პარტიები აყენებენ თეზისს თავიანთი რადიკალიზმის შესახებ. სიტყვა „რადიკალის“ პირველი ლათინური მნიშვნელობაა ძირეული, მყარი, საფუძვლიანი და არა ის, რაც დღეს ამ სიტყვამ შეიძინა. მე მოგაწოდებთ საზომს ჭეშმარიტი რადიკალიზმისას დღევანდელ პირობებში: ეს არის გონივრული და შედეგიანი ბრძოლა, რომელიც ამავე დროს ზიანს არ მოუტანს მოძრაობას, დარაზმავს ხალხის მასას ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლისათვის.
დღესდღეობით ჩემის აზრით, ყველაზე მეტად რადიკალური იქნება ის პარტია ან ის ორგანიზაცია, რომელიც პრაქტიკულად განახორციელებს მუშათა მოძრაობის ორგანიზებას, თავისუფალი პროფკავშირების ჩამოყალიბებას, გასდებს ხიდს პოლიტიკური მოძრაობის აქტივისტებსა და მუშებს შორის, შექმნის მუშათა მოძრაობას, რომელიც შესძლებს პოლონური მოდელის გადმოტანას ჩვენს სინამდვილეში. რა იქნებოდა პოლონეთის „კორ“-ი, ან ახალგაზრდული ორგანიზაციები, მათ რომ არ ჩაებათ მუშათა კლასი თავიანთ მოძრაობაში? დღესდღეობით პოლონეთის პოლიტიკური მოძრაობა, ეკლესია და მუშათა მოძრაობა გაერთიანებულია, ერთი მიზნისათვის იბრძვის, ერთ მუშტად არის შეკრული ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ.
ჩვენში კი რა ხდება? ერთობა არ არსებობს თვით პოლიტიკურ ორგანიზაციებს შორის, რომელთაც თითქოს ერთი მიზანი უნდა აერთებდეს. ყველას სურს ავტონომიური მოქმედება, ეკლესია პარალიზებულია, ინფილტრირებულია საბჭოთა ხელისუფლების მიერ, მას ფაქტობრივად ცენტრალური კომიტეტი მართავს, რის შედეგადაც იგი გამოთიშულია როგორც ეროვნული მოძრაობისაგან, ასევე საზოგადოებრივი ცხოვრებისაგან, მუშათა კლასი დაურაზმავია და დაშინებული, გლეხობა განზე დგას, არ არსებობს არავითარი რეალური კავშირი მასებსა და ეროვნულ მოძრაობას შორის, რომლის აუდიტორიაც არის ძირითადად სტუდენტი და მოსწავლე ახალგაზრდობა. ამის გამო დღევანდელ პირობებში რადიკალიზმი უნდა ნიშნავდეს განდის და პოლონეთის გზით სიარულს, მასების მობილიზაციას საყოველთაო ეროვნული დაუმორჩილებლობისათვის და არა გარიბალდის გზას. ის ეტაპი, როდესაც საჭირო გახდება გარიბალდისა და მოჯაჰედინების გზაზე დადგომა, ჩვენთვის ჯერ შორს არის. ნუ დავივიწყებთ, რომ ქვეყანას და ხალხს, სამოცდაათწლიანი სტალინისტური ქადაგებით მოწამლულს, უკიდურეს აპათიაში ჩავარდნილს, აპოლიტიკურს, ურელიგიოს და ზნეობრივად ინდიფერენტულს, ჯერ სჭირდება აღზრდა, პოლიტიკური გათვითცნობიერება, გამოფხიზლება, ეთიკური ჩვევების შემუშავება და შემდეგ ხანგრძლივი შემზადება ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლისათვის, რომლის შესაძლებლობაც შესაბამისმა ისტორიულმა მომენტმა უნდა მოგვიტანოს. ყოველგვარი ნაადრევი მოქმედება ამ მიმართულებით კი დამღუპველი იქნება ეროვნული მოძრაობისათვის.
ერთი სიტყვით, მოცემულ ეტაპზე ჩვენთვის პირველ პლანზე უნდა იყოს ჩვენი „პროგრამა მინიმუმის“ პროპაგანდა და მისი განხორციელება, რის გარეშეც „პროგრამა მაქსიმუმზე“ ფიქრიც კი წარმოუდგენელია.
მოდით, ნუ დაგვეხვევა თავბრუ იმ მცირე წარმატებებისგან, რომელთაც მივაღწიეთ. გვახსოვდეს, რომ მთავარი საქმე ჯერაც არ დაგვიწყია, მოდით, კვლავ ერთობლივი ძალისხმევით განვახორციელოთ ის, რაც მიგვიყვანს საბოლოო მიზნამდე. ცალ-ცალკე მოქმედება კი მხოლოდ დაგვაშორებს ამ მიზანს. ნურასოდეს დავივიწყებთ, რომ თავისუფლება მხოლოდ ბრძოლით როდი მოიპოვება, არამედ შრომითაც. შრომა, შრომა, თავაუღებელი შრომა, აი რა გვმართებს დღეს. მხოლოდ დროშების ფრიალით და ლოზუნგების სკანდირებით, თუნდაც მიტინგზე მშვენიერი სიტყვების წარმოთქმით, პასპორტების ან პარტიული მანდატების ხევით, ჩვენი უბედურების გლოვით, 26 მაისის ზეიმით, თავისუფლებას ვერ მოვოპოვებთ. ჩვენ უნდა ვიშრომოთ ერთობლივად, რათა ჩვენი მოძრაობა საერთო-სახალხო, საქმიან მოძრაობად გადაიქცს, რითაც ჩვენ უნდა ვიხსნათ ჩვენი ქვეყანა ზემოხსენებულ საფრთხეთაგან და მოვამზადოთ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის.
აუცილებელია აგრეთვე პოლიტიკური განათლების შეტანა მასებში, თანამედროვე პოლიტოლოგიისა და სოვეტოლოგიის იდეების პროპაგანდა, სოც. ბანაკის ეროვნულ და სოციალურ მოძრაობათა შესახებ (განსაკუთრებით პოლონეთის და ჩეხოსლოვაკიის მოძრაობის შესახებ) ფართოდ ინფორმირება მოსახლეობის ყველა ფენებისა. მხედველობაში მაქვს, როგორც სსრკ რესპუბლიკებში, ასევე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში მიმდინარე პროცესები. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ყველა ამ ერების გამოცდილება და მივუსადაგოთ იგი ჩვენს დღევანდელ ქართულ სინამდვილეს.
ჩვენ უნდა შევქმნათ კომისიები ყველა საჭირბოროტო ეროვნულ და სოციალურ პრობლემებთან დაკავშირებით და უნდა ჩავიბაროთ ანგარიშები მათი მუშაობის შესახებ. ჩვენი საერთო მიზანი უნდა იყოს ამ გზით საქართველოს დღევანდელი საბჭოთა ხელისუფლების კონტროლი და კურირება ყველა სფეროში, მკაცრი კონტროლი ხელისუფლების ყველა ღონისძიებაზე, რათა ძირშივე აღმოვფხვრათ ყოველგვარი შესაძლებელი მავნებლობა ხელისუფლების მხრივ დემოგრაფიულ, ეკოლოგიურ თუ სხვა სფეროებში, ჩვენ უნდა დავაწესოთ კონტროლი მიგრაციასა და იმმიგრაციაზე, საქართველოს ინდუსტრიალიზაციაზე და აგრარულ პოლიტიკაზე, ჩვენი მიზანი უნდა იყოს აგრეთვე ეროვნული აღორძინების დაჩქარება ყველა სფეროში, ქართული ენის სახელმწიფო პროგრამის პრაქტიკული განხორციელება, ახალი კონსტიტუციისათვის ბრძოლა და ა.შ.
ამ მიმართებით, ხელისუფლებაზე დაწოლის მიზნით, შეიძლება გამოყენება სახალხო ფრონტისა. თუ ამ ფრონტის პროგრამა იქნება გამოხატულება ყველაზე რადიკალური ეროვნული ძალების მიზნებისა და ამოცანებისა, თუ ხელისუფლება ვერ შეძლებს ფრონტის გამოყენებას მავნე მიზნებით, რაზედაც დაწესებული იქნება ფრონტში მყოფი პატრიოტების კონტროლი, თუ ფრონტში გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნებათ რადიკალებს, მაშინ შეიძლება დადებითი როლი ითამაშოს, ხოლო თუ ეს ყოველივე არ განხორციელდება, რადიკალები უნდა გამოვიდნენ სახალხო ფრონტიდან, გაემიჯნონ და ბრძოლა გამოუცხადონ მას, ვინაიდან იგი ერისათვის ზიანის მეტს არაფერს მოიტანს.
საინტერესოა მოსკოვის დამოკიდებულება საქართველოს სახალხო ფრონტთან. ნოემბრის შიმშილობის დღეებში მოსკოვმა აშკარად წაახალისა საქართველოს კომუნისტური ხელისუფლება, მხარი დაეჭირა სახალხო ფრონტის შექმნისათვის, რომელიც მას სჭირდებოდა მდგომარეობის განსამუხტავად, ხალხის ყურადღების ფრონტზე გადასატანად და შიმშილობის აქციის ჩასაშლელად. მაგრამ შემდეგში, როგორც სჩანს, მოსკოვი შეაშინა რადიკალების შესვლამ საქართველოს სახალხო ფრონტში და ახლა გადაწყვიტა ხელი შეუშალოს მათ მიერ ფრონტის ხელში ჩაგდებას. ინგლისში გამომავალ ჟურნალ „აღმოსავლეთ ევროპაში“ დაბეჭდილი პასკვილი საქართველოს სახალხო ფრონტში დისიდენტების მონაწილეობის შესახებ ამ მიზნით უნდა იყოს ინსპირირებული მოსკოვის მიერ (ცნობილია, რომ ამ ჟურნალის მუშაობაში ფარულად ურევს ხელს შევარდნაძისეული „მიდი“ და „კაგებე“, ხოლო ინგლისში მოქმედებს სუკ-ის ფართო ქსელი). ამით სურთ ქართველ დისიდენტებს დააბრალონ კოლაბორაციონიზმი და ამით დააფრთხონ სახალხო ფრონტიდან, რათა შემდეგში თავად ჩაიგდონ ფრონტი ხელში და საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენონ (ძნელი წარმოსადგენია, ინგლისში იცოდნენ ისეთი ნიუანსები საქართველოს დისიდენტებზე, რომელიც ჩანს ამ წერილში, აშკარაა, რომ მასალა მოსკოვიდან არის მოწოდებული, მით უმეტეს, რომ სტატია ანონიმურია).
რაც შეეხება დიალოგს, მთავარია ჩვენ არ წავიდეთ მტერთან არავითარ კომპრომისებზე, ხოლო როდესაც მტერი თავად მიდის კომპრომისზე, მას უნდა შევუწყოთ ამაში ხელი. ამ გზით განხორციელდება ხელისუფლების ინფილტრაცია და მისი ამ გზით ეროვნული ძალების ნებისადმი დაქვემდებარება. ეს ყოველივე ამავე დროს საწყისი ფაზაა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისა, რომელიც მომავალში განვითარდება და სახეს იცვლის იმპერიაში შექმნილი პოლიტიკური სიტუაციის შესაბამისად.
მაგრამ ამასთან ნუ მივეცემით ილუზიებს. საქართველოში ჯერაც მყარად არსებობს კომუნისტური ხელისუფლება და მას მონოპოლიზებული აქვს როგორც სოციალურ-პოლიტიკური და ეკონომიური სფერო, ასევე პროპაგანდისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებები. ეს ხელისუფლება კვლავინდებურად ტოტალიტარულია და რესპრესიული, მიუხედავად ე.წ. „გარდაქმნისა და დემოკრატიზაციის“ ნიღბისა, მისი დამხობა კი იმპერიის დღევანდელი სამხედრო-პოლიტიკური ძლიერების პირობებში ჯერჯერობით უტოპიაა. რაც შეეხება ზემოხსენებულ პროცესს ხელისუფლების ინფილტრირებისას, ეროვნულ ძალთა ნებისადმი მისი დაქვემდებარებისას და ამრიგად მისი რეალური და არა ილუზირებული გარდაქმნისა, ასეთი რამ უფრო შესაძლებელია, როგორც ამას ცხადყოფს ბალტიისპირეთის გამოცდილება. მეოცე საუკუნის იმპერიულ რეჟიმებთან ბრძოლის გამოცხადებაც ცხადყოფს, რომ ახალ დროში ე.წ. „მცოცავი რევოლუციები“ უფრო დიდ შედეგებს იძლევიან (მაგ. ინდოეთსა და პოლონეთში), ვიდრე უეცარი, „აფეთქებითი“ „ბლიცკრიგის“ მსგავსი რევოლუციები, რომელთა მარცხი გვახსოვს ახლო წარსულში (მაგალითად უნგრეთში). პოლიტიკური რომანტიზმი დღეს ვერ გაიმარჯვებს, დღეს საჭიროა უკიდურესი რეალიზმი და პრაქტიკული ალღო პოლიტიკაში, რადიკალიზმთან ერთად.
რაც შეეხება ხელისუფლებასთან საქმიან დიალოგს ძალის პოზიციიდან, იგი პოლიტიკური ბრძოლის ერთ-ერთი ფორმაა იმ შემთხვევაში, თუ იგი პრინციპულია და უკომპრომისო. დიალოგის, როგორც ბრძოლის საშუალების ეფექტიანობა დაადასტურა ისევ განდის, „სოლიდარობის“ გამოცდილებამ. დიალოგი არის იმავე დროს გზა ორხელისუფლებიანობისაკენ, რომელიც აუცილებელი გარდამავალი ეტაპია ხელისუფლების ინფილტრაციისაკენ და საბოლოოდ, პარლამენტური გზით, დემოკრატიული არჩევნების გზით, ახალი ეროვნული ხელისუფლების შექმნისაკენ. ცხადია, დიალოგი სხვაა და კაპიტულაცია ან კომპრომისული, ამორალური გარიგება სხვაა, მაგრამ ნუ დავივიწყებთ, რომ ჯერ არ მომხდარა არც ერთი ომი, სადაც არ ყოფილიყო მხარეებს შორის მოლაპარაკება. ასეთი მოლაპარაკებით კი გონიერი მოწინააღმდეგე ზოგჯერ მეტს აღწევს, ვიდრე ძალის გამოყენებით. როგორც მაგალითად ლეხ ვალენსამ მიაღწია იარუზელსკის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებით.
მაგრამ ყოველივე ზემოთქმული არ მიიღწევა, სანამ ხელისუფლება არ დაინახავს სერიოზულ საფრთხეს ქვეყანაში პოლიტიკური და ეკონომიკური დესტაბილიზაციისას, სიტუაციაზე კონტროლის დაკარგვისას, სანამ არ დაკარგავს იმედს პროპაგანდისტული კამპანიებით და რეპრესიებით მოძრაობის ჩახშობისას და მდგომარეობის სათავისოდ გამოსწორებისას. ყოველივე ეს კი დადგება მაშინ, როდესაც ჩვენ შევძლებთ ფართო მასების ამოძრავებას, ავამაღლებთ მათ პოლიტიკურ ცნობიერებას, ცხადვყოფთ, რომ ეროვნული ხსნისათვის, ეროვნული თავისუფლებისათვის ბრძოლას ალტერნატივა არ გააჩნია დღევანდელი რეჟიმის პირობებში. ყოველივე ეს კი წარმოუდგენელია მასების ინფორმირების გარეშე, მშვიდობიანი პოლიტიკური ბრძოლის გარეშე, დაუმორჩილებლობის გარეშე, მრავალათასიანი ტირაჟის მქონე პრესის გარეშე, აი რა მიმართულებით უნდა წარვმართოთ ჩვენი მუშაობა და ჩვენი სახსრები.
ყოველივე ზემოთქმულის გამო, ცენტრიდანულ, დამშლელ ძალებს, განხეთქილების ძალებს დავუპირისპიროთ ცენტრისკენული, გამაერთიანებელი ძალისხმევა, შევქმნათ მთელი ეროვნული მოძრაობის გამაერთიანებელი საკოორდინაციო ცენტრი ან კომიტეტი, სათათბირო, რომელშიც გაერთიანდება ყველა პრინციპული, ნამდვილად ეროვნული გაერთიანებანი. ცენტრი ან სათათბირო შეიკრიბოს ხოლმე საჭიროებისამებრ და გადაწყვიტოს პარიტეტულ და დემოკრატიულ საწყისებზე ჩვენი მოძრაობის გეზი და პერსპექტივა, ერთობლივად დაგეგმოს დიდი მასშტაბის აქციები, იმსჯელოს მათ საჭიროებაზე. მოკლედ, ვიბრძოლოთ ჩვენი მოძრაობის გაერთიანებისა და კოორდინირებისათვის. დავგმოთ ყოველგვარი პარტიული ეგოიზმი, პარტიკულარიზმი, განსაკუთრებულობის და ელიტარულობის პრეტენზიები, თვითგანდიდება და თვითკმაყოფილება. მხოლოდ ამრიგად მივაღწევთ საბოლოო მიზანს, წინააღმდეგ შემთხვევაში გველის დაქსაქსვა და დაუძლურება.
1989 წელი. ივნისი.
P.S. ამ დროს უკვე მოქმედებდა ეროვნული ხსნის კომიტეტი, მაგრამ მრავალმა ყურად არ იღო ასეთი მოწოდებები, რის შედეგადაც ეს კომიტეტი მალე დაიშალა. სამაგიეროდ მალე შეიქმნა „მრგვალი მაგიდა“, რომელმაც გააერთიანა ყველა ჭეშმარიტი ორგანიზაცია და რეალობად აქცია ის პრინციპები, რაც ამ წერილში თეორიულად არ ჩამოყალიბებულა.
სამახსოვრო ჩანაწერი საქართველოს ეროვნული პარტიებისა და ორგანიზაციებისადმი: გამსახურდია ზვიად // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 28 ივნისი. - 124- 125 (145). - 1 გვ.
_________________
1. წარმოდგენილი წერილი საბჭოურ პერიოდში ვრცელდებოდა მხოლოდ თვითგამოცემაში, იგი დღეს პირველად ქვეყნდება, გასაგები მიზეზების გამო. (რედ. შენიშვნა)
![]() |
29 საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ბატონ ფრანსუა მიტერანს |
▲ზევით დაბრუნება |
ბატონო პრეზიდენტო!
1921 წელს, მას შემდეგ, რაც საქართველო ოკუპირებულ იქნა საბჭოთა რუსეთის მიერ, ქართულმა მთავრობამ თავშესაფარად საფრანგეთი აირჩია, რომელმაც თავის მხრივ მას ფართოდ გაუღო საკუთარი გული და კარი.
1922 წელს საქართველოს მთავრობამ შეიძინა პატარა მამული ლევილში (სენისა და უაზის დეპარტამენტი), პარიზთან ახლოს, სადაც აგრეთვე მდებარეობს ქართული სასაფლაო, ლევილის მუნიციპალური სასაფლაოს გვერდით, და იქ ამჟამად განისვენებენ ქართველთა ნეშტები.
დღეს, როდესაც საქართველო იბრძვის თავისუფლებისათვის და არჩეული ვარ პრეზიდენტად, მე გთხოვთ, ბატონო პრეზიდენტო, გამოიჩინოთ კეთილმოსურნეობა და დაიცვათ მამულის ტერიტორიული მთლიანობა და ხელშეუხებლობა, როგორც ქართველთა ისტორიული ნავსაყუდელისა საფრანგეთში. იგი მომავალში ჩვენი ერების დაახლოების კერა უნდა გახდეს.
მივესალმები საფრანგეთს და მის მარადჟამ სტუმართმოყვარე მიწა-წყალს. გამოვთქვამ იმედს, რომ ის კვლავაც დაუჭერს მხარს ჩვენი ორი ხალხის მეგობრობას და კავშირს.
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია
თბილისი, 1991 წლის 26 ივნისი
მიმართვა : საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ბატონ ფრანსუა მიტერანს / გამსახურდია ზ. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 29 ივნისი. - №126 (146). - 1გვ.
![]() |
30 „ექვს თვეში შეუძლებელია სისტემის მთლიანად შეცვლა“ |
▲ზევით დაბრუნება |
მრავალი გამოცემა, მათ შორის გაზ. „ტრუდი“ რეგულარულად აქვეყნებს კორესპონდენციებს საქართველოს დღევანდელი რთული სიტუაციის შესახებ. მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში ჩნდება სხვადასხვა ტონით დაწერილი მასალები, მათ შორის ისეთები, რომლებშიც მწვავედ აკრიტიკებენ ამ რესპუბლიკის ლიდერს, მისი დღევანდელი საშინაო და საგარეო პოლიტიკის სხვადასხვა ასპექტს.
მერედა თვითონ ზვიად გამსახურდია როგორ ხსნის თავის პოზიციას, თავისი მოქმედებების ლოგიკას! „ტრუდის“ მკითხველებს ვთავაზობთ ინტერვიუს, რომელიც სპეციალურად მისცა მან ჩვენს გაზეთს. საუბარი იბეჭდება ყოველგვარი შესწორების გარეშე. წაიკითხეთ, შეაფასეთ, თავად გამოიტანეთ დასკვნები.
სავიზიტო ბარათი: ზ. გამსახურდია დაიბადა 1939 წელს, დაამთავრა თბილისის უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში უფროს მეცნიერ თანამშრომლად. მისი მეცნიერული ინტერესების სფეროა ქართული კულტურის, რუსთაველოლოგიის, საზღვარგარეთის ლიტერატურისა და მითოლოგიის პრობლემები. იგი მრავალი მონოგრაფიისა და მეცნიერული შრომის ავტორია. გამოქვეყნებული აქვს ლექსების, ესეების, იგავებისა და ლიტერატურული ნარკვევების კრებულები, ამერიკელი, ინგლისელი, ფრანგი მწერლების ნაწარმოებთა თარგმანები.
საზოგადოებრივ-პოლიტიკური საქმიანობა დაიწყო 1950-იან წლებში. 17 წლის ჭაბუკი დააპატიმრეს. მიუხედავად ამისა, განაგრძობდა ინტენსიურ პოლიტიკურ საქმიანობას. ზ. გამსახურდია საქართველოს ჰელსინკის კავშირის დამაარსებელი და უცვლელი თავმჯდომარეა. არის პოლიტიკური ბლოკის „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“ სპიკერი. 1956-1957 და 1977-1979 წლებში რეპრესირებული იყო. სასჯელს იხდიდა მოსკოვისა და თბილისის საპყრობილეებში. გადასახლებული იყო კასპიისპირეთში.
შარშან ნოემბერში აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ, წლეულს აპრილში გამართულ უზენაესი საბჭოს სესიაზე - რესპუბლიკის პრეზიდენტად. მიმდინარე წლის მაისში გამართულ საყოველთაო არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა და საქართველოს ისტორიაში პირდაპირი ფარული კენჭისყრით არჩეული პირველი პრეზიდენტი გახდა.
ცოლიანია და ჰყავს სამი შვილი.
- ბატონო ზვიად, როგორ აფასებთ საქართველოს დღევანდელ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სიტუაციას?
არის როგორც საშინაო, ისე საგარეო ხასიათის სიძნელეები. მაგრამ ყოველივე ეს ძირმომპალი კომუნისტური რეჟიმის მემკვიდრეობა გახლავთ, რომელმაც ბოლო წლებში გახრწნა საზოგადოება, კრახის პირას მიიყვანა რესპუბლიკის ეკონომიკაც და საზოგადოებრივი ცხოვრებაც. განსაკუთრებით განვითარდა დამნაშავეობა, რომელსაც, გრძნობდა რა აღსასრულს საქართველოში, ეს რეჟიმი, ვფიქრობ, შეგნებულად ახალისებდა და აკანონებდა კიდეც...
ახლა ჩვენში კატასტროფული ვითარებაა ამ თვალსაზრისით. ეს ახლა სოციალური უბედურებაა, რომელიც პოლიტიკურ საშიშროებადაც გადაიზრდება. აი, მთავარი, რაც მაშფოთებს.
ამ დროს კი რუსი დემოკრატები კვლავ გვახელებენ და ამტკიცებენ, თითქოს ჩვენ ვაპატიმრებდეთ პოლიტიკურ ოპოზიციონერებს, მაშინ, როცა ვაკავებთ დამნაშავეებს, საკმარისია გავაუვნებლოთ რომელიმე ბანდა, რომ აქედან, თბილისიდან სხვადასხვა გამოცემაში უმალ იგზავნება ცრუ ინფორმაცია, თითქოსდა დაზარალდა რომელიღაც პოლიტიკური ორგანიზაცია. სხვათა შორის, დანაშაულებრივი სამყარო ახლა მოხერხებულად არის ამოფარებული სხვადასხვა პოლიტიკურ დაჯგუფებას, ამიტომაც მათთან ბრძოლა ძნელია. აი, რა ართულებს ჩვენს საშინაო პოლიტიკურ ვითარებას. გარდა ამისა, ხელოვნურ კონფლიქტებს ქმნიან ყოფილ სამხრეთ ოსეთში. ლტოლვილთა პრობლემა ასევე მწვავედ დგას - მათმა რიცხვა უკვე 10 ათასს მიაღწია და არ ვიცით, რა მოვუხერხოთ. ისინიც უმართავი ადამიანები არიან, აღგზნებულები, ყველაფერი დაკარგეს... ესეც ცენტრის პოლიტიკის მიზეზით ხდება, რომელსაც სურს აქ სიტუაციის დესტაბილიზაცია, ჩვენი მდგომარეობის შერყევა. ამას ემატება პირდაპირი, აშკარა ბლოკადა. სსრ კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს მითითებით ბარტერული გარიგებანიც კი იფუშება. ჩვენ ვგზავნით საქონელს, სსრ კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტრო კი აკავებს საქონელს, რომელიც სანაცვლოდ გვეგზავნება. სხვაგვარად თუ ვიტყვით, სურთ საქართველო მოაშთონ პოლიტიკურადაც და ეკონომიკურადაც. ასე რომ, მძიმე მდგომარეობა გვაქვს.
- ზოგიერთი თქვენი ოპონენტი, მაგალითად, ადგილობრივი სოციალ-დემოკრატები გვსაყვედურობენ, - რადიკალური რეფორმები ეკონომიკაში ყოვნდებაო. წინასაარჩევნო ბრძოლის დროს აქა-იქ გაისმა, რაც ახლა საქართველოში ხდება, ნეოსოციალიზმიაო. ეკონომიკის მართვაზე თუ ვილაპარაკებთ, იგი, როგორც თქვენს ოპონენტებს ჰგონიათ, ცენტრალიზებული რჩება. რა რეფორმები და კანონპროექტები მზადდება ამ დარგში?
- უწინარეს ყოვლისა, პრივატიზაციის კანონი. ძალზე მალე, ვიმედოვნებ, მივიღებთ მიწის კანონს. დაკანონდება მისი პრივატიზაცია, და ოპონენტებსაც გაუქრებათ კოზირები“... საერთოდ კი უნდა გითხრათ, რომ ესენი ოპონენტები კი არა, პროვოკატორები არიან. თავის დროზე სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა ჩვენში შექმნა სოციალ-დემოკრატთა ფსევდო-პარტია. მათ ყველა შესანიშნავად იცნობს. ასე რომ, მათი აზრები აქ მოსატანი არ არის. იცით, რით სარგებლობენ? ექვს თვეში შეუძლებელია მთლიანად შეცვალო სისტემა, რომელიც 70 წელზე მეტია არსებობს. აქედან ჩანს, რომ ისინი ბოროტი განზრახვით ამახინჯებენ ფაქტებს. განა ასე შეიძლება? სინამდვილეში ისინი საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის აგენტები არიან. ეს იგივე კომპარტიაა, მხოლოდ სახელი შეიცვალა.
- როცა შარშან ნოემბერში პოლიტიკური ძალების ბლოკი თქვენი ხელმძღვანელობით ხელისუფლების სათავეში მოვიდა, თქვენ გამოაცხადეთ გარდამავალი პერიოდი საქართველოს სუვერენიტეტის გზაზე. რა თქმა უნდა, საბჭოთა კავშირში შექმნილ ესოდენ არასტაბილურ და გაუთვალისწინებელ ვითარებაში ძნელია რაიმეს განჭვრეტა. და მაინც, თქვენი აზრით, როდის შეიქმნება საქართველოს სრული პოლიტიკური და ეკონომიკური დამოუკიდებლობის საფუძველი?
- მხოლოდ მას შემდეგ, როცა საქართველო გავა სსრ კავშირის შემადგენლობიდან, გახდება საერთაშორისო სამართლის სუბიექტი. მანამდე სრულყოფილი ეკონომიკური რეფორმაც კი პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან სოციალისტური სისტემა ძალმომრეობით, ეკონომიკურადაც, ერთი სიტყვით, ყოველმხრივ გვაფერხებს.
- ნება მიბოძეთ, დაგისვათ საფირმო კითხვა. არის აზრი, რომ საქართველოს დამოუკიდებელ პროფკავშირთა კონფედერაციაში, რომელიც ერთი წლის წინ შეიქმნა, თავიდანვე არ ასრულებენ პროფესიული კავშირების მთავარ ფუნქციას, რაც გულისხმობს მშრომელთა ინტერესების დაცვას. თქვენი აზრით, რა როლი აკისრიათ პროფკავშირებს დღეს?
- ჩვენთან, სამწუხაროდ, ამ დარგში ვერ მოგვარდა მუშაობა. კონფედერაციაში მეტად ძლიერი შინაბრძოლაა. ვერც საქმეა მაინცდამაინც ისე კარგად აწყობილი, როგორც გვინდოდა. გვსურს ვიხილოთ მთლიანად თავისუფალი პროფკავშირები, რომლებიც დაიცავენ მშრომელთა ინტერესებს. კონფედერაციაში პირად ამბიციებს არიან აყოლილები. პირადი ინტერესები ეჯახება ერთმანეთს, ამიტომ ჯერჯერობით, სამწუხაროდ, საქებარ სიტყვას ვერ შევაწევ ჩვენს პროფკავშირებს, მაგრამ ძალზე ვცდილობ მივაღწიო, რომ გვქონდეს ისეთი პროფკავშირები, როგორიც არის ამერიკის შრომის ფედერაცია და საწარმოო პროფკავშირების კონგრესი, ან პოლონეთის „სოლიდარობა“.
- ყმაწვილკაცობიდან ცნობილი ხართ, როგორც სამართალდამცველი. ახლა კი გაგიჩნდათ ახალი, მშვიდობისმყოფელური ამპლუა: იცით, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი ჯერ კიდევ მშვიდობიანი მოლაპარაკების დაწყებამდე ერთმანეთს კონტრპირობებს უყენებენ, თქვენ კი მაინც შუამავლობას სთავაზობთ. რას ეფუძნება მეზობლებს შორის მრავალწლიანი კონფლიქტის მოწესრიგების თქვენეული გზა?
- საქართველო ტრადიციულად ყოველთვის კისრულობდა აზერბაიჯანელთა და სომეხთა შემრიგებლის როლს. თქვენ უთუოდ იცით კავკასიაში მეფის რუსეთის ბატონობის ნაცადი მეთოდი - მეზობელ ხალხებს შორის ნიადაგ შუღლის გაღვივება. მინდა ჩავაგონო ლევონ ტერ-პეტროსიანს და აიაზ მუთალიბოვს, რომ კონფლიქტი მათ თავს მოახვიეს გარედან, რომ ეს არც ბუნებრივი და მით უმეტეს, არც კავკასიური მოვლენაა. შუღლი იმპერიამ დანერგა. მაგალითად, 1905 წელს თბილისში სომეხ-აზერბაიჯანელთა საშინელი ხოცვა-ჟლეტა მოეწყო, რომელიც შეაჩერეს ქართველებმა და შეარიგეს საუკუნეობრივი მეზობლები. ჰოდა, მეც ვისწრაფვი ავაღორძინო ჩვენი ტრადიციული როლი. დღეს არ მინდა, კაცმა რომ თქვას, არც შემიძლია ყველაფერი ვთქვა, მაგრამ კრემლმა რამდენიმე ეფექტიანი ღონისძიება განახორციელა ამიერკავკასიის რესპუბლიკების ხელმძღვანელთა ნავარაუდევი შეხვედრის ჩასაფუშად. ასე რომ, უკვე თითქმის შეუძლებელია ჩემი განზრახვის აღსრულება.
- მიუხედავად ამისა, ვემხრობი თქვენს ინიციატივას და შეგახსენებთ, რომ 1922 წლის პირველ სამოკავშირეო ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს ამიერკავკასიის ფედერაციის მონაწილეებმა. რამდენად რეალურია უახლოეს მომავალში „საერთო კავკასიური სახლის“ აშენება, როცა ახლა სამივე რესპუბლიკა ესწრაფვის თავისებურად გაგებულ დამოუკიდებლობას?
- სანამ იმპერიის შემადგენლობაში ვიმყოფებით, შეუძლებელია ამ ჯანსაღი იდეის ხორცშესხმა. თუ კავკასია მთლიანად არ გამოეყო იმპერიას, მეზობელ რესპუბლიკებს შორის არანაირი ოპოზიციური პროცესი არ დაიწყება. ამიტომ აქ ჩვენ ყველას ნიადაგ დაგვემუქრება მოვლენათა „ლიბანიზაცია“. ძალზე ძლიერ იმპერიას რეგიონში თავისი მთავარი მიზნები აქვს. მისი მეთოდები კი იმდენად დახვეწილია, რომ იგი წაახალისებს ამიერკავკასიის ლიბანიზაციას და ბოლოს და ბოლოს მიაღწევს თავისას.
- ერთ-ერთი ჩვენთაგანი, რომელმაც ნახევარი ცხოვრება თბილისში გაატარა, ვერაფრით გარკვეულა პარადოქსულ სიტუაციაში: როგორ მოხდა, რომ გასულ გაზაფხულზე პრაღაში გამართულ დისიდენტთა მსოფლიო ფორუმზე მიიღეს რეზოლუცია, რომ საქართველოს ახალი ხელისუფალნი ყველა ნაციონალური უმცირესობის მტრები არიან და აპირებენ მათ გასახლებას რესპუბლიკიდან, ცოტა მოგვიანებით კი არაქართული მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დაგიჭირათ პრეზიდენტის არჩევნებში.
- კვლავ ცენტრისა და მოღალატეთა ყოვლისშემძლე ხელი, რომლებიც აქ კრემლმა მოისყიდა. ისინი პრაღაში დისიდენტებად წარდგნენ. არიან ისეთებიც, რომლებმაც მოატყუეს ნამდვილი დისიდენტები, ემიგრანტები სსრ კავშირიდან. ამიტომაც ვამბობ, რომ რუს დემოკრატთა შორის ძალიან ბევრი შოვინისტურად არის განწყობილი საქართველოსადმი. ისე, ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტმა ჰაველმა რეზოლუციას ხელი არ მოაწერა, რადგან შესანიშნავად იცის კრემლის ეს სიყალბე.
- კაცმა რომ თქვას, ცენტრალურ პრესაში ყველაზე მწვავედ აკრიტიკებენ თქვენს ეროვნულ პოლიტიკას, როგორ ხსნით ამას?
- კრემლს სწორედ ეს გეზი აქვს აღებული ჩვენს მიმართ: დეზინფორმაცია, ცილისწამება, კომუნისტური სიცრუე, სამწუხაროდ, ჯერჯერობით ყოვლისშემძლეა. შემდეგ კი ეს ყოველივე ვრცელდება დასავლეთში. სხვათა შორის, რეფერენდუმის შედეგებიც კი არსად არ არის ნახსენები. არადა მოსახლეობის 98%25, მათ შორის არაქართველთა უმრავლესობა მხარს უჭერს დამოუკიდებლობას. მათ აგრეთვე მომცეს ხმა პრეზიდენტის არჩევნებში. ყველაფერ ამას მალავენ და იმავდროულად ავრცელებენ სიცრუეს, თითქოსდა ყველა არაქართველს ვასახლებდე საქართველოდან და ლამის გენოციდს ვუწყობდე აქ მცხოვრებ ყველა ეროვნებას. მაგრამ ფაქტები? სად არის ფაქტები? არსად. არის ასეთი ოხუნჯობა: ნაპოლეონი გაცოცხლებულა და გაზეთი „პრავდა“ რომ წაუკითხავს, უთქვამს: „ასეთი გაზეთი რომ მქონოდა, მსოფლიო ვერ შეიტყობდა ვატერლოოსთან ჩემი დამარცხების ამბავსო“.
- თქვენ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეთ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში: 3 600 ათასი ამომრჩევლიდან ხმა მოგცათ 2 500 ათასზე მეტმა კაცმა. დიდი დემოკრატიული ტრადიციების მქონე ქვეყნებშიც კი ასეთი შედეგები იშვიათია. ამავე დროს ლოგიკური იქნება ვივარაუდოთ, რომ ზოგიერთი იმათგანი, ვინც არ მონაწილეობდა არჩევნებში, ინდიფერენტულია პოლიტიკისადმი, სხვები - სხვაგვარად მოაზროვნეებს განეკუთვნებიან. მაშ ასე: ხომ არ ყოფილა აქ უბრალოდ შიშიც? თქვენ სიჭაბუკიდან სხვაგვარად მოაზროვნე იყავით და იცით, რომ ხელისუფალნი ყოველთვის დევნიდნენ ასეთ ადამიანებს. ახლა ბევრს ებადება კითხვა: ხომ არ განაგრძობს ახალი პრეზიდენტი ამ „ტრადიციას“ და ხომ არ დაუწყებს დევნას ახალი მოწვევის დისიდენტებს?
და კიდევ ასეთი კითხვა: როგორ გესახებათ საქართველოში საზოგადოების შემდგომი კონსოლიდაციის გზები?
- საერთოდ უნდა გითხრათ, არჩევნების შედეგები ცხადყოფს, თუ რაოდენ ძლიერად არის შეკავშირებული საზოგადოება. მხოლოდ ათი პროცენტია ინდიფერენტული ან სხვა ორიენტაციის მქონე. მოსახლეობის 90%25 კი, და არა მარტო ქართველები, გაერთიანებულნი არიან ერთი იდეით, მეტი რაღა გინდათ! უნდა ვიბრძოლოთ კონსოლიდაციის შენარჩუნებისათვის და ვიბრძოლებთ კიდეც. რაც შეეხება დევნას - ვინ უნდა ვდევნოთ? ოპოზიციას არანაირი პოლიტიკური ძალა არა აქვს. მას ნულოვანი მხარდაჭერა აქვს. ჩვენი ეგრეთწოდებული ოპოზიცია პოლიტიკური მძორია, რომელიც არავისთვის არავითარი საშიშროება არ არის. რატომ უნდა ვებრძოლოთ მათ? პირიქით, მათი შენარჩუნება მინდა, მერე რომ არა თქვან, ოპოზიცია მოსპოო. ჩემთვის აჯობებს კიდეც, თუ იგი არსებობს.
- ოპოზიციას ალბათ შეუძლია ხელი შეუწყოს შეცდომების თავიდან აცილებას?
- დიახ, რა თქმა უნდა. მათი ლანძღვა-გინება, ნეგატიური გამონათქვამები გვეხმარება კიდეც, გვაფხიზლებს, რაღაც სტიმულს გვაძლევს. ასე, რომ აბსოლუტურად არავის არ გვეშინია.
- გვინდა დაგისვათ კითხვა თქვენ, როგორც ადამიანს, რომელიც არც თუ ისე დიდი ხნის წინ იყო საქართველოში პირველი თვითგამოცემითი გაზეთებისა და ჟურნალების რედაქტორ-გამომცემელი: დრო და დრო პრესას უტევთ, დაჟინებით უწოდებთ ჩვენს კოლეგებს „კრემლის აგენტებს“ ან სუკის, ან ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ნაცვლებს... თქვენ ყველა ჟურნალისტზე გაქვთ დოსიე?
- გააჩნია, ვინ გყავთ მხედველობაში... განა ის, ვინც შეგნებულად ავრცელებს სიცრუეს საქართველოზე, კრემლის აგენტი არ არის?
- როგორ განასხვავებთ „კრემლის აგენტებს“ სუკის ან ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს აგენტისაგან?
- ცენტრალური სადაზვერვო სამსახური არ მიხსენებია. კრემლის აგენტები ჩვენში არიან. კრემლი ძალზე ძლიერი ორგანიზაციაა, მას ჰყავს თავისი აგენტები და ეს არც არის გასაკვირი. იმას, ვინც ადგას უსირცხვილო სიცრუესა და ფალსიფიკაციის კრემლისეულ გეზს, სწორედ კრემლის აგენტებს ვუწოდებ.
- არიან თქვენს თანამებრძოლთა შორის ისეთები, რომლებიც გაგიდგნენ?
- სამწუხაროდ, ასეთები არიან. არიან მოღალატეებიც. რა დასამალია, ისეთებიც, ვინც გარეულია კორუფციაში, ვინც უღალატა ჩვენს მოძრაობას. ყველა მოძრაობას ჰყავს მოღალატე და ამაშიც არაფერია სენსაციური.
- რა პრინციპით იწვევთ ადამიანებს „გუნდში“, ნიშნავთ თანამდებობაზე ან ათავისუფლებთ?
- უწინარეს ყოვლისა, საყოველთაო ეროვნული საქმისადმი ერთგულების პრინციპით. მთავარია აგრეთვე პატიოსნება, შეუბღალავი წარსული და აწმყო.
- ბევრმა არ იცის, მეტადრე საქართველოს გარეთ, რომ ქალბატონი მანანა არა მარტო თქვენი მეუღლე, არამედ თქვენი დიდი ხნის თანამებრძოლი, საქართველოს ეროვნული მოძრაობის აქტივისტია. როგორ გგონიათ, დღეს იგი ნანობს, რომ რესპუბლიკის პრეზიდენტის მეუღლეა? თუმცა საქართველოს პირველი ქალბატონის როლი ალბათ ყველა ქალისათვის სასიამოვნო უნდა იყოს.
- დიახ, რა თქმა უნდა. რა დასამალია, რომ მას ძალზე უჭირს. ქალის საქმე არ არის ბრძოლა. სამწუხაროდ, საქართველო ისტორიულად ყოველთვის ისეთ მდგომარეობაში იყო, რომ ქალებიც იბრძოდნენ - ასეთია ჩვენი ხვედრი.
- ბატონო ზვიად, თქვენ ქართული ლიტერატურის კლასიკოსის ვაჟი ბრძანდებით. რა ზნეობრივი და ადამიანური პრინციპებით ხელმძღვანელობთ, როცა საქართველოს ლიდერი გახდით, კერძოდ, მამის რომელ ფრაზას იხსენებთ უფრო ხშირად?
- უწინარეს ყოვლისა იმას, რომ ადამიანი უნდა ემსახურებოდეს სულიერ საწყისს, მსხვერპლად სწირავდეს თავს იდეას. ეს აზრი ლაიტმოტივად გასდევს „დიდოსტატის მარჯვენას“.
- თქვენი პირადი თვისებებიდან რომელი მოგწონთ თქვენ, და რომლისგან გინდათ განთავისუფლდეთ?
- იცით, ჯერ ვერავინ მოახერხა შეუცდომლად გაევლო გზა ცხოვრებისა, ასევე მეც ვუშვებ მათ. არ მიყვარს საკუთარი თავის აფიშირება. ერთადერთი და მთავარი „პლუსი“ ის მაქვს, რომ ჩემი ხალხისათვის არ მიღალატია. შეცდომები კი საკმარისზე მეტი დავუშვი.
- თქვენი პირადი მეგობარი, ჩეხეთ-სლოვაკეთის პრეზიდენტი, დიდი ხანი არ არის, რაც გახდა ადგილობრივი ტელევიზიის სადისკუსიო გადაცემის წამყვანი. თქვენ, ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატს, პოეტს და ბელეტრისტს არ გსურთ გქონდეთ ასეთი მომიჯნავე პროფესია პრეზიდენტის მოვალეობათა შესრულებასთან ერთად, მით უმეტეს, რომ საქართველოს ტელევიზიაში შემოგთავაზეს გაძღოლოდით პროგრამას „პრეზიდენტის საათი?
- დიახ, თანახმა ვარ, მაგრამ თუ საამისო დრო მექნება. ძალზე გადატვირთული მაქვს სამუშაო დღე. ჰაველისათვის ეს უფრო ადვილია, იმიტომ რომ კრემლი იქიდან თავისით მიდის. იქ კი უკვე მშვიდობაა.
- წარმოვიდგინოთ, რომ გაგიჩნდათ სახელმწიფო საქმეებისაგან სრულიად თავისუფალი ერთი საათი. რითი ამჯობინებდით მის შევსებას?
- თავისუფალ დროს ყოველთვის რელიგიას ვანდომებ, იმიტომ რომ მორწმუნე ვარ და რეგულარულად დავდივარ ეკლესიაში.
- უმაღლესი დონის შეხვედრების როგორი პერსპექტივები გაქვთ, როგორც კრემლში, ისე თეთრ სახლში?
- იცით, ჯერჯერობით ვერა და ვერ მოვრიგებულვართ სსრ კავშირის პრეზიდენტთან შეხვედრის ფორმასა და ადგილზე, მასთან მოლაპარაკების შინაარსზე, მაგრამ ეს შეხვედრები მაინც გაიმართება უახლოეს მომავალში. რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრებას, პრეზიდენტ ბუშთან საუბარი ალბათ შემოდგომაზე გაიმართება.
- ვინ მიგაჩნიათ პოლიტიკური მოღვაწის იდეალად?
- შარლ დე გოლი.
გაზეთი „ტრუდი“. 1991. - 27 ივნისი.
„ექვს თვეში შეუძლებელია სისტემის მთლიანად შეცვლა“ : ინტერვიუ გაზეთ „ტრუდს“ / გამსახურდია ზვიად; ესაუბრნენ გ. კარაპეტიანი; ო. ჩიხლაძე ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 3 ივლისი. - №129 (149). - 1 გვ.
![]() |
31 „...რესპუბლიკის ყოველი მუდმივი მცხოვრები საქართველოს მოქალაქე იქნება“ |
▲ზევით დაბრუნება |
სწორედ ამით დაიწყო ჩვენი კორესპონდენტის საუბარი ზვიად გამსახურდიასთან.
ზვიად გამსახურდია:
„ჩემი იდეალია გენერალი დე გოლი“.
გამჭოლავი მზერა, მტკიცედ მოკუმული ტუჩები და ზეაღმართული მუშტი: დღევანდელი საქართველოს ცოცხალი სიმბოლო ზვიად გამსახურდიაა. წარსულში დისიდენტი, სამართალდამცველი, რომელმაც იწვნია პოლიტიკური საპატიმროები და გადასახლებანი. ახლა - მეცნიერი, პუბლიცისტი, პოეტი და რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტია. მისი მრავალი პორტრეტი გამოკიდებულია მაღაზიების, კაფეებისა და სასადილოების ვიტრინებში. იგი გულწრფელად უყვარს ხალხს და მისი მისამართით გამოთქმულ ყოველ კრიტიკას აღიქვამს ეროვნული ღირსების გრძნობის შეურაცხყოფად, თუმცა ბევრი მაინც აკრიტიკებს დამოუკიდებელი საქართველოს პირველ პრეზიდენტს, მაგრამ ძირითადად რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ.
ბატონო პრეზიდენტო, საქართველოს ფარგლებს გარეთ, როგორც ჟურნალისტები იტყვიან ხოლმე „ცუდი პრესა“ გაქვთ. რატომ არის, რომ დასავლეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებები და დამოუკიდებელი დემოკრატიული პრესა ჩვენში ასე ერთსულოვნად უჭერენ მხარს ბალტიისპირეთის რესპუბლიკებს დამოუკიდებლობისადმი მისწრაფებაში და ასე კრიტიკულად არიან განწყობილი დამოუკიდებელი საქართველოსა და პირადად თქვენდამი?
- მთავარი მიზეზი ის არის, რომ ეს დემოკრატიული პრესა, ისევე როგორც, სხვათა შორის, რუსეთის ბევრი დემოკრატიც და ეს სამწუხაროა, შოვინისტურად არის განწყობილი საქართველოს მიმართ. ცენტრი საქართველოს წინააღმდეგ ეწევა ნამდვილ საინფორმაციო ომს, მარჯვედ ამახინჯებს ფაქტებს, დეზინფორმაციას აწვდის მთელ მსოფლიოს. ბევრი ხვდება მის გავლენაში.
- მეც ვფიქრობ, რომ ზოგიერთი ჟურნალისტი შეიძლება დაბნეული იყოს. ალბათ არ შეიძლება ერთი საზომით ვუდგებოდეთ ბალტიისპირეთსა და კავკასიას - ყველგან თავისი სპეციფიკაა.
- მოვიყვან კონკრეტულ მაგალითს: ჟურნალისტმა ტოლნიკოვმა დაწერა ფრიად ობიექტური სტატია ეგრეთწოდებული სამხრეთ ოსეთის შესახებ. მაგრამ ყველაზე დამოუკიდებლმა დემოკრატიულმა გაზეთმა - „ნეზავისიმაია გაზეტამ“, რომელსაც ჩვენ დიდ პატივს ვცემთ, ეს სტატია არ დაბეჭდა. ამის უკან რაღაც იმალება, როგორც ჰამლეტი ამბობს: „დანიის სამეფოში რაღაც იხრწნება...“ ეტყობა დემოკრატიული მოძრაობის შიგნით რაღაც ხდება, რაც ჩვენ არ ვიცით. რატომ არ ქვეყნდება ობიექტური ინფორმაცია, მით უფრო, თუ იგი არაქართველმა, არაკავკასიელმა დაწერა? მაშასადამე, რაღაც წინასწარ შექმნილი აზრი მაინც არსებობს! სპეციფიკა კი, რომელზეც თქვენ ლაპარაკობთ, ის არის, რომ აქ ძალიან მარჯვედ ქმნიან ეთნიკურ კონფლიქტებს, რომლებსაც შემდეგ ჩვენზე ზეგავლენისათვის იყენებენ. ცენტრში აყალიბებენ აზრს, რომ ამ კონფლიქტებში ბრალი მიუძღვით სწორედ იმ ძალებს, რომლებიც დამოუკიდებლობისათვის იბრძვიან და ამ ხელოვნების ამოცნობა ზოგჯერ ძალიან ჭირს.
- თქვენს საჯარო გამოსვლებში ხშირად გაისმის ისეთი სიტყვები, როგორიცაა - „მოღალატენი“, „ხალხის მტრები“, „პროვოკატორები“ და ა.შ. რა არის ეს - ტრადიციული კავკასიური ემოციურობა თუ რეალური პოლიტიკური პოზიცია საკუთარი ოპონენტების მიმართ?
- მე მიყვარს, როცა საგნებს თავიანთ სახელებს ვარქმევ, და ეს ყველას თვალში ხვდება. რას მიბრძანებთ, რა დავარქვა იმას, რასაც მათი ქართველი კორესპონდენტები წერენ გაზეთ „მეგაპოლის ექსპრესში“ - თითქოს საქართველოს ჰელსინკის კავშირი გაერიცხოთ ჰელსინკის საერთაშორისო კავშირიდან და ამას წერენ ადამიანები, რომლებმაც იციან, რომ ეს ასე არ არის! და ეს იმ დროს, როცა საქართველო დგას ინტერვენციის საფრთხის წინაშე და საერთაშორისო მხარდაჭერა სჭირდება! განა ეს ღალატი არ არის? თქვენ თუ იცით, რაიმე სხვა სიტყვა, მას ხალისით გამოვიყენებდი. მოღალატენი ყოველთვის ჰყავდა და ეყოლება ნებისმიერ ხალხს, და მათ თავიანთი სახელები უნდა დავარქვათ, მაგრამ ამას უადგილოდ არასოდეს არ ვამბობ, არასოდეს არ ვაზვიადებ.
- თქვენ ინტელიგენციის ცნობილი ოჯახის წარმომადგენელი ბრძანდებით, მაგრამ სწორედ ინტელიგენციის გარემოში გყავთ ყველაზე მეტი მოწინააღმდეგე. თქვენი აზრით, რა არის წინააღმდეგობათა თავი და თავი?
- აი, კვლავ დეზინფორმაცია, რომესაც ცენტრი ავრცელებს ჩვენი ადგილობრივი მოღალატეების მეშვეობით! არავითარი ინტელიგენცია არ მებრძვის! არიან ცალკეული ინტელიგენტები, რომლებსაც პოლიტიკაში ხელი მოეცარათ. მათ მთავრობასა და პარლამენტში მოხვედრა ეწადათ, მაგრამ ხალხმა ისინი არ აირჩია. განა ეს ჩემი ბრალია? ახლა ისინი გაბოროტდნენ, დღე და ღამ ცილს სწამებენ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხელისუფლებას, იყენებენ სხვადასხვა „ხმებს“. აი, ის რამდენიმე ინტელიგენტი, რომლებიც შეიძლება დავასახელო: ნიკოლოზ ჭავჭავაძე, ჭაბუა ამირეჯიბი და ა.შ. ხალხი მათ არ ენდობა, ისინი მუშაობდნენ კომუნისტური რეჟიმის დროს, ჰქონდათ პრივილეგიები, თუ რისთვის - ესეც ცნობილია, ამიტომ ისინი ხალხს არ უყვარს. ახლა მთელი თავიანთი ღვარძლი ჩემზე გადმოანთხიეს, თითქოს მე ვიყო მათი ხელმოცარულობის მიზეზი.
- ერთ-ერთ თქვენს ამასწინანდელ ინტერვიუში ბრძანეთ, მთლიანად ვერ ვენდობი რუსეთის პარლამენტს, რადგან მასში ძალიან ბევრია პარტოკრატი და სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის მუშაკიო. ამავე დროს აზერბაიჯანის პარლამენტთან ძალიან გულითადი ურთიერთობა გაქვთ, თუმცა იქ ასეთი დეპუტატი ნაკლები როდია.
- არავისათვის არ არის საიდუმლო, რომ რუსეთის პარლამენტში არიან სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ადამიანები. იგივე კრიუჩკოვის მოადგილე ბობკოვი, რომელიც დღესაც გაზეთ „პრავდაში“ წერს, გამსახურდია უნდა დაეპატიმრებინათო და ა.შ. დღესაც ადგას იმ გეზს, რომელიც სახელმწიფო უშიშროების კომიტეტსა და საბჭოთა კავშირის კომუნისტურ პარტიას ჰქონდათ. მაგრამ ამის მიუხედავად, ჩვენ ვთანამშრომლობთ რუსეთის პარლამენტთანაც და აზერბაიჯანის პარლამენტთანაც. კვლავაც ასე ვითანამშრომლებთ.
- საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადდა. მზად არის თუ არა რესპუბლიკა, ანგარიში გაუსწოროს დანარჩენ რესპუბლიკებს თავისუფლად კონვერტირებული ვალუტით და მსოფლიო ბაზრის ფასებით, როგორც ეს რუსეთის საგარეო ეკონომიკური კავშირურთიერთობის მინისტრმა განაცხადა?
- ამისათვის კი მზად არიან კავშირი ან რუსეთი, რომელიც უფასოდ ეწეოდა ჩვენი კურორტების, ჩვენი წიაღისეულის და ყოველივე დანარჩენის ექსპლოატაციას - მზად არის თუ არა იგი გადაგვიხადოს ამისთვის საზღაური? მზად არის იგი გადაგვიხადოს იგივე მანგანუმის ვალი, რომლებიც ასობით მილიარდ დოლარს შეადგენს? იცით თუ არა თქვენ ეს? საქართველო სატრანზიტო გზაა ევროპიდან აზიისკენ, და ყველა გზა უფასოა. მზად ხართ თუ არა გადაიხადოთ ყოველივე ამისათვის საერთაშორისო ფასებით? აი, თავიდანვე ასე უნდა დაისვას საკითხი.
- მთელი შეგნებული ცხოვრების მანძილზე იბრძოდით. დღეს, როგორც პრეზიდენტს, გეხმარებათ თუ ხელს გიშლით შეძენილი, მებრძოლის ფსიქოლოგია?
- რა თქმა უნდა, მეხმარება!
- რა აზრის ბრძანდებით ისტორიაში პიროვნების როლზე?
- თვით ყველაზე ღირსეული, ბრძენი და ხალხის საყვარელი ადამიანები მარადიულნი არ არიან.
- რაიმეს ღონობთ თუ არა მმართველობის სამართლებრივი, დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნისათვის?
- რა თქმა უნდა! ჩვენი პარლამენტის მთელი საქმიანობის მიზანი ის არის, რომ პროცესი შეუქცევადი იყოს, რომ აქ არასოდეს არ დამყარდეს კომუნისტური ან სხვა ტოტალიტარული წყობილება.
- როცა ადამიანებს ვხვდებოდი, ვთხოვდი აეხსნათ თქვენი კოლოსალური პოპულარობის მიზეზები. ბევრი ფიქრობს, გარდა იმისა, რომ აბსოლუტურად პატიოსანი კაცი ბრძანდებით, რომელიც მათ ნდობას იმსახურებს, ამავე დროს უზრუნველყოფილი კაციც ხართ, მხედველობაში აქვთ თქვენი განთქმული მამის - მწერლის მიერ დატოვებული მემკვიდრეობა. როცა ხმას გაძლევდნენ, მათ მიაჩნდათ, რომ „ხელეჩოსავით თქვენსკენ კი არ მიითლიდით, როგორც წინანდელი ხელმძღვანელები, არამედ იზრუნებდით საკუთარი ხალხის, სამშობლოს კეთილდღეობისათვის“. მართლა ასეთი მდიდარი ხართ?
- ლიტერატურული საქმიანობა შესაძლებლობას მაძლევს საკმაოდ შეძლებულად ვიცხოვრო. რაც შეეხება შვეიცარიის ბანკში დადებულ მილიონებს, ეს ხმები, როგორც იტყვიან, ძალიან გაზვიადებულია.
- შეხვედრები მქონდა საქართველოს საქმიანი წრეების წარმომადგენლებთან. ისინი ახლა ძალიან აქტიურები არიან. ბევრ რამეს ელიან რესპუბლიკაში მიმდინარე ცვლილებებისაგან. მაგრამ ამავე დროს შიშობენ, რომ ჩაიკეტება საქართველოს საზღვრები, რამაც მათი აზრით შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს მოკავშირე რესპუბლიკებთან ეკონომიკურ კავშირურთიერთობაზე.
- დამოუკიდებელი სახელმწიფო ვერ იარსებებს საზღვრების, საბაჟოს და სხვათა გარეშე. ყოველივე ეს ბუნებრივია, შეიქმნება, და თანაც უახლოეს მომავალში.
- რა გავლენას მოახდენს ეს სხვა რესპუბლიკებთან ურთიერთობაზე?
- მე მგონია, ისინიც თავის მხრივ ასევე მოიქცევიან.
- ასეთ შემთხვევაში, რა ელის სსრ კავშირის პრეზიდენტის აგარაკს გუდაუთის რაიონის დაბა მიუსერაში?
- ეს საკითხი, ალბათ, გადაწყდება ჩვენი დაგეგმილი პირადი შეხვედრის დროს.
- რა შეგიძლიათ გვითხრათ რამდენიმე თვის წინ დაპატიმრებული სამხრეთ ოსეთის ლიდერის - კულუმბეგოვის ბედზე?
- ტორეზ კულუმბეგოვის ბედი მთლიანად არის დამოკიდებული საქართველოს რესპუბლიკის პროკურატურასა და სასამართლოზე, სადაც მისი საქმე ამჟამად იხილება.
- თქვენზე ამბობენ, ღრმად მორწმუნე კაციაო, რას შესთხოვთ ღმერთს ლოცვისას?
- ამას წინათ დასავლეთის ერთმა გაზეთმა წარწერიანად დაბეჭდა ფოტო, სადაც მე თითქოს არჩევნებში ჩემი გამარჯვებისათვის ვლოცულობდი. ჩემი პირადი წარმატებისათვის არასოდეს არ ვლოცულობ. ვლოცულობ კაცობრიობისათვის, ჩემი ხალხისათვის.
- გვითხარით, რას ეძღვნება თქვენი ლექსები?
- მოკლედ თუ ვიტყვით - ღმერთს, კაცობრიობას და ჩემს სამშობლოს.
- თქვენ სამი ვაჟი გყავთ. როგორ გესახებათ მათი მომავალი?
- ორი პატარაა - მოსწავლეები არიან. მათ ჰუმანიტარული მიდრეკილებანი აქვთ. უყვართ ლიტერატურა და ენები, მისდევენ სპორტს. უფროსი ვაჟი აღმოსავლეთმცოდნეა
- ირანისტი.
- გყავთ თუ არა პოლიტიკური მოღვაწის იდეალი?
- დიახ, გენერალი შარლ დე გოლი.
საუბარს უძღვებოდა ვ. სავიჩევი
გაზ. „არგუმენტი ი ფაქტი“ №25
„...რესპუბლიკის ყოველი მუდმივი მცხოვრები საქართველოს მოქალაქე იქნება“ : საქართველოს პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ინტერვიუ გაზეთთან „არგუმენტი ი ფაქტი“ / გამსახურდია ზ. ; [ჩაიწერა] ვ. სავიჩევმა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 4 ივლისი. - №130 (150). - 1გვ.
![]() |
32 მის აღმატებულებას, ბატონ ჯორჯ ბუშს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს |
▲ზევით დაბრუნება |
თქვენო აღმატებულებავ!
მაქვს პატივი, ქართველი ხალხის სახელით მოგილოცოთ თქვენ და მთელ ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე. ვუსურვებ თქვენს ქვეყანას შემდგომ წინსვლასა და აყვავებას, ახალ გამარჯვებებს მსოფლიოში მშვიდობის განმტკიცების საქმეში.
ამერიკელი ხალხის ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის, მის მიერ მოპოვებული წარმატებები დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის შექმნაში, ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუცია - ბრწყინვალე მაგალითია საყოველთაო დემოკრატიული ფასეულობებისა მთელი მსოფლიოსათვის, კერძოდ კი - საქართველოს რესპუბლიკისათვის.
ვიმედოვნებთ, რომ ამერიკელი ხალხი და აშშ-ის მთავრობა მიესალმებიან ქართველი ხალხის სწრაფვას დამოუკიდებლობისაკენ, რაც გამოიხატა მის მიერ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღებაში. იმედი გვაქვს აგრეთვე, რომ საქართველო მალე მიაღწევს სრულ დამოუკიდებლობას მსოფლიოს ერთა თანამეგობრობის დემოკრატიული წრეების, პირველ რიგში, ამერიკის შეერთებული შტატებისა და პირადად თქვენი მხარდაჭერით, ბატონო პრეზიდენტო.
ღრმა პატივისცემით,
ზვიად გამსახურდია
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
თბილისი, 1991 წლის 24 ივნისი
მიმართვა : მის აღმატებულებას, ბატონ ჯორჯ ბუშს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს / გამსახურდია ზ. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 6 ივლისი. - №132 (152). - 1გვ.
![]() |
33 მიმართვა აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს დეპუტატებისადმი |
▲ზევით დაბრუნება |
პატივცემულო დეპუტატებო!
მოგმართავთ თქვენ ამ ისტორიულ მომენტში, როცა საქართველოს ბრძოლა დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის აღგენისათვის გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. მხოლოდ მთელი ძალების კონსოლიდაციის პირობებში, ეთნიკური და ეროვნული კუთვნილების მიუხედავად, არის შესაძლებელი ეფექტიანი ბრძოლა ნამდვილად აყვავებული და დღეკეთილი საზოგადოების შექმნისათვის, რომელშიც ყველა ადამიანი იცხოვრებს ღირსეულად, ცივილიზაციისა და დემოკრატიის მაღალი მოთხოვნილების შესაბამისად.
აფხაზი ხალხი მუდამ ქართველი ერის გვერდით იდგა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, უცხოელ დამპყრობთა მრავალრიცხოვანი ურდოების წინააღმდეგ საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ბრძოლის მანძილზე. ასევე ქართველ ერს არასოდეს არ მიუტოვებია გაჭირვებისას აფხაზი ხალხი, მაშინაც კი, როცა თვითონ გმინავდა თვითმპყრობელობის უღელქვეშ. ჩვენი ხალხების მეგობრობა არ ჩაუმწარებია ეჭვს და ვერაგობას, რომლებიც, სამწუხაროდ, წესად იქცა 1917 წლის და ამიერკავკასიაში ბოლშევიკური იდეოლოგიისა და ტოტალიტარული პოლიტიკური რეჟიმის გავრცელების შემდეგ.
აღარ ჩამოვთვლი ყველა იმ ჭირ-ვარამსა და ტრაგედიებს, რომლებიც გამოიარეს როგორც აფხაზებმა, ისე ქართველებმა 70 წლის მანძილზე. და დღეს კვლავ დაძაბულობაა აფხაზეთში, გამეფებულია ურთიერთუნდობლობა და ეჭვი აფხაზ და ქართველ მოსახლეობას შორის, თუმცა ამავე დროს, კიდევ უფრო მეტი ინტენსიურობით ხდება ქორწინებანი, მტკიცდება აფხაზთა და ქართველთა სისხლით ნათესაობა. ვერავინ ვერ მოსპობს ორი, ისტორიულად ერთმანეთის გვერდზე მცხოვრები მონათესავე ხალხების ამ შეუკავებელ და ისტორიულად განპირობებულ ლტოლვას.
მთელი იმ სიძნელეების მიუხედავად, რომლებიც წილად ხვდა აფხაზ ხალხს მმართველობის მბრძანებლურ-ადმინისტრაციული სისტემის ბატონობის პერიოდში, ამ ბოლო წლების მანძილზე უმაგალითო აყვავებას მიაღწია აფხაზთა ეროვნულ-კულტურულმა თავისთავადობამ.
ჩვენ გაგებით ვეკიდებით აფხაზი ხალხის მისწრაფებას, გააფართოოს სახელმწიფო ავტონომია, რომელიც ხანგრძლივი წლების მანძილზე სრულყოფილი არ იყო, ისევე, როგორც სსრ კავშირში კომუნისტური რეჟიმის ბატონობის წლების მანძილზე შექმნილი ყველა პოლიტიკური ინსტიტუტი.
საქართველოს რესპუბლიკაში ახალ საზოგადოებას რომ ვაშენებთ, არ შეიძლება არ გავითვალისწინოთ აფხაზეთის სტატუსის განვითარების ტენდენციები. რასაც გააკეთებს სპეციალური კომისია, რომელიც საქართველოს რესპუბლიკისა და აფხაზეთის ასს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოების წარმომადგენლებისაგან შედგება.
ჩვენ არაერთგზის განგვიცხადებია იმის შესახებ, რომ ლაპარაკიც კი არ შეიძლება ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შებღალვაზე, რაც დამკვიდრებულია კიდეც საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციაში. რაც შეეხება აფზახეთის ასს რესპუბლიკის კომპეტენციის გაფართოებას, თანამედროვე მოთხოვნათა სულისკვეთების შესაბამისად, სწორედ ეს უნდა გახდეს მოლაპარაკების საგანი. ცალმხრივი მოქმედება, როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან შეუწყნარებელია და მას შეიძლება მოყვეს განუჭვრეტელი შედეგები, რომლის მწარე გამოცდილებას, სამწუხაროდ, დღესაც ვგრძნობთ.
გარკვეული ძალები ცენტრში უკვე დიდი ხანია ცდილობენ შეარყიონ საქართველოს ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის შიგნიდან, კერძოდ, დაუპირისპირონ აფხაზი ხალხი ქართველ ხალხს, ამოგლიჯონ აფხაზეთი საქართველოს ცოცხალ სხეულიდან. ყოველი ამგვარი ცდა განწირულია ჩასაფუშავად, რამეთუ ცემენტი, რომელიც ადუღაბებს აფხაზეთს მთელ საქართველოსთან, იმდენად მტკიცეა, რომ მას ვერავითარი გარეშე თუ შინაგანი ძალა ვერ დაანგრევს.
თუ პოლიტიკური ავბედობის წლებშიც კი აფხაზმა ხალხმა შეძლო მიეღწია ეროვნულ-კულტურული და პოლიტიკური მწვერვალებისათვის, რომლებიც ვერ შეედრება ვერც ერთ ავტონომიურ, ბევრად უფრო დიდ რესპუბლიკასაც კი, თავისუფალ საქართველოში მისი მომავალი შეიძლება მხოლოდ უფრო გარანტირებული და წარმტაცი იყოს.
მხოლოდ აფხაზი და ქართველი ხალხების, აფხაზეთის ასს რესპუბლიკაში მცხოვრები სხვა ხალხების წარმომადგენელთა თანამეგობრობა და ურთიერთგაგებაა აფხაზეთის ტერიტორიაზე სამართლიანი საზოგადოების შექმნის გასაღები.
პოლიტიკური რეალიზმი ამავე დროს გვიკარნახებს, უწინარეს ყოვლისა, აფხაზებისა და ქართველების - ამ ტერიტორიაზე ორი ისტორიულად მცხოვრები ხალხების გარკვეული უფლებების ცნობას პოლიტიკური ინსტიტუტების შექმნისა და ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო სტრუქტურათა სრულყოფის დროს.
ქართველ ერს, აფხაზეთში მცხოვრებ ქართველებს ესმით აფხაზი ხალხის მისწრაფებანი, მაგრამ არ დაუშვებენ საქართველოსაგან აფხაზეთის გამოყოფის რეალიზაციას, რაც საქართველოს რესპუბლიკისა და თვით აფხაზეთის ასს რესპუბლიკის კონსტიტუციების უხეში დარღვევის ცდაა, რომლებიც მკაცრ იურიდიულ ბარიერებს აყენებს ამგვარი მოქმედების წინაშე, რომელსაც შეიძლება უაღრესად მძიმე შედეგები მოჰყვეს.
მხოლოდ მაშინ, თუ გამოვიჩენთ საღ გონებას, ჯეროვნად შევაფასებთ პოლიტიკურ და სამართლებრივ რეალიებს, გამოვიჩენთ ურთიერთნდობასა და ნამდვილი თანამშრომლობის სურვილს როგორც აფხაზეთში, ისე მთელ საქართველოში მცხოვრები ყველა ხალხის კეთილდღეობისათვის, გადავჭრით საკითხს საქართველოს რესპუბლიკის შემადგენლობაში აფხაზეთის სტატუსის შესახებ, რომლის ტერიტორიული მთლიანობა გარანტირებულია საერთაშორისო სამართლით.
აფხაზეთის ასს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს სესიას ვუსურვებ წარმატებას პოლიტიკური ძალაუფლების ახალ სტრუქტურათა შექმნის გზაზე, რომლებიც ორგანულად შეერწყმება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკურ სისტემას.
ღრმა პატივისცემით,
ზვიად გამსახურდია
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
თბილისი, 1991 წლის 8 ივლისი
მიმართვა : აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს დეპუტატებისადმი / გამსახურდია ზ. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 10 ივლისი. - №134 (154). - 1გვ.
![]() |
34 საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას პრესკონფერენცია მოსკოვში, 1991 წლის 3 ივლისს |
▲ზევით დაბრუნება |
3 ივლისს, მოსკოვში ყოფნის დროს, საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ გამართა პრესკონფერენცია საზღვარგარეთელი და ქართველი ჟურნალისტებისათვის. პრესკონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი ხოშტარია და საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი დილარ ხაბულიანი.
პრესკონფერენციას დაესწრო 60-ზე მეტი კორესპონდენტი, კერძოდ, მსოფლიოს შემდეგი ქვეყნებისა და საინფორმაციო საშუალებათა წარმომადგენლები: ფინეთი -
„ტურუნ სანომატი“, იაპონია - გაზეთი „აკაპატა“, ლიტვა - მუდმივი წარმომადგენლობა, რუსეთის საინფორმაციო სააგენტო, მოსკოვის საქალაქო საბჭოს საქალაქო გაზეთი „კურანტები“, უნგრეთი - გაზეთი „ნეპსაბადშაგი“, მოსკოვი - გაზეთი „იზვესტია“, შვეიცარია - რადიო, იაპონია - „მაინიტი“, ბულგარეთი - ბულგარეთის დეპეშათა სააგენტო, ლატვია - „დიენა“, დიდი ბრიტანეთი „ტაიმსი“, უკრაინა „მოლოდ უკრაინა“, „ნეზავისიმაია გაზეტა“ - მოსკოვი, იაპონია - „ასაპი სიმბუნი“, აშშ - „ბოსტონ გლობი“, თურქეთი - ანატოლიის სააგენტო, ჟურნალი - „მი-91“, ჩეხოსლოვაკია - ინტერფაქსი, გაზეთი „როსია“, გაზეთი „კომსომოლსკაია პრავდა“, ნიდერლანდი - რადიოკომპანია „ტროსი“, იაპონია - ტელევიზია „ენ-ეიჩ-ქეი“, აშშ - ასოშიეტედ პრესი“, გერმანია - „ვესტ დოიჩე ალგემაიტე ცაიტუნგი“, ჩეხოსლოვაკია - ჩეხოსლოვაკიის დეპეშათა სააგენტო, ინგლისის ტელევიზია - „ტი-ვი-ე-მი“, დიდი ბრიტანეთი - „ფაინენშლ ტაიმსი“, იაპონია - „ასაპი“, აშშ - ჟურნალი „ნიუს უიკი“, რადიოსადგური „ეხო მოსკვი“, კანადა - გაზეთი „ტორონტო სტარი“, სსრკ-ის უზენაესი საბჭოს პრესცენტრი, დიდი ბრიტანეთი - „გარდიანი“, საფრანგეთი - „მონდი“, ფინეთი - „ჰელსინკი სანომატი“, დანია - „ბეილიგსკე ტიდენდე“, რუსეთის ტელევიზია, საქართველოს ტელევიზია და რადიომაუწყებლობა საზღვარგარეთის ქვეყნებისათვის - მოსკოვი, დიდი ბრიტანეთი - „როიტერის“ სააგენტო, იაპონი - „კიოდო ცუსინი“, ქუვეითი - „საფთ ალ ქუვეითი“, იტალიის ტელევიზია, საკდესი, „როსიისკაია გაზეტა“, ლატვია - მუდმივი წარმომადგენლობა, „მოსკოვსკიე ნოვოსტი“, მოსკოვი - „გრუზინსკოე სლოვო“, რადიო „როსია“, დიდი ბრიტანეთი - „ბი-ბი-სი“, საკდესი - მსოფლიო სამსახური.
პრესკონფერენციას ფართოდ და ობიექტურად გამოეხმაურნენ სხვადასხვა ქვეყნის საინფორმაციო საშუალებანი. თუმცა ისიც საგულისხმოა, რომ ცენტრალური ტელევიზიის საინფორმაციო პროგრამა „ვრემია“ ამ პრესკონფერენციის შესახებ გადმოცემულ კომენტარში ჩვეულებისამებრ შეეცადა ფაქტების დამახინჯებას, კერძოდ, კომენტარში გაყალბებული იყო პრეზიდენტის პოზიცია სამოკავშირეო ხელშეკრულებისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის მიმართ, და ეს მაშინ, როდესაც პრეზიდენტის ყველა განცხადებაში ნათლად ჩანს, რომ საქართველოს რესპუბლიკა ხელს არ მოაწერს სამოკავშირეო ხელშეკრულებას და რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი უცვლელი რჩება.
დღეს გთავაზობთ ამ პრესკონფერენციის ანგარიშს.
ზ. გამსახურდია - რომელ ენაზე გსურთ ვისაუბროთ, რუსულად თუ ინგლისურად? გთხოვთ წარმოგვიდგინოთ თავი. ვინ დაიწყებს?
კითხვა - რის შესახებ იყო საუბარი გუშინდელ შეხვედრაზე კრემლში?
პასუხი - საუბარი იყო რესპუბლიკებსა და ცენტრს შორის ურთიერთობაზე. გუშინდელი შეხვედრა გაიმართა იმ მიზნით, რომ ლონდონში წასვლის წინ შექმნან ილუზია რაღაც ერთიანობისა. მე ვფიქრობ, სსრკ-ს პრეზიდენტი ცდილობს დასავლეთში მოახდინოს შთაბეჭდილება, რომ მას რესპუბლიკებისაგან აქვს თანხმობა 9+1 ხელშეკრულებაზე, თუმცა შეხვედრაზე იყვნენ იმ რესპუბლიკის წარმომადგენლებიც, რომლებმაც უარი განაცხადეს ხელი მოაწერონ სამოკავშირეო ხელშეკრულებას. იქ ესწრებოდა ჩვენი პრემიერ-მინისტრი თენგიზ სიგუა. იყო ძალიან გულახდილი საუბარი სსრკ-სთან ჩვენს ურთიერთობაზე. მინდა გადმოგცეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც გუშინ პრემიერმა პავლოვმა გამოგზავნა. ეს ნიშნავს ეკონომიკურ ომს საქართველოს წინააღმდეგ, საიდანაც ჩანს, თუ რა ურთიერთობაა ცენტრსა და საქართველოს შორის. ეს არის რეალური ეკონომიკური ბლოკადა, საქართველოს დისკრიმინაცია და ეკონომიკური ბლოკადის დასაწყისი ჩვენს წინააღმდეგ. ამ დოკუმენტით პავლოვი უბრძანებს შინაგან ჯარებს ყველა სასურსათო რეზერვის კონფისკაციას. მე მინდა გადმოგცეთ თქვენ ეს დოკუმენტი. დღეს, დასავლეთს უცხადებენ, რომ მათ კარგი დამოკიდებულება აქვთ ბალტიისპირეთის რესპუბლიკებთან და საქართველოსთან, რომ არანაირი დაწოლა არ არსებობს და მომავალი ურთიერთობა შესანიშნავი იქნება. აქვე აცხადებენ იმასაც, რომ არავითარი ძალდატანება არ მოხდება ბალტიისპირეთისა და საქართველოს რესპუბლიკებზე, რათა სსრკ-ის შემადგენლობაში დარჩნენ - იანაევმა ეს „შპიგელისათვის“ მიცემულ ინტერვიუში თქვა. ამ დროს კი პავლოვი ასეთ ბრძანებას იძლევა. შეადარეთ მათი სიტყვა მათ საქმეს, თუ როგორ შეესატყვისებიან ერთმანეთს.
კითხვა - ბი-ბი-სის ტელეკომპანიის კორესპონდენტი - როგორია თქვენი აზრი გორბაჩოვისათვის ამერიკის დახმარების თაობაზე. თქვენ მომხრე ხართ თუ წინააღმდეგი და რატომ?
პასუხი - მე მომხრე ვარ სსრკ-ში რეალური რეფორმისა, რაც რესპუბლიკების ნამდვილ დამოუკიდებლობას გულისხმობს. მაშინ ეს ჭეშმარიტი რეფორმა იქნება. ამის გარეშე და კომუნისტური სისტემის ლიკვიდაციის გარეშე სსრკ-ში არაფერი შეიცვლება. მათ კი არაფრის შეცვლა არ სურთ. პავლოვი ძალიან კონსერვატიული და რეაქციული კომუნისტია. სანამ პავლოვის მთავრობა იარსებებს, არავითარი რეფორმა არ იქნება. მხოლოდ ნამდვილი რეფორმების შემდეგ შეიძლება გაეწიოს დახმარება, მაგრამ ინვესტიციების სახით და არა კრედიტების სახით, კრედიტებისა, რომლებიც არავინ იცის, სად ქრება.
კითხვა - ე.ი. თქვენ დახმარების წინააღმდეგი ხართ?
პასუხი - მე დახმარების წინააღმდეგი ვარ, თუ არ იქნება რეფორმები, ნამდვილი რეფორმები. თუკი რეალური რეფორმები ჩატარდება, მაშინ, რა თქმა უნდა, მიზანშეწონილია დახმარების გაწევა და მისი მომხრე ვიქნები.
კითხვა - შეგიძლიათ თუ არა გვითხრათ, როგორი ურთიერთდამოკიდებულება, როგორი კონტაქტებია მოსალოდნელი დასავლეთთან?
პასუხი - ჩვენ უკვე დავდეთ ხელშეკრულებები რამდენიმე რესპუბლიკასთან, მოლდოვასთან, ბალტიისპირეთის რესპუბლიკებთან. ახლა მოსალოდნელია ხელშეკრულებები რუსეთთან და აზერბაიჯანთან. მაგრამ ჩვენ არა ვართ თანახმა, ხელი მოვაწეროთ სამოკავშირეო ხელშეკრულებას.
კითხვა - რაც შეეხება დასავლეთის ქვეყნებს?
პასუხი - დიახ, ჩვენ ვამზადებთ აღმოსავლეთ ევროპასთან ურთიერთდამოკიდებულების გეგმებს.
კითხვა - როცა სამოკავშირეო ხელშეკრულება ძალაში შევა, შეიცვლება თუ არა თქვენი დამოკიდებულება რუსეთთან და იმ რესპუბლიკებთან, რომლებიც ხელშეკრულებას ხელს მოაწერენ?
პასუხი - ისინი, რომლებიც ემზადებიან ხელი მოაწერონ სამოკავშირეო ხელშეკრულებას, ჩვენთან ნორმალურ დამოკიდებულებას შეინარჩუნებენ. ამჟამად სამოკავშირეო ხელშეკრულების საკითხი სათუოა. თქვენ, ალბათ, იცით, რომ გუშინ უკრაინაში სერიოზული გამოსვლები იყო. კრავჩუკისაგან თხოულობდნენ, რომ ხელი არ მოაწეროს ხელშეკრულებას. დიახ, ვიმეორებ, სამოკავშირეო ხელშეკრულების საკითხი დღეს საეჭვოა.
კითხვა - (გვრიტიშვილი - საკდესის მსოფლიო სამსახურიდან) პირველი შეკითხვა - მოსკოვში თქვენი ჩამოსვლის მთავარი მიზანი, რადგან აქ ხშირი სტუმარი არ ბრძანდებით?
მეორე შეკითხვა - გუშინ ბრიფინგზე გორბაჩოვის თანაშემწემ დასავლეთელ ჟურნალისტებთან საუბრისას ახსენა თქვენი მოსალოდნელი შეხვედრა გორბაჩოვთან. იცით თუ არა ამის შესახებ და პერსპექტივაში თუ არსებობს ასეთი რამ? იყო თუ არა ამაზე მოლაპარაკება?
მესამე კითხვა - ამ დღეებში თბილისში „კიშინიოვის ფორუმის“ მონაწილეთა შეხვედრა დამთავრდა. რას გვეტყვით მის შედეგებზე?
პასუხი - პირველი - ჩემი ვიზიტის მთავარი მიზანი იყო ამერიკის საელჩოს მოწვევა ამერიკის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ხოლო რაც შეეხება გორბაჩოვთან შეხვედრას, მან გუშინ მიმიწვია კრემლში, მაგრამ ჩემი პრინციპი გახლავთ არ შევიდე კრემლში მანამ, სანამ საქართველო არ იქნება დამოუკიდებელი და თავისუფალი საბჭოთა კავშირისაგან. რაც შეეხება შეხვედრას, რომელიმე სხვა ადგილას, ეს ჯერ განხილვის საგანია და ეს საკითხი გარკვეული პერიოდის შემდეგ გადაწყდება.
მესამე - რაც შეეხება თბილისში „კიშინიოვის ფორუმს“. გუშინ გაიმართა ფორუმის მონაწილე სხვადასხვა რესპუბლიკების წარმომადგენელთა შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდა ბატონი გიორგი ხოშტარია და ამის შესახებ იგი მოგითხრობთ, რადგან მე იმ დროს მოსკოვში გახლდით.
გ. ხოშტარიას პასუხი - ამ შეხვედრას ჰქონდა არა იმდენად სახელმწიფოებრივი, რამდენადაც სახალხო მოძრაობათა შეხვედრის ხასიათი. აქ სხვადასხვა საკითხი განიხილებოდა. კერძოდ, ცენტრთან ურთიერთობის საკითხი, მოძრაობათა მოქმედების კოორდინაციის საკითხი, პიროვნების უფლების საკითხი, მთლიანობაში შეხვედრის შედეგებს ასე დავახასიათებდით: ცენტრი, როგორც რესპუბლიკებს შორის ურთიერთმოქმედების მექანიზმი, საჭირო არ არის. იგი ზედმეტი მექანიზმია. რესპუბლიკები თავისუფლად უკავშირდებიან ერთმანეთს და არავითარი ვერტიკალური სტრუქტურა არ არის საჭირო. მოკლედ, აი, ეს შემიძლია გითხრათ.
კითხვა - თუ არიან საქართველოს ხელმძღვანელობაში ყოფილი კომუნისტები და თუ შეინარჩუნეს მათ პარტიის წევრობა?
პასუხი - საქართველოს ხელმძღვანელობასა და ხელისუფლებაში არის რამდენიმე კომუნისტი. მათ შორის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე. მათ არავინ აიძულებს გავიდნენ კომუნისტური პარტიის რიგებიდან, არავინ სთხოვს პარტბილეთის გადაგდებას.
კითხვა - პირველი შეკითხვა - არსებობს თუ არა შესაძლებლობა, რომ ცენტრი სამხედრო ოპერაციებს გამოიყენებს თბილისში, როგორც ეს ბალტიისპირეთში იყო?
მეორე შეკითხვა - როგორ უყურებთ ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიისა და მონარქისტების კამპანიას, რომელიც მიმართულია სამხედრო ცენტრების პიკეტირებისაკენ?
პასუხი - პირველი - სამხედრო ოპერაციების ასეთი საფრთხე ყოველთვის არსებობს, მით უმეტეს, თუკი ცენტრში სამხედრო გადატრიალება განხორციელდება და ხელისუფლების სათავეში მოექცევიან შავი ძალები, როგორიცაა, მაგალითად, დეპუტატთა ჯგუფი „სოიუზი“ და მსგავსნი. მათი გამარჯვება ადრე უფრო სარწმუნო იყო, მაგრამ ახლა ნაკლებად სავარაუდოა.
მაგრამ გვაშფოთებს ასეთი დოკუმენტები. აქ პირდაპირ ნაბრძანები აქვს ჯარს ყველა სასურსათო მარაგისა და ყველა სახელმწიფო რეზერვის კონფისკაცია. დიახ, კონფისკაცია და მისი გადაცემა სუკს, შსს და ჯარს. ე.ი. საქართველოში, სადაც ასეთი ძლიერი მიწისძვრა მოხდა და დაინგრა ნახევარი საქართველო, სადაც 160 000 ადამიანი უსახლკაროდ, უპროდუქტოდ, ყოველგვარი სახსრის გარეშე დარჩა, აგზავნიან ასეთ დროს ამ ბრძანებას, რათა ყველაფრის კონფისკაცია მოახდინონ. წარმოგიდგენიათ? ამას შეუძლია გამოიწვიოს შეიარაღებული კონფლიქტი, შესაძლებელია ისიც, რომ ასეთი პროვოკაციული ბრძანებით კონფლიქტამდე მივიდეთ, როგორც ეს ბალტიისპირეთში, ვილნიუსში მოხდა. რაც შეეხება პიკეტირებას, მისი გამოყენება ისევ სამხედრო ოპერაციების პროვოცირებისათვის შეუძლიათ. როცა ჩვენ ხელისუფლების სათავეში მოვედით, საქართველოში იყვნენ ძალები, რომლებსაც საერთოდ სურდათ სამხედროებთან შეჯახების პროვოცირება. ჩვენ ისინი დროულად დავაკავეთ და ამით სამოქალაქო ომი და ინტერვენციის საშიშროება აღვკვეთეთ.
კითხვა - თქვენი დამოკიდებულება დღევანდელი მოპიკეტეებისადმი?
პასუხი - ეს არ იყო სამხედრო თავდასხმა. ეს გახლდათ მშვიდობიანი დემონსტრაცია. მაგრამ ესეც ძალზე სახიფათოა, ვინაიდან მოსკოვს შეუძლია ასეთი აქციების გამოყენება საქართველოში ჯარების გამოგზავნის საბაბად.
კითხვა - თქვენ უკვე გყავთ ეროვნული გვარდია, რომელშიც რამდენიმე ათასი კაცი მსახურობს. რა სახის შეიარაღება აქვთ მათ? შესაძლებელია თუ არა მათი გამოყენება საბჭოთა ჯარის წინააღმდეგ?
პასუხი - მათი შეიარაღება ჩვეულებრივია: ავტომატები, შაშხანები. ეს შინაგანი ჯარია - მილიციის ჯარი. ეს არ არის არმია. ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მილიციას კრიმინალურ ელემენტებთან ბრძოლაში ეხმარებიან. დიახ, ეს არ არის არმია.
კითხვა - მათ თქვეს, რომ შემდგომში აპირებენ ჩამოყალიბდნენ, როგორც არმია.
პასუხი - ჯერ არა, ჯერჯერობით ეს გადაჭარბებული შეფასებაა.
კითხვა - საქართველოს ეკონომიკისა და დაგეგმვის ინსტიტუტის რეორგანიზაციისა და სხვა დაწესებულებებთან შეერთების გამო თქვენ სამსახურიდან გაანთავისუფლეთ ამ ინსტიტუტის დირექტორი, სსრკ-ის სახალხო დეპუტატი ვალერიან ადვაძე, რის შედეგადაც მან დაკარგა სამუშაო, დაკარგა მან თავისი პროფესიული ჩვევებისა და ოსტატობის გამოყენების შესაძლებლობა. არის თუ არა ეს პრეზიდენტის არჩევნებში თქვენი ძირითადი მეტოქის მიმართ გარკვეული რეპრესიული ქმედება?
პასუხი - იგი მე არ გამითავისუფლებია. მე ასეთ საკითხებს არ ვწყვეტ. ამგვარ საკითხებს წყვეტს ეკონომიკური კომისია, რომელმაც ინსტიტუტების რეორგანიზაცია მოახდინა და იქ აირჩიეს სხვა. განა ეს ჩემი ბრალია? ჯერ ერთი, იგი იქ დანიშნული გახლდათ კომპარტიის, შევარდნაძის, პატიაშვილისა და სხვათა მიერ. ახლა კი, როცა არჩევნები გაიმართა, იქ სხვა აირჩიეს. იგი ამჟამად ერთ-ერთი უმაღლესი სასწავლებლის კათედრის გამგეა. საერთოდ, მისი ფიგურა ძლიერ გაზვიადებულია. ვითომცდა ის გენიალური ეკონომისტი იყოს, სინამდვილეში კი რიგითი ეკონომისტია. შეერთდა ორი ინსტიტუტი და შეიქმნა ახალი საფინანსო პროფილის ინსტიტუტი, სადაც გამოცდილი ფინანსისტი იყო საჭირო. ის მარქსისტული პოლიტიკური ეკონომიის ისტორიკოსი გახლავთ. ასეთი ისტორიკოსები კი ჩვენ აღარ გვჭირდება, რადგანაც აღარც მარქსიზმია ჩვენში და აღარც მარქსისტული პოლიტეკონომია. მეორეც, იგი ჩემი მეტოქე არასოდეს არ ყოფილა. თქვენ შეცდომაში შეგიყვანეს. მე ხმების 87%25 მივიღე, მან კი 7%25. ის ჩემთვის საშიში არასოდეს არ ყოფილა და არც მომავალში იქნება. ამაში გარწმუნებთ.
კითხვა - (რადიოსადგურ „მოსკოვსკოე ეხოს“ კორესპონდენტი)
თქვენ გსაყვედურობენ, რომ სდევნიდით პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს. კერძოდ, მხედველობაში მაქვს ჯაბა იოსელიანი. რას გვეტყვით ამის თობაზე?
პასუხი - ჯაბა იოსელიანი ჩემი მეტოქე არ არის. იგი დიდი დანაშაულებრივი შენაერთის, შეიძლება ითქვას, „არაოფიციალური არმიის“, ბანდის ატამანია. მისი წევრების უმრავლესობას დანაშაულებრივი წარსული აქვს. მრავალი მათგანი რამდენჯერმე მსჯავრდებული არის ქურდობისათვის. მათ იარაღის მეშვეობით საქართველოში ძალაუფლების ხელში ჩაგდება სურდათ. შეიძლება ითქვას, რომ ეს პროფესიონალი რეკეტირები - რეკეტირთა არმია იყო და მთელი საქართველოს მოსახლეობას ძარცვავდა. მათი იზოლირება თვით მოსახლეობამ მოითხოვა და რასაც აქ ჯაბა იოსელიანზე წერენ, აბსოლუტური დეზინფორმაციაა. იგი პროფესიონალი ქურდია, ქურდობისათვის და ბანდიტობისათვის ოთხჯერ ნასამართლევი. ამ ბოლო ხანს პროვოკაციული ქმედებები დაიწყო. არმიასთან შეტაკებების პროვოცირებას ცდილობდა. მას დავალება ჰქონდა, საქართველოში სამოქალაქო ომი და ინტერვენცია გამოეწვია. და იყო კიდეც ამის ძალზე სერიოზული საფრთხე. მისი იზოლირება რომ არ მოგვეხდინა, ახლა საქართველოში სამოქალაქო ომი იქნებოდა, იმიტომ, რომ მას ჰყავდა 12 000-იანი ჯარი, რომელიც მთელ საქართველოში საშინელებებს სჩადიოდა, ასე რომ, ნუ დაუჯერებთ ყოველგვარ ზღაპრებს.
კითხვა - კიდევ ერთი შეკითხვა, თუ შეიძლება. თქვენ, ასე ვთქვათ, პრესასთან კონფლიქტი გაქვთ. რამდენიმე ცნობა იყო იმის შესახებ, რომ აიკრძალა სხვადასხვა გამოცემა, რომ პრესის მუშაობა იზღუდება.
პასუხი - ყველაფერი ძლიერ გადაჭარბებულია. ერთადერთი გამოცემა „მოლოდიოჟ გრუზიი“ გაუქმდა იმის გამო, რომ კომკავშირი აღარ არსებობს. იგი იყო კომკავშირის გაზეთი და როცა აღარ არის კომკავშირი, რა საჭიროა კომკავშირის გაზეთი. ის სხვა გაზეთს შეუერთდა, ვინაიდან „მოლოდიოჟ გრუზიი“ გულისხმობდა საქართველოს კომკავშირს.
კითხვა - პირველი შეკითხვა. როგორ უყურებთ ელცინის დამაჯერებელ, ტრიუმფალურ გამარჯვებას რუსეთის არჩევნებში? მეორეც, სამწუხაროდ, როგორც ჩანს დასავლეთის ქვეყნები ჯერჯერობით თავს იკავებენ აღიარონ საქართველოს დამოუკიდებლობა. როგორ შეაფასებდით ამ სიტუაციას და როგორ იმოქმედებთ მომავალში?
პასუხი - ელცინს და ნამდვილ რუს დემოკრატებს მხარს უჭერს ქართველი ხალხი და პირადად მეც. ჩვენ მივესალმებით ამ არჩევნებში გამარჯვებას და გვაქვს დიდი იმედიც, რომ რუსეთში დემოკრატიული ხელისუფლება დამყარდება. ხოლო, რაც შეეხება ჩვენს აღიარებას, ეს მომავალში იქნება. დღეს მე რამდენიმე ამერიკელი სენატორისაგან წერილი მივიღე. ისინი ცნობენ ჩვენს დამოუკიდებლობას, საქართველოს ცნობენ, როგორც დამოუკიდებელ ქვეყანას და მიესალმებიან არჩევნებში ჩვენს გამარჯვებას. ასე, რომ ამერიკის სენატი და კონგრესი სულ უფრო და უფრო უჭერენ მხარს ჩვენს დამოუკიდებლობას. და მე დარწმუნებული ვარ, რომ დადგება დღე, როდესაც ამერიკის კონგრესი და სენატი ცნობენ საქართველოს დამოუკიდებლობას.
კითხვა - რამდენმა სენატორმა მოაწერა ხელი წერილს?
პასუხი - ხუთმა სენატორმა. სენატორმა ვილსონმა, მიტჩელმა და სხვებმა.
კითხვა - შეკითხვა გიორგი ხოშტარიას: რას იტყოდით გავრცელებული აზრის შესახებ, რომ საქართველოში ილახება ადამიანთა უფლებები და არიან პოლიტპატიმრები?
პასუხი - სენატორი დე კონსილია და სხვები სულ 35 შემოდგომაზე მოსკოვში ჩამოვლენ. სენატორი დე კონსილია სათავეში უდგას კონგრესთან არსებულ ჰელსინკის ჯგუფს. მოსკოვის შემდეგ გვეწვევიან საქართველოში და ბოლოს და ბოლოს დარწმუნდებიან, თუ რამდენად შეეფერება სინამდვილეს და რამდენად რეალურია ის ბრალდებები, რომლებსაც ჩვენ გვიყენებენ. რაც შეეხება პოლიტპატიმრებს, რომელი დემოკრატიული ქვეყანა შეურიგდება შეიარაღებულ ოპოზიციას, რომელიც აცხადებს, რომ იგი ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტს არ ემორჩილება და იარაღით ხელში მის დამხობას აპირებს, იმუქრება სამოქალაქო ომით. ამასთან თავდასხმები პრეფექტურებზე, მილიციისათვის იარაღის წართმევა... თქვენ დამისახელებთ ერთ ქვეყანას მაინც მსოფლიოში, რომელიც ამას შეურიგდება?
ზ. გამსახურდია - 275 მანქანაა მოტაცებული საქართველოში. ამასთან მკვლელობები, ადამიანის მოტაცება და ა.შ.
კითხვა - მე „იზვესტიიდან“ ვარ. მინდა ერთი საკითხი დავაზუსტო. ეხლა ედუარდ შევარდნაძის პიროვნებასთან დაკავშირებული აქტიური პროცესები მიმდინარეობს. თქვენი დამოკიდებულება დემოკრატიული რეფორმების მოძრაობისადმი და იმ ადამიანებისადმი, რომლებიც ამ მოძრაობაში გაერთიანდნენ. მათ შორის ხომ ერთ-ერთი მთავარი ადგილი ედუარდ შევარდნაძეს უკავია.
პასუხი - მე ჯერჯერობით თავს შევიკავებ და გამოკვეთილ პოზიციას არ გავამჟღავნებ, ვინაიდან თავადაც ჯერ არ ვიცი. მე ველოდები მათი პოზიციის გამჟღავნებას საბჭოთა კავშირის კომპარტიის მიმართ. ველოდები მათ პლატფორმას, როცა ისინი ცნობენ რესპუბლიკების დამოუკიდებლობას. როცა გამოააშკარავებენ ისინი თავიანთ პოზიციას ამ ორ საკითხზე, მაშინვე გეტყვით ჩემს აზრს. ჯერ არ ვიცი, თუ რა შინაარსი აქვს ამ მოძრაობას. შემდგომში ვნახავთ.
კითხვა - ყოველკვირეული „მოსკოვსკიე ნოვოსტი“. ორი შეკითხვა მექნება: როგორია თქვენი დამოკიდებულება აფხაზეთის იმ განზრახვის მიმართ, რომ აფხაზეთმა სამოკავშირეო ხელშეკრულებას დამოუკიდებლად მოაწეროს ხელი და მეორე, როგორც ცნობილია, სამხრეთ ოსეთის საკითხზე მუშაობდა საქართველოს, რუსეთისა და საბჭოთა კავშირის წარმომადგენელთა საპარლამენტთაშორისო კომისია. რა უშლის ხელს ამ კომისიის მიერ ხელმოწერილი გადაწყვეტილების რეალიზაციას?
პასუხი - აფხაზეთის შესახებ გეტყვით. აფხაზეთი საქართველოში ეროვნული უმცირესობაა. იმ ავტონომიურ რესპუბლიკაში, რომელიც მათ ეკუთვნით და იმ რეგიონში, სადაც ისინი ცხოვრობენ, მოსახლეობის 17%25-ს წარმოადგენენ. ახლა მათ სურთ ეს ტერიტორია საქართველოს ჩამოაშორონ და საბჭოთა კავშირს შეუერთონ. ეს მათ არასოდეს გამოუვათ, რადგან ეს იქნება აგრესია ქართველი ხალხის წინააღმდეგ და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა. ეს კი მათ სიკეთეს არ მოუტანს. ჩვენ ამას განვიხილავთ, როგორც ცენტრის წმინდა პროვოკაციას, ვინაიდან აფხაზეთს არა აქვს უფლება, რომ ეროვნულმა უმცირესობამ, რომელიც 5 მილიონიან საქართველოში 80 000 კაცს შეადგენს, საქართველოს ტერიტორია მოსწყვიტოს და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოაცხადოს. საერთოდ, ეროვნულ უმცირესობებს მხოლოდ კულტურული ავტონომიის უფლება აქვთ. ხოლო აფხაზეთისათვის ის ფართო პოლიტიკური ავტონომია, რომელიც მას აქვს, სრულიად საკმარისია და თუკი ისინი მეტს მოინდომებენ, მათთვისვე იქნება საზიანო. რაც შეეხება ე.წ. სამხრეთ ოსეთს, უნდა გითხრათ, რომ სამხრეთ ოსეთი საქართველოში არ არსებობდა. ეს ტერმინი ბოლშევიკებმა გამოიგონეს. ოსები ცხოვრობდნენ საქართველოში, მაგრამ სამხრეთ ოსეთი ბოლშევიკების შექმნილი ტერმინია. ოსები ეროვნული უმცირესობაა და მათთვის კულტურული ავტონომიის ყველა უფლებაა გარანტირებული. მაგრამ მათ დამოუკიდებელი რესპუბლიკის შექმნა მოისურვეს, რისი უფლებაც ჩვენ არ მივეცით. საპარლამენტთაშორისო კომისიამ გააკეთა ძალზე სწორი დასკვნა, რომელშიც ნათქვამია, რომ ის ცნობს სამხრეთ ოსეთს, როგორც საქართველოს შემადგენელ ნაწილს და რომ ყველა ეს საკითხი საქართველოში უნდა გადაწყდეს. ამის გამო კომისიამ დეპუტატთა ჯგუფ „სოიუზის“ რისხვა დაიმსახურა. ყბადაღებული ალქსნისი, ბლოხინი და სხვები ცხინვალში ჩავიდნენ და ამ კომისიის დასკვნა „ანათემას“ გადასცეს. ახლა ახალი კომისიაა შექმნილი და ის შესანიშნავად მუშაობს. მის მიერ შედგენილი დოკუმენტის განხორციელებას კი „სოიუზი“ უშლის ხელს, ვინაიდან დეპუტატთა ამ ჯგუფს არ სურს იქ მშვიდობის დამყარება. მათ კვლავ უნდათ, რომ იქ სისხლისღვრა გრძელდებოდეს, რადგანაც ეს ხელს აძლევს ცენტრს.
კითხვა - ის რომ ამერიკის საელჩომ თქვენ მიგიწვიათ, ნიშნავს თუ არა იმას, რომ აშშ საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ცნობს?
პასუხი - ეს კერძო მიწვევაა ამერიკის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ წვეულებაზე. ეს არაოფიციალური ვიზიტია. ელჩის რეზიდენციაში ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობდნენ. ამერიკის ხელისუფლება არ ცნობს საქართველოს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს.
კითხვა - „ნეზავისიმაია გაზეტა“:
პატივცემულო ბატონო პრეზიდენტო, ამას წინათ ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა წინადადება გამოთქვა, მოეწყოს შეხვედრა როგორც სამოკავშირეო ხელშეკრულებაზე ხელისმომწერი რესპუბლიკების ხელმძღვანელებისა, ასევე იმათი, რომლებიც დამოუკიდებლობისაკენ ისწრაფვიან და ხელშეკრულების ხელმოწერაში მონაწილეობას არ აპირებენ. ეს შეხვედრა ცენტრის მონაწილეობის გარეშე უნდა მოხდეს. ნაზარბაევმა პრეს-კონფერენციაზეც დაადასტურა ეს წინადადება. თქვენ როგორ უყურებთ ამ ინიციატივას?
პასუხი - მივესალმები ამ ინიციატივას და ჩვენი წარმომადგენლები ამ შეხვედრაზე აუცილებლად იქნებიან. ცენტრის შუამავლობა ჩვენ არ გვჭირდება. ცენტრი მხოლოდ მტრობას, შუღლს აღვივებს რესპუბლიკებსა და ხალხებს შორის, მის გარეშე რესპუბლიკები და ხალხები შესანიშნავად იმეგობრებენ. გარწმუნებთ ამაში. ცენტრს შეუძლია მხოლოდ დისჰარმონია შეიტანოს, ხელოვნურად მოაწყოს ეთნოკონფლიქტები. ჩვენ ეს ვიცით. აი, დღეს აქ შევიკრიბეთ. საჭიროა ამისათვის ცენტრი, რომ ჩვენ შევიკრიბოთ? აქ ვართ ხალხი, სხვადასხვა ეროვნებისა და ქვეყნების წარმომადგენლები: განა ჩვენ აქ ერთმანეთს ვხოცავთ? ჩემი აზრით, ამისათვის მხოლოდ პრესცენტრი დაგვეხმარა. კრემლის გარეშე როგორმე შევიკრიბებით. ასევე იქნება მომავალში.
კითხვა - „ინტერფაქსის“ სააგენტო:
ცენტრთან თქვენი კონფლიქტის დროს რამდენად შეგიძლიათ დაეყრდნოთ რუსეთის დახმარებას? რა უშლის ხელს რუსეთთან კავშირების უფრო დინამიურ განვითარებას?
პასუხი - ჩემი აზრით, ამას დღემდე არჩევნები უშლიდა ხელს, რადგან არჩევნების დროს მოლაპარაკებებისა და შეთანხმებებისათვის საკმარისი დრო არ გვქონდა. უახლოეს მომავალში კი ალბათ ყველაფერი გაირკვევა. მე ხომ შევხვდი ბატონ ელცინს. ჩვენ მომავალი ურთიერთობების შესახებ შევადგინეთ ოქმი, სადაც წერია, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ხელშეკრულება უნდა დაიდოს და ეს, ალბათ, უახლოეს მომავალში მოხდება, თუკი რუსეთის მხარე აზრს არ შეიცვლის. ჩვენ კი ეს არ გადაგვიფიქრებია.
კითხვა - ბატონო პრეზიდენტო, კომენტარს ხომ არ გაუკეთებდით იუგოსლავიაში მიმდინარე მოვლენებს?
პასუხი - მე ძლიერ შეშფოთებული ვარ ამ მოვლენებით. მართალია, ისინი ჯერ რეგიონალური მნიშვნელობისაა, მაგრამ მაინც ძალიან არასასიამოვნოა. მე ვფიქრობ, რომ აქ კომუნისტური ძალებია ჩარეული, რადგან ეს ბრძოლაა, ხალხის ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის და მისი სისხლში ჩახშობა კომუნისტების ხელწერაა. არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ იუგოსლავიის ხელისუფლება ჯერ კიდევ კომუნისტურ იდეებს ეჭიდება.
კითხვა - მაინც უფრო ზუსტად ხომ ვერ გვეტყვით, ვის მხარეზე ხართ?
პასუხი - ჩემი სურვილია, ეს პრობლემა ყოველგვარი ძალადობის გარეშე მშვიდობიანად გადაწყდეს. რისთვის ჩქარობენ ასე? ძალადობისა მე არ მესმის. ჯერ ხომ ყველა მშვიდობიანი შესაძლებლობა ამოწურული არ არის.
კითხვა - რამდენადაც ვიცი, თქვენ სომხეთსა და აზერბაიჯანს შუამავლობა შესთავაზეთ?
პასუხი - დიახ, ახლაც ვთავაზობთ. ჯერჯერობით პასუხი მხოლოდ აზერბაიჯანის მხარემ მოგვცა. მან მზადყოფნა გამოხატა, სომხეთმა კი არა.
კითხვა - როგორ ფიქრობთ, რატომ?
- არ შემიძლია ავხსნა. ერთი კი არის, რომ ცენტრი ძლიერ აქტიურობს, რათა ეს ჩაშალოს.
კითხვა - „დეილი ტელეგრაფი“: როგორია თქვენი შეხედულება 9+1 რესპუბლიკის ხელშეკრულებაზე?
პასუხი - ახლა უკრაინაში ძლიერი მოძრაობაა 9+1-ის წინააღმდეგ და თუ უკრაინა უარს იტყვის, ჩემი აზრით 9+1 ხელშეკრულება შეუძლებელი იქნება. აქ უკრაინა ძირითადი ფაქტორია.
კითხვა - რა იქნება მომავალში?
პასუხი - მომავალში? ეს დამოკიდებულია დასავლეთის ქვეყნებზე. დასავლეთის ქვეყნები უფრო სერიოზულად უნდა მოეკიდონ ჩვენს ბრძოლას დამოუკიდებლობისათვის, უფრო მეტიც, მათ პირდაპირი კავშირები უნდა ჰქონდეთ რესპუბლიკებთან.
კითხვა - დასავლეთი დაინტერესებულია ამა თუ იმ ფორმით შეინარჩუნოს ერთიანი კავშირი, რათა შეინარჩუნოს ერთიანი ბაზარი, ეკონომიკის განვითარება და ამიტომ, როგორც ჩანს, მათი პოზიცია ისეთი არ არის, რაც თქვენ გსურთ.
პასუხი - დასავლეთს არ შეუძლია გაიგოს, რომ არანაირი რეფორმები არ მოხდება ასეთ კავშირში, ვინაიდან აქ ასეთი კონსერვატიული და ანტიდემოკრატიული ძალები არსებობენ, რომლებიც საბაზრო ეკონომიკის წინააღმდეგნი არიან და უნდათ სოციალისტური სისტემის შენარჩუნება. რა რეფორმები უნდა მოხდეს აქ? რა რეფორმები შეუძლია განახორციელოს პავლოვის მთავრობამ, შეგიძლიათ ამიხსნათ? ასეთ სიტუაციაში ეს შეუძლებელია. დასავლეთი კი რაღაც რეფორმებს ელოდება. ისინი შეიძლება გატარდეს მხოლოდ ცალკეულ რესპუბლიკებში, როცა ისინი დამოუკიდებლად იქნებიან. ჩვენ დავინახავთ, თუ როგორი რეფორმები განხორციელდება რუსეთში, დემოკრატიულ რუსეთში, რომელმაც საკუთარი პრეზიდენტი აირჩია. აქ იქნება ნამდვილი რეფორმები, როგორც საქართველოში და ბალტიისპირეთში. კავშირში რეფორმები არ იქნება.
კითხვა - ჩეხეთ-სლოვაკეთი „ჩეტეკა“. ორი შეკითხვა მაქვს, პირველი - იმ პროცესთან დაკავშირებით, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს დემოკრატიული ძალების გაერთიანების მიზნით და არის მცდელობა კავშირის მასშტაბით შეიქმნას ერთიანი დემოკრატიული პარტია ან კონგრესი. თქვენი შეხედულებებით, როგორია საბჭოთა კავშირის ყოფილი რესპუბლიკების დემოკრატიული ძალების გაერთიანების საუკეთესო ფორმა?
მეორე შეკითხვა - აპირებს თუ არა საქართველო უახლოეს მომავალში პირდაპირი ურთიერთობები დაამყაროს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან, ყოფილი სოციალისტური ბანაკის ქვეყნებთან, კერძოდ, ჩეხეთ-სლოვაკეთთან დაამყაროს პოლიტიკური და ეკონომიკური კონტაქტები?
პასუხი - რა თქმა უნდა. ჩვენ გვსურს პირდაპირი კონტაქტები, მაგრამ ბოლო დრომდე ისინი: ჩეხეთ-სლოვაკეთი, უნგრეთი და ა.შ. ფრთხილობდნენ. ვიდრე იქ საბჭოთა ჯარები იყო, პირდაპირ კავშირებზე არ მიდიოდნენ. ჩვენ ვგრძნობდით მათ შიშს, რომ საბჭოთა კავშირს შეიძლება გადაეფიქრა და ჯარები უკან დაებრუნებინა. და ვიდრე იქ შეუქცევადი, სტაბილური არ გახდება დამოუკიდებლობისა და ჯარების გამოყვანის პროცესები, რეალური კავშირები არ გვექნება.
კითხვა - ე.ი. საქართველო ელოდება რაღაც ნაბიჯებს მათგან?
პასუხი - რა თქმა უნდა, ჩვენ ნაბიჯი უკვე გადავდგით. ახლა პასუხს მათგან ველით. მაგალითად, უნგრეთისაგან მივიღეთ პასუხი და გვექნება ურთიერთობები. ასე იქნება ალბათ ჩეხეთ-სლოვაკეთთანაც.
კითხვა - რას იტყვით ჩემს პირველ შეკითხვაზე დემოკრატიულ ძალთა შეკავშირების შესახებ?
პასუხი - დემოკრატიულ ძალთა გაერთიანებისა ჯერჯერობით არ მჯერა. აქ ხშირად დემოკრატიით სპეკულაციას ეწევიან, ხოლო რეალური დემოკრატია არ არის. მაგრამ არსებობს დემოკრატიის ნიღაბს ამოფარებული გარკვეული ძალები, რომლებსაც მისი გამოყენება შეუძლიათ კომპარტიისა და სოციალისტური სისტემის გადასარჩენად. აი, საქართველოში ასე მოხდა: საქართველოში როცა ეს არჩევნები დავიწყეთ, შექმნეს დემოკრატიული გაერთიანება, რომელშიც ყოფილი კომუნისტებიც შევიდნენ და კომპარტიაში დარჩენილი ადამიანებიც. და ისინი გამოდიოდნენ არა როგორც კომუნისტები, არამედ, როგორც ვიღაც დემოკრატები. თავიანთ კავშირს დაარქვეს „თანხმობისა და აღორძინების კავშირი“. აქ შესულები სკკპ პლატფორმაზე იდგნენ. ასე რომ, ჯერ საქმემ უნდა დაგვანახოს. როცა ეს „დემოკრატიული“ ძალები გაერთიანდებიან, მაშინ ვნახოთ, რას გააკეთებენ და შემდეგ გეტყვით დასკვნას.
კითხვა - თქვენ ბრძანებთ, რომ სსრ კავშირში არავითარი რეფორმები არ მიმდინარეობს. ჩვენ კი ხშირად გვესმის, რომ სსრ კავშირის ხელისუფალნი ატარებენ პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების კურსს. ხომ ვერ განგვიმარტავთ თქვენს პოზიციას?
პასუხი - რეფორმების თაობაზე მე მხოლოდ შეძახილები მესმის, სხვა არაფერი. მე ვერ ვნახე ამ განცხადებების რეალური შედეგები. სინამდვილეში არაფერი არ იცვლება. ეკონომიკური სისტემა იგივეა. არ არსებობს თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა, არ არის პრივატიცაზია, არ არის ეკონომიკისა და ვაჭრობის ლიბერალიზაცია, კერძო ვაჭრობა. როგორ შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ აქ შესაძლებელია რაიმე რეფორმები. თუმცა დეკლარაციები კი გვესმის. ლამაზი დეკლარაციები.
კითხვა - „ტაიმსი“ ლონდონი: თქვენ თქვით, რომ მიესალმებით ნაზარბაევის წინადადებას ცენტრის გარეშე 15 რესპუბლიკის შეკრების თაობაზე. ხომ ვერ გამოთქვამთ ვარაუდს, რა შედეგი შეიძლება ამ შეხვედრამ გამოიღოს. როგორი იქნება მომავალი კავშირის მოწყობა ფედერაციული, კონფედერაციული თუ სხვა?
პასუხი - მე ვფიქრობ, შეხვედრა უკეთეს ურთიერთგაგებამდე მიგვიყვანს, უკეთეს კონტაქტამდე ერებს შორის. თუ ეს მოხდება ცენტრის, ასე ვთქვათ ე.წ. დახმარებისა და პროვოკაციების გარეშე. მაგალითად, ჩვენ ამჟამად კარგი კონტაქტები გვაქვს. ერთმანეთს სატელეფონო კავშირით ვუკავშირდებით. საჭიროების შემთხვევაში მე ვურეკავ ყაზახეთის პრეზიდენტს, ყირგიზეთის პრეზიდენტი მირეკავს მე, აზერბაიჯანი მირეკავს. მე ვურეკავ მოლდოვას, ლიტვას, ლატვიას და ა.შ. ჩვენ უკვე კონტაქტები გვაქვს და ამ კონტაქტებს შედეგებიც მოაქვს. როცა ასეთი ოფიციალური შეხვედრა იქნება და ხელს მოვაწერთ რაიმე დოკუმენტს, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაუმჯობესდება. ასე რომ, მე მივესალმები მათ.
კითხვა - იქნება რაიმე დოკუმენტი ხელმოსაწერად?
პასუხი - შესაძლოა. ვიმედოვნებ, რომ როდესაც ხელშეკრულება 9+1 ჩაიშლება - ხელმოწერილი იქნება ნამდვილი დოკუმენტი. მაგრამ ჯერ 9+1 ხელშეკრულებამ მარცხი უნდა განიცადოს და ცენტრის გარეშე მოხდეს რესპუბლიკების შეკრება.
კითხვა - თუ შეიძლება ერთ-ერთ წინა შეკითხვასთან დაკავშირებით. რა როლს ასრულებს დემოკრატიული ძალების გაერთიანებაში ან გაერთიანებული დემოკრატიული პარტიის შექმნაში ედუარდ შევარდნაძე?
პასუხი - ამბობენ, რომ შევარდნაძემ დიდი ევოლუცია განიცადა, რომ იგი ის ედუარდ შევარდნაძე აღარ არის, რაც 15 წლის წინათ იყო. თავად ამბობს ასე და იგივეს ამბობენ მასზეც. მაგრამ მე მინდა, რომ ამაში საქმემ დამარწმუნოს. მე ასეთი რწმენა მაშინ გამიჩნდება, როცა შევარდნაძე თვითონ გაამჟღავნებს საკუთარ დამოკიდებულებას კომპარტიის მიმართ, როცა იტყვის ყველაფერს, როგორც აღსარებას, აღსარებას ხალხისა და ისტორიის წინაშე, თუ რა მოიმოქმედა მან საქართველოში, სადაც ის კომპარტიის ემისარი იყო, მხოლოდ მაშინ დავუჯერებ. ვიდრე ის დუმს, არაფერს ამბობს საკუთარ წარსულსა და თავის კომპარტიაზე, ვიდრე ის მხოლოდ ლაპარაკობს, რომ დემოკრატიის შექმნა სურს, ეს მე ძლიერ მაეჭვებს. ჯერ თქვით, თუ რა ჩაიდინეთ კაცობრიობის და ხალხის წინაშე და მხოლოდ მაშინ დაგიჯერებთ. გაკიცხეთ ეს წარსული თუნდაც ისე, როგორც ხრუშჩოვმა გააკეთა. მე, მაგალითად, ხრუშჩოვისა უფრო მჯერა, ვიდრე სხვა ლიდერებისა, თუნდაც იმიტომ, რომ მან გული გახსნა და აღსარება თქვა. ჩემი აზრით, იგი ამისთვის პატივისცემას იმსახურებს. მათ კი არ სურთ საკუთარი წარსულის შესახებ რამე თქვან. დაე, კომენტარები საკუთარ წარსულს გაუკეთონ.
კითხვა - ბატონო პრეზიდენტო, თვლით თუ არა, რომ საზღვარგარეთის ქვეყნებს, კერძოდ უნგრეთს შეუძლია მხოლოდ მხარი დაუჭიროს საქართველოს სწრაფვას გახდეს დამოუკიდებელი ქვეყანა, რადგან მას არ გააჩნია დამოუკიდებელი სახელმწიფოსათვის აუცილებელი ზოგიერთი ატრიბუტი? მე ნაწილობრივ გეთანხმებით, რომ ისინი უფრთხიან, მაგრამ ხომ არ არის მეტი სიცხადე საჭირო შიდა პრობლემებში, როგორ გესახებათ გზა სრული დამოუკიდებლობისაკენ? როგორია ეს გზა? საკუთარი ფული, საკუთარი არმია და ა.შ.
პასუხი - რა თქმა უნდა, ჩვენ ვქმნით საკუთარი ფულის სისტემას, ვქმნით არმიას. რაც შეეხება საზღვრებს, ამის გაკეთება ძალზე რთულია, რადგან ამაში ხელს საბჭოთა კავშირი გვიშლის. იგი ძლიერ ერევა ჩვენს საბაჟო პოლიტიკაში, სურს შეინარჩუნოს საკუთარი საბაჟო და არ გვაძლევს ჩვენი საბაჟოს შექმნის საშუალებას. ამის გამო მუდმივი ჭიდილი გვაქვს სსრ კავშირთან საბაჟოს გამო. მაგრამ თქვენც იცით, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები არც თუ ისე დამოუკიდებელი იყვნენ საბჭოთა კავშირისაგან, და ახლაც ბევრად არიან მასზე დამოკიდებული ეკონომიკურად. ამას ალბათ განაპირობებდა იქ საბჭოთა ჯარების ყოფნა. ახლა შეიძლება მეტი ინტერესი გამოიჩინონ ჩვენს მიმართ. უნგრეთი უკვე დაინტერესდა. მე პირადი კონტაქტებიც მაქვს უნგრეთის პრეზიდენტთან. დაგეგმილია ჩვენი პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი იქ. შესაძლებელია, მე შევხვდე მომავალში უნგრეთის პრეზიდენტს. ეს ყოველივე მომავლის საქმეა. მთავარი კი ისაა, დასავლეთი დარწმუნდეს, რომ სსრ კავშირი აღარ წარმოადგენს მისთვის საშიშროების ფაქტორს, როგორც ეს აქამდე იყო. ალბათ ასე იქნება ხვალ. და ამაში აღარ დაინახავენ სამხედრო, პოლიტიკურ და სხვა სახის საშიშროებებს. აი მაშინ ყველაფერი მოგვარდება.
კითხვა - ლატვია „დიენა“: გვითხარით, თუ შეიძლება, რა მნიშვნელობას ანიჭებთ ბალტიის ქვეყნებთან ურთიერთობას და როგორ გესახებათ ამ ურთიერთობათა პერსპექტივები?
პასუხი - ბალტიის ქვეყნებთან თავიდანვე შესანიშნავი ურთიერთობა მქონდა, მქონდა პირდაპირი კონტაქტები ლიტვის, ლატვიის, ესტონეთის მოძრაობებთან. მაგრამ იქაც არსებობენ ძალები, რომლებიც ხელს უშლიან ამ პროცესებს. მაგალითად, თქვენმა გაზეთმა ამას წინათ ჩემს შესახებ ისეთი სიცრუე გამოაქვეყნა, რომ მაპატიეთ, ჩემს ადგილას სხვა არც დაგელაპარაკებოდათ. არც აციეს და არც აცხელეს, დაბეჭდეს, თითქოსდა გამსახურდიამ განაცხადა - სოლჟენიცინი და სახაროვი „სუკის“ აგენტები არიანო. ეს უმსგავსობაა. თქვენ ყური მოკარით რაღაც ჭორს და პირდაპირ დაბეჭდეთ. ასე არ შეიძლება. ასეთი მოქმედებით თქვენ ხელს უშლით საქართველოსა და ლატვიას შორის ნორმალურ კონტაქტებს. ნახეთ ეს გაზეთი. ჩვენ უფრო მეტი ანგარიში უნდა გავუწიოთ ერთმანეთს და საფუძვლიანად უნდა შევამოწმოთ ყოველგვარი მოარული ხმები. მაგალითად, ჩვენ არასოდეს არ დავბეჭდავთ რაიმე მონაჭორს ლანდსბერგისის ან გორბუნოვის შესახებ, ჩვენ ერთ ბედს ქვეშა ვართ და ამიტომ ერთმანეთს ანგარიში უნდა გავუწიოთ.
კითხვა - შეგიძლიათ უპასუხოთ ჩემს მეორე შეკითხვას? როგორ გესახებათ უახლესი პერსპექტივები?
პასუხი - უახლესი პერსპექტივები ისაა, რომ კიშინიოვის ფორუმში მონაწილეობენ ბალტიის ქვეყნების წარმომადგენლები და ყველა საკითხს იქ განიხილავენ.
კითხვა - ამბობენ, რომ საქართველო ნატოში შესვლას აპირებსო. მართალია ეს?
პასუხი - ეს სასაცილოა.
კითხვა - „კომსომოლსკაია პრავდას“ კორესპონდენტი: როგორც გავიგე, თქვენ თვლით, რომ კავშირის ფარგლებში დემოკრატიული გარდაქმნები შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, ორი შეკითხვა მაქვს: ნიშნავს თუ არა ეს, რომ ასეთი რამ შესაძლებელია მხოლოდ ეროვნული თვითგამორკვევის საფუძველზე და ხომ არ არის საშიშროება მოვლენების ამ სცენარით განვითარების შემთხვევაში, შეიძლება განმეორდეს იუგოსლავიის ვარიანტი - რაც თქვენ ძლიერ გაფიქრებთ?
პასუხი - იცით, იუგოსლავიამ მართლაც ძალიან ცუდი მაგალითი მოგვცა. მაგრამ არა მგონია, საქმე აქამდე მივიდეს. ვიდრე სსრ კავშირის ხელისუფლების სათავეში არ მოვლენ ძალაუფლებისათვის მებრძოლი რეაქციული ძალები, როგორც მაგალითად, დეპუტატთა ჯგუფი „სოიუზი“ და ა.შ. მანამდე ასეთი საფრთხე მე მგონი არ არსებობს.
კითხვა - ბულგარეთის დეპეშათა სააგენტო: თქვენი უახლოესი პროგნოზი საბჭოთა კავშირში მოვლენების განვითარების თაობაზე.
პასუხი - უახლოესი პროგნოზით, თუ არ მოხდება სამხედრო გადატრიალება, თუ ძალაუფლებას არ ჩაიგდებენ ხელში ბნელი ძალები, მოვლენების განვითარება აუცილებლად დემოკრატიული იქნება. ეს ცენტრის როლის დაკნინებას მოიტანს და ეს როლი სიმბოლური გახდება. ამ სიმბოლურ ცენტრს აღარ ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა რესპუბლიკების გათავისუფლების საქმეში და ვფიქრობ, რომ რესპუბლიკების თავისუფლება ძალიან ახლოსაა რესპუბლიკების, პირველ რიგში, რუსეთის ფედერაციის რეალური თავისუფლება, რეალური დამოუკიდებლობა.
კითხვა - რა ერქმევა ამ კავშირს?
პასუხი - ეს იქნება კონფედერაციის მსგავსი რამ. ეს იქნება სრულიად განსხვავებული სპეციფიკა, კონფედერაციის აღიარების გარეშე. კონფედერაცია დე ფაქტო, სინამდვილეში ეს მდგომარეობა თითქმის უკვე არსებობს.
კითხვა - ბატონო პრეზიდენტო, შეკითხვა ენის ცოდნის შესახებ. თუ მე ენა არ ვიცი, ან თუ ვინმემ ქართული ენა არ იცის, ის მოქალაქეობას ვერ მიიღებს?
პასუხი - ეს წესი მოქმედებს მათთვის, ვინც საქართველოში არ ცხოვრობს და მომავალში უნდა მიიღოს მოქალაქეობა. ყველა ეროვნების ადამიანი, ვინც საქართველოში ცხოვრობს, მიიღებს მოქალაქეობას ქართული ენის ცოდნის მიუხედავად. მაგრამ თუკი თქვენ ჩამოხვალთ ჩვენთან და მოინდომებთ საქართველოს მოქალაქეობას, თქვენ უნდა ისწავლოთ ქართული. მე მგონი, გასაგებია არა?
კითხვა - და იმათმა ბავშვებმა, ვინც ახლა საქართველოში ცხოვრობს, უნდა ისწავლონ ქართული?
პასუხი - რა თქმა უნდა, უნდა ისწავლონ, მათი მშობლები უკვე მზად იქნებიან აღიარონ სახელმწიფო ენა და ბავშვებს ქართული ასწავლონ. ეს სახელმწიფო ენაა. მათ უნდა გამოხატონ ერთგულება, უნდა აღიარონ, რომ არიან ჩვენი კონსტიტუციის ერთგული და თუკი ისინი კონსტიტუციას აღიარებენ, მათ უნდა ისწავლონ ქართული.
კითხვა - მისცემთ თუ არა მოქალაქეობას იმათ, ვინც საქართველოს ფარგლებს გარეთ არის წასული?
პასუხი - თუ ისინი სამშობლოში დაბრუნდებიან, ჩვენ მივცემთ მათ მოქალაქეობას. ორმაგი მოქალაქეობა, როგორც წესი, არ გვექნება.
კითხვა - ბატონო პრეზიდენტო - რით შეიძლება აიხსნას ის, რომ თქვენმა მთავრობამ შემოიღო ერთგულების ფიცი? სხვა რესპუბლიკებსა და ქვეყნებში ასეთი რამ არ არის.
პასუხი - ზოგიერთ ქვეყანას აქვს. ჩვენთვის ეს აუცილებელია, ვინაიდან ჩვენთან ბევრია ისეთი, ვინც მტრულად არის განწყობილი და იარაღით ხელში იბრძვის ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ეწევიან ტერორს. ამიტომ უნდა გაირკვეს: გინდა იყო საქართველოს მოქალაქე? - პატივი ეცი ჩვენს კონსტიტუციას, ჩვენს კანონებს. ხოლო თუ იტყვის არაო, მე გებრძვით იარაღით ხელშიო, მივიღოთ ასეთი მოქალაქედ? რას იტყვით? ეს საშიშია. არავინ არ მიიღებს ასეთს. მაგალითად, აშშ-ში მისცემენ მოქალაქეობას ერაყელ ტერორისტებს? არასოდეს.
კითხვა - მაგრამ თქვენ არ გეშინიათ, რომ ეს მასობრივად გამოიწვევს მოქალაქეობაზე უარის თქმას?
პასუხი - ალბათ შესაძლებელია, ასეთების რიცხვი 50 000 იყოს. იქნებ, ესეც დიდი ციფრია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ბევრმა უარი თქვა ბრძოლის ასეთ მეთოდებზე. პოტენციურად მათი რიცხვი, ვინც არ ცნობს საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს სახელმწიფოს, დაახლოებით 50 000-მდეა.
კითხვა - შედგება თუ არა ტორეზ კულუმბეგოვის პროცესი? რა ბრალდებას უყენებთ მას?
პასუხი - მოკლედ მოგახსენებთ: დამტკიცებულია, რომ ის სჩადიოდა სისხლის სამართლის დანაშაულებს. ჰქონდა ადამიანის მკვლელობის მცდელობა, თავქვე ჰკიდებდა, აწამებდა, სცემდა ხალხს. თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ საბრალდებო დასკვნა, და ამის გარდა, აღვივებდა ეროვნებათა შორის შუღლს, აწყობდა ეთნოკონფლიქტებს.
კითხვა - როდის იყავით თქვენ უკანასკნელად მოსკოვში?
პასუხი - უკანასკნელად მოსკოვში ვიყავი, როცა შევხვდი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ბეიკერს. ეს იყო ამ წლის მარტში.
კითხვა - მანამდე დიდი იყო შუალედი?
პასუხი - არცთუ ისე. 1988 წელს მე მოსკოვში შევხვდი ჩეხოსლოვაკიის ახლანდელ პრეზიდენტს ვაცლავ ჰაველს. ე.ი. მოსკოვში მიხდება ჩამოსვლა უცხოელ სახელმწიფო მოღვაწეებთან შესახვედრად. მანამდე შევხვდი რეიგანს. საბჭოთა ოფიციალური პირები მე არ მცნობენ.
კითხვა - თქვენ ბრძანეთ, რომ რესპუბლიკები მალე მიიღებენ დამოუკიდებლობას. როდის გახდება საქართველო სრულიად დამოუკიდებელი? როგორია თქვენი პროგნოზი?
პასუხი - 2 წელი. თქვენ აგრეთვე მკითხეთ ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და ოსური პრობლემების შესახებ. უნდა მოგახსენოთ, რომ ძალიან ბევრი დეზინფორმაცია იბეჭდება როგორც საბჭოთა, ასევე საზღვარგარეთის პრესაში. მე საგანგებოდ მოვიწვიე ინგუშეთის ეროვნული მოძრაობის ლიდერი, დამოუკიდებელი პარტიის „ნიისპოს“ თავმჯდომარე ბატონი ისა კაძოევი - სახალხო დეპუტატი. მინდა, რომ მასაც მისცეთ შეკითხვები, რომ ინგუშეთის ხალხის პრობლემაც იყოს გაშუქებული დასავლეთის პრესაში. ეს პრობლემა ძლიერ უახლოვდება საქართველოს პრობლემასაც, ვინაიდან ჩვენ გვაქვს ანალოგიური პრობლემები. თქვენ იცით, რას უშვრებიან ჩვენს მოსახლეობას ოსი ექსტრემისტები? ზუსტად იგივეს სჩადიან ისინი ინგუშების მიმართაც, იგივე აგრესია, ისეთივე შევიწროება, ტერიტორიის ხელყოფა. ბატონი კაძოევი მოგითხრობთ ამის შესახებ. ეს არის ყოფილი პოლიტპატიმარი, რომელმაც საბჭოთა ბანაკებში ბევრი წელი გაატარა. (პრესკონფერენციაზე ინგუშეთის ყველა დონის სახალხო დეპუტატთა აღმასკომის თავმჯდომარემ ბატონმა ისა კაძოევმა უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვებს).
ზვიად გამსახურდია - ისღა დამრჩენია, რომ მადლობა გადაგიხადოთ აქ მობრძანებისათვის და გთხოვთ, ობიექტურად ასახოთ ყველაფერი ის, რაც ამ პრესკონფერენციაზე მოისმინეთ და არ იყოს დამახინჯებები. ეს ჩემი თხოვნაა.
პრესკონფერენციის დასასრულს ბატონ ზვიად გამსახურდიასა და ჟურნალისტებს შორის გაიმართა უშუალო საუბარი, რომლის შემდეგაც ბატონმა პრეზიდენტმა თხოვნით მიმართა ჟურნალისტებს - მე გთხოვთ, პრესაში დაიცვათ ქართველი დეპუტატი კონსტანტინე ფირცხალავა, რომლის დაპატიმრებაც სურს ცენტრს, უნდა ძალით ჩაიყვანონ მოსკოვში და გაასამართლონ. ეს ის ფირცხალავა გახლავთ, გდლიანისა და ივანოვის კომისიაში რომ იყო. თქვენ მის შესახებ მშრალი ინფორმაცია გაქვთ. იმ კომისიაში 200 გამომძიებელი მუშაობდა, მაგრამ რატომღაც მხოლოდ ფირცხალავას გასამართლება სურთ. ეს არის საქართველოს ნამდვილი დისკრიმინაცია.
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის
პრესსამსახური, საქინფორმი.
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას პრესკონფერენცია მოსკოვში, 1991 წლის 3 ივლისს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 11 ივლისი. - №135 (155). - 1,2 გვ.
![]() |
35 შავი ზღის პრობლემებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო შეხვედრის მონაწილეებს |
▲ზევით დაბრუნება |
ქართველი ხალხი, საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლება უკიდურესად შეშფოთებილი არიან შავ ზღვაზე შექმნილი უმძიმესი ეკოლოგიური ვითარებით. წყლის გაჭუჭყიანება კომუნალური და სამშენებლო ნარჩენებით, სანაპირო ზოლის გადარეცხვა, ზღვის ეკოსისტემების განადგურება, უჟანგბადო გოგირდწყალბადოვანი ფენის მატება ნამდვილად საგანგაშო ხდება. ჩვენ ყველანი, შავიზღვისპირა სახელმწიფოები და ხალხები დღეს რეალურად აღმოვჩნდით იმ საშიშროების წინაშე, რომ დავკარგოთ ჩვენი საერთო ზღვა, როგორც უნიკალური ცოცხალი სისტემა.
დღევანდელ მძიმე ეკოლოგიურ მდგომარეობაზე ჩვენს რეგიონში უეჭველად პასუხისმგებელნი არიან ის ტოტალიტარული რეჟიმები, რომლებიც ახლო წარსულში ბატონობდნენ თითქმის ყველა შავიზღვისპირა სახელმწიფოში. ამის თვალსაჩინო ნიმუშად, თუნდაც საქართველო გამოდგება, სადაც კომუნისტურმა მომხმარებლურმა მიდგომამ საარსებო გარემოსადმი, ბუნებრივი რესურსების უმოწყალო და ბარბაროსულმა ექსპლოატაციამ საყოველთაო ეკოლოგიურ კრიზისამდე მიგვიყვანა.
რაში ვხედავთ ჩვენ გამოსავალს? უწინარესად ფართომასშტაბიან საერთაშორისო თანამშრომლობაში, თითოეული ჩვენგანის ძალებისა და შესაძლებლობების გაერთიანებაში. ფაქტია, რომ ვერც ერთი ცალკე აღებული სახელმწიფო ვერ შეძლებს მარტო შეეჭიდოს ამ პრობლემას. ამ თვალსაზრისით მეტად მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ შავიზღისპირა, არამედ დუნაისპირა ქვეყნებმაც იკისრონ პასუხისმგებლობა შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, ჩაერთონ საერთაშორისო პროგრამების განხორციელებაში.
ჩვენ მეტად დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ კონტაქტების განვითარებას ამ მიმართულებით არა მხოლოდ სამთავრობო, არამედ არასამთავრობო დონეზეც, საზოგადოებრივი ორგანიზაციების მონაწილეობას თანამშრომლობის პროგრამების ჩამოყალიბებასა და რეალიზაციაში. სწორედ ამიტომ მივესალმებით ბათუმის შეხვედრის მონაწილეებს და იმედს გამოვთქვამთ, რომ ისინი თავიანთ წვლილს შეიტანენ საზოგადოებრივი აზრის მობილიზაციაში, კონკრეტული სამომავლო გეგმების დასახვაში.
საქართველო სამომავლოდაც მზად არის უმასპინძლოს ნებისმიერი დონის საერთაშორისო შეხვედრას, რომლის მიზანი იქნება შავი ზღის პრობლემების მოგვარება, საფუძველს ჩაუყრის კონკრეტული ინიციატივების განხორციელებას.
მივესალმებით შავი ზღვის, როგორც მშვიდობისა და თანამშრომლობის, ეკოლოგიური უსაფრთხოების ზონის იდეას!
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია
თბილისი, 1991 წლის 12 ივლისი
მიმართვა : შავი ზღის პრობლემებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო შეხვედრის მონაწილეებს / გამსახურდია ზ. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 13 ივლისი. - №136- 137 (157). - 1გვ.
![]() |
36 აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ბატონ ა. მუთალიბოვს |
▲ზევით დაბრუნება |
პატივცემულო ბატონო აიაზ!
როგორც ცნობილია ბელაქანის, კახისა და ზაქათალის რაიონებში კომპაქტურად ცხოვრობენ აზერბაიჯანის ქართველი ეროვნების მოქალაქეები. ჩვენი ქვეყნის ფარგლებშიც ათასობით აზერბაიჯანელი ცხოვრობს. ჩვენს ხალხს შორის ურთიერთობის ახალი დონე გვინერგავს იმედს, რომ ორი სუვერენული სახელმწიფოს ხელმძღვანელები ერთობლივი ძალისხმევით ყველაფერს იღონებენ, რათა მაქსიმალურად ხელშემწყობი პირობები შევუქმნათ საქართველოში აზერბაიჯანელთა და აზერბაიჯანში ქართველთა კულტურული ავტონომიის უზრუნველყოფას.
ვფიქრობთ, რომ ისტორიული ძეგლების რესტავრაცია, ეროვნული სკოლის გახსნა, გაზეთების დაარსება, მშობლიურ ენაზე რადიო და ტელეპროგრამების გადაცემა, კინოფილმების და შემოქმედებითი კოლექტივების გაცვლა, ექსპედიციების გაგზავნა არქეოლოგიური გათხრების წარმოებისათვის, ფოლკლორის შესწავლისათვის - ყოველივე ეს ხელს შეუწყობს ჩვენ ხალხებს შორის ისტორიულად არსებული ძმობისა და თნამშრომლობის კავშირის განმტკიცებას.
ჩვენი მონაცემებით, კახის რაიონის სოფელ თოფახში ინგრეოდა სახლები, იჩეხებოდა ბაღბი, გაჰყავდათ გზები კომპაქტურად მცხოვრები ქართველების განცალკევების მიზნით. ხდებოდა აგრეთვე თავდასხმები ადგილობრივ მცხოვრებლებზე, ავიწროებდნენ სპეციალისტებს და განსაკუთრებით იმათ, რომლებმაც განათლება მიიღეს საქართველოში. ადგილობრივი ხელისუფლები ხშირად ახორციელებდნენ ზემოხსენებული რაიონების ბლოკადას საქართველოსაგან მათი იზოლაციის მიზნით. რესტავრაცია სჭირდება ისტორიულ ძეგლებს კახში, ქურმუხში, ალათემურში, მუშაბაში, ლექარტში, აღდგენა ესაჭიროება კახის პირველ ქართულ გიმნაზიას... ადგილობრივი მცხოვრებლები თხოულობენ გაიხსნას მოსე ჯანაშვილის სახელობის მუზეუმი, სოფელ კახინგილოში კი სამუსიკო სკოლა. სასურველი იქნება, ხელი არ შეუშალონ საქართველოს უმაღლესი განათლების სამინისტროს და მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლებს აღნიშნული რაიონების ქართველ მოსახლეობასთან თავისუფალ ურთიერთობაში. ქალაქ კახში მიზანშეწონილი იქნება ქართული დამოუკიდებელი გაზეთის დაარსება, ზაქათალის რაიონულ გაზეთში კი ერთი გვერდის გამოყოფა მუსულმანი ქართველებისათვის. არ შეშვენით ადგილობრივ ხელისუფალთ ეკლესიის მსახურთა შევიწროებაც. სოფელ ალათემურის მცხოვრებლები მიაპყრობენ ყურადღებას მოქმედი ქიმკომბინატის ეკოლოგიურ საშიშროებას. სოფელ კახინგილოში საავადმყოფოს გახსნას ითხოვენ. ვფიქრობთ აგრეთვე, რომ აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ უნდა შეუქმნას დაბრკოლებები თქვენს რესპუბლიკაში მცხოვრებ ქართველებს თავიანთი ეროვნების რეგისტრაციაში ისევე, როგორც ბაქოში ან თბილისში ბინის გაცვლის მსურველებს.
ვიზიარებთ რა შევქმნათ საჭირო პირობები ჩვენს ქვეყნებში მცხოვრები ეროვნულ უმცირესობათა კულტურული და სულიერი განვითარებისათვის, ამით მნიშვნელოვანწილად შევუწყობთ ხელს ჩვენი საერთაშორისო ავტორიტეტის განმტკიცებას.
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია
მიმართვა : აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ბატონ ა. მუთალიბოვს / გამსახურდია ზ. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 16 ივლისი. - №138 (158). - 1გვ.
![]() |
37 აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის აიაზ მუთალიბოვისა და საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას პრესკონფერენცია ქართველი ჟურნალისტებისათვის 1991 წლის 12 ივლისს |
▲ზევით დაბრუნება |
- გიორგი ჩოკოშვილი, საქართველოს რადიო: გთხოვთ ორივე პრეზიდენტს, თუ შეიძლება, გვიამბეთ ჩვენს რესპუბლიკებს შორის დადებულ ხელშეკრულებაზე.
- ზვიად გამსახურდია: მეც მინდა რამდენიმე საიტყვა ვთქვა ხელშეკრულებაზე. აქ მოცემულია ჩვენი მომავალი ურთიერთობის ზოგადი პრინციპი, მაგრამ ისინი განვითარდება და დეტალიზებული იქნება. მომავალში დავდებთ სხვა ხელშეკრულებებსაც სხვა დარგებში, ეს ხელშეკრულება კი შეასრულებს ფუძემდებელ დებულებათა როლს. მე ვიტყოდი, ეს ჩვენს ურთიერთობაში ახალი ერის დასაწყისია, რამეთუ ცივილიზებული სამყარო სწორედ ასეთ ნაბიჯებს მოელის ჩვენგან. დასავლეთს მობეზრდა კონფლიქტები კავკასიაში. ისინი ისმენენ ინფორმაციებს მხოლოდ კონფლიქტებზე, სისხლისღვრაზე. ახლა კი მოისმენენ სტაბილიზაციის პროცესებზე და ეს დააიმედებს მსოფლიოს. ვინ არ იცის, რომ ცენტრი სახელს გვიტეხს მსოფლიო საზოგადოების თვალში. ასეთი ღონისძიებებით კი ჩვენ გავფანტავთ იმ დეზინფორმაციას, რომელიც არსებობს. ასე რომ, ეს უაღრესად მნიშვნელოვანი მოვლენაა.
- ნანა ღვინეფაძე, საკავშირო რადიოტელეკომპანია: რა ღონისძიებებს მიმართვს ორივე სახელმწიფოს ხელმძღვანელები რელიგიებისადმი, იმ ეროვნებათა წარმომადგენლებისადმი თანასწორუფლებიანი დამოკიდებულებისათვის, რომლებიც რესპუბლიკის ტერიტორიაზე ცხოვრობენ? მე მხედველობაში მყავს ქართველები, რომლებიც ცხოვრობენ აზერბაიჯანში და აზერბაიჯანელები, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოში!
- ზვიად გამსახურდია: ყველამ ვიცით, რომ ტოტალიტარიზმის პერიოდში, აზერბაიჯანში ირღვეოდა ქართველი ეროვნული უმცირესობების უფლებები და ეს პრეზიდენტმა აღიარა, ჩვენ აღვნიშნეთ ეს და ისიც ვთქვით, რომ ერთნაირად უნდა ვცემდეთ პატივს ეროვნულ უმცირესობათა უფლებებს - აზერბაიჯანელთა უფლებებს საქართველოში და ქართველებისას აზერბაიჯანში. იქ არის პრობლემები და პრეზიდენტი დაგვპირდა, რომ ეს მდგომარეობა გაუმჯობესდება. პრეზიდენტს გადავეცი სპეციალური თხოვნა ამის გამო და იმედი მაქვს, განხილული იქნება ამ წერილში მოცემული დებულებანი.
- ვლადიმერ გოგოლაშვილი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური: ორ მეზობელ სახელმწიფოს აქვს საერთო საზღვარი - მეგობრობის საზღვარი. მაგრამ საზღვრებს აქვთ თავიანთ პრობლემები, სპეციფიკა. ხომ არ განგიხილავთ ისინი? ხომ არ არის მიზანშეწონილი შინაგან საქმეთა ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია საზღვარზე იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ მოშურნეთა მხრივ მოსალოდნელი პროვოკაციები, ხელი შევუშალოთ კრიმინალურ ელემენტებს ნარკოტიკებისა და იარაღის გატანაში?
- ზვიად გამსახურდია: ამ პრობლემატიკის გამო სპეციალურად შეიქმნება კომისია. ახლა განვიხილეთ ზოგადპოლიტიკური საკითხები. მომავალში ითანამშრომლებენ შინაგან საქმეთა ორგანოები. ის ხელშეკრულება, რომელიც ჩვენ დავდეთ, კარგ საფუძველს უქმნის სწორედ ასეთ თანამშრომლობას და ეს აუცილებელია, რადგან, სამწუხაროდ, ხდება უაღრესად უსიამოვნო ფაქტები ამ სფეროში.
- ნოდარ ბროლაძე, „ნეზავისიმაია გაზეტა“: ჩვენს შორის თანამშრომლობა რთულ პირობებში, ცენტრისა და რესპუბლიკების დაპირისპირების პირობებში მიმდინარეობს. როგორია ცენტრის პოზიცია ხელშეკრულებისადმი, შესაძლო რეაქცია, ხომ არ შექმნის იგი დაბრკოლებებს?
- ზვიად გამსახურდია: შემიძლია გითხრათ, ცენტრს უნდოდა, რომ ეს მოლაპარაკება მისი ეგიდით გამართულიყო, თუმცა ეს ოფიციალურად არ განუცხადებია, მაგრამ შევამჩნიე მას რაღაც მოქმედებანი, რომლებიც მიზნად ისახავს იმას, რომ მოლაპარაკება ჩაშალოს, რათა შემდეგ თვითონ გამართოს მოლაპარაკება, რათა სტაბილიზაციის პროცესი მას მიეწეროს. ეს ახლაც გრძელდება. არ მინდა ყველაფრის თქმა, მაგრამ, შესაძლოა, არც ისე ძალიან უხარია ცენტრს, რომ პრეზიდენტი მუთალიბოვი ჩვენთან ჩამოვიდა, რომ ჩვენს შორის მიმდინარეობს დიალოგი, ხელმოწერილია შეთანხმებანი. ეს მათ არ მოსწონთ. ეს ეწინააღმდეგება მათს ინტერესებს. ისინი ჩვენ გვიყურებენ, როგორც ბავშვებს, რომლებსაც მეურვეობა უნდა გაუწიო. არა მგონია, რომ ისინი არ შეეცდებიან ჩაშალონ სამმხრივი შეხვედრა. ამიტომაც უნდა გამოვიჩინოთ შორსმჭვრეტელობა და სიბრძნე, რათა წინააღმდეგობა გავუწიოთ ამას.
- ირაკლი კენჭოშვილი: „ჯორჯიან მესენჯერი“: როგორ ეკიდებით, ბატონო პრეზიდენტო, შევარდნაძის იდეას, შექმნას საბჭოთა კავშირში დემოკრატიული პარტია და რას ფიქრობთ კავშირის მომავალზე? ბატონო გამსახურდია, იქნება თუ არა ხელმოწერილი ანალოგიური შეთანხმება სომხეთთან? ხომ არ აპირებს საქართველოს ხელმძღვანელობა გამოვიდეს ოფიციალური განცხადებით იუგოსლავიაში შექმნილი მდგომარეობის გამო?
- ზვიად გამსახურდია: ჩვენ მოველაპარაკეთ ბატონ ტერ პეტროსიანს ანალოგიური შეხვედრისა და ხელშეკრულების მოწერის თობაზე. ეს იქნება ამიერკავკასიის სამივე რესპუბლიკის მომავალი შეხვედრის წინამძღვარი. რაც შეეხება იუგოსლავიას - მე უკვე გამოვთქვი ჩემი აზრი სლოვენიაში მთავრობის ჯარების შეჭრის თობაზე. ახლა კი ვფიქრობთ სლოვენიის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს ცნობაზე.
- „ნეზავისიმაია გაზეტა“: როგორი შეიძლება იყოს თვითსრულყოფის დაბრკოლებანი, არც საქართველო, არც აზერბაიჯანი ხომ წამყვანი ეკონომიკური, სამხედრო სახელმწიფო არ არის? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ გავარკვიო აი რა - რას ფიქრობთ იუგოსლავიის მიმართ დასავლეთის პოზიციასთან დაკავშირებით?
- ზვიად გამსახურდია: ის, რომ ჩვენ დიდ როლს არ ვასრულებთ, საკვირველი არ არის. ჩვენ ვიყავით იმპერიის ნაწილი, ექსპლოატაციის საგანი. ახლა კი თანდათანობით ვაშენებთ ჩვენს ქვეყანას და, იქნება, ახლო მომავალში გავხდეთ კიდეც ძლიერი სახელმწიფოები. რაც შეეხება იუგოსლავიას, ის, რაც იქ ხდება, დიდი გაკვეთილია ჩვენთვის. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ დასავლეთი უხალისოდ უჭერს მხარს დამოუკიდებლობის მოძრაობას, რადგან ეშინია პატარ-პატარა ქვეყნებად სახელმწიფოს დანაწევრებისა, რასაც შეიძლება კონფლიქტები და დესტაბილიზაცია მოჰყვეს. აი, რა აშინებს დასავლეთს. ამიტომ ჩვენ უნდა ვუჩვენოთ, რომ ჩვენს სახცელმწიფოებს კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილიზაციის გზით გავუძღვებით. ჩვენ არ მივცემთ ამგვარი კონფლიქტების გაჩაღების უფლებას. ამიტომ არის საჭირო ჩვენი ძალისხმევა კავკასიაში, კერძოდ, ყარაბაღში მშვიდობის დასამყარებლად.
- თენგიზ გრიგალაშვილი, საქინფორმი: ორივე პრეზიდენტი დაეთანხმება იმას, რომ მეოცე საუკუნის დამლევს ახასიათებს კომუნისტური იდეოლოგიის დევალვაცია. კითხვას ვუსვამ ორივე პრეზიდენტს: როგორ აფასებთ მსოფლიო კომუნისტური მოძრაობის პერსპექტივებს?
- ზვიად გამსახურდია: მე ასე გიპასუხებთ, კომუნისტური მოძრაობანი უკვე აღარ არსებობს მსოფლიოში. არის იდეები, რომლებსაც მხარს უჭერენ ცალკეული ადამიანები. მაგრამ უფრო მეტიც, იგი მალე არ იარსებებს სსრ კავშირშიც. პირველი ნიშანი ეს არის ახალი პარტიის ძიება, რომელიც, ჩემი აზრით, მიმდინარეობს სკკპ ცენტრალური კომიტეტის ხელმძღვანელობისაგან და არა იმ პიროვნებისაგან, რომელმაც წამოაყენა ეს იდეა და, მე მგონი, წარმოადგენს შემცვლელ ფიგურას, მას აქცევენ დემოკრატად. თუმცა იგი ყოველთვის ერთგულად ემსახურებოდა საბჭოთა კავშირის კომუნისტურ პარტიას და დღეს შეუძლებელია წარმოიდგინო, რომ იგი არ ემსახურებოდა მას. ხოლო საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ინტერესები დღეს - ეს არის იმათი ხსნა, ვინც სათავეში უდგას იმ პარტიას და იმ იმპერიას, რომელიც მან შექმნა. და ეს განწირულია ჩასაფუშავად. კომუნისტური მოძრაობის პირველი კატასტროფა იყო ევროკომუნიზმის კრახი. კრახს განიცდის მეორე მოძრაობაც სსრ კავშირში, რომელსაც სურს შექმნას დემოკრატიული პარტია, რომელიც იმოქმედებს საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ინტერესებისათვის.
- აიაზ მუთალიბოვი: ჩვენს სახელმწიფოს უკვე არაერთხელ განუცდია სამოქალაქო ომი. ღმერთმა ნუ ქნას, რომ ეს ერთხელ კიდევ მოხდეს.
- ზვიად გამსახურდია: მაგრამ ისტორია თავისას იზამს.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის აიაზ მუთალიბოვისა და საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას პრესკონფერენცია ქართველი ჟურნალისტებისათვის // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 18 ივლისი. - №139 (159). - 1,2გვ.
![]() |
38 აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ბატონ აიაზ მუთალიბოვს |
▲ზევით დაბრუნება |
პატივცემულო აიაზ ნიაზის ძევ!
მადლობას მოგახსენებთ ესოდენ გულთბილი წერილისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკაში თავაზიანი მიწვევისათვის, რითაც მე აუცილებლად ვისარგებლებ უახლოეს ხანს.
გარწმუნებთ, რომ ქართველმა ხალხმა, ისევე როგორც აზერბაიჯანელმა ხალხმაც, მეგობრობისა და კეთილმეზობლობის ხელშეკრულება აღიქვა დიდი ენთუზიაზმით და იმის იმედით, რომ იგი ხელს შეუწყობს ჩვენს რესპუბლიკებს შორის ტრადიციული ძმობის განმტიცებას და მთლიანად ჩვენს რეგიონში პოლიტიკური კლიმატის გაჯანსაღებას.
ვსარგებლობ შემთხვევით და ვუსურვებ აზერბაიჯანელ ხალხს ყოველივე საუკეთესოს, ბედნიერებას, მშვიდობას და აყვავებას.
პატივისცემით
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია
თბილისი, 1991 წლის 22 ივლისი
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ბატონ აიაზ მუთალიბოვს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 23 ივლისი. - №142 (162). - 1გვ.
![]() |
39 ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდალს გენერალ- პოლკოვნიკ ვ.ა. პატრიკიევს |
▲ზევით დაბრუნება |
20 ივლისს ქალაქ სოხუმში, შემდეგ კი 21 ივლისს ქალაქ თბილისში რამდენიმე ათეული სამხედრო მოსამსახურე გახდა მასობრივი უწესრიგობის ორგანიზატორი.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სოხუმში, ძირითადად ესენი იყვნენ სადესანტო-მოიერიშე ბატალიონის ოფიცრები და პროპორშიკები, თბილისში - საარტილერიო სასწავლებლის კურსანტები.
ისარგებლეს ღამის სიბნელით და მოქმედებდნენ რა ცალკეულ ჯგუფებად, სამხედრო მოსამსახურეები იჭერდნენ და სცემდნენ გამვლელ-გამომვლელთ, დაჩეჩქვეს ათეულობით ავტომანქანა, იჭრებოდნენ დაწესებულებებში და არბევდნენ მოქალაქეთა სახლებს, დაშავებულთა შორის არიან ქალები და ბავშვები.
ორივე შემთხვევაში, სოხუმშიც და თბილისშიც, მოფაშისტე ვაჟბატონები წინასწარ განზრახვით შეურაცხყოფდნენ მოქალაქეთა ეროვნულ ღირსებას და პატიოსნებას.
საქართველოს რესპუბლიკის ხელმძღვანელობა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდლობის ყურადღებას მიაპყრობს იმას, რომ ცალკეული ნაწილების პირად შემადგენლობას და ზოგიერთი სასწავლებლის კურსანტებს შორის დაბალია სამხედრო დისციპლინის დონე, რაც მათ საშუალებას აძლევს პროვოკაციულად გამოიწვიონ ასეთი ანტიჰუმანური აქტები.
საქართველოს რესპუბლიკის ხელმძღვანელობა მოითხოვს - სამხედრო პროკურატურამ დაუყოვნებლივ აწარმოოს გამოძიება, გამოავლინოს და დასაჯოს სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მონაწილეობდნენ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში.
წინააღმდეგ შემთხვევაში, თვითნებობის ზემოთ აღნიშნული აქტისათვის, მორალური და იურიდიული პასუხისმგებლობა დაეკისრება ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდლობას.
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია
თბილისი, 1991 წლის 23 ივლისი
ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდალს გენერალ- პოლკოვნიკ ვ.ა. პატრიკიევს / გამსახურდია ზ. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 24 ივლისი. - №143 (163). - 1გვ.
![]() |
40 ჩრდილოეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს ა.ხ. გალაზოვს |
▲ზევით დაბრუნება |
ბატონო თავმჯდომარევ!
როგორც ცნობილია, ქართული საზოგადოებრიობა დიდად შეწუხებულია ისტორიული შიდა ქართლის გაჭიანურებული კონფლიქტით, არის მსხვერპლი, არიან ლტოლვილნი, როგორც ქართველ ისე ოს მოსახლეობას შორის. მიუხედავად იმისა, რომ ამ ბოლო ხანს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზები დაისახა, გარკვეული ძალები მაინც ცდილობენ ჩაშალონ ყოველგვარი მოლაპარაკება, რომელიც ქართულ მხარეს ყოველთვის ჰქონდა, და ახლაც ამას ესწრაფვის. ჩვენ, როგორც ისტორიულად ჩამოყალიბებულმა მეზობელმა ქვეყნებმა, უნდა შევძლოთ ურთიერთობის მოგვარება და გარკვეული დროის შემდეგ კეთილმეზობლობის აღდგენა. ამას დღესვე უნდა ჩავუყაროთ საფუძველი. ბოლშევიკური ჯარების აგრესიის შემდეგ, რასაც თან მოჰყვა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთელი ტერიტორიის ოკუპაცია, შეიქმნა „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი“. 1922 წლის 20 აპრილს სახალხო კომისართა საბჭოს №2 სპეციალური დეკრეტით დაზუსტდა ოლქის პოლიტიკური სტატუსი და ტერიტორია, მის დედაქალაქად გამოცხადდა ქალაქი ცხინვალი, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ ქართველებით იყო დასახლებული. შემდეგ, სხვადასხვა დროს, პირდაპირი წაქეზებით და სამხედრო ძალის დახმარებით ცდილობდნენ ოლქის პოლიტიკური სტატუსი შეეცვალათ საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის ხარჯზე. ასეთი მისწრაფების ბოლო გამოვლინება იყო სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტის დეკლარაცია, რომელიც 1990 წლის 20 სექტემბერს მიიღო „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის“ სახალხო დეპუტატთა საოლქო საბჭომ. იმავე დღეს გადაწყდა ავტონომიური ოლქი „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკად“ გადაექციათ. 1990 წლის 21 სექტემბერს უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმმა თავის დადგენილებით ბათილად ცნო აღნიშნული აქტები. მიუხედავად ამისა 16 ოქტომბერს „რესპუბლიკის აღმასრულებელი კომიტეტი“ შეიქმნა და არჩევნები დაინიშნა.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ 22 ნოემბერს ეს დადგენილება ბათილად ცნო და ოსთა მხარე გააფთხილა, რომ პასუხისმგებლობა დაეკისრებოდა ასეთი აქციებისათვის. მაგრამ 1990 წლის 9 დეკემბერს ყოფილი „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის“ ტერიტორიაზე მაინც გაიმართა ანტიკონსტიტუციური, უკანონო არჩევნები, რომელიც სახელმწიფოს მთლიანობის წინააღმდეგ იყო მიმართული. რამდენადაც საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლება არასოდეს არ შეურიგდება მისი ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას, 1990 წლის 11 დეკემბერს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო დადგენილება „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუქმების შესახებ“, რომელმაც აღადგინა ისტორიული სამართლიანობა და ღირსეული პასუხი გასცა იმათ, ვინც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას ცდილობს. ოსთა მხარის შემდგომმა მოქმედებამ პროვოკაციულად გაამწვავა კონფლიქტი, რომელიც დღეს გვაქვს. საქართველო-ოსეთის შემდგომ ურთიერთობას საფუძვლად უნდა დაედოს საქართველოს რესპუბლიკის, როგორც სუვერენული სახელმწიფოს, ტერიტორიული მთლიანობის ცნობა, რომლის მთელ ტერიტორიაზეც ვრცელდება საქართველოს უზენაესი საბჭოს და რესპუბლიკის პრეზიდენტის კანონებისა და სხვა ნორმატიული აქტების მოქმედება. დღეს კი დიდად გასაკვირია ის, რომ ოსთა ისტორიულ სამშობლოს „ჩრდილოეთ ოსეთის ავტონომიურ რესპუბლიკას“ უწოდებენ. ნება მიბოძეთ შეგახსენოთ, რომ 1918 წლის მარტში, პიატიგორსკში, თერგისპირა ხალხთა II ყრილობაზე გამოცხადდა თერგის საბჭოთა რესპუბლიკა რუსეთის სფსრ- ის შემადგენლობაში. 1918 წლის იანვარ-თებერვალში ოსეთი ხელთ იგდო დენიკინმა, მაგრამ 1920 წლის მარტის მიწურულს კვლავ საბჭოთ ხელისუფლება დამყარდა. 1921 წელს მთიელთა ასსრ შემადგენლობაში შეიქმნა ვლადიკავკაზის (ოსეთის) ოკრუგი. 1924 წლის 7 ივლისს ეს ოკრუგი ოლქად, 1931 წლის დეკემბერში კი ავტონომიურ საბჭოთა რესპუბლიკად გადაკეთდა. მართლია ამ დროისათვის საბჭოთა რუსეთისაგან ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიაზე უკვე არსებობდა ეგრთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი, მაგრამ ისტორიული და პოლიტიკური სამართლიანობის აღდგენის შემდეგ, როცა საქართველოს კანონიერმა ხელისუფლებამ გააუქმა უცხო სახელმწიფოს აგრესიის ერთ-ერთი შედეგი, ისტორიული ოსეთის „ჩრდილო ოსეთად“ მონათლა სხვა არა არის რა, თუ არა, ისტორიული ნონსენსი. ყოველივე ზემოთხსენებული ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაბრკოლება იქნება ჩვენს შემდგომ ურთიერთობაში და გთხოვთ მომავალში გაითვალისწინოთ ეს თქვენს საკანონმდებლო საქმიანობაში.
ბატონო თავმჯდომარევ! თუ ჩვენ სავსებით გვესმის სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულ თანამოძმეთა დახმარება, რომელსაც თქვენ უწევთ, ქართველი ხალხის გაკვირვებას და უკიდურეს აღშფოთებას იწვევს, როცა თქვენ ხელს უწყობთ თვითმარქვია „საოლქო კომიტეტებს“, რაც ვიმეორებ, აბრკოლებს ვითარების შემდგომ ნორმალიზაციას. სუვერენული სახელმწიფო თავისი საშინაო საქმეებში ჩარევას ვერ შეურიგდება. ამიტომ მოვითხოვ თქვენგან, აღადგინოთ თქვენი ქვეყნის ისტორიული სახელწოდება - „ოსეთი“ ნაცვლად „ჩრდილოეთ ოსეთისა“. აგრეთვე აღარ ცნოთ უკანონო „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი“ და მისი „საოლქო კომიტეტი“.
გთხოვთ თქვენი შემდგომი მოქმედებისას გაითვალისწინოთ ჩვენი წინადადებანი. დარწმუნებული ვართ, რომ, თუ ერთმანეთს შევუთანხმებთ გონივრულ მოქმედებას ერთობლივი ძალისხმევით დავძლევთ დაპირისპირებას და კონფლიქტს. თუ დაკმაყოფილდა ყოველივე ზემოთქმული, ჩვენ შევძლებთ ისეთი კეთილმეზობლური ურთიერთობის აღგენას, როგორის ღირსნიც არიან ჩვენი ხალხები და ჩვენი სახელოვანი წინაპრები.
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია
ჩრდილოეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს ა.ხ. გალაზოვს / გამსახურდია ზ. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 27 ივლისი. - №146- 147 (167). - 1გვ.
![]() |
41 სომხეთის რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ლევონ ტერ-პეტროსიანისა და საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას პრესკონფერენცია სომეხი და ქართველი ჟურნალისტებისათვის 1991 წლის 27 ივლისს |
▲ზევით დაბრუნება |
ლევონ ტერ-პეტროსიანი: ეს-ეს არის ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებას სომხეთისა და საქართველოს ურთიერთობის შესახებ. ვაპირებთ გავაღრმაოთ და გავაძლიეროთ საუკუნეთა მანძილზე ცნობილი კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობანი ჩვენს ხალხებსა და სახელმწიფოებს შორის. ოდითგანვე ცნობილია, რომ ამ თანამშრომლობას, ამ მეგობრობას დიდი ხნის ტრადიციები აქვს, რომლებსაც ჩვენი ხალხები სათუთად უფრთხილდებიან. მინდა ჯანმრთელობა ვუსურვო საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას, ქართველ და სომეხ ხალხებს. ჩვენ გვაერთიანებს დიდი მეგობრობ. მინდა ვუსურვო ჯანმრთელობა და სიკეთე საქართველოში მცხოვრებ იმ სომხებს, რომლებსაც თავიანთი შრომით და გულმოდგინებით კეთილი წვლილი შეაქვთ მისი ეკონომიკის განმტკიცებაში. აქ მცხოვრები სომხები - საქართველოს ნამდვილი მოქალაქენი არიან, და მათ პატივი უნდა სცენ მისთვის დამახასიათებელ ტრადიციებს. გამოვთქვამ რწმენას, რომ ჩვენი სახელმწიფოები და ხალხები ამრავლებენ თანამშრომლობისა და სიყვარულის ტრადიციებს, რომლებსაც ვასრულებდით ისტორიული განვითარების ხანგრძლივი გზის მთელი დროის განმავლობაში.
კითხვა: ბატონო ტერ-პეტროსიან, რა მიზანს ისახავს თქვენი ჩამობრძანება საქართველოში? და მეორე - ნიშნავს თუ არა თქვენი ჩასვლა ნოვო-ოგორიოვოში, როგორც ამას მიხეილ გორბაჩოვის სიტყვები მოწმობს, სომხეთის განზრახვას, ხელი მოაწეროს ახალ სამოკავშირეო ხელშეკრულებას? თქვენ ეს უარყავით, მაგრამ ვის დავუჯეროთ? რას გვეტყვით ახალ სამოკავშირეო ხელშეკრულებაზე? და კითხვა საქართველოს პრეზიდენტს: ბატონო ზვიად, როგორ განვითარდება სომხეთისა და საქართველოს ურთიერთობა?
ლევონ ტერ-პეტროსიანი: თქვენ სამი შეკითხვა დამისვით. პირველს, ვფიქრობთ, უკვე ვუპასუხე. საქართველოში, თბილისში ჩემი ჩამოსვლის მიზანი იყო სომხეთისა და საქართველოს თანამშრომლობის ძირითადი პრინციპების თაობაზე ხელშეკრულების დადება. ჩვენ სოლიდური, მტკიცე საძირკველი ჩავუყარეთ ორ თავისუფალ სახელმწიფოს შორის შემდგომ ნაყოფიერ, ურთიერთხელსაყრელ თანამშრომლობას. ეს პირველი. მეორე, ნოვო-ოგარიოვო. მოგეხსენებათ ჩემი პრაქტიკა: არასოდეს უარი არ მითქვამს ფედერაციის საბჭოს სხდომებში მონაწილეობაზე, არასოდეს ხელოვნურად არ გამიმწვავებია ვითარება არც ცენტრთან და არც სხვა რესპუბლიკებთან. ჩვენ ვიცით ჩვენი საქმე, მტკიცედ დავადექით დამოუკიდებლობის გზას, გამოვაცხადეთ მისი მიღწევის პროცესი და მტკიცედ ვადგავართ საკუთარ გეზს. მაგრამ ამასთანავე არ გვინდა ხელოვნური კონფრონტაცია არც ერთ პარტნიორთან. ყოველთვის ვცდილობთ ნორმალური პარტნიორული ურთიერთობანი გვქონდეს როგორც ცენტრთან, ისე ყველა დანარჩენ რესპუბლიკასთან.
როგორც ცნობილია, ამას წინათ სსრ კავშირის უზენაესმა საბჭომ მიმართა ექვს რესპუბლიკას, რომლებმაც განაცხადეს, რომ სურთ გამოსვლა სსრ კავშირის შემადგენლობიდან, გამოინახოს რაღაც მისაღები ფორმები ცენტრთან და სხვა რესპუბლიკებთან თანამშრომლობის ტრადიციების შესანარჩუნებლად. და მართლაც, გვესმის, რომ დამოუკიდებლობა ერთი მომენტის, ერთი წუთის აქტი არ არის, ეს პროცესია. ვვარაუდობთ, რომ რაკი სომხეთმა აირჩია დამოუკიდებლობის მიღწევის გზა საბჭოთა კანონებისა და საბჭოთა კონსტიტუციის ფარგლებში, ამიტომ საჭიროა ხუთწლიანი გარდამავალი პერიოდი, მაშასადამე, უნდა გამოიძებნოს გარდამავალი პერიოდის ამ ხუთი წლის გამოყენების რაღაც ფორმები. ეს ის პერიოდია, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს განვსაზღვროთ ურთიერთობა ცენტრთანაც და რესპუბლიკებთანაც, შევქმნათ დამოუკიდებლობის რეალური წინამძღვრები. ჩვენ არ გამოვრიცხავთ არავითარ ფორმას, ვთქვათ, მომავალ კავშირში სომხეთის ასოცირებულ წევრობასაც. ჩვენ იმასაც კი არ გამოვრიცხავთ, რომ სომხეთმა ხელი მოაწეროს სამოკავშირეო ხელშეკრულებას გარდამავალი პერიოდისათვის. ეს ვარიანტები ჯერ კიდევ იხილება. ვერ ვიტყვი, თითქოს ისინი მისაღები იყოს ცენტრისთვის, მაგრამ დიდი ყურადღებით იხილავს ასეთ ვარიანტებსაც. აი ყველაფერი ის, რის თქმაც შემიძლია. და მესამე. როგორ შეაფასა გორბაჩოვმა ეს ვიზიტი? სხვადასხვაგვარად. წავიკითხე „იზვესტიაში“, სადაც მან ზუსტად ასახა ჩვენი პოზიცია ამ შეხვედრაზე. იქ ვთქვი: სომხეთის დამოკიდებულება მომავალი კავშირისადმი გაირკვევა მხოლოდ რეფერენდუმის შემდეგ, რომელიც 21 სექტემბერს გაიმართება.
ზვიად გამსახურდია: სომხეთთან ურთიერთობა ყოველთვის მეგობრული იყო. სერიოზული წინააღმდეგობანი, სერიოზული კონფლიქტები ჩვენ არ გვქონია და თუ ყოფილა გაუგებრობის ცალკეული ფაქტები, ყველაფერი ეს მოგვარდება. ამას ხელს შეუწყობს მომავალი სამთავრობათშორისო შეთანხმებაც: დაიდება ხელშეკრულებანი სხვა დარგებშიც, მათ შორის ეკონომიკის სფეროში. ასე რომ, ყველა ეს ღონისძიება კიდევ უფრო გააუმჯობესებს ჩვენს ურთიერთობას, ახალ სიმაღლეზე აიყვანს მას. ჩვენი დღევანდელი შეხვედრა კეთილი დასაწყისია, ორი სახელმწიფოს ურთიერთობის კეთილი დასაწყისი, რომლებიც დამოუკიდებლობის გზას ადგანან.
კითხვა: ბატონო გამსახურდია, როგორ აფასებთ თქვენ და ბატონ ტერ-პეტროსიანის მიერ ხელმოწერილ ხელშეკრულებას?
ზვიად გამსახურდია: ეს კარგი ხელშეკრულებაა. მართალია, ცოტა არ იყოს ზოგადი ხასიათისაა, მაგრამ ჯერჯერობით სხვაგვარი არ შეიძლება იყოს. ეს, შეიძლება ითქვას, სიმბოლური ხელშეკრულებაა, ეს არის მომავალ ურთიერთობათა დასაწყისი, რომლებიც აუცილებლად გადაიქცევა დიპლომატიურ ურთიერთობებად. გვექნება დიპლომატიური წარმომადგენლობანი, რომლებიც, ალბათ, მიიღებენ საელჩოთა რანგს. ყოველივე ამას საფუძველს უქმნის ხელშეკრულება. ხელშეკრულება დადებითი მოვლენაა.
ლევონ ტერ-პეტროსიანი: მე ჩემი მხრივ, მინდა დავძინო: დღევანდელი ხელშეკრულება, რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ორივე სახელმწიფოსათვის, უკავშირდება ჩვენი ურთიერთობის ხვალინდელ დღეს. ნავარაუდევია დელეგაციათა გაცვლა, საელჩოების გახსნა, ეკონომიკური, სოციალური და სხვა ურთიერთობანი. წინათაც მითქვამს, რომ ძველთაგანვე სომხეთისა და საქართველოს სახელმწიფოებს მტკიცე კავშირურთიერთობა ჰქონდათ, იგი დღესაც გრძელდება. ჩვენ არ გვაქვს სხვა გზა, გარდა ამისა.
კითხვა: ბატონო პრეზიდენტო, ჯერ კიდევ საქართველოს უმაღლეს ხელმძღვანელად თქვენს არჩევამდე, არაერთგზის აღგინიშნავთ ქართველი და სომეხი ერების საუკუნოვანი მეგობრობა. მე მინდა, რომ მოკლედ, ორიოდე სიტყვით, გვითხრათ ამ კონტექსტით - რა ღონისძიებანი განხორციელდება სომეხი მოსახლეობისათვის კულტურული ავტონომიის მინიჭების დარგში და რა ღონისძიებანი განხორციელდება, რათა უზრუნველვყოთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კულტურის ძეგლების დაცულობა?
ზვიად გამსახურდია: სომეხ ეროვნულ უმცირესობას, ისევე როგორც ყველა სხვა უმცირესობას საქართველოში, აქვს კულტურული ავტონომია, უკვე აქვს. ჩვენ ყოველ ღონეს ვხმარობთ, რათა კულტურული ავტონომია ღრმავდებოდეს, ფართოვდებოდეს, ვითარდებოდეს, ვქმნით ამისთვის საკანონმდებლო ბაზისს. ასე რომ, ვერც ერთი სომეხი ვერ იტყვის, თითქოს მას რაღაც პრობლემები ჰქონდეს საქართველოში, თითქოს ვინმე უკრძალავდეს ილაპარაკოს თავის მშობლიურ ენაზე, გამოიყენოს იგი, რომ არ არის სომხური გაზეთი, რადიოგადაცემები, სკოლები, თეატრები, კულტურული საქმიანობის ყველა შესაძლო ფორმა სომხებისათვის საქართველოში ხელმისაწვდომია. აქ ცხოვრობენ მწერლები, კულტურის მოღვაწეები. მართალია, არის წვრილმანი პრობლემები, მაგრამ ისინი არ მომდინარეობს ჩვენი სახელმწიფოს პოლიტიკიდან. ეს პრობლემებიც გადაიჭრება. ასე რომ, არავითარი, ვიმეორებ, არავითარი პრობლემები სომხებს არ ექნებათ.
კითხვა: ბატონო ტერ-პეტროსიან, როგორ უყურებთ საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის წინადადებას თბილისში ამიერკავკასიის რესპუბლიკის სამი ხელმძღვანელის შეხვედრის შესახებ?
ლევონ ტერ-პეტროსიანი: ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ პირისპირ შეხვედრის დროსაც. ჩვენი დელეგაციების მოლაპარაკების დროსაც, და შევთანხმდით, რომ სანამ არსებობს ახალი ინიციატივა ყარაბაღის ხელისუფლების არამრავალრიცხოვანი წარმომადგენლების მხრიდან - უკვე გაიმართა აზერბაიჯანის ხელმძღვანელობასთან ყარაბაღის დელეგაციის პირველი შეხვედრა - უნდა მივცეთ მას განვითარების შესაძლებლობა. თუ წარმატებით განვითარდება ეს მოლაპარაკება, იქნებ საჭიროც აღარ გახდეს საქართველოს შუამავლობა. ხოლო შემდეგ, თუ ეს მოლაპარაკება, ღმერთმა ნუ ქნას, ისევ ჩაიშალა, ჩვენ გამოვნახავთ ახალ პოლიტიკურ ინიციატივებს. ამ კალაპოტით განვიხილავთ ამ საკითხებსაც.
კითხვა: როგორ აფასებთ ვითარებას ახალქალაქის რაიონში? ზოგიერთი მონაცემით იქ შექმნილია უკანონო სამხედრო ფორმირებანი.
ლევონ ტერ-პეტროსიანი: ეს ამბავი არ გამიგონია. ჩემამდე მოსულა ცნობები, რომ ქართველ და სომეხ მოსახლეობას შორის იყო რაღაც შუღლი. დარწმუნებული ვარ, რომ ეს დროებითი სიძნელეებია, რომლებიც მალე უნდა გადაიჭრას. საქართველოში დიდი ხნის მცხოვრებმა სომხებმა, რომლებმაც, უკვე ვთქვი, პატივი უნდა სცენ ტრადიციებსა და საქართველოს მიერ არჩეულ სახელმწიფო გზას, უნდა იცხოვრონ იმ ტრადიციებით, იმ განწყობილებით, მიმართულებებითა და მიზნებით, რომლებსაც აცხადებს ქართველი ერი. სომხებს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული არავითარი გადაუჭრელი პრობლემა არა აქვთ. მაგრამ მათ, რა თქმა უნდა, აქვთ სოციალური პრობლემები, რომლებიც უნდა გადაიჭრას. ეს სავსებით ადამიანური, საარსებო პრობლემებია, ისინი არის ახალქალაქშიც, და გადაჭრას მოითხოვს. მე მწამს, დარწმუნებული ვარ, რომ ისინი გადაიჭრება იმ ტრადიციებისა და კანონების შესაბამისად, რომლებიც საქართველოშია მიღებული, იმ ადამიანურობით, რომელიც სჩვევია საქართველოს. მწამს, რომ ჩვენი დღევანდელი შეხვედრა, საუბარი, ხელშეკრულება იმ დიდი გზის დასაწყისია, რომელსაც ჩვენ ვადგავართ.
კითხვა: სომხეთის პრესაში ახლახან გამოქვეყნდა სომხეთის ექვსი პოლიტიკური ორგანიზაციის განცხადება, რომლებიც მოუწოდებენ ხალხს ხმა მისცენ რეფერენდუმზე დამოუკიდებლობას. მათ არ შეუერთდნენ მხოლოდ სომხეთის კომპარტია და ორგანიზაცია „დაშნაკუციუნი“. რამდენად ძლიერია სომხეთის მოსახლეობაზე ამ ორგანიზაციის გავლენა?
ლევონ ტერ-პეტროსიანი: დღეს სომხეთის საზოგადოება დემოკრატიულია. მუშავდება სხვადასხვა გზა, მიმართულება, თვალსაზრისი. არიან ადამიანები, რომლებიც სომხეთის დამოუკიდებლობის მიმართ რადიკალურად არიან განწყობილი, მაგრამ არიან ადამიანებიც, რომლებსაც სურთ იარონ იმ გზით, თავისუფლება და დამოუკიდებლობა რომ ჰქვია. ხშირად მოდის ყალბი ინფორმაცია საზღვარგარეთიდან, რაც გავლენას ახდენს საზოგადოების გარკვეულ ნაწილზე. დარწმუნებული ვართ, რომ 21 სექტემბერს სომეხი ხალხი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გზას აირჩევს. ეს ჩვენი სურვილია!
კითხვა: ვთქვათ, სომხეთმა და საქართველომ ხელი არ მოაწერეს სამოკავშირეო ხელშეკრულებას, ხოლო ჩვენმა მეზობელმა აზერბაიჯანმა ხელი მოაწერა. როგორ წარმოგიდგენიათ ურთიერთობა მათ შორის?
ლევონ ტერ-პეტროსიანი: ერთბაშად რაღაც რეცეპტების შემოთავაზება შეუძლებელია, მაგრამ, რადგან როგორც საქართველო, ისე სომხეთიც იღწვიან დამოუკიდებლობისათვის, არ აპირებენ გაწყვიტონ ყოველგვარი ურთიერთობა როგორც საერთოდ კავშირთან - თუ იგი შემორჩა - ისე სხვა რესპუბლიკებთანაც. მე მგონი, ამ კონტექსტით შესაძლებელია ყოველგვარი ურთიერთობა და თანამშრომლობა აზერბაიჯანთან, ამას არ გამოვრიცხავ, ეს - ერთი.
მეორე - არ გამოვრიცხავ, რომ სომხეთსა და საქართველოში მიმდინარე პროცესები ადრე თუ გვიან დაიწყება აზერბაიჯანშიც იმ რეჟიმის პირობებშიც, რომელიც ამჟამად არსებობს. ასე რომ, ეს პროცესები შეუქცევადია, ყველა რესპუბლიკა ადრე თუ გვიან ჩაებმება დამოუკიდებლობის მიღწევის პროცესში.
რედაქციისაგან: პრესკონფერენციის დროს სომეხმა კოლეგებმა ჩვენ, ქართველი ჟურნალისტები, გაგვაფრთხილეს, რომ სომხურიდან ძალზე ცუდად ითარგმნებოდა ნიუანსები. ბატონ ტერ-პეტროსიანის აზრები ზოგჯერ საკმარისად ზუსტად არ გადმოიცემოდა. რა თქმა უნდა, ამის შემდეგ შეიძლებოდა შემოვფარგლულიყავით მხოლოდ მოკლე ინფორმაციით პრესკონფერენციის შესახებ. მაგრამ, ვითვალისწინებთ რა დიდ ინტერესს გამართული მოლაპარაკებისადმი, მაინც ვაქვეყნებთ პრესკონფერენციის ტექსტს და ვცადეთ მაქსიმალურად მიგვეახლოებინა იგი ორიგინალისათვის. რასაკვირველია, შეიძლება იყოს განსხვავება იმასთან, რაც გამოქვეყნდება სომხურ პრესაში, მაგრამ, ჩვენი მხრივ, არ შეგვეძლო ჩვენი მკითხველები დაგვეტოვებინა ასე თუ ისე ამომწურავი ინფორმაციის გარეშე.
(საქინფორმი)
სომხეთის რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ლევონ ტერ-პეტროსიანისა და საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას პრესკონფერენცია : სომეხი და ქართველი ჟურნალისტებისათვის 1991 წლის 27 ივლისს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 1 აგვისტო. - №150 (170). - 1გვ.
![]() |
42 საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულება აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1991 წლის 20 ივლისის ბრძანებულების მოქმედების შეჩერების შესახებ |
▲ზევით დაბრუნება |
1991 წლის 20 ივლისს აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმმა მიიღო ბრძანებულება „აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს დეპუტატების არჩევნების ცენტრალური საარჩევნო კომისიის შექმნის შესახებ“. აფხაზეთის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის შექმნის ეს აქტი აშკარად ეწინააღმდეგება საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციას, მოქმედ კანონმდებლობასა და თვით აფხაზეთის ასსრ კანონს „აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს არჩევნების შესახებ“.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის საერთო რაოდენობის ორ მესამედს შეადგენენ ბლოკ „სოიუზის“ წარმომადგენლები. კომისიის ის ცამეტი წევრი სოხუმელია, მაშინ, როცა მის შემადგენლობაში ყოვლად უსაფუძვლოდ არ შეუყვანიათ გულრიფშის, ოჩამჩირისა და სოხუმის რაიონების აღმასკომების მიერ წარდგენილი კანდიდატურები. ამის გამო დაირღვა აფხაზეთის ასსრ საარჩევნო კანონის მე-20 მუხლის მოთხოვნა, რომლის თანახმად ცენტრალური საარჩევნო კომისია უნდა ჩამოყალიბდეს რაიონული და საქალაქო საბჭოების აღმასკომების წინადადებათა გათვალისწინებით.
აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებათა შედეგად აშკარად დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აღმოჩნდა აფხაზეთის ქართული მოსახლეობა, მისი საარჩევნო უფლებები არაქართველებთან შედარებით არაფრით არ არის დაცული, ქართველ ამომრჩეველთა მდგომარეობას ისიც ამძიმებს, რომ აფხაზეთის კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებათა გასაჩივრების წესი. ყოველივე ამის გამო დარღვეულია საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის 34-ე მუხლის დებულება, რომელიც ადგენს საქართველოს რესპუბლიკაში სხვადასხვა ეროვნების მოქალაქეთა თანასწორი უფლებებით უზრუნველყოფის პრინციპს.
აფხაზეთის ასსრ ხელისუფლების უმაღლესი ორგანოს არჩევნების ჩატარება არადემოკრატიულად, კანონმდებლობის უხეში დარღვევით შექმნილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ამთავითვე განაპირობებს თვით არჩევნების კანონსაწინააღმდეგო ხასიათს.
საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის 121(4)-ე მუხლის მე-13 პუნქტის საფუძველზე ვადგენ:
შეჩერებულ იქნეს „აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს დეპუტატთა არჩევნების ცენტრალური საარჩევნო კომისიის შექმნის შესახებ აფხაზეთის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1991 წლის 20 ივლისის ბრძანებულება, რადგან იგი ეწინააღმდეგება საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციასა და მოქმედ კანონმდებლობას.
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია
თბილისი, 1991 წლის 5 აგვისტო.
ბრძანებულება : აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1991 წლის 20 ივლისის ბრძანებულების მოქმედების შეჩერების შესახებ / გამსახურდია ზ. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 6 აგვისტო. - №153 (173). - 2 გვ.
![]() |
43 საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულება |
▲ზევით დაბრუნება |
აფხაზეთის ასსრ კონსტიტუციის 92-ე მუხლის მე-14 პუნქტში და 156-ე მუხლში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ აფხაზეთისასსრ 1991 წლის 9 ივლისის კანონის მოქმედების შეჩერების შესახებ
1991 წლის 9 ივლისს აფხაზეთის ასსრ უზენაესმა საბჭომ მიიღო კანონი აფხაზეთის ასსრ კონსტიტუციის 92-ე მუხლის მე-14 პუნქტში და 156-ე მუხლში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ, რომლის თანახმად, „აფხაზეთის ასსრ პროკურორი ინიშნება სსრკ გენერალური პროკურორისა და საქართველოს რესპუბლიკის გენერალური პროკურორის თანხმობით აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს მიერ და მასვე ექვემდებარება. კანონიერების შესრულებისადმი ზედამხედველობის განხორციელებისას აფხაზეთის ასსრ პროკურორი ექვემდებარება სსრკ გენერალურ პროკურორს და საქართველოს გენერალურ პროკურორს.
აფხაზეთის ასსრ გენერალური პროკურორის მოადგილეებს საქართველოს გენერალურ პროკურორთან შეთანხმებით, აფხაზეთის ასსრ პროკურორის წარდგინებით ნიშნავს აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭო.
აფხაზეთის ასსრ რაიონებისა და ქალაქების პროკურორებს ნიშნავს აფხაზეთის ასსრ პროკურორი საქართველოს გენერალურ პროკურორთან შეთანხმებით“.
აფხაზეთის ასსრ ეს კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის 117-ე მუხლს, რომლის შესაბამისად, „საქართველოს რესპუბლიკაში შემავალი ავტონომიური რსპუბლიკების პროკურორებს ნიშნავს საქართველოს რესპუბლიკის გენერალური პროკურორი ავტონომიური რესპუბლიკების უზენაესი საბჭოს წარდგინებით.
საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის 121 (4) მუხლის მე-10 პუნქტის საფუძველზე ვადგენ:
1. შეჩერებულ იქნეს აფხაზეთის ასსრ კონსტიტუციის 92-ე მუხლის მე-14 პუნქტში და 156- ე მუხლში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ აფხაზეთის ასსრ 1991 წლის 9 ივლისის კანონის მოქმედება, რადგანაც ეწინააღმდეგება საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციას.
2. საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის 82-ე მუხლის საფუძველზე წინადადება მიეცეს აფხაზეთის ასსრ უზენაეს საბჭოს აფხაზეთის ასსრ პროკურორის, მისი მოადგილეების, ქალაქებისა და რაიონების პროკურორების დანიშვნისას იხელმძღვანელონ საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის 177-ე მუხლის მოთხოვნებით.
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია
თბილისი, 1991 წლის 5 აგვისტო.
ბრძანებულება : აფხაზეთის ასსრ კონსტიტუციის 92-ე მუხლის მე-14 პუნქტში და 156-ე მუხლში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ აფხაზეთის ასსრ 1991 წლის 9 ივლისის კანონის მოქმედების შეჩერების შესახებ / გამსახურდია ზ. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 6 აგვისტო. - №153 (173). - 2 გვ.
![]() |
44 მიმართვა სამაჩაბლოს მოსახლეობისადმი |
▲ზევით დაბრუნება |
თანამემამულენო!
საქართველოს ყველა ღრმა და მწარე ჭრილობა შიდა ქართლშია გახსნილი. მართალია აღსდგა ისტორიული კანონზომიერება, გავაუქმეთ ძალადობით შეკოწიწებული ოლქი, ცხინვალის რაიონი გორს დავუბრუნეთ, ყორნისის რაიონი - ქარელს, მაგრამ აღნიშნულ რეგიონში პრობლემები ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს, რომელიც სასწრაფოდ მოითხოვს ჩვენს მობილიზებას და არა მხოლოდ მორალურ თანადგომას.
ჩვენი დაულხინებელი ყოფა სტიქიამ კიდევ უფრო დაამძიმა. ოცდაცხრა აპრილის მიწისძვრამ, იმერეთზე და რაჭაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, შიდა ქართლში ასეულობით ბინა დაანგრია და დააზიანა, ხოლო თხუთმეტი ივნისის ნგრევამ - ათასობით ჭერი დააქცია.
არც ოთხ ივლისს დაგვინდო სტიქიამ, კიდევ ერთხელ მოგვივლინა განსაცდელი, წინა მიწისძვრებს გადარჩენილი საბოლოოდ გაანადგურა.
რაც ყველაზე სავალალოა, დაიღუპნენ ადამიანები.
სვერი, ქემერტი, ძარწემი, კეხვი, ქურთა, ხეითი, ქვემო აჩაბეთი, ჭარები, ქსუისი, დისევი, აწრისხევი, ბელოთი, საცხენეთი, ჯოჯიანთ უბანი, ვანათი... აი, არასრული სია იმ სოფლებისა, რომელთა ნაწილი მიწასთან არის გასწორებული...
მე ციფრსაც მოგახსენებთ, მარტო გორსა და გორის რაიონში, რა თქმა უნდა, იგულისხმება შემოერთებული ცხინვალის რაიონიც, 4000-ზე მეტი სახლი თავიდანაა ასაშენებელი და შესაკეთებელი.
მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ქვეყნის თითქმის ყველა კუთხე-კუნჭული შველას მოითხოვს. მეგობრებო, არ შეიძლება საჩხერელი და კეხველი კაცის სატკივარი სხვადასხვაგვარად გვაწუხებდეს, მაგრამ შიდა ქართლის გასაჭირი მაინც სხვაა და ამის მიზეზი ყველამ კარგად ვიცით.
აქაურობას ჩვენ ვაცხადებთ აღმშენებლობითი პროგრამის ნომერ პირველ ობიექტად. მართლია, ყურადღებას არ ვაკლებთ სტიქიით დაზარალებულ სოფლებს, განსაკუთრებით სამაჩაბლოს ღია ცის ქვეშ დარჩენილ მოსახლეობას, პროგრამის განსახორციელებლად ვეებერთელა სამშენებლო კომპლექსია დასაქმებული, მაგრამ ეს არ კმარა, საჭიროა რესპუბლიკის ქალაქებმა და რაიონებმა, ცალკეულმა ორგანიზაციებმა გამონახონ საშუალება და ამოუდგნენ მშენებლებს მხარში.
მეგობრებო, ქუდზე კაცის დრო დაგვიდგა, დაზამთრებამდე ყველანაირად უნდა შევეცადოთ, რომ არც ერთი ოჯახი ღია ცის ქვეშ არ დაგვრჩეს, ახლა გულგრილობა, მხოლოდ სიტყვით ქადილი და გულხელდაკრეფა ღალატის ტოლფასია.
ჩვენ პირნათელნი უნდა ვიყოთ გაუთავებელი ომით, წყალდიდობით, მიწისძვრით შეწუხებული ქართველობის წინაშე, ვინც ამდენი თავსდამტყდარი უბედურების მიუხედავად, მაინც არ მიატოვა მამა-პაპური კერა.
ისინი გმირები არიან, მეგობრებო, გმირობას კი დანახვა და დაფასება უნდა, რასაც, ალბათ, ჩვენი საერთო ძალისხმევით გავაკეთებთ კიდეც.
არის კიდევ ერთი საკითხი, რომელიც თანდათან, მტკივნეულ პრობლემად იქცა: გორში, თბილისში, სხვა ქალაქებსა და რაიონებში თავმოყრილია ლტოლვილების დიდი ჯგუფი.
რა თქმა უნდა, ისინი თავისი ნებით არ აყრილან, დაარბიეს, სახლები დაუწვეს, შეურაცხყვეს, გამოაქციეს... მათთვის არავის არაფერი დაუყვედრებია. მთელი საქართველო მათი სამშობლოა, მაგრამ მაინც მძიმეა დიდხანს სხვის კარზე მყოფი ადამიანის ხვედრი... მე არ მინდა ამ ხვედრს შეეჩვიოს ქართველი კაცი, თორემ ჩვენი შრომა წყალში ჩაიყრება.
ამიტომ, ვფიქრობ, ლტოლვილებად მხოლოდ ქალაქ ცხინვალისა და სოფელ გუჯაბაურის მოსახლეობა უნდა მივიჩნიოთ, ისიც მხოლოდ ქალები და ბავშვები, დანარჩენები კი დროა დაუბრუნდნენ თავ-თავის სოფლებს.
თანამემამულენო, სამაჩაბლოს ქართული სოფლებიდან ლტოლვილებო, მიხედეთ თქვენს ფუძეს, თორემ, როგორც არაერთხელ მომხდარა, ისევ მოვა გადამთიელი და ჩვენ კუთვნილს დაეპატრონება.
ღმერთმა ხომ იცის, აღარაფერი დაგვრჩა დასაკარგავ-გასაცემი, ამიტომ, სამაჩაბლოში დაბრუნებული თითოეული ოჯახი საქართველოსათვის მტკიცე ციხე-სიმაგრის ტოლფასია.
ცხინვალელო მამაკაცებო: დაბეჯითებით გთხოვთ, მონაწილეობა მიიღოთ ქართული სოფლების აღდგენა-აღორძინებაში, მამა-პაპეული მიწა-წყლის დაცვაში. ხოლო ის, ვინც ამას არ გააკეთებს, მოღალატედ შეირაცხება.
ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს ბედი დღეს შიდა ქართლში წყდება.
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია
მიმართვა : სამაჩაბლოს მოსახლეობისადმი / გამსახურდია ზ. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 6 აგვისტო. - №153 (173). - 1გვ.
![]() |
45 მიმართვა მშვიდობისა და დემოკრატიის მსოფლიო ლიგის კოსტა-რიკის 23-ე კონფერენციისადმი |
▲ზევით დაბრუნება |
პატივცემულო კონფერენციის მონაწილენო!
მოგმართავთ საქართველოს ჰელსინკის კავშირის სახელით, როგორც მისი თავმჯდომარე და რესპუბლიკის პრეზიდენტი.
ჩვენი კავშირი შეიქმნა 1976 წელს, იმ დროს, როდესაც იქმნებოდა ჰელსინკის ჯგუფები საბჭოთა კავშირში. მან გამოიარა არნახული დევნისა და შევიწროების წლები, მისი წევრები არაერთგზის იყვნენ რეპრესირებული, მაგრამ იგი მაინც განაგრძობდა ბრძოლას ადამიანის უფლებებისათვის, ერის თავისუფლებისათვის, დემოკრატიული არჩევნების დამკვიდრებისათვის.
1990 წლის ოქტომბერში ჩვენ მივაღწიეთ დემოკრატიულ არჩევნებს. საქართველოში გავაუქმეთ კომუნისტური რეჟიმი და ავირჩიეთ პირველი მრავალპარტიული პარლამენტი საბჭოთა კავშირში, 1991 წლის 31 მარტს ჩავატარეთ პირველი რეფერენდუმი საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხებზე, ხოლო 1991 წლის 26 მაისს - პირველი თავისუფალი არჩევნები პრეზიდენტისა, სადაც მე ამირჩიეს ხმათა 87 პროცენტით.
მსურს გაგიზიაროთ ჩემი მოსაზრებები ჰელსინკის მოძრაობის პერსპექტივებზე, მის ამოცანებზე, ვინაიდან ამ მოძრაობაში ჩაბმული ვარ დღიდან ხელშეკრულების ხელმოწერისა (1978 წელი). პატიმრობაში მყოფი ჰელსინკის ჯგუფების სხვა წევრებთან ერთად წარდგენილი ვიყავი ნობელის მშვიდობის პრემიაზე. უპირველეს ყოვლისა უნდა აღვნიშნოთ, რომ ჰელსინკის მოძრაობის უმთავრეს ამოცანად მიმაჩნია იმის შემოწმება, თუ როგორ ასრულებს საბჭოთა კავშირი 1978 წელს ჰელსინკში ნაკისრ ვალდებულებებს, რამდენად შეესაბამება მისი დღევანდელი პოლიტიკა საერთაშორისო სამართალს, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას, ჰუმანიზმისა და დემოკრატიის აღიარებულ პრინციპებს, აუცილებელია აგრეთვე შესწავლა, თუ რამდენად რეალური პერსპექტივები აქვს საბჭოთა კავშირში და რა უნდა გააკეთონ დასავლეთის ქვეყნებმა ამ რეფორმის განხორცილებისათვის.
1985 წლიდან, როდესაც სსრ კავშირის ახალმა კომუნისტურმა ხელმძღვანელობამ გამოაცხადა „პერესტროიკა“, მისი მოქმედების სარბიელად უმთავრესად საგარეო პოლიტიკა იქცა. სამართლიანობა მოითხოვს, რომ აღინიშნოს ის ისტორიული ცვლილებები, რომელიც მსოფლიოში მოხდა - ბერლინის კედლის დანგრევა და გერმანიის გაერთიანება. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან საბჭოთა კავშირის გამოყვანა, ვარშავის პაქტის დაშლა და სხვა, მნიშვნელოვანწილად უკავშირდება „პერესტროიკას“, რომელიც გამოიწვია დასავლეთის სახელმწიფოების, პირველ რიგში აშშ-ს პოლიტიკამ საბჭოთა კავშირის მიმართ.
საბჭოთა კავშირი თავისი ნებით არ გარდაქმნილა, იგი აიძულეს დაეწყო „ახალი აზროვნება“ საგარეო პოლიტიკაში. რაც შეეხება სსრკ საშინაო პოლიტიკას, აქ რამდენადმე მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მომხდარა: სსრ კავშირის ძალით შენარჩუნების ცდები, რაც ფაქტობრივად არის იმპერიის ერთგვარი გადახალისება და სხვა არაფერი.
ჰელსინკის მოძრაობის ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანას დღეს, ჩვენის აზრით, უნდა წარმოადგენდეს იმის შემოწმება, თუ როგორ შეასრულა და ასრულებს სსრ კავშირი ჰელსინკის და ვენის დასკვნითი დოკუმენტებიდან გამომდინარე ვალდებულებებს.
ხსენებულ დოკუმენტებს ფუძემდებლურ პრინციპებად დაედო ერისა და პიროვნების თავისუფლების აღიარება. ქვემოთ შევეცდებით დავასაბუთოთ, რომ ამ პრინციპების რეალიზაციაზე სსრ კავშირში ლაპარაკიც კი ზედმეტია. ერის თავისუფლება გულისხმობს მის თვითგამორკვევას, საკუთარი ბედის განმგებლობის უფლებას. სსრ კავშირის ხელმძღვანელობა კი სსრკ-ს ტერიტორიაზე მცხოვრებ დაპყრობილ ერებს ორად ყოფს: მთავრობისათვის კეთილსაიმედოდ და არაკეთილსაიმედოდ, მეამბოხედ. მაგალითად, კავკასიაში ყველაზე დისკრიმინირებულნი ქართველები და ჩეჩენ- ინგუშები არიან, პრივილეგირებულნი კი აფხაზები და ოსები, ვინაიდან მათ სურთ „სამოკავშირეო ხელშეკრულებაზე“ ხელის მოწერა. შესაბამისია მთავრობის მიდგომაც: მეამბოხე „ურჩი“ ერების წინააღმდეგ მიმდინარეობს გამოუცხადებელი ომი ყველა ხერხის გამოყენებით.
ამ ხერხების არსენალი ფართოა:
ა) რესპუბლიკებში იქმნება კომუნისტების მიერ ინსპირირებული „ინტერფრონტები“, რომლებიც გააფთრებულად ცდილობენ გააჩაღონ ეთნოკონფლიქტები, რათა კრემლს მიეცეს შეიარაღებული ჩარევის საბაბი. ეს უკანასკნელი, რა თქმა უნდა, „შემრიგებლის“ ნიღაბს ეფარება, მაგრამ მისი ჩარევით მრავალ რესპუბლიკაში დაიღვარა უდანაშულო ადამიანების სისხლი. ამის მაგალითები უამრავი მოიპოვება: მოლდოვაში - გაგაუზთა და დნესტრისპირელთა „რესპუბლიკების“ შექმნა; ბალტიისპირეთში - „რუსულენოვანი“ მოსახლეობის „მოთხოვნით“ ჯარების შეყვანა; საქართველოში - აფხაზი და ოსი სეპარატისტების პირდაპირი შეიარაღებული მხარდაჭერა; სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის „რეგულირება“ და მრავალი სხვა.
ბ) ეკონომიკური ბლოკადა „ურჩი“ რესპუბლიკების მიმართ, რაც გამოიხატება ეკონომიკური შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების ცალმხრივ დარღვევაში, რესპუბლიკებისათვის განკუთვნილი ტვირთების გაგზავნის თვითნებურ შეფერხებებსა და აკრძალვაში, ნავთობის, გაზის და სხვა ნედლეულის მოწოდების შემცირებასა და შეწყვეტაში და ა.შ.
გ) „საკდესის“ - სიცრუის იმპერიის ამ უზარმაზარი მანქანის მეშვეობით სსრ კავშირში და საზღვარგარეთ ტენდენციური, გაყალბებული ინფორმაციის გავრცელება „ურჩ“ რესპუბლიკებში მიმდინარე პროცესების შესახებ.
დემოკრატიულად არჩეულ რესპუბლიკურ მთავრობებზე „ბირთვული იარაღის ღილაკების“ დაუფლების სურვილის მიწერა, ცილისწამება ფაშიზმსა და დიქტატორობაში, ადამიანის უფლებათა შეზღუდვაში (და ამას აკეთებს რეჟიმი, რომლისთვისაც კლასობრივი ზიზღი და კაცთა კვლა იდეოლოგიურ მიზანს წარმოადგენს). ამავე დროს „ბრალდებულ“ ხალხებს არა აქვთ არავითარი საშუალება, პასუხი გასცენ მათ საწინააღმდეგოდ მიმართულ პროპაგანდას. განსაკუთრებით არასახარბიელო მდგომარეობაშია ამ მხრივ საქართველო, რომელიც „სამიზნედ“ ჰყავთ ამოღებული „საკდესის“ მიერ ანგაჟირებულ ჟურნალისტებს. თუ ყოველივე ამას დავუმატებთ „სსრკ-დან რესპუბლიკების გასვლის შესახებ“ დრაკონულ კანონს, რომელიც სინამდვილეში არგასვლის კანონია, მთელი სიცხადით დავინახავთ ერთა თვითგამორკვევის საბჭოურ მოდელს. ადამიანის უფლებების სფეროში 1986 წლის შემდეგ პროგრესი უფრო მოჩვენებითია, ვიდრე რეალური. ეს არის იძულებითი ლიბერალიზაცია და არა თანმიმდევრული დემოკრატიზაცია, ვინაიდან არ არსებობს ჭეშმარიტი კონსტიტუციური, საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთაც უნდა დაეფუძნონ ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი.
როგორია ვითარება ამ მიმართულებით დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ რესპუბლიკებში, კერძოდ, საქართველოში? მიუხედავად ამ საზარელი მემკვიდრეობისა, რომელიც დაუტოვა ახალ დემოკრატიულ ხელისუფლებას კომუნისტურმა რეჟიმმა თავისი მმართველობის 70 წლის განმავლობაში, შესაძლებელი გახდა რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა. ეს არის მოქალაქეობის კანონი, რომელიც პირველი კითხვით მიიღო პარლამენტმა და რომელიც საქართველოს მოქალაქეებად აღიარებს ყველას, ვინც კანონის მიღების დღისათვის ცხოვრობს საქართველოში (ნულოვანი ვარიანტი); ეროვნული უმცირესობების უფლებების, მათი ეროვნულ-კულტურული ავტონომიის სრული საკანონმდებლო გარანტია; ახალი ეკონომიკური სისტემის დაფუძნება, რომელიც ამკვიდრებს კერძო მეწარმეობას და თავისუფალ ბაზარს, უცხოური ინვესტიციების დაცვას; პიროვნული თავისუფლების გარანტია - მომზადებული კანონები პრესის თავისუფლებისა და პარტიების შესახებ. ამას ემატება საქართველოს მშვიდობიანი ინიციატივა სამხრეთ აზერბაიჯანის კონფლიქტის მოგვარებაში, რომელმაც კრემლის წინააღმდეგობის მიუხედავად უკვე გამოიღო პირველი შედეგები. რა თქმა უნდა, არავინ ამტკიცებს, რომ დღეს საქართველოში დასავლეთ ევროპის დარი დემოკრატია სუფევს - ეს არც შეიძლება ასე იყოს. არის შეცდომები, უკანდახევა, მაგრამ კურსი აღებულია დემოკრატიისა და თავისუფლებისაკენ.
გამომდინარე სსრ კავშირზე ზემოთქმულიდან, იმის გათვალისწინებით, რომ შეუძლებელია მასშტაბური და ღრმა რეფორმების გარეშე ჰელსინკის პრინციპების გამარჯვებაზე ფიქრიც კი, 1991 წლის კონფერენციებზე ყურადღება უნდა გამახვილდეს შემდეგ პრობლემებზე.
1). კონსტიტუციური საკანონმდებლო ბაზისის შექმნა სსრკ-ს დემოკრატიული რეფორმებისათვის, რაც უნდა შეიცავდეს:
ა) ერთა სრული თვითგამორკვევის გარანტიას, იმპერიალიზმისა და ნეოკოლონიალიზმის აღმოფხვრას;
ბ) თავისუფალი ბაზრისა და კერძო მეწარმეობის პრინციპების საკანონმდებლო დამკვიდრებასა და რეალიზაციას;
გ) ემიგრაციისა და ოჯახების გაერთიანების საკითხების მოგვარებას საერთაშორისო სამართლის ნორმების მიხედვით (სპარსეთში მცხოვრები ფერეიდნელი ქართველების კონტაქტები თავიანთ ნათესავებთან საქართველოში: მათ არა აქვთ მიწერ-მოწერის და ტელეფონით საუბრის უფლება, არა თუ მისვლა-მოსვლისა);
დ) სარელიგიო კანონმდებლობის დემოკრატიზაციას. ეკლესია კვლავ შეზღუდულია და დისკრიმინირებულია თავის უფლებებში, გრძელდება კომპარტიის კონტროლი ეკლესიაზე და უხეში ჩარევა საქმეებში.
2) ეკოლოგიური ომის შეწყვეტა დაპყრობილი ხალხების წინააღმდეგ, ე.ი. მათი ბუნების, მიწის, ჰაერის, წყლისა და წიაღისეულის ბარბაროსული ექსპლოატაციისა და განადგურების შეწყვეტა.
3) ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობების წინააღმდეგ ტერორის ინიციატორებისა და შემსრულებლების გასამართლება სრული საჯაროობის პირობებში.
4) ჰელსინკისა და ვენის დასკვნითი დოკუმენტების ცხოვრებაში გატარების შემმუშავებელი ჯგუფების ოფიციალური აღიარება, ხელშეუხებლობის გარანტირება, დაცვა და ყოველგვარი ხელშეწყობა. ამ პრობლემების გადაჭრისათვის საჭიროა განხორციელების მექანიზმის შექმნა, რისთვისაც აუცილებლად მიგვაჩნია: გაეროს, ევროპარლამენტის, საერთაშორისო სამართალდამცავი ორგანიზაციების მუდმივი კონტროლის დაწესება სსრკ-ში მიმდინარე პროცესებზე, განსაკუთრებით ეთნოკონფლიქტებზე.
ბ) ყოფილი სსრკ-ს რესპუბლიკების დიპლომატიური ურთიერთობების დამკვიდრება დასავლეთის ქვეყნებთან;
გ) საინფორმაციო ცენტრების შექმნა დასავლეთის ქვეყნებისა და რესპუბლიკების დედაქალაქებში;
დ) გაეროსა და სხვა ორგანიზაციების ექსპერტთა მიერ შესწავლა საქართველოში, ლიტვაში, ლატვიაში და სხვა რესპუბლიკებსა და ქალაქებში მშვიდობიანი დემონსტრაციების დარბევისა, ეთნოკონფლიქტების მოწყობის, სხვა ანტიჰუმანური ქმედებებისა და მათი შედეგები.
დასკვნა
საბჭოთა კავშირი არ გარდაქმნილა და ვერც გარდაიქმნება დემოკრატიულ, სამართლებრივ სახელმწიფოდ რეალური საკანონმდებლო, ადმინისტრაციული და ეკონომიკური რეფორმების განხორციელების გარეშე, ხოლო ამ რეფორმების განხორციელება შეუძლებელია, სანამ მისი ხელმძღვანელობა ებღუჭება დრომოჭულ მარქსიზმ-ლენინიზმს. სამართლებრივ ნორმებზე, საბაზრო ეკონომიკაზე, ადამიანის უფლებებზე, პლურალისტურ სისტემაზე, დემოკრატიაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია, ვიდრე სსრ კავშირს მართავს კორუმპირებული კომუნისტური მაფია და არა დემოკრატიული კანონები. ამიტომ ერთადერთი გამოსავალია სსრ კავშირის იმპერიული სტრუქტურების სრული დემონტაჟი და დამოუკიდებელი დემოკრატიული სახელმწიფოების დაშლა.
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია
მიმართვა : მშვიდობისა და დემოკრატიის მსოფლიო ლიგის კოსტა-რიკის 23-ე კონფერენციისადმი / გამსახურდია ზ. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 9 აგვისტო. - №157 (177). - 1გვ.
![]() |
46 ბატონ ზვიად გამსახურდიას სიტყვა |
▲ზევით დაბრუნება |
ბატონებო, პატივცემულო სტუმრებო,
ძვირფასო თანამემამულენო!
ჩვენი დღევანდელი შეკრების მიზეზი გახლავთ ევროპის სპორტული ცხოვრების ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა - კონტინენტის უძლიერეს წყალმოთხილამურეთა ჩემპიონატის გახსნა. სპორტსმენებს, მწვრთნელებს, მსაჯებს, სპორტის ფუნქციონერებს, უცხოელ სტუმრებს, გულშემატკივრებს ვულოცავ სპორტის ამ წარმტაცი სახეობის ლამაზი დღესასწაულის დაწყებას. მსურს ვაუწყო ჩემპიონატის მონაწილეებს, რომ მათ ფეხი დადგეს უძველესი და უმდიდრესი ისტორიისა და კულტურის მქონე ქვეყნის მიწაზე, ეწვივნენ სტუმართმოყვარეობით განთმულ საქართველოს ხალხს, უძველესი კოლხეთის მიწაზე, რომლის დედაქალაქი ფაზისია - დღევანდელი ფოთი, რომელიც გულმხურვალედ მიესალმება ყოველ თქვენთგანს! მინდა გაუწყოთ ისიც, რომ საქართველოში ოდითგან უყვარდათ სპორტი, პატივს მიაგებდნენ ათლეტთა პატიოსან, რაინდულ ასპარეზობას. შესაძლოა, ბევრმა ჩვენმა სტუმარმა არ იცოდეს, რომ საქართველო დიდი სპორტული ტრადიციებისა და პოტენციის ქვეყანაა. ამის დასტურია ოლიმპიადებში, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებში მოპოვებული უამრავი ჯილდო, რომლებითაც, გარწმუნებთ, არაერთი დიდი და მრავალმილიონიანი ქვეყანა იამაყებდა. ის, რომ საქართველო სპორტულ რუკაზე ბევრისთვის „უჩინარი ქვეყანაა“, საბჭოთა იმპერიის „დამსახურებაა“, ყოვლისშემრყვნელი იმპერიული ძალა მუდამ ცდილობდა დაეთრგუნა დაპყრობილი ერების ინდივიდუალობა, ჩანასახშივე მოესპო თავისუფლებისაკენ, მსოფლიო ხალხთა თანაარსებობაში დამოუკიდებლად ჩართვისაკენ სწრაფვა. დღეს საქართველო იბრძვის ჭეშმარიტი დამოუკიდებლობისათვის, დამოუკიდებლობისათვის იბრძვის ქართული სპორტიც, თქვენ გმასპინძლობთ თვისუფლებისათვის მებრძოლი ქართველი ხალხი, რომელიც ევროპის ჩემპიონატს უკავშირებს იმ იმედსაც, რომ მთელი სამყაროს წარმომადგენლები შეიგრძნობენ, გააცნობიერებენ ჩვენი მიზნების სამართლიანობასა და სიწმინდეს.
დაე, ეს ჩემპიონატი ნამდვილ ზეიმად, ქართველი და ევროპელი ხალხების მეგობრობის ზეიმად იქცეს.
ბატონ ზვიად გამსახურდიას სიტყვა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 17 აგვისტო. - №162 (182). - 1გვ.
![]() |
47 მთავარია, შევინარჩუნოთ სიმშვიდე, წესრიგი და დისცი პლინა! |
▲ზევით დაბრუნება |
მიმართვა
საბჭოთა კავშირის საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით ცნობილი გახდა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მიხეილ გორბაჩოვის მიერ სსრკ პრეზიდენტის მოვალეობის შესრულების შეუძლებლობასთან დაკავშირებით, სსრკ პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას 1991 წლის 19 აგვისტოდან, სსრკ კონსტიტუციის შესაბამისად, შეუდგა სსრკ ვიცე-პრეზიდენტი გენადი იანაევი. გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა საბჭოთა კავშირის ცალკეულ ადგილებში, 6 თვის ვადით, 1991 წლის 19 აგვისტოს 04 საათიდან, მოსკოვის დროით. საგანგებო მდგომარეობის კონკრეტული რეგიონები მითითებული არ ყოფილა. შეიქმნა სსრკ-ში საგანგებო მდგომარეობის საგანგებო კომიტეტი.
ეს განცხადებები საქართველოს ხელისუფლებისათვის მოულოდნელი იყო. საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტს, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმსა და საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას მიაჩნიათ, რომ შექმნილ ვითარებაში მთავარია, შევინარჩუნოთ სიმშვიდე, წესრიგი და დისციპლინა.
მივმართავ საქართველოს რესპუბლიკის და ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ცენტრალურ და ადგილობრივ ორგანოებს, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციებს, გაითვალისწინონ შექმნილი ვითარება ერთიანი, შეთანხმებული მოქმედების აუცილებლობა.
მოგიწოდებთ ყველას, ვიყოთ სამუშაო ადგილებზე, შევასრულოთ სამსახურებრივი მოვალეობა, არ ავყვეთ პროვოკაციებს, არ დავუშვათ თვითნებური მოქმედება. დავემორჩილოთ საქართველოს ხელისუფლების ორგანოთა განკარგულებებს.
დარწმუნებული ვართ, რომ მხოლოდ ამგვარად შევძლებთ ჩვენს რესპუბლიკაში სამოქალაქო სიმშვიდისა და პოლიტიკური სტაბილურობის უზრუნველყოფას.
იმედია, საქართველოს რესპუბლიკის მოსახლეობა გამოიჩენს მაღალ მოქალაქეობრივ შეგნებულობასა და პასუხისმგებლობას.
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი;
საქართველოს რესპუბლიკის
უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი;
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა
თბილისი. 1991 წლის 19 აგვისტო.
მიმართვა : „მთავარია, შევინარჩუნოთ სიმშვიდე, წესრიგი და დისციპლინა“ // რესპუბლიკა. - 1991. - 20 აგვისტო. - №29/62. - 1გვ.
![]() |
48 საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის მიმართვა დასავლეთის ქვეყნების ხალხებისა და მთავრობებისადმი |
▲ზევით დაბრუნება |
საბჭოთა კავშირში შეიქმნა არასტაბილური სიტუაცია, რომლის გაკონტროლება ახლო მომავალში შესაძლოა შეუძლებელი გახდეს.
მოვლენათა ასეთი განვითარება ყოველთვის გარდაუვალია ტოტალიტარულ იმპერიაში, სადაც იწყება დიდი ლიბერალიზაცია. ასეთი მოვლენების პირისპირ გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება დასავლეთის სახელმწიფოთა პრინციპულ პოზიციას, უკომპრომისო შეფასებას ყოველივე იმისა, რაც ხდება, აგრეთვე აქტიურ დიპლომატიურ თუ სხვაგვარ მოქმედებას. დასავლეთი არ უნდა იყოს პასიური მაყურებლის როლში. პოლიტიკური შეფასება მომხდარი გადატრიალებისა ძალზე რთულია, ვინაიდან ჯერჯერობით არ არის ნათელი ნამდვილი გადატრიალებაა ეს, თუ მხოლოდ გარიგება ან შოუ, რომლისგანაც პოლიტიკური დივიდენდების მიღებას მიელტვიან ცალკეული სახელმწიფო ლიდერები.
მთავარზე უმთავრესია დასავლეთმა მხარი დაუჭიროს საბჭოთ კავშირში მხოლოდ ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას, დემოკრატიის, პლურალიზმის დამკვიდრებას.
შექმნილი არასტაბილური მდგომარეობა, რეაქციული ძალების შესაძლო გამარჯვება, საფრთხეს უქადის უწინარეს ყოვლისა საბჭოთ კავშირში შემავალ იმ რესპუბლიკებს, რომლებიც იბრძვიან დამოუკიდებლობისათვის, თავისუფლებისათვის, და რომელთაც ჰყავთ ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი და პრეზიდენტი. ისინი უშუალო სამხედრო აგრესიის საფრთხის წინაშე დგანან. ამიტომ მე მოვუწოდებ დასავლეთის მთავრობებს, უწინარეს ყოვლისა, ამერიკის შეერთებულ შტატებს, სასწრაფოდ და გადაუდებლად დე ფაქტო და დე იურე ცნონ ამ რესპუბლიკების, მათ შორის საქართველოს დამოუკიდებლობა და დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარონ მათთან, რათა დაიცვან ჭეშმარიტად დემოკრატიული რეფორმების მონაპოვარი ამ ქვეყნებში.
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია
1991 წლის 20 აგვისტო.
მიმართვა : დასავლეთის ქვეყნების ხალხებისა და მთავრობებისადმი / გამსახურდია ზ. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 21აგვისტო. - №163 (183). - 1გვ.
![]() |
49 მოსკოვი |
▲ზევით დაბრუნება |
პრეზიდენტ ბ. ელცინს
რსფსრ სახალხო დეპუტატთა საგანგებო სესიას გილოცავთ გამარჯვებას. შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ რუსეთის სფს რესპუბლიკის დემოკრატიულ ძალებს. გიცხადებთ თანაგრძნობას თავისუფლების დამცველთა დაღუპვის გამო.
პუტჩის პირველივე დღეს საქართველოში გამოგზავნეს იაზოვის მოადგილე არმიის გენერალი ჟურავლიოვი, რომელმაც რამდენიმე ულტიმატუმი წაუყენა საქართველოს რესპუბლიკის ხელმძღვანელობას და შეეცადა უხეშად ჩარეულიყო ჩვენი რესპუბლიკის საშინაო საქმეებში. სამხედროებმა კონტროლი დაუწესეს აეროპორტს, ვაგზლებს. ცდილობდნენ განეხორციელებინათ მანევრები.
საბჭოთა აფხაზეთის ცენტრალურმა ძალებმა და ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ თვითმარქვია ხელისუფლებმა მთლიანად დაუჭირეს მხარი თვითმარქვია საგანგებო წესების სახელმწიფო კომიტეტს, მას აგრეთვე მხარი დაუჭირა საქართველოს კომპარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა, რაც გამოცხადებული იყო მათ გაზეთ „ცხოვრებაში“.
საქართველოს პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ 20 აგვისტოს მოუწოდა დასავლეთის ქვეყნებს მხარი დაეჭირათ სსრ კავშირში ხალხის მიერ არჩეული ყველა პრეზიდენტისა და პარლამენტისათვის და აქტიურად დახმარებოდნენ სამხედრო აგრესიის საფრთხის თავიდან ასაცილებლად.
საქართველოს რესპუბლიკის ხელმძღვანელობას - პრეზიდენტსა და პარლამენტს ერთი ნაბიჯითაც არ გადაუხვევიათ თავიანთი პოზიციებისათვის და არ უცვნიათ საგანგებო წესების სახელმწიფო კომიტეტი და მთლიანად უჭერდნენ მხარს რუსეთის სფსრ რესპუბლიკის პრეზიდენტს ელცინს და პარლამენტს.
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია,
საქართველოს რესპუბლიკის
უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი
თბილისი, 1991 წლის 22 აგვისტო.
მოსკოვი. პრეზიდენტ ბ. ელცინს. რსფსრ სახალხო დეპუტატთა საგანგებო სესიას / გამსახურდია ზ. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 23 აგვისტო. - №165 (185). - 1გვ.
![]() |
50 განცხადება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისათვის |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს რესპუბლიკა მთელ მსოფლიოსთან ერთად უაღრესად გახარებულია მოსკოვის რეაქციული გადატრიალების ჩაშლით. როგორც პრეზიდენტმა ბუშმა განაცხადა, დემოკრატიამ კიდევ ერთხელ იზეიმა, რაც იმის ნიშანია, რომ საბჭოთა იმპერიაში შემავალ ხალხებს უნდათ, რომ ჰქონდეთ თავისთვის სასურველი მთავრობის არჩევის უფლება და შესაძლებლობა. სწორედ ეს მისწრაფება თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისაკენ უნათებს გზას საქართველოსა და სხვა რესპუბლიკებს, რომელთაც თვითონ სურთ იყვნენ საკუთარი ბედ-იღბლის გამგებელნი.
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია
განცხადება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისათვის / გამსახურდია ზ. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 23 აგვისტო. - №165 (185). - 1გვ.
![]() |
51 საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის განცხადება |
▲ზევით დაბრუნება |
ამ დღეებში ეროვნული გვარდიის სახელით თბილისში გავრცელდა პროკლამაცია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტისა და ხელისუფლების დისკრედიტაციას, კერძოდ, პროკლამაციის ავტორები ამტკიცებენ, თითქოს ხელისუფლებამ გვარდია „დაშალა“, რაც უხეში ცილისწამება და პროვოკაციაა. სინამდვილეში გვარდია კი არ დაიშალა, მას მიეცა ახალი სტატუსი განსაკუთრებული დანიშნულების მილიციის ქვედანაყოფისა, რაც შექმნილი მწვავე მდგომარეობის გამო აუცილებელი იყო გვარდიის დასაცავად საბჭოთა იმპერიული ჯარების მხრივ თავდასხმისაგან, რითაც არაორაზროვნად იმუქრებოდნენ სამხედროები იმ დღეებში; გარდა ამისა, ამგვარი რეორგანიზაცია გვარდიისა დაგეგმილი იყო გაცილებით უფრო ადრე.
ბრძანებულებაში გვარდიის დაშლა-გაუქმებაზე არაფერია ნათქვამი, ოღონდ გვარდიას სჭირდება ხელმძღვანელად პროფესიონალი სამხედრო გენერალი, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ვერ შეასრულებს თავის მაღალ დანიშნულებას, მასში არ იქნება წესრიგი და დისციპლინა, რითაც იგი შესაძლოა გადაიქცეს საზოგადოებისათვის საშიშ ძალად.
რამდენადაც გვარდია ექვემდებარება უშუალოდ პრეზიდენტს, მე მოვუწოდებ ჭეშმარიტ გვარდიელებს გატარდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროში როგორც შინაგანი ჯარის წარმომადგენლები, მიიღონ ტაბელური იარაღი, დაემორჩილონ ხელმძღვანელობას და ემსახურონ საქართველოს რესპუბლიკის ინტერესებს და არა ცალკეული პირების გაუმართლებელ ამბიციებს.
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია
თბილისი. 1991 წლის 23 აგვისტო
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის განცხადება / გამსახურდია ზ. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 24 აგვისტო. - №166 (186). - 1გვ.
![]() |
52 საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულება საქართველოს კომუნისტური პარტიის შესახებ |
▲ზევით დაბრუნება |
საბჭოთა კავშირში ა.წ. 1921 აგვისტოს კომუნისტური პუტჩის დღეებში საქართველოს კომპარტიამ მხარი დაუჭირა ე.წ. საგანგებო მდგომარეობის კომიტეტს. გარდა ამისა მისი არსებობა ეწინააღმდეგება საქართველოს რესპუბლიკის კანონს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ.
აქედან გამომდინარე ვადგენ:
შეჩერდეს საქართველოს კომუნისტური პარტიის მოქმედება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია
თბილისი. 1991 წლის 26 აგვისტო
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულება საქართველოს კომუნისტური პარტიის შესახებ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 27 აგვისტო. - №167 (187). - 2გვ.
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულება საქართველოს კომუნისტური პარტიის შესახებ // რესპუბლიკა. - 1991. - 27 აგვისტო. - №30/63. - 2გვ.
![]() |
53 რუსეთის სფს რესპუბლიკის პრეზიდენტს ბატონ ბ. ელცინს |
▲ზევით დაბრუნება |
სანამ არსებობს საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია, სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი, საკდესი და სხვა ასეთი ორგანიზაციები, აგრეთვე ისეთი სიცრუის მანქანები, როგორიც არის გაზეთები „კომსომოლსკაია პრავდა“, „კრასნაია ზვეზდა“ და მათნი მსგავსნი, თქვენი მოძრაობა ვერ დათრგუნავს იმპერიის ბნელ ძალებს. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის სფს რესპუბლიკაში გაიმარჯვა დემოკრატიამ, საქართველოსა და მისი ხელმძღვანელობის წინააღმდეგ უწინდებურად გრძელდება სიცრუისა და ცილისწამების გააფთრებული კამპანია. კერძოდ, ისინი დეზინფორმაციას აწვდიან საზოგადოებრიობას, თითქოს მე დამეშალოს გვარდია, ბრალად მდებენ ლამის პუტჩის მიმართ შემრიგებლურ დამოკიდებულებას. და ეს იმ დროს, როცა მე იმავე დღეს ვამხილე პუტჩი დასავლეთის ქვეყნების მთავრობებისადმი ჩემს მიმართვაში, სადაც ამას ვუწოდე რეაქციული ძალების გამარჯვება და მოვუწოდე მათ მხარი დაეჭირათ სსრ კავშირში ხალხის მიერ არჩეული ყველა პრეზიდენტისა და პარლამენტისთვის, მივეცი რამდენიმე ინტერვიუ, რაზეც წერდა მთელი დასავლეთის პრესა და გადასცემდა ტელევიზია.
რაც შეეხება გვარდიას, იგი უწინდებურად არსებობს და მასთან დაკავშირებული ვითარების თაობაზე სრულ ინფორმაციას მალე მიიღებთ. გთხოვთ, ნუ დაუჯერებთ ასეთ კომკავშირულ ჭორებს.
გულითადი სალმით
ზ. გამსახურდია
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
რუსეთის სფს რესპუბლიკის პრეზიდენტს ბატონ ბ. ელცინს / გამსახურდია ზ. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 27 აგვისტო. - №167 (187) - 1გვ.
![]() |
54 ლატვიის რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს ბატონ ანატოლი გორბუნოვს ლატვიის რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს ბატონ ივარს გორდმანისს |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს რესპუბლიკის ხელმძღვანელობისა და ხალხის სახელით გულწრფელად გილოცავთ თქვენ და მთელ ლატვიელ ხალხს რუსეთის მიერ ლატვიის სახელმწიფო დამოუკიდებლობის ცნობის ღირსშესანიშნავ ფაქტს.
ვუსურვებთ დამოუკიდებელ ლატვიის რესპუბლიკას მთელი მისი შემოქმედებითი ძალების გაფურჩქვნას თავისუფლების ნათელი ცის ქვეშ.
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია
თბილისი. 1991 წლის 25 აგვისტო.
ლატვიის რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს ბატონ ანატოლი გორბუნოვს, ლატვიის რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს ბატონ ივარს გორდმანისს / გამსახურდია ზ. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 27 აგვისტო. - №167 (187) - 1გვ.
![]() |
55 „კეთილად დასრულდა საქმე, მაგრამ ეჭვები მაინც რჩება“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტს საეჭვოდ მიაჩნია
გორბაჩოვის უდანაშაულობა პუტჩში
კომუნიკეში, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა, მომხდარი პუტჩი თქვენ მიიჩნიეთ, როგორც მიზანსცენა, ინსცენირებული კრემლის ზოგიერთი ლიდერის მიერ. რა გაძლევთ ამის საფუძველს?
- ძნელი სათქმელია, რა მოხდა სინამდვილეში, მაგრამ მიაქციეთ ყურადღება იმას, თუ რა პერსპექტივები გადაუშალა გორბაჩოვს ამ პუტჩმა. მომხდარმა ამბავმა მას უდიდესი პოპულარობა და ნდობა მოუხვეჭა. ამჟამად მას დიდი შანსი აქვს გაიმარჯვოს პრეზიდენტის არჩევნებში. სწორედ ეს გარემოება მაფიქრებინებს სპეციალურად შემუშავებული ინსცენირების შესაძლებლობას, რომლის მიზანიც ხალხის მოტყუებაა. რატომ მოხდა, რომ ერთადერთი, ვინც დააპატიმრეს, იყო გორბაჩოვის პირადი მტერი გლდიანი. რატომ ეს არ შეეხო ელცინს ან სხვებს? ეს ყველაფერი ეჭვს იწვევს.
შევარდნაძის განცხადებამ, სადაც მან ეჭვი გამოთქვა იმ ჭეშმარიტ როლზე, რომელიც გორბაჩოვმა გადატრიალებაში შეასრულა, შესაძლებელია თუ არა გამოიწვიოს ნომერ პირველი საბჭოთა მოქალაქის დისკრედიტაცია?
- არა, ამჟამად მისი სტატუსი ინგლისის დედოფლის სტატუსს ჰგავს. თანაც, ამას ემატება დასავლეთის მხრიდან გაძლიერებული დახმარების გაზრდის პერსპექტივა, რაც ძალიან მალე უნდა მოხდეს. ყველაფერი ეს ძალზე წარმტაც მონახაზებს იღებს. მაგრამ მოდით დაველოდოთ იმას, თუ რა ბედი ეწევა იანაევს. თუ დააპატიმრეს, გაასამართლეს და დახვრიტეს, მაშინ ეს მართლაც პუტჩი ყოფილა. თუ ასე არ მოხდა და პატიმრობისას სიცოცხლეს თვითმკვლელობით დაამთავრებს, ან მძიმე ავადმყოფობა შეეყრება, მაშინ ცხადი გახდება, რომ პუტჩი ინსცენირებული იყო. ამას მალე გავიგებთ.
იმისდა მიხედვით, თუ როგორი იქნება საბჭოთა კავშირში ვითარება, როგორ უყურებთ თქვენს ადგილს ამ სისტემაში? შესაძლებელია თუ არა ამ პირობებში მოაწეროთ ხელი ახალ ხელშეკრულებას?
- თუ ეს ხელშეკრულება ახალი იქნება, შესაძლოა ჩვენ მას გავეცნოთ. ნებისმიერ შემთხვევაში, აბსტრაქციული ცნება სსრ კავშირი მთლიანად იშლება, დეზინტეგრაციას განიცდის. ჩვენ გვინდა ყველა რესპუბლიკის დამოუკიდებლობა. ამიერიდან აღარ იქნება ცენტრის დიქტატურა, კონსერვატორების მკაცრი კურსი. საბჭოთა კავშირში შესაძლოა შეიქმნას რაღაც საერთო ბაზრის მსგავსი, რომლის სათავეში იქნება შეზღუდული უფლებების მქონე პრეზიდენტი.
რა ზომები მიგაჩნიათ საჭიროდ საქართველოს დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად: სწრაფი პრივატიზაცია, საკუთარი ფული, ქართული პასპორტები, საზღვარგარეთ საელჩოები?
- რაც შეეხება ამ უკანასკნელს, ამისათვის საჭიროა დასავლეთმა გვცნოს; ეს მალე უნდა მოხდეს. რაც შეეხება ფულს, - მოვჭრით. ამისთვის ერთი წელი გვჭირდება. მას ქართული სახელი ექნება - მარჩილი. ხოლო პრივატიზაცია ჯერ პატარა საწარმოებსა და სავაჭროებს შეეხება, და არა დიდ ქარხნებსა და ფაბრიკებს.
რაც შეეხება მიწას?
- პრივატიზაცია უკვე დაიწყო. მაგრამ მიუხედავად ამისა, კოლმეურნეობების თავმჯდომარეები რჩებიან.
- დიახ, სწორია, მაგრამ კოლმეურნეობების გარკვეული ნაწილი სახელმწიფო ფერმებად იქცა.
თქვენ იხმარეთ სიტყვა „დესოვეტიზაცია“, ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ეს ფერმები ქართული სახელმწიფოს საკუთრებად იქცა?
- დიახ.
შესაძლებელია თუ არა ახლო მომავალში ამიერკავკასიის ერთიანობა, რომელსაც თქვენ ესწრაფვით?
- რასაკვირველია. კავკასიის სხვა რესპუბლიკებთან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ამ ურთიერთობაში შემრიგებლობა და სტაბილურობა სუფევს. ვიმედოვნებ, რომ ვიხილავთ ამიერკავკასიას თავისუფალი ვაჭრობის ზონად.
დემოკრატია გულისხმობს ოპოზიციას. ის ეკონომიკური კრიზისი, რომელიც ამჟამად საბჭოთა კავშირში სუფევს, ხომ არ გამოიწვევს ძლიერი ხელის, ავტორიტარიზმის გამოჩენას?
- წესრიგი და დისციპლინა აუცილებელია. საქართველოში გვაქვს წესრიგი, და ამავე დროს, გვყავს ოპოზიციური ჯგუფები. არსებობს ლეგალური ოპოზიცია, რომლის ლიბერალიზაციის პროგრამა ჩვენ ანარქიამდე მიგვიყვანდა. არის კომუნისტური ოპოზიცია, რომელიც პუტჩის მხარდაჭერის შემდეგ ფაქტობრივად დაიშალა. ამას ემატება შეიარაღებული დანაშაულებრივი ოპოზიცია.
ოსეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში შეტაკებები იყო. ახლა რა ვითარებაა?
- მთავარი ქალაქი ცხინვალი ისევ ბანდიტების ხელშია. იქ არის უკანონო ხელისუფლება, რომელსაც არავითარი ავტორიტეტი არა აქვს. „სოიუზის“ მიერ შექმნილმა მოძრაობამ ქართველები ქალაქიდან გააძევა, ამიტომ იყო, რომ ამ ექსტრემისტებმა სიხარულით დაუჭირეს მხარი გადატრიალებას.
რა ელის გორბაჩოვ-ელცინის ტანდემს?
- წინასწარმეტყველი არა ვარ, მგრამ ვიცი, რომ გორბაჩოვი ამჟამად საბჭოთა კავშირში ძალას აღარ წარმოადგენს. რაც შეეხება ელცინს, სასიხარულოა, რომ მან დიდი გამარჯვება მოიპოვა. მე მხარს ვუჭერ მის პოლიტიკურ მიზნებს.
ერიკ ფლამანი
1991 წელი. 31 აგვისტო
ინტერვიუ : გაზეთ „ფიგაროს“ კორესპონდენტთან / გამსახურდია ზ. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 31 აგვისტო - №170(190) - 3 გვ.
![]() |
56 საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის განცხადება საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს რესპუბლიკა ეთანხმება მსოფლიო დემოკრატიული სახელმწიფოების თვალსაზრისსს ისეთი ახალი მსოფლიო მოწყობის შესახებ, სადაც მშვიდობიანი თანაარსებობა და ყველა ადამიანის უფლებები დაცული იქნება. ეს იქნება ნამდვილი მსოფლიო, სადაც ქვეყნებსა და ერებს შორის წამოჭრილი უთანხმოებები მოწესრიგდება დიალოგის მეშვეობით და არა ძალისა და მუქარის გამოყენებით.
ამ ცოტა ხნის წინ საქართველოს მოსახლეობამ საბოლოოდ თქვა უარი სამოცდაათწლიან მონობაზე და ხმა მისცა დამოუკიდებლობასა და დემოკრატიას. მან უპირობოდ დაუჭირა მხარი დემოკრატიული და სუვერენული საზოგადოების აღდგენას, რომელიც მეზობელ ქვეყნებთან წამოჭრილ ნებისმიერ სადავო საკითხს მშვიდობიანი გზით მოაგვარებს. იქ, სადაც წარმოიქმნება უთანხმოება, ჩვენი მოთხოვნა მარტივია: დავსხდეთ სასაუბროდ, გავმართოთ დიალოგი ისე, როგორც თავისუფალ, ერთმანეთის პატივისმცემელ ერებს შეჰფერის.
დემოკრატიული ქვეყნების მსგავსად, ჩვენც გვსურს ქვეყნად მშვიდობისა და თავისუფლების დამკვიდრება. ამავე დროს საქართველოს რესპუბლიკა გამოთქვამს იმედს, რომ უახლოეს მომავალში გახდება ერთა მსოფლიო თანამეგობრობის სრულუფლებიანი წევრი.
საქართველოში საერთაშორისო ნორმებთან სრული შესაბამისობით განუხრელად იქნება დაცული ყველა ეროვნული უმცირესობის უფლებები. ჩვენთან მცხოვრებ ეროვნულ უმცირესობებს სამეგობროდ ვუწვდით ხელს, მოვუწოდებთ მათ, რომ მონაწილეობა მიიღონ ახალი, დემოკრატიული საქართველოს შენებაში, სადაც განსხვავებული რწმენისა და შეხედულებების მოქალაქენი ჩვენთან ერთად იცხოვრებენ მშვიდობიანად და კეთილმეზობლურად. მოდით, მომავალ თაობებს უკეთესი და უფრო ბედნიერი მომავალი შევუქმნათ. დღეიდანვე დავიწყოთ ნებისმიერი სადავო საკითხის გულწრფელ და მშვიდ ვითარებაში გადაწყვეტა, რაც შემდგომ ურთიერთდაახლოების საწინდარი გახდება.
ქართველი ერის სწრაფვა თავისუფლებისა და დემოკრატიისაკენ გულისხმობს საქართველოს რესპუბლიკის ყველა მოქალაქის უფლებათა დაცვას. ჩვენი პრინციპია საერთაშორისო სამართლის ნორმების პრიმატი და ვაცხადებთ, რომ ეს ნორმები სრულიად მოქმედებენ საქართველოს ტერიტორიაზე.
მოსკოვს მივმართავთ, მოგვცეს წინსწრაფვის საშუალება, როგორც ეს კეთილ მეზობელსა და პარტნიორს შეჰფერის, რათა ჩვენს ხალხებს უკეთესი ცხოვრების საშუალება შევუქმნათ, ვიყოთ კარგი სავაჭრო პარტნიორები და დავეხმაროთ ერთმანეთს ნათელი მომავლის შექმნაში. თუკი არსებობს რაიმე უთანხმოებანი, ყოველგვარი წინასწარი პირობის გარეშე განვიხილოთ ისინი. მხოლოდ თანაბარ, პარიტეტულ საწყისებზე აგებულ დიალოგს შეუძლია მოგვცეს ის პოზიტიური შედეგი, რომლითაც თანაბრად უნდა იყოს დაინტერესებული ორივე მხარე.
ყველას ვუცხადებთ - მომავალი ნათელი და საიმედოა.
ვისარგებლოთ ამ მშვენიერი შესაძლებლობით. დაე, დიქტატურა და ჩაგვრა სამუდამოდ შეცვალოს დემოკრატიამ და დიალოგმა.
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია
თბილისი, 1991 წლის 20 აგვისტო.
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის განცხადება საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ / გამსახურდია ზ. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 3 სექტემბერი. - №171- 172 (192). - 1გვ.
![]() |
57 საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადება |
▲ზევით დაბრუნება |
პუტჩის კრახი საქართველოში
გაზეთ „დრონის“ ა.წ. აგვისტოს ნომერში გამოქვეყნდა საქართველოს მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის თ. სიგუას და ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის გ. ხოშტარიას წერილები, სადაც ისინი თავისებურად ხსნიან თანამდებობიდან თავიანთი გადაყენების მიზეზებს. პრესსამსახური უფლებამოსილია განაცხადოს, რომ მათი განმარტებანი თავიდან ბოლომდე ყალბია, მიზნად ისახავს მათი გადაყენების ნამდვილი მიზეზების მიჩქმალვას და საზოგადოების დეზორიენტირებას.
თ. სიგუა აცხადებს, თითქოს მას უთანხმოება ჰქონოდა პრეზიდენტთან იმის გამო, რომ პრეზიდენტი არაპროფესიონალურ კადრებს აძლევდა უპირატესობას, ხოლო თენგიზ სიგუამ, ვითომდაც, „მთელი აკადემია მოიყვანა მთავრობაში“. აკადემიისა რა მოგახსენოთ, მაგრამ თ. სიგუა თავგამოდებით იცავდა ყოველი ჯურის კორუმპირებულ პარტიულ ფუნქციონერებს მთავრობაში და მიუხედავად პრეზიდენტის არაერთგზისი მოთხოვნისა, არ გაათავისუფლა კომუნისტური პერიოდის ისეთი „მოღვაწეები“, როგორნიც იყვნენ ო. ქვილითაია, გ. ბერიძე, ა. სანებლიძე, დ. ქართველიშვილი და სხვები. უფრო მეტიც, მათში ხედავდა იგი მთავარ დასაყრდენს პრეზიდენტის წინააღმდეგ შექმნილ ოპოზიციაში. „აკადემიიდან მოსულ“ კადრებში თუ განათლების მინისტრი ე. ჯაველიძე იგულისხმება, ეს პიროვნება პრეზიდენტმა მოიყვანა მთავრობაში და იგი მისი მხარდაჭერით სარგებლობდა მუდამ. სხვა „აკადემიიდან მოსულ“ კადრებს მთავრობაში ვერავინ დაასახელებს. უნივერსიტეტის პროფესორი ბაქარ გიგინეიშვილიც პრეზიდენტმა დანიშნა თ. სიგუას მოადგილედ.
მებაღეობის შესახებ პრეზიდენტის ბრძანებულების არსსაც აყალიბებს თ. სიგუა და მას ცხვარიჭამიას ამბავს ადარებს. სინამდვილეში ცხვარიჭამიაში შევარდნაძემ ხალხს არა მარტო ნაკვეთები ჩამოართვა, არამედ აშენებული სახლებიც. პრეზიდენტის ბრძანებულებით კი არავისთვის არაფერი ჩამოურთმევიათ. საქმე შეეხო იმ ნაკვეთებს, რომლებიც წლების მანძილზე უპატრონოდ აქვთ მიტოვებული მფლობელებს, არც თვითონ სარგებლობენ და არც გლეხს აძლევენ. მოსავლის აღებაში ყაირათიანობისკენ მოწოდებას თ. სიგუა „განკულაკების“ დროინდელ პრაქტიკას ადარებს, რაც აგრეთვე უხეში გაყალბებაა საქმის არსისა.
თ. სიგუა ატყუებს საზოგადოებას, თითქოს საქართველოს ხელისუფლება არ აპირებდეს პრივატიზაციას, ვითომ „არ იცის“, რომ პრივატიზაციას სჭირდება საკანონმდებლო საფუძველი, პრივატიზაციის კანონი კი ეს-ესაა მიიღო პარლამენტმა. მიწის გადაცემა გლეხობისათვის კი, აბა, როგორ განხორციელდება, როდესაც მიწის კანონი ჯერ არ გვაქვს, რასაც თან მრავალი სირთულე ახლავს. ასევე განცვიფრებას იწვევს თ. სიგუას თავდასხმა პრეფექტურის ინსტიტუტზე, რომლის მომხრედაც თავად გვევლინებოდა და არასოდეს გაუკრიტიკებია ეს ინსტიტუტი. საოცარია, რად შეიცვალა მისი დამოკიდებულება პრეფექტებთან ასე უეცრად, თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ? საოცარია, რა სწრაფად გადავიდა ე.წ. კონგრესის პოზიციაზე თ. სიგუა სკამის დაკარგვის შემდეგ?
სიყალბეა იმის განცხადებაც, თითქოს საქართველოს პრეზიდენტის სოციალიზმის ელემენტების შემოტანაზე უთქვამს რაიმე ოდესმე თ. სიგუას. როგორც ჩანს, არ გაუგია ტერმინი „კონვერგენცია“, რომელიც ახსენა პრეზიდენტმა, რაც ნიშნავს ორი სისტემისათვის დამახასიათებელი ელემენტების შერწყმას, რაც გარდამავალ პერიოდს ახასიათებს, ვინაიდან, სანამ ჩვენში შეიქმნება მსხვილი კაპიტალის კანონიერ მფლობელთა ფენა, სახელმწიფო ხელიდან ვერ გაუშვებს ვერც მსხვილ კაპიტალს და ვერც საბაზრო მექანიზმების მართვის ინიციატივას. ასეთია გარდამავალი პერიოდის ეკონომიკის სპეციფიკა, ამიტომ სახელმწიფო კონტროლის აუცილებლობაზე ლაპარაკობს დღევანდელი ლიტვაც. ნუთუ იგი სოციალიზმისკენ მიილტვის?
თუ რამდენად მართალია თ. სიგუა ი. მენაღრიშვილის საკითხში, ამას თვით ყოფილი მინისტრის განცხადებიდან შეიტყობთ უახლოეს ხანში, ამიტომ ამაზე სიტყვას აღარ გავაგრძელებთ.
აბსოლუტურად სიცრუეა იმის მტკიცება, თითქოს თათარისტანთან რაიმე პოლიტიკურ ხელშეკრულებაზე ან საქართველოს და თათარსტანის პრეზიდენტების შეხვედრაზე ყოფილიყოს ლაპარაკი. ამის შესახებ არავითარი დოკუმენტი არ არსებობს და ესეც ჩვენი მტრების მიერ გავრცელებული პროვოკაციული მონაჭორია.
თ. სიგუა პროვოკაციულად სდებს ბრალს პრეზიდენტს, თითქოს იგი გამოვიდა კოოპერატივების, ერთობლივი საწარმოების, ბირჟების წინააღმდეგ. საბედნიეროდ არსებობს ჩანაწერი სესიაზე პრეზიდენტის გამოსვლისა, სადაც პრეზიდენტმა შეუტია ისეთ კოოპერატივებს, რომლებიც არაფერს არ აწარმოებენ და წარმოადგენენ პარაზიტებს სახელმწიფო სასურსათო საწყობებისას, რის შედეგადაც იძარცვება ხალხი. დაცარიელდა მაღაზიები. ადამიანები ვეღარ ღებულობენ თავიანთ კუთვნილს. მწარმოებელ კოოპერატივებს კი ხელისუფლება ყოველთვის ეხმარებოდა. ზოგიერთი ერთობლივი საწარმო, მართლაც, არაფერს აძლევს რესპუბლიკას ზარალის გარდა. აი, თურმე, რა მოსწონთ თ. სიგუას და მსგავსთა მისთა: უნდა მივუშვათ თავის ნებაზე საეჭვო კოოპერატივები, კომერციული მაღაზიები, ერთობლივი საწარმოები, ვინაიდან ეს საუკეთესო გზაა მოსახლეობაში უკმაყოფილების დათესვისა, ხალხის ამხედრებისა პრეზიდენტის პოლიტიკის წინააღმდეგ.
პრეზიდენტმა არაერთგზის გააფრთხილა მთავრობა, აელაგმათ კომუნისტური მაფია, შეეწყვიტათ საქართველოს ძარცვა, უკონტროლოდ გადაზიდვა ნედლეულისა, ყოველგვარი პროდუქციისა, დაეწესებინათ ნუსხა გასატანი საქონლისა, შეემოწმებინათ ბარტერული გარიგებები, მაგრამ ამაოდ. არაერთგზის მოუწოდათ მიეღოთ მკაცრი ზომები ბიუჯეტის მზარდი დეფიციტის წინააღმდეგ, ეზრუნათ მოსახლეობის მომარაგებაზე ელემენტარული პროდუქტებით, მაგრამ, როგორც ზემოთ დავინახეთ, მათ სწორედ საპირისპირო მიზნები ჰქონდათ. კომუნისტური მაფია საბოტაჟს უწევდა პრეზიდენტს და საუკეთესო მოკავშირე სწორედ თ. სიგუაში ჰპოვა, თუმც, ნუ ვიჩქარებთ, ამ ალიანსის შესახებ დასკვნას მალე მოგვაწოდებენ საგამომძიებლო ორგანოები.
თ. სიგუა და ძმანი მისნი უკვე დიდი ხანია მიზნად ისახავდნენ პრეზიდენტის დისკრედიტაციას, ხალხში მისი ავტორიტეტის შელახვას, რათა საბოლოოდ მისი გადადგომის საკითხი დაეყენებინათ. ამგვარი მოთხოვნისათვის ერთგვარი ნიადაგის შემზადება იყო ა.წ. 16 აგვისტოს მთავრობის სხდომაც, სადაც თ. სიგუა შეეცადა ყაზბეგში მყოფი პრეზიდენტისათვის ძირის გამოთხრას, დააყენა საკითხი მისი ერთგული თანამდებობის პირების გადაყენებისა და სამხედრო ძალით მუქარაც კი დააყენა, ვინაიდან ჰქონდა ილუზია, რომ პრეზიდენტის მიერ შექმნილი გვარდია მის პუტჩს დაუჭერდა მხარს, რაშიც მწარედ მოტყუვდა. ახლა ათასგვარი დეზინფორმაციის გავრცელებით ცდილობს კვალის დაფარვას, რაც აგრეთვე ამაოა.
მეორე „სიმართლის მღაღადებელი“ ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი გ. ხოშტარია არ ჩამორჩება თ. სიგუას დემაგოგიასა და პროვოკაციებში. იგი იწყებს ურცხვი ტყუილით, თითქოს ჯ. ბუშის მოსკოვში ვიზიტის შემდეგ პრეზიდენტთან მოუვიდა კონფლიქტი იმის თაობაზე, რომ არ შემოჰქონდა რესპუბლიკაში ხორცი, კარაქი და სხვა. სინამდვილეში არავითარი მსგავსი კონფლიქტი მასთან არ ჰქონია და არც არასოდეს უთხოვია მისთვის პრეზიდენტს ასეთი რამ.
გ. ხოშტარიასთან საუბრისას პრეზიდენტმა მას განუცხადა, რომ იგი საკმაოდ ვერ ერკვეოდა საგარეო ეკონომიკასა და ბიზნესის საკითხებში, რაც აუცილებელია დღეს საქართველოს გასვლისათვის საერთაშორისო სარბიელზე. ამასთან, ისიც ანბანური ჭეშმარიტებაა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი სასურველია იყოს საერთაშორისო სამართლის მცოდნე იურისტი, თუმცა არსებობს კიდევ მრავალი სხვა მიზეზი გ. ხოშტარიას გადაყენებისა, რომელმაც თ. სიგუასთან დაამყარა ალიანსი და ფაქტობრივი დაუმორჩილებლობა გამოუცხადა პრეზიდენტს. მასთან შეუთანხმებლად დგამდა მნიშვნელოვან პოლიტიკურ ნაბიჯებს, არასოდეს არ წარმოუდგენია მისთვის ოფიციალური ანგარიში უცხოეთში ვიზიტის შესახებ, არ მოუმზადებია პრეზიდენტისათვის ვიზიტი არც ერთ ქვეყანაში და ნიადაგ თავისი და თავისი მეუღლის მოგზაურობაზე ზრუნავდა. მაგრამ მთავარზე უმთავრესია ის, რომ რასაც უნებლიეთ თავად აღიარებს გ. ხოშტარია: საქართველოს მტერთან, რენეგატ ე. შევარდნაძესთან ურთიერთობა პრეზიდენტის გარეშე მოსკოვში, მასთან შეხვედრა და ჩურჩული, შევარდნაძის, ბესმერტნიხის, გორბაჩოვის ემისართან, ზურაბ წერეთელთან ალიანსი, რამაც ბოლოს იგი მიიყვანა თ. სიგუას „ოპოზიციურ“ პუტჩისტურ ბანაკში. გ. ხოშტარია აღტაცებას ვერ მალავს ე. შევარდნაძით და „ავიწყდება“, რომ ეს კაცი მთავარ დაბრკოლებად ქცეულა დღეს საქართველოს საერთაშორისო დიპლომატიური ცნობის გზაზე და მთელ თავის ავტორიტეტსა და გავლენას ახმარს მშობლიური ქვეყნისა და მისი ხელისუფლების დისკრედიტაციას, რომელსაც იგი „მალაია როდინას“ უწოდებს.
ხოშტარია-შევარდნაძის გეგმის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტი უნდა ხლებოდა 9 აპრილის, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ხოცვა-ჟლეტის ინსპირატორ გორბაჩოვს, მიეცა მისთვის ერთგულების ფიცი და იმის გარანტია, რომ საქართველო არასოდეს შეუქმნიდა მას პრობლემებს საშინაო და საგარეო პოლიტიკაში. „სანამ გორბაჩოვს არ შეხვდები, ბუში არ მიგიღებს“. აი, რას უჩიჩინებდნენ პრეზიდენტს ხოშტარია და წერეთელი შევარდნაძის ინსპირაციით. იოლი წარმოსადგენია, თუ ვით შეილახებოდა საქართველოს პრეზიდენტის ავტორიტეტი, ამგვარი ნაბიჯი რომ გადაედგა.
ამგვარი ალიანსი გვაფიქრებინებს, რომ საქართველოს მთავრობაში პრეზიდენტის წინააღმდეგ შექმნილი ოპოზიციის ფესვები შორს, ჩრდილოეთისაკენ მიდის, იქით, საიდანაც შევარდნაძის და მსგავსთა მისთათვის „ამოდის მზე“. მაგრამ ამგვარმა უპრინციპო რენეგატებმა, ალბათ, დროა შეიგნონ, რომ ეს მზე მათთვისაც და იმპერიისთვისაც დიდი ხანია ჩაესვენა.
1991 წლის 31 აგვისტო
საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური
საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადება // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 3 სექტემბერი. - №171- 172 (192). - 1გვ.
![]() |
58 საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანება |
▲ზევით დაბრუნება |
ეროვნული გვარდიის ყოფილმა სარდალმა თ. კიტოვანმა შავნაბადას ტერიტორიაზე უკანონოდ შეკრიბა გვარდიის ნაწილები, რათა ისინი ჩაითრიოს ანტისახელმწიფოებრივ პუტჩში, აქედან გამომდინარე ვბრძანებ:
გვარდიის ჯარისკაცებმა და ოფიცრებმა დატოვონ შავნაბადა, დაუბრუნდნენ ქალაქის ყაზარმებს და დაელოდონ ჩემს ბრძანებას შემდგომი მოქმედებისათვის.
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია
თბილისი. 1991 წლის 9 სექტემბერი.
ბრძანება : გვარდიის ჯარისკაცებისა და ოფიცრების მიერ შავნაბადას დატოვების შესახებ / გამსახურდია ზ. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 10 სექტემბერი. - №175 (195). - 1 გვ.
![]() |
59 საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულება საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს შექმნის შესახებ |
▲ზევით დაბრუნება |
შეიქმნა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო.
დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს:
- საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული არმიის ჩამოყალიბება;
- საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა.
ეროვნული გვარდია დაექვემდებაროს უშუალოდ საქართველოს პრეზიდენტს.
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია
თბილისი. 1991 წლის 9 სექტემბერი.
ბრძანებულება : საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს შექმნის შესახებ / გამსახურდია ზ. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 10 სექტემბერი. - №175 (195). - 1 გვ.
![]() |
60 შეხვედრა უცხოელ ჟურნალისტებთან |
▲ზევით დაბრუნება |
10 სექტემბერს საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ მიიღო უცხოელ ჟურნალისტთა დიდი ჯგუფი და ესაუბრა მათ. პრესის საზღვარგარეთელ ჟურნალისტთა შორის იყვნენ გაზეთ „ვაშინგტონ-პოსტის“ კორესპონდენტი დევიდ რემნიკი, სი-ენ-ენის გადამღები ჯგუფი ჯილ დოგერტის მეთურობით, სი-ბი-ესის გადამღები ჯგუფი ევროპის ქვეყნებში მთავარი კორესპონდენტის თომას ფენტონის ხელმძღვნელობით, იაპონიის გაზეთ „იომიურის“ მოსკოველი კორესპონდენტი კომოტი აკირა და სხვები.
ძირითადი საკითხები, რომელიც აინტერესებდა მასობრივი ინფორმაციის საზღვარგარეთის საშუალებათა ყველა წარმომადგენელს, შეეხებოდა საქართველოს რესპუბლიკის დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებას, უწინარეს ყოვლისა, აქციებს, რომელსაც ოპოზიცია აწყობს.
- საბედნიეროდ, - განაცხადა ზვიად გამსახურდიამ, - ოპოზიცია მცირე ჯგუფია, და სრულიადაც არ წარმოადგენს მთელ ქართველ ხალხს. თავისი ნება ქართველმა ხალხმა გამოხატა ერთსულოვნად, როცა აირჩია კანონიერი ხელისუფლება, და ყოველდღიურად ამას გამოხატავს პარლამენტის შენობის წინ ამ დღეებში მიმდინარე მიტინგებზე.
კითხვაზე, აპირებს თუ არა პრეზიდენტი მიიღოს მკაცრი ზომები ოპოზიციის მიმართ, გამსახურდიამ, თავის მხრივ, საზღარგარეთელ კორესპონდენტს დაუსვა კითხვა: რას იზამდნენ მათი სახელმწიფოების მთავრობები იმის საპასუხოდ, თუ შეეცდებოდნენ უკანონოდ ხელთ ეგდოთ შენობები ქალაქის ცენტრში, გადაეკეტათ მოძრაობა, მოეხდინათ ვითარების დესტაბილიზაცია? მაგრამ მაინც, არ ვაპირებთ გავუმართოთ კამათი იმათ, რადგან ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ეს სულაც არ არის ნამდვილი პოლიტიკური ოპოზიცია. ეს არის პირთა ჯგუფი, რომელმაც მიზნად დაისახა, რადაც უნდა დაუჯდეს, სახელი გაუტეხოს საქართველოს კანონიერ ხელისუფლებას. ამ ადამიანებს, რომლებსაც არა აქვთ საკუთარი პოლიტიკური პლატფორმა, ხელთ აძლევთ შევარდნაძის, იგორ იაკოვლევის და მათ მსგავსთა „ჰომო სოვეტიკუსი“, რომლებიც ახდენენ მსოფლიო საზოგადოებრიობის დეზორიენტაციას საბოლოო დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი საქართველოს რეალურ მოვლენათა შეფასებაში.
კითხვაზე, დაიხურა თუ არა ოპოზიციური გამოცემები, პრეზიდენტმა უპასუხა, ამგვარი ფაქტები არ ყოფილა. გამოდის „დრონი“, „საქართველო“, „დედამიწა“ და სხვები. საქართველოს ტელევიზია ეკრანს უთმობს ოპოზიციონერებს. 19-21 აგვისტოს პუტჩისადმი თავისი დამოკიდებულების შესახებ პრეზიდენტმა თქვა, რომ მეორე დღესვე მან მოუწოდა საზღვარგარეთის ქვეყნების ხელმძღვანელებს მხარი დაუჭირონ რესპუბლიკათა კანონიერ მთავრობებს პუტჩისტთა მიერ ხელისუფლების არაკონსტიტუციურად ხელში ჩაგდების პირობებში.
შეეხო რა გვარდიას, პრეზიდენტმა მილიციის დაქვემდებარებაში მისი გადაცემა შეაფასა სტრატეგიულ ხერხად პუტჩის პირობებში და თქვა, რომ გვარდიის მეტი ნაწილი მხარს უჭერს საქართველოს კანონიერ მთავრობას, და მოტყუებულ ყმაწვილთა ის მცირე ნაწილი, რომელიც შავნაბადაზე იყო, თავის ყაზარმებს უბრუნდება.
დასასრულ ზვიად გამსახურდიამ კორესპონდენტებს განუცხადა, რომ იგი სთხოვდა ამერიკელ კონგრესმენებს, ახლა კი სთხოვს მათ - ნუ დარჩებიან გარეშე მეთვალყურეთა როლში, გამოგზავნონ თავიანთი წარმომადგენლები, ჟურნალისტები, რათა ზერელედ კი არა, ღრმად ჩასწვდნენ მიმდინარე მოვლენებს, მისცენ მათ პოლიტიკური შეფასება, მხარი დაუჭირონ ქართველ ხალხს სრული დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში.
საქინფორმი
შეხვედრა უცხოელ ჟურნალისტებთან // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 11 სექტემბერი. - №176 (196). - 1გვ.
![]() |
61 რუსეთის სფსრ პრეზიდენტს ბატონ ბ.ნ. ელცინს |
▲ზევით დაბრუნება |
პატივცემულო ბორის ნიკოლოზის ძევ!
ზოგიერთმა გარემოებამ მაიძულა თქვენთვის მომემართა წერილით. როგორც მოგეხსენებათ, 2 სექტემბრიდან - ინციდენტის - თბილისში რესპუბლიკური მილიციისა და დემონსტრანტების შეტაკების დღიდან, რომლის შედეგად ტყვიით დაიჭრა სამი კაცი, ცენტრალურმა ტელევიზიამ და საბჭოთა პრესამ პრაქტიკულად დემოკრატიული საქართველოს დისკრედიტაციის კამპანია გააჩაღეს. ყოველივე ეს ხდება იმის შესახებ ჩემი განცხადების მიუხედავად, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ გაუცია მომიტინგეთა გარეკვის ბრძანება და რომ გამოძიების დამთავრების შემდეგ დამნაშავენი, ვინც უნდა იყვნენ ისინი, პასუხისგებაში მიეცემიან. ახალი ამბების სატელევიზიო სამსახურის პროგრამა, მაგალითად, მოქმედებს, „ვრემიას“ პროგრამის საუკეთესო „ტრადიციებით“, ხან აჩვენებს საქართველოს მთავრობის მხარდამჭერი მიტინგის კადრებს, და ურთავს მას კომენტარებს, რომ ეს ოპოზიციის მიტინგია, ხან აცხადებს, რომ მოსალოდნელია ეროვნულ გვარდიელთა თავდასხმა, ხან იუწყება, რომ თავდასხმა უკვე მოხდა - „არიან 67 დაჭრილი და დახოცილები“ და ა.შ. იგივე ხერხებით მოქმედებს რუსეთის ტელევიზიაც, კერძოდ - პროგრამა „ვესტი“.
საქართველოს რესპუბლიკა ეროვნული სახელმწიფოა და გთხოვთ თქვენი კომპეტენციის ფარგლებისა და შესაძლებლობების კვალობაზე გავლენა მოახდინოთ ანტიქართულ ძალებზე, რომლებიც ცდილობენ განხეთქილება ჩამოაგდონ ჩვენს და დემოკრატიულ რუსეთს შორის. სხვათა შორის, რუსეთის დეპუტატთა ჯგუფმა ბრალად დამდო, თითქოს უკორექტოდ დამემოწმებინოს თქვენი ავტორიტეტი, რაც წინასწარ განზრახული სიცრუეა და ხელს უწყობს საქართველოს წინააღმდეგ იმავე საინფორმაციო ომს.
უფრო მეტიც, რუსეთის სფსრ უზენაესი საბჭოს ადამიანის უფლებათა და საერთაშორისო საქმეთა კომიტეტები და რესპუბლიკათშორისი ურთიერთობის ქვეკომიტეტი წინადადებას იძლევიან, რომ „ალბათ ურიგო არ იქნებოდა გაგვეაზრებინა საკითხი საქართველოში კონფლიქტის ყველა ზონაში, ესე იგი მეზობელი სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე საგანგებო წესების რეჟიმის შემოღების შესახებ“.
ბატონო პრეზიდენტო!
თქვენ იცნობთ ჩვენს პოზიციას, ჩვენ ერთმორწმუნე რუსეთთან ნამდვილად კეთილმეზობლური ურთიერთობის დამყარების მომხრენი ვართ. ხელშეკრულება ჩვენს ქვეყნებს შორის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობის საფუძვლების შესახებ არსებითად ხელმოსაწერად მზად არის, და მოხარული ვიქნებით მივიღოთ რუსეთის სფსრ საგარეო საქმეთა მინისტრი უახლოეს დღეებში.
ნება მიბოძეთ დაგარწმუნოთ, რომ დიდ პატივს გცემთ პირადად თქვენ და რუსეთის ხელმძღვანელობას, რასაც თქვენ მეთაურობთ.
საუკეთესო სურვილებით.
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია
რუსეთის სფსრ პრეზიდენტს ბატონ ბ. ნ. ელცინს / გამსახურდია ზ. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 14 სექტემბერი. - №179 (199).- 1გვ.
![]() |
62 გამოსვლა საღამოს სხდომაზე 15 სექტემბერს |
▲ზევით დაბრუნება |
ძვირფასო მეგობრებო, მე ამდენი ხანია ვისმენ შეფასებას იმ სავალალო მოვლენისას, რომელიც მოხდა 2 სექტემბერს და გაოცებული ვარ ერთი გარემოებით. არავის არ გახსენებია, არ გამოუთქვამს მოსაზრება, თუ ვის წინააღმდეგ იყო ეს ყოველივე მიმართული და ვინ დაზარალდა ყველაზე მეტად ამ სავალალო ინციდენტის შედეგად. ამით ყველაზე მეტად დაზარალდა რესპუბლიკის პრეზიდენტი. და მე მგონი, არც თუ ისე ძნელი მისახვედრია, რომ ეს იყო მიმართული პირველ რიგში პრეზიდენტის წინააღმდეგ და ჩვენი ხელისუფლების წინააღმდეგ. რასაკვირველია, მთლიანად პარლამენტისაც, ვინაიდან ჩვენ განუყოფელი ნაწილი ვართ. აი, ამის იგნორირება იწვევს შემდეგ ათასგვარი ვერსიების გავრცელებას და ელემენტარული ჭეშმარიტებების დავიწყებას. აი, წარმოიდგინეთ, მეგობრებო, დღე, როდესაც ამერიკის კონგრესის დელეგაცია ჩამოდის თბილისში, დრო, როდესაც მე მას ვხვდები და მასთან მაქვს საუბარი, ამ დროს გაისმის სროლა რუსთაველის პროსპექტზე. რა ჰქონდა მიზნად დასახული ყოველივე ამის ჩამდენს და მომწყობს, გეკითხებით მე! მე მგონი დღესავით ნათელია, მეგობრებო, მზადდებოდა ცნობა ჩვენი ქვეყნისა მრავალი უცხო ქვეყნების მიერ, დელეგაციის ჩამოსვლა მისადაგებული იყო სწორედ ამასთან და აი, ეს უნდა ჩაშლილიყო. ნუთუ ამის მიხვედრა ასე ძნელია, მეგობრებო? და მიაღწიეს კიდეც. ნუთუ ვერ ხედავთ, რომ ერთადერთი მიზანი ყველაფერი ამისა იყო ეს. მე იმას არ ვამბობ, რომ ეს მხოლოდ მომიტინგეებიდან მოდიოდა და მხოლოდ იმ პროვოკატორებიდან, რომელთაც იქ მოაწყვეს ექსცესები. არა, მეგობრებო, მე მწარე სიმართლე უნდა ვთქვა. მილიციაში არის ჩვენდამი მტრულად განწყობილი ძალები შემოპარული. ეს აშკარაა. ამაში მე მინისტრიც მეთანხმება, სამწუხაროდ. რა დასამალია, ეს არის მეგობრებო, ჩვენი ხელისუფლების არსებობის მთელი ტრაგედია, რომ ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში და დაგვხვდა წინა ხელისუფლების აპარატიდან იგივე მილიცია და ყველაფერი. აი, ეს არის, მეგობრებო. მართალია, მილიციამ უდიდესი ევოლუცია განიცადა, განსაკუთრებით 9 აპრილის შემდეგ. ჩვენი არჩევნების შემდეგ დიდი ნაწილი ჩვენს მხარეს არის, არ არის ეს დასამალი, მაგრამ განა ვინმესთვის დამალულია, რომ იქ მტრული ძალები მოქმედებენ? თუნდაც იმპერიული ცენტრის მიერ კარგად წარმართული მტრული ძალები? ეს ხომ ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, მეგობრებო, ვინც იცის რა მდგომარეობაა იქ. აი, ამის დავიწყება იწვევს უკვე არასწორ შეფასებას მოვლენისას და გადაბრალებას ყოველივე ამისას ხელისუფლებაზე. ე.ი. ნუთუ ხელისუფლებამ თავის თავს ესროლა ტყვია? ეს ხომ ჩვენს მიმართ იყო ნასროლი ტყვია, მეგობრებო, ჩვენი პრესტიჟის ასაფეთქებლად. ამის მიხვედრა განა ძნელია? მე მაგალითად, იმ დღეს, იმავე დღეს ძალიან ტენდენციური ინფორმაცია მომაწოდეს ყოველივე მომხდარზე და მართალი გითხრათ, იმ საღამოს გამოვედი ტელევიზიით და მე თვითონ არ მომწონს ის გამოსვლა იმიტომ, რომ არ მქონდა სრული ინფორმაცია. ვერ მივეცი ამას ჯეროვანი შეფასება მაშინ, მაგრამ ახლა ვხედავ, მეგობრებო, რაც მოხდა ამ ანალიზის შემდეგ. მაქვს კიდევ ფაქტები, რომელსაც აქ ჯერ ვერ გამოვამზეურებ, თავის დროზე ეს გამომზეურდება და გაირკვევა, რომ ეს იყო შეგნებულად მოწყობილი პროვოკაცია ჩემს წინააღმდეგ ორივე მხრიდან, როგორც მილიციის მხრიდან, ასევე მომიტინგეების მხრიდან, რომლებიც ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ერთი ცენტრიდან იმართებოდნენ და ერთი ავტორი ჰყავს ყოველივე ამას. აი, ასეთი არის ჩემი შეფასება მეგობრებო და რა შედეგებს მიაღწიეს, კარგად ხედავთ. ის ვაჟბატონები, ეს, ე.წ. ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც ტელევიზიით გამოდიან და პროვოკაციულ ქადაგებას ეწევიან, არიქა, ხელისუფლებამ ესროლა ხალხს, არიქა, ხელისუფლებამ ეს ჩაიდინაო, აი, სწორედ იმათ წისქვილზე ასხამენ წყალს, ვინც ეს ყოველივე მოაწყო. აი, ასეთი გახლავთ სიმართლე, მეგობრებო. მე საგანგებოდ გამოვიძიებ, ჩვენ არ უნდა გადავაჭარბოთ, ხალხისთვის არ უსროლიათ, ეს მართალია. ხალხისთვის ნამდვილად არ უსროლიათ, მაგრამ ჰაერში რომ ისროლეს, ესეც დანაშაულია. ამიტომ მე ვითხოვ კატეგორიულად მათ დასჯას, მეგობრებო. იმიტომ, რომ სროლა მიტინგის დროს, თუნდაც ჰაერში, ეს არის უკვე დანაშაული და ეს არის უკვე საწინდარი სისხლის დაღვრისა, იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით, რომ ქალაქი ისეთი რამეა, შენობები... არსებობს რეკოშეტით მოხვედრილი ტყვია და სხვათა შორის, ყველა, ვინც არის ტყვიით დაჭრილი, რეკოშეტით არის დაჭრილი. მე მგონი, ამაში ბ-ნი ვახტანგი დამეთანხმება. უკვე ჩანს ეს გამოძიებიდან, უკვე ჩანს იმ პირების ჩვენებიდან, ვინც დაიჭრა ამ დროს. არც ერთი მათგანი არ ამბობს, რომ ვინმემ ნახა ხალხის მიმართულებით ნასროლი ტყვია. მოდით აი, ეს დავიმახსოვროთ კარგად, მაგრამ ჰაერშიც სროლა რასაკვირველია, უდიდესი დანაშაული იყო და აი, ჩვენ უნდა მივიღოთ ყველა ზომები, რომ დამნაშავენი დაისაჯონ. ეს არის ჩვენი მოვალეობა. მაგრამ ამავე დროს მოდით, კარგად შევაფასოთ ეს მოვლენები და გამოვავლინოთ ის ძალები, რომლებიც ჩვენ ამას გვიწყობენ ჩვენივე მილიციის შიგნიდან. აი, ეს არის მეგობრებო, ჩემი თვალსაზრისი. და რაც შეეხება იმას, რომ საქართველოს იმიჯი ძალიან გაფუჭდა და ამაში ყველაფერში პრეზიდენტია დამნაშავე, ავიწყდებათ რამხელა დეზინფორმაციის მანქანა ებრძვის პრეზიდენტს და ებრძვის საქართველოს. აი, ეს ვაჟბატონები, ამას ვითომდა ივიწყებენ. კი არ ივიწყებენ, შეგნებულად ივიწყებენ. აი, ეს გაიხსენონ და სწორედ იმ მანქანამ, დეზინფორმაციის იმ მანქანამ შესანიშნავად გამოიყენა თვით იმ ცენტრის მიერვე მოწყობილი ეს პროვოკაცია, მეგობრებო, მაგრამ არც ისეა საქმე, დასავლეთის პრესაში და დასავლეთის საზოგადოებაში ამას არაერთგვაროვანი შეფასება აქვს და მათგან საღი შეფასებაც არის ამ მოვლენებისა და სწორედ ისიც არის ნათქვამი, რომ ეს შესაძლოა ყოფილიყო პროვოკაცია პრეზიდენტის წინააღმდეგ. აი, მეგობრებო, თუ ეს კომისია შეიქმნება და, რასაკვირველია, შეიქმნება, მისი მთავარი მიზანი უნდა იყოს გამოიკვლიოს, რა მექანიზმით მოხდა ამ ინციდენტის პროვოცირება ჩემს წინააღმდეგ. აი, ასეთი საშინელი ნაბიჯის გადადგმა, რასაკვირველია, უნდა შევიყვანოთ კომპეტენტური ხალხი, მაგრამ წყლის ამღვრევი ხალხიც არ უნდა იყოს, მეგობრებო, იცით? აქ ბევრი აამღვრევს წყალს. ხომ ხედავთ, მთავარი ტენდენციაა ის, რომ ეს გამოიყენონ ჩვენს წინააღმდეგ და მე არ მინდა, რომ ჩვენი ე.წ. ოპოზიცია, მეგობრებო, აღმოჩნდეს ბრმა იარაღი მტრის ხელში, რომელიც ესოდენ გააქტიურდა ბოლო ხანებში. მეგობრებო, დღევანდელი სიტუაცია საქართველოში ძალიან მაგონებს 1918-21 წლების სიტუაციას, ძალიან მაგონებს. მაშინაც მოსკოვს გადახვეწილი მოღალატე ქართველები მართვდნენ ყველაფერს. ისინი ქმნიდნენ აქ თავიანთ დასაყრდენ ჯგუფებს ვითომდაც ამბოხების, ვითომდაც რევოლუციის, ვითომდაც აჯანყების მიზნით. აწყობდნენ აქ ანალოგიურ პროვოკაციებს, ყოველივე ამით შეუქმნეს ბაზისი ჯარის შემოყვანას და საქართველოს ანექსიას. აი, ამ მეორე ანექსიას ამზადებენ მეგობრებო, მოსკოვში გადახვეწილი ჩვენი მოღალატე თანამემამულენი და ამაზე გავახილოთ თვალი. ამაზე გავახილოთ თვალი და ამ ოპოზიციას ავუხილოთ თვალი, ნუ გადაიქცევა მათ სათამაშო თოჯინად და მათ მარიონეტად. აი, ეს მინდოდა მეთვა, მეგობრებო.
დემოკრატიის წინააღმდეგ არავინ არ არის, მაგრამ ვინც არ ეთანხმება იმ აზრს, რომ დემოკრატია არის სწორედ კანონების უზენაესობა, ხალხის მიერ აპრობირებული კანონების უზენაესობა და ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების უზენაესობა, ის უკვე დემოკრატიას ურევს ანარქიაში. და დემოკრატია მეგობრებო, ცენტრალურ პროსპექტზე ნაგვის დაყრით არ გამოიხატება. არ გამოიხატება არც ხულიგნობით, არც მტვრევით, არც ლანძღვა-გინებით, მეგობრებო. დემოკრატია არის ის, რასაც ჩვენ ვაშენებთ და ავაშენებთ აუცილებლად დიდი წარმატებით. გმადლობთ.
გამოსვლა საღამოს სხდომაზე 15 სექტემბერს / გამსახურდია ზ. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 17 სექტემბერი. - №180 (200). - 1გვ.
![]() |
63 საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბატონ ზვიად გამსახურდიას სიტყვა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს სესიაზე (15 სექტემბერი) |
▲ზევით დაბრუნება |
ჩვენ გაღიარებთ როგორც საპარლამენტო ოპოზიციას, სხვა ოპოზიციას ჩვენ არ ვცნობთ და იგი არც არსებობს. მე მგონია, დამეთანხმებით და ალბათ დემოკრატიის არსი ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ, მდგომარეობს იმაში, რომ უნდა არსებობდეს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების უზენაესობა და ამავე დროს იმ კანონების უზენაესობა, რომელსაც ხელისუფლება შეიმუშავებს ხალხისავე აპრობირებით. სხვაგვარი გაგება დემოკრატიისა, მე მგონი, არ არსებობს. ჩვენ გვაქვს დღეს უზენაესი ხელისუფლების სტატუსი, თუმცა შეიძლება ვინმეს არ მოსწონს ეს ხელისუფლება. ასეა, თუ ისე, ანგარიში უნდა გაეწიოს იმას, რაც მოდის ამ ხელისუფლებისაგან, და იმ კანონთა უზენაესობას, რომელსაც იგი ადასტურებს. კი, ბატონო, ეს კანონები ხშირად იბადება მხარეთა ჭიდილში და ოპოზიციის, ასე ვთქვათ, ოპოზიციის კონსტრუქციულ წინადადებებში. მაგრამ როდესაც იმარჯვებს ხმის უმრავლესობის პრინციპი, განა ეს პარლამენტური გადაწყვეტა არ არის? რატომ უნდა გამოვუცხადოთ ამას პროტესტი შიმშილობით ან სხვა დესტრუქციული მოქმედებით? აი, ეს ვერ გამიგია. ნუთუ არის ამაში რაიმე დიქტატორული? აი, დღევანდელი გადაწყვეტილებები. პრეზიდენტმა მოახვია ეს პარლამენტს ან თვით პარლამენტში იყო რაიმე შეთქმულება? მე მგონი, არ იყო ასე, მეგობრებო. ამიტომ მე ახლა გთხოვთ ვიპოვოთ ერთმანეთთან საერთო ენა. მე ბევრ თქვენგანთან მაკავშირებს წლების მეგობრობა და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ახლა დაპირისპირებული მხარეები ვართ, რაც, სხვათა შორის, ძალიან მწყინს და მტანჯავს, გავიხსენოთ ის ყოველივე კეთილი, რაც ყოფილა ჩვენს შორის და რამაც გვაბრძოლა ამდენ ხანს საქართველოს კეთილდღეობისათვის. გავიხსენოთ უმძიმესი წუთები, რომლებიც ერთად გაგვიტარებია. მხარდამხარ ვყოფილვართ ჩვენ ეროვნული მოძრაობის პერიოდში. მოდით ახლა ვიპოვოთ საერთო ენა, მოგიწოდებთ არა იმიტომ, რომ ვთქვათ, მე მემუქრება რაიმე საფრთხე და ჩემს პოსტს, ან თანამდებობას. მე მგონი დამეთანხმებით, საქართველოა საფრთხის წინაშე, უდიდესი საფრთხის წინაშე. მერწმუნეთ, რომ ის პოლიტიკური პრობლემები, რომლებიც ჩვენი გადასაწყვეტია, ჩვენი და ოპოზიციისა ერთად, თუ ისინი არ მოგვარდა უახლოეს ხანებში, შეიძლება უახლოეს საათებში ამას მოჰყვეს კატასტროფული შედეგები და რაც ყველაზე მთავარია, მესამე ძალა უკვე აცხადებს პრეტენზიას ამ პრობლემების მოგვარებაში პრიორიტეტისას. მესამე ძალა უკვე გამოდის ურცხვად, დიახ, განცხადებით, რომ ის მოაგვარებს ამ პრობლემებს. ხომ მეთანხმებით ამაში? მე მგონი, გუშინდელი გამოსვლა ბატონი ნოდარისა და აქაც მისი განცხადება ამის დასტურია. მესამე ძალა ემზადება ჩვენს მაგიერ და თქვენს მაგიერ მოაგვაროს საქართველოს პრობლემები და თუ როგორ იცის მან ამ პრობლემების მოგვარება, შესანიშნავად მოეხსენება ყველას. ამიტომ, მეგობრებო, აი, ამ ახალგაზრდობის უპასუხისმგებლო საქციელი დავგმოთ ახლა ჩვენ, მათ მოვუხმოთ უკან, პარლამენტში, გავაკეთოთ კოლექტიური განცხადება. აისახოს თუნდაც ის უთანხმოება, რომელიც ჩვენსა და ოპოზიციას შორის არსებობს, დავსხდეთ ერთად და განვაგრძოთ ამ პრობლემებზე ფიქრი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბატონებო, მე, როგორც პრეზიდენტი, ვიხსნი სრულ პასუხისმგებლობას ყოველივე იმისაგან, რაც მოსალოდნელია და ალბათ პარლამენტის დიდი ნაწილიც მოიხსნის პასუხისმგებლობას. პასუხისმგებლობა დაგეკისრებათ თქვენ. მაპატიეთ, ასეთი კატეგორიული განცხადებისათვის, მაგრამ მე მგონი მდგომარეობის სერიოზულობა მაიძულებს, რომ ეს ვთქვა. მე გთხოვთ, რომ შეიკავოთ თავი პარლამენტის დატოვებისაგან და კონსტიტუციური გზით გადავწყვიტოთ ის, რაც გვაქვს სათქმელი, ყველაფრის ჩათვლით.
მოგიწოდებთ დიალოგისაკენ ყველა პრობლემაზე.
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბატონ ზვიად გამსახურდიას სიტყვა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს სესიაზე (15 სექტემბერი) // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 17 სექტემბერი. - №180 (200). - 1გვ.
![]() |
64 საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულება |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტთან
ეროვნული უშიშროების საბჭოს
შექმნის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის, მისი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის უზრუნველყოფის, შეიარაღებული ძალებისადმი ხელმძღვანელობის გაწევის, ეთნოკონფლიქტების მოგვარების, ეროვნული უშიშროების თვალსაზრისით კანონიერებისა და მართლწესრიგის დაცვის, სტიქიური მოვლენების შედეგად წარმოქმნილი ექსტრემალური სიტუაციების და სხვა საკითხების ოპერატიულად გადაწყვეტის მიზნით:
1. შეიქმნას საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტთან ეროვნული უშიშროების საბჭო.
2. დამტკიცდეს ეროვნული უშიშროების საბჭოს შემდეგი შემადგენლობა:
საბჭოს თავმჯდომარე:
ზ. გამსახურდია - საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი,
საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეები:
ა. ასათიანი - საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე,
ბ. გუგუშვილი - საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი, საბჭოს წევრები:
ზ. ბოკუჩავა - საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის კონსულტანტი - საბჭოს პასუხისმგებელი მდივანი,
ნ. გიორგაძე - საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე,
ჯ. გოლეთიანი - საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატი,
თ. ვაშაძე - საქართველოს რესპუბლიკის არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა მინისტრის მოადგილე;
ნ. მოლოდინაშვილი - საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის აპარატის ადგილობრივი მმართველობის ბიუროს უფროსის დროებითი მოვალეობის შემსრულებელი, უზენაესი საბჭოს დეპუტატი,
თ. ნინუა - საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი,
მ. ომანიძე - საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის პირველი მოადგილე, საგარეო საქმეთა მინისტრი,
ვ. რაზმაძე - საქართველოს რესპუბლიკის გენერალური პროკურორი,
ფ. ტყებუჩავა - საქართველოს რესპუბლიკის კავშირგაბმულობის მინისტრი,
კ. ფირცხალავა - საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატი,
ჯ. ფირცხალაიშვილი - საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი,
ვ. ქობალია - საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის მთავარი სამმართველოს უფროსი,
ბ. ქუთათელაძე - საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილე,
დ. ხაბულიანი - საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი,
ჯ. ხეცურიანი - საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი.
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია
თბილისი. 1991 წლის 21 სექტემბერი
ბრძანებულება: საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტთან ეროვნული უშიშროების საბჭოს შექმნის შესახებ / ზვიად გამსახურდია // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 24 სექტემბერი. - №185 (205). - 1გვ.
![]() |
65 საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულება |
▲ზევით დაბრუნება |
ქალაქ თბილისში 1991 წლის 25 სექტემბრიდან
საგანგებო წესების გამოცხადების შესახებ
იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში მიმდინარეობს სამხედრო და სამოქალაქო პუტჩი, შექმნილია ხუნტა, რომელსაც აქვს ძალა, ქალაქ თბილისში გააქტიურდნენ დესტრუქციული ძალები, რაც გამოიხატა უსანქციო მიტინგების მოწყობასა და კანონიერი ხელისუფლების ძალადობრივი დამხობისათვის მოწოდებებში, უკანონო შეიარაღებული ფორმირებების მიერ მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა ბლოკირებასა და სახელმწიფო დაწესებულებების შენობების დაკავებაში, საბრძოლო იარაღის ჩაგდების მიზნით შინაგან საქმეთა ორგანოებზე თავდასხმასა და სატრანსპორტო საშუალებების გატაცებაში, სავაჭრო და საზკვების ობიექტების ძარცვაში, მოქალაქეთა და მათი ავტომანქანების თვითნებურ დაკავებაში, ჩხრეკასა და ნივთების დათვალიერებაში.
1. გამოცხადდეს ქალაქ თბილისში საგანგებო წესები ამა წლის 25 სექტემბრიდან
2. დაინიშნოს ქ. თბილისის სამხედრო კომენდანტად პოლკოვნიკი ჯემალ ალექსანდრეს ძე ქუთათელაძე.
3. გამოცხადდეს საერთო მობილიზაცია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
4. დაევალოს ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს შექმნან სამობილიზაციო პუნქტები, ჩამოაყალიბონ სახალხო რაზმები.
5. დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს, გამოიყენოს კანონით მინიჭებული უფლებები ქალაქ თბილისში სახელმწიფო და საზოგადოებრივი წესრიგის დამყარებისა და მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია
1991 წლის 24 სექტემბერი
ბრძანებულება : ქალაქ თბილისში 1991 წლის 25 სექტემბრიდან საგანგებო წესების გამოცხადების შესახებ / გამსახურდია ზ. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 25 სექტემბერი. - №186 (206). - 1გვ.
![]() |
66 „გაუმარჯოს მშვიდობას, გაუმარჯოს კაცთმოყვარეობას, გაუმარჯოს შერიგებას!...“ |
▲ზევით დაბრუნება |
პრესკონფერენცია ჟურნალისტებისთვის
საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოში შეიკრიბნენ პრაქტიკულად პლანეტის ყველა დიდი საინფორმაციო სააგენტოს თუ ცნობილ პერიოდულ გამოცემათა წარმომადგენლები, რომლებიც აკრედიტებული არიან თბილისში. მათთან ერთად იყვნენ ქართველი და მოსკოველი ჟურნალისტები. 24 სექტემბერს მათ შეხვდა და პრესკონფერენცია გამართა საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტმა ბატონმა ზვიად გამსახურდიამ.
მოკლედ დაახასიათა რა საქართველოში შექმნილი პოლიტიკური ვითარება, მან, კერძოდ, თქვა, რომ თბილისში მიმდინარეობს ტიპიური სამხედრო პუტჩი პრეზიდენტისა და მთავრობის წინააღმდეგ. შექმნილია ხუნტა, რომელთანაც გაერთიანდნენ, ყოფილი პრემიერ-მინისტრი თენგიზ სიგუა, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი ხოშტარია, გვარდიის ყოფილი ხელმძღვანელი თენგიზ კიტოვანი. ისინი სჩადიან მრავალ უკანონობას, აიღეს ტელევიზიის შენობა, აკეთებენ ზუსტად იმას, რასაც ლიტვაში საბჭოთა ჯარი აკეთებდა. გეგმავენ სატელევიზიო ანძის, კავშირგაბმულობის და სხვა შენობების, მთავრობის სახლის, სხვა ნაგებობათა აღებას. მათ აქვთ მძლავრი მხარდაჭერა მოსკოვიდან. სიგუა ოთხ დღეს იყო მოსკოვში, სადაც მიიღო სათანადო ინსტრუქციები. მოსკოვის ტელევიზია და პრესა მათ უჭერენ მხარს. საკმარისია ითქვას, რომ მიტინგებს, რომლებიც საქართველოს უზენაესი საბჭოს შენობის წინ იმართება კანონიერი მთავრობისა და პრეზიდენტის დასაცავად, ისინი გადასცემენ, როგორც ოპოზიციის მიტინგებს. სამწუხაროდ, უცხოელ ჟურნალისტთა მასალებში ჩვენს ოპონენტებს ოპოზიციას უწოდებენ. სინამდვილეში ისინი, ოპოზიცია კი არა, ანტიკონსტიტუციური პუტჩისტები არიან. პუტჩისტებს და ე.წ. ქუჩის ოპოზიციას დაუკავშირდა პარლამენტის წევრთა მცირე ნაწილი.
დაახასიათა რა ეგრეთწოდებული ოპოზიცია, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საბედნიეროდ, ეს არის თბილისის მოსახლეობის უმცირესი ნაწილი, თანამდებობადაკარგული პირები, მათი ოჯახის წევრები, მოტყუებული ახალგაზრდები, კრიმინალური შეიარაღებული გაერთიანების - „მხედრიონის“ წევრები. მათ მოსკოვი აიარაღებს. დალუქული ვაგონებით მოსდით იარაღი საბჭოეთის დედაქალაქიდან. ეს ხომ ნაცნობი ხელწერაა - ჯერ ყველა ხერხის გამოყენება სისხლისღვრის პროვოცირებისათვის. შემდეგ კი ჯარის შემოყვანა! ამაში პირდაპირ ურევია ედუარდ შევარდნაძის ხელი და პუტჩისტები მისი ინსტრუქციებით მოქმედებენ. რაც შეეხება საქართველოში პოლიტიკურ ძალთა თანაფარდობას, განაგრძო პრეზიდენტმა, იგი ასეთია - არსებობს მრავალი მცირერიცხოვანი პარტია, მაგრამ ისინი არ არიან ხალხში პოპულარული და მათ მხარს არ უჭერენ. ხალხშიც და პარლამენტშიც უმრავლესობა „მრგვალ მაგიდას“ აქვს.
კითხვაზე, მართალია თუ არა ცნობა, რომ თბილისში ცხადდება საგანგებო წესები, პრეზიდენტმა ბრძანა, რომ ეს სწორია. კერძოდ, 25 სექტემბრიდან მართლაც იქნება შემოღებული საგანგებო წესები. მაგრამ ეს არ იქნება ჩვენში მწარედ მოსაგონი საბჭოური კომენდანტის საათი. ეს იქნება გაძლიერებული კონტროლი იმათ მიმართ, ვინც კანონს არღვევს და დანაშაულს სჩადის. ძირითადად ეს შეიარაღებულ უკანონო ფორმირებებს შეეხება.
რა ფორმით მოხდება ყოველივე ეს. ამაზე მუშაობს საგანგებო წესების შტაბი. ყოველ შემთხვევაში, მშვიდობიან დემონსტრაციათა მონაწილეებს ეს არ შეეხება.
ჩვენ არაერთგზის მივმართეთ ამ უკანონო შეიარაღებულ ფორმირებათა ხელმძღვანელობას, ვაძლევთ გარანტიას, რომ ხელშეუხებელი იქნებიან, მივმართეთ უცხოელ სახელმწიფოთა ხელმძღვანელებსაც და განვაცხადეთ, რომ თუ ღმერთმა დაგვიფაროს, ძმათა სისხლი დაიღვრება, ამისათვის პასუხისმგებლობა მთლიანად ამ ფორმირებების ხელმძღვანელებმა უნდა იკისრონ.
უცხოელ ჟურნალისტებს აინტერესებდათ, დაიხურა თუ არა საქართველოში ოპოზიციური გაზეთები, რატომ არ მიმდინარეობს ცენტრალური ტელევიზიის გადაცემები, რა პოზიციას ადგანან რუსეთის პარლამენტის წევრები და კერძოდ, ბატონი ბორის ელცინი; მართალია თუ არა, რომ ბატონმა პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ოპოზიციის მეთაურთა დაპატიმრების ორდერებს.
მათ ამომწურავი პასუხი მიიღეს ყველა კითხვაზე. კერძოდ, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პრესა ჩვენში ისევე თავისუფალია, როგორც ყველა ცივილიზებულ და დემოკრატიულ ქვეყანაში. არ დახურულა არც ერთი გაზეთი. თავისუფალია თავის მოქმედებაში რადიო-ტელევიზია, მაგრამ ჩვენ კანონიერად მოვითხოვთ მათგან დაიცვან პარტიების შესახებ არსებული და სხვა კანონები. ცენტრალური ტელევიზიის გადაცემების მიღება შეუძლებელი გახდა, რადგან ტელევიზია ბლოკირებულია. მარტო ანძა კი არ კმარა იმისათვის, რომ მოსკოვის პროგრამები მივიღოთ. ამ ეტაპზე ჩვენთვის გაურკვეველია ბორის ელცინის და რუსეთის მთელ რიგ დეპუტატთა პოზიცია. დაპატიმრების ორდერების თაობაზე პრეზიდენტმა უპასუხა: ეს ჩემი საქმე არ არის, ეს პროკურატურის კომპეტენციააო.
გაისმა ასეთი კითხვაც: რა მოელით უზენაესი საბჭოს იმ დეპუტატებს, რომლებიც პუტჩისტებს დაუკავშირდნენ? - არაფერი, მაგრამ თუ ისინი საბოლოოდ დატოვებენ პარლამენტს, შესაძლოა მოგვიხდეს პარლამენტის დათხოვნა, ახალი არჩევნების გამართვა და, როგორც ამის უცილობელი შედეგი - პრეზიდენტის მმართველობის შემოღება.
კითხვაზე, თუ რა აზრისაა ამის თაობაზე უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ბატონი აკაკი ასათიანი, პრეზიდენტმა უპასუხა: ასათიანს თავისი განსხვავებული აზრი აქვს და იგი არ ემთხვევა ჩემს შეხედულებებს და ამ პრობლემაზე ასათიანს მიაჩნია, რომ დეპუტატები, ალბათ, გამოფხიზლდებიან, გაერკვევიან სიმართლეში და აღარ დაუჭერენ მხარს პუტჩისტებს. მე კი პირადად ეს ძალიან მეეჭვება.
- რამდენი საათი გძინავთ ღამეში? თითქმის ერთად ჰკითხეს პრეზიდენტს უცხოელებმა და ქართველმა ჟურნალისტებმა...
- ძალიან ცოტა, - უპასუხა მან. - ამას ჯერ კიდევ მაშინ მივეჩვიე, როდესაც დისიდენტად ვითვლებოდი. ასე ვარ ახლაც.
დასასრულ, ბატონმა ზვიად გამსახურდიამ განაცხადა, რომ იგი და რესპუბლიკის მთავრობა ეძიებენ დიალოგის, ურთიერთგაგების გზას და ქართველი ერის საკეთილდღეოდ, არა ძალადობით, სროლით, ძმათა შეხლა- შემოხლით, არამედ საზოგადოებრივი აზრის მობილიზაციით უნდა მოგვარდეს და მოგვარდება კიდეც ეს პოლიტიკური კრიზისი, რომელშიც მესამე ძალის ხელი ურევია.
„გაუმარჯოს მშვიდობას, გაუმარჯოს კაცთმოყვარეობას, გაუმარჯოს შერიგებას!...“ : პრესკონფერენცია ჟურნალისტებისთვის / გამსახურდია ზ.; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 26 სექტემბერი. - №187 (207). - 1გვ.
![]() |
67 საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბატონ ზვიად გამსახურდიას გამოსვლა მთავრობის სახლთან 25 სექტემბერს |
▲ზევით დაბრუნება |
ძვირფასო მეგობრებო!
უმძიმესი დღეა დღეს. ჩვენი ერის სამარცხვინო შვილებმა შავი დილა გაგვითენეს, მეგობრებო, შავი დილა. არ მოგვსწრებოდა ეს დილა, ჯობდა, მეგობრებო. ქართველმა ქართველზე აღმართა ხელი, ქართველმა ქართველის სისხლი დაღვარა - აი, ამას მოვესწარით მეგობრებო. მოდით, წუთიერი დუმილით პატივი ვცეთ დაღუპულების ხსოვნას.
ძვირფასო მეგობრებო, ყველა ხედავს, ყველა ხედავს, ვისგან მოდის ეს ყოველივე, ვის სურს ქართველის სისხლის დაღვრა ისევ ქართველის ხელით. იმათ სურთ, მეგობრებო, ვინც დაინახა, რომ უცხო ჯარით, უცხო ტომით ვერ დაამარცხებ ქართველ ერს. ქართველი ქართველით უნდა დაამარცხო, ქართველით, როგორც ოდითგან და ისტორიულად ხდებოდა, ისე დღეს სურთ ჩვენი დამარცხება ისევ ქართველით. აი, ეს არ უნდა დავუშვათ, მეგობრებო, ეს არ უნდა დავუშვათ. მთელი ერი უნდა დავრაზმოთ, ეს არ უნდა დავუშვათ არავითარ შემთხვევაში, მეგობრებო. ის ხალხი, ვინც დაბანაკდა იქ, არც თუ ისე შორს აქედან, გამოდის თბილისის დროშით, მეგობრებო, ქალაქის დროშით. როგორ, ჩვენ ქალაქელები არა ვართ? იქნებ ჩვენც რაიონებიდან ჩამოვედით და ვართმევთ მათ სამკვიდრებელს? ვის აძლევს ხელს დაჰყოს საქართველო რაიონებად და თბილისად? ვის აძლევს ხელს, თვით ჩვენი დედ- მამა რაიონებიდან არ არიან მოსული, მეგობრებო? ვინ არიან მათი დედ-მამა, საიდან მობრძანდნენ? შეიძლება ასე დაბრმავება? მე მინდა პირველ რიგში თბილისელებს მივმართო. ძვირფასო თბილისელებო, მარტო აქ მდგომნი კი არა, იქ მდგომნიც, თქვენც ჩემები ხართ, თქვენზეც ცრემლს ვღვრი მე, რომ ასე დაგიბნელდათ გონება, რომ მოძმის სისხლი დაღვარეთ დღეს, დიახ, თქვენ ხართ, თქვენ ხართ ჩვენი საზრუნავი. თქვენ გვებრალებით ყველაზე მეტად, გზააბნეულებო! როგორ, ნუთუ ის მიზნები, რასაც თქვენ ისახავთ, შესრულებადია? ვთქვათ, მე გადამაყენოთ, განა მიაღწევთ იმას, რაზეც ოცნებობთ, კეთილ ცხოვრებას, პრივილეგიებს? პირიქით, ქაოსსა და კატასტროფას მოიმკით, ქაოსს. რატომ ვერ ხედავთ უბედურნო, დაბრმავებულნო, ქაოსის მეტს რომ არაფერს მოიტანს ეს. ჩემი ერის სიყვარულით, მშვიდობის დამყარების წყურვილით, მე მართლაც გადავდგებოდი, რომ ვიცოდე, რომ ეს არ დაღუპავს ჩემს ერს, მაგრამ ვაი რომ, ამ დაბრმავებულ და გონებადაბნელებულ ადამიანებს ეს არ ესმით და ჰგონიათ, რომ ჩემდამი სიძულვილით, ჩემდამი ღვარძლიანი კამპანიის გაჩაღებაში მიაღწევენ თავიანთ საწადელს. ვერ მიაღწევენ, ვერ მიაღწევენ ვერაფერს, გარდა კატასტროფისა! ისევ მოვუხმობ მე მათ, ისევ მოვუხმობ, ისევ თბილისელებს. ვინც თბილისის დროშით გამოდის, ვინც აჰყვა იმ ავად სახსენებელ კომუნისტურ პროპაგანდას, რომ საქართველო, საქართველო კი არ არის, არამედ თბილისია, რუსთავია, ქუთაისია, ზუგდიდია. ზოგი ზუგდიდელია, ზოგი თბილისელია, ზოგი თელაველია და რომ არ არსებობს ქართველი. აი რა სურდათ, მეგობრებო ბოლშევიკებს და კომუნისტებს. ამიტომ ამოიღეს მათ სიტყვა „ქართველი“ ხმარებიდან. ამ სიტყვას ისინი არ ხმარობენ, მეგობრებო. ჩვენი დიდი სამშობლო, ჩვენი დიდი საბჭოები - აი, მათი ტერმინები. და თბილისელი, ქუთაისელი, თელაველი... როდისმე გაგიგონიათ მათი პირიდან სიტყვა ქართველი? აი ვის დუდუკზე ცეკვავენ, აი ვის კვალზე მიდიან! გონიერია ასეთი მოქმედება, მეგობრებო?! თბილისელის სახელით არათბილისელს შუბლი გაუხვრიტო - ეს არის მათი ადამიანობა?! ეს არის მათი დემოკრატია?! განა ეს არის დემოკრატია, რომ გამოასალმეს სიცოცხლეს ჩვენი შესანიშნავი ბიჭები გუშინ იქ - უდანაშაულო ბიჭები? ეს არის დემოკრატებო, ჰუმანისტებო, თქვენი ადამიანობა? ეს არის თქვენი მაღალი იდეალები? ქართველი ერი გაგცემთ პასუხს, ქართველი ერი გაგცემთ პასუხს ყოველივე ამისათვის? მაგრამ მეგობრებო, მოდით ვეძებოთ გზები ყოველივე ამისგან თავის დაღწევისა. თავის დაღწევისა იმ ჩიხიდან, რომელშიც მათ შეგვიყვანეს, უფრო სწორად, მათ თავიანთი თავი შეიყვანეს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მათ - დაყარეთ იარაღი, დაშალეთ ეს ხუნტა, დაშალეთ ეს უკანონო შეიარაღებული ფორმირება! ხელს არ გახლებთ! წაბრძანდით სახლებში, იმუშავეთ, იშრომეთ, იყავით ქართველები, იყავით მოქალაქენი, მაგრამ ჩვენი მოთმინება უსასრულო არ არის. ქართველი ერის მოთმინება უსასრულო არ არის. გონს მოეგეთ დროზე! წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ვეღარ გიშველით! აი, ეს უნდა იყოს მოწოდება, მეგობრებო, პოლიტიკურ ამბიციებს გადაყოლილი ღვარძლიანი კაცუნების სათარეშო აღარ უნდა იყოს ჩვენი ქალაქი! აღარ უნდა დაიღვაროს არც ერთი წვეთი სისხლი ქართველისა, და არც არავისი, არც არაქართველისა! არავის სისხლი აღარ უნდა დაიღვაროს საქართველოში. საქართველო უნდა იყოს მშვიდობის, ჰარმონიის, სიყვარულის ქვეყანა! აი, ასეთი უნდა იყოს საქართველო, მეგობრებო. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მათ, მივმართოთ, ვეხვეწოთ და თუ არ გასჭრის არაფერი, მაშინ მოვუხმოთ საქართველოს, გამოუტანოს განაჩენი!
გაუმარჯოს მშვიდობას, გაუმარჯოს კაცთმოყვარეობას, გაუმარჯოს შერიგებას!
და თუ არ გასჭრის არაფერი, მაშინ გაუმარჯოს ბრძოლას მამულის გადასარჩენად!
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბატონ ზვიად გამსახურდიას გამოსვლა მთავრობის სახლთან 25 სექტემბერს // აფხაზეთის ხმა. - 1991. - 28 სექტემბერი. - №155 (13521). - 1გვ.
![]() |
68 საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის განცხადება |
▲ზევით დაბრუნება |
რამდენიმე საათის წინ პუტჩისტებმა ბომბი ააფეთქეს ტელევიზიის შენობასთან, რომელიც მათ მიერვე უკანონოდაა დაკავებული.
სამწუხაროდ, არიან დაზარალებულნი როგორც ტელევიზიის შენობასთან, აგრეთვე მახლობელ შენობებთან.
ამასთან ცირკის შენობიდან მათ ზარბაზანი ესროლეს კვების მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (ყოფილი აგრომრეწვის) შენობას, დაზიანდა ერთი ოთახი, ნაპოვნია ჭურვის ნამსხვრევები.
ეს შემთხვევა მოწმობს, რომ ოპოზიციური ძალები, რომლებიც გაუწვრთნელნი არიან სამხედრო თვალსაზრისით, კიდევ უფრო საშიშნი ხდებიან არა მარტო საკუთარი თავისთვის, არამედ თბილისის უდანაშაულო მოსახლეობისთვისაც.
ეს სამწუხარო შემთხვევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბოლო უნდა მოეღოს საშიშ დაპირისპირებას, ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეწყდეს კონფრონტაცია.
ჩვენ არ დავსჯით დამნაშავეებს, თუ ისინი მშვიდობიანად დაიშლებიან, იარაღს ჩააბარებენ და სახლებს მიაშურებენ, ჩვენ მათ ხელშეუხებლობას ვპირდებით და ვთხოვთ, იცხოვრონ როგორც ქართველებმა და პატიოსანმა მოქალაქეებმა.
მათი დაშლისთანავე მთავრობა შეწყვეტს საგანგებო მდგომარეობას და ყველაფერს იღონებს იმისთვის, რომ ჩვენი ხალხი დაუბრუნდეს მშვიდობიან ცხოვრებას. წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ კანონით გათვალისწინებულ ყველა ზომას.
საქინფორმი
1991 წლის 24 სექტემბერი
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის განცხადება / გამსახურდია ზ. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 1 ოქტომბერი. - №190 (210). - 1გვ.
![]() |
69 საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის გამოსვლა უზენაესი საბჭოს საგანგებო სესიის სხდომაზე 1991 წლის 8 ოქტომბერს |
▲ზევით დაბრუნება |
პატივცემულო დეპუტატებო, პატივცემულო თავმჯდომარევ! მე მინდა ძალზე გულწრფელი საუბარი თქვენთან და ქართველ ერთან ამ საკითხებთან დაკავშირებით, ვინაიდან სიმართლის მიჩქმალვა-შელამაზებამ გამოიწვია თქვენთვის ცნობილი უსიამოვნო მოვლენები. უნდა განვაცხადო თავიდანვე, რომ ჩემი ეს გამოსვლა არ გეგონოთ ან ულტიმატუმი, ან მუქარა, ან რაღაც სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი ადამიანის, უკიდურესობამდე მისული ადამიანის განცხადება. ეს არის რეალობა, რასაც მე თქვენ ახლა მოგახსენებთ, სრული რეალობაა, მე მივცემ პირუთვნელ შეფასებას შექმნილ სიტუაციას და იმ მოსალოდნელ შედეგებზე გესაუბრებით, რაც შეიძლება მოჰყვეს ყოველივე ამას, ვინაიდან გაცილებით მეტი ინფორმაცია მაქვს ყველაფერზე, ვიდრე ყოველ თქვენგანს, მე მგონი არ გეწყინებათ ამის შეხსენება, ამავე დროს, მინდა დაგისახოთ გამოსავალი გზები.
ჯერ კიდევ ა/წ გაზაფხულზე მე დავრწმუნდი, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება ჩვენს ქვეყანაში, რომელიც იყო იმჟამად წარმოდგენილი, საქართველოს იმჟამინდელი მთავრობის თავმჯდომარის თენგიზ სიგუას, მისი მოადგილეების და საერთოდ, მთავრობის შემადგენელი სხვადასხვა პიროვნებების მიერ, აშკარად მიცხადებდა უკვე დაუმორჩილებლობას, რაც გამოიხატებოდა თვითნებური გადაწყვეტილებების მიღებაში, უმნიშვნელოვანესი საკითხების ჩემთან არშეთანხმებაში საკადრო და სხვა სფეროებში. მოგიყვანთ კონკრეტულ მაგალითს. განსაკუთრებით ეს ეხებოდა სამხედრო სფეროს და მასთან დაკავშირებულ საკითხებს. საქმე იქამდის მივიდა, რომ ფაქტიურად შექმნეს ჩემგან დამოუკიდებელი პატარა სახელმწიფო, მოგეხსენებათ, შენობა ცალკე ჰქონდათ, თავისი არმიით უკვე, თავისი მმართველობით, დაირქვეს კიდევაც მთავრობა და მთავრობის თავმჯდომარე და პრეზიდენტისაგან დამოუკიდებლად ღებულობდნენ უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებებს, განსაკუთრებით სამხედრო სფეროში. მე ხაზგასმით აღვნიშნავ ამას, კერძოდ, გვარდიის დაფინანსება, გვარდიის რაოდენობა, გვარდიასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხები, მაგალითად: სამხედრო პროკურატურის საკითხი, რომელიც ყოვლად ანტიკონსტიტუციური იყო, ვინაიდან გვარდია არმია არ გახლავთ და ჩვენ ჯერ სამხედრო სამინისტრო არ გვქონდა, გადაწყვიტეს თვითნებურად და მე ვხედავდი, რომ გვარდიის ყოფილი სარდალი კიტოვანი ფაქტობრივად უკვე გამოვიდა ჩემი დაქვემდებარებიდან, სისტემატურად არ ასრულებდა ჩემს მითითებებს, არ ემორჩილებოდა არავითარ ბრძანებას, არავითარ რეკომენდაციას და ამაში მას ხელს უწყობდა ბატონი თენგიზ სიგუა და ისინი მოქმედებდნენ კოორდინირებულად, მოქმედებდნენ ურთიერთშეთანხმებით. მე ერთხანს ვცადე მომეგვარებინა ეს ყოველივე მოლაპარაკების, დარწმუნების გზით, ვუსაყვედურე კიდეც რამდენჯერმე, მაგრამ არავითარი შედეგი არ გამოიღო ამ კეთილგანწყობილმა საუბარმა და დარწმუნების მეთოდმა, პირიქით, უფრო მეტად გაააქტიურეს ამგვარი მოქმედება და თვითნებობა, ხოლო ზაფხულში, როდესაც მოახლოვდა ე.წ. მოსკოვის პუტჩი, მე გთხოვთ ეს ყველაფერი კარგად დაუკავშიროთ ურთიერთს, შეიძლება ითქვას, უკვე გადავიდნენ ისეთ მოქმედებაზე, რასაც მე შევაფასებდი, როგორც პრეზიდენტთან პირდაპირ კონფრონტაციას და შეიძლება ითქვას, მასთან შეჯახებისათვის სამზადისს. მათ უკვე ღიად, დაუფარავად დაიწყეს საუბარი საკადრო პოლიტიკაში საკუთარი მოსაზრებების შესახებ, რომ მათ უნდა შეეტანათ ესა თუ ის ცვლილებები საკადრო პოლიტიკაში, დაუფარავად გამოხატავდნენ ამ აზრებს. სხვა თანამდებობის პირების თანდასწრებით, რასაკვირველია არ ასრულებდნენ არავითარ ჩემს მითითებებს ამ სფეროში. მაგალითად, მოგიყვანთ იმას, რომ კომუნისტი ფუნქციონერები, ხელშეუხებლად განაგრძობდნენ იქ მუშაობას: ქვილითაია, ბერიძე და სხვები. ჩემი არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად ისინი კიდევ უფრო ავითარებდნენ ამ დამოუკიდებელ კურსს, ხოლო ბატონი თენგიზ კიტოვანი პირდაპირ გადადიოდა მუქარაზე. ტელევიზიის აღების იდეა მან წამოაყენა ჯერ კიდევ აგვისტოს პუტჩამდე ზოგიერთი თანამდებობის პირების თანდასწრებით. პირდაპირ გამოაცხადა მან, რომ თუ ტელევიზია ამ გზით არ წარმართავს მუშაობას, როგორც ეს ჩვენ გვაწყობს და თუ ის ბატონი თენგიზ სიგუას მიმართვას უარყოფს (მას უკვე ჰქონდა მომზადებული ასეთი მიმართვა, ჩემი საწინააღმდეგო მიმართვა), მაშინ ჩვენ ტელევიზიას სულაც ავიღებთო. ასე რომ, ტელევიზიის აღების განზრახვა ჯერ კიდევ იმჟამად მწიფდებოდა, როდესაც მე ვიმყოფებოდი ყაზბეგში, შემატყობინეს, რომ ასეთ მოვლენებს აქვს ადგილი, მე ჩამოვედი თბილისში და მაშინ პირდაპირ თენგიზ სიგუამ წაიკითხა პრეზიდიუმის სხდომაზე, შეიძლება ითქვას ჩემი საბრალდებო დასკვნა, სადაც წამომიყენა ყოვლად დაუსაბუთებელი და უხამსი ბრალდებები და მოითხოვა მთელი რიგი თანამდებობის პირების და მინისტრების განთავისუფლება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის იმუქრებოდა რაღაც შედეგებით, რომელთა შორის ერთ-ერთი იყო მისი გადადგომა. მე რასაკვირველია ეს არ მივიღე, არ დავეთანხმე, იმ პრეზიდიუმზე დამსწრე პირები აქ ბრძანდებოდნენ და მოეხსენებათ თუ რა ხასიათის იყო მისი მიმართვა, რომლის წაკითხვას იგი ტელევიზიითაც აპირებდა. ეს ყოველივე უარყოფილ და დაგმობილ იქნა და მივიღე, ასე ვთქვათ, მისი განცხადება განთავისუფლების შესახებ და გადადგომის შესახებ. თუმც, ერთიც უნდა მოგახსენოთ, რომ ჯერ კიდევ მანამდის საკმაოდ დიდი ხნით ადრე მან თქვა, რომ როდესაც ირჩევენ პრეზიდენტს, მაშინ ძველი მთავრობა უნდა გადადგეს და პრეზიდენტმა ახალი მთავრობა უნდა შექმნასო და ყველგან და ყველა ქვეყანაში ასე ხდებაო. ადრე ის ამ აზრის იყო, მაგრამ რატომღაც ჩემდა გასაცვიფრებლად შემდეგ ეს აზრი მან შეიცვალა და ამას უკვე ძალიან არაკანონზომიერ მოვლენად მიიჩნევდა და უკვე მუქარაზე იყო გადასული. როდესაც იგი განთავისუფლდა თავისი თანამდებობიდან და მე დავწერე ამაზე ბრძანებულება, გავიდა ორი დღე და დაიწყო მოსკოვში პუტჩი. მაშინ ბატონი თენგიზ კიტოვანი წავიდა რკონში, მიუხედავად იმისა, რომ მე მას მოვთხოვე ორასამდე გვარდიელი დაეტოვებინა სამოქალაქო ფორმაში, ვინაიდან გვარდიელის ფორმაში საშიში იყო მისი თქმით ქალაქში დარჩენა და დაეცვა პარლამენტის შენობა. მან ამაზე უარი განაცხადა, კვლავ დაუმორჩილებლობა გამომიცხადა და გვარდია სრული შემადგენლობით წაიყვანა რკონში. თუმცა იქ მან ჩაატარა აღლუმი და თვალის ასახვევად დააფიცა პრეზიდენტის ერთგულებაზე გვარდიელები. მაგრამ რა ერთგულებაზე შეიძლებოდა ლაპარაკი, როდესაც არც ერთ ჩემს მითითებას და ბრძანებას არ ემორჩილებოდა და იქ შექმნა ფაქტიურად დამოუკიდებელი სამხედრო ბანაკი, პრეზიდენტთან დაპირისპირებული. ეს ყოველივე გადაიზარდა შემდგომ კიდევ უფრო უსიამოვნო მოვლენებში, როგორც გახსოვთ, დაუკავშირდა ეს, ასე ვთქვათ, რკონში მის მიერ შექმნილი ბანაკი, აქაურ ოპოზიციას, რომელიც, როგორც მოგეხსენებათ, გამოდიოდა პირდაპირ ხელისუფლების დამხობის მოთხოვნებით და შეიქმნა ეს დიდი ბლოკი. რა მოვლენები მოჰყვა ყოველივე ამას, თქვენ გახსოვთ. 2 სექტემბერს მომხდარი ინციდენტი ჩემის ღრმა რწმენით, აგრეთვე დაკავშირებული იყო ამასთან. აქ ჩვენდამი მტრულად დაპირისპირებული ძალები, როგორც ჩანს, ორივე მხარეს იყვნენ, მე კიდევ ხაზგასმით აღვნიშნავ ამას, მილიციაშიც იყო, რომელიღაც პიროვნება თუ პიროვნებები, რომელნიც ეხმარებოდნენ ოპოზიციონერებს, რათა მომხდარიყო იქ სროლა, მომხდარიყო მიტინგის დარბევა და ვიმეორებ და ვადასტურებ, რომ ეს იყო მათი თვითნებური მოქმედება, რათა შემდგომში ეს ყოველივე დახმარებოდა ხელისუფლებას და ხელისუფლების ძალადობის დამხობის ცდა განხორციელებულიყო. ე.ი. მოხდა დიდი კოორდინაცია ამ ძალებს შორის, მოხდა პროვოკაციული ინციდენტები და შემდეგ მოხდა გვარდიის ჩამოსვლა თბილისში, მისი დაბანაკება ჯერ შავნაბადაზე და შემდეგ ტელევიზიის აღება და ტელევიზიასთან შექმნა ყველასათვის ცნობილი ამ ბანაკისა. გაძლიერდა ეს ანარქიული ქმედება. გაძლიერდა და უკიდურესი გამწვავება მოხდა კრიმინოგენული სიტუაციისა ქალაქში. თქვენ კარგად იცით ეს და დღესაც გრძელდება და მოხდა რამდენიმე შეიარაღებული თავდასხმა სახელმწიფო დაწესებულებებზე, მათ შორის უზენაეს საბჭოზე. არის ადამიანთა მსხვერპლი. შეიძლება ითქვას, რომ ამ ძალებმა ჩვენ გამოგვიცხადეს პირდაპირი შეიარაღებული ბრძოლა და განახორციელეს კიდევაც რამდენიმე ასეთი აქცია. ყოველივე ამას ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში ეწოდება ამბოხება, სამხედრო და სამოქალაქო ამბოხება ანუ პუტჩი. ტერმინი პუტჩი შეიძლება არ იყოს სამართლებრივი და შეიძლება ჩვენს დადგენილებაში ეს სიტყვა არ ვიხმაროთ, მაგრამ ეს გამოხატავს მოვლენის არსს. აშკარა ამბოხება სამხედრო პირების მონაწილეობით ყველა ქვეყანაში იწოდება პუტჩად. ამაში არავითარი გადაჭარბება არ გახლავთ და ჩემის აზრით, უზენაესი საბჭო თუ თავის თავს პატივს სცემს, პატივს სცემს იმ ქვეყანას, რომლის უზენაეს საკანონმდებლო ორგანოდაც იგი ითვლება, უნდა მისცეს ამ მოვლენებს სახელმწიფო გადატრიალებისა და პუტჩის კვალიფიკაცია. სხვანაირად ყოველივე ეს წარმოუდგენელია, მეგობრებო, და მე ვიტყოდი დაუშვებელია, თუ პარლამენტს სურს იარსებოს, მან სიმართლე უნდა უთხრას ქართველ ხალხს და გამოიტანოს მართალი და ობიექტური დადგენილებები.
ეხლა მინდა პირდაპირ და გულწრფელად მოგახსენოთ ერთი ამბავი. ჩვენში არის ბევრი დავა იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს ხელისუფლების სტრუქტურა საქართველოში, პარლამენტური რესპუბლიკა უნდა ვიყოთ ჩვენ, თუ საპრეზიდენტო რესპუბლიკა, როგორი უნდა იყოს პრეზიდენტის მმართველობა, შეზღუდული თუ პირიქით, გაფართოებული და ამაზე მიმდინარეობს დებატები. მე მესმის ოპოზიციის მოსაზრებები, იმ ოპოზიციისა, რომელიც ჯერ-ჯერობით პარლამენტში რჩება. არის გარე ოპოზიციაც, რომელიც გამოთქვამს ამასთან დაკავშირებით სხვადასხვა მოსაზრებებს. მე მოგახსენებთ ჩემს თვალსაზრისს და ანალოგიებსაც მოგახსენებთ, რომლის გატარებაც უყვართ ზოგჯერ ჩვენს ოპოზიციონერებს, აი მაგალითად, იყო წამოყენებული მოთხოვნა ჩემი გადადგომის შესახებ, ყველამ კარგად იცით, რომ მე არ ვეჭიდები ამ თანამდებოას და უკიდურესად მძიმეა და რთულია ჩემთვის ამ მოვალეობის შესრულება, ძალზე მძიმეა და ვინც არ უნდა იყოს ჩემს ადგილას, ყველასთვის ეს იქნება უკიდურესად მძიმე ჯვარი. ამას მე სრულის პასუხისმგებლობით ვაცხადებ. ამავე დროს პირდაპირ გეუბნებით, მიუხედავად იმისა, რომ (პიროვნულად) არა ვარ მე მოსურნე ამ პოსტზე დარჩენისა, ამას მე გულწრფელად ვაღიარებ, ჩემი ამ პოსტიდან წასვლა გამოიწვევს საქართველოში სულ მცირე რამდენიმე ათეული პარალელური მთავრობის შექმნას და რამდენიმე ათეული პრეზიდენტის აღმოცენებას. უფრო მეტიც, გამოიწვევს საქართველოს ადგილზე რამდენიმე სახელმწიფოს ჩამოყალიბებას, აბსოლუტური გადაჭარბების გარეშე გეუბნებით, ფრჩხილებს არ ვხსნი, ყველანი მიხვდით. ყველამ დაძაბეთ გონება და განსაკუთრებით გთხოვთ, ბატონო ოპოზიციონერებო, თქვენ, რამეთუ არ იცით, რას ითხოვთ. გესმით? მე ქუჩის გონებადაბნელებულ ოპოზიციას ვერ მოვუწოდებ ვერაფრისაკენ, მაგრამ აქ განათლებული ადამიანები, ეხლა პირფერობა არ მინდა, ამ ჩვენს ოპოზიციაში უაღრესად განათლებული, უაღრესად გათვითცნობიერებული და მე ვიტყოდი, საკმაოდ პოლიტიკურად მომწიფებული ადამიანები, როდესაც აყენებენ ამ მოთხოვნას, არ იციან რას იქმან, ვინაიდან ეს უახლოეს ხანში გამოიწვევს საქართველოს, როგორც ასეთის, საქართველოს სახელმწიფო მთლიანობის სრულ დეზინტეგრაციას და დარღვევას, სრულ ანარქიას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და კერძოდ, თბილისში და მე დაგიხატავთ თბილისს, თუ ეს ამბავი მოხდა. აი, ასეთ შემთხვევაში თბილისი გადაიქცევა რამდენიმე უბნად, დანაწევრებულ ქალაქად, სადაც იქნება ერთადერთი ხელისუფლება - შეიარაღებული ბანდები და მათი ხელმძღვანელები. ყოველი უბანი იქნება თითო შეიარაღებული ბანდის ხელში და მისი ხელმძღვანელის ხელში. მათ შორის იქნება შეიარაღებული ბრძოლა ძალაუფლებისათვის და ზეგავლენისათვის და იქნება მოსახლეობის არნახული ძარცვა, არნახული დარბევა, მოიშლება ყველაფერი: ელექტროენერგია, გაზი, კომუნიკაციები. აღარ იარსებებს სამართალდამცავი ორგანოები, აღარ იარსებებს სურსათით მომარაგება, აღარ იარსებებს სამედიცინო მომსახურება, თბილისი შესაძლოა გადაიქცეს მკვდარ ქალაქად და საერთოდ შეწყვიტოს არსებობა. თუ დაიწყო თბილისში ის ანარქია, რომლისკენაც სურთ უბიძგონ ამ ეგრეთწოდებულ ოპოზიციონერებს და ვიმეორებ, იქნება ხელისუფლების რამდენიმე კერა, ერთ-ერთი და უძლიერესი იქნება იმათ ხელში, ვის ხელშიც არის მეტი შეიარაღებული ფორმირებები. დანარჩენები იქნებიან გაბნეულნი თბილისის სხვადასხვა უბნებში. საქართველოსაც გადაედება შემდეგ ეს ტენდენცია და საქართველოშიც დაიწყება იგივე ლიბანიზაცია, რასაც ჩვენ დავინახავთ თბილისის ტერიტორიაზე. ამას შედეგად ის არ მოყვება, რაც ეგონათ, რაც გონია ზოგიერთს, რომ შემოვა რუსეთი, მოსკოვი და იქ დაამყარებს სამხედრო დიქტატურას. ვერ დაამყარებს, ფიზიკურად ვერ დაამყარებს საქართველოში ამას. საქართველო გახდება მსხვერპლი ტოტალური ანარქიისა და საერთოდ საქართველოს არსებობა დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ. აი, რა მოყვება ჩემს შესაძლო გადადგომას, რომელსაც ესოდენ მხურვალედ მოითხოვენ ზოგიერთი ოპოზიციური პარტიები და მგონი ზოგიერთში, პარლამენტური ოპოზიციის ზოგიერთ წარმომადგენელსაც ეს გულში აქვს ღრმად დამარხული. ეს არ არის მუქარა. ეხლა რაც მე ვთქვი, ეს არ არის გადაჭარბება და ეს არ არის ჩემი პიროვნების, ვთქვათ თავზე მოხვევა თქვენთვის, ანდა სურვილი, რომ მაინც და მაინც მე დავრჩე ამ პოსტზე. ჩემო ბატონებო, ეს არის რეალობა და მე გთხოვთ გაახილოთ თვალი და გაუმართოთ თვალი აი ამ რეალობას, ჩემო ბატონებო.
რა უნდა მოხდეს იმისათვის, რომ ეს ყოველივე ავირიდოთ თავიდან? უნდა მოხდეს პარლამენტის კონსოლიდაცია პრეზიდენტის გარშემო. უნდა მოხდეს პრეზიდენტისა და პარლამენტის მოქმედებათა ჰარმონიზირება. მე არ ვგულისხმობ დიქტატს. მე არავითარი დიქტატი არ მსურს, მაგრამ ისეთი ელემენტარული საკითხები, როგორიც არის წესრიგის აღდგენა, ამ მიმდინარე მოვლენებისათვის პუტჩისა და შეიარაღებული ამბოხების კვალიფიკაციის მიცემა, ამაში ჩვენ ერთნი უნდა ვიყოთ, და საპარლამენტო ოპოზიციამ ჩვენ ამაში მხარი უნდა დაგვიჭიროს, თუ მას არ სურს, რომ იგი გამოჩნდეს როგორც მოკავშირე პუტჩისტებისა და როგორც მათთან ერთად საქართველოს დამღუპველი და დამაქცევარი. აი, ეს უნდა გავაკეთოთ ჩვენ მეგობრებო. კი ბატონო, პარლამენტარმა ოპოზიციამ გვაკრიტიკოს რამდენიც უნდა. მე პირადად მაკრიტიკოს. მე, თუ ატყობთ, ძალიან დიდი დაფიქრებით ვუსმენ ხშირად მათ კრიტიკულ შენიშვნებს და ბევრ რამეს ვითვალისწინებ, მაგრამ აი, ამაში ჩვენ უნდა ვიყოთ ერთნი, საქართველოს ხსნაში, წესრიგის აღდგენაში და სამოქალაქო მშვიდობის დამყარებაში, თუ ჩვენ ამაში არ შევერთდით, ამ პარლამენტის არსებობას არავითარი აზრი არა აქვს. მაშინ მე პირადად და პირუთვნელად მოგახსენებთ, იძულებული გავხდები დავითხოვო ეს პარლამენტი და თვითონაც გადავდგე, თუ თქვენ მე არ ამომიდგებით მხარში, რომ საქართველოში დავამყარო წესრიგი, რომ ვიხსნათ საქართველო ამ საშინელი ანარქიისაგან და თბილისი პირველ რიგში, მაშინ სჯობია ჩვენ დავთმოთ ასპარეზი და არ ვიცი მე თავის შველა იქნება ეს, თუ თავის დაღუპვა, მაგრამ ფაქტია, რომ არ ექნება არავითარი აზრი არც პარლამენტის არსებობას და არც ასეთი პრეზიდენტის არსებობას, რომლის არავითარი ძალაუფლება ქვეყანაში არ არსებობს, და სადაც დათარეშობენ შეიარაღებული ბანდები, სჩადიან ათასგვარ დანაშულს და სახელმწიფოს არა აქვს არავითარი საშულება და არავითარი უფლება, რომ მათ პასუხი მოსთხოვოს. ასეთ ქვეყანას არც პრეზიდენტი სჭირდება, არც პარლამენტი სჭირდება და არც ხელისუფლება სჭირდება. გესმით? აი, ასე დგას საკითხი მეგობრებო და მოდით, ნუ მივიყვანთ ყველაფერს ამ ზომამდე, ახლა აქ იყო საუბარი ამას წინათ: დავთმოთ საფრანგეთის მოდელი და გადავიდეთ გერმანიის მოდელზე. კი, მაგრამ მეგობრებო, თქვენ განა არ იცით, რომ პოლიტიკური წყობილება, მმართველობის სტრუქტურა, ეროვნული ხასიათის ეთნოფსიქოლოგიის გაუთვალისწინებლად არ ყალიბდება ამა თუ იმ ქვეყანაში? რატომ ჩამოყალიბდა საფრანგეთში ის სტრუქტურა მმართველობისა და რატომ ჩამოყალიბდა გერმანიაში სხვაგვარად, არ ითვალისწინებთ ამას? გერმანიის დარი ერი ვართ ჩვენ? რომელთან უფრო ახლო ვართ ჩვენ ჩვენი ტემპერამენტით, ჩვენი ექსპანსიურობით, ჩვენი კანონებისადმი უპატივცემულობით, გერმანიასთან უფრო ახლოს ვართ, თუ საფრანგეთთან და იტალიასთან? რომელთან უფრო ახლო ვართ, რამ მოიტანა საფრანგეთში ეს მმართველობა, იცით? - ეროვნულმა ხასიათმა და იმ მოვლენებმა, რასაც ჰქონდა ადგილი საფრანგეთში. მე არავის არ ვედრები და არც დე გოლთან გატოლების პრეტენზია მაქვს, მაგრამ შეგახსენებთ ისტორიას, როდესაც მსოფლიო ომის შემდეგ დე გოლი გახდა საფრანგეთის მთავრობის ხელმძღვანელი, მას ზუსტად ისეთივე ამბები მოუწყვეს, რასაც დღეს მე მიწყობენ, კომუნისტებმა და სოციალისტებმა და აიძულეს გადადგომა. დე გოლი გადადგა 1946 წელს და საფრანგეთი გახდა არნახული ანარქიის მსხვერპლი. ყოველ ორ-სამ თვეში იცვლებოდა მთავრობა და შემდეგ, უკვე ეროვნულმა დამფუძნებელმა კრებამ, 1958 წელს მოიწვია ის ისევ და შეაქმნევინა ძლიერი საპრეზიდენტო ხელისუფლება, რომლის გარეშეც საფრანგეთი დაიღუპებოდა, ვინაიდან მისი ეროვნული თვისებები, სხვათა შორის ძალიან ჰგავს ჩვენსას, აი ამ ანარქიისაკენ მიდრეკილებებით, ხოლო რაც შეეხება გერმანიას, ბატონებო, გერმანიას აქვს უდიდესი ტრადიციები სახელმწიფო დისციპლინისა, აი სწორედ სახელმწიფოებრივი წესრიგის და კანონის პატივისცემისა და საერთოდ, იმიტომ არის გერმანულ და სკანდინავიურ ქვეყნებში პარლამენტური ხელისუფლება, მეგობრებო, და არა იმიტომ, რომ ის უფრო კარგია, ვიდრე ეს. ეს ეროვნულ ხასიათს ესადაგება და ეთნოფსიქოლოგიას. წარმოუდგენელია, მაგალითად, გერმანიისათვის ისეთი პრეზიდენტი, როგორიც იყო მაგ. დე გოლი ან მიტერანი და როდესაც გერმანიას მოახვიეს მისთვის უცხო ავტორიტარულ-დიქტატორული ჰიტლერის მმართველობა, ამან დაღუპა გერმანია, ე.ი. ეროვნულ ხასიათს უნდა მიესადაგოს წყობილება, იმ ისტორიულ კანონზომიერებას და ისტორიულ თავისებურებებს უნდა მიესადაგოს სახელმწიფო მმართველობა და ჩვენი სურვილით, უნდა უკუვაგდოთ ფრანგული მოდელი და გადავიდეთ გერმანულ მოდელზე, აი, ეს დაღუპავს საქართველოს. ასეთი მოდელი შეიძლება მხოლოდ უაღრესად კონსოლიდირებული ერის შემთხვევაში, როგორიც არის მაგალითად, ისრაელი, რომელსაც ვერასოდეს ჩვენ ვერ შევედრებით, კონსოლიდაციაში და ერთობაში და როგორიც არის გერმანია, აი იქ შეიძლება პარლამენტური რესპუბლიკა და ჩვენთან პარლამენტური რესპუბლიკა ეს არის დაღუპვა ერისა და დაღუპვა იმ პარლამენტისაც, აი ეს დაიმახსოვრეთ. ხოლო საპრეზიდენტო ხელისუფლება არის ერთადერთი ხსნა ჩვენი ერისა. უნდა იყოს ძლიერი პრეზიდენტი და ძლიერი საპრეზიდენტო ხელისუფლება. გახსოვდეთ, ამის გარეშე საქართველოს ხსნა არ არსებობს. ამის გარეშე იქნება ყველაფერი ის, რაც მე თქვენ წეღან მოგახსენეთ.
ის დეპუტატები, რომლებიც გვისაყვედურებდნენ ჩვენ, მე პირადად, პრეზიდიუმს, რატომ არ შეაფასეთ მოსკოვის პუტჩი, რატომ არ გააკეთეთ კატეგორიული განცხადება, რომ ეს არის პუტჩი, რატომ არ მივეცით კვალიფიკაცია ამ მოვლენებს, რატომ არიან დღეს ასე გაჩუმებულნი საქართველოს პუტჩზე? რატომ არაფერს არ ბრძანებენ? ან იქნებ მოსწონთ საქართველოში პუტჩი? მათ არ მოსწონდათ მოსკოვის პუტჩი, რატომ არაფერს ბრძანებენ საქართველოს პუტჩზე? აი, ეს იწვევს გაოცებას. ჩემი აზრით კი ერთადერთი გამოსავალი აქვთ მათ, დაგვიჭირონ აქტიურად მხარი ამ მოვლენების შეფასებაში და ამით ისინი თავისი თავის რეაბილიტაციასაც მოახდენენ, ბატონებო, ვინაიდან მოგეხსენებათ, საკმაოდ მოზრდილი ნაწილი ქართველი ერისა ამბობს, რომ ისინი თავად არიან პუტჩის მონაწილენიც და ლიდერებიცო. და რატომ უნდა ითქვას თქვენზე ასეთი რამ, ბატონებო, მოდით, აი გეძლევათ შესანიშნავი შესაძლებლობა, გამოვთქვათ ერთიანი პოზიცია პუტჩთან დაკავშირებით. სახელმწიფო გადატრიალების მცდელობები დავგმოთ და ვისაუბროთ კონსტრუქციულ ოპოზიციაზე.
დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებმა მკითხეს მე: კი მაგრამ როგორ მოხდა, რომ ოპოზიცია მივიდა აი, ამ შეიარაღებულ ფორმირებებთან, მათთან ერთად გიპირისპირდებათ. ინგლისის პარლამენტში ოპოზიცია თანამშრომლობს მმართველ პარტიასთან და ისინი ერთად იღწვიან ერის უკეთესი მომავლისათვისო. მე ვუთხარი - სამწუხაროდ იმიტომ, რომ ჯერ ნამდვილი დემოკრატია ჩვენში არ არის. დიახ, არ არის ნამდვილი დემოკრატია. ნამდვილი დმოკრატია არის სწორედ აი ეს ერთობა ხელისუფლებისა და ოპოზიციისა და ჰარმონიული მოქმედება. კი ბატონო, კრიტიკა, კი ბატონო, მწვავე შეფასებები, მაგრამ არა იარაღით ხელში ბრძოლა. აი, ეს დავძლიოთ და მაშინ ჩვენ ჩვენს პარლამენტს გადავარჩენთ ჩემო ბატონებო. გადავარჩენთ ჩვენს პარლამენტსაც, ჩვენს საქართველოსაც, რამეთუ სხვა გამოსავალი ჩვენ არ გაგვაჩნია.
მე არ მინდა ეხლა ბევრი დრო მივითვისო. კიდევ ბევრს ვიტყოდი მე ამასთან დაკავშირებით. ალბათ ვიტყვი კიდევ, მაგრამ აი, ვიმეორებ, მოდით, დღეიდან ჩვენ, რა დასამალია, დიდი ნაბიჯი გადავდგით. ძალიან ბევრი კარგი პიროვნება იყო მართალია, ამ კომუნისტებს შორის, მაგრამ იმათ ჩვენ დავიბრუნებთ. ხოლო ზოგიერთი პიროვნება ნამდვილად არ არის დასაბრუნებელი პარლამენტში, მათ შორის ზოგიერთი.
ასე რომ, დღეს პარლამენტი უფრო ნამდვილ სახეს იღებს. სხვათა შორის, რაოდენობას დიდი მნიშვნელობა აქვს. მოგეხსენებათ, ჩვენი ომი იყო რაოდენობაზე პირველად კომუნისტებთან, ახლა, რადგან რაოდენობრივად კომპაქტურია, ახლა დაიწყოს კონსტრუქციული ურთიერთობა ჩვენსა და ოპოზიციას შორის, საერთო ენის გამონახვა, ურთიერთაზრის პატივისცემა. მე არა ვარ წინააღმდეგი უმწვავესი დებატებისაც, ოღონდ ყველაფერი უნდა იყოს ეთიკის ფარგლებში. ეს იყოს კონსტრუქციულობის ფარგლებში და აი, ამ გზით, მოდით, დღეს მივცეთ სათანადო შეფასება ყველაფერს, გამოვიტანოთ სათანადო დადგენილებები და აღვადგინოთ საქართველოში სამოქალაქო მშვიდობა და წესრიგი.
აი, ეს არის ჩემი წინადადება დღეს.
![]() |
70 კავკასიოლოგთა პირველი საერთაშორისო სიმპოზიუმის მონაწილეებს |
▲ზევით დაბრუნება |
ქალბატონებო და ბატონებო!
კავკასიურ ენათა შესწავლა მსოფლიო მნიშვნელობის პრობლემაა. კავკასიის შედარებით მცირე მიწა-წყალზე ხომ სხვადასხვა ოჯახის 50-მდე ენაა წარმოდგენილი. მათ შორის ყველაზე მრავალრიცხოვანი იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახია, რომელიც 30-ზე მეტ ენას ითვლის.
ამ ენათა შესწავლას საქართველოში დიდი ხნის ტრადიცია აქვს. განსაკუთრებით ძლიერდება იბერიულ-კავკასიურ ენათა კვლევა ივ. ჯავახიშვილის მიერ 1918 წელს თბილისის უნივერსიტეტის დაარსების შემდეგ. ივ. ჯავახიშვილის მოწაფეთა და მოწაფეთა მოწაფეების ძალისხმევით ჩამოყალიბდა იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების თბილისური სკოლა, რომელსაც 50 წლის განმავლობაში სათავეში ედგა დიდი ქართველი მეცნიერი არნოლდ ჩიქობავა. გამოიცა მრავალი მონოგრაფია და კრებული, მომზადდა სათანადო სამეცნიერო კადრები როგორც საქართველოს სამეცნიერო დაწესებულებებისა და უმაღლესი სასწავლებლებისათვის, ისე ჩრდილოეთ კავკასიის ავტონომიური რესპუბლიკებისა და ოლქებისათვის.
მნიშვნელოვანი წარმატებანი მოიპოვეს ჩრდილოეთ კავკასიაში მომუშავე მეცნიერებმა მათი რეგიონის ენათა კვლევის საქმეში.
დასავლეთ ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში იბერიულ-კავკასიურ ენათა შეწავლა XIX საუკუნეში ცალკეულ ენთუზიასტთა საქმე იყო. ჩვენი საუკუნის 30-იანი წლებიდან კი ამ ენებით დაინტერესება ფართო ხასიათს იღებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ამ მხრივ გერმანელი, ფრანგი, ამერიკელი, ინგლისელი და ზოგი სხვა ქვეყნის მეცნიერთა წვლილი.
ამჟამინდელი თქვენი შეკრებაც შედეგია კავკასიის ენობრივი სამყაროთი დაინტერესებულ პირთა საერთო ნებისა.
მინდა მადლობა მოგახსენოთ სიმპოზიუმის ყველა მონაწილეს, განსაკუთრებით - სტუმრებს, რომლებმაც საქართველოს რესპუბლიკისათვის ამ მძიმე ჟამს, არსებული ობიექტური სიძნელეების მიუხედავად, შესაძლებლად დაინახეს ჩამოსულიყვნენ თბილისში.
სიმპოზიუმის მონაწილეებს ვუსურვებ ნაყოფიერ მუშაობას!
გაუმარჯოს კავკასიის ხალხთა ერთობასა და თავისუფლებას!
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია.
1991 წლის 14 ოქტომბერი
მიმართვა : კავკასიოლოგთა პირველი საერთაშორისო სიმპოზიუმის მონაწილეებს / გამსახურდია ზ. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 18 ოქტომბერი. - №202 (222). - 1გვ.
![]() |
71 საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის მიმართვა აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმს |
▲ზევით დაბრუნება |
პატივცემული აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრებო!
დღეს ჩვენ ყველანი ვიმყოფებით იმ ისტორიულ მიჯნაზე, როცა თითოეულმა პოლიტიკურმა მოღვაწემ, თითოეულმა მოქალაქემ, რომელიც გრძნობს პასუხისმგებლობას თავისი ხალხის, თავისი სახელმწიფოს ბედისთვის, უნდა გააკეთოს მტკიცე არჩევანი - ან იგი თავის პროფესიულ ცოდნას, ცხოვრებისეულ გამოცდილებას, ავტორიტეტს წარმართავს რესპუბლიკაში შექმნილი ვითარების ნორმალიზაციისათვის ჩვენი საზოგადოების ცხოვრების ყველა სფეროს დეზორგანიზაციის გამომწვევი კონფრონტაციის დასაძლევად, ან მხარს უჭერს დესტრუქციული ძალების უპასუხისმგებლო მოქმედებას, რომლებიც ეწევიან, არსებითად, ბრძოლას ძალაუფლებისათვის, ძალაუფლების გულისათვის, ყველაზე ნაკლებად ზრუნავენ საქართველოს მრავალეროვანი მოსახლეობის ჭეშმარიტი ინტერესებისათვის.
წარმოუდგენლად რთულ პოლიტიკურ ვითარებაში, რომელიც ახასიათებს ჩვენი რესპუბლიკის დღევანდელ დღეს, უმნიშვნელოვანესი მოვლენა გახდა აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს არჩევნები. არჩევნებმა გვიჩვენა, რომ ხალხების კეთილ ნებას შეუძლია გამოაღვიძოს გონება, ხელს უწყობს გამონახოს ოპტიმალური გადაწყვეტანი, რომლებიც სახავენ უთანხმოების, უნდობლობის დაძლევის, სხვადასხვა თვალსაზრისთა დასაახლოებლად ვარიანტის ძიების გზას ჩვენი ხალხების მომავლისათვის, მათი მშვიდობიანი ერთობლივი ცხოვრებისათვის.
ამავე დროს აფხაზეთიდან მოსული ინფორმაცია მოწმობს, რომ კვლავ ფეხქვეშ თელავენ ავტონომიური რესპუბლიკის მცხოვრებთა უდიდესი უმრავლესობის მოქალაქეობრივ უფლებებს, დისკრიმინაციას უწევენ მათ, უწინარესად - პოლიტიკურ დარგში, უგულებელყოფენ საქართველოს რესპუბლიკის კანონებსა და კონსტიტუციას, აგრეთვე აფხაზეთის ასსრ კონსტიტუციას. ეს პროცესები იწვევს სერიოზულ შეშფოთებას, რადგან ეწინააღმდეგება ჩვენი ხალხების ძირეულ ინტერესებს, ხელს უშლის ამ საარსებოდ მნიშვნელოვანი ამოცანების გადაწყვეტას, რომლებიც ხელს უწყობს ურთიერთგაგების აღგენას, ჩვენი სახელმწიფოს ერთიანი ეკონომიკური კომპლექსის ნორმალური ცხოველმოქმედების აღორძინებას. სამწუხაროდ, ვითარების სტაბილიზაციის მიზნებს ეწინააღმდეგება აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის ზოგიერთი გადაწყვეტილებაც, რომლებიც საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ფუნქციების თვითნებური აღრევის შედეგია. განსაკუთრებით შემაშფოთებელია აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს არჩევნების ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობაში საკანონმდებლო ნორმების საშიში უგულებელყოფა, რასაც შეიძლება სერიოზული კონფრონტაცია მოჰყვეს.
ამ პასუხსაგებ მომენტში საჭიროდ მიმაჩნია აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრებს დაჟინებით მოვუწოდო: მთელი თავიანთი ძალები მოახმარონ ავტონომიურ რესპუბლიკაში მდგომარეობის სტაბილიზაციის პირველი ყლორტების მხარდაჭერას, სხვადასხვა საზოგადოებრივი ძალების შეკავებას, რათა არ გადადგან მოუზომელი ნაბიჯები, რომლებსაც შეიძლება შორს გამიზნული შედეგები მოჰყვეს, პოლიტიკური და სამართლებრივი რეალიების საღ შეფასებას საქართველოს რესპუბლიკის, კერძოდ, აფხაზეთის მშვიდობის უზრუნველყოფისა და აყვავების საკეთილდღეოდ.
უნდა შეგახსენოთ წინათ გამოთქმული აზრი, რომ ავტონომიური რესპუბლიკის მომავალი პარლამენტის კანონიერ საფუძველზე ჩამოყალიბება დიდმნიშვნელოვანი პირობაა ახალ პირობებში ავტონომიის უფლებათა რეალური შინაარსით გამდიდრების საკითხის გადასაჭრელად.
მე მოვუწოდებ მოქალაქეობრივი თანხმობისა და თანამშრომლობისათვის თითოეულს, ვისაც ამოძრავებს რეალიზმისა და პასუხისმგებლობის გრძნობა, ვინც მზად არის შეკავშირდეს და იმუშაოს ჩვენი საერთო სახლის, ჩვენი რესპუბლიკის კეთილდღეობისათვის, საკითხებისა და პრობლემების სამართლიანი გადაჭრისათვის, რომელიც არ ბღალავს საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეთა კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს.
მომავალი თაობა არ გვაპატიებს, თუ არ შევიგნებთ, რომ ნორმალური ცხოვრების ერთადერთი გზაა ჩვენი სახელმწიფოს მთელი შეგნებული, კონსტრუქციული ძალების შეკავშირება, ნამდვილი ძმობა და გულწრფელი მეგობრობა.
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია
1991 წლის 24 ოქტომბერი
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის მიმართვა აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 25 ოქტომბერი. - №207 (227). - 1გვ.
![]() |
72 თავისუფლების ერთი წელი... |
▲ზევით დაბრუნება |
შეხვედრა ქართველ და უცხოელ ჟურნალისტებთან
მთავრობის სასახლესთან გამართული ხალხმრავალი მიტინგის შემდეგ, რომელიც ქართველი ხალხის უდიდეს გამარჯვებას - საბჭოთა სინამდვილეში პირველი მრავალპარტიული არჩევენების წლისთავს მიეძღვნა, საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ბატონი ზვიად გამსახურდია შეხვდა ქართველ და უცხოელ ჟურნალისტებს.
დღეს, განაცხადა მან, - უმნიშვნელოვანესი დღეა ქართველი ერის ისტორიაში და არა მარტო მის, არამედ მთელი ყოფილი საბჭოთა ხალხების ისტორიაში. დიახ, 9 აპრილმა და 28 ოქტომბერმა დასაბამი მისცეს არა მარტო საქართველოს, არამედ ყოფილ იმპერიაში შემავალი რესპუბლიკების, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ხალხების ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლას. სამწუხაროდ, დღეს ამ ფაქტის დანახვა არ სურთ ზოგიერთებს - არც საქართველოში და არც მის გარეთ. მაგრამ, სიმართლე სწორედ ის შუბია, რომელიც ხალთაში არ დაიმალება.
28 ოქტომბერზე როცა ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, თუ რა მოუტანა ამ დღემ დამონებულ ხალხებს. საბჭოთა კავშირის სინამდვილეში, ჩვენში გაიმართა პირველი მრავალპარტიული არჩევნები, რამაც საფუძველი ჩაუყარა საქართველოს პირველი პრეზიდენტის არჩევას. მართალია, დღეს საქართველო დიდ გაჭირვებას განიცდის, მაგრამ ჩვენ და ჩვენი მოძრაობა მზად ვართ ვიბრძოლოთ ბოლომდე, საბოლოო გამარჯვებამდე.
იმპერიული ძალები ბევრ დეზინფორმაციას ავრცელებენ ჩვენზე. შეიძლება ითქვას, ჩვენს წინააღმდეგ გაჩაღებულია ნამდვილი ინფორმაციული ომი. ამიტომ დღევანდელ შეხვედრას ჩვენ დიდი მნიშვნელობას ვანიჭებთ.
შემდეგ ბატონმა ზვიად გამსახურდიამ უპასუხა ქართველი და უცხოელი ჟურნალისტების კითხვებს.
კითხვაზე, მიიღებს თუ არა საქართველო მონაწილეობას საბჭოთა კავშირის ვალების გადახდაში, პრეზიდენტმა უპასუხა: რა თქმა უნდა, თუ ქონება, და რაც მთავარია, ოქროს მარაგი თანაბრად იქნება გაყოფილი. ამ საკითხზე ახლახან გამოქვეყნდა უკრაინის მემორანდუმი და საქართველო მთლიანად უჭერს მას მხარს. საერთოდ კი, - თქვა მან, - მე კრემლის ოპოზიციად ვრჩები და ვერავითარი მუქარა ვერ შეცვლის ჩვენს გადაწყვეტილებას - ვიბრძოლოთ საბოლოო გამარჯვებამდე. ქართველი ხალხი მიჩვეულია სიძნელეებს და ამჟამადაც შეძლებს გადალახოს ისინი.
კითხვაზე, ჩრდილოეთ კავკასიის ხალხთა ასამბლეის შესახებ პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იგი გმობს ჩრდილოეთ ოსეთის მთავრობის მცდელობას სამაჩაბლოს მიერთების თაობაზე, გაგზავნილია სათანადო პროტესტი. რაც შეეხება ბატონ ბორის ელცინთან ურთიერთობას, იგი ყოველთვის კარგი იყო, მაგრამ ამჟამად სამაჩაბლოს პრობლემასთან დაკავშირებით რამდენადმე გაურკვეველია მისი პოზიცია.
ქართველი და უცხოელი ჟურნალისტები დაინტერესდნენ, რამდენი საბჭოთა ჯარისკაცია ამჟამად დისლოცირებული საქართველოში - მათი რიცხვი 200 ათას კაცს აღემატება. დაისვა საკითხი მათი საქართველოდან გაყვანის შესახებ, მაგრამ ჯერჯერობით მოლაპარაკება საბჭოთა კავშირთან არაა დაწყებული, ამასთანავე საფუძველი ჩაეყარა საკუთარი რესპუბლიკური არმიის შექმნას.
პრეზიდენტმა ილაპარაკა დღევანდელ კრიზისულ მდგომარეობაზე და აღნიშნა, რომ ეს არაა მხოლოდ საქართველოს პრობლემა. დღეს ჩვენზე უფრო თვით მოსკოვს უჭირს. საერთოდ კი, დასძინა მან - მსოფლიოში არც ერთ პარლამენტს არ ძალუძს ერთ წელიწადში გადაწყვიტოს ყველა პრობლემა, მით უმეტეს, რომ ეს იმ ქვეყნის პრობლემაა, რომელსაც მიუხედავად მიღწეული თავისუფლებისა, ჯერ კიდევ ვერ გავემიჯნეთ მთლიანად. კრიზისიდან გამოსვლას კი ჩვენ შევძლებთ მხოლოდ მაშინ, როდესაც საბოლოოდ გამოვეყოფით ყოფილ საბჭოთა კავშირს, მოვიპოვებთ ჭეშმარიტ თავისუფლებას.
- რა მოუტანა თავისუფლების ერთმა წელიწადმა საქართველოს?
ამ კითხვაზე პრეზიდენტმა ასეთი პასუხი გასცა: - ჩვენში გაუქმდა კომპარტიის რეჟიმი, შეწყდა ქართველი ჭაბუკების რუსეთის არმიაში გაგზავნა, ქართული მიწების გაყიდვა- განიავება. ბოლო მოეღო ქართული ენის დევნას და ჩაგვრას, ალბათ, შეცდომებიც არაერთი დავუშვით, - თქვა პრეზიდენტმა, მაგრამ ვინც უნდა ყოფილიყო ჩვენს პირობებში, უთუოდ ვერ ასცდებოდა ამას. ბევრს აინტერესებდა საქართველოს დამოუკიდებლობა ჩეჩნეთ-ინგუშეთის პრობლემებისადმი: - ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ იდეას და არავითარ შემთხვევაში არავითარი სახით არ ჩავერევით კონფლიქტში.
- მიიღებდით თუ არა მონაწილეობას ცენტრალური ტელევიზიის გადაცემაში ვინ არის ვინ?
- რატომაც არა?! - მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამას არ დაუშვებს ცენტრალური ტელევიზიის ხელმძღვანელობა.
ბატონმა ზვიად გამსახურდიამ ბევრ სხვა კითხვაზეც გასცა პასუხი: ისინი ეხებოდა როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ, სოციალურ ასპექტებს.
დაძაბულობა დარბაზში ერთგვარად განმუხტა კითხვამ: რა გუნებაზე ბრძანდებით დღეს, ბატონო პრეზიდენტო?
- ძალიან კარგზე, - უპასუხა მან. საქმეები უკეთ მიგვდის, სულ მოკლე ხანში გვცნობს კიდევ რამდენიმე ქვეყანა. მიუხედავად დიდი სიძნელეებისა - შინაური და გარეშე მტრების მცდელობისა, უფრო მკვეთრად იკვეთება საქართველოს მომავალი გამარჯვებებიც.
საქინფორმი
თავისუფლების ერთი წელი... / ზვიად გამსახურდიას შეხვედრა ქართველ და უცხოელ ჟურნალისტებთან // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 30 ოქტომბერი. - №211(231). - 1გვ.
![]() |
73 მშობლიური მიწის მოვლისა და აღორძინების კონფერენციის მონაწილეებს |
▲ზევით დაბრუნება |
ქართველი კაცი ოდითგანვე ცნობილი იყო მიწის დიდი სიყვარულით. შემთხვევითი როდია, რომ ქართველებს გეორგიანებს, ე.ი. მიწათმოქმედებს უწოდებენ, ჯერ კიდევ უძველეს დროში გვქონდა მსოფლიო მეცნიერების მიერ აღიარებული პირველადი სამიწათმოქმედო კულტურა. დღეს, სამწუხაროდ, ამაზე მხოლოდ ისტორიული მასალებიღა მეტყველებს.
იმპერიამ იმთავითვე მიზნად დაისახა, რომ საქართველო იაფი ნედლეულის წყაროდ და შემადგენელ ნაწილად გაეხადა. და ამიტომაც ყველაფერს აკეთებდა, რომ ქართველი კაცი გაუცხოვებოდა მიწას, შენელებოდა მისი სიყვარული, შრომისმოყვარეობა, რადგან იცოდა, რომ ეს მამულის სიყვარულს, დამოუკიდებლობისაკენ ლტოლვას შეუნელებდა. გადაგვარდა უნიკალური აბორიგენული კულტურული ჯიშები, ფლორა და ფაუნა, დარგთა შეთანაწყობა, ბუნებათსარგებლობის პრინციპები. არატრადიციულმა მონოკულტურამ, მომწამვლელმა ტექნოლოგიებმა დაისადგურეს ჩვენს მიწა-წყალზე. ყოველივე ამან და საქართველოს სს რესპუბლიკის მთავრობის დამღუპველმა პოლიტიკამ - მთის რეგიონებიდან მოსახლეობის ბარში გადმოსახლებამ სოფლის მცხოვრებთა კულტურულ, ეკონომიკურ და სოციალურ მოთხოვნათა სრულმა უგულებელყოფამ ქართველ კაცს გაუნელა მიწის სიყვარული, გამოაცალა სოფელს. დღეს ოთხასამდე სოფელი დაცლილია. მიტოვებულია მთათუშეთი, ხევსურეთი, რაჭა და სხვა რეგიონები. აი, რა არის დემოგრაფიული პრობლემების მიზეზი. ეს პრობლემები განსაკუთრებით გამძაფრდა ბოლო ოცდაათ წელიწადში. მომწამვლელი ტექნოლოგიების დანერგვის გამო ორჯერ გაიზარდა ბავშვთა სიკვდილიანობა, რამდენჯერმე მოიმატა გენეტიკურმა გადახრებმა, დაავადებათა და სიკვდილიანობის რიცხვმა.
დაბინძურებულია ბუნება, ეროზირებული და თითქმის მწყობრიდან გამოსულია სახნავი მიწების ნახევარი, დაახლოებით ამდენივე ტყის რესურსები ვეღარ ასრულებენ თავის ფუნქციას. ამიტომაც ბოლო წლებში შესამჩნევად იმძლავრა სტიქიურმა მოვლენებმა. უხეში ჩარევა ვერ გვაპატია ბუნებამ.
გამოცლილი გვაქვს ერთადერთი ეკონომიკური ბერკეტი - ქართული მიწის ბარაქა, რომელიც ჩვენს სულიერ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ სიძლიერესაც უწყობდა ხელს, ათასგზის უფსკრულის პირას მისულ საქართველოს ფეხზე წამოაყენებდა. იმპერიის ორასწლოვანი, სოფლის მეურნეობის წარმოების პოლიტიკა იყო ჩუმი, მცოცავი საშუალება ქართველი ერის გენეტიკურად გადაგვარებისა და მისი დაუძლურებისა.
ამ ურთულეს პერიოდში ყველა თქვენგანს ეკისრება უდიდესი მისია უნიკალური მიწათმოქმედების კულტურის აღდგენისა, აბორიგენული ჯიშების, ბუნებათსარგებლობის პრინციპების, ქართული მიწის აღორძინების, ქართველი კაცის სოფლად შემობრუნებისა და გენეტიკურად გამოჯანსაღებისა. ღმერთი იყოს თქვენი შემწე ამ ჭეშმარიტად ეროვნული მისიის აღსრულებაში კაცობრიობის საკეთილდღეოდ.
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია
მშობლიური მიწის მოვლისა და აღორძინების კონფერენციის მონაწილეებს / გამსახურდია ზ. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 31 ოქტომბერი. - №212 (232). - 1გვ.
![]() |
74 ჩრდილოეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს |
▲ზევით დაბრუნება |
მტკიცე პროტესტს გამოვთქვამთ ჩრდილოეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის თვითმარქვია აღმასრულებელი კომიტეტის მიმართვის განხილვის გამო ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურო ოლქის ტერიტორიის ჩრდილოეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე.
ჩრდილოეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს არც თავისი საკუთარი კონსტიტუციის, არც რსფსრ-ის კონსტიტუციის თანახმად არავითარი უფლებამოსილება არ გააჩნია ავტონომიური რესპუბლიკის საზღვრების შესაცვლელად. ასეთი მოქმედება ძირეულად ეწინააღმდეგება რსფსრ- ის კონსტიტუციის 70-ე მუხლს, რომლის თანახმადაც რუსეთის ფედერაციის ტერიტორია, რომლის შემადგენლობაშიც შედის ჩრდილოეთ ოსეთი, არ შეიძლება შეიცვალოს რსფსრ-ის თანხმობის გარეშე.
ჩრდილოეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ ამ საკითხის განხილვა საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის ცდაა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ჩამოაცილოს მისი ტერიტორიის განუყოფელი ნაწილი, რაც აშკარად ეწინაამდეგება საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის 1, 71, 73 და 104 მუხლებს. ამ მუხლების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორია ერთიანი და განუყოფელია და არ შეიძლება მისი შეცვლა საქართველოს რესპუბლიკის თანხმობის გარეშე. მისი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობისა და საზღვრების საკითხების გადაწყვეტა საქართველოს რესპუბლიკის გამგებლობას განეკუთვნება, თანაც ზემოთ აღნიშნული საკითხის განხილვა ხდება ვითარებაში, როდესაც ჩრდილოეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელები აკოწიწებენ და საქართველოს რესპუბლიკის ისტორიულ მიწა-წყალზე, შიდა ქართლში გზავნიან შეიარაღებულ ბანდებს ოსი სეპარატისტების მხარდასაჭერად, ამარაგებენ მათ იარაღითა და საბრძოლო ტექნიკით.
ჩრდილოეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელთა ამგვარი მოქმედება უხეშად თელავს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს და ჩვენს მიერ განიხილება, როგორც აგრესია დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ, აქედან გამომდინარე იურიდიული და პოლიტიკური შედეგებით.
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
თბილისი.
1991 წლის 1 ნოემბერი
ჩრდილოეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს / გამსახურდია ზ. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 9 ნოემბერი. - №220 (240). - 1გვ.
![]() |
75 წერილი რუსეთის პრეზიდენტს |
▲ზევით დაბრუნება |
პატივცემულო ბორის ნიკოლოზის ძევ!
ქართველი ხალხი შეშფოთებით ადევნებს თვალს მოვლენების განვითარებას ჩეჩნეთ-ინგუშეთში. აქ საგანგებო წესებისა და კომენდანტის საათის გამოცხადება ჩვენთვის მოულოდნელი იყო, რადგან ყოველთვის გიცნობდით თქვენ, როგორც ხალხთა თავისუფლების ქომაგსა და დემოკრატიის დამცველს, რაც დაადასტურა თქვენმა ძალისხმევამ ბალტიისპირეთის ხალხების დამოუკიდებლობის მოძრაობის მხარდასაჭერად, რეაქციული საგანგებო წესების სახელმწიფო კომიტეტის წინააღმდეგ საბრძოლველად. მაგრამ ახლა მოვლენების ესოდენ მკვეთრი შემობრუნება სინანულს იწვევს. საფრთხე შეექმნა თავისუფლებისმოყვარე ჩეჩენ ხალხს. ძალადობის ესკალაციამ ჩეჩნეთ-ინგუშეთში შეიძლება შეარყიოს თქვენი ავტორიტეტი ყოფილი საბჭოთა იმპერიის ხალხთა თვალში, რომლებიც დამოუკიდებლობისთვის იბრძვიან.
იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ვითარების შემდგომი გამწვავება კავკასიაში, გთხოვთ გააუქმოთ საგანგებო წესები გროზნოში, პატივი სცეთ ჩეჩენი ხალხის ნების გამოხატვას, რომელიც ესწრაფვის თვითგამორკვევასა და თავისუფლებას.
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია
თბილისში 1991 წლის 9 ნოემბერს
გამართული მრავალათასიანი
მიტინგის მონაწილეთა სახელით
წერილი რუსეთის პრეზიდენტს / გამსახურდია ზ. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 12 ნოემბერი. - № 221 (241). - 1გვ.
![]() |
76 გაეროს გენერალურ მდივანს ბატონ ხავიერ პერეს დე კუელიარს, მსოფლიოს ხალხებსა და პარლამენტებს |
▲ზევით დაბრუნება |
დაშლის პირამდე მისული იმპერია ამაოდ ცდილობს ყოველი ხერხით შეაჩეროს მამაცი და თავისუფლებისმოყვარე კავკასიელი ხალხების სწრაფვა დამოუკიდებლობისაკენ. ამა წლის 27 აპრილს ჩვენ მოგმართეთ თქვენ, რომ მზადდებოდა სისხლიანი პროვოკაციები კავკასიაში. იმპერიის მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ინტენსიურად ნერგავდნენ აზრს, თითქოს „კავკასიელი ველურები“ და „ტუზემცები“ ცენტრის ჩარევის გარეშე ამოჟლეტდნენ ერთმანეთს. ამ „მოტივით“ როგორც საქართველოში, შიდა ქართლში (ყოფილ „სამხრეთ ოსეთში“), ისე ჩეჩენ-ინგუშეთში უხეში სამხედრო ძალის გამოყენებით ხდება მშვიდობიანი მოსახლეობის აწიოკება. დღეს დილით ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში, სადაც უნდა მომხდარიყო საყოველთაო არჩევნების გზით არჩეული ჩეჩნეთის პრეზიდენტის ბატონ ჯოჰარ დუდაევის ინაუგურაცია, იმპერიის სამხედრო ძალები თავს დაესხნენ ჩეჩენ პატრიოტებს. მოსალოდნელია სისხლისღვრა. ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, შეტაკებები გრძელდება, ხდება ახალი სამხედრო შენაერთების შეყვანა ჩეჩნეთის ტერიტორიაზე. მზადდება იმ თავისუფლებისმოყვარე და ვაჟკაცი ხალხის გენოციდი, რომლის მიმართაც ჯერ ცარისტულმა, ხოლო შემდეგ ბოლშევიკურმა იმპერიამ უკვე ორჯერ (1878 და 1944 წლებში) განახორციელა მასობრივი რეპრესიები, რის შედეგადაც ათასობით ჩეჩენი იქნა ფიზიკურად მოსპობილი და იძულებით გასახლებული სამშობლოდან. მიგვაჩნია, რომ დაუშვებელია პოლიტიკური საკითხების უხეში სამხედრო ძალის გამოყენებით გადაწყვეტა. ნებისმიერი სადავო საკითხი უნდა წყდებოდეს მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით. იმედი გვაქვს, რომ გაერო, მსოფლიოს ხალხები და პარლამენტები გულთან ახლოს მიიტანენ მცირერიცხოვანი ჩეჩენი ხალხის ტრაგედიას და ხმას აღიმაღლებენ სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ. ჩვენი აზრით, უხეშად ითელება, როგორც ჩეჩენთა, ისე ქართველთა ეროვნული უფლებები. (ვგულისხმობთ ყოფილ „სამხრეთ ოსეთს“). ამიტომ მოვითხოვთ გაეროს ადამიანის უფლებების დაცვის ექსპერტთა და მეთვალყურეთა ჯგუფის სასწრაფოდ ჩამოსვლას, რათა ადგილზე (ქ. გროზნოსა და შიდა ქართლში) შეისწავლონ შექმნილი მძიმე მდგომარეობა და ხელი შეუწყონ კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას.
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია
1991 წლის 9 ნოემბერი
გაეროს გენერალურ მდივანს ბატონ ხავიერ პერეს დე კუელიარს, მსოფლიოს ხალხებსა და პარლამენტებს / გამსახურდია ზ. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 12 ნოემბერი. - №221 (241). - 1გვ.
![]() |
77 ყარაჩაევსკი, საბჭოების სახლი, ყარაჩაელი ხალხის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ორგანიზაციას „ჯამაგათს“1 |
▲ზევით დაბრუნება |
ძმებო ყარაჩაელებო!
თქვენი ხალხისათვის ამ სამგლოვიარო დღეს, სამძიმარსა და გულწრფელ თანაგრძნობას გიცხადებთ. ქართველი ხალხისათვის სრულიადაც არ არის სულ ერთი თქვენი მრავალტანჯული, შრომისმოყვარე და ვაჟკაცი ხალხის ბედი და ჩვენი ისტორია სავსეა ურთიერთგაგების, ძმობის, ჭირსა და ლხინში ერთმანეთის მხარდაჭერის შესანიშნავი მაგალითებით. ჩვენი წინაპრები იმდენად აფასებდნენ და პატივს სცემდნენ ერთმანეთს, რომ შექმნეს ძმადნაფიცობის დიდებული და განუმეორებელი ინსტიტუტი, როცა ყარაჩაელ ბავშვებს აღსაზრდელად აბარებდნენ თქვენი მეზობლების ოჯახებს - ქართველ მთიელებს ქართული ენისა და კულტურის შესასწავლად, ქართული ადათ-წესებით აღსაზრდელად, სამაგიეროდ კი ქართველი ბავშვები სრულწლოვანებამდე ცხოვრობდნენ ყარაჩელთა ოჯახებში, იზრდებოდნენ თქვენი ხალხის საუკეთესო ტრადიციების მაგალითით. უფროს თაობაში ახლაც ცხოვრობენ და თავს კარგად გრძნობენ ქართველები, თავიანთი მშობლების ყონაღთა აღზრდილები, და ქართულ ოჯახებში აღზრდილი ყარაჩაელები. ერთმანეთის ენების, ფოლკლორის, ადათ-წესების ცოდნა, ერთმანეთის პატივისცემა დაეხმარა ჩვენს ხალხებს ძნელბედობის ჟამს. ხოლო როცა 1944 წლის 7 (?)2 ყარაჩელებს თავს დაატყდათ უბედურება და მათი ოჯახები იძულებული იყვნენ დაეტოვებინათ სამშობლო, წინაპართა კერები, ქართველთა მწუხარებას საზღვარი არ ჰქონდა: იყო მაგალითები, როცა ქართველებმა ნებაყოფლობით გაიზიარეს თავიანთი ძმადნაფიცების ხვედრი და მათთან ერთად გადასახლებაში აღმოჩნდნენ.
პატივცემულო მეგობრებო! ქართველი ხალხი, ესწრაფვის რა სრულ დამოუკიდებლობას, წმინდად ინახავს მათ ხსოვნას, ვინც მსხვერპლად შეეწირა გენოციდის დანაშაულებრივ პოლიტიკას, საბჭოთა იმპერია რომ ახორციელებს. თავს ვხრით მათი ხსოვნის წინაშე.
ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებთ ამაყ და ვაჟკაც ყარაჩაელ ხალხს.
საქართველო თქვენთან არის და მხარს უჭერს თქვენს საუკეთესო მისწრაფებებს.
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია
საქართველოს რესპუბლიკის
უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე
აკაკი ასათიანი
1991 წლის 9 ნოემბერი
მიმართვა : ყარაჩაევსკი, საბჭოების სახლი, ყარაჩაელი ხალხის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ორგანიზაციას „ჯამაგათს“ / გამსახურდია ზ., ასათიანი ა. / საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 12 ნოემბერი. - №220 (240). - 1გვ.
_______________
1. „ჯამაგათი” ყარაჩაელი ხალხის მიერ 1989 წელს შექმნილი პოლიტიკური ორგანიზაციაა. (შემდგენლის შენიშვნა)
2. 1943 წლის 2 ნოემბერი ყარაჩაელი ხალხის იძულებითი დეპორტაციის დღეა. ტექსტში მითითებულ თარიღში, ჩვენი ვარაუდით, იგულისხმება 1944 წლის 7 მარტი. როგორც ცნობილია, 1944 წლის 23 თებერვლიდან 9 მარტამდე განხორციელდა ყარაჩაელთა ხელახალი დეპორტაცია. ი. ბ. სტალინის გარდაცვალებისა და ხელისუფლებაში ნ. ხრუშჩოვის მოსვლის შემდეგ ყარაჩაელებს ნება დართეს დაბრუნებულიყვნენ მშობლიურ ადგილებში. (შემდგენლის შენიშვნა)
![]() |
78 საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია უპასუხებს ჟურნალისტთა და ტელემაყურებელთა კითხვებს |
▲ზევით დაბრუნება |
ამა წლის 10 ნოემბერს პირდაპირი ეთერით მოეწყო მოსკოვ-თბილისის ტელეხიდი. საბჭოთა კავშირისა და საქართველოს ჟურნალისტებისა და ტელემაყურებელთა კითხვებს უპასუხა საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ. გადაცემაში მონაწილეობდნენ: პროგრამა - „თანამეგობრობის“ მთავარი რედაქტორი ა. სკრიაბინი, გაზეთ „იზვესტიის“ მთავარი რედაქტორი ი. გოლემბიოვსკი, „ნეზავისიმაია გაზეტას“ მთავარი რედაქტორი ვ. ტრეტიაკოვი, საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის პრესმდივანი გ. ბურჯანაძე.
მოგვყავს გადაცემის დაწვრილებითი ანგარიში.
ი. გ.-ს კითხვა: გამარჯობათ, ბატონო პრეზიდენტო. თავს უფლებას ვაძლევ დაგისვათ პირველი კითხვა. მისი არსი შემდეგია: რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უკანასკნელმა სესიამ შეაჩერა კანონი პოლიტიკურ პარტიათა შესახებ და სანამ გკითხავდეთ, თუ რა არის ამ აქტის არსი, უნდა ვთქვა, რომ ეს იწვევს გარკვეულ, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის, არცთუ სასიხარულო ანალოგიას. მახსენდება, რომ 1918 წელს ლენინმაც ასევე შეაჩერა დროებით პოლიტიკური პარტიების საქმიანობა და თქვენ იცით, რომ მრავალპარტიული სისტემის დაბრუნება ჩვენ მხოლოდ სამოცდათორმეტი ან სამოცდაცამეტი წლის შემდეგ შევძელით. ხომ არ უქმნის ეს საფრთხეს დემოკრატიულ პროცესს, რომელიც უნდა განვითარდეს რესპუბლიკაში?
პასუხი: ჯერ ერთი, უნდა შევნიშნოთ, რომ თქვენი ანალოგია მთლად მარჯვე ვერ გამოდგა, როცა ლენინს შემადარეთ, იმიტომ, რომ ჩემი აზრით, თქვენ მასთან უფრო ახლო ხართ არა მარტო გეოგრაფიულად, არამედ იდეოლოგიურადაც.
რაც შეეხება კანონის მოქმედების შეჩერებას, ეს დაკავშირებულია საგანგებო წესებთან, რომლებიც ახლაც მოქმედებენ საქართველოში. ალბათ, ეს თქვენთვის ცნობილია. ამასთან, კანონი შეჩერებულია მხოლოდ მის იმ ნაწილში, სადაც საქმე ეხება პარტიათა რეგისტრაციას. თქვენ, ალბათ, იცით, რომ საქართველოში არის დაახლოებით ორასი პარტია და ორგანიზაცია, რომლებიც ცდილობენ გატარდნენ რეგისტრაციაში, მიიღონ შენობები, პრესა, ტელევიზია და, ხშირად, ისინი ვერ აკმაყოფილებენ იმ მოთხოვნებს, რომლებსაც ასეთ შემთხვევებში უყენებენ პარტიებს. შეიძლება ითქვას, რომ ისინი კრიმინალური ორგანიზაციები არიან; ზოგიერთი მათგანი, შეიძლება ითქვას, აღმოჩნდა გარეული ჩვენი დედაქალაქის ცენტრში ამ ცოტა ხნის წინათ მომხდარ უწესრიგობებსა და სისხლიან დანაშულში. ამიტომ, პროკურატურამ მოითხოვა დრო, რათა გაარკვიოს მათი საქმიანობა და ამ დრომდე შეაჩეროს კანონი პარტიათა რეგისტრაციის შესახებ. ასე რომ, ამ კანონის შეჩერების ინიციატივა არ მომდინარეობს არც პრეზიდენტის, არც უზენაესი საბჭოსაგან. ეს მომდინარეობს პროკურატურისაგან, რომელიც განიხილავს სისხლის სამართლის საქმეებს. აი, რა არის ჭეშმარიტება. და, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თქვენი შედარება მთლად მარჯვე ვერ არის.
ა. ს.-ს კითხვა: მომიტევეთ, ბატონო პრეზიდენტო, რამდენადმე დავარღვიე ჩვენი პროგრამის მიმდინარეობა. ჩვენი გადაცემის დასაწყისში დაგპირდით, რომ მოგცემდით სიტყვას. ბოდიშს გიხდით და გაძლევთ სიტყვას. გთხოვთ.
ზ. გ. ვსარგებლობ ამ შემთხვევით და მინდა ვთქვა, რომ დავთანხმდი ამ გადაცემაში მონაწილეობას, თუმცა, რამდენადმე გაკვირვებული ვარ იმის გამო, თუ რატომ იწყება ეს ციკლი მაინც და მაინც ჩემით და რით არის გამოწვეული ეს ინტერესი. მაგრამ, მეორეს მხრივ, ვხედავ შესაძლებლობას გავფანტო ის საზარელი დეზინფორმაცია, რომელიც სწორედ ცენტრალური ტელევიზიის მეშვეობით ვრცელდება მთელს მსოფლიოზე საქართველოს, მისი პრეზიდენტისა და ჩვენს რესპუბლიკაში მომხდარი ამბების შესახებ. ამიტომ, მსურს, არგუმენტებითა და ფაქტებით, როგორც უყვართ ხოლმე თქვენში ამის თქმა, გავფანტო ეს დეზინფორმაცია და ნათელი მოვფინო ჩვენს პოზიციას თანამედროვეობის ყველა იმ მოვლენის მიმართ, რომელიც აწუხებს საზოგადოებრიობას. ასე რომ, მზად ვარ ამომწურავი პასუხი გავცე ყველა კითხვას, მაგრამ გთხოვთ ერთს თქვენ, აგრეთვე მოქალაქეებსაც, რომლებიც დასვამენ კითხვებს, ყველაფერს ხომ აქვს თავისი ფორმა, ეთიკა, რომ კითხვები არ ცდებოდეს ამ ეთიკის ფარგლებს, და რომ არ დამისვან უტაქტო და ისეთი კითხვები, რომლებიც შეიძლება ეხებოდეს ჩვენი ქვეყნის საშინაო საქმეებს, სახელმწიფო საიდუმლოებებს, რომლებზეც პასუხის გაცემა არ ძალმიძს. წინასწარ ვაცხადებ, რომ უტაქტო კითხვებს არ ვუპასუხებ, როგორც ამას ვშვრები ხოლმე, იმიტომ, რომ, სამწუხაროდ, ყველა ჟურნალისტი როდი იცავს ამ წესებს. საქმიან საუბარს კი ყოველთვის მივესალმები. გთხოვთ, შეგიძლიათ დაიწყოთ.
ა. ს. გმადლობთ, ბატონო პრეზიდენტო. მე მსურდა მხოლოდ მეთქვა, რომ ჩვენ, სახტელერადიო ჟურნალისტებს, ისე როგორც საქართველოს მცხოვრებლებსაც, როგორც თქვენ, გულს გვტკენს საინფორმაციო გამოშვებებში დაშვებული შეცდომები, უზუსტობანი და ვფიქრობ, რომ სახტელერადიოს კორესპონდენტმა ნანა ღონღაძემ ბევრი რამ იღონა, რათა გამოესწორებინა ეს შეცდომები. მაგრამ, აი, რაზე მსურდა ყოველივე ამის მიუხედავად, მიმეპყრო თქვენი ყურადღება: საქმე ის არის, რომ ინფორმაციებს ჩვენ ისევ და ისევ, ძირითადად, საინფორმაციო სააგენტოებიდან ვიღებთ და მრავალი ინფორმაცია, რომლებმაც გააოცეს საქართველოს მცხოვრებლები და გამოიწვიეს აღშფოთება, ამ სააგენტოებიდან მივიღეთ, კერძოდ, ჩემს წინ დევს საკდესის ინფორმაცია. და მეორე, რისი თქმაც მინდოდა, როცა პრესის საქმიანობა შეზღუდულია, მაშინ გაიპარება ხოლმე შეცდომები არა მარტო საქართველოს, არამედ სხვა სუვერენული სახელმწიფოების მიმართაც. იქნებ, ამის თაობაზე გვეტყოდეთ რამეს.
ზ. გ. იცით, ამას შეცდომებს ვერ ვუწოდებდი. ეს რაღაც მიზანდასახული ტაქტიკაა. განვმარტავ, დაჟინებით გადმოიცემა ცენტრალური ტელევიზიით ინფორმაცია, თითქოს ყოველდღე, დღემდე მიმდინარეობს ცხინვალის დაბომბვა არტილერიით და რაკეტებით. ეს იმდენად შემზარავი სიცრუეა, რომ გარწმუნებთ, მთელი საქართველო იცინის, როცა ამ დეზინფორმაციას ისმენს. გთხოვთ, ჩამობრძანდეთ ჩვენთან, ჩვენს ობიექტურობაში რომ არ დაეჭვდეთ, მოგცემთ შესაძლებლობას გაესაუბროთ ცხინვალში დაბანაკებული შინაგანი ჯარების სარდლობას. პირდაპირ გაოცებული ვარ, რატომ დღემდე არ დაგბადებიათ ასეთი აზრი, გეკითხათ სწორედ იმ ადამიანებისათვის, რომლებსაც ვერა და ვერ ვუწოდებთ ქართველ ექსტრემისტებს ან ნაციონალისტებს. რატომ არ გსურთ მათგან შეიტყოთ სიმართლე?
რა რაკეტები შეიძლება იყოს იქ? რა არტილერია აქვს საქართველოს რესპუბლიკას? მით უმეტეს, რომ ზოგჯერ იმასაც კი ამბობენ, თითქოს ვლადიკავკაზსაც კი ვუშენდეთ ჩვენს რაკეტებს. ჰოდა, სწორედ ეს აღგვიძრავს ეჭვს, რომ ყოველივე ეს მიზანდასახულად არის დამახინჯებული, გაყალბებული და ყოველივე ამას აქვს ძალზე შორს მიმავალი მიზნები.
აი, თქვენ ახსენეთ ნანა ღონღაძე. სწორედ ნანა ღონღაძეს არ აძლევენ უფლებას გადასცეს ზუსტი ინფორმაცია. გუშინწინ, დილას, როცა დიქტორმა გამოაცხადა, რომ იქ ცეცხლს უშენენ ცხინვალს, ნანა ღონღაძემ ლაპარაკი დაიწყო გეოგრაფიულ, ისტორიულ პრობლემებზე, იმის ნაცვლად, რომ პირდაპირ ეთქვა - იქ არავითარი სროლა არ მიმდინარეობსო. რა თქმა უნდა, იყო შემთხვევები 17 ოქტომბრამდე. სხვათა შორის, გარკვეულ კერძო პირებს აქვთ სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტები, - ეს, სხვათა შორის, საბრძოლო რაკეტები არ არის, მაგრამ ეს იყო ერთეული შემთხვევები კერძო პირთა მხრიდან, რომლებიც არ ემორჩილებიან ხელისუფლებასა და მთავრობას. დღემდე კი ავრცელებენ ვერსიას იმის თაობაზე, რომ მასირებულ სარაკეტო ცეცხლს უშენენ ცხინვალს. აი ეს, შეიძლება ითქვას ზღაპრული ვერსიები, იწვევენ უნდობლობას.
ვ. ტ-ს კითხვა: იმედი მაქვს, ბატონი საქართველოს პრეზიდენტი დამეთანხმება იმაში, რომ ჩვენი გაზეთი, შეიძლება ერთი იმ მცირეთაგანია მოსკოვში, რომლებიც ძალზე ხშირად აქვეყნებდა ბატონ გამსახურდიას ინტერვიუებს, ისე როგორც მის მოწინააღმდეგე - ოპოზიციონერებისას, და მე მსურს, დავასრულო დღეს მასობრივი ინფორმაციების საშუალებათა ეს თემა. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, იყო გარკვეული ეჭვი იმის თაობაზე, მისცემდა თუ არა ცენტრალური ტელევიზია ბატონ გამსახურდიას პირდაპირი ეთერით გამოსვლის შესაძლებლობას. და აი, დღეს შედგა ეს შეხვედრა, ეს გამოსვლა, იქნება კითხვები, იქნება პასუხი. ამავე დროს კი, ქართველი ტელეჟურნალისტები გაფიცული არიან საქართველოში. მათ დაპირდნენ, რომ ოპოზიცია შეძლებდა ტელევიზიით გამოსვლას. ეს დაპირება არ შესრულებულა. ისინი კვლავ გაიფიცნენ. მე მაქვს კითხვა ბატონ პრეზიდენტთან: არის კი მაინც იმის შესაძლებლობა, რომ საქართველოს ოპოზიციის ლიდერებს მიეცეთ საქართველოს ტელევიზიით პირდაპირ ეთერში გამოსვლის საშუალება.
ზ.გ.-ს პასუხი: ესეც არასწორი ინფორმაციაა: თითქოსდა, ყველა ჟურნალისტი იყოს გაფიცული. ნაწილი გაფიცულია. ეს ის ნაწილია, რომელიც მიემხრო პუტჩს, სახელმწიფო გადატრიალებას, სხვათა შორის, შეიარაღებული გადატრიალების ცდებს, რომლებიც მოხდა საქართველოში სექტემბერსა და ოქტომბერში. ეს ნაწილი არა მარტო გაფიცულია, არამედ, გაძარცვა და დაარბია საქართველოს ტელევიზია და მისი შენობა, მაშინ მიხვდებოდით, თუ როგორი „ოპოზიციონერები“ და როგორი „დემოკრატები“ არიან ისინი. როგორც ხშირად გადასცემთ ხოლმე, აი, დემოკრატები დამდგარან ტელევიზიასთან, დიქტატორი კი მთავრობის სახლში მოკალათებულაო. თვალნათლივ დარწმუნდებით, თუ რას წარმოადგენენ ეს „დემოკრატები“ და რა „ოპოზიციაა“ იგი; რა ჩაიდინა მან ტელევიზიის შენობაში და რა ჩაიდინა თბილისის ქუჩებში. ასე რომ, გთხოვთ: გულდასმით შეისწავლოთ ასეთი საკითხები და შემდეგ ილაპარაკოთ. ხოლო, რაც შეეხება იმას, რომ მათ არ უთმობენ ეკრანს, იგი მათ დაუთმეს, მაგრამ მათ მოინდომეს, ეკრანი გამოეყენებინათ კანონიერი, ხალხის მიერ არჩეული საქართველოს მთავრობის დამხობის მიზნით. აი, რატომ მწვავდება მათთან ურთიერთობა. მსურს, დაგისვათ ასეთი კონტრკითხვა: ისეთ ადამიანებს, როგორიც არიან იაზოვი, იანაევი, კრიუჩკოვი, თქვენ დღეს აი ახლა, ამ მომენტში დაუთმობდით ეკრანს, გამოიყვანდით მათ საპყრობილეებიდან, დასვამდით ეკრანის წინ და დართავდით ნებას, ექადაგებინათ მთავრობის დამხობის თავიანთი იდეები? რატომ არ ავლებთ ასეთ პარალელებს? სწორედ ასეთივე საქმიანობას ეწეოდნენ აი ეს „ოპოზიციონერები“, როგორც თქვენი იანაევი, იაზოვი და სხვები. ასე რომ, ცოტა ჩვენს მდგომარეობაშიც უნდა შეხვიდეთ.
ვ. ტ. რაც შეეხება იანაევის ან კრიუჩკოვის პრობლემას, მე, რა თქმა უნდა, არა ვარ ცენტრალური ტელევიზიის ხელმძღვანელი, მაგრამ იმ გაზეთში, რომელსაც ვმეთაურობ, მივცემდი მათ სიტყვას, თუ მათ აქვთ რაიმე სათქმელი, ჰოდა, ცენტრალური ტელევიზიის ხელმძღვანელიც რომ ვიყო, მაშინაც არ ვიტყოდი უარს შესაძლებლობაზე, მომესმინა, თუ რას ლაპარაკობენ ისინი დღეს.
ზ. გ. რაღაც ძალზე ხშირად ვერ ვხედავ მათ თქვენს ეკრანზე.
ვ. ტ. ეს უბრალოდ იმიტომ, რომ ახლა მათ საქმეს იძიებენ.
ზ. გ. დიახ, ჩვენ გვყავს ოპოზიციონერები, რომელთა საქმეებს იძიებენ, სხვათა შორის, - პუტჩისტები. მრავალი მათგანის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები. და ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში უთუოდ აღძრავენ სისხლის სამართლის საქმეებს ასეთ პირთა წინააღმდეგ. ეს არც დიქტატურაა და არც ფაშიზმი, როგორც ამას ზოგიერთი ამტკიცებს.
ი. გ. გთხოვთ, მომიტევოთ ბატონო პრეზიდენტო. მოხარული ვარ, როცა მოვისმინე თქვენი სიტყვები იმის შესახებ, რომ თქვენ, როგორც გავიგე, ჟურნალისტებს იწვევთ, რათა თავადვე გაერკვნენ ადგილზე, თუ რა ხდება იქ. უნდა ვთქვა, რომ რესპუბლიკაში ინფორმაციის წყაროების ხელმისაწვდომობა ძალიან შეზღუდულია და თუმცა, ეს წლინახევრის წინათ იყო, როცა ჩვენი ჟურნალისტები ცდილობდნენ მოხვედრილიყვნენ სამხრეთ ოსეთში, მაგრამ ეს ვერ მოახერხეს. ვფიქრობ, ახლა შევძლებთ გავგზავნოთ ჩვენი კორესპონდენტები, რათა ნამდვილად ობიექტურად გააშუქონ ის, რაც იქ ხდება. ამიტომაც, მადლობას მოგახსენებთ ამისათვის. მაგრამ, თუ ნებას მომცემთ, კიდევ ერთ კითხვას დაგისვამთ. როცა ვაკვირდებით საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის განვითარებას, იბადება ბევრი კითხვა ეკონომიკური პროგრამის თაობაზე. ჩემი კითხვაც ორი ნაწილისაგან შედგება: შეგიძლიათ თუ არა მოკლედ, თუმცა მესმის, რომ ეს ფრიად სერიოზული საკითხია, გვესაუბროთ თქვენი ეკონომიკური პროგრამის საფუძვლების შესახებ, და მეორე, მოაწერს თუ არა ხელს რესპუბლიკა ეკონომიკურ შეთანხმებას სამოკავშირეო ხელშეკრულების ფარგლებში?
ზ. გ.-ს პასუხი: უკანასკნელი კითხვით დავიწყებ, რადგან ეს ფრიად მნიშვნელოვანი საკითხია. წერილი გავუგზავნე სსრ კავშირის პრეზიდენტ ბატონ გორბაჩოვს, რომელშიც ვაცხადებ, რომ მხოლოდ საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ შეიძლება განვიხილოთ საკითხი პოლიტიკური ან ეკონომიკური ხასიათის ნებისმიერი ხელშეკრულების შესახებ. რამდენადაც სახელმწიფო საბჭო სუვერენულ რესპუბლიკებს გვიწოდებს, უფლება გვაქვს, მოვთხოვოთ მას დოკუმენტურად დაადასტუროს ეს და იურიდიულად გააფორმოს ჩვენი, როგორც სუვერენული სახელმწიფოს აღიარება და მხოლოდ ამის შემდეგ მიგვაჩნია შესაძლებლად, დავიწყოთ მოლაპარაკება აღნიშნულ საკითხზე.
რაც შეეხება ეკონომიკურ პროგრამას, მოკლედ, ეს რა თქმა უნდა, ძნელია ჩამოაყალიბო ესოდენ მცირე დროში, მაგრამ ამას მაინც ვეცდები. ჩვენს ეკონომიკურ პროგრამას საფუძვლად უდევს არსებული ეკონომიკური სისტემის სრული რეორგანიზაციის, სოციალისტური ეკონომიკის ყველა უარყოფითი მხარის დაძლევისა და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის განვითარების პრინციპები. რა თქმა უნდა, ეს ძალიან ზოგადი სიტყვები, ზოგადი ფრაზებია, მაგრამ ჩვენ უკვე ვადგავართ ამ გზას და არ ვიშურებთ ძალღონეს, რათა შევქმნათ საკუთარი ვალუტა, ურომლისოდაც წარმოუდგენელია ეკონომიკური დამოუკიდებლობა, წარმოუდგენელია ეკონომიკური რეფორმები. და როცა ჩვენ გვისაყვედურებენ ისინი, ჩვენს რესპუბლიკაში საკმარისად სწრაფად არ მიმდინარეობსო, ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ჯერჯერობით არ გვაქვს საკუთარი ვალუტა. ეს რეფორმა დაგეგმილია ჩვენში ყოველივე იმის შექმნის კვალობაზე, რაც ეს-ეს არის ჩამოვთვალე. გვაქვს პრივატიზაცია, რომელიც ისეთი ტემპით მიმდინარეობს, როგორც გვსურს. და თქვენ, რა თქმა უნდა, მოგეხსენებათ, რასთან არის ეს დაკავშირებული და რამდენად ძნელი პროცესია არა მარტო ჩვენში, არამედ სხვა რესპუბლიკებშიც; რომ აქ არის მეტად თავისებური მოვლენები, არის მაფია, არის ისეთი კლანები, რომლებსაც სურთ, ეს თავიანთ სასარგებლოდ გამოიყენონ, და ზოგჯერ ჭირს ამის განხორციელება სახელმწიფოსათვის სერიოზული ზიანის მიუყენებლად. მაგრამ, მაინც ვცდილობთ, განვახორციელოთ რეფორმები, რომლებიც ბოლოს და ბოლოს მიგვიყვანენ თავისუფალ, საბაზრო ეკონომიკამდე, და, რა თქმა უნდა, ეს უწინარეს ყოვლისა, დამოკიდებულია, აგრეთვე, დასავლეთის ქვეყნების პოზიციაზე, ჯერჯერობით, ასე ხალისით რომ არ ამყარებენ ჩვენთან ეკონომიკურ კონტაქტებს. აი, ამ მიმართულებით ვცდილობთ განვახორციელოთ ჩვენი ეკონომიკური პროგრამა.
ი. გ. დიდი მადლობა პასუხისათვის. ნებას მომცემთ, რომ ამ საკითხის განსავითარებლად, დავაზუსტო კიდევ ერთი დეტალი?
ზ. გ. რა თქმა უნდა.
ი. გ. გვქონდა ინფორმაცია, რომ რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა, როცა მომავალ ეკონომიკურ წყობას შეეხო, მიზნად სახელმწიფო კაპიტალიზმის მშენებლობა დაასახელა. რამდენად შეესაბამება ეს სინამდვილეს?
ზ. გ.-ს პახუხი: ესეც დეზინფორმაციაა, რომელიც მომდინარეობს ჩვენი პოლიტიკური მტრებისაგან, რომლებისგანაც თქვენ, სხვათა შორის, უფრო ხშირად იღებთ ინფორმაციას და რატომღაც ენდობით მტრული ოპოზიციის ამ ინფორმაციას და არ ცდილობთ მიიღოთ ოფიციალური, სოლიდური, შემოწმებული ინფორმაცია, მაგალითად, ჩვენი პრესცენტრიდან რომ მომდინარეობს. თუ ნებას მომცემთ, წაგიკითხავთ ცენტრალური ტელევიზიის მიერ გადაცემულ რამდენიმე ინფორმაციას, რომლებიც - ამას საქართველოში ჩვენი ტელემაყურებლები დაადასტურებენ - წმინდა წყლის მონაჭორი და დეზინფორმაციაა. თითქოს დემოკრატიულ ძალებს ხელთ ეგდოთ ტელეცენტრი. ტელეცენტრი ხელთ იგდეს სისხლის სამართლის დამნაშავეებმა. სისხლის სამართლის ბანდებმა, რომლებმაც გაანადგურეს ეს შენობა, გაძარცვეს, გაზიდეს მთელი აპარატურა, ააოხრეს და გააჩანაგეს აქაურობა. რამდენიმე დღეს იქ და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ბანდიტთა ბანაკი იყო. ასე რომ, იქ არავითარი დემოკრატები არა ყოფილან, დემოკრატები ავტომატებით საკითხებს არ წყვეტენ და შემდეგ: თელასზე თავდასხმას, რომელიც ამ ბანდამ მოაწყო, უწოდებენ უბრალო მკვლელობას, რომელიც თითქოს ბნელით იყოს მოცული და არც ერთ მხარეს არ ეკისროს პასუხისმგებლობა ამ აქციისთვის. სინამდვილეში, მოხდა თავდასხმა სახელმწიფო დაწესებულებაზე. დაიხოცა ადამიანები. და აი ეს განახორციელეს ე.წ. „დემოკრატებმა“, შემდეგ, ამბობენ, დემოკრატები ტელეცენტრთან სანთლებით ხელში იდგნენო. ისინი სანთლებით კი არა, ტყვიამფრქვევებით, ნაღმსატყორცნებით, ავტომატებით იდგნენ. განუწყვეტლივ გაისმოდა იქ სროლის, აფეთქებების ხმა. მათ დაიკავეს ცირკის შენობა, იქ დადგეს ზარბაზანი, რომელიც ცეცხლს უშენდა, სხვათა შორის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს შენობას. აი, მაგალითად, თითქოს ჩვენი ძალები თავს დასხმოდნენ შავნაბადას, თენგიზ კიტოვანის გვარდიელთა ბანაკს. ჯერ ერთი, ისინი არავითარი გვარდიელები არ არიან, ისინი ყოფილი გვარდიელები - დღეს ბანდიტები არიან, სადაც თითქოს დაიღუპა სულ ცოტა ხუთი კაცი. იქ არავინაც არ მოუკლავთ. აი, ასეთ ინფორმაციას გადმოსცემს ცენტრალური ტელევიზია, ეყრდნობა ამ ბანდიტთა ბანაკის დეზინფორმატორებსა და პროვოკატორებს.
ნათქვამია, თითქოს საქართველოში მტკიცდებოდეს საბჭოთა სოციალისტური სტრუქტურები. რა საერთოც გვაქვს საბჭოთა სტრუქტურებთან, ალბათ ყველას მოეხსენება. ჩვენ გავაუქმეთ მთლიანად საბჭოთა ხელისუფლება და ავკრძალეთ კომპარტია. ჩვენში არავითარი სოციალისტური სტრუქტურები არ არის. მიმდინარეობს მათი გარდაქმნა და ახლის შექმნა. და შემდეგ: ცხინვალში მიმდინარეობს სარაკეტო-საარტილერიო ცეცხლის დაშენა. ლტოლვილთა რიცხვმა კი ასი ათასს გადააჭარბა. სინამდვილეში სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა უკანასკნელი აღწერით სულ 98 ათასს შეადგენს: ქართველებსა და ოსებს. თუ ასი ათასი ლტოლვილი გაიქცა ცხინვალიდან, მაშასადამე, იქ არავინ არ უნდა დარჩენილიყო, ეს ხომ უბრალო არითმეტიკაა. არადა, თქვენი ტელევიზია ყოველდღე გადმოსცემს, რომ უკვე თითქმის ას ორმოცდაათი ათასი ლტოლვილია ცხინვალიდან, - ყოფილი სამხრეთ ოსეთიდან. ასეთი საოცარი ამბები გადაიცემა ტელევიზიით. და კიდევ რა? თითქოს საპატიმროებში გვყავდეს ბევრი პოლიტპატიმარი. არავითარი პოლიტპატიმრები არ არიან, არიან სისხლის სამართლის ელემენტები, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს და რისთვისაც დააპატიმრებდნენ კიდეც თქვენშიც და ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოშიც.
ა. ს. ბატონო პრეზიდენტო, რამდენიმე სატელეფონო ზარი გაისმა და სიტყვას გადავცემ თქვენს პრესმდივანს. თუ შეიძლება გაგვაცანით, რა კითხვები გაქვთ?
გ. ბ.-ს კითხვა: ბატონო პრეზიდენტო, თბილისელი ირინე ქავთარაძე გეკითხებათ, გვითხარით, თუ შეიძლება, როცა 1783 წელს საქართველომ და რუსეთმა ხელი მოაწერეს გეორგიევსკის მეგობრობის ტრაქტატს, რომელი სახელმწიფოს შემადგენლობაში შედიოდა ცხინვალის რეგიონი და როგორ ეწოდებოდა მას - სამხრეთ ოსეთი თუ შიდა ქართლი?
ზ. გ.-ს პასუხი: 1922 წლამდე ცხინვალის რეგიონს მუდამ შიდა ქართლი ეწოდებოდა. 1922 წელს ბოლშევიკებმა გამოიგონეს ახალი ტერმინი - სამხრეთ ოსეთი. სამხრეთ ოსეთი გეოგრაფიული ტერმინი არ არის. ეს არის ბოლშევიკთა მიერ გამოგონილი ტერმინი, რომლებმაც მოახდინეს საქართველოს ოკუპაცია და ანექსია, რათა საქართველოსთვის ჩამოეცილებინათ ეს ტერიტორია, სადაც ოსი მოსახლეობა იყო. თქვენ კი მოგეხსენებათ, რომ საქართველოში სხვა ეროვნებანიც ცხოვრობენ. ისინი შეგნებულად უწოდებდნენ მას სამხრეთ ოსეთს. ეს იგივეა, რომ ახლა, კრასნოდარის მხარეს ვუწოდოთ ჩრდილოეთ საქართველო, რათა ხელთ ვიგდოთ ეს კრასნოდარის მხარე და ჩამოვაცილოთ იგი რუსეთს, ამასთან თავი ვიმართლოთ, კრასნოდარის მხარეში, როგორც იცით, ქართველები ცხოვრობენო. აი, ასეთია ლოგიკა, როცა სამხრეთ ოსეთზე ლაპარაკობენ. არავითარი სამხრეთ ოსეთი არ არის და იგი არც არასოდეს არსებობდა. ასეთი გეოგრაფიული ტერმინი ბუნებაში არ არის.
ა. ს. გიორგი, გთხოვთ, დასვათ კიდევ კითხვები.
გ. ბ.-ს კითხვა: გარდაბნელი ზოია ივანეს ასული ბელორეევა გეკითხებათ: გაიზრდება თუ არა ფასები საქართველოში? თუ გაიზრდება, მოგვემატება თუ არა პენსია და ხელფასი?
ზ. გ.-ს პასუხი: იცით, ყოველ ღონეს მივმართე, რათა არ გაზრდილიყო პურის ფასები და ეს საზოგადოებრიობის მოთხოვნა იყო, რისთვისაც გამაკრიტიკა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა თენგიზ სიგუამ. დღესაც ამას მთავარ ბრალდებად მიყენებს, მაგრამ არ ვიცი, როგორ უნდა დაადანაშაულო პრეზიდენტი იმისათვის, რომ მან ფასები არ გაზარდა, უფრო სწორად - პირიქით კი უნდა იყოს. მაგრამ სამომავლოდ ამის პირობას ვერ მოგცემთ, იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, ჯერჯერობით ეკონომიკურ იზოლაციაში, ასევე ეკონომიკურ ბლოკადაში ვართ ცენტრის წყალობით. არ ვიცით, რას გვიქადის ეს ბლოკადა ხვალ. ყოველ შემთხვევაში, ყოველ ღონეს ვიხმართ, რათა ეკონომიკური ვითარება არ გაუარესდეს, რათა ხალხი არ გაწვალდეს. მაგრამ ჩვენთვის გამოცხადებული ეს ბლოკადა, რომელიც რუსეთის პარლამენტმა რუსეთის პრეზიდენტს ურჩია, უკვე აღემატება ეთიკისა და ადამიანურობის ყოველ ზომას, იმიტომ რომ, როგორ შეიძლება გამოუცხადო ბლოკადა, ჯერ ერთი, მთელ ხალხს, რაღაც, ცხინვალში მომხდარი ამბებისათვის, თუნდაც ექსტრემისტთა ქცევისათვის, და მით უმეტეს არაქართველ მოსახლეობას. საქართველოში ხომ 80 ეროვნების ადამიანები ცხოვრობენ. ბლოკადას უცხადებენ არა მარტო ქართველ ხალხს, თუმცა ისიც არ იმსახურებს ამას. რა დააშავეს, მაგალითად, 400 ათასმა რუსმა, 400 ათასმა აზერბაიჯანელმა, 500 ათასმა სომეხმა. რა ბრალი მიუძღვით მათ, რისთვის უნდა აღმოჩნდნენ ისინი ბლოკადაში, ისინი იმისათვის უნდა დაიტანჯონ, რომ რუსეთის სფსრ პარლამენტს არ მოსწონს ზოგიერთი ექსტრემისტის ქცევა ცხინვალში? გეკითხებით, სად არის ლოგიკა?
ვ. ტ.-ს კითხვა: მინდა სავსებით კონკრეტული კითხვა დაგისვათ საქართველოს ეკონომიკური პრობლემების, ეკონომიკური რეფორმების შესახებ. გათვალისწინებულია მიწების პრივატიზაცია. ვიცი, რომ არის გარკვეული შეფერხება ამ პროექტთან დაკავშირებით. ჯერ ერთი, რით არის იგი გამოწვეული, და მეორეც, გათვალისწინებულია თუ არა პრივატიზაცია, მიეცემა თუ არა მიწა საქართველოს ყველა მოქალაქეს, მათ შორის აფხაზებს, ოსებს, რუსებს და არა მარტო ქართველებს?
ზ. გ.-ს პასუხი: ყველა მოქალაქეს მიეცემა და უნდა აღგითქვათ, რომ ყველა, ვინც საქართველოში ცხოვრობს და საქართველოშია ჩაწერილი, მიიღებს მოქალაქეობასა და მიწას. მაგრამ, ჯერჯერობით ვერ შევიმუშავეთ მიწის კოდექსი. პარლამენტს ვერ მოუხდენია ამ კანონპროექტის რატიფიკაცია, რადგან მიმდინარეობს დავა წვრილმანების შესახებ. მოგეხსენებათ, რომ საქართველო მაღალმთიანი ქვეყანაა, რომ მას აქვს ისეთი რეგიონები, სადაც მოსახლეობას პრივატიზაციის საკითხისადმი სხვადასხვა მოსაზრება აქვს. წარმოიდგინეთ, რომ ზოგიერთ მათგანში სახელმწიფო მეურნეობას აძლევენ უპირატესობას. მიმდინარეობს კამათი, განხილვა. ამასთან არის დაკავშირებული შეფერხება და არა იმასთან, რომ თითქოს არ გვინდოდეს საკუთრებაში მიწის მიცემა. ჩვენში მოქმედებს თავისუფალი იჯარა, და შეიძლება ითქვას, რომ ეს თითქმის საკუთრებაა მიწაზე, იმიტომ, რომ გლეხი მიწის სრულუფლებიანი ბატონ-პატრონია, ოღონდ გაყიდვის უფლება არა აქვს. სინამდვილეში შეიძლება ითქვას, პრივატიზაცია უკვე დაიწყო. არის ბევრი კერძო მეურნეობა, კერძო ფერმა, უკვე რამდენიმე ათასია. პრაქტიკულად შემიძლია ვთქვა კიდეც, რომ აქ არავითარი კანონი არ არის საჭირო. ხალხი, გლეხები თვითონ ახდენენ უკვე მიწის პრივატიზაციას და უკვე ფლობენ მიწას. ასე რომ, აქ კანონი უკვე ძალიან ცოტა რამეს თუ წყვეტს. კანონს შეუძლია უბრალოდ მოაწესრიგოს ეს პროცესი, რომელიც ისედაც, სხვათა შორის, უკვე მიმდინარეობს. გლეხს ხელს არავინ უშლის დაამუშაოს მიწა, ოღონდ კი გამოჩნდეს კაცი, რომელიც მას დაამუშავებს, გამიგეთ? აი ეს პრობლემა გვაქვს ჩვენ, ისევე როგორც სხვათა შორის რუსეთში.
ი. გ.-ს კითხვა: ბატონო პრეზიდენტო, უკვე ბევრი წერილი, დეპეშა მივიღეთ შეკითხვებით და ალბათ არ გვაპატიებენ, თუ მათ არ დაგისვამთ. აქ ბევრია მსგავსი კითხვა, რომლებზეც უკვე უპასუხეთ, მაგრამ აი კითხვათა ჯგუფი, რომლებიც აფხაზეთთან არის დაკავშირებული. ყველაზე მოკლე და ყოვლისმომცველი: მუხინი ქალაქ ტულიდან გეკითხებათ: როგორი ურთიერთობა ექნება აფხაზეთთან საქართველოს მომავალში?
ზ. გ.-ს პასუხი: ჩემი აზრით, ურთიერთობა ნორმალური იქნება. არ არის ახლა ისეთი გართულებები, რომლებიც შიშს იწვევდნენ. მოგეხსენებათ, რომ აფხაზები და ქართველები მონათესავე ხალხები არიან. ისინი ოდითგანვე ერთად ცხოვრობდნენ და ურთიერთობის გამწვავება მხოლოდ ჩვენი ხალხების მტრებს აძლევს ხელს. ეს ახლა შეგნებული აქვს ორივე მხარეს, და სხვათა შორის, არა მარტო საქართველოს მხარეს, და შეიძლება ითქვას, იქ არ გართულდება ვითარება. ჩვენს ურთიერთობას მუდამ საფუძვლად ედო თანასწორუფლებიანობის პრინციპები. აფხაზები მუდამ სარგებლობდნენ დიდი უფლებებით საქართველოში, შეიძლება ითქვას, ძალიან დიდი უფლებებითაც კი. არავინ არ ლახავს აფხაზთა უფლებებს, არც კულტურულს, არც ეთნიკურს. ასე რომ, საქართველოში არ არის პრობლემები აფხაზებისათვის და ამას საჯაროდ ვაცხადებ.
ვ. ტ.-ს კითხვა: შეკითხვა მაქვს საქართველოს პრეზიდენტისადმი, იგი სხვათა შორის ეხმიანება ტელემაყურებლის - მოსკოველი ალექსანდრე სერგის ძე შაროვის კითხვას: თქვენი შეხედულებანი ჩეჩნეთ-ინგუშეთის მოვლენებისადმი, დუდაევისადმი? რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, თქვენ მიესალმეთ ჩეჩნეთ-ინგუშეთის ხელისუფლების სათავეში დუდაევის დადგომას და პირიქით - იგი მოგესალმათ თქვენ, როგორც საქართველოს პრეზიდენტს. რა აზრის ბრძანდებით ახლა ამ პრობლემის შესახებ?
ზ. გ.-ს პასუხი: მოგეხსენებათ, რომ ჩვენი პრინციპია პატივი ვცეთ ყველა ხალხის თვითგამორკვევის უფლებას და აქ ვერ დავუშვებთ გამონაკლისს ჩეჩენი ხალხის მიმართ. ჩვენ ამის მომხრე ვართ და შეიძლება ითქვას, ჰელსინკის კავშირიც, რომლის თავმჯდომარეც მე ვარ, მიზნად ისახავს სწორედ ბრძოლას საქართველოს სუვერენიტეტისა და თვითგამორკვევისათვის. იგი მხარს უჭერს ყველა ხალხის თვითგამორკვევას, მაგრამ, რა თქმა უნდა, მათ საკუთარ ტერიტორიაზე. ზოგჯერ გვისაყვედურებენ, სახელმწიფოს შექმნის უფლებას არ ვანიჭებთ ზოგიერთ ეროვნულ უმცირესობას ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ეს როდია დამაჯერებელი საბუთი, იმიტომ რომ ხალხი უნდა იმყოფებოდეს საკუთარ ტერიტორიაზე, რათა იბრძოლოს თვითგამორკვევისათვის, დამოუკიდებლობისათვის. მეტად შეწუხებული და ფრიად შეშფოთებული ვართ, რომ იქ (ჩეჩნეთის რესპუბლიკაში) შემოღებულია საგანგებო წესები. ეს-ეს არის გავუგზავნე დეპეშა ბატონ ელცინს და ამ დეპეშაში ვთხოვე მოხსნას საგანგებო წესები და კომენდანტის საათი, რათა არ გამწვავდეს ვითარება კავკასიაში. ამიტომ, ყოველივე ეს მშვიდობიანი საშუალებებით უნდა გადაწყდეს.
ა. ს.-ს კითხვა: ბატონო პრეზიდენტო, ძალზე მრავალი წერილია, რომლებიც ასე თუ ისე უკავშირდება საქართველოს არამკვიდრი მოსახლეობის მდგომარეობას. ისინი ძალზე ბევრია. თუ ნებას დამრთავთ, წაგიკითხავთ ყველაზე ნიშანდობლივს: „ჩემი მშობლები ცხოვრობენ საქართველოში, შორეულ, მიყრუებულ სოფელში. ამას გვწერს მოსკოველი სელივანოვი - სურთ იქიდან წამოსვლა და სახლის ყიდვა რუსეთის ტერიტორიაზე. შესაძლებელია თუ არა ჩვენთვის კომპენსაციის გადახდა იმ სახლისათვის, რომელიც საქართველოში რჩება?“ შემდეგი შეკითხვაც მოსკოვიდანაა - გაუში ალექსანდრე მიხეილის ძე - დავიბადე და ოც წლამდე ვიზრდებოდი საქართველოს ქალაქ ფოთში. 25 წელია ვცხოვრობ მოსკოვში. ფოთში დამრჩა დედა. როგორ ჩავიდე დედასთან? მაქვს თუ არა უფლება მივიღო ორმაგი მოქალაქეობა?“ და ბოლო კითხვა, რომელიც აჯამებს, აერთიანებს ყველას ინტერესებს, ეს არის სიჩი ქალაქ პეტროსტალიდან: „არის თუ არა ახლანდელი პრეზიდენტის დროს რუსულენოვანი მოსახლეობის ცხოვრების უშიშროების გარანტიები?“
ზ. გ.-ს პასუხი: დავიწყებ უკანასკნელი კითხვით. დღეს საქართველოში რუს მოსახლეობასა და სხვა ეროვნების ადამიანებს ემუქრებათ ერთგვარი საფრთხე, თუ რუსეთი გამოიყენებს ეკონომიკურ სანქციებს საქართველოს წინააღმდეგ. საფრთხე ემუქრება მთელ საქართველოს. აი, ეს არის ერთადერთი საფრთხე. საქართველოს მთავრობის მხრიდან კი ისინი იღებენ მხოლოდ მხარდაჭერას, გაგებას. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ყველა ეროვნების წარმომადგენელი თანასწორუფლებიანია, არავითარი პრობლემა არ არსებობს საქართველოს მოსახლეობისათვის. ამას ადასტურებს ის, რომ არაქართველი მოსახლეობის 90 პროცენტმა ხმა მომცა მე პრეზიდენტის არჩევნებში, 31 მარტის რეფერენდუმზე ხმა მისცა საქართველოს დამოუკიდებლობას. ასე რომ, არ არსებობს არავითარი პრობლემები არაქართველი მოსახლეობისათვის. აქ არც კი არსებობს ცნება მკვიდრი და არამკვიდრი მოსახლეობა. ყველა თანასწორია, ყველას აქვს თანაბარი უფლებები და ყველა ერთნაირად ცხოვრობს. რაც შეეხება კომპენსაციას, ყოველთვის, როგორც კი ადამიანები მოისურვებენ გამგზავრებას, მათ ეძლევათ კომპენსაცია. სხვათა შორის, იმ ოსთაგან, რომლებიც, როგორც თქვენ გადმოსცემთ, საქართველოდან ლტოლვილები არიან, სინამდვილეში 80 პროცენტი ლტოლვილი კი არა, ის ადამიანები არიან, რომლებსაც სურთ ემიგრირება და რომლებსაც, სხვათა შორის, ეძლევათ კომპენსაცია. მათმა უმრავლესობამ უკვე მიიღო კომპენსაცია და გაემგზავრა საქართველოდან ისე, რომ ეს მათთვის არავის არ დაუძალებია. ესენი არიან ემიგრანტები და არა ლტოლვილები. გთხოვთ, ერთმანეთში ნუ აურევთ ამ ორ ცნებას. თუ მაგალითად, ახლა ბრალად დავდებთ რუსეთის მთავრობას იმას, რომ ახლა რუსეთიდან დასავლეთში ემიგრირებს ამდენი ადამიანი, ეს სასაცილო იქნება. ასე ვფიქრობ, ყველაფერი გასაგებია. ჩვენ კი მზად ვართ, შევისწავლოთ ყველა კონკრეტული შემთხვევა. გთხოვთ მოგვმართოთ.
ი. გ. დიდი მადლობა. ჩვენ საერთო დროის სულ რვა წუთი დაგვრჩა. თავს უფლებას მივცემ წავიკითხო რამდენიმე კითხვა. თბილისელი ვიქტორ სოკოლოვი გვეკითხება: „ხომ არ თვლით თქვენ, ბატონო პრეზიდენტო, რომ ზოგიერთი თქვენი თაყვანისმცემელი, რომელიც სიყვარულს გეფიცებათ თქვენ და თავგამოდებით ლანძღავს ოპოზიციასა და თქვენს ოპონენტებს, დათვურ სამსახურს გიწევთ, გეხმარებათ ახალ-ახალი მტრების შეძენასა და ოპონენტებთან უკვე არსებული უფსკრულის გაღრმავებაში. და მეორე კითხვა - შეგიძლიათ თუ არა გაარჩიოთ უხეში პირფერობა თქვენი მისამართით და მტკიცედ აღკვეთოთ იგი მომავალში?“
ზ. გ.-ს პასუხი: იცით, პუშკინის სიტყვებს გავიმეორებდი, რომ „პირფერობა უკეთურისგან მოდის“. არ მიყვარს პირფერობა და შეიძლება ითქვას, არაგულწრფელი ქება უარესია, ვიდრე გულწრფელი ძაგება. არ მივესალმები ხოტბა-დიდებას, არ ვხარბდები, არ დავეძებ მას. ასე რომ, ამაოდ მდებენ ბრალს იმაში, თითქოს მიყვარდეს, როცა მაქებენ და დადებითად მომიხსენიებენ ხოლმე. ვცდილობ, ყურად ვიღო ობიექტური აზრი ჩემს შესახებ და ვიმოქმედო მის შესაბამისად.
ა. ს.-ს კითხვა: თუ ნებას დამრთავთ, ბატონო პრეზიდენტო, აქ არის რამდენიმე კითხვა, რომლებიც, როგორც ვფიქრობ, ძალზე მნიშვნელოვანია. ისინი ეხება საქართველოს საერთაშორისო მდგომარეობას. სენოვი ბრესტის ოლქიდან გვეკითხება: „რატომ აყოვნებს ასე დასავლეთი საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებას, მან ხომ სცნო ლიტვა, სადაც რუსულენოვანი მოსახლეობა 50 პროცენტს შეადგენს?“ როგორც ჩანს, რუსულენოვანი მოსახლეობა მთლად მთავარი არ არის, მაგრამ კითხვა ეხება საქართველოს აღიარებას.
ზ. გ.-ს პასუხი: იცით, ეს ეხება არა მარტო საქართველოს, არამედ უკრაინას, მოლდოვას, სომხეთს, ყველა რესპუბლიკას, რომლებმაც გამოაცხადეს დამოუკიდებლობა და საქმე საქართველო, სახელმწიფო წყობა პიროვნებები როდია. დასავლეთს ჯერჯერობით ვერ გადაუწყვეტია, თუ რა მოუხერხოს ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებს. მთელი არსი ეს არის. მას ჯერჯერობით ვერ შეუმუშავებია თავისი პოლიტიკა. და ამიტომ მიმდინარეობს ყოველივე ამის განხილვა, როგორც ეს ჩემთვისაა ცნობილი და ალბათ საქართველოს ბედი გადაწყდება სხვა რესპუბლიკების ბედთან ერთად. ასე ვფიქრობ მე.
ვ. ტ.-ს კითხვა: ჩვენი დრო იწურება. ნაწილობრივ ვეთანხმები მას, რომ სიტუაციას კავკასიაში არცთუ ისე კარგად ფლობენ ის ადამიანები, რომლებიც არ ცხოვრობენ იქ. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ყველაფერს როდი წერენ. ჩვენი გაზეთი წერდა, რომ შეიქმნა კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაციული რესპუბლიკა. რამდენად უჭერთ მხარს ამ იდეას და საერთოდ, პანკავკასიის იდეას?
ზ. გ.-ს პასუხი: თუ იგი დაეფუძნება სამართლიანობასა და ობიექტურობას მაშინ - დიახ. ის კი, რაც თქვენ ამიხსენით, მიმაჩნია, რომ არასერიოზული მოვლენაა, და როგორც ვფიქრობ, ამასთან არასერიოზული ადამიანები მეთაურობენ. ასე რომ, ეს წმინდა სიმბოლური მოვლენაა და მას დიდად არ დაუჭერენ მხარს კავკასიის ხალხები და, სხვათა შორის, აქ პროვოკაციის ნიშნებიც ჩანს; იქ არის ამ მოძრაობის ცალკეული ლიდერების ზოგიერთი პროვოკაციული განცხადება. მე, რა თქმა უნდა, ამას მხარს არ ვუჭერ და არ მივესალმები. მაგრამ კავკასიის სოლიდარობას, კავკასიის ხალხების სოლიდარობას და რა თქმა უნდა, ურთიერთპატივისცემას - ამას ყოველთვის მივესალმები.
ა. ს.-ს კითხვა: გუშინ, რუსეთის თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე, რუსეთის ვიცე-პრეზიდენტმა რუცკოიმ ბრალად დასდო ჩეჩნეთ-ინგუშეთში მოვლენების გამწვავება საბჭოთა კავშირის ოთხ ყოფილ რესპუბლიკას - ესტონეთს, ლატვიას, ლიტვას და საქართველოს. როგორ ეკიდებით ამას?
ზ. გ.-ს პასუხი: ჩემი აზრით, ეს ძალზე არასწორი და არაობიექტურია. ძალზე ვწუხვარ, რომ მან გააკეთა ასეთი განცხადება, იმიტომ, რომ ჩვენგან არავითარი ჩარევა არ ყოფილა. ჩვენ ასეთ პროცესებში არ ვერევით. მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია დავგმოთ ასეთი მოვლენები, რადგან თავად ვიბრძვით დამოუკიდებლობისათვის. ჩვენ ამას წინ ვერ აღვუდგებით. რაც შეეხება წაქეზებას ან რაიმე მისდაგვარს, ეს არასდროს არ ყოფილა. ჩვენ გვსურს, რომ ყველაფერი მშვიდობიანად გადაწყდეს. არ გვინდა, რომ დაიღვაროს სისხლი და იყოს რაიმე ექსცესები.
ა. ს. ბატონო პრეზიდენტო, აი უკვე კითხვები თბილისიდან მივიღეთ. გიორგი აბულაძე გვეკითხება: - თქვენ საკუთარ თავზე გამოსცადეთ რეჟიმის ზემოქმედება და როგორც იცით, ყოველთვის არ იყო შესაძლებელი მისი გაძლება. ხომ არ უქმნით თქვენ ადამიანებს ისეთ რეჟიმს, რომელიც სხვაგვარად მოაზროვნეებზე ზემოქმედების საშუალებას იძლევა?
ზ. გ.-ს პასუხი: ესეც კურიოზული კითხვაა, იმიტომ, რომ არავინ არ ახდენს ზემოქმედებას სხვაგვარად მოაზროვნეებზე. დაე, ყველაფერი გამოთქვან. აი, თუნდაც ავიღოთ ჩვენი ოპოზიციური გაზეთები და შევადაროთ ისინი დემოკრატიული ქვეყნების ნებისმიერ გაზეთებს, ვფიქრობ, ვერავითარ სხვაობას ვერ ვნახავთ. ყველას შეუძლია გამოთქვას თავისი აზრი, არავინ არ ახდენს მათზე ზემოქმედებას. მაგრამ ეს სხვაგვარად მოაზროვნე თუ აიღებს ავტომატს და ბომბს და ესვრის მას მთავრობის სახლს, მას მოჰკითხავენ ამ საქციელისათვის. აი, რას უწოდებენ სხვაგვარად მოაზროვნეთა შევიწროებას, თითქოს ჩვენ ვაპატიმრებდეთ სხვაგვარად მოაზროვნეებს. ეს აბსოლუტური სიცრუეა. თუ ადამიანი აღმართავს ბარიკადებს ქალაქის ცენტრში, აი, მაგალითად, თქვენთან კრემლის გვერდით, გადაკეტავს წითელ მოედანს და მისი შეიარაღებული ჯარი დაემუქრება კრემლს, რას იღონებდით? საინტერესოა, რას მოიმოქმედებენ ბატონი გორბაჩოვი და ბატონი ელცინი?
ა. ს. გმადლობთ, ბატონო პრეზიდენტო. დაგვრჩა წუთნახევარი საეთერო დრო და თქვენის ნებართვით, სიტყვას გადმოგცემთ თქვენ, გთხოვთ.
ზ. გ. მივესალმები ამ პირველ ნაბიჯს. ვფიქრობ, რომ ეს ნათელს მოჰფენს მრავალ საკითხს.
გულახდილად რომ ვთქვა, უფრო აგრესიულ განწყობილებას ველოდი, რადგან, რა დასამალია და, მიმდინარეობს საინფორმაციო ომი საქართველოს წინააღმდეგ, ცივი ომი საქართველოს წინააღმდეგ, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. საბჭოთა კავშირმა შეწყვიტა ცივი ომი დასავლეთთან, მაგრამ მან დაიწყო ცივი ომი იმ რესპუბლიკების წინააღმდეგ, რომლებიც ცდილობენ დამოუკიდებლობის მიღწევას. მაგრამ მე გაოცებული და გახარებული ვარ იმით, რომ ჩვენ შეხვედრას არ ჰქონდა ასეთი ხასიათი, არამედ მას ჰქონდა საქმიანი დიალოგის ხასიათი. მე ამას მივესალმები, ახლაც და შემდგომშიც მივესალმები.
ა. ს. გმადლობთ. მადლობას ვუხდი ჩვენი ტელეხიდის ყველა მონაწილეს როგორც თბილისში, ისე აქ, ოსტანკინოს სტუდიაში. სამწუხაროდ, ვერ შევძელით პასუხი გაგვეცა ყველა კითხვისათვის, მაგრამ ტელემაყურებლების მიერ დასმულ კითხვებს თქვენ, ბატონო პრეზიდენტო, გადმოგცემთ. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას და გემშვიდობებით. ნახვამდის.
ზ. გ. ნახვამდის.
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია უპასუხებს ჟურნალისტთა და ტელემაყურებელთა კითხვებს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 14 ნოემბერი. - №223- 224 (244). - 1 გვ.
![]() |
79 სსრ კავშირის პრეზიდენტს ბატონ მ.ს. გორბაჩოვს |
▲ზევით დაბრუნება |
ბატონო პრეზიდენტო!
ამ ბოლო ხანს, როცა უკვე დაისახა შიდა ქართლში (ყოფილი სამხრეთ ოსეთი) კონფლიქტის მოწესრიგების გზები, ამ რეგიონში დისლოცირებულმა სსრკ-ის შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანმა ჯარებმა დაიწყეს საბრძოლო ოპერაციები ქართველი მოსახლეობის წინააღმდეგ.
15 ნოემბერს სსრკ-ის შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვეგანაყოფები ოს ექსტრემისტებთან ერთად შვიდი საათის განმავლობაში ინტენსიურ ცეცხლს უშენდნენ ქართულ სოფლებს - ზემო ნიქოზსა და ქვემო ნიქოზს სარაკეტო დანადგარების, ნაღმსატყორცნების, ჯავშანტრანსპორტიორებისა და ავტომატური იარაღის მეშვეობით. დაინგრა სახლები, არიან დაჭრილები.
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა მტკიცე პროტეტსტს აცხადებს სსრკ-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების არამართლზომიერი მოქმედების გამო და ამგვარი სადამსჯელო აქციები სუვერენული საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის გაგრძელებად მიაჩნია.
თუ ზემოთხსენებული ჯარები კვლავაც გამოიყენებენ იარაღს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, მთელი პასუხისმგებლობა კონფლიქტის შემდგომი გამწვავებისათვის მთლიანად თქვენ დაგეკისრებათ.
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია
1991 წლის 17 ნოემბერი
მიმართვა : სსრ კავშირის პრეზიდენტს ბატონ მ.ს. გორბაჩოვს / გამსახურდია ზ. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 19 ნოემბერი. - №226 (246). - 1გვ.
![]() |
80 საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის მიმართვა ეროვნული გვარდიის ნაწილს, რომელიც არ ემორჩილება სახელმწიფო ხელისუფლებას |
▲ზევით დაბრუნება |
ქართველებო!
ეს საუკუნე მეორედ გვაძლევს დიდებულ შესაძლებლობას მოვიპოვოთ ის, რისთვისაც მუდამ იბრძოდნენ და იღწვოდნენ ჩვენი წინაპრები - ჩვენი სამშობლოს თავისუფლება და დამოუკიდებლობა.
პირველი შესაძლებლობა დავკარგეთ, რადგან არ აღმოგვაჩნდა საკმარისი ძალა და ერთობა იმპერიის შემოტევის წინაშე. ამიტომ, არა გვაქვს უფლება გავუშვათ ხელიდან ეს შესაძლებლობა. არა გვაქვს უფლება ხელი შევუწყოთ იმ ძალებს, რომლებსაც სურთ შეიტანონ განხეთქილება ერში, შეაფერხონ ჩვენი მოძრაობა დამოუკიდებლობისაკენ.
გვარდიელებო!
ქართველ ხალხს არასოდეს დაავიწყდება სიამაყისა და კმაყოფილების ის გრძნობა, რომელიც ყოველმა ჩვენთაგანმა ეროვნული გვარდიის ჩამოყალიბებისას განიცადა, ის ამაღელვებელი წუთები, როდესაც თქვენ ერთგულება შეჰფიცეთ საქართველოს, მის პრეზიდენტს და კანონიერ ხელისუფლებას. ყველანი დარწმუნებული ვიყავით, რომ თქვენ არც ნიჭს, არც ვაჟკაცობას და, თუ საჭირო გახდებოდა, არც სიცოცხლეს არ დაზოგავდით იმ ზნეობრივი მიზნის მისაღწევად, რომელსაც ერთიანობა, თავისუფლება, დამოუკიდებლობა ჰქვია.
დღეს მე მოგმართავთ ისე, როგორც მოგმართავდით ადრე - მაშინ, როდესაც ეროვნულ გვარდია ყალიბდებოდა;
მაშინ, როდესაც თქვენ დებდით ფიცს, რომ ერთგული იქნებოდით საქართველოსი და მისი კონსტიტუციისა; ისე, როგორც მოგმართავდით, ვიდრე არ გადაუდექით თქვენს მიერვე არჩეულ კანონიერ ხელისუფლებას, რადგან მწამს, რომ ქართველი კაცი ყოველთვის წინ დააყენებს საქართველოს სიყვარულს.
ქართველო გვარდიელებო!
ნუ გადავჩეხავთ საქართველოს უფსკრულში, ნუ ვიზამთ ამას, ისტორია და შთამომავლობა არ გვაპატიებს ამ საბედისწერო შეცდომას. დღეს საქართველო რეალურად დგას დამოუკიდებლობის მიჯნაზე და ეს არის ჩვენი გადარჩენის ერთადერთი გზა - დამოუკიდებლობა ხომ ერის ზნეობის გადარჩენაა და ამდენად, თვით ერის გადარჩენაც. დღეს უჭირს საქართველოს. თქვენი განდგომა და თბილისის ზღვაზე დაბანაკება, ზიანის მეტს არაფერს მოუტანს ჩვენს ერს. ამიტომ, მოგიწოდებთ: დაუბრუნდეთ თქვენი დისლოცირების ადგილებს, კვლავ დაექვემდებაროთ საქართველოს კანონიერ ხელისუფლებას და აკეთოთ ის, რაც მოეთხოვება დღეს ყველა ქართველს - მამულის ინტერესების დაცვა.
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია
1991 წლის 22 ნოემბერი
ეროვნული გვარდიის ნაწილს, რომელიც არ ემორჩილება სახელმწიფო ხელისუფლებას : საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის მიმართვა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 23 ნოემბერი. - №229 (249). - 1გვ
![]() |
81 პრეზიდენტის საათი |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ბატონი ზვიად გამსახურდია უპასუხებს
ტელემაყურებელთა შეკითხვებს
1991 წლის 15 ნოემბერი
პრეზიდენტი: გამარჯობათ, ძვირფასო მეგობრებო! როგორც გახსოვთ, ცენტრალური ტელევიზიით ჩემი გამოსვლის დროს იყო მრავალი შეკითხვა ჩემს მიმართ, რომელთაც ვერ ვუპასუხე დროის სიმცირის გამო. გარდა ამისა, მიგზავნიან წერილებს, შეკითხვებს მრავალ პრობლემასთან დაკავშირებით, რომლებიც აწუხებს საზოგადოებას. მე მინდა პირდაპირ საქმეზე გადავიდე და მოგახსენოთ, რომ ძირითადად ეს შეკითხვები, წერილები და მომართვები ეხება შემდეგ საგანგაშო პრობლემებს, რომლებიც, უწინარეს ყოვლისა, დგას დღის წესრიგში დღეს და რომლებიც მთავარი საზრუნავია არა მარტო ჩვენი ხელისუფლებისა, არამედ ჩვენი საზოგადოებისაც. მოსულია შეკითხვები საგარეო და საშინაო პოლიტიკასთან დაკავშირებით, მოსულია შეკითხვები ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, იმ სასურსათო კრიზისთან დაკავშირებით, რომელიც დღეს რესპუბლიკაშია, საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებით.
როგორც ცნობილია, არის უკმაყოფილება ჩვენი მოსახლეობისა ჩვენი საკადრო პოლიტიკით, ცალკეული კადრების მიმართ არის უნდობლობა. აღნიშნავენ ჩვენს შეცდომებს და ხელმოცარვებს საკადრო პოლიტიკაში. არის აგრეთვე ეგრეთ წოდებული ოპოზიციის პრობლემა: მასობრივი ინფორმაციის საშუალებების, კერძოდ, ტელევიზიის დათმობის საკითხები. და რაც მთავარი და ყველაზე მეტად საგანგაშოა, დამნაშავეობის პრობლემა, რომელიც ესოდენ იზრდება დღითი დღე, განსაკუთრებით პერიფერიებში. თუმცა, თბილისში ჩვენი შინაგან საქმეთა სამინისტროს, გვარდიის, შინაგანი ჯარების ხელმძღვანელობის ძალისხმევით შედარებით მეტ კონტროლს ვუწევთ ამ მოვლენას, მაგრამ მდგომარეობა მაინც დღითი დღე იძაბება, კრიმინოგენული სიტუაცია უფრო და უფრო რთულდება და ეს სამართლიანად აღელვებს მოსახლეობას. მე მინდა არა მარტო გაგცეთ პასუხი თქვენს შეკითხვებზე, არამედ შემოგთავაზოთ ჩემი გეგმა ყოველივე ამასთან ბრძოლისა და ამ გეგმაში ხალხის, საზოგადოების როლი.
მეგობრებო, ამ პრობლემებს, რომლებიც მე ჩამოვთვალე, მარტო პრეზიდენტი ვერ გაართმევს თავს, ვერც პარლამენტი, ვერც აღმასრულებელი ხელისუფლება - მინისტრთა კაბინეტი. ეს მთელი ერის, მთელი მოსახლეობის გადასაწყვეტი პრობლემებია, რასაკვირველია, ჩვენთან ერთად. როგორი იქნება ჩვენი როლი ამ პრობლემების გადაწყვეტაში და როგორი იქნება მოსახლეობის როლი, მე დაგიხასიათებთ ყოველივე ამას და შემდეგ უკვე, უნდა გადავიდეთ პრაქტიკულ მოქმედებაზე, მეგობრებო.
ჩემი გამოსვლა არ ისახავს მიზნად მარტოოდენ თეორიულ ახსნა-განმარტებებს და კითხვა- პასუხს, მე მოგიწოდებთ პრაქტიკული ქმედებებისაკენ ყოველივე ამის გამოსასწორებლად. სხვა გამოსავალი ჩვენ არა გვაქვს.
თქვენ მოგეხსენებათ, კომუნისტური ხელისუფლება, კომუნისტური რეჟიმი ჩვენ გავაუქმეთ არა შეიარაღებული ძალით, რომლებიც არ გაგვაჩნდა, არამედ სწორედ საზოგადოებრივი აზრის მობილიზაციით. სწორედ ხალხის ძალისხმევით, ხალხის დარაზმვით, აი, სწორედ ამ ხალხის დარაზმვით უნდა მოვუაროთ ამ პრობლემებს. სხვა გამოსავალი ჩვენ არა გვაქვს, მეგობრებო, ვინაიდან ვიმყოფებით ძალზედ მძიმე მდგომარეობაში - ომის მდგომარეობაში ვიმყოფებით. ეს ომი გამოგვიცხადა ჩვენ იმპერიამ, იმპერიის ცენტრმა. ეს არის ცივი ომი, რომელიც ალაგ-ალაგ ცხელი ომის ფორმასაც ღებულობს, რაშიც დარწმუნდით, ალბათ, სექტემბრისა და ოქტომბრის მოვლენების დროს, როდესაც იყო პირდაპირი, შეიარაღებული თავდასხმები ხელისუფლებაზე და სამთავრობო შენობებზე. იყო მსხვერპლი, არის ორგანიზებული, მობილიზებული ოპოზიცია და გრძელდება პუტჩი. რაც მთავარია, მეგობრებო, საქართველოში პუტჩი არ აღმოფხვრილა, პუტჩი გრძელდება. ხოლო პუტჩი დამღუპველი მოვლენაა ყოველგვარი სახელმწიფოებრივი სტრუქტურებისათვის, მეგობრებო, და საერთოდ სახელმწიფოსთვის. პუტჩი, ეს არის ისეთი რამ, რაც განადგურებით ემუქრება არა მარტო ჩვენს სახელმწიფოს, არამედ დაღუპვას უქადის მთელს ჩვენს ერს. აი, ასეთი რამ არის პუტჩი, რომელიც იყო ძალიან მაღალ დონეზე ორგანიზებული და საკმაოდ დიდი ძალისხმევა იყო იმპერიისა, საქართველოში ეროვნული ხელისუფლების დასამხობად. ამ პუტჩმა, მეგობრებო, მრავალ მოვლენას ახადა ფარდა და დაგვანახა ჩვენ კავშირი ყველა ამ საგანგაშო მოვლენებსა და პუტჩისტების გეგმებს შორის. ყოველივე ამას მე და თქვენ დაგიხასიათებთ თანდათანობით.
პირველ რიგში, მე მინდა დავიწყო ჩვენი საგარეო პოლიტიკიდან და შემდეგ საშინაო პოლიტიკასაც შევეხო. ეს საგარეო პოლიტიკა, უწინარეს ყოვლისა, დაკავშირებულია ჩვენს ურთიერთობებთან ცენტრისა და რესპუბლიკების მიმართ. შეიძლება ითქვას, რომ დღეს, საქართველომ უნდა განსაზღვროს თავისი პოზიცია: ვართ თუ არა ერთგული დამოუკიდებლობის იმ დეკლარაციისა, რომელიც მივიღეთ? ვართ თუ არა ერთგული იმ არჩევანისა, რომელიც გააკეთა ქართველმა ერმა შარშანდელი საპარლამენტო არჩევნების დროს, შემდეგ რეფერენდუმის დროს, შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნების დროს, და ვაპირებთ თუ არა ჩვენ გადახვევას ამ გზიდან? ჩვენ, მე, პირადად არ ვაპირებ, კომპრომისს ჩვენი ხელისუფლება არ აპირებს და მე ვიცი, ჩვენი ერი და დიდი უმრავლესობა არ აპირებს.. მაგრამ არიან ცალკეული ჯგუფები, ცალკეული პიროვნებები, რომლებიც პირადად ამას არ აცხადებენ, რასაკვირველია, ვინაიდან, ამის განცხადება დღეს დიდ რისკთან არის დაკავშირებული, მაგრამ აშკარად საწინააღმდეგო გზის მომხრენი არიან. არგუმენტად მოაქვთ ის, რომ გართულდა კრიმინოგენური სიტუაცია და ეს ყოველივე გამოიწვია იმან, რომ ჩვენ ვიბრძვით დამოუკიდებლობისათვის და არ ვაწერთ ხელს ეგრეთ წოდებულ სამოკავშირეო ხელშეკრულებაზე.
როგორც ხედავთ, სამოკავშირეო ხელშეკრულების საქმე თავად არ არის გარკვეული და დიდი კრიზისის წინაშე არიან როგორც საკავშირო ხელმძღვანელობა, - ეგრეთ წოდებული ცენტრი, არამედ თვით ის რესპუბლიკებიც კი, რომლებსაც სურთ სამოკავშირეო ხელშეკრულების დადება, ვინაიდან არ იქნა მიღწეული ერთობა მათ შორის, არ არის მიღწეული თანხმობა და ყოველ წვრილმანზე არის დავა საბოლოოდ. როგორც ჩანს, ეს ხელშეკრულება ან არ იქნება ხელმოწერილი, ან თუ იქნება ხელმოწერილი, მას ექნება ნომინალური, ფორმალური სახე.
ჩვენს მიმართ იყენებენ ყოველგვარ უღირს ხერხებს და მეთოდებს, რომ როგორმე გვაიძულონ ხელმოწერა ამ ეგრეთ წოდებულ სამოკავშირეო ხეშეკრულებაზე. ამასთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, დასავლეთის ქვეყნები იჩენენ ინდიფერენტულობას და არ გვიჭერენ მხარს. მაგრამ მათი პოზიცია, ჩემი აზრით, თანდათანობით შეიცვლება. უკვე შეიცვალა გარკვეული გაგებით იმის გამო, რომ თანდათანობით ვხედავთ იმას, რომ ჩვენ დე-ფაქტო მაინც გვაღიარებენ, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს. მოგიყვანთ კონკრეტულ მაგალითს: კავშირის საგარეო ვალები, როგორც მოგეხსენებათ, განხილულია ამ ქვეყნების მიერ, დასავლეთის ქვეყნების დიდი შვიდეულის მიერ, და სთხოვენ რესპუბლიკებს ამ ვალების გადახდას, ესე იგი რესპუბლიკებს ისინი ასე თუ ისე ცნობენ სამართლის სუბიექტებად, ცალკე სახელმწიფოებად, ვინაიდან მათგან მოითხოვენ ამას.. ამჟამად უკვე დახმარებას, რომელიც ეგზავნებოდა უწინ მხოლოდ საბჭოთა კავშირს, როგორც ასეთს და მას ცენტრი ანაწილებდა, განაწილებული იქნება უკვე რესპუბლიკებზე. ეს სანუგეშო ცნობა მივიღეთ ჩვენ ამჟამად, და თანდათანობით ალბათ, ჩვენს ეკონომიკურ მდგომარეობას ეს ალბათ გარკვეულ შემსუბუქებას მოუტანს. და ჩვენი საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებაა ის, რომ არ წავიდეთ არავითარ კომპრომისებზე, სანამ ცენტრი, სანამ ცენტრალური ხელისუფლება არ ცნობს ჩვენს დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას. კომპრომისებს არც შემდეგ ვაპირებთ, მაგრამ ეკონომიკური ხელშეკრულება რესპუბლიკებთან, ეგრეთ წოდებული რესპუბლიკათაშორისი ეკონომიკური ხელშეკრულება განხილული იქნება ჩვენს მიერ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩვენ გვცნობენ როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს და სამართლის ობიექტს. აი, ეს არის ჩვენი ძირითადი პრინციპი, მაგრამ იცოდეთ, და კიდევ ერთხელ გიმეორებთ, ეს ძალიან დიდ სიძნელეებს შეგვიქმნის და ჩვენ ამ დიდი სიძნელეებისათვის მზად უნდა ვიყოთ.
საშინაო პოლიტიკაში ჩვენი ძირითადი მიზანი არის სტაბილიზაცია, სამოქალაქო მშვიდობის აღდგენა და ბრძოლა დესტაბილიზაციის ყოველგვარ ცდებთან და მხილება იმ ძალებისა, რომლებიც მიელტვიან ამ დესტაბილიზაციას და რომელთა მიზანიც არის ეს დესტაბილიზაცია, რათა მიაღწიონ კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობას. აი, ეს არის, შეიძლება ითქვას ძირითადად. ჩვენ ვუჭერთ მხარს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობებს. თქვენ იცით, რომ ეს ხელზე დაიხვიეს ჩვენმა მტრებმა, ჩვენმა ეგრეთ წოდებულმა ოპოზიციამ პარლამენტში. იყო ჩემზე თავდასხმა, პაატაშვილის და სხვების, რომ მე მხარს ვუჭერ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას ჩეჩნეთში, მაგალითად, და ამით განვარისხე დემოკრატიული რუსეთი და რომ ეს არის მართლზომიერი მოქმედება, რომ დემოკრატიულ რუსეთს არ უნდა ვაწყენინოთ და სხვა. რა დემოკრატიულიც არის რუსეთი, გამოჩნდა უკანასკნელ დღეებში, მეგობრებო, ჩეჩენი ხალხის წინააღმდეგ „ომონის“ გამოგზავნით და შეიარაღებული აგრესიის შემდეგ. ასე რომ, ჩვენი პრინციპი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობების მხარდაჭერისა, უცვლელია.
ამავე დროს, მოსკოვმა შეიმუშავა გეგმა ყოველივე ამასთან ბრძოლისა და ჩვენი დაპირისპირება სურთ ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან. მოსკოვის აგენტურამ ამ ქვეყნებში, ჩრდილოეთ კავკასიის ქვეყნებში შექმნა ეგრეთ წოდებული „კავკასიის მთიელ ხალხთა ასსამბლეა“, რომელიც მიზნად ისახავს კონფედერაციის შექმნას და მის ცენტრად სოხუმის გამოცხადებას, ესე იგი, ეს არის აშკარა ჩარევა ჩვენს საშინაო საქმეებში. ჩვენ ეს დავგმეთ, როგორც კრემლის ავანტიურა. - თვით ლიდერი ამ კონფედერაციისა, შანიბოვი, ჩრდილოეთ კავკასიაშიც ცნობილია, როგორც კრემლის აგენტი. ასე რომ, ამას ჩვენ არ ვუჭერთ მხარს, ვგმობთ და, სხვათა შორის, ამას არც ჩრდილოეთ კავკასიის ნამდვილი ლიდერები არ უჭერენ მხარს. მაგრამ, აი, ჩვენი ეგრეთ წოდებული ოპოზიცია ცდილობს გააყალბოს ეს საკითხიც და გამოჰყავთ ისე, თითქოს მე მომხრე ვარ კავკასიის ხალხთა კონფედერაციის, თითქოს ხელსაც კი ვუწყობ ამას და თითქოს დავმალე ეს ამბავი და სხვა. ეს გახლავთ ყოველგვარ საფუძველს მოკლებული სიცრუე, ისევე, როგორც ყველა მათი მტკიცებანი სხვა სფეროში, რომელიც ჩვენ ვამხილეთ მრავალგზის. ეს არის აბსოლუტური მონაჭორი. მე ვუჭერ მხარს მხოლოდ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობებს, კერძოდ, ჩეჩენი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას, ინგუში ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას, ადიღეების, ბალყარების და სხვების. მაგრამ იმ პროვოკაციულ ასსამბლეას და იმ პროვოკაციულ კონფედერაციას მე არ ვუჭერ მხარს, პირიქით, ვებრძვი და ვამხელ. თქვენ ალბათ გაეცანით საქართველოს რესპუბლიკის პრესსამსახურის განცხადებას ამის შესახებ და მე მგონი, ნათელია იქ ჩვენი პოზიცია და ეს იცის ჩრდილოეთ კავკასიის ხალხთა ლიდერებმა და ყველაფერი გარკვეულია ამ მიმართულებით.
მე მინდა, გადავიდე წერილებზე, რომელთაც მე ვღებულობ მოსახლეობიდან, ასე ვთქვათ, სამართლიან შეშფოთებას მრავალ პრობლემასთან დაკავშირებით. აგრეთვე ზოგიერთ შენიშვნებსაც შევეხები. აი, მაგალითად, არის წერილები, სადაც მე, ჩემი მხარდამჭერები მწერენ: „ბატონო ზვიად, ძალიან გთხოვთ, ნუ ხმარობთ ხშირად გამოთქმას „კრემლის აგენტი“. ეს ერთგვარად ვნებს თქვენს პრესტიჟს“. აი, ეს იგივეა, როგორც ექიმს, რომელიც მკურნალობს რომელიმე სენს, ვთქვათ, კიბოს ან ტუბერკულოზს, მიმართოთ: ბატონო, ძალიან გთხოვთ, ნუ ხმარობთ გამოთქმას - მეტასტაზი, ან ტუბერკულოზის ჩხირები. კი მაგრამ, ეს რომ რეალობაა? თუ ჩვენ არ აღვნიშნეთ მისი არსებობა და ეს ფაქტი, როგორ ვებრძოლოთ ამ სენს? დაახლოებით ისეთივე სამართლიანობაა, როდესაც ჩვენ გვეუბნებიან - ნუ ხმარობთ გამოთქმას „კრემლის აგენტი“. კრემლს ჰყავს ძლიერი აგენტურა საქართველოში, დღესაც ძლიერი აგენტურა ჰყავს არა მხოლოდ კრემლს, საქართველოში არსებულ ეგრეთ წოდებულ ამიერკავკასიის სამხედრო ოლქს, ჰყავს უდიდესი აგენტურა და შეიძლება ისეთი დროც დადგეს, რომ ეს ყველაფერი ხალხისთვის ცნობილი გახდეს. როდესაც ვებრძვით ამ საგანგაშო მოვლენებს, არ შეიძლება არ ვამხილოთ ისინი, ვინც დგას ყოველივე ამის უკან. მათი მხილება აუცილებელია, ვინაიდან ეს ეგრეთ წოდებული ოპოზიციური დაჯგუფებების დესტრუქციული მოქმედებები დაკავშირებულია ძირითადად ამ აგენტურის მოქმედებასთან, რაც თვალნათლივ გამოვლინდა. გთხოვთ მიაქციოთ განსაკუთრებით ყურადღება ამ დღეებში გამოქვეყნებულ ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის საზოგადოების თავმჯდომარის, ბატონი სოსო ჯაჯანიძის ინტერვიუს 8 ნოემბრის გაზეთ „თბილისში“, სადაც ფარდა აეხადა ასეთ მოვლენებს - თუ როგორ იყვნენ და როგორც მოქმედებდნენ კრემლის აგენტები აქ, ჩვენთან, ხელისუფლებაშიც კი, არაფერს ვამბობ უკვე ოპოზიციაზე. ასე რომ, მე რასაკვირველია წინააღმდეგი ვარ იმისა, რომ ცილი დავწამოთ ვინმეს, ეს გამოთქმა ვიხმაროთ არამართებული, არასწორი მისამართით, მაგრამ შეუძლებელია თვალის დახუჭვა მათ აქტიურობაზე, რასაც ისინი სჩადიან.
ოპოზიცია, რასაკვირველია, კარგია, თავისუფალ, მდიდარ, ბედნიერ ქვეყანაში, სადაც ყველა სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემა მოგვარებულია, მაგრამ ისეთ ომის მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას, როგორშიც ჩვენ ვართ, ასეთი ოპოზიცია დაღუპავს. ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში მოქალაქეთა ჯგუფს, რომელიც ებრძვის ხელისუფლებას იარაღით ხელში და თანაც უშუალო კავშირი აქვს მტერთან და ამ მტრის ინსტრუქციებით მოქმედებს, ოპოზიცია არ ეწოდება, მეგობრებო. ამას ეწოდება - პირდაპირი გაგებით ღალატი და მოღალატეთა შეთქმულება, ოპოზიცია სულ სხვა რამე გახლავთ. ოპოზიცია - ეს არის განსხვავებული აზრის ადამიანთა დაპირისპირება ხელისუფლებასთან, რომელთა კრიტიკული მოსაზრებები დესტრუქციულ მიზნებს კი არ ატარებს, არამედ კეთილ მიზნებს ატარებს, და სურს გააუმჯობესოს ამ ქვეყნის მდგომარეობა ხელისუფლებასთან თანამშრომლობაში. აი, ეს არის ოპოზიცია, ამ ოპოზიციის მოღვაწეობასთან დაკავშირებით ვღებულობთ ძალიან ბევრ წერილს. არ გეგონოთ, რომ ეს ჩემი პიროვნული მოწოდების შედეგად ხდება, ან ჩემი სურვილით. მაგრამ მე გულწრფელად მოგახსენებთ, - მე არ მიმიღია არც ერთი წერილი, რომელიც ამართლებდეს ამ ეგრეთ წოდებული ოპოზიციის მოქმედებას, არ მიმიღია. მრავლად ვღებულობ წერილებს, სადაც პირდაპირ მოითხოვენ კანონის ამოქმედებას და აი, ამ დესტრუქციული მოვლენების შეწყვეტას, დასჯას იმ პიროვნებებისას, რომლებიც დგანან ყოველივე ამის უკან. უამრავი წერილი მოდის, ზოგიერთს მე თქვენ გაგაცნობთ და ამის შემდეგ, ნათელი იქნება, როგორი ზომები უნდა მივიღოთ და როგორ ვიმოქმედოთ.
ესე იგი, წერილების ერთი კატეგორია სწორედ ასე სვამს საკითხს, - ეს ოპოზიცია კი არ არის, არამედ კანონიერი ხელისუფლების დამხობის მიზნით შექმნილი დაჯგუფება; რომ ყოველივე ამას ჰქვია სახელმწიფო ღალატი და არა ოპოზიცია; რომ ყველა ქვეყანაში ამას ეძლევა შესაბამისი იურიდიული კვალიფიკაცია. თვით საბჭოთა კავშირი, თვით რუსეთის ფედერაცია, რომელიც დიდი დემოკრატიული ლოზუნგებით გამოდის, მოგეხსენებათ, როგორ გაუსწორდა პუტჩისტებს, უმკაცრესი ზომები მიიღო, ყველა ისინი დააპატიმრა. ნაწილმა თავი მოიკლა. ჩვენთან კი პუტჩი გრძელდება - მეგობრებო. პუტჩი გრძელდება და აგრძელებს თავის დესტრუქციულ მოქმედებებს, პუტჩისტებს ჰყავთ თავისი სამხედრო დაჯგუფება და ეს ყოველივე დიდ საფრთხეს უქადის ჩვენს ქვეყანას. დიდ საფრთხეს. ამის შედეგად, ძლიერდება დამნაშავეობა, მეგობრებო, არნახულად. დამნაშავეობის პრობლემა პირდაპირ კავშირშია ეგრეთ წოდებული ოპოზიციის პრობლემასთან და აი, ამ პუტჩის პრობლემასთან, რომელიც კვლავ გრძელდება საქართველოში. მე მინდა, თქვენ დაინახოთ ორგანული კავშირი ყოველივე ამას შორის.
ამავე დროს, მოქმედებს ძლიერი მაფია, რომელიც დაგვიტოვა სავალალო მემკვიდრეობად სამოცდაათწლიანმა კომუნისტურმა მმართველობამ და რეჟიმმა. ეს მაფია პირდაპირ და უშუალო კავშირშია ამ ეგრეთ წოდებულ ოპოზიციასთან, უფრო სწორად პუტჩისტებთან. მაფია მათ აფინანსებს, მაფია მათ ამარაგებს იარაღით და ყოველნაირად უწყობს ხელს. ამასთანავე მაფია ეწევა საბოტაჟს, რომ გაუარესდეს საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობა, რომ მიაღწიონ მოსახლეობის ამბოხებას ხელისუფლების წინააღმდეგ. აი, ამ მიზანს ისახავს მაფია და მის მიერ დაპურებული ოპოზიცია, რომლის ერთ-ერთმა ლიდერმა პირდაპირ განაცხადა - ჩვენი მიზანია, გავამწაროთ ხალხი, ისეთ მდგომარეობაში ჩავარდეს ხალხი, რომ აჯანყდეს და თავად დაამხოს ხელისუფლება. ეს განაცხადა ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა წერეთელმა. აი, მაფიის და ამგვარი ოპოზიციის ურთიერთქმედება იწვევს საქართველოში ყველა ამ საშინელ და საგანგაშო მოვლენას, რომელზედაც თქვენ მწერთ და სამართლიანადაც მომიწოდებთ ყოველივე ამის ალაგმვისა და აღმოფხვრისაკენ - პირველ რიგში დამნაშავეობას, მეგობრებო.
რით უწყობს ხელს დამნაშავეობას აი, ამ პუტჩისტური დაჯგუფებების არსებობა? ის შეიარაღებული სამხედრო ბანაკი, რომელიც აქვთ პუტჩისტებს თბილისის ზღვაზე, წარმოადგენს თავშესაფარს ყველა ჯურის კრიმინალებისათვის და იმედს, რომ რაც არ უნდა ჩაიდინონ, ისინი იქნებიან დაუსჯელნი. ამიტომ, სანამ ეს ბანაკი არსებობს, საქართველოში გაგრძელდება ეს კატასტროფული ზრდა დამნაშავეობისა და ამიტომ მთელი ერის, მთელი მოსახლეობის ვალია, ამოგვიდგეს ჩვენ მხარში, რათა უვნებელვყოთ და განვაიარაღოთ ისინი. თუ არ მოხდა სამოქალაქო ძალისხმევა, მობილიზაცია, თუ მთელი ერი არ ამოგვიდგა ჩვენ მხარში, მეგობრებო, ჩვენ ამას ვერ მივაღწევთ, ხელისუფლება ამას მარტო ვერ მიაღწევს. თქვენ გახსოვთ, იყო ამ დღეებში მცდელობა მათი განიარაღებისა. მათ შემოარტყეს ალყა, მაგრამ მოსახლეობამ აიძულა ხელისუფლების ძალები, დაეტოვებინათ თბილისის ზღვის მისადგომები. დიახ, თემქის მოსახლეობამ აიძულა და მათ სინდისზე იყოს ყოველივე ის, რაც შემდეგ მოხდა და რაც შემდეგ მათ ჩაიდინეს. მათ ხელი შეუშალეს სამართალდამცავ ორგანოებს, გვარდიას და მილიციას და ამის შედეგად, კიდევ უფრო გაძლიერდა ეს კრიმინალური დაჯგუფება, მეგობრებო. ამით მათ თავიანთ თავსაც ძალიან ცუდი სამსახური გაუწიეს, ვინაიდან ამის შედეგად თვითონ იმ რაიონებშიც, რასაკვირველია, ძალზე იმატა დამნაშავეობამ და ძალზე დიდი საფრთხის წინაშე დააყენეს საკუთარი თავი.
საერთოდ, მეგობრებო, მოსკოვმა და კრემლის აგენტურამ, რომლის არსებობაშიც ზოგიერთს ეჭვი ეპარება საქართველოში, მიზნად დაისახა ჯერ კიდევ კომუნისტური რეჟიმის პერიოდში, ჩვენი მოძრაობა გადაექციათ ბანდიტურ მოძრაობად. მათ დაინახეს, რომ ჩვენი მოძრაობა იყო მშვიდობიანი, უიარაღო - სავსებით შეუიარაღებელი - რაც დამტკიცდა 9 აპრილს, სხვათა შორის და ამის შემდეგ, როდესაც მათ დაინახეს, რომ რეპრესიებით ვერაფერი დააკლეს ჩვენს მოძრაობას, გადაწყვიტეს, სწორედ მისი ქცევა ბანდიტურ მოძრაობად, და ეროვნულ მოძრაობასთან, მის მერყევ ნაწილთან დააკავშირეს ბანდიტური ჯგუფები, რომელთა ნაწილიც დღეს დაპატიმრებულია „მხედრიონისა“ და იოსელიანის სახით, როგორც თქვენ მოგეხსენებათ. მაგრამ მხედრიონისა და იოსელიანის დანაშაული მარტო იმაში კი არ მდგომარეობს, რომ მათ გაძარცვეს ამდენი მოქალაქე, გაძარცვეს მილიციის ამდენი განყოფილება და გაიტანეს ამდენი იარაღი, მათ ეროვნულ მოძრაობაში შეიტანეს განხეთქილება და ნაწილი ამ მოძრაობისა ჩაითრიეს აი, ამ ბანდიტურ მოძრაობაში და ის ადამიანები, რომელნიც ცხრა აპრილს შიმშილობდნენ და დამოუკიდებლობისათვის იბრძოდნენ მშვიდობიანი ხერხებით, დღეს შეიარაღებული ბანდიტები არიან, მეგობრებო. აი, ეს არის „დამსახურება“ კრემლის აგენტურისა საქართველოში და მათი უშუალო ინსტრუმენტებისა, უშუალო იარაღისა, როგორიც იყო იოსელიანის „მხედრიონი“ და სხვა ბანდიტური დაჯგუფებები. და ამის შედეგად, დღეს კრიმინალური სამყარო - დამნაშავეთა სამყარო და ოპოზიციის ეს ნაწილი - განუყოფელია. ისინი განუყოფელნი არიან და ამას სათავეში უდგას ის კრიმინალური ინტელიგენცია, რომელიც აგრეთვე იდეური, შეიძლება ითქვას, მამაა ყოველივე ამისა, ამართლებს ყოველივე ამას და ხელს უწყობს. აი, ამიტომ არის კრიმინოგენური სიტუაცია საქართველოში და ამიტომ არის საჭირო მათი მხილება, ამ ორგანული კავშირის მხილება, რომელიც არსებობს პუტჩისტურ ორგანიზაციასა და დანაშაულებრივ სამყაროს შორის. სანამ ჩვენ ამას არ ვამხელთ, სანამ ჩვენ ამას არ ავლაგმავთ, საერთო ძალისხმევით და სანამ ჩვენ არ ავამოქმედებთ კანონს, რომლის ამოქმედებაც არ არის მხოლოდ და მხოლოდ დამოკიდებული პრეზიდენტზე, არ არის დამოკიდებული მხოლოდ პარლამენტზე, და არც მხოლოდ მილიციაზე, გახსოვდეთ ეს. ეს არის დამოკიდებული მთელს მოსახლეობაზე, მთელს ერზე. აი, ეს მინდა იყოს თქვენთვის ნათელი.
აი, მაგალითად, წერილი მესტიიდან. მეგობრებო: „დაიღალა ხალხი და მოთმინების ფიალა აგვევსო ამდენი უღმერთობით. ფართოდ გავახილოთ თვალები და საღი გონებით შევხედოთ ყოველივეს. ნუთუ გვავიწყდება, რომ ზამთარი კარზეა მომდგარი, დავაცადოთ ხალხს მოსავლის აღება, დავეხმაროთ უსახლკაროდ დარჩენილ ჩვენს მოძმეებს და შევიგნოთ, რომ ძმათა შორის ომში გამარჯვებული არ არსებობს“. ასეთი განწყობილებაა წერილთა უმეტეს ნაწილში. მაგალითად, დამახასიათებელია: „ოპოზიცია ყაჩაღობს, საბოტაჟს ეწევა. შენგან ბოძებული პატიება, მე მომმართავენ, მეგობრებო, შენობით მომმართავენ, მე არ მწყინს ეს - შენგან ბოძებული პატიება, შემწყნარებლობა ლამაზად ჟღერს, ადამიანურია, მაგრამ ამ სახის ლიბერალიზმს ხომ არ მოჰყვება status in statu ე.ი. სახელმწიფო სახელმწიფოში და ანარქია? მით უმეტეს, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა ნათელია. თუ მაკიაველის გმობენ, სახელმწიფო მმართველობის საქმეში უკიდურესი ლიბერალიზმიც დასაგმობია. ისტორია არ გვაპატიებს. ადამიანებს, რომლებსაც პატიება-შემწყნარებლობა არაფრად უღირთ, სინანულის, მადლიერებისა და მონანიების გრძნობა და სურვილიც არ გააჩნიათ და მტრობას კვლავ აგრძელებენ, მათი დაუსჯელობა კარგს არას მოუტანს ჩვენს აწმყოსა და მომავალს“. აი, მეგობრებო, რას მწერენ მე და სავსებით სამართლიანად, უნდა ვთქვა. მე ამას ვღებულობ, როგორც ჩვენი ხელისუფლების კრიტიკას და სავსებით სამართლიან კრიტიკას, მაგრამ დავსძენ იმას, რომ ყოველივე ამის განხორციელება ხელისუფლებაზე არ არის დამოკიდებული მხოლოდ, თუ მთელი ხალხი არ აღსდგა ყოველივე ამის განხორციელებისათვის.
აი მაგალითად, კიდევ რას გვწერენ: „სახელმწიფო მაღაზიები დაცარიელდა, რის გამოც იძულებული ვართ ხელში ჩავუვარდეთ კოოპერატორებსა და კომერციული მაღაზიების მფლობელებს - სპეკულიანტებს, როგორც ადრე ვეძახდით მათ. დიახ, ისინი ნამდვილი სპეკულიანტები არიან, ოღონდ უფრო გათავხედებულნი. ისინი სისხლს გვწოვენ, ზღაპრულ ფასად გვთავაზობენ იმავე საქონელს, სახელმწიფო-სავაჭრო დაწესებულებებისათვის რომ არის განკუთვნილი. იყიდება კი ამ ყბადაღებულ კომერციულ მაღაზიებში ათმაგად და მეტადაც. ამას ჩვენი თვალით ვხედავთ და ვიცით, რადგან ეს ტვირთი ჩვენ თავად შემოგვაქვს. ბატონო პრეზიდენტო, გვესმის ის უხერხულობა, რაშიც ვიგდებთ თავს საქართველოს რესპუბლიკისათვის ამ მძიმე დღეებში პირადული საკითხების დაყენებით, მაგრამ მეტის მოთმენა აღარ შეგვიძლია“. აქვე, ამ წერილის ავტორები სვამენ დამნაშავეობის პრობლემას: „როდესაც ვართ სამსახურში, არ ვიცით, ცოლ-შვილი ცოცხალი დაგვხვდება თუ არა შინ; როდესაც შვილი გადის სახლიდან, არ ვიცით, დაბრუნდება თუ არა. სკოლაში გვეშინია ბავშვების გაშვება“. უმეტესი წერილები აყენებენ ასეთ საკითხებს. ქუთაისის მკვიდრი მწერს შეშფოთებული: „ქალაქში შექმნილი კრიმინოგენული სიტუაციის გამო გახშირდა ქურდობა და, რაც მთავარია, ახალგაზრდებს არ სურთ სწავლა. მშობლებს არ ემორჩილებიან. ფულის იოლად შოვნის ცდუნების დაძლევა უჭირთ, ვინაიდან ხედავენ, რა დალხინებულიც არიან „კანონიერი ქურდები“, რომელთა არსებობა ყველამ იცის, მაგრამ არავინ აპატიმრებს. მილიცია პასიურობს, კანონს არ იცავს“. მილიცია ტერორიზებულია, მეგობრებო, ვინაიდან მილიცია მარტო ვერ გაუმკლავდება კრიმინალთა ამგვარ არმიას. მარტო ვერ გაუმკლავდება, თუ ხალხის ძალისხმევაც არ იქნება შესაბამისი.
ზუგდიდიდან ბესარიონ მაქაცარია გვწერს: „უდისციპლინოდ არც სახელმწიფო ვარგა და არც ოჯახი. საინტერესოა, სადამდე იქნება ხალხი უპატრონოდ“. ჩოხატაურის რაიონის მკვიდრი სულიკო ჭკუასელი თვლის, რომ „ვინაიდან რესპუბლიკაში გახშირდა მანკიერი მოვლენები - სპეკულაცია, ძარცვა-ყაჩაღობა, შეიარაღებული ბანდების თარეში, საჭიროა კანონი გამკაცრდეს და ხელისუფლებამ უზრუნველყოს მისი შესრულება, რადგან კანონის გარეშე ქვეყნის მართვა შეუძლებელია“. სავსებით გეთანხმებით, მეგობრებო, და დღეს, ჩემს გამოსვლაში შემოგთავაზებთ ჩემს გეგმას, თუ რით უნდა შევებრძოლოთ ყოველივე ამას.
„მოვითხოვთ კანონის ამოქმედებას, უკანონო შეიარაღებული ფორმირებების ალაგმვას, კრიმინალური ინტელიგენციის მიმართ ზომების მიღებას“, - გვწერენ ინჟინერ-ტექნოლოგები ჩხეიძე, ძაგანაშვილი, ბუხნიკაშვილი. სავსებით მართებულად აკავშირებენ უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებსა და კრიმინალურ ინტელიგენციას ეს მოქალაქენი, სავსებით მართებულად აკავშირებენ. აი, ასეთ დროს, მეგობრებო, კიდევ ერთი, საკმაოდ მძიმე წერილი: „ყველასათვის გასაგებია დღევანდელი სიტუაცია. პრობლემები ულეველია, მაგრამ რატომ გაქრა მაღაზიებში აუცილებელი მოთხოვნილებების ნივთები, სიბნელეში გვიხდება თვეობით ყოფნა ნათურის უქონლობის გამო. რატომ „შავ ბაზარზე“ იშოვნება ყველაფერი? ელემენტარული საქონლის ჩამოთვლა, რომლის შოვნაც შეიძლება მხოლოდ კომერციულ მაღაზიებში, მეგობრებო, და ტალონებით, კარაქი, რომელიც არ არის.
ესე იგი ყველაფრის დეფიციტს ვითმენთ და შევეჩვიეთ ყოველდღიურ სტრესულ დაძაბულობას, რაც ყველას ცხოვრების თანამგზავრი გახდა. როდემდე ვიყოთ დეპრესიაში, ამ დეფიციტების ალყაში? ხალხი ელის შველას“. აი, მეგობრებო, ყოველივე ამასთან ბრძოლა დავისახე მიზნად მას შემდეგ, რაც მე გავხდი პრეზიდენტი და პრეზიდენტობის ინსტიტუტიც ამის გამო შემოვაღებინე, რომ უფრო ეფექტიანი ბრძოლა შემძლებოდა ყოველივე ამასთან. განვიცდი პირდაპირ და უშუალო საბოტაჟს. მეგობრებო, არა მარტო მაფიისგან, რომელიც გარს გვახვევია, არამედ ხელისუფლების წარმომადგენლებისგანაც. ყოფილი პრემიერ-მინისტრი თენგიზ სიგუა თავგანწირულ წინააღმდეგობას მიწევდა, როგორც კი ვიწყებდი საუბარს ამ მოვლენებზე, კომერციული მაღაზიების ალაგმვის აუცილებლობაზე, სახელმწიფოს მძარცველი კოოპერატივების ალაგმვის აუცილებლობაზე, და ცილიც კი დამწამა, რომ მე ვებრძვი კოოპერაციულ მოძრაობას. საერთო-სახალხო ძალისხმევაა საჭირო და არ დავმალავ იმასაც, რომ პარლამენტშიც მყავს მე ოპოზიცია ამ მიმართულებით; მეუბნებიან, რომ ჩვენ გადავდივართ საბაზრო ეკონომიკაზე, ჩვენ ვაწარმოებთ პრივატიზაციას, როგორ შეიძლება ახლა აკრძალვა კომერციული მაღაზიებისა, მეგობრებო, როდესაც ვართ ომში, როდესაც ჯერ არა ვართ დამოუკიდებლები, როცა არ მიგვიღწევია სრული დამოუკიდებლობისათვის, სრული კანონზომიერება იქნება, რომ პრივატიზაცია ამ სფეროში იქნეს დამუხრუჭებული. წარმოების სფეროში - კი ბატონო, მაგრამ სპეკულაციისათვის ხელშემწყობი პრივატიზაცია ჩვენ არ გვინდა და არც ხალხს არ უნდა. აი, ამ მოსაზრებაში ხალხი და პრეზიდენტი ერთიანია. მე კატეგორიულად მოვუწოდებ პარლამენტსაც, აღმასრულებელ ხელისუფლებასაც - წინა აღმასრულებელ ხელისუფლებასთნ მქონდა ამაზე დიდი დავა და შეიძლება ითქვას პირდაპირი წინააღმდეგობა და ერთ-ერთი მიზეზი მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის განთავისუფლებისა ესეც გახლავთ, - მაგრამ ამჟამად მე კატეგორიულად მოვთხოვ პარლამენტს: შექმნას ახალი კანონი კოოპერაციის შესახებ და დაერქვას ყველაფერს თავისი სახელი. კოოპერაცია არ შეიძლება დაერქვას იმ მოძრაობას, რომელიც ძარცვავს სახელმწიფოს, რომელიც ქმნის სპეკულაციის პირობებს. აი, ეს არის ჩემი მოსაზრება. კოოპერაცია შეიძლება იყოს მხოლოდ მწარმოებელი, იგი თავად უნდა აწარმოებდეს, თავად უნდა შემოიტანოს პროდუქცია რესპუბლიკის გარედან, ხოლო სახელმწიფო საწყობების გამაჩანაგებელი კოოპერაცია ჩვენ არ გვაწყობს. ჩვენ შევქმენით საკანონმდებლო საფუძველი იმისა, რომ ეს ყოველივე შეწყდეს საქართველოში. ამის პირობას გაძლევთ. აგრეთვე, აილაგმოს კერძო კომერციული მაღაზიები, რომლებიც მოსახლეობას ყოველნაირად უქმნიან ამ სიძნელეებს. ეს არის ჩემი პირდაპირი მიზანი, მეგობრებო, და არც იმას დაგიმალავთ, რომ აი, ეს სამყარო არის დაკავშირებული ჩვენს ოპოზიციასთან და ოპოზიცია დიდ წინააღმდეგობას გაგვიწევს ამაზე და შეიძლება მოგვიწყოს ახალი ექსცესები. ესენი პირდაპირ შეეცდებიან ამის ჩაშლას, მაგრამ ხალხი უნდა ამოგვიდგეს მხარში. ხალხმა უნდა მოითხოვოს ეს ყოველივე იმიტომ, რომ მეტის მოთმენა მართლაც აღარ შეიძლება. ამის გარეშე ჩვენც ვერაფერს ვერ მივაღწევთ, მეგობრებო. ვერ მივაღწევთ მოსახლეობის ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას. რაც მთავარია, უნდა შეწყდეს ეს ანარქია. ამისათვის დავაარსეთ სახელმწიფო კონტროლი, მაგრამ სახელმწიფო კონტროლის ეს მცირე ჯგუფი ვერაფერს გააწყობს, თუ მას აგრეთვე მთელი მოსახლეობა არ ამოუდგება მხარში.
უნდა დაიწყოს საყოველთაო-სახალხო მოძრაობა წესრიგის დასამყარებლად. სხვა გამოსავალი ჩვენ არ გაგვაჩნია. არის ქაოსი და ანარქია ამ სფეროში. ხდება უკონტროლოდ გატანა ყველაფრისა საქართველოდან. არც ერთი სამსახური ამას არ აკონტროლებს, არც ერთი სამსახური არ არის პასუხისმგებელი არც ბარტერულ ხელშეკრულებებზე, არც საქონლის გატანაზე. ერთი მცირე ჯგუფი კი სახელმწიფო კონტროლისა, უძლურია. ამიტომ საჭიროა სწორედ შექმნა ამგვარი სამსახურებისა და მოსახლეობის მობილიზაცია ამ მიმართულებით. კი ბატონო, საბაზრო ეკონომიკა კარგია, მაგრამ პირდაპირ პარადოქსია: როდესაც არა გვაქვს ჯერ ბაზარი, არა ხარ ჯერ გასული მსოფლიო ბაზარზე, რა საბაზრო ეკონომიკაზე შეიძლება საუბარი? ჯერ გავიდეთ მსოფლიო ბაზარზე, დავამყაროთ ეკონომიკური კონტაქტები დასავლეთის სახელმწიფოებთან, შევქმნათ ჩვენი საკუთარი ვალუტა. ჩვენი საკუთარი ვალუტის გარეშე ყოვლად წარმოუდგენელია საბაზრო მექანიზმები ჩვენთან, ამიტომ გარკვეულ სფეროებში ეს ჩვენ უნდა დავამუხრუჭოთ და გავუწიოთ კონტროლი ამ პროცესს. სახელმწიფოს მძარცველი კომერციული მაღაზიები და კოოპერატივები უნდა აიკრძალოს. ეს არის ჩემი ღრმა რწმენა. სხვა გამოსავალი ჩვენ არა გვაქვს. მე უკვე მინისტრის კაბინეტს დავავალე შესაბამისი პროექტის შემუშავება და რასაკვირველია, პარლამენტის წინაშეც დავაყენებ საკითხს, მაგრამ ვიმეორებ, ხალხის მხარდაჭერა მჭირდება. ამ კონფლიქტის გამო მე დამიპირისპირდა ჩვენი მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელობა და მათ, ყველაფერს ამას დაარქვეს ვითომდაც „სოციალიზმისათვის ბრძოლა“. სოციალიზმისთვის კი არ ვიბრძვით, მეგობრებო, ხალხის კეთილდღეობისათვის ვიბრძვით. ჩვენ არ გვინდა, რომ ხალხი იყოს ამ დღეში, არ გვინდა, ვინაიდან ეს ბოლოს და ბოლოს მოიტანს ძალიან სერიოზულ შედეგებს და ძალიან დიდ სოციალურ კატასტროფას.
ისევ და ისევ ვუბრუნდები დამნაშავეობის პრობლემას. საკადრო პოლიტიკასაც მინდა შევეხო, რაც სხვათა შორის, პირდაპირ არის ამასთან დაკავშირებული. საზოგადოება „ზნეობა“ მიგვითითებს საკადრო პოლიტიკაში დაშვებულ შეცდომებზე და გვთხოვს განვუმარტოთ, თუ ხელმძღვანელ პოსტებზე რატომ არიან კორუმპირებული ადამიანები და ასახელებს მაგალითებს. მეგობრებო, კადრების შერჩევა პრეზიდენტისათვის იგივეა, რაც ყოველივე თქვენგანისათვის მეგობრის შერჩევა. აი, დაუკვირდით თქვენ თქვენს პიროვნულ ცხოვრებას, თუ ვით არჩევთ მეგობრებს, რამდენჯერ გაგიმართლდათ მეგობრის შერჩევაში და რამდენჯერ მოგეცარათ ხელი და გაგიმტყუნათ. გაიხსენეთ, რა იოლია დღევანდელ ეპოქაში, ზნეობის დაცემისა და დეგრადაციის ეპოქაში, კომუნისტური, სამოცდაათწლიანი რეჟიმის შემდეგ დეგრადირებულ ყოფაში ღირსეული ადამიანების პოვნა, რომელსაც თქვენ, თქვენს მეგობარს უწოდებთ და ენდობით. მე გთხოვთ დაფიქრდეთ ამაზე, ვით იპოვნოს პრეზიდენტმა ამდენი სანდო ადამიანი და მათ უწოდოს თავისი მეგობარი? საპასუხისმგებლო თანამდებობის პირი, მინისტრი უნდა იყოს ჩემი მეგობარი, ჩემი სანდო ადამიანი, რომელსაც მე ვანდობ გარკვეულ სფეროს, ვანდობ გარკვეული გაგებით ერის ბედს. ეს ურთულესი ამბავია, ურთულესი ამბავი და ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ მე ხელი მომეცარა ზოგიერთი კადრების შერჩევისას, ვინაიდან არ მქონდა სხვა გამოსავალი. მე უნდა გამომეჩინა ნდობა მათ მიმართ, ვინაიდან სხვა შესაფერისი კანდიდატურა არ იყო. აი, ამ შეცდომებს საკადრო პოლიტიკაში, ძალიან გთხოვთ, მარტო პრეზიდენტსა და ხელისუფლებას კი ნუ დააკისრებთ, ეს მარტო ჩვენი ბრალი კი არ არის. ეს ქართველი ერის დღევანდელი მდგომარეობის ბრალია და ზნეობის დღევანდელი მდგომარეობის, შექმნილი სიტუაციის ბრალია. ეს იმის შედეგია, რომ შეუძლებელია პოვნა ამდენი ერთდროულად ზნეობრივი, კეთილშობილი და კომპეტენტური კადრებისა.
სამწუხაროდ და სავალალოდ, ამ სამოცდაათწლიან პერიოდში პიროვნება, რომელიც იყო კომპეტენტური გარკვეულ სფეროში, იძულებული იყო წასულიყო გარკვეულ ზნეობრივ კომპრომისებზე, კორუფციაშიც კი გარეულიყო, ვინაიდან შექმნილი იყო მოჯადოებული წრე. ის, ვინც კორუფციაში არ გაერეოდა, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში ვერ დარჩებოდა, ვერც საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დარჩებოდა. აი, როგორ მოხდა ჩვენი კადრების გახრწნა და გადაგვარება. აი, ასეთ დროს რატომ გიკვირთ, ვერ ვპოულობდე მე შესაფერის კადრებს თანამდებობაზე? მაგრამ იმაზეც ნუ დავხუჭავთ თვალს, რომ მრავალი ჩვენი თანამდებობის პირი ღირსეული ადამიანია და ამავე დროს დიდებული სპეციალისტებიც არიან თავისი საქმისა. მე არ ჩამოვთვლი, რომ არ ეწყინოს იმას, ვისაც ვერ დავასახელებ, მაგრამ თქვენ თვითონ დაფიქრდით, რა უფრო მეტია ჩვენს ამ ერთწლიან პრაქტიკაში - მართებული შერჩევა კადრებისა თუ შეცდომები? შევაპირისპიროთ ესენი და იმასაც მოგახსენებთ, რომ აქაც ხალხის ინიციატივას დიდი მნიშვნელობა აქვს. მოგვაწოდეთ თქვენი კანდიდატურები, მოგვეხმარეთ კადრების შერჩევაში, თქვენი რეკომენდაციები, მეგობრებო! შემდეგ ეს გაუმჯობესდება. ფაქტიურად, მე ასეც ვაკეთებ, მე ვეკითხები უამრავ ადამიანს, უამრავ სამსახურს, სანამ ამა თუ იმ პიროვნებას დავნიშნავ, მაგრამ ეს ყოველთვის არ ხერხდება. არის ხოლმე გამოუვალი მდგომარეობა. ასე რომ, აქაც გვჭირდება ხალხის დახმარება, მოსახლეობის დახმარება, როდესაც კადრებს ეხება საქმე.
ზოგჯერ კადრების უმართებული შერჩევამ მოიტანა ძალზედ სავალალო შედეგები. შეცდომებმა მოიტანა სავალალო შედეგები, ვინაიდან ვიყავით და ვართ ომის მდგომარეობაში დღიდან ჩვენი არჩევისა, დღიდან პირველივე სესიისა. პირველი სესიის დღეს, მოგეხსენებათ დაიწყო „მხედრიონის“ პუტჩი, რაც გამოიხატა მილიციის განყოფილებებზე თავდასხმაში, შემდეგ უზენაესი საბჭოს შენობის წინ შეიარაღებული გამოსვლების მცდელობებში „მხედრიონის“ მხრივ და შემდეგ იმ ბანდიტურ აქციებში, რაც განაგრძო „მხედრიონმა“. შეწყდა „მხედრიონი“, დაიწყო სიგუას და კიტოვანის უკანონო შეიარაღებული ფორმირებების პუტჩი. ეს ყოველივე დესტრუქციულად მოქმედებს ყველაფერზე, უწინარეს ყოვლისა, ეკონომიკაზე და კრიმინოგენურ სიტუაციაზე, როგორც მოგახსენეთ. მე უნდა გითხრათ, რომ არავითარი გამოსავალი არ არსებობს, უნდა გავიხსენოთ, თუ როგორ მივაღწიეთ ჩვენ კომუნისტური ხელისუფლების დამარცხებას და გაუქმებას საქართველოში. ამას მივაღწიეთ ჩვენ არა, ვიმეორებ, შეიარაღებული ძალისხმევით, არამედ საყოველთაო-სახალხო მობილიზაციით, საზოგადოებრივი აზრის მობილიზაციით უწინარეს ყოვლისა და მასობრივი მოძრაობით. ჩვენ, ერთი წლის განმავლობაში გამუდმებულ ალყაში გვყავდა მთავრობის შენობები, მიტინგებისა და დემონსტრაციების ალყაში და ამით მივაღწიეთ შემდეგ მთელი საქართველოს მასშტაბით საპროტესტო აქციების აქტივიზაციას და ბოლოს გაფიცვებით რესპუბლიკის სრული პარალიზებით, მივაღწიეთ საარჩევნო კანონის მიღებას და შემდეგ არჩევნებს. ასეთივე გზით უნდა შევებრძოლოთ კრიმინოგენურ სიტუაციას და ასეთივე გზით უნდა ვაიძულოთ გაუქმება ამ სამხედრო ბანაკისა და განიარაღება იმ პირებისა, რომლებიც განაგრძობენ პუტჩს. ეს უნდა გააკეთოს მოსახლეობამ, უნდა დაიწყოს მასობრივი მოძრაობა, მასობრივი მიტინგები და ბოლოს მშვიდობიანი, შეუიარაღებელი დემონსტრაციებით უნდა ვაიძულოთ მათ იარაღის დაყრა, რათა შემდეგ მივხედოთ დამნაშავეობას საქართველოს დანარჩენ რეგიონებში. სხვა გამოსავალი ჩვენ არა გვაქვს. უნდა შეიქმნას საინიციატივო ჯგუფები, ასეთი ჯგუფები უკვე იქმნება და უახლოეს ხანში, მასობრივი აქციებით უნდა ვაიძულოთ იარაღის დაყრა ოპოზიციას. წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველო კატასტროფის პირას არის და ჩვენ ვერ მივაღწევთ სასურველ შედეგებს.
ვიმეორებ, ჩვენ გვაქვს ყველანაირი ძალები, შეგვიძლია მათი ალაგმვა, მაგრამ ეს იქნება დაკავშირებული სისხლის ღვრასთან და ჩვენ არ გვინდა ეს. ჩვენ არ გვინდა სისხლისღვრა. ეს უნდა მოხდეს მშვიდობიანად, ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ეს ადამიანები საზოგადოებრივი აზრის მობილიზაციით, აქციებით, რომ დაყარონ იარაღი და დაუბრუნდნენ მშვიდობიან ცხოვრებას. სამაგიეროდ, რასაკვირველია, ჩვენ მათ მივცემთ ხელშეუხებლობის შესაბამის გარანტიებს და გარკვეულ სტრუქტურებშიც მოვაქცევთ ამ დაჯგუფებას, თუ საჭირო იქნება. მაგრამ აუცილებელია ამგვარი უკანონო შეიარაღებული ფორმირებების განიარაღება. თუ ჩვენ ამას უახლოეს ხანში არ მივაღწიეთ, საქართველოს რესპუბლიკაში კრიმინოგენული სიტუაცია კატასტროფულად გაიზრდება, უფრო და უფრო გამრავლდება ეს საგანგაშო მოვლენები. ეს გვიქადის სრულ ქაოსს, ანარქიას და კატასტროფას რესპუბლიკისათვის. აი, ეს უნდა გვახსოვდეს ყველას.
ასე რომ, ვინც მე მწერს წერილებს და გამოხატავს შეშფოთებას კრიმინოგენურ სიტუაციასთან დაკავშირებით, დამნაშავეობასთან ბრძოლის მოთხოვნით გამოდის, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ და ჩაებათ ამ საინიციატივო ჯგუფებში, რომელთაც უახლოეს ხანებში მშვიდობიანი აქციებით და მშვიდობიანი დემონსტრაციებით უნდა მიაღწიონ ამ შეიარაღებული ფორმირებების განიარაღებას და შემდეგ, უკვე უნდა გადავიდეთ მთელ საქართველოში წესრიგის დამყარებაზე, კრიმინოგენური სიტუაციის ალაგმვაზე და მოსახლეობისათვის მშვიდობის დაბრუნებაზე.
რაც შეეხება სასურსათო პრობლემას, აქაც უდიდესი მობილიზაცია უნდა განხორციელდეს. უნდა დაიწყოს სახალხო მოძრაობა ამ მიმართულებით, რომ შეწყდეს ხალხის ძარცვა მაფიოზური ჯგუფების მიერ, კომერციული მაღაზიების მიერ, დამყარდეს წესრიგი და დისციპლინა ამ სფეროში. ჩვენ მივიღებთ უმკაცრეს ზომებს ჩვენი მხრივ, მაგრამ ამ მობილიზაციით უნდა მივაღწიოთ ყოველივე ამას, რომ სახელმწიფო საწყობები იყოს ხელშეუხებელი, სურსათის შემოტანას და ბარტერულ გაცვლებზე უნდა დამყარდეს უმკაცრესი კონტროლი, უნდა მივაღწიოთ მდგომარეობის ელემენტარულ ნორმალიზაციას. რასაკვირველია, უახლოეს ხანში არ არის პერსპექტივა იმისა, რომ საგრძნობლად ავამაღლოთ მოსახლეობის ეკონომიკური პირობები. არ არის ფიზიკური საშუალება ამ მდგომარეობის გაუმჯობესებისა იმიტომ, რომ დასავლეთის ქვეყნებთან, როგორც ვიცით, ეკონომიკური ურთიერთობები ფერხდება, ყოვნდება, ძალიან დიდი ძალისხმევით გვიჯდება ყოველივე, ვინაიდან იმპერიას ჯერ კიდევ იზოლაციაში ვყავართ, ხოლო თავად იმპერიაში რა მდგომარეობაა, თქვენ თავად მოგეხსენებათ. დღეს მომიტანეს ჩამონათვალი, თუ რა ღირს მოსკოვში პური, ძეხვი. პური უკვე ხუთი მანეთია, ძეხვი - ას სამოცი მანეთია და ასე. შესაბამისად ყველა პროდუქტზე დღითი დღე იწევს ფასები. ამასთან შედარებით, რა დასამალია, საქართველოში არ არის ჯერ ასეთი საგანგაშო მდგომარეობა. მაგრამ თუ ჩვენ არ დავიწყეთ ეს მოძრაობა, თუ ჩვენ არ მივიღეთ ეს ზომები, თუ პარლამენტმა და მთავრობამ არ დაუჭირა მხარი პრეზიდენტს, ამ ჩემს გეგმაში თუ არ დამიჭირა მხარი, მოსახლეობის ეკონომიკურ პირობებს და სასურსათო მომარაგების მდგომარეობას ჩვენ ვერ გავაუმჯობესებთ. ამიტომ, მე მინდა თქვენ ეს მოუწოდოთ პარლამენტსაც, მოუწოდოთ მინისტრთა კაბინეტსაც და საერთო ძალისხმევით უნდა მივაღწიოთ ყოველივე ამას.
ხელისუფლება და ხალხი უნდა მოქმედებდეს ერთად, ერთიანი გეგმით და ერთიანი მიზნით, მეგობრებო. ეს არის გამოსავალი შექმნილი კრიზისული მდგომარეობიდან.
მომიტევეთ, შეიძლება ყველაფერი ვერ ვთქვი ამ „პრეზიდენტის საათში“, ვინაიდან ეს პირველია. მე შეძლებისდაგვარად ვცდილობ გიპასუხოთ უმთავრეს შეკითხვებზე. აქ მრავალი სხვა შეკითხვაც არის. შემდეგი გამოსვლისას მე შევეცდები გაგცეთ პასუხი მათზე, რაც გადაუდებელია ყველაზე მეტად, აი, იმაზე გესაუბრეთ დღეს. გთხოვთ აგრეთვე ასეთი შეკითხვები გამოგზავნოთ ჩემი მისამართით, პრესსამსახურის მისამართით. არის ტელეფონები კონტაქტისათვის. ტელევიზია ამას შეგატყობინებთ და ვინც ამ ჩვენს პრაქტიკულ ღონისძიებებს იზიარებს, გთხოვთ აგრეთვე დაგვიკავშირდეთ და შევქმნათ საინიციატივო ჯგუფები და უახლოესი მოქმედებების პროგრამა, რათა ვიხსნათ ჩვენი ერი კატასტროფისაგან.
გმადლობთ ყურადღებისათვის.
პრეზიდენტის საათი : საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია უპასუხებს ტელემაყურებელთა შეკითხვებს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 23 ნოემბერი. - №229 (249). - 2გვ.
![]() |
82 საქართველოს თავისი გზა აქვს |
▲ზევით დაბრუნება |
რესპუბლიკის პრეზიდენტი ბ-ნი ზვიად გამსახურდია პასუხობს
გაზეთ „გრუზია-სპექტრის“ მთავარი რედაქტორის შეკითხვებს
პრეზიდენტი: როგორც მოგეხსენებათ, 14 ნოემბერს ნოვო-ოგარიოვოში შეიკრიბნენ ექვსი საბჭოთა რესპუბლიკის ხელმძღვანელები და საბჭოთა კავშირის პრეზიდენტი მიხეილ გორბაჩოვი. მათ გადაწყვიტეს შექმნან სუვერენულ სახელმწიფოთა კავშირი. სუვერენულ სახელმწიფოთა კავშირი სავსებით გამართლებული თანამედროვე ერთიანობაშია. მაგრამ აქ, ამ შემთხვევაში, საქმე გვაქვს არა დამოუკიდებელ, ჭეშმარიტად სუვერენულ სახელმწიფოთა კავშირთან, არამედ ეს არის ცდა შეიქმნას ახალი უნიტარული სახელმწიფო. თუ ღრმად ჩავუკვირდებით ამ ე.წ. კავშირის თავისებურებას, უდავოდ მივალთ კითხვამდე: შეიძლება თუ არა ერთ სახელმწიფოში სხვადასხვა სახელმწიფოს არსებობა? პირადად ჩემთვის ეს სრულიად გაუგებარია. ერთი მხრივ, ეს არის აშკარად უნიტარული სახელმწიფო, ვინაიდან მას ჰყავს ერთი მთავრობა, ერთი პარლამენტი, აქვს ერთიანი შეიარაღებული ძალები. ამავე დროს ეს ვითომ არის სხვადასხვა, დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფოები, რომლებსაც ჰყავთ თავთავიანთი პარლამენტები, მთავრობები, შეიარაღებული ძალები და ა.შ. ნუთუ არ დაარწმუნა შვიდი ათეული წლის პრაქტიკამ ეს რესპუბლიკები, რომ ეს არის აბსურდი? თუ მათ სურთ ურთიერთკავშირი, რა თქმა უნდა, ეს შეუძლიათ განახორციელონ, მაგრამ როგორ ფიქრობენ ისინი შექმნან ერთიანი სახელმწიფო და ამავე დროს დარჩნენ ფაქტიურად სუვერენულნი, ანუ დამოუკიდებელნი? ისტორიამ სავსებით დაამტკიცა, რომ ასეთი „ფოკუსი“ არ გამოდის. აქედან გამომდინარე, ეს იქნება არა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა კავშირი, არამედ იმპერია, რომელიც გააერთიანებს ფაქტიურად დამოუკიდებელ სახელმწიფოებს. თუ ეს ასე არ არის, მაშინ ისინი ჯერ უნდა ცნონ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, შემდეგ აწარმოონ მათთან მოლაპარაკებები.
შეკითხვა: ექვსმა რესპუბლიკამ თავისი ინიციატივით მოინდომა ერთ სახელმწიფოდ გაერთიანება, თუ ცენტრმა შექმნა ეს ალიანსი?
პრეზიდენტი: რამდენიმე ხნის წინ მიხეილ გორბაჩობმა, ალბათ, როგორც სხვებს, მე გამომიგზავნა ტელეგრამა, რომელშიც მთხოვა ჩავსულიყავი ნოვო-ოგარიოვოში და შევერთებოდი მათ გადაწყვეტილებას. მე მას წერილით ვუპასუხე, რომ თუ ჩვენ მართლა სუვერენული სახელმწიფოები ვართ, ოფიციალურად გვცანით ასეთებად და მხოლოდ ამის შემდეგ ვთვლი-მეთქი შესაძლებლად ვილაპარაკოთ ნებისმიერ ხელშეკრულებაზე - პოლიტიკურზე, ეკონომიკურზე ან სხვა სახის კავშირ-ურთიერთობაზე, ვინაიდან თუ სახელმწიფო სახელმწიფოს არ ცნობს, მათ შორის არავითარ კავშირზე და ალიანსზე არ შეიძლება ლაპარაკი. ცენტრი ჩვენ არ გვცნობს, აქედან გამომდინარე, იგი ჩვენ სუვერენულ სახელმწიფოთა კავშირში კი არ გვეპატიჟება, არამედ კვლავ იმპერიაში, სადაც სიტყვა „სუვერენული“ ისეთივე სიყალბეა, როგორი ყალბიც იყო უწინ. ასე რომ, ნოვო-ოგარიოვოში შეკოწიწებული სახელმწიფო იგივეა, რაც იყო აქამდე, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ მაშინ მას ერქვა სსრკ, ახლა კი ეწოდება სსკ - სუვერენულ სახელმწიფოთა კავშირი. აქ მე მინდა გაგახსენოთ საბჭოთ კავშირის ჰიმნი, რომლის პირველი სიტყვები ასეთი იყო: «Союз нерушимый, республик свободных». გამოდის, რომ ჩვენ ყველანი მაშინაც ვიყავით თავისუფალი რესპუბლიკები, მაშ რაღა საჭიროა ახალი თავისუფალი ანუ სუვერენული რესპუბლიკების კავშირი? ასე რომ, ამ „ახალი სახელმწიფოს შექმნა“ არის მხოლოდ სიტყვების ეკვილიბრისტიკა და არა სხვა რამ.
ჩვენ ვერ მოვტყუვდებით ასეთი იაფფასიანი სიტყვების თამაშით. ჩვენ გაცილებით ღრმად ვუყურებთ ჩვენი ერის, ჩვენი სამშობლოს, ჩვენი სახელმწიფოს ცხოვრებასა და მომავალს, ვიდრე ისინი, ვინც ან თავს იტყუებს, ან სხვას ატყუებს. საქართველო ისეთი ქვეყანაა, რომ იგი ასეთ თამაშში მონაწილეობას არ მიიღებს. აი, ასეთი პასუხი გავუგზავნე მე გორბაჩოვს, იმის მაგივრად, რომ მისი მოპატიჟება მიმეღო და ნოვო-ოგარიოვოში ჩავსულიყავი.
შეკითხვა: მეორე მხრივ, ბატონო პრეზიდენტო, ნოვო-ოგარიოვოში დადებულმა ხელშეკრულებამ ალბათ, დაგვაახლოვა იმ მიზანთან, რისკენაც საქართველო მიილტვის - რადგან იქ შეიქმნა ახალი სახელმწიფო. მაშასადამე, ჩვენ, თუ შეიძლება ასე ითქვას, ავტომატურად დავრჩით მის გარეთ, ანუ გავინაღდეთ დამოუკიდებლობა. სწორ ანალიზს ვაკეთებ თუ ვცდები?
პრეზიდენტი: პრინციპში ასეა, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს სახელმწიფო, მე მგონი, მაინც არ მოგვიტანს დე-ფაქტო და დე-იურე აღიარებას. ყოველ შემთხვევაში, უახლოეს ხანში. პირიქით - ეს ალიანსი გამოიწვევს ჩვენს მიმართ დისკრიმინაციას და გამოუცხადებელ ომს, როგორც აქამდე იყო, განსაკუთრებით ეკონომიკური ბლოკადის სახით. ფაქტიურად ამ „ახალმა სახელმწიფომ“ ჩვენ გამოგვაცხადა მტრად, არა მარტო საქართველო, არამედ ყველა ის რესპუბლიკა, რომლებმაც ხელი არ მოაწერა ამ ხელშეკრულებას. განსაკუთრებით ისინი, ვინც არც ეკონომიკურ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ზოგმა მოაწერა. მაგალითად, სომხეთი ამ „სუვერენულ რესპუბლიკათა სახელმწიფოში“ არ შევიდა, მაგრამ ეკონომიკურ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. აქედან გამომდინარე სომხეთი, მათი შეხედულებით, ნაკლები მტერია, ჩვენ კი ისეთი რესპუბლიკა ვართ, რომელთანაც „სხვაგვარი ლაპარაკია“ საჭირო, გაცილებით მტრული.
შეკითხვა: თქვენ ახსენეთ სომხეთი. რამდენიმე დღის წინ სომხეთის პრეზიდენტი მიიღო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბუშმა. გაზეთმა „იზვესტიამ“ გამკილავი ტონით აუწყა მსოფლიოს, რომ თითქოს ეს შეხვედრა სომხეთის მარცხით დამთავრდა - ამერიკამ არ ცნო მისი დამოუკიდებლობა. განა ასე ადვილად ხდება ახალი სახელმწიფოს დამოუკიდებლობის ცნობა? საქმე ხომ მაინც წაიწია წინ?
პრეზიდენტი: რა თქმა უნდა, ახალი სახელმწიფოს დამოუკიდებლობის ცნობა უბრალოდ არ ხდება. მით უმეტეს, როცა საქმე ეხება ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს. აღიარების გაძნელების საქმეში დიდი „წვლილი“ მიუძღვის მოსკოვს, ცენტრს, სამწუხაროდ, ასეა აწყობილი საქმე ჯერჯერობით, რომ დასავლეთის ქვეყნები შეჰყურებენ მოსკოვს, თუ როდის გვცნობს იგი დამოუკიდებლად. სწორედ ეს იყო ძირითადი მიზეზი იმისა, სომხეთი რომ ახლავე არ ცნო შეერთებულმა შტატებმა. ასე იქნება საქართველოს მიმართაც, ამიტომ არ მივდივარ ვაშინგტონში. მე იქ ჩავალ მაშინ, როცა დავინახავ, რომ დასავლეთი დამოუკიდებელ პოლიტიკას აწარმოებს და არ შესცქერის მოსკოვს.
შეკითხვა: ჩვენი ოპოზიცია ლაპარაკობს, საქართველოს დასავლეთი არ ცნობს იმის გამოო, რომ ჩვენში... პრეზიდენტი: დიქტატურააო, არა?
დიახ.
პრეზიდენტი: დასავლეთი არ ცნობს უკრაინას, მოლდოვას, სომხეთს, მაშ იქაც დიქტატურა ყოფილა. არა, ეს არ არის სიმართლე. დასავლეთი არ ცნობს ამ რესპუბლიკების დამოუკიდებლობას იმიტომ, რომ ეს არ უნდა მოსკოვს, კრემლს.
შეკითხვა: მაგრამ დასავლეთმა უკვე დაიწყო ბალტიისპირეთის სახელმწიფოების ცნობა. რატომ?
პრეზიდენტი: ბალტიისპირეთის სახელმწიფოთა საკითხებში მათ მოილაპარაკეს და შეთანხმებას მიაღწიეს. დანარჩენი რესპუბლიკების შესახებ კი მათ შორის სხვანაირი მოლაპარაკებაა. ესე იგი საქმე გვაქვს მოლაპარაკებასთან დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, ასე რომ, ჩვენს რესპუბლიკაში არსებული მდგომარეობის მიზეზით ვითომდა ჩვენი არცნობა აბსურდული და პოლიტიკურად უმეცრულია.
შეკითხვა: არ შეიძლება არ დაგეთანხმოთ იმაში, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობა როგორც დასავლეთის, ისე კრემლის მიერ ძნელად მისაღწევი ამოცანაა. მიმაჩნია, რომ ამ პრობლემის სირთულე ბევრს ღრმად გაცნობიერებული არა აქვს. გზა ნაბიჯ-ნაბიჯ არის გასავლელი, საჭიროა იმ თოკების სათითაოდ გადაჭრა, რომლებითაც მიბმული ვართ საბჭოთა იმპერიაზე. ორი დღის წინ თქვენი ბრძანებულების კომენტარისათვის - საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული სამხედრო ტექნიკის შესახებ - მივმართე ამიერკავკასიის ჯარების სარდალს პატრიკეევს. მან მიპასუხა, ეს საკითხი პოლიტიკური საკითხი უფროა, ვიდრე პრაქტიკულიო, მისი გადაწყვეტა არც იოლად, არც მალე არ მოხდებაო. თქვენც ასე თვლით?
პრეზიდენტი: რა თქმა უნდა, ამ ბრძანებულების რეალიზაცია ხელის ერთი აქნევით არ მოხდება, მაგრამ, თქვენ წარმოიდგინეთ, მოსკოვის თავდაცვის სამინისტრო არ იჩენს ესოდენ შეურიგებელ პოზიციას მის მიმართ, შესაძლოა, ეს ტაქტიკური სვლაა, მაგრამ იგი მოლაპარაკებაზეც კი გვიწვევს. ვფიქრობ, მივაღწევთ დადებით შედეგებს.
შეკითხვა: შეიძლება თუ არა ჩავთვალოთ, რომ რესპუბლიკის მთავარი პოლიტიკური პრობლემები სწორი გზით მიდის?
პრეზიდენტი: დიახ, შეიძლება ასე ჩავთვალოთ, რომ არ იყოს შიდა ქართლის მოვლენები. შიდა ქართლში ძალიან მძიმე მდგომარეობაა, უფრო და უფრო აგრესიული ხდება საბჭოთა შინაგანი ჯარი. ისინი ოს ექსტრემისტებთან ერთად დაუნდობლად არბევენ ჩვენს სოფლებს. მოსახლეობა უდიდეს ტანჯვას განიცდის, რაც ყველაზე მეტად გვაშფოთებს და გვაღელვებს.
შეკითხვა: მოსკოვის პრესას და ტელეგადაცემებს თუ დავუჯერებთ ჩვენ, ქართველებს მოსალოცად გვქონია საქმე. მათ მთელ საბჭოთა იმპერიასა და მსოფლიოს აუწყეს „სენსაცია“: ქართველებმა ჯერ არნახული სამხედრო იარაღი გამოიგონეს, რომლითაც შიდა ქართლის სოფლებიდან კავკასიონის მთაგრეხილზე გადავლით პირდაპირ ვლადიკავკაზს უშენენ უცნაურ ყუმბარებსო. ხომ არ გაანდობდით ამ არნახული იარაღის მონაცემებს მსოფლიოს?
პრეზიდენტი: სხვათა შორის, როცა ჩემთან ჩამოვიდნენ პროგრამა „ვრემიას“ კორესპონდენტები, მე მათ მივესალმე, როგორც მეზღაპრეებს. არ ვიცი, ეს ეწყინათ თუ არა, მაგრამ მხოლოდ მე და თქვენ კი არა, უკვე მთელმა მსოფლიომ იცის, რომ მოსკოვის პრესა და ტელეარხები ბარონ მიუნჰაუზენზე უფრო უკეთეს ზღაპრებს თხზავენ. აბა, ის, რაც თქვენ ახლა ახსენეთ, ზღაპარი არ არის? თანაც ბოროტი ზღაპარი?
შეკითხვა: კიდევ ხომ არაფრის თქმა გნებავთ, ბატონო პრეზიდენტო?
პრეზიდენტი: სათქმელს და საფიქრალს რა დალევს ამ ურთულეს პერიოდში... მაგრამ არის საკითხი, რომელიც ყველაზე მეტად მტკივნეულია. ეს არის ოპოზიციის დესტრუქციული მოქმედება. გულწრფელად გეტყვით, მე ვერაფრით ვერ გამიგია ამ ადამიანთა ფსიქოლოგია. მტრობა, როგორც ასეთი, ადამიანებში არსებობს. მაგრამ საკუთარი სამშობლოს მტრობა? მშობლიური ხალხისათვის ცხოვრების გართულება? სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მიღწევაში ხელის შეშლა? იმის მაგივრად, რომ მთელმა ერმა თავი დავდოთ შიდა ქართლში მდგომარეობის აღდგენისათვის, თვითმარქვია „პატრიოტულმა“ ჯგუფებმა იარაღი დაიტაცეს და თავად გახდნენ კრიმინალური სიტუაციის შემქმნელები. რა ვქნათ, იარაღით შევუტიოთ მათ, როცა ყველას ერთი საერთო მტერი გვყავს?! ხალხი ერთ მუშტად უნდა შეიკრას ამ მდგომარეობიდან გამოსვლისათვის. აი, ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა დღეს!
საქართველოს თავისი გზა აქვს : რესპუბლიკის პრეზიდენტი ბ-ნი ზვიად გამსახურდია პასუხობს გაზეთ „გრუზია- სპექტრის“ მთავარი რედაქტორის შეკითხვებს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 27 ნოემბერი. - №233 (253). - 1გვ.
![]() |
83 მის აღმატებულებას ბატონ აიაზ მუტალიბოვს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, მის აღმატებულებას ბატონ ლევონ ტერ-პეტროსიანს, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს |
▲ზევით დაბრუნება |
პატივცემულო ბატონებო!
ჩვენ ვიმყოფებით სრული პოლიტიკური დამოუკიდებლობის მიღწევის ზღურბლთან, ნებისმიერი კონფრონტაცია ჩვენს რეგიონში ართულებს ამ უმნიშვნელოვანესი ამოცანის გადაწყვეტას.
რეაქციული იმპერიული ძალები ცდილობენ გამოიწვიონ ურთიერთდაპირისპირება და დესტაბილიზაცია მთელს რეგიონში, გააღვივონ კონფლიქტები და ერთა შორის შუღლი და ამით დაუმტკიცონ მთელს მსოფლიოს ჩვენს მისწრაფებათა უსუსურობა და შეუძლებელი გახადონ ჩვენი სანუკვარი მიზნის - ჩვენი ქვეყნების მიერ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მიღწევა.
იმ ხალხისათვის, რომლებიც ათასწლეულების განმავლობაში გვერდიგვერდ ცხოვრობენ, ერთად მიყვებიან ისტორიის რთულ გზას, რომელთაც ბედმა არგუნა მომავალში კვლავაც გვერდიგვერდ ცხოვრება, ყოველგვარი პრობლემის გადაწყვეტის ერთადერთ გზას წარმოადგენს მოლაპარაკებები, ურთიერთპატივისცემა და კეთილმეზობლური თანაარსებობის აუცილებლობის აღქმა.
აზერბაიჯანს, სომხეთს და საქართველოს ძალუძთ დადებითი გავლენა მოახდინონ არა მარტო კავკასიის, არამედ წინა აზიის პოლიტიკურ კლიმატზე - აქედან გამომდინარე ყველა შედეგით. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს დაძაბულობისა და სისხლისღვრის ყოველგვარი კერის ლიკვიდაცია.
პატივცემულო ბატონებო!
მოგიწოდებთ კონფრონტაციის შეწყვეტისაკენ და გიწვევთ თბილისში მოლაპარაკების ჩასატარებლად, არსებული პრობლემების პოლიტიკური გზით მოგვარების მიზნით. დარწმუნებული ვარ, რომ მხოლოდ ამგვარად არის შესაძლებელი ჩვენთვის სასურველი შედეგის მიღწევა. გთხოვთ, მაცნობოთ შეხვედრის თარიღი.
გულწრფელი პატივისცემით
ზვიად გამსახურდია
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
1991 წლის 26 ნოემბერი
მიმართვა : მის აღმატებულებას ბატონ აიაზ მუტალიბოვს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, მის აღმატებულებას ბატონ ლევონ ტერ-პეტროსიანს, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს / გამსახურდია ზ. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 27 ნოემბერი. - №233 (253). - 1გვ.
![]() |
84 საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის მიმართვა უკრაინაში მცხოვრები ყველა ქართველისადმი |
▲ზევით დაბრუნება |
ძვირფასო თანამემამულენო!
რამდენიმე დღის შემდეგ მონაწილეობას მიიღებთ უკრაინის ისტორიის უმნიშვნელოვანეს მოვლენაში. 1 დეკემბერს მანდ გაიმართება რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნები და საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი უკრაინის დამოუკიდებლობის თაობაზე.
უკრაინა, რომელმაც შეგიფარათ თავის ბარაქიან მიწაზე, მტკიცედ დაადგა ეროვნული დამოუკიდებლობის გზას და თანმიმდევრულად იბრძვის თავისუფლებისათვის. სუვერენული საქართველოს რესპუბლიკის ხელმძღვანელობა და ხალხი მხარს უჭერენ მოძმე, უკრაინელი ხალხის მისწრაფებას, მიაღწიონ საუკუნეობრივ ოცნებას - თავისი ქვეყნის თავისუფლებას. და არ არსებობს არავითარი დაბრკოლება, რომელიც ხელს შეუშლის სახელმწიფოებრიობისა და დემოკრატიის განმასახიერებელი ამ ოცნების ახდომას, ადამიანთა უდრეკ ნებასა და ნათელ მისწრაფებებს რომ აერთიანებს.
1 დეკემბერს თქვენ მიხვალთ ხმის მისაცემად საარჩევნო ყუთებთან. გახსოვდეთ, თუ რა პირადი პასუხისმგებლობა გეკისრებათ ამ დღეს, რომელმაც უნდა განსაზღვროს თავისუფალი უკრაინის ბედი და მომავალი.
მოგიწოდებთ მოახდინოთ სწორი, ქართველი ხალხის ჭეშმარიტი შვილების ღირსი არჩევანი, ხალხისა, რომელიც ქვეყნად ყველაზე მეტად აფასებს თავისუფლებას, უსაზღვროდ ერთგულობს მის იდეალებს, მზად არის გაიღოს ყოველგვარი მსხვერპლი მისი გულისათვის.
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია
1991 წლის 28 ნოემბერი
უკრაინაში მცხოვრები ყველა ქართველისადმი : საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის მიმართვა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 30 ნოემბერი. - №235 (255). - 1გვ.
![]() |
85 საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულება შიდა ქართლში შექმნილი მდგომარეობის შესახებ |
▲ზევით დაბრუნება |
შიდა ქართლში ოსი სეპარატისტები, რომლებსაც უზურპირებული აქვთ ხელისუფლება, სსრ კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარებისა და საბჭოთა არმიის მხარდაჭერით კვლავ განაგრძობენ ანტიკონსტიტუციურ, ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას, რითაც აშკარად ცდილობენ ხელყონ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, შეზღუდონ საქართველოს რესპუბლიკის სუვერენული უფლებები.
მიმდინარე წლის 26 ნოემბერს ა. ჩოჩიევის ხელმძღვანელობით ჩატარდა ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სესია, რომელზედაც განიხილეს რესპუბლიკის სახელწოდების შეცვლის, ხელისუფლების ორგანოების სტრუქტურის, კონსტიტუციის მიღების, რუსეთთან შეერთების ადრემიღებული გადაწყვეტილების დადასტურების, საგანგებო მდგომარეობის შემოღების, საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადების, გვარდიის შექმნისა და სხვა საკითხები. სესიამ ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ აირჩია ზნაურ გასიევი და მასვე დააკისრა თავმჯდომარის მოვალეობა.
ნიშანდობლივია, რომ ამ ე.წ. სესიამ აღიარა, რომ 1991 წლის 4 სექტემბრის გადაწყვეტილებების შემდეგ, რომელიც მიიღო უკანონო ორგანომ, ე.წ. „სამხრეთ ოსეთის ყველა დონის სახალხო დეპუტატთა სესიამ“, ამ რეგიონში შეიქმნა კონსტიტუციური ვაკუუმი, მაგრამ მიუხედავად ამ აღიარებისა, ოსი სეპარატისტები შიდა ქართლში „კონსტიტუციური ვაკუუმის“ შევსებას კვლავ უკანონო, ანტიკონსტიტუციური მოქმედებებით ცდილობენ, რომლის დასტურია სწორედ 26 ნოემბერს ჩატარებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის უმაღლესი საბჭოს სესია და მასზე მიღებული გადაწყვეტილებები.
„საგანგებო წესების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონისა და საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების მიერ ბოლო დროს მიღებული გადაწყვეტილებების თანახმად სსრ კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარებისა და საბჭოთა არმიის ნაწილების შიდა ქართლის ტერიტორიაზე ყოფნას არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და ამ რეგიონში დესტაბილიზაციის, საქართველოს რესპუბლიკის წინააღმდეგ მიმართული მტრული საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორს წარმოადგენს.
საქართველოს რესპუბლიკის სუვერენიტეტის, ქვეყნის უშიშროების და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის მიზნით საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის 1214 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე ვადგენ:
1. ცნობილ იქნეს ბათილად და იურიდიული ძალის არმქონედ ანტიკონსტიტუციური, ანტისახელმწიფოებრივი ორგანოს ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 1991 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებები;
2. საქართველოს რესპუბლიკის პროკურატურამ გაატაროს კანონით გათვალისწინებული ზომები იმ პირთა მიმართ, რომლებმაც შიდა ქართლში შექმნეს ანტისახელმწიფოებრივი ორგანიზაცია, რომლის მიზანია საქართველოს რესპუბლიკის სუვერენული უფლებების შეზღუდვა, საქართველოს რესპუბლიკისაგან მისი ტერიტორიის ნაწილის გამოყოფა;
3. დაისვას საკითხი სსრ კავშირის სახელმწიფო ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების წინაშე შიდა ქართლში დისლოცირებული სსრ კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარებისა და საბჭოთა არმიის ნაწილების საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიიდან დაუყოვნებლივ გაყვანის შესახებ.
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია
თბილისი, 1991 წლის 2 დეკემბერი
ბრძანებულება : შიდა ქართლში შექმნილი მდგომარეობის შესახებ / ზვიად გამსახურდია // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 3 დეკემბერი. №236 (256). - 1გვ.
![]() |
86 საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის მიმართვა |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს ტერიტორიაზე დისლოცირებული საბჭოთა კავშირის თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სასაზღვრო ჯარების ნაწილებისა და ქვედანაყოფების პირადი შემადგენლობისადმი.
უკანასკნელ ხანს, სამხედრო წრეებში გახშირდა კრიტიკული შენიშვნები, საჩივრები და საყვედურები საქართველოს ხელმძღვანელობის მიმართ. გარკვეული პოლიტიკური ძალები ცდილობენ გადააბრალონ რესპუბლიკის ხელმძღვანელობას სამხედრო სამსახურების ყველა სირთულე, პასუხისმგებლობა ცალკეულ ექსცესებზე, სამხედრო სამსახურთან და ყოფასთან დაკავშირებული სიძნელეები. ანალოგიური სიტუაცია აღინიშნება საბჭოთა კავშირის დაშლასთან დაკავშირებით წარმოქმნილ სხვა სუვერენულ სახელმწიფოებშიც, სადაც ისევე როგორც საქართველოში, რესპუბლიკის საერთო იურისდიქციაში გადავიდა მათ ტერიტორიაზე განლაგებული სამხედრო ნაწილები და რესპუბლიკის საკუთრებად არის გამოცხადებული ამ ნაწილების შეიარაღება, აღჭურვილობა და სხვა ქონება. აქედან გამომდინარე, დაუშვებელია მათი გატანა რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ.
საქართველოში დღესაც არ არის ანტირუსული განწყობილება, არ არის აგრეთვე მიკერძოებული დამოკიდებულება სამხედრო მოსამსახურეების მიმართ.
ქართველი ხალხის კეთილშობილება, სიმამაცე და გამძლეობა სრულად წარმოჩნდა 1989 წლის 9 აპრილს ტრაგიკულ მოვლენათა შემდგომ. რესპუბლიკაში არ ყოფილა სამხედროების მიმართ ანგარიშსწორების არც ერთი ფაქტი. მთელი პასუხისმგებლობა ამ ბარბაროსული აქციის გამო ქართველმა ხალხმა დააკისრა სსრ კავშირის უმაღლეს ხელმძღვანელობას.
ამჟამად ქართული საზოგადოების აღშფოთებას იწვევს სსრკ-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული ნაწილების მონაწილეობა შიდა ქართლში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ წარმოებულ დამსჯელ აქციებში. სამხედროთა მიერ ქართულ სოფლებში ჩატარებული რეიდები, თვითნებობა, მძევლების აყვანა და სხვა განუკითხავი მოქმედებები ხელს არ უწყობს ამ რეგიონში მდგომარეობის სტაბილიზაციას.
საქართველოს ხელისუფლება მოითხოვს აქ დისლოცირებული ნაწილების გაყვანას, რაც სავსებით შეესაბამება რსფსრ უზენაესი საბჭოს გადაწყვეტილებებს, რომელიც „ეთნოკრიზისების“ რაიონებში რუსი ეროვნების სამხედრო პირთა მიერ სამხედრო სამსახურის გავლის წინააღმდეგ იყო მიმართული. ამასვე მოითხოვს ჯარისკაცთა დედების რუსეთის საზოგადოებრივი მოძრაობა.
სამხედრო წრეებში ანტიქართული განწყობილების გამძაფრება ჩვენს მიერ განიხილება, როგორც შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე დანაშულებრივი მუშაობის შემადგენელი ნაწილი, რომლის მიზანია სამხედრო მოსამსახურეთა შორის ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების კანონიერი მთავრობების მიმართ მტრული დამოკიდებულების გაღვივება, ხელისუფლების და უპ. ყოვლისა, რსფსრ-ს ხელმძღვანელობის წინააღმდეგ მიმართული გამოსვლების გამოწვევა.
როგორც ჩანს, მილიტარისტულ, იმპერიულ ძალებს ამოძრავებთ შურისძიების სურვილი აგვისტოს თვეში განცდილი მარცხის გამო. მათ ჯერ კიდევ ვერ გაათვითცნობიერეს, რომ შეუძლებელია ხალხების ეროვნული დამოუკიდებლობისაკენ სწრაფვის იარაღის ძალით ჩახშობა. ამ გზით მართვის დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბება.
მოგმართავთ საქართველოში დისლოცირებულ სსრკ თავდაცვის სამინისტროს და სასაზღვრო ჯარების პირად შემადგენლობას. მოგიწოდებთ სათანადო პატივი მიაგოთ რესპუბლიკის სუვერენიტეტს, ხელი შეუწყოთ წესრიგისა და კანონიერების დამყარებას სამხედრო სამსახურის ადგილებში, ზემოაღნიშნული ჯარების ჩვენი ქვეყნის ტერიტორიიდან სრულ გაყვანამდე დაიცვათ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ 1991 წლის 3 დეკემბერს მიღებული დადგენილება საბჭოთა არმიის საჯარისო ფორმირებების, ნაწილებისა და ქვედანაყოფების იურისდიქციაში გადასვლის შესახებ.
წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი პასუხისმგებლობა სიტუაციის გამწვავების გამო დაგეკისრებათ თქვენ და თქვენს სარდლობას.
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია
1991 წლის 9 დეკემბერი
მიმართვა : საქართველოს ტერიტორიაზე დისლოცირებული საბჭოთა კავშირის თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სასაზღვრო ჯარების ნაწილებისა და ქვედანაყოფების პირადი შემადგენლობისადმი / გამსახურდია ზ. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 10 დეკემბერი. - №241 (261). - 1გვ.
![]() |
87 მის აღმატებულებას ბატონ ბორის ელცინს, რუსეთის სფს რესპუბლიკის პრეზიდენტს |
▲ზევით დაბრუნება |
პატივცემულო ბატონო პრეზიდენტო!
ბელორუსიის რესპუბლიკის, რუსეთის სფს რესპუბლიკისა და უკრაინის 1991 წლის 8 დეკემბრის შეთანხმების შესაბამისად სსრ კავშირმა, როგორც საერთაშორისო სამართლის სუბიექტმა შეწყვიტა არსებობა. ამის საფუძველზე, ერთადერთ სამართლებრივ დოკუმენტად, რომელიც განსაზღვრავს რუსეთის სფს რესპუბლიკისა და საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოთაშორის ურთიერთობას, უნდა მივიჩნიოთ 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულება, ვინაიდან საქართველოს რესპუბლიკა, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უფლებამონაცვლეა, და რადგან საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ 1991 წლის 9 აპრილს გამოაცხადა სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღდგენა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე 1991 წლის 31 მარტს გამართული რესპუბლიკური რეფერენდუმის შედეგების თანახმად. ეს ხელშეკრულება არ არის დენონსირებული არც რუსეთის სფს რესეპუბლიკის, არც საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლების უზენაესი ორგანოების მიერ.
მოგიწოდებთ, ჩვენი ქვეყნების საერთაშორისო ურთიერთობა შეუსაბამოთ ზემოთ ნახსენებ ხელშეკრულებას რუსეთის სფს რესპუბლიკის და საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოების თავმჯდომარეთა 1991 წლის 23 მარტის ყაზბეგის შეხვედრის ოქმის სულისკვეთებით, რათა შესაძლებელი გახდეს ბოლო ათწლეულების პერიოდში წამოჭრილი საკითხების მოგვარება.
ღრმა პატივისცემით
ზვიად გამსახურდია
1991 წლის 10 დეკემბერი
მის აღმატებულებას ბატონ ბორის ელცინს, რუსეთის სფს რესპუბლიკის პრეზიდენტს / გამსახურდია ზ. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 13 დეკემბერი. - №244 (264). - 1გვ.
![]() |
88 სატელევიზიო ნაცნობობა |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბატონ ზვიად გამსახურდიას საუბარი
ცენტრალური ტელევიზიის ჟურნალისტთან ბატონ ურმას ოტთან
ჟურნალისტი: - ბატონო პრეზიდენტო, ძალზე მოხარული ვარ მოგესალმოთ ჩვენს გადაცემაში „სატელევიზიო ნაცნობობა“. თქვენ მძიმე დღე გქონდათ, ჩვენ ველოდით ამ ინტერვიუს, მაგრამ თქვენ ნამდვილად ძალზე გადატვირთული დღე გქონდათ. დღეს თქვენ მოაწყვეთ დიდი მიტინგი მთავრობის სახლთან, მიტინგს დაესწრო ოპოზიციაც. რანაირად ებრძვით, ბატონო პრეზიდენტო, ოპოზიციას?
პრეზიდენტი: - ოპოზიციას ჩვენ მხოლოდ სიტყვით და აზრით ვებრძვით, მივმართავთ დარწმუნების მეთოდს, პოლემიკას, დისკუსიას, მაგრამ ტყვიას არ ვისვრით, თუმცა გვაბრალებენ ასეთ ცოდვას, ცილს გვწამებენ. სინამდვილეში ოპოზიცია თვითონ მიმართავს იარაღს და მთავრობის შენობასაც დაესხა თავს, რასაც ჩვენ ზემოთ, ჰაერში სროლით ვუპასუხეთ.
ჟურნალისტი: - მაშასადამე, თქვენი სიტყვები იმის შესახებ, რომ ოპოზიცია ფიზიკურად უნდა მოისპოს, სისულელეა?
პრეზიდენტი: - ეს აბსოლუტური სისულელეა. არ არსებობს ამის დამადასტურებელი არც ერთი დოკუმენტი. ის, რომ ოპოზიცია აცხადებს, უიარაღო ვარო, იარაღი არა მაქვსო, ესეც სისულელეა.
ჟურნალისტი: - დღევანდელი მიტინგის დროს თქვენ საკმაოდ ადვილად გააბათილეთ ოპოზიციის არგუმენტები.
პრეზიდენტი: - დიახ, რა თქმა უნდა. ძალიან ადვილია მათი არგუმენტების გაბათილება, რადგან ეს ბავშვური არგუმენტებია.
ჟურნალისტი: - რა არგუმენტებია?
პრეზიდენტი: - აი, მაგალითად, ოპოზიცია ამბობს, რომ ჩვენთან, საქართველოში, ირღვევა ადამიანის უფლებები. უმთავრესად მთავრობა არღვევს ამ უფლებებს. კაცმა გადაკეტა ქუჩებში მოძრაობა, აღმართა ბარიკადები ცენტრში და იქ თავისი შეიარაღებული ხალხი დააყენა, ანუ ომი გამოუცხადა მთავრობას. ჩვენ იგი დავაპატიმრეთ, მაშასადამე ჩვენ ვარღვევთ მის უფლებებს, ჩვენა ვართ დიქტატორები? საქართველო ფაშისტური ქვეყანაა, აქ ტოტალიტარიზმია, არ არის ადამიანის უფლებანი? აი, ასეთი არგუმენტები მოჰყავთ მათ. ანდა, მაგალითად, ჩვენ ნებას არ ვაძლევთ შეიარაღებულ ფორმირებებს ბაზა იქონიონ სადღაც ქალაქში, ააფეთქონ ან ტელევიზია გაძარცვონ, მოაწყონ იქ აქციები, სინამდვილეში კი ააოხრონ სახელმწიფო შენობა და ა.შ. აი, რას ვკრძალავთ ჩვენ, ამ აკრძალვას კი ისინი თავისუფლების ჩახშობას, დიქტატორობას უწოდებენ. ასეთი არგუმენტების გაბათილება ძალზე იოლია.
ჟურნალისტი: - როგორ გგონიათ, ბატონო პრეზიდენტო, დღეისათვის ეს სერიოზული ოპოზიციაა, თუ არც ისე?
პრეზიდენტი: - სერიოზულია იმ თვალსაზრისით, რომ იგი შეიარაღებულია და დიდ საფრთხეს უქმნის საზოგადოებას. იგი დაკავშირებულია კრიმინალურ სამყაროსთან, ამ სამყაროს ნაწილია. მიუხედავად იმისა, რომ იგი ინიღბება მაღალფარდოვანი ლოზუნგებით და მის წარმომადგენლებს მეცნიერებათა დოქტორების, მწერლების, რეჟისორებისა და ა.შ. წოდებანი აქვთ. მაგრამ იგი დაკავშირებულია კრიმინალურ სამყაროსთან და ჩვენ ფაქტობრივად დამნაშავეობას ვებრძვით.
ჟურნალისტი: - სად არიან ქართული ოპოზიციის იდეოლოგები? აქ, თბილისში?
პრეზიდენტი: - ისინი პარლამენტშიც კი არიან. არიან მოსკოვშიც, მაგრამ იქ არალეგალურად მოქმედებენ. ისინი ფარულად ეხმარებიან. მაგრამ, აი, აშკარა ლიდერები აქ არიან.
ჟურნალისტი: - შესაძლებლობა მქონდა მთელი დღევანდელი დღის მანძილზე თვალყური მედევნებინა თქვენთვის, და შევამჩნიე, რომ აქაც კი, მთავრობის სახლში, უამრავი მცველი გარტყიათ გარს. მთლად მშვიდად ვერ გრძნობთ თავს?
პრეზიდენტი: - სხვათა შორის, ეს ჩემგან არ მომდინარეობს. არიან ახალგაზრდები, რომლებსაც აწუხებთ სიტუაცია ქალაქში, რამდენი შეიარაღებული ფორმირებაა, რომლებიც იბრძვიან ძალაუფლებისათვის, ერევიან პოლიტიკაში და მზად არიან მოაწყონ ტერორისტული აქტები ჩემს წინააღმდეგ. ორჯერ იყო ცდა, ის კი არა და, ახლაც არის ასეთი ცდა. აი, ამიტომ არიან ისინი აღელვებულნი. ასე რომ, ეს მათი ინიციატივაა.
ჟურნალისტი: - როცა თქვენ შინიდან სამსახურში მიემგზავრებით, ფიქრობთ ხოლმე, როგორ დაბრუნდებით უკან?
პრეზიდენტი: - რა თქმა უნდა, არც ისეთი მძიმე მდგომარეობაა ჩვენთან, მაგრამ დამნაშავეობა მაინც განვითარებულია და შეიარაღებული ფორმირებანი ძლიერი.
ჟურნალისტი: - ბატონო გამსახურდია, თქვენ სრულიად ფანტასტიკური გენეტიკური ფონი გაქვთ. თქვენ ქართული ლიტერატურის კლასიკოსის კონსტანტინე გამსახურდიას ოჯახიდან ბრძანდებით. როგორ გგონიათ, როგორ წარიმართებოდა თქვენი ცხოვრება, თქვენი პოლიტიკური კარიერა, ეს ოჯახური ფონი რომ არ ყოფილიყო?
პრეზიდენტი: - ამის წარმოდგენა ძალიან ძნელია. აქ ცოტა არ იყოს, აზვიადებენ: ჩვენი ხალხი აფასებს და პატივს სცემს ლიტერატურას, მაგრამ ლიტერატურის გამო არავინ არ აფასებს პოლიტიკოსს, თუნდაც იგი დიდი მწერლის შვილი იყოს.
ჟურნალისტი: - ნანობთ თუ არა, რომ, როცა პრეზიდენტი გახდით, აღმოჩნდით ლიდერის როლში საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში? არადა, თქვენ გქონდათ როგორც მეცნიერის, ლიტერატორის, ფილოსოფოსის არაჩვეულებრივი მდგომარეობა?
პრეზიდენტი: - კაცმა რომ თქვას, ძნელია, ძალზე ძნელი გზაა, ბევრი ოცნებობს ამ მდგომარეობაზე, ჰგონიათ, თითქოს ეს ნეტარება იყოს, მაგრამ ასე არ არის. განსაკუთრებით ამ ქვეყანაში, რომელიც გაურკვეველ მდგომარეობაშია.
ჟურნალისტი: - თქვენ გაქვთ ამ მდგომარეობიდან გამოსვლის პროგრამა?
პრეზიდენტი: - დიახ, რა თქმა უნდა. მაგრამ პროგრამა ერთია, ხოლო რეალობა - სხვა.
ჟურნალისტი: - ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს მშვენიერი საქართველო რაღაც იზოლაციაშია საბჭოთა კავშირის მხრივ. და, გასაკვირია, დასავლეთის მხრივაც.
პრეზიდენტი: - ეს გასაკვირი არ არის. დასავლეთი საბჭოთა კავშირს და რუსეთს შეჰყურებს.
ჟურნალისტი: - თქვენ ეს წინასწარ იცოდით, თუ ეს სიურპრიზია თქვენთვის?
პრეზიდენტი: - მართალი გითხრათ, სიურპრიზია. არ მეგონა, რომ დასავლეთი ამდენად დამოკიდებულია აღმოსავლეთზე და დასავლეთის საზოგადოებრივ აზრს აქედან მართავენ. არ მოველოდი ასეთ რამეს.
ჟურნალისტი: - როგორ გგონიათ, მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირის არსებობა შეწყდა, დასავლეთი შეიცვლის თავის თვალსაზრისს საქართველოზე თუ არა?
პრეზიდენტი: - ჯერჯერობით არ ჩანს, და არა მგონია, რომ ეს ასე სწრაფად მოხდეს.
ჟურნალისტი: - თქვენ საკმაოდ ცივი დამოკიდებულება გაქვთ დასავლელ ლიდერებთან?
პრეზიდენტი: - დიახ, ეს მათი ბრალია. რადგან ისინი არ არიან დაინტერესებული იმპერიის დაშლით. ეს ხომ ცნობილია. ჩემი სახით კი ისინი ხედავენ კაცს, რომელიც იმპერიის დეზინტეგრაციის მომხრეა.
ჟურნალისტი: - ვისი იმედი გაქვთ, თქვენი ძალების, თუ მაინც გაქვთ დასავლეთის თუ აღმოსავლეთის რაღაც იმედი?
პრეზიდენტი: - უმთავრესად, საკუთარი ძალების.
ჟურნალისტი: - ეს ძალები არსებობენ?
პრეზიდენტი: - არც თუ ცოტა.
ჟურნალისტი: - თქვენ საინტერესო ცხოვრება გქონდათ. თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის საკეთილდღეოდ ფიზიკურადაც იტანჯებოდით - იყავით დისიდენტი, იჯექით საპატიმროში. საიდან გაგიჩნდათ დისიდენტური შეხედულებანი? როგორც ვიცი, თქვენ უზრუნველყოფილი ოჯახიდან ბრძანდებით, რომელსაც არ უჭირდა.
პრეზიდენტი: - იცით, რა, დისიდენტობა მატერიალური გაჭირვების გამო არ წარმოიშვება. იგი ყველგან სულიერი ცხოვრებიდან მომდინარეობს. მხოლოდ ის ადამიანები ადგებოდნენ დისიდენტობის გზას, რომლებიც ვერ იკმაყოფილებდნენ სიმართლის, ჭეშმარიტების, სამართლიანობის წყურვილს. ხოლო ისეთი ადამიანები, რომლებიც სიმდიდრესა და ქონებას ეძებენ, არასოდეს არ ადგებიან დისიდენტობის გზას.
ჟურნალისტი: - რა გითხრეს მშობლებმა, როცა შეიტყვეს, რომ თქვენ ისე არ აზროვნებთ, როგორც ახალგაზრდა კაცი?
პრეზიდენტი: - ჩემი მშობლები ისე ფიქრობდნენ, როგორც მე. რა თქმა უნდა, ისინი განიცდიდნენ, ეშინოდათ, რომ დავიღუპებოდი.
ჟურნალისტი: - რასთან იყო დაკავშირებული თქვენი პირველი დისიდენტური მოქმედება?
პრეზიდენტი: - პირველად დაკავშირებული იყო 9 მარტის ამბებთან, სრულიად უდანაშაულო ახალგაზრდების დახვრეტასთან. აქ, რუსთაველის პროსპექტზე, და ქვემოთ სანაპიროზე ჯარებმა დახვრიტეს 400 კაცი 1956 წელს. აი, მაშინ ეს იყო ყველაზე დიდი ბიძგი, რადგან მოხდა ჩემ თვალწინ. მე მაშინ ჩვიდმეტი წლისა ვიყავი.
ჟურნალისტი: - და მაშინ შეკრიბეთ იატაკქვეშა წრე?
პრეზიდენტი: - ეს უკვე არსებობდა მაშინ, მაგრამ მერე მუშაობა გაძლიერდა და მე ინტენსიურად მოვკიდე ამას ხელი.
ჟურნალისტი: - და ბუნებრივია, სუკმა ძალიან მალე შეიტყო ეს არა?
პრეზიდენტი: - დიახ, შეიტყვეს და თავიდან მომიშორეს.
ჟურნალისტი: - რამდენ ხანს იჯექით?
პრეზიდენტი: - მაშინ ოთხ თვეს. შემდეგ იყო პირობითი სასჯელი. კიდევ ოთხი თვე. რამდენიმე თვის შემდეგ ისევ ჩამსვეს.
ჟურნალისტი: - სხვათა შორის, ახლა საქართველოში არიან პოლიტპატიმრები?
პრეზიდენტი: - ისევ იგივე კითხვა, რომელსაც ბრალდებად მიყენებს ოპოზიცია. ისინი პოლიტპატიმრებს უწოდებენ ადამიანებს, რომლებმაც ჩაიდინეს დანაშაული, გადაკეტეს გზა, მოაწყვეს ბარიკადები, მოახდინეს ტელევიზიის პიკეტირება, გამოაძევეს ყველა მისი თანამშრომელი. აი, ასეთ ხალხს უწოდებენ ისინი პოლიტპატიმრებს, სინდისის ტყვეებს. როცა ჩვენ ვიყავით პოლიტპატიმრები, აზრით და კალმით ვიბრძოდით. აი, რა არის პოლიტპატიმარი - ვისაც აპატიმრებენ საკუთარი აზრისთვის, სინდისის მოღვაწეობისთვის. ისინი კი პოლიტპატიმრები არ არიან, ისინი ხულიგნები, სისხლის სამართლის დამნაშავეები არიან. ანდა, აი, მაგალითად, არის ერთი გასამხედროებული ბანდის ხელმძღვანელი, რომელიც ძარცვავდა მოსახლეობას და სჩადიოდა დანაშაულობებს. მას პოლიტპატიმარს უწოდებენ. ასე რომ, ოპოზიციამ არ იცის, როგორ ისარგებლოს ტერმინებით. იგი უმეცარია ამ საკითხებში. იქნებ სხვა სფეროში ვიღაც რაღაცას წარმოადგენდეს, ამ სფეროში კი სრულ უმეცრებას, პოლიტიკურ უმწიფრობას ავლენს.
ჟურნალისტი: - რა თქვეს თქვენმა მშობლებმა, როცა პირველად დაგაპატიმრეს 1956 წელს? რა თქვა მამათქვენმა?
პრეზიდენტი: - მამას, რა თქმა უნდა, გულში გაუხარდა კიდეც. მაგრამ თან ეშინოდა, რადგან იცოდა, რა შეუძლია უქნას კაცს ამ სისტემამ.
ჟურნალისტი: - თქვენი ოჯახი, ალბათ, რაღაცნაირად ახლოს იყო რესპუბლიკის ხელმძღვანელობასთან?
პრეზიდენტი: - არა. მამაჩემი ახალგაზრდობაში პოლიტპატიმარი გახლდათ, თვითონ მას დევნიდნენ.
ჟურნალისტი: - სტალინი და ბერია თქვენს ოჯახში არ გინახავთ?
პრეზიდენტი: - არა, მაგრამ მათგან მამას ბევრი რამ გადაუტანია.
ჟურნალისტი: - პროფესია თქვენი ნებით აირჩიეთ თუ მამის რჩევით?
პრეზიდენტი: - თვითონ ავირჩიე პროფესია - რომანულ-გერმანული ფილოლოგია და დასავლეთ ევროპული ენები და ლიტერატურა.
ჟურნალისტი: - თქვენ ბევრი ენა იცით?
პრეზიდენტი: - რამდენიმე.
ჟურნალისტი: - უმაღლეს სასწავლებელში პუბლიცისტის, მთარგმნელის, ლიტერატორის კარიერისთვის ემზადებოდით?
პრეზიდენტი: - დიახ, მეცნიერ-ლიტერატურათმცოდნის, ფილოლოგისა.
ჟურნალისტი: - უნივერსიტეტში 1957 წელს შეხვედით. გაქვთ თუ არა ურთიერთობა მაშინდელ ამხანაგებთან, მეგობრებთან?
პრეზიდენტი: - დიახ, რა თქმა უნდა.
ჟურნალისტი: - შეუძლიათ მათ დაურეკონ პრეზიდენტ გამსახურდიას?
პრეზიდენტი: - დიახ, რა თქმა უნდა, ხშირად მოდიან ხოლმე.
ჟურნალისტი: - ერთად წვავთ ხოლმე მწვადებს?
პრეზიდენტი: - ამისთვის სად მცალია?
ჟურნალისტი: - გიყვართ ქართული სამზარეულო?
პრეზიდენტი: - სხვათა შორის, ეს ეროვნული კოლორიტია, იგი ბევრს იზიდავს საქართველოში, მაგრამ ამ საქმის განსაკუთრებული მოყვარული არ გახლავართ.
ჟურნალისტი: - მოახერხეთ თუ არა შეგექმნათ გარემოცვა, რომელსაც ასი პროცენტით მიენდობით?
პრეზიდენტი: - ზოგიერთი ჩემი ოპონენტი მეგობარი ამბობს, საკადრო შეცდომები მოგდისო. აი, თქვენს ცხოვრებაში რამდენი მეგობარი შეიძინეთ და რამდენმა მათგანმა გაამართლა თქვენი იმედები, რამდენჯერ გიმტყუნათ მეგობრებმა? განა ადვილია მეგობრის არჩევა! აი, ეს არის სწორედ საკადრო პოლიტიკა - მეგობარს ეძებ და მტერი შეგრჩება ხელში. იმიტომ, რომ ასეთია ცხოვრება. ასეთნი არიან ადამიანები, ასეთია ქვეყანა, რომელიც 70 წელიწადს კორუმპირებული იყო.
ჟურნალისტი: - რას ამბობს თქვენი ცოლ-შვილი? ამ ბოლო წელიწადს ძალიან შეიცვალაო ქმარი და მამა?
პრეზიდენტი: - ამბობენ, ჰო, შეიცვალაო.
ჟურნალისტი: - გამიგონია, გაქვთ ხოლმე დღეები, როცა შინ ზიხართ და შოპენს უკრავთ?
პრეზიდენტი: - ამდენი არ მცალია. ზოგჯერ საღამოობით - შეიძლება. მაგრამ ფაქტობრივად მთელი დღე აქა ვარ.
ჟურნალისტი: - რატომ მაინცდამაინც შოპენს?
პრეზიდენტი: - რა თქმა უნდა, არა მარტო შოპენს. ვუკრავ ფორტეპიანოზე, მაგრამ წარმატება არ მქონია ამაში. მე მუსიკალური განათლება მაქვს.
ჟურნალისტი: - საერთოდ, რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში, თქვენი ოჯახის ცხოვრებაში მას შემდეგ, რაც საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი გახდით?
პრეზიდენტი: - ძალიან ბევრი რამ შეიცვალა. არსებითად მთელი ჩემი ცხოვრება. ვიყავი ოპოზიციონერი და ვიბრძოდი რეჟიმის წინააღმდეგ, ახლა მე გავხდი პრეზიდენტი და მყავს ოპოზიცია.
ჟურნალისტი: - ყოფა-ცხოვრებაში?
პრეზიდენტი: - რა თქმა უნდა, შევიცვალე, ფაქტობრივად, ეს არის გარე სამყაროს მოწყვეტა - მთელი დრო საქმეებსა და მუშაობას მიაქვს.
ჟურნალისტი: - საქართველო ამჟამად ფანტასტიკურ მდგომარეობაშია: ესე იგი საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა, მაგრამ მას ჯერჯერობით არ ცნობენ დასავლეთის სახელმწიფოები, საბჭოთა კავშირი, ის რესპუბლიკებიც კი, რომლებიც საქართველოსთან ერთად ესწრაფვოდნენ თავისუფლებას.
პრეზიდენტი: - არა, რატომ? ჩვენ გვცნო რუმინეთმა, მოლდოვამ, სომხეთმა, აზერბაიჯანმა. ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკება უკრაინასთან. საწყენია, რომ ბალტიისპირეთის რესპუბლიკები აყოვნებენ ამ საქმეს. საწყენია, რა თქმა უნდა. თქვენ მშვენივრად მოგეხსენებათ, 9 აპრილის ამბები რომ არა, ვერც ბალტიისპირეთი, ვერც აღმოსავლეთ ევროპა ვერ მიიღებდა დამოუკიდებლობას.
ჟურნალისტი: - დიახ, უთუოდ, ბატონო გამსახურდია. 1979 წელს თქვენ ნობელის პრემიის კანდიდატი იყავით ამერიკის კონგრესისაგან. როგორ მოგეჩვენათ მაშინ, როგორი იყო თქვენი შანსი და ვინ მიიღო ეს პრემია?
პრეზიდენტი: - ეს პრემია მაშინ გაინაწილეს სადათმა და ბეგინმა. საბჭოთა კავშირმა ყველაფერი იღონა, რომ ჩვენ არ მიგვეღო. ეს იყო საბჭოთა კავშირში ჰელსინკის ჯგუფების, მათი წევრების ნობელის პრემია. მაშინ ჩაშალეს პრემიის მიღება.
ჟურნალისტი: - თქვენი პირადი დამოკიდებულება შევარდნაძისადმი?
პრეზიდენტი: - აბა, რა დამოკიდებულება შეიძლება იყოს იმ ადამიანებს შორის, რომლებიც სხვადასხვა საქმეს ემსახურებიან.
ჟურნალისტი: - გქონიათ პირადი საუბრები?
პრეზიდენტი: - გვქონდა, ძალზე დიდი ხნის წინათ. ახლაც ვსაუბრობთ ხოლმე, იშვიათად, ტელეფონით.
ჟურნალისტი: - მგონია, გამსახურდია დიდად არ შეცვლილა, შევარდნაძე კი შეიცვალა?
პრეზიდენტი: - არც იგი შეცვლილა, მან ნიღაბი შეიცვალა. სინამდვილეში კი ისევ ისეთი დარჩა.
ჟურნალისტი: - ბატონი შევარდნაძე მხარს უჭერს საქართველოს სწრაფვას დამოუკიდებლობისაკენ?
პრეზიდენტი: - პირიქით, თანაც არც მალავს. იგი პირდაპირ აცხადებს ამას. მას არ მიუღია მონაწილეობა რეფერენდუმში, არ მიუცია ხმა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის, მისი აზრით საქართველო რუსეთის ნაწილია, ურუსეთოდ ჩვენ დავიღუპებითო. საქართველოსთვის მზე ჩრდილოეთიდან ამოდისო, მისი გამოთქმაა.
ჟურნალისტი: - ბატონ შევარდნაძესთან რთული ურთიერთობა გაქვთ?
პრეზიდენტი: - დიახ.
ჟურნალისტი: - იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს ცდილობთ არ გქონდეთ ურთიერთობა მოსკოვთან. ძალზე იშვიათად თუ ჩადიხართ მოსკოვში?
პრეზიდენტი: - დიახ, რაც პრეზიდენტი გავხდი, სულ ორჯერ ვიყავი.
ჟურნალისტი: - არ მიგიწევთ გული იქ?
პრეზიდენტი: - სულაც არა. იმდენი ტანჯვა, იმდენი რეპრესია გადავიტანე მოსკოვის საპყრობილეებში, რომ სულაც არ მიმიწევს გული.
ჟურნალისტი: - საერთო ანგარიშით რამდენი წელი იყავით საპყრობილეში მთელი თქვენი ცხოვრების მანძილზე?
პრეზიდენტი: - დაახლოებით სამი წელი.
ჟურნალისტი: - იცნობდით თუ არა სხვა დისიდენტებს?
პრეზიდენტი: - დიახ, სახაროვს, გინზბურგს, ორლოვს...
ჟურნალისტი: - გქონდათ ემიგრაციაში წასვლის შესაძლებლობა?
პრეზიდენტი: - დიახ, რა თქმა უნდა, არა მარტო შესაძლებლობა, არამედ მთხოვდნენ კიდეც წავსულიყავი.
ჟურნალისტი: - ყოფილხართ დასავლეთში?
პრეზიდენტი: - არა, გასვლის უფლებას მოკლებული ვიყავი.
ჟურნალისტი: - დისიდენტობის პერიოდში დაგიკარგავთ მეგობრები, ახლობლები?
პრეზიდენტი: - რა თქმა უნდა, ეს ასეთი გზის მთავარი თავისებურებაა - მეგობრებსა და ახლობლებზე იმედის გაცრუება.
ჟურნალისტი: - გეგონათ თქვენი გზის დასაწყისში, რომ საქართველოს პრეზიდენტი გახდებოდით?
პრეზიდენტი (ღიმილით): - არა, ამაზე არ მიფიქრია და არც სურვილი მქონია.
ჟურნალისტი: - თქვენ პრეზიდენტის თანამდებობაზე ხუთი წლის ვადით ხართ არჩეული. რას ამბობს თქვენი კონსტიტუცია, რა ვადით შეიძლება იყოს ადამიანი ამ თანამდებობაზე?
პრეზიდენტი: - სანამ 70 წელი შეუსრულდება.
ჟურნალისტი: - მაშასადამე, 18 წელი წინ გაქვთ?
პრეზიდენტი: - !?
ჟურნალისტი: - ბატონო გამსახურდია, რესპუბლიკების წინაშე, იმის მიუხედავად, გახდნენ ისინი თავისუფლები თუ არა, დგას პრობლემებ. რა პრობლემები დგას ახლა საქართველოს წინაშე?
პრეზიდენტი: - ძალზე ბევრი პრობლემა. მთავარია ეკონომიკური თვითგამორკვევა და, რა თქმა უნდა, ყველა რეფორმა უნდა განხორციელდეს ისე, რომ არაფერი ვავნოთ სახელმწიფო ხელისუფლებას.
ჟურნალისტი: - როგორ გგონიათ? ეს პრობლემები დროთა განმავლობაში გადაიჭრება?
პრეზიდენტი: - დიახ.
ჟურნალისტი: - საქართველოს წინაშე მდგომ პრობლემათა შორის რა ადგილზეა ახლა ოსეთთან დაკავშირებული პრობლემა?
პრეზიდენტი: - ძალზე მნიშვნელოვან ადგილზე. ამ პრობლემას შეგნებულად ამწვავებს იმპერიის ყოფილი ხელმძღვანელობა. იგი ამას იყენებს საქართველოზე ზემოქმედებისთვის. საბჭოთა არმია იქ ოს ექსტრემისტებს ეხმარება და ქართველი ხალხის წინააღმდეგ ომი მძვინვარებს.
ჟურნალისტი: - მითხარით, თუ შეიძლება, ვისი მიწა-წყალია ეს?
პრეზიდენტი: - ეს საქართველოს ნაწილია, მაგრამ ახლა მათ სურთ რუსეთის სფსრ ნაწილად გამოაცხადონ. ჩვენ არ დავთმობთ ამ მიწა-წყალს.
ჟურნალისტი: - როგორ გგონიათ, დღეს, 10 დეკემბერს, ბრესტის ზავის შემდეგ, არსებობს თუ არა საბჭოთა კავშირი?
პრეზიდენტი: - ჩემი აზრით, შეუძლებელია განვსაზღვროთ, არსებობს თუ არა იგი, იმიტომ, რომ ოფიციალურად იგი არ გაუქმებულა, ფაქტობრივად კი აღარ არსებობს.
ჟურნალისტი: - თქვენ არასდროს არ ყოფილხართ კომუნისტური პარტიის წევრი. როგორ ცხოვრობენ აგვისტოს პუტჩის შემდეგ ქართველი კომუნისტები?
პრეზიდენტი: - როგორ უნდა იცხოვრონ, როცა ავკრძალეთ კომპარტია და გამოვიწვიეთ ისინი პარლამენტიდან? ისინი მონაწილეობენ ჩემს წინააღმდეგ პუტჩში. ეს აქციები, რომლებიც აქ ხდება, უმრავლესობა მათი მოწყობილია.
ჟურნალისტი: - როგორი იყო თქვენი პოზიცია მოსკოვის აგვისტოს მოვლენების დროს?
პრეზიდენტი: - მაშინვე მივმართე დასავლეთის ქვეყნებს თხოვნით, დავეცავით საგანგებო წესების სახელმწიფო კომიტეტისაგან, დავეცავით ყველა, არჩეული პრეზიდენტები, პარლამენტები, დავეცავით ძალადობისაგან.
ჟურნალისტი: - როგორ ფიქრობთ, ეს სერიოზული პუტჩი იყო თუ საოპერეტო?
პრეზიდენტი: - ეს სასახლის კარის თამაში იყო, რათა შეეშინებინათ ხალხი, ადამიანები, ისინი, ვისაც სურს იმპერიის დანგრევა, მაგრამ ვერ შეძლეს.
ჟურნალისტი: - ხშირად გაქვთ ურთიერთობა პრეზიდენტ გორბაჩოვთან?
პრეზიდენტი: - არც ისე, მაგრამ ზოგჯერ მაქვს.
ჟურნალისტი: - უფრო ხშირად ის გირეკავთ?
პრეზიდენტი : - დიახ.
ჟურნალისტი: - რა საკითხებზე მსჯელობთ ხოლმე?
პრეზიდენტი: - მაგალითად, სამოკავშირეო ხელშეკრულების ხელმოწერაზე.
ჟურნალისტი: - მას შემოუთავაზებია ეს?
პრეზიდენტი: - ძალზე ხშირად. თითქმის ყოველდღე ვიღებთ წერილებს, რომ უნდა ჩავიდეთ ნოვო-ოგარიოვოში, განვიხილოთ ხელშეკრულება. მე კი ვპასუხობ, რომ განსახილველი არაფერია.
ჟურნალისტი: - მაშასადამე, გამოდის, გორბაჩოვს მიაჩნია, რომ საქართველო ჯერ კიდევ მისი ქვეყნის ნაწილია?
პრეზიდენტი: - დიახ, როგორც ჩანს, ვერ შელევია.
ჟურნალისტი: - თქვენ კარგი ურთიერთობა გაქვთ ელცინთან. როგორ ფიქრობთ, იგი გაამართლებს თავისი ხალხის იმედს რუსეთის ხვალინდელი დღისადმი?
პრეზიდენტი: - ძნელი სათქმელია, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენი ურთიერთობა რამდენადმე შეიცვალა. ურთიერთობა კარგი იყო, მაგრამ რაღაც ძალები ჩაერივნენ და სურთ ხელი შეუშალონ ჩვენს თანამშრომლობას.
ჟურნალისტი: - როგორ უყურებთ სტალინს? ზოგიერთი თქვენი ოპონენტი ამბობს, სტალინი გამსახურდიას კერპიაო. ეჭვობენ, რომ თქვენც ესწრაფვით სტალინობას.
პრეზიდენტი (ღიმილით): - სტალინი რომ ცოცხალი ყოფილიყო, მაგათ უჩვენებდა სეირს. მთელი ჩემი ცხოვრება პრაქტიკულად ვებრძვი სტალინიზმს, მაგრამ ყველა დროის ცილისმწამებლებმა კარგად უწყიან, რომ ადამიანს ის უნდა დააბრალო, რის წინააღმდეგაც იბრძვის.
ჟურნალისტი: - თქვენ იცნობთ თქვენს ხალხს, ხალხის ემოციურ ფონს. გვითხარით, საქართველოში ახლა ბევრი აიდეალებს სტალინს?
პრეზიდენტი: - არა, ეგ დრო წარსულს ჩაბარდა. მას შემდეგ, რაც გავწიეთ უდიდესი მუშაობა, ფაქტობრივად, გავაუქმეთ საზოგადოება „სტალინი“, ამის საფრთხე აღარ არსებობს.
ჟურნალისტი: - ხშირად ხვდებით ხოლმე ხალხს პარლამენტის გარეთ?
პრეზიდენტი: - აი ასე, როგორც დღეს, ძალზე ხშირად. ჩავდივარ რაიონულ ცენტრებში, ქალაქებში, ვმართავ მიტინგებს.
ჟურნალისტი: - საჭიროა კი გამოსვლები?
პრეზიდენტი: - დიახ, საჭიროა. ეს საგანმანათლებლო მუშაობაცაა, თანაც ხალხს უნდა ვუთხრათ სიმართლე. ტელევიზია და რადიო კი სულ სხვა რამაა.
ჟურნალისტი: - მგონია, განაწყენებული ხართ ცენტრალურ ტელევიზიაზე, ხშირად გითქვამთ, რომ დეზინფორმაციას გადმოსცემენ საქართველოს შესახებ.
პრეზიდენტი: - საშინელ დეზინფორმაციას გადმოსცემენ დღემდე.
ჟურნალისტი: - ხშირად ხვდებით ხოლმე ჟურნალისტებს?
პრეზიდენტი: - გააჩნია, როგორ ჟურნალისტებს. სერიოზულებს - ხშირად. მაგრამ არიან არასერიოზული ჟურნალისტებიც, რომლებიც ყველაფერს აფუჭებენ.
ჟურნალისტი: - რას აკეთებენ თქვენი შვილები, რა ასაკისანი არიან?
პრეზიდენტი: - უფროსი ვაჟი უკვე დიდია, ორი კი მოსწავლეა.
ჟურნალისტი: - ისინი ჩვეულებრივ სკოლაში დადიან?
პრეზიდენტი: - დიახ, ჩვეულებრივი ქართული სკოლაა.
ჟურნალისტი: - მათთვის ხომ არ შეგინიშნავთ დისიდენტობის ნიშნები თქვენი პოზიციის წინაღმდეგ?
პრეზიდენტი (ღიმილით): - არა.
ჟურნალისტი: - ამ ცოტა ხნის წინათ საბჭოთა პრესაში დიდი სკანდალი იყო თქვენი „მერსედესის“ მარკის ავტომობილების გამო.
პრეზიდენტი: - სხვათა შორის, ეს ჩემი კი არა, სახელმწიფო მანქანებია.
ჟურნალისტი: - თუ შეიძლება გვითხარით, მართალია, რომ ისინი სახელმწიფოს ზურაბ წერეთელმა აჩუქა?
პრეზიდენტი: - მომიტევეთ, მაგრამ ეს დედაკაცების ჭორია. არის ასეთი ქალი მოსკოვში, რომელიც ცილისმწამებლურ ხმებს ავრცელებს, და მათ ხალისით ბეჭდავენ ხოლმე. იგი თავს ჟურნალისტს უწოდებს. მოსკოვში ყველაფერს კადრულობენ, ოღონდ კი რაიმე ჩემთვის ჩირქისმომცხები გამოაქვეყნონ. სწორედ ამიტომ დაბეჭდეს ეს სისულელე. აქედან ჩანს, რომ ეს პრესა ჭორებს ავრცელებს.
ჟურნალისტი: - ბატონო პრეზიდენტო, ხშირად ხვდებით ხოლმე თქვენი ეროვნების იმ ადამიანებს, რომლებიც საქართველოს ფარგლებს გარეთ ცხოვრობენ, - პაატა ბურჭულაძეს, ლიანა ისაკაძეს, ზურაბ სოტკილავას?
პრეზიდენტი: - სოტკილავა და ბურჭულაძე ჩემი მეგობრები არიან. ლიანა ისაკაძესთან კარგი ურთიერთობა მქონდა, მაგრამ იგი აღარ ჩამოდის საქართველოში. ხმა დააგდეს, თითქოს ჩემზე ნაწყენი იყოს. ტყუილია, უბრალოდ, ერთმა ჩვენმა მწერალმა თქვა, რომ მან უკეთ უნდა იცოდესო ქართული.
ჟურნალისტი: - თქვენ ამ ცოტა ხნის წინათ გახდით საქართველოს პრეზიდენტი. გაგიჩნდათ კარის მწერლები, მუსიკოსები და ა.შ.?
პრეზიდენტი: - არა.
ჟურნალისტი: - როგორ ფიქრობთ, საქართველოსთვის საუკეთესო დღეები წარსულშია თუ ჯერ კიდევ წინ არის?
პრეზიდენტი: - ვფიქრობ, წინ უნდა იყოს.
ჟურნალისტი: - რას ეფუძნება თქვენი რწმენა?
პრეზიდენტი: - იმას, რომ XX საუკუნე ხალხების განთავისუფლების ხანაა. იმპერიები აღარ დაბრუნდება, და ყველა ხალხი, ვინც დამოუკიდებლობისათვის იბრძვის, მოიპოვებს მას.
ჟურნალისტი: - აპირებთ კავშირის შეკვრას სომხეთთან და აზერბაიჯანთან?
პრეზიდენტი: - ჩვენ „კავშირის“ შექმნის მანიით არა ვართ შეპყრობილი. ყველას სურს რაღაც კავშირის შექმნა. ჩვენ, შესაძლოა, თანამეგობრობის შექმნა გვსურდეს. ეს უფრო მომწონს.
ჟურნალისტი: - როგორ ფიქრობთ, საქართველოში სიტუაციის სტაბილიზაცია თუ მოხდა, კომპარტია მაინც აკრძალული იქნება?
პრეზიდენტი: - უთუოდ, კომპარტია დანაშაულებრივი ორგანიზაციაა, მას არა აქვს არსებობის უფლება.
ჟურნალისტი: - ეს თქვენი აზრია?
პრეზიდენტი: - დიახ.
ჟურნალისტი: - რაიმე ფრაქცია თუ არსებობს რესპუბლიკის პარლამენტში?
პრეზიდენტი: - დიახ. სამი ფრაქციაც კია, და ძალზე მტრულად განწყობილი ძირითადი ფრაქციისადმი.
ჟურნალისტი: - „მრგვალი მაგიდისადმი“?
პრეზიდენტი: - დიახ, „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველოსადმი“.
ჟურნალისტი: - თუ შეიძლება გვითხარით, რა მოხდება, რამდენიმე წლის შემდეგ მაინც, რომ მოგიწიოთ ამ შენობის დატოვება? ეს ტრაგედია იქნება თქვენს ცხოვრებაში?
პრეზიდენტი: - რა ტრაგედია! ეს იქნებ ტრაგედია იყოს ისეთთათვის, ვისაც სულიერი სამყარო არა აქვს, ვინც სავარძელს ებღაუჭება.
ჟურნალისტი: - პატივმოყვარე ხართ?
პრეზიდენტი: - სრულიადაც არა.
ჟურნალისტი: - გცალიათ ესსეების საწერად?
პრეზიდენტი: - ნაკლებად, არა იმ მასშტაბით, უწინ რომ მქონდა.
ჟურნალისტი: - დასავლური ლიტერატურიდან ქართულ ენაზე რის თარგმანს ისურვებდით?
პრეზიდენტი: - ახლა თარგმნის დრო არ არის.
ჟურნალისტი: - მაგრამ თქვენი მისწრაფება?
პრეზიდენტი: - თანამედროვე ამერიკული ლიტერატურის ნაწარმოებების თარგმნას ვაპირებდი. ზოგიერთი ამერიკელი პოეტი ვთარგმნე კიდეც. ამ მიმართულებით ვმუშაობ.
ჟურნალისტი: - ვიცი, რომ ლექსებს წერთ.
პრეზიდენტი: - დიახ, მაქვს კრებული.
ჟურნალისტი: - რაზე წერთ?
პრეზიდენტი: - ახლა ძნელია ამის თქმა...
ჟურნალისტი: - ალბათ, იცით, რომ ლუკიანოვიც წერდა ლექსებს?
პრეზიდენტი: - მე მგონია, კარგი შედარება ვერ გამოგივიდათ.
ჟურნალისტი: - უკანასკნელი კითხვა: - ხანგრძლივი მძიმე სამუშაოს შემდეგ, ძილის წინ, რას შესთხოვთ უფალს?
პრეზიდენტი: - ვლოცულობ ჩემი სამშობლოსა და კაცობრიობის საკეთილდღეოდ.
ჟურნალისტი: - ბატონო პრეზიდენტო, ჩვენ თქვენი ცხოვრების პიკის პერიოდში მოგისწარით, თუ ამ პიკმა უკვე განვლო, ან ჯერ კიდევ წინ არის?
პრეზიდენტი: - ეს არავინ უწყის.
ჟურნალისტი: - მსურს მადლობა მოგახსენოთ ამ ინტერვიუსთვის. გმადლობთ, სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა.
სატელევიზიო ნაცნობობა / საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას საუბარი ცენტრალური ტელევიზიის ჟურნალისტთან; [ჩაიწერა] ურმას ოტმა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 21 დეკემბერი. - №249- 250 (270). - 1 გვ.
![]() |
89 მომავალი ჩვენია |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის
მიმართვა ქართველ ერს
ძვირფასო თანამემამულენო!
როგორც ხედავთ, შავი დღე დაუდგა საქართველოს. იმპერიულმა ძალებმა და მისმა აგენტურამ საქართველოში თავს მოგვახვიეს საყოველთაო დესტაბილიზაცია. გრძელდება ხალხის მიერ არჩეული კანონიერი ხელისუფლების შეიარაღებული ძალადობით დამხობის ცდები.
მინდა გესაუბროთ, თუ რა მეთოდებით ცდილობს ე.წ. ოპოზიცია ხელში ჩაიგდოს ძალაუფლება, თუ რა დეზინფორმაციას ავრცელებს ქალაქში და მთელ საქართველოში, მსურს ქართველმა ხალხმა შეიტყოს სიმართლე ყოველივე იმის შესახებ, რაც ხდება.
ამჟამად ჩვენ ვართ პარლამენტის შენობაში, რომელსაც ესვრიან ჭურვებს, იგი მნიშვნელოვანწილად დააზიანეს, მაგრამ მთავრობის სასახლის, პარლამენტის შენობაში არის ჩვენი დიდი ძალები. ისინი ვერასგზით ვერ შესძლებენ მის აღებას, თუმცა კი ამტკიცებენ, თითქოს პარლამენტის შენობის აღება შტურმით მოხდება.
ძირითად ქუჩებსა და მაგისტრალებს ჩვენ ვაკონტროლებთ, თუმცა არის გარკვეული ქუჩები, სადაც ბანდიტები არიან დაბანაკებულნი. მათი შეიარაღებული ძალები განლაგებულია სასტუმრო „თბილისსა“ და კავშირგაბმულობის შენობაში. იქიდან გვესვრიან ჩვენც და ხშირად მშვიდობიან მოსახლეობასაც არ ერიდებიან.
ტელევიზია, რადიოხაზი, კავშირგაბმულობა ბლოკირებულია. ე.წ. ოპოზიციამ პრაქტიკულად გამოიყვანა მწყობრიდან სატელეფონო კავშირები.
დეზინფორმაციაა, თითქოს მე დავთანხმდი მათ ულტიმატუმზე გადადგომის შესახებ. ის, რომ საქართველოში თითქოს აღარ არსებობს ხელისუფლება, ესეც ყოველგვარ საფუძველს მოკლებული ჭორია.
მე მოვუწოდებ მთელ საქართველოს: აღდგეს და ამოუდგეს მხარში თავის მიერ კანონიერად არჩეულ ხელისუფლებას, ალაგმოს მოღალატე ტერორისტთა ბანდა, რომელიც სჩადის ათასგვარ უმსგავსობას და რომლის მოქმედებაც განწირულია, ვინაიდან მთელი ქართველი ერი არის ჩვენთან.
მე მჯერა, რომ გამარჯვება ჩვენი იქნება.
ორჯონიკიძეებისა და ბერბიჭაშვილების შთამომავლებს სამართლიან განაჩენს გამოუტანს ქართველი ერი.
გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!
მომავალი ჩვენია : საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის მიმართვა ქართველ ერს / გამსახურდია ზ. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 25 დეკემბერი. - №252 (272). - 1გვ.
![]() |
90 საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბატონ ზვიად გამსახურდიას ინტერვიუ ამერიკის ტელეკომპანია სი-ენ-ენ-ის კორესპონდენტებს |
▲ზევით დაბრუნება |
კორესპონდენტი: კრიმინალური ოპოზიცია მოითხოვს თქვენს გადადგომას. რას იტყვით ამის შესახებ?
პრეზიდენტი: მე ხალხმა ამირჩია და მხოლოდ ხალხს აქვს ჩემი გადაყენების უფლება.
კორესპონდენტი: მართლა ჩამოდიან თუ არა ქვეყნის სხვადასხვა კუთხეებიდან შეიარაღებული ჯგუფები, თუ არსებობს სხვა შეიარაღებული ძალაც?
პრეზიდენტი: აქ არის ჩვენი ეროვნული გვარდია და მოხალისეები, სხვა ძალა აქ არ არსებობს.
კორესპონდენტი: ოპოზიცია ამბობს, რომ მას სურდა თქვენთან მოლაპარაკება...
პრეზიდენტი: მე არ ვარ მოლაპარაკების წინააღმდეგი. მე კრიმინალური მეთოდების, ძალადობის, სამოქალაქო ომის წინააღმდეგი ვარ. ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ, გადავჭრათ პრობლემები, მაგრამ მათი მთავარი მიზანი ხომ ჩემი გადადგომაა.
კორესპონდენტი: რატომ აქამდე არ დაიწყო მოლაპარაკებები?
პრეზიდენტი: იმიტომ, რომ ისეთი სიტუაცია იყო შექმნილი - სროლა, აურზაური, ძალადობა... შეუძლებელია ასეთ პირობებში რაიმე მოლაპარაკება.
კორესპონდენტი: და თუ შეხვდებით, რაზე ილაპარაკებთ?
პრეზიდენტი: სხვადასხვა პრობლემებზე - ტელევიზიაზე, დამნაშავეებზე, რომელთაც ისინი პოლიტიკურ პატიმრებს უწოდებენ.
კორესპონდენტი: თქვენ მათ გამოშვებას აპირებთ?
პრეზიდენტი: ჩვენ შეგვიძლია ამაზე ვიმსჯელოთ.
კორესპონდენტი: როგორ გგონიათ, შესაძლებელია ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და პრეზიდენტის ინსტიტუტის გაუქმება?
პრეზიდენტი: ეს შეუძლებელია, რადგან პარლამენტიც და პრეზიდენტიც არჩეულია ხალხის მიერ. პრეზიდენტს ხმა მისცა მოსახლეობის უმრავლესობამ - 87%25. თუ ხალხი მოითხოვს, ჩვენ შეგვიძლია ახალი არჩევნების დანიშვნა, მაგრამ ტერორის დიქტატის ქვეშ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ. ტერორისტების მცირე ჯგუფი ჩვენ ვერ გვაიძულებს ამის გაკეთებას.
კორესპონდენტი: როდესაც ეს ყველაფერი ჩაივლის, თქვენ აპირებთ რეფერენდუმის მოწყობას?
პრეზიდენტი: თუ ეს აუცილებელია, კი.
კორესპონდენტი: რატომ შეიძლება ეს გახდეს აუცილებელი?
პრეზიდენტი: იმ შემთხვევაში, თუ ხალხი გამოხატავს ამგვარ სურვილს და მოითხოვს ამას. ამჟამად ხალხი ჩვენგან ხელისუფლებაში დარჩენას და ამ კრიმინალების ლიკვიდაციას მოითხოვს.
კორესპონდენტი: ოპოზიცია თქვენ დიქტატორს გიწოდებთ. ისინი ამტკიცებენ, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ თქვენ ანადგურებთ ოპოზიციას, ეთერს არ აძლევთ მის წარმომადგენლებს, აპატიმრებთ მათ...
პრეზიდენტი: ეს ტყუილია. ჩვენ გვაქვს საკუთარი კონსტიტუცია, საკუთარი კანონები, თავისუფალი პრესა, უამრავი ოპოზიციური გაზეთი, დემოკრატიული სისტემა. მათ ეს არ აკმაყოფილებთ - მათ უნდათ ანარქია, რასაც ჩვენ მხარს ვერ დავუჭერთ. ჩვენ არ ვებრძვით ოპოზიციურ პარტიებს, ჩვენ ვებრძვით დანაშულებებს. თქვენ ალბათ ნახეთ, რაც მათ გააკეთეს.
კორესპონდენტი: ისინი ამბობენ, რომ თქვენ მათი ლიდერები დააპატიმრეთ...
პრეზიდენტი: ჩვენ დავაპატიმრეთ მხოლოდ კრიმინალი ლიდერები, რომლებმაც კონკრეტული დანაშაული ჩაიდინეს. თქვენ ხედავთ, რომ ისინი შეიარაღებულნი არიან და ტერორის გზაზე დგანან, თავს ესხმიან მთავრობის სასახლეს, ესვრიან ხალხს.
კორესპონდენტი: როგორია თქვენი პოზიცია ახლად შექმნილი თანამეგობრობის მიმართ? რას აპირებს საქართველო?
პრეზიდენტი: ჩვენ არ შეგვიძლია ამ საკითხის ხუთ წუთში გადაწყვეტა. საქართველო სწავლობს ამ საკითხს და შემდგომ პარლამენტმა უნდა მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
კორესპონდენტი: კიდევ რამდენ ხანს გაუძლებთ?
პრეზიდენტი: ძალიან დიდხანს.
კორესპონდენტი: როგორ გრძნობთ თავს?
პრეზიდენტი: გმადლობთ, ძალიან კარგად.
25 დეკემბერი, 1991 წელი.
მასალა გამოსაქვეყნებლად მოამზადა
პრეზიდენტის პრესსამსახურმა
ინტერვიუ : ამერიკის ტელეკომპანია სი-ენ-ენ-ის კორესპონდენტებს / გამსახურდია ზ. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 27 დეკემბერი. - №253 (273). - 2გვ.
![]() |
91 ბიბლიოგრაფიული საძიებელი: |
▲ზევით დაბრუნება |
1. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პირველი სესიის საგანგებო სხდომა / ზვიად გამსახურდია // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 16 აპრილი. - №73 (93). - 1გვ.
2. „ჩვენ არ ვცნობთ საქართველოს, როგორც საბჭოთა კავშირის წევრს!“ : რადიოსადგურ „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტისათვის მიცემული ინტერვიუდან / გამსახურდია ზვიად ; [ჩაიწერა] მარკ ჰოპკინსმა // რესპუბლიკა. - 1991. - 16 აპრილი. - №14/47. - 4გვ.
3. „ჩვენ გავიმარჯვებთ!“ / გამსახურდია ზ. // რესპუბლიკა. - 1991. - 16 აპრილი. - №14/47. - 9 გვ.
4. საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბატონ ზვიად გამსახურდიას ინტერვიუ იაპონიის ტელეკომპანია „ფუჯის“ კორესპონდენტთან // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 18 აპრილი. - №75(95). - 1გვ.
5. საქართველოს რესპუბლიკის კანონი ცხინვალისა და ყორნისის რაიონების გაუქმების შესახებ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 30 აპრილი. - №83 (103). - 1გვ.
6. საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბატონ ზვიად გამსახურდიას გამოსვლა საქართველოს ტელევიზიით 1991 წლის 28 აპრილს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 1 მაისი. - №84 (104). - 1გვ.
7. მიმართვა : ჩერქეზ (ადიღეელ) ხალხებს / გამსახურდია ზ. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 10 მაისი №91 (111). - 1გვ.
8. საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბატონ ზვიად გამსახურდიას გამოსვლა საქართველოს ტელევიზიით 1991 წლის 8 მაისს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 10 მაისი. - № 91 (111). - 1გვ.
9. ზვიად გამსახურდიას პრესკონფერენცია უცხოელი ჟურნალისტებისათვის // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. -15 მაისი. - №94 (114). - 2გვ.
10. საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას განცხადება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისათვის // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 17 მაისი. - №96 (116). - 1გვ.
11. „ვაზი სიმბოლოა საქართველოსი“ : ზვიად გამსახურდიას სიტყვა სრულიად საქართველოს საზოგადოება „კახეთის“ პირველ ყრილობაზე // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 17 მაისი. - №96 (116). - 1გვ.
12. „ვაზი სიმბოლოა საქართველოსი“ : ზვიად გამსახურდიას სიტყვა სრულიად საქართველოს საზოგადოება „კახეთის“ პირველ ყრილობაზე // თვალთაი. - 1997. - 1- 7 ოქტომბერი.- №39. - 1 გვ.
13. სსრ კავშირის პრეზიდენტს მ.ს. გორბაჩოვს / გამსახურდია ზ. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 18 მაისი. - №97 (117). - 1გვ.
14. საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატის ბატონ ზვიად გამსახურდიას საარჩევნო პროგრამა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 22 მაისი.- №99- 100 (120). - 2,3,4 გვ.
15. ინტერვიუ: პრეზიდენტი პოლიტიკის გარეშე / გამსახურდია ზ.; [ჩაიწერა] გ. პეტრიაშვილმა // შანსი. - 1991. - 25 მაისი. - №21 (74). - 3 გვ.
16. საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატის ბატონ ზვიად გამსახურდიას საარჩევნო პროგრამა: ეკონომიკური ნაწილი // შანსი. - 1991. - 25 მაისი. - №21(74). - 4,5 გვ.
17. არჩევნების შედეგები // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 28 მაისი. - №106(126). - 1გვ.
18. საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბატონ ზვიად გამსახურდიას პრესკონფერენცია საზღვარგარეთის და საქართველოს ჟურნალისტებისათვის 1991 წლის 27 მაისს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 30 მაისი. - №108 (128). - 1გვ
19. საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის განცხადება / გამსახურდია ზ. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 1 ივნისი. - №109 (129). - 1გვ.
20. „დამყარდება კეთილმეზობლური ურთიერთობა“ : ინტერვიუ გაზეთ „თურქიას რედაქტორს / გამსახურდია ზ. ; [ჩაიწერა] ბილალ ქოჩაკმა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 18 აპრილი. - №112 (132). - 7 ივნისი. - 1 გვ.
21. საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გამოსვლა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს სესიაზე 1991 წლის 7 ივნისს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 11 ივნისი. - №114 (134). - 1გვ.
22. საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ფიცი // ერი. - 1991. - 12 ივნისი. - №24 (4286). - 1გვ.
23. მიმართვა : საქართველოს მოსახლეობისადმი / გამსახურდია ზ. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 14 ივნისი. - №116 (136). - 1გვ.
24. მიმართვა : შავი ზღვის აუზის და შავი ზღვის პრობლემით დაინტერესებული ქვეყნების მთავრობათა მეთაურებს / გამსახურდია ზ. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 18 ივნისი. - №118 (138). - 1გვ.
25. ბრძანებულება : რესპუბლიკის ტერიტორიაზე კოლექტიური მებაღეობის მოწყობის აკრძალვისა და საქართველოს მებაღეობის ამხანაგობათა მუშაობის საკოორდინაციო საბჭოს გაუქმების თაობაზე / გამსახურდია ზ. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 26 ივნისი. - №123 (143). - 1გვ.
26. სსრ კავშირის პრეზიდენტს, ბატონ მ.ს. გორბაჩოვს / გამსახურდია ზ. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 26 ივნისი. - №123 (143). - 1გვ.
27. ინტერვიუ ზაარის მხარის ტელერადიოკორპორაციის კორესპონდენტთან / გამსახურდია ზვიად; [ჩაიწერა] მარი ელიზაბეტ დენცერმა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 28 ივნისი. - №124- 125 (145). - 2გვ.
28. სამახსოვრო ჩანაწერი საქართველოს ეროვნული პარტიებისა და ორგანიზაციებისადმი: გამსახურდია ზვიად // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 28 ივნისი. - 1 124- 125 (145). - 1 გვ.
29. მიმართვა : საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ბატონ ფრანსუა მიტერანს / გამსახურდია ზ. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 29 ივნისი. - №126 (146). - 1გვ.
30. „ექვს თვეში შეუძლებელია სისტემის მთლიანად შეცვლა“ : ინტერვიუ გაზეთ „ტრუდს“ / გამსახურდია ზვიად; ესაუბრნენ გ. კარაპეტიანი; ო. ჩიხლაძე ; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 3 ივლისი. - №129 (149). - 1 გვ.
31. „...რესპუბლიკის ყოველი მუდმივი მცხოვრები საქართველოს მოქალაქე იქნება“ : საქართველოს პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ინტერვიუ გაზეთთან „არგუმენტი ი ფაქტი“ / გამსახურდია ზ. ; [ჩაიწერა] ვ. სავიჩევმა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 4 ივლისი. - №130 (150). - 1გვ
32. მიმართვა : მის აღმატებულებას, ბატონ ჯორჯ ბუშს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს / გამსახურდია ზ. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 6 ივლისი. - №132 (152). - 1გვ.
33. მიმართვა : აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს დეპუტატებისადმი / გამსახურდია ზ. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 10 ივლისი. - №134 (154). - 1გვ.
34. საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას პრესკონფერენცია მოსკოვში, 1991 წლის 3 ივლისს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 11 ივლისი. - №135 (155). - 1,2 გვ.
35. მიმართვა : შავი ზღის პრობლემებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო შეხვედრის მონაწილეებს / გამსახურდია ზ. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 13 ივლისი. - №136- 137 (157). - 1გვ.
36. მიმართვა : აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ბატონ ა. მუთალიბოვს / გამსახურდია ზ. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 16 ივლისი. - №138 (158). - 1გვ.
37. აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის აიაზ მუთალიბოვისა და საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას პრესკონფერენცია ქართველი ჟურნალისტებისათვის // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 18 ივლისი. - №139 (159). - 1,2გვ.
38. აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ბატონ აიაზ მუთალიბოვს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 23 ივლისი. - №142 (162). - 1გვ.
39. ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდალს გენერალ-პოლკოვნიკ ვ.ა. პატრიკიევს / გამსახურდია ზ. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 24 ივლისი. - №143 (163). - 1გვ.
40. ჩრდილოეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს ა.ხ. გალაზოვს / გამსახურდია ზ. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 27 ივლისი. - №146- 147 (167). - 1გვ.
41. სომხეთის რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ლევონ ტერ-პეტროსიანისა და საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას პრესკონფერენცია : სომეხი და ქართველი ჟურნალისტებისათვის 1991 წლის 27 ივლისს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 1 აგვისტო. - №150 (170). - 1გვ.
42. ბრძანებულება : აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1991 წლის 20 ივლისის ბრძანებულების მოქმედების შეჩერების შესახებ / გამსახურდია ზ. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 6 აგვისტო. - №153 (173). - 2 გვ.
43. ბრძანებულება : აფხაზეთის ასსრ კონსტიტუციის 9-ე მუხლის მე-14 პუნქტში და 156- ე მუხლში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ აფხაზეთის ასსრ 1991 წლის 9 ივლისის კანონის მოქმედების შეჩერების შესახებ / გამსახურდია ზ. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 6 აგვისტო. - №153 (173). - 2 გვ.
44. მიმართვა : სამაჩაბლოს მოსახლეობისადმი / გამსახურდია ზ. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 6 აგვისტო. - №153 (173). - 1გვ.
45. მიმართვა : მშვიდობისა და დემოკრატიის მსოფლიო ლიგის კოსტა-რიკის 23-ე კონფერენციისადმი / გამსახურდია ზ. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 9 აგვისტო. - №157 (177). - 1გვ.
46. ბატონ ზვიად გამსახურდიას სიტყვა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 17 აგვისტო. - №162 (182). - 1გვ.
47. მიმართვა : „მთავარია, შევინარჩუნოთ სიმშვიდე, წესრიგი და დისციპლინა“ // რესპუბლიკა. - 1991. - 20 აგვისტო. - №29/62. - 1გვ.
48. მიმართვა : დასავლეთის ქვეყნების ხალხებისა და მთავრობებისადმი / გამსახურდია ზ. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 21აგვისტო. - №163 (183). - 1გვ.
49. საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის განცხადება // აფხაზეთის ხმა. - 1991.- 22 აგვისტო. - №139 (13503). - 1გვ.
50. მოსკოვი. პრეზიდენტ ბ. ელცინს. რსფსრ სახალხო დეპუტატთა საგანგებო სესიას / გამსახურდია ზ. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 23 აგვისტო. - №165 (185). - 1გვ.
51. განცხადება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისათვის / გამსახურდია ზ. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 23 აგვისტო. - №165 (185). - 1გვ.
52. საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის განცხადება / გამსახურდია ზ. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 24 აგვისტო. - №166 (186). - 1გვ.
53. საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულება საქართველოს კომუნისტური პარტიის შესახებ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 27 აგვისტო. - №167 (187). - 2გვ.
54. საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულება საქართველოს კომუნისტური პარტიის შესახებ // რესპუბლიკა. - 1991. - 27 აგვისტო. - №30/63. - 2გვ.
55. რუსეთის სფს რესპუბლიკის პრეზიდენტს ბატონ ბ. ელცინს / გამსახურდია ზ. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 27 აგვისტო. - №167 (187) - 1გვ.
56. ლატვიის რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს ბატონ ანატოლი გორბუნოვს, ლატვიის რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს ბატონ ივარს გორდმანისს / გამსახურდია ზ. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 27 აგვისტო. - №167 (187) - 1გვ.
57. ინტერვიუ : გაზეთ „ფიგაროს“ კორესპონდენტთან / გამსახურდია ზ. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 31 აგვისტო - №170(190) - 3 გვ.
58. საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის განცხადება საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ / გამსახურდია ზ. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 3 სექტემბერი. - №171- 172 (192). - 1გვ.
59. საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის განცხადება საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ / გამსახურდია ზ. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 3 სექტემბერი. - №171- 172 (192). - 1გვ.
60. ბრძანება : გვარდიის ჯარისკაცებისა და ოფიცრების მიერ შავნაბადას დატოვების შესახებ / გამსახურდია ზ. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 10 სექტემბერი. - №175 (195). - 1 გვ.
61. ბრძანებულება : საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს შექმნის შესახებ / გამსახურდია ზ. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 10 სექტემბერი. - №175 (195). - 1 გვ.
62. შეხვედრა უცხოელ ჟურნალისტებთან // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 11 სექტემბერი. - №176 (196). - 1გვ.
63. რუსეთის სფსრ პრეზიდენტს ბატონ ბ. ნ. ელცინს / გამსახურდია ზ. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 14 სექტემბერი. - №179 (199).- 1გვ.
64. გამოსვლა საღამოს სხდომაზე 15 სექტემბერს / გამსახურდია ზ. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 17 სექტემბერი. - №180 (200). - 1გვ.
65 საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბატონ ზვიად გამსახურდიას სიტყვა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს სესიაზე (15 სექტემბერი) // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 17 სექტემბერი. - №180 (200). - 1გვ.
66. ბრძანებულება: საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტთან ეროვნული უშიშროების საბჭოს შექმნის შესახებ / ზვიად გამსახურდია // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 24 სექტემბერი. - №185 (205). - 1გვ.
67. ბრძანებულება : ქალაქ თბილისში 1991 წლის 25 სექტემბრიდან საგანგებო წესების გამოცხადების შესახებ / გამსახურდია ზ. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 25 სექტემბერი. - №186 (206). - 1გვ.
68. „გაუმარჯოს მშვიდობას, გაუმარჯოს კაცთმოყვარეობას, გაუმარჯოს შერიგებას!...“ : პრესკონფერენცია ჟურნალისტებისთვის / გამსახურდია ზ.; // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 26 სექტემბერი. - №187 (207). - 1გვ.
69. საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბატონ ზვიად გამსახურდიას გამოსვლა მთავრობის სახლთან 25 სექტემბერს // აფხაზეთის ხმა. - 1991. - 28 სექტემბერი. - №155 (13521). - 1გვ.
70. საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის განცხადება / გამსახურდია ზ. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 1 ოქტომბერი. - №190 (210). - 1გვ.
71. საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის გამოსვლა უზენაესი საბჭოს საგანგებო სესიის სხდომაზე 1991 წლის 8 ოქტომბერს / გამსახურდია ზ. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 12 ოქტომბერი. - №198 (218). - 2გვ.
72. მიმართვა : კავკასიოლოგთა პირველი საერთაშორისო სიმპოზიუმის მონაწილეებს / გამსახურდია ზ. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 18 ოქტომბერი. - №202 (222). - 1გვ.
73. საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის მიმართვა აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 25 ოქტომბერი. - №207 (227). - 1გვ.
74. თავისუფლების ერთი წელი... / ზვიად გამსახურდიას შეხვედრა ქართველ და უცხოელ ჟურნალისტებთან // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 30 ოქტომბერი. - №211(231). - 1გვ.
75. მშობლიური მიწის მოვლისა და აღორძინების კონფერენციის მონაწილეებს / გამსახურდია ზ. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 31 ოქტომბერი. - №212 (232). - 1გვ.
76. ჩრდილოეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს / გამსახურდია ზ. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 9 ნოემბერი. - №220 (240). - 1გვ.
77. წერილი რუსეთის პრეზიდენტს / გამსახურდია ზ. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 12 ნოემბერი. - № 221 (241). - 1გვ.
78. გაეროს გენერალურ მდივანს ბატონ ხავიერ პერეს დე კუელიარს, მსოფლიოს ხალხებსა და პარლამენტებს / გამსახურდია ზ. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 12 ნოემბერი. - №221 (241). - 1გვ.
79. მიმართვა : ყარაჩევსკი, საბჭოების სახლი, ყარაჩაელი ხალხის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ორგანიზაციას „ჯამაგათს“ / გამსახურდია ზ., ასათიანი ა. / საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 12 ნოემბერი. - №220 (240). - 1გვ.
80. საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია უპასუხებს ჟურნალისტთა და ტელემაყურებელთა კითხვებს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 14 ნოემბერი. - №223- 224 (244). - 1 გვ.
81. მიმართვა : სსრ კავშირის პრეზიდენტს ბატონ მ.ს. გორბაჩოვს / გამსახურდია ზ. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 19 ნოემბერი. - №226 (246). - 1გვ.
82. ეროვნული გვარდიის ნაწილს, რომელიც არ ემორჩილება სახელმწიფო ხელისუფლებას : საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის მიმართვა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 23 ნოემბერი. - №229 (249). - 1გვ.
83. პრეზიდენტის საათი : საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია უპასუხებს ტელემაყურებელთა შეკითხვებს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 23 ნოემბერი. - №229 (249). - 2გვ.
84. საქართველოს თავისი გზა აქვს : რესპუბლიკის პრეზიდენტი ბ-ნი ზვიად გამსახურდია პასუხობს გაზეთ „გრუზია- სპექტრის“ მთავარი რედაქტორის შეკითხვებს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 27 ნოემბერი. - №233 (253). - 1გვ.
85. მიმართვა : მის აღმატებულებას ბატონ აიაზ მუტალიბოვს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, მის აღმატებულებას ბატონ ლევონ ტერ-პეტროსიანს, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს / გამსახურდია ზ. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 27 ნოემბერი. - №233 (253). - 1გვ.
86. უკრაინაში მცხოვრები ყველა ქართველისადმი : საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის მიმართვა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 30 ნოემბერი. - №235 (255). - 1გვ.
87. ბრძანებულება : შიდა ქართლში შექმნილი მდგომარეობის შესახებ / ზვიად გამსახურდია // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 3 დეკემბერი. - №236 (256). - 1გვ.
88. მიმართვა : საქართველოს ტერიტორიაზე დისლოცირებული საბჭოთა კავშირის თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სასაზღვრო ჯარების ნაწილებისა და ქვედანაყოფების პირადი შემადგენლობისადმი / გამსახურდია ზ. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 10 დეკემბერი. - №241 (261). - 1გვ.
89. მის აღმატებულებას ბატონ ბორის ელცინს, რუსეთის სფს რესპუბლიკის პრეზიდენტს / გამსახურდია ზ. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 13 დეკემბერი. - №244 (264). - 1გვ.
90. სატელევიზიო ნაცნობობა / საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას საუბარი ცენტრალური ტელევიზიის ჟურნალისტთან; [ჩაიწერა] ურმას ოტმა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 21 დეკემბერი. - №249- 250 (270). - 1 გვ.
91. მომავალი ჩვენია : საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის მიმართვა ქართველ ერს / გამსახურდია ზ. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 25 დეკემბერი. - №252 (272). - 1გვ.
92. ინტერვიუ : ამერიკის ტელეკომპანია სი-ენ-ენ-ის კორესპონდენტებს / გამსახურდია ზ. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 27 დეკემბერი. - №253 (273). - 2გვ.